ბავშვზე ძალადობის ძირითადი საკითხები
თავი მეექვსე

ბავშვზე ფიზიკური ძალადობის შესაძლო მაჩვენებლები: კანის დაზიანებები

      ბავშვზე ფიზიკური ძალადობის ნიშნების ამოცნობა მნიშვნელოვანია ორი მიზეზით: რათა ზუსტად დავსვათ დიაგნოზი და ვმართოთ დაავადება, და თავიდან ავაცილოთ ბავშვს ძალადობის განმეორება, შესაბამისად _ მომავალი ტრავმები ან გარდაცვალებაც კი. საგულდაგულოდ შეგროვებული ანამნეზური მონცემები და ყოველმხრივი ფიზიკური კვლევა აუცილებელია ძალადობის ნიშნებისა და სიმპტომების გამოსავლენად.

      იმისათვის, რომ ადეკვატურად შეფასდეს ბავშვზე განხორციელებული ძალადობა, ექიმი უნდა ხელმძღვანელობდეს შემდეგი პრინციპებით: მოისმინე, დაინახე, შეაფსე, გააკეთე ზუსტი ჩანაწერი და შეტყობინება. ბავშვისგან და მშობლისგან ფრთხილად მოიპოვეთ სრული ისტორია, დაზიანების მნიშვნელოვანი დეტალები. ყურადღებით დააკვირდით ბავშვისა და მშობლის ქცევას, ბავშვისა და მშობლის ურთიერთობას.

      ძალადობაზე მიმანიშნებებლია სამედიცინო ისტორიაში შემდეგი ასპექტები:

  • ისტორიის უჩვეულო ასპექტები: მშობლის მონათხრობი დაზიანების შესახებ არათანმიმდევრულია, არ შეესაბამება არსებულ დაზიანებას და ბავშვის მდგომარეობას.
  • მონათხრობის დეტალები მუდმივად იცვლება.
  • დაზიანების ისტორია არ შეესაბამება ბავშვის განვითარების ასაკს.
  • სამედიცინო დახმარების დაყოვნება.
  • ბრალდება ბავშვს თავად დაზარალებულს ან ოჯახში მყოფ სხვა ბავშვს.

      ბავშვის ფიზიკური გამოკვლევისას შეაფასეთ ბავშვისა და მშობლის ურთიერთობა, გრძნობს თუ არა ბავშვი თავს მშვიდად, კომფორტულად, ბედნიერად მშობლის გვერდზე, ხომ არ არიდებს თავს მშობელს, ხომ არ კრთება მშობლის ხელის უნებლიე მოძრაობზე. არის მშობელი თბილი, ყურადღებიანი, მზრუნველი ან პირიქით ავლენს უხეშ, გულგრილ დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ.

      ფიზიკური კვლევა სრულად უნდა ასახავდეს ბავშვის ძირითად სასიცოცხლო მაჩვენებლებს: წონა, სიგრძე, თავის გარშემოწერილობას, განვითარების დონეს, გარეგანი და შინაგანი ორგანოების აღწერას, სრულ ნევროლოგიურ კვლევას.

      სრული ობიექტური გასინჯვის პარალელურად შესაძლებელია საჭირო გახდეს შემდეგი გამოკვლევების ჩატარება:

  • კვებითი სტატუსის შეფასება,
  • გლობალური განვითრებისა და ქცევის შეფასება,
  • სისხლის საერთო ანალიზი,
  • კოაგულაციის სკრინინგი,
  • ღვიძლის ფუნქციური ტესტები,
  • ტოქსიკოლოგური სკრინინგი,
  • ძველების რენტგენოლოგიური გამოკვლევა,
  • ექოსკოპია,
  • კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა,
  • ოფთალმოლოგიური კვლევა.

      ძალადობის შედეგად განვითარებული ფიზიკური დაზიანება შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი _ მსუბუქი ნაკაწრი თუ ჩალურჯებაც, მოტეხილ ძვლებიც, ტვინის შერყევამდეც, შინაგანი ორგანოების (თირკმლების, ღვიძლის, ფილტვების, ნაღვლის ბუშტის და სხვა) დაზიანებააც; მან შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

      ბავშვზე ძალადობის ყველაზე ხშირი და ადვილად ამოსაცნობი გამოვლინებაა კანის დაზიანება. ძალადობაგანცდილი ბავშვების 90%-ს მხოლოდ ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ:

  • სისხლნაჟღენთები,
  • ნაკბენები,
  • დამწვრობა,
  • მოხრჩობის ნიშნები.

      სისხლნაჟღენთები ვითარდება სისხლძარღვზე მექანიკური ზემოქმედებით. დაზიანებული სისხლძარღვიდან გადმოსული სისხლი გროვდება გარშემო მდებარე ქსოვილებში. სისხლაჟღენთები ძალადობის ნათელი დადასტურებაა. ფიზიკური ძალადობის შედეგად წარმოქმნილ სისხლაჟღენთებს შესაძლებელია ჰქონდეს იმ საგნის ფორმა, რომლითაც განხორციელდა ძალადობა და შესაბამისად კანის დაზიანება შეიძლება დაგვეხმაროს იმ საგნის ტიპის დადგენაში, რომელიც გამოიყენეს ძალადობისას.

      ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაზე მიგვანიშნებს სისხლნაჟღენთების ადგილმდებარეობა, ფორმა:

1. სისხლნაჟღენთების მდებარეობა:

  • ზემო კიდურებზე
  • წელის არეში
  • თეძოების წინა ზედაპირზე
  • სახეზე
  • ყურებზე
  • სასქესო ორგანოებზე
  • მუცელზე
  • დუნდულებზე

2. სისხლჩაქცევების ფორმა:

  • ხელის კვალი შესაძლოა გამოვლინდეს ოვალური დაზიანების, თითების 2-3 პარელელური ხაზოვანი კვლის ან მთლიანი ხელის ანაბეჭედის სახით.
  • მოხრჩობის კვალი: ლიგატურა ან თითების ანაბეჭდი კისრის არეში,Pპეტექიები მათ ზემოთ;
  • საჯდომის არეში ხელით ან რაიმე საგნით მიყენებული დაზიანებები: პარელელურად განლაგებული ვერტიკალური ხაზები.

ნიშნები, რომლებიც ბავშვზე ძალადობაზე დაგვაეჭვებს:

  • დაზიანებები _ ხელის მტევნის, ქამრის ბალთის ან რაიმე საგნის ფორმის;
  • სისხლნაჟღენთები და პეტექიები (პატარა ზომის, წითელი ან ალისფერი), რომლებიც ბავშვის სამედიცინო მდგომარეობით (მაგ., კოაგულაციის დარღვევა) არ არის გამოწვეული:
  • დაზიანება აღენიშნება ბავშვს, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია;
  • სისხლნაჟღენთი მრავლობითი ან კლასტერულია;
  • დაზიანება ერთი და იმავე ზომის და ფორმისაა;
  • დაზიანება სახისა და სხეულის არაძვლოვან ნაწილებზე, მათ შორის, თვალებზე, ყურებზე და საჯდომზე;
  • სისხლნაჟღენთი კისერზე, რომელიც მოხრჩობის მცდელობაზე გვაფიქრებინებს;
  • დაზიანება კოჭებზე და მაჯებზე ლიგატურის ნიშნის მსგავსი.

საეჭვო დაზიანებები

fsiqologia, bavshvta fsiqologia, travma, dazianeba, qwelly, psychology

უბედური შემთხვევის დროს მიღებული ტრავმა

fsiqologia, bavshvta fsiqologia, travma, dazianeba, qwelly, psychology

სისხლჩაქცევები მორჩენისას გაივლის ფერის ცვლილების რამდენიმე სტადიას: წითელილურჯი-მწვანე და ბოლოს ყავისფერი.

fsiqologia, bavshvta fsiqologia, travma, dazianeba, qwelly, psychology

ძალადობის განხორციელების თარიღის დადგენისათვის მხოლოდ სისხლჩაქცევების ფერის გამოყენება არ არის გამართლებული, რადგანც სისხლნაჟღენთის ფერის ცვლილება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს ფაქტორებია: დაზიანების სიღრმე და ადგილმდებარეობა, ქსოვილის თავისებურებები და მისი სისხლმომარაგება, კანის ფერი და ქსოვილის განმეორებითი დაზიანება.ზედაპირული დაზიანებები შესაძლოა გამოვლინდეს და მოშუშდეს ძალიან სწრაფად, ხოლო ღრმა დაზიანებების გამოვლენას შეიძლება დასჭირდეს დღეები.

ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის არეებში (მაგ.თვალი და გენიტალიები) მიყენებული დარტყმისას უფრო სწრაფად ზიანდება ქსოვილი და ასევე სწრაფად აღდგება, ვიდრე იქ, სადაც შემაერთებელი ქსოვილი მკვრივია და კარგად არის სისხლძარღვებით მომარაგებული (მაგ. დუდნდულოებისა და თეძოს არეები). თუ ბავშვის კანი ხშირად ზიანდება, შესაძლებელია სწრაფად განიკურნოს. მუქი ფერის კანი ფარვს და შეუმჩნეველს ხდის ცემით მიყენებულ კანის დაზიანებებს.

ექიმმა ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში კარგად უნდა გამოიკვლის ბავშვი, ისტორიაში ჩაწეროს ყველა არსებული დაზიანების ადგილმდებარეობის, ზომის, ფორმის და ფერის შესახებ. გააკეთოს სხეულის დიაგრამა, სხეულის დაზიანებული არის ფოტოგრაფია, სადაც მონიშნავთ არსებულ დაზიანებას.

მეტად მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვაოთ თანდაყოლილი ლაქები,შემთხვევითი დაზიანებები, კოაგულოპათიით გამოწვეული სისხლნაჟღენთები ძალადობის შედეგად განვითარებული დაზიანებებისგან.

შემთხვევითი დაზიანებების დროს სისხლნაჟღენთების ადგილმდებარეობა სრულიად განსხვავებული: დაზიანებები უმეტეს წილად: მუხლებზე, შუბლზე, _ ხელის მტევნებზე, იდაყვებზე, ნიკაპზე, ცხვირზე გვხვდება და არ არის დამახასიათებელი ფიზიკური ძალადობისთვის.

ნაკბენის აღმოჩენის შემთხვევაში,აუცილებელია ჩართოთ სტომატოლოგი, რათა მის მიერ ზუსტად იქნეს დადგენილი და გაზომილი ნაკბილარის კვალი, თუ არსებული კვალი 3სმ -ზე მეტისაა, ის უფროსი ადამიანის ნაკბილარს შეესაბამება, ეს ყველა შემთხვევაში ბავშვზე ძალადობაზე მიგვანიშნებს და აუცილებელია გამოვიკვლიოთ შემთხვევა და შევატყობინოთ სოციალურ სააგენტოს.

დამწვრობა

დამწვრობა გამოწვეულია კანზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით. კანის დამწვრობას იწვევს ცხელი ხსნარები, საგნები, ალი, ქიმიკატები, დენი.

დამწვრობები, რომელიც ძალადობითაა გამოწვეული, არის უმეტესად იმერსიული (იმმერსიონ ბურნს) დამწვრობა, რომელსაც აქვს კარგად გამოხატული საზღვრები.

იმერსიული დამწვრობები შესაძლოა იყოს წინდის ან ხელთათმნის ფორმის და გვხდება ზემო და ქვემო კიდურების და საჯდომის არეებში. ამგვარი დამწვრობების დროს აუცილებელია, დროულად გადავცეთ საქმე სათანადო ინსტანციას, რათა შეისწავლონ გარემო, სადაც ეს შემთხვევა მოხდა და გამოირიცხოს ძალადობა.

პატარა ასაკის ბავშვები განსაკუთრებით მოძრავები არიან და, შესაბამისად, დამწვრობა შესაძლებელია შემთხვევითი ხასიათის იყოს, როდესაც ბავშვი შემთხვევით ეხება ცხელ საგანს, რომელიცმისთვის ხელმისაწვდომ ადგილას არის დატოვებული (მაგ.ცხელი უთო). ასეთ შემთხვევაში დამწვრობის არე არის ერთი და უფრო ზედაპირული, განსხვავებით ძალდობრივი ქმედებით განხორციელებული დამწვრობისგან, რომელიც არის მრავლობითი, ღრმა. კანის ასეთი დაზიანებები ძალიან ფრთხილად უნდა შეფასდეს.

სიგარეტით მიყენებული დამწვრობა არის ღრმა, 8-10 მმ. დიამეტრისა, ოვალური ფორმის, მრავლობითი, მდებარეობა ხელებზე და ფეხებზე. შემთხვევით გამოწვეული სიგარეტის დამწვრობა ყოველთვის არის ერთეული, უფრო კვერცხის ფორმის და ზედაპირული.

ბავშვებში ყველაზე მეტად გაცელებულია ცხელი სითხის შეშხეფებების ან გადასხმის შედეგად განვითარებული დამწვრობა. უმეტესად პატარა ბავშვები ცდილობენ ხელი სტაცონ მათთვის მიუწვდომელ ადგილას მოთავსებულ ჭიქას ან რამე კონტეინერს, რომელშიც ცხელი სითხეა, მისი გადმოსხმის შედეგად ვითარდება დამწვრობა სახის, გულმკერდის და ზედა კიდურების არეში. ამ დროს ყველაზე მეტად ზიანდება სხეულის არე, რომელსაც ცხელი სითხე პირველად ეხება. რამდენადაც სითხე მიედინება ქვევით და სითხის ტემპერატურა ეცემა, შემდგომი არეები ნაკლებად არის დაზიანებული. დაზიანებულ არეს “V” ფორმა აქვს.

ნიშნები, რომლებიც ბავშვზე ძალადობაზე დაგვაეჭვებს:

  • დამწვრობები რომელთა ახსნა არ არსებობს ან არასარწმუნოა;
  • აღენიშნება ბავშვს, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია;
  • დამწვრობა რბილ ქსოვილებზე, სადაც ცხელი საგნების შემთხვევითი მოხვედრა შეუძლებელია, მაგ.ფეხის გულები, საჯდომი, ზურგი;

ნიშნები, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებზე მიუთითებენ:

  • დამწვრობა ყურისუკანა არეში, საჯდომის, შორისისა და ქვემო კიდურების არეებში,
  • დამწვრობა კიდურებზე _ ხელთათმნის ფორმის, წინდის ფორმის ან სიმეტრიული, მკვეთრი საზღვრებით;
  • დამწვრობა რაიმე საგნის ფორმის (მაგ.უთოს).

ძვლების მოტეხილობები

ბავშვზე ფიზიკური ძალადობის დროს ყველაზე ხშირად ძვლების მოტეხილობები გვხვდება. მიიჩნევენ, რომ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში მოტეხილობების 50% მათზე განხორციელებული ძალადობითაა გამოწვეული. თუ ბავშვს დაუდასტურდა გაურკვეველი წარმოშობის მოტეხილობა, საჭიროა სრული გამოკვლევის ჩატარება - რენტგენოლოგიური, ნევროლოგიურიQ და თვალის ფსკერის კვლევა.

ხშირად მშობლები ექიმს სხვადასხვა პრობლემით მიმართავენ და მხოლოდ ბავშვის სრული გამოკვლევის შემდეგ დგინდება ძვლების მოტეხილობის ფაქტები. ძვლების შეზრდის სტადიების მიხედვით შეიძლება განისაზღვროს, თუ როდის მიიღო ბავშვმა ტრავმა. შეხორცების სხვადასხვა სტადიაზე არსებული მოტეხილობები ბავშვზე ძალადობის ერთერთი ნიშანია.

ბავშვებში, რომელთაც სიარული არ იციან თავის ქალის მრავლობითი მოტეხილობების, კიდურების სპირალური მოტეხილობების, ნეკნების მოტეხილობების, ხერხემლის დაზიანების დაფიქსირებისას უნდა ვიფიქროთ, რომ ეს დაზიანებები გადატანილი ფიზიკური ძალადობის შედეგია.

ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) და თავის ქალის სხვა ტრავმები

ახალშობილთა თავის ტრავმები უბედური შემთხვევით იშვიათად არის გამოწვეული. როგორც გამოკვლევები გვიჩვენებს, თავის ქალის შიდა ტრავმების 95% და თავის ტრავმების 60%-ზე მეტი ძალადობითაა გამოწვეული. 2 წლამდე ასაკის ბავშვების თავის ქალის ტრავმით გამოწვეული გარდაცვალების 80%-ის მიზეზი ძალადობაა. ამიტომ 2-3 წლის ასაკის ბავშვებში თავის ქალის ტრავმის დადგენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოვრიცხოთ ფიზიკური ძალადობა. სისხლჩაქცევა თვალის ბადურაზე განსაკუთრებულ ეჭვს ბადებს ფიზიკური ძალადობაზე.

ის ხშირად ვითარდება ძლიერი შენჯღრევის შედეგად და არის ბავშვის შენჯღრევის სინდრომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი.

ბავშვის შენჯღრევის სინდრომი ფიზიკური ძალადობის ფორმაა, რომლის დროსაც ახალშობილს უვითარდება თავის ქალის ტრავმა, სუბდურალური და სუბარაქნოიდალური ჰემორაგიები, სისხლჩაქცევები მინისებრ სხეულში, ბადურის ჩაგლეჯა, ტრავმული წარმოშობის რეტინოსხიზისი და სისხლჩაქცევა თვალის ბადურაზე. გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ძალადობის შემდეგ ცნს-ში მნიშვნელო ბიოქიმიური, ფუნქციური და სტრუქტურული ცვლილებები რჩება; მაგ., ძალადობაგანცდილ ბავშვებს აღენიშნებათ თავის ტვინის მოცულობის შემცირება.

ბავშვის შენჯღრევის სინდრომი ძალადობის ერთ-ერთი სერიოზული ფორმაა. მშობლები ანჯღრევენ ბავშვს, როდესაც ბავშვის ტირილის, ყვირილის და დაუჯერებლობის გამო კარგავენ მოთმინებას.

ამ სინდრომის დიაგნოზს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ადგენენ, მაგრამ შეიძლება დადგინდეს 5 წლამდე ასაკშიც.

ბავშვის შენჯღრევის სინდრომით გამოწვეული სიკვდილიანობა _ საშუალოდ 20-25 %-ია. მოგვიანებითი შედეგები შეიძლება იყოს თავის ტვინის ქერქის დაზიანების გამო განვითარებული სიბრმავე, კრუნჩხვები, პარკუჭების გაფართოვება, ენცეფალომალაცია.

სიმპტომების გამოვლინება დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე. გადატანილი ტრავმის შემდეგ ყველაზე ხშირად ჩნდება არასპეციფიკური სიმპტომები: ძილიანობა ან მოუსვენრობა, მადის დაკარგვა, ღებინება. უფრო სერიოზული დაზიანებისას ვლინდება სპაზმი, გონების დაბინდვა და სხვა ნევროლოგიური სიმპტომები. დაზიანებისთანავე მშობლები ამჩნევენ ამ სიმპტომებს, მაგრამ იმის შიშით, რომ ბავშვის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში არ დაადანაშაულონ, დროულად არ მიმართავენ ექიმს.

რადგანაც არსებული კლინიკური სიმპტომები არ არის სპეციფიკური და ამავე დროს მშობელი ცდილობს დამალოს შენჯღრევის ფაქტი და არ აწვდის ექიმს სწორ ანამნეზურ მონაცემებს, შესაძლებელია დიაგნოზის დასმისას შეცდომა იყოს დაშვებული. ხშირად ისმება ვირუსული ინფექციის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისფუნქციის დიაგნოზი.

თუ ბავშვის შენჯღრევის სინდრომის სიმპტომები ჩნდება ფიზიკური ძალადობის სხვა ნიშნებთან ერთად, როგორიცაა კანქვეშა სისხლჩაქცევები, ძვლების მოტეხილობები, სხვა ტრავმები, აუცილებელია ნევროლოგის, ნეიროქირურგის, ოფთალმოლოგის გადაუდებელი კონსულტაცია. ჰემორაგიის დიაგნოსტირებისათვის კომპიუტერული ტომოგრაფია კვლევის ძირითადი მეთოდია.

მიუნჰაუზენის სინდრომი

მიუნჰაუზენის სინდრომის დროს დედა გამიზნულად იწვევს ან ხელს უწყობს დაავადების ნიშნებს. ყველაზე ხშირად ვხვდებით სისხლდენის (სისხლის შედედებაზე მოქმედი მედიკამენტების გამოყენება, ლორწოვანის დაზიანება, სხვა ადამიანის ან ცხოველის სისხლის გამოყენება, საღებავების გამოყენება), კრუნჩხვების ("მკურნალობა" მედიკამენტებით, რომელთაც შეუძლიათ მათი გამოწვევა, მოხრჩობა) ძილიანობის, მოთენთილობის (ცნს-ის დამთრგუნველი მედიკამენტების გამოყენება, მოხრჩობა), დიარეის (ასაშლელი საშუალებების გამოყენება) სტიმულირებას.

მიუნჰაუზენის სინდრომზე შეიძლება ვიფიქროთ, თუ:

  • ჩატარებული გამოკვლევებით არ დადგინდა პათოლოგია, ჩივილები კი კვლავ გრძელდება;
  • გამოკვლევის შედეგები არ ემთხვევა დაავადების მიმდინარეობას;
  • გამოცდილი სპეციალისტები ამბობენ: "პირველად ვხვდები ასეთ შემთხვევას";
  • დედა უკმაყოფილოა დასკვნით _ პათოლოგია არ არსებობს;
  • თუ დედა არ იმყოფება ბავშვის გვერდით, მას სიმპტომები არ აღენიშნება;
  • თუ დედა ძალინ "მზრუნველია" და სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობს ბავშვის მარტო დატოვებაზე;
  • მკურნალობის ჩვეულებრივი მეთოდები უშედეგოა.

ანამნეზის შეგროვების და დაფიქსირების თავისებურებები

ექიმი ბავშვს და მშობელს უნდა ესაუბაროს ცალ-ცალკე. თუ ბავშვი ნერვიულობს ან არ სურს ექიმთან მარტო დარჩენა, საუბარი ტარდება იმ მშობლის თანდასწრებით, რომელიც არ ძალადობს მასზე, ან ბაშვის ნდობით აღჭურვილი ახლობელი ადამიანის თანდასწრებით. უკეთესია, საუბარი ჩატარდეს ცალკე დედასთან და ცალკე მამასთან. ანამნეზი სამედიცინო დოკუმენტებში სრულად ფიქსირდება, რაც ხელს უწყობს ძალადობის ფაქტის იურიდიულად დადასტურებას.

უნდა გვახსოვდეს, რომ ძალადობაზე საუბრისას ბავშვს ფსიქოლოგიურ ტრავმას ვაყენებთ. ამიტომ საუბრისას მნიშვნელოვანია ბავშვი თავს დაცულად გრძნობდეს. აუცილებელია პედიატრიული ანამნეზის შეგროვების პრინციპების დაცვა. თანმიმდევრული და ზუსტი ანამნეზი დაგვეხმარება დავადგინოთ ტრავმა უბედური შემთხვევის შედეგია თუ ძალადობისა.

მშობლებთან საუბარი არ უნდა დავიწყოთ კითხვით ძალადობის შესახებ. თავი უნდა ავარიდოთ კითხვებს, რომლებიც ძალადობაში დადანაშაულებას მოიცავს. ძალადობის ფაქტი და მასთან დაკავშირებული მოვლენები უნდა აღვწეროთ ბავშვის სიტყვებზე დაყრდნობით. ექიმმა უნდა შეაფასოს, გამართლებულია თუ არა ანამნეზის დეტალური შეგროვება.

ანამნეზის დეტალური შეგროვება გამართლებულია, თუ:

  • ბავშვს თვითონ სურს ფიზიკურ ძალადობაზე საუბარი;
  • ანამნაზური მონაცემების შეგროვება აუცილებელია ტრავმის ხასიათის დასადგენად და მკურნალობის დასანიშნად;
  • აუცილებელია სასწრაფო ქმედებები ბავშვის სიცოცხლის დასაცავად, შემდგომი ფიზიკური ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

გამართლებული არაა ბავშვს ვკითხოთ ძალადობის შესახებ, თუ:

  • ბავშვი ძალიან მოუსვენარია;
  • დიაგნოზის დასაზუსტებლად და მკურნალობის დასანიშნად დამატებითი მონაცემები არ გვჭირდება;
  • სპეციალისტი არ არის მომზადებული ან არ აქვს ძალადობაგანცდილ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ბავშვმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა განცდილ ძალადობაზე სხვა სპეციალისტთან.

ანამნეზის შეგროვებისას უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვი შესაძლებელია შეეცადოს ძალადობის ფაქტის დამალვას, რათა დაიცვას მშობელი ან იმის გამო, რომ ეშინია მშობელმა კვლავ არ დასაჯოს ფიზიკურად.

ბავშვი საუბრისას უკეთ იგრძნობს თავს, თუ:

  • სპეციალისტი საუბრის დაწყებისას წარუდგენს თავს და გასაგებ ენაზე აუხსნის ბავშვს სუბარის მიზანს;
  • გაცნობის შემდეგ სპეციალისტი შეეხება ნეიტრალურ თემებს _ საყვარელ თამაშებს, სკოლას და ა.შ.
  • სპეციალისტი ბავშვს არ დაუსვამს კითხვებს, რომლებზეც წინასწარ მიიღო მშობლისგან ან მეურვისგან უარყოფითი შეფასება.

სპეციალისტი დაზუსტებულ და საჭირო ინფორმაციას ბავშვთან საუბრისას მიიღებს, თუ:

  1. ყურადღებას მიაქცევს ბავშვის კოგნიტურ უნარს, გამოიყენებს ბავშვისთვის გასაგებ ცნებებს;
  2. ანამნეზის შეგროვების დროს სვამს ღია კითხვებს;
  3. ანამნეზის შეგროვების დროს თავს არიდებს კითხვებს, რომელიც მოიცავს პასუხებს ან მინიშნებას პასუხზე.

ანამნეზი უნდა აღიწეროს რაც შეიძლება ზუსტად:

  1. როდის მოხდა ძალადობის პირველი ფაქტი;
  2. ძალადობის განხორციელების ზუსტი რიცხვი, თანმიმდევრობა. ბავშვები, განსაკუთრებით პატარები, ძნელად იხსენებენ შემთხვევის ზუსტ რიცხვს, ამიტომ შეიძლება ის დაუკავშიროთ მნიშვნელოვან თარიღებს _ დაბადების დღეს, სასწავლო წლის დაწყებას, შობას, აღდგომას;
  3. ოჯახური მდგომარეობა, უახლოესი სოციალური გარემო;
  4. მოყვა თუ არა ბავშვი ვინმესთან ძალადობის შესახებ, თუ არა _ რატომ:
    1. როგორი იყო მათი რეაქცია;
    2. ამ რეაქციის მიზეზები;
  5. როგორ გრძნობდა ბავშვი თავს ძალადობის დროს;
  6. ადამიანები, რომელთა გამოც განიცადა ძალადობა;
  7. ადამიანები, რომელთაც იციან ძალადობის შესახებ.

ასევე აუცილებელია მოვაგროვოთ ინფორმაცია გადატანილი დაავადებების, ტრავმების, ქრონიკული დაავადებების შესახებ.

ბავშვის ფსიქიკის და ქცევიის კვლევა, ოჯახის წევრების ქცევა

ძალადობაგანცდილ ბავშვებში ხშირად აღინიშნება ემოციური და ფსიქო-სოციალური განვითარების დარღვევა. ეს დარღვევები განცდილი ძალადობის ინდიკატორებს წარმოადგენენ. აუცილებელია, დავაკვირდეთ და შევაფასოთ ძალადობის ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ინდიკატორები:

  • როგორი ურთიერთობა აქვს ბავშვს ექიმთან და მედპერსონალთან;
  • როგორი ურთიერთობა აქვს ბავშვს მშობლებთან ან მეურვესთან;
  • როგორი ურთიერთობა აქვს სხვა პაციენტებთან;
  • როგორ ხასიათზეა ბავშვი. (ხასიათის გაუარესების დროს აუცილებელია შეფასდეს სუიციდის რისკი.);
  • როგორი მადა აქვს;
  • როგორ სძინავს;
  • სურს თუ არა სახლში დაბრუნება;
  • შეესაბამება თუ არა ბავშვის განვითარება მის ასაკს;
  • რას აკეთებს ბავშვი თავისუფალ დროს;
  • როგორ იქცევიან მშობლები ბავშვთან საავადმყოფოში;
  • როგორ იქცევიან მშობლები და როგორი ურთიერთობა აქვთ საავადმყოფოს პერსონალთან.

ფსიქიატრის კონსულტაცია ბავშვისა და მოზრდილისათვის საჭიროა, თუ აღინიშნება:

  • დეპრესიული მდგომარეობა: საშუალო სიმძიმის და მძიმე;
  • სუიციდური ან ავტოაგრესიული ქცევა;
  • მკვეთრად გამოხატული აგრესიული ქცევა;
  • ძალიან დიდი მოუსვენრობა და შიში, რომელიც ხელს უშლის კვლევის ჩატარებას;
  • უცნაური ქცევა.

ნევროლოგიური კვლევა:

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს თავის არეში აღენიშნება ტრავმის ნიშნები - სისხლჩაქცევები, ნაკაწრები სახეზე, თავის ქალის ტრავმის გამოვლენის მიზნით, ტარდება სრული ნევროლოგიური გამოკვლევა.

ოფთალმოლოგის კონსულტაცია:

თავის ქალის ტრამვის დროს თუ ეჭვი არის შენჯღრევის სინდრომზე, აუცილებლად ტარდება თვალის ფსკერის გამოკვლევა.

ლაბორატორიული და სხვა კვლევები:

თუ ბავშვს აღენიშნება დაზიანებები: სისხლჩაქცევები, ნაკაწრები და ა.შ. და ჩნდება ეჭვი, რომ ეს დაზიანებები ფიზიკური ძალადობის შედეგია, ტარდება რენტგენოლოგიური კვლევა (ლულოვანი ძვლების), განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. გამოკვლევა ტარდება არა იმისთვის, რომ დადგინდეს არსებული პათოლოგია, არამედ იმისათვის, რომ გამოვავლინოთ ძვლების დაფარული დაზიანებები.ძველი და ახალი მოტეხილობების ნიშნები ფიზიკური ძალადობის არსებობაზე მიგვანიშნებს.

ფიზიკური ძალადობის დროს საჭიროა ჩატარდეს ჩონჩხის მინიმალური კვლევა: კიდურების და მენჯის გულმკერდის და თავის ქალის რენტგენოგრამა. მოტეხილობის შემთხვევაში აუცილებელია ისინი შეფასდეს ორ პროექციაში. სხვადასხვა ასაკის მრავლობითი მოტეხილობების დროს აუცილებელია არასრულყოფილი ოსტეოგენეზის დადგენა.

დიაგნოზის დასაზუსტებლად სრული ობიექტური გასინჯვის პარალელურად შესაძლებელია საჭირო გახდეს შემდეგი გამოკვლევების ჩატარება:

  • კვებითი სტატუსის შეფასება,
  • გლობალური განვითრებისა და ქცევის შეფასება,
  • სისხლის საერთო ანალიზი,
  • კოაგულაციის სკრინინგი,
  • ღვიძლის ფუნქცური ტესტები,
  • ტოქსიკოლოგური სკრინინგი,
  • ძველების რენტგენოლოგიური გამოკვლევა,
  • ექოსკოპია,
  • კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა,
  • ოფთალმოლოგიური კვლევა.

დიფერეციალური დიაგნოზი

ბავშვისთვის ძალადობის დიაგნოზის არასწორად დასმამ შეიძლება დააზიანოს ოჯახი, ხოლო თუ ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში დიაგნოზს ვერ დავსვამთ, ზიანს ვაყენებთ ბავშვს. ამიტომ შემთხვევის ზუსტი ანალიზი მეტად რთული და საპასუხისმგებლო ამოცანაა. არსებობს მრავალი კლინიკური მდგომარეობა, რომლებიც განცდილი ძალადობის იმიტაციას იძლევიან. საჭიროა ყველა საეჭვო შემთხვევაში Mმათი უარყოფა ან დადასტურება.

ფიზიკური ძალადობის დიფერენციალური დიაგნოზი

ჰემატოლოგიური დაავადებები:

  • ჰემოფილია;
  • იდიოპათიური თრომბოციტური პურპურა;
  • ვილერბრანდის დაავადება;
  • შონლაინ-ჰენოხის დაავადება.

დერმატოლოგიური დაავადებები:

  • ფოტოდერმატიტი;
  • მონგოლოიდური ლაქა;
  • კანქვეშა ცხიმოვანი ნეკროზი;
  • პოლიმირფული ექსუდაციური ერითემა;
  • სკლეროდერმია.

ინფექციები:

  • "დამწვარი" კანის სტაფილოკოკური სინდრომი;
  • მარტივი ჰერპესი;
  • ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებით გამოწვეული პეტექიები.

თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევები:

  • არასრულყოფოლი ოსტეოგენეზი;
  • ელარს-დანლოსის სინდრომი;
  • რაქიტი.

შემთხვევითი ტრავმები:

  • ძვლების მიტეხილობები ახლად ფეხადგმულ ბავშვებში.

ბავშვზე ძალადობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, მაშინვე განსაზღვროს ეჭვის მიზეზები, შეაფასოს ბავშვის მდგომარეობა, დაზიანების ხასიათი და დაიწყოს შემთხვევის მართვა.

ძალადობის შემთხვევის მართვა გულისხმობს, ერთი მხრივ, დაზიანების და სიმპტომების შესაბამისი მკურნალობის უზრუნველყოფას (მულტიდისციპლინური გუნდის მიერ: ნევროლოგი, პედიატრი, ფსიქოლოგი და სხვ.), მეორე მხრივ, დაუყოვნებლივ შეტყობინებას სოციალური დაცვის სამსახურისთვის - სსიპ –მიმართვის ბარათით, რომელიც ეგზავნება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს ფოსტით ან ფაქსით ან სატელეფონო შეტყობინების საშუალებით, ასევე გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაში _ საპატრულო პოლიციაში.

ავტორი: ქ. დავითიშვილი

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Berkowitz, C. D. MD, FAAP, Carroll, M. L., MD, FAAP FACEP (2004, 2007) – Child Maltreatment, Pediatric Emergency Medicine by American Academy of Pediatrics & American College of Emergency Physicians, revised fourth edition, Jones and Ratlett Publishers
  2. National Institute For Health and Clinical Excellence - NICE (2009); Quick reference guide -When to suspect child maltreatment, NICE clinical guideline 89; Developed by the National Collaborating Centre for Women’s and Children’s Health

ტეგები: Qwelly, ბავშვთა_ფსიქოლოგია, სიმპტომები, ფსიქოლოგია, ძალადობა

ნახვა: 1511

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters