აკა მორჩილაძე - ცხოვრება

← დასაწყისი


   ერთ შემოდგომას ისე მოხდა, რომ ცნობილმა ოფიცერმა, ილია ორბელიანმა თავისი დის შვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი დუელში გამოიწვია და, თავისი ჭკუით, მოკლა კიდეც.
   ეს სასაცილო ისტორია თავიდან ძალიან ბრაზიანად და არეულად დაიწყო.
საქმე ისე იყო, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი ახლო მეგობარი მაღალაშვილი ყოველთვის და ყველა წვეულებაზე ძალიან აქილიკებდნენ ილიკოს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და ცნობილი ახალგაზრდა ოფიცერი იყო და ნიკოს ბიძა პირობითად თუ დაერქმეოდა, რადგან მასზე სულ ორი წლით იყო უფროსი და ისინი უფრო ძმები იყვნენ, ვიდრე ბიძა და დისშვილი.
   დუელის ამბავი კი საღამოს მოხდა, წვეულებაზე, სადაც ნიკო მაღალაშვილის გარეშე მივიდა და ილიკოს ჩვეულად დაუწყო ქილიკი და აგდება. ილიკო თურმე დილიდანვე ფიქრობდა ამ წვეულებასა და დუელზე, რადგან ბიჭების დაცინვა ყელში მოსდგომოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაღალაშვილის გამოწვევას აპირებდა, ის კი იმ წვეულებაზე არ მივიდა.
დუელი, დუელიო და რადგან ორივე გაიქაჩა და რადგან საქმე სერიოზულად იყო, სეკუნდანტებიც დაინიშნნენ - ნიკოს ეს მაღალაშვილი წაჰყვა და ილიკოს კი ერთი ყაბარდოელი ოფიცერი და, რა თქმა უნდა, მეგობრების მთელი არმიაც, იმიტომ რომ დუელი ქალაქგარეთ უნდა შემდგარიყო.
მეგობრები სწორედ ნიკოს ამხნევებდნენ და არა ილიკოს.
ნიკო სამოქალაქო პირი იყო, ილიკო კიდევ - სამხედრო.
   ცხადია, მათი სროლაში გაჯიბრება უნდა დასრულებულიყო ოფიცრის გამარჯვებით. ძალიან უხერხული და რთული ამბავი ელოდათ, იმიტომ, რომ ბიძას დისშვილის მოკვლა და დასჯა გადაეწყვიტა.
დუელისთვის უცნაური ადგილი შეარჩიეს - თავდაღმართი.
მაღალი და ახოვანი ილიკო დააყენეს აღმართის თავში. ნიკო კიდევ, უფრო დაბალი და უფრო ჩაფსკვნილი, თავდაღმართში.
სეკუნდანტებმა დამბაჩები შეამოწმეს, მერე დუელიანტებს ჩამოურიგეს და მათაც ისროლეს.
   ნიკოსი გავარდა, მაგრამ ასე გამოჩნდა, რომ ასცდა. ილიკოსი კი არ გავარდა: მისმა დამბაჩამ მხოლოდ ცხვირი დააცემინა და გაბრაზებულმა ერთი ამბავი ატეხა, თქვენო ფინთიხი არ ჩამიყარეთ დამბაჩაშიო. თუმცა, შემოწმების შემდეგ დარწმუნდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო და გასროლაც დარჩენილი ჰქონდა.
   დაუმიზნა და ესროლა. ნიკო წაიქცა და ილიკომაც იყვირა, ვაიმე, ვაიმე, ჩემი ძმა მოვკალი, ჩემი დიშვილი მოვკალი, როგორ მივასვენო ახლა სახლშიო. გაქანდა თავდაღმართში და დაახტა თავზე ნიკოს.
დუელიანტებს პირობა ჰქონდათ შეკრული, რომ გამარჯვებულს დამარცხებული, დაჭრილი ან მკვდარი თვითონ უნდა მიესვენებინა სახლში.
ილიკო ატირებული გამოქანდა თავდაღმართიდან, დაახტა წაქცეულ ნიკოს და ხელებით დაუწყო სინჯვა, რათა ჭრილობა ეპოვა და უცებ გაიგონა მისი ხმა: ბიჭო, ჯიბეში ქიშმიში მიდევს.... ქიშმიშსა მპარავსო.
ყველამ სიცილი დაიწყო. ილიკოს გარდა, ყველამ იცოდა, რომ დამბაჩებში ტყვიაწამალი არ ეყარა.
   ილიკო საშინლად გაბრაზდა, მაგრამ ისე გაუხარდა, ნიკო რომ არ მოკლა, რომ ეს ამბავი კიდევ ერთი მხიარული კამპანიით დამთავრდა. ნიკოს და მაღალაშვილს კიდევ დიდხანს ჰქონდათ საოხუნჯოდ, როგორ აპირებდა ბიძა დიშვილის მოკვლას.
   ნიკოლოზ ბარათაშვილი დიდოსტატი იყო ათასგვარი გათამაშებისა და ნაირგვარი ფანდის მოგონებისა.
თხუთმეტი წლის განმავლობაში ის იყო თბილისის ყველაზე ხალისიანი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ჰქონდა დიდი დარდი და სევდა და რომელსაც ეკუთვნოდა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში მიიღო.
   იმას არ ვამბობ, რომ ის დიდი პოეტი იყო.
მისი პოეზია იმ დროის თბილისური საზოგადოებისთვის არ იყო ძალიან საინტერესო. უფრო მიმზიდველი მისი ხასიათი იყო.
მისი ლექსები მხოლოდ მისი ნათესავებისა და მეგობრების წრეში ტრიალებდა. ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო ორი განთქმული ოჯახის დამოყვრების შედეგად დაბადებული ყმაწვილი კაცი, რომელმაც ამ ბრწყინვალებისაგან ბევრი რამ მიიღო, მაგრამ რაც ყველაზე მეტად უნდოდა, ცხოვრებას ვერაფრით გამოჰგლიჯა.
   ნიკოს დედა, ეფემია, იყო სამი განთქმული ოფიცრის, გრიგოლ, ზაქარია და ილია ორბელიანების და. ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი და ძველი ოჯახი, რომელიც, ერთი მხრივ, იყო ყაფლან ორბელიანის შთამომავალი და ამიტომაც სიამოვნებით უწოდებდა თავს ყაფლანიშვილებს, ანდა ყაფლანიანთ; მეორე მხრივ კი, ეს იყო ერეკლე II-ის ქალიშვილის, ელენეს შთამომავლობა. ძმებისა და ეფემიას დედა, ხორეშანი, იყო ერეკლეს შვილიშვილი.
მამისაგან კი ნიკო გამოდიოდა ბარათაშვილთა მდიდარი და ცნობილი შტოს მემკვიდრე. მამამისი მელიტონი ძალიან შეძლებული კაცი იყო, თუმცა მთელი სიმდიდრე თბილისურ წვეულებებში დააბანდა. ის ძალიან კარგახსნილი კაცი გახლდათ, რითაც ისეთი ვალები დაიდო, რომ მთელი ცხოვრება ვეღარ გადაიხადა და ნიკოსაც, ვისაც უფრო ტატოს ეძახდნენ შინაურები, სატანჯაველად გაუხდა ეს ვალი.
   მელიტონ ბარათაშვილი იყო დიდი ქეიფების მომწყობი კაცი და თუ ვინმე იყო მაღალ თავადობაში - ალექსანდრე ჭავჭავაძით დაწყებული და განთქმული რუსებით დამთავრებული - ყველა მის სახლში იყრიდა თავს.
ძველი თავადი იყო, ხვალისას ძნელად ფიქრობდა.
მაგრამ, იმავე დროს, მელიტონი იყო ძალიან ანჩხლი კაცი. ხასიათში ჰქონდა ყვირილი და ჩხუბი.
   ძველები იგონებდნენ, ანჩისხატთან მცხოვრები მელიტონი ყვირილსა და ცოლ-შვილის ლანძღვას რომ დაიწყებს, არქიელის მოედანზე, თეკლა ბატონიშვილის სახლში ისმისო. მაშინდელი პატარა თბილისი სცნობდა ამ კაცის ხმას.
   ასე იყო მერეც, მუხრანის ხიდთან რომ გადავიდნენ საცხოვრებლად.
მელიტონ ბარათაშვილმა იცოდა რამდენიმე ენა, რაც ძალიან ადგებოდა კარიერაში. ის დაახლოებული იყო რუსულ ადმინისტრაციასთან და კარგი ჯამაგირიც ჰქონდა.
   იმ ხანებში კარგი თარჯიმნები და კავკასიელთა ენებზე მოლაპარაკე ხალხი ჭირდა და რუსები ასეთებს ძალიან აფასებდნენ. თუმცა, მელიტონი სამსახურშიც დიდად არ იკავებდა თავს და ვინმესთვის ხელის შემორტყმა იშვიათობად არ უჩანდა. გალახული ჰყავდა კანცელარიის მთელი ადმინისტრაცია და წვრილ-წვრილი ჩინოვნიკები.
   ასეთი კაცი იყო, არც სახლში და არც გარეთ ხელს არ აკლებდა.
ტატოც არაერთხელ გაელახა სასტიკად. ასეთ ცელქს რას მოუთმენდა!
მას და ეფემიას თოთხმეტი შვილი ეყოლათ, მაგრამ უმრავლესი ჩვილობაშივე დაეხოცათ. გადარჩნენ მხოლოდ ოთხი ქალიშვილი და ერთი ვაჟი - ნიკოლოზი, ნიკო, ტატო, ტატიკო.
   ეს ერთადერთი ბიჭი იყო საბრალო ეფემიას იმედი და ხელისგულზე სატარებელი, მით უმეტეს, რომ ბიჭი იყო განსაკუთრებული ხასიათის, ძალიან ხალისიანი, მოძრავი და, როგორც იტყოდნენ, პირველი „მოტანცავე“ ქალაქში მოწაფეობის დროიდან.
   არა მხოლოდ კეთილშობილთა სასწავლებელში, სადაც ის მერე სწავლობდა, არამედ ჯერ კიდევ ძველ, კალოუბნის ქართულ სკოლაში, სადაც ზაფხულობით ეზოში იყო ხოლმე გაკვეთილები ძველებური ქართული სტილით, ის თავისი ტანცაობით იყო ცნობილი.
   მერე და მერე, კეთილშობილთა სასწავლებელში ყოფნისას, ალდადანოვთან, ცეკვის ცნობილ მასწავლებელთან დაიწყო სიარული. ის ლეკურსაც ასწავლიდა და ევროპულსაც და აღარ იყო წვეულება, ტატოს რომ არ ეცეკვა.
ოხუნჯობა ტატოს თანდაყოლილი ნიჭი იყო, მაგრამ თბილისიც ისეთი ქალაქი იყო, რომ თუ არა მისი ოხუნჯობები, მთლად საღათას ძილს მიეცემოდა - მაშინ არ იყო არც თეატრი, არც გაზეთი, არც სხვა რამ თავშესაქცევი.
მთავარ გასართობად იყო სეირნობები ბაღებში, წვეულებები, ერთმანეთთან სიარული და დროსტარება: ვთქვათ, მანანა ორბელიანის სალონში ჯდომა, ლაპარაკი და ჭორები, ჭორები, ჭორები...
   თბილისი არი ჭირი და ჭორიო, როგორც თავის ოფიცერ ბიძებს სწერდა ტატო, როცა თბილისში შავი ჭირის გაჩენას შიშობდნენ. გაუთავებელი ფლირტი ბიჭობიდანვე - ქმრიანებთან, უქმროებთან, თავის ტოლებთან, უფროსებთან, უმცროსებთან, ესეც იყო მისი ცხოვრება.
ტატო ამის ოსტატიც იყო, თუმცა არც ერთი ფლირტი საბოლოოდ ღრმა და ნამდვილ ურთიერთობაში არ გადაზრდილა.
   ჰქონდა ამის სურვილი, მაგრამ ვერ გადაზარდა და ამის გამოც ძალიან სევდიანი იყო. ხშირად სწერდა თავის ბიძებს, ეს ქალაქი სულისთვის, გულისთვის და გონებისთვის არაფერს იძლევაო; ძალიან უყვარდა აქაურობა და ამით საზრდოობდა, მაგრამ გრძნობდა, რომ ეკუთვნოდა რაღაც უფრო მეტი და მეტის ნახვა უნდოდა.
   მისი ერთი ბიოგრაფი წერს, საბრალო ბიჭი იყოო, რადგან თერგიც კი არ დაელიაო. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებმა არც უნივერსიტეტში გაუშვეს და არც სამხედროში. თერგი არ დაელიაო, ქუთაისშიაც კი არ ყოფილა და ზღვაც არ ენახაო.
   ამ პატარა ქალაქს ის გაცილებულიც არ იყო და ამ ქალაქისთვის ის იყო ძალიან დიდი ხალისი და თვალი; ყმაწვილი კაცი, რომელმაც დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და რომელსაც ჰქონდა იგივე ოცნება, რაც მთელს მის თაობას - სამხედრო სამსახური, სახელის განთქმა კავკასიის ომებში და კარიერის პოვნა. ბევრმა მისმა მეგობარმა ეს ბრწყინვალედ მოახერხა: თუნდაც ლევან მელიქიშვილმა, მისმა უახლოესმა ადამიანმა, რომელმაც აგერ, 80-იან წლებამდე მოაღწია და გახდა დიდი გენერალი და უდიდესი თანამდებობებისა და პატივის კაცი; ასევე მისმა ბიძებმა, რომლებიც საერთოდაც ლეგენდით იყვნენ შემოსილნი, და უამრავმა ასეთმა ახალგაზრდა ქართველმა თავადიშვილმა.
   ვინც კი მოინდომა, ყველა გახდა სამხედრო. ის, რომ ბარათაშვილი სამხედრო ვერ გახდა, უბრალო რამით აიხსნება: კეთილშობილთა სასწავლებელში ის კიბიდან გადმოვარდა, მოიტეხა ორივე ფეხი და როცა მოშუშდა, გაირკვა, რომ საბოლოოდ დაკოჭლდა ცალი ფეხით.
სასწავლებელი რომ დაამთავრა და მამას სთხოვა, მის სამხედრო კარიერაზე ეზრუნა, მელიტონმა უთხრა, შენ მარტო ინვალიდების როტაში მიგიღებენ და ამით ვერანაირ კარიერას ვერ გაიკეთებო.
   ტატოს მზად ჰქონდა მეორე სურვილიც - უნივერსიტეტში სწავლა, მაგრამ ამ დროს მელიტონი ავად გახდა და - მე რომ რამე მომივიდეს, მთელი ოჯახი შენი სარჩენი იქნება, სად გაგიშვაო. რაღა თქმა უნდა, მელიტონს არაფერი მოუვიდა და თხუთმეტ წელიწადს კიდევ იცოცხლა ტატოს გარდაცვალების შემდეგ. ასე და ამგვარად, მას ყოველგვარი კარიერის შანსი მოესპო და მუშაობა დაიწყო სტოლონაჩალნიკად, გახდა ჩინოვნიკი თბილისის ექსპედიციაში „სუდა ი რასპრავი“.
   იყო ძალიან დიდი შეუსაბამობა მის ხასიათსა და კანცელარიის ცხვირჩამოშვებულ მოხელეებს შორის. როგორც კი საქმეს მორჩებოდა, იწყებდა სირბილს მთელ ქალაქში, ამბების მიტან-მოტანას, ნაირგვარ ოჯახებში მისვლა-მოსვლას.
   ხანდახან კარს არც უღებდნენ, ზედმეტი ხალისი და ჭორები ძნელი გადასატანი იყო. ზოგი სულაც ღიზიანდებოდა, როცა ასეთი გათამაშებების მოყვარული ადამიანი მოდიოდა თავისი განწყობითა და ღლაბუცით და თანაც სრულიად უდროო დროს. სამსახურში ყველაფერი იმდენად მოწესრიგებული ჰქონდა, რომ მისი უფროსები გაოცებულებიც კი იყვნენ, ძალიან შორს წავა საჩინოვნიკო გზითო. მაგრამ საჩინოვნიკო საქმე არ იყო მისი გზა, ის ბოლომდე დარჩა მოსურნე სამხედრო კარიერისა. ოცნებობდა, როგორმე თავი დაეღწია თბილისისთვის და უკეთესი ადგილი ენახა თავისი მომავლის მოსაგვარებლად.
   გრძნობდა, მეტი შეეძლო, და უნდოდა, რაღაც უკეთესი ეკეთებინა.
თბილისში წიგნების შეზღუდული რაოდენობა იყო, ყველას ყველაფერი წაკითხული ჰქონდა. მასაც ძალიან უყვარდა კითხვა. ძალიან უყვარდა მსოფლიოს ამბების ცოდნა. ამავდროულად, გაუთავებლად გატაცებული იყო, ძალიან მგრძნობიარე გახლდათ და ძალიან ხშირად უყვარდებოდა.
ხშირად მისი ლექსები ამ სიყვარულებს ეძღვნებოდა.
   მაგალითად, ტატოს უყვარდა დელფინა ლაბიერი, ფრანგი მეფუნთუშის ქალიშვილი. ლექსი „ჩემს ვარსკვლავს“ სწორედ მისადმი საყვედურებით არის სავსე. დ.ლ.-ს. დ.ლ.-ს, ს.ლ.-ს... ვერც ეს რომანი გადაიზარდა რაღაც უფრო ნამდვილსა და დიდში. ტატოს ბიოგრაფები ამბობენ, რომ ის კოჭლი იყო და ნაკლებად შესახედი. თბილისში კი ბევრი სიმპათიური ახალგაზრდა იყო. თუნდაც ოფიცრობა. ისინი უფრო მიმზიდველები ჩანდნენ და მისი ნიჭი და ხალისი ვერ ფარავდა მათ ჩინ-მედლებს, გარეგნობას და მუნდირებს.
ჩაცმა ტატომაც კარგი იცოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩაცმა ბევრს არ წყვეტდა. ოფიცერთა ცოლებს ძალიან აედევნებოდა ხოლმე, აგდებდა მარცვლებს ინტრიგების, მერე გადაჰკიდებდა ქალსა და კაცს ერთმანეთს, გათხოვილ ქალს მადევარ კაცს შეახვედრებდა, ან დააშორებდა.
ლევან მელიქიშვილი იგონებს, როგორ მოვარდა ერთხელ ტატო, ერთ წვეულებაზე ეკატერინე ჭავჭავაძის საყურის ციმციმმა გამაგიჟაო, და იქვე დაწერა ლექსი.
   ტატო გრძნობდა, რომ აქ წინ ვერ წავა და ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთოს, ისაა, რომ სამსახურში დაწინაურდეს და ისიც - შეზღუდული ფორმით, რადგან არა აქვს ის განათლება და საბუთები, მაღალ კარიერას რომ სჭირდება. ამ დროს კი ცხოვრება ეგებ ქუხდა და გადმოქუხდა კიდეც. მისი მეგობარი ლევან მელიქიშვილი და ბიძები თავიანთი სიმამაცითა და იარაღით იხვეჭდნენ სახელს. ისინი უკვე იყვნენ რუსეთის ძალიან ერთგული და განთქმული ოფიცრები. მისგან ნაქილიკები ილია ტყვედ ჩაუვარდა შამილს. შამილმა მთელი მოღალატე დაღესტნელები მის თვალწინ დაახოცვინა, ილიამ კი წარბიც არ შეიხარა და უთხრა, თქვენ ამით ვერაფერს დაამტკიცებთო.
მისმა პასუხმა დაარწმუნა შამილი, რომ ილია განსაკუთრებული ადამიანია და რუსებთან მის მომგებიან გაცვლაზე ლაპარაკი შეიძლება. სწორედ ამის შემდეგ მოხვდა ილია ორმოში.
   ასეთი ამბები ვრცელდებოდა მაშინ თბილისში, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ნიკოც და სხვებიც ამტკიცებდნენ, ილია კარგად არის და არ გატყდებაო. ჩანს, მათ იცოდნენ ილიას ხასიათი. მიმოწერაში კარგად ჩანს: ნიკოც და გრიგოლიც ამბობდნენ, არაფერი, არაფერი... რაღაც საერთო განწყობა იყო, რომ ილია გამოძვრება, ილია გადარჩება, ილია არ განადგურდება და ასეც მოხდა. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „მერანი“ სწორედ ილიას გადარჩენისადმია მიძღვნილი - იმისადმი, რომ ილია გადარჩეს.
ასეც მოხდა: ილია ორმოცი წლისა გახდა გენერალ-მაიორი, მას მიჰყვა გრიგოლიც. ილია თურქეთთან ომში დაიღუპა, ბევრით არ გადაუსწრია თავისი დიშვილისთვის. ზაქარია პოლკოვნიკი იყო, ისიც ადრე გარდაიცვალა, ლევან მელიქიშვილი კი კავკასიის მეფისნაცვლის თანაშემწე და მარჯვენა ხელი გახდა, ძალიან გავლენიანი კაცი.
   საერთოდ, ტატოს მთელი სამეგობრო ძალიან კარგად მოეწყო რუსულ საჩინოვნიკო და სამხედრო საქმეში. იგივ ცნობილი და ყველაზე საზიზღარი ცენზორი ლუკა ისაღლიშვილი მისი კლასელი და ახლო მეგობარი იყო. გამონაკლისად შეიძლება მხოლოდ დიმიტრი ყიფიანი მივიჩნიოთ, რომელიც დიდი ჩინოვნიკიც იყო, მაგრამ თან იყო ბევრი ქართული საქმის მოთავეც.
ბიძებისადმი ტატოს წერილებს რომ გადავავლოთ თვალი, იქ ხშირად წყენაც გამოჩნდება ხოლმე. ილიკო და ნიკო თითქმის ტოლები იყვნენ და მათ მიმოწერაში უფრო მეგობრული დამოკიდებულებაა, გრიგოლი კი უფროსი იყო, მას მეტი მოეთხოვებოდა და ნიკოც სწორედ მას სწერდა გულისნადებს.
სადღაც უცხოეთში, უცხო ქვეყანაში არის ასეთი წესი, რომ მეგობრები მოჰკიდებენ ხელს თავიანთ დაჩაგრულ მეგობარს, გამოიყვანენ ცხოვრებაში, გადაადგმევინებენ ნაბიჯებს წინ და მერეღა შეუშვებენ ხელს.
აი, ამას სწერს ბიძას და უხსნის, რომ დახმარება სჭირდება.
   გრიგოლ ორბელიანი კი უკვე ძალიან ცნობილი სამხედროა კავკასიის ომებში. ბიჭოო, - ასე სწერს ილიკოს, - ახლა კი ჩვეულებრივად ვეღარ მოგწერ წერილებს, ავარიის ხანი ვარო; ჰაქიმ-ხან ემირი ვარ უკვეო, - აი ასეთი სიამაყით ამცნობს, - და ჩემს ბეჭედს აწერიაო: „მუთავაქილ ქნიაზ ორბელიან, ხან ემირ ავარ“... დიდი სიამაყითა და განცდით; ავარიის გამგებელი, დიდი თავგადასავლებით, დიდი სამხედრო გამოცდილებით, საგმირო ეპიზოდებით, შამილთან ლამის უშუალო ბრძოლით.
   მერე, როცა უკვე დატყვევებული შამილი ნახა პეტერბურგში, ალექსანდრე II-სთან, სადაც თვითონაც იყო მიწვეული, მოიწერა: რა დარბაისელი კაცი ყოფილა, რას ვეომებოდით ამდენ ხანსო. მანამდე კიდევ - შამილა, შამილაო, ასე იწერება. იგრძნობა, რომ არა აქვს შამილის პატივისცემა ახალგაზრდობის და ომის დროინდელ წერილებში. არადა, ბევრი რუსი ოფიცრის წერილებში შამილი მოიხსენიება, როგორც „ჩვენი დიადი მტერი“, „ჩვენი მამაცი მტერი“, „ჩვენი ღირსეული მეტოქე“.
   გრიგოლთან ასეთს ვერ შეხვდები, ერეკლე მეფის შვილთაშვილია და ლეკთა ბატონზე არ იხარჯება. მხოლოდ სიბერეშიღა მოლბა. მოხუცები, ხომ იცით.
ანდა, მისი თავგადასავალი ჰაჯი მურატთან, რომელმაც გრიგოლ ორბელიანს რეზიდენციიდან მოსტაცა აჰმედ ხანის ულამაზესი ქვრივი ნოჰ ბაქე, და გრიგოლი სერთუკისამარა, ლოგინიდან წამოვარდნილი გაეკიდა, ქალი რომ წაერთმია; ანდა, ის ამბავი, მერე როგორ შერიგდნენ ის და ჰაჯი მურატი, როგორ ნადირობდნენ ზაქათალაში და, საერთოდ, მთელი მისი თავგადასავალი, რომლის შესახებაც ის თითქმის არასდროს ჰყვებოდა.
მოგონებებიდან დაგვრჩა მხოლოდ ის, რომ გრიგოლი იყო რუსეთის უერთგულესი და ალბათ ყველაზე სანდო მოხელე - ერთადერთი ქართველი, ვინც მთავარმართებლის მოვალეობის შემსრულებლად იყო. ასევე ის, რომ მან გურიის აჯანყება ტყვიით ჩაახშო და თბილისის ყარაჩოღელების აჯანყებასაც ტყვიით უპასუხა მას შემდეგ, რაც ლაპარაკმა არ გაჭრა.
ანდრია პირველწოდებულის ორდენი თბილისში ჩამოუტანა თავად ალექსანდრე II-მ.
   ასეთი კაცი, ასეთი ბიძა, ასეთი გავლენა და აქეთ ეს საბრალო ბიჭი თავისი უსაზღვრო ნიჭით, რომელიც სთხოვს, რაღაცაში მომეხმარე, რაღაც გამიკეთეო, და არაფერი გამოდის. ის დუმს, სწერს ტკბილ წერილებს.
ტატო ეძებს ადგილს, ახალ სამსახურს სადმე სხვაგან; ცდილობს, ვიღაცას გაჰყვეს სადმე.
   მის მეგობრებს უკვე ნიშნავენ მაზრის უფროსებად, 28-29 წლის ბიჭებს აწინაურებენ და ისინიც როგორღაც არ ივიწყებენ ტატოს.
ლევან მელიქიშვილს ნახჭევანში მიჰყავს, სადაც თავად მაზრის უფროსადაა. ტატოც სიხარულით მისდევს, როგორც თანაშემწე. იქ დიდხანს არ გაჩერებულან. ექვსი თვის თავზე ლევანი თბილისში გამოიხმეს. ტატოს კი ფული წაეგო ბანქოში და ლევანმა აღარ დატოვა, ოთხასი მანეთი წააგო და მაგის ამბავი რომ ვიცოდი, მიაყოლებდა და მიაყოლებდა, ითამაშებდა და ითამაშებდა, და ამიტომ წამოვიყვანეო. მაგრამ ტატომ ისიც იგრძნო, რომ თბილისში იოლად დაივიწყეს. დარჩენილია მისი საყვედურიანი წერილები, მესამე თვეა, აქა ვარ და რომელს გაგახსენდით ერთიო.
   თბილისში მობრუნებული, ის კვლავ ცდილობს ახალი ადგილის პოვნას. თითქოს გამოჩნდა კიდეც - თელავში, სადაც მაზრის უფროსად მიდიოდა მამუკა ორბელიანი. წამოგყვებიო, სთხოვა ტატომ და იმანაც თანხმობა უთხრა, მაგრამ მამუკას უცებ შეუცვალეს ადგილი და გადაისროლეს განჯაში. ტატო იქაც წაჰყვა. ოღონდ კი წასულიყო. ჰოდა, სწორედ განჯაშიც გარდაიცვალა. გარდაიცვალა ძალიან უბრალოდ, როგორც სუსტი და მიტოვებული კაცი. ყაჩაღების დევნაში გაჰყვა მამუკას და გაცივდა.
მერე თითქოს გამოკეთდა, მაგრამ, ეტყობა, გამოშუშება არ აცალა. განჯელ მღვდელს უამბია მისი მეგობრებისთვის, ბევრი ცივი ლუდი დალია, ჯერ მომჯობინებული არ იყო და ისევ შეუბრუნაო.
შეუბრუნა და ვეღარ გამოვიდა.
   გვარიანად დასუსტებული, ვერც კლიმატს შეეგუა, ვერც სხვა რამეებს და იქვე, განჯაში დაკრძალეს. შინ წამოსვენებაზე არც კი უფიქრია ვინმეს კარგა ხანს, ნახევარ საუკუნეზე მეტხანს. უკვე მერე, ნიკოლოზ II-ის დროს, მიმართეს მისმა სამმა დამ და ილია ორბელიანის ვაჟმა, გიორგიმ, მეფისნაცვალს თხოვნით, გადმოვასვენებთო.
   მანამდე კი ესვენა განჯაში და აღმოჩნდა, რომ ყველას უცბად დააკლდა.
ილიკო სწერდა გრიგოლს, რა ბედნიერი ხარ, აქ რომ არა ხარ და ეფემიას არ უყურებო. დედას დიდხანს აღარც უცოცხლია.
   ლევან მელიქიშვილის წერილებზე პირდაპირ ცრემლებია. გრიგოლს სწერდა: მე ვცოდავ ახლა, მაგრამ ღმერთს რატომ მიჰყავს ასეთებიო; არ ვიცით, რა ვქნათ, სადაც შევალთ და დავსხდებით, ვგრძნობთ, რომ ერთი ადგილი ცარიელიაო; ყველა წვეულებაში, ყველა სუფრასთან მგონია, რომ იქაა და ვერ ვხვდები, რატომ არ არის, რა დააშავა ასეთიო.
არის ეფემიას წერილებიც - ერთადერთი იმედი მომიკვდაო. აი, ასე წავიდა და გაქრა მისი ხალისი და მისი სიცილი. ამოვარდა ყოფიდან. მისი ლექსებიც კარგა ხანს არსად გამოჩენილა. უკვე მერე ილია ჭავჭავაძე წააწყდა იმ ცნობილ რვეულს პეტერბურგში, ეკატერინე ჭავჭავაძესთან, და დაუბრუნა ქართველებს ეს დიდი პოეტი, რომელიც ამხელა დარდით და ამხელა ხალისით დადიოდა თბილისში. ცხოვრება კი გაგრძელდა.

გაგრძელება →

ნახვა: 2034

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters