ერიკ ემანუელ შმიტი - ოდეტ ტულმონდი


- დამშვიდდი, ოდეტ, დამშვიდდი!
ისეთი მკვირცხლი, ისეთი მოუთმენელი და აღფრთოვანებული იყო, გეგონებოდათ, ასაფრენად ემზადებაო. თითქოს მოსწყდებაო ბრიუსელის ქუჩებს, გაინავარდებს ფასადების დერეფანში, გადაუვლის სახურავებს და ზეცაში მტრედების გუნდს შეუერთდებაო. ვისაც „ხელოვნების მთიდან“ ძირს ჩამავალი ეს ჰაეროვანი სილუეტი უნახავს, უდაოდ გაიფიქრებდა, რომ ბუმბულით დალალებდამშვენებულ ამ ქალბატონს რაღაც ჩიტისებური ჰქონდა...
   ცოტაც და ნახავდა მას! მართლა ნახავდა... მიუახლოვდებოდა... შესაძლოა შეჰხებოდა კიდეც... თუკი ის ხელს ჩამოსართმევად გაუწვდიდა...
- დამშვიდდი, ოდეტ, დამშვიდდი!
ორმოცს უკვე კარგა ხნის გადაცილებული იყო, მაგრამ გული მოზარდივით უცემდა, სულ ბაგა-ბუგი გაუდიოდა. ყოველ გადასასვლელზე, როცა შუქნიშანი მოცდას აიძულებდა, თეძოებში ჩხვლეტა დაუვლიდა ხოლმე; ფეხის ტერფებს მიწაზე ვეღარ ამაგრებდა, თითქოსდა თავისით იჭრებოდნენ ზევით. რომ შესძლებოდა, თავადაც სიამოვნებით გადააფრინდებოდა მანქანების ნაკადს.
წიგნების მაღაზიას მიუახლოვდა. უზარმაზარი რიგი გაჭიმულიყო. მსგავსი რამ განსაკუთრებული შემთხვევების დროს თუ ხდება. სანამ მის წინაშე წარდგებოდა, სავარაუდოდ 45 წუთი ლოდინი მაინც მოუწევდა.
მაღაზიის შუაგულში წიგნებისგან უზარმაზარი პირამიდა წამოეჭიმათ. საშობაოდ მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხესავით ლამაზი იყო. კონსტრუქციას ერთი ცალი გამოაძრო და იქვე მომლოდინე ქალბატონებთან საუბარი გააბა. ყველა ბალთაზარ ბალზანის მკითხველი გახლდათ, მაგრამ არც ერთი არ ჩანდა ისეთი გულმოდგინე, ისეთი შეუვალი და აღფრთოვანებული, როგორც ოდეტი.
- იცით, მე ყველა მისი ნაწარმოები მაქვს წაკითხული, არაფერი გამომრჩენია. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე არ მომეწონა, - მორიდებული ხმით თქვა, გეგონება თავისი ნაკითხობის გამო ბოდიშს იხდისო.
როცა დარწმუნდა, რომ ავტორსა და მის ნაწარმოებებს ბევრზე უკეთესად იცნობდა, სიამაყით აღივსო. ეს იმიტომ, რომ ზოგადად მოკრძალებული გახლდათ; იმიტომ, რომ დღისით გამყიდველად მუშაობდა, ღამით კი ბუმბულებისგან სამშვენისების დამზადებით იქცევდა თავს; იმიტომ, რომ მშვენივრად იცოდა, საკვეხარი აღზრდა-განათლება რომ ჰქონდა; იმიტომ, რომ შარლერუადან, ყველასგან მივიწყებული საშახტო ქალაქიდან ავტობუსით ჩამოეხეტა. ოდეტისთვის ძალიან სასიამოვნო იყო, ამ გადაპრანჭულ ბრიუსელელ ბურჟუებს შორის თავი რომანტიკულ თაყვანისმცემლად რომ იგრძნო.

   მაღაზიის ცენტრალურ ნაწილში ესტრადაზე შემომდგარი, ყოველი მხრიდან პროჟექტორების მკვეთრი შუქით გაჩახჩახებული (ზუსტად ისე, როგორც მისთვის ჩვეულებად ქცეულ სატელევიზიო გადაცემებში) მშვენიერ გუნებაზე მყოფი ბალთაზარ ბალზანი ავტოგრაფების ჩამორიგებით იყო გართული. თორმეტი რომანის - ცხადია, თორმეტი ტრიუმფის - გამოქვეყნების შემდეგ უკვე აღარ იცოდა, მოსწონდა ეს ცერემონია თუ არა. ერთი მხრივ, მოსწყინდა ერთი და იმავეს მონოტონური განმეორება, მეორე მხრივ კი საკუთარ მკითხველებთან შეხვედრაც ძლიერ ხიბლავდა და აფასებდა. მიუხედავად ყველაფრისა, დაღლილობამ თავისი გაიტანა და თაყვანისმცემლებთან ურთიერთობისა და დისკუსიების სურვილი, ცოტა არ იყოს, გაუნელდა. შეიძლება ითქვას, ხელმოწერა უფრო ჩვევად ექცა. ყველაფერთან ერთად, მისმა ლიტერატურულმა კარიერამ ისეთ ზღვარს მიაღწია, როცა ნამდვილად არ სჭირდებოდა წიგნების გაყიდვა-გასაღებისთვის შეეწყო ხელი; თუმცა დროდადრო კომერციული წარმატების კლების შიშიც იპყრობდა. ამ შიშში ნაწარმოებთა ხარისხის ვარდნაც მოიაზრებოდა... იქნებ ეს ბოლო ნამოღვაწარი სხვა არაფერი იყო, თუ არა „ერთით მეტი წიგნი“, ჩვეულებრივი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული? იქნებ მისი დაწერა სულაც არ იყო აუცილებელი.
ბალთაზარი ეცადა, ყველანაირად გასძალიანებოდა ეჭვს, რომელიც ყოველი ახალი წიგნის გამოცემისას ღრღნიდა.

   უეცრად უცნობ სახეთა შორის ერთ მშვენიერ მეტისს მოჰკრა თვალი, რომელსაც მოწითალო-მოყავისფრო, უფრო ოქროსფერში გარდამავალი აბრეშუმის პიჯაკი ემოსა. თვალწარმტაც არსებას სხვებისგან განცალკევებულად ეჭირა თავი და ბოლთას სცემდა. მობილურ ტელეფონზე ყურმიკრული, ნაპერწკლებისმყრელი მზერით გამოიხედავდა ხოლმე.
- ხომ ვერ მეტყვით, ის ქალბატონი ვინ შეიძლება იყოს? - ჰკითხა ბალთაზარმა კომერციულ მენეჯერს.
- თქვენი პრეს-ატაშეა ბელგიაში, თუ გნებავთ გაგაცნობთ.
- ძალიან დამავალებთ.
ავტოგრაფთა ჯაჭვის დროებითი გაწყვეტის პერსპექტივით აღფრთოვანებულმა მწერალმა ფლორანსის მიერ გამოწვდილი მარჯვენა ხელი კარგა ხანს შეაყოვნა.
- რამდენიმე დღის განმავლობაში მე მოგხედავთ, -ჩაიჩურჩულა ცოტა არ იყოს შეცბუნებულმა პრეს-ატაშემ.
- დიდი იმედი მაქვს, - უპასუხა მწერალმა ხაზგასმული მგზნებარებით.
ფლორანსმა მამაკაცის ძლიერი ხელის მტევნის ტყვეობას თითების შეტოკებით უპასუხა, თანხმობის ნაპერწკალმა მზერაშიც გაუელვა. ბალთაზარი მიხვდა, რომ გაიმარჯვა - სასტუმროში ღამისთევა მარტოს არ მოუწევდა.
შესაძლო სექსუალური თამაშებით გამხიარულებული მორიგ მკითხველს კაციჭამიას ღიმილით მიუბრუნდა და მთრთოლარე, ლამის აკანკალებული ხმით ჰკითხა: - აბა, ქალბატონო, რით შემიძლია გემსახუროთ?
ოდეტი მამაკაცურმა, ძლიერი ენერგიით გაჟღენთილმა მიმართვამ ძალიან გააკვირვა. მოულოდნელობისაგან ენა მუცელში ჩაუვარდა.
- მმმ...
ზმუილს სიტყვა ვერა და ვერ მოაყოლა.
ბალთაზარ ბალზანმა ოდეტს სრულიად უყურადღებო, არაფრის მთქმელი მზერა შეავლო: - წიგნი თან გაქვთ? - ჰკითხა პროფესიული თავაზიანობით.
ოდეტი არც შერხეულა. „დაბლობის მდუმარების“ ერთი ეგზემპლარი გულში ძლიერ ჩაეკრა.
- არ გსურთ, ჩემი წიგნი ხელმოწერით დაგიმშვენოთ?
ოდეტს თანხმობის გამოსახატად კოლოსალური ძალისხმევა დასჭირდა.
მწერალი წიგნის ჩამოსართმევად წინ გადაიხარა. ოდეტმა მისი მოძრაობა, როგორც ჩანს, მართებულად ვერ გაიგო, მყისიერად დაიხია, უკან მდგომ ქალს შეეჯახა და კინაღამ წააქცია. მაგრამ უცებვე მიხვდა ჩადენილ შეცდომას, სწრაფი მოძრაობით ხელი წინ გაიშვირა და წიგნი ბალთაზარს კინაღამ თავში ჩასცხო.
- ვის მივუძღვნა ავტოგრაფი? სახელი ბრძანეთ!
- ...
- თქვენთვის გნებავთ?
ოდეტმა თავის კანტურით დაუდასტურა.
- რა გქვიათ?
- ...
- თქვენი სახელი, გეთაყვა.
ოდეტმა, როგორც იქნა, გარისკა და პირი დააღო; ნერწყვი გადაყლაპა და წაილუღლუღა: - ...დეტი
- უკაცრავად, ვერ გავიგე.
- ...დეტი
- დეტი?
ოდეტი თავს სულ უფრო ცუდად გრძნობდა, იხრჩობოდა, ცოტაც და გულიც წაუვიდოდა. საკუთარი სახელის წარმოთქმა ბოლოჯერ მაინც სცადა: - დეტი!
   რამდენიმე საათის მიწურულს ოდეტი უკვე ქალაქში ერთ-ერთ გრძელ სკამზე მოკალათებულიყო. დღის სინათლეს ნაცრისფერი შეჰპარვოდა. მიწას მოწყვეტილი სიბნელე ცოტაც და, ზედა სივრცეებს დაეპატრონებოდა. ოდეტს შარლერუაში დაბრუნება ვერ გადაეწყვიტა. გაოგნებული უკვე მერამდენეჯერ კითხულობდა წიგნის თავფურცელს, სადაც მის საყვარელ ავტორს დაეწერა: „დეტს“.
ესეც ასე: ოდეტმა თავისი ოცნების მწერალთან ერთადერთი შეხვედრა ჩააფლავა. რა გაუძლებდა ახლა ბავშვების დაცინვას, არც ისე უმიზეზოს, სხვათა შორის. ნეტა თუ არსებობს დედამიწის ზურგზე ქალი, რომელსაც საკუთარი სახელისა და გვარის წარმოთქმა არ ძალუძს?!
როგორც კი ავტობუსში ავიდა, ინციდენტიც უმალ დაავიწყდა და მთელი გზა ღრუბლებში დაფრინავდა. ბალთაზარ ბალზანის ახალი რომანის პირველივე ფრაზის წაკითხვისთანავე ოდეტი უცნაური სინათლით აივსო, სხვა სამყაროში აღმოჩნდა, სადაც ყველაფერი წაიშალა - გადატანილი დარდი და წუხილი, განცდილი სირცხვილის გრძნობა, ბანალური საუბრები მეზობლებთან, მანქანა-დანადგარების ხმაური, ინდუსტრიული შარლერუას სევდისმომგვრელი პეიზაჟები. ახალმა წიგნმა მას ფრთები შეასხა და ზეცაში ნავარდის საშუალება მისცა.
შინ დაბრუნებული პირდაპირ საკუთარ საძინებელში შეიპარა ფეხაკრეფით. მოერიდა, ვინმე გაეღვიძებინა. განსაკუთრებით არ სურდა, საკუთარ მარცხზე შეკითხვები ესმინა. ლოგინზე წამოჯდა, ზურგს უკან ბალიშები ამოიდო და კედელს მიაშტერდა: ჩინური ლანდებით გამოსახული შეყვარებულები ზღვის სანაპიროზე ჩამავალ მზეს შესცქეროდნენ. ვერაფრით ვერ მოსწყდა წიგნს. სასთუმალთან მდგარი ლამპა მანამ ვერ ჩააქრო, სანამ ბოლომდე არ ჩაიკითხა.

*

   ბალთაზარ ბალზანმა კი ბევრად უფრო მიწიერი ღამე გაატარა. მშვენიერი ფლორანსი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დანებდა. თავადაც არ დაუკლია ძალისხმევა, რომ შავკანიან მშვენებასთან თავი არ შეერცხვინა. მაგრამ ძლიერი და დაუღალავი საყვარლის როლის შესრულებამ დიდი ენერგია მოითხოვა. ვერც მისმა „იარაღმა“ იყოჩაღა მაინც და მაინც, აშკარად დაეტყო დაქანცულობა. მწერალმა ერთი პირობა ისიც კი გაიფიქრა, ასაკმა ხომ არ მიწიაო.
   შუაღამისას ფლორანსმა ტელევიზორის ჩართვა და ლიტერატურული გადაცემისთვის თვალყურის დევნება ისურვა - აქ წესით ბალთაზარის ბოლო ნამოღვაწარისთვის ქება-დიდება უნდა შეესხათ. დახარჯული ენერგიის რეაბილიტაციის შესაძლებლობა რომ არა, მწერალი მსგავს ახირებაზე არაფრის დიდებით არ დათანხმდებოდა.
წითელშუშებიანი სათვალის მიღმა ბალთაზარმა მოწყენილი მამაკაცის იერი მოირგო. აშკარად ეტყობოდა, სატელევიზიო დისკუსიები გულს ურევდა. სათვალე კი იმ მატადორს ამსგავსებდა, ხართან შეთამაშება რომ გადაუწყვეტია, სანამ არენაზე ორთაბრძოლისას უმოწყალოდ განგმირავს.
- მაყურებელი მთხოვს, ბალთაზარ ბალზანის ბოლო ნამუშევარზე საკუთარი მოსაზრებები გავუზიარო. კეთილი. რაოდენ სასიამოვნო იქნებოდა იმის თქმა, რომ ეს ნამდვილად მისი ბოლო ნამუშევარი იყოს. ამაში ოდნავ მაინც რომ ვიყო დარწმუნებული, ვიტყოდი, ბედნიერება მერგო წილად, მაყურებელს სასიამოვნო ახალი ამბავი ვახარო-მეთქი. არ გადავაჭარბებდი, თუ ვიტყოდი, რომ პირადად მე თავზარდაცემული გახლავართ - ლიტერატურული ღირებულების თვალსაზრისით ეს ნამდვილი კატასტროფაა. გავიმეორებ ამ სიტყვას - ყველაფერი თავზარდამცემია ნაწარმოებში - მოთხრობილი ამბავიც, მოქმედი გმირებიც, სტილიც... იყო აგრერიგად მდარე და უინტერესო... უინტერესო დაჟინებულად, უინტერესო უცვლელად თავიდან ბოლომდე. არა, ეს რომ მოახერხო, ნამდვილად დაოსტატებული მწერალი უნდა იყო, მეტიც - შენში გენიოსობის ნაპერწკალი მაინც უნდა კიაფობდეს. ადამიანი მოწყენისგან რომ კვდებოდეს, დღეს წესით თქვენ წინაშე წარდგომის შანსი არ უნდა მომცემოდა ანუ გუშინვე წავიღებდი წერილს.
სასტუმროს ნომერში წელზე პირსახოცშემოხვეული, ლოგინზე გაშხლართული ბალთაზარ ბალზანი პირდაპირ ეთერში საკუთარ გაცამტვერებას ადევნებდა თვალყურს. მის გვერდით უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ფლორანსი ფეხებს უაზროდ იქნევდა, თითქოს ზედ აცოცებულ მწერს იგერიებსო.
   ოლაფ პიმსი ოლიმპიური სიმშვიდით განაგრძობდა ნგრევას: - ძალიან კი მეუხერხულება მსგავსი განცხადებების საჯაროდ გაკეთება, მით უმეტეს, რომ მქონია ბედნიერება, ბალთაზარ ბალზანს პირადად შევხვედროდი. თავაზიანი და ზრდილობიანი ადამიანია, კოხტად და სუფთად ჩაცმულ-დახურული. მერე რა, თუ ამგვარი სტილით სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელს ჰგავს? ერთი სიტყვით, იმის თქმა მსურს, რომ მასთან ურთიერთობა სავსებით შესაძლებელია. თუმცა, მე მას მაინც იმ მამაკაცთა კატეგორიაში გავამწესებდი, რომლებთან განქორწინებასაც ქალები ერთი წამითაც არ ნანობენ.
   ოლაფ პიმსი კამერას გაღიმებული სახით მიუბრუნდა და ისე მიმართა, გეგონება წინ ბალთაზარი უზისო: - როგორც ჩანს, თქვენ, ბატონო ბალთაზარ, კლიშეების დიდი ნიჭით ხართ დაჯილდოებული. რატომღა არქმევთ თქვენს ნამოღვაწარს რომანს? თქვენ ადგილას მე მას ლექსიკონად მოვნათლავდი. დიახ, არც მეტი არც ნაკლები - მზამზარეულ გამოთქმათა, უაზრო ნააზრევთა ლექსიკონს დავარქმევდი. სანამ გადარქმევის პროცედურას შეუდგებოდეთ, გნებავთ, გითხრათ რას იმსახურებს თქვენი წიგნი? ნაგვის ყუთში მოსროლას!
ოლაფ პიმსმა კამერის წინ ერთი ეგზემპლარი შუაზე გადახია და ზიზღით მოისროლა. ეს ჟესტი ბალთაზარმა ისე აღიქვა, როგორც სახეში გაწნული სილა.
   პირდაპირ ეთერში მსგავსი აგრესიით თავზარდაცემულმა წამყვანმა ოლაფს მაინც შეჰბედა: - როგორ აგვიხსნით მწერლის მსგავს წარმატებას?
- მდარე გემოვნების ადამიანებს სრული უფლება აქვთ, საკუთარი გმირი ჰყავდეთ. ეჭვიც არ მეპარება, რომ კონსიერჟები, მოლარეები და პარიკმახერები, ბაზრობებზე კოლექციის გამდიდრების მიზნით უბადრუკ თოჯინებსა და მწუხრის რომანტიკულ ფოტოებს რომ დაეძებენ, მწერალს მაღალ შეფასებას აძლევენ.
   ფლორანსმა ტელევიზორი გამორთო და ბალთაზარისკენ შეტრიალდა. უფრო გამოცდილი პრეს-ატაშე რომ ყოფილიყო, დიდი ტვინის ჭყლეტა არ უნდა დასჭირვებოდა, უმალ უნდა მიერთმია ლანგრით ის, რითაც მსგავს შემთხვევებში მასპინძლობენ: „ერთი გაავებული შურიანი ტიპია და მეტი არაფერი, ვერ მოუნელებია შენს წიგნებს ასე ბუზებივით რომ ესევიან. ცხადია, გამოსვლისთანავე ეცნობა მათ და ეჩვენება, რომ ყველაფერს აკეთებ, რათა მკთხველები მოთაფლო და მიიზიდო. ბუნებრივ ამბებში დემაგოგიას ხედავს; ვირტუოზული წერის მანერის უკან კომერციული ხრიკები ელანდება. შენი სურვილი, საინტერესო იყო ადამიანებისათვის, მის თვალში მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული სვლაა. ისე, რომ იცოდე, შენ ვერაფერს გიშავებს, თვითონვე ითხრის სამარეს, როცა საზოგადოებას უღირს, უგონო და ჭკუათხელ არსებათა ბრბოდ აღიქვამს. მისი ასოციალური ზიზღი პირდაპირ აღმაშფოთებელია“ .
ისე კი ახალგაზრდა ფლორანსზე ზეგავლენის მოხდენას დიდი ძალისხმევა არ სჭირდებოდა. ერთმანეთში ურევდა ღვარძლსა და კრიტიკულ ალღოს.
იმ საღამოს ბალთაზარმა ღრმა დეპრესიულ ფაზაში გადაინაცვლა და ეს შემთხვევითი სულაც არ ყოფილა: შეწუხდა ახალგაზრდა მეტისის იმედგაცრუებული და სიძულვილნარევი მზერის გამო. მისი მისამართით წარმოთქმული ღვარძლიანი და გესლიანი კომენტარები არაერთხელ მოუსმენია, მაგრამ ასე აშკარად პირველად შეიცოდეს. თავი დაბერებულად და საიშინლად სასაცილოდ იგრძნო.
   იმ საღამოს შემდეგ ოდეტმა „დაბლობის მდუმარება“ კიდევ სამჯერ გადაიკითხა და დაასკვნა, რომ ის ავტორის ერთ-ერთი საუკეთესო რომანი იყო. თავის ვაჟიშვილს, პარიკმახერ რუდის, ბალთაზართან თითქმის შეუმდგარი შეხვედრის შესახებ გამოუტყდა. შვილს დაცინვა და გაქილიკება არც უფიქრია, რადგან მიხვდა, რომ დედა საშინლად იტანჯებოდა.
- და რას ელოდებოდი? რა გინდოდა, მისთვის გეთქვა?
- აი, რას ვეტყოდი: მისი წიგნები ხომ შესანიშნავია, მაგრამ თან ამ წიგნებმა სიკეთითა და სითბოთი ამავსეს. მისი შემოქმედება ამქვეყნად ერთ-ერთი საუკეთესო ანტიდეპრესანტია. წესით და რიგით, სოციალურ დაზღვევას მთლიანად უნდა აენაზღაურებინა მისი რომანების შეძენისას გაღებული თანხა.
- თუ ამის თქმას შეხვედრისას თავი ვერ მოაბი, მისწერე მაინც.
- უცნაური არ იქნება, ავდგე და მწერალს მივსწერო?
- რა არის ამაში უცნაური?
- ქალი, რომელიც ასე ცუდად წერს, სწერს მწერალს, რომელიც ასე კარგად წერს.
- ჰო, მაგრამ ხომ არსებობენ მელოტი პარიკმახერებიც?
რუდის არგუმენტით შეგულიანებული ოდეტი მისაღები ოთახისკენ გაემართა, რომელიც იმავდროულად სასადილო ოთახის ფუნქციასაც ასრულებდა, ხელსაქმე (ანუ ბუმბულები) გვერდით გადადო და წერილის წერას შეუდგა.
„ძვირფასო ბატონო ბალთაზარ!
მსურს გამოგიტყდეთ, რომ ცხოვრებაში კალამი არასოდეს ამიღია ხელში, ორთოგრაფიულ წესებს საკმაოდ კარგად ვიცნობ, სამაგიეროდ პოეზიასთან ვარ მწყრალად. არადა პოეტურობა უდაოდ მჭირდება, რათა გადმოვცე ის მნიშვნელობა, რომელიც თქვენ გაქვთ, ჩემი ღრმა რწმენით. სიმართლე გითხრათ, სიცოცხლეს სწორედ თქვენ უნდა გიმადლოდეთ. თქვენ რომ არ არსებობდეთ, აქამდე ასჯერ მაინც მოვიკლავდი თავს. ხედავთ, რა საშინლად ვწერ? სიცოცხლის დასასრულებლად მხოლოდ ეს მიზეზიც კი, ვფიქრობ, სრულიად საკმარისი იქნებოდა.
ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მამაკაცი მიყვარდა - ჩემი მეუღლე ანტუანი. ის ისეთი სიმპათიური, ისეთი ახოვანი და ახალგაზრდაა. დაუჯერებელია, მაგრამ იოტის ოდენადაც არ შეცვლილა. აქვე აღვნიშნავ, რომ აგერ უკვე ათი წელი სრულდება, რაც გარდაიცვალა. მიზეზი სწორედ ეს გახლავთ... თავში აზრადაც არ მომსვლია ანტუანი სხვა მამაკაცით ჩამენაცვლებინა. ასე გამოვხატავ ჩემს სიყვარულს.
   ორი ბავშვი მარტომ გავზარდე: სიუ ელენი და რუდი.
მგონი, რუდიმ ცხოვრება აიწყო. პარიკმახერია და თვითონვე ირჩენს თავს. მხიარული და თავაზიანი ბიჭია. მართალია, ხშირად იცვლის მეგობარ ბიჭებს, მაგრამ ეპატიება, ის ხომ ძალიან ახალგაზრდაა, სულ რაღაც 19 წლის, და თავისებურად ერთობა.
   რაც შეეხება სიუ ელენს, სრულიად განსხვავებული ვინმეა. პირქუშია ძალიან. მგონი, როცა დაიბადა, უკვე გაბრაზებული იყო მთელ სამყაროზე. სიზმარშიც კი ბუზღუნებს და წუწუნებს. ერთი კრეტინი გადაიკიდა, ნამდვილი მაიმუნი, დღედაღამ მოტოროლერებს რომ ჩაჰკირკიტებს, მაგრამ რად გინდა! ოჯახში ერთი სანტიმიც კი არ შემოაქვს. ორი წელია, რაც საცხოვრებლად ჩვენთან გადმობარგდა. ყველა სიკეთესთან ერთად ერთი უბედურებაც სჭირს - ფეხები უყარს ძალიან.
გულწრფელად რომ ვაღიარო, სანამ თქვენს არსებობას შევიტყობდი, ჩემი ცხოვრება მახინჯი და უღიმღამო მეჩვენებოდა; ისეთივე უღიმღამო, როგორიც შარლერუაა განსაკუთრებით უამინდობის დროს, როცა ღრუბლები ძირს ჩამოწვება; მახინჯი, როგორც სარეცხი მანქანა, სწორედ მაშინ რომ გაჯიქდება, როცა ყველაზე მეტად გჭირდება; მახინჯი, როგორც ცარიელი ცივი ლოგინი... თითქმის ყოველ ღამით მიპყრობდა სურვილი, დამელია ბევრი საძილე აბი და წერტილი დამესვა ამ უნიათობისათვის. მერე კი, ერთ მშვენიერ დღეს, სრულიად შემთხვევით თქვენი წიგნი წავიკითხე. ჩემთვის თითქოს მძიმე ფარდები გაიხსნა, თითქოს სინათლით გაივსო ჩემი არსებობა. თქვენს წიგნებში თქვენ აჩვენებთ, რომ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, ყველაზე უღიმღამო და უბადრუკშიც კი, ყოველთვის მოიძებნება სიხარულის, სიცილისა და სიყვარულის საბაბი. თქვენ აცხადებთ, რომ ჩემისთანა პატარა და უმნიშვნელო ადამიანებიც კი იმსახურებენ ყურადღებასა და პატივისცემას. ისინი ხომ მცირე წარმატებასაც კი კოლოსალური ძალისხმევის საზღაურად აღწევენ. თქვენი რომანების წყალობით მე საკუთარი თავის დაფასება და პატივისცემა ვისწავლე, მეტიც, საკუთარი თავი ოდნავ შევიყვარე კიდეც. შევძელი გავმხდარიყავი ოდეტ ტულმონდი - რომელსაც დღეს იცნობენ: ქალი, რომელიც ყოველ დილით სიამოვნებით აღებს დარაბებს და არანაკლები სიამოვნების განცდით ხურავს მათ საღამოს. როგორც კი ანტუანი გარდაიცვალა, თქვენი წიგნები ჩემთვის პირდაპირ ძარღვებში უნდა შეეყვანათ. წარმოიდგინეთ წვეთოვანი, ავადმყოფებს რომ უდგამენ. ეს უბრალოდ დროს მომაგებინებდა.
როდესაც ერთ დღეს, - დაე, ეს რაც შეიძლება გვიან მოხდეს, - თქვენ სამოთხის გზას დაადგებით, მაღალი ღმერთი გამოგეცხადებათ და გეტყვით: „უამრავი ადამიანი ისურვებდა, მადლიერება გამოეხატა იმ სიკეთისთვის, თქვენ რომ დედამიწის ზურგზე დათესეთ, ბატონო ბალთაზარ.“ და ამ მილიონთა შორის ოდეტ ტულმონდიც მოიაზრეთ. ოდეტ ტულმონდი, რომელმაც იჩქარა, და - მიუტევეთ კადნიერება, - აღარ დაელოდა ამ საათს.“
   ის-ის იყო, ოდეტი წერას მორჩა, რუდი შურდულივით გამოვარდა თავისი ოთახიდან, სადაც მორიგ ახლად გაცნობილ ბიჭუნას ეკურკურებოდა. ამ ორს პერანგისა და საცვლების გადაცმა თუ მოესწროთ, იმდენად ეჩქარებოდათ ვებგვერდზე ამოკითხული ინფორმაციის გახმოვანება. თურმე ბალთაზარ ბალზანი შარლერუადან სულ ახლოს მდებარე ნამიურში ისევ დაარიგებდა ავტოგრაფებს.
- ასე რომ, თავად შეძლებ წერილის გადაცემას!
...ბალთაზარ ბალზანი ნამიურის წიგნების მაღაზიაში მარტო არ გამოცხადებულა. გამომცემელი ახლდა თან, რომელსაც საგანგებოდ დაეტოვებინა პარიზი, რათა მწერლის განწყობის გამოკეთებაზე ეზრუნა. ამ მგზავრობის შემდეგ მწერალი კიდევ უფრო დათრგუნული ჩანდა.
„თუ გამომცემელი რამდენიმე დღის ჩემს გვერდით გატარებას აპირებს, უნდა ვივარაუდო, რომ საქმე მაინც და მაინც კარგად ვერ მიდის,“ - ფიქრობდა თავისთვის.
   მართლაც, კრიტიკოსები, მგლებივით ჯგუფურად ნადირობდნენ... ოლაფ პიმსის იერიშმა ყველას გაუღვიძა მადა. ისინი, ვინც ადრე ბრჭყალების გამოყოფას ან ინდიფერენტულობის გამოხატვას ერიდებოდნენ, ახლა საშინლად უღრენდნენ მწერალს. ბევრს არც კი წაეკითხა მისი რომანები. აი, სწორედ ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სისასტიკითა და შეუწყნარებლობით. იმათაც კი, საკუთარი აზრი რომ არ გააჩნდათ, ენა ამოიდგეს და პოლემიკაში მონაწილეობის მიღება საკუთარ მოვალეობად მიიჩნიეს.
ბალთაზარ ბალზანმა სრული უხრხემლობა გამოავლინა და საკადრისი პასუხი ვერავის გასცა. ბრძოლის ამ ველზე ის სრულიად განიარაღებული, სრულიად უუნარო აღმოჩნდა.
   მწერალს სძულდა თავდასხმითი მოქმედებები და მოკლებული იყო ყოველგვარ აგრესიულობას. ის ხომ მწერალი მხოლოდ იმისთვის გახდა, რომ ცხოვრების სილამაზისა და სირთულისათვის ემღერა. აღშფოთებაც შეეძლო გამოეხატა, მაგრამ მხოლოდ საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხების გამო. პირად საკითხებზე კი არამც და არამც. მისი ერთადერთი რეაქცია წამება და თვითგვემა აღმოჩნდა. სანამ ღვარძლის ტალღა გადაივლიდა, სიმშვიდის შენარჩუნება ამჯობინა. იმავეს ნამდვილად ვერ იტყოდი გამომცემელზე. მედიის საშუალებების გაცხარებასა და დუღილს ის სიამოვნებით გამოიყენებდა სათავისოდ.
ნამიურში მკითხველთა რაოდენობა ნაკლებად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე ბრიუსელში. ამისთვის შეიძლებოდა შესაბამისი ახსნა-განმარტება გამოგვენახა: სულ რაღაც რამდენიმე დღეში ბალთაზარის რომანებით გატაცება, მით უმეტეს - აღფრთოვანების გამოხატვა, „დეჟა ვიუდ“ იქცა. სწორედ ამიტომაც მწერალი განსაკუთრებულ ყურადღებასა და თავაზიანობას იჩენდა მათ მიმართ, ვისაც ეს აღფრთოვანება ჯერ კიდევ არ განელებოდა.
   ატეხილ აურზაურზე ოდეტმა არაფერი იცოდა. ის ხომ არც ჟურნალ-გაზეთებს კითხულობდა და არც ტელეგადაცემებს უყურებდა კულტურაზე. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მის საყვარელ მწერალს ერთ მშვენიერ დღეს მძიმე საათები შეიძლებოდა დასდგომოდა. მორთულ-მოკაზმული, თუმცა ნაკლებად ელეგანტური, ვიდრე პირველ ჯერზე, ჭიქა ღვინით გამხნევებული ოდეტი (რუდიმ დააძალა მოპირდაპირე კაფეში დალევა) გულის ფანცქალით ბალთაზარ ბალზანის წინაშე წარდგა: - გამარჯობა, მიცანით?
- ოო, დიახ... ჩვენ შევხვედრივართ ერთმანეთს... მგონი შარშან არა?... არა? შემახსენეთ, გეთაყვა...
ოდეტი სულაც არ გაუნაწყენდა მწერალს. პირიქით, ერჩივნა, მას სამშაბათის უნიათო შეხვედრა გონებაში არ აღედგინა. ამიტომაც ტვინის ჭყლეტისგან სასწრაფოდ გაათავისუფლა: - არა, უბრალოდ გავიხუმრე. არასდროს შევხვედრივართ ერთმანეთს.
- მეც ასე ვფიქრობ, თორემ უსათუოდ გაგიხსენებდით. ვისთან მაქვს საუბრის პატივი?
- ოდეტი გახლავართ. ოდეტ ტულმონდი.
- მაპატიეთ?
- ტულმონდი ჩემი გვარია.
ბალთაზარმა ამ კომიკური გვარის გაგონებაზე გაიფიქრა, ხომ არ დამცინისო.
- ხუმრობთ?
- უკაცრავად?
ბალთაზარი მიხვდა, რომ უტაქტოდ გამოუვიდა და ნათქვამის გამოსწორება სცადა: - არა, იმის თქმა მსურდა, რომ ორიგინალური გვარია.
- ჩემს ოჯახში ასე არ ფიქრობენ.
ოდეტმა ახალი ეგზემპლარი დააძრო და მწერალს ხელმოსაწერად გაუწოდა: შეგიძლიათ უბრალოდ წამიწეროთ „სახსოვრად ოდეტს“.
დაბნეულმა ბალთაზარმა კიდევ ერთხელ ისურვა, თავი დაერწმუნებინა, გვარი სწორად გაიგო თუ არა.
- ოდეტი?
- დიახ, ამ სახელით ჩემმა მშობლებმა ნამდვილად დამცინეს.
- რას ბრძანებთ, დიდებული სახელია ოდეტი...
- საშინელია.
- არა.
- კი.
- ეს ხომ პრუსტისეულია.
- პრუ...?
- პრუსტისეული... „დაკარგული დროის ძიებაში“... გაიხსენეთ ოდეტ დე კრესი, რომელიც სვანს უზომოდ უყვარს.
- მე ერთი ის ვიცი, რომ პუდელებს არქმევენ ოდეტს. დიახ, პუდელებს. როგორც კი ჩემზე მიდგება საქმე, რატომღაც ყველას ავიწყდება ეს პრუსტის პერსონაჟის სახელი. უკეთესად რომ გამიხსენონ, იქნებ, ჯობდეს ძაღლის საყელური გამეკეთებინა და თმა დამეხვია.
მწერალმა ოდეტი შეათვალიერა. არ იყო დარწმუნებული, რომ ყველაფერი კარგად გაიგო, შემდეგ კი გულიანად გაიცინა.
ოდეტი მისკენ დაიხარა და კონვერტი მიაწოდა.
- ინებეთ, ეს თქვენ გეკუთვნით. როცა გესაუბრებით, პირიდან მხოლოდ სისულელეები ამომდის, ამიტომ გადავწყვიტე, დამეწერა.
ოდეტი ბუმბულების ფრთხიალით გაიქცა.
პარიზში გასამგზავრებლად თავისი გამომცემლის გვერდით მანქანის უკანა სავარძელზე მოხერხებულად რომ მოკალათდა, ბალთაზარ ბალზანს რაღაც მომენტში წერილის წაკითხვა მოუნდა, მაგრამ როგორც კი თვალი შეავლო ქაღალდზე აღბეჭდილ იასამნებისა და ვარდების ერთმანეთში გადაწნულ გირლიანდებს, ფუმფულადუნდულებიან ანგელოზებს რომ ეჭირათ, გადაიფიქრა. რას ერჩი, ოლაფ პიმსი ნამდვილად სიმართლეს ღაღადებდა -ის მოლარეებისა და პარიკმახერების მწერალი იყო. სხვა თაყვანისმცემლების ღირსი არც არასდროს ყოფილა! დიახ, დიახ, სხვა კატეგორიის თაყვანისმცემლები არ დაუმსახურებია. მწერალმა ღრმად ამოიხვნეშა. წერილი კი ყოველი შემთხვევისათვის აქლემის ტყავისგან შეკერილი მანტოს გულის ჯიბეში შეინახა.
   პარიზში ნამდვილი ჯოჯოხეთი ელოდა. მეუღლეს, რომლესაც სულ სადღაც მიეჩქარებოდა და თავიდან ფეხებამდე თავის საადვოკატო კარიერაში იყო ჩაფლული, იოტისოდენა თანაგრძნობაც არ გამოუხატავს ქმრის თავს დატეხილი უსიამოვნო აჟიოტაჟის გამო. მოგვიანებით კი გაიგო, რომ მის 10 წლის ვაჟს ლიცეუმში პატარა ავაზაკებთან ჩხუბში ჩაბმაც კი მოუწია, მამის ღირსება და სახელი რომ დაეცვა. წარმოგიდგენიათ? იმ პატარა ქვეშაფსიებმა მამამისს დასცინეს! საერთოდ ბალთაზარი სიმპათიების გამომხატველი წერილებით განებივრებული არც არასდროს ყოფილა. ლიტერატურული წრეებიდან ხომ არასდროს არავინ გამოხმაურებია. შესაძლოა, ეს სულაც მისი ბრალი ყოფილიყო; ის ხომ თავად გაურბოდა სხვა მწერლებთან ურთიერთობას. კუნძულ სენ-ლუიზე გამოკეტილი ამაოდ ელოდა ტელეფონის ზარს, ამაშიც, ცხადია, ვერავის დასდებდა ბრალს: ის ხომ ცოცხალი თავით არავის აძლევდა თავის კოორდინატებს. ბალთაზარმა ობიექტურად შეაფასა მთელი თავისი ცხოვრება და ეჭვი შეეპარა, რომ ის საინტერესო და აზრიანი გამოუვიდა.
მართალია, მისი მეუღლე იზაბელი ლამაზი ქალი იყო, მაგრამ სამაგიეროდ ცივი, მკვახე, ამპარტავანი და უზომოდ ამბიციური, უზარმაზარი მემკვიდრეობის პატრონი ამ მტაცებელთა და სისხლისმწოველთა გარემოს ორგანული ნაწილი უფრო იყო, ვიდრე თვითონ. განა თავიდანვე არ შეთანხმდნენ, ქორწინების გარდა სხვა ურთიერთობებზე უარი არ ეთქვათ? დასტური იმისა, რომ მათი წყვილი უფრო სოციალურ სტატუსს ეფუძნებოდა, ვიდრე სიყვარულს. მართალია, ბალთაზარი დედაქალაქის შუაგულში ცხოვრობდა და მისმა ძვირადღირებულმა ბინამ მოშურნეები გაუმრავლა, მაგრამ ნამდვილად სიამოვნებდა ფუფუნება. არც კედლების, არც ფანჯრების, თაროებისა და დივნების სამშვენისად მისი სურვილისა და გემოვნების მიხედვით არაფერი არჩეულა. ეს საქმე დიზაინერმა იტვირთა. სალონში წამოჭიმულ როიალზე არავინ უკრავდა; მაღალი საზოგადოებრივი სტატუსის უბადრუკი მაჩვენებელი გახლდათ და მეტი არაფერი. მისი კაბინეტი მხოლოდ პრესაზე, ეპატაჟზე იყო გათვლილი. თვითონ ხომ წერა მხოლოდ კაფეებში სიამოვნებდა. ბალთაზარმა გააცნობიერა, რომ მუზეუმში, უსულო ექსპონატების გარემოცვაში ცხოვრობდა. კიდევ უარესი - ეს ყველაფერი უცხო და განყენებული იყო მისი ბუნებისთვის.
   და რა საქმეს წაადგა მისი ფული? იმის ხაზგასმას, რომ ხალხში გაერია და საზოგადოების იმ კატეგორიაში დაიმკვიდრა ადგილი, წარმოშობით არასდროს რომ არ მიესვლებოდა. რასაც ფლობდა სინამდვილეში, მას სრულიად არ ამდიდრებდა. ახალ სოციალურ სტატუსთან შეუთავსებლობა გააზრებული კი ჰქონდა, მაგრამ ამისგან ავად არც არასდროს გამხდარა, რადგან თავისი შემოქმედებისადმი რწმენით იცავდა თავს. აი, სწორედ მის რწმენას შეუტიეს დღეს ასე უმოწყალოდ... თავადაც შეუჩნდა ეჭვის ჭია... მოახერხა კი თუნდაც ერთი ღირებული რომანის დაწერა? ნუთუ მის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებს მხოლოდ შური და ღვარძლი კვებავდა? იქნებ მას სამართლიანი განაჩენი გამოუტანეს?
სუსტი და დაუცველი რეალური ცხოვრებისკენ მიმავალ გზას ვერა და ვერ პოულობდა. შინაგანი წინააღმდეგობა, რომელიც მასში არასდროს განელებულა, უკვე გაუსაძლისად იქცა. საზოგადოების განსჯის საგანი გახდა: „ხარ თუ არა საკმარისად ნიჭიერი, რომ თავი გაართვა იმას, რისი გაკეთებაც მოგიწევს?“ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ერთხელაც, როცა ერთმა კეთილისმსურველმა აუწყა, შენი ცოლი ვნებებს ოლაფ პიმსის ლოგინში იცხრობსო, ბალთაზარმა თვითმკვლელობის გარდა სხვა გამოსავალი ვერ იპოვა.
   ფილიპინელმა მსახურმა უგონოდ მყოფს დროზე მიუსწრო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მოასულიერეს, რამდენიმედღიანი დაკვირვების შემდეგ კი ფსიქიატრიული საავადმყოფოს გზას გაუყენეს.
ამ დაწესებულებაში კი ბალთაზარი ერთგვარ მარგებელ სამკურნალო სიჩუმეში ჩაიკეტა. ცხადია, რამდენიმე დღეში ყოჩაღი და ყურადღებიანი ფსიქიატრების ყველა შეკითხვაზე გასცემდა კიდეც ამომწურავ პასუხს, მის გათავისუფლებას ასე გულმოდგინედ რომ ცდილობდნენ. სამწუხაროდ, მეუღლის მოულოდნელმა ვიზიტმა მთელი მკურნალობის პროცესი სრულიად შეცვალა.
   როგორც კი მანქანის ძრავის ხმა ჩაესმა, მწერალს დიდი ფიქრი არ დასჭირვებია, ამდგარიყო და ფანჯრიდან გადაემოწმებინა, რომ ეს ნამდვილად იზაბელი შემოგრიალდა პარკში თავისი უზარმაზარი ტანკით. კუთვნილ ნივთებს წამში ერთად მოუყარა თავი, დასტაცა მანტოს ხელი და კარი გაამტვრია, რომელიც შიდა კიბეზე გადიოდა. საფეხურებზე ჩარბენისას გადაამოწმა, რომ გასაღების ასლი ნამდვილად თან ჰქონდა და როგორც კი გარეთ აღმოჩნდა, მანქანისკენ დაადო თავი. შემდეგ მანქანა სასწრაფოდ დაქოქა და ეზოდან გავარდა. ამ დროს იზაბელი შენობის შიგნით ლიფტის ჩამოსვლას ელოდა.
   შეშინებულმა და დაბნეულმა რამდენიმე კილომეტრი გაურკვეველი მიმართულებით იარა. რომელ გზას უნდა დასდგომოდა? საით წასულიყო? თუმცა, იმ მომენტისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ვინმესთვის თავშესაფრის თხოვნა ახსნა-განმარტებების მიცემას გულისხმობდა, ამიტომ ეს გზა თავიდანვე უარყო.
მანქანა ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე მოედანზე შეაჩერა. კაფეში შევიდა და ყავაც შეუკვეთა, რომელიც მისთვის ზედმეტად ტკბილი აღმოჩნდა, თან სითხეს შერეულმა ქაღალდის ჭიქის გემომ კიდევ უფრო გაუფუჭა განწყობა. ამ დროს მისი ყურადღება აქლემის ტყავისგან შეკერილი პალტოს ამობურცულმა ჯიბემ მიიპყრო.
უსაქმურობისაგან თავის დასაღწევად წერილის წაკითხვა გადაწყვიტა. გახსნა თუ არა, ღრმად ამოიოხრა. ცუდი გემოვნებით შერჩეულმა ქაღალდმა ლამის ცუდად გახადა. გზავნილის ავტორი ამას არ დასჯერდა - თაყვანისმცემელს უსტარისთვის წითელი ფლომასტერით დახატული, ბუმბულებით დამშვენებული გული დაერთო. ბალთაზარი კითხვას ცალი თვალით შეუდგა. როცა წერილის დასასრულს მიუახლოვდა, თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდა.
   ჯიპის უკან გადაწეულ სავარძელზე მისვენებულმა ბალთაზარმა გზავნილი ოცჯერ მაინც გადაიკითხა. ლამის ზეპირად ისწავლა. ოდეტის მიამიტმა და მხურვალე სულმა გულის სიღრმემდე შეძრა. ბოლო სიტყვებმა კი მასზე ჯადოსნური ნაყენის ეფექტი იქონია: „როდესაც ერთ დღეს, - დაე, ეს რაც შეიძლება გვიან მოხდეს, - თქვენ სამოთხის გზას დაადგებით, მაღალი ღმერთი გამოგეცხადებათ და გეტყვით: „უამრავი ადამიანი ისურვებდა, მადლიერება გამოეხატა იმ სიკეთისთვის, თქვენ რომ დედამიწის ზურგზე დათესეთ, ბატონო ბალთაზარ.“ და ამ მილიონთა შორის ოდეტ ტულმონდიც მოიაზრეთ. ოდეტ ტულმონდი, რომელმაც იჩქარა, და - მიუტევეთ კადნიერება, - აღარ დაელოდა ამ საათს.“
როცა ჩათვალა, რომ უსტარის გამამხნევებელი და მანუგეშებელი ეფექტით საკმაოდ დაიმუხტა, მანქანა დაძრა და ამ სტრიქონების ავტორის მონახულება გადაწყვიტა.

*

    ამ საღამოს ოდეტ ტულმონდი ქალიშვილის - ულმობელი და სასტიკი სიუ ელენის საყვარელ კერძს - „მოცურავე კუნძულს“ ამზადებდა. კბილების გასასწორებელი რკინებით დამახინჯებული სიუ-ელენი, რომელსაც გარდატეხის ასაკი ეს-ეს არის უკან ჩამოეტოვებინა, ერთი დამსაქმებლის გასაუბრებიდან მეორისკენ გარბოდა და ამაოდ ცდილობდა, რამე სამსახური ეშოვა. ოდეტი კვერცხის ცილას გულმოდგინედ თქვეფდა და თან ღიღინებდა, კარზე ზარი რომ გაისმა. ამ საპასუხისმგებლო საქმის გაწყვეტით საგონებელში ჩავარდნილმა ხელები მაინც სწრაფად შეიმშრალა. გადაწყვიტა, რომ მეზობლის გულისთვის თავის შეწუხება არ ღირდა და ნეილონის უბრალო კომბინაციაზე ზემოდან არაფერი მოიცვა.
ოდეტმა კარი გააღო.
ბალთაზარ ბალზანის დანახვისას ენა მუცელში ჩაუვარდა. დაღლილი, მისუსტებული, გაუპარსავი და ზურგზე სამგზავრო ჩანთამოგდებული მწერალი მის კართან იდგა, ცხვირწინ წერილს უფრიალებდა და თან ანთებული თვალებით ათვალიერებდა: - თქვენ გამომიგზავნეთ ეს წერილი?
დაბნეულმა ოდეტმა გაიფიქრა, რომ სტუმარს მისი დატუქსვა ჰქონდა გადაწყვეტილი.
- დიახ... მაგრამ...
- უჰ, როგორც იქნა, გიპოვეთ.
ოდეტი გაშეშებული იდგა, სანამ მწერალი შვებისგან ხვნეშოდა.
- ერთადერთი კითხვა მსურს დაგისვათ, - წამოიწყო ბალთაზარმა: - ვისურვებდი, რომ მიპასუხოთ.
- დიახ, გისმენთ.
- გიყვარვართ?
- დიახ.
ოდეტმა დასმულ კითხვას ყოველგვარი ყოყმანის გარეშე უპასუხა.
ბალთაზარისთვის ეს გახლდათ ძვირფასი გაელვება, რომელმაც უზომო სიამოვნება განაცდევინა. აზრადაც არ მოსვლია, რომ მსგავს გარემოებას ოდეტი შესაძლოა უხერხულობაში ჩაეგდო.
თავგზააბნეული მასპინძელი ხელებს იფშვნეტდა და ვერ გაებედა, საუბარი ჩამოეგდო იმაზე, რამაც ასე დიდი ხანია მოსვენება დააკარგვინა და დატანჯა. ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და ამოშაქრა: - ჩემი ცილა...
- რა ბრძანეთ?
- საქმე ისაა, რომ სანამ მობრძანდებოდით, კვერცხის ცილას ვთქვეფდი. იცით, დიდხანს თუ გააჩერე, შესაძლოა...
შეწუხებულმა ოდეტმა ჟესტიკულაციით სცადა ჩაფუშვის გამოხატვა.
აღელვებულმა ბალთაზარმა ახსნა-განმარტებას თავი და ბოლო მაინც ვერ გაუგო.
- სინამდვილეში თქვენთვის მეორე კითხვაც მქონდა მომზადებული.
- დიახ, ბრძანეთ.
- ესე იგი, შემიძლია გკითხოთ?
- დიახ, დიახ.
- დარწმუნებული ხართ, რომ ნამდვილად შემიძლია?
- დიახ.
ბალთაზარმა თვალები დახარა,- არა მის მზერას ნამდვილად ვერ გაუძლებდა და დამნაშავე ბავშვივით ამოილუღლუღა: - შემიძლია თუ არა თქვენთან რამდენიმე დღე დავრჩე?
- უკაცრავად, ვშიშობ, ნათქვამს ვერ მიგიხვდით.
- კონკრეტული პასუხი გამეცით, ძალიან გთხოვთ: კი თუ არა?
ოდეტს ფიქრი მხოლოდ ორი წამი გაუგრძელდა, შემდეგ შთაბეჭდილების ქვეშ მოქცეულმა მისთვის ჩვეული უშუალობით ხმამაღლა წამოიძახა: - დიახ, და ჩქარა შემობრძანდით, თორემ ცილა გადასაღვრელი გამიხდება.
ოდეტი სამგზავრო ჩანთას ჩააფრინდა და ბალთაზარი ოთახში შეათრია.
ასე და ამგვარად შეეხიზნა ბალთაზარ ბალზანი შარლერუელ ოდეტ ტულმონდს, დღისით მოლარეს, საღამოს კი დეკორატორს. მწერლის სხვა ქალაქში გადაბარგების შესახებ პარიზში არავის არაფერი გაუგია.
- რას ნიშნავს მებუმბულე? - დაინტერესდა ერთ მშვენიერ საღამოს მწერალი.
- ბუმბულებს ვაკერებ მოცეკვავეთა კოსტიუმებზე. გინახავთ ალბათ „ფოლი ბერჟერისა“ და „კაზინო დე პარის“ წარმოდგენები... ამაში ერთ-ორ სანტიმს მიხდიან და მოლარის უბადრუკ ხელფასს ვავსებ...
ბალთაზარ ბალზანმა საკუთარი ცხოვრებისაგან სრულიად განსხვავებულ სამყაროში ამოყო თავი: სამყარო, სადაც არც ფულზე დარდობდნენ და არც სახელზე, მაგრამ ადამიანები თავს მაინც ბედნიერად გრძნობდნენ...
ოდეტს ბუნებამ ერთი მეტად შესაშური -მხიარულების ნიჭი მოამადლა. მისი არსების სიღრმეში, შეიძლება ითქვას, უზარმაზარი ჯაზ-ბენდი დაუღალავად უკრავდა ჩამთრევ და გულისშემძვრელ მელოდიებს. ვერანაირი ყოფითი სიძნელე მას წყობიდან ვერ გამოიყვანდა, რაც უნდა მომხდარიყო, ნერვიც კი არ აუტოკდებოდა. თუ ვინიცობაა, პრობლემა წამოიჭრებოდა, დინჯად და აუჩქარებლად, ფორიაქის გარეშე შეუდგებოდა გამოსავლის ძებნას. მოკრძალება და მორჩილება - აი, მისი ხასიათის ძირითადი თვისებები. არც არასდროს მოსვლია თავში, რომ უკეთეს ბედს იმსახურებდა და არასდროს დაუფლებია იმედგაცრუების განცდა. ბალთაზარსაც მისთვის ჩვეული გულუბრყვილობითა და უშუალობით გააცნო თავისი სახლი: აგურით ნაგები, მერიის სოციალურ კმაყოფაზე აყვანილი იაფფასიანი შენობა, პასტელის ფერებში შეღებილი ლოჯიებით (მსგავსი ფერის ნაყინს ბავშვები ეტანებიან ხოლმე ზაფხულში) და პლასტმასის ყვავილებით დამშვენებული აივნებით, კედლებზე ჩამოკონწიალებული დაწნული ზონრებითა და ჰერანიუმის ქოთნებით, რეპროდუქციით, რომელზე გამოსახული მეზღვაურიც ოლიმპიური სიმშვიდით აბოლებდა ჩიბუხს.
- როცა აქ ცხოვრების შანსი გეძლევა, სხვაგან გადაბარგებაზე ნაკლებად იფიქრებ. ალბათ მხოლოდ მაშინ, როცა მუხის კუბოში ჩაკვეხებულს გაგასვენებენ... არა, ეს შენობა ნამდვილი სამოთხეა!
საერთოდ, კაცობრიობის მიმართ კეთილგანწყობილ ოდეტს ყოველთვის ჰყოფნიდა გონიერება, ნებისმიერი ჯურისა და ხასიათის ადამიანთან გამოენახა საერთო ენა, იმათთანაც კი, საკუთარ თავს რომ მისგან სრულიად განსხვავებულად მიიჩნევდნენ. არ ცდილობდა, ვინმე განეკითხა. იოლად დაუახლოვდა თავის სართულზე მცხოვრებ წითელკანიან ფლამანდრიელთა წყვილს. ცოლ-ქმარი რეგულარულად იძენდა სოლარიუმის აბონემენტებს და ხშირად სტუმრობდნენ კლუბებსაც, სადაც პარტნიორთა გაცვლა სრულიად მიღებული იყო. ასევე დაუდაქალდა მერიის უკმეხ და კატეგორიულ თანამშრომელს, ყველაფერზე რომ ჰქონდა მზამზარეული პასუხი. უცვლიდა რეცეპტებს ახალგაზრდა ამერიკელ ხუთი შვილის დედას, ხშირად რომ ცოფდებოდა და გადარეული კედლებს ფხაჭნიდა. პურსა და ხორცს იმპოტენტ და რასისტ პენსიონერთან, მესიე ვილპუტთან ყიდულობდა. ეს უკანასკნელი ისეთ სისულელეებს როშავდა, ყურით რომ არ გაიგონებოდა, მაგრამ მაინც ადამიანური არსებააო, იტყოდა ხოლმე მოხუცის შეფასებისას.
ოდეტი შინაც ყველასთვის ერთნაირად გულღია იყო: მისი ვაჟის, რუდის მამათმავლური თავგადასავლები ნაკლებ სადარდებელს უჩენდა, ვიდრე სიუ-ელენის უჟმურობა, რომელსაც ამჟამად მძიმე ფსიქოლოგიური პერიოდის გადატანა უწევდა. ოდეტმა ქალიშვილთან დაყვავების გზა აირჩია, თუმცა სასტიკ წინააღმდეგობას გადააწყდა. დილიდან საღამომდე ცდილობდა, სიუ-ელენს გაღიმებაში, მოთმინების მოკრებაში, საკუთარი თავისადმი ნდობის შენარჩუნებაში დახმარებოდა. ასევე სურდა, შეეგონებინა, რომ მისთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, თავის ამოჩემებულ მეგობარს, პარაზიტს, ღორმუცელასა და აყროლებულ პოლოს გაშორებოდა.
   ბალთაზარი ამ ვიწრო სადგომში ისე მიიღეს, ერთი ზედმეტი კითხვაც არ დაუსვამთ, თითქოს სოფლიდან ქალაქში გავლით ჩამოსულ შორეულ ნათესავს სავალდებულო სტუმარმასპინძლობა გაუწიესო. თავის მხრივ, მწერალს არ შეეძლო ეს მიღება საკუთარი ან მეუღლის რეაქციისთვის არ შეედარებინა, როცა პარიზში მეგობრები რამდენიმე დღით შეკედლებას თხოვდნენ. „აბა, სასტუმროები რისთვის არსებობს?!“- შეჰყვირებდა ხოლმე ყოველ ჯერზე წყობიდან გამოსული იზაბელი, სანამ აბეზარ სტუმრებს შეაგნებინებდა, ბინაში ისე ვიწროდ ვცხოვრობთ, ყველანი უხერხულად ვიგრძნობთ თავსო.
   რადგან ახალ გარემოში ყოველგვარ გამოკითხვას ასცდა, არც ბალთაზარს შეუწუხებია თავი, ერთხელ მაინც ეკითხა საკუთარი თავისთვის, თუ რას საქმიანობდა ან რამ განაპირობა მისი აქ დარჩენა. ახსნა-განმარტებებისა და დაზუსტებისაგან გათავისუფლებულ ბალთაზარს სრული შესაძლებლობა მიეცა, დაკარგული ძალ-ღონე მოეკრიბა. ისე, ჯეროვნად არც ჰქონდა გაცნობიერებული, რომ სოციალური და კულტურული გარემოს მსგავსმა ცვლამ საკუთარ საწყისებს, საკუთარ ფესვებს დაუბრუნა. ბალთაზარმა არც კი იცოდა, ვინ იყო მამამისი, დედამისმა კი მის გაზრდაზე დაბადებისთანავე თქვა უარი. მას შემდეგ არაერთი მოკრძალებული ფინანსური შესაძლებლობების მქონე ოჯახი გამოიცვალა - კეთილი და გულისხმიერი ადამიანები საკუთარ ბავშვებთან ერთად ობოლსაც ზრდიდნენ. ძალიან ახალგაზრდამ დაიფიცა, რომ კარგი სწავლით საზოგადოების მაღალ ფენებში გაიკაფავდა გზას. მისი ამოსაცნობი და განმასხვავებელი ნიშანი განათლება და ინტელექტი უნდა გამხდარიყო. სტიპენდიებით ზურგგამაგრებული დაეუფლა ბერძნულს, ლათინურს, ინგლისურს, გერმანულსა და ესპანურს. სულ ბიბლიოთეკაში იჯდა, მისთვის საინტერესო არც ერთი წიგნი არ დატოვა წაუკითხავი. მოემზადა და ჩაირიცხა საფრანგეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში - „კოლ ნორმალ სუპერიორში“. მოგვიანებით საკუთარი არსენალი კიდევ რამდენიმე საუნივერსიტეტო დიპლომით გაამდიდრა. ბალთაზარის აკადემიურ გმირობას შესაბამისი ნაყოფიც უნდა გამოეღო. თავისუფლად შეეძლო უნივერსიტეტში ლექტორის თანამდებობისთვის გამოეკრა ხელი, გზა ხსნილი ჰქონდა რომელიმე სამინისტროში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის კაბინეტისკენაც, რომ არა ერთი გარემოება. ეს მისი მხრიდან შეიძლებოდა აღქმულიყო, როგორც კომფრომისტული დათმობა: ბალთაზარმა საკუთარ თავში წერის ნიჭი აღმოაჩინა და გადაწყვიტა, სამწერლო ასპარეზზე დაემკვიდრებინა თავი. საინტერესოა, რომ თავის წიგნებში იმ წრეს კი არ აღწერდა, სადაც სოციალური აღმავლობის წყალობით აღმოჩნდა, არამედ იმ გარემოს, სადაც ბავშვობისა და ყრმობის წლები გაატარა. შესაძლოა სწორედ ამით აიხსნებოდა მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელი ჰარმონიულობა, პოპულარობაც, სხვათა შორის, და ზიზღიც, ინტელიგენცია მის მიმართ რომ ავლენდა. ტულმონდების ოჯახში გაწევრიანებამ ის მარტივ, უბრალო ცხოვრებისეულ სიამოვნებებს დაუბრუნა; შეახსენა, თუ რას ნიშნავს ამბიციურობისა და ფარისევლობისაგან დაცლილი ურთიერთპატივისცემა, სტუმართმოყვარე და თბილ ადამიანთა შორის ცხოვრებით მონიჭებული ბედნიერება.
და მიუხედავად ყველაფრისა, მეზობლებთან საუბრისას მწერალმა დაადგინა, რომ კორპუსის თითქმის ყველა ბინადარს ის ოდეტის საყვარლად მოენათლა. მეზობელთან პარტნიორთა გაცვლაზე ბჭობისას (აი, იმ მეზობელთან, საკუთარი გარაჟი სპორტულ დარბაზად რომ გადაეკეთებინა) მოკერებული იარლიყის მოხსნას შეეცადა, ამ უკანასკნელმა კი თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და მიახალა, სულელი და მიუხვედრელი ხომ არ გგონივარო.
- წლები გავიდა მას შემდეგ, რაც ოდეტს საკუთარ სახლში მამაკაცი არ მიუღია. თანაც მე ძალიან კარგად მესმის შენი: დასაძრახს ვერაფერს ვხედავ, როცა ცდილობ, საკუთარ თავს სიამოვნება მიანიჭო! ოდეტი ნამდვილად ლამაზი ქალია. თანახმა თუ იქნებოდა, არც მე ვიტყოდი უარს.
ბალთაზარი დაიბნა. მიხვდა, რომ საწინააღმდეგოს მტკიცება ოდეტის რეპუტაციისათვის საზიანო იქნებოდა. ბინაში ახალი კითხვებით დაბრუნდა. „იქნებ, მასთან ურთიერთობა მსურს და ვერც გამიცნობიერებია? ამაზე არასდროს მიფიქრია. ოდეტი ნამდვილად არ არის ჩემი გემოვნების შესაფერისი ქალი... მეტისმეტად... არ ვიცი... არა, არა, სრულიადაც არა... ამას გარდა, თანატოლები ვართ... თუ მსგავსი სურვილი შემიპყრობდა, ალბათ ახალგაზრდასთან უფრო მომინდებოდა... მერე ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აქ ყველაფერი არანორმალური ჩანს. ისე, სხვათა შორის, რა ჯანდაბამ მომიყვანა აქ?“
საღამოს ბავშვები პოპ-მუსიკის კონცერტზე წავიდნენ და ბალთაზარი ოდეტთან სრულიად მარტო დარჩა. მწერალმა ქალს განსხვავებული მზერა შეავლო.
   ოთახს ტორშერის რბილი შუქი ანათებდა. ოდეტს ანგორის პულოვერი ძალიან უხდებოდა. ხელოვნური ძვირფასი ქვებით აბრჭყვიალებულ კოსტიუმზე ბუმბულების მიკერებით იყო გართული. ბალთაზარს მასპინძელი ძალიან ერთობ სიმპათიური და მიმზიდველი ეჩვენა. ადრე მსგავსი რამ არც შეუმჩნევია.
„იქნებ ფილიპი სიმართლეს ამბობდა?“
ოდეტმა იგრძნო, რომ ბალთაზარი აკვირდებოდა. თავი ასწია და გაუღიმა. უხერხულობა გაიფანტა.
რომ მიახლოვებოდა, მწერალმა წიგნი გვერდზე გადადო და ფინჯნებში ყავა ჩამოასხა.
- თუ ოცნებობთ რამეზე, ოდეტ?
- დიდი სურვილი მაქვს, ზღვაზე წავიდე.
- ხმელთაშუა ზღვაზე?
- რატომ მაინც და მაინც ხმელთაშუა ზღვაზე? აქაც გვაქვს ზღვა. მართალია, ნაკლებად ლამაზი, სამაგიეროდ უფრო მოკრძალებული და თავშეკავებული... მხედველობაში მაქვს ჩრდილოეთის ზღვა...
ბალთაზარი ოდეტს მიუჩოჩდა. ფინჯანი რომ აეღო, თავი მის მხარზე ჩამოდო. ქალს გააჟრჟოლა. გათამამებულმა მამაკაცმა თითები გაუსვა მკლავზე, მხარზე, ბოლოს კისერს მიუახლოვდა. ქალი აკანკალდა. ბალთაზარი ტუჩებით შეეხო.
- არა, გთხოვთ.
- არ მოგწონვართ?
- რა სისულელეა... რა თქმა უნდა, მომწონხართ, მაგრამ მაინც, არა.
- ანტუანის გამო? ისევ ანტუანს იგონებთ?
ოდეტმა თავი დახარა, ცრემლები შეიმშრალა და დამწუხრებული ხმით, - გეგონება გარდაცვლილ მეუღლეს ღალატობსო, - განაცხადა: - არა, ანტუანის გამო ნამდვილად არა.
ბალთაზარმა გადაწყვიტა, რომ მწვანე შუქი აინთო და ოდეტის ტუჩებს ვნებით დაეკონა.
ხმაურიანმა სილამ ბალთაზარს ლოყა აუწვა. ოდეტმა ტაქტიკა წამში შეცვალა. ბრაზს ლმობიერება შეუნაცვლა და ბალთაზარს ლოყებზე თითებით მიეფერა, თითქოს ალიყურის ნაკვალევის წაშლას ეცადა...
- ო, მაპატიე, მაპატიე.
- ვერაფერი გამიგია, თქვენ არ გსურთ...
- გატკინეთ? არა, არა, გთხოვთ, მაპატიოთ.
- თქვენ ჩემთან დაწოლა არ გსურთ?
პასუხად ოდეტმა მეორეჯერაც მთელი ძალით შემოულაწუნა. თავზარდაცემული დივანიდან წამოხტა, მისაღები ოთახიდან გავარდა და თავის ოთახში ჩაიკეტა.
მეორე დღეს, ფილიპის გარაჟში გატარებული ღამის შემდეგ, ბალთაზარმა ისედაც აბსურდული სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილების მიზნით გამგზავრება გადაწყვიტა. უკვე მთავარ გზატკეცილზე მიქროდა, როცა რუდი გაახსენდა. მასთან შევლა და ხელში ბანკნოტების დასტის ჩაჩურთვა არ დაიზარა.
- სასწრაფოდ პარიზში მიწევს დაბრუნება. დედაშენი ძალიან გადაიღალა და ზღვის სანაპიროზე დასვენებაზე ოცნებობს. აიღე ეს ფული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უთხრა, მე რომ მოგეცი. უთხარი, მაგალითად, რომ შენ დაგაჯილდოვეს კარგი მუშაობისთვის პრემიით. შევთანხმდით?
ბალთაზარი პასუხს არც დაელოდა, ისე გავარდა მანქანისკენ.
პარიზში მისი არყოფნისას სიტუაცია ჩაწყნარებულიყო. ადამიანებს საჭორაო თემა კარგა ხანია, შეეცვალათ. მისი გამომცემელი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ კიდევ ცოტაც და ბალთაზარი კვლავ მოიპოვებდა მკითხველთა და მასმედიის საშუალებათა სიყვარულსა და სრულ ნდობას.
მეუღლეს შემთხვევით რომ არ გადაჰყროდა, ბალთაზარმა სახლში ცოტა ხნით იმ დროს შეირბინა, როცა იზაბელი ჩვეულებისამებრ სამსახურში იმყოფებოდა. ფურცელზე ერთი-ორი ფრაზა დაჩხაპნა, მეუღლე თავისი ამჟამინდელი მდგომარეობის შეტყობინებით დაამშვიდა. ისე, საინტერესოა, ახსოვდა კი საერთოდ იზაბელს ქმრის არსებობა? შემდეგ ჩემოდანი ჩაალაგა და სავუაში გაემგზავრა, სადაც მისი ვაჟიშვილი თანაკლასელებთან ერთად თხილამურებზე სრიალებდა.
„სადმე ახლომახლო ვიქირავებ ბინას ,“ - გადაწყვიტა თავისთვის.
შვილმა მამა რომ დაინახა, მასთან განშორება საერთოდ არ ინდომა. თოვლზე რამდენიმედღიანი ერთობლივი სრიალის შემდეგ ბალთაზარმა, - გამუდმებით საქმიან მოგზაურობაში მყოფმა მამამ, - გააცნობიერა, რომ ფრანსუასთან სიყვარულისა და ურთიერთობის უზარმაზარი დანაკლისის შევსება უწევდა. ისიც შენიშნა, რომ საკუთრივ მისთვის დამახასიათებელი უსუსურობის, მუდმივი შიშისა და მღელვარების განცდა მისი ვაჟისთვისაც არ ყოფილიყო უცხო. პატარა ფრანსუა ყველა ღონეს ხმარობდა, რომ თანატოლებს დამსგავსებოდა და ამით მათი სიმპათია დაემსახურებინა. თუმცა, იტანჯებოდა იმის გამოც, რომ ეს მცდელობა საკუთარ მეობას აკარგვინებდა.
- მალე არდადეგებიც დაიწყება. ზღვაზე ხომ არ წავსულიყავით ერთად? მხოლოდ მე და შენ და სხვა არავინ? ჰა, რას იტყვი?
პასუხად მამამ შვილისგან აღფრთოვანებისა და ბედნიერების ყიჟინა მიიღო.

*

   აღდგომის დღეს ოდეტი ცხოვრებაში პირველად ჩრდილოეთის ზღვის პირისპირ აღმოჩნდა. რიდითა და შიშით შეპყრობილს ქვიშაზე უცნაური ფიგურები გამოჰყავდა. ზღვის უკიდეგანო სივრცე, მცხუნვარე მზე და პლაჟი ის ფუფუნება იყო, მისი ფინანსები ვერანაირად რომ ვერ შესწვდებოდა. ოდეტს დაუმსახურებელი მადლით სარგებლობის განცდა დაეუფლა.
უეცრად კეფა აეწვა, თითქოს ვიღაც დაჟინებით მიშტერებოდა და რატომღაც ბალთაზარი გაახსენდა. როცა მობრუნდა, დაინახა, რომ მისი სათაყვანო მწერალი იქვე იდგა ვაჟიშვილთან ერთად.
განშორების შემდეგ ხელახალი შეხვედრა ემოციურად მეტად ძლიერი, მგზნებარე და ნაზი აღმოჩნდა. ორივე ეცადა, მეორის განცდებისათვის პატივი ეცა და სულიერი ჭრილობა არ მიეყენებინა.
- ისევ დაგიბრუნდით, ოდეტ. მინდა, რომ ჩემს ვაჟს გაკვეთილები ჩაუტაროთ. ხომ არ დაიზარებთ?
- რა ბრძანეთ?
- ხომ არ დაიზარებთ ბედნიერების გაკვეთილების ჩატარებას?
ბალზანები და ტულმონდები დაქირავებულ კოტეჯში ერთად მოეწყვნენ, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო, და არდადეგებიც დაიწყო.
როგორც კი ცხოვრებამ ჩვეული დინება დაიბრუნა, ოდეტმა გადაწყვიტა, ბალთაზარისთვის ცეცხლოვანი სილების გაწნის მიზეზი აეხსნა: - მე არ მსურს თქვენთან სექსი. ვიცი, რომ ჩემთან არ დარჩებით. თქვენ ჩემს ცხოვრებაში ერთი გაელვება ხართ და მეტი არაფერი. თქვენ ის ადამიანი ხართ, გამოჩენისთანავე უკვე გამგზავრებაზე რომ ფიქრობს.
- მე დავბრუნდი.
- თქვენ ისევ გაქრებით... მე ხომ სულელი არ ვარ... ბალთაზარ ბალზანს, სახელგანთქმულ პარიზელ მწერალსა და ოდეტ ტულმონდს, შარლერუელ გამყიდველს ერთობლივი მომავალი არ უწერიათ. მეტისმეტად გვიანაა ამისთვის. ოცი წლით უფრო ახალგაზრდები რომ ვიყოთ, შესაძლოა...
- ასაკი არაფერ შუაშია...
- არის, არის. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე დაღმართში დავეშვით. თქვენ თქვენებურად მოიწყვეთ ცხოვრება, მე - ჩემებურად. პარიზი-შარლერუა, ფული-უფულობა, ორივე ჩამოვედით უკვე ფსონს. ჩვენ შესაძლოა შემთხვევით გადავეყაროთ ერთმანეთს, მაგრამ შეხვედრით ვერასდროს შეგხვდებით.
ბალთაზარს რიგიანად არც ჰქონდა გაცნობიერებული, რას მოელოდა ოდეტისგან. ერთი რამ კი დანამდვილებით გაიგო - ოდეტს ის სჭირდებოდა. სხვა კუთხით მათი ამბავი არც არაფერს ჰგავდა, - არც თავი ჰქონდა და არც ბოლო. იქნებ ოდეტი არ ცდებოდა, ბანალური სასიყვარულო ურთიერთობისაკენ გზას რომ უღობავდა? მაგრამ ხომ შეიძლებოდა, შემცდარიყო? იქნებ სულაც გადაწყვეტილი ჰქონდა, სხეულის ძახილს არასდროს გამოხმაურებოდა? იქნებ ანტუანის სიკვდილის შემდეგ საკუთარ თავს უაზრო სამუდამო ქვრივობა მიუსაჯა?
ბალთაზარი ყველაფერს ღრმად ჩაწვდა, როცა მეთევზის სახლში იმპროვიზებული ცეკვების ერთგვარი საღამო მოაწყო. სამბას რიტმებში ჩართული და მუსიკით გალაღებული ოდეტის მოძრაობები ვნებით, გრაციოზულობით, ცბიერებით, მეტიც, დაუოკებელი ქალური ავხორცობით იყო გაჟღენთილი. ბალთაზარი მას ვერ ცნობდა. ოდეტას გარშემო რამდენიმე პა სცადა. მის მხართან ოდნავი შეხებისას და თეძოებთან შემთხვევითი გახახუნებისას დარწმუნდა, რომ ოდეტის ლოგინში თავისუფლად შეიძლებოდა აღმოჩენილიყო.
მთვარის შუქზე ოდეტი ბალთაზარს სრულიად გულწრფელად გამოუტყდა: - იცით, ბალთაზარ, მე თქვენ არ მომწონხართ.
- ა???
- მე არ მომწონხართ. მიყვარხართ...
ბალთაზარმა ეს განცხადება ყველაზე ლამაზ სიტყვებად მიიჩნია ყველა იმ განცხადებას შორის, რომელიც კი ოდესმე მოესმინა. მეტიც, უფრო ლამაზი ეჩვენა, ვიდრე მის მიერ მოგონილი პერსონაჟები წარმოთქვამდნენ.
პასუხად ქალს ტყავის საქაღალდეში ჩადებული ახალი რომანი გაუწოდა, რომლის წერაც ზღვის სანაპიროზე მათი შეხვედრის შემდეგ დაიწყო.
- „სხვათა ბედნიერება“, ასე დავარქმევ ჩემს მომავალ წიგნს. მოვყვები რამდენიმე ადამიანის ბედ-იღბალზე, ბედნიერებას რომ ეძებენ, მაგრამ, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ პოულობენ. მარცხდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ მემკვიდრეობით გადმოეცათ ან გაიზიარეს მათთვის შეუსაბამო კონცეფციები ბედნიერების შესახებ. ვგულისხმობ ფულს, ძალაუფლებას, ანგარებიან ქორწინებას, გრძელფეხება საყვარლებს, სადოღე ცხენებს, დუპლექსს პარიზის ცენტრში, შალე მეჟევში, ვილას კი სენ-ტროპეში... ერთი სიტყვით სტერეოტიპების გარდა სხვას არაფერს. წარმატების მიუხედავად, ისინი თავს უბედურად გრძნობენ იმიტომ, რომ საკუთარი კი არა, სხვისი ბედნიერებით ცხოვრობენ, ანუ ბედნიერების სხვის მიერ გამოწერილი რეცეპტით. ჩემი ვალია, ეს წიგნი თქვენ მოგიძღვნათ. შეხედეთ შესავალს.
პროჟექტორის შუქზე ოდეტმა სატიტულო გვერდზე ამოიკითხა: „ვუძღვნი დეტის.“
ოდეტმა ენით აღუწერელი სიმჩატე იგრძნო, თითქოს ცაში აიჭრაო, ლამის თავით მთვარეს შეეხო. გული საგულეში ვერ უჩერდებოდა. სული რომ მოითქვა, მკერდზე ხელი დაიდო და წაილუღლუღა: „დაწყნარდი, ოდეტ, დაწყნარდი.“
შუაღამისას ლამაზი სიზმრები უსურვეს ერთმანეთს და ლოყაზე კოცნით დაემშვიდობნენ. ბალთაზარის გათვლით, დარჩენილი ორი დღის განმავლობაში ისინი აუცილებლად საყვარლები უნდა გამხდარიყვნენ.
მეორე დღეს მწერალს ფრიად უსიამოვნო სიურპრიზი ელოდა. ველოსიპედით სეირნობიდან დაბრუნებულ ბალთაზარს, ფრანსუას, რუდისა და სიუ-ელენს სალონში მომლოდინე გამომცემელი და მეუღლე იზაბელი დახვდათ.
როგორც კი იზაბელს მოჰკრა თვალი, ბალთაზარმა იყნოსა, რომ შესაძლოა უსიამოვნო სცენა გამართულიყო. გვერდით ოდეტი რომ არა, არაფერი დაუშლიდა, პირველი გადასულიყო შეტევაზე.
- ნურაფერს ნუ ეტყვით მას, ნუ დატუქსავთ, გთხოვთ. მე და მხოლოდ და მხოლოდ მე ვარ ამ თავყრილობის მიზეზი. დაბრძანდით და ნამცხვარი მიირთვით. სახლშია გამომცხვარი. ახლავე მოვიტან დასალევსაც, - იხსნა სიტუაცია ოდეტმა.
შემდეგი სცენა ბალთაზარის გაგებით სიურრეალიზმის პრინციპებს ექვემდებარებოდა. თავით ფეხებამდე კოშმარში ჩაფლულს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ოდეტი თავს მის მარპლად ასაღებდა, როდესაც ეს უკანასკნელი ძიების დასასრულს დეტექტივის ყველა პერსონაჟს ჩაისა და ორცხობილების გარშემო უყრის თავს, რათა მათ საქმის არსი აუხსნას და თან სათანადო დასკვნები გამოიტანოს.
- ბალთაზარ ბალზანმა თავისი წიგნებით ფასდაუდებელი სამსახური გამიწია, უამრავი რამ შემძინა რამდენიმე კვირის წინ ჩემთან შეკედლებით. საზღაურის მიღებაზე არც კი მიფიქრია. მალე ის პარიზში დაბრუნდება. მისი ასაკისა და რეპუტაციის მქონე ადამიანი ცხოვრებას შარლერუაში თავიდან ვერ დაიწყებს. ჯერჯერობით ეს ნაბიჯი ვერ გადუდგამს, რცხვენია, მეტიც, უკან დაბრუნების ეშინია.
ოდეტი იზაბელისკენ შეტრიალდა, რომელიც სიტყვა „შიშისადმი“ ფრიად სკეპტიკურად განწყობილი ჩანდა.
- თქვენი ეშინია, ქალბატონო. რატომ? იმიტომ, რომ მისით უწინდებურად აღარ ხართ მოხიბლული. თქვენ უნდა იამაყოთ თქვენი მეუღლით: მან ათასობით ადამიანს ბედნიერება განაცდევინა. შეიძლება ამ იღბლიანთა შორის მოკრძალებული მდივნები, ჩემსავით უბადრუკი მოსამსახურეებიც მოიაზროთ. მან შეძლო გატაცება და აღელვება ადამიანებისა, ასე ცოტას რომ ვკითხულობთ და არ ვართ თქვენსავით განათლებულები. ეს იმის დასტურია, რომ თქვენი მეუღლე სხვებზე ნიჭიერია, ბევრად უფრო ნიჭიერი. იცით, ქალბატონო, შესაძლოა ოლაფ პიმსიც არაჩვეულებრივ წიგნებს წერს, მაგრამ მათი წაკითხვა რომ შევძლო, პირადად მე ლექსიკონი და რამდენიმე შეკვრა ასპირინი დამჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ თუ ჩავწვდები, რაზეა მის წიგნში საუბარი. ოლაფი სნობია, რომელიც მხოლოდ იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებსაც იმდენივე წიგნი აქვთ წაკითხული, რამდენიც თვითონ.
ოდეტმა გამომცემელს ჩაით სავსე ფინჯანი გადააწოდა, თანაც განრისხებული მზერა შეავლო: - ახლა კი თქვენ უნდა მოგმართოთ ერთი-ორი სიტყვით, ბატონო. თქვენ უფრო მეტად უნდა დაიცვათ თქვენი ავტორი იმ პარიზელთა თავდასხმებისაგან, ასე რომ გაუწყალეს გული. თქვენ დაეპატრონეთ უძვირფასეს საგანძურს, კეთილი ინებეთ და დაიცავით ის. თუ ეს არ შეგიძლიათ, მაშინ ღირს, ალბათ, პროფესიის გამოცვლაზე ფიქრი... გასინჯეთ ჩემი კექსი გეთაყვა, საგანგებოდ გამოვაცხვე!
დატუქსული გამომცემელი ხმის ამოუღებლად დაემორჩილა. ოდეტი ისევ იზაბელსა და ბალთაზარს მიუბრუნდა.
- თქვენ ფიქრობთ, რომ მას არ უყვარხართ? შეიძლება თვითონაც ასე ფიქრობს... მე კიდევ ერთი რამ შევამჩნიე: ის თქვენს ფოტოს მუდამ თან დაატარებს.
იზაბელზე ოდეტის უბრალოებამ ძლიერ იმოქმედა. თავი დახარა და გულწრფელად თქვა: - იმდენჯერ მიღალატა...
- ო, ქალბატონო, თქვენ თუ გგონიათ, რომ ცოლიანმა კაცმა ფლირტი უნდა დაივიწყოს, გვერდით არ უნდა გაიხედოს და საერთოდ აღარ ისუნთქოს. მაშინ ჯობდა, რომ საერთოდ არ გათხოვილიყავით და ძაღლისთვის მოგევლოთ. აი, ძაღლის ჯაჭვით დაბმას ნამდვილად მოახერხებთ. ვეჭვობ, რომ ჩემი ანტუანიც, ასე ნაზად რომ მიყვარდა და მიყვარს ოცი წლის შემდეგაც, ბოლომდე ჩემი ერთგული იყო და სხვა ქალისკენ არ გაუხედავს. დარწმუნებული ვარ, რომ სხვასაც წაეკურკურა და მოუთათუნა, შესაძლოა უფრო ლამაზს ან უბრალოდ განსხვავებული სურნელის მქონეს. და რა მნიშვნელობა აქვს ამას? ის ხომ ჩემს მკლავებში გარდაიცვალა. დიახ, ჩემს და არა სხვის მკლავებში, თან თვალებში შემომყურებდა. ეს მზერა მის მიერ დატოვებული მარადიული საჩუქარია...
რაღაც მომენტში ოდეტი ვერ გაუმკლავდა მოზღვავებულ ემოციებს, - ეს სულაც არ ჰქონდა გათვალისწინებული, - მაგრამ დიდი ძალისხმევის ფასად მაინც მოახერხა თავის ხელში აყვანა და სათქმელის დასრულება: - ბალთაზარ ბალზანი დაგიბრუნდებათ. ყველა ღონეს ვხმარობ, რომ მოვაკეთო და სრულ ფორმაში დაგიბრუნოთ, რომ ღიმილი დაიბრუნოს და სიცილის სურვილი ჰქონდეს. სიმართლე რომ გითხრათ, ბალთაზარის მსგავს მამაკაცებს -კეთილებს, მოუხერხებლებსა და ხელგაშლილებს, დახრჩობისა და ჩაძირვის საშუალება არ უნდა მივცეთ. მე ორ დღეში აქაურობას დავტოვებ და შარლერუაში ჩემს მაღაზიას დავუბრუნდები. დიდი სურვილი მაქვს, ჩემი ძალისხმევა ფუჭი არ გამოდგეს.
ბალთაზარი გულისტკივილით შესცქეროდა ოდეტს, რომელმაც მათი სიყვარულის ამბავი ყველას თვალწინ ასე ნაკუწებად აქცია. გულის სიღრმეში გაუნაწყენდა კიდევაც. მეტიც - შეიზიზღა, მსგავსი წამებისთვის რომ გაიმეტა. ოდეტის დაბნეული და შეშლილი გამომეტყველების შემხედვარემ გადაწყვიტა, რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. „თუ ასე ფიქრობს, გამორიცხულია, აზრი გამოაცვლევინო,“ - დაასკვნა თავისთვის.
პარიზში გამგზავრებამდე ბალთაზარმა და იზაბელმა დიუნებს შორის გაისეირნეს, არც ერთი და არც მეორე არ იყო დარწმუნებული, თანაცხოვრების გაგრძელებას რომ შეძლებდნენ. ფრანსუას გულისთვის კი გადაწყვიტეს, ეცადათ.
როცა მეთევზის სახლს მიუახლოვდნენ, იქიდან სასწრაფო დახმარების მანქანა გამოქანდა. სირენის მკივანა ხმა იქაურობას აყრუებდა. ოდეტს გულის შეტევა მოსვლოდა.

*

   სანამ მისი სიცოცხლე ძაფზე ეკიდა, ყველანი ბლეკენბლეკში დარჩნენ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც სარეანიმაციო სამსახურმა დაასკვნა, რომ ოდეტის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრებოდა, გამომცემელი და იზაბელი ვაჟიშვილითურთ პარიზში დაბრუნდნენ.
ბალთაზარი კოტეჯის მეპატრონეს დაელაპარაკა და ქირის გახანგრძლივებაზე დაიყოლია. რუდისა და სიუ-ელენზე ზრუნვაც თვითონვე იტვირთა, სამაგიეროდ ახალგაზრდებს პირობა ჩამოართვა, რომ ოდეტთან მისი აქ დარჩენის შესახებ კრინტსაც არ დაძრავდნენ. „შეგიძლიათ მოგვიანებით გაუმხილოთ, როცა თავს უკეთესად იგრძნობს...“ ბალთაზარს ბავშვები კლინიკაში ყოველდღე დაჰყავდა. თვითონ ჰოლში სავარძელში მოკალათდებოდა ხოლმე და თავს მცენარეების, ოთახის ხალათებში მოსილი ბებიებისა და წვეთოვანს მიჯაჭვული პაციენტების თვალიერებით იქცევდა.
საბოლოოდ ოდეტიც მოკეთდა, ჯან-ღონე დაუბრუნდა, სახეზე ადამიანის ფერი დაედო, ხასიათზეც მოვიდა. საწოლთან მიდგმულ პატარა მაგიდაზე ანტუანის სურათს რომ მოჰკრა თვალი, ფრიად გაუკვირდა.
- კი მაგრამ, ვის მოაფიქრდა ამის მოტანა?
ბავშვები გამოუტყდნენ, რომ ინიციატივის ავტორი ბალთაზარი იყო; რომ ეს უკანასკნელი ბლეკენბლეკში დარჩა და მათ მამობრივ მზრუნველობას არ აკლებდა.
დედის მღელვარებაზე, კარდიომონიტორების აფორიაქებაზე, გულცემის მაჩვენებელი მწვანე დიაგრამების კრუნჩხვებზე ბავშვები მიხვდნენ, რომ ბალთაზარი სწორად მოიქცა, ოდეტის გამოჯანმრთელებას რომ დაელოდა. ისინი აღარც ეჭვობდნენ, რომ გულის პირველი შეტევა დედის ნაჩქარევ გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა: ბალთაზარისთვის ზურგის შებრუნებას, მის უკუგდებას გულმა ვეღარ გაუძლო.
მეორე დღეს თხუთმეტი წლის ბიჭივით აღელვებული ბალთაზარი ოდეტის პალატაში შეიძურწა. ხელში ორი თაიგული ეჭირა.
- რა საჭირო იყო ორი თაიგული?
- ერთი ჩემგან, მეორე კი ანტუანის სახელზე.
- ანტუანის?
ბალთაზარი საწოლთან ჩამოჯდა და ოდეტს თბილი გამომეტყველებით მეუღლის ფოტოზე მიუთითა: - მე და ანტუანი ძალიან დავმეგობრდით. მან მიმიღო. ის მიიჩნევს, რომ საკმარისად მიყვარხართ, მისი პატივისცემა რომ დავიმსახურო. თქვენი მკურნალობის დროს გამომიტყდა, რომ ცოტა არ იყოს ნაჩქარევად გაიხარა. ეგონა, რომ მასთან შესახვედრად ემზადებოდით. შემდეგ კი საკუთარ თავს ტუქსავდა, მსგავსი ეგოისტური აზრი რომ მოუვიდა თავში. ამჟამად თქვენი და თქვენი შვილების გამო კმაყოფილებას გამოთქვამს, უკეთესად რომ გრძნობთ თავს.
- კიდევ რა გითხრათ?
- ის, რაც მითხრა, თქვენ არ მოუწონებთ.
ბალთაზარი მოწიწებითა და პატივისცემით ოდეტისკენ გადაიხარა და ჩასჩურჩულა: - თქვენი თავი მე მომანდო...
მთელი არსებით შეძრული ოდეტი ასლუკუნდა, თუმცა მალევე მოთოკა გრძნობები და ხუმრობაც სცადა: - ჩემი აზრით არ დაინტერესებულა?
- ანტუანი? არა, არ დაინტერესებულა. მიიჩნევს, რომ თქვენს თავში აზრები ძნელად იბადება.
ბალთაზარი კიდევ უფრო გადაიხარა ოდეტასკენ და ენით აღუწერელი სინაზით დასძინა: - მე მივუგე, რომ სავსებით ვიზიარებ მის შეხედულებას.
   ბოლოს და ბოლოს ისინი ერთმანეთს გადაეხვივნენ. უმალ კარდიოგრაფებიც აღელდნენ. გეგონება იმის გამო, რომ პაციენტს სიხარულისა და ბედნიერებისაგან გული შეეკუმშა, მთელი მოსამსახურე პერსონალის ფეხზე დაყენება გადაწყვიტესო.
ბალთაზარი ტუჩებს მოსწყდა, თვალი თვალში გაუყარა და წაიჩურჩულა: - დაწყნარდი, ოდეტ, დაწყნარდი.

ნახვა: 492

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters