ასტვაწ! ინჩუ ჰამარ!

Nodar Dumbadze, Inchu Hamar, Qwelly, Qwellyland, literature, novel, ნოველა, მოთხრობა, ნოდარ დუმბაძე, ქველი, ინჩუ ჰამარ

      ძია გევორქა უცებ მოკვდა. ჯერ ადგა სკამიდან, მარცხენა ხელი საფეთქელთან მიიტანა.

      - ბიჭო, მიტო, მგონი, მორჩა ყველაფერი... - მითხრა დაკარგული ხმით. მერე ისევ დაჯდა, ცას უზომოდ გაკვირვებული, გაფართოებული თვალები მიაპყრო, - ასტვაწ! ინჩუ ჰამარ, - თქვა სომხურად, ჭაღარა თავი ჭადრაკის დაფაზე დაუვარდა და გათავდა. ძლივს გამოართვეს ჩემი შავი დედოფალი ხელიდან.

      ძია გევორქა ასე ორმოცი, ორმოცდახუთი წლის კაცი იქნებოდა, ჩვენს ეზოში ცხოვრობდა ერთოთახიან ბინაში, ცოლთან და ქალიშვილთან ერთად. უსაშველოდ ლამაზი ქალიშვილი ჰყავდა, ნელი. სვანეთისუბნელმა ტრუპკა გოგიამ მოსტაცა ომის შემდეგ, წაიყვანა და წაიყვანა. ნელი მშობლების სანახავად კვირაობით მოდიოდა ხოლმე, ბებია ანეტასა და ბაბუა გევორქას შვილიშვილის ალერსით გააძღებდა და საღამოს კვლავ ქმრის ოჯახში ბრუნდებოდა.

      მე და დედას ცოტა შელაზღანდარებული, მაგრამ კეთილი მეზობლობა გვქონდა ძია გევორქასთან. საქმე ისაა, რომ როდესაც ტრუპკა გოგიამ გევორქას ნელი მოსტაცა, ჩემ გარდა არავინ გამოჰქომაგებია და გამოჰკიდებია, რაც ერთ ჩალილავებულ თვალად და ორ დამამცირებელ პანღურად დამიჯდა ჩემსავე ეზოში, სამაგიეროდ, ძია გევორქას და დეიდა ანეტას უსაზღვრო სიყვარული, ნდობა და სიმპათია დავიმსახურე. ეს სიმპათია, უპირველეს ყოვლისა, იმაში გამოიხატებოდა, რომ ძია გევორქა ჩემ გარდა ჭადრაკს არავის არ ეთამაშებოდა. ტურნირი თითქმის ყოველდღე ერთნაირად მიმდინარეობდა და თითქმის ერთნაირი ტექსტით. თეთრი ფიგურები მუდამ ჩემი იყო, ვთამაშობდით მუდამ სანაძლეოზე და მუდამ ორ ბოთლ საფერავზე თავისი „ზაკუსკით“, რომელშიც წითელი ბოლოკი დომინანტობდა. სამსახურიდან დაბრუნებული ძია გევორქა ისადილებდა თუ არა, ჯერ მკვდარ საათს გააკეთებდა, მერე ეზოში გამოვიდოდა პატიმარივით ჭრელ პიჟამოში გამოწყობილი და დედაჩემს ამოსძახებდა: - ღრმად პატივცემულო ბანოვანო, ქალბატონო ანიკო, თქვენი ცალტვინა კაპაბლანკა დაბრუნდა ლექციებიდან?!

      - დაბრუნდა, დაბრუნდა, - ჩასძახებდა დედა.

      - მაშინ ნახეთ, თუ შემოქმედებით სამუშაოში არ არის ჩვეულებისამებრ ჩაფლული, უთხარით, თქვენმა მეზობელმა ბოტვინიკმა გთხოვათ, იქნებ, დამდოთ პატივი, თქვენი ფასდაუდებელი დროის ოქროს ფონდიდან რამდენიმე წუთი გამოჰყოთ და...

      - ენა გაგიხმა, მაგ გაპრანჭული ქართულის სწავლას ერთი სიტყვა სომხური გესწავლა გერჩია, კაცი იქნებოდი, შე უბედურო, არც აქეთ რომ არ ხარ და არც იქით, - პასუხობდა დედა. მერე მე მეძახდა: - ჩადი, ბიჭო, ის შენსავით დაუსტვინე გეძახის.

      არ არსებობდა ქვეყნად ძია გევორქაზე ტკბილმოუბარი და საინტერესო მთხრობელი კაცი. ჭადრაკს ეზოში მეთამაშებოდა, ზედ თავის ოთახის კარებთან. ჩავიდოდი და უკვე გაწყობილ დაფას მივუჯდებოდი.

      - ბარო! - ვეტყოდი, თან ხელს გავუწევდი.

      ხელს არ ჩამომართმევდა, დაელოდებოდა პირველ სვლას როდის გავაკეთებდი, მერე თვითონ გააკეთებდა საპასუხო სვლას, იმ სვლას რვეულში ჩაიწერდა და მხოლოდ და მხოლოდ შემდეგ ჩამომართმევდა ხელს და მიპასუხებდა: - გაგიმარჯოს, დავი-დაუბასე არ მოდის?

      - არა.

      - მეზობლებო, მოწმე იყავით, დავი-დაუბასე არ მოდის! - გააფრთხილებდა თავისი საქმით გართულ ეზოში მოფუსფუსე მეზობლებს, ისინიც თავს უქნევდნენ თანხმობის ნიშნად. ადრე მეზობლები ფუტკარივით გვესეოდნენ გარშემო, შემდეგ ჩვენი ჩხუბითა და ჭინჭყლით თავმობეზრებულები თანდათან ჩამოგვცილდნენ. იშვიათად თუ ვინმეს წასძლევდა ცნობისმოყვარეობა და ჩაერეოდა ჩვენს ჩხუბში, თორემ ისე მე და ძია გევორქა ეზოში სრული ავტონომიით ვსარგებლობდით, რაც ერთი მხრივ ძალიან გვსიამოვნებდა კიდევაც.

      - ამხანაგო გევორქ ართავაზის ძევ, რატომ იწერთ სვლებს? - ვიწყებდი შარს.

      - წესია ასეთი!

      - მე რომ არ ვიწერ?

      - უნდა ჩაიწერო!

      - რომ არ ვიცი ჩაწერა?

      - ესე იგი, წერა-კითხვის უცოდინარი ხარ და უვიცი, ამიტომ მე სვლას ჩავიწერ, შენ კი ჯვარი დაუსვი ან თითის ანაბეჭდი გააკეთე.

      - თითის ანაბეჭდი გავაკეთო, რა პატიმარი ვარ? - სიტყვა პატიმარს გამორჩეულად, ხაზგასმით ვაკეთებ, რადგან ძია გევორქა ტყვედნამყოფია და იმ დღეების გახსენება ნერვებს უშლის. ამას ბოროტებით კი არ ჩავდივარ, ნერვებაშლილი ძია გევორქა ცუდ სვლებს აკეთებს ხოლმე და მოგების შანსი მიჩნდება, ამიტომ, რაც შემიძლია ვახელებ და ვახელებ.

      - აბა, აბა, ლაწირაკო, ნამიოკები არ იყოს, მე ხომ არ გეუბნები შენ პოლიტეკონომიაში, სახალხო მეურნეობის დაგეგმვაში, სტატისტიკაში, სამართალში და დიალექტიკურ მატერიალიზმში რომ ორები გყავს. - თითებზე ითვლის ჩემს საგნებს ძია გევორქა.

      - მაშ შენ სწავლობ ჩემ მაგივრად? მაშ კურსიდან კურსზე როგორ გადავდივარ?

      - მეც ეგ არ მიკვირს? - იცინის ძია გევორქა.

      - შენ ეგეთი სწავლა-განათლება სად მიიღე, ტყვეობაში? - ვეკითხები ძია გევორქას და თვალს თვალში ვუყრი.

      - რომელ ტყვეობაში! - სცრის კბილებში ძია გევორქა და აქეთ-იქით იყურება შეშინებული.

      - აი, იმ ტყვეობაში, ნავთლუღს რომ გასცდი და როსტოვამდე ორთავხელაწეული ვაშას მაგივრად ჰაილ ჰიტლერს რომ იძახდი, - ვეუბნები.

      - გევორქ, ბრძენი კაცი ხარ, არ აჰყვე ამ ლაწირაკს, თორემ ალიყურს გამოგტყუებს და ეგ საქციელი არ გეკადრება. - აფრთხილებს თავის თავს ძია გევორქა, თან ისეთ სვლას მიკეთებს, ტანში ჟრუანტელი მივლის.

      - ვააა, რა ქურთული სვლა გამიკეთა! - ვიფხან კეფას.

      - სომხური! - მისწორებს ძია გევორქა.

      - სამშობლოს მოღალატისაგან სხვა სვლას არც ველოდი!

      - რათა ვარ, ბიჭო, სამშობლოს მოღალატე? - ფეხზე დგება ძია გევორქა.

      - იმიტომ რომ ჰიტლერს ჩაბარდი.

      - მე მარტო?

      - შენ სხვებს რას უყურებ.

      - კი მაგრამ, სხვებთან ერთად რომ ვიყავი? შახ! რა უნდა მექნა, მაგ ფიგურას ხელი გაუშვი, ჩემია...

      - უნდა გამოსულიყავი და გეთქვა, ამხანაგო ჰიტლერო, მე ამ ლაჩრებს ვერ ავყვები, გარდეს რატომ არ მეუბნები?

      - მეფეს გარდეს ვინ ეუბნება, ბრიყვო? მერე, მერე?.. - მეკითხება ძია გევორქა და პასუხის მოლოდინში ისევ ჯდება.

      - დიახ, ვერ ავყვები და ჩემს ცაფირუზხმელეთზურმუხტოვან...

      - სულ პატარა, თითისტოლა მახსოვხარ, იქედან მოყოლებული სულ მაიმუნი ხარ, არაფერი შენში არ შეცვლილა, იმდენი დარვინის და მისი ევოლუციის დედა ვატირე, რამდენიც შენგან კაცი გამოვიდეს, - დასცინის დარვინს ძია გევორქა, - აქ არა ხარ Наглядное пособие, რა ევოლუციაცა ხარ? თფუ! - იფურთხება ძია გევორქა.

      - მაშ არადა, არა ხარ სამშობლოს მოღალატე! - არ ვეშვები.

      - სამშობლოს მოღალატე მაშინ ვიქნებოდი, ჰიტლერი გვერდზე რომ გამეყვანა და იუდასავით მეთქვა, ამხანაგო ჰიტლერო, ამხანაგი სტალინი გეთსამანიის ბაღში იმალება-მეთქი!

      - სადა, სადა? - მიკვირს მე.

      - ვაი, შე ერთუჯრედიანოო! - სინანულით იქნევს თავს ძია გევორქა.

      - მაშ არც დივიზიის მოღალატე ხარ?

      - არა!

      - არც ბატალიონის, არც ოცეულის, არც ათეულის? - მივსდევ ქისიმში.

      - კაცო, შარზე ხარ? თუ ვინმესთვის მიღალატნია, ისევ ჩემი ანეტასათვის, ისიც ერთჯერ ჩემ სიცოცხლეში, ისიც მივლინებაში, ისიც ქუთაისში და ისიც ოცი წლის წინ აფიციანტკასთან. გასაგებია?

      - არ არის გასაგები! - ვჯიუტობ მე.

      - ანეტა, ვიდრე ცოდვა ჩამიდენია და ბაღლინჯოსავით გამიჭყლეტია ეგ არამზადა, ორი ლიტრა და ზემბილი გამოუტანე, - გასძახა ცოლს გევორქამ.

      - ისევ წააგო? - ხითხითებს ოთახში დეიდა ანეტა.

      - იცინეთ, იცინეთ, ჩემი დროც მოვა! - ვემუქრები მე.

      - ჰოდა, ვიდრე მოვა, ანეტას შემოვევლე, ორი ლიტრიანი ჩაუწყვე ზემბილში...

      - გინდა ორი ჩამიწყვეთ, გინდა ხუთი, ფული არა მაქვს... - ვაფრთხილებ ძია გევორქას და ასადგომად ვემზადები.

      - დაჯეეე, - გაბმით მეუბნება ძია გევორქა და უზარმაზარ მუშტს თავზე მადებს. - მაინცდამაინც კაცის კვლაზე გინდა დამიჭირონ?

      - არ მაქვს, ვა, კაცი არა ხარ? შვილი არა გყავს? - ვისაწყლებ თავს.

      - შენისთანა შვილი რომ მყავდეს, დღეში სამჯერ მოვკლავ. ანეტა, ერთი თუმანი კიდევ ასესხე ამ უდღეურს ჩემს ანგარიშში... ბოლოკი კლარა ცეტკინზეა, პური ოცდახუთი თებერვლის ქუჩაზე, ხომ იცი, ოტელო პური მიყვარს, იაფია და გემრიელი, ღვინო #5, საფერავი უნდა იყოს...

      - რა მითხარი? - გამოდის კარებში დოინჯშემორტყმული ანეტა.

      - არაფერი, ანეტაჯან, ერთხელ კიდევ ასესხე თუმანი ჩემს ანგარიშში-მეთქი, - ხმა ეპარება ძია გევორქას.

      - თაღლითებო და გაიძვერებო, თქვენ მოატყუებთ ანეტა გიორგობიანს? ვერ მოგართვეს, ეხლა აქედან დამეკარგეთ ორივე, თორემ ხუთ ნომერს კი არა, ქეძაფსა და სტრიხნინას დაგალევინებთ, თქვე აფერისტებო, მე ხომ ვიცი, მოლაპარაკებულები ხართ და ფულებსა მცინცლავთ ყოველ კვირა, უკვე ას ოცი მანეთი მართებს ამ ყურფიჩორას, ჩემი შენს ანგარიშში.

      - რეებს გვაბრალებ, ქალო, არა გრცხვენია? - უკვირს ძია გევორქას.

      - მაშ რატომ ერთხელ ეგ არ მოიგებს და ერთხელ შენ არ წახვალ ღვინის მოსატანად? - ეკითხება ნიშნის მოგებით ანეტა.

      - ვა, ეგ ხომ იგივეა, ანეტაჯან, მე რომ წავაგო და მე რომ წავიდე ღვინის მოსატანად, ფული ხომ მაინც შენ უნდა გამოგართვა, სულზე უტკბესო? - უხსნის ძია გევორქა.

      - ვინც შენზე თქვა სომეხიაო, ანგარიშიანიაო, ფულის ყადრი იცისო, რატომ ენა არ გაუხმება, ეგ რა მოგებაა, ფული მე უნდა მივცე, ბოთლი მე უნდა მივცე, საუზმე მე უნდა გავუმზადო, ღვინო მე უნდა დავუსხა, თქვენ მარტო უნდა დალიოთ?! - ამბობს დეიდა ანეტა, თან მაგიდაზე წინდაწინვე გახაზირებულ თუმანს, ზემბილში ჩაწყობილ ბოთლებს დებს და ისე გვათვალიერებს მე და ძია გევორქას, ტრამვაის კონტროლიორი რომ ათვალიერებს ხოლმე უბილეთო მგზავრებს. მე და ძია გევორქა მორცხვად ვხრით თავებს.

      - წადი, ბიჭო, სანამ გადაუფიქრებია! - ჩურჩულით მეუბნება ძია გევორქა.

*

ღვინოს ყოველთვის სახლში ვსვამდით. საოცარი კია, რადგან არც წინასწარ დაგვითქვამს და არც ვინმე პირზე ხელს გვაფარებდა, მაგრამ როგორც კი სისხლისფერი ღვინით სავსე ჭიქას ავიღებდით ხელში, ბილწსიტყვაობა და ლაზღანდარობა თავისთავად ქრებოდა სადღაც და მის ადგილზე სევდა, მწუხარება, გულწრფელობა, იუმორი, ოცნება და სიყვარული მოდიოდა.

      პირველი სადღეგრძელო, რა თქმა უნდა, დეიდა ანეტასი და დედაჩემისა იყო. შემდეგი - მშობლებისა, შემდეგი - საქართველოსი და საქართველოს შემდეგ უცებ სომხეთისა. განსაცვიფრებელ რაღაცას ამბობს საქართველოზე ძია გევორქა.

      - თქვენი საქართველო, ჩემო მიტო, ძალიან ლამაზსა და ჯიშიან ბედაურსა ჰგავს, ოქროს უნაგირით შეკაზმულს, თქვენდა საუბედუროდ, ეგ ბედაური ისეთ ლამაზ მდელოზე და გამოსაჩენ ადგილზეა დაბმული, რომ ყველა გამვლელ-გამომვლელს უნდა შეაჯდეს, ლაგამი ამოსდოს და სარდლის ყიჟინითა და ვაშას ძახილით გააჭენ-გამოაჭენოს. გაჩენის დღიდან ეგრე იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, თვითონ არის ისეთი ფაქიზი და ფეთიანი, ყველა ნაძირალას არ იჯენს ზურგზე, მხოლოდ ღირსეულებს თუ შეისვამს ხოლმე და იმათაც თუ დაკარგეს ზომიერების გრძნობა, სულ კისრისტეხით გადმოაგდებს და დაანარცხებს დაბლა. შენ ჯერ ბავშვი ხარ და არ იცი, მე კი ძალიან ბევრი მინახავს ეგეთი... საოცარი ქვეყანაა ეგ თქვენი საქართველო და გაუმარჯოს.

      ახლა მე ხომ უნამუსო არა ვარ, ძროხა ხომ არა ვარ, ბალახს ხომ არ ვჭამ და პირუტყვი არა ვარ, ადამიანი ვარ და მეტყველი, მეც ხომ უნდა ვუთხრა რამე სასიამოვნო სომხეთზე ძია გევორქას? მაგრამ რომ არ ვიცი რა ვუთხრა? ამიტომ ენის ბორძიკით ვიწყებ: - ძია გევორქ, სასომხეთის ნაირი ქვეყანა მსოფლიოში არ არსებობს...

      - შენ რა იცი, შე მამაძაღლო, ნამყოფიც არა ხარ სასომხეთში, - იღიმება ძია გევორქა...

      - მერე რა, წამიკითხავს და მოყოლილიც მომისმენია. ჯერ ის რად ღირს, ეჩმიაძინი, მერე ის, კაცობრიობამ თავის მეორე ცხოვრება არარატის მთიდან რომ დაიწყო... - ძია გევორქას ცრემლიანი ლურჯი თვალები ზურმუხტივით უბრწყინავს. - მოკლედ, ერთი ნაკლი რომ არ გქონდეთ, უნაკლო ქვეყანა იქნებოდა.

      - რა ნაკლი? - დადარაჯებული მეკითხება ძია გევორქა და სავსე ჭიქას მაგიდაზე დგამს.

      - ზღვა არა გაქვთ, ძია გევორქ, ზღვა, - ვამბობ მე ტრაგიკული ტონით.

      - რაც მართალია, მართალია, - ოხრავს ძია გევორქა.

      - მაგრამ არა უშავს, სევანი ხომ გაქვთ - ზღვაა მა რა ოხრობააა?! - ვამხნევებ მე.

      - სევანი რა ზღვაა, ბიჭო, ერთი პორტი არ აქვს. - ცალყბად იღიმება ძია გევორქა.

      - თქვენც ააშენეთ ერთი პორტი სევანზე, დაარქვით Севанстополь და მორჩა... - ვატყობ, გულმოდგინებისაგან ნამეტანი მომივიდა.

      - ჰა, მაიმუნო, ლაზღანდარობა არ იყოს! - მაფრთხილებს ძია გევორქა, თან გულიანად იცინის და ახალ სადღეგრძელოს ამბობს.

      სესიისთვის ვემზადებოდი, ამიტომ ძია გევორქას იშვიათად ვხვდებოდი. ბოლო ერთი თვე კი არ ვიცი, ჩემი უყურადღებობით, არ ვიცი, თავად ძია გევორქას მოუცლელობით, საერთოდ არ შევხვედრივარ მას. გულახდილად რომ გითხრათ, ისე ვიყავი გართული მეცადინეობით, ძია გევორქა ამ ხნის მანძილზე არც გამხსენებია.

      ერთ დღეს სახლში ვიჯექი და მიწის სამართალს ვაკონსპექტებდი. დედაჩემი საერთო აივანზე იყო გასული, რაღაცას ხელსაქმობდა, თან მეზობლის ქალებთან ჭორების გაცვლა-გამოცვლით იყო გართული. უცებ ძია გევორქას ხმა გავიგონე, დედაჩემს ეძახდა, დღის პირველი საათი იქნებოდა. ამ დროს წესით სამსახურში უნდა ყოფილიყო.

      - ქალბატონო ანიკო, მიტუშა სახლშია?

      - სახლშია, გევორქ, მეცადინეობს!

      - უთხარით, რომ მოიცლის, ერთ წუთს ჩამოვიდეს! - სთხოვა ძია გევორქამ.

      - ჩადი, ბიჭო, რაღაც ფარცაგია გევორქას თავს, - შემოვიდა დედა ოთახში.

      - რაზე შეატყვე? - ვკითხე მე, კონსპექტი დავხურე და ავდექი.

      - რაღაც ადამიანურად და საწყლად დამელაპარაკა. - კიბეზე ჩავირბინე და გევორქას ოთახში დაუკითხავად შევედი. მაგიდას უჯდა, თან ჭადრაკის დაფა ჰქონდა გაწყობილი... დეიდა ანეტა სახლში არ იყო.

      - ბარო, ძია გევორქ! - ვუთხარი მოგონილი უდარდელობით.

      - გაგიმარჯოს, ბიძიკო, დაჯექი! - მიპასუხა ღიმილით, დავჯექი. - დღეს თეთრებით უნდა გეთამაშო, კონიაკზე. წავაგებ-მოვიგებ, მე ვყიდულობ, ყაბულსა ხარ? უნდა მაგრად დავთვრე, - მითხრა ძია გევორქამ და ვიდრე ვუპასუხებდი, სვლა გააკეთა.

      - ყაბულსა ვარ! - დავეთანხმე მე და საპასუხო სვლა გავაკეთე.

      - როგორა ხარ, ბიჭო, სესიების საქმე როგორა გაქვს? - მკითხა ძია გევორქამ.

      - ვემზადები, ჯერ არ დამწყებია.

      - მაინც როგორ ატყობ?

      - ჩემი დევიზი ხომ იცი, გევორქ, სამიანი და ჯანმრთელობა.

      - სწორად იქცევი...

      - ძია გევორქ, სვლებს რატომ არ იწერ, წერა-კითხვა ხომ არ დაგავიწყდა, ან დათრობა რატომ მაინცდამაინც კონიაკით გადაწყვიტე, ვითომ საფერავი არ გათრობს, თუ რა? - ვცადე ლაზღანდარობაზე გადასვლა, მაგრამ შევატყვე ძია გევორქა ლაზღანდარობის ხასიათზე არ იყო, სახე გაფითრებული ჰქონდა და ჩარბები ჩალურჯებული.

      - აზრი არა აქვს, შვილო, აზრი, - გამიღიმა ნაძალადევად, - კონიაკით დათრობა კი იმიტომ მინდა, რომ კონიაკი სატანის მოგონილია, გამოთიშვა იცის კაცის, ღვინო კეთილშობილია, ღვთიურია...

      - ეგ მართალია, ისეთი განსხვავებაა ღვინოსა და კონიაკში, როგორიც ცასა და დედამიწას შორის, - დავუდასტურე მე.

      - ეგეთი შედარება მეორეჯერ არ მოიყვანო. ცასა და დედამიწას შორის არავითარი განსხვავება და მანძილი არ არსებობს, ისე როგორც სხეულსა და სამოსელს შორის... ცა დედამიწის სამოსელია, ეგ სამოსელი კი სამყაროა, დედამიწა ხომ თავად ცაშია, ანუ სამყაროში, სამყარო კი ღმერთია, ღმერთი კი რა არის? ის მარადიული, რაშიც ყველაფერია და ყველაფერი ის, რაშიც თავად არის განივთებული, გასაგებია? - მკითხა ძია გევორქამ და თავზე ხელი გადამისვა.

      სუნთქვა შემეკრა, ასეთი გაუგებარი და ასეთი ჭკვიანი ძია გევორქა ჯერ არ მენახა და არც გამეგონა.

      - ვერაფერი ვერ გავიგე, ძია გევორქ, - ვუთხარი გულწრფელად.

      - ახლავე გაიგებ! - მითხრა გევორქამ და ისე ამაცალა კუ, თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი.

      - დამიბრუნე! - ჩავუვარდი მუხლებში.

      - წაიღე, დღეს მოწყალების დღეა! - თქვა ძია გევორქამ და კუ დამიბრუნა. თან ჩაიღიღინა.

      ჭიჭინაძე, შენ მოგიკვდეს ეგ თავი, რად გინდოდა ეგ ზაგესი ნეტავი, გაანათე ყველა ბნელი ქუჩები, დამიკარგე ჩემი გოგოს ტუჩები...

      ისე ტკბილად, ისე საამოდ, მსუბუქად და ლამაზად მღეროდა, გაკვირვებისაგან პირი დავაღე. ჩემს სიცოცხლეში პირველად გავიგონე ძია გევორქას სიმღერა.

      - ვააა! - აღმომხდა გაკვირვებულს.

      - მოგეწონა? - მკითხა ნასიამოვნებმა ძია გევორქამ.

      - ღმერთივით მღერი, ძია გევორქ, ამდენ ხანს სად იყავი, დალოცვილო!

      - ეგ რა კარგი რამ თქვი, ბიჭო, ღმერთივით მღერიო, ღმერთის სიმღერა ვის გაუგონია?

      - ნეტავი მართლა თუ მღერის ღმერთი? - ვკითხე ჩემს თავს, ოღონდ ხმამაღლა და მევე გავეცი პასუხი, - თუმცა ღმერთმა ვის უნდა უმღეროს, როდესაც მთელი ქვეყანა მას უგალობს და უმღერის.

      - ღმერთი თუ უმღერის, ალბათ, სამყაროს უმღერის! - თქვა ძია გევორქამ.

      - როგორ?

      - როგორ და ორ შაურად. თუ სამყარო ღმერთის შექმნილია და შვილია მისი, კიდეც უნდა უმღეროს, აბა ნანინას გარეშე შვილის გაზრდა ვის გაუგია, ბიჭო! - გაიცინა ძია გევორქამ. - ახლა რა ვქნა, მიტოჯან, მოგიკლა ეს სულელი დედოფალი თუ ისევ დაგიბრუნო?

      - ძია გევორქ, შენ ლოთიანად დღეს სამსახურში იყავი თუ ეკლესიაში?

      - რა იყო? - წარბი შეიკრა ძია გევორქამ.

      - ძალიან ბრძენი ხარ და დაღონებული. - ვუთხარი მე. ძია გევორქამ პაპიროსს მოუკიდა, დიდხანს აბოლა, თან ცისფერ კვამლს თვალს აყოლებდა, პაპიროსი რომ ბოლოში ჩაიყვანა და საფერფლეზე დააჭყლიტა, მხოლოდ შემდეგ მიპასუხა.

      - დღეს ისევ დამიძახეს, მიტო.

      - სადა, ძია გევორქ?

      - იქა, - თავი აიქნია ძია გევორქამ, - ტყვეობის თაობაზე.

      - კარგი რა, აღარ მორჩა?! - შევწუხდი მე.

      - როგორც ჩანს, არ მორჩა!

      - მაინც რა უნდა იმ შობელძაღლს?

      - ორ ბრალდებას მიყენებს, უფრო სწორად სამს. პირველი - ტყვედ როგორ ჩავარდიო, მეორე, თავი რატომ არ მოიკალიო, მესამე - მომღერალთა ანსამბლში რატომ მღეროდიო...

      - რომელ ანსამბლშიო? - გამიკვირდა მე.

      - აბა რა ვიცი, ქვის კარიერიდან რომ ვბრუნდებოდით ილაჯგაწყვეტილები, მე და ერთი რუსის ბიჭი, კოსტია სუვოროვი, დაღლილ ბიჭებს ვართობდით, ის ბალალაიკაზე უკრავდა, მე ვმღეროდი.

      ტაში-ტუში, ტაში-ტუში, Мадам попугай, ტაში-ტუში, ტაში-ტუში, Один рубль дай...

      ამას რუსებისათვის ვმღეროდით, ქართველებისათვის წეღან რომ გიმღერე, იმას, ღმერთი, ხატი, რჯული, გერმანელებისთვის არასდროს არაფერი არ მიმღერია, თვითონ გვიმღეროდნენ აქეთ სულიკოს. ახლა კი ეგ უსინდისო გადამკიდებია, გინდა თუ არა, გერმანელებისთვის მღეროდიო და ტყვედ როგორ ჩავარდიო, ვიცი და არ გეუბნები? ერთმა ქორია სერჟანტმა რომ შეგვრეკა ნავთლუღში საბარგო ვაგონში და კარი დაგვიკეტა გარედან, სამი დღის შემდეგ გერმანელებმა გაგვიღეს, მიდი ახლა და მოუყევი, როგორ ჩავარდი ტყვედ... თავი რატომ არ მოიკალიო, მქონდა რო იარაღი, ან რომ მქონოდა, თავის მოკვლა ეგრე ადვილია?.. - გევორქა ძიამ ისევ მოუკიდა პაპიროსს, ხელი უთრთოდა, - ვეუბნები, შვილო, რამდენი წლისა ხარ-მეთქი...

      - ვის?

      - ვისა და ჩემი ცოდვით სავსე გამომძიებელს.

      - რა გვარია?

      - ახლა გავიხსენებ, გვარი და სახელი ერთად აქვს...

      - ალექსი-მესხიშვილი!

      - არა.

      - გოგისვანიძე.

      - გამახსენდა, გიგიბერია, ჰოდა, ვეკითხები, რამდენი წლისა ხარ ეგეთი ჩქარი და მკაცრი რომ ხარ-მეთქი. შენი საქმე არ არისო, მეუბნება, სამ დღეში სამივე კითხვაზე თუ ამომწურავი პასუხი არ მოგიცია, მერე შენს თავს დააბრალეო.

      - მერე, დალოცვილო, მე რომ მიყვები აქ, იმას ვერ მოუყევი, როგორც იყო? - ავღელდი მე.

      - როგორ მოვყვე, ბიჭო, როდესაც ვუცქერ და შუბლზე დიდი ასოებით აწერია: Входа нет!

      - კიდევ რომ დაგიძახებს, მე წამიყვანე, - ვუთხარი მე აღშფოთებულმა. ძია გევორქას გაეცინა. - ნუ იცინი, მართლა გეუბნები, კიდევ რომ დაგიძახებს, მე წამიყვანე.

      - კარგი, შვილო, წაგიყვან, ოღონდ ახლა ეგ ცხენი და დედოფალი თავის ადგილზე დადე, ორივე შენია და როგორ კლავ?

      - ის მე ვიცი, როგორ ვკლავ! - ვთქვი უაზროდ და ფიგურებს ავურიე, - ძია გევორქამ აუღელვებლად, ძალიან მშვიდად და წყნარად თავიდან დააწყო ფიგურები.

      - ჰა, შეატყვე რომ აგებ და აურიე? მიდი, ითამაშე, ცხვირი ნუ ჩამოგიშვია, მთელი სამ დღე წინა გვაქვს... - მითხრა ძია გევორქამ, სვლა გააკეთა და ჩაიწერა, - ხომ ხედავ, სვლა ჩავიწერე. მიდი, რაღას უყურებ? - ძია გევორქა თითქოს გამოცოცხლდა, ფერი მიეცა, სახე წამოუწითლდა, წარბებიდან სილურჯე გაუქრა, ლაზღანდარობაც დამიწყო.

      - როგორ იყო, გამოცდაზე რომ გკითხეს მარქსის კაპიტალი ქართულად ვინ თარგმნაო და ენგელსმაო, რომ უთხარი... ჰა, მოყევი ერთი როგორ იყო?

      და უცებ ძია გევორქა ადგა, მარცხენა ხელი საფეთქელთან მიიტანა.

      - ბიჭო, მიტო, მგონი, მორჩა ყველაფერი... - მითხრა დაკარგული ხმით. მერე ისევ დაჯდა, ცას უზომოდ გაფართოებული, გაკვირვებული თვალები მიაპყრო, - ასტვაწ. ინჩუ ჰამარ... - თქვა სომხურად, ჭაღარა თავი ჭადრაკის დაფაზე დაუვარდა და გათავდა.

* * *

1950 წლის ივნისის თვის პირველი კვირის სამშაბათს დაკრძალეს ძია გევორქა, ნინოშვილის ქუჩის ორივე გამოსასვლელი და ყველა გზაჯვარედინი დღის თორმეტ საათზე დაიხურა. გლოვა დაიწყო. დეზერტირის ბაზარზე უამრავი თეთრი ვარდი შევიძინე და უზარმაზარი თაიგულით ხელდამშვენებული შევედი ჭირისუფლებით ალყადარტყმულ პატარა ოთახში. თაიგული იმდენად დიდი იყო, რომ სახე არ მიჩანდა, ამიტომ ჭირისუფალმა ჯერ ვერ მიცნო, მაგრამ როდესაც კუბოსთან მივედი, დავიხარე, თაიგული ძია გევორქას ფეხებთან დავდე და წელში გავიმართე, ისეთი კივილი ატყდა, გული ჯერ გადამიბრუნდა, მერე ამიჩუყდა და გალახული ბავშვივით ავქვითინდი.

      - მამიკო, ნახე, მიტუშას როგორ ყვარებიხარ, რამდენი ვარდები მოგიტანა... - მიატირა ნელიმ.

      - მოდი, მოდი, შე უბედურო, - ჩამოართვა სიტყვა ქალიშვილს დეიდა ანეტამ. - მოდი, შე მშიერო, უსტიპენდიო, უსახსრო და წაგებულო, მოდი, ძველებურად ეთამაშე ჭადრაკი და შახს რომ ვეღარ გეტყვის, ხომ მიხვდები, რომ აღარა გყავს შენი ძია გევორქააა... ადექი, გევორქ და ჰკითხე, სად იშოვა ამდენი ვარდის ფული ამ უბედურმა, მე ხომ ვიცი, რომ თითო სამი მანეთი ღირს ბაზარშიიი, მოუყევი, ბიჭო, მოუყევი. ნუ გრცხვენია, მოუყევი შენს ძია გევორქააას... - ჩამოიხოკა ლოყა დეიდა ანეტამ. ჯერ ნელის ჩავეხუტე, მერე დეიდა ანეტას და ეზოში გავედი თვალებ და თავგასიებული.

      გახდა სამი საათი. ხალხი აჩოჩქოლდა და გამოჩნდა კარებში ნათესავების მიერ ისე მაღლა ატაცებული ძია გევორქა, გეგონებოდათ, მიჰყავთ კი არა, თვითონ მიაბიჯებსო ჰაერში.

      - არ წახვიდე, მამიკო... - ემუდარებოდა ნელი.

      - არ დამტოვო, გევორქ! - ეხვეწებოდა დეიდა ანეტა, მაგრამ ძია გევორქას გაჩერება აღარ შეიძლებოდა. იგი მოდიოდა და მოდიოდა.

      პროცესიამ ხელმარცხნივ შეუხვია, ვენდისპანსერს რომ გავცდით და კონსტიტუციის ქუჩის აღმართს შევუდექით, უცებ სასტვენის გაბმული ხმა გაისმა. პროცესია შეჩერდა.

      - რაშია საქმე? - იკითხა განცვიფრებულმა პროცესიის ხელმძღვანელმა, გადამდგარმა პოლკოვნიკმა ვალერიან გაბისონიამ.

      - სად მიდიხართ?! - ახლა თავის მხრივ იკითხა, ჯერ კიდევ უწვერულვაშო და, როგორც შემდეგ გაირკვა, ახალბედა მილიციელმა.

      - ახლა ხალხის არ მრცხვენოდეს, მე გეტყოდი, სადაც მივდივართ, შე ბრიყვო, მაგრამ რას იზამ... ქორწილში მივდივართ ჩვენ... - ახალბედა მილიციელი შეცბა, მიხვდა, რომ სისულელე წამოცდა და „საიდან მოდიხართო“ იმის ნაცვლად „სად მიდიხართო“ იკითხა, მაგრამ უკან აღარ დაიხია.

      - ახლავე დაახურეთ! - თქვა მან.

      - რაო?! - გადაირია გაბისონია.

      - ახლავე კუბოს სახურავი დაახურეთ! - გაიმეორა ბრძანება მკაცრად მილიციელმა და რევოლვერის ცარიელ ბუდეზე ხელი დაიდო.

      - დაახურეთ, დაახურეთ, კარგ ცხოვრებაზე თვალი არ დარჩეს! - თქვა ვიღაცამ პროცესიაში. ვიღაცა მეორემ ისე ხმამაღლა გადაიხარხარა, მთელი პროცესია მისკენ მიბრუნდა.

      - ისტერიკაა, გაუვლის! - დაამშვიდა ვიღაც მესამემ ხალხი.

      - რას იზამ, დღევანდელი დღე შენია და დაგრჩეს, ხვალ კი ჩემი ხელით მიგათრევ პოლკოვნიკ ჭელიძესთან და პაგონებს, ენას და ყურებს ერთად აგახევ. - დაემუქრა მილიციელს ვალერიან გაბისონია, არ ვიცი, შეეშინდა, არ ვიცი, გაბრაზდა, ისე კი მილიციელი მიტკლისფერი გახდა, შებრუნდა და წავიდა.

      კუბოს სახურავი დაახურეს, ისევ აიტაცეს ხელში და პროცესია კუკიის სასაფლაოსაკენ დაიძრა.

      ის დრო იყო, თბილისში გვირგვინები და სასულე ორკესტრი მოდიდან გადადიოდა, ამიტომ ძია გევორქას პროცესიას უამრავ ყვავილთა შორის მხოლოდ ერთი გვირგვინი ამშვენებდა, რომელიც ორ ქურთ მუშას მიჰქონდა პროცესიის წინ, და რომელსაც სულისშემძვრელი წარწერა ჰქონდა.

      - ძვირფას გევორქ ართავაზის ძე ასლამაზოვს, ნინოშვილის ქუჩის ქალებისაგან.

      დიდი პატივი სცა საზოგადოებამ ძია გევორქას. მისი ცხედარი ნინოშვილის ქუჩიდან ვიდრე კუკიის სასაფლაომდე სულ ხელით ატარეს.

      საფლავზე სამი კაცი დავრჩით. მე და ორი მესაფლავე.

      ყველაფერს რომ მოვრჩით, ერთმა ბაწარი მკლავზე დაიხვია, გამოსკვნა, მხარზე გადაიკიდა და წასასვლელად მოემზადნენ.

      - ცოტა ხანს მოიცადეთ! - ვთხოვე მე და საფლავთან მიწაყრილზე ჩამოვჯექი. მესაფლავეებმა ერთმანეთს გადახედეს. მერე იარაღები დააწყვეს და უხმოდ ჩემს პირდაპირ მიწაზე დასხდნენ. მე ჩანთიდან ნახევარი კილო ძეხვი, ნახევარი კილო შავი პური, ორი ბოთლი კონიაკი და გათლილი პატარა ღვინის ჭიქა ამოვიღე.

      - ვინა ხარ შენ? - მკითხა ერთმა, რომელსაც ნიჩბები და წერაქვი უნდა წაეღო.

      - მე ეკონომიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის კომკავშირის კომიტეტის მდივანი, დიმიტრი ვლადიმერის ძე დარჩია ვარ. - ვთქვი და გავიღიმე.

      - მაგას არ გეკითხები, მიცვალებულის რა ხარ. - ხმა არ გავეცი, კონიაკის ბოთლი გავხსენი და ჭიქა გავავსე.

      - შვილი ხარ?

      - არა.

      - დისშვილი, ძმისშვილი, გერი...

      - არავინ არა ვარ, უბრალოდ, მეგობარი ვარ, მევალე...

      - ეგეთი რა ვალი დაგრჩა, შე კაცო, რომ ცოლ-შვილი წავიდა და შენ აქა ხარ? - მკითხა მეორე მესაფლავემ.

      - დიდი ვალი დამრჩა გადაუხდელი, სულ ბოლოს კი ეს ორი ბოთლი კონიაკი წავაგე, გადახდა ვერ მოვასწარი, ჭადრაკის თამაშის დროს ხელში ჩამაკვდა... ახლა მინდა გადავუხადო, შენ რა გქვია?

      - მე არტაშა მქვია, ამას თედო!

      - ჰოდა, თუ ჩემი ძმები ხართ, მომეხმარეთ ვალის გადახდაში, - ვთხოვე მე.

      - როგორ არ მოგეხმარებით, მაგრამ ორი ბოთლი კონიაკი ბევრია, დავთვრებით, ერთი დავლიოთ, ერთიც საფლავზე მოვასხათ, - თქვა თედომ.

      - მიუვა, რო? - ვკითხე მე.

      - როგორ არ მიუვა, აბა, მოიტა ეგ ბოთლი, - ჩამომართვა და საფლავზე დაამხო, - რა ერქვა მიცვალებულს?

      - ძია გევორქა.

      - ძია გევორქ, ღმერთმა სული გიცხონოს და ეგ კონიაკი გაამოს, მიიღეთ დიმიტრისაგან ვალი... კონიაკი რაკრაკით იღვრებოდა ბოთლიდან, ახალნაყარმა მიწამ სასწრაფოდ შეისრუტა კონიაკი, - ნახე როგორ მალე მიუვიდა, - თქვა თედომ, კმაყოფილმა გაიღიმა და ცარიელი ბოთლი დამიბრუნა.

      - ახლა ჩვენც დავლიოთ, - ვთქვი მე და სავსე ჭიქა ავწიე.

      - წეღან გითხარით, მაგ კაცის იმდენი ვალი მაქვს, ჩემს სიცოცხლეში ვერ გადავიხდი-მეთქი, არ იფიქროთ, რომ ფული მმართებს...

      - მა რა გმართებს, კაცო? - გაუკვირდა თედოს.

      - სიყვარული მმართებს...

      - აკი უხდი კიდევაც, - თქვა დუმილის შემდეგ არტაშამ, - ნეტავ ვინმე მე გადამიხდიდეს ეგრე ვალს.

      - ძია გევორქას გაუმარჯოს! - ვთქვი მოკლედ და უცებ გადავკარი. მერე მესაფლავეებს დავუსხი.

      - ღმერთმა აცხონოს, - თქვეს ორთავემ. პირჯვარი გამოისახეს და რიგრიგობით დალიეს.

      - არტაშ, - მივუბრუნდი უცებ მესაფლავეს, - სახელითაც და სახითაც გეტყობა, სომეხი ხარ, სომხური იცი?

      - მა რის სომეხი ვარ, თუ სომხური არ ვიცი, მე კი არა, თედომაც იცის, - მიპასუხა გაკვირვებულმა.

      - მაშ, თუ ძმა ხარ, მითხარი, სომხურად ღმერთი როგორ არი?

      - ჰა, კომსომოლა ვირისთავო, ქართულად რომ აგინებთ, ის არ გეყოთ, ახლა სომხურად გინდათ დაუწყოთ? - მკითხა არტაშამ და ცალყბად გაიღიმა.

      - არა, კაცო, ძია გევორქა რომ კვდებოდა, მომეჩვენა, რომ სიკვდილის წინ ღმერთს უთხრა რაღაც...

      - რაო, რა თქვა? - მკითხა დაინტერესებულმა არტაშამ და მუხლებზე წამოიწია.

      - ასტვაწ! ინჩუ ჰამარ!

      - მართლა ეგრე თქვა? - მკითხა გაკვირვებულმა არტაშამ, ისევ პირჯვარი გამოისახა. და არანაკლებ გაკვირვებულ თედოს გახედა.

      - რაო, რა უთქვამს. - სული შემეკრა პასუხის მოლოდინში და თედოს შევხედე.

      - ღმერთო, რისი გულისთვის?! - ჩურჩულით თქვა თედომ.

ნოდარ დუმბაძე
1983

ნახვა: 3883

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters