← დასაწყისი

   მატარებლიდან რომ გადმოვიდა ტორკის სადგურზე, ეშერსტი დაბნეულად გაჰყვა ქუჩას, რადგან ინგლისის კურორტთა ამ დედოფალს არ იცნობდა. სულაც არ ახსოვდა, ტანთ რა ეცვა, სრულიად ვერ გრძნობდა, როგორ გამოირჩეოდა იქაურ მოაგარაკეთა შორის და ქამრიან ტლანქ ქურთუკში, მტვრიან წაღებსა და მოთელილ ქუდში გამოწყობილი ვერ ამჩნევდა, რომ ხალხი, ცოტა არ იყოს, ამრეზით უყურებდა გზაში. ლონდონის ბანკის განყოფილებას ეძებდა; ოღონდ რომ იპოვა, პირველ დაბრკოლებასაც აქ წააწყდა და გუნება წაუხდა. ხომ არავის იცნობს იგი ტორკიში? არა? მაშინ, თუ დეპეშას გაუგზავნის ბანკს ლონდონში, იქიდან პასუხის მიღებისთანავე სიამოვნებით მიართმევენ ფულს. რეალური, საქმიანი სამყაროს ამ იჭვნეულმა სუნთქვამ ცოტა შეაკვეცა ფრთები მის ოცნებას. დეპეშა მაინც გაგზავნა. თითქმის ფოსტის პირდაპირ მანდილოსანთა ტანსაცმლით სავსე მაღაზია შენიშნა და უცნაური გრძნობით დაუწყო თვალიერება ვიტრინას. თავისი სოფლელი სატრფოსთვის სამოსის შეძენის საქმე არანაკლებ აღონებდა. შევიდა. ახალგაზრდა ქალი შემოეგება, ლურჯთვალა და ცოტა შუბლშეჭმუხნილი. ეშერსტი ხმაამოუღებლად მიაშტერდა. – რას მიბრძანებთ, ბატონო? – კაბა მინდა ახალგაზრდა ქალისთვის. ქალს გაეღიმა. ეშერსტი მოიღუშა – თავისი თხოვნის თავისებურება უცბად ძალიან ეცნაურა და თავში დასცეცხლა. ახალგაზრდა ქალმა სასწრაფოდ დასძინა: – როგორი გნებავთ – რაიმე მოდური? – არა, უბრალო. – რა მოყვანილობისაა ახალგაზრდა მანდილოსანი? – რა მოგახსენოთ. მგონი, თქვენზე ოდნავ დაბალი იქნება. – ხომ არ შეგიძლიათ მის წელის ზომა მითხრათ? მეგენის წელის! – ოჰ, ალბათ საშუალო! – კეთილი! სანამ გამყიდველი ქალი კაბებს არჩევდა, ეშერსტი ნირწამხდარი ათვალიერებდა ვიტრინაში გამოკიდებულ ნიმუშებს და უცბად დაუჯერებლად ეჩვენა, რომ მეგენი, მისი მეგენი, უხეში ჭრელი შალის კაბის, ტლანქი ხალათისა და ცისფერი ბერეტის გარდა, რომელთაც მან თვალი შეაჩვია, ოდესმე სხვა რამეს ჩაიცვამდა ან დაიხურავდა. ყმაწვილი ქალი მობრუნდა, მკლავზე გადაკიდებული რამდენიმე კაბა მოიტანა და ეშერსტი უცქერდა, როგორ იზომებდა იგი მათ თავის მოდურ ფიგურაზე. ერთი კაბა მოეწონა, ფერით მომტრედისფრო-მონაცრისფრო, ოღონდ ვერა და ვერ წარმოიდგინა იმაში გამოწყობილი მეგენი. ახალგაზრდა ქალი კვლავ გაბრუნდა და კიდევ მოიტანა სხვები. მაგრამ ეშერსტი ახლა როგორღაც თითქოს გამოშტერდა და დამბლა დაეცა. როგორ აარჩიოს? მეგენს ხომ ქუდიც უნდა, ფეხსაცმელიც, ხელთათმანიც: და ვთქვათ, კიდეც რომ შეეძინა ყველაფერი, ისინი ხომ გააუბრალოებდნენ და გააერთფეროვანებდნენ მის სატრფოს, როგორც საკვირაო სამოსი აერთფეროვნებს სოფლელებს! რატომ არ შეიძლებოდა, როგორც იყო ჩაცმულ-დახურული, ისე ემგზავრა მეგენს? ოჰ! მაგრამ უფრო თვალში საცემი იქნება და ეს ხომ მართლაც ქალის მოტაცება იყო! მერმე მიაჩერდა ახალგაზრდა ქალს და გაიფიქრა: „ნეტავი თუ ხვდება და არამზადა თუ ვგონივარ?“ – ხომ ვერ გადამიდებდით იმ ნაცრისფერს? – წარმოთქვა ბოლოს სასოწარკვეთილმა. – ახლა ვერ გადამიწყვეტია. ნაშუადღევს შემოვივლი კიდევ. ახალგაზრდა ქალმა ამოიოხრა. – ოჰ, ბატონი ბრძანდებით! ძალიან მოხდენილი კოსტიუმია. არა მგონია, ამაზე უკეთესი იშოვოთ რაიმე. – არც მე მგონია, – წაიბუტბუტა ეშერსტმა და გარეთ გამოვიდა. ამქვეყნიურ, რეალურ სამყაროს იჭვნეულობას რომ ისევ დააღწია თავი, ღრმად მოითქვა სული და კვლავ თავის სანუკვარ ოცნებებს დაუბრუნდა. თვალწინ წარმოუდგა წრფელი, ტურფა არსება, რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლე უნდა დაეკავშირებინა მისთვის; წარმოიდგინა, როგორ გამოიპარებოდნენ ღამით და მთვარიანში გადალახავდნენ ეწერს. მას ცალი ხელი სატრფოსთვის ექნებოდა წელზე მოხვეული, ცალში მისი ახალი ტანსაცმელი ეჭირებოდა, ვიდრე შორს სადმე ტყეში რიჟრაჟზე მეგენი არ გაიძრობდა თავის ძველმანებს, არ გამოეწყობოდა ამ ახლებში და შორეული სადგურიდან ადრიანი მატარებლით არ წაიყვანდა მათ თავიანთი თაფლის თვის მოგზაურობაში; ვიდრე ლონდონი არ ჩაყლაპავდა მათ და სიყვარულის ოცნებანი მართლაც არ ახდებოდა. – ფრენკ ეშერსტ! რაგბის შემდეგ თვალი აღარ მომიკრავს შენთვის, ძმობილო! ეშერსტს შუბლი გაეხსნა – მას შემოსცქეროდა ცისფერთვალებიანი, მზით გარუჯული სახე; ერთი ისეთი სახეთაგანი, რომელსაც შინაგანი და გარეგანი მზე თანაბრად, შეწყობით ასხივოსნებს, და თვითონაც მიაძახა: – ოჰ, ფილ ჰოლიდეი ხარ? – რას აკეთებ აქ? – ეჰ, არაფერს! ვათვალიერებ აქაურობას და ფულს ვუცდი. ისე ეწერში ვბინადრობ გლეხთან. – სად საუზმობ? წამო და ჩვენთან ისაუზმე. მე ჩემი პატარა დებით ვარ აქ. მათ წითელა მოიხადეს. მეგობარმა ალერსიანად მოხვია ხელი და ეშერსტიც გაჰყვა. აიარეს სერი, ჩაიარეს ფერდობი, გასცდნენ ქალაქს, ხოლო ჰოლიდეის ხმა, გაჟღენთილი ისეთივე ხალისით, როგორც მისი სახე – მზით, უხსნიდა, რომ „ამ დამყაყებულ ადგილას მხოლოდ ბანაობა და ნიჩბოსნობა თუ ღირს რამედ“. ასე განაგრძობდნენ გზას, ვიდრე არ მიაღწიეს ზღვისგან ცოტა მოშორებით, შემაღლებულ ადგილას რკალივით განლაგებულ სახლებს და მათ შუაგულში კი – სასტუმროს. – შემოდი ჩემს ოთახში და დაიბანე. საუზმე თვალის დახამხამებაში იქნება.

   ეშერსტმა საკუთარი სახე შეათვალიერა სარკეში. ფერმის საწოლი ოთახის ერთი სავარცხლისა და უკანასკნელ ორ კვირას ორიოდე პერანგით იოლად გასვლის შემდგომ, ტანსაცმლითა და ნაირ-ნაირი ჯაგრისით ამოხორილი ეს ოთახი დიდ ფუფუნებად ეჩვენა და თავში გაუელვა: „უცნაურია. კაცი ვერ წარმოიდგენს...“, მაგრამ რას ვერ წარმოიდგენდა კაცი, თვითონაც არ იცოდა კარგად. სასტუმრო ოთახში რომ გაჰყვა ჰოლიდეის სასაუზმოდ, სამი ქერა, ცისფერთვალება, თეთრი სახე შემოეფეთა უცბად, როცა მისმა ამხანაგმა შესძახა: – ეს გახლავთ ფრენკ ეშერსტი – ესენი კი ჩემი პატარა დაიკოები არიან! ორნი მართლაც პატარები იყვნენ, დაახლოებით თერთმეტისა და ათისა. მესამე კი ჩვიდმეტიოდე წლისა იქნებოდა – მაღალი, ტანადი, ისიც ქერათმიანი; მის ვარდისფერ ღაწვებს ოდნავ შეჰპარვოდა მზე. წარბები, თმაზე უფრო შემუქებული, ცოტა აპრეხოდა. ხმა სამთავეს, ჰოლიდეის მსგავსად, წკრიალა, მაღალი და ხალისიანი ჰქონდა. ყველანი წამოდგნენ, მკვირცხლად ჩამოართვეს ხელი ეშერსტს, კრიტიკულად შეავლეს თვალი ყმაწვილს, მერმე კვლავ მსწრაფლ დასხდნენ და განაგრძეს ლაპარაკი, ნაშუადღევს რა ვქნათო. ნამდვილი დიანა გახლდათ თანმხლები ნიმფებითურთ! ფერმაში ყოფნის შემდეგ ეს მკაფიო, კილოიანი, გაცხარებული ლაპარაკი; ეს თავდაჭერილი, ფაქიზი, ძალდაუტანებელი სინატიფე პირველად ეხამუშა, მერე კი ისე ბუნებრივად ეჩვენა, რომ ის გარემო, საიდანაც ახლახან ჩამოვიდა, უცბად ძალიან შორეულ მოგონებად დარჩა. უმცროსებს, ეტყობოდა, საბინა და ფრიდა ერქვათ, უფროსს – სტელა. ანაზდად სწორედ საბინა მოუტრიალდა ეშერსტს და უთხრა: – იცით რას გეტყვით! მოდით თქვენც ჩვენთან წამოდით კრევეტების საჭერად!.. ძალიან სასეირო რამეა! ამ მოულოდნელი მეგობრული გამოსაუბრებით სახტად დარჩენილმა ეშერსტმა დაბნევით წაიბურტყუნა: – ვშიშობ, უკან დაბრუნება მომიწევს ნაშუადღევს. – ოჰ! – განა გადადება არ შეგიძლიათ? ეშერსტმა პირი იბრუნა ახალი მოსაუბრისკენ, სტელასკენ, თავი გააქნია და გაიღიმა. იგი ძალიან ლამაზი იყო! საბინამ დანანებით ჩაილაპარაკა: – როგორმე რომ შეძლებდეთ! – საუბარი სწრაფად გადავიდა ქვაბულებსა და ცურვაზე. – შორს შეგიძლიათ ცურვა? – დაახლოებით ორ მილზე. – ოჰო! – რას ამბობთ! – რა კარგია! მასზე დაკვირვებით მიჩერებულმა სამმა წყვილმა ცისფერმა თვალმა საკუთარი ღირსების გრძნობა შემატა; საამოდ მოუღიტინა გულში. ჰოლიდეიმ უთხრა: – რას გეტყვი! შენ, მოკლედ, უნდა დარჩე და იბანაო. გირჩევნია, ღამე აქ გაათიო. – დიახ, კარგი იქნება! მაგრამ ეშერსტმა კვლავ გაიღიმა და გააქნია თავი. მერე უცბად დაუწყეს სპორტული წარმატების ამბების გამოკითხვა. აღმოჩნდა, რომ იგი იყო უნივერსიტეტის ნიჩბოსანთა გუნდის წევრი, თამაშობდა უნივერსიტეტის ფეხბურთელთა ნაკრებში, გაიმარჯვა ერთ მილზე სირბილში და სუფრიდან უკვე ერთგვარი გმირის სახით წამოდგა. პატარა გოგონებმა დაუჟინეს, „ჩვენი“ გამოქვაბული უნდა გაჩვენოთო, და გაუდგნენ კიდეც გზას – პატარებმა შუაში მოიქციეს ეშერსტი და აქედან და იქიდან კაჭკაჭებივით არ ასვენებდნენ ტიკტიკით; სტელა და მისი ძმა კი ცოტა უკან მოსდევდნენ. გამოქვაბულს, ყველა სხვა გამოქვაბულივით ნესტიანსა და ჩაბნელებულს, ერთი დიდი უპირატესობა მოეპოვებოდა – შიგ გუბე იდგა და იქ ისეთი სულიერების დაჭერა შეიძლებოდა, რომელთაც ბოთლებში ჩასვამდნენ. საბინამ და ფრიდამ, რომელთაც წინდები არ ეცვათ მზით გარუჯულ კოხტა კანჭებზე, ღიჭინი დაუწყეს ეშერსტს, შემოდით ჩვენთან ერთად შუაგულში და გვიშველეთ წყლის მოჩხრეკაო და მალე მართლა იმანაც გაიძრო წაღები და წინდები. ვისაც სილამაზის შეგრძნება გააჩნია, მისთვის მსწრაფლ გადის დრო, როცა გუბეში ლამაზი ბავშვები დგანან, ნაპირზე კი ახალგაზრდა დიანაა, რომელიც აღტაცებითა და გაოცებით იღებს ყველაფერს, რასაც შენ დაიჭერ და მიართმევ. ეშერსტს არც არასოდეს გააჩნდა დროის გრძნობა! ჰოდა თავზარი დაეცა, როცა საათი ამოიღო და ნახა, რომ სამს კარგა ბლომად გადასცდენოდა. დღეს უკვე ვეღარ გაანაღდებდა ჩეკს – მის მისვლამდე ბანკის განყოფილება დაიკეტებოდა. პაწიები ყურადღებით აკვირდებოდნენ მისი სახის გამომეტყველებას და ერთხმად შესძახეს: – ვაშა!.. ახლა კი უნდა დარჩეთ! ეშერსტს კრინტი არ დაუძრავს. მეგენის სახე თვალწინ წარმოუდგა, როცა საუზმეზე წაუჩურჩულა: „ახლა ტორკის მივდივარ, ძვირფასო, რომ ყველაფერი გიყიდო. ამ საღამოს დავბრუნდები.

   თუ კარგი ამინდი იქნა, ამაღამვე შეგვიძლია წასვლა. მზად იყავი“. კვლავ გაახსენდა, როგორი თრთოლვით ისმენდა იგი მის სიტყვებს. ახლა რას იფიქრებს მეგენი? უცებ გამოერკვა, რადგან ანაზდად იგრძნო გუბის პირას მდგარი ამ სხვა ქალწულის, ასე მაღალი, ტანადი, ქერა, დიანასებური ქალწულის მშვიდი, დაკვირვებული მზერა; ოდნავ აპრეხილ, გადაკალმულ წარბებს ქვეშიდან მეოცნებე ცისფერ თვალებს რომ არ აშორებდა მას. რომ იცოდნენ, რა უტრიალებდა ახლა თავში; რომ იცოდნენ, სწორედ ამ საღამოს რა განზრახვა ჰქონდა!.. ჰოდა, ალბათ ერთი ზიზღით შესძახებდნენ და მარტოდმარტო დააგდებდნენ მას ამ გამოქვაბულში. და წყენის, ბოღმის, სევდის, სირცხვილის რაღაც უცნაური შერეული გრძნობით ჩაიდო ჯიბეში საათი და მკვეთრად თქვა: – ჰო, მოვტყუვდი დღეს! – ვაშა!.. ახლა კი შეგიძლიათ ჩვენთან ბანაობა. შეუძლებელი იყო, ცოტათი მაინც არ დაეთმო კაცს ამ მშვენიერი ბავშვების კმაყოფილი სახეებისთვის, სტელას ბაგეზე აბღეჭდილი ღიმილისთვის, ჰოლიდეის შეძახილისთვის „ჩინებულია, ჩემო ძმაო! მე გათხოვებ საღამისო რამეებს!“ მაგრამ ეშერსტს კვლავ მოაწვა ყელში ბოღმა, სინდისის ქენჯნამ შეაწუხა და პირქუშად წარმოთქვა: – დეპეშა უნდა გავგზავნო! გუბეში ჭყუმპალაობით გულგაჯერებულნი სასტუმროსკენ გაუდგნენ გზას. ეშერსტმა თავისი დეპეშა ქალბატონ ნარაკუმის სახელზე გაგზავნა: „სამწუხაროდ, ღამე დარჩენა მიხდება, დავბრუნდები ხვალ“. უეჭველია, მეგენი მიხვდება, რომ ბევრი საქმე გამოუჩნდა აქ და ცოტა გულს მოეშვა. ჩინებული ამინდი იდგა. თბილოდა, ზღვა წყნარად, ლურჯად ლივლივებდა – ეშერსტს ხომ ცურვა გატაცებით უყვარდა! სიამოვნებდა, ლამაზი ბავშვები რომ შესციცინებდნენ; კმაყოფილებით უცქერდა მათ, სტელას, ჰოლიდეის შუქიან სახეს. კმაყოფილებით ეს ოდნავ არარეალურად, თან უკიდურესად ბუნებრივად ეჩვენებოდა, თითქოს ნორმალურ ყოფაში უკანასკნელად იხედებოდა ცალი თვალით, რათა მეგენთან ერთად სულ სხვა ცხოვრებაში ჩაყურყუმალავებულიყო. ეშერსტმა წამოიღო ნათხოვარი საბანაო სამოსი და ყველანი ზღვისკენ გაემართნენ. ჰოლიდეიმ და მან ერთი კლდის უკან გაიხადეს, სამმა გოგონამ – მეორის უკან. ეშერსტი პირველი შევარდა ზღვაში და სწრაფად გაცურა დიდი რიხით, რომ კარგი მცურავის სახელი გაემართლებინა. როცა მობრუნდა, თვალი მოჰკრა, რომ ჰოლიდეი ნაპირის გასწვრივ მიცურავდა, ხოლო გოგონები დაბალ ტალღებში ჭყუმპალაობდნენ, ყვინთაობდნენ და ყელყელაობდნენ იმნაირად, რასაც ჩვეულებრივ იგი ამრეზით უყურებდა წინათ, მაგრამ ახლა ლამაზად და მომხიბვლელად ეჩვენა, ვინაიდან მათ შორის ღრმა წყლის დიდრონი თევზივით გამოირჩეოდა. ახლოს რომ მიცურდა, იფიქრა, ეგებ არც ესიამოვნოთ თავიანთ მოჭყუმპალავე გუნდში უცხოს გარევაო; ერიდებოდა იმ ნაზ ნიმფასთან მიახლოება. მერე საბინამ სთხოვა, ცურვა მასწავლეო და პატარა გოგონებმა იმდენი საქმე გაუჩინეს, რომ დროც აღარ დარჩენია შეენიშნა, სტელა შეეგუა თუ არა მის იქ ყოფნას. უცებ სწორედ მისი შეშინებული ხმა მოესმა. იგი წელამდე შესულიყო წყალში; ცოტა გადახრილს ნატიფი, თეთრი ხელები წინ გაეშვირა. სველი სახე მზისა და შიშისაგან დამანჭოდა. – შეხედეთ ფილს! რა დაემართა? ხომ არ უჭირს? ოჰ, შეხედეთ! ეშერსტმა მაშინვე დაინახა, რომ ფილის საქმე ვერ იყო კარგად. იგი ნაპირიდან ასიოდე იარდზე ფართხალებდა და იბრძოდა ღრმა წყლიდან გამოსასვლელად. უცბად შეჰყვირა, მაღლა აისროლა მკლავები და ჩაიძირა. ეშერსტმა შენიშნა, ქალიშვილმა როგორ გაიწია ძმის მისაშველებლად და მიაძახა: – სტელა, დაბრუნდით! დაბრუნდით! თვითონ კი წინ გადაეშვა. ასე სწრაფად ჯერ არასოდეს ეცურა და ჰოლიდეის მაშინ მისწვდა, როცა იგი მეორედ ამოაგდო ტალღამ. კრუნჩხვა მოსვლოდა, მაგრამ მისი სამშვიდობოს გამოყვანა არ გაძნელებია, რადგან ყმაწვილი არ გასძალიანებია. ეშერსტის შეძახილით ერთ ადგილას გაშეშებული სტელა მაშინვე მიეშველა, როგორც კი იქამდე მიაღწიეს და რაკი ნაპირს გაიყვანეს, ორივე მხრიდან ამოუდგნენ და დაუწყეს ფილს ტანის ზელა, ხოლო დამფრთხალი პატარები თავს ადგნენ. ჰოლიდეიმ მალე გაიღიმა. სწორედ საძაგელი, საძაგელი საქმე ჩავიდინეო, თქვა მან. თუ ფრენკი ხელს შეაშველებდა, შეეძლო ახლა ჩინებულად მიეღწია თავის ტანსაცმლამდე. ეშერსტმაც შეაშველა მკლავი და ამ დროს ჰკიდა თვალი სტელას სახეს – სველს, ალეწილს და ცრემლიანს, სრულიად რომ დაჰკარგოდა ძველი მშვიდი, თავშეკავებული იერი და გაიფიქრა: „მე სტელა დავუძახე! ნეტავი ხომ არ ეწყინა?“ რომ იცვამდნენ, ჰოლიდეიმ წყნარად ჩაულაპარაკა: – სიკვდილს გადამარჩინე, ძმაო! – სისულელეა! ჩაცმულნი, მაგრამ ჯერ კიდევ აფორიაქებულნი, ყველანი სასტუმროსკენ გაემართნენ და ჩაის სუფრას მიუსხდნენ ჰოლიდეის გარდა, რომელიც თავის ოთახში წამოწვა. მურაბიანი პურის რამდენიმე ლუკმის შემდგომ საბინამ ბრძანა: – იცით, რა გითხრათ, თქვენ ნამდვილი ვაჟკაცი ხართ! ფრიდამაც კვერი დაუკრა. – სწორედ! ეშერსტმა შენიშნა – სტელას თვალები დაეხარა. დარცხვენილი ჭაბუკი ადგა და ფანჯარას მიადგა. იქ ჩაესმა ყურში საბინას ჩურჩული. – რას გეტყვით! მოდით სისხლით გავეფიცოთ! სად არის შენი დანა, ფრიდა? და ცალი თვალით შეამჩნია, სამთავემ როგორ დაიჩხვლიტა საზეიმოდ თითები, გამოიწურეს სისხლი და დააწვეთეს ქაღალდზე. ეშერსტმა პირი იბრუნა და გარეთ გასვლა დააპირა. – ნუ ჯიუტობთ! არ წახვიდეთ! მკლავები დაუჭირეს და პატარა გოგონებმა მაგიდასთან დააბრუნეს დატყვევებული. ზედ ქაღალდის ნაჭერი იყო, რომელზედაც სისხლით გამოხეატათ რაღაც გამოსახულება და აგრეთვე სისხლით დაწერილი სამი სახელი და გვარი – სტელა ჰოლიდეი, საბინა ჰოლიდეი და ფრიდა ჰოლიდეი – ვარსკვლავის ქიმებისებურად უკავშირდებოდნენ იმ გამოსახულებას. საბინამ მოახსენა: – ეს თქვენ ხართ. ხომ იცით, ახლა უნდა გაკოცოთ! ფრიდამაც ბანი მისცა: – ოჰ, აბა, რასაკვირველია! და სანამ ეშერსტი თავის დაძვრენას მოასწრებდა, სველი თმა მოელამუნა სახეზე და რაღაც კბენის მსგავსი იგრძნო ცხვირზე; მარცხენა მკლავში უჩქმიტეს და ლოყაზეც კბილები აძგერეს მსუბუქად. შემდეგ ხელი უშვეს და ფრიდამ გამოაცხადა: – აბა, ახლა სტელას ჯერია! გაწითლებულმა და დაბნეულმა ეშერსტმა მაგიდის მეორე მხარეს მჯდარ ასევე გაწითლებულ და დაბნეულ სტელას გახედა. საბინამ ჩაიკისკისა, ფრიდამ კი შესძახა: – აბა, ჩქარა!.. თორემ სულ წახდება საქმე! უცნაურად დაირცხვინა უცბად ეშერსტმა, მაგრამ წყნარად კი თქვა: – ჩუმად, თქვე ჭინკებო! საბინამ კიდევ ჩაიკისკისა. – მაშინ სტელას შეუძლია თავის ხელს აკოცოს, თქვენ კი ამ ხელს ცხვირზე მიიდებთ. ეგ ცოტა მობრეცილი კი გქონიათ! ეშერსტის განსაცვიფრებლად, ქალიშვილმა მართლაც აკოცა თავის ხელს და გამოიწოდა მისკენ. იმანაც დარბაისლურად მიიდო ლოყაზე ეს გრილი, ნატიფი ხელი. პატარებმა ტაში დაუკრეს და ფრიდამ დასძინა: – ახლა, მაშ, ჩვენ უნდა გადაგარჩინოთ სიკვდილს ოდესმე – ეგ გადაწყვეტილი საქმეა! სტელა, ერთი ფინჯანი კიდევ დამისხი! ჩაის სმა განაგრძეს. ეშერსტმა დაკეცა ქაღალდი და ჯიბეში ჩაიდო. საუბარი ჩამოვარდა წითელის ჭირვების, მანდარინის და კოვზით თაფლის ჭამის, გაკვეთილებისგან თავისუფლად ყოფნისა და სხვათა უპირატესობასა და სარგებლობაზე. ეშერსტი ჩუმად უგდებდა ყურს მუსაიფს; თან მეგობრულად გადახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს ის და სტელა, რომლის სახემაც კვლავ მიიღო თავისი ჩვეული, ოდნავ მზედაკრული თეთრვარდისფერი იერი. სიამოვნებდა, ასე გულიანად რომ შეითვისა იგი ამ ჩინებულმა, ხალისიანმა ოჯახმა; მოხიბლული უჭვრეტდა მათ მხიარულ სახეებს. ნაჩაიევს პატარა გოგონები რომ წყალმცენარეებს აწყობდნენ გასახმობად ჰერბარიუმისთვის, ეშერსტმა სარკმელთან მიმჯდარ სტელასთან გააბა ბაასი და თან მის აკვარელებს ათვალიერებდა. ყველაფერი საამურ სიზმრად ეჩვენებოდა, მაგრამ დრო-ჟამი და ვითარება მოაგონდა; მდგომარეობის სირთულემ შეაჩქვიფა. ხვალ დაუბრუნდება მეგენს და მთელი ამ ამბებიდან, ბავშვების უმანკო სისხლით დაჯღაბნილი ჯიბეში ჩადებული ქაღალდის ნაგლეჯის გარდა სხვა აღარაფერი შემორჩება. ბავშვების? სტელა უკვე აღარ გახლდათ ბავშვი – მეგენის ტოლი იქნებოდა! მისი ლაპარაკი – აჩქარებული, ცოტა მკაცრი, პირდაპირი და მორცხვი, თან მეგობრული და ალერსიანი – თითქოს უფრო ენაწყლიანი ხდებოდა ყმაწვილის დუმილში და მის ირგვლივ რაღაც უბიწო კდემამოსილებისა და თავშეკავების განწყობილება სუფევდა. ნამდვილი მზეთუნახავი გახლდათ! სადილზე, რომელზედაც ჰოლიდეი კვლავ არ გამოსულა, რადგან ბევრი წყალი ჰქონდა ნაყლაპი, საბინამ განაცხადა: – მე ფრენკი უნდა დაგიძახოთ! ფრიდამ ბანი მისცა. – ფრენკ, ფრენკ, ფრენკი! ეშერსტს გაეღიმა და თავი დაუკრა. – რამდენჯერაც კი სტელა თქვენ ბატონ ეშერსტს გიწოდებთ, იმდენჯერ ჯარიმა უნდა გადაიხადოს. სასაცილოა „ბატონოს“ ძახილი! ეშერსტმა სტელას გადახედა, რომელსაც ნელ-ნელა აელეწა სახე. საბინამ გადაიკისკისა, ფრიდამ შესძახა. – სტელას ცეცხლი ეკიდება, ცეცხლი! ჰა-ჰა-ჰა! ეშერსტი გადაწვდა მარჯვნივ და მარცხნივ და ორივეს ქერა თმა ჩაბღუჯა მუჭებში. – ყური მიგდეთ ორივემ! – თქვა მან. – სტელას თავი დაანებეთ, თორემ ორივეს ერთმანეთზე გადაგაბამ! ფრიდამ წაიბურტყუნა: – უჰ, რა მხეცი ხართ! საბინამ უფრო მორიდებით თქვა: – თქვენ თვითონ ხომ სტელას ეძახით! – ვითომ რატომ არ უნდა დავუძახო? ჩინებული სახელია! – კეთილი, ჩვენ ნებას გაძლევთ! ეშერსტმა ხელი უშვა მათ თმას. სტელა! ნეტავი რას დაუძახებს სტელა ამის შემდეგ? მაგრამ ქალს არაფერი უწოდებია, ვიდრე დაძინების წინ განგებ არ უთხრა თვითონ. – ღამე მშვიდობისა, სტელა! – ღამე მშვიდობისა, ბატონო... ღამე მშვიდობისა, ფრენკ! ხომ იცით, ძალიან ვაჟკაცურად მოიქეცით დღეს! – ოჰ, რა სათქმელია! ქალმა სწრაფად ჩამოართვა ხელი, უცბად ოდნავ მოუჭირა და ასევე უცბად მოადუნა ხელის მოჭერა. ეშერსტი გაუნძრევლად იდგა ცარიელ სასტუმრო ოთახში. ჯერ კიდევ წუხელის, ქორფა, ახლად გაფურჩქნილი ყვავილების ქვეშ გულში ჰყავდა ჩაკონებული მეგენი და უკოცნიდა თვალებსა და ბაგეებს! და ყმაწვილმა გულამოსკვნით ამოიოხრა ამ ანაზდეულ მოგონებაზე. ამაღამ უნდა დაწყებულიყო ახალი ცხოვრება მასთან ერთად, ვისი ერთადერთი ნატვრა და ოცნებაც მხოლოდ მასთან ყოფნა იყო! ახლა კი ოცდაოთხმა საათმა და მეტმა უნდა განვლოს კიდევ, ვინაიდან საათზე დახედვა დაავიწყდა! რაღა ახლა დაუმეგობრდა ამ უმანკოთა ოჯახს, როცა უმანკოებასა და ყოველივე ამისთანა ამბებთან გამოსალმებას ეპირებოდა? „მაგრამ ხომ უნდა შევირთო იგი! – გაიფიქრა მან, – განა ასე არ ვუთხარი?“ ეშერსტმა აიღო სანთელი, აანთო და გაემართა თავისი საწოლი ოთახისკენ, რომელიც ჰოლიდეის ოთახს იქით მდებარეობდა. მეგობრის კარს რომ ჩაუარა, ჰოლიდეიმ გამოსძახა: – შენა ხარ, ფრენკ? შემოდი, თუ ძმა ხარ! საწოლში წამომჯდარიყო, ჩიბუხს ეწეოდა და კითხულობდა. – ერთ წუთს ჩამოჯექი. ეშერსტი ღია ფანჯარასთან დაჯდა. – ხომ იცი, დღევანდელ ამბავზე ვფიქრობდი, – თქვა ანაზდად ჰოლიდეიმ. – ამბობენ, მაშინ მთელი შენი წარსული თვალწინ გაგიელვებსო. მე კი არაფერიც არ მჩვენებია. მგონი, ჯერ კიდევ მთლიანად არ ვიხრჩობოდი და იმიტომ. – მაინც რაზე ფიქრობდი? ჰოლიდეიმ ცოტა ხანს იყუჩა და მერმე წყნარად თქვა: – ჰო, ერთი ამბავი მომაგონდა... ცოტა უცნაური... ერთი კემბრიჯელი გოგოსი; მე შემეძლო იმასთან, ხომ იცი... და გამეხარდა, რომ მისი ცოდვა არ დავიდე. ასეა თუ ისე ძმაო, შენ უნდა გიმადლოდე, აქ რომ ვწევარ. ახლა ალბათ ზღვის ფსკერზე ვიქნებოდი. არც ლოგინი მექნებოდა, არც თუთუნი, არც აღარაფერი. გამიგონე, როგორ გგონია, რა გვემართება ჩვენ სიკვდილის შემდგომ? ეშერსტმა წაიბუტბუტა: – სანთელივით ვქრებით, მე მგონი. – ფუჰ! – ჩვენ ვფარფატებთ და ეგებ ვცოდვილობთ ერთხანს მაინც. – ჰმ!.. მე მგონი, გვარიანი ბნელი საქმეა ეგ. რა გითხრა! ჩემი პატარა დები ხომ კარგად მოგექცნენ? – ძალიან კარგად! ჰოლიდეიმ დადო ჩიბუხი, კისერზე შემოიჭდო ერთმანეთს გადასკვნილი ხელები და სახე ფანჯრისკენ იბრუნა. – ურიგო ბალღები არ არიან! – თქვა მან. მწოლიარე მეგობარს რომ უყურებდა, მის ღიმილსა და სანთლის შუქის ციმციმს სახეზე, ეშერსტს გააჟრჟოლა. სრული ჭეშმარიტებაა! მართლაც შეიძლებოდა წოლილიყო იგი იქ ღიმილგამქრალი და სამარადისოდ წაშლოდა ეს შუქიანი იერი! შეიძლებოდა სულაც არ წოლილიყო იქ, არამედ ქვიშას დაეფარა იგი ზღვის ფსკერზე, როგორც იტყვიან, მეცხრე დღეს აღდგომისათვის ლოდინში! და ჰოლიდეის ეგ ღიმილი ანაზდად რაღაც სასწაულებრივად ეჩვენა, თითქოს მასში ყოფილიყო გამოხატული მთელი სხვაობა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის – მცირე ალის გაელვება და ეს არის ყველაფერი! ეშერსტი წამოდგა და ალერსიანად გადაულაპარაკა: – აბა, მე მგონი, ახლა შენ ძილი გჭირდება. ჩავაქრო? ჰოლიდეიმ ხელი ხელში ჩასჭიდა. – ხომ იცი, ვერ გამომითქვამს და დიდი საძაგელი რამ უნდა იყოს სიკვდილი. ღამე ნებისა. ძმაო! აღელვებულმა და გულაჩუყებულმა ეშერსტმა ხელი მოუჭირა და ქვემოთ დაეშვა. მთავარი კარი ჯერ კიდევ ღია იყო და სახლების წინ მოლზე გავიდა. ჩაბნელებულ ცის ლაჟვარდში ვარსკვლავები კაშკაშებდა და მათ შუქზე იასამანს ყვავილების ის უცნაური ფერი ედო ღამეში, რის აღწერაც არავის ძალუძს. ეშერსტმა სახე მიადო ყლორტს, თვალი დახუჭა და მეგენი წარმოუდგა, გულში ჩახუტებული პაწია წაბლისფერი ლეკვითურთ. „მომაგონდა ერთი გოგო, შემეძლო მე ის... ხომ იცი! და გამეხარდა, რომ მისი ცოდვა არ დავიდე!“ ეშერსტმა თავის აქნევით პირი მოარიდა იასამანს და ბოლთის ცემას მოჰყვა ბალახზე – იგი ნაცრისფერი აჩრდილივით დადიოდა და მხოლოდ თავსა და ბოლოში მდგარი ფარნების შუქზე თუ ისხამდა ხორცს. იგი კვლავ მეგენთან იყო ქორფა, ახლად გაფურჩქნილი, თეთრად მოქათქათე ყვავილების ქვეშ. იქვე მირაკრაკებდა ნაკადული, მთვარე ფოლადისფრად კიაფობდა საბანაო გუბეში. კვლავ განიცდიდა მის უმანკო, კდემამოსილი ვნებით აღგზნებულ ზეაწეულ სახეზე დაფრქვეულ კოცნათა ხიბლს, განიცდიდა იმ ღვთაებრივი ღამის მოუსვენარ ვნებათა ღელვასა და სილამაზეს. ეშერსტი ერთხელ კიდევ შედგა იასამნის ბუჩქის ჩრდილში. აქაური ღამე ნაკადულის ენით კი არ რაკრაკებდა, არამედ ზღვის ენით – მისი მძიმე ხვნეშითა და შხუილით. არც ჩიტების ხმა ისმოდა, არც ბუსი, არც თხაწოვიასი. მხოლოდ როიალი ჟღარუნებდა, თეთრი სახლები აჭრილიყვნენ ცაში ვეება რკალად და იასამნის სურნელი ავსებდა ჰაერს. სასტუმროს მაღლა სართულის ერთ განათებულ სარკმელში ეშერსტმა თვალი მოჰკრა ფარდის უკან მოძრავ ჩრდილს. ფრიად უცნაური გრძნობები უფორიაქებდა გულს, თავისებური დომხალი, ორომტრიალი იდგა მის გულში, რაც თავისთავად ერთ განცდად შეირწყა; თითქოს გაზაფხული და სიყვარული, გაოგნებულნი და თავზარდაცემულნი, გამოსავლის ძებნაში სულ გაბათილდნენ და გატრიზავდნენ. ეს ქალიშვილი, რომელმაც მას ფრენკი უწოდა და რომლის ხელმაც უცბად ოდნავ მოუჭირა მის ხელს ჩამორთმევის დროს, ეს გოგონა, ასე კდემამოსილი და უმანკო, რას იფიქრებს ასე დამთხვეული, უკანონო სიყვარულის ამბავზე? ეშერსტი ჩაეშვა ბალახში; სახლისკენ ზურგშექცეული, ფეხმორთხმით დაჯდა, გარინდებული, ვითარცა ბუდას ქანდაკება. ნუთუ მართლა აპირებდა უმანკოების შებღალვასა და მოპარვას? უყნოსო ველის ყვავილს და შემდგომ ალბათ მოისროლო შორს? „მომაგონდა კემბრიჯელი გოგო, მე რომ შემეძლო... ხომ იცი!“ ჭაბუკმა ორივე ხელისგული აქეთ და იქით დააჭირა ბალახს. იგი ჯერ კიდევ თბილი იყო, ოდნავ ნესტიანი, ნაზი, ქორფა და ალერსიანი. „რა უნდა ვქნა?“ გაიფიქრა მან. ეგებ ახლა მეგენი იჯდა კიდეც სარკმელთან, გაჰყურებდა ყვავილებით გადაპენტილ ბაღს და ოცნებობდა მასზე! საბრალო პატარა მეგენი! „საინტერესოა, რატომ? – გაიფიქრა მან. – მე მიყვარს იგი! მაგრამ განა მართლა ნამდვილად მიყვარს? თუ მხოლოდ მიზიდავს, რადგან ასე ტურფაა და მე რომ ვუყვარვარ? რა უნდა ვქნა?“ როიალი კვლავ ჟღარუნებდა, ვარსკვლავები კიაფობდნენ და ეშერსტი თითქოს მოჯადოებული გაჰყურებდა მის წინ გადაშლილ ჩაშავებულ ზღვას. ბოლოს წამოდგა – ფეხები დაბუჟებოდა, ცოტა შესცივნოდა კიდეც. სარკმელებში უკვე აღარსად ჩანდა შუქი. თვითონაც დასაწოლად შევიდა შინ. VIII ღრმა, უსიზმრო ძილიდან ეშერსტი კარზე დაკაკუნებამ გამოაფხიზლა. თან წკრიალა ხმამ შემოსძახა: – ჰეი! საუზმე მზად არის! წამოხტა. სად იყო?.. ჰო!.. ისინი უკვე მურაბას შეექცეოდნენ და ცარიელ სკამზე დაჯდა სტელასა და საბინას შორის, რომელმაც ერთხანს უყურა და მერე გადაულაპარაკა: – რას გეტყვით! ცოტა აჩქარდით! ათის ნახევარზე უნდა გავიდეთ! – ბერი-ჰედს მივემგზავრებით, ძმობილო, და შენც უნდა წამოხვიდე! ეშერსტს თავში გაუელვა: „წამოვიდე? შეუძლებელია! მე ხომ უნდა ნივთები ვიყიდო და უკან დავბრუნდე!“ სტელას შეხედა. იმანაც დასძინა: – წამოდით, რა! საბინამაც კვერი დაუკრა: – აბა, უთქვენოდ რა სეირი იქნება! ფრიდა წამოდგა და ზურგს უკან დაუდგა: – წამოდით, თორემ თმას მოგწიწკნით! ეშერსტმა გაიფიქრა: „ჰოდა, კიდევ ერთი დღე მაინც იქნება მოსაფიქრებლად!.. კიდევ ერთი დღე!“ და თქვა: – კარგი! ნუღა მომწიწკნი ფაფარს! – ვაშა!.. სადგურში მეორე დეპეშა დაწერა გასაგზავნად და მერე დახია, თვითონაც არ იცოდა, რატომ. ბრიქსემიდან ძალიან ვიწრო კარეტით იმგზავრეს. საბინასა და ფრიდას შორის ჩაკვეხებული ეშერსტის მუხლები სტელას მუხლებს ეხებოდა და თამაშითა და ლაღობით განაგრძობდნენ გზას. ეშერსტსაც გაუარა ზაფრიანობამ. მომხიარულდა. ამ კიდევ ერთ დამატებით მოსაფიქრებელ დღეს სულაც არაფრის ფიქრი აღარ ნებავდა! ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სირბილში, ჭიდაობდნენ, სეირნობდნენ ნავით, რადგან ბანაობის გული დღეს არავის ჰქონდა; მღეროდნენ ინგლისურ სიმღერებს, თამაშობდნენ, და რაც წამოიღეს, ყველაფერი შესანსლეს. აქეთობას პატარა გოგონებს მის მხრებზე აქეთ-იქიდან მოყრდნობილებს ჩაეძინათ, ხოლო მუხლებით კვლავ ეხებოდა სტელას მუხლებს. დაუჯერებლად ეჩვენებოდა, რომ ოცდაათიოდე საათის წინ თვალიც არ მოეკრა რომელიმე ამ ქერათმიანი გოგონასთვის. მატარებელში სტელას ებაასებოდა პოეზიაზე. გამოკითხა მისი საყვარელი პოეტების სახელები და ერთგვარი სასიამოვნო უპირატესობის გრძნობით გამსჭვალულმა თავისებიც მოახსენა. მაგრამ უცბად ქალმა ცოტა ხმადაბლა უთხრა: – ფილი ამბობს, ფრენკს საიქიოსი არ სწამსო. მე მგონი, ეს საზარელია! დაბნეულმა ეშერსტმა დარცხვენით წაიბუტბუტა: – არც მწამს და არც არა მწამს – უბრალოდ არ ვიცი მისი ამბავი! ქალმა აჩქარებით დასძინა: – მე მაგას ვერ ავიტანდი. მაშინ რაღა აზრი ექნებოდა სიცოცხლეს? ეშერსტი შეჰყურებდა, როგორ იჭმუხნიდა სტელა კოხტა აპრეხილ წარბებს და მიუგო: – მხოლოდ იმის გამო არ ვიწამებ, თითქოსდა ასე მირჩევნია. – მაგრამ არა, რატომ აქვთ კვლავ ცხოვრების წადილი, თუ ის ცხოვრება მართლა არ არსებობს? – და ჯიქურ შეხედა სახეში ჭაბუკს. ეშერსტს არ უნდოდა გული ეტკინა მისთვის, მაგრამ თავისი უპირატესობის გამოჩენის სურვილმა მაინც შეუხიცინა და ბრძანა: – სანამ კაცი ცოცხალია, მას ბუნებრივად სწადია მუდამ იცოცხლოს. ეს გახლავთ სიცოცხლის დამახასიათებელი ნიშანი. მაგრამ ეგ არის და ეგ, სხვა, ალბათ, მეტი აღარაფერია. – მაშ საღვთო წერილი სულ არ გწამთ? ეშერსტს თავში გაუელვა „ახლა კი მართლა ვატკენ ალბათ გულს!“ – მე მწამს მათზე ნათქვამი ქადაგება, ვინაიდან იგი ყოველ დრო-ჟამს მშვენიერი და დიდებულია. – მაგრამ ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება თუ გწამთ? ეშერსტმა თავი გააქნია. სტელამ მსწრაფლ იბრუნა პირი სარკმლისკენ და ყმაწვილს უცბად გაუელვა გონებაში მეგენის ლოცვამ, პატარა ნიკმა რომ გაიმეორა: „უფალო, შეგვიწყალე ჩვენ ყველანი და ბატონი ეშესი!“ განა ვინ ილოცებს მისთვის ისე გულმხურვალედ, როგორც ის, ვინც ამ წუთს ალბათ ზის და ელის – ელის, როდის გამოჩნდება იგი შუკაში! და მყის გაიფიქრა, რა არამზადა ვარო. მთელ იმ საღამოს ეს აზრი უტრიალებდა თავში, ოღონდ, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, უფრო და უფრო ნაკლები სიმწვავით, ვიდრე თითქმის სრულიად ბუნებრივად არ ეჩვენა ეს თავისი არამზადობა. და უცნაურია! – ვეღარ გაარჩია, რატომ იყო იგი არამზადა: იმიტომ, რომ მეგენთან უნდოდა დაბრუნება, თუ იმიტომ, რომ აღარ უნდოდა დაბრუნებოდა მას. ვიდრე ბავშვები დაწვებოდნენ, ბანქო ითამაშეს. მერე სტელა როიალთან მივიდა. სარკმელთან თითქმის სულ ბნელში მიმჯდარი ეშერსტი თვალს ადევნებდა ორ სანთელს შორის მოთავსებულ ქალის ფიგურას – თეთრი, მაღალკისრიანი ქერა თავი როგორ იხრებოდა ხელების მოძრაობის შესაბამისად. სტელა მარჯვედ უკრავდა, ოღონდ შთაგონება აკლდა, მაგრამ რა სურათი იყო – მქრქალი ოქროსფერი შარავანდედი ადგა თავს ანგელოზივით! ვის მოუვლიდა დამთხვეული ფიქრები და ავხორცული ვნებანი ამ თეთრით მოსილ, ნაზად მოტორტმანე სერაფიმის მსგავსი უმანკო ქალწულის წინაშე? იგი უკრავდა შუმანის პიესას – „Warum?“[16] მერმე ჰოლიდეიმ გამოიტანა თავისი ფლეიტა და ხიბლიც დაირღვა. ამის შემდეგ ეშერსტი ამღერეს, ხოლო სტელა აკომპანემენტს უკრავდა შუმანის სიმღერათა ალბომიდან. ოღონდ როცა იგი მღეროდა, Ich grole nicht[17] ცისფერ საღამურ პერანგში გამოწყობილი ორი პაწია ფიგურაც შემოიპარა და სცადეს როიალის ქვეშ შემალვა. საღამო დიდი ორომტრიალით და, როგორც საბინამ თქვა, „დიდებული სეირით“ დასრულდა. იმ ღამეს ეშერსტს თითქმის სულ არ ეძინა. იგი საგონებელში იყო ჩავარდნილი, ბორგავდა, შფოთავდა და შამფურივით ტრიალებდა ლოგინში. ამ ორი დღის ძალიან ახლო, შინაურულმა ურთიერთობამ, ამ ჰოლიდეების მძლავრმა გარემომ თითქოს სულ ჩაითრია იგი და ფერმა და მეგენი, თვით მეგენიც კი, არარეალურად მოაჩვენა. განა მართლა ეტრფოდა მეგენს? განა მართლა დაჰპირდა, წაგიყვან და ჩემთან გაცხოვრებო? ალბათ გაზაფხულმა, ღვთაებრივმა ღამემ, ვაშლის გაპენტილმა ყვავილებმა თუ მოაჯადოვა იგი! ეს მაისის დამთხვეულობა და სიგიჟმაჟე ხომ დაღუპავდა ორთავეს! იმის ფიქრი, რომ თვითონ აპირებდა, ეს წრფელი, ალალი, სათუთი, ბავშვი, ჯერ კიდევ თვრამეტი წლის ასაკსაც კი მიუღწეველი, ხასად დაესვა, ახლა ერთგვარი ძრწოლით უვსებდა გულს, თუმცა სისხლი მაინც კვლავ ვნებით უდუღდა და უჩქროლავდა მის მოგონებაზე. „საზარელი საქმე ჩავიდინე, საზარელი!“ – ბუტბუტებდა თავისთვის. თან შუმანის მუსიკის ბგერები თრთოდა, ღუღუნებდა და ერეოდა მის გახურებულ ფიქრებს. კვლავ თვალწინ უდგებოდა სტელას კდემამოსილი, ქერათმიანი, თეთრი ფიგურა; მისი დახრილი თავი, უცნაური ანგელოზური შარავანდედი მის ირგვლივ: „ალბათ გავგიჟდი!.. ალბათ გიჟი ვარ! – გაიფიქრა მან. – რა დამემართა? საბრალო პატარა მეგენი!“ „უფალო, შეგვიწყალე ჩვენ ყველანი და ბატონი ეშესი!“ „მე მინდა, თქვენთან ვიყო... – ეგ არის და ეგ, მარტო თქვენთან ვიყო!“ და ბალიშში თავჩარგულმა ძლივს შეიკავა ქვითინი. წაუსვლელობა საშინელება იქნებოდა! წასვლა – კიდევ უფრო უარესი. როცა ახალგაზრდა ხარ და ვნებათა ღელვას გზას მისცემ, იგი კარგავს თავის მტანჯველობით ძალას და ეშერსტსაც ამ ფიქრში გართულს ჩაეძინა: რა მოხდა! – ორიოდე ვაკოცე... ერთ თვეში ყველაფერი გადაავიწყდებაო! მეორე დილით ჩეკი გაანაღდა, ოღონდ მომტრედისფრო-მონაცრისფროკაბიან მაღაზიას ჭირიანივით აუარა გვერდი და მის ნაცვლად თავისთვის ცოტაოდენი აუცილებელი რამ შეიძინა. მთელი დღე რაღაც უცნაურ გუნებაზე იყო, თითქოს საკუთარ თავზე ჯავრობდა. ორი უკანასკნელი დღის ვნებიანი წადილის ნაცვლად, ერთგვარ სიცარიელეს გრძნობდა – მთელი ვნებათა ღელვა დაუცხრა, თითქოს იმ ცრემლთაღვრამ მოუშთოო. ნაჩაიევს სტელამ ერთი წიგნი დაუდო გვერდით და მორიდებით ჰკითხა: – ეს წიგნი წაგიკითხავთ, ფრენკ? ეს გახლდათ ფარარის „ქრისტეს ცხოვრება“. ეშერსტს გაეღიმა. სტელას ღელვა მისი რწმენის თაობაზე სასაცილოდ, მაგრამ გულის ამაჩუყებლად ეჩვენებოდა. თან გადამდებიც იყო, თითქოს, რადგან თვითონაც გულში უხიცინებდა, საკუთარი თავი მაინც გაემართლებინა, თუ თავის რჯულზე მის მოქცევას ვერ შეძლებდა. და საღამოს, როცა ბავშვები და ჰოლიდეი კრევეტის საჭერ ბადეებს უკირკიტებდნენ, თქვა: – ორთოდოქსულ სარწმუნოებას ყოველთვის საფუძვლად უდევს, იმდენად, რამდენადაც მე მესმის, დაჯილდოების იდეა – თუ კარგად მოიქცევი, ესა და ეს გერგებაო, ერთგვარ მოწყალების თხოვნასა ჰგავს. მე მგონი, ყველაფერი შიშისგან მოდის. სტელა რბილ ტახტზე იჯდა და კანაფის ნაგლეჯზე ზღვაოსნურ ნასკვებს აკეთებდა. მსწრაფლ ამოიხედა და სიტყვა ჩამოართვა. – მე კი მგონია, მაგაზე უფრო ღრმა საფუძველი უნდა მოეპოვებოდეს. ეშერსტმა კვლავ იგრძნო თავისი უპირატესობის გამოჩენის სურვილი. – თქვენ ასე ფიქრობთ, – მიუგო მან, – მაგრამ ყველას guid pro guo[18]! გვინდა და ყველაზე უფრო ღრმად ეს არის გამჯდარი ჩვენში! ისე კი ძალიან ძნელია ამის ჭეშმარიტი საფუძვლის ჩაწვდომა! დაბნეულმა ქალმა შუბლი შეიჭმუხნა: – რაღაც ვერ გავიგე თქვენი ნათქვამი. ეშერსტმა ჯიუტად განაგრძო: – ჰოდა, ჩაუკვირდით და დაინახავთ, მორწმუნეთა უმეტესობა თუ ისეთი ხალხი არ იყოს, რომელთაც ჰგონიათ, რომ ეს ცხოვრება არ ანიჭებთ ყველაფერს, რასაც ისინი ესწრაფვიან. მე მწამს კეთილის ქმნა, ვინაიდან კეთილის ქმნა თავისთავად კარგია. – მაშ მაინც გწამთ კეთილის ქმნა? რა ლამაზი ჩანდა იგი ახლა – მასთან კეთილის ქმნა სწორედ რომ ადვილი საქმე გახლდათ! და მან თავის ქნევით უთხრა: – რას გეტყვით! მასწავლეთ მაგნაირი ნასკვის გამოსკვნა! კანაფის გასკვნა-გამოსკვნის დროს სტელას თითები რომ ეხებოდა მისას, რაღაც გულს ესალბუნებოდა და ბედნიერად გრძნობდა თავს. როცა დაწვა, ყმაწვილი განგებ განაგრძობდა ფიქრს მასზე და თითქოს თავდასაცავი რამ სამოსიაო, ეხვეოდა მის ტურფა, კდემამოსილი, დაძმური შარავანდედის სხივებში. მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილი იყო, მატარებლით წასულიყვნენ ტოტნესს და პიკნიკი ბერი-პომროის ციხე-დარბაზში გაემართათ. წარსულის კვლავ ბეჯითად დავიწყების ზრახვით, მან, ცხენებისკენ ზურგშებრუნებულმა, თავისი ადგილი დაიჭირა ლანდოში ჰოლიდეის გვერდით. ოღონდ მერე, სანაპიროზე, თითქმის რკინიგზის სადგურის შესახვევთან, კინაღამ გული ამოუვარდა საგულედან. მეგენი, თვითონ მეგენი მიდიოდა ტროტუარზე თავის ძველ კაბა-ხალათსა და ცისფერ ბერეტში გამოწყობილი და გამვლელებს სახეში აკვირდებოდა! ეშერსტმა უნებურად ხელი წაიღო მოსაფარებლად და მერე ცრუ მოძრაობით თავი ისე აჩვენა, თითქოს თვალებიდან მტვერს იწმენდსო. მაგრამ თითებს შორის მაინც ხედავდა მას. იგი მიდიოდა არა თავისი ჩვეული ლაღი ნაბიჯით, არამედ ლასლასით; სახეზე დაბნეული, შესაბრალისი გამომეტყველება აღბეჭდოდა, როგორც საცოდავ ფინიას, რომელსაც პატრონი დაუკარგავს და აღარ იცის – წინ გაიქცეს, უკან გაბრუნდეს თუ საით წავიდეს. როგორ მოხვდა აქ?... როგორ მოახერხა სახლიდან გამოპარვა?... რისი იმედი ჰქონდა?... მაგრამ ბორბლების ყოველი გადატრიალება რომ აშორებდა მეგენს, გული უბორგავდა, უკვნესოდა და უკარნახებდა, შეეჩერებინა ეტლი, ჩამომხტარიყო და დასწეოდა მას! როცა ლანდომ სადგურისაკენ შეუხვია, ეშერსტმა მეტს ვეღარ გაუძლო, გააღო ეტლის კარი და წაიბურტყუნა: – რაღაც დამავიწყდა!.. თქვენ განაგრძეთ გზა... ნუ დამიცდით! მეორე მატარებლით ჩამოვალ და შემოგიერთდებით ციხე-დარბაზში!.. ამ სიტყვებით გადმოხტა ეტლიდან, წაიბორძიკა, კინაღამ წაიქცა, წონასწორობის შენარჩუნება მაინც მოახერხა და გამობრუნდა უკან; ეტლმა კი განაგრძო გზა სახტად დარჩენილი ჰოლიდეებითურთ. კუთხეში რომ მოუხვია, მხოლოდ შორსღა მოჰკრა თვალი მეგენს. ეშერსტმა რამდენიმე ნაბიჯი გაირბინა, მერე თავი შეიკავა და ჩვეულებრივ სიარულზე გადავიდა. რაც უფრო უახლოვდებოდა მეგენს და შორდებოდა ჰოლიდეებს, მით უფრო და უფრო უნელებდა ნაბიჯს. რას შეცვლიდა მისი ნახვა? როგორ უნდა მოეხერხებინა, რომ რაც შეიძლებოდა ნაკლებ საძაგლად გამოსულიყო მასთან შეხვედრა და ახსნა-განმარტება? ვინაიდან – ახლა რაღა დასამალი გახლდათ – ჰოლიდეებთან შეხვედრის შემდეგ თანდათან დარწმუნდა, რომ მეგენს ვეღარ შეირთავდა. ეს იქნებოდა მხოლოდ სატრფიალო დროსტარება. მტანჯველი, სინდისის მქენჯნავი, მძიმე ხანა და მერე კი მას მოჰბეზრდებოდა, სწორედ იმიტომაც, რომ მეგენი მას ყველაფერს სწირავდა, ასე ალალი, ასე წრფელი, ასე ერთგული, ასე ქორფა და სიქორფავეც ხომ წარმავალია! მეგენის გაცრეცილი, ცისფერი ბერეტი წინ, შორს კიაფობდა პატარა ლაქასავით. იგი ყველას სახეში შეჰყურებდა და ყველა სახლის სარკმელში იხედებოდა. ნუთუ ვინმეს კიდევ განუცდია ასე მძიმე წუთები? ეშერსტი როგორც უნდა მოქცეულიყო, მაინც პირუტყვულად გამოუვიდოდა და ისე გულამოსკვნით ამოიკვნესა, რომ ვიღაც პირისფარეშმა ქალმა მოხედა და გაოცებული დააკვირდა. ყმაწვილმა დაინახა, მეგენი რომ შედგა, სანაპიროს მოაჯირს დაეყრდნო და ზღვას დაუწყო ცქერა. თვითონაც შეჩერდა. ფრიად შესაძლოა, გოგონას არ ეხილა ზღვა მანამდე და თვით ასეთ შემაჭირვებელ ყოფაშიც ვერ მოსწყვიტა მას თვალი. „ჰო, მას ხომ არაფერი უნახავს, – გაიფიქრა მან. – ყველაფერი ჯერ კიდევ წინა აქვს. და ორიოდე ვნებიანი კვირისათვის ნაფლეთებად უნდა ვუქციო მთელი ცხოვრება. ამის ჩადენას თავის ჩამოხრჩობა მირჩევნია!“ თან უცბად თითქოს სტელას მშვიდმა თვალებმა ჩახედეს თვალებში და ნიავისაგან შუბლზე ჩამოშლილი მისი ფაფუკი ქერა თმა წარმოუდგა. ოჰ, ხომ სიგიჟე იქნება, ეს ხომ ყოველივე იმაზე ხელის აღებას ნიშნავს, რასაც იგი აქამდე პატივს სცემდა და საკუთარი თავის პატივისცემასაც ხომ ჰკარგავდა! ჭაბუკი მოტრიალდა და სასწრაფოდ მიაშურა სადგურს. მაგრამ კვლავ დასძალა იმ საცოდავი, გაოგნებული პატარა ფიგურის მოგონებამ, იმ დაფეთებულმა თვალებმა, გამვლელთ რომ დაკვირვებით შესცქეროდა სახეში და ეშერსტმა ერთხელ კიდევ იბრუნა პირი ზღვისაკენ. გოგონას ქუდი აღარსად ჩანდა – პაწია ცისფერი ლაქა გაუჩინარდა შუადღის მოსეირნეთა ნაკადში და მას ანაზდად უბიძგა იმ თავდაუჭერელმა სურვილმა, რომელიც კაცს უჩნდება ხოლმე, როცა ეჩვენება, რომ ცხოვრება რაღაცას სტაცებს ხელიდან და იგი წინ გაქანდა. მეგენი აღარსად ჩანდა. ნახევარ საათს მაინც ეძებდა იგი აქეთ-იქით და მერმე სანაპიროზე თავდაღმა ჩაემხო ქვიშაში. მან ჩინებულად იცოდა, რომ მის საპოვნელად მხოლოდ სადგურზე გასვლა და დაცდა იყო საჭირო, ვიდრე ქალი დაბრუნდებოდა თავისი უნაყოფო ძიებისაგან, რათა შინ გამგზავრებულიყო მატარებლით; ანდა თვითონვე უნდა ჩამჯდარიყო მატარებელში, ჩასულიყო ფერმაში და როცა მეგენი დაბრუნდებოდა, იქ დახვედროდა. მაგრამ ყმაწვილი უძრავად იწვა ქვიშაში პაწია ნიჩაბ-ვედრებიანი, უდარდელი ბავშვების გუნდებს შორის. მეგენის სახებისადმი სიბრალული თითქმის შთანთქა და გააბათილა მისი სისხლის გაზაფხულურმა დუღილმა, ვინაიდან იგი ახლა უკვე მთლიანად გახელებულმა ვნებათა ღელვამ შეიპყრო – წინანდელი რაინდული მხარე აღარ გააჩნდა. ეშერსტს კვლავ სწყუროდა იგი, სწყუროდა მისი კოცნა, მისი ნაზი, სათუთი, პატარა სხეული; მისი თავდავიწყება, მთელი მისი გახელებული, მხურვალე, პირველყოფილი გრძნობიერება; სწყუროდა იმ საოცარი, მომაჯადოებელი ღამის განცდა, მთვარის ვერცხლისფერი შუქით აციაგებული გაპენტილი ვაშლის რტოების ქვეშ; სწყუროდა ყველაფერი ეს საშინელი ძალით, ვითარცა ფავნუსს სწყურია ნიმფა. პატარა, კამკამა კალმახიანი მდინარის სწრაფი რაკრაკი, ბაიების თვალის მომჭრელი ბზინვა, – „ავი სულების“ კლდეები, გუგულების „გუ-გუ“, კოდალების კაკუნი, ბუების კივილი; ხავერდოვანი წყვდიადიდან წითელი მთვარე რომ იჭყიტებოდა თეთრად გადაპენტილ ქორფა ყვავილებში; მისი თავდავიწყებული სიყვარულით გაშუქებული სახე, სარკმლიდან ძირს გადმოხრილი; ქალწულის მკერდი მის მკერდს ჩაკონებული, ხოლო ბაგე ბაგეს შეწებებული, ბებერი ვაშლის ხის რტოებს ქვეშ – ყოველივე ეს შემოეჭიდა გულზე. მაგრამ ეშერსტი მაინც გაუნძრევლად იწვა. რა ებრძოდა მასში ამ სიბრალულსა და გახელებულ წყურვილს და რა აჯაჭვავდა უძრავად ამ გახურებულ ქვიშას? სამი ქერათმიანი თავი; ალერსიანი, ცისფერ-მონაცრისფრო თვალებიანი სანდომიანი სახე; ნატიფი ხელი, მისას რომ უჭერდა, აჩქარებით ნათქვამი მისი სახელი და – „მაშ სიკეთე ხომ გწამთ?“ დიახ, ეს და ის თავისებური გარემო გალავანშემოვლებულ, მიხაკებიან, ღიღილოებიან, ვარდნარიან, ლავანდისა და იასამნის სურნელებით გაჟღენთილ ძველებურ ინგლისურ ბაღში რომ სუფევს – გრილი, ზომიერი, თავშეკავებული, ლამაზი, უბიწო, თითქმის წმინდა გარემო – ყოველივე ის, რასაც პატარაობიდანვე შეეზარდა, ვითარცა, მისი გრძნობით, სუფთასა და კარგს. და უცბად თავში დასცეცხლა: „ხომ შეიძლება კიდევ გამოიაროს სანაპიროზე და დამინახოს!“ ამიტომ მსწრაფლ წამოხტა და შორს სანაპიროს ბოლოს მდებარე კლდეს მიაშურა. აქ, ზღვის ზვირთების შხეფების ქვეშ უფრო გულდინჯად შეეძლო ფიქრი. დაბრუნებულიყო ფერმაში და ჰყვარებოდა მეგენი იმ ტყეებსა, კლდეებსა და მთელ იმ ველურ, პირველყოფილ გარემოში! ეს, ჩინებულად იცოდა, სრულიად შეუძლებელი იყო. წამოეყვანა იგი, ეს ბუნების ნამდვილი შვილი, დიდ ქალაქში და ერთ პატარა ბინაში ან ნაქირავებ ოთახებში გამოეკეტა! – ესეც, ვითარცა პოეტს, თავზარსა სცემდა – მისი სიყვარული უბრალო, ვნებიანი, მსწრაფლწარმავალი გატაცება იქნებოდა. ლონდონში სწორედ ეს უბრალოება, გულწრფელობა, მოკლებული ყოველგვარ ინტელექტუალურ წვრთნას, მხოლოდ ფარულ სათამაშოდ, თოჯინად აქცევდა მეგენს და მეტი არაფერი. რაც უფრო დიდხანს იჯდა კლდეზე, ზღვის მომწვანო ტალღებისაკენ ფეხებგადაშვერილი, მით უფრო მკაფიოდ ჭვრეტდა ყოველივე ამას. მაგრამ ისე ეჩვენებოდა, თითქოს მეგენის ხელები და მთელი მისი არსება უსხლტებოდა ნელ-ნელა ხელიდან და მორევში იკარგებოდა, რათა მერე შორს ზღვაში შთანთქმულიყო და მისი ზეაწეული, მისკენ მოქცეული სახე, მისი დაბნეული სახე და ვედრებით მოპყრობილი თვალები, შავი, სველი თმა ეუფლებოდნენ, იპყრობდნენ, დევნიდნენ, ტანჯავდნენ ჭაბუკს! ბოლოს წამოდგა, გადალახა დაბალი კლდე და ძირს ჩავიდა მოფარებულ ყურეში. ეგებ ზღვაში მაინც დაებრუნებინა სულის მშვიდობა – მოეშორებინა ეს შემაღონებელი ციებ-ცხელება! გაიხადა და შეცურდა წყალში. უნდოდა, ისე დაღლილიყო, რომ აღარაფრის გასაგისი აღარ ჰქონოდა და თვადავიწყებით მიცურავდა, სწრაფად და შორს. მერმე უცბად, უმიზეზოდ შიში იგრძნო – ვთქვათ, ვეღარ მოაღწიოს ნაპირს; ვთქვათ, მდინარებამ გაიტაცოს ანდა კრუნჩხვა დაემართოს ჰოლიდეისავით! იბრუნა პირი და ნაპირს მოაშურა. წითელი კლდეები შორს, შორს ეჩვენებოდა. თუ დაიხრჩობოდა, მის ტანსაცმელს იპოვიდნენ. ჰოლიდეები შეიტყობდნენ, მეგენი კი ალბათ ვერასოდეს ვერას გაიგებდა – ფერმაში ხომ არ იღებდნენ გაზეთებს! და ფილ ჰოლიდეის სიტყვები მოაგონდა კვლავ: „ერთი კემბრიჯელი გოგო, შეიძლებოდა, რომ... ხომ იცი... გამეხარდა, რომ მისი ცოდვა არ დავიდე“ და ამ ანგარიშმიუცემელი, უმიზეზო შიშის ჟამს, ეშერსტმა დაიფიცა, მეგენის ცოდვას არამც და არამც არ დავიდებო. მერე ამ შიშმა გაუარა, საკმაოდ იოლად გაცურა ნაპირზე, გაშრა მზეზე და ჩაიცვა. გული უკვნესოდა, მაგრამ ტკივილით კი აღარ სტკიოდა; სხეულიც გაუგრილდა და მეტი მხნეობა იგრძნო. როცა კაცი ეშერსტივით ახალგაზრდაა, სიბრალულის გრძნობა მძლავრად ვერ იკიდებს ფეხს მის გულში. და ჰოლიდეების სასტუმრო ოთახში დაბრუნებული, მგელივით დააცხრა ჩაის. იგი ძალიან ჰგავდა დიდი ციებ-ცხელებისგან გამომჯობინებულ ადამიანს. ყველაფერი ახლად და ნათლად ეჩვენებოდა. ჩაის, კარაქწასმულ გაფიცხებულ პურს, მურაბას საოცრად კარგი გემო ჰქონდა; არც მის დღეში მოუწევია ასე სურნელოვანი თამბაქო. მოჰყვა ცარიელ ოთახში სეირნობას – ხან აქ შეჩერდა, ხან იქ; სინჯავდა ნივთებს, ათვალიერებდა. ხელში აიღო სტელას სახელსაქმო კალათი; თითები შეახო ძაფის კოჭებსა და მკვეთრფერებიან საქარგავ აბრეშუმის შულოს; დაყნოსა ჩიტისთვალათი ავსებული პატარა პარკი, სტელას რომ თავის ნივთებს შორის ჩაედო. მიუჯდა როიალს და მოჰყვა ცალი თითით დაკვრას, თან ფიქრობდა: „ამაღამ სტელა დაუკრავს, მე კიდევ ვუყურებ, როცა ის დაუკრავს; მიყვარს, როცა ვუყურებ ხოლმე!“ ხელში აიღო ის წიგნი, რომელიც კვლავ იქ იდო, სადაც სტელამ დაუდო, და სცადა წაეკითხა. მაგრამ მყის მეგენის პაწია, სევდიანი ფიგურა დაუდგა ისევ თვალწინ. ეშერსტი წამოდგა, გადაეყუდა ფანჯარაში, ყური მიუგდო სახლების წინ გაშენებულ ბაღში მოჭახჭახე შაშვებს და დაუწყო ცქერა ხეებს იქით გადაშლილ მთვლემარე ლურჯ ზღვას. ფარეში შემოვიდა, ჩაის სუფრა აალაგა. ყმაწვილი კვლავ იქვე იდგა, ისუნთქავდა საღამოს ჰაერს და ცდილობდა არაფერზე ეფიქრა. მერე ჭიშკარში შემოსულ ჰოლიდეებს მოჰკრა თვალი. სტელა ცოტა წინ მოდიოდა, უკან ფილი და ბავშვები მოსდევდნენ თავიანთი კალათებითურთ. ეშერსტი ინსტინქტურად მოაწყდა უკან. ისე სტკიოდა და ისე წამხდარი ჰქონდა გული, რომ უფრთხოდა მათთან შეხვედრას, თანაც ენატრებოდა მათი მეგობრული ნუგეში. ბოღმა უტრიალებდა გულში ამ ალერსიანი გავლენის წინააღმდეგ და თანაც ელტვოდა მის კდემამოსილ უმანკოებასა და სტელას მომხიბლავი სახის ჭვრეტის სიამოვნებას. როიალის უკან კედელთან აყუდებულმა დაინახა, როგორ შემოვიდა სტელა ოთახში და თითქოს იმედგაცრუებულს ცოტა წყენაც დაეტყო. მერე ეშერსტს რომ მოჰკრა თვალი, მსწრაფლ შუქიანი ღიმილი შემოაგება, რომელმაც კიდეც მოუსალბუნა გულს და კიდეც გააღიზიანა ყმაწვილი. – რატომ აღარ დაგვეწიეთ, ფრენკ? – არა, ვეღარ შევძელი! – შეხედეთ, რა კარგი იები დავკრიფეთ! – და ქალმა პატარა თაიგული გაუწოდა. ეშერსტმა უყნოსა და ბუნდოვანმა სურვილმა მოუარა, რაც მყის გაუნელა მეგენის გაოგნებულმა სახემ, გამვლელ-გამომვლელთ რომ დაკვირვებით შეჰყურებდა თვალებში. ეშერსტმა მიუგდო, – რა კარგიაო! და პირი იბრუნა მისგან, გაემართა თავისი ოთახისკენ, თავი აარიდა ზემოთ ამომავალ ბავშვებს, თავდაღმა ჩაემხო ლოგინში და დიდხანს იწვა სახეზე ხელებაფარებული. ახლა რაკი გრძნობდა, რომ წილი უკვე ნაყარი იყო და მეგენი განწირული, მას შესძულდა თავისი თავი, თითქმის შესძულდა ჰოლიდეებიც და მათი ჯანსაღი, ბედნიერი, ინგლისური ოჯახის ატმოსფეროც. რაღა ისინი გადაეყარნენ მას აქ, რათა პირველი სიყვარული წაერთმიათ მისთვის, რათა დაემტკიცებინათ მისთვის, რომ იგი უბრალო მაცდუნებლის გარდა სხვა არა იყო რა. რა უფლება ჰქონდა სტელას თავისი სანდომიანი, კდემამოსილი სიმშვენიერით შთაეგონებინა, რომ ის მეგენის შემრთველი არ იყო; დაეჩრდილა ყველაფერი და წილად ერგუნებინა ასე მწარე სინანულის გრძნობა და ასეთი სიბრალული? მეგენი ახლა შინ იქნებოდა უკვე, სავალალო ძიებით ქანცმიხდილი. საბრალო და პატარა გოგონა! – ვინ იცის, ელოდა, რომ დავბრუნდები, შინ დამხვდებაო. ეშერსტმა სახელოს მოსჭიდა კბილები, რომ სინდისის ქენჯნისა და ბოღმისაგან გამოწვეული კვნესა ჩაეხშო. სადილად პირმოღუშული და მდუმარე ჩავიდა და მისმა დაღვრემილობამ თვით ბავშვების გუნებაზეც იქონია გავლენა. მოწყენილი, შემაღონებელი საღამო გაატარეს, რადგან ყველანი დაღლილები იყვნენ. ეშერსტმა რამდენჯერმე შენიშნა, სტელამ რომ გულნატკენად, შეშფოთებით გადმოხედა და გაბოროტებულ გულზე ეს ეამა. საძაგლად ეძინა. ძალიან ადრე ადგა და სახეტიალოდ გამოვიდა გარეთ. სანაპიროსკენ დაუყვა. წყნარმა, ლურჯმა, მზის სხივებით გაშუქებულმა ზღვამ ცოტა მოუფონა გულს. თავმომწონე, მედიდური ტუტუცი! – რატომ ჰგონია, რომ მეგენი ასე სასტიკად განიცდის ამ ამბავს? ერთ ან ორ კვირაში თითქმის სულაც გადაავიწყდება! თვითონ კი, თვითონ ჯილდოს მიიღებს სიქველისათვის! კეთილშობილი ყმაწვილი! სტელამ რომ იცოდეს, დალოცავდა, წინ რომ აღუდგა იმ ეშმაკს, რომელიც მას სწამდა და მწარედ გაეცინა. მაგრამ ნელ-ნელა ზღვისა და ლაჟვარდის სიმშვიდემ და სიმშვენიერემ, ეული თოლიების ნავარდმა სინდისის ქენჯნა აგრძნობინა. იბანავა და შინისაკენ გამობრუნდა. ბაღში, დასაკეც სკამზე სტელა იჯდა და ხატავდა. ეშერსტი უკნიდან მიეპარა. რა ტურფა და ლამაზი ჩანდა, ბეჯითად დახრილი, შუბლშეჭმუხნილი, ფუნჯით რომ ზომავდა და ვარაუდს იჭერდა. ეშერსტმა წყნარად ჩაულაპარაკა: – ბოდიშს ვიხდი, ისე მხეცურად რომ ვიქცეოდი წუხელ, სტელა. სტელამ მოიხედა, შეკრთა, სახე აელანძა და თავისებურად აჩქარებით მიუგო: – რა სათქმელია! მივხვდი, რაღაც გაწუხებდათ. მეგობრებს შორის ამას რა მნიშვნელობა აქვს!.. ეშერსტმა სიტყვა ჩამოართვა: – მეგობრებს შორის... და ჩვენ ხომ დიახაც მეგობრები ვართ? ქალმა შემოხედა, ენერგიულად დაუქნია თავი და მისმა ზემო კბილებმა კვლავ მსწრაფლ გაიელვეს შუქიან ღიმილში. სამი დღის შემდგომ ეშერსტი ჰოლიდეებთან ერთად დაბრუნდა ლონდონს. ფერმაში აღარაფერი მიუწერია, ანდა რა უნდა მიეწერა? მომდევნო წლის აპრილის ბოლოს მან და სტელამ იქორწინეს... აი, ეს მოაგონდა ღობესთან კურდღლისცოცხებში მიმჯდარ ეშერსტს თავისი ვერცხლის ქორწინების დღეს. სწორედ ამ ადგილას, სადაც ახლა საუზმე გაშალა, უნდა მდგარიყო ლაჟვარდის ფონზე გამონაკვთული მეგენი, როდესაც პირველად მოჰკრა მას თვალი. რა საკვირველი დამთხვევა ხდება ხოლმე! და უცბად ძალიან მოუნდა, ჩასულიყო და კვლავ მოენახულებინა ფერმა, ბაღი და ბოშას აჩრდილიანი მინდორი. არც დიდი ხანი მოუნდება ამას; სტელას კი ალბათ ერთ საათს მაინც შეაგვიანდება კიდევ! რა კარგად ახსოვდა ყველაფერი: ფიჭვების აქოჩრილი პატარა კორომი და უკან ბალახიანი ბორცვი! ფერმის ჭიშკართან შედგა. ქვითკირის დაბალი სახლი, ურთხმლების ხეივანი, აყვავებული მოცხარი! – იოტისოდენად არაფერი შეცვლილიყო. ძველი მწვანე სკამიც კი ძველებურად იდგა ბალახში ფანჯრის ქვეშ, საიდანაც იმ ღამეს ხელი მიაწვდინა მეგენს გასაღების ჩამოსართმევად. მერე დაუყვა შუკას და ბაღის კარს მიეყრდნო – მაშინდელივით რუხ კარს. ხეებშიც შავი ღორი დაბორიალებდა. ნუთუ მართლა ოცდაექვსი წელიწადი გავიდა, თუ სიზმარში იყო და ახლა გამოფხიზლდა, რათა დიდი ვაშლის ხის ქვეშ მომლოდინე მეგენს შეხვდეს? უნებურად ხელი ასწია, შეჭაღარავებულ წვერზე მოისვა და კვლავ ახლანდელ სინამდვილეს დაუბრუნდა. შეაღო კარი, ღოლოსა და ჭინჭარში გაიკვლია გზა მდინარის ნაპირისკენ და თვით იმ ბებერ ვაშლის ხეს მიადგა. არც ის შეცვლილიყო! ცოტა უფრო მეტი მონაცრისფრო-მომწვანო ქარაგოზა მოსდებოდა, ერთი-ორი გამხმარი ტოტი გამორეოდა, სხვა მხრით კი თითქოს წუხელ იყო, მეგენის გაქცევის შემდეგ რომ ეხვეოდა მის ხავსიან ღეროს და იყნოსავდა მის ტყიურ სურნელს, ხოლო მის თავზე თითქოს სუნთქავდნენ და ფექთავდნენ მთვარის შუქდაფრქვეული ვაშლის ყვავილები. ამ ადრიან გაზაფხულზეც უკვე გაფურჩქნილიყო რამდენიმე კუკური, შაშვები ჭახჭახებდნენ, გუგულები „გუ-გუს“ გაიძახოდნენ, მზე კაშკაშებდა და აცხუნებდა. დაუჯერებლად იგივე გახლდათ ყველაფერი – მოჩუხჩუხე, კალმახიანი პატარა მდინარე; ვიწრო გუბე, სადაც ყოველ დილით წვებოდა და გვერდებსა და მკერდზე ისხამდა წყალს; მდინარის გაღმა გაშლილ მინდორში წიფლნარის კორომი და ლოდიც იქვე იყო, სადაც, ამბობდნენ, ბოშას აჩრდილი იჯდა ხოლმე, და გარდასული სიყმაწვილის ვნებათა ღელვის, გამქრალი სიყვარულისა და სილამაზის მტკივნეული სევდა მოაწვა ყელში ეშერსტს. ამ პირველყოფილი, ველური სილამაზის საუფლოში სწორედ უნდა შეენარჩუნებინა კაცს ის ხიბლი, როგორც ამ მიწამ და ზეცამ შეინარჩუნა იგი!.. მან კი ვერ მოახერხა! ჩავიდა მდინარის პირას, დახედა პატარა გუბეს და გაიფიქრა: „სიჭაბუკე და გაზაფხული!.. ნეტავი რა დაემართა ყველა მათ?“ და უცბად შეეშინდა, ეს წმინდა მოგონებანი ადამიანების შეხვედრით არ წამებილწოსო, კვლავ შეუყვა შუკას და ფიქრებში გართული დაუბრუნდა გზაჯვარედინს. ავტომანქანის გვერდით ვიღაც მოხუცი, ჭაღარაწვერიანი გლეხი დაყრდნობოდა ჯოხს და მძღოლს ელაპარაკებოდა. ეშერსტის მიახლოებაზე ბერიკაცმა მყის შეწყვიტა ლაპარაკი, თითქოს მობოდიშებით ქუდზე ხელი მიიდო და დააპირა კოჭლობით განეგრძო გზა. ეშერსტმა პატარა, მოგრძო მწვანე ბორცვზე ანიშნა: – ხომ არ შეგიძლიათ, მითხრათ, რა არის ეს? მოხუცი შეჩერდა. სახეზე ისეთი გამომეტყველება დაეტყო, თითქოს ფიქრობდა: „ბატონო, სწორედ რომ შესაფერ კაცსაც ჰკითხეთო!“ – სამარე გახლავთ! – მოახსენა მან. – მერე აქ რატომ არის? ბერიკაცს გაეღიმა. – ეგ, ასე ვთქვათ, მთელი ამბავია და არც პირველად ვყვები – ბევრი კითხულობს მაგ ბალახიანი ბორცვის ამბავს! აქაობაში „გოგოს სამარეს“ ვეძახით მაგას. ეშერსტმა სათუთუნე ქისა გაუწოდა. – დაიტენეთ ჩიბუხი! მოხუცმა კვლავ ქუდზე მიიდო ხელი და დინჯად აივსო თიხის ძველი ყალიონი. მრავალ ნაოჭსა და ბანჯგვლებში გამომზირალ მის თვალებს ჯერ კიდევ არ მოჰკლებოდა გამჭრიახობა და სიმკვირცხლე. – თუ არ გეწყინებათ, ბატონო, ჩამოვჯდები – დღეს ცოტა მიკვნესის ფეხი! – და ბალახიან სამარესთან დაჯდა. – ამ სამარეზე ყოველთვის არის ყვავილები და არცთუ სულ მარტოკაა მიტოვებული. ბევრი ხალხი მიდი-მოდის ახლა თავიანთი ახალი მანქანებით... ძველად რომ იყო, ისე კი აღარაა! აღარც ეს გოგონაა აქ მარტოდ. საცოდავმა თვითონ კი მოიკლა თავი! – რას ბრძანებთ! – შესძახა ეშერსტმა. – გზაჯვარედინზე დასაფლავება! არც კი ვიცოდი, თუ ეს წეს-ჩვეულება აქამდე იყო შემორჩენილი. – ოჰ, ეს ხომ საკმაოდ დიდი ხნის წინ მოხდა! მაშინ ძალიან ღვთისმოშიში მღვდელი გვყავდა. მომითმინეთ! მთავარანგელოზობას მეექვსე წელი შემისრულდა, რაც პენსიას ვიღებ და მე მაშინ სწორედ ორმოცდაათის ვიყავი, ეს ამბავი რომ მოხდა. აღარავინ არ არის ისეთი, რომ ჩემოდენი იცოდეს ამ ამბისა. ის გოგონა აქვე ახლოს ცხოვრობდა, ერთ ფერმაში, სადაც მეც ვმუშაობდი ხოლმე ქალბატონ ნარაკუმთან – ახლა ნიკ ნარაკუმს ეკუთვნის იგი. ცოტ-ცოტას ახლაც წავაშველებ ხოლმე ხელს იმასაც. ჭიშკარს მიყრდნობილ ეშერსტს, ჩიბუხს რომ უკიდებდა, მოხრილი ხელები დიდხანს ისევე სახეზე მიფარებულ შერჩა ასანთის ჩაქრობის შემდგომაც. – მერე? – ჩაეკითხა იგი და თვითონაც ეუცნაურა თავისი ხრინწიანი ხმა. – ის საცოდავი ისეთი გახლდათ, ასში ერთი თუ გამოერევა მისთანა! ყოველ გავლაზე ყვავილს ვდებ ხოლმე მის საფლავზე. ლამაზი და კარგი გოგონა იყო, თუმცა ეკლესიის სასაფლაოზე მაინც არ დაკრძალეს და არც კიდევ იქ, სადაც თვითონვე სურდა დაკრძალულიყო. ბერიკაცი შედგა და ბანჯგვლიანი, დაჯირჯვლებული ხელი გადაუსვა ბალახიან ბორცვს მაჩიტას ყვავილების გვერდით. – მერე? – წარმოთქვა ეშერსტმა. – სიმართლე რომ ვთქვათ, – განაგრძო მოხუცმა, – მე მგონი, სიყვარულის ბრალი იყო; თუმცა დაბეჯითებით ვერავინ ვერას იტყვის. ვერ გამოიცნობთ, თავში რა უტრიალებს ქალიშვილს, მაგრამ მე კი მგონია, რომ ასე გახლდათ საქმე. – მან კიდევ გადაუსვა ხელი სამარეს. – ძალიან მიყვარდა ის გოგონა და არც არავინ ვიცი ისეთი, რომ ის არ ჰყვარებოდა. მაგრამ თვითონაც ძალიან მოყვარული გული ჰქონდა – აი, რისი ბრალი იყო, მე მგონი. ბერიკაცმა თავი ასწია და ეშერსტმა, რომელსაც წვერ-ულვაშით დაფარული ბაგეები უთრთოდა, კვლავ წაიბუტბუტა: – მერე? – ეს ამბავი გაზაფხულზე მოხდა, დაახლოებით ამ დროს ან ცოტა უფრო გვიან... ყვავილობის ჟამს... მაშინ ერთი ახალგაზრდა სტუდენტი იდგა ჩვენთან... ჩინებული ყმაწვილი იყო, კარგი თვალტანადი. ძალიან მომწონდა და არც არაფერი ურიგო შემიმჩნევია მათ შორის, მაგრამ, ჩემი ჭკუით, იმან დაასხა თავბრუ გოგონას. ბერიკაცმა ჩიბუხი გამოიღო პირიდან, გადააფურთხა და ისევ განაგრძო: – ხომ იცით, ის ყმაწვილი უცბად გაემგზავრა და აღარც დაბრუნებულა. მისი ზურგჩანთა და რაღაც-რაღაცები ახლაც აქ აქვთ. აი, ეს მეცა თვალში – თავისი ნივთები აღარც არასოდეს მოუკითხავს! გვარად ეშესი თუ რაღაც ამისი მსგავსი გახლდათ. – მერე? – ერთხელ კიდევ შეეხმაურა ეშერსტი. მოხუცმა გამშრალი ტუჩები მოილოკა. – თვითონ გოგონას კრინტი არასოდეს დაუძრავს, მაგრამ იმ დღიდან დარეტიანებულივით დადიოდა; თითქოს სულ აღარ იყო თავის ჭკუაზე. ჩემს სიცოცხლეში... ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს ასე ადამიანის შეცვლა! ფერმაში კიდევ ერთი სხვა ყმაწვილი გახლდათ – ჯო ბიდეფორდი ერქვა; იმასაც ძალიან უყვარდა საწყალი და, მე მგონი, გულს უწყალებდა თავისი არშიყობით. გოგონა სულ გადაირია. ხანდახან საღამოობით, როცა ხბოებს მოვრეკდი ხოლმე შინ, ვხედავდი, – იდგა ბაღში დიდი ვაშლის ქვეშ და გამოშტერებული იყურებოდა წინ. ჰოდა, ვამბობდი ჩემთვის გულში: „არ ვიცი რა დაგემართა, მაგრამ სწორედ საცოდავად კი გამოიყურები-მეთქი!“ მოხუცმა კიდევ მოუკიდა ჩიბუხს და ფიქრებში წასულმა გააბოლა. – მერე? – ჩაეკითხა კვლავ ეშერსტი. – მახსოვს, ერთ დღეს ვკითხე კიდეც: რა დაგემართა-მეთქი, მეგენ? – მისი სახელი და გვარი მეგენ დევიდი გახლდათ; იგი დეიდამისივით, მოხუცი ქალბატონ ნარაკუმივით, უელსელი იყო. რაღაც გაწუხებს-მეთქი, ვუთხარი. არაო, ჯიმ, – მითხრა, – არაფერიც არ მაწუხებსო. არა, გაწუხებს-მეთქი! – ვუთხარი. არაო! – ამბობს და ცრემლები კი ღაპაღუპით ჩამოსდის სახეზე. აი, ტირი! მაშ რაღად ტირი-მეთქი? – ვეუბნები, ის კიდევ გულზე იდებს ხელს და მეუბნება: აი, აქა მტკივა, მაგრამ მალე უკეთ ვიქნები, ოღონდ თუ რამე დამემართა, ჯიმ, მინდა სწორედ ამ ვაშლის ძირში დამმარხონო. მე გამეცინა: რა უნდა დაგემართოს, ნუ სულელობ-მეთქი! არა, მე სულელი არა ვარო, – მითხრა. ჰოდა, ვიცი მე გოგონების ამბავი და აღარც მიმიქცევია ამისთვის ყურადღება. მაგრამ ორი დღის შემდეგ, დაახლოებით საღამოს ექვს საათზე ხბოებს რომ მოვერეკებოდი შინისკენ, იმ დიდი ვაშლის ახლოს წყალში რაღაც შავი შევნიშნე. გულში გავიფიქრე: თუ ღორია, აქ რა ჯანდაბამ შეიყვანა-მეთქი. ახლოს მივედი და ვნახე, რაც იყო. ბერიკაცი შეჩერდა, თავი აიღო. გატანჯული, სევდიანი თვალები უპრიალებდა. – ის გოგონა გახლდათ. ვიწრო, პატარა გუბეში იწვა კლდესთან, სადაც, მინახავს, ის ყმაწვილი ერთი-ორჯერ რომ ბანაობდა. თავდაღმა იწვა წყალში. სწორედ მის თავთან კლდიდან ბაიები იყვნენ გადმოკიდებულნი და როცა მივედი და დავხედე, სახე ისე სანდომიანი, ლამაზი ჰქონდა, ისე უმანკო, როგორც ბალღს... საოცარად ლამაზი რამ იყო! ექიმმა რომ გასინჯა, თქვა: ამ პატარა წყალში არამც და არამც არაფერი დაემართებოდა, აღგზნებული რომ არ ყოფილიყოო. ჰოდა, მისი სახის გამომეტყველების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აგრეც უნდა მომხდარიყო. პირდაპირ ტირილი წამსკდა, ისე ლამაზი რამ იწვა! მაშინ ივნისი იდგა, მაგრამ მაინც სადღაც ეპოვა ვაშლის ყვავილის პაწია რტო და თმაში გაეკეთებინა. ამიტომ მგონია, მართლაც აღგზნებული თუ იყო, ასე მორთული რომ შეეგება სიკვდილს – იქ ხომ ფუტ-ნახევარიც არ იქნება წყლის სიღრმე, მაგრამ ერთს კი მოგახსენებთ – ის ადგილი ნაძრახი გახლავთ! ეგ მეც ვიცოდი და იმანაც იცოდა და ვერც ვერავინ დამაჯერებს, არ არისო! მე ვთქვი, საცოდავმა რომ დამიბარა, იმ ვაშლის ძირში დამმარხეთო. მაგრამ, მე მგონი, სწორედ ამან წაახდინა საქმე – ძალიან ჰგავდა, რომ მან მართლაც წინასწარ განზრახვით მოიკლა თავი; ამიტომ დაასაფლავეს იგი აქ. მღვდელი მაშინ ძალიან, ძალიან მკაცრი გვყავდა. ბერიკაცმა კიდევ გადაუსვა ხელი სამარეს. – სწორედ საოცარია, – დასძინა მან ტკეპნით, – რას არ ჩაიდენენ გოგონები სიყვარულისთვის. ძალიან მოსიყვარულე გული ჰქონდა და, მე მგონი, ის გული გაუტყდა. მაგრამ აბა ჩვენ საიდან უნდა გაგვეგო დანამდვილებით? თხრობა რომ დაასრულა, თითქოს მოწონებას ელისო, მოხუცმა თავი ასწია, მაგრამ ეშერსტმა ისე ჩაუარა გვერდით და გასცდა, გეგონებოდათ, ბერიკაცი იქ არც მჯდარიყოს. ეშერსტი ფერდობს შეუყვა, საუზმე რომ გაშალა იმ ადგილს იქით, ზემოთ; სხვების თვალს მიეფარა და თავდაღმა დაემხო. აი, ასე დაჯილდოვდა მისი სიქველე და პატიოსნება; ასე იძია შური „კიპროსელმა“ სიყვარულის ქალღმერთმა! და ცრემლით დაბინდულ თვალთა წინაშე შავ, სველ თმაში ვაშლის ყვავილის რტოგარჭობილი მეგენის სახე წარმოუდგა. „განა რა დავაშავე, რა დავაშავე?“ – უტრიალებდა თავში ეშერსტს, მაგრამ პასუხი ვერ გაეცა ამ კითხვისთვის. გაზაფხული იდგა თავისი თავდავიწყებული ვნებათა ღელვით, თავისი ყვავილებითა და სიმღერით, გაზაფხული ჩაბუდებულიყო მის გულშიაც და მეგენის გულშიაც! ეგებ სწორედ სიყვარულის ღმერთიც ეძებდა მსხვერპლს? მაშ მართალი ყოფილა ძველი ბერძენი და „ჰიპოლიტოსის“ სიტყვები დღესაც იმავე ჭეშმარიტებას ღაღადებს! გიჟმაჟია ტრფობის გული, ოქროსფრად უელავს ფრთანი. როს უდგება გაზაფხული, მას უხრიან ქედს ყველანი; ყველა – უცხო, ახალგაზრდა, მთაში, ზღვაში, მდინარეში, რაც რამ მიწამ გამოზარდა, ნათელ მზის ქვეშ უდგას ფეხი; და ხომ კაციც ემონება!.. ყველგან შენი სუფევს ნება, ტახტზეც მორჭმით დაბრძანება, კიპროსელო, შენ გიხდება! ძველი ბერძენი პოეტი მართალი ბრძანდებოდა! მეგენი, საბრალო პაწია მეგენი, ფერდობზე რომ მოცქრიალებდა! მეგენი, ბებერი ვაშლის ქვეშ რომ იდგა და გულის ფანცქალით ელოდა მას! მეგენი გარდაცვლილი, კვლავ სათუთი და ლამაზი!.. – ოჰ, თურმე სად ყოფილხარ! შეხედე! – მოესმა ხმა. ეშერსტი წამოდგა, გამოართვა ცოლს სურათი და ხმაამოუღებლად დააშტერა თვალი. – წინა მხარე კარგად არის, ფრენკ? – კარგია. – მაგრამ თითქოს რაღაც აკლიაო, არა? ეშერსტმა თავი დაუქნია. აკლია? ოღონდაც რომ აკლია – ვაშლის ყვავილი, სიმღერა, ოქრო!

1916 წ.

ტეგები: Qwelly, გოლზუორთი, ლიტერატურა, ნოველები, ყვავილი

ნახვა: 1295

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Demystifying Vape Cartridges And Disposables: A Comprehensive Manual

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:18am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.



Comprehension…

გაგრძელება

MMOExp WoW Classic: I remember doing it and being like

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 5:24am 0 კომენტარი



However, whatever I'm saying, they're gonna allow it that you've seen in WoW Classic SoD Gold the past in the classic So, if you're a fan of Tos, which by the way, TOS is fun. You can get gladiator through two's, which is kind of cool. You know, why not? It's another thing that's being made which will add to the fact that it's going be different this time around at the time they were able to obtain a number of different…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters