კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 1
ნაწილი IX

      უამრავი თვისებრივი, ნატურალისტური მიდგომა არსებობს (Jacob 1987; Hitchcock and Hughes 1995). ჩვენ ამ სტილის კვლევის სამ მნიშვნელოვან "ტრადიციას" განვიხილავთ, ესენია _ ფენომენოლოგია, ეთნომეთოდოლოგია და სიმბოლური ინტერაქციონიზმი. ფართო გაგებით ფენომენოლოგია თეორიული თვალსაზრისია, რომელიც უშუალო გამოცდილების, როგორც უპირველესი ღირებულების, შესწავლას ემხრობა და ქცევას გამოცდილების ფენომენებით და არა გარეგანი, ობიექტური და ფიზიკურად აღწერილი რეალობით განპირობებულად მიიჩნევს (English and English 1958). მიუხედავად იმისა, რომ ფენომენოლოგები გარკვეული საკითხების ხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ისინი თანხმდებიან საკითხებზე, რომელთაც კურტისი (Curtis 1978) ასახელებს და მათი ფილოსოფიური ხედვის განმასხვავებელ ნიშნებად მიიჩნევს:

  • სუბიექტური ცნობიერების მნიშვნელოვნების რწმენა და მისი უპირატესობის განცდა;
  • ცნობიერების, როგორც აქტიურისა და მნიშვნელობის მქონის, გაგება;
  • მტკიცება, რომ არსებობს ცნობიერების გარკვეული სტრუქტურები, რომლითაც, გარკვეული სახის რეფლექსით, უშუალო ცოდნას ვიძენთ; ფენომენოლოგთა აზრთა სხვადასხვაობა იწყება იქიდან, თუ კონკრეტულად რა სტრუქტურებია ეს.

      ფენომენოლოგიური მოძრაობის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულების განვითარებას შეგვიძლია გავადევნოთ თვალი: ჩვენ მოკლედ მიმოვიხილავთ ორ მათგანს _ ჰუსერლის ტრანსცენდენტურ ფენომენოლოგიას და ეგზისტენციალურ ფენომენოლოგიას, რომელსაც ყველაზე კარგად, ალბათ, შულცი წარმოაჩენს.

      ჰუსერლი, რომელსაც მრავალი ავტორი ფენომენოლოგიის ფუძემდებლად მიიჩნევს, მეცნიერების საფუძვლის წყაროების კვლევით და საღი აზრის, ყოველდღიური ცხოვრების "ესე უნდა იყო"-ს ეჭვქვეშ დაყენებით იყო დაინტერესებული (იხილეთ Burrell and Morgan 1979). ამისათვის მან ცნობიერების ანალიზში ახალი მიმართულება შემოიტანა. მისი საყვარელი ფრთიანი ფრაზა იყო "უკან საგნებისკენ!", რაც მისთვის იმის გარკვევას ნიშნავდა, უშუალოდ ჩვენ როგორ ვხედავთ საგნებს და არა თავად ისინი როგორ მოგვეწოდებიან კულტურული და სიმბოლური სტრუქტურების მეშვეობით. სხვა სიტყვებით, მათ საფუძვლად მდებარე არსის დასანახად ყოველდღიური ცხოვრების მიღმა გახედვას გვთხოვენ. ჰუსერლი ამისათვის "სიტყვების ფრჩხილებში ჩასმას" ან სამყაროს ხედვის ჩვენთვის ჩვეული მეთოდების უარყოფას გვთავაზობს. ამ რედუქციის შემდეგ რაც რჩება, ეს ჩვენი ცნობიერებაა, რომელიც სამ ელემენტს მოიცავს: "მე", ვინც ფიქრობს, ამ მოაზროვნე სუბიექტის ფსიქიკური აქტები და მათი სამიზნე ობიექტები. შესაბამისად, ამ ეპოცჰé მეთოდის, როგორც მას ჰუსერლი უწოდებს, მიზანია ობიექტის სტრუქტურის იმგვარად დანაწევრება, რომ სამყაროს შესახებ ყოველგვარი ტენდენციური შეხედულებებისგან განვთავისუფლდეთ (იხილეთ Warnock 1970).

      შულცს აინტერესებდა ჰუსერლის იდეების მიყენება სოციოლოგიის საკითხებისა და სოციალური ქცევის მეცნიერული შესწავლისადმი. მის ძირითად საფიქრალს ყოველდღიური ცხოვრებისეული სამყაროს სტრუქტურის საზრისის წვდომა წარმოადგენდა. ის ამ საზრისს "ცნობიერების ნაკადში",_ გამოცდილების არსებითად დაუნაწევრებელ ნაკადში _ ეძიებდა, რომელსაც თავისთავად არ აქვს საზრისი. ადამიანს მხოლოდ რეტროსპექციულად შეუძლია მასში საზრისის დანახვა, შეუძლია უკან მიიხედოს და გაარკვიოს, რა ხდებოდა მაშინ. სხვა სიტყვებით, ამ პოზიციიდან საზრისი რეფლექსურობის ცნებით აიხსნება. შულცისთვის რეფლექსიის გზით საზრისის მინიჭება დამოკიდებულია ადამიანების მიერ იმ მიზნების იდენტიფიცირებაზე, რომლისკენაც ისწრაფიან (იხილეთ Burrell and Morgan 1979).

      შულცის მიხედვით, ის, თუ როგორ გვესმის სხვების ქცევა, დამოკიდებულია ტიპიზაციის პროცესზე, რომლის საშუალებითაც დამკვირვებელი ადამიანების მოქმედებებში გასარკვევად "იდეალური ტიპების" მსგავს ცნებებს იყენებს. ამ ცნებებს ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება აყალიბებს და, როგორც შულცი ამტკიცებს, სწორედ მათი მეშვეობით ვახდენთ ყოფითი სამყაროს კლასიფიცირებასა და ორგანიზებას. ბარელი და მორგანი (1979) აღნიშნავენ, რომ ამ ტიპიზაციებს ჩვენი ბიოგრაფიული მდებარეობითა და სოციალური კონტექსტით ვსწავლობთ. ჩვენი ცოდნა ყოფითი სამყაროს შესახებ სოციალურ წესრიგს ახასიათებს და ეს სამყარო თავად არის სოციალურად მოწესრიგებული.

      ყოფითი ცოდნის მარაგი, რომლითაც სხვა ადამიანების ქცევის სხვადასხვა ტიპში გაერთიანებას ვახერხებთ და სოციალურ რეალობასთან თანხმობაში მოვდივართ, სიტუაციიდან სიტუაციამდე იცვლება. ამგვარად, ჩვენ მრავალჯერადი რეალობების სამყაროში ვცხოვრობთ და სოციალური აქტორები ყოველი ასეთი რეალობის ფარგლებში და რეალობიდან რეალობაში თავისუფლად გადაადგილდებიან (Burrell and Morgan 1979); ამასთან, ყოველ რეალობაში ამ რეალობის თამაშის წესებს ემორჩილებიან.

      ფენომენოლოგიის მსგავსად, ეთნომეთოდოლოგიასაც ყოფითი ცხოვრების სამყარო აინტერესებს. მისი დამცველის, ჰაროლდ გარფინკელის სიტყვებით, ის აპირებს, რომ

      პრაქტიკული აქტივობები, პრაქტიკული გარემოებები და პრაქტიკული სოციოლოგიური მსჯელობები ემპირიულ კვლევას დაუქვემდებაროს და ყოფითი ცხოვრების ყველაზე ბანალურ, ჩვეულებრივ აქტივობებს ისეთივე ყურადღება მიაპყროს, როგორსაც განსაკუთრებულ მოვლენებს უთმობენ ხოლმე და ისე შეისწავლოს, როგორც თვითმყოფადი ფენომენები.

(Garfinkel 1967)

      ის ამტკიცებს, რომ სოციალური სამყაროს მკვლევარი ვალდებულია, ეჭვქვეშ დააყენოს ამ სამყაროს რეალურობა და ვინაიდან სოციოლოგები ვერ ახერხებენ, რომ ადამიანის ქცევას უფრო მეტად სკეპტიკურად შეხედონ, მათ შექმნეს მოწესრიგებული სოციალური რეალობა, რომელსაც ბევრი არაფერი აქვს საერთო რეალურ სამყაროსთან. ამით ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს წესრიგის ბაზისურ სოციოლოგიურ ცნებას.

      ამრიგად, ეთნომეთოდოლოგიას აინტერესებს, თუ როგორ ესმით ადამიანებს თავიანთი ყოფითი სამყარო. უფრო კონკრეტულად, ის ფოკუსირებულია იმ მექანიზმებზე, რომლითაც მონაწილეები ამყარებენ და ინარჩუნებენ ურთიერთობებს სოციალურ სიტუაციებში _ დაშვებები, რომლებსაც აკეთებენ, წესები, რომლებსაც იყენებენ და პრაქტიკები, რომლებსაც ითვისებენ. ასე რომ, ეთნომეთოდოლოგია სოციალური პროცესების გაგებას მათივე ტერმინებით ცდილობს; მას მიმდინარე პროცესები შიგნიდან აინტერესებს (იხილეთ Burrell and Morgan 1979).

      ნებისმიერი სოციალური სიტუაციისთვის დამახასიათებელი "ეს ასე უნდა იყო"-ს დაშვებებისა და იმ გზების იდენტიფიცირებისას, რომლითაც ამ სიტუაციებში ჩართული ადამიანები თავიანთ აქტივობებს რაციონალურად ხსნიან, ეთნომეთოდოლოგები ისეთ ცნებებს იყენებენ, როგორიცაა "ინდექსურობა" და "რეფლექსურობა". ინდექსურობა შეეხება იმ გზებს, რომლითაც მოქმედებები და გამოთქმული დებულებები მათ წარმომქმნელ სოციალურ კონტექსტებს უკავშირდება და, ასევე, იმასაც, თუ როგორ ხდება მათი მნიშვნელობები, არა აუცილებლად ექსპლიციტურად, ღიად გაცხადებული, საერთო და საზიარო მონაწილეებისთვის. ამგვარად, ინდექსური გამონათქვამები ის აღნიშვნებია, რომლებსაც მონაწილეები მიაწერენ კონკრეტულ სოციალურ მოვლენას, რათა ამ მოვლენას რეალობაში მიუჩინონ ადგილი. რეფლექსურობა, მეორე მხრივ, შეეხება იმას, თუ როგორ არის ურთიერთდამოკიდებული სოციალური გარემოს ყველა ახსნა _ აღწერა, ანალიზი, კრიტიკა და ა. შ. და ამ ახსნების გამომწვევი სოციალური გარემოება.

      მოსახერხებელია ერთმანეთისგან ორი ტიპის ეთნომეთოდოლოგების განსხვავება: ლინგვისტურისა და სიტუაციურის. ლინგვისტური ეთნომეთოდოლოგები ყოველდღიურ ცხოვრებაში სამეტყველო ენის გამოყენებასა და საუბრის სტრუქტურის ფორმირების გზებზე ფოკუსირდებიან. ისინი ანალიზში უფრო მეტად იყენებენ გამოუთქმელ, თავისთავად ნაგულისხმევ მნიშვნელობებს, ინდექსურ გამოთქმებს და საუბრის წარმართვის მეთოდი უფრო აინტერესებთ, ვიდრე ის, რაც რეალურად ითქვა. სიტუაციური ეთნომეთოდოლოგების მხედველობის ველში სოციალური აქტივობების უფრო ფართო სპექტრი ხვდება და იმის გაგებას ცდილობენ, როგორ აწესრიგებენ ადამიანები თავიანთ საარსებო სოციალურ კონტექსტებს. მათ აინტერესებთ, თუ როგორ ესმით და აწესრიგებენ ადამიანები თავიანთ გარემოს. მათი ემპირიული მეთოდის ნაწილია ყოფით სიტუაციებში მოწესრიგებული ნაგულისხმევი ელემენტების ცნობიერად და მიზანმიმართულად დანაწევრება, ან კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რათა საფუძვლად მდებარე მოქმედი პროცესები გამოავლინონ.

      ამგვარად, ეთნომეთოდოლოგიის არსს დიდწილად სპეციფიკური ტექნიკებისა და მიდგომების ერთობლიობა ქმნის, რომლებიც იმის საკვლევად გამოიყენება, რასაც გარფინკელი (Garfinkel 1967) ყოველდღიური ცხოვრების "შესანიშნავ ინდექსურობას" უწოდებს. ეს ემპირიული კვლევისკენ გვიბიძგებს და აქცენტი, რომელსაც მონაწილეები შექმნილი სიტუაციის განუმეორებლობაზე აკეთებენ, არსებითად რელატივისტურია. მეთოდოლოგიის განვითარების აუცილებლობა და საველე სამუშაოები იმდენად პირველხარისხოვან ადგილს იკავებს მის მიმდევართა ინტერესებში, რომ ონტოლოგიის, ეპისტემოლოგიისა და ადამიანთა ბუნების მონათესავე საკითხებს იმაზე ნაკლები ყურადღება ეთმობა, ვიდრე, ალბათ, ისინი იმსახურებენ.

      არსებითად, სიმბოლური ინტერაქციონალიზმის ცნება მიდის (Mead 1934) შრომაში იღებს სათავეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი დაკავშირებულია შემდგომში ისეთი ცნობილი მკვლევრების სახელებთან, როგორებიც არიან ბლუმერი, ჰაგისი, ბეკერი და გოფმანი, ის არ წარმოადგენს ერთიან პოზიციას და ამიტომ არ მოიცავს ამ მიდგომის ყველა მომხრის საერთო დაშვებებსა და ცნებებს. თუმცა, ჩვენი მიზნებისთვის, შესაძლებელია სამი ძირითადი პოსტულატის გამოყოფა, რომელთაც ვუდსი (1979) შემდეგნაირად აყალიბებს: პირველი, ადამიანები საგნების მიმართ იმ მნიშვნელობების საფუძველზე მოქმედებენ, რომელსაც თავად ანიჭებენ მათ. ადამიანები ორ განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობენ: "ბუნებრივ" სამყაროში, სადაც მათ ლტოლვები და ინსტინქტები აერთიანებთ, გარესამყარო კი მათგან დამოუკიდებლად არსებობს და სოციალურ სამყაროში, სადაც ისეთი სიმბოლოების არსებობა, როგორიც სამეტყველო ენააა, მათ საგნებისთვის მნიშვნელობების მინიჭების შესაძლებლობას აძლევს. სწორედ მნიშვნელობის მინიჭება, ინტერპრეტაციის ეს უნარი ხდის მათ გამორჩეულად ადამიანურს და სოციალურს. მაშასადამე, ურთიერთქმედებები ფოკუსირდება სუბიექტური მნიშვნელობების სამყაროზე და იმ სიმბოლოებზე, რომლებიც წარმოქმნიან და წარმოადგენენ ამ მნიშვნელობებს. ეს არ ნიშნავს რაიმე აპრიორულ დაშვებებს იმის შესახებ, თუ რა ხდება ორგანიზაციაში და, ფაქტობრივად, სერიოზული უპირატესობა ენიჭება შიგნით მყოფთა საკუთარ ინტერპრეტაციებს. ამგვარად, თუ მოსწავლეები უმეტესწილად "მოწყენილები არიან", "უსაქმურობენ", "ხარხარებენ" და ა. შ., ინტერაქციონისტები ამ პროცესების თვისებებისა და განზომილებების შესწავლას ისურვებდნენ.

      მეორე, სიმბოლოების გამოყენებით ობიექტებისადმი მნიშვნელობების მინიჭება უწყვეტი პროცესია. მოქმედება არ არის, უბრალოდ, ისეთი ფსიქოლოგიური თვისებების შედეგი, როგორიცაა იმპულსები, დამოკიდებულებები ან პიროვნებები, ანდა ისეთი გარეგანი სოციალური ფაქტებით განპირობებული, როგორიცაა სოციალური სტრუქტურები ან როლები, არამედ მას წარმოქმნის მნიშვნელობების მინიჭების უწყვეტი პროცესი, რომლის მიმდინარეობა მუდმივად ცვალებადი და შეცვლას დაქვემდებარებულია. ინდივიდი აგებს, აერთიანებს, აფასებებს დადებით და უარყოფით მხარეებს, შესწორებები შეაქვს მათში და მიდის შეთანხმებამდე.

      მესამე, ეს პროცესი სოციალურ კონტექსტში მიმდინარეობს. ინდივიდები საკუთარ ქმედებებს სხვათა ქმედებების მიხედვით აგებენ. ისინი ირგებენ "სხვების როლს", იგონებენ "სხვებისგან" მოსალოდნელ პასუხებს "თავიანთთვის" მისაღები ვარიანტის მიხედვით. ისინი წარმოიდგენენ, თუ როგორ სურთ სხვებს, რომ იმოქმედონ ან როგორ მოქმედებდნენ ისინი ამა თუ იმ სიტუაციაში და, ასევე, თავად როგორ მოიქცეოდნენ ისეთივე სიტუაციაში. მათ შეიძლება სცადონ, "მართონ" მათ მიერ სხვებზე მოხდენილი შთაბეჭდილებები, დადგან "წარმოდგენა", შეეცადონ, გავლენა მოახდინონ "სიტუაციის სხვებისეულ განსაზღვრებაზე".

      ნაცვლად იმისა, რომ ფოკუსირება მოახდინონ ინდივიდზე და, შესაბამისად, მის პიროვნულ მახასიათებლებზე, ანდა იმაზე, თუ როგორ იწვევს სოციალური სტრუქტურა ან სოციალური სიტუაცია ინდივიდის ქცევას, სიმბოლური ინტერაქციონისტები ყურადღებას წარმართავენ ურთიერთქმედების ბუნებისკენ, ადამიანებს შორის მიმდინარე დინამიკური აქტივობებისკენ. თავად ურთიერთქმედებაზე, როგორც შესწავლის ერთეულზე ფოკუსირებისას სიმბოლური ინტერაქციონისტი ადამიანის უფრო აქტიურ ხატს ქმნის და უარს ამბობს პასიურ, დეტერმინირებულ ორგანიზმზე. ინდივიდები ურთიერთქმედებენ; საზოგადოებები ურთიერთქმედებაში ჩართული ინდივიდებისგან შედგება. ადამიანები უწყვეტად განიცდიან ცვლილებებს ურთიერთქმედებაში და საზოგადოება ამ პროცესის მეშვეობით იცვლება. ურთიერთქმედება მოიაზრებს ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთთან მოქმედებენ, ითვალისწინებენ ერთმანეთს, მოქმედებენ, აღიქვამენ მოქმედებას, მის ინტერპრეტაციას ახდენენ და ისევ მოქმედებენ. შესაბამისად, უფრო დინამიკური და აქტიური ადამიანის სურათი იხატება და არა, მხოლოდ სხვებზე მორეაგირე აქტორის. ვუდსი (1983: 15 – 16) სიმბოლური ურთიერთქმედების ძირითად მომენტებს შემდეგნაირად აჯამებს:

  • ინდივიდები, როგორც საკუთარი ქმედებების კონსტრუქტორები;
  • მე-ს სხვადასხვა მდგენელი და მათი ურთიერთქმედების გზები; საკუთარი თავისთვის გაკეთებული მინიშნებები; მინიჭებული მნიშვნელობები; ერთი სიტყვით, სუბიექტური მნიშვნელობების სამყარო; სიმბოლოები, რომლითაც ეს მნიშვნელობები იქმნება და გამოისახება;
  • შეთანხმების პროცესი, რომლითაც უწყვეტად იქმნება მნიშვნელობები;
  • სოციალური კონტექსტი, რომელშიც ისინი ჩნდება და საიდანაც მომდინარეობს;
  • "სხვების როლის" მორგება დინამიკური ცნებაა, რომელიც მოიცავს იმის წარმოდგენას/წარმოსახვას, თუ როგორ სურთ, რომ იმოქმედონ, ან როგორ მოქმედებდნენ სხვები მოცემულ სიტუაციაში და თავად ინიდივიდები რას გააკეთებდნენ იმავე სიტუაციაში _ ინდივიდები თავიანთ ქმედებებს სხვების ქმედებების მიხედვით აგებენ.

      ფენომენოლოგიური, ეთნომეთოდოლოგიური და სიმბოლური ინტერაქციონისტული თვალსაზრისების საერთო მახასიათებელი, რომელიც განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის მათ განათლების სფეროში მოღვაწე წარმოსახვითი მკვლევრისთვის, არის ის, რომ ისინი ბუნებრივად ერგებიან საკლასო ოთახებსა და სკოლებში მიმდინარე მრავალ ქმედებას. კიდევ ერთი მახასიათებელი იმ სიტუაციების ერთიანობის შენარჩუნების მეთოდია, რომელშიც მათ იყენებენ. ამ შემთხვევაში მკვლევრის გავლენა სიტუაციის სტრუქტურირებაში, ანალიზსა და ინტერპრეტაციაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს ტრადიციულად ორიენტირებული კვლევის შემთხვევაში იქნებოდა.

ტეგები: Qwelly, კვლევა_განათლებაში, კვლევის_ბუნება, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 2258

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters