მიგელ დე უნამუნო - მარკიზ დე ლუმბრია


   მარკიზ დე ლუმბრიას უზარმაზარი საგვარეულო სახლი, ანდა სასახლე, როგორც მიყრუებულ ქალაქ ლორენსაში უწოდებდნენ, უთქმელი და იდუმალი მოგონებებით სავსე სკივრს მოგაგონებდათ. ფასადზე საჩინოდ იკვეთებოდა ლუმბრიათა საგვარეულო დიდი გერბი, რომელიც მედიადიას მძიმე, ბაროკოს სტილის ტაძრის ფართო მოედანს გადაჰყურებდა. რაკი მზე ლამის მთელი დღე აცხუნებდა, ხოლო ლორენსაში ღრუბლიანი დღეები იშვიათი მოვლენა იყო, სახლში თითქმის ყველა ჭუჭრუტანა ამოექოლათ; თუმცა მთავარი მიზეზი მაინც ის იყო, რომ ბრწყინვალე მარკიზ დე ლუმბრიას დონ როდრიგო სუარეს დე ტეხადას თავზარს სცემდა მზის სინათლეცა და სუფთა ჰაერიც. „ქუჩიდან მტვრის მეტი არაფერი შემოდის და ავეჯსა და შპალერს მთლად ახუნებს, – იტყოდა ხოლმე, – მერე კიდევ ეს ბუზებიც...“ – ბუზები ხომ კიდევ უფრო აშფოთებდა მარკიზს; ხომ შეიძლება, მანამდე ვინმე მაწანწალას დასხდომოდნენ ანდა სულაც ქეციანსაც კი. ხოლო იმის გაფიქრებაზე, ვაითუ, ბუზებმა რაიმე პლებეური სენი შემოგვიტანონო, მთლად აკანკალებდა. მაინც რა სიბინძურის ბუდე იყო ლორენსაცა და მისი შემოგარენიც.

   სასახლეს უკანა მხარეს მდინარე ჩაუდიოდა, ციცაბო კლდეებს შორის მიჩუხჩუხებდა; კედელი მთლიანად დაეფარა სუროს და თუმცა იქ თაგვებსა და სხვა ათასგვარ უწმინდურ არსებებს დაებუდებინათ, მარკიზი მაინც დიდი მოწიწებით ეკიდებოდა, რამეთუ სურო მათი ოჯახის ტრადიციად ითვლებოდა. და სწორედ აქ, მზესა და ბუზებს განრიდებული მარკიზი მოიკალათებდა ხოლმე მყუდრო აივანზე, ჩრდილში, კითხულობდა და ნანასავით ესმოდა მდინარის ჩქამი, ლოდებს შორის რომ მიისწრაფოდა აქაფებული, თითქოს ჩქარობდა ამ ვიწრო ხეობიდან გაეღწია.
ბრწყინვალე მარკიზ დე ლუმბრიასთან ერთად სასახლეში ცხოვრობდა მისი ორი ქალიშვილი, უფროსი კაროლინა და უმცროსი ლუისა და მისი მეორე ცოლი დონია ვისენტა, რომელიც დიდი ჭკუის პატრონი არ გახლდათ და მთელი დღეები ან ეძინა ან ბუზღუნებდა; ხოლო ბუზღუნებდა ყველაფერზე, განსაკუთრებით ხმაურს უჩიოდა; ასე რომ, მარკიზს აწუხებდა მზე, მარკიზას – ხმაური, ამიტომ ზაფხულის თაკარა დღეებში ერთი სუროთი დაჩრდილულ აივანს მიაშურებდა და მდინარის დგაფუნის ხმაზე კითხულობდა, მეორე სახლის წინა მხარეს მიაშურებდა, ნასადილევს ძველ, ატლასგადაკრულ სავარძელში ჩაეფლობოდა და ტაძრის მოედანზე ჩამოწოლილ სიჩუმეში ნებივრობდა.

   მარკიზ დე ლუმბრიას ვაჟიშვილები არ ჰყავდა და ეს მწარე ეკალივით ჩხვლეტდა გულში; არადა, მეორედ მარტო ამიტომ იქორწინა დონია ვისენტაზე, მაგრამ სენიორა უშვილო აღმოჩნდა.
მარკიზის ცხოვრება ისევე უღიმღამოდ, ერთფეროვნად და ჩვეული წესით მიედინებოდა, როგორც მდინარე მიედინებოდა ხეობაში, ან როგორც ლიტურგიული კაპიტულები სრულდებოდა ტაძარში. თითქოს ოჯახის საქმეებსაც უძღვებოდა, ხანდახან თავის მამულებს და სავარგულებსაც დახედავდა ხოლმე, თუმცა დიდხანს ვერც იქ ძლებდა, საღამოობით კი ჩვეულებისამებრ შეიყრებოდნენ მოურავი, ოჯახის მოძღვარი, საეკლესიო ბენეფიციების მფლობელი და ტრესილიოს პარტიას თამაშობდნენ. სტუმრები მუდამ დანიშნულ დროზე მოდიოდნენ, როგორც კი დიდი კარის ზღურბლს გადმოაბიჯებდნენ – რომლის თავზე ეკიდა დაფა იესოს წმინდა გულის გამოსახულებით და წარწერით: „სამეუფეო ჩემი იქნება ესპანეთი, სადაც ვიქნები განდიდებული უფრორე, ვინემ სხვა მიწაზე“, – მყისვე მაგიდას შემოუსხდებოდნენ – ზამთრობით, გასათბობად ტაფასაც დგამდნენ ხოლმე მაგიდის ქვეშ – ხოლო ათი საათი ჩამოჰკრავდა თუ არა, მომართულებივით წამოიშლებოდნენ, ისე ჩქარობდნენ, ფსონსაც კი არ იმზადებდნენ მეორე დღისთვის, ამასობაში კი მარკიზა სულ თვლემდა, ხოლო ქალიშვილები ან ხელსაქმეს ჩაჰკირკიტებდნენ, ან სამოძღვრებო წიგნებს კითხულობდნენ – ხანდახან მალულად ნაშოვნ საკითხავსაც – ან კიდევ ჩხუბობდნენ.
მზისა და ბუზებისგან თავდასაცავად საგულდაგულოდ დაგმანულ სალონში და საერთოდ მთელ სახლში, ვიდრე სუროთი შესუდრულ კედლამდე, ისეთი მოწყენილობა სუფევდა, რომ კაროლინასა და ლუისას დროის მოსაკლავად ჩხუბის მეტი სხვა აღარაფერი დარჩენოდათ. უფროსს, კაროლინას მამაზე ნაკლებად როდი სძულდა მზე. საერთოდ, მეტისმეტად თავდაჭერილი გახლდათ და ოჯახის ტრადიციებსაც მტკიცედ იცავდა, ხოლო უმცროსს, ლუისას სიმღერა უყვარდა, აივნიდან ყურებაც ხშირად იცოდა, ქოთნის ყვავილების მოვლა დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა და ხალისითაც რწყავდა ხოლმე, ამიტომ მარკიზი სულ საყვედურობდა, პლებეური ჩვევააო. „ბაღი არ გვაქვს?“ – ეტყოდა ხოლმე შვილს და სასახლის გვერდით ბაღზე მიუთითებდა, მაგრამ იქ იშვიათად თუ ვინმე ჩავიდოდა. ხოლო ლუისას ქოთნის ყვავილები უფრო მოსწონდა, თავისი საძინებელი ოთახის აივანსაც ამშვენებდა და თან საბაბიც ჰქონდა, ტაძრის მოედანსა და პატარა ქუჩის მხარეს გადამდგარიყო და გამვლელ-გამომვლელები ეთვალიერებინა. „ეგ არის შენი გემოვნება? გეკადრება ჩვენთვის შეუფერებელი ვიღაცებისა თუ რაღაცების ყურება!“ – ბუზღუნებდა მამა, ხოლო უფროსი და, კაროლინა დაუმატებდა: „ხალხი იფიქრებს, კაცებზე ნადირობსო“, – და იწყებოდა ერთი დავიდარაბა.

   მაგრამ საძინებელი ოთახის აივანზე სირბილსა და ქოთნის ყვავილებში ფუსფუსს უშედეგოდ არ ჩაუვლია. ერთხელაც ქალაქ ლორენსას მკვიდრმა, ასევე ერთი ყველაზე წარჩინებული, ძველი გვარის ყმაწვილმა ტრისტან იბანიეს დელ გამონალმა მათი სახლის წინ ჩაიარა და დაინახა, მარკიზ დე ლუმბრიას უმცროსი ქალიშვილი ყვავილებს რომ რწყავდა, ისე მოხიბლა მისმა ღიმილმა, იისფერმა თვალებმა და გელორგელასფერმა ტუჩებმა, რომ თვალი ვეღარ მოსწყვიტა. მეორეჯერ კი ისე მოხდა, რომ თავზე ქოთნის წყალი დაეწვეთა და ლუისამ მაშინვე გადასძახა: „ოჰ, მაპატიეთ, ტრისტან!“ და ყმაწვილს მოეჩვენა, თითქოს მოჯადოებულ ციხესიმაგრეში დამწყვდეული პრინცესა შველას სთხოვდა.
– შვილო, ასეთ რამეებს თავისი წესი და რიგი აქვს, – უთხრა მამამ, – სისულელეს ნუ ჩაიდენ!
– ამას რატომ მეუბნები, მამა? – შეწუხდა ლუისა.
– კაროლინა უკეთ აგიხსნის.
ლუისამ უფროს დას გადახედა და მანაც თავისებურად აუხსნა:
– ჩემი აზრით, დაიკო, ჩვენ, მარკიზ დე ლუმბრიას ქალიშვილებს, არ გვეკადრება აივნიდან ვიღაცებს ვეკეკლუცოთ მდაბიო მკერავებივით. აი, თურმე რისთვის გინდოდა ის ყვავილები!
– იმ ყმაწვილმა ჯერ ნებართვა უნდა ითხოვოს, რომ ამ სახლში მივიღოთ, – დაასკვნა მამამ, – თუმცა მე, ჩემდა თავად, წინააღმდეგი არ ვიქნები, ყველაფერი მერე შეიძლება მოგვარდეს... შენ რას იტყვი, კაროლინა?
– მე? – თქვა მან, – არც მე ვიქნებოდი წინააღმდეგი.
ასე და ამგვარად, ტრისტანი მარკიზის ოჯახმა ლუისას ოფიციალურ საქმროდ აღიარა; ეს ამბავი მარკიზამ ყველაზე ბოლოს გაიგო.
სანამ კაცები ტრესილიოს თამაშით იყვნენ გართული, ხოლო სენიორა სალონის ერთ კუთხეში თვლემდა, კაროლინა და ლუისა შორიახლო ისხდნენ, მარმაშებს ქარგავდნენ და თან ტრისტანს ეჩურჩულებოდნენ; მაგრამ უფროსებს თვალი მაინც მათკენ ეჭირათ, რომ დები ერთმანეთს არ დასცილებოდნენ და ლუისა მარტო არ დარჩენილიყო საქმროსთან, განსაკუთრებით ფხიზლად ადევნებდა მათ თვალს მამა, მისი აზრით, უფროსი ქალიშვილი უფრო სანდო იყო და სასიძოსაც უკეთ გააცნობდა ოჯახის ტრადიციებს.

*

   ტრესილიოს მოთამაშეებმაც, შინამოსამსახურეებმაც და ქალაქის საზოგადოებამაც, ვინც კი თვალს ადევნებდა ამ დიდი სახლის იდუმალ ცხოვრებას, შეამჩნიეს, რომ უმცროსი ქალიშვილის საქმროდ ტრისტანის აღიარების შემდეგ ამ წმინდა ოჯახში ვითარება თითქოს უფრო ჩამობნელდა და დაიძაბა; მარკიზიც კიდევ უფრო დადუმდა, მარკიზმაც უმატა წუწუნს, თუმცა ახლა ადრინდელზე ნაკლებად ისმოდა ხმაური; დებს შორის უფრო გახშირდა ჩხუბი, ოღონდ ეგ არის, ჩუმ-ჩუმად, მალულ-ფარულად, მაგრამ მწვავედ კენწლავდნენ ერთმანეთს, განსაკუთრებით, როცა დერეფანში შეეფეთებოდნენ, მაშინ არც შეურაცხყოფას ერიდებოდნენ და არც ჩქმეტასა თუ კაწვრას, თუმცა უბრალო წამოკივლებასაც კი ვერავინ გაიგონებდა. მარტო ერთხელ იყო, რომ მოხუცმა მოსამსახურემ, მარიანამ ყური მოჰკრა ლუისას ყვირილს: „ამას მთელი ქალაქი შეიტყობს, დიახ, მთელი ქალაქი! მე თვითონ გადავდგები აივანზე და ქვეყნის გასაგონად ვიყვირებ ტაძრის მოედანზე!“ „გაჩუმდი!“ – შეუბუხუნა მარკიზმა, რასაც მერე იმისთანა სიტყვები მოაყოლა, იმისთანა, რომ კარს უკან მოყურადე მარიანა გულგახეთქილი გაიქცა უკანმოუხედავად.

   იმ შემთხვევიდან ორიოდე დღე არ გასულა, რომ მარკიზი უფროს ქალიშვილთან ერთად ლორენსადან სადღაც გაემგზავრა. სანამ ისინი შინ არ იყვნენ, ტრისტანი ერთხელაც არ გამოჩენილა მათ სახლში. ხოლო როცა მარკიზი მარტო დაბრუნდა, ერთ საღამოსაც, რატომღაც თავი ვალდებულად ჩათვალა, ტრესილიოს მოთამაშეებისთვის თავისი გამგზავრების მიზეზი აეხსნა: „საბრალოს ამ ბოლო ხანებში ჯანმრთელობა შეერყა, – ეს რომ თქვა, დაჟინებით დააცქერდა მოძღვარს, – ცოტა ნერვებმაც უღალატა, თან დასთანაც გაურთულდა ურთიერთობა, რა თქმა უნდა, უბრალო წვრილმანებზე კი დაობდნენ, თორემ თავის დაზე ლამის ლოცულობს; ჰოდა, მეც ავდექი და გავარიდე, იქნება ცოტა დამშვიდდეს-მეთქი“. კრინტიც არავის დაუძრავს. ამ დღის მერე, სულ ცოტა ხანში მხოლოდ ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნეს ტრისტან იბანიეს დე გამონალისა და ბრწყინვალე სენიორის, მარკიზ დე ლუმბრიას უმცროსი ქალიშვილის ლუისას ქორწინება; გარეშეთაგან არავინ მიუწვევიათ, მხოლოდ სიძის დედა და მარკიზის ამხანაგები, ტრესილიოს მოთამაშენი ესწრებოდნენ.

   ერთი სიტყვით, ტრისტანი სიმამრის ოჯახში დაბინავდა და სახლშიც კიდევ უფრო დაინისლა და დამძიმდა ვითარება. ახალშეუღლებულთა საძინებელი ოთახის აივანზე ყვავილები მოუვლელობის გამო ერთიანად ჩამოჭკნა; სენიორას კიდევ უფრო დიდხანს ეძინა, დადუმებული და პირგამეხებული სენიორი კი თავჩაქინდრული მოჩვენებასავით დაბორიალებდა დაგმანულ ოთახებში, სადაც მზეს არ უშვებდნენ. იგი გრძნობდა, რომ მისმა დრომაც მოაწია და სიცოცხლეს უნდა დამშვიდობებოდა, მაგრამ მით უფრო გამწარებით ებღაუჭებოდა; ტრესილიოს თამაშზეც გული აუცრუვდა, ეს კი ამ ქვეყანასთან გაყრას უტოლდებოდა, თუკი რაიმე კიდევ აკავშირებდა ამ ქვეყანასთან. „თამაშის თავიც აღარ მაქვს, – უთხრა ერთხელაც მოძღვარს, – გულისყური მეფანტება და ხალისიც დამეკარგა. ახლა ისღა დამრჩენია, სიკვდილისთვის მზადებას შევუდგე“. და აი, ერთ დილას დამბლის ნიშნებიც იგრძნო, უცბად ყველაფერი ერთბაშად დაავიწყდა, მერე, გონს რომ მოეგო, მეტი გამწარებით ჩაებღაუჭა სიცოცხლეს. „არა, არა, არ უნდა მოვკვდე, არც მოვკვდები, სანამ არ დავინახავ, როგორ დამთავრდება ეს ამბავი“, და მოუსვენრობამ შეიპყრო, წამდაუწუმ ეკითხებოდა შვილს, როცა საჭმელს მიუტანდა ხოლმე მწოლიარეს, – „როგორ არის საქმე, ხომ არ იგვიანებს?“ „ბევრი აღარ დარჩა, მამა“. „ამ ქვეყნიდან ისე არ წავალ, ვერ დაგტოვებთ, სანამ ახალ მარკიზს ჩემი თვალით არ ვნახავ; მომავალ მარკიზს უნდა მოვესწრო, გვარში მამაკაცი გვჭირდება, მამაკაცი! თუ სუარეს დე ტეხადა არა, სახელი როდრიგო და მარკიზ დე ლუმბრიას ტიტულს ხომ შევინარჩუნებთ!“ „ეს ხომ ჩემზე არ არის დამოკიდებული, მამა...“ „ესღა გვაკლია, შვილო, – ამას რომ ამბობდა, ხმა უკანკალებდა, – ამ ჩიტირეკიამ, ჩვენს სახლში რომ შემოიპარა, იმედი გაგვიცრუოს და ბიჭი არ გვაღირსოს... თუ ის მოახერხა, რომ... საბრალო ლუისა ტიროდა, ხოლო ტრისტანი მათ სახლში ბოროტმოქმედისა თუ მსახურის პირობაზე ცხოვრობდა. საწყალობელი სენიორის მღელვარებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა უთხრეს, ლუისას მშობიარობა დაეწყოო; ციებ-ცხელებიანივით დააწყებინა კანკალი მოლოდინში. „მშობიარეზე მეტი ყურადღება მარკიზს სჭირდება“, – თქვა მისმა შემხედვარე ექიმმა.
– როგორც კი ბავშვი დაიბადება, – უთხრა მარკიზმა სიძეს, – მით უმეტეს, ბიჭი თუ იქნება, მაშინვე აქ მომგვარე, მე უნდა ვნახო, რომ მერე მშვიდად წავიდე ამ ქვეყნიდან, შენ თვითონ მომიყვანე!..
და როცა კივილი გაიგონა, მარკიზმა თავი წამოსწია და სმენადქცეული კარს მიაშტერდა. მალე ტრისტანი შემოვიდა, მთლად გაოგნებული ჩანდა, ხელში ლამაზად შეხვეული ბავშვი ეჭირა. „მარკიზი?! – შესძახა მოხუცმა. – აჰა!“ – ცოტა კიდევ წამოიწია, რომ ახალშობილი კარგად დაენახა, მერე ფრთხილად, მოკრძალებით ეამბორა და ეს იყო ამ ქვეყნიდან მიმავლის ამბორი, სიძისთვის ერთიც არ შეუხედავს, მძიმედ მიესვენა ბალიშზე და გონება დაკარგა. ორი დღის მერე კიდეც მიიცვალა, გონზე აღარც მოსულა.
სასახლის ფასადზე საგვარეულო გერბს თალხი შემოახვიეს, მაგრამ თაკარა მზეზე სამგლოვიარო ფლასი იმდღესვე გახუნდა. მთელი სახლი თითქოს ძაძებში გაეხვია, პატარამაც კი ვერ შემოიტანა სიხარული.
საბრალო ლუისა, უკვე დედა, მშობიარობის მერე ძალზე დასუსტდა. თავიდან კი დაიჩემა, ბავშვს ძუძუ მე თვითონ უნდა ვაწოვოო, მაგრამ მალევე მიხვდა, ძალა არ შესწევდა, „სხვამ როგორ უნდა აწოვოს... უცხომ რატომ უნდა აწოვოს!.. – ოხრავდა იგი. – ახლა კი, ტრისტან, ჩვენი ვალია, მარკიზი აღვზარდოთ!“ – მალიმალ უმეორებდა ქმარს.
ტრისტანსაც მძიმე სევდა შემოაწვა გულს, თითქოს კიდეც დაბერდა. „ამ სახლში შეკედლებულივით ვგრძნობ თავს, – ნივთივით...“ – ფიქრობდა იგი. ქუჩიდან დანანებით შეჰყურებდა ლუისას საძინებელი ოთახის აივანს, რადგან ყვავილებს ვეღარ ხედავდა.
– ეგებ ისევ დაგვედგა ქოთნის ყვავილები შენს აივანზე, ლუისა?! – ძლივს შეჰბედა ერთხელაც ცოლს.
– ჩვენი ყვავილი ახლა ჩვენი პატარა მარკიზია, სხვა ყვავილები აღარ გვჭირდება!.. – უპასუხა ლუისამ.
საბრალო ტრისტანს ყველაზე მეტად ის ტანჯავდა, რომ მის შვილს სახელს კი არა, მხოლოდ მარკიზს ეძახდნენ. და იგი გარბოდა სახლიდან, ხან ტაძარს აფარებდა თავს, ხანაც მიდიოდა ქუჩაში და თვითონაც არ იცოდა, საით. მაგრამ კიდევ უფრო ის სწყინდა, რომ ცოლი არასდროს არაფერს ეკითხებოდა. ლუისა გრძნობდა, რომ დიდი დღე აღარ ეწერა, სიცოცხლე წვეთ-წვეთად ტოვებდა, „ჩემი დღეები დათვლილია, ასე მგონია, ძარღვებში სისხლი გამიშრა, – იტყოდა ხოლმე იგი, – თითქოს სისხლი მთლად გამიწყალდა, თავბრუ მესხმის და თუ კიდევ მიდგას პირში სული, იმიტომ, რომ სიკვდილი ძალიან ნელა მოდის. მხოლოდ მისთვის ვსუნთქავ, მხოლოდ ჩემი პატარა მარკიზისთვის, მარტო მისთვის... რა მოსაწყენია ამ უმზეო სახლში ცხოვრება! ამაოდ მეგონა, რომ შენ მაინც მაღირსებდი მზეს, სიხარულს და თავისუფლებას, ტრისტან, მაგრამ არა, შენ მე პატარა მარკიზის მეტი ვერაფერი მომეცი... მომიყვანე იგი!“ და მან აკოცა ბავშვს; კოცნიდა, კოცნიდა ნება-ნება, აგზნებული და აცახცახებული. ცოლ-ქმარი კი ელაპარაკებოდა ერთმანეთს, მაგრამ მათ შორის თითქოს დუმილის კედელი აღმართულიყო. არც ერთი კრინტს არ ძრავდა იმაზე, რაც ყველაზე მეტად უწამლავდა ორივეს გულსა და გონებას.
როცა ლუისამ უკვე იგრძნო, რომ სიცოცხლისკენ პირს ვეღარ იბრუნებდა და უკანასკნელი ბეწვიც უკვე წყდებოდა, გაცივებული ხელი შუბლზე დაადო შვილს, თავის როდრიგინს და უთხრა მის მამას: „ზრუნვა არ მოაკლო მარკიზს, ანაცვალე მას შენი თავი! იმას კი უთხარი, რომ ვაპატიე!“ „მე?“ – დაიკვნესა ტრისტანმა. „შენ? განა შენ პატიება გჭირდება?“ და ეს სიტყვები საბედისწერო განაჩენივით ჩაესმა უბედურ კაცს. ეს იყო და ეს, სულ ცოტა ხანში, მიხვდა, რომ უკვე ქვრივი იყო.

*

   ახალგაზრდა ქვრივი, იმ დიდი ქონების პატრონი, მის შვილს, პატარა მარკიზს რომ დარჩა მემკვიდრეობით, ამ უსიხარულო სახლში, სადაც მზესაც კი ვერ შეეღწია, ტყვედ გრძნობდა თავს; სულ ორიოდე წლის ამბებიც კი შორეულ წარსულად ეჩვენებოდა; საათობით იჯდა გარინდებული სასახლის უკანა მხარეს, სუროთი დაფარულ კედელთან, ჩრდილში და უსმენდა მდინარის ბორგვას. მერე ნელ-ნელა განაახლეს ტრესილიოს პარტიები; ზოგჯერ მოძღვართან ერთად ჩაიკეტებოდა ოთახში და, როგორც ამბობდნენ, მასთან ერთად არჩევდა განსვენებული მარკიზის ქაღალდებს და ანდერძის კანონიერების საქმეებს.
მაგრამ ერთი ისეთი დღეც დადგა, როცა მთელი ლორენსა ალაპარაკდა ახალ ამბავზე; ერთხელ ტრისტანი სადღაც გაემგზავრა და შინ კაროლინასთან ერთად დაბრუნდა, თავის ცოლისდასთან ერთად, რომელიც ახლა მისი მეორე ცოლი გამხდარიყო. მაგრამ აკი ამბობდნენ მონაზვნად აღიკვეცაო? მაშ, სად და როგორ ცხოვრობდა მთელი ეს ოთხი წელიწადი?
მაგრამ კაროლინას ამაყად და გამომწვევადაც ეჭირა თავი. როგორც კი შინ ფეხი შედგა, მაშინვე განკარგულება გასცა, საგვარეულო გერბს სამგლოვიარო ფლასები ჩამოხსენითო. „დაე, დაანათოს და დააცხუნოს მზემ, – შესძახა მან, – ეგებ თაფლიც კი წავუსვათ, რომ ბუზები მიესიონ“. მერე ბრძანა, კედლიდან სურო ჩამოგლიჯეთო. „ოჯახის სიძველეები მაინც დატოვე, კაროლინა!“ – ევედრებოდა ტრისტანი.
ბავშვმა, პატარა მარკიზმა ახალმოვლენილი დედის სახით უმალ მტერი დაინახა, ვერაფრით დედა ვერ ათქმევინა ტრისტანმა, თუმცა კი ბევრი ეხვეწა და ემუდარა; რატომღაც დეიდა დაიჩემა. „ნეტავი ვის უნდა ეთქვა, რომ მართლა მისი დეიდა ვარ? – იკითხა კაროლინამ, – ეგებ მარიანამ!“ „აბა, რა გითხრა, ჩემო ქალბატონო! მე საიდან უნდა ვიცოდე! – უპასუხა ტრისტანმა, – მაგრამ აქ, როგორც ვხედავ, ყველამ ყველაფერი იცის, ოღონდ საიდან და როგორ, ვერ გამიგია!“ „ყველაფერიო?“ „ჰო, ყველაფერი, გეგონება, კედლებსაც ყურები ასხია და კიდეც ლაპარაკობენო“... „მაშინ ჩვენც გავჩუმდეთ...“
სახლში თითქოს ქუფრი ღრუბლები ჩამოწვა, ურთიერთობა მეტისმეტად დაიძაბა. მეუღლეები იშვიათად გამოდიოდნენ თავიანთი ოთახიდან. კაროლინა გარეთაც კი არ ახედებდა ტრისტანს. პატარა მარკიზი უმეტესად მოსამსახურეებისა და მასწავლებლის, ანდა მოძღვრის იმედად იყო დარჩენილი, ერთი ანაბანას ასწავლიდა და ყოველდღე მოდიოდა, მეორე, მოძღვარი, მის რელიგიურ განათლებაზე ზრუნავდა.
ტრესილიოს პარტიები ისევ თავიდან დაიწყეს. თამაშის დროს კაროლინა მიუჯდებოდა გვერდით ქმარს და მის თამაშს ადევნებდა თვალს, ხან კიდეც კარნახობდა. ყველა ამჩნევდა, რომ სულ საბაბს ეძებდა, რომ ხელი მოეკიდა, მხარზე მიყრდნობოდა, ხოლო როგორც კი ათი საათი ჩამოჰკრავდა, ეტყოდა: „ტრისტან, უკვე დროა!“ არც ტრისტანი გავიდოდა ქუჩაში უმისოდ, სეირნობისას ქმარს მკლავზე ჩამოეკიდებოდა და თან აქეთ-იქით იყურებოდა გამომწვევად, გამარჯვებულივით.

*

   კაროლინას მეტად მძიმე ფეხმძიმობა კი ჰქონდა, მაგრამ იფიქრებდით, ბავშვის დაბადება სულაც არ ახარებსო; ხოლო, როცა გაჩნდა, ერთიც არ დაუხედავს, როცა უთხრეს, ქალიშვილი გეყოლა, ოღონდ ძალიან სუსტი და უდღეურიაო, ცივად გამოსცრა: „ალბათ ესეც ჩვენი სასჯელია!“ მერე კი საბრალო არსებამ სული უფალს რომ მიაბარა, ესეც კი თქვა: „ასეთი უსუსურის გაზრდას, სიკვდილი ჯობდაო“.
– როდემდე უნდა იყო ასე მარტო, – უთხრა ერთ დღეს კაროლინამ თავის დისწულს, პატარა მარკიზს, – ამხანაგი გჭირდება, უფრო გახალისდები და უკეთესადაც ისწავლი; ამიტომ მე და მამაშენმა გადავწყვიტეთ, ერთი ობოლი ნათესავი მოგიყვანოთ... ამ დროს ბავშვი უკვე ათი წლის იყო, ცოტა ავადმყოფური იერი ჰქონდა და ასაკის შეუფერებლად სევდიანი ჩანდა; დეიდას სიტყვებმა ჩააფიქრა.
ბოლოს, როცა ის მეორე, უცხო ობოლი ბიჭი მოიყვანეს, პატარა მარკიზმა ყურები ცქვიტა; ქალაქ ლორენსას ახალი სალაპარაკო გაუჩნდა; ამ ამბავს ასეთი ახსნა მოუძებნეს და კიდეც დაიჯერეს, რაკი კაროლინას საკუთარი შვილი არ უჩნდებოდა, ამიტომ იშვილა ეს ბიჭი და თანაც თავის დისწულს ასე უფრო გაუმწარებს სიცოცხლესო. ბიჭებმაც პირველი დღიდანვე მტრებივით დაუწყეს ერთმანეთს ყურება. ორივე სიამაყესა თუ ქედმაღლობაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. „შენ გგონია, რაკი მარკიზი ბრძანდები, შეგიძლია დამჩაგრო? – ეტყოდა ხოლმე პედრიტო როდრიგინს, – თუ მეტისმეტად გათამამდები, წავალ, აქედან წავალ და ისევ მარტო დარჩები...“ „დავრჩები და დავრჩე, მეც სწორედ მარტო ყოფნა მირჩევნია, შენ კი საიდანაც მოხვედი, ისევ იქ წაბრძანდი!“ მაგრამ როგორც კი კაროლინა გამოჩნდებოდა და დაჰკივლებდა: „აბა, ბავშვებოო!“ ორივე მყისვე ჩაჩუმდებოდა.
– ძია, – ასე მიმართავდა ხოლმე პედრიტო ტრისტანს, – მე აქ დარჩენა აღარ მინდა, წავალ, ისევ ჩემს დეიდებთან დავბრუნდები, როდრიგინთან ყოფნა არ შემიძლია, ისე მექცევა, გეგონებათ, მისი მსახური ვიყო, ან სულაც მათხოვარი.
– მოითმინე, პედრინ, მოითმინე; განა მე ცოტას ვითმენ? – ბიჭი გულში ჩაიკრა, თავზე აკოცა და ატირდა; ტიროდა უხმოდ, მწარედ, გულამომჯდარი.
მისი ცრემლები ბიჭს ნუგეშად ეპკურებოდა და თანაგრძნობით იმსჭვალეობდა ამ საბრალო კაცისადმი, პატარა მარკიზის საბრალო მამისადმი.
არ ტიროდა მარტო კაროლინა.

*

   ერთ დღეს, როცა ცოლ-ქმარი მკლავიმკლავგადაჭდობილი სოფაზე იჯდა და ჩამობურულ სივრცეს მიშტერებოდა, უცბად შემოესმათ ყვირილი და იმავე წუთს ოთახში გახვითქული და აღგზნებული ბავშვებიც შემოცვივდნენ. „მე მივდივარ, აქედან მივდივარ!“ – გაჰყვიროდა პედრიტო. „წადი, წადი და ამ სახლში ნუღარასოდეს დაბრუნდები, ჩემს სახლში!..“ – გაიძახოდა როდრიგინი. როგორც კი კაროლინამ დაინახა პედრიტოს ცხვირიდან სისხლი სდისო, ლომივით წამოიჭრა ფეხზე და დაიკივლა: „ჩემო შვილო! ჩემო ბიჭო!“ მერე უმცროს მარკიზს მიუტრიალდა და კბილებში გამოსცრა: „კაენო!“
– კაენოო?! განა ეს ჩემი ძმაა? – გაოცებულ მარკიზს თვალები გაუფართოვდა.
კაროლინა ერთი წამით კი შეყოყმანდა, მაგრამ მალევე მოეგო გონს და დაიგმინა: „ოჰ, ის ხომ ჩემი შვილია!“
– კაროლინა! – დაიკვნესა ქმარმაც.
– ჰო, ასეა! – განაგრძო პატარა მარკიზმა, – აკი მეც ამას ვფიქრობდი და აქაც ყველა ამაზე ლაპარაკობდა, მაგრამ ის კი ვერ გავიგე, ვინ არის მისი მამა ან საერთდ, ჰყავს თუ არა მამა!
კაროლინა მხრებში გაიმართა, თვალები უცნაურად უელავდა, ტუჩები უთრთოდა, ხელი მოხვია თავის შვილს, პედრიტოს, თვალებში შეხედა თავის ქმარს და შესძახა:
– მისი მამა? შენ თვითონ თქვი, პატარა მარკიზის მამავ, შენ თვითონ აღიარე, უთხარი ლუისას შვილს, ჩემს დისწულს, უთხარი როდრიგო სუარეს დე ტეხადას, მარკიზ დე ლუმბრიას შვილიშვილს, ვინ არის მისი მამა! უთხარი! თუ შენ ვერ ეტყვი, მაშინ მე ვეტყვი! უთხარი!
– კაროლინა! – შეევედრა ტრისტანი.
– უთხარი, უთხარი, ვინ არის ნამდვილი მარკიზ დე ლუმბრია!
– ნუ მეტყვით, არ არის საჭირო! – თქვა ბიჭმა.
– არა, სწორედ რომ საჭიროა! მარკიზი ეს გახლავს და არა შენ, დიახ, რადგან იგი შენზე ადრე დაიბადა, ის მე გავაჩინე, მე, მაიორატის მემკვიდრემ, დიახ, ჩემი და მამაშენის შვილია, მამაშენის, ჩემი პირდაპირი მემკვიდრეც ეს არის და ამას გერბიც მოწმობს... ახლავე ვბრძანებ, ეს გერბი ჩამოხსნან, გახსნან აივნები და მზე შემოუშვან, დიახ, მე ვბრძანებ, ჩემი შვილი აღიარონ მარკიზად, სინამდვილეში არის კიდეც მარკიზი!
მერე მოჰყვა ყვირილსა და ძახილს, მთელი ჯალაბი შეჰყარა, გამოაღვიძა სენიორაც, რომელიც მთლად ბავშვობაში გადავარდნილიყო და ძლივს გამოფხიზლდა; და როცა მთელი სახლი ფეხზე დააყენა, ბრძანა, აივნები ყურთამდე გაეღოთ და მერე ხმამაღლა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მაგრამ მშვიდად გამოაცხადა:
– თქვენ წინაშეა მარკიზი, ნამდვილი მარკიზი დე ლუმბრია, მაიორატის კანონიერი მემკვიდრე; ის მე გავაჩინე, ხოლო მისი მამა გახლავთ ტრისტანი, ახლა რომ აღარ იცის, სად დაიმალოს და ტირის; მე მაშინ ვიღე იგი მუცლად, როცა ტრისტანმა ხელი ჩემს დას სთხოვა, მამაჩემმა კი მაშინ თავისი პრინციპებისთვის გამწირა, მეც და ეგებ ჩემი დაც თავის პრინციპებს გვანაცვალა!
– კაროლინა! – ამაოდ კვნესოდა ქმარი.
– შენ გაჩუმდი, დღეს მე ყველაფერი უნდა ვთქვა; შენმა შვილმა, თქვენმა შვილმა, ჩვენი შვილის სისხლი დაღვარა, ცისფერი სისხლი, წითელი სისხლი, ჩემი შვილის, მარკიზის სისხლი!..
– რა ყვირილია... ღმერთო, მიშველე!... – აწუწუნდა სენიორა და კუთხეში თავის სავარძელში მოიკუნტა.
– ახლა კი, – განაგრძო კაროლინამ და მსახურებს მიუბრუნდა, – წადით და მთელ ქალაქს მოსდეთ ეს ამბავი, ილაპარაკეთ ყველგან, სადაც მოგიხდებათ, მოედნებზე, ეზოებში, წყაროსთან, ყველგან, სადაც კი ხმას მიაწვდენთ, თქვით ყველაფერი, რაც აქ მოისმინეთ; დაე, ყველამ გაიგოს ჩვენი შელანძღული გერბის ნამდვილი ამბავი!
– მაგრამ ქალაქში უკვე ყველამ იცის! – ჩაიბუტბუტა მარიანამ.
– რაო? – დაუყვირა კაროლინამ.
– დიახ, სენიორა, ყველამ იცის და ყველა ამაზე ლაპარაკობს კარგა ხანია...
– მაშინ ჩვენ რაღას ვმალავდით და ვჩქმალავდით ამ საიდუმლოს, თუ უკვე აღარც საიდუმლო ყოფილა და აღარც გამოცანა... რაღას ვიკატუნებდით თავს ტყუილუბრალოდ, რატომ ვიტანჯებოდით ამდენ ხანს, ტრისტან? რა უბედურებაა! გააღეთ ფანჯრები, შემოუშვით მზე, სინათლე, მტვერი, გზა მიეცით ბუზებს, ხვალ დილითვე ჩამოხსენით გერბი, ყველა აივანზე დადგით ქოთნის ყვავილები... მერე მოვაწყობთ დიდ წვეულებას და დავპატიჟებთ ქალაქის პატივცემულ ადამიანებს, მაგრამ არა, წვეულებას იმ დღეს გავმართავთ, როცა ჩემს შვილს, ვისაც მოძღვარი ცოდვის შვილად იხსენიებს ხოლმე, – თუმცა, მე რომ მკითხოთ, ცოდვა სწორედ ის იყო, რომ იმ მეორეს მიიჩნევდნენ მარკიზად, – ჩემს შვილს აღიარებენ ნამდვილ მარკიზ დე ლუმბრიად, აკი სინამდვილეში არის კიდეც!
საბრალო როდრიგინი ოთახის ერთ კუთხეში მიყუჟულიყო და ძლივს გამოიყვანეს, მკვდრისფერი ედო და მთელი ტანით ცახცახებდა. მან არ ისურვა არც მამის და არც ძმის ნახვა.
– ჩვენ მას კოლეგიაში გავამწესებთ! – ბრძანა კაროლინამ.

*

   მთელი ქალაქი მარტო იმაზე ლაპარაკობდა, რა მტკიცედ და შეუპოვრად ახორციელებდა თავის გეგმებს კაროლინა. თითქმის ყოველდღე გადიოდა ქალაქში სასეირნოდ და ისე ჰყავდა ჩაბღუჯული თავისი ქმარი, გეგონებოდათ გამქცევი იყო; მეორე ხელი თავისი შვილისთვის, ცოდვის შვილისთვის ჩაევლო; სახლის ყველა აივანი გამოაღეს, მზის მცხუნვარე სხივები ახუნებდა ატლასგადაკრულ სავარძლებს და ნათლად წარმოაჩენდა წინაპართა პორტრეტებს. ყოველ საღამოს ეპატიჟებოდნენ ტრესილიოს მოთამაშეებს და ისინიც უარს როგორ შეჰბედავდნენ. თავად კაროლინა მიუჯდებოდა გვერდით თავის ქმარს, ტრისტანს და სვლებსაც თვითონ კარნახობდა; სტუმრების დასანახად ელამუნებოდა, ხან ლოყაზე მოუთათუნებდა ხელს, ხან ეტყოდა: „რა უნიათო კაცი ხარ, ტრისტან!“ მერე სტუმრებს მიუტრიალდებოდა: „ჩემს საწყალ ქმარს უჩემოდ თამაშიც კი არ შეუძლია!“ ხოლო, როცა ისინი აიშლებოდნენ, ეტყოდა: „რა სამწუხაროა, ტრისტან, რომ მეტი შვილი აღარ გვიჩნდება იმ საბრალო ბავშვის შემდეგ... ნამდვილი ცოდვის შვილი კი ის იყო, ის და არა ჩვენი პედრინი... მაგრამ ახლა იგი ნამდვილი მარკიზივით უნდა აღვზარდოთ!“
კაროლინამ ყველაფერი იღონა, რომ მის ქმარს ახლა ნამდვილ შვილად პედრინი ეღიარებინა, რაკი ის უფრო ადრე დაიბადა, ქორწინებამდე გაჩნდა და ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ საკუთარი შვილისთვის მემკვიდრის უფლებები დაეკანონებინა. ამ დროს კი მეორე, როდრიგინი ბრაზისა და ბოღმისგან იტანჯებოდა კოლეგიაში.
– ურიგო არ იქნებოდა, თუ სასულიერო კარიერას აირჩევდა, – უმეორებდა ხოლმე კაროლინა ქმარს, – აკი შენი მოწოდებაც ეს იყო! – ჩემი აზრით, შენც ბერად უნდა შემდგარიყავი, სხვა არაფრის შნო და უნარი შენ არ გაგაჩნია...
– ამას შენ მეუბნები, კაროლინა?! – ძლივს შეჰბედავდა ქმარი.
– დიახ, მე გეუბნები, ტრისტან! რატომ გინდა შენ დაიბრალო ის, რაც მოხდა, ის, რასაც მოძღვარი ჩვენს ცოდვად თვლის, ხოლო მამაჩემი, მარკიზი ჩვენი გერბის ჩამოურეცხავ ლაქად მიიჩნევდა. განა ეს ჩვენი, ორივეს ცოდვაა? არა, ტრისტან, შენი ნამდვილად არ არის, შენი არა, არა! განა მე არ გაცდუნე? იმან, გელორგელასფერი ტუჩები რომ ჰქონდა, ქუდზე წყალი რომ გადმოგასხა, ჰო, თავზე კი არა, ქუდზე, ქოთნის ყვავილებიდან, იმან მხოლოდ ჩვენს სახლში შემოგიყვანა, მაგრამ მოგებული მე დავრჩი, მე! კარგად დაიმახსოვრე! მე უნდა გავმხდარიყავი ნამდვილი მარკიზის დედა, მაგრამ ის კი ვერ გავითვალისწინე, რომ შეიძლება მეორე მარკიზიც გაჩენილიყო... მეორე კი ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. მე მინდოდა შენ თვითონ გეთქვა მასზე უარი, მაგრამ ვერ შეძელი, ვერ დათმე!..
– მაგრამ, კაროლინა!..
– კმარა, კმარა, მშვენივრად მესმის, რა და როგორ მოხდა, შენ ხორცით სუსტი აღმოჩნდი, ადვილად საცდუნებელი და სწორედ ეს იყო შენი ცოდვაც, შენ ადვილად დაგიყოლიეს და მასზე დაგაქორწინეს! აი, რა იყო შენი ცოდვა!... მერედა, იცი, რა ტკივილი და ტანჯვა განვიცადე!.. ისიც კარგად ვიცოდი, რომ ჩემი და, ლუისა ვერც შენს ღალატს გადაიტანდა და ვერც შენს შერცხვენას. და მეც ვითმენდი, ვიცდიდი და ვზრდიდი ჩემს შვილს, სხვა რა გზა მქონდა. იცი კი, რას ნიშნავს ეს, რა ძნელია ზრდიდე ბავშვს, რომელსაც უნდა დაუმალო საშინელი საიდუმლო? და აჰა, მეც გავზარდე იგი, რათა შური მეძია! შენ კი, მისი მამა...
– ჰო, ვიცი, რომ შემიძულებს...
– არა, არ შეგიძულებს, არა! განა მე მძულხარ?
– ვითომ არა?..
– არა, კი არ მძულხარ, მებრალები! შენ ხომ ჩემი ხორცი გააღვიძე და ამავე დროს მაიორატის მემკვიდრის სიამაყეც!.. სხვა გზა არცა მქონდა, ლოდინის მეტი აღარც არაფერი დამრჩენოდა, ვინ იცის, როდემდე უნდა მომეთმინა, სანამ საზეიმოდ არ მთხოვდა ვინმე ხელს და მამაჩემის ლოცვა-კურთხევას მივიღებდი... მე ხომ ჩემი დის მსგავსად აივანზე არ გადავდგებოდი და გამვლელ-გამომვლელებს არ ვეკეკლუცებოდი; აქ კი, ჩვენთან მარტო უბირი გლეხები და მათზე არანაკლები უბირი ტრესილიოს მოთამაშეები დადიოდნენ. და როცა შენ გამოჩნდი, როცა ჩვენს სახლში შემოხვედი, მე გაიძულე, ნამდვილი ქალი ჩემში დაგენახა და არა მასში... ხომ არ გაგახსენო, როგორ მოხდა ცოდვით დაცემა!..
– არა, ღვთის გულისათვის, არა!
– დაე, ასე იყოს. შენ დაღუპული კაცი ხარ, ტრისტან, აკი გეუბნებოდი, ბერად ხარ დაბადებული-მეთქი. თუმცა არა, შენ იმიტომ დაიბადე, რომ ჩემთვის შვილი გეჩუქებინა, რომ მე გავმხდარიყავი მარკიზ დე ლუმბრიას, დონ პედრო იბანიეს დელ გამონალ ი სუარეს დე ტეხედას დედა. აი, ვის აღვზრდი ნამდვილ მამაკაცად, ახალ გერბსაც საგანგებოდ მისთვის გავაკეთებინებ, ქვისას კი არა, ბრინჯაოს გერბს, უკვე ვბრძანე კიდეც ქვისა მოეხსნათ და ბრინჯაოთი შეეცვალათ. მაგრამ ვაითუ, მასზეც გაჩნდეს სისხლის ლაქა, წითელი სისხლის ლაქა, წითელი სისხლისა, მისმა ძმამ, მისმა ნახევარმა ძმამ, შენმა მეორე შვილმა, ღალატისა და ცოდვის შვილმა რომ დააღვრევინა ჩემს შვილს, ჩემი სისხლივით წითელი, შენი მიზეზით დაღვრილი სისხლივით... ასეც ნუ დამწუხრდები, ტრისტან, – ეს რომ უთხრა, თავზე ხელი დაადო. – ასეც ნუ დადარდიანდები, ჩემო ქმარო... აბა, აქეთ გამოიხედე, მამაჩემის სურათს შეხედე და მითხარი, შენ ხომ იგი მომაკვდავი ნახე, ახლა მითხარი, რას იტყოდა იგი თავისი მეორე შვილიშვილი რომ ენახა, მარკიზი... აკი შენ თვითონ მიჰგვარე მას შენი შვილი, ლუისას შვილი! ვბრძანებ, რომ გერბში წითელი ლალი ჩასვან, რომ მზეზე იკიაფოს. შენ კი გეგონა, ამ სახლში სისხლი არ იყო, წითელი სისხლი, წითელი და არა ცისფერი! ახლა კმარა, ტრისტან, დროა დაიძინოს ჩვენმა შვილმა, წითელი სისხლის მარკიზმა და ჩვენც მოვისვენოთ.
ტრისტანმა თავი ისე დახარა, თითქოს საუკუნის სიმძიმემ დაადრეკინა ქედიო.

ნახვა: 1933

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters