რიკარდო ერთი ხანია გრძნობდა, რომ ეს სასიყვარულო ურთიერთობა მოჰბეზრდა, ღობესთან უთავბოლო ყურყუტმა დაღალა; ასე ეგონა, მოვალეობას იხდიდა და სწორედ ეს მოვალეობა აწვა მხრებზე მძიმე ტვირთად. თუმცა კი ასრულებდა, მაგრამ ასრულებდა უხალისოდ, ძალისძალად. არა, მას არ უყვარდა ლიდუვინა და, ალბათ, არც არასდროს შეუყვარდებოდა. ეს გრძნობა უფრო იმ ყმაწვილის გატაცებას ჰგავდა, რომელიც ქალის არსს შეიცნობს თუ არა, პირველივე ქალი, ვინც გზად შემოეყრება და სხივიან თვალებს შეანათებს, უმალ შეუყვარდება, თუნდაც იცოდეს, რომ იგი იმ ბედის გზას გაუმრუდებს, ცაში რომაა გადაწყვეტილი. და აჰა, ერთ დღესაც, ზიარება რომ მიიღო და მერე ალალბედზე გადაშალა სახარება, აკი სწორედ ის სტრიქონები მოხვდა თვალში და ნამდვილად არ მოსჩვენებია, ცხადად ამოიკითხა: "წარვედი ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველთა დაბადებულთა" (მარკოზი XV.15). ეს იყო მისი ვალი და მოწოდება, სახარება უნდა ექადაგა, მაგრამ ჯერ სასულიერო წოდებაზე უნდა ეზრუნა, ალბათ, ჯობდა მონასტერში ბერად აღკვეცილიყო, ამისთვის იყო დაბადებული, უფლის სიტყვა უნდა მიეტანა ხალხთან და არა იმისთვის, რომ ოჯახის მამა გამხდარიყო, მით უმეტეს, საქმრო.

      ლიდუვინას კარ-მიდამო ურსულელთა მონასტერს ემიჯნებოდა, რომელსაც გარს ქვის მაღალი გალავანი ჰქონდა შემოვლებული და შუაში ვიწრო შუკა ჩაუდიოდა. გალავანს კვიპაროსის ფართოდ გაშლილი, მძიმე ტოტები ეფინებოდა და იქ მუდამ ბეღურები ჟივჟივებდნენ. საღამო ჟამს მწვანედ ჩამუქებული კვიპაროსი კიდევ უფრო ჩამუქდებოდა და აგიზგიზებული დასალიერის ფონზე მით უფრო მკვეთრად იხატებოდა; და ამ საღამოს სიმყუდროვეში მონასტრის ზარებიც აგუგუნდებოდა, თითქოს კვერს უკრავდა და კიდეც წააქეზებდა, – "წარვედი ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველთა დაბადებულთაო".

      მათი საუბრებიც ნაძალადევი და უხალისო იყო. რკინის მესერი, საქმროსა და საცოლეს რომ აცალკევებდა, ციხის გისოსებს მოგაგონებდათ და იყვნენ კიდეც ისინი ტყვეები, მაგრამ არა სიყვარულისა თუ ნაზი გრძნობისა, არამედ ერთგულებისა და პატიოსნების ღრმა პატივისცემისა; მაგრამ როცა რიკარდო ლიდუვინას აბანოზისფერ თვალებს შეჰყურებდა, უწინდებურად ვეღარ გრძნობდა, რომ სულით მაღლდებოდა.

 – თუ საქმე რამ გაქვს, ჩემი გულისთვის ნუ გაცდები, – უთხრა ერთხელაც ლიდუვინამ.

 – საქმეო? რა საქმე უნდა მქონდეს ამაზე უკეთესი, შენ რომ გიყურებ! – მიუგო მან. და ორივე მაშინვე დადუმდა, რამეთუ მიხვდნენ ამ სიტყვების სიცარიელეს. ისინი უმეტესწილად ქალაქის ამბებზე ან რომელიმე შეყვარებულ წყვილზე ლაპარაკობდნენ და ქირქილებდნენ. ზოგჯერ ლიდუვინა უნებურად თავის ოჯახზე თუ დაიჩივლებდა, დამბლადაცემულ, დადუმებულ დედაზე ან შურისაგან ერთიანად ჩამომხმარ დაზე დაიწუწუნებდა; მათ სახლში ხომ მამაკაცი არ ჭაჭანებდა; მამა თითქმის არც ახსოვდა, ძმა კი ბუნდოვანი სიზმარივით აგონდებოდა, თოჯინასავით რომ ეთამაშებოდა და თუ კოცნას დაუპირებდა, დილის სიზმარივით გაქრებოდა.

      ყოველ საღამოს, როცა რიკარდო ღობეს მოშორდებოდა და შინისაკენ გაუყვებოდა გზას, ეჩვენებოდა, არა, კი არ ეჩვენებოდა, თითქმის დარწმუნებულიც იყო, რომ მათი სიყვარული ისე მოკვდა, დაბადებაც ვერ მოასწრო; მაგრამ კვლავ ბრუნდებოდა, გეგონებოდათ, რაღაც იდუმალი ძალა ეზიდებაო. მას ხიბლავდა ის მშვიდი და თან ნაღვლიანი გარემო იმ შუკაში, ლამის ჰაერიც რომ გაეჟღინთა; მწვანედ ჩამუქებული კვიპაროსი, მონასტრის მაღალი, დაბზარული კედლები, დაისის მქრქალი შუქი, ბეღურების ჟივჟივი ისე ეხამებოდა ლიდუვინას შავ თვალებსა და შავი თმის ტალღებს, ასე ეგონა, საგანგებოდ მისთვის იყო შექმნილი. როცა დაისის ცეცხლისფერ ანარეკლს გასცქეროდა, მაშინაც საცოლის თმის ტალღებს ჭვრეტდა და თვალდათვალ უყურებდა, როგორ იმსჭვალებოდა იგი ამ ანარეკლისა და ზარების შთამაგონებელი გუგუნით. საბრალო რიკარდო, ამ სასიყვარულო ურთიერთობის ტყვე, ფიქრობდა, ეგებ თავად ლიდუვინაა ის კეთილი მაცნე, ასე რომ მიხმობს და მაგულიანებსო. მაგრამ იმავ წუთს მოეჩვენებოდა, თითქოს ქალიშვილის დალალებში უკანასკნელი სხივი რომ ქრებოდა, შავი მდინარის ტალღები გადაევლებოდა და ზღვისკენ მიაქანებდა დასანთქმელად განწირულს.

      აღარაფერი დარჩა საჭოჭმანო, ეს ამბავი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ როგორ? როგორ უნდა ეღალატა ჩვევისთვის? როგორ გაეტეხა სიტყვა? ხალხის თვალში ერთი ქარაფშუტა და უმადური გამოჩენილიყო? რიკარდო იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ ლიდუვინასაც გაუცრუვდა იმედი, ამ სიყვარულმა ისიც დაღალა. და აი, ერთ დღესაც ისინი უსიტყვოდ გამოუტყდნენ ერთმანეთს და ეს მათ თვალებში, მათ საუბარში, უფრო სწორად, მათი თვალების უხმო საუბარში გაცხადდა ანგელუს-ის ლოცვის მერე. მათი საღამოები ხომ ისე ილეოდა, თითქოს გარდაცვლილი გრძნობების სადარაჯოდ ფხიზლობენო.

      მაგრამ არა, ისინი არამც და არამც არ დაემსგავსებოდნენ სხვებს, ვისზეც თვითონვე ქირქილებდნენ, ისეთები არასდროს გახდებოდნენ. მაგრამ როგორ უნდა გაემხილათ ეს ერთმანეთისთვის, როგორ უნდა ეღიარებინათ, ყველაფერი დამთავრდაო, მეგობრებივით ხომ არ ჩამოართმევდნენ ერთმანეთს ხელს და ასე გულნატკენები დაშორდებოდნენ. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, შვებით ხომ მაინც ამოისუნთქავდნენ. რიკარდოს მონასტრისაკენ მიუწევდა გული, ლიდუვინა კი ალბათ სხვა მამაკაცს შეხვდებოდა და ეგებ მისი ცხოვრების თანამგზავრიც გამხდარიყო.

      რიკარდომ კარგად აწონ-დაწონა ვითარება და გადაწყვეტილებაც მიიღო; მისი განზრახვა თან ვითომ ეშმაკურიც იყო და თან სენტიმენტალურიც; სხვა გზას მაინც ვერ ხედავდა, თორემ ეს ურთიერთობა კიდევ კარგა ხანს გაგრძელდებოდა, ისედაც უკვე ხუთი წელია ერთმანეთს ხვდებოდნენ. მათ ოჯახებს მართალია, არათუ საკმარისი, საკმარისზე მეტი შეძლება ჰქონდათ, რომ ახალგაზრდებს უზრუნველად ეცხოვრათ, მაგრამ არც ლიდუვინას დედას და არც რიკარდოს მამას დიდი მოწადინება არ გამოუჩენიათ, რადგან რიკარდოს ჯერ სწავლა უნდა დაესრულებინა, ხოლო თავად ყმაწვილს სწავლის წყურვილი დიდად არ კლავდა, არც სწავლას უჩანდა ბოლო, არც მოთმინება იყო უსაზღვრო; თან იმაზეც ფიქრობდა, ეგებ ჩვენი სიყვარული გაცოცხლდესო, თან ხანდახან აზრი გაუელვებდა, იქნებ ერთიც ვცადო და შევთავაზო, მოდი, უფროსების დაუკითხავად სახლიდან ჩუმად გავიპაროთო. რა თქმა უნდა, ამაზე ლიდუვინა არ დათანხმდებოდა; აი, მაშინ კი მიეცემოდა საბაბი და პირდაპირ ეტყოდა, ხომ ხედავ, ჩვენი სიყვარული ჭეშმარიტი არ ყოფილა, ნამდვილი ვნება სულ სხვააო; მაგრამ არც ეს აზრი ჰგვრიდა დიდ შვებას; მერე იტყოდა, ბოლოს და ბოლოს, რას მიქვია სირცხვილი, რიდი თუ ცრურწმენა, თუკი თავისუფლებას დავიბრუნებო. მაგრამ ვაითუ, ლიდუვინას თანხმობა ეთქვა... მაშინ... არა, ლიდუვინა სახლიდან დაუკითხავად წასვლას, გაქცევას არ მოისურვებდა და ასე მალულ-ფარულად გაპარვას ვერც გაბედავდა. მაგრამ მაინც რომ დათანხმებულიყო... ასეთი ნაბიჯი ხომ ნამდვილი გამოწვევა იქნებოდა ფარისევლებისა და მოვალეობების მონებისთვის, ცოტა მაინც რომ გამოფხიზლებულიყვნენ! ეგებ მაშინ მათი სიყვარულიც გაცოცხლებულიყო, თუკი ოდესმე მაინც იყო ცოცხალი და თუ აქამდე მათზე ზენაარის მადლი არ გადმოსულიყო, ეგებ ამის შემდეგ მოჰფენოდა ნათელი მათ ასეთ ყოფას. მაგრამ არა, ლიდუვინას ვერასგზით ვერ დაიყოლიებდა.

      და აი, ერთ დღესაც რიკარდომ გაბედა და სიტყვა გადაუკრა, დიდი წვალებითა და მიკიბულ-მოკიბულად მიანიშნა გაქცევის თაობაზე, მაგრამ ლიდუვინამ არც კი შეიმჩნია, ვითომ ვერ გაიგო, თუ ვერ მიუხვდა; ნეტავი ამ დროს რაზე ფიქრობდა? ეგებ ესეც საბაბად გამოეყენებინა და თავისუფლება დაებრუნებინა, ანდა სულაც ყველაფერი თავიდან დაეწყოთ და ჭეშმარიტი სიყვარულით ანთებულიყვნენ?

2

      ლიდუვინას სახლში ისეთი მოწყენილობა სუფევდა, ასე გეგონებოდათ, სევდის შავი ღრუბელი ჩამოწოლილაო. ეს უზარმაზარი სახლი ერთთავად ბინდბუნდში იყო ჩაფლული, კედლებს ალაგ ობიც კი მოსდებოდა, ყოველი მხრიდან ჯავრის იაზმები მოდიოდა და იქაურობა მთლად გაეჟღინთა. როცა ძველისძველი საწონებიანი საათი დარეკავდა, ისეთი გრძნობა დაეუფლებოდა ადამიანს, თითქოს სიცარიელისა თუ მოგონების სიმძიმისაგან მთელი სახლი კვნესისო. ლიდუვინას დედა დღეში ორჯერ ძლივძლივობით მილასლასდებოდა, დიდის გაჭირვებით მიიტანდა ცოცხალ-მკვდარ სხეულს დაფლეთილ სავარძლამდე; ხანდახან ჩაბნელებულ დერეფანში თავის მეორე ქალიშვილს წააწყდებოდა, მუდამ სახე რომ ჩამოსტიროდა. დები თითქმის არც ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, დედას კი ისევ ლიდუვინა თუ შეეხმიანებოდა და კიდეც მიეფერებოდა. საბრალო ქალი დაჭრილ ნადირს ჰგავდა, ერთთავად ძილ-ბურანში იყო ჩაფლული, იფიქრებდით, მხოლოდ ამ შავბნელ ბურანსა თუ ავადმყოფურ გარინდებაში ცოცხლობსო.

      საბრალო ლიდუვინას დროდადრო ძმაც ახსენდებოდა და ისიც ძალიან ბუნდოვნად, თითქოს მარტო სიზმრად ჰყავდა ნანახიო; თოჯინასავით წარმოუდგებოდა, ცისფერთვალა და ოქროსთმიანი, მუდამ მოცინარ-მოღიმარი, მაშინ პატარა ძმამ ინა შეარქვა, მერე ლიდუვინას ეძახდა, ბოლოს – ლიდუს, გეგონება, დროსა და ძალას ზოგავს და სახელს ამიტომ უმოკლებსო; მაგრამ იმხანად სულ პატარები იყვნენ და არც ის ესმოდა, როგორ გამოეხატა დის სიყვარული. ბავშვობა კი დამთავრდა, გაიცრიცა, გახუნდა, უღიმღამო დღეების რიგმა ლამის სულ წაშალა. მერე კი ერთადერთი რიკარდო იყო, ვინც მის ცხოვრებაში სინათლე შეიტანა, მისმა სიყვარულმა მზის სხივივით მოსჭრა თვალი, მაგრამ ისიც ჩამავალი მზის მბჟუტავი ანარეკლი აღმოჩნდა. სულ თავიდან, როცა რიკარდო მას სიყვარულში გამოუტყდა, – აკი დაუფიქრებლადაც მიენდო, – დაიჯერა, რომ ასეთი ტრფიალის მიღმა ჯერ მხოლოდ ნაღვერდალი ბჟუტავდა, გრძნობის ამგვარ ბინდბუნდში განთიადის შუქს ჯერ ვერ შეეღწია, მაგრამ ცისკარი ალბათ მზის ამობრწყინებას აუწყებდა. ვაი, რომ ძალიან მალე მიხვდა – ნაღვერდლის აბრიალების იმედი არ უნდა ჰქონოდა, ნაღვერდალი ჩაფერფლილიყო, მზის აღმოხდომა კი არა, ჩასვენება ახლოვდებოდა, რასაც ღამე მოჰყვებოდა. ლიდუვინა იმასაც კარგად ხვდებოდა და გრძნობდა, რომ მტკიცე და ძლიერი სიყვარული ერთბაშად აგიზგიზდებოდა, ვითარცა ცისკარი გაშლილ მინდორში, მაგრამ, საუბედუროდ, მათი სიყვარული დაბადებიდანვე აგონიაში იყო. ამ სიყვარულს ზოგჯერ თავისი ცისფერთვალა, ოქროსთმიანი ძმის სიყვარულსაც კი ადარებდა.

      და მაინც, როგორ შეხვდა ლიდუვინა რიკარდოს? ისეთი უღიმღამო ცხოვრება ჰქონდა, ისე მარტოდ გრძნობდა თავს! პირველად ურსულელთა მონასტერში ნახა, დილის წირვაზე; მერე დილაობით, წირვის შემდეგ, ტაძრიდან რომ გამოვიდოდნენ, ერთმანეთს შეხედავდნენ. ერთხელ რიკარდომ ნაკურთხი წყალიც შესთავაზა, მერე კრიალოსანი მიუტანა, ლიდუვინას სკამზე რომ დარჩენოდა, სადაც დაჩოქილი ლოცულობდა ხოლმე; ბოლოს კი, დილის წირვა რომ დამთავრდა და რიკარდომ ჩვეულებისამებრ ნაკურთხი წყალი შესთავაზა, თან წერილიც გადასცა, ხელი უკანკალებდა და სახე ყაყაჩოსავით უვარვარებდა.

      მეორე დილას ლიდუვინა წირვაზე აღარ წასულა, წერილის პასუხი უნდა მოეფიქრებინა. აჰა, საქმროც გამოუჩნდა! საქმრო, როგორც მისი ორიოდე მეგობარი იტყოდა, რომლებიც იშვიათად თუ მოიკითხავდნენ. მერედა, როგორი საქმრო! მოსწონდა კი? თუმცა რა ჰქონდა დასაწუნი! საქმროს პირობაზე ღვთისმოსავი იყო და თან მეტისმეტად ღვთისმოსავი; შესახედავად – სანდომიანი, კარგი ოჯახიშვილი, ყოფაქცევით – სამაგალითო, ესეც არ იყოს, გულს მაინც ხომ გადააყოლებდა, ამ უჟმურ, უღიმღამო დღეებს ხომ შეიმოკლებდა, თავისი დაღვრემილი, სახეჩამომტირალი დის ყურებასაც გადაურჩებოდა, დედის, საბრალო დაჭრილი ნადირის, დუმილიც არ გაუწვრილებდა გულს. მერედა სიყვარული?! ააჰ, სიყვარული მოვიდოდა, აკი ყოველთვის მოდის ხოლმე, თუკი უხმობ, როცა თვითონ სიყვარული გიყვარს და გჭირდება. მაგრამ გადიოდა დღეები, კვირები, თვეებიც კი და გული მაინც არაფერს უთქვამდა. მაშ, რატომ არ ეთმობოდა ასეთი საქმრო? იმედი ჰქონდა, უიმედო იმედი, თვინიერი და საამო, რომ ერთ მშვენიერ დღესაც უფალი, ყოველი შეჭირვებულის შემწე, მოწყალების თვალით გადმოხედავდა და სიყვარული დაიბადებოდა. მაგრამ სიყვარული არა და არ მოდიოდა, ანდა ეგებ მათ შორის დაფრინავდა კიდეც, თუმცა ისინი ვერ ხედავდნენ.

      "გვიყვარს კი ერთმანეთი? ეგებ არც გვიყვარს? მაინც რა არის სიყვარული?" – ეს ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა ლიდუვინას თავისი დადუმებული დედისა და სახემოღრუბლული დის გვერდით და იმედს მაინც არ კარგავდა.

      ლიდუვინამ, თავისდა სავალალოდ, მალე იგრძნო, რომ რიკარდომ თავი მოაბეზრა, რომ იგი, უბრალოდ, მიეჩვია მონასტრის კედლებს, კვიპაროსს, ბეღურების ჟივჟივს, დაისის ჭვრეტას, ოღონდ არა მას, მის გვერდით ყოფნას. მისი საქმროს გულსა და გონებაში გამჯდარ ღირსებისა და ერთგულების გრძნობას კი იმედგაცრუება ვერაფერს ავნებდა. არა, ამ ურთიერთობას თავად პირველი არასდროს გაწყვეტდა, თუნდაც დარდისაგან მომკვდარიყო. დაე, ჯერ რიკარდოს გადაედგა ეს ნაბიჯი. ლიდუვინასთვის ერთგულება და პატიოსნება ლამის რელიგიას უტოლდებოდა; იგი არც პირველი და არც უკანასკნელი ქალი იქნებოდა, ვინც ერთგულებას შეეწირებოდა. მისი მეგობარი როსარიოც აკი ასე გათხოვდა, იმ პირველ მამაკაცს გაჰყვა, ვისაც ერთგულება შეჰფიცა, ოღონდ კი იმ ქალებისთვის არ შეედარებინათ, ხელთათმანებივით რომ იცვლიდნენ საქმროებს. სწორედ მამაკაცები არიან ორგულებიც და ფიცის გამტეხნიც, სიყვარულის წუთებში მიცემული სიტყვა რომ ავიწყდებათ. ლიდუვინას გულის სიღრმეში თითქმის სძულდა კიდეც ისინი, სძულდა, მაგრამ მაინც ელოდებოდა თავისი ოცნების მამაკაცს, ქმარს, ვინც ისე წარიტაცებდა, ვითარცა ტალღა ოკეანისა და ერთიანად შთანთქავდა ნეტარების მორევში.

      ლიდუვინამ ძალიან კარგად გაიგო რიკარდოს გადაკრული სიტყვები გაქცევის თაობაზე, მაგრამ ისე დაიჭირა თავი, ვითომ ვერ მიუხვდა; სინამდვილეში არათუ მიუხვდა, ნათლადაც დაინახა მისი განზრახვა, საქმროს სულში ამოიკითხა ის, რისი თქმაც სწადდა; და უთხრა თავის თავს: "დაე, ისეთი გამბედაობა გამოიჩინოს, ნამდვილ მამაკაცს რომ შეჰფერის, გარკვევით და გადაჭრით მითხრას, გავიქცეთო და მეც დავთანხმდები; დავთანხმდები და თვითონვე გაებმება ჩემთვის დაგებულ მახეში; მაშინ კი გამოჩნდება, ვის ჰქონია გამბედაობა, ალბათ, უკან დაიხევს, ათასგვარ მიზეზსა და საბაბს შეთხზავს, როცა დაინახავს, თავადვე რომ შეიბორკა ხელ-ფეხი იმ ჯაჭვით, ჩემთვის რომ ამზადებდა თავის დასაღწევად, და მეც, საბრალო გოგონა, ოჯახის ნაბოლარა, მე, უიღბლო ლიდუვინა, დიახ, მე, ვაჩვენებ გამბედაობისა და სიყვარულის მაგალითს. ვერა, ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს!.. მხდალია!.. ცბიერი!.. და თუ დავთანხმდები, თუ მაინც დავთანხმდები!.." – და ამ დამთრგუნველმა ფიქრებმა იმ ზომამდე მიიყვანა, რომ ცახცახი დააწყებინა, ისეთი ცახცახი, დედისეული, ძველისძველი, ხავსმოკიდებული სახლის დარბაზებში გავლისას რომ აიტანდა ხოლმე.

      "და თუ მაინც გადაწყვიტა, – კვლავაც მიჰყვებოდა ფიქრებს ლიდუვინა, – მაშინ ჩემი ცხოვრება ერთიანად შეიცვლება, გაიფანტება ბურუსი, გაქრება ნესტით გაჟღენთილი ჩრდილები, ვეღარც ძველი საათის ხრიალს გავიგონებ, ვეღარც დედაჩემის დუმილი დამიმძიმებს გულს და ვეღარც ჩემი დის მოქუფრული სახე. თუკი, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტს, რომ გავიქცეთ, თუ ეს უბირი ხალხიც გაიგებს, თურმე ვინ ყოფილა სინამდვილეში ლიდუვინა, ურსულელთა შუკაში რომ ცხოვრობს, მაშინ ეგებ ჩვენი სიყვარულიც გაცოცხლდეს, ის სიყვარული, ლამის მომაკვდავი რომ მოვიდა ჩვენთან. თუკი მაინც გადაწყვეტს, ისევ თავიდან შეგვიყვარდება ერთმანეთი, რამეთუ ეს გამბედაობა შეგვაყვარებს, არა, არა, მაშინ აშკარად გამოჩნდება, თურმე როგორ გვყვარებია ერთმანეთი. დიახ, დიახ, ყველაფრის მიუხედავად, მე იგი მიყვარს, ის ხომ ჩემი ცხოვრების ჩვევაა, ჩემი არსებობის ნაწილი, მე ამის წყალობით ვცოცხლობ".

      და მართლაც, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, მათი ნაფიქრი და ნააზრევი ერთმანეთს დაემთხვა, რამეთუ ეს იყო სიყვარული, ის სიყვარული, რომელიც მათ შთააგონებდა.

3

      დიახ, სწორედ ისე მოხდა, როგორც ისინი ფიქრობდნენ. ერთ საღამოს, მზის ჩასვლისას, რიკარდომ მოიკრიბა მთელი გამბედაობა, ზურგით მიეყრდნო ღობეს, გისოსებს ხელი გაუშვა და ეს სიტყვები წარმოთქვა:

 – ნენა*, დამიგდე ყური, ჩვენი ურთიერთობა მეტისმეტად გაგრძელდა, მე კი ისიც არ ვიცი, როდის დავასრულებ ამ სწავლა-განათლებას, თუმცა მამაჩემს არაფრის გაგონება არ უნდა, მე არავინ არაფერს მეკითხება, სანამ ლიცენციატი არ გავხდები, მე კი გული ამიცრუვდა და სულ შემძულდა ეს სწავლა, გულწრფელად გეუბნები, – და იგი გაჩუმდა, – ჩვენი ასეთი მდგომარეობა უკვე გაუსაძლისი გახდა, ჩვენი ოცნებებიც თანდათან განელდება...

 – შენთვის... – თქვა ლიდუვინამ.

 – არა, ორივესთვის, ლიდუ, ორივესთვის. გამოსავალს კი ვერ ვხედავ...

 – თუ არ დავშორდებით!..

 – არა, არასოდეს, ნენა, არასოდეს! ეს როგორ მოგივიდა აზრად! შენ ხომ...

 – არა, მე არა, რიკარდო... ეს შენს ფიქრებში ამოვიკითხე...

 – მაშ, ცუდად ამოგიკითხავს, ძალიან ცუდად, თუ შენ...

 – მე, რიკარდო, მე? მე სადაც გინდა, როცა გინდა, წამოგყვები!

 – ხვდები, რას ამბობ, ნენა?

 – დიახ, ვხვდები, ძალიან კარგად ვხვდები, რადგან ბევრი ვიფიქრე, სანამ შენ გეტყოდი!..

 – მართალს ამბობ?

 – ჰო, მართალს...

 – აბა, მე რომ შემომეთავაზებინა...

 – რაც გინდა, ის შემომთავაზე!..

 – რა გამბედაობაა, ლიდუვინა!..

 – გამბედაობაო? შენ მე არ მიცნობ, რიკარდო, არ მიცნობ, თუმცა ამდენი ხანია ერთმანეთს ვხვდებით...

 – შეიძლება...

 – არა, მართლა არ მიცნობ! მაშინ თქვი, რისი თქმაც გინდოდა, რა იყო ასეთი მნიშვნელოვანი? ისეთს მაინც რას მთავაზობ, რომ ასეთი შემზადება გჭირდება?

 – გავიქცეთ!

 – რატომაც არა!

 – დაფიქრდი, რას ამბობ, ლიდუვინა!

 – მე კი არა, შენ დაფიქრდი!

 – ჰო, ლიდუვინა, გავიქცეთ, გავიპაროთ!..

 – კეთილი, რიკარდო, კარგად მესმის შენი; ორივე, შენც და მეც, ეგებ კიდეც გავიპარებოდით, ჩვენ-ჩვენი სახლიდან გავიქცეოდით, რომ... რომ... ჩვენს სიყვარულს რამე ეშველებოდეს...

 – შენც?

 – ჰო, რიკარდო, მეც... ოღონდ კი მითხარი...

      სიჩუმე ჩამოვარდა. მზე უკვე ემზადებოდა თავის მეწამულ სარეცელზე მოსასვენებლად, კვიპაროსი რაღაც ავის მომასწავებლად აწოწილიყო, მონასტრის ზარები მწუხრისკენ უხმობდა ხალხს. ლიდუვინამ პირჯვარი გადაიწერა და ტუჩები აუთრთოლდა. ჩვეულებისამებრ, რკინის გისოსებს მაგრად ჩასჭიდა ხელები და ღობეს რომ მიაწყდა, მძიმედ შეუქანდა მკერდი. რიკარდომ თვალები დახარა და თავისთვის ჩაიბუტბუტა: "წარვედი ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველთა დაბადებულთა..."

      მერე საუბარს თავი ვეღარ მოაბეს. რიკარდოს კიდეც დაავიწყდა, რისი თქმა უნდოდა, აღარც ლიდუვინას ახსოვდა, თითქოს რაღაც საბედისწერო ხდებოდა მათ თავს. ნაღვლიანად დაემშვიდობნენ ერთმანეთს.

      გადიოდა დღეები, მაგრამ რიკარდოს მას მერე გაქცევის თაობაზე სიტყვა აღარ დასცდენია, სანამ ისევ ლიდუვინამ არ დაარღვია დუმილი ერთ საღამოს:

 – ჰო, მართლა, რიკარდო, იმ ამბავზე აღარაფერს იტყვი?

 – რა ამბავზე, ლიდუვინა?

 – იმაზე... უკვე დაგავიწყდა კიდეც?

 – ვერ ვხვდები, პირდაპირ თქვი!

 – აბა, დაფიქრდი, ეგებ გაიხსენო...

 – შენი ვერაფერი გამიგია, ნენა...

 – მშვენივრად ხვდები, რასაც ვამბობ...

 – მაშინ თქვი, გამახსენე...

 – გაქცევაზე რომ ამბობდი...

 – აჰ, რაო, მართლა დაიჯერე?

 – რას ამბობ, რიკარდო, ნუთუ ჩვენი სიყვარული სახუმაროა?!.

 – სიყვარული სხვაა...

 – იმის შიში, ხალხი რას იტყვისო, არა?.. ნუთუ, ბოლოს და ბოლოს...

 – რაკი ასეა, მაშინ...

 – მაშინ რა?

 – როცა გინდა!..

 – მე? თუ გინდა, ახლავე! ჩემს სახლში მაინც არ მედგომება!..

 – აი, თურმე რისთვის!..

 – არა, რიკარდო, შენთვის, შენი გულისთვის! – ცოტა დაფიქრდა და მერე დასძინა, – ჩემთვისაც, ჩვენი სიყვარულისთვის... ასე გაგრძელება მართლა აღარ შეიძლება!

      ერთმანეთს ღრმად ჩახედეს თვალებში და იმავე დღეს კიდეც შეთანხმდნენ. და ამ შეთანხმებამ, ამ რომანტიკული გაქცევისთვის მზადებამ, – თუმცა კი, ხალხის აზრით, მცდარმა ნაბიჯმა, – მათ საღამოებსა და საუბრებს მეტი ხალისი და სითამამე შესძინა, თითქმის მათ სიყვარულსაც ფრთები შეასხა. ესეც არ იყოს, სხვა შეყვარებულ წყვილებზეც უფრო თავისუფლად ქირქილებდნენ, სიყვარულის იმ დადგენილი კანონების საბრალო მონებზე, რომელთაც არაფერი გაეგებოდათ გაქცევის იდუმალების მაცოცხლებელი ძალისა, თანაზიარობის შთამაგონებელი გრძნობისა.

      რიკარდო მიხვდა, რომ დამარცხდა, თავს დამცირებულად გრძნობდა, რომ ქალი მასზე ძლიერი აღმოჩნდა, თუმცა ვერც აღტაცებას მალავდა, სიყვარულის მისაგებლადო, ფიქრობდა.

      დაბოლოს, ერთ დილას ლიდუვინამ მოიმიზეზა, მეგობართან მინდა სტუმრად წავიდეო, ტანსაცმელი მოიმზადა და მოახლის თანხლებით სახლიდან გავიდა. რამდენიმე ნაბიჯი გაიარეს თუ არა, იქვე, გზის პირას კარეტა დაინახა და ცოტა რომ გასცდნენ, მოახლე გააჩერა, ერთი წუთი აქ მომიცადე, შინ რაღაც დამრჩა და ახლავე მოვბრუნდებიო, უთხრა, უკან გაბრუნდა, მაშინვე კარეტაში ჩაჯდა და ცხენებიც უმალ გაჭენდნენ. როცა მოახლე ლოდინით დაიღალა, სახლში წავიდა სენიორას ამბის გასაგებად, მაგრამ უთხრეს, არ მოსულაო.

      ამასობაში კარეტა სწრაფად მიქროდა მეზობელი სოფლისკენ, სადაც რკინიგზის სადგური იყო. მთელი გზა ისე გაიარეს, არც ერთს ხმა არ ამოუღია, ისხდნენ მდუმარედ, ხელიხელჩაკიდებულები და გასცქეროდნენ მინდვრებს, მერე ჩასხდნენ მატარებელში და გაემგზავრნენ.

4

      რკინიგზა მდინარის ნაპირს მიჰყვებოდა. ალაგ მდინარე ნამგალივით ირკალებოდა და ყვითელ წყალს ზღვისკენ მიაქანებდა. ორივე მხარეს ვენახები იყო გაშლილი, შიგადაშიგ ნუშის, ზეთისხილისა და ნაძვის ხეები მოჩანდა, უფრო კი ლიმონისა და ფორთოხლის ბაღები იტაცებდა თვალს. ფერდობებს, ფლატეებსა თუ ქარაფებს რომ გასცდებოდა, მდინარე მერცხლის კუდივით იყოფოდა. აქა-იქ წისქვილები და ისლით გადახურული ქოხმახები იყო ჩარიგებული. ვეება კასრებით დატვირთულ ბარჟას მარჯვედ მიმართავდა კაცი შემაღლებული ფიცარნაგიდან.

      რიკარდო და ლიდუვინა ვაგონის ერთ კუთხეში მიყუჟულიყვნენ და მდუმარედ გასცქეროდნენ მდინარის ნაპირზე მწვანეში ჩაფლულ სააგარაკო ვილებს და თან ყურს მიაპყრობდნენ თანამგზავრებს, მათთვის გაუგებარ ენაზე რომ საუბრობდნენ, თუმცა ორიოდე სიტყვის მნიშვნელობასაც ძლივს ხვდებოდნენ. ერთ სადგურზე ლიდუვინამ ფორთოხლის გამყიდველი დაინახა და იფიქრა, გამშრალ პირს გავისველებ და ხელებსაც ცოტა ავამოძრავებო. რიკარდომ ფორთოხალი გაფცქვნა და მიაწოდა, ლიდუვინამ შუაზე გახლიჩა და ნახევარი მას შესთავაზა, მეორე ნახევარს კი ერთი ლებანი ჩამოაცალა, მერე თანამგზავრებს გადახედა და როცა დაინახა, ისინი ისევ ისე იყვნენ გართული საუბარში, მისკენ არც იხედებოდნენ, მეორე ნახევარიც საქმროს მისცა. შემდეგ სადგურზე ისადილეს; ისევ მოწყენილები ისხდნენ; ლიდუვინამ, ჩვეულებრივ წყლის მეტს რომ არაფერს სვამდა, ახლა ერთი ჭიქა ღვინოც დალია და მეორე ფინჯანი ყავაც მოითხოვა. რიკარდო ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა, თუმცა ამაოდ; ნეტავი კი ისევ უკან დაბრუნება შეიძლებოდეს და ამ დღეში არ ჩავცვენილიყავითო; მაგრამ მატარებელს მიანდვეს თავი, უკან მაინც ვეღარ დაბრუნდებოდნენ, რადგან მეორე დღემდე მოუწევდათ ლოდინი, რომელ სადგურზეც უნდა ჩასულიყვნენ.

 – მადლობა ღმერთს! – ამოისუნთქა ლიდუვინამ, როცა მატარებელი დათქმულ სადგურზე გაჩერდა.

      მაშინვე სასტუმროს მიაშურეს, ოთახი მოითხოვეს და იმ უღიმღამო ოთხ კედელს შორის ჩაიკეტნენ.

      მეორე დღეს ადრიანად ადგნენ, ორივე ამ ღამის საბედისწერო, მძიმე სევდას შეეპყრო, თვალებში აშკარა იმედგაცრუების ჩრდილი ჩასდგომოდათ, კოცნაც ვეღარ გაებედათ ერთმანეთისთვის. ისეთი გრძნობა დაეუფლათ, თითქოს სიყვარული რაღაც სხვა, არცთუ წმინდა საქციელს შესწირეს. რიკარდო გულში ერთთავად ამას იმეორებდა: "უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველთა დაბადებულთაო"... ლიდუვინას ფიქრი კი ისევ და ისევ დადუმებულ დედას და სახეჩამომტირალ დას დასტრიალებდა, მაგრამ ყველაზე მეტად მონასტრის კვიპაროსები, ის სევდა ენატრებოდა, საღამო ჟამს რომ შემოაწვებოდა ხოლმე გულს. ნუთუ ეს იყო სიყვარული?

      ორივე რაღაც უცხო გარინდებას შეეპყრო. მაინც როგორ დაიჯერეს, რომ ეს რომანტიკული თუ გმირული გადაწყვეტილება მათ იმ მზით გასხივოსნებულ მწვერვალზე აიყვანდა, სადაც თავისუფლად ამოისუნთქავდნენ; ახლა კი სად აღმოჩნდნენ? ქვაღორღიანი, ეკალბარდებმოდებული მთის ძირას, გოლგოთისკენ მიმავალი გზა კი არა, სიმწრით სავალი გზის დასაწყისი იყო ჯერ გაუკვალავ ჯაგნარში. ამ ღამემ დააგვირგვინა ღობესთან გატარებული სევდიანი, მაგრამ უშფოთველი საღამოები. ეს იმ ძნელი ცხოვრების დასაწყისს უფრო ჰგავდა, როგორიც მთაზე ასასვლელი აღმართია, რომლის მწვერვალი ღრუბლებში იკარგება.

      ყველაზე მეტად მაინც სირცხვილის გრძნობა ტანჯავდა ორივეს, თუმცა იმას ვერ ხვდებოდნენ, რატომ. არც საუზმემ გაახალისა, ლიდუვინამ საჭმელს პირიც ვერ დააკარა; რიკარდო ოთახიდან დაითხოვა, რომ ტანსაცმელი ჩაეცვა, მერე პირის დაბანას შეუდგა და იმდენჯერ წაისვა საპონი და ისე იხეხა პირისახე, ლამის სისხლი დაიდინა.

 – ვერ მორჩი? – შეეხმიანა რიკარდო.

 – ვერა, ცოტა კიდევ მოიცადე.

      მერე საწოლის გვერდით დაიჩოქა და ლოცვა დაიწყო, ისე ლოცულობდა, როგორც არასდროს, უსიტყვოდ, უხმოდ; თავი განგებას მიანდო და მერე გაუღო კარი საქმროს. განა საქმროს? ნეტავი რა უნდა უწოდოს მას ამიერიდან?

      სასტუმროდან ხელიხელჩაკიდებულები გავიდნენ და ალალბედზე გაუყვნენ ქუჩას. ლიდუვინას გამალებით უცემდა გული რიკარდოს მარჯვენა მკლავთან, ის კი მოუსვენრად იწიწკნიდა ულვაშს; შეშინებულები იყურებოდნენ აქეთ-იქით, ნაცნობს არავის გადავეყაროთო, მიდიოდნენ და მუხლები უკანკალებდათ, მაგრამ სასტუმროში დაბრუნებას ისევ ეს ერჩივნათ. არა, არა, ის ცივი ოთახი, ძველი ავეჯი, დაბზარული კედლები, სადაც ვინ იცის, რამდენ უცხოს გაუთენებია ღამე, მართლაც რომ ზიზღის მომგვრელი იყო ორივესთვის. მათ სმენას ერთადერთი უცხო ენაზე საუბარი თუ აამებდა, ლამის ნანასავით ელამუნებოდა. ერთხელ ქალმა ჩაუარა მოთენთილი რხევით და გზა გადაუჭრა ფოსტლების ტყაპუნით თუ სულაც ფეხშიშველმა, თან რაღაცნაირი მთვლემარე ცნობისმოყვარეობით კი შეათვალიერა; მერე იყო და, ფორანი გამოჩნდა, რომელშიც წითელი ხარები იყო შებმული და ამან მშობლიური ქალაქი და მონასტრის ჭიშკართან შეყრილი ხალხი გაახსენა მათ.

      ამაოდ ეძებდნენ შვებას უცხო ქალაქში, განა რაიმე შეენაცვლებოდა ოჯახურ კერას? როცა ასე გულდამძიმებულებმა ეკლესიას ჩაუარეს, რიკარდომ მკლავთან იგრძნო, როგორ შეუფანცქალდა გული ლიდუვინას და ისინი ეკლესიაში შევიდნენ.

      ლიდუვინამ შუა და საჩვენებელი თითები ნაკურთხ წყალში დაისველა და რიკარდოსაც შესთავაზა. მისი დაბინდული მზერა საქმროს ისეთივე დაბინდულ მზერას შეეფეთა. კარის ახლოს გაჩერდნენ, რიკარდო იქვე, კედელთან სკამზე ჩამოჯდა, რადგან იქ უფრო ბნელოდა, ლიდუვინამ მის გვერდით დაიჩოქა და სახე ხელისგულებს დაანდო. ტაძარში არავინ იყო, გარდა ერთი საცოდავი, თავსაფრიანი ქალისა, რომელიც ჩოქვით უვლიდა ლიტანიას, ეტყობოდა, უჭირდა მოძრაობა, უზარმაზარი მუცელი ერთიანად უთახთახებდა და ხან ერთ ფეხს დაეყრდნობოდა, ხან მეორეს; ხელში კრიალოსანი ეჭირა და ასე ტანჯვა-წვალებით მიდი-მოდიოდა საკურთხევლიდან საკურთხევლამდე. წმინდა სინათლის სვეტი პირამიდასავით აღმართულიყო შუა ეკლესიაში, სიჩუმე საამოდ ერწყმოდა ბინდს. უეცრად რიკარდოს ლიდუვინას დახშული ქვითინი შემოესმა. იგი ტიროდა და ვეღარც მან შეიკავა ცრემლი, საცოლის გვერდით დაიჩოქა და ორივემ ასე დაიტირა დაღუპული ოცნებები.

      მერე ქალაქში გავიდნენ, ირგვლივ სიმშვიდე სუფევდა, მაგრამ მათ მაინც უფრო სევდიანი ეჩვენებოდათ.

 – ის, რაც ჩვენ ჩავიდინეთ, ლიდუვინა... – გაბედა ხმის ამოღება რიკარდომ, ლიდუვინამ კი განაგრძო:

 – ჰო, რიკარდო, შეცდომა იყო...

 – საქმე ისაა, რომ ვეღარაფერს გამოვასწორებთ...

 – პირიქით, ჩემო კარგო, სწორედ ახლა შეგვიძლია გამოვასწოროთ, ახლა, როცა ყველაფერს ნათელი მოეფინა...

 – მართალი ხარ...

 – მაგრამ მთავარი და უარესი ჯერ კიდევ წინ გველის...

 – რა, ჩემო ნენა?

 – ის, რომ ქალაქში ვეღარ დავბრუნდებით. რა პირით ვეჩვენო დედაჩემს ან ჩემს დას? როგორ გამოვჩნდე ქალაქში?

 – აკი შენ თვითონ იტყოდი ხოლმე, მითქმა-მოთქმას ყური არ უნდა ათხოვოო...

 – ჰო, მაგრამ მითქმა-მოთქმა ერთია. ეს არც დიდად მაწუხებს და არც იმდენი მნიშვნელობა აქვს...

 – მაშინ, რა?..

 – ის, რომ დაგვცინებენ, რიკარდო!..

 – ჰოო, ეს კი მართალია!..

      სასტუმროში რომ დაბრუნდნენ, კიდევ ერთხელ იჯერეს გული ტირილით, მერე რიკარდომ მოიმიზეზა, ფული უნდა გადავახურდაოო და ქუჩაში გავიდა, სინამდვილეში უნდოდა, ლიდუვინასთვის დრო და საშუალება მიეცა, რომ თავისიანებისთვის წერილი მიეწერა და თავადაც რამე ეღონა.

      მეორე დღესვე შეუდგნენ მზადებას უკან დასაბრუნებლად. ლიდუვინა ჯერ იმ სოფელში უნდა ჩასულიყო, სადაც მამიდამისი, მამის და, ცხოვრობდა, რადგან ეძნელებოდა დადუმებულ დედასა და უჟმურ დასთან შეხვედრა; ხოლო რიკარდო მშობლიური ქალაქის უახლოეს სადგურზე ჩამოვიდოდა, შეღამებისას ჩუმად, ქურდულად გაივლიდა მიყრუებულ ქუჩებს და შეუმჩნევლად შეიპარებოდა მამისეულ სახლში.

      უკან დაბრუნებისას კიდევ უფრო მძიმე ნაღველი შემოაწვა ორივეს. ისევ ისე გაჰყურებდნენ იმავე ვენახებს, ზეთისხილისა და ფორთოხლის ბაღებს, იმავე წისქვილებს და ბარჟებს. მშობლიური ქვეყნის საზღვარს რომ მიუახლოვდნენ, ასე ეგონათ, მთებიც კი სიყვარულით ეგებებოდნენ, თუმცა უძღები შვილებივით ბრუნდებოდნენ. მაგრამ ასეთი მაინც რა ცოდვა ჩაიდინეს! მატარებელშიც გაფაციცებული იყურებოდნენ აქეთ-იქით, ნაცნობს არავის გადავეყაროთო. სირცხვილის გრძნობა ხომ ორივეს ტანჯავდა, მაგრამ ამაზე უარესი ის იყო, რომ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი და იყვნენ კიდეც სასაცილონი, ასეთ ბავშვურ საქციელს თავს ვერც ერთი ვერ აპატიებდა. როცა მატარებელი იმ სოფლის სადგურზე გაჩერდა, სადაც ლიდუვინას მამიდა ცხოვრობდა, ის უკვე მოსულიყო მათ შესახვედრად. ლიდუვინამ სიმწრით მოუჭირა რიკარდოს ხელზე ხელი:

 – მომწერე, საყვარელო! – ესღა უთხრა და ჩავიდა.

      რიკარდო კიდევ უფრო მოიბუზა და კუთხეში მიიყუჟა, არავინ მიცნოსო.

 – მესმის, ჩემო კარგო, კარგად მესმის, მაგრამ მაინც მიჭირს დაჯერება, – უთხრა მამიდამ ლიდუვინას, როცა კარეტაში ჩასხდნენ და კარი მიიხურეს, მერე კი დასძინა, – გულახდილად გეტყვი, შენგან ასეთ სისულელეს არ ველოდი! მამაშენი, ჩემი ძმა, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ასეთი რამ ხომ არ მოხდებოდა... დარწმუნებული ვარ, არ მოხდებოდა, მაგრამ იმათ ხელში... კმარა, პატარავ, კმარა... ლიდუვინა იჯდა ჩუმად და ცას შეჰყურებდა.

      რიკარდოს ამასობაში თვალი არ მოუცილებია კარეტისთვის, სანამ გორაკზე მდგარ ეკლესიას არ მიეფარა.

      როცა მატარებელი ქალაქს მიუახლოვდა, რიკარდო ადრევე ჩამოვიდა და საღამოს ბინდბუნდში მალულად დაადგა გზას სახლისკენ. მზე უკვე მონასტრის კოშკს მოჰფარებოდა და უღრუბლო ცას აფერადებდა, ზარები მლოცველებს უხმობდა; რიკარდომ ქუდი მოიხადა და სამჯერ წარმოთქვა: "და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა..." და მერე განაგრძო: "არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს სუფევაი და ძალი და დიდებაი საუკუნეთა მიმართ უკუნისამდე. ამინ" (მათე VI.13) – და მერე დასძინა: "წარვედი ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველთა".

 – ყეყეჩო!

      მარტო ეს უთხრა მამამ, როცა დაინახა, შვილი ქურდულად აპირებდა შინ შესვლას.

5

      გადიოდა დღეები, რიკარდო და ლიდუვინა ელოდებოდნენ შედეგს, რაც მათ გაქცევას, მათ თავგადასავალს უნდა მოჰყოლოდა; გავიდა თვეებიც. პირველ ხანებში რამდენიმე წერილით მოიკითხეს ერთმანეთი; ამ წერილებში ჩივილიც ისმოდა და საყვედურიც; ლიდუვინას წერილები უფრო გონივრული იყო და დასაჯერებელიც. "ჩემო რიკარდო, ამაოდ ირჯები, თუ გინდა ამიხსნა შენი გრძნობები და განცდები; თავადაც მშვენივრად ვხვდები და შენი მჭევრმეტყველება ვერ მომატყუებს. სიმართლე ის არის, რომ აღარ გიყვარვარ და მგონია, არც არასდროს გყვარებივარ, ყოველ შემთხვევაში ისე, როგორც მე მიყვარდი და ახლაც მიყვარხარ; შენ კი რაღაც გზებს ეძებ, რომ ეგ შენი ვითომ შეუბღალავი ღირსება აღიდგინო და სიყვარული არც გაგონდება. დამიჯერე, მოეშვი მაგ ღირსებაზე ზრუნვას. თავად მე ამ მხრივ ძალიან მშვიდად გახლავარ და არც ვთვალთმაქცობ. თუ შენ ისე არ გიყვარვარ, როგორც მე მიყვარხარ, მთელი ჩემი სულითა და ხორცით, მარტო იმიტომ ნურც იქორწინებ ჩემზე, რაც ჩვენ შორის მოხდა, არ მინდა ასეთი მსხვერპლი გაიღო; მიჰყევი მაგ შენს მოწოდებას, მე კი ჩემს თავს თავად მივხედავ, მაგრამ იცოდე, ვფიცავ, ან შენი გავხდები, ან არავისი. ოღონდ თუ შემხვდა კაცი, სულელი იქნება თუ სულგრძელი, და ჩემზე დაქორწინებას მაინც მოინდომებს იმის მიუხედავად, რაც ჩვენ შორის მოხდა ჩვენი ბავშვური საქციელის გამო, სულერთია, მე არ დავთანხმდები. მოსახდენი მოხდება. კარგად დაფიქრდი, სანამ რამეს მოიმოქმედებ!" რიკარდოს გული ქარიშხალში აბორგებული ტბასავით შფოთავდა. ძილი და მოსვენება სულ დაკარგა; სიცოცხლის ხალისიც კი აღარ ჰქონდა. ისევ მიუბრუნდა მისტიკოსებსა და ასკეტებს, სწავლობდა აპოლომენებსაც; მისი ღვთისმოსაობა ლამის ცრურწმენაშიც გადაიზარდა. ხანდახან აიკვიატებდა, ზარი ექვსჯერ რომ დარეკავს, თუ ამასობაში ორი ქუჩის გადაღმა გზაჯვარედინამდე ვერ მივალ, დავდგები და სულს განვუტევებო. ძალიან წუხდა, ბედს ვერა და ვერ შერიგებოდა; ამდენი ხნის სასიყვარულო ურთიერთობა, ის სასაცილო გაპარვა, სულ ეშმაკის ოინებად, ცდუნებად მიაჩნდა, რათა ცაში გადაწყვეტილი მისი ბედი არ აღსრულებულიყო და ის წინასწარმეტყველება, ანაზდად გადაშლილ სახარებაში რომ ამოიკითხა, არ გაემართლებინა. მაგრამ ლიდუვინა... ნუთუ მათი გზები სამუდამოდ გაიყრებოდა? ნუთუ მათი ბედი ვეღარასოდეს დაუკავშირდებოდა ერთმანეთს? აკი წერილი გვარწმუნებს, "რომელნი იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებენო". (მათე 18.6). მაგრამ ხომ არიან აბ ატენეო დაკავშირებულნი, ისინი, ვისი კეთილდღეობაც სულაც არ არის იმაზე დამოკიდებული, თუ მთელ დუნიაზე არ იქადაგებს სახარებას! ნუთუ არ შეიძლება იქადაგოს და ამავე დროს ლიდუვინასთანაც დარჩეს? განა მცნება იმას გვასწავლის, რომ უარი ვთქვათ და არ ვცადოთ გამოსწორება იმისი, რაც გამოსასწორებელია? მაგრამ, მეორე მხრივ, ქორწინება და უსიყვარულოდ?.. თუმცა ისიც ხომ ნათქვამია, სიყვარული მერე მოდისო; ურთიერთობა, თანაცხოვრება, თანაზიარობა, სიყვარულის სურვილი!.. და მაინც, არა, არა!.. იმ უცხო ქალაქში განცდილიც საკმარისი იყო... და რიკარდოს თვალწინ წარმოუდგა ის მოხუცი ქალი, ჩოქვით რომ უვლიდა გარს ეკლესიას და დიდის გაჭირვებით ზიდავდა უზარმაზარ მუცელს. ნეტავ რა ბედი ეწევა ლიდუვინას? ნუთუ მათი გზები აღარ შეიყრება?! ის გაქცევაც ეშმაკმა მოუწყო, აცდუნა, მაგრამ დროზე მოუსწრო უფალმაც და ორივეს დაანახვა ჭეშმარიტების გზა.

      რიკარდოს გულში ჩარჩა მამის სიტყვები, შინ დაბრუნებულს რომ უთხრა: "ყეყეჩო! ასეთი მაინც რა ყეყეჩი ყოფილხარ! მეც ხომ ქვეყნის სასაცილო გამხადე, შენზე რომ აღარაფერი ვთქვათ! თავის დროზე მაინც გაგეფრთხილებინე, თუ ამას აპირებდი! რას იტყვის ხალხი, ტირანი ყოფილა, თუ საკუთარი შვილის ბედნიერებას წინ გადაეღობაო... ყეყეჩი ყოფილხარ და ყეყეჩზე უარესიც! თუ დედამისიც წინააღმდეგი იქნებოდა, რა უჭირდა, სადმე სანატორიუმში რომ წაგეყვანათ სამკურნალოდ; ახლა ხალხის თვალში მეც შერცხვენილი გამოვედი და მისიანებიც!.."

      რიკარდოც ამას ფიქრობდა. მართლაც რომ სასაცილო დღეში ჩაიგდო თავი იმ გაპარვის გამო. ამდენმა ფიქრმა კი იმ ზომამდე მიიყვანა, რომ ბოლოს გადაწყვიტა, მშობლიური ქალაქიდან სულ გადავიხვეწებიო და წავიდა კიდეც იმ ქალაქში, სადაც ბიძამისი ცხოვრობდა თავისი ოჯახით. იმ ქალაქს გარს მაღალი გალავანი ჰქონდა შემოვლებული და ადამიანს მართლაც შეეძლო იქ სულით ლამის ზეცამდე ამაღლებულიყო; რიკარდოც კიდევ უფრო მეტი მონდომებით შეუდგა მისტიკოსების კითხვას; საათობით იჯდა ხოლმე იდუმალებით მოცული ტაძრის აბსიდის ძირას და ფიქრობდა; მთლიანად ნებდებოდა ოცნებას, ხან მოციქულად წარმოიდგენდა თავს, ხან ახალი დროის რწმენისა და ქველობის წინამორბედად, ხანაც პავლედ, ხან მეორე წმინდა ავგუსტინედ ან ბერნარდად თუ ვისენტედ, ვითომ წინ მიუძღოდა რწმენასა და ნუგეშმოწყურებულ ხალხს, კაცებისა და ქალების მთელ ჯამაათს, რომელთა შორის იყო ლიდუვინაც; ზოგჯერ ისიც კი ეზმანებოდა, ვითომ საკურთხეველთან იდგა და კითხულობდა ლეგენდებს, ვინმე ღვთივშთაგონებულ კაცს რომ შეეთხზა მის შესახებ და ამ ლეგენდებში ლიდუვინაც მოიხსენიებოდა, მასაც ექნებოდა თავისი ადგილი, საგანგებოდ მისთვის განკუთვნილი. მათი მიწერ-მოწერა კვლავაც გრძელდებოდა, ეგ არის, რიკარდოს წერილები უფრო ქადაგებას მოაგონებდა კაცს, ვიდრე სიყვარულისა და მონანიების აღიარებას.

      "მომისმინე, ჩემო რიკარდო, სულ ტყუილად ირჯები, თუ გინდა გულისხმაში ჩამაგდო, – პასუხობდა ლიდუვინა, – მგონია, არც ისე უგუნურად მიგაჩნივარ, სიტყვების ასეთი კორიანტელი მჭირდებოდეს, რომ მიმახვედრო, ამით რისი თქმა გინდა. რამდენჯერ უნდა გაგიმეორო, არასოდეს გადაგეღობები შენი ბედის გზაზე, თუკი ასე გწამს და გჯერა-მეთქი. თავადაც კარგად ვიცი, რა ვქნა და რა გზას დავადგე, მაგრამ იმასაც გეტყვი, ან შენი ვიქნები, ან არავისი!"

      რიკარდოს სულს უმწარებდა იმაზე ფიქრი, რომ ლიდუვინასთვის გამოსათხოვარი წერილი უნდა მიეწერა, თან ეგონა და თავსაც აჯერებდა, ასე სინდისსაც დავიმშვიდებ და ჩემსას მაინც მივაღწევო. ერთ დილასაც, წმინდა ზიარების მერე კიდეც დაწერა, მაგრამ ლიდუვინას პასუხი რომ მიიღო, ისეთი სიმხდალე და სულმოკლეობა გამოიჩინა, რომ არც კი წაიკითხა, ისე გადაუძახა ცეცხლში; თუმცა იმავ წუთს ინანა, გამწარებული ცდილობდა გადაერჩინა და წაეკითხა, რას სწერდა, რას ჩიოდა მისი მეუღლე. დიახ, მეუღლე, სწორედ მეუღლე უნდა ეწოდებინა მისთვის, დიახ, მისთვის მსხვერპლად შეწირული მეუღლე, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდა და უფალი ღმერთიც ვეღარაფერს გააწყობდა; ეგებ ორივესთვის ასე სჯობდა კიდეც, ისინი ხომ სულიერად მაინც შეუღლებული იყვნენ, თუნდაც აღარასოდეს ენახათ ერთმანეთი, აღარაფერი გაეგოთ ერთმანეთზე, აღარასოდეს შეყრილიყო მათი გზები, სულერთია, ლიდუვინა მაინც დარჩებოდა მისთვის ისეთი, როგორიც იყო ბეატრიჩე, შთაგონების წყარო.

      რიკარდო თავის ოთახში განმარტოვდა, დაიჩოქა და ცრემლებით დანამა სახარება, მისი ბედის მაცნე.

6

      მორჩილი ძმა რიკარდოს ცხოვრების წესმა თვით მონასტრის მოძღვარიც კი შეაშფოთა, იმდენად თავდაუზოგავად მსახურებდა ქადაგების, აღსარებისა თუ განმარტოების დროს, მაგრამ ყველაზე მეტად მისი მეცადინეობა აკვირვებდა ყველას. არა, ეს არ იყო ბუნებრივი, თითქოს ეშმაკეული სასოწარკვეთილება უფრო წააქეზებდა, ვიდრე უფლის ნეტარი რწმენა და მისი ძის, ღმერთკაცისა; იმასაც ამბობდნენ, ასეთი გამწარებით იმიტომ მიილტვის იმ თავისი აკვიატებული მოწოდების აღსასრულებლად, რომ თავადაც არ სჯერაო, ანდა სულაც იმას ცდილობს, ყოვლისშემძლეს რაიმე დასცინცლოსო. წმინდა წერილში კი ნათქვამია, მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენიო, მაგრამ ძმა რიკარდოს ასეთ სიშმაგეში სახარებისეული მოთმინების ნიშანწყალიც არ ჩანდა. აღსარებაც მისი მიწიერი სიყვარულის, მისი თავგადასავლის გამო მონანიება იყო. ნათქვამია, თუ ქორწინება ცოდვაზეა აგებული, კეთილი ბოლო არ ექნებაო. იგი ლოცულობდა ლიდუვინასი და საკუთარი ბედისათვის, რამეთუ სჯეროდა, მათი ბედი განუყრელად იყო დაკავშირებული. ის საბედისწერო გაქცევა რომ არა, ეგებ კიდეც დაქორწინებულიყვნენ და მაშინ კი ასცდებოდნენ იმ ხვედრს, ცაში რომ იყო გადაწყვეტილი. მისი ლოცვებიც დაუცხრომელი და ბობოქარი იყო. ღმერთს სულ იმას ევედრებოდა, მიეცა მისთვის სიმშვიდე, შთაგონება და ყველაზე უწინ რწმენა. იგი კითხულობდა წმინდა მამებს, კემპისს, მისტიკოსებს, აპოლოგეტებს და ყველაზე გულმოდგინედ – წმინდა ავგუსტინეს "აღსარებას". ზოგჯერ თავსაც კი წარმოიდგენდა წმინდა ავგუსტინედ, რამეთუ აფრიკელის მსგავსად მანაც განიცადა ხორციელი ვნება და მიწიერი, ადამიანური სიყვარული. მისი მოსაგრე ძმები, სხვა მორჩილები, თან შიშით უყურებდნენ მას და თანაც შურით, იმ ნაღველნარევი შურით, ფარული სენივით რომაა მოდებული მონასტრებში; მათ ეჩვენებოდათ, რომ ძმა რიკარდო მარტო იმას ცდილობდა, გამორჩეული ყოფილიყო და სხვები გულში კიდეც სძულდა; ეს კი მართალი იყო. ნამდვილად დიდი მოთმინება მართებდა რიკარდოს, რომ იმ თავისი მოსაგრე მორჩილთა მიამიტობის, თვითკმაყოფილებისა და ბევრი მათგანის უმეცრებისა და მოუქნელობისათვის გაეძლო; თუმცა მათ შორის უკეთესებსაც თავს არიდებდა, უფრო ალალებსა და უბრალოებს, ისინიც სულელებად მიაჩნდა; რატომღაც ცბიერნი უფრო იზიდავდა; ისიც აწუხებდა, როცა ხედავდა, უმეტესობამ ისიც კი არ იცოდა, რისთვის მივიდნენ მონასტერში; ზოგი თურმე მშობლებმა მიიყვანეს ჯერ ისევ ბავშვები, ოღონდ კი მათ ბედ-იღბალზე ზრუნვა თავიდან აეცილებინათ, ზოგმაც თავდაპირველად დარაჯად თუ მსახურად დაიწყო მუშაობა, სხვები სიყმაწვილის გატაცებებს ანდა პოეტურ ხილვებს ეცდუნებინა. თითქმის არავინ არაფერი იცოდა იმ სამყაროსი, რომელზეც ისე ლაპარაკობდნენ, როგორც რაიმე შორეულსა და იდუმალზე. რიკარდოს თანაგრძნობით ეღიმებოდა ხოლმე, მათ გულუბრყვილო მსჯელობას რომ უსმენდა ხორციელ ცდუნებასა და ცოდვის სიტკბოებაზე, ეშმაკეულ ცდუნებად მიაჩნდათ ის, რაც რიკარდომ კარგად იცოდა, რა სისულელე იყო; მათ კი არაფერი გაეგებოდათ ამქვეყნიური სიყვარულის ამაოებისა.

      რაკი მორჩილებს შორისაც გავრცელდა ხმა ძმა რიკარდოს საიდუმლო თავგადასავლის შესახებ, რაც მონასტერში მისი მოსვლის მიზეზი გამხდარიყო, ხანდახან სიტყვასაც გადაუკრავდნენ ხოლმე, მაგრამ როცა ის ქედმაღლური ღიმილით მიახვედრებდა, ვითომ ეშმაკეულის, ამქვეყნიურისა თუ ხორციელის ასე გაზვიადება არც ღირსო, ისინი პასუხობდნენ: – ცხადია, თქვენ უკეთ მოგეხსენებათ, ჩვენთან შედარებით აკი მეტი გამოცდილება გაქვთო... ეს კიდეც აამებდა მის პატივმოყვარეობას, მაგრამ თუ პირდაპირ მიანიშნებდნენ მისი სიყვარულისა და ლიდუვინასთან ერთად მისი გაქცევის თაობაზე, ეს უკვე აბრაზებდა და ფიქრობდა, ვერც მონასტრის მაღალი გალავანი, ვერც თანამოსაგრეთა მიამიტობა ვერ უშველიდა, რომ მისი სასაცილო მდგომარეობა სალაპარაკო და საქილიკო არ გამხდარიყო აქაც და მშობლიურ ქალაქშიც.

      მორჩილთა მოძღვარმაც ვერა და ვერ ირწმუნა ძმა რიკარდოს ესოდენი გულმოდგინება. მამა პრიორთან საუბრისას ესეც კი თქვა:

 – მამაო, თუ დამიჯერებთ, ვერაფერი გამიგია ამ ჩვენი ძმა რიკარდოსი. აქ საკმაოდ ჩამოყალიბებული მოვიდა და საკმაოდ თავისებური ჩვევებიც მოჰყვა; თითქოს სულ რაღაცას ჩქმალავს. ცხადია, სრულიად განსხვავდება იმათგან, ვინც სულითა და ხორცითაა გადაგებული თავის მოვალეობაზე; ის კი მარტო საკუთარი თავის წარმოჩენაზე ზრუნავს, ამასთან, დარწმუნებულია, რომ სხვებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს და თავისი თანამოსაგრეები სძულს კიდეც. თითქოს უკეთურება უფრო იზიდავს, ვიდრე მადლიანი უბრალოება; ერთხელ ჩემთანაც კი აღიარა, სულელი ბოროტზე უარესიაო. რჩეული წმინდანები, რა მკაცრებიც უნდა იყვნენ, მასში უფრო მეტ აღფრთოვანებას იწვევენ, თუმცა ვეჭვობ, მათ მიბაძვას ცდილობდეს, თანაც, ჩემი აზრით, ეს ლიტერატურიდან მოჰყვება. მგონი, ნეტარი ენრიკე სუსონი მისი ყველაზე დიდი გატაცება უნდა იყოს, თუმცა ალბათ ეს მჭევრმეტყველებაში გაწაფვისთვის უფრო სჭირდება.

 – მჭევრმეტყველებაში გაწაფვისთვის და ისიც სუსონი?.. – შესძახა მამა პრიორმა, რომელიც მთელ იმ მხარეში დიდი მჭევრმეტყველის სახელით იყო ცნობილი. – დიახ, ჩვენს ძმას რიკარდოსაც სწორედ მჭევრმეტყველად მოაქვს თავი და თავისი ნიჭის გამოვლენის საუკეთესო საშუალებაც მჭევრმეტყველება ჰგონია; თანაც ვფიქრობ, სავონაროლას, მონსაბრესა და ლაკორდერის დროებაზე ოცნებობს. ვინ იცის, ეგებ მეტზეც!.. მერე კიდევ, მისი ვითომ სახარებისეული გამოცხადებაც არ უნდა დაგვავიწყდეს, აკი აქედან დაიწყო მისი აკვიატებაც – "წარვედი ყოველსა სოფელსაო"... თუმცა სახარება იმდენად არ შთააგონებს, რამდენადაც ქადაგება...

 – მამა პედრო! მამა პედრო! – შესძახა მამა პრიორმა საყვედურით.

 – ეეჰ, მამა ლუის, ხომ არ გავიწყდებათ, რომ ამისთანა რამეებში საკმაოდ გამობრძმედილი გახლავარ!.. რამდენ მორჩილს გაუვლია ჩემს ხელში... ესეც არ იყოს, ამგვარი ფსიქოლოგიური დაკვირვებები ყოველთვის მიტაცებდა და მეტისმეტადაც მიტაცებდა...

 – ჰმ!.. ჰმ!.. მეც რაღაც-რაღაცებს კი ვხვდებოდი...

 – ჰო, გასაგებია, მამა პრიორ, მაგრამ ასეთი რაღაც-რაღაცები მეც კარგად მომეხსენება, ეს მოწოდებებია თუ ზეშთაგონება... ხოლო რაც შეეხება ამ ყმაწვილს, ღმერთმა ინებოს, ვცდებოდე, მაგრამ უფრო წინასწარმეტყველებაზე მიგვანიშნებს, ვიდრე ზეშთაგონებაზე, ანდა შეიძლება სულაც უფრო მეტზეც...

 – რაო, რაო? მამა მოძღვარო, ეს რაღას ნიშნავს, რისი თქმა გინდათ?

 – ვთქვათ თუნდაც... ეპისკოპოსობაზე...

 – ასე გგონია?

 – რატომაც არა! ეს ყმაწვილი სულის სიღრმეში დიდი თავკერძაც უნდა იყოს... თუნდაც ის, რაც ჩაიდინა... ერთი სიტყვით, ის საბრალო გოგონა რომ შეაცდინა, განა ეს თავკერძობა არ იყო? მერე კი აქ რომ გამოგვეცხადა, ვითომ იმედგაცრუებული თუ მეოცნებე, ან სულაც თავის მოწონების მიზნით... ვინ იცის, კიდევ რა უდევს გულში...

 – თავის მოწონება და ისიც ბერის ანაფორით? – შესძახა მამა პრიორმა და ისე გულიანად გაიცინა, რომ მთელი თავისი ლამაზი კბილები გამოაჩინა, – თავის მოწონება და ისიც ბერის ანაფორით? დიდება შენდა უფალო, რას არ იტყვით, მამა პედრო!

 – დიახ, თავის მოწონება ბერის ანაფორით, ვთქვი და არც გადავთქვამ; არც თქვენ, მამა ლუის, და არც მე აკი ამით არ ვიწონებთ თავს, მაგრამ ახლანდელ დროში და მით უმეტეს, ჩვენი მორჩილი ძმა რიკარდოსთანა კაცისთვის ბერის ანაფორა ეგებ ერთგვარი გამოწვევაც კი იყოს საზოგადოებისთვის, ამისთანა ვითომ რომანტიკული და გამორჩეული კაცის მხრიდან. ესეც არ იყოს, პატივმოყვარეობა...

 – პატივმოყვარეობა?

 – დიახ, პატივმოყვარეობა, პირობები, მდგომარეობა, პატივი და სახელი, – მონასტრით უფრო ადვილი მოსაპოვებელია, ვიდრე სხვა გზებით... დარწმუნებული ვარ, ეს ყმაწვილი ძალიან შორს იყურება... ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ... თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი არც პირველია და არც უკანასკნელი, იმედგაცრუებასა და რელიგიურობას რომაა ამოფარებული და სინამდვილეში თეატრალობისკენაა მიდრეკილი; ამას არ უარვყოფ, ან როგორ უნდა უარვყო ის, რამაც იგი აქ, მონასტერში მოიყვანა. თქვენ თუ გახსოვთ, მამაო, ძმა როდრიგო კარმელიტი, არისტოკრატთა სალონებში რომ გაითქვა სახელი თავისი მსახიობური ნიჭით, მაგრამ სცენაზე კი არ დარჩა, ბოლოს მაინც მონასტერს მიაშურა...

 – როგორ არა, ახლა მონასტერიც დაუტოვებია და გავიგე, ახალი რელიგიის შექმნას აპირებსო.

 – ყოველთვის კომიკოსი იყო! ამ ჩვენს ძმა რიკარდოშიც ხომ კომიკოსი ზის, ოღონდ ეგ არის, იმედი აქვს, რომ მთავარ როლს ითამაშებს და ეგებ მიტრასაც გამოჰკრას ხელი, ან კიდევ, ვინ იცის... მისი ოცნებები შეიძლება კიდევ უფრო შორს მიდის...

 – რაო, რაო? თქვით ბარემ, მამაო, თქვით!

 – არა, არაფერი, არაფერი! მგონი, ეს უკვე ჭორაობა გამოდის...

 – მე უკვე კარგა ხანია ასეც მეჩვენება!

 – მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მამა პრიორო, ვფიქრობ, ჩემი ვალი იყო ეს ცნობები თქვენთვის მომეწოდებინა. თვითონ ყმაწვილი დარწმუნებულია, რომ ჩვენი სამოსელი ძალიან დამშვენდება, ის კი არა, იმასაც ვეჭვობ, თავი ლამაზი და მოხდენილიც ჰგონია და ოცნებებით უკვე წარმოიდგენს თავს, საკურთხეველთან თეთრ სამოსელში გამოწყობილი რარიგად გაბრწყინდება.

 – მაინც რა ვერაგი ვინმე ბრძანდებით, მამა პედრო!..

      "ბებერი მელა, მამა პედრო, ბებერი მელა... – რომელიც ვერასოდეს ეღირსება ეპისკოპოსობას!" – გაიფიქრა მამა პრიორმა, თავადაც რომ დაემშვიდობა ამაზე ოცნებას.

7

      საბრალო ლიდუვინას მამა პრიორისა და მორჩილთა მოძღვრის საუბარი რომ მოესმინა!.. თუმცა რა იმედი უნდა ჰქონოდა ლიდუვინას რიკარდოსი მას შემდეგ, რაც თავადაც მონასტერს შეაფარა თავი და ცრემლდაშრეტილმა და გულდაცარიელებულმა თავადაც მონასტერში დაასამარა თავისი ყმაწვილქალობა. თავდაპირველად იმ მონასტერში უნდოდა შესვლა, სადაც მოწაფეებს შემპარავად, მაგრამ მაინც შთააგონებდნენ მამაკაცებისადმი ზიზღსა და სიძულვილს, რასაც უკვე გრძნობდა კიდეც იმ მართლაცდა მშიშარა და თავკერძა მამაკაცების მიმართ; მაშინ რატომ უნდა გადაეხსნა გული მათ წინაშე და გაშიშვლებულიყო, რატომ გაემწვავებინა ტკივილი შურისძიების გამო? არა, ისევ იმ ორდენში ერჩივნა შესვლა, სადაც მჭევრმეტყველებას, განდგომილებას, დუმილს, მონანიებასა და ლოცვებს ჰქონდა უპირატესობა, ასე უფრო იგრძნობდა შვებას. გარე სამყაროს ექო მაინც აღწევდა იქამდე და სიყვარული გაუადვილებდა სიკვდილის მოლოდინს.

      და ასე გაემგზავრა ლიდუვინაც შორეულ, მიყრუებულ ქალაქ ტოლვიედრაში, მთაგორიან მხარეში და იქ ბენედიქტელთა ძველთაძველ მონასტერში, ოთხ კედელს შორის გამოიმწყვდია თავი. ბაღში კვიპაროსიც იდგა, მისი მშობლიური ქალაქის ურსულელთა მონასტრის კვიპაროსის ნამდვილი ასლი, მისი ყმაწვილქალობის მოგონება და როცა ამ ქუფრი ხის ქვეშ იჯდა ხოლმე და გაჰყურებდა ცეცხლისფრად ჩამავალ მზეს, ახსენდებოდა ადრინდელი საღამოები, უცნაურ შვებას ჰგვრიდა ეს სევდიანი ბაღი, სადაც ბოსტნეული მოჰყავდათ, აქა-იქ კი ჩამომჭკნარი ყვავილებიც მოჩანდა, რომელთაც მხოლოდ ის რწყავდა. ეს სევდიანი ბაღი, ბუნების ეს პატარა ნაგლეჯი, მასავით ამ მაღალ კედლებს შორის გამომწყვდეული, ასევე მონასტრის ტყვე იყო, აქედან სხვა სამყარო არ ჩანდა, ეგ არის, ცას ეს ღობე და კედლები ვერ მალავდა. ცის ლაჟვარდზე სწრაფად დაცურავდნენ ღრუბლის ქულები და ჩრდილს უწყალობებდნენ, ხანდახან მტრედიც გადაიფრენდა თეთრი ფრთების ტყლაშუნით, როცა თავისი თბილი ბუდისკენ მიეშურებოდა. როცა წვიმა თავის მსუბუქ, შავ მანტიას გადააფარებდა აქაურობას, მონასტერიც და მის მიღმა მიწაც ერთნაირად სველდებოდა. ღამღამობით ლიდუვინა თავის შავ თვალებს მიაპყრობდა ვარსკვლავებსა და ნახევარმთვარეს, პატარა გემივით რომ მიცურავდა ღრუბლებს შორის; დღისით კედლებს გადაღმა ხალხი მიდი-მოდიოდა და მათი ხმა შიგნითაც აღწევდა, ზოგჯერ გიტარის ხმასაც გაიგონებდა; მერე ამ სხვა სამყაროს ექოს მოჰყვებოდა მოგონებები, თვალწინ წარმოუდგებოდა ის მოხუცი ქალიც, ჩოქვით რომ უვლიდა ლიტანიას, კრიალოსანი რომ ჩაებღუჯა და ძლივძლივობით ეზიდებოდა უზარმაზარ მუცელს; ახსენდებოდა კიდევ ის განმარტოებული ცრემლების ტაძარი, საბედისწერო მგზავრობა მატარებლით, მდინარე, ავდრისაგან ამღვრეულ წყალს რომ მიაქანებდა ნაძვების, ზეთისხილისა და ფორთოხლის ხეებს შორის. ის ქალაქი ცოდვის ქალაქად ესახებოდა. ცოდვის? იყო კი ის ნამდვილად ცოდვა? ნუთუ ისაა ცოდვა, ასე მიმზიდველ ფერებში რომ ხატავენ ხოლმე?!. თუმცა ცოდვა ხომ იგივეა, რაც ცნობისმოყვარეობა და მეტი არც არაფერი. აკი სწორედ ცნობისმოყვარეობამ, ცოდნის წყურვილმა უბიძგა ევასაც, როცა შესცოდა, ცნობისმოყვარეობის გამოა, რომ სცოდავენ მისი შვილებიც. ეგებ უკეთესის მომასწავებელიც იყოს, რიკარდომ რომ მიატოვა... ან უარესისაც... ამაზე ფიქრიც აღარ უნდოდა. კაცი ხომ თავკერძობის განსახიერებაა... მწარედ ახსენდებოდა თავისი დის უცნაური ღიმილი მონასტრის ჭიშკართან, დამშვიდობებისას რომ გადაურბინა სახეზე და უთხრა: "ეგებ აქ მაინც პოვო ბედნიერებაო". მაინც რა უკეთურია ეს სამყარო.

      მაგრამ აქაც, მონასტერშიც რომ იგივე დახვდა!.. თუმცა ესეც ხომ ამ სამყაროს ერთი პატარა ნაწილია; აქ დამკვიდრებული უსაქმურობა, ოჯახური ჩვევებისაგან მოწყვეტა, ერთფეროვანი ცხოვრება აკი უფრო ამწვავებს გრძნობებს; მონაზვნური ცხოვრების ეს ნაღველნარევი სიმშვიდე კიდევ უფრო აღვივებს ვნებებს, უნდობლობას და შურს თესავს თანამოსაგრეთა შორის.

      წელიწადში ერთხელ გალავანს გადაღმა ბავშვების რიგი ჩაივლიდა ხოლმე და ამ დღეს მონასტრის ბინადარნი, დები, დედები – დედები, საბრალონი! – მაშინვე რკინის გისოსებს მიაწყდებოდნენ, ყვავილებს აყრიდნენ, წმინდანთა მადლითაა ცხებულიო. მათთვის რომ ეთქვათ, დონ ხუან ტენორიო მკვდრეთით აღდგა და ქალაქში გამოჩნდაო, ალბათ, ასე შეშლილებივით არ გაცვივდებოდნენ მის სანახავად. ყველას თავ-თავის სენაკში საკუთარი ჩვილი იესო ჰყავდა – ლამაზი თოჯინა, რომელსაც ხდიდნენ და აცმევდნენ, ყვავილებით ამკობდნენ, ოღონდ მალულ-ფარულად, ზოგჯერ მუხლებზე დაიწვენდნენ და ცოცხალი ბავშვივით უნანავებდნენ. ერთხელ მონასტერში ეპისკოპოსის ნებართვით ერთმა ფოტოგრაფმა შეაღწია რომანული სტილის თაღის გადასაღებად. მაშინ უნდა გენახათ, რა ყოფით გამოცვივდნენ მონაზვნები, თავიანთ ჩვილ იესოსთან ერთად სურათი რომ გადაეღოთ.

 – იქით გაიწიე, – ეუბნებოდა ერთი მეორეს, – ჩემი შენსას სჯობია, აბა, ერთი შეხედე, როგორი თვალები აქვს! ლიდუვინა კი ამ დროს განზე იდგა ჩუმად, თავისთვის, და ამდენი იმედგაცრუებული დედის ყურებაზე გული ეთუთქებოდა. ნეტავი მასაც ჰყოლოდა შვილი, ნამდვილი, სისხლისა და ხორცისაგან ქმნილი ბიჭი! ვაი, რომ ის გაქცევა ასეთი უნაყოფო გამოდგა! მართალი ყოფილა რიკარდო, ამიტომაც გახდნენ სასაცილონი, რომ იმ გაპარვას შედეგი არ მოჰყვა, მაგრამ განგების ნებით რომ... "არა! ბავშვი რომ ჰყოლოდათ, ბიჭი, სიყვარულის ნაყოფი, მაშინ ეგებ სიყვარულიც ხელახლა დაბადებულიყო! – ფიქრობდა ლიდუვინა, – სიყვარული თავიდან დაიბადებოდა. არა... აღდგებოდა, რამეთუ მათ უყვარდათ ერთმანეთი, დიახ, უყვარდათ, თუმცა რიკარდო იმ თავისი თავკერძობისა და პატივმოყვარეობის გამო ამას არ აღიარებდა... შვილი რომ გასჩენოდათ, აღარც რიკარდო გასწირავდა მას თავისი მოწოდების გულისათვის, ან რა ასეთი მოწოდება ჰქონდა! ან რისკენ!.. ეეჰ, საბრალო ლიდუვინას მორჩილთა მოძღვრისთვის რომ მოესმინა!.." და ამ ფიქრებში ლიდუვინას კვლავ თავისი პატარა ძმა გაახსენდებოდა, ცისფერთვალა, ოქროსთმიანი, მუდამ ღიმილიანი და თითქოს მისი ხმაც კი ესმოდა, თავისი სიყმაწვილის შორეთიდან რომ ეძახდა: "ინა! ინა! ინა!" რა მალე გაქრა მისი "ინა" იმ დილის წარმავალი სიზმრიდან! რა მალე გაქრა რიკარდოს "ნენა"! განგების ძალით ასევე მალე გაქრება და წავა ყველაფერი! მაგრამ სად? იმ სამყაროში, სადაც არ არის უკეთურობა, სიყალბე, სადაც არ იქნება დედის დუმილი, ვერ დაინახავს სახემოქუფრულ დას, საქმროს თავკერძობას, თანამოსაგრეთა შურს?!

      ვინ იცის, როგორ ევედრებოდა საბრალო ლიდუვინა ქალწულ მარიამს მუხლმოდრეკილი: "დედაო, დედაო, ნუთუ ვერ შესთხოვე შენი შვილის მამას, ჩვენს ყოვლისშემძლე უფალს, ჩემთვის მოეცა შვილი, მეც მღირსებოდა დედობა რიკარდოს შვილისა! თუმცა არა, არა!.. მომიტევე!" – და იგი ცრემლად იღვრებოდა, რამეთუ გულით სწადდა, შერიგებოდა თავის ხვედრს, მონასტრის კედლებში სამუდამო ტყვეობას. ესღა ასაზრდოებდა მის სევდას, იმ უკურნებელ სევდას, რაც ალბათ სამარის კარამდე გაჰყვებოდა; ამიტომ განიცდიდა ასე მწვავედ თანამოსაგრე მონაზვნების ბავშვურ მხიარულებას, რომელთაც ალბათ მისტიკოსთა წიგნებში თუ ამოეკითხათ, ჭეშმარიტი წმინდანი გულით მხიარულიაო და თვითონაც ამიტომ ასე ბავშვური ყიჟინითა და ტაშით გამოხატავდნენ მხიარულებას; კიდევ უფრო მეტი ჟივილ-ხივილი ისმოდა ხოლმე შობის დღესასწაულზე, იესოს შობის დღეს, წინასწარ ემზადებოდნენ და მერე თავისუფლად დანავარდობდნენ, ცეკვავდნენ, შეშლილებივით კისკისებდნენ, დაირას გამალებით უტყაპუნებდნენ და მთელ ბარს ხმაურით იკლებდნენ.

 – დაო ლიდუვინა, მოდი, შენც იცეკვე!

      ის კი პასუხობდა:

 – არ შემიძლია, ძალიან სუსტი ფეხები მაქვს!

      ისინიც თავისებურად პატივს სცემდნენ მის სევდას, თუმცა კი რაღაცას ხვდებოდნენ, მისი სევდის ნამდვილი მიზეზისა მაინც არაფერი იცოდნენ. მათ მხიარულებას ზღვარი არ უჩანდა, დროდადრო შესძახებდნენ: "დაილოცოს ჩემი იესო! რა საშურია ცხოვრება!" და ეს იყო მათი ნეტარი ცხოვრება, მათი მხიარულება, წმინდა მხიარულების მიბაძვით გამოწვეული მხიარულება.

      დღე დღეს მისდევდა, ყველა ერთნაირი და ყველა უღიმღამო. ლიდუვინას არასდროს დაავიწყდებოდა, რომ რიკარდოსთვის ელოცა, გაენათებინა მისთვის გონება და ისიც შეენდო ზენაარს.

8

      ძმა რიკარდოს სახელი და მისი ქადაგების ამბავი მთელ ქვეყანას მოედო; იმასაც ამბობდნენ, ესპანეთის ოქროს საუკუნის წმინდა მჭევრმეტყველება სწორედ მან ააღორძინაო. იგი იყო ბობოქარიც და თვინიერიც, მუდამ მშვიდი კილო ჰქონდა, ზომიერი მიხრა-მოხრა, მეთოდური და ნათელი გადმოცემის უნარი, თუმცა მუდამ იგრძნობოდა შინაგანი ცეცხლი, მაგრამ ისიც მოზომილი, მისი თვინიერებაც მოზომილი იყო.

      მავანნი, ვინც მის მსჯელობას შესწრებოდნენ, ვნების ნაკლებობას საყვედურობდნენ, თუმცა ისეთი უბირნიც ხომ არიან, ვისაც ვერ გაუგია, რომ გონიერება სხვა არაფერია, თუ არა ვნება. მისი ანტითეზები და პარადოქსები ზოგს გონებისმიერი ეჩვენებოდა და კი ვერ მიმხვდარიყვნენ, რომ წმინდა ავგუსტინე აფრიკელის ანტითეზებისა და პარადოქსების დარად, ძმა რიკარდოს ანტითეზებიცა და პარადოქსებიც ვნების ქურაში გამომწვარ-გამობრძმედილი ალმასები იყო. რაკი მის ქადაგებაში უქმსიტყვაობის სულ მცირე მინიშნებებიც კი არ ჩანდა, ამიტომაც გაიძახოდნენ, ცივიაო და ამ დროს ცივსა და ვნების ქურაში გამოკვერილს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებდნენ, რამეთუ ძმა რიკარდოს ქადაგება ისეთი გამომშრალი და ისეთი ცხელი იყო, ვითარცა სულიერი უდაბნოს სილა; მისი პატივმოყვარეობითა და მონანიებით გაჯერებული სულიც ასევე გიზგიზებდა, მაგრამ ხანდახან ბნელიც იყო, ბნელი სხვათათვისაც და თავისთვისაც, ოღონდ იმ დროს, როცა აზრს ეძებდა. და ასე ესაუბრებოდა იგი არა ბრბოს, მას რომ უსმენდა, არამედ თითოეულს ცალ-ცალკე, რამეთუ ისინი ქმნიდნენ ბრბოს, მისი ნაწილი იყვნენ; და ასე საუბრობდა იგი სულით სულთან.

      მისი მჭევრმეტყველება თითქოს ქაოსურიც იყო, თან წყვეტილიც, მაგრამ არანაირი მიკერძოება, სულ მცირე სილოგიზმები, პარაბოლები, მეტაფორები და პარადოქსები, რასაც სახარებაშიც ვკითხულობთ ხოლმე და მოულოდნელი გადასვლები, ნამდვილი ნახტომები.

 – საქმე ისაა, რომ ორატორი არ არის და მაინც გვაჯადოებს, – ამბობდნენ პედანტები. ძმა რიკარდო ჩვეულებრივად ლაპარაკობდა ხოლმე ისეთ თემებზე, საჭირბოროტოს რომ უწოდებენ, – რწმენის უკმარისობაზე, გონებასა და რწმენას შორის ბრძოლაზე, რელიგიისა და მეცნიერების დაპირისპირებაზე, სოციალურ საკითხებზე, ღარიბებისა და მდიდრების თავკერძობასა თუ გულმოწყალების უქონლობაზე, მაგრამ ყველაზე მეტად – იმქვეყნიურ ცხოვრებაზე. ოღონდ, თუ სიყვარულზე იტყოდა, მყისვე შეატყობდით, როგორ გარდაისახებოდა.

      უკვე მის ეპისკოპოსად კურთხევის თაობაზეც ალაპარაკდნენ, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ასეთი სახელი მოიხვეჭა, იმის მიუხედავად, რომ მისი უზადო ყოფაქცევა სამაგალითო გამხდარიყო, მაინც ამჩნევდნენ, რაღაც სიმძიმე, მეტად უცხო და გამოუცნობი სიმძიმე აწვა; და მაინც რომ არ სწყალობდნენ თანამოსაგრენი, ვერა და ვერ მოიგო მათი გული, მათი კეთილგანწყობა ვერ მოიპოვა, ვინც მონუსხულივით უსმენდა; ამას ყველაზე უფრო ქალები გრძნობდნენ, – მართლაც რომ მოჯადოებულებივით შესციცინებდნენ და თან ცახცახებდნენ, – რომ მისი მგზნებარე სიტყვების მიღმა რაღაც ძალზე მტკივნეული საიდუმლო იმალებოდა, ამას კი ხედავდნენ მაშინ, როცა თავის ყველაზე სანუკვარ თემაზე – სამოთხის ბაღის ტრაგედიაზე უამბობდა მათ, როცა ევამ აცდუნა ადამი, რომ ეგემა ნაყოფი ხისაგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა და მერე განდევნილ იქნენ უცოდველთა ბაღიდან და ამის მერე იყო, რომ ედემს აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი მახვილი იცავდნენ, რათა სიცოცხლის ხეს ვეღარავინ მიჰკარებოდა; ანდა სამსონისა და დალილას ცოდვა-ბრალის ამბავს რომ მოუთხრობდა; ყურს მიაპყრობდნენ, მაგრამ ნუგეში არ ისმოდა მის სიტყვებში, ოდენ მწარე სევდა, სიმძიმილი და უბედობა თრგუნავდა ყველას.

      ზოგჯერ მის ხმაში ქვითინი და კვნესაც გაისმოდა, თითქოს მსმენელებს თანაგრძნობას შესთხოვსო, მაგრამ სწორედ მაშინ უნდა ამოგეცნოთ მისი სულის დაუოკებელი ბორგვა, თითქოს კიდეც გაიბრძოლებდა, რათა გაეგლიჯა ბორკილები და თავი გაეთავისუფლებინა, თუმცა მალევე მოეგებოდა გონს, ერთბაშად გარდაისახებოდა ისე, რომ დაუნდობელიც კი მოეჩვენებოდა კაცს. ამიტომ იტყოდნენ ხოლმე, ჩვენი საბრალობელი და შეჭირვებული სულისათვის ასეთი მშფოთვარე და დაუზოგავი წინასწარმეტყველი მეტისმეტიაო, ამ ტაძარში რომ მოვდივართ, უწინ მის წიაღში შვება და ნუგეში გვინდა ვპოვოთ, თორემ საფიქრელი და სადარდელი ისედაც არ გვაკლიაო. იგი არ უყვარდა ხალხს, არა, არ უყვარდა; ამაოდ ცდილობდა ენუგეშებინა ისინი, თუკი შეეძლო. ეს დაუდგრომელი მოციქული მარტოობისთვის იყო განწირული.

      მარტოსულადაც გრძნობდა თავს და როცა სულ მარტო რჩებოდა, მაშინ თუ გამოუტყდებოდა ხოლმე ისევ საკუთარ თავს: "ასეა, ეს სასჯელი ღმერთმა იმისთვის მომივლინა, რომ ლიდუვინას ვუმუხთლე, მივატოვე და ჩემს პატივმოყვარეობას ვანაცვალე. ახლაღა მივხვდი და გავიგე; ვფიქრობდი, ქალი, ოჯახი მძიმე ტვირთად დამაწვებოდა და სახელისა თუ დიდებისაკენ მიმავალ გზას გადამიღობავდა". მაგრამ მერე, ისევ მარტომყოფი, თვალებს დახუჭავდა, აღარ უნდოდა დაენახა შორს ლანდი ტიარისა. "ნამდვილი თავკერძა ვარ, – იტყოდა ხოლმე ასეთ დროს, – ნამდვილი თავკერძა და მეტი არაფერი, ვესწრაფოდი ამბიონს, სცენას, რაკი მჯეროდა, გარდასახვის ჩემს ნიჭს სწორედ იქ გამოვავლენდი, მაგრამ საკუთარ თავზე მეტად არასოდეს არავისზე და არაფერზე მიზრუნია".

9

      ბოლოს და ბოლოს, ის მოხდა, რაზეც რიკარდო იდუმალ ოცნებობდა, სწორედ ახლა შეეძლო, საკუთარი ნიჭისა და მოწოდებისთვის ერთი კარგი გამოცდა მოეწყო. ასე იყო თუ ისე, იგი მიიწვიეს ტოლვიედრას დედათა მონასტერში. როცა ეს ამბავი შეიტყო, მას მერე თვალზე რული აღარ მიჰკარებია, გულმა მოსვენება დაკარგა. ღვთის წყალობით, მრევლმა, ხალხმა, ანდა, ასე ვთქვათ, საზოგადოებამ არაფერი იცოდა იმის შესახებ, რა აკავშირებდა მას ამ მონასტერთან: ეს ყველასთვის საიდუმლო იყო. ახლა კი, ახლა მაინც საკვირველ სანახაობას მოაწყობდა, ოღონდ მხოლოდ ორისთვის, მისთვის და თავისთვის. დიახ, მისთვის, თავისი ბედის ავბედითი მოზიარისთვის, ახლა გული გულს დაელაპარაკებოდა, ამ ბრბოსთვის, ამ უბირი, მონუსხული ბრბოსთვის კი ყველაფერი ისევ საიდუმლოდ დარჩებოდა; ამ დღეს მის წინაშე იტყოდა აღსარებას, იტყოდა ყველას თანდასწრებით, მაგრამ ყველასთვის მიუწვდომელსა და გამოუცნობს. ეს იქნებოდა ქრისტიანული მჭევრმეტყველების ისტორიაში აქამდე გაუგონარი გამარჯვება, თუმცა კი შეიძლება ერთადერთი და უძნელესი გამოცდაც ყოფილიყო, რაც უეჭველი გამარჯვებით დაგვირგვინდებოდა. ეეჰ, იმ საცოდავმა ღვთისმოსავებმა რომ იცოდნენ ამ ავბედითი, საბედისწერო დრამის ის სცენა, რომლის გამართვასაც აპირებს!.. და ეს ჩვენი კომიკური წინასწარმეტყველი გიჟურ ნეტარებას განიცდიდა...

      და ეს დღეც დადგა. ტაძარს აურაცხელი ხალხი მიაწყდა. ერთი სული ჰქონდათ, მოესმინათ ამ სახელგანთქმული ქადაგისთვის. მოდიოდნენ და მოდიოდნენ ახლომახლო სოფლებიდან თუ ქალაქებიდან. საკურთხეველი ოქროსავით ელვარებდა. ჯებირს მიღმა, ფარდის უკან გაყუჩებული ქორო მოუთმენლად ელოდა რაღაც იდუმალსა და უჩვეულოს. დროდადრო იქიდან შეკავებული ხველების ხმა თუ გაისმოდა. ძმა რიკარდო აუჩქარებელი ნაბიჯით მივიდა ამბიონთან, ამოიღო ცხვირსახოცი და შუბლი მოიწმინდა. ანაფორის თეთრი, ფართო სახელო მყისიერად თეთრ ფრთასავით აეფარა მის სახეს; მერე თვალი მოავლო შეკრებილთ და ერთი წამით მზერა ფარდაზე შეაჩერა, სადაც ქორო ეგულებოდა; მერე დაიჩოქა და წაიკითხა "გიხაროდენ, ღვთისმშობელო", ხელები ამბიონზე დააწყო და ზედ შუბლი დაადო; გაჩახჩახებული სანთლების შუქზე ტოზურა სულ ერთიანად ულაპლაპებდა; მერე წამოდგა; გაისმა შეკავებული ხველება, კაბების შრიალი და ჩამოვარდა სამარისებური სიჩუმე. რაღაც უჩვეულო ხდებოდა ქადაგის თავს, ენა ებმოდა, ბორძიკობდა, ერთსა და იმავეს იმეორებდა, ხანაც სულ ჩერდებოდა, მღელვარებას ვერ ფარავდა; თანდათან დამშვიდდა, მის ხმასა და მიხრა-მოხრას ნელ-ნელა სიმტკიცე შეემატა და მისი სიტყვებიც ცეცხლოვან მდინარესავით მოჩქეფდა.

      მორწმუნენი სულგანაბულები უსმენდნენ. ტაძარში იდუმალების ტრაგიკული სული დატრიალდა, ასე გეგონებოდათ, რაღაც უჩვეულო და სასწაულებრივი რამ უნდა მომხდარიყო. იგი უკვე აღარ იყო ადამიანი, ახლა ლაპარაკობდა მხოლოდ გული და ლაპარაკობდა სიყვარულზე, ღვთაებრივ სიყვარულზე, მაგრამ უფრო ადამიანურ სიყვარულზე რომ გაფიქრებინებდათ.

      ყველას, ვინც კი მას ყურს მიაპყრობდა, ისეთი გრძნობა იპყრობდა, თითქოს სულის მანამდე უცნობ სიღრმეებში იძირებოდა, რაღაც შეუცნობლის უფსკრულში ინთქმებოდა. მისი ხმა ღადარივით გიზგიზებდა. იგი უბნობდა სიყვარულზე, რომელიც გვეუფლება და გვიმორჩილებს მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ ის ჩვენგან შორსაა. და იტყოდა იგი:

      "დაელოდეთ სიყვარულს! მხოლოდ ის გრძნობს ამას საკუთარ გულსა და გვამში, ვინც ელოდება! ჩვენ გვგონია, რომ ვეხვევით მის ლანდს, მაშინ როცა სიყვარული, უხილავი და უჩინარი, თავად გვეხვევა და გვბოჭავს, როცა გვეჩვენება, რომ იგი მოკვდა ჩვენში, აკი თურმე ჩვენ მოვმკვდარვართ მასში. და მერე იგი გაიღვიძებს და გაიღვიძებს სწორედ იმ დროს, როცა ტკივილი მოუხმობს, რამეთუ ჭეშმარიტი სიყვარულით მანამდე არ შეგვიყვარდება, სანამ შეყვარებულთა გულები ერთად არ დაინაყება ტანჯვის სანაყში. სიყვარული თანაზიარი ვნებაა, ლტოლვაა, თანაგრძნობა, ზიარი ტკივილია. ჩვენ ვერც ვხვდებით, რომ სიყვარული გვაცოცხლებს, ისევე როგორც არასოდეს ვფიქრობთ, ჰაერით თუ ვსუნთქავთ, სანამ უჰაერობით სული არ შეგვეხუთება. დაელოდეთ სიყვარულს! დაელოდეთ სიყვარულს, რამეთუ მას მხოლოდ ის უხმობს, ვინც უკვე გრძნობს მას საკუთარ გულში, საკუთარ სისხლში, თუმცა თავად ეგებ ვერც ხვდება. ის იმ წყალსა ჰგავს, მიწის ქვეშ რომ მიედინება და გვალვას სიცოცხლისკენ მოაბრუნებს. ზოგჯერ ისეთ დაუცხრომელ წყურვილს ვგრძნობ, როგორსაც მინდორი ხვატისაგან გადაბუგული, როცა მწველი სიცხისა და ალმურისაგან მოშუშული ფოთლები მიწას ეფინება, მიწის ქვეშ კი, იმავ მინდვრის ქვეშ, სიღრმეში, მომაკვდავი სიმწვანის ქვეშ, მიედინება მაცოცხლებელი წყალი, მირაკრაკებს ქვებსა და ლოდებს შორის, უერთდება გამხმარი ფოთლების შრიალს მისი ბუტბუტი და მერე დგება წამი, როცა მოწყურებული, გამომშრალი მიწა გაიპობა და მის ზედაპირზე ამოხეთქავს მანამდე თვალით უნახავი წყალი, ჩუხჩუხით გადაედინება ყოველ მხარეს და სიცოცხლეს დაუბრუნებს მთელ არემარეს.

      ასეა სიყვარულიც.

      ჩემო დებო და ძმებო, ეს თავკერძობა არ არის განა, შმაგი სიყვარული არ არის განა საკუთარი თავის, თვალებს რომ გვიხვევს და თავგზას გვიბნევს, ოღონდ კი არ დავინახოთ სიყვარული მაშინაც კი, როცა გარს გვივლის, ოღონდ არ ვიგრძნოთ იგი. ჩვენ ხომ სულ იმის ცდაში ვართ, რაიმე დავცინცლოთ მას, მთლიანად კი არ მივეცემით, არ დავყვებით; აკი ის ჩვენგან მარტო იმას ელოდება, რომ მივენდოთ, დავნებდეთ მთლიანად და დაუნანებლად; ჩვენ კი ამ დროს მისი დამორჩილება გვინდა, რომ ჩვენს გიჟურ სურვილებზე იაროს, აჰყვეს ჩვენს სწრაფვასა და სრბოლას დიდებისაკენ. ასეა, სიყვარულს, გაადამიანურებულსა და განსხეულებულს, სურს, მას ვეკუთვნოდეთ მთლიანად და განუყოფლად, მხოლოდ მისი ვიყოთ. მერედა რა მალე დავიხევთ ხოლმე უკან, აღმართის ძირშივე ვჩერდებით! მაგრამ რატომ? ყველაზე უფრო სავალალო მიზეზის გამო, – დიახ, სულ უბრალო მიზეზის გამო! – გვეშინია, ჩემო დებო და ძმებო! შიში გვჯაბნის!.. რა უგუნური, რა თავკერძა და სულმოკლეა ადამიანი!.. მომიტევეთ!.."

      ეს სიტყვები ლამის ყვირილით წარმოთქვა, თითქოს სულის სიღრმიდან აღმოხდა. და თუ აქამდე ძმა რიკარდოს ხმა ცეცხლის მდინარესავით მოედინებოდა და ღვთისმოსავთა დუმილს თავს დაჰფოფინებდა, უეცრად გულისგამგმირავმა ქვითინმა გაბზარა და გაარღვია ჯებირის მიღმა, ფარდის მხრიდან რომ გაისმა. და ამ ორის სულის კივილი ერთმანეთს შეეჯახა და შეერწყა ისე, რომ საკურთხეველზე სანთლებიც კი აცახცახდნენ. ძმა რიკარდოს მკვდრისფერი დაედო, სანთელივით გაფითრდა, მერე ერთბაშად აენთო, ალმური მოედო, სივრცეს მიაპყრო მზერა და უეცრად თავი მკერდზე ჩამოუვარდა, სახეზე აცახცახებული ხელები აიფარა, თეთრი, ფართო სახელოებიც კი ვერ ფარავდა მის მღელვარებას; იგი ტიროდა, მისი დახშული ქვითინი შეუერთდა კიდევ უფრო დახშულ ქვითინს ჯებირს მიღმა, ფარდის უკან რომ ისმოდა. ერთ წამში გაოგნებული ხალხის დუმილი თითქოს შეგუბდა, შედედდა და აშკარად და ცხადად გაიგონა და დაინახა ყველამ... ქადაგი მუხლებზე დაეცა. ამის შემხედვარე ხალხი ნელ-ნელა დაიშალა, წავიდ-წამოვიდა.

      მთელი იმ დღეებისა და თვეების განმავლობაში, ტოლვიედრაში და მთელ იმ მხარეში ხალხს მეტი სალაპარაკო არ ჰქონდა, ყველა მხოლოდ ამ ამბავს იგონებდა, ხოლო ვინც თვითონ შეესწრო და საკუთარი თვალით იხილა, რაც მოხდა, საკუთარი ყურით მოისმინა, მთელი სიცოცხლე ახსოვდა, ან რა დაავიწყებდა. ყველამ, დამსწრემ თუ მსმენელმა, იგრძნო, რომ იმ წუთებში, იმ იდუმალი აზავთების წუთებში, ქადაგი რაღაც უცნაური გამოცანებით, ნაწყვეტ-ნაწყვეტი მინიშნებებით ლაპარაკობდა; მოგვიანებით მიზეზი რომ გაიგეს, მერეღა მიხვდნენ, რაც იგულისხმებოდა იმ სიტყვებში, როცა მიწისქვეშა წყაროზე, ცეცხლზე ლაპარაკობდა, როცა ამბობდა, ბოლოს მიწა გაიპობა და ამოხეთქავს მაცოცხლებელი წყალი და ამ ცეცხლს შეუერთდებაო. მერე და მერე ღრმად რომ ჩაუფიქრდნენ, კიდეც ჩასწვდნენ ძმა რიკარდოს ქადაგების მთელ აზრსაც.

      და ისინიც, და ლიდუვინადა ძმა რიკარდო, მხოლოდ მერე მოეგნენ გონს და კიდევ უფრო მწვავედ იგრძნეს თავი ბედის ტყვეებად, იმაზე უფრო მწვავედ, ვიდრე მაშინ, როცა ლიდუვინას სახლის ღობე აცალკევებდათ ურსულელთა მონასტრის შესახვევში. და ახლა, როცა მათი ქვითინი ასე შეერწყა და გადაეჭდო ერთმანეთს, მათი გულებიც შეერთდა და ჩამოეცალათ თვალთაგან ბინდი და ვითარცა დამწვარი ტანსაცმელი, შემოეძარცვათ თავს გადამხდარი და შერჩათ მხოლოდ გაშიშვლებული და ცხადი სიყვარული, ამ სიყვარულისკენ მიმავალი ბილიკი, სიყვარულისკენ, რაც მარტოდ დარჩენილებს იმ სამწუხარო გაქცევის შემდეგ მაინც ისევ უღვიოდათ.

      და იმ დღის მერე...

მიგელ დე უნამუნო

ნახვა: 615

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters