ხორხე ლუის ბორხესი - ზაჰირი


   ბუენოს-აირესში ზაჰირი ჩვეულებრივი ოცსენტავიანი მონეტაა, რომელზეც სამართებლის თუ წერილის გამხსნელმა ამოკაწრა ასოები N და T, მათ გვერდით კი - ციფრი 2. ზედ აბეჭდია თარიღი: 1929.
   გუჯარატში, XVIII საუკუნის ბოლოს, ზაჰირი იყო ვეფხვი, იავაში - ბრმა კაცი სურაკარტას მეჩეთში, მორწმუნეთა მიერ ჩაქოლილი; სპარსეთში - ასტროლაბია, ზღვაში რომ ჩააგდებინა ნადირ შაჰმა; მაჰდის ციხეებში, 1892 წელს, ეს იყო მეზღვაურის პატარა კომპასი გახვეული ჩალმის მონახევში; კორდობას სინაგოგაში - ზოტენბერგის მიხედვით - ათას ორასი მარმარილოს სვეტიდან ერთ-ერთის ძარღვი; მაროკოს ქალაქ ტეტუანში - ჭის ფსკერი.
დღეს ცამეტი ნოემბერია. 7 ივნისს, განთიადზე, ზაჰირი ხელში ჩამივარდა. ახლა მე ის კაცი აღარ ვარ, რომელიც მაშინ ვიყავი, თუმცა მაინც შემიძლია გავიხსენო და ეგებ მოგითხროთ კიდეც რა მოხდა. მე ჯერ კიდევ ბორხესი ვარ, ნაწილობრივ მაინც.
   6 ივნისს თეოდელინა ვილარი გარდაიცვალა. 1930 წელს მისი ფოტოსურათები მსოფლიო გაზეთებს აჭრელებდნენ და ეს ყველგანმყოფობა, შესაძლოა, უკავშირდებოდა ფაქტს, რომ ვილარი უმშვენიერეს ქალად მიიჩნეოდა, თუმცა ყველა მისი სურათი უპირობოდ არ ადასტურებდა ამ მოსაზრებას. მაგრამ ეს უმნიშვნელოა, რადგან თეოდელინა ვილარს სილამაზეზე მეტად სრულყოფილება აინტერესებდა. ებრაელებსა და ჩინელებს სისტემაში მოჰყავდათ ყველა ადამიანური სიტუაცია: მიშნა გვეუბნება, რომ შაბათს, დაისის დაწყებისას, თერძი ნემსიანად არ უნდა გავიდეს ქუჩაში. ჩინური რიტუალების წიგნი კი გვამცნობს, რომ პირველი ჭიქა ღვინის დამლევ სტუმარს სერიოზული იერი უნდა ჰქონდეს, მეორის დამლევს - რესპექტაბელური და ბედნიერი. თეოდელინა ვილარის დისციპლინაც ანალოგიური იყო, უფრო გულმოდგინე და უფრო დეტალიზებულიც კი. თალმუდისტებისა და კონფუციანელების არ იყოს, ისიც ცდილობდა, თითოეული მოქმედება უმწიკვლოდ კორექტული ჰქონოდა. თუმცა მის წინაშე კიდევაც უფრო რთული და საკვირველი ამოცანა იდგა, რადგან მისი კრედოს კანონები იყო არა მარადიული, არამედ გაფაციცებით მიყურადებული პარიზისა და ჰოლივუდის ახირებებისადმი. თეოდელინა ვილარი გამოდიოდა ორთოდოქსულ ადგილებში, ორთოდოქსულ საათებში, ორთოდოქსული სამკაულებით მორთული, ორთოდოქსული მსოფლიო სევდით გასენილი. თუმცა ეს ყველაფერი თითქმის მაშინვე გადადიოდა მოდიდან და, ამდენად, მისივე გამოთქმით, საკუთრივ „წებოვანების“ გამოხატვას ემსახურებოდა. ფლობერისა არ იყოს, ისიც აბსოლუტურს ეძებდა, თუმცა აბსოლუტურს - წარმავალში. სანიმუშო ცხოვრებით ცხოვრობდა, და მაინც: მუდმივად ღრღნიდა შინაგანი სასოწარკვეთა. დაუსრულებელ მეტამორფოზებში იყო, თითქოს თავის თავს გაურბისო. სახელი ჰქონდა განთქმული თმის ფერისა და ვარცხნილობის, ისევე როგორც ღიმილის, კანის, გამოხედვის გამუდმებული ცვლით. 1932 წლის შემდეგ საგანგებოდ დაიკლო წონაში. ომმა კი დიდ საგონებელში ჩააგდო. როგორ მიჰყოლოდა მოდას გერმანელებისგან ოკუპირებულ საფრანგეთში? უცხოელ კაცს, რომელსაც ვილარი იმთავითვე ეჭვით უყურებდა, ნება მიეცა ესარგებლა ვილარის კეთილი ნებით და მიეყიდა მისთვის ღუმლის მილის მოყვანილობის არაერთი ქუდი. სულ რაღაც ერთ წელიწადში გაირკვა, რომ ასეთ სასაცილო ფორმებს არასოდეს ატარებდნენ პარიზში და, ამდენად, ეს იყო არა ქუდები, არამედ შემთხვევითი და არაუფლებამოსილი ახირებები. თუმცა ერთ უბედურებას ყოველთვის მოსდევს მეორე. დოქტორ ვილარს მოუწია გადასვლამ კალე არაოზში და მისი ქალიშვილის სახემაც ავტომობილებისა და სახის კრემების რეკლამებზე გადაინაცვლა: ავტომობილების, რომლებშიც ვეღარ ჯდებოდა, და სახის კრემების, რომლებსაც არასოდეს იყენებდა! თეოდელინამ იცოდა, რომ მისი ხელოვნების რიგიანი განხორციელება დიდძალ ფულს საჭიროებდა და დანებებას უკან დახევა ამჯობინა. გარდა ამისა, გულს სტკენდა შეჯიბრება უბრალო, სიფრიფანა გოგონებთან. აი, შემაძრწუნებელი ბინა კი, არაოზის ქუჩაზე, ნამდვილად აუტანელი იყო. ჰოდა, 6 ივნისს თეოდელინა ვილარმა დაარღვია გარეგნული კეთილზნეობის წესები და შუაგულ ბარიო სურში გარდაიცვალა. ვაღიარო თუ არა, რომ უგულწრფელესი არგენტინული ვნებით - სნობიზმით - ატანილს, მე მიყვარდა თეოდელინა და მისმა სიკვდილმა ამაცრემლა? ალბათ მკითხველი უკვე ელოდებოდა ამას.
   სხეულის დაშლის კვალდაკვალ, მიცვალებული უწინდელ სახეებს იბრუნებს. 6 ივნისის არეული ღამის ერთ მომენტში თეოდელინა ვილარი მაგიურად იქცა იმად, რაც ოცი წლის წინათ იყო. მისმა ნაკვთებმა დაიბრუნა ის დონე, რომელსაც იძლევა თავდაჯერებულობა, ფული, ახალგაზრდობა, ცოდნა იმისა, რომ ნაღების ნაღები ხარ, შეზღუდვები, წარმოსახვის ნაკლებობა და უდრტვინველობა. ვერც ერთი ვარიანტი იმ სახისა, ასე რომ არ მასვენებდა თავის დროზე, ვერ იქნება ასეთი დაუვიწყარი. და რაკი ეს, ვინ იცის, იქნებ პირველი სახეც იყო, მაშინ უკანასკნელიც უნდა ყოფილიყო.
გაშეშებული დავტოვე ყვავილებში თვითონაც და მისი ზიზღიც იმ ქვეყნიერებისადმი, წამიდან წამამდე უფრო და უფრო მეტ სრულქმნას რომ აღწევს სიკვდილში. როცა ქუჩაში გავედი, ჩემი შეგრძნებით დაახლოებით ორი საათი უნდა ყოფილიყო. გარეთ ერთ- და ორსართულიანი სახლების მოსალოდნელ მწკრივებს ისეთივე აბსტრაქტული იერი ედოთ, როგორიც ღამღამობით აქვთ ხოლმე, სიბნელითა და სიჩუმით გამარტივებულთ. თითქმის უპიროვნო სიბრალულით შემთვრალი, ქუჩებში დავეხეტებოდი. ერთ-ერთი ქუჩის კუთხეში ღია ბარ-მაღაზია შევნიშნე. ჩემდა საუბედუროდ, იქ მამაკაცები ტრუკოს თამაშობდნენ.
   ოქსიმორონად წოდებულ რიტორიკულ ფორმაში, სახელთან გამოყენებული ზედსართავი წინააღმდეგობაში მოდის ამ სახელთან. მაგალითად, გნოსტიკოსები ლაპარაკობენ „ბნელ სინათლეზე“, ალქიმიკოსები - „შავ მზეზე“. თეოდელინა ვილარის დასამშვიდობებელი მონახულება და მაგარი ვისკის სმა ბარ-მაღაზიაში ერთგვარი ოქსიმორონი იყო. მე ამ პროცესის ვულგარულობამ და სიიოლემ მაცდუნა. კონტრასტს ის ფაქტიც ზრდიდა, რომ იქ კაცები ბანქოს თამაშობდნენ. ბარ-მაღაზიის მეპატრონეს ბრენდი და ფორთოხლის წვენი შევუკვეთე. დაბრუნებულ ხურდაში ზაჰირიც აღმოჩნდა. ერთი წამით დავხედე და ქუჩაში გავედი, შესაძლოა - ციებ-ცხელების პირველი ნიშნებითაც. აზრად მომივიდა, რომ არ არსებობს ფულის მონეტა, რომელიც არ იყოს სიმბოლო ყველა მონეტის, უსასრულოდ რომ ციმციმებს ისტორიაში თუ იგავში. გამახსენდა შერონის მონეტა; მოწყალება, რომლის სათხოვნელადაც ბელისარიუსი დადიოდა; იუდას ოცდაათი ვერცხლი; კურტიზანი ლაისის დჰარმები; ერთ-ერთი ეფესელი მძინარის მიერ შემოთავაზებული ძველებური მონეტა; ჯადოქრის მბრწყინავი მონეტები ათას ერთ ღამეში, ქაღალდის დისკოებად რომ გადაიქცა; ისაკ ლაკედემის ამოუწურავი დინარი; სამოცი ათასი მონეტა (თითო - ეპოსის თითო სტრიქონისთვის), რომლებიც ფირდოუსმა უკან დაუბრუნა მეფეს, რაკი ვერცხლისა იყო და არა ოქროსი; აქაბის მიერ ანძაზე მიჭედებული ოქროს დუბლონი; ლეოპოლდ ბლუმის დაუბრუნებელი ფლორინი; ოქროს ლუიდორი, რომელმაც გასცა ლუი XVI ვარენთან ახლოს...
   ის აზრი, რომ ყოველ მონეტაში, როგორც სიზმარში, შეგვიძლია ამოვიკითხოთ ესა თუ ის სახელგანთქმული ქვეტექსტი, ვრცელი და აუხსნელი მნიშვნელობის ამბად მიმაჩნდა. უფრო და უფრო აჩქარებული ნაბიჯით მივუყვებოდი დაცარიელებულ ქუჩებს და მოედნებს. დაქანცულობამ ერთ კუთხეში შემაჩერა. ჩემი მზერა რკინის ორნამენტებიან პირქუშმა მესერმა მიიპყრო. მის მიღმა ლა კონცეპციონის შესასვლელის შავ-თეთრი ფილები შევნიშნე. წრეებზე მივლია! სულ ერთი კვარტალი მაცილებდა იმ კუთხისგან, სადაც ზაჰირი მომცეს. გავუხვიე მომდევნო ქუჩაზე, რომლის მეორე ბოლოში წაკვეთილმა კუთხემ დამანახვა, რომ ბარ-მაღაზია უკვე დაეკეტათ. ბელგრანოზე კები ავიყვანე. შეპყრობილი, ძილ-მოსვენების იოტისოდენადაც არმსურველი და თითქმის ბედნიერი, ვფიქრობდი, რომ არაფერი იყო ამქვეყნად ფულზე უფრო ნაკლებად მატერიალური, რაკი ნებისმიერი მონეტა (მაგალითად, ოცსენტავიანი), თავისი არსითა და მოცემულობით, შესაძლებელ მომავალთა სიმრავლეს წარმოადგენს. „ფული აბსტრაქტული საგანია, - ვიმეორებდი ჩემთვის, - ფული მომავალი დროა“. ის შეიძლება იყოს თუნდაც საღამო ქალაქგარეთ, ბრამსის მელოდია, რუკები, ჭადრაკი, ყავა ან ეპიქტეტეს სიტყვები, რომლებიც ოქროსადმი ზიზღს გვასწავლის; ეს ის პროტევსია, რომელიც უფრო ცვალებადია, ვიდრე კუნძულ პაროსის პროტევსი. ეს განუჭვრეტელი დროა, ბერგსონის დრო, არა ისლამის ან კიდევ სხვა მძიმე, შემკვრივებული ჟამი. დეტერმინიზმის მომხრენი უარყოფენ, რომ არსებობს ამქვეყნად რამე მოვლენა, რომელიც შესაძლებელია, ანუ რომელიც შეიძლება მოხდეს. ფულის მონეტა განასახიერებს ჩვენს თავისუფალ ნებას (იმ პერიოდში ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ეს „აზრები“ ზაჰირის საწინააღმდეგო ილეთი და მისი დემონური ზემოქმედების პირველი მხილება იყო). ხანგრძლივი და დაუთმობელი ფიქრის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, ჩამეძინა. თუმცა მესიზმრა, რომ ვიყავი მონეტების გროვა, რომელსაც მითური გრიფონი იცავდა.
   მომდევნო დღეს დათრობა გადავწყვიტე. ისიც გადავწყვიტე, გავთავისუფლებულიყავი მონეტისგან, ასე სავალალოდ რომ ზემოქმედებდა ჩემზე. ზაჰირს დავხედე. არაფერი განსაკუთრებული არ ჰქონდა, ზედ ამოჩხაპნილი ასოების გარდა. ყველაზე უკეთესი იქნებოდა მისი ჩაფვლა ეზოში ან დამალვა ბიბლიოთეკის ერთ-ერთ კუთხეში. მაგრამ მე სრული განთავისუფლება მსურდა ზაჰირისგან და ამიტომაც გადავწყვიტე, „დამკარგვოდა“.

   იმ დილას არც ბაზილიკა დელ პილარში წავსულვარ და არც სასაფლაოზე. მეტროს გავყევი კოსტიტუსიონემდე, იქიდან - სან ხუანამდე და ბოედომდე. იმპულსის კარნახით ჩამოვედი ურკიზაზე და ჯერ დასავლეთისკენ წავედი, მერე სამხრეთისკენ. რამდენიმე კუთხეში შეგნებული ალალბედურობით გავუხვიე ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ, და მოვხვდი ქუჩაზე, რომელიც ყველა სხვა ქუჩას ჰგავდა. იქ პირველივე შემხვედრ ტავერნაში შევედი, ბრენდი შევუკვეთე და ზაჰირით გადავუხადე. თვალები ნახევრად დავხუჭე თვით ჩემი სათვალის შავი ლინზების უკან და მოვახერხე, რომ არ დამენახა არც სახლების ნომრები და არც თვით ქუჩის სახელი. იმ ღამეს ძილის ნაყენი დავლიე და ღრმა ძილით ჩავიძინე.
   ივნისის ბოლომდე თავი ფანტასტიკური ამბის შეთხზვით შევიქციე. იგი შეიცავს ორ თუ სამ სახელს გადატანით ენაზე (მაგალითად, წყალ-მახვილს, ნაცვლად სისხლისა, ან დრაკონის სარეცელს ნაცვლად ოქროსი) და პირველ პირშია დაწერილი. მთხრობელი ასკეტია, რომელმაც უარყო ყოველგვარი ურთიერთობა კაცობრიობასთან და ერთგვარ ტორფნარში ცხოვრობს (იმ ადგილს გნიტაჰეიდრი ჰქვია). მისი ცხოვრების უბრალოებისა და უმანკოების გამო, ზოგიერთები მას ანგელოზად მიიჩნევენ. ეს ერთგვარი ღვთისმოსავი გაზვიადებაა, რადგან არავინაა ამქვეყნად უცოდველი. თვით ამ ასკეტს (თუკი უახლოეს მაგალითს ავიღებთ) ყელი გამოუჭრია მამამისისთვის. თუმცა ისიც სიმართლეა, რომ ის კაცი ჯადოქარი ყოფილა და აურაცხელი საგანძური ჰქონია მითვისებული თავისი ჯადოქრობით. ამ საგანძურის დაცვა დამღუპველია ადამიანური სიხარბისგან: აი, მისია, რომელსაც ჩემი ამბის მთხრობელმა ასკეტმა მიუძღვნა თავისი ცხოვრება და რომელსაც დღედაღამ დასტრიალებს. მალე, შესაძლოა - ძალიან მალეც, ეს გუშაგობა დამთავრდება: ვარსკვლავებმა ასკეტს ამცნეს, რომ მახვილი, რომელიც სამუდამო წერტილს დაუსვამს ამას, უკვე გამოჭედილია (მახვილის სახელია „გრამ“). უფრო და უფრო მოჩუქურთმებული ენით მთხრობელი ხოტბას ასხამს საკუთარი სხეულის ბრწყინვალებას და მოქნილობას. ერთ აბზაცში მსუბუქად მოიხსენიება „სასწორი“, მეორეში ნათქვამია, რომ საგანძური, რომელსაც ასკეტი დარაჯობს, წითელი ბეჭდებისა და მოციმციმე ოქროსგან შედგება. ბოლოს ვხვდებით, რომ ასკეტი სხვა არავინაა, თუ არა გველი ფაფნირი, ხოლო საგანძური, რომელსაც იგი რგოლებად დახვეული დარაჯობს, თვით ნიბელუნგების ოქროა. ზიგფრიდის გამოჩენა მოწყვეტით ამთავრებს ამბავს.
მე ვთქვი, რომ ამ ტრივიალური უაზრობის შეთხზვა (რომლის დროსაც ჩემი ფსევდოერუდიცია მოვიხმე და ორიოდე ფრაზა ჩავსვი „ფაფნისმალიდან“) დამეხმარა იმაში, რომ მონეტა თავიდან ამომეგდო.

   იყო ღამეები, როცა იმდენად დარწმუნებული ვიყავი, მას უთუოდ დავივიწყებ-მეთქი, რომ ხალისით ვიხსენებდი. საქმეც ისაა, რომ მე ძალა დავატანე ამ მომენტებს. გახსენების დაწყება გაცილებით იოლი აღმოჩნდა, ვიდრე შეჩერება. ამაოდ ვეუბნებოდი ჩემს თავს, საზიზღარი მონეტა არაფრით განსხვავდება უთვალავი ასეთივე უწყინარი მონეტისგან, ყოველდღიურად რომ გადადის ხელიდან ხელში-მეთქი. ამ რეფლექსიით შეძრულმა ვცადე, სხვა მონეტაზე მეფიქრა, მაგრამ ვერ შევძელი. გარდა ამისა, გავიხსენე სხვა (არშემდგარი) ექსპერიმენტიც, რომელიც ჩავუტარე ჩილურ ხუთ- და ათცენტიან და ურუგვაულ ორცენტიან მონეტებს. 16 ივლისს ერთი გირვანქა სტერლინგი შევიძინე. მთელ დღეს არ შემიხედავს, ღამით კი სხვა მონეტებთან ერთად მოვათავსე ლუპის ქვეშ და ძლიერი ელექტროლამპის შუქზე დავაკვირდი. მერე გადავხატე. სინათლის სხივები, დრაკონი და წმინდა გიორგი ვერაფერში წამადგა. ჩემს იდეფიქსს ვერა და ვერ ვიშორებდი.
აგვისტოს თვეში ფსიქიატრთან მივედი. ოღონდაც, მთელი აბსურდული ისტორია არ გამინდვია, ვუთხარი მხოლოდ, რომ უძილობა მტანჯავდა და რომ გონებას ვერ ვითავისუფლებდი საგნის - შემთხვევითი საგნის, ვთქვათ, მონეტის - ხატისგან... ცოტა ხნის შემდეგ ერთ-ერთ წიგნის მაღაზიაში წავაწყდი იულიუს ბარლახის წიგნს, „Urkunden zur Geschichte der Zahirsage“  (ბრესლაუ, 1899).
   ამ წიგნის ყდებს შორის მოქცეულ ფურცლებში ჩემი სნეულების აღწერილობა აღმოჩნდა. წინათქმაში ეწერა, რომ ავტორი გვთავაზობს „ერთ წიგნში მოუყაროს თავი ყველა დოკუმენტს, რომლებიც სადღეისოდ არსებობს ზაჰირის ცრურწმენასთან დაკავშირებით, ჰაბიხტის არქივებში დაცული ოთხი წერილისა და ფილიპ მიდოვს ტეილორის მოხსენების ხელნაწერი ორიგინალის ჩათვლით“. რწმენა ზაჰირში ისლამური წარმომავლობისაა და, როგორც ჩანს, XVIII საუკუნით თარიღდება (ბარლახი ეჭვქვეშ აყენებს ფრაზებს, რომლებსაც ზოტენბერგი აბულ-ფედდაჰს მიაწერს). არაბულ ენაზე „ზაჰირ“ ნიშნავს ხილულს, გამოვლენილს, თვალსაჩინოს. ამ აზრით, ის ღვთის ოთხმოცდაცხრამეტი სახელიდან ერთ-ერთია. მუსლიმურ ქვეყნებში მასები ამ სიტყვას იყენებენ ისეთი „არსებების ან საგნებისთვის, რომელთაც აქვთ საშინელი ძალა - იყვნენ დაუვიწყარი და რომელთა სახებას, საბოლოოდ, ადამიანები ჭკუიდან გადაჰყავს“. ამის პირველი ეჭვმიუტანელი შემსწრე იყო სპარსი ერუდიტი და დერვიში, ლუფ ალი აზური. „ცეცხლის ტაძრად“ წოდებული ბიოგრაფიული ენციკლოპედიის დამადასტურებელ გვერდებზე ალი აზური მოგვითხრობს, რომ შირაზის ერთ-ერთ სკოლაში ჰქონდათ „სპილენძის ასტროლაბია, რომლის კონსტრუქციის თუნდაც ერთხელ მნახველი ნებისმიერი ადამიანი სხვაზე ვეღარაფერზე ფიქრობდა. ამის შედეგად, მეფემ ბრძანება გასცა, ასტროლაბია ზღვის უღრმეს წიაღში ჩაეგდოთ, რათა ადამიანებს სამყარო არ დავიწყებოდათ“.
   მიდოვს ტეილორის ნაამბობი რამდენადმე უფრო ვრცელია. ავტორი მსახურობდა ნაზიმ ჰაიდარაბადელთან და დაწერა სახელგანთქმული რომანი „მკვლელის აღსარებები“. 1832 წელს, ბჰუის გარეუბანში, ტეილორმა გაიგონა უჩვეულო გამოთქმა, რომელიც აღნიშნავდა სიგიჟეს ან წმინდანობას: „მართლაცდა, ვეფხვისთვის შეუხედავს“. ტეილორს უთხრეს, რომ საქმე ეხებოდა მაგიურ ვეფხვს, რომელსაც დაღუპვა მოჰქონდა ყველასთვის, ვინც მას შეხედავდა თუნდაც დიდი მანძილიდან, რადგან იქიდან მოყოლებული ფიქრს ვეღარ წყვეტდა მასზე. ვიღაცამ თქვა, ერთ-ერთი თვითმხილველი მისორში გაიქცა და იმ ვეფხვის სახება სასახლეში დახატაო. წლების შემდეგ ტეილორმა იმ რეგიონის ციხეები მოინახულა. ნიგურის ერთ ციხეში გუბერნატორმა უჩვენა საკანი, რომლის იატაკი, კედლები და მორკალული ჭერი დაფარული იყო გამოსახულებით უსასრულო ვეფხვისა (პრიმიტიული ფერებით, სანამ დრო გაცვეთდა და წაშლიდა), რომელიც, თავის მხრივ, უამრავი ვეფხვისგან შედგებოდა და მნახველს თავბრუს ახვევდა. ნახატს მთელ სიგრძე-სიგანეზე ჰკვეთდნენ ზღვები, ჰიმალაები და ჯარები, რომლებიც სხვა ვეფხვებს ჰგავდნენ. მხატვარი-ფაკირი დიდი ხნის წინ გარდაცვლილიყო ამავე საკანში. სინდიდან თუ გუჯარატიდან ჩამოსულს, თავდაპირველად მსოფლიო რუკის დახატვა განუზრახავს და ამ პირვანდელი მიზნის ნაშთები ჯერ კიდევ მოჩანდა ვეებერთელა ვეფხვის სხეულში. ტეილორს ეს ამბავი მოუყოლია მუჰამად ალ-იემენისთვის. ამ უკანასკნელის თქმით, არ არსებობს ქვეყნიერების ზურგზე სულიერი, ვინც ზაჰიირად (ასე წარმოთქვამდა ამ სიტყვას ტეილორი. - ავტ.) ქცევისკენ არ იხრებოდესო. მაგრამ მრავალმოწყალე ალაჰი არ დაუშვებს, რომ ამქვეყნად ერთდროულად ორი ზაჰირი იყოს, თუ ერთსაც კი ძალუძს ტრანსში ჩააგდოს უამრავი ვინმე. მისი თქმით, ზაჰირი ყოველთვის არსებობდა: უმეცრების ეპოქაში ის იყო კერპი სახელად იაჰუკი, შემდეგ ხორასნელი წინასწარმეტყველი, რომელიც ატარებდა ძვირფასი ქვებით მოოჭვილ რიდეს ან ოქროს ნიღაბს. მან ისიც თქვა, ალაჰი განუჭვრეტელიაო.
   კიდევ და კიდევ ვკითხულობ ბარლახის მონოგრაფიას და ჩემს ემოციებში ვეღარ ვერკვევი. მახსენდება ჩემი სასოწარკვეთა, როდესაც მივხვდი, რომ უკვე ვეღარაფერი მიხსნიდა; მახსენდება შვება მოგვრილი ცოდნისგან, რომ ჩემს უიღბლობაში ბრალი არ მიმიძღოდა; შური იმათდამი, ვისი ზაჰირიც მონეტა კი არ იყო, არამედ მარმარილოს ფილა ან ვეფხვი. რა ადვილია, არ იფიქრო ვეფხვზე! გამახსენდა ჩემი ფიქრები, გამახსენდა აშკარა უხერხულობაც, რომელიც ვიგრძენი, როცა ეს ფრაზა წავიკითხე: „ერთი კომენტატორის თქმით, ის, ვისაც ნანახი ჰყავს ზაჰირი, მალე ვარდს ნახავს, და ციტირებს ლექსის სტრიქონს, ჩასმულს ატარის წიგნში „უცნობ საგანთა წიგნი“: ზაჰირი არის ვარდის ჩრდილი და რიდის გაფხრეწა“.
თეოდელინას ქელეხის ღამეს გაკვირვებით შევნიშნე, რომ იქ მყოფთა შორის არ იყო აბასკალი - მისი უმცროსი და. ოქტომბერში შემთხვევით გადავეყარე ამ უკანასკნელის მეგობარს.
   საბრალო ჯულიტა! - მითხრა ქალმა, - ისეთი უცნაური გახდა. ბოშის საავადმყოფოში დააწვინეს. როგორი დათრგუნვილი იქნება იმ ექთანებით, კოვზით რომ აჭმევენ! ისევ იმ მონეტას უტრიალებს, ზუსტად ისევე, როგორც მორენა საკმანის მძღოლი.
   დრო მოგონებებს არბილებს, ზაჰირის ხსოვნას კი უფრო და უფრო ამძაფრებს. ჯერ მისი წინა მხარე დავინახე, მერე უკანა, ახლა კი ორივე მხარეს ერთად ვხედავ. ის კი არა, რომ ზაჰირი შუშისაა, არამედ იმიტომ, რომ თვით ხილვაა სფერული, რომლის ცენტრში ზაჰირი ბობოქრობს. ყველაფერი, რაც ზაჰირი არ არის, ჩემამდე თითქოს ფილტრგამოვლილი მოდის, თან - რაღაც მანძილიდან: თეოდელინას ქედმაღლური სახება, ფიზიკური ტკივილი. ტენისონი ამბობს: ერთი ყვავილის ჩაწვდომა რომ შეგვეძლოს, იმასაც მივხვდებოდით, ვინ ვართ და რას წარმოადგენს ქვეყნიერებაო. იქნებ იმის თქმა სურდა, რომ რაოდენ პატარა და უმნიშვნელოც უნდა იყოს, არაფერია ამქვეყნად ისეთი, რაც არ მოიცავს მთელი ქვეყნიერების ისტორიას და მიზეზ-შედეგთა უსასრულო ჯაჭვს? იქნებ იმის თქმა სურდა, რომ ხილული სამყარო მთლიანად ჩანს თითოეულ სახე-ხატში და, როგორც შოპენჰაუერი ამბობს, ნება მთლიანად გამოხატავს თავის თავს თითოეულ კაცსა და ქალში. კაბალისტებს სწამდათ, რომ ადამიანი არის მიკროკოსმოსი, სამყაროს სიმბოლური სარკე. ტენისონისთვის რომ დაგვეჯერებინა, ყველაფერი... ჰო, ყველაფერი, თვით ყოვლად აუტანელი ზაჰირიც კი.…
   1948 წლამდე ჯულიას ბედი მეწევა: ჩამაცმევენ, მაჭმევენ; არ მეცოდინება, დილაა თუ ღამე; არ მეცოდინება, ვინ იყო კაცი სახელად ბორხესი. ასეთი მომავლისთვის საშინელის დარქმევა არასწორია, რაკი ვერც ერთი მომავალი გარემოება ვერ მოახდენს ჩემზე ვერანაირ ზემოქმედებას. ასევე შეგვეძლო „საშინელი“ გვეწოდებინა ანესთეზირებული პაციენტისთვის, რომელსაც თავის ქალის ტრეპანაციას უკეთებენ. უკვე ვეღარ აღვიქვამ სამყაროს, - აღვიქვამ ზაჰირს. იდეალისტურ მოძღვრებაში „ცხოვრება“ და „ზმანება“ ყოველ წერტილში სინონიმურია. ჩემთვის, ათასობით გარეგანი ნიშანი ერთ ნიშნად იქცევა, რთული ზმანება - მარტივად. სხვები იოცნებებენ, რომ მე შეშლილი ვარ, მე კი ზაჰირზე ვიოცნებებ. როცა ამქვეყნად მცხოვრები თითოეული ადამიანი დღითა თუ ღამით იფიქრებს ზაჰირზე, მაშინ რომელი იქნება ზმანება და რომელი - სინამდვილე: დედამიწა თუ ზაჰირი?
ღამის გრძელ და ცარიელ საათებშიც შემიძლია ქუჩებში სიარული. განთიადი არცთუ იშვიათად მისწრებს სკამზე პლაცა გარაისთან, როცა ვფიქრობ (ან ვცდილობ, ვიფიქრო) „უცნობ საგანთა წიგნის“ იმ ფრაზაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ზაჰირი ვარდის ჩრდილია და რიდის დაფხრეწა. ამ გამონათქვამს ვაბამ შემდეგ ფაქტთან: იმისთვის, რომ თავი დაკარგონ ღმერთში, სუფიები ან საკუთარ სახელს იმეორებენ, ან ღმერთის ოთხმოცდაცხრამეტ სახელს, სანამ სახელები უკვე აღარაფერს ნიშნავენ. ამ ბილიკის გაყოლას ვესწრაფვი. იქნებ ზაჰირი მასზე განუწყვეტელი ფიქრით გავცვითო? იქნებ მონეტის უკან ღმერთი დგას?
 ვალი ზენერს.

ნახვა: 427

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

These obvious opportunity costs

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 15, 2024.
საათი: 4:49am 0 კომენტარი

- Recovery on device/tree.

These obvious opportunity costs can drastically limit the choice of equipment.

As for the defense it provides, it makes you invulnerable to any hit that hasn't hit you yet. This is very powerful, especially against normal mobs in the map and against specific mechanics like Exarch Balls. However, it's important to <a href="https://www.mmoexp.com/Path-of-exile/Currency.html">POE currency trade</a> note that this does not increase your…

გაგრძელება

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters