ხორხე ლუის ბორხესი - ავეროეს ძიება

თითქოს ტრაგედია სხვა არაფერია, თუ არა ქების ხელოვნება...
ერნესტ რენანი, "ავეროე"

      აბუ-ალ-ვალიდ მუჰამად იბნ-აჰმად იბნ-რუშდი (საჭირო იყო ამსიგრძე სახელი, რომელიც გამოივლიდა კიდევ სხვა სახელებსაც: "ბენრაისტ" და "ავენრის", თვით "აბენ რასად" და "ფილიუს როსადის", რათა ასი წლის შემდეგ "ავეროე" მიგვეღო) მუშაობდა მეთერთმეტე თავზე თავისი წიგნისა "ნგრევათა ნგრევა", რომლის მიხედვითაც (სპარსი ასკეტის, "ფილოსოფოსთა ნგრევის" ავტორის, ალ-გაზალის საპირისპიროდ) ღვთაებამ მხოლოდ სამყაროს ზოგადი კანონები იცის, ანუ ის კანონები, რომლებიც მიესადაგება სახეობას და არა ცალკეულ ინდივიდს. ავეროე დინჯი თავდაჯერებულობით წერდა მარჯვნიდან მარცხნივ. სილოგიზმებისა და ვრცელი აბზაცების ერთმანეთზე გადაბმა ხელს არ უშლიდა, ისე შეეგრძნო გარშემო გრილი, ღრმა სახლი, როგორც მართლაცდა საკვირველი კეთილდღეობა. შუადღის მოსვენების სიღრმეში, გამიჯნურებული გვრიტები გულ-ყელით შეჰღუღუნებდნენ ერთმანეთს. ერთ-ერთი შიდაეზოდან ისმოდა შადრევნის ჩხრიალი და ავეროეს სხეულის რომელიღაც ნაწილი მადლიერებას უცხადებდა წყლის ამ გამუდმებულ მუნყოფნას, ავეროესი, რომლის წინაპრები არაბეთის უდაბნოებიდან მოვიდნენ. ქვემოთ ყვავილების და საკვების მომცემი ბაღები იყო, უფრო ქვემოთ გუადალკივირი მიდგაფუნობდა, მის მოპირდაპირე ნაპირზე კი გადაშლილიყო საყვარელი ქალაქი კორდობა, ისეთივე კაშკაშა, როგორიც ბაღდადი ან ქაირო, როგორც რომელიღაც რთული, სათუთი ინსტრუმენტი. ხოლო კორდობას ყველა მხრიდან შემოვლებოდა (ამას ავეროეც გრძნობდა) თვით საზღვრამდე გადაჭიმული ესპანეთის მიწა, სადაც ბევრი არაფერი იყო, მაგრამ სადაც თითოეული საგანი თითქოს მატერიალურად და სამუდამოდ არსებობდა

      მისი კალამი - ბატის ფრთა - ფურცელს მიმოჰყვებოდა და შეუდავებელ არგუმენტებს ქსოვდა. თუმცა პატარა ღრუბელი მაინც ბინდავდა ავეროეს ბედნიერებას. არა "ნგრევისგან" მოგვრილი წუხილი, არამედ უფრო ფილოლოგიური პრობლემა, რომელიც უკავშირდებოდა მონუმენტურ ნაშრომს: არისტოტელეს მისეულ კომენტარებს. ეს ბერძენი ბრძენი - ყოველგვარი ფილოსოფიის სათავე - იმისთვის გამოგზავნეს მიწაზე, რომ ადამიანებისთვის ესწავლებინა ყველაფერი, რისი სწავლაც შეიძლებოდა. ამიტომაც მისი კომენტირება, მუსლიმი სწავლულების მიერ ყურანის კომენტირებისა არ იყოს, იყო ფრიად მძიმე და საპასუხისმგებლო საქმე, რომელიც ავეროემ იტვირთა. ისტორიას ბევრი არაფერი ახსოვს ისეთი საყვარელი და გულისშემძვრელი, როგორიცაა მისი ერთგულება მრავალი მთითა და ზღვით დაშორებული ბერძენი კაცის აზრებისადმი. ამ საქმის თანმხლები სირთულეებისთვის შეგვეძლო დაგვემატებინა, რომ ავეროემ არც სირიული იცოდა, არც ბერძნული და თარგმანის თარგმანიდან მუშაობდა. წინა ღამით ორმა საეჭვო სიტყვამ შეაყოვნა ზედ არისტოტელეს "პოეტიკის" დასაწყისში. ეს ორი სიტყვა იყო "ტრაგედია" და "კომედია". წლების წინ გადაეყარა მათ "რიტორიკის" მესამე წიგნში. მთელ ისლამში ვერავინ გარისკავდა გამოეცნო მათი მნიშვნელობა. ალექსანდრე აფროდისიელიც ფურცლა, ნესტორიანელი ჰუნაიან იბნ-იშაკი და აბუ-ბაშარ მატაც, მაგრამ საგულისხმოს ვერაფერს მიაგნო. არადა, "პოეტიკის" ამ ორ იდუმალ სიტყვას ვერსად წაუვიდოდა

      ავეროემ ბატის ფრთა დადო და თავის თავს უთხრა (არცთუ თავდაჯერებით): რასაც ჩვენ ვეძებთ, ხშირად ერთ ხელის გაწვდენაზეა. "ნგრევა" გვერდზე გადადო და მივიდა თაროსთან, რომელზეც კოხტად ჩამწკრივებულიყო ბრმა იბნ-სინას მრავალტომეული, გადაწერილი სპარსი გადამწერების მიერ. რაღა თქმა უნდა, პირველად არ შლიდა ამ წიგნებს, მაგრამ მაინც აცდუნა მათი ფურცვლის უქმმა სიამოვნებამ. ამ გაფანტულობიდან ავეროე ერთგვარმა სიმღერამ გამოიყვანა და აივნის ცხაურში გაიხედა. იქ, დაბლა, ვიწრო შიდაეზოში ნახევრად შიშველი ბავშვები თამაშობდნენ. ერთი მათგანი მეორის მხრებზე იდგა და აშკარად მუეძინის მსახურის როლს თამაშობდა: თვალები მაგრად დაეხუჭა და მონოტონურად იძახდა: "არ არს სხვა ღმერთი, ალაჰის გარდა". მეორე ბიჭი, რომლის მხრებზეც "მუეძინი" იდგა, კოშკის როლს ასრულებდა. მესამე ჩაჩოქებულიყო, წინ გადახრილს შუბლი მტვერში ჩაედო და მორწმუნე მრევლს განასახიერებდა. თამაში დიდხანს არ გაგრძელებულა: სამივე ბიჭს მუეძინობა სურდა, მორწმუნის ან მინარეთის როლში ყოფნა კი - არც ერთს. ავეროე უსმენდა "ვულგარულ" დიალექტზე, ანუ ესპანეთის ნახევარკუნძულის მუსლიმურ მასებში ახალაღმოცენებულ ესპანურზე მიმდინარე მათ კინკლაობას, მერე ხალილის "Kitгb al-Ayn" გადაშალა და ამაყად გაიფიქრა, რომ კორდობაში და, შესაძლოა, მთელ ალ-ანდალუსშიც, არ არსებობდა ამ სრულყოფილი ნაშრომის სხვა ასლი, გარდა ამ ერთადერთისა, რომელიც მას ემირ ია’ქუბ ალ-მანსურმა გამოუგზავნა ტანგიერიდან. ამ პორტის სახელმა ავეროეს გაახსენა სახელი მოგზაურ აბუ-ალ-ჰასან ალ-აშარისა, რომელმაც - მაროკოდან დაბრუნებულმა - იმ საღამოს მასთან ერთად ისადილა ყურანისტ ფარაჯის სახლში. აცხადებდა: სინას იმპერიამდე (ჩინეთამდე) მივედიო. სიძულვილის კარნახით შეთხზული საგანგებო ლოგიკით მისი ცილისმწამებლები ამბობდნენ, ფეხიც არასოდეს დაუდგამს ჩინეთის მიწაზე და ამ ქვეყნის ტაძრებში ალაჰიც კი შეურაცხყოო. შეხვედრა უთუოდ რამდენიმე საათს გასტანდა. ავეროე სასწრაფოდ დაუბრუნდა თავის "ნგრევას" და მწუხრამდე იმუშავა.

      ფარაჯის სახლში საუბარი მმართველის შეუდარებელი ღირსებებიდან მისი ძმა-ემირის სათნოებებზე გადავიდა, მერე კი ბაღში გაგრძელდა ვარდების თემით. აბუ-ალ-ჰასანმა (რომელსაც არასოდეს ენახა ვარდები) თქვა: არსად მოიპოვება ასეთი ვარდები, ანდალუზიურ ვილებს რომ ამშვენებსო. ფარაჯს მლიქვნელური სიტყვით ვერავინ მოისყიდდა. იცოდა, რომ სწავლულ იბნ-კუთაიბას აღწერილი ჰქონდა მარადიული ვარდის ერთი უმაღლესი სახეობა, რომელიც ინდოეთის ბაღებში ყვავის და რომლის მუქწითელ ფურცლებს ისეთი ასოების მოყვანილობა აქვს, რომ იკითხება, როგორც ფრაზა "არ არს ღმერთი, ალაჰის გარდა, მუჰამადი კი მისი მოციქულია". ამას ისიც დაამატა: აბუ-ალ-ჰასანისთვის უთუოდ ცნობილი იქნება ეს ვარდებიო. იმან აფორიაქებულმა შეხედა. თუ ჰოს იტყოდა, მაშინ სრულებით სამართლიანად მონათლავდნენ ყველაზე ქვეშქვეშა და პირმოთნე თვითმარქვიად, ხოლო თუ არას, მაშინ ურწმუნოდ. ამიტომაც არჩია, ჩურჩულით ეთქვა: ალაჰი ფლობს გასაღებებს, რომლითაც არაერთ დაფარულ კარს აღებს და არ არსებობს დედამიწაზე ამწვანებული თუ ჩამომხმარი მცენარე, რომელიც მის წიგნში არ ეწეროსო. ეს სიტყვები ყურანის ერთ-ერთ პირველ სურაში წერია და, შესაბამისად, ფარაჯთან თავშეყრილმა საზოგადოებამაც მოწიწებული ჩურჩულით მიიღო. დიალექტიკის ამ გამარჯვებით გამხნევებული აბუ-ალ-ჰასანი უკვე იმის თქმასაც აპირებდა, ალაჰი სრულყოფილია თავის ქმნილებებში და, თანაც, განუჭვრეტელიო. მაგრამ ავეროემ, რომელმაც დღემდე პრობლემატური ჰიუმის შორეული არგუმენტები მოასწავა, აღარ დააცალა: - ჩემი აზრით, ისე ძნელი არ არის ცდომილების დაშვება სწავლულ იბნ-კუთაიბასა თუ გადამწერებში, როგორც იმის მიღება, რომ დედამიწაზე ვარდები ჩვენს აღმსარებლობას ამოჰყავს.

      - სწორედაც! დიდებული და ჭეშმარიტი სიტყვებია!

      - მახსოვს, მავანი მოგზაური ახსენებს ერთ ხეს, რომელსაც ტოტებზე მწვანე ჩიტები ეზრდება, - ჩაფიქრებით წარმოთქვა პოეტმა აბდ-ალ-მალიკმა, - ნაკლებად მიჭირს ასეთი ხის წარმოდგენა, ვიდრე ვარდის, რომელიც ასოებით ირთვება.

      - ჩიტების ფერი ამ სასწაულს თითქოსდა უფრო იოლად ასატანს ხდის, - თქვა ავეროემ, - გარდა ამისა, ჩიტებიც და ხეთა ნაყოფიც ბუნების სამფლობელოს ეკუთვნის, ხოლო წერა და ასოები ხელოვნებაა. ფოთლებიდან ჩიტებზე გადასვლა უფრო ადვილია, ვიდრე ვარდებიდან ასოებზე.

      კიდევ ერთმა სტუმარმა უარყო ის აზრი, რომ ასოები ხელოვნებაა, რაკი ყურანის თავდაპირველი ვერსია - წიგნის დედა - შესაქმეზე ადრინდელია და ზეცაში სუფევს. კიდევ ვიღაცამ ახსენა ალ-ჯაჰიზ ბასრელი, რომლის განცხადებითაც ყურანი ნივთიერებაა და ძალუძს ადამიანის ან ცხოველის ფორმა მიიღოს. ეს თვალსაზრისი გამოადგება იმათ, ვინც ყურანს ორ სახეს მიაწერს. ფარაჯმა დიდხანს ილაპარაკა ორთოდოქსულ მოძღვრებაზე. მისი თქმით, ყურანი ალაჰის ერთ-ერთი ატრიბუტია, როგორც, ვთქვათ, გულმოწყალება, და შესაძლებელია გადავიტანოთ წიგნში, გამოვთქვათ ენით ან გულში ჩავიბეჭდოთ. მაგრამ ენა, ნიშნები და წერა ადამიანის საქმეა, თავად ყურანი კი ხელშეუხებელი და მარადიულია. ავეროეს, რომელსაც დაწერილი ჰქონდა კომენტარები პლატონის "სახელმწიფოსთვის", ამ მომენტში შეეძლო ეთქვა: გარკვეულწილად, წიგნის დედა პლატონურ იდეას ჰგავსო. მაგრამ გაჩუმდა, რადგან დაინახა, რომ თეოლოგია სრულებით მიუწვდომელი სფერო იყო აბუ-ალ-ჰასანისთვის.

      სხვებმა, რომლებიც იმავე გაგებისა იყვნენ, ამ უკანასკნელს სთხოვეს, რაიმე საკვირველი ამბავი მოგვიყევიო. მაშინ, როგორც დღეს, ქვეყნიერება საშინელი იყო. უშიშარი ადამიანებიც დაიარებოდნენ მის ზურგზე და საძაგლებიც, ქედს რომ უხრიდნენ ყველაფერს. აბუ-ალ-ჰასანის მეხსიერება სიმხდალის ფარული აქტების სარკეს ჰგავდა. რა უნდა მოეყოლა ამ კაცს სხვებისთვის? გარდა ამისა, სტუმრები ითხოვდნენ საოცრებებს მაშინ, როდესაც კავშირის დამყარება საკვირველებასთან იქნებ შეუძლებელიც კი იყო. ბენგალიის მთვარე იგივე არ არის, რაც იემენისა, მაგრამ კეთილს ინებებს, რომ ერთნაირი სიტყვებით აღვწეროთ. აბუ-ალ-ჰასანი ჩაფიქრდა და შემპარავი ხმით წამოიწყო: - ის, ვინც მოგზაურობს ქვეყნებსა და ქალაქებში, ბევრ რამეს ხედავს სარწმუნოს. მაგალითად, ამას, რაც აქამდე სულ ერთადერთხელ მომიყოლია თურქთა მეფისთვის. ეს მოხდა სინ-ის რეგიონში, სადაც სიცოცხლის წყლის მდინარე ზღვას უერთდება.

      ფარაჯმა ჰკითხა: მაგ ქალაქს მრავალი ლიე თუ აშორებს იმ კედლისგან, ისკანდერ დი-ალ-კარნაიანმა (ანუ ალექსანდრე მაკედონელმა) რომ ააგო, რათა გოგის და მაგოგის გაფართოება შეეჩერებინაო.

      - მათ შორის ვრცელი უდაბნოებია, - თქვა აბუ-ალ-ჰასანმა ანგარიშმიუცემელი ქედმაღლობით, - ქარავანმა ორმოც დღეს უნდა იაროს, სანამ მის კოშკებს მოჰკრავდეს თვალს, და კიდევ ორმოცი დღე უნდა გავიდესო, ამბობენ, სანამ ქარავანი მის წინ შეჩერდებაო. არავინ მინახავს სინ-ის რეგიონში, ვისაც ენახოს ის კედელი ან თუნდაც სხვა კაცი, რომელსაც თავისი თვალით უნახავს.

      რომელიღაც წამში რაღაც უსაშველოდ უსასრულოს, უსახელო სივრცის, უსახელო მატერიის შიშმა ხელი დაადო ავეროეს. მან სიმეტრიულად გაშენებულ ბაღს გახედა და მიხვდა, რომ ერთი უსარგებლო, არარეალური მოხუცია. აბუ-ალ-ჰასანმა კი განაგრძო: - ერთ საღამოს სინ-ის მუსლიმმა ვაჭრებმა წამიყვანეს შეღებილ ხის სახლში, რომელშიც ბევრი ადამიანი ცხოვრობდა. შეუძლებელია ამ სახლის აღწერა. უფრო ერთ ოთახს ჰგავდა, ოთახს, რომელშიც ჩამწკრივებულიყო კარადის მსგავსი მოწყობილობები ან ერთიმეორის თავზე დადგმული აივნები. ამ ნიშებში იყვნენ ადამიანები, რომლებიც სვამდნენ და ჭამდნენ, ისეთებიც, ვინც იატაკზე ან შემაღლებულ ტერასაზე იჯდა. ეს უკანასკნელები, ანუ ტერასაზე მსხდომნი, დოლზე ან თარზე უკრავდნენ, - ყველანი, გარდა თხუთმეტი-ოცი კაცისა, რომლებსაც წითელი ნიღბები ეკეთათ, ლოცულობდნენ, მღეროდნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ. ეს ნიღბიანი ადამიანები დილეგში ჩამწყვდეულებივით იტანჯებოდნენ, თუმცა საკანი არსად ჩანდა. ცხენებზე ისხდნენ, თუმცა თვით ცხენები არ ჩანდნენ. ომობდნენ, თუმცა ხმლები ბამბუკისა იყო. იხოცებოდნენ, თუმცა ისევ ცოცხლდებოდნენ.

      შეშლილთა მოქმედებები სცილდება იმას, რისი წარმოდგენაც ჭკუათამყოფელს ძალუძს, - თქვა ფარაჯმა. - ისინი შეშლილები არ იყვნენ, - აუხსნა აბუ-ალ-ჰასანმა, - როგორც ერთმა ვაჭარმა მითხრა, ისინი რაღაც ამბავს განასახიერებდნენ. ვერავინ გაიგო. თითქოს არც არავის სურდა გაგება. ცოტა არ იყოს შეცბუნებულმა აბუ-ალ-ჰასანმა უადგილო ახსნა-განმარტებისკენ გადაუხვია, თან ხელებს იშველიებდა: - წარმოვიდგინოთ, რომ მავანი კი არ გვიყვება, არამედ გვიჩვენებს, ვთქვათ, შვიდი ეფესელი მძინარის ამბავს. ვხედავთ, როგორ იხიზნებიან ისინი გამოქვაბულში, როგორ ლოცულობენ და იძინებენ გახელილი თვალებით; ვხედავთ, როგორ იზრდებიან, სანამ სძინავთ, და როგორ იღვიძებენ სამას ცხრა წლის შემდეგ; ვხედავთ, როგორ აძლევენ ვაჭარს ძველ მონეტას; ვხედავთ მათ - გაღვიძებულებს სამოთხეში, გაღვიძებულებს ძაღლთან ერთად. რაღაც ამდაგვარს გვიჩვენებდნენ ტერასზე მყოფი ადამიანები იმ საღამოს.

      - მეტყველებდნენ? - ჰკითხა ფარაჯმა.

      - ჰო, რა თქმა უნდა, - მიუგო აბუ-ალ-ჰასანმა, რომელიც ახლა ხოტბას ასხამდა წარმოდგენას, წუთის წინ რომ გაიხსენა და საკმაოდ რომ გააღიზიანა თავის დროზე, - ლაპარაკობდნენ, მღეროდნენ და გრძელი, მოსაწყენი სიტყვებითაც გამოდიოდნენ.

      ამ შემთხვევაში, რა საჭირო იყო ოცი ადამიანი? ერთი მოლაპარაკეც გასწვდებოდა ყველაფერს, რაოდენ რთულიც უნდა ყოფილიყო სათქმელი.

      ამ ვერდიქტს ყველა თავის კანტურით დაეთანხმა. ხოტბა აღუვლინეს არაბული ენის ღირსებებს - ენის, რომელსაც, როგორც ყველას ახსოვდა, ალაჰი იყენებდა, როცა ანგელოზებს მოძღვრავდა - და არაბთა პოეზიას. ამ უკანასკნელისთვის საკადრისი მისაგებლის მიგების შემდეგ აბუ-ალ-ჰასანმა უკუაგდო ის პოეტები, რომლებიც კორდობაში ან დამასკოში მოღვაწეობდნენ და ისევ პასტორალურ სახეებსა და ბედუინთა ლექსიკას მიმართავდნენ. ასეთებს აბუ-ალ-ჰასანმა მოდიდან გადასულები უწოდა.

      კაცისთვის, რომელიც ფართოდ მომდინარ გუადალკივირს უყურებს, აბსურდულია ოდების შეთხზვა ჭის წყალზე, - თქვა აბუ-ალ-ჰასანმა, - ძველი მეტაფორების განახლების დროა. უწინ, როდესაც ზუჰაირმა ბედი ბრმა აქლემს შეადარა, ეს სახე დამატყვევებლად მოქმედებდა. მაგრამ ხუთსაუკუნოვანი აღტაცებისგან გაცვდა და ერთობ გასიფრიფანდა.

      ამ განსჯას, რომელიც მათ ბევრგზის მოესმინათ, ყველა დაეთანხმა. თუმცა ავეროე დუმილს ინარჩუნებდა. ბოლოს ალაპარაკდა (უფრო თავისი თავისთვის, ვიდრე სხვების გასაგონად): - ნაკლებად მჭევრმეტყველურად, თუმცა მსგავსი არგუმენტებით, მე ზოგჯერ დამიცავს ის, რაც ახლა აბუ-ალ-ჰასანს სადავოდ გაუხდია. ალექსანდრიაში არსებობს გამოთქმა, რომ მხოლოდ იმას, ვინც დანაშაულს ჩაიდენს და მერე მოინანიებს, აღარ შესწევს მისი ჩადენის უნარი. ჩემი მხრივ შემეძლო დამემატებინა, რომ მცდარი თვალსაზრისისგან გათავისუფლების მიზნით ადამიანმა რაღაც მომენტში უნდა აღიაროს ის. ზუჰაირი ამბობს, ჩემი ცხოვრების ოთხმოცწლიანი ტკივილისა და დიდების გზაზე არაერთგზის შევსწრებივარ, როგორ სრესს ბედისწერა ადამიანებს ბებერი, ბრმა აქლემივითო. აბუ-ალ-ჰასანის თქმით, ეს სახე აღარ გვაცვიფრებს. ამ შესიტყვებისთვის მრავალნაირად შეგვეძლო გვეპასუხა. პირველ ყოვლისა, ამ ლექსის მიზანი ადამიანის გაოგნება რომ იყოს, მაშინ მისი არსებობა საუკუნეებს არ გასტანდა, არამედ დღეებს ან საათებს ან, ეგებ, სულაც წუთებს. მეორე: დიდი პოეტი უფრო აღმომჩენია, ვიდრე გამომგონებელი. იბნ-შარაფ ბერკელის საქებრად არაერთგზის თქმულა, რომ მხოლოდ მას შეეძლო ეთქვა: დილის ვარსკვლავები ისე ნაზად ცვიოდნენ, როგორც ხეებიდან ფოთლებიო. მართლაც ასე რომ იყოს, ეს მხოლოდ იმაზე იმეტყველებდა, რომ საქმე გვაქვს ტრივიალურ შედარებასთან. სახება, რომლის გამოძერწვა მხოლოდ ერთ ადამიანს ძალუძს, ვერავის დააინტერესებს. დედამიწაზე უამრავი საგანია: ნებისმიერი მათგანი შეიძლება შედარდეს ნებისმიერ სხვას. ვარსკვლავების შედარება ფოთლებთან უფრო შემთხვევითი არ არის, ვიდრე მათივე შედარება თევზებთან ან ჩიტებთან. სხვა მხრივ, ნებისმიერ კაცს უგრძნია თავისი ცხოვრების რომელიღაც მომენტში, რომ ბედისწერა ძალუმია, თუმცა მოუხეშავი, უმანკო, თუმცა არაადამიანური. ზუჰაირის სტრიქონი იმისთვის დაიწერა, რომ აღნუსხულიყო ეს გრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს სწრაფწარმავალი ან მუდამ თანმხლები, მაგრამ რომელსაც ვერავინ აუვლის გვერდს. ვერავინ ვერასოდეს იტყვის უკეთესად იმას, რაც ზუჰაირმა გამოთქვა ამ სიტყვებით.

      გარდა ამისა (და ეს ალბათ უარსებითესია ჩემს განაზრებებში), დრო, რომელიც ანადგურებს ციხესიმაგრეებსა და ქალაქებს, მხოლოდ ამდიდრებს პოეზიას. იმ დროს, როდესაც ზუჰაირმა ეს სიტყვები დაწერა არაბეთში, მისმა პოეზიამ გააერთიანა ორი სახე: ბებერი აქლემისა და ბედისწერის. დღეს გამეორებით, ეს სიტყვები იმას ემსახურება, რომ გაგვახსენოს ზუჰაირი და ჩვენი სევდა-მწუხარება გარდაცვლილი არაბის სევდა-ნაღველს შევუერთოთ. მისეულ სახე-ხატს ორი წახნაგი ჰქონდა, ახლა ოთხი აქვს. დრო აფართოებს ლექსების თვალსაწიერს და მეც ვიცნობ ლექსებს, რომლებიც - მუსიკისა არ იყოს - ყველაფერია ყველასთვის. ასე მოხდა, რომ მრავალი წლის წინ, მარაკეშში, კორდობას მოგონებებით გატანჯული თავს ვიმშვიდებდი სიტყვებით, რომლითაც აბდ-ალ-რაჰმანმა მიმართა აფრიკულ პალმას ალ-რუსაიაფის ბაღებში: შენც ხომ აქ დგახარ, პალმის ხეო, ამ უცხო მიწაზე...

      პოეზიისგან ნაბოძები შესანიშნავი საჩუქარი - თავის აღმოსავლურ სამშობლოს დანატრული მეფის სიტყვები - მანუგეშებდა აფრიკაში მყოფსა და ესპანეთმონატრებულს.

      შემდეგ ავეროემ ილაპარაკა პირველ პოეტებზე, იმათზე, ვისაც უმეცრების ხანაში - ისლამამდელ დროში - უკვე ყველაფერი ჰქონდა ნათქვამი უდაბნოთა უსასრულო ენაზე. არცთუ უმიზეზოდ შეშფოთებულმა იბნ-შარაფის ცარიელი ვერსიფიკაციებით, ავეროემ თქვა, ძველებისა და ყურანის მთელი პოეზია ახლაც იკითხებაო, ინოვაციის ყოველგვარ სურვილს კი უმეცარი და ამაო უწოდა. დანარჩენი საზოგადოება სიამოვნებით უსმენდა, რადგან ავეროე ძველს იცავდა. იმ მომენტში, როცა ავეროე თავის ბიბლიოთეკაში დაბრუნდა, მუეძინები მორწმუნეთ პირველი სინათლის ლოცვისკენ მოუხმობდნენ. ჰარამხანაში შავთმიან მონა-გოგონებს წითურთმიანი გოგონა ეწვალებინათ, მაგრამ ამას ავეროე მხოლოდ საღამოს შეიტყობდა. რაღაცამ გაუმხილა ორი ბუნდოვანი სიტყვის მნიშვნელობა და მტკიცე, დამაჯერებელი კალიგრაფიით ხელნაწერს ეს სიტყვები დაუმატა: "არისტუ (არისტოტელე) ცნებით "ტრაგედია" მოიხსენიებს პანეგირიკებს, ხოლო ცნებით "კომედია" სატირულ თხზულებებსა და ანათემებს. უამრავი ტრაგედია და კომედიაა ყურანში და მეჩეთის არაბულ ლიტერატურაში.

      იგრძნო, რომ ეძინებოდა, და შეამცივნა. ჩალმა მოიხსნა და ლითონის სარკეში ჩაიხედა. არ ვიცი, რა დაინახა მისმა თვალებმა, რადგან არც ერთ ისტორიკოსს არ აღუწერია ავეროეს სახე. ვიცი, რომ უეცრად გაუჩინარდა, თითქოს უხილავმა ცეცხლმა ჩაყლაპა, და რომ მასთან ერთად გაუჩინარდა სახლი, უხილავი შადრევანი, წიგნები, ხელნაწერები, გვრიტები, ბევრი შავტუხა და ერთი წითური, აცახცახებული მონა გოგონა, ფარაჯი, აბუ-ალ-ჰასანი, ვარდის ბუჩქები და, ვინ იცის, იქნებ გუადალკივირიც.

      ამ ნაამბობში ვცადე, გადმომეცა ჩავარდნის, დამარცხების პროცესი. ჯერ გავიფიქრე იმ კენტერბერიის არქიეპისკოპოსზე, რომელმაც თავის თავზე აიღო ღმერთის არსებობის დამტკიცება. მერე ვფიქრობდი ალქიმიკოსებზე, რომლებიც ეძებდნენ ფილოსოფიურ ქვას. შემდეგ გამახსენდა კუთხის ამაოდ დამყოფები სამ თანაბარ ნაწილად და წრის კვადრატურის ფუჭი მაძიებლები. მერე აზრად მომივიდა, რომ ამ ყველაფერზე უფრო პოეტური იქნება წარმოვიდგინო კაცი, რომელიც მიზნად დაისახავს იმას, რაც აკრძალულია მხოლოდ მისთვის, არა სხვებისთვის. გამახსენდა ავეროე, რომელმაც - ისლამის წრეში მომწყვდეულმა - ვერასოდეს შეიტყო მნიშვნელობები სიტყვებისა ტრაგედია და კომედია. მე მისი ისტორია გიამბეთ. თანდათანობით ვიგრძენი, რას განიცდიდა ბარტონის მიერ ნახსენები ღმერთი, რომელმაც მიზნად დაისახა ხარის შექმნა და, სინამდვილეში, კამეჩი შექმნა. ვიგრძენი, რომ ამ სამუშაომ მასხრად ამიგდო, დამაბრკოლა, მომშალა. ვიგრძენი, რომ ავეროე, რომელიც ცდილობდა წარმოედგინა სპექტაკლი ისე, რომ საკუთარი თვალით არასოდეს ენახა თეატრი, ისეთივე აბსურდი იყო, როგორიც მე, რომელიც ვცდილობდი წარმომედგინა ავეროე, თუმცა არავითარი მასალა არ მქონდა ამ მიზნისთვის, მხოლოდ რენანთან, ლეინთან და ასინ პალასიოსთან ამოკითხული რამდენიმე სტრიქონი. ამ ბოლო გვერდზე მივხვდი, რომ ჩემი ნაამბობი სიმბოლოა კაცისა, რომელიც მე თვითონ ვიყავი, როცა ვწერდი, და იმისთვის, რომ მეწერა, სწორედ ის კაცი უნდა ვყოფილიყავი, ხოლო იმისთვის, რომ ის ვყოფილიყავი, ეს ისტორია უნდა მეწერა... და ასე შემდეგ, ad infinitum . და როგორც კი მისი აღარ მჯერა, ავეროე უჩინარდება.

ნახვა: 775

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

These obvious opportunity costs

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 15, 2024.
საათი: 4:49am 0 კომენტარი

- Recovery on device/tree.

These obvious opportunity costs can drastically limit the choice of equipment.

As for the defense it provides, it makes you invulnerable to any hit that hasn't hit you yet. This is very powerful, especially against normal mobs in the map and against specific mechanics like Exarch Balls. However, it's important to <a href="https://www.mmoexp.com/Path-of-exile/Currency.html">POE currency trade</a> note that this does not increase your…

გაგრძელება

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters