ედგარ ალან პო - აშერთა ოჯახის დაქცევა

Son Coeur est un luth suspendu; Sitot qu’on le touche il resonne; De Beranger


   შემოდგომის დღე იყო, ჩამობნელებული, მოქურუხებული, ჩუმი, სულშემხუთველად ჩამოშლოდა ღრუბელი ცარგვალს. ცხენზე ამხედრებული უკვე კარგა ხანია მივდიოდი საოცრად მოწყენილ არემიდამოში. საღამომ რომ მოატანა, გამოჩნდა სევდის მომგვრელი სახლი აშერებისა. რად, არ ვიცი, მაგრამ ამ შენობის შეხედვისთანავე შემიპყრო გაუსაძლისმა კაეშანმა. გაუსაძლისმა-მეთქი, რაკი თავისი პოეტურობით მცირე სიამოვნებას ხომ მაინც მოგვაგებს თუნდაც მთლად შემზარავი თუ უკაცური ბუნება, ახლა კი იოტისოდენადაც არ მეშვებოდა ეს მძიმე გრძნობა. შევცქეროდი თავად სახლსა და მწირ, გახრიოკებულ მამულს, ჩაშავებულ კედლებს, უთვალო უპეებივით გამოცარიელებულ სარკმლებს, თხელ ისლოვანს, შემპალ ხეთა ორიოდე შტოს; შევცქეროდი და მთლად ჩამომიღამდა გული. მიწიერს ვერ შევარქმევ ამ განცდას, სიზმარეულ რაღაც ხვანჯებს თავდაღწეული, თრიაქნასვამი კაცის გრძნობას უფრო ჰგავდა, რომლის წინ ეს-ესაა ფარდა აუხდია ყოველდღიური ცხოვრების შხამნაღველს. გულმა რეჩხი მიყო, დამიღონდა, ჩამწყდა.

   ამაო იქნებოდა გონის ძალისხმევა რამე ამაღლებულის მოსახილავად. ისეთი რა იყო, ვფიქრობ, რამაც ასე შემძრა აშერების სახლის მხილველი? შეუცნობელი საიდუმლოა. ფიქრებაშლილმა ვეღარც ჩემს თავს მოჯარული მიუხვედრელი ფანტაზიები მოვიშორე და იძულებული გავხდი ამ უმტკიცო აზრს დავჯერებოდი: შეიძლება იყოს სულ ჩვეულებრივი, ბუნებრივი საგნების ისეთი განლაგება, ჩვენს სულსა და გულზე რომ იმოქმედებს, მაგრამ ამ ზემოქმედების ძალის გარკვევა ჩვენთვის შეუძლებელი იქნება. ასე გავიფიქრე, ამ სანახაობის თუ სურათის დეტალები სხვარიგად რომ იყოს განლაგებული, შესაძლოა ამ გარემოებას შეეცვალა ან სულაც გაექრო სახლითა და მისი შემოგარენით აღძრული ჩემი აგრე გულისმომწყვლელი შთაბეჭდილება-მეთქი; ამ აზრის შესამოწმებლად სადავე მოვმართე, ჩაშავებულ-ჩაჟალტამებულ, წყნარად მოლივლივე წყლის პიტალო ნაპირს მივადექი და, რომ გადავიხედე, უფრო ამემღვრა გული - წყლის ლიცლიცმა უმსგავსოდ წარმოაჩინა ისლის, შემზარავი ხეებისა და უთვალო უპეებივით გამოცარიელებულ სარკმელთა თავქვეჩაბრუნებული გამოსახულება.
ამ ქუშ სამყოფელოში უნდა დავრჩენილიყავი რამდენიმე კვირა.

   როდერიკ აშერი, ამ სრასახლის პატრონი გახლდათ ჩემი ყრმობის უახლოესი მეგობარი, მაგრამ ჩვენი უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ დიდი დრო იყო გასული. ცოტა ხნის წინათ ქვეყნის შორეული კუთხიდან წერილი მომივიდა - ჩამოდიო, მთხოვდა და ასეთ აჯა-ვედრებას ვერ ვუპასუხებდი წერილითვე, პირადად უნდა მენახა. ბორგნეული კაცის ხელი დასტყობოდა ნაწერს. მძიმე ფიზიკურ ავადობას და სულის დამთრგუნველ აშლილობას უჩიოდა და არაფერი ერჩია საუკეთესო და ერთადერთი მეგობრის ნახვას, იქნებ, რამდენადმე შემიმსუბუქოს გასაჭირი შენმა მხიარულებამო. თხოვნა ისე იყო დაწერილი და, უფრო მეტიც, ნაწერში ამ კაცის ისეთი გულწრფელობა შეინიშნებოდა, რომ ბევრი ჭოჭმანი აღარ დამიწყია და დაუყოვნებლივ გამოვეპასუხე ამ - ჯერ კიდევ ასე ვფიქრობდი - საკმაოდ უჩვეულო მიწვევას.

   ბიჭობაში თუმცა მეტად დაახლოებულნი ვიყავით, კარგად მაინც არ ვიცნობდი ჩემს მეგობარს. ყრმობიდანვე ერთობ თავმოზღუდული იყო. ეს კი ვიცოდი, აშერების უძველესი ჩამომავლობის ხალხი უხსოვარი დროიდანვე გამოირჩეოდა საოცრად მგრძნობიარე გულით, რაც საუკუნეების მანძილზე ხელოვნების მრავალი შედევრების შექმნით, ხოლო უკანასკნელ ხანებში ნიადაგ საბოძვარხშირი, მაგრამ არაშემაწუხარი ქველმოქმედებით გამოიხატებოდა. მუსიკის საყოველთაოდ ცნობილ, ყველასთვის ხელმისაწვდომ ნაწარმოებთა მშვენიერებით კი არა, უფრო რთული ვარიაციებით იყვნენ გატაცებულნი. ერთი ღირსშესანიშნავი ამბავი ვიცოდი: იმთავითვე აშერების საგვარეულოს ძირითად შტოს არასოდეს ჰქონია განტოტება; სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცოტაოდენი და იშვიათი შემთხვევის გამოკლებით, სწორხაზოვნად მოემართებოდა ეს ჩამომავლობა სულ მუდამ. გაოცებული ვფიქრობდი, იქნებ, სწორედ ამ განტოტებათა უქონლობის გამო დაემსგავსა-მეთქი მამულის საარაკო ნიშანდობლივობა ამ ხალხის ხასიათს. მრავალი და მრავალი საუკუნის განმავლობაში ერთს გავლენა მოუხდენია მეორეზე; მართლაც, მათი წარმომავლობის ასეთი განვითარება და ის ამბავი, რომ საბატონო ყოველთვის უშუალოდ მამიდან ვაჟზე გადადიოდა, ისე დაკავშირებოდა ერთმანეთს, რომ მამულის თავდაპირველი სახელწოდება გადაიქცა ორაზროვან და საკვირველ სახელწოდებად: „აშერების სახლი“. რომელშიც აქაური გლეხკაცისთვის ორივე ერთად შენივთებულიყო - გვარიცა და საგვარეულო სასახლეც.

   თქვენ უკეთ იცით, ჩემი ბავშვური ცდის შედეგად, როცა ქვემოთ, ტბაში ვიცქირებოდი, უფრო გამიმძაფრდა პირვანდელი შთაბეჭდილება. მართლაც, იმის შეგნება, რა მსწრაფლ მომრევია ცრუმორწმუნეობრივი ზაფრა - რატომაც არ შეიძლება ამას ასე დავარქვათ? - ხელი შეუწყო ჩემი გულის აგრე ჩაღამებას. კარგა ხანია ვიცოდი: ასეთია შიშს დაფუძნებული ყოველგვარი გრძნობის პარადოქსული კანონი; და, იქნებ, მხოლოდ ეს იყო იმისი მიზეზი, რომ, როცა ტბაში არეკლილი სახლის გამოსახულებას მოვაცილე თვალი, უცნაური ფანტაზიით, მართლაცდა მეტად უცნაური ფანტაზიით წამოვინთე. ამიტომღა მოგახსენებთ ამას - ჩემი ესოდენ დიდი სიმძიმილი მინდა გაიგოთ. ნამდვილად, ჩემმა მაშინდელმა გუნება-განწყობილებამ ასე მაფიქრებინა: მთელ სახლს გარშემობურვილი ატმოსფერო მხოლოდ აქაურობისათვის და მისი შემოგარენისთვისაა შესაფერისი-მეთქი, გამჭვირვალე ჰაერისგან სრულიად განსხვავებული ატმოსფერო - დამპალი ხეები, ნაცრისფერი კედლებითა და ჩუმი ტბის წიაღიდან წამობურული მავნე, შეუცნობელი, ბუნდი, წებოვანი, თითქმის თვალთუჩინარი ტყვიისფერი ოხშივარით.
სიზმარ-ცხადში ვიყავი და ახლა მოვიშორე ამისდა კვალად აღძრული ფიქრები, უფრო წვრილად დავათვალიერე შენობა. ოდინდელი სიძველე ჰქონდა უმთავრეს ნიშნად და მისი კედლები მთლად გაუფერულებულიყო ჟამთა სვლაში. სახლის პირი სულ ჩამოებურა წვრილ-წვრილ ხავსს.

   ნგრევის რამე ნიშანი არ დასტყობოდა ნაგებობას. თუმცა აქ კენჭიც არ იყო ჩამოვარდნილი, მაგრამ ნათლად შეინიშნებოდა უდიდესი შეუსაბამობა სახლის უზადო არქიტექტურასა და მის გამოფიტულ ცალკეულ ქვებს შორის. სწორედ ამგვარი უნდა ყოფილიყო ხის უხინჯო მთლიანობა, უჰაერობით რომ ლპება მივიწყებულ სარდაფში. მართალია, სახლი სრულიად გაპარტახებული ჩანდა, მაგრამ მკვიდრად იდგა ჯერხანად. მხოლოდ კირკიტა ვინმე თუ შეამჩნევდა ძლივს დასანახ ბზარს, სახურავიდან რომ წინა კედელზე კლაკნილად ეშვებოდა და იკარგებოდა ტბის ჩუმ წყალში.
შევნიშნე ეს ყველაფერი და სახლს მივაშურე მოკლე, მოკირწყლული ბილიკით. მსახური დამხვდა, ცხენი ჩამომართვა, გოტიკურთაღოვანი გასასვლელებით წინკარში შევედი, აქედან კი ლაქია უსიტყვოდ წამიძღვა თავისი ბატონის სამუშაო ოთახისაკენ, მრავალი, ბნელი, და მიხვეულ-მოხვეული დერეფანი გამატარა. ჩემს სავალზე დავინახე ეს ყოველივე და რად, არ ვიცი, მაგრამ კი გამიცხოველდა ის გულისმომწყვლელი სევდა, რომლის თაობაზეც უკვე მოგახსენეთ. სახლის მოწყობილობას, ჭერის ჩუქურთმებს, კედლებიდან ჩამოშვებულ კაეშნის მომგვრელ ფარდაგებს; შავი ხის იატაკის სიშავეს ვხედავდი და ყოველი ფეხის გადადგმაზე ფანტასმაგორიული ნაალაფევი საჭურველის წკარუნი რომ მესმოდა, საცნაური ხდებოდა: ყველაფერში რაღაც იყო ისეთი, რასაც ბავშვობაშივე ვიყავი შეჩვეული; მაგრამ ამან კი არ გამაოცა, ესღა მიკვირდა, ჩვეული საგნების ხილვისას რანაირად მომეახლა ესოდენ უცხო შთაბეჭდილებები-მეთქი. ოჯახის ექიმს შევეჩეხე ერთ-ერთ კიბეზე. ცბიერებისა და დაბნეულობის ნაზავი დასტყობია იმის სახეს-მეთქი, ასე გავიფიქრე. შიშნეულად მომესალმა და წავიდა. კარი გააღო ლაქიამ და თავის ბატონთან შემიძღვა.

   ვეებერთელა და ჭერმაღალი იყო ოთახი. მოგრძო, ზემოთკენ წაწვრილებული და წაწვეტებული სარკმლები იმდენად დასცილებოდნენ შავი მუხის იატაკს, რომ ვერავინ შესწვდებოდა. გისოსებიან მინებში მეწამული ფერის სუსტი ნათელი გამოსჭვიოდა და შედარებით მომსხო საგნები საკმაოდ გამოეჩინა, მაგრამ ღრმათაღოვან, მოჩუქურთმებულ ჭერზე ან შორეულ კუთხეებში ვეღარაფერს დაინახავდა კაცი. მრუმე ფარდაგები აკვროდნენ კედლებს. მოუხერხებელი, ძველი და გადაძენძილი ავეჯი იყო აქ. მრავალი წიგნი და მუსიკალური საკრავიც ეყარა , მაგრამ არც ამათ შეეძლოთ სიცხოველე მიენიჭებინათ დარბაზისთვის. სევდის ჰაერით ვსუნთქავდი, ვიგრძენი. მკაცრ, ღრმა და გაუძლის ვარამს გაემსჭვალა ირგვლივ ყველაფერი.
ოთახში შევედი. ტახტზე გაშოტილიყო აშერი; დამინახა თუ არა, წამოდგა და მხურვალედ მომესალმა. მაღალი წრის ennuye კაცის ზედმეტად გულითადი, ნაძალადევი მომეჩვენა ჯერ ეს სალამი. მაგრამ მისი სრული გულწრფელობა მალევე ცხადი გახდა. დავსხედით და რამდენსამე წუთს, სანამ ხმას ამოიღებდა, შევყურებდი ერთწილ სიბრალულით, ერთწილ შიშით. მგონია, არასოდეს მინახავს როდერიკ აშერის მსგავსად ასე უცებ მობერებული კაცი! ძნელი იყო ამ ზაფრანისფერი სახის მქონე ადამიანში ჩემი ბავშვობის ამხანაგის ცნობა. თავისი პირისახით ყოველთვის გამოირჩეოდა: მიცვალებულივით სახეგაფითრებული, თვალები შეუდარებელი, ბრიალა, სოველი და დიდრონი, საოცრად მშვენიერი, სულ უსისხლო და წვრილი ტუჩები; კეხიანი, ლამაზი ცხვირი, მაგრამ ასეთ ფართო ნესტოებიანს იშვიათად ნახავდით; სულიერ უღონობაზე მეტყველებდა მისი ნატიფი, პატარა ნიკაპი, თმა ჰქონდა თხელი და რბილი, შუბლი დიდი და მაღალი.

   მართლაც შეუძლებელი იყო დავიწყება ამ სახისა, რომლის ნაკვთები ახლა უფრო გამოკვეთილიყო და გამომეტყველება ისე შეცვლოდა, რომ დავეჭვდი, ვის ვესაუბრები-მეთქი. მეტადრე მისმა შემზარავად ჩატეტკილმა კანისფერმა და თვალის ზებუნებრივმა ბრწყინვამ გამაოცა და გული გადამიქანა. მთლად აჩეჩილი აბრეშუმისებური თმა სახეს კი არ შემორკალოდა - თითქოს დაქროდა მის გარშემო, ასე რომ, გვარიანი ძალისხმევითაც ვერ შევძელი ამ ფანტასტიკური პირისახის კაცში ჩვეულებრივი მოკვდავის გამოცნობა.
ჩემი მეგობრის ქცევამ იმთავითვე გამაკვირვა არათანმიმდევრულობით, რაღაც ალოგიკურობით; მალე მივხვდი, მისი გამუდმებული კანკალი მეტისმეტი ნერვული აგზნების დაოკების უღონო და მრავალი ცდის შედეგი იყო თურმე. თუმცაღა, მის ამდაგვარ ყოფას მოველოდი, რაკიღა წინდაწინვე ვიყავი შემზადებული როგორც წერილით, ასევე მისი ყრმობისდროინდელი ხასიათითა და დასკვნებით, რომლებიც გამოვიტანე ამ კაცის ფიზიკური აღნაგობისა და სულიერი თვისებების მცოდნემ. ჩუმად იყო, ხან გამოცოცხლებული. ხმა მალიმალ შეეცვლებოდა ხოლმე, გაუბედაობით ათრთოლებული (როცა მის მგზნებარე გულს მთლად დაეუფლებოდა სისუსტე) როგორღაც მკვეთრად ისმოდა - სიტყვას მოჭრიდა, მძიმედ, მარცვალ-მარცვალ, ყრუდ, ზოგჯერ ხორხისმიერ ბგერებს მკაფიოდ გამოთქვამდა ჟამითი-ჟამად წამონთებული ვინმე უსაშველო მემთვრალის ან თრიაქის მსმელის დარად.

   ჩემი სტუმრობის გამო ასე მეუბნებოდა: როგორ მიხარია, იქნებ, დამამშვიდოსო შენთან ყოფნამ. ზოგჯერ თავისი ავადობის ბუნებას მიხსნიდა. თანდაყოლილი, ოჯახური სევდა-სნეულება მჭირსო, ასე ამბობდა, და წამლის პოვნის იმედი გადასწუროდა, - უბრალო ნერვული აგზნება არისო ეს; იმწუთას დასძენდა, მალე გაივლისო უეჭველად. ბევრ არაბუნებრივ შეგრძნებაში გამოიხატებოდა მისი გასაჭირი. წვრილად მიამბობდა მათ შესახებ. ზოგიერთმა გარემოებამ გამაკვირვა და დამაბნია ან, შესაძლოა, თავად თხრობა, ასევე მასში ჩართული საგნებისა და სნეულებათა უჩვეულო სახელები განვიცადე. ძლიერ გაეტანჯა ავადმყოფურ გრძნობიერებას; მხოლოდ სულ შეუკაზმავი შეჭამანდით საზრდოობდა; მხოლოდ ერთგვარი მასალის სამოსელს იცვამდა; სუნთქვას უკრავდა ყოველგვარი ყვავილის სუნი; მთლად უძალო სინათლეც თვალს უტკიებდა; მხოლოდ სიმებიანი საკრავების თავისებური მღერა არ ზარავდა.

   ხელებშებოჭილ მონასებრ მოაქცია დაუძლეველმა შიშმა. „გამათავებს, - ასე იტყოდა, სიცოცხლეს მომისწრაფებს ეს საწყალობელი სიშლეგე, სწორედ ასე, ასე დავიღუპები და არა სხვაგვარად; მომავალში რაც უნდა მოხდეს, გავუძლებ, მაგრამ თავად მოსახდენის მოლოდინი მზარავს. გულგახეთქილი ვფიქრობ, რაღაც, თუნდაც მთლად ჩვეულებრივი შემთხვევა გაუსაძლისად გატანჯავს ჩემს აგზნებულ გონს. დიახ, თავად საშიშროება კი არა, არამედ მხოლოდ მისი სრული გამოხატულება - შიშის ზარი გამაწვალებს. ასეთ ყოფასა და ვაივაგლახში, ვგრძნობ, დღეს-ხვალ ერთად გამოვეთხოვები წუთისოფელს და სულიერ ჯანმრთელობას, ამ ქუშ აჩრდილთან შეჭიდებული - შიშთან“. ნაწყვეტ-ნაწყვეტად, არეულად მელაპარაკებოდა და ცოტა ხნის მერე გავიგე მისი სულიერი განწყობის კიდევ ერთი ნიშან-თვისება. ცრურწმენებს შეებოჭა ეს კაცი, თითქოს რაღაც ზებუნებრივი გავლენა ჰქონდა მასზე სახლს, სადაც წლობით ცხოვრობდა და საიდანაც ერთხელაც არ გამოუდგამს ფეხი. ამ სახლის სავარაუდო ზეგავლენის შესახებ ისე უთავბოლოდ მითხრა, რომ მიძნელდება მისი ნაამბობის აქ გამოწვლილვით გადმოცემა. ასე მეუბნებოდა, საგვარეულო საცხოვრებლის არქიტექტურულ თავისებურებასა და მრუმე ფერადოვნებას იმთავითვე უმოქმედია მის სულზე - ასეთი იყო ზეგავლენა ნაცრისფეროვანი კედლების, კოშკების ხუროთმოძღვრებისა, ასეთივე ზეგავლენა ჰქონდა ტბას, რომელშიც ყველა აშერი იყურებოდა, და ყველაფერი ეს მის სულიერ ცხოვრებაზე მიმძლავრებულა თურმე.

   მაგრამ ესეც აღიარა, თუმცა კი მერყეობდა ამ დროს - აგრერიგად გამტანჯავი ეს უჩვეულო სევდა-მწუხარება, შესაძლოა, უფრო ბუნებრივი და უფრო ნათელი წარმოშობისააო. მიზეზად ამას ამბობდა, მძიმე და ხანგრძლივ ავადმყოფობას სიკვდილის პირას მიუყვანია მისი ნუგეშისმცემელი ერთადერთი დაი, ამ სოფლად მისი უკანასკნელი და ერთადერთი იმედი. „მოკვდება, - მითხრა საწყალობლად, ამას რა დამავიწყებს, - დამტოვებს (ასე უსასოოსა და უღონოს) აშერების ძირძველი საგვარეულოდან უკანასკნელს“. ეს თქვა და ლედი მედელეინმა (დას ასე ერქვა) ნელა გადაჭრა პალატის უშორესი ნაწილი და ისე გავიდა, არც შევუმჩნევივარ. მეტად გაოცებული და შეშინებულიც შევყურებდი და ვერ მივმხვდარიყავი ამ გრძნობის მიზეზს. გული მომიკვდა, როცა თვალი გავაყოლე მიმავალს. დაბოლოს, ქალის უკან კარი რომ მიიხურა, ჩემდა უნებურად კითხვის თვალით შევხედე ძმას, მაგრამ მას სახე ხელებში ჩაემალა და ესღა შევნიშნე, მთლად ცვილისფერი გახდომოდა გაჩხინკული, ცხელცრემლნასხურები თითები.
ლედი მედელინის ავადობას კარგა ხანია გაეცუდებინა მკურნალთა ხელოვნება. ასე ამბობდნენ, პიროვნების თანდათანობით შემმუსვრელი უჩვეულო აპათია და ნაწილობრივ კატალეფსური ხასიათის ხშირი, ოღონდ მსწრაფლწარმავალი მოვლენები დასჩემებიაო. აქამომდე ქალი მტკიცედ უმკლავდებოდა გასაჭირს და ბოლომდე უარობდა ლოგინში დაწოლას, მაგრამ ჩემი ჩამოსვლის დღეს, საღამოს პირზე (როგორც ძმამ მითხრა ღამით, მეტად აღელვებულმა) მთლად უღონოქმნილი დამორჩილდა გამანადგურებელ ძალას; და ახლა თვალი რომ მოვკარი ქალს, ასე მენიშნა, უკანასკნელად ვხედავდი, ყოველ შემთხვევაში, ცოცხალს-მეთქი.

   ამის შემდეგ რამდენიმე დღე აღარც აშერს უხსენებია მისი სახელი და აღარც მე. მთელი ეს ხანი ყოველნაირად ვცდილობდი ჩემი მეგობრის მელანქოლიის შემსუბუქებას. ერთად ვხატავდით და ვკითხულობდით, ხანაც სიზმარეულივით ვისმენდი გიტარაზე ამეტყველებულ მის მგზნებარე იმპროვიზაციებს. და ამგვარად, სულ უფრო და უფრო, მასთან დაახლოებისდა კვალად, უკეთ ვგებულობდი ამ კაცის სულის იდუმალ კუნჭულებს. დასასრულ გულისტკივილით მივხვდი, ვერაფერს გავხდებოდი, კაეშანს ვერ დავაგდებინებდი და ვერც კარგ გუნებაზე მოვიყვანდი ჩემს მეგობარს; მისი აგრე გასაკუთრებული ურვა მარადჟამ საწყალობელ ნათებად ეფინებოდა ირგვლივ ყველაფერს, უსულოსა და სულიერს.

   სამარის კარამდე დაუვიწყარი იქნება ჩემთვის აშერების სახლის პატრონთა აგრერიგად გატარებული ნაღვლიანი საათები. და მაინც, ცოტას თუ შევძლებ მისი გამოკვლევების ან შემოქმედების შინაარსის გადმოცემას; ამ ამბავში მეც ჩამითრია თუ, უფრო სწორად, გზას მიკვლევდა თავისი ხელოვნების გასაგებად. ამ კაცის მღელვარება და ქუში ალმური გულისა თავისებურ სინათლეს ჰფენდა ყველაფერს. მიწყივ მიჟღერს ყურში მისი გაუთავებელი სამგლოვიარო სიმღერა-იმპროვიზაციები. სხვათა შორის მტკივნეულად მაქვს გამჯდარი მეხსიერებაში ფონ ვებერის გონისამღვრევი უკანასკნელი ვალსის მნიშვნელოვანწილად შეცვლილი ჰანგებიც. მრავალი სურათი, რომლის შექმნაზეც მუშაობდა მისი ფანტაზია, ყალმის ყოველ მოსმაზე სულ უფრო მეტად ბუნდოვანი ხდებოდა და რად-არ ვიცი. ამ სურათთაგან (ცოცხლად რომ მიდგას თვალწინ ამათი ხატება) მხოლოდ მცირე ნაწილი გადმოეცემინება სიტყვას. სრული უბრალოებითა და მკაფიო ნახატით ამ სურათებმა მთლად დამატყვევეს და მომაჯადოვეს, თუკი ვინმე მოკვდავს შეძლო იდეა წარმოესახა, როდერიკ აშერი გახლდათ ეს მოკვდავი. ყოველ შემთხვევაში, მაშინდელი პირობების, გარემოების კვალობაზე ჩემი იპოქონდრიკი ამხანაგის აბსტრაქტულ ტილოებში ენით უთქმელი შემზარაობა მესახებოდა. ამდაგვარი გრძნობის ნატამალიც არ განმიცდია ფუზელის უდავოდ ბრწყინვალე და, ასევე, მეტად მკაფიო ზმანებების ხილვისას.

   ჩემი მეგობრის ერთი ფანტასმაგორიული ნაწარმოები, აგრე მკაცრ აბსტრაჰირებას რომ არ საჭიროებდა, შეიძლება მიახლოებით მაგრამ მაინც გადმოიცეს სიტყვით. პატარა სურათი გამოხატავდა უსაშველოდ გრძელ, თეთრ, დაბალ და სადა კედლებიან სწორკუთხა მღვიმეს თუ მიწისქვეშა გასასვლელს; კედლებზე ერთი ბეწო რამესაც ვერ შეამჩნევდა კაცი. მიწისქვეშა გვირაბის დიდ სიღრმეს შთაგვაგონებდა ნახატის ზოგი დეტალი. მთელ ამ სივრცეზე არაფერი იყო ჰაერის მოსასვლელი, არც კვარი ჩანდა, არც სხვა რამე ამდაგვარი, შემზარავად და შეუსაბამოდ კი ბრკიალებდა რაღაც მოელვარე სხივები. სწორედ ახლა გეუბნებოდით, აშერს სასმენი ნერვი სტკიოდა-მეთქი. გაუსაძლისად სტანჯავდა ყოველგვარი მუსიკა, მხოლოდ სიმებიანი საკრავების ერთგვარი ჰანგების მოსმენა შეეძლო. ასე რომ, იყო შეზღუდული და გიტარის მეტს არაფერს სცნობდა, უსაზღვრო სიცხოველე ენიჭებოდა იმის ფანტასტიკურ შესრულებას. მაგრამ ამით ვერ აიხსნებოდა მისი მუსიკალური იმპროვიზაციების მგზნებარე სიმსუბუქე. შესრულება რომ იყო ასეთი, მისი შლეგური მუსიკის ნოტებსა და სიტყვებში ჩანს ( რადგან არცთუ ისე იშვიათად სახელდახელოდ შეთხზული ლექსებითაც შეამკობდი ხოლმე მუსიკას). მისი გონითი ძალისხმევის შედეგი უნდა ყოფილიყო მისი შემოქმედება, და ეს გარემოება, როგორც მოგახსენეთ, ხელოვნურად გამოწვეული აღმაფრენის განსაკუთრებულ წუთებშიღა შეინიშნებოდა. კარგად დამამახსოვრდა ერთი რაფსოდიის სიტყვები. სიმღერა მეტად განვიცადე და აი რატომ - როცა აშერი უკრავდა და მღეროდა, მისმა იდუმალმა და მისტიკურმა სიტყვებმა, მგონი, პირველად ჩამაგონა, აშერი უკვე მიმხვდარიყო თავისი მაღალი გონის ტახტის რყევას. „ჯადოქმნილი სასახლე“, - ასეთი სახელწოდებით ლექსი სრულიად თუ არა, ძალზე დაახლოებით მაინც ასე ითქმებოდა:

I

დიდი და მწვანე ველების წიაღ
ანგელოსების არის სამყოფი; ცამდე აზიდულ სასახლეს ჰქვია
გონის საუფლო, ბჭე დიდებული.
და სერაფიმებს აქ აღემართათ
სვეტი ნათელი, შვენება სრული!
სული ტკბებოდა, როცა პალატებს
ნახავდა მგზავრი გაოცებული.

II


აქ, ამ სასახლის ბჭეს და გალავანს
წელი ათასი დაჰფრიალებდათ
ოქრონემსული ფართო ალმები; (კიდეც ამბობენ, რომ ეს ამბავი
თურმე მომხდარა უხსოვარ დროში).
ნიადაგ იყო ლბილი ნიავის
ამო ფრთხიალი, სხივთა ციალი, ტკბილი ცხოვრება, ჩუმი სუფევა.

III

ამ ადგილს ვინმე გზად მიმავალი, მთლად მონუსხული სარკმლის ნათებით
მოაშურებდა სუნთქვაშეკრული.
დარბაზშივეა ტახტი ნათელი, ტახტზე - მეუფე სახემცინარი
(ძე მეუფისა).
დღე იყო მიწყივ დაუსაბამო, ლხინი, სიმღერა, ხვავი სუფრისა.

IV

გაგაოცებდათ ლალ-მარგალიტით
თვალისმომჭრელი ბრწყინვა კარიბჭის, ზე აწვდილ თასით, თასით და თასით.
გადი-გამოდის გუნდი ქოროთა.
და ექომ შეძრა გარემო-ველი.
დიდება შენდა, მეუფევ ჩვენო, მეუფევ დიდო, ქველო და ბრძენო, ჩვენი სამეფოს მზეო ნათელო!

V

მაგრამ მერე კი ავმა სულებმა
მეუფე იგი ბედით დაცარეს; (გლოვა მოიღეს თან მომხდურებმა, ძალა, დიდება ჩამოაცალეს!).
სასახლე მისი მყისვე დაიპყრეს -
ტკბილი სიმღერა აქციეს კვნესად.
ვაებად დაშთნენ მოგონებანი, მხოლოდ კედლები გადარჩნენ ძეგლად.

VI


   აწ მოგზაური, მოსული ველად, სარკმლით ნახავდა იმათ ფეთებას-
ჩრდილების რიალს წითელ ფერებად, რაღაც სიმების უცხო მღერებას.
მოიჭრნენ ბილწნი, ჟანგიან კარით -
ვითარცა მალი, მრუმე მდინარე; სიცილი უღიმო, საწყალობელი, ისმის შემუსრულ ბჭეთა წინარე. კარგა მახსოვს, ფიქრებმა ამ ბალადის გამო აშერის ერთი აზრი მამცნო. მისი სიახლის გულისთვის კი არ მოგახსენებთ ამ აზრს (ეს ჯერ კიდევ სხვებს გამოუთქვამთ), იმიტომ გეუბნებით - თავად ბეჯითად იცავდა ამ შეხედულებას. ერთი სიტყვით, ყოველგვარი მცენარის მგრძნობიარობას ამტკიცებდა. მაგრამ ზოგჯერ ამ იდეით გატაცებული ეს გონაშლილი კაცი შეჭრასაც კი ლამობდა არაორგანული მატერიის საუფლოში, თუ რა დიდი იყო მისი რწმენა, ანუ, თუ როგორ სჯეროდა ეს ამბავი - მიძნელდება ამისი თქმა. მისი აზრით, ეს რწმენა დაკავშირებოდა (ადრევეც ხომ აღვნიშნე გაკვრით) აშერების საგვარეულო სახლის ნაცრისფერ ქვებს. სასახლის მგრძნობიარობა წარმოიქმნება მისი ქვების წყობით, მათი განლაგების წესით; ასევე, გამომპალი ხეებით; მეტადრე კი ამ მგრძნობელობის სათავე ტბის უხმაურო წყალზე არეკლილ მთლად ხავსმოდებულ შეუშფოთველ უძრაობასა და გაორებაში იყო საძიებელი. ამას მოწმობს, ამ მგრძნობელობის არსებობას მოწმობსო (გამაოცა კი ამ სიტყვებმა) სახლის კედლებისა და ტბის გარშემო ატმოსფეროს თანდათანობითი და კარგი შესამჩნევი შემკვრივება. შედეგიც არისო, ასე დასძინა, საუკუნის განმავლობაში შემზარავ და შეუტყობელ ამ ზეგავლენას მისი გვარისათვის დაღი დაუსვამს და საბოლოოდ ისე მოუქცევია ეს კაცი, როგორც ახლა ვხედავდი. ბრძენთა ხმობას არ საჭიროებს ეს აზრი და მეც აღარაფერს ვიტყვი.
დიდი ხანია სულიერ საზრდოდ ჰქონდა ამ ბინარ კაცს ჩვენი წიგნი - წიგნები, რომლებიც როგორც მოსალოდნელი იყო, მისი ფანტაზიის ბუნებას შეესატყვისებოდა. ორივე გაგვიტაცა ისეთმა ნაწარმოებებმა, როგორიცაა: გრესის „ვერ-ვერი“ და „მონასტერი“; მაკიაველის - „ბელფეგორი“; სევდენბორგის „ზესკნელი და ქვესკნელი“; ჰოლბერგის „ ნიკოლას კლიმის მოგზაურობა მიწისქვეშეთში“; რობერტ ფლადის, ჟან დ, ენჟიბესა და დე ლა შამბრის „ქირომანტია“; ტიკის „მოგზაურობა შორეულ ლაჟვარდოვანში“ და კამპანელას „მზის ქალაქი“. განსაკუთრებით უყვარდა ფურცლის ერთი მერვედი ზომის - Directorium Inquisitorium; თხზულება დომენიკელი ეიმერიკ დე ჟირონისა და ზოგიერთი ადგილი პომპონიუს მელას ნაწერებიდან ძველი აფრიკული სატირებისა და ეგიპანას შესახებ. ოცნებამორეული აშერი საათობით ვერ სცილდებოდა ამ წიგნს. მაგრამ მეტადრე თაყვანსა სცემდა და გამოწვლილვით კითხულობდა ფურცლის ერთი მეოთხედის ზომის იშვიათ და საინტერესო თხზულებას, რომელიღაც მივიწყებული ეკლესიის გოთურშრიფტიან გარიგებას - Vigiliae Mortuorum Sequndum Chorum Ecclesiae Maguntinae.

   სულ თვალწინ მედგა ამ წიგნში მოთხრობილი ერთი საოცარი რიტუალის სურათი და ვფიქრობდი, რა უცილობელი ზეგავლენა უნდა ჰქონოდა ამას იპოქონდრიკზე-მეთქი. სწორედ ამ ხანებში, ერთ საღამოს აშერმა უთავბოლოდ მითხრა, აღარ არისო ლედი მედელეინი და ასე გადაეწყვიტა, ორი კვირით შევინახავ ნეშტს (საბოლოო დაკრძალვამდე) იმ მრავალ სარდაფთაგან ერთში, შენობის მთავარ ლიბოში რომ დაუტანებიათო. ვეღარაფერი ვუთხარი, რაკიღა თავისი ესოდენ უჩვეულო განზრახვა კარგად დაესაბუთებინა. მართლაც, ასეთი ფიქრის შედეგად გაებედა ასე მოქცევა (როგორც თავად მითხრა): ჯერ ერთი, უცნაური იყო ქალის ავადმყოფობა; მეორე, ჩაციებით და გაუთავებლივ ეკითხებოდნენ ქალის მკურნალნი ამ ავადმყოფობის ნიშნებს; და კიდევ, მოშორებით, ღია ცისქვეშ მდებარეობდა აშერების საგვარეულო საძვალე. ცოდვა გამხელილი სჯობს, ჩემი ჩამოსვლის დღესვე კიბეზე შეხვედრილი გველაძუა სახის კაცი რომ წამომაგონდა, წინააღმდეგობა არ გამიწევია მისი სურვილისთვის, რაც, ჩემი აზრით, დროულად მოფიქრებული, ასევე უწყინარი, ყოველ შემთხვევაში, ბუნებრივი წინდახედულება იყო. აშერის თხოვნით, დროებითი დაკრძალვის უშუალო მონაწილე ვიყავი. ქალი ადრევე მოვრთეთ სასუფევლისთვის და წავიღეთ. სარდაფი, სადაც კუბო დავდგით (დიდხანს რომ არ გაუღიათ, აქაურ სულშემხუთავ ჰაერში ნახევრად დაივსო ჩირაღდნები და თითქმის ვეღარაფერს ვხედავდით), მცირე, ნესტიანი და სულ უსინათლო იყო, დიდ სიღრმეზე დაეტანებინათ შენობის სწორედ იმ ალაგას, რომლის ზემოთ ოთახში მე ვიძინებდი. ადრეფეოდალურ ხანაში, როგორც ჩანს, იმთავითვე კარგი საქმისთვის არ უნდოდათ ეს სარდაფი, ხოლო უფრო გვიან დენთის ან სხვა ამდაგვარი მასალის საცავად გადაუქცევიათ. ამიტომ, იატაკის ნაწილი და მთელი კედელი დერეფნისა, რითიც ჩვენ შემოვედით, ბრინჯაოთი მოეჭედათ საგულდაგულოდ. სწორედ ასევე დაემუშავებინათ რკინის მძიმე კარი. დიდი წონის მქონე ეს ბჭე გაღება-დახურვისას თავისი ანჯამებით გასაოცარ, მჭახე ხმას გამოსცემდა.

   ამ საზარელ სამყოფელში ჩვენი საწყალობელი ტვირთი სადგამზე შემოვდგით, ცოტაზე მოვაღეთ ჯერ კიდევ დაუმაგრებელი სახურავი კუბოსი და მიცვალებულის სახეს დავხედეთ. და-ძმის უებრო მსგავსება ახლაღა შევნიშნე და აშერმა, შესაძლოა, ჩემს ფიქრს რომ მიხვდა, ჩაიბურტყუნა რამდენიმე სიტყვა, საიდანაც გავიგე: ესენი ტყუპები ყოფილან თურმე და ნაზად უყვარდათ ერთმანეთი. გულის აუმღვრევლად შეუძლებელი იყო დიდხანს გვეცქირა გვამისთვის. ყოველგვარი კატალეფსური ბუნების ავადობის დარად, შეღერებული ქალის დამღუპველ დაავადებასაც ოდნავ შეეწითლებინა კანი მკერდსა და სახეზე და მის ბაგეს ის საეჭვო ღიმი მისციებოდა, რითაც ასე გვზარავს სიკვდილი. ადგილზევე დავამაგრეთ სახურავი, რკინის კარი გამოვიკეტეთ, ძლივსღა ამოვაღწიეთ სახლის ცოტა უფრო მეტად განათებულ ზედა ნაწილში. გლოვის რამდენიმე დღე რომ გავიდა, შესამჩნევი ცვლილება დაეტყო ჩემი მეგობრის სულიერ აშლილობას. თავისი ჩვეულებრივი მიხრა-მოხრა შეეცვალა, თავისი ჩვეულებრივი საქმენი დავიწყებოდა და მიეტოვებინა. მალი, არეული ნაბიჯებით დაბორიალობდა პალატიდან პალატში. თურმე შესაძლებელი ყოფილა კაცის კიდევ უფრო მეტი გაფითრება - მთლად შემზარავი ფერი დასდებოდა სახეზე, თვალები სულ უფრო მიბუნდვოდა. ხანდახან თუ გაისმოდა, მისი ჩაყრუებული ხმა და თითქოს მეტისმეტი შიშითო, შესაზარელად უკანკალებდა ახლა ყოველი სიტყვის წარმოთქმისას. ზოგჯერ გავიფიქრებდი, ეს მგრძნობიარე კაცი თავის შემჭირვებელ რაღაც იდუმალებას ებრძვის და ამ იდუმალების გასაგებად ვაჟკაცობას იკრებს-მეთქი. ზოგჯერაც ასე გავივლებდი გულში, ეს ყველაფერი ხელქმნილის აუხსნელი, უბრალო ახირებაა-მეთქი. მართლაც, აკიღა ვხედავდი საათობით სიცარიელეში მაცქერალს, თითქოს დაჟინებით აყურადებდა სიზმარეულ ხმებს. რაღა გასაკვირია, მისი ასეთი ყოფა მეც მზარავდა. ნელ-ნელა, მაგრამ ცხადლივ ჩამითრია მისმა მგზნებარე ფანტაზიებმა, შთამაგონებელმა ცრურწმენებმა.

   განსაკუთრებით ეს ვიგრძენი ერთ გვიან საღამოს, დასაძინებლად რომ დავწექი, მეშვიდე თუ მერვე დღეს მას შემდეგ, რაც ლედი მედელეინი სარდაფში დავასვენეთ და რაც ასე განვიცადე. ახლოსაც არ გამკარებია ძილი, საათი საათს მისდევდა. გონითი ძალისხმევით ვცდილობდი ჩემი მომცველი ნერვული აგზნების მოთოკვას. თავის ჩაგონებას ვლამობდი, მეტწილ თუ არა, ძირითადად მაინც ჩემი ასეთი განწყობილება დარბაზის ზარდამცემი, მოშავბნელებული ავეჯით, მრუმე და მოძონძილი ფარდაგების ბრალია-მეთქი. შემაძრწუნებელი გამხდარიყო ეს ფარდაგები უფრო და უფრო გამძვინვარებული ქარიშხლის გამოისობით, მკვეთრად დაქანაობდნენ კედლებზე, სარეცლის კიდეების გარშემო დატლაშუნობდნენ მძიმედ. მაგრამ ვერაფერს გავხდი. დაუძლეველმა ძრწოლამ თანდათანობით დამიარა თავით ფეხამდე, დაბოლოს ბოროტმა სულმა სუნთქვა შემიკრა უსაგნო შიშით. გულგახეთქილმა დავძლიე თავი, წამოვიწიე და თვალი აღარ მომიცილებია დარბაზის უკუნეთისთვის. ყური მივუგდე, რად - არ ვიცი, რაღაცამ ქვეშეცნეულად თუ მამცნო ბუნდი, გაურკვეველი ხმები, კარგა ხანგამოშვებით რომ მოისმოდა ქარიშხლის სულის მოთქმისას, მაგრამ საიდან, ვეღარ მივხვდი. იმწუთას ჭკუადახშულს, დიდად შეძრწუნებულს გული ჩამწყდა და სწრაფად ტანთ ჩავიცვი (ამაღამ ძილი აღარ მეწერა), ოთახში ბოლთის ცემით იქნებ ჩემს თავს მოწეული ეს სატანჯავი მოვიშორო-მეთქი.

   სულ რამდენჯერმე გავიარე ამგვარად; უცებ, გვერდით კიბეზე მცირე ხმაურმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. აშერის ფეხის ხმა ვიცანი, წამის შემდეგ ფრთხილად დააკაკუნა და შემოვიდა სანათით ხელში. სახე, ჩვეულებრივ, მომაკვდავივით ჰქონდა გადაფითრებული, მაგრამ თვალები ახლა გიჟივით უბრწყინავდა, დაუოკებელი ისტერიის ნიშანი ნათლად დასტყობოდა მთელ მის საქციელს. შემზარა ამ შესახედაობამ, მაგრამ ასერიგად დამთრგუნველ ჩემს მარტოობას ახლა ყველაფერი მერჩია და შვებით შევხვდი მის შემოსვლას.

- ვეღარაფერს ხედავ? - რამდენიმე წამით წინ უხმოდ მაცქერალმა, ნაწყვეტ-ნაწყვეტად წარმოთქვა ცოტა ხნის შემდეგ, - ნუთუ ვეღარაფერს ხედავ? მაგრამ, სუ! აი ნახავ, - თქვა ეს და ფრთხილად დაუწია სანათს, ერთ-ერთ სარკმელთან მიირბინა და ფართოდ გამოაღო.
კინაღამ წაგვაქცია ანაზდად შემოჭრილი ქარის კვეთებამ. მართლაც, ქარიშხლიანი, მკაცრი მშვენიერებით მომაჯადოებელი ღამე დამდგარიყო, განუმეორებელი თავისი ზარითა და სილამაზით. ჩვენს მეზობლად იყო, როგორც ჩანს, გრიგალის სათავე, რაკიღა ყოველ წამს იცვლიდა მიმართულებას ქარაშოტი. განუჭვრეტელი ღრუბლები (სასახლის კოშკურებსაც კი რომ ჩამოსწვდომოდნენ) მოქროდნენ ყოველი მხრიდან და სწორედ ამ არე-მიდამოში ირეოდნენ ერთმანეთში ცოცხალი სულებივით, აქ დაესრულებინათ თავიანთი გზა. ღრუბლებს მეტისმეტი სიშავე არ გვიშლიდა-მეთქი ამ სურათის ხილვას, თუმცა აღარც მთვარისა და აღარც ვარსკვლავების შუქის ნატამალი, აღარც ელვის გაელვება შეინიშნებოდა. მაგრამ ცარგვალის შერთულ-შენივთებულ, გულისმომწყვლელ ოხშივარქვეშ, ისევე როგორც მიწიერ საგნებზე ჩვენ გარშემო, არაბუნებრივი მქრქალი ნათელი იდგა და კარგად ჩანდა სასახლეს ზემოვლებული და გარშემობურვილი აირი.
- ნუ, ამას ნუ უყურებ, - ძრწოლამორეულმა ვუთხარი აშერს, ნაზად ხელი მოვხვიე, სარკმელს მოვაშორე და სავარძლისკენ წამოვიყვანე, - ასე რად შფოთავ, ჩვეულებრივი ელექტრული მოვლენაა ეს სურათი ან, შესაძლოა, კიდევ რაღაც, შემპალი, მიაზმიანი ტბის მყრალი წიაღიდან წარმომდგარი. მოდი ერთი, სარკმელი დავკეტოთ, ჰაერი სუსხიანია და შეიძლება გაცივდე. აი, ეს შენი საყვარელი სარაინდო რომანი, მე წაგიკითხავ, შენ კი მომისმინე; და ეს საღამო ასე გავატაროთ, ერთად.

   სერ ლანსელოტ კენინგის თხზულება გამოდგა ეს ძველი წიგნი - „შლეგური შეხვედრა“. მართალი არ ვიყავი, რაღა თქმა უნდა, და აშერის საყვარელ წიგნად უფრო ნაღვლიანი ხუმრობით მოვნათლე. ნამდვილად ვერაფერი საკითხავი იყო ეს ნაწარმოები, ვერაფერს ნახავდა კაცი მოუქნელ, უღონო მრავალსიტყვაობაში ისეთს, რითაც საზრდოობდა ჩემი მეგობრის დიდებული სული. მაგრამ ახლა მხოლოდ ეს ერთი წიგნი მომხვედროდა ხელში და ცოტა იმედიღა მქონდა, იქნებ მოეშვას სულ უფრო მზარდი მღელვარება-მეთქი (სულიერი აშლილობის ისტორიები ხომ სავსეა საოცარი ანომალიებით). შეიძლება ეს მოეხდინა თუნდაც ისეთ ჭკუამიუტანებლად დაწერილ წიგნს, რომლის წაკითხვასაც მე ვაპირებდი, მართლაც, ცოცხლად, დიდი გულისყურით რომ მისმენდა, თუ არ ვცდები, ასე გავიფიქრე, გადავრჩი-მეთქი. ცნობილ ამბამდე მოვატანე - „შეხვედრის“ გმირი ეთელრედი მეუდაბნოვის სამყოფელში ჯერ ამაოდ ცდილობს მშვიდობიანად შესვლას, მერე ასე გადაწყვეტს, ძალით შევალო, თუ გახსოვთ, აი, ეს ადგილი: „და ეთელრედს, უშიშოს, ვითარცა უხორცოს, ახლა მეტადრე მომატებოდა ძალი შესმული ღვინით, აღარაფერი უთქვამს გაბოროტებული და გაკერპებული მეუდაბნოვისთვის, მაგრამ საკუთარ მხრებზე წვიმის თქეშის შემგრძნობელმა იფიქრა, ვაითუ უფრო იმძლავროსო ქარიშხალმა, აღმართა არგანი, დასცხო ძელებს კარისას, შეამტვრია და რკინისთათმანშეჭურვილი ხელი შეჰყო. მერე მიჰყვა დაა მიჰყვა, გლეჯითა და მსხვრევით მილეწ-მოლეწა აქაურობა, და დადგა ხმაური და აღივსო ტყე ზათქითა და გრუხუნით“.

   ამ სიტყვებზე შევკრთი, წამით შევჩერდი, რადგან ასე მეგონა (თუმცა მაშინვე გავიფიქრე, იქნებ, ჩემმა წამონთებულმა გონებამ თუ შემაცდინა-მეთქი), თითქოს ციხე-დარბაზის შორეული კუნჭულიდან ჩემს ყურამდე მოაღწია იმან, რაიც თავისი ზუსტი მსგავსების გამო შეიძლებოდა ყოფილიყო ექო (მთლად მიყრუებული და ჩუმი, რაღა თქმა უნდა) სწორედ იმ მსხვრევისა და მტვრევის ხმისა, სერ ლანსელოტი რომ გადმოგვცემდა ასე წვრილად. ეჭვი არ იყო, ამ თანხვდენილობის გამო შევნიშნე ეს ყველაფერი; სარკმლის ჭრაჭუნს შერთული მომძლავრებული ქარიშხლის ზუზუნში თავისთავად ამ ხმაურს აგრერიგად არ უნდა შევეშფოთებინე. კითხვა განვაგრძე: „მაგრამ რაინდი ქველი, ეთელრედ, მთლად წამოინთო რისხვით და კიდევაც გაოცდა, რაკიღა იქ შესულს კვალიც აღარსად დახვედრია მეუდაბნოვესი, რომლის ნაცვლად ვერცხლისფეროვანი ფილებით გაწყობილ იატაკზე ჯერეთუნახავი ქიცვოვანი გველეშაპი დაყურსული დარაჯობდა ოქროს სასახლეს, და იმის ზემოთ, კედელზე ბრჭყვიალებდა ბრინჯაოს ფარი ასეთი წანაწერით: „ვინც შემოვა აქ, უშიშოა, ვეფხის დარი; ვინც მოაღორებს გველეშაპს, დარჩება ფარი“. და დაჰკრა ეთელრედმა, დაუგორდა გველეშაპის თავი ფერხთით, ამაზრზენი ღმუილით აღმოხდა ჟამიანი სული გველეშაპს, ყურებში თითი დაიცო ეთელრედმა, აღარ მომეახლოსო ეს შემაძრწუნებელი ხმა; აქამომდე მისი მსგავსი არასოდეს გაუგონია“.

   უცებვე შევწყვიტე კითხვა და სიტყვა პირში გამიშრა, აღარ ვეჭვობდი, ახლა ნამდვილად მესმოდა (თუმცა საიდან - არ ვიცი) ჩუმი, მართლაც შორიდან ამომავალი, მკვეთრი, ხანგრძლივი და გასაოცარი ყვირილი თუ ღრჭიალი - ჩემს წარმოდგენაში გველეშაპის ღმუილის ზუსტი გამოძახილი, როგორც ამას მოგვითხრობდა „შეხვედრის“ შეთხზველი. კიდევ ერთი ასეთი უჩვეულო თანხვდომილების გამო აუარება ურთიერთსაპირისპირო გრძნობა რომ მომეძალა და ამ გრძნობებში უფრო ერთმანეთის მონაცვლე გაოცება და შემზარაობა გამოიკვეთა, გული საგულეს აღარ მქონდა, მაგრამ მხნეობა მოვიკრიბე და არაფერი დავიტყვე, ვაითუ ჩემს ნერვულ ამხანაგს რამე მოუვიდეს-მეთქი. ჯერ კიდევ აზრზე არ ვიყავი, არ ვიცოდი, ნამდვილად გაიგონა თუ არა ეს ხმები; რამდენიმე წუთში უცნაურად კი გამოიცვალა. იმთავითვე ხომ ჩემ პირდაპირ იჯდა, ახლა თანდათან აბრუნებდა სავარძელს, ასე რომ, ბოლოს პალატის კარს დააცქერდა; და ამგვარად, ნაწილობრივ ვხედავდი მის სახეს, თუმცა ეს შევნიშნე - ტუჩები უთრთოდა და თითქოს ჩურჩულებდა ხმაგაუღებლივ, თავი მკერდზე ჩამოვარდნოდა, ძილით კი არ ეძინა, ეს ვიცოდი - ფართოდ გახელოდა და გაშეშებოდა თვალები, როგორც ეს გვერდიდან დავინახე. მის ღვიძილს ესეც მოწმობდა, ძლივს შესამჩნევად და თანაზომიერად ქანაობდა შეუჩერებლივ. ყველაფერ ამას რომ შევასწარი თვალი, სერ ლანსელოტის თხზულების კითხვა განვაგრძე: „და ახლა ჩვენს რაინდს, ცეცხლისმფრქვეველ გველეშაპს რომ გაუსწორდა, მოაგონდა აწ ჯადოახსნილი ბრინჯაოს ფარი, ლეში გვერდზე მიაგდო ფეხისკვრით და იატაკზე დაგებული ვერცხლოვანი ფილებით მხნედ მიაშურა ფარს. ჯერ კიდევ არ მიახლოვებოდა და ფარმა ვერცხლოვან იატაკზე მის ფერხთით მოიღო უდიდესი და შემზარავი ჟღრიალი“.

   სიტყვა არ გამესრულებინა, ამ წამს თითქოს მძიმედ დავარდნილიყოს ვერცხლით მოკეთებულ იატაკზე ბრინჯაოს ფარი, მართლაც შევიცანი შორეული, მიბუნდვილი ექო ლითონის ჟღრიალისა, თავზარდაცემული ფეხზე წამოვდექი, მაგრამ შეუშფოთებლივ, გამოზომილად ირწეოდა აშერი. მის სავარძელთან მივიჭერი, რაღაცას მისციებოდა, სახე გაქვავებოდა, მაგრამ მხარზე ხელი მოვკიდე თუ არა, თავით ფეხამდე ძრწოლამ დაუარა, უღონო მთრთოლარე ღიმი მოუვიდა ბაგეზე, აჩურჩულდა მალიად, ძლივს გასაგონად, თითქოს აღარც ახსოვდა ჩემი აქ ყოფნა. დავაყურადე, დაბოლოს ჩავწვდი მისი სიტყვების შემაძრწუნებელ მნიშვნელობას: - ვეღარაფერს ვგებულობდი? არა, მესმის და ადრეც მესმოდა. დიდი, დიდი ხანია - მრავალი წელი, მრავალი წუთი, მრავალი საათი, მრავალი დღე მესმის, და მაინც ვერ ვბედავდი - ჰოი, მაპატიე მე უბედურს! - ვერ ვბედავდი, სიტყვის თქმასაც ვერ ვბედავდი! სამარეში ცოცხალი ჩაგვიდვია! მეტად მგრძნობიარე სულისა და გულის კაცი რომ ვარ, არ მითქვამს შენთვის? ახლა გეტყვი, კუბოდანვე ამომესმა მისი პირველი შეტოკება. მრავალი, მრავალი დღის წინაც მესმოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი, ვერაფერის თქმას ვერ ვბედავდი! და ახლა, ამ ღამით, ეთელრედ ..ჰა!ჰა! მეუდაბნოვის კარის მმტვრეველი, ღრიალი სასიკვდილოდ დაჭრილი გველეშაპისა და ფარის ჟრარუნი! - უნდა მიმხვდარიყავი, მისი კუბოს მტვრევა და მისი საპყრობილის რკინის კარის ჭრიალი ბრძოლა იყო თურმე ბრინჯაოთი მოჭედილი გვირაბის თაღებქვეშ. ჰოი, სადღა წავიდე? მალე აქ ამოვა! განა მისი გამალებული ფეხისხმა არ მესმის? განა კიბეზე არ მოიჩქარის ჩემი სულსწრაფობის დასაყვედრებლად? ხომ მესმის, რა მძიმედ, რა შემზარავად უცემს გული! - აქ ზეზე წამოიჭრა და თითქოს სული ამოიყოლაო, მთელი ხმით დაიყვირა, - უგუნურო! გეუბნები, ის აქ, კარს უკანაა! თითქოს ამ სიტყვების ზეკაცური ძალას რაღაც ჯადოც გამოაჩნდაო და იქ, სადაც ხელი გაიშვირა, ნელა იხსნებოდა ვეებერთელა ძველებური დარაბები, მეყსეულად მძიმედ დაიღო შავი ხახა. ქარიშხლის კვეთებას მოეხდინა ეს თურმე, ხოლო კარს უკან იდგა მაღალ-მაღალი, სუდარაში გახვეული ლედი მედელეინ აშერი. სისხლის შხეფებით მოსვროდა ქათქათა სამოსელი და აშკარად ეტყობოდა, ნაბრძოლი იყო მისი ქანცმიხდილი სხეული. რამდენსამე წამს ზღურბლზე მდგარი თრთოდა და ირწეოდა, შემდეგ კვნესით ხელებში ჩაუვარდა ძმას, ახლა კი სასიკვდილო ვაებით კრუნჩხვამოვლილმა ძირს დაიყოლია მისი აწ უკვე გვამი, მსხვერპლი ადრევე განჭვრეტილი შემზარაობისა.

   გულგახეთქილმა სირბილით დავტოვე ეს პალატი და ეს სასახლე. ძლივსღა გამოვიკვლიე გზა ქარაშოტში. გონს რომ მოვეგე, თურმე ერთ ძველ ხეივანში გავრბოდი. რაღაც შემაძრწუნებელმა ნათელმა სავალი უცებ გადამინათა, იქით გავიხედე, საიდანაც მოდიოდა ეს უჩვეულო ბრკიალი; რაკი ვეებერთელა, ჩრილოვანი სახლიღა მეგულებოდა უკან. სიხსხლისფრად შეფერილი სავსე და დამავალი მთვარე ბრდღვიალებდა იმ ძლივს შესამჩნევ ბზარში, შენობის სახურავიდან საძირკვლამდე რომ ეშვებოდა კლაკნილად. მალიად ფართოვდებოდა ეს ბზარი; მძვინვარედ დაუბერა ქარმა, მოულოდნელად ჩემ თვალწინ გაიპო მნათობი; ცადაღმართული კედლები რომ გადმოიმზღვრა, სულის წიაღ მომეახლა მოელვარე წრეები, თითქოს ათასმა ჩანჩქერმა იხუვლაო, რაღაცამ ხანგრძლივ გაიღო ზრიალი და ჩემ ფერხთით მოშავბნელებულმა, უძირო ტბის წყალმა ავად და უხმაუროდ ჩანთქა ნამუსრევი აშერების სახლისა.

ტეგები: Qwelly, ალან_პო, აშერი, დეტექტივი, დრამა, ლიტერატურა, პო

ნახვა: 3708

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters