შრომის უსაფრთხოება

კურსის დასახელება: სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში

კურსის ხელმძღვანელი: მაია არავიაშვილი

კვლევის ავტორები : ანანო გაბისონია, ქეთევან პოპიაშვილი, ნინო მიმინოშვილი, საბა კობერიძე

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2020

შესავალი

სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების დაცვა დასაქმებულთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამშენებლო სექტორში ძალიან დაბალია უსაფრთხო შრომის პირობების დონე, აქედან გამომდინარე ხშირია დასაქმებულების დაზიანებისა და გარდაცვალების ფაქტები. განსაკუთრებით ისეთ ადგილებზე, როგორიცაა მშენებლობის ობიექტები, შახტები და მაღაროები. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სამუშაო ადგილზე 2011-2018 წლებში დაშავდა 1081 და დაიღუპა 376 ადამიანი.[1] ამ სავალალო შედეგების მიზეზი კი ის არის, რომ ამ სფეროზე პასუხისმგებელი ორგანოები მათი არაეფექტური მუშაობის გამო ვერ იცავენ ადამიანებს, მათი დასაქმების ადგილებზე დაღუპვისა და დაშავებისაგან. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (MOH), საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (GTUC) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქტიურად არიან ჩართული შრომის უსაფრთხოების დარღვევების პრევენციისთვის საჭირო კანონებისა და რეგულაციების დანერგვაში. მიუხედავად ამისა, უბედური შემთხვევების რიცხვი საგრძნობლად არც ბოლო წლის განმავლობაში შემცირებულა, ამის მაგალითია 2019 წლის იანვარი/მარტში სამუშაო ადგილებზე მომხდარი უბედური შემთხვევების სტატისტიკა, დაღუპული 14 ადამიანი, აქედან 11 მშენებლობაზე და დაშავებული 10 ადამიანი, აქედან 3 მშენებლობაზე[2].

სწორედ არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე შევარჩიეთ ჩვენი კვლევის თემად „შრომის უსაფრთხოება“, რომლის ფარგლებშიც გვინდოდა განგვესაზღვრა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის დონე შრომის უსაფრთხოების საკითხებში, ასევე მათი თანამშრომლობის ხარისხი სახელმწიფოსთან.

კვლევის თემის და ობიექტის განსაზღვრა

ჩვენი კვლევის თემას წარმოადგენს, შრომის უსაფრთხოება საქართველოში. კვლევის ობიექტს კი წარმოადგენდა საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც მუშაობს შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესებისათვის. „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (GTUC) დამოუკიდებელი, არაკომერციული სამოქალაქო ორგანიზაცია“ „ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ „სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრი“ „შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ასოციაცია“ . კონტენტ ანალიზის მეშვეობით შევისწავლეთ მათი აქტივობები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი კვლევის მიზანი იყო გაგვეგო როგორია საქართველოში არსებული ფორმალური არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის დონე შრომის უსაფრთხოების საკითხებში, გამოვიყენეთ კვლევის მეთოდი - კონტენტ ანალიზი, რომლის ფარგლებშიც სხვა და სხვა კვლევებსა და სტატისტიკებზე დაყრდნობით უფრო დაზუსტებით შევიტყეთ, რამდენად ხშირია მუშების დაღუპვისა და დაზიანების შემთხვევები დასაქმების ადგილებზე, ასევე შევისწავლეთ ის მოცემულობები, რომლებიც ყველაზე ხშირად ხდება ამის მიზეზი. გავიგეთ, ზემოთ დასახელებული ორგანიზაციების გარდა, სხვა რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ მოცემულ პრობლემაზე და რა ღონისძიებებს ატარებენ იმისთვის, რომ გაიზარდოს დასაქმების ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის დონე და ხარისხი. მოვიძიეთ ინფორმაცია ბოლო წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ამ სფეროში წარდგენილ და დამტკიცებულ კანონებთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციის ჩვენს მიერ მოპოვებულ სტატისტიკებთან (უბედური შემთხვევების სტატისტიკა) შედარებამ კი საშუალებას მოგვცა დაგვესვკნა რამდენად ეფექტურია მათი ჩართულობა და მუშაობა შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ჩვენი კვლევის სწორად წარმართვისთვის აუცილებლად მივიჩნიეთ შემდეგი მახასიათებლების ჩამოყალიბება:

  • რამდენად ხშირია შრომითი უსაფრთხოების დარღვევა.
  • როგორია სახემწიფოს როლი .
  • როგორია დამსაქმებლის როლი და რა წვლილი შეაქვთ დასაქმებულის უსაფრთხოებაში.
  • რას აკეთებენ სამოქ.საზოგადოებები იმისთვის რომ შემცირდეს შრომ. უსაფრთხოების დარღვევები.
  • რამდენად ხშირად და რა გზებით აპროტესტებენ სამოქ.ორგანიზაციები შრომითი უსაფრთხოების დარღვევებს.
  • რამდენად შედეგიანია მათი პროტესტი.
  • რამდენად თანამშრომლობენ არსებული სამოქ.საზოგადოებებბი სახელმწიფოსთან, აწვდიან თუ არა საკანონმდებლო და რეფორმების იდეებს შესაბამის ორგანოებს.
  • რამდენად უზრუნველყოფენ მიწოდებული კანონების დამტკიცებას.

შეზღუდვები

რესპოდენტთა მოძიება.

კვლევის დასაწყისში დაგეგმილი გვქონდა ორი სიღრმისეული ინტერვიუ. ერთი - სამშენებლო კომოანიის მენეჯერთან ხოლო მეორე პროპკავშირების წევრთან . უკანასკნელთან შეხვედრა ვერ მოხდა რესპოდენტის დროის სიმცირის გამო, მაგრამ გამოგვიგზავნა მასალა , რაზე დაყრდნობითაც გავაკეთეთ კონტენტ ანალიზი .

ჰიპოთეზა

ბოლო ხანებში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი ადამიანების მატება, გვაფიქრებინებს, რომ ჩვენს ქვეყანაში შრომითი უსაფრთხოება არ არის საკმარისად დაცული.

კვლევის მეთოდოლოგია

აღნიშნული კვლევის ჩასატარებლად ჩვენ გამოვიყენეთ კვლევის თვისებრივი მეთოდი კონტენტ ანალიზი, რომლის საშუალებითაც შევისწავლეთ ჩვენს მიერ შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციების ვებ–საიტები, უბედური შემთხვევების სტატისტიკები და ამ საკითხებთან მდგომი სხვა არსებული დოკუმენტები.

ვადები : კონტენტ ანალიზი, 2020 წლის იანვარი - თებერვლის თვეში.

შედეგები

კვლევის ფარგლებში მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ გაგვენალიზებინა უბედური შემთხვევების სტატისტიკური მონაცემები და სახელმწიფოს როლი თავიდან აიცილოს მსგავსი შემთხვევები.

  • მახასიათებელი : რამდენად ხშირია შრომითი უსაფრთხოების დარღვევა.
  • როგორია სახემწიფოს როლი .

2015 წლის აპრილში, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა. თუმცა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ საწარმოო ტრამვების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა მაჩვენებელი, დეპარტამენტის ფუნქციონირების პერიოდში არათუ მცირდება, არამედ გაზრდილია. 2016 წელს, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული.

შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულთა დაშავების და გარდაცვალების მაღალი და მზარდი სტატისტიკა დასაქმების ადგილებზე შრომითი უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობის პრობლემას ცხადად წარმოაჩენს. წლების მანძილზე სახელმწიფოს მხრიდან შრომითი უფლებების დაცვის კუთხით გატარებული პოლიტიკა და გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია და ადეკვატურად ვერ პასუხობს დასაქმებისადგილებზე შრომითი უფლებების დარღვევების გამოწვევებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2011-2016 წლებში საწარმოო შემთხვევების შედეგად 270 ადამიანი გარდაიცვალა, 776 კი დაშავადა. 2016 წელს საწარმოო შემთხვევების დროს 58 ადამიანი დაიღუპა, 85 დაშავდა. აღნიშნული სტატისტიკა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) გაავრცელა.

  • ინსპექტირების დეპარტამენტის არსებული მექანიზმით, არ შეუძლია დასაქმების ადგილზე წინასწარი თანხმობის გარეშე მივიდეს შესამოწმებლად;
  • მის მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულება კომპანიებისთვის არ არის სავალდებულო;
  • ვერ უზრუნველყოფს შრომითი უფლებების დარღვევის პრევენციასა და არსებულ დარღვევაზე შესაბამის რეაგირებას.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ამგვარად ფუნქციონირების პირობებში ვერ ახერხებს პრევენციული და რეაგირებითი ფუნქციის სრულყოფილად შესრულებას და დასაქმების ადგილებზე უსაფრთხო სამუშაო გარემოს არსებობის უზრუნველყოფას, რასაც ცხადყოფს მშრომელთა ჯანმრთელობის დაზიანებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი.

მახასიათებელი : როგორია დამსაქმებლის როლი და რა წვლილი შეაქვთ დასაქმებულის უსაფრთხოებაში.

კვლევის ჩატარებისას მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ გაგვეანალიზებინა, დამსაქმებლის როლი უსაფრთხოების ნორმების დაცვაში. ამისათვის ჩავატარეთ სიღრმისეული ინტერვიუ კომპანიის მენეჯერთან , სადაც წინა წლის გაზაფხულზე მოხდა უბედური შემთხვევა , რომელიც დასრულდა მსხვრპლით . საინტერესო იქნებოდა გავეანალიზებინა შემთხვევა და მომხდარი უბედურების მიზეზები.

სიღმრისეული ინტერვიუს დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ რომ წესები და კანონები იცვლება სავალალო შედეგების დადგომის შემდეგ . უბედურ შემთხვევამდე მხოლოდ მუშების გონიერებას ენდობოდნენ, ანუ ადამიანს სამსახურში მისვლისას, დილის საათებში, მხოლოდ საბუთზე აწერინებდნენ ხელს, რომ აღიჭურვებოდა სათანადო დაცვით და ასევე დაიცავდა უსაფრთხოების წესებს. ხოლო მას შემდეგ რაც უბედური შემთხვევა მოხდა, საჭიროდ ჩათვალეს ცალკე მაკონტროლებელი ადამიანის პოზიციაზე დანიშნვნა, რომელიც მუშებს უშუალოდ მუშაობის პროცესში შეამოწმებდა , ასრულებდნენ თუ არა სამუშაოს ყველა ნორმის დაცვით.

ინტერვიუერი: ერთი კითხვა დამრჩა და აღარ შეგაწუხებთ, აი ამ ყველაფრის მერე თუ გაურთულდათ რაიმე, თუ გამკაცრდა ზომები უფრო სწორედ. მაგალითად თუ არსებობს ადამიანი ვინც შეამოწმებს ნამდვილად გაიკეთა თუ არა ამ ადამიანმა ეს თოკი.

რესპოდენტი : ამ ყველაფრის მერე , კი მოხდა ის რომ გარდა იმისა რომ დილით უტარდებათ ტრენინგი და ამოწმებენ გაიტანეს თუ არა ეს ნივთები , მუშაობის პროცესში ხდება კიდევ დამატებითი კონტროლი და შემოწმება რომ ხომ ნამდვლად ასრულებენ მათ უსაფრთხოების წესებს და ასე ხომ მუშაობენ .

ასევე დავადგინეთ რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში , თვითონ დასაქმებული ადამიანები ვერ აანალიზებდნენ რისკებს და იმ სავალალო შედეგებს რომელიც მოყვა მათ სამშენებლო კალათაზე ასვლას, დამცავი თოკების გარეშე .

რესპოდენტი: კი ბატონო, ანუ მათ დილას ხელი მოწერილი ქონდათ ამ უსაფრთხოებაზე როგორც ყოველთვის, როგორც ხდება ხოლმე მაგრამ ატანილი ქონდათ დამცავი ქამრები უბრალოდ ისე მოხდა რომ სიმაღლეზე ასვილს შემდეგ არ ეკეთათ ეს ქამრები.

მაგრამ ასევე შეიძლება ისიც დავუშვათ, რომ მათ უბრალოდ დაავიწყათ ამ ქამრების გაკეთება, სწორედ ამიტომ არის მნიშნელოვანი მკაცრი რეგულაციები, რომელიც როგორც ავღნიშნეთ მხოლოდ იმის შემდეგ შეიცვალა რაც მოხდა უბედური შემთხვევა . ახლა სამუშაო პროცესშიც არის მეთვალყურე , ვინც ამოწმებს , სრულდება თუ არა წესები.

მახასიათებელი:

  1. რას აკეთებენ სამოქ.საზოგადოებები იმისთვის რომ შემცირდეს შრომ. უსაფრთხოების დარღვევები.
  2. რამდენად ხშირად და რა გზებით აპროტესტებენ სამოქ.ორგანიზაციები შრომითი უსაფრთხოების დარღვევებს.

ჩვენი კვლევის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, შრომითი უსაფრთხოების საკითხებში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის დონის განსაზღვრა იყო. იმისთვის, რომ გაგვეგო რა წვლილი შეაქვთ მათ დასაქმებულების დაცვასა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ჩვენს მიერ შერჩეული რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია კონტენტ ანალიზის გამოყენებით შევისწავლეთ.

სოციალურ ქსელში და ოფიციალურ ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ სიახლეებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე აქტიურად შრომითი დარღვევების აღმოფხვრის განხრით საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მუშაობს. ორგანიზაციის წარმომადგენლები გვერდით უდგანან დაზარალებულებს, როგორც აქციებზე და გაფიცვების დროს, ასევე სასამართლო პროცესებზე. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ბოლო პერიოდის სიახლეებზე გავამახვილეთ ყურადღება, მაინც არა ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა აღმოვაჩინეთ. მიღწევებში კი იგულისხმება, ორგანიზაციის იურისტების მიერ დაზარალებული თანამშრომლების ინტერესების დაცვით მოპოვებული გამარჯვებები. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ 2020 წლის 29 იანვარს დასრულებული სასამართლო დავა, რომელიც მიმდინარეობდა კომპანია „რუსთავის აზოტი“-სა და მის მიერ უსამართლოდ განთავისუფლებულ თანამშრომლებს შორის. დაზარალებულების ინტერესებს პროფკავშირების ადვოკატი თამარ სურმავა იცავდა, რომელმაც მათი სამსახურში აღდგენა და დაკარგული სამუშაო დროის ანაზღაურება შეძლო. გარდა ამისა, 2020 წლის 20 იანვარს სპკგ-ის იურისტის, სერგო მახარაძის მხარდაჭერით გამარჯვება მოიპოვეს სალონ „ბელეცას“ თანამშრომლებმაც, რომლებიც დამსაქმებლისგან სახელფასო დავალიანების დაფარვას მოითხოვდნენ.

სასამართლო პროცესებში მონაწილეობის გარდა, ორგანიზაციის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ დაზარალებული თანამშრომლების მიერ გამართულ აქციებსა და გაფიცვებშიც. უახლოეს წარსულში, 23 იანვარს, ქუთაისში გამართულ აქციაზე 200-მდე ადამიანი მეტალურგიულ ქარხანაში „ამბიკონ სტილსი“ არსებულ დარღვევებს აპროტესტებდა. მათთან ერთად აქციაში მონაწილეობდა პროფკავშირების იმერეთის ოფისის წარმომადგენელი ირაკლი მხეიძე, რომელიც ხაზს უსვამდა საწარმოში როგორც უსაფრთხოების შესახებ კანონის, ასევე შრომის კოდექსის დარღვევების არსებობას. ორგანიზაციის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ 24 იანვარს, ნავთობკომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ თანამშრომლების გაფიცვაშიც, რომლებიც სახელფასო დავალიანების დაფარვას მოითხოვდნენ. ორგანიზაცია იზიარებდა დასაქმებულთა პროტესტსს და ჩართული იყო კომპანიასთან მოლაპარაკებების წარმოებაში.

იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ საკმაოდ ხშირია დასაქმების ადგილზე თანამშრომლების დაზიანებისა და გარდაცვალების ფაქტები და ამასთანავე ჩვენს ყოველდღიურობაში საკმაოდ რთულია ნებმისმიერი საქმის დროული და სამართლიანი გამოძიება, პროფკავშირების წარმომადგელებს უწევთ თავად ჩაერთონ ამ საკითხშიც. ამ ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბში მომხდარი უბედური შემთხვევა, მწარმოებელი კომპანიის „ჩინეთის რკინიგზის“ კუთვნილი სატვირთო ავტომობილის დაჯახების შედეგად გარდაცვლილი ადამიანის საქმე, რომელსაც რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის სპეციალისტები იკვლევდნენ. შედეგად, მათ აღმოაჩინეს, რომ კომპანიის მხრიდან ირღვეოდა სამუშაოების დაგეგმვისა და წარმოების უსაფრთხოების ნორმები და სტანდარტები. პროფკავშირები შესაბამის სახემწიფო უწყებებს მოუწოდებდა დაუყოვნებლივ დაესაჯათ კომპანია, ასევე სასამართლო ინსტანციებში იცავდა ამავე გვირაბში უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დასახიჩრებული სხვა დასაქმებულების ინტერესებს.

ტელევიზია პალიტრანიუსზე, გადაცემაში „საქმე“ მიწვეულმა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა ისაუბრა მათი საქმიანობის შესახებ, კონკრეტულად კი შრომითი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. მან ხაზი გაუსვა დასაქმების ადგილებზე გაუსაძლისი პირობების არსებობას, გამოკვეთილად ახსენა მაღაზიათა ქსელი „სპარი“, მეტალურგიული ქარხნები, მიწოდების ქსელები და სწრაფი კვების ობიექტები. გააკრიტიკა სახელმწიფო უწყებები, რომლებიც მისი თქმით ციფრებით განსაზღვრავენ მდგომარეობის გაუმჯობესებას და რეალურად წინგადადგმული ნაბიჯები არ არის: „სტანდარტები, თუ იყო -1000 დღეს არის -300, ანუ სიცოცხლისთვის საჭირო, ღირსებისთვის საჭირო გარემო ამ ქვეყანაში ფაქტია, რომ არ არის“. პრობლემის გადაჭრის გზებზე საუბრისას მან განაცხადა, რომ აუცილებელია კანონმდებლობა იყოს სრულყოფილი. სავალალო მდგომარეობის უკეთესად ასახსნელად, მაგალითისთვის მოიყვანა პროფკავშირების მიერ 6 ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ზესტაფონი, გორი.) ჩატარებული კვლევა, რომელმაც აჩვენა რომ დღეისთვის არსებული კანონები უგულებელყოფილია დამსაქმებლების მიერ, რაც გამოიხატება იმაში, რომ დასაქმებულებს არ აქვთ შვებულებები, არ ხდება ზეგანაკვეთის ანაზღაურება და ა.შ. პროფკავშირების ხელმძღვანელის თქმით, შრომის ინსპექციასთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად მათ შეძლეს არსებული სტანდარტებისა და ნორმების, შესაბამისად შრომითი უსაფრთხოების გარკვეულწილად გაუმჯობესება თუმცა მდგომარეობა ჯერ კიდევ არადამაკმაყოფილებელია.

იმ ყველაფრიდან გამომდინარე რაზეც ვისაუბრეთ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ პროფკავშირები მაქსიმალურად ჩართულია მშრომელთა უფლებების დაცვაში. ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ ყველა აქციაში, რაც დასაქმებულების მიერ იმართება, ხელს უწყობენ მათ პროტესტის სწორად წარმართვაში და შესაბამისად შედეგის მიღებაში, ასევე ეხმარებიან გაფიცულ თანამშრომლებს, კომპანიასთან მოლაპარაკებების წარმოებაში. დაზარალებულების ინტერესებს იცავენ სასამართლო ინსტანციებში, რაც საბედნიეროდ ძირითადად მათი გამარჯვებით სრულდება. გარდა ამისა ყველა მიმდინარე მოვლენას აზიარებენ საკუთარ ოფიციალურ ვებ გვერდსა და ფეისბუქ გვერდზე, რაც ემსახურება საზოგადოების ინფორმირებას და საკმაოდ მნიშვნელოვანი ნიუანსია. ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ სხვადასხვა ტელე გადაცემებშიც, სადაც ღიად აშუქებენ დარღვევებს და გულწრფელად საუბრობენ არსებულ მდგომარეობაზე, რაც არ უნდა მძიმე იყოს ის.

მეორე ჩვენს მიერ შესწავლილი ორგანიზაციაა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, იმის მიუხედავად, რომ მოცემული ორგანიზაციის ძირითად მიზანს თავისუფალი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს, ხშირად ეხმიანება შრომითი უსაფრთხოების დარღვევის ფაქტებს. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული სიახლე, რომელშიც EMC-ის სოციალური პროგრამის დირექტორი, კოტე ერისთავი მინდელის შახტში გარდაცვლილი ადამიანების ფატქს გამოეხმაურა, სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევასა და გამოძიების ხარვეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ უბედური შემთხვევების საქმის გამოძიება ძირითადად საფუძვლიანად არ მიმდინარეობს და შესაბამისად პრობლემები გადაუჭრელი რჩება.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აქტიურად მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების სფეროზე პასუხისმგებელი ორგანოების სისტემური, კოორდინირებული და პროაქტიული მუშაობა და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, სახელმწიფო მარეგულირებელი ინსტიტუტებით დაკომპლექტებული ერთობილივი ჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით. რომლებიც სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობით შეძლებენ შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევების ეფექტიან პრევენციას, ასევე შრომის უსაფრთხოების სტანდარტებზე ცნობიერების ამაღლებას და არსებული ხარვეზების გამოვლენას.

კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომლითაც დავინტერესდით, სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრია, რომელიც აქტიურად მონაწილეობს შრომითი უსაფრთხოების კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, სწორედ ამას ემსახურება ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული სემინარები შრომითი ურთიერთობების შესახებ. ეს ეხმარება სტუდენტებს მომზადებული შეხვდნენ იმ პრობლემებს რაც დასაქმების თითქმის ყველა სფეროში ელით და შეძლონ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა. გარდა ამისა, ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა პროფესიულ კოლეჯებთან და სამუშაო შეხვედრებს აწყობს მათ სტუდენტებთან, იმისთვის რომ უკეთესად გაეცნონ დასაქმების ადგილებს. ასევე ხორციელდება სხვადასხვა პროექტები, მაგალითად: დასაქმებულთა ორგანიზება, მათთვის პროფკავშირების მნიშვნელობის ცხადყოფა და მოტივირება, თავად ჩამოაყალიბონ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები სამსახურებში.

სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრი, აქტიურად არის ჩართული სამუშაო ადგილზე უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული პირობებისთვის ბრძოლაში, ასევე მხარს უჭერს და მონაწილეობს ხელისულებასთან შეთანხმებით ისეთი კანონის შემუშავებაში, რომელიც დაეხმარებათ დასაქმებულებს, გაწეული შრომის შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ. დამატებული ამ ყველაფერს, ისევე როგორც პროფკავშირები, მშრომელთა ცენტრიც ყოველთვის იცავს დაზარალებულ დასაქმებულთა ინტერესებს სასამართლოში.

შრომითი უსაფთხოების კუთხით ერთერთი ყველაზე აქტიური ორგანიზაცია აღმოჩნდა შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ასოციაცია, რომლის საქმიანობის მიზანია საქართველოში შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და ამ სფეროში ცნობიერების ამაღლებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარება. ასოციაცია ორგანზიაციებსა და საწარმოებს ეხმარება უსაფთხო სამუშაო გარემოს შექმნასა და აგუმჯობესებაში. თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებისა, ტრენინგების შემუშავებისა და ორგანიზების კუთხით. ასევე ახორციელებს ტრენინგებს, კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად შრომითი უსაფრთხოების მიმართულებით.

ასოციაციაში გაწევრიანებული არიან გამოცდილი ექსპერტები, რომლებსაც აქვთ 15 წლიანი გამოცდილება საკუთარ დარგში. ასოციაციის წევრები მონაწილეობენ, როგორც საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა/ იმპლემენტაციაში, ასევე უსაფრთხოების სპეციალისტთა მომზადებასა და გადამზადებაში. ისინი ეხმარებიან ორგანიზაციებს საფრთხეების იდენტიფიცირებასა და რისკების შეფასებაში, უზრუნველყოფენ სამუშაო გარემოს უსაფრთხოების აუდიტსა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავებას. ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვან სამშენებლო კომპანიებთან, მისი წევრები აქტიურად არიან ჩართული შრომის უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე პროცესებში და მაქსიმალურად ინფორმირებულნი არიან უახლესი სტანდარტების შესახებ.

ჩვენს მიერ კონტენტ ანალიზის მეთოდით შესწავლილი არასამთავრობო ორგანიზაციების ვებ გვერდებისა და სოც. ქსელებში განთავსებული სიახლეებიდან გამომდინარე შეგვიძლია გარკვეული შეხედულება შევიქმნათ მათი საქმიანობის შესახებ. როგორც გამოირკვა, ისინი აქტიურად არიან ჩართული დასაქმებულთა უფლებების დაცვაში, ინტერესდებიან დასაქმების სფეროებში არსებული მდგომარეობით და მხარს უჭერენ კანონებს, რომლებიც მის გაუმჯობესებას ემსახურება. მნიშვნელოვანია ის, რომ ორგანიზაციები ემსახურებიან ცნობიერების ამაღლებას შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით, ასევე მოთხოვნებითა და მოწოდებებით, რომლებიც იზიარებს დასაქმებულთა ინტერესებს, არ აძლევენ ხელისუფლებას საშუალებას არსებული პრობლემები უგულებელყოს. მონაწილეობენ მშრომელთა მიერ გამართულ აქციებსა და გაფიცვებში, იცავენ მათ ინტერესებს, აშუქებენ ყველა სიახლეს რაც შრომით დარღვევებს უკავშირდება.

გამომდინარე იქიდან, რომ როგორც უკვე აღვნიშნეთ გამოძიების სფერო ჩვენს დღევანდელობაში საკმაოდ დასუსტებულია, გარდა ამისა უკვე არსებული კანონებიც კი ხშირად უგულებელყოფილია და არ რეგულირდება, ვფიქრობთ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ყველაფრის ფონზე საკუთარ მაქსიმუმს აკეთებენ ჩართულობის მხრივ.

პროფკავშირთა გაერთიანებები და მათი მოქმედებები აღნიშნული პრობლემის წინააღმდეგ

სამოქალაქო აქტივიზმისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე სუბრისას პროფკავშირებს ვაწყდებით, რომლებიც სხვადასხვა პროფესიის გარშემო ერთიანდებიან და ქმნიან სამოქალაქო საზოგადოებას, ამა თუ იმ უფლების დასაცავად დამსაქმებლის წინააღმდეგ. გამოვიკითხეთ პროფკავშირთა გაერთიანების, ახალგზრდული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და აქტივისტი გიგა ბექაური. მას ვკითხეთ უშუალოდ გაერთიანების მიზნებზე, პრობლემებსა თუ შედეგებზე. გვაინტერესებდა საზოგადოების ჩართულობის მაჩვენებელი და სახელმწიფოს ქმედითუნარიანობა აღნიშნულ საკითხზე. „ქართული რეალობიდან გამომდინარე, როცა დასაქმებულებს უწევთ უთანასწორო ბრძოლა დამსაქმებლის წინააღმდეგ, თავიანთი უფლებების დასაცავად, მნიშვნელოვანია პროფკავშირების საშუალებით დაიცვან თავიანთი ინტერესები. პროფკავშირები არიან მშრომელთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომლის მიზანია ადამიანის შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი უფლებების დაცვა. ხშირად დამსაქმებელს ურჩევნია მაქსიმალური შედეგი მიიღოს მინიმალური დანახარჯით, რომელიც ძირითად შემთხვევაში ეწინააღმდეგება დასაქმებულთა ინტერესებს, ჰქონდეთ ღირსეული და უსაფრთხო შრომითი გარემო. იქიდან გამომდინარე, რომ ცალ-ცალკე დასაქმებულები დამოკიდებულნი არიან დამსაქმებელზე, ისინი ვერ ახერხებენ ეფექტურად თავის დაცვას აღნიშნული საკითხის მიმართ, ამიტომ პროფკავშირული გაერთიანებები ერთგვარი ბერკეტია აიძულონ დამსაქმებელი თავიანთი ინტერესების გატარებაში.“ 2018 წელს გაწერვრიანებულთა 40% 35 წლამდე დასაქმებული ადამიანია. უმეტესობა არ არის ჩართული პროფკავშირულ საქმიანობაში. ეს კი, ძირითად შემთხვევაში ინფორმაციის ნაკლებობით არის გამოწვეული. პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობისთვის უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების ჩართულობა. ამისთვის კი სხვადასხვა პარტნიორების მხარდაჭერით ათასობით ახალგაზრდას მიეწოდა ინფორმაცია შრომით-სამართლებრივ საკითხებზე და პროფკავშირების საქმიანობის შესახებ. მეტი ინფორმაციისთვის გამოცემულია პუბლიკაცია, თავად გიგა ბექაურის ავტორობით, რომელშიც აღწერილია როგორც დასაქმებულთა/დამსაქმებელთა მდგომარეობა საქართველოში, პრევენციული ზომები და სხვა, ასევე ზოგადად პროფკავშირული გაერთიანებების მნიშვნელობა და მიზნები. „გააღვიძე აქტივიზმი“ ასე ქვია აღნიშნულ გამოცემას, რომელიც ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გამოიცა, პროექტის ფარგლებში, „პროფკავშირები ახალგაზრდა დასაქმებულებისთვის.“ ახალგაზრდული გაერთიანების მიერ დაიგეგმა სხვადასხვა კამპანიები, „გახადე შრომა უსაფრთხო“, „ჭიათურა ღირსეული შრომისთვის“, „აამუშავე აგარა“ და ა.შ. „შრომის უსაფრთხოების კანონონში შეტანილი ბოლო ცვლილებიდან გამომდინარე ჩვენი პოზიცია ასეთია: შრომის უსაფრთხოების კონტროლის გაძლიერება დაგვიანებული, ამასთან ძალიან კარგი ნაბიჯია, თუმცა ნახევრად გაკეთებული საქმეა, რადგან პირობების კონტროლის გარეშე საბოლოო მიზნის შესრულება შეუძლებელია. ასევე გამჭირვალებისთვის ინსპექციის დეპარტამენტის მართვაში უნდა ჩაერთონ დასაქმებულებიც და დამსაქმებლებიც. დასაქმებულთა დიდი ნაწილი ვერ სარგებლობს შრომის კოდექსით ან სხვა ბენეფიტებით, ამიტომ აუცილებელია სახელმწიფომ ჩამოაყალიბოს შრომის ეფექტურად ინსპექტირების მექანიზმი, რომელიც კონტროლს გაუწევს, როგორც შრომის პირობებს ასევე შრომით უსაფრთხოებას და საჭიროების შემთხვევაში დააჯარიმებს კომპანიას.“


2018 წელს ცვლილებები შევიდა კანონში „შრომის უსაფრთხოებასთან“ დაკავშირებით.
კანონი ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე, საჯარო და კერძო სექტორზე. მისი მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება:

  • სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს;
  • არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს;
  • უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას;
  • დასაქმებულთა სწავლებას;
  • მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში დასაქმებულთა თანაბარ მონაწილეობას;

დამსაქმებელი ვალდებულია:

დაიცვას შრომის უსაფრთხოების წესები და ნორმები; იზრუნოს, რომ დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს; უზრუნველყოს, რომ ფიზიკურმა, ქიმიურმა და ბიოლოგიურმა საფრთხის შემცველმა ფაქტორებმა დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას საშიშროება არ შეუქმნას; აღრიცხოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევები, პროფესიული დაავადებების შემთხვევები და საშიში შემთხვევები და მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს დასაქმებულს ან/და დასაქმებულთა წარმომადგენელს; უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება; ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულებისათვის სწავლების (ტრენინგების) და ინსტრუქტაჟის ჩატარება და მათ გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია; შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართლებრივი და სხვა ნორმების და უსაფრთხო შრომის პრინციპების შესახებ;სამუშაო პროცედურების, მანქანა-დანადგარების, სამუშაო ტექნიკისა და სამუშაო აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენებისა და შეკეთების ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელოების შესახებ;საგანგებო სიტუაციების, საევაკუაციო ღონისძიებების და მათი განხორციელების შესახებ;არსებული საფრთხისა და რისკის, აგრეთვე მათი კონტროლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

როგორ ხდება კონტროლი უსაფრთხოებაზე?

  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
  • დასაქმებულთა წარმომადგენელი
  • შრომის ინსპექცია

დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები; თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი; 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.

დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის შრომის უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციების, ეფექტიანი თანამშრომლობისა და კომუნიკაციის განხორციელების მიზნით. დასაქმებულებს შეუძლიათ დასაქმებულთაგან აირჩიონ შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელი. პირი დასაქმებულთა წარმომადგენლად შეიძლება აირჩეს და დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში. იმ საწარმოში/დაწესებულებაში, სადაც 20 ან მეტი დასაქმებულია, შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელი აირჩევა დასაქმებულთა მიერ განსაზღვრული ვადით, ხმათა უბრალო უმრავლესობით. დამსაქმებელი ვალდებულია დაეხმაროს დასაქმებულებს აღნიშნული არჩევნების ორგანიზებაში. დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელს მისცეს ანაზღაურებადი, სამუშაოსგან თავისუფალი დრო კვირაში არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 საათისა და უზრუნველყოს იგი შესაბამისი აღჭურვილობით, რათა მან შეძლოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.

დასაქმებულთა წარმომადგენლის უფლებამოსილება:

  • წარმოადგინოს დასაქმებულების ინტერესები დამსაქმებელთან, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან და ზედამხედველ ორგანოსთან შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით;
  • შეამოწმოს სამუშაო სივრცე და სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა ისე, რომ ხელი არ შეუშალოს საწარმოო პროცესს, და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს დამსაქმებელს;
  • დამსაქმებელს მოსთხოვოს ინფორმაცია იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენს სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოებაზე (დამსაქმებელი, თავის მხრივ, ვალდებულია წარუდგინოს მას ეს ინფორმაცია), და განიხილოს ისინი დამსაქმებელთან და დასაქმებულებთან;
  • ითანამშრომლოს დამსაქმებელთან და წარუდგინოს მას წინადადებები სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვის ხარისხის ამაღლებასთან და მომეტებული საფრთხის შემცირებასთან/აღმოფხვრასთან დაკავშირებით;
  • მონაწილეობა მიიღოს დამსაქმებლის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებში, რომლებიც შეეხება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, აგრეთვე მოკვლევებში, რომლებითაც დგინდება მუშაობის პროცესში მომხდარი საწარმოო ტრავმების, პროფესიული დაავადებების და სხვა შემთხვევების მიზეზები;
  • ზედამხედველ ორგანოს წარუდგინოს შენიშვნები და წინადადებები ამ ორგანოს მიერ დამსაქმებლის საწარმოში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას;
  • მიმართოს შესაბამის უწყებებს, თუ დამსაქმებლის მიერ მიღებული ზომები და გამოყოფილი საშუალებები სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად საკმარისი არ არის.

შრომის ინსპექცია

შრომის ინსპექციას უფლება აქვს სამუშაო გარემო და სხვა დაკავშირებული საკითხები, რომლებიც თანხვედრაშია დასაქმებულის უფლებებთან და/ან უსაფრთხოებასთან, შეამოწმოს საწარმო დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში გამოიყენოს სანქცია: ა) გაფრთხილება; ბ) ჯარიმა; გ) სამუშაო პროცესის შეჩერება.

დასკვნა

ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც შრომითი უსაფრთხოების საკითხებში არიან ჩართული საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით და ყურადღებით ეკიდებიან საკუთარ საქმეს და მაღალი აქტივობით და ეფექტურობითაც ხასიათდებიან. კვლევის ფარგლებში შესწავლილი ორგანიზაციები ატარებენ თითქმის ყველა სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებას. მაგალითად მათი აქტივობები და საქმიანობა ატარებს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივ და არა პირად ინტერესებს, ისინი ამყარებენ კავშირებს სახელმწიფოსთან და მოუწოდებენ შესაბამის ორგანოებს ყურადღება გამოიჩინონ შრომითი დარღვევების მიმართ, ასევე მონაწილეობენ საჭირო კანონპროექტების შექმნაში. გარდა ამისა ღიად აშუქებენ და ავრცელებენ ყველა მიმდინარე მოვლენას და მათი საშუალების საზოგადოება ინფორმირებულია არსებული მდგომარეობის შესახებ.

მიუხედავად სამოქ. საზოგადოებების აქტიური ჩართულობისა, როგორც კვლევამ აჩვენა მდგომარეობა შრომითი დარღვევების კუთხით ჯერ კიდევ არ გაუმჯობესებულა. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ჰიპოთეზა დამტკიცდა, ჩვენს ქვეყანაში შრომითი უსაფრთხოება მართლაც არ არის საკმარისად დაცული, თუმცა ეს არა არასამთავრობო ორგანიზაციების არაეფექტური მუშაობით, არამედ სახელმწიფოს გულგრილობით არის განპირობებული, იქიდან გამომდინარე, რომ შესაბამის ორგანოებს არ შეუძლიათ გააკონტროლონ თუნდაც უკვე არსებული კანონები, რომელთა უმრავლესობაც სწორედ ნახსენები ორგანიზაციების მიერ არის შემუშავებული. ასევე სხვადასხვა საქმის არაეფექტურად გამოძიება და ამის შედეგად გამომწვევი პრობლემების ვერ აღმოფხვრა კიდევ ერთი მიზეზია იმის, რომ სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების რიცხვი არ მცირდება.

[1] https://emc.org.ge/ka/products/ras-vitkhovt-rodesats-vsaubrobt-shro... (31/01/2020)
[2] https://commersant.ge/ge/post/2019-ianvari-martis-periodshi-msheneb... (ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოც.დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია, საქართველოს პროფესიული კავშირები) (31/01/2020)

ნახვა: 40

ტეგები: NGO, ილიაუნი, კონტენტ-ანალიზი, საზოგადოება, უსაფრთხოება, შრომა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:25pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 2 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

ჩალის ლუდი

გამოაქვეყნა CSCCA_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Animal Crossing New Horizons has been loved by players since its initial release. Players can cultivate and maintain ideal villages on desert islands. In the game, players no longer need to be disturbed by epidemics and can also obtain a considerable number of Animal Crossing Bells in new ways. Players can make handicrafts by shopping. In addition, players can also plant fruit trees to obtain fruit outside the island at a very low price of 500 ACNH Bells. Like the real world, players also…

გაგრძელება

რწმენის ფერადი ადგილები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მაისი 24, 2020.
საათი: 9:19pm 1 კომენტარი

      მეჩეთების ფერადოვნებასა და სიჭრელეზე სტატიები არ აკლია ინტერნეტს, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო. ვიდრე პირდაპირ ნახვას შეძლებთ, იქამდე სჯობს კარგი ფოტოგრაფის კარგი ფოტოხელოვნება იპოვოთ - ფატემ ჰოსეინ აღაი (Fatemeh Hosein Aghaei) მეჩეთების სილამაზესა და მრავალფეროვნებას ირანში დაჰყვება. ისპაჰანი ამ მხრივ გამორჩეული ქალაქია ამიტომ ფოტოების უმრავლესობა სწორედ ამ ქალაქიდანაა. სპარსული კულტურა და აღმოსავლური ფერები დღევანდელი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters