ტყის პირას შეფენილი აკაციები გაეჩეხათ... ასეთი უცნაური ფორმის, ამ ზომამდე მიგრეხილ-მოგრეხილი და ღვლარჭნილი კუნძები ჯერ არ მენახა. ზღაპრულ ჯუჯებს ჰგავდნენ, ძველებური თქმულებებიდან გამოპარულებს. საერთოდ, შემიმჩნევია, მეტად ღვლარჭნილი ფორმის მიღება იციან აკაციის გადაჭრის შედეგად დარჩენილმა კუნძებმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა რამდენჯერმე გადაბელავენ ერთსა და იმავე ხეს, როცა ერთიანად ერთად გადაასხეპავენ ძველსა თუ ახალ ამონაყარს. ტოტების ადგილას გაჩენილი კორძებით მოფენილი კუნძი დაღუდუდებულ, ცოცხალ სხეულს გაგახსენებს. უჩვეულო ფორმის, მაგრამ თავისებურად მაინც ლამაზ სხეულს.

     ასე რომ, მაინც საამო სანახაობას წარმოადგენდა აკაციის ხეების თუ ზღაპრული ჯუჯების ეს თავყრილობა. ყველა მათგანი ცოცხალი იყო, წვენით პირთამდე სავსე, ფესვებით მიწაში ღონივრად ჩაზრდილი, ახალი ამონაყარისთვის გამზადებული. მწვანე ხავსის ფენა ხავერდოვანი მოსასხამივით აჰკვროდათ გვერდზე. ზომით სხვადასხვანი იყვნენ, ზოგი ფართოშტაბიანი, ზოგიც შედარებით მომცრო.

     ერთი გამოირჩეოდა მათში, ტოტი მომაღლოდ შერჩენოდა, უსწორმასწოროდ გადაბელილს. ვაჟკაცის მკლავს მოგაგონებდა, თითქოს ხელს გიწვდისო. ამ შთაბეჭდილებას ისიც აძლიერებდა, რომ ტოტი ბოლოში გადატეხილი იყო, და ის გადმონატეხიც ადამიანის ხელის მტევანივით შერჩენოდა ზედ.

      ფორმაც ხომ, სხვა კუნძზე თუ მეტად არა, ნაკლებად არ ჰქონია დაღვლარჭნილ-დაგრეხილი. კორძებს შუა, ჩაღრმავებულ გულბოყვში, წვიმის წყალს ჩაიგუბებდა ხოლმე. ცვარმაც იცოდა იქ ჩაგროვება. ადრიან დილით შემიმჩნევია, ლამის ერთ პეშვამდე მოიყრიდა თავს წვიმის წვეთები.

      განსაკუთრებით ახალშეღამებულზე გაგაოცებდათ ამ კუნძების უცნაური ფორმა და ღვარჭნილობა. ბინდბუნდის ნაზი, მკრთალი შუქი ჯადოსნურ ხიბლს მატებდა აქაურობის ისედაც იდუმალ, ზღაპრულ იერს.უფრო მჭიდრო ძაფებს აბამდა მიწის წიაღს გამორიდებულ, უცნაურ ჯუჯათა შორის. იფიქრებდი, სადაცაა მხარმკლავებს ერთმანეთს გადახვევენ და ფერხულს ჩააბამენ მეჩხერი ბალახით შემოსილ ფერდობზეო.

      სწორედ ახლადშეღამებულზე წავადექი ერთხელ თავზე ზემოხსენებულ ზღაპრულ ჯუჯებს, ანუ აკაციის ღვლარჭნილ კუნძებს.  ჩვეული იდუმალებით სუნთქავდა იქაურობა. ჯერ კიდევ შემორჩენილი, საღამოსმიერი სინათლე შეუნელებლად მქრქალდებოდა. მოძალებული ბინდბუნდი კიდევ უფრო გაურკვეველს ხდიდა კუნძების ისედაც გაურკვეველ, უცნაურად ღვლარჭნილ მოხაზულობას. ისინი ცოცხლობდნენ თავიანთი დაფარული, იდუმალი სიცოცხლით. დინჯად, აუღელვებლად ეხვეოდნენ მოახლოებული ღამის გაუმჭვირვალე საბურველში. ისე გარინდებულიყვნენ, თითქოს რაღაცას ელიანო. ეს მომლოდინე გარინდება სხვა დროსაც შემიმჩნევია მათთვის, მაგრამ ამ საღამოს რაღაც განსაკუთრებით მეცა თვალში. ასე მეგონა, საცაა შემეხმიანებიან-მეთქი.

     მკვლავშემართულ კუნძსაც ჩავუარე... სწორედ მის გვერდით გადიოდა ჩემი სავალი გზა. ჩავუარე და მეც გავუწოდე ხელი. ცხადია, არა ხელის ჩამოსართმევად. რატომღაც ძალიან მომეგუნება, შევხებოდი მის ხელის მტევანს, ანუ ზედ შერჩენილ პატარა ყლორტს.

     იქნებ უცნაურობად მოჩვენებოდა ვინმეს ჩემი ასეთი საქციელი. აბა, რომელი ჭკუათამყოფელი გაუწვდის ხელს ჩამოსართმევად უსულო, უმეტყველო მცენარეს. თუმცა მეორე მხრიდან თუ შევხედავთ, ამაში არაფერია საძრახისი და მით უმეტეს, შეუძლებელი. თუ შეგიმჩნევიათ, როგორი გულითადობით გიწვდიან ხოლმე მკლავს მცენარეები, თითქოს ძველი მეგობარი გესალმებაო. აბა, როგორ არ შეაგებებ მარჯვენას... მით უმეტეს, თუ ამ მეგობრის მწვანედ შემოსილ მკლავს ულამაზესი ნაყოფი ამშვენებს, ვთქვათ, ლოყაწითელი ვაშლი. მის მოსაწყვეტად ხელის გაწვდენა ამავე დროს ძველი მეგობრისადმი ხელის ჩამორთმევაცაა. ყოველ შემთხვევაში, მე მუდამ ასე მეჩვენება: დიახ, ხელს გაუწვდი და მადლობასაც მოახსენებ იმ ძველ მეგობარს, როცა მისი ნაყოფით პირსაც ჩაიგემრიელებ.

     ამ ძველი ჩვეულების შედეგი იყო ალბათ, როცა მე იმ კუნძსაც გავუწოდე ხელი. მიუხედავად იმისა, რომ არც მწვანედ გაფოთლილი ყოფილა იგი და არც რაიმე ნობათს მიწვდიდა ყელის ჩასაკოკლოზინებლად. გავუწოდე და მის უღონო მტევანს ხელით შევეხე.

     გრილი იყო კუნძის ხელის მტევანი, უნდა ითქვას, ზედმეტად გრილიც. მომეჩვენა, თითქოს მკვდარს ჩამოვართვი ხელი. მისი შეხებისთანავე ცივმა ჟრჟოლამ ჩამირბინა ხერხემალში და სადღაც ფეხის ქუსლებში ჩაიკარგა.

     დამაეჭვა ამ ცივმა ჟრჟოლამ, ალბათ გავცივდი-მეთქი, ვიფიქრე და ზურგი ვაქციე იმ კუნძს, რათა იქაურობას გავცლოდი. ნამდვილად არ ღირდა და არც მინდოდა ერთ მაგარ გაციებად დამჯდომოდა აქაურობის იდუმალი სილამაზით თვალის დატკბობა.

       მაგრამ ვიღაცის ამოხვნეშამ და დახშული ხმით წარმოთქმულმა უცნაურმა სიტყვებმა შემაჩერეს:

     - უუჰ, დავიღალეთ შენი ლოდინით!

     მაშინვე მივტრიალდი, ირგვლივაც დაკვირვებით მივიხედ-მოვიხედე. არანაირი არსება არ იდგა ჩემს წინ, იმ მკლავშემართული კუნძის გარდა.

     ისევ იმ კუნძს მივაპყარი თვალი, უფრო მეტი ყურადღებით შევხედე და ორი თვალი დავუნახე, ფოსფორული შუქით მოციაგე. ერთერთ კორძს ასხდნენ ეს თვალები და მე შემომცქეროდნენ.

     ვერ ვიტყვი, დიდად მესიამოვნა-მეთქი ამ უჩვეულო თვალთამზერამ, ორიოდე ნაბიჯით დავიხიე უკან და მერეღა მივბრუნდი, წამოსასვლელად, მაგრამ ისევ შემაჩერა იმავე დახშული ხმით წარმოთქმულმა სიტყვებმა:

     - კიდევ ცოტაც, განა ბევრი დარჩა...

     ვეღარ მოვერიე თავს, რომ ისევ არ მივტრიალებულიყავი მისკენ. ძალიან დამაინტერესა, რაზე უბნობდა ეს საოცრება.

     - რა დარჩა ცოტა? - ვკითხე ცნობისმოყვარეობით ატანილმა.

     - ცოცხალი სითბო, - მივიღე პასუხად.

     - ეს რაღაა?

     - შენი სხეულის სითბო.

     - მერედა, რაში გჭირდება ჩემი სხეულის სითბო, - აღარ დავამადლე პასუხი,- რომელი ცეცხლისმფრქვეველი მნათობი მე ვარ. თუ შეგამცივნა, ახლავე ცეცხლს დავანთებ. იქნებ დაგცხეს კიდეც, ისე კარგად გათბები.

     - არა! - რაღაც მეტად სევდიანად დაიჟღერა იმ საოცრების ხმამ, - რასაც შენ ამბობ, ის მკვდარი ცეცხლია. მე ცოცხალი ცეცხლი მჭირდება. მკვდარი ცეცხლი ვერც მე გამათბობს, ვერც სხვებს... ხილული სიცოცხლის მინიჭების უნარიც არა აქვს.

     - მერედა ვინ არიან ისინი, - ვკითხე დაინტერესებულმა, - ვისთვის ზრუნავ ასე თავგამოდებით. ვის გინდა მიანიჭო ხილული სიცოცხლე.

     - მომეცი შენი სხეულის სითბო და ყველაფერს შენი თვალით იხილავ.

       ყოყმანით შევხედე ფოსფორისფერთვალებიან კუნძს, როგორც ჩანს, ჯუჯა სახლობს მასში... მერე უკვე კარგად ჩამუქებულ ცას ავხედე. სავსე მთვარე დავინახე, უზარმაზარი, გაოცებული თვალივით მომზირალი. ვარსკვლავები ჯერ ისევ გაუბედავად ამჟღავნებდნენ საკუთარ არსებობას.

      სავსემთვარეობა! აკი სწორედ ასეთ ღამეებში ხდება ხოლმე ნაირნაირი სასწაულები! თანაც არა ყოველთვის... ეს ღამე, ეტყობა, რაღაცით გამორჩეულია. და თუ ახლა უკან დავიხევ და რაიმე კეთილგონივრული მოსაზრებით უარს ვიტყვი ამ საოცრებათა ხილვაზე, რასაც ეს ჯუჯა მპირდება, მთელი სიცოცხლე ვეღარ ვაპატიებ საკუთარ თავს. ვინ იცის, კიდევ როდის მომეცემა ასეთი შემთხვევა.

       არა, უარის თქმა ნამდვილად არ ღირს, ოღონდ კი რაიმე გამოვიდოდეს.

      - ჩემი სხეულის სითბო, - ვთქვი საგონებელში ჩავარდნილმა, - მერედა, როგორ უნდა გადმოგცე იგი...

      - ეს არაა ძნელი, - ბევრად უფრო მხნედ მითხრა მან - შენ ოღონდ გულით გამოიმეტე შენი სხეულის სითბო... ისევე უანგაროდ, დაუფიქრებლად და დაუზარელად, როგორც ხელი გამოიწოდე ჩემსკენ.

      - იყოს ნება შენი! - ვთქვი სულწასულად. ძალიან მაინტერესებდა, თუ რა იყო ეს ცოცხალი ცეცხლი.

      ამის თქმა ძლივს მოვასწარი, რომ წინანდელზე ბევრად უფრო ძლიერი სიცივე ვიგრძენი მთელი ხერხემლის გასწვრივ, თითქოს ყინულივით ცივი წყალი ჩამიღვარეს კისერშიო. და მაშინვე სისხლივით წითელი ცეცხლის ალები აბურბურდნენ პირდაპირ მწვანედ მოღაღანე მოლზე.

      ამ ჟრჟოლამ ის პირველი შემცივნებაც გამახსენა, როცა ხელი ჩამოვართვი ფოსფორისთვალებიან ჯუჯას და კითხვის თვალით გადავხედე ამ უკანასკნელს. რაღაცას მეც მივხვდი, მაგრამ მისგანაც მოველოდი განმარტებას.

იმანაც არ დაახანა.

      - სწორედ ასეა, როგორც შენ ფიქრობ, - მითხრა ერთიანად გაბრწყინებულმა და თვალებიდან ფოსფორული ელვარება მომაფრქვია, - როგორც კი ხელი შემახე, მე სითბო წარვიტაცე შენგან და ხილული სიცოცხლეც სწორედ მისი წყალობით მოვიპოვე. თორემ აბა, როდის იყო, კუნძები ლაპარაკობდნენ ადამიანთა გასაგები ენით. განა არ გაგიკვირდა, ჩემი ხმა რომ გაიგონე?

     - მართალი ხარ-მეთქი, - ვუთხარი და წითლად აბურბურებულ კოცონს გავუშტერე თვალი. რა მშვენიერი რამ იყო! ასეთი ცოცხალი, თბილი და ნათელი ფერები ჯერ არასოდეს მენახა. მეწამული ათინათით უხვად შეზავებული ელვარე, ცეცხლის ენები თითქოს რაღაც იდუმალ ცეკვას ასრულებდნენ ხავერდოვან მოლზე, ირგვლივაც მეტად მიმზიდველ, თბილ და მოალერსე ათინათს ჰფენდნენ. ძალიან მასიამოვნა ამ ლამაზმა სანახაობამ, მისი გულისთვის ნამდვილად ღირდა ამ პატარა საზღაურის, საკუთარი სხეულის სითბოს მსხვერპლად გაღება.

       თანაც თვალს სრულებითაც არ ჭრიდა ეს ულამაზესი, ალისფერი კოცონი. შეგეძლო დაუსრულებლად გეცქირა მისთვის, თვალთმზერას რაღაც განსაკუთრებით ესალბუნებოდა მისი ცოცხალი, თბილი ელფერი, მეწამულით ასე მდიდარი.

       მერე რაღაც უცნაური, მქრქალი ლანდები შევნიშნე, აბლაბუდასავით მკრთალი მოხაზულობით, წითლად აბრიალებული კოცონის ირგვლივ იწყეს მოჯარვა.

        - ეს რაღაა? - ვიკითხე დაეჭვებულმა.

        - მწვანე ტყის სულები თბებიან ცოცხალი ცეცხლით, - ამიხსნა ჩემმა არაჩვეულებრივმა მოსაუბრემ, - საშიშნი არ არიან, ოღონდ თუ მათი ხილვა გინდა, მათთვის ცალკე უნდა გამოიმეტო შენი სხეულის სითბო, ისევე, როგორც ჩემთვის გამოიმეტე იგი. ხილული სიცოცხლე სათითაოდ უნდა მიანიჭო ყველა მათგანს.

       - ყველასთვის ალბათ არ მეყოფა სითბო, ნამდვილ ყინულის ლოდად ვიქცევი (თურმე რა საბედისწერო სიტყვები მითქვამს), მხოლოდ ორიოდე მათგანს თუ დავასაჩუქრებ ხილული სიცოცხლით, მათი დანახვაც მეყოფა.

       ვთქვი და ხელი გავუწოდე ერთერთ მქრქალ ლანდს, რომელიც ყველაზე ახლოს იყო ჩემთან და აბლაბუდას ძაფივით ირხეოდა. მაშინვე ვიგრძენი ყინულივით ცივი თითების შეხება, უკვე კარგად ნაცნობმა ჟრჟოლამ ჩამირბინა ხერხემალში, და მე ნამდვილი სასწაულის მხილველი გავხდი: იქვე ჩემს თვალწინ, წითლად აბრიალებული კოცონის გვერდით, პირდაპირ ჰაერში იწყო გამოსახვა რაღაც უჩვეულო არსებამ. იგი ნელნელა ამოცურდა, იმ სიმქრქალიდან, რაც მის ადრინდელ სახებას შეადგენდა. ასე მომეჩვენა, თითქოს თვით ცოცხალი ცეცხლის ალისფერმა ათინათმა გამოძერწა იგი სრულიად არაფრისგან, უსხეულო აქცია სხეულად.

     და ეს ყველაფერი საკმაოდ სწრაფად მოხდა, სამამდე დათვლას თუ მოასწრებდი. არაფრისგან შობილ არსებას ხელი ჯერაც ჩემსკენ ჰქონდა გამოწვდილი, როცა ცოცხალი, ნათელი ფერები მთელი სისრულით და ძალით აელვარდნენ მის სახესა და სხეულზე.

      გაოცებული მივშტერებოდი, ხმაც ვერ დამეძრა. რა მწყაზარი, რა ნაზი არსება იდგა ჩემს წინაშე. აბრეშუმივით რბილი, მკრთალი ფერის დალალები ლამის კოჭებამდე ჩამოეშალა. სწორედ ამ დალალებმა მიმახვედრეს, რომ ძეწნის სულს შევყურებდი.

      თითქოს ღრმა ძილისგან გამოფხიზლდაო, ისე შეირხა არაფრისგან შობილი არსება. თავი აიქნია, ხშირი დალალები უკან გადაიყარა და კოცონისკენ მიტრიალდა, მანამდე კი ერთი გამიღიმა ალერსიანი, მადლიერი ღიმილით, თვალების სარკისებური ელვარება შემომაფრქვია. ვერც მე შევიკავე თავი ღიმილისგან. ძეწნა განსაკუთრებით მიყვარს, განსაკუთრებით ესალბუნება თვალსა და სულს მისი ნაზი, სევდიანი იერი. ძალიან კმაყოფილი დავრჩი, რომ სწორედ ძეწნის სულს მივანიჭე ხილული სიცოცხლე.

       - ეს ძეწნის სულია, - აღარ დაახანა ფოსფორისთვალებიანმა ჯუჯამაც, - იგი მადლიერია შენი, სიცოცხლე რომ მიანიჭე... და სხვებიც მადლიერები იქნებიან, - დაუმატა მრავალმნიშვნელოვნად.

       სხვებიც? შეიძლება, მაგრამ ყველასთვის ვერ გავიმეტებ ცოცხალ სითბოს, აგერ, ის რაღაც მეტად მოქნილი მეჩვენება, ალბათ ისიც ლამაზია...

       ის მქრქალი ლანდი, რომელსაც თვალი დავადგი, ჩემგან კარგა მოშორებით იყო, კოცონის მეორე მხარეს დავლანდე. მაგრამ როგორც კი გულში გავივლე, რომ არც მისთვის დავინანებდი ჩემი სხეულის სითბოს, წამიერად ჩემს წინ აღმოჩნდა. ისე გამოვიდა, თითქოს თვალი მატყუებდა, როდესაც ცოტათი მოშორებით აღვიქვი იგი. როგორც კი აღსრულდა სითბოს გადაცემის იდუმალი რიტუალი, მაშინვე ამაყად ყელაღერილი არსება აღიმართა ჩემს წინაშე. არაჩვეულებრივად მოქნილი წელი ნიავისგან წარტაცებულივით ერხეოდა.

       - ეს კიდევ ალვაა, - ჩამესმა ნაცნობი ხმა, თუმცა მე ისედაც მივხვდი, რომ სწორედ ალვის ხეს ჩავუდგი სული. უფრო სწორად, მის სულს ვაჩუქე ხილული სიცოცლე.

       - ძალზე ლამაზები არიან მწვანე მცენარეები, მათი სულებიც, ცხადია, ძალიან ლამაზები იქნებიან, - ვთქვი ამ ორი არსების სილამაზით მოხიბლულმა, - არ მენანება მათთვის ის სიცოცხლისმიერი სითბო, რაც კი ჩემს სულსა და გულს შეუძლია გასცეს.

      ისეთი სიცივე ვიგრძენი ამის თქმისთანავე, თითქოს ყინულოვან წყალში ჩავყურყუმალავდიო. უამრავმა მქრქალმა ლანდმა ერთად გამოიწოდა ჩემკენ ყინულივით ცივი, უხილავი ხელები. ეტყობა, ერთად მოჯარდნენ ყველანი ჩემს ირგვლივ და ლამის მთელი სითბო ერთბაშად წარმტაცეს, რაც კი გამაჩნდა. ერთი-მეორის მიყოლებით ამოდიოდნენ სიმქრქალის წიაღიდან, ცოცხალ ცეცხლის მეწამული ათინათი სათითაოდ ძერწავდა ყოველ მათგანს. ყველანი მაშინვე უკლებლად მაჯილდოებდნენ მადლიერი, ნათელი ღიმილით, მერე კი კოცონისკენ მიბრუნდებოდნენ ხოლმე.

      სულ მალე კოცონს ირგვლივ შემოეჯარნენ ნაირგვარ მცენარეთა სულები, მანამდე უხილავნი, ახლა კი ხილულნი. და რა იყო ეს ხილვა... ენით გამოუთქმელი სილამაზე უცხო ყვავილივით გაიფურჩქნა ჩემს თვალწინ. ჭეშმარიტად აღუწერელი იყო იგი, გარეგნული სიმწყობრე და ელფერი. აბა, სცადეთ და აღწერეთ თუნდაც ყველაზე უჩინო ყვავილი, მინდვრის ბალახებში მიმალული. განა შეიძლება სიტყვამ გადმოსცეს ის ფერადოვნება და სილამაზე, რაც მის პაწია ფურცლებშია ჩაქსოვილი. ფერების მთელი ოკეანეა ჩაღვრილი ყველა მათგანში, თუნდაც ყველაზე პაწაწინაში. ახლა ის სათუთი გამჭვირვალება და სინაზე თქვი, რაც ასე ამშვენებს გამოუკლებლად ყველა ყვავილს. სილბო და ხავერდოვნებაც ნუ დაგავიწყდებათ. არ ვიცი, სიტყვათა და სიმრავლე შეძლებს ამის ყველაფერ აღწერას, მე მიჭირს ამის წარმოდგენა.

      ჰოდა, რაღა ითქმის იმ იდუმალ არსებებზე, რომლებმაც თან წარიტანეს მცენარეთა უნაპირო სილამაზის ყველა ნიშატი უკლებლად. ამას გარდა, ყველა მათგანს თან ახლდა გრძეულებით სავსე იდუმალი სამყაროს მომაჯადოებელი იერი და ხიბლი. და ეს ორგვარი სილამაზე, ერთი მზისმიერი სიცხადის პირმშო, ხოლო მეორე ღამეული გრძნეულებით შობილი, სრული თანხმიერებით შერწყმულიყო მათში და მართლაც თვალის დამატყვევებელ სანახაობას ქმნიდა. როგორც კი ვიხილავდი რომელიმე მათგანს, ცხადადქმნილს ჩემი გულის და სხეულის სითბოთი, არაფრით არ შემეძლო, უარი მეთქვა მეორესთვის, რომელიც მაშინვე აისვეტებოდა მის გვერდით და ჩემსკენ იწვდიდა უხილავ ხელებს. თავით ფეხებამდე მაჟრჟოლებდა ამ ყინულოვანი შეხების შედეგად, მკერდი კრუნჩხვასავით შემეკუმშა, ამოსუნთქვაც კი გამიძნელდა ბოლოს.

      ძლივს, როდის-როდის ამოვითქვი სული, მეგონა ცოცხლებშიც აღარ ვეწერე, თუმცა ჩემი მხედველობა მომართულ მანქანასავით უნაკლოდ მოქმედებდა, ნთქავდა და იბეჭდავდა ამ უნაპირო სილამაზის ზღვას, რომლის ტალღებიც ყოველი მხრიდან მეხლებოდნენ.

      სული ჯერაც ვერ მომეთქვა წესიერად, გონს ვერ მოვსულიყავი, ვერ განმესაზღვრა, ცოცხლებში ვიყავი თუ მკვდრებში, როცა ისევ ჩამესმა ფოსფორისთვალებიანი ჯუჯას დახშული, თან შემპარავი ხმა:

           - ტყის მეუფე დგას შენს გვერდით. ნეტავი განახა, რა საოცარი რამაა.

     ეს რომ გავიგონე, თვალები დიდი მონდომებით დავაცეცე; ვინ მოსთვლის, რამდენჯერ მინატრია მისთვის თვალი მომეკრა. ეს სულაც არ გახლავთ ადვილი საქმე, ასეთი შემთხვევის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

     თვით აბლაბუდას მინაგვარი მოხაზულობაც ვერ შევნიშნე, არაფერი არ ამჟღავნებდა ტყის მეუფის არსებობას. მეტი რაღა დამრჩენოდა, ალალბედზე მე თვითონ გავიწოდე მისკენ ხელი, ისე მაინტერესებდა მისი ნახვა.

     თითქოს ყინულის ლოდს შევახე ხელი, ისე დამწვა რაღაც უსაშველო სიცივემ, და მაშინვე ყოვლად უცნაური არსება აღიმართა ჩემს წინაშე; მოსული ტანის, თხის სახიანი, ერთიანად ბეწვით შემოსილი, მხეცის მინაგვარი არსება, მაგრამ ამ თხისსახიან მხეცს უაღრესად მეტყველი იერი ჰქონდა. თვალები ისე უელვარებდა, ცის ელვა გამახსენა. მხრებზე მწვანე ფოთლებისგან მოქსოვილი მოსასხამი წამოესხა, გრძელკლანჭებიან, გაბანჯგვლულ ხელზე აყვავებული რტო ეჭირა. ძალზე გულღიად შემომცინა ტყის მეუფემ და თვალებიც ელვასავით დააკვესა, სანამ კოცონისკენ იზამდა პირს. ღვინისფრად უღაჟღაჟებდა სახე...

     - სხვებიც აქ არიან, ტყის ალი, ღამის დედოფალი, განთიადის ასული, მდინარის და ნაკადულის სულები, ჯუჯები, მაცილები, ჭინკები... - ისევ ჩამესმა ნაცნობი ხმა ყურისძირში.

     ხმის ამოღების თავი აღარ მქონდა, საკუთარი ხელებიც კი ვეღარ ავზიდე, რათა მათთვის გამეწვდინა, მხოლოდ ქუთუთოები დავახამხამე იმის ნიშნად რომ მზად ვიყავი, გამეცა მთლიანად ჩემი გულის და სხეულის სითბო, ოღონდ კი თვალით მეხილა ყველა მათგანი.

       და მაშინვე გაისმა ისეთი მაღალი, მჭექარე ხმა, რასაც არაფრით არ ველოდი იმ კუნძისგან:

     - ჰეი, სადა ხართ, მოჯარდით ყველანი, ტყისა და მიწის სულებო. იჩქარეთ, მიიღეთ ცოცხალი სითბო, ხილული სიცოცხლის წყაროს დაეწაფეთ!

     ამის თქმა იყო და ნაირგვარ უცნაურ არსებათა ნამდვილი ფერხული დატრიალდა ჩემს ირგვლივ. მე უკვე ვეღარ ვგრძნობდი მათი ყინულოვანი თითების შეხებას, კანი დამდუღრულივით მეწვოდა სიცივისგან, გულით და ხერხემლით ვგრძნობდი, რომ სითბო უწყეტ ნაკადად მიედინებოდა ჩემგან. მგონი მთელი მზისმიღმიერი გრძნეული სამყარო დაიძრა იმ ღამით, რათა ცოცხალი სითბო წარეტაცათ ჩემგან. მომეახლებოდნენ უხილავნი, განმეშორებოდნენ ხილულნი, და მათი ხილვა იმდენად საამური იყო ჩემთვის, რომ მთლიანად ანაზღაურებდნენ ჩემგან წარტაბულ სითბოს და სიცოცხლეს. ისინიც ძალზე გულღიად, მადლიერებით სავსე ღიმილით მასაჩუქრებდნენ. კოცონის ირგვლივაც ისე დგებოდნენ, რათა რაც შეიძლება კარგად დამენახა ყველა მათგანი.

     ძალიან კი გავერთე მათი ცქერით, თვალს სიამოვნებდა ეს ჭრელი სანახაობა. ზოგიერთი მათგანი ძალზე თავშესაქცევი რამ იყო. ყველანი ერთხმად ახარხარდნენ, როცა ერთი უცნაური არსება აბაჯბაჯდა კოცონის ირგვლივ. თურმე იქვე დაგდებული სიპი ქვიდან გამომტყვრალიყო და თვითონაც იმ სიპ ქვასავით იყო ჩამრგვალებული. მთვარესავით გაბადრული სახე ჩემსკენ მოეპყრო, ლოყები წითელ ვაშლებს მიუგავდა. სხვებიც ბევრნი იყვნენ ასეთი სასეირო გარეგნობის მქონენი. ერთს, ცოტაღა აკლდა, ლამის სპილოს ხორთუმივით ჩამოგრძელებოდა ცხვირი, მეორეს ტახივით ფართო ყურები ეფართხუნებოდა მხრებზე. მესამეს ერთიანად კაკლისტოლა მეჭეჭებივით მოჰფენოდა სახე... და კიდევ მრავლი, მათი გარეგნობის უცნაურობებს ადამიანი ვერ ჩამოთვლის. მაგრამ შესახედავად მშვენიერნი და მიმზიდველნი იყვნენ მაინც. როგორც არ უნდა დარღვეულიყო მათი აღნაგობის თანწყობა, მაინც თვალს ატყვევებდნენ თავიანთი განუმეორებლობით და რაღაც არაჩვეულებრივად ცოცხალი გამომეტყველებით.

     მათ სისხარტეს და მოქნილობას ხომ საზღვარი აღარ ჰქონდა... რა სიმსუბუქით და სიმარჯვით მიმოჰქროდნენ კოცონის ირგვლივ, როგორ ხარობდნენ და ლაღობდნენ. თვით ყველაზე ჩაგოდრებული ქმნილებანიც კი, სიპი ქვიდან თუ კუნძებიდან შობილნი, რეზინის ბურთებივით ხტებოდნენ მაღლა, თან ყირაზე გადადიოდნენ. ტყის ალები და მცენარეთა ნაზი, ნარნარი სულები ნიავის ჰაეროვნებით უწვდიდნენ ერთმანეთს ხელებს, ირგვლივ უვლიდნენ წითლად აბურბურებულ კოცონს, ხანდახან ზევითაც აიწევდნენ, ცეცხლის წითელ ენებს ფრინველებივით გადაევლებოდნენ ხოლმე თავზე.

     ყველა ამ უცნაურ არსებათ, მზისმიღმიერი გრძნეული სამყაროსგან შობილთ, არაჩვეულებრივად ცოცხალი, ჯანსაღი ელფერი ჰქონდა. ყველა მათგანს, აღნაგობით სრულქმნილს თუ თავშესაქცევს, ალისფერი ათინათიც თავისას მატებდა მათ ისედაც ჯანსაღ, სიცოცხლით სავსე იერს და ელფერს. ცოცხალი ცეცხლის წითელი ანაბზენი ერთნიარად ეფინებოდა ყველა მათგანს, კიდევ უფრო ღაჟღაჟას და ფეროვანს აჩენდა. იმის თქმა კი არ მინდა, თითქოს სხვა ფერი აღარ ჭაჭანებდა მეწამულის გარდა. ფერების ნამდვილი ზღვა ლივლივებდა კოცონის ირგვლივ, მაგრამ იმ ზღვაში აშკარად ჭარბობდა მეწამული ცოცხალი ელფერი.

     დასასრულიც რომ აღარ უჩანდა ამ საოცრებათა მარაქას... მოდიოდნენ და მოდიოდნენ. ვერცერთხელ ვერ შევძელი, წინაღვდგომოდი მათი ცხადად ხილვის ცდუნებას, ვინ იცის, კიდევ როდის მომეცემოდა ასეთი შემთხვევა.

     ამასობაში ღამე შეუმჩნევლად გაილია, სავსე მთვარე დასალიერისკენ გადაიხარა. იმედი მქონდა, რომ ბოლოს და ბოლოს დასრულდებოდა ღამეული სულების ფერხული, მეც შემრჩებოდა ცოცხალი სითბოს რაღაც ნიშანწყალი. მერე მზე გამილხობდა სიცივისგან გახევებულ სხეულს, ისევ ცოცხლებში ვიქნებოდი და მოსაგონებლად შემრჩებოდა ამ უჩვეულო, გრძნეული ღამის საოცრებანი. ლამის ყინულის ლოდად ვიქეცი, ჩემი მზერა არ დაშრეტილა, მხედველობა მაინც ცოცხლობდა, ცოცხლობდა იმ უდიდესი, დიდიხნის ნალოლიავები ცნობისმოყვარეობის წყალობით, რომელიც მე არასოდეს მაძლევდა მოსვენებას, მუდამ მიველტვოდი ტყის სულების და მზის მიღმიერი ჯადო-სამყაროს ხილვას.

     ამან დამღუპა სწორედ, ზღვარდაუდებელმა ცნობისმოყვარეობამ, ამან წამართვა სითბოს უკანასკნელი წვეთი. ჯერ კიდევ არ ვქცეულიყავი მთლიანად ყინულის ლოდად, როცა მაცდურად წამჩურჩულა ჩემმა ბოროტმა სულმა. ფოსფორისთვალებიანმა ჯუჯამ, თვით ცეცხლის სული გვეწვიაო ამ ღამით, ცეცხლის სული კი იშვიათად თუ ესტუმრება თუნდაც ყველაზე უმშვენიერეს ჯადოსნურ დღესასწაულს.

     - იყოს ნება შენი! წაიღე, თუ რაიმე შემრჩა, სიცოცხლის სულ უკანასკნელი ნაპერწკალი, სითბოს სულ უკანასკნელი ნამცეცი, - ვთქვი უხმოდ, გულისგულში. ლაპარაკის თავი სადღა მქონდა, ქუთუთოებიც კი ვეღარ დავხარე თანხმობის ნიშნად.

     იმწამსვე ცეცხლისფერი არსება გაჩნდა ჩემს წინ. ძალზე ძნელი გასარჩევი იყო, თუ რა მოხაზულობა ჰქონდა, ყოველ წამს იცვლიდა ფორმას, მაგრამ იშვიათი სილაღის და მოქნილობის სრული განსახიერება იყო. დახტოდა, დაჰქროდა, ელვის სისწრაფი მოექცეოდა კოცონის ერთი მხრიდან მეორეზე. თამაშობდა, ლაღობდა, თან ისე ელვარებდა, ლამის თვით კოცონი დაჯაბნა. რაღაც არაჩვეულებრივად გააცოცხლა და დაამშვენა იქაურობა მისმა ბრწყინვალე, ალისფრად მოგიზგიზე სხეულმა, ცეცხლოვანმა მკლავებმა, რომელთაც ზეცისკენ ხშირხშირად შეისროდა ხოლმე. ნამდვილად ღირდა მისი ნახვა, ძალზე გულდასაწყვეტი იქნებოდა, უიმისოდ გასრულებულიყო ეს გრძნეული ღამე.

     ამის გაფიქრებაღა მოვასწარი, როცა მზის პირველი სხივი დავინახე, აღმოსავლეთით ამოსხლეტილი. ო, მართლაც ჯადოსნური ღამე იყო ეს ღამე. ჯერაც არასდროს დამენახა მზის პირველი სხივი ასეთი სახით; ელვასავით გადაიქროლა ცის თაღზე და ხის კენწეროების მიღმა ჩაიკარგა. უკვე ყინულად ქცეულმა თვალებმა დაინახეს იგი... ალბათ ჯერ ყინულად უნდა იქცე, რომ მსგავსი რაიმეს დანახვა შეიძლო.

     გადაიქროლა თუ არა მზის პირველმა სხივმა, ცეკვა-გართობას ანებეს თავი ცოცხალი ცეცხლის ირგვლივ შემოჯარულმა ტყის თუ მიწის სულებმა, ყველა იმ პოზაში გაირინდა, რომელშიც მოუსწრო მზის პირველმა სხივმა.

     ერთადერთი არსება ამოძრავდა ამ გარინდებულ თავყრილობაში; ეს იყო ჩემი თანამოსაუბრე, ფოსფორისთვალებიანი ჯუჯა, კუნძის სული. მან მაშინვე თავისი გულბოყვისკენ მიიდრიკა მაღლა შემართული მკლავი, ხელის მტევნით ამოხაპა იქ ჩაგუბებული ნამის წვეთები და წითლად აბურბურებულ კოცონს მიასხურა...

         აი ეს კი ჯობდა აღარ მენახა;  არ ჩამქრალიყვნენ ნეტავ ასე უეცრად წითლად მოგიზგიზე ცეცხლის ენები, არ გამქრალიყვნენ მეწამული და ლალისფერები, რაც აგრერიგად ამშვენებდა და აცოცხლებდა კოცონის ირგვლივ შემოჯარულ სულთა კრებულს. რა საზარელი, მკვდრული ფერი დაედო ყველა მათგანს, როგორც კი დაჰკარგეს ჯანსაღი, ღაჟღაჟა ელფერი. ეს საშინელი მკვდრული ფერი ჰკლავდა თვით ფორმასაც, არარად ქმნიდა სილამაზეს, თუნდაც ყველაზე უსრულქმნილესს.

     სულ ერთი წამით შევასწარი თვალი სიცოცხლის მეწამულ ფერთაგან განძარცვულ, საზარელ აჩრდილებად ქცეულ სულებს, სანამ მთლიანად განქარდებოდნენ, შეერეოდნენ აისის ბინდბუნდს.

 

ნახვა: 30

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სამეფო მოთამაშეები ფანქრის სკულპტურებში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მაისი 18, 2019.
საათი: 10:26pm 0 კომენტარი

      ბოლო სეზონმა საბოლოოდ დაასამარა სერიალის ეპიკურობის და განსაკუთრებულობის, საინტერესოობისა და აღმაფრთოვანებლობის იდეა, მაგრამ ინტერესი ჯერ კიდევ არ ქრება HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული…

გაგრძელება

ცხელი ზუგდიდი, ოჯახის სიწმინდე ქუჩაში და გადამდგარი მინისტრის ინტერვიუ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 16, 2019.
საათი: 11:15pm 0 კომენტარი

      დღემ კვლავინდებურად საარჩევნო არეულობებით და მერე ამ არეულობებზე კომენტარებით ჩაიარა - ისევ ზუგდიდიდან, ისევ დაძაბულობებით და ისევ არეულობით. დღის მეორე მთავარი ბლოკი იყო გადამდგარი მინისტრის…

გაგრძელება

საარჩევნოდ ცხარე ზუგდიდი, სარისკო სიცოცხლე, ომბუდსმენის პალიტრა, იუნკერის ნათქვამი ევროპელობა და გარეჯის მიწა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 14, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მეფის ხსენების დღეს, მთლად სამეფო ამბები არ ისმოდა ქართულ მედიაში, ძირითადი აქცენტები კვლავაც არჩევნებს უკავშირდებოდა და ტრადიციაც ქცეულ, წინააარჩევნო არეულობებსა და ხმაურს - ამჯერად ზუგდიდიდან.…

გაგრძელება

მასწავლებლების ანაზღაურების სამომავლო ზრდა, ფინანსები, პრემიერის გამოსვლა მახათაზე, საარჩევნო სიახლოვე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 13, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      ახალი კვირაც სამაისო არჩევნებით დაიწყო - მინდოდა დამეწერა, სავარდო, მაგრამ ვაითუ ვინმემ პოლიტიკურ მიკუთვნებულობაში ჩამითვალოს. დღის ამბებში მოახლოებული არჩევნები რომ იქნებოდა ეს ცხადია, მაგრამ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters