ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - სიცოცხლის

თემა: ვლადიმერ ვისოცკი - ვენური არდადეგები
ურები ტყვიამფრქვევებითა და ჩამქრალი პროჟექტორებით... ტიტრი: „იდგა 1945 წლის 2 მაისი. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი...“ კომენდატურიდან ოფიცერ-ესესელი გამოვარდა, გზადაგზა იკრავდა მუნდირს, თან ჭიშკართან და კოშკურაზე მყოფ გუშაგებს რაღაცას უყვიროდა. მას მეორე ოფიცერი მოჰყვა, რომელიც სატელეგრაფო ლენტს კითხულობდა. ტყვეების ბარაკებისაკენ ტყვიამფრქვევების ლულების მობრუნება დაიწყეს. - სწრაფად! - ყვიროდა პირველი ოფიცერი, - ჰიმლერის ბრძანებაა! ეშმაკმა წაიღოს! ყველა! სწრაფად! შენობიდან, რომელშიც დაცვა იყო განთავსებული, ჯარისკაცები გამოცვივდნენ, თან გრძელ თოკზე გამობმული ნაგაზები მოჰყავდათ. დილის სიჩუმე ძაღლების გაშმაგებულმა ყეფამ დაარღვია. ჯარისკაცები ბარაკებში შეცვივდნენ, პატიმრები წიხლებითა და ავტომატის კონდახებით წამოყარეს ნარებიდან. სხვადასხვა ბრძანებას შორის ძაღლების ყეფასთან ერთად ყველაზე ხშირად გაისმოდა: - შნელ! სწრაფად, სწრაფად! ნამძინარევი, ძალაგამოცლილი ტყვეები ნელა დგებოდნენ, ბარაკებიდან გამოდიოდნენ და კოლონებად ეწყობოდნენ. ესესელები კონდახის ცემით ერეკებოდნენ მათ. დანიელი - მაღალი, გამხდარი, ქერა, გრუზათმიანი ტყვე, - ძაღლის ყეფამ გააღვიძა. ნარიდან ჩამოძვრა და თან გაცვეთილი ბიბლიის ტომი წამოიყოლა. - ეი, ქსენდზ, რას წამოგვყარეს ამ დილაადრიან? - ჰკითხა ვიღაცამ პოლონურად. დანიელმა მხრები აიჩეჩა და გასასვლელისკენ გაემართა. ჟერარს კი ისე მაგრად ეძინა, მეზობლები დიდხანს ეჯაჯგურნენ და ვიდრე ჯარისკაცმა გვერდში ავტომატის ლულა არ უბიძგა, ვერ გააღვიძეს. ბოლოს, როგორც იქნა, თვალი გაახილა, ნელა ჩამოძვრა ნარიდან. თან სიცივისაგან იძუძგებოდა. - რამ გაამხეცათ? - იკითხა ვიღაცამ გვერდით ჩავლისას. - ამერიკელები გვიახლოვდებიან, - გაიღიმა ჟერარმა, - გესმით? ჯარისკაცების ყვირილისა და ძაღლების ყეფის მიღმა უკვე ახლოს ისმოდა ტყვიამფრქვევების კაკანი. - ჯანდაბა, მე კი მარსელი მესიზმრებოდა, - გაიღიმა ისევ ჟერარმა. - ახლა გვაჩვენებენ მარსელსაც და რიო-დე-ჟანეიროსაც, - გაბრაზებით ჩაილაპარაკა ვიღაცამ. მაისის მზე ანათებდა და ბარაკებიდან გამოსულ ტყვეებს თვალს ჭრიდა. მხოლოდ ერთი უსწორებდა თვალს სინათლეს, შეუპოვრად და მტკიცედ, - კუთხოვან სახეზე ნაკვთიც არ უტოკავდა. მაისის ნათელი დილა ნერვებს უშლიდა. ეს იყო ვლადიმერი. ესესელმა ერთ-ერთ პატიმარს კონდახი ჩასცხო. ის ტკივილისაგან შეიჭმუხნა და ხელი ჰკრა გერმანელს. - გაგიჟდი, ძაღლო?! გაისმა ავტომატის ჯერი. მობუზული პატიმარი მიწაზე დაეცა. ყველა გაოგნდა, შეძრწუნებულები უყურებდნენ მოკლულს. ჯარისკაცები კი ყვირილს განაგრძობდნენ. ისევ გაავებით ყეფდნენ და პატიმრებისაკენ იწევდნენ ძაღლები. შავი, ხვეულთმიანი პატიმარი, იტალიელს რომ ჰგავდა, მოკლულთან დაიხარა, ხელზე შეეხო და თავი გაიქნია: - მკვდარია... დასასრულის ეშინიათ, ეშმაკებს... - ოდნავ ქართული აქცენტით, რუსულად ჩაიბურტყუნა და ხელი სახეზე მოისვა. კეხიანი, მკვეთრად წინ წამოწეული ცხვირი ჰქონდა. დანიელი ტანდაბალ, მსუქან, შავმუნდირიან და უნტერ-ოფიცრის სამხრეებიან ავსტრიელთან გაჩერდა. დაჭმუჭნული მუნდირი ცუდად ადგა ტანზე, მუცელთან ღილი აწყვეტოდა. აღარ ჰგავდა იმ ყოჩაღ ესესელს, როგორიც ომის დასაწყისში იყო. - რა პანიკაა დღეს, „მამილო“ შტოლც? - იკითხა დანიელმა. - სამუშაოსთვის ორი საათით ადრე წამოგვყარეს? - სამუშაოსთვის არა, მამაო, - თითქმის ჩურჩულით უპასუხა „მამილო“ შტოლცმა, თან აქეთ-იქით იხედებოდა. - როგორც კათოლიკემ კათოლიკეს შემიძლია გითხრა - სამუშაოს გამო არა. ჰიმლერის ბრძანება მოვიდა. სასწრაფოდ ყველას ლიკვიდაცია უნდა მოხდესო! - და შეშინებულმა მიიხედ-მოიხედა. - რატომ? - იკითხა დაბნეულმა დანიელმა. - ვინღა იმუშავებს ქარხანაში? მუშაობა აღარაა საჭირო... ამერიკელები ოცდაათ კილომეტრში არიან. ღმერთო, გვიშველე! იკითხეთ ბიბლია, მამაო, იკითხეთ ბიბლია... უნტერ-ოფიცერ შტოლცის სიტყვები მხოლოდ დანიელს არ გაუგონია. მის ახლომახლოს სწორედ ამ დროს აღმოჩნდნენ ვლადიმერი და ჟერარი, რომელიც ის-ის იყო, ბარაკიდან გამოვიდა. - მგონი ლიკვიდაციაა... - ასევე ხმადაბლა თქვა ვლადიმერმა. - სწრაფად! სწრაფად! - ყვიროდა უფროსი ოფიცერი. მოწყობილი კოლონა ბანაკის ჭიშკრისაკენ დაიძრა. კეხიანცხვირიანი ქართველი - ვახტანგი - კოლონის შუაგულში მოექცა. მან და სხვა პატიმრებმაც იგრძნეს, რაღაც ცუდი რომ ხდებოდა და შეშფოთებულები იხედებოდნენ აქეთ-იქით. ირგვლივ კი მთები იყო, მუქი, ტეხილი ნაპრალებით, სადაც მზის სხივებზე ყინული ცისფრად ბრწყინავდა. მწვერვალი თოვლით იყო დაფარული. მთები პატარა ბანაკს მჭიდროდ ერტყმოდა გარს. კლდოვანი ფლატე პატარა პლატოზე იყო ჩამოწოლილი და ბანაკის ჭიშკრიდან ვიწრო გზა იკლაკნებოდა. ყველაფერი ელვისებურად მოხდა. პატიმრების კოლონა ბანაკიდან გამოვიდა, ბოლო ჯერ კიდევ ჭიშკართან იყო. აქ იყვნენ ჟერარი, ვლადიმერი და დანიელი. ისინი აქეთ-იქით იხედებოდნენ, მავთულხლართიან გალავანს, ტყვიამფრქვევიან კოშკურებს და მთის ფლატეებს შორის მიმავალი, დახვეული გზის ტყიან ფერდობებს აკვირდებოდნენ. ცოტაც და ყველაფერი დამთავრდებოდა. მაისის ამ ნათელ დღეს... როცა ომი სულს ღაფავდა... და თავისუფლება ასე ახლოს იყო. ისე მოხდა, რომ დანიელი, ჟერარი და ვლადიმერი კოლონის ბოლოში მოექცნენ. ზურგს უკან ხაოდნენ ნაგაზები. ვლადიმერმა ჟერარს გადახედა, თვალებით ანიშნა და „მამილოსა“ და კიდევ ერთ ჯარისკაცს ჭიშკრის დახურვაში მიეშველა. უცებ ჟერარი ჯარისკაცთან მივარდა, მუშტი მთელი ძალით ჩაარტყა, წააქცია, მხრიდან ავტომატი ჩამოგლიჯა და ბანაკის ჭიშკრიდან გავარდა. დანიელმაც, ბიბლია უბეში ჩაიჩარა, მეორე, გაოგნებულ ესესელს ავტომატი გამოგლიჯა და ისიც პატიმართა კოლონის საპირისპირო მხარეს, ვიწრო, ქვიან გზაზე გაიქცა. ვლადიმერმა „მამილო“ შტოლცი წააქცია, ბუდიდან პისტოლეტი ამოაძრო და ჟერარსა და დანიელს მიჰყვა. ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა. გონს მოსული ესესელები გაქცეულებს გამოუდგნენ და ნაგაზებიც აუშვეს. ტყვეების კოლონა წეღანდელზე მეტად აჩოჩქოლდა. მთამ ექო მისცა. შორიდან კი, როგორც სიცოცხლის იმედი, მოისმოდა ტყვიამფრქვევების კაკანი. - ლიკვიდაციაა! - დაიძახეს კოლონაში. - მოსაკლავად მივყავართ! ალყაში აღმოჩენილმა ვახტანგმა იყვირა: - დასცხეთ მაგათ! ასე სიკვდილი სჯობს! - ის ესესელებს დაეტაკა და დაიწყო ხელჩართული ბრძოლა. ალყა ორმა ათეულმა ტყვემ გაარღვია და გზაზე გაცვივდა. არ იცოდნენ, სად უნდა გაქცეულიყვნენ, სად ეძებნათ შველა. - დახოცეთ, მაგათი! - გერმანულად ყვიროდა უფროსი ოფიცერი და კოლონის სიღრმისაკენ ისროდა. გაისმა ავტომატების კაკანი, რომელიც ცელავდა ტყვეებს. ვახტანგი ავტომატით გავარდა გზაზე, არ იცოდა, საით წასულიყო, მაგრამ უცებ გაქცეულებს მოჰკრა თვალი - ვლადიმერი, ჟერარი და დანიელი ფლატეზე დაეშვნენ და წიფლის ტყეს მისცეს თავი. უკანასკნელ ძალას იკრებდნენ და მიფორთხავდნენ. სამი ჯარისკაცი კი, ძაღლებთან ერთად, ფეხდაფეხ მისდევდა. ვახტანგი გაქცეულების კვალს მიჰყვა. სახე ოფლით დაენამა, გული ამოვარდნაზე ჰქონდა, ავტომატიც საშინლად დამძიმდა. ვლადიმერი მობრუნდა, პისტოლეტიდან გაისროლა. ერთი ესესელი დაეცა. დანიელი ხის ქვეშ, ქვაზე დავარდა. გაისმა ავტომატის ჯერი. ვლადიმერს ნაგაზი დაეწია, მკერდზე შეახტა, ბასრი ეშვები მხარში ჩაავლო. ვლადიმერმა რამდენჯერმე ესროლა მუცელში და ცხოველის ლეში მოიშორა. დანიელი გაბმული ჯერით ისროდა. ორი ესესელი დაწვა და ცეცხლი გაუხსნა გაქცეულებს. უცებ ერთ-ერთის ზურგს უკან ვახტანგის ფიგურა წამოიმართა. - ჰეი! - შესძახა მან და როცა ქვის უკან მიწოლილი ესესელი მობრუნდა, ავტომატის ჯერი მიუშვა. ერთ წამში ტყვია მასვე მოხვდა მხარში - ესესელმა, რომელიც იქვე იყო გაშოტილი, დაასწრო გასროლა. ამასობაში დანიელი წამოხტა და ტყეს შეაფარა თავი. მიწაზე დავარდა. ვეღარ სუნთქავდა. გზიდან ხშირი, უწესრიგო სროლა, ხალხის ყვირილი და ძაღლების ყეფა მოისმოდა. ჟერარს მეორე ძაღლი დაეწია და შეახტა. ფრანგმა ძლიერი ხელები ძაღლს ყელში ჩაავლო და დახრჩობა დაუწყო. ძაღლი ხელიდან უსხლტებოდა, ვარდისფერი ენა გადმოეგდო და ხაოდა. იქვე ვლადიმერი იწვა და ხედავდა, როგორ უმიზნებდა ავტომატს რიყის ქვას ამოფარებულ ჯარისკაცს ტყვე, რომელიც იტალიელს ჰგავდა. „იტალიელს“ გაუმართლა - გერმანელს მოარტყა. ის მიწაში ცხვირით ჩაემხო და დადუმდა. ვახტანგმა კიდევ ერთხელ გამოკრა ჩახმახს, მაგრამ ვაზნაში ტყვიები გამოელია. წამოიწია, ქვემოთ გზას გახედა და რუსულად, ქართული აქცენტით დაიძახა: - ყველას ხოცავენ, წყეული მხეცები! ნაგაზს ქაფი გადმოსდიოდა. ჟერარმა ხელი გაუშვა. ცხოველი უსულოდ დაეცა მიწაზე და აფართხალდა. ჟერარი დაბნეული დასჩერებოდა. - გავგუდე... ეს ხომ ძაღლია... ყოველთვის მიყვარდა ძაღლები... - ეს ძაღლი არაა, - გაბოროტებით უპასუხა ვლადიმერმა, რომელიც აქამდე ხის უკან იმალებოდა, - ესენი ისეთივე ესესელები არიან... ოღონდ ძაღლის ტყავში... გესმის?! ყველას ხოცავენ!.. დამაცადეთ, არამზადებო! - იგინებოდა ჟერარი და ყვრიმალები ებერებოდა, - თქვენი ჯერიც მოვა, ვერსად დაიმალებით... - აღარავინ მოგვსდევს, ახლა ჩვენთვის აღარ სცხელათ, - ჟერარმა მოიხედა... - საკუთარი ტყავი აქვთ გადასარჩენი. - რა გქვია? - გერმანულად ჰკითხა ვლადიმერს ფრანგმა. - ვლადიმერი. - რუსი ხარ? - კი, რუსი ვარ, - გერმანულადვე უპასუხა ვლადიმერმა. - მგონი იქ ჩემიანი დავინახე... თუ იტალიელია. იმ ფრიცს ესროდა - ხედავ, რიყის ქვის უკან აგდია. - ორი ფრანგი, შესანიშნავია, - გაიღიმა ჟერარმა. - იტალიელიც კარგია... ეეი! ძახილზე ხის უკნიდან ვახტანგის მოხრილი ფიგურა გამოჩნდა. ხელით დაჭრილი მხარი ეჭირა. - კიდევ ერთი იყო, ქერათმიანი, - თქვა ჟერარმა. თავიდან სამნი გამოვიქეცით... გასროლის ხმა თანდათან მიყუჩდა. გაურკვევლად მოისმოდა ავტომობილების მოტორების გუგუნი და ოფიცრების ბრძანებები. - აი ისიც, გაგიჟდა! - თქვა უცებ ვლადიმერმა, - უკან გაიქცა. დანიელი გზისკენ გარბოდა. ხეებს შორის მოჩანდა, როგორ გამოდიოდა ბანაკიდან ხუთი მძიმე სატვირთო ავტომანქანა. ისინი გვამების გროვასთან გაჩერდნენ. ესესელები სწრაფად აძვრნენ მანქანების ძარაზე. - სწრაფად! შნელ! - მოისმოდა ბრძანება, - ამერიკელებმა შეიძლება გრუნვალდის გზატკეცილი გადაკეტონ. რამდენიმე ჯარისკაცი გვამებს შორის დადიოდა, დაჭრილებთან ჩერდებოდა და ავტომატის მოკლე ჯერით უღებდა ბოლოს. -კმარა! - დაიძახა უფროსმა ოფიცერმა. - წყეულიც იყვნენ! სწრაფად, მანქანებში! ძრავები აგუგუნდა, მანქანები ადგილიდან დაიძრა და გვამებზე გადავლით დაადგა გზას. სისხლის დიდმა ლაქებმა დაფარა ქვიანი გზა... სისხლის საოცარმა გუბეებმა. სატვირთო ავტომობილების ბორბლებიდან სისხლი აშხეფებდა, იმსხვრეოდა ადამიანთა ძვლები. ირგვლივ დაკრუნჩხული, მკვდარი სხეულები ეყარა... დანიელი მთელი ძალით გარბოდა გზაზე და სასოწარკვეთილი ყვიროდა: - ნაძირლებო! ნაბიჭვრებო! უნამუსოებო! ჟერარი, ვახტანგი და ვლადიმერი მას მთის ფერდობიდან უცქერდნენ. - გაგიჟდა, - თქვა ფრანგმა, - დაიჭერენ! - ჯანდაბა... - ვლადიმერმა პისტოლეტის მჭიდში ვაზნა შეამოწმა, - რადგანაც ასე უნდა... - რას ჰქვია - ჯანდაბას? - ქართული აქცენტით, რუსულად შეჰყვირა ვახტანგმა. - რას ამბობ, მოიცა? როგორ შეიძლება? ეეე! შეჩერდი! - მან ავტომატები დაყარა და მოუქნელად დაეშვა ფერდობზე, თან დაჭრილ მხარზე ჰქონდა ხელი ჩავლებული. - რუსია? - იკითხა გაოცებულმა ჟერარმა. - საბჭოელია... - უპასუხა ვლადიმერმა. - მგონი... ქართველია... ...გერმანელები წავიდნენ. გაზაფხულის მზე მიტოვებულ ბანაკს და ტყვეების გვამებით მოფენილ მთიან გზას ანათებდა. დანიელი მოკლულებს შორის დააბოტებდა და ჩურჩულით ლოცულობდა: - ღმერთო, მიიღე გარდაცვლილთა სულები... გზაზე ვახტანგი გამოჩნდა. ზოლიანი ქურთუკის მარცხენა მხარე სისხლში ჰქონდა ამოსვრილი. მას კვალდაკვალ ჟერარი, ბოლოს კი ავტომატებით დატვირთული ვლადიმერი მოჰყვნენ. დანიელი ერთ ტყვესთან დაიხარა. მხარზე შეეხო: - ზბიშეკ, ადექი, ზბიშეკ!.. გესმის? წავიდნენ... - დანიელი სულ უფრო ძლიერად ანჯღრევდა მკვდარს, ტუჩები უცახცახებდა, სახე რისხვითა და ტკივილით ემანჭებოდა. - გესმის ჩემი, ზბიშეკ? წავიდნენ, ბინძური ნაბიჭვრები! წავიდნენ! ადექი, ზბიშეკ! ჟერარმა ხელი მხარზე დაადო, მაგრამ დანიელმა უხეშად მოიშორა. პოლონელის მთელი ყურადღება მკვდარი ზბიშეკისაკენ იყო მიმართული. - ზბიშეკ! ადექი, ძვირფასო! თავისუფლები ვართ! სახლში წავალთ! - ყვიროდა დანიელი და მის სასოწარკვეთილ ყვირილს მთის ექო იმეორებდა. - ღმერთო, არ აპატიო მათ! რისთვის, ღმერთო, რისთვის! არასდროს აპატიო! ჩვენ ვიცოცხლებთ, ზბიშეკ! ამ ნაბიჭვრების ჯინაზე! ვი-ცოც-ხლეეებთ, ზბიშეკ! ვიი-ცო-ცხლეეებთ! ჟერარი ცდილობდა, დანიელი მკვდარი ზბიშეკისათვის აეგლიჯა, მაგრამ პოლონელი წინააღმდეგობას უწევდა. პირზე ქაფი მოდგომოდა, თვალები ბუდიდან ლამის ამოცვენოდა. უცებ ძირს დავარდა და კრუნჩხვა დაეწყო. იკლაკნებოდა, ძალამიხდილ სახეზე ცრემლბი სდიოდა. პირის კუთხეებში ქაფი ბუშტუკებად მოუგროვდა. ვლადიმერი და ვახტანგი ჩუმად დასცქეროდნენ, როგორ გადმოაბრუნა ჟერარმა დანიელი ზურგზე და გზიდან როგორ გადაათრია. ვლადიმერი და ვახტანგიც მათ მიჰყვნენ. უცებ ვლადიმერმა მკვდარი გერმანელი ჯარისკაცი დაინახა, წამით დაფიქრდა, მერე მივიდა, ჩექმები და შარვალი გახადა, გაისინჯა. შემდეგ მუნდირიც გააძრო და გაიყინა - მზერა გერმანელის სახეს შეავლო. სულ ახალგაზრდა იყო. გაფითრებული, გაქვავებულ სახეზე სისასტიკე აღბეჭდვოდა. შუბლზე ქერა თმა ეყარა. - პაკეტი აიღე, - მოესმა უცებ ვახტანგის ხმა, - ქამარში პაკეტი აქვს. ვლადიმერმა ვახტანგის დასისხლიანებულ მხარს შეხედა, სწრაფად გაგლიჯა ინდივიდუალური პაკეტი, მერე ქართველს ქურთუკის გახდაში მიეხმარა და ჭრილობის ბამბით გაწმენდას შეუდგა, თან ჩაიბურტყუნა: - ორი ტყვია მოურტყამთ... როგორც მინიმუმ... - ის სწრაფად და მოხერხებულად ახვევდა ჭრილობას. ჟერარი გზის ფერდობზე დახრილი უსმენდა დანიელის პულსს, შემდეგ მასთან მიახლოვებულ ვახტანგსა და ვლადიმერს შეხედა. - ძალიან ცუდადაა... - თქვა ჟერარმა, - ვერ მივატოვებთ... - რა ვქნათ? - ვლადიმერი იქვე ჩამოჯდა და სახეზე ოფლი მოიწმინდა. - ქართველიც დაჭრილია... ორი ტყვია აქვს მხარში - ამასაც ექიმი სჭირდება... რა გქვია, „კაცო“? - ვახტანგი, - მოკლედ მიუგო მან და მიწაზე ჩამოჯდა. - აჰა, ჩაიცვი, - ვლადიმერმა გერმანელი ჯარისკაცის მუნდირი გაუწოდა, მაგრამ ვახტანგს სახეზე ზიზღი აღებეჭდა. - არა, არასდროს! ისინი რუსულად ლაპარაკობდნენ. ჟერარს არ ესმოდა მათი, ამიტომ გერმანულად იკითხა: - გახსოვს, როგორ დავყავდით ქარხანაში? დიდი მამული უნდა გაგვევლო... ფოლვარკი თუ რაღაც ასეთი, გახსოვს? - კი, მახსოვს, - ხანმოკლე ფიქრის შემდეგ უპასუხა ვლადიმერმა. - ეს ხომ აქვეა... საჭმელსაც ვიშოვით... ტანსაცმელსაც... რაიმე წამლებსაც... - ვერ წავიყვანთ... მძიმეა... მუხლები მიკანკალებს... - მე ვატარებ, - გაიღიმა ჟერარმა. - „ბოშები“ მიერეკებიან. ესე იგი, მამულში არავინაა... - არესტანტული ქურთუკის უბეში ბიბლიას შეავლო ხელი და ამოიღო. - ბანაკში ყველა ქსენდზს ეძახდა. მღვდელს ნიშნავს? - ჰო, პოლონურად... - უპასუხა ვლადიმერმა, ზურგზე დაწვა და კრიალა ცას ახედა. - მღვდლის მიტოვება არ შეიძლება, - სრული სერიოზულობით თქვა ჟერარმა, - ისინი მთელი ცხოვრება ჩვენს სულებზე ზრუნავენ. - მღვდლის მიტოვება არ შეიძლება, ადამიანისა კი შეიძლება, ჰმ! - ვახტანგმა თავი გადააქნია. - შენ რა, გერმანულად არ ლაპარაკობ? - ჰკითხა ჟერარმა. - არ მინდა, - ასევე რუსულად უპასუხა ვახტანგმა. - რა თქვა? - ჰკითხა ჟერარმა ვლადიმერს. - თქვა, რომ არ სურს გერმანულად ლაპარაკი, - გაიცინა ვლადიმერმა. - პარლე ვუ ფრანსე? - ჰკითხა ჟერარმა. ვახტანგმა უარყოფის ნიშნად გააქნია თავი. - ესპანიოლა? დუ იუ სპიკ ინგლიშ? - თავს არ ანებებდა ჟერარი. - ლატინოს? ვახტანგმა ისევ უარყოფის ნიშნად გაიქნია თავი. - ხედავ, ვახტანგ, - გამხიარულდა ვლადიმერი, - ერთი ენა მაინც გესწავლა, როგორ გამოგადგებოდა? - მან თუ ხუთი ისწავლა, გამოადგა? - ჟერარისკენ მიუთითა ვახტანგმა. ხმადაბლა გაიცინეს, ვლადიმერმა თქვა: - ვერაფერს გააწყობ, ჟერარ. რუსულად ილაპარაკოს, მე გადაგითარგმნით. - შემიძლია, ქართულად ვილაპარაკო, - თქვა ვახტანგმა.   რომანი გოგონებზე      გოგონებს უყვარდათ უცხოელები. არა, არ იფიქროთ, თითქოს თავისიანები არ უყვარდათ... პირიქით... ძალიანაც უყვარდათ, მაგრამ დიდი, ძალიან დიდი ხნის - 6-7 წლის წინათ. მაგალითად, ერთ გოგონას, სახელად თამარას, რომელიც იმხანად მართლაც რომ სულ გოგონა გახლდათ, უკვე მოზრდილი და ზრდასრული ყმაწვილი, მეტსახელად კოლეგა, უყვარდა - ოქროს ორი კბილით, მეოცნებე და დამნაშავე. ეს მეტსახელი, სავარაუდოდ, იმიტომ შეარქვეს, რომ მასთან თამამად შეიძლებოდა საქმის დაჭერა. ბავშვობასა და ყმაწვილობაში ნიკოლაი მტრედებს დასდევდა, ქურდობდა და წარმატებულიც გახლდათ. მტრედები - სახიფათო საქმეა, სიმტკიცესა და გამჭრიახობას მოითხოვს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მეზობელ ეზოში „მოხსნი“ და ლიონკა „ცინგლიასთან“ ერთად გასაყიდად მიგყავს „კონკაზე“ (სიტყვიდან „ცინგლი“, მეტსახელია ასეთი). „ცინგლია“ - კომპანიონი და თანამოსაქმე, კრეტინი და უსაქმური, უკვე არაყს სვამს. ერთი სიტყვით, ის ჯერ კიდევ მეწყვილეა, მაგრამ მისი ძმა „კალიბრზე“ მუშაობს. ჰოდა, ამ ძმამ ლიონკას ჯაყვა გაუკეთა, დანის პირი ქლიბისაგან გამოუჩარხა. და ლიონკასაც სულ თან დააქვს. სწორედ მასთან ერთად დადიოდა კოლეგა ნიკოლაი კონკაზე „მოხსნილი“ მტრედების - მონახების, შპანცირიების გასაყიდად. ზოგს იაფად - ორმოც კაპიკად, სხვებს - მანეთად ჰყიდდა. გააჩნია, როგორ გაუმართლებდა. ბაზარზე კი უკვე მოაბოტებს ჩამოფხავებული მეზობლების ჯგრო, ათვალიერებენ თავიანთ მტრედებს და ვინ იცის... იქნებ მათი ძმებიც „კალიბრზე“ მუშაობენ, ასაკით ჯერ თექვსმეტამდე არიან, ასე რომ, დიდი სასჯელის არ ეშინიათ, დანის ტარებაც შეუძლიათ, ნერვებსაც იფხანენ და თუ საჭირო გახდება, სადმე მოყუჩებულში, ცხელ გულზე, გაუყრიან კიდეც. - რამდენი გინდა წყვილში? - 150. - ვარშავურები რა ღირს? - ერთი ფასი აქვს. - დიდი ხანია, გყავს? - თანდათანობით უახლოვდებიან, წრეში აქცევენ, კრიჭაშეკრულები იპურჭყებიან, დაძაბულობისა და ცუდი წინათგრძნობისაგან გაფითრებულებს აკანკალებთ... შიშისაგან საჭირო ოთახში უნდებათ და ოფლიანი ხელებით სახელოებს ჭმუჭნიან. აი, სწორედ აქ ამჟღავნებს კოლეგა არნახულ გამჭრიახობასა და ალღოს. გრძნობს მოპარული მტრედების პატრონების მოახლოებას. მოულოდნელად იწყებს ზმუილს, პირს იქაფებს, პერანგის საყელოს იგლეჯს და ყვირილისაგან იჭაჭება, თითქოს საკუთარ შიშს აშინებს. - აჰა, უსირცხვილო მგლებო, ყველა თქვენი იყოს, - სახტად დარჩენილებს ჩრის თავიანთ მტრედებს და განაწყენებული იწყებს ფშლუკუნს. - ესესაა, შურიკ მალიუშკისაგან ავიღე 120-ად. პატარა იყო კოლკა „კოლეგა“, თუმცა უკვე გაბედულიც, ცბიერიც, გამჭრიახიც. მტრებს ცნობილი მემტრედის სახელი უხსენა, რომელიც დაზარალებულების მახლობლად ცხოვრობდა. - მაგარი მსახიობია! - აღფრთოვანებას ვერ მალავდა მოგვიანებით „ცინგლია“, როცა თავს დააღწევდნენ, იმიტომ რომ მეზობლების ხროვა შურიკას საძებნელად მიეშურებოდა და როცა ნახავდნენ, ალბათ დაუნდობლადაც სცემდნენ. - მსახიობი ხარ, - სლოკინით იმეორებდა ლიონკა, - ასე სად გამოიქექე. მე, ცოტაც და, იმ წითურს ცხვირ-პირს მივუნაყავდი. შენ კი უცებ ისე აყვირდი. მაგარი ხარ, კოლეგა! კოლკა ეზოში გაიზარდა, ეზოშივე შეუყვარდა. როცა თამარამ გაიცნო, უფრო სწორად - როცა კოლკამ გაიცნო ის, თამარას უკვე დიდი ხნის შემჩნეული ჰყავდა და ხშირად ესიზმრებოდა - ძლიერი და უშიშარი. რაიონში მასზე ლეგენდები დადიოდა - როგორ გადიოდა ლავგარდანზე, ისე, ტყუილუბრალოდ... როგორ გალახა და გაყარა ოთხი თუ ხუთი ყაზილარი, რომლებიც მასთან სადარბაზოში დადიოდნენ და მეორე სართულიდან ქალების აბანოში იჭვრიტებოდნენ. მცხოვრებლები მათ წყალსა და ნარცხს ასხამდნენ თავზე, ისინი კი მაინც მოდიოდნენ, როგორც სამსახურში. რა უბედურებაა! აქედან მხოლოდ აბანოს შესასვლელს ხედავდნენ, სადაც ყველა ჯერ კიდევ არაა შიშველი, თანაც მხოლოდ წელსქვემოთ მოჩანან. რაში სჭირდებოდათ უკანალი, როცა სახეებს ვერ ხედავდნენ? კოლკამ ისინი გარეკა და თან გალახა. ეს ისე - კოლკას დახასიათებისათვის. 25-ის იყო. ფულიც ჰქონდა, გიტარაზე უკრავდა და მღეროდა. ისეთ გულისამაჩუყებელ, ისეთ ქურდულს - უქურდულეს, განცდებით აღსავსე სიმღერებს... ეწეოდა, რაღაც აყროლებულს. აიღებს პაპიროსს, მოაკვნეტს ბოლოს, გადაწევს თხელ ქაღალდს, მასრას წინ მოაქცევს, თუთუნს გადმოყრის, რაღაცას შეურევს, თითებით დაფშვნის და ისევ პაპიროსში ყრის, ბოლოს ისევ შეაერთებს მასრას და ღრმად ისუნთქავს, რისთვისაც ტუჩებით ოდნავ უჭირავს, ხელით კი ოდნავ არხევს, რომ დიდხანს გაჩერდეს ფილტვებში ჰაერთან ერთად. მერე შეძლებისდაგვარად დიდხანს შეაყოვნებს, და მხოლოდ შემდეგ ამოისუნთქავს ამ რაღაცას, მწკლარტე სუნი რომ ასდის. თამარასაც მოაწევინა. ღვინოსაც ასმევდა. შეაცდინა კიდეც, როგორღაც შემთხვევით და უბრალოდ - კოცნიდა, კოცნიდა, მერე კოფთის ქვეშ შეუძვრა, გაუხსნა ღილები - ერთი, მეორე, მან კი უეცრად თქვა: - გამიშვი, მე თვითონ. და მართლაც, თვითონ გაიხადა. ეს მეცხრე კლასის შემდეგ იყო, ზაფხულის არდადეგები რომ დამთავრდა, მაშინ. თამარა პიონერხელმძღვანელად გაემგზავრა ბანაკში, როგორც ყოველთვის - ტარუსუში. ეს ცნობილი ადგილია, ძველისძველი, მდინარით, ტყეებით და თბილი ამინდებით... სურნელოვანი, თბილი საღამოებით, როცა ცნობისმოყვარე რაზმელებს (ბევრი კარგა მოზრდილი ახმახიც იყო) ღამღამობით გოგონების კარვებთან უყვარდათ ბოდიალი და ვიღაცები დაბოდიალებდნენ კიდეც, ჯანდაბას მათი თავი - ახალგაზრდული ამბავია, - მოკლედ, როცა ასეთ საღამოებზე იკრიბებოდნენ ხელმძღვანელები. საღამოები გასაიდუმლოებული იყო - ბანაკის უფროსსა და აღმზრდელებს სათქმელი რომ არაფერი ჰქონოდათ, ან ღმერთმა ნუ ქნას და, სახლში რომ არ გაეშვათ და სკოლისთვის რამე ისეთი არ მიეწერათ მათ მორალურ იერ-სახეზე. უფროსმა და აღმზრდელებმა, რა თქმა უნდა, იცოდნენ ამ საღამოების შესახებ - არც თვითონ იტყოდნენ უარს, მაგრამ უფროსები იყვნენ და ეშინოდათ. პიონერხელმძღვანელები კი სხედან სადმე ტყეში, მღერიან სხვადასხვა სინაზეებსა და უხამსობებს და აქვე ახორციელებენ - სინაზესა და უხამსობას. წავიდ-წამოვიდოდნენ წყვილ-წყვილად კარვებში - შეყვარებულთა სამოთხეში, თუმცა სულაც არ იყვნენ შეყვარებულები. უბრალოდ, სისხლი უდუღდათ და ღამეებიც თბილი და ვარსკვლავიანი იყო. ამ კარვებს დღისით ბავშვები აგებდნენ. მადლობა მათ, პიონერებს, რამე ხეირი მაინცაა მათგან. განსაკუთრებული თავაშვებულობა, რასაკვირველია, არ იყო, რადგან გოგონებს რცხვენოდათ თავიანთი ქალწულობის და ბიჭებიც ერიდებოდნენ ტალახში ამოსვრასა და თავის მოჭრას. ბევრმა კი არც იცოდა, რა უნდა ექნა მოფერების შემდეგ. პრაქტიკაზე არ იცოდნენ, თუმცა თეორიულად, დიდი ხანია, ყველაფერი წვრილ-წვრილად შეისწავლეს ბოტანიკიდან, ზოოლოგიიდან და ანატომიიდან, რომელიც მეცხრე კლასში გაიარეს ხითხითისა და უწმაწური ხუმრობების თანხლებით. იცოდნენ ადამისა და ევას პირველყოფილი და შემდგომი ცოდვების შესახებ (ჩვენს დრომდე მოყოლებული), რადგანაც უმრავლესობას მშობლებთან ერთად ეძინა ოთახში, მშობლები კი, რა თქმა უნდა, ფიქრობდნენ, რომ შვილებს ეძინათ... მაგრამ მათ არ ეძინათ და ყველაფერი ესმოდათ. სამართლიანად შეუნიშნავთ ძველ ბრძენთ: „ყველაფერში საბინაო საკითხია დამნაშავე!“ მაგრამ არც ერთ ხელმძღვანელს ზღვარი არ გადაულახავს. თამარას ბიჭმაც ვერ გარისკა და შეუნახა ის ნიკოლაი „კოლეგას“, ყოფილ მემტრედეს, შემდგომში დამნაშავესა და მეოცნებეს, რომელსაც ციხე იხმობდა - დიდხანს და მოწოდებით. და მოიხმო კიდეც. ვერ გადაურჩა. ყველაფერს იმისთვის ვყვებით, რომ თამარა არდადეგების შემდეგ გარუჯული და გამხდარი, გახუნებული თმებითა და ჩამუქებული უპეებით დაბრუნდა, რაც ბავშვებზე ზრუნვითა და გაუმართლებელი ღამის გამოუძინებლობით იყო გამოწვეული. ნუთუ იქნებოდა მისი არშეცდენა? არ იქნებოდა, რასაკვირველია. კოლკამ, მართალია, შეაცდინა, მაგრამ არ მიუტოვებია, როგორც ხდება ხოლმე. უბრალოდ ციხეში წავიდა, რომელიღაც არშემდგარი ქურდობის გამო. თამარას ტირილით თავი არ მოუკლავს, და ისიც კეთილსინდისიერად მოიქცა. მათ შორის შემდეგი საუბარი შედგა: - არ დამელოდო. ფრონტზე ხომ არ მივდივარ. - არც ვაპირებ. - ძალიანაც კარგი, რომ არ აპირებ. ჯერ ღლაპი ხარ და სკოლა უნდა დაამთავრო. - ჰოდა, ვაპირებ კიდეც. - მეც მაგას ვამბობ.       შემდეგ იყო პაუზა, რომლის განმავლობაშიც განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მერე ბადრაგმა ნიკოლაი სვიატენკო სასამართლო დარბაზში წაიყვანა, მასზე სამართლის აღსასრულებლად. დამშვიდობებისას ნიკოლაიმ შესძახა: - დავბრუნდები, ვილაპარაკებთ! - ხელი დაუქნია, მერე ისევ ზურგს უკან დაიწყო და ბადრაგს გაეხუმრა: - ასეთი რომ გყავდეს, მოინდომებ ჩემს ადგილას ყოფნას?  თამარა დარბაზში არ შესულა - რა უნდა ეკეთებინა იქ? თანაც რცხვენოდა და სახლში წავიდა. არადა, ასეთ ბიჭებს ისეთი ერთგული მეგობარი გოგონები ჰყავთ, დაუჯერებლად ერთგული. ბიჭი პატიმრობის ექვს-შვიდ ვადას იხდის და ყოველ ჯერზე ბრუნდება, გოგო კი ადგილზეა და ზრუნავს მასზე, რადგანაც ექვსი-შვიდი პატიმრობის შემდეგ ის სრულიად ინვალიდია, ფილტვები მომსპარი აქვს, სისხლს აფურთხებს და ერთ ხელს ვეღარ ხრის. არადა, როგორი იყო - ვარსკვლავებს წყვეტდა, ბანაკებშიც - კანონიერ ქურდად იჯდა, ახლა კი - აღარანაირია. მხოლოდ წარსული დარჩა, ისიც - როგორი წარსული. წარმატება - იცოცხლე. აი, თავისუფლება ჰქონდა ცოტა. მოპარვასა და მოპარულის მორგებას, პიჯაკის გადაკეთებას (რომ არ შენიშნონ, რომ სხვისია) ძლივს მოასწრებ, ისევ ციხეში ხარ. ქალი კი კვლაც ელის, ხვდება და ზრუნავს მასზე, - კაცი, ბევრიც რომ მოინდომოს, ვეღარ იმუშავებს - არც ხელი უვარგა, აღარც ფეხი - შიგნეული ხომ, საერთოდ... ქურდობა კი? ქალი აღარ მისცემს ამის უფლებას, იმიტომ რომ ბავშვები წამოიზარდნენ და აზრზე მოდიან, მამაზეც, მათ შორის. ჰოდა იჯდეს ახლა ბავშვებთან, ვიდრე ქალი ზაფხულში გაზირებული წყლებით, ზამთარში კი - ლუდითაა დაკავებული. საიმედო საქმეა: ნახევრად შევსებული კათხა, ქაფი, გაზავება, ბევრი სხვა ხერხი - და ცხოვრება შეიძლება. ის კი იჯდეს ბავშვებთან. თანაც ავადმყოფია - იჩალიჩოს ინვალიდობის პენსიაზე, როგორც შრომა-გასწორებით ბანაკებში სამუშაოზე დაზარალებულმა. - საით? - დოღზე. - ეს რაღაც ახალია. - ეს შენი მოკლე ჭკუის საქმე არაა, კლავა. - აჰა! ესე იგი, ჩემი საქმე მხოლოდ შენი და შენი ნაბიჭვრების ჭუჭყიანი საცვლების რეცხვაა, არა? აგე, პირი აქვთ დაფჩენილი - ჩახეთქვა უნდათ. ესე იგი, ჩემი საქმე მხოლოდ მტკივნეულ ფეხებზე დგომა და დილის შვიდიდან შენი ლოთი ამხანაგების ლუდით გახეთქვაა, არა? ეს კი - ჩემი საქმე არაა? სად მიდიხარ, ძაღლო? - გითხარი, დოღზე მეთქი. - რა ეშმაკი უნდა აკეთო იქ? - ლიოვკა „მოსკოვი“ და შურიკა „მოსასხამიანი“ მოდიან. შურიკა ერთი თვეა, რაც გამოუშვეს. უნდა ვინახულო და საქმეც მაქვს. - შენსას არ იშლი? დაიფიცე, ახლავე დაიფიცე ბავშვების ჯანმრთელობა, რომ არანაირ საქმეზე არ წახვალ! ახლავე დაიფიცე! - რა გჭირს, კლავა, რამ გაგაგიჟა? გითხარი - მალე დავბრუნდები-მეთქი! მერე ვილაპარაკოთ. მიდიოდა და უკეთეს შემთხვევაში, 4 წლის შემდეგ ბრუნდებოდა. და მაინც, კლავა მასთან იყო. აი, ასეთი მეგობარი გოგოები ჰყავთ ასეთ ბიჭებს. მაგრამ თამარა ასეთი არ იყო. არც დალოდებია ნიკოლაი „კოლეგას“ და დიდხანს არც იხსენებდა. ხოლო როცა ის დაბრუნდა, იმ დროისთვის გოგონებს უკვე უცხოელები უყვარდათ. არა რომელიმე ერთი, არამედ, ზოგადად, უცხოელები, როგორც ცნება, როგორც სიმბოლო რაღაც უცნაურისა და განსხვავებულისა. ჯერ ერთი - უცხოელები, ძირითადად, სასტუმროებში ცხოვრობენ, სასტუმროებთან კი რესტორნებია, რესტორნებს ნომრები მოჰყვება, რომელთაც ახლა შვედები, ფინელები და ფრანგები აწყობენ. ერთბაშად სითბოში, სისუფთავეში აღმოჩნდები, როგორც უკვე ნანახ 197... წლის „მის“, „მისტერ“ და „მისის“ ამერიკებიან „პენდჰაუზის“ და „ფლეიბოის“ ფურცლებზე. დიზაინერების გასაოცარი ნამუშევრებით: სახლები, ტუალეტები, აბაზანები და აუზები, საძინებლები და ტერასები და მათში თეთრკაბიანი პატარძლები, ელეგანტური ცოლები, კარგად ნაკვები და ასევე ელეგანტური ბავშვები და რა თქმა უნდა - ავტომობილებში, „ჯონსონის“ ძრავიან ნავებში, ლოგინებში გამოჭიმული ყოველთვის მოწესრიგებული და ღიმილიანი მამაკაცები. თითქმის ისეთები, რომელმაც აქ მოგიყვანა. ის, მართალია, არც ასეთი გაწკეპილია და ასაკითაც შენზე ორნახევარჯერ ხნიერია, სამაგიეროდ, აგერ ეს ჟურნალები აქვს „მალბოროს“ რეკლამებით, რომელთაც შლაპიანი და ჯინსიანი, ცისფერთვალა, ნაოჭიანი კოვბოები ეწევიან - ძლიერი და საიმედო ულაყები, ველური დასავლეთის დამპყრობლები, ფერმერები და მილიონერები. ხოლო ის, ვინც აქ მოგიყვანა, საიდუმლო გამომეტყველებით იღებს ჭრაჭუნა პაკეტს „ბონ მარშესაგან“, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა, უბრალოდ, ბაზარი ან უნივერმაღი, და არა „პიერ კარდენი“, მაგრამ შენ ამის შესახებ არაფერი იცი. ხსნი პაკეტს, თამარა, გალინა, ვერა, ლუდმილა და იღებ, თან წითლდები, კოლგოტებსა და ბიუსჰალტერს, რომელიც ზუსტად შენზეა გამოჭრილი, რადგანაც ყველა უმკერდოები, თითქმის მოდაზე მორგებული ხართ - თამარა, გალინა, ლუდმილა, ვერა. ამიტომ მეორე ნომერი მან ყველა თქვენთაგანისთვის უშეცდომოდ შეარჩია. თქვენ ან შენ საჩუქარს აფრიალებთ და მოსაზომად გარბიხართ. აქვე, აბაზანაში. უცხოელი კი იღიმება თქვენს უშუალობაზე. ვალენტაინს, ტონიკს ან სხვა ლამაზ ბოთლს საცობს ხსნის და იცდის. ეს ჭაღარაშერეული ტიპი არ არის ცუდი ბიძა, ჯიბეში რაღაც საფულისმაგვარი უდევს, რომელიც გარმონივით იხსნება და მის ყველა განყოფილებაში ცოლ-შვილის ფოტოებია. შენ კი მოსწონხარ, რატომაც არა? ახალგაზრდა ხარ, ლამაზი, გარუჯული. ისეთი არა, რასაკვირველია, როგორც შვიდი წლის წინ, კოლია სვიატენკოსათვის იყავი, მაგრამ მაინც, არა გიშავს, რა. აი, გამოვარდი აბაზანიდან - შენი თავის და ლიფის საჩვენებლად. ორივე მოეწონეთ და დასაწყისისთვის იდაყვზე გკოცნიან. არადა, ხომ შეეძლოთ თამარებს, ვერებს, გალინებს, ლუდმილებს, წასულიყვნენ, მაგალითად, „მოსტორგში“ და იქ ეყიდათ ერთი, მეორე, მესამე... ჯინსები და „მალბოროც“ კი. აი, მაშინ კი გაუჭირდებოდა ჩვენს ძვირფას უცხოელ სტუმარს, ენის თითქმის არცოდნით, მათი საწოლში ჩაწვენა სასტუმროს ნომრებში. თუმცა არა მხოლოდ პრეზენტების გამო, არამედ... მათთან მშვიდად და კარგად ხარ. თავს გევლებიან, კომპლიმენტებს გეუბნებიან, სანთებელით გიკიდებენ და დაქორწინების იმედის ნაპერწკალს გიღვივებენ. ასეთი რამ ხანდახან ხდება კიდეც, მაგრამ იშვიათად, იმიტომ რომ წინა უცხოელმა მომდევნოს უკვე უთხრა - ვინ ხარ, რა ხარ, რომ გიყვარს უცხოელები, როგორც მოვლენა, და მას მშვენივრად ესმის, რომ შენ მასთან, როგორც რაღაც უცნაურის და განსხვავებულის „სიმბოლოსთან“ ხარ. სასაცილო ამბავს ყვებიან მომღერალ ქალზე, რომელიც ორკესტრებთან ერთად მოგზაურობდა სხვადასხვა ქალაქებში. კონცერტის შემდეგ მას რატომღაც მხოლოდ კონტრაბასისტები ეპატიჟებოდნენ, ასმევდნენ რატომღაც ლუდს, მერე კი თავისთან მიჰყავდათ. ერთხელ მომღერალმა ქალმა იკითხა: „არ გეუცნაურებათ, ძვირფასო, რომ მიწვევთ მხოლოდ კონტრაბასები, მასმევთ ლუდს, შემდეგ კი... რატომ ხდება ასე?“ პასუხად მუსიკოსმა აჩვენა ნოტები, რომელიც ერთი ორკესტრიდან მეორეს გადაეცემოდა და მასზე კონტრაბასის პარტიას ეწერა: „მომღერალს უყვარს ლუდი, მერე კი ყველაფერზე თანახმაა.“ მსგავსებაა, არა? ასევე უცხოტომისანი, თავთავიანთ ენაზე ერთმანეთს უყვებიან თქვენზე, თამარებო, ვერებო, გალინებო, ლუდმილებო. და ყოველი მომდევნო გიღვივებთ დაქორწინების იმედს მხოლოდ განსაზღვრული და ვერაგული მიზნით, ან შეიძლება არც გიღვივებთ და უბრალოდ, კარგადაა აღზრდილი. თქვენ კი, კაცი თუ არ გეუხეშებათ, თავში ბოთლს არ გირტყამთ და არ გაგინებთ, უკვე ფიქრობთ - დაქორწინება უნდაო. ერთი სიტყვით, გოგონებს უყვარდათ უცხოელები. სიხარულით მიდიოდნენ მათთან და მათი საოჯახო ბიუჯეტის დაუზიანებლად შეძენილ საჩუქრებსაც იღებდნენ. ისედაც მიეჩვივნენ - გოგონები - უცხოელებს. ისე უყვარდათ, რომ ერთხელ, დილით, თამარამ ფეერგელი გერმანელის დაუკითხავად 800 მარკა აიღო ზემოთხსენებული საფულედან. აკანკალებდა, როცა იღებდა, გულიც ერეოდა, მკერდქვეშ ჩხვლეტას გრძნობდა, გუშინდელი სმის თუ საქმიანობის სიახლის გამო. მთლიანად ამოიღო და ლიფში უკრა თავი, მაგრამ მაინც მოასწრო, ფოტოებისთვის თვალი შეევლო, სადაც პეტერის გრეხტენი ბავშვებით იყო გამოსახული. დახედა და მაშინვე დამშვიდდა, ხოლო დამშვიდებული - გაწიწმატდა. „ცოლად მოყვანასაც რომ დამპირდა? პარაზიტი!“, თუმცა სულაც არ დაპირებია. ასეც რომ ყოფილიყო, - მაინც ვერ გაიგებდა, იმიტომ რომ „უცხოენებში“ ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ არ მიიღეს და მას შემდეგ ენათმეცნიერებაში წინ ვერ წაიწია - მხოლოდ „ჰელოუ“ იცოდა, „გუდბაი“ და „ბონჟურ“, აგრეთვე - „ვისკი-სოდა“ და „აი ლოვ იუ“. პეტერი აბაზანიდან გამოვიდა - გაპარსული, მხნე, და მაშინვე საფულეს ეცა. აღმოაჩინა რა დანაკარგი, კითხვით სავსე თვალებით მიაჩერდა თამარას, ის კი უარყოფით - აქაოდა, არაფერი ვიციო! არ მინახავს შენი აყროლებული მარკებიო! ძალიან მჭირდება, ხო იციო! როგორ არ გრცხვენია, ჩემზე ეს რომ იფიქრეო! მე შენ ვინ გგონივარო! თუ გინდა, შენი ტილიანი ლიფიც უკან წაიღეო! - ეს ყველაფერი ძალიან ნატურალურად ამოიყვირა, მრისხანებით, გაწითლდა კიდეც სიბრაზისაგან და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ლიფს იხდისო, მაგრამ არ გაიხადა, - მასში ფული იყო. პეტერმა კი ხელები გააქნია - არაფერი მსგავსი არ მიფიქრიაო - ჟესტებით აუხსნა, აქაოდა, გუშინ მე თვითონ ვიყავი გალეშილიო - აქ კისერზე დაიკაკუნა, რუსეთში დიდი ხანია ჩამოვიდა, ლოთობის ჟესტები უკვე შეისწავლა, მაგრამ აღელვებულმა ააცდინა და ხვანჩში მოირტყა, რისგანაც ხველება აუვარდა. ორივეს სიცილი აუტყდა. ეჰ! რომ სცოდნოდა თამარას, რომ გრეხტენი - ყოფილი ცოლი იყო, და ბავშვები კი - გრეხტენისა, რომ განქორწინება უკვე გაფორმებულია და მის წინ სავსებით უცოლო და ქვრივი ფეერგელი გერმანელი დგას და რომ ეს მოქალაქე ფირმის საქმეებზე უკანასკნელი ხუთი თვის მანძილზე უკვე მეექვსედ ჩამოვიდა რუსეთში, უკანასკნელი ორი ვიზიტი კი სწორედ თამარას გამო განახორციელა, ცოტაც რომ დაეცადა ქურდობასთან დაკავშირებით, ხომ გახდებოდა პეტერის იმ, არც ისე დიდი ავლადიდების პატრონი, რომელიც ეკონომიურობითა და თავშენახულობით დაეგროვებინა მის პატრონს. ხომ მოხვდებოდა თამარა ამ ბუმბულებისა და აბაზანების თვითდინებაში და ვინ იცის, რამდენიმე თვის შემდეგ ახალგაზრდა, თეთრ, თანაც საქორწინო კაბაში გამოწყობილი პატარძლის წინ რეპორტიორებს ფოტოაპარატები აეჩხაკუნებინათ, მეგობრები კი თვალებს გადაატრიალებდნენ - ბედნიერიო! ჰო, ბედნიერება ასეთი შესაძლებელი იყო. მაგრამ პეტერი, თუმცა არ იმჩნევდა, დარწმუნებული იყო, რომ დანაშაული მისი ვნების საგნის მიერ იყო ჩადენილი. პეტერ ონიგმანი გერმანელი იყო, აქედან გამომდინარე, ყველა სანტიმენტებით. თან რუსეთშიც ბევრი რამ ისწავლა, ბევრი მთვრალი ცრემლები და ღვარღვარების ფრქვევა ნახა... და თითქმის ატირდა პეტერ ონიგმანი დანგრეული იმედების გამო, რადგან მზად იყო - ცოლად შეერთო თამარა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას არასრული უმაღლესი განათლება ექნებოდა მიღებული. კომკავშირელიც რომ ყოფილიყო, კგბ-ს გენერლის მდივანიც, ქვრივი ან გმირი დედა, მაგრამ არ შეეძლო, თუ მის დაუკითხავად აიღო, და თუნდაც უბრალოდ გახსნა მისი საფულე. მაგრამ პეტერი გულში ტიროდა, ხმამაღლა მხოლოდ იცინოდა, ცრემლები სდიოდა სიცილისაგან. მერე კი მეგობარი ქალი საუზმეზე უკანასკნელად დაპატიჟა. ქვემოთ, ჰოლში მოვლენები მოულოდნელად განვითარდა. ორივესთვის მოულოდნელად. სამი ახალგაზრდა უდანაშაულო სახით უშიშრად მიუახლოვდა უცხოელსა და მის თანამგზავრ ქალს, დამტვრეულ არიულ ენაზე მოიბოდიშეს, ქალს კი სთხოვეს, კიბის უკან დატანებულ, შეუმჩნეველ კარში გაჰყოლოდა. იქ უკვე სხვები ელოდნენ, მაგიდასთან, რომელზეც სუფთა ფურცლების დასტა ეწყო. არც მოსულებს და არც დამხვდურებს განსაკუთრებული თავაზიანობა არ გამოუჩენიათ. - თქვენი გვარი! სახელი და მამის სახელი? - პოლუექტოვა. თამარა მაქსიმოვნა. - ასაკი? - რაშია საქმე, მაპატიეთ? მაგიდასთან მსხდომებმა გაოცებისაგან წარბები აზიდეს. - უპასუხეთ, როცა გეკითხებიან. - ეს ითქვა უხეში და შემაშინებელი ტონით, და თამარა მაშინვე დამშვიდდა. ფეხი ფეხზე გადაიდო, ნაჩუქარი „მალბორო“ გააბოლა და რაც შეიძლება ვულგარულად და ზიზღით თქვა: - რატომ მელაპარაკებით შენობით. ჩვენ ბრუდერშაფტი არ დაგვილევია. - შენთან ერთად დამლევის... - კითხვის დამსმელმა ცინიკურად შეიგინა. - უმჯობესია გვიპასუხო! უარესი მოხდება! - შეშინება დაუწყო. მაგრამ თამარას ვერ შეაშინებთ, მოქალაქე უფროსო. მას ასეთების არ ეშინია. მას თვით კოლკა სვიატენკო, მეტსახელად „კოლეგა“ აშინებდა. ბევრჯერ აშინებდა. პირველად სამი წლის წინ დააშინა, როცა დაბრუნდა. დაბრუნდა და, როგორც დაპირდა, საქმის გარჩევა დაიწყო. თუმცა ამაზე... მერე! ახლა კი? - რას ილანძღები, უფროსო? ბინძურად იგინები და მაშინებ. რა გინდა? უცხოელთან რომ ვიყავი ნომერში? დიახ, ვიყავი! ის გირჩევნიათ, სასტუმროს მომსახურე პერსონალს ადევნოთ თვალყური, თორემ ორ ხელფასს იღებენ - ერთს - თქვენგან, მანეთებში, მეორეს კლიენტებისაგან - ვალიუტაში. თუ თქვენც გინაწილებენ? აი, შენ, ვხედავ „უინსტონს“ ეწევი. საიდან გაქვს „უინსტონი“ - ის მხოლოდ ბარებსა და „ბერიოზკაშია“. ეს ჰალსტუხი საიდან გაქვს? თუ ასეთებს გირიგებენ? - გაჩუმდით, პოლუექტოვა! - გაცეცხლდა ირგვლივ ყველა. თამარას უტიფრობამ გააშმაგა. - მით უარესი თქვენთვის! მაგრამ პოლუექტოვა თამარა არ გაჩუმდა! გაკერპდა. უცებ პეტერი გამოჩნდა მის გადასარჩენად. რაც არ უნდა იყოს, სიყვარულს ჯერ კიდევ არ გაევლო. - უარესი? და სად ვიქნები იმაზე უარესად, ვიდრე თქვენთან ვარ? დაკავების უფლება არ გაქვთ! მე პეტერი მიყვარს და ის ჩემზე დაქორწინებას აპირებს! - ამ ყალბი სიტყვებით თამარა კარებს მიაწყდა, გააღო და მეორე მხრიდან არშემდგარი საქმრო შემოუშვა, პეტერ ონიგმანი - ბიზნესფიურერი და ქვრივი, საყელოთი შემოათრია ოთახში, მათ შორის თანხმობისა და სიყვარულის დასამტკიცებლად კისერზე ჩამოეკიდა და ტუჩებზე მიაფრინდა. სასტუმროს თანამშრომლებმა პეტერს პირდაპირ დაუსვეს შეკითხვა მის მშობლიურ დამტვრეულ ენაზე: - მართალს ამბობს ეს ქალი, ბატონო... რა გქვიათ? მართალია, რომ მასზე დაქორწინებას აპირებთ? ახლავე გვიპასუხეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ძუკნას უტიფრობისათვის ისე გადავმალავთ, რომ ვერავინ იპოვის. ისეთ ადგილებში გავასეირნებთ, ისეთ სალაფავს ვაჭმევთ და კიდევ ბევრ რამეს... შეეშინდა პეტერს თამარას გამო. საკუთარი თავის გამოც შეეშინდა, იმიტომ რომ მამამისი ტყვედ იყო ციმბირში და მართალია, იქიდან თბილი მოგონებებიც ჩამოიტანა, მაგრამ მოგონებები, ძირითადად, ცივი იყო. მაგალითად, ზამთარი. პეტერმა კი, იმის გამო რომ ცუდად ესმოდა სასტუმროს თანამშრომლების მუქარა, იფიქრა, მე მიპირებენ გადამალვას, გასეირნებას და გამოკვებასო. და ახსოვდა რა მამის - ბბრრრ... - ციმბირული ზამთრის მოგონებისას, მტკიცედ განაცხადა: - იავოლლ! - რაც ნიშნავდა - მართალიაო... და თამარას ხელკავი გაუყარა. გრძნობებით გადავსებულმა თამარამ კი მას გიჟური კოცნა დაუწყო, თან გამარჯვებული იერით უთვალთვალებდა ინტურისტის შერცხვენილ და განაბულ თანამშრომლებს. კოცნიდა, ტიროდა, იცინოდა, ხტოდა და ცახცახებდა. აი, უკანასკნელი ნახტომი კი სულ ტყუილად შეასრულა, ვინაიდან გაიხსნა ის ავადსახსენებელი ლიფი და იქიდან ის ავადსახსენებელი 800 მარკა გადმოცვივდა. ირგვლივ ყველა დადუმდა და სასტუმროს თანამშრომლები შურისძიებით აენთნენ. ხელი დაავლეს ავტოკალმებს, ქაღალდის დასტა ახლოს მიიჩოჩეს, ხოლო ფეერგეს მოქალაქე იდგა წყალში ჩაშვებულივით, დასჩერებოდა ფულის შეკვრას, თითქოს პირველად ხედავდა თავისი ქვეყნის ფულად ნიშნებს და ბოლო ეჭვიც გაეფანტა. სიტყვები კი უკვე ნათქვამი ჰქონდა. ხომ თქვა: - იავოლლ! გერმანიაში კი სიტყვებს ქარს არ ატანენ. თამარა პოლუექტოვა სამოტეჩნის მოედნიდან კი ასე გაშეშდა, დაღებული პირით და გახსნილი ლიფით იდგა და ელოდა... არავინ იცის, რას.  თამარა პოლუექტოვას ნაამბობი ჩვენთვის        თამარა მქვია. მამის სახელი - პოლუექტოვა, უფრო სწორად, მაქსიმე, გვარი პოლუექტოვა. დავიბადე 1954 წელს. ახლა 24 წლის ვარ. არაფერს დაგიმალავთ, დაკითხვაზე ხომ არ ვარ. დედაჩემი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ორი ქალიშვილი ვყავართ - მე და ირინა. ირინა ჩემზე სამი წლითაა უფროსი. მისი ქმარი ინჟინერია. ირკა წარუმატებელი აბორტის შემდეგ ბავშვს ვეღარ აჩენს. შვიდი წლის წინ, როცა მე სკოლა დავამთავრე, აი, როცა ნიკოლაი ჩასვეს, ერთ მხატვართან ცხოვრობდა. მხატვარი ირას ხატავდა და ღამით სახლში არ უშვებდა. რეკავდნენ მისი დაქალები, იტყუებოდნენ, რომ აგარაკზე არიან, და ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, რომ იქ კარგია და უსაფრთხო. დედა ეკითხებოდა - ბიჭები თუ არიან მანდო და... - რა ბიჭები, გოგოები ვართ მხოლოდო და... ხითხითებდნენ. დედას მამის სახელით მიმართავდნენ და ვითომ ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, მეც მომიკითხავდნენ - თამარა როგორ არისო. მამასაც მოკითხვას უთვლიდნენ. მამა დედაზე 23 წლით უფროსია. ადრე მილიციაში მუშაობდა, ახლა კი პენსიაზეა. მას ორდენი და კუჭის წყლული აქვს. ორი წელია, რაც კვდება, მაგრამ ისევ ცოცხალია. კარგად იცის, რომ კვდება, ამიტომ გაბოროტებულია, ლოთობს და არავინ უყვარს. მამა სამსახურში ყოველთვის სიგელებს იღებდა. იქ ყველას უყვარდა, სახლში კი ნამდვილი სადისტი იყო. გახსენებაც კი მზარავს. როცა ძალიან პატარა ვიყავი, ირკა კი ცოტა უფროსი, ჩვენ მოსკოვის გარეუბანში, პატარა სახლში ვცხოვრობდით და ერთი ციცქნა ბაღი გვქონდა. მე, დედა და ირკა ვრწყავდით ბუჩქებს და ვსხლავდით ხეებს. მეზობლები ჩვენთან არ დადიოდნენ, მამა ყველას აშინებდა, თითქმის არასდროს ელაპარაკება ადამიანებს, ეწეოდა და ახველებდა. დაუძახებდნენ - მაქსიმ გრიგორევიჩ! - ის კი ხმას არ სცემდა. ამბობდნენ, კონტუზია აქვსო, მაგრამ არანაირი კონტუზია არ ჰქონია. ფრონტზეც კი არ ყოფილა - ჯავშანი იცავდა. ჩვენ რატომღაც არ ვუყვარდით, მაგრამ მაინც ჩვენთან ცხოვრობდა. დედა თხოვდა - წადიო, ის კი არ მიდიოდა. ერთხელ მოვიდა სამსახურიდან და მთელი ბაღი აგვიჩეხა, ყველა ბუჩქი. ამბობდნენ - სიმთვრალით მოუვიდაო, მაგრამ ასე არ იყო. იცოდა, რომ ამით ყველაზე მეტად გვატკენდა გულს. ერთხელ კი ჩემი და ირკას ლეკვი დაახრჩო. ლეკვი ავად იყო და წკმუტუნებდა, უცებ გამომართვა და ხელი წაუჭირა ყელში. ლეკვი ფართხალებდა, მერე კი გაყუჩდა. არ გვიტირია. უბრალოდ ვყვიროდით - თითქოს ჩვენ გვახრჩობდა. ლეკვი მოგვცა, მეორე ოთახში გავიდა და გამოილეშა. მერე მთვრალმა მოკივანები, ღამის პერანგებით ქუჩაში გაგვყარა. ზამთარი იყო. დედა ქარხნის სასადილოში, ღამის ცვლაში მუშაობდა. ჩვენ სკამძელზე ვისხედით და ვტიროდით, თან ვიყინებოდით. მამამ კარი დაკეტა და დაიძინა. როცა დედა მოვიდა, ადგომის თავიც არ გვქონდა. სახლში შეგვიტანა, გაგვათბო, სპირტით დაგვზილა, მაგრამ მაინც დიდხანს ვიყავით ავად. მერე ბებიასთან გავემგზავრეთ მოსკოვში, მარტონი, თვითდინებაზე, მამის გარეშე, მაგრამ როცა ბებია მოკვდა, მამა ისევ ჩვენთან ჩამოვიდა საცხოვრებლად და დღემდე აქ ცხოვრობს - რატომ, არ ვიცი. დედა ამბობს - მეცოდებაო. მალე ჩაძაღლდება. მე ყოველთვის კარგად ვსწავლობდი და ამბობდნენ, რომ კლასში ყველაზე ლამაზი ვიყავი, მამაკაც მასწავლებლებს ვუყვარდი, ქალებს - არა. თამარა პეტროვნა, ჩვენი კლასის დამრიგებელი, ბოტანიკის მასწავლებელი, „სტაფილოს“ ვეძახდით, - საერთოდ ვერ მიტანდა. განსაკუთრებით თუ კარგად დავარცხნილი და მხიარული ვიყავი. ერთხელ დავალება მოგვცა - სახლში ხორბალი უნდა დაგვეობებინა. დასველებულ მარცვალზე ჭიქა დაგვემხო, რამდენიმე დღის შემდეგ კი ბამბასავით ობი უჩნდებოდა. არ გამომივიდა. სამაგიეროდ, სამზარეულოს მაგიდის ქვეშ, ყუთში ბოსტნეული დაობდა. მეც ბევრი არ მიფიქრია, ჭიქა დავახურე და სკოლაში წავიღე - „აი, ნახეთ, სტაფილოზე გაჩნდა ობი-მეთქი“. მხოლოდ მაშინ გამახსენდა მეტსახელის შესახებ. ისეთი სკანდალი აიწია... დედა გამოიძახეს და მკაცრად გააფრთხილეს, რომ აღვირახსნილი ქალი გავიზრდებოდი. მეც გავიზარდე. მასწავლებლები წინასწარმეტყველები გამოდგნენ. დედა სადღაც ვაჭრობაში მუშაობდა. ის ახლაც ბოსტნეულის განყოფილების უფროსის მოადგილეა. ახლა თითქმის აღარ ველაპარაკებით ერთმანეთს. სულ ტვინს მიბურღავს, წამდაუწუმ იცვლი სამსახურს, ბოლო რვა თვეა ხომ, საერთოდ, უსაქმურობო. სულ მპირდებიან, რომ სამსახურს დამაწყებინებენ, ხოლო თუ ვინმეს დაუწვები, მაშინვე ავიწყდება დანაპირები. თუ არ დაუწვები, ხომ არ ახსოვთ და არა. აღარავისი მჯერა. თანაც, ყველას თავის საქმე აქვს - ბავშვები, ოჯახი, კოოპერატივები, მეგობრები და მანქანები. სულ ოჯახიანები მხვდებიან, ასაკით უფროსები. პატარა ბიჭები არ მიყვარს, მოსაწყენი ხალხია, საკუთარ გართობაზე თვითონ უნდა იზრუნო. მე კი ჩემს თავთან ვერ ვერთობი. მიყვარს, როცა კაცი ბევრად უფროსია - უხარია ახალგაზრდა გოგოსთან ერთად ყველგან გამოჩენა - მეგობრებთანაც მიჰყავხარ და რესტორანშიც. ასე რომ, სულ ოჯახიანებთან (ეს არც იმათ უშლის ხელს და არც მე) და ასაკოვანებთან მაქვს საქმე. მანქანიანს, უკეთეს შემთხვევაში, ვაჭრობაში და ხელოვნებაში მომუშავეებს ვირჩევ, იმიტომ რომ ერთნიც და მეორენიც ერთსა და იგივე ადგილას დაიარებიან - საკავშირო თეატრალურ საზოგადოებაში, კინოს სახლში - ჩვენებებზე, რესტორნებში, ჟურნალისტთა და ლიტერატორთა სახლებში... იქ საინტერესო და ცნობილი ადამიანები იკრიბებიან, უფრო ინტიმური გარემოა, ყველა გცნობს, ბევრის საყვარლობა უკვე მოასწარი, ყველამ ყველას შესახებ ყველაფერი იცის, იმიტომ რომ ერთმანეთს უკვე ეტრაბახნენ შენს შესახებ და შთაბეჭდილება გაუზიარეს. მაგრამ ეს არაფერია და არც არავის უშლის ხელს. პირიქით, გეჩვენება რომ ყველა მეგობარია და უხარიათ შენი დანახვა. მერე კი ვინმეს გაყვები. სახლში წასვლა დაგეზარება და იქვე დარჩები. შეეცდები მარტომ დაიძინო, მაგრამ არ გამოდის. ადრე ჩემი დაქალები ურეკავდნენ დედაჩემს და ატყუებდნენ, როგორც წინათ ირინა აკეთებდა... ყველაფერი საშინლად მეორდება. მართლა, იმ მხატვარმა აიძულა აბორტი გაეკეთებინა, თუმცა ექიმები უარს ეუბნებოდნენ. საკვერცხეებზე რაღაც სჭირდა, საშინლად გაცივდა. ჩვენ ხომ სულ ზაფხულის საცვლებით დავდივართ, რაც შეიძლება თხელი და ლამაზი ტრუსებით. თბილს რა ჩაგაცმევს, მით უმეტეს, სამამულო წარმოებისას. გახდისას სირცხვილით დაიწვები. ამბობენ, ფრანგებს საბჭოური ნიფხვების გამოფენაც კი მოუწყვიათ. კოლოსალური წარმატება ჰქონია. დაიტაცეს თურმე სუვენირებად და კიდევ ითხოვდნენ, მაგრამ გამოილია - დეფიციტია. ირკა იტანჯებოდა, იტანჯებოდა, მაგრამ ძალიან უყვარდა ის მხატვარი, ის პარაზიტი და საზიზღარი ტიპი, უწვერო, მაგრამ ტიპიური ბოჰემური არამზადა. ის ირკასთან მეგობრების თანდასწრებით წვებოდა, მერე ჩუმად გადიოდა, ვითომ ტუალეტში, ირასთან კი თავის მეგობარს უშვებდა. ამას თურმე „ცვლას“ ეძახიან. ირამ მომიყვა. ილანძღებოდა და ყვიროდა. ასეთი საზიზღარი იყო ის ვიქტორი. მერე ვნახე, დაქალთან ერთად ვიყავი მასთან და დავრჩი კიდეც. რა უცნაურია: თან მეზიზღებოდა, მატლივით. იმავდროულად მაინტერესებდა - რა იპოვა მასში ჩემმა დამ. თითქმის თანახმა ვიყავი, გახდაც დამიწყო, მძიმედ სუნთქავდა და ყურზე მკბენდა, ყველა ეროგენულ ზონაზე მეხებოდა, რომლებიც მე სულაც არ მაქვს იქ, სადაც ის მეხებოდა, მაგრამ უცებ გამახსენდა, რომ როცა მის სახლში ჩემს დას აბორტი გაუკეთეს, ვიქტორი ექიმს - თავის მეგობარს - ასისტენტობას უწევდა. ოდესღაც სამედიცინოზე სწავლობდა, მაგრამ მეორე კურსიდან გამოაგდეს. ირკა ჰყვებოდა, როგორ ფუსფუსებდა თურმე, მაგიდა დაუდგამს, ზეწარი გადაუფარებია, ინსტრუმენტები, ბამბა და წყალი გაუმზადებია, ხუმრობდა თურმე, ირას ამხნევებდა. ეს რომ გამახსენდა, ავდექი, გავლანძღე, ნაგავი თუ ნაძირალა ვუძახე, აღარ მახსოვს - მთვრალი ვიყავი და წამოვედი. ის უკან მომსდევდა და მეკითხებოდა: „გააფრინე? რა ბზიკმა გიკბინა?“ რამ და იმან, რომ ჩემი ირკა ლამის მოკვდა და ვეღარასდროს გააჩენს ბავშვს, რომ დედამ ტვინი წაუღო, და იმან, რომ ქმარი ერთხელაც იქნება და წამოაყვედრებს. კიდევ იმან, რომ ვერ ვიტან კაცებს, რომლებიც ქალებზე უარესი ჭორიკნები და ტრაბახები არიან, რომლებიც თავის ოჯახებს ცივ ნიავს არ აკარებენ: ღმერთმა ნუ ქნას და ცოლზე რამე წამოგცდეს, შეიძლება გცემონ, თვითონ კი სახლში ათასი სიბინძურე მიაქვთ. წავა ვინმესგან, არც კი ჩაიბანს, ნახევარი საათის შემდეგ ცოლთან დაწვება და აწუწუნდება, როგორ დავიღალეო. ის შეიბრალებს კიდეც და ზურგსაც დაუზელს, დაძაბულობა რომ მოუხსნას და არც ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულებას მოსთხოვს. ეს ისედაც იშვიათად აქვთ - ორ კვირაში ერთხელ. ქალი ფიქრობს, რომ თავისი ბრალია - გავსუქდი, არ ვიღებები, რა მაცვია, ღმერთმა უწყისო. სინამდვილეში კი ქმარი უკვე მაძღარია, ნასვამი და თამბაქოთი გაჟღენთილი და დღეს უკვე ორი ქალი ჰყავდა. იმათთანაც ისე, წუთით. მეტი აღარ შეუძლია. ქალები კი კმაყოფილები არიან, ფული აქვს და იმიტომ. მას კი სჯერა, რომ მისი მამაკაცური შესაძლებლობების გამო. აი, რამ მიკბინა. ადრევე შევატყვე, რომ კაცებს მოვწონდი. მასწავლებლებსაც, ჩვენი კლასის ბიჭებსაც, ქუჩაში გამვლელებსაც - ისინი ყოველთვის თვალს მაყოლებდნენ. ეს ძალიან მომწონდა, მაგრამ მათკენ შეგნებულად არ ვიხედებოდი, თუმცა ვიცოდი, რომ მიყურებდნენ. ზაფხულში დედაჩემის სამსახურიდან პიონერხელმძღვანელად ვიყავი წასული. ახლა ცუდად მახსოვს ის პიონერული რიტუალები - ხაზი, დროშის აღმართვა, სამხედრო თამაშები და მასკარადები ყოველი ნაკადის დამთავრების შემდეგ. თუმცა ბიჭები იგონებდნენ სხვადასხვა სასაცილო კოსტიუმებს და ღმერთმა უწყის, რისგან აღარ აკეთებდნენ: გვიმრის ფოთლებისაგან - ქვედაწელსა და ინდიელის თავსაბურავებს, მუყაოსა და ვერცხლისფრად შეღებილი ჯოხებისაგან - იარაღსა და აბჯარს. მათთან ერთად სულელურ სკეტჩებსა და სცენებს ვიგონებდი მარსიელების, მშობლებისა და სკოლის ცხოვრებიდან. ამას მერე ხშირად ვიხსენებდი, როცა გიტისში ვსწავლობდი. ვსწავლობდი, მართლა. იქიდან მორალური გახრწნილობისათვის გამრიცხეს. ამას მერე გიამბობთ. ახლა ამის გახსენება არ მინდა, გული მერევა და გახსენებაც მიჭირს. მახსოვს, ბანაკში, როგორ განვმარტოვდებოდით ხოლმე ტყეში, გოგონათა და ვაჟთა რაზმების ხელმძღვანელები, უკვე წამოზრდილი ბავშვები. ვმღეროდით, კარტოფილს ვწვავდით და ბუჩქებსა და კარვებში ვკოცნაობდით. ბიჭები ხელებს გვიფათურებდნენ, სურვილისგან იწვოდნენ, ხანდახან ამბობდნენ - ეხ, ჯერ ხეირიანად კოცნაც კი არ იციო. თვითონ კი - კუნთები ქვასავით, თვალები - უაზრო, ან დახუჭული და მუხლებსა და მკერდზე გეფერებიან, მაგრამ ყველაფერს ისე არ აკეთებენ, როგორც საჭიროა. მაშინ ბევრი არც მე ვიცოდი, მარტო ირკას ნაამბობიდან, თანაც დიდ თავისუფლებას თავს არ ვაძლევდი. მერე კი შემიყვარდა. შემიყვარდა კი არა, გამაგიჟა ნიკოლაიმ - ენით, სიმღერით, საჩუქრებით, კოცნით. რვა წლით უფროსი იყო ჩემზე, წარმოუდგენლად პოპულარული, ლამაზი და ძლიერი. თითქმის არაფრის ეშინოდა, არც ჩხუბის, არც მშობლების, არც თამაშის, არც რაღაც შავბნელი საქმეების. ბავშვობიდან კატასავით ვიყავი შეყვარებული. დიდი ხნის მანძილზე ჩემთვის მიუწვდომელი და დიადი იყო. 16-ის რომ გავხდი, ყველაფერი ერთბაშად ამიხდა. ბანაკიდან დავბრუნდი, დედაჩემი შვებულებაში იყო, მამა - საავადმყოფოში, ირკა კი მაშინ გათხოვდა და ჩვენგან გადავიდა. ახლა ჩვენთან ცხოვრობს, იმიტომ რომ ჩვენს სახლს მალე დაანგრევენ და ორ ოჯახზე უფრო დიდ ბინას, შეიძლება ორიც კი მოგვცენ. ასე რომ, ორი კვირა მარტო ვიყავი. და ორი კვირა ერთმანეთს არ დავშორებივართ. მან დამინახა, უბრალოდ მოვიდა და მითხრა: - როგორ გავზრდილვართ და გავლამაზებულვართ, ტომაჩკა. მალე უნდა გავთხოვდეთ. გათხოვებამდე კი ურიგო არ იქნებოდა, ახლოს გაგვეცნო ერთმანეთი! ახლა მეცინება, სტუდენტობის შემდეგ - ჩემი მაღალი საზოგადოების ცხოვრებიდან თავბრუსდამხვევ რომანებამდე, მაშინ კი მჭერმეტყველების მწვერვალად მეჩვენებოდა. ნიკოლაი ლექსებს თხზავდა და სევდიან სიმღერებს მღეროდა. მათში იყო ქურდული სიბრალული, რასაც ღრმა მწუხარებად აღვიქვამდი. სიმღერის გმირები უსამართლოდ დასჯილი, უდანაშაულო სერიოჟები იყვნენ, რომელთაც თავიანთი შეყვარებულები ენატრებოდათ. მე კი მეჩვენებოდა, რომ თავის თავზე მღეროდა: „მდინარე ქვიშაზე მიედინება, ლესავს ნაპირს, ახალგაზრდა გოგონა კი მდინარეში ფეხებს ისველებს“. თავის თავზე და ჩემზე. ალბათ ასეც იყო. არასდროს მეუხეშებოდა. პირიქით, მომთმენი და მორჩილი იყო. მე და თავის მეგობრებს ხშირად გვაგრძნობინებდა, რომ თათი სერიოზულად და მაგრად დამადო. ეს მაშინვე ვიგრძენი. მომწონდა, რომ მყავდა პატრონიც და მსახურიც ერთდროულად და ვფიქრობდი, რომ მასთან იმდენ ხანს ვიცხოვრებდი, რამდენსაც თვითონ მოისურვებდა. რომ მასთან ერთად ცხრა მთას იქით გადავიკარგებოდი და გავხდი კიდეც მისი ქალი მაშინვე, როგორც კი მან მოინდომა. სულაც არ ვნანობ, იმიტომ რომ ის თუ არა, იქნებოდა ვინმე სხვა და სავარაუდოდ, მასზე უარესი. მთელი წელი ჭირიანებივით დავდიოდით. არავისი გვრცხვენოდა - არც მშობლების, არც მეზობლების. ჩემი კლასელი გოგოები სულ მეკითხებოდნენ - რა და როგორ. აინტერესებდათ წვრილმანები. განსაკუთრებით ფიზიოლოგიურ ნაწილში. არასდროს არაფერს ვუყვებოდი და ჩამორჩნენ. პედსაბჭო და დირექციაც გადამეკიდა, ისევ აშინებდნენ დედას ჩემი, წარმოუდგენლად გახრწნილი მომავლით და სევდიანი დასასრულით სადმე საავადმყოფოში, ინფექციურ ან ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, სადაც ნიკოლაი სვიატენკოს მიერ თავგახეთქილს მიმიყვანდნენ, იმიტომ, რომ ყველაფერი იცოდნენ ნიკოლაი სვიატენკოს შესახებ. ის, რაც მათ იცოდნენ, მე არ მინდოდა, დამენახა. ხოლო ის, რაც მე ვიცოდი - მათ არ შეეძლოთ დაენახათ. მერე ნიკოლაი დააპატიმრეს ჩხუბის გამო, გაასამართლეს და ოთხი წელი მიუსაჯეს. მე უკვე ვეწეოდი და ვსვამდი. ნიკოლაიმ მასწავლა. არ ვნანობ. ის თუ არა, სხვა მასწავლიდა - უფრო უარესად. მაგრამ ნიკოლაი არასდროს მიყვებოდა თავისი შავბნელი საქმეების შესახებ. რასაც ღიად სჩადიოდა - კი ვიცოდი. ვიცოდი, რომ ვუყვარდი. სადღაც კინოთეატრის ახლოს ცხოვრობდა და აქვე მუშაობდა - რეკლამას ხატავდა. ფოტო უჯრებში გადაჰქონდა, მერე კი თითოეულ კვადრატს ადიდებდა და ისე ხატავდა ხოლმე. ახლა მეცინება, მაშინ კი ნიკოლაიზე დიდი მხატვარი არ მეგულებოდა. მერე დაიჭირეს ნიკოლაი სვიატენკო, ჩემი პირველი მამაკაცი, შესაძლოა, პირველი სიყვარულიც. იმიტომ რომ ყველა დანარჩენი უკვე დანარჩენები იყვნენ, შესაძლოა უფრო მაგრებიც, მაგრამ არა პირველი. გამოცდებისათვის ვემზადებოდი. და უცებ ეს დაპატიმრება. ყველა ჩურჩულებდა ზურგს უკან, თამარა პეტროვნამ კი პირდაპირ მომახალა: - რაო, მიიღე შენი დამნაშავისაგან? იქნებ თან გაყოლოდი, დეკაბრისტის ცოლივით? იქნებ მართლაც უნდა გავყოლოდი, შემდგომი საზიზღრობა ხომ აღარ იქნებოდა, მაგრამ გამოცდებისთვის ვემზადებოდი და შევიძულე ნიკოლაი - მის გამო ამდენ დაცინვასა და დამცირებას ვიტანდი სკოლაში, სახლში და ყველგან. ამიტომ არ წავყევი. *       მაქსიმ გრიგორევიჩ პოლუექტოვმა იქ გაიღვიძა, სადაც დაწვა. ჯერ კიდევ მძინარეს, დაუნდობლად სტანჯავდა ნაბახუსევი. ისე სტანჯავდა, რომ გაღვიძება არ უნდოდა. არა მარტო ნაბახუსევი. ისედაც, რისთვის უნდა გაეღვიძა და რა უნდა ეკეთებინა იმ სამყაროში, რომლის დატოვებასაც მალე აპირებდა. რა დარჩენოდა ამ საზიზღარ რეალობაში, სადაც მრავალი წლის განმავლობაში სტკიოდა და სტანჯავდა ქირურგების მიერ მესამედამდე დაყვანილი კუჭი. ეს, არავინ უწყის, რისთვის დატოვებული მესამედი, თან სიცოცხლეს უნარჩუნებდა, თანაც ხელს უშლიდა და თავს ხშირ-ხშირად ახსენებდა პირღებინებითა და შეტევებით. აბა, რა უნდა ეკეთებინა ამ სამყაროში ისეთი საინტერესო და განსაკუთრებული. მიუხედავად ამისა, მაინც ადგა მაქსიმ გრიგორევიჩი იქიდან, სადაც დაწვა - ნაბახუსევმა სიზმრები დაუფრთხო. ან რა სიზმრები კი ეს იყო? კოშმარები, სხვა არაფერი. ვიღაც ხორთუმიანი და ვირთხისთვალება ტიპები ხმამაღლა და გარკვევით ეძახდნენ ფანჯრიდან, თავიდან სიტყვებს ნელ-ნელა წარმოთქვამდნენ, ხოლო შემდეგ, მისი აღგზნებული ტვინის ძილში ჩაძირვასთან ერთად, სულ უფრო ხმამაღლა და სწრაფად. ტიპები მოუწოდებდნენ, ფანჯარა გაეღო და იმ არარაობაში შეებიჯებინა, სადაც ყველაფერი მიმზიდველია და სიმსუბუქე სუფევს. ტიპები რაღაც სისაძაგლეებს სთავაზობდნენ და მიაჩნდათ, რომ მაქსიმ გრიგორევიჩს ისინი რატომღაც მოეწონებოდა. და სულ უფრო ხმამაღლა, სწრაფად, თითქმის ღრიალით იხმობდნენ ხმები.       „მოდი აქ მაქსიმ, მოდი, ძვირფასო! რა დაგრჩენია მაგ რწყილიან დივანზე? შეხედე, რა მზეთუნახავი გელოდება... - და სთავაზობდნენ მზეთუნახავს: ხან ქალთევზას სახით - მწვანე და საძაგელი ღიმილით, ხან მოკლულ, ადრე სადღაც ნანახ ქალს - შიშველს და სისხლში მცურავს. - ადექი, ნუ წევხარ! გამოდი მაქსიმ აივანზე, აი, ჩვენ, აქ ვართ, მინის მიღმა, გადმოდგი ფეხები მოაჯირზე და გადმოხტი, გადმოხტი, გადმოხტი!!!“ ქალთევზა თუ ქალი ქირქილებდა თუ ტიროდა და ხელს უქნევდა - თავისკენ იხმობდა. მერე ეს ყველაფერი დეფორმირდებოდა, საბოლოო საძაგლობად იქცეოდა და თუ ქუთუთოებს გახსნიდა, მყის ქრებოდა. ახლა კი, თვლემის შემდეგ, რაც მაინც დადგა ღამით - ნაწყვეტ-ნაწყვეტ და წვალებით, თვლემის, რომელშიც მთლიანად ვერ ეფლობი, ისიც გაჭირვებითა და კრთომით, თვლემის, რომელსაც მძიმე სიზმრების მწკრივი გასდევს, საბოლოოდ ხომ მაინც უნდა გამოიღვიძო, ფეხები ჩამოუშვა დივანიდან, გახვიდე სამზარეულოში და მაცივრიდან გამოღებული ყინულიანი წყალი დალიო, ან უმჯობესია ლუდი მოწრუპო, მაგრამ სახლში ლუდი არ არის. სახლში დასალევი არ მოიპოვება - ეს მაქსიმ გრიგორევიჩმა ზუსტად იცის, იმიტომ რომ მუდამ ასე იყო - დილით არაფერი მოიპოვებოდა. მაგრამ ადგომა მაინც საჭირო იყო. თანაც სიზმარს უნდა ჩასჭიდებოდა დახუჭული თვალებით. დაიკვნესა პენსიონერმა და მეხანძრემ, ჩვენი განშტოებული პენიტენციალური სისტემის სხვადასხვა დაწესებულებების შინაგანი დაცვის ყოფილმა თანამშრომელმა, ნაოპერაციევმა კუჭისწყლულიანმა, ღვარძლიანმა და ბოღმიანმა, სიტყვაძუნწმა მაქსიმ გრიგორევიჩ პოლუექტოვმა. დაიკვნესა, ვინაიდან შემოუტიეს და შევიწროება დაუწყეს გუშინდელმა სიზმრებმა და ამასწინანდელმა მოგონებებმა, რომლის გამოც რცხვენოდა, გული ერეოდა, იმდენად არა საკუთარი თავის, არამედ უფრო გუშინდელი მოქმედებების გამო და ლაყბობის თანამონაწილეებსა და მოწმეებზე ბრაზობდა. თანაც ჭარბი კუჭის წვენი ყელში აწვებოდა და სპირტს მოითხოვდა: - მომეცი დასალევი, უკან მაშინ ჩავბრუნდები, თუ დამალევინებო. თავზეც მარწუხებივით მოუჭირა სპაზმმა და ისიც ამასვე მოითხოვდა - ახლავე დამალევინე, თორემ გაგჭყლეტო, და აჩვენებდა, ანიშნებდა, როგორ გაჭყლეტდა, სპაზმი - მაქსიმ გრიგორევიჩს. აქ თავმობეზრებულ ინვალიდს სრულიად უადგილოდ გაახსენდა, როგორ ამასხარავებდნენ ბუტირკაში პატიმრები. აი, შედის კამერაში, წინასწარ, რა თქმა უნდა, სათვალთვალო ხვრელში იჭყიტება და გამოცდილი თვალით ამჩნევს, რომ კარტს თამაშობენ. თუმცა როცა კარს აღებს და შედის, კარტი ქრება და მასთან შფოთისთავი და გულღვარძლიანი შურიკა, მეტსახელად „მოსასხამიანი“ მირბის. უწყებს ხვევნას, ტკბილი და ალერსიანი ლათაიებითა და მანჭვით მხარზე ტყაპუნს. მაქსიმ გრიგორევიჩმა იცის - ამას შეგნებულად სჩადის, რომ ამის მიღმა რაღაც იდუმალი აზრი და დაცინვა იფარება, იგერიებს შურიკას და ნელა უახლოვდება ნარს, სადაც ახლახან თამაშობდნენ. სკურპულოზურად იწყებს ძებნას, თავდაპირველად სიხარულით ენთება, აი, გაქუცული და თხელი ლეიბის ქვეშ ტაბურეტზე ქილით დაპრესილ და ცხელ პარაფინში კუთხეებდასველებულ, გაზეთის 8-10 ფენისაგან გაკეთებულ ბანქოს ვნახავო, რომელზეც ყვავები, გულები, ჯვრები და აგურები ტრაფარეტითაა დატანილი. მაგრამ ვერასდროს, რაოდენ სკურპულოზურად და მოთმინებითაც არ უნდა ეძებნა, ბანქოს ვერ პოულობდა და უკან ცარიელი ბრუნდებოდა. შურიკა „მოსასხამიანი“ კი კვლავ ეხუტება, მხარზე ხელს უტყაპუნებს და ემშვიდობება - ოქროს კაცი ხარ, ნახე, ნარი რა აკურატულად გაასწორეო. ვერაფერი იპოვე, მოქალაქე უფროსო? დასანანია! და რას ეძებდი? კარტს? კარტს? ნწუ, ნწუ, ნწუ! ნუთუ ვინმეს კარტი აქვს? სულ ტყუილად ეძებდი! კარგი, უფროსო, ხომ მოძებნე. წადი ახლა, თორემ ხომ ხედავ, მხოლოდ მაისურში ვარ, ბუშლატი მომპარეს, თუ წავაგე - აღარ მახსოვს. უნდა დავიბრუნო! ასე, რომ თუ კაცი ხარ, ხელს ნუ მიშლი! კამერა ერთობა და ხორხოცებს, შურიკას კი სერიოზული თვალები აქვს, თითქოს არც იცინის, არამედ მაქსიმ გრიგორევიჩს თანაუგრძნობს და უყვარს კიდეც თავისი ყალბი ნატურის სიღრმეში. მაქსიმ გრიგორევიჩი პირველ ხანებში ასეც ფიქრობდა და შურიკაზე არ ბრაზობდა. შურიკ გოლიკოვი მეტსახელად „მოსასხამიანი“ უკვე 50 წლის, მაგრამ უასაკო, ბანაკის დიდი ხნის ბინადარი გახლდათ, რომელიც ციხის რთული ცხოვრების ყველა სიბრძნესა და წვრილმანებს იცნობდა. ზედამხედველები, დიდი ხანია, აღარ სძულდა. იღებდა მათ, როგორც ფაქტს - ისინი არსებობენ, თავის საქმეს აკეთებენ, თვითონ კი თავის ჯვარს ეზიდება. შურიკა აქ უკვე სამჯერ თუ ოთხჯერ იჯდა, ძირითადად, წვრილმანი და უმნიშვნელო საქმეებისთვის - ჯიბის ქურდობისა და ბარიგობისათვის გადიოდა, უსაფრთხო ადამიანად და ასატან ტუსაღად, თუმცა შფოთისთავად ითვლებოდა. მხოლოდ გვიან შეიტყო მაქსიმ გრიგორევიჩმა - კარტს იმიტომ ვერ პოულობდა, რომ ბანქოს შურიკა მასზევე მალავდა. ჩაეხუტება, მიესალმება, ხელს დაუტყაპუნებს და მის ზურგზევე მალავს, ხოლო დამშვიდობებისას - უკან იღებს. მერამდენედ გაიხსენა ეს მაქსიმ გრიგორევიჩმა და საკუთარ თავს დაუწყო გინება. გაიღვიძა, ესე იგი. დილა მშვიდობისა! რაღა მშვიდობაა? წყალმა წყურვილი ხუთი წუთით მოუკლა, მერე კი რაღაც თბილი და მწარე ამოაღებინა. გაიარა სახლის პატრონმა ფეხშიშველმა, გამოიარა და ისევ დაწვა. პატრონი... პატრონი... რა პატრონი. არანაიარი პატრონი არაა ამ სახლში. ისე, იტანენ და ელოდებიან, როდის ჩაძაღლდება. ცოლი დიდი ხანია, ცოლი აღარაა. შვილები - შვილები. ერთი სულ ტირის, მეორე, თამარა კი - ძუკნაა. მეორე წელია, არ ელაპარაკება. არც თვითონ იკლავს თავს მასთან ურთიერთობით. რაში სჭირდება. თამარა სახლში ისედაც სულ არაა, სადღაც დაეთრევა და ლოგინიდან ლოგინში დახტის, უნამუსო. თუმცა იყო დათბობაც მისი და თამარას უხმო მტრობაში. ეს მაშინ, როცა თამარამ მსახიობობა მოინდომა და თეატრალური სასწავლებლის კონკურსში ჩაიჭრა. ამ დროს მაქსიმ გრიგორევიჩი თეატრში მეხანძრედ მოეწყო. თამარამაც აქ დაიწყო სიარული. ხშირად მიდიოდა, მამამისთან კი არა, სპექტაკლების სანახავად, მაგრამ სწორედ მამამისი უშვებდა სამსახურეობრივი შესასვლელიდან. მერე თამარა მსახიობებს ელოდა, მაქსიმ გრიგორევიჩი თავისი პოსტიდან, ფანჯრიდან ხედავდა, როგორ მიდიოდა ხან ერთთან, ხან მეორესთან - იმ ლამაზ წვეროსანთან ერთად. მაგრამ ეს შემდეგ იყო. თავიდან კი იმ პატარასთან, სიმღერებს რომ წერს და ხრინწიანი ხმით მღერის, იმასთან ერთად მიდიოდა. თეატრის გახსენებაზე სახე დაეღმიჭა და რწყევა მოუნდა. იძულებით დალია წყალი, რამე მაინც რომ ამოეღებინებინა. იწვალა, იყვირა უნიტაზის თავზე და ისევ დაწვა. დღეს 11 მაისია, გუშინ ვეტერანებს მიაგებდნენ პატივს. ცოტანი დარჩნენ, მაგრამ მაინც მოვიდნენ. მაქსიმ გრიგორევიჩსაც შეხვდა ორდენი. რისთვის ჩამოკიდეს? მართალია, საბრძოლოა - „ბრძოლის წითელი დროშის“, მაგრამ ფრონტზე ბრძოლისათვის კი არა, წელთა ნამსახურებით მიიღო. 25 წელი იმუშავა და ჩამოკიდეს. კიდევ საათი აჩუქეს, წარწერით - „ერთგული სამსახურისათვის“, მეძებარი ძაღლივით. მაქსიმ გრიგორევიჩმა გუშინ ბევრი დალია მუქთად. ბევრთან სვამდა, განსაკუთრებით იმ არტისტთან, ტომკასთან რომ დაძვრება. ცუდია, რა თქმა უნდა, ცოლიანი კაცია, რაც არ უნდა იყოს, ბავშვიანი. ცნობილია, კინოში იღებენ. გოგო კი სულ პატარაა - პარაზიტი! ჩემი საქმე არაა, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც. ჰოდა, გამოდის, რომ ამ არტისტს, საშკა კულეშოვს, ალექსანდრე პეტროვიჩს, რომელიც 35 წლისაა, ორდენის გამო გული აუჩუყდა, მაქსიმ გრიგორევიჩის სადღეგრძელო შესვა და შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: - ჩვენ ყველა შევდივართ და გამოვდივართ თეატრში. სულ მცირე დროში ორჯერ ვხედავთ მაქსიმ გრიგორევიჩს და მივეჩვიეთ, როგორც ავეჯს, ის კი ცოცხალი ადამიანია. დამსახურებებით. ფრონტი აქვს გამოვლილი, ინვალიდია, წითელი დროშის ორდენიც აქვს. ორდენს კი ტყუილად არ იძლევიან, მხოლოდ მისი პირადი მამაცობისთვის. ეს ყველაზე საბრძოლო და ფასეული ორდენია. - შევსვათ, - თქვა მან, - ამ ორდენის მფლობელის, მოკრძალებული და შეუმჩნეველი ადამიანის სადღეგრძელო. ჯანმრთელობა ვუსურვოთ! მერე მიუჯდა მაქსიმ გრიგორევიჩს გიტარით და რამდენიმე თავისი საბრძოლო სიმღერა უმღერა. ზოგიერთი მოეწონა კიდეც მაქსიმ გრიგორევიჩს, თუმცა იცოდა, რომ ამ სიმღერებს ის ყველგან მღეროდა, მაგრამ სხვანაირსაც წერს - უხამს სიმღერებს, მაგალითად, „ჩამშვებ ნინკაზე“ და ქურდულებს. მათ მხოლოდ მთვრალ კამპანიებში და მეგობრებში მღერის. ისინი კი მაგნიტოფონზე იწერენ და ყიდიან. საშკა კულეშოვი - მთხზველია. მაქსიმ გრიგორევიჩს ეს სიმღერები, რა თქმა უნდა, მოსმენილი ჰქონდა. თამარკა უკრავდა ხოლმე და მოსწონდა. ეს ბიჭიც მისთვის როგორღაც ახლობელი იყო, - რაღაცით მის ყოფილ ქვეშევრდომებს აგონებდა, თუმცა თეატრში მთავარ როლებს თამაშობდა და დიდ არტისტად ითვლებოდა. მართალია, მაქსიმ გრიგორევიჩი მთელი დღეები უსაქმოდ იჯდა თავის პოსტზე, მაგრამ ნაკლებად აინტერესებდა, რა ხდებოდა თეატრის შიგნით, შესასვლელის იქით. ერთხელ სიმღერები რომ მოისმინა, თამარას ჰკითხა: - ვინ მღერის? - ჩემი ნაცნობი! - შემთხვევით, ციხეში ხომ არ იჯდა? - ის შენთან თეატრში მუშაობს. კულეშოვია, ალექსანდრე! მაქსიმ გრიგორევიჩმა გაოცებისაგან პირი დააღო და მეორე დღეს სპექტაკლის ნახვა გადაწყვიტა. სპექტაკლი საბრძოლო ცხოვრებიდან იყო. კულეშოვს ჯარისკაცის ფორმა ეცვა და მღეროდა. მაქსიმ გრიგორევიჩს ისევ მოეწონა. გუშინ კიდევ სადღეგრძელო უთხრა, მიუჯდა და უმღერა. არა! მართლა, არა უშავს. ბოთლი დადგა, უსხამდა და ეკითხებოდა საბრძოლო დამსახურებებსა და რისთვის მისცეს ორდენი - იმაზე. მაქსიმ გრიგორევიჩს შეეძლო დუმილი. ხანდახან რამეს ეკითხებოდნენ, ორჯერ, სამჯერ, ის კი დუმდა. ისინიც თავს ანებებდნენ. გუშინ კი დალია, მოეშვა და ლაყბობა და ტრაბახი დაიწყო. - რა ორდენი, ალექსანდრე პეტროვიჩ, ჩემთვის საშა ხარ, რა თქმა უნდა. არც ერთი ორდენი არ მაქვს. რა უნდა გითხრა. - ნუ თავმდაბლობ, მაქსიმ გრიგორევიჩ! - რატომ უნდა ვითავმდაბლო, ჩემო ძვირფასო საშა! ისეთ საქმეებს ვატრიალებდი, ისეთი პოსტები მეკავა და ისეთ დავალებებს ვასრულებდი, 30 წლის წინ რომ დაგენახე, გაგიჟდებოდი, 40 წლისა - ხომ საერთოდ, დაშტერდებოდი... - სადღაც შსს შინაგანი ჯარებში ყოფილი მამასახლისობა გაიხსენა და უკვე თვითონ სჯეროდა, რასაც ფქვავდა, ყოველგვარი კონტროლი და ძაფი დაკარგა, ერთსა და იგივეს უაზროდ იმეორებდა, ტყუილების კორიანტელი დააყენა. - მე თვით ტუხაჩევსკი დავიჭირე! - როგორ თუ დაიჭირე? - გაოცდა საშა და ფრუტუნი შეწყვიტა. - ჩვეულებრივად, ხელებით, რომ არ წაქცეულიყო. - ეს სად ხდებოდა? - არ გინდა, საშა! ტუხაჩევსკის თაობაზე მაქსიმ გრიგორევიჩმა, რა თქმა, უნდა გადაამლაშა. უბრალოდ, ოდესღაც დამახსოვრებული გვარი ამოუტივტივდა თავში, თუმცა რატომ არ შეიძლებოდა, მართლაც დაეჭირა? იმიტომ, რომ სხვა ბევრიც დაუჭერია, უფრო მსხვილებიც. სავსებით შეეძლო, ნებისმიერი დაეჭირა, ვინც გნებავთ, ის. რის შესახებაც ახლა უამბობდა საშა კულეშოვს... მაქსიმ გრიგორევიჩი ფიქრობდა, რომ მისი სიტყვების შემდეგ საშა სკამზე ან სცენაზე ახტებოდა, თავის მთვრალ მეგობრებს სიჩუმისაკენ მოუწოდებდა და ხრინწიანი, მაგრამ ცნობილი ხმით იყვირებდა: - კიდევ ერთხელ შევსვათ მაქსიმ გრიგორევიჩის სადღეგრძელო, მან თურმე ბლუხერი დაიჭირა! - აი, ერთი გვარიც გაიხსენა. მაგრამ საშა ამის ნაცვლად რატომღაც ადგა, თავის შემთხვევით თანამეინახეს სიბრალულით შეხედა და გაეცალა. ამის შემდეგ აღარაფერი უმღერია, მოიწყინა კიდეც, მერე კი მაგრად გამოთვრა. ლოთი იყო კულეშოვი, თანაც როგორი. ეს ყველაფერი გაახსენდა მაქსიმ გრიგორევიჩს და ისევ თვალთ დაუბნელდა. - ვინ მექაჩებოდა ენაზე, რა სულელი ვარ. თუმცა თავში ქვა უხლია, რა, ბავშვის ნათლიად ხომ არ ვიკიდებ? - რაღაც მტკივნეულად გაიღიმა, იმიტომ რომ ბილწი ხუმრობა გამოუვიდა, კულეშოვისა და თამარას ამბავში. მერე კიდევ ერთხელ წავიდა ტუალეტში და ყველაფერი განმეორდა. ოღონდ ამჯერად ეს ოხერი კუჭის მესამედი ასტკივდა. როცა ოთხი წლის წინ, შსს ჰოსპიტალიდან ეწერებოდა, სადაც ოპერაცია გაუკეთეს, მისმა ექიმმა, გერმან აბრამოვიჩმა გულწრფელად და კაცურად გააფრთხილა: - თუ დალევთ, მოკვდებით, ისე კი სამი წლის გარანტიას გაძლევთ. ის კი, მეოთხე წელია, გაუთავებლად სვამს და ჯერაც ცოცხალია, თუ ამას სიცოცხლე ჰქვია. გერმან აბრამოვიჩს კი ეუბნება, რომ არ სვამს, მიუხედავად იმისა, რომ ჭკვიანი და კარგი ექიმია.        მაქსიმ გრიგორევიჩი მხოლოდ სამი წლის შემდეგ მოკვდება, სწორედ გერმანელისა და თამარას ქორწილის წინა დღეს. ახლა კი არ მოკვდება, რა თქმა უნდა, თუ რაიმე სპირტიანს მიაგნებს. სად გიშოვოთ სასმელი, მაქსიმ გრიგორევიჩ, ნაბახუსევს რომ ვუშველოთ? ჩაიხედე ქალიშვილის ძველ ჩანთაში! ჩაიხედე? ირკა და მისი ქმარი, თუ ზედმეტი კაპიკი გაუჩნდებათ, სიძე პრემიას თუ აიღებს ან ეკონომიას გააკეთებენ - მაშინვე შემნახველ სალაროში მიაქანებენ, შვებულებისთვის აგროვებენ. ქალიშვილი და სიძე ალპინიზმით არიან გატაცებულნი. მთელი ზაფხულით დომბაიში მიემგზავრებიან, ხან ბაქსანში, სადღაც მთებში. ერთი სიტყვით, დაძვრებიან კლდეებზე. განსაკუთრებით სიძე - ბორის კლიმოვი - დაცოცავს. დაცოცავს და იმტვრევა. სასიკვდილოდ არა, მაგრამ მაგრად. გასულ წელს ორი თვე იწვა - ჩამოიყვანეს დალეწილი ჯერ კიდევ შუა შვებულებაში. გამოშუშდა და თავისას ისევ არ იშლის. ასე რომ, ირკასთან ფულს ვერ იპოვი, მაქსიმ გრიგორევიჩ, თამარკასთან კი ძებნასაც აზრი არ აქვს: ის მეტროს ფულს დედამისს სთხოვს და სიგარეტს - მეზობლებს. იქნებ მეზობელთან გასულიყავი? ის სულ დაკავებულია. თანაც მგონი აქ არ უნდა იყოს, სადღაც ცდებზეა. რაკეტების საწვავის სპეციალისტია. სერიოზული ბიძაა, თუმცა ახალგაზრდა. ორი კვირის წინ გაემგზრავრა ბაიკანურში. ახლა ხშირად დადის. წავა, ერთი კვირის შემდეგ გაზეთებში წერენ: „განხორციელდა მორიგი გაშვება... „კოსმოსი 1991“. ყველაფერი წესრიგშია და ა.შ.“ და მეზობელიც ბრუნდება მხიარული და კმაყოფილი. მაქსიმ გრიგორევიჩს ფულს ასესხებს ხოლმე, თუ ეს უკანასკნელი გადაბმით სვამს. მაგრამ მეზობელი აქ არაა. არ ჩამოსულა. იქნებ ზეწრების კარადაში შეიხედოს? შეიხედა ყოველი შემთხვევისათვის. არც იქაა, რადგანაც ცოლი დიდი ხანია, ფულს იქ აღარ ინახავს, გადამალა. ზის მაქსიმ გრიგორევიჩი დივანზე, თავის ტერიტორიაზე, დანარჩენი ფართობი მისი არაა, ზის და სასტიკი ნაბახუსევით იტანჯება, მორალურით - ორდენის გამო და ფიზიკურით - მიღებული ალკოჰოლის გამო. ალბათ ასეც იჯდებოდა დიდხანს და ირბენდა სამზარეულოსა და ტუალეტში, რომ არა კიბის უჯრედზე უეცრად აჟღერებული გიტარა. გაისმა მხიარული ხმები, ვიღაცამ კარზე უტიფრად გრძელი ზარით დარეკა და იღრიალა: - არის ვინმე? ახლავე გააღეთ! თორემ კარს შემოვამტვრევთ! მაქსიმ გრიგორევიჩს ხმა ძალიან ეცნო და კარის გასაღებად წაფრატუნდა. თვალები, თუმცა ნაბახუსევის ნისლით ჰქონდა დაბინდული, გაუფართოვდა. ზღურბლთან კოლია სვიატენკო იდგა, მეტსახელად „კოლეგა“, საკუთარი პერსონით, დილიდან ნალოთავები, გიტარით და ვიღაც ლოთთან ერთად, რომელიც ზურგს უკან რაღაცას მალავდა და იღიმებოდაპ კოლკაც იღრიჭებოდა, ამზეურებდა უკვე ოთხ ოქროს კბილს, ლოთს კი პირი მთლიანად ოქროთი ჰქონდა გამოტენილი. კოლიას შუბლზე ახალი ნაიარევი ემჩნეოდა. *გაგრძელება*…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 2:56pm on აპრილი 10, 2014
თემა: პროსპერ მერიმე - კარმენი
იმე ლიეთი ჩრდილოეთით. ჩემი საკუთარი მოსაზრებების მიხედვით, რომლებიც ანონიმური ავტორის ტექსტის, Bellum Hispaniense-ს შესახებ დამებადა, და იმ რამდენიმე ცნობის მიხედვით, რომლებიც ჰერცოგ დ’ოსინას საუცხოო ბიბლიოთეკაში შევკრიბე, ვფიქრობდი, რომ ის ღირსსახსოვარი ადგილი, სადაც იულიუს კეისარმა უკანასკნელად გაუსწორა ანგარიში რესპუბლიკის დამცველებს, მონტილას მიდამოებში უნდა გვეძებნა. როდესაც 80 წლის შემოდგომის პირას ანდალუზიაში მოვხვდით, საკმაოდ შორი გზა მოვიარე, რათა უკანასკნელი ეჭვებიც გამეფანტა. გამოკვლევა, რომელსაც ახლო მომავალში გამოვაქვეყნებ, ვიმედოვნებ ბოლოს მოუღებს ყოველგვარ გაუგებრობას და ყოყმანს არქეოლოგთა შორის. სანამ ჩვენი დისერტაცია საბოლოოდ გადასჭრიდეს ამ გეოგრაფიულ პრობლემას, რომელიც მთელ განათლებულ ევროპას აღელვებს, მსურს ერთი პატარა ამბავი მოგითხროთ; ის გავლენას არ მოახდენს მუნდას ადგილმდებარეობის საინტერესო საკითხზე. კორდოვაში გამყოლი და ორი ცხენი ვიქირავე. ავკიდე ჩემი ბარგი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კეისრის „კომენტარებისა“ და რამდენიმე პერანგისაგან შედგებოდა, და გავუდექი გზას. ერთ დღეს, კაჩენას ვაკის ამაღლებულ ნაწილში ხეტიალის დროს დაღლილ-დაქანცული, წყურვილისაგან ღონემიხდილი, სიცხე-პაპანაქებისაგან დამწვარი, კეისარსაც და პომპეუსის ვაჟებსაც სულით და გულით ჯანდაბის იქით ვგზავნიდი; მოულოდნელად იმ ბილიკიდან საკმაოდ შორს, რომელსაც მე ვადექი, ლერწმით და ღელით დაფარული პატარა მწვანე მინდორი შევნიშნე. ეს წყაროს სიახლოვეს მოასწავებდა. მართლაც, რომ მივუახლოვდი, დავინახე, რომ ის, რაც მე მინდორი მეგონა, ჭაობი ყოფილიყო, რომელსაც პატარა ნაკადული ერთვოდა; ნაკადული სიერა კაბრას ორ მაღალ ქედს შორის მოთავსებული ვიწრო ხევიდან გადმოდიოდა, გავიფიქრე ხევს თუ ავყვები, უფრო ანკარა წყალს ვნახავ, ალბათ წურბელები და ბაყაყებიც ნაკლები იქნება და შეიძლება სადმე კლდეებში ჩრდილსაც წავაწყდე-მეთქი. ხევში შესვლისთანავე ჩემა ცხენმა დაიჭიხვინა და მას იმწამსვე უპასუხა სხვა ცხენმა, რომელსაც ჯერ ვერ ვხედავდი. ასიოდე ნაბიჯიც არ მქონდა გავლილი, რომ ხევი მოულოდნელად გაფართოვდა და ბუნებრივ ცირკს დაემსგავსა. მას გარშემორტყმული ქარაფების ჩრდილი მთლად ჰფარავდა. შეუძლებელი იყო სხვა ადგილის მოძებნა, რომელიც უფრო საამო დასვენებას აღუთქვამდა მგზავრებს. ციცაბო კლდეების ძირში აქაფებული ნაკადული მოსჩქეფდა და თოვლივით თეთრი ქვიშით მოფენილ პატარა გუბეში ჩადიოდა. ხუთი თუ ექვსი მშვენიერი, ქარებისაგან მუდმივ დაცული და წყაროს წყლით გახარებული მწვანე მუხა აღმართულიყო მის ნაპირებზე და ხშირი ფოთლებით ჩრდილავდა. და ბოლოს ხასხასა, რბილი მოლი აუზის გარშემო გაცილებით უკეთეს საწოლს წარმოადგენდა, ვიდრე ათი ლიეს მანძილზე ირგვლივ, რომელიმე სასტუმროში შეგეძლოთ გეპოვნათ. ამ საუცხოო ადგილის აღმოჩენის პატივი მე არ მეკუთვნოდა. იქ უკვე ვიღაც კაცი ისვენებდა და ეჭვს გარეშე იყო, რომ ჩემს იქ მისვლამდე ეძინა. ცხენების ჭიხვინზე გამოღვიძებოდა, წამომდგარიყო და მიახლოვებოდა თავის ბედაურს, რომელსაც პატრონის ძილით ესარგებლა და ამ მიდამოების ბალახით მოელხინა. ეს იყო საშუალო სიმაღლის, მაგრამ ჩასკვნილი ტანის ყმაწვილი, რომელსაც სახის პირქუში და ამაყი გამომეტყველება ჰქონდა. მისი კანის ფერი ერთ დროს შეიძლება თეთრიც ყოფილიყო, ახლა კი მზის გავლენით, თმაზე უფრო გამუქებოდა. ერთი ხელი თავისი ცხენისათვის ჩაევლო აღვირში, მეორეთი სპილენძის თოფი ეჭირა. უნდა გამოვტყდე, უცნობის ხელში თოფის დანახვამ და მისმა სასტიკმა გამომეტყველებამ ცოტა არ იყოს შემაკრთო; მაგრამ ისე ხშირად მქონდა გაგონილი ყაჩაღების ამბები, ხოლო შეხვედრით კი არასოდეს არ შემხვედროდა, რომ უკვე აღარ მწამდა მათი არსებობა, გარდა ამისა, იმდენი პატიოსანი გლეხი მყავდა ნანახი, რომლებიც ბაზარში გამგზავრების დროს თავით ფეხებამდე თოფ-იარაღში სხდებოდნენ, რომ მარტოოდენ თოფის დანახვა ჯერ კიდევ უფლებას არ მაძლევდა, ეჭვი შემეტანა უცნობის პატიოსნებაში, ეგრეც არ იყოს, შინაურული თავის დაკვრით მივესალმე და ღიმილით ვკითხე, ძილი ხომ არ დაგიფრთხეთ-მეთქი. ამათვალიერ-ჩამათვალიერა; შემდეგ, თითქოს განსჯით დაკმაყოფილდაო, იმგვარივე ყურადღებით ახედ-დახედა ჩემს გამყოლსაც, რომელიც უკან მომყვებოდა. მე დავინახე, რომ გაფითრდა ეს უკანასკნელი და, აშკარა შიშით შეპყრობილი შედგა. „ცუდი შეხვედრა გვაქვს“, ვთქვი ჩემს გულში. მაგრამ იმწამსვე გონიერებამ მირჩია, სჯობს არავითარი შეშფოთება არ შევიმჩნიო-მეთქი. ჩამოვხტი, ვუთხარი გამყოლს ცხენებისათვის აღვირი წაეყარა, დავიჩოქე წყაროსთან და თავი და ხელები წყალში ჩავყავი; შემდეგ, გედენოს უხეირო ჯარისკაცივით პირქვე დამხობილმა, წყლით გული ვიჯერე. ამასობაში თვალს არ ვაშორებდი ჩემს გამყოლს და უცნობს. პირველი მეტად უხალისოდ მიახლოვდებოდა, მეორეს კი, თითქოს არავითარი ცუდი განზრახვა არ ჰქონდა ჩვენს წინააღმდეგ, რადგან თავის ცხენს ხელი გაუშვა და თოფიც, რომელიც აქამდე ჰორიზონტალურად ეჭირა, ახლა მიწისკენ იყო მიმართული. გადავწყვიტე, რომ არ ღირდა საწყენად მიმეღო ჩემი პიროვნების უგულებელყოფა, წამოვწექი მოლზე და რიდისა და კრძალვის გარეშე ვკითხე კაცს, ტალკვესი ხომ არა გაქვთ-მეთქი. იმავე დროს ჯიბიდან სიგარების კოლოფი ამოვიღე. უცნობმა ისევე უსიტყვოდ გაჩხრიკა ჯიბეები, ამოიღო ტალკვესი და მარდად დამიკვესა ცეცხლი, ცხადი იყო, რომ მოშინაურდა, რადგან ჩემს წინ დაჯდა, თუმცა თოფისთვის ხელი მაინც არ შეუშვია. ჩემს სიგარას რომ მოვუკიდე, დარჩენილებიდან საუკეთესო ამოვარჩიე და შევეკითხე, ხომ არ ეწევით-მეთქი. - დიახ, სინიორ, - მიპასუხა მან. ეს იყო პირველი სიტყვები, რომლებიც მისგან გავიგონე და შევიტყვე, რომ ანდალუზიურად არ გამოსთქვამდა S-ს, საიდანაც დავასკვენი, რომ ისიც ჩემისთანა მგზავრი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ არა არქეოლოგი. - თქვენ ეს ძალიან მოგეწონებათ, - ვუთხარი და ნამდვილი ჰავანური რეგალია გავუწოდე. მან ოდნავ თავი დახარა, თავის სიგარას ჩემსაზე მოუკიდა, თავის ისეთივე ოდნავი დახრით მადლობა გადამიხადა და აშკარად დიდი სიამოვნებით დაიწყო წევა. - აჰ! - წამოიძახა მან და ბოლი ნელ-ნელა გამოუშვა პირიდან და ნესტოებიდან, - ამდენი ხანია აღარ მომიწევია! ესპანეთში სიგარის შეთავაზება და მიღება, ისევე როგორც აღმოსავლეთში პურ-მარილის გაზიარება, საკმარისია იმისათვის რომ სტუმარ-მასპინძლური დამოკიდებულება დამყარდეს. ჩემი უცნობი გაცილებით უფრო გულღია მოსაუბრე აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი, მაგრამ, თუმცა მან თავი მონტილას ოლქის მცხოვრებად გაასაღა, აღმოჩნდა, რომ ამ მხარეს საკმაოდ ცუდად იცნობდა. მან არ იცოდა იმ მომხიბლავი ხევის სახელი, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით; ვერც ერთი მახლობელი სოფელი ვერ დამისახელა; დაბოლოს, როდესაც გამოვკითხე, ამ მიდამოებში კედლის ნანგრევები, ან ფართო, ამაღლებულკიდეებიანი კრამიტები ანდა ჩუქურთმიანი ქვები ხომ არსად შეგხვედრია-მეთქი, გამომიტყდა: ასეთი რამეებისათვის არასოდეს არ მიმიქცევია ყურადღებაო. სამაგიეროდ ცხენების საუკეთესო მცოდნე აღმოჩნდა. ჩემი ცხენი გააკრიტიკა, რაც ძნელი არ იყო, შემდეგ თავისი ცხენის გენეალოგია გამაცნო: ის კორდოვას განთქმული საჯიშიდან ყოფილიყო. მართლაც რომ კეთილშობილი პირუტყვი იყო მისი ცხენი, დაღლილობის არაჩვეულებრივი ამტანი, პატრონის სიტყვით, ერთ დღეს, თურმე, ჭენებით და ჩორთით 0 ლიე გაევლო. მაგრამ ამ ლაპარაკში რომ იყო, უცნობი უეცრად გაჩუმდა, თითქოს თავს გაუჯავრდა, რომ ზედმეტი წამოსცდა. „იცით, ძალიან მიმეჩქარებოდა კორდოვაში, ცოტა დაბნეულად განაგრძო მან, იქ მოსამართლეებს უნდა მოვლაპარაკებოდი ერთი საქმის თაობაზე...“ და ამ სიტყვებთან ერთად შეხედა ჩემს გამყოლს - ანტონიოს, რომელმაც თვალები ძირს დახარა. ჩრდილში, წყაროს გვერდით, მალე მადა გამეხსნა და გამახსენდა, რომ ჩემმა მონტილელმა მეგობრემა ჩემს გამყოლს ჩანთაში საუცხოო შაშხის რამდენიმე ნაჭერი ჩაუდეს. მოვატანინე შაშხი და მოვიწვიე უცნობი, რომ ჩემი სახელდახელო საუზმე გაეზიარებინა. შევატყვე, რომ მას არა თუ თამბაქო აღარ მოეწია დიდხანს, არამედ სულ ცოტა, დღე-ღამის განმავლობაში არაფერი არ უნდა ჰქონოდა ნაჭამი. მშიერი მგელივით ნთქავდა ყველაფერს. გავიფიქრე, ჩემთან შეხვედრა ნამდვილად განგებამ გამოუგზავნა ამ საცოდავ კაცს-მეთქი. ამავე დროს ჩემი გამყოლი ძალიან ცოტას ჭამდა, უფრო ნაკლებს სვამდა და გაჩუმებული იჯდა, თუმცა ჩვენი მოგზაურობის დასაწყისიდანვე თავი გამოიჩინა, როგორც შეუდარებელმა მოლაყბემ. ეტყობოდა, ჩვენს სტუმართან თავს უხერხულად გრძნობდა; ერთმანეთს უნდობლად უცქეროდნენ, თუმცა ვერაფრით ვერ გამეგო ამისი მიზეზი. პურისა და შაშხის უკანასკნელი ნამცეცებიც გაქრა; მეორე სიგარაც მოვწიეთ; ვუბრძანე ჩემს გამყოლს ცხენებისათვის ლაგამი ამოედო და, ის იყო ვაპირებდი ჩემს ახალ ნაცნობთან გამოთხოვებას, რომ მკითხა, სად აპირებთ ღამის გათევასო. სანამ თვალს შევასწრებდი ჩემს გამყოლს, რომელიც რაღაცას მანიშნებდა, უკვე ვუპასუხე, ვენტა დელ კურვოში მივდივარ-მეთქი. - თქვენისთანა ადამიანისათვის ვერ არის შესაფერისი სადგომი, ჩემო ბატონო... მეც იქ მივდივარ და, თუ ნებას მომცემთ, გამოგყვებით, ერთად ვიმგზავროთ. - დიდი სიამოვნებით, - ვუთხარი და ცხენზე შევჯექი. ჩემმა გამყოლმა, რომელსაც ჩემი უზანგი ეჭირა, კიდევ რაღაც მანიშნა თვალით. პასუხად მხრები ავიჩეჩე, რათა დამერწმუნებინა, სრულიად დამშვიდებული ვარ-მეთქი, და გავუდექით გზას. ანტონიოს იდუმალი ნიშნები, მისი მოუსვენრობა, რამდენიმე სიტყვა, რომელიც უცნობს წამოსცდა, განსაკუთრებით ოცდაათი ლიეს ჭენებით გავლის შესახებ, რაც მან დამაჯერებლად ვერ ამიხსნა, - ყველაფერი ეს საკმარისი იყო, რომ ჩემს თანამგზავრზე უკვე გარკვეული აზრი შემქმნოდა. ეჭვიც აღარა მეპარებოდა, რომ კონტრაბანდისტთან ან, შეიძლება, მძარცველთანაც მქონდა საქმე; რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის ამას? მე საკმარისად ვიცნობ ესპანელების ხასიათს, რათა სავსებით დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ საშიში არაფერი მომელოდა ისეთი კაცისაგან, რომელმაც ჩემთან პური გატეხა და თამბაქო მოსწია. თვით მისი თანხლებაც კი უზრუნველგვყოფდა და დაგვიფარავდა ყოველგვარი ცუდი შეხვედრისაგან. მეორეს მხრივ, მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი ყაჩაღის გაცნობით. ყაჩაღებს ხომ ყოველდღე ვერ შეხვდებოდით. და გარდა ამისა, საშიშ არსებასთან ყოფნა ერთგვარ სიამოვნებასაც გვგვრის, განსაკუთრებით, როდესაც ვგრძნობთ, რომ ის მოთვინიერებულია. იმედი მქონდა, რომ უცნობს ნელ-ნელა გულახდილ საუბარზე გადავიყვანდი და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გამყოლი რაც ძალი და ღონე ჰქონდა თვალს მიკრავდა, ლაპარაკში გავარდნილ ყაჩაღებს გადავწვდი. გასაგებია, რომ მათ პატივისცემით ვიხსენებდი. იმხანად ანდალუზიაში ერთი განთქმული ბანდიტი იყო, სახელად ხოზე-მარია, რომლის საგმირო საქმეები ყველას პირზე ეკერა. „ვინ იცის, იქნებ ხოზე-მარიას გვერდით ვარ?“ - ვამბობდი ჩემს გულში... მოვყევი ზოგიერთი ამბავი, რომელიც გაგონილი მქონდა ამ გმირის შესახებ; უნდა ითქვას, რომ ყოველ მათგანში ის დადებითი გამომყავდა და უდიდესი აღტაცებით ვაქებდი მის სიმამაცეს და სულგრძელობას. - ხოზე-მარია გარეწარია და მეტი არაფერი, - გულგრილად თქვა უცნობმა. „ნეტა ღირსეულ შეფასებას მიუზღავს თავის თავს, თუ მეტისმეტი თავმდაბლობით ამბობს ასე?“ - გონებაში შევეკითხე ჩემს თავს, რადგან, რაც უფრო მეტად ვაკვირდებოდი ჩემს თანამგზავრს, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ მას უდგებოდა ხოზე-მარიას აღწერილობა, რომელიც ანდალუზიის ბევრ ქალაქში საჯარო ადგილებში გამოკრული წამეკითხა. დიახ, ეს სწორედ ის არის... ქერა თმა, ცისფერი თვალები, დიდი პირი, ლამაზი კბილები, პატარა ხელები, წმინდა ქსოვილის პერანგი, ვერცხლისღილებიანი ხავერდის ჯუბა, თეთრი ტყავის ფეხსაცმელი, ქურანა ცხენი... ეჭვი აღარ არის! მაგრამ პატივი ვცეთ მის ინკოგნიტოს. მივედით ვენტაში. ის სწორედ ისეთი აღმოჩნდა, როგორც ამიწერეს, ესე იგი უბადრუკი და საძაგელი, რომლის მსგავსი ჯერ არსად მენახა. ერთი მოზრდილი ოთახი წარმოადგენდა სამზარეულოსაც, სასადილოსაც და საწოლ ოთახსაც. ეცხლი შუაგულ ოთახში ენთო ბრტყელ ქვაზე და ბოლი ჭერში გაკეთებული გასავლით ადიოდა, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ღრუბლებივით დგებოდა იატაკიდან რამდენი ფუტის სიმაღლეზე. კედლის გასწვრივ, იატაკზე გაშლილი იყო ხუთი თუ ექვსი ჯორის საოფლე; ეს მგზავრებისათვის გამზადებული ლოგინები იყო. ამ, ჩემს მიერ აღწერილი სახლიდან, ანუ უფრო სწორად ოთხიდან, ოციოდე ნაბიჯის მოშორებით ერთი ფარდული იდგა, რომელიც თავლის მაგივრობას სწევდა. ამ მშვენიერ ბინაში ძე ხორციელი არავინ იყო, გარდა ერთი დედაბრისა და ათი-თორმეტი წლის გოგოსი; ორივენი გაჭვარტლული და საშინლად ჩამოძონძილი იყვნენ, -აი რაღა დარჩენილა ანტიკური მუნდის მოსახლეობიდან! ჰოი, კეისარო! ჰოი, სექსტუს პომპეუს! რა გაოცებული დარჩებოდით, ამქვეყნად ხელახლა რომ მობრძანებულიყავით. ჩემი თანამგზავრის დანახვაზე დედაბერს მისდაუნებურად გაოცებისაგან აღმოხდა: - აჰ! სენიორ დონ ხოზე! დონ ხოზემ წარბები შეიკრა და ისეთი მბრძანებლური ჟესტით ასწია ხელი, რომ დედაბერი მყისვე გააჩუმა. მე ჩემს გამყოლს მივუბრუნდი და შეუმჩნეველი ნიშნით გავაგებინე, ახალს ვერაფერს შემატყობინებ ამ კაცის თაობაზე, რომელთანაც ღამის გათევას ვაპირებ-მეთქი. ვახშამი უკეთესი იყო ვიდრე მოველოდი: პატარა, ერთი ფუტის სიმაღლის მაგიდაზე მოგვართვეს, ბრინჯით და ბლომად წიწაკით შეზავებული ბებერი მამალი, შემდეგ წიწაკა ზეთში, დაბოლოს, გასპაჩო, თავისებური წიწაკის სალათა. სამი ამგვარად შეზავებული კერძის შემდეგ იძულებული გავხდით ხშირ-ხშირად მოგვეყუდებინა მონტილას ღვინით სავსე ხელადა; ღვინო საუცხოო აღმოჩნდა. ვახშმის შემდეგ შევნიშნე კედელზე ჩამოკიდებული მანდოლინა (ესპანეთში მანდოლინები ყველგან აქვთ), და ვკითხე პატარა გოგოს, რომელიც გვემსახურებოდა, დაკვრა ხომ არ იცი-მეთქი. - არა, მიპასუხა მან, - მაგრამ დონ ხოზე ძლიან კარგად უკრავს! - კეთილი ინებეთ, - ვუთხარი დონ ხოზეს, - და მიმღერეთ რამე; მე გაგიჟებით მიყვარს თქვენი ეროვნული მუსიკა. - მე არ ძალმიძს რამეზე უარი ვუთხრა ასეთ ზრდილ ბატონს, რომელიც ასეთი კარგი სიგარებით მიმასპინძლდება, - წამოიძახა კარგ გუნებაზე მოსულმა დონ ხოზემ, და მოატანინა მანდოლინა, დაუკრა და დაამღერა: ხმა მოუხეშავი, მაგრამ სასიამოვნო ჰქონდა, ჰანგი ნაღვლიანი და უცნაური იყო, რაც შეეხება სიტყვებს, მე ერთი სიტყვაც ვერ გავიგე. - თუ არა ვცდები, - ვუთხარი მას, - თქვენ რომ იმღერეთ, ეს არ იყო ესპანური ჰანგი. ის „სორსიკოს“ უფრო ჰგავდა, რომლებიც პროვინციაში მომისმენია, და სიტყვებიც ბასკური უნდა იყოს. - დიახ, - მოღუშული სახით მიპასუხა დონ ხოზემ. მან მანდოლინა ძირს დადო, გულხელი დაიკრიფა და არაჩვეულებრივი მწუხარე გამომეტყველებით მიაშტერდა ცეცხლს. პატარა მაგიდაზე დადგმული ლამპის შუქით განათებული მისი კეთილშობილი და მკაცრი სახე მილტონის სატანას მაგონებდა, ვინ იცის, იქნებ მისი აზრიც მიტოვებულ სამყოფელს დასტრიალებდა, იქნებ ისიც მასავით იმ დევნაზე ფიქრობდა, რომელსაც რაღაც შეცოდებასავით განიცდიდა. ვეცადე გამომეცოცხლებინა საუბარი, მაგრამ ის ისე იყო თავის ნაღვლიან ფიქრებში წასული, რომ არ მიპასუხა. მოხუცი უკვე კუთხეში მიწვა დასაძინებლად, თოკზე გადაკიდებული დაგლეჯილი ფარდის უკან, პატარა გოგოც მიჰყვა მას ამ მშვენიერი სქესისათვის განკუთვნილ სავანეში. ამას შემდეგ ჩემი გამყოლიც ფეხზე წამოდგა და თავლაში გამიწვია; მაგრამ ამ სიტყვებზე, თითქოს ხელის კვრით გამოაღვიძესო, დონ ხოზე უხეშად შეეკითხა, საით მიხვალო. - თავლაში, - უპასუხა გამყოლმა. - იქ რა გინდა? ცხენებს საჭმელი აქვთ. აქ დაწექი, ბატონი ნებას მოგცემს. - ვშიშობ ბატონის ცხენი ავად არ იყოს: მინდა, რომ ბატონმა ნახოს: იქნებ შეატყოს რა მოუხდება. აშკარა იყო, ანტონიოს ჩემთან განმარტოებით სურდა საუბარი, მაგრამ მე არავითარი სურვილი არ მქონდა დონ ხოზესთვის ეჭვები აღმეძრა, რადგან ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენ ვიმყოფებოდით, ვფიქრობდი, რომ უმჯობესია, რაც შეიძლება მეტი ნდობა გამოვიჩინო-მეთქი. ამიტომ ანტონიოს ვუპასუხე, ცხენებისა მე არაფერი მესმის და თანაც მეძინება-მეთქი. დონ ხოზე გაჰყვა მას თავლაში და მალე იქიდან მარტო დაბრუნდა. მან მითხრა, ცხენს არაფერი უჭირს, მაგრამ თქვენი გამყოლი ისეთ ძვირფას პირუტყვად თვლის, რომ ოფლის მოსადენად თავისი საკუთარი ხალათით დაუწყო ზელვა და გადაუწყვეტია მთელი ღამე ამ სასიამოვნო საქმიანობაში გაატაროსო. ამასობაში მე წამოვწექი ჯორის საოფლეზე, მაგრამ ისე ბეჯითად გავეხვიე ჩემს მოსასხამში, რომ ტანით სულ არ შევხებოდი მას. დონ ხოზემ ჩემთან ბოდიში მოიხადა, ვკადნიერდები და თქვენს მახლობლად ვწვებიო, და კარების წინ დაწვა; მაგრამ ჯერ თავის თოფს პირისწამალი გამოუცვალა და წინდახედულად ამოიდო ჩანთის ქვეშ, რომელსაც ბალიშად ხმარობდა. ხუთ წუთში, მას შემდეგ რაც ერთმანეთს ღამე მშვიდობისა ვუსურვეთ, ერთსაც და მეორესაც მაგრად გვეძინა. ჩემს თავს საკმარისად დაქანცულად ვთვლიდი, რათა ამგვარ ჭერქვეშაც კარგად დამძინებოდა, მაგრამ ერთი საათის შემდეგ მეტისმეტად უსიამოვნო ქავილმა დამიფრთხო ძილი. როგორც კი მივხვდი რაში იყო საქმე, ავდექი იმ გადაწყვეტილებით, რომ სჯობს ღამის დანარჩენი ნაწილი ღია ცისქვეშ გავატარო, ვიდრე ამ არასტუმართმოყვარე ჭერქვეშ-მეთქი, ფეხაკრეფით მივედი კარებთან, გადავალაჯე დონ ხოზეს, რომელსაც ალალ-მართალი კაცის ძილით ეძინა და ისე გამოვედი სახლიდან, რომ არ გამიღვიძებია. კარებთან ერთი განიერი სკამ-ლოგინი იდგა, მეც ღამის გასათევად ვაი-ვაგლახით მასზე მოვეწყვე. ის-ის იყო მეორედ დავხუჭე თვალები, რომ მომეჩვენა თითქოს წინ სრულიად უხმაუროდ კაცის და ცხენის ლანდმა ჩამიარა. მაშინვე წამოვჯექი და ანტონიო ვიცანი. მისი ასეთ დროს თავლის გარეთ დანახვამ გამაოცა, ავდექი და მისკენ წავედი. მანაც შემნიშნა და გაჩერდა. - სად არის? - შემეკითხა ანტონიო ხმადაბლა. - ვენტაში სძინავს, ბაღლინჯოების არ ეშინია, სად მიგყავს ეგ ცხენი? მაშინღა შევამჩნიე, რომ სიფრთხილის გულისათვის ანტონიოს ცხენის ფეხებზე ძველი საოფლის ნაფლეთები დაეხვია, რათა ფარდულიდან უხმაუროდ გასულიყო. - უფრო ჩუმად ილაპარაკეთ, ღვთის გულისათვის! - მითხრა ანტონიომ. - თქვენ არ იცით, ვინ არის ეგ კაცი. ეგ ხოზე ნავაროა, ანდალუზიის ყველაზე სახელგანთქმული ყაჩაღი. მთელი დღე სულ მაგას განიშნებდით, მაგრამ თქვენ ჩემთვის ყურადღება არ მოგიქცევიათ. - ყაჩაღია თუ არა, მე რა? - მივუგე მე, - მას ჩვენ არ გავუძარცვივართ და, სანაძლეოს დავდებ, რომ არც აქვს მასეთი სურვილი. - ძალიან კარგი, მაგრამ ვინც მაგას გასცემს, ორასი დუკატია ჯილდო. აქედან ერთნახევარი ლიეს მანძილზე ულანების პოსტია, და გათენებამდე მე მაგას კაი ზორბა ბიჭებს დავასევ. მინდოდა ნავაროს ცხენი წამეყვანა, მაგრამ ისეთი ავია, პატრონის მეტს არავის იკარებს. - დაგლახვროს ეშმაკმა! - ვუთხარი. - რა დაგიშავა ამ საცოდავმა ადამიანმა, რომ გინდა დააბეზღო? დარწმუნებული კი ხარ, რომ ეგ მართლა ის ყაჩაღია, რომელიც გგონია? - სრულიად დარწმუნებული ვარ; ცოტა ხნის წინ, თავლაში რომ გამომყვა, მითხრა: „შენ, გეტყობა, მიცნობ. თუ ამ კარგ ბატონს ეტყვი ვინა ვარ, შუბლში ტყვიას გკრავ“. დარჩით ბატონო, თქვენ მასთან დარჩით; თქვენთვის საშიში არაფერია. სანამ მაგას ეცოდინება, რომ თქვენ აქ ბრძანდებით, ეჭვს არაფერზე აიღებს. ამ ლაპარაკში საკმაოდ დავშორდით ვენტას, და იქამდე ცხენის ნალების ხმა ვეღარ მიაღწევდა, ანტონიომ თვალის დახამხამებაში გაათავისუფლა ცხენი ფლოქვებზე დახვეული ძონძებისაგან და მოემზადა შესაჯდომად. მე მუდარაც ვცადე და მუქარაც, რათა შემეჩერებინა იგი. - მე ერთი საწყალი კაცი გახლავართ, ბატონო, - მიპასუხა მან, - განა შემიძლია ხელიდან გავუშვა ორასი დუკატი, მით უმეტეს, თუ ქვეყანასაც მაგგვარი ნაძირალებისაგან გავათავისუფლებ. თქვენ კი გაფრთხილებთ: გაიღვიძებს ნავარო თუ არა, მაშინვე თავის თოფს ეცემა და ვაი თქვენ, თუ თავი არ მოარიდეთ! მე უკან დასახევი გზა აღარა მაქვს; თქვენ კი ისე მოიქეცით, როგორც გიჯობდეთ. ის შეჩვენებული უკვე უნაგირზე იჯდა; ქუსლები ჰკრა ცხენს და მალე სიბნელეში ჩემს თვალთაგან მიიმალა. მე ძალიან გაჯავრებული ვიყავი ჩემს გამყოლზე და საკმაოდ მოუსვენრობასაც ვგრძნობდი. ერთი წუთის ფიქრის შემდეგ გადაწყვეტილება მივიღე და ვენტაში დავბრუნდი. დონ ხოზეს ისევ ეძინა, უეჭველია, რამდენიმე ფათერაკით და ხიფათით სავსე უძილო დღე-ღამის დაღლილობისაგან ისვენებდა. იძულებული გავხდი მაგრად შემენჯღრია, რათა გამეღვიძებინა. არასოდეს არ დამავიწყდება მისი სასტიკი სახე და სწრაფი მოძრაობა, რომლითაც თოფს გადაწვდა; მაგრამ თოფი სიფრთხილის გულისთვის ადრევე შორს გადავდე მისი ლოგინიდან. - ბატონო, - ვუთხარი მას, - ბოდიშს ვიხდი თქვენი გაღვიძებისათვის, მაგრამ ერთი სულელური შეკითხვა უნდა მოგცეთ: სასიამოვნოდ დაგრჩებოდათ თუ არა, რომ აქ ერთი ექვსიოდე ულანი მოსულიყო? ის ხელად ფეხზე წამოხტა და საშინელი ხმით მკითხა: - ვინ გითხრათ? - რა მნიშვნელობა აქვს საიდან მოდის რჩევა, ოღონდ ის კარგი იყოს. - თქვენმა გამყოლმა გამცა, მაგრამ მე ამას არ შევარჩენ, სად არის? - არ ვიცი... ალბათ, თავლაშია... ჰოდა ვიღაცამ მითხრა, რომ.. - ვინ გითხრათ?... დედაბერი ვერ გეტყოდათ... - ვიღაცამ, რომელსაც არ ვიცნობ.. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, თუ გაქვთ მიზეზები, ჯარისკაცების მოსვლას არ დავუცადოთ, დროს ნუღარ კარგავთ! თუ არა და ძილი ნებისა, ბოდიშს ვიხდი, რომ ძილი გაგიტეხეთ. - აჰ! თქვენი გამყოლი! თქვენი გამყოლი! თავიდანვე ეჭვი ავიღე მასზე... მაგრამ... არა უშავს, გადავუხდი!... მშვიდობით ბრძანდებოდეთ. ღმერთმა მოგიზღოთ იმ სიკეთისათვის, რომელიც მე მიყავით. არც ისე ცუდი ვარ, როგორიც, ალბათ, თქვენ გგონივართ... დიახ, ჩემში კიდევ არის რაღაც, წესიერი ადამიანის სიბრალულის ღირსი... მშვიდობით, ბატონო... მხოლოდ ერთი ჯავრი მიმყვება, რომ არ შემიძლია სამაგიერო გადაგიხადოთ. - ჩემს მიერ გაწეულ სამსახურის საფასურად პირობა მომეცით, დონ ხოზე, რომ არავისზე ეჭვს არ მიიტანთ და შურისძიებაზედაც არ იფიქრებთ. აი, წაიღეთ გზაში სიგარები; კეთილი მგზავრობა! და ხელი გავუწოდე. მან უსიტყვოდ ხელი ხელზე მომიჭირა, აიღო თავისი თოფი და ჩანთა, დედაბერს რამდენიმე სიტყვა უთხრა რაღაც ჟარგონზე, რომელიც მე ვერ გავიგე და ფარდულისაკენ გაექანა. რამდენიმე წამის შემდეგ უკვე მინდვრად შემომესმა მისი ცხენის თქარათქური. ამის შემდეგ ისევ დავწექი ჩემს სკამლოგინზე, მაგრამ აღარ დამეძინა. ვეკითხებოდი ჩემს თავს, სწორედ მოვიქეცი თუ არა, რომ სახრჩობელას გადავარჩინე ყაჩაღი და, ალბათ, კაცის მკვლელი, მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან ერთად შაშხი და ვალენსიურად მომზადებული ბრინჯი ვჭამე-მეთქი. განა ჩემს გამყოლს არ ვუღალატე, რომელიც კანონს ემხრობოდა; განა მე ის ვიღაც არამზადის შურისძიების მიზნად არ ვაქციე? მაგრამ სტუმარ-მასპინძლობის მოვალეობა... ველურის ცრურწმენაა, ვამბობდი ჩემთვის; ამიერიდან მე ვიქნები პასუხისმგებელი ყველა იმ ბოროტმოქმედებისა, რომელსაც ის ყაჩაღი ჩაიდენს... მაგრამ განა ცრურწმენაა ეს სინდისის ალღო, რომელიც ყოველგვარ მსჯელობას ეწინააღმდეგება? ისეთი საჩოთირო გარემოებაში, როგორშიც მე ვიმყოფებდი, უთუოდ ადვილად ვერ გადავურჩებოდი სინდისის ქენჯნას. ჯერ კიდევ უდიდეს გაურკვევლობას განვიცდიდი და ვმერყეობდი ჩემი საქციელის გამო, როდესაც დავინახე ექვსი ცხენოსანი და ანტონიო, რომელიც წინდახედულად ზურგს უკან ამოფარებული მოსდევდა მათ. მათ შესახვედრად წავედი და ვაცნობე, რომ უკვე ორი საათია, რაც ბანდიტი გაიქცა-მეთქი. დედაბერმა, როდესაც ბრიგადირმა დაჰკითხა, უპასუხა, ვიცნობ ნავაროს, მაგრამ ვინაიდან მარტო ვცხოვრობ, ვერასოდეს ვერ გავბედავ მის დაბეზღებას და ამით ჩემი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებასო. მან დასძინა, რომ ნავაროს ჩვეულებად აქვს, როცა ჩემთან მოდის, ყოველთვის შუაღამისას მიემგზავრება. მეც მომიხდა წასვლა იქიდან რამდენიმე ლიეს მანძილზე ჩემი პასპორტის საჩვენებლად და ალკაიდის წინაშე ჩვენებაზე ხელის მოსაწერად, რის შემდეგაც ნება დამრთეს განმეგრძო ჩემი არქეოლოგიური კვლევა-ძიება. ანტონიო სულ მიბღვერდა, რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ სწორედ მე შევუშალე ხელი ორასი დუკატის მიღებაში, მაგრამ კორდოვაში ჩვენი მაინც კარგ მეგობრებად გავიყარენით; იქ მას იმდენად დიდი გასამრჯელო მივეცი, რამდენის ატანაც ჩემს ჯიბეს შეეძლო. თავი მეორე       კორდოვაში რამდენიმე დღე დავყავი. დომენიკელთა წიგნთსაცავში ერთი ხელნაწერი მიმასწავლეს, საიდანაც საინტერესო ცნობები უნდა ამომეკრიფა ანტიკური მუნდას შესახებ. კეთილი მამების მიერ კარგად მიღებული, მე მთელ დღეებს ვატარებდი მათს მონასტერში, ხოლო საღამოობით ქალაქში დავსეირნობდი. კორდოვაში მზის ჩასვლის ჟამს, გვადალკივირის მარჯვენა მხარეს, სანაპიროზე მრავალი უქმი ხალხი იყრის ხოლმე თავს, იქ, მართალია, იმ დაბახანის ჰაერით სუნთქავთ, რომელიც ამ მხარეს ძველიდანვე ტყავების დამზადებით მოპოვებულ სახელს უნარჩუნებს, მაგრამ, სამაგიეროდ, ისეთი სანახაობით შეიძლება დატკბეთ, რომელსაც უთუოდ თავისი ღირსება აქვს. რამდენიმე წუთით ადრე, მწუხრის ზარის დარეკვამდე, საკმაოდ ამაღლებულ სანაპიროს ქვევით, მდინარის ნაპირზე აუარებელი ქალი იყრის ხოლმე თავს, ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაბედავს ამ ბრბოში შერევას. როგორც კი მწუხრის ზარი ჩამოჰკრავს, ითვლება, რომ უკვე დაღამდა. უკანასკნელ ზართან ერთად ქალები ტანისამოსს იხდიან და წყალში შედიან. ატყდა ყიჟინა, სიცილი, ჯოჯოხეთური ყაყანი. ზევიდან, სანაპიროდან, მობანავეებს მამაკაცები უცქერიან; თვალებს აცეცებენ, მაგრამ ბევრს ვერაფერს ხედავენ. ამისდა მიუხედავად წყლის მუქ ფონზე ბუნდოვნად გამოსახული ეს თეთრი სხეულები პოეტურ განწყობილებას გიქმნიან: სულ პატარა ფანტაზიაა საჭირო და ადვილად წარმოიდგენთ მობანავე დიანას თავისი მხლებელი ნიმფებითურთ, ისე, რომ ამისთვის აქტეონის ბედი არ გაიზიაროთ. მიამბეს, რომ ერთხელ, თურმე, რამდენიმე ლაზღანდარას მოულაპარაკებია, ფული შეუგროვებია და ტაძრის მნათე მოუქრთამავს, რომ მწუხრის ზარი კანონიერ საათზე ოცი წუთით ადრე დაერეკა. თუმცა ჯერ კიდევ სინათლე ყოფილა, გვადალკივირის ნიმფებს მწუხრის ზარისთვის უფრო დაუჯერებიათ, ვიდრე მზისთვის, უყოყმანოდ შეცვივნულან წყალში საბანაოდ და დამშვიდებული სინდისით შეუსრულებიათ ეს მეტად მარტივი პროცედურა. მე იმ დროს იქ არ ვყოფილვარ. ჩემს დროს მნათე უანგარო იყო, საღამო - ბნელი, და მხოლოდ კატა თუ მოახერხებდა ფორთოხლების გამყიდველი მოხუცი დედაბერი კორდოვის ულამაზესი გრიზეტისაგან გამოერჩია. ერთ საღამოს, როდესაც იმდენად დაბინდდა, რომ აღარაფერი ჩანდა, სიგარას ვეწეოდი სანაპიროს მოაჯირზე დაყრდნობილი; ამ დროს მდინარისაკენ მიმავალი კიბით ვიღაც ქალი ამოვიდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. თმებში გარჭობილი ჰქონდა ჟასმინის თაიგული, რომელიც საღამოობით დამათრობელ სურნელებას გამოსცემს. ქალი უბრალოდ, ღარიბულადაც კი იყო ჩაცმული, შავებში, როგორც გრიზეტთა უმეტესობა იცვამს საღამოობით. წესიერი ქალები შავ ტანსაცმელს მხოლოდ დილაობით ატარებენ, საღამოობით ისინი a la francesia იცვამენ. როდესაც ეს ჩემი მობანავე ქალი მომიახლოვდა, თავზე წამოსხმული მანტილია მხრებზე ჩამოიცურა და ვარსკვლავთა მკრთალ შუქზე დავინახე, რომ ის პატარა, ახალგაზრდა და კოხტა ტანისა იყო. ძალიან დიდი თვალები ჰქონდა. იმწამსვე გადავაგდე ჩემი სიგარა, ამ წმინდა ფრანგული თავაზიანობით გამოხატულ ყურადღებას ის ხელად მიმიხვდა და მითხრა, თამბაქოს სუნი ძალიან მომწონს და კიდევაც ვეწევი ხოლმე, როდესაც საკმაოდ სურნელოვანი papelitos შემხვდებაო. საბედნიეროდ, ჩემი სიგარების კოლოფში ასეთები მოიპოვებოდა და საჩქაროდ შევთავაზე. ინება ერთი სიგარის აღება და ცეცხლმოკიდებული თოკის ნაგლეჯზე მოუკიდა; ეს თოკის ნაგლეჯი პატარა ბიჭმა მოგვირბენინა ერთ სუდ. თამბაქოს წევაში და საუბარში მე და მშვენიერი მობანავე ქალი ისე გავერთეთ, რომ სანაპიროზე თითქმის მარტონი დავრჩით. ვიფიქრე, კადნიერება არ იქნება, თუ შევთავაზებ ნევერიაში წამომყვეს და ნაყინზე მეწვიოს-მეთქი. მცირეოდენი მოკრძალებული ყოყმანის შემდეგ, მან მიიღო ჩემი მოწვევა; მაგრამ, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტდა, მოისურვა გაეგო რომელი საათი იყო. მე ჩემს საათს დავარეკინე, და ამ რეკვამ ის განაცვიფრა. - დახე, რას არ მოიგონებენ თქვენში, ბატონო უცხოელებო! რომელი ქვეყნიდან ბრძანდებით თქვენ, ბატონო? უთუოდ ინგლისელი იქნებით. - ფრანგი გახლავართ და მზად ვარ გემსახუროთ. თქვენ კი, ქალბატონო თუ ქალიშვილო, ალბათ კორდოველი ბრძანდებით, არა? - არა. - მაგრამ, მაინც ანდალუზიელი იქნებით, მგონი, თქვენი ნაზი გამოთქმა არ მატყუებს. - თუ აგრე კარგად არჩევთ სხვადასხვა კუთხის გამოთქმებს, მაშინ უნდა გამოიცნოთ კიდეც ვინა ვარ. - მგონი, რომ თქვენ იესოს ქვეყნიდან ბრძანდებით, რომელიც სამოთხის ახლოს არის. (მე ეს მეტაფორა რომელიც ანდალუზიას აღნიშნავს, ჩემი მეგობრისაგან, კარგად ცნობილ პიკადორ ფრანსისკო სევილასაგან ვისწავლე). - ეჰ! სამოთხე კი არა... აქაურები ამბობენ, სამოთხე ჩვენთვის არ მოუგონიათო. - აბა მაშ თქვენ მავრის ქალი იქნებით ან... - მე შევჩერდი, რადგან ვეღარ გავბედე მეთქვა: ებრაელი-მეთქი. - კარგი ერთი! თქვენც კარგად ხედავთ, რომ ბოშა ვარ. გინდათ შახი8 გითხრათ? განა არაფერი გაგიგონიათ კარმენსიტას შესახებ? ეს მე ვარ. მე მაშინ, მას აქეთ თხუთმეტი წელი იქნება, ისეთი ურწმუნო ვიყავი, რომ შიშისაგან თავზარი არ დამეცა და უკან არ დავიხიე, როდესაც ჩემს გვერდით ჯადოქარი ქალი დავინახე. „მშვენიერია!“ - გავიფიქრე, - გასულ კვირას, ხომ გავარდნილ ყაჩაღთან ვივახშმე, მოდი დღეს ამ ეშმაკის მსახურთან გეახლებით ნაყინს. მგზავრობაში კაცმა ყველაფერი უნდა გამოსცადო“. კიდევ მეორე მიზეზიც მქონდა, რომ მასთან ნაცნობობა გამეგრძელებინა. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო, რომ კოლეჟის დამთავრების შემდეგ კარგა ხანი მოვანდომე საიდუმლო მეცნიერებათა შესწავლას და რამდენჯერმე ბნელი ძალების შელოცვაც ვცადე. მართალია, ამგვარი კვლევა-ძიებისაგან უკვე დიდი ხნის განკურნებული გახლდით, მაგრამ მაინც შემრჩა ერთგვარი ცნობისმოყვარეობა, რომელიც ყოველ ჯურის ცრუმორწმუნეობისაკენ მიზიდავდა; ამიტომ მიხაროდა, გავიგებ რა დონეზეა აყვანილი ბოშათა შორის მისნობის ხელოვნება-მეთქი. ამგვარი საუბრით ჩვენ ნევერიაში შევედით და ერთ პატარა მინის ბურთში ჩასმული სანთლით განათებულ მაგიდასთან დავსხედით. სანამ რამდენიმე წესიერი შესახედაობის კაცი, რომლებიც ნაყინს შეექცეოდნენ, გაოცებული მაშტერდებოდნენ, ასეთ კარგი საზოგადოებაში რომ დამინახეს, მე საშუალება მომეცა ჩემი ხიტანა კარგად დამეთვალიერებინა. ძლიერ ვეჭვობ, რომ სინიორიტა კარმენი წმინდა სისხლის ბოშა ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში, ის გაცილებით უფრო ლამაზი იყო, ვიდრე მისი ხალხის სხვა ქალები, რომლებიც მინახავს. იმისათვის, რომ ქალს ნამდვილად ლამაზი ეწოდოს, როგორც ესპანელები ამბობენ, საჭიროა მის დახასიათებაში ოცდაათი „თუ“ შეერთდეს, ანუ სხვანაირად თუ გსურთ, უნდა შეიძლებოდეს მისი აღწერა ათი ზედსართავის საშუალებით, რომელთაგან ყოველი მისი სხეულის სამ ნაწილს უნდა ეხებოდეს. მაგალითად, მას უნდა სამი რამ შავი ჰქონდეს - თვალები, წამწამები და წარბები; სამი რამ ნაზი: თითები, ტუჩები და თმა, და ა.შ. დანარჩენები შეგიძლიათ ბრანტომთან იხილოთ. ჩემს ბოშა ქალს არ შეეძლო ისეთი სრულყოფილი სილამაზის პრეტენზია ჰქონოდა. მისი კანი თუმცა სრულიად გლუვი იყო, სიმუქით სპილენძის ფერს უახლოვდებოდა. თვალის ჭრილი ირიბი, მაგრამ ძლიერ წარმტაცი ჰქონდა, ტუჩები ცოტა მსხვილი, მაგრამ კარგი მოყვანილობის, და მათ უკან კანგადაცლილ ნუშზე უფრო თეთრი კბილები მოუჩანდა. მისი გრძელი და მბზინავი თმა, შეიძლება ცოტა მაგარი და უხეში, შავი ფერის იყო და ზედ ყორნის ფრთასავით ოდნავ სილურჯე გადაჰკრავდა. მეტისმეტი გაჭიანურებული აღწერით რომ თავი არ შეგაწყინოთ, მოკლედ გეტყვით, რომ ყველა მის ნაკლს რაიმე ღირსებაც უკავშირდებოდა, რომელიც ალბათ კონტრასტის ძალით უფრო მეტად გხვდებოდა თვალში. მისი სახის უცნაური და ველური სილამაზე დასაწყისშივე გაოცებდათ, მაგრამ მისი დავიწყება არ შეიძლებოდა. განსაკუთრებით მის თვალებს ერთდროულად რაღაც ვნებიანი და მკაცრი გამომეტყველება ჰქონდათ, რაიც მას შემდეგ მე აღარც ერთ სახეზე არ შემინიშნავს. ბოშის თვალი - მგლის თვალიო, ასე ამბობენ ესპანელები, როდესაც სურთ კარგი დაკვირვების უნარი გამოხატონ. თუ არა გცალიათ, რომ ზოოლოგიურ პარკში წაბრძანდით მგლის გამოხედვის შესასწავლად, მაშინ თქვენ კატას დაუკვირდით, როდესაც ის ბეღურას უთვალთვალებს. გასაგებია, რომ სასაცილო იქნებოდა კაფეში მემკითხავებინა. ამიტომ ლამაზ მკითხავს ვთხოვე ნება მოეცა სახლში გავყოლოდი: ის ადვილად დამთანხმდა, მაგრამ ჯერ მოისურვა, კიდევ გაეგო რა დრო იყო და მთხოვა, ხელახლა დაარეკინეთ თქვენს საათსაო. - მართლა ოქროსია? - მკითხა მან და ყურადღებით დაუწყო სინჯვა საათს. როდესაც კაფედან გამოვედით და გზას გავუდექით, უკვე ბნელი ღამე იყო. დუქნები თითქმის ყველგან დაეკეტათ და ქუჩებიც დაცარიელებულიყო. ჩვენ გვადალკივირის ხიდზე გადავედით და გარეუბნის ბოლოში ერთ სახლთან გავჩერდით, რომელიც, რა თქმა უნდა, არაფრით არ ჩამოგავდა სასახლეს. კარი ერთმა ბავშვმა გაგვიღო. ბოშა ქალმა მას რამდენიმე სიტყვა უთხრა ჩემთვის უცნობ ენაზე, რომელიც, როგორც შემდეგ გავიგე, „რომანი“, ანუ „ჩიპე კალი“ უნდა ყოფილიყო, - ბოშათა ენის კილო. ბავშვი იმწამსვე გაქრა და ერთ მოზრდილ ოთახში დაგვტოვა, სადაც ერთი პატარა მაგიდის, ორი ტაბურეტისა და სკივრის მეტი არაფერი იდგა. კინაღამ დამავიწყდა წყლით სავსე თუნგი, ფორთოხლების გროვა და ერთი გალა ხახვი. როგორც კი მარტო დავრჩით, ბოშა ქალმა თავისი სკივრიდან ამოიღო ბანქოს ქაღალდი, რომელსაც დიდი ხნის დამსახურება ეტყობოდა, ანდამატი, გამხმარი ქამელეონი და კიდევ რამდენიმე მისი ხელობისთვის საჭირო სხვა ნივთი. შემდეგ მითხრა, მარცხენა ხელის გულზე ფულით ჯვარი გამომესახა და ჯადოქრობა დაიწყო. ზედმეტი იქნებოდა მომეხსენებინა თქვენთვის, რა მიწინასწარმეტყველა მან, მაგრამ რაც შეეხება მისი მკითხაობის ხერხებს, აშკარად ემჩნეოდა, რომ ის იყო ნამდვილი ჯადოქარი. საუბედუროდ ჩვენ მალე ხელი შეგვიშალეს. უეცრად ვიღაცამ კარი შემოაღო ძალით და ოთახში ერთი კაცი შემოვარდა, რომელიც ისე იყო შეხვეული მიხაკისფერ მოსასხამში, რომ მხოლოდ თვალებიღა უჩანდა; მან ბოშა ქალს საკმაოდ უხეშად მიმართა. მე, მართალია, არ მესმოდა მისი ლაპარაკი, მაგრამ ხმაზე ვატყობდი, რომ ძალიან განრისხებული უნდა ყოფილიყო. მის დანახვას ბოშა ქალი არც გაუკვირვებია, არც გაუბრაზებია; იგი მის შესახვედრად გაექანა და სხაპასხუპით რამდენიმე ფრაზა უთხრა უცნაურ ენაზე, რომელიც მე ერთხელ უკვე გავიგონე მისგან. ერთადერთი სიტყვა, რომელიც გავიგე, რადგან ის ხშირად იმეორებდა მას, იყო „პაოლო“. ვიცოდი, რომ ბოშები ამ სიტყვებით აღნიშნავენ ყოველ ადამიანს, რომელიც მათ რასას არ ეკუთვნის. მივხვდი, რომ ლაპარაკი მე მეხებოდა და მოველოდი რომ უსიამოვნო ახსნა-განმარტების მიცემა დამჭირდებოდა; ტაბურეტის ფეხს ხელი დავავლე და ჩემს გულში ვცდილობდი გამერკვია, როდის დადგებოდა ისეთი მომენტი, როდესაც საჭირო იქნებოდა თავში მეთხლიშა იგი ჩვენი მყუდროების დამრღვევისათვის. მან ბოშა ქალი ხელის კვრით მოიშორა გზიდან და ჩემკენ გამოიწვია; მაგრამ მაშინვე ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. - ეჰ! ეს თქვენ ბრძანდებოდით, ბატონო! მეც, ჩემის მხრივ, შევხედე და ჩემი მეგობარი დონ ხოზე ვიცანი. ამ წუთს, ცოტა არ იყოს, ვინანე, რატომ არ დავანებე, რომ ის ჩამოეხრჩოთ. - ეჰე! ეს თქვენა ხართ, ჩემო კარგო! - წამოვიძახე მე და როგორც კი შემეძლო, ძალდაუტანებლად გავიცინე; - სწორედ იმ დროს შეუშალეთ ამ ქალიშვილს ხელს, როდესაც ის ფრიად საყურადღებო ამბებს მაუწყებდა. - მუდამ ერთი და იგივე ამბავი! მაგრამ ამას ბოლო მოეღება, - წაიბურტყუნა მან და მოღუშული მზერა მიაპყრო ქალს. ამასობაში ბოშა ქალი განაგრძობდა მასთან ლაპარაკს თავის ენაზე. ნელ-ნელა ის აღელდა. თვალები სისხლით აევსო, საშინელი გამომეტყველება მიიღო, სახე მოეღრიცა, ფეხს იატაკზე სცემდა. მეჩვენებოდა, თითქოს აიძულებდა დონ ხოზეს რაღაც გაეკეთებინა, ხოლო ეს უკანასკნელი აშკარად ყოყმანობდა. მგონი კარგად მივხვდი, რას ამბობდა კარმენი, რადგან ვხედავდი, რომ თავის პატარა ხელს ხშირად ისვამდა ნიკაპქვეშ. ძალაუნებურად აზრად მომივიდა, რომ საქმე ყელის გამოჭრას ეხებოდა, და ეჭვი დამებადა, რომ ეს ჩემი საკუთარი ყელი უნდა ყოფილიყო. მთელი ამ მჭერმეტყველების ნიაღვარს დონ ხოზემ მხოლოდ ორი თუ სამი სიტყვით უპასუხა და მოკლედ მოჭრა. მაშინ ბოშა ქალმა ზიზღით შეხედა, კუთხეში მიჯდა, ამოირჩია ფორთოხალი, გაიფცქვნა და ჭამა დაუწყო. დონ ხოზემ მკლავში ხელი წამავლო, გააღო კარი და ქუჩაში გამომიყვანა. ორასიოდე ნაბიჯი უღრმეს სიჩუმეში გავიარეთ, შემდეგ ხელი გაიშვირა: - სულ ასე იარეთ დ ხიდთან მიხვალთ. მან მაშინვე ზურგი შემომაქცია და სწრაფად გამშორდა. სასტუმროში ცოტა დარცხვენილი და ცუდ გუნებაზე დავბრუნდი. ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ გახდისას აღმოვაჩინე, ჩემი საათი აღარ მქონდა. სხვადასხვა მოსაზრებებმა ხელი შემიშალა, მეორე დღეს წავსულიყავი და ჩემი საათის დაბრუნება მომეთხოვა, ან ბ-ნი კორეხიდორისათვის მიმემართა თხოვნით, რომ კეთილი ენებებინა და მოეძებნინებინა ჩემი საათი. დავამთავრე მუშაობა დომინიკელთა ხელნაწერებზე და სევილიაში გავემგზავრე. ანდალუზიაში რამდენიმე თვის ხეტიალის შემდეგ გადავწყვიტე მადრიდში დაბრუნება; გზად კორდოვაში მომიხდა გავლა. განზრახვა არ მქონდა დიდი ხნით დავრჩენილიყავი იქ, რადგან ეს ლამაზი ქალაქიც და გვადალკივირში მობინავე ქალებიც ავითვალწუნე, მაგრამ რამდენიმე მეგობარი მყავდა სანახავი, რამდენიმე დავალება შესასრულებელი და ყოველივე ეს სამ თუ ოთხ დღეს მაინც დამაკავებდა მაჰმადიან მბრძანებელთა ძველ სატახტო ქალაქში. როგორც კი დომინიკელთა მონასტერში გამოვჩნდი, ერთი ბერი, რომელიც მუდამ ცხოველ ინტერესს იჩენდა ჩემი კვლევისადმი მუნდას ადგილმდებარეობის შესახებ, ხელგაშლილი მომეგება და წამოიძახა; - იკურთხოს ღვთის სახელი! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩემო ძვირფასო მეგობარო. ჩვენ ყველას მკვდარი გვეგონეთ, და მე, რომელიც ახლა გელაპარაკებით, ბევრი „მამაო ჩვენო“ და „მოგვმადლენ“ მაქვს ნათქვამი თქვენი სულის საცხონებლად, რასაც არ ვნანობ. მაშ, თქვენ არ მოუკლიხართ, გაძარცვით კი გაგძარცვეს, ვიცი. - ეგ რანაირად? - ცოტა გაოცებულმა შევეკითხე მე. - დიახ, თქვენ ხომ გახსოვთ ის მშვენიერი ზარიანი საათი, რომელსაც არეკვინებდით ხოლმე წიგნთსაცავში, როცა ჩვენ გეტყოდით, წირვაზე წასვლის დროა. ჰოდა, ის ნაპოვნია, და დაგვიბრუნებენ. - ჰო, ის საათი, - სიტყვა მოვუჭერი მე აბნეულად, - მე ის სადღაც დავკარგე. - არამზადა დამწყვდეულია და რადგან ვიცოდი, რომ ის ისეთი კაცი იყო, რომ წვრილი ფულის გულისთვის ქრისტიან ადამიანს თოფს ესროდა, გვეშინოდა თქვენც მოკლული არ ჰყოლოდით. მე გამოგყვებით კორეხიდორთან და დავიბრუნებ თქვეს მშვენიერ საათს. ოღონდ ამის შემდეგ არ გაბედოთ და თქვენს ქვეყანაში არ ილაპარაკოთ, რომ ესპანეთში მართლმსაჯულებას თავისი ხელობისა არაფერი ესმისო. - უნდა გამოგიტყდეთ, - ვუთხარი მე, - რომ მირჩევნია ის საათი დამეკარგოს, ვიდრე სასამართლოში მოწმედ გამოვიდე და საწყალი კაცი ჩამოახრჩონ მხოლოდ იმისათვის, რომ.. რომ.. - ოჰ! თქვენ ნურაფერზე ნუ სწუხართ; მას საკმაოდ ბევრი ბრალი ედება, და ორჯერ ხომ ვერ ჩამოახრჩობენ! რას ვამბობ ჩამოახრჩობენ-მეთქი, ვცდები. თქვენი გამძარცველი ჰიდალგოა; ამიტომ ზეგ მას შეუწყალებლად დაახრჩობენ! თქვენ ხედავთ, რომ ერთი ქურდობით მეტი თუ ნაკლები მის საქმეში ვეღარაფერს შეცვლის. ნეტავი, ღვთის განგებით, ქურდობაზე მეტი არაფერი ჩაედინა. მას რამდენიმე, ერთიმეორეზე უფრო შემზარავი მკვლელობა აქვს ჩადენილი. - რა ჰქვია? - ამ მხარეში მას ხოზე ნავაროს სახელით იცნობენ, მაგრამ მეორე ბასკური სახელიც აქვს, რომლის გამოთქმას ვერც თქვენ და ვერც მე ვერასოდეს ვერ მოვახერხებთ. იცით, იმ კაცის ნახვა ღირს და თქვენ, რომელსაც ასე გიყვართ ქვეყნის თავისებურებების გაცნობა, არ უნდა გაუშვათ ხელიდან შემთხვევა, გაიგოთ, როგორ სტოვებენ სააქაოს არამზადები ესპანეთში. ის ახლა ეგვტერში ჰყავთ და მამა მარტინესი მიგიყვანთ მასთან. ჩემმა დომენიკელმა ისე დაიჟინა „პატარა ლამაზი ჩამოხრჩობის“ სამზადისი ნახეთ, რომ მეტი ღონე აღარ იყო, დავთანხმდი. ტუსაღის სანახავად რომ მივედი, თან ერთი კოლოფი სიგარებიც წავიღე, რაც, იმედი მქონდა, გაამართლებდა მის თვალში ჩემს მოურიდებლობას. დონ ხოზესთან იმ დროს შემიყვანეს, როდესაც ის საჭმელს ჭამდა. მან საკმაოდ ცივად დამიკრა თავი და ზრდილობიანად გადამიხადა მადლობა ჩემი მიტანილი საჩუქრებისათვის. დათვალა სიგარები კოლოფში, რომელიც ხელში მივაჩეჩე, ამოიღო იქიდან რამდენიმე ცალი და დანარჩენი ისევ დამიბრუნა, ამის მეტი აღარ დამჭირდებაო. მე ვკითხე, ხომ არ შემიძლია ცოტა ფულით ან ჩემი მეგობრების გავლენით განაჩენი შევამსუბუქებინო - მეთქი. პირველად სევდიანი ღიმილით მხრები აიჩეჩა; მაგრამ მალე გადაიფიქრა და შემეხვეწა, ჩემი სულის საცხონებლად აწირვინეთო. - ხომ არ ინებებდით, - დაუმატა მან კრძალვით, - ხომ არ ინებებდით, კიდევ მეორე ადამიანის სულისთვისაც აწირვინოთ, რომელმაც თქვენ გაწყენინათ? - რა თქმა უნდა, ჩემო კარგო, - ვუთხარი მე; - მაგრამ, რამდენადაც მახსოვს, ამ მხარეში ჩემთვის არავის უწყენინებია. მან დინჯად ხელი ჩამომართვა და მაგრად მომიჭირა. ერთი წუთის სიჩუმის შემდეგ განაგრძო. - შეიძლება კიდევ ერთი თხოვნა გაგიბედოთ?. თქვენს ქვეყანაში რომ დაბრუნდებით, შეიძლება ნავარაზე გაიაროთ; ყოველ შემთხვევაში, ვიტორიაში მაინც გაივლით, რომელიც ძლიერ დაშორებული არ არის იქიდან. - დიახ, - ვუპასუხე მე, - ვიტორიაში, რასაკვირველია გავივლი, მაგრამ იქიდან შეიძლება პამპლონისკენაც მომიხდეს გადახვევა, და თქვენ ხათრით ხომ, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით გადავუხვევ იქით. - ძლიან კარგი! პამპლონაში თუ ჩახვალთ, ბევრ რასმეს ნახავთ თქვენთვის საყურადღებოს... პამპლონა საუცხოო ქალაქია. მე თქვენ მოგცემთ ამ მედალიონს (მან მაჩვენა პატარა ვერცხლის მედალიონი, რომელიც კისერზე ჰქონდა ჩამოკიდებული), ქაღალდში გაახვიეთ... ერთ წუთს შეჩერდა, რათა მღელვარება დაეოკებინა.. და გადაეცით ან გაუგზავნეთ ერთ კეთილ ქალს, რომლის მისამართს მოგცემთ. - უთხარით, რომ მოვკვდი, მხოლოდ არ უთხრათ, როგორ. პირობა მივეცი, რომ მის დავალებას შევასრულებდი. მე ის მეორე დღესაც ვინახულე და კარგა ხანს დავყავი მასთან. მისგან მოვისმინე ის სევდიანი ამბავი, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ.   თავი მესამე       მე დავიბადე, - დაიწყო მან, - ელიზონოდოში, ბაზტანის ხეობაში. ჩემი სახელია დონ ხოზე ლიზარაბენგოა, და თქვენ საკმარისად იცნობთ ესპანეთს, ბატონო, რომ ჩემმა სახელმა იმწამსვე გაუწყათ, რომ მე ბასკი ვარ და წმინდა წყლის ქრისტიანი. თუ ჩემს სახელს „დონს“ ვუმატებ, ამის უფლება მაქვს და, ელიზონდოში რომ ვიყო, ჩემს გენეალოგიასაც გაჩვენებდით პერგამენტზე. ჩვენებს სურდათ, რომ სასულიერო პირი გამოვსულიყავი და ამიტომ მასწავლიდნენ, მაგრამ ჩემი სწავლებიდან არაფერი გამოვიდა. მეტისმეტად მიყვარდა ჩოგნით თამაში, და სწორედ ამან დამღუპა. როდესაც ჩოგანს ვთამაშობთ, ჩვენ, ნავარელებს, ყველაფერი გვავიწყდება. ერთ დღეს ერთ ალაველ ბიჭს მოვუგე და მან ჩხუბი ამიტეხა, „მაკილას“9 ვტაცეთ ხელი, და აქაც მოგებული მე დავრჩი; მაგრამ ამის გამო ჩემი ქვეყნის დატოვება მომიხდა. გზაზე დრაგუნებს შევხვდი და მოხალისედ შევედი ალმანზას ცხენოსან ლეგიონში. ჩვენი მთის ხალხი სამხედრო საქმეს ადვილად ითვისებს. მე მალე ბრიგადირი გავხდი; მპირდებოდნენ, რომ უნტეროფიცრობას მომცემდნენ, როდესაც, ჩემდა საუბედუროდ, სევილიის თამბაქოს ფაბრიკის ყარაულში დამნიშნეს. თუ თქვენ სევილიაში ყოფილხართ, უთუოდ ნანახი გექნებათ ის დიდი შენობა, რომელიც ქალაქის გალავნის გარეთ გექნებათ ეს დიდი შენობა, რომელიც ქალაქის გალავნის გარეთ მდებარეობს, გვადალკივირის ნაპირზე. ახლაც თვალწინ მიდგას მისი ალაყაფის კარი და მის გვერდით საყარაულო შენობა. მორიგეობის დროს ესპანელებმა ან ბანქო უნდა ითამაშონ, ან იძინონ; მე კი, როგორც ნამდვილი ნავარელი, მუდამ ვცდილობდი რაიმე საქმე გამეჩინა. ამჯერად თითბრის მავთულიდან ძეწკვს ვაკეთებდი ჩემი ფალიის გასაწმენდი ნემსის დასამაგრებლად. უცებ მომესმა ამხანაგების ხმა: აგერ ზარიც რეკავს, ახლა ქალები დაბრუნდებიან სამუშაოდ. მოგეხსენებათ ბატონებო, რომ თამბაქოს ფაბრიკაში კაი ოთხასი თუ ხუთასი ქალი მუშაობს. ისინი ერთ დიდ დარბაზში სიგარებს ახვევენ; ამ დარბაზებში მამაკაცებს მხოლოდ ვენტკვატროს0 ნებართვით უშვებენ, რადგან, როდესაც ქალებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დასცხებათ, ისინი შილიფად მუშაობენ. მუშა ქალების დაბრუნების დროს, სადილობის შემდეგ, ბევრი ახალგაზრდა ვაჟი იყრის თავს ქალების საცქერლად; ისინი მათ ათასნაირ სისულელეს და საარშიყო სიტყვებს ეუბნებიან. ამ ქალებში ცოტაა ისეთი, რომელიც უარს იტყვის ფარჩის მანტილიაზე, და ასეთ თევზაობის მოყვარულს ხელის გაწვდის მეტი არაფერი სჭირდება თევზის დასაჭერად. სანამ სხვები ქალებს უჭვრეტდნენ, მე ჩემი სკამიდან არ დავძრულვარ, ალაყაფთან დავრჩი. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, დღენიადაგ ჩემს მხარეზე ვფიქრობდი და ვერ წარმომედგინა, თუ შეიძლებოდა, რომ ლამაზ ქალს ლურჯი ქვედა ტანი არ სცემოდა და მხრებზე ნაწნავები არ ჰქონოდა დაყრილი. გარდა ამისა, ანდალუზიელი ქალები მაშინებდნენ, მათ ყოფაქცევას ვერ შევეგუებოდი: ისინი ყოველთვის დაგვცინიან და ერთ გონივრულ სიტყვას მათგან ვერ გაიგონებ. ამიტომ ჩემი ძეწკვიდან თავი არ ამიღია. ამ დროს ყური მოვკარი, როგორ წაულაპარაკეს მოქალაქეებმა ერთმანეთს: „აგერ, ხიტანილაო!“ ზევით ავიხედე და ის დავინახე. ეს მოხდა პარასკევს, ის დღე არასოდეს არ დამავიწყდება. დავინახე კარმენი, რომელსაც თქვენც იცნობთ და რომელთანაც ამ რამდენიმე თვის წინ შეგხვდით. მას წითელი, ძლიერ მოკლე ქვედატანი ეცვა, რომელიც ვერ უფარავდა თეთრ აბრეშუმის დაგლეჯილ წინდებს და ალისფერი ბასტებით შეკრულ კოპწია წითელ ფეხსაცმელებს. მანტილია გადაეხადა, რათა მხრები და პერანგზე მიმაგრებული აკაციის დიდი თაიგული გამოეჩინა. აკაციის ერთი ყვავილი კბილებით ეჭირა და კორდოვას საჯიშე ფაშატივით თეძოების რხევით მოდიოდა. ჩვენთან ასე ჩაცმული ქალის შეხვედრაზე ყველა პირჯვარს გადაიწერდა, სევილიაში კი ყველა შემხვედრი რაიმე გიჟმაჟური ქათინაურით უქებდა მიხვრა-მოხვრას. ისიც ცალი ხელით დოინჯშემოყრილი ყველას პასუხს აძლევდა, თვალს უკრავდა და ირიბად უცქეროდა ხოლმე, ნამდვილი ბოშა ქალივით უტიფარი. პირველად არ მომეწონა და ისევ ჩემი საქმე განვაგრძე, ის კი, ქალების და კატების ჩვეულება ხომ გაგიგიათ, როცა ეძახი, არ მოდიან, როცა არ ეძახი, მაშინ მოდიან, წინ დამიდგა და გამომელაპარაკა. - ნათლიმამ, - მითხრა ანდალუზიურ კილოთი, - შენს ძეწკვს არ მომცემ, რომ ჩემი სკივრის გასაღებები ავასხა ზედ? - ამით ჩემი ფალიის ნემსი უნდა დავამაგრო, - ვუპასუხე მე. - შენი ნემსი! - გადაიხარხარა მან. - აჰ! ეტყობა, ეს ვაჟბატონი მაქმანს ქსოვს, რაკი ნემსები სჭირდება. იქ მყოფებმა სიცილი დამაყარეს, ვიგრძენი, როგორ გავწითლდი, მაგრამ საპასუხო სიტყვა ვერ გამოვძებნე. - მოდი, ჩემო საყვარელო, - განაგრძო მან, - შვიდი არშინი მაქმანი მომიქსოვე, მანტილიისთვის მინდა. მერე გამოიღო პირიდან ყვავილი, ცერის ერთი მოძრაობით მესროლა და შიგ თვალებს შუა მომახვედრა. ბატონო ჩემო, მომეჩვენა, თითქოს ყვავილი კი არა, ტყვია მომხვდა... არ ვიცოდი სირცხვილისაგან სად დავმალულიყავი, ადგილზე გავშეშდი. როდესაც ფაბრიკაში შევიდა, ჩემს ფეხთან დაცემული ყვავილი დავინახე. არ ვიცი რამ მაქნევინა, დავიხარე, ის ყვავილი ამხანაგებისაგან შეუმჩნევლად ავიღე და მოწიწებით შევინახე ქურთუკის უბეში. პირველი სისულელე! ორი თუ სამი საათის შემდეგ, ისევ ამ ამბავზე ვფიქრობდი, როდესაც საყარაულო შენობაში მღელვარებისაგან სახეშეშლილი და აქოშინებული მეკარე მოვარდა, ერთი ქალი მოკლეს და საჭიროა დარაჯების გაგზავნაო. უნტეროფიცერმა მე გამგზავნა ამბის გამოსარკვევად და ორი კაცი გამატანა. წავედით ფაბრიკაში. წარმოიდგინეთ, ბატონო, რომ დარბაზში შესვლისას თავდაპირველად ვერაფერი დავინახე სამასი პერანგისამარა ქალების მეტი, რომლებიც ერთად კიოდნენ, ღრიალებდნენ, ხელებს იქნევდნენ და ისეთ აურზაურს ქმნიდნენ, რომ ძაღლი პატრონს ვერ იცნობდა. ერთ კუთხეში გასისხლიანებული ქალი ეგდო ჩლიქებაშვერილი, სახეზე დანის ორი დარტყმით ჯვარი ჰქონდა გამოხატული. დაჭრილს ამ ბრბოდან ყველაზე უფრო გულკეთილად უწევდნენ დახმარებას, ხოლო მის პირდაპირ დავინახე კარმენი, რომელიც ხუთ თუ ექვს დედაკაცს ჰყავდა გაკავებული. დაჭრილი გაჰკიოდა - მაზიარეთ! მაზიარეთ! ვკვდებიო! - კარმენი არაფერს ამბობდა, კრიჭა ჰქონდა შეკრული და თვალებს ატრიალებდა ქამელეონივით. - რა მოხდა? - ვიკითხე მე. მუშა ქალები ყველანი ერთად აყაყანდნენ დიდი გაჭირვებით გამოვარკვიე, რაც მომხდარიყო, თურმე დაჭრილ ქალს დაეტრაბახა, საკმარისი ფული მაქვს და ტრიანას ბაზარზე ვირი უნდა ვიყიდოო. - დახეთ ამას, - უთქვამს კარმენს, რომელსაც მწარე ენა ჰქონია, - განა ცოცხის ტარი აღარ გყოფნის? - მეორეს, რომელსაც ეს გაკილვა სწყენია, რადგან, როგორც ჩანს, ამ საკითხში თავს მთლად წმინდანად ვერ გრძნობდა, უპასუხნია: მე ცოცხის ტარებისა არაფერი მესმის, რადგან არ მაქვს პატივი ბოშა ქალი ან სატანას ნათლული გახლდეთო, მაგრამ ჩემს ვირს კი ქალბატონი კარმენსიტა მალე ნახავსო, როდესაც ბატონი კორეხიდორი სასეირნოდ გაგზავნის მას და უკან ორ ლაქიას გაადევნებს ბუზების მოსაშორებლადო. - მაშ კარგი, - უთქვამს კარმენს, - მე შენ გაგიკეთებ ლოყაზე ბუზებისათვის ვარცლს, დამაცა ერთი ჭადრაკის დაფასავით მოგიხატო ეგ სახეო. ამის თქმა იყო და დანით, რომლითაც სიგარებს ბოლოებს აჭრიდა, ამ ქალს სახეზე წმინდა ანდრიას ჯვრების ხატვა დაუწყო. საქმე ნათელი იყო. მე კარმენს მკლავში წავავლე: - ჩემო დაო, - ვუთხარი თავაზიანად, - უნდა გამომყვე. მან ერთი შემომხედა და თითქოს მიცნო. მაგრამ მორჩილად მიპასუხა: - წავიდეთ. სად არის ჩემი მანტილია? - მან თავისი მანტილია თავზე მოიხვია ისე, რომ მხოლოდ ერთი დიდი თვალიღა უჩანდა და ცხვარივით თვინიერი მიჰყვა ჩემს ჯარისკაცებს. საყარაულო შენობაში რომ მივედით, უნტეროფიცერმა თქვა, დანაშაული მძიმეა და ციხეში უნდა წაიყვანოთო. ამჯერად მე მომიხდა მძიმეა და ციხეში უნდა წავიყვანოთო. ამჯერად მე მომიხდა მისი წაყვანა, ორ დრაგუნს შუა ჩავაყენე, ხოლო თვითონ უკან გავყევი, როგორც ასეთ შემთხვევაში უნდა მოიქცეს ბრიგადირი. ქალაქის გზას დავადექით. დასაწყისში ბოშა ქალი მდუმარებას არ არღვევდა. მაგრამ გველის ქუჩაბანდზე რომ გავედით - თქვენც იცნობთ იმ ქუჩაბანდს, რომელიც თავისი მიხვეულ-მოხვეულებით სავსებით იმსახურებს თავის სახელს. მან ჯერ მანტილია გადაიგდო თავის მხარზე, რათა თავისი მაცდური სახე დაენახვებინა ჩემთვის, მერე მობრუნდა ჩემკენ და მითხრა: - ბატონო ოფიცერო, სად მიგყავართ? - ციხეში, ჩემო საბრალოვ, - ვუპასუხე რაც შეიძლება დაყვავებით, როგორც კარგი ჯარისკაცი ვალდებულია ელაპარაკოს ტუსაღს, მით უმეტეს ქალს. - მახლას! რა მომივა იქ მე? ბატონო ოფიცერო, შემიბრალეთ, თქვენ ასეთი ახალგაზრდა ბრძანდებით, ასეთი კეთილი!... შემდეგ ცოტა უფრო ხმადაბლა განაგრძო: - საშუალება მომეცით გავიქცე, და „ბარ ლაჩის“ ნატეხს მოგცემთ, რომლის ძლითაც ყველა ქალს შეაყვარებ თავს. „ბარ ლაჩი“, ბატონო, ანდამატის ქვაა, რომლითაც როგორც ბოშები ამტკიცებენ, ათასნაირი ჯადოსნობის ჩადენა შეიძლება, თუკი მისი მოხმარება იცით. ერთი ბეწო მისი ნაქლიბი რომ დაალევინო ქალს ერთი ჭიქა თეთრი ღვინით, ის წინააღმდეგობას ვეღარ გაგიწევთ. მე, რაც შეიძლებოდა სერიოზულად ვუპასუხე კარმენს. - ჩვენ აქ იმიტომ კი არა ვართ, რომ სისულელეები ვჩმახოთ. ციხეში უნდა წავიდეთ, ასეთია ბრძანება და ამას აღარაფერი ეშველება. ჩვენ, ბასკების ქვეყნის ხალხს, ისეთი გამოთქმა გვაქვს, რომ ესპანელები ადვილად გვცნობენ. სამაგიეროდ, არც ერთი ესპანელი არ მოიპოვება, რომ თუნდაც მხოლოდ bai, jaona-ს წარმოთქმა ისწავლოს. ამიტომ კარმენს არ გაუჭირდა გამოეცნო, რომ პროვინციიდან ვიყავი. თქვენც მოგეხსენებათ, ბატონო, ბოშები არც ერთ ქვეყანას არ ეკუთვნიან, ყველგან მოგზაურობენ, ყველა ენაზე ლაპარაკობენ და მათი უმრავლესობა მშვენივრად გრძნობს თავს პორტუგალიაშიც და, საერთოდ, ყველგან. ისინი მავრებსა და ინგლისელებსაც კი კარგად ურიგდებიან. კარმენმაც ბასკური საკმაოდ კარგად იცოდა. - Laguna, ene bihostarena, ჩემი გულის მურაზო, - მოულოდნელად მითხრა მან, - ჩვენებური ხართ? ჩვენი ენა, ბატონო ისეთი მშვენიერია, რომ, როდესაც უცხოეთში გვესმის, სიამის ჟრუანტელი გვივლის ხოლმე... - ოჰ, ნეტავი ერთი ჩვენებური მღვდლისათვის მათქმევინა აღსარება, - უფრო ხმადაბლა დაუმატა ყაჩაღმა. მცირე სიჩუმის შემდეგ, განაგრძო. - მე ელიზონდოდან ვარ, - ვუპასუხე ბასკურად, ძლიერ აღელვებულმა იმით, რომ კარმენი ჩემს ენაზე ლაპარაკობდა. - მე კი ეჩალარიდან, - თქვა მან (ეს მხარე ჩვენგან ოთხი საათის სავალზეა). - ბოშებმა წამომიყვანეს სევილიაში, ფაბრიკაში ამიტომ ვმუშაობდი, რომ ცოტა გზის ფული მომეგროვებინა და ნავარაში დავბრუნებულიყავი საბრალო დედაჩემთან, რომელსაც ერთი პატარა barratcea აქვს, სადაც ოცი ძირი ვაშლი უდგას, და ჩემს მეტი დამხმარე ქვეყანაზე არავინ გააჩნია. აჰ, ნეტავი ჩემს ქვეყანაში ვიყო და თოვლიან მთებს ვუცქეროდე! მე შეურაცხყოფა მომაყენეს იმიტომ, რომ ამ ქურდბაცაცობისა და დამპალი ფორთოხლების გამყიდველებს ქვეყნიდან არა ვარ. და ის ქუჩახვეტიები სუყველა ჩემს წინააღმდეგ გამოვიდნენ, როდესაც ვუთხარი, რომ ერთი ჩვენებური, ლურჯბერეტიანი, მაკილათი შეიარაღებული ბიჭი არ შეუშინდება ყველა თქვენს სევილიელ ყოყლოჩინებს და მათ ბებუთებს-მეთქი. ამხანაგო, მეგობარო, განა არ შეგიძლიათ როგორმე დაეხმაროთ თანამემამულეს? ის ცრუობდა, ბატონო, ის თავიდან ბოლომდე ცრუობდა, არ ვიცი, როდისმე უთქვამს თუ არა იმ ქალს ერთი მართალი სიტყვა; მაგრამ, როდესაც ლაპარაკობდა, მე მას არ ვუჯერებდი: არ შემეძლო არ დამეჯერებინა, ეს ჩემს ძალ-ღონეს აღმატებოდა. ის ამტვრევდა ბასკურს და ამიტომ ნავარიელი მეგონა, თუმცა მისი თვალი, პირი და სახის ფერი საკმარისად ამხელდნენ, რომ ბოშა იყო. სულ გადავირიე და აღარაფერს არ ვაქცევდი ყურადღებას. ვფიქრობდი, ესპანელებს რომ გაებედათ ჩემთან ქვეყნის ავად სხენება, მეც ისევე დავუსერავდი მათ სახეს, როგორც კარმენმა დაუსერა თავის ამხანაგებს-მეთქი. მოკლედ, მთვრალივით ვიყავი. მეც დავიწყე სისულელეების ლაპარაკი და მზად ვიყავი სისულელეები ჩამედინა კიდეც. - მე რომ ხელი გკრათ და თქვენ დაეცეთ, ჩემო თანამემამულევ, - განაგრძო მან ბასკურად, - ეს ორი კასტილიელი ახალწვეული მე ვეღარ დამაკავებს... ღმერთს გეფიცებით, ბრძანებაც გადამავიწყდა და ყველაფერიც, და ვუთხარი: - აბა, ჩემო მეგობარო, ჩემო თანამემამულევ, სცადე და ჩვენი მთის ღვთისმშობელი იყოს შენი შემწე! ამ წუთში ჩვენ ერთ-ერთი ვიწრო ქუჩაბანდისკენ შევუხვიეთ, რომლებიც ასე ბევრია სევილიაში. უცებ კარმენი მობრუნდა და მკერდში მუშტი მკრა. მეც განგებ გულაღმა გადავვარდი, ერთი ნახტომით ზედ გადამევლო და გიყვარდეს გაქცევა!.. ბასკების ფეხები სიმარდით განთქმულია, მაგრამ არც მისი ფეხები ჩამოუვარდებოდა ვისმეს ფეხებს... არც სიმარდით და არც სიკოხტავით. წამოვვარდი, მაგრამ ჩემი შუბი შესახვევში გარდიგარდმო გავხიდე და გზა გადავღობე ისე, რომ ჩემი ამხანაგები გამოკიდების ნაცვლად პირველად შეჩერდნენ, შემდეგ თვითონაც გამოვუდექი გაქცეულს, და ისინიც მომყვნენ უკან, მაგრამ სადღა დავეწეოდით ჩვენი დეზებით, ხმლებით, შუბებით, - ამის შიში აღარ მქონდა. ჩვენი ტუსაღები უფრო მალე მიიმალა, ვიდრე მე თქვენ ამას გეტყოდით. ამას გარდა, მთელი უბნის დედაკაცებიც გაქცეულს უწყობდნენ ხელს და ჩვენ დაგვცინოდნენ, სწორ გზას არ გვიჩვენებდნენ, ბევრი აქეთ-იქით ხეტიალის შემდეგ ისევ ჩვენს საყარაულო შენობაში დავბრუნდით და ციხის უფროსისაგან მიღების ბარათი ვერ მოვიტანეთ. ჩემმა ჯარისკაცებმა სასჯელის ასაცდენად განაცხადეს, რომ კარმენი ბასკურად მელაპარაკებოდა და, სიმართლე რომ ითქვას, არც ჩანდა ბუნებრივი, რომ იმისთანა პატარა ქალმა მუშტის ერთი დარტყმით ისე ადვილად დასცა ჩემისთანა ღონიერი ვაჟკაცი. ყველაფერი ეს საეჭვო, ანუ უკეთ, სავსებით ცხადი ეჩვენათ. ყარაულიდან შეცვლის შემდეგ ხარისხი ამყარეს და ერთი თვით ციხეში გამგზავნეს. ეს ჩემი პირველი სასჯელი იყო სამსახურის დაწყებიდან. მშვიდობით უნტეროფიცრის სირმებო, რომლებსაც უკვე ჩემად ვთვლიდი! ციხეში პირველმა დღეებმა ძლიერ სევდიანად გაიარა. როდესაც სამხედრო სამსახურში შევდიოდი, წარმოდგენილი მქონდა, რომ სულ მალე ოფიცერი მაინც გავხდებოდი. ლონგა, მინა, ჩემი თანამემამულენი, უკვე გენერალ-კაპიტნები იყვნენ, ჩაპალანგარა, რომელიც მინასავით „შავი“ იყო და მასავით თქვენს ქვეყანაში გადმოხვეწილი, პოლკოვნიკი იყო, მე კი ოცჯერ მაინც მითამაშნია ჩოგბურთი მის ძმასთან, რომელიც ერთი ჩემისთანა საწყალი ტლუ ბიჭია. ახლა ჩემ თავს ვეუბნებოდი: მთელი, ის დრო, რაც უსასჯელოდ გიმსახურნია, დაკარგულია. შენ ახლა ცუდი თვალით გიყურებენ. იმისათვის, რომ უფროსების ნდობა კიდევ დავიმსახურო, ათჯერ მაინც მეტი უნდა იმუშაო, ვიდრე მაშინ მუშაობდი, როდესაც მოხალისედ შემოხვედი!! ნეტა რისთვის დავასჯევინე თავი? ერთი ვიგინდარა ბოშა ქალისათვის, რომელმაც გამამასხარავა და რომელიც ამ წუთს, ალბათ, ქალაქის რომელიმე უბანში საქურდლად დაძრწის, მიუხედავად ამისა, მასზე ფიქრს ვერ ვიშლიდი... დამიჯერებთ, ბატონო? გამუდმებით თვალწინ მედგა მისი დაგლეჯილი აბრეშუმის წინდები, რომლებიც მთლიანად გამოუჩნდა, როცა გარბოდა. მე ციხის შერკინული ფანჯრიდან ქუჩაში ვიცქირებოდი და გამვლელ-გამომვლელ ქალებში ერთსაც ვერ ვხედავდი ისეთს, რომ იმ ალქაჯთან შედარების ღირსი ყოფილიყო. ჩემდა უნებურად, ვყნოსავდი ყვავილს, რომელიც მან მესროლა. ის, თუმცა გახმა, მაინც ინარჩუნებდა თავის სურნელებას... თუკი მართლა არიან სადმე ჯადოქრები, ის გოგოც ერთი იმათგანი იყო! ერთ დღეს შემოდის ჩემთან სატუსაღოს დარაჯი და მაწვდის ალკალურ პურს. - აჰა, დაიჭით, ეს თქვენმა ბიძაშვილმა გამოგიგზავნათ. - ძლიერ გაოცებულმა გამოვართვი პური, რადგან სევილიაში ბიძაშვილები არ მყავდა, შეცდომა ხომ არ არის-მეთქი, ვფიქრობდი და პურს დავცქეროდი, მაგრამ პური ისეთი გემრიელი ჩანდა, ისეთი კარგი სუნი ჰქონდა, რომ თავი დავანებე იმაზე ფიქრს, ვისთვის იყო ის გამოგზავნილი და ვისგან, გადავწყვიტე შემეჭამა. გაჭრა რომ დავუპირე, დანას რაღაც მაგარი დახვდა. დავხედე და პატარა ინგლისური ქლიბი დავინახე, რომელიც ცომში ჩაედოთ პურის გამოცხობამდე. ქლიბის გარდა, პურში ორპიასტრიანი ოქროს ფულიც იდო. ეჭვი აღარ იყო, კარმენი მიგზავნიდა ამ საჩუქარს. მისი ტომის ხალხისათვის თავისუფლება ყველაფერია, ისინი მზად არიან თუნდ მთელი ქალაქი გადაბუგონ, ოღონდ ნურც ერთი დღით, ნუ ჩასვამთ ციხეში. კარმენი დიდი გაქნილი ვინმე იყო, იმ პატარა ქლიბით ერთ საათში უმსხვილეს რკინასაც გადავქლიბავდი, ორ პიატრად კი პირველივე მეძველმანესთან გადავცვლიდი ჩემს სამხედრო ფორმას მოქალაქის ტანსაცმელზე. თქვენ ადვილად მიხვდებით, რომ ვისაც მთებში ხშირად ამოუსხამს ბუდიდან არწივის ბარტყები, სულ არ გაუჭირდებოდა ქუჩაში ჩასვლა ფანჯრიდან, რომელიც ოცდაათი ფუტის სიმაღლეც არ იყო; მაგრამ მე არ მინდოდა გაქცევა. ჯერ კიდევ მქონდა ჯარისკაცობის ღირსების შეგნება და დეზერტირობა დიდ დანაშაულად მიმაჩნდა. მაგრამ მაინც მიამა, რომ კარმენს ვახსოვდი თურმე. როდესაც ადამიანი ციხეში ზის, მას ყოველთვის ახარებს ის აზრი, რომ გარეთ ვიღაც მეგობარი დაინტერესებულია მისი ბედით. ის ოქროს ფული ცოტა მეხამუშა, ძალიან მინდოდა დამებრუნებინა, მაგრამ სად ვიპოვიდი ჩემს მევალეს? ეს ადვილი საქმე არ იყო. ხარისხის აყრის ცერემონიის შემდეგ მეგონა, რომ სხვა ცუდი აღარაფერი მომელოდა, მაგრამ თურმე კიდევ ერთი დამცირება მქონდა გადასატანი. ეს მოხდა ჩემი ციხიდან გამოსვლისთანავე, როდესაც მორიგედ გამაწესეს და უბრალო ჯარისკაცივით დამაყენეს ყარაულში. თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რას განიცდის ასეთ შემთხვევაში თავმოყვარე ადამიანი. მგონი ამას დახვრეტა მერჩივნა: სხვა არა იყოს რა, მარტო მაინც მიუძღვები წინ შენს ოცეულს; გრძნობა, რომ რაღაცას წარმოადგენ, რომ ქვეყანა შენ გიცქერს. პოლკოვნიკის კარებთან დამაყენეს ყარაულად. პოლკოვნიკი ახალგაზრდა და მდიდარი იყო. უყვარდა ხელგაშლილი ცხოვრება და გართობა. მთელი ახალგაზრდა ოფიცრობას და ბევრ მოქალაქეს მოეყარა მასთან თავი; ქალებიც იყვნენ, როგორც ამბობდნენ, მსახიობები. მე ისე მეჩვენებოდა, თითქოს მთელი ქალაქი შეყრილიყო მის კარებზე ჩემს სანახავად. გავიხედე და მოდის პოლკოვნიკის ეტლი: კოფოზე მისი ლაქია ზის. ერთიც ვნახოთ, ვინ ჩამოდის ეტლიდან?.. ხიტანილა, ამჯერად ის ძალიან იყო გამოპრანჭული, სულ ოქროებითა და ბაფთებით მორთულ-მოკაზმული. ტანთ ეცვა კილიტებიანი კაბა, ფეხზე კილიტებიანი ლურჯი ფეხსაცმელები, სულ ოქრომკერდსა და ყვავილებში ჩაფლული. ხელში დაირა ეჭირა. მასთან კიდევ ორი სხვა ბოშა ქალი იყო, ერთი ახალგაზრდა და ერთიც მოხუცი. როცა ბოშა ქალები სადმე მიდიან, მუდამ ვინმე მოხუცი დედაკაციც უნდა გაჰყვეთ ხოლმე; კიდევ ერთი მოხუცი ბოშაც იყო გიტარით, რათა ქალები ემღერებინა და ეცეკვებინა. მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებაში ხშირად უყვართ ხოლმე ბოშა ქალების მოყვანა, რათა „რომალისი“ აცეკვონ, ეს მათი ცეკვაა, და კიდევ სხვა მიზნითაც. კარმენმა მიცნო, ჩვენ ერთმანეთს შევხედეთ. იმ წუთს მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და დავმარხულიყავი. - Agur Lagruna, - მითხრა მან, - ჩემო ოფიცერო, შენ ახალწვეულივით დამდგარხარ ყარაულში! და სანამ პასუხს ვეტყოდი, ის უკვე სახლში შევიდა. მთელი საზოგადოება პატიოში იყო და, თუმცა ხალხი ბლომად ირეოდა, მე მაინც გისოსიდან თითქმის ყველაფერს ვხედავდი, რაც იქ ხდებოდა, მესმოდა კანსტანეტების და დაირის ხმა, სიცილი და ვაშას ძახილი; ზოგჯერ კარმენის თავსაც ვხედავდი, როცა ის დაირით ხელში შეხტებოდა ხოლმე. მესმოდა ოფიცრების ლაპარაკიც, ისინი ისეთ რამეებს ეუბნებოდნენ მას, რისი გაგონებაც მე მაწითლებდა. არ ვიცი, კარმენი როგორ პასუხს აძლევდა. მგონი, სწორედ იმ დღის შემდეგ შემიყვარდა სამუდამოდ, რადგან თავში სამჯერ თუ ოთხჯერ გამიელვა აზრმა, შევჭრილიყავი პატიოში და ხმლით დავრეოდი ყველა იქ მყოფ ქარაფშუტებს, რომელნიც მას საარშიყო სიტყვებს ეუბნებოდნენ. ჩემი სატანჯველი მთელ საათს გაგრძელდა; შემდეგ ბოშები გამოვიდნენ და ეტლმა უკან გააბრუნა. გვერდით რომ გამიარეს, კარმენმა კიდევ ერთხელ შემომხედა თავისი თვალებით, თქვენც ხომ იცით როგორი თვალები ჰქონდა, და ძალიან ხმამაღლა მითხრა: - ჩვენებურო, ვისაც კარგი შემწვარი თევზი უყვარს, ტრიანაში მიდის ხოლმე მის საჭმელად, ლილას პასტიასთან. შველივით მსუბუქად შეახტა ეტლს, მეეტლემ ჯორებს მათრახი გადაჰკრა, და მთელი ის მხიარული ბრბო სადღაც გაემგზავრა. თქვენც ადვილად მიხვდებით, რომ ყარაულიდან გავთავისუფლდი თუ არა, ტირანასკენ გავეშურე, მაგრამ ჯერ წვერი გავიპარსე და ტანისამოსი გავწმინდე, როგორც აღლუმის დღეს. ის ლილას პასტიასთან დამხვდა; ლილას პასტია ერთი მოხუცი მედუქნე ბოშა იყო, მავრივით შავი, რომელთანაც ბევრი ხალხი მოდიოდა ხოლმე შემწვარი თევზის საჭმელად, განსაკუთრებით, მგონი მას შემდეგ, რაც კარმენმა დაისადგურა იქ. - ლილას, - თქვა კარმენმა, დამინახა თუ არა, - დღეს მე აღარაფერს ვაკეთებ. ხვალაც ამ თვისაა! წამო, ჩვენებური, გავისეირნოთ. მან თავისი მანტილია მოიხვია და ქუჩაში გამოვედით; არ ვიცოდი საით მივდიოდით. - ქალბატონო, - ვუთხარი, - მადლობა უნდა გადაგიხადოთ საჩუქრისათვის, რომელიც ციხეში გამომიგზავნეთ. პური გეახელით, ქლიბი შუბის წვერის გასამახვილებლად გამომადგება, მე მას თქვენს სახსოვრად შევინახავ; ფული კი აი, ინებეთ. - უყურეთ ამას! ფული შეუნახავს, - წამოიძახა მან და სიცილი წასკდა. - მით უკეთესი, მე ახლა ქესატად ვარ; თუმცა რა? მოხეტიალე ძაღლი ძვალს ყოველთვის იპოვის. წამოდი და ეგ ფული სულ შევჭამოთ. შენ მპატიჟებ. ჩვენ სევილიის გზას დავადექით. გველის ქუჩის დასაწყისში კარმენმა თორმეტი ფორთოხალი იყიდა და ჩემს ხელსახოცში გამახვევინა. ცოტა მოშორებით კიდევ ერთი პური, ძეხვი და ერთი ბოთლი მანზანილა; ბოლოს ერთ საშაქარლამოში შემიყვანა. დახლზე დააგდო ჩემი დაბრუნებული ოქრო, კიდევ ერთი ოქრო, რომელიც ჰქონდა ჯიბეში და ცოტა თეთრი ფული, შემდეგ მეც მომთხოვა, რაც გვაქვს, სულ მომეციო. მე ცოტა ხურდა ფულის მეტი არაფერი გამაჩნდა და ამიტომ ძლიერ დარცხვენილმა გავუწოდე. მეგონა, ის მთელი დუქნის ყიდვას აპირებს-მეთქი, იმდენი „იემასი“, „ტურონი“, დაშაქრული ხილი და სხვა ტკბილეული მოითხოვა, სულ საუკეთესო და უძვირფასესი, რასაც ფული გასწვდებოდა. ყველაფერი ამის ზიდვა ქაღალდის პარკებით მე მომიხდა. თქვენ, ალბათ იცნობთ კანდილეხოს ქუჩას, სადაც მეფე დონ პედრო სამართლიანის თავი დგას. ჩვენ ამ ქუჩაზე ერთი ძველი სახლის წინ შევჩერდით, კარმენი შევიდა შესასვლელში და პირველი სართულის კარზე დააკაკუნა. კარი ბოშა ქალმა გაუღო, რომელიც ნამდვილ სატანას მსახურს ჰგავდა. კარმენმა მას რამდენიმე სიტყვა უთხრა ბოშურად. დედაბერმა ჯერ ბუზღუნი დაიწყო, მაგრამ დასამშვიდებლად კარმენმა ორი ფორთოხალი და ერთ მუჭა ტკბილეული გაუწოდა და ცოტა ღვინის გემოც გაასინჯა. შემდეგ ზურგზე თავისი მოსასხამი წამოასხა, კართან მიიყვანა, გაისტუმრა და კარი შიგნიდან ხის ურდულთა დაკეტა. მარტო რომ დავრჩით, მან გიჟივით დაიწყო ცეკვა და სიცილი, თან მღეროდა: - შენ ჩემი rom ხარ, მე კი შენ romi. მე ოთახის შუაგულში ვიდექი, ჩვენი ამანათებით დატვირთული, და არ ვიცოდი სად რა დამეწყო. მან ყველაფერი ძირს დამაყრევინა, კისერზე ჩამომეკიდა და მითხრა: - მე ჩემი ვალი უნდა მოვიხადო, ჩემი ვალი უნდა მოვიხადო! ეს cales კანონია! - აჰ! ბატონო, რა დღე იყო! რა დღე იყო!.. ის დღე რომ მაგონდება, ხვალინდელ დღეს მავიწყებს. ყაჩაღი ერთხანს დადუმდა; შემდეგ მოუკიდა ჩამქრალ სიგარას და განაგრძო. ჩვენ მთელი დღე ერთად გავატარეთ ჭამა-სმაში და ალერსში. როცა ტკბილეულობით ექვსი წლის ბავშვივით გული იჯერა, მუჭით დაიწყო მისი ჩაყრა დედაბრის წყლის კოკაში. შარბათი უნდა გავუკეთოო, - ამბობდა. „იემასს“ კედელს ესროდა და ზედ ატყაპნიდა. ეს იმისთათვის, რომ ბუზებმა ჩვენ თავი დაგვანებონ. .. არ იყო ისეთი ოინი ან სისულელე, რომ მას არ ჩაედინა. მე ვუთხარი, მინდა გნახო როგორ ცეკვავ-მეთქი, მაგრამ სად გვეშოვნა კასტანეტები? მან მაშინვე ხელი სტაცა დედაბრის ერთადერთ თეფშს, დაამსხვრია და ფაიფურის ნატეხების ტკაცუნით „რომალისის“ ცეკვა დაიწყო ისე, თითქოს ხელში შავი ხის ან სპილოს ძვლის კასტანეტები სჭეროდეს. ღმერთმანი, იმ გოგონასთან ადამიანს არ მოსწყინდებოდა. დაღამდა და საღამოს დოლის ხმაც მომესმა, რაც მაუწყებდა, რომ დრო იყო ყაზარმაში დავბრუნებულიყავი. - ახლა კი ყაზარმაში უნდა გამოვცხადდე გამოძახებაზე, - ვუთხარი მას. - ყაზარმაში? - მკითხა მან ზიზღით. - შენ რა, ზანგი ხომ არა ხარ, ნებას რომ აძლევ მორჩილებაში გიყოლიონ? ნამდვილი იადონი ყოფილხარ ტანისამოსითაც და ხასიათითაც. წადი, ჩიტის გული გქონია. მე დავრჩი, წინასწარ შერიგებული იმ აზრთან, რომ ჰაუპტვახტში მომიხდებოდა ჯდომა. მეორე დილას პირველად მან დამიწყო ლაპარაკი განშორებაზე. - ყური მიგდე, ხოზეიტო, - თქვა მან; - ხომ გადაგიხადე ვალი? ჩვენი კანონით მე შენი აღარაფერი მმართებს, რადგან შენ პაილო ხარ; მაგრამ კარგი ბიჭი ხარ და მომეწონე. ახლა ქვითა ვართ, მშვიდობით. მე ვკითხე, მეორედ როდის გნახავ-მეთქი. - როცა აგეთი ტუტუცი აღარ იქნები, - სიცილით მიპასუხა მან. შემდეგ უფრო სერიოზული კილოთი განაგრძო: - იცი, ჩემო ბიჭუნავ, მგონია, ცოტა შემიყვარდი, მაგრამ ეს დიდხან ვერ გასტანს. ძაღლი და მგელი დიდხანს ვერ შეეგუებიან ერთმანეთს. ვინ იცის, შენ რომ ბოშების კანონი მიგეღო, იქნებ მომესურვებინა შენი romi გავმხდარიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი სისულელეა: ეგ შეუძლებელია. ეჰ! ჩემო ბიჭო, დამიჯერე, შენ კიდევ იაფად გადარჩი. შენ ეშმაკს წააწყდი, დიახ, ეშმაკს; ის ყოველთვის შავი არ არის და კისერი არ მოგიგრიხა. მე მატყლითა ვარ შემოსილი, მაგრამ ცხვარი არ გახლავარ. წადი და შენს „მახარეი“ სანთელი დაუნთე, მან გადაგარჩინა. კიდევ ერთხელ მშვიდობით. ნუღარ იფიქრებ კარმენსიტაზე , თორემ ის ხის ფეხებიან ქვრივზე დაგაქორწინებს. ამ ლაპარაკით მან ურდული გამოაძრო კარს, გამოვედით თუ არა, თავის მანტილიაში გაეხვია და ზურგი მომიბრუნა. ის სრულ სიმართლეს მეუბნებოდა. ძალიან გონივრულად მოვიქცეოდი, მასზე რომ აღარ მეფიქრა; მაგრამ კანდილეხოს ქუჩაზე გატარებული დღის შემდეგ მე სხვა აღარაფერზე შემეძლო ფიქრო. მთელ დღეს დავსეირნობდი იმ იმედით, რომ სადმე შემხვდებოდა კარმენი. მისი ამბავი დედაბერს და შემწვარი თევზის ვაჭარსაც კი ვკითხე. ერთმაც და მეორემაც მიპასუხეს, ლალოროში გაემგზავრაო, ასე უწოდებდნენ ისინი პორტუგალიას, შესაძლებელია კარმენმა დაარიგა ასე ეთქვათ ჩემთვის, რადგან ამის შემდეგ დიდი ხანი არ გასულა და გამოვარკვიე, რომ ისისნი ცრუობდნენ. კანდილეხოს ქუჩაზე გატარებული დღიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ქალაქის ერთ-ერთ ალაყაფთან დამაყენეს ყარაულად. ამ ალაყაფის ახლოს ქალაქის გალავანი ერთგან გამონგრეული იყო, დღისით იქ მუშაობდნენ ღამღამობით კი ყარაულებს აყენებდნენ ხოლმე, რათა კონტრაბანდისტები არ შემოპარულიყვნენ. დღისით დავინახე ლილას პასტია, რომელმაც რამდენჯერმე ჩაუარა საყარაულო შენობას და ზოგიერთ ჩემს ამხანაგს გამოელაპარაკა; ყველა კარგად იცნობდა მას, ხოლო მის თევზებსა და იალღოებს ხომ კიდევ უკეთესად. მერე მე მომიახლოვდა და მკითხა, კარმენის ამბავი ხომ არაფერი გაგიგიაო. - არა-მეთქი, - ვუპასუხე. - აბა მაშ მალე გაიგებ, ნათლიმამ. ის არ ცდებოდა. ღამით შენგრეულ ადგილას დამაყენეს. მომშორდა თუ არა ბრიგადირი, ვიღაც ქალი წამოვიდა ჩემკენ. გულმა მითხრა, რომ ეს კარმენი უნდა ყოფილიყო , მაინც დავუძახე: - მოშორდი, აქ გავლა არ შეიძლება! - კარგი ერთი, ნუ იმუქრები, - მითხრა მან და გამომეცნაურა. - როგორ, ეს თქვენ ხართ, კარმენ! - დიახ, ჩვენებურო, მოკლედ მოვჭრათ. გინდა ერთი დურო მიიღო? აქ ხალხი მოვა ტვირთით, გაუშვი, გაიარონ. - არა, - ვუპასუხე. - მე მათ ვერ გავუშვებ, ასეთია ბრძანება. - ბრძანება! ბრძანება! კანდილეხოს ქუჩაზე ბრძანება არ გაგონდება?! - აჰ! - ვუპასუხე მე, მარტო ამ მოგონებით მთლად აღელვებულმა, - მაშინ რომელი ბრძანება არ დაავიწყდებოდა კაცს, კონტრაბანდისტების ფული კი არ მსურს. - კარგი მაშ, თუ ფულზე უარს ამბობ, გინდა კიდევ წავიდეთ სადილზე მოხუც დოროთეასთან? - არა! - ვუთხარი, მაგრამ სიტყვა ყელში გამეჩხირა და ისეთი ძალდატანება მომიხდა ჩემს თავზე, რომ კინაღამ დავიხრჩე, - არ შემიძლია. - ძალიან კარგი. შენ თუ ასეთი მიუდგომელი ხარ, მაშინ ვიცი, ვისაც მივმართო. მე შენს ოფიცერს შევთავაზებ დოროთეასთან წასვლას. ის გულკეთილი ჩანს და ყარაულად ისეთ კაცს დააყენებს, რომელიც მხოლოდ იმას დაინახავს, რისი დანახვაც საჭირო იქნება. მშვიდობით, იადონო. რამდენს ვიცინებ იმ დღეს, როცა შენი ჩამოხრჩობის ბრძანებას გამოსცემენ. მე სისუსტე გამოვიჩინე და უკან მოვიხმე; დავპირდი, თუ საჭირო იქნება მთელი ქვეყნის ბოშებს გავატარებ, ოღონდ ერთადერთი ჩემთვის საწადელი გასამრჯელო მივიღო-მეთქი. მან იმწამსვე დაიფიცა: ხვალვე შევასრულებ ჩემს სიტყვასო და ამხანაგებთან გაიქცა შესატყობინებლად, ისინი იქვე იცდიდნენ ორ ნაბიჯზე. ხუთი კაცი იყო, მათში ლილეს პასტიაც ერია; ყველანი ძლიერ დატვირთულნი იყვნენ ინგლისური საქონლით. კარმენი მიდამოს ზვერავდა. მას კასტანეტებით უნდა გაეფრთხილებინა ამხანაგები, თუ პატრულს შენიშნავდა, მაგრამ ეს აღარ დასჭირდა, კონტრაბანდისტებმა თავისი საქმე თვალის დახამხამებაში მოათავეს. მეორე დღეს კანდილეხოს ქუჩაზე წავედი. კარმენმა ბევრი მაცდევინა და საკმაოდ ამრეზილი მოვიდა. - მე არ მიყვარს ისეთი ხალხი, ვისაც ხვეწნა სჭირდება, - თქვა მან, - პირველად შენ გაცილებით უფრო დიდი სამსახური გამიწიე, თუმცა არავითარ ხეირს არ მოელოდი იქიდან. გუშინ კი ვაჭრობა დამიწყე, არ ვიცი, რად მოვედი, მე შენ აღარ მიყვარხარ. აჰა, აი ერთი დურო შენ გარჯისათვის და წადი. ცოტაღა დამაკლდა, ფული თავში არ მესროლა, თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მეცემა... ერთი საათის ცხარე დავის შემდეგ გააფთრებული გამოვვარდი იქიდან. ერთხანს ქალაქში დავდიოდი გადარეულივით; ბოლოს ერთ ეკლესიაში შევედი, ყველაზე უფრო ბნელ კუთხეში მივიმალე და ცხარე ცრემლებით ავტირდი. უეცრად ხმა მომესმა: - ნიანგის ცრემლები! მე მისგან სიყვარულის სამსალას დავამზადებ. ავიხედე და ჩემს წინ კარმენი დავინახე. - ჩვენებურო, კიდევ ჯავრობ ჩემზე? - მითხრა მან. - რა გაეწყობა, რაც უნდა მომივიდეს, უნდა შეგიყვარო, რადგან შენ რომ გამექეცი, მას შემდეგ არ ვიცი რა მემართება. აბა მიყურე, ახლა მე გეხვეწები, რომ კანდილეხოს ქუჩაზე წამომყვე. ასე შევრიგდით. კარმენის განწყობილება ჩვენებურ ამინდს ჰგავდა. ჩვენს მთებში ქარიშხალი მაშინ არის მოსალოდნელი, როდესაც მზე ყველაზე ახლოს ბრწყინავს. ერთხელ დამპირდა, დოროთეასთან შეგხვდებიო, მაგრამ არ მოვიდა. დოროთეამ კი უტიფრად გამომხედა, ლალოროში წავიდა, ბოშების საქმეებზეო. ვინაიდან უკვე საკუთარი გამოცდილებით ვიცოდი, რამდენად სანდო იყო მათი სიტყვები, ამიტომ კარმენს ძებნა დავუწყე ყველგან, სადაც კი, ჩემი აზრით, შეიძლებოდა ყოფილიყო. დღეში ორჯერ მაინც შევივლიდი ხოლმე კანდილეხოს ქუჩაზე. ერთ საღამოს დოროთეასთან ვიყავი, რომელსაც დროგამოშვებით თითო-ოროლა ჭიქა ანისულის არაყით ვუმასპინძლდებოდი ხოლმე და ამით თითქმის მოვიშინაურე; ანაზდად შემოვიდა კარმენი, თან ახალგაზრდა კაცი შემოჰყვა, ჩვენი ლეგიონის ლეიტენანტი.    *გაგრძელება* იხილეთ: პროსპერ მერიმეს ლიტერატურა …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 11:14pm on აპრილი 10, 2014
თემა: ჯეკ ლონდონი - მოთხრობები
სახელს პატივით იხსენიებდნენ თანასოფლელები. კიში ისე დიდი ხნის წინათ ცხოვრობდა, რომ მხოლოდ მოხუცებს ახსოვდათ მისი სახელი. კიშის სახელი და თქმულება კიშზე მათ წინაპართაგან გაეგონათ. ამ ამბავს მოხუცები თავიანთ შვილებს უამბობდნენ, შვილები - თავიანთ შვილიშვილებს და თქმულება თაობიდან თაობაში გადადიოდა. ზამთრის ბნელ ღამეში, როცა ჩრდილოეთის მძვინვარე ქარი სქელ ყინულზე დანავარდობს და თოვლსახვეტავს, როცა ჰაერი მოფარფატე ფიფქებით ივსება და კაცი გარეთ გამოხედვას ვერ ბედავს, საამოა კიშის ამბის მოსმენა, ამბისა, თუ როგორ გახდა ყველაზე ღარიბულ იგლუდან გამოსული პატარა ბიჭი ყველა კაცზე ძლიერი და სახელმოხვეჭილი. კიში გონიერი ბიჭი იყო, - ასე იწყება ამბავი, - ჯანსაღი და ღონიერი, მას ცამეტჯერ ენახა მზე. -ასე თვლიან დროს ჩრდილოეთში, რადგან მზე ყოველ ზამთარს სტოვებს მათ მიწას და მომავალ წელს განახლებული უბრუნდება, ათბობს და სინათლეს ჰფენს არემარეს, რომ იქაურებმა ერთმანეთი დაინახონ. კიშის, მამა, ბოკი, გულადი ვაჟკაცი იყო. ხალხი რომ შიმშილისაგან გადაერჩინა, დიდ თეთრ დათვზე წავიდა სანადიროდ. გამწარებული იყო და დათვს პირდაპირ შეება. დათვმა ძვლები დაუმტვრია მას. სამაგიეროდ თეთრ დათვს ბევრი ხორცი ჰქონდა და ხალხი შიმშილს გადაურჩა. კიში ბოკის ერთადერთი შვილი იყო. მამის სიკვდილის შემდეგ კიში დედასთან ცხოვრობდა. ხალხი გულმავიწყია. მალე დაივიწყეს კიშის მამის თავგანწირვა; და თუმცა კიში პატარა იყო, დედამისი კი - უმწეო ქალი, სოფელმა მაინც მიატოვა ისინი და მას შემდეგ კიში და დედამისი მთელ სოფელში ყველაზე პატარა და ყველაზე ღარიბულ იგლუში ცხოვრობდნენ.        ერთ ღამეს სოფლის თავკაცის კლოშ-კვენის დიდ იგლუში გამართულ თავყრილობაზე კიშმა გაახსენა თანასოფლელებს, როგორი სისხლი ედგა ძარღვებში და როგორ ერჩოდა გული. დიდი ადამიანის სიდარბაისლით წამოდგა და აჩურჩულებული ხალხის გაჩუმებას დაელოდა. მართალია, ხორცს მე და დედაჩემსაც გვინაწილებთ, - თქვა მან, - მაგრამ ხშირად ეს ხორცი ძველია და მაგარი. უფრო ხშირად კი ცარიელი ძვლები გვხვდება წილად. მონადირეები, ჭაღაროსანნი და მხცოვანი თუ სისხლსავსე ჭაბუკები, გაშტერდნენ. ამის მსგავსი არაფერი ენახათ. ბავშვი დიდი ადამიანივით ლაპარაკობდა და თანაც სიმართლეს მოურიდებლად ახლიდა პირში მათ. კიში კი წყნარად და დაბეჯითებით ამბობდა: - მე ვიცი, რომ მამაჩემი, ბოკი, დიდი მონადირე იყო და ამიტომ გელაპარაკებით. ყველას ახსოვს, რომ მამაჩემს ორ კარგ მონადირეზე მეტი ხორცი მოჰქონდა შინ და საკუთარი ხელით ანაწილებდა მას, თვალს ადევნებდა, რომ ყველა უძლურ დედაბერსა და ღრმად მოხუცებულ ბერიკაცს რგებოდა წილი. - აბა! აბა! - დაიძახეს მოთათბირეებმა, - მოაშორეთ აქედან ეს ბიჭი! ძილის დროა და დაიძინოს! ჯერ მიწას არ ასცილებია და ხედავთ, როგორ შემოგვეთამამა ვაჟკაცებსა და თეთრწვერა მოხუცებს!? კიში დინჯად ელოდა ხალხის დაწყნარებას. - შენ, აგ-გლაკ, გყავს ცოლი, - თქვა მან, - და მის მაგივრად ლაპარაკობ. შენ, მასაკ, ცოლიცა გყავს და დედაც, მათ მაგივრად უნდა ილაპარაკო. დედაჩემს კი ჩემს მეტი არავინა ჰყავს, ამიტომ მის მაგივრად მე ვლაპარაკობ. ჰოდა, მე ვამბობ, მამაჩემი, ბოკი, იმიტომ მოკვდა, რომ ფიცხი მონადირე იყო. სწორედ ამიტომ მე, მის შვილს, და დედაჩემს, მამაჩემის ცოლს, აიკიგას საყოფი ხორცი უნდა გვქონდეს, როცა სოფელს გასაყოფი ხორცი აქვს. აი, მე, კიშმა, მონადირე ბოკის ვაჟმა, ვთქვი ჩემი სათქმელი. კიში დაჯდა და სმენად იქცა. მისმა სიტყვამ მეზობლები აღაშფოთა. - როგორ ბედავს ბავშვი ჩვენს თავყრილობაზე ლაპარაკს! - ჩაიბურდღუნა მოხუცმა აგ-გლაკმა. - ძუძუმწოვრებმა უნდა გვასწავლონ, როგორ მოვიქცეთ? - ხმამაღლა თქვა მასაკმა. - როგორ უნდა აგვიგდოს პატარა ბავშვმა, ხორცისთვის რომ ტირის! აღშფოთებამ იმატა. კიშს უბრძანეს, ახლა დასაძინებლად წადი, ამის შემდეგ კი შეიძლება სულაც არ მოგცეთ ხორცი და თავხედობისათვის ერთს მაგრადაც მიგტყეპავთო - დაემუქრნენ. კიშს თვალები წამოენთო და სისხლი მოაწვა. ჯერ ლანძღვა არ დაემთავრებინათ, რომ უეცრად წამოხტა. - მისმინეთ, ხალხო! - დაიყვირა კიშმა, - მე არასოდეს ვილაპარაკებ თქვენს თავყრილობაზე, ვიდრე თქვენი კაცები არ მოვლენ ჩემთან და არ მეტყვიან: „კარგი იქნება, კიშ, თუ მოხვალ და ილაპარაკებ, კარგი იქნება, ეს ჩვენი სურვილიც არისო“. ეს ჩემი უკანასკნელი სიტყვაა. მამაჩემი, ბოკი, დიდი მონადირე იყო. მეც, მისი შვილი, სანადიროდ წავალ და ჩემს სამყოფ ხორცს ვიშოვი. ყველამ იცოდეს, რომ ჩემი ნანადირევი თანაბრად გაიყოფა - არც ერთი ქვრივი, არც ერთი დავრდომილი აღარ იტირებს ღამით, ხორცი არ მაქვსო, არც ღონიერი ვაჟკაცები დაიკლაკნებიან ტკივილით ზომაზე მეტი ჭამისაგან და მალე ღონიერ ვაჟკაცებს შერცხვებათ ამდენის ჭამა. მე, კიშმა, ვთქვი ჩემი სათქმელი!        დამცინავი სიტყვები და გესლიანი სიცილი დაადევნეს იგლუდან გასულ კიშს. მას კი პირი მაგრად მოეკუმა და არც აქეთ იხედებოდა და არც იქით. მეორე დღეს კიში სანაპიროს გაჰყვა, სანაპიროს, სადაც გაყინული ოკეანე ხმელეთს ეკვრის. ხალხმა შეამჩნია, რომ კიშს მშვილდი და წაწვეტებული ძვლისპირიანი ისრების დიდი კონა აეკიდებინა, მხარზე კი მამამისის სანადირო შუბი გაედო. ბევრი იცინეს და ბევრი ილაპარაკეს სოფელში ამ ამბის გამო. კიშისხელა ბავშვები არასოდეს არ მიდიოდნენ სანადიროდ, მით უმეტეს მარტო. თანასოფლელები სინანულით აქნევდნენ თავს და ჩურჩულებდნენ. ქალები კი თანაუგრძნობდნენ აიკიგას. დედას სახე მწუხარებისაგან გაფითრებოდა. - მალე დაბრუნდება, - ამხნევებდნენ მას. - წავიდეს, იწვნიოს გაჭირვება, - ამბობდნენ მონადირეები, - დაბრუნდება და დაჭკვიანდება, ნაკლებს ილაყბებს. გავიდა ერთი დღე, მეორე, მესამე. დიდი ქარიშხალი ამოვარდა, მაგრამ კიში არსად ჩანდა. აიკიგამ თმები ჩამოიგლიჯა და მწუხარების ნიშნად მურით მოითხუპნა სახე. ქალები კი მამაკაცებს უსაყვედურებდნენ, რატომ არ გაჰყევით უკან, სასიკვდილოდ რათ გაიმეტეთო. მამაკაცები ხმას არ იღებდნენ და ტუნდრაში წასასვლელად ემზადებოდნენ, რომ ბიჭის გვამი მოეძებნათ. მხოლოდ ქარიშხლის ჩადგომას უცდიდნენ. მეორე დილით კიში თავისი ფეხით შემოვიდა სოფელში. თავაწეული მოდიოდა. ზურგზე ახლად მოკლული ნადირის ხორცი მოეგდო. ნაბიჯში მედიდურობა ემჩნეოდა, ლაპარაკში - სიამაყე. - მამაკაცებო, გამართეთ ძაღლის მარხილები და გზას გაუდექით, გაჰყევით ჩემს კვალს, - თქვა მან, - ერთი დღის სავალზე ყინულში ერთი ძუ დათვისა და ორი მოზრდილი ბელის ხორცია ჩაფლული. აიკიგა სიხარულით ცას ეწია. კიშმა კი დედის სიხარული ისე მიიღო, როგორც ნამდვილ ვაჟკაცს შეეფერება, და უთხრა: - გეყოფა, დამშვიდდი, აიკიგა, წამო, სუფრა გაშალე. მერე კი დავიძინებ, ძალიან დავიღალე. კიში იგლუში შევიდა, კარგად დანაყრდა და დაიძინა. ოცი საათი ეძინა გაუნძრევლად. პირველად ყველა ეჭვობდა. ეჭვობდნენ და ბჭობდნენ. თეთრი დათვის მოკვლა ძალიან საშიშია, მაგრამ სამჯერ უფრო საშიშია და კიდევ სამჯერად სამჯერ უფრო საშიში ბელებიანი ძუ დათვის მოკვლა. მამაკაცებს ვერ დაეჯერებინათ, რომ პატარა ბიჭმა - კიშმა მარტო მოახდინა ასეთი დიდი სასწაული. ქალები კიშის ზურგით მოტანილ ახლად მოკლული ნადირის ხორცზე ლაპარაკობდნენ. ხორცი უდავო საბუთი იყო იმისათვის, რომ მამაკაცებს ეჭვი გაქარწყლებოდათ. ჰოდა, გაუდგნენ გზას. თან ბუზღუნებდნენ, თუ დათვი მოკლულია, ხორცი მაინც არ იქნება წესიერად დაჭრილიო. ჩრდილოეთში აუცილებელია ხორცი ნადირის მოკვლისთანავე დაიჭრას. თუ მაშინვე არ დაიჭრა, ისე გაიყინება, ახლად გალესილ დანასაც დააბლაგვებს. ესეც არ იყოს, მეტისმეტად ჭირს სამასი გირვანქა გაყინული ხორცის მარხილზე დადება და უსწორმასწორო ყინულზე მისი გამოთრევა. როცა ადგილზე მივიდნენ, მონადირეებმა ნახეს, კიშს არათუ მოეკლა დათვი და მისი ბელები, გამოეშიგნა და, წესისამებრ, თითო დათვის ხორცი ოთხ-ოთხ ნაჭრად გაეყო. ასე დაიწყო კიშის საიდუმლოებით მოცული ცხოვრება, რომელიც დღითიდღე ბურუსში ეხვეოდა. შემდეგ ნადირობაზე მან მოზრდილი დათვი მოკლა, მომდევნო ნადირობის დროს დიდი ხვადი დათვი და მისი ძუ მოკლა. ჩვეულებრივ, სამი-ოთხი დღით მიდიოდა ხოლმე სანადიროდ, ხანდახან თითო კვირაობითაც რჩებოდა ყინულოვან ველზე. კიში ყოველთვის უარს ამბობდა ვინმეს წაყვანაზე, ხალხს კი უკვირდა. „როგორ ახერხებს ნეტავ, - ეკითხებოდნენ ერთმანეთს, - არც ერთხელ ძაღლი არ წაუყვანია, ძაღლი ხომ მონადირის მარჯვენა ხელია“. - რატომ ნადირობ მხოლოდ დათვებზე? - გაბედა და ჰკითხა ერთხელ კლოშ-კვენმა. კიშმა შესაფერისი პასუხი გასცა: - ყველამ იცის, რომ დათვს ბევრი ხორცი აქვს! -თქვა მან. მაგრამ სოფელში ჯადოსნობაზეც ლაპარაკობდნენ, - ნადირობაში ავი სულები ეხმარებიანო. ყოველთვის ნანადირევით ბრუნდება, როგორ იქნება, რომ ავი სულები არა სწყალობდნენო? - იქნებ კეთილი სულები სწყალობენ, - ამბობდნენ სხვანი, - მამა კარგი მონადირე ჰყავდა. იქნებ მამის სული დაჰყვება თან და ასწავლის მოთმინებას, სიმარჯვესა და ნადირობის ხელოვნებას, ვინ იცის? კიში კი ყოველთვის გამარჯვებული ბრუნდებოდა შინ. მონადირეებს მისი ნანადირევი მოჰქონდათ და კიში სამართლიანად ჰყოფდა მას. მამასავით, კიშიც თვალს ადევნებდა, რომ უძლურ დედაბრებსა და ღრმად მოხუცებულ ბერიკაცებსაც რგებოდათ წილი. თავისთვის კი იმდენს იტოვებდა, რამდენიც აუცილებელი იყო. ამის გამო და იმიტომაც, რომ იგი გონიერი მონადირე იყო, სოფლელები პატივისცემითა და მოკრძალებითაც კი ეპყრობოდნენ. ხმები დადიოდა, კიშს სოფლის თავკაცად აირჩევენ მოხუცი კლოშ-კვენის შემდეგო. კეთილ საქმეთა გამო კიშს ყოველთვის ელოდნენ თავყრილობაზე, მაგრამ ის არ მიდიოდა, მათ კი ერიდებოდათ რომ ეთხოვათ. - გადავწყვიტე, იგლუ დავიდგა, - უთხრა მან ერთ დღეს კლოშ-კვენსა და რამდენიმე მონადირეს, - დიდი იგლუ, სადაც აიკიგა და მე ხალვათად ვიცხოვრებთ. - კეთილი, - მყისვე დაეთანხმნენ ისინი. - მაგრამ არა მცალია, ჩემი საქმე ნადირობაა. ნადირობა ბევრ დროს მართმევს. ამიტომ იგლუ ჩვენმა სოფლელებმა უნდა ამიშენონ, ისინი ჩემს მოტანილ ხორცსა ჭამენ. როგორიც სურდა, ისეთი იგლუ აუშენეს კიშს. კლოშ-კვენის იგლუზე დიდი იგლუ დაუდგეს. კიში და დედამისი დაბინავდნენ შიგ. ქმრის სიკვდილის შემდეგ აიკიგამ პირველად გაიხარა კეთილი ცხოვრებით, რომელიც შვილმა შეუქმნა. აიკიგა პირველი ქალი გახდა მთელ სოფელში. სოფლის ქალები ხშირად მიდიოდნენ მასთან, რჩევა-დარიგებას სთხოვდნენ და როცა მათ შორის ან მამაკაცებს შორის დავა ატყდებოდა, აიკიგას სიბრძნეს მიანდობდნენ სამართალს.        ყველაზე მეტად მაინც კიშის საოცარი ნადირობა აცვიფრებდა ხალხს, სულ იმაზე ფიქრობდნენ, და ერთ დღეს აგ-გლაკმა კიშს პირდაპირ დასდო ბრალი, ჯადოსანი ხარო. - ყველა დარწმუნებულია, - უთხრა აგ-გლაკმა ბოროტად, - რომ ავ სულებთან გაქვს კავშირი და ისინი გეხმარებიან ნადირობაში. - ხორცი არ არის კარგი? - უპასუხა კიშმა, - განა ავად გახდა ვინმე ჩემი მოტანილი ხორცით? საიდან იცი, რომ ჯადოსნობა მშველის, თუ ეს მხოლოდ შენი ვარაუდია? შენ შური გღრღნის და გაწვალებს! აგ-გლაკი დარცხვენილი გაბრუნდა, ქალებმა კი სიცილი დააყარეს. და მაინც ერთ ღამეს, თავყრილობაზე ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, გადაწყვიტეს, როცა კიში სანადიროდ წავიდოდა, მზირები დაედევნებინათ და გაეგოთ, როგორ ნადირობდა. ორი ახალგაზრდა, ყოჩაღი მონადირე, ბიმი და ბოუნი, ფრთხილად აედევნენ უკან სანადიროდ მიმავალ კიშს. ხუთი დღის შემდეგ დაბრუნდნენ განცვიფრებისაგან თვალებგადმოკარკლულები, ენა ებმოდათ, ისე ეჩქარებოდათ კიშის ამბის მოყოლა. საჩქაროდ მოიყარეს თავი მოთათბირეებმა კლოშ-კვენის იგლუში, და ბიმმა დაიწყო: - ძმებო, როგორც დაგვავალეთ, ჩვენ კიშის კვალს გავყევით, ისე მოხერხებულად მივიპარებოდით, რომ კიშმა ვერ შეგვამჩნია. ნახევარი დღის სავალზე კიშს დიდი ძუ დათვი შემოხვდა. ძალიან დიდი თეთრი დათვი... - მართლა ძალიან დიდი დათვი იყო, - დაუდასტურა ბოუნმა და ახლა თვითონ განაგრძო, - დათვი წყნარად მოდიოდა, ადამიანი რომ დაინახა, მიბრუნდა და ბაჯბაჯით გაჰყვა ყინულოვან გზას. ჩვენ სანაპიროს კლდეს მოვეფარეთ და იქიდან ვუთვალთვალებდით ყველაფერს, დათვი პირდაპირ ჩვენკენ წამოვიდა, უკან კი კიში მოჰყვებოდა და არაფრისა ეშინოდა, ხმამაღლა მოსძახოდა დათვს, ხელებს იქნევდა და ყვიროდა. მაშინ კი გაბრაზდა დათვი, უკანა თათებზე შედგა და დაიღრიალა, მაგრამ კიში მაინც მოიწევდა მისკენ. - ასე იყო, - ჩამოართვა სიტყვა ბიმმა, - კიში პირდაპირ დათვისკენ გამოემართა. დათვმა უეცრად ისკუპა, კიში გაიქცა, დათვი უკან დაედევნა. კიშმა მრგვალი რაღაც დააგდო ყინულზე. დათვი შეჩერდა, დაყნოსა და შეჭამა. კიში გარბოდა და თან ყინულზე პატარ-პატარა ბურთებს უყრიდა დათვს. დათვი კი ჭამა-ჭამით მიჰყვებოდა კიშის კვალს. მოთათბირენი ახმაურდნენ: არავის სჯეროდა მონაყოლი. აგ-გლაკმა კი აშკარად გამოთქვა ეჭვი. - საკუთარი თვალით ვნახე, - თქვა ბიმმა.        ბოუნმა კი დასძინა: - დიახ, დიახ, საკუთარი თვალით. ასე გაგრძელდა ერთ ხანს. მერე უეცრად დათვი ყალყზე შედგა, ტკივილისგან ხმამაღლა დაიღრიალა და გაგიჟებული ტორების ქნევას მოჰყვა. კიში კარგა დაშორდა დათვს. მაგრამ დათვი ყურადღებას აღარ აქცევდა; მუცელი სტკიოდა. ეტყობა, ის პატარა ბუთები შიგნეულობას უღრღნიდა. - ჰო, ეტყობა, შიგნეულობა ეწვოდა, - ჩაერია ბიმი, - დათვი ცხვირ-პირში იცემდა ტორებს და ათამაშებული ლეკვივით ხტოდა. მაგრამ ისე ღმუოდა და კვნესოდა, რომ თამაში არ იყო. ტკივილისაგან იკლაკნებოდა. ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს ასეთი რამ. - არა, არც მე შევსწრებივარ ასეთ რამეს, - ჩამოართვა სიტყვა ბოუნმა, - დათვი ისეთი დიდი იყო! - ჯადოსნობაა! - ირწმუნებოდა აგ-გლაკი. - არაფერი არ ვიცი, - უპასუხა ბოუნმა, - მე მხოლოდ იმას ვამბობ, რაც ჩემი თვალით ვნახე. ვეებერთელა დათვი იყო და ისე გაშმაგებული აწყდებოდა აქეთ-იქით, რომ მალე დაიღალა და დასუსტდა. მერე ნელ-ნელა გაუყვა ყინულოვან სანაპიროს, თავს უმწეოდ აქნევდა, ხან აქეთ, ხან იქით; მალიმალ დაყუნტდებოდა და ღმუილს და კვნესას მოჰყვებოდა. კიში დათვს მისდევდა, ჩვენ კიშს მივყვებოდით იმ დღეს და კიდევ სამ დღეს ვსდიეთ კიშს. დათვი გამუდმებით ღრიალებდა ტკივილისაგან. დაუძლურდა და დასუსტდა. - ჯადო გაუკეთებია! - წამოიძახა აგ-გლაკმა, - ნამდვილად ჯადო გაუკეთებია! - შეიძლება აგრეც იყოს! ახლა ბიმმა ჩამოართვა სიტყვა ბოუნს: - დათვი გზააბნეული დაეხეტებოდა, ხან აქეთ მიაწყდებოდა, ხან იქით, ხან უკან დაბრუნდებოდა, ხან კი თავისსავე კვალს გადაუვლიდა. ბოლოს ისევ იმ ადგილას მივიდა, სადაც პირველად შეუტია კიშმა. ამასობაში დათვი დაძაბუნდა და ფორთხვის თავი აღარ ჰქონდა. მაშინ კიში მივიდა და შუბი ჩასცა. - მერე რა მოხდა? - იკითხა კლოშ-კვენმა. - მერე კიშმა დათვის გატყავება დაიწყო, ჩვენ კი სირბილით გამოვეშურეთ, რომ ამბავი მოგვეტანა თქვენთვის.        შუადღისას ქალებმა მოიტანეს მოკლული დათვის ხორცი, მამაკაცები ჯერ კიდევ თათბირობდნენ. როცა კიში დაბრუნდა, შიკრიკი გაუგზავნეს და თავყრილობაზე მოდიო, სთხოვეს, მაგრამ კიშმა მოთათბირეებს შეუთვალა: მშიერი და დაღლილი ვარ, ჩემი ახალი იგლუ ისეთი დიდია, ყველას დაიტევსო. ისე დიდი იყო ცნობისმოყვარეობა, რომ მოთათბირენი წამოდგნენ და კიშის იგლუსაკენ გაემართნენ, წინ კლოშ-კვენი მიუძღოდათ. კიში იჯდა და ჭამდა, მაგრამ ხალხი რომ დაინახა, თავაზიანად წამოდგა, შეიპატიჟა და უფროს-უმცროსობით დასხა. კიში კი აუღელვებლად შეხვდა ყოველივეს. კლოშ-კვენმა გაიმეორა ბიმისა და ბოუნის მონაყოლი და ბოლოს მკაცრად დასძინა: - გაგვაგებინე, ო, კიშ, გვითხარი, როგორ ნადირობ? ჯადოს ხომ არ ხმარობ ნადირობისას? კიშმა თავი ასწია და გაიღიმა. - არა, ო, კლოშ-კვენ! ბავშვებს არაფერი გაეგებათ ჯადოსნობისა, და მეც არაფერი ვიცი. ჯადო კი არა, გონება მოვიშველიე. - ყველას შეუძლია შენი ხერხის გამოყენება? - ყველას. დიდხანს სდუმდნენ, მერე ერთმანეთს გადახედეს. კიში ჭამდა. - იქნებ... იქნებ გვითხრა, ო, კიშ? - ხმის კანკალით ჰკითხა ბოლოს კლოშ-კვენმა. - გეტყვით, რატომაც არ გეტყვით! - კიშმა ბოლომდე გამოწოვა ძვალს ტვინი და წამოდგა, - უბრალო რამ არის. ყური მიგდეთ! მან ჯიბიდან ვეშაპის ულვაშის წვრილი ღერი ამოიღო და ხალხს უჩვენა. ულვაშს ნემსივით წაწვეტებული ბოლოები ჰქონდა. ულვაში ფრთხილად დაახვია. შემდეგ კი უეცრად გაუშვა ხელი. ულვაში იმწამსვე გაიშალა. კიშმა თევზის ქონის ნაჭერი აიღო. - აი, ასე, - თქვა მან, - უნდა აიღოთ თევზის ქონის ნაჭერი, გული გამოუღოთ და ჩადოთ ვეშაპის ულვაშის ღერი, უნდა დაახვიოთ და ისე ჩადოთ. მერე თევზის ქონის მეორე ნაჭრით უნდა დაფაროთ დახვეული ულვაშის ღერი. ამის შემდეგ გარეთ უნდა გასდოთ, ვიდრე არ გაიყინება და პატარა ბურთს არ დაემსგავსება. დათვი ყლაპავს ამ ბურთულებს, თევზის ქონი დნება და ულვაშის ღერი მუცელში სწორდება. დათვი ავად ხდება. როცა ძალიან დასუსტდება, მიხვალთ და შუბს ჩასცემთ. სულ უბრალო რამ არის. - ოო! - თქვა აგ-გლაკმა. - ჰოო! - თქვა კლოშ-კვენმა. თითოეულმა თავისებურად გაიკვირვა და ყველა მიხვდა. აი, ამბავი კიშისა, რომელიც ცხოვრობდა დიდი ხნის წინათ, ჩრდილოეთის ოკეანის სანაპიროზე. რადგან ის გონებას იშველიებდა და არა ჯადოსნობას, ღარიბული იგლუდან გამოსული ბიჭი სოფლის თავკაცად აირჩიეს, და ამბობენ, მას შემდეგ მის ხალხს არაფერი გასჭირვებია, არც ერთ ქვრივსა და არც ერთ დავრდომილს აღარ უტირია ღამით - ხორცი არა გვაქვსო. გემბანის ჩარდახის ჩრდილქვეშ - გაგონილა, მამაკაცმა, ისიც ჯენტლმენმა, ქალს უთხრას, ღორი ხარო? - გამომწვევად ჰკითხა ჩია კაცმა მგზავრებს, სავარძლის ზურგს მიეყრდნო და პასუხის მოლოდინში ლიმონათს დაუწყო წრუპვა. ეტყობოდა, იგი მტკიცედ იყო დარწმუნებული თავის სიმართლეში და სულ ცოტაღა უნდოდა, რომ ჩხუბი აეტეხა. მაგრამ მგზავრები უკვე მიეჩვივნენ ჩიას ჭინჭყლობას, მის ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს და ამჯერად აღარავინ შეპასუხებია. - ვიმეორებ: მეც იქ ვიყავი, როცა მან ერთ ქალს, რომელსაც არც ერთი თქვენგანი არ იცნობს, უთხრა, ღორი ხარო. განა ეხუმრა - პირდაპირ, უკმეხად მიახალა. მე კი მგონია, რომ მამაკაცს, თუ ის ნამდვილი მამაკაცია, უფლება არა აქვს ასეთი რამ თქვას ქალზე. ექიმი დოუსონი მშვიდად აბოლებდა თავის შავ ჩიბუხს. მეთიუზს ორივე ხელი შემოეხვია მუხლებზე და თვალს არ აშორებდა ცაში მოლივლივე თოლიას. სუიტს ფსკერამდე დაეყვანა გაზიანი წყლით განზავებული ვისკი და ახლა თვალებს აცეცებდა - იქნებ გემბანის სტიუარდი დავინახო სადმეო. - მისტერ ტრელორ, თქვენ გეკითხებით! შეიძლება კაცმა ღორი დაუძახოს ქალს? ტრელორი ჩია კაცის გვერდით იჯდა, მაგრამ ასეთ სწრაფ თავდასხმას არ მოელოდა და ცოტა არ იყოს შეკრთა - ნეტა ისეთი რა შემამჩნია, როდის მიკადრებია ქალისთვის რამეო. - უნდა მოგახსენოთ, - წამოიწყო ტრელორმა გაუბედავად, - რომ... ეს თვითონ... მმ... თვითონ ქალზეა დამოკიდებული. ჩია კაცი ელდანაცემივით დაშეშდა და მერე ძლივს ამოილუღლუღა: - მაშ, თქვენ ამბობთ... - მე ვამბობ, რომ მინახავს მდედრობითი სქესის არსებანი, რომლებიც ღორები და ღორებზე უარესებიც ყოფილან. გემბანზე ხანგრძლივი, გულის გამაწვრილებელი სიჩუმე ჩამოვარდა. ჩია კაცს თავზარი დასცა ამ უხეშმა და პირდაპირმა პასუხმა. სახეზე აუტანელი ტანჯვა და წყენა გამოეხატა. - თქვენ ბრძანებთ, რომ ვიღაცამ უზრდელი გამოთქმა იხმარა. თქვენ გარკვეული აზრი შეგექმნათ იმ კაცზე, - ხმადაბლა, აუღელვებლად განაგრძო ტრელორმა, - ახლა ერთი ქალის, უკაცრავად, ერთი ქალბატონის ამბავს მოგითხრობთ და შემდეგ გთხოვთ, რომ გამოთქვათ თქვენი შეხედულება მასზე. ამ ქალბატონს მის ქარადეზი დავარქვათ, თუმცა ნამდვილად სულ სხვა სახელი ერქვა. ეს ამბავი „აღმოსავლეთის კომპანიის“ გემზე მოხდა ამ რამდენიმე წლის წინ. მის ქარადეზი მიმზიდველი ქალი გახლდათ. თუმცა უფრო სწორი იქნება, თუ მომაჯადოებელს ვიტყვი. ამ ახალგაზრდა ლედის მამას დიდი თანამდებობა ეჭირა. გვარს ვერ გაგიმხელთ, რადგან ყველანი იცნობთ. ქალიშვილი მამასთან მიემგზავრებოდა, ვთქვათ აღმოსავლეთში, დედასთან და ორ მოახლესთან ერთად. მის ქარადეზი მომაჯადოვებელი ქალი იყო. მაპატიეთ, რომ ვიმეორებ, მაგრამ სხვა სიტყვა ვერ მომიძებნია და საერთოდ მისი აღწერა სიტყვით შეუძლებელია. ყველაფერი ემარჯვებოდა. ქალებში ბადალი არა ჰყავდა და ბევრ მამაკაცს სჯაბნიდა. იცით, როგორ უკრავდა და მღეროდა?! როგორც იტყვიან ხოლმე, თავისი საქმის ნაპოლეონი იყო. ახლა ცურვას არ იკითხავთ? პროფესიონალი რომ გამხდარიყო, დიდ სიმდიდრესა და სახელს მოიხვეჭდა. საოცარი ქალი იყო: სადა საბანაო კოსტუმი უფრო უხდებოდა, ვიდრე სხვას - ათასგვარი ზიზილ-პიპილოებით მორთული. რა ჩაცმა იცოდა, რა დახურვა! ნამდვილი ხელოვანი იყო!        ცურვაზე მოგახსენებდით. უზადო აღნაგობისა გახლდათ. აკრობატივით როდი იყო დაკუნთული - ლამაზად ჩამოქნილი, ნატიფი, სათუთი და თანაც ღონიერი ტანი ჰქონდა. ძალა და სინატიფე საოცრად იყო შეხამებული ერთმანეთთან. მკლავებს არ იკითხავთ? ნიდაყვს ზემოთ თანაბრად მსხვილდებოდნენ, ლამაზად მომრგვალებული მაჯა პატარა, მაგრამ ძლიერი ხელის მტევნით მთავრდებოდა. ასეთი მკლავები არასოდეს მენახა. როცა მის ქარადეზი ინგლისური მკლაურით ცურავდა, ხელებს ჩქარ-ჩქარა უსვამდა და თანაც თითო მოსმით ისე სწრაფად მიიწევდა წინ, რომ... მე ანატომიაში, სპორტში და სხვა ამგვარ რამეებში კარგად ვერკვევი, მაგრამ დღემდე არ ვიცი, როგორ ახერხებდა ამას. წყალქვეშ ორ წუთსა ძლებდა. მე თვითონ შევამოწმე საათით. მთელ გემზე მარტო დენისონი უდებდა ტოლს აუზის ფსკერიდან ფულის ამოკრეფაში. მთავარ გემბანზე, ბრეზენტის დიდი, ექვსი ფუტის სიღრმის აუზი იყო. აუზს ზღვის წყლით ავსებდნენ ხოლმე. შიგ ხურდა ფულსა ვყრიდით, მის ქარადეზი ბოგურიდან ხტებოდა წყალში და სულ ცოტა ორმოცდაშვიდი ცალი ამოჰქონდა. ჯერ მარტო გადახტომა თქვით: სიღრმე სულ ექვსი ფუტი თუ იქნებოდა, და მერე ფული ხომ მიმოფანტული იყო აუზის ფსკერზე! ახალგაზრდა და დინჯმა დენისონმა ერთხელაც ვერ აჯობა და იმას ცდილობდა, რომ ძალიან მაინც არ ჩამორჩენოდა. მის ქარადეზი ნამდვილი ზღვის ქალი იყო, მაგრამ ხმელეთზეც არავის აჩაგვრინებდა თავს. დიდებული ცხენოსნობა იცოდა და, ერთი სიტყვით, ყველაფერი გამოუდიოდა ხელიდან. რომ დაგენახათ, ნაზი, კოხტად ჩაცმული, მიბნედილი, ამაყი, თაყვანისმცემლებით გარშემორტყმული, რომელთაც ხან სულ არ აქცევდა ყურადღებას, ხან კი მწარედ ბასრავდა თავისი ალესილი ენით, იტყოდით, ეს ქალი მხოლოდ ამისთვის არის დაბადებულიო. ამ დროს ყოველთვის მახსენდებოდა ის ორმოცდაშვიდი მონეტა, აუზის ფსკერიდან რომ იღებდა ხოლმე. აი ასეთი იყო ეს საოცარი ქალი, რომელიც ყველაფერს საუცხოოდ ახერხებდა.        მის ქარადეზი ყველა მამაკაცის გულს ატყვევებდა და უნდა გამოვტყდე, რომ ბავშვივით დავდევდი უკან. ლეკვებს რა გაემტყუნებათ, როცა ბებერი ნაგაზებიც კი, თითქოს უკვე დაბრძენებულნი რომ უნდა ყოფილიყვნენ, მის ქარადეზის კალთასთან ჩაცუცქდებოდნენ და ისიც ერთს დაუსტვენდა თუ არა, წკმუტუნსა და კუდის ქნევას მოჰყვებოდნენ ხოლმე. ყველანი ქედს უხრიდნენ - დაწყებული ცხრამეტი წლის წითელლოყება ქერუბიმიდან - ადმორიდან, რომელიც საკონსულოში მუშაობდა მოხელედ, კაპიტან ბენტლით დამთავრებული. კაპიტანი კი ჭაღარა, ზღვაზე ნათრევი კაცი იყო და რომ გენახათ, ალბათ იტყოდით, ჩინური კერპი ამაზე უფრო მგრძნობიარე იქნებაო. მგზავრებში ერთი შუახნის სიმპათიური კაცი ერია, მგონი პეკინსი იყო გვარად. ჰოდა, ამ კაცს სულ დაავიწყდა, ცოლი რომ ახლდა თან და მხოლოდ მაშინ გამოიფშვნიტა თვალები, როცა მის ქარადეზმა მაგრად შეახურა. მამაკაცები ცვილივით ადნებოდნენ ხელში. მის ქარადეზის სურვილზე იყო დამოკიდებული გამოძერწავდა ამ ცვილისგან რამეს, თუ მთლიანად დაწვავდა. ხომ ასეთი ზვიადი და მიუწვდომელი იყო, დარწმუნებული ვარ, ერთი რომ შეერხია წარბი, არც ერთი სტიუარდი არ შეყოყმანდებოდა და თვითონ კაპიტანს შეასხამდა სახეში ცხელ კერძს. ალბათ ყოველ თქვენგანს შეხვედრია ასეთი ქალი - ქალი, რომელიც ყველას იმონებს. მის ქარადეზიც ყველას გულს იპყრობდა. იგი მათრახი, ნესტარი, ალი ან, თუ გნებავთ, ელექტრონის ნაპერწკალი იყო და, თუ დამიჯერებთ, ხანდახან ისე აენთებოდა ეს გულწარმტაცი, მშვენიერი არსება, რომ მისი მსხვერპლი თავგზას კარგავდა და შიშით კანკალებდა. არ დაგავიწყდეთ, რომ უაღრესად გოროზი ქალი იყო, თორემ ისე ჩემს მონათხრობს ვერ გაიგებთ. რასის, ჩამომავლობის, სქესისა და საზოგადოებრივი მდგომარეობის გოროზობა მოსდგამდა - უცნაური, საშიში და ჭირვეული გოროზობა.        მის ქარადეზი ყველას მბრძანებლად იქცა - თავის ნებაზე ატრიალებდა გემსაც, მგზავრებსაც და დენისონსაც. დენისონმა რომ ყველა ჩამოგვიტოვა უკან, ამას სულელიც მიხვდებოდა. აშკარა იყო, რომ ქალს, რაც დრო გადიოდა, უფრო მეტად მოსწონდა იგი. დარწმუნებული ვარ, ადრე ასე ძლიერად არავინ მოსწონებია. მაგრამ ჩვენ კვლავ ვაღმერთებდით და გვერდიდან არ ვშორდებოდით. ვცდილობდით მისი სურვილები შეგვესრულებინა, თუმცა კი ვგრძნობდით, რომ დენისონს ვეღარ დავეწეოდით. ახლა ვერ გეტყვით, როგორი იქნებოდა ამ საქმის ბოლო, რადგან კოლომბოში რომ შევედით, ყველაფერი უკუღმა შეტრიალდა.        თქვენ იცნობთ კოლომბოს და ალბათ გინახავთ, როგორ ყვინთავენ იქაური ბავშვები ზვიგენებით სავსე ყურეში, როცა მგზავრები ხურდა ფულს გადაუყრიან ხოლმე. ამას, რა თქმა უნდა, მარტო მაშინ ბედავენ თუ ყურეში თევზიჭამია ზვიგენები დაცურავენ. ბავშვები როგორღაც გრძნობენ ზოლებიანი ან წვრილთავა ზვიგენების მოახლოებას. ეს ზვიგენები ავსტრალიის წყლებიდან შემოდიან, და სანამ მგზავრები რაიმეს მიხვდებიან, კისრისტეხით აფოფხდებიან ხოლმე უშიშარ ადგილას. ეს ამბავი საუზმის შემდეგ მოხდა. მის ქარადეზს გემბანის ჩარდახისათვის შეეფარებინა თავი და ირგვლივ, როგორც ყოველთვის, თავისი ამალა შემოეკრიბა. ქალმა მოხუც ბენტლის გაუღიმა და კაპიტანმა ალბათ თავის სიცოცხლეში პირველად ჩაიდინა ასეთი საქმე - ზედა გემბანზე ამოუშვა ბავშვები. ხომ მიხვდით? მის ქარადეზი მოცურავე იყო და ამიტომ მოისურვა მათი ნახვა. მან მთელი ხურდა ფული გამოგვართვა და გემბანიდან გადაყარა. ხან თითო-თითოს ისროდა, ხან პეშვით ყრიდა, ბავშვებს შეჯიბრების პირობებს კარნახობდა, უგერგილოებს კიცხავდა, მარჯვეებს გულუხვად ასაჩუქრებდა, ერთი სიტყვით, მთელ სპექტაკლს ხელმძღვანელობდა. მის ქარადეზი ძალიან დაინტერესდა. ხომ იცით, რა ძნელია ჰაერში არ გადატრიალდეთ, როცა ფეხებით ხტები. ადამიანს სიმძიმის ცენტრი მაღლა აქვს და წონასწორობას ვერ ინარჩუნებს. ეს პატარა მათხოვრები კი როგორღაც თავისებურად ხტებოდნენ. მის ქარადეზმა განაცხადა, ამ ილეთს არ ვიცნობ და აუცილებლად უნდა ვისწავლოო. ბავშვები კანჯოს ჩამოსაკიდი ძელიდან ხტებოდნენ, წინ გადაიხრებოდნენ და წყალს დაჰყურებდნენ, ბოლო წამს კი სხარტად გაიმართებოდნენ წელში და წყალში ვერტიკალურად ჩაეშვებოდნენ.        მშვენიერი სანახაობა იყო. ყვინთვას კი ისე კარგად ვერ ახერხებდნენ. მარტო ერთი ყვინთავდა იმათში კარგად. მას არც ხტომაში ჰყავდა ბადალი. ეტყობოდა, ვიღაც თეთრკანიანს ესწავლებინა, რადგან წელში გამართული ხტებოდა. ასეთი ლამაზი ნახტომი არასოდეს მინახავს. ალბათ იცით: როცა დიდი სიმაღლიდან თავდაღმა მიფრინავ, წყალში სწორი კუთხით უნდა ჩაეშვა. თუ ვერ მოახერხე, ხერხემალს გადაიმტვრევ და მერე ვეღარაფერი გიშველის. ზოგი იღუპება კიდეც. ეს ბავშვი კი ძალიან მარჯვედ იქცეოდა -სამოცდაათი ფუტის სიმაღლიდან გადმომხტარი, მკერდზე ხელებმიკრული და თავგადაწეული, ჩიტივით მიფრინავდა ჰაერში. ტანი თითქმის წყლის პარალელურად ეჭირა, ასე რომ დაცემულიყო, ალბათ ყავარივით გასკდებოდა შუაზე, მაგრამ წყლის ზედაპირს მიუახლოვდებოდა თუ არა, თავს წინ წასწევდა, ხელებს გაჭიმავდა, ლამაზად გაიმართებოდა და ზუსტად ვერტიკალურად ჩაეშვებოდა ზღვაში. ბიჭი რამდენჯერმე გადახტა და ყოველი ჩვენთაგანისა და განსაკუთრებით მის ქარადეზის მოწონება დაიმსახურა.        ბავშვი თორმეტ-ცამეტი წლისა თუ იქნებოდა, მაგრამ ამხანაგებზე გონიერი ჩანდა და, თუმცა რაზმში მასზე უფროსებიც ერივნენ, ეტყობოდა, რომ მთელი რაზმის ბელადი და სათაყვანებელი იყო. იგი მოხდენილი ახალგაზრდა ღვთაება გახლდათ - ბრინჯაოს ცოცხალი ქანდაკება. შორი-შორს ჩასმული, ჭკვიანი და მამაცური თვალები ჰქონდა. ერთი სიტყვით, რაღაც განუმეორებელი ნაპერწკალი, თვალისმომჭრელი გაელვება თუ მჩქეფარე და დაუდგრომელი ცხოვრება იყო. ალბათ გინახავთ ასეთი დიდებული ქმნილებანი - თუნდაც ცხოველები - ლეოპარდი ან ცხენი მაგალითად - ფიცხი, მოუსვენარი, კუნთებდაძაბული, ყოველი მისი მოძრაობა საოცრად მოხდენილი, მკვირცხლი და დაუოკებელი რომაა. იგი თვით არის ბობოქარი სიცოცხლე, ირგვლივ ყველაფერს რომ ანათებს და აცისკროვნებს. ეს ბიჭიც ასეთი იყო - სხივოსანი და მჩქეფარე. სხეული და თვალები შინაგანი ცეცხლით ჰქონდა გაცისკროვნებული. გეფიცებით, რომ ვუყურებდი, თითქოს ცხოვრების ჟრიამული მესმოდა, თითქოს მაცოცხლებელ ჟანგბადს ვსუნთქავდი, ისეთი ნორჩი, ჯანსაღი და მკვირცხლი ჩანდა. აი, ასეთი იყო ის ბიჭი, და სწორედ მან მისცა პირველად თამაშით გართულ ამხანაგებს საფრთხის ნიშანი. ბავშვები ტრაპის ბაქნისაკენ გამოეშურნენ, ხელებს სწრაფად უსვამდნენ, ერთმანეთში ირეოდნენ, ფართხალებდნენ და წყალს აშხეფებდნენ. შეშინებულები, დაბნეულები, მაინც ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება მალე აფოფხებულიყვნენ მაღლა. ბოლოს ყველანი ტრაპზე გამწკრივდნენ და წყალს დააჩერდნენ. - რა მოხდა? - იკითხა მის ქარადეზმა. - ვგონებ ზვიგენია, - უპასუხა კაპიტანმა, -ამ პატარა მათხოვრებს ბედი ჰქონიათ, - ყველანი გადარჩნენ. - ნუთუ ზვიგენისა ეშინიათ? - იკითხა ქალმა. - თქვენ კი არ გეშინიათ? - შეუბრუნა კითხვა კაპიტანმა. ქალი შეკრთა, ზღვას გადახედა, ზიზღით დაიმანჭა და უპასუხა: - არაფრის გულისათვის არ შევიდოდი ზვიგენებიან წყალში. საზიზღრები არიან, აუტანლები, - ამ სიტყვებზე მის ქარადეზს გააჟრჟოლა. ბავშვები ზედა გემბანზე ავიდნენ, მოაჯირთან შექუჩდნენ და აღტაცებით მიაჩერდნენ ქალს, რომელმაც ფეშქაშად გადაუყარა ამდენი სიმდიდრე. სანახაობა დამთავრდა. კაპიტან ბენტლის უნდოდა გაერეკა ბავშვები, მაგრამ ქალმა შეაჩერა: - ცოტა ხანს მოიცადეთ, თუ შეიძლება. მე ყოველთვის მეგონა, რომ აქაურები ზვიგენებს არ უფრთხოდნენ. - შემდეგ ის ბიჭი მოიხმო და ანიშნა, გადახტიო. ბიჭმა თავი გაიქნია. მოაჯირთან შეგროვილმა ბავშვებმა გაიცინეს. ალბათ იფიქრეს, ამ ქალმა იხუმრაო. - ზვიგენია, - უთხრა ბიჭმა და წყლისკენ გაიშვირა ხელი. - არა, - დაამშვიდა ქალმა, - იქ ზვიგენი არ არის. მაგრამ ბიჭმა თავი გაიქნია და სხვა ბავშვებმაც დაიწყეს თავის ქნევა. - არა, არა, არა! - წამოიძახა მის ქარადეზმა და მერე ჩვენ მოგვიბრუნდა, - ნახევარკრონიანი და სოვერენი მასესხეთო. ექვსიოდე ხელმა მიაწოდა კრონები და სოვერენი. მან ადამორს გამოართვა ორი ფული და ბავშვებს ნახევარკრონიანი დაანახა. მაგრამ არც ერთი იმათგანი არ მივარდნია მოაჯირს. მის ქარადეზმა სათითაოდ შესთავაზა ფული, მაგრამ ყველა ფეხს ინაცვლებდა, უარის ნიშნად თავს აქნევდა და იღიმებოდა. მან მაინც გადაისროლა წყალში ნახევარკრონიანი. ბავშვებმა დანანებით გააყოლეს თვალი ვერცხლის ხაზს, ადგილიდან კი მაინც არ დაიძრნენ. - სოვერენიც არ გადააგდოთ, - ხმადაბლა უთხრა დენისონმა. ქალმა ყური მოიყრუა და ბიჭს ზედ ცხვირთან დაუტრიალა ოქრო. - თავი დაანებეთ, - ურჩია კაპიტანმა ბენტლიმაც, - მე ჭირიან კატასაც არ გადავაგდებდი ახლა წყალში. იქ ზვიგენია! მაგრამ მის ქარადეზმა ჩაიცინა და კვლავ ჯიუტად შეეცადა ბიჭის ცთუნებას. - ნუ აბრიყვებთ, სოვერენი მთელი ქონებაა მისთვის და რომ გადააგდოთ, შეიძლება მართლა გადაჰყვეს წყალში, - დაბეჯითებით უთხრა დენისონმა. - თქვენ კი არ გადაჰყვებით, - აფეთქდა მის ქარადეზი, და მაშინვე შემპარავად დააყოლა, - მე რომ გადავაგდო? დენისონმა თავი გააქნია. - თქვენ უფრო ძვირი ბრძანდებით, მაგრამ მაინც რამდენად გადახტებოდით? - ჯერ იმდენი არ მოუჭრიათ, - მიახალა დენისონმა. ამ პაექრობაში ქალს სულ გადაავიწყდა ბიჭი. მის ქარადეზმა ცოტა ხანს იყუჩა, შემდეგ კი ნაზად ჰკითხა დენისონს: - არც ჩემი გულისათვის? - მხოლოდ და მხოლოდ თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად! - იყო პასუხი. ქალი კვლავ ბავშვს მიუბრუნდა და თვალწინ ფული აუთამაშა, იქნებ ამ უზარმაზარი სიმდიდრით მოვხიბლოო. შემდეგ ვითომ გადაგდება დააპირა. ბიჭმა ინსტიქტურად გაიწია მოაჯირისაკენ, მაგრამ ამხანაგების ბრაზიანმა შეძახილებმა შეაჩერა. - ვიცი, რომ ხუმრობთ, - უთხრა დენისონმა, - ეგ თქვენი ნებაა, ოღონდ ღვთის გულისათვის, მართლა კი არ გადააგდოთ! ახლა ძნელია თქმა, ეს ახირება იყი თუ სხვა რამე. იქნებ ფიქრობდა, ბიჭი გადახტომას ვერ გაბედავსო. ასე იყო თუ ისე, ამას არავინ მოელოდა: ოქრო ჩარდახის ჩრდილს გასცდა, კაშკაშა მზის სხივებში გაიელვა, მანათობელი მრუდი მოხაზა და წყალში ჩაეშვა. ჩვენ განძრევაც ვერ მოვასწარით, რომ ბიჭი მოაჯირს გადაევლო და ლამაზად გაჰყვა ოქროს კვალს. მშვენიერი სანახაობა იყო! ორივენი ერთდროულად მისრიალებდნენ ზღვისკენ. სოვერენი კიდით ჩაეშვა წყალში და ბიჭიც უხმაუროდ გაუჩინარდა იმავე წამს და იმავე ადგილას. შავტუხა, თვალგამჭრიახი ბავშვები ერთხმად აყვირდნენ. ყველანი მოაჯირს მივცვივდით. ვინა თქვა, როცა ზვიგენი თავს ესხმის მსხვერპლს, პირაღმა უნდა გადატრიალდესო? ის ზვიგენი არ გადაბრუნებულა. ზევიდან ყველაფერი ჩანდა ანკარა წყალში: ზვიგენი ვეებერთელა იყო, და თვალის დახამხამებაში ორად გადაკვნიტა ბავშვი. ვიღაცამ დაიჩურჩულა, თუ ამოიხვნეშა. ვინ იყო, არ ვიცი. იქნებ მეც კი ვიყავი. შემდეგ დუმილი ჩამოვარდა. პირველად მის ქარადეზმა ამოიღო ხმა. იგი მიცვალებულივით იყო გაფითრებული. - მე... მე აზრადაც არ მომივიდოდა... - თქვა მან და ისტერიულად გაიცინა. მის ქარადეზს მთელი თავისი გოროზობის მოხმობა დასჭირდა, რომ თავი შეეკავებინა. ჯერ დენისონს მიაპყრო დუნე მზერა, შემდეგ თითოეულ ჩვენთაგანს. თვალებში შემაძრწუნებელი უსუსურობა ჩასდგომოდა. ტუჩები უთრთოდა. ახლა რომ ვიხსენებ ამ ამბავს, ვგრძნობ, რომ საშინლად ულმობელნი ვიყავით, მაგრამ იმ დროს სხვანაირად არ შეგვეძლო მოქცევა. - მისტერ დენისონ, - თქვა მან, - ტომ, ხომ ვერ ჩამაცილებთ ქვევით? დენისონი კოპებშეკრული იდგა. მან არც კი შეხედა ქალს, სიგარეტი ამოიღო და გააბოლა. კაპიტანმა ბენტლიმ რაღაცა ჩაიბურტყუნა და ზღვაში გადააფურთხა. აღარავის გაუღია ხმა. ირგვლივ დუმილმა დაისადგურა. მის ქარადეზი მიბრუნდა და მტკიცე ნაბიჯით გაემართა წინ. მაგრამ ცოტა რომ გაიარა, დაბარბაცდა და, კაიუტის კედელს რომ არ მიყუდებოდა, წაიქცეოდა. შემდეგ ღონე მოიკრიბა და კედელზე ხელმიყრდნობილმა ნელა განაგრძო გზა. ტრელორი გაჩუმდა, ჩია კაცს მიუბრუნდა და ცივი, პასუხის მომლოდინე მზერა მიაპყრო. - აბა, - თქვა მან ბოლოს, - რას მეტყვით ასეთ ქალზე? ჩიამ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი და მიუგო: - არაფერი მეთქმის, სრულიად არაფერი. კეთროვანი კულაუ - აქაოდა სნეულები ხართო, თავისუფლებას გვართმევენ. კანონს დავემორჩილეთ, ურიგო არაფერი ჩაგვიდენია და ციხეში კი უნდა ამოგვხადონ სული. მოლოკაი საპყრობილეა, ეს თქვენ კარგად მოგეხსენებათ. აი, ნიული - იმის დას ამ შვიდი წლის წინათ მოლოკაიში უკრეს თავი. მას მერე ნიულის და აღარ უნახავს და ვერც ნახავს. სიკვდილამდე იმის სამყოფელი იქ არის. არ უნდოდა წასვლა, არც ნიულის უნდოდა, მაგრამ თეთრკანიანმა ბატონებმა ასე ინებეს; ისინი ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონები არიან. მერედა ვინ ბრძანდებიან?        მამა-პაპათა გადმოცემით კარგად ვიცით, ვინც არიან. პირველად თურმე ბატკნებად მოუჩვენებიათ თავი, ტკბილი სიტყვებით მოუთაფლავთ ჩვენი წინაპრები. მაშინ ბევრნიც ვყოფილვართ და ძლიერნიც. მთელი ეს კუნძულები ჩვენს ხელთ ყოფილა. ჰო, მერე თურმე გველოლიავებოდნენ და ათასნაირი ხერხით მოგვდგომიან: ესაო და ზღვის სიტყვას გიქადაგებთო. ზოგი კიდევ გვთხოვდა, მოდით, ვაჭრობა გავაბათო. ასე იყო თავდაპირველად. ახლა ყველაფერი მათ ხელშია: კუნძულები, მიწები, საქონელი. ღვთისა და რომის მსახურნი ურთიერთს შეუთანხმდნენ და დიდ ბატონებად მოგვევლინენ. ახლა მეფურად ცხოვრობენ უთვალავ ოთახებიან სახლებში და აურაცხელი მსახური დასტრიალებთ თავს. წინათ არაფერი ებადათ, მაგრამ ახლა ნახეთ, ყველაფერს დაეპატრონენ. დღეს თუ ჩვენ ან რომელიმე კანაკა შიმშილობს, ეგენი სიცილით გვეუბნებიან: იმუშავეთ, ეს პლანტაციები რისთვის არისო.        კულაუ გაჩუმდა. ხელი აწია და დაკოჟრილ-ნუჟრიანი თითებით პრიალა ბალბის ყვავილების გვირგვინი მოიძრო შავთმიანი თავიდან. მთვარე ვერცხლისფერ შუქს ჰფენდა ხეობას. მყუდრო, მშვიდი ღამე იყო. კულაუს მსმენელები ულმობელ ბრძოლაში დასახიჩრებულებსა ჰგავდნენ. სახე ლომებს მიუგავდათ. ერთს ცხვირის ადგილას ნახვრეტიღა შერჩენოდა, მეორეს ხელის მაგივრად გახრწნილი ხორცის ნაფლეთი ჩამოჰკონწიალებოდა. ქალიან-კაციანად სულ ოცდაათამდე იქნებოდნენ. ყველანი განდევნილები იყვნენ. ისინი ისხდნენ საამო მთვარით გაკაშკაშებულ ღამეში, თავი ყვავილების გვირგვინებით შეემკოთ. კულაუს ლაპარაკი მოსწონდათ და თავიანთ მოწონებას დროდადრო წამოძახილებით გამოხატავდნენ. ერთ დროს ისინიც ადამიანები იყვნენ, ახლა ურჩხულებს დამსგავსებოდნენ - დასახიჩრებულები და გაუბედურებულები. გეგონებოდათ, ეს უბადრუკები მთელი სიცოცხლე ჯოჯოხეთში უწამებიათო. ესენი იყვნენ ადამიანების შემაძრწუნებელი კარიკატურები. ხელებზე შერჩენილი თითები ჰარპიას ბრჭყვიალები გეგონებოდათ, სახე კი უშნოდ ნათითხნ ქანდაკებას მიუგავდათ, თითქოს რომელიღაც შლეგ ღვთაებას თამაშის დროს დამსხვრევია და ცხოვრების მანქანაში გაუჭეჭყიათო. ზოგისთვის ამ გადარეულ ღვთაებას აუღია და ნახევარი სახე სულ უბრალოდ წაუშლია. ერთ ქალს ცხარე ცრემლები გადმოსდიოდა შავი ფოსოებიდან, სადაც ოდესღაც თვალები ჰქონდა. ზოგიერთი მათგანი ტკივილისაგან იტანჯებოდა და ხმამაღლა ოხრავდა. ზოგი ახველებდა - მათი ხველა ნაჭრის ჩახევის ხმას წააგავდა. ორი მათგანი იდიოტი იყო, დიდ მაიმუნებსა ჰგავდნენ, მაგრამ სინამდვილეში ისეთი უშნოები იყვნენ, რომ ნამდვილი მაიმუნი მათთან შედარებით ანგელოზი გეგონებოდათ. ოქროსფერი ყვავილებისაგან დაწნული გვირგვინებით შემკულნი მთვარის სინათლეზე იმანჭებოდნენ და რაღაცას ბურტყუნებდნენ. ერთ მათგანს დასიებული ყური მხრამდე ჩამოჰკიდებოდა. ღია მონარინჯისფრო-მოწითალო ყვავილი მოეწყვიტა და თავის მახინჯ ყურზე გაეკეთებინა. აი, ამ არსებების მეფედ ითვლებოდა კულაუ. ეს ყვავილებით მოფენილი ხეობა კი მის სამფლობელოს წარმოადგენდა. ხეობა მოქცეული იყო დაკბილულ ციცაბო კლდეებს შორის, კლდეებიდან გარეული თხების კიკინი მოისმოდა. სამი მხრიდან პირქუშად აღმართულ კლდეებზე ბუნებას უცნაური ტროპიკული მცენარეების ფარდები ჩამოეფარებინა. მეორე მხრიდან ხეობას ღრმა უფსკრული ეკვროდა. შორს მოჩანდა შედარებით დაბალი მთებისა და მთაგრეხილების მწვერვალები, მთების ძირში ოკეანის ზვირთები აქაფებულიყო. წყნარ ამინდში კალალაუს ხეობის კლდოვან ნაპირთან ნავით მისვლა შეიძლებოდა, ოღონდ ძალიან წყნარ ამინდში. უშიშარ მთიელს შეეძლო ნაპირიდან ღრმად შესულიყო კლდეებს შორის მოქცეულ ხეობაში, იქ, სადაც კულაუ მეფობდა. ასეთ ადამიანს დიდი გამბედაობა უნდა ჰქონოდა და ამავე დროს თვალისათვის ოდნავ შესამჩნევი ბილიკებიც უნდა სცოდნოდა. დაუჯერებელი იყო კულაუს ტომის ამ საბრალო, უმწეო ხეიბრებმა როგორ შესძლეს ასეთი დაკლაკნილი ბილიკებით ამ მიუდგომელ ადგილას მიღწევა. - ძმებო, - დაიწყო კულაუმ. მაგრამ უეცრად ერთმა ენაბლუმ, მაიმუნის მსგავსმა ხეიბარმა რომელიღაც ცხოველივით დაიბღავლა და კულაუ გაჩუმდა, დაელოდა, ვიდრე ეს საზარელი ამოძახილი კლდოვან კლდეებსა და ღამის სიმყუდროვეში სადღაც შორს ჩაჩუმდებოდა. - ძმებო, განა ეს უცნაური არ არის? მიწა ჩვენ გვეკუთვნოდა, ახლა კი სხვისია. ამ ღვთისა და რომის მსახურებმა აბა, რა მოგვცეს ამის სანაცვლოდ? რომელ თქვენგანს მისცეს ნახევარი დოლარი მაინც? ახლა ბატონებად გაგვიხდნენ და გვეუბნებიან, იმუშავეთ ჩვენს მიწაზე, თქვენი ნაშრომიც ჩვენ გვეკუთვნისო. უწინ ასეთი თავაუღებელი მუშაობა როდი გვჭირდებოდა. ახლა, როცა ავადმყოფობამაც ხელი დაგვრია, თავისუფლებასაც ხელიდან გვგლეჯენ. - მერე, კულაუ, ვინ შეგვყარა ეს ავადმყოფობა? - იკითხა ჩამომხმარმა და დაძარღვულმა კილოლიანმა, რომელიც ისე ჰგავდა მოცინარ ფავნს, რომ გეგონებოდათ, ფეხების მაგივრად ჩლიქები უნდა ჰქონდესო. მაგრამ ჩლიქები კი არა, დაწყლულებული, ჩირქისაგან სულ მთლად დალურჯებული ფეხები ჰქონდა. ოდესღაც კილოლიანა ყველაზე უშიშრად დაცოცავდა მთებზე და თხის ყველა ბილიკი იცოდა. სწორედ მან მოიყვანა კულაუ და მისი გაუბედურებული ხალხი კილალაუს ამ უშიშარ ადგილას. - სწორია ეგ შეკითხვა, - გამოეპასუხა კულაუ. - შაქრის პლანტაციებზე, სადაც უწინ ჩვენი ცხენები ძოვდნენ, მუშაობაზე უარი ვთქვით, ეგენიც ადგნენ და ზღვის იქითა მხრიდან ჩინელი მონები ჩამოიყვანეს; იმათ ჩამოიტანეს ეს სენი და შეგვყარეს. ჰოდა, ახლა უნდა აგვყარონ და მოლოკაიში გამოგვამწყვდიონ. სად არა ვყოფილვართ, რომელ კუნძულზე: ოაჰუში, მაუიში, ჰავაიზე, ჰონოლულუში, მაგრამ დიდხანს ვერსად ვდგებოდით და ისევ კაუაიში ვბრუნდებოდით. რად ვბრუნდებოდით, როგორ გგონიათ? იმიტომ, რომ კაუაი გვიყვარს. აქ დავბადებულვართ, აქ გვიცხოვრია და აქვე უნდა მოვკვდეთ, თუ... თუკი ჩვენს შორის მხდალი არავინ ურევია: ამნაირები არცა გვჭირდება. მშიშრების ადგილი მოლოკაიშია. ხვალ ჯარს გადმოსხამენ ნაპირზე. დაე, გადაგვარებული სულის მქონენი ეახლონ. უმალვე მოლოკაიში გაგზავნიან. ჩვენ კი დავრჩებით და ვიბრძოლებთ. ნუ გეშინიათ, არ დავიხოცებით, შაშხანები ხელთა გვაქვს. ხომ იცით, ვიწრო ბილიკებია, მგზავრს ფეხს ვერ აუქცევ. მე ნიიჰაუში გარეულ ხარებს ვიჭერდი და მარტოს შემიძლია ეს ბილიკი დავიცვა, ათასი კაციც რომ მოგვადგეს. აი, კაპაჰეი წინათ მოსამართლედ მუშაობდა, პატივსაცემი პიროვნება იყო, ახლა რასა ჰგავს, - ჩვენსავით გაწამებული და გაუბედურებულია. ჭკვიანი ადამიანია და მოუსმინეთ. ყოფილი მოსამართლე კაპაჰეი წამოდგა. იგი პუნაბოუს კოლეჯში სწავლობდა. უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ბატონებთან და უფროს მოხელეებთან ერთ მაგიდასთან მჯდარა და მისიონერებისა და ვაჭრების ინტერესები დაუცავს. აი, ასეთი პიროვნება გახლდათ უწინ კაპაჰეი. ახლა კი, როგორც კულაუმ თქვა, ხაფანგში გაბმულ ვირთხას ჰგავდა. ის უფლება ახდილი, საშინელებად ქცეული ადამიანი იყო. ცხვირსა და ლოყების ნაცვლად შავი ღრმულები დარჩენოდა, წარბებზედა რკალებიდან უქუთუთო თავები უელავდა. - უთანხმოების ატეხვა არ გვინდა, - თქვა მან. - ჩვენი ერთადერთი თხოვნა ის არის, რომ თავი დაგვანებონ. თუ არ შეისმინეს, მაშინ თვითონ სდომებიათ ეს უთანხმოება და ეგ არის, არა უშავს, თავისას მიიღებენ კიდეც. ხედავთ, თითები აღარა მაქვს. - თქვა და ხორცის ნაფლეთი ასწია, რომ ყველას დაენახა. - მაგრამ დიდი თითის სახსარი კიდევ შემომრჩა და თუ დამჭირდა, უწინდებური ძალით დავაჭერ სასხლეტს. ჩვენ კაუაი გვიყვარს. მაშ, მოდით, აქ ვიცხოვროთ, აქვე დავიხოცოთ და მოლოკაის ციხეში კი ნუ წავალთ. ეს სენი ჩვენებური არ არის. ჩვენ არავის ცოდვა არ გვაწევს კისერზე. ღვთისა და რომის მსახურებმა რომ ჩინელი მონები ჩამოიყვანეს, ეს სენიც თან ჩამოჰყვათ. ახლა ჩინელებს ჩვენ მიტაცებულ მიწაზე ამუშავებენ. მოგეხსენებათ, მოსამართლედ ნამუშევარი ვარ და კანონები კარგად ვიცი. გახსოვდეთ, არსად არა წერია, რომ ადამიანს მიწა წაართვა, ჩინური სენი დამართო და მერე მთელი სიცოცხლე ციხეში გამოამწყვდიო. - ისედაც ხანმოკლე სიცოცხლე გვაქვს და ისიც ტანჯვაა და მეტი არაფერი, - თქვა კულაუმ, - მოდით დავლიოთ, ვიცეკვოთ, ვიმხიარულოთ, როგორც შეგვიძლია. კლდის გამოქვაბულიდან კალაბაშები გამოიტანეს და ერთმანეთში ჩამოარიგეს. სასმისები მცენარე ტის ფესვებისაგან დამზადებული მაგარი სასმელით აევსოთ. როგორც კი თხევადი ცეცხლი მათ ტვინსა და სხეულს მოედო, საბრალოებს ყველაფერი დაავიწყდათ და ისევ ჩვეულებრივ ადამიანებად იქცნენ. აი იმ ქალში, წეღან რომ ვახსენე, ამოჭმულ თვალთაგან ცრემლი სდიოდა-მეთქი, ჩაფერფლილმა გრძნობებმა გაიღვიძა. გიტარის სიმებს თითები ჩამოჰკრა და პირველყოფილი სამყაროს უღრან ტყეში დაბადებული, შეყვარებული ველური ქალის სიმღერა დაამღერა. წკრიალებდა მისი ძლიერი და მომაჯადოვებელი ხმა. ჭილობზე სიმღერის რიტმზე ცეკვავდა კილოლიანა. თითოეული მისი მოძრაობა სიყვარულს გამოხატავდა. მასთან ერთად ცეკვავდა ქალი, მისი განიერი თეძოები და მაღალი მკერდი სულ არ შეეფერებოდა სენისაგან დაღრღნილ სახეს. ეს იყო მოსიარულე გვამების ცეკვა. მათ გახრწნილ სხეულებში კიდევ ბჟუტავდა სიყვარული და ნდომა. თანდათან ძლიერდებოდა ქალის სიმღერა, უფრო გატაცებით ცეკვავდნენ ამ თბილი ღამის სიმყუდროვეში, მეტი სისწრაფით გადადიოდა ხელიდან ხელში კალაბაშები და შეუპოვარი ნაპერწკლებივით ბჟუტავდა მათ გონებაში მოგონებები და ვნებანი. ჭილობზე ქალთან ერთად ერთი ტანწვრილი ქალიშვილი ცეკვავდა, სახე ლამაზი და სუფთა ჰქონდა. ხელებზე, რომელთაც ცეკვის დროს ათამაშებდა, სენს თავისი უწყალო დაღი დაესვა და დაეკრუნჩხა. ორი იდიოტი - საშინელი, შემზარავი პაროდია ადამიანისა, მოშორებით ცეკვავდა. თან ხაოდნენ გაუგებრად, ლუღლუღებდნენ და უბადრუკად ბაძავდნენ სიყვარულს. აი, შუა გზაზე შეწყდა ქალის სიმღერა სიყვარულზე, კალაბაშები მიწაზე დაეშვა. დასრულდა ცეკვაც. ყველა უფსკრულს მიაჩერდა, ზღვის ზედაპირზე გაიელვა რაკეტამ. - ჯარისკაცები არიან, - თქვა კულაუმ. - ხვალ ბრძოლა იქნება. გამოვიძინოთ და საომრად მოვემზადოთ.        კეთროვანები მის სიტყვას დაემორჩილნენ და თავიანთ ბუნაგებში შეძვრნენ. კულაუ სულ მარტო დარჩა. მთვარის შუქზე გაუნძრევლად იჯდა, შაშხანა მუხლზე დაედო და ქვემოთ, ნაპირისაკენ იყურებოდა, ნაპირს ნავები მოდგომოდნენ.        კალალაუს ხევის ზემოთა მხარე საიმედო თავშესაფარი იყო. კილოლიანას გარდა, რომელმაც კარგად იცოდა ხეობის შვეული კედლების ასაქცევი ბილიკები, მთის წვეტიანი თხემის გზით თუ არა, ისე აქ ვერავინ ამოარწევდა. თხემი რამდენიმე იარდის სიგრძეზე იყო გაჭიმული, სიგანე თორმეტი დიუმი თუ იქნებოდა. ორივე მხრით უფსკრულებს დაეღო პირი. ერთი რომ ფეხი დაგცდენოდა, - სიკვდილი არ აგცდებოდა. მაგრამ გზას რომ გახვიდოდით, თვალწინ მიწიერი სამოთხე გადაგეშლებოდათ. აზღვავებული მცენარეულობა მწვანე ზვირთებად მოსდებოდა კიდით-კიდემდე ხეობის კედლებს, ტიტველი ტინის ქიმებზე უსურვაზის მსხვილ ჭავლებად დაცურებული, ჰაერში ჩამოკიდებული გვიმრის ფესვები აქაფებულ ნაპრალებზე იწურებოდა.        რამდენიმე თვე ებრძოდნენ კულაუ და მისი ქვეშევრდომები ამ მცენარეთა ზღვას. ხშირი ძეძვნარი დაგლიჯეს და ფორთოხლისა და მანგოს ხეებს მეტი თავისუფლება მისცეს. პატარა მდელოებზე ხარობდა ველური არორუტი. ქვის ტერასებზე, რომლებიც მიწით იყო დაფარული, ნესვი და ტარო გაეხარებინათ. იქით კი, გაშლილ მზიან ადგილებში, აღმართულიყო ოქროსფერი ნაყოფით დახუნძლული პაპუას ხეები.        ამ თავშესაფარში კულაუ ქვემო ხეობიდან ავიდა. თუ ვინიცობაა, აქაც არ დაედგომებოდა, მხედველობაში ჰქონდა ამაზე უფრო ზევით მთის მწვერვალებს შუა მდებარე ხეობა. გვერდზე შაშხანა დაედო და ფოთლების რიდედან გაჰყურებდა შორეულ ნაპირზე ჯარისკაცებს. შეამჩნია, რომ მძიმე ზარბაზნები მოჰქონდათ, ზარბაზნები მზეზე სარკესავით ლაპლაპებდნენ. კულაუს თვალწინ წვეტიანი თხემები გაჭიმულიყო. ბილიკზე შავი წერტილებივით მიცოცავდნენ ადამიანები. კულაუმ იცოდა, ესენი ჯარისკაცები კი არა, პოლიციელები იყვნენ. თუ ესენი ვერას გახდებიან, მერე ჯარისკაცები მოდგებიან. შაშხანის ლულას ხელი სიყვარულით გადაუსვა და სამიზნე მოსინჯა. სროლა დიდი ხანია იცოდა, ჯერ კიდევ მაშინ, ნიიჰაუს კუნძულზე რომ ნადირობდა. იქაურებს ახლაც კარგად ახსოვთ მისი ზუსტი სროლა. იმისდა მიხედვით, თუ როგორ უახლოვდებოდნენ და იზრდებოდნენ მოძრავი წერტილები, კულაუ მანძილს ზომავდა და თან გვერდიდან მონაბერ ქარის ძალას ვარაუდობდა, რომელსაც შეეძლო აეცდინა ტყვია ნიშანში ამოღებული სამიზნეებისათვის. კულაუ არ ისროდა. დაკბილულ კლდემდე მოუშვა ისინი და ამის შემდეგ გაამჟღავნა თავისი იქ ყოფნა, მერე კი საფარიდან შესძახა: - რა გნებავთ? - კეთროვანი კულაუ გვინდა, - უპასუხა აბორიგენთა რაზმის პოლიციის უფროსმა, ცისფერთვალება ამერიკელმა. - გაბრუნდით უკან, - უთხრა კულაუმ. კულაუ იცნობდა მას: ეს ის შერიფი იყო, რომელმაც ნიიჰაუში ცხოვრების უფლება არ მისცა, კაუაიდან კალალაუს ხეობაში გააძევა, იქაც არ მოასვენა და ზემო ხეობაში განდევნა. - რომელი ხარ? - ჰკითხა შერიფმა. - კეთროვანი კულაუ გახლავართ, - იყო პასუხი. - მაშინ გამოდი, დაგვნებდი. ათას დოლარად ხარ შეფასებული, იცოდე, ვერსად წახვალ. კულაუმ ხმამაღლა გაიცინა. - გამოდი! - უბრძანა შერიფმა, მაგრამ არავინ გამოპასუხებია. შერიფი პოლიციელებს მოეთათბირა. კულაუ მიხვდა, რომ მისი ცოცხლად ხელში ჩაგდება გადაეწყვიტათ. - კულაუ! - შესძახა შერიფმა, - მოვდივარ, კულაუ! - მაშ, ერთხელ კიდევ ახედე მზეს, ცასა და ზღვას მეტად ვეღარ ნახავ. - კარგი კულაუ, - ხმა მოულბა შერიფს, - ვიცი, ნიშანს არ ააცდენ. მაგრამ მე არ მესვრი. შენთვის ხომ არაფერი დამიშავებია. კულაუმ რაღაც წაულუღლუღა. - მართალს არ გეუბნები, კულაუ? აბა, რა დამიშავებია შენთვის! - არ ეშვებოდა შერიფი. - ეს დაშავება არ არის, რომ ციხეში მიპირებდი ჩაგდებას? - გამოეპასუხა კულაუ. - ისიც დანაშაულია, რომ ათასი დოლარის აღება გინდა. თუ სიცოცხლე არ მოგძულებია, მანდედან ფეხი არ ამოდგა. - უნდა ამოვიდე. რა ვქნა ასეთია ჩემი მოვალეობა. - უწინ შენი მზე ჩაესვენება, ვიდრე ჩემამდე ამოაღწევდე. შერიფი ლაჩარი როდი იყო, მაგრამ შეყოყმანდა. ქვევით უფსკრულში ჩაიხედა. თვალი მოავლო დანის პირივით ბასრ თხემსა და გადაწყვიტა ასულიყო. - კულაუ! - დაიღრიალა მან. შამბნარი გაყუჩებულიყო. - კულაუ, არ ისროლო, მოვდივარ! შერიფი პოლიციელებს მიუტრიალდა, რაღაც ბრძანება გასცა და სახიფათო ბილიკს აუყვა. ნელა მიდიოდა, გეგონებოდათ ბეწვის ხიდზე გადისო. ვერაფერს მოეჭიდებოდა. ფეხქვეშ ქვები უსხლტებოდა და ხრიალ-ხრიალით ეშვებოდა უფსკრულში. მზე აცხუნებდა და სახეზე ოფლი ღვარად ჩამოსდიოდა. იარა, იარა და, როგორც იქნა, ნახევარი გზა გალია. - შეჩერდი! - შეუძახა კულაუმ შამბნარიდან, - ერთი ნაბიჯიც არ გადმოდგა, გესვრი. შერიფი შედგა. უფსკრულს ჩახედა, მტკიცე გადაწყვეტილება მოსჩანდა მის გამომეტყველებაში. გამშრალ ტუჩებზე ენა მოისვა და უთხრა: - კულაუ, შენ არ მომკლავ, ვიცი, არ მომკლავ. და ისევ განაგრძო გზა. ტყვიამ ჰაერში გადაატრიალა. გაცბუნებულმა ერთი კი გაიფიქრა, ამ წვეტიან თხემზე თუ დავეცი, ჩემი გადარჩენა კიდევ შეიძლებაო, მაგრამ სიკვდილმა მაინც უწია. წამში თხემი მოცარიელდა. მაშინ ხუთი პოლიციელი ერთმანეთს მიყოლებით უშიშრად გაექანა წვეტიან თხემზე, ხოლო დანარჩენებმა ცეცხლი გახსნეს. ეს სრული უაზრობა იყო. კულაუ სწრაფად აჭერდა თითს ჩახმახს, ხუთჯერ ისროლა, ზედიზედ გადაევლო ტყვიები ზუზუნით ბუჩქებს, კულაუ მიწაზე გაერთხა და შამბნარიდან გამოიხედა. ოთხი პოლიციელი, მათი უფროსისთვის, თვალის დახამხამებაში გაქრა, მეხუთე ისევ ცოცხალი იყო და თხემის გარდიგარდმო გაშოლტილიყო. შორს დანარჩენები ისროდნენ. ბოლოს სროლა შეწყვიტეს. ამ მოშიშვლებულ კლდეზე რას გახდებოდნენ, კულაუ ყველას დააწვენდა ისე, რომ ქვემოთ ჩასვლის საშუალებას არ მისცემდა. მაგრამ კულაუ აღარ ისროდა. ცოტაოდენი თათბირის შემდეგ ერთმა მათგანმა თეთრი ხალათი გაიხადა, დროშასავით ააფრიალა და სხვებთან ერთად დაჭრილი ამხანაგისაკენ გასწია. კულაუ არც განძრეულა, რომ თავი არ გაეცა. გაჰყურებდა დაბლა ჩამავალ პოლიციელებს. ისინი ნელ-ნელა გაშორდნენ იქაურობას და ისევ შავ წერტილებად იქცნენ. ორიოდე საათის შემდეგ კულაუმ მეორე საფარიდან შეამჩნია, რომ პოლიციელების ჯგუფი ახლა ხეობის მოპირდაპირე კალთიდან ცდილობდა ამოსვლას. გარეული თხები დაფრთხნენ მათი შიშით, ისინი კი სულ მაღლა-მაღლა მიიწევდნენ. კულაუ თავს რომ აღარ ერწმუნა, კილოლიანასთან კაცი გაგზავნა. - აქ ვერ ამოაღწევენ, - უთხრა კილოლიანამ. - აბა, თხები? - ჰკითხა კულაუმ. - თხები მახლობელი ხეობიდან ამოვიდნენ, ისინი აქამდე ვერ ამოვლენ, აქ გზა არ არის. მაგათ თხისოდენა ჭკუაც არა აქვთ, ფეხი დაუსხლტებათ და სასიკვდილოდ დაიმტვრევიან. აი, ვნახოთ. - უშიშარნი არიან, - უთხრა კულაუმ. - ვინ იცის, როგორ წავა საქმე. მაღლიდან ჩამოშვებული ჰაუს ყვითელი ყვავილების საფარიდან შროშანას ხალიჩაზე გაწოლილები უთვალთვალებდნენ, როგორ მოხოხავდნენ ზემოთ შავი წერტილები, და აი, მოხდა ის, რასაც ელოდნენ: სამ პოლიციელს ფეხი დაუცდა, კლდის შვერილამდე ჩაგორდნენ და მერე ქვებივით ჩაცვივდნენ უფსკრულში. კილოლიანამ ჩაიფრუტუნა. - არც ახლა მოგვეშვებიან? - თქვა მან. - ზარბაზნები აქვთ. - შეეპასუხა კულაუ. - ჯარისკაცებს თავისი სიტყვა ჯერ არ უთქვამთ.        სიცხისაგან გასავათებულ კეთროვნებს შუადღისას გამოქვაბულებში ეძინათ. თავის ბუნაგში შემძვრალი კულაუ თვლემდა, კრიალა, დატენილი შაშხანა მუხლებზე დაედო. დაკრუნჩხულხელებიანი გოგონა ძეძვებში გაწოლილიყო და წვეტიან თხემს შეჰყურებდა. უეცრად აფეთქების ხმამ ძილი გაუფრთხო კულაუს, ზეზე წამოვარდა, ჰაერი თითქოს რაღაცამ დაფლითაო.        ამ საშინელმა ხმაურმა დააფრთხო კულაუ. გეგონებოდათ, ღმერთებს ცის საფარველი აუღიათ და ფხრეწავენო, აი ქალებმა რომ იციან ხოლმე, ქსოვილის ნაჭრებად დაფხრეწა. შემაძრწუნებელი გრუხუნი ელვის სისწრაფით ახლოვდებოდა. კულაუმ შიშით აიხედა, ამ დროს სადღაც მაღლა კლდეზე ყუმბარა გასკდა და შავი კვამლის სვეტი აღიმართა ხეობაზე. კლდე გაიბზარა და ნამსხვრევები ძირს ჩაცვივდა. შეძრწუნებულმა კულაუმ ხელი მოისვა გაოფლიანებულ შუბლზე. დღემდე არ გაეგონა ზარბაზნის გრიალი და ვერ წარმოედგინა, თუ ასე დასაფეთებელი იქნებოდა. - ერთი, - თქვა კაპაჰეიმ და რატომღაც გადაწყვიტა ყველა გასროლილი ყუმბარა სათითაოდ დაეთვალა.        მეორე და მესამე ყუმბარამ შხუილით გადაუქროლა ხეობას და მახლობელ ქედთან გასკდა. კეთროვანები გამოქვაბულების წინ გამოლაგდნენ გაშლილ ადგილზე. გასროლამ პირველად დააფრთხო ისინი, შემდეგ კი, რაკი ყუმბარები ხეობის თავს უვნებლად გადაუვლიდნენ ხოლმე, მალე დამშვიდნენ. ამ ახალმა სანახაობამ გაართო კიდეც ისინი. ორი იდიოტი აღტაცებისაგან ჭყიოდა. ყოველი ყუმბარის გასკდომაზე იმანჭებოდნენ. კულაუ დარწმუნდა, ზარბაზნები ვერას გვავნებსო, იფიქრა, ასეთი დიდი ყუმბარების შორ მანძილზე ზუსტად სროლა ალბათ არ ხერხდებაო. მაგრამ უცებ რაღაცა მოხდა. ახლა ყუმბარები მათ ადგილამდე ვეღარ აღწევდა. ერთი ყუმბარა შამბნარში გასკდა ზედ წვეტიან თხემზე. კულაუს მოაგონდა შამბნარში გაწოლილი ქალიშვილი, ჯარისკაცებს რომ უთვალთვალებდა, და იქით გაიქცა. როცა ადგილზე მივიდა, ბუჩქებს ბოლი ასდიოდა. თავზარი დაეცა. ტოტები სულ მილეწილ-მოლეწილი იყო. იქ, სადაც ქალიშვილი იწვა, ორმო გაჩენილიყო, ყუმბარა სწორედ ქალიშვილს მოხვედროდა და ნაფლეთებად ექცია. კულაუმ ბუჩქებიდან გამოიხედა, როცა დარწმუნდა, ჯარისკაცები აღარ არიანო, გამოქვაბულისაკენ გაიქცა, ყუმბარები შხუილითა და სტვენით გადადიოდა თავზე. ხეობა გუგუნებდა და ირყეოდა აფეთქებისაგან. გამოქვაბულის წინ მხიარულად ხტუნავდა ორი იდიოტი. ნახევრად დამპალი ხელები ერთმანეთისათვის ჩაეჭიდათ. უეცრად კულაუმ დაინახა იდიოტების წინ აღმართული შავი კვამლის სვეტი. აფეთქებამ იდიოტები ერთმანეთს დააშორა. ერთი უძრავად ეგდო, მეორე ხელებით გამოქვაბულისკენ მიხოხავდა, ფეხებს მიწაზე მიათრევდა და ჭრილობებიდან სისხლი სდიოდა. სისხლში ამოსვრილი, ძაღლივით საცოდავად წკმუტუნებდა. გარდა კაპაჰეისა, კეთროვანები ბუნაგებში შემძვრალიყვნენ. - ჩვიდმეტი, - ითვლიდა კაპაჰეი, - თვრამეტი, - იქვე დაუმატა. მეთვრამეტე ყუმბარა ერთ-ერთი გამოქვაბულის შესასვლელში გასკდა სწორედ. კეთროვანები გარეთ გამოცვივდნენ, მაგრამ ამ გამოქვაბულიდან არცერთი აღარ გამოსულა. აყროლებულ კვამლში კულაუ გამოქვაბულში შეფორთხდა. მიწაზე ეგდო ოთხი დაგლეჯილი გვამი. მათ შორის იყო ის უსინათლო ქალიც. ახლაღა დაშრობოდა ქალს ცრემლი თვალზე. კულაუს ხალხი შიშის ზარმა მოიცვა. გამოქვაბულიდან ბილიკით გარბოდნენ ხრამებსა და მწვერვალებისაკენ. დაჭრილი იდიოტი ძლივს მიფორთხავდა მიწაზე. ცდილობდა სხვებს დასწეოდა, მაგრამ როგორც კი შეღმართს მიადგა, ძალამ უღალატა, ერთი დაიკლაკნა და მიყუჩდა. - მოდი ვესროლოთ, ასე აჯობებს, - უთხრა კულაუმ კაპაჰეის, კაპაჰეი ისევ ძველ ადგილას იჯდა. - ოცდაორი, - განაგრძობდა კაპაჰეი, - ჰო, აჯობებს, ოცდასამი, ოცდაოთხი. - იდიოტმა მისკენ მიშვერილი შაშხანა რომ დაინახა, მწარედ დაიკნავლა. კულაუ შეყოყმანდა და შაშხანა დაუშვა. - მიჭირს, - თქვა მან. - სულელი ხარ. ოცდაექვსი, ოცდაშვიდი, -ი თვლიდა კაპაჰეი. - მოიტა, გასწავლო.        კაპაჰეი წამოდგა, ერთი ქვა აიღო და დაჭრილისაკენ წავიდა. ის იყო ქვა მოიქნია, რომ გამოსროლილი ყუმბარა პირდაპირ მას მოხვდა, განთავისუფლდა მძიმე მოვალეობის აღსრულებისა და ყუმბარების თვლისაგანაც. კულაუ მარტო დარჩა გამოქვაბულში. თვალებით აცილებდა თავისიანებს, ვიდრე მთის თხემის იქით არ გაუჩინარდნენ. მერე შემოტრიალდა, ქვევით ჩავიდა შამბნარში, სადაც ქალიშვილის გვამი ეგდო. სროლა არ შეწყვეტილა, მაგრამ კულაუ ადგილიდან არ იძვროდა. შორს, ქვევით აღმართში ჯარისკაცები ამოდიოდნენ. ერთი ყუმბარა მისგან ათ ნაბიჯზე გასკდა. მიწაზე გაწოლილმა კულაუმ გაიგონა, როგორ გადაუარა ყუმბარის ნამსხვრევებმა. ჰაუს ყვავილები წვიმასავით დაეყარა თავზე. თავი ასწია, ბილიკს გახედა და ამოიოხრა. ძალიან შეშინდა. ტყვია ისე არ შეაშინებდა, მაგრამ ყუმბარა აფრთხობდა. ყოველ გასროლაზე აცახცახებული ეკვროდა მიწას, მაგრამ თავს მაინც სწევდა და ბილიკს თვალს ადევნებდა. ბოლოს შეწყდა სროლა. ალბათ იმიტომ, რომ ჯარისკაცები ახლოს არიანო, გაიფიქრა კულაუმ. ჯარისკაცები ბილიკზე ბაწარივით გაბმული მოდიოდნენ. კულაუ შეეცადა დაეთვალა, მაგრამ ანგარიში აერია. ასზე მეტი თუ არა, ნაკლები არ იქნებოდნენ. ყველანი კეთროვანი კულაუს ხელში ჩასაგდებად მოდიოდნენ. უცებ მასში სიამაყის გრძნობამ გაიღვიძა. ზარბაზნებით და შაშხანებით შეიარაღებული ამდენი პოლიციელი და ჯარისკაცი კულაუს დასაჭერად ამოდიოდა, კულაუ კი მარტო იყო - ისიც ავადმყოფი და დასახიჩრებული, ცოცხალს ჩაიგდებდნენ ხელში თუ მკვდარს, ათას დოლარს მიიღებდნენ ჯილდოდ. „ჩემს სიცოცხლეში არა მქონია ამდენი ფული, - გაიფიქრა მწარედ, - კაპაჰეიმ მართალი თქვა: არავისთვის არაფერი დამიშავებია. თეთრკანიანებს დატაცებული მიწის დასამუშავებლად მუშახელი სჭირდებათ და ამ სენით დაავადებული ჩინელი მუშები ჩამოიყვანეს. იმისათვის, რომ ამ სენით დავავადდი, ათას დოლარად შემაფასეს. მაგრამ მე ხომ არ მომცემენ. ამ ავადმყოფობისაგან გახრწნილი, ანდა ყუმბარისაგან დაფლეთილი სხეულის ნაწილები ღირს კი ამოდენა თანხად!“ აი, ჯარისკაცები წვეტიან თხემს მიუახლოვდნენ. კულაუს უნდოდა მათთვის დაესწრო, მაგრამ იქვე გაშოლტილი ქალიშვილის გვამს შეავლო თვალი და თავი შეიკავა. როცა ბილიკზე მეექვსე ჯარისკაცი გამოჩნდა, კულაუმ ცეცხლი გახსნა და იქამდე არ შეუწყვეტია სროლა, ვიდრე ბილიკი არ მოცარიელდა. გასროლის უმალ ხელახლა ტენიდა შაშხანას და შეუსვენებლად ისროდა. ძველი შეურაცხყოფა ცეცხლივით უგიზგიზებდა თავში და შურისძიებას მოწყურებული მთლად გაშმაგებულიყო. ბილიკზე გაჭიმული ჯარისკაცებიც ისროდნენ. მართალია, თხრილებში წვებოდნენ, მაგრამ მათი მიზანში ამოღება მაინც ადვილი იყო. ტყვიები ზუზუნით ეცემოდნენ კულაუს ახლოს და ქვებიდან ზრიალით სხლტებოდნენ. ერთმა ტყვიამ თავის ქალა გაუკაწრა, მეორემ მხარი დაუწვა, მაგრამ კანი არ გაუკაწრია. ეს იყო ნამდვილი სასაკლაო და ყველაფერში კი ერთი ადამიანი იყო დამნაშავე. ჯარისკაცებმა უკან დაიხიეს და დაჭრილების გაყვანას შეუდგნენ. უეცრად კულაუს დამწვარი ხორცის სუნი ეცა. ირგვლივ მიმოიხედა, მალე მიხვდა, რომ გახურებულმა შაშხანამ თითები დაუწვა. კეთრის ხელის ნერვი შეეჭამა. ხორცი იწვოდა, მაგრამ კულაუ ტკივილს ვერა გრძნობდა, მხოლოდ სუნი სცემდა.        ძეძვნარში გაწოლილი იღიმებოდა. უცბად ზარბაზნები მოაგონდა. მცირე ხნით თუ ჩაჩუმდნენ, მერე ალბათ პირდაპირ ძეძვნარს მიადგებიან, სადაც კულაუ მოქმედებს. ვერც კი მოასწრო კლდის ქიმს იქით გადანაცვლება, იქ მისი აზრით ყუმბარა არ დაეცემოდა, რომ სროლა ისევ განახლდა. კულაუ ითვლიდა: სამოცჯერ ისროლეს, მერე ისევ ჩაჩუმდნენ. პატარა მოედანი ისე იყო დათხრილი დიდ-დიდი ორმოებით, რომ ვერ დაიჯერებდით, აქ თუ ცოცხალი არსება გადარჩებოდა. ჯარისკაცებიც ასევე ფიქრობდნენ. ნაშუადღევის მცხუნვარე მზეში კიდევ მიხოხავდნენ ბილიკზე, მაგრამ წვეტიან თხემს მაინც ვერ მიაღწიეს და ისევ დაიხიეს ზღვის მიმართულებით.        კულაუ კიდევ ორ დღეს იცავდა ბილიკს, თუმცა ჯარისკაცები მის საფარს გამუდმებით უშენდნენ ზარბაზნებს. მესამე დღეს დაკბილულ მთაგრეხილზე ახალგაზრდა ბიჭი კეთროვანი პაჰაუ გამოჩნდა და კულაუს შეუძახა: შიმშილით რომ არ დავმწყდარიყავით, კილოლიანა თხემზე სანადიროდ წავიდა, მაგრამ დაეცა და დაიმტვრაო. ქალები დაფრთხნენ და აღარ იციან, რა ქნანო. ბიჭს კულაუმ ერთი შაშხანა მისცა და უბრძანა, თვალი ედევნებინა ბილიკისათვის, თვითონ კი თავისიანებთან ავიდა ზევით. სნეულნი სულით დაცემულიყვნენ. სარჩოს მოპოვება თვითონ არ შეეძლოთ, ამიტომ შიმშილობდნენ. კულაუმ ორი ქალი და ერთი კაცი აარჩია - მათ ჯერ ეგრერიგად არ მოსდებოდათ ავი სენი - და ხეობაში გააგზავნა საჭმლისა და ჭილობების მოსატანად. დანარჩენები დაამშვიდა და ისე გაამხნევა, რომ ყველაზე უძლურებიც კი მიეხმარნენ კარვების გაკეთებაში. გაგზავნილები უკან აღარ დაბრუნებულან. მაშინ კულაუ კვლავ ხეობაში დაბრუნდა. როგორც კი ხრამის თავზე გამოჩნდა, ერთდროულად გაისმა ხუთი თუ ექვსი საკეტის ჩხაკუნი. ერთი ტყვია მხარში მოხვდა, მეორე კლდეს მიეხალა, მისმა ნამსხვრევებმა ლოყა გაუჭრა. უკან დაიხია, მაგრამ ჯარისკაცებით ავსებულ ხეობას თვალი მაინც შეასწრო. თავისიანებმა გასცეს იგი! ვეღარ გაუძლეს ქვემეხების საშინელ გრიალს და მოლოკაის ციხე არჩიეს. კულაუმ რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან და ქამრიდან მძიმე ტყვიების ხალთა მოიხსნა. კლდეებს შორის ჩაწვა და როგორც კი ხრამის თავზე ვიღაც ჯარისკაცის თავი და მხრები გამოჩნდა, კულაუმ ჩახმახი მოსხლიტა. ასე გამეორდა ორჯერ. მცირეოდენი ხნის შემდეგ ხრამის კიდიდან თავისა და მხრების ნაცვლად თეთრი დროშა გამოჩნდა. - რა გნებავთ? - ბრძანების კილოთი ჰკითხა მათ. - თუ კეთროვანი კულაუ ხარ, სწორედ შენ მინდიხარ. -ი ყო პასუხი.        კულაუს ერთბაშად ყველაფერი დაავიწყდა. დაავიწყდა ის საფრთხეც, რომელშიც იმყოფებოდა. ძირს გართხმული კულაუ განცვიფრებული იყო ამ ჰაოლების - თეთრების გაუტეხელი სიჯიუტით. ისინი თავისას მაინც გაიტანენ, ცაც რომ ჩამოექცეთ თავზე. საგნებისა და ადამიანების დასაპყრობად თვით სიკვდილსაც კი არ ერიდებიან. მათი ნებისყოფის სიძლიერეს იგი აღტაცებაში მოჰყავდა. ეს ნებისყოფა თვით სიცოცხლეზეც ძლიერია და ყველაფერს იმორჩილებს. დარწმუნდა, რომ ბრძოლა წააგო. ჰაოლეს ნებასთან შერკინება არ შეიძლებოდა. ათასი სულიც რომ გაწყვიტოს, მაინც ამობობღდებიან, ზღვის ქვიშასავით გამრავლდებიან და მას კი უსათუოდ ჩაკლავენ. ისინი არასოდეს თავს დამარცხებულად არ გრძნობენ. ამაშია მათი შეცდომაც და ძლიერებაც. მის ხალხს კი ეს არა აქვს. ახლა მიხვდა, როგორ შესძლეს რომისა და ღვთის ერთმა მუჭა მსახურებმა მათი მიწა-წყლის დაპყრობა. ეს იმიტომ რომ... - აბა, რას უდგახარ, გამომყვები თუ არა? - უთხრა იმ უხილავმა კაცმა, რომელსაც თეთრი დროშა ეჭირა. დიახ, ნამდვილ ჰაოლეს შეეფერებოდა ასე ჯიქურ შეტევა თავისი მიზნის მისაღწევად. - მოდით მოვილაპარაკოთ, - გამოეპასუხა კულაუ. ხრამიდან უცნობის თავი და მხრები ამოიზარდა, მერე გამოჩნდა მთელი ტანიც. ეს იყო პოლიციელი კაპიტანი, გამოწკეპილი, ტანადი ჭაბუკი, მას თხელი პირისახე და ცისფერი თვალები ჰქონდა. კაპიტანმა ერთი ნაბიჯი წადგა, მაგრამ კულაუმ ანიშნა, გაჩერდიო. კაპიტანი ხუთი ნაბიჯის მოშორებით შედგა და იქვე ჩაჯდა. - მამაცი ყოფილხარ, - უთხრა კულაუმ გაოცებით. - რომ მდომოდა ბუზივით გაგსრესდი. - არა, ამას ვერ იზამდი. - რატომ? - იმიტომ, რომ ადამიანი ხარ, კულაუ, თუმცა საზიზღარი საპყარი. ვიცი, შენი ამბავი, ისიც ვიცი, რომ კაცის მოკვლა შენთვის არაფერია. კულაუმ რაღაცა ჩაიბურტყუნა, მაგრამ იდუმალად მაინც ესიამოვნა შექება. - რა უქენი ჩემს ხალხს? - ჰკითხა მან, - სად არის ჩემი გამოგზავნილი ბიჭი, ორი ქალი და ერთი კაცი? - ისინი დაგვნებდნენ და ახლა იმისათვის მოვედი, რომ შენც მათ მაგალითს მიბაძო. კულაუს უნდობლად გაეცინა. - მე თავისუფალი ადამიანი ვარ. არავისთვის არაფერი დამიშავებია. ჩემი თხოვნაა თავი დამანებოთ. თავისუფლად მიცხოვრია და თავისუფლადვე მოვკვდები. არასოდეს არ დაგნებდებით. - შენები უფრო ჭკვიანები ყოფილან შენზე, - უთხრა ახალგაზრდა კაპიტანმა. - აი, შეხედე, ისინიც მოდიან.        კულაუ შემობრუნდა. ახლოვდებოდა საშინელი პროცესია. მისი ტომის უკანასკნელი ნაშიერნი, საცოდავი ხეიბარნი კვნესით და ოხვრით მოლასლასებდნენ. მაგრამ კულაუს ბედი უფრო დიდ მწუხარებას უმზადებდა. როგორც კი კულაუს გაუსწორდნენ, შეურაცხმყოფელი ლანძღვა-გინება დააყარეს. უკან მიმავალი დედაბერი შედგა, ზეაღმართა მხეცისბრჭყალებიანი გაძვალტყავებული ხელი და კბილების ღრჭიალითა და თავის რაცრაცით დასწყევლა კულაუ. კეთროვნები ერთმანეთის მიყოლებით გადადიოდნენ პიტალო ლობებზე და ნებდებოდნენ ჩასაფრებულ ჯარისკაცებს. - ახლა შენც შეგიძლია მიბრძანდე, - უთხრა კულაუმ კაპიტანს. - მე არასოდეს დაგნებდები. ეს არის ჩემი საბოლოო სიტყვა. მშვიდობით.        კაპიტანი დაბლა ჩასრიალდა თავის ჯარისკაცებთან. მეორე წუთში ქარქაშზე ჩამოცმული მუზარადი ასწია. კულაუს ნასროლმა ტყვიამ მუზარადი გაუხვრიტა. საღამომდე განუწყვეტლივ ესროდნენ გაღმიდან. მერე კი კულაუმ მაღლა, მიუვალი კლდეებისაკენ გასწია. ჯარისკაცებიც კვალდაკვალ აედევნენ. ექვს კვირას სდიეს ჯარისკაცებმა კულაუს დაკბილულ მწვერვალებსა და თხის ბილიკებზე. ლანტანის ძეძვნარში დამალული მდევრები გარსშემორტყმოდნენ ხოლმე და როგორც კურდღელს, ისე მისდევდნენ ლანტანის ჯუნგლებში და გუავის ბუჩქებში. მაგრამ ყოველთვის ახერხებდა და ხელიდან უსხლტებოდა. მისი ხელში ჩაგდება არ ხერხდებოდა. როცა კი მდევრები ჯგუფად შეუტევდნენ, კულაუ მაშინვე აამოქმედებდა თავის შაშხანას. მაშინ ისინი თავის დაჭრილებს ეზიდებოდნენ მთის ბილიკებით ზღვის სანაპიროსაკენ. ხანდახან, როცა მისი ყავისფერი ტანი ტევრში გაიელვებდა, ჯარისკაცებიც ესროდნენ ხოლმე. ერთხელ ხუთი მათგანი გაშლილ ადგილას ბილიკზე წააწყდა კულაუს. მთელი თავისი ტყვია-წამალი დააყარეს. მაგრამ კულაუმ თავბრუდამხვევ უფსკრულის პირას გაიარა კოჭლობით და გაერიდა. მიწაზე სისხლის ნაკვალევი შენიშნეს, მიხვდნენ, რომ კულაუ დაჭრილი იყო. ექვსი კვირის დევნის შემდეგ ხელი ჩაიქნიეს. ჯარისკაცები და პოლიციელები ჰონოლულუში დაბრუნდნენ და კულაუს მიუგდეს კალალაუს ხეობა სრულ მფლობელობაში. თუმცა ხანდახან თითო-ოროლა მათგანი გაინადირებდა მასზე, მაგრამ ისევ თავისი სამარის გასათხრელად. ორი წლის შემდეგ კულაუ უკანასკნელად შეძვრა ძეძვნარში, გაიჭიმა მიწაზე ტისა და ველური ილის ყვავილთა შორის თავისუფლად შობილი თავისუფლადვე კვდებოდა. წვიმა ცრიდა. კულაუს დამახინჯებულ ფეხებზე დაგლეჯილი საბანი გადაეფარებინა, ტანზე კი - მუშამბის ლაბადა. მკერდზე მაუზერი დაედო, რომლის ლულას სათუთად სწმენდდა წვიმის წვეთებს. იმ ხელზე, რომლითაც შაშხანის ლულას სწმენდდა, თითები აღარ შერჩენოდა. ახლა კი აღარ შეეძლო კულაუს სასხლეტი გამოეკრა. თვალები დახუჭა. სისუსტე დაეუფლა. გონებას ნისლი გადაფარებოდა. მიხვდა, რომ დასასრული ახლოვდებოდა. მომაკვდავი ნადირივით მონახა ტევრი და შიგ შეძვრა. ნახევრადგონდაკარგული ბუნდოვნად აზროვნებდა. ახლა ფიქრებით ნიიჰაუზე გატარებულ ყმაწვილკაცობას გადასწვდენოდა. სიცოცხლე იფერფლებოდა, თანდათან მიწყდა ფოთლებზე დაცემული წვეთების ტკაპუნიც. მას კი ეჩვენებოდა, რომ კვლავ ველური ცხენების რემას მიერეკება, კვლავ როკავს და ყალყზე დგება ორწლიანი კვიცი, რომელზეც ის გადამჯდარა. აი, გაცოფებული მიგელავს საფარ-ფარეხში, მეჯინიბეები დამფრთხალი იფანტებიან და ღობის იქით ხტებიან შეშინებულები. მალე სურათი შეეცვალა. სულ არ გაჰკვირვებია. ახლა ის მთის იალაღზე ველურ ხარებს მისდევს და ქამანდს ტყორცნის, იჭერს ხარებს და ქვემოთ ხეობაში მიერეკება, აქ, ბაკში დამღას ასვამდნენ საქონელს. მტვერი და ოფლი ნესტოებს უწვავდა.        ჯანმრთელი და თავისუფალი ყრმობა ელანდებოდა კულაუს, ვიდრე სიცოცხლესთან განშორების მწარე გრძნობამ არ გამოაფხიზლა. დამახინჯებული ხელები მაღლა ასწია და გაოცებით შეხედა. როგორ? რატომ? რამ გახადა თავისუფალი და ამაყი კულაუ ასეთი? შემდეგ კვლავ გაახსენდა ყველაფერი და უმალ კეთროვან კულაუდ იქცა. დასუსტებულმა თვალები მილულა. წვიმის წვეთების ტკაპუნი მიწყდა. ტანში მომთენთავმა ჟრჟოლამ დაურბინა და შემდეგ ისიც მიწყდა. თავი წამოსწია, მაგრამ იმავე წამს მოწყვეტილივით დავარდა ბალახზე. გახეხილი თვალები მეტად აღარ დაუხუჭავს. უკანასკნელი ფიქრი შაშხანას გადასწვდა. მერე დამჭკნარი, უთითებო ხელები მოხვია შაშხანას და მკერდზე მიიკრა. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 10:25am on იანვარი 4, 2015
თემა: პროსპერ მერიმე - ილელი ვენერა
ქალაქ ილის სახლების გარჩევას. სწორად ამ ქალაქისაკენ მივეშურებოდი. - ალბათ იცით, სად ცხოვრობს ბატონი დე პეირორადი? - მივმართე კატალონელ მეგზურს, გუშინდლიდან რომ დამყვებოდა თან. - რას ჰქვია, ვიცი? - წამოიძახა მან, - ვიციო? სიბნელე რომ არ იყოს, უსათუოდ დაგანახვებდით, ყველაზე საუკეთესო სახლია მთელს ილში. მდიდარი კაცია ბატონი დე პეირორადი, თანაც თავის ვაჟს ბევრად უფრო მდიდარ ქალიშვილზე აქორწინებს. - მალე იქნება ქორწილი? - ვკითხე მე. - ჩემის აზრით, მევიოლინეები უკვე მოწვეულები არიან. იქნებ ამ საღამოს იქორწინონ, ან იქნებ ხვალ ან ზეგაც; აბა, როგორ გითხრათ! საქორწინო ცერემონია პუიგარიგში შედგება, ბატონიშვილი ხომ სწორედ მადმუაზელ პუიგარგს ირთავს. რას იტყვით, ხომ კარგი ამბავია? ბატონ დეპეირორადთან ჩემმა მეგობარმა ბატონმა დე ბ- მ გამომგზავნა. მისგან გავიგე, რომ ბარონი დე პეირორადი ძლიერ განათლებული, დაუზარელი და გამოცდილი ანტიკვარია. სწორედ მასზე ვამყარებდი იმედებს, ილის მიდამოების დათვალიერება რომ გადავწყვიტე. გაგონილი მქონდა, ილის გარშემო, ათი ლიეს ფარგლებში მრავლად მოიძებნებოდა შუა საუკუნეებისა და ანტიკური ხანის ძეგლები. ეს ქორწილი კი მთელ გეგმებს მიფუშავდა.    „რა დროს სტუმრობა იყო“, - გავივლე გუნებაში, თან ვცდილობდი, არაფერი შემემჩნია, ხალისიანად ვყოფილიყავი; ბატონმა დე პ- მ წინასწარ აცნობა მათ ჩემი ჩამოსვლის თაობაზე და ახლა უკვე მელოდნენ ალბათ. - გინდათ, ერთ სიგარაზე დაგენაძლევოთ: უსათუოდ გამოვიცნობ, რისთვის მოდიხართ, ბატონ დე პეირორადთან, - მითხრა ჩემმა გამყოლმა, ბარში რომ ჩავედით. - ამის გამოცნობა სულაც არ არის ძნელი, - შევეპასუხე მეგზურს და სიგარა გავუწოდე. - მთელი ექვსი ლიე ვიარეთ კანიგუს მთაზე. ცხადია, დავიღალეთ და მოგვშივდა კიდეც. მაშასადამე, უნდა ვივახშმოთ და მოვისვენოთ. - ეს მართალია, მაგრამ ხვალ?.. ნაძლევს ჩამოვდივარ, რომ თქვენ ილში კერპის სანახავად მოდიხართ. ამას მაშინ მივხვდი, სერაბონაში წმინდანების ხატვა რომ დაიწყეთ. - კერპი? რომელი კერპი? - ყურები ვცქვიტე. - როგორ! პერპინიანში არ უთქვამთ თქვენთვის, ბატონმა დე პეირორადმა მიწაში ჩაფლული კერპი, რომ იპოვა? - თქვენ გინდათ თქვათ, რომ გამომწვარი თიხის ძეგლი იპოვა, ხომ? - სრულიადაც არა: კერპი ნამდვილი ლითონისგანაა დამზადებული. ეკლესიის ზარის ოდენაა. ზეთისხილის ძირში იყო დამარხული. - თქვენც ესწრებოდით ამოთხრას? - დიახ, ბატონო! ორი კვირის წინ ბატონმა დე პეირორადმა მე და ჟან კოლს იმ ძველი ზეთისხილის ხის ამოძირკვა დაგვავალა, ზამთარში რომ გაიყინა. ალბათ გემახსოვრებათ, რა სიცივეები იყო შარშან. გახურებული მუშაობის დროს ჟან კოლმა ძლიერად მოიქნია წერაქვი და... ბუმ, ისეთი ხმა მომესმა, თითქოს ზარს შემოჰკრესო. „რა იყო?“ - შევეკითხე საკუთარ თავს. განვაგრძეთ მუშაობა და უცბად, მიწაში ჩაშავებული ხელი გამოჩნდა. შემეშინდა და ბატონ დე პეირორადთან გავიქეცი: „ბატონო, ზეთისხილის ხის ძირში მკვდრებია დამარხული. მღვდელს ვუხმოთ!’’ „ვინ მკვდრები?“ - მკითხა მან. მერე იმ ადგილზე მივედით, სადაც ვთხრიდით და როგორც კი ხელი დაინახა, იყვირა: „ანტიკური ძეგლია! ანტიკური!“. ისე ყვიროდა, გეგონებოდა, დიდი საგანძური იპოვაო. მერე დაავლო ხელი წერაქვს და რაც ჩვენ ორმა ვიმუშავეთ, ორი იმდენი იმან იმუშავა. - ბოლოს და ბოლოს რა აღმოაჩინეთ? - ნამდვილი ლითონისაგან დამზადებული დიდი, შავი ქალი, უკაცრავად და ნახევრად შიშველი იყო. ბატონმა დე პეირორადმა აგვიხსნა, კერპთაყვანისმცემელთა დროინდელი კერპიაო... კარლოს დიდის დროინდელი .. ისაო... - გასაგებია, გასაგები. ალბათ რომელიმე დარბეული მონასტრიდან გამოტაცებული მადონაა. - მადონა, როგორ არა! მადონა რომ ყოფილიყო, მაშინვე ვიცნობდი. ხომ გეუბნებით, კერპია-მეთქი, ამას მისი თვალებიც ადასტურებს! ისე გაშტერებული შემოგვცქერის თავისი დიდი, თეთრი თვალებით, თითქოს შენი სულის ამოცნობა სურსო. თვალს ვერ გაუსწორებ.. - თეთრი თვალები? ალბათ ბრინჯაოსია. რომაული ძეგლი იქნება. - დიახ, სწორედ ასეა, ბატონი დე პეირორადმაც ასე ბრძანა: რომაულიაო. ახლა კი ვხედავ, თქვენც მასავით სწავლული უნდა ბრძანდებოდეთ. - რაიმე ხომ არა აქვს დაზიანებული? კარგად არის შენახული? - ყველაფერი რიგზე აქვს. უფრო უკეთესად და ლამაზად გამოიყურება, ვიდრე ლუი- ფილიპეს ბიუსტი, მერიაში რომ დგას. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, მისი სახე არ მომწონს, ბოროტი გამოხედვა აქვს... და არის კიდევაც ბოროტი. - ბოროტი? კი მაგრამ, ასეთი რა ჩაიდინა? - მართალია, ჩემთვის არაფერი დაუშავებია, მაგრამ.. თუმცა სჯობს, თავიდანვე მოგიყვეთ, რაც მოხდა და თვითონვე დარწმუნდებით. მიწაზე ვფორთხიალობდით, რომ როგორმე ფეხზე დაგვეყენებინა, იგი ხომ გვერდზე იყო გადაწოლილი. ბატონი დე პეირორადს წიწილისოდენა ღონეც კი არა აქვს, მაგრამ ისიც გვეხმარებოდა და თოკს ეწეოდა. როგორც იქნა, დიდის გაჭირვებით ფეხზე წამოვაყენეთ. დავიხარე, კრიტის ნატეხი რომ შემედგა, ის კი.. ტყაპ და მთელი სიმძიმით გვერდზე გადავარდა. „ფრთხილად! ქვეშ არ მოყვეთ! - ვიყვირე, მაგრამ ჟან კოლმა ფეხის გაწევა ვერ მოასწრო. - როგორ, დაშავდა? - დაშავდა რომელია, კანჭი ლატანივით გააუტეხა. ღმერთმა დასწყევლოს! ისე გავცეცხლდი, ბატონ დე პეირორადს რომ არ დავეჭირე, ალბათ წერაქვით მივამსხვრევდი იმ კერპს. მერე ბატონმა ჟან კოლს ფული მისცა და შინ გაისტუმრა. უნდა მოგახსენოთ, რომ ყოველივე ეს ორი კვირის წინ მოხდა, მაგრამ ჟან კოლი დღესაც ლოგინად არის ჩავარდნილი. ექიმმა კი უთხრა, ამ დაზიანებული ფეხით წინანდებურად ვეღარ ივლიო. საწყენი კია! იგი ხომ ჩვენში ყველაზე კარგი მორბენალი იყო. თანაც ბატონი დე პეირორადის ვაჟიშვილის მერე საუკეთესო ჩოგბურთელად ითლებოდა. ბატონმა ალფონს ჟან კოლთან თამაშობდა ჩოგბურთს, და მერე იცით როგორ? ისე დაჰქროდა ბურთი მათ შორის, მიწას ერთხელაც არ გაეკარებოდა. საუბარში გართულნი ილიში შევედით, ხოლო სულ მალე ბატონ დე პეირორადის წინ ვიდექით.    იგი პატარა, მხნე, თავშენახული, წითელცხვირა მოხუცი გახლდათ. გაპუდრულ სახეზე მხიარული და დამცინავი იერი დასთამაშებდა. ვიდრე ბატონი დე პ- ს წერილს გახსნიდა, გაშლილ სუფრასთან მიმიწვია და ცოლ- შვილს ცნობილ არქეოლოგად წარუდგინა ჩემი თავი. მისი აზრით, მე რუსილიონი ან დავიწყების ბურუსიდან უნდა ამომეყვანა, ანდა გულცივი სწავლულისათვის ჩამეგდო ხელში.    ვახშამს მადიანად შევექცეოდით. რას შეუძლია მადის ისე გაღვიძება, როგორც მთის გრილ ჰაერს. თან მასპინძელს ვაკვირდებოდი და, თუმცა მასზე უკვე ვილაპარაკე, კიდევ რამდენიმე სიტყვა მინდა დავამატო: ხნოვანების მიუხედავად, საოცრად მკვირცხლი და მოძრავი მოხუცი იყო, წუთით არ ისვენებდა; ჭამდა, ლაპარაკობდა, დგებოდა, გარბოდა თავის ბიბლიოთეკაში, ჩემთვის წიგნები მოჰქონდა, მიჩვენებდა გრავიურებს, ღვინით მივსებდა ჭიქას და კვლავ მელაპარაკებოდა.    მისი მეუღლე შედარებით მსუქანი გახლდათ, ორმოც წელს გადაცილებული ყველა კატალონელი ქალივით; რაც მართალია მართალია, ტიპიურ პროვინციელად მომეჩვენა, ისეთ პროვინციელად, მხოლოდ ოჯახურ საქმეებს რომ განაგებს. თუმცა საჭმელი თავსაყრელი იყო, ქალი მაინც გაიქცა სამზარეულოში, მტრედები დააკვლევინა, შეაწვევინა, მერე მურაბის ქილებსაც თავი მოხსნა; ასე რომ, რამდენიმე წუთში მაგიდა ათასგვარი ხორაგითა და ქილებით შეივსო. ალბათ კუჭი გამისკდებოდა, მათი შემოთავაზებული ყველა კერძისთვის თუნდაც მარტო გემო რომ გამესინჯა. როგორც კი რომელიმე საჭმელზე ვიტყოდი უარს, ჩემი მასპინძლები მაშინვე მოჰყვებოდნენ: აქაურობა არ მოგწონთ, პროვინციაში სტუმარს შესაფერისად ვერ ვხვდებით, მით უმეტეს, პარიზელები ხომ განებივრებული ხალხი ხართ! ბატონი ალფონს დე პეირორადი კი ტერმივით გაუნძრევლად იჯდა. იგი ოცდაექვსი წლის, ლამაზი ახალგაზრდა კაცი გახლდათ, მაგრამ სახე მეტისმეტად უსიცოცხლო ჰქონდა. საუცხოო აღნაგობაზე ეტყობოდა, დაუღალავი მოთამაშე უნდა ყოფილიყო ჩოგბურთისა, რაიც ამ მხარეში თავდავიწყებით უყვარს ყველას. ამ საღამოს მეტისმეტად ელეგანტურად და ჩემის აზრით ჟურნალ „დე მოდის“ უკანასკნელ ნომერში მოთავსებული ნახატების მიხედვით ეცვა. თუმცა ასეთ ტანსაცმელში რაღაც შებორკილი მეჩვენა; ხავერდის საყელოში მოქცეულ თავს არც კი ატოკებდა. გაჭიმული იჯდა, მთელი ტანით თუ შემოტრიალდებოდა, თორემ სხვანაირად გვერდზე ვერ მოიხედავდა. დიდი და ფართო ხელები ისე გამოირჩეოდა მისი ჩაცმულობის ფონზე, როგორც გლეხკაცის ხელები გამოირჩევა ხოლმე მაქმანიან ტანსაცმელში. მან, უპირველეს ყოვლისა, ჩემი პარიზული ჩაცმულობა შეათვალიერა. ისე, მთელი საღამოს განმავლობაში ერთხელ თუ დამელაპარაკა და მაშინაც მხოლოდ ის მკითხა, საათის ძეწკვი სად შეიძინეთო. - ესეც ასე, ძვირფასო სტუმარო, - მითხრა ბატონმა დე პეირორადმა, ვახშამი რომ დავასრულეთ. - რადგანაც ჩემთან მოხვდით, აღარ გაგიშვებთ. არ გაგიშვებთ მანამდის, სანამ არ ნახავთ ყოველივეს, რაც კი საინტერესოა ჩვენს მთებში. თუ გსურთ, რუსილიონს კუთვნილი უფლებები დაუბრუნოთ, საჭიროა ჯერ შეისწავლოთ იგი. ნამდვილად მოგეწონებათ, რასაც აქ გაჩვენებთ. ეს იქნება ფინიკიური, კელტური, არაბული, რომაული თუ ბიზანტიური ძეგლები, სულ ერთია. კიდით- კიდემდე დაგატარებთ და გაიძულებთ, უკანასკნელ აგურამდე ნახოთ ყველაფერი... ხველებამ საუბარი შეაწყვეტინა. მეც ვისარგებლე შემთხვევით და ვუთხარი, ძალიან ვწუხვარ, უდროო დროს რომ გესტუმრეთ. ქორწილისათვის ემზადებით, მე კი... იქნებ მხოლოდ რჩევა მომცეთ, როგორ წარვმართო ჩემი ექსკურსია ისე, რომ მეგზურობით არ დაგღალოთ-მეთქი. - ამ ბიჭის ქორწილზე ლაპარაკობთ? - სიტყვა შემაწყვეტინა მოხუცმა. - აბა, ეგ რა სახსენებელია, ყოველივეს ზეგ მოვრჩებით. თქვენც ჩვენს ოჯახთან ერთად იზეიმებთ ამ ქორწილს. დიდი ცერემონიების თავი არა გვაქვს - საპატარძლო მამიდას გლოვობს. სწორედ იმ მამიდას, ვისგანაც მემკვიდრეობა მიიღო. ასე რომ, არავითარი მეჯლისი არ იქნება, საწყენი კია ჩვენი კატალონელი ქალების ცეკვას რომ ვერ ნახავთ, მაგრამ რას ვიზამთ. მათ შორის ლამაზებიც მოიძებნება, იქნება ჩემი ალფონსისათვის მიგებაძათ და თქვენც ამოგერჩიათ რომელიმე მათგანი. ხომ გაგიგონიათ: ერთ ქორწილს აუცილებლად მეორე მოსდევსო. ახალგაზრდები იქორწინებენ, მერე მეც თავისუფალი ვიქნები და საქმეს შევუდგებით. ალბათ მოგვიტევებთ, პროვინციული ქორწილით რომ გაწუხებთ. პარიზელს თავი ზეიმის გარეშე ვერც წარმოუდგენია, აქ კი ქორწილი უმეჯლისოდ ჩატარდება. სამაგიეროდ, პატარძალს ნახავთ... შემდეგ კი თქვენს აზრს გამიზიარებთ.. თუმცა თქვენ უკვე დარბაისელი კაცი ბრძანდებით და ქალებს ალბათ ზედაც აღარ უყურებთ. თქვენთვის უკეთესი რამე მაქვს საჩვენებელი. დიახ! თქვენ აქ საინტერესო რაღაცას ნახავთ... ხვალისათვის დიდ სიურპრიზს გიმზადებთ. - ღმერთო ჩემო! - ვუთხარი მე. - რა ძნელია შინ საუნჯე გქონდეს და ხალხმა კი ამის შესახებ არაფერი იცოდეს. მე მგონი, ის სიურპრიზი გამოვიცანი, თუ თქვენს მიერ ნაპოვნ ძეგლზე ლაპარაკობთ, უნდა გითხრათ, რომ ჩემმა მეგზურმა უკვე გამიღვივა ცნობისმოყვარეობა და წინასწარ მომამზადა მის საცქერლად. - აჰ! უკვე მოუხსენებიათ ჩემს კერპზე, აქ ხომ ასე უწოდებენ ჩემს ლამაზ ვენერა ტურ... თუმცა სჯობია, წინასწარ ნუ ვილაპარაკებთ. ხვალ დღისით, მზისით ნახავთ და დარწმუნდებით, ნამდვილად არ შევმცდარვარ, შედევრად რომ მივიჩნიე; ეშმაკმა დალახვროს, ამაზე უკეთეს დროს ვერ მოხვიდოდით. კერპზე წარწერები, რომელთაც მე, საწყალი, უვიცი კაცი, ჩემებურად განვმარტავ; თქვენ პარიზელ სწავლულს, შეიძლება ეს ყველაფერი სასაცილოდ არ გეყოთ... საქმე ის არის, რომ პატარა შრომა დავწერე... ძველ, პროვინციელ ანტიკვარს, თქვენს მონა- მორჩილს სურს... მე მინდა პრესა ავახმაურო... იმედი მაქვს, გადახედავთ და შესწორებებსაც შეიტანთ ჩემს ნაშრომში.. მაგალითად, საინტერესოა, თქვენ როგორ განმარტავთ კვარცხლბეკის წარწერას - „Cave“. არა, არა, აღარაფერს გკითხავთ. ხვალამდის! დღეს გვეყოფა ვენერაზე ლაპარაკი. - მართალი ხარ, პეირორად, - უთხრა მისმა მეუღლემ, - სჯობს თავი ანებო შენს კერპს. ნუთუ ვერ ხედავ, რომ სტუმარს ჭამას არ აცლი? დამიჯერე, ბევრად უკეთესი ძეგლები ექნება პარიზში ნანახი. მარტო ტუილრის სასახლეში რამდენი ძეგლია, თანაც ბრინჯაოსი... - აი უმეცრება! წმინდა პროვინციული უმეცრება! - შეაწყვეტინა ბატონმა დე პეირორადმა. - ნუთუ შეიძლება მომხიბლავი ანტიკური ძეგლი ხელოსნის ნაცოდვილარს შეადარო?    „ეს ხომ უპატივცემულობაა ღმერთზე ილაპარაკო, ჩემო დიასახლისო!“ - წარმოგიდგენიათ! ჩემმა მეუღლემ დაჟინებით მოითხოვა, ეს მომხიბლავი ქანდაკება ეკლესიის ზარად გადაგვედნო, თვითონ კი უნდოდა მისი ნათლია გამხდარიყო. ნუთუ შეიძლება, ასე მოიქცე მირონის შედევრს! - შედევრი! შედევრი! რა გააკეთა შენმა შედევრმა! კაცს ფეხი მოსტეხა. - მომისმინეთ, ჩემო მეუღლევ! - მტკიცე ხმით მიმართა ცოლს ბატონმა დე პეირორადმა და თავის თხელ წინდაში გამოკვალთულ ფეხზე მიუთითა. - ჩემს ვენერას ეს ფეხი რომ მოეტეხა, ნამდვილად არ ვინანებდი. - ღმერთო ჩემო! პეირორად, რას ამბობ! კიდევ კარგი, ახლა ის კაცი უკეთაა... ესეც არ იყოს, სულაც არ მსიამოვნებს ვუყურო იმ ქანდაკებას, მხოლოდ უბედურება რომ მოაქვს ადამიანისთვის. საწყალი ჟან კოლი. - ვენერასაგან დაჭრილი ბრიყვი კვნესოდა, - თქვა ბატონმა დე პეირორადმა და გადაიხარხარა. – Veneris nec praemia noris, ვინ არ დაუჭრია ვენერას. ბატონ ალფონსს ფრანგული უკეთ ესმოდა, ვიდრე ლათინური; თვალებს ახამხამებდა და ისე შემომცქეროდა, თითქოს მეკითხებოდა: „პარიზელო, თქვენ თუ გაიგეთ რამე?“    ვახშამი დამთავრდა. თითქმის ერთი საათი იყო, აღარაფერს ვჭამდი, დაღლილი ვიყავი და მოძალებული მთქნარებისგან თავს ძლივს ვიკავებდი. პირველმა ქალბატონმა დე პეირორადმა შემატყო ეს და მაშინვე აღნიშნა, ძილის დრო დადგაო. ამის თქმა იყო და ჩემი მისამართით კვლავ მოზღვავდა ბოდიშების ნაკადი; ბოდიშს იხდიდნენ იმის გამო, რომ უხეირო საწოლ ოთახში მომიხდებოდა გამოძინება და რომ თავს ისე ვერ ვიგრძნობდი, როგორც პარიზში. პროვინციაში ხომ ასე ცუდად ვართ მოწყობილებიო! ძლივს დავარწმუნე რუსილიონელები, ამდენი ხეტიალის შემდეგ თივაშიც რომ ჩამაწვინოთ, თავს შესანიშნავად ვიგრძნობ-მეთქი. მაგრამ ბოდიშებს ბოლო არ უჩანდა, მთხოვდნენ მეპატიებინა საწყალი სოფლელებისათვის, თუკი ისე ვერ მცემდნენ პატივს, როგორც ეს საჭიროა. ბოლოს ბატონ დე პეირორადის თანხლებით ჩემთვის განკუთვნილი ოთახისაკენ გავეშურე. ხისსაფეხურებიანი კიბე გრძელ დერეფანს უერთდებოდა. დერეფნის ორივე მხარეს ოთახები იყო განლაგებული. - მარჯვნივ სწორად ის ოთახია, საპატარძლოსათვის რომ ავარჩიეთ, - მითხრა მასპინძელმა, - თქვენი კი დერეფნის ბოლოსაა, - დაუმატა მშვიდი კილოთი. - კარგად მოგეხსენებათ, ახალდაქორწინებულები განცალკევებულად უნდა იყვნენ. ასე რომ, თქვენ სახლის ერთ ბოლოში იქნებით, ისინი კი მეორეში. კარგად გაწყობილ ოთახში შევედით, სადაც ჩემი ყურადღება უზარმაზარმა საწოლმა მიიპყრო. საწოლი ისე მაღალი იყო, აუცილებლად სკამი უნდა მიგედგა, რომ ჩაწოლილიყავი. მასპინძელმა მიჩვენა სად იყო ზარი, შემდეგ შეამოწმა, სავსე იყო თუ არა საშაქრე, ტუალეტის მაგიდაზე იდგა თუ არა ოდეკოლონის ფლაკონები და როდესაც დარწმუნდა, არაფერი აკლიაო, ძილი ნებისა მისურვა და მარტო დამტოვა.    ფანჯრები დაკეტილი იყო. სანამ ტანთ გავიხდიდი, ერთი ფანჯარა გამოვაღე, გრძელი ვახშმის შემდეგ მინდოდა სუფთა ჰაერი ჩამეყლაპა. ჩემს წინ მთვარის მკრთალი შუქით განათებული მომხიბლავი კანიგუ აღმართულიყო. ამ საღამოს დედამიწის ულამაზეს მთად მომეჩვენა იგი; რამდენიმე წუთს უძრავად ვიდექი და მის წარმტაც სილუეტს მივჩერებოდი. შემდეგ ფანჯრის დასაკეტად დავიხარე და სახლიდან ოციოდე ტუაზის მოშორებით კვარცხლბეკზე მდგარი ქანდაკება შევნიშნე. ცოცხალი ღობის კუთხესთან იდგა: ცოცხალი ღობე კი პატარა, განიერ, ერთფეროვან ბაღს ერტყა. როგორც შემდეგ გავიგე, იგი ქალაქის ჩოგბურთის მოედანი ყოფილიყო. მამული ბატონ დე პეირორადს ეკუთვნოდა. მაგრამ შვილის დაჟინებული თხოვნით კომუნისათვის დაეთმო თურმე. აქედან ძნელი იყო ქანდაკების ზუსტი სიმაღლის დადგენა, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, სულ ცოტა ექვსი ნაბიჯის სიმაღლე მაინც იქნებოდა. ამ დროს ჩოგბურთის მოედანი კაცმა გადმოჭრა. ისინი რუსილიონის ლამაზ ჰანგს - „მოგიზგიზე მთებს“ უსტვენდნენ. ძეგლთან შეჩერდნენ. ერთი მათგანი კატალონიურად უქცევდა და სიტყვებს ამოკლებდა. რუსილიონში საკმაო ხანი დავყავი, ასე რომ შემეძლო გამერჩია, რას ამბობდა იგი. - ეს შენა ხარ, არამზადავ! კიდევ აქ დგახარ? შენ მოატეხე ჟან კოლს ფეხი, ხომ? ჩემთვის რომ ეგ გექნა, კისერს მოგიგრეხდი. - რით მოუგრეხდი? - თქვა მეორემ. - ვერ ხედავ, ლითონისაა და მერე ისეთი მაგარი ლითონია, რომ ეტიენმა თავისი ქლიბი ზედ მიამსხვრია. კერპთაყვანისმცემელთა დროინდელი ლითონია ბიძია, ამაზე მაგარი რამ არც მეგულება სადმე. - ჩემი რკინის საჭრელი მაკრატელი რომ მქონდეს - (ეტყობა, მოლაპარაკე ახალბედა ზეინკალი იყო), - სულ ცოტა ხანში ამ თეთრ თვალებს ისე ამოვაცლიდი, როგორც ნუშს ნაჭუჭიდან. ამ თვალებიდან კი ას სუზე მეტი ვერცხლი გამოვიდოდა. ისინი რამდენიმე ნაბიჯით დაშორდნენ ქანდაკებას. - მოდი დავემშვიდობოთ კერპს, - თქვა ზეინკალმა და გაჩერდა. იგი დაიხარა და, მე მგონი ქვა აიღო. დავინახე, როგორ მოიქნია ხელი და იმავე წუთს ლითონმა წკრიალი გაიღო, ხოლო მსროლელმა ორივე ხელი თავში იტაცა და დაიყვირა: - ვაიმე, ქვა უკან დამიბრუნდა! - ახლა კი იკადრეს და სწრაფად მოუსვეს. როგორც ჩანს, გასროლილი ქვა ლითონზე ასხლტა და იმას, ვინც ქალღმერთს შეურაცხყოფა მიაყენა, საკადრისი მიუზღო.    სიცილი ვეღარ შევიკავე, მერე ფანჯარა მოვხურე და ჩავილაპარაკე: - კიდევ ერთი ბარბაროსი დასაჯა ვენერამ! რა კარგი იქნებოდა, ყველა, ვინც კი ჩვენს უძველეს ძეგლებს ანადგურებს, ასე დაისჯებოდეს. ამ „ლმობიერი“ ნატვრის შემდეგ ჩამეძინა. კარგა გათენებული იყო, რომ გამოვიღვიძე. საწოლის ერთ მხარეს ღამისპერანგიანი ბატონი დე პეირორადი იდგა, ხოლო მეორე მხარეს მისი მეუღლის მიერ გამოგზავნილი მოსამსახურე, რომელსაც ფინჯანი შოკოლადი ეჭირა ხელში. - დროა აბრძანდეთ, პარიზელო! ეჰ, დედაქალაქელო ზარმაცებო! - ამბობდა ჩემი მასპინძელი, ვიდრე მე ტანთ ვიცვამდი. - უკვე რვა საათია, თქვენ კი ჯერაც გძინავთ. ექვს საათზე ავდექი; სამჯერ ამოვედი თქვენთან, ფეხაკრეფით მოვუახლოვდი კარს, მაგრამ ჩამიჩუმი არ ისმოდა. თქვენს ასაკში ამდენი ძილი მავნებელია. ჩვენი ვენერა კი გელოდებათ, იგი ხომ ჯერაც არ გინახავთ. მიირთვით ბასკონური შოკოლადი; ნამდვილი კონტრაბანდაა. ასეთს პარიზში ვერ იშოვით. მოიკრიბეთ ძალ- ღონე; თორემ ვენერას რომ დაინახავთ, ძეხორციელი ვერ მოგაშორებთ მას. ხუთ წუთში მზად ვიყავი. უფრო სწორად, ნახევრად გაპარსული, ღილებშეუბნეველი და მდუღარე შოკოლადისაგან პირდათუთქული ჩავედი ბაღში და სულ მალე დიდებული ქანდაკების წინაშე აღმოვჩნდი. საუცხოო სილამაზის ვენერა იყო, წელს ზემოთ შიშველი; მარჯვენა ხელი მკერდის სიმაღლეზე ჰქონდა აწეული; ცერი და ორი მომდევნო თითი გაეშლა, ხოლო დანარჩენი მსუბუქად მოეხარა. მეორე ხელი - ქსოვილი რომ ეჭირა - წელზე ჰქონდა შემოდებული და ქვედა ტანს იფარავდა. ისეთ პოზაში იდგა, თითქოს „მურის მოთამაშე“ ყოფილიყოს, გერმანიკს რომ უწოდებენ რატომღაც; თუმცა შეიძლება სწორად „მურის მოთამაშე“ ღმერთქალი გამოსახა მოქანდაკემ. ამაზე უკეთეს ტანს, ამაზე უფრო საამო და მომხიბლავ ნაკვთებს ვერ წარმოიდგენდა ადამიანი! ამ სამოსზე უფრო მოხდენილი და ძვირფასი არაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო. და, ჩემს წინ კი იდგა ანტიკური ხანის შედევრი. ყველაზე უფრო განმაცვიფრა ქანდაკების ნაკვთების საოცარმა ბუნებრიობამ; ნატურიდან გამოძერწილი ჩანდა, თუკი ბუნებას შეეძლო შეექმნა ესოდენ სრულყოფილი მოდელი.    თმა უკან ჰქონდა გადავარცხნილი და აშკარად ეტყობოდა ოდესღაც ოქროსფერი რომ უნდა ყოფილიყო. პატარა თავი - როგორც ყველა ბერძნულ ქანდაკებას - ოდნავ წინ გადმოეხარა. სახეზე კი, ამის აღწერასაც ალბათ ვერასოდეს შევძლებ, აღბეჭდოდა რაღაც უცნაური გამომეტყველება. იგი არ ჰგავდა არც ერთ ანტიკურ ძეგლს, რაც ოდესმე მინახავს. ეს არ იყო მშვიდი და მკაცრი სილამაზე. ბერძნულ ქანდაკებებს რომ ახასიათებს - მათ სახეზე მუდამ თვითკმაყოფილი იერი გადაჰკრავთ ხოლმე. შევცქეროდი ამ ქანდაკებას, ხელოვანს ეტყობა სურდა მის სახეზე ცბიერება და ბოროტება გამოეხატა. ყოველი ნაკვთი - დახრილი თვალები, ოდნავ გახსნილი პირი, დაბერილი ნესტოები ფაქიზად იყო შესრულებული მოქანდაკის მიერ. ზიზღი, ირონია, ულმობლობა, აი, რა იკითხებოდა ამ არაჩვეულებრივად ლამაზ სახეზე. რაც უფრო დიდხანს უყურებდი ამ ქანდაკებას, მით უფრო გაწვალებდა იმის შეგრძნება, როგორ იყო შეხამებული ესოდენ გულცივობა ასეთ სრულყოფილ სილამაზესთან. - თუ ასეთი მოდელი ოდესმე არსებობდა, - მივმართე ბატონ დე პეირორადს. - თუმცა არ მჯერა, ზეცას ასეთი ქმნილება შეექმნას, მაშინ ნამდვილად მებრალებიან ქალღმერთის თაყვანისმცემლები. მას ალბათ სიამოვნებდა, უიმედო სიყვარულით შეპყრობილნი თავს რომ იკლავდნენ მისი გულისთვის, რაღაცნაირი სისასტიკე ჩანს ქალღმერთის გამოხედვაში, არადა უნდა ვაღიარო, ჯერ არ მინახავს ამგვარი სილამაზე. - „ვენერა თავსაც იწამებს და სხვასაც აწამებს!“ - წამოიძახა ჩემი ენთუზიაზმით კმაყოფილმა ბატონმა პეირორადმა. ამ საშინელ ირონიულ გამოხედვას შესაძლოა ამძაფრებდა მის ვერცხლისფერ თვალებში მოკიდებული მუქი- მწვანე ფერი, დროთა განმავლობაში ძეგლი მთლიანად რომ დაეფარა. გაბრწყინებული თვალები სინამდვილის, სიცოცხლის რაღაც განსაკუთრებულ ილუზიას ქმნიდა. მომაგონდა ჩემი მეგზურის სიტყვები: კერპს თვალს ვერ გაუსწორებ. მართლაც ასე იყო და მე გავბრაზდი კიდეც ჩემს თავზე ამ უცნაური მორიდების გამო, კერპის მიმართ რომ ვგრძნობდი. - ახლა კი, როცა თითქმის ყველაფერი დაათვალიერეთ, ჩემო ანტიკვარო კოლეგავ, თუ შეიძლება ნება მიბოძეთ გავმართოთ მეცნიერული საუბარი, - მითხრა მასპინძელმა. - აბა, რას იტყვით ამ წარწერაზე, ჯერაც რომ არ შეგიმჩნევიათ? მან ქანდაკების კვარცხლბეკზე მიმითითა, სადაც ამოვიკითხე: CAVE AMANTEM - ვნახოთ, შევთანხმდებით თუ არა ამ Cave amantem“ -ის მნიშვნელობაზე, - ხელები მოიფშვნიტა მან. - იგი ორნაირად შეიძლება ითარგმნოს, - ვთქვი მე. - პირველი: „უფრთხილდი მას, ვისაც უყვარხარ; ნუ ენდობი საყვარლებს“. მაგრამ არა მგონია ეს აზრი სწორი ლათინური წყობით იყოს გადმოცემული. ქალის ვერაგულ გამოხედვას რომ ვუყურებ, ასე მგონია მოქანდაკეს ეწადა გაეფრთხილებინა მნახველი ამ საშინელი სილამაზის გამო. მაშინ ასე უნდა ითარგმნოს: „იყავი ფრთხილად, თუ იგი შეგიყვარებს“. - ჰმ.. შესანიშნავი აზრია, - თქვა ბატონმა დე პეირორადმა. - მაგრამ არ გეწყინოთ და მე პირველი თარგმანი უფრო მომწონს. თქვენ თუ იცით, ვინ იყო ვენერას საყვარელი? - საყვარელი ბევრი ჰყავდა. - მართალია, მაგრამ პირველი მაინც ვულკანი იყო. იქნებ მოქანდაკეს უნდოდა ეთქვა ვენერასთვის: „შენი სილამაზისა და ვერაგული გამოხედვის მიუხედავად საყვარლად გეყოლება საზიზღარი, კოჭლი მჭედელი!“ კარგი გაკვეთილი იქნებოდა მე და ჩემმა ღმერთმა, მაცდური ქალებისათვის. მისი განმარტება ისე ყურით მოთრეული მეჩვენა, რომ სიცილი ვერ შევიკავე. - საშინელი ენაა ლათინური, მოკლე გამოთქმები აქვს, - შევნიშნე მე და შევეცადე შემეწყვიტა ჩვენს ანტიკვართან კამათი. რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე. უკეთ რომ შემეთვალიერებინა ქანდაკება. - ერთი წუთით კოლეგავ, - შემაჩერა ბატონმა დე პეირორადმა და ხელი მომკიდა, - ჯერ ხომ ყველაფერი არ გინახავთ, არის კიდევ ერთი წარწერა. აბრძანდით კვარცხლბეკზე და დახედეთ მარჯვენა ხელს, - მითხრა მან და თან მკლავი შემაშველა. მეც ყოველგვარი მორიდების გარეშე ხელი მოვხვიე ვენერას კისერზე. ერთი წუთით ქვემოდან ავხედე მის სახეს. ამჯერად უფრო ბოროტი და უფრო ლამაზი მეჩვენა. მარჯვენა მკლავზე მართლაც აღმოჩნდა ძველი, ჩემის აზრით, ანტიკური დროის, გაკრული ხელით ნაწერი. ენის ბორძიკით, გაჭირვებით შევუდექი მის ამოკითხვას. ბატონი დე პეირორადი ჩემივე ხმით და მანერით იმეორებდა წარმოთქმულ სიტყვებს. VENERA TVRBVL… EVTYCHES MYRO IMPERIO FECIT სიტყვა „tvrbvl“ -ის შემდეგ, რომელიც პირველ ხაზზე ეწერა, მომეჩვენა, რომ რამდენიმე ასო წაშლილი იყო, მაგრამ თვით „tvrbvl“ კარგად იკითხებოდა. - რას უნდა ნიშნავდეს? - მკითხა ეშმაკური ღიმილით სახეგაბრწყინებულმა მასპინძელმა. იგი რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ არც თუ ისე ადვილად გავართმევდი თავს ამ tvrbvl“ - ს. - აქ მხოლოდ ერთი სიტყვაა, რომლის აზრი ვერ გამიგია, ხოლო რაც შეეხება დანარჩენებს, ყველაფერი ნათელია. „ეტიშ მირონმა მიართვა ეს ძღვენი ვენერას, მისივე ბრძანებით“ - შესანიშნავია, მაგრამ რას ნიშნავს „ tvrbvl“- ი? - სწორედ ეგ „ tvrbvl“ - ია თავსატეხი; ამიტომაც არის, რომ ვენერას ცნობილ ეპითეტთა შორის ვეძებ ისეთს, რომელიც გამომადგება. აბა, ვნახოთ რას იტყვით „tvrbvlenta“ - ს შესახებ. ვენერა მშფოთვარე, მღელვარე... თქვენ თუ ამჩნევთ, რომ მე ისევე მისი გამოხედვით ვარ დაინტერესებული, „tvrbvlenta“ კი არ უნდა იყოს ურიგო ეპითეტი ასეთი ვენერასათვის... - დავუმატე მოკრძალებით, ვინაიდან თავადაც არ ვიყავი მაინცდამაინც კმაყოფილი ჩემი განმარტებით. - მოუსვენარი ვენერა! შფოთიანი ვენერა! როგორ, ნუთუ თქვენი აზრით ჩემი ვენერა კაბარეებისათვის არის განკუთვნილი?.. როგორ გეკადრებათ, ბატონო. ეს რჩეული საზოგადოების ვენერაა. ნება მიბოძეთ აგიხსნათ რას ნიშნავს ეს „tvrbvl“ - ი...მხოლოდ სიტყვა მომეცით, რომ არ გაახმაურებთ, სანამ ჩემი შრომა არ დაიბეჭდება. საქმე ისაა, რომ ვამაყობ ამ აღმოჩენით... თქვენ კი, თუ შეიძლება, ნარჩენი თავთავების მოგროვების საშუალება მოგვეცით ჩვენ, საწყალ პროვინციელებს. თქვენ, პარიზელი სწავლულები, ისედაც მდიდრები ხართ! კვარცხლბეკზე მდგომმა საზეიმოდ შევფიცე, არასოდეს არ მივითვისებ თქვენს აღმოჩენას-მეთქი. - „TVRBVL- ი, ბატონო ჩემო, უნდა წაიკითხოთ, როგორც „tvrblnerae“, თქვა მან დაბალი ხმით. თითქოს ეშინოდა, ჩემს მეტს არავის გაეგო. - არ მესმის. - კარგად დამიგდეთ ყური. აქედან ერთი ლიეს დაშორებით, მთის ძირას, არის ერთი სოფელი, რომელსაც ბულტერნერი ჰქვია. ეს გახლავთ დამახინჯებული ლათინური სიტყვა TVRBVLNERA. ბულტერნერი, ბატონო ჩემო, რომაული ქალაქი იყო, ამაში ყოველთვის ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ დამამტკიცებელი საბუთები არ გამაჩნდა. ახლა კი ეს დამამტკიცებელი საბუთი ხელთა მაქვს. ეს ვენერა აქაური ქალაქის - ბულტერნერის ღვთაება იყო, - ხოლო თვით ეს სიტყვა - ბულტერნერი, რომელსაც ანტიკურად მივიჩნევ, ადასტურებს ერთ კურიოზულ ფაქტს. სახელდობრ, აი რას: ბულტერნერი სანამ რომაული გახდებოდა, ფინიკიური ქალაქი იყო! დიახ!    იგი წუთით შეჩერდა, რათა სული მოეთქვა და ჩემი გაკვირვებით დამტკბარიყო. მე კი მოძალებული სიცილისაგან თავი ძლივს შევიკავე. - აქედან გამომდინარე, - განაგრძო მან. - „tvrblnera“, არის ნამდვილი ფინიკიური სახელი. „TVR“ - ს თუ გამოვთქვამთ, როგორც „tour“ - ს, ერთი და იგივეა, ასე არაა? „Sour“ რომ ფინიკიური სახელია, რომელიც „Tyr“- იდან წარმოიშვა, ჩემის აზრით, ამას დამტკიცება არ სჭირდება. „Bvl“ არის „Baal“; „Bal“, „Bel“ „Bul“ -ის გამოთქმის განსხვავებული ვარიანტი. ხოლო რაც შეეხება ,nera“ - ს, მან ცოტა არ იყოს შემაფიქრიანა. მისი შესაფერისი ფინიკიური სიტყვის უქონლობის გამო, მზად ვარ ვივარაუდო, რომ „nera“ წარმოშობილია ბერძნული სიტყვა „neros“ - იდან, ე. ი. ნესტიანი, ჭაობიანი. გამოდის, რომ ბულტერნერი ნაჯვარი სახელია და მართლაც, ჩვენს მხარეში შემიძლია გიჩვენოთ მთის ნაკადულების მიერ შექმნილი, დამპალი ჭაობი. მეორე მხრივ კი, შეიძლება დაბოლოება „nera“ ბევრად უფრო მოგვიანებით იყოს მიმატებული, პივეზუვიას, ტეტრიკუსის მეუღლის საპატივცემულოდ, რომელმაც ალბათ რაიმე სასიკეთო უყო ბულტერნერის მოსახლეობას. - ბურნუთი შეისუნთქა. - მაგრამ შევეშვათ ფინიკიელებს და ჩვენს წარწერას დავუბრუნდეთ. მე მას ასე ვთარგმნიდი: „ბულტერნერელ ვენერას მირონმა უძღვნა ეს ქანდაკება, თავისი ნამუშევარი“. ჩემი გამჭრიახობა რომ დამემტკიცებინა, შევუდექი მისი ეტიმოლოგიის კრიტიკას. - მოითმინეთ, ბატონო. - ვუთხარი მე, - აშკარაა, მირონმა ვენერას მართლაც უძღვნა რაღაც, მაგრამ რაიმე დამამტკიცებელ საბუთს ვერ ვხედავ, სახელდობრ ამ ძეგლზე რომ იყოს ლაპარაკი. - როგორ! - წამოიძახა მასპინძელმა. - მირონი გამოჩენილი ბერძენი მოქანდაკე არ იყო? ტალანტი კი შეუწყვეტლად გრძელდებოდა მის გვარში. ეს ძეგლი ერთ-ერთმა მისმა ნაშიერთაგანმა შექმნა. მე ვფიქრობ, ამას მტკიცება არ სჭირდება. - კი მაგრამ, - შევეპასუხე მე, - მაჯაზე პატარა ნახვრეტს ვხედავ, რაც მგონი, რაღაცის დასამაგრებლად არის განკუთვნილი, მაგალითად, სამაჯურის; შესაძლებელია იგი სწორედ მირონმა უძღვნა ვენერას, რაიმე ცოდვის მოსანანიებლად, ბედკრული მიჯნური მირონი შეეცადა განრისხებული ვენერას გულის მონადირებას და ოქროს სამაჯური მიუძღვნა. თქვენ თუ შეამჩნიეთ, რომ „fecit“ ხშირად „conservati“ -ის მაგივრად იხმარება? ეს ხომ სინონიმური ტერმინია. ახლა ხელთ გრუტერი ან ორელიუსი რომ მქონდეს, უფრო ბევრი მაგალითის მოტანას შევძლებდი. აქედან დასკვნა, რომ შეყვარებულმა მირონმა სიზმარში ნახა ვენერა, რომელმაც უბრძანა, მისი ქანდაკებისათვის მიერთმია ოქროს სამაჯური, მირონმა მართლა შეასრულა ეს ბრძaნება... შემდეგ კი გამოჩნდნენ ბარბაროსები, ან თუნდაც ქურდები და... - როგორ გეტყობათ, რომანებს რომ წერთ! - წამოიძახა ჩემმა მასპინძელმა და ხელი შემიშალა, რომ ჩამოვსულიყავი კვარცხლბეკიდან. - არა, ბატონო, ეს ნამუშევარი ნამდვილად მირონის სკოლას ეკუთვნის. კარგად შეხედეთ ქანდაკებას და თვითონ დარწმუნდებით.    საერთოდ არ მჩვევია ვეკამათო ჯიუტ ანტიკვარებს, ამიტომ თავი დავუქნიე და დარწმუნებით ვუთხარი: - შესანიშნავი ნამუშევარია. - ღმერთო ჩემო! - იყვირა ბატონმა დე პეირორადმა. - ვანდალიზმის კიდევ ერთი კვალი! ვიღაცას ჩემი ქანდაკებისთვის ქვა უსვრია. მან ვენერას მკერდს ზემოთ თეთრი ანაბეჭდი შეამჩნია. ასეთივე ანაბეჭდი აჩნდა მარჯვენა ხელის თითებზე. ქვას თავისი კვალი დაეტოვებინა. ჩემს მასპინძელს მოვუყევი, რა მოხდა წინაღამეს ჩემი თანდასწრებით და როგორ დაისაჯა ამის ჩამდენი. მან დიდხანს იცინა, შემდეგ ზეინკლის შეგირდს უსურვა გაეზიარებინა დიომედეს ხვედრი, რათა ბერძენი გმირებივით ენახა, როგორ გადაიქცა ყველა მისი თანამონაწილე თეთრ ფრინველად.    საუზმის მაუწყებელმა ზარმა შეგვაწყვეტინა კლასიკურ თემაზე საუბარი და ახლაც, როგორც წუხელის, იძულებული ვიყავი ოთხი კაცის ულუფა მარტო მე მეჭამა. შემდეგ მოვიდნენ ბატონი დე პეირორადის ფერმერები და სანამ ბატონი პეირორადი აუდიენციით იყო გართული, მისმა ვაჟმა ეტლის დასათვალიერებლად წამიყვანა. ეტლი ტულუზაში ეყიდა თავისი საცოლისათვის. უხმოდ დავათვალიერე იგი. შემდეგ საჯინიბოში შემიყვანა და თავისი ცხენების ქებას ნახევარი საათი მოანდომა; მერე სათითაოდ დამიხასიათა ისინი, ამიხსნა დეპარტამენტის სრბოლებზე რომელმა რა პრიზი დაიმსახურა და ბოლოს ნაცრისფერ ფაშატზე რომ მიდგა საქმე, ლაპარაკი საცოლეზე გადაიტანა: - დღეს ვნახავთ, - თქვა მან. - არ ვიცი, რამდენად ლამაზი მოგეჩვენებათ; პარიზელები ხომ თავისებური ხალხი ხართ. მაგრამ აქ პერპინიანში იგი ყველას ხიბლავს. რაც მთავარია, ის მდიდარია, მისმა პრადიდელმა მამიდამ მთელი ქონება უანდერძა. ოჰ, რა ბედნიერი ვიქნები! დიდად ვიყავი გაკვირვებული, ახალგაზრდა მამაკაცი თავისი საცოლის ლამაზი თვალების ნაცვლად მისი მზითვით რომ იყო აღტაცებული. - განძეულობაში თუ ერკვევით? - განაგრძო ბატონმა ალფონსმა. - როგორ მოგწონთ ეს ბეჭედი? ხვალ უნდა მივართვათ მას.    ამ ლაპარაკში ნეკიდან ძვირფასი ბრილიანტებით მოჭედილი ბეჭედი მოიძრო. ბეჭედს ორი გადახლართული ხელის ფორმა ჰქონდა, ძლიერ პოეტური მეჩვენა. ძველებური ნამუშევარი იყო, მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ ბრილიანტების დასამაგრებლად ვიღაცას უცოდვილია. ბეჭდის შიგნიდან გოთური წარწერა „Sempr’ ab ti“ იკითხებოდა, რაც ნიშნავს „მარად შენთან ვარ“. - ლამაზი ბეჭედია, - ვთქვი მე, - მაგრამ ამ ბრილიანტებმა ცოტა ნირი შეუცვალა. - ასე ბევრად უფრო ლამაზია! - ღიმილით შემესიტყვა იგი. - ათას ორასი ფრანკი ღირს ეს ბრილიანტი: დედაჩემმა მაჩუქა. საგვარეულო ბეჭედია, ძველისძველი... რაინდობის დროინდელი. დედაჩემზე უწინ ბებიას უტარებია, ბებიამ კი დედაჩემს უსახსოვრა თურმე, ღმერთმა უწყის, როდის არის გაკეთებული. - პარიზში ასეთი ჩვეულებაა, - ვუთხარი მე, - საცოლეს უბრალო, სადა ბეჭედს მიართმევენ ხოლმე, იგი ორი განსხვავებული ლითონის - ოქროსა და პლატინისაგან არის დამზადებული: აი მეორე ბეჭედი, თითზე რომ გიკეთიათ, ბევრად უკეთესია ასეთი შემთხვევისათვის. ეს ბეჭედი კი თავისი ბრილიანტებითა და გადახლართული ხელებით ისეთი დიდია, რომ ხელთათმანის ჩაცმა გაუჭირდება. - ეს უკვე ჩემი მეუღლის, ქალბატონ ალფონსას საქმეა. როგორც უნდა, ისე მოუაროს. ჩემის აზრით, მოხარული იქნება ატაროს ასეთი ბეჭედი 1.200 ფრანკი თითზე წამოცმული! ხუმრობა ხომ არ არის! ეს პატარა ბეჭედი კი ერთმა ქალმა მაჩუქა პარიზში, კარნავალზე. ოჰ, რა ბედნიერი ვიყავი პარიზში. რა დროს ვატარებდი! ორი წლის უკან გახლდით.. აი, სად შეიძლება ნამდვილად გაერთო, - სინანულით ამოიოხრა მან. იმ დღეს პუიგარიგში საპატარძლოს მშობლებთან უნდა გვესადილა. ჩავსხედით ეტლში და გავემგზავრეთ სასახლისაკენ, ილიდან ლიენახევრის დაშორებით რომ იდგა. საპატარძლოს ოჯახში ისე წარმადგინეს და მიმიღეს, როგორც ძველი მეგობარი. არ მოვყვები სადილისა და სადილზე გამართული საუბრის აღწერას, რადგან საუბარში თითქმის არ მიმიღია მონაწილეობა. ბატონი ალფონსი საპატარძლოს გვერდით იჯდა და ყოველ თხუთმეტ წუთში რაღაცას ეჩურჩულებოდა. თვალებდახრილი პატარძალი წითლდებოდა ხოლმე, მაგრამ თამამად კი უპასუხებდა.    მადმუაზელ დე პუიგარიგი 18 წლისა იყო, მისი თხელი და მოქნილი ტანი სრულ კონტრასტს ქმნიდა საქმროს ახოვან აგებულებასთან. იგი არა მარტო ლამაზი იყო, მომხიბლავიც გახლდათ. აღტაცებული ვიყავი მისი სრულყოფილი, ბუნებრივი სიტყვა- პასუხით, აგრამ სიკეთის გამომეტყველებას მის სახეზე დაჰკრავდა ოდნავ ეშმაკური იერი, რაც უნებურად ჩემი მასპინძლის ვენერას მაგონებდა. როცა გონებაში ვუდარებდი მადმუაზელ პუიგარიგს ვენერას, ერთბაშად დამებადა კითხვა: ქანდაკების თავისებურ სილამაზეს ხომ არ განაპირობებს-მეთქი მისი ძუ ვეფხვთან მიმსგავსება, რადგან ცნობილია, ენერგია, რანაირ ფერებშიც არ უნდა გამოვლინდეს, ყოველთვის იწვევს გაოცებას და ერთგვარ აღტაცებას. „საწყენია, - გავიფიქრე გუნებაში, პუიგარიგს რომ ვტოვებდით. - ასეთი მშვენიერი ქალიშვილი მდიდარი იყოს და მხოლოდ სიმდიდრის გამო ითხოვოს ისეთმა მამაკაცმა, სრულიად რომ არ არის მისი შესაფერისი“. ილში დაბრუნებულმა აღარ ვიცოდი, რა მეთქვა ქალბატონ დე პეირორადისათვის და ბოლოს, ზრდილობისთვის მხოლოდ ესღა მოვახერხე: - თქვენ, რუსილიონელები, მართლაც რომ თავისუფალი მოაზროვნეები ხართ! ვის გაუგონია, პარასკევ დღეს ქორწილი? პარიზში უფრო ცრუმორწმუნეები არიან. აბა, ვინ გაბედავს ასეთ დღეს ცოლის მოყვანას! - ღმერთო ჩემო, ამაზე ნუ მელაპარაკებით! - მითხრა მან. - ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, რომელიმე სხვა დღეს ავირჩევდი. მაგრამ პეირორადმა ასე მოისურვა და ჩვენც იძულებულები ვიყავით, დავყოლოდით. რაიმე უბედურება რომ მოხდეს? მაშასადამე, უსაფუძვლო არ არის ხალხის შიში პარასკევი დღის მიმართ. აბა, ასე რატომ ეშინიათ ამ დღისა? - პარასკევი? - წამოიძახა მისმა ქმარმა. - პარასკევი ხომ ვენერას დღეა! ქორწილისათვის კარგი დღეა! ხომ ხედავთ, ჩემო კოლეგავ, მე მხოლოდ და მხოლოდ ვენერაზე ვფიქრობ. საბედნიეროდ, სწორედ მისი ბრალია, პარასკევი დღე რომ ავირჩიე. ხვალ თუ გნებათ, ქორწილამდის პატარა მსხვერპლიც შევწიროთ - ორი გარეული მტრედი და თუ შევძელი საკმევლის შოვნა... - რას ლაპარაკობ, პიერორად, - შეაწყვეტინა მოთმინებიდან გამოსულმა მეუღლემ. - საკმეველი დავუკმიო კერპს? საძაგლობაა! რას იტყვის ხალხი ჩვენზე? - მაშინ, - თქვა ბატონმა დე პეირორადმა, - იმის ნება მაინც მომეცი, თავზე ვარდისა და შროშანის გვირგვინი დავადგა. - ხედავთ, ბატონო? - მომიბრუნდა მერე მე, - კონსტიტუცია მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. უფლება არა გვაქვს ვიწამოთ ის, რაც ნამდვილად გვწამს.    მომავალი დღე ასე დაიგეგმა; ათი საათისათვის საზეიმო ტანსაცმელში გამოწყობილი ყველანი მზად უნდა ვყოფილიყავით. დილის შოკოლადის მიღების მერე ეკიპაჟებით პუიგარიგში გავემგზავრებოდით. სამოქალაქო ჯვრისწერა სოფლის მერიაში მოხდებოდა, ხოლო რელიგიური ცერემონია - სასახლის ეკლესიაში. იქიდან დაბრუნების მერე გაიმართებოდა საუზმე. ამის შემდეგ შვიდ საათამდე დროს შეძლებისდაგვარად გავატარებდით. შვიდ საათზე დავბრუნდებოდით ილში, ბატონ დე პეირორადთან, სადაც ორივე ოჯახი ერთად ისადილებდა. დანარჩენი ყველაფერი ნათელი იყო: ვინაიდან ცეკვა არ შეიძლებოდა, ჭამას უნდა გადავყოლოდით.    დილის რვა საათიდან ვიდექი ვენერას წინ ფანქრით ხელში და აგერ უკვე მეოცეჯერ ვიწყებდი მისი თავის ხატვას. არა და არ გამომდიოდა. ბატონი დე პეირორადი ჩემს გარშემო ტრიალებდა, რჩევებს მაძლევდა და მიმეორებდა თავის ფინიკიურ ეტიმოლოგიას, შემდეგ ქანდაკების კვარცხლბეკზე დაწყო ბენგალური ვარდები და ტრაგი- კომიკური კილოთი საუკეთესო სურვილები შესთხოვა ქანდაკებას იმ წყვილისათვის, მომავალში მის ჭერქვეშ რომ უნდა ეცხოვრა. ცხრა საათისათვის შინ შევიდა, რომ გამოწყობილიყო. სწორედ ამ დროს ბატონი ალფონსი გამოჩნდა. თვალში გეცემოდათ მისი თეთრი ხელთათმანი, ლაქის ფეხსაცმელები, ლითონის ღილები, ღილის კილოში კი ვარდი დაებნია. - დახატავთ ჩემს მეუღლეს? - მკითხა მან და ჩემს ნახატზე გადმოიხარა, -ისიც ხომ ლამაზია. სწორედ ამ დროს, ჩემს მიერ ზემოთ ნახსენებ ჩოგბურთის მოედანზე, დაიწყეს თამაში, რამაც ბატონი ალფონსის ყურადღება მიიპყრო. მეც დაღლილი და იმედდაკარგული, რომ ოდესმე შევძლებდი ამ ცბიერი სახის დახატვას, მივანებე თავი მუშაობას და მოთამაშეების საცქერლად გავეშურე. მათ შორის იყო რამდენიმე არაკონელი და ნავარიელი ესპანელი, რომლებიც წინა ღამეს ჩამოსულიყვნენ. თითქმის ყველა გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი მოხერხებულობით. მიუხედავად იმისა, რომ ილელ მოთამაშეებს ამხნევებდა ბატონი ალფონსის თანდასწრება და რჩევა, ილელები მაინც დამარცხდნენ. მაყურებლები დაიბოღმნენ. ბატონმა ალფონსმა საათს დახედა. ჯერ მხოლოდ ათის ნახევარი იყო. დედამისს კიდევ არ დაემთავრებინა თმის ვარცხნილობა და ალფონსმაც ამით ისარგებლა. ფრაკი გაიხადა, ვიღაცას პიჯაკი გამოართვა და ესპანელები სათამაშოდ გამოიწვია. ღიმილით და ცოტა არ იყოს გაკვირვებითაც შეცქეროდნენ. - ქალაქის ღირსების დაცვაა საჭირო! - მითხრა მან. თამაშის ჟინით შეპყრობილი ახლა იგი მართლაც ლამაზი მეჩვენა. ტანსაცმელს, აქამდე ასე მჭიდროდ რომ შემოტმასნოდა ტანზე, ახლა მისთვის მნიშვნელობა ჰქონდა დაკარგული. რამდენიმე წუთის წინ იმის შიშში იყო ჰალსტუხი არ მოღრეცოდა, ახლა კი იგი სრულებითაც აღარ ფიქრობდა თავის დახვეულ თმაზე და თუნდაც ასე სათუთად დაუთოვებულ ნაოჭიან საყელოზე. საცოლეზე? ... ფიქრობდა კი მასზე? ჩემის აზრით, საჭირო რომ გამხდარიყო ქორწინების გადადება, აუცილებლად გადადებდა. დავინახე, რა სწრაფად იცვამდა სანდლებს, როგორ გადაიკეცა სახელოები და დაჯერებული იერით დამარცხებულ თანამოქალაქეებს ჩაუდგა სათავეში. ასე ალბათ კეისარი თუ უმეთაურებდა თავის ჯარისკაცებს დირახიუმის ბრძოლის წინ. სასწრაფოდ ვიცვალე ადგილი და რკინის ხის ჩრდილს შევეფარე, რათა უკეთესად დამენახა ორივე ბანაკი.    საერთო დაძაბულობის ვითარებაში ბატონმა ალფონსმა პირველი ბურთი ააცდინა. თუმცა მართალი უნდა ითქვას - ბურთი დაბლა მოდიოდა და ესეც რომ არ ყოფილიყო, ისეთი ძალით დაარტყა ერთმა არაგონელმა, რომ მართლაც ძნელი იყო მისი აღება.    არაგონელი ორმოციოდე წლის გამხდარი და ნერვიული მამაკაცი იყო, ექვსიოდე ფუტის სიმაღლისა. მის მოყვითალო კანს ისეთივე ფერი გადაჰკრავდა, როგორიც ბრინჯაოს ვენერას. არაგონელი ორმოციოდე წლის გამხდარი და ნერვიული მამაკაცი იყო, ექვსიოდე ფუტის სიმაღლისა. მის მოყვითალო კანს ისეთივე ფერი გადაჰკრავდა, როგორც ბრინჯაოს ვენერას. აღშფოთებული ბატონმა ალფონსმა გადააგდო თავის ჩოგანი. - სულ ამ დაწყევლილი ბეჭდის ბრალია, - წამოიძახა მან: -ისე მიჭერს თითზე, რომ ნაღდი ბურთი ავაცდინე! გაჭირვებით მოიძრო თითიდან ბრილიანტიანი ბეჭედი; მისკენ გავეშურე ბეჭდის გამოსართმევად, მაგრამ მან ზედაც არ შემომხედა, ვენერასთან მივიდა და უსახელო თითზე წამოაცვა. შემდეგ დაბრუნდა და კვლავ სათავეში ჩაუდგა ილელთა გუნდს.    ალფონსი ფერწასული იყო, თუმცა გარეგნულად მშვიდი და დინჯიც ჩანდა. ამის შემდეგ მას ერთი შეცდომა აღარ დაუშვია და ესპანელებიც სასტიკად დაამარცხეს. სასიამოვნო სანახავი იყვნენ გულშემატკივრები; ზოგიერთი სიხარულიტ ყვიროდა და ჰაერში ისროდა ქუდს, ზოგი კი მას ხელს ართმევდა და ქალაქის ღირსების დამცველს უწოდებდა. ალფონსი სიხარულს არ მალავდა და ამან კიდევ უფრო დაამწუხრა დამარხცებულნი. - ჩვენ კვლავაც ვითამაშებთ, ჩემო კარგო. - დამაჯერებლი კილოთი უთხრა მან არაგონელს, - მხოლოდ იცოდეთ, წინასწარ რამდენიმე ქულას მოგცემთ. რატომღაც მეგონა, ბატონი ალფონსი უფრო თავშეკავებული იქნებოდა, მაგრამ გავვოცდი, როდესაც დავინახე, როგორ გაანადგურა თავისი მოწინააღმდეგე. გიგანტმა ესპანელმა ეს სიტყვები შეურაცხყოფად მიიღო. ხორბლიფერი სახე გაუფითრდა, კბილები გააღჭრიალა, სახე მოქუფრულმა დახედა თავის ჩოგანს და ყრუ ხმით ჩაილაპარაკა: „Me lo pagaras“.    ბატონ დე პეირორადოს ხმამ ბატონ ალფონსის მხიარული განწყობილება შეანელა. ჩემი მასპინძელი დიდად გაკვირდა, თავისი შვილი ეზოში, ახალ ეტლთან რომ ვერ იპოვა და კიდევ უფრო განცვიფრდა, როდესაც იგი, მთლად ოფლში გაღვრილი ჩოგნით ხელში დაინახა. ბატონი ალფონსი სახლში შევარდა, ხელ- პირი დაიბანა, ისევ თავის ახალ ტანსაცმელში გამოეწყო, ლაქის ფეხსაცმელები ჩაიცვა და მალე პუიგარგის გზაზე მივქროდით. მთელი ქალაქის ჩოგბურთის მოთამაშენი და გულშემატკივარნი მხიარული შეძახილებით მოგვდევდნენ. ღონიერ ცხენებს ძლიერ გაუჭირდათ მამაცი კატალონელებისაგან თავის დაღწევა.    ჩვენი კორტეჟი ის იყო პუიგარგში შევიდა და მერიასკენ გაეშურა, რომ ბატონმა ალფონსმა ხელი თავში შემოირტყა და ჩუმად მითხრა: - აი უბედურება! ის ბეჭედი დამავიწყდა! იგი ხომ ვენერას თითზე ჩამოვაცვი. ეშმაკმა წაიღოს! .. დედაჩემს ნუ ეტყვით, იქნება ვერც შეამჩნიოს. - ხომ შეგიძლიათ ვინმე გააგზავნოთ? - ვუთხარი მე. - ოჰ! ჩემი მოსამსახურე ილში დარჩა. სხვებს კი ვერ ვენდობი. ბრილიანტი ათას ორასი ფრანკი ღირს: ამან კი შეიძლება ვინმე აცთუნოს. რას იტყვიან ჩემს გულმავიწყობაზე! ნამდვილად მასხარად ამიგდებენ. ქანდაკების ქმარს შემარქმევენ... ჯანდაბას, ოღონდ ნურავინ მომპარავს და! კიდევ კარგი, ქანდაკების ეშინიათ ჩვენს ქალაქელ უქნარებს; ასე რომ, არა მგონია, გაბედონ და მის მკლავს მიეკარონ. ეჰ!.. თუმცა, არა უშავს, მეორე ბეჭედი ხომ თან მაქვს. ორივე ცერემონია - სამოქალაქო და რელიგიური დიდი ზეიმით ჩატარდა. მადმუაზელ დე პიუგარიგმა მიიღო პარიზული მკერავი ქალის ბეჭედი და არც გაუგია, ეს ბეჭედი მისმა საქმრომ სხვა ქალთან სიყვარულის საფასურად რომ შეიძინა. შემდეგ მაგიდას შემოვუსხედით და შევუდექით ჭამა- სმას და ვიმღერეთ კიდევაც. ყოველივე ეს დიდხანს გაგრძელდა. ამ გადამეტებული მხიარულის გამო დედოფლის მაგივრად ვწუხდი, თუმცა იმაზე უკეთესად ეჭირა თავი, ვიდრე მოველოდი. მისი მორცხვობა სრულიადაც არ იყო გამოწვეული მოუქნელობით ანდა მოჩვენებით. თუმცა სიმხნევე ადამიანს ხომ სწრორედ ძნელი სიტუაცების დროს ემატება. ოთხი საათი იყო, ღვთის წყალობით, სადილობას რომ მოვრჩით. მამაკაცები შესანიშნავ პარკში ჩავიდნენ სასეირნოდ, ზოგიც იქვე გაზონზე, საზეიმო ტანსაცმელში გამოწყობილნი, პუიგარგიელთა ცეკვებს შესცქეროდნენ. რამდენიმე ხანს ასე ვერთობოდით. ამ დროს ქალები დედოფალს შემოხვეოდნენ; იგი მათ თავის საქორწილო საჩუქრებს უჩვენებდა. მერე ტანსაცმელი გამოიცვალა, თავსაბური და ფრთებით გამოწყობილი ქუდი დაიხურა და თავისი მშვენიერი თმა დამალა; უნდა ითქვას, ქალებს ყოველთვის ეჩქარებათ ჩაიცვან ან დაიხურონ, ის რაც მათ ქალიშვილობაში ეკრძალებოდათ.    რვა საათი იყო, ილში დასაბრუნებლად რომ გავემზადეთ. მანამდე კი მოხდა ერთი გულისამაჩუყებელი ამბავი. მადმუაზელ დე პუიგარიგის მოხუც და ღვთისმოშიშ მამიდას, რომელიც დედის მაგივრობას უწევდა, წესის მიხედვით, არ ჰქონდა უფლება ჩვენთან ერთად ქალაქში წამოსულიყო. გამომგზავრების წინ მან რჩევა- დარიგება მისცა ძმისწულს და აუხსნა, რა შეადგენდა მის მოვალეობას. რჩევა- დარიგებას ცრემლის ნაკადულები მოჰყვა, ასეთი განშორება ბატონმა დე პეირორადმა საბინების მოტაცებას შეადარა. დავიძარით, გზაში ყოველი ჩვენთაგანი ცდილობდა გაემხიარულებინა დედოფალი, როგორმე გაეცინებინა იგი, მაგრამ ამაოდ, ქალი კრიჭაშეკრული იჯდა.    ილში ვახშამი გველოდა და მერე როგორი ვახშამი! თუ დილის უხეშმა მხიარულებამ თავზარი დამცა, ახლა კიდევ უფრო მოსაწყენი მეჩვენა ის ორაზროვანი ხუმრობა და მოსწრებული სიტყვები, ნეფე- დედოფლის მიმართ რომ იყო გამიზნული. ნეფე, მაგიდასთან დაჯდომამდე რამდენიმე ხნით რომ გაუჩინარდა, ახლა გაფითრებული და საშინლად დაღვრემილი იჯდა. წამდაუწუმ კოლიურის იმ ძველ ღინოს ეტანებოდა, სიმგრით რომ არაფრით ჩამოუვარდებოდა. გვერდით ვიჯექი და ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, გამეფრთხილებინა. - ჭკუით იყავით! ამბობენ, რომ ეს ღვინო.. - და, რა და რა სისულელეები არ ვუთხარი, ოღონდაც სმისაგან თავი შეეკავებინა. მან მუხლი გამკრა და ჩამჩურჩულა. - მაგიდიდან რომ ავდგებით... რაღაც მინდა გითხრათ. მისმა ხმამ გამაკვირვა. უფრო ყურადღებით შევხედე და სახეზე რაღაც განსაკუთრებული ცვლილება შევამჩნიე. - ცუდად ხომ არა ხართ? - ვკითხე. - არა. - და კვლავ სმას მიჰყო ხელი.    ამ დროს, ღრიანცელსა და ტაშის კვრაში, ასე თერთმეტიოდე წლის ბავშვი, მაგიდის ქვეშ შემძვრალიყო და მექორწინეთ ლამაზ, თეთრმოვარდისფრო ზონარს უჩვენებდა, დედოფლისათვის კოჭიდან რომ მოეხსნა. მას წვივსაკრავს უწოდებენ. იგი მაშინვე დაჭრეს და დაურიგეს ახალგაზრდებს, მათ კი, ტრადიციის თანახმად, ჯერ კიდევ რომ არის შემორჩენილი ზოგიერთ პატრიარქალურ ოჯახში, ღილკილოში დაიბნიეს იგი. ამაზე დედოფალი ყურებამდე გაწითლდა. მაგრამ მალე ბატონმა დე პერიორადმა დაამშვიდა ქალი. ფეხზე წამომდგარმა სიწყნარე მოითხოვა, მერე დედოფალს რამდენიმე თავისი შეთხზული კატალონური ექსპრომტი უმღერა; მათი შინაარსი დაახლოებით ასეთი იყო: „რა ამბავია, მეგობრებო? ნუთუ ღვინის ბრალია, საგნები რომ ორად მეჩვენება. აქ ორ ვენერას ვხედავ“... - შეშფოთებულმა ნეფემ უცბად მოაბრუნა თავი, რამაც საერთო სიცილი გამოიწვია. „დიახ, - განაგრძო ბატონმა დე პეირორადმა, - ჩემს ჭერქვეშ ორი ვენერაა. ერთი, სოკოსავით მიწაში ჩაფლული რომ ვიპოვე, მეორე კი, ციდან ჩამოსული, თავისი ქამარი რომ გაგვინაწილა“. მას წვივსაკრავი უნდოდა ეთქვა და მოერიდა. - შვილო ჩემო, რომაელი და კატალონელი ვენერიდან აირჩიე რომელიც გინდა-მეთქი, ვუთხარი. იმ ცუღლუტმაც კატალონელი აირჩია და მისი არჩევანიც ცხადია, უკეთესია. რომაელი შავია, კატალონელი კი თეთრი. რომაელი ცივია, კატალონელი კი ყველას სწვავს, ვინც მიეკარება. ამ უკანასკნელმა სიტყვებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ისეთი ტაში და სიცილ- ღრიანცელი ატყდა, რომ შემეშინდა, ჭერი თავზე არ ჩამოგვექცეს-მეთქი. მაგიდას ირგვლივ მხოლოდ სამი სერიოზული კაცი უჯდა: ნეფე- დედოფალი და მე. საშინლად მტკიოდა თავი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ქორწილი ყოველთვის მომაწყენს ხოლმე. ამ ქორწილმა კი ჩემზე რაღაც უსიამოდ იმოქმედა.    უკანასკნელი მისამღერი მერიის თანაშემწემ დაასრულა და უნდა ვაღიარო, ფრიად იმარჯვა. მერე სასტუმრო ოთახში გადავინაცვლეთ; აქ კი დედოფალი საძინებელ ოთახში წასაყვანად უნდა მოემზადებინათ, რადგანაც შუაღამე უკვე მოტანებული იყო.    ბატონმა ალფონსმა ფანჯარასთან მიმიყვანა და თვალებაცეცებულმა მითხრა: - ალბათ მასხრად ამიგდებთ... მაგრამ არ ვიცი, რა მომდის... მოჯადოებული ვარ! ეშმაკმა წამიღოს!    გუნებაში გავიფიქრე, ალბათ იმ საფრთხის ეშინია, რაზედაც მოგვითხრობენ მონტენი და მადამ დე სევინიე: „სიყვარულით სავსე მსოფლიო სავსეა აგრეთვე ტრაგიკული ამბებითაც და ა.შ.“ „რატომღაც ყოველთვის მეგონა, ასეთი რამ მხოლოდ და მხოლოდ გონებადატვირთულ ადამიანებს ემართებათ-მეთქი“, - ვთქვი ჩემს გუნებაში. - თქვენ ბევრი დალიეთ კოლიურული ღვინო, - ვუთხარი მე. - აკი გაგაფრთხილეთ. - დიახ, ალბათ... მაგრამ იცით, უფრო საშიში რაღაც მჭირს. ყრუ ხმა ჰქონდა და გავიფიქრე , სასტიკად დამთვრალა-მეთქი. - ხომ გახსოვთ ჩემი ბეჭედი? - მცირე სიჩუმის შემდეგ მკითხა მან. - როგორ არა! მოიპარეს? - არა. - თქვენთან არის? - არა..მე.. ვერ შევძელი მისი მოძრობა იმ ცბიერი ვენერას თითიდან. - აი, თურმე რა ყოფილა. ალბათ ძალა არ დაატანეთ მოსაძრობად. - კი, ყველაფერი ვცადე, მაგრამ ვენერამ..- მან თითი მოხარა. დაბნეული შემომცქეროდა და რომ არ დაცემულიყო, ფანჯარას მიეყრდნო. - ზღაპარია! - ვთქვი მე. - ალბათ ბეჭედი ღრმად ჩამოაცვით თითზე. ხვალ მარწუხით მოხსნით, მხოლოდ ფრთხილად იყავით, ქანდაკება არ დააზიანოთ. - ვერ გამიგეთ, რასაც გეუბნებით, ვენერამ თითი მოხარა, იგი ხელს უჭერს ბეჭდს, გესმით? .. გამოდის, რომ ჩემი ცოლია.. რაკი თითზე ჩამოვაცვი.. ბეჭდის დაბრუნება აღარ უნდა.    ერთბაშად შემაჟრჟოლა, მაგრამ იმწამსვე ალფონსმა ღრმად ამოისუნთქა და ღვინის სუნი მეცა, რამაც გონს მომიყვანა. „საწყალი, რა მაგრად დამთვრალა“, - გავიფიქრე. - თქვენ, ბატონო ჩემო, ანტიკვარი ბრძანდებით, - განაგრძო მომჩივნის კილოთი, - კარგად იცნობთ ამ ძეგლებს.. იქნებ რაიმე ზამბარიანი, ან რაღაც საიდუმლოებაა, რაზეც მე წარმოდგენა არა მაქვს.. იქნებ გენახათ? - სიამოვნებით, - ვუთხარი, - ერთად წავიდეთ. - არა, ისა სჯობს, მარტო წახვიდეთ. სასტუმრო დარბაზიდან გავედი.    სანამ ჩვენ ვვახშმობდით, ამინდი გამოცვლილიყო და ახლა კოკისპირულად წვიმდა. ქოლგის სათხოვრად რომ გავემართე, უცებ ერთმა აზრმა შემაჩერა: „სისულელე არ არის, დავუჯერო მთვრალი კაცის ნაბოდვარს? ან ხომ შეიძლება ჩემი გამასხარავება უნდოდეს, რომ შემდეგ თავისი პატივცემული თანამემამულენი აცინოს. სხვა რომ არა იყოს რა, თავით- ფეხებამდე დავსველდები და ერთი კარგდაც გავცივდები“. ღია კარიდან ქანდაკებას გავხედე, წვიმა თქიშინით ეღვრებოდა ტანზე. სასტუმრო დარბაზში შეუსვლელად, პირდაპირ ჩემი ოთახისკენ გავწიე. დავწექი, მაგრამ ძილი რატომღაც არ მეკარებოდა, ჩემს თვალწინ დღევანდელი დღის თითქმის ყოველი სცენა გაცოცხლდა. ვფიქრობდი ლამაზ ქალიშვილზე, ასე უმოწყალოდ რომ მიაგდეს ამ უხეშ ლოთს. „რა საზიზღრობაა, - გავიფიქრე ჩემთვის, - ანგარიშიანი ქორწილი! მერი სამფეროვან ლენტზე ოცნებობს, მღვდელი - ოლარზე და ყველაზე ღირსეული ქალიშვილი კი მონოტავრმა დაისაკუთრა. როგორ უნდა იცხოვროს ერთად ორმა არსებამ, თუ სიყვარული არ აკავშირებთ: რა უნდა უთხრან ერთმანეთს ასეთ დროს? ნუთუ ქალს შეუძლია შეიყვაროს მამაკაცი, ვინც ერთ დროს მის მიმართ უხეში იყო? პირველი შთაბეჭდილება არასოდეს წარიშლება და დარწმუნებული ვარ, ბატონი ალფონსი საკუთარი ცოლის სიძულვილს დაიმსახურებს“...    ამ მონოლოგის დროს ერთბაშად სახლში ძლიერი ხმაური ატყდა. იღებოდა და იკეტებოდა კარები, ისმოდა ეტლების რახარუხი, შემდეგ მომესმა კიბეზე ამომავალი ქალის ფეხის ხმა, მათ დერეფნის ბოლოში, ჩემი ოთახის საწინააღმდეგო მიმართულებით გაუხვიეს. ალბათ პატარძლის ამალა იყო, საწოლში თუ მიაცილებდნენ დედოფალს. შემდეგ ისინი კიბეზე დაეშვნენ და ქალბატონი დე პეირორადის ოთახის კარი დაიკეტა. „რა დღეში იქნება ახლა საწყალი გოგონა, რა ცუდად იგრძნობს ალბათ თავს...„ - გავივლე გულში. საზიზღარ გუნებაზე დავდექი, საწოლში ვტრიალებდი წარამარა. რა სასაცილო მდგომარეობაშია უცოლშვილო კაცი ისეთ სახლში, სადაც ქორწია გაჩაღებული.    რამდენიმე ხნით სახლში სიჩუმე გამეფდა, მაგრამ უცბად იგი კიბეზე ამომავალმა ძლიერმა ფეხის ხმამ დაარღვია. ხის საფეხურები საზარლად აჭრიალდა. - აი დათვი! - წამოვიძახე გუნებაში. - ვიღაცა, კისერს მოიმტვრევს ამ კიბეზე. კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. წიგნი ავიღე, რომ სხვა რამეზე მეფიქრა. წიგნი დეპარტამენტის სტატისტიკური ანგარიში აღმოჩნდა, სადაც მოთავსებული იყო ბატონ დე პეირორადის სტატია პრადის ოლქის ძეგლებზე. მესამე გვერდზე ჩამეძინა.    ცუდად მეძინა და რამდენჯერმე გამომეღვიძა. დილის ხუთი საათი თუ იქნებოდა, მამალმა რომ დაიყივლა. ამ დროისათვის უკვე ოცი წუთის გაღვიძებული ვიყავი. თენდებოდა, და აი კვლავ გავიგონე იგივე ფხის ხმა, იგივე კიბის ჭრიალი, დაძინებამდე რომ მომესმა. ვამთქნარებდი და ვცდილობდი გამომეცნო, რისთვის ადგა ბატონი დე პეირორადი ასე ადრე: მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. ის იყო თვალის დახუჭვა დავაპირე, რომ ჩემი ყურადღება უცნაურმა ხმაურმა მიიპყრო, სულ მალე ზარების რეკვა და კარის ჯახუნი ატყდა. ბოლოს, რაღაც გულის გამგმირავი ზრიალი გაისმა. „ჩვენმა ლოთმა ნეფემ ნამდვილად ხანძარი გააჩინა! - გავიფიქრე და საწოლიდან გადმოვხტი.    საასწრაფოდ ჩავიცვი და დერეფანში გავვარდი. დერეფნის მეორე მხრიდან შემზარავი ყვირილი და ტირილი- გოდება მოისმოდა: - ჩემი შვილი! ჩემი შვილი!    მივხვდი, რომ ბატონ ალფონსს რაღაც უბედურება შეემთხვა. სირბილით შევვარდი ახალ დაქორწინებულთა საწოლ ოთახში. იგი ხალხით იყო სავსე. პირველი, რაც თვალში მომხვდა, ნახევრად შიშველი ახალგაზრდა კაცი იყო, იგი დამტვრეულ ხის საწოლზე გარდიგარდმო ეგდო: გაფითრებული, უძრავად გაშეშებულიყო. დედამისი ტიროდა და მოთქვამდა მის გვერდით. ბატონი დე პეირორადი დაჩოქილიყო, ოდეკოლონით საფეთქლებს უზელდა და ცხვირქვეშ მარილს ადებდა შვილს, მაგრამ ვაი რომ მისი შვილი დიდი ხნის მკვდარი იყო! ოთახის მეორე ბოლოს, დივანზე იწვა პატარძალი, იგი არაადამიანური ხმით ყვიროდა. ორი მსახური ქალი ძლივს აკავებდა! - ღმერთო ჩემო! - წამოვიძახე, - რა მოხდა, - საწოლს მივუახლოვდი და ახალგაზრდა კაცის ცხედარი ავწიე. იგი უკვე გაცივებული იყო. დაკრეჭილი კბილები და გაშავებული სახე უდიდეს ტანჯვას გამოხატავდა. ეტყობოდა, მკვლელის ხელით იყო დაღუპული და წამებით ამოხდომოდა სული. ტანსაცმელს სისხლის პატარა ლაქაც კი აჩნდა. პერანგი გადავუხსენი და მკერდზე ზოლი შევამჩნიე, იგი გვერდებსა და ზურგზეც გასდევდა. გეგონებოდა, რკინის რგოლით არის მოგუდულიო. ფეხი ხალიჩაზე დაგდებულ რაღაც მაგარ საგანს დავადგი. დავიხარე და ხელში ბრილიანტებით მოჭედილი ბეჭედი შემრჩა.    ბატონი დე პეირორადი და მისი მეუღლე თავიანთ ოთახში გავიყვანე, შემდეგ პატარძალიც მოვაცილე იქაურობას. - თქვენ ქალიშვილი გყავთ კიდევ, ასე რომ, მას თქვენი მზრუნველობა სჭირდება, - ვუთხარი ცოლ-ქმარს და მარტო დავტოვე ისინი. რატომღაც არ მეგონა, რომ ბატონი ალფონსი მკვლელების მიერ მოკლული ყოფილიყო, როლებმაც ხელსაყრელი მომენტიდან ღამით, პატარძლის ოთახი აირჩიეს. იარამ, მთელ ზურგზე რომ გასდევდა, საგონებელში ჩამაგდო, არ შეიძლებოდა იგი ჯოხით ან რაიმე რკინით მიეყენებინათ. უცბად მომაგონდა, რომ ყვებოდნენ, ვალენსიაში მკვლელები ფულის გულისთვის ქვიშით სავსე ტყავის გრძელ ტომრებს ხმარობენო. იმავე წამში მომაგონდა არაგონელი მეჯორე და მისი მუქარა. თუმცა ამავე დროს ძნელი წარმოსადგენი იყო, მას ასე სატიკად გადაეხადა სამაგიერო ბატონი ალფონსისათვის რაღაც უმნიშვნელო გახუმრებისათვის. მთელი სახლი მოვიარე, ეგება მკვლელების რაიმე კვალი აღმოვაჩინო-მეთქი, მაგრამ ამაოდ. ბაღშიც ჩავედი, მკვლელებმა ეს მახრე ხომ არ გამოიყენეს-მეთქი. აქაც ვერაფერს წავაწყდი. წუხანდელმა წვიმამ ისე გადარეცხა მიწა რომ ყოვლად შეუძლებელი იყო რაიმე კვალი დარჩენილიყო. უცბად მიწაში ღრმად ჩამჯდარი ფეხის ნაკვალევი შევამჩნიე, იგი ცოცხალი ღობის კუთხიდან იწყებოდა და სახლის ზღურბლთან წყდებოდა. ეს ნამდვილად ბატონი ალფონსის ნაკვალევი უნდა ყოფილიყო, როცა იგი ბეჭდის მოსახსნელად ქანდაკებისკენ გაემართა. ცოცხალი ღობის ერთი მხარე საკმაოდ დაბალი იყო, შესაძლებელია, გავიფიქრე, მკველებმა სწორეს ეს ადგილი გამოიყენეს გადასასვლელად-მეთქი. როცა ქანდაკების გარშემო ვტრიალებდი, ერთი წუთით შევჩერდი. მინდოდა, ერთხელ კიდევ თვალი შემევლო მისთვის. უნდა ვაღიარო, შემაცბუნა ქანდაკებამ: ბოროტი ირონია აღბეჭდოდა საზეზე. ჩემს წინ იდგა ბოროტი ღვთაება, რომელსაც უზომოდ უხაროდა ის უბედურება, რაც ამ სახლში ტრიალებდა. ჩემს ოთახში დავბრუნდი და ნაშუადღევამდის გარეთ არ გამოვსულვარ. ნაშუადღევს ჩემი მასპინძლები მოვიკითხე. ისინი ცოტად თუ ბევრად დამშვიდებულიყვნენ; მადმუაზელ დე პუიგარგი, უფრო სწორად ბატონ ალფონსის ქვრივი, გრძნობაზე მოსულიყო და კიდევაც ელაპარაკა თურმე პერპინიანის მეფის პროკურორს, - იგი ილში შემთხვევით აღმოჩნდა. ხელისუფლების წარმომაგდენლისათვის მას თავის ჩვენება მიუცია. პროკურორმა მეც მომთხოვა ჩვენება. ავდექი და მოვუყევი ყველაფერი, რაც ვიცოდი. ჩემი ეჭვებიც არ დამიმალავს მეჯორე არაგონელზე. პროკურორმა მისი დაპატიმრება ბრძანა. - ქალბატონი ალფონსიასგან თუ შეიტყვეთ რამე? - შევეკითხე პროკურორს, როდესაც ჩვენება დავწერე და ხელიც მოვაწერე. - საწყალი ახალგაზრდა ქალი! ნამდვილად გაგიჟდა! - მითხრა მან და სიბრალულით გაიღიმა. - ნამდვილად შეიშალა, ნამდვილად! არ რა მომიყვა: - რამდენიმე წუთის დაწოლილი ყოფილა (საწოლის ფარდები ჰქონია ჩამოფარებული), როდესაც მისი ოთახის კარი ვიღაცას გაუღია და შემოსულა. ქალბატონი ალფონსი საწოლის კიდეზე იწვა, კედლისაკენ გადაბრუნებული, იგი არც განძრეულა თურმე, ვინაიდან დარწმუნებული იყო, ქმარი შემოვიდაო. უცბად საწოლი საშინლად აჭრიალდა თურმე, თითქოს ლოგინს უზარმაზრი სიმძიმე დააწვაო. ქალბატონი ალფონსი შეშინებულა, მაგრამ გადმობრუნება ვერ გაუბედავს. ხუთი წუთი, ალბათ ათი წუთი... მას ვერ მოუგონია, რამდენი დრო გავიდა ასე. შემდეგ ქალი უნებურად გაინძრა თურმე, ან შეიძლება იმ ვიღაცამ გვერდი მოინაცვლა; ყოველ შემთხვევაში, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ქალი ყინულივით ცივ საგანს შეეხო. რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ გაიღო კარი, ვიღაც შემოვიდა და თქვა: „საღამო მშვიდობისა, ჩემო პატარა მეუღლევ“ - ცოტა ხანიც და ფარდები გასწიეს. უცებ ქალს შემზარავი ყვირილი მოესმა, ის, ვინც მის გვერდით, საწოლში იწვა, წამოჯდა თურმე და ხელები წინ გაიშვირა. მაშინ ქალმა თავი მოაბრუნა... და დაინახა: მისი ქმარი მუხლებზე იყო დამხობილი, თავი ბალიშის სიმაღლეზე ჰქონდა და მომწვანო გიგანტის მკლავებში ფართხალებდა. საწყალმა ქალმა მითხრა და ორჯერ გამიმეორა, რომ ვიცანიო.. აბა, თუ მიხვდებით, ვინ იცნო? ვინა და, ბრინჯაოს ვენერა, ბატონი დე პეირორადის ქანდაკება!.. რაც ის ქანდაკება აქ არის, მთელი ქვეყანა შეიშალა სწორედ. მაგრამ სჯობს განვაგრძო საწყალი, შეშლილი ქალის ნაამბობი.    ამის დანახვაზე ქალს გონება დაუკარგავს, თუმცა ამ დროისათვის იგი აღარც იქნებოდა სრულ გონებაზე. ვერაფერს ვერ იგონებს, რამდენ ხანს იყო გრძნობადაკარგული. როდესაც გონს მოვიდა, დაინახ, რომ ურჩხულს, ან როგორც თვითონ ამბობს, ქანდაკებას, წელს ქვემოთ საბანი ეხურა, ხოლო მკლავები წინ ჰქონდა გაშვერილი და მისი უმოძრაო ქმარი ეჭირა. ამ დროს მამალმა დაიყივლა. ქანდაკება მაშინვე ლოგინიდან ადგა, ხელი უშვა ცხედარს და გავიდა. ქალბატონ ალფონსი ზარს მივარდნია, ხოლო დანარჩენი თქვენც კარგად მოგეხსენებათ.    მოიყვანეს ესპანელი. იგი მშვიდად გამოიყურებოდა, თავს გულგრილად და დიდის ღირსებით იცავდა, წონასწორობას არ კარგავდა. მას არ უარყვია ის მუქარა, თამაშის დამთავრების დროს რომ წარმოთქვა: მინდოდა მეორე დღეს, დასვენებული შევხვედროდი ჩემს მეტოქეს და მაშინ მას ნამდვილად მოვუგებდიო, - განმარტა მან და მერე დაუმატა: - როდესაც არაგონელი შეურაცხყოფილია, არასოდეს დაელოდება მომავალ დღეს, შური რომ იძიოს. ბატონი ალფონსის სიტყვები შეურაცხყოფად რომ მიმეღო, იქვე ჩავცემდი დანას მუცელში.    მის ფეხსაცმელები ბაღში აღმოჩენილ ნაკვალევს შეადარეს, მაგრამ ნაკვალევი ბევრად უფრო დიდი არმოჩნდა. და ბოლოს სასტუმროს პატრონმა, ვისთანაც ესპანელმა ღამე გაათენა, განაცხადა, არაგონელმა მთელი ღამე ერთი ავადმყოფი ჯორის მოვლასა და მკურნალობაში გაატარეო.    სხვა რომ არაფერი ყოფილიყო, არაგონელი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და მას კარგად იცნობდნენ ილში, სადაც ყოველ წელიწადს სავაჭროდ დადიოდა თურმე. იძულებული ვიყავით არაგონელი გაგვეშვა და ბოდიშები გვეხადა.    ჰო, მართლა, სულ მავიწყდებოდა ერთი მოსამსახურის ჩვენება, რომელსაც სუ ბოლოს უნახავს ბატონი ალფონსი. ეს ის დრო იყო, მეუღლესთან ასვლას რომ აპირებდა. მას მსახური გამოუძახია და აშკარად შეშფოთებულს უკითხავს, ხომ არ იცი, სად არის ჩვენი სტუმარიო. მოსამსახურეს უპასუხნია, არ ვიციო. მაშინ ბატონ ალფონსს ამოუოხრავს და მცირე ხნის დუმილის შემდეგ უთქვამს: ნეტავი ისიც ეშმაკმა ხომ არ წაიღოო. მსახურს ვკითხე, ბატონ ალფონსს თუ ჰქონდა ხელზე ბრილიანტის ბეჭედი-მეთქი. იგი მცირე ხანს დაფიქრდა, შემდეგ მიპასუხა, მგონი არ ჰქონდა, თუმცა ამისათვის ყურადღება არ მიმიქცევია. - მას რომ თითზე ბეჭედი ჰქონოდა, - დაუმატა მან, - აუცილებლად შევამჩნევდი, ის ბეჭედი ხომ მეუღლეს მიართვა და ხელზე რომ ჰქონოდა, უთუოდ ყურადღებას მივაქცევდი. მსახურის დაკითხვის დროს რატომღაც ერთგვარი შიში ვიგრძენი, ის უცნაური შიში, რაც ამ სახლში სუფევდა საერთოდ. ქალბატონი ალფონსის ჩვენების შემდეგ მეფის პროკურორი ღიმილით მიყურებდა და მეც თავი შევიკავე შემდგომი შეკითხვებისაგან.    ბატონი ალფონსის დასაფლავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გასამგზავრებლად მოვემზადე. ბატონ დე პეირორადის ეტლს პერპინიანში უნდა მივეყვანე. საწყალმა მოხუცმა, - თუმც შეუძლოდ იყო, - გადაწყვიტა, ბაღის ჭიშკრამდე გავეცილებინე. ხმის ამოუღებლივ გავიარეთ ბაღი, მოხუცი ჩემს მკლავზე იყო ჩამოკიდებული და ძლივს მიათრევდა ფეხს. განშორების ჟამს უკანასკნელად შევავლე თვალი ვენერას. ვიგრძენი, ჩემი მასპინძელი სრულიადაც არ იზიარებდა იმ შიშსა და ზიზღს, რასაც ქანდაკების მიმართ განიცდიდნენ მისი ოჯახის წევრები. ამისდა მიუხედავად, მეგონა, იგი თავიდან მოიშორებდა იმ საგანს, მხოლდ და მხოლოდ უბედურებას რომ აგონებდა. მეც გავიფიქრე, მოდი ვურჩევ რომელიმე მუზეუმს მისცეს-მეთქი ქანდაკება, მაგრამ არ ვიცოდი, საიდან დამეწყო ლაპარაკი. ამ დროს ბატონ დე პეირორადმა უანგარიშოდ მიაბრუნა თავი იმ მხრისაკენ, საითაც ასე დაჟინებით ვიყურებოდი. ქანდაკება რომ დაინახა, ცრემლები წასკდა. უსიტყვოდ გადავკოცნე იგი და ეტლში ჩავჯექი.    ჩემი წასვლის შემდეგ ახალი არაფერი შემიტყვია იმ იდუმალ ამბებზე. ბატონი დე პეირორადი თავის ვაჟის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მოკვდა. ანდერძად თავისი ხელნაწერები დამიტოვა, რომელთაც ალბათ ოდესმე დაბეჭდავდა. მათ შორის ვერ აღმოვაჩინე ვენერაზე ამოკითხული წარწერების განმარტება.    P.S. ჩემმა მეგობარმა ბატონმა დე პ- მ პერპინიანიდან მაცნობა, ქანდაკება აღარ არსებობსო, ქმრის სიკვდილის შემდეგ ქალბატონ დე პეირორადს იგი ზარად გადაუდნია და ეკლესიის სამრეკლოზე დაუკიდია, მაგრამ როგორც ჩანს.. - უმატებს ბატონი დე პ., - ავი ბედისწერა სდევნის იმას, ვინც ამ ბრინჯაოს დაეუფლება. მას შემდეგ, რაც ეს ზარი ილში რეკავს, ვაზი უკვე ორჯერ გაიყინა. წაიკითხეთ სხვა ავტორებიც შტეფან ცვაიგი მარკ ტვენი ედგარ პო ერნესტ ჰემინგუეი მიხაილ ბულგაკოვი ანტონ ჩეხოვი ჯონ გოლზუორთი ფრანც კაფკა ავტორთა საძიებელი …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 8:44pm on მარტი 28, 2015
თემა: ბუდისტური სკოლები
ეყრდნობოდნენ და ინდური ბუდიზმის შესაბამის თეორიებს ამუშავებდნენ. აქცენტი ამ სკოლებში კეთდებოდა კერძო ფილოსოფიურ საკითხებზე. მაგალითად, არსებობდა მადჰიამიკას, იოგაჩარას, თჰერავადას, ვასუბანდჰუს და ა.შ. ტრაქტატებზე დაფუძნებული მიმართულებები. ამ სკოლებში ასევე მნიშვნელოვანი მთარგმნელობითი სამუშაოები მიმდინარეობდა და ისინი საკუთრივ ინდური ბუდიზმის სკოლებს წარმოადგენდნენ ჩინეთში. მათ დიდი წვლილი შეიტანეს ჩინური ბუდიზმის ფორმირებაში, მაგრამ როგორც დამოუკიდებელი სკოლები შედარებით მცირე ხანს არსებობდნენ და არამრავალრიცხოვანნი იყვნენ. სუტრების სკოლები (ცზინ). ეს სკოლები რომელიმე სუტრას ეყრდნობოდნენ, რომელიც ტრადიციის მიხედვით მიეწერებოდა თავად ბუდას და ფილოსოფიურ საკითხებთან ერთად დიდ ყურადღებას უთმობდნენ რელიგიურ-დოქტრინალურ საკითხებსაც. სწორედ ამ მიმართულებაში ჩამოყალიბდა ჩინური ბუდიზმის ორი უმნიშვნელოვანესი ორიგინალური სკოლა: თიენტაის და ხუაიანის სკოლები. თიენტაის სკოლის ფუძემდებლად ითვლება ბერი სახელად ჩჟი-ი (538 - 597 წწ.), რომელიც დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აღმოსავლეთ ჩინეთში, თიენტაის მთაზე (პროვ. ჩჟეციანი). სწორედ აქედან მოდის სკოლის დასახელება: თიენტაიშანის, ანუ თიენტაის მთის სკოლა.       ყველა სუტრაზე უფრო მაღლა იგი აყენებდა "ავატამსაკა" (ჩინ. ხუაიან ძინ) და "ლოტოსის" სუტრებს. ამ უკანასკნელს ჩინურად ეწოდება "ფა ხუა ძინ". აქედან მომდინარეობს სკოლის მეორე სახელწოდება: ფა ხუა ძუნი, ანუ ლოტოსის სუტრას სკოლა. თიენტაის ტრადიციის მიხედვით, როდესაც ბუდა შაკიამუნიმ გასხივოსნებას მიაღწია, იგი ერთგვარი ტრანსის, მედიტაციური კონცენტრირების მდგომარეობაში, იმყოფებოდა. ამ მდგომარეობაში მან გამოთქვა "ავატამსაკა" სუტრა და უქადაგა ის ღმერთებსა და ბოდჰისატვებს. მაგრამ სუტრას შინაარსი მათთვისაც კი რთული გასაგები აღმოჩნდა. ამის შემდეგ ბუდამ გადაწყვიტა ეტაპობრივად მიეყვანა არსებები ჭეშმატირების წვდომამადე და იქადაგა ბენარესში. აქ მან გამოთქვა მოძღვრება ოთხი ჭეშმარიტებისა და ბჰავაჩაკრას შესახებ. მესამე ეტაპზე მან გამოთქვა იოგაჩარას მოძღვრება ცნობიერების შესახებ, მეოთხეზე მადჰიამიკას შუნია-ვადა. მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვა მან "ლოტოსის" სუტრას მოძღვრება, რომელიც "ავატამსაკა" სუტრას შინაარსს იმეორებს, თუმცა, თავისი ფორმით ბევრად აღემატება მას, რადგანაც "ავატამსაკას" ენა ბრძენთათვისაც რთული გასაგებია, "ლოტოსის" სუტრა კი იმგვარი ენით არის დაწერილი, რომ ყველა ადამიანი მას თავისი შესაძლებლობების შესაბამისად გებულობს. ამ ტრადიციას ეწოდება მოძღვრება ხუთი ეტაპის შესახებ. ამგვარად, თიენტაი ძუნის მიხედვით, მხოლოდ "ლოტოსის" სუტრას გამოჩენის შემდეგ შეიძლება საუბარი სრულყოფილი, საბოლოო (მრგვალი იუან, როგორც მას ჩინურად უწოდებდნენ) მოძღვრების შესახებ. თიენტაის ძირითად დოქტრინას წარმოადგენს უკვე ნახსენები ეკა-ჩიტას თეორია. სკოლის სპეციფიკური ნიშანია მოძღვრება, რომელსაც ეწოდება "ი ნან სან ციან" "ცნობიერების ერთ აქტში სამი ათასი სამყარო". ექვს ბუდისტურ ლოკას მათ დაუმატეს კეთილშობილ არსებათა ოთხი სამყარო: შრავაკების, პრატიეკა-ბუდების, ბოდჰისატვების და ბუდას სამყაროები. თითეული ამ ათი სამყაროდან არსებობს ობიექტურად, მაგრამ მათი სფეროები არ არის პრინციპულად გამიჯნული ერთი მეორისგან, ისინი მსჭვალავენ ერთმანეთს. ამრიგად,10×10=100. გარდა ამისა, თითეული სამყარო შეიძლება განხილულ იქნას სამი ასპექტის მიხედვით: ბინადარი არსებების მიხედვით (მაგ., ცხოველთა), ხუთი სკანდჰას მიხედვით (ცნობიერების გაშლის ფსიქოლოგიური ასპექტი, ანუ, სამყარო როგორც ცნობიერების შინაასრის პროეცირება) და ადგილმდებარეობის მიხედვით (სამყარო, როგორც კონკრეტული სივრცე, ერთგვარი სამყარო-ქვეყანა). ამრიგად, 10×3=30. უკვე მიღებულ ასს ვამრავლებთ ამ ოცდაათზე და ვღებულობთ სამიათასს. თითეული ამ სამი ათასი სამყაროდან არსებობს როგორც ობიექტურად, ასევე როგორც არსებათა ცნობიერების შინაარსი და ეყრდობიან ეკა-ჩიტას (ჩინ. ი-სინ), როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ არსს, რომელიც, ამგვარად, ნებისმიერი არსებობის საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ეკა-ჩიტა არის ის გონი, რომელიც თავისი ცნობიერების თითეულ აქტში მოიცავს სამი ათასივე სამყაროს. მთელი სამყარო მის მანიფესტაციას წარმოადგენს. ბუდას ბუნება მთელ სამყაროს და ყველა მის ობიექტს ახასიათებს. ამ მოძღვრებიდან გამომდინარე, თიენტაის სკოლა აღიარებს ბუდას ბუნებას არა მარტო ცოცხალ არსებებში, არამედ ბუნების ყველა მოვლენაშიც. ამ თვალსაზრისით, იგი გამონაკლისს წარმოადგენს, არც ერთი სხვა ბუდისტური სკოლა არ აღიარებს ბუდას ბუნების არსებობას არა ცოცხალ ორგანიზმებში. მთელი სამყარო და ყველა ობიექტი ამ სამყაროში, აბსოლუტის სხვადასხვა ასპექტების მანიფესტაციას წარმოადგენს. ამასთან, გასხივოსნება აღარ განიხილება როგორც შეძენილი თვისება. მხოლოდ ბრიყვი ახდენს ბუდას იდენტიფიკაციას სიდჰართჰა გაუტამასთან, რომელმაც გასხივოსნებას ჯამბუს ხის ქვეშ მიაღწია, წერია "ლოტოსის" სუტრაში. ამ ფრაზაზე დაყრდნობით შეიქმნა მარადიული ბუდას თეორია. "ბუდა" უკვე არის გასხივოსნება, ეს გასხივოსნება არც ჩნდება და არც ქრება (შესაბამისად, არც ბუდა იბადება ან კვდება), ის არის ჭეშმარიტი და მარადიული არსი, ხოლო სამყარო სხვა არაფერია თუ არა მარადიული ბუდას მარადიული გამოვლინებანი. ცოტა მოგვიანებით, უკვე იაპონიაში, როდესაც სკოლა შინაგანი დაკნინების პერიოდს განიცდიდა, ამ თეორიამ სერიოზული გაუგებრობა გამოიწვია. კონკრეტულად, მრავალი ბერისთვის ამოუხსნელი გახდა კონფლიქტი შეძენილ და თავდაპირველ გასხივოსნებებს შორის. თიენტაის სკოლის კიდევ ერთ სპეციფიკურ ნიშანს წარმოადგენს მოძღვრება სამმაგი ჭეშმარიტების შესახებ. შემეცნების სამი საფეხური არსებობს და თითეულ საფეხურზე შესაძლებელია შესაბამისი ჭეშმარიტების წვდომა. პირველს ეწოდება სიცარიელის ჭეშმარიტება. შემეცნების ამ დონეზე ადამიანი იმეცნებს საგანთა არსებობას, მათ დამოკიდებულებოს სხვადასხვა მიზეზთა და ვითარებებისაგან, ანუ, საბოლოო ჯამში, მათ სიცარიელეს. მეორე საფეხურზე ადამიანი უკვე იმეცნებს, რომ ასეთი ისინი არიან, ვინაიდან მოკლებული არიან ჭეშმარიტ, უცვლელსა და მარადიულ არსს. ამ საფეხურზე სამყარო და მისი ობიექტები ემსგავსებიან ილუზორულ სახეებს, ფანტომებს. ამ დონეს ეწოდება ჭეშმარიტება მცდარის შესახებ ან შეფარდებითი ჭეშმარიტება. მესამე საფეხურს ეწოდება ზომიერი გზის ჭეშმარიტება. ამ დროს ადამიანი იმეცნებს, რომ თითეული საგანი       დაჯილდოებულია ბუდას ბუნებით (ჩინ. ფო სინ), რომელიც არც კვდება და არც იბადება. თუკი, პირველ საფეხურზე ცნიბიერება იმეცნებს საგნებს და მათ კავშირებს, ხოლო მეორე საფეხურზე მათ არასუბსტანციურობას, მესამე საფეხურზე კვლავ ხდება სამყაროს რეალურობის აღდგენა, ოღონდ უფრო მაღალ დონეზე. ფაქტიურად, ამ დონეზე ცნობიერება აღწევს იმის წვდომას, რომ სამყარო, თავისი ცოცხალი თუ არაცოცხალი ორგანიზმებით, დაჯილდოებული ბუდას ბუნებით, აბსოლუტური რეალობის თანაზიარი და მარადიული არსის მარადიული გამოვლინებაა. საკუთრივ ჭეშმარიტი, რა თქნა უნდა, მხოლოდ მესამე საფეხურია. რაც შეეხება სკოლის პრაქტიკებს, როგორც ჩანს, აქ დიდი სიახლეები არ იყო შემოტანილი. ჩჟი-ი გამოყოფს ფსიქო-პრაქტიკების ორ ძირითად მეთოდს, ერთი, რომელსაც ეწოდება       "ოქროს დარიგებანი", ზეპირი ტრადიციით გადაიცემოდა თავად ბუდა შაკიამუნისგან, ხოლო მეორე, "ამჟამინდელი მასწავლებლის მეთოდი", მიეწერება ნაგარჯუნას. ჩინეთში თიენტაის სკოლა წამყვან როლს ინარჩუნებს IXს.-მდე, XI-XII სს.-ში ხანმოკლე აღორძინების პერიოდს განიცდის და მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი განვითარება მისმა დოქტრინამ მომდევნო საუკუნეებში ვეღარ ჰპოვა, ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას დღესაც. ასევე საყურადღებო, მარგამ არამრავალრიცხოვანი გავრცელება მოიპოვა სკოლამ კორეასა და ვიეტნამშიც. IXს.-ში იაპონელმა ბერმა, საიტიომ (767_822წწ.), თიენტაის მოძღვრება ჩაიტანა იაპონიაში. აქ სკოლას დაერქვა ტენდაი, სადაც მან ძალიან დიდ სიძლიერეს მიაღწია. ისევე როგორც ჩინეთში, იაპონიაშიც ეს სკოლა დღემდე არსებობს და მთელი იაპონიის მაშტაბით მას ძალიან ბევრი მონასტერი და ტაძარი ეკუთვნის. მისი განვითარების შესახებ ვისაუბრებთ, როდესაც განვიხილავთ ბუდიზმის სხვადასხვა სკოლების გავრცელებას იაპონიაში. სუტრების სკოლების ჯგუფში შედის ასევე ჩინური ბუდიზმის მეორე ორგინალური სკოლა, ხუაიან ძუნი, ანუ "ხუაიანის" (ავატამსაკა) სუტრაზე დაფუძნებული სკოლა. სკოლის დამაარსებელია ბერი სახელად ფა-ძანი (643 - 712წწ.). მაგრამ ხუაიანის ტრადიციაში იგი მხოლოდ მესამე პატრიარქია. პირველ პატრიარქად აღიარეს დუ-შუნი (557 - 640წწ.), ვინაიდან იგი იყო პირველი, ვინც "ავატამსაკა" სუტრას კომენტირება დაიწყო. ეს საპატიო ტიტული მას მხოლოდ მოგვიანებით, სკოლის ჩამოყალიბების შემდეგ, მიეწერა, ცხოვრებაში კი მას დიდი სახელი ჰქონდა როგორც განსაკუთრებული სიწმინდისა და სულიერი ძალების მქონე ადამიანს. ფა-ძანმა ძალიან ახალგაზრდამ დაიწყო თავისი რელიგიური ძიებები. თავდაპირველად იგი შეუერთდა სიუან-ძანის ჯგუფს (ტრაქტატების სკოლის ტრადიციაში), სადაც მთარგმნელობით სამუშაოებს ასრულებდა. მაგრამ მალევე აიცრუა გული არა მარტო ამ სკოლის, არამედ, საერთოდ, ინდური ბუდიზმის მიმართ. ტრაქტატების სკოლის მიტოვების შემდეგ ფა-ძანმა საკუთარი სკოლა ჩამოაყალიბა და მასწავლებლის გარდაცვალების შემდეგ ძალიან მწვავედ გააკრიტიკა მისი სკოლა, რომელსაც იმ დროისთვის სიუან-ძანის სხვა მოწაფე, კუი-ძი, ხალმძღვენელობდა. ფა-ძანის ძირითადი არგუმენტი მდგომარეობდა იმაში, რომ კუი- ძის სკოლა მხოლოდ ფენომენთა შეცნობით იფარგლებოდა და არა იმ აბსოლუტისა, რომელიც ამ ფენომენებში ვლინდება. უნდა ითქვას, რომ ეს არგუმენტი ნათლად აჩვენებს საერთოდ ჩინური ბუდიზმის მიმართებას ინდური ბუდიზმისადმი და ფა-ძანის კრიტიკამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტრაქტატების სკოლების დასამარებას, რადგანაც თავის დროში იგი ძალზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ფა-ძანის ძირითადი მოძღვრება მდგომარეობდა პრინციპისა (ლი) და ფენომენის (ში) ურთიერთგანმსჭვალულობის თეორიაში. იგი ძალიან დეტალურად ამუშავებდა ამ თეორიას და შემდეგი თანმიმდევრიბით დაალაგა პრინციპისა და ფენომენის მიმართება: ერთი ყველაფერში, ყველაფერი ერთში, ერთი ერთში და ყველაფერი ყველაფერში. ვინაიდან ში არის ლის მანიფესტაცია, მას არ გააჩნია საკუთარი (ლისგან განსხვავებული) ბუნება. მაგრამ ეს არ აკნინებს ფენომენის მნიშვნელობას, პირიქით, ამგვარად ფენომენი ხდება პრინციპის ტოლფასი, ვინაიდან, როგორც დამოუკიდებელი ბუნების არმქონე, იგი სრულად დაჯილდოებულია აბსოლუტის ბუნებით, ანუ მარადიული, ჭეშმარიტი არსის მატარებელი ხდება. ეს თეორია ეყრდნობა "ავატამსაკა" სუტრაში მოცემულ ინდრას საბურველის ხატს. ეს საბურველი ძვირფასი ქვებითაა დაწნული, რომლებიც ირეკლავენ როგორც ერთი მეორეს, ასევე მთელ საბურველსაც. როდესაც ფა-ძანი უხსნიდა ამ თეორიას თავის მოწაფეებს იგი იყენებდა სარკეების ანალოგიას: ალის ირგვლივ ალაგებდა ათ სარკეს და თითეულში ამ სარკიდან ჩანდა მეორე, ხოლო მასში კიდევ სხვა და ა.შ. ალი რომელიც ასე უსასრულოდ გარდაიტეხება, არის აბსოლუტი, ხოლო სარკე ცნობიერების ანალოგიაა. ეს ანალოგია არსებობდა უკვე ინდურ ბუდიზმშიც, მაგრამ ჩინეთში იგი საბოლოოდ დამკვიდრდა, ისევე როგორც სარკეებით მოწყობილი ექსპოზიცია. ასეთი ექსპოზიციები დღემდე ეწყობა სხვადასხვა ბუდისტურ ტაძრებში. მოძღვრება იმის შესახებ, რომ აბსოლუტური რეალობა (ბუდას ბუნება) იმყოფება ყველა ცოცხალ არსებაში, რა თქმა უნდა, არ იყო ახალი. მას ამა თუ იმ ფორმით, იზიარებს ჩინური ბუდიზმის თითქმის ყველა სკოლა. სიახლე, ამ შემთხვევაში, იყო ფენომენისა და აბსოლუტის სრული ტოლფასობის მტკიცება. ყოველი ყვავილი შიეცავს დიდი ეტლის ყველა სუტრას სიბრძნეს, ამბობდა ფა-ძანი, ქვიშის თითეული ნამცეცი განგის ნაპირზე, მოიცავს ინფორმაციას მთელი განგის და მთელი სამყაროს შესახებ, სადაც იმდენივე მდინარე არსებობს რამდენი ქვიშაცაა ერთ განგში. ვინაიდან მთელი სამყარო არის აბსოლუტის გამომხატველი, თითეული მისი ნაწილი მოიცავს ინფორმაციას როგორც სხვა ფენომენის, ასევე აბსოლუტის შესახებაც. ფა-ძანმა დაამუშავა მთელი რიგი ანალოგიებისა, როგორიც არის "ჩჟუ" (მასპინძელი) და "ში" (ეს _ ამ შემთხვევაში სუბიექტი იგულისხმება) ლის გამოსახატავად და "კე" (სტუმარი) და "ბი" (ის _ ობიექტი) ფენომენის გამოსახატავად. ეს       ანალოგიებიც ღრმად დამკვიდრდა ჩინურ ნიადაგზე. უკვე IXს.-ს შუახანებიდან ხუაიან ძუნი, როგორც დამოუკიდებელი სკოლა, თითქმის მთლიანად ქრება (დღიესათვის ხუაიანის მხოლოდ ერთი ტაძარი არსებობს ჩინეთში და ანალოგიური ვითარებაა იაპონიაშიც, სადაც სკოლას დაერქვა კეგონ. ასევე ხანმოკლე იყო ხუაიანის სკოლის არსებობა კორეაშიც, სადაც მას ხვაომ ეწოდა), მაგრამ მისი ისტირიული როლი ძალიან დიდია. ფა-ძანის მიერ დამუშავებული თითქმის ყველა თეორია ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას დღესაც სხვა სკოლების ფარგლებში. იგივე მასპინძლისა და სტუმრის (მოგვიანებით შეიქმნა პატრონისა და მსახურის) ანალოგიები დღემდე ძალიან პოპულარულია მაგ., ჩანის სკოლაში. 3. დჰიანას (ჩან) სკოლები. გარდა საკუთრივ ჩანის სკოლისა, აქ იგულისხმება ჩვენს მიერ უკვე განხილული წმინდა მიწის ბუდიზმი, რომელმაც XII XIII სს.-დან ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა იაპონიაშიც.       ჩანის ტრადიციის ჩამოყალიბება       სიტყვა *ჩან* (ჭვრეტა) არის ჩანნას შემოკლებული ვარიანტი და სანსკრიტული დჰიანას ჩინურ თარგმანს წარმოადგენს. დჰიანა აღნიშნავს მედიტაციას, უფრო სწორედ კი, ცნობიერების იმ დონეს, რომელიც მიიღწევა მედიტაციური კონცენტრირების დროს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მედიტაციური პრაქტიკები ჩინეთში თავიდანვე ადექვატურად იყო აღქმული, როგორც ჩანს, დოასიზმის წყალობით, რომელმაც მსგავსი პრაქტიკები იმთავითვე ჩართო თავის მოძღვრებაში. ჩანის სკოლამ წამყვანი მნიშვნელობა მიანიჭა სწორედ მედიტაციისა და ფსიქო-პრაქტიკების სხვადასხვა ფორმებს, ამასთან ძირითადი აქცენტი ინტუიტურ მედიტაციაზე კეთდებოდა. სკოლის მეორე დასახელებაა ფო სინ ძუნ, ანუ ბუდას გულის სკოლა. ტრადიციის თანახმად, სკოლას საფუძველი ჩაუყარა თავად ბუდა შაკიამუნიმ. ერთხელ მის ირგვლივ შეიკრიბნენ მოწაფეები და ყველა ელოდა ბუდასგან რაიმე დარიგებას ან ბრძნული მსჯელობის მოსმენას, მაგრამ ბუდამ არაფერი თქვა, იგი უყურებდა მოწყვეტილ ყვავილს და უხმოდ იღიმებოდა. ვერც ერთი მოწაფე ვერ მიხვდა ჟესტის მნიშვნელობას       კაშიაპას გარდა. კაშიაპამ კი თავადაც მოწყვიტა ყვავილი და გაუღიმა მასწავლებელს. ამ დროს მან განიცადა გასხივოსნება, რომლის მუხტიც მას მასწვლებლისაგან უშუალოდ, გულიდან გულში გადაეცა (ამ ეპიზოდს ეწოდება ბუდას ყვავილების ქადაგება). სწორედ ამ მეთოდით, ანუ გულიდან გულში, ზეპირი ტრადიციით, ინდოეთში დჰარმა გადაიცემოდა ოცდარვა თაობის მანძილზე. უკანასკნელმა, ოცდამერვე, ინდოელმა პატრიარქმა, ბოდჰიდჰარმამ, ჩამოიტანა ეს ტრადიცია ჩინეთში და ამგვარად გახდა პირველი ჩინელი პატრიარქი და ჩანის სკოლის ფაქტიური ფუძემდებელი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრების არა ერთი აღწერილობა არსებობს, რეალური ცნობები ბოდჰიდჰარმას შესახებ თითქმის არ გაგვაჩნია. სავარაუდოდ, იგი იყო ბრაჰმანების ოჯახიდან სამხრეთ ინდოეთიდან. ხანგრძლივი და რთული მოგზაურობის შემდეგ ჩავიდა სამხრეთ ჩინეთში. აქაც ბევრი უმოგზაურია და საბოლოო ჯამში, შაოლინის მთაზე დასახლდა, სადაც, ტრადიციის თანახმად, ცხრა წელი გაატარა მჯდომარე მედიტაციაში. ამ ეპიზოდმა განსაზღვრა ახალი ტერმინის გაჩენა _ ბიგუან, რაც ნიშნავს კედლის ჭვრეტას (სწორედ კედლის პირდაპირ მჯდარა ბოდჰიდჰარმა მედიტაციის დროს) და მედიტაციურ პრაქტიკას აღნიშნავდა. ქრონიკები ასევე გვატყობინებენ, რომ ცხრა წლის გასვლის შემდეგ ბოდჰიდჰარმამ ვეღარ შეძლო ადგომა, მისმა ფეხებმა სრული ატროფირება განიცადეს. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის უცნობია მისი შემდგომი ბედი, გარდაცვალების ადგილი ან ზუსტი თარიღი, ყოველ შემთხვევაში, ეს უნდა მომხდარიყო არა უგვიანეს 534 წლისა. ბოდჰიდჰარმას მემკვიდრე იყო ხუაი-კე, რომელიც შაოლინის დათოვლილ მთებში მისულა მასთან და თხოვდა მიეღო იგი თავის მოწაფეთა რიგში, მაგრამ უარი მიიღო. ხუაი-კემ მოიკვეთა ხელი და მიუტანა იგი მასწავლაბელს დასტურად თავისი გადაწყვეტილების ურყეობისა. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო იგი ბოდჰიდჰარმამ თავის მონასტერში. ცხრაწლიანი მედიტაციის შემდეგ ბოდჰიდჰარმამ თავისი მემკვიდრე დაასახელა და ეს პატივი სწორედ ხუაი-კეს ერგო წილად. ამგვარად გადაეცა მას დჰარმას ბეჭედი და იგი ჩანის მეორე პატრიარქი გახდა. გარდაიცვალა იგი 590 ან 593 წელს. მისი მემკვიდრის, სენ-ცანის შესახებ თითქმის არავითარი მნიშვნელოვანი ცნობა არ გაგვაჩნია. ვიცით მხოლოდ, რომ იგი 6 წლის მანძილზე იყო ხუაი-კეს მოწაფე, რის შემდეგაც მიაღწია გასხივოსნებას და მიიღო დჰარმას ბეჭედი. 606 წელს იგი გარდაიცვალა. მისი მემკვიდრეა დაო-სინი (580 - 651წწ.). თავის მასწავლებელთან ერთად ხეტიალში (იმ დროს ყველა ბუდისტური მიმართულების სკოლის ბერები მოხეტიალე ცხოვრებას მისდევდნენ და შემოწირულობებით ირჩენდნენ თავს) მან ათი წელი გაატარა, რის შემდეგაც ჯერ ლუს მთაზე ათი წლით, ხოლო შემდეგ შუანფანზე დასახლდა, სადაც ცხოვრების დარჩენილი ნაწილი (დაახლ. 30 წელი) გაატარა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ჩანის ბერების სამონასტრო ცხოვრების პირველი წესების შექმნა. იგი ჩანის პირველი ბერი იყო, რომელმაც უარი თქვა მოხეტიალე ცხოვრების წესზე მუდმივი ადგილსამყოფელის სასრგებლოდ და თავისი მრავალრიცხოვანი მოწაფეების წინაშე ფიზიკური შრომის აუცილებლობის საკითხი დააყენა. სიცოცხლის ბოლოსთვის მისი მოწაფეების რიცხვმა 500-ს გადააჭარბა. გამომდინარე საძმოს განუწყვეტელი ზრდიდან, ახლომახლო დასახლებებში შემოწირულობათა აგროვება ვეღარ უზრუნველყოფდა საძმოს საჭიროებებს. ამიტომ ამ დროიდან ჩანის ბერები უკვე საკუთარ ბაღებსა და ბოსტნებში მუშაობას იწყებენ. ასევე ცნობილია, რომ დაო-სინი თავის განსაკუთრებულ მედიტაციურ პრაქტიკებს ფლობდა და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მათ. გადმოცემის თანახმად, 60 წლის მანძილზე იგი ერთხელაც არ წამოწოლილა. სწორი მედიტაციური პრაქტიკები, მისი თქმით, ნელ-ნელა ამცირებს ადამიანის ბუნებრივ, საკვებისა და ძილის, მოთხოვნილებებს, რაც იძლევა მედიტაციის პროცესის გახანგრძლივების და გაღრმავების საშუალებას. ასევე ათავისუფლებს ადამიანს სხეულის მოთხოვნილებებისადმი მიჯაჭვულობისაგან. მასწავლებლის გზა გააგრძელა მისმა მემკვირდემ, ხუნ-ჟენმა (601_674წწ.), რომელიც ასევე უდიდეს ყურადღებას აქცევდა მედიტაციას და მასწავლებლის მსგავსად ისიც ეძებდა ახალ მედიტაციურ პრაქტიკებს. დჰარმას ბეჭდის გადაცემის შემდეგ ხუნ-ჟენი გადავიდა პინჟუნის მთაზე. ამ დროს ჩანის სკოლამ უკვე დიდი პოპულარობა შეიძინა და ხალხში მას "აღმოსავლეთის მთის დჰარმას კარიბჭეს" ეძახდნენ. ხუნ-ჟენის შემდეგ ჩანის ერთიანი ტრადიციის გახლეჩა მოხდა. ეს მოვლენა უკავშირდება დჰარმას ბეჭდის გადაცემის ეპიზოდს. როდესაც V პატრიარქმა გადაწყვიტა გამოევლინა თავისი შემცვლელი, მან დაავალა მოწაფეებს შეედგინათ გატა, რომელიც გამოხატავდა მათი გასხივოსნების ჭეშმარიტებას. მის მოწაფეებში ყველაზე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ბერი სახელად შენ-სიუ (606 - 706წწ.). იგი აკადემიური ჭკუითა და დიდი განათლებით გამოირჩეოდა.       ამიტომ ყველას ეგონა, რომ პატრიარქის მემკვიდრე სწორედ ის უნდა გამხდარიყო. შენ-სიუმ ღამე მედიტაციაში გაატარა და დილით ერთ-ერთი დარბაზის კედელზე ამოტვიფრა თავის მიერ შედგენილი გატა. ხუნ- ჟემნა შეაქო ლექსი, თუმცა განცალკევებით უთხრა შენ-სიუს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გატა გამართულია და მასში სწორი ანალოგიებია მოყვანილი, არ არის მცირედი მინიშნებაც კი ჭეშმარიტ გასხივოსნებაზე და შესთავაზა მას ხელახლა ეცადა ბედი. ამავე დროს მონასტერში ცხოვრობდა ყმაწვილი სახელად ხუაი-ნენი (623 - 713წწ.), რომელიც მოცემულ ეპიზოდამდე რამდენიმე თვით არდე მისულიყო მონასტერში, მაგრამ არც ბერი იყო და არც პატრიარქის მოწაფეობის ღირსი გამხდარა. სანამ მონასტერში მივიდოდა იგი დედასთან ერთად ცხოვრობდა და შეშის გაყიდვით ირჩენდა თავს. ერთხელაც, როდესაც თავის მუშტარს ესაუბრებოდა, ამ უკანასკნელმა წაუკითხა მას ნაწყვეტი ერთ-ერთი სუტრადან. ყმაწვილმა მაშინვე იგრძნო მუხტი გასხივოსნებისკენ და სწორედ ამ შემთხვევამ გადააწყვეტინა მას აღმოსავლეთის მთებში ჭეშმარიტების ძიება. მაგრამ ხუნ-ჟენმა არ ჩათვალა იგი მომზადებულად მოწაფეობის რთული გზისათვის და ამიტომ ხუაი-ნენი იძულებული იყო შეშა დაეჩეხა და სხვა მძიმე სამუშაოები შეესრულებინა მონასტრისათვის. დილით მანაც ნახა შენ-სიუს მიერ შედგენილი გატა, მაგრამ ვინაიდან წერა-კითხვა არ (ან თითქმის არ) იცოდა, სთხოვა სხვა ბერებს წაეკითხათ იგი მისთვის და ამის შემდეგ გვერდით მისი საკუთარი გატა ამოეტვიფრათ. ბერები გააოცა იმან, რომ თითქმის გაუნათლებელმა ბიჭუნამ ასეთი სრულყოფილი სტრიქონების შეთხზვა შეძლო, მაგრამ ხუნ-ჟენმა მისი ლექსიც დაიწუნა და გადახაზა ის სიტყვებით, რომ ვერც ხუაი-ნენმა მიაღწია გასხივოსნებას. თუმცა, იმავე ღამეს დაიბარა ყმაწვილი თავის ოთახში, საიდუმლოდ გადასცა მას პატრიარქის ატრიბუტები (თასი შემოწირულობათა ასაგროვებლად და ბერის ტანისსამოსი) და დაარიგა გამგზავრებულიყო სამხრეთით. სწორედ ამგვარად მოხდა ჩანის ერთიანი ტრადიციის გახლეჩვა სამხრეთისა და ჩრდილოეთის სკოლებად. ხუნ-ჟენის გარდაცვალების შემდეგ შენ-სიუმ ვეღარ შეძლო ტრადიციის გაგრძელება, რადგანაც ხუაი-ნენი პატრარქობის ბეჭდით იანცზის მდინარის სამხრეთით გამგზავრებულიყო. გარკვეული ხნის შემდეგ ხუაი-ნენმა დადო ბერის აღთქმა და ჩამოაყალიბა სკოლა, რომლის ტრადიციაშიც ხდება მთელი შემდეგდროინდელი ჩანის განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ შენ-სიუს მოწაფე პუ-ძი აცხადებდა თავს ჩანის წიგნის მეშვიდე ფურცლად, ანუ მეშვიდე პატრიარქად, ხუაი-ნენის პატრიარქობის ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არასოდეს დამდგარა. მას ერთნაირად აღიარებდნენ ორივე სკოლაში. ბრძოლას მათ შორის ძირითადად იდეოლოგიური საფუძველი ჰქონდა და ეყრდნობოდა ორ ტერნიმს: "დუნ" _ უეცარი, მყისიერი და "ცზიან" _ თანდათანობით, ნელ-ნელა. ხუაი-ნენს მიაჩნდა, რომ გასხივოსნება მყისიერად მიიღწევა და მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკები, რა თქმა უნდა, ხელს უწყობენ გასხივოსნების მიღწევას, გასხივოსნება დამოუკიდებელია მათგან და შეუძლია გამოვლინდეს ნებისმიერ მომენტში, ნაბისმიერ ადამიანს შეუძლია მიაღწიოს მას ყოველგვარი მოსამზადებელი პრაქტიკების გარეშეც. თუმცა, უკვე მიღწევის შემდეგ აუცილებელია კონკრეტული პრაქტიკების განხორციელება, რათა გასხივოსნების ბუნება სრულად გაიშალოს. შენ-ხუაიმ, ხუაი-ნენის მოწაფემ, შემდეგნაირად გამოთქვა თავისი მასწავლებლის მოსაზრება: გასხივოსნება, როგორც ცნობიერების ბუნება, არ შეიძლება იყოს რაიმეთი განპირობებული და უნდა გაანათოს პროფანული ცნობიერება ისევე უეცრად, როგორადაც უეცრად ანათებს წყვდიადს ელვა. შენ-სიუ არ უარყოფდა გასხივოსნების აქტის მყისიერებას, მაგრამ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მოსამზადებელ პრაქტიკებს. იგი ამბობდა, რომ გასხივოსნება თანდათანობით ხორციელდება, როგორც თანდათანობით იფანტება წყვდიადი განთიადისას. საინტერესოა ასევე ამ ორი პიროვნების დამოკიდებულება ვნებების ბუნებისადმი. შენ-სიუ თვლიდა, რომ საჭიროა გამუდმებული ბრძოლა მათ წინააღმდეგ, გონების თანდათანობითი და ეტაპობრივი განწმენდა დაბინძურებებისაგან. ხოლო ხუაი-ნენი აქცენტს აკეთებდა ვნებების არასუბატანციურობაზე. ამგვარად საკმარისია ადამიანმა უბრალოდ გაიაზროს, რომ ბოროტსა და კეთილს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს (რეალურად არსებული ხომ მხოლოდ ბუდას ბუნებაა, მასში კი არავითარი დუალიზმი აღარ არსებობს) და იგი ასევე მყისიერად განთავისუფლდება ყველა ვნებისაგან. მნიშვნელოვანია ასევე ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, ხუაი-ნენი გაუნათლებელ და წერა-კითხვის უცოდინარ ადამიანად წარმოგვიდგება. იგივე წყაროებიდან ჩანს, რომ იგი თავის ლექციებში ხშირად ეყრდნობოდა სხვადასხვა სუტრებს. შესაბამისად, ლეგენდა მისი აბსოლუტური გაუნათლებლობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ ტრადიცია მას მაინც ჯიუტად ასახელებს ასეთად. როგორც ჩანს, მისი განათლების დონე ბევრად ჩამოუვარდებოდა შენ-სიუს განათლებას, მიუხედავად ამისა მან მიაღწია გასხივოსნების ბევრად მაღალ დონეს. სწორედ ამ ფაქტის ხაზგასასმელად შეიძლება იყოს გამოყენებული ეს ლეგენდა. მით უმეტეს, რომ შენ-ხუაი გასხივოსნების მიღწევის შესაძლებლობას ერთნაირად აღიარებდა როგორც განათლებულ, ასევე გაუნათლებელი ადამიანებისთვის. ხუაი-ნენმა ხომ თქვა, გასხივოსნება არ გამომდინარეობს რაიმე პრაქტიკებიდან, იგი როგორც ცნობიერების ბუნება ახასიათებს ნებისმიერ ადამიანს და არა აქვს მნიშვნელობა არის ეს ადამაიანი განათლებული, ჭკვიანი და ა.შ. თუ არა. მას აქვს გონება და ეს უკვე საკმარისია, რადგან ამ გონების ბუნება სხვა არაფერია თუ არა ბუდას ბუნება. თუკი სიდჰართჰა გაუტამას უდიდესი ღვაწლი იყო ის, რომ მან ხსნის კარიბჭე გააღო საზოგადოების ყველა ფენისათვის, ხუაი-ნენის უდაო ღვაწლად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მან ასეთი შესაძლებლობა აღიარა (და საკუთარი მაგალითით დაამტკიცა კიდევაც) უკლებლივ ყველა ადამიანში განურჩევლად მათი განათლების თუ ინტელექტუალური შესაძლებლობების დონისა. ხუაი-ნენის მიერ გამოთქმულმა მოსაზრებებმა ჩანის ყველა სკოლისთვის დოქტრინალური მნიშვნელობა შეიძინეს, ამიერიდან საბოლოოდ დამკვიდრდა თვალსაზრისი, რომ გასხივოსნება მყისიერია და არ არის განპირობებული რაიმე ვითარებებით. პერიოდს მისი გარდაცვალებიდან (713წ.) იმპერატორ უ-ძუნის ანტიბუდისტურ დევნამდე (845წ.) ეწოდება ჩანის ოქროს ხანა. ამ დროს ხუაი-ნენის მოძღვრებამ სრული განხორციელება ჰპოვა. მეექვსე პატრიარქის მოძღვრებას იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩანის საბოლოო სახის ჩამოყალიბებისთვის, რომ მას ბოდჰიდჰარმასთან და ბუდა შაკიამუნისთან ერთად თანაბარი პატივი უნდა მიეგოს.       ჩანის-ბუდისტური სატორი, პრაქტიკები და სტერეოტიპული აზროვნების ნგრევა       ჩანისთვის უძირითადესია გასხივოსნების (ჩინ. "უ," იაპ. "სატორი") მიღწევა. ამასთან ეს ცნება არ არის ნირვანას ზუსტი შესატყვისი. ნირვანა ცნობიერების უმაღლესი მდგომარეობაა, რომლის მიღწევა ერთჯერად აქტს წარმოადგენს. ჩან-ბუდისტური გასხივოსნება კი შეიძლება მრავალჯერადი იყოს. ამასთან, გასხივოსნების სხვადასხვა საფეხურები არსებობს. შეიძლება ადამიანმა თავიდანვე მიაღწიოს გასხივოსნების უმაღლეს დონეს, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ მისი პირველი გამოცდილება არასრული იყოს. ასეთი გამოცდილების შთაბეჭდილება დროთა განმავლობაში შეიძლება განელდეს და სრულიადაც გაქრეს თუკი ადამიანი არ გააგრძელებს თავის ძიებებს და შეწყვეტს ყოველგვარ ძალისხმევას ამ მიმართულებით. ჩანის სხვადასხვა სკოლები სხვადასხვა პრაქტიკებს თავაზობენ თავიანთ მიმდევრებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ამის მიღწევა. ვინაიდან ხუთი სახლის თავისებურებებზე ცალკე ვისაუბრებთ, ამ თავში შევეხებით მხოლოდ ორი წამყვანი სახლის, ლინძის და ცაოდუნის, ძირითად პრაქტიკებს. როგორც უკვე ითქვა, ჩანის ტრადიცია ძირითად აქცენტს აკეთებდა მედიტაციაზე, რომელიც მიმართულია ინტუიტურ წვდომაზე. ასეთი პრაქტიკა იძლევა საშუალებას რეალობის უშუალო წვდომისა. უკვე მეოთხე და მეხუთე პატრიარქების მოღვაწეობის დროს დამკვიდრდა აზრი იმის შესახებ, რომ გასხივოსნება უფრო მედიტაციის, ვიდრე სუტრების შესწავლის, წყალობით მიიღწევა. ამიტომ ბერი გამუდმებით უნდა ცდილობდეს შეინარჩუნოს გონების ეს მდგომარეობა ნებისმიერი საქმიანობის დროს და საუკეთესო შემთხვევაში, მას უნდა შეეძლოს მისი განხორციელება ძილის მდგომარეობაშიც კი. მაგრამ ხუაი-ნენის შემდეგ ვითარება შეიცვალა, უკვე ოქროს ხანაში გამოჩნდნენ პატრიარქები, რომლებიც აქცენტს განსხვავებულ მეთოდებზე აკეთებდნენ. ეს არის პირველ რიგში კოანების (ჩინ. გუნ-ან) პრაქტიკა. კოანი არის მოკლე რაპადოქსული ფრაზა ან გამონათქვამი, რომლის ამოხსნაც ევალება მოსწავლეს. ასეთი გამონათქვამები ხშირად წარმოადგენენ ამონაჭერს მონდოდან (ჩინ. ვენ-და _ სიტყვა-პასუხი), რომლებიც, თავის მხრივ, წარმოადგენენ მონათხრობს მასწავლებლისა და მოსწავლის პარადოქსული სიტყვა-პასუხის შესახებ. კოანის, ალბათ, ყველაზე ცნობილი მაგალითია შემდეგი ფრაზა: ყველამ იცის როგორ ჟღერს ორი ხელით დაკრული ტაში, მაგრამ როგორ ჟღერს ცალი ხელით დაკრული ტაში? დავალების პარადოქსულობა სახეზეა: ტაში მხოლოდ ორი ხელით შეიძლება დაიკრას. მაგრამ დავალება მოცემულია და ის უნდა ამოიხსნას. თუმცა, იტელექტუალურ დონეზე ეს შეუძლებელია. როდესაც იწურება ადამიანის რაციონალური აზროვნების ყოველგვარი რესურსი, იგი შედის ერთგვარ ინტელექტუალურ ჩიხში და ამავე დროს მას ეძლევა შესაძლებლობა გასცდეს ლოგიკური აზროვნების საზღვრებს და მოახდინოს ერთგვარი ინტუიტური გარღვევა. სწორედ ეს არის სატორი. სუძუკი ამ პროცესს აღწერს სამი სიტყვით: დაგროვება, ავსება და გარღვევა. "დაგროვება" შეესაბამება იმ პერიოდს, როდესაც ადამიანი ცდილობს ყოველგვარი ხერხით იპოვოს პასუხი შეკითხვაზე, "ავსება" უკვე იმის მაუწუებელია, რომ მან ამოწურა ჩვეული ცნობიერების შესაძლებლობები და ერთგვარ ზღვარზე იმყოფება. ამის შემდეგ დგება რეაქციის ჯერი, ცნობიერებამ უნდა მოახდინოს გარღვევა საკუთარ თავში ინტუიტური ხედვის სფეროში გადასვლით. მაგრამ ყველაფერი ისე მარტივი არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს. "დაგროვების" პროცესი შეიძლება გაიწელოს მრავალი თვეების და წლების მანძილზე. ასევე "ავსების" შემდეგ ყოველთვის სასურველი შედეგი როდი დგება. ფსიქიკურ ძალთა იმგვარი დაძაბულობა, რომელსაც ადგილი აქვს გარღვევის წინა ეტაპზე, ხშირად სახიფათოცაა. ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მან მიაღწია გასხივოსნებას, რადგანაც უჩვეულო ემოციებს განიცდის, სინამდვილეში კი უბრალოდ ფსიქიკური შოკის მდგომარეობაში იმყოფებოდეს. ჩანის მასწავლებლები კარგად იაზრებენ ამ საფრთხეს და მიუთითებენ "ცრუ გასხივოსნების" საშიშროების შესახებ. მასწავლებლის სწორი დარიგებები ამ შემთხვევაში გადამწყვეტია. მისი ავტორიტეტი ჩანის ტრადიციაში ურყევია. მოწაფე ყოველთვის და ყველაფერში უნდა ემორჩილებოდეს თავის მოძღვარს. ასევე ჩანში არსებობს პრაქტიკა, სან-ძენი, რომელიც თუ არ ანეიტრალებს ზემოხსენებულ დაძაბულობას, ყოველ შემთხვევაში იძლევა მისი გაკონტროლების შესაძლებლობას. ეს არის ერთგვარი განდობილი საუბრები. ამ საუბრების დროს მოწაფეს შეუძლია გაანდოს მასწავლებელს თავისი განცდები და ემოციები, ის შიში, რომელიც მას შეიძლება გაუჩნდეს და ა.შ. ამ პრაქტიკას სამართლიანად ამსგავსებენ ფსიქოანალიტიკური მკურნალობის თანამედროვე პრაქტიკებს. სუნის ეპოქაში ჩინეთში დაიწერა კოანების ორი კრებული: "ბი-იან-ლუ" (1125წ.) და "უ-მენ- კუან" (1228წ.). პირველი კრებული შედგება 100 კოანისაგან, რომლებიც თავის დროზე შეაგროვა სიუ-ტოუმ (998 - 1052წწ.) და თითეული მაგალითი გატას სახით გააფორმა. ამის შემდეგ იუან-უმ თითეულ მაგალითს და შესაბამის გატას საკუთარი კომენტარები და შესავალი დაურთო. მეორე კრებულის შედგენა ეკუთვნის უ-მენ ხუაი-კეის (1184 - 1260წწ.). ეს კრებული 48 კოანისაგან შედგება და მაქსიმალურად ლაკონური ფორმით გამოირჩევა. იაპონელმა ბერმა კაკუსინმა (1207 - 1298წწ.) ეს კრებული საჩუქრად მიიღო ხუაი-კეისგან, როდესაც ჩინეთში მოგზაურობდა და ჩამოიტანა იგი თავის სამშობლოში. ორივე ეს კრებული ჩანის ორიგინელურ ლიტერატურულ ძეგლებს წარმოადგენენ და ფართოდ გამოიყენებიან დღესაც, როგორც სახელმძღვანელო ტრადიციული დავალებებისა ჩანის მოწაფეთათვის. ჩანის კიდევ ერთი სპეციფიკური მეთოდია ხუატოუ, ანუ შეკითხვა არსის შესახებ. მაგალითად, ადამიანი იმეორებს ბუდას სახელს და ამის შემდეგ საკუთარ თავს უსვავს შეკითხვას: ვინ არის ის, ვინც იმეორებს ბუდას სახელს? უკვე ითქვა, რომ ჩანის მიხედვით, საკუთარი ბუნების შეცნობა ბუდას გონების მდგომარეობის შეძენას ნიშნავს. ამგვარად, თუკი ადამიანის ცნობიერება ავა იმ დონეზე, რომელზეც მას შეეძლება ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, ეს იქნება გასხივოსნების მაუწყებელი. ლინძის სკოლაში ასევე გამოიყენება ე.წ. კაცუს (ჩინ. ხო) მეთოდი. კაცუ არის შეძახილი, რომლითაც მასწავლებელი უეცრად აშინებს მოწაფეს. ასევე გამოიყენება ცემის მეთოდიც. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს უბრალოდ სისასტიკის გამოვლინებანია, ეს არის მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს ზემოქმედება ფსიქიკაზე. ისინი ხშირად კოანების პრაქტიკის პარალელურად გამოიყენება. როდესაც ადამიანის ძალისხმევა მიმართულია კოანის ამოხსნაზე, უეცარი შიშის ან ტკივილის განცდა მისი გონების მდგომარეობის მყისიერ ცვლილებას იწვევს და ამ დროს შესაძლებელია გარღვევის განხორციელება. ლინძის არა ერთ პატრიარქს გასხივოსნებისათვის სწორედ ამგვარი პრაქტიკის მეშვეობით მიუღწევია. ზემოთ ჩამოთვლილი პრაქტიკები უფრო მეტად გამოიყენება ლინძის სკოლაში, ხოლო მედიტაცია _ ცაოდუნის სკოლაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთის მხრივ, ცაოდუნი უარყოფს სხვა მეთოდებს და მეორეს მხრივ იმას, რომ ლინძის სკოლაში არ გამოიყენება მედიტაციური პრაქტიკები. ცაოდუნის ძირითადი მედიტაციის ფორმა არის მჯდომარე მედიტაცია გადაჯვარედინებული ფეხებით, რომელსაც ძა-ძენი (ჩინ. ძო-ჩან) ეწოდება. ეს არის უძველესი მედიტაციური პოზა (ლოტოსის პოზა), რომელშიც მიაღწია გასხივოსნებას ბუდა შაკიამუნიმ. ამიტომ მას ბუდასა და პატრიარქების მეთოდს უწოდებენ. ჩანის პრაქტიკისა და მსოფლმხედველობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს სტერეოტიპების ნგრევა, რაც გამოიხატება სუტრების დემონსტრაციულ დაწვასა და ბუდას გამოსახულებათა მსხვრევაში. ამ პრაქტიკით ადამიანი უნდა გათავისუფლდეს შესაბამისი სტერეოტიპისგან. ნებისმიერი ცნება ატარებს თავის თავში საფრთხეს გადაიქცეს ადამიანის ცნობიერებაში სტერეოტიპად, რომელიც დადებითი ზეგავლენის მაგიერ ცნობიერების დაბრკოლებას და თავისუფალი აზროვნების დამახინჯებას გამოიწვევს. მაგალითად, ბუდას ფიგურის გადაჭარბებულ იდეალიზირებას შეიძლება მოყვეს დოგმატური, სტერეოტიპული აზროვნების ჩამოყალიბება, რომელიც მთლიანად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა შინაარსს დებს ამ ცნებაში ადამიანი. იგივე უნდა ითქვას სუტრების შესახებაც. როდესაც მათი მნიშვნელობა გადაჭარბებულია, ჩნდება საფრთხე იმისა, რომ იმ ჭეშმარიტების ადგილს, რომელიც მათშია გადმოცემული, დაიკავებს თავად სუტრა. ადამიანი შეცდომით იწყებს ფიქრს, რომ ჭეშმარიტება არის თავად სუტრა, ანუ ჭეშმარიტების რწმენის მაგიერ "სიტყვის" რწმენას იწყებს. ეს, რა თქმა უნდა, ზღუდავს მის ცნობიერებას და კონკრეტული სტერეოტიპის მარწუხებში მოხვედრილ გონებას აღარ შეუძლია თავისუფალი აზროვნება და ამგვარად იგი ვერასოდეს მიაღწევს გასხივოსნებას. ბერმა ლინძი ი-სიუანმა თქვა: "თუ შეგხვდება სადმე ბუდა, მოკალი იგი! თუ შეგხვდება პატრიარქი, მოკალი პატრიარქი!" ეს სიტყვები არ უნდა გავიგოთ როგორც ანარქიისა და ნიჰილიზმის ქადაგება. საუბარია სწორედ სტერეოტიპად ქცეულ სახელებზე.       ეს სიმბოლური მკვლელობა ადამიანის ცნობიერებაში უნდა განხორციელდეს როგორც უპირობო, უშუალო და თავისუფალი აზროვნების შეძენის აქტი. ბუდა არის თავად ადამიანი მისი ჭეშმარიტი არსის მიხედვით და არა კანონმდებელი ან დოგმატიკოსი. ტანის ეპოქაში სუტრების დაწვას და ბუდას გამოსახულებათა მსხვრევას სისტემატიური ხასიათი მიეცა და შეიქმნა ერთგვარი მოდა. ამიტომ ჩანის მასწავლებლებმა მალევე გაიაზრეს იმის ხაზგასმის საჭიროება, რომ თავად სტერეოტიპების ნგრევა არ უნდა გადაიქცეს, თავის მხრივ, ახალ სტერეოტიპად. ზოგიერთი ავტორი დღესაც მიდრეკილია ამ პრაქტიკის საფუძველზე მიიჩნიოს, რომ ჩანი სრულიად უარყოფს სუტრებს და პატივს არ მიაგებს თავისი ტრადიციის მნიშვნელოვან მოღვაწეებს. ეს ბოლომდე ზუსტი არ არის. საუბარია მხოლოდ სტერეოტიპის ნგრევაზე, ამის შემდეგ ადამიანს შეუძლია მშვიდად დაუბრუნდეს სუტრების შესწავლას ან სანთელი დაანთოს ბუდას ფიგურასთან. სტერეოტიპებისაგან განთავისუფლებას ჩანის ტრადიციაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ნირვანას ცნებაც კი არ შეიძლება გახდეს წამყვანი ფაქტორი ადამიანის ცნობიერებისა და აქტიურობისთვის. მაგალითად, მედიტეციაში ჯდომა ფიქრით, რომ ამგვარად მიიღწევა ბუდას მდგომარეობა, არასოდეს გამოიღებს შედეგს, რადგანაც ცნობიერება ნირვანას სტერეოტიპის მარწუხებში იმყოფება და არ გააჩნია თავისუფალი გამოვლენის შესაძლებლობა.       მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანი მოახერხებს გაათავისუფლოს გონება ყოველგვარი მიზნობრივი მიმართულებისგან, შეეძლება მას გასხივოსნების მიღწევა. ამასთან, ჩანს აღარ აინტერესებს სპეკულაციები მრავალ დაბადებებთან დაკავშირებით. მას აინტერესებს ადამიანის ხსნა ერთი ცხოვრების ფარგლებში. თითეული სკოლა მიიჩნევს, რომ მისი პრაქტიკების წყალობით ამის მიღწევა შეიძლება უფრო მარტივად და რომ ისინი ხსნის უმოკლეს გზას თავაზობენ თავიანთ მიმდევრებს. მიუხედავად ამისა, როგორც უკვე ითქვა, არავითარ მწვავე კონფლიქტზე სკოლებს შორის საუბარი არ არის. დღეს უკვე არსებობს ორი ძირითადი სკოლის, ცაოდუნის და ლინძის, გაერთიენების ტენდენცია. თანამედროვე ჩანის ჩინელი პატრიარქი, შენ-იანი, ორივე სკოლის ტრადიციებს აგრძელებს. უფრო ადრეც ჩანის მასწავლებლებს გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ პრაქტიკების       ეფექტურობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებულია ადამიანის შინაგან მიდრეკილებებსა და ხასიათზე. როდესაც პერსპექტიული მოწაფე დიდი ხნის მანძილზე ვერ აღწევს შედეგს კონკრეტულ მოძღვართან, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მან სხვა მოძღვარს უნდა მიმართოს და განსხვავებული პრაქტიკები განახორციელოს, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება მის ხასიათს.       ჩინური ძენის ხუთი სახლი       ხუაი-ნენის შემდეგ ჩანის დოქტრინამ ჩამოყალიბებული სახე მიიღო. ოქროს ხანისა და შემდგომი პერიოდების ჩანის სკოლებს უკვე საერთო, საბოლოოდ გაფორმებული, მოძრვრების ბირთვი გააჩნიათ, რომელიც, თავის ძირითად მომენტებში მაინც, აღარ იცვლება. სამაგიეროდ აქტიური ჩამოყალიბების პროცესშია ჩანის სპეციფიკური პრაქტიკები. ოქროს ხანისა და შემდეგ ხუთი დინასტიის პერიოდის მანძილზე ყალიბდება ჩანის ხუთი სკოლა, ანუ ხუთი სახლი. პირველ სახლად ითვლება გუიიანის სკოლა, რომლის სახელწოდებაც მომდინარეობს ორი მთის სახელებიდან: მთა გუი ხუნანის პროვინციაში და მთა იანი ცზიანსის პროვინციაში. ამ მთებზე სკოლის დამაარსებელთა მონასტრები მდებარეობდა და მთების სახელებითვე იწოდებიან თავად დამაარსებელნი: გუი შანი (771-853) და მისი მოწაფე იან შანი. დჰარმას ბეჭედი გუი შანმა ბაი ჩჟანისაგან მიიღო და, თავის მხრივ, გადასცა თავის ორ მოწაფეს: იან შანსა და სიან იანს. იან შანის შესახებ ცნობილია, რომ მისი მშობლები წინააღნდეგი იყვნენ ვაჟის არჩევანისა სამონასტრო ცხოვრებისათვის მიეძღვნა თავი. თავისი გადაწყვეტილების ურყეობაში მშობელთა დასარწმუნებლად იან შანმა ორი თითი მოიჭრა და ამგვარად დაარწმუნა ისინი თავის სიმტკიცეში. სიან იანის შესახებ კი ასეთი ეპიზოდია ცნობილი: ერთხელ მასწავლებელმა ჰკითხა მას თუ რას წარმოადგენდა იგი თავის დაბადებამდელ მდგომარეობაში. სიან იანმა ვერ მოიფიქრა პასუხი და სუტრების გულმოდგინე შესწავლას შეუდგა. როდესაც ვერც იქ ნახა პასუხი გიუ შანის შეკითხვაზე, გული აიცრუა, დაწვა ყველა თავისი წიგნი და მარტოხელა მოხეტიალე ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება იმ იმედით, რომ მკაცრი ასკეტიზმი გამოიღებდა შედეგს. ერთხელაც, როდესაც ყოველდღიური საქმით იყო დაკავებული, უეცრად გაიგონა შორიახლოს ჩამოვარდბილი კრამიტის დაცემის ხმა. მიღებულმა შთაბეჭდილებამ ყველა ეჭვი გაუქრო და გახარებული სიან იანი ბრუნდება მასწავლებელთან სიტყვებით: "ერთმა დარტყმამ დამავიწყა ყველაფერი რაც ვიცოდი და ახლა აღარ ვგრძნობ ასკეტური ცხოვრების საჭიროებას". ეპიზოდი მიუთითებს გუი შანის დჰარმას შესატყვისობაზე ხუაი ნენის მყისიერ გასხივოსნებასთან, მაგრამ ამასთანავე თავად გუიიანის სკოლის სპეციფიკასაც გამოხატავს, რომელიც დაბადებემდელი, გამოუვლენელი მდგომარების შეცნობაზე იყო ორიენტირებული. საკუთრივ გუიიანის სკოლის სპეციფიკა მგდობარეობს მოძღვრებაში "მრგვალი" ანუ სრულყოფილი ფიგურების შესახებ. სულ ცნობილია 97 მრგვალი ფიგურა, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს თავდაპირველი გასხივოსნებული ცნობიერების ბუნებას, ანუ თავდაპირველ დაბადებამდელ სიმშვიდეს. სწორედ ამ ხერხით, ანუ ფიგურათა დახმარებით, მიუღწევია გასხივოსნებისათვის გუი შანის მეორე მოწაფეს, იან შანს, რომელიც ამგვარად მასწავლებლის სპეციფიკური მოძღვრების ტრადიციის გამგრძელებელი ხდება და გადასცემს მას თავის მოწაფეებსაც.       მიუხედავად იმისა, რომ მრგვალი ფიგურები როგორც ასეთი მიღებული იყო სხვა სკოლებშიც (დღემდე არსებობს და პოპულარულია სუნის ეპოქაში ჩამოყალიბებული ერთგვარი "ილუსტრირება" ძენის ეტაპებისა (ნახატები ადამიანისა და ხარის შესახებ), ანუ ძენში ცხოვრების განვითარების ეტაპების, რომელიც წარმოდგენილია რამოდენიმე ნახატისაგან შემდგარი სერიით. პირველად ასეთი ნახატები შეუქმნია ვინმე სეიკიოს (იაპონური წაკითხვა სახელისა), რომელსაც ხუთი ეტაპი აღუნიშნია, მოგვიანებით შეიქმნა "ათი ნახატი"- და "ექვსი ნახატი ადამიანისა და ხარის შესახებ". ყველა ამ სერიაში ერთ-ერთი (სეიკიოს ვარიანტში უკანასკნელი, ხოლო სხვა ვარიანტებში ბოლოს წინა ან შუა) ნახატი წარმოადგენს ცარიელ მრგვალ ფიგურას, რომელსაც მთელი ფურცელი უკავია და გამოხატავს თავდაპირველ სიცარიელეს, ანუ ეტაპს, რომელზედაც ადამიანი სრულ გასხივოსნებას აღწევს. არსებობს ბევრი სხვა პრაქტიკაც, სადაც მრგვალი ფიგურები გამოიყენება, რაც ლოგიკურია ვინაიდან "მრგვალი" (- იუან) ჩინურ ტრადიციაში სრულყოფილს, დასრულებულს ნიშნავს.), მაგრამ გუიიანის სკოლის მრგავლი ფიგურები ჩანის ტრადიაში დაწუნებულ იქნა, როგორც ძველ, ჰიაიანურ მედიტაციურ პრაქტიკებთან დაბრუნების მცდელობა. ასევე ეს ფიგურები (რომლებშიც, როგორც ჩანს, აღინიშნებოდა სტიქიები) იწვევდა ასოციაციას კასინას პრაქტიკასთან, რომელიც არა მარტო ჩანში, არამედ საერთოდ მაჰაიანას მიმართულების ბუდიზმში აღარ არის პოპულარული და ყველგან ერთნაირად არის დაწუნებული როგორც "არაბუდისტური" და ჰიაიანური "ძველი გადმონაშთი". ასეა თუ ისე, ეს სკოლა შედარებით მცირე ხანს არსებობდა და მოძღვრებამ მრგვალ ფიგურათა შესახებ ვერ მოიპოვა აღიარება.       მეორე სკოლა, რომელიც ამ პერიოდში ყალიბდება არის ე.წ. ცემისა და ყვირილის, ანუ ლინძის სკოლა. ლინძი ი-სიუანი (დაბადების თარიღი სავარაუდოდ 811წ. გარდაიცვალა 866 ან 867 წ.) თავისი დროის გამოჩენილი მასწავლებლისგან, ხუან-ბოსგან ღებულობს დჰარმას ბეჭედს. ხუან-ბო იყენებდა როგორც მა-ძუს მიერ პირველად გამოყენებულ კაცუს, ასევე ცემის პრაქტიკასაც, რომელიც ასევე უფრო არეული მასწავლებლებისგან მოდის. ცნობილია ამ პერიოდის მასწავლებელი სახელად დე-შანი, რომელიც ტრადიციის მიხედვით ყოველთვის ჯოხით დადიოდა და ასე მიმართავდა თავის მოწაფეებს: "ის, ვინც ერთ სიტყვას მაინც იტყვის, მიიღებს ოც დარტყმას ჯოხით. ის, ვინც არც ერთ სიტყვას არ იტყვის - მიიღებს ოც დარტყმას ჯოხით!". ასეთივე იყო ხუან ბოს პრაქტიკაც, რომლის მეშვეობითაც აღწევს გასხოვოსნებას ლინძი და განაგრძობს მის სწავლებას თავის მოწაფეებშიც. ცნობილია ეპიზოდი, როდესაც ლინძი მოუხმობს ერთ-ერთ თავის მოწაფეს და ასე მიმართავს: "ზოგი იყენებს ჯოხს, ზოგი - კაცუს. რომელი მათგანია უფრო ახლოს ჭეშმარიტებასთან?" მოწაფე პასუხოს "კაცუ!" და უმალ ღებულობს ლინძისგან დარტყმას. მესამე სახლი არის ცაოდუნის, ანუ ხუთი რანგის სკოლა. ამ სკოლის დასახელება მომდინარეობს მის დამაარსებელთა სახელებში პირველი იეროგლიფებიდან - დუნ შანი (807- 869) და ცაო შანი (840-901). დუნ შანს 9 წლის ასაკში მიუტოვებია სახლი და ამ დროიდან დაწყებული მრავალი მასწავლებლის სკოლა გამოიარა, მათ შორის იყვნენ მა ძუ, ნან ცზიანი და გუი შანიც. თუმცა, გასხივოსნებას დუნ შანი იუნ იანის (772-841) ხელმძღვანელობით აღწევს და მისი ტრადიციის გამგრძელებელი ხდება. ოცი წლის ასაკში დუნ შანი ბერის აღთქმას დებს და ამის შემდეგ კიდევ მრავალი წლის ნამძილზე კვლავ განაგრძობს მოგზაურობას სხვადასხვა მონასტრებში, სადაც თავისი დროის საუკეთესო მასწავლებლებს და ჩანის სხვადასხვა პრაქტიკებს ეცნობა. მხოლოდ 50 წლის ასაკში სახლდება იგი დუნის მთაზე, სადაც მის ირგვლივ მისი საკუთარი მოწაფეები იწყებენ შეგროვებას. მათგან ყველაზე ცნობილი არიან ცაო შანი და იუნ ცზიუი. იუნ ცზიუმ მთელი ძალისხმევა მიმართა მყისიერი გასხივოსნების პრაქტიკებზე, ხოლო ცაო შანი უფრო მეტად მიდრეკილია თეორიული მსჯელობებისადმი. ჩანის მონასტერში მისვლამდე, იგი კონფუციანელობას შეისწავლიდა. მონასტერშიც განაგრძო მეცნიერული მოღვაწეობა და ჩამოაყალიბა მოძღვრება ხუთი რანგის შესახებ, რომელიც ცაოდუნის სკოლის განმასხავებელ სპეციფიკურ მოძღვრებას წარმოადგენს. თუმცა, მოგვიანებით ეს მოძღვრება კარგავს პოპულარობას და უკვე სუნის ეპოქიდან ცაოდუნის სკოლის განმასხვავებელი ნიშანი მის განსაკუთრებულ პრაქტიკაში, ძო ჩანის მედიტაციაში, მდგომარეობს. ცაო შანის ხუთი რანგი გამოხატავს აბსოლუტისა და ფენომენის, აბსოლუტური რეალობის და შეფარდებით-ფენომენალურის ერთიანობას და ამ აბსოლუტის შეცნობის საფეხურებს. თეორია დამუშავებულია ტრადიციული ჩინური ფილოსოფიისათვის დამახიათებელი ტერმინების და ელემენტების მეშვეობით, ასევე შეინიშნება ხუაიანის სკოლის გავლენაც. აბსოლუტის გამოსახატავად ცაო შანი იყენებს ტერმინებს "სწორი" და "ლი" - პრინციპი, ხოლო შფარდებითისათვის - "გრეხილი" და "ში" - შემეცნების ობიექტი, ფენომენი. სიმბოლურად ისინი გამოისახება შავი და თეთრი წრეების მეშვეობით, სადაც შავი წრე აბსოლუტის, ხოლო თეთრი წრე ფენომენის გამომხატველია. საუბარია აბსოლუტის გამოვლინებაზე ფენომენალურ სამყაროში და მათ სრულ ურთიერთგანსჭვალულობაში, რითაც ფენომენი და ფენომენალური არსებობა აბსოლუტის შემეცნების საშუალებად იქცევა, ვინაიდან მისი ჭვრეტით შესაძლებელია შეცნობა აბსოლუტისა, რომელიც მასშია გამოვლენილი. მეოთხე სახლს ეწოდება იუნ მენის ან მარტივი პასუხის სკოლა. იუნ მენმა (გარდაიცავალა 949წ.) გასხივოსნებას მიაღწია მუ ჭოუს (ხუან ბოს პირველი მოწაფის) ხელმძღვანელობით. მუ ჭოუ იყენებდა თავისი მასწავლებლის პრაქტიკებს.       სწორედ მათი საშუალებით გასხივოსნდა იუნ მენიც. იგი სამჯერ მიდის თავის მასწავლებელთან და თხოვს უმაღლესი ჭეშმარიტების ახსნას. მაგრამ სამივეჯერ მუ ჭოუსაგან უხეშ პასუხს ღებულობს. ბოლოს მუ ჭოუ ხელის კვრით გააგდებს იუნ მენს თავისი სახლიდან და ისეთი ძალით მოიხურავს ჭიშკარს, რომ იუნ მენს, რომელსაც ფეხი აქვს მოყოლილი ჭიშკარში, ძვალი უტყდება. სწორედ ამ დროს, ფეხის მოტეხვის მომენტში, აღწევს იგი გასხივოსნებას. ამიტომ პრაქტიკის თავლსაზრისით, იუნ მენის სკოლა ბევრად არ განსხვავდება ლინძის სკოლისაგან. სპეციფიკური ნიშანი ამ სკოლისა მდგომარეობდა მარტივ, ერთსიტყვიან ან ერთმარცვლიან, პასუხებში, რომელიც ჩვეოდა იუნ მენს. სუნის ეპოქაში შედგენილ კოანთა კრებულში "ბი იან ლუ"-ში შესულია იუნ მენის შემდეგი ფრაზა: "მე არაფერს გეკითხებით განვლილი 15 დღის შესახებ, მაგრამ რა შეგიძლიან მითხრათ მომავალი 15 დღის შესახებ?" რასაც თავადვე პასუხობს: "ყოველი დღე კარგი დღეა". კომენტატორის თქმით, განვლილ 15 დღეში იგულისხმება ის პერიოდი, რომელსაც ადამიანი გადის გასხივოსნების პირველი მუხტის შეგრძნებიდან სრულ გახსოვოსნებამდე. ამ დროს მიღწეული გასხივოსნება სრულია, როგორც სავსე მთვარე. მაგრამ მომდევნო 15 დღის მანძილზე ხდება სატორისაგან მიღებული შთაბეჭდილების გაფერმკრთალება ისევე, როგორც მთვარე ილევა ნახევარი თვის ნამძილზე. ამიტომ ძენში მნიშვნელოვანია, რომ გასხივოსნების შემდეგაც არ ხდებოდეს ძალისხმევის შესუსტება და ყოველი დღე არის კარგი ახალი გამოცდილების მისაღწევად. ასეთი პრაქტიკის პირობებში ყოველი დღე იგივდება გასხივოსნებასთან და ქრება საზღვარი "მდე" და "შემდეგ", პიროვნება ამგვარად მარადიულ აწმყოში იმ "დღევანდელ დღეში" იმყოფება, რომელიც მარადიული გასხოვოსნების ტოლფასი ხდება. იუნ მენი თავისი დროის ყველაზე გამოჩენილ პიროვნებათა და ძენის საუკეთესო მასწავლებელთა რიცხვში შედის. უკანასკნელი, მეხუთე სახლის ფუძემდებელია ფა იანი (885-958), რომლის სკოლასაც ფა იანის ან არსებობის თვისებათა ურთიერთგანმსჭვალულობის სკოლას უწოდებენ, ვინიადან მისი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ არსებობის ექვსი მახასიათებლის ურთიერთგანმსჭვალულობის მოძღვრებაში მდგომარეობს. ეს ექვსი მახასიათებელია: ერთობა და განცალკევება, მსგავსება და განსხვავება, ხდომილება და გაქრობა.       მოძღვრების არსი მდგომარეობს დაპირისპირებულთა ერთიანობის შეგრძნებაში. ფა იანის პრაქტიკაც დაკავშირებული იყო მრგვალ ფიგურებთან: წრეში ჩახატული ექვსი მახასიათებლის სიმბოლოების ჭვრეტა, როგორც აბსოლუტური მონიზმის წვდომის გზა. ამ პრაქტიკას კვლავ მედიტაციის ჰინაიანურ ფორმებამდე მივყავართ და ამგვარი მოძღვრება ვერ გახდებოდა ორგანული ძენისათვის. ჩანის ხუთ სახლს შორის ფა იანის სკოლას ყველაზე ნაკლები გავლენა აქვს. საბოლოო ჯამში, ამ ხუთი მიმართულებიდან მხოლოდ ორი - ლინძისა და ცაოდუნის სკოლები უძლებენ დროის გამოცდას და განსაზღვრავენ ძენის სახეს, როგორც მომდევნო ეპოქებში, ასევე დღესაც. 845 წლიდან დაწყებულმა ბუდისტურმა დევნამ მნიშვნელოვნად დააზარალა ბუდიზმის თითქმის ყველა სკოლა. IX – X სს -ს შემდეგ ნელ-ნელა დაკნინებული და დასუსტებული ხუაიანის და თიენტაის სკოლები, უთმობენ წავყვან როლს ჩანის სკოლებს, რომელთაც დევნის მძიმე წლები მნიშვნელოვანი დანაკლისების გარეშე გაიარეს და მიუხედავად იმისა, რომ სუნის ეპოქაში ზოგადად ბუდიზმი დასუსტებულია, ჩანისათვის ეს კვლავ აყვავების და გაძლიერების საუკუნეებია. სუნის ეპოქაში იძენს ჩანი მნიშვნელოვან კულტურულ ზეგავლენას და განსაზღვრავს ამ ეპოქის ჩინური ხელოვენების სპეციფიკას. ჩანის გავლენას განიცდიან ტუშით მხატვრები: მუ ცი, ლიან კაი, სია გუი; პოეტები და ლიტერატორები: ვან ვეი, სუ ში, ლუ იუ და სხვ. X – XIV საუკუნეებში ჩანი ვიეტნამის ადრეული ლისა და ჩანის დინასტიების ოფიციალურ იდეოლოგიას წარმოადგენს. ამ დინასტიების მრავალი იმპერატორი ბერად აღკვეცილა ჩანის მონასტრებში და პატრიარქობისთვისაც მიუღწევიათ. ცნობილია ეპიზოდი ვიეტმანის ახალგაზრდა იმპერატორის ჩან ტხაი ტონგის (XIII ს.) ცხოვრებიდან, როდესაც იგი იონტიშონის მთაზე ბერად აღკვეცას განიზრახავს, მონასტრის წინამძღვარი ასე არიგებს იმპერატორს: "მთებში არ არის ბუდა, ბუდა ეს შენი საკუთარი გულია და მის გარეთ არ არსებობს არავითარი სხვა ბუდა". ეპიზოდში ჩანს, რომ აქაც ტათჰაგატაგარბჰას თეორიას ეყრდნობოდნენ. ამასთან, ვიეტმანში (სადაც ჩანს დაერქვა ტხიენ) ორი სპეციფიკურად ვიეტმანური მიმართულება ყალიბდება: ჩუკლამ ("ბამბუკის ტყე") XIII-XIV სს -ში, რომელიც როგორც ჩანს ჩუნური გუიიანის სკოლის საფუძველზე იქმნება და ლიეუ კუან (დამაარსებლის სახელის მიხედვით) - ჩინური ლინძის ბაზაზე ( XVIII ს-დან). კორეაში, სადაც მას დაერქვა სონ, ჩანი შედარებით მცირე ხნის ნამძილზე იკავებს წამყვან პოზიციებს, განსაკუთრებით ბერის ჩუნულის (1158-1210) მოღვ აწეობის შედეგად. თუმცა, მალევე კორეაში კონფუციანელობის იდეოლოგიური მონოპოლია მყარდება, რამაც ბუდისტური სკოლების დასუსტება გამოიწვია. იაპონიაში ძენის ფაქტიურ ფუძემდებლად ითვლება ბერი სახელად ეისეი (1141-1215).       ძენი იაპონიაში       მიუხედავად იმისა, რომ ჩანი იაპონიაში უკვე მეშვიდე საუკუნეში აღწევს, მის ფაქტიურ ფუძემდებლად ითვლება ბერი, სახელად ეისეი (1141-1215), რომელმაც თავისი რელიგიური ძიებები ტენდაის (ჩინ. თიენტაი) სკოლის ფარგლებში დაიწყო. 1168 წელს, თავისი პირველი მოგზაურობის დროს ჩინეთში, იგი ეცნობა ჩანის ტრადიციას, ხოლო მეორე მოგზაურობის დროს, 1187 წელს, ღებულობს დჰარმას ბეჭედს ჩინელი მსაწავლებლისგან, ხუან-ლუნისგან, და ჩამოქავს ჩინური ლინძის ტრადიცია იაპონიაში, სადაც ამ ტრადიციას რინძაი დაერქვა. ამგვარად, ძენი იაპონიაში რინძაის სკოლის ფარგლებში ყალიბდება. იგი დიდ წინააღმდეგობას ხვდება ტენდაის სკოლის მხრიდან, რომელიც ამ დროს უკვე შინაგანი დაკნინების პერიოდს განიცდის, თუმცა მაინც ინარჩუნებს ფაქტიურ პრიორიტეტს სხვა სკოლებზე. უფრო მეტიც, ტენდაი ძენის ახალ მოძღვრებას "ერეტიკულად" აცხადებს. მაგრამ ძენი იძენს სამურაიების ფენის მხარდაჭერას და მათზე დაყრდნობით მალევე ძლიერდება და აყვავების ხანაში გადადის. კამაკურასა და მურომაჩის პერიოდებში შენდება ახალი მონასტრები ძენისათვის, ხოლო ძველი მონასტრების "გადაკეთება" ხდება ძენის მიზნებისათვის, სადაც წინამძღვრებად ძენის მასწავლებლები ინიშნებიან. ასე მაგ., ეისეი ინიშნება 1202 წელს, ახალაშენებული კენინძის მონასტრის (კიოტო) წინამძღვრად. თუმცა, ეს მონასტერი იმ დროს არ წარმოადგენდა ძენის მოანსტერს. გარდა ძენის დარბაზისა მედიტაციებისთვის, იქ იყო სპეციალური დარბაზები ტენდაისა და შინგონის რიტუალების შესასრულებლად და მიუხედავად იმისა, რომ დღეს კენინძი ძენის მონასტერია, ძველი ტრადიციიის მიხედვით, იქ კვლავ სრულდება ტენდაის სკოლის ცერემონიებიც. ეისეი ასევე ითვლება იაპონური ჩაის ცერემონიის დამაარსებლადაც. ჩაის იაპონელები იქამდეც იცნობდნენ, თუმცა, თავისი მოგზაურობებიდან ჩინეთში, ეისეის კვლავ ჩამოაქვს ჩაის თესლი, რომელსაც მონასტრის მიწაზე რგავს. ჩაის პოპულარიზაციისათვის მან მთელი ტრაქტატიც კი დაწერა, სადაც ჩაის სასარგებლო თვისებებს განიხილავს. ჩანის მეორე მიმართულების, ცაოდუნის (იაპ. სოტო), დამაარსებლად იაპონიაში ითვლება დოგენი (1200-1253). დოგენი დიდგვაროვანი ოჯახიდან იყო, მამამისს, კუგა მიჩიჩიკას, მაღალი პოსტი ეკავა საიმპერატორო კარზე, ხოლო დედა ფუძივარას გვარიდან იყო. თუმცა, ორივე მშობელი მან მცორეწლოვანმა დაკარგა (მამა 2 წლის ასაკში, ხოლო დედა - 7 წლის ასაკში.), რის შემდეგაც მასზე ზრუნვას იწყებს დედის უფროსი ძმა. დოგენმა შესანიშნავი განათლება მიიღო და მისი ბიოგრაფების ცნობით, უკვე 4 წლის ასაკში თავის პირველ ლექსებს კითხულობდა ჩინურად. ბიძა მას იმდროინდელი საუკეთესო ტრადიციების მიხედვით ზრდიდა და ამზადებდა საერო კარიერისათვის საიმპერატორო კარზე. თუმცა, დოგენს გული არ მიუწევდა ასეთი სამსახურისადმი და ცოტა ხნით ადრე, სანამ სრულწლოვანებას მიაღწევდა, იგი გარბის სახლიდან და მიდის თავის უმცროს ბიძასთან, რომელიც ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა ხიეის მთის ძირში. ბიძასთან დოგენი ერთი წელი გაჩერდა, რის შემდეგაც ხიეის მთაზე ტენდაის მონასტერში ბერად აღიკვეცება. ისევე როგორც ეისეი, იგი მალევე აიცრუებს გულს ტენდაის სკოლის მოძღვრებაზე. კერძოდ, მისთვის გადაუწყვეტელი აღმოჩნდა წინააღმდეგობა თავდაპირველ და შეძენილ გასხივოსნებას შორის. თუკი ყველა არსება იმთავითვე დაჯილდოებულია ბუდას ბუნებით (გასხივოსნებით), რა საჭიროა ის უზარმაზარი ძალისხმევა, რომელსაც ბუდები და ბოდჰისატვები მიმართავენ გასხივოსნების მისაღწევად? ტენდაის სკოლამ ვერ გასცა პასუხი დოგენის შეკითხვას. ამიტომ იგი ტოვებს მონასტერს და იწყებს თავის ძიებებს სხვა მონასტრებსა და სკოლებში. ერთი დრო მისი მასწავლებელი იყო ასევე ტენდაიზე გულაცრუებელი ბერი კიოინი. კიოინმა ალტერნატიული გზა ამიდაიზმში ნახა, თუმცა დოგენთან მცირე ხნის ურთიერთობის შემდეგ ურჩევს მას გაემგზავროს კენინძიში და გაეცნოს ეისეის ახალ მოძღვრებას, რომელიც გასხოვოსნების მყისიერ გამოცდილებას ეყრდნობოდა. ამ დროს კენინძიში ახალი წინამძღვარია სახელად მიოძინი, რომლის დროსაც იქ ისევ სრულდებოდა სამივე სკოლის (ტენდაი, შინგონი და ძენი) რიტუალები. აქედან ახალი დოგენისთვის მხოლოდ ძენის მოძღვრება იყო, რომლითაც იგი იმდენად ინტერესდება, რომ თავის მასწავლებელ მიოძინთან ერთად 1223 წელს მიემგზავრება ჩინეთში.       გარკვეული ხნის მანძილზე დოგენი ცხოვრობს თიენ-დუნ-ჟუს მონასტერში, მაგრამ შედეგს ვერ აღწევს და კვლავ იწყებს მოგზაურობას მონასტრიდან მონასტერში, სადაც ძენის სხვადასხვა მასწავლებლებსა და მათ მოძღვრებას ეცნობა. როდესაც დოგენი გადაწყვიტავს კვლავ თიენ-დუნ-ჟუში დაბრუნებას, გებულობს თავისი მასწავლებლს გარდაცვალების ამბავს და იაპონიაში ბრუნდება. თუმცა, იაპონიაში დაბრუნებული გებულობს, რომ თიენ- დუნ-ჟუს წინამძღვრად ინიშნება სახელგანთქმული ბერი ცზიუ-ცინი. 1225 წელს დოგენი მეორედ მიემგზავრება ჩინეთში და ამჯერად უკვე ცზიუ-ცინს ემოწაფება, რომლის ხელმძღვანელობითაც აღწევს გასხივოსნებას. ერთხელ ღამის მედიტაციის დროს ერთ-ერთ მოწაფეს ჩაეძინება. ცზიუ-ცინი შემდეგი სიტყვებით აღვიძებს ბერს: "ძენში გონება და სხეული ერთია! როგორ მოახერხე დაძინება?" ამ სიტყვების გაგონებისას, დოგენი გასხივოსნებას აღწევს. ამის შემდეგ იგი კიდევ ორი წელი რჩება მონასტერში და განარძობს სრულყოფას ცზიუ-ცინის ხელმძღვანელობით. 1227 წელს ბრუნდება იაპონიაში, სადაც ამ დროს გარდაიცვლება მისი მასწავლებელი მიოძინი. დოგენი უარს ამბობს კენინძის მონასტრის წინამძღვარის თანამდებობაზე და სოფლის ნახევრად-მიტოვებულ მონასტერში სახლდება. თუმცა, მალევე ეს სოფლის მონასტერი (ფუკაკუსას მახლობლად) ხდება მოწაფეთა შეკრების ცენტრი. 1236 წელს დოგენი ახლადაშენებული კიოსიოჰორინძის წინამაძღვარი ხდება, სადაც თავისი მოწაფეებისათვის დღის მკაცრ განაწესს ადგენს, რომელშიც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მედიტაციურ ვარჯიშებს. ამის შემდეგაც განაგრძობს დოგენი მოგზაურობას და კიდევ რამდენიმე ადგილსამყოფელს იცვლის, მაგრამ სადაც არ უნდა მივიდეს ყველგან ხდება მის ირგვლივ მოწაფეთა შეკრება. მისი სახელი უკვე ცხორვებაშივე ძალიან დიდი იყო. დოგენის უმნიშვნელოვანეს ნაშრომს წარმოადგენს ტრაქტატი "სიობოგენძიო" (ჭეშმარიტი დჰარმას ძვირფასი ცოდნა). 1253 წლის 23 აგვისტოს იგი გარდაიცვლება ფილტვიების ქრონიკული დაავადებით (ჭლექი). მიუხედავად იმისა, რომ დოგენი სოტოს დამაარსებელია, იგი უარყოფითად უყურებდა ბუდიზმის სხვადასხვა სკოლათა ქიშპობას და არ თვლიდა თავს რომელიმე ერთი მიმართულების წარმომადგენლად. ბუდისტები მის სწავლებას ეძახიან "შაკიამუნის დჰარმას", ბუდასა და ბოდჰისატვების წმინდა ტრადციასთან დაბრუნებას და "განსაკუთრებულ ძაძენს". ძაძენს, ანუ ბუდას მჯოდომარე მედიტაციის მდგომარეობას, დოგენისათვის მართლაც უდიდედსი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩინეთში მეორე მოგზაურობიდან დაბრუნებული, დოგენი წერს ტრაქტატს "ფუკანძაძენგი", რომელიც ძაძენის ერთვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. ძაძენს დოგენი განიხილავს როგორც უმოკლეს და უმარტივეს გზას გასხივოსნებისაკენ, ვინაიდან იგი, მისი თქმით, ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენს. ძაძენში გონება და სხეული ერთია, შესაბამისად როდესაც ადამიანის სხეული ღებულობს ბუდას მდგომარეობას, მისი გონებაც ისწრაფვის ამ მდგომარეობის მისაღწევად. ამიტომ ნებისმიერი მომენტი ძაძენში გასხივოსნების ტოლფასია. ამგვარ, ბუნებრივ, მდგომარეობაში, ცნობიერება თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი მიზნობრივი მისწრაფებისგან, არ შეიძლება ძაძენში ჯდომა გასხივოსნების მიღწევის სურვილით, გასხივოსნება თავად რეალიზდება ადამიანში როგორც კი იგი მიაღწევს ძაძენის მდგომარეობას. ამისთვის დოგენი გულმოდგინედ არიგებდა მოწაფეებს სხეულის სწორი მდგომარეობის შესახებ, გზა, მისი აზრით, მიიღწევა სხეულის მეშვეობით, ვინაიდან სხეული და გონება ერთი არიან. ძაძენის დროსაც აუცილებელია ფიზიკური და ფსიქიკური პროცესების ერთიანობის გაცნობიერება. რაც შეეხება ძაძენის გონებრივ შემაგდენელს, როგორც უკვე ითქვა, საჭიროა განთავისუფლება მიზნობრივი მისწრაფებისაგან და ყოველგვარი ფიქრისგან. ერთ ბერს ჰკითხა მოწაფემ: "რა უნდა მოვიაზრო მედიტაციის დროს?" რაზედაც მასწავლებელმა უპასუხა: "უნდა მოიაზრო არზების არ-არსებობა." ფიქრის არ-არსებობა სულაც არ ნიშნავს დოგენისათვის სრულ სიცარიელეს, ეს არის გონების თავდაპირველი მდგომარეობა, ანუ საუბარია დაბადებამდელი ცნობიერების შესახებ, რომელიც შეიმეცნებს (ანუ აქტიურია) შემეცნების ობიექტთან შეხების გარეშე. ამ შემთხვევაში საგანი შეიმეცნება არა როგორც ობიექტი, არამედ წარმოდგება თავისი ჭეშმარიტი არსის მიხედვით, ისეთად როგორიც არის სუბიეტ-ობიექტის მიმართების გარეშე.       დოგენი ძენში სამ საფეხურს განარჩევს: პირველზე მიიღწევა გონებისა და სხეულის ერთიანობა, მეორეზე - ადამიანის, ინდივიდისა და ბუნების, მთელი სამყაროს ერთიანობის შეგრძნება, ხოლო მესამეზე - გასხივოსნება ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა შემოვიდეს. მეორე ეტაპზე იხსენაბა ყოველგვარი დაპირისპირება და ამ ეტაპზე ამოიხსნება ყველა კოანი (დოგენი არ უარყოფს კოანების პრაქტიკას, არამედ მეორეხარისხოვან, დამხმარე პრაქტიკების რიცხვს მიაკუთვნებს). ძენი არის გზა ერთიანობისაკენ: "მთელი სამყარო რაწმოადგენს ბუდას ბუნებას. ბუდას ბუნების ნაწილს ჩვენ ვუწოდებთ ცოცხალ არსებას". დოგენი არა მარტო თავისი დროის, არამედ საერთოდ იაპონიის უდიდეს პიროვნებათა რიცხვს განეკუთვნება. იგი ბოდჰისატვად არის მიჩნეული როგორც სოტო-ძენში, ასევე ბევრ სხვა ბუდისტურ მიმართულებებშიც. მრავალი მეცნიერი მას მიიჩნევს იაპონური რელიგიური და ფილოსოფიური აზრის ისტორიაში ყველაზე დიდ ფიგურად. კამაკურას პერიოდში დაწყებული ძენის მონასტერთა და ტაძართა აგება თითქმის მთლიანად შეწყდა უკვე მე-14 საუკუნის ბოლოსათვის. ამ დროის მანძილზე ძენი პოპულარული გახდა არა მარტო სამურაიების (რომელთაც ძენის მკაცრი სამონასტრო განაწესი, სიმამაცე და სიკვდილის წინაშე შეუპოვრობა იზიდავდათ) და დიდებულ ფეოდალთა (დამიო) წრეში, არამედ ჩვეულებრივ ხალხშიც, რომელთათვისაც ბუდა ასოცირდებოდა ხალხური რწმენის კეთილ ღვთაებებთან. ძენის გამოჩენილი მოღვაწე მუსიო (1275-1351) პირდაპირ აიგივებს კამის თავდაპირველ ბუდასთან და აცხადებს კამის მის ავატარებად. ასეთი სინკრეტიზმი საერთოდ დამახასიათებელია ბუდიზმისათვის და იაპონიაშიც იმთავითვე მოხდა ბოდჰისატვებისა და კამის წრმენის ერთგვარი შერწყმა, რამაც ახალი რწმენა უფრო გასაგები გახადა ჩვეულებრივი ხალხისათვის. მით უფრო რომ თავდაპირველი გასხივოსნების, ბუდას ბუნების თეორიის, ახსნა კამის რწმენის საფუძველზე ბევრად იოლდებოდა. კამი ხომ მთელ სამყაროს ასულიერებენ, ნებისმიერ მცენარეში, მთაში თუ მდინარეში მილიარდობით კამი ცხოვრობენ. კამის გაიგივება ბუდას მანიფესტაციებთან უიოლებდა ხალხს იმის გაგებას თუ როგორ იმყოფება ბუდას (იაპ. ხოტოკე) ბუნება მთელ სამყაროში და ნებისმიერ ცოცხალ არსებაში. ამავე პერიოდში ძენი დიდ კულტურულ გავლენას იძენს. ძენის მონასტრები გადაიქცა იაპონური კულტურის ცენტრებად, სადაც მრავალი ხელოვნების დარგი (იაპ. დო - ანუ "გზები") ვითარდებოდა დაწყებული სამურაიების ბრძოლის ხელოვნებიდან და დამთავრებული მებაღეობით, მხატვრობით და ჩაის ცერემონიით (ჩა-ნო-იუ). ძენის ბერები ქმნიდნენ იმდროინდელ ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს, როგორიცაა კიოტოს მახლობლად რიოანძის ტაძრის ბაღი გაშენებული 1499 წელს, რომლის ავტორად ითვლება სიოამი. ეს პროექტი გენერალ ხოსოკავა კაცუმოტოსთვის აიგო, რომელმაც იქ ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა. რიოანძის ცნობილი ბაღი წარმოადგენს კომპოზიციას ქვებისა და ქვიშისაგან. ქვის დიდი ლოდები სიმბოლურად გამოხატავენ ხმელეთს, ქვიშა - მიწას, ხოლო ხავსი - ტყეებს. ამის გარდა ბაღში არაფერია. არც ფლორა და არც ფაუნა. ამგვარი ალეგორიით სიოამიმ გამოხატა სამყარო როგორც ბუდას სხეული და სიცარიელე. რაც შეეხება მხატვრობას, აქ აღსანიშნავია სესიუ (1421-1506), რომელიც 12 წლის ასაკიდან ცხოვრობდა და მოღცაწეობდა ძენის მონასტერში. მისი ნამუშევრები ითვლება იაპონური ტუშით მხატვრობის (სუმი-ე) საუკეთესო ნიმუშებად. მაგრამ უკვე მურომაჩის პერიოდის დასასრულისკენ შეინიშნება ხელოვენის განვითარება ერთგვარი "სამოქალაქო" სტილისკენ და იგი ნელ-ნელა ცილდება ძენის ტაძრების კედლებს. ტოკუგავას პერიოდში იაპონურ ბუდიზმში წამყვანი პოზიციები კვლავ ამიდაიზმსა და ძენს უკავია, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ისინი მკაცრ კონტროლს ექვემდებარებიან, რომელიც ხელს უწყობს სამწუხაროდ მხოლოდ მატერიალურ სიძლიერეს სკოლებისა და არა მათ შინაგან განვითარებას. ბუდისტი ბერის სიოდენის (გარდაიცვალა 1633 წ.) ხელით აღწერილ იქნა ყველა ბუდისტური ტაძარი და მონასტერი. ისინი დაიყო ე.წ. მთავარ მონასტრებად (როგორებიც იყო სამონასტრო კომპლექსები კიოტოსა და კამაკურაში) და ე.წ. პროვინციულ მონასტრებად (ერთგვარ ფილიალებად მთავარი მოასტრებისა). ამასთან ხელისუფლება ერეოდა ნებისმიერ დავაში მათ შორის და ბუნებრივად დავები მთავარი მონასტრების სასრგებლოდ წყდებოდა. მიუხედავად საერთო რთული სურათისა, ამ პერიოდშიც არიან გამოჩენილი ძენის მოღვაწეები და ძენის ახალი მიმართულებაც კი იქმნება (ობაკუ). მაგრამ უდიდესი სახელი ამ ხანაში მოიპოვა რინძაი ძენის მასავლებელმა ხაკუინმა. ხაკუინი (1685-1768) დაიბადა პატარა სოფელ ხარაში. დედმისი ამიდაიზმს მიყვებოდა და ხაკუინის პირველი რელიგიური შთაბეჭდილებები დაკავშირებული იყო ამიდაისტი ბერის ქადაგებასთან ჯოჯოხეთების შესახებ, რამაც შეძრა მცირეწლოვანი ხაკუინი და ჩაუნერგა თითქმის პანიკური შიში მომავალი ტანჯვის წინაშე. მაგრამ ამასთანავე, ეს გახდა პირველი იმპულსი მისი რელიგიური ძიებებისთვის. 15 წლის ასაკში ღებულობს იგი გადაწყვეტილებას სამონასტრო ცხოვრებას მიუძღვნას თავი. ამავე დროიდან იწყება მისი გამუდმებული ხეტიალი ერთი მონასტრიდან და ერთი მასწავლებლისგან მეორესთან.       პირველ ხანებში ხაკუინი ვერსად ვერ აღწევს შედეგს და გარკვეული ხნის მანძილზე საერთოდ ეჭვდება იმაში, რომ ძენს შეუძლია დააკმაყოფილოს მისი სულიერი ინტერესი. 1708 წლისთვის იგი ხვდება ეტანს, რომლის ხელმძღვანელობითაც აღწევს თავის პირველ სატორის. თუმცა, 1710 წლისათვის ხაკუინი იძულებულია შეწყვიტოს რელიგიური ძალისხმევა ჯანმრთელობის გაუარესების გამო. ამ დროისათვის მას მთელი რიგი ნერვული აშლილობები და ფიზიკური სენი აწუხებს, რომელსაც "ძენის დაავადებას" უწოდებენ. თავის პირველ გამოცდილებას ხაკუინი თავადვე აღწერს. ამ დროს (დაახლ. 1708 წელი) იგი ღებულობს გადაწყვეტილებას არ შეასუსტოს ძალისხმევა მანამ, სანამ არ მიაღწევს გასხივოსნებას. დღე და ღამეს მედიტაციაში ატარებს და ეძებს პასუხს ცნობილ კოანზე სიცარიელის შესახებ (პირველი კოანი "უ მენ კუანის" კრებულში ბუდასა და ძაღლის ბუნების შესახებ). ამ მდგომარეობაში იგი მიდის იმ ზღვრამდე, რომელსაც შემდეგ სუძუკი ახასიათებს როგორც "ავსების" ეტაპს, თავად ხაკუინი მას უწოდებს "დიდ დაეჭვებას". მას უჩნდება განცდა თითქოს იყინება უზარმაზარ ყინულის ნატეხზე, სადაც მზერა ვერაფერს წვდება გარდა ყინულისა და მის ირგვლის სრული სიცარიელე სუფევს. როდესაც ხაკუინი ისმენდა ლექციებს, მასწავლებლის ხმა მას ესმოდა ყრუდ, თითქოს შორიდან შემოსული ხმა დარბაზში მედიტაციებისთვის. ამგვარ მდგომარეობაში იგი რამდენიმე დღე იმყოფებოდა, სანამ უეცრად ღამე არ გაიგონა ზარის ჩამორეკვის ხმა. ამ ხმამ დაფანტა მისი დაძაბულობა და აავსო სიხარულის და თავისუფლების უზომო განცდით. ხაკუინი წერს, რომ მიღებული განცდა იმდენად დიდი იყო, რომ იგი თავისთვის გადაწყვიტავს: ასეთი ღრმა გასხოვოსნებითვის ალბათ არავის მიუღწევია ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. სწორედ ასეთი შემართებით მიდის იგი თავის მასწავლებელ ეტანთან და უამბობს მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც გადასცემს მასწავლებელს თავის მიერ დაწერილ ლექსებს, რომლებიც მისი აზრით გამოხატავენ მის მიერ განცდილი მდგომარეობის ჭეშმარიტებას. ეტანი წაიკითხავს ლექსებს და შემდეგ მიუბრუნდება ხაკუინის: "ეს არის ის, რასაც მიაღწიე? " ამასთან ლექსები მარცენა ხელში უჭირავს. "ახლა მჩვენე შენი გასხივოსნება!" - აგრძელებს ეტანი და გამოუწვდის ხაკუინს ცარიელ მარჯვენა ხელს. ხაკუინი თავზარდაცემულია, მას არ უნდა აღიაროს თავის გამოცდილების არასრულყოფილება და განაგრძობს მასწავლებელთან ცხარე კამათს. ბოლო ბოლო ხაკუინი იკითხავს მიზეზს თუ რატომ ჩათვალა ეტანმა მისი გამოცდილება არასრული, რაზედაც პასუხს თავადვე არ ისმენს ბოლომდე და გადის ოთხიდან.       ამის შემდეგ ხაკუინი აორმაგებს თავის ძალისხმევას. ერთხელაც იგი კვლავ მიდის ეტანთან თავისი ლექსებით. ეტანი წაიკითხავს ლექსებს და იტყვის: "გაუგებრობა და სისულელე!" ნაწყენი ხაკუინი ირონიულად იმეორებს მასწავლებლის სიტყვებს "გაუგებრობა და სისულელე!", რასაც მოყვება კლასუკური სცენა რინძაი-ძენის სტილში: მასწავლებელი მოკიდებს მას ხელს კისერში, 20-ჯერ თუ 30-ჯერ ცემს მუშტით და ძალით მოისროლებს კიბიდან. ხაკუინი ეცემა სახით ტალახში და რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იმყოფება. ამ მდგომარეობაში, ნახევრად გონება-დაკარგულს ესმის ეტნის ხმამაღალი სიცილი, რომელიც თავისი ვერანდიდან უყურებს ტალახში ჩაფლობილ მოწაფეს. ბოლო ბოლო ხაკუინი მოიკრებს ძალებს, დგება, თავს დაუხრის მასწავლებელს და მიდის. კვლავ და კვლავ ცდილობს ხაკუინი მიაღწიოს შედეგს და ჩუმად გადაწყვიტავს დატოვოს მონასტერი. სწორედ ამ პერიოდში დგება გარდატეხა. ერთხელ, როდესაც იგი შემოწირულობას ითხოვდა ერთ-ერთ სახლთან, კვლავ კონცენტრირებულმა კოანის ამოხსნაზე ვერ გაიგონა სახლის პატრონის სიტყვები, რომელიც მას წასვლას თხოვდა. გაბრაზებული მასპინძელი ხელის კვრით აგდებს ბერს. ხაკუინი კვლავ ეცემა ტალახში, მაგრამ ამასთანავე მის ცნობიერებაში ხდება გარღვევა, რომელსაც ის ამდენ ხანს ელოდა. კვალავ კოანის ამოხსნაზე კონცენტრირებული ხაკუინი უეცრად ხვდება მის აზრს და უნებურად იწყებს სიცილს. შეშინებული ხალხი გაეცლება "გადარეულ ბერს" და ხაკუინი ნელი ნაბიჯით მიდის კვლავ მონასტერში. აქ ეტანი მოისმენს მის მონათხრობს და როგორც იქნა უდასტურებს გასხივოსნების ჭეშმარიტებას. თუმცა ამავე დროს ხაკუინის ჯანმრთელობა იმდენად არის დასუსტებული (დაახლ.1710 წელი) რომ იგი იძულებულია დახმარებისთვის მიმართოს მოხეტიალე ბერს ხაკუიის, რომელიც დაოსური მედიტაციის მეთოდებს იყენებდა. ხაკუინისვე თქმით, ამის შემდეგ იგი სრულიად განიკურნა და ცხოვრების ბოლომდე აღარ შეუწუხებია არც ფსიქუკურ და არც ფიზიკურ სენს. "ძენის დაავადებას", რომელმაც თითქმის მთლიანად დაანგრია ამ დროისათვის ხაკუინის ორგანიზმი, განსაზღვრავენ როგორც ფილტვების ქრონიკულ დაავედებას, ტუბერკულოზს და ნერვულ აშლილობას, რომელიც აუცილებლად თან ახლავს ხოლმე ფიზიკურ ძალთა შესუსტებას და გონებრივ ძალთა დაძაბულობას. სიმპტომატურად ეს დაავადება გამოიხატება საერთო სისუსტით, სიცხით თავისა და გულისა არეში, კიდურების გაყინვით და ფსიქიკური აშლილობით. ხაკუნისვე თქმით, მისი გონება ერთგვარ დაბუნდულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ყურებში გუგენი ესმოდა და "ძილში თუ ცხადში ათას სიზმარს ხედავდა", რაც ჰალუცინაციურ მდგომარეობაზე მიუთითებს. გამოჯანმრთელების შემდეგ ხაკუინი კვლავ უბრუნდება ძენის პრაქტიკებს. 1716 წელს იგი ხდება სიოინძის მონასტრის წინამძღვარი, სადაც მისი მოწაფეების რიცხვი განუწყვეტლივ იზრდება. თავის მოწაფეებს იგი აფრთხილებდა ძენის დაავადების საფრთხის შესახებ და თავადვე ასწავლიდა რეაბილიტაციის მეთოდებს. (თუმცა, მიუცედავად ამისა, ლეტალური შედეგი მაინც ხშირი იყო.) ხაკუინი თავისი პირადი გამოცდილების საფუძველზე ასწავლიდა ძენს. სწორედ ამიტომ მის მოძღვრებაში დიდი ადგილი უკავია "დიდი დაეჭვების" და "დიდი გარღვევის" ცნებებს. დიდ დაეჭვებას იგი უწოდებს ასევე "უფსკრულზე დაკიდებულის" მდგომარეობას და აღწერს მას, როგორც სრიალა ხავსით დაფარულ ქვაზე მდგომი ადამიანის მდგომარეობას, რომელიც უფსკრულზე დგას და ეჭიდება ბალახის წვრილ ღეროს. ამ დროს ადამიანი მაქსიმალურად არის კონცენტრირებული და ძალისმევის მოდუნება ერთი წამითაც კი გამოიწვევს მის გადავარდნას უფსკრულში. ეს ერთგვარი "ზღვრული" მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი სიკვდილის ზღვარზე იმყოფება და ამ დროს შესაძლებელია სწორედ "დიდი გარღვევა", რომელიც წარმოადგენს დაძაბულობის განმუხტვის ბუნებრივ რეაქციას.       ხაკუინი იმდენად იყო დარწმუნებული თავისი მეთოდების ჭეშმარიტებაში, რომ ამბობდა: "როდესაც მიიღწევა დიდი დაეჭვება, ასი მოწაფიდან ასივე მიაღწევს გასხივოსნებას და ათასიდან - ათასი." ხაკუინი, ისევე როგორც დოგენი, უკმაყოფილო იყო ამიდაიზმის პოპულარობით, თუმცა დოგენი მიიჩნევდა, რომ ძაძენის მედიტაცია უმარტივესი გზაა გასხივოსნებისაკენ მაშინ, როდესაც ხაკუინი პირიქით, ნიომბუცუს მარტივ გზას უპირისპირებს კოენების დაძაბულ და რთულ პრაქტიკას. ხაკუინის აზრით, ნიომბუცუ არ არის ქმედითი თავის სიმარტივეში, მაშინ როდესაც ძენის ადეპტების უზარმაზარი ძალისხმევა და შეუპოვრობა გამოიღებს სასურველ შედეგეს. როგორც არ უნდა შევაფასოთ ხაკუინი და მისი პირადი გამოცდილება, უნდა ვაღიაროთ, რომ იგი ერთ-ერთი უდიდესი პიროვნებაა იაპონური ძენის ისტორიაში და მისი მაგალითი შთააგონებდა და აღაფრთოვანებდა როგორც მის თანამედროვეებს ასევე მათ შთამომავლებსაც. ასევე უნიკალურია ხაკუინი ვინაიდან იგი, ალბათ, ერთადერთი ადამიანია, რომელიც ასე დაწვრილებით ცდილობს გამოხატოს საკუთარი მისტიკური გამოცდილება და მის ავტობიოგრაფიებში მრავალი საინტერესო მასალა შეიძლება იქნას აღმოჩენილი ამ თვალსაზრისით. ხაკუინი ერთი დრო გატაცებული იყო პოეზიით და მთელი ცხოვრების ნამძილზე შეინარჩუნა ეს სიყვარული პოეზიისადმი. მისი ლექსები რა თქმა უნდა არ არის იაპონური გენიის მწვერვალი, თუმცა, ამ ფაქტითაც იგი უნიკალურია, ვინაიდან მის პიროვნებაში გაერთიანდა როგორც გასხივოსნების მწვერალი, ასევე ხელოვნებისადმი ერთგულება. ასეა თუ ისე, ხაკუინი დოგენთან ერთად, უდიდესი ფიგურაა იაპონური ძენის ისტორიაში.       ტიბეტური ბუდიზმის წარმოშობა       არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც ბუდისტური სწავლების სიმბოლოები ტიბეტში პირველად IV ს.-ში გამოჩნდა. ამ ლეგენდის მიხედვით, ზეციდან ჩამოვარდა სკივრი ბუდისტური სიმბოლოებით და ზარდახშა, რომელსაც ეწერა "ომ მანი პადმე ხუმ". მაგრამ ეს მხოლოდ ლეგენდაა, დანამდვილებით შეგვიძლია ვისაუბროთ ბუდიზმზე ტიბეტში მხოლოდ მეფე სონგცენ გამბოს დროიდან (613-649), რომელმაც გააერთიანა ტიბეტური ტომები და ცენტრალიზებული სახელმწიფო შექმნა. კვლავ იგივე ლეგენდის მიხევდით, სონგცენ გამბო პირველი იყო, რომელიც დაინტერესდა ამ სიმბოლოების მნიშვნელობით და ამ მიზნით ინდოეთიდან ბუდისტი მისიონერების მოწვევა დაიწყო. მაგრამ პირველ ხანებში ბუდიზმს ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევდა ადგილობრივი რელიგია, ბონი. VII-VIII სს.-ში ტიბეტელი მეფეები დიდ ძალისხმევას მიმართავდნენ ახალი რელიგიის გასამყარებლად. VII ს.-ის შუახანებში სანსკრიტული ანბანის საფუძველზე შეიქმნა ტიბეტური დამწერლობა. მაგრამ მხოლოდ მეფე ტრისონგ დეცენის მმართველობის დროიდან (755-797) შეგვიძლია განვიხილოთ ბუდიზმი როგორც ძლიერი რელიგიური მიმართულება, რომელიც ნელ-ნელა იწყებს ბონის კულტის განდევნას. ტრისონგ დეცენმა დაიწყო ტიბეტელი სწავლულების გაგზავნა ინდოეთში ბუდიზმის შესწავლის მიზნით და ინდოეთიდან ცნობილი ბუდისტი მოღვაწეების მოწვევა. 781 წელს ბუდიზმი ტიბეტის სახელწიფო რელიგიად გამოცხადდა, ხოლო 791 წელს დასრულდა პირველი ბუდისტური მონასტრის, სამიოს, მშენებლობა. ამავე პერიოდში აიკრძალა ბონის სისხლიანი მსხვერპლთშეწირვა. ტრისონგ დეცენმა ინდოეთიდან მოიწვია ბუდიზმის ცნობილი თეორეტიკოსი და ლოგიკოსი, შანტარაკშიტა. თუმცა, შანტარაკშიტა უძლური აღმოჩნდა ბონის რელიგიასთან ბრძოლაში, ვინაიდან ბონის ქურუმები სხვადასხვა მაგიურ რიტუალებს ეყრდნობოდნენ, რომლებიც უფრო დიდ გავლენას ახდენდნენ ხალხის ცნობიერებაზე, ვიდრე შანტარაკშიტას ქადაგება. ამიტომ, მისივე რჩევით, მეფემ მოიწვია ტიბეტში ინდური ბუდიზმის კიდევ ერთი       ცნობილი მოღვაწე, პადმასამბჰავა, რომელიც სახელგანთქმული იყო თავისი იოგური უნარებით. პადმასამბჰავა ტიბეტში დაახლ. 747 წელს ჩამოვიდა. მან მოახდინა ბონის და ბუდიზმის ერთგვარი შერწყმა: ბონის ღვთაებები ტიბეტურ ბუდიზმში გადაიქცნენ დჰარმაპალით (ანუ დჰარმას მფარველებად). ტიბეტურ პანთეონში დჰარმაპალი იიდამების შემდეგ მოდიან და მსგავსი ფუნქცია აქვთ: იიდამები დჰარმას სხვადასხვა დარგების მფარველნი არიან (მაგ., მედიცინის სუტრების და ა.შ.) მაგრამ თუ იიდამები არიან მშვიდობიანი, ნახერად– მშვიდობიანი და მრისხანე, დჰარმაპალი ყოველთვის მრისხანედ გამოისახებიან და მათი აგრესია მიმართულია იმ თვისებებისაკენ, რომელიც აბრკოლებს ადამიანს გასხივოსნების გზაზე. პადმასამბჰავას სახელთანვეა დაკავშირებული პირველი მონასტრის, სამიოს, მშენებლობაც. ასევე პადმასამბჰავამ შემოიტანა ტიბეტურ ბუდიზმში ტანტრული ელემენტები და დაარსა ტიბეტური ბუდიზმის პირველი სკოლა, ნინგმაპა (თარგმანების ძველი ტრადიცია). პადმასამბჰავას მოძღვრების განმასხვავებელი ნიშანი სწორედ ტანტრული ელემენტების შემოღება და ბონის პანთეონის ღვთაებების ბუდისტურ პანთეონში ჩართვა გახდა. იგი ქადაგებდა 9 საფეხურიან გზას, ანუ 9 ეტლს, რომლებიც დალაგებულია მოძღვრების გარკვეულ ეტაპებთან და ტანტრების შესაბამის ჯგუფებთან მიმართებაში: საერთო (ზოგადი) სწავლება, გარეგანი ტანტრა და შინაგანი ტანტრა. თითეული ამ სამი გჯუფიდან თავის მხრივ 3–3 საფეხურს მოიცავს. უმაღლესი მათ შორის არის მეცხრე (მესამე ჯგუფის უკანასკნელი) საფეხური – ატი–იოგა, რომელსაც სხვაგვარად ძოგჩენს და მეცხრე გზის სწავლებასაც ეძახიან. როგორც უმაღლესი გზა იგი ხელმისაწვდომია მხოლოდ ძალიან მაღალი სულიერების მქონე ბერებისათვის. მიუხედავად ამისა, ძოგჩენმა მოიპოვა პოპულარობა და XX ს.–ს უკანასკნელ ათწლეულებში გავრცელდა ნეპალში, დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში (არც თუ უკანასკნელი როლი ამაში ითამაშა ნინგმაპას წმინდა ლიტერატურის ევროპულ ენებზე თარგმნამ და დასავლელ მეცნიერთა ყურადღებამ მათ მიმართ, პირველ რიგში ეს შეეხება „ბარდო ტხიოდოლ"–ის თარგმანს, რომელსაც წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო კარლ გუსტავ იუნგმა). ნინგმაპას წმინდა ლიტერატურას წარმოადგენს ტერმა. ტრადიციით, ტერმას კლასის ყველა თხზულება დაწერილია პადმასამბჰავას მიერ. მოძღვრების შენახვის მიზნით პადმასამბჰავას დაუმალია ეს ნაწერები სხვადასხვა ადგილებში მთელი ტიბეტის ტერიტორიაზე. XI ს.–დან, როდესაც იწყება ბუდიზმის აღორძინება ტიბეტში, გამოჩნდნენ ე.წ. ტერნტონები, განძის მაძიებელნი, ადამიანები, რომლებიც ღებულობენ სპეციალურ მინიშნებებს იმის შესახებ თუ სად არის დაფარული ტერმა. მას შემდეგ რაც ტერნტონი მიიღებს მითითებას, იგი (არც თუ იშვიათად მას სხვა ხალხიც მიყვება სასწაულის სანახავად) მიდის ადგილზე, რომელიც სიზმარში ნახა ან სხვა რაიმე ხერხით ენიშნა და აღმოაჩენს ტერმას. XIX ს.–ში მოხდა ამ ტექსტების კლასიფიკაცია და გამოიცა 111 ენციკლოპედიურ ტომად. გარდა ამისა, ნინგმაპაში პადმასამბჰავას დროიდან არსებობდა ტრადიციის ზეპირი გადმოცემაც, რომელიც უშუალოდ მასწავლებლიდან მოწაფეზე გადადიოდა. ზერიპი სწავლების ჩაწერა დაიწყო მხოლოდ XV ს.–ში. XVII ს.–ში მოხდა ამ ტექსტების სიტემატიზაციაც და ისინი გამოიცა კომენტარებთან და პრაქტიკულ სახელმძღვანელოებთან ერთად. ტერმასთან ერთად ორივე კრებული 550–ზე მეტ ენციკლოპედიურ ტომს შეადგენს. ტერმას კლასის ნაწერებს მიეკუთვნება ცნობილი „ტიბეტის მკვდართა წიგნიც" (ტიბ., „ბარდო ტხიოდოლ"), რომელიც სხვადასხვა რედაქციებით მრავალჯერ გამოიცა ევროპულ ენებზე. ამ წიგნში გადმოცემულია მოძღვრება შუალედური არსებობის (ტიბ., ბარდო) შესახებ. ჯერ კიდევ ვასუბანდჰუმ თავისი აბჰიდჰარმაკოშას შედგენისას აღნიშნა, რომ ამ დროის ბუდისტურ სკოლებში ინდოეთში (V საუკუნე) არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა იმის თაობაზე, თუ რამდენი ხანი იმყოფება არსება შუალედურ არსებობაში. მისივე თქმით, ზოგი თვლის, რომ არსება ამგვარ მდგომარეობაში იმყოფება 7 დღე, სხვანი – რომ 7–ჯერ 7 დღე. ტიბეტში მიჩნეულია, რომ არსება გარდაცვალებიდან ახალ დაბადებამდე გადის 49 (ანუ 7–ჯერ 7) დღის ხანგრძლივობის პერიოდს. ასევე ტიბეტში წამთ, რომ თუკი ადამიანი ცხოვრების მანძილზე ასრულებდა კონკრეტულ იოგურ ვარჯიშებს და მედიტაციას, მაგრამ ვერ მიაღწია ხსნას გარდაცვალებამდე, მას შეუძლია მიაღწიოს გასხივოსნებას შუალედურ არსებობაშიც. მაშინ სკნდჰების ფორმირება და ახალ მატერიალურ სხეულში შესვლა აღარ მოხდება და არსება შუალედური არსებობიდან გადავა ნირვანაში. „ტიბეტის მკვრადთა წიგნის" დანიშნულებაც ისაა, რომ დაეხმაროს ადამიანს ამის მიღწევაში. ეს წიგნი, რომელიც თუ შეიძლება ასე ითქვას, შუალედური არსებობის გზამკვლევს წარმოადგენს, უნდა ეკითხებოდეს გარდაცვლილ ბერს. იგულისხმება, რომ მისი გონება ამ დროს ინარჩუნებს აღქმის სიწმინდეს და შეუძლია რა აღიქვას წაკითხული მითითებები, მათი დახმარებით მიაღწიოს გათავისუფლებას ილუზიებისაგან და გადავიდეს ნირვანაში ამავე (შუალედური არსებობის) მდგომარეობიდან. ნინგმაპას ტრადიციაში პადმასამბჰავა ბუდად არის მიჩნეული და სხვა ტიბეტური ბუდიზმის სკოლებშიც დიდი პატივი მიეგება, როგორც უდიდეს იოგინს და ტიბეტური ბუდიზმის დამფუძნებელს. ბუდიზმის გავრცელება უეცრად შეწყდა IX ს.-ში, როდესაც 836 წელს ტრისონგ დეცენის შვილიშვილმა, ახლადგამეფებულმა დარმამ, დაიწყო ბუდიზმის დევნა. სასტიკი ხასიათისა და ანტიბუდისტური ბრძოლოს გამო მას შეარქვეს "ლანგ", რაც ნიშნავს "ხარს". ლანგდარმას 6-წლიანი მმართველობის მანძილზე ბუდიზმს იმხელა ზიანი მიეყენა, რომ კვლავ მისი აღმორძინება შესაძლებელი გახდა მხოლოდ XI ს.-დან.       თარგამენის ახალი ტრადიციის სკოლები       XI ს.-ს დასაწყისში მეფე ეშე ომ კვლავ განაახლა კულტურული კავშირი ინდოეთთან და მოიწვია ბუდისტ მისიონერთა ახალი ტალღა. ამავე საუკუნეში ერთი მეორეს მიყოლებით ჩამოყალიბდა ტიბეტური ბუდიზმის რამდენიმე ახალი მნიშვნელოვანი სკოლა: კადამპა, კაგიუპა, საკიაპა და გელუგპა (თარგმანების ახალი ტრადიცია). 1073 წელს ლჰასას მახლობლად აიგო მონასტერი, რომელსაც ამ ადგილში ნიადაგის უცანაური ფერის გამო დაერქვა „საკია", რაც ნიშნავს ღია ნაცრისფერ მიწას. სკოლის ფუძემდებლად ითვლება საჩენ გუნგა ნინბო (1092–1158), თუმცა სკოლის ძირითადი სწავლება უკვე ბროგმის (993–1074) ჩამოუყალიბებია. ამიტომ საკიას სკოლის ისტორიას XI საუკუნიდან იწყებენ. ბროგმის სწავლების სპეციფიკა მდგომარეობდა მარგა–ბჰალას (გზა– ნაყოფი) მოძღვრებაში. ამ მოძღვრების მიხედვით გზის (დაბადებიდან ხსნამდე) მიზანი ახასიათებს თავად გზასვე და რეალიზდება ყოველ სულიერ ნაბიჯში. XIII – XIV სს.–ში საკიაპა თავისი განვითარების მწვერვალზე იყო და მისი ლიდერები დიდი პოლიტიკური ძალაუფლებით სარგებლობდნენ. მათ დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ მონღოლი მმართველების მხრიდანაც და დალაი ლამას ინსტიტუტის შექმნამდე წამყვანი პოლიტიკური როლი ეკუთვნოდათ. XI ს.–ს დასაწყისში იქმნება კადამპას სკოლაც, რომლის დამფუძნებელად ითვლება ეშე ოს მიერ ინოეთიდან მოწვეული კიდევ ერთი ბერი – ატიშა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ბუდიზმი უკვე თითქმის გამქრალია ინდოეთში და, როგორც ჩანს, ეშე ოს მიერ მოწვეული მისიონერები, ინდური ბუდიზმის ერთ–ერთი უკანასკნელი დიდი მოღვაწეები იყვნენ. ატიშამ ტიბეტში თავისი ცხოვრების უკანასკნელი 13 წელი გაატარა. მან დიდი ძალისხმევა გაწია საიმისოდ, რომ ტიბეტური ბუდიზმი, გადახრილი საკრალური ტანტრული ტრადიციებისაკენ და ბონის მაგიზმისაკენ, კვლავ ინდურ კალაპოტში დაებრუნებინა. სწორედ ამგვარი რეფორმირების შედეგი გახდა კადამპას სკოლა, რომლის თითქმის პარალელურადაც ჩამოყალიბდა კაგიუპას სკოლაც. კაგიუპას ფუძემდებლებად ითვლებიან ინდოელი მისიონერი ტილოპა, მისი ინდოელი მოწაფე ნაროპა (1016–1100) და ნაროპას ტიბეტელი მოწაფე მარპა მთარგმნელი (1012–1096), რომე ლიც ბუდისტური განათლების მისაღებად ინდოეთში გამგზავრებულა. დოქტრინალური თვალსაზრისით კადამპასა და კაგიუპას სკოლებს შორის თითქმის არავითარი სხვაობა არ არის, თუმცა კაგიუპას სკოლა კვლავ დაუბრუნდა ტანტრულ ტრადიციებს და რიტუალურ–მისტიკურ ცერემონიებს. ითვლება, რომ ტილოპამ თავისი მოძღვრება მედიტაციური ტრანსის დროს მიიღო თავად ბუდა ვაჯრადჰარასგან (ადი–ბუდა). კაგიუპას ტრადიციაშია ასევე ტიბეტური ბუდიზმის ცნობილი მოღვაწე, მილარეპაც. ტიპოლას მოწაფეებში აღსანიშნავია ნიგუმა, ნაროპას და, რომელიც დაკინით, ანუ სიბრძნის ბოდჰისატას მდედრობით გამოვლინებად, ითვლება. ნიგუმა გამონაკლისი არ არის, ტიბეტურმა ბუდიზმმა მრავალი სხვა მდედრობითი სქესის ბოდჰისატვაც იცის და მათ არანლკებ პატივს მიაგებენ, ვიდრე მამაკაც წმინდანებს. კაგიუპას ტრადიციაში მოძღვრება ზეპირად გადაეცემა მასწავლებლიდან მოწაფეს (სიტყვა „კაგიუ" ზეპირ გადმოცემას ნიშნავს), ამიტომ ამ მიმართულებაში თუკი მასწავლებელი ვერ ასწრებს მოძღვრების სრულ გადაცემას თავისი რომელიმე მოწაფისათვის, მისი ხაზი იღუპება. XII ს.–ში კაგიუპას სკოლიდან გამოიყო ახალი მიმართულება: კარმაპა შავი ქუდების, ხოლო XIII ს.–ში : კარმაპა წითელი ქუდების. პირველ ტრადიციაში ჩამოყალიბდა ტულკუების ინსტიტუტი, ხოლო მეორე მიმართულებამ შემოიტანა ტიბეტში სპეციფიკური პრაქტიკა – რიტუალური ცეკვა, დოგარ. ტუკლუ, ანუ „გამოცხადებული", „გამოვლენილი" სხეული, შეესაბამება სანსკრიტულ ნირმანაკაიას (ბუდას სამი სხეულიდან უკანასკნელი: მატერიალური სხეული) და აღნიშნავს მაღალგანვითარებული პიროვნების მიერ (ბოდჰისატვა) თავისი ახალი ფიზიკური ფორმის შეძენას. როდესაც ტულკუ აღმოჩენილია, იგი მიყავთ თავის მონატერში (ანუ იმ მონასტერში, სადაც იგი წინა ცხივრებაში მოღვაწეობდა). მთელი ტიბეტის მაშტაბით ასობით ტულკუ არსებობს, თუმცა ყველაზე ცნობილი მათ შორის არის დალაი ლამა. XV ს.–ში კადამპას სკოლიდან გამოიყო კვლავ ახალი მიმართულება, რომელიც ლამას, ანუ მასწავლებელს, აცხადებს მეოთხე საგანძურად (დჰარმას, ბუდასა და სანგჰასთან ერთად) – გელუგპა. გელუგპას დამფუძნებელია ცონკაპა (ან ცზონჰავა) (1357–1419). ცონკაპა კადამპას სკოლის რეფორმირებას შეეცადა, თუმცა შედეგად სრულიად ახალი მიმართულება ჩამოყალიბდა. გალუგპას დაარსების თარიღად ითველბა 1417 წელი. ცონკაპამ გაამკაცრა სამონასტრო დისციპლინა, დაამყარა ცელიბატი ბერებს შორის, აკრძალა ალკოჰოლური სასმელების მიღება და ხორცის ჭამის აკრძალვასაც შეეცადა, თუმცა უშედეგოდ: ტიბეტის განსაკუთრებული ჰავის გამო ამ წესმა ტიბეტში ფეხი ვერ მოიკიდა და ვეგეტარიანობა ტიბეტში არასოდეს ყოფილა მიღებული. გელუგპას მთავარი მონასტერია გალდან, რომლის წინამძღვარიც XVI ს.-დან ღებულობს დალაი-ლამას ტიტულს. 1578 წელს მონღოლმა ალტან -ხანმა პირველად მიანიჭა ეს ტიტული გელუგპას სკოლის მეთაურს სონამუ გიაცოს (1543-1588). თუმცა, ტრადიციით სონამუ გიაცო მხოლოდ III დალაი ლამაა, ვინაიდან ეს ტიტული მიენიჭა გელუგპას სკოლის ორ წინამორბედ ლიდერსაც: გუდუნდუბს (1391-1474) და გუდუნ გიაცოს (1475 -1542). IV დალაი ლამად დასახელდა ალტან-ხანის შვილთაშვილი ენდონ გიაცო, რომელიც ერთადერთი მონღოლია ამ ხაზში. ყველა დანარჩენი დალაი-ლამა ტიბეტელია. V დალაი ლამამ, ლობსანგ გიაცომ (1617-1682) ლჰასაში ააშენა სასახლე - პოტალა, რომელიც დალაი ლამების ოფიციალურ რეზიდენციად იქცა. ასევე ლობსანგ გიაცომ საბოლოოდ მოახერხა სასულიერო და სამოქალაქო ხელისუფლების გაერთიანება. XVI ს -დან 1951 წლამდე დალაი ლამები (ხოლო მათი მცირეწლოვანების დროს რეგენტები) მართავდნენ ტიბეტურ სახელმწიფოს და აერთიანებდნენ სასულიერო და პოლიტიკურ ძალაუფლებას ერთ პიროვნებაში. მიუხედავად იმისა, რომ დალაი ლამა გელუგპას ტრადიციაში იბადება, მას აღიარებს ტიბეტური ბუდიზმის ყველა სხვა სკოლაც. ყოველი ახალი დალაი ლამა წინამორბედის გარდაცვალებიდან 49 დღის შემდეგ იბადება. XVII-XVIII სს -ში დამუშავდა მათი ამოცნობის სისტემა. როგორც წესი, დალაი ლამას 2-4 წლის ასაკში ამოიცნობენ ხოლმე და ამავე დროს მიყავთ გელუგპას მთავარ მონასტერში, სადაც იგი მოწაფეობის პერიოდს გადის, ხოლო 16-18 წლის ასაკში ადის ტახტზე. დალაი ლამა თარგმანში ნიშნავს "მასწავლებელი ოკეანე" (ან სიბრძნის ოკეანე). ტიბეტური "დალაი" მონღოლურ "გიაცოს" შეესაბამება და ნიშნავს ოკეანეს, ხოლო ლამა ნიშნავს მასწავლებელს (რომელიც სიბრძნის მატარებელია) და როგორც ჩანს, შეესაბამება ინდურ გურუს. ყველა დალაი ლამა, ისევე როგორც ყველა ტულკუ, ერთი და იგივე პიროვნებად ითვლება, რომელიც გარდაცვალების შემდეგ კვლავ იბადება, რათა კვლავ იყოს თავისი სკოლის წინამძღვარი და დაეხმაროს სხვა ადამიანებს ხსნის მიღწევაში. დალაი ლამა ბოდჰისატვაა, იგი ავალოკიტეშვარას ინკარნაციად ითვლება. თანამედროვე დალაი ლამა XIV, ტენზინ გიაცო, დაიბადა 1935 წელს. რთული პოლიტიკური ვითარების გამო იგი იძულებული იყო 15 წლის ასაკში ასულიყო ტახტზე. 9 წლის მანძილზე იგი ცდილობდა მშვიდობიანი მოლაპარაკება ეწარმოებინა ჩინეთთან, მაგრამ ამაოდ: 1959 წლის 31 მარტის ღამეს იგი თავის ამალასთან ერთად იძულებული შეიქმნა გაცქეულიყო ინდოეთში, სადაც დღემდე ცხოვრობს ქ. დჰარამსალაში. დალაი ლამასთან ერთად ტიბეტი დატოვა სასულიერო პირთა უმრავლესობამ და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა. ინდოეთში დღეს 53 ტიბეტური დასახლება არსებობს. 1989 წელს ტენზინ გიაცო გახდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი. ჩინური ოკუპაცია ტიბეტური ბუდიზმისათვის ძალიან დიდი ტრაგედია გახდა, ვინაიდან მას საუკუნეების მანძილზე ჰქონდა თავისი ტრადიციები, რომლებიც ძალიან მჭიდრო კავშირში არიან ტერიტორიასა და სახელმწიფოსთან. კაგიუპას (ზეპირი გადმოცემის სკოლების) მრავალი მიმართულება დაიღუპა 50–იან 60–იან წლებში. ასევე ცნობილია დალაი ლამას განცხადება, რომ XV დალაი ლამა არ დაიბადება მანამ, სანამ ტიბეტური ბუდიზმი არ დაბრუნდება თავის მიწაზე. ბიბლიოგრაფია: სალექციო კურსი ბუდიზმი. თსუ.თბილისი. 2010 წელი. …
დაამატა Kakha to ფილოსოფია at 6:10pm on ივლისი 31, 2015
თემა: ორეული
თვალი კი გაახილა, მაგრამ ორიოდე წუთს ისევ გაუნძრევლად იწვა; თითქოს ბოლომდე ვერ დარწმუნებულიყო, ნამდვილად გაეღვიძა თუ ჯერ კიდევ ეძინა; ცხადლივ ხედავდა ყოველივეს, რაც მის გარშემო ხდებოდა თუ კვლავ აბურდულ-დაბურდულ სიზმარულ ჩვენებებში იყო გახვეული. თუმცა სულ მალე ბატონი გოლიადკინის შეგრძნებები უფრო ცხადად გამოიკვეთნენ და გარკვევით აღიქვეს ჩვეული შთაბეჭდილებანი. კარგი ნაცნობებივით შეაცქერდნენ პატრონს პატარა ოთახის ჩაჟამებული, გაჭვარტლულ-შემტვერილი კედლები, წითელი ხის კომოდი, წითელხეგადაკრული სკამები, წითლად შეღებილი მაგიდა, მოწითალო მუშამბის თურქული დივანი, მწვანე ყვავილებით რომ იყო მოჩითული, და წუხელ ნაჩქარევად გახდილი, დივანზე მიყრილ-მოყრილი ტანისამოსი. დაბოლოს, გაზაფხულის ცრიატმა და ჭუჭყიანმა დღემ ისე მწყრალად, და ისეთი მჟავე პირისახით შემოიხედა დამტვერილი ფანჯრიდან, რომ ბატონ გოლიადკინს ეჭვიც აღარ შეჰპარვია, რომ სადღაც ცხრა მთას იქით კი არა, არამედ სანკტ-პეტერბურგში, სატახტო ქალაქში, შესტილავოჩნის ქუჩაზე, ერთი უშველებელი კაპიტალური სახლის მეოთხე სართულზე, თავის საკუთარ ბინაში იმყოფებოდა. ამ დიდმნიშვნელოვანი აღმოჩენის შემდეგ ბატონმა გოლიადკინმა სიმწრით დახუჭა თვალი, თითქოს წუხანდელ სიზმართან განშორება დაენანა და მოინდომა ერთი წამით მაინც დაებრუნებინა. მაგრამ მცირე ხნის შემდეგ მკვირცხლად წამოხტა საწოლიდან, თითქოს იმ იდეისთვის მიეგნოს, რომელსაც აქამდე უტრიალებდა მისი დაბნეული, აწეწილ-დაწეწილი ფიქრები. წამოხტა თუ არა საწოლიდან, იმწამსვე კამოდზე მდგარ პატარა, მრგვალ სარკეს ეცა და თუმცაღა სარკეში არეკლილი ნამძინარევი, ბრუტიანი სახე და გვარიანად შემელოტებული თავი იმდენად უმნიშვნელო შესახედაობისა გახლდათ, რომ კაცს მასზე თვალი არ დარჩებოდა, მისი პატრონი, როგორც ჩანს, სარკეში დანახულით მაინც დიდად ნაამები დარჩა. „რა ოინი იქნებოდა, – ჩაილაპარაკა ბატონმა გოლიადკინმა, – რა ოინი იქნებოდა, დღეს რომ რამე უსაშველო დამმართოდა, მუწუკი გამომსვლოდა, მაგალითად, ანდა რაიმე უბედურებას გადავყროდი! მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით არა მიშავს რა. ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა. „გახარებულმა, ყველაფერი რიგზეაო, სარკე თავის ადგილას დადო, თავად კი, თუმცა ჯერ ისევ ფეხშიშველა და ღამის პერანგისამარა იყო, ფანჯარასთან მიირბინა და დიდი გულისყურით დაუწყო რაღაცას ეზოში თვალიერება. როგორც ჩანდა იმანაც ძალიან გაახარა, რაც ეზოში დაინახა, სახე თვითკმაყოფილმა ღიმილმა გაუნათა. მერე ტიხარს იქით თავისი კამერდინერის, პეტრუშკას სადგომში შეიხედა და როცა მიხვდა, რომ პეტრუშკა იქ არა ბრძანდებოდა, თითისწვერებზე მიცუნცულდა მაგიდასთან, უჯრა გამოაღო, კარგა ხანს აფათურა ხელი მის კუთხე-კუნჭულში და ბოლოს, როგორც იქნა, გაყვითლებული ქაღალდებიდან რაღაც ძველა-ძულიდან მწვანე, გაცვეთილი საფულე დააძრო, დიდი სასოებით გახსნა და ნეტარებით ჩაიხედა სულ უკანა, საიდუმლო ჯიბეში. ეტყობოდა, წითელმა, რუხმა, მწვანე და სხვა ნაირფერი ქაღალდების დასტამაც ძალზე კეთილად და გამამხნევებლად გაუღიმა ბატონ გოლიადკინს. სახეგაბრწყინებულმა მაგიდაზე წინ დაიდო გახსნილი საფულე და უდიდესი სიამოვნების ნიშნად ხელები მოიფშვნიტა. მერე ამოიღო ნუგეშისმომცემი და სიამისმომგვრელი სახელმწიფო ასიგნაციების დასტა და გუშინდელს აქეთ უკვე მეასეჯერ გადათვალა, საგულდაგულოდ სრესდა ცერსა და სალოკ თითს შუა ტკიცინა ქაღალდებს. „შვიდასორმოცდაათი მანეთის ასიგნაცია!“ – ჩურჩულით დაასრულა თვლა. „შვიდას ორმოცდაათი მანეთი... გვარიანი თანხაა, სასიამოვნო თანხაა“. – განაგრძობდა აკანკალებული, კმაყოფილებისაგან ცოტა არ იყოს მისუსტებული ხმით, თან ხელში ბღუჯავდა დასტას და მრავალმნიშვნელოვნად იღიმებოდა: „ერთობ სასიამოვნო თანხაა! ვის არ ესიამოვნება! ერთი იმ კაცისთვის შემახედა, ვინც ამ თანხას არაფრად ჩააგდებს! ამ თანხის პატრონი არსად დაიკარგება...“ „მაგრამ ეს რასა ჰგავს?გაიფიქრა ბატონმა გოლიადკინმა – ეს პეტრუშკა სად ეშმაკებში დაიკარგა?!“ და ჯერ ისევ პერანგისამარამ ხელახლა შეიხედა ტიხარს იქით. პეტრუშკა არსად ჩანდა, იქ მხოლოდ ღვთის ანაბარად მიტოვებული სამოვარი ცხარობდა და თუხთუხებდა, გულს ასკდებოდა და გაცეცხლებული სხაპასხუპითა და ენის ჩლექით რაღაცას ებურტყუნებოდა ბატონ გოლიადკინს თავის გაუგებარ ენაზე; იმას თუ ჩიოდა, – მომხედეთ თქვე დალოცვილებო, რა ხანია ვდუღვარ და გადმოვდივარო. „ეშმაკმა წაიღოს მაგისი თავი! – გაიფიქრა ბატონმა გოლიადკინმა. – ეს უქნარა, ეს ნადირი, ბოლოსდაბოლოს მოთმინებიდან გამოიყვანს კაცს! სად ოხრობაში დაეხეტება?“ სამართლიანი გულისწყრომით აღვსილი ბატონი გოლიადკინი გავიდა ერთი ციცქნა დერეფანში და წინკარისაკენ გასწია. ოდნავ შეაღო კარი და თვალი მოჰკრა თავის მსახურს, გარშემორტყმულს შინაური და გარეშე, საიდანღაც შემოხეტებული ლაქიების ბრბოთი. პეტრუშკა რაღაცას ყვებოდა, სხვები კი უსმენდნენ. როგორც ჩანდა, ბატონ გოლიადკინს არც საუბრის თემა ეპიტნავა და არც თვით საუბარი. დაუყოვნებლივ უხმო პეტრუშკას და უკმაყოფილო, ხასიათწამხდარი შებრუნდა ოთახში. „ეს ღვთისგარეგანი ორ შაურად გაყიდის კაცს, მით უფრო პატრონს! – გაიფიქრა გულში, – გამყიდა, ნაღდად გამყიდა, სანაძლეოს დავდებ, გროშის ფასად გამყიდა... რა ვქნა ახლა?... „ ლივრეა მოიტანეს, ბატონო. – ჩაიცვი და მაშინვე აქ გაჩნდი. ლივრეაში გამოწყობილი პეტრუშკა ბრიყვული ღიმილით შევიდა ბატონის ოთახში. ძალზე უცნაურად გამოიყურებოდა ასერიგად ჩაცმული. მწვანე, კარგა მაგრა შელანძღულ ლაქიის ლივრეას ოქრომკედი გახუნებოდა და შემოსძენძოდა; აშკარა იყო, რომ თავის დროზე იგი პეტრუშკაზე მთელი არშინით მაღალი კაცის ტანზე შეეკერათ, ხელში ასევე ოქრომკედით მოსირმული და მწვანე ფრთებით შემკული შლაპა ეჭირა, გვერდზე ლაქიის ტყავისქარქაშიანი ხმალი ეკიდა.    ყველაფერთან ერთად პეტრუშკა, მუდამ შილიფად რომ იყო დაჩვეული ოთახში სიარულს, ახლაც ფეხშიშველა შემოტანტალდა. ბატონმა გოლიადკინმა აათვალ-ჩაათვალიერა თავისი მსახური და, როგორც ჩანს, კმაყოფილი დარჩა. აშკარა იყო, რომ ლივრეა რაღაც საზეიმო შემთხვევისათვის ჰქონდათ ნაქირავები; დაკვირვებული კაცის თვალს ისიც არ გამოეპარებოდა, რომ ამ დათვალიერებისას პეტრუშკა რაღაც უცნაური მოლოდინით მიშტერებოდა ბატონს და უჩვეულო ცნობისმოყვარეობით ადევნებდა თვალს მის ყოველ მოძრაობას, რაც ძალზე უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა ბატონ გოლიადკინს. – კარეტის საქმე როგორაა? – კარეტაც მოვიდა. – მთელი დღით? – მთელი დღით. ოცდახუთად გავურიგდი. – ჩექმებიც მოიტანეს? – ჩექმებიც მოიტანეს. – ბრიყვი! განა იტყვის გაახლესო. მოიტა აქ! ნაამებმა, რომ ჩექმები კარგად მოერგო, ბატონმა გოლიადკინმა უბრძანა პეტრუშკას, ჩაი მიერთმია და პირსაბანი და საპარსი მოწყობილობა მოემზადებინა. დიდი გულმოდგინებით გაიპარსა და დაიბანა პირი, ხელდახელ გადაკრა ჩაი და მთავარ საქმეს – მორთვა-მოკაზმვას შეუდგა. თითქმის მთლად ახალი პანტალონი ჩაიცვა, ბრინჯაოსღილებიანი გულისპირი გაიკეთა, ზემოდან ღაღანა ყვავილებით მოჩითული ჟილეტი მოიცვა, ყელზე ჭრელი აბრეშუმის ჰალსტუხი მოირგო და ბოლოს ახალთახალი, საგულდაგულოდ გაკრიალებული ვიცმუნდირიც შემოიცვა. იცმევდა და თან ალერსიანად დაჰყურებდა თავის ჩექმებს, ხან ერთ ფეხს ასწევდა, ხან მეორეს, ტკბებოდა მათი მოხდენილი თარგით და ცხვირში რაღაცას თავისთვის დუდღუნებდა, შიგადაშიგ თვალსაც ჩაუკრავდა ხოლმე მნიშვნელოვნად თავის გულისნადებს. ეს კია, რომ ამ დილით ბატონი გოლიადკინი ერთობ დაბნეული ჩანდა, იმასაც კი ვერ ამჩნევდა, როგორ ებრიცებოდა და ეჭყანებოდა ჩუმჩუმად პეტრუშკა, თან ვითომ ჩაცმაში შველოდა. ბოლოს, როგორც იქნა, დაამთავრა მორთვა, ყველაფერი შეისწორა და კოხტად მოირგო, საფულე ჯიბეში ჩაიდო, კიდევ ერთხელ აათვალიერა მოწონებით პეტრუშკა, რომელსაც ჩექმები ჩაეცვა და, ამრიგად, ისიც მთლად გამოწყობილიყო; რაკიღა გული შეაჯერა რომ ყველაფერი რიგზე იყო, რომ დახანება არ ეგებოდა, აჩქარებით, ფაციფუცითა და გულის კანკალით დაეშვა კიბეზე. პარმაღს დგრიალით მოადგა ცისფერი, რაღაც ღერბებით დამშვენებული კარეტა. პეტრუშკამ თვალი ჩაუკრა მეეტლესა და შორიახლო მდგარ უსაქმურებს, თავისი ბატონი კარეტაში ჩააბრძანა და ნაძალადევი რიხით, ისე რომ ბრიყვულ სიცილს ძლივს იკავებდა, მეეტლეს შეუძახა, – გასწიო. მერე თვითონაც უკანა საფეხურს შეახტა და მთელი ეს ბრწყინვალება ერთი ამბით-გრიალით, ჟღრიალითა და ჭრიალით გაქროლდა ნევის პროსპექტისაკენ. ის იყო, რომ ცისფერი ეკიპაჟი ჭიშკარს გასცდა, რომ ბატონი გოლიადკინი ხელების ფშვნეტასა და ჩუმჩუმად ხითხითს მოჰყვა, როგორც კაი გუნების კაცს სჩვევია ხოლმე, როცა რაიმე საქმეს მოაკვარახჭინებს და სიხარულისაგან ფეხზე ვეღარ დგას. მაგრამ ხალისიანმა განწყობილებამ ბატონ გოლიადკინს მალე გაუარა. რაღაც უცნაური შეშფოთება გამოეხატა სახეზე. მიუხედავად უჟმური და ნესტიანი ამინდისა, მან კარეტის ორივე სარკმელი ჩამოსწია და დაჟინებით დაუწყო თვალიერება გამვლელ-გამომვლელს. როგორც კი მისკენ მიპყრობილ მზერას შენიშნავდა, მყისვე დარბაისლურ და ღირსებით სავსე კაცის სახეს მიიღებდა ხოლმე. როცა ლიტეინიდან ნევის პროსპექტზე გაუხვიეს, რაღაც ძალზე უსიამოვნო გრძნობამ შეაკრთო იგი და სახე დაღრეჯილი, თითქოს ანაზდად კოჟრიან თითზე ფეხი დაადგესო, შიშნეულად მიაწყდა ეკიპაჟის ყველაზე ბნელ კუნჭულს. საქმე ის გახლდათ, რომ მისი მზერა შეეფეთა ორ ახალგაზრდა ჩინოვნიკს, ორ თანამშრომელს იმ უწყებიდან, სადაც თავად მსახურობდა. ჩინოვნიკებიც, როგორც ბატონ გოლიადკინს მოეჩვენა, დიდად განაცვიფრა მათი თანამშრომლის ამ ყოფაში ხილვამ. ერთმა თითიც კი გაიშვირა ბატონი გოლიადკინისაკენ; ბატონ გოლიადკინს მოეყურა კიდეც, რომ მეორემ ხმამაღლა დაუძახა სახელი, რაც, რაღა თქმა უნდა, ქუჩაში დიდ უგვან საქციელად ჩაითვლებოდა. ჩვენი გმირი გაიტრუნა და არ გაეხმიანა. „რა თავს იგდებენ!“ – გააბა სჯა-ბაასი თავისთვის. – „რა მოხდა, კაცი ეკიპაჟში ზის, რა არის აქ გასაკვირი; დასჭირდა კაცს ეკიპაჟი და დაიქირავა კიდეც. ფუჰ! კარგად ვიცნობ მაგათ, მაგ ბიჭ-ბუჭებს! პირზე რძე არ შეშრობიათ! მაგათი საქმე ფულაობა და აქეთ-იქით წანწალია, თუკი ჯიბეში რამე უჭყავით. ვეტყოდი საკადრისს, მაგრამ...“ ბატონ გოლიადკინისათვის კარგად ნაცნობი მოხდენილი წყვილი ცხენი კოხტა დროჟკაში შებმული მარჯვენა მხრიდან გაუსწორდა მის ეკიპაჟს. დროჟკაში მჯდარმა კაცმა ანაზდად მოჰკრა თვალი ბატონ გოლიადკინს, რომელსაც სიფრთხილე დავიწყებოდა და კარეტის სარკმლიდან გამოეყო თავი, კაცი ძალზე განაცვიფრა ამ მოულოდნელმა შეხვედრამ, რამდენადაც შეეძლო გადაიხარა და დიდი ცნობისმოყვარეობითა და თანაგრძნობით შეიხედა კარეტის იმ კუნჭულში, სადაც ჩვენ გმირს ის იყო მოესწრო მიმალვა. დროჟკაში მჯდარი კაცი ანდრეი ფილიპოვიჩი გახლდათ, განყოფილების გამგე იმ უწყებისა, რომელშიც ბატონი გოლიადკინი მაგიდის უწყების თანაშემწედ ირიცხებოდა. როცა ბატონი გოლიადკინი მიხვდა, რომ ანდრეი ფილიპოვიჩმა აშკარად იცნო იგი, თვალს არ აშორებს და დამალვა უკვე გვიანია, ჭარხალივით გაწითლდა. „მივესალმო თუ არა? შევეხმიანო თუ არა? გამოვააშკარავო თავი თუ არა? – ფიქრობდა სასოწარკვეთილი ჩვენი გმირი. „ხომ არ სჯობია, ისე დავიჭირო თავი, თითქოს მე კი არა ვარ, არამედ ვიღაც სხვა, ორი წვეთი წყალივით ჩემი მსგავსი, თავიც ისე მოვაჩვენო ვითომ არაფერი მომხდარიყოს. სწორედაც რომ მე არა ვარ, არა ვარ, მორჩა და გათავდა“. ამბობდა ბატონი გოლიადკინი და თან შლაპას უხდიდა და თვალმოუშორებლივ შესცქეროდა ანდრეი ფილიპოვიჩს. „მე რა, მე არაფერი, – უღონოდ ჩურჩულებდა იგი, – სულაც არაფერი, ეს მე არა ვარ, არა ვარ, მორჩა და გათავდა.“ მაგრამ მალე დროჟკამ გაუსწრო კარეტას და უფროსის მზერის ანდამატური ძალაც განქარდა. თუმცაღა გოლიადკინს სახეზე ისევ ალმური ასდიოდა, ისევ იღიმოდა და რაღაცას ბურტყუნებდა თავისთვის. „ეს რა სიბრიყვე მომივიდა, რომ არ შევეხმიანე, – გაიფიქრა ბოლოს, – თამამად და ლაღად უნდა დამეჭირა თავი, როგორც კეთილშობილ კაცს შეჰფერის; ასე და ასე მეთქი, ანდრეი ფილიპოვიჩ, ჩვენც სადილზე გახლავართ მიპატიჟებული, ბატონო, მეტი არაფერი-მეთქი“, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ჩაფლავდა, ჩვენ გმირს სახეზე ცეცხლი წაეკიდა, წარბები შეჰყარა და კარეტის მოპირდაპირე კუთხეს ისეთი გამანადგურებელი მზერა ესროლა, თითქოს ნაცარტუტად უნდოდა ექცია თავისი ყველა მტერი. უეცრად, რაღაცით შთაგონებულმა, მეეტლის მკლავზე გამობმული ზონარი მოქაჩა, კარეტა გააჩერებინა და უკან, ლიტეინისაკენ უბრძანა მობრუნება. საქმე ის გახლდათ, რომ ბატონ გოლიადკინს, ეტყობა საკუთარი თავის დასამშვიდებლად დაუყოვნებლივ მოუნდა, რაღაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეცნობებინა თავისი ექიმის, კრესტიან ივანოვიჩისათვის. და თუმცა დიდი ხანი არ იყო, რაც კრესტიან ივანოვიჩს იცნობდა, მხოლოდ ერთხელ, სახელდობრ, გასულ კვირას იყო მასთან ნამყოფი რაღაც საჭიროებისა გამო, მაგრამ ექიმი ხომ, როგორც იტყვიან, იგივე სულიერი მოძღვარია; უგუნურება იქნება, რამე დაუმალოს კაცმა, ხომ უნდა იცოდეს თავისი პაციენტის ამბავი? „ივარგებს კი? – განაგრძობდა ფიქრს ჩვენი გმირი, როცა ლიტეინზე ერთი ხუთსართულიანი სახლის წინ კარეტა გააჩერებინა და გადმოვიდა, – ივარგებს კი ახლა ჩემი მისვლა? უწესობაში ხომ არ ჩამომერთმევა? უხერხული ხომ არ იქნება? თუმცა რა მოხდა ასეთი? – განაგრძობდა ფიქრს კიბეზეც, თან სულს ძლივს ითქვამდა, გული გამალებით უცემდა, როგორც მუდამ სჩვეოდა ხოლმე უცხო კიბეზე ასვლისას. – „რა მოხდა მერე, განა ჩემს საქმეზე არ მივდივარ? რა არის აქ გასაკიცხი? დასამალი რა მაქვს? თავს ისე დავიჭერ, ვითომც აქ არაფერი, ისე, გზად შემოვიარე მეთქი, თვითონვე მიხვდება, რომ სწორედ ასეა საქმე.“    ამ ფიქრით ავიდა ბატონი გოლიადკინი მეორე სართულზე და შეჩერდა მეხუთე ბინის კართან, სადაც გამოკრული იყო სპილენძის კოხტა აბრა წარწერით: კრისტიან ივანოვიჩ რუტენშპიცი მედიცინისა და ქირურგიის დოქტორი. შეჩერდა თუ არა კართან, ჩვენმა გმირმა სცადა წესიერი, უდარდელი და ამასთან საკმაოდ თავაზიანი გამომეტყველება მიეღო და ზარის დასარეკად შეემზადა. შეემზადა და იმწამსვე, ერთობ დროულად, განსაჯა, – იქნებ სჯობს ხვალისთვის გადავდო, ჯერჯერობით მაინცდამაინც რა ისეთი გასაჭირი მადგასო. მაგრამ რაკიღა სწორედ ამ დროს ბატონ გოლიადკინს კიბეზე ფეხის ხმა შემოესმა, დაუყოვნებლივ შეცვალა ახალი გადაწყვეტილება, ბარემ რაც არის, არისო, და უკვე მტკიცე გამომეტყველებით ჩამოჰკრა კრისტიან ივანოვიჩის ზარს. თავი II    მედიცინისა და ქირურგიის დოქტორი კრესტიან ივანოვიჩ რუტენშპიცი, ერთი ჯანღონით სავსე, თუმცაღა უკვე ხანშიშესული კაცი, გაფანჩული ჭაღარა წარბებითა და ბაკენბარდებით შემკული, ისე მეტყველად და გამჭრიახად გამომზირალი, თითქოს ერთი მისი გამოხედვაც კი კმაროდა ყოველგვარი სნეულების განსადევნად, და ბოლოს, მნიშვნელოვანი ორდენით მკერდდამშვენებული, ამ დილით თავის კაბინეტში ბრძანდებოდა, ღრმა სავარძელში ჩაფლულიყო და ცოლის ხელით მორთმეულ ყავას შეექცეოდა, თან სიგარას აბოლებდა და დროდადრო თავის პაციენტებს რეცეპტებს უწერდა. ის იყო, უკანასკნელი შუშა წამალი გამოუწერა ვიღაც ბუასილიან მოხუცს, გაისტუმრა სნეული ბერიკაცი უკანა კარიდან და ახალი პაციენტის მოლოდინში სავარძელში ჩაესვენა, რომ ბატონმა გოლიადკინმა შემოაღო კარი. ეტყობა, კრისტიან ივანოვიჩი სულაც არ ელოდა ბატონ გოლიადკინსა და არც არაფრად ეპრიანებოდა მისი დანახვა, რაკიღა მოულოდნელობისაგან დაიბნა და წამიერად რაღაც უცნაური, შეიძლება ითქვას, უსიამოვნო განწყობილებაც კი გამოეხატა სახეზე. თავის მხრივ, ბატონ გოლიადკინსაც, რომელიც სწორედ უდროო დროს წახდებოდა, დაიბნეოდა ხოლმე, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა პირადი საქმეების გამო ვინმეზე იერიშის მიტანას გადაწყვეტდა, სწორედ ასევე დაემართა ახლაც: რაკიღა პირველი ფრაზა, რომლის წარმოთქმისას მუდამ ბორძიკობდა ხოლმე, არა ჰქონდა მოფიქრებული, ძალზე დაიბნა, რაღაც ჩაიბურტყუნა, ვგონებ, მოიბოდიშა, უხერხულობისგან თავის დასაღწევად სტაცა სკამს ხელი და დაჯდა. მაგრამ იმწუთსავე იაზრა, რომ არავის შეუთავაზებია დაჯდომა, იგრძნო, რა უზრდელად მოიქცა და სცადა სასწრაფოდ გამოესწორებინა შეცდომა, კარგი ტონისა და მაღალი საზოგადოების წესების უმეცრებაში რომ არ ჩამოერთმიათ; ამიტომაც, უცებ წამოხტა მიუპატიჟებლად დაკავებული სკამიდან. მერე გონს მოეგო და ბუნდოვნად მიხვდა, რომ ზედიზედ ორი სისულელე ჩაიდინა; გადაწყვიტა, რამე ეღონა, მაგრამ მესამედ უარესი სიბრიყვე დაემართა: შეეცადა, გაემართლებინა თავისი საქციელი, ღიმმორეულმა რაღაცა წაიბურტყუნა, გაწითლდა, დაირცხვინა, მრავლისმეტყველად დადუმდა, ბოლოს, ისევ დაჯდა სკამზე და აღარც ამდგარა; მხოლოდ ისე, ყოველი შემთხვევისათვის, თავი ისევ იმ გამომწვევი მზერით დაიზღვია, რომელსაც, მისი ფიქრით, უჩვეულო ძალა გააჩნდა, – გაენადგურებინა და ფერფლად ექცია ბატონი გოლიადკინის ყველა მტერი. ამას გარდა, ეს მზერა ბატონი გოლიადკინის სრულ დამოუკიდებლობასაც გამოხატავდა; ესე იგი, ნათლად მეტყველებდა, რომ ბატონი გოლიადკინი არაფერ შუაშია, იგი თავისთვისაა, როგორც ყველა სხვა და არავის საქმეში ცხვირს არ ყოფს. კრესტიან ივანოვიჩმა ჩაახველა, ჩაიხიხინა, თითქოსდა მის საქციელს იწონებს, ყველაფერში ეთანხმებაო, თან ინსპექტორის დამკითხავი მზერა მიაპყრო ბატონ გოლიადკინს. – მე, კრესტიან ივანოვიჩ, – დაიწყო ღიმილით ბატონმა გოლიადკინმა, – მეორედ გაწუხებთ და მეორედ ვბედავ, შეგევედროთ... გამოიჩინეთ გულმოწყალება... – ბატონ გოლიადკინს, როგორც ჩანდა, სიტყვის პოვნა უჭირდა. – ჰმ... დიახ! – ამოთქვა კრესტიან ივანოვიჩმა, პირიდან კვამლის ბოლქვი გამოუშვა და სიგარა მაგიდაზე დადო; – ხომ გითხარით ჩემს რჩევა-დარიგებას მიჰყევით-მეთქი, ხომ აგიხსენით, რომ თქვენი განკურნებისათვის საჭიროა ზოგიერთი ჩვეულების შეცვლა... უნდა გაერთოთ, სტუმრადაც უნდა იაროთ ნაცნობ-მეგობრებთან, ნურც ღვინოსთან იქნებით მწყრალად, არც მხიარულ საზოგადოებაში გარევა იქნება თქვენთვის ურიგო. ჯერ კიდევ პირზე ღიმილგადაფენილმა ბატონმა გოლიადკინმა აჩქარებით ჩაურთო, რომ, მისი ფიქრით, იგი ისევე ცხოვრობს, როგორც ყველა სხვა, საკუთარი კუთხე აქვს, გართობითაც, როგორც ყველა სხვა, ისიც ისე ერთობა... რა თქმა უნდა თეატრშიც შეუძლია იაროს; როგორც სხვებს, ისე მასაც აქვს ამის საშუალება, დღისით სამსახურშია, საღამოთი – შინ, არაფერი უჭირს, სხვაზე ნაკლები არაფრითაა! თავის სახლში ცხოვრობს, საკუთარ ბინაში, ბოლოს და ბოლოს პეტრუშკაც კი ჰყავს... ამის თქმაზე ბატონ გოლიადკინს საბოლოოდ დაება ენა. – ჰმ! არა, ასეთ ცხოვრებაზე არ მოგახსენებდით, ამას როდი გეკითხებით. მე მაინტერესებს, გიყვართ თუ არა დროსტარება, მხიარულ საზოგადოებას ეტანებით თუ არა... როგორ გითხრათ, აი, ახლა, მაგალითად, მელანქოლიურ ცხოვრებას ეწევით თუ მხიარულს? – მე, კრესტიან ივანოვიჩ... – ჰმ! – მე გეუბნებით –შეაწყვეტინა ექიმმა, – რომ ძირფესვიანად შეიცვალოთ ცხოვრების ნირი და, ერთგვარად, ხასიათიც გამოიცვალოთ, – კრესტიან ივანოვიჩმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სიტყვას „გამოიცვალოთ“ და ერთწამს მრავალმნიშვნელოვნად დადუმდა – მხიარულ ცხოვრებას არ უნდა უცხოობდეთ, წარმოდგენებზე და კლუბებში უნდა იაროთ და ყოველ შემთხვევისთვის, ნურც ღვინოსთან იქნებით მწყრალად. შინ ჯდომა არ გარგებთ... შინ ჯდომა თქვენთვის არაფრით არ შეიძლება. – მე, კრესტიან ივანოვიჩ, მყუდროება მიყვარს, – ჩაილაპარაკა ბატონმა გოლიადკინმა და მრავალმნიშვნელოვანი მზერა მიაპყრო კრესტიან ივანოვიჩს. ეტყობა, სიტყვებს ეძებდა, რომ უკეთ გამოეთქვა თავისი აზრი. – სახლში მარტო მე და პეტრუშკა ვართ, ჩემს მსახურზე მოგახსენებთ, კრესტიან ივანოვიჩ. მინდა გითხრათ, კრესტიან ივანოვიჩ, რომ მე ჩემი გზით მივდივარ, საკუთარი გზით, კრესტიან ივანოვიჩ. მე ჩემთვისა ვარ, ცალკე და, როგორც მგონია, არავისზე დამოკიდებული არა ვარ. სასეირნოდ მეც დავდივარ ხოლმე, კრესტიან ივანოვიჩ. – როგორ?.. ჰო! ახლა სეირნობა ვერაფერი სასიამოვნოა; ერთობ ცუდი ამინდებია. – დიახ, ჩემო ბატონო, კრესტიან ივანოვიჩ, წყნარი კაცი კი ვარ, კრესტიან ივანოვიჩ, როგორც უკვე მქონდა პატივი მომეხსენებინა თქვენთვის, მაგრამ ჩემი გზა განცალკევებით მიდის, კრესტიან ივანოვიჩ! ცხოვრების გზა ფართოა... მე მინდა... მინდოდა კრესტიან ივანოვიჩ, ამით ის მეთქვა, რომ... მომიტევეთ, კრესტიან ივანოვიჩ... ოქროპირობა არ მეხერხება. – ჰმ!.. თქვენ ბრძანებთ... – იმას მოგახსენებთ, რომ მომიტევოთ, კრესტიან ივანოვიჩ, თუ ოქროპირობა არ მეხერხება, – ენის ბორძიკით გააწყვეტინა ცოტა არ იყოს განაწყენებულმა ბატონმა გოლიადკინმა, – ამ შემთხვევაში, კრესტიან ივანოვიჩ, სხვებს როდი ვგევარ, – რაღაც განსაკუთრებული ღიმილით დასძინა მან, – ბევრი ლაპარაკი არ მეხერხება, სიტყვის ლაზათიანი მიხვრა-მოხვრა არ მისწავლია, სამაგიეროდ მე ვმოქმედებ, კრესტიან ივანოვიჩ! – ჰმ!.. მოქმედებთ? რას მოქმედებთ? – შეეკითხა კრესტიან ივანოვიჩი. ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ექიმმა რაღაც უცნაურად და უნდობლად შეხედა ბატონ გოლიადკინს. ბატონი გოლიადკინიც თავის მხრივ საკმაოდ უნდობლად მისჩერებოდა ექიმს. – მე, კრესტიან ივანოვიჩ, – განაგრძო იმავე კილოზე ბატონმა გოლიადკინმა, კრესტიან ივანოვიჩის უსაზღვრო სიჯიუტით ცოტა არ იყოს შეცბუნებულმა და გაღიზიანებულმა – მე, კრესტიან ივანოვიჩ, სიმშვიდე მიყვარს და არა მაღალი საზოგადოების აურზაური. იქ, მათთან, მაღალ საზოგადოებაზე მოგახსენებთ, კრესტიან ივანოვიჩ, კაცმა იატაკს ნაპერწკლები უნდა აყრევინოს ქუსლებით... (ამის თქმაზე ბატონმა გოლიადკინმა ფეხი ფეხს შემოჰკრა და იატაკზე დააბაკუნა), იქ ამას მოითხოვენ, ბატონო ჩემო, კალამბურებსაც მოითხოვენ... დათაფლული ქათინაურების შეთხზვაც უნდა გეხერხებოდეს... აი, რას მოითხოვენ იქ. მე კი ეგეთები არ მისწავლია, კრესტიან ივანოვიჩ, ამნაირ საქმეებში არ გავწაფულვარ; არ მეცალა ამეებისთვის. უბრალო კაცი ვარ, მარტივი, არც გარეგნული ბრწყინვალება გამაჩნია; ამ საქმეებში, კრესტიან ივანოვიჩ, იარაღს ვდებ; ფარ-ხმალს ვყრი-მეთქი, ამის თქმა მინდოდა.    ყოველივე ეს ბატონმა გოლიადკინმა, რა თქმა უნდა, ისეთი გამომეტყველებით წარმოთქვა, რომ აშკარა იყო, ჩვენი გმირი არც იმას ნანობდა, რომ ფარ-ხმალს ჰყრიდა და არც იმას, რომ ასეთ საქმეებში არ იყო გაწაფული, პირიქით, ამაყობდა კიდეც ამით. კრესტიან ივანოვიჩი უსმენდა, თვალი იატაკისთვის მიეპყრო, სახეზე კი მეტად უსიამოვნო გამომეტყველება ეხატა, თითქოს წინდაწინ რაღაცას უგრძნობს გულიო. ბატონი გოლიადკინის ტირადის შემდეგ ხანგრძლივი და მძიმე დუმილი ჩამოვარდა. – მე მგონი, თქვენ, ცოტა არ იყო, დაშორდით საუბრის საგანს, – თქვა ბოლოს ხმადაბლა კრესტიან ივანოვიჩმა, – მართალი გითხრათ, ვერაფერი გავიგე თქვენი ნალაპარაკევიდან. – რა ვქნა, ოქროპირობა არ მეხერხება, კრესტიან ივანოვიჩ, მე უკვე მქონდა ბედნიერება, მომეხსენებინა თქვენთვის კრესტიან ივანოვიჩ, ოქროპირობა არ მეხერხება მეთქი, – უთხრა ბატონმა გოლიადკინმა, ამჯერად უკვე მკაცრად და შეუპოვრად. – ჰმ!...  – კრესტიან ივანოვიჩ! დაიწყო ისევ ბატონმა გოლიადკინმა წყნარი, მაგრამ მრავლისმეტყველი ხმით ოდნავ ზეაწეული კილოთი და თან ყოველი პუნქტის შემდეგ შეყოვნდებოდა ხოლმე, – კრესტიან ივანოვიჩ! შემოსვლისთანავე ბოდიშები დაგიწყეთ. ახლაც ასევე მოგმართავთ და თქვენი სულგრძელობის იმედი მაქვს, თქვენთან დასამალი რა უნდა მქონდეს, კრესტიან ივანოვიჩ, თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რომ პატარა კაცი ვარ; მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ, არა ვდარდობ პატარა კაცი რომ ვარ. პირიქით, კრესტიან ივანოვიჩ, უნდა გამოგიტყდეთ, ვამაყობ იმით რომ პატარა კაცი ვარ და არა დიდი. არც ინტრიგანი გახლავართ და ეს დიდად მეამაყება. ჩუმჩუმად კი არ ვმოქმედებ, პირიქით, ყველას დასანახავად, სააშკარაოდ; არ ვქვებუდანობ, და თუმცა, ჩემდა თავად ბევრს შემიძლია ვუმტრო, მაგრადაც ვუმტრო, ისიც კარგად ვიცი, ვის და რანაირად ვუმტრო, კრესტიან ივანოვიჩ, მაგრამ არ მინდა გავისვარო და ამ აზრით ყველაფერზე ხელი დამიბანია; ამ აზრით, მოგახსენებთ, დამიბანია-მეთქი ხელი, კრესტიან ივანოვიჩ! – ბატონი გოლიადკინი ერთი წამით მრავლისმეტყველად დადუმდა. მშვიდი აღფრთოვანება ეხატა სახეზე. – პირდაპირ მივდივარ, კრესტიან ივანოვიჩ, – კვლავ ალაპარაკდა ჩვენი გმირი. – პირდაპირ, ყველას დასანახად და მიკიბულ-მოკიბული გზების გარეშე, იმიტომ რომ მეზიზღება ეგეთები, სხვისთვის დამილოცია, არ ვცდილობ იმათ დამცირებას, ვინც მე და თქვენ გვჯობნის, ესე იგი, მინდოდა მეთქვა, მე და მათ გვჯობნის-მეთქი, კრესტიან ივანოვიჩ, თქვენზე როდი მინდოდა მეთქვა. ორჭოფული ლაპარაკი არ მიყვარს, გულნამცეცა ორპირებს ვერ ვიტან. ცილისწამება და ჭორიკნობა გულს მირევს. ნიღაბს მხოლოდ მასკარადზე ვიკეთებ, ყოველდღე ნიღბით როდი ვეჩვენები ადამიანებს. ერთ რამეს შეგეკითხებით, კრესტიან ივანოვიჩ, როგორ იძიებდით შურს საკუთარ მტერზე, დაუძინებელ მტერზე, იმაზე, ვისაც მტრად მიიჩნევთ?– დასძინა ბატონმა გოლიადკინმა და გამომწვევი მზერა სტყორცნა კრესტიან ივანოვიჩს. თუმცა ყველაფერი ეს ბატონმა გოლიადკინმა მეტისმეტად მკაფიოდ და დაბეჯითებით წარმოთქვა, ყოველ სიტყვას წონიდა და ნაღდი ეფექტის იმედიც ჰქონდა, მაგრამ, მის მიუხედავად, ახლა მღელვარებით, დიდი მღელვარებით, უკიდეურესი მღელვარებით მისჩერებოდა კრესტიან ივანოვიჩს. თვალებად ქცეულიყო და გაუბედავად, გულისშემაღონებელი მოუთმენლობით ელოდა კრესტიან ივანოვიჩის პასუხს. მაგრამ დიდად განცვიფრდა ბატონი გოლიადკინი, პირდაპირ თავზარი დაეცა, როცა კრესტიან ივანოვიჩმა, პასუხის ნაცვლად რაღაც წაიდუდღუნა ცხვირში, მერე სავარძელი მაგიდასთან მიაჩოჩა და საკმაოდ ცივად, თუმცა ზრდილობიანად განუცხადა რაღაც ამდაგვარი, – რომ დრო მისთვის ძვირად ფასობს, რომ მას მთლად ნათლად არ ესმის მისი ჩივილი; რომ მიუხედავად ამისა, ის მზადაა, რითაც კი შეუძლია ემსახუროს, სხვა დანარჩენი კი მისი საქმე არ არის. აქ მან კალამს მოჰკიდა ხელი, ქაღალდისაგან რეცეპტის ფორმის ნაკუწი გამოჭრა და განუცხადა, რომ ახლავე გამოუწერს, რაც საჭიროა. – არა, ჩემო ბატონო, არაფერიც არაა საჭირო, კრესტიან ივანოვიჩ! არა, ბატონო, ეს სულაც არ არის საჭირო! – თქვა ბატონმა გოლიადკინმა, სკამიდან წამოიწია და კრესტიან ივანოვიჩს მარჯვენაში ჩაავლო ხელი, – ეს, კრესტიან ივანოვიჩ, სულაც არაა ახლა საჭირო... ამასობაში კი, ვიდრე ბატონი გოლიადკინი ყველაფერ ამას იტყოდა, რაღაც უცნაური ცვლილება მოხდა მასში. რუხი თვალები უჩვეულოდ გაუბრწყინდა, ტუჩები აუთრთოლდა, სახის კუნთები, ყველა ნაკვთი აუთამაშდა, მთელი სხეული აუცახცახდა. ხოლო როცა წამოდგა ბატონი გოლიადკინი და კრესტიან ივანოვიჩის ხელი შეაჩერა, ერთხანს გახევებული იდგა, თითქოს საკუთარ თავს არ ენდობოდა და ახალ შთაგონებას ელოდა იმის გადასაწყვეტად, მერე როგორღა მოქცეულიყო. ამ დროს საკმაოდ უცნაური რამ მოხდა. ცოტა არ იყოს შეცბუნებული კრესტიან ივანოვიჩი ერთი წამით თითქოს მიეყინა თავის სავარძელს და დაბნეული მიაშტერდა ბატონ გოლიადკინს, რომელიც ასევე თვალს არ აშორებდა მას. ბოლოს კრესტიან ივანოვიჩი, ბატონი გოლიადკინის ვიცე-მუნდირის საყელოს მოჭიდებული, ნელ-ნელა წამოდგა. ერთხანს ორივენი ასე იდგნენ გაუნძრევლად და თვალს არ აშორებდნენ ერთურთს. აქ უკვე ვეღარ მოერია თავს ბატონი გოლიადკინი: ტუჩები აუცახცახდა, ნიკაპმა კანკალი დაუწყო და ჩვენი გმირი სრულიად მოულოდნელად ატირდა. ქვითინებდა, თავს აკანტურებდა, მარჯვენა ხელს გულში იბაგუნებდა, მარცხენათი კი კრესტიან ივანოვიჩის საშინაო ტანსაცმელის საყელოს ებღაუჭებოდა, რაღაცის თქმას ცდილობდა, რაღაცის ახსნას ლამობდა, მაგრამ სიტყვა ვერ დაეძრა. ბოლოს კრესტიან ივანოვიჩი გონს მოეგო, თითქოს ყველაფერს მიხვდაო. – გეყოფათ, დამშვიდდით, დაჯექით! – უთხრა მან და შეეცადა სავარძელში ჩაესვა ბატონი გოლიადკინი. – მტრები მყავს, კრესტიან ივანოვიჩ, მტრები, დაუძინებელი მტრები... ჩემი დაღუპვა აქვთ დაფიცებული... – პასუხობდა შიშნარევი ჩურჩულით ბატონი გოლიადკინი. – კარგით ერთი, ღვთის გულისათვის! მტრები რას მიქვია! მტრებზე არ უნდა იფიქროთ, რა საჭიროა! დაჯექით, დაჯექით, – განაგრძო კრესტიან ივანოვიჩმა და, როგორც იქნა, ჩასვა ბატონი გოლიადკინი სავარძელში. ბატონი გოლიადკინი როგორც იქნა დაჯდა, მაგრამ თვალი არ მოუშორებია კრესტიან ივანოვიჩისთვის. კრესტიან ივანოვიჩი კი უკმაყოფილო სახით ბოლთასა სცემდა კაბინეტში. ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა. – თქვენი დიდი მადლიერი ვარ, კრესტიან ივანოვიჩ, დიდად მადლიერი ვარ და კარგადაც მესმის ყველაფერი, რაც ახლა ჩემთვის გააკეთეთ. კუბოს კარამდე არ დაგივიწყებთ ამ სითბოს, კრესტიან ივანოვიჩ, – თქვა ბოლოს ბატონმა გოლიადკინმა და განაწყენებული სახით სავარძლიდან წამოდგა. – კარგი, კარგი, კმარა-მეთქი, გეუბნებით! – საკმაოდ მკაცრად გაეპასუხა კრესტიან ივანოვიჩი ბატონ გოლიადკინის ამ გამოხდომას და ისევ სავარძელში ჩასვა. – აბა, რა დაგემართათ? მომიყევით, ისეთი რა საწუხარი გაგჩენიათ ახლა, – განაგრძობდა კრესტიან ივანოვიჩი, – რომელ მტრებზე მელაპარაკებით? რა გჭირთ, გამაგებინეთ? – არა, კრესტიან ივანოვიჩ, დავანებოთ ახლა ამაზე ლაპარაკს თავი, – უპასუხა ბატონმა გოლიადკინმა და თვალები ძირს დახარა, – ჯობს გადავდოთ ამაზე საუბარი, სხვა დროისათვის იყოს, უფრო ხელსაყრელი დროისათვის, როცა ყველაფერი გამოირკვევა და ზოგიერთ პიროვნებას ნიღაბი ჩამოეხდება, ზოგი რამ გამოაშკარავდება. ახლა კი ჯერჯერობით, რასაკვირველია, მას შემდეგ, რაც ჩვენს შორის მოხდა... თავადაც დამეთანხმებით, კრესტიან ივანოვიჩ... ნება მომეცით, დილა მშვიდობისა გისურვოთ, კრესტიან ივანოვიჩ, – წარმოთქვა ბატონმა გოლიადკინმა, ამჯერად უკვე მტკიცედ და უყოყმანოდ წამოდგა სავარძლიდან და შლაპას წამოავლო ხელი. – აჰა, კეთილი... როგორც გენებოთ... ჰმ... ერთ წუთს დუმილი ჩამოვარდა, – მე, ჩემი მხრით, იცოდეთ, რაც შემიძლია... ერთი სიტყვით გულწრფელად მსურს თქვენი სიკეთე. – მესმის თქვენი, კრესტიან ივანოვიჩ, კარგად მესმის. ახლა უკვე სავსებით მესმის თქვენი. რაც უნდა იყოს, მომიტევეთ, რომ შეგაწუხეთ, კრესტიან ივანოვიჩ. – ჰმ... არა, თქვენ მე ვერ გამიგეთ, თუმცა, რა ვიცი, როგორც გენებოთ. წამლების მიღება კვლავინდებურად განაგრძეთ... – მივიღებ წამლებს, როგორც თქვენ მიბრძანეთ, კრესტიან ივანოვიჩ, მივიღებ, იმავე აფთიაქში შევიძენ ხოლმე... ახლა აფთიაქობაც დიდი საქმეა, კრესტიან ივანოვიჩ... – რაო? რა აზრით მეუბნებით მაგას? – სავსებით ჩვეულებრივი აზრით, კრესტიან ივანოვიჩ, იმის თქმა მინდა, რომ ახლა ისეთი დრო დაგვიდგა... – ჰმ... – რომ მარტო აფთიაქის ბიჭი კი არა, ყოველი ვიგინდარა ცხვირს უბზუებს წესიერ კაცსა. – ჰმ! ამით რისი თქმა გინდათ? – გარკვეულ პიროვნებაზე მოგახსნებთ, კრესტიან ივანოვიჩ... ჩვენს საერთო ნაცნობზე, კრესტიან ივანოვიჩ, თუნდაც ვლადიმერ სემიონოვიჩზე... – აა! – დიახ, კრესტიან ივანოვიჩ! ბევრს ვიცნობ ისეთს, რომლებიც მაინცდამაინც არ მისდევენ საყოველთაო მცნებას, რომ ხანდახან მაინც წამოსცდეთ სიმართლე. – აა!.. ეს როგორ? – როგორ და ასე, ჩემო ბატონო, თუმცა ეს ჩვენ რაში გვეკითხება, მაგრამ ზოგი ისეთია, პირში ჩალას გამოგავლებს. – რას ბრძანებთ? ჩალა რა შუაშია? ანდაზა გახლავთ ასეთი, კრესტიან ივანოვიჩ, ზოგ-ზოგიერთს ეხერხება, დროულად მიულოცოს ვინმეს რამე. არიან ასეთი ადამიანები, კრესტიან ივანოვიჩ. – მიულოცონ? – დიახ, ჩემო ბატონო, მიულოცონ, როგორც ამას წინათ ერთმა ჩვენმა ახლო ნაცნობმა გააკეთა... – ერთმა თქვენმა ახლო ნაცნობმა... აა! მერე, მერე? – დაინტერესდა კრესტიან ივანოვიჩი და დაკვირვებით შეხედა ბატონ გოლიადკინს. – მერე და მერე, ჩემო ბატონო, მიულოცა, ჩინი მიულოცა, ასესორის ჩინი მიულოცა ერთმა ჩემმა ახლო ნაცნობმა მეორე ნაცნობს, აგრეთვე ძალზე ახლობელს, ძმაკაცს, როგორც იტყვიან, უტკბილეს მეგობარს. სიტყვამ მოიტანა და იმიტომ გიყვებით. „სულითა და გულით მიხარიაო, ასე უთხრა, ვლადიმერ სემიონოვიჩ, რომ მომეცა შემთხვევა და გილოცავთ, გულწრფელად გილოცავთ ჩინის მიღებასო. მით უფრო მიხარიაო, უთხრა, რომ ჩვენს დროში, მთელმა ქვეყანამ იცის, კუდიანი დედაბრები გადაშენდნენო.“ ეს რომ თქვა, ბატონმა გოლიადკინმა თავი ცუღლუტურად დააქნია და თვალებმოწკურულმა კრესტიან ივანოვიჩს შეხედა... – ჰმ, მაშ, ეს უთხრა... – უთხრა, კრესტიან ივანოვიჩ, უთხრა და იმწამსვე გადახედა ანდრეი ფილიპოვიჩს, ვლადიმერ სემიონოვიჩის, იმ ჩვენი ხვითოს ბიძას. მე რა, კრესტიან ივანოვიჩ, ასესორად რომ გახდეს? მე რაში მენაღვლება, მაგრამ... ცოლის თხოვას რომ აპირებს, და უკაცრავად პასუხია, ჯერ დედის რძე არ შეშრობია პირზე? ასეც მოვახსენე. ასე და ასე-მეთქი, ვლადიმირ სემიონოვიჩ! მე უკვე ყველაფერი გითხარით, ახლა კი ნება მომეცით გამოგეთხოვოთ-მეთქი. – ჰმ... – დიახ, კრესტიან ივანოვიჩ, ნება მომეცით გამოგეთხოვოთ-მეთქი, და მაშინვე, ბარემ მეორე კურდღელიც რომ დამეჭირა – კუდიან დედაბრებზე ხომ მაგრა ჩავუჭერი – კლარა ოლსუფიევნას მივუბრუნდი (ოლსუფი ივანოვიჩის სახლში მოხდა ეს ამბავი გუშინწინ), ის იყო მგრძნობიარე რომანსი იმღერა, – მეც მივუბრუნდი და ვუთხარი, „დიდი გრძნობით კი იმღერეთ რომანსები, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ დიდი გულწრფელობით გისმენდნენ- მეთქი“. და ამით სიტყვა გადავუკარი, აშკარად მივახვედრე, გამიგეთ, კრესტიან ივანოვიჩ, აშკარად მივახვედრე, რომ მასში კი არ ეძიებენ რამეს, არამედ უფრო მაღლა... – აჰა! ვლადიმერ სემიონოვიჩმა რაო? – რაო და დაუმჟავდა გუნება, როგორც იტყვიან, კრესტიან ივანოვიჩ. – ჰმ... – ასე იყო, ბატონო. მერე მოხუცსაც იგივე მოვახსენე. ასე ვუთხარი, ოლსუფი ივანოვიჩ, კარგად ვიცი, როგორა ვარ თქვენგან დავალებული-მეთქი. მაგრამ თვალი გაახილეთ, ოლსუფი ივანოვიჩ-მეთქი, – ვუთხარი, შეხედეთ რა ხდება, მე ხომ აშკარად და პირდაპირ ვმოქმედებ-მეთქი, ოლსუფი ივანოვიჩ. – აა! უყურე შენ!... – აბა რა გეგონათ, კრესტიან ივანოვიჩ. – მან რაღა გითხრათ? – რას მეტყოდა კრესტიან ივანოვიჩ! ლუღლუღებდა, ასეო, ისეო, მეც კარგად გიცნობო, მისი აღმატებულება კეთილმოწყალე კაციაო – და გარეკა, მოჰყვა ლაი-ლაის... რა მოეკითხება? სიბერისაგან სულ მთლად გამოთაყვანდა. – აა! აი, თურმე როგორ ყოფილა საქმე! – აბა, კრესტიან ივანოვიჩ, ასე ყოფილა და რას იზამ? გადაყრუებულია, ცალი ფეხი სამარეში უდგას, საცაა მიქელ-გაბრიელი გამოეცხადება, როგორც იტყვიან და მაინც ენაჭარტალა დედაკაცების ჭორებზე აქვს ყურები დაცქვეტილი. უიმისოდ არაფერი ითქმება... – ჭორებზეო, ამბობთ? – დიახ, კრესტიან ივანოვიჩ, ისეთი ჭორი დაყარეს, ისეთი რომ!.. ჩვენი დათვის ხელიც გაერია ამ საქმეში, მისი ძმისწულისაც, იმ ჩვენი ხვითოსი. გააბეს დედაბრებთან ქსელი, მოგეხსენებათ, და შეთითხნეს საქმე, როგორ ფიქრობთ, რა გამოიგონეს კაცის მოსასპობად? – კაცის მოსასპობად? – დიახ, კრესტიან ივანოვიჩ, კაცის მოსასპობად, კაცის ზნეობრივი მოსპობისათვის დაყარეს ერთი სიტყვით ხმები... ხომ გამიგეთ, იმ ჩემს ნაცნობზე მოგახსენებთ ყველაფერ ამას... კრესტიან ივანოვიჩმა თავი დაუქნია. – დაუყარეს, ერთი სიტყვით, ხმები, ხმები...მართალი გითხრათ, თქმაც კი მეუხერხულება ამისი, კრესტიან ივანოვიჩ. – ჰმ... – დაუყარეს ხმები, ვითომდა უკვე ცოლად შერთვის ხელწერილი მიეცეს, ვითომდა სასიძო ყოფილიყოს უკვე... მერედა არ იკითხავთ ვისი, კრესტიან ივანოვიჩ? – მაინც ვისი? – ვისი და ერთი უსირცხვილო გერმანელი დედაკაცისა, სადილს რომ უმზადებს ხოლმე. ვალის ანგარიშში ხელი შეუთავაზებიაო. – ამას ისინი ამბობენ? – დაიჯერებთ, კრესტიან ივანოვიჩ? ეს გათახსირებული გერმანელი ქალი, ურცხვი დედაკაცი, კაროლინა ივანოვნა, თუ გაგიგონიათ, არ გაუხადეს საქმედ? – მართალი გითხრათ, მე ჩემის მხრით... – მესმის თქვენი, კრესტიან ივანოვიჩ, მესმის და ჩემის მხრითაც ვგრძნობ ამას... – ერთი მიბრძანეთ, სად ცხოვრობთ თქვენ ახლა? – სად ვცხოვრობ ახლა, კრესტიან ივანოვიჩ? – დიახ... მე მინდოდა... თქვენ ადრე, მგონი, ცხოვრობდით... – ვცხოვრობდი, კრესტიან ივანოვიჩ, ვცხოვრობდი, ადრეც ვცხოვრობდი, აბა როგორ იქნებოდა! – მიუგო ბატონმა გოლიადკინმა და აქირქილდა, ამან, ცოტა არ იყოს, შეაცბუნა კრესტიან ივანოვიჩი. – არა, თქვენ ცუდად გამიგეთ; მე ჩემის მხრით მინდოდა... – მეც მინდოდა, კრესტიან ივანოვიჩ, ჩემის მხრით, მეც მინდოდა, – სიცილით გააგრძელა ბატონმა გოლიადკინმა, – ოღონდ ერთობ დიდხანს შევრჩი თქვენთან, კრესტიან ივანოვიჩ. იმედი მაქვს, ნებას მომცემთ, ახლა მაინც... გისურვოთ დილა მშვიდობისა... – ჰმ! დიახ, კრესტიან ივანოვიჩ, მესმის თქვენი ახლა უკვე სავსებით მესმის, – გაეპრანჭასავით ჩვენი გმირი კრესტიან ივანოვიჩს. – მაშ, ნება მომეცით დილა მშვიდობისა... აქ ჩვენმა გმირმა ფეხი ფეხს შემოჰკრა და სახტად დატოვა კრესტიან ივანოვიჩი. კიბეზე რომ ჩადიოდა, ბატონი გოლიადკინი ჩუმ-ჩუმად იღიმებოდა და სიხარულით ხელებს იფშვნეტდა. ხოლო როცა პარმაღზე გასულმა სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა, თავი სამშვიდობოზე დაიგულა, მზად იყო კიდეც ჭეშმარიტად ბედნიერ ადამიანად ეღიარებინა თავი და თამამად გაეწია დეპარტამენტისაკენ, რომ უეცრად სადარბაზოსთან მისი ეტლი მოგრიალდა; ბატონ გოლიადკინს ყველაფერი გაახსენდა. პეტრუშკა უკვე კარს აღებდა. რაღაც უცნაურმა და უკიდურესად უსიამოვნო გრძნობამ შეიპყრო ბატონი გოლიადკინის არსება. ერთ წამს თითქოს გაწითლდა კიდეც, რაღაცამ უჩხვლიტა გულზე; ის იყო ეტლის საფეხურზე უნდა შეედგა ფეხი, რომ ანაზდად შემოტრიალდა, კრესტიან ივანოვიჩის ფანჯრებს ახედა, ასეც მოელოდა! კრესტიან ივანოვიჩი ფანჯარასთან იდგა, მარჯვენა ხელს ბაკენბარდებზე ისვამდა და დიდი ცნობისმოყვარეობით მისჩერებოდა ჩვენს გმირს. „ბრიყვია ეს ექიმი, – გაიფიქრა ბატონმა გოლიადკინმა, როცა კარეტაში დურთა თავი, – მეტისმეტად ბრიყვი. იქნება თავის ავადმყოფებს კარგადაც მკურნალობს, მაგრამ ჯირკივით ყეყეჩია“. – ბატონი გოლიადკინი მოკალათდა, პეტრუშკამაც შეჰყვირა: „გასწიო!“ და კარეტა ისევ ნევის პროსპექტისკენ გაგრიალდა. თავი III    მთელი დილა ბატონმა გოლიადკინმა გაწამაწიაში გაატარა. ნევის პროსპექტზე რომ გავიდნენ, ჩვენმა გმირმა მეეტლეს უბრძანა: გოსტინი დვორთან გაჩერებულიყო, გადმოხტა ეკიპაჟიდან, პეტრუშკას თანხლებით კამარედში შეირბინა და პირდაპირ ვერცხლის რიგს მიაშურა. ერთი შეხედვითაც შეატყობდით, რომ ბატონ გოლიადკინს უზომო საზრუნავი და თავსაყრელი საქმე გასჩენოდა. დიდი ამბით ევაჭრებოდა ვერცხლეულის გამყიდველს ათასხუთასმანეთიან სადილისა და ჩაის სერვიზს, ისიც კი მოახერხა, რომ სართად უცნაური ფორმის პორტსიგარი და ვერცხლისავე წვერის საპარსი მოწყობილობა გამოეცანცლა; მერე კიდევ ორიოდე სხვა საჭირო და სასიამოვნო ნივთიც დააფასებინა ბატონმა გოლიადკინმა და მთელი ეს ამბავი იმით დაამთავრდა, რომ დუქნის ნომერი ჩაიწერა, ვაჭარს დაჰპირდა, დღეს თუ არა ხვალვე უსიკვდილოდ გამოვგზავნი ბიჭს ნავაჭრის წასაღებადო, ხოლო როცა შეცბუნებულმა ვაჭარმა ბეზე ჩამოუგდო სიტყვა, დააიმედა, თავის დროზე ბესაც მიიღებთო. მერე სასწრაფოდ დაემშვიდობა სახტად დარჩენილ ვაჭარს და დუქნების რიგს გაჰყვა. უკან ნოქრების მთელი ამალა აედევნა, ის კი წამდაუწუმ მიხედავდა ხოლმე პეტრუშკას და გაფაციცებული დაეძებდა კიდევ რომელიღაც დუქანს. გზად, ზარაფის ფარდულში შეირბინა და მთელი თავისი მსხვილი ასიგნაციები წვრილ-წვრილ ფულად გადაახურდავა; თუმცა ცოტა იზარალა, სამაგიეროდ საფულე საგრძნობლად გაებერა, რამაც აუწერელი სიამოვნება მოჰგვარა ბატონ გოლიადკინს. ბოლოს, ქალის ფართლეულის მაღაზიასთან გაჩერდა. აქაც კაი ძალი საქონელი შეარჩია ბატონმა გოლიადკინმა, აქაც ჩაიწერა დუქნის ნომერი და მედუქნეს დაჰპირდა, ნავაჭრისათვის აუცილებლად შემოვივლიო, ხოლო ბეს შეხსენებაზე, აქაც იგივე უთხრა, თავის დროზე ბეც იქნებაო. მერე კიდევ რამდენიმე დუქანში შეიარა, ყველგან აფასებინებდა ნაირ-ნაირ საქონელს. ევაჭრებოდა ნოქრებს, ზოგჯერ დიდხანს ედავებოდა, ერთი სამჯერ გავიდოდა დუქნიდან და ისევ შემობრუნდებოდა – ერთი სიტყვით, დიდ საქმეში იყო. გოსტინი დვორიდან ჩვენი გმირი ერთი ცნობილი ავეჯის მაღაზიისაკენ გაეშურა; იქაც ექვსი ოთახის მოწყობილობა დაიგულა, მერე თვალი დაადგა უკანასკნელი მოდის და უცნაური მოყვანილობის ქალის ტუალეტს, დააიმედა ვაჭარი – კაცს გამოვგზავნი ყველა ამეებისთვისო და მაღაზიიდან გავიდა ჩვეულებრივი დაპირებით, ბესაც თავის დროზე მიიღებთო. მერე კიდევ ერთიორგან შეიარა და იქაც ერთი-ორი რაღაც შეარჩია. ერთი სიტყვით მის ფაციფუცს ბოლო არ უჩანდა. ბოლოს, ეტყობა, ბატონ გოლიადკინს თავადაც ძალზე მობეზრდა ამდენი გაწამაწია. ღმერთმა უწყის რატომ, მაგრამ უეცრად სინდისის ქენჯნაც კი იგრძნო; არამც და არამც არ უნდოდა ამ წუთს, მაგალითად, ანდრეი ფილიპოვიჩს, ან თუნდაც კრესტიან ივანოვიჩს გადაჰყროდა. ამასობაში ქალაქის საათმა ნაშუადღევის სამი ჩამოჰკრა. საბოლოოდ, როცა ბატონი გოლიადკინი კარეტაში ჩაჯდა, აღმოჩნდა რომ მთელი დილის ნავაჭრი მანეთნახევრიანი ხელთათმანი და ერთი შუშა სუნამო იყო. რაკი ჯერ კიდევ ბევრი დრო ჰქონდა, ბატონმა გოლიადკინმა მეეტლეს უბრძანა, ეკიპაჟი გაეჩერებინა ნევის პროსპექტზე, ერთ ცნობილ რესტორანთან, რომლის არსებობა აქამდე მხოლოდ ყურმოკვრით იცოდა. კარეტიდან გადმოვიდა და რესტორანში შეირბინა, რათა წაესაუზმა, დაესვენა და დრო გაეყვანა.  სახელდახელოდ წაიხემსა, როგორც მდიდრულ წვეულებაზე წამავალ კაცს შეეფერებოდა, ესე იგი სული მოიბრუნა, როგორც იტყვიან ხოლმე, ერთი ჭიქა არაყიც დააყოლა და სავარძელში ჩაჯდა. მერე მოკრძალებულად მოავლო თვალი დარბაზს და მშვიდად ჩაუღრმავდა ერთ თხელ ეროვნულ გაზეთს. ორიოდე სტრიქონის წაკითხვის შემდეგ ადგა, სარკეში შეათვალიერა თავი, ტანსაცმელი გაისწორა, თმაზე ხელი გადაისვა, ფანჯარასთან მივიდა და გაიხედა, აქ არის თუ არა ჩემი კარეტაო... ისევ სავარძელში ჩაჯდა და გაზეთს მიუბრუნდა. აშკარა იყო, რომ ჩვენი გმირი მეტისმეტად ღელავდა. როცა კვლავ შეხედა საათს და დარწმუნდა რომ ჯერ მხოლოდ ოთხის თხუთმეტი წუთი იყო, ესე იგი კიდევ კაი ძალი დრო ჰქონდა დარჩენილი და ასე ჯდომა უხერხული გამოვიდოდა, ბატონმა გოლიადკინმა შოკოლადი დაუკვეთა, თუმცა მაინცდამაინც არაფრად ეპიტნავებოდა. შოკოლადი რომ დალია, შენიშნა რომ დროს ცოტათი წაეწია წინ და ნახარჯის გასასტუმრებლად გავიდა. ამ დროს ვიღაცამ მხარზე დაჰკრა ხელი. მოიხედა და მის წინ მდგარი ორი თანამშრომელი დაინახა, სწორედ ისინი, რომელთაც დილით ლიტეინზე შეხვდა; ჯერ კიდევ ახალგაზრდა ყმაწვილები იყვნენ როგორც ასაკით, ისე ჩინით. ჩვენს გმირს მათთან სასხვათაშორისო ურთიერთობა ჰქონდა, არც მეგობრობდა და არც აშკარად მტრობდა. ზრდილობის საზღვრებს ორივე მხარე იცავდა. უფრო მეტი დაახლოება არ მომხდარა და არც შეიძლება მომხდარიყო. ახლა მათთან შეხვედრა ძალზე უსიამოვნო იყო ბატონი გოლიადკინისათვის, სახე მოეღუშა და ცოტა დაიბნა კიდეც. – იაკობ პეტროვიჩ, იაკობ პეტროვიჩ – აჭიკჭიკდა ორივე რეგისტრატორი; – აქა ბრძანდებით? რა შემთხვევის... – ა! ეს თქვენა ბრძანდებით, ბატონებო? – საჩქაროდ შეაწყვეტინა ბატონმა გოლიადკინმა; ჩინოვნიკების გაოცებამ, მათმა ძმაბიჭურმა მიმართვამ, თუმცა ძალიან შეაცბუნა და უხერხულობაში ჩააგდო ბატონი გოლიადკინი, მაგრამ, მეტი რა გზა ჰქონდა, მაინც დარდიმანდული და ვაჟკაცური იერი მიიღო. – მიბრძანდით, ბატონებო? ხე, ხე, ხე... – ჩვენმა გმირმა სცადა მხარზე ხელი მოეთათუნებინა ერთ-ერთი ყმაწვილისათვის, უნდოდა, თავმდაბლობაც გამოეჩინა და ღირსებაც არ შელახოდა, რადგან ჩვეულებრივ შორს ეჭირა ხოლმე მათგან თავი. მაგრამ ვერ მოზომა და დარბაისლური გახუმრების ნაცვლად სულ სხვა რამ გამოუვიდა. – ჩვენი დათვი რასა იქმს, უზის მაგიდას? – ვისზე ბრძანებთ, იაკობ პეტროვიჩ? ვისზე და ჩვენს დათვზე, ვითომ არ იცოდეთ ვის ვეძახით დათვს? – ბატონმა გოლიადკინმა გაიცინა და ხურდის გამოსართმევად მომტანს მიუბრუნდა. – ანდრეი ფილიპოვიჩზე მოგახსენებთ, ბატონებო, – ახლა უკვე სერიოზული სახით მიმართა ჩინოვნიკებს. რეგისტრატორებმა მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრეს თვალი ერთმანეთს. – ჯერ კიდევ იქა ზის და თქვენც გიკითხათ, იაკობ პეტროვიჩ, – უპასუხა ერთ-ერთმა. – მაშ, ზის, ჰა! ზის და იჯდეს, ბატონებო. მაშ, მეც მიკითხა, არა? – გიკითხათ იაკობ პეტროვიჩ; ეს რა ყოფაში ხართ! მორთულ-მოკაზმულხართ, სუნამოც გიპკურებიათ, ნამდვილი ფრანტი ხართ... – ეს ისე, ბატონებო! კარგი ერთი... – უპასუხა ბატონმა გოლიადკინმა, თან განზე გაიხედა და უხერხულად გაიღიმა. მომღიმარი ბატონი გოლიადკინის დანახვაზე ჩინოვნიკებს ხარხარი აუტყდათ. ბატონი გოლიადკინი, ცოტა არ იყოს, აიმრიზა. – ერთ რამეს გეტყვით, ბატონებო, მეგობრულად, – მცირე დუმილის შემდეგ მიმართა ჩვენმა გმირმა ჩინოვნიკებს, თითქოსდა რის ვაივაგლახით გადაწყვიტა, გაემხილა მათთვის რაღაც მნიშვნელოვანი რამ, – ცნობით კი მიცნობთ, ბატონებო, მაგრამ აქამდე მხოლოდ ცალმხრივად მიცნობდით. მართალი გითხრათ, ვერავის გადავაბრალებ, ერთის მხრივ, ამაში თავად მე ვიყავი დამნაშავე. ბატონმა გოლიადკინმა ტუჩები მოკუმა და მრავალმნიშვნელოვნად შეაცქერდა ჩინოვნიკებს. ჩინოვნიკებმა ისევ ჩაუკრეს თვალი ერთმანეთს. – აქამდე ბატონებო ცუდად მიცნობდით. ახლა, ასეთ ვითარებაში ამის ახსნა-განმარტება არ ივარგებს. მხოლოდ ზოგ რამეს მოგახსენებთ, სხვათა შორის და გაკვრით არიან ადამიანები, ბატონებო, რომელთაც მიკიბულ-მოკიბულობა არ უყვართ და მხოლოდ მასკარადის დროს ინიღბებიან. არიან ადამიანები, რომლებიც კაცის მთავარ დანიშნულებად იმას როდი მიიჩნევენ, რომ პარკეტს ჩექმებით ნაპერწკლები აყრევინონ ოსტატურად. ისეთი ადამიანებიც არიან, ბატონებო, რომლებიც არ მოჰყვებიან ლაპარაკს, ბედნიერი ვარ და გულსავსედ ვცხოვრობო, მხოლოდ იმის გამო, მაგალითად, რომ შარვალი კოხტად მოერგო ტანზე. ისეთებიც არიან, ტყუილუბრალოდ ხტუნვა და ბზრიალი, ლაქუცი და პირფერობა რომ არ უყვართ და, რაც მთავარია, ბატონებო, ცხვირს არ ყოფენ იმ საქმეში, სადაც არაფერი ეკითხებათ... მე, ბატონებო, უკვე თითქმის ყველაფერი გითხარით; ახლა კი ნება მომეცით გამოგეთხოვოთ... ბატონი გოლიადკინი დადუმდა. რაკიღა ამჯერად ბატონმა რეგისტრატორებმა დაკმაყოფილებულად იგრძნეს თავი, უცებ ერთობ უზრდელურად ახარხარდნენ. ბატონი გოლიადკინი აენთო. – იცინეთ, ბატონებო, იცინეთ! დადგება დრო და თვითონ მიხვდებით, – წარმოთქვა ღირსებაშელახული კაცის კილოთი, შლაპას ხელი დაავლო და კარისაკენ გააბიჯა. – მეტსაც გეტყვით, ბატონებო, – მიუტრიალდა იგი უკანასკნელად ბატონ რეგისტრატორებს, – მეტსაც გეტყვით, – თქვენთან დასამალი არაფერი მაქვს. აი, როგორ წესს მივდევ მე, ბატონებო: არ გამომივა? – გულს ვიმაგრებ. გამომივა და თავს ვიჭერ, და ყოველ შემთხვევაში ძირს არავის გამოვუთხრი. ინტრიგანი არა ვარ, ვამაყობ კიდეც ამით. არც დიპლომატად ვივარგებდი. ასეც ამბობენ ხოლმე, ბატონებო : თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო. მართალი ნათქვამია, მეც მზად ვარ დავეთანხმო, მაგრამ ვინ კატა და ვინ თაგვი, ეს კიდევ საკითხავია, ბატონებო! ბატონი გოლიადკინი მჭერმეტყველურად დადუმდა, უაღრესად მრავალმნიშვნელოვანი სახით, ესე იგი, წარბებაქაჩული და ტუჩებმოკუმული, გამოეთხოვა სახტად დარჩენილ ჩინოვნიკებს და გარეთ გავიდა. – საით მიბრძანდებით? – პირქუშად ჰკითხა პეტრუშკამ, რომელსაც ჩანდა, უკვე მობეზრებოდა ამ ყიამეთში წანწალი, – საით მიბრძანებთ? – ჰკითხა მან ბატონ გოლიადკინს და იმწამსვე შეეფეთა იმ საზარელ, ყოვლისგამანადგურებელ მზერას, რომლითაც ჩვენმა გმირმა ამ დილით უკვე ორჯერ დაიზღვია თავი და ახლა მესამედ იშველიებდა კიბეზე ჩასვლისას. – იზმაილოვის ხიდისაკენ. – იზმაილოვის ხიდისაკენ! გასწი! „სადილად ალბათ ხუთისთვის დასხდებიან, ან ზუსტად ხუთზე, – ფიქრობდა ბატონი გოლიადკინი: – ადრე ხომ არ მივდივარ? თუმცა მე ხომ ადრეც შემიძლია მისვლა; თანაც ეს შინაურული სადილია. მე ხომ ისეც შემიძლია მისვლა სან-ფასონ, როგორც წესიერ ხალხში იტყვიან ხოლმე. ვითომ რატომ არ შემიძლია სან-ფასონ? ჩვენმა დათვმაც ხომ თქვა, ყველაფერი სან-ფასონ იქნებაო, ხო და მეც ასევე...“ ამას ფიქრობდა გულში ბატონი გოლიადკინი; მაგრამ თანდათან, სულ უფრო და უფრო იპყრობდა მღელვარება. აშკარა იყო, რომ იგი ერთობ საჭოჭმანო საქმეს ეპირებოდა, თავისთვის რაღაცას ჩურჩულებდა, მარჯვენა ხელს იქნევდა, წამდაუწუმ კარეტის სარკმლიდან იხედებოდა; ახლა რომ ვინმეს ბატონი გოლიადკინისთვის შეესწრო თვალი, ვერ დაიჯერებდა, რომ იგი გემრიელ სადილზე იყო მიწვეული და ისიც შინაურულ წრეში – სან-ფასონ, როგორც წესიერ ხალხში იტყვიან ხოლმე. ბოლოს ზედ იზმაილოვის ხიდთან ბატონმა გოლიადკინმა ერთ სახლზე ანიშნა მეეტლეს. კარეტა ჭიშკარში შეგრიალდა და მარჯვენა სადარბაზოსთან გაჩერდა. მეორე სართულის ფანჯარაში გოლიადკინმა ქალის ფიგურას მოჰკრა თვალი და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, თუმცაღა თავადაც არ ესმოდა რას სჩადიოდა, რადგან მღელვარებისაგან თითქმის ჭკუაზე აღარ იყო. კარეტიდან გაოგნებული, ფერწასული გადმოვიდა, პარმაღზე ავიდა, შლაპა მოიხადა, მექანიკურად შეისწორა ტანსაცმელი და მუხლის კანკალით შეუდგა კიბეს. – ოლსუფი ივანოვიჩი... – იკითხა მან, როცა კარი გაუღეს. – შინ გახლავთ, ესე იგი, არა ბატონო, შინ არ გახლავთ. – როგორ? რას ამბობ, ჩემო კეთილო? – მე... მე სადილზე ვარ მოწვეული, ძმობილო, ხომა მცნობ? – როგორ არა გცნობთ, ბატონო? თქვენი მიღება არ უბრძანებია. – შენა... ძმობილო... რაღაც გეშლება, ძმაო. ეს ხომ მე ვარ, მე, ძმობილო! დაპატიჟებული ვარ, სადილზე ვარ მოწვეული. – ამბობდა ბატონი გოლიადკინი და თან შინელს იხდიდა, აშკარა იყო, შიგნით შესვლას აპირებდა. – უკაცრავად, ბატონო, არ შეიძლება. არ უბრძანებიათ თქვენი მიღება, უარის თქმა მიბრძანეს, ბატონო. აი, როგორაა საქმე! ბატონი გოლიადკინი გაფითრდა. სწორედ ამ დროს შიდა ოთახში გამავალი კარი გაიღო და ოლსუფი ივანოვიჩის მოხუცი კამერდინერი, გერასიმიჩი გამოვიდა. – აგერ, ამ ბატონს, ემელიან გერასიმიჩ, შემოსვლა უნდა. მე კი... – თქვენ კი ბრიყვი ხართ, ალექსეიჩ. შინ შედით და ის არამზადა სემიონიჩი გამომიგზავნეთ აქ, არ შეიძლება, ბატონო, – თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ მიმართა ბატონ გოლიადკინს, – არაფრით არ შეიძლება, ბატონო. ბოდიში შემოგითვალეს, ბატონო; არ შეუძლიათ თქვენი მიღება. – სწორედ ასე გითხრეს, არ შეგვიძლია მიღებაო? – გაუბედავად ჰკითხა ბატონმა გოლიადკინმა. – მაპატიეთ, გერასიმიჩ, მაგრამ რატომ არ შეიძლება? – არაფრით არ შეიძლება, ბატონო. მე მოვახსენე, მიპასუხეს, ბოდიში მოუხადეო, უთხარი, არ შეუძლია მიღება-თქო. – კი მაგრამ, რატომ? როგორ? – მოითმინეთ, მოითმინეთ! – კი, მაგრამ, როგორ? ასე როგორ შეიძლება! მოახსენეთ... ეს როგორ იქნება? მე სადილზე... – მოითმინეთ, მოითმინეთ! – თუმცა, ეს უკვე სხვა ამბავი კია, – ბოდიშს რომ ითხოვენ; მაგრამ მაინც მითხარით ერთი, გერასიმიჩ, რა მოხდა, რა ამბავია? – მოითმინეთ, მოითმინეთ! – უპასუხა გერასიმიჩმა. თან დაურიდებლად გასწია გვერდზე ბატონი გოლიადკინი და ფართო გზა მისცა ორ ბატონს, რომლებიც ის იყო წინკარში შემოდიოდნენ, ესენი იყვნენ ანდრეი ფილიპოვიჩიდა მისი ძმისწული ვლადიმირ სემიონოვიჩი. ორივემ გაკვირვებით შეხედა ბატონ გოლიადკინს. ანდრეი ფილიპოვიჩი რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ბატონ გოლიადკინს უკვე მიეღო გადაწყვეტილება: სახეზე დაბნეული ღიმილით, თავდახრილი და გაწითლებული უკვე გადიოდა ოლსუფი ივანოვიჩის სახლიდან. – მერე შემოვივლი, გერასიმიჩ; ყველაფერს გავარკვევ, იმედი მაქვს, მალე გაირკვევა ეს საქმე, – ჩაილაპარაკა მან, როცა კარებში გადიოდა და სათქმელი უკვე კიბეზე დაამთავრა... – იაკობ პეტროვიჩ, იაკობ პეტროვიჩ... – მოესმა ბატონ გოლიადკინს გამოდევნებული ანდრეი ფილიპოვიჩის ხმა. ბატონი გოლიადკინი ამ დროს უკვე კიბის პირველ ბაქანზე იყო. იგი სწრაფად მიუტრიალდა ანდრეი ფილიპოვიჩს. – რა გნებავთ, ანდრეი ფილიპოვიჩ? – საკმაოდ გაბედულად ჰკითხა მან. – რა დაგემართათ, იაკობ პეტროვიჩ? როგორ მოხდა, რომ... – არაფერიც არ მომხდარა, ჩემო ბატონო. აქ ჩემი თავი მე მაბარია. ეს ჩემი პირადი ამბავია, ანდრეი ფილიპოვიჩ! – რა ბრძანეთ? – იმას მოგახსენებთ, ანდრეი ფილიპოვიჩ, რომ ეს ჩემი პირადი საქმეა, და რომ ამაში, რამდენადაც მე მგონია, არაფერია გასაკიცხი ჩემი ოფიციალური დამოკიდებულების თვალსაზრისით. – რაო? – ოფიციალური დამოკიდებულების?.. რა გაგჭირვებიათ, ბატონო ჩემო? – არაფერი, ანდრეი ფილიპოვიჩ, სრულიად არაფერი, თავხედი გოგოა, მეტი არაფერი... – რაო!.. რაო?! – ანდრეი ფილიპოვიჩი გაოცებისგან დაიბნა. ბატონი გოლიადკინი აქამდე ქვედა საფეხურიდან ელაპარაკებოდა ანდრეი ფილიპოვიჩს და ისე მისჩერებოდა, გეგონებოდათ, საცაა თვალებში შეაფრინდებაო; ხოლო როცა დაინახა, რომ განყოფილების უფროსი ცოტა დაიბნა, თითქმის გაუაზრებლად წადგა ნაბიჯი. ანდრეი ფილიპოვიჩმა უკან დაიხია. ბატონმა გოლიადკინმა ისევ მოინაცვლა საფეხური, ჯერ ერთი, მერე მეორე. ანდრეი ფილიპოვიჩმა შეშფოთებით მიხედ-მოიხედა. ბატონმა გოლიადკინმა უცებ მარდად აირბინა კიბე. ანდრეი ფილიპოვიჩი უფრო მარდად გადახტა უკან, შევარდა ბინაში და კარი მიიჯახუნა. ბატონი გოლიადკინი მარტო დარჩა, თვალთ დაუბნელდა, თავგზა აებნა და გახევდა რაღაც უაზრო ფიქრებში წასული, თითქოს სულ ახლახან მომხდარი, ასეთივე – ყოვლად უაზრო შემთხვევის გახსენებას ცდილობსო. „ეჰ, ეჰ! – წაიჩურჩულა მან და ნაძალადევად გაიღიმა, ამასობაში კიბის ბოლოდან ლაპარაკი და ფეხის ხმა მოისმა; როგორც ეტყობა ოლსუფი ივანოვიჩის ახალი სტუმრები მოდიოდნენ; ბატონი გოლიადკინი ოდნავ გონს მოეგო, სწრაფად აიწია ენოტის საყელო, შიგ სახე ჩამალა და მოკლე-მოკლე ნაბიჯებით, კოჭლობითა და ბორძიკით დაეშვა კიბეზე. გრძნობდა, როგორ ეცლებოდა ღონე და უბუჟდებოდა სხეული. ისე იყო დაბნეული, რომ პარმაღზე გასულმა კარეტის მოახლოებასაც არ მოუცადა, პირდაპირ გაუყვა გზას, გადაიარა ტალახიანი ეზო და ეკიპაჟთან მივიდა. ის იყო ჩასაჯდომად მოემზადა ბატონი გოლიადკინი, რომ გულში გაკრა სურვილმა – ან მიწა გასკდომოდა და შიგ ჩავარდნილიყო, ან თაგვის სოროში შემძვრალიყო თავისი კარეტიანად, ეჩვენებოდა, თითქოს ყველაფერი, რაც კი ოლსუფი ივანოვიჩის სახლში იყო, მას მიშტერებოდა ყველა ფანჯრიდან. გრძნობდა, აქვე დალევდა სულს, თავი რომ მიებრუნებინა უკან. – რა გაცინებს, შე ბრიყვო! – შეუძახა პეტრუშკას, რომელიც ბატონის შესაშველებლად მომზადებულიყო. – რა მაქვს გასაცინი? მე რა, სულაც არაფერი, ახლა სად წავიდეთ? – სახლში, გასწი... – გასწი სახლისაკენ! – შესძახა პეტრუშკამ და უკანა საფეხურს შეახტა. „ყვავივით არ ყრანტალებს!“ – გაიფიქრა ბატონმა გოლიადკინმა. ამასობაში კარეტა კარგა შორს გასცდა იზმაილოვის ხიდს. უცებ ჩვენმა გმირმა მთელი ძალით მოქაჩა ზონარს და მეეტლეს მიაძახა, დაუყოვნებლივ უკან დაბრუნებულიყო. მეეტლემ ცხენები მოაბრუნა და ორი წუთის შემდეგ ისევ ოლსუფი ივანოვიჩის ეზოში შეგრიალდა. – „სად მიხვალ, რეგვენო, სად! უკან გაბრუნდი!“ – დაუყვირა ბატონმა გოლიადკინმა, და მეეტლემაც, თითქოს მოელოდაო ასეთ ბრძანებას, სიტყვის შეუბრუნებლად, შეუჩერებლივ შემოუარა გარშემო ეზოს და ისევ ქუჩაში გავიდა. ბატონი გოლიადკინი შინ არ წასულა; სემიონოვის ხიდი რომ გადაიარა, მეეტლეს უბრძანა, ერთ მოსახვევში შეეხვია და ერთი უბრალო ტრაქტირის წინ გაჩერებულიყო. კარეტიდან გადმოსული ჩვენი გმირი გაუსწორდა მეეტლეს და, როგორც იქნა, თავი დაიხსნა ეკიპაჟისაგან. პეტრუშკას უბრძანა შინ წასულიყო და იქ დალოდებოდა, თვითონ კი ტრაქტირში შევიდა, ცალკე ნომერი დაიკავა და სადილი დაუკვეთა. ცუდად იყო, ძალზე ცუდად; თავში საშინელი ქაოსი და ორომტრიალი ედგა. დიდხანს სცემდა ოთახში ბოლთას აღელვებული, ბოლოს სკამზე ჩამოჯდა, შუბლი ხელებს დააყრდნო და მთელი ძალით შეეცადა, გაერკვია და აეხსნა როგორმე თავისი ახლანდელი მდგომარეობა. თავი IV    ის დღე, – ბატონი გოლიადკინის ოდინდელი კეთილისმყოფელის, სახელმწიფო მრჩეველ ბერენდეევის მხოლოდშობილი ასულის, კლარა ოლსუფიევნას დაბადების ღირსშესანიშნავი დღე, დღე, რომელიც ბრწყინვალე სადილით აღინიშნა, სადილით, რომლის მსგავსი კაი ხანია აღარ ენახათ იზმაილოვის ხიდის ახლომახლო მცხოვრებ ჩინოვნიკთა ოჯახებში, სადილით, რომელიც თავისი ბრწყინვალებით, თვალისმომჭრელი სიმდიდრითა და მაღალი ღირსებით ბალთაზარულ ლხინს უფრო ჰგავდა, ვიდრე სადილს, სადილით, რომელსაც კლიკოს შამპანურის სიუხვე, ელისეევისა და მილიუტინისეული დუქნების ხამანწკებისა და თევზეულობის ხვავრიელობა და სხვა უცხო, ნუგბარ-ნუგბარი ხორაგეულობა, ნაირგვარი ნასუქი კუროები და ჩინოვნიკური რანგის სრული ტაბელი რაღაც ბაბილონურ იერს რომ ანიჭებდა, – სწორედ ის ღირსშესანიშნავი დღე, ასეთივე ღირსშესანიშნავი სადილით აღნიშნული, დამთავრდა თვალისმომჭრელი მეჯლისით, მცირე, შინაურული, ნათესაური, მაგრამ გემოვნების, განათლებულობისა და მაღალღირსების თვალსაზრისით, მაინც თვალისმომჭრელი მეჯლისით. დაგეთანხმებით, რომ ასეთი მეჯლისები იმართება ხოლმე, მაგრამ ძალზე იშვიათად. ასეთი მეჯლისები, უფრო შინაურულ დროსტარებას რომ ჰგავს, ვიდრე მეჯლისებს, მხოლოდ ისეთ ოჯახებში შეიძლება გაიმართოს, როგორიც, მაგალითისთვის, სახელმწიფო მრჩევლის ბერენდეევის ოჯახი გახლდათ. მეტსაც მოგახსენებთ: დიდად მეეჭვება, რომ ამდაგვარი მეჯლისები ყველა სახელმწიფო მრჩევლის ოჯახში იმართებოდეს. ეჰ, პოეტი რომ ვყოფილიყავი! – რა თქმა უნდა, თუნდაც ჰომეროსი, ან პუშკინი, ამათზე მცირე ნიჭით ვერაფერს გახდებოდა კაცი. როგორი წარმტაცი ფერებითა და სილაღით დაგიხატავდით, ჩემო მკითხველებო, მთელ ამ დიდსაზეიმო დღეს! არა, უპირველეს ყოვლისა, ჯერ სუფრის აღწერით დავიწყებდი ჩემს პოემას და განსაკუთრებით იმ გამაოგნებელ და ამავე დროს საზეიმო წუთს წარმოგიდგენდით, თვალნათლივ, როცა დღესასწაულის დედოფლის სადღეგრძელოდ პირველი სასმისი აიწია. დაგიხატავდით სადღეგრძელოს მოლოდინში სასოებით გარინდულ სტუმრებს, რომელთა დუმილი დემოსთენეს ენამჭევრობას უფრო ჩამოჰგავდა, ვიდრე დუმილს, მერე დაგიხატავდით ანდრეი ფილიპოვიჩს, უხუცესს სტუმართა შორის, რომელსაც ერთგვარი უფლებაც კი ჰქონდა პირველობისა, ჭაღარით მოსილს და ჭაღარის შესაფერისი ორდენებით მკერდდამშვენებულს, ფეხზე რომ წამოიმართა და სადღეგრძელოს წარმოსათქმელად თავს ზემოთ ასწია შუშხუნა ღვინით სავსე თასი, იმ ღვინით, საგანგებოდ რომ ჩამოაქვთ ხოლმე ერთი შორეული მცირე სამეფოდან, რათა ამგვარ წუთებში ყელი ჩაიკოკლოზინონ, ღვინით , რომელიც ღვთაებრივ ნექტარს უფრო ჰგავს, ვიდრე ღვინოს. დაგიხატავდით სუფრის წვეულთ და დედოფლის ბედნიერ მშობლებს, რომელთაც თავ-თავიანთი სასმისები ასწიეს ანდრეი ფილიპოვიჩის კვალზე და ლოდინით სავსე მზერა მიაპყრეს მას. დაგიხატავდით, ჯერ როგორ ჩააპკურა ამ ხშირად ნახსენებმა ანდრეი ფილიპოვიჩმა ერთი წვეთი ცრემლი თავის თასში, მერე კი ადღეგრძელა მასპინძლის ასული, მიულოცა დღეობა, უსურვა ყოველივე სიკეთე და ბოლომდე გამოცალა თასი, მაგრამ ვაღიარებ, გულწრფელად ვაღიარებ, რომ უკვე ვეღარ შევძლებდი ამეწერა თქვენთვის იმ სანეტარო წუთის საზეიმო განწყობილება, როცა თავად დღესასწაულის დედოფალმა, კლარა ოლსუფიევნამ, ნეტარებისა და სიმორცხვისაგან გაზაფხულის ვარდის ფერად ლოყებშეფაკლულმა, ვეღარ გაუძლო მოზღვავებულ გრძნობებს და მოსიყვარულე დედას ჩაეკონა გულში, როგორ აცრემლდა მოსიყვარულე დედა და როგორ აქვითინდა ამ სურათის მხილველი მამა, ღირსეული მოხუცი და სახელმწიფო მრჩეველი ოლსუფი ივანოვიჩი, რომელმაც ხანგრძლივ სამსახურს შესწირა ფეხთა სიმრთელე და ასეთი თავდადების საზღაურად მცირე კაპიტალით, საცხოვრებელი სახლით, ორიოდე სოფლითა და მზეთუნახავი ქალიშვილით დააჯილდოვა ბედმა. აქვითინდა, როგორც ბალღი აქვითინდება ხოლმე და ცრემლის ფრქვევით აღმოთქვა, მისი აღმატებულება ოქრო კაციაო. ვერც იმას შევძლებდი, დიახ, სწორედ რომ ვერ შევძლებდი, გადმომეცა თქვენთვის გულთა ის საყოველთაო აღტკინება, უშუალოდ ამ ამბავს რომ მოჰყვა და ასე ნათლად რომ გამოვლინდა ერთი ახალგაზრდა რეგისტრატორის (ამ წუთას იგი სახელმწიფო მრჩეველს უფრო ჩამოჰგავდა, ვიდრე რეგისტრატორს) საქციელში, ანდრეი ფილიპოვიჩის სიტყვის მოსმენაზე ცრემლი რომ მოერია. თავის მხრივ, ამ წუთას არც ანდრეი ფილიპოვიჩი ჰგავდა კოლეგიის მრჩეველსა და დეპარტამენტის განყოფილების უფროსს, იგი სულ სხვა რანგის კაცი გეგონებოდათ... არ კი ვიცი, ვინ, სახელდობრ, მაგრამ კოლეგიის მრჩეველი ხომ არამც და არამც! იგი გაცილებით დიდი ვინმე ჩანდა! და ბოლოს... ო! ნეტავ ვფლობდე ამაღლებული, ძლიერი და შთამბეჭდავი სტილის საიდუმლოს, რათა აღვწერო ჩვენი ცხოვრების ყველა ეს უმშვენიერესი და ჭკუისსასწავლებელი ჟამი, თითქოსდა განზრახ გაჩენილი იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ ამარცხებს ხანდახან სათნოება უკეთურებას, თავქარიანობას, ბიწიერებასა და შურს! არაფერს ვიტყვი, მხოლოდ უსიტყვოდ – ეს ყოველგვარ მჭერმეტყველებაზე უმჯობესი იქნება – დაგანახვებთ ამ ბედნიერ ყმაწვილ კაცს, თავისი სიცოცხლის ოცდამეექვსე გაზაფხულში გადამდგარს, ვლადიმირ სემიონოვიჩს, ანდრეი ფილიპოვიჩის ძმისწულს, რომელიც თავის მხრივ, აგრეთვე, ფეხზე დგება, რომელიც თავის მხრივ, აგრეთვე, წარმოთქვამს სადღეგრძელოს და რომლისადმიც მიპყრობილია აცრემლებული თვალები ზეიმის დედოფლის მშობლებისა, – სიამაყით სავსე თვალები ანდრეი ფილიპოვიჩისა, დარცხვენილი თვალები თავად დღესასწაულის დედოფლისა, წვეულთა აღტაცებული მზერა და ახალგაზრდა თანამშრომელთა უბოროტო შურით ანთებული თვალები. არაფერს ვიტყვი, თუმცა არ ძალმიძს თავი შევიკავო და არ აღვნიშნო, რომ ყველაფერი ამ ყმაწვილკაცში, რომელიც დარბაისელ მოხუცს უფრო ჰგავდა, ვიდრე ყმაწვილკაცს (მისთვის სახარბიელო აზრით ვამბობთ ამას), ყველაფერი – ღაჟღაჟა ღაწვებით დაწყებული კარგად შეფერებულ ასესორის ჩინამდე, ყოველივე ეს ლამის თავად ალაპარაკებულიყო ამ საზეიმო წუთებში – ერთი შეხედეთ, რა ზომამდე შეიძლება აამაღლოს კაცი კეთილზნეობამო. არც იმას აგიწერთ, თუ ანტონ ანტონოვიჩ სეტოჩკინმა, დეპარტამენტის მაგიდის უფროსმა, ანდრეი ფილიპოვიჩისა და ოდესღაც ოლსუფი ივანოვიჩის ახლო თანამშრომელმა, ესეც არ იყოს, ამ ოჯახის ძველმა მეგობარმა და კლარა ოლსუფიევნას ნათლიამ, სპეტაკი ჭაღარით თავგადაპენტილმა ბერიკაცმა, თავის მხრივ, როგორ შესთავაზა სადღეგრძელო წვეულთ. ხრინწიან ხმაზე წაიმღერა და ზედ მხიარული შაირებიც დააყოლა, როგორ დააოსა სიცილით, წესიერების ამ წესიერად დამრღვევმა, თუ კი შეიძლება ასე ითქვას, მთელი საზოგადოება და როგორ ეამბორა მას მშობლების ბრძანებით თავად კლარა ოლსუფიევნა ასეთი მხიარულებისა და თავაზიანობისათვის. და, ბოლოს, მხოლოდ იმას გეტყვით, თუ როგორ წამოიშალნენ სუფრიდან სტუმრები, რომლებიც ასეთი სადილის შემდეგ ბუნებრივია, ერთმანეთისადმი ღვიძლი ნათესაური და ძმური გრძნობით განიმსჭვალნენ. როგორ გააბეს ერთხანს მოხუცებმა და დარბაისელმა ხალხმა მეგობრული მუსაიფი და გულწრფელადაც გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი გულისნადები, როგორ გაემართნენ მერე დინჯად მეორე ოთახისაკენ, ძვირფასი დრო რომ არ დაეკარგათ, საჩქაროდ განცალკევდნენ მცირე ჯგუფებად და ღირსების გრძნობებით სავსენი მიუსხდნენ მწვანე მაუდგადაკრულ მაგიდებს; თუ როგორ მოკალათდნენ ბანოვანნი სასტუმრო ოთახში, გადაიქცნენ ხორცშესხმულ თავაზიანობად და სხვადასხვა საგნებზე გააბეს საუბარი; და ბოლოს, როგორ დადიოდა სტუმრებს შორის თავად დიდადპატივცემული სახლის პატრონი, ხანგრძლივ სამსახურს რომ შესწირა ფეხთა სიმრთელე და ამის სანაცვლოდ ყოველივე იმით დაჯილდოვდა, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, როგორ დადიოდა ყავარჯნებს დაყრდნობილი, ერთი მხრიდან ვლადიმერ სემიონოვიჩი რომ შესდგომოდა, მეორე მხრიდან კი – კლარა ოლსუფიევნა, როგორ გადაიქცა იგი ხორცშესხმულ თავაზიანობად და როგორ გადაწყვიტა, ხარჯების მიუხედავად, სახელდახელოდ მოეწყო პატარა, უპრეტენზიო მეჯლისი; როგორ აფრინეს, ამ მიზნით, ერთი მარჯვე ყმაწვილი (სწორედ ის, რომელიც სადილზე სახელმწიფო მრჩეველს უფრო წააგავდა, ვიდრე ყმაწვილკაცს) მუსიკოსების მოსაყვანად; მერმე როგორ მოვიდნენ მუსიკოსები, სულ თერთმეტი სული, და ბოლოს, ზუსტად ცხრის ნახევარზე როგორ გაისმა პირველი ჰანგები ფრანგული კადრილისა და სხვა ნაირ-ნაირი საცეკვაო მუსიკისა... იმის თქმაც კი არა ღირს, რომ ჩემი კალამი უძლური, ბლაგვი და დუნეა, რომ მას არ ძალუძს საკადრისად დაგიხატოთ მეჯლისი, რომელიც სახელდახელოდ მოაწყო უსაზღვროდ თავაზიანმა თმაჭაღარა მასპინძელმა. ან კი, ერთი მიბრძანეთ, როგორ შევძლო მე, ბატონი გოლიადკინის უბრალო, თუმცაღა თავისებურად საგულისხმო თავგადასავალთა მოკრძალებულმა მთხრობელმა, როგორ შევძლო, აგიწეროთ ის არაჩვეულებრივი და განმაცვიფრებელი ნაზავი სილამაზისა და ბრწყინვალებისა, წესიერებისა და მხიარულებისა, თავაზიანი სიდარბაისლისა და დარბაისლური თავაზიანობისა, სილაღისა და სიხარულისა; სიცილი და ტკრციალი ჩინოსან მანდილოსნებისა, უფრო ფერიებს რომ ჰგავდნენ, ვიდრე მანდილოსნებს, – ამას მათთვის სახარბიელო აზრით მოგახსენებთ. თეთრ-ყირმიზი ყელ-კისერი და პირისახე, წერწეტი წელი და ნატიფ-ნარნარი, მაღალფარდოვნად მოგახსენებთ, ჰომეოპათიური ფეხები რომ ამშვენებდათ? ან როგორ დაგიხატოთ ის ჩინოვნიკი რაინდები, მხიარულნი და დარბაისელნი, ყმაწვილკაცნი და ჭარმაგნი, გულმხიარულნი და ზომიერად გულჩათხრობილნი, ცეკვებს შორის ანტრაქტის დროს მოშორებით, პატარა მწვანე ოთახში ჩიბუხის მწეველნი და ანტრაქტებში ჩიბუხის არამწეველნი, კავალრები, უკლებლივ ყველა, შესაფერი ჩინისა და გვარის მატარებელნი, კავალრები საკუთარი ღირსების ღრმა რწმენითა და ფაქიზი გრძნობებით გამსჭვალულნი, მანდილოსნებთან უმეტესწილად ფრანგულად მომუსაიფენი, ხოლო რუსულად კი მხოლოდ უმაღლესი ტონის გამომხატველი გამოთქმების, ღრმააზროვანი ფრაზებისა და ქათინაურების მფრქვეველნი, კავალრები, რომლებიც მხოლოდ მოსაწევ ოთახში თუ მისცემდნენ თავს ნებას, ერთგვარი თავდაჭერილობით ეღალატათ მაღალი ტონისათვის, ეთქვათ ერთმანეთისათვის ორიოდე ძმაკაცური სიტყვა, როგორც, მაგალითად, „რაო, შე ასეთო და ისეთო, პეტკა, ძაან არ გაახურე პოლკა“ ან კიდევ: „რაო, შე ასეთო და ისეთო, ვასია, მაინც მოჩანგლე ის გოგო, შე ძველო?“ ყოველივე ამის სათქმელად და გამოსახატავად, ჩემო მკითხველო, როგორც მქონდა პატივი მომეხსენებინა, არ მიჭრის კალამი და ამიტომაც ვდუმვარ. სჯობს ისევ ბატონ გოლიადკინს მივუბრუნდეთ, ამ ჩვენი მართალზე მართალი ამბის ერთადერთ ჭეშმარიტ გმირს. საქმე ისაა, რომ ახლა იგი, მეტი რომ არა ვთქვათ რა, ერთობ უცნაურ მდგომარეობაში იმყოფება. ისიც აქაა, ბატონებო, ესე იგი, მეჯლისზე კი არა, თითქმის მეჯლისზე, ის მერე რა, ბატონებო, ის არაფერი, ის თავისთვისაა... და თუმცა თავისთვის კია, მაგრამ ამწუთას არცთუ მთლად სწორ გზას ადგას; დგას ახლა ის – სათქმელადაც კი უცნაურია – დგას ახლა ის წინკარში, ოლსუფი ივანოვიჩის სახლის უკანა კიბეზე. მაგრამ ეს არაფერია, რა ვუყოთ, რომ იქ დგას; იგი ხომ თავისთვისაა. იგი, ბატონებო, კუთხეში დგას, მიკუნჭული, ისეთ ადგილას, სადაც მაინცდამაინც არ თბილა, მაგრამ სამაგიეროდ საკმაოდ ბნელა; უზარმაზარ კარადასა და ძველ თეჯირებს ამოფარებია, ჩაჭედილა ათასგვარ ხარახურასა და ძველა-ძულებში, იმალება და დროს ელის, მანამდე კი გარეშე მაყურებელივით საერთო საქმის მსვლელობას ადევნებს თვალს. ახლა, ბატონებო, მეჯლისზე შესვლა... ვითომ რატომ არ უნდა შევიდეს? ერთი ნაბიჯის გადადგმა და უკვე შევა, ძალზე მარჯვედაც შევა. ახლა კი, უკვე მესამე საათია, რაც თეჯირებსა და კარადას შუა ჩაჩხირულა, ათასგვარი ხარახურითა და ძველა-ძულებით გარშემორტყმული დგას და თავის გასამართლებლად იმეორებს ცხონებული ფრანგი მინისტრის ვილელის ფრაზას – „ყველაფერი თავის დროზე მოვა, თუ კაცს მოთმინების უნარი შესწევსო“. ეს ფრაზა ბატონ გოლიადკინს რომელიღაც წიგნიდან ამოეკითხა ოდესღაც და სწორედ ახლა ერთობ დროულად გახსენებოდა. ჯერ ერთი, ეს ფრაზა ზედმიწევნით ესადაგებოდა მის ახლანდელ მდგომარეობას და გარდა ამისა, რა არ მოუვა კაცს თავში, როცა მთელი სამი საათი, სიბნელესა და სიცივეში, წინკარში მიყუჟული ელის თავისი საქმის ბედნიერ დასასრულს. ყოფილი ფრანგი მინისტრის, ვილელის ამ ფრაზას რომ იმეორებდა, მისი მდგომარეობისთვის ასერიგად მისასადაგებელს, ბატონ გოლიადკინს, ღმერთმა უწყის რის გამო, თურქეთის ყოფილი ვეზირი, მარციმირისიც გაახსენდა და მშვენიერი მარკგრაფინია ლუიზაც, რომელთა ისტორია, აგრეთვე, ოდესღაც ამოეკითხა რომელიღაც წიგნიდან. მერე ისიც მოაგონდა, რომ იეზუიტებმა მცნებად დაისახეს, ყველა საშუალება მისაღები და გამოსადეგიაო. ამ ისტორიული პუნქტით თავი რომ გაიმხნევა, ბატონმა გოლიადკინა გულში თქვა, ვითომ რა, იეზუიტები ვინ არიან, ყველანი კაი ბრიყვები იყვნენ, ჩემი ფეხის ფრჩხილადაც არ ღირან, ჩემთან რას მოვლენ ისინიო. ერთი კი დაცარიელდეს ბუფეტი (სწორედ ის ოთახი, რომელიც პირდაპირ წინკარში გადიოდა უკანა კიბეზე, სადაც ბატონი გოლიადკინი მიკუნჭულიყო) და მერე თვითონ იცის. ადგება და, იეზუიტებს რას დაგიდევთ, პირდაპირ შევა ჯერ ბუფეტში, მერე საჩაიეში, მერე იმ ოთახში, სადაც ქაღალდს თამაშობენ, მერე კი პირდაპირ დარბაზში ამოყოფს თავს, სადაც ახლა პოლკას ცეკვავენ. შევა კიდეც, უსიკვდილოდ შევა, არაფერს შეეპუება, გაძვრება და მორჩა, თვალსაც კი ვერავინ მოჰკრავს. მერე კი თვითონ იცის, რასაც იზამს. აი, ბატონებო, ასეთ მდგომარეობაში გვყავს ახლა ჩვენი, მართალზე მართალი ისტორიის გმირი; თუმცაღა ძნელი სათქმელია, რა ემართება მას ამ წუთებში. საქმე ისაა, რომ კიბეზე ასვლა და წინკარში შესვლა კი მოახერხა მან იმ საბაბით, ვითომ მე რატომ არ უნდა შევიდე თუკი ყველა შედისო; მაგრამ მერე ნაბიჯის გადადგმა ვეღარ გაბედა, აშკარად ვრ გაბედა... იმიტომ კი არა, თითქოს გაუბედავი იყოს, არამედ ისე, თვითონ არ უნდა და იმიტომ, იმიტომ რომ ჩუმათობა ურჩევნია, ჰოდა ახლა, დგას, ბატონებო, და ელოდება, როდის დაუდგება საჩუმათო ჟამი. უკვე ორსაათნახევარზე მეტია, რაც ელოდება, ვითომ რატომ არ უნდა ელოდოს? ვილელიც ხომ ელოდა! „ვილელი რა შუაშია!“ – ფიქრობდა ბატონი გოლიადკინი, „ვილელი ვინ ოხერია? კი, მე რომ ერთი ახლა როგორმე, ისა რა ქვია... ავდგე და შევძვრე?.. ეჰ, შე მამლაყინწა შენა! – უთხრა ბატონმა გოლიადკინმა თავის თავს და გათოშილი თითებით გათოშილ ლოყაზე იჩქმიტა, – შე ჩერჩეტო, შენა, შე გოლიადკა, შენი გვარი რა ვთქვი!“ თქმა არ უნდა, საკუთარ თავს ამ წუთებში იგი ისე, სასხვათაშორისოდ, ყოველგვარი მიზნის გარეშე მიეალერსა. მერე ის იყო, დააპირა შეძრომა და წინ წადგა ბიჯი. დამდგარიყო ნანატრი წუთი, ბუფეტი ცარიელი იყო, არავინ ჭაჭანებდა. ბატონი გოლიადკინი სარკმელში ხედავდა ყველაფერს; ორი ნაბიჯი წადგა წინ, კართან გაჩნდა და ის იყო, გამოღება დააპირა... „შევიდე თუ არა? ჰა, შევიდე თუ არა? შევალ... ვითომ რატომ არ უნდა შევიდე? მამაცებისათვის ყველა გზა ხსნილია!“ დიდის ამბით დააიმედა თავი ჩვენმა გმირმა, მაგრამ უცებ, სრულიად მოულოდნელად, უკან დაიხია და თეჯირს ამოეფარა. „არა – გაიფიქრა მან, – კარგი და უცებ შემოვიდა ვინმე? ა, ბატონო შემოვიდნენ კიდეც, რას დავაღე პირი, როცა არავინ იყო, ვერ დავადე თავი და ვერ შევძვერი? რას შეძვრები როცა ასეთი ხასიათი გექნება კაცს! მაინც რა უკუღმართი მიდრეკილება მაქვს! ქათამივით დავფრთხი! სიმხდალე ჩვენი მოგონილია, არ უნდა ამას ლაპარაკი! ყველაფერი უნდა ჩავაოხრო! ასეთი ზნე მჭირს! ახლა, ეგდე აქ ჯირკივით, თავში ქვა გიხლია! შინ ახლა ჩაის დალევდა კაცი... სხვა რომ არაფერი, გესიამოვნებოდა კაცს ერთი ჭიქა ცხელი ჩაი. გვიან მივალ და პეტრუშკა აბუზღუნდება: მოდი, წავიდე სახლში? ეშმაკსაც წაუღია აქაურობა! მორჩა და გათავდა!“ ეს რომ გადაწყვიტა, ბატონმა გოლიადკინმა ისე სწრაფად წადგა წინ ნაბიჯი, თითქოს ვიღაცამ ზამბარა გამოუშალა სხეულში. ორ წამში ბუფეტში გაჩნდა, მოიძრო შინელი, მოიხადა შლაპა, საჩქაროდ კუთხეში მიყარა ყველაფერი, თმა და ტანსაცმელი გაისწორა; მერე.. მერე კი საჩაიეში შევარდა, იქიდან მეორე ოთახში შეძვრა, თითქმის შეუმჩნევლად გაურბინა შუაში აზარტულ მოთამაშეებს, მერე... მერე... აქ ბატონ გოლიადკინს დაავიწყდა ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდებოდა და მოულოდნელად, ცამოწმენდილზე თავს დაატყდა საცეკვაო დარბაზში მყოფთ. თითქოს განგებ, დარბაზში ამ დროს არ ცეკვავდნენ. ქალები თვალწარმტაც ჯგუფებად დასეირნობდნენ დარბაზში. კაცები ერთად ქუჩდებოდნენ ან აქეთ-იქით დაშლიგინობდნენ და მანდილოსნებთან ცეკვას იბევებდნენ, ბატონი გოლიადკინი ვერაფერს ამჩნევდა. იგი მხოლოდ კლარა ოლსუფიევნას ხედავდა. მის გვერდით ანდრეი ფილიპოვიჩს, იქვე ვლადიმერ სემიონოვიჩს, კიდევ ორ-სამ ოფიცერს და კიდევ ორიოდე ძალზე საინტერესო ყმაწვილკაცს, რომლებიც, ერთი შეხედვითაც შეატყობდით, ან დიდ იმედებს იძლეოდნენ, ან უკვე განეხორციელებინათ ეს იმედები ცხოვრებაში. კიდევ ზოგ-ზოგებსაც ხედავდა. თუმცა არა, ის უკვე ვეღარავის ხედავდა... არავის უყურებდა... თითქოს იგივე ზამბარა წარმართავსო, რომელმაც დაუპატიჟებლად შემოაგდო სხვის მეჯლისზე, მიიწევდა წინ, ისევ და ისევ წინ; გზად რომელიღაც მრჩეველს დაეტაკა და ფეხი დაადგა, იქვე ერთი დარბაისელი მანდილოსნის კაბას დააბიჯა ფეხი და ჩაქი ჩამოახია, სინით მიმავალ მსახურს დაეჯახა, კიდევ ვიღაც-ვიღაცეებს, მაგრამ არაფერი გაუგია, უფრო სწორად, კი გაიგო, მაგრამ ზედაც არავისთვის შეუხედავს, მიიწევდა ისევ და ისევ წინ და უეცრად კლარა ოლსუფიევნას წინაშე აღმოჩნდა. ეჭვი არაა, იმ წუთას მიწა რომ გამსკდარიყო, თვალსაც არ დაახამხამებდა, ისე ჩავარდებოდა შიგ დიდი სიამოვნებით, მაგრამ, რაც მოხდა, იმას რაღა ეშველებოდა... გატეხილს რაღა გაამთელებდა!... ჰოდა, რა უნდა ექნა? ხომ გაგიგონიათ? „ამყოლს აჰყევი, დამყოლს დაჰყევიო?“ ბატონი გოლიადკინი, რა თქმა უნდა, სულაც არ იყო ინტრიგანი და არც იატაკს აყრევინებდა ჩექმებით ნაპერწკლებს... ასე დაემართა და რას იზამდა. თან ეს იეზუიტები გამოეჩხირნენ რაღაც ეშმაკად... მაგრამ ახლა ბატონ გოლიადკინს მათთვის არა სცხელოდა! ყოველივე, რაც ირგვლივ მოძრაობდა, ხმაურობდა, იცინოდა, ლაპარაკობდა, უცებ, რაღაც სასწაულით, მიჩუმდა და ნელ-ნელა ბატონი გოლიადკინის გარშემო შეჯგუფდა. ბატონი გოლიადკინი კი თითქოს არც არაფერ ხედავსო, არც არაფერი ესმისო, თავს ვერ წევდა ზევით... არაფრით არ შეეძლო თავის აწევა; თვალები ძირს დაეხარა და იდგა თავისთვის, თან გულში, სხვათაშორის, პატიოსან სიტყვას აძლევდა თავს, რომ ამაღამვე, როგორც კი დროს მოიხელთებდა, ტყვია ეკრა შუბლში. ასეთი პატიოსანი სიტყვა რომ მისცა თავს, გულში გაივლო: „ეჰ, რაც იყოს, იყოს!“ – და თავისდა გასაოცრად სრულიად მოულოდნელად ალაპარაკდა. ბატონმა გოლიადკინმა მილოცვითა და კეთილი სურვილებით დაიწყო. მილოცვამ მშვიდობიანად ჩაიარა, კეთილ სურვილებზე კი ჩვენს გმირს ენა დაება. კარგად იცოდა, რომ თუ ენა დაებმეოდა, მაშინვე ყველაფერი წყალში ჩაეყრებოდა, ასეც მოხდა – ენა დაება და გაიჭედა. გაიჭედა და გაწითლდა, გაწითლდა და თავგზა დაებნა, თავგზა დაებნა და თავი ასწია, თავი ასწია და მიხედ-მოიხედა, მიხედ-მოიხედა და – და გაშეშდა... მის გარშემო ყველაფერი გარინდებულიყო; ყველაფერი დუმდა, ყველაფერი დადარაჯებულიყო; ცოტა მოშორებით ჩურჩული გაისმა, ცოტა ახლოს ხარხარი ატყდა. ბატონმა გოლიადკინმა, დაბნეული, თვინიერი მზერა მიაპყრო ანდრეი ფილიპოვიჩს. ანდრეი ფილიპოვიჩმა ისეთი მზერა შეაგება ბატონ გოლიადკინს, რომ ჩვენი გმირი უკვე სავსებით განადგურებული რომ არ ყოფილიყო, ამჯერად აუცილებლად საბოლოოდ განადგურდებოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. დუმილი გრძელდებოდა. – ეს ჩემს შინაურ საქმეებსა და ჩემს კერძო ცხოვრებას უფრო ეხება, ანდრეი ფილიპოვიჩ, – ძლივს გასაგონად წაილაპარაკა ცოცხალ-მკვდარმა ბატონმა გოლიადკინმა, – ეს ოფიციალური შემთხვევა არ გახლავთ, ანდრეი ფილიპოვიჩ... – გრცხვენოდეთ, ბატონო ჩემო, გრცხვენოდეთ! – აღშფოთებული სახით, ხმადაბლა ჩაილაპარაკა ანდრეი ფილიპოვიჩმა, ჩაილაპარაკა, ხელი გაუყარა კლარა ოლსუფიევნას და ბატონ გოლიადკინს ზურგი შეაქცია. – რისი უნდა მრცხვენოდეს, ანდრეი ფილიპოვიჩ, – ასევე ხმადაბლა უპასუხა ბატონმა გოლიადკინმა, სასოწარკვეთილი მზერა მოავლო დაბნეულ ხალხს იმ იმედით, ვინძლო მათ შორის გამგები და ჩემი ფარდი ვიპოვნოო. – არაფერია, ბატონებო, არაფერია! რა მოხდა მერე? ყველას შეიძლება დაემართოს ასეთი რამ, – ჩურჩულებდა ბატონი გოლიადკინი, თან ნელ-ნელა უკან იხევდა და გარსშემორტყმული ხალხიდან თავის დაღწევას ლამობდა. ხალხმა გზა მისცა. ჩვენმა გმირმა ძლივსძლივობით გააღწია გაოცებულ და ცნობისმოყვარე ბრბოში. იგი წერას ჰყავდა ატანილი. ბატონი გოლიადკინი თავადაც კარგად გრძნობდა. თქმა არ უნდა, იგი არაფერს დაიშურებდა იმისათვის, რომ ზრდილობის წესის დაურღვევლად ისევ იქ, თავის ძველ ადგილას, წინკარში, უკანა კიბის თავში მდგარიყო. მაგრამ რადგან ეს არასგზით არ შეიძლებოდა, სცადა, რომელიმე კუთხისაკენ გაპარულიყო და იქ დამდგარიყო თავისთვის, მოკრძალებულად, წესიერად, განცალკევებით, არავისთვის გაეცა ხმა, არც ვინმეს განსაკუთრებული ყურადღება მიეპყრო ამავე დროს, სტუმრებისა და სახლის პატრონის კეთილგანწყობაც მოეპოვებინა. ისეთი გრძნობა ჰქონდა ბატონ გოლიადკინს თითქოს ფეხქვეშ მიწას აცლიანო, თითქოს ირწევა და სადაცაა დაეცემაო. ბოლოს, როგორც იქნა, მიაღწია ერთ კუთხეს და მიდგა იქ, როგორც გარეშე, სრულიად გულგრილი მაყურებელი, თან ხელებით ორი სკამის საზურგეს დაეყრდნო: თავის სრულ განკარგულებაში ჩათვალა ორივე და შეეცადა, შეძლებისამებრ მხნე გამომეტყველებით გაესწორებინა თვალი მის მახლობლად შეკრებილი ოლსუფი ივანოვიჩის სტუმრებისათვის, ყველაზე ახლოს ვიღაც ოფიცერი იდგა, მაღალი, წარმოსადეგი ყმაწვილი, რომლის წინაშეც ბატონ გოლიადკინს თავი ჭიანჭველად მოეჩვენა. – ეს ორი სკამი, პორუჩიკო... ერთი კლარა ოლსუფიევნას ეკუთვნის, მეორე – თავადის ასულს, ჩევჩეხანოვას, აი, აგერ რომ ცეკვავს; მათთვის ვინახავ ამ სკამებს, პორუჩიკო, – წაილაპარაკა სულშეგუბებულმა ბატონმა გოლიადკინმა და მუდარის თვალით შეხედა პორუჩიკს. პორუჩიკმა გამანადგურებელი ღიმილი შეაგება და ხმაამოუღებლივ შეაქცია ზურგი. ერთგან რომ ხელი მოეცარა, ჩვენმა გმირმა ახლა სხვაგან სცადა ბედი და მიუბრუნდა ერთ, მედიდური სახის მრჩეველს, რომელსაც მაღალი ხარისხის ჯვარი ეკიდა კისერზე. მაგრამ მრჩეველმა ისეთი მკაცრი მზერით შეათვალიერა იგი, რომ ბატონმა გოლიადკინმა ცხადად იგრძნო, როგორ გადაასხეს თავზე მთელი კასრი ყინულივით ცივი წყალი. ბატონი გოლიადკინი გაიტრუნა, ამჯობინა გაჩუმებულიყო და ხმა არ ამოეღო, დაენახვებინა მათთვის, რომ იგი თავისთვისაა, სხვებისგან არ გამოირჩევა, და, ბოლოს და ბოლოს, სხვებივით ღირსეული მდგომარეობა უჭირავს. ამ მიზნით, იგი ჯერ თავისი ვიცე მუნდირის სახელოს დააცქერდა, მერე თავი ასწია და ერთ, დარბაისელი გარეგნობის ვაჟბატონს მიაპყრო მზერა. „ამ ვაჟბატონს პარიკი ადევს თავზე, – გაიფიქრა ბატონმა გოლიადკინმა, – პარიკი რომ მოხადო, მოტვლეპილი თავი გამოუჩნდება, სწორედ ისეთი, ჩემი ხელისგული რომაა. ასეთი მნიშვნელოვანი რამის აღმოჩენამ ბატონ გოლიადკინს არაბი ემირებიც გაახსენა, რომელთაც მწვანე ჩალმა, წინასწარმეტყველ მუჰამედთან ნათესაობის ნიშნად რომ ატარებენ, ასეთსავე მოტვლეპილ უბალნო თავებზე დაუკოსებიათ. თურქებზე ფიქრმა ახლა მათებური ფეხსაცმელი გაახსენა, ხოლო იმავე წუთში ისიც მოაგონდა, რომ ანდრეი ფილიპოვიჩის ჩექმები ტუფლებს უფრო ჰგავს, ვიდრე ჩექმებს. აშკარა იყო, რომ ბატონი გოლიადკინი ნაწილობრივ შეეგუა თავის მდგომარეობას, „აი, ეს ჭაღი რომ მოწყდეს, – გაუელვა თავში ბატონ გოლიადკინს, – ხალხს დაეცეს თავზე, იმ წამსვე კლარა ოლსუფიევნას საშველად გავექანებოდი, გადავარჩენდი და ვეტყოდი: „ნუ შეშფოთდებით, ქალბატონო; ეგ არაფერია, თქვენი მხსნელი კი მე გახლავართ“ მერე... ამ დროს ბატონმა გოლიადკინმა გვერდზე გაიხედა, კლარა ოლსუფიევნას ეძებდა, მაგრამ თვალში გერასიმიჩი მოხვდა, ოლსუფი ივანოვიჩის ძველი კამერდინერი. გერასიმიჩი უაღრესად საქმიანი და ოფიციალური სახით პირდაპირ მისკენ მოემართებოდა. ბატონი გოლიადკინი შეკრთა და რაღაცა გაურკვეველი, მაგრამ მეტისმეტად უსიამოვნო გრძნობიერი სახე დაეღრიჯა. უნებურად მიხედ-მოიხედა; ერთი კი გაიფიქრა, როგორმე გვერდულად ჩუმ-ჩუმად , მალულად გასცლოდა მოსალოდნელ დავიდარაბას, რამენაირად გამქრალიყო, ისე მოეწყო საქმე, თითქოს იგი აქ არაფერ შუაში იყო, თითქოს არც არაფერი ეხებოდა მას. მაგრამ ვიდრე ჩვენი გმირი რამეს გადაწყვეტდა, გერასიმიჩი ცხვირწინ აეტუზა. – ხედავთ, გერასიმიჩ, – ღიმილით უთხრა ჩვენმა გმირმა გერასიმიჩს, – ერთი უბრძანეთ ვინმეს! ხედავთ, აი, იმ სანთელს კანდელაბრში, გერასიმიჩ! სადაცაა ჩამოვარდება, მიდით, უბრძანეთ ვინმეს, გაასწოროს; გეუბნებით, ნამდვილად ჩამოვარდება, გერასიმიჩ... – სანთელიო? არა, სანთელი სწორად დგას ჩემო ბატონო, აი, თქვენ კი ვიღაც გკითხულობთ. – ვინ უნდა მკითხულობდეს, გერასიმიჩ? – ეგ კი, მართალი გითხრათ, არ ვიცი, ჩემო ბატონო. ვიღაცის მსახურია. აქაო, იაკობ პეტროვიჩი გოლიადკინი უნდა იყოსო; დაუძახეთო, ძალიან სასწრაფო და საჭირო საქმეაო... ასეა, ჩემო ბატონო... – არა, გერასიმიჩ, ცდებით; ამაში კი ნამდვილად ცდებით, გერასიმიჩ. – მეეჭვება... – ნუ გეეჭვებათ გერასიმიჩ; აქ, გერასიმიჩ, საეჭვო არაფერია, არავინაც არ მკითხულობს, მე აქ ჩემ ადგილზე ვარ, ესე იგი, თავის ადგილზე ვარ, გერასიმიჩ, აბა, როგორ გეგონათ? ბატონმა გოლიადკინმა სული მოითქვა და მიხედ-მოიხედა. ასეც მოელოდა. ყველა, ვინც დარბაზში იყო, რაღაც დიდმნიშვნელოვანის მოლოდინში ცქერად და სმენად გადაქცეულიყო. მამაკაცები შორიახლო შეგროვილიყვნენ და უსმენდნენ, მოშორებით შეშფოთებული ქალები ჩურჩულებდნენ. ანაზდად სახლის პატრონიც გამოჩნდა იქვე მახლობლად და თუმცა სახეზე ვერ შეატყობდით, რომ ბატონი გოლიადკინის ამბებში იგი აშკარად და უშუალოდ მონაწილეობდა, რადგან ყოველივე ეს ერთობ დელიკატურ ვითარებაში ხდებოდა, მაგრამ ჩვენი მოთხრობის გმირმა მაინც აშკარად იგრძნო, რომ ახლოვდებოდა გადამწყვეტი წუთი, ბატონი გოლიადკინი ცხადად ხედავდა, რომ დადგა მამაცური შეტევის წამი, წამი მისი მტრების გაცამტვერებისა. ბატონი გოლიადკინი მღელვარებას შეეპყრო, ბატონმა გოლიადკინმა რაღაც შთაგონება იგრძნო და ათრთოლებული, საზეიმო ხმით ხელახლა მიმართა მომლოდინე გერასიმიჩს: – არა, მეგობარო, მე არავინ მკითხულობს. ცდები. მეტსაც გეტყვი, შენ ამ დილითაც ცდებოდი, როცა მარწმუნებდი... გაბედე და მარწმუნებდი (ბატონმა გოლიადკინმა ხმას აუმაღლა), თითქოს ოლსუფი ივანოვიჩმა, უხსოვარი დროიდან ჩემმა კეთილისმყოფელმა, გარკვეული აზრით, მამის მაგიერმა, ოჯახური ბედნიერებისა და მშობლიური სიხარულის წუთებში თავისი სახლის კარი მომიხურა. (ბატონმა გოლიადკინმა თვითკმაყოფილად, მაგრამ ღრმა განცდით მოავლო იქაურობას აცრემლებული თვალები). გიმეორებ, მეგობარო, – დასძინა ჩვენმა გმირმა, – შენ ცდებოდი, სასტიკად, მიუტევებლად ცდებოდი... ღირსშესანიშნავი წამი დადგა. ბატონი გოლიადკინი გრძნობდა, რომ უტყუარი ეფექტი მოახდინა. ბატონი გოლიადკინი იდგა მოკრძალებით თავდახრილი და ელოდა, სადაცაა ოლსუფი ივანოვიჩი გულში ჩამიკრავსო. სტუმრებს გაოცება და აღელვება დაეტყოთ. თავად შეუბრალებელ და შეუვალ გერასიმიჩსაც კი ენა დაება სიტყვაზე „მეეჭვება“. ამ დროს დაუნდობელმა ორკესტრმა არც აცია, არც აცხელა და პოლკა დასცხო. ყველაფერი დაიღუპა, ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ბატონი გოლიადკინი შეკრთა, გერასიმიჩი შეტორტმნანდა და უკან დაიხია. ყოველივე, რაც კი დარბაზში იყო, ზღვასავით აღელდა. ვლადიმირ სემიონოვიჩი უკვე პირველ წყვილში კლარა ოლსუფიევნას მიაქროლებდა. მას მიჰყვა ლამაზი პორუჩიკი თავადის ასულ ჩევჩეხანოვასთან ერთად. სტუმრები ცნობისმოყვარეობითა და აღფრთოვანებით მიიწევდნენ წინ, რომ ენახათ როგორ ცეკვავდნენ პოლკას – ახალმოდურ, საინტერესო ცეკვას, თავბრუს რომ ახვევდა ყველას. ბატონი გოლიადკინი ერთხანს გადაავიწყდათ. მაგრამ უეცრად ყველაფერი აირია, აფუსფუსდა, აწრიალდა; მუსიკა შეწყდა... მოხდა უცნაური რამ. ცეკვით დაღლილი კლარა ოლსუფიევნა, ქანცგაწყვეტილი, ლოყებზე ცეცხლწაკიდებული და აქოშინებული უღონოდ ჩაეშვა სავარძელში. ყველას მომხიბვლელი ქალწულისაკენ გაუწია გულმა. ერთმანეთს ასწრებდნენ აღფრთოვანების გამოთქმასა და მინიჭებული სიამოვნებისათვის მადლობის გადახდას. უცებ, მის წინ ბატონი გოლიადკინი გაჩნდა. ბატონი გოლიადკინი გაფითრებული და საქციელწამხდარი ჩანდა. თითქოს მასაც რაღაცნაირად გამოლეოდა ძალა, ძლივსძლივობით ადგამდა ნაბიჯებს, რატომღაც იღიმებოდა და მუდარით იშვერდა წინ ხელებს. განცვიფრებულმა კლარა ოლსუფიევნამ ვერ მოასწრო ხელის უკან წაღება და უნებლიედ წამოდგა ბატონი გოლიადკინის მიწვევაზე. ბატონი გოლიადკინი წინ წაბარბაცდა, ჯერ ერთხელ, მერე მეორეჯერ, მერე ფეხი ასწია, მერე რაღაცნაირად ფეხი ფეხს შემოჰკრა, მერე გააბაკუნა ფეხები, მერე წაიფორთხილა... მასაც კლარა ოლსუფიევნასთან ცეკვა ეწადა. კლარა ოლსუფიევნამ შეჰკივლა. ყველანი ერთად მისცვივდნენ, რომ მისი ხელი ბატონი გოლიადკინის ხელიდან გამოეხსნათ და თვალის დახამხამებაში ჩვენს გმირს, თითქმის ათი ნაბიჯით დაახევინეს უკან. მის გარშემოც შეიკრა წრე. მოისმა კივილი და შეცხადება ორი მოხუცი მანდილოსნისა, რომელთაც ბატონი გოლიადკინი უკან დახევისას დაეჯახა. საშინელი არეულ-დარეულობა შეიქნა. გარშემო ყველაფერი ყაყანებდა, ყვიროდა, დაობდა... ორკესტრი დადუმდა, ჩვენი გმირი გარსშემორტყმულ წრეში ტრიალებდა, უაზროდ მომღიმარი თავისდაუნებურად რაღაცას ბუტბუტებდა. „რატომაც არაო, პოლკა, ყოველ შემთხვევაში, მას რომ ჰკითხოთ, ახალი და ერთობ საინტერესო ცეკვაა, ქალების გასართობად მოგონილი... მაგრამ რაკი ასე შეტრიალდა საქმე, მზადაა დათანხმდეს.“ ბატონი გოლიადკინის თანხმობა, როგორც ჩანდა არავის სჭირდებოდა. ჩვენნმა გმირმა იგრძნო, რომ ვიღაც სწვდა ხელში, მეორე ხელი ზურგზე შემოაჭდო და რაღაც განსაკუთრებული მზრუნველობით საითკენღაც გააქანა. ბოლოს, დაინახა, რომ პირდაპირ კარებისკენ მიემართება. ბატონ გოლიადკინს უნდოდა რაღაც ეთქვა, რაღაც მოემოქმედა... თუმცა – არა, მას უკვე აღარაფერი უნდოდა. მხოლოდ უაზრო ღიმილითღა ეპასუხებოდა იქ მყოფთ. ბოლოს, იგრძნო, რომ შინელს აცმევენ, რომ თავზე შლაპა ჩამოაფხატეს. რომ უკვე წინკარშია სიცივესა და სიბნელეში, მერე კიბეზე აღმოჩნდა. რაღაცას ფეხი წამოჰკრა, ეგონა, უფსკრულში მიექანებოდა; დაყვირებაც კი ვერ მოასწრო, რომ უცებ ეზოში გაჩნდა; სახეზე გრილმა სიომ დაუბერა, ერთი წუთით შეჩერდა. სწორედ ამ დროს მის ყურს მისწვდა ორკესტრის მქუხარე ხმა; ბატონ გოლიადკინს უცებ ყველაფერი გაახსენდა; თითქოს მთელი გამოლეული ძალ-ღონე ერთ წამში დაუბრუნდა. მოწყდა ადგილს, სადაც აქამდე მიჯაჭვულივით იდგა და თავქუდმოგლეჯილი გავარდა გარეთ, სულ ერთი იყო საით, ოღონდ გასცლოდა აქაურობას, ოღონდ სული მოეთქვა და... თუნდაც უგზოუკვლოდ გადაკარგულიყო. *გაგრძელება* …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 2:10pm on იანვარი 22, 2017
თემა: ფსიქოლოგიის როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის პირველი თეორიული სისტემები
ყველაზე მეტად მის სახელთან არის დაკავშირებული. მასვე ეკუთვნის ფსიქოლოგიური მეცნიერების პირველი თეორიული სისტემა.       ვილჰელმ მაქსიმილიან ვუნდტი (1832-1920) დაიბადა გერმანიაში, ბადენის მიწის პატარა ქალაქ ნეკარაუში, პროტესტანტი პასტორის ოჯახში. სწავლობდა მედიცინას ტიუბინჰემის და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. ერთი სემესტრი გაატარა ბერლინში. აქ ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მომავალი ფუძემდებელი წვრთნას გადიოდა ექსპერიმენტული ფიზიოლოგიის მამად აღიარებულ იოჰანეს მიულერთან. მაშინდელი გერმანიის უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტები ფართო აკადემიურ ცოდნას იძლეოდნენ: სტუდენტს საშუალება ჰქონდა გამოსულიყო როგორც პრაქტიკოსი ექიმი, ისე მეცნიერი ფიზიოლოგი. ვუნდტმა სწორედ ეს უკანასკნელი გზა აირჩია. 1855 წელს იგი იცავს სადოქტორო დისერტაციას ჰაიდელბერგში და აქვე იწყებს მუშაობას: კითხულობს ლექციებს პრივატ დოცენტის რანგში და ასრულებს მისი სათაყვანებელი მეცნიერის ჰელმჰოლცის ასისტენტის მოვალეობას. ათი წლის მერე მას ენიჭება ექსტრაორდინალური პროფესორის წოდება. ვუნდტის მოღვაწეობის ჰაიდელბერგული პერიოდი ოც წელს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში მან გაიარა საკმაოდ გრძელი გზა ფიზიოლოგიიდან ფსიქოლოგიამდე. ეს პროცესი მკაფიოდ აისახა მის ნაშრომებში. თავდაპირველად ისინი წმინდა ფიზიოლოგიური ხასიათისა იყო: „მოძღვრება კუნთის მოძრაობათა შესახებ“ (1858) და „მასალები გრძნობითი აღქმის თეორიის შესახებ“ (1862). ორივე ეს თემა იმდროინდელ ფიზიოლოგიაში ფრიად პოპულარული იყო, თუმცა მათი ვუნდტისეული განხილვა, განსაკუთრებით გრძნობადი აღქმის შემთხვევაში, ბევრ ფსიქოლოგიურ მომენტს შეიცავდა. ვუნდტის ინტერესი ფსიქოლოგიისადმი სულ უფრო იზრდებოდა, რაც გამოვლინდა მისი ლექციების კურსში. ეს კურსი 1863 წელს გამოქვეყნდა წიგნად, სათაურით „ლექციები ადამიანისა და ცხოველის სულის შესახებ“. ამ ნაშრომში უკვე მონიშნულია ფსიქოლოგიის აგების ვუნდტისეული პროგრამის ზოგიერთი პუნქტი. ეს პროგრამა სულ უფრო იხვეწებოდა ლექციების კითხვის კვალდაკვალ, რომელთაც საბოლოოდ „ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის“ კურსი დაერქვა. 1873-74 წლებში გამოდის ვუნდტის განთქმული „ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის საფუძვლები“, რომელმაც ფსიქოლოგიის განვითარებაში ეპოქა შექმნა. ამ ორტომიან მონოგრაფიაში სისტემატურად არის დალაგებული მთელი იმდროინდელი ფსიქოლოგია და, ამავე დროს, მოცემულია ვუნდტის ორიგინალური ფსიქოლოგიური სისტემა. ეს წიგნი შემდგომში ხუთჯერ გამოიცა. ყოველი მომდევნო გამოცემა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ადრინდელისაგან ახალი მასალის სიუხვით. თვით მოძღვრებამ გაცილებით ნაკლები ცვლილება განიცადა.       1875 წლიდან იწყება ვუნდტის სამეცნიერო მოღვაწეობის ლაიფციგის პერიოდი. აქ იგი ფილოსოფიის კათედრას ხელმძღვანელობდა და ერთ ხანს ლაიფციგის უნივერსიტეტის რექტორიც იყო. ფსიქოლოგიის ისტორიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ 1879 წელს ლაიფციგის უნივერსიტეტში ვუნდტის მიერ დაარსდა ფსიქოლოგიური ლაბორატორია. თავდაპირველად ის რამდენიმე ოთახში იყო განთავსებული, ხოლო ცოტა ხანში გადავიდა სპეციალურ შენობაში და ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ადმინისტრაციული სტატუსი მიიღო. ეს იყო პირველი ოფიციალურად ჩამოყალიბებული დაწესებულება, სადაც მიმდინარეობდა ფსიქოლოგიურ-ექსპერიმენტული კვლევა-ძიება და მზადდებოდა პროფესიონალი ფსიქოლოგების კადრები. ამიერიდან ფსიქოლოგია ორგანიზაციულადაც მეცნიერების დამოუკიდებელი დარგი ხდება, რომელსაც აკადემიური, საუნივერსიტეტო სტატუსი აქვს. აქამდე, როგორც ვიცით, ფსიქოლოგია უპირატესად ფილოსოფოსებისა და ფიზიოლოგების ძალებით ვითარდებოდა. ამ მხრივ ძალიან სიმბოლურია, რომ ექსპერიმენტული ფსიქოლოგიური მეცნიერების ფუძემდებელი იმავდროულად საკმაოდ თვალსაჩინო ფიზიოლოგი და ფილოსოფოსი იყო, თუმცა, საბოლოოდ, ფსიქოლოგია ორივესაგან დამოუკიდებელი გახადა. ვუნდტის ფიზიოლოგობაზე უკვე ითქვა. რაც შეეხება ფილოსოფიას, ოთხმოციანი წლები მისი შემოქმედების ფილოსოფიურ პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს. ზედიზედ გამოდის სქელტანიანი მონოგრაფიები: „ლოგიკა“, „ეთიკა“ და „ფილოსოფიის სისტემა“. პარალელურად ვუნდტი ხელმძღვანელობს ინსტიტუტში მიმდინარე ინტენსიურ ექსპერიმენტულ მუშაობას. ამ კვლევების შედეგები ქვეყნდება მის მიერ 1881 წელს დაარსებულ სამეცნიერო ჟურნალში, რომელსაც „ფსიქოლოგიური კვლევები“ ეწოდა.       ვუნდტს ურყევად სწამდა თავისი მოძღვრების ჭეშმარიტებისა და თანმიმდევრულად ახორციელებდა ზოგადი ფსიქოლოგიის აგების იმ პროგრამას, რომელიც ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის პირველივე გამოცემაში ჩამოაყალიბა. ამ პროგრამის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა ფსიქოლოგიის ორი სახეობის ან შტოს არსებობას. პირველი ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის სახელწოდებით არის ცნობილი. ეს არის მეცნიერების ექსპერიმენტული დარგი, რომლის კვლევის ობიექტს ელემენტარული ფსიქიკური პროცესები (შეგრძნება-აღქმა, მარტივი ასოციაციები, რეაქციები, გრძნობები და სხვა) შეადგენს. მაღალი რიგის ფსიქიკური მოვლენები და რთული პროცესები ექსპერიმენტული მეთოდით კვლევას არ ექვემდებარება და უნდა შეისწავლებოდეს კაცობრიობის სულიერი ისტორიის პროდუქტების - ენის, მითოლოგიის, ხელოვნების, მორალის, რელიგიისა და სხვათა ანალიზის გზით. ამ ფსიქოლოგიას ვუნდტმა ხალხთა ფსიქოლოგია უწოდა. XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე ვუნდტმა ჩათვალა, რომ ძირითადად შეასრულა თავისი პროგრამის პირველი ნაწილი და შეუდგა ხალხთა ფსიქოლოგიის წერას. ეს გრანდიოზული თხზულება ოცი წლის განმავლობაში იქმნებოდა და ათი მსხვილტანიანი ტომი მოიცვა. ბოლო წიგნი 1920 წელს გამოიცა. ამავე წელს გარდაიცვალა მისი ავტორი. მან მთლიანად მოასწრო დამოუკიდებელი ფსიქოლოგიური დისციპლინის დაფუძნების საკუთარი პროგრამის განხორციელება.       ვუნდტის ცხოვრების და მოღვაწეობის მნიშვნელობა და მთავარი შინაარსი ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ჩამოყალიბებაში მდგომარეობდა. ამიტომ ფსიქოლოგიის საგნის პრობლემა მისთვის არსებითი იყო. დამოუკიდებელ მეცნიერებას თავისი საკუთარი საგანი, კვლევის სფერო უნდა ჰქონდეს. ფიზიოლოგიიდან წამოსული ვუნდტისთვის საკითხი ასე იდგა: ფსიქოლოგია, როგორც ემპირიული, ექსპერიმენტული დისციპლინა ბუნებისმეტყველების ყაიდაზე უნდა იყოს აგებული. მან უნდა მოიპოვოს უტყუარი ფაქტები, განაზოგადოს ისინი და დაადგინოს კანონზომიერებები. მეორე მხრივ, მას იმ მეცნიერებათაგან განსხვავებული საგანი უნდა ჰქონდეს, რომლებმაც უკვე „დაინაწილეს“ ბუნების სინამდვილე. ვუნდტამდელ ემპირიულ ფსიქოლოგიაში ფსიქოლოგიისა და ბუნებისმეტყველების საგანთა გამიჯვნა ლოკიდან მომდინარე ტრადიციის საფუძველზე ხდებოდა. ამ თვალსაზრისის თანახმად, ყოველგვარ გამოცდილებას, რომელიც ადამიანის სულში იდეების სახით არის წარმოდგენილი, ორი წყარო აქვს. პირველია ბუნების ობიექტები და მოვლენები, რომელთა შესახებ იდეებს სული შეგრძნებათა ანუ ე.წ. გარეგანი ცდის საშუალებით იძენს. მეორე სახის გამოცდილება თვით სულიერი სამყაროდან მომდინარეობს, ე.წ. რეფლექსიის ანუ შინაგანი ცდის საშუალებით. ასე გამოიყო გარეგანი და შინაგანი გამოცდილება და შესაბამისად, ბუნებისმეტყველება და ფსიქოლოგია.       ვუნდტი უკუაგდებს ასეთ გაგებას. შინაგანი და გარეგანი ცდის განსხვავება მართებული არ არის. გრძნობა „შინაგანია“, რადგან იგი სუბიექტის მდგომარეობას გამოხატავს, ხოლო აღქმა „გარეგანი“, ვინაიდან იგი ობიქტებზე მიუთითებს. ფსიქოლოგიას ორივესთან თანაბრად აქვს საქმე, რამდენადაც ორივე განცდაა. ვუნდტი ასაბუთებს გამოცდილების ერთიანობის პრინციპს. არსებობს მხოლოდ ერთი ემპირიული სინამდვილე, რომელიც ადამიანს ეძლევა. ეს არის მისი ცნობიერების უშუალო გამოცდილება, ანუ სუბიექტის განცდა. უშუალო გამოცდილებაში არ გამოიყოფა გარეგანი და შინაგანი, ყოველივე მოცემული უკვე ცნობიერებაა, განცდაა. პირველადი მასალა მხოლოდ ეს არის. უშუალო გამოცდილება ყოველგვარი შემეცნების პირველწყაროა - ბუნებისმეტყველურისაც და ფსიქოლოგიურისაც. მასალის მიხედვით მათი გაყოფა არ შეიძლება, სამაგიეროდ შეიძლება მეცნიერული მიდგომის ანუ თვალსაზრისის მიხედვით. თუ უშუალო გამოცდილება განიხილება თავის ნამდვილ, ბუნებრივ მოცემულობაში, სუბიექტის განცდის სახით, იგი ფსიქოლოგიური ცოდნის წყაროდ გვევლინება. ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის გრძნობადი მოცემულობა, ფსიქიკური ფორმა, რომელშიც სულიერი მოვლენები, განცდათა სამყაროა წარმოდგენილი. ასეთი მიდგომისას სინამდვილე გვეძლევა ხატების, წარმოდგენების, გრძნობების, აზრების, ე.ი. ფსიქიკური მოვლენების ან პროცესების სახით. მაგრამ უშუალო გამოცდილებას შესაძლებელია სხვა თვალსაზრისითაც მივუდგეთ, სახელდობრ, განვიხილოთ მისი შინაარსები სუბიექტურისაგან, განცდისაგან განყენებით, როგორც გარე სამყაროში, ჩვენგან დამოუკიდებლად და თავისთავად არსებული ობიექტები თუ მოვლენები. ასეთი თვალსაზრისით დანახული და გადასხვაფერებული უშუალო გამოცდილება ბუნებისმეტყველების კვლევის საგანს შეადგენს.       ავიღოთ ნებისმიერი ფიზიკური მოვლენა, ამბობს ვუნდტი, მაგალითად, სინათლე, ბგერა, ტემპერატურა ან რომელიც გნებავთ საგანი; ისინი მხოლოდ ფიზიკური ფენომენები კი არ არის, არამედ უთუოდ ფსიქიკურიც. ამრიგად, მთელ სინამდვილეს ორი მხარე აქვს. პირველ ყოვლისა, ის აუცილებლად ჩვენს მიერ განიცდება. ამის გარეშე ის არც იქნებოდა ჩვენი გამოცდილების შინაარსი და, შესაბამისად, შემეცნების საგნად ვერ იქცეოდა. მაშასადამე, გამოცდილებაში არ არსებობს არც ერთი მოვლენა, „ჩვენი სულის ბრძმედში რომ არ იყოს გატარებული“. ფსიქოლოგიის საგანი მთელი გამოცდილებაა იმ სახით, როგორც ის ჩვენ გვეჩვენება. ბუნებისმეტყველებაც იმავე გამოცდილებას იკვლევს, ოღონდ ისე, თითქოს ის არავის მიერ არ იყოს განცდილი, თითქოს სავსებით ობიექტურად არსებობდეს. შეიძლება ასეც გვეთქვა: ფსიქოლოგია შეისწავლის გამოცდილებას, როგორც განცდას, სულიერ მოვლენას, ხოლო ბუნებისმეტყველება - ამ განცდის ობიექტურ შინაარსს. მაგალითად, ცისარტყელას ხილვისას აღმოცენებული სენსორული თუ ემოციური განცდები ფსიქოლოგიის საქმეა. ფიზიკა ცისარტყელას შესახებ იტყოდა, რომ ეს არის ფერადი რკალი ცის კამარაზე, რომელიც აიხსნება წვიმის წვეთებში სინათლის გარდატეხით, არეკვლით და დიფრაქციით. ე.ი ფიზიკა მსჯელობს არა იმაზე, რაც უშუალო გამოცდილებაში „ხელშესახებად“ არის მოცემული, არამედ ცნებითად კონსტრუირებულ სინამდვილეზე; მისი მონაცემები ცნებითი ბუნებისაა: მატერიის მარადიულობა ცნებისეულია, ვინაიდან არც ერთი ცდა თავისთავად არ არის მარადიული.       რა ამოცანები უნდა გადაჭრას ფსიქოლოგიამ, როგორც მეცნიერებამ უშუალო გამოცდილების შესახებ? პირველ ყოვლისა, საჭიროა დადგინდეს, თუ რა ელემენტებისაგან შედგება ცნობიერების ყოველი მოვლენა. შემდგომში უნდა გაირკვეს, თუ რა კავშირებს, რა ფსიქიკურ შენაერთებს ქმნის ეს ელემენტები და როგორ ურთიერთობაში იმყოფება ერთმანეთთან; დაბოლოს, ფსიქოლოგიამ უნდა დაადგინოს კანონები, რომელთა მიხედვითაც მყარდება კავშირები ცნობიერების ფენომენებს შორის და რომელთაც ექვემდებარება მთელი სულიერი სამყარო.       ფსიქიკურ ელემენტებზე მსჯელობისას ვუნდტი საჭიროდ მიიჩნევს ხაზი გაუსვას შემდეგ გარემოებას: სულიერი სამყაროს ყოველი შინაარსი თავისი ბუნებით რთულია. ამიტომ მოსაზრება ცნობიერების ელემენტების შესახებ იმ გაგებით, რომ ისინია ფსიქიკურ მოვლენათა აუცილებლად მარტივი და დაუნაწევრებელი შემადგენელი ნაწილები, გარკვეულად, ანალიზისა და აბსტრაქციის შედეგია. მიუხედავად ამისა, გაწაფული თვითდაკვირვება საშუალებას იძლევა, გამოიყოს ისეთი ფსიქიკური ელემენტები, რომელთაგანაც შედგება ყოველი რთული სულიერი წარმონაქმნი. ეს ელემენტები ორი სახისაა: შეგრძნებები და მარტივი გრძნობები. ეს უკანასკნელი, როგორც წესი, თან სდევს სინათლის, ხმის, გემოს და ა.შ. შეგრძნებებს, საგნების აღქმას, რომლებიც მოგვწონს ან არ მოგვწონს, ყურადღებისა და ნებელობის აქტებს.       ყოველგვარ შეგრძნებას და გრძნობას ორი აუცილებელი თვისება აქვს: რომელობა და ინტენსივობა. ფსიქიკური ელემენტების დახასიათებისას ჩვენ სწორედ მათში არსებულ რომელობით განსხვავებულობებს აღვნიშნავთ. შეგრძნების სფეროში ასე ვასხვავებთ ერთმანეთისაგან, მაგალითად, მწვანეს და წითელს, ცივს და ცხელს, ტკბილს და მწარეს და ა.შ. ეს რომელობები ყოველთვის სხვადასხვა ინტენსივობით არის წარმოდგენილი: სუსტი, საშუალო, ძლიერი, ძალიან ძლიერი. გარდა ამისა, შეგრძნებათა სიმრავლეში გამოიყოფა რამდენიმე სისტემა ისეთი შეგრძნებებისა, რომელთა ელემენტებს შორის არავითარი რომელობითი მსგავსება არ არის. ამიტომ შეგრძნებებს, რომლებიც სხვადასხვა სისტემას მიეკუთვნება, დისპარატულს უწოდებენ. ასეთებია ტონი და ფერი, სითბო და დაწოლვა და ა.შ. ვუნდტი შეგრძნებათა რვა ასეთ ჯგუფს გამოყოფს: სინათლის, ბგერის, სუნის, გემოს შეგრძნებებს და ე.წ. საერთო მგრძნობელობაში შემავალ შეგრძნებათა ოთხ ჯგუფს: ტკივილის, დაწოლვის, ტემპერატურისა და ორგანულ შეგრძნებებს. თანამედროვე ტერმინოლოგიით, ამ დისპარატულ სისტემებს შეგრძნებათა მოდალობები ეწოდება.       რაც შეეხება გრძნობებს, ყოველი მათგანი თვისებრივად განსხვავებულ რომელობას ქმნის. მაგრამ მარტივი გრძნობების დახასიათებისას ვუნდტი არ იფარგლება მხოლოდ სიამოვნება-უსიამოვნების განზომილებით, როგორც მანამდე იყო გავრცელებული. იგი გრძნობათა უფრო ზუსტ და ხარისხიან ფენომენოლოგიურ ანალიზს აკეთებს და გამოყოფს აგრეთვე აგზნებადამშვიდებისა და დაძაბვა-შვების კატეგორიებს, რომლითაც ხასიათდება თითოეული გრძნობა. ორი განსხვავებული ფერი, მაგალითად წითელი და ცისფერი, შეიძლება ერთნაირად მოგვწონდეს, მაგრამ მათ მიერ გამოწვეული გრძნობა მაინც განსხვავებული იყოს, ვინაიდან პირველი აგვაგზნებს, მეორე კი გვამშვიდებს. ასევე, მეტრონომის ნელი ძგერის მოსმენისას ჩვენი გრძნობა მნიშვნელოვნად ცვალებადობს. ბგერებს შორის ინტერვალში სულ უფრო ძლიერდება გრძნობა, რომელსაც ყველაზე კარგად სიტყვა „დაძაბვა“ გამოხატავს, ხოლო უშუალოდ დარტყმის შემდეგ იგი თავის საწინააღმდეგო ემოციაში გადადის, რომელსაც შვების გრძნობა შეიძლება ეწოდოს. აღსანიშნავია, რომ გრძნობათა ეს მიმართულებები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი არ არის და, ასე ვთქვათ, ემოციათა სამგანზომილებიან სივრცეს ქმნის, რომელშიც თითოეული ცალკეული ემოცია თავის ადგილს იჭერს. სიამოვნება-უსიამოვნების მსგავსად, აგზნება-დამშვიდებისა და დაძაბვა-შვების პროცესებს შორისაც გრძნობათა უამრავი რომელობითად განსხვავებული სახეა.       ელემენტები მეტ-ნაკლებად რთულ ფსიქიკურ წარმონაქმნებს, ანუ, ვუნდტის თქმით, „შენაერთებს“ ქმნიან. თუ შენაერთი უპირატესად შეგრძნებებისაგან შედგება, მას წარმოდგენა ეწოდება, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სფეროს განეკუთვნება იგი - აღქმის, მეხსიერებისა თუ წარმოსახვის. მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ ყოველი წარმოდგენის, ისევე როგორც „ყოველი ფსიქიკური შენაერთის თვისება არ ამოიწურება მასში შემავალი ელემენტების თვისებებით; ელემენტების გაერთიანების ძალით ყოველთვის წარმოიქმნება ახალი თვისება“.       წარმოდგენა, როგორც რთული ფსიქიკური წარმონაქმნი, არ დაიყვანება ელემენტების ჯამზე. ის მეტია, ვიდრე თავისი შემადგენელი ნაწილები. მასში ახალი თვისებრიობაა მოცემული. რამდენიმე ტონის მიერ შედგენილი მელოდია ამ ტონებზე დაუყვანელი ახალი თვისებრიობაა, რაც თუნდაც იქიდან ჩანს, რომ ის შეიძლება ტრანსპონირებულ იქნეს სხვა ტონალობაში, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ამ მელოდიაში შესაძლებელია მისი შემადგენელი ტონების გამოყოფა. სხვადასხვა ფერი სურათზე ახალ ერთობლიობას ქმნის, მაგრამ მაინც ერთდროულად არსებობს, ჩვენ შეგვიძლია ისინი გავარჩიოთ ერთმანეთისაგან. ერთი სიტყვით, შეგრძნებები შეიძლება შეურევლად განიცდებოდნენ. ემოციების სფეროში ასეთი რამ არ ხდება. ერთდროულად მოცემული მარტივი გრძნობების შერწყმით მიიღება სრულიად ახალი ერთიანი გრძნობა ან ემოციური მდგომარეობა. მის შექმნაში მონაწილე გრძნობების ცალ-ცალკე განცდა უკვე შეუძლებელია. ამას ვუნდტი ემოციურ მდგომარეობათა ერთიანობის პრინციპს უწოდებს. ხოლო შეგრძნებები და წარმოდგენები ყოველთვის დაკავშირებულია გრძნობებთან, ვინაიდან გრძნობა ამ უკანასკნელთა მოცემულობის გარეშე არ წარმოიქმნება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს კავშირი არ არის მყარი და ერთნაირი, როგორც სხვადასხვა ინდივიდებში, ისე ერთი ინდივიდის შიგნით. ერთი და იგივე ტონი ან მელოდია სხვადასხვა ინდივიდებში და განსხვავებულ სიტუაციებში სხვადასხვა გრძნობას უკავშირდება.       გრძნობათა გაერთიანების შედეგად ხშირად აღმოცენდება რთული ემოცია, რომელსაც ვუნდტი აფექტს უწოდებს. აფექტში აგრეთვე შეიძლება გადავიდეს ცალკეული გაძლიერებული გრძნობა. აფექტი, გარდა იმისა, რომ ის ძლიერი გრძნობაა, ხასიათდება ორგანიზმის შიდა პროცესების ინტენსიფიკაციით და გამომხატველ მოძრაობებთან მჭიდრო კავშირით. აფექტებიდან იღებს სათავეს ნებითი მოქმედებები, რომლებიც სულიერი აქტივობის ურთულეს ფორმას წარმოადგენენ. გრძნობა, აფექტი და ნებელობა ერთიანი აფექტურ-ვოლიტური პროცესის სამ საფეხურს შეადგენენ. ისინი ერთმანეთში გადადიან და ერთმანეთს განსაზღვრავენ. ამავე დროს, არც იმის თქმა შეიძლება, რომ ყველა გრძნობა აფექტში გადადის, ან ყველა აფექტი ნებითი მოქმედებით მთავრდება. იმისთვის, რომ რაიმე მოქმედება მოხდეს, უნდა წარმოიქმნას გრძნობისა და წარმოდგენის კავშირი, რომელიც მას მოამზადებს. ასეთ ფსიქიკურ შენაერთს ვუნდტი მოქმედების მოტივს უწოდებს. მოტივის წარმოდგენით მხარეს ეწოდება მოქმედების საფუძველი, ხოლო გრძნობით მხარეს - მოქმედების აღმძვრელი. როდესაც, მაგალითად, ცხოველი თავს ესხმის მსხვერპლს, მისი მოქმედების საფუძველი მსხვერპლის პერცეპტული ხატია, ხოლო აღმძვრელი - შიმშილის უსიამოვნო გრძნობა. ადამიანის შემთხვევაში მკვლელობის ქმედების საფუძველი შეიძლება იყოს მტრის განადგურების წარმოდგენა, აღმძვრელი კი - სიძულვილი, ეჭვი, შური და სხვა. მაშინ, როდესაც მოტივის როლში გვევლინება ერთი გრძნობა თავისი თანმხლები წარმოდგენებით, საქმე გვაქვს მარტივ ნებელობით პროცესთან ანუ იმპულსურ მოქმედებასთან. ამ შემთხვევაში ნებელობით პროცესს მხოლოდ ერთი მოტივი განსაზღვრავს. მაგრამ, თუ ამ პროცესში რამდენიმე მოტივია ჩართული, თუ გრძნობისა და წარმოდგენის რამდენიმე კომპლექსი ერთდროულად აქტუალიზირდება და სხვადასხვაგვარი მოქმედების შესრულების ტენდენციას ქმნის, მაშინ უკვე ადგილი აქვს საკუთრივ ნებელობით ან რთულ განზრახულ მოქმედებას. ამ შემთხვევაში ის მოტივი, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს მოქმედებას, თანდათანობით გამოიკვეთება ურთიერთდაპირისპირებული მოტივებიდან. როდესაც მოტივთა ბრძოლა ალტერნატივების ცნობიერი აწონ-დაწონის გზით ხდება და არჩევანის აქტით მთავრდება, ნებელობითი მოქმედება არჩევითი ქმედების სახეს იღებს. ამ პროცესის სპეციფიკურ გრძნობით მხარეს ქმნის ყოყმანის, დაეჭვებისა და გადაწყვეტილების თანმხლები გრძნობები.       ელემენტების ფსიქიკურ შენაერთებად გაერთიანება და ამ შენაერთებს შორის კავშირების დამყარება გარკვეულ ფსიქიკურ მექანიზმს ეფუძნება. ასეთად ვუნდტი ასოციაციას და აპერცეფციას მიიჩნევს. მათ შორის ძირეული განსხვავება ისაა, რომ ასოციაცია ცნობიერების პასიური მექანიზმია, ხოლო აპერცეფცია ყოველთვის აქტიურ ცნობიერ მოქმედებას გულისხმობს. ასოციაცია შეიძლება იყოს ერთდროული (სიმულტანური) და თანმიმდევრული (სუქცესიური). ამასთან ერთად, გამოიყოფა ასოციაციური მექანიზმის სამი სახეობა: შერწყმა, ასიმილაცია და კომპლიკაცია. შერწყმა არის ელემენტების (შეგრძნების ან გრძნობის) შერევა. ამავე დროს, შერწყმით მხოლოდ ერთი და იმავე მოდალობის ელემენტები ერთიანდება: ტონები, ფერები და ა.შ. წითლისა და ყვითლის შერევის შედეგად მიღებული ნარინჯისფერი შერწყმის მაგალითია. ასიმილაცია ახალ და ძველ შთაბეჭდილებათა ურთიერთობაში ვლინდება. ამ შემთხვევაში თავს იჩენს მიმსგავსებისა და კონტრასტის მოვლენები, რის შედეგად აღქმისა და მეხსიერების სფეროში ხშირად წარმოიქმნება ილუზიები. როდესაც ცხელი წყლის შემდეგ ნელთბილი წყალი ცივად გვეჩვენება, ეს ასიმილაციის გამოვლინებაა. ასიმილაციის მექანიზმით აიხსნება ცნობის მოვლენაც. როდესაც ვხედავთ წიგნს, ჩვენ ადვილად ვცნობთ მას ასიმილაციის მეშვეობით, ვინაიდან ამ წუთას აღქმული წიგნი ასოცირდება უწინ ნანახთან. ცნობა, როგორც ასიმილაციის ფორმა, შეიძლება ორ ეტაპად დაიყოს - ნაცნობობის ბუნდოვანი განცდა და საკუთრივ ცნობის აქტი. ისეც ხდება, რომ ნაცნობობის განცდა გვატყუებს და ცნობის ილუზიაში ვვარდებით - ნაცნობი უცნობად გვეჩვენება ან პირიქით. ასოციაციის მესამე სახეობა, კომპლიკაცია, სხვადასხვა მოდალობის ელემენტების ან სხვადასხვა სახის შენაერთების გაერთიანებას გულისხმობს. შერწყმისაგან მას ისიც განასხვავებს, რომ კომპლიკაციური გაერთანების დროს მის შემადგენელ ნაწილებს არ ეკარგება თავისი თვისებრიობა (როგორც, მაგალითად, ნარინჯისფერის შემთხვევაშია, რომელშიც წითელი და ყვითელი უშუალოდ აღარ ჩანს). ყველა რთული ინტერმოდალური აღქმა, ვუნდტის აზრით, კომპლიკაციის ნიმუშია: ვაშლი ფორმის, ფერის, გემოს, სუნის ერთიანობაა. შერწყმისა და კომპლიკაციის ცნებები ვუნდტს არსებითად ისევე ესმის, როგორც ჰერბარტს.       შესაძლოა ჰერბარტისგანვეა აღებული ტერმინი აპერცეფციაც, მაგრამ მას უფრო გრძელი ისტორია აქვს. აპერცეფციის ცნებას იყენებდა როგორც ემპირიული ფსიქოლოგია, ჰერბარტის სახით, ისე რაციონალური ფსიქოლოგია, კერძოდ ლაიბნიცი, ვოლფი, კანტი. აპერცეფციის გაგებაში, როგორც ჩანს, ვუნდტი უფრო ამ უკანასკნელ ტრადიციას გაჰყვა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ თუ ჰერბარტთან აპერცეფცია აღნიშნავდა ძველ შთაბეჭდილებებთან (ე.წ. აპერცეფციულ მასასთან) მათი მსგავსი ახალი შთაბეჭდილების მიერთების მექანიკურ პროცესს, ვუნდტთან აპერცეფცია სხვა ნიშნით ხასიათდება: ის არის აქტიური, შეგნებული და აზრიანი პროცესი. ცნობიერებაში ყოველი შინაარსი შეიძლება ორგვარი სახით, ე.წ. პერცეფციის ან აპერცეფციის სახით იყოს მოცემული: „პერცეფციის ქვეშ ცნობიერებაში რაიმე შინაარსის უბრალო ფაქტობრივი შემოსვლა უნდა გვესმოდეს, ხოლო აპერცეფციაში - ამ შინაარსზე ყურადღების მიპყრობა“. აპერცეფცირებული შინაარსი ცნობიერების ცენტრში გადადის და ამით უფრო ნათელი და მკაფიო ხდება.       ამის მიუხედავად, აპერცეფცია არ უნდა გავაიგივოთ ყურადღებასთან. პირველი ცნების მოცულობა ბევრად უფრო ფართოა. რაიმე შინაარსებზე ყურადღების მიპყრობა მხოლოდ პირობაა იმისა, რომ მათზე სხვადასხვა სახის პროცედურები ჩატარდეს, მათი გადამუშავება მოხდეს. აქ იგულისხმება ცნობიერების შინაარსების დანაწევრება, ურთიერთმიკუთვნება, შედარება, აწონ-დაწონა, შეკავშირება და გაერთიანება. ამ მარტივი აპერცეფციული ოპერაციების საფუძველზე წარმოიქმნება ანალიზისა და სინთეზის რთული ოპერაციები. როდესაც ისინი მიმართულია იმაზე, რომ განსხვავებული შესაძლებლობებიდან არჩეულ იქნეს მოქმედების საუკეთესო ვარიანტი, აპერცეფცია ნებელობის ფუნქციას ასრულებს. აპერცეფციის ძირითადი ფუნქციებია აგრეთვე აზროვნება და ფანტაზია. კერძოდ, აზროვნების ისეთი პროდუქტი, როგორიცაა მსჯელობა ანალიზის ოპერაციის შედეგია, რადგანაც მსჯელობაში სუბიექტის და მისი თვისებებისა თუ მოქმედებების გამიჯვნა და შემდგომ მათ შორის არსებული ურთიერთმიმართების დადასტურება ხდება. ცნება კი სინთეზის ოპერაციის წყალობით წარმოიქმნება. ამ შემთხვევაში ჩვენ რაიმე ნიშანთვისებას წინ წამოვწევთ და სინთეზის გზით მას თავის შესატყვის წარმოდგენებს ვუკავშირებთ. ცნება ზოგადი წარმოდგენაა. იგი ხშირად საკმაოდ ბევრი წარმოდგენის ერთობლიობაა, რომელთაც აერთიანებს საერთო ნიშანთვისება. ზოგადად კი აზროვნების სფეროში აპერცეფცია ცნობიერების შინაარსებს ლოგიკურად აწესრიგებს. ფანტაზიის შემთხვევაში წარმოდგენათა კავშირი შედარებით ნაკლებად მჭიდრო და უფრო თავისუფალია.       აპერცეფციის შედეგად ფსიქიკურ შინაარსებს შორის ყოველთვის მიმართებები დამყარდება. ყურადღება, აზროვნება, წარმოსახვა, ნებელობა - აპერცეფციის გამოვლინებებია. აპერცეფციის ცნების საშუალებით ვუნდტის სისტემაში ხდება ამ ფსიქიკური პროცესების მნიშვნელობის გარკვევა. მათი მეშვეობით აპერცეფცია ცნობიერების შემაკავშირებელ და მაორგანიზებელ ფუნქციას ასრულებს. ფაქტობრივად იმავე ამოცანას ემსახურება ასოციაციის მექანიზმებიც. მაგრამ, როგორც ითქვა, ასოციაციასა და აპერცეფციას შორის არსებითი განსხვავებაა: პირველი პასიურია, ხოლო მეორე - აქტიური. აქტიურობა აპერცეფციის ძირეული თვისებაა და ფენომენალურად არის მოცემული უშუალო გამოცდილებაში; ცნობიერებას იგი ეძლევა თვითაქტივობის, თვითგანხორციელებისა თუ თვითკონტროლის გრძნობათა სახით.       ერთი სიტყვით, ვუნდტის მიხედვით, აპერცეფცია სულიერი აქტივობისა და მოწესრიგებულობის წყაროა. იგი მოწოდებულია, ახსნას ფსიქიკური ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი თავისებურებანი, თუმცა თავად რაიმე ახსნას ან გარეშე დეტერმინაციას არ ექვემდებარება. აპერცეფცია ცნობიერების იმანეტური ნიშანი და უნივერსალური ამხსნელი მექანიზმია. ამ თვალსაზრისით აპერცეფცია იმ „განსაკუთრებული შინაგანი სულიერი ძალის“ ნიშნებს შეიძენს, რომლებიც, ნებელობის სახით, ვოლუნტარიზმის მოძღვრებაშია მოცემული. ეს შეხედულება ა. შოპენჰაუერის, ფ. ნიცშეს, ე. ჰარტმანის და სხვათა გავლენით საკმაოდ იყო გავრცელებული იმ ხანის გერმანულ ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ აზროვნებაში. მასში ნებელობა ადამიანის ყოფიერების პირველად და აბსოლუტურ ძალად არის აღიარებული. განსაზღვრავს რა ფსიქიკური პროცესების მსვლელობას, ნებელობა არავითარ ახსნას არ ემორჩილება და, მაშასადამე, არსებითად, ზებუნებრივ საწყისად გვევლინება.       ვუნდტის სისტემაში ნებელობა მართლაც ცნობიერების სტრუქტურის უმთავრესი საწყისის სახეს იღებს. ვუნდტი ამ გარმოებას თავადვე უსვამს ხაზს. იგი თავის ფსიქოლოგიას ვოლუნტარისტულს უწოდებს და ამით განასხვავებს მას ადრინდელი ფსიქოლოგიის ინტელექტუალიზმისაგან. ვუნდტის სისტემის ვოლუნტარისტული ბუნება ყველაზე თვალსაჩინოდ იმაში ვლინდება, რომ აქ ნების ცნება ფაქტობრივად ენაცვლება სუბიექტის ან პიროვნების ცნებას. ვუნდტის ფსიქოლოგია არსებითად უსუბიექტო ფსიქოლოგიაა. ის, რომ ასოციაციური პროცესები სუბიექტის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობენ, თავისთავად ცხადია, მაგრამ ცნობიერების მუშაობის უმაღლეს დონეზეც, რომელიც გამსჭვალულია ადამიანის საკუთარი მე-ს განცდით, ვუნდტი არ უშვებს რაიმე გამაერთიანებელი და მაკონტროლებელი ინსტანციის არსებობას პიროვნების სახით და ისევ ნებელობის აპერცეფციულ პროცესს მიმართავს.       ბოლო საკითხი, რომელიც ვუნდტის ზოგადფსიქოლოგიურ სისტემაშია დამუშავებული, ეს არის საკითხი ფსიქიკის უზოგადესი კანონების ან პრინციპების შესახებ. ამ კონტექსტში ვუნდტი აყალიბებს თავის სულის აქტუალობის პრინციპს. ტერმინი „აქტუალობა“ რამდენიმე მნიშვნელობით იხმარება. ერთი, როგორც სუბსტანციურობის ოპოზიცია. სული არ არის რაიმე არსი ან სუბსტანცია, რომელიც პრინციპულად განსხვავდება ფსიქიკური პროცესებისაგან; ის თვით ამ პროცესების მსვლელობაა. აქედან გამომდინარეობს აქტუალობის მეორე მნიშვნელობაც: ფსიქიკურის აქტუალობა ნიშნავს აქ და ახლა არსებულ განცდას ან პროცესს. მესამე მნიშვნელობით აქტუალობა პასიურობისა და სტატიკურობის ოპოზიციაა; ფსიქიკური აქტიურია, რამდენადაც ის არის გამოცდილების მუდმივი ქმნადობა, აღდგენა ან განახლება. ამ გაგებით იგი პროცესუალური ბუნებისაა. ამავე დროს, ცნობიერების მიმდინარეობა და ცვალებადობა არ არის შემთხვევითი. მას აქვს მიმართულება, რაგვარობა, თანმიმდევრობა, ერთი სიტყვით ის, რაც კანონზომიერების ცნებით აღინიშნება. ფსიქიკური პროცესები კანონზომიერი პროცესებია.       ვუნდტის თეორიულ სისტემაში საგანგებოდ არის დამუშავებული საკითხი ფსიქოლოგიური კანონზომიერების სპეციფიკის შესახებ. ვუნდტის აზრით, ფსიქიკის სფეროშიც უნდა ვილაპარაკოთ მიზეზობრიობაზე, მაგრამ სხვა მნიშვნელობით, ვიდრე ეს ბუნების მეცნიერებათა სფეროში ხდება. იქ მექანისტური მიზეზობრიობის თვალსაზრისია გამეფებული. ამ უკანასკნელის თანახმად, შედეგსა და მიზეზს შორის სრული რაოდენობრივი და თვისებრივი იგივეობა და შესატყვისობაა. შედეგში ვერ მონახავ ისეთ რაიმეს, რაც უკვე მიზეზში არ იყო მოცემული. ფიზიკური მიზეზობრიობა ენერგიის შენახვის პრინციპს ეფუძნება. ეს არ არის უბრალოდ ორი ურთიერთშეთანხმებული მოვლენა, როდესაც ერთი წინ უსწრებს მეორეს, როგორც ამას ჰიუმი ფიქრობდა. ფიზიკური მოვლენები მართლაც იწვევენ ერთმანეთს ისე, რომ არასოდეს ირღვევა ენერგიის რაოდენობრივი ექვივალენტობის პრინციპი. მიზეზი ისე გადადის შედეგში, რომ მათი ენერგიები ყოველთვის ექვივალენტური რჩება.       სულ სხვა მდგომარეობაა ფსიქიკურ მოვლენათა სფეროში. რაკი არ არსებობს სულიერი სუბსტანცია, არ არსებობს სულიერი ენერგიაც და, მაშასადამე, ფსიქიკურ კაუზალობაზე საუბრისას არ იგულისხმება რაიმე სახის ექვივალენტობა. ფიზიკურ სამყაროში მოვლენათა თანაქმედების რეზულტატი ამ მოვლენათა ჯამის ტოლია, ხოლო რთული ფსიქიკური შენაერთი, მისგან განსხვავებით, ყოველთვის ახალი თვისებრიობის მქონეა, თვისებრიობისა, რომელიც არ გამოიყვანება მისი შემადგენელი ელემენტებიდან; იგი მათ უბრალო ჯამზე მეტია. ყოველივე ეს ჯ.ს. მილის „სულის ქიმიის“ ანალოგიურია. ვუნდტი ფსიქიკური კაუზალობის ამ თავისებურებას „ფსიქიკური რეზულტანტების“ კანონს უწოდებს. ამ კანონში განხორციელებულია ე.წ. შემოქმედებითი სინთეზის პრინციპი. იგი შემოქმედებითია იმდენად, რამდენადაც უშუალო გამოცდილების ელემენტების სინთეზი ახალი თვისებრიობის ქმნადობაა.       ფსიქიკური კაუზალობის მეორე კანონია ფსიქიკურ მიმართებათა კანონი. ამ კანონის თანახმად, ყოველი კერძო ფსიქიკური შინაარსი მნიშვნელობას იძენს იმ მიმართებაში, რომელშიც ის ცნობიერების სხვა შინაარსებთან იმყოფება. ამ კანონის მოქმედების გამოვლინებაა, რომ ერთი და იგივე შთაბეჭდილება განსხვავებულად განიცდება იმის მიხედვით, თუ ცნობიერების რა შინაარსების კონტექსტშია მოცემული. მაგალითად, სიტყვებს მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ მოცემული ან ნაგულისხმევი წინადადების გათვალისწინებით, ხოლო გამოთქმულ წინადადებას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმ კავშირის წყალობით, რაც მას რაიმე უფრო ფართო მენტალურ კომპლექსთან აქვს. დაბოლოს, კიდევ ერთი კანონი განასხვავებს ფსიქიკურ მოვლენებს ფიზიკური მოვლენებისაგან. ეს არის ე.წ. კონტრასტის კანონი. გარკვეულ პირობებში ურთიერთსაწინააღმდეგო ფსიქიკური მოვლენები აძლიერებენ ერთმანეთს. მაგალითად, ძლიერი ტკივილის მერე მცირედი სიამოვნებაც ნეტარებად განიცდება. ასევე, რაიმე ტკბილი კიდევ უფრო ტკბილად გვეჩვენება, თუ ის მჟავე საჭმლის მერე გავსინჯეთ. ფსიქიკურის ეს თავისებურება არსებითად განასხვავებს მას ფიზიკურისაგან, სადაც ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენები თუ პროცესები ერთმანათს ასუსტებენ ან სპობენ.       ცნობიერება არის მუდმივად ცვალებადი შინაარსების მსვლელობა. ისინი თანმიმდევრულად ცვლიან ერთმანეთს ფსიქიკური კაუზალობის კანონების შესაბამისად, მაგრამ ეს კანონები მხოლოდ ცნობიერების დახშული სისტემის ფარგლებში მოქმედებს. ამ სისტემაში, ანუ ცნობიერების სამყაროში, სხვა, არაფსიქიკური ბუნების მოვლენები (ფიზიკური, ფიზიოლოგიური) არ შემოდის. ეს უკანასკნელნი საკუთარ დახშულ სისტემას ქმნიან, სადაც მექანიკური კაუზალობის პრინციპი ბატონობს. ამდენად, საკითხი სხეულისა და სულის, ფიზიოლოგიურისა და ფსიქიკურის ურთიერთობის შესახებ ვუნდტთან ცალსახად არის გარკვეული; იგი პარალელისტია. ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური პროცესები არ შეიძლება ურთიერთზემოქმედებდეს. ასეთი რამ შესაძლებელია მხოლოდ ფსიქიკურ, ანუ ცნობიერების მოვლენებს შორის. ფიზიოლოგიური ფენომენები ფსიქოლოგიური მოვლენების რიგში ვერ აღმოჩნდება. ისინი თავის რიგს ქმნიან, რომელიც ფსიქიკური მოვლენების რიგის პარალელურია. სხეულებრივი და სულიერი მოვლენები ერთმანეთს არ განაპირობებს, მაგრამ სრულ შესატყვისობაშია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ფიზიოლოგიის მონაცემები, მართალია ვერაფერს მატებენ ფსიქოლოგიურ ახსნას, მაგრამ მაინც ამდიდრებენ და ავსებენ ფსიქოლოგიურ კვლევას, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში სხეულებრივი პროცესები ფსიქიკური პროცესების სიმპტომებად გვევლინება ფიზიოლოგიური მონაცემები, რომლებიც საკმარისად ზუსტად იზომება, ხშირად, მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს სულიერი პროცესების რაგვარობასა და დინამიკაზე.       ტერმინი „ფიზიოლოგიური ფსიქოლოგია“ ვუნდტმა იმ მეცნიერების აღსანიშნავად იხმარა, რომელსაც თავის ლაბორატორიაში ავითარებდა. აქ, ცხადია, არ იგულისხმება, რომ ფსიქოლოგიის კვლევის საგანი ფიზიოლოგიური მოვლენები უნდა იყოს. ეს ტერმინი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ფსიქოლოგიამ თავისი კვლევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, კერძოდ, ფიზიოლოგიის მსგავსად უნდა წარმართოს. ეს ფსიქოლოგიას ექსპერიმენტულ მეცნიერებად აქცევს; იგი საბოლოოდ გამოეყოფა ფილოსოფიას და დამოუკიდებელი პოზიტიური დისციპლინის სტატუსს შეიძენს. ამგვარად, ფიზიოლოგიური ფსიქოლოგია, ფაქტობრივად, ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიას ნიშნავს. ვუნდტმა ფსიქოლოგია საბოლოოდ გადააქცია ექსპერიმენტულ მეცნიერებად, მაგრამ ფსიქოლოგიაში ექსპერიმენტის დამკვიდრება სრულებითაც არ ნიშნავს თვითდაკვირვების უარყოფას. იმდენად, რამდენადაც ფსიქოლოგია, ვუნდტის მიხედვით, უშუალო გამოცდილებას ანუ განცდათა სამკვიდროს შეისწავლის, მისი კვლევის ერთადერთ პირდაპირ მეთოდად ინტროსპექცია რჩება. აქ იგულისხმება არა ჩვეულებრივი, ყოფითი, უსისტემო თვითდაკვირვება, არამედ ექსპერიმენტულად ორგანიზებული ინტროსპექცია. ვუნდტის ექსპერიმენტულ ინტროსპექციაში თვითდაკვირვება მოწესრიგებული და კონტროლირებადი პროცედურის სახეს იღებს: „ექსპერიმენტის ამოცანა ისაა, რომ შესაძლებელი გახადოს ზუსტი თვითდაკვირვება“. ცდა ისეა ორგანიზებული, რომ ცდისპირმა თავიდან ბოლომდე და მაქსიმალური ყურადღებით განიცადოს გამოსაკვლევი ფსიქიკური მოვლენა, რათა მის შესახებ სრულყოფილი ანგარიში წარადგინოს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ექსპერიმენტის სტანდარტული მოთხოვნები, რაც გულისხმობს დაკვირვების მრავალჯერადი გამეორებისა და მოვლენის გამომწვევი პირობების ვარიაციის შესაძლებლობას.       ამ მეთოდოლოგიურ პრინციპებზე დაყრდნობით ლაიფციგის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში ფართო კვლევითი მუშაობა წარიმართა. თუ როგორ მიმდინარეობდა იგი, ამაზე ქვემოთ დაწვრილებით ვისაუბრებთ (იხ. თავი 7.1.). აქ მხოლოდ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ლაბორატორიული კვლევა შედარებით მარტივ ფსიქიკურ პროცესებს ეხებოდა. რაც შეეხება რთულ ფსიქიკურ მოვლენებს, ისეთებს, როგორიცაა ნებისმიერი მეხსიერება, წარმოსახვა, აზროვნება, მაღალი გრძნობები, ნებელობა - ვუნდტი უარყოფდა მათი ექსპერიმენტული შესწავლის შესაძლებლობას იმის საფუძველზე, რომ ამ მოვლენებს ხელოვნურად ვერ გამოვიწვევთ და უცვლელად ვერ გავიმეორებთ. შეუძლებელია, ამბობდა იგი, ლაბორატორიაში მაღალი ინტელექტუალური პროცესებისა თუ რელიგიური ან ზნეობრივი განცდების სურვილისამებრ გამოწვევა. მათ თითქმის არ ახლავს სხეულებრივი ცვლილებები, შეუძლებელია მათი გაზომვა. გარდა ამისა, აღნიშნულ მოვლენებში ყველაზე მეტად იჩენს თავს თვითდაკვირვებასთან დაკავშირებული სირთულეები, რომლებზეც ი. კანტმა და ო. კონტმა გაამახვილეს ყურადღება. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ფსიქიკურ პროცესზე ან განცდაზე დაკვირვების ფაქტი ცვლის ან სპობს ამ უკანასკნელს. სამაგიეროდ, ამ განცდების კვალი აისახება სხვავადასხვა ხალხთა კულტურაში - ენაში, ხელოვნებაში, რელიგიაში, სამართალში, მითებში, ადათ-წესებში. აქ უკვე სოციალური ჯგუფების, ტომების, ერების შემოქმედების პროდუქტებთან გვაქვს საქმე. ყოველივე ამის შესწავლით და ურთიერთშედარებით შესაძლებელი ხდება ფსიქიკის ზოგადი კანონების ჩამოყალიბება. ამისთვის არის მოწოდებული ე.წ. ხალხთა ფსიქოლოგია.       ფსიქოლოგიის შემდგომმა განვითარებამ ნათლად აჩვენა ვუნდტის მოსაზრების უსაფუძვლობა მაღალი ფსიქიკური პროცესების ექსპერიმენტული შესწავლის შეუძლებლობის შესახებ. ეს აშკარა გახდა მის სიცოცხლეშივე, თუნდაც მეხსიერებისა (ჰ. ებინჰაუსი, გ.ე. მიულერი) და აზროვნების (ვიურცბურგის სკოლა) პროცესების წარმატებული ექსპერიმენტული კვლევის შემდეგ (იხ. თავი 7.1.). მიუხედავად ამისა, ვუნდტი მაინც მყარად იდგა თავიდანვე არჩეულ პოზიციაზე. მართალია, წლების განმავლობაში მას შეჰქონდა გარკვეული ცვლილებები თავის სისტემაში, მაგრამ პრინციპული საკითხების უმეტესობაში მისი შეხედულება ურყევი იყო. ფსიქოლოგიის ერთერთი ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ ვუნდტი სულ უფრო ექცეოდა თავისი სისტემის ტყვეობაში, რომლის მიმართ კრიტიკულობას ნაკლებად იჩენდა. სამაგიეროდ, საკმაოდ მკაცრად აკრიტიკებდა მათ, ვინც სხვაგვარად ფიქრობდა. ასეთები კი მრავლად იყვნენ. ამასთან დაკავშირებით, ფსიქოლოგიის ისტორიის აღიარებული მეტრი ედვინ ბორინგი მიუთითებს, რომ თითქმის ყველა ახალი ფსიქოლოგიური სკოლის (იგულისხმება ფსიქოლოგია XX საუკუნის ოცდაათიან წლებამდე) ჩამოყალიბებას განსაზღვრავდა პროტესტი ვუნდტის ფსიქოლოგიური სისტემის ამა თუ იმ მხარის წინააღმდეგ. იგულისხმება, რომ ვუნდტის ფსიქოლოგია იყო 1) ინტროსპექციული, 2) ელემენტარისტული, 3) ასოციაციონისტური და 4) ცნობიერების ფსიქოლოგია (ვუნდტი მხოლოდ ცნობიერი ფსიქიკის არსებობას ცნობდა). პირველს განსაკუთრებით ბიჰევიორიზმი შეებრძოლა, მეორეს და მესამეს - გეშტალტფსიქოლოგია, ხოლო მეოთხეს - ფსიქოანალიზი.       ყოველივე ეს, ამავე დროს, იმაზე მიუთითებს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ვუნდტის სამეცნიერო საქმიანობას სხვა ფსიქოლოგები და რაოდენ დიდი იყო მისი ავტორიტეტი. დისკუსიებმა მისი თეორიული პოზიციების გარშემო, ექსპერიმენტის გამოყენების, ფსიქოლოგიის საგნისა და სხვა მრავალი პრობლემის შესახებ, სტიმული მისცა ახალი კონცეფციებისა და მიმდინარეობების გაჩენას, რომელებმაც გაამდიდრეს ფსიქოლოგია ახალი წარმოდგენებით და იდეებით. ვუნდტმა მართლაც კოლოსალური სამეცნიერო მემკვიდრეობა დატოვა. ფსიქოლოგიის ისტორიკოსებმა დათვალეს, რომ 67 წლის განმავლობაში, პირველი სამეცნიერო ნაშრომის გამოცემიდან სიკვდილამდე, ვუნდტმა დაწერა 53735 გვერდი, რაც ნიშნავს საშუალოდ 2,2 გვერდს დღეში. ამასთან, უზარმაზარი მეცნიერული პროდუქცია გაჯერებული იყო ეკლექტიკური იდეებით. მიუხედავად იმისა, რომ ეკლექტიზმი ფსიქოლოგიაში კარგ ტონად არ ითვლებოდა, ვუნდტის ეკლექტიზმმა გარკვეულად პოზიტიური როლი ითამაშა, ვინაიდან სწორედ მან მოიზიდა ვუნდტთან სხვადასხვა წარმომავლობისა და მრწამსის ახალგაზრდა მეცნიერები. ლაიფციგის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ფსიქოლოგიის ნამდვილი მექა იყო. აქ ჩამოდიოდნენ სასწავლებლად და სამუშაოდ ფსიქოლოგიით დაინტერესებული პირები სხვადასხვა ქვეყნიდან. ბევრი მათგანი საყოველთაოდ ცნობილი მკვლევარი გახდა. მათი გვარების უბრალო ჩამოთვლაც კმარა: კიულპე, კლემი, კრიუგერი, კრეპელინი, ლიფსი, მარბე, მიუნსტენბერგი, მოიმანი (გერმანია), სპირმენი, ტიჩენერი (ინგლისი), ენჯელი, კეტელი, სკრიპჩარი, უიტმენი, უორენი, ჰოლი (ამერიკა), მიშოტი, ტიერი (ბელგია), ლემანი (დანია), ბეხტერევი, ნ. ლანგე (რუსეთი), უზნაძე (საქართველო). ვუნდტის ხელმძღანელობით დაცული იყო ორასამდე სადოქტორო დისერტაცია ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაში. მათ შორის უნდა მოვიხსენიოთ ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლის, დიმიტრი უზნაძის დისერტაცია ვლადიმერ სოლოვიოვის მოძღვრების შესახებ.       რაც შეეხება ვუნდტის სისტემის ეკლექტიზმს, ის ყოველთვის ართულებდა ამ მოძღვრების ნამდვილი ბუნების გარკვევის ამოცანას. განსაკუთრებული თავსატეხი გაუჩინა ფსიქოლოგიის ისტორიკოსებს საკითხმა ვუნდტის სისტემის ელემენტარიზმის შესახებ. მართლაც, რა არის მთავარი ფსიქოლოგიის აგების ვუნდტისეული პროგრამისთვის - ფსიქიკური ელემენტების გამოყოფა და ცხადყოფა თუ რთული ფსიქიკური წარმონაქმნების, ფსიქიკური შენაერთების შესწავლა? ანალიზია მთავარი თუ სინთეზი? ვუნდტის ყველაზე ავტორიტეტული ამერიკელი მიმდევრის, ტიჩენერის გავლენით, ერთ ხანს აქცენტი ვუნდტის ფსიქოლოგიის ელემენტარისტულ და ანალიტიკურ მხარეებზე იყო გადატანილი. ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი ექსპერიმენტული მეცნიერების ამოცანების ფორმულირებისას ვუნდტს პირველ ნომრად მართლაც უშუალო გამოცდილების უმარტივესი ფორმების, მისი ელემენტების გამოყოფა და შესწავლა აქვს დასახელებული. ელემენტები ვუნდტისთვის არაა ცარიელა აბსტრაქცია, ისინი რეალურად არსებობენ, როგორც ჩვენი ცნობიერების ფაქტი. გაწაფულ ინტროსპექციას შეუძლია მათი განცდაში დაფიქსირება. მაგრამ ელემენტების ცხადყოფა სპეციალურ ძალისხმევას მოითხოვს, ხშირად კი ანალიზი უძლურია, როგორც ეს უმაღლესი ფსიქიკური პროცესების შემთხვევაშია. საზოგადოდ, ჩვენი ცნობიერება შედგება ფსიქიკური კომპლექსებისაგან, შენაერთებისაგან ანუ სინთეტური წარმონაქმნებისაგან. ამიტომ ანიჭებს ვუნდტი ესოდენ დიდ მნიშვნელობას იმის გარკვევას, თუ რა სახის შენაერთები არსებობს და რა კანონები განაპირობებენ ელემენტებიდან მათ წარმოქმნას. ამ კანონების რიგში პირველ ადგილზე შემოქმედებითი სინთეზის პრინციპი მოიაზრება. ვუნდტი ასე ამბობს: „არ არსებობს არავითარი ფსიქოლოგიური სტრუქტურები, რომლებიც თავიანთი მნიშვნელობით ან შინაარსის ღირებულებით შეიძლება დავახასიათოთ, როგორც მათი შემადგენელი ელემენტების ჯამი ან შემადგენელი ნაწილების უბრალო მექანიკური შედეგი“. აქედან ჩანს, რომ იგი ცნობს ელემენტებს, მაგრამ არ ცნობს მექანიციზმს ფსიქოლოგიის სფეროში. ამდენად, მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ვუნდტის ფსიქოლოგიური სისტემა ელემენტარისტულიც არის და მთლიანობითიც, ანალიზურიც და სინთეზურიც.       ეკლექტიზმი შეინიშნება იმაშიც, რომ ვუნდტის ფსიქოლოგია ერთდროულად ინტროსპექციულიც არის და ექსპერიმენტულიც. ცნობილია, რომ ვუნდტი ტრადიციული ინტროსპექციული ფსიქოლოგიის კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო. ამავე დროს, იმის საჩვენებლად, თუ როგორ ცდებოდნენ ბიჰევიორიზმის გერმანელი ინტროსპექციონისტი წინამორბედები, როგორც წესი, ვუნდტზე მიუთითებენ. არადა, ვუნდტი ნამდვილად იყო ყველაზე შეუპოვარი მებრძოლი კლასიკური აკადემიური ინტროსპექციის წინააღმდეგ, ვინაიდან ეს უკანასკნელი კაბინეტურ თვითანალიზს ეფუძნებოდა. ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ისტორიკოსის თქმით, მიცვალებულს რომ ასეთი რამ შეეძლოს, ვუნდტის სხეული არა ერთხელ გადატრიალდებოდა კუბოში, თუ გაიგებდა, რომ მას ინტროსპექციული სკოლის მამის სახელს მიაწერდნენ. ვუნდტი საგანგებოდ უსვამდა ხაზს, რომ მისი ახალი ფსიქოლოგია იყენებს თვითდაკვირვებას, როგორც მკაცრ, „ობიექტურ“ მეთოდს, რადგან შეუძლია მისი გამეორება და რეგულირება. მიუხედავად ამ განმარტებებისა, თვითდაკვირვება და ექსპერიმენტი განსხვავებულ ფსიქოლოგიურ მეთოდად რჩება. როგორც ქვემოთ დავრწმუნდებით, ამ ეკლექტიზმის შედეგი ის იყო, რომ ექსპერიმენტული ინტროსპექციის მეთოდით ერთი და იმავე საკითხის კვლევა სხვადასხვა ლაბორატორიში განსხვავებულ შედეგს იძლეოდა. ეს „უზუსტობა“ ექსპერიმენტში თვითდაკვირვების სუბიექტურობას შეჰქონდა, რაც „ობიექტური ფსიქოლოგიის“ (ბიჰევიორიზმის) მიმდევრებს არ გამოჰპარვიათ (იხ. თავი 9.1.).       ვუნდტის ფსიქოლოგიის ეკლექტიზმი იმაშიც ჩანს, რომ ის ერთდროულად დეტერმინისტულიც არის და ვოლუნტარისტულიც. ვუნდტმა მთელი მოძღვრება შექმნა ფსიქიკური კაუზალობის შესახებ. იგი ამტკიცებდა, რომ ცნობიერების სფეროში ყველაფერი მიმდინარეობს გარკვეული და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კანონზომიერების მიხედვით. ამავე დროს, იგი თავის სისტემას ვოლუნტარიზმს უწოდებდა და მიიჩნევდა, რომ ფსიქიკის იმანენტური აქტივობის უნარი ახსნას არ ექვემდებარება.       ვუნდტის სისტემის ეკლექტიზმი ალბათ ყველაზე მეტად გამოვლინდა მის პოზიციაში ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიისა და ხალხთა ფსიქოლოგიის არსებობის შესახებ. ამ პოზიციას ფსიქოლოგიის ორად გაყოფასთან მივყავართ, რომელთაგან ერთი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კლასში ხვდება, ხოლო მეორე - ე.წ. გონის (ჰუმანიტარულ) მეცნიერებათა კატეგორიაში. გამოდის, რომ ფსიქოლოგია ეკუთვნის ბუნებისმეტყველებასაც და ჰუმანიტარიასაც. ასეთი რამის დაშვება ერთიანი დისციპლინის ფარგლებში უმძიმეს მეთოდოლოგიურ პრობლემებს წარმოქმნის, რის შესახებაც ქვემოთ კიდევ ვისაუბრებთ (იხ. თავი 6.7.).       ვუნდტის ღვაწლი ფსიქოლოგიის წინაშე არ არის ერთმნიშვნელოვნად შეფასებული. ფსიქოლოგიის ისტორიკოსების ნაწილი მართებულად აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგიის აგების ვუნდტისეული პროგრამა შეიცავდა ისეთ მომენტებს, რომლებიც არსებითად ეწინააღმდეგებოდნენ ფსიქოლოგიის განვითარების ობიექტურ ლოგიკას. ასეთია, მაგალითად, მისი პოზიციის გამოკვეთილი სუბიექტივიზმი; იგი კვლევიდან გამორიცხავს ყველაფერს, რაც არ წარმოადგენს ცნობიერებას - იქნება ეს ადამიანისა და ცხოველის ქცევა თუ არაცნობიერი ფსიქიკა. გარდა ამისა, აღსანიშნავია მისი პოზიციის სტრუქტურალიზმი, რომელიც ზღუდავს ფსიქოლოგიის კვლევითი ამოცანების წრეს ფსიქიკური მოვლენების შემადგენლობის აღწერითა და ახსნით. მაგრამ ფსიქოლოგია ვალდებულია შეისწავლოს ფსიქიკური მოვლენები და პროცესები არა მხოლოდ მათი სტრუქტურის, არამედ მათი დანიშნულების, როლისა და იმ ფუნქციის მხრივაც, რასაც ისინი ასრულებენ ფიზიკურ და სოციალურ გარემოსთან შეგუების პროცესში.       აღსანიშნავია ვუნდტის ფსიქოლოგიის მეთოდური მხარეც. ექსპერიმენტის „მიბმა“ ინტროსპექციაზე ზღუდავს მისი გამოყენების ჩარჩოებს. ასეთი ექსპერიმენტის გამოყენება შეუძლებელია ცხოველებზე, ბავშვებზე, სულით ავადმყოფებზე და სხვა. ექსპერიმენტული კვლევის მიღმა რჩება უამრავი ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის საკითხი. გამოყენებითი ფსიქოლოგიის მიმართ ვუნდტი არც იჩენდა რამდენადმე სერიოზულ ინტერესს. მას არასანდოდ მიაჩნდა ბავშვისა და პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში მოპოვებული მონაცემები. ზოგად კანონზომიერებებზე ორიენტირებული ვუნდტი ხელისშემშლელად მიიჩნევდა ყველაფერს, რაც ინდივიდუალურ განსხვავებებს უკავშირდებოდა. აქედან მომდინარეობს მის მიერ დიფერენციალური ფსიქოლოგიისა და ტესტოლოგიის მიუღებლობა. ზოგადი ფსიქოლოგიის მეტრი დიდი ეჭვით უყურებდა ფსიქოტექნიკის, იურიდიული, სამედიცინო თუ გამოყენებითი ფსიქოლოგიის სხვა დარგების განვითარებას. ამის თვალსაჩინო მაგალითია ის, თუ რა დაუფარავი სარკაზმით ეხმიანებოდა ვუნდტი თავისი ერთ-ერთი უნიჭიერესი მოწაფის, ჰ. მიუნსტენბერგის აშკარად წარმატებულ და საყოველთაოდ აღიარებულ მოღვაწეობას ამ სფეროში.       მაშინ რატომ ითვლება ვუნდტი ფსიქოლოგიის ისტორიის ერთ-ერთ ნიშანსვეტად? რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ვუნდტის თეორიულმა შეხედულებებმა სწორედ რადიკალურად და მკვეთრად გამოთქმული „შეცდომებითაც“ შეიტანა დიდი წვლილი მეცნიერების განვითარებაში. უდიდესი ავტორიტეტის მქონე ეკლექტიკოსის შემოქმედებაში ყველა პოულობდა მისაღებსაც და მიუღებელსაც; ეს უკანასკნელი კი ხდებოდა შემოქმედების, ახალი იდეებისა და, საბოლოოდ, ფსიქოლოგიის პროგრესის ქვაკუთხედი. ვუნდტის ფსიქოლოგიური სისტემა არც თუ ყოველთვის ადექვატური კრიტიკის სამიზნე გახდა იმათთვის, ვინც ახალ გზებს ეძებდა ჩვენს მეცნიერებაში მაშინ, როდესაც იგი პირველ ნაბიჯებს დგამდა აკადემიური მეცნიერების ასპარეზზე და სერიოზული პრეტენზიების მქონე დამოუკიდებელ დისციპლინად ყალიბდებოდა. იმ დროის პოზიტივისტური სულისკვეთების გათვალისწინებით, ეს სტატუსი ფსიქოლოგიას მისმა ექსპერიმენტულობამ მიანიჭა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტირება ფსიქიკის სფეროში ვუნდტს არ დაუწყია, მისი მოღვაწეობა სისტემატური ექსპერიმენტული კვლევების ორგანიზაციის საქმეში ფასდაუდებელია. ვუნდტის ინსტიტუტის ფუნქციონირება აღმოჩნდა ის საბოლოო იმპულსი, რომელმაც ფსიქოლოგიაში ფართო ექსპერიმენტულ კვლევა-ძიებას გზა გაუხსნა. ვუნდტმა შექმნა უდიდესი სამეცნიერო-საგანმანათლებლო სკოლა, რომელიც გაიარა მრავალმა ახალგაზრდა მეცნიერმა მთელი მსოფლიოდან. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ისინი აყალიბებდნენ კვლევით ცენტრებს, სადაც ახალი მეცნიერების აქტიური განვითარება ხდებოდა. ფსიქოლოგიის ისტორიკოსების საერთო შეფასებით, ვუნდტმა უნიშვნელოვანესი როლი ითამაშა მკვლევართა კონსოლიდაციის საქმეში. ისინი თანდათან ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ ფსიქოლოგებად. თავად ვუნდტი კი შეიძლება პირველ პროფესიონალ ფსიქოლოგად ჩაითვალოს.       ვუნდტთან წვრთობაგამოვლილი სპეციალისტების უმრავლესობა მაინც თავისი საკუთარი გზით წავიდა ფსიქოლოგიაში. მათ საფუძველი ჩაუყარეს მთელ რიგ დარგებს, ორიგინალურ თეორიულ ორიენტაციებსა და სამეცნიერო სკოლებს, მაგრამ ერთი მეცნიერი ბოლომდე დარჩა თავისი სათაყვანებელი მასწავლებლის, ვილჰელმ ვუნდტის მიმდევრად. ეს იყო ე. ტიჩენერი. 6.2. სტრუქტურული ფსიქოლოგია       ედვარდ ბრედფორდ ტიჩენერი (1867-1927) დაიბადა სამხრეთ ინგლისში, ჩიჩესტერში. ოქსფორდში მიიღო ფილოსოფიური განათლება. ერთხანს იქვე მუშაობდა ფიზიოლოგიის კათედრაზე, მაგრამ გული ექსპერიმენტული ფსიქოლოგიისკენ მიუწევდა. ინგლისში იმ დროს ჯერ კიდევ ფილოსოფიურასოციაციონისტური ფსიქოლოგია ზეობდა. ამიტომ ტიჩენერი გაემგზავრა ლაიფციგში, სადაც ორი წელი დაჰყო და ვუნდტის ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის გულანთებული მომხრე გახდა. 1892 წელს მან მიიღო დოქტორის ხარისხი და დაბრუნდა სამშობლოში. ძალიან მალე ტიჩენერი მიხვდა თავისი მეცნიერული მრწამსის სრულ შეუსატყვისობას ინგლისური ფსიქოლოგიის სულისკვეთებასთან და იძულებული გახდა გადასახლებულიყო ამერიკაში, სადაც ერთიმეორის მიყოლებით იხსნებოდა ახალი ფსიქოლოგიური ლაბორატორიები. 1893 წელს ტიჩენერი სათავეში ჩაუდგა ერთ-ერთ ასეთ ლაბორატორიას ნიუ-იორკის კორნელის უნივერსიტეტში, შემოიკრიბა მოწაფეები და შექმნა ე.წ. სტრუქტურული ფსიქოლოგიის სკოლა, რომელიც ამერიკაში გერმანული მენტალისტური ფსიქოლოგიის ბასტიონად გადაიქცა. ის გამიჯნული იყო მთელი ამერიკული ფსიქოლოგიისაგან, სადაც უპირატესად ვითარდებოდა ისეთი დარგები, როგორიცაა დიფერენციალური, ცხოველთა, ბავშვის ფსიქოლოგია. მათგან განსხვავებით, ტიჩენერის ფსიქოლოგია კლასიკური, ვუნდტისეული ზოგადი ფსიქოლოგიაა. იგი ექსპერიმენტულია და ინტროსპექტული, მაშინ როცა ამერიკაში სულ უფრო მეტ პოპულარობას კვლევის ობიექტური მეთოდები იძენენ.       ძალიან მალე ტიჩენერის სტრუქტურული ფსიქოლოგია დაუპირისპირდა ე.წ. ფუნქციონალურ ფსიქოლოგიას, რომელიც ბიჰევიორიზმის გაბატონებამდე ამერიკული ფსიქოლოგიის მთავარ თეორიულ ორიენტაციას წარმოადგენდა (იხ. თავი 6.5.). სტრუქტურულ ფსიქოლოგიას არ აინტერესებს, თუ რა როლს ასრულებს ესა თუ ის ფსიქიკური წარმონაქმნი ქცევაში, რა ფუნქცია აქვს მას. სტრუქტურული ფსიქოლოგიის ამოცანა საკუთრივ ცნობიერების შემადგენლობის, სტრუქტურის შესწავლაა. სტრუქტურის ცნება მოიცავს რაიმე მოვლენის შემადგენელ ნაწილებს და მათ შორის არსებულ კავშირებს. აქედან გამომდინარე, სტრუქტურულმა ფსიქოლოგიამ უნდა გამოყოს ცნობიერების უმთავრესი ელემენტები (ანალიზი), გაარკვიოს, თუ რა სახის კავშირებს ქმნიან ისინი (სინთეზი) და ახსნას, თუ რატომ იქმნება სწორედ ასეთი კავშირების კომბინაციები (კანონები). ადვილი დასანახია, რომ ტიჩენერთან ფსიქოლოგიური კვლევის ამოცანები არსებითად ისევეა ფორმულირებული, როგორც ვუნდტთან. განსხვავება ეხება აქცენტებს და პრობლემების გადაწყვეტის მეთოდოლოგიას.       მაგალითად, ფსიქოლოგიური ახსნისა და კანონების საკითხს ტიჩენერი სხვანაირად უდგება. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან იგი, ვუნდტთან შედარებით, გაცილებით ძლიერი პოზიტივისტური ორიენტაციით გამოირჩევა. ტიჩენერი თამამად ლაპარაკობს ანალოგიებზე ფსიქოლოგიასა და ფიზიკას შორის, რასაც მისი მასწავლებელი ძალიან ერიდებოდა. ცხადია, ტიჩენერიც ცდილობს გამიჯნოს ბუნებისმეტყველებისა (ფიზიკის) და ფსიქოლოგიის შესასწავლი მოვლენები. ისიც თვლის, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია უშუალო გამოცდილებისადმი განსხვავებული მიდგომით. ერთ შემთხვევაში გამოცდილება წარმოდგენილია კონკრეტული პიროვნებისაგან სრულიად დამოუკიდებელი, ანუ ობიექტური რეალობის სახით. მეორე შემთხვევაში ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ ეს გამოცდილება მთლიანად პიროვნებაზეა დამოკიდებული და მხოლოდ იმდენად არსებობს, რამდენადაც მას ვინმე აღიქვამს. მაგალითად, ფუნდამენტური ფიზიკური მოვლენები, როგორიცაა სივრცე, დრო, მასა, ყველგან და ყოველთვის მუდმივია, იზომება უცვლელი სიდიდეებით და ამ თვალსაზრისით არ არიან მკვლევარის პიროვნებაზე დამოკიდებულ ცვლადები.       სამაგიეროდ, სუბიექტურ გამოცდილებაში ამ მოვლენათა შეფასება ძალიან ცვალებადობს - ორი ტოლი ხაზი არატოლად გვეჩვენება იმის მიხედვით, თუ საითაა მიმართული ბოლოებში მიბმული ისრები (მიულერლაიერის ილუზია); ორი ტოლი წონის საგნიდან ის გვეჩვენება უფრო მსუბუქი, რომელიც დიდად გამოიყურება (შარპანტიეს ილუზია); დროის ერთნაირი მონაკვეთი ხან ძალიან იწელება, ხანაც სწრაფად გარბის, გამომდინარე იქიდან, თუ რა სიტუაციაში ვიმყოფებით. ფიზიკამ იცის, რომ სითბო, არსებითად, მოლეკულების მოძრაობაა, სინათლე - ელექტრომაგნიტური ტალღების გადაადგილება, ხოლო ბგერა - ჰაერის ტალღისებური მოძრაობა. ფიზიკური სამყარო, რომელშიც გამოცდილების ეს სახეები მკვლევარი სუბიექტისაგან დამოუკიდებლად განიხილება, არც თბილია და არც ცივი, არც ნათელია და არც ბნელი, არც ხმაურიანია და არც მდუმარე. მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოცდილება ადამიანზე დამოკიდებულად განიხილება, ჩვენ ვიღებთ განსხვავებულ ტემპერატურას, მრავალ სხვადასხვა ფერს და ტონს. ყოველივე ეს არის ფსიქოლოგიის შესასწავლი საგანი.       ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქოლოგია ვერ შეიზღუდება უშუალო გამოცდილების აღწერით. ფიზიკის მსგავსად, მან მოვლენების ახსნაზეც უნდა იზრუნოს. აქ კი ჩვენ სერიოზულ სირთულეს ვაწყდებით, ვინაიდან „ერთ ფსიქიკურ პროცესს მეორის მიზეზად ვერ განვიხილავთ“. ამავე დროს, ვერც ნერვული პროცესები ჩაითვლება ფსიქიკურის მიზეზად, რადგან ისინი მოვლენათა პარალელურ რიგს ქმნიან. მიუხედავად ამისა, ახსნის ამოცანის გადაწყვეტისას ფსიქოლოგიამ ისევ სხეულებრივ პროცესებს უნდა მიმართოს. ისინი არ იწვევენ ფსიქიკურ მოვლენებს, მაგრამ გვეხმარებიან მათი ერთიანობისა და თანმიმდევრობის გაგებაში ისევე, როგორც რუკა გვეხმარება გორაკების, მდინარეების, ქალაქების ადგილმდებარეობის, გარკვევაში. ერთი სიტყვით, „ფიზიკა ხსნის მოვლენას მისი მიზეზის დადგენის საშუალებით. ფსიქოლოგია იძლევა ახსნას იმ ნერვულ პროცესებზე მითითების გზით, რომლებიც დაკვირვებად ფსიქიკურ მოვლენებთან ურთიერთკავშირშია. ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ ეს ორივე მეთოდი, თუ ახსნას მივიჩნევთ იმ გარემოებათა გარკვევად, რომლებშიც აღწერილი მოვლენა ხორციელდება. „ნამი წარმოიქმნება ჰაერისა და მიწის ტემპერატურების სხვაობის პირობებში; აზრები წარმოიქმნება ნერვულ სისტემაში მიმდინარე გარკვეული პროცესების პირობებში. შესასწავლი ობიექტი და ახსნის წესი ორივე შემთხვევაში არსებითად ერთნაირია“. ამრიგად, ტიჩენერის მიხედვით, ფსიქოლოგია თავისი ამოცანებით და საერთო მეთოდოლოგიით ემსგავსება საბუნებისმეტყველო მეცნიერებას, იმავე ფიზიკას და ფიზიოლოგიას. უფრო მეტიც, ახსნით ნაწილში ფსიქოლოგია, ფაქტობრივად, ფიზიოლოგიის კანონებს მიმართავს. ეს პოზიცია საკმაოდ შორდება ვუნდტის თვალსაზრისს, რომლის მიხედვითაც სწორედ სპეციფიკური ფსიქოლოგიური კაუზალობის არსებობა განასხვავებს მას ყველა სხვა მეცნიერებისაგან.       ვუნდტის პოზიციიდან ერთგვარი განსვლა იგრძნობა ფსიქოლოგიური კვლევის მეორე ამოცანასთან დაკავშირებითაც. ეს ამოცანა ელემენტებიდან მიღებული რთული ფსიქიკური მოვლენების დახასიათებასა და მათი წარმოქმნის (სინთეზის) წესის განსაზღვრაში მდგომარეობს. ტიჩენერისთვის მიუღებელია აპერცეფცია და მასთან დაკავშირებული ვუნდტისეული ვოლუნტარიზმი, ვინაიდან ისინი აუხსნელ ძალებსა თუ მექანიზმებს გულისხმობენ. ამავე დროს, აპერცეფციის ცნების გარეშე ძნელი ხდება რთულ ფსიქიკურ შენაერთებზე მსჯელობა ანუ სინთეზის ამოცანის რამდენადმე პროდუქტიული გადაწყვეტა. რაკი ავტორი სხვა ალტერნატივას არ გვთავზობს, რჩება მხოლოდ ასოციაციის მასინთეზირებელი მექანიზმი, რაც ახალი გერმანული ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მქადაგებელი ტიჩენერის ბრიტანულ ასოციაციურ ფსიქოლოგიასთან პარადოქსულ დაბრუნებას ნიშნავს.       შესაძლოა, ამითაც იყო გამოწვეული, რომ ტიჩენერმა თავისი ექსპერიმენტული კვლევა-ძიების ძირითად ამოცანად ფსიქიკის ანალიზი აქცია. ტიჩენერი და მისი თანამშრომლები შესაშური ენთუზიაზმით ეძებდნენ ფსიქიკის ახალ ელემენტებს და მათ თვისებებს შეისწავლიდნენ. ამ კვლევის შედეგად ტიჩენერმა გამოყო ელემენტების სამი ჯგუფი, ესენია: შეგრძნებები (აღქმის ელემენტები), წარმოდგენები (მეხსიერებისა და ფანტაზიის ელემენტები) და ემოციური მდგომარეობები (რთული გრძნობების ელემენტები). შეგრძნებათა და წარმოდგენების ძირითადი ნიშნებია: რომელობა, ინტენსივობა, მკაფიობა და ხანგრძლივობა. წარმოდგენები, როგორც შეგრძნებათა ასლები, მათზე ნაკლებ მკაფიოა, ხოლო ემოციურ მდგომარეობებს ეს თვისება სულ არ ახასიათებს. ამასთან, ტიჩენერი ფიქრობდა რომ გრძნობებს მხოლოდ ორი რომელობა აქვთ - სიამოვნება და უსიამოვნება. ამით იგი დაუპირისპირდა ვუნდტს, რომელიც გრძნობების რომელობათა სამგანზომილებიანობის თვალსაზრისზე იდგა. რაც შეეხება შეგრძნებებს (და შესაბამის წარმოდგენებს), ისინი უამრავ რომელობით სახესხვაობას ქმნიან.       ცნობიერების მოვლენები ერთგვარ შინაგან სამყაროს შეადგენენ, რომელსაც თავისებური მასალა და წყობა აქვს. ტიჩენერი ე.წ. „ფსიქიკის მატერიაზე“ ლაპარაკობდა. მისი ანალიზი, ცხადია, მხოლოდ თვითდაკვირვების საშუალებით შეიძლება. იგი თავის ინტროსპექციონიზმში ვუნდტზე შორს მიდიოდა და ლაპარაკობდა განსაკუთრებულ, წმინდა, ან სხვანაირად, ანალიტიკურ თვითდაკვირვებაზე. ეს არის სპეციალურად გაწაფული ინტროსპექცია, რომლის მონაცემები გამორიცხავენ ე.წ. სტიმულის შეცდომას. თვითდაკვირვებისას ამ შეცდომას ხშირად ვუშვებთ, ვინაიდან ჩვენი შინაგანი სამყაროს აღწერისას, ფაქტობრივად, გარე მოვლენებზე და ობიექტებზე ვსაუბრობთ. სტიმულის შეცდომის დროს ერთმანეთშია არეული თვითონ ფსიქიკური პროცესი და ამ პროცესის სტიმული (გარემოს მოვლენა ან საგანი). ამის თავიდან ასაცილებლად ანალიზური თვითდაკვირვების მონაცემები მხოლოდ „ცნობიერების წმინდა შინაარსებისაგან“ უნდა შედგებოდეს. მაგალითად, ინტროსპექციული ანგარიშისას ის კი არ უნდა ვთქვათ, რომ „გზა უსწორმასწოროა“, რაც გარე ობიექტის თვისებას აღნიშნავს, არამედ ის, რომ „წნევა ტერფებზე სულ უფრო არაერთგვაროვანი ხდება“, რაც წმინდა სახით შეგრძნების რაგვარობაზე მიუთითებს. ასევე, ლამპარზე ლაპარაკის ნაცვლად უნდა აღვწეროთ სინათლის, სითბური, სივრცითი და სხვა სახის შეგრძნებები ან უფრო რთული ფსიქიკური მოვლენები, რომელთაც ეს საგანი (სტიმული) იწვევს ცნობიერებაში.       თავის ლაბორატორიაში ტიჩენერი ცდისპირებს ექსპერიმენტულ პირობებში, ხელოვნურად აწვდიდა სათანადო სტიმულებს და სთხოვდა ისეთ „რაფინირებულ“ ინტროსპექციულ პასუხებს, როგორც ზემოთ მოყვანილ მაგალითებშია წარმოდგენილი. ასე შეიქმნა ელემენტარულ შეგრძნებათა სია, რომელიც სენსორული განცდის 44 ათას ნიუანსს შეიცავდა. მათგან უმეტესობა მხედველობით (32 820) და სმენით (11 600) სფეროს მიეკუთვნებოდა. ტიჩენერის შემდეგ მის ლაბორატორიაში ანალიზური ინტროსპექციის უამრავი ოქმი დარჩა. მათ მიმართ ინტერესი აღარავის გამოუჩენია, ვინაიდან შემდგომმა მკვლევარებმა მიიჩნიეს, რომ ეს მონაცემები არ იყო ღირებული არც აკადემიური და არც გამოყენებითი მეცნიერებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოყენებით ფსიქოლოგიას თვითონ ტიჩენერი არ ცნობდა, რაც აშკარა დისონანსში იყო ამერიკული ფსიქოლოგიის საერთო პრაქტიკულ სულისკვეთებასთან.       ტიჩენერის მოძღვრება და კვლევა-ძიება არც ევროპული ფსიქოლოგიის განვითარების ძირითად ტენდენციებს ეთანხმებოდა (რა თქმა უნდა, ვუნდტის სკოლის გამოკლებით). ამის სარწმუნო მაგალითია მწვავე კამათი, რომელიც გაიმართა ტიჩენერისა და ვიურცბურგის სკოლებს შორის არათვალსაჩინო აზროვნების პრობლემის გარშემო. ვიურცბურგელებმა აღმოაჩინეს, რომ რაიმეს მოაზრება შესაძლებელია შინაარსის წარმოდგენითი მოცემულობის გარეშე (იხ. თავი 7.1.). ტიჩენერი ამას უჩვეულო სიჯიუტით უარყოფდა. იგი შეუვალი სენსუალისტი იყო და შეგრძნებით საწყისს ფსიქიკურის ყველა გამოვლინებაში ეძებდა. ამაში, შესაძლებელია, მისი დიდი თანამემამულეების, ბრიტანელი სენსუალისტების გავლენაც დავინახოთ. ასეა თუ ისე, იგი თვლიდა, რომ აზროვნების შინაარსი ყოველთვის რაიმე გრძნობად-თვალსაჩინო ფორმაშია მოცემული და მიაჩნდა, რომ ვიურცბურგელთა სისტემატური ექსპერიმენტული თვითდაკვირვება უბრალოდ ვერ იჭერდა იმ სენსორულ ფენომენებს, რომელთა სახითაც არის წარმოდგენილი მნიშვნელობა აზროვნების დროს. ტიჩენერის რწმენით, მისი ოპონენტები სტიმულის შეცდომაში ვარდებიან, როდესაც ამტკიცებენ, რომ რაიმე მნიშვნელობა არათვალსაჩინო ფორმაშია მოცემული, ვინაიდან მისი მოაზრებისას თვითდაკვირვება არ ადასტურებს ცნობიერებაში სათანადო ხატის, წარმოდგენის არსებობას. ტიჩენერის მნიშვნელობის კონტექსტური თეორიის თანახმად, ყოველგვარი ცოდნა ობიექტის შესახებ აიგება გრძნობადწარმოდგენითი ელემენტების ერთობლიობიდან. ასეთ კონტექსტში არსებობს ე.წ. სენსორული ბირთვი, რომელსაც უპირატესად ძნელად შესამჩნევი კუნთური და ორგანული შეგრძნებები ქმნიან. მაშინაც, როდესაც კონტექსტის დანარჩენი ელემენტები ცნობიერებაში არაა, სენსორული ბირთვი ყოველთვის სახეზეა. ის ცნობიერებაში მთელ მნიშვნელობას წარმოადგენს და კარგად გავარჯიშებული ანალიზური თვითდაკვირვება მას აუცილებლად აღმოაჩენს. მაშასადამე, აზროვნება მაინც თვალსაჩინო, სენსორულ-წარმოდგენითი ბუნებისაა.       მთელი ეს მსჯელობა დინების წინააღმდეგ სვლა იყო, ხელოვნური და არაადეკვატური თეორიული კონსტრუქცია, რომელიც დისკრედიტირებული სენსუალისტური იდეის გადარჩენას ემსახურებოდა. ტიჩენერის ტიტანური, მაგრამ პრინციპში უნაყოფო შრომა ლოგიკურად ასრულებს ელემენტარისტული ფსიქოლოგიის ხაზს, რომელსაც მეცნიერება ჩიხში შეჰყავდა. ტიჩენერმა ეს გზა ბოლომდე გაკვალა, მაგრამ მას აღარავინ გაჰყვა. 6.3. ინტენციონალურ-ფენომენოლოგიური ფსიქოლოგია       ფრანც ბრენტანო (1838-1917), გერმანიაში გადასახლებული ძველი იტალიური გვარის ჩამომავალი, დაიბადა რაინზე მდებარე ქალაქ მარიენბერგში. ოჯახი მას თავიდანვე სასულიერო პირად ამზადებდა. მიიღო რა საფუძვლიანი საუნივერსიტეტო ფილოსოფიური და თეოლოგიური განათლება მიუნჰენში, ვიურცბურგში, ბერლინსა და მიუნსტერში, ბრენტანომ 1862 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ტიუბინგენში, ორი წლის შემდეგ კი მღვდლად ეკურთხა და დაიწყო ფილოსოფიის სწავლება ვიურცბურგის უნივერსიტეტში. ამ დროისთვის მას უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა ნაშრომი არისტოტელეს მოძღვრებაზე. უნდა ითქვას, რომ არისტოტელე ბრენტანოსთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში კერპად დარჩა. ბრენტანო აქტიურად ჩაება თეოლოგიურ დისკუსიაში პაპის უცოდველობის შესახებ. მას შემდეგ, რაც 1870 წელს ვატიკანმა მიიღო უცოდველობის დოგმა, რასაც ბრენტანო კატეგორიულად არ ეთანხმებოდა, მან ანაფორა გაიხადა და უარი თქვა პროფესორის წოდებაზე, რომელიც, როგორც მღვდელმა, მიიღო. ამიერიდან იგი მხოლოდ მეცნიერებას ემსახურებოდა. 1874 წელს გამოქვეყნდა ბრენტანოს კლასიკური ნაშრომი „ფსიქოლოგია ემპირიული თვალსაზრისით“. თუ გავიხსენებთ, რომ ამავე წელს გამოიცა ვუნდტის „ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის“ მეორე ნაწილი, შეიძლება ითქვას, რომ ეს წელი მართლაც განსაკუთრებულია ფსიქოლოგიის ისტორიისთვის, ვინაიდან ეს არის თარიღი ორი უმნიშვნელოვანესი წიგნის გამოსვლისა, რომლებმაც არსებითად განსაზღვრეს იმდროინდელი ფსიქოლოგიის სახე. ამ საეტაპო წიგნის გარდა, თავისი ფსიქოლოგიური შეხედულებები ბრენტანოს გადმოცემული აქვს კიდევ ორ ნაშრომში: „შეგრძნების ფსიქოლოგიის შესახებ“ (1907) და „ფსიქიკურ ფენომენთა კლასიფიკაციისთვის“ (1911). ისე კი ბრენტანოს ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში არც თუ ბევრი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. იგი უფრო „მოლაპარაკე“ მეცნიერი იყო, ვიდრე „მწერალი“. ბრენტანოს ლექციები ვენის უნივერსიტეტში, სადაც მან 1974 წელს დაიწყო პროფესორად მუშაობა, ძალიან პოპულარული იყო. მის მრავალრიცხოვან მსმენელთა შორის ბევრმა გაითქვა სახელი: მაგალითად, ტ. მასირაკი ჩეხეთის პრეზიდენტი გახდა, ხოლო გ. ფონ ჰეთლინგი - ავსტრიის რეიხსკანცლერი. ხოლო მეცნიერთაგან საკმარისია დავასახელოთ ისეთი თვალსაჩინო მოაზროვნეები, როგორიცაა ზ. ფროიდი (ფსიქოანალიზის ავტორი), ე. ჰუსერლი (ფენომენოლოგიური ფილოსოფიის ავტორი), კ. შტუმფი (ბერლინის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი), ა. მაინონგი და ქ. ერენფელსი (გრაცის ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებლები). ვენაში ბრენტანომ ოც წელს იმუშავა. პედაგოგიური საქმიანობიდან წასვლის შემდეგ იგი ათ წელს ცხოვრობდა ფლორენციაში, შემდეგ ციურიხში. ავადმყოფობის მიუხედავად, ბრენტანო სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდა მუშაობას ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში.       ბრენტანო, ვუნდტის მსგავსად, პირველ ყოვლისა იმაზე ზრუნავდა, რომ ფსიქოლოგია დამოუკიდებელ ემპირიულ მეცნიერებად დაემკვიდრებინა. ამიტომ მის წინაშეც ბუნებრივად დადგა ფსიქოლოგიის საგნის პრობლემა, სახელდობრ, საკრამენტული საკითხი ფიზიკურისა და ფსიქიკურის გამიჯვნის შესახებ. ბრენტანომ მისი გადაჭრა სხვა გზით სცადა. როგორც ვნახეთ, ვუნდტისთვის ფიზიკური და ფსიქიკური სინამდვილე ერთიანია - ეს არის უშუალო გამოცდილება, რომელშიც ბუნებისმეტყველებისა და ფსიქოლოგიის საგანთა გამოცალკევება სხვადასხვა თვალსაზრისის საფუძველზე ხდება. რეალობა, მასალა ერთია, განსხვავებულია გნოსეოლოგიური პოზიცია.       ბრენტანოს მიაჩნდა, რომ თვალსაზრისის პრინციპი არ არის საკმარისი. ამ მეცნიერებათა ეპისტემოლოგიური დაფუძნებისთვის მათ იმთავითვე საკუთარი ობიექტი, საგანი უნდა მოეძებნოს. იგი თითქოს ნახულობს კიდეც ასეთ საგანს გამოცდილების იმანენტურ სტრუქტურაში. ამისთვის არ არის საჭირო გამოცდილების (ცნობიერების) სხვადასხვა თვალსაზრისით ანალიზი; საკმარისია მისი განხილვა ისე, როგორც ის ბუნებრივად არის მოცემული. თუ ასე შევხედავთ, დავინახავთ, რომ ემპირიულად მოცემული გამოცდილება არ შედგება მხოლოდ შინაარსებისაგან, რომელთაც ტრადიციული ფსიქოლოგია ხატების, წარმოდგენებისა თუ სხვა, ე.წ. ფსიქიკური მოვლენების სახით წარმოაჩენდა. გამოცდილება, პირველ რიგში, შედგება ე.წ. აქტებისაგან. აქტები ცნობიერების პირველადი მოცემულობაა. თითოეული აქტი ყოველთვის რაიმე შინაარსს გულისხმობს, ის აუცილებლად რაიმე ობიექტზეა მიმართული. აქ ბრენტანოს შემოაქვს შუა საუკუნეების სქოლასტიკიდან ნასესხები ტერმინი ინტენცია, რომელიც ცნობიერების რაიმე საგანზე მიმართულობას აღნიშნავს. თვითონ ინტენციის საგანი, ანუ შინაარსი, ფსიქოლოგიის ობიექტი არ არის. საკუთრივ ფსიქიკური ფენომენი არის ინტენციონალური აქტი. ფერი არ არის ფსიქიკური; ფსიქიკურია ხედვა, ხედვის აქტი. ან კიდევ, როდესაც ადამიანს სიტყვა ესმის, მისი ცნობიერება ბგერით-მატერიალური გარსის მიღმა იმ საგნისკენ მიემართება, რომელსაც ის აღნიშნავს. სიტყვის გაგება არის აქტი და, მაშასადამე, ფსიქიკური ფენომენი. ის დაირღვევა, თუკი თავად აქტს აკუსტიკური გამღიზიანებლისა (ბგერის) და მის მიერ აღნიშნული ფიზიკური საგანისაგან დამოუკიდებლად განვიხილავთ. ინტენციონალური აქტი მათზეა მიმართული და მათ გულისხმობს, მაგრამ არც გამღიზიანებელი და არც საგანი თავისთავად, ფსიქოლოგიის შესასწავლ სფეროს არ მიეკუთვნება. ერთი სიტყვით, შინაარსები, რომლებზეც აქტებია მიმართული, ბუნებისმეტყველების საკვლევ სფეროს შეადგენს, აქტები - ფსიქოლოგიისას. ამრიგად, აქტისა და მისი შინაარსის ანალიზის გზით, ბრენტანო ბუნებისმეცნიერებათა და ფსიქოლოგიის დიფერენციაციამდე მიდის.       ნათქვამი სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ბუნების ობიექტები თავისთავად, ცნობიერების გარეშე და მისგან დამოუკიდებლად არსებობენ. ერთადერთი, რისი დარწმუნებით თქმაც შეუძლია ცნობიერების ფსიქოლოგიას და მასზე დამყარებულ „მეცნიერულ ფილოსოფიას“, არის ის, რომ მათი მოცემულობის ფორმა ყოველთვის აქტის შინაარსად ყოფნაა. ფიზიკური მოვლენები ყოველთვის ფსიქიკური ინტენციის ობიექტებია. თვითონ მათ ინტენციონალობის ნიშანი არ ახასიათებთ. ფიზიკური ობიექტები არ არიან აუცილებლად რაიმეზე მიმართული. ინტენციონალობა ფსიქიკური მოვლენების (აქტების) განსაკუთრებული თვისებაა. ფიზიკურსა და ფსიქიკურს შორის პირველი განმასხვავებელი ნიშანი ფსიქიკურის იმანენტური ინტენციონალობაა. ამ აზრს ავტორი მკაფიოდ აყალიბებს: „ყოველი ფსიქიკური ფენომენი ხასიათდება იმით, რასაც შუა საუკუნეების სქოლასტები საგნის ინტენციურ (ან მენტალურ) შინაგან არსებობას უწოდებდნენ და რისთვისაც ჩვენ შეგვეძლო გვეწოდებინა შინაარსისადმი მიმართება, ობიექტზე მიმართულობა ... ყოველი ფსიქიკური ფენომენი რაიმეს შეიცავს, როგორც თავის ობიექტს, თუმცა ყველა ერთგვარად არა. ამის მიხედვით წარმოდგენაში უთუოდ რაღაცის წარმოდგენა ხდება, მსჯელობაში - დადასტურება ან უარყოფა, სიყვარულში - შეყვარება, სიძულვილში - შეძულება და ა.შ.“.       მოყვანილი გამონათქვამის მეორე ნახევარში მოცემული მსჯელობა, არსებითად, ეხება ფსიქიკური მოვლენების კლასიფიკაციის საკითხს. ბრენტანო ამტკიცებს, რომ ცნობიერების აქტებში შინაარსის მოცემულობის სხვადასხვა ფორმა არსებობს. ამის მიხედვით იგი აქტების სამ სახეობას გამოყოფს: იდეაციის, განსჯისა და გრძნობის აქტებს. იდეაციის აქტებში (შეგრძნება, წარმოსახვა) საგანი ხატის ან წარმოდგენის სახით არის მოცემული. წარმოდგენა ყველა ფსიქიკური ფენომენის საფუძველია. არ შეიძლება იმსჯელო და არ გქონდეს წარმოდგენა, რაზეა მსჯელობა; არ შეიძლება გიყვარდეს და იმის წარმოდგენა არ გქონდეს, თუ ვინ გიყვარს, ისურვო - სურვილის ობიექტის წარმოდგენის გარეშე და ა.შ. განსჯის აქტებში ხდება დადასტურება ან უარყოფა, შემჩნევა ან მოგონება. აქ აქტის შინაარსი მოცემულია ჭეშმარიტ-მცდარობის განზომილებაში. დაბოლოს, გრძნობის აქტებში საგანი ფასდება, როგორც სასურველი ან მავნე. როგორც ვხედავთ, ცნობიერების მოვლენები ამ შემთხვევაშიც სამ კლასად იყოფა, ოღონდ აქ იგულისხმება არა ფსიქიკური შინაარსები ან სტრუქტურის ელემენტები, არამედ ფსიქიკური პროცესები, აქტები - აქტი აღქმისა, აქტი აზროვნებისა, აქტი ემოციისა.       ამრიგად, ბრენტანოს თვალსაზრისით, ფსიქიკური მოვლენები არის აქტები, აქტის ძირითადი თვისება კი მისი ინტენციონალობაა. გარდა ამისა, აქტს კიდევ აქვს სხვა თვისებები, რომელთა გარეშე მისი ცნობიერი ფენომენის სახით გააზრება შეუძლებელია. საქმე ისაა, რომ, განსაზღვრების თანახმად, აქტში შინაარსი ცნობიერდება, როგორც ინტენციის საგანი, ხოლო ის, რაზეც მიმართულია აქტი (შინაარსი, საგანი) არაფსიქიკურია (ფიზიკურია). მაშინ დგება საკითხი თვით აქტის გაცნობიერების შესახებ. ფაქტია, რომ თუნდაც განსჯის აქტი ცნობიერია, მაგრამ როგორ ხდება ის ცნობიერი? თუ ამ აქტის გასაცნობიერებლად მეორე აქტია საჭირო, მაშინ ეს პირველი აქტი (აზროვნება) სხვა აქტის შინაარსად (საგნად) იქცევა. ამით მას ავტომატურად დაეკარგება ფსიქიკურობის ნიშანი და ფიზიკურ მოვლენად გადაიქცევა, რაც წარმოუდგენელია. გარდა ამისა, თუ მივიღებთ დებულებას, რომ აქტის გაცნობიერება სხვა აქტის მეშვეობით ხდება, მაშინ აქტის გამაცნობიერებელ აქტსაც დასჭირდება გაცნობიერება და შესაბამისი აქტი, ამ უკანასკნელს კიდევ თავისი და ასე, უსასრულოდ. ერთი სიტყვით, აქტის გაცნობიერება შეუძლებელი გახდება.       ამ სირთულეებიდან თავის დასაღწევად ბრენტანოს ფსიქიკურის კიდევ ერთი არსებითი ნიშანი შემოაქვს. მისი აზრით, ფსიქიკურს და ფიზიკურს ისიც განასხვავებს, რომ ერთი ე.წ. შინაგანი აღქმით არის მოცემული, მეორე კი - გარეგანი აღქმით. ფსიქიკურის (აქტის) შინაგან აღქმაში მოცემულობის თეზისი იმ მტკიცებიდან გამომდინარეობს, რომ აქტები ორმიმართულებიანი ფსიქიკური ფენომენებია. ერთი მხრივ, ისინი მიმართული არიან სხვაზე (შინაარსზე, საგანზე) და ეს არის გარეგანი აღქმა, ხოლო მეორე მხრივ - თავის თავზე, რაც შინაგანი აღქმაა. ყოველ აქტს ასეთი თვისება აქვს: ის აცნობიერებს არაფსიქიკურ შინაარსებს და, იმავდროულად, თვით ამ ფსიქიკურ აქტს. ჩვენ არა მარტო რაიმეს გავიაზრებთ, არამედ ვიცით, რომ ვაზროვნებთ; არა მხოლოდ გვიყვარს ვინმე, არამედ ვაცნობიერებთ, რომ შეყვარებულები ვართ. აქტი უშუალოდ არის მოცემული თვითცნობიერებაში. აქტი და მისი თვითგანცდა, არსებითად, ერთი და იგივე პროცესია, ამიტომ აქტის გასაცნობიერებლად სხვა აქტი საჭირო არ არის. აქტის თვითგანცდა მოიცავს როგორც თვითწარმოდგენას, ისე თვითშემეცნებასა და თვითგრძნობას.       ფსიქიკურის შინაგან აღქმაში მოცემულობას მჭიდროდ უკავშირდება ფსიქიკურის კიდევ ერთი სპეციფიკური ნიშანი. ეს არის მისი უშუალო, ნამდვილი და უეჭველი არსებობა, ანუ ე.წ. ევიდენტურობა. გარეგანი აღქმის საგნები, როგორც ბუნებისმეტყველების მოვლენები, ყოველთვის ინტენციონალურად არის მოცემული. ისინი თვითონ არ წარმოადგენენ ფსიქიკას და მის გარეთ არსებულად იგულისხმებიან. არის თუ არა მათი ცნობიერებაში მოცემულობა იმის ადექვატური, რაც ისინი სინამდვილეში არიან, ყოველთვის კითხვის ქვეშაა. აქ შესაძლებელია შეცდომები, ილუზიები, ჰალუცინაციები. რაიმე საგანი შეიძლება სულ სხვა საგნად მოგვეჩვენოს, მაგრამ ფსიქიკურ მოვლენაზე, აქტზე, განცდაზე ეს არ ვრცელდება. ფსიქიკური აქტი ნამდვილად ისეთია, როგორც ის განიცდება. არ შეიძლება გქონდეს რაიმე განცდა და აღმოჩნდეს, რომ ეს განცდა არა გაქვს. შინაგან აღქმაში მოცემული ფსიქიკური მოვლენები უეჭვლად და რეალურად არსებობენ თავისი ნატურალური სახით. ბრენტანო ასე ამბობს: „შემეცნება, სიხარული, სურვილი არიან ნამდვილად; სინათლე, ბგერა, სითბო - მხოლოდ ფენომენალურად და ინტენციონალურად“.       ფსიქიკურის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი მისი სპეციფიკური მთლიანობაა. ფიზიკური და ფსიქიკური მოვლენები სხვადასხვაგვარად უკავშირდება ერთმანეთს და განსხვავებულ მთლიანობებს ქმნიან. აღქმაში ერთდროულად მოცემული შინაარსი (ფერი, ტონი, სუნი და სხვა) შეიძლება სხვადასხვა ფიზიკურ ობიექტებს თუ ნივთებს მივაკუთვნოთ, მაგრამ მათი შესაბამისი აღქმის აქტები (ხედვა, სმენა, ყნოსვა) და მათთან დაკავშირებული გრძნობები, მოგონებები, მსჯელობები ერთ მთლიან ფსიქიკურ მოვლენას ქმნის და ამ ფსიქიკური ტოტალობის ნაწილობრივ ფენომენებად განიცდება. ცნობიერებას, როგორც აქტების მთლიანობას, ბრენტანო ადარებს მდინარეს, სადაც ერთი ტალღა მეორეს მიჰყვება.       ბოლო ნიშანი, რომლითაც ფსიქიკური ხასიათდება, მისი განუფენლობაა. ფიზიკური მოვლენა ყოველთვის სივრცეშია მოცემული, ანუ განფენილია, ფსიქიკურს კი სივრცესთან არაფერი აქვს საერთო.       ასეთია ბრენტანოს შეხედულება ფსიქიკის შესახებ. ფსიქიკის შემსწავლელი მეცნიერება - ფსიქოლოგია - ემპირიული მეცნიერებაა. ის რეალურად არსებულ, სუბიექტურ გამოცდილებაში მოცემულ ცნობიერების მოვლენებს იკვლევს, მაგრამ ეს მოვლენები ცნობიერების შინაარსები კი არ არის, არამედ ცნობიერების აქტები, ოპერაციები. ვუნდტი (და საზოგადოდ სტრუქტურალიზმი) ექსპერიმენტული პროცედურების მეშვეობით უშუალო გამოცდილების სტრუქტურის, მისი შემადგენელი შინაარსების რაგვარობისა და თვისებების შესწავლას შეეცადა, ხოლო ბრენტანომ ფსიქოლოგიური კვლევის ძირითად გზად უშუალო გამოცდილების სისტემატური დაკვირვება ჩათვალა. ეს დაკვირვება არ გულისხმობს ლაბორატორიულ, ხელოვნურ პროცედურებს ფსიქიკურ მოვლენებზე და აქტების ბუნებრივი მიმდინარეობის შესწავლის შესაძლებლობას იძლევა. ექსპერიმენტული და ანალიზური ინტროსპექცია აუცილებლად ამახინჯებს ფსიქიკური მოვლენების ბუნებრივ სახეს. ესმოდა რა ტრადიციული თვითდაკვირვების ნაკლოვანებებიც, ბრენტანო გვთავაზობდა აქტების შესწავლის სხვადასხვა ხერხს. მაგალითად, შესაძლებელია აქტის კვლევისას გამოვიყენოთ მეხსიერება და ფანტაზია. ერთ შემთხვევაში ვიხსენებთ, თუ რა განცდები ერთვოდა, ვთქვათ, იდეაციის აქტს, ხოლო მეორეში წარმოვიდგენთ ამ აქტს და ვაკვირდებით მის თანმხლებ ფსიქიკურ მდგომარეობებს. ასეა თუ ისე, ბრენტანოს აზრით, ნამდვილმა ემპირიულმა ფსიქოლოგიამ ფსიქიკური აქტები უნდა შეისწავლოს ცალკეული ელემენტების ანალიზისა და საერთოდ რაიმე წინასწარი მოლოდინებისა თუ ვარაუდების გარეშე, ანუ ისე, როგორც უშუალო გამოცდილებაშია მოცემული. კვლევის ასეთ მეთოდოლოგიას ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში, განსაკუთრებით ჰუსერლის შემდეგ, ფენომენოლოგია ეწოდა და მან დიდი გავლენა მოახდინა ჩვენი მეცნიერების ისტორიულ განვითარებაზე.       ინტროსპექციული კვლევის ეს ორი მეთოდოლოგია გახდა იმ მწვავე დისკუსიის მიზეზი, რომელიც ოთხმოცდაათიან წლებში მიმდინარეობდა ვუნდტსა და ბრენტანოს მოწაფეს, შტუმფს შორის. კარლ შტუმფი (1848-1936) იმ დროისთვის უკვე სახელგანთქმული მეცნიერი იყო. მან დააარსა ფსიქოლოგიური ინსტიტუტები მიუნხენისა და ბერლინის უნივერსიტეტებთან. მის მოწაფეთა შორის იყვნენ ე. ჰუსერლი და გეშტალტფსიქოლოგიური მიმართულების ყველა წამყვანი ფიგურა: მ. ვერთჰაიმერი, ვ. კიოლერი, კ. კოფკა, კ ლევინი. შტუმფის დიდ ავტორიტეტზე მეტყველებს ის, რომ იგი აირჩიეს ფსიქოლოგთა მესამე საერთაშორისო კონგრესის პრეზიდენტად (მიუნჰენი 1896). შტუმფის კვლევის ძირითად საგანს მუსიკალური ტონების ფსიქოლოგია შეადგენდა. ამ თემატიკაში გაერთიანდა მისი ცხოვრების ორი უმთავრესი ინტერესი - მეცნიერება და მუსიკა. თავადაც კარგი მუსიკალური განათლების მქონე შტუმფი (წერდა მუსიკას და უკრავდა რამდენიმე ინსტრუმენტზე) ემპირიულ კვლევაში უპირატესობას პროფესიონალ მუსიკოსთა გამოცდილებას, დაკვირვებას, განცდას ანიჭებდა. ვუნდტი კი, როგორც ვიცით, თვითდაკვირვებაში გაწაფულ ფსიქოლოგებს ენდობოდა. შტუმფის აზრით, ეს ცდისპირები ხელოვნურად შლიდნენ უშუალო გამოცდილებას ელემენტებად და უკარგავდნენ მას ბუნებრიობას. ფენომენოლოგიურად ორიენტირებული ექსპერტი მუსიკოსები სმენასთან დაკავშირებულ განცდას მის ნამდვილ მოცემულობაში აღწერდნენ.       შტუმფის თეორიული შეხედულება, პრინციპში, ბრენტანოს ხაზს აგრძელებს. მისი აზრით, ფსიქოლოგიის შესასწავლი საგანია ე.წ. ფსიქიკური ფუნქციები. შტუმფის ფუნქციის ცნება ბრენტანოს აქტის ექვივალენტურია. ამა თუ იმ ფუნქციის სახელწოდებაში მოცემულია იმ ოპერაციის, მოქმედებისა თუ პროცესის თავისებურება, რომელიც მიმართულია რაიმე მოვლენაზე (შინაარსზე): აღქმა, შემჩნევა, მსჯელობა, დაჯგუფება, გაგება, მონდომება, უკუგდება, განზრახვა და სხვა. შტუმფმა, ამავე დროს, ყურადღება გაამახვილა იმ ფსიქიკურ მოვლენებზე (ხატები, წარმოდგენები, აზრები და ა.შ.), რომელთა სტატუსი ბრენტანოს სისტემაში ბოლომდე არ იყო გარკვეული. საქმე ისაა, რომ ბრენტანომ ფსიქიკურ მოვლენებს აქტის იმანენტურ სტრუქტურაში მოუნახა ადგილი მისი ინტენციონალური შინაარსის სახით. ყოველი აქტი მიმართულია მოვლენაზე, როგორც თავის შინაარსზე, მაგრამ საკუთრივ შინაარსი ფსიქიკური არ არის; ფსიქიკურია მხოლოდ აქტი, მოვლენებს კი შეისწავლის ბუნებისმეტყველება. ეს კონსტრუქცია გაუგებრობათა წყაროდ იქცა. გამოდის, რომ აქტი, თავისი შინაარსით (მოვლენით), ფსიქოლოგიის კვლევის საგანია, ხოლო ცალკე მოვლენა, რომელიც აქტისაგან დამოუკიდებლად არც განიხილება - ბუნებისმეტყველებისა. აქტის ცნების შემოტანა უდავოდ ამდიდრებს ცნობიერების ანალიზს, რომელიც, შინაარსების ფსიქოლოგიის მიხედვით, მხოლოდ მოვლენებისაგან შედგებოდა, მაგრამ აქტის ცნებამ არ უნდა განდევნოს ფსიქოლოგიიდან ფსიქიკური მოვლენები. ვაშლის ყურება (აქტი) და ვაშლის ხატი (მოვლენა) ერთადაა და ორივე ფსიქოლოგიის ფარგლებში მოიაზრება. ფსიქოლოგიის გარეთ შეიძლება დარჩეს „ობიექტურად არსებული“ ვაშლი, რომლის რეალურ არსებობა-არარსებობაზე მსჯელობას ბრენტანო შეუძლებლად მიიჩნევს და მას მხოლოდ ინტენციის ობიექტად განიხილავს; ამ ობიექტს კი ბუნებისმეტყველება შეისწავლის. აქ თავისთავად იბადება კითხვა: ვინ უნდა შეისწავლოს ვაშლის ფსიქიკური ხატი - ბოტანიკამ?! კიდევ უფრო მეტი უხერხულობა იქმნება, თუ ამ ლოგიკით წარმოსახვის აქტზე ვისაუბრებთ. კენტავრი ფანტაზიის აქტის ინტენციის ობიექტია. საკითხავია, რომელი საბუნებისმეტყველო დისციპლინის კვლევის საგანს წარმოადგენს იგი - იქნებ ზოოლოგიის?! მითოლოგიური არსებები ბუნებაში არ გვხვდებიან, ამიტომ, შინაარსის მხრივ, ისინი ბუნების კი არა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კომპეტენციაში შედიან, რომელთა შესახებ ბრენტანო სულ არაფერს გვეუბნება. უფრო მნიშვნელოვანი აქ ის არის, თუ რა ფსიქიკურ ფორმაშია მოცემული ეს შინაარსი. ამ შემთხვევაში იგი წარმოდგენის სახით გვეძლევა. რეალურ საგანს წარმოიდგენთ თუ არარეალურს, წარმოდგენა რჩება წარმოდგენად, ანუ გარკვეულ ფსიქიკურ მოვლენად. ის განსხვავდება ფსიქიკური აქტისაგან (წარმოსახვის ან მოგონების პროცესი) და, ამ უკანასკნელთან ერთად, უთუოდ ფსიქოლოგიის კომპეტენციაში შედის. ამიტომ ფსიქოლოგიის საგნის შემოსაზღვრა აქტებით უმართებულოა.       შტუმფის ცნობიერების ფაქტების ცნობილი კლასიფიკაცია ნაწილობრივ ხსნის ამ სირთულეებს. ფუნქციებთან ერთად და პირველ რიგში, გამოიყოფა ე.წ. ფსიქიკური მოვლენები (ფენომენები). ისინი ცნობიერების გრძნობად მონაცემებს (ფერები, ტონები, ხატები, ტკივილისა თუ სიამოვნება-უსიამოვნების განცდები და ა.შ.) და მათ რეპროდუქციულ ფორმებს ანუ წარმოდგენებს აერთიანებენ. მოვლენები მიეკუთვნება სპეციალურ მეცნიერებას, ფენომენოლოგიას [1], რომელიც არის ფიზიკისა და ფსიქოლოგიის წინა დისციპლინა, მათი პროპედევტიკა. მოვლენების ცნობიერებაში მოცემულობა ყოველგვარი მეცნიერების - საბუნებისმეტყველოსი თუ გონითის (ანუ ჰუმანიტარულის) პირობაა. შტუმფი გამოყოფს მეცნიერებათა ორ ჯგუფს. პირველი ჯგუფის ცენტრალური დისციპლინა ფიზიკაა, მეორისა - ფსიქოლოგია. ამდენად, ფიზიკაც და ფსიქოლოგიაც მოვლენათა შესახებ მონაცემებით საზრდოობს. ფიზიკა, მათზე დაყდნობით, მიემართება ობიექტური სინამდვილის პროცესებისკენ, რომელთა არსებობასაც ის მოვლენათა მიღმა უშვებს. ფსიქოლოგია მიემართება მოვლენებთან დაკავშირებული ფსიქიკური ფუნქციებისკენ. სწორედ ეს უკანასკნელნი, როგორც ითქვა, შეადგენენ საკუთრივ ფსიქოლოგიის საკვლევ სფეროს.       განასხვავებდა რა ცნობიერების მოვლენებსა და ფუნქციებს, შტუმფი თვლიდა, რომ ისინი ერთმანეთზე დამოკიდებული არ არიან და დამოუკიდებლად ცვალებადობენ. ამ დებულების დასაბუთებას იგი ფენომენოლოგიური ანალიზით ცდილობს. ერთი მხრივ, შეიძლება ფუნქცია იცვლებოდეს, ხოლო მოვლენა უცვლელი იყოს. ამის მაგალითია ის შემთხვევები, როცა ჩვენ ვამჩნევთ ადრე შეუმჩნეველ ფენომენს, თუმცა ის ობიექტურად არ შეცვლილა: უცებ ყურადღებას მივაქცევთ საათის რეკვას ან ცალკე ტონს აკორდში. აქ ფუნქცია შეიცვალა და არა გამღიზიანებელი, ანუ მოვლენა. მეორე მხრივ, შეიძლება პირიქითაც მოხდეს - მოვლენა შეიცვალოს ფუნქციისაგან დამოუკიდებლად. ამაზე ის ფაქტები მიგვითითებენ, როცა გამღიზიანებლის თანდათანობითი, უწყვეტი ცვლილების პირობებში მისი ცვალებადობის დისკრეტული, ან უცაბედი განცდა გვიჩნდება. ასე ხდება, მაგალითად, როდესაც შეუმჩნევლად შემოგვეპარება ბინდი, თუ სხვა რამეზე გვაქვს მიმართული ყურადღება. შტუმფის ანალიზით, ამ შემთხვევაში ჩვენ თანდათან განვიცდიდით მოვლენის ცვალებადობას (სინათლის კლებას), მაგრამ ვერ ვამჩნევდით ამას, ვინაიდან ყურადღება (ანუ ფუნქცია) მყარად და უცვლელად იყო მიპყრობილი სხვა საგანზე.       ადვილი დასანახია, რომ ეს მსჯელობა შეუმჩნეველი ანუ არაცნობიერი ფსიქიკური ფენომენების არსებობას გულისხმობს. მართლაც, შტუმფი ახალი ფსიქოლოგიის იმ შედარებით მცირერიცხოვან ავტორებს მიეკუთვნება, ვინც აღიარებს არაცნობიერ ფსიქიკურ მოვლენებს. ჩვენი ანალიზის კონტექსტში კი მთავარი ის არის, რომ შტუმფმა სცადა ზოგადად ფსიქიკური მოვლენებისა და შინაარსების ერთგვარი რეაბილიტაცია და ისინი ფიზიკისა და ფსიქოლოგიის საფუძვლადმდებარე მეცნიერებაში - ფენომენოლოგიაში მოათავსა. ეს, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესია, ვიდრე მათი შეტანა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, როგორც ეს ბრენტანოსთანაა. ამავე დროს, დაუქვემდებარა რა ისინი სხვადასხვა მეცნიერებას, შტუმფმა რადიკალურად გამიჯნა ერთმანეთისაგან ცნობიერების მოვლენები და ფუნქციები, თუმცა არათუ ლოგიკა, უბრალოდ საღი აზრიც მოითხოვდა მათ განხილვას ერთი დისციპლინის ფარგლებში. ეს მართლაც ასეა, ვინაიდან, ბოლოს და ბოლოს, ორივე მათგანი ფსიქიკურ რეალობას მიეკუთვნება - ცნობიერს თუ არაცნობიერს. ფსიქოლოგიამ, საბოლოოდ, აქტებიც (ფუნქციები) და მოვლენებიც (შინაარსები) თავისი შესწავლის ობიექტად აქცია. ამით ერთგვარად მოიხსნა ბრენტანოდან წამოსული დაპირისპირება შინაარსისა და აქტის ფსიქოლოგიას შორის და გზა გაეხსნა კონკრეტულ კვლევებს ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის სხვადასხვა ცენტრებში.       ამ კონტექსტში აღსანიშნავია ედმუნდ ჰუსერლის (1859-1938) ღვაწლი. მან გარკვევით განაცხადა, რომ აქტებიც (მისი ტერმინოლოგიით „ინტენციონალური განცდები“) და მათი შინაარსებიც („გრძნობადი მონაცემები“) ერთ სფეროს, კერძოდ, ცნობიერებას ეკუთვნის. ამ შინაარსების მიღმა იგულისხმება „საგნები“, რომლებიც ბუნებისმეტყველებისა და გონისმეცნიერების ინტერესის სფეროს შეადგენენ. ჰუსერლის მაგალითში ისინი ნათლად იმიჯნება. რაიმე საგანი, ვთქვათ კოლოფი, აღქმის აქტში შეიძლება სრულიად განსხვავებული გრძნობადი შინაარსით იყოს მოცემული: მას, შესაძლებელია, ვუყურებდეთ სხვადასხვა მხრიდან, ვსინჯავდეთ ხელით, ვყნოსავდეთ და ა.შ. ასეთ დროს საგანი ერთი და იგივე რჩება, მაგრამ იცვლება გრძნობადი მონაცემები. იგივე ხდება სხვა აქტების დროსაც, მაგალითად ამ საგნის გააზრების შემთხვევაში. აქ თითქოს ყველაფერი გარკვეულია, გარდა ერთისა, რასაც ფსიქოლოგიის საგნის განსაზღვრის კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, კერძოდ, რომელი დისციპლინა უნდა შეისწავლიდეს ინტენციონალურ განცდებს (აქტები, ფუნქციები) და გრძნობად მონაცემებს (ფსიქიკური მოვლენები, შინაარსები)? ბუნებრივი პასუხი თითქოს ნათელია - ფსიქოლოგია, მაგრამ სწორედ ამას ეწინააღმდეგება ჰუსერლი. ფენომენოლოგიური ფილოსოფიის ფუძემდებლის განწყობა ზოგადად ანტიფსიქოლოგიური იყო. იგი ებრძოდა ფსიქოლოგიზმს და სურდა გაეწმინდა ფილოსოფიური შემეცნება ფსიქოლოგიის ყოველგვარი შინაარსისაგან. მიისწრაფოდა რა ცნობიერების საყოველთაო, წმინდა ან ტრანსცენდენტური სტრუქტურების გამოვლენისკენ, ჰუსერლმა შეიმუშავა ფენომენოლოგიური მეთოდი, რომელიც ე.წ. „რედუქციის პროცედურებს“ გულისხმობს. მათი არსი იმაშია, რომ „ნატურალისტურ განწყობათა“ გადალახვით გამოიყოს ცნობიერება, როგორც ანალიზის ერთადერთი ობიექტი და შემდგომ თვითონ ცნობიერება გაიწმინდოს ყოველგვარი კულტუროლოგიური, პირველ ყოვლისა, ემპირიულ-ფსიქოლოგიური გამოცდილებისაგან.       ჰუსერლის ურთულეს მოძღვრებაში ფსიქოლოგიისა და ფენომენოლოგიის, როგორც ფილოსოფიის ურთიერთობის პრობლემა სათანადოდ ვერ გადაწყდა. ჰუსერლის პოზიცია ამ საკითხში შემოქმედების სხვადასხვა ეტაპზე იცვლებოდა. ვუნდტიდან მომდინარე ემპირიულექსპერიმენტულ ფსიქოლოგიას იგი თავიდანვე არ ცნობდა მისი ნატურალიზმისა და საბუნებისმეტყველო ელფერის გამო. ჰუსერლის აზრით, ბუნების შემსწავლელი მეცნიერებებისადმი მიბაძვა ფსიქოლოგიას ღუპავს და მუდმივი კრიზისის მდგომარეობაში აყენებს. ფენომენოლოგიური რედუქცია საშუალებას იძლევა „გამოირთოს“, „ფრჩხილებში ჩაისვას“ ტრადიციული ფსიქოლოგია, რათა გზა გაეხსნას ნამდვილ ფსიქოლოგიას. მაგრამ ამ ნამდვილი, ანუ ფენომენოლოგიური ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერული დისციპლინის შესაძლებლობათა დასაბუთება ჰუსერლმა ვერ შეძლო და, საბოლოო ჯამში, იგი ფენომენოლოგიასთან, ანუ ფილოსოფიასთან გააიგივა. მხოლოდ ამ უკანასკნელის ფარგლებშია შესაძლებელი წმინდა ცნობიერების ან წმინდა სუბიექტურობის პირდაპირი ჭვრეტა, მისი არსებითი მხარეების გათვალისწინება, ინტუიციური წვდომა. ცნობიერების შემეცნების ყოველგვარი სხვა გზა აუცილებლად მარცხს განიცდის. მაშასადამე, ასე კარგად დახასიათებული ფსიქიკური აქტიც და მოვლენაც, საბოლოოდ, ფენომენოლოგიური ფილოსოფიის „საკუთრებად“ იქცევა, ხოლო ფსიქოლოგია უსაგნოდ რჩება; იგი, როგორც მეცნიერება, არსებითად, უქმდება.       ფსიქოლოგიის ისტორიის თვალსაზრისით, ეს იყო უკუსვლა, ფილოსოფიაში დაბრუნება, და ეს მაშინ, როდესაც მეცნიერული აზრის მთავარი ვექტორი სწორედ საპირისპიროდ იყო მიმართული. აქტიურად მიმდინარეობდა ფსიქოლოგიის, როგორც ცალკე დისციპლინის, მეცნიერებათა სისტემაში დამკვიდრების პროცესი. ამ მხრივ ფსიქოლოგიურ მეცნიერებას უკვე ჰქონდა მიღწევები როგორც ემპირიული მონაცემების მოპოვების, ისე მათი თეორიული გააზრების სარბიელზე. მოგვიანებით, ჰუსერლის იდეებმა გამოხმაურება ჰპოვა ე.წ. ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის ფარგლებში, რომელიც არასდროს ყოფილა ფსიქოლოგიის განვითარების მაგისტრალური ხაზი.       რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ფენომენოლოგიას, ის გულისხმობს ცნობიერების კვლევის მეთოდს, რომელიც ფსიქოლოგიურ დონეზე გამოიყენება. ამ გაგებით, იგი უნდა განვასხვავოთ ფილოსოფიური ანუ ტრანსცენდენტური ფენომენოლოგიისაგან, რომელიც მიმართულია მოვლენების არსზე და საბოლოო სინამდვილის ცოდნაზე. ფსიქოლოგი, რომელიც ფენომენოლოგიურ მეთოდს იყენებს, უბრალოდ ცდილობს, განიხილოს სულიერი მოვლენა ისე, როგორც ის უშუალოდ არის მოცემული განცდაში. ეს არის ერთგვარი დაკვირვების მცდელობა იმ წინასწარი დაშვებებისა და ვარაუდების გარეშე, რომლებსაც შეუძლიათ დაამახინჯონ უშუალო გამოცდილება ჩვენი თეორიებისა თუ დოგმების შესაბამისად. პირველ რიგში ამით განსხვავდება იგი ექსპერიმენტული ინტროსპექციისაგან, რომლის დროსაც კარგად გაწაფული დამკვირვებელი, გარკვეული სტიმულაციის შემთხვევაში, გადმოსცემს თავის შთაბეჭდილებებს და ცდილობს, დაიყვანოს ისინი უმარტივეს მენტალურ ელემენტებამდე, დაადგინოს მათი თვისებები. ფენომენოლოგიური დაკვირვებისას კი არ არსებობს არავითარი წინასწარი ვარაუდი, რომელიც ეხება შთაბეჭდილებათა რაგვარობას ან თვისებათა ერთობლიობას. უფრო მეტიც, ინტროსპექტულ პასუხებში ობიექტები და მნიშვნელობები მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს, რათა, ტიჩენერის თქმით, არ მოგვივიდეს „სტიმულის შეცდომა“, ხოლო ფენომენოლოგიური კვლევისას ისინი არსებითია. ფენომენოლოგიას აინტერესებს სტიმულებისა და სიტუაციების ის მნიშვნელობები, რომლებიც მათ დამკვირვებლისთვის აქვთ.       ფენომენოლოგიური აღწერის სისტემატური და ეფექტური გამოყენების პირველ მაგალითებს XIX საუკუნის დასაწყისში ვხვდებით. ასეთებია ი. გოეთესა და ი. პურკინიეს კვლევები მხედველობითი აღქმის სფეროში. მოგვიანებით, ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ჩამოყალიბების შემდეგ, ამ მეთოდს მიმართავდენენ ე. ჰერინგი, კ. შტუმფი, გ.ე. მიულერი, ვ. ფენდერი, თ. რიბო და სხვა. XX საუკუნის დასაწყისში ფენომენოლოგიური კვლევა ახალ საფეხურზე აიყვანეს დ. კაცმა და მ. ვერთჰაიმერმა. მათი ნაშრომები ფერისა და მოძრაობის აღქმას მიეძღვნა. ამ კლასიკურ გამოკვლევებში განხორციელდა ლაბორატორიული ტექნიკისა და ფენომენოლოგიური აღწერის ორგანული შერწყმა, რამაც მოგვიანებით ექსპერიმენტული ფენომენოლოგიის სახელწოდება მიიღო. აქ საქმე გვაქვს უშუალო გამოცდილების, განცდის ისეთ თავისებურებათა გამოვლენასთან, რაც პირდაპირ არ გამოიყვანება ფიზიკური სტიმულების თვისებებიდან. ასე აღმოაჩინეს ბევრი საინტერესო ფენომენი ვიზუალური აღქმის სფეროში (კონსტანტობა, ფიგურა-ფონი, სხვადასხვაგვარი ილუზიები). ექსპერიმენტული ფენომენოლოგიის ფარგლებში მუშაობდნენ ისეთი თვალსაჩინო მეცნიერები, როგორიცაა ნ. ახი, კ. ბიულერი, ვ. ბოიტენდაიკი, ვ. კელერი, ვ. კოფკა, ფ. კრიუგერი, ა. მიშოტი, ე. რუბინი და სხვა. ამრიგად, ფენომენოლოგიურ კვლევას ფსიქოლოგიაში დიდი ტრადიცია აქვს და მას სრულიად განსხვავებული ორიენტაციის მკვლევარები აწარმოებდნენ.       ასე წარიმართა ინტენციონალურ-ფენომენოლოგიური ძიებანი, რომელიც წამოიწყო ბრენტანომ ახალი ემპირიული ფსიქოლოგიის დაფუძნების განზრახვით და დაასრულა ჰუსერლმა ფსიქოლოგიის უარყოფით. ამ ფსიქოლოგიურმა მიმდინარეობამ, განსაკუთრებით ბრენტანოსა და შტუმფის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის წყალობით, მნიშვნელოვნად განსაზღვრა ფსიქოლოგიური მეცნიერების შემდგომი სახე. მისი გავლენა მეტნაკლებად აისახა ვიურცბურგის, გრაცის და ბერლინის (იმავე გეშტალტფსიქოლოგიის) სკოლების კვლევითი მუშაობის პრინციპებზე.       დასასრულს, მხოლოდ ერთ გარემოებას აღვნიშნავთ ინტენციონალურფენომენოლოგიური ფსიქოლოგიის სახელწოდებასთან დაკავშირებით. ის გამოხატავს ამ მიმდინარეობის საკვანძო ნიშანს, ეს არის ინტენციონალური აქტების შესწავლა ფენომენოლოგიური მიდგომით. ფსიქოლოგიის ისტორიკოსები მას საკმაოდ ხშირად უწოდებენ ფუნქციონალურ ფსიქოლოგიას და ფუნქციონალისტური მიმდინარეობის ევროპულ ვარიანტად მიიჩნევენ. ფსიქოლოგიის ამ მიმდინარეობის შესახებ ქვემოთ საგანგებო საუბარი გვექნება (იხ. თავი 6.5.). მაშინ დავრწმუნდებით, რომ ის მომდინარეობს სიტყვა „ფუნქციიდან“ და მიუთითებს ფსიქიკის დანიშნულებასა და როლზე ორგანიზმის გარემოსთან შეგუების პროცესში. არც ბრენტანო, არც შტუმფი და მათი მიმდევრები ამ კუთხით არ განიხილავდნენ ფსიქიკას, ხოლო „ფუნქციას“ უბრალოდ აქტის ექვივალენტურ ცნებად იყენებდნენ. ნამდვილი ფუნქციონალური ფსიქოლოგია არ მომდინარეობს აქტ-ფსიქოლოგიიდან (როგორც თავის სისტემას ბრენტანო უწოდებდა). ფსიქიკის ადაპტაციური თვალსაზრისით განხილვა არ იყო უცხო იმდროინდელი ევროპელი ფსიქოლოგებისთვისაც. მიუხედავად ამისა, ფუნქციონალური ფსიქოლოგია, როგორც ერთიანი მიმდინარეობა, ამერიკული მოვლენა იყო, და თუ ვინმე მისი ნამდვილი წინამორბედია, ეს არის უ. ჯეიმსი. ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » 1 ტერმინი „ფენომენოლოგია“ აქ არა კვლევის მეთოდის, არამედ სპეციალური მეცნიერებული დისციპლინის მნიშვნელობით იმარება.…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 11:51am on მაისი 6, 2018
თემა: სახენაიარევი კაცის კვალდაკვალ
ნი შევაწუხე, შენი გულისთვის... ვალში ვარ ანგელოზებთან... - ჩემი გულისთვის? - ნამუსი არ ჰქონდა ამ კაცს. - აბა, ვისი გულისთვის? - შენ ხომ მოკვდი, სემ. ყოველ შემთხვევაში, ნაყინივით მიგადნო კედელზე. ჩემთვის როგორღა შეწუხდებოდი? საკუთარი თავისთვის შეაწუხე ის ანგელოზები და ახლა მე მატენი... სემმა ჩაიხითხითა. საერთოდ, ამაყად და ბედნიერად გამოიყურებოდა, შლაპა კეფაზე გადაეგდო, ბაფთა შეეხსნა და პერანგი გადაეღეღა. დღე რომ ყოფილიყო, სახურავზე ჩამომჯდარ კაჭკაჭს ან რაიმე ეგეთს ემსგავსებოდა, მაგრამ ღამე იყო და, რა თქმა უნდა, მაწანწალას თუ ეტყოდი. ჩაიხითხითა და ბოლოს მთქნარებაც მოაყოლა. - მთელი ღამეა, დაგატარებ, ჯორჯია, და მაინც ვერ გაიგე, რომ ვერაფერს მივაღწიეთ. გახსოვს, რატომ დავდივართ? რა მიზეზია? ბრუს-პარდინგტონიო თუ ვუელიჩის არსენალიო... აქამდე ხომ მოიპარავდი იმ ქაღალდებს, ჩააბარებდი გენერალს და... რატომ დავდივართ? წავიდეთ ახლა და... - ჯობდა, იქვე დარჩენილიყავი დამდნარი, - ვთქვი დაბოღმილმა. ძალიან გახალისდა ბატონი სემ ფილიპსი. - უბადრუკო ჯორჯ ჯეფერს, ვინ დამტოვებდა იქ დამდნარს? მართალია, დამამარცხა იმ წყეულმა ჰაიგეიტელმა აჩრდილმა და წაგათრია იმ თავის წყეულ სამყაროებში... აჰ, როგორ მინდოდა, რამეები მესწავლებინა და ისე ვიყავი, რომ ხმას ვერ ვიღებდი, დამდნარი ნაყინი როგორ იტყვის რამეს? თქვენ წახვედით და ვწევარ... ვწევარ და ვფიქრობ, ჰაი, დედასა, სამუელ ფილიპს, ნოტინგჰილელო ბებერო, სად ჩაგალბეს მარწყვში... - მარწყვში? - ასე ითქმის, მარწყვს რომ ჩაყრი ჯამში, რძეს რომ და ცოტას მიქსერით... აი, ასე ვიყავი. - და ეგეთი გემრიელი, არა? - ნახევრადანგელოზი სემ ფილიპსი. დიახაც რომ ამ სურნელებას აფრქვევს, ვინაიდან ანგელოზთათვის მოცემული პირობის გამო... თუმცა, მოიცა, ამბავი გითხრა. ვწევარ და შავ ფიქრებს წაუღია ჩემი ყველაფერი. შენზე ვფიქრობ, ჯორჯია, გესმის? შენი უბედურება რა არის? კაი კოხტა ბიჭი ხარ და ინფორმაცია არ გაგაჩნია. ანუ არა ხარ ინფორმირებული. ესე იგი, მე ვფიქრობ, რომ ვერაგი ჰაიგეიტელი თავის ნებაზე გატრიალებს, შეგათრევს თავის სამფლობელოში და მონაყმად გაქცევს. წაგიყვანს იმქვეყნად და მერე შეიქნები აჩრდილი. ვერაფერს ვამბობ და ამ დროს რა ხდება? ამ დროს ის ხდება, რომ ჩვენს მოგზაურობას და ტანჯვა-ვაებას იქ, მაღლა, თვალყურს ადევნებენ. მოუცლიათ, ჯორჯია, და გვაკვირდებიან. შენ იცინე და ეს არ არის პატარა ამბავი. ესე იგი, იმგვარად ვიქცევით, რომ გვაკვირდებიან - ესენი ვინა ყოფილანო. შენ ეს პატარა ამბავი გგონია? ციდან გაკვირდებიან... ერთიც ვნახო და, იმ წყეული „ათი ზარის“ ჭერში ციცინათელებივით ტრიალებენ რაღაცეები. წკაპ-წკუპ, წკაპ-წკუპ... შენისთანა უცოდინარი, აბა, რას მიხვდება, მაგრამ მე ხომ ვიცი? როცა ეგეთი ციმციმი ატყდება, ანგელოზები რაღაცას ბჭობენ. საერთოდ, ანგელოზებს უყვართ ხალხის დახმარება, მაგრამ დიდხანს ფიქრობენ. აი, ღირსია თუ არაო. მე კი ნახევრადანგელოზი ვარ და უკვე ვიცი, რომ უნდა დამეხმარონ. მათი უმსუბუქესობა ჩემთან არის... - იხილე? - ტელევიზორის თაობავ! - შეჰყვირა სემმა, - ვიხილე რა, კრიკეტია? ჩემში ჩაიღვარა! ჩემს დამდნარ სხეულში სიმშვიდე და უნარი შემოვიდა! ეს ის კი არ არის... რა ჰქვია იმას? - ანტონიო ბანდერასი! - მაგას კიდევ რა უჭირს... ასე წამოვიმართე და დავდექი ფეხზე. ჭერში სულ ოქროსფერი სინათლე იყო, მაგრამ თქვენ აღარსად იყავით და სადღა უნდა მეპოვე?.. ისევ ანგელოზებმა მიშველეს, ხელი წამომავლეს და მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი, ისე გამაქანეს ციურ ქალაქში... აქ კი უნდა მეთქვა რამე და ვუთხარი! - რაღაც ძალიან იოლად გამოგდის ყველაფერი. - როცა ანგელოზები გეხმარებიან, ცხადია, ყველაფერი იოლად გიჩანს, - მომიგო სერიოზულად. - იქ კი ისეთი რამ ვნახე, ჯორჯია, რომ ახლაც შეშინებული ვარ. შენი ოხერი თავის გულისთვის გადამიშალეს წიგნი... ვინ ხარ ამისთანა, რომ... არა, მე კი გამიხარდა მაგრამ... მოკლედ, გაგიტაცა ჰაიგეიტელმა და ხომ უნდა გიპოვო? ჰოდა, ჰაიგეიტელი ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტ სამყაროს განაგებს და, აბა, რა ვიცით, შენ სად შეგაგდო? სენტ-ჯორჯიც კი დაიბნა... - ვინ? - კარგი, ნუ დავწვრილმანდებით... აი, გადაიშალა ყველა და ყველაფერი. რა აღარ ვნახე, ისეთი რამეები დავინახე, რომ... და არა ხარ. არსად. სად ჯანდაბაში წახვედი? ერთი პირობა ვიფიქრე, არ ღირს ასეთი აუწერელი სიმსუბუქის შერყევა ჯორჯიასთვის-მეთქი. ისეთი შავი ფურცლები იშლებოდა, რომა... თან სულ მეშინოდა, აქედან ვეღარ გამოვიყვანთ, აქედან ვეღარ გამოვიყვანთ-მეთქი. როდის-როდის მოგაგენით იმ უდაბნოში და... გესმოდა ჩემი ხმა? ვერაფრით შემოვაღწევდი იმ სააჩრდილოში, გარედან კი გეძახდი და რა ვიცით. მერე იმ მოლივლივე სამყარომ ორი რამ მოახერხა - წვიმა გამოუშვა და ამით განწყობა შეცვალა და, მეორეც - იცი, რა დავინახე? დავინახე, როგორ წამოიჭრა საწოლიდან მოხუცებული ხმლოსანი ჟუსაკი და როგორ მოსდევდა ამხედრებულს ცოლი... - კლოდინს ეძინაო, - ცრემლი მომადგა. - ეძინაო? ტყუილი... მოსდევდა, მოჰკიოდა... ხომ იცი, ფრანგების ამბავი... - ახლა... მკვდარია? - რა გითხრა, იცი? ანგელოზები არ მიატოვებენ... და მერე... სწორედ საზღვართან გელოდი. ასე რომა, ანგელოზებმა გადაგარჩინეს. - და ახლა რა ვქნათ? სადა ვართ, საერთოდ? - ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მეკითხა? სემი წამოდგა და სახურავზე ბოლთის ცემას მოჰყვა. - რთული სპორტია, - თქვა ალალად. - რთული სპორტი. მთელი ღამეა, დავდივართ და არაფერი გამოგვდის. საერთოდ, რატომ დავდივართ? - შენ არ წამომიყვანე? - მერე, შენ რატომ არ მკითხე, სად მივდივართო? ეს რა არის, მტრედის სკინტლია? - სემი ჩაცუცქდა და კრამიტებს დააცქერდა, - შენ იმის თავი გაქვს, რომ დაბრუნდე და იმ ვიღაც გენერალთან ერთი ერთზე გარკვიო საქმე? - სადა ვართ, სემ? - მინდოდა, სხვა რამეზე მელაპარაკა. სემმა კვლავ ჩაიხითხითა. - საათ-ნახევარში გათენდება, - თქვა ხმადაბლა და მერე შესძახა: - აბა, ერთი აქ მოდი! ოღონდ გული არ გაგისკდეს. - და ხელი აღმოსავლეთისაკენ გაიშვირა, - გული არ გაგისკდეს, აგე, ჰაიგეიტის სასაფლაო... აი, მანდ მარხია ის შენი ძმაკაცი... ეჰ, მიტოვებული საფლავია, მაგრამ აჩრდილთა მხარეში... აი, იქით გაიხედე, ძმობილო ჯორჯია, ინათებს და ემაგ მინდორზე ცხენოსნები გამოჩნდებიან. მოხდენილი ქალბატონები ჩორთით ჩამოატარებენ ულაყებს. დილის გასეირნება, სუფთა ჰაერი... ჰემპსტედის მინდორ-ველები, აი, ეგაა, სერ... დიდებულია, დიდებული. აგე, იმ სახლში კლავიკორდების კოლექციაა. სოფლის მდუმარება ჯიგარო-ჯან და აგე კიდევ, აი, იქით, ხედავ მაღალ საბუხრე მილს? მანდ ერთი ბერიკაცი ცხოვრობდა - წვერი თამბაქოს კვამლით გაყვითლებოდა, ბარე ორმოცჯერ იყო გაჭრილი ექიმთა მიერ და მაინც ქალებზე ფიქრობდა! სულ ქალებზე ფიქრობდა. უფრო სწორედ, იმდენად ქალებზე კი არა, კაცების მიერ ქალის ყველაზე დაფარული ადგილის პოვნაზე სრულიად მოულოდნელ ადგილებში... ვთქვათ, ლუდის კათხაში, უფრო აქეთ, ჩვენსკენ, აგე, მანდ ლამაზი მელექსე ცხოვრობდა. ნიკაპზე წვერი ამოუვიდა და აღესრულა კიდეც. რა გითხრა? ლექსები არ ვიცი... დიკ ვედინგტონი გაგიგონია? დრო თუ გამოვნახეთ, იმ ლოდს გაჩვენებ, სადაც დიკ ვედინგტონმა ბოუს ეკლესიის ზარების რეკვა გაიგონა და ლონდონში დაბრუნდა... ოჰ, ოჰ, ოჰ. ამ ქვას გაუსწორდა და ამ დროს შემოჰკრეს ზარებს... და მობრუნდა...* - და აქ რატომ მოფრინდით? - სემის ტურისტული მარშრუტები დიდად ვეღარ შეცვლიდა ჩვენს მდგომარეობას. - მა კენსინგტონის ბაღები გინდოდა? ტყუილად ვიარეთ, მაგრამ არცთუ ცუდად. ვიცოდი, უნდა ეთქვა, იქ პიტერ პენის ძეგლი დგასო, მაგრამ კვლავ დამასწრო: - ბევრი გიკლია, სანამ პიტერ პენი გახდები... სულელია, ხო იცი. რაღა მიკლია? დამაფრენს ამ ქალაქის თავზე. ეგ ერთი. მშობლებს დავეკარგე. ეგ ორი. შერილის სიყვარული მწადია. ეგ სამი. - ვითომ ვენდი იყოს... - ჰაი, გიდი, - თქვა სემმა, - ბოლო იმედია, ბოლო იმედი და... - ხელები მაღლა! ახლაც არ ვიცი, რატომ ავწიე ხელები. სემიც ხელაწეული იდგა. - აბა, ერთი აქეთ მოიხედეთ, - ავი ხმა იყო, ბებრული. ვიფიქრე, რომ ლორდის მიერ აღწერილი ბიძა დაგვადგა. - ნუ გეშინია, - წამჩურჩულა სემმა. - გახსოვდეს პენსიანი... შემჭამა ამ თავისი პენსიანით. სამერცხულიდან კი თოფის ლულა მოჩანდა. - ხელები თავს უკან! - სწორედ სამერცხულიდან მოისმოდა. შემოვილაგეთ ხელები თავს უკან და მივაჩერდით სამერცხულიდან გამოყოფილ ლულას. - ვინ ხართ? - ჩვენ ვართ მოხეტიალე ხალხი. შემოგვაღამდა და... - თქვა სემმა. - შენ ვინცა ხარ, ვხვდები. შენისთანებს ვიცნობ, - მოისმოდა სამერცხლულიდან, - ეგ ყმაწვილი უფრო მაინტერესებს. - ჯორჯ ჯეფერსია, იგივ ჯორჯია, - გაეპასუხა სემი. - ჯორჯია? რას გულისხმობთ? - ჩემი სახელია პიტერ ჯაფარიძე, მაგრამ ესენი ჯორჯიას მეძახიან, იმიტომ რომ, ჯორჯიიდან ვარ, - ვუთხარი ლულას. - ჯორჯიიდან? რომელი ჯორჯიიდან? სადაც მდინარე მოედინება? - არა, სერ. Former Soviet Union, - ჩვენ უბედური ხალხი ვართ. ჯერჯერობით მაინც, იმიტომ რომ, როცა წარმომავლობას გვკითხავენ, აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ ამერიკელები არა ვართ და იქვე დავურთოთ, რომ ყოფილი საბჭოელები გახლავართ - Caucasus. TRANSCAUCASIA... - ჰმ, - ჩაფიქრდა სამერცხლულში შემალული ვინმე. - ეგებ სხვა კი მოატყუოთ გეოგრაფიაში, მაგრამ მე ვერ გამაცურებთ. არავითარი ჯორჯია ტრანსკავკასიაში არ არის. იქ არის არმენია, იქ არის ჩეჩნია, ჩერქეზია, ფერსია და... - გაგიგონიათ, იქ რომ ზღვაა? - ვკითხე გაბრაზებულმა. - არის, შავი ზღვა, - მომიგო მტკიცედ. - და იმ ზღვის პირას რაღაა? - თურქი, ყოფილი ოსმან ემფაია. - და ჯორჯია არ არის ზღვის პირას? - თუ არსებობს ეგ ჯორჯია, რა ქალაქია იქ? - თბილისი, ბათუმი... ქუთაისი... - და მდინარე? - მტკვარი, ენგური, ალაზანი, იორი... არაგვი. - ამდენი მდინარეა? - დიახ. დამკითხველი დადუმდა. ჩვენ თოფს ვუყურებდით. დავინახეთ, როგორ შეიმალა თოფი სამერცხულში და მალე იქიდან კაცის თავი გამოჩნდა. რაც იმ სინათლეზე შევამჩნიე, ის იყო, რომ თეთრი თმა ჰქონდა, გრძელი ცხვირი და ჩაცვენილი ლოყები. მოხუცს ჰგავდა. სულ მოხუცები გვეჩითებოდნენ. ერთი ჯეელი არ შემხვედრია. მკაცრი იერის კაცი კი ჩანდა. ხმელი, გრძელი მკლავი გამოყო იმ ვიწრო სარკმლიდან და ხელი გამომიწოდა: - ბერტ ბიორინგ! ჯანი ჰქონდა ამ ხელში, თქვენი მოწონებული. - სამზარეულოში მობრძანდით, ძეხვი ვჭამოთ და ვიმუსაიფოთ, - თქვა მკაცრად და სემს შეავლო თვალი. - თქვენც, რა თქმა უნდა... - მე ვარ აქ მთავარი, - გაიბღინძა სემი, - ასე რომ, „თქვენც“ უადგილოა... კაცმა კვლავ გახედა სემს და მტკიცედ აღნიშნა: - შეუძლებელია, თქვენ მთავარი იყოთ... თქვენ მობრძადით, - და სამერცხულში გაუჩინარდა. - ვირია, მაგრამ რა ვქნათ? სხვა მისამართი მე აღარ მქონდა, - წაიბურტყუნა სემმა და სახურავიდან ისკუპა. საწვიმე მილს, ჩვენებურად, ჟოლობს, ჩავეჭიდე და ნელა ჩავცოცდი დაბლა. ძია თუ ბაბუა ბერტ ბიორინგი ზღურბლთან გველოდა. შორტები ეცვა და ფეხშიშველი იდგა. ახოვანი, წელგამართული ბებერი იყო, შერჩენილი თმა პოლბოქსზე შეეკრიჭა. უმკლავო, ღილებაწყვეტილი პერანგი შემოეცვა და მკერდზე ეყარა ჭაღარა ბალანი. - მობრძანდით, - ხელკავი გამომდო, - პირველი სართული სამზარეულოს უჭირავს. მარტოხელა კაცს არც სჭირდება სხვა რამ ოთახი... დიდი არჩეული ოთახი კი იყო. სემმა შლაპა მოიხადა და ჰკითხა: - ვირთხებზე ნადირობდით? - საიდან მოიტანე? - შეუტია მოხუცმა. - ყველაფერი აშლილი და ანგრეულია. - ვითრხა მე ვერ გამექცევა, - თქვა ამაყად ბატონმა ბიორინგმა. - აი, აქ ჩამოსხედით, - მაგიდასთან მიგვიწვია და კედლიდან ძეხვის მსუქანი თავი ჩამოხსნა, - ჩემი გამოყვანილია, სანელებლებით გამოვტენე... თაროდან უშველებელი სამხედრო ბებუთი აიღო და პირდაპირ მაგიდაზე მოჰყვა ჭრას. - არაყსაც ვხდი, სეზონზე შოტლანდიაში დავიარები სათევზაოდ... ქვრივის პირობაზე... ჰა, ტრანსკავკასია... - ჯორჯია... - ჩაურთო სემმა. - ყველაზე ცუდი ის არის, რომ გეოგრაფიას მასწავლიან, - მომმართა ბატონმა ბიორინგმა. - მე ხომ პატარა გამოცდა მოგიწყვეთ და დავრწმუნდი, რომ მართლაც ხართ საქ-ართ-ვილ-ო-დან... ხომ სწორია? აი, კაცი. - დიახ, მისტერ ბიორინგ... - ბერტ, შვილიკო, ბერტ, ბერტი დამიძახე... აბა, რას დალევთ? სამწუხაროდ, ღვინო არა მაქვს და ერთი-ორი კაცური კოქტეილი კი შემიძლია... - „ლიბელს დოკი“ შეგიძლია? - ჰკითხა სემმა. - ყველაზე ცუდი ის არის, რომ კოქტეილებში კაცობა დაიკარგა. რა არის „ლიბელს დოკი“? - სოდა, ალუბალი, სმირნოვი, კურასაოს წვეთი... - ეგ არის კაცობა? - მომიბრუნდა ძია ბერტი, - კურასაო... ჰმ. სმა აღარავინ იცის. სმას ცოდნა უნდა. თუმცა, შენ ეგ არ გესწავლება. მე კიდევ, მარტოხელა კაცის პირობაზე... აბა, აქეთ, მოდი, - და სამზარეულოს მეორე ბოლოსკენ გატყაპუნდა, - კედელზე კოხტა ჩარჩოებში ჩასმული ფოტოები ეკიდა. ფოტოებზე - ერთმანეთზე უკეთესი ქალები - აი, ჩემი პირველი ცოლი, აგნესა. ეს - ჰედლი, ჩემი მეორე ცოლი. ესეც, პოლინი - მესამე, ეს კი - მარტა და მერი, ჩემი უკანასკნელი. - ხმა აუკანკალდა. - ყველანი დაიხოცნენ? - რა უბედური კაცი ჩანდა... - ალბათ, მაგრამ ჩემთვის ადრევე დახოცილები იყვნენ. აი, ჩემი შვილები... ნახე, რა ბიჭები არიან. - ლურჯწვერა კაცის ამბავი გაგიგონიათ? - გამოგვძახა სემმა. - იმ ამბავს გიყვება. ვითომ თვითონაა... - სუტენიორი, - ჩაეცინა ძია ბერტს, - იცის, ხელს არ გავისვრი. ძეხვი მიირთვი, მეორეხარისხოვანო. პირველხარისხოვანი ძეხვი... შენ კიდევ, ჯორჯო თუ პიტერ, აქ ჩაჯექი და მითხარი, ინგლისში რა გინდა? - ვსწავლობ. - დაჯე ამ სავარძელში. ხედავ იმ ლეოპარდის თავს? ჩემი ნანადირევია. ძალიან გამიხარდა რომ ქარ-თველ-ი ვნახე. ათი წლის წინათ ვიყავი თქვენთან, მთებში. აი, იღბალი. სემი კი ძეხვს მისდგომოდა. - მიდით, მიდით, ატყუეთ ერთმანეთს, - ისევ გამოგვძახა, - ეს ძეხვი კი მშვენიერია... - ჯერ სადა ხარ, ჯერ მწნილები გამოვალაგო, - წაიტრაბახა ბერტმა, - აბა, რვა წლის წინათ ვიყავი... არა, ათის. - ალპინისტი ხართ, ძია ბერტ? გადაიხარხარა ძია ბერტმა და სამზარეულო-დარბაზის საპირისპირო მხარისკენ გაქანდა. კედელში ჩაშენებული კარი გამოგლიჯა და შესძახა: - აბა, მოდი და ნახე ეს მოწყობილობა! - რა არის? - სანადირო თოფები. - სანადიროდ იყავით ჩვენთან? - არა, თქვენთან მთის ტურიზმის ამბავში. ახლავე აგიხსნი ყველაფერს, - კვლავ ჩემკენ წამოვიდა, ბუხრიდან ნახშირი გამოიღო და იატაკზე ხაზვას მოჰყვა - აი, ეს არის თბილისი, არა? აქედან წავედით თელავში - სწორი ხაზი გაავლო და თელავი წერტილით აღნიშნა - აქეთ, ალა-ვერდი. ალა-ვერდი, ხომ? ასე... მერე მივდივართ სოფელი ფ...ფ...შა-ველ. იქ დავისვენებთ და სამოცდაათი კლომეტრი უნდა ვიაროთ, რათა მივადგეთ, ო-მა-ლოს. აქეთ ჩაგ-მა თუ-ში, - წრე შემოხაზა, - აქეთ გო-მე-სარ ხეობა... - გომიწრის... - მე მაგას ვერ ვიტყვი... მაღლა პირ-იქა ალ-აზ-ან-ი ხეობა. შუაში სოვა-თუში... ახლა, - კვლავ დაიწყო ხაზების გავლება, - ეს ხაზი. - წერტილები დასვა. - შე-ნა-ქო, დიკლო და მერე ჩანჩქერები. ეს ხაზი: ილ-ურ-თა, ჯვარ-ბო-სელ - და მერე დიდი უღელტეხილი და ან-და-კი. სხვა ქვეყანაა - ხევ-სუ-რე-თი. არ-დო-ტი, მუ-ცო, შა-ტილ, - კვლავ განაგრძო ხაზვა. - დარ-თლო, ფარ-სმა, ჩინ-თი-ო, ისევ უღელტეხილი... არ მაგონდება... ხონი-ჩალ და მუ-ცო. შა-ტილ!.. აი, ასე ვარ ნამყოფი... ჩვენი მეგზური იყო თაზო. თაზო ერქვა. მოიცა, - ახლა სხვა მხრიდან მიუფორთხდა თავის ნახაზს - ეს ხომ თბილისია? ეს არის დუ-შეთი, ასე... ბარის-ახო... მანდ პოეტი ცხოვრობდა... აი, კიდევ, აქეთ, გუ-ლან-ჰაჰ-მატ! სწორია? უღელტეხილი და ისევ შა-ტილ... ყველა გზა შატილში მიდისო... აბა, არ გაგიჟდები კაცი? - ეგრე როგორ დაიმახსოვრეთ ყველაფერი? - ხელობა აქვს ეგეთი, - სემი კმაყოფილი ჩანდა. - იცი, რა, მოდი, შენც გასინჯე ჩემი ძეხვი, თორემ ეს სულ შეჭამს ყველაფერს. - რომ ვჭამ, პირი გამოტენილი მაქვს და ვერ ვლაპარაკობ, თქვენთვის ეგრე ჯობს, - ამოთქვა სემმა და ტოლჩას გადასწვდა, - ამაში რა არის? - ლემკროტის კომპოტი, - მიუგო ძია ბერტმა. სემმა პირდაპირ მიიდგა ტოლჩა. მერე ერთი კარგად დააბოყინა და ჯიბეები მოიქექა. - მდაა, - თქვა მოწყენით. - სიგარები გათავდა. - თამბაქოზე როგორა ხართ? მესამე უჯრაში ჩიბუხებია, მეოთხეში თამბაქო, თუ გინდა, აიღე... ძალიან მიხარია, რომ ქართველს შევხვდი... დიდი მეგობრობა მახსოვს თქვენგან. მარტო ახლა კი არა, ომის დროსაც. სულ მინდოდა წამოსვლა... - ომის? - ჰო. მაშინ კი ვერ შემოვედი. იქითა კავკასიაზე ვიყავით გაჩერებული. და მაშინ გადავწყვიტე, ერთი დროც მოვა და იქიდანაც ვნახავ ამ სილამაზეს-მეთქი. ბიჭი ვიყავი, მიხაროდა. ეს ყველაფერი გერმანიის იქნება-მეთქი. - გერმანელი ხართ? - ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს? ორმოცდაათი წელიწადია, ინგლისში ვცხოვრობ. - ალბათ, ცუდია ჯარისკაცობა... - ისე ვთქვი, უცნობს რომ ამინდზე გამოელაპარაკებიან ხოლმე. - არ ვიცი, ალბათ, - ამოიოხრა ბერტმა. - მე მთის დივიზიაში ვიყავი. საგანგებო მომზადება გავიარე. ახლა რომ ფილმებს იღებენ... დანაყოფი „დელტაო“, ისო, ესო. ჩვენ დროს სიკვდილის სკოლა ერქვა... ალპებში იყო სკოლა... მე შენ უამრავ რამეს გასწავლი. ნამცეცებით გაძღომას, ხელებით სანგრის გათხრას... ეწევი? მდინარეში სიგარეტი როგორ არ დაგისველდეს, სიარულისას როგორ არ დაიღალო... - აი, ამ დანით ყელის გამოჭრას, - ბებუთი ასწია სემმა. - ნახე, რა აწერია პირზე? გერმანია ყველაზე მაგარიაო. ესეც არწივი. რამდენი კაცი მოგიკლავს ამ ბებუთით? - მაგასაც ვასწავლი, ეგეც გამოადგება, - თითქოს შეცბა. - როგორ გგონია, შემთხვევით ვისხედით შენი სახლის სახურავზე? - ჰკითხა სემმა. - მე რა, ტყუილად წამოგადექით თავზე? - ამაყად შეუბრუნა ძია ბერტმა. - კაცის მოკვლა რომ შეგვძლებოდა, შენთან მოვიდოდით? - სემი ჩიბუხს არჩევდა, - ამ ჩიბუხების პატრონი კი უნდა წერდე წიგნებს. - რატომ? - რა ვიცი, რაც მე მწერალი მინახავს, ყველას ჩიბუხი ჰქონია... - ფაშისტი იყავით? - წამოვისროლე უცებ. - მეომარი ვიყავი. ესე იგი, იყო. მაგრამ აქედან რა? ხალხი კომუნისტი ყოფილა, მამა-პაპანი ჩვენნი, და იმათთვის არაფერი მითქვამს და ახლა ამ გადასარევ კაცს ვუსაყვედურო? რა სისულელეა. თუმცა, მისი ფაშისტობა სულაც არ არის მთავარი. - ჰა, როგორ ფიქრობ, რატომ მოვედით? - ჰკითხა სემმა. - თუ გგონია, რომ ჩემისთანების ტყავისგან აბაჟურები უნდა გააკეთო? აი, ამ ლეოპარდის ფიტულივით... ბერტის მონადირებული სემ ფილიპსი. კი გინდოდათ, მარა, არ გაცალეს... - რა სისულელეა, - წაიბურტყუნა ძია ბერტმა, - ახლაც ყველაფერში გაჯობებ, კაცობაში, ნადირობაში, ცურვაში, ბარბექიუს შეწვაში, კალატოზობაში, დურგლობაში... - რა თქმა უნდა, მაჯობებ, - გაეცინა სემს, - მაჯობებ, მაგრამ მთავარში ვერა... სიყვარულში ვერ მაჯობებ... - ყველაზე ცუდი ის არის, რომ ასეთები სიყვარულზე ლაპარაკობენ... - „ყველაზე ცუდი, ყველაზე ცუდი“... რას დაგიჩემებია ეს „ყველაზე ცუდი“? საქმეზე ვილაპარაკოთ, - დასჩხავლა სემმა - მაგრამ სანამ საქმეზე გადავიდოდეთ, მისტერ ბიორინგ, ერთი მითხარით, სად გააქრეთ მარცხენა ტუჩის კუთხესთან რომ ნაიარევი გქონდათ? თან, ეგ გაჩეხილი მარჯვენა წარბიც შეგიცვლიათ... ძია ბერტი მდუმარედ შესცქეროდა. შუბლშეჭმუხნილი იყო, თუმცა, გაბოროტება დიდად არ ეტყობოდა. - ვინ აღარ გაასამართლეს, - განაგრძობდა სემი, - კლაუს ბარბიე გაასამართლეს, ბატონი ჰესი შპანდაუს ციხეში აღესრულა... ამ მოხუცს კი, ჯორჯია, იარები გაუქრა სახიდან. ნაიარევიც აღარ ეტყობა. კარგმა ექიმებმა კი წაიმუშავეს ამ საქმეზე, მაგრამ მე რას მომატყუებ? მე ვიცნობდი იმ კაცს, ვინც ეს ნიშნები დაადო სახეზე... მონადირე, მოგზაური, ძეხვის მკეთებელი, რადიომოყვარული. იფ, რა მოხუცია? სუპერმოხუცი. შემოკეტილა ლონდონის სოფელში და... ერთი მითხარი, როგორ გძინავს? ბერტი კვლავ დუმდა. სემი წამოდგა, პალტო გაიხადა და დივანზე მიაგდო: - მკლავის გადაწევაში ხომ არ გავეჯიბროთ? - აშკარად დასცინოდა. - არყისმხდელი მოხუცი... უფრთხილდი მოხუცებს, ჯორჯია. ვინ იცის, რა ჩაუდენიათ? ეს კაცი ისე ჭრიდა ადამიანთა ყელებს, როგორც აი, ამ ძეხვს. ყველაფერთან ერთად, მეტიჩარაც იყო. აიმ ქალების სურათებს რომ გვაჩვენებ, ფოტოალბომი სად არის, მისტერ ვითომ ბიორინგ? მადრიდში რომ იმალებოდით... მაგრამ სემს აღარ დასცალდა. ძია ბერტმა უსწრაფესად ისკუპა ადგილიდან და ნახტომშივე სწვდა ყელში. სემი კედელს მიენარცხა და ენაგადმოგდებული ახრიალდა. ბერტს ცაცია ხელში მოექცია მისი ყელი, მარჯვენაში კი უკვე ღილაკიანი დანა ეჭირა... წკაპ! დანა გაიხსნა და მე შევძახე: - ძია ბერტ! ძია ბერტ! გემუდარებით... მოხუცი უცებ გამოერკვა და სემს ხელი შეუშვა. სემმა ერთხანს ახველა და მერე ამოთქვა: - ხომ ნახე, ვისთან მოგიყვანე? ბოლო შანსია... ბერტი მოშორდა და სავარძელში ჩაჯდა. - კარი იქითაა, - გვითხრა ისე, რომ თვალები იატაკისთვის არ აუცილებია. - ოღონდ, იცოდეთ, რომ ძალიან მშვიდად მძინავს, იმიტომ რომ, არასდროს, არასდროს მისვრია ტყუილად. არასოდეს დამიხვრეტია ვინმე და მშიერ-მწყურვალი და უიარაღო ვყოფილვარ მხეცებთანაც და მხეცებზე უარეს ადამიანებთან, უბრალოდ, არ მინდოდა, რომ ახალგაზრდა კაცი გულგატეხილი წასულიყო აქედან. იმიტომ რომ, შენ ისე ჭრი და კერავ, ჩემი ძეხვით გამაძღარო, კაცს ეგონება, მე რომ ამერიკელი ან ინგლისელი ვყოფილიყავი, კარგი მოხუცი ვიქნებოდი და ჩემი ნაომარიც მეპატიებოდა... ნახვამდის! წამოვდექი, ძლივს ავითრიე წელი. - ადამიანებს არ უყვართ სიმართლე, - პალტოს დასწვდა სემი და მაგიდაზე დარჩენილ შლაპას დახედა. - იმედის პენსიანი იჟანგება, ჯორჯია. წავიდეთ, მოვნახოთ ჩვენი უბედური გზა. რაც იყო, იყო... ყველას რაიმე აქვს სახსოვარი, ჩვენც დაგვახსომდება, რომ იყო კაცი, რომელსაც არ შეეშინდა, და ასევე იყო სხვა კაცი, რომელიც ნახევარ საუკუნეს იმალებოდა სამზარეულოში, რათა თავისი ვაჟკაცობა შემოენახა, მაგრამ ერთ მშვენიერ ღამეს სემმა და ჯორჯიამ აღმოაჩინეს, რომ არანაირი ვაჟკაცი ის არ ყოფილა, მუსოლინიც კი სხვას მოუტაცია!.. ხედავ, ჯორჯია, დე ჟუსაკი რა კაცი გამოდგა? უკვე კართან ვიდექით, როცა ძია ბერტის ხმა მოისმა: - თხოვნა სირცხვილი არ არის, თუ რაიმე გინდათ, ითხოვეთ. გამოცანებით ლაპარაკს, ეგ ჯობს... სემმა თვალი ჩამიკრა. კარგა ხანია მიხვედრილი ვიყავი მის ილეთებს. ადამიანს ჯერ გადარევდა, შეარცხვენდა, ჩააფიქრებდა და მერეღა დაუწყებდა ფერებას. - რა უნდა გვეთხოვა? - სევდა ამოაყოლა ამ სიტყვებს. - ჩიბუხები რომ დავინახე, მწერლები გამახსენდნენ. განა მრავლისმნახველი ბერტი რომ აღწერს თავის თავგადასავალს, ლოურენს არაბის ნაამბობს არ აჯობებს? აჯობებს... გვინდოდა, ერთი რამ გეამბო, ერთი, რაც გაგიხარდება, ესაა. ჩვენ უბედურების წინაშე მდგომი ხალხი ვართ, ვაჟკაცური ამბავი გაგვამხნევებდა და... - უბედურების? - გაიკვირვა ბერტმა, - რა უბედურების? - ამას ჯერ ვერ მოგახსენებთ. თუ გვიამბობთ რამეს, მადლობელნი დაგრჩებით... - გთხოვთ, - ამოვღერღე მეც. სემმა უბეში ჩაიყო ხელი და იქიდან გამხმარი თევზი ამოიღო. აი, ჩემპიონი! - ეს ტარანია, - უთხრა ნაღვლიანად. - შენს არაყს მოუხდება, - და ტელეფონის გვერდით დადო, თაროზე. - მე ვერ ვწერ, - ამოიოხრა ბერტმა. - მივხვდი, რომ ნაწერი სიტყვა სრულად ვერ გადმოსცემს კაცის აზრებს. შეიძლებოდა სპექტაკლის დადგმა, მაგრამ მაგ ხელობისა არაფერი გამეგება. თანაც სპექტაკლს ვერ დავამთავრებდი. ჩემი ცხოვრების ყოველი დღე მახსოვს და მაინც მშვიდად მძინავს, იმიტომ რომ, ყოველთვის ერთი ვიყავი ორის წინააღმდეგ. რა უნდა გიამბოთ... - არ მიწყინო და, ნაიარევები გიხდებოდა... - იოლი საცნობი ვიყავი. ფაშისტი, დამნაშავე. ოფიცერი. სულ ვიხსენებ, რაიმე ხომ არ იყო ისეთი, ადამიანებს რომ გააკვირვებდა ჩემს ხელობაში. ვაჟკაცობის მეტი არაფერი გააკვირვებდა. ქვიშა მიჭამია უდაბნოში... - გვიამბე, - გაუმეორა სემმა. - აი, ეგ გვიამბე... გენერალ... რომელისა, აღარ მახსოვს... აღარ მახსოვს, რომელი იყო? რომელი? ძია ბერტმა ერთი ამოიხვნეშა და ასე დაიწყო: - იმ ზაფხულს ყვითელ ქვიშებში ვიდექით. ერთმანეთზე მოყოლებული, ტალახით ნაშენები ქალაქები იყო უდაბნოს კიდეზე. სულ იქით კი - ზღვა. იქიდან ამოვარდნილ ტენს ოაზისები ამოეზარდა აქა-იქ და ამ ოაზისებში ვიღაცეებს დუქნები გაეხსნათ. ამ ოაზის-ქალაქებში ჩვენი საგუშაგოები იდგა და თუ არ ვგუშაგობდით, ამ დუქნების ტერასებზე ვისხედით, ებრაულ ღვინოს ვსვამდით და ქვიშის ქარებს იქით ზღვის დანახვას ვცდილობდით. პოზიციური ომების ხანა იდგა, ჩვენ და არაბები წერტილებივით ვხედავდით ერთმანეთს. უფრო ახლოს არც კი მივდიოდით. იმ ხანებში იერუსალიმის სამეფოში მინდოდა წასვლა, მაგრამ თვის ბოლოს ჩვენთან ჰამილკარ ბურსა ჩამოვიდა. ჰამილკარი კოპტი იყო და ამ ომის დროს ქალებით ვაჭრობისთვის მოეკიდა ხელი. ღვთისმოსავი კაცისთვის ამ საჩოთირო საქმეს იმით ამართლებდა, რომ ქალებს კი არ იტაცებდა, არამედ ომით დანგრეულ მხარეში დაეძებდა და ბედის შეცვლას სთავაზობდა. ზოგი ამათგანი ისედაც მეძავი იყო, ზოგს კი არაბების მხარეს, ჰარემებში ჰყიდდა. ჰამილკარ ბურსას ერთი კარგი რამ სჭირდა - სანამ არაბთა მხარეს გადავიდოდა სავაჭროდ, უეჭველად ჩვენსა გამოივლიდა. რაღაც სულიერ კავშირს ვგრძნობო, იტყოდა. ალბათ, მეც ჯვაროსანი ვიქნებოდიო... - ბოდიში, მაგრამ ეს როდის იყო? - ცოტა არ იყოს, დამაბნია ამ ამბავმა. - ბალდუინის დროს, - მომიგო ძია ბერტმა. - წითელი ტანსაცმელი ეცვა ხოლმე და ამას იმით გვიხსნიდა, ღვინოს რომ ვსვამ, ზედ ჩამომექცევა და ლაქები არ ეტყობაო. იმ საღამოს რაზმი გადავაბარე და მე და ბალანტრეი ბენ-ჰაიას დუქანში წამოვედით. იქ მაშინ გემრიელად აჭმევდნენ. კამეჩის მაწონში ჩამბალ უდაბნოს შემწვარ მწყერებს და გახუხულ პურს მოგიტანდნენ ვახშმად. ღვინო კი თეთრი მოჰქონდათ, მაგრამ აუცილებლად შებოლილ ყველთან ერთად და ასეთი წესი ჰქონდათ, ყველი ღვინოში უნდა ჩაგელბო და ისე გეჭამა. საჭმელი კი გემრიელი იყო, მაგრამ შავი ღვინო არ ჰქონდათ და მე უფრო იმიტომ მივდიოდი იქ, რომ ბალანტრეის უყვარდა. ბალანტრეი ახოვანი, ჟღალი შოტლანდიელი იყო დიურის გვარიდან. დერისდირში მის მამა-პაპას დიდი სასახლე ედგა და იმ სასახლის ფანჯრებიდან კარგ ამინდში ირლანდიის ნაპირი ჩანდა. ბალანტრეის იმიტომ უყვარდა ბენ-ჰაიას დუქანი, რომ ორსართულიანი იყო და ტერასა მეორე სართულზე ჰქონდა. ბალანტრეის ამ აივანზე ჯდომისას თავისი სასახლე ახსენდებოდა და ჩვენც ათას რამეზე ვლაპარაკობდით. ბენ-ჰაია თავისი ხელით გაგვიწყობდა ხოლმე ყალიონებს და ასე ჩამოღამდებოდა ხოლმე. ჩვენ შორს ვიყავით და ქვეყნიერებასთან ერთადერთ კავშირად ლაპარაკი გვრჩებოდა. ბენ-ჰაიას აივნიდან ჩანდა, როგორ ანთებდნენ მაშხალებს ამ ტალახით ნაშენ ქალაქში. მაგიდაზე რომ კვარს შემოგვიდგამდნენ, მე ვხედავდი ბალანტრეის კისერზე ჩამოკიდებულ ვერცხლის კოლოფს. კოლოფში შენახული კულული, მოლურჯო, ალბათ, ხვეული თმისა, ბალანტრეიმ ერთადერთხელ მაჩვენა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მე არ ვიცოდი ქალის სახელი, მაგრამ ვიფიქრე, რომ მას ანაბელ ლი ერქვა. - ანაბელ ლი, - ვიტყოდი ხოლმე შეღამებისას. ეს კულული გადაგვატარებდა ცხრა ზღვას და ვფიქრობდი, რომ ვარ იქ, სადაც სინათლეა და თბილა. - არ არსებობს ანაბელ ლი, - გაეცინებოდა ბალანტრეის. - აბა, რა ჰქვია? - რა მნიშვნელობა აქვს. მე სხვანაირი დავბრუნდები. - ის კიდევ ისეთი დაგხვდება. - ეგებ არც დავბრუნდე, აქ დავრჩე, ეს კარგი საფიქრალი იქნებოდა მისთვის... ტერასაზე ჰამილკარ ბურსა დაგვიხვდა. ბიჭი ბაზარში გაეგზავნინებინა და ახლა ბატკნის შეწვას ელოდა. ყოველთვის ასე იქცეოდა ჩამოსვლის საღამოს. - ჩემი ცოლ-შვილი ალექსანდრიაში გავისტუმრე, მხოლოდ შუათანა ვაჟი ვაიძულე, ბერის სამოსი მოერგო, - თქვა ჰამილკარმა. - რას იტყვით? - გაუჭირდება, - ალალად ვუთხარი. - რატომ? - ბალანტრეი ბატკნის ხორცს ჭრიდა. - მე გამიჭირდებოდა, - სხვა რა უნდა მეპასუხა. - მეც გამიჭირდებოდა, - დამეთანხმა ჰამილკარი. - მაგრამ რა ვქნა? ასეა წესი, პირველი ვაჟი მეომარი უნდა დადგეს, მეორე ღმერთს აჩუქო, მესამემ სიბერეში მოგიაროს... - და გოგოები? - გოგოები კარგად უნდა გაათხოვო. მერე ცხენებზე ვლაპარაკობდით, ფასები დიდი იყო. გაზაფხულზე გალილეაში დოღი უნდა გამართულიყო და ჰამილკარი ფსონის გასვლას აპირებდა. - გამოდით ოც-ოც დუკატს და სამოც-სამოცს ჩაგაბარებთ, - დარწმუნებით ამბობდა. ფული არ გაგვაჩნდა. პაჭიჭში ხუთი ოქროს დუკატი და სამი დინარი მქონდა ჩაკერებული და ეგ იყო. არადა, ჰამილკარი ნაღდად მოიგებდა. ჰამილკარმა სწრაფად ივახშმა და ფაციფუცით წამოდგა. ჩქარობდა. ლაქილორში ერთი გრძელი სახლი ექირავებინა და თავისი ქალები იქ ჰყავდა. ხვალ დილიდან, ალბათ, მუშტარს მივიღებო, გვითხრა, დღეს კი უამრავი რამაა მოსაწესრიგებელიო. ყოველთვის ასე იცოდა. ლაქილორი არავის მიწა არ იყო, ჩვენ და არაბებს იქ უიარაღოდ შესვლის შეთანხმება გვქონდა და ვაჭარ-დალალებიც იქვე იყრიდნენ თავს. ჰამილკარ ბურსა კი ვაჭრობის წინადღეს აუცილებლად მოგვნახავდა მე და ბალანტრეის და გვეტყოდა, ამაღამ ჩემი სტუმრები ხართო. ამას სხვანაირად „უცნაურ განავარდებას“ უწოდებდა. არასოდეს მოდიოდა ჩვენთან ერთად, ყოველთვის გაგვისწრებდა და ლაქილორში ქალთა მთელს ლაშქარს გვახვედრებდა. ბევრს ვიცინოდით მეგობრობის ამგვარი გამოხატულების გამო. ერთი გუშაგობისას პატარა ფარანი გავაკეთე, შიგ სანთელი ჩავამაგრე და რომ ავანთებდი ამ სანთელს, გარშემო წითელი სინათლეც იღვრებოდა. ეს ფარანი ბურსას ვაჩუქე და ავუხსენი, რომ კარის თავზე უნდა დაეკიდა. ბალანტრეი ვერასოდეს ითმენდა ასეთ რამეებს და მისმა ხითხითმა ბურსა დააეჭვა. თუმცა, ფარანი ყოველთვის თან დაჰქონდა და ამბობდა, მუშტარს ქალი სწორედ ამის შუქზე უნდა აჩვენო, მეტად ლამაზი ჩანსო. შეღამებული იყო, მზე უკვე დამალულიყო უდაბნოს მოძრავ ბორცვებს იქით. საიდანღაც თითქოს მიწისქვეშეთიდან ცდილობდა ცისკიდურის გაფერადებას. ჩვენ ლაქილორისკენ მივაჭენებდით ცხენებს, უიარაღონი, უაბჯრონი და ქისაცარიელნი. ბევრჯერ იყო ასე და არასდროს - ერთნაირად. ჰამილკართან კი დიდი ქეიფი გაიწია. ისეთი, გახსენება რომ არ მოგინდება. ყოველი ასეთი დროსტარების შემდეგ ვფიქრობდი, რომ აღარასოდეს მივიღებდი მორიგ მოწვევას მის ნაქირავებ სახლში, რადგან თავში სამუდამოდ მებეჭდებოდა იქ ნანახი ქალების სახეები და ბევრს ვფიქრობდი მათზე. ხშირად მრცხვენოდა კიდეც, რადგან ვპასუხობდი ისე, როგორც მეკითხებოდნენ. იქიდან ყოველთვის მდუმარენი ვბრუნდებოდით და გეგონებოდა, რომ ეს დაღლილობის ბრალი იყო. ცხენებს თავის ნებაზე მივუშვებდით და, ბალანტრეისა არ ვიცი, მე კი ვფიქრობდი, რომ ძირგახვრეტილ ჭიქას ვგავდი. ჰამილკარი მხოლოდ ზღურბლამდე მოგვაცილებდა და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უკანასკნელად ვხედავდი, მაგრამ გავიდოდა სამი თვე და კვლავ დაგვიხვდებოდა ბენ-ჰაიას ტერასაზე. ეს პირველი შემთხვევა გამოდგა, არაბებმა რომ შეთანხმება დაარღვიეს. ჩვენ უიარაღოდ ვიყავით. აბუ მუჰამედ ატტავილი კი - იარაღით და თორმეტი კაცით. აბუ მუჰამედ ატტავილი მძარცველი და რეიტერი იყო. ქისები რომ ვერ გვიპოვა მე და ბალანტრეის, რაც რამ სამკაული გვინახა ტანზე, აგვართვა. მე ვუთხარი, რომ მალე გათენდება და შეთანხმების დარღვევა იოლად არ ჩაუვლის. აბუ მუჰამედი უდარდელი და გრძელწვერა კაცი იყო, სანამ მე ვლაპარაკობდი, ცისკრის ლოცვისათვის ემზადებოდა. - მე არ ვიცი, რა შეთანხმებაა, - მითხრა ღიმილით - თქვენ რაინდები ხართ, მაგრამ ღარიბი რაინდები ჩანხართ. რახან აქ ჩამოხვედით, ესე იგი, ღარიბები ხართ. მე წაგიყვანთ ჩემსა და სანამ ბალდუინი არ მიხვდება, რომ ომებს ღარიბი რაინდები იგებენ, ჩემთან იქნებით. ბევრი არ მინდა, სულ ორი ათასი დინარი. აბდულაჰ ქერიმი წერილს დაწერს. აბდულაჰ, მართალო კაცო... აბდულაჰი საჭურისი იყო. მაშრიყით მაღრიბამდე ნავალი კაცი. დაბერებული აღარავის სჭირდებოდა და აბუ მუჰამედს მოჰკედლებოდა სამადლოდ. - უდაბნოში რა არის თვალსასეირო? - თქვა აბუ მუჰამედმა. - რა - ხალიჩაზე მჯდარხარ, რა - ორმოში. ასე, ერთ კვირას ორმოში ვისხედით აბუ მუჰამედის ბანაკში. მორიელებს ქუსლებით ვხოცავდით და რიგრიგობით გვეძინა. ბალანტრეი დუმდა. ბოლო სამ დღეს საერთოდ არ ამოუღია ხმა. მხოლოდ ცას ვხედავდით და მივხვდი, რომ ახალ მეცნიერებას ვეუფლებოდი. სანამ წერილი იერუსალიმამდე ჩააღწევდა, ასტრონომი გავხდებოდი. - არავინ გადაიხდის ჩვენში ორი ათას დინარს, - თქვა უცებ ბალანტრეიმ. აღარც მეგონა, რომ ხმას ამოიღებდა ოდესმე. - არ გადაიხდის და გაგვიშვებენ. - ჩვენით უნდა წავიდეთ, - დაასკვნა ბალანტრეიმ. - აქ დავლპებით... დერისდირელი ორი დიური ერთად ცხოვრობდა კოშკში, ერთი ჩაუჯდა წიგნებს და კალამს, ხოლო მეორე წავიდა ომში... - იცი ეს ლექსი? - არა... ერთი დიური წავიდა ომში, ხოლო მეორემ დაადგა თვალი მის შეყვარებულ ქალს... - აუცილებლად უნდა წავიდეთ, - გამახსენდა ტყავის წინდაში ჩაკერებული ხუთი ოქრო. - ეგ მერე იყოს, - თქვა ბალანტრეიმ და უცებ არაბულად დაიწყო ლოცვა: - ალლაჰ, ილ ალლაჰ, მუჰამედ, რასუუულ, - თანდათან უწევდა ხმას და იმეორებდა ამ ერთ წინადადებას. მაღლა რომ ავიხედე, ჩვენი ორმოს თავზე წამომდგარი აბუ მუჰამედის კაცები დავინახე. - მოლა მომიყვანეთ, მოლა, - ასძახა ბალანტრეიმ, მათ კი აბდულაჰ ქერიმი მოიყვანეს. - Que va, - ასძახა ბალანტრეიმ. - რას იზამ? ასეთია კაცის ცხოვრება. ეგებ მოლა მომიყვანო, რათა წინა დავიცვითო. ზუსტად ნახევარი დღე დამაკლდა, რომ ჭეშმარიტი მუსლიმი გავმხდარიყავი. - აქ მოლა არ არის, - გაეცინა აბდულაჰს. - არ მინდა, ისე ამომძვრეს სული, რომ აქაურებმა თქვან, ქრისტიანი იყოო... - დღეში რამდენჯერ უნდა ილოცოს ჭეშმარიტმა მორწმუნემ? - ჰკითხა აბდულაჰმა. - ხუთჯერ. მე ვეღარ მოვითმენდი. - გამიგონე, აბდულაჰ, შარბათისა რამე გაგეგება? - შარბათისა? იმდენი, რამდენიც თქვენ - ჩვენი რწმენისა. - უნდა მომნათლოთ, გაგზავნე მოლას მოსაყვანად, - ასძახა ბალანტრეიმ. - ურჯულოები კი ხართ, მაგრამ ადამიანის ბოლო სურვილზე ფიქრი ხომ შეგიძლიათ? - აბუ მუჰამედი აქ არ არის, მოლასთან რომც გავგზავნო ვინმე, ხვალამდე მაინც ვერ მოიყვანს. - მოიყვანოს ხვალ... - აი, სეირი, - ჩაიხითხითა აბდულაჰმა. - აი, სეირი. - იმაზე დიდი სეირი არ იქნებოდა, შენ რომ გაგიჩალიჩეს ბავშვობაში. ეგ რომ არ მომხდარიყო. კარგი ცოლები გეყოლებოდა. - ო, ეგ სანუგეშო აზრია. ნახე, როგორ ჩახდების მზე? - მსურს, ისეთ ადამიანად მოვკვდე, რომელსაც შეეძლო, ეფიქრა, რომ შიმშილით რომ არ მოეკლათ, ისეთი ვინმე გახდებოდა, ყოველი მიჯნურის ცოლად შერთვა რომ შეუძლია, - თქვა ბალანტრეიმ. აბდულაჰ ქერიმს აშკარად არ სიამოვნებდა ცოლებზე ლაპარაკი. ჭკვიანი კაცი იყო და იმიტომ. - შენ რაღა გინდა? შარბათს რომ ახსენებდი, - ჩამომძახა მე. - მე ერთი მუცლის მონა კაცი ვარ, ქერიმ, - ვუთხარი ხვნეშით. - ვატყობ, ჯანი მეცლება. თუ პირის გემო იცი და დატკბილული სასმელები გიყვარს, წილში გაგიყვანდი... - ღვინოს არა ვსვამ... - რის ღვინო? ორი ლიმონი, ოაზისის წყალი, ნესვის ნათალი, ცოტა წიწაკა და სულ ცოტაც არაყი მჭირდება. - არაყი? - ჰო, არაყს ცეცხლი უნდა მოვუკიდო და ეს ყველაფერი ნარინჯის წვენთან ერთად ზედ შევათბო. - და საიდან მოგითრიო ეს ყველაფერი? წყალიც ტიკისა მაქვს და არა წყაროსი, - ხელი აიქნია აბდულაჰმა. - საიდან და ლაქილორიდან. კაცი გაგზავნე. აღარ მოგბეზრდა თბილი წყლის სმა? - მაგრამ ეს ყველაფერი ფული ღირს... - ხუთი ოქროც მაგისთვის მაქვს ჩაკერებული წინდაში. ვიცოდი, ერთ დღესაც გამომადგებოდა... - ხუთი ოქრო? - ორმოში ვზივარ და იმას განდობ, რის იმედიც უნდა მქონდეს. სხვას ვერაფერს გეტყვი. მთელ დღეს ვისხედით ასე. მე ხშირად წამომცდებოდა ხოლმე: - ანაბელ ლი... ბალანტრეი კი წამსვე მომახლიდა: - ჰამილკარ ბურსა, ვერასოდეს დაივიწყებ ამ სახელს... - აღარც მაქვს დავიწყების დრო. მე ვიცი საჭურისების ამბავი. შარბათზე ჭკუას კარგავენ. ტკბილეული მათთვის ქალის მაგიერია, ხვდებიან, რომ ქალი რაღაც ამგვარია და წრუპავენ შარბათს. ბალანტრეიმ ჭადრაკი გაიხსენა. აბდულაჰ ქერიმს რომ ველაპარაკებოდით, თითქოს ჭადრაკს ვთამაშობდით და ორი სხვადასხვა ხერხი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოვიგონეთ ამათ წინააღმდეგო. თანაც მე შემაქო, წინდაცვეთის ამბავზე მთელი ეს დღეები ვფიქრობდი, შენ კი შარბათის ისტორია სახელდახელოდ გამოიგონე, ამიტომ კარგი მოჭადრაკე იქნებოდიო. ჭადრაკისა ბევრი არაფერი გამეგება. შარბათი კი იმიტომ გამახსენდა, რომ ჰამილკარ ბურსა ყოველთვის დასცინოდა შარბათს. მე კი მორიგეობის დროს ბიჭს ბაზარში ვაგზავნიდი, ხილეულს მოვატანინებდი და ღვინითა და კვიპროსული ნაყენით შარბათებს ვაკეთებდი. დღესაც ასე მგონია, სასმელების გამოგონება ყოველი კაცისთვის სავალდებულოა. ჩემი ხუთი ოქროდან ოთხი ნაღდად აბდულაჰ ქერიმს დარჩებოდა, მაგრამ შარბათის ხილეულობა და, რაც მთავარია, ნახევარი თუნგი არაყი იქ არ მქონდა? ორმოდან ამოღწევის ჩემეული ხერხი უფრო ადრე ამოქმედდა, და გამუსლიმების მომიზეზებაც არ დასჭირვებია. ბალანტრეიმ მხარზე დამკრა ხელი და ავძვერი. მერე ვფიქრობდი, აბუ მუჰამედი რომ აქ ყოფილიყო, ამდენს არ გაგვაბედინებდა-მეთქი. პირველი, რაც მოვიმოქმედე, ის იყო, რომ არაყი ვარცლში ჩავასხი და ცეცხლი მოვუკიდე, აქაოდა, ყოველივე აუცილებლად ამაზე უნდა ავათუხთუხო-მეთქი. იმდენი ვიზოზინე, რომ შარბათის კეთება ლოცვას დავამთხვიე. დავამთხვიე და შარბათში იმდენი არაყი გავურიე, რომ სათრობის გემოს არმცოდნე მუსლიმებს გვარიან დღეში ჩააგდებდა. ბედნიერებაა, პირველად რომ დაითვრები და თანაც ისე, რომ ვერ ხვდები ამ ამბავს. აბდულაჰ ქერიმი ხითხითებდა და მთხოვდა, ბლომად ნესვი ჩამიჭყლიტე ამ საქმეშიო. მეც გვარიანად დავლიე და მერე, როცა მობარბაცე ჯარისკაცებს ვეხუტებოდი და რაღაც სულელურ სიმღერას ვასწავლიდი, შეძახილი მომესმა: - ჰამილკარ, ჰამილკარ ბურსა!.. ეს სახელი თავს შემაზიზღებდა ხოლმე. ბალანტრეიმ იცოდა - ჩემი სიმთვრალე უნამუსობისა და თავდავიწყების ზღვარზე გაივლიდა ხოლმე. ამიტომ დამიძახა. მე თითოც ჩამოვასხი, მოვახერხე. მძინარე აბდულაჰ ქერიმს გადავაბიჯე და ხაროს სახურავი ავხადე. თითო არაბული სატევარი ავიღეთ და გავიქეცით. უდაბნოში მივრბოდით. ლაქილორისაკენ კი არა, ჩვენებისკენ. მივრბოდით და გამახსენდა, მაგრამ არაფერი ვთქვი. შემეშინდა ამ ფიქრის და კიდევ უფრო ჩქარა გავიქეცი. ბალანტრეი უხმოდ მომდევდა. როდემდე ირბენენ გალეშიში კაცი და ნაშიმშილევი კაცი? რომ მოვიხედე, ბალანტრეი იდგა, მთვარე დაჰნათოდა უდაბნოს მოძრავ ბორცვებს და ბალანტრეი იდგა, მისი გრძელი ჩრდილი თითქოს იერუსალიმამდე გაწელილიყო. იდგა და არ ვიცი, მიყურებდა, თუ არა. უკვე ვიცოდი, და ძალიან მეშინოდა ამის. - ანაბელ ლი? - გაისმა ჩემი საშინელი შეკითხვა უდაბნოში... ძია ბერტი მძიმედ წამოდგა და ისევ დაჯდა. ხმას არ იღებდა. - მერე? - ჰკითხა სემმა. - მერე საინტერესო აღარ არის, - ამოიოხრა მოხუცმა, - ჩვენ დავბრუნდით... ბალანტრეი შეტაკებაში მოკვდა. მე კვლავ ორმოში ჩამაგდეს. აბუ მუჰამედ ატტავილმა ამომათრია იქიდან ერთი თვის შემდეგ. უბიდან ბალანტრეის გულსაკიდი კოლოფი ამოიღო, იქიდან კი კულული უცნაური ფერის თმისა. კარგა ხანს ეჭირა ორი თითით ეს კულული, მერე კი გამიცინა და უდაბნოს ქარს გაატანა. ჰამილკარ ბურსამ, ქალების დალალმა... - ტყუილად კი არ ჩამაფიქრა ამ კაცის ჩიბუხებმა! - შესძახა სემმა, - აბა, რით არ არის მწერალი? გამოჩენილი მწერალია, მაგრამ ერთი სტრიქონიც რომ დაწეროს, ხელს სტაცებენ და სტრასბურში ან ჰააგაში გააქანებენ... - ჰამილკარ ბურსა... - წამოიწყო ისევ ბერტმა, მაგრამ ხელი ჩაიქნია და დადუმდა. - ყველაფერი კარგი, მაგრამ ერთი ეს გამაგებინე, მრავალცოლიანო, როდის მოხდა ეგ ამბავი? - თვალები მოჭუტა სემმა, - რაღაც ძველ ამბავს ჰგავს, ხმლებიო, ცხენიო... - კი, ძველი ამბავია, - მიუგო ძია ბერტმა, - ასე, შვიდასი წლისა. - მერე, შენ იქ რა გინდოდა? ძია ბერტი, ეს ამხელა მოხუცი, კვლავ წამოდგა და მხრები აიჩეჩა. მე მის ღონიერ, შიშველ ფეხებს შევხედე და შემეშინდა. მაგარი ბაბუა იყო, რად უნდოდა ამდენი ლაპარაკი? - არა, ნამდვილი მწერალია, რას იტყვი, ჯორჯია? - არ ცხრებოდა სემი. - ნეტავ, რამე თუ გაგეგება მწერლებისა, - წავიბურტყუნე მე. ძია ბერტმა ხრინწიანად ჩაიხითხითა და სამზარეულოს იმ კუთხისკენ წატანტალდა, სადაც დათვის ტყავზე რაღაც ყუთები ელაგა. - რახან ვამბობ, შენზე მეტი კი გამეგება. რაც მე მწერლები მინახავს, - ქადაგებას მოჰყვა სემი, - ისეთი იერი აქვთ, თითქოს ვიღაცამ გააბრაზა და სამაგიერო ვერ გადაუხადესო. მისტერ ბიორინგიც ასეთია. ახალგაზრდობაში რამეებს დააშავებენ და სიბერეში დარდობენ, მაშინ რომ კარგად მოვქცეულიყავით, ახლა ბედნიერები ვიქნებოდით და ჩვენი ნაწერი ჩვენივ ცხოვრებისაგან აგრერიგად განსხვავებულიც არ გამოვიდოდაო. - აბა, ერთნაირი უნდა იყოს? - სულ არ ვიყავი ამგვარი ფილოსოფოსობის ხასიათზე, მაგრამ არ მეგონა, სემი თუ ლიტერატურაზე წამოიწყებდა ლაპარაკს. - დიახაც, ერთნაირი ვერ იქნება, მაგრამ ორიოდ მარცვლით ხომ მაინც უნდა ჰგავდეს ერთმანეთს? - შენ თუ გისმინა კაცმა, მწერალი ბერი ყოფილა. - კი, რაღაც ამგვარია. ოღონდ სხვა მონასტრიდან. აი, მისტერ ბიორინგი რომ გვიამბობს კულულებსა და ვიღაც სუტენიორზე, იქ საკუთარი თავი ერთ ჭკვიან და ვაჟკაც ვინმედ ჰყავს გამოყვანილი. კულულისთვის დაბრუნდა, მაგრამ სინამდვილეში დაბრუნდებოდა? - ეგ სისულელეა, - ხელი ავუქნიე, - ყოველთვის იმას ხომ არ დაწერ, რაც თავად შეგიძლია? - ეგრე გამოდის, - თითქოს დამეთანხმა სემი. - აი, ამ ბერიკაცს აღარაფერი შეუძლია. დღედაღამ იმაზე ფიქრობს, რომ არ დაიჭირონ და მთელი მსოფლიოს ტელევიზორებში არ გამოაჩინონ. ჩვენ კი, ხედავ, გვიამბობს?! ამასობაში ძია ბერტს ყუთები გადმოელაგებინა. დათვის ტყავზე დაჩოქილი იქექებოდა ხან ერთში, ხან - მეორეში, ხანაც მესამეში და რაღაცას ბუტბუტებდა. - აბა ერთი, აქეთ მოდით, - გამოგვძახა იმ დათვის კუთხიდან. - შეხედეთ ერთი, რა ვიპოვე... ხელში შავ თასმაზე ასხმული რამდენიმე ნივთი ეჭირა. ამათგან ერთი პატარა ვერცხლის კოლოფი იყო. - უყურე ამას! - შესძახა სემმა. - ამ კოლოფმა შთაგაგონა, არა? ვიცი მწერლების ამბავი... რაღაცას შეხედავენ და წარმოიდგენენ, რომ ამის გამო ხალხის აცრემლება შეუძლიათ... ძია ბერტმა ქვემოდან ამოხედა სემს. ერთხანს უყურა და მერე წამოიმართა. სემი უტიფრად ასცქეროდა თავს წამომდგარ ბებერ მებრძოლს. გულისფიცრამდე ძლივს სწვდებოდა, მაგრამ შიშისა არაფერი ეტყობოდა. - ყველაზე ცუდი ის არის, რომ პირდაპირ არაფრის თქმა არ შეგიძლია, - გამოსცრა ძია ბერტმა. - რატომ ლაპარაკობ ამდენს? - ასე უფრო ზრდილობიანად გამომდის, - მოუჭრა სემმა. - არაფერი მისტერ ბიორინგ, ჩვენ წავალთ, - ვცადე შუაში ჩავმდგარიყავი, მაგრამ ძია ბერტმა ხელი მკრა და განზე გამისროლა. მთლად წამოჭარხლებულიყო. - ყველაზე ცუდი ის არის, რომ ვერსად ვერ წახვალთ, - გამოსცრა მძიმედ. - ძალიან კარგი, ძალიან კარგი, - სემმა ხელები აიქნია და აფოფრილი ბატივით დაიწყო სირბილი ოთახში. - სად უნდა წავიდეთ? - სამუდამოდ აქ დარჩებით... - მკვლელის სარდაფში! - შესძახა სემმა. - ასე სჯობს, არა, ჯორჯია? შენი მეგობრების აღსასრულს მაინც არ ნახავ. სარდაფში ჩაყრას გვიპირებს. თვითონ კი კარგად დაგმანავს ფანჯრებს და იმ სკინტლით მოფენილ სამერცხულს. გამოალაგებს შმაისერებს, მჭიდებს, სნაიპერის შაშხანებს, ხელყუმბარებს... გარაჟიდან ზარბაზანს გამოაგორებს. ზარბაზანიც ექნება... ამ სანადირო თოფებს და ხმალ-ხანჯალს ბოლოსთვის შემოინახავს. ჩაიკეტება თავისი მწნილებით ამ ჩაბუჟბუჟებულ სოფელში. ძეხვი დიდხანს ეყოფა და წარმოიდგენს, რომ თუ ცხვირს არ გაყოფს გარეთ, არავის გაახსენდება... მაგრამ არა, ჯორჯია! არა! ლესტერ სკვერის კომენდატურაში მასაც მოიგონებენ. ლესტერ სკვერიდან საზიზღარი ტანკები დაიძვრება და, ერთადერთი ნუგეში, რაც ამ ძველ მონადირეს შეიძლება, ეცეს, ბრძოლაში სიკვდილია. თვითონ უთქვამს, კაცი ან ბრძოლაში უნდა მოკვდეს, ან ტყვია დაიკრას შუბლშიო... მაგრამ ბრძოლა არ გამოვა. ამ კოხტა სახლს ტანკებიდან ესვრიან თითო-თითოს და მორჩა. ლესტერ სკვერის კომენდატურა საბრალო სემ ფილიპსი ხომ არ გგონიათ? ძია ბერტმა აქაქანებულ სემს შეხედა, მერე - მე, მერე - კვლავ სემს, მერე - კვლავ მე... - ვერ გავიგე, - თქვა ბოლოს საკმაოდ მშვიდად. - ვერ გაიგო, - ჩაიცინა სემმა, - მაშინ უფრო გასაგებად... შენი სახლის სახურავზე ტყუილად კი არ ვისხედით. ჩვენს ჯორჯიას კაცურად სიცოცხლის ორი საათი დარჩენია. მისი მეგობრები ტაუერში სხედან სერ ტომას... რა ჰქვია? სერ ტომას... სერ ტომასთან ერთად. ლესტერ სკვერზე გენერლებმა ალისფერი კომენდატურა გახსნეს და ახლა სწორედ ჯორჯიას ელიან. თუ ვულიჩის არსენალიდან ბრუს-პადინგტონის... ჰო, პარტინგტონის ნახაზებს მოიტანს, მის მეგობრებს გამოუშვებენ, არადა სახრჩობელა გამზადებულია... საკუთარ ჭერქვეშ ერთი ინდაურივით გაფხორილი გენერალი ელის. ძია ბერტმა გადაიხარხარა და დათვის ტყავზე ჩაჯდა: - ვულიჩი? ესე იგი, ჩემი დაქირავება გინდოდათ? ყველაზე ცუდი ის არის, რომ პირდაპირ თქმა არ შეგიძლიათ... მაგრამ მე აღარ დავრბივარ ასეთ საქმეებზე. სემმა ხელი შემოირტყა შუბლში: - შეხედე, ჯორჯია, შეხედე მარტოობისა და შიშის შედეგს! ამ კაცს ჰგონია, შენ ისეთი თახსირი ვინმე ხარ, რომ თუნდაც მეგობრობის გულისთვის იმ ნაძირალებს მოემსახურები... - ვერ გავიგე, - კვლავ ასე თქვა ძია ბერტმა. - რა ვერ გაიგე, წმინდა დუნსტენის მადლმა. იმ საზიზღარ ხალხს ნახაზები სჭირდება და თუ მივიტანთ, ჯორჯია ორგზის ბითური დარჩება. ერთი, რომ გამყიდველად და მოღალატედ აქცევენ, მეორე კი ის, რომ თუნდაც ნახაზები მიიტანოს, მის მეგობრებს არავინ გამოუშვებს, მაინც ჩამოახრჩობენ და როგორია ასე სიარული ქვეყანაზე? რა აზრი აქვს ასე ცხოვრებას? - თლათ ღვთის პირიდან გადავარდნილები ყოფილან ეგ კაცები, ჩემო იმანო, - აღმოხდა ძია ბერტს. - იცნობ მაგ კაცებს შენ, - უთხრა სემმა. - ვინ კაცებია? - შენ რომ ცხენზე იჯექი, მაშინ იქ ქონდათ კომენდატურა... რა ქვია იმას. ქალაქი როა, სადაც ცეკვავენ. - ჰავანა? - არა, არა, კონტინენტზეა. - ვენეცია. - მაგას ჰგავს, მაგრამ ეგ არ არის. - აბა? - კაი გალოკილი ქალაქია, ქუჩაზე პაპიროსის დაგდების შეგრცხვება, ადრე სულ ცეკვავდნენ. - ვენეციას ჰგავს? - ეგეთი სახელია, ოღონდ უფრო მოკლე... - სემმა მეტი არაფერი იცოდა, - იქ სულ ცეკვავდნენ და მერე ამათ ჰქონდათ კომენდატურა. ძლივს გაიყვანეს აქედან. - არ ვიცი, - თავი ჩაქინდრა ძია ბერტმა და უცებ უიმედოდ ჩაიჩურჩულა: - ვენა? - სწორედ ეგ! - მუშტი შემართა სემმა და კისერზე ჩამომეკიდა. - და მანდ ჰქონდათ კომენდატურა? - მოისმა ბერტ ბიორინგის სიავეგარეული ხმა. - ო, დიახ... ბერტი კვლავ წელში გაიმართა. მთელი ამ საუბრის განმავლობაში თითქოს გამამხნევებელ ვარჯიშს ასრულებდა. ჩაბუქნავდა, გაიმართებოდა. ჩაბუქნავდა, გაიმართებოდა... - ჰა? - ჩაკითხა სემი. - დაგეწო ჯიგარი? ძია ბერტს თითქოს არც გაუგონია, ჩაფიქრებულიყო. - მე რა უნდა გავაკეთო? - იკითხა თვალებმოჭუტულმა. - რასაც ყოველთვის აკეთებდი, - შესცინა სემმა. - უფრო კონკრეტულად, - მოითხოვა ბერტმა და პერანგი გაიხადა. - აბა, რა გითხრა? კარგი იქნება, თუ ჯორჯიას ბინაზე დაბუდებულ გენერალს ჩავყლაპავდით. - ეგ არის მეთაური? - მეთაურებამდე ძალიან შორია, - როგორც იქნა, გამოვცოცხლდი. - აბა, ვინ არის მეთაური? - ვითომ სიგუტკინი, ისე კი, ეს კაცი ჩანს, ეს გენერალი. ჩემთან ზის სახლში და გამთენიისას მელოდება ნახაზებით. - ნახაზები, რა თქმა უნდა, არა გაქვს... - რა თქმა უნდა. - კარგი. კიდევ რა გინდათ? - კომენდატურაც რომ წაგვეხდინა, - შესთხოვა სემმა. - უხერხულია, პელმელსა და ჩარინგ კროსზე ხალხს პასპორტებს უმოწმებდნენ. ლესტერ სკვერზე... - დავნაღმავ, - საქმიანად თქვა ბერტმა. - არა, არა, აფეთქება არ გვინდა, რესპუბლიკური არმია ხომ არ ვართ? - წამოიძახა სემმა. ამ სიტყვებმა ძალიან გაახალისა ძია ბერტი: - რესპუბლიკური არმიაო, ჰა!.. გესმის, მეგობარო? - მხარზე დამიტყაპუნა ხელი. - გესმის? ორმოცდაათ წელიწადს ყოველ რესპუბლიკურ არმიას საუზმეზე ვაკნატუნებდი. - სად წავიდა შენი რესპუბლიკური იარები? - შესცინა სემმა. - გაქრა, გაქრა, ხა-ხა-ხა! აღარ არის! თავისუფალი კაცი ვარ! ყველას ეგონა, რომ ვიღაცისკენ ვიყავი. მე კი ვთევზაობდი... - კარგი თევზაობა კი გამოგდიოდა, შე აახენელო ჯალათო... სიცილი უცებ შეწყდა. - უკანასკნელად გპატიობ, - უთხრა ბერტმა და მე მომიბრუნდა: - მაშინ ქიმია შევუსხუროთ. - დასაძინებელი გაზი ჯობს. მერე ყველას გავთოკავთ, - გაბედა სემმა. - მაქვს, მაგრამ ვადაგასულია, - შეწუხდა ძია ბერტი. - ისინიც ვადაგასულები არიან, - დაამშვიდა სემმა. - კარგი, - მოხუცმა საათს გახედა, - სრულ ხუთ საათზე გავდივართ. თქვენ რა იარაღი გირჩევნიათ? - ყველა და არცერთი. - გასაგებია. თქვენ ჩემს უკან იდგებით, დაიკუზებით და კედლებს მოეფარებით... ხუთ საათამდე დარჩენილ შვიდ წუთს ძია ბერტი ოთახში დაქროდა, ხმაურით ხდიდა თავს განჯინებს, ანგრევდა კედლის კარადების კარებს, გლეჯდა სარდაფის ხუფებს და განუწყვეტლივ ბუტბუტებდა. თვალები დაგეღლებოდა მის შემხედვარეს. იცვამდა, ირგებდა, სამიზნეს ასწორებდა, დეტონატორებს ამოწმებდა და ვაზნებს, რატომღაც, კბილებით სინჯავდა. უხმარი, მოლაპლაპე და საკმაოდ ძველი, დაკბილულძირიანი ჩექმების თასმებს მარდად იკრავდა. ამ ჩექმების ყელში წყვილ-წყვილ უქარქაშო ბებუთს იტენიდა. გულისპირზე მრგვალ ხელყუმბარებს იმაგრებდა და სახელოებში სათადარიგო ვაზნებს მალავდა. ხან ერთ თოფს შეათამაშებდა, ხან -მეორეს, ხანაც - მესამეს. ძველ გეიმანულ შმაისერს ამერიკულ შაშხანას უხამებდა, სიმძიმეს ამოწმებდა ხელით და სავაზნეებში იჭვრიტებოდა. ყოველივე ამის ცქერა დამღლელიც იყო და დამაბნეველიც. ჩემთვის ეს ერთგვარ უხერხულობასაც წარმოადგენდა, თუმცა სემი სხვაგვარად ფიქრობდა. - რაღაცეები არ უნდა წაისვა ცხვირ-პირზე? - ჰკითხა აქოშინებულ, მზადმყოფ ძია ბერტს. - ლონდონის ფერები არა მაქვს და ისე, კლოუნი ხომ არა ვარ? - მწვანე ხომ გაქვს? - ჩააცივდა სემი. - ჰო, მაგრამ აგურისფერი?.. აბა, საბუთები ჩამაბარეთ და წავედით... საქმეს რომ მოვითავებთ, აქ მოვალთ და ყველაფერს დაგიბრუნებთ. მტერმა რომ ხელში ჩაგიგდოთ, ვინაობა არ უნდა დაადგინოს. - კარგი ერთი, სადა გვაქვს საბუთები? - გაეცინა სემს. - არც თქვენ? - გამომხედა ბერტმა. - თორემ, ღმერთმა არ ქნას და, იოლად გაიშიფრებით. მეც არ მქონდა, ჩემი ჟილეტი სადღაც ბუშმარკეტთან თუ დავტოვე ან კიდევ... - ახლა მისმინეთ. წინ მე მივდივარ. თქვენ ჩემს ზურგსუკან იქნებით. ორი ნაბიჯით ინტერვალი დაიცავით. მე თუ კედელს ავეფარები, თქვენც აეფარეთ კედელს, მეტი არაფერი... რამე რომ შეგეძლოთ, ჰა, აირჩიეთ და აიღეთ, რაც გინდათ. - ჩვენ ფრენა შეგვიძლია... სანამ გათენდება, - უთხრა სემმა. - ეგ ცუდია, - სწრაფად მიუგო ძია ბერტმა. - რატომ? - ჩიტებივით დაგხოცავენ, - და მან კარი გამოაღო. - სინათლეს ანთებულს ტოვებთ? - ვკითხე მე. ბერტმა ხელი ჩაინია და გაგვატარა. - ეს თეთრი სამოსი რა უბედურებაა? - სემის პალტო და შლაპა აშკარად არ მოსწონდა, - პასტორი ხარ? მერე უსიტყვოდ გადმოვიარეთ პატარა ეზო და ქუჩაზე გამოვედით. ძია ბერტი სერიოზული და მკაცრი იყო: - ახლა თქვენ ასე წადით და მე ასე წავალ, მინდვრებს იქით შევხვდებით... - და ტაქსს დავიჭერთ, - წამოვაყრანტალე მე. - მანქანა არ გყავს? მანქანით უფრო სწრაფად მივიდოდით, - ჩაეკითხა სემი. - თქვენ სად მიდიხართ, სასეირნოდ? - გაბრაზდა ძია ბერტი. - წადით, გაისეირნეთ და მე ლესტერ სკვერზე დაგელოდებით... - ჩვენ ფრენა შეგვიძლია... ძია ბერტმა მარჯვენა ხელი მუშტად შეკრა და თქვა: - ახლა მისმინე, უხარისხო ბებერო. ჰემპსტედის მეტროს სადგურთან ვიქნები ოც წუთში. ერთ წუთსაც არ დაგელოდებით... წამმზომი ჩართულია... - რას გვთავაზობ? - გაბრაზდა სემი. - თუ საქმეს ვაკეთებთ, ასე უნდა იყოს. მხოლოდ გადამწყვეტ ეტაპზე უნდა ვიყოთ ერთად, - თქვა ესა ძია ბერტმა, ზურგი გვაქცია და ჩორთით გაუყვა ქუჩას... - გიჟია, - აღმოხდა სემს. - თავისთვის მოკლე გზა აირჩია, ჩვენ სირბილი გამოგვიწერა. არ ჯერა, რომ დავფრინავთ, მე მაგას გავათამაშებ! აბა, ფეხისწვერებზე აიწიე, ჯორჯია... და სემი აფრინდა, მე ერთი ჩავბუქნე და უკან მივყევი. დილით სინათლე ნელა ეპარებოდა ცას. - მიჭირს, - გამომძახა სემმა. - ცოტაც და, დავეხეთქებით. ანგელოზებმა დროის ანგარიში იციან... დაბალზე მივლივლივებდით. ხის კენწეროსაც კი გავედე ერთხელ. ძია ბერტი ზუსტად ჩვენს ქვემოთ იყო. თანაბარი, მოზომილი ნაბიჯით მიძუნძულებდა ცარიელ ქუჩაზე. - უყურე, ბერიკაცს უყურე! - მეძახდა სემი. ნეტავ ვინმე სხვასაც დაენახა ასე იარაღაჩონჩხლილი. ძია ბერტი ჩვენს საქმეზე მიიჩქაროდა, ჩვენ კი კვალში ვედექით და ვხითხითებდით. ეს უხერხულია, მაგრამ როცა ცაში დალივლივებ, ცუდ ხასიათზე ყოფნა არ გამოდის. მალე ისეთი ჟივილ-ხივილი ავტეხეთ, რომ დავფრთხით კიდეც. - წყნარად, ჯორჯია, - შეშფოთდა სემი. - ისე ხარხარებ, თითქოს თავი ქუდში გვქონდეს! გახსოვს, რა თქვა ამ ბებერმა მკვლელმა ჩიტებზე? - მკვლელი არ არის!.. - ხმას დაუწიე. თუ ამ ყოფაში დაგვინახა, უეჭველად დაგვაყრის. მეტროსთან მაინც ჩვენ მივასწრებთ... აბა, შეანელე! თან ძალები დაგვეზოგება, ხომ ხედავ, ღრუბლებს ვეღარ ვეთამაშებით? - და სემი ჰაერში დაეკიდა. მეც მას მივბაძე და ორივენი ვუყურებდით, როგორ მიძუნძულებდა იმ სისხამზე შაშხანამომარჯვებული ძია ბერტი. - ახლა ვეღარ გაიგონებს, - ამოისუნთქა სემმა. - ახლა გავაბითუროთ... ეეე! ბებერო! ეეე-ე! ტყვიები არ დაგცვივდეს! შენი ტყვიები და მუცლის ქარები ერთი და იგივეა!.. - კავკასიელო ტურისტო! - დავჩხავლე მე და ვინანე. თუმცა, ძია ბერტს არაფერი გაუგონია. ის პატარავდებოდა და პატარავდებოდა. ვხედავდით, როგორ ჩაუხვევდა ქუჩაზე, მხოლოდ წამით შეყოვნდებოდა და კვლავ განაგრძობდა გზას. - ე! - შესძახა უცებ სემმა. მუხრუჭების ხმა არ გაგვიგონია. ეგებ არც იყო მუხრუჭების ხმა. მე არც დამინახავს, მხოლოდ მანქანის გაელვებას მოვკარი თვალი. - ე! - კვლავ შესძახა სემმა და დაიძრა. სცადა, განთიადს შებრძოლებოდა მთელი ძალით. ალბათ, მიმინოებს ან სხვა ოდნავ მტაცებელ ფრინველებს თუ ვგავდით. მანქანისკენ აღარც გამიხედავს. აღარც ჩანდა სადმე, მაგრამ ვერავინ გადამარწმუნებს - ეს იყო ძველი, ტალახიანი „BMW“, მონგრეული ფარით, შეჭყლეტილი ფერდით, მწვანეპალტოიანი მძღოლით და მისი დაბალი ამხანაგით. ვიცი, დელისელი ბიჭები იყვნენ. ეჩქარებოდათ. მოქროდნენ და იქ, სადღაც, შორს, გვარდიელი გაიტანეს მანქანით. ახლა, ალბათ, რომელიმე საბურთალოურ ეზოში არიან და მანქანას რეცხავენ პირველ სართულზე მცხოვრები შეშინებული კაცისთვის გამორთმეული ერთი ვედრო წყლით. კაცი გააღვიძეს და ისიც იჭვრიტება ფანჯრებს იქიდან. იცის, კაცს დაარტყეს, სისხლს აშორებენ მანქანას, გაიქცნენ შობელძაღლები. თუ მოახერხეს, ყოველთვის გარბიან. ძია ბერტი თვალდახუჭული იწვა ქუჩის კიდეზე. სემს მისი თავი ჩაედო კალთაში და ბუტბუტებდა: - ბიჭო, მრავალცოლიანო... არა გრცხვენია? რაღაც რკინის ურიკამ წაგაქცია? მეც იქვე ვიყავი ჩაჩოქილი და ვცდილობდი, საჭურველი მაინც შემეხსნა ძია ბერტისთვის. მეგონა, ეს შვებას მოჰგვრიდა. - ორივე ფეხი მოტეხილი აქვს, - წამჩურჩულა სემმა. - ორივე ხელი. სემის თეთრი შარვალი წითლად შეღებილიყო. ხმა ვეღარ ამოვიღე და სემმა ჩუმად დამიქნია თავი. - ყველაფერი წაიღეთ, - თქვა ძია ბერტმა ისე, რომ თვალები არ გაუხელია. ძლივძლივობით ასწია ხელი და გულისპირზე დამაგრებულ ხელყუმბარას დაებღაუჭა. თფუ!.. თავი მეზიზღებოდა ამის გამო. ასეთ დროს ლეონ ქილერი არ უნდა გაგახსენდეს. არ შეიძლება, გაგახსენდეს ლეონ ქილერი, როცა უფროსი ძმა გიკვდება თვალწინ. - არ გვინდა, ძია ბერტ, - თავი ვეღარ შევიკავე და ავქვითინდი, - ჩვენ არ ვიცით სროლა. - კაცები, - წაიჩურჩულა მან, - არ მეგონა, რომ კაცები იტირებდნენ, ჩემი სიკვდილის წინ... სემმა გასისხლიანებული ხელი გადაუსვა შუბლზე. - მეგონა, მარტო მოვკვდებოდი.. სახლში, - და უცებ: - ბოლო სამი ციფრი... სამი, ექვსი, ხუთი, შავი ან ლურჯი... პიკაპი... - მაგარი კაცი იყო ძია ბერტი. - ჯორჯია, ავტომატი მონახე სადმე, - მითხრა სემმა. - ამბულანსში დარეკე, მეტის მოცდა აღარ შეიძლება... - მოიცა, მოიცა, - ბერტი თვალების გახელას ცდილობდა, - რის ამბულანსი? ამდენი ხანი... ქუჩა უნდა გადამერბინა... ჩქარობდნენ... - არც გააჩერეს! - გამოსცრა სემმა. - არც უნდა გაეჩერებინათ, ასეთია წესი... თქვენი არ იყოს, მეც... ავფრინდი ცაში... სულ ორი წამით. ქვაფენილზე დამხობილი ვტიროდი. არ მინდოდა, ჩემი კრუსუნი ბერტს გაეგონა, მაგრამ ცხადი იყო, ესმოდა. - ახლა მისმინეთ... თუ არ მიგაქვთ... ჩქარა, ოცდაათი ნაბიჯით მოშორდით აქაურობას... წამოდექი, შენ, შავო, და... შენც, გამიშვი... ახლა დაკრძალვა დაიწყება. ჩქარა, თორემ, საძმო საფლავში მოხვდებით, - ამ სიტყვებზე ძია ბერტმა ხელყუმბარის რგოლში გაუყარა თითი, - თვლას ნუ დამაწყებინებთ... კედელს ამოეფარეთ, როგორც გასწავლეთ. სემმა ფრთხილად დაადებინა თავი ქვაფენილზე და ხელი მომხვია: - ადექი, ჯორჯია, ადექი... ვტიროდი. სემი სულ სისხლიანი იყო. შლაპაზეც კი მოსცხებოდა. - ლესტერ სკვერზე წითლებს რა უნდათ? - იკითხა ძია ბერტმა. - წადით აქედან, თქვენი ფეხის ხმა რომ გავიგონო. უკან-უკან მივდიოდით და ძია ბერტს შევცქეროდით. დაკრძალვა იწყებოდა. ასეთი საშინელი დაკრძალვა არასდროს მენახა. და არც მინახავს. არ შემიხედავს. სემი თვალებზე მაფარებდა თავის ვარდისფერ ხელისგულს და რაღაც იამაიკურ ლოცვებს ბუტბუტებდა. აფეთქების ხმა გავიგონე. ეს იყო. - წავედით! - თქვა სემმა, - გავიქეცით! მე კვლავ ვიდექი. - ჩქარა. სანამ პოლიცია მოსულა. სულ სისხლიანი ვარ, - სწრაფად იკრავდა პალტოს ღილებს. - ჩქარა! თენდება და ვერაფერი მოვახერხეთ! შემეძლო, მომეკლა. მან კი ზურგში მკრა ხელი და დამჭყივლა: - ჩქარა! ჩქარა! პირველივე მეტრო! მივუსწროთ და სახლში წავიდეთ. ფრენა დამთავრდა... - სახლში? - ჰო, შენს სახლში. შეფერდს ბუშზე... რაც მოხდება, მოხდეს. ერთად გავრბოდით. ალბათ, სასაცილო იყო. აქა-იქ უკვე ეღვიძათ, ფანჯრებში სინათლე ჩანდა. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 8:40pm on სექტემბერი 12, 2018
თემა: არისტოტელეს ეთიკა (წიგნი მეორე)
ბილებს კანონით მიღებული დადგენილების სიმკაცრეს, ის, ვინც სრულყოფს იმას, რის კონკრეტული დადგენა კანონმდებელმა ვერ შესძლო და ზოგადად მოხაზა, თანაც სრულყოფს იმ მიმართულებით, როგორც ეს კანონმდებელს სურდა. ასეთია კეთილი და სამართლიანი კაცი. მაგრამ ის ყოველგვარ სამართალს კი არ არბილებს, მაგალითად, იმას, რაც ბუნებრივია და ჭეშმარიტი, არამედ კანონით დადგენილს, კერძოდ, იმას, რის განსაზღვრება კანონმდებელმა ვერ განსაზღვრა და დაუმთავრებელი დატოვა. თავი 2       შეგნებას და შეგნებულ ადამიანს იგივე ობიექტები აქვს, რაც სამართალში სიკეთეს. კერძოდ, იგი აკრიტიკებს სამართალში იმას, რის ზუსტი განსაზღვრაც კანონმდებელმა ვერ შესძლო და უყურადღებოდ დატოვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც სამართლად რჩება. აი, ესაა შეგნებული კაცი, მაგრამ შეგნება სამართალში არ არსებობს სიკეთის გარეშე. შეგნებულნი კრიტიკულად განსჯიან, ხოლო კეთილგანწყობილი ადამიანები ამ კრიტიკული განსჯის საფუძველზე მოქმედებენ. თავი 3       საღი აზრი იმავე მოვლენების წრეს მოიცავს, რასაც გონიერება. ეს სფეროა მოქმედების სფერო, სადაც ხორციელდება არჩევანიცა და უარყოფაც. მაგრამ ეს არ ხორციელდება გონიერების გარეშე. ამ სფეროში გონიერება არის მოქმედი მხარე. საღი აზრი თვისებაა, რომელსაც წინასწარი განწყობა ან რაიმე სხვა ამდაგვარი ვუწოდეთ. ეს კი პრაქტიკაში ყველაზე მეტად არის სასარგებლო და საჭირო. უნდა ვივარაუდოთ, რომ საღი აზრი არ ეხება არაფერს ისეთს, რაც თავისთავად სწორად მიმდინარეობს, რის განსჯაც არ შეიძლება. განსჯით კი საუკეთესოს შერჩევა ხდება. ასეთ მოვლენებზე არასოდეს არ ითქმის, რომ ის სწორად განხორციელდა, არამედ ითქმის, რომ ის შემთხვევით მოხდა, რადგან იქ, სადაც წარმატება წინასწარი გადაწყვეტილების გარეშე ხდება, იქ ბედნიერ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.       რა არის სამართლიანი საზოგადოებრივ ურთიერთობებში? იქნებ ის, რომ თითოეულ ადამიანთან დაამყარო ურთიერთობა, როგორც თანასწორთან? მე ვფიქრობ, რომ ასეთი კაცი ან მლიქვნელია, ან მაამებელი. სამართლიანი და ღირსეული კაცისათვის შესაფერისი მოქმედება იქნებოდა, რომ თითოეულს ისე ექცეოდეს, რასაც იმსახურებს.       შესაძლებელია ასეთი შემოდავებაც: არის თუ არა სამართლიანი ვინმესთვის ზიანის მიყენება ნებაყოფლობით, აგრეთვე იმის ცოდნით, თუ ვის როგორ და რატომ აყენებ ზიანს, თუ მიყენებული ზიანი ღირებულ მოვლენებსა და სიკეთეს ეხება, ამავე დროს, თუ კანონის დამრღვევმა იცის, რა არის სიკეთე და ბოროტება? მაგრამ ყოველივე ამის ცოდნა არის გონიერება და გონიერისათვის დამახასიათებელი თვისება. მაშინ ვიღებთ აბსურდს, ვფიქრობთ, რომ უსამართლობას არ ახასიათებს გონიერება, რადგან უსამართლო არ იკვლევს სიკეთეს და არც შეუძლია განსაჯოს, თუ რა არის სიკეთე საერთოდ, ან ის, რაც პირადად მისთვის არის სიკეთე. ამიტომ ის ამაში შეცდომებს უშვებს. ამ მოვლენების კარგი ცოდნა კი დამახასიათებელია გონიერებისათვის. ასევე ხდება მედიცინაშიც: ყველამ ვიცით, თუ რა შველის ჯანმრთელობას და რა წარმოშობს მას. ყველამ ვიცით, რომ ჯანმრთელობას შველის ხარისძირა, სასაქმებელი, მოწვა, გაკვეთა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ მედიცინის მცოდნეთ მაინც არ ჩავითვლებით, რადგან არ ვიცით, თუ რა არის სასარგებლო ყოველ ცალკეულ შემთხვევაში. მხოლოდ ექიმმა იცის, თუ ვისთვის არის ეს სასარგებლო, როდის და რა მდგომარეობაში. სწორედ ამაში მდგომარეობს საექიმო ხელოვნების ცოდნა. ვიცით რა ის, რაც ემსახურება საერთოდ ჯანმრთელობას, ჩვენ მაინც არ გვექნება საექიმო განათლება და არც ჩვენი თანამგზავრი იქნება ის. ამავე მდგომარეობაში იმყოფება უსამართლო, რომელმაც იცის, რომ საერთოდ, კარგია ძალაუფლება, კარგი თანამდებობა და გავლენა, მაგრამ მან არ იცის, არის თუ არა ეს პირადად მისთვის, ან ვინმესთვის სიკეთე, როდის და რა პირობებში, მან ეს არ იცის. ეს, პირველ ყოვლისა, გონიერებისათვის არის დამახასიათებელი. მაშასადამე, უსამართლო ადამიანი გონიერებით არ ხელმძღვანელობს. მართალია, სიმდიდრე, ძალაუფლება სიკეთეა საერთოდ, მაგრამ ეს მისთვის არ წარმოადგენს სიკეთეს, რადგან მიაღწევს რა კეთილდღეობასა და ძალაუფლებას, ამას მისთვის დიდი ბოროტება მოაქვს, ბოროტება მოაქვს მისი მეგობრებისთვისაც, რადგან მან არ იცის ძალაუფლების სწორი გამოყენება.       წარმოიშობა ასეთი სიძნელეც, რაც გადაჭრას მოითხოვს: არსებობს თუ არა უსამართლობა ცუდი ადამიანის მიმართ? თუ უსამართლობაა მისთვის კეთილდღეობის წართმევა? სინამდვილეში ეს არ იქნება ბოროტება, რადგან ის, რაც მას სიკეთე ჰგონია, მისთვის არაა სიკეთე. ძალაუფლება, სიმდიდრე, რომლის სწორი გამოყენება მან არ იცის, მისთვის საზიანო ხდება და თუ ეს მისთვის საზიანოა, ამიტომ ამის წართმევა არ იქნება უსამართლობა.       მაგრამ ბევრს ასეთი მსჯელობა პარადოქსად ეჩვენება, რადგან ყველას ჰგონია, რომ შეუძლია ძალაუფლების, გავლენისა და სიმდიდრის გამოყენება, რაც სწორი არაა. ეს ცხადი გახდება კანონმდებლის მაგალითზე. კანონმდებელი ყველას არ ანდობს მართვას, არამედ ფიქრობს, რომ ვისაც მართვა სურს, მას უნდა ჰქონდეს გარკვეული ასაკი და ქონება, რადგან ქვეყნის მართვა ყველას არ შეუძლია. მაგრამ თუ ვინმე უკმაყოფილოა იმის გამო, რომ არ მართავს, ანდა იმიტომ, რომ მას არავინ არ ანდობს ხელმძღვანელობას, მას შეიძლება ეთქვას: „შენ არა გაქვს რაღაც ისეთი სულიერი თვისება, რომლითაც მართვასა და ხელმძღვანელობას შესძლებდი.“ ასევეა იმ შემთხვევაში, როდესაც ვამჩნევთ, რომ შეიძლება ადამიანის გამოჯანმრთელება, მაგრამ არა ნებისმიერი საკვებით, არამედ შერჩეულით, პირველ ყოვლისა, წყლითა და მცირედი საკვებით. ხოლო, ვისაც სული აქვს ცუდი, რათა მან ბოროტება არ ჩაიდინოს, უმჯობესია, რომ მან თავი შეიკავოს სიმდიდრისა, ძალაუფლებისა და სხვა მრავალი მოვლენისაგან, რადგან სული უფრო ადვილად ცვალებადია და მოძრავი, ვიდრე სხეული. ასევე სულით ავადმყოფი ისე უნდა ცხოვრობდეს, რომ ზემოხსენებულ მოვლენასთან კავშირი არ ჰქონდეს.       არსებობს ასეთი სიძნელეც: რას უნდა მიეცეს უპირატესობა, როდესაც კაცს ერთდროულად არ შეუძლია როგორც სიმამაცის, ისე სამართლიანობის ჩადენა? ბუნებრივი სათნოებების შესახებ ჩვენ ვთქვით, რომ ესაა მშვენიერებისაკენ სწრაფვის იმპულსი წინასწარი განზრახვის გარეშე, რადგან არჩევანი არსებობს სულის მოაზროვნე ნაწილში და ის გაცნობიერებულია. ასე რომ, სადაც არჩევანია, იქ არსებობს სრულყოფილი სათნოებაც და გონიერებაც, მაგრამ იგი არ არსებობს მშვენიერებისაკენ ბუნებრივი ლტოლვის გარეშე, რადგან სათნოება არ ეწინააღმდეგება გონებას, სათნოება გონებას ემორჩილება და მისი მითითებებით მოქმედებს. ამიტომაც, საითკენაც გონება მოუწოდებს, იქითკენ მიემართება ის, რადგან რასაც აზროვნება ირჩევს, ის საუკეთესოც არის. მაგრამ არც სხვა სათნოებები არსებობენ გონიერების გარეშე, ისევე, როგორც არც გონიერება არსებობს სრულყოფილი სათნოებების გარეშე, რადგან ისინი როგორღაც უკავშირდებიან ერთმანეთს და გონიერების კარნახით მოქმედებენ.       არანაკლებ ძნელი გადასაწყვეტია კითხვა იმის შესახებ, რომ არის თუ არა სათნოებებში ისეთივე მდგომარეობა, როგორც გარეგან სიკეთეში და იმ სიკეთეში, რომელიც სხეულს ეხება? ესენი გადაჭარბების შემთხვევაში ვნებენ კაცს. მაგალითად, როდესაც კაცი ძალიან გამდიდრდება, იგი კაცთმოძულე და უსიამოვნო ხდება. ასეთსავე გავლენას ახდენს ადამიანზე სხვა სათნოებებიც: ძალაუფლება, სილამაზე, მაღალი ტანი. არის თუ არა სათნოებებში ასეთივე მდგომარეობა, რომ როდესაც კაცი ძალიან მამაცი ან ძალიან სამართლიანი ხდება, უარესდება? ვფიქრობთ, რომ არა, რადგან სათნოებას შედეგად მოსდევს პატივისცემა, ხოლო მეტისმეტი პატივისცემა ადამიანს აუარესებს. ამრიგად, ამბობენ ისინი, სათნოება, რომელიც მატულობს, ადამიანს აუარესებს. პატივისცემის მიზეზი კი სათნოებაა. ასე რომ, მომატებული სათნოება ადამიანს უარესს ხდის. სწორია ეს თუ არა? არაა სწორი, რადგან სათნოება კიდევ სხვა მრავალ შედეგს იწვევს, როგორც ზემოთ დასახელებულთ, ისე სხვას, ოღონდ თუ ისინი სწორად იქნებიან გამოყენებული. ადამიანი, რომელსაც წილად ხვდა ან დიდი პატივისცემა, ან დიდი ძალაუფლება, მაგრამ მას სწორად ვერ იყენებს, ის არ ყოფილა წესიერი კაცი. რადგან არც პატივი, არც ძალაუფლება და არც სათნოება კაცს ვერ გააუარესებს. საერთოდ, როგორც თავშიც განვსაზღვრეთ, სათნოებებს შუა ადგილი უკავიათ, და რაც უფრო დიდია სათნოება, მით უფრო მეტად უკავია მას შუალედი პოზიცია. ასე, რომ თუ სათნოება მატულობს, ის კი არ აუარესებს კაცს, არამედ აუმჯობესებს. ამრიგად, შუალედი მდგომარეობა ნიშნავს გრძნობების ნაკლებობასა და სიჭარბეს შორის ყოფნას.       ამის შესახებ აქ შევჩერდეთ. თავი 4       ამის შესახებ აუცილებელია სხვა საწყისზე დამყარებით ვიმსჯელოთ თავშეკავებისა და თავშეუკავებლობის შესახებ, რადგან ასეთი სიკეთე და ბოროტება უჩვეულოა, ამიტომ აუცილებელია, რომ მათ შესახებ კამათიც უჩვეულო იქნება. ეს სათნოება სხვა სათნოებებს არ ჰგავს. სხვა სათნოებებში როგორც აზრი, ისე გრძნობა ერთი საგნისკენ უბიძგებს კაცს და ისინი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებიან. აქ აზრი და გრძნობა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არიან.       სულში იმყოფება სამი მოვლენა, რის გამო კაცს „ცუდი“ ეწოდება: ბოროტება, თავშეუკავებლობა და მხეცური ბუნება. ბოროტებისა და სათნოების შესახებ, თუ რა არის ის და სად არსებობს, ზემოთ უკვე ვთქვით. დაგვრჩა გასარკვევი თავშეუკავებლობა და მხეცური ბუნება. თავი 5       მხეცური ბუნება წარმოადგენს ბოროტების თავისებურ სიჭარბეს. როდესაც ვხედავთ, რომ კაცი, ძალიან ცუდია, ვამბობთ, რომ ის ადამიანი კი არა, მხეცია, ვითვალისწინებთ რა იმას, რომ არსებობს ბოროტების რაღაც მხეცური ფორმა. ხოლო მისი საპირისპირო სათნოება უსახელოა. ის როგორც სრულყოფილი, ამაღლებულია ადამიანის დონეზე და წარმოადგენს რაღაც გმირულსა და ღვთაებრივს. ამ სათნოებას სახელი არა აქვს, რადგან არ არსებობს ღმერთის სათნოება. ღმერთი სათნოებაზე მაღლა დგას და სათნოება არაა მისი სრულყოფის საზომი, რადგან მაშინ სათნოება ღმერთზე უკეთესი იქნებოდა. მაშასადამე, მხეცურ ბუნებას უპირისპირდება უსახელო სათნოება. სავარაუდოა, რომ ეს არის რაღაც ღვთაებრივი და ზეადამიანური, ასევე მისი საპიროსპირო სათნოებაც ზეადამიანური იქნება. თავი 6       თავშეკავებისა და თავშეუკავებლობის შესახებ თავდაპირველად უნდა გავარკვიოთ ის, რაც სადავოა და რაც თვალსაჩინო მოვლენებს ეწინააღმდეგება, რათა სადავო საკითხებისა და საწინააღმდეგო არგუმენტების კვლევითა და შედარებით მივაღწიოთ ჭეშმარიტებას, რამდენადაც კი ეს შესაძლებელია. პატივცემული სოკრატე კი სრულიად უარყოფდა თავშუკავებლობას და ამბობდა, რომ ის არ არსებობსო. ის ფიქრობდა, რომ ვინც იცის, თუ რა არის ბოროტება, არასოდეს არ ჩაიდენდა მას. მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ თავშეუკავებელმა იცის ეს, მაგრამ მაინც სჩადის მას, რადგან ვნება უბიძგებს აქეთკენ. სოკრატეს არგუმენტი, რომლითაც ის უარყოფდა თავშეუკავებლობას, ასეთი იყო. მაგრამ ეს არ იყო სწორი, ამიტომ უაზრო იქნებოდა დაგვეჯერებინა მისი მსჯელობისთვის და სარწმუნო მოსაზრება კი უარგვეყო. რადგან არსებობენ თავშეუკავებელი ადამიანები, რომლებმაც იციან, თუ რა არის ცუდი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც სჩადიან მას.       რადგან არსებობს თავშეუკავებლობა, ამიტომ გასარკვევია, აქვს თუ არა თავშეუკავებლობას რაიმე ცოდნა, რითაც ის განიხილავს და არკვევს ბოროტს? ვფიქრობთ, რომ არა, რადგან უაზრობა იქნებოდა, რომ ის, რაც ჩვენში არის უძლიერესი და ყველაზე საიმედო, დაექვემდებაროს რაიმე ძალას. ჩვენ თვისებებში კი ცოდნა ყველაზე მყარი და უძლეველია, ამიტომ უაზრობაა, რომ ის რაიმეს დაეძლია. აი, კიდევ ერთი არგუმენტი, რომლითაც მტკიცდება, რომ თავშეუკავებელს ცოდნა არა აქვს: თუ მას ცოდნა არა აქვს, მაშ წარმოდგენა ჰქონია, მაგრამ თუ თავშეუკავებელს აქვს წარმოდგენა, მაშინ ის გასაკიცხი აღარ ყოფილა. რადგან თუ თავშეუკავებელი რაიმე ცუდს სჩადის ისე, რომ ამის შესახებ არა აქვს ცოდნა, არამედ წარმოდგენა, მაშინ მას დანაშაული შეიძლება ეპატიოს. რადგან მან ბოროტება ჩაიდინა სიამოვნებით გატაცებულმა. ე.ი. მან არ იცოდა ზუსტად, თუ რა არის ცუდი და წარმოდგენით მოქმედებდა. ე.ი. მან არ იცოდა ზუსტად, თუ რა არის ცუდი და წარმოდგენით მოქმედებდა. ხოლო ვისაც ვაპატიებთ დანაშაულს, მას არც ვკიცხავთ. ასე რომ, თუ თავშეუკავებელს მხოლოდ წარმოდგენა აქვს, გასაკიცხი არ არის. სინამდვილეში კი ის მაინც გასაკიცხია. მაგრამ ასეთ მსჯელობას თან ახლავს დაბრკოლებები. რადგან, როგორც იმათ, რომლებმაც თქვეს, რომ თავშეუკავებელს ცოდნა არა აქვს, უაზრო შედეგი მიიღეს, ასევე ისინი, რომლებმაც თქვეს, რომ მას შეხედულება აქვს, უაზრობამდე მივიდნენ.       შეიძლება წარმოიშოს აგრეთვე შემდეგი სიძნელე: როგორც ჩანს, თავშეკავებული გონიერია, ამიტომ შეიძლება იმის თქმა, რომ რასაც ის სჩადის, ძლიერი ვნებების გავლენით სჩადის? მაგრამ რადგან ის თავშეკავებულია, ამიტომ მას უნდა სძლევდნენ ძალიან ძლიერი ვნებები, რადგან არავინ არ იტყოდა მასზე, რომ ის თავშეკავებულია, თუ ის მხოლოდ ზომიერ ვნებებს სძლევს. ამიტომ თუ მას ძლიერი ვნებები არ ექნება, არც გონიერი იქნება, რადგან გონიერი არაა ის, ვისაც არც ვნებები და არც განცდები არა აქვს.       სიძნელეს ჰქმნის ასეთი არგუმენტიც: არსებობს ასეთი თვალსაზრისი, რომლის თანახმად, ზოგჯერ თავშეუკავებელი საქებია, ხოლო თავშეკავებული გასაკიცხი. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ კაცმა გადაწყვეტილების მიღების დროს შეცდომა დაუშვა და მშვენიერება მახინჯად მოეჩვენა, მაგრამ ვნება მას მშვენიერებისაკენ უბიძგებს. მას აზროვნება არ აძლევს მოქმედების ნებას, მაგრამ, ვნებებით გატაცებული, ის მაინც მოქმედებს. ზოგჯერ ასე იქცევა თავშეუკავებელი. ის ჰქმნის მშვენიერებას, რადგან აქეთკენ მას ვნება უბიძგებს, აზროვნება კი ხელს უშლის, რადგან დაშვებული იყო, რომ ის აზროვნებით სცდებოდა მშვენიერების შერჩევაში. მაშასადამე, ეს კაცი თავშეუკავებელია, თუმცა მაინც საქებია. იგი საქებია იმდენად, რამდენადაც მშვენიერებას ჰქნის. მაგრამ ეს შედეგი უაზროა. დავუშვათ საწინააღმდეგო, რომ ის აზროვნებით სცდება და მშვენიერება მშვენიერებად არ ეჩვენება, ვნებას კი იგი მშვენიერებისაკენ მიჰყავს. ხოლო, თავშეუკავებელია ის ვისაც ვნებები კი აქვს, მაგრამ მოქმედებს არა ვნებებით, არამედ აზროვნებით. მაშასადამე, ის სცდება აზროვნებით, რომელიც მას ხელს უშლის მშვენიერების შემოქმედებაში. მაგრამ მშვენიერებისაკენ მას ვნება უბიძგებს. ის, ვისაც უნდა შეექმნა მშვენიერება, მაგრამ არ შექმნა, გასაკიცხია. ამრიგად, თავშეკავებული ზოგჯერ გასაკიცხია, მაგრამ აქედან უაზრო შედეგები გამომდინარეობს.       სადავოა შემდეგიც: თავშეუკავებლობა და თავშეუკავებელი გვხვდება ყველგან და ყველაფერში: ქონებაში, პატივისცემაში, მრისხანებაში, წარმოდგენაში (ვარაუდობენ, რომ ყველა ამ შემთხვევაში კაცი შეიძლება თავშეუკავებელი იყოს), თუ არ გვხვდება, არამედ მას მოქმედების განსაზღვრული სფერო აქვს? ასეთია ის პუნქტები, რაშიც სიძნელე მდგომარეობს და ამ სიძნელეების გადაწყვეტა აუცილებელია.       პირველ ყოვლისა, შევეხოთ ცოდნას, რადგან უაზრობად გვეჩვენება იმის მტკიცება, რომ ვისაც ცოდნა აქვს, შეიძლება დაკარგოს, ან თვითონ ადამიანი შეიცვალოს. იგივე უნდა ითქვას წარმოდგენის შესახებაც, რადგან არავითარი განსხვავება არაა, გვაქვს ცოდნა, თუ წარმოდგენა, თუ წარმოდგენა ძალიან მყარი და უცვლელია, ის არაფრით არ იქნება განსხვავებული ცოდნისაგან იმათ თვალში, ვისაც წარმოდგენა აქვს. რადგან ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მდგომარეობა სინამდვილეში ისეთია, როგორც მათ ჰგონიათ. მაგალითად, ჰერაკლიტე ეფესელს ასეთი წარმოდგენა ჰქონდა თავისი შეხედულებების შესახებ.       მაგრამ არ იქნებოდა უაზრობა, თუ ვიტყოდით, რომ თავშეუკავებელს შეუძლია ჩაიდინოს რაიმე ცუდი, ექნება მას ცოდნა, თუ წარმოდგენა. „ცოდნის ქონებას“ კი ორი მნიშვნელობით ხმარობენ: ერთია ცოდნის ფლობა (ჩვენ ვამბობთ, რომ კაცი მცოდნეა მაშინ, როცა რაიმე ცოდნა აქვს). მისი მეორე მნიშვნელობაა ცოდნის გამოყენება. თავშეუკავებელია ის, ვისაც აქვს მშვენიერების ცოდნა, მაგრამ არ იყენებს. არ იქნება უაზრო, თუ ვიტყვით, რომ კაცი ამ ცოდნას არ იყენებს როდესაც ბოროტებას სჩადის. აქ იგივე მდგომარეობაა, რაც მძინარეთა შემთხვევაში. მათ ცოდნა აქვთ, მაგრამ ძილში მრავალ საშინელებას სჩადიან და განიცდიან. რადგან მათ აქტიური ცოდნა არა აქვთ, ამიტომ არ მოქმედებენ ამ ცოდნის საფუძველზე. იგივე მდგომარეობაა თავშეუკავებლის შემთხვევაში, რადგან იგი მძინარესა ჰგავს და ცოდნას არ იყენებს. ამით სიძნელეც გადაწყდა, რადგან კითხვა ეხებოდა იმას, რომ თავშეუკავებელმა მოქმედების დროს ან დაკარგა ცოდნა, ან თვითონ შეიცვალა. მაგრამ ორივე დაშვება უაზრობაა.       აქედან ცხადი გახდება ის, რაც ჩვენ „ანალიტიკებში“ ვთქვით, რომ დასკვნა შედგება ორი წანამძღვრისაგან. ამათგან პირველი ზოგადია, მეორე მისდამი დაქვემდებარებული და კონკრეტული. მაგალითად,       მე ვიცი, როგორ განვკურნო ყველა, ვისაც ციება აქვს.       ეს კაცი ციებით არის ავად. -----------------------------------------------       მაშასადამე, მე ვიცი, როგორ განვკურნო ის.       ამრიგად, არსებულა მოვლენები, რომელიც მე ვიცი ზოგადად და არა კონკრეტულად. ე.ი. შეცდომა შეიძლება მაშინაც წარმოიშოს, როცა ცოდნა გვაქვს. მაგალითად, იცი თუ როგორ განკურნო ყველა, ვინც ციებით არის შეპყრობილი, მაგრამ არ იცი ამ ადამიანს აქვს თუ არა ციება. იგივე შეცდომა შეიძლება დაუშვას თავშეუკავებელმა, რომელმაც იცის, თუ რაა ცუდი და მავნე, მაგრამ არ იცოდეს, რომ ეს კონკრეტული მოვლენა მავნეა. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ მას ცოდნა აქვს, იგი მაინც შეიძლება შეცდეს, რადგან მას აქვს ზოგადი და არა კონკრეტული ცოდნა. ამრიგად, არ იქნება არავითარი შეუსაბამობა, თუ ვიტყვით, რომ თავშეუკავებელს აქვს ცოდნა, მაგრამ რაღაც ცუდს მაინც სჩადის. აქ იგივე მდგომარეობაა, როგორიც მთვრალებში. მათ როდესაც სიმთვრალე გაუვლით, ისეთივე ხდებიან, როგორიც იყვნენ. მათ არ დაუკარგავთ არც ცოდნა და არც აზროვნების უნარი, მაგრამ ისინი სიმთვრალემ სძლია. როგორც კი სიმთვრალე გაუვლით, ისეთივე ხდებიან, როგორიც სიმთვრალემდე იყვნენ. იგივე უნდა ითქვას თავშეუკავებლობის შესახებაც როდესაც მათ ვნება სძლევთ, ეცლებათ აზროვნების უნარი, მაგრამ როგორც კი ვნება გაუვლით, ისეთივე ხდებიან, როგორიც მანამდე იყვნენ.       არსებობს კიდევ ერთი არგუმენტი თავშეუკავებლობის შესახებ, რასაც თან დაბრკოლება ახლავს. ამ არგუმენტის მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში თავშეკავებული გასაკიცხია, ხოლო თავშეუკავებელი საქები. მაგრამ სინამდვილეში ეს არ ხდება, რადგან არც თავშეკავებული და არც თავშეუკავებელი აზროვნებით არ სცდებიან. ისინი აზროვნებით არჩევენ კარგსა და ავს, მაგრამ თავშეუკავებელი გონებას არ ემორჩილება, თავშეკავებული კი ემორჩილება და ამიტომ მას არც ვნებები სძლევენ. ასევე ის, ვინც ფიქრობს, რომ მამის ცემა ცუდი არაა და ვნებებს აყოლილი სცემს მამას, თავშეკავებული არაა. ამრიგად თუ ამ მოვლენებში არ იმყოფება არც თავშეკავება და არც თავშეუკავებლობა, მაშინ არც თავშეუკავებლობა იქნება საქები და არც თავშეკავება საძრახისი, როგორც ჩვენ თავიდანვე ვვარაუდობდით.       ზოგი თავშეუკავებელია ავადმყოფობის გამო, ზოგს კი ამისკენ ბუნებრივი მიდრეკილება აქვს. არსებობს ავამყოფობის შემდეგი ფორმები: ზოგი თმებს იწეწს და იგლეჯს. ვინც ამ სიამოვნებას სძლევს, არც საქებია და არც დასაძრახი. ვინც ვერ სძლევს ამას, არც ისაა დასაძრახი. ბუნებრივი თავშეუკავებლობის მაგალითად გამოდგება მონაყოლი იმის შესახებ, რომ ერთხელ ასამართლებდნენ ვაჟს, რომელმაც მამას სცემა. ვაჟმა კი თავი დაიცვა სიტყვებით, რომ „ესეც სცემდა თავის მამას“. ამის შემდეგ ის გაათავისუფლეს, რადგან მოსამართლემ იფიქრა, რომ დანაშაული დამახასიათებელი იყო მათი ოჯახისათვის. არც ისაა საქები, ვინც მამის ცემის ვნებას სძლევს. მაგრამ ჩვენ ვიკვლევთ თავშეკავებისა და თავშეუკავებლობის არა ამ ფორმებს, არამედ იმას, რასაც საქები და საძრახისი ზოგადად ეწოდება.       ზოგი სიკეთე გარეგანია. მაგალითად, სიმდიდრე, თანამდებობა, პატივი, მეგობრობა, სახელი. ზოგი კი აუცილებელი და სხეულთან არის დაკავშირებული, მაგალითად, შეხება და გემოვნება. ის, ვინც ამაში თავშეუკავებელია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ყველაფერში იქნება თავშეუკავებელი. ვფიქრობთ, რომ სხეულებრივი სიამოვნება და ის სიამოვნება, რომელსაც ჩვენ ვიკვლევთ, ასეთ მოვლენებში უნდა არსებობდეს.       კითხვა ეხებოდა იმას, თუ რომელ მოვლენებში არსებობს თავშეუკავებლობა. საერთოდ, პატივისცემაში თავშეუკავებლობა არ არსებობს, რადგან თავშეუკავებლობა პატივისცემაში როგორღაც საქებია. თავშეუკავებელი ხომ პატივმოყვარეა. მაინც ვამბობთ, რომ ვინმე თავშეუკავებელია, ვუმატებთ, რომ თავშეუკავებელია ან პატივში, ან დიდებაში, ან სიბრაზეში. მაგრამ როდესაც ვამბობთ, რომ „ეს კაცი საერთოდ თავშეუკავებელია“, არ ვუმატებთ, თუ რაში არის ის თავშეუკავებელი. რადგან დამატების გარეშეც ნათელია, თუ როგორ არის ის თავშეუკავებელი. ზოგადი თავშეუკავებლობა კი არსებობს სიამოვნებასა და ტანჯვაში.       ქვემოთ ნათელი გახდება, რომ თავშეუკავებლობის სფერო სწორედ ესაა. რადგან გასაკიცხია საერთოდ თავშეუკავებელი, ამიტომ გასაკიცხი იქნება თავშეუკავებლობის ცალკეული ფორმებიც. მაგრამ პატივი, დიდება, ძალაუფლება, ქონება და სხვა, რის გამოც ადამიანს თავშეუკავებელს ვუწოდებთ, არაა გასაკიცხი, ხოლო სხეულებრივი სიამოვნებანი გასაკიცხია. მაშასადამე, სრული საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ ვინც ამ სფეროში საჭიროზე მეტად აქტიურობს, თავშეუკავებელი ეწოდოს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.       რადგან თავშეუკავებლობა სიბრაზეში ყველაზე მეტად საძრახისად ითვლება, ამიტომ იბადება კითხვა რა უფრო მეტად საძრახისია, თავშეუკავებლობა სიბრაზეში, თუ სიამოვნებაში? სიბრაზეში თავშეუკავებლები შეიძლება შევადაროთ მონებს, რომლებიც დიდი გულმოდგინებით გვემსახურებიან. როდესაც მათი პატრონი ეუბნება „მომეცი“, ისინი სწრაფად გარბიან და სანამ გაიგებდნენ, თუ რა მოუტანონ, უკვე მოაქვთ, მაგრამ მოაქვთ შეცდომით. ამიტომ ზოგჯერ, როცა ქაღალდის მოტანაა საჭირო, მოაქვთ საწერ-კალამი. იგივე ემართება სიბრაზეში თავშეუკავებელს: როგორც კი გაიგებს გამოთქმას: „უსამართლობა ჩაიდინა“, მას მაშინვე აღეძვრება შურისძიების სურვილი და არ უცდის გაიგოს, ნამდვილად მოხდა, თუ არა უსამართლობა. მაშასადამე, ასეთი დიდი მრისხანება არ იყო საჭირო. მართალია ეს თავშეუკავებლობას ნიშნავს, მაგრამ ძალიან საძრახისი არაა. სხეულებრივ სიამოვნებაში თავშეუკავებლობა კი ყოველთვის საძრახისია. სიბრაზეშიც არის განსხვავება: ერთ შემთხვევაში გონება უკრძალავს მოქმედებას, მაგრამ ის მაინც თავისას აკეთებს გონების საწინააღმდეგოდ. თავშეუკავებლობის ეს ფორმა უფრო საძრახისია, ვიდრე თავშეუკავებლობა სიბრაზეში. თავშეუკავებლობა სიბრაზეში ტანჯვას გავს და არ არსებობს მრისხანე, რომ არ იტანჯებოდეს. მაგრამ ვნებასთან დაკავშირებულ თავშეუკავებლობას კი თან სიამოვნება ახლავს და ამიტომ ის უფრო მეტად არის გასაკიცხი. სიამოვნებაში თავშეუკავებლობა თავხედობას უნდა ნიშნავდეს.       გასარკვევია, ერთი და იგივეა თუ არა თავშეკავება და მოთმინება? თავშეკავება სიამოვნებასთან არის დაკავშირებული. თავშეკავებულია ის, ვინც სიამოვნებას სძლია. მოთმინება კი ტანჯვას უკავშირდება. მომთმენია კაცი, რომელიც ტანჯვის ამტანია. ასეთი ადამიანი კი მტკიცეა. მაგრამ თავშეუკავებლობა და სისუსტე ერთი და იგივე არაა. სისუსტე და სუსტი ეწოდება იმას, ვინც ტანჯვას ვერ უძლებს, მაგრამ არა ყველა ტანჯვას, არამედ იმას, რასაც სხვა ადამიანები უძლებენ. თავშეუკავებელი კი ისაა, ვისაც არ ძალუძს სიამოვნებისგან თავშეკავება, არამედ სისუსტეს იჩენს და მას ემორჩილება.       ამას გარდა, არსებობს ე.წ. თავზე ხელაღებული ადამიანი. ერთი და იგივეა თუ არა თავზე ხელაღებული და თავშეუკავებელი? თავზე ხელაღებულია ის, ვისაც ჰგონია, რომ რასაც ის სჩადის, ძალიან კარგია და მისთვის სასარგებლოა. მას არც რაიმე ცოდნა გააჩნია, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა იმაში, საითკენაც ვნება მიაქანებს.       რომელი უფრო ადვილად სამკურნალოა, თავზე ხელაღებული, თუ თავშეუკავებელი? არა მგონია, რომ თავშეუკავებლის მკურნალობა უფრო ადვილი იყოს. თავაწყვეტილი უფრო ადვილად იკურნება, რადგან საკმარისია, მან გაიგოს, რომ ასეთი თუ ისეთი მოქმედება ცუდია, რომ ეს ცუდი აღარ ჩაიდინოს. თავშეუკავებელს კი ცოდნა აქვს, მაგრამ დანაშაულს მაინც სჩადის. ასე რომ, ის განუკურნებელი ჩანს.       ვინაა უფრო ცუდი: ის, ვისაც არავითარი დადებითი თვისება არ ახასიათებს, თუ თავშეუკავებელი? სავარაუდოა, რომ პირველია უფრო ცუდი, რადგან მას ცუდ მდგომარეობაში აქვს ის მხარე, რაც უფრო პატივსაცემია. თავშეუკავებელს კი აქვს სათნოება, რაც სწორი თვალსაზრისია. თავაწყვეტილს კი ასეთი ცოდნა არა აქვს. აზროვნება არის ყველაფრის საწყისი. მაშასადამე, თავშეუკავებელს უფრო საპატიო საწყისი ჰქონია, თანაც კარგ მდგომარეობაში. თავაწყვეტილს კი ეს საწყისი უარეს მდგომარეობაში აქვს. მაშასადამე, თავაწყვეტილი თავშეუკავებელზე უარესი ყოფილა.       გარდა ამისა, „მხეცური ბუნება“, რასაც ჩვენ ბოროტებას ვთვლით, ცხოველებში არ შეიმჩნევა. ის ადამიანებში არსებობს. „მხეცური“ არის სიტყვა, რომელიც ბოროტების სიჭარბეს ნიშნავს. რატომ ხდება, რომ ეს სიჭარბე ადამიანებში გვხდება? იმიტომ, რომ ცხოველებს არ გააჩნიათ უმაღლესი საწყისი, რაც აზროვნებაში გამოიხატება. ვის შეუძლია მეტი ბოროტების ჩადენა: ლომს, დიონისეს, ფალარისს, კლეარქეს, თუ სხვა რომელიმე მოძალადეს? ცხადია, რომ ამათ, დასახელებულთ, რადგან ცუდი ამოსავალი პრინციპი აქვთ, რაც ბოროტებას იწვევს. ცხოველებს კი უმაღლესი პრინციპი, აზროვნების სახით არა აქვთ. თავაწყვეტილსაც ცუდი საწყისი პრინციპი აქვს, რადგან როდესაც ის რაიმე ცუდს სჩადის, მას აზროვნება ეთანხმება და ამიტომ სწორად თვლის, რასაც აკეთებს. მაშასადამე, მასში საწყისი პრინციპი წესრიგში არ ყოფილა. მაშ, თავაწყვეტილი თავშეუკავებელზე ცუდი ყოფილა.       არსებობს თავშეუკავებლობის ორი ფორმა: პირველი მოუფიქრებლად და უცბად აქეზებს კაცს მოქმედებისაკენ. მაგალითად, როცა ლამაზ ქალს ვხედავთ, მაშინვე ვნება აღგვეძრება. ვნება კი წარმოშობს სწრაფვას მოქმედებისაკენ, რაც სწორი არ იქნება. მეორე ფორმა როგორღაც სუსტია, მაგრამ გვხვდება იმ ადამიანებში, ვისაც ცოდნა მოქმედებას უკრძალავს. პირველი ფორმა არ უნდა იყოს ძალიან ცუდი, რადგან იგი გვხვდება სერიოზულ, თბილ და კარგად აღზრდილ ადამიანებში. მეორე ფორმა კი გვხვდება ცივ და მელანქოლიურ ადამიანებში და ის გასაკიცხია. ამას გარდა, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ კაცმა აღგზნებისაგან თავი შეიკავოს და როცა ლამაზ ქალს დაინახავს, გაიფიქროს „აგერ, მოდის მშვენიერი ქალი, საჭიროა სიფრთხილე“. ამრიგად, ასეთი მსჯელობის კარნახით გრძნობადი შთაბეჭდილებებით შეპყრობილი კაცი აღარც ძლიერ ვნებებს დაემორჩილება და არც რაიმე ცუდს ჩაიდენს, მაგრამ გასაკიცხია ის, ვინც იცის, რაც არ უნდა ჩაიდინოს, მაგრამ სიამოვნებას აყოლილი და თანაც სუსტი, მაინც სჩადის დანაშაულს. წესიერი კაცი კი ასეთი თავშეუკავებელი არასოდეს არ გახდება. თავს ვერ შეიკავებს ის, ვინც აღჭურვილია წინასწარი ცოდნით, მაგრამ მას არ ემორჩილება და ვნებებს აყოლილი როგორღაც სუსტდება და ძალ-ღონეს კარგავს.       ზემოთ დასმული იყო კითხვა იმის შესახებ, არის თუ არა გონიერი ადამიანი თავშეკავებული? ამაზე ვუპასუხებთ, რომ გონიერი ადამიანი თავშეკავებულია. თავშეკავებულია არა მხოლოდ ის, ვისაც ვნებები აქვს, მაგრამ ცოდნით იმორჩილებს მათ, არამედ ისიც, ვისაც ვნებები არა აქვს, მაგრამ თუ აღეძრა, სძლევს მათ. გონიერია ისიც, ვისაც ცუდი ვნებები არა აქვს და მათ შესახებ სწორი წარმოდგენა აქვს. აქედან გამომდინარეობს, რომ გონიერებას ისეთივე მიმართულება აქვს, რაც თავშეკავებას და რომ გონიერი თავშეკავებულია და პირიქით, თავშეუკავებელი გონიერი არაა. გონიერია ის, ვინც არ განიცდის, ხოლო თავშეკავებული განიცდის ვნებებს, მაგრამ სძლევს მათ. არც ერთი ამ თვისებათაგანი არ ახასიათებს გონიერებას და მაშასადამე, თავშეკავებული გონიერი არაა.       თავშეკავებულია თუ თავშეუკავებელი თავხედი კაცი? თუ ესენი ერთმანეთთან დაკავშირებული არ არიან? თავშეუკავებლობას ადგილი აქვს ადამიანებში, რომლებშიც სწორი აზრი ვნებებს ებრძვის. თავხედი კი ასეთი არაა, რადგან ის სჩადის ცუდს აზროვნებასთან შეთანხმებით. ასე რომ, არც თავხედია ისეთი, როგორც თავშეუკავებელი და არც თავშეუკავებელია ისეთი, როგორც თავხედი. გარდა ამისა, თავხედი თავშეუკავებელზე ბევრად ცუდია. რადგან ბუნებრივი მიდრეკილებები უფრო ძნელად განიკურნება, ვიდრე ჩვეულებით მიღებული. ვფიქრობთ, რომ ჩვეულება იმიტომაა მყარი, რომ შეთვისებულს ბუნებრივად აქცევს. თავხედი კი თავშეუკავებელზე დაბლა დგას, მასში აზროვნებაც უფრო დაბალ დონეზეა. თავშეუკავებელი მასზე ცუდი მაშინ იქნებოდა, თუ ის ბუნებრივად იქნებოდა ცუდი, როგორც თავხედი. მაგრამ თავშეუკავებელი ცუდია ჩვეულების გამო. თავხედი კი ბუნებრივადაა ასეთი. თავხედის განკურნება უფრო ძნელია, რადგან ერთ ჩვევას მეორე ჩვევა აძევებს, ხოლო ბუნებრივი თვისება არაფრით არ შეიძლება გამოძევებულ იქნას.       თავშეუკავებელია ის, ვისაც ცოდნა აქვს და არც აზროვნებას შეჰყავს ის შეცდომაში. ასეთივეა გონიერიც, რომელიც აზროვნებით ყველაფერს სწორად განჭვრეტს. ამიტომ შეიძლება თუ არა, რომ გონიერი ისეთივე იყოს, როგორც თავშეუკავებელი? ეს სადავოა. მაგრამ თუ ზემოთქმულს მივყვებით, მაშინ გამოდის, რომ გონიერი არ შეიძლება თავშეუკავებელი იყოს. ჩვენ კი ვთქვით, რომ გონიერია ის, ვისაც არა მხოლოდ სწორი აზრი აქვს, არამედ ვინც აზროვნების კარნახით აკეთებს იმას, რაც ყველაზე კარგია. მაშინ გონიერი იქნება არა თავშეუკავებელი, არამედ მოქნილი გონების მქონე. ზემოთ კი ჩვენ ერთმანეთისგან განვასხვავეთ მოხერხებული და გონიერი. მართალია, ორივე ერთსა და იმავე სფეროში მოქმედებს, მაგრამ ერთი აკეთებს იმას, რაც საჭიროა, მეორე კი არა. მაშასადამე, შესაძლებელი ყოფილა, რომ თავშეუკავებელი მოხერხებული იყოს, რადგან არ ყოფნის ძალა იმის განსახორციელებლად, რასაც სწორი აზრი უკარნახებს. მაშინ გამოდის, რომ გონიერი თავშეუკვებელია, მაგრამ ეს შეუძლებელია. თავი 7       რადგან სიტყვა ჩამოვარდა ბედნიერების შესახებ, ამიტომ საჭიროა ამის შემდეგ ვილაპარაკოთ სიამოვნებაზე. რადგან ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ ბედნიერება არის ან სიამოვნება, ან სიამოვნებით აღსავსე ცხოვრება, ანდა, ყოველ შემთხვევაში, ის არაა ცხოვრება სიამოვნების გარეშე. ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ სიამოვნება არაა სათნოება, ამბობენ: „ვიცხოვროთ ტანჯვის გარეშე“. ამრიგად, მათთვის ცხოვრება ტანჯვის გარეშე უახლოვდება სიამოვნებით ცხოვრებას. მაშასადამე, სწორია ლაპარაკი სიამოვნებაზე არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებიც მოითხოვენ ამას, არამედ იმიტომ, რომ სიამოვნებაზე ლაპარაკი ჩვენთვისაც აუცილებელია. რადგან მსჯელობა ბედნიერებას ეხება, ხოლო ბედნიერება ჩვენ განვსაზღვრეთ, როგორც სიამოვნებით ცხოვრება. სათნოების სფერო კი არის სიამოვნება და ტანჯვა, აქედან გამომდინარეობს სიამოვნების განხილვის აუცილებლობა, რადგან ბედნიერება სიამოვნების გარეშე არ არსებულა.       პირველ ყოვლისა, ვიმსჯელოთ იმაზე, რასაც ზოგიერთი ამბობს, რომ სიამოვნება არაა ერთ-ერთი სიკეთე სხვა სიკეთეთა შორის. მათი პირველი არგუმენტი ასეთია: სიამოვნება არის ქმნადობა. ქმნადობა კი დაუმთავრებელია. სიკეთეს კი არა აქვს ადგილი იმაში, რაც დაუსრულებელია. მათი მეორე არგუმენტია: არსებობს სიამოვნების ცუდი ფორმები, ხოლო სიკეთე არ შეიძლება იყოს ცუდი მოვლენების სფერო. მესამე არგუმენტი: სიამოვნება გვხვდება ყველგან, როგორც ცუდში, ისე კარგში, როგორც მხეცურ, ისე ჯოგურ მოვლენებში, კარგი კი ცუდთან აღურეველია და ყველასათვის არ არის დამახასიათებელი. მეოთხე არგუმენტი: სიამოვნება არაა დამოუკიდებელი, სიკეთე კი დამოუკიდებელია. მეხუთე არგუმენტი: იგი ხელს უშლის ზნეობრივი მშვენიერების განხორციელებას, ხოლო რაც მშვენიერებას უშლის ხელს, ის სიკეთე არ იქნება.       ჯერ ვილაპარაკოთ პირველ არგუმენტზე, კერძოდ, წარმოშობაზე და ვცადოთ მისი დარღვევა, რადგან ის სწორი არაა. პირველ ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ყველა სიამოვნება ქმნადობა არაა, რადგან ქმნადობა არ მიიღება არც ხედვით, არც სმენითა და არც ყნოსვით. ის არაა გამოწვეული არც ჭამით, არც სმით, არც ნაკლებობით და რაიმე სხვა საშუალებებით. ეს სიამოვნება ჩნდება სიჭარბისა და ნაკლებობის დროს, როცა საჭირო ხდება დანაკლისის შევსება, ანდა სიჭარბის შემცირება. ამ შემთხვევაში ის ქმნადობაა. მაგრამ ნაკლებობა და სიჭარბე არის ტანჯვა. მაშასადამე, სიამოვნება ყოფილა იქ, სადაც ტანჯვაა. მაგრამ ხედვაში, ყნოსვაში არაა წინასწარ მოცემული ტანჯვა, რადგან არავინ, ვინც სიამოვნებას იღებს მხედველობით, ან ყნოსვით, არ იტანჯება. ასევე აზროვნებაშიც რაღაცის განჭვრეტის დროს კაცი იღებს სიამოვნებას ტანჯვის გარეშე. მაშასადამე, არსებულა რაღაც სიამოვნება, რაც ქმნადობა არაა. და რომელიც სწორედ ამიტომ არის სიკეთე.       საერთოდ კი, არც ერთი სიამოვნება არაა ქმნადობა. არაა ქმნადობა არც ჭამით, არც სმით მიღებული სიამოვნება. მაშასადამე, სცდებიან ისინი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ასეთი სიამოვნება არის ქმნადობა. ისინი კი ვარაუდობენ, რომ თუ ჭამითა და სმით მიღებული სიამოვნება და ქმნადობა ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ სიამოვნებაც ქმნადობა ყოფილა. მაგრამ ეს ასე არაა. თუ სულის ის ნაწილი, რომლითაც სიამოვნებას ვიღებთ, მოქმედებაშია, მაშინ დანაკლისის შევსების დროს, სულის ეს ნაწილი მოქმედებაში იქნება და მისი მოძრაობა და მოქმედება კი სიამოვნება იქნება. შევსებით გამოწვეული სიამოვნება თვალსაჩინოა, ხოლო სულის ის ნაწილი, სადაც ეს ხდება უხილავია. ეს იმასვე ნიშნავს, რასაც ზოგიერთი ამბობს, რომ ადამიანი სხეულია, რადგან სხეული შეიგრძნობა, სული კი არ შეიგრძნობა. სინამდვილეში კი სულიც შეგრძნებადია და აქაც ისეთივე მდგომარეობაა, რაც შეგრძნებად მოვლენებში. იქ, სადაც სიამოვნებას ვიღებთ, არის სულის ნაწილი და ის შევსებასთან ერთად მოქმედებს. მაშ, არც ერთი სიამოვნება არ ყოფილა ქმნადობა.       არსებობენ მოაზროვნენიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიამოვნება შეიგრძნობა ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენისას. ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენა კი არის ნაკლებობის შევსების შედეგი, რასაც შევსება მოსდევს შედეგად, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, სიამოვნება არსებობს იქაც, სადაც არ ხდება დანაკლისის შევსება. ნაკლებობა კი არის ტანჯვა. ჩვენ კი ვამბობდით, რომ არსებობს სიამოვნება ტანჯვის გარეშე და ტანჯვამდე. მაშინ აქედან გამომდინარეობს, რომ ნაკლის შევსება და ბუნებრივი მდგომარეობისადმი დაბრუნება სიამოვნება არ იქნებოდა, რადგან აღნიშნულ სიამოვნებებში არ არის არავითარი ნაკლი. ისინი უარყოფენ სიამოვნებას როგორც სიკეთეს, რადგან მას ქმნადობად მიიჩნევენ. მაგრამ არც ერთი სიამოვნება არაა ქმნადობა, ამიტომ სიამოვნება სიკეთე ყოფილა.       არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ყოველი სიამოვნება არაა სიკეთე. ამ შემთხვევაში კი შეიძლება სწორი შეხედულებების შემუშავება შემდეგნაირად. თუ სიკეთე გვხვდება ყველა კატეგორიაში: სუბსტანციაშიც, მიმართებაშიც, რაოდენობაშიც, დროშიც და საერთოდ, ყველგან, მაშინ ეს მოსაზრება არ იქნება სწორი, რადგან ყოველ მოქმედებას თან სდევს სიამოვნება. მაშ, სიამოვნებაც და სიკეთეც ყველა კატეგორიაში არსებულა. სიამოვნება კი სიკეთიდან წარმოიშობა. მაშ, სიამოვნება იგივე ყოფილა, რაც სიკეთე. აქედანვე ცხადი ხდება ისიც, რომ სიამოვნების სახეები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, რადგან განსხვავებულია ის კატეგორიები, სადაც სიამოვნება გვხვდება. მაგრამ აქ არაა ისეთივე მდგომარეობა, როგორც მეცნიერებაში, მაგალითად, გრამატიკაში და სხვ. მაგალითად, თუ ლამპროსმა იცის გრამატიკა, მას იგივე თვისება აქვს, როგორიც ნებისმიერ გრამატიკოსს, რადგან არ არსებობს გრამატიკის ორი განსხვავებული სახე ლამპროსისა და ნელევსისა. სიამოვნებაში კი ასეთი მდგომარეობა არაა, რადგან სიმთვრალით და სქესობრივი კავშირით მიღებული სიამოვნება კაცში ერთნაირ განწყობას არ იწვევს. მაშასადამე, უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებობს სიამოვნების განსხვავებული სახეები.       აქედან გამომდინარეობს, რომ არსებობს ცუდი სიამოვნებანიც. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ასეთი სიამოვნება სიკეთე არ უნდა იყოს. მაგრამ ასეთი არგუმენტი შეიძლება წამოყენებულ იქნას არა მხოლოდ სიამოვნების მიმართ, არამედ ბუნებრივი მდგომარეობისა და ცოდნის მიმართაც. ხომ არსებობენ დაბალი დონის არსებები, მაგალითად, ხოჭოები, ჭიაყელები და სხვ. მაგრამ ამის გამო თვითონ ბუნება არაა ყოველთვის დაბალი დონისა. მაგალითად, არსებობს დაბალი დონის საქმიანობა, როგორიცაა ხელოსნობა, მაგრამ ამის გამო მთელი ცოდნა არაა დაბალი დონისა, არამედ არსებობს ისეთი ცოდნაც, რომელიც სიკეთეა. ასევეა ბუნებაშიც. როგორც მოქანდაკე არ უნდა შევაფასოთ იმით, თუ რა გამოაქანდაკა მან ცუდად, ან რა ნაკლი აქვს მას, არამედ იმის და მიხედვით, თუ რა შექმნა მან კარგი. ასევე არც ცოდნა, არც ბუნება და არც სხვა რომელიმე მოვლენის თვისება არ უნდა განვიხილოთ ცუდის მხრივ, არამედ იმისდა მიხედვით, რაც მასში კარგია. ასევე სიამოვნებაც თავისი არსით კარგია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს დაბალი დონის სიამოვნებაც. ასევე ცხოველებიც თავისი ბუნებით განსხვავებულნი არიან. არსებობენ როგორც კარგი, ისე ცუდი ბუნების ცხოველები. მაგალითად, ადამიანი თავისი ბუნებით კარგია, მაგრამ მგელი ან სხვა რომელიმე მხეცი - ცუდი. ასევე განსხვავებულია ცხენისა და ადამიანის ბუნება, ძაღლისა და სახედრისა. თითოეული მათგანისათვის სიამოვნება იქნება არაბუნებრივი მდგომარეობიდან ბუნებრივი მდგომარეობისადმი დაბრუნება, მაშინ ეს ცუდი ცხოველებისათვისაც იქნებოდა ცუდი სიამოვნება, რადგან, როგორც ვთქვით, ერთი და იგივე არაა ადამიანისა და ცხენის ბუნება, ან სხვა რომელიმე ცხოველისა და რადგან ისინი ბუნებით განსხვავებულნი არ არიან, ამიტომ განსხვავებული იქნება მათი სიამოვნებანიც. სიამოვნება მდგომარეობს აღდგენაში, ხოლო როგორც ამბობენ, აღდგენა არის ბუნებრივი მდგომარეობისადმი დაბრუნება. ამ შემთხვევაში ცუდი ბუნების მქონე ცხოველის დაბრუნება ბუნებრივი მდგომარეობისადმი იქნება ცუდი, კარგისა - კარგი.       მაგრამ ისინი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიამოვნება სიკეთე არაა, იმასვე განიცდიან, როგორსაც ადამიანები, რომლებმაც არ იციან, თუ რა არის ნექტარი და ჰგონიათ, რომ ღმერთებიც ღვინოსა სვამენ, რადგან მათთვის ამაზე ძვირფასი არა არის რა. ეს მათ უცოდინარობით ემართებათ. იგივე დაემართათ იმათ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყველა სიამოვნება არის ქმნადობა და არა სიკეთე. ეს კი იმიტომ, რომ მათ სხეულებრივი სიამოვნების გარდა, სხვა სიამოვნება არ იციან. და რადგან სხეულებრივი სიამოვნება ქმნადობაში მდგომარეობს, ამიტომ ჰგონიათ, რომ სიამოვნება საერთოდ არაა სიკეთე.       სიამოვნება არსებობს იქაც, სადაც ხდება საწყისი მდგომარეობისკენ დაბრუნება, ან სადაც ეს უკვე მოხდა, მაგალითად, სიამოვნება მხედველობის, სმენის და სხვა ამგვარის ნაკლის შევსება, სადაც ბუნებრივი მდგომარეობა უკვე აღდგა, რადგან სიამოვნების ორივე სახეობა მოქმედებას გულისხმობს, მაშინ, ცხადი ხდება, რომ მხედველობით, სმენით და აზროვნებით მიღებული სიამოვნება საუკეთესო რამ ყოფილა. რაც შეეხება სხეულებრივ სიამოვნებას, ის ნაკლის შევსებას წარმოადგენს.       ისიც იყო ნათქვამი, რომ სიამოვნება სიკეთე არაა, რადგან ის, რაც ყველგან არსებობს და ყველასათვის საერთოა, არ შეიძლება სიკეთე იყოს. ასეთი რამ კი ყველაზე მეტად პატივმოყვარისა და პატივმოყვარეობისათვის უნდა იყოს დამახასიათებელი, რადგან პატივმოყვარეა ის, ვისაც სურს, რომ რაიმე მხოლოდ მას ჰქონდეს, რათა ამით ყველას სჯობდეს. იქნებ პირიქით ხდება, რომ სიამოვნება იმიტომაა სიკეთე, რომ მას ყველა ეტანება? სწრაფვა სიამოვნებისაკენ ყველას ახასიათებს და მას ყველა ეტანება. სწორედ ამიტომ სიამოვნება თავისი არსით სიკეთე უნდა იყოს.       ასეც ფიქრობენ, რომ სიამოვნება დაბრკოლებაა, ამიტომ მასზე აღარ ითქმის, რომ ის სიკეთეა. დაბრკოლებად კი მას იმიტომ თვლიან, რომ როგორც ჩანს, მათ იგი კარგად ვერ იკვლიეს. საგნების შემოქმედებისას წარმოშობილი სიამოვნება დაბრკოლება კი არ უნდა იყოს, პირიქით, დამაბრკოლებელი რაღაც სხვა სიამოვნება უნდა იყოს. ასეთია, მაგალითად, სიმთვრალით მიღებული სიამოვნება. ასევე ერთი ცოდნა შეიძლება დამაბრკოლებელი იყოს მეორე ცოდნისათვის, რადგან ორივეთი ერთდროულად მოქმედება არ შეიძლება. მაგრამ ცოდნა რატომ არ უნდა იყოს სიკეთე, თუ ის შემოქმედების დროს სიამოვნებას წარმოშობს? გარდა ამისა, იბადება კითხვა, რომ სიამოვნება დამაბრკოლებელია, თუ ის უფრო მეტ აქტიურობას იწვევს? სიამოვნება უფრო ენერგიული მოქმედებისაკენ გვიბიძგებს და თვითონაც ენერგიული მოქმედების შედეგია. რადგან ბეჯითად მოქმედი, მოქმედებს სათნოებით, ამიტომ მოქმედება მისთვის სასიამოვნოა და განა იგი იმიტომ უფრო მეტი ენერგიით არ იმოქმედებს? სინამდვილეში ეს ასეც ხდება, რადგან ვინც სიამოვნებით მოქმედებს, ის მუყაითიც არის. ხოლო ვინც მშვენიერების შემოქმედებისას იტანჯება, ის არც მუყაითი იქნება. ტანჯვას იძულება იწვევს, ამიტომ ვინც იტანჯება რომელიმე მშვენიერების შემოქმედებისას, ის იძულებით მოქმედებს. ხოლო, იძულებით მოქმედი მუყაითი არაა. სათნო მოქმედება უნდა ხორციელდებოდეს ან სიამოვნებით, ან ტანჯვით, მესამე გზა არ არსებობს. რატომ? იმიტომ, რომ სათნოება მდებარეობს გრძნობადობის სფეროში. გრძნობა კი მდგომარეობს ტანჯვასა და სიამოვნებაში. შუალედი არ არსებობს. ამრიგად, ცხადია, რომ სათნოება განუყრელად უკავშირდება ტანჯვას, ან სიამოვნებას. ვინც ტანჯვითა ჰქმნის მშვენიერებას, ის არც წესიერი კაცი იქნება. ასე რომ, სათნოება უნდა იყოს არა ტანჯვის, არამედ სიამოვნების შედეგი. ხოლო სიამოვნება არა თუ დამაბრკოლებელია მოქმედებაში, პირიქით, ის გატაცებას იწვევს და მოქმედებას წარმართავს. საერთოდ, სათნოება არ უნდა არსებობდეს იმ სიამოვნების გერეშე, რომელსაც ის იწვევს.       სხვა თეორიების მიხედვით, ცოდნა სიამოვნებას არ წარმოშობს. მაგრამ, არც ეს თვალსაზრისია სწორი, რადგან მზარეულნი, გვირგვინის მკეთებელნი და პარფიუმერნი სიამოვნების შემოქმედების პროფესიონალები არიან. სხვა სულიერი მოღვაწეობისათვის სიამოვნება არაა მიზანი, მაგრამ ისინი ან სიამოვნებას უკავშირდბიან, ან სიამოვნების გარეშე არ არსებობენ. ამრიგად, ცოდნაც სიამოვნების წარმომქმნელია.       ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, სიამოვნება არაა უმაღლესი სიკეთე. ასე და ამგვარი მსჯელობით ისინი სპობენ ცალკეულ სათნოებებს, რადგან თუ სიმამაცე უმაღლესი სათნოება არაა, ამიტომ ის სიკეთე აღარაა? ეს ხომ უაზრობაა. ასევეა სხვა სათნოებებშიც. სიამოვნება იმიტომ აღარაა სიკეთე, რომ იგი უმაღლესი სიკეთე არაა?       ერთგვარი სიძნელე წარმოიშობა სათნოებების განხილვის დროს. მაგალითად, როდესაც აზრი სძლევს ვნებას, მე ვგულისხმობ თავშეკავებულ კაცს, ანდა პირიქით, გრძნობა შეუბრუნდება და სძლევს აზრს, როგორც ეს თავშეუკავებლებს ემართებათ, მაშინ სულის უგუნურ ნაწილში, რომელიც კარგ განწყობაშია, ან ბოროტება სძლევს სწორად წარმართულ აზრს, (ასეთია თავშეკავებული კაცი), ანდა აზრი, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია, სძლევს კარგ მდგომარეობაში მყოფ გრძნობას, რომელსაც მისთვის დამახასიათებელი სათნოებაც კი გააჩნია. თუ ეს შესაძლებელია, აქედან გამომდინარეობს, რომ სათნოებით ცუდად სარგებლობენ, რადგან ცუდად წარმართული აზრი სათნოებასაც ცუდად იყენებს. მაგრამ ასეთი შედეგი უაზრობაა.       ამ დაბრკოლების დაძლევა და მასზე პასუხის გაცემა ადვილია იქიდან, რაც სათნობის შესახებ ჩვენ ზემოთ ვთქვით. სათნოება არსებოს იქ, სადაც კარგად წარმართული აზრი ჰარმონიაშია გრძნობებთან, რომელთაც მათთვის შესაბამისი სათნოება გააჩნიათ და პირიქით, თუ გრძნობა გონებასთან ასეთსავე ჰარმონიაში იმყოფება. ასე განწყობილნი ისინი ერთმანეთთან შეხმატკბილებული არიან. ასე რომ, აზროვნება აქ ყოველთვის სწორ განკარგულებებს იძლევა და გრძნობაც, რომელსაც სწორი მიმართულება აქვს, წარმატებით მოქმედებს. მაგრამ როდესაც აზრი ცუდ მდგომარეობაშია, ხოლო გრძნობა კარგში, მაშინ სათნოება ვერ განხორციელდება, რადგან რაციონალური ელემენტი გამოტოვებულია. სათნოება კი ორივე მხარის ერთობლივი მოქმედებით მიიღება. ასე რომ, სათნოების ცუდად გამოყენება შეუძლებელია.       ზოგი ფიქრობს, რომ სათნოების წარმმართველი და საწყისი არის არა აზრი, არამედ უფრო გრძნობა. რადგან ადამიანში თავდაპირველად მშვენიერებისაკენ ირაციონალური სწრაფვა ჩნდება, მხოლოდ ამის შემდეგ და ამის საფუძველზე განსჯის და გადაწყვეტს აზრი. ეს კარგად შეიმჩნევა ბავშვებში და იმ არსებებში, რომელნიც აზროვნების გარეშე ცხოვრობენ. მათში ჯერ მშვენიერებისაკენ ირაციონალური სწრაფვა წარმოიშვება, ხოლო აზრი შემდეგ ჩნდება. და იგი გრძნობასთან შეთანხმებით აწარმოებს მშვენიერების ქმნადობას. მშვენიერების შემოქმედებისას რაციონალური საწყისები სათავეს ირაციონალურში იღებენ. მაგრამ თუ ირაციონალური საწყისები რაციონალურთან ჰარმონიაში ვერ მოდიან, მაშინ წინააღმდეგობაში ექცევიან მასთან. მაშასადამე, როგორც ჩანს, სათნოების საწყისი უფრო კარგად მოწესრიგებულ გრძნობაშია, ვიდრე აზრში. თავი 8       რადგან სიტყვა ჩამოვარდა ბედნიერებაზე, საჭიროა ვიმსჯელოთ ბედნიერი შემთხვევის შესახებ, რადგან ბევრი ფიქრობს, რომ ბედნიერება არის გამოწვეული შემთხვევისაგან, ანდა მის გარეშე არ არსებობს. ეს სწორი უნდა იყოს, რადგან გარეგან სიკეთეთა გარეშე, რომელთა ძირითადი მიზეზი შემთხვევაა, ბედნიერება არ არსებობს. ამიტომ საჭიროა მსჯელობა ბედნიერი შემთხვევის შესახებ, რა არის იგი, სად არსებობს და რომელია მისი მოქმედების სფერო?       დაიწყებს რა კაცი იმის კვლევას და განხილვას, მაშინვე ასეთ სიძნელეს წააწყდება: არავინ არ ამბობს, რომ შემთხვევის მიზეზი არის ბუნება, რადგან, სადაც ბუნებაა მიზეზი, იქ მოვლენების წარმოშობა უმეტეს შემთხვევაში ან ყოველთვის ერთნაირად წარმოებს, შემთხვევა კი არც კანონზომიერად და არც ერთნაირად არ მოქმედებს. მაშასადამე, შემთხვევა ასეთ მოვლენებზე არ ითქმის. შემთხვევა არ გავს არც გონებას, არც სწორ თვალსაზრისს, რადგან გონებას და აზრს არანაკლებ ახასიათებს წესრიგი და ერთნაირი მოქმედება და არა შემთხვევითი, სადაც უმეტეს შემთხვევაში არის გონება და აზრი, იქ ნაკლებია შემთხვევა, ხოლო სადაც ხშირია შემთხვევა, იქ ნაკლებია გონება. შეიძლება იმის დაშვება, რომ ბედნიერი შემთხვევა არის ღმერთების ერთგვარი ზრუნვა ჩვენზე? თუ ეს შეუძლებელია? ღმერთებს ჩვენ ვთვლით ისეთ გამგებლებად, რომლებიც სიკეთესა და ბოროტებას დამსახურების შესაბამისად ანაწილებენ. ბოლო შემთხვევა და ის, რაც მისგან არის წარმოშობილი, მიმდინარეობს ისე, როგორც მოხვდება. თუ ღმერთს ასეთად მივიჩნევდით, მაშინ ჩვენ მას ჩავთვლიდით ან ცუდ ან არა სამართლიან მოსამართლედ. ეს კი ღმერთებს არ შეშვენით.       გარდა ამისა, შემთხვევას ზემოდასახელებულ მოვლენებს გარდა, სხვაგან ვერ მოვათავსებთ. ასე რომ, ცხადია, ის რომელიმე მათგანია. გონება, აზრი და ცოდნა, როგორც ჩანს, სრულიად სხვა რაღაცაა, ვიდრე შემთხვევა. ასევე, ჩვენი აზრით, ღმერთების მხრივ ზრუნვა და კეთილგანწყობა სრულიად განსხვავდება შემთხვევისაგან. რადგან ბედნიერი შემთხვევა შეიძლება ცუდ ადამიანებსაც ერგოთ და სწორი არ იქნებოდა გვეფიქრა, რომ ღმერთი ცუდად ამიანებზეც ზრუნავს. ამრიგად, გვრჩება და უფრო შესაფერიც არის, რომ ბედნიერი შეთხვევის არსებობის ადგილად ბუნება მივიჩნიოთ.       შემთხვევა საერთოდ და კერძოდ, ბედნიერი შემთხვევა, არსებობს იმ სფეროში, რომელიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რაზეც ჩვენ არ გვაქვს უფლებამოსილება და რის განხორციელების უნარიც არ გვაქვს. ამიტომ სამართლიანობასა და სამართლიანს არავინ არ უწოდებს ბედნიერ შემთხვევას, არ უწოდებენ არც მამაცს და არც სხვა რომელიმე სათნოების მქონეს, რადგან ამის ქონება ან არქონება ჩვენზეა დამოკიდებული. უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ შემდეგში ისეთ მოვლენებზე გვეხმარა გამოთქმა „ბედნიერი შემთხვევა“, როგორიცაა კეთილშობილება და საერთოდ, ისეთი სიკეთე, რაც ადამიანზე არაა დამოკიდებული. ისეთ სათნოებას, რაზეც კაცს არავითარი ძალა არა აქვს, ბედნიერი შემთხვევის შედეგი ეწოდება. თუმცა არც ამ მოვლენებზე შეიძლება ამ გამოთქმის პირდაპირი მნიშვნელობით ხმარება.       გამოთქმას „ბედნიერი შემთხვევა“ უფრო მრავალი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. ბედნიერს ვუწოდებთ ადამიანს, რომელსაც საკუთარი განზრახვის გარეშე რაიმე ძვირფასი ხვდა წილად. მაგალითად, თუ კაცს სასჯელი ეკუთვნოდა, მაგრამ ამის ნაცვლად მოგება ხვდა წილად. მაშასადამე, ბედნიერ შემთხვევას იქა აქვს ადგილი, სადაც კაცი სიკეთეს აღწევს წინასწარი გამიზნულობის გარეშე, ბოროტებას კი თავს აღწევს.       ამრიგად, ჩვენი სურვილისგან დამოუკიდებლად სიკეთის მიღწევა და ბოროტების თავიდან აშორება ბედნიერი შემთხვევა ყოფილა. მაშასადამე, ბედნიერი შემთხვევა ალოგიკური ბუნებისაა. ხოლო ბედნიერი ეთქმის იმას, ვისაც აქვს ირაციონალური სწრაფვა სიკეთისაკენ და აღწევს კიდეც მას. ეს კი ბუნებით არის გამოწვეული, რადგან ჩვენ სულში იმყოფება ბუნებრივი მიდრეკილება იმისკენ მისწრაფებისა, რისთვისაც ჩვენ გარკვეული მონაცმები გვაქვს. თუ ასეთ კაცს ვინმე ჰკითხავს: „რატომ მოგწონს ასე მოქმედება?“ ის უპასუხებს“ არ ვიცი, მაგრამ მომწონს კი“. იგივე ემართებათ ენთუზიაზმში მყოფთ, რადგან მათ წინასწარი გადაწყვეტილების გარეშე აქვთ მისწრაფება რაიმე გარკვეული მოქმედებისაკენ.       მაგრამ ბედნიერი შემთხვევისათვის არა გვაქვს მისთვის შესაფერისი სახელი. ხშირად მას ვუწოდებთ მიზეზს, მაგრამ მიზეზი სულ სხვაა და ბედნიერი შემთხვევა კი სხვა. მიზეზი და ის, რის მიზეზიც ის არის, სხვადასხვა არიან და ვინც მისწაფების გარეშე რაიმე სიკეთეს აღწევს, ამის მიზეზს შემთხვევას ვუწოდებთ. მაგალითად, ბოროტების თავიდან აშორებას, ან პირიქით, მოულოდნელად სიკეთის მიღწევას ბედნიერ შემთხვევას ვუწოდებთ. ბედნიერი შემთხვევა მიზეზისაგან განსხვავდება და როგორც ჩანს, ის გამოწვეულია მოვლენების ცვალებადობით. და სწორედ ესაა ბედნიერი შემთხვევით გამოწვეული ბედნიერება. და თუ ესაა ბედნიერი შემთხვევა, მაშინ ის უფრო დამახასიათებელი იქნება მოვლენებისათვის, რომელთაც სიკეთისაკენ მისწრაფების და მისი მიღწევის საწყისი თავის თავში აქვთ. და თუ ბედნიერება არ არსებობს გარეგანი სიკეთის გარეშე, რასაც ბედნიერი შემთხვევა წარმოშობს, როგორც უკვე ითქვა, მაშინ შემთხვევა ბედნიერების მიღწევის დამხმარე საშუალება ყოფილა.       აი ის, რაც გვინდოდა გვეთქვა ბედნიერი შემთხვევის შესახებ. თავი 9       რადგან თითოეული სათნოების ნაწილებზე უკვე ვილაპარაკეთ, გვრჩება ყოველივე ამის შეჯამება და ზოგად ცნებაზე დაყვანა. არ იქნება შეცდომა, თუ ყოვლად წესიერი ადამიანის მიმართ ვიხმართ გამოთქმას „კალოკაგათია“. რადგან როცა კაცი ყოველმხრივ კარგია, მასზე ამბობენ, რომ ის მშვენიერიცაა და კეთილიც. ასევე სათნოზე, სამართლიანზე, მამაცსა და გონიერზე ამბობენ, რომ ის მშვენიერიცაა და კეთილიც. მაგრამ ჩვენ საგნებს ვყოფთ ორად: ნაწილზე ვამბობთ, რომ ის მშვენიერია, ნაწილზე, რომ ის კეთილია. კეთილთაგან ნაწილი კეთილია ზოგადად, მეორე ნაწილი კი არა. მშვენიერია, როგორც სათნოება, ისე მისგან გამომდინარე მოქმედებანი. სიკეთეა ძალაუფლება, სიმდიდრე, კარგი სახელი, დიდება და სხვა, მშვენიერია და ამავე დროს კეთილია ის, ვისთვისაც კეთილი არის ზოგადი კეთილი და მშვენიერი კი არის ზოგადი მშვენიერი. აი, ასეთი კაცია კეთილიცა და მშვენიერიც. მაგრამ, ვინც ზოგად სიკეთეს არ თვლის სიკეთედ, ის არ იქნება არც კეთილი და არც მშვენიერი. ისევე, როგორც არ შეიძლება მიეწეროს ჯანმრთელობა ზოგადად იმას, ვისაც კონკრეტული ჯანმრთელობა არ მიეწერება. ასევე, თუ ვინმეს სიმდიდრე, ძალაუფლება ზიანს აყენებს, ეს მისთვის არც სასურველი იქნება და მოისურვებს იმის მოპოვებას, რაც მისთვის სასიამოვნო იქნება. თუ კაცს რაიმე სიკეთე აკლია, მაგრამ მისკენ არ მიისწრაფვის, ის არ იქნება კეთილი და მშვენიერი. ხოლო ის, ვისთვისაც სიკეთე არის ნამდვილი სიკეთე და რომელიც არ ზიანდება მისგან, მაგალითად, სიმდიდრისა და ძალაუფლებისაგან, იგი ერთდროულად კეთილიცაა და მშვენიერიც. თავი 10       ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ სათნოებათა შესახებ, კერძოდ სწორი მოქმედების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე. მაგრამ ვინც არ იცის ეს, იკითხავს, თუ რა არის სწორი გადაწყვეტილებით მოქმედება? ან და სად ხდება ის? მოქმედება სწორი დაგაწყვეტილებით ნიშნავს იმას, რომ სულის უგუნური ნაწილი სულის გონიერ ნაწილს ხელს არ უშლის მოქმედებაში მისი საკუთარი უნარის შესაბამისად. აი, ამ დროს წარმოებს მოქმედება სწორი თვალსაზრისის მიხედვით. სულის ერთი ნაწილი ცუდი გვაქვს, მეორე კი კარგი. ცუდი ნაწილი ყოველთვის კარგისთვის არსებობს. ასევე სულისა და სხეულის მიმართებაში. სხეული სულისათვის არსებობს. მაშინ ვამბობთ, რომ სხეული მშვენიერია, როცა იგი ისეთ მდგომარეობაშია, რომ სულს არ უშლის ხელს, არამედ, მასთან კავშირშია და მასთან ერთად მიისწრაფის, რათა სულმა თავისი საქმე განახორციელოს. რადგან ცუდი კარგისათვის არსებობს, სხეული ეხმარება სულს საუკეთესო მიზნის განხორციელებაში, როცა გრძნობა გონებას ხელს არ უშლის თავისი საქმის დამთავრებაში, მაშინ ხორციელება მოქმედება სწორი აზრის მიხედვით.       ვინმემ შეიძლება იკითხოს: მე არ ვიცი, თუ როდის არიან გრძნობები ისეთ მდგომარეობაში, რომ ხელს არ გვიშლიან მოქმედებაში და როგორია ეს მდგომარეობა? მაგრამ ამაზე პასუხის გაცემა ადვილი არ არის. მაგალითად, ექიმი, რომელიც ამბობს, რომ ციებას შველის ქერის ნაყენი, კითხვაზე: „როგორ გავიგოთ, რომ ეს ციებაა?“ პასუხობს: „გაიგებ ყვითელი ფერით“, „როგორ შევამჩნიოთ ეს ყვითელი ფერი?“ ამაზე ექიმი შენიშნავს: „შენ ამის შეგრძნება უნდა გაგაჩნდეს და თუ არა გაქვს, მე ამას ვერ აგიხსნი“. ასეთი მსჯელობა შეიძლება გავავრცელოთ ყველა ანალოგიურ შემთხვევაზე. ასევე კაცი, რომელსაც გრძნობებში გარკვევა სურს, თვითონ უნდა განიცადოს ის.       ვინმემ შეიძლება ასეთი კითხვაც დაგვისვას: თუ საქმის ვითარება ვიცი, ვიქნები თუ არა ფაქტიურად ბედნიერი? ამაზე შეიძლება დადებითი პასუხის გაცემა, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა. არც ერთი სხვა მეცნიერება არ გადასცემს მოსწავლეს მეცნიერების გამოყენებისა და მოქმედების ცოდნას. ასევე აქაც გადაიცემა ბედნიერების ცოდნა და არა მისი გამოყენებისა.       როგორც ვთქვით, ბედნიერება არის მოქმედება და ის მდგომარეობს არა მის ცოდნაში, არამედ ამ ცოდნის გამოყენებაში. მაგრამ მისი გამოყენებისა და მოქმედების ცოდნა არ ეხება ეთიკას. ასევე არც ერთი სხვა მეცნიერება არ გადასცემს მოსწავლეს ამ მეცნიერების გამოყენების ცოდნას, არამედ ამ ცოდნის არსს. თავი 11       ყოველივე ამის შემდეგ საჭიროა ვილპარაკოთ იმის შესახებ, თუ რა არის მეგობრობა, სად არსებობს და რას ეხება ის, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ იგი ვრცელდება მთელ ცხოვრებაზე და ყველა შესაფერ მომენტში, ამიტომ იგი ბედნიერების ნაწილად უნდა ჩავთვალოთ.       პირველ ყოვლისა, ვეცადოთ იმის განხილვას, რაც დაბრკოლებას წარმოადგენს და პასუხი გავცეთ კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა მეგობრობა მსგავს ადამიანებს შორის, რაც სავარაუდოა და რასაც ამბობენ კიდეც. ამბობენ „ყვავი ყვავის გვერდით ჯდებაო“ და „მსგავსი მსგავსს ეძებს“, ყვებიან, რომ ერთი ძაღლი მუდამ ერთსა და იმავე აგურზე იძინებდა. ემპედოკლეს ჰკითხეს, რატომაა, რომ ამ ძაღლს ერთსა და იმავე აგურზე სძინავს? მას უპასუხია: ძაღლს აქვს რაღაც მსგავსება ამ აგურთან და ამ მსგავსების გამოა, რომ ძაღლი ამ აგურთან მიდის.       სხვები, პირიქით, ფიქრობენ, რომ მეგობრობა უფრო დაპირისპირებულ ადამიანთა შორის წარმოიშობა. „დედამიწა ოცნებობს წვიმაზე, როცა მიწა მშრალია“. მაშ, მათი აზრით, მეგობრობა ერთმანეთისადმი დაპირისპირებულ ადამიანებსა სურთ, რადგან მეგობრობა მსგავსთა შორის შეუძლებელია. მსგავსს მსგავსი არ ესაჭიროება.       შემდეგ, ძნელია, თუ ადვილი დამეგობრება? მლიქვნელნი, რომელნიც ჩქარა მოიპოვებენ ხოლმე ნდობას, არიან არა ნამდვილი, არამედ მოჩვენებითი მეგობრები.       სიძნელე მდგომარეობს შემდეგშიც: კარგი კაცი შეიძლება თუ არა იყოს ცუდის მეგობარი? რადგან მეგობრობა მდგომარეობს ურთიერთ ნდობასა და სიმტკიცეში, ხოლო ცუდი ადამიანი სრულიად მოკლებულია ამ თვისებებს. იქნებ ცუდი მეგობრობს ცუდთან, თუ ესეც შეუძლებელია?       პირველ ყოვლისა, დავადგინოთ, თუ რომელ მეგობრობას ვიკვლევთ. ვარაუდობენ, რომ მეგობრობა შეიძლება უსულო საგნებთანაც და ღმერთთანაც კი. ეს სწორი არაა, რადგან ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მეგობრობა არსებობს იქ, სადაც შესაძლებელია საპასუხო სიყვარული. ღმერთებთან კი შეუძლებელია როგორც მეგობრობა, ისე საპასუხო სიყვარული. რადგან სისულელე იქნებოდა, ვინმეს რომ ეთქვა: „მე ზევსი მიყვარს“. არც უსულო საგნებს ახასიათებთ საპასუხო სიყვარული. თუმცა მათ მიმართ სიყვარული კი შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, ღვინის და სხვა ამგვარი მოვლენების სიყვარული. მაშასადამე, ჩვენ ვიკვლევთ არა მეგობრობას ღმერთებთან ან უსულო საგნებთან, არამედ სულიერებთან. თანაც ისეთ სულიერებთან რომელთაც შეუძლიათ საპასუხო სიყვარული.       ამის შემდეგ თუ ვინმე დაიწყებს იმის კვლევას, თუ რა არის მეგობრობის საგანი, ვუპასუხებთ, რომ ის სხვა არა არის რა, თუ არა სიკეთე. მაგრამ, საჭიროა განვასხვავოთ სიყვარულის საგანი და მოყვარული, აგრეთვე სასურველი და მსურვლი. სურვილის საგანია საერთოდ სიკეთე, ხოლო თითოეულისათვის სასურველია ის, რაც პირადად მისთვის არის სიკეთე. ასევე მეგობრობის საგანია ზოგადი სიკეთე, ხოლო თითოეულისათვის საყვარელია ის, რაც პირადად მისთვის არის სიკეთე. ამრიგად, მეგობრობის ობიექტია სასურველი ცალკეული პიროვნებისთვის, ამიტომ მისთვის ზოგადად სასურველი ვეღარ იქნება ფაქტიურად სასურველი.       ამ სჯელობის საფუძველზე წამოიჭრება კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ კარგი კაცი ცუდის მეგობარი იყოს? ზოგადი სიკეთე ხომ როგორღაც უკავშირდება კონკრეტულს და კონკრეტულად სასურველი ზოგადად სასურველს. ხოლო სიკეთე შეიცავს და მისგანვე გამომდინარეობს როგორც სასიამოვნო, ისე სასარგებლო. კარგი ადამიანები მაშინ მეგობრობენ, როდესაც მათ ურთიერთ სიყვარული აქვთ და მეგობრობენ იმდენად, რამდენადაც ურთიერთ მეგობრობის საგანს წარმოადგენენ. ხოლო მეგობრები ამავე დროს კეთილნიც არიან. ზემოთ მოტანილი არგუმენტით კარგი არ შეიძლება ცუდის მეგობარი იყოს. სინამდვილეში კი ეს შესაძლებელია. ოღონც იმ შემთხვევაში, თუ ცუდ მხარეს მოაქვს ან სიამოვნება ან სარგებლობა. ამდენად ის შეიძლება მეგობარი გახდეს, მაგრამ ასეთი მეგობრობა არ ემყარება მეგობრობის ობიექტურ საფუძველს, რადგან მეგობრობის ობიექტური საფუძველია ზოგადი სიკეთე. ამდენად ცუდი არ შეიძლება იყოს სამეგობრო და მეგობრობა მასთან სუბიექტურ საფუძელზე იქნება აგებული. მეგობრობის იმ ფორმებს, რომელიც არსებობს კარგ ადამიანებს შორის, უნდა მივაკუთვნოთ მეგობრობა სიამოვნებისა და სარებლობის გამო.       მეგობრობის ის ფორმები, რომლებიც ემყარებიან ან სიკეთეს, ან სიამოვნებას, ან სარგებლობას არც სავსებით იგივეობრივნი არიან და არც სავსებით განსხვავებულნი. მაგალითად, ამბობენ „სამკურნალო დანა“, „მკურნალი ადამიანი“, „სამკურნალო მეცნიერება“. მაგრამ ამ გამოთქმებს ერთნაირი მნიშვნელობა არა აქვთ. საექიმო დანად იწოდება დანა, რომელიც მკურნალობაში გამოიყენება, ადამიანზე ითქმის მაშინ, თუ მას განკურნება ძალუძს, საექიმო მეცნიერება კი არის მიზეზი და საწყისი განკურნებისა. ასევე მეგობრობაც ერთნაირი მნიშვნელობით არ იხმარება. არსებობს კარგი ადამიანების მეგობრობა, რაც სიკეთეს ემყარება, მაგრამ არსებობს მეგობრობა სიამოვნებისა და სარგებლობის გამო. მაგრამ საქმე მხოლოდ სახელების მსგავსებაში კი არ არის, არამედ იმაში, რომ ისინი როგორღაც ერთსა და იმავე საგნებს ეხებიან, ერთი და იმავე საფუძვლიდან ამოდიან, თუმცა იგივეობრივნი არ არიან. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ „ვინც სიამოვნების გამო მეგობრობს, ის ნამდვილი მეგობარი არ არის“. მაგრამ ეს მეგობრობა როგორღაც ამოდის ამაღლებული ხასიათის მეგობრობიდან, რომელიც ყველა ამ ფაქტორს მოიცავს: სიკეთეს, სიამოვნებას, სარგებლობას. ასე რომ, ზემოთ დასახელებული კაცი ნამდვილი მეგობარი კი არაა, არამედ მეგობარია სიამოვნების ან სარგებლობის გამო.       შეუძლია თუ არა კარგ კაცს კარგთან მეგობრობა? ზოგი ამბობს, რომ მსგავსი მსგავსს არ საჭიროებს, ეს მსჯელობა ეხება მეგობრობას სარგებლობის გამო, სადაც განსხვავებულს განსხვავებული სჭირდება. ესენი მეგობრობენ სარგებლობის გამო, რომელიც განსხვავდება სიამოვნებისა და სათნოების საფუძველზე დამყარებული მეგობრობისაგან. ყველაზე მეტად მეგობრები არიან ისინი, რომლებიც სათნოების გამო მეგობრობენ, რადგან მათ აქვთ ყველა სათნოება, მათ შორის სიამოვნება და სარგებლობა. კარგი კაცი შეიძლება მეგობრობდეს ცუდთან იმდენად, რამდენადაც ეს უკანასკნელი სასიამოვნო შეიძლება იყოს. ცხადია, რომ ცუდი შეიძლება ცუდის მეგობარი იყოს, რადგან მათთვის გარკვეულ პირობებში ერთი და იგივე არის სასარგებლო. ამ საფუძველზე ისინი ერთმანეთთან მეგობრობენ. ჩვენ ვხედავთ, რომ როცა ადამიანებისათვის ერთი და იგივეა სასარგებლო, ისინი ამის გამო დამეგობრდებიან ხოლმე. ამრიგად, არაფერი არ აბრკოლებს იმას, რომ ცუდი ადამიანებისათვის ერთი და იგივე იყოს სასარგებლო.       ყველაზე მშვენიერი, მყარი და მტკიცეა კარგი ადამიანების მეგობრობა, რომელიც ემყარება სათნოებასა და ზოგად სიკეთეს, რადგან სიკეთე, რასაც ეს მეგობრობა ემყარება, უცვლელია. ეს მეგობრობაც ამ სიკეთის მსგავსად უცვლელია. სარგებლობა კი არასოდეს არაა იგივეობრივი. ამიტომ მეგობრობა სარგებლობის გამო არასოდეს არაა მყარი. იგი იცვლება სარგებლობის ცვალებადობასთან ერთად. ასეთივეა მეგობრობა სიამოვნების საფუძველზე. ამრიგად, საუკეთესო ადამიანების მეგობრობა წარმოშობილია სათნოების საფუძელზე, უმრავლესობისა კი - სარგებლობის საფუძველზე. რაც შეეხება მეგობრობას სიამოვნების გამო, ის გვხვდება უკულტურო და უმნიშვნელო ადამიანებში.       ხდება ხოლმე ისეც, რომ როცა ვინმეს ცუდი მეგობარი ხვდება წილად, ბრაზობს და უკვირს, მაგრამ ეს საკვირველი არაა მაშინ, როცა მეგობრობის საწყისია სასიამოვნო ან სასარგებლო. მათ მოსპობასთან ერთად მეგობრობაც წყდება. ხშირად კი მეგობრობა გრძელება, მაგრამ მეგობრები ცუდად იყენებენ მეგობარს, რაც გაბრაზებას იწვევს. ამაში არაა არაფერი მოულოდნელი, რადგან ეს მეგობრობა სათნოებას არ ემყარება და ამიტომ მეგობრებიც არ მოქმედებენ სათნოების მიხედვით. ამიტომ მათი სიბრაზეც გაუმართლებლია. ისინი, რომლებიც მეგობრობას სიამოვნების გამო იწყებენ, ჰგონიათ, რომ მათი მეგობრობა სათნოებას ემყარება, რაც სწორი არაა, რადგან მეგობრობა სიამოვნებისა და სარგებლობის გამო არაა მეგობრობა სათნოების გამო. სიამოვნებასა და სარგებლობას არ მოსდევს სათოება. პირიქით, სათნოება იწვევს მათ ორთავეს. მაგრამ უაზრობა იქნებოდა, ვინმეს რომ ეფიქრა, რომ კარგი ადამიანების მეგობრობა სასიამოვნო არაა. ცუდი ადამიანებიც კი ერთმანეთისათვის სასიამოვნო არიან, როგორც ევრიპიდე ამბობს, „ცუდი ცუდთან არის შერწყმული“. და სიამოვნებას კი არ მოსდევს სათნოება, პირიქით, სათნოება იწვევს სიამოვნებას.       არის თუ არა სიამოვნება კარგი ადამიანების მეგობრობაში? უაზრობა იქნებოდა ამის უარყოფა. მათ მეგობრობაში რომ არ ყოფილიყო სიამოვნება, ისინი სხვა მეგობრებს მოიპოვებდნენ, რომელნიც მათთვის სასიამოვნო იქნებოდნენ, რადგან თანაცხოვრებაში სიამოვნებაზე მეტი რამ არ არსებობს. უაზრობა იქნებოდა იმის მტკიცება, რომ კარგი ადამიანების მეგობრობაში ამ მხრივ სხვა მდგომარეობაა. არც მათი მეგობრობა არსებობს სიამოვნების გარეშე. მაშასადამე, როგორც ვვარაუდობდით, ყველაზე მეტად ამათ ახასიათებთ სიამოვნება.       როდესაც მეგობრობა სამ ნაწილად დავყავით, მაშინ წამოიჭრა კითხვა, თუ რის საფუძველზე წარმოიქმნება მეგობრობა: მსგავსებისა თუ განსხვავების საფუძველზე, თუ ორივე გზით? კარგ ადამიანთა შორის მსგავსების საფუძველზე წარმოშობილი მეგობრობა არის სრულყოფილი მეგობრობა, ხოლო განსხვავების საფუძველზე მეგობრობა წარმოიშობა სარგებლობის გამო. ღარიბისათვის ხელმოკლეობის გამო მდიდარი კაცი სამეგობროა. ასევე სათნოების ნაკლებობის გამო ცუდი კაცი ფიქრობს, რომ კარგისგან სათნოება ისწავლოს. ამიტომაც უმეგობრდება მას. მაშასადამე, მეგობრობა არამსგავს ადამიანთა შორის მყარდება, სარგებლობის საფუძველზე. ამის შესახებ ამბობდა ევრიპიდე: „როცა ნიადაგი მშრალია, დედამიწა ოცნებობს წყალზე“.       როდესაც ადამიანები ურთიერთ დაპირისპირებულნი არიან მათში მეგობრობა სარგებლობის მიზეზით წარმოიშობა. და შენ სცდები, თუ ფიქრობ, რომ ცეცხლი და წყალი დაპირისპირებულნი არიან. სინმდვილეში ისინი ერთმანეთისათვის სასარგებლონი არიან. ამბობენ, რომ თუ ცეცხლს სინესტე არ გააჩნია, იღუპება, რადგან სინესტე მას კვებას, ოღონდ იმ რაოდენობით, რამდენსაც ცეცხლი დასძლევს. მაგრამ თუ სინესტეს მოუმატებ და გააძლიერებ, ის ცეცხლს სძლევს და მოსპობს. მაგრამ, თუ ზომას დაიცავ, იგი სარგებლობის მომტანი იქნება. აქედან ცხადია, რომ მეგობრობა წარმოიშობა თვით უკიდურესად დაპირისპირებულთა შორისაც სარგებლობის გამო. მაგრამ ყოველგვარი მეგობრობა, იქნება ის წარმოქმნილი თანასწორობის თუ უთანასწორობის საფუძველზე, დაიყვანება ჩვენს მიერ ზემოდასახელებულ სამ ფორმაზე. ყველა მეგობრობაში შეიძლება არსებობდეს მხარეთა შორის განსხვავება, თუ მათ ერთმანეთი ერთნაირად არ უყვართ, ან ერთნაირად არ ეწევიან ქველმოქმედებას, ურთიერთ დახმარებას, და სხვ. თუ ერთი მხარე დიდი მონდომებით მოქმედებს, მეორე კი ჩამორჩება, ამის გამო წარმოიშობა ბრალდება და საყვედურები. ერთი მხარის ჩამორჩენა განსაკუთრებით ნათლად ჩანს ისეთ შემთხვევაში, როცა მეგობრებს ერთი და იგივე მიზანი აქვთ: სიამოვნება, ან სარგებლობა, ან სიკეთე. „როცა შენ უფრო მეტ სიკეთეს მიკეთებ, ვიდრე მე შენ, არაა სადავო, რომ მე შენ უფრო მეტად უნდა მიყვარდე.“ მეგობრობის სხვა ფორმებში, სადაც დამეგობრება არ ხდება ერთი და იმავე მიზეზის გამო, განსხვავება უფრო მეტია. მაგალითად, ერთი მხარე მეგობრობს სარგებლობის გამო, მეორე - სიამოვნების გამო. აი, აქ წარმოიშობა დავა მეგობრებს შორის. იმ მხარეს, რომელსაც მეტი სარგებლობა მოაქვს, ფიქრობს, რომ სიამოვნება არაა საგებლობაზე მეტად ღირებული. ხოლო ის, რომელსაც მეტი სიამოვნება მოაქვს, სარგებლობას არ თვლის სიამოვნებაზე გაცვლის ღირსად. ამის გამო, ასეთ მეგობრობაში განსხვავება უფრო მეტად იჩენს ხოლმე თავს.       იმ მეგობრობაში, რომელიც მყარდება უთანასწორობის საფუძველზე, იმ მხარეს, რომელსაც აქვს უფრო მეტი სიმდიდრე, ან რაიმე სხვა, ფიქრობს, რომ არაა აუცილებელი, რომ მას მეორე მხარე ძალიან უყვარდეს. პირიქით, მეორე მხარეს, რომელსაც გაცილებით ნაკლები აქვს, ის მეტად უნდა უყვარდეს. მაგრამ უკეთესია გიყვარდეს სხვა, ვიდრე სხვას უყვარდე. რადგან სიყვარული არის სიამოვნებისა და სიკეთის ერთგვარი წყარო. ხოლო სიყვარულის ობიექტი იმის გამო, რომ უყვართ, არ გრძნობს ენერგიის მატებას. შემდეგ, უკეთესია შემეცნება, ვიდრე შემეცნების საგნად ყოფნა, რადგან შემეცნებისა და სიყვარულის საგნად ყოფნა უსულო საგნებსაც შეუძლიათ. ხოლო შეცნობა და სიყვარული - მხოლოდ სულიერ არსებებს. შემდეგ, ქველმოქმედების უნარი უკეთესია, ვიდრე უუნარობა. შეყვარებულს, რამდენადაც უყვარს, ამდენად ქველმოქმედია, ხოლო ვინც უყვართ, რამდენადაც ის სიყვარულის ობიექტია, ამდენად ქველმოქმედი არაა. მაგრამ პატივმოყვარეობის გამო ადამიანებს ურჩევნიათ იყვნენ სიყვარულის ობიექტი, ვიდრე სხვა უყვარდეთ. სიყვარულის საგნად ყოფნა ხომ ერთგვარი უპირატესობის განცდას უკავშირდება ან სიამოვნებაში, ან სათნოებაში, ან სიმდიდრეში, ხოლო პატივმოყვარე სწორედ ამ უპირატსობას ეტანება და ისინი რომლებსაც უპირატსობა აქვთ, ფიქრობენ, რომ მათ მეორე მხარე არ უნდა უყვარდეთ, რაშიც მათ უპირატესობა აქვთ, მეორე მხარე ამის სანაცვლოდ მას სიყვარულით უნდა პასუხობდეს. ამას გარდა ისინი მათზე დაბლა დგანან, ამიტომაც უპირატესობის მქონენი ფიქრობენ, რომ მათ კი არ უნდა უყვარდეთ, არამედ თვითონ უნდა იყვნენ სიყვარულის საგანი. იმას, ვისაც აკლია ან ქონება, ან სიამოვნება, ან სათნება, აღტაცებულია უპირატესობის მქონეთი, ამის გამო ჩუქნის მას თავის კეთილგანწყობილებას. უპირატესობის მქონე იღებს მისგან ამას, ან მოელის, რომ მომავალში მიიღებს მას.       არსებობს მეგობრობა, გამოწვეული სიმპათიით, რაც ემყარება წარმოდგენას, რომ მეორე მხარეს მრავალი სიკეთე აქვს, მაგრამ ასეთ მეგობრობას არ გააჩნია მეგობრობისათვის საჭირო ყველა ნიშანი. ხშირად ჩვენ ერთისთვის სიკეთე გვსურს, მეორესთან კი თანაცხოვრებას ვეწევით. რომელ მეგობრობას გააჩნია მეგობრობისათვის საჭირო ყველა ნიშანი, იმ მეგობრობას ხომ არა, რომელიც სათნოებას ემყარება? ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ უკანასკნელს, რადგან სწორედ ამ მეგობრობას ახასიათებს ყოველივე ეს, სურვილი მეორესთან თანაცხოვრების, სიამოვნების, სარგებლობის და სათნოებისა. ყოველივე, სიკეთეც, სიცოცხლეცა და კეთილდღეობაც გვინდა არა სხვა ვინმესთვის, არამედ მხოლოდ ამისთვის.       საკითხი იმის შესახებ, არსებობს თუ არა მეგობრობა თავის თავთან, ახლა უნდა გამოვტოვოთ და შემდეგ განვიხილოთ. ყოველივე ზემოთქმული ჩვენ ჩვენთვის გვინდა. ასევე თანაგრძნობაც ყველაზე მეტად შეგვიძლია ჩვენი თავისადმი. თუ რაიმე დავიზიანეთ, ან სხვა რაიმე ამგვარი შეგვემთხვა, მაშინვე შიში გვიპყრობს. მაშასადამე, უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებობს თავის თავთან მეგობრობა. ისეთი ცნებები, როგორიცაა სიმპათიის გრძნობა, კეთილდღეობა და სხვ., უნდა დავიყვანოთ ჩვენს თავთან მეგობრბაზე, ან სრულყოფილ მეგობრობაზე, ანდა ორივესთან ერთად, რადგან როგორც თანაცხოვრების, ისე სიცოცხლის, კეთილდღეობისა და ყოველივე სხვა ამგვარის სურვილი მათშია მოცემული.       გარდა ამისა, სავარაუდოა, რომ მეგობრობა არსებობს იქ, სადაც სამართალია და მაშასადამე, მეგობრობის იმდენი სახე უნდა არსებობდეს, რამდენიც სამართალია. სამართალი კი არსებობს უცხოელსა და ადგილობრივ მეცნიერებებს შორის, მონასა და ბატონს, ქალსა და მამაკაცს, მამასა და ვაჟიშვილს შორის და საერთოდ, რამდენიცაა საზოგადოებრივი ურთიერთობის ფორმა, იმდენივეა მეგობრობაც. ყველაზე მყარი უნდა იყოს მეგობრობა უცხოსთან, რადგან უცხოსა და ადგილობრივ მცხოვრებს არა აქვთ საერთო მიზანი, როგორც ადგილობრივ მოქალაქეებს, რომელნიც ამ საერთო მიზნის გამო ვერ რიგდებიან და მეგობრებადაც ვეღარ რჩებიან.       ახლა განვიხილოთ კითხვა იმის შესახებ, არსებობს თუ არა მეგობრობა თავის თავთან. უკვე დავადგინეთ მეგობრობის შემადგენელი ნაწილები და როგორც ზემოთ უკვე ვთქვით მოკლედ, თითოეული ეს ნაწილი: სიკეთე, სიცოცხლე, კეთილდობა ყველაზე მეტად ჩვენთვის გვინდა. ყველაზე მეტად ჩვენი თავის თანაგრძნობა და ჩვენსავე თავთან თანაცხოვრება გვსურს. ამრიგად, თუ ვიცით მეგობრობის ყველა შემადგენელი ელემენტი და ამავე დროს გვინდა, რომ თითოეული მათგანი ყველაზე მეტად ჩვენ გვქონდეს, მაშინ ცხადი ხდება, რომ თავის თავთან მეგობრობა არსებულა. რადგან უსამართლობაში არსებობს უსამართლობის ჩამდენი და მეორეს მხრივ, უსამართლობის ამტანი, ამიტომ ვფიქრობთ, რომ უსამართლობას თავის თავის მიმართ ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ცალკეული ადამიანი ხომ განუყოფელი რამაა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს უსამართლობა თავის თავის მიმართ. სულის ნაწილების კვლევისას ვთქვით, რომ ეს ნაწილები ბევრია და როდესაც ისინი ერთმანეთთან შეთანხმებული არ არიან, მაშინ აქვს ადგილი უსამართლობას თავის თავის მიმართ, როცა ძლიერი მეგობრობის დახასიათება გვსურს, ვამბობთ, რომ „ჩემი და მისი სული ერთია“. სულს ბევრი ნაწილები აქვს და სული მაშინ იქნება ერთი, როდესაც მასში აზრი და გრძნობა ერთმანეთთან თანხმობაში იქნებიან. აი, ამ დროს არის სული ერთი. და სწორედ მაშინ, როდესაც სული გაერთიანდება, იქნება შესაძლებელი თვის თავთან მეგობრობა. მეგობრობა თავის თავთან არსებობს კარგ ადამიანებში. მხოლოდ მათ აქვთ სულის ნაწილები კარგ მდგომარეობაში, რადგან ისინი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ იმყოფებიან. ცუდი კაცი კი თავის თავის მეგობარი არასოდეს არაა, რადგან ის ყოველთვის თვის თავს ებრძვის. ხოლო როდესაც თავშეუკავებელი მოქმედებს სიამოვნების გავლენით, ბევრს არ ფიქრობს, თავის თავს ზიანს აყენებს და შემდეგ კიცხავს. ცუდი კაცი ასე იქცევა სხვა ბოროტების მიმართაც, რადგან ის განუწყვეტლივ ებრძვის თავის თავს და მასთან წინააღმდეგობაშია.       არსებობს მეგობრობა მსგავს ადამიანთა შორისაც, მაგალითად, ამხანაგებს შორის, რომელთაც ქონებაც, და ქველმოქმედების უნარიც თანასწორი აქვთ. არც ერთ მხარეს არ აქვს მეორეზე მეტი რაოდენობის, მნიშვნელობის ქონება, ან სიკეთე, არამედ თანასწორი. ასეთ მეგობრებს სურთ, რომ ერთმანეთის თანასწორნი დარჩნენ. უთანასწორობას ადგილი აქვს მეგობრობაში მამასა და შვილს, უფროსსა და დაქვემდებარებულს, ძლიერსა და სუსტს, ქალსა და კაცს, და საერთოდ იქ, სადაც არსებობს სუსტი და ძლიერი მხარე. ასეთი უთანასწორო მეგობრობა პროპორციას ემყარება, რადგან არავინ არასოდეს არ მისცემდა თანაბარ ნაწილს ცუდსა და კარგს, არამედ ყოველთვის მეტს მისცემდნენ იმას, ვისაც უპირატესობა აქვს. აი, ეს არის პროპორციული თანასწორობა. ერთგვარი თანასწორობაა მაშინ, როცა უარესი მხარე იღებს მცირე ნაწილს, ხოლო მეორე მასზე მეტს, რადგან ის მასზე მაღლა დგას. ასეთია თანასწორობის პრინციპი. თავი 12       ზემოდასახელებულ ურთიერთობათაგან ყველაზე მეტად მეგობრობა წარმოიშობა ნათსავთა შორის, მაგალითად მამასა და ვაჟს შორის. მაგრამ რატომ ხდება, რომ მამას ვაჟი მეტად უყვარს, ვიდრე ვაჟს მამა? იქნებ იმიტომ, რომ, როგორც ზოგნი ამბობენ, მამა ქველმოქმედებას ეწევა ჩვილის მიმართ, ხოლო შვილი ამ ქველმოქმედებით მისგან დავალებულია? უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს დასაბუთება გამოდგება მეგობრობაში, რომელიც სარგებლობას ემყარება. სინამდვილეში აქ ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც პრაქტიკული ხასიათის ხელოვნებებში. მე ვგულისხმობ ისეთ ხელოვნებას, სადაც მიზანი და მოქმედება ერთი და იგივეა და სადაც მოქმედების გარდა, სხვა მიზანი არ არსებობს. მაგალითად, ფლეიტაზე დამკვრელისათვის ფლეიტაზე დაკვრა და მიზანი ერთი და იგივეა. მაგრამ იგივე არ ითქმის მშენებლობაზე, სადაც გარდა მშენებლობისა, არსებობს სხვა მიზანიც. მეგობრობაც რაღაც მოქმედებაა და მას მეგობრული მოქმედების გარდა, სხვა მიზანი არა აქვს. მეგობრობაა სწორედ მისი მიზანი. მამაც ხომ ყოველთვის როგორღაც მოქმედებს. უფრო მეტად კი იმის გამო, რომ ის არის შემოქმედი თავისი შვილისა. ამას ჩვენ სხვა მოვლენებშიც ვამჩნევთ. ყველა როგორღაც კეთილგანწყობილია იმის მიმართ, რაც მისი შექმნილია და რასთანაც არის დაკავშირებული მისი მოგონება და იმედი. აი, ის საფუძველი, რის გამოც მამას ვაჟი უფრო მეტად უყვარს, ვიდრე ვაჟს მამა.       საჭიროა ვიკვლიოთ სხვა მეგობრობანიც, რომელნიც ასე იწოდებიან და ასეთ მნიშვნელობას ატარებენ, არიან თუ არა ისინი მეგობარნი? მეგობრობად არ ჩაითვლება, მაგალითად, კეთილგანწყობილება, ანდა ის მეგობრობად ჩაითვლება ძალიან იშვიათად. ჩვენ ხშირად რაიმეს მიმართ კეთილგანწყობილნი ვართ, ან იმიტომ, რომ ერთი შეხედვითვე მოგვეწონა, ანდა იმის გამო, რომ მის შესახებ რაიმე კარგი გავიგეთ. მაგრამ ამავე დროს ვართ თუ არა მისი მეგობარი? მაგალითად, ვინმე შეიძლება კეთილგანწყობილი იყოს დარიოსის მიმართ, რომელიც სპარსეთში იმყოფებოდა. ეს შეიძლება სინამდვილეშიც მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მეგობრები იყვნენ. მაგრამ კეთილგანწყობილება ზოგჯერ არის მეგობრობის დასაწყისი. ეს იმ შემთხვევაში, თუ კეთილგანწყობილს აქვს სურვილი რაიმე სიკეთე გაუწიოს თავისი სიმპათიის ობიექტს და თუ მას ამის შესაძლებლობაც აქვს.       კეთილგანწყობილება დამახასიათებელია ჩვენი ეთიკური ბუნებისათვის და მიმართულა ზნეობრივი პიროვნებისადმი, რადგან არავინ არ იტყვის ღვინოზე ან სხვა რომელიმე უსულო საგანზე, რომ მის მიმართ კეთილგანწყობილია, არამედ ამას ამბობენ ზნეობრივ ადამიანზე. საერთოდ კი, კეთილგანწყობილება არ უნდა არსებობდეს მეგობრობის გარეშე, რადგან იმავე სფეროს ეხება, რასაც მეგობრობა. ამიტომ თვლიან მას მეგობრობად.       თანამოაზრეობა მეგობრობას უახლოვდება, თუ „თანამოაზრეს“ პირდაპირი მნიშვნელობით ვიხმართ. ჩაითვლება თუ არა ემპედოკლეს თანამოაზრედ ის, ვისაც ისეთივე მსოფლმხედველობა აქვს, როგორიც ემპედოკლეს და რომელიც ემპედოკლესავით უშვებს საწყის სტიქიებს? ის არ იქნება ემპედოკლეს მეგობარი, რადგან თანამოაზრეობა გულისხმობს მეგობრობას არა თეორიის, არამედ პრაქტიკის სფეროში. აქაც იმ შემთხვევაში, როცა ადამიანები ერთნაირად მქომედებენ და არა მხოლო იმიტომ, რომ ერთნაირად აზროვნებენ. მგალითად, თუ ორივე მხარეს მიზნად აქვთ დასახული მაღალი თანამდებობის მიღება და ამ თანამდებობის შესაფერად თითოეული თავის თავს გულისხმობს, ისინი თანამოაზრენი არ იქნებიან. ასეთნი ისინი მაშინ იქნებიან, როცა ორივე მხარე ამ თანამდებობის შესაფერად მე მთვლის. ამრიგად, თანამოაზრეობა გულისხმობს აზრთა ერთიანობას პრაქტიკულ სფეროში და როცა ორივე მხარეს ერთი და იგივე მიზანი აკავშირებს. თანამოაზრეობა ეხება, ძირითადად, ერთი და იმავე ხელმძღვანელის დანიშვნას დიდ თანამდებობაზე. თავი 13       როგორც უკვე ვთქვით, არსებობს მეგობრობა თავის თავთან. საკითხავია, კარგი ადამიანი შეიძლება თუ არა იყოს თავის თავის მეგობარი? თუ თავის თავის მეგობარია ის, ვინც ყველაფერს, რაც კი სასარგებლოა, აკეთებს თავისთვის, მაშინ თავის თავის მოყვარე ყოფილა არა კარგი, არამედ ცუდი ადამიანი. კარგი ადამიანი ასეთი არაა, რადგან ის სხვისთვისაც ეწევა საქმიანობას. და მაშასადამე, ის თავის თავის მოყვარე არ ყოფილა. მაგრამ სიკეთისაკენ ყველა ისწრაფის და ფიქრობს, რომ ის მას სხვებზე მეტად შეჰფერის. ეს ყველზე კარგად ჩანს სიმდიდრისა და ძალაუფლების მაგალითზე. კარგი ადამიანი ამას სხვას უთმობს არა იმიტომ, რომ ის მას არ შეჰფერის, არამედ იმიტომ, რომ ხედავს, სხვას ამის გამოყენების მეტი უნარი აქვს. სხვები კი ასე არ იქცევიან ან უცოდინარობის გამო, რადგან ვერ წარმოუდგენიათ, რომ სიკეთეს ცუდად გამოიყენებენ, ანდა ძალაუფლების პატივმოყვარული სიყვარულის გამო. კარგ ადამიანს კი ეს არ შეემთხვევა. მაშასადამე, ამ სიკეთეთა სფეროში იგი არაა თავმოყვარე, რადგან ამ მოვლენების ღირებულება საეჭვოა. მაგრამ თუ ის მაინც თავმოყვარეა, ის ასეთია მშვენიერების სფეროში. მხოლოდ ამას არ დაუთმობს იგი სხვას, სარგებლობას და სიამოვნებას კი დაუთმობს. მაშასადამე, იგი თავმოყვარეა იმიტომ, რომ მშვენიერებას აძლევს უპირატესობას. რაც შეეხება სიამოვნებასა დ სარგებლობას, მათ უპირატესობას აძლევს ცუდი და არა კარგი ადამიანი. თავი 14       კარგ ადამიანს თავისი თავი სხვაზე მეტად უნდა უყვარდეს თუ არა? ზოგჯერ მას თავი ძალიან უყვარს, ზოგჯერ კი არა. რადგან, როგორც ვთქვით, სიკეთეს, რაც სასარგებლოა, კარგი კაცი უთმობს მეგობარს. მაშ, მას მეგობრი თავის თავზე მეტად ჰყვარებია. უთმობს რა იგი ამას მეგობარს, თვითონ მშვენიერებას იტოვებს და ამ მიზნითვე მოქმედებს. ზოგჯერ მას მეგობარი თავის თავზე მეტად უყვარს, ზოგჯერ თავისი თვაი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას აძლევს ის უპირატესობას. თუ სასარგებლოს აძლევს უპირატესობას, მაშინ მეგობარი ჰყვარებია, თუ მშვენიერს, მაშინ თავისი თავი, რადგან უმშვენიერესს ის თავისთვის იტოვებს. ამრიგად, ის სიკეთის მოყვარეა და არა თავისი თავისა. მაგრამ თუ მას თავისი თავი უყვარს, ეს იმიტომ, რომ ის კეთილია. ცუდი თავმოყვარეა, მაგრამ მას არა აქვს რაიმე ისეთი, რის გამოც ნამდვილად ეყვრებოდა თავისი თავი, მაგალითად, მშვენიერება. მაგრამ, მას ამის გარეშეც უყვარს თავისი თავი. მაშასადამე თავისი თავის მოყვარე ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით მასზე არ ითქმის. თავი 15       საჭიროა ვთქვათ თვითკმაყოფილებასა და თვითკმაყოფილის შესახებ. სჭირდება თუ არა თვითკმაყოფილს სრულყოფილებისათვის მეგობარი, თუ ის კმაყოფილია და მეგობარი არ სჭირდება? ამის შესახებ პოეტი ამბობს: „თუ ღმერთი მწყალობს, რაში მჭირდება მე მეგობარი?“ ამიტომ იბადება ასეთი კითხვა: ვისაც ყოველი სიკეთე აქვს და თვითკმაყოფილია, მაინც სჭირდება მეგობარი? თუ განსაკუთრებით ამას სჭირდება მეგობარი, რადგან ვის გაუწევდა ის სიკეთეს, ან ვისთან იცხოვრებდა? მარტო ხომ ვერ გაატარებდა სიცოცხლეს? მაგრამ თუ მას ეს სჭირდება, ამას ის მეგობრის გარეშე ვერ შესძლებს, მაშასადამე, თვითკმაყოფილ ადამიანსაც სჭირდება მეგობარი.       ხოლო ის არგუმენტი, რომელიც ღმერთების ანალოგიით არის მიღებული, არც ღმერთების მიმართ არის სწორი და არც ადამიანების მიმართ. თუ ღმერთი თვითკმაყოფილია და ამიტომ არავის არ საჭიროებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენც არავის არ ვსაჭიროებთ.       არსებობს კიდევ ერთი არგუმენტი ღმერთების შესახებ: თუ ღმერთს ყოველგვარი სიკეთე გააჩნია და თვითკმაყოფილია, მაშინ რა უნდა აკეთოს მან? ხომ არ დაიძინებს? პასუხი: ღმერთი მმშინ განჭვრეტას დაიწყებს, რადგან ესაა მისთვის შესაფერი და მშვენიერი საქმიანობა. მაგრამ რას განჭვრეტს იგი? თუ ის განჭვრეტს არა თავის თავს, არამედ სხვა რამეს, მაშინ ის განჭვრეტს იმაზე უკეთეს მოვლენას, ვიდრე თვითონ არის. მაგრამ უაზრობაა, რომ არსებობდეს რაიმე ღმერთზე უკეთესი. მაშასადამე, იგი თავის თავს განჭვრეტს. მაგრამ ესეც უაზრობაა, რადგან ადამიანს, რომელიც თავის თავს უაზროდ აკვირდება, ვკიცხავთ, როგორც სულელს. მაშასადამე, უაზრობაა, ასკვნის არგუმენტი, რომ ღმერთი თავის თავს განჭვრეტდეს.       ნუღარ შევეხებით საკითხს იმის შესახებ, თუ რას განჭვრეტს ღმერთი და ვიკვლიოთ არა ღმერთი, არამედ თვითკმაყოფილი ადამიანი. სჭირდება თუ არა ასეთ ადამიანს მეგობარი? ვინც დააკვირდება მეგობარს, თუ ვინ არის ის ან როგორია, მიხვდება, რომ ის არის შენი მეორე „მე“. ეს განსაკუთრებით ყველაზე მახლობელ მეგობარზე ითქმის. ეს იმასვე ნიშნავს, რასაც გამოთქმა „ის შენი მეორე ჰერაკლეა“. და სწორედ ამ აზრით მეგობარი შენი მეორე „მეა“. ერთის მხრივ, დიდ სიძნელეს წარმოადგენს თავისი თავის შეცნობა, როგორც ეს თქვეს დიდმა მოაზროვნეებმა. მეორეს მხრივ, თავის შეცნობა სასიამოვნოა. და რადგან ჩვენ ჩვენ თავს ვერ ვხედავთ, ამიტომ სხვებს ვკიცხავთ და იმას აღარ ვხედავთ, რომ ჩვენ ზუსტად იმასვე ვაკეთებთ. ეს კი შედეგია ან საკუთარი თავის მიმართ კეთილგანწყობისა, ანდა ვნებებისა, რომელიც უმრავლესობას ისე უბნელებს გონებას, რომ ნათელ მსჯელობას შეუძლებებს ხდის. ასევე, როდესაც ჩვენი თავის დანახვა გვსურს, სარკეში ვიხედებით და ჩვენს გამოსახულებას ვიღებთ, ხოლო როცა ჩვენი თავის შეცნობა გვსურს, ამას მეგობარზე დაკვირვებით ვაღწევთ, რადგან როგორც უკვე ვთქვი, მეგობარი ჩემი მეორე „მე“ -ა. მეორეს მხრივ, თუ თავის შეცნობა სასიამოვნოა, ეს კი შეუძლებელია სხვასთან მეგობრობის გარეშე, მაშასადამე, თვითკმაყოფილს სჭირდება მეგობარი თავის თავის შესაცნობად.       შემდეგ, თუ მშვენიერება ქველმოქმედებაში მდგომარეობს, ვის გაუწევს ქველმოქმედებას თვითკმაყოფილი? ვისთან იცხოვრებს ის? მარტო ხომ ვერ გაატარებს ცხოვრებას? თანაცხოვრება კი სასიამოვნოა და აუცილებელი. და თუ ეს მშვენიერია, სასიამოვნო და აუცილებელი, მაგრამ ეს არ შეიძლება მეგობრობის გარეშე, მაშ თვითკმაყოფილს მეგობარი სჭირდება. თავი 16       ბევრი მეგობარი უნდა ჰყავდეს კაცს, თუ ცოტა? მოკლედ რომ ვთქვათ, არც ცოტა უნდა ჰყავდეს და არც ბევრი.თუ ბევრი გეყოლება, ძნელია თითოეულზე თანაგრძნობის განაწილება. აგრეთვე ჩვენი ბუნებრივი სისუსტის გამო ვერ შევძლებთ დიდი მანძილების გავლას. არც ჩვენი მხედველობით შეიძლება შორ მანძილზე დანახვა. როცა მანძილი დიდია, კაცი ვერაფერს ამჩნევს ბუნებრივი სისუსტის გამო. იგივე უნდა ითქვას სმენისა და სხვა გრძნობების შესახებ. ვინც სისუსტის გამო მეგობარზე უარს ამბობს, საყვედურს იმსახურებს. კარგი მეგობარი არ იქნება ის, ვინც მეგობარია სიტყვით და არა საქმით. ეს არაა ნამდვილი მეგობრობა. შემდეგ, თუ მეგობარი ბევრი გყავს, საზრუნავს ბოლო არ უჩანს. რადგან როცა ბევრნი არიან, თუ რომელიმე მათგანს რაიმე უბედურება შეემთხვა, შენც დაიტანჯები. არც ცოტა მეგობარი უნდა გყავდეს, ერთი ან ორი, არამედ მათი რიცხვი უნდა შეესაბამებოდეს შენს მდგომარეობას და მეგობრების შეძენისაკენ შენს სწრაფვას. თავი 17       ამის შემდეგ საკვლევია, თუ როგორ მოვიქცეთ მეგობრობაში. ეს ეხება არა ყოველგვარ მეგობრობას, არამედ ისეთ მეგობრობას, სადაც მეგობრები ძალიან საყვედურობენ ერთმანეთს. მაგრამ ეს ყველა მეგობრობაში ერთნაირად არ ხდება. მაგალითად, მამა-შვილურ დამოკიდებულებაში არ არსებობს ასეთი საყვედურები: „როგორც მე შენთვის ვიქცევი, ასევე მოიქეც შენ ჩემს მიმართ!“ წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება დიდი უსიამოვნება. მაგრამ უთანასწორო მეგობრობაში ეს ასე არ უნდა იყოს. ხოლო მეგობრობა მამისა ვაჟის მიმართ არის უთანასწორო მეგობრობა. ასეთივეა მეგობრობა ცოლისა ქმრის მიმართ, მონისა ბატონთან და საერთოდ, სუსტისა ძლიერის მიმართ. ასეთ მეგობრობაში ზემოთ მოტანილ საყვედურებს ადგილი არ ექნება. იგი გვხვდება თანასწორ მეგობრობაში და თანასწორ მეგობართა შორის. ამიტომ საკვლევია, თუ როგორ მოვიქცეთ თანასწორ მეგობრობაში. დასასრული « წიგნი პირველი …
დაამატა ლაშა to ფილოსოფია at 12:20pm on აპრილი 27, 2020
თემა: იოანე დამასკელი - მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა (ნაწილი III)
ბი, და ამბობენ, აგრეთვე, სულისმიერ ვნებულებას, რაც არის ნდომა და რისხვა. ზოგადად და გვარეობითად ცხოველის ვნებულება არის ის, რასაც მოჰყვება სიამოვნება ან მწუხარება, რადგან მწუხარება ვნებულებას მოსდევს (არათუ თვით ვნებულებაა მწუხარება). ამიტომაა, რომ როდესაც უგრძნობი რამ ივნებს, არ სტკივა მას.        ამრიგად, ტკივილი არის არა ვნებულება, არამედ ვნებულების გრძნობა.        სულისმიერი ვნებულების განსაზღვრება ასეთია: ვნებულება არის მოსურვებითი ძალის გრძნობადი მოძრაობა კეთილის ან ბოროტის წარმოსახვის შედეგად. სხვაგვარად: ვნებულება არის სულის გაუაზრებელი მოძრაობა კარგის ან ბოროტის გაფიქრების გამო. კარგის გაფიქრება ნდომას აღძრავს, ბოროტის გაფიქრება კი - რისხვას.        ამრიგად, გვარეობითი ანუ ზოგადი ვნებულება ასე განისაზღვრება: ვნებულება არის მოძრაობა სხვისგან სხვაში. მეორე მხრივ, მოქმედება არის ქმედითუნარიანი მოძრაობა, ხოლო ქმედითუნარიანად ითქმის ის, რაც თავისი თავის მიერ მოძრაობს.        ამგვარად, რისხვა არის, ერთი მხრივ, მოქმედება მრისხანებითი [ნაწილისა], მეორე მხრივ კი - ვნებულება სულის ორივე ნაწილისა და, კიდევ, მთელი სხეულისა, როდესაც ისინი რისხვის მიერ იძულებით შეუდგებიან საქმეს, რადგან სხვისგან სხვაში შესრულდა მოძრაობა, რაც ითქმის ვნებულებად.        სხვა სახითაც ითქმის მოქმედება ვნებულებად, რადგან მოქმედება არის ბუნების მიხედვით მოძრაობა, ვნებულება კი - ბუნების წინააღმდეგ. ამიტომ, ამ აზრის შესაბამისად, მოქმედება მაშინ ითქმის ვნებულებად, როდესაც იგი არ მოძრაობს ბუნების მიხედვით არც თავისი თავისგან, არც სხვისგან.        ამრიგად, გულის ძგერითი მოძრაობა ბუნებითია და, ამიტომ, იგი მოქმედებაა, მაგრამ მისი უზომო და არაბუნებრივი პულსირება ვნებულებაა და არა მოქმედება.        ვნებულებად იწოდება არა ყველა მოძრაობა ვნებულებითი [ნაწილისა], არამედ - ის, რაც უფრო მძაფრია და რაც გრძნობაში შემოდის, რადგან სუსტი და შეუგრძნობი ჯერ კიდევ არ არის ვნებულება. საჭიროა, რომ ვნებულებას შესაფერისი სიდიდეც ჰქონდეს. ამიტომ დაერთვის ვნებულების განსაზღვრებას სიტყვები; „გრძნობადი მოძრაობა“, რადგან სუსტი მოძრაობები შეუმჩნეველია გრძნობისთვის და ისინი ვერ ბადებენ ვნებულებას.        გვმართებს ვიცოდეთ, რომ ჩვენეულ სულს ორმაგი ძალები აქვს, ერთი მცოდნეობითი, მეორე - ცხოველმყოფელობითი. მცოდნეობითია: გონება, აზროვნება, წარმოდგენა, წარმოსახვა, გრძნობა. ცხოველმყოფელობითი ანუ მოსურვებითია ზრახვა და არჩევანი. უფრო ცხადი რომ გახდეს ნათქვამი, დაწვრილებით ვიტყვით მათთვის. პირველ რიგში მცოდნეობითთა შესახებ უნდა ვთქვათ.        წარმოსახვისა და გრძნობის თაობაზე უკვე საკმარისად ითქვა წინა თავებში. გრძნობის მიერ სულში შემყარდება განცდა, რასაც ეწოდება წარმოსახვა. წარმოსახვისგან ყალიბდება წარმოდგენა. შემდეგ, როდესაც აზროვნება აწონდაწონის წარმოდგენას, ჭეშმარიტია იგი თუ ყალბი, დაადგენს ჭეშმარიტებას (ამის გამო ითქმის იგი აზროვნებად, რადგან იაზრებს და განსჯის), ხოლო დადგენილი და განსაზღვრული ჭეშმარიტება გონებად იწოდება.        სხვაგვარად:        გვმართებს ვიცოდეთ, რომ გონების პირველ მოძრაობას ეწოდება შემცნობლობა, ხოლო რაიმეს შემცნობლობას მოაზრება ჰქვია, რაც თუკი გახანგრძლივდება და მოსააზრებლისადმი დასახავს სულს, გააზრებად იქნება სახელდებული. თავის თავში შთენილი გააზრება, თავისი თავის განმჩხრეკი და ამწონ-დამწონი, ცნობიერებად ითქმის. როდესაც ივრცობა ცნობიერება, განსჯას ბადებს, რასაც შიგნითმდებარე სიტყვად უხმობენ და ასე განსაზღვრავენ; იგია სულის ის უსრულესი მოძრაობა, რაც წარმოებს განსჯით [ნაწილში] ყოველგვარი ხმის გარეშე. ამბობენ, რომ მისგან გამოდის წარმოთქმითი სიტყვა, რასაც ჩვენ ენით ვმეტყველებთ.        ვთქვით რა მცოდნეობითი ძალების შესახებ, ვთქვათ, აგრეთვე, ცხოველმყოფელობითთა ანუ მოსურვებითთა თაობაზეც.        გვმართებს ვიცოდეთ, რომ სულში ბუნებით შთათესილია ძალა იმის მოსურვებისა, რაც ბუნებითია. ეს ძალა შეამტკიცებს ყოველივეს, რაც არსობრივად ეთვისება ბუნებას. იგი იწოდება ნებელობად.        არსება, რომელიც ესწრაფვის თავის ბუნებისეულ და სავსე ყოფიერებას, მოსურნეა იმისა, რომ არსებობდეს, ცოცხლობდეს და მოძრაობდეს გონებისა და გრძნობის მიხედვით. ამიტომ, ამ ბუნებით ნებას შემდეგნაირად განსაზღვრავენ:        ნება არის გააზრებული და ცხოველმყოფელური სურვილი, გამომდინარე მხოლოდ მათგან, რაც ბუნებითია.        ამგვარად, ერთი მხრივ, ნებელობა არის თვით ბუნებითი და გააზრებული სურვილი, მარტივი ძალა (ამიტომ, პირუტყვთა სურვილი, როგორც გააზრების არ მქონე, არ ითქმის ნებელობად), მეორე მხრივ კი, ზრახვა არის ერთგვარი ბუნებითი ნებელობა ანუ ბუნებითი და გააზრებული სურვილი რაიმე საგნისა, რადგან ადამიანის სულში მკვიდრობს გააზრებულად მოსურვების ძალა. ამიტომ, როდესაც თვით ეს გააზრებული სურვილი არის ბუნებითად აღძრული რაღაც საგნისადმი, მაშინ ითქმის იგი ზრახვად, რადგან ზრახვა - ესაა რაიმე საგნის გააზრებული სურვილი და მოწადინება.        ზრახვა ითქმის იმის მიმართაც, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, და იმის მიმართაც, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ესე იგი, როგორც შესაძლებელთა მიმართ, ასევე შეუძლებელთა მიმართაც. ხშირად ზრახვა გვაქვს, მაგალითად, სიძვისა, თავშეკავებისა, ძილისა და სხვა ამგვართა. ესენი ჩვენზეა დამოკიდებული და შესაძლებელია, მაგრამ ზრახვა გვაქვს მეფობისაც, რაც უკვე ჩვენზე არ არის დამოკიდებული. იქნებ იმის ზრახვაც გვქონდეს, რომ არასოდეს მოვკვდეთ, მაგრამ ეს შეუძლებელია.        ზრახვა მიემართება მიზანს და არა მიზნის მიღწევის საშუალებებს. მიზანი არის ის, რისი ზრახვაც გვაქვს, ვთქვათ, მეფობა ან ჯანმრთელად ყოფნა. მიზნის მიღწევის საშუალება კი არის ის, რაც განზრახვითია ანუ - მეთოდი, რითაც უნდა გამოვჯანმრთელდეთ ანდა გავმეფდეთ. ამიტომ ზრახვას მოსდევს ძიება და განხილვა, მათ კვალობაზე კი, - თუ საქმე ეხება მას, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, - ყალიბდება განზრახვა ანუ განმზრახველობა. განზრახვა - ესაა ძიებითი სურვილი იმის საქმნელად, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან განიზრახავს [ადამიანი] ღირს თუ არა, რომ შეუდგეს საქმეს. შემდეგ უმჯობესს გადაწყვეტს და ეს გადაწყვეტილებად ითქმის შემდეგ იგი განეწყობა და შეიყვარებს მას, რაც განზრახვამ გადაწყვიტა; ამას უკვე განზრახულება ჰქვია, რადგან თუ ადამიანი გადაწყვეტს რასმე, მაგრამ გადაწყვეტილისადმი არ განეწყობა ანუ არ შეიყვარებს მას, ეს განზრახულებად არ - ჩაითვლება. შემდეგ, განწყობილებას მოსდევს არჩევანი, ანუ გამორჩევა, რადგან არჩევანი ესაა ორი შესაძლებლობიდან ერთის არჩევა და მისთვის უპირატესობის მინიჭება მეორესთან შედარებით. შემდეგ ადამიანი აღიძვრის სამოქმედოდ და ამას აღძვრა ჰქვია. შემდეგ იგი სარგებლობს [იმით, რაც მოიპოვა] და ამას სარგებლობა ჰქვია, ბოლოს კი ისარგებლებს რა, დაუცხრება მას სურვილი.        როდესაც პირუტყვთა შორის წარმოიქმნება რაღაცის სურვილი, მყისვე ხდება სამოქმედოდ აღძვრაც, რადგან მათი სურვილი გაუაზრებელია და სწორედ ბუნებითი სურვილისგან იმართებიან ისინი. ამიტომ პირუტყვთა სურვილი არც ნებელობად ითქმის, არც ზრახვად, რადგან ნებელობა - ესაა გააზრებული და თვითუფლებრივი ბუნებითი სურვილი. ამიტომ, ადამიანებში, როგორც მოაზროვნეებში, ბუნებითი სურვილი უფრო მართულია, ვიდრე წარმმართველი, რადგან ადამიანი თვითუფლებრივად და აზრისმიერად მოძრაობს, თანაშეუღლებულია რა მასში მცოდნეობითი და ცხოველმყოფელობითი ძალები. ამიტომ, თვითუფლებრივად სურს მას, თვითუფლებრივად იზრახავს, თვითუფლებრივად ეძიებს და განიხილავს, თვითუფლებრივად განმზრახველობს, თვითუფლებრივად წყვეტს, თვითუფლებრივად განეწყობა, თვითუფლებრივად ირჩევს, თვითუფლებრივად აღიძვრის და თვითუფლებრივად იქმს მას, რაც ბუნებისეულია.        გვმართებს ვიცოდეთ, რომ ღმერთზე თუმცა ზრახვას ვამბობთ, მაგრამ არჩევანს, საკუთრივი მნიშვნელობით, არ ვამბობთ, რადგან ღმერთი არაფერს განიზრახაეს. მართლაც, უმეცრების ნიშანია განმზრახველობა, რადგან ნაცოდნის შესახებ არავინ არაფერს განიზრახავს. ამიტომ, თუ განზრახვა უმეცრების ნიშანია, უეჭველად ასეთივეა არჩევანიც, ღმერთი კი, - ყოველივეს მარტივად მცოდნე, - არაფერს განიზრახავს.        არც უფლის (ადამიანური) სულისადმი ვამბობთ განზრახვას ან არჩევანს, რადგან არ ჰქონდა მას უმეცრება. თუმცა სამომავლო საქმეთა არმცოდნე ბუნებისა იყო იგი, მაგრამ გვამოვნებითად ღმერთ-სიტყვასთან შეერთებულს ყოველივეს ცოდნა ჰქონდა, არა მადლით, არამედ, როგორც ითქვა, გვამოვნებითი შეერთების გამო, რადგან ერთიდაიგივე იყო ღმერთიც და კაციც, ამიტომ, არც განზრახულებითი ნება პქონია მას, რადგან თუმცა კი ნებელობა ჰქონდა, ბუნებითი და მარტივი, რაც ადამიანთა შორის ყოველ პიროვნებაში მსგავსადვე განიჭვრიტება, მაგრამ მის წმინდა სულს არ პქონია მისი საღვთო ნების საწინააღმდვგო ან მისი საღეთო ნებისგან განსხვავებული განზრახულება ანუ ნებებული რამ.        განზრახულება გვამოვნებათა მიხედვით განიყოფება, გარდა წმინდა, მარტივი, შეუდგენელი და განუყოფელი ღმრთეებისა, რადგან იქ გვამოვნებანი ყოვლითურთ განყოფილნი და განშორებულნი არ არიან (ამიტომ, არც მათგან ნებებული განიყოფება), ამრიგად, რადგან იქ ერთია ბუნება, ერთია ბუნებითი ნებელობაც, ხოლო რადგან გვამოვნებები განუშორებლები არიან, ერთია სამივე გვამოვნებისგან ნებებულიც და ერთია მათი მოძრაობაც.        რაც შეეხებათ ადამიანებს, რადგან ერთია მათი ბუნება, ერთია ბუნებითი ნებელობაც, მაგრამ რადგან გვამოვნებები გამიჯნული არიან და განეშორებიან ურთიერთს ადგილის, დროის, საგნებისადმი მიდრეკილების და სხვა რამ ბევრის მიხედვით, ამის გამო განსხვავებულია მათი ნებანი და განზრახულებანი. მაგრამ რადგან ჩვენს უფალ იესო ქრისტეში განსხვავებულია ბუნებანი, შესაბამისად განსხვავებულია მისი ღმრთეებისა და მისი ადამიანურობის ბუნებითი ნებელობანი, ხოლო რადგან ერთია გვამოვნება და ერთია მნებებელი, ერთია, აგრეთვე, ნებებულიც ანუ განზრახულებითი ნება, და ეს, ცხადია, იმიტომ, რომ მისი ადამიანური ნებელობა შედგომილი იყო მის საღვთო ნებელობას და ის ნებავდა მას, რასაც მისი საღვთო ნებელობა ინებებდა.        გვმართებს ვიცოდეთ, რომ სხვა არის ნებელობა, სხვა - ზრახვა, სხვა - ნებებული, სხვა ნებელობითი და სხვა მნებებელი.        ნებელობა არის ნებების მარტივი ძალა, ზრახვა - რაიმეს შესახებ ნებელობა, ნებებული კი - ნებელობას დაქვემდებარებული საგანი ანუ ის, რაც გვნებავს (როგორც, მაგალითად, საჭმლისადმი სურვილის აღძვრისას, მარტივად სურვილი ესაა გააზრებული ნებელობა, საჭმლისადმი სურვილი - ზრახვა, თვით საჭმელი კი - ნებებული). ნებელობითი აღნიშნავს ნებელობითი ძალის მქონეს (მაგალითად, ადამიანს), მნებებელი კი - მას, ვინც იყენებს ნებელობას. საჭიროა იმის ცოდნა, რომ ნება ზოგჯერ ნებელობას ანუ ნებელობით ძალას ნიშნავს და იწოდება ბუნებისეულ ნებად, ზოგჯერ კი - ნებებულს და იწოდება განზრახულებით ნებად. თავი ოცდამეჩვიდმეტე მოქმედების შესახებ        გვმართებს ვიცოდეთ, რომ ყველა ზემოთქმული ძალა - მცოდნეობითიც, ცხოველმყოფელობითიც, ბუნებითიცა და ხელობითიც - მოქმედებად ითქმის, რადგან მოქმედება - ესაა ყოველი არსების ბუნებითი ძალა და მოძრაობა. კიდევ: მოქმედება ესაა ყველა არსებაში შთანერგილი ბუნებითი მოძრაობა. აქედან ცხადია: რომელთა არსებაც იგივეა, მათი მოქმედებაც იგივეა, ხოლო რომელთა ბუნებანიც განსხვავებულია, მათი მოქმედებანიც განსხვავებულია, რადგან შეუძლებელია, რომ არსება მოკლებული იყოს ბუნებისეულ მოქმედებას.        კიდევ: მოქმედება - ესაა თითოეული არსების ცხადმყოფელი ბუნებითი ძალა.        და კიდევ: მოქმედება - ესაა გონისმიერი სულის ბუნებითი და პირველი მარადმოძრავი ძალა, ესე იგი, მისი მარადმოძრავი აზრი, ბუნებითად მისგან მარადის აღმოწყაროებული. მოქმედება - ესაა თითოეული არსების ბუნებითი ძალა და მოძრაობა, რასაც მოკლებულია მხოლოდ არაარსი.        მოქმედებად ითქმის ისეთი საქმეებიც, როგორებიცაა: მეტყველება, მიმოსვლა, ჭამა, სმა და სხვა ამგვარი. ასევე, ბუნებითი განცდებიც ხშირად ითქმის მოქმედებებად. მაგალითად: შიმშილი, წყურვილი და სხვა ამგვარი. კიდევ, მოქმედებად ითქმის შესაძლებლობის სრულყოფა.        ორგვარად ითქმის. სიტყვები: „შესაძლებლობით“ და „მოქმედებით“ მაგალითად: ძუძუმწოვარა ბავშვს გრამატიკოსად ვამბობთ შესაძლებლობით რადგან აქვს მას უნარი იმისა, რომ სწავლის შედეგად გრამატიკოსი გახდეს. ამასთან, გრამატიკოსსაც ვამბობთ შესაძლებლობით ან მოქმედებით გრამატიკოსად, კერძოდ - მოქმედებით გრამატიკოსად, როგორც გრამატიკის მცოდნეს, შესაძლებლობით გრამატიკოსად კი იმდენად, რამდენადაც შემძლეა იგი განმარტებისა, მაგრამ არ მოქმედებს განმარტებას. კიდევ, მოქმედებით გრამატიკოსად ვამბობთ მას, როდესაც იგი მოქმედებს ანუ განმარტავს.        გვმართებს ვიცოდეთ, რომ მეორე მაგალითი საერთოა შესაძლებლობითისთვისაც და მოქმედებითისთვისაც. კერძოდ, მასში მეორადია შესაძლებლობითი, ხოლო პირველადია - მოქმედებითი.        მოქმედება არის ბუნების უპირველესი, ერთადერთი და ჭეშმარიტი თვითარჩევითი ანუ გააზრებითი და თვითუფლებრივი სიცოცხლე და ჩვენეული სახოვნების შემამყარებელი. ამიტომ, არ ვიცი, როგორ ამბობენ განკაცებულ ღმერთად უფალს ისინი, რომლებიც ამისგან აკლებენ მას.        მოქმედება არის ბუნების ქმედითუნარიანი მოძრაობა, ხოლო ქმედითუნარიანად ის ითქმის, რაც თავისი თავისგან მოძრაობს.        თავი ოცდამეთვრამეტე ნებაყოფლობითისა და უნებურის შესახებ        ნებაყოფლობითობა რაიმე საქმეში ვლინდება. ასევე ისიც, რაც უნებურობად მისაჩნევია, რაიმე საქმეში ჩნდება, ბევრმა ვინმემ კი ჭეშმარიტად უნებური არა მხოლოდ ვნებულებას, არამედ საქმესაც განუკუთვნა. ამიტომ, გვმართებს ვიცოდეთ, რომ საქმე არის გააზრებული მოქმედება. საქმეებს მოსდევს ქება ან ძაგება. საქმეთა ნაწილი სიამოვნებით კეთდება, ნაწილი - წუხილით. ამის გამო, ნაწილი სასურველია მათი მკეთებლებისთვის, ნაწილი - ასარიდებელი. სასურველთაგან ნაწილი მარადის სასურველია, ნაწილი - მხოლოდ გარკვეულ დროს. ასევეა ასარიდებელნიც. კიდევ, ნაწილი თანაგრძნობას აღძრავს, ნაწილი შენდობის ღირსია, ნაწილი კი ზიზღს იწვევს და ისჯება.        ამრიგად, ნებაყოფლობითს უთუოდ მოჰყვება ქება ან ძაგება. ამგვარი საქმენი კეთდება სიამოვნებით და ისინი სასურველია მათი მკეთებლებისთვის მუდამჟამს ან კიდევ მხოლოდ კეთების დროს.        ის, რაც უნებურია, შენდობისა და თანაგრძნობის ღირსი ხდება, კეთდება კი უხალისოდ, არასასურველია და, ამასთან, ვერც ნასაქმევს სრულყოფს თავისი თავის მიერ, მიუხედავად იძულებისა.        უნებურთაგან ნაწილი იძულებითია, ნაწილი - უმეცრებითი. იძულებითობა მაშინ არის, როდესაც მკეთებლობითი სათავე და მიზეზი გარეგანია, ანუ როდესაც სხვა გვაიძულებს, ჩვენ კი საერთოდ არ გვჯერა მისი, არც საკუთარი სურვილით ვთანხმდებით მას, არცთუ საერთოდ თანაშევეწევით, ანდა როდესაც ჩვენითვე ვაკეთებთ მას, რაც გვაიძულეს.        ამრიგად, განსაზღვრების სახით ვიტყვით:        უნებურია ის, რისი სათავეც გარეგანია და რასაც საკუთარი სურვილით არ თანხმდება ნაიძულები პირი (სათავედ ვამბობთ მკეთებლობით მიზეზს).        უმეცრებითი უნებურობა მაშინ გვაქვს, როდესაც უმეცრების მიზეზი შემთხვევითია და ჩვენგან არ მომდინარეობს. თუ, ვთქვათ, ვინმე სიმთვრალეში მკვლელობას ჩაიდენს, უმეცრებით მოკლავს და არა უნებურად, რადგან უმეცრების მიზეზი ანუ სიმთვრალე თვით მისი ნამოქმედარია. მაგრამ თუ ვინმე ჩვეულ ადგილას გაისვრის ისარს და იქ გამვლელ მამას მოკლავს. მაშინ ითქმის, რომ მან უმეცრების გამო უნებურად ჩაიდინა ეს საქმე.        ამრიგად, ორგვარია რა უნებური, - ერთი მხრივ, იძულებითი და, მეორე მხრივ, უმეცრებითი, - ორივე მათგანს უპირისპირდება ნებაყოფლობითი. რადგან ნებაყოფლობითი სწორედ ისაა, რაც არც იძულებით, არც უმეცრებით არ ხდება. ასე რომ, ნებაყოფლობითი არის ის, რისი სათავეც, ესე იგი, რისი მიზეზიც თვით მასშივეა, ვინც თითოეულად იცის, რა უნდა მოხდეს და როგორ. თითოეულად [საცოდნელია] ის, რასაც რიტორთა შორის გარემოებითი ნაწილები ეწოდება. კერძოდ. ვინ (ესე იგი, გამკეთებელი), ვის (ესე იგი მას, ვისაც ევნო), რა (ესე იგი, თვით ის, რაც გაკეთდა). თუ, ვთქვათ, მკვლელობა ჩაიდინა ვინმემ, რით (ესე იგი, რა იარაღით), სად (ესე იგი, რა ადგილას), როდის (ესე იგი, რომელ დროს), როგორ (ესე იგი, როგორი იყო ქმედების გვარი), რის გამო (ესე იგი, რა მიზეზით).        უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ზოგი რამ იმგვარი, რაც ნებაყოფლობითსა და უნებურს შორისაა. ისინი თუმცა უსიამოვნოა და შემაწუხებელი ჩვენთვის, მაგრამ უფრო დიდი ბოროტების შიშით მათ ვამჯობინებთ. ასეთია, მაგალითად, ის შემთხვევა, როდესაც გემის ჩაძირვის შიშით გადავყრით ხოლმე, რაც ხომალდშია.        უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვები და პირუტყვები ნებაყოფლობით აკეთებენ, მაგრამ არა არჩევანისამებრ. ასევე, რასაც მრისხანების მიზეზით ჩავდივართ წინასწარი განზრახვის გარეშე, ნებაყოფლობით ვაკეთებთ ამას, მაგრამ არათუ არჩევანითაც. როდესაც ანაზდად მეგობარი გვესტუმრება, ამგვარი რამ ნებაყოფლობითია ჩვენთვის, მაგრამ არა არჩევანისეულიც. ასევე, თუ ვინმე უეცრად განძს წააწყდება, ნებაყოფლობით წააწყდება მას, მაგრამ არა არჩევანითაც.        ყოველივე ეს ნებაყოფლობითია, რადგან სასიამოვნოა, მაგრამ არა არჩევანისეულიც, რადგან არ არის განზრახვისმიერი, ხოლო არჩევანს, როგორც ითქვა, უთუოდ წინ უნდა უძღოდეს განზრახვა.        თავი ოცდამეცხრამეტე იმის შესახებ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული; ესე იგი, თვითუფლებრივის თაობაზე        მსჯელობა თვითუფლებრივის შესახებ (ანუ იმის თაობაზე, რაც ჩვენზეა დამოკიდებული) უპირველესად იმის გამოძიებით უნდა დავიწყოთ, არის თუ არა რაიმე ჩვენზე დამოკიდებული, რადგან ბევრი ვინმეა, ვინც ამას ეწინააღმდეგება. შემდეგ უნდა გავარკვიოთ, რა არის ჩვენზე დამოკიდებული და რისი უფლებამოსილება გვაქვს. ბოლოს, გამოსაკვლევი იქნება მიზეზი, თუ რის გამო შეგვქმნა ჩვენ თვითუფლებრივნი შემოქმედმა ღმერთმა.        ამრიგად, დავიწყებთ რა პირველი საკითხით, უპირეელესად იმას აღვნიშნავთ, რომ არის რაღაც ჩვენზე დამოკიდებული, დავამტკიცებთ კი ამას თვით მოწინააღმდეგეთა დებულებების საფუძველზე და ასე ვიტყვით:        ყველა მოვლენის მიზეზად ან ღმერთს ამბობენ ან აუცილებლობას ან სვეს ან ბუნებას ან ბედს ან კიდევ ხდომილებას. მაგრამ: ღვთის საქმეა არსება და წინაგანგება; აუცილებლობისა - მარადის იგივედ მყოფთა მოძრაობა; სვისა - აუცილებლობის ძალით სრულყოფა იმისა, რაც მისგანაა (რადგან სვეც აუცილებლობას განეკუთვნება); ბუნებისა - წარმოქმნა, ზრდა, ხრწნა, მცენარეები და ცხოველები; ბედისა - იშვიათობანი და მოულოდნელობანი (რადგან ბედს განსაზღვრავენ, როგორც თანხვდომასა და თანხვედრას ორი მიზეზისას, რომელთაც არჩევანისგან აქვთ დასაბამი და რომლებიც ჩვეულებრივისგან განსხვავებულ რამეს სრულყოფენ, როგორიცაა, მაგალითად, საფლავის თხრისას განძის პოვნა, რადგან არც განძის ჩამდებს ჩაუდია იგი იმ მიზნით, რომ გამთხრელს ეპოვა, არცა მპოვნელს უთხრია საფლავი იმ მიზნით, რომ განძი ეპოვა, არამედ პირველმა ჩადო იმიტომ, რომ სურვილისამებრ ამოეღო, ხოლო მეორემ გათხარა იმიტომ, რომ საფლავი ჰქონოდა, მაგრამ მოხდა კი იმისგან განსხვავებული რამ, რა არჩევანიც ორივე მათგანს ჰქონდა); ხდომილებისა - უსულოთა და პირუტყვთა შემთხვევები, რაც არც ბუნებრივია, არც ხელოვნური.        აი, ამგვარად ამბობენ ისინი. მაგრამ რომელ მათგანს დავუქვემდებაროთ ადამიანთაგან [ნამოქმედარნი], თუკი ადამიანი თვითვე არ არის მიზეზი და სათავე საქმისა? მართლაც, არც ის შეიძლება, რომ ღმერთს განვუკუთვნოთ ზოგი მისი უშვერი და უსამართლო საქმე, არც აუცილებლობას (რადგან ამგვარი საქმეები მარადის იგივედ მყოფთა თვისება არაა), არც სვეს (რადგან სვეს ეკუთვნის არა ის, რაც შესაძლებელია, არამედ ის, რაც აუცილებელია), არც ბუნებას (რადგან ბუნების საქმეა ცხოველები და მცენარეები), არც ბედს (რადგან ადამიანთა საქმეები იშვიათი და მოულოდნელი არ არის), არც ხდომილებას (რადგან უსულოთა და პირუტყვთა შემთხვევებს ამბობენ ხდომილების კუთვნილებად). ამრიგად, რჩება ის, რომ ვინც საქმეს აკეთებს, ესე იგი, თვით ადამიანი უნდა იყოს თავისი საქმეების სათავე და მათზე უფლებამოსილი.        კიდევ, თუ ადამიანი არანაირი საქმის სათავე არ არის, ზედმეტი ყოფილა მისთვის განმზრახველობა, რადგან რაში გამოიყენებდა იგი განზრახვას, თუ არანაირი საქმის ბატონ-პატრონი არ იქნებოდა? ყველა განზრახვის საგანი ხომ საქმეა უკიდურესი უგუნურება იქნებოდა, თუკი ზედმეტად წარმოგვიჩნდებოდა ის, რაც ადამიანის ნიჭთა შორის უმშვენიერესია და უპატიოსნესი. ასე რომ, თუკი რაიმეს განიზრახავს ადამიანი, საქმისათვის განიზრახავს, რადგან სწორედ საქმისთვისაა და საქმის გამოა ყოველი განზრახვა.        თავი მეორმოცე მომხდართა შესახებ        მომხდართაგან ნაწილი ჩვენზეა დამოკიდებული, ნაწილი კი - არა. ჩვენზეა დამოკიდებული ის, რისი კეთების თუ არკეთების უფლებამოსილნიც ჩვენვე ვართ, ესე იგი, ყველაფერი, რაც ჩვენს მიერ ნებაყოფლობით კეთდება (რადგან თუ რომელიმე საქმე ჩვენზე არ არის დამოკიდებული, არც ითქმის, რომ ნებაყოფლობით ვაკეთებთ მას), ანუ, მარტივად, - რასაც მოჰყვება ქება თუ ძაგება და რაზეც ვრცელდება წაქეზება და რჯული. საკუთრივ ჩვენზეა დამოკიდებული ყოველივე სულისმიერი და, აგრეთვე, ყოველივე ის, რის შესახებაც განვიზრახავთ, ხოლო განზრახვა იმას განეკუთვნება, რაც თანაბრად შესაძლებელია. თავის მხრივ, „თანაბრად შესაძლებელი“ - ესაა იმგვარი შემთხვევა, როდესაც ერთიც ძალგვიძს და მისი საწინააღმდეგოც, ხოლო არჩევას ჩვენი გონება ახდენს, და ეს არის საქმის დასაბამი.        ამრიგად, ჩვენზეა დამოკიდებული, რაც კი თანაბრად შესაძლებელია, როგორც, მაგალითად, ის, რომ ვიმოძრაოთ და არ ვიმოძრაოთ, აღვიძრათ და არ აღვიძრათ, ვისურვოთ ის, რაც აუცილებელი არ არის, და არ ვისურვოთ, ვიცრუოთ და არ ვიცრუოთ, მივცეთ და არ მივცეთ, გავიხაროთ და არ გავიხაროთ იმით, რაც გასახარებელია ან კიდევ - რაც არ არის გასახარებელი... და სხვა ამგვარი, რაშიც კი არის სათნოებისა და ბოროტების საქმენი. აი, ამათი უფლებამოსილნი ვართ.        თანაბრად შესაძლებელთაგანია ხელობებიც, რადგან ჩვენზეა დამოკიდებული შევუდგებით იმ ხელობას, რომელსაც ვინებებთ, თუ არ შევუდგებით.        საჭიროა ვიცოდეთ, რომ არჩევა იმისა, რაც გასაკეთებელია, ჩვენზჟა დამოკიდებული, მაგრამ საქმე ხშირად ბრკოლდება წინაგანგების რამ გვარით.        თავი ორმოცდამეერთე რა მიზეზით შევიქმნენით თვითუფლებრივნი        ამრიგად, ვამბობთ, რომ მოაზროვნეობასთან ერთად მყისვე წარმოჩნდება თვითუფლებრივობა.        ყოველი ქმნილება, ამავე დროს, ცვალებადიცაა, რადგან ის, რისი შექმნის სათავეც ცვალებადობით დაიწყო, აუცილებლად ცვალებადია. ცვალებადობა არის არარსებობიდან არსებობაში შემოსვლა და საფუძვლადმყოფი ნივთის გზით სხვა რამედ გახდომა. ამიტომ, უსულოები და პირუტყვები იცვლებიან ზემოთქმული სხეულებრივი გარდაქმნების მიხედვით, მოაზროვნეობითნი კი - არჩევანისამებრ. მოაზროვნეობითის ერთი მხარე არის მჭვრეტელობითი, ხოლო მეორე - საქმითი. მჭვრეტელობითი შეიმეცნებს იმას, თუ როგორ არსებობენ არსნი, საქმითი კი არის განმზრახველობითი და იგი მართებულ განზომილებას განუსაზღვრებს მას, რაც გასაკეთებელია. და უწოდებენ მჭვრეტელობითს გონებას, საქმითს კი - განზომილებას. აგრეთვე, მჭვრეელობითს - სიბრძნეს, საქმითს კი - კეთილგონიერებას. ყოველი განმზრახველი განიზრახავს იმდენად, რამდენადაც თვით მასზეა დამოკიდებული საკეთებელი საქმის არჩევა, რათა ის ირჩიოს მან, რასაც განზრახვაში ამჯობინებს და არჩეული გააკეთოს. მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ ცხადია, რომ მოაზროვნეობითობას აუცილებლად თანაშეენივთება თვითუფლებრივობა, რადგან ადამიანი ან არ უნდა იყოს მოაზროვნეობითი ანდა თუ იგი მოაზროვნეობითია, საქმეთა ბატონ-პატრონი უნდა იყოს და თვითუფლებრივი. ამის გამოა, რომ პირუტყვები თვითუფლებრივნი არ არიან, რადგან უმალ იმართებიან ბუნების მიერ, ვიდრე თვით მართავენ მას. ამიტომ, ისინი არც უძალიანდებიან ბუნებრივ სურვილს, არამედ როგორც კი მოესურვებათ რაიმე, მყისვე აღიძვრიან სამოქმედოდ. ადამიანი, მეორე მხრივ, როგორც მოაზროვნეობითი, უმალ მართავს ბუნებას, ვიდრე იმართება მისგან. ამიტომ, თუკი იგი ინებებს, ძალმოსილია იმისა, რომ თუნდაც მოესურვოს, აილაგმოს სურვილი, ანდა მიჰყვეს ამ სურვილს. აქედან გამომდინარე, პირუტყვებს არც აქებენ, არც აძაგებენ, ადამიანს კი აქებენ კიდეც და აძაგებენ.        საჭიროა ვიცოდეთ, რომ ანგელოზებიც, როგორც მოაზროვნეობითნი, თვითუფლებრივნი არიან, და როგორც ქმნილნი, ცვალებადნიც. ეს ცხადყო ეშმაკმა, რომელიც კეთილი დაიბადა შემოქმედის მიერ, მაგრამ რომელიც თვითუფლებრივად გახდა ბოროტების აღმომჩენი, ისევე როგორც მასთან ერთად განდგომილი ძალები ანუ დემონები, მაშინ როცა ანგელოზთა დანარჩენი დასები სიკეთეში მდგრადობენ.        თავი ორმოცდამეორე მათ შესახებ, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული        მათგან, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, გარკვეული ნაწილი სათავეს ანუ მიზეზს იღებს იქედან, რაც ჩვენზეა დამოკიდებული (კერძოდ, ესაა ჩვენეულ საქმეთა საზღაური როგორც აწინდელ, ისე სამომავლო საუკუნეში), სხვა ყველაფერი კი საღვთო განზრახვას ექვემდებარება.        ყოვლის შესაქმე ღვთისგან არის, ხრწნილება კი ჩვენი უკეთურების გამო მოიწია როგორც სასჯელი და სარგებელიც. „ღმერთს სიკვდილი არ შეუქმნია, არც ცოცხალთა დაღუპვა ახარებს მას“ (სიბრძნე სოლ. 1,13). უმალ ადამიანისგანაა სიკვდილი (ესე იგი, ადამის ცთომილებისგან), ისევე როგორც სხვა სასჯელნი.        აღნიშნულის გარდა სხვა ყველაფერი ღმერთს უნდა განეკუთვნოს, რადგან მისი დამბადებლობითი ძალის შედეგია ჩვენი შესაქმე, მისი შემამტკიცებლობითი ძალისა - ჩვენი მდგრადობა, მისი წინაგანგებითი ძალისა - ჩვენი წარმართვა და გამოხსნა, მისი სიკეთისა - საუკუნო კეთილთა მიერ დატკბობა მათი, რომლებიც იცავენ იმას, რაც ბუნებისეულია (რისთვისაც შევიქმენით კიდეც).        ამასთან, რადგან ზოგიერთები ეწინააღმდეგებიან წინაგანგებას, ახლა ცოტა რამ წინაგანგების შესახებაც ვთქვათ.        თავი ორმოცდამესამე წინაგანგების შესახებ        წინაგანგება არის არსთა მიმართ ღვთისგან გამოვლენილი მზრუნველობა. და კიდევ. წინაგანგება არის ღვთის ზრახვა, რომლის მიერაც ყოველი არსი სათანადოდ წარიმართება. თუ ღვთის ზრახვაა წინაგანგება, სრულიად აუცილებელია, რომ წინაგანგებით შექმნილები, მართებული აზრის თანახმად, უმშვენიერესნი და უმეტესად ღვთისმშვენნი იყვნენ, იმგვარნი, რომელთა უკეთესის შექმნაც შეუძლებელია, რადგან უთუოდ ერთიდაიგივე უნდა იყოს არსთა შემოქმედი და წინაგანმგები. მართლაც, შეუფერებელია და არაკანონზომიერი, სხვა იყოს არსთა შემოქმედი, სხვა კი - წინაგანმგები, რადგან ამ სახით ორივვ მათგანი უეჭველად უძლურებაში აღმოჩნდება. ერთი - იმ მხრივ, რომ წინაგანაგოს, მეორე - იმ მხრივ, რომ შექმნას. ამიტომ, ღმერთია შემოქმედიც და წინაგანმგებიც, რომლის შემოქმედებითი, შემამტკიცებლობითი და წინაგანმგებლობითი ძალა - ესაა მისი კეთილი ნებელობა. „ყოველივე, რაც ინება უფალმა, ქმნა“ (ფს. 134,6), და მის ნებას ვერავინ შეეწინააღმდეგა. ინება მან შექმნილიყო ყოველივე, და შეიქმნა. ნებავს მას ქვეყნიერების შემყარება და შემყარებულია იგი. ყოველივე, რაც მას ნებავს, ხდება.        რომ წინაგანაგებს იგი და რომ კარგად წინაგანაგებს, ამის უმართებულესი განჭვრეტა შემდეგნაირად შეიძლება: მხოლოდ ღმერთი არის ბუნებით კეთილი და ბრძენი. ამიტომ, იგი, როგორც კეთილი, წინაგანაგებს (რადგან ვინც არ არის წინაგანმგები, კეთილიც არ არის იგი; ამასთან, ადამიანებიცა და პირუტყვებიც ბუნებითად წინაგანაგებენ მათი შვილებისათვის და ვინც წინდაწინ არ განაგებს, კიცხავენ მას), ხოლო როგორც ბრძენი, გამორჩეულად ზრუნავს იგი არსთათვის.        ამიტომ, ვუკვირდებით რა ამას, გვმართებს, რომ მისეული წინაგანგების ყოველი საქმე გვიკვირდეს, ყოველივეს ვაქებდეთ და ყოველივეს გამოუძიებლად ვიწონებდეთ, თუნდაც რომ ბევრისთვის უსამართლო ჩანდეს ეს საქმეები, რადგან უცოდნელია და უწვდომი წინაგანგება ღვთისა.        ეს ყოველივე, ვამბობ, ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან ის, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, განეკუთვნება არა წინაგანგებას, არამედ ჩვენს თვითუფლებრივობას.        წინაგანგების ნაწილი სათნოჩენითი არის, ნაწილი - დაშვებითი. სათნოჩენითია ის, რაც უცილობლად კეთილია, ხოლო დაშვებითს მრავალი სახე აქვს. მაგალითად, ხშირად უშვებს ღმერთი, რომ მართალიც ჩავარდეს განსაცდელში, რათა სხვებს გაუცხადოს მასში დაფარული სათნოება. ასე მოხდა იობთან დაკავშირებით. სხვა დროს უფალი უშვებს, რომ მოხდეს რაღაც არაჯეროვანი, რათა არაჯეროვნად მისაჩნევი საქმის გზით დიდი და საკვირველი რამ წარმატებულჰყოს მან, როგორც, მაგალითად, ჯვრის მეშვეობით ადამიანთა ხსნა. სხვა მხრივ, უშვებს იგი, რომ მწარედ იტანჯოს წმინდანი, რათა არ მიდრკეს იგი მართალი სინდისისგან, ან კიდევ, მისდამი ბოძებული ძალისა და მადლისგან ამპარტავნებისკენ არ გადადრკეს, როგორც [დაუშვა მან ეს] პავლეზე.        ზოგჯერ ხდება გარკვეული დროით ვინმეს მიტოვება სხვის გამოსასწორებლად, რომ მისი მდგომარეობის განჭვრეტით სხვები განისწავლონ, როგორც ეს მოხდა ლაზარესთან და მდიდართან დაკავშირებით (რადგან ბუნებით ვწუხვართ, როდესაც ვხედავთ ვინმეს ტანჯვას).        ზოგჯერ ვინმეს მიტოვება ხდება სხვის სადიდებლად და არა საკუთარი თუ მშობლებისეული ცოდვების გამო. ასე იდიდა ძე კაცისა მისგან, ვინც დაბადებით ბრმა იყო.        კიდევ, დაუშვებს ღმერთი ვინმეს ტანჯვას, რომ სხვამაც ჰბაძოს მას, რათა ტანჯულის პატივის განდიდებამ სხვებისთვისაც საშური გახადოს ტანჯვა, გაუჩნდებათ რა მათაც სასოება სამომავლო დიდებისა და სამომავლო კეთილთა ნდომა. ამგვარი რამ ხდება მოწამეებთან დაკავშირებით.        ზოგჯერ იმის ნებართვაც მიეცემა ვინმეს, რომ სასირცხვილო საქმეში ჩავარდეს, რათა ამით სხვა უარესი ვნება გამოასწოროს მან. მაგალითად, როდესაც ვინმე გაამპარტავნდება საკუთარ სათნოებათა და წარმატებათა გამო, მიუშვებს მას ღმერთი, რომ სიძვით დაეცეს, რათა დაცემის შედეგად საკუთარი უძლურების შეგრძნებამდე მივიდეს იგი, დამდაბლდეს, მიეახლოს უფალს და აღსარება უთხრას მას.        საჭიროა ვიცოდეთ, რომ გასაკეთებელ საქმეთა არჩევა ჩვენზეა დამოკიდებული, ხოლო ამ საქმეთაგან კეთილთა დაბოლოება ღვთის თანამოქმედებით ხდება, რადგან იგი, შესაბამისად თავისი წინასწარმცოდნეობისა, ჯეროვნად თანამოქმედებს მათთან, რომლებიც მართალი სინდისით ირჩევენ სიკეთეს. მეორე მხრივ, უკეთური საქმეების დასრულება მიტოვებულია ღვთისგან, რომელიც, კვლავ თავისი წინასწარმცოდნეობის შესაბამისად, სამართლიანად ტოვებს მათ.        მიტოვების სახე ორია, რადგან არსებობს განგებულებითი და განსწავლითი მიტოვება და არსებობს სრულიად განწირვითი მიტოვება. განგებულებითი და განსწავლითია ის, რაც ხდება ვნებულის გამოსასწორებლად, გადასარჩენად და სადიდებლად, ან კიდევ იმიტომ, რომ სხვებსაც ჰქონდეთ მისდამი მოშურნეობა და ბაძვა, ანდა იმიტომ, რომ ღმერთი იდიდოს. ხოლო სრული მიტოვებაა, როდესაც ღმერთი ყოველივეს მოიმოქმედებს ადამიანის გადასარჩენად, ის კი უგრძნობი და უექიმებელი, უფრო კი უკურნებელი დარჩება საკუთარი მოწადინებისამებრბ და მაშინ სრულ წარწყმედას გადაეცემა იგი იუდას მსგავსად. დაგვინდოს ჩვენ ღმერთმა და გვიხსნას ამგვარი მიტოვებისგან.        ამასთან, საჭიროა იმის ცოდნა, რომ მრავალგვარია ღვთის წინაგანგება, რაც არც სიტყვით შეიძლება განიმარტოს, არცთუ გონებით შემოიცვას.        გვმართებს ვიცოდეთ, რომ ყველა დამამწუხრებელი შემთხვევა მხსნელად ევლინება მათ, რომლებიც მადლობით იღებენ მას, ხდება რა იგი ყოვლითურთ სარგებლობის მომტანი მათთვის.        საჭიროა იმის ცოდნა, რომ ღმერთს უპირატესად ის ნებავს, ყველანი გადარჩნენ და ჰპოვრნ მისი სასუფეველი, რადგან არათუ სატანჯველად შეგვქმნა ჩვენ, არამედ მისი, როგორც კეთილის, სიკეთესთან წილმქონეობისათვის. თუმცა მცოდველის ტანჯვა სამართლიანადვე ნებავს მას.        ამიტომ ითქმის, რომ პირველი, ეპირატესი ნება და სათნოჩენა მისგანვე არის, ხოლო მეორე, მომდევნო ნება და დაშვება - ჩვენი მიზეზით. და ეს ორადია. ერთი, განგებულებითი და განსწავლითი, - ხსნისათვის, ხოლო მეორე, განწირვითი, - სრული ტანჯვისთვის, როგორც ვთქვით.        ესენია ის, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ხოლო იმათგან კი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ერთი მხრივ, ის, რაც კეთილია, განსაკუთრებით ნებავს და ესათნოება [ღმერთს], ხოლო, მეორე მხრივ, რაც უკეთურია და ნამდვილად ბოროტი, არც უპირატესად, არც მომდევნოდ არ ნებავს მას, თუმცა კი უშვებს ამას (ადამიანის) თვითუფლებრივობის გამო, რადგან იძულებით ნამოქმედარი არც მოაზროვნეობითია, არც სათნოება. ამასთან, წინაგანაგებს ღმერთი მთელ შესაქმეს, ქველმოქმედებს რა და განმსწავლელობს მთელი შესაქმის გზით, ხშირად კი - თვით ეშმაკთა მეშვეობითაც, როგორც, მაგალითად, იობთან და ღორებთან დაკავშირებით.        თავი ორმოცდამეოთხე წინასწარმცოდნეობისა და წინაგანსაზღვრულობის შესახებ        საჭიროა ვიცოდეთ, რომ ყველაფრის წინასწარმცოდნეა ღმერთი, მაგრამ - არა ყოველივეს წინაგანმსაზღვრელი, რადგან წინასწარ იცის მან ისიც კი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, თუმცა წინასწარ არ განსაზღვრავს ამას, არ ნებავს რა, რომ მოხდეს ბოროტება და არც ის, რომ გვაიძულოს სათნოება. ამგვარად, წინაგანსაზღვრულობა არის საღვთო წინასწარმცოდნეობითი ბრძანების საქმე. ღმერთი თავისი წინასწარმცოდნეობის შესაბამისად წინაგანსაზღვრავს იმას, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან მას უკვე წინდაწინ განსჯილი აქვს ყოველივე თავისი სიკეთისა და სამართლიანობის შესაბამისად.        საჭიროა ვიცოდეთ, რომ სათნოება ღვთისგან ებოძა ბუნებას და რომ ღმერთი თავად არის ყველა სიკეთის დასაბამი და მიზეზი, რომლის თანამოქმედებისა და შემწეობის გარეშე შეუძლებელია ჩვენთვის კეთილის ნებება და ქმნა. ჩვენზე ისაა დამოკიდებული, ან დავმკვიდრდეთ სათნოებაში და შევუდგეთ ღმერთს, რომელიც ამისკენ გვიხმობს, ანდა გავემიჯნოთ სათნოებას, რაც ნიშნავს, ბოროტებაში მოვხვდეთ და შევუდგეთ ეშმაკს, რომელიც აქეთ გვიხმობს იძულების გარეშე, რადგან ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა კეთილის განშორება, ისევე როგორც სიბნელე - ესაა სინათლის განშორება. ამრიგად, თუკი იმაში ვმკვიდრობთ, რაც ბუნებისეულია, სათნოებაში ვიმყოფებით, ხოლო თუ ბუნებისეულს, ანუ სათნოებას, გადავუხვევთ, ბუნების გარეგანისკენ წავალთ და ბოროტებაში აღმოვჩნდებით.        სინანული არის ბუნების გარეგანისგან ბუნებისეულისკენ და ეშმაკისგან ღვთისკენ ზეასვლა მოღვაწეობისა და შრომათა მიერ.        ამიტომ ეს ადამიანი შემოქმედმა მამაკაცად შექმნა, უბოძა რა წილად თავისი საღვთო მადლი და მადლის გზით თავისთან მზიარებლად აქცია იგი. ამის გამო [ადამმა] ცხოველების, როგორც მისთვის ბოძებული მონების, სახელდებანიც წინასწარმეტყველურად აღასრულა, როგორც მეუფემ, რადგან მას, - ღვთის ხატისებრ მოაზროვნედ, გონისმიერად და თვითუფლებრივად ქმნილს, - მართებულად გადაეცა მიწიერთა მოთავეობა ყოველთა საერთო შემოქმედისგან და მეუფისგან.        ამასთან, უწყოდა რა წინასწარმცოდნე ღმერთმა, რომ გადავიდოდა იგი მცნებას და ხრწნილებაში ჩავარდებოდა, შექმნა მისგან ქალი, „შემწედ მისდა მისებრი“ (შესაქ. 2,18; 31-33), კერძოდ, შემწედ მოდგმის მემკვიდრეობითად შენარჩუნებაში, გარდასვლის შემდეგ, შობადობის გზით, რადგან პირველი დაბადება „შექმნად“ ითქმის და არა „შობად“, არის რა „შექმნა“ პირველი დაბადება ღვთისგან, „შობა“ კი ესაა გარდასვლის შედეგად სიკვდილის სასჯელისგან გამომდინარე ურთიერთმემკვიდრეობითობა.        დაამკვიდრა მან იგი გონისეულ და გრძნობად სამოთხეში, რადგან თუმცა გრძნობადში ხორციელად ცხოვრობდა მიწაზე, სულისმიერად ანგელოზებთან იმყოფებოდა, იმუშაკებდა საღვთო აზრებს და საზრდოობდა მათგან, იყო რა შიშველი სიწრფელითა და უზაკველი ცხოვრებით, მხოლოდ შემოქმედისაკენ ზეამავალი ქმნილებათა წიაღ და მისი ჭვრეტით დატკბობილი და მოლხინარე.        ამიტომ, რადგან ღმერთმა ბუნებითად შეამკო იგი თვითუფლებრივი ნებით, მცნება მისცა მას, რომ არ ეგემა ცოდნის ხისგან (ამ ხის შესახებ, ჩვენი ძალისებრ, თვითკმარად ვთქვათ „სამოთხის შესახებ“ თავში). მისცა მას ეს მცნება და აღუთქვა, რომ თუ დაიცავდა იგი სულის ღირსებას და გონებას გაამარჯვებინებდა, შეიცნობდა კიდეც შემოქმედს და მისი ბრძანების დაცვით წილმქონე გახდებოდა მარადიული ნეტარებისა და სიკვდილზე უმჯობესქმნილი იცოცხლვბდა უკუნისამდე, მაგრამ თუკი სხეულისადმი დაამორჩილებდა სულს და სხეულის სიამეებს მიანიჭებდა უპირატესობას (ვით უმეცარი საკუთარი პატივისა და ეგუნურ პირუტყვთადმი მიმსგავსებული), განიშორებდა რა შემოქმედის უღელს და უგულებელყოფდა რა მის საღვთო განჩინებას, სიკვდილსა და ხრწნას დაექვემდებარებოდა და, უბადრუკი ყოფის მზიდველი, შრომაში ჩავარდებოდა მართლაც, არ იქნებოდა სასარგებლო, რომ მას, ჯერაც გამოუცდელს და გაუწვრთნელს, უხრწნელება ეპოვა, რადგან ჩავარდებოდა იგი ამპარტავნებაში და ეშმაკის სასჯელში, ეშმაკისა, რომელსაც არჩევანისმიერი დაცემის შემდეგ უსინანულო და უცვლელი სიმყარე ჰქონდა ბოროტებაში ამ უხრწნელების გამო, ისევე როგორც ანგელოზებს - მადლისმიერი და შეუძრავი დაფუძნება სიკეთეში, კვლავაც და კვლავაც სათნოების არჩევანისმიერი გამორჩევის შემდეგ.        ამიტომ, მართებდა ადამიანს, რომ უპირველესად გამოცდა გაევლო და მცნების დამარხვის გზით გამოცდილებითად სრულქმნილიყო, რომ ამ სახით უხრწნელება მოეხვეჭა სათნოების ჯილდოდ, რადგან იგი, ღმერთსა და ნივთიერებას შუა მყოფი, არსთა მიმართ ბუნებითი მოთვისეობისგან მცნების დაცვის გზით განთავისუფლების შემდეგ შეთვისებითად შეუერთდებოდა ღმერთს და მიიღებდა შეუძრავ დამყარებას სიკეთის ახლოს. მაგრამ მან გარდასვლის შედეგად უფრო ნივთიერებისკენ იმოძრავა, თავის მიზეზს (ვამბობ, ღმერთს) მოსწყვიტა გონება, ხრწნილებას მიეთვისა, გახდა ვნებული უვნებოს სანაცვლოდ და მოკვდავი - უკვდავის ნაცვლად, საჭიროება გაუჩნდა შეწყვილებისა და დინებადი შობისა, სიცოცხლის სურვილით დაეწაფა იმ სიამეებს, რაც თითქოსდა სიცოცხლეს შეადგენს, ხოლო რომლებიც ამათი ჩამოცილებისკენ ასწრაფებდნენ მას, ურიდად მოიძულა და საკუთარი მისწრაფება ღვთისგან ნივთიერებაზე გადაიტანა, რისხვა კი - ცხონების ნამდვილი მტრისგან მოყვასზე.        ამრიგად, ეშმაკის შურით იძლია ადამიანი, რადგან ვერ აიტანა მოშურნე და კეთილისმოძულე ეშმამ, თვით ქვედაცემულმა ამპარტავნების გამო, ჩვენს მიერ ზენათა წვდომა. ამიტომაც, ღმერთობის იმედით შეიტყუა მან უბადრუკი, და ზეაიყვანა რა თავისი ამპარტავნების სიმაღლეზე, დაცემის მსგავსსავე უფსკრულში ჩააგდო იგი. თავი ორმოცდამეხუთე საღვთო განგებულების, ჩვენდამი მზრუნველობისა და ჩვენი ხსნის შესახებ        ამრიგად, ბოროტების მოთავე ეშმაკის ამ შემოტევით მოტყუებულმა ადამიანმა არ დაიცვა შემოქმედის მცნება, მადლისგან გაშიშვლებით განიძარცვა მან ღვთისადმი გულხსნილობა, მძიმე ცხოვრების სიტლანქით დაფარულმა (რადგან ესაა „ლეღვის ფოთლები“) გარეშემოიცვა კვდომა ანუ ხორცის მოკვდავობა და უხეშობა (რადგან ესაა მკვდარი ტყავების შემოცმა) და ღვთის მართლმსაჯულების შესაბამისად სამოთხიდან გამოძევდა, - სიკვდილმისჯილი და ხრწნილებას დამონებული. მაგრამ თანამგრძნობმა უფალმას ვინც არსებობა მისცა მას და კეთილდღეობაც მიჰმადლა, არ უგულებელყო იგი, არამედ, უპირველესად, მრავალი სახით უმასწავლებლა მას და მოქცევისაკენ უხმო. კვნესისა და ძრწოლის გზით, წარღვნით და მთელი მოდგმის თითქმის სრული ამოწყვეტით, ენათა შერევითა და განყოფით, ანგელოზთა ზედამდგომობით, ქალაქთა გადაბუგვით, სახეობრივ ღმერთმჩენეობათა მიერ, ბრძოლებით, გამარჯვებებით, დამარცხებებით, ნიშანდებებით, ნიშებითა და ნაირგვარი ძალთავლენით, რჯულითა და წინასწარმეტყველებით, რომელთა გულმოდგინებაც იმისთვის იყო, რომ აღმოეფხვრათ მრავალგვარად განფენილი და ადამიანის დამამონებელი ცოდვა (რასაც ბოროტების ყოველგვარი სახეობით დაეხერგა ეს ყოფა), რომ ადამიანი კვლავ კეთილდღეობამდე ამაღლებულიყო. ამიტომ, რადგან სიკვდილი ცოდვის გზით შემოვიდა ქვეყნად, როგორც ველური და მძვინვარე მხეცი, რომელმაც წარყვნა ადამიანის ყოფა, მართებდა მას, ვინც გამოსყიდვას განიზრახავდა, რომ ყოფილიყო უცოდველი და ცოდვისმიერ სიკვდილს დაუმონებელი. ამასთან, [საჭირო იყო] ბუნების განმტკიცება და განახლება, საქმით მასწავლებლობა მისდამი და სწავლება მისთვის სათნოების გზისა, რაც ხრწნილებიდან გამოიყვანდა მას და უწინამძღვრებდა მარადიული სიცოცხლისაკენ.        ბოლოს, კაცთმოყვარეობის ზღვა ვლინდება მასზე, რადგან თავად შემოქმედი და უფალი საკუთარი ქმნილების გამო თავის თავზე იღებს ბრძოლას და საქმით ხდება იგი მოძღვარი. ამასთან, რადგან ღმერთობის იმედით შეიტყუა მტერმა ადამიანი, ხორცის საბაბით თვითვე ხდება შეტყუებული, ერთობლივად საცნაურდება რა ღვთის სიკეთე, სიბრძნე, სამართლიანობა და შემძლეობა. სიკეთე იმიტომ, რომ არ უგულებელყო მან საკუთარი ქმნილების უძლურება, არამედ შეეწყალა იგი, დაცემული, და ხელი გაუწოდა მას; სამართლიანობა იმიტომ, რომ ადამიანის ძლევის შემდეგ არათუ სხვას ამარჯვებინებს იგი ტირანზე, არცთუ იძულებით სტაცებს ადამიანს სიკვდილს, არამედ ვინც ძველად ცოდვის მიერ დაიმონა სიკვდილმა, სწორედ ის აქცია უფალმა მძლეველად, - უფალმა, კეთილმა და სამართლიანმა, - და მსგავსით უკუგამოიხსნა მსგავსი, რაც შეუძლებელი იყო სიბრძნე იმიტომ, რომ შეუძლებლის ყველაზე უფრო შესაფერისი დასაძლევი ჰპოვა, რადგან, ღვთისა და მამის სათნოჩენით, ღვთის მხოლოდშობილმა ძემ და სიტყვამ, ღმერთმა და მამის წიაღში მყოფმა, მამისა და სულიწმინდის თანაარსმა, წინასაუკუნომ, დაუსაბამომ, დასაბამში მყოფმა, ღმერთთან და მამასთან მყოფმა და ღმერთად მყოფმა, ვინც ჰგიეს ღვთის ხატებაში, ცანი მოდრიკა და გარდამოხდა, ესე იგი, თავისი დაუმდაბლებელი სიმაღლე დაუმდაბლებლად დაამდაბლა და თავის მონებამდე ქვე დადაბლდა გამოუთქმელი და მიუწვდომელი ქვემდაბლობით (რადგან ამას ცხადყოფს გარდამოსვლა) და სრულ ღმერთად მყოფი გახდა სრული ადამიანი.        და აღესრულება ის, რაც ყველა სიახლეზე უახლესია, რაც მხოლო სიახლეა მზის ქვეშ, რითაც საჩინოვდება ღვთის უსასრულო ძლიერება, რადგან რა არის იმაზე უფრო აღმატებული, ღმერთი რომ ადამიანი ხდება?        და სიტყვა, ცვალებადობის გარეშე, გახდა ხორცი სულიწმინდისგან და ღვთისმშობლისგან - წმინდა მარადქალწულ მარიამისგან; ღვთისა და ადამიანთა შუამდგომლად შეირაცხა იგი, მხოლო კაცთმოყვარე, ვინც ჩაისახა ქალწულის უხრწნელ საშოში, თუმცა არა კაცის ნებით ან წადილით ანთუ თანაშეხებით ანდა ვნებიერი შობადობით, არამედ - სულიწმინდისგან და იმ პირველი, ადამისეული შესაქმისგან. და ხდება იგი მორჩილი მამისა, განკურნებს რა ჩვენს ურჩობას ჩვენგან ჩვენებრის მიღებით და მორჩილების ნიმუშად იქცევა ჩვენთვის, რის გარეშეც შეუძლებელია ცხონების მოპოვება. თავი ორმოცდამეექვსე ღვთის სიტყვის ჩასახვის რაგვარობისა და მისი საღვთო განხორციელების შესახებ        უფლის ანგელოზი წარიგზავნა წმინდა ქალწულთან, დავითისეული ტომის შთამომავალთან, რადგან „ცხადია, რომ იუდასგან ამობრწყინდა უფალი“ (ებრ. 7,14), „რომლის ტომისგან არავინ მიახლოებია საკურთხეველს“ (იქვე 7,13), როგორც თქვა საღვთო მოციქულმა (ამის შესახებ მოგვიანებით ვიტყვით უფრო ზედმიწევნით).        ანგელოზი ახარებდა ქალწულს და ეუბნებოდა: .,გიხაროდეს, მიმადლებულო; უფალია შენთან“ (ლკ. 1,28). მაგრამ იგი შეშფოთდა ამ სიტყვაზე. „და უთხრა მას ანგელოზმა: ნუ გეშინია, მარიამ, რადგან ჰპოვე მადლი უფლის წინაშე; და შობ ძეს და უწოდებ მას სახელად იესოს, რადგან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისგან“ (ლკ. 1,29-30; მთ. 1,21). ამიტომ, „იესო“ მხსნელად განიმარტება.        ქალწული კი ეჭვში იყო: „როგორ იქნება ეს ჩემზე, რადგან არ ვიცი მამაკაცი?“ (ლკ. 1,34). კვლავ უთხრა მას ანგელოზმა: „სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგიჩრდილებს შენ. ამიტომ ის, წმინდა, რაც იშვება, წოდებული იქნება ღვთის ძედ“ (ლკ. 1,35). მან კი მიუგო „აჰა, მხევალი უფლისა. იყოს ჩემზე შენი თქმისებრ“ (ლკ. 1,38).        ამიტომ, წმინდა ქალწულის თანხმობის შემდეგ, სულიწმინდა გადმოვიდა მასზე უფლის სიტყვის შესაბამისად, რაც თქვა ანგელოზმა, რომელიც განწმენდდა ქალწულს და ანიჭებდა მას სიტყვისეული ღმრთეების მიმღებლობის ძალას, თან ამავე დროს, - მშობელობითსაც.        და მაშინ ზედმოუჩრდილა მას უზენაესი ღვთის გვამოვანმა სიბრძნემ და ძალამ, ღვთის ძემ, თანაარსმა მამისამ, როგორც საღვთო თესლმა, და ქალწულის უბიწო და უწმინდეს სისხლთაგან შეუმტკიცა მან თავის თავს მოაზროვნეობითი და გონისმიერი სულით სულიერქმნილი ხორცი, სათავე ჩვენეული ცომისა, - თუმცა არა თესლოვნებითად, არამედ შემქმნელობითად წმინდა სულის მიერ, ამასთან, არათუ მცირე-მცირე შემატებებით განსრულდა სახე, არამედ ერთბაშად სრულიქმნა იგი. თვით ღვთის სიტყვა გახდა ხორცის ჰიპოსტასი1, რადგან არათუ თავისთავად წინაჰიპოსტასურ ხორცს2 შეუერთდა ღმერთი-სიტყვა, არამედ დამკვიდრდა რა იგი წმინდა ქალწულის მუცელში, ქალწულის წმინდა სისხლთაგან თავის ჰიპოსტასში გარეშემოუწერლად შეაგვამოვნა ხორცი, სულიერქმნილი მოაზროვნეობითი და გონისმივრი სულით. თვით სიტყვა გახდა ხორცის ჰიპოსტასი, ითვისა რა მან ადამიანური ცომის სათავე. ამრიგად, როგორც კი - ხორცი, მაშინვე - ღვთის სიტყვის ხორცი; როგორც კი - სულიერქმნილი ხორცი, მოაზროვნეობითი და გონისმიერი, მაშინვე - ღვთის სიტყვის სულიერქმნილი ხორცი, მოაზროვნეობითი და გონისმიერი. ამიტომ, ვამბობთ არა განღმრთობილ ადამიანს, არამედ განკაცებულ ღმერთს, რადგან ბუნებით სრულ ღმერთად მყოფი თვითვე გახდა ბუნებით სრული ადამიანი, ამასთან, არათუ ბუნება ცვალა მან, არცთუ ზმანებულჰყო განგებულვბა (განკაცება), არამედ წმინდა ქალწულისგან მიღებულ ხორცს, აზრისმიერად და გონისმიერად სულიერქმნილს, რასაც მასში (უფალში) ხვდა არსებობა, ჰიპოსტასურად შეუერთდა იგი - შეურევლად, გარდაუქმნელად და განუყოფლად. არ შეუცვლია მას თავისი ღმრთეების ბუნება ხორცის არსებად, არც თავისი ხორცის არსება - თავისი ღმრთეების ბუნებად, არცთუ ერთი შედგენილი ბუნება შეუქმნია თავისი საღვთო ბუნების და იმ ადამიანური ბუნებისგან, მან რომ ითვისა. ------------------------------------ 1. იგივეა, რაც „გვამოვნება“. 2. „თავისთავად წინაჰიპოსტასური“, ე.ი. წინასწარვე თავისთავად არსებული ჰიპოსტასურად, ანუ გვამოვნებითად.        თავი ორმოცდამეშვიდე ორი ბუნების შესახებ        უცვლელად და გარდაუქმნელად შეუერთდა ურთიერთს ორი ბუნება, რადგან არც საღვთო ბუნება განდგომია საკუთარ სიმარტივეს, არც ადამიანური შეცვლილა ღმრთეების ბუნებად (არცთუ უმყოფობაში გადასულა იგი). ამასთან, არც ერთი შედგენილი ბუნება შექმნილა ამ ორისგან, რადგან შედგენილ ბუნებას არ ძალუძს, რომ თანაარსი იყოს რომელიმე იმათგანისა, რომელთაგანაც შემდგარია, რამეთუ სხვათაგან სხვა არის ჩამოყალიბებული. ასე, მაგალითად, ოთხი სტიქიონისგან შედგენილი სხეული არ ითქმის ცეცხლის თანაარსად, და არც იწოდება ცეცხლად. ასევე, არ ითქმის იგი ჰაერად ან წყლად ან მიწად, არცთუ თანაარსია რომელიმე ამათგანისა. ამიტომ, თუკი, თანახმად მწვალებლებისა, ერთ შედგენილ ბუნებად წარმოჩნდა ქრისტე შეერთების შემდეგ, მაშ, მარტივი ბუნებისგან შედგენილად ქცეულა იგი და აღარ ყოფილა თანაარსი არც მამისა (რომელიც მარტივი ბუნებისაა) და არც - დედისა (რადგან დედა ღმრთეებისა და ადამიანობისგან არ არის შედგენილი). ამასთან, აღარც ღმრთეებაში და ადამიანობაში ყოფილა იგი შესაბამისად, აღარც ღმერთი დაერქმევა მას და აღარც ადამიანი, არამედ - მარტოდენ „ქრისტე“, ხოლო „ქრისტე“, მათ თანახმად, იქნება სახელი არა მისი ჰიპოსტასისა, არამედ ერთი ბუნებისა.        მაგრამ ჩვენ ქრისტეს ვრჯულმდებლობთ არა ერთი შედგენილი ბუნებისად, არცთუ სხვათაგან სხვას, როგორც, მაგალითად, სულისა და სხეულისგან ადამიანს ანდა როგორც ოთხი სტიქიონისგან სხეულს, არამედ სხვათაგან - მათვე, რადგან ვაღიარებთ, რომ ერთიდაიგივეა ის, რომელიც, ღმრთეებისგან და ადამიანობისგან გამომდინარე, არის და ითქმის კიდეც ორთაგან და ორ ბუნებაში, სრულ ღმერთად და სრულ ადამიანად. მაგრამ ვამბობთ, რომ სახელი ქრისტე ჰიპოსტასისა არის, თუმცა იგი ცალსახად თქმული როდია, არამედ წარმოადგენს ორი ბუნების აღმნიშვნელს, რადგან მან თვით სცხო თავის თავს, არის რა, როგორც ღმერთი, მცხებელი სხეულისა თავისი ღმრთეებით, ხოლო როგორც ადამიანი - ცხებული, რამეთუ თვითვეა ესეც და ისიც, [მისი] ადამიანობის საცხებელი კი ღმრთეებაა.        ამიტომ, თუ ქრისტე, ერთი შედგენილი ბუნებისად მყოფი, თანაარსია მამისა, მაშინ მამაც შედგენილი და ხორცის თანაარსი უნდა იყოს, რაც არამართებულია და აღსავსეა ყოველგვარი გმობით.        როგორღა იქნება ერთი ბუნება საპირისპიროთა არსებითი განსხვავებების მიმღები? მართლაც, როგორ შეიძლება, რომ ერთიდაიგივე ბუნება ერთდროულად შექმნილიც იყოს და შეუქმნელიც, მოკვდავიც და უკვდავიც, გარეშეწერილიც და გარეშეუწერელიც?        ამასთან, თუ ერთი ბუნებისად ამბობენ ქრისტეს და ამბობენ, რომ მარტივია ეს ბუნება, მაშინ ან შიშველ ღმერთად უნდა აღიარონ იგი (და ამით მოჩვენებითობა შეიტანონ განკაცებაში), ანდა - ლიტონ კაცად, ნესტორისებრ. მაშინ სადღაა სისრულე ღმრთეებაში და სისრულე ადამიანობაშიბ ანდა როდისღა უნდა თქვან ქრისტე ორი ბუნებისად, ამბობენ რა მას ერთი შედგენილი ბუნების მქონედ შეერთების შემდეგ? ხომ ყველასთვის ცხადია, რომ ქრისტე ერთი ბუნებისა იყო შეერთებამდე!        მაგრამ მწვალებელთა ცთომილებას ის იწვევს, რომ მათი თქმით იგივეა ჰიპოსტასი (გვამოვნება) და ბუნება. ამასთან, თუმცა კი ადამიანთა ერთ ბუნებას ვამბობთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამას ვამბობთ, რადგან არ განვჭვრეტთ სულისა და ხორცის გვარს. მართლაც, შეუძლებელია, რომ ურთიერთშედარებისას ერთი ბუნებისად ითქვას სული და ხორცი, მაგრამ იმდენად რამდენადაც ადამიანთა მრავალი ჰიპოსტასი არსებობს და ყველა მათგანი ბუნების ერთსა და იმავე გვარს იღებს (რადგან სულისა და ხორცისაგან შედგება ყველა, რამეთუ სულის ბუნების წილმიმღებია ყველა და სხეულის არსებას ფლობს ყველა), ამიტომ ურიცხვი და განსხვავებული ჰიპოსტასის ზოგად სახეობას ერთ ბუნებად ვამბობთ, თუმცა კი თითოეულ ჰიპოსტასს (გვამოვნებას), ცხადია, ორი ბუნება აქვს და სრულქმნილია იგი ორ ბუნებაში (ვამბობთ, სულისაში და სხეულისაში).        მაგრამ ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან დაკავშირებით შეუძლებელია ზოგადი სახეობის შემოტანა, რადგან არც ყოფილა, არც არის, არც ოდესმე იქნება სხვა ქრისტე, ის, ვინც იქნებოდა ღმრთეებისგან და ადამიანობისგან, ღმრთეებაში და ადამიანობაში, ერთიდაიგივე - სრული ღმერთიც და სრული ადამიანიც. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ითქვას ერთი ბუნება ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიმართ. ამიტომ ვამბობთ, რომ ორი სრული ბუნებისგან, ღვთიურისგან და ადამიანურისგან, მოხდა შეერთება, არა ათქვეფისებრ ან შერევისებრ ანდა განზავებისებრ (როგორც თქვეს ღეთივგანდევნილმა დიოსკორემ, სევეროზმა და მათმა ცოდვილმა საკრებულომ), არცთუ პიროვნებითად1 ან მოთვისეობითად, ან ღირსებითად, ან განზრახვის იგივეობისამებრ ან თანაპატივობითად ან თანამოსახელეობითად ან სათნოჩენითად (როგორც თქვეს ღვთივმოძულებულმა ნესტორმა, დიოდორემ, თეოდორე მოფსუესტიელმა და მათმა ეშმაკისებრმა კრებულმა), არამედ - შედგენითად ანუ გვამოვნებითად2 უცვლელად, შეურევლად, გარდაუქმნელად, განუყოფლად, განურღვევლად.        და ვაღიარებთ ღვთის ხორცშესხმული ძის ერთ ჰიპოსტასს (გვამოვნებას) სისრულის მქონე ორ ბუნებაში. მისი ღმრთეებისა და ადამიანობის ერთსა და იმავე ჰიპოსტასს ვამბობთ და, ამასთან, ვაღიარებთ, რომ მასში დაცულია ორი ბუნება შეერთების შემდეგ, თუმცა არათუ თავთავისთვის და ცალკ-ცალკე ვათავსებთ თითოეულ მათგანს, არამედ - ერთიერთშეერთებულად ერთ შედგენილ ჰიპოსტასში, რადგან არსობრივ შეერთებას ვამბობთ, ესე იგი, ჭეშმარიტსა და არა წარმოსახვითს, თუმცა - „არსობრივს“ არა იმგვარად, თითქოს ორმა ბუნებამ ერთი შედგენილი ბუნება სრულყო, არამედ იმ აზრით, რომ ჭეშმარიტად შეუერთდა ურთიერთს ეს ბუნებანი ღვთის ძის ერთ შედგენილ ჰიპოსტასში. ამასთან, განვაწესებთ, რომ დაცულია მათი არსობრივი განსხვავება, რადგან ქმნილი დარჩა ქმნილად და უქმნელი - უქმნელად. ასევე, მოკვდავი დარჩა მოკვდავად და უკვდავი - უკვდავად, გარეშეწერილი - გარეშეწერილად და გარეშეუწერელი - გარეშეუწერლად, ხილული - ხილულად და უხილავი - უხილავად, „და ერთი მათგანი ბრწყინავს საკვირველებებით, ხოლო მეორემ თავს იდო გინებანი“ 3.        განიკუთვნებს სიტყვა ადამიანურ [თვისებებს], რადგან მისია ის, რაც მისი ხორცისაა, თავისას კი ხორცს გადასცემს, ნაცვალბოძების წესისამებრ, ნაწილთა4 ურთიერთისადმი დამტევნელობისა და ჰიპოსტასისმიერი ერთობის შედეგად და, აგრეთვე, იმიტომ, რომ ერთი და იგივე იყო ის, ეინც მოქმედებდა საღვთოსაც და ადამიანურსაც თითოეულ ხატებაში მეორესთან თანაზიარებით. ამიტომ ითქმის, რომ „დიდების უფალი ჯვარს ეცვა“ (1კორ. 2,8), თუმცა მისი საღვთო ბუნება არ ვნებულა. ასევე, აღსარებულია, რომ ძე კაცისა ვნებულების უწინარეს ცაში იყო, როგორც თქვა თვით უფალმა (იოანე 3,13), რადგან ერთი და იგივე იყო უფალი დიდებისა, ვინც ბუნებით და ჭეშმარიტებით გახდა ძე ადამიანისა ანუ ადამიანი და მისეულად ვიცით საკვირველებანიც და ვნებანიც, თუმცა კი სხვებრ სასწაულმოქმედებდა იგი და სხვებრ დაითმენდა ვნებულებებს თვითვე, ვუწყით რა, რომ დაცულია როგორც მისი ერთი ჰიპოსტასი, ასევე ბუნებათა არსობრივი განსხვავებაც. მაგრამ როგორღა შენარჩუნდებოდა განსხვავება, თუკი არ შენარჩუნდებოდნენ ისინი, რომლებსაც ურთიერთში სხვაობა აქვთ? განსხვავება ხომ განსხვავებულთა სხვაობაა ამიტომ ვამბობთ, რომ რა ნიშნითაც ურთიერთსხვაობს ქრისტეს ბუნებანი, კერძოდ, არსების ნიშნით, ამავე ნიშნით უერთდება იგი უკიდურესობებს. ერთი მხრივ, ღმრთეების შესაბამისად - მამას და სულს, მეორე მხრივ კი, ადამიანობის შესაბამისად - დედას და ჩვენ, რადგან თანაარსია იგი, ერთი მხრივ, მამისა და სულისა ღმრთეების შესაბამისად, მეორე მხრივ კი - დედისა და ყველა ადამიანისა ადამიანობის შესაბამისად. ამასთან, რა ნიშნითაც ერთდება მისი ბუნებანი, იმ ნიშნით სხვაობს იგი, ერთი მხრივ, მამისგან და სულისგან, მეორე მხრივ კი - დედისგან და დანარჩენი ადამიანებისგან, რადგან ჰიპოსტასით ერთდება მისი ბუნებანი, რომლებსაც აქვთ ერთი შედგენილი ჰიპოსტასი. ამის შესაბამისად სხვაობს იგი, ერთი მხრივ, მამისგან და სულისგან, მეორე მხრივ კი - დედისგან და ჩვენგან. -------------------------------------------- 1. შდრ. προσωπικήν, poersonalem. იგულისხმება, რომ ორი ბუნების შეერთება არ ნიშნავს ორი პირის (საღვთოს და ადამიანურის) შეერთებას, რადგან მაცხოვარს, ყოვლადწმინდა სამების მეორე პირს, განკაცებისას კაცობრივი პიროვნება არ მიუღია, რადგან თვით ღმერთი-ჰიპოსტასი (პირი) გახდა ჰიპოსტასი (პირი) ადამიანური ბუნებისაც. 2. შდრ. καυ' σύνυεσιν ήτοι καυ' ύπόστασιν, ლათ. per compositionem, hoc est secundum hypostasim. იგულისხმება, რომ ორი ბუნება შეერთებულია ერთ შედგენილ ჰიპოსტასში (გვამოვნებაში). 3. ლეონ დიდი, ეპ. 28. 4. შდრ. τών μερών (994 D) partium (995 A). იგულისხმება ღმრთეება და ადამიანობა. მაცხოვრის ორ ბუნებას პირობითად „ნაწილებს“ უწოდებს წმ. მაქსიმე აღმსარებელი, აგრეთვე ლეონტი ბიზანტიელი. ცხადია, პირდაპირი მნიშვნელობით შეუძლებელია მაცხოვრის ბუნებათა წოდება „ნაწილებად“, რადგან „ნაწილი“ არასრულყოფილებას, ნაკლულოვანებას მოასწავებს, მაშინ როცა მაცხოვარი ორივე ბუნებით ყოვლად სრულია. შესაბამისად, აღნიშნული ბუნებანი „ნაწილებად“ იწოდება მხოლოდ პირობითად, კერძოდ კი, თანახმად ლეონტი ბიზანტიელისა, იმ აზრით, რომ ღვთის სიტყვა ცალკე, ადამიანობის გარეშე, არ არის სრული ქრისტე (თუმცა კი ღვთის სიტყვა სრული ღმერთია). შესაბამისად, ქრისტე სახელდება მხოლოდ განკაცებულ ღვთის სიტყვას ანუ სრული ქრისტეა მხოლოდ ადამიანური ბუნების მიმღები ღმერთი-ჰიპოსტასი.        თავი ორმოცდამერვე ნაცვალბოძების წესის შესახებ        მრავალგზის გვითქვამს, რომ სხვა არის არსება და სხვა - პიპოსტასი (გვამოვნება) და რომ არსება აღნიშნავს თანასახოვან ჰიპოსტასთა (გვამოვნებათა) საერთო და გარემომცველ სახეობას (როგორიცაა ღმერთი, ადამიანი), ხოლო ჰიპოსტასი (გვამოვნება) ცხადყოფს დაუყოფელს, ანუ: მამას, ძეს, სულიწმინდას, პეტრეს, პავლეს. ამიტომ საცოდნელია, რომ ღმრთეებისა და ადამიანობის სახელი არსებათა ანუ ბუნებათა წარმომაჩენელია, ხოლო ღმერთი და ადამიანი ბუნებასთან დაკავშირებითაც განიწესება, როდესაც ვამბობთ. ღმერთი არის მიუწვდომელი არსება და რომ ერთია ღმერთი, მაგრამ ესენი გამოიყენება პიპოსტასებთან დაკავშირებითაც, როცა უფრო ზოგადის სახელს იღებს უფრო კერძოობითი, როგორც მაგალითად მაშინ, როდესაც წერილი ამბობს: „ამის გამო გცხო შენ ღმერთმა, ღმერთმა შენმა(ფს. 44,8) (რადგან, აჰა, ცხადყო მან მამა და ძე), და, აგრეთვე, როდესაც ამბობს: „იყო ვიღაც კაცი ავსიტის ქვეყანაში“ (იობი 1,1) რადგან მხოლოდ იობი აღნიშნა მან).        ამიტომ, რადგან ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან დაკავშირებით, ერთი მხრივ, ორი ბუნება ვიცით, მეორე მხრივ კი - ორივე მათგანისგან შედგენილი ერთი ჰიპოსტასი, შესაბამისად, როდესაც ბუნებებს განვიხილავთ, ღმრთეებას და ადამიანობას ვუწოდებთ მათ, ხოლო როდესაც - ბუნებათაგან შედგენილ ჰიპოსტასს, ზოგჯერ, ორთაგანვე გამომდინარე, ვუწოდებთ მას ქრისტეს ან კიდევ ღმერთსა და კაცს ერთობლივად ანდა ხორცშესხმულ ღმერთს, ზოგჯერ კი, ერთერთი ნაწილისგან გამომდინარე - მხოლოდ ღმერთს და ღვთის ძეს ანდა მხოლოდ ადამიანს და ადამიანის ძეს, ანუ ზოგჯერ - მხოლოდ მაღალთაგან, ზოგჯერ კი - მხოლოდ მდაბალთაგან, რადგან ერთია ის, ვინც თანაბრად ჰგიეს ისიც და ესეც, არის რა პირველი მათგანი მარადის უმიზეზოდ, მამისგან, ხოლო გახდა რა მეორე მათგანი შემდეგ, კაცთმოყვარეობის გამო.        ამიტომ, ვამბობთ რა ღმრთეებას, არ ვაკუთვნებთ მას ადამიანობის თვისებებს (რადგან არ ვიტყვით ღმრთეებას ვნებულად ან ქმნილად). ასევე, არც ხორცს ანუ ადამიანობას განვუჩინებთ ღმრთეების თვისებებს (რადგან არ ვიტყვით ხორცს ანუ ადამიანობას შეუქმნელად). რაც შეეხება ჰიპოსტასს, თუნდაც რომ ორივესგან ერთად, ან თუნდაც ერთი ნაწილისგან სახელვდებდეთ მას, ორივე ბუნების თვისებებს განვუკუთვნებთ, რადგან ქრისტე, რომელიც ორივე მათგანია, ღმერთადაც ითქმის და ადამიანადაც, ქმნილადაც და უქმნელადაც, ვნებულადაც და უვნებლადაც. და როდესაც ერთი ნაწილისგან გამომდინარე        იწოდება იგი ღვთის ძედ და ღმერთად, იღებს იგი თანაგვამოვანი1 ბუნების ანუ ხორცის თვისებებსაც ამიტომ ეწოდება მას „ღმერთი ვნებული„ და „უფალი დიდებისა ჯვარცმული“, თუმცა არა - როგორც ღმერთს, არამედ - მასვე როგორც ადამიანსაც. ასევე როცა ეწოდება მას „ადამიანი“ და „ადამიანის ძე“. იღებს იგი ღმრთეების არსების თვისებებსა და ღირსებებს, არის რა „წინასაუკუნო ყრმა“ და „დაუსაბამო ადამიანი“, თუმცა არა როგორც ყრმა და ადამიანი, არამედ როგორც წინასაუკუნო ღმერთად მყოფი, რომელიც უკანასკნელ [ჟამს] ყრმა გახდა.        აი, ეს არის ნაცვალბოძების წესი, როდესაც თითოეული ბუნება მეორეს სანაცვლოდ აძლევს საკუთარს, ჰიპოსტასის იგივეობის და მათი ურთიერთდამტევნებლობის გამო. ამის მიხედვით ძალგვიძს ქრისტეს შესახებ თქმა: „ეს ჩვენი ღმერთი მიწაზე გამოჩნდა“ (ბარუქ. 3,36;38). და აგრეთვე: ეს კაცი შეუქმნელია, უვნებოა და გარეშეუწერელია. -------------------------------------- 1. შდრ. τυν-υφεστηκυίαας, 997 D (ლათ. conjunctae ac una subsistentis, 999 A); შდრ. ეფრემი: „შეერთებულია“ (83v1); არსენი: „ერთგუამქმნილისაცა“ (78v1). იგულისხმება, რომ კაცობრივი ბუნება თანაგვამოვანია, თანაჰიპოსტასურია ღმრთეებასთან, ანუ ღმრთეებას და ადამიანობას ერთი ჰიპოსტასი აქვს (ტერმინთქმნადობის ასპექტით შევადაროთ: მამა, ძე და სულიწმინდა თანაარსია ურთიერთისა, ანუ მათ ერთი არსება აქვთ). თავი ორმოცდამეცხრე ბუნებათა რიცხვის შესახებ        ღმრთეებასთან დაკავშირებით ვაღიარებთ ერთ ბუნებას, მაგრამ ვამბობთ ჭეშმარიტად არსებულ სამ ჰიპოსტასს. ასევე, ვამბობთ, რომ მარტივია ყოველივე ბუნებითი და არსობრივი, ხოლო ჰიპოსტასთა სხვაობას მხოლოდ სამი თვისების, კერძოდ, უმიზეზობისა და მამობის, მიზეზოვნებისა და ძეობის, და მიზეზოვნებისა და გამომავლობის მიხედვით შევიცნობთ, ვუწყით კი, რომ ისინი განუყრელნი და განუშორებელნი არიან ურთიერთისგან და - შეერთებულნი, და - ურთიერთში შეურევლად დატევნილნი და არიან შეერთებულნი შეურევლად (რადგან სამნი არიან, თუმცა კი - შეერთებულნი), ხოლო განყოფილნი განუშორებლად, რადგან თუმცა თითოეული მათგანი თავისთავად შეგვამებულია ანუ სრული გვამოვნებაა და ფლობს საკუთარ თვისებას ანუ მყოფობის განსხვავებულ გვარს, მაგრამ ისინი შეერთებული არიან არსებითა და ბუნებისეული თვისებებით, აგრეთვე, მამისეული პიპოსტასისგან განუშორებლობითა და განუყრელობით, და ერთი ღმერთი არიან და ითქმიან კიდეც.        ამავე სახით, წმინდა სამებისგან ერთის, ღვთის სიტყვისა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს საღვთო, გამოუთქმელ და ყველა გონებასა და წვდომაზე აღმატებულ განგებულებასთან დაკავშირებით, ერთი მხრივ, ვაღიარებთ ორ ბუნებას, საღვთოს და ადამიანურს, ურთიერთ შემოკრებილთ და ჰიპოსტასურად შეერთებულთ, მეორე მხრივ კი - ორი ბუნებისგან განსრულებულ ერთ შედგენილ ჰიპოსტასს. ამასთან, ვამბობთ, რომ ორი ბუნება დაცულია შეერთების შემდეგაც ერთ შედგენილ ჰიპოსტასში ანუ ერთ ქრისტეში და რომ ჭეშმარიტად არსებობენ ისინი და მათი ბუნებითი თვისებები, - შეურევლად შეერთებულნი და განუყოფლად განსხვავებულნი და აღრიცხვადნი.        ისევე, როგორც წმინდა სამების სამი ჰიპოსტასი შეურევლად შეერთებულია და განუშორებლად განყოფილია და აღრიცხულია, ხოლო ეს რიცხვი არ იწვევს მათში განყოფას, განშორებას, გაუცხოებასა თუ განკვვთას (რადგან ერთ ღმერთად შევიცნობთ მამას, ძეს და სულიწმინდას), ამგვარადვე ქრისტეს ბუნებანიც თუმცა შეერთებულია, მაგრამ შეურევლად შეერთებული, და თუმცა ურთიერთში დამტევნელობენ ისინი, ურთიერთისადმი ცვალებადობასა და გარდაქმნას არ უშვებენ, რადგან თითოეული ბუნება უცვლელად იცავს თავის ბუნებისეულ თვისებას. ამიტომაც აღირიცხებიან ისინი და ამ რიცხვს არ შემოაქვს განყოფა, რადგან ერთია ქრისტე, სრული ღმრთეებაში და ადამიანობაში. მართლაც, არ სჩვევია რიცხვს, რომ მიზეზი იყოს განყოფისა ან შეერთებისა, არამედ იგი აღნიშნავს აღრიცხულთა რაოდენობას, როგორც შეერთებულთა, ასევე განყოფილთა. შეერთებულთა, ერთი მხრივ, მაშინ, როდესაც, ვთქვათ, კედელს ორმოცდაათი ქვა აქვს, განყოფილთა კი მაშინ, როდესაც, ვთქვათ, ამ მდელოზე ორმოცდაათი ქვა დევს, ანდა - შეერთებულთა მაშინ, როდესაც, ვთქვათ, ორი ბუნებაა ნაკვერცხალში (ვამბობ, ცეცხლისას და შეშისას), განყოფილთა კი იმ მხრივ, რომ ერთია ბუნება ცეცხლისა და მეორე შეშისა, არის რა სხვა რამ წესი (და არა რიცხვი) მათი მაერთებელიც და გამყოფიც.        ამიტომ, ისევე, როგორც შეუძლებელია, რომ ღმრთეების სამი პიპოსტასი, თუმცა კი ურთიერთშეერთებული, ერთ ჰიპოსტასად ითქვას (რომ ამით არ მოხდეს ჰიპოსტასთა განსხვავების შერევა და გაქრობა), ამგვარადვე შეუძლებელია, რომ ქრისტეს ორი ბუნება, ჰიპოსტასურად შეერთებული, ერთ ბუნებად ვთქვათ, რომ არ მოვახდინოთ მათი განსხვავების გაქრობა, შერევა და გაარაფრება.        თავი ორმოცდამეათე რომ მთელი საღვთო ბუნება მის ჰიპოსტასთაგან ერთში მთელ ადამიანურ ბუნებას შეუერთდა, და არა ნაწილი - ნაწილს        ის, რაც ზოგადია და ყოვლადი, ნიშანდებაა მისდამი დაქვემდებარებული ნაწილედისა. ამიტომ ზოგადია არსება, ხოლო ნაწილედია ჰიპოსტასი, მაგრამ ნაწილედია იგი არა იმიტომ, რომ მთელი ბუნების ნაწილი აქვს და ნაწილი - არა, არამედ ნაწილედია იგი რიცხვით, როგორც დაუყოფელი, რადგან ითქმის, რომ ჰიპოსტასები რიცხვით სხვაობენ და არა ბუნებით. ხოლო არსება ნიშანდებაა ჰიპოსტასისა, რადგან თანასახოვან ჰიპოსტასთაგან თითოეულში სრული არსება ჰგიეს. ამიტომ, არათუ არსობრივად ურთიერთსხვაობენ ჰიპოსტასები, არამედ - შემთხვევითთა1 შესაბამისად, რაც არის გამოხატულებითი თვისებები (გამოხატულებითი - ჰიპოსტასისა და არა ბუნებისა). ამიტომ, ჰიპოსტასს განსაზღვრავენ, როგორც არსებას შემთხვევითი [თვისებებითურთ]. ამრიგად, ჰიპოსტასს ზოგადი აქვს კერძოობითთან ერთად, ხოლო არსება თავისთავად არ არსებობს, არამედ იგი ჰიპოსტასებში განიჭვრიტება. ამიტომ, როდესაც ვნებულია ერთი ჰიპოსტასი, მთელი არსებაც, თუკი იგი ვნებულების მიმღებია2, შესაბამისად იმისა, რომ ივნო ჰიპოსტასმა, თვითონაც ვნებულად ითქმის მის ჰიპოსტასთაგან ერთში. ამასთან, არ არის აუცილებელი, რომ ყველა თანასახოვანი ჰიპოსტასიც თანავნებული იყოს ვნებულ ჰიპოსტასთან.        ამგვარად, ვაღიარებთ, რომ ღმრთეების მთელი ბუნება სრულად არის მის ყოველ ჰიპოსტასში, მთელი - მამაში, მთელი - ძეში, მთელი - წმინდა სულში. ამიტომ, სრული ღმერთია მამაც, სრული ღმერთია ძეც, სრული ღმერთია სულიწმინდაც.        ამგვარადვე ვამბობთ, რომ წმინდა სამებისგან ერთის, ღვთის სიტყვის განკაცებისას ღმრთეების მთელი და სრული ბუნება მის პიპოსტასთაგან ერთში შეუერთდა მთელ ადამიანურ ბუნებას, და არა ნაწილი - ნაწილს. მართლაც, საღვთო მოციქულმა თქვა, რომ „მასში მკვიდრობს ღმრთეების მთელი სისავსე ხორციელად“ (კოლას. 2,9), ესე იგი - მის ხორცში. ხოლო ამ მოციქულის მოწაფე, ღმერთშემოსილი და საღვთოთა დიდად [მცოდნე] დიონისე ამბობს, რომ „მთლიანად გვეზიარა ჩვენ თავის ჰიპოსტასთაგან ერთში“ 3. რა თქმა უნდა, ეს არ გვაიძულებს ვთქვათ, რომ წმინდა ღმრთეების ყველა ჰიპოსტასი (ანუ სამივე) ადამიანობის ყველა ჰიპოსტასს შეუერთდა ჰიპოსტასურად, რადგან არანაირი ნიშნით არ ზიარებია მამა და სულიწმინდა ღვთის სიტყვის ხორცშესხმას, თუ არა სათნოჩენითად და განზრახვითად. ამასთან, ღმრთეების მთელი არსების მთელ ადამიანურ ბუნებასთან შეერთებას ვამბობთ, რადგან იმათგან, რაც ჩვენი შექმნისას ჩვენეულ ბუნებაში დასაბამიდან შთანერგა ღმერთმა-სიტყვამ, არაფერი დაიკლო მან, არამედ ყოველივე მიიღო: სხეული, გონისმიერი და მოაზროვნეობითი სული და მათი თვისებები (რამეთუ ამათგან ერთერთს მოკლებული ცოცხალი არსება ადამიანი არ არის). მართლაც, მან, მთლიანმა, მთლიანი მიმიღო მე და მთლიანი შემიერთდა მთლიანს, რომ ყველასთვის მიემადლებინა ხსნა, რადგან „არმიღებული უკურნებელი იქნებოდა“4.        ამიტომ, ღვთის სიტყვა შეუერთდა ხორცს გონების შუამავლობით, რომელიც მესაშუალეობს ღვთის სიწმინდესა და ხორცის განხშოებას, რადგან მეწინამძღვრეა სულისა და ხორცისა გონება (სულის უწმინდესი ნაწილი), ხოლო ღმერთი - გონებისაც. და როცა ნებართვა ეძლევა უპირატესისგან, თავის მეწინამძღვრეობას აჩვენებს ქრისტეს გონება, ამასთან ძლეული ხდება და მიჰყვება იგი უპირატესს, და იმას მოქმედებს, რასაც საღვთო ზრახვა განიზრახავს.        გონება სავანე გახდა მასთან ჰიპოსტასურად შეერთებული ღმრთეებისა (ისევე როგორც, ცხადია, ხორცი), და არა - თანამკვიდრი, როგორც ცდება ამ მხრივ მწვალებელთა ცოდვილი თავდაჯერებულობა, რადგან ამბობენ, რომ „ვერ დაიტევს ერთი საწყაო ორ საწყაოს“, სხეულებრივად განსჯიან რა უნივთოებს. როგორღა უნდა ითქვას ქრისტე სრულ ღმერთად და სრულ ადამიანად, აგრეთვე, თანაარსად მამისადმი და ჩვენდამი, თუ მასში საღვთო ბუნების ნაწილი შეუერთდა ადამიანური ბუნების ნაწილს?        ამასთან, ვამბობთ, რომ ჩვენი ბუნება მკვდრეთით აღდგა, ზეავიდა და დაჯდა მამის მარჯვნივ, თუმცა არა ისე, რომ ადამიანთა ყველა პიპოსტასი აღდგა და დაჯდა მამის მარჯვნივ, არამედ - მთელი ბუნება ქრისტეს პიპოსტასში. მართლაც, საღვთო მოციქულმა თქვა: „თანააღგვადგინა და თანადაგვსხა ჩვენ ქრისტეში“ (ეფეს.2,6).        ხოლო ამასაც ვიტყვით, რომ ზოგად არსებათაგან მოხდა შეერთება, რადგან ყველა არსება საერთოა მის მიერ გარემოცული ყველა ჰიპოსტასისთვის და არ არის შესაძლებელი ნაწილედი და კერძო ბუნების (ანუ არსების) პოვნა, რადგან მაშინ იძულებული ვიქნებოდით გვეთქვა, რომ ერთი და იგივე პიპოსტასები თანაარსნიც არიან და სხვაარსნიც, და წმინდა სამებაც ღმრთეების შესაბამისად - თანაარსიც და სხვაარსიც.        ამრიგად, თითოეულ ჰიპოსტასში ერთი და იგივე ბუნება იხილვება და როდესაც, ნეტარი ათანასესა და კირილესებრ, ვამბობთ, რომ სიტყვის ბუნება განხორციელდა, ამით ღმრთეების ხორცთან შეერთებას გამოვთქვამთ. ამიტომ არ ძალგვიძს ვთქვათ: სიტყვის ბუნება ევნო, რადგან არ ვნებულა მასში ღმრთეება; ვამბობთ კი, რომ ადამიანური ბუნება ევნო ქრისტეში (თუმცა ამით, რა თქმა უნდა, ადამიანთა ყველა ჰიპოსტასს არ წარმოვაჩენთ) და ვაღიარებთ ადამიანური ბუნებით ქრისტეს ვნებულებას. ამგვარად, როდესაც სიტყვის ბუნებას ვამბობთ, თვით სიტყვას აღვნიშნავთ ამით, ხოლო სიტყვა არსების ზოგადობასაც ფლობს და პიპოსტასის კერძოობითობასაც. ------------------------------------------------- 1. შდრ. κατά τά συμβεβκότα, 1001 c (ლათ. accidentium). ეფრემი: „შემთხუევითითა წესითა“ 84v1; არსენი: „შემთხუევითისაებრ“. - ტერმინი „შემთხვევითი“ გულისხმობს კერძოობითს, არასაზოგადოს. 2. სიტყვ. „ვნებულად მყოფი“, ე.ი. ვნებულებითობის თვისების მქონე (შდრ. მინის გამოც. და არსენის თარგმანი). 3. საღვთო სახელთა შესახებ, თავი 2. 4. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, ეპ. 10. ძველი ბერძნულიდან თარგმნა ედიშერ ჭელიძემ  …
დაამატა nika grani to ელ. წიგნები at 2:34pm on მაისი 19, 2012
  • 1
  • ...
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

Best Pillow For Neck Pain Options

გამოაქვეყნა Melodee Duncombe_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 4:27am 0 კომენტარი 0 მოწონება

Adultphoto It's got an identical unconventional contoured shape as being the Derila, Derila Customer Reviews Neck Support and I discovered it kept my neck and again aligned incredibly nicely all night. I woke up experience fairly contemporary and without the aches and pains that I usually Get Derila Official from sleeping in a very weak position. We…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი 0 მოწონება

გაგრძელება

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი 2 მოწონება

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი 1 Like

კოლოქვიუმი

პიკასო

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

პიკასო

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2023…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2025   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!