ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - სიცოცხლის

თემა: პავლე მოციქულის ეპისტოლენი
ს ისტორიაში, არავითარი ზუსტი მონაცემები არ არსებობს. ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდის აგება შეიძლება, თუმცა საკმაოდ სარწმუნო ვარაუდისა. თავად პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წერს, რომ ქრისტიანებს შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც მასზე ადრე ირწმუნეს ქრისტე (კერძოდ, ანდრონიკე და იუნიანი რომ. 16, 7), და რომ რომაელთა რწმენა უკვე მთელ მსოფლიოში იდიდება ("...სარწმუნოებაი ეგე თქუენი განითქუმის ყოველსა სოფელსა" რომ. 1, 8). კლიმენტის რეკოგნიციებში ვკითხულობთ, რომ ჯერ კიდევ უფალი იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დროს, მის შესახებ ცნობები რომამდე აღწევდა და ადგილობრივ მოსახლეობაში არამხოლოდ გაკვირვებას იწვევდა, არამედ რწმენასაც. ამაში უცხო არაფერია, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ პომპეუსის მიერ იუდეას რომისადმი დამორჩილების დროიდან, (ქრისტეს ხორციელად შობამდე 63 წელი), რომში მრავალი იუდეველი დამკვიდრდა; შემდგომში, მათთვის, განსაკუთრებული კვარტალიც კი გამოიყო. ისინი დღესასწაულზე იერუსალიმში ადიოდნენ და, რა თქმა უნდა, იქიდან დაბრუნებულებს შეეძლოთ, რომში მოეყოლათ იქაური ამბები. მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს, როგორც ამას ჟამთააღმწერელი მოწმობს, ამ უდიდესი მოვლენის მოწმენი რომაელებიც გახდნენ (საქმ. 2, 10). მათ შორის, სავსებით შესაძლოა, მორწმუნენიც და ნათელღებულნიც ყოფილიყვნენ, რომლებიც, მერმედ, რომში პირველი ქრისტიანული საზოგადოების დამაარსებლები გახდნენ. ჩნდება კითხვა, საიდან და რომელი მოციქულისგან იღებს დასაბამს ამ პირველი რომაული თემის საეკლესიო იერარქია? რომის ეკლესიის გადმოცემა ამბობს, რომ რომში იყო წმინდა პეტრე მოციქული, რომელიც იქ იერუსალიმიდან ჩავიდა 43 წელს საპყრობილედან სასწაულებრივად გათავისუფლების შემდეგ და სამღვდელმთავრო მსახურებას ეწეოდა 25 წლის განმავლობაში, ვიდრე მოწამეობრივად აღესრულებოდა 67 წელს; მაგრამ ეს არ ეთანხმება ჩვენს ხელთ არსებულ სხვა მონაცემებს. არ შეიძლება ეჭვის შეტანა იმაში, რომ წმინდა პეტრე რომში არ იმყოფებოდა იმ დროს, როდესაც წმინდა პავლე რომაელების მიმართ ეპისტოლეს წერდა. წმინდა პეტრე მოციქული რომ იმ დროს რომში ეპისკოპოსად ყოფილიყო, მაშინ, ნუთუ, წმინდა პავლე გაკადნიერდებოდა დაემოძღვრა მისი სამწყსო? მაგრამ თუკი მაინც საჭიროდ ჩათვლიდა რომის სამწყსოსათვის ეპისტოლეთი მიემართა, მაშინ, რა თქმა უნდა, ამას გააკეთებდა არა წმინდა პეტრეს გვერდის ავლით, და რამე სახით მაინც მოიხსენიებდა მას თავის ეპისტოლეში. გარდა ამისა, წმინდა პავლე თავად ამბობს, რომ მას არ ჰქონდა ჩვეულება "ეშენებინა სხვის საფუძველზე" (შდრ. რომ. 15, 20) და "ექადაგა სხვის სამთავროში" (შდრ. 2 კორ. 10, 16). არ შეეცდებოდა წმინდა პავლე რომში წასვლას, იქ რომ უკვე ყოფილიყო წმინდა პეტრე; არ ყოფილა იმ დროს რომში წმინდა პეტრე, შესაბამისად არც წმინდა პავლეს პირველი ტყვეობის დამთავრებამდე. შეუძლებელია, რომ ჟამთააღმწერელს, რომელიც გადმოგვცემს წმინდა პავლეს რომში ჩასვლას და იქ მის ქადაგებას, არ ეხსენებინა, რომ იმ დროს იქ იმყოფებოდა წმინდა პეტრე მოციქული. აქედან ცხადია შემდეგი დასკვნა: წმინდა პეტრე მოციქული რომში შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ წმინდა პავლე მოციქულის პირველი ტყვეობის შემდეგ, ანუ თავის მოწამეობრივ აღსრულებამდე ცოტა ხნით ადრე. მაშ, ვინ იყო რომის ეკლესიის დამაარსებელი? უნდა ვივარაუდოთ: წმინდა პავლე მოციქულის მოწაფენი. რომაელთა მიმართ ეპისტოლეს ბოლოში, წმინდა პავლე მოციქული მოკითხვას უთვლის მთელ რიგ პირებს, როგორც ჩანს, მისთვის ძალიან ახლობელ და კარგად ნაცნობ ადამიანებს. ვინ არიან ეს პირები და როგორ შეეძლო წმინდა პავლე მოციქულს, რომელიც მანამდე რომში ნამყოფი არ იყო, გაცნობოდა მათ? ეჭვი არ არის, რომ ყველა ისინი განდევნილნი იყვნენ რომიდან იმპერატორ კლავდიოსის მიერ და გაბნეულნი საბერძნეთის, მაკედონიისა და მცირე აზიის ტერიტორიებზე, სადაც გაეცვნენ პავლე მოციქულს. მათგან ერთნი, მის მიერ იქნენ ნათელღებულნი, მეორენი მისი თანამუშაკნი გახდნენ, კლავდიოსის სიკვდილის შემდეგ კი კვლავ რომში დაბრუნდნენ და სულიერად მართავდნენ რომის საეკლესიო თემს. წმინდა პავლე მოციქული ამიტომაც ილტვოდა რომისკენ ასე სურვილანთებული, რომ მოემკო თავისი მოწაფების მიერ დათესილიდან აღმოცენებული ნაყოფი. გადმოცემა კი იმის შესახებ, თითქოს რომის ეკლესია წმინდა პეტრე მოციქულმა დაარსა, შეიძლება აიხსნას იმით, რომ რომის პირველმორწმუნეებს წარმოადგენდნენ ერგასის დღეს მოქცეული პირები, რომლებმაც მოისმინეს წმინდა პეტრე მოციქულის სიტყვა და, ბუნებრივია, იგი თავის სულიერ მამად მიაჩნდათ. ამას ისიც დაემატა, რომ წმინდა პეტრე მოციქულმა სწორედ რომში მიიღო მოწამეობრივი სიკვდილი. რომის ეკლესიის შემადგენლობაში თავდაპირველად, უმეტესწილად, იუდეველები შედიოდნენ, მაგრამ შემდეგ, ბევრმა წარმართმა ირწმუნა და, ამდენად, მათმა რიცხმა იუდეველებისას გადააჭარბა კიდეც. ეს ჩანს რომაელთა მიმართ ეპისტოლედანაც. ადგილობრივი წარმართები, წარმართულ ცრურწმენაში გაცბუნებულნი, იუდეველებთან შეხებაში პროზელიტები ხდებოდნენ, რაც მათ ქრისტიანობაში გადასვლას უადვილებდათ, რადგან ეს უფრო მეტის მომტანი იყო, რამეთუ სრულიად უკმაყოფილებდა მათ სულიერ მოთხოვნილებას. ამასთან დაკავშირებით, რომაელი ფილოსოფოსი სენეკა ამბობდა, რომ დამარცხებულები აძლევენ სარწმუნოების რჯულს გამარჯვებულებს, ხოლო იუბენალი დასცინოდა იუდაური წეს-ჩვეულებების დამცველ რომაელებს, განსაკუთრებით ქალებს. სვეტონიუსის მოწმობით, იუდეველები რომიდან გააძევა იმპერატორმა კლავდიოსმა, იმ მიზეზით, რომ მათ შორის ხშირად ჰქონდა შფოთს ადგილი იესო ქრისტეს სახელთან დაკავშირებით. ამ დროს, წარმართობიდან მოქცეული მორწმუნენი ვერ დაზარალდებოდნენ, რადგან დევნა მხოლოდ იუდეველებს შეეხოთ, თანაც არა სარწმუნოებისათვის, არამედ საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევის მიზეზით. ყოფილი წარმართების თემი იზრდებოდა და ვითარდებოდა უკვე დამოუკიდებლად და, ამგვარად, სრულიად გამოცალკევდა იუდეველებისაგან. შემდეგ, როდესაც იუდეველთაგან მოქცეული ქრისტიანენი დაბრუნდნენ, ისინი მჭიდროდ შეერწყნენ წარმართთაგან მოქცეულთ და მათთან ერთად შეადგინეს ერთობა და საბოლოოდ გამოეყვნენ იუდეველებს. მორწმუნეთა ეს გამოცალკევება იუდეველებისაგან მკაფიოდ გამოჩნდა რომში წმინდა პავლეს შესვლისას, როდესაც მორწმუნენი მის შესახვედრად გამოვიდნენ "ვიდრე აჰპიოფორადმდე და მესამე ღვინის საფარდულად" (საქმ. 28, 15), იუდეველები კი სამი დღის განმავლობაში ერთხელაც არ მისულან მასთან, სანამ პავლემ თავად არ მიიწვია ისინი სასაუბროდ. ეპისტოლეს დაწერის მიზეზი და მიზანი. რომაელთა მიმართ ეპისტოლედან არ ჩანს, რომ მათ თავად მისცეს პავლეს რამე საბაბი მის დასაწერად. ეპისტოლე სრულიად ზოგადი ხასიათისაა და არ მიუთითებს კონკრეტულად რომაელ ქრისტიანეთა ცხოვრების კერძო მახასიათებელზე. ტყუილად ფიქრობენ, რომ საბაბი იყო რამე სახის კამათი ან დაყოფა მათ შორის, როდესაც მიუთითებენ მე-16 თავის მე-17 მუხლზე ("გლოცავ თქუენ, ძმანო, ეკრძალებოდეთ მათგან, რომელნი იგი წვალებასა და საცთურსა იქმან გარეშე მის მოძღურებისა, რომელი თქუენ გისწავიეს, და განეშორენით მათგან") ეს ადგილიც ზოგადი ხასიათისაა, როგორც ყველა სხვა შეგონება. მიზეზი, რამაც პავლე მოციქული ამ ეპისტოლეს დასაწერად აღძრა, თვით წმინდა პავლეში იყო, რომელიც მას შემდეგ რაც გაიგო, რომ რომაელები მოექცნენ ესწრაფვოდა შეემოწმებინა, ყველაფერი სათანადოდ ვითარდებოდა თუ არა მათთან. იგი ხომ "წარმართთა მოციქული" იყო, და მისთვის ბუნებრივი იყო ეზრუნა მთელი მაშინდელი კულტურული სამყაროს დედაქალაქის მცხოვრებთა ქრისტიანულ წარმატებაზე. აპირებდა რა რომაელთა მონახულებას, მან მათ თავისი გამგზავრების წინ ეპისტოლეთი მიმართა, რათა მისი მეშვეობით თავისთან შესახვედრად შეემზადებინა. ეპისტოლეში წმინდა პავლე აყალიბებს მთელი ქრისტიანული სწავლების საერთო პროგრამას და აფრთხილებს, არ დასნებოვდნენ იმათგან, ვინც იუდაურად მოქმედებს. საბაბი იმისა, რომ სწორედ ამ დროს გაიგზავნა ეპისტოლე, იყო კორინთოდან, სადაც პავლე იმყოფებოდა, რომში გამგზავრება ღრმად პატივცემული კენქრელი დედათდიაკვნის ფიბესი, რომელმაც დიდი სამსახური გაუწია სარწმუნოებასა და ეკლესიას და სახარების გავრცელებაში უშუალოდ ეხმარებოდა პავლე მოციქულს, რასაც წმინდა პავლე თავად ამოწმებს (16, 1, 2). მას რომში საქმე ჰქონდა და წმინდა პავლე მოციქულმა, აფასებდა რა მის დამსახურებას, თავის მოვალეობად ჩათვალა წარედგინა იგი რომაელი ქრისტიანებისთვის. ეპისტოლეს დაწერის დრო და ადგილი. თვით ეპისტოლეს მონაცემებით, შეიძლება ზუსტად დავადგინოთ, რომ ის კორინთოშია დაწერილი. ეს იქიდან ჩანს, რომ წმინდა პავლე რომაელებს მოკითხვას გადასცემს გაიოსისგან, ვისთანაც ის ცხოვრობდა, და ერასტოსგან ქალაქის ხაზინისმცველისგან (16, 23), ხოლო მისი სხვა ეპისტოლედან (1 კორ. 1, 14 და 2 ტიმ. 4, 20) ჩანს, რომ ეს პირები კორინთოში ცხოვრობდნენ. ზუსტად ასევე, ფიბეც, ვისი ხელითაც ეპისტოლე გაიგზავნა, იყო კენქრის დედათდიაკონი, კენქრე კი კორინთოს გარეუბანს წარმოადგენდა (მისი ნავსაყუდელი იყო ეგეოსის ზღვისპირზე). წმინდა პავლე მოციქული არაერთხელ ყოფილა კორინთოში და ამიტომაც ჩნდება კითხვა: კორინთოში, კერძოდ, მისი რომელი ყოფნისას დაწერა მან ეპისტოლე რომაელთა მიმართ? თვით ეპისტოლეში ამაზეც არის ზუსტი მინიშნება. მოციქული რომაელებს ამცნობს, რომ აპირებს იერუსალიმში ასვლას იმ შემოწირულობებით, რაც მან მაკედონიასა და აქაიაში შეაგროვა, ხოლო იერუსალიმიდან რომსა და შემდეგ, ესპანეთში (15, 25-28). თუ ამას შევადარებთ "საქმე მოციქულთა"-ში მონათხრობს (19, 21 და 20, 3), დავადგენთ, რომ რომაელთა მიმართ ეპისტოლე პავლე მოციქულის მიერ დაწერილია მისი მესამე სამოციქულო მოგზაურობისას, როდესაც მან სამი თვე დაჰყო ელადაში ანუ, დაახლოებით, 59 წლის გაზაფხულზე. ეპისტოლეს ნამდვილობა. ყველაზე მკაცრმა კრიტიკამაც კი ვერ შესძლო ეჭვი გამოეთქვა, რომ ეს ეპისტოლე პავლეს არ ეკუთვნის. წმინდა კლიმენტი რომაელი, წმინდა პოლიკარპე სმირნელი, წმინდა ირინეოს ლიონელი, ტერტულიანე და წმინდა კლიმენტი ალექსანდრიელი, ასევე, ბოლო დროის ყველა მწერალი და მწვალებელიც კი, იცნობს ამ ეპისტოლეს და მის ციტირებას ახდენს. მხოლოდ მწვალებელი მარკიონი უარყოფდა ბოლო ორი თავის ნამდვილობას, დაწყებული მე-14 თავის 24-ე მუხლიდან. ამას მოჰყვა უახლესი კრიტიკა, თითქოს ეს ორი თავი გვიანდელი დამატება ყოფილიყოს, რისთვისაც ორიგენე განიკითხავდა მარკიონს. ამ ორი თავის არსებობა უძველეს ხელნაწერებში, ისევე როგორც მათი შინაარსი, სადაც არაფერია წმინდა პავლე მოციქულის სულის, სწავლისა და ცხოვრების მდგომარეობის საწინააღმდეგო, გვარწმუნებს მის უეჭველ ნამდვილობაში. ეპისტოლეს შინაარსი და შემადგენლობა. რომაელთა მიმართ ეპისტოლე 16 თავისგან შედგება. მისი შინაარსის მთავარ საგანს წარმოადგენს წარმოჩენა იმისა, რომ ცხონების ერთადერთი გზა, როგორც წარმართების, ისე იუდეველებისათვის, არის უფალი იესო ქრისტე. ამ თემის განხილვა შეადგენს ეპისტოლეს უმეტეს ნაწილს 11 თავს. ამას შემდგომ თავებში, მე-12-დან მე-15 თავის მე-13 მუხლის ჩათვლით, გადმოცემულია ქრისტიანული ცხოვრების ზოგადი ზნეობითი შეგონებანი. ეპისტოლე იწყება ჩვეულებრივი შესავლით, რომელიც წარმოდგენილია ზედწარწერითა და მისალმებით, ხოლო მთავრდება ბოლოსიტყვაობითა და მასში სხვადასხვა პირის მოკითხვით. ეპისტოლეს ეგზეგეტიკური განხილვა. რომაელთა მიმართ ეპისტოლე იწყება საკმაოდ ვრცელი ზედწარწერითა და მისალმებით: "პავლე, მონაi იესუ ქრისტესი, ჩინებული ი მოციქული, რჩეული სახარებასა მას ღვთისასა". უწოდებს რა თავმდაბლობით თავის თავს "ქრისტეს მონას", ამის შემ- დეგ პავლე მოციქული ამბობს, რომ იგი რომაელებს თავისი მზრუნველობის ქვეშ აიყვანს, თვით უფალი იესო ქრისტეს მიერ მისი მოციქულად მოწოდების საფუძველზე, "რომლისაგან მოვიღეთ მადლი და მოციქულებაi დასამორჩილებელად სარწმუნოებისა ყოველთა წარმართთა სახელისა მისისათვის", რომელთა შორის ისინიც რომაელებიც არიან. შემდეგ, ჩვეულების თანახმად, მოციქული მათ გადასცემს "მადლსა და მშვიდობას" (მუხ. 1-7). ამის შემდეგ, პავლე მოციქული წერს, რომ რომაელებთან ერთობაში შესასვლელად იგი აღძრა იმან, რომ სარწმუნოება მათი `განითქუმის ყოველსა სოფელსა", ანუ მოციქულისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ქრისტეს ასეთ ღირსეულ მიმდევრებთან გაცნობა იმისათვის, რომ მათი რწმენა კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანოს: "რაითა მი-რაიმე-გცე თქუენ მადლი სულიერი დასამტკიცებელად თქუენდა. ხოლო არს ესე თანანუგეშინისცემა თქუენ შორის ურთიერთარსი იგი სარწმუნოებაი თქუენი და ჩემი" (მუხ. 8-10). წმინდა პავლე ამბობს, რომ არაერთხელ დააპირა მათთან მისვლა, მაგრამ დაბრკოლებებს ხვდებოდა. ეს დაბრკოლებებია ყველა იმ ერში ქადაგების წარმატების სურვილი, სადაც კი მანამდე მოციქულს უქადაგია, და აქედან გამოწვეული მოუცლელობა. მე-16 მუხლიდან იწყება სარწმუნოებრივი, დოგმატური ნაწილი ეპისტოლესი, სადაც მოციქული ამტკიცებს, რომ ღმერთის წინაშე ყველა ცოდვილია და თავის გასამართლებელიც არაფერი აქვთ, როგორც წარმართებს, ისე იუდეველებს, და რომ ადამიანს აცხონებს მხოლოდ უფლის იესო ქრისტეს ცოცხალი რწმენა: "...მართალი ჩემი სარწმუნოებისაგან ცხონდეს" (აბაკ. 2, 4). უპირველესად, მოციქული საუბრობს წარმართთა ცოდვის შესახებ, რომლებმაც არ იზრუნეს შეეცნოთ ჭეშმარიტი ღმერთი მისი შემოქმედების საშუალებით, რამეთუ მისი ძალა და ღმრთეება "დაბადებითგან სოფლისაით ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების" (მუხ. 18-20). ჭეშმარიტი ღმერთის შეუცნობლობამ ისინი კერპთთაყვანისმცემლობამდე მიიყვანა, კერპთთაყვანისმცემლობამ კი, თავის მხრივ, ყოველგვარ უვარგისობამდე და ბიწიერ უზნეო ცხოვრებამდე (მუხ. 21-32). მეორე თავში წმინდა მოციქული გადადის იუდეველებზე; ამბობს, რომ წარმართებთან ერთად საღვთო სამსჯავრო იუდეველებსაც მოელით, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ რჯული გაცხადებული ჰქონდათ, მაინც არც ერთ დროში წარმართებზე უკეთესნი არ ყოფილან: განიკითხავდნენ რა წარმართებს მათი უკეთურობის გამო, თავადაც იგივეს იქმოდნენ. თუმცა ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული," წმინდა იოანე ოქროპირის განმარტებაზე დაყრდნობით, შენიშნავს, რომ ამ თავის პირველ 16 მუხლში იგულისხმება არა მხოლოდ იუდეველები, არამედ საერთოდ ყველა ადამიანი, ვინც სხვებს განიკითხავს ცოდვებისთვის, თვითონ კი, ამ დროს, სრულებითაც არ ზრუნავს ცოდვებისგან განრინებას. ეს განსაკუთრებით ეხება ხელისუფალთ, სახალხო მმართველებს, ყველას, ვისაც გასამართლების უფლება აქვს. ასეთებმა უნდა იცოდნენ, რომ `არა არს თუალთღებაი ღვთისა თანა", და ყოველი შემცოდებელი, ვინც არ უნდა იყოს იგი, დამსახურებისამებრ მიიღებს სასჯელს. აქ მთავარია იმის აღნიშვნა, რომ წარმართები, რომლებსაც ღვთივგაცხადებული რჯული არ გააჩნიათ, ღმერთის მიერ განისჯებიან მათ გულებში დაწერილი" როდესაც ავტორი წინამდებარე ნაშრომზე მუშაობდა, ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული ჯერ კიდევ არ იყო წმინდანად შერაცხული; იგი წმინდანად შერაცხეს 1988 წელს. რედ. ერილი სინდისის კანონით: `როდესაც წარმართები, რომლებსაც რჯული არა აქვთ, ბუნებითად რჯულისმიერ მოქმედებენ, მაშინ, არა აქვთ რა რჯული, თავად არიან თავისთვის რჯული: ისინი აჩვენებენ, რომ რჯულის საქმენი მათ გულზე უწერიათ, რასაც მათი სინდისი და გონება მოწმობს, რომლებიც იმ დღეს, როდესაც სახარების თანახმად ღმერთი კაცთა დაფარულ საქმეებს განსჯის, ხან ბრალს დასდებენ ერთიმეორეს, ხან გაამართლებენ" (შდრ. მუხ. 1-16). 17-29 მუხლში წმინდა პავლე მოციქული საუბრობს გამორჩეულად იუდეველთა შესახებ, რომ მათ ამაო იმედი აქვთ თავიანთი წინადაცვეთისა და ამაოდ იქადიან ღვთივგაცხადებული რჯულით, რამეთუ მათი წინადაცვეთა და მათთვის მიცემული საღვთო რჯული მეტი სასჯელის მომტანია მათთვის, თუკი ისინი, იქადიან რა რჯულით, რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფენ (მუხ. 17-29). მესამე თავში წმინდა მოციქული აჩვენებს, რომ იუდეველებს არავითარი უპირატესობა არ გააჩნიათ წარმართების წინაშე, `რამეთუ როგორც იუდეველები, ისე ელინები, ყველანი ცოდვის ქვეშ არიან" (მუხ. 9), "ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღვთისა" (მუხ. 23). ამიტომ, გამართლების მიღება ადამიანს შეუძლია მხოლოდ "სარწმუნოების გზით", "გამოხსნითა მით იესუ ქრისტესითა" (მუხ. 24, 25). და მაინც, იუდეველებს აქვთ ის უპირატესობა, რომ მათ "ერწმუნათ ღვთის სიტყვა" (მუხ. 2), რომელიც შეიცავს ზეციურ აღთქმას მესიის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ იუდეველები არ აღმოჩნდნენ ერთგულნი, დაეცვათ ეს უდიდესი საღვთო საუნჯე, ღმერთი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მაინც აუცილებლად შეასრულებს მათთვის მიცემულ აღთქმას. იუდეველებისთვის მიცემული რჯული კიდევ უფრო ამძიმებს მათ პასუხისმგებლობასა და დანაშაულს. ხოლო, რადგანაც ღმერთი არ არის მხოლოდ იუდეველების ღმერთი, არამედ წარმართებისაც, ამიტომ როგორც ერთთათვის, ისე მეორეთათვისაც ცხონების მხოლოდ ერთი გზა არსებობს სარწმუნოება. მაგრამ ამით არ აღმოიფხვრება რჯულის მნიშვნელობა, პირიქით მტკიცდება, რამეთუ ღვთის მადლმა საშუალება მისცა ადამიანებს აღესრულებინათ რჯულის მოთხოვნილებანი. მეოთხე თავში მოციქული იხსენებს ძველაღთქმისეულ მართლებს აბრაამსა და დავითს, და მათი სახით აჩვენებს, რომ არა მხოლოდ რჯულის განწესებათა ფორმალური შესრულება ამართლებს ადამიანს ღმერთის წინაშე, არამედ რწმენა ღმერთის ყოვლადძლიერი მადლისა, რომელიც ადამიანს საღვთო წყალობით ეძლევა: "ჰრწმენა აბრაჰამს ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ" (მუხ. 3). მეხუთე თავში მოციქული გადმოგვცემს ქრისტიანული სწავლების ძირითად ჭეშმარიტებას ცოდვისა და გამოხსნის შესახებ. როგორც ადამიდან, კაცობრიობის ბუნებრივი თავიდან, ცოდვა მთელ კაცთა მოდგმაზე გავრცელდა "ამისთვის, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათვის ცოდვაი სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით - სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5, 12), ასევე ქრისტემ, კაცობრიობის ახალმა სულიერმა თავმა, თავისი გამომსყიდველი ღვაწლით უბოძა ხსნა მთელ კაცთა მოდგმას. ამ თავის მე-12_21-ე მუხლები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს დოგმატური შინაარსის სიღრმით. იმის მტკიცებულებას, რომ ადამის ცოდვა ნამდვილად გადავიდა მის ყველა შთამომავალზე, ემსახურება სიკვდილის ფაქტი, რომელიც ადამის ცოდვას მოჰყვა შედეგად, ანუ ეგრეთ წოდებულ პირველქმნილ ცოდვას. მოციქული მნიშვნელოვან გარემოებაზე მიუთითებს: მოსემდე რჯული არ არსებობდა, შესაბამისად, ადამიანებს მათი ცოდვები არ მოეკითხებოდათ: "ხოლო ცოდვად არად შერაცხილ იყო თვინიერ შჯულისა" (მუხ. 13), მაგრამ, მიუხედავად ამისა, ადამიანები მოსემდეც კვდებოდნენ. აქედან ბუნებრივია დასკვნა, რომ ისინი სიკვდილით ისჯებოდნენ არა საკუთარი ცოდვების გამო, არამედ მათზე მამამთა ვარ ადამისგან გადასული პირველქმნილი ცოდვის მიზეზით. ხოლო როდესაც რჯული მიეცათ და ადამიანებმა მაინც არ დაანებეს თავი ცოდვებს, ამით მათი დანაშაული ღმერთის წინაშე კიდევ უფრო გაიზარდა (მუხ. 20). როდესაც ამგვარად ცოდვა გამრავლდა, ქრისტეს გამომსყიდველი ღვაწლის წყალობით ადამიანებს მომეტებული ღვთის მადლი მიეცათ "სადა-იგი განმრავლდა ცოდვაი, მუნ უფროისად გარდაემატა მადლი," (მუხ. 20). ქრისტეს გამომსყიდველი ღვაწლით აღიხოცება არამარტო ადამის პირველქმნილი ცოდვა, არამედ ადამიანთა ყველა კერძო ცოდვაც (მუხ. 16). მეექვსე მუხლში, იმისათვის, რომ ცრუ დასკვნა არ იყოს გამოტანილი, თუკი ცოდვის გამრავლებამ ღვთის ყოვლადძლიერი მადლის მოქმედება გამოიწვია, მაშინ ხომ არ სჯობს ცოდვაში დარჩენა, რათა კვლავ გამოვიწვიოთ ღვთის წყალობაო, მოციქული მოუწოდებს ქრისტიანებს წმინდა, კეთილმოქმედი ცხოვრებისაკენ. ნათლისღების მომენტიდან ქრისტიანი ცოდვისთვის კვდება და ხელახლა იბადება ახლი წმინდა ცხოვრებისათვის; მსგავსად იმისა, როგორც ქრისტე მაცხოვარი ჩვენი, ვნებული და ჯვარზე მომკვდარი, მკვდრეთით აღდგა და ცხოვრობს "მარადის ღმერთისთვის" ("რომელი-იგი ცხოველ არს, ცხოველ არს ღვთისა" მუხ. 10), "ეგრეცა თქუენ შეჰრაცხენით თავნი თქუენნი მკუდრად ცოდვისათვის და ცხოველად ღვთისა ქრისტე იესუის მიერ უფლისა ჩუენისა" (მუხ. 11). ეს ადგილი (6 3-11) იკითხება საღვთო ლიტურგიაზე დიდ შაბათს, როდესაც მოიხსენიება ქრისტეს მოკვდინება და დაფლვა და მისი საფლავად ყოფნა. ჩვენი "ძუელი იგი კაცი" (ანუ ცოდვილი, ცოდვისკენ მიდრეკილი), ჯვარს უნდა ეცვას ქრისტეს თანა, რათა `განქარდეს ხორცი იგი ცოდვისაი, რაითა აღარ ვჰმონებდეთ ჩუენ ცოდვასა". ცოდვის მონობიდან გათავისუფლება ქრისტიანს ჭეშმარიტ თავისუფლებას ანიჭებს. თუკი ამის შემდეგ ქრისტიანი მაინც არის მონა, ის უკვე სიმართლის მონაა, მაგრამ ეს მონობა მხოლოდ მოჩვენებითია: ასეთად ის მხოლოდ უძლურთათვის ჩანს, რომლებიც სრულიად ჯერ კიდევ არ გათავისუფლებულან ცოდვის მონობისაგან, იმიტომ რომ სიმართლის მსახურების დასაწყისში საჭიროა საკუთარ თავზე ძალდატანება, ცოდვით მიდრეკილებებთან ბრძოლა. მაგრამ, სამაგიეროდ, სიმართლის მონობის, ანუ ღმერთის მონობის ნაყოფი არის სიწმინდე და საუკუნო ცხოვრება, ხოლო ცოდვის მონობის შედეგი ისეთი ნაყოფია, "რომლისათვის აწ ეგერა გრცხუენის, რამეთუ აღსასრული მათი სიკუდილი არს" (მუხ. 16-22). მეშვიდე თავში მოციქული გვიხსნის, რომ ცოდვის მონობისაგან გათავისუფლებული ქრისტიანი მოსეს რჯულის შესრულებიდანაც თავისუფალია. `შჯული უფლებს კაცსა ზედა", სანამ იგი ცოცხალია. მაგალითად, ქმრის სიკვდილი ცოლს ათავისუფლებს მეუღლეობის კანონიერი ვალდებულები საგან და მას შეუძლია სხვაზე გათხოვდეს. "ამისთვის თქუენცა, ძმანო ჩემნო, ამბობს მოციქული, მოჰკუედით შჯულისაგან ხორცითა მით ქრისტესითა, რაითა იყვნეთ თქუენ სხვისა მის მკუდრეთით აღდგომილისა,"რაითა ნაყოფი " მკვდარნი ხართ რჯულისთვის ქრისტეს ხორცით, რათა უკვე სხვას ეკუთვნოდეთ, მკვდრეთით აღმდგარს გამოვიღოთ ღვთისა" (მუხ. 4). მოსეს რჯული დროებითი მნიშვნელობისა იყო, რათა გამოეჩინა ცოდვის მთელი ძალა და კაცობრიობა მიეყვანა იმ აზრამდე, რომ შეუძლებელია ცხონება ღვთის განსაკუთრებული მადლმოსილი შეწევნის გარეშე. რჯულს მხოლოდ ცოდვითი წყლულების წარმოჩენა შეეძლო, მაგრამ არ იძლეოდა მისგან განკურნებას: იგი ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ უძლურების მწარე შეგრძნებას აძლევდა, იმის გამო, რომ არ შეეძლო რჯულის ყველა მოთხოვნა შეესრულებინა და ამით ღმერთისგან გამართლება მიეღო. ახლა კი ჩვენ, ქრისტიანები, რჯულისგან გავთავისუფლდით იმიტომ, რომ ვემსახუროთ ღმერთს "განახლებულითა სულითა და არა დაძუელებულითა წიგნითა", ანუ არა რჯულის გარეგანი, ფორმალური განწესებებით. აქვე მოციქული გვაფრთხილებს, რომ არ გამოვიტანოთ ცრუ დასკვნა, თითქოს კანონი შეიცავდეს ცოდვის მიზეზს: რჯული რომ არ ყოფილიყო, არც ცოდვა იქნებოდაო. არა, ცოდვის მიზეზი თვით ადამიანშია. რჯული თავისთავად წმინდაა, და წმინდაა მისი მცნებებიც სამართლიანია და კეთილისკენ არის მიმართული. რჯული მხოლოდ ავლენს ადამიანის ბუნებაში ფესვგამდგარ ცოდვას, ბუნებაში, რომელიც შერყვნილია პირველქმნილი ცოდვით. მეშვიდე თავის მეორე ნახევარში (მუხ. 13-25) მოციქული განმარტავს მოჩვენებით შეუსაბამობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსეს წმინდა რჯულის პირობებში ადამიანის ცოდვიანობა არამცთუ შემცირდა, პირიქით, კიდევ უფრო გაიზარდა. რის გამოც, საჭირო გახდა განსაკუთრებული მადლმოსილი საშუალება ადამიანთა გამოხსნისათვის მხოლოდშობილი ძე ღვთისას გამომსყიდველი ღვაწლის მეშვეობით. ეს წმინდა წერილის ახალაღთქმისეული წიგნების არცთუ ბევრ ადგილთაგან ერთ-ერთია, სადაც ასეთი ძალითა და სიღრმით არის გამოხატული ადამიანის ზნეობრივი ბუნების ცოდვიანი გარყვნილობა: "რამეთუ რომელსა-იგი ვიქმნ, არა ვიცი; რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ" (მუხ. 15). მხოლოდ საკუთარი ძალებით, საღვთო მადლის გარეშე, ადამიანისთვის შეუძლებელია მასში დამკვიდრებული ცოდვის დაძლევა, "რამეთუ არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ. ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკვიდრებულ არს ჩემ თანა ცოდვა" (მუხ. 19, 20). წმინდა მოციქული მთელი სიცხადით წარმოაჩენს გაორების იმ სურათს, რასაც ქმნის ცოდვა ჩვენს დაცემულ ბუნებაში: "ვპოვო-მეა შჯული, რომელსა უნდეს ჩემდა ყოფად კეთილისა, რამეთუ მე ბოროტი წინა მიც? რამეთუ თანა-მნებავს მე შჯულსა ღვთისასა შინაგანითა მით კაცითა. და ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინაგანეწყვების შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისავითა, რომელი-იგი არს ასოთა შინა ჩემთა" (მუხ. 21-23); "უბადრუკი მე ესე კაცი! ვინ-მე მიხსნეს ხორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა?" (მუხ. 24). აღგვიწერა რა ადამიანის ცოდვისადმი დამონების ეს სავალალო მდგომარეობა, წმინდა პავლე ამის შემდეგ მიგვითითებს ჩვენი მაცხოვრის ყოვლადძლიერ შეწევნაზე: "ხოლო ვჰმადლობ ღმერთსა (ჩემსა) ქრისტე იესუვის მიერ უფლისა ჩუენისა..." (მუხ. 25). უფალ გამომსყიდველს, ჩვენი უბადრუკობის პირობებშიც კი, შეუძლია ჩვენში დამკვიდრებულ ცოდვაზე გაგვამარჯვებინოს. დაწვრილებით ამის შესახებ საუბარია ამის შემდგომ (მერვე) თავში. გამოიკვლია რა ცოდვის ძალა და ქრისტე მაცხოვრის გამომსყიდველი ღვაწლის სიდიადე, რომელმაც გაგვათავისუფლა ცოდვის ხელმწიფებისაგან და გვიბოძა საშუალება ვიცხოვროთ სულით და არა ხორცით, წმინდა პავლე მოციქული მერვე თავში გვარწმუნებს ვებრძოლოთ ცოდვას, რამეთუ ახლა უკვე ვერაფრით გავიმართლებთ თავს, თუ ამ ბრძოლას თავს ავარიდებთ. ჩვენთან არის ქრისტეს ყოვლად- ძლიერი სული, რომელიც სულიერ ცხოვრებაში გვეწევა, და არა ხორციელში. ხოლო "უკუეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი~ (მუხ. 9). ხოლო რაკი ღვთის სულით დავდივართ, ესე იგი, ღვთის შვილები ვართ (მუხ. 14-16), "ხოლო უკუეთუ შვილ, მკვიდრცა," მკვიდრ ღვთისა თანა და თანა-მკვიდრ ქრისტესა. უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ" (მუხ. 17). სულიერი ცხოვრების სურვილსა და ცოდვასთან ბრძოლას თან ახლავს ტანჯვა, მაგრამ ქრისტიანს ამისი არ უნდა ეშინოდეს, რამეთუ ეს ტანჯვა არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რაც ჩვენ მომავალ საუკუნეში გველოდება: "რამეთუ მე ესრე მგონიეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ" (მუხ. 18). ამ მომავალ დიდებას ჩვენთან ერთად ყველა ქმნილება ელოდება, რამეთუ ისინიც გათავისუფლდებიან სიკვდილის კანონისა და ხრწნილებისაგან, რაც ადამიანის ცოდვით დაცემამ გამოიწვია. ცოდვასთან ბრძოლაში ჩვენ სულიწმიდა გვეხმარება: "...სულიცა იგი თანა-შეეწევის უძლურებათა ჩუენთა, რამეთუ რაიმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით; არამედ თვითთ იგი სული მეოხ არს ჩუენთვის სულ-თქუმითა მით უსიტყუელითა~ (მუხ. 26). ცხონების სასოებაში გვამტკიცებს წინასაუკუნეთა წინასწარგანჩინება ღმერთისა ჩვენი გამოხსნის შესახებ: "...რომელნი-იგი წინაწარ იცნნა, წინაწარცა განაჩინნა თანა-მსგავსად ხატისა მის ძისა თვისისა, რაითა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა; ხოლო რომელნი-იგი წინაწარ განაჩინნა, მათცა უწოდა; და რომელთა-იგი უწოდა, იგინიცა განამართლნა; და რომელნი-იგი განამართლნა, იგინიცა ადიდნა" (მუხ. 29, 30). წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეს ამ ადგილის სწორად აღქმისათვის, საღვთო წინასწარგანჩინების შესახებ, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ მოციქული საუბრობს არა უპირობო წინასწარგანჩინებაზე, როგორც ამას კალვინისტები ასწავლიან, არამედ ღმერთის ყოვლისმცოდნეობაზე დაფუძნებული წინასწარგანჩინების შესახებ. ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთმა, ადამიანთა ნების გარეშე, ზოგს ცხონება განუწესა, სხვებს წარწყმედა, არამედ იმას, რომ მან, ყოვლისმცოდნეობით იცის, ადამიანთაგან ვინ გამოიყენებს თავის თავისუფალ ნებას სასიკეთოდ და ვინ ბოროტებისთვის. სწორედ ამის მიხედვით განაჩინებს წინასწარ თითოეულის ხვედრს. შეგონების დასასრულს ვიყოთ მტკიცენი ცხონების სასოებაში წმინდა მოციქული ღაღადებს: "ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა...?" (მუხ. 35) და აღფრთოვანებული აღიარებს თავის სიყვარულსა და ერთგულებას ქრისტე მაცხოვრის მიმართ; ამისკენ მოუწოდებს ყველა მორწმუნესაც (მუხ. 35-39). სამ შემდგომ თავშიმეცხრე, მეათე და მეთერთმეტეში წმინდა მოციქული გამოხატავს თავის "დიდ მწუხარებას" და "მოუკლებელ სალმობას გულისას" ქრისტე მაცხოვრის მიმართ იუდეველთა ჯიუტი ურწმუნოებისა და ქრისტეს ეკლესიისგან ღმერთის მიერ მათი განყენების გამო და ამტკიცებს, რომ თვით ისრაელია ამაში დამნაშავე, რადგან გამართლებას ეძებს არა ქრისტე მაცხოვრის სარწმუნოებაში, არამედ მოსეს რჯულის გარეგან წეს-ჩვეულებათა შესრულებაში. ამასთან, წმინდა მოციქული გამოთქვამს რწმენას, რომ ვინაიდან განდგომა არ ეხება ყველა იუდეველს, რამეთუ მათ შორის მორწმუნენიც არიან ("ნეშტი" დარჩა 11, 5), ამიტომ ეს განყენება მარადიული არ იქნება იუდაური ერისთვის: თავის დროზე იუდეველებიც ირწმუნებენ ქრისტეს და შევლენ მის ეკლესიაში. იუდეველების დროებით უარყოფაში, რაც მათ სავსებით დაიმსახურეს, წმინდა მოციქული ხედავს საღვთო სიბრძნის განსაკუთრებულ გამოვლინებას მთელი კაცობრიობის გადარჩენასთან დაკავშირებით. იუდეველების ფანატიზმმა, რაც ქრისტეს, როგორც მესიის ჯიუტად მიუღებლობაში გამოიხატა, პავლე მოციქული აიძულა წარმართებისთვის მიემართა ქრისტეს შესახებ ქადაგებით და, ამგვარად, იუდეველთა გულის გასასტიკებამ მოციქულის ქადაგებასთან მიმართებით, წარმართების ქრისტესკენ მოქცევა გამოიწვა (მუხ.25). ქრისტეს სარწმუნოების წარმატება წარმართებს შორის და ის სულიერი სიკეთენი, რასაც ისინი იღებენ, იუდეველებში საბოლოოდ მოშურნეობას აღძრავს და შედეგად "ყოველი ისრაელი ცხონდეს" (11, 26). ამიტომ, წმინდა მოციქული მორწმუნე წარმართებს შეაგონებს, რომ ქედი არ აიმაღლონ იუდეველთა წინაშე ცოდვის მონობიდან თავიანთი გამოხსნით. ადარებს რა იუდაურ ერს ბაღის კეთილშობილ ზეთისხილის ხეს, რომელსაც "ურწმუნოებითა მათითა" მხოლოდ რტონი გარდატყდა, მაგრამ ძირი მისი მთელი და "წმიდა არს", იმავდროულად, პავლე მოციქული წარმართებს ადარებს "ველური ზეთის ხილს", დამყნობილს ზეთისხილის ხეზე ნაცვლად გარდამტყდარი რტოებისა: "ხოლო შენ ველური ზეთის ხილი იყავ და დაემყენ მათ ზედა და თანა-ზიარ ძირისა და სიპოხისა ზეთის ხილისა იქმენ, ნუ ექადი რტოთა მათ. ხოლო უკუეთუ ექადი, არა თუ შენ ძირი იგი გიტრთავს, არამედ ძირსა მას შენ" (11, 17, 18). ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ "...შემძლებელ არს ღმერთი კუალად დამყნად მათდა" (მუხ. 23), რამეთუ "...შენ ბუნებითისა მისგან მოეკუეთე ველურისა ზეთის ხილისა და გარეშე ბუნებისა დაემყენ კეთილსა ზეთის ხილსა, რავდენ უფროს იგინი ბუნებითსა მას დაემყნენ თსსავე მას ზეთის ხილსა!" (11, 24). საღვთო განგებულების სიდიადე, რომელსაც ბრძნულად მიჰყავს ყველა ერი გადასარჩენად ადამიანთათავის უხილავი ზემოქმედებით ერების ისტორიულ ბედზე, წმინდა მოციქულში აღფრთოვანებულ ღაღადისს იწვევს: " სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღვთისა! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი! რამეთუ ვინ ცნა გონება უფლისა? ...მისა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ" (11, 33-36). ამით მთავრდება სარწმუნოებრივი დოგმატური ნაწილი რომაელთა მიმართ ეპისტოლესი. მეთორმეტე, მეცამეტე, მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე თავები (მე-13 მუხლის ჩათვლით), შეადგენენ ეპისტოლეს ზნეობით ნაწილს. აქ წმინდა მოციქული აღწერს ქრისტიანის ზნეობრივი ცხოვრების იდეალს. მეთორმეტე თავში იგი საუბრობს ქრისტიანის, როგორც ეკლესიის წევრის მოვალეობაზე ღმერთსა (მუხ. 1, 2) და მოყვასთან (მუხ. 3-5) დამოკიდებულებით; სხვადასხვა ზებუნებრივი ნიჭისა და ჩვეულებრივი მსახურების შესახებ; ქრისტიანის გრძნობასა და განწყობაზე (მუხ. 8-21). მეცამეტე თავში წმინდა მოციქული განიხილავს ქრისტიანის, როგორც სახელმწიფოს მოქალაქისა და საზოგადოების წევრის მოვალეობებს. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეგონება მთავრობისადმი დამორჩილების შესახებ: "ყოველი სული ხელმწიფებასა მას უმთავრესი სასა დაემორჩილენ... (მუხ. 1). ამ შეგონების სწორად გაგებისათვის, გულისხმა უნდა ვყოთ იმ აზრისადმი, რომელსაც შეიცავს მე-3 და მე-4 მუხლები: "ღვთისა მიერ განწესე ბულ არიან" ის ხელისუფლებანი, რომლებიც ხელს უწყობენ სიკეთის ქმნას და სჯიან ბოროტებას. "ამიტომ ჩვენ შეგვი ძლია ვთქვათ, ამბობს ღირსი ისიდორე პელუსიელი, რომ თვით საქმე, ვგულისხმობ ხელისუფლებას, ანუ სამეფო მთავრობასა და ხელმწიფებას, დადგენილია ღმერთისგან, მაგრამ თუ რომელიმე ურჯულო ბოროტმოქმედი მიიტაცებს ამ ხელმწიფებას, მაშინ არ ვამტკიცებთ, რომ იგი ღმერთისგან არის დადგენილი, მაგრამ ვამბობთ, რომ დაშვებულია ამოანთხიოს მან ეს მზაკვრობა, როგორც ფარაონის შემთხვევაში, რათა დაისაჯონ ან განიბრძნონ ისინი, ვისთვისაც სისასტიკეა საჭირო, როგორც ბაბილონის მეფემ განაბრძო იუდეველები~ (ნაწ, II, წერილი მე-6). მეთოთხმეტე თავში და მეთხუთმეტე თავის პირველ 13 მუხლში წმინდა მოციქული იძლევა შეგონებას, როგორ უნდა მოვეპყრათ სარწმუნოებაში ჯერ კიდევ უძლურებს, რადგან ამასთან დაკავშირებით რომის ეკლესიაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა. წარმართობისგან მოქცეული რომაელი ქრისტიანების უმრავლესობა იქადდა თავისი ქრისტიანული თავისუფლებით იმასთან დაკავშირებით, რომ განურჩევლად იღებდა ყოველგვარ საჭმელსა და სასმელს, რამეთუ ქრისტიანული სარწმუნოება არ ავალდებულებდა რაიმე განსაკუთრებულ აკრძალვას საკვებთან მიმართებით, როგორც არ ავალდებულებდა დღეების განსხვავებას წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, იუდეველთაგან მოქცეულნი კვლავ მიიჩნევდნენ უწმინდურად საკვების ზოგიერთ სახეობას და ეშინოდათ მისგან არ შებილწულიყვნენ. ასევე, ყველასთვის სავალდებულოდ მიაჩნდათ ზოგიერთი ძველაღთქმისეული დღესასწაულის აღნიშვნა. წმინდა პავლე მოციქული მოუწოდებს შეწყვიტონ კამათი და განხეთქილება ყოველივე ამის ნიადაგზე, რამეთუ სარწმუნოებაში მართებულია უძლურების მიმართ სულგრძელობის გამოჩენა, ხოლო კერძო აზრები და შეხედულებები უნდა მიენდოს თითოეულის სინდისს. მთავარია, არ განიკითხონ და გაკიცხონ ერთმანეთი და საცდურის მიზეზი არ მისცენ ერთიმეორეს. ქრისტიანისთვის ყოველივე წმინდაა, მაგრამ თუ შენი ძმა ბრკოლდება, მაშინ სჯობს არ ჭამო ხორცი და არ სვა ღვინო, რათა არ დააბრკოლა ძმა შენი (მუხ. 14, 1-21). მეცამეტე თავის მე-12_მე-14 და მეთოთხმეტე თავის 1-4 მუხლები, იკითხება საღვთო ლიტურგიაზე დიდმარხვის წინ ყველიერის კვირაში და აჩვენებს, როგორი განწყობით უნდა შეუდგეს ქრისტიანი დიდმარხვის ღვაწლს. ეპისტოლეს დასკვნით ნაწილში (15, 14_16) წმინდა მოციქული გვიცხადებს იმ მიზეზს, რის გამოც მიმართავს იგი რომაელებს თავისი ეპისტოლეთი, აგრეთვე რეკომენდაციას უწევს მათ წინაშე კენქრის ეკლესიის დედათდიაკვან ფიბეს და გადასცემს მთელ რიგ კერძო მისალმებას რომში მცხოვრებ ქრისტიანებს. პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ კორინთოს ეკლესიის დაარსება.    კორინთო მდებარეობს სრუტეზე,რომელიც საბერძნეთის მორასთან ანუ პელოპონესთან აერთებს, ის აშენდა 1500 წლით ადრე ქრისტეს ხორციელი შობამდე. 44 წელს იულიუს კეისრის დროს კორინთო ნანაგრევებიდან აღადგინეს და ის ყველაზე მშვენიერი ქალაქი გახდა მთელ აქაიაში - რომის ერთ-ერთ პროვინციაში. სილამაზის გარდა,ქალაქი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მასში პროკონსულების რეზიდენცია მდებარეობდა. ის სახელგანთქმული იყო,აგრეთვე, მეცნიერებით,ხელოვნებითა და მხიარული ცხოვრებით,რაც მასში მოსახლეობის სიმრავლეს იწვევდა. ქალაქში იმართებოდა ე.წ. „ისტმიის თამაშობანი“ მის განსაკუთრებულ ღირსშესანიშნაოვობას აფროდიტეს ტაძარი წარმოადგენდა, შეიძლება ითქვას, რომ სამოციქულო ქადაგების პერიოდში კორინთო იყო ბერძნული მსუბუქაზროვნების,ქარაფშუტობის და ხორციელი ვნებების დასაკმაყოფილებელი ადგილი.    კორინთოში ეკლესია დაახლოებით 53 წელს დაარსა სახარების საქადაგებლად მეორედ გამგზავრებულმა წმინდა პავლე მოციქულმა,მას შემდეგ რაც მან ქადაგებით დაიარა ფილიპე,თესალონიკი,ბერია და ატენი. დატოვა რა მაკედონიაში სარწმუნოების განსამტკიცებლად თავისი მოწაფენი შილა და ტიმოთე, წმინდა პავლემ გეზი საბერძნეთისაკენ აიღო,როგორც ამის შესახებ წიგნი „სამე მოციქულთა“ მოგვითხრობს(18,1). კორინთოში წმინდა მოციქული შეხვდა კეთილ და სტუმართმოყვარე პომტოელ იუდეველებს  - აკვილასა და პრისკილას,  რომლებიც ადრე რომში ცხოვრობდნენ,მაგრამ როდესაც იმპერატორმა კლავდიოსმა იქიდან ყველა იუდეველი გააძევა, ისინი კორინთოში გადასახლდნენ, აკვილას საქმიანობა კარვების დამზადება იყო, ხოლო ვინაიდან წმინდა პავლემ ეს ხელობა კარგად იცოდა,ამიტომ ის მათთან დაბინავდა,რათა ერთად ეშრომათ და სარჩო საკუთარი შრომით მოეპოვებინა, თუკი აკვილა და პრისკილა მანამდე  მონათლულნი არ ყოფილან, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი პავლე მოციქულმა მოაქცია, მანვე მონათლა და ამის შემდეგ ორივენი მისი თანამუშაკნი გახვდნენ სახარების ქადაგებისა და გავრცელების საქმეში.    ყოველ შაბათს წმინდა მოციქული ქადაგებდა იუდეველტა სინაგოგაში, არწმუნებდა იუდეველებს და ელინ პროზელიტებს, რომ არ არსებობს ცხონების სხვა გზა, თუ არა უფალ იესო ქრისტეს მიერი, როდესაც მაკედონიისან შილა და ტიმოთე მოვიდნენ, წმინდა პავლეს შესაძლებლობა მიეცა,გაეძლიერებინა და გაეფართოვებინა თავისი ქადაგებითი მოღვაწეობა, თუმცაღა ამ ქადაგებას იუდეველებში დიდ წარმატება არ მოყოლია, ისინი ეწინააღმდეგებოდნენ მოციქულს,ბოროტსიტყვაობდნენ როგორც მისი ისევე, მის მიერ ქადაგებული  უფლის გზის მიმართ, მაშინ წმინდა პავლემ დატოვა წინაგოგა იუდეველებისათვის გასაგები მოქმედებითა და სიტყვით: განიყარა(დაიბერტყა) მტვერი თავისი სამოსელიდან და უთხრა მათ :“სისხლი თქვენი თავთა ზედა თქვენთა! უბრალომცა ვარ მე! ამიერითგან წარმართთა მიმართ მივიდე“ (საქმ.18,6) ამ სიტყვების აზრი შემდეგია:“თქვენს წარწყმენდაში ბრალი თავად მიგიძღვით:მე წმინდა ვარ ამ საქმეში. მე თქვენ ხსნის გზას გიჩვენებდით, თქვენ კი მისი მიღება არ გსურთ, მაშ დარჩით თქვენ მიერვე არჩეულ წარსაწყმენდელში“. შემდგომი ქრსიტიანული შეკრების მოწყობა, ქრისტეს შესახებ ქადაგებით, წმინდა პავლემ დაიწყო სინაგოგასთან იქვე ახლოს ვინმე ტიტოსთან, იოსტოსის ძის სახლში, რომელიც ჭეშმარიტი ღვთისმსახური იყო, იქვე იკრიბებოდნენ ქარმართებიც და სახარების ქადაგების საქმე უკეთ წარიმართა : მრავალმა ირწმუნა და მოინათლა, მოქცეულთა შორის იყო თვით სინაგოგის მთავარიც კრისპოსი, ყოვლითურთ სახლეულით მისით (საქ, 18,8)  და მაინც, როგორც ჩანს,ქადაგებამ დიდ წარმატებას  ვერ მიაღწია და წმინდა პავლემ საერთოდ  გადაწვიტა  გარყვნილი კორინთოს დატოვება, სადაც მისი სიცოცხლის ხელყოფაც კი განიზრაზხეს (2 თეს.3,2) ამიტომ თავად უფალი გამოეცხადა მას ღამის ხილვაში, რათა გაემხნევებინა და ძალა შეემატა მისთვის კორინთოში შემდგომი მსახურებისთვის(საქმ. 18. 9,19) ამ გამოცხადებით განმტკიცებული წმინდა  მოციქული კორინთოში კიდევ წელიწად-ნახევარი დარჩა და ამ ხნის განმავლობაში მისმა ქადაგებამ იქ უხვი ნაყოფი გამოიღო,რამაც კორინთოს ეკლესიას უხვი სულიერი ნიჭის მქონე ეკლესიის ნსახელი შესძინა (1კორ.1,5-7)    კორინთოს ეკლესიის მოწმობის შემდეგ,წმინდა პავლე მოციქული უკვე სხვა ადგილებს უნდა სწვეოდა სახარების საქადაგებლად. კორინთოდან მისი გამგზავრება დააჩქარა ერთმა სამწუხარო შემთხვევამ: მისი ქადაგებით გაღიზიანებულა იუდეველებმა შეიპყრეს იგი და პროკონსულ გალიონის სამსჯავროზე მიიყვანეს იმ საჩივრით, რომ ის „თვინიერ სჯულისა ურჩ იქმს ესე კაცთა მსახურებად ღვთისა“ (საქმ. 18, 13) ამ ბრალდების არსი იმაში მდგომარეობდა, რომ პავლე თითქოს გახდა რაღაც ახალი ლექტის დამაარსებელი, რომელიც არ ჯდებოდა რომის იმპერიის კანონებით ნებადართული რჯულაღმსარებლობის ჩარჩოებში, ფრიად განათლებული და კეთილშობილი გალიონი, ცნობილი რომაელი ფილოსოფოსის სენეკას ძმა და პოეტ ლუკანას ბიძა იყო. მან უარი თქვა გამოეკვლია საქმე, რომელიც სარწმუნოებას ეხებოდა და არა სამოქალაქო საკითხს და იუდეველები სასამართლოდან გააძევა. ელინებმა,რომლებსაც იუდეველები  სძაგდათ, გალიონის ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ იქვე სასამართლო დარბაზში მიიტანეს მათზე იერიში,შეიპყრეს შფოთის მოთავე  სოსთენი,სინაგოგის მთავარი „და სცემდეს საყდარსა წინაშე და არარას ზრუნავდა ამათგანსა გალიონ“ (საქმ. 18, 14-17) შესაძლოა, ამის შემდეგ სოსთენი ქრისტესკენ მოქცეულიყო და სწორედ მას მოიხსენიებდეს მოციქული კორინთელთა მიმართ თავის ეპისტოლეში )1 კორ. 1,1)    ეჭვგარეშეა, რომ განსაკუთრებული საღვთო განგებით გამოჩნდა კორინთოში პავლეს საქმის გამგრძელებლად ვინმე იუდეველი სახელად  - აპოლო, იგი დაიბადა და აღიზარდა ალექსანდრიაში,საიდანაც ჯერ ეფესოში  ჩავიდა, შემდეგ  - კორინთოში, ჟამთააღმწერელის სიტყვებით, ის იყო მჭერმეტყველი და წმინდა წერილში გაცნობიერებული ადამიანი (საქმ. 18,24). კორინთოდან წმინდა პავლე გემით გაემგზავრა ეფესოში, იქ მან მცირე ხანს დაჰყო, ადგილზე დატოვა აკვილა და პრისკილა, თავად კი ჯერ იერუსალიმში ავიდა , მერე კი  - ანტიოქიაში, საიდანაც დაიწყო ტავისი მესამე სამოციქულო მოგზაურობა, ეფესოდან მისი გამგზავრების  შემდეგ, იქ ჩავიდა აპოლო, რომელიც უკვე ქრისტიანი იყო და სულანთებული,მაგრამ იცოდა მხოლოდ იოანეს ნათლისღება, მან გაბედულად დაიწყო სინაგოგაში ქადაგება, „ ესმა მისი აკვილას და პრისკილას და მოიყვანეს იგი უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაი უფლისაი“ (საქმ.18, 26) როდესაც მას აქაიაში გამგზავრება  დასჭირდა, რომლის დედაქალაქიც იმ დროს კორინთო იყო, ეფესელმა მორწმუნეებმა მას სარეკომენდაციო წერილი მისცეს იქაურ ქრისტიანებთან, კორინთოში ის ფრიად შეეწია მორწმუნეებს, საჯაროდ ეპაექრებოდა იუდეველებს და „უჩუენებდა წიგნთაგან, ვითარმედ არს ქრსიტე იესუ“ (საქმ.18,27-28). აპოლოს ქადაგება კორინთოში ქრისტიანობის განსამტკიცებლად იმდენად დიდი მნიშვნელობისა იყო, რომ წმინდა პავლე მოციქული მას უწოდებს თავის მიერ ქრსტიანული სარწმუნოების დანერგილი თესლის  მომრწყველს: მე დავასხ, აპოლომ მორწყო,ხოლო ღმერთმან ააღორძინა“ (1 კორ. 3-6) რამდენად დიდხანს დაჰყო აპოლომ კორინთოში ცნობილი არ არის, მაგრამ კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს დაწერის დროს, ჩვენ მას კვლავ ეფესოში ვხედავთ მოციქულთან ერთად (1 კორ. 16, 12). ეპისტოლეს დაწერის მიზეზი აპოლოს კორინთოში ყოფნის დროს,მას შემდეგ რაც წმინდა პავლემ შეასრულა თავის მიერ  დასახული გეგმა - იერუსალიმში პასექის დრესასწაულს დასწრებოდა, მან დაიწყო თავისი მესამე სამოციქულო მოგზაურობა ანტიოქიიდან „მიმოვიდოდა შემდგომითი-შემდგომად გალატელთა სოფელსა და ფრიგვიაისსა“ )საქმ.18, 22-23) და ჩავიდა ეფესოშიო ქრსიტეს ეკლესიის დასაარსებლად (საქმ. 19, 1) აქ მის ყურამდე მიაღწია არასასიამოვნო ხმებმა მის მიერ დატოვებული კორინთოს ეკლესიასთან დაკავშირებით, რის გამოც დააპირა დაბრუნებულიყო კორინთოში ზღვით, პირდაპირ ეფესოდან (2 კორ. 1,15,16) მაგრამ ეფესოს დატოვება საბოლოოდ მაინც ვერ გადაწყვიტა და თავის ნაცვლად  ტიმოთე წარგზავნა, რომელსაც დაავალა ჯერ მაკედონია გაევლო და შემდეგ მოეხსენებინა მისთვის ყოველივე,რაც კორინთოს ეკლესიაში ხდებოდა. იმავდროულად, არასასიამოვნო ხმები კორინთოს ეკლესიის შესახებ, კიდევ უფრო მატულობდა:თითქოს ერთ-ერთი კორინთოელი ქრისტიანი ისეთი სახის სიძვას კადრულობდა,რომელიც წარმართებთანაც კი დაუშვებლად მიიჩნეოდა (1კორ, 5,1) შემდგომ ეფესოში მოვიდნენ ერთ-ერთი ქრისტიანი დედაკაცის ქლოვეს სახლეულნი, რომლებმაც მოციქულს დაუდასტურეს არსებული ხმები და ამასთანავე უამბეს მას ბევრი სხვა უკეთური საქმეების შესახებ, რაც კორინთოელ ქრისტიანებში ხდებოდა, განსაკუთრებით დაამწუხრა მოციქული იქ წარმოებულმა სხვადასხვა სახის რელიგიურმა დავამ და პაექრობამ (1 კორ. 1,11,12) ისეთი შეხედულება იქმნებოდა რომ კორინთოში წარმოიშვა სხვადსხვა სახის რელიგიური პარტიები თუ სექტები. ქმინდა პავლესთან კორინთოს ეკლესიიდან წარმოგზავნილმა სტეფანემ,ფურტონატემ და აქაიკემ რამდენადმე დაამშვიდეს მოციქულის სული (1 კორ. 16-17), თუმცა მაინც დადასტურდა ეკლესიის მოწყობასთან დაკავშირებული მრავალი დარღვევის არსებობა,წარმოგზავნილებმა დაადასტურეს ხმები სიძვისა და ერთმანეთში უთანხმოების შესახებ და სხვა ამბებიც მოიტანეს: ქრისტიანებს შორის წარმოებული სადავო საკითხების წარმართულ სასამართლოებში განხილვა,უწესრიგობები სიყვარულის სერობებზე, დედაკაცების ტავდაუბურავობა ეკლესიებში,ზოგიერთების მხრიდან მკვდრეთიოთ აღდგომის ურწმუნოება. მოციქულს ასევე საგანგებო ეპსიტოლეში ეკითხებოდნენ ქორწინებისა და ქალწულობის შესახებ,კერპებისათვის შეწირულის ქამასთან დაკავშირებით,ენების ნიჭთან მიმართებით და ასე შემდეგ. ამის გამო პავლე მოციქულმა გადაწყვიტა,გაეგზავნა კორინთოში ეპისტოლე, რათა აღმოეფხვრა ყოველგვარი მოუწყობლობა და გაეცა პასუხები მათთვის გაურკვეველ საკითხებზე, ამასთან აღუთქვა, რომ პირადადაც ეწვეოდა (1კორ. 4,19-21). ეპისტოლეს დაწერის დამატებითი მიზეზი,როგორც ეს 1 კორ. 16, 1_დან ჩანს იყო ის, რომ შეეგროვებინათ იქ ფულადი შესაწირი პალესტინელი ქრისტიანების დასახმარებლად.   დაწერის დრო და ადგილი როგორც ეს ნათლად ჩანს თვით ეპისტოლეად, ის დაწერილია ეფესოში. „არა მნებასვს აქ მგზავრ ხილვაი თქვენი; ხოლო ვესავ რაოდენისამე ჟამისა დაყოფასა თქვენ თანა, უფალმან თუ გვიბრძანოს.ხოლო დავადგრე ეფესოს შინა ვიდრე მარტვილიამდე“  (1 კორ. 16,7-8) წმინდა  პავლე წერს, რომ მან კორინთოში წარგზავნა წმინდა ტიმოთე (1 კორ. 16, 7-8) ხოლო „საქმეებში“ ჩვენ ვხედავთ, რომ მან იგი ეფესოდან მაშინ წარგზავნა,როდესაც თავად იქიდან წასვლას აპირებდა (საქმ.19,21-22) წლების მიხედვით ეს არის 58 ან 59წ. ბიბლიოგაფია: წმინდა წერილის ახალი აღთქმის წიგნების შესასწავლად.მთავარეპისკოპოსი ამბერკი(ტაუშევი).თბილისი.2013 …
დაამატა Kakha to წმინდა წერილი at 7:10am on ნოემბერი 15, 2013
თემა: მიქას წინასწარმეტყველება (განმარტება)
გონოს დედამიწამ და მისმა სისავსემ! უფალი ღმერთი იყოს მოწმე თქვენს წინააღმდეგ, უფალი თავისი წმიდა ტაძრიდან". მიქა იუდეის სამეფოში იოთამის, აქაზისა და ეზეკიას მეფობისას მოღვაწეობდა. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარმეტყველი ორივე სამეფოს შესახებ საუბრობს, მხოლოდ იუდეველ მეფეებს ასახელებს, რადგან, განმმარტებელთა ვარაუდით, ჩრდილოეთის სახელმწიფოს მმართველები არ განეკუთვნებიან დავითის შთამომავლებს და შესაბამისად, კანონს გარეშე არიან. ნეტარი იერონიმე: წინასწარმეტყველი ამბობს, რომ მან საღვთო განჩინება სამარიისა და იერუსალიმის შესახებ იხილა და ამგვარ თანმიმდევრობას შეგნებულად გვთავაზობს, რადგან ჯერ ისრაელის სამეფოს დედაქალაქი დაეცა, ხოლე მოგვიანებით - იერუსალიმი). განმმარტებელთა ნაწილი სეპტანტაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ტექსტში ნახსენები ‘მორაშეთი" მიქას მამის სახელია, მაგრამ იუდეველნი მორაშეთის ნაცვლად წერენ მორაშეთელს, რაშიც გულისხმობენ არა წინასწარმეტყველის მამის სახელს, არამედ მის საცხოვრებელ ადგილს, რადგან ამასთანავე ამბობენ, რომ მორაშეთი იუდეის სამეფოს ერთ-ერთი ქალაქი იყო . ამგვარად, მორაშეთი წინასწარმეტყველის საცხოვრებელი ადგილის სახელია. მიქას სიტყვები სამარიასა და იერუსალიმისკენაა მიმართული. პავლე იუნგეროვი: განმმარტებლებმა ყურადღება იმას მიაქციეს, რომ სამარიის სახელი მიქას მშობლიურ იერუსალიმზე ადრეა გაჟღერებული. ერთნი აღნიშნულს ისრაელის სამეფოს განსაკუთრებულ ცოდვილიანობას უკავშირებდნენ იუდასთან შედარებით. მეორენი იმავე უწყებას სამარიის იერუსალიმზე უწინარესი დაცემით ხსნიდნენ. შესაძლოა, სამარიის ხსენება პირველი თავის ზოგადი შინაარსიდან გამომდინარეობდეს, სადაც ისრაელის სამეფო იმხილება და სწორედ ამ მიზეზით იერუსალიმს წინ უსწრებს სამარია).        ნეტარი თეოდორიტე: რადგანაც წინასწარმეტყველემა გვაუწყა, რომ ღვთისაგან სამარიისა და იერუსალიმის შესახებ განეცხადა, სამართლიანად შემოიკრებს ხალხებს და არა ხალხს, რადგან ორ სამეფოდ გაყოფილ იუდეველებს მიმართავს).        მხ. 3-4.  რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, ჩამოდის და თელავს დედამიწის გორაკებს. მთები დნებიან მის ქვეშ და ველები სკდებიან, როგორც ცვილი ცეცხლის წინაშე, როგორც ქარაფებიდან ვარდნილი წყალი". მიქა ისრაელის სამეფოს დაცემის თანადროულად მოღვაწეობს და ამ სიტყვებს ჩრდილოეთის სახელმწიფოს განადგურებამდე მცირე ჟამით უწინარეს წარმოთქვამს. ამავდროულად, ისრაელთან ერთად უმძიმეს დღეში აღმოჩნდა იუდეა. უფლის გამოსვლა თავისი ადგილიდან სწორედაც რომ იუდას სამეფოზე მოწევნად განსაცდელებს გულისხმობს. მეორე მხრივ, იგივე სიტყვები მაცხოვრის შესახებ გვაუწყებენ. ‘უფალი გამოდის თავისი ადგილიდან" ანუ განკაცების გზით ევლინება წუთისოფელს. ‘მთები დნებიან მის ქვეშ და ველები სკდებიან", წინასწარმეტყველი წარმოდგენილი ცნობებით დემონების დათრგუნვის შესახებ გვამცნობს, რაც განკაცების შედეგად განხორციელდა. ეპისკოპოსი პალადი: წინასწარმეტყველის სიტყვა ალეგორიული შინაარსისაა. უფლის გარდამოსვლა ნიშნავს, რომ ღვთის ძვირუხსენებლობამ ზღვარს მიაღწია და დადგა ჟამი იუდეველთა დასჯისა. მთები, გორაკები – ამპარტავანი მმართველები არიან, რომლებსაც მაღალი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე, მთების დადნობა მტრების თავდასხმას ნიშნავს, რომლებიც ძლიერ აშფოთებდნენ სამეფოებს, ველების დასკდომა ციხესიმაგრეებისა და ხალხის სიმტკიცის აღმოფხვრის მიმანიშნებელია, მთების დამადნობელი ცეცხლი - ღვთის რისხვა და მტრების მიერ სამეფოების განადგურების სიმბოლოა, ქარაფებიდან ვარდნილი წყალი – საღვთო განაჩენის დადგომის სიჩქარეზე მიუთითებს. ყოველივე ზემოთქმული მიქას მიერ წარმოსათქმელი მოძღვრების წინმსწრები ერთგვარი შესავალი ნაწილია, რაც წინასწარმეტყველის სიტყვებისადმი ყურადღების მიპყრობასა და ხალხის სინანულს იზრახავდა მიზნად). თეოფილაქტე ბულგარელი: აქამდე ღმერთი ადამიანთა უკეთურებას ურისხველად უცქერდა და არავის განიკითხავდა, ამიერიდან კი შემცოდეთა დასასჯელად მოემართება).         მხ. 5. იაკობის უკეთურების გამოა ეს ყველაფერი და ისრაელის სახლის ცოდვის გამო. რა არის იაკობის უკეთურება? სამარია ხომ არა? რა არის იუდას გორაკები? იერუსალიმი ხომ არა?" წინასწარმეტყველი მსმენელს კერპმსახურების შესახებ შეახსენებს. დანი და ბეთილი ამოსისა და ოსიას წიგნებში ბრალდების ობიექტად ცნობილი მიზეზების გამო არაერთხელ დასახელებულა. იმავე ბრალდების ქვეშ ექცევა იერუსალიმიც. საქმე ისაა, რომ სანამ მეფე დავითი აღთქმის კიდობანს იერუსალიმში განათავსებდა, იუდეველნი ღმერთს აღთქმული ქვეყნის სხვადასხვა ადგილზე აგებულ სამსხვერპლოებში აღუვლენდნენ შესაწირს. მოგვიანებით არსებული რეალობა შეიცვალა და საღვთო მსახურების ადგილად ყოველი იუდეველისთვის ოდენ იერუსალი გამოცხადდა. მიუხედავად ამგავრი განჩინებისა, საკუთარი ‘ღმერთებისადმი" სიმაღლეებზე მომსახურე წარმართთა ჩვეულებით ‘ცდუნებულმა" მრავალმა იუდეველმა უარი თქვა ახალ განჩინებაზე, ძველი ტრადიციის ერთგული დარჩა და იაჰვეს წარმართთაებრ ემსახურებოდა. მიქა სწორედ ამ მიზეზის გამო ამბობს: ‘რა არის იუდას გორაკები? იერუსალიმი ხომ არა?" პავლე იუნგეროვი: მიქა საღვთო მრისხანების მიზეზებს განსაზღვრავს. ღვთის მოსალოდნელ გარდამოსვლას იუდეველი ერის უკეთურება განაპირობებს, რაც იუდასა და ისრაელის დედაქალაქებიდან ვრცელდება. წინასწარმეტყველი განსაკუთრებით იუდაურ სიმაღლეებს განაქიქებს. სიმაღლეებად მთები და გორაკები იწოდებოდნენ ადგილები, სადაც სამსხვერპლოებს განათავსებდნენ და მსხვერპლს ხან იაჰვეს, ხანაც წარმნართულ კერპებს სწირავდნენ.         სიმაღლეებზე მსახურება იუდეველებმა ქანაანელთაგან გადაიღეს. სიმაღლეებს ხშირად ისტორიული მოვლები და საღვთო გამოცხადებები უკავშირდებოდა, ამიტომაც ხსენებულ ადგილებზე აღსრულებულ მსახურებებში რიგ შემთხვევაში მღვდლები, ლევიტელები და წინასწარმეტყველებიც მონაწილეობდნენ . სიმაღლეებზე მსახურებას გარკვეულწილად პრაქტიკული რეალობაც განაპირობებდა, რადგან იერუსალიმიდან შორს მცხოვრებ მოსახლეობას საკმაოდ უჭირდა მუდმივად სოლომონიდსეულ ტაძარში ეარა მსხვერპლის შესაწირად, ხოლო ახლოსმდებარე სიმაღლესთან მისვლა და ლიტურგიკული მსახურების აღსრულება შედარებით იოლი იყო. მაგრამ ხსენებულ ადგილებში სასულიერო პირების კონტროლის გარეშე ღვთისმსახურება გარკვეულ საფრთხესაც შეიცავდა, რადგან იუდეველთა რიტუალში ღვთისადმი ჭეშმარიტ პატივმიგებასთან ერთად ხშირად ოდესღაც იმავე აგილზე ქანაანური ტომების მიერ მომოქმედებული უკეთურებანიც იჩენდა თავს და საბოლოოდ წარმართულ შინაარსს იძენდა. ამოტომაც ძველი აღთქმის წიგნთა ავტორები ხშირად მკაცრად ამხელედნენ სიმაღლეებზე მიმდინარე მოვლენებს, ხოლო კეთილკრძალული იუდეველი მეფენი ძირფესვიანად აღმოფხვრიდნენ ხსენებულ მიდამოებში განთავსებულ სამსხვერპლოებს. მიქას დროს უკეთურმა მეფე აქაზმა იერუსალიმში არაერთი მსგავსი სიმაღლე აღადგინა.         წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ისრაელისა და იუდას სამეფოებში უკეთურება მათივე დედაქალაქებიდან ვრცელდება. აღნიშნული შენიშვნა სავსებით სამართლიანია, რასაც ბიბლიური ისტორიაც ადასტურებს: ებრაელ იერარქთაგან იერუსალიმში და სამარიაში დათესილი ყველა სახის უზნეობა შემდგომში ხსენებული ქალაქების გავლით მთელს სამეფოებში ვრცელდებოდა). ეპისკოპოსი პალადი: წინასწარმეტყველი საღვთო რისხვის მიზეზზე მიუთითებს. ეს მიზეზი ისრაელისა და იუდას უკეთურება და ცოდვებია, ხოლო თუ რაში მდგომარეობდა აღნიშნული გაუკუღმართებანი, მიქა თავადვე ასახელებს: მთავარი დანაშაული კერპმსახურებაა. სწორედ ამას ნიშნავს სიტყვები ‘რა არის იაკობის უკეთურება? სამარია ხომ არა?" სამარია ისრაელის სამეფოს დედაქალაქი იყო, სადაც გამუდმებით მიმდინარეობდა კერპების მსახურება, აქვე მდებარეობდა წარმართული ადმინისტრაციის ცენტრი, საიდანაც კერპმსახურებასთან დაკავშირებული ყველანაირი განკარგულება გაიცემოდა. წინასწარმეტყველთა მოძღვრებაში დედაქალაქი ხშირად მთელი სამეფოს მაგივრად სახელდება. აქაც იგივე ვითარებაა და სამარიის ხსენება ზოგადად მთელი ისრაელის სამეფოს დადანაშაულებას გულისხმობს. იმავე უკეთურებების მიზეზით ღმერთი იუდასაც დასჯით ემუქრება. იერუსალიმმა მთელი იუდეა გარყვნა, ამიტომაც ხსენებული სამეფოს დედაქალაქზე საღვთო მრისხანების ღრუბელი შეიკრიბება).         მხ. 6. ქვების გროვად ვაქცევ ტრამალზე სამარიას, ვენახის ჩასაყრელ ადგილად; ველად გადავყრი მის ქვებს და გავაშიშვლებ მის საძირკველს". ეპისკოპოსი პალადი: წინასწარმეტყველმა ზოგადად ისაუბრა ისრაელისა და იუდას უკეთურების შესახებ, საკუთარი მამხილებელი მოძღვრებისთვის სამხილებელი საკითხი გამოკვეთა, ამჯერად, მე-6 მუხლიდან, სამსჯელო თემის გაშლას იწყებს. ‘ქვების გროვად ვაქცევ ტრამალზე სამარიას": ისეთ ნანგრევებად ვაქცევ დედაქალაქს, - ამბობს მიქას ბაგეებით უფალი, - რომ ქვა ქვაზე არ დარჩება. ადგილზე, სადაც ის იყო გაშენებული, სიცარიელე დაისადგურებს. ისრელის მთავარი ქალაქი მაღალ გორაკზე იყო გაშენებული და დიდი ველები მოიცავდა გარშემო. ასურელთა მიერ მისი დაპყრობისას სახლებისა თუ გალავნის კუთვნილი ქვები ქვევით მიგორავდა და ველზე იშლებოდა, სამწლიანი ალყის დასასრულს სამარია ნანგრევების გროვად იყო ქცეული).        მხ. 7. ყველა მისი კერპი გაცამტვერდება, ყველა მისი ნამსხვერპლი ცეცხლში დაიწვება და გავანადგურებ ყველა მის ქანდაკს, რადგან ბოზობის გასამრჯელოთი აგროვებდა მათ; ამიტომაც ბოზობის გასამრჯელოდ შეიქნებიან". ეპისკოპოსი პალადი: წინასწარმეტყველი იუწყება, რომ ასურელთაგან სამარიის დაპყრობისას ყველანაირი კერპი, ქანდაკი განადგურდება და მისი გასამრჯელო გაცამტვერდება. ძველი სამყაროს აღმოსავლელ ხალხებს ჩვეულებად ჰქონდათ შესაწირის მიტანა ბონებსა და ქურუმებთან მათი ღვთაებების ‘მფარველობის წილ". ხშირად ისეც ხდებოდა, რომ ღვთაების სასარგებლოდ მრუშობისა და სიძვის გზით ახდევინებდნენ გადასახადს. მსოფლიოს მრავალ ქალქში (ბაბილონი, ნინევი, ფინიკია და ა.შ.), ასტარტას სახელზე აგებულ წარმართულ ტაძრებში ხსენებული ღვთაებისადმი მიძღვნილი ტყეები (ჭალები) არსებობდა, სადაც განსაკუთრებული დღესასწაულებისას სიძვა-მრუშებანი აღესრულებოდა. მისული ხალხი გადასახადებს ბომონების ასაგებად, მათ შესანარჩუნებლად, კერპების მოსავლელად, მომსახურე პერსონალის შესანახად ქურუმს უხდიდა. სწორედ ამგვარი ბომონების არსებობაზე მიუთითებს მიქა, როდესაც ‘ბოზობის გასამრჯელოზე" საუბრობს. ყოველივე ამას, - ამბობს წინასწარმეტყველი, - მტრები ან დაწვავენ და გაანადგურებენ, რადგან უწმენდურებითაა შეძენილი და აგებული, ანაც ასეთივე გარყვნილი საჭიროებისთვის, იმავე სამეძაო საჩუქრების სახით გამოიყენებენ საკუთარ სამშობლოში. ასურელები, რასაც დაუწველად ტოვებდნენ, იმას იტაცებდნენ. მათ ოქროს ხბო გაიტაცეს, რომელსაც ტირილით მიაცილებდა ისრაელის ერი).         მხ. 8-9. ამაზე ვგლოვობ და მოვთქვამ, ფეხშიშველი და ტიტველი დავდივარ, ტურასავით ვკივი და სირაქლემასავით ვკვნესი. რადგან უკურნებელია მისი ჭრილობები; რადგან მიადგა იუდას და ჩემი ერის კარიბჭეს - იერუსალიმსაც უწია". ბერძნული და ებრაული ბიბლიის შესაბამისი ადგილები ერთმანეთისგან სხვაობენ. ებრაულის მიხედვით, მოსალოდნელი განსაცდელის გამო ფეხშიშველი და ტანშიშველი დადის, გლოვობს და მოთქვამს მიქა. ბერძნულის თანახმად კი, ყველა ხსენებული მოვლენა სამარიას განეკუთვნება. ეპისკოპოსი პალადი: რადაგან ისრაელის მოსახლეობამ ღმერთს ზურგი აქცია და უწმინდურობას ეზიარა, ამიტომაც ფეხშიშველსა და ტანშიშველს მოუწევს ასურულ ტყვეოაბში წასვლა, როგორც ჩვეულებისამებრ აღმოსავლეთში ხდებოდა ეს. ტყვეობის ჟამი ისეთი მძიმე იქნება, რომ ხალხი მწარედ გლოვასა და მოთქმას შეუდგება მსგავსად რიგი არსებებისა. მიქა განსაკუთრებული მწუხარების მიზეზზეც საუბრობს: ღვთისგან განკუთვნილი წყლული არა მარტო ისრაელს დატანჯავს, არამედ იუდასაც შეეხება და თავად ღვთის ქალაქს იერუსალიმს მიაღწევს. აღნიშნული წინასწარმეტყველების აღსრულება ასურელთა თავდასხმას უკავშირდება, რომლებსაც ისრაელისკენ გზას თავად იუდეველები მიუთითებდნენ, ეძახდნენ რა მათ დასახმარებლად. ხსენებულმა მტრებმა მეფე ფულისა და ტიგლათფალასარის დროს ჯერ დააცარიელეს ისრაელი, ხოლო მოგვიანებით, ასურეთში სალმანასარისა და სარგონის ზეობისას, საერთოდ გაანადგურეს იგი, საიდანაც იუდაშიც შეიჭრნენ და მეფე ეზეკიას ზეობისას მართლაც იერუსალიმის კარიბჭემდე მიაღწიეს, ყველგან უბედურება და სიკვდილი დათესეს, მოსახლეობის ნაწილი კი ტყვედ წაასხეს (იგულისხმება სენნახირიმის თავდასხმა). რა თქმა უნდა, ამ დროს მოთქმა-გოდების ხმა ისმოდა იუდაში).        მხ. 10. ნუ ამცნობთ გათში, ტირილს ნუ გამართავთ! მტვერში გაგორდით ბეთ-ლეყაფრაში". აღნიშნული ადგილი მეფეთა წიგნებს ეხმიანება. თავის დროზე, როდესაც მეფე დავითმა საულისა და იონათანის სიკვდილის შესახებ შეიტყო, შემდეგი სამგლოვიარო სიტყვები წარმოთქვა: ‘ნუ გაამხელთ გათში, ნუ გამოაცხადებთ ასკალონის ქუჩებში, რომ არ გაიხარონ ფილისტიმელთა ასულებმა, არ იზეიმონ წინდაუცვეთელთა ასულებმა" . დავითს არ სურდა, რომ დაუძინებელ მტრებს იუდეველთა მეფისა და ოჯახის ტრაგიკული ბედი შეეტყოთ და ამით გაეხარათ. იმავე ხერხს მიმართავს მიქაც. მოცემულ შემთხვევაში წინასწამრტყველი სიტყვათა თამაშს იყენებს და ირონიის საშუალებით მსმენელს მომავალი უბედურებების გარდაუვალობას უქადაგებს. ხსენებული მეორე ქალაქი ლეყაფრა ბენიამინის კუთვნილ მიწაზე მდებარეობდა, ბეთილთან ახლოს. ბეთ-ლეყაფი ითარგმნება როგორც ‘მტვერის სახლი" . მიქა ხსენებული ქალაქის მკვიდრებს მოუწოდებს, გლოვის ნიშნად მტვერით დაიფარონ საკუთარი თავი.         მხ. 11. ჩაიარეთ თქვენთვის, შაფირელნო, სამარცხვინო სიშიშვლეში! ვერ დააღწევს თავს ცაანანელი; ბეთეცელში გლოვა არ გაგაჩერებთ". ეპისკოპოსი პალადი: შინაარსი ასე შეიძლება გვესმოდეს: თქვენ, დიდებულ ქალაქ შაფირში მცხოვრებნო, ძვირფასი სამოსის მოტრფიალენო, უდიდესი სირცხვილით, განმოსილებს მოგიწევთ ტყვეობაში წასვლა. ცაანანში მცხოვრებნიც ვერ გაექცევიან მტერს, ბეთეცელშიც გლოვა და მოთქმა დაისადგურებს).         მხ. 12. ‘რადგან სწუხს თავის დოვლათზე მაროთელი დიაცი, რადგან უბედურებამ ჩამოაღწია უფლისგან იერუსალიმის კარიბჭემდე". ნეტარი თეოდორიტე: წინასწარმეტყველი ამჯერად სიტყვას იერუსალიმისკენ მიმართავს, მაგრამ სიტყვათა წყობა საკმაოდ რთულია და ბურუსითაა მოცული. ამიტომაც თქმულის შინაარსი სიტყვათა ამგვარ წყობაში უნდა ვეძებოთ: ვინ არის კეთილმოწყობილ და მშვიდობით დამტკბარ ქალაქზე მოწეული უბედურების მიზეზი? მიქას სურს აჩვენოს, რომ არა თუ ადამიანი, არამედ თავად უფალი ღმერთი განუკუთვნებს სასჯელს ქალაქს, მასში არსებული უკეთურებებისთვის შურისძიების მიზნით).         მხ. 13. შეაბი ეტლში რაშები, ლაქიშელო (ის არის ცოდვის დასაბამი სიონის ასულისთვის!), რადგან შენ გამოგაჩნდა ისრაელის შეცოდებანი!" ეპისკოპოსი პალადი: ზემოთ მიქა ასურელების იუდას სამეფოზე, იერუსალიმზე, თავდასხმის შესახებ საუბრობდა, მაგრამ იერუსალიმამდე სენნახირიმმა ქალაქი ლაქიში მოაქცია ალყაში და დაიპყრო იგი, ხოლო აქედან საკუთარი მხედართმთავარი რაბშაკე მიავლინა ეზეკიასთან დედაქალაქის ჩაბარების მოთხოვნით. სწორედ ამიტიმ, წინასწარმეტყველი ლაქიშის მკვიდრებს მიმართავს და მტრის თავდასხმის შესახებ აუწყებს. მას ცხენებისა და ეტლების ხმაური ესმის, რომლებიც საშინელი ძალით ხსენებული ქალაქისკენ მიემართებიან, რადგან ცოდვის სათავეა ლაქიში, სწოერედ აქედან დაიწყო ურჯულოება – ხბოების თაყვანისცემა, რამაც უმძიმესი ცოდვები შისძინა იუდასა თუ ისრაელს). პავლე იუნგეროვი: წინამდებარე თვაში გადმოცემულ შემაძრწუნებელ უწყებებს მსმენელთა ყურადღება უნდა მიეპყრო და საღვთო მსჯავრის დადგომის შესახებ თხრობას საზოგადოებისთვის საკუთარი ქმედებების ავკარგიანობის შეფასების სურვილი უნდა აღეძრა. წარსულში საღვთო მრისხანების მრავალგზის დამაცხობელი სინანულის გახსენება ხალხს კვლავაც შენანების აუცილებლობაში დაარწმუნებდა. შემდგომი მამხილებელი სიტყვები კი სწორედ ამ საშუალებების გაცხადებას ემსახურება). თავი 2        მას შემდეგ, რაც წინასწარმეტყველმა წინარე თავში მომავალი უბედურებების შესახებ ისაუბრა, ამჯერად ამ უბედურებათა მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას და მთელი იუდეველი ერის, მოქალაქეთა ყველა ფენის ზნეობრივ გაუკუღმართებას წარმოაჩენს: მმართველებს დაუნდობლობაში, მოსახლეობის დაბალი ფენის ძარცვაში ადანაშაულებს. ცრუ წინასწარმეტყველებს თანატომელთა მოტყუებისთვის ამხელს, ხოლო ზოგადად მთელს ერს მორალურ გახრწნაში სდებს ბრალს.        მხ. 1. ვაი ავისმზრახველთ და ბოროტისმოქმედთ, განთიადისას რომ სჩადიან თავიანთ საწოლებზე, როცა ძალა აქვთ ხელებში! მოუნდებათ ყანები და იტაცებენ, სახლები - და მიაქვთ; ავიწროებენ კაცსა და მის სახლს, ადამიანს და მის სამკვიდროს". მიქა კვლავ მამხილებელ სიტყვებს წარმოთქვამს. ადამიანები, რომლებსაც გარკვეული თანამდებობები ჰქონდათ და ხელეწიფებოდათ სხვისი ბედი განეგოთ, ღამე უკეთურ ჩანაფიქრს იზრახავდნენ, ხოლო ალიონზე, როდესაც ყოველ იუდეველს იერუსალიმში აღსრულებული დილის მსხვერპლშეწირვისას ხელები ზეცად უნდა აღეპყრო და ღმერთისთვის ლოცვით მიემართა, ჩანაფიქრის განხორციელებას იწყებდნენ.        მხ. 3-5. ‘ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, ბოროტს ვიზრახავ ამ მოდგმაზე, რომლისგანაც ვერ გაითავისუფლებთ კისრებს და გამართულად ვერ ივლით, რადგან ავი დროება იქნება. იმ დღეს შეთხზავენ თქვენზე იგავს, გაიმართება გლოვა და ითქმება: გაძარცულნი ვართ! ჩემი ხალხის ხვედრი სხვას შეხვდა! როგორ გამცილდა! ჩვენ დამატყვევართ დაუნაწილდა ჩვენი ყანები. ამიტომ არ გეყოლება უფლის კრებულში წილისყრით მიწის გამზომელი".  წინასწარმეტყველი უსამართლობის ჩამდენებს სასჯელების შესახებ აუწყებს, რაშიც იუდეის სამეფოს მომავალი ბაბილონური ტყვეობა იგულისხმება. მართალია, აღნიშნულ ჟამამდე ჯერაც საკმაო დრო რჩება, მაგრამ იუდეველ ერს ცოდვის გზა აურჩევია და არც კი ფიქრობს რაიმე შეცვალოს, რაც შესაბამისი შედეგით უნდა დასრულდეს. მიქა თხრობის იგავურ ფორმას იყენებს, რაც ძველ ისრაელში ქალაქების დაცემისა და ცნობილი გმირების გარდაცვალებისას სამგლოვიარო საგალობლების სახით წარმოითქმოდა. ამავდროულად, იმავე სიტყვებში მწარე ირონიაც ხმიანდება: დადგება ჟამი, როდესაც თანამემამულეებზე მოძალადე იუდეველები თავდაც დაკარგავენ ყველაფერს; სხვისი მიწის ნაკვეთის მიმთვისებელნი საკუთარი მინდორ-ველების გარეშე დარჩებიან. ეპისკოპოსი პალადი: წინასწარმეტყველის თქმით, რჩეული ერის წინააღმდეგ მომართული ასურული და ბაბილონური განსაცდელები ისეთი შემაძრწუნებელი იქნება, რომ მყისვე შეიტყობენ ამის შესახებ მსოფლიოს ხალხები და აღნიშნული მოვლენა მათ იგავურ თქმაშიც კი აისახება. ყველას გაუკვირდება მომხდარი და საკუთარი თუ სხვისი განსაცდელისას ასე იტყვიან: ჩვენ ვივნეთ მსგავსად ისრელისა).         მხ. 6. ‘ნუ ქადაგებთ, მოქადაგენო! არ უქადაგოთ მათ, ვინც ვერ გაექცევა სირცხვილს". ებრაელი ერის მარავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ჭეშმარიტ წინასწარმეტყველთა გვერდით მუდმივად ჩნდებოდნბენ სიყალბის მქადაგებელი ადამიანები. პირველნი, რომლებიც ღვთის კურთხევით გამოიხმობოდნენ ასპარეზზე, ხალხს საღვთო რჯულით გაცხადებული ზნეობრივი და ეთიკური ღირებულებების შეწყნარების თაობაზე აუწყებდნენ. მეორენი კი ცდილობდნენ, საზოგადოებაში ცრუ განწყობები, წარმოდგენები შეექმნათ. ისინი ამბობდნენ, რომ სანამ იუდეველი ერი რჯულიერ რიტუალურ მსახურებას აღასრულებს, საფრთხე არ ემუქრება, რადგან ღმერთი ყოველგვარი ბოროტებისგან დაიცავს მას. ხალხს კეთილდღეობას ჭეშმარიტი წინასწარმეტყველებიც ჰპირდებიან, მაგრამ ეს, მათი თქმით, მომავალში მოხდება, მხოლოდ მას შემდეგ, რაც რჩეული ერი მთელი გულით საკუთარი უფლისკენ მიიქცევა და მოცემულ რჯულს გულწრფელად აღასრულებს. ამ ადამიანთა მიერ წარმოთქმულ სიტყვაში არსად ისმის ყურის საამებელი მოძღვრება, არსად ჩანს განსახილავი საკითხისადმი მშვინვიერი, გრძნობადი დამოკიდებულება, ხოლო საპირისპიროდ ამისა ცრუ წინასწარმეტყველები საზოგადოებაზე განწყობის შესაბამისად მანიპულირებენ, მათთვის მოსაწონის თქმას ცდილობენ. მიქა მოცემულ შემთხვევაში სწორედ სიყალბის მქადაგებელთა შესახებ საუბრობს.         ნეტარი იერონიმე: ო, იაკობის სახლო! თავი არ მოიტყუო, ნუ იტყვი სიცრუით: ‘ხომ მოწყალეა ღმერთი?! ტყვეობა, რისიც გვეშინია, განგვერიდება. განა დაკნინდება მისი უსაზღვრო მოწყალება და მიმტევებლობა, რაც ყველა თაობამ საკუთარ თავზე იწვნია, და განა სისასტიკით მოგვეპყრობა?" ხალხის ამგვარ განსჯაზე უფალი პასუხობს: ჭეშმარიტად სახიერი ვარ და ჩემი სიტყვები წყალობითაა აღსავსე, მაგრამ მათთვის, ვინც სათნოდ ცხოვრობს, ხოლო ვინც მე მემტერება, ღარეიბსა და გლახაკს შეურაცხყოფს, კერპებს ეთაყვანება… საღვთო რისხვას განიკუთვნებს ასეთი). პავლე იუნგეროვი: მიქა ცრუწინასწარმეტყველებს ამხელს, რადგან გულგრილად უცქერდნენ ისინი საკუთარ თანატომელთა შეცოდებებს, ხოლო მოწევნილ განსაცდელებს წარმართულ ღვთაებებთან შედარებით იაჰვეს სისუსტეს მიაწრედნენ. მოუძლურდა იაჰვეს სული, - ამბობდნენ ისინი, - მისი ძალა უღონოიქმნა და ამიტომაც არ ძალუძს იუდეველთა ხსნა წარმართი ხალხებისგან.         მიქა წარმოდგენილ ცრუ შეხედულებებს უარყოფს. წინასწარმეტყველის აზრით, იუდეველთა განსაცდელები არა თუ იაჰვეს სისუსტის, არამედ თავად ამ ერის შეცოდებების შედეგია. ყოვლისშემძლეა ღმერთი, მისი სიტყვა და განჩინება სიკეთესა და წყალობას ანიჭებს ადამიანებს, რაც მხოლოდ მართალთ მიემადლება, ხოლო იუდეველებს არ გააჩნიათ სათნოება. ისინი მხოლოდ სახელით არიან იაკობის მემკვიდრენი, ცხოვრებით კი არანაირად არ იმსახურებენ მსგავს მაღალ წოდებას. ამიტომაც აწმყოსა თუ მომავალში მოწევნადი განსაცდელები ერის შეცოდებათა შედეგია და არა იაჰვეს სისუსტის გამოვლინება).        მხ. 7. ‘ნათქვამია, იაკობის სახლო: განა სულმოკლეა უფალი? ასეთია მისი საქმეები? განა კეთილი არ მოაქვს ჩემ სიტყვებს იმათთვის, ვინც წრფელად იქცევა". ნეტარი იერონიმე: ჭეშმარიტად სახიერი ვარ, ამბობს ღმერთი, მაგრამ მათთვის, ვინც ჩემს მცნებებს იმარხავს, ხოლო ისინი, ვინც კერპებს ეთაყვანება, ღარიბის, ქვრივისა და ობლის ქონებას ძალით ეპატრონება, საკუთარ შემოქმედს უპირისპირდება და აღსრულებულ უკეთურებათა გამო სინანულს არ განიცდის, საღვთო რისხვას განიკუთვნებენ).          მხ. 9. ‘ჩემი ერის ქალებს მათი სანუკვარი სახლებიდან ერეკებით; მათ ბავშვებს სამუდამოდ ართმევთ ჩემს დიდებას". ეპისკოპოსი პალადი: რადგანაც უმაღლესი ხელისუფალნი რიგითი მოსახლეობის მიმართ საშინელ სისასტიკეს იჩენდნენ და ქონების დასაკუთრების მიზნით საკუთარი სახლებიდან აძევებდნენ მათ, დადგება დრო, როდესაც თავადვე განიდევნებიან უსამართლო მონაპოვარით აგებული მშვენიერი საცხოვრისებიდან, მტრის მიერ გაიძარცვულნი იქნებიან, რადგან უკეთური საქმეების მიზეზით, სისასტიკის გამო გარემიიქცა მათგან უფალი).          მხ. 10. ‘ადექით და წადით, არ არის აქ განსასვენებელი ადგილი; უწმიდურობის გამო გაიტანჯება და მწარე იქნება სატანჯველი". ეპისკოპოსი პალადი: წინასწარმეტყველი კვლავ აგრძელებს მსჯელობას უდეველთა განდევნის შესახებ. მაშ ასე, - ამბობს ის, - აღდექ ისრაელის ერო, აღთქმული მიწიდან გაიქეცი, რადგან აღარ არის თქვენთვის აქ მეტად მშვიდობა და ბედნიერება, პირიქით, დაქცევა და მხოლოდ განსაცდელები მოგელის მტრებისგან. შემდეგ მიქა იმასაც მიუთითებს, თუ რა მიზეზით მოუწევს რჩეულ ერს აღთქმული ქვეყნის დატოვება: ეს მიწა ღვთის საკუთრებაა და წმინდაა იგი, ხოლო წმინდა მიწაზე წმინდანები უნდა მკვიდრობდნენ. თქვენ კი, ამბობს მიქა, - სულაც არა ხართ ასეთნი, უწმიდურობის გამო გაიტანჯებით და მწარე იქნება სატანჯველი, ე.ი. ბოლომდე ხართ შერყვნილნი და საკუთარი გარყვნილების მიზეზით სრულად გადაცდით ჭეშმარიტების გზას. გარყვნილებაში კერპმსახურება და უწმინდური ცხოვრება იგულისხმება. ‘წინასწარმეტყველი გვასწავლის, ამბობს წმინდა ეფრემ ასური, რომ წმინდანთა მიწაზე არ უნდა სახლობდეს უწმინდური ერი, რომ საკუთარი მკვიდრების მიერ უკეთურებით შერყვნილი მიწა მათივე სისხლით უნდა იქნას განწმენდილი").          მხ. 12. ‘მთლიანად შეგკრებ, იაკობ, თავს მოვუყრი ისრაელის ნატამალს; ერთად დავსხამ როგორც ცხვარს ფარეხში; როგორც ფარა თავის სადგომში, ისე ახმაურდება კაცთა სიმრავლისგან". ეპისკოპოსი პალადი: წინასწარმეტყველი იუდეველთა ყველა ტომის შემოკრების შესახებ საუბრობს. აღნიშნული მოვლენა უცხოობაში, ტყვეობის ჟამს აღესრულა, როდესაც ასურეთი და ბაბილონი ერთიან სახელმწიფოდ, ასურეთ-ბაბილონად, გარდაიქმნა, ხოლო ეს უკანასკნელი დარიოს მიდიელისა და კიროსის, დაახლოებით ძვ. წ. აღ. 550 წელს სპარსეთის იმპერიის დამაარსებელის, მიერ იქნება დამორჩილებული. სწორედ მაშინ შემოიკრიბნენ ისრაელიანნი და იუდეველები ერთი სპარსული მმართველობის გარშემო, როგორც ცხვარი იკრიბება ფარეხში. რჩეული ერის დამატყვევებელი ხალხები ღვთის ნებსს აღასრულებდნენ, ხოლო მთავარი მოქმედი სწორედაც რომ უფალი იყო).         მხ. 13. ‘მათ წინ აივლის კედლის მნგრეველი, გაანგრევენ და გაივლიან და უკანვე გამოვლენ; ჩაივლის მათ წინ მათი მეფე და უფალი მათ სათავეში". თავი 3         მხ. 1. ‘ვთქვი: ისმინეთ, იაკობის მთავარნო და ისრაელის სახლის მსაჯულნო! განა არა ხამს თქვენთვის სამართლის ცოდნა?" პირველი ოთხი მუხლის თანახმად მიქა კვლავ აგრძელებს იუდეველი იერარქების მხილებას, ხოლო მომდევნო ნაწილში მისი ყურადღება ცრუ წინასწარმეტყველებისა და ყალბისმქადაგებელი მოძღვრებისკენაა მიპყრობილი.          მხ. 2-3. ‘სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი ხართ; ტყავს აძრობთ ჩემს ხალხს და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ. ვინ არიან, ჩემი ხალხის ხორცს რომ ჭამენ და აძრობენ ტყავს? ვინ არიან, რომ ამტვრევენ მათ ძვლებს და აქუცმაცებენ როგორც ქვაბში და ხორცს როგორც ქოთანში?" პავლე იუნგეროვი: წინასწარმეტყველი იუდეველი დიდებულების მხრიდან ღარიბებისადმი გამოვლენილ სისასტიკეზე მიუთითებს. ისინი ხალხს არა მხოლოდ კანსა და ხორცს აცლიდნენ, არამედ აქუცმაცებდნენ მათ და ხორცსა და ძვლებს ჭურჭელში ათავსებდნენ. მიქას მიერ გამოყენებული მეტაფორა წარჩინებული ფენის ენითგამოუთქმელ დაუნდობლობას წარმოაჩენს). ეპისკოპოსი პალადი: მას შემდეგ, რაც წინა თავში მიქამ ტყვეობის შესახებ ისაუბრა, ამჯერად მიზეზებზეც მიუთითებს. წინასწარმეტყველის თქმით, ტყვეობას იერარქების, მოსამართლეების, ცრუმქადაგებლებისა და მღვდლების უკეთურებანი განაპირობებს. უფალი მიქას ბაგეებით ასე მიმართავს ხელისუფალთ: ისმინეთ, უკეთურების მოქმედნო! ისე გარყვნილხართ, რომ ბუნების საპირისპიროდ, ნაცვლად სიკეთის სიყვარულისა შეგძულებიათ იგი და ბოროტებას ეტრფით, რისგან განკრძალვას თავად ბუნება გასწავლით. ისეთ სისასტიკემდე მისულხართ, რომ მსგავსად მტაცებელი მხეცებისა ტყავსა და ხორც აგლეჯთ მოსახლეობას, ანუ ცხოვრების ყველანაირ პირობებში ეცილებით მათ და უმძიმეს ტკივილებს აყენებთ. მაგრამ ესეც მცირედია თქვენთვის. უფალი ამ ადამიანებს სისხლისმჭამელ ცხოველებს ადარებს, რომლებიც ნაკუწებად გლეჯენ საკუთარ მსხვერპლს და ძვლებსაც კი დაუნდობლად ამსხვრევენ. სწორედ იგივე დაუნდობლობით მოქმედებდნენ ხელისუფალნი და ანადგურებდნენ იმას, ვისაც მათთან მოუწევდა შეხება).          მხ. 5-8. ‘ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე, რომლებიც გზა-კვალს ურევენ ჩემს ხალხს; მშვიდობას რომ ქადაგებენ და კბილებით კი რაღაცას ჯიჯგნიან; თუ ვინმემ რამე არ ჩაუდო პირში, ომს უცხადებენ. ამიტომ დაგიდგებათ ღამე ხილვების გარეშე და სიბნელე - მისნობის გარეშე; მზე ჩაესვენება წინასწარმეტყველთა თავზე და დღე დაუბნელდებათ; გაწბილდებიან მისნები, შერცხვებიან მკითხავები და პირს დამუწავენ ყველანი, რადგან პასუხს არ გაიღებს ღმერთი. მე კი აღვსებული ვარ ძალით, უფლის სულით, სიმართლითა და სიმტკიცით, რომ გამოვუცხადო იაკობს მისი დანაშაული და ისრაელს მისი ცოდვა". ცრუ წინასწარმეტყველთა ერთადერთი მამოძრავებელი ძალა ვერცხილისმოყვარეობა იყო. მიქა ამბობს, რომ ამ ადმიანთა მიერ განხორციელებული უკეთურებების გამო დადგება დრო, როდესაც ზეგარდამო საიუდუმლოებების გაცხადება საბოლოოდ შეწყდება . ნეტერი იერონიმე: წინამდებრე მუხლებიდან ვგებულობთ, რომ ხალხში ყალბი წინასწარმეტყველები მიმოდიოდნენ და საჩუქრების სანაცვლოდ მშვიდობას ქადაგებდნენ, მაგრამ თუკი მავანი მათ ძღვენზე უარს ეტყოდა, ასეთს ღვთის საშინელი რისხვით ემუქრებოდნენ, თუნდაც რომ ეს ადამიანი წმინდა ცხოვრებით ყოფილიყო გამორჩეული. ამიტომაც დადგება ჟამი, როდესაც ფსევდო მოძღვართა დანაპირების საპირისპირო რამ მოხდება და უმძიმესი განსაცდელების ფონზე ამ ადამიანთა თავზე მშვიდობის მზე ჩაესვენება).          პავლე იუნგეროვი: ფსევდომქადაგებლები საზოგადოების წინაშე რიგ შემთხვევაში განსაცდელების შესახებაც იუწყებოდნენ, მაგრამ როგორც კი მსმენელები მოსმენილით შეძრწუნდებოდნენ და პატივის ნიშნად მქადაგებლებს გარკვეულ ძღვენს მიართმევდნენ, ცრუმოძღვართა დამოკიდებულება მყისიერად იცვლებოდა და ისინი მშვიდობისა და კეთილდღეობის თაობაზე იუწყებოდნენ, ხოლო ვინც მათ სურვილს არ მორჩილებდა, ასეთს ღვთის სახელით ომის გარდაუვალობას ატყობინებდნენ). ეპისკოპოსი პალადი: მიქა ასე მიმართვს მსმენელს: ცრუ მოძღვარნი, მკითხავები და მოგვები უბედურებას მოიწევენ და მათზე მიმნდობებსაც ძვირს შეამთხვევენ. თქვენ ღვთისაგან მოვლენილი წინასწარმეტყველების წილ, რომლებიც მხოლოდ ზეგარდამო მოძღვრებას გაუწყებენ, თვითნებურად მქადაგებელნი აგირჩევიათ. არ ძალუძთ მათ, სიმართლე გაუწყონ, თქვენი უკეთურება და ცოდვა ამხილონ, ჭეშმარიტ მოძღვარს კი ზეციდან აქვს ამგვარად მოქმედების ნიჭი მოცემული. ერთნი სიცრუის სულით წინამძღვრობენ, ხოლო მეორენი, საღვთო სულით აღვსილნი, ღვთისაგან მადლით ცხებულნი, ოდენ ჭეშმარიტებას ღაღადებენ).          მხ. 9-12. ‘ისმინეთ ეს, იაკობის სახლის თავკაცნო და ისრაელის სახლის განმგებელნო, რომელთაც შეგიძულებიათ სამართალი და ყოველივე წრფელი გაგიმრუდებიათ. სისხლით რომ აშენებთ სიონს და უსამართლობით - იერუსალიმს. მისი მთავრები ქრთამით სჯიან სამართალს და მისი მღვდლები გასამრჯელოს ართმევენ დამოძღვრაში, მისი წინასწარმეტყველნი ვერცხლზე მისნობენ; უფალს ემყარებიან, ამბობენ: განა ჩვენს შორის არ არის უფალი? უბედურება არ გვეწევაო. ამიტომ შენს გამო ყანად გადაიხვნება სიონი და იერუსალიმი ნანგრევებად იქცევა, ტაძრის მთა კი - ტყიან ბორცვად". წინამდებარე მუხლებში წინასწარმეტყველი გარკვეული კატეგორიის ადამიანებს უსამართლობაში ადანაშაულებს. როდესაც იუდეველი მოსამართლე განსაკუთრებული სირთულის მომცველი საქმის განხილვას შეუდგებოდა, საკითხის გამორკვევის მიზნით მღვდლებისთვის უნდა მიემართა, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას მოსეს რჯულში წარმოდგენილი შესაბამისი კანონები გათვალისწინებული ყოფილიყო . სწორედ ამ დროს იერუსალიმელი მღვდლები სასამართლო დავაში მონაწილე პირთაგან გასამრჯელოს ღებულობდნენ და რჯულის ინტერპრეტაციას ქრთამის გადამხდელთა ინტერესების გათვალისწინებით ახდენდნენ, რაც საბოლოო ჯამში სასამართლოს მიერ არასწორად გამოტანილი განაჩენით სრულდებოდა. ტყუილად როდი ამბობს რჯული: ‘სამართალს ნუ გაამრუდებ, მიკერძოებული ნუ იქნები და ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი თვალს უბრმავებს ბრძენკაცებს და ასხვაფერებს მართალთა სიტყვებს" . მიქას უწყება სიონის, იერუსალიმისა და ტაძრის განადგურების შესახებ (მხ. 12) იერემიას წინასწარმეტყველებაში მეორდება. კერძოდ, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: რჩეული ერის შეუნანებლობის შემთხვევაში იერემია იერუსალიმის დაქცევას იუწყებოდა. იუდეველებმა, რომლებსაც მოსმენილი სიტყვები არ ეამათ, შეიპყრეს იგი და მისი მოკლვა გადაწყვიტეს, რადგან მღვდლები და ცრუ მოძღვრები იუდას დედაქალაქის შესახებ გამოთქმულმა მოსალოდნელმა მკაცრმა ხვედრმა ძლიერ აღაშფოთა. წინასწარმეტყველი განსასჯელად იძულების წესით ტაძრის ეზოსკენ წაიყვანეს.         იქვე მოიყარეს თავი იუდეველმა მთავრებმაც. გამძვინვარებულ ბრბოში რამდენიმე გონიერი ადამიანი აღმოჩნდა, რომლებმაც მაშინვე მოიაზრეს, თუ რა ხერხი გამოეყენებინათ იერემიას გამოსახსნელად. მათ სწორედ მიქას წინასწამრტყველება გაიხსენეს. ისინი ამბობდნენ, რომ იუდეველი მეფეების - იოთამის, აქაზისა და ეზეკიას თანამედროვე მიქაც იუწყებოდა იერუსალიმის დაქცევას, თუმცა ეზეკიას ამის გამო წინასწარმეტყველი სიკვდილით არ დაუსჯია. პირიქით, მეფემ მამხილებელი სიტყვები შეისმინა, დაიჯერა და მითითებული უკეთურებანი დაუტევა. შესაბამისად, არ იმსახურებს სიკვდილს იერემიაც . ბიბლიის მკვლევარნი მიქასა და იერემიას წიგნის შესაბამის ადგილებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ უზენაესი რიგ შემთხვევაში მიმართავდა მომავლის გაცხადების ხერხს, რომელსაც პირობითი წინასწარმეტყველება ეწოდება. ხსენებულ ხერხში იგულისხმება, რომ ამა თუ იმ წინასწამრტყველის მიერ გამოთქმული მოვლენა სინამდვილეში არ აღსრულდება და ღმერთი ქადაგების ასეთ ფორმას ადამიანებში სინანულის აღძვრის მიზეზით მიმართავს. მოცემულ შემთხვევაში, იერემიას წიგნის თანახმად, მიქას მიერ იერუსალიმის განადგურების შესახებ გამოთქმული წინასწამრტყველება არ შესრულდა, რადგან მეფე ეზეკიამ ხალხთან ერთად შეგონება შეისმინა და გაუკუღმართებული გზების გამოსწორებას შეეცადა. იგივე ხდება იონას მოღვაწეობისას. ნინევში ჩასული წინასწამრტყველი ქადაგებს: ‘კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევი" . ხსენებული ვადის გასვლის შემდეგ ასურეთის დედაქალაქი გადარჩა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, პირობითია წინასწამრტყველება, რომელიც მითითებულ დროს არ აღესრულება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ ნიშნავს მის საბოლოო გაუქმებას. მიქასა და იონას შემთხვევაში, მართალია, ღმერთმა საწინასწარმეტყველო სიტყვაში გაჟღერებული სასჯელი არ მოავლინა, მაგრამ ეს ერთგვარი გადავადება აღმოჩნდა და როგორც ერთი, ისევე მეორე მოვლენაც (ნინევისა და იერუსალიმის დაცემა) მოგვიანებით მაინც აღესრულა.         ეპისკოპოსი პალადი: ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსნები ხალხის დათრგუნვით, ძალადობით, ძარცვით საკუთარ ქონებას ამრავლებდნენ, სახლებს განივრცობდნენ და სიმდიდრის ნაწილი ტაძარში საღვთო შესაწირად მიჰქონდათ, რისი მიზეზითაც იუდეველებს მიქა და მრავალი სახვა მოღვაწე ამხელდა. წინასწარმეტყველი ხელისუფალთა და სასულიერო პირთა შემოსავლის წყაროსაც უთითებს: ეს სხვადასხვა სახის საჩუქრები და ქრთამია. ყველა, ვისაც კი რაიმე სახის ძალაუფლება გააჩნდა, მაქსიმალურად იყენებდა საკუთარ მდგომარეობას: მოსამართლეები მხოლოდ საჩუქრების სანაცვლოდ განსჯიდნენ, მღვდლებს სასყიდლისა და გარკვეული შესაწირის გარეშე ხალხის განსწავლისა და კითხვებზე პასუხის გაცემის სურვილი არ გააჩნდათ. ცრუ წინასწარმეტყველები ოდენ ვერცხლის ფასად ‘იუწყებოდნენ მომავალს" და ადამიანები, რომლებიც მათ მიმართავდნენ, უდიდესი იმედით იყვენენ აღსავსე, რომ ღმერთი არასოდეს გარემიაქცევდა რჩეული ერისგან საკუთარ წყალობას პატრიარქებთან დადებული აღთქმების მიზეზით. ამიტომაც, არ სჯეროდათ რა ჭეშმარიტი მქადაგებლებისა, რომლებიც ისრაელის, იერუსალიმისა და იუდას დაღუპვას იუწყებოდნენ, ასე მიმართავდნენ მიქასა და სხვა მოღვაწეებს: ცრუობთ თქვენ, რაჟამს ღვთის რისხვაზე გვესაუბრებით, იერუსალიმის განადგურებასა და სამეფოს დაცემაზე გვიქადაგებთ. განა მარადის ჩვენთან არ არის დამკვიდრებული უფალი თავისი მადლმოსილებით მისსავე ტაძარში, აღთქმის კიდობანზე ვითარცა საკუთარ საყდარზე დაბრძანებული, მისგანვე ამორჩეული ერის წიაღში? შეუძლებელია, ჩვენ რამე ცუდი გვეწიოს, რადგან ღმერთია ჩვენი მფარველი!         არასწორად განსჯით ღმერთის შესახებ, - ამბობს მიქა, თითქოს ვალდებულია იგი გიხსნათ, თუნდაც რომ არ იმსახურებდეთ ამას. სწორედ თქვენი უკეთურების, ცოდვების გამო გეწევათ დიდი რისხვა: ტაძარი, რომელსაც ეგზომ სასოებთ, იერუსალიმი, სადაც მკვიდრობთ, მტრების მიერ განადგურდება, სიონი ცარიელ მინდვრად იქცევა, რომელსაც მხვნელები გადახნავენ, იერუსალიმი ნაყოფის ჩამოკრეფის შემდეგ დაცარიელებულ ხილის ბაღს დაემსგავსება და ასევე დაიცლება იერუსალიმი დარბევისა და იავარქმნის შემდეგ. უფლის სახლის მთა (მორია, რომელზეც ტაძარი იყო აღმართული) ბორცვად იქცევა, სადაც მხოლოდ ტყე იხარებს და ქვების გროვა დარჩება. აღნიშნული წინასწარმეტყველება ბაბილონელმა მეფემ, ნაბუქოდონოსორმა აღასრულა საკუთარი დაცვის უფროსის – ნაბუზარდანის მიერ, რომელმაც იერუსალიმი და ტაძარი მიწასთან გაასწორა). თავი 4        მიქას წიგნის მე-4 და მე-5 თავებში ნაუწყებია მომავალი სამეუფოს შესახებ, რაც წითელ ხაზად გასდევს საწინასწარმეტყველო წიგნებს. მხ. 1-2. ‘უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთების თავში დამყარდება უფლის სახლის მთა; გორაკებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები. მოვლენ უამრავი ხალხები და იტყვიან: წამო, ავიდეთ უფლის მთაზე და იაკობის ღვთის ტაძარში, რომ გვასწავლოს თავისი გზები და ვიაროთ მისი ბილიკებით, რადგან სიონიდან გამოდის რჯული და იერუსალიმიდან - უფლის სიტყვა".        წინასწარმეტყველება ახალი აღთქმის ეკლესიის შესახებაა. ‘მთების თავში დამყარდება უფლის სახლის მთა; გორაკებზე მაღლა აღიმართება". წმ. კირილე ალექსანდრიელი: ხაზგასმული ტერმინებით (მთები და გორაკები) ელინური ფილოსოფია აღინიშნება, რადგან იგი ზეაზიდული მწვერვალის დარად ჩანდა ძველი აღთქმის ეპოქაში. საოცარია ფილოსოფიურ სამყაროში დავანებული სიბრძნე, განსაკუთრებით პლატონი და მისი მოძღვრება ღმერთის შესახებ. ეს იყო მაქსიმუმი, რისი მოპოვებაც ადამიანს საკუთარი ძალებით ხელეწიფებოდა. მიქა ამბობს, რომ დადგება ჟამი, როდესაც კაცობრივი სიბრძნის წილ სამყაროს შეეძლება აღმატებული ღვთაებრივი ჭეშმარიტება მოისმინოს და თანაეზიაროს მას. ‘მოვლენ უამრავი ხალხები და იტყვიან: წამო, ავიდეთ უფლის მთაზე და იაკობის ღვთის ტაძარში…" თავის დროზე, როდესაც მეფე სოლომონი ტაძარს აშენებდა, 150 000 უცხოტომელი ქვისმთლელი და მუშა მოიწვია . აღნიშნული მოვლენა დიდი საიდუმლოს წინასახე იყო, რადგან მომავალში უფლის ჭეშმარიტი სახლი, ანუ ახალი აღთქმის ეკლესია, სწორედაც რომ წარმართებს უნდა აეგოთ და არა იუდველებს.        სიონიდან გამოდის რჯული და იერუსალიმიდან - უფლის სიტყვა". წარმოდგენილი უწყება ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოვლენაა. ყველასთვის ცხადია, რომ ძველი აღთქმის ეპოქაში სწორედ სიონიდან და იერუსალიმიდან ღაღადებდა ჭეშმარიტება, რადგან იქ იყო აგებული ტაძარი, იქ მსახურებდნენ ჭეშმარიტი სასულიერო პირები. მოცემულ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ რჯული და უფლის სიტყვა სიონიდან გამოვა ანუ არ დარჩება მასში, რადგან იქ მას არავინ შეიწყნარებს. სწორედ ეს გამოსული სიტყვა და ქრისტიანული რჯული მოეფინება წარმართობას, რომელმაც ირწმუნა და ისათნოვა ზეციური მოძღვრება. ბოლო მუხლებში გადმოცემულია წინასწარმეტყველება სენნახირიმის 185 000 ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ). პავლე იუნგეროვი: იერუსალიმის სიწმინდეების შეურაცხმყოფელი თანამედროვე საზოგადოებიდან მიქა სულიერ მზერას მომავალი კეთილი დროებისკენ მიმართავს. შესიტყვება ‘უკანასკნელი დღეები" ბიბლიურ ენაზე მესიასთან დაკავშირებულ მომავალ ჟამს უკავშირდება. მიქას წარმოდგენილი უწყება ფორმით სინაური კანონმდებლობის ისტორიას გვაგონებს. როგორც უფალი გარდამოდიოდა ხსენებული მთიდან და რჩეულ ერს საკუთარ გზებსა და რჯულდებას უცხადებდა, ზუსტად ასევე გარდამოვა იგი, რომ მთელს კაცობრიობას აუწყოს სიცოცხლის გზა. როგორც სინადან გაისმოდა საღვთო ხმა, ასევე უფლის მთიდან მოისმენენ ადამიანები ღვთის სიტყვას. განსხვავება უზენაესი არსის ადამიანებისადმი ენითგამოუთქმელ სიახლოვეში გამოვლინდება. მაშინ როდესაც სინას მთასთან აკრძალული იყო მიახლოება, უფლის მთას ყოველი ადამიანი მიეახლება და იაჰვეს სიმდაბლით აღსავსე სიტყვებს მოისმენს. სინას მისადგომებთან მხოლოდ ერთი იუდეველი ერი იმყოფებოდა, უფლის მთასთან კი ყველა ხალხი შეიკრიბება. ასე ნელნელა ეუფლებოდა ღვთივგანათლებული ისრაელი მოძღვრებას ღმერთის კაცთა შორის გამოჩინებისა და ღვთის სასუფევლის საყოველთაობის შესახებ).         ეპისკოპოსი პალადი: წინა თავში მტრების მიერ იერუსალიმისა და ტაძრის განადგურების თაობაზე ისაუბრა წინასწარმეტყველმა, რამაც დიდად დაამწუხრა იუდეველნი, განსაკუთარებით კი კეთილკრძალული მეფე ეზეკია. ღვთისადმი ერთგული ებრაელებისა და მეფის სანუგეშებლად მიქა სასიხარულო უწყებას წარმოთქვამს ამჯერად მომავლ დროებაში ტაძრისა და იერუსალიმის აღდგენის შესახებ. განა მარადის მწუხარება, უბედურება და ნგრევა იქნება, - ამბობს წინასწარმეტყველი, - არამედ იუდასთვისაც დადგება დიდებული დროება. ბიბლიაში ‘უკანასკნელ დღეებად" ხშირად ძველი აღთქმის უკანასკნელი ჟამი და მესიის წუთისოფელში მოვლინების დრო იწოდება. მაშ ასე, დედამიწაზე სამყაროს მხსნელის მოსვლისას უფლის სახლის მთა გამოჩნდება, რაშიც ბუკვალური გაგებით იგულისხმება ადგილი (სიონი ან მორია), სადაც იერუსალიმის ტაძარი იყო აგებული და საღმრთოდ იწოდება იგი მასზე აღმართული ტაძრის მიზეზით, მაგრამ განა თავისთავად მთა იყო ისეთი მნიშვნელობის, რომ ყველა ხალხს, მთელს სამყაროს გაცხადებოდა მომავალში, არამედ იერუსალიმის ტაძრმა, რომელიც ხსენებულ გორაზე აეგოთ, დიდება და სახელი მიანიჭა სიონის მთას. თუმცა თავად ტაძარიც მასში დამკვიდრებული ღმერთის მიზეზით თაყვანისიცემოდა. როგორც მზე საკუთარი სხივებით მთელს სამყაროს აცისკროვნებს, სწორედ ასევე ჭეშმარიტი და მარადიული მზის მიერ იყო გაბრწყინებული იერუსალიმის ტაძარი, რომელიც იუდეველი ერის ცოდვების გამო დააქციეს ბაბილონელებმა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა, მეორედ, რჩეული ერის ბაბილონური ტყვეობიდან დაბრუნებისას აგებული ტაძარი იგულისხმებოდეს. განმმარტებელთა ნაწილი სწორედ ასე ვარაუდობს. ‘მიქა წინასწარმეტყველებს, - ამბობს წმინდა ეფრემ ასური, - რომ 70-წლიანი ტყვეობის დასასრულს ტაძარი იმ მთის მწვერვალებზე აღზევდება, რომლებზეც ქალაქი იერუსალიმი იყო აგებული, და უფლის სახლის მთა მასზე აგებული ტაძრის მიზეზით გარშემო არსებულ ყველა გორაზე მაღლა აღიმართება. სწორედ მაშინ შეიკრიბებიან სიონზე ხალხები". მაგრამ იგივე მოძღვარი მსჯელობას ასე აგრძელებს: ’70-წლიანი ტყვეობის დასასრულს იერუსალიმის დროებითი ტაძრის აგების შესახებ ნათქვამი სიტყვები ქრისტეს ეკლესიის საიდუმლოს გამოსახავს საკუთარ თავში, რომელიც ჭეშმარიტად უკანასკნელ დღეებშია დაფუძნებული. სწორედ მასში შემოიკრიბა და ემსახურება ღმერთს ღვთისშემეცნებით განსწავლული ყველა მოდგმა".         ნეტარი თეოდორიტე მიქას წინასწარმეტყველებას უშუალოდ ქრისტეს ეკლესიას აკუთვნებს და იმ ქრისტიან განმმარტებლებს საყვედურებს, რომლებიც იუდეველებთან ერთად აღნიშნულ უწყებას ტყვეობიდან დაბრუნების პერიოდს უკავშირებდნენ. მისი თქმით, არაჯეროვანია ამგვარი კომენტარი: ‘განა იუდეველთა ტაძარში შეიკრიბნენ შორეული თუ ახლობელი ხალხები ბაბილონიდან დაბრუნების შემდეგ? განა სიხარულით მიიღეს კი რჩეული ერის რჯული და სიონიდან გამოსული სიტყვა მათ?" ესაიასთანაც იკითხება მცირეოდენი განსხვავებით მსგავსი წინასწარმეტყველება: ‘უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან" . წმინდა ბასილი დიდი წარმოდგენილი ბიბლიური წინადადების კომენტირებისას შემდეგს გვაუწყებს: ‘როგორ დადგინდება უფლის მთა? როგორ აიგება მთათა სათავეში უფლის სახლი? ხორციელი ისრაელი არც სხვა მთის გამოჩენას და არც სხვა მთებზე უფლის მეორე სახლის აგებას მოელის, ხოლო სიონი და ტაძარი ესაიას მიერ წინასწარემტყველების წარმოთქმისას უკვე გამოჩენილი იყო. მაშ, რას უნდა ნიშნავდეს ნათქვამი? განა იმას, რომ უკანასკნელ დღეებში მთა და სახლი გამოჩნდება, არამედ სწორედ უკანასკნელ ჟამზე მიგვანისნებს, როდესაც კაცობრიობის გამოხსნის დიდი და ენითგამოუთქმელი განგებულება გაცხადდება… მოციქულის სიტყვისამებრ, ‘უფლის სახლის მთა მთათა სათავეში" ეკლესიაა" . რადგან ეკლესია მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საფუძველზეა დამყარებული, იმავე მამის მოსაზრებით, მთებში მოციქულები, წინასწარმეტყველები და ‘ღვთისშემცნების საიდუმლოს დაუფლებული ყველა ადამიანი იგულისხემბა, ვინც გონების სიმრთელითა და გონიერი საქმეებით, მართალ ცხოვრებაში სრულყოფილნი, მთათა სათავეში დამკვიდრებული მთები არიან, რომელზეც უფლის სახლი დაშენდება".        მაშ ასე, მიქას წინასწარმეტყველების საერთო შინაარსი ასეთია: რაჟამს ძველაღთქმისეული დროის აღსასრული დადგება, მაშინ მთელი სამყაროსთვის გაცხადდება კაცობრიობის გამოხსნის საღვთო განგებულება და წმინდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველებზე, როგორც რამ მთებზე, დაფუძნებული ქრისტეს ეკლესია გამოჩნდება და ეს ეკლესია ყველაზე აღმატებული, ყველა საზოგადოებასა და მიწიერ სამეფოზე დიდებული იქნება, რწმენითა და იმედით იდინებენ მისკენ ხალხები... ვინმეს რომ არ ეფიქრა, თითქოს ჩვენ თავად ძალგვიძს ღვთის ტაძრის მიღმამოვიძიოთ ჭეშმარიტი სიცოცხლის გზა, წინასწარმეტყველი ადასტურებს, რომ სიონის მთაზე, იერუსალიმში დამკვიდრებულ ქრისტეს ეკლესიაში უნდა შევიდეთ, რადგან სწორედ სიონიდან გამოდის რჯული და ღვთის სიტყვა – იერუსალიმიდან. არ არსებობს ჭეშმარიტ სიცოცხლესთან მიმყვანებელი რჯული, – ამბობს მიქა, – გარდა თავად ღვთის სიტყვისა, რაშიც სახარებისეული სწავლება იგულისხმება და ხსენებული სწავლება სიონიდან, ანუ იუდეველთა ეკლესიიდან, იერუსალიმიდან, უნდა გამოვიდეს).         მხ. 3. ‘გაიკითხავს სამართალს უამრავ ხალხებს შორის და მსჯავრს დასდებს ძლიერ ხალხებს შორეთამდე; თავიანთ მახვილებს სახნისებად გამოჭედავენ და შუბისწვერებს - ნამგლებად; ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან". ეპისკოპოსი პალადი: ყველასთვის ცხადია, მოცემულ შემთხვევაში საუბარია ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის არსებულ მადლისმიერ და არა გარეგნულ მშვიდობაზე, რომელიც ბეთლემში სიმდაბლით შობილმა მიანიჭა სამყაროს. ‘ბაბილონიდან დაბრუნების შემდეგ, - შენიშნავს ნეტარი თეოდორიტე, - იუდეველებს მრავალ სხვა ერთან ერთად თავს დაატყვდათ გოგი და მაგოგი (სკვითი ხალხები), გამუდმებით ეომებოდნენ მეზობელი სახელმწიფოები, ერთი მხრივ, ედომელები, მოაბელები, ამონელები, მეორე მხრივ, ფილისტიმელები და სამარიელები, ხოლო მცირეოდენი დროის შემდეგ რისხვა მაკედონელთაგან იწვნიეს, რაც მაკაბელთა წიგნებშია აღწერილი". შესაბამისად, თავად ნეტარი თეოდორიტე აღნიშნულ წინასწარმეტყველებას ქრისტეშობის დროისთვის რომალეთა მიერ დამყარებულ მმართველობას უკავშირებს, როდესაც საყოველთაო მშვიდობამ დაისადგურა უკიდეგანო იმპერიაში. მაგრამ უნდა ითქვას, რომ გაცილებით ლოგიკურია, მიქას სიტყვები ყველა დროის ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს განვუკუთვნოთ, რადგან საღვთო სულით განმსჭვალულნი, ისინი მარადის სიყვარულსა და სიმდაბლეს იზრახავენ, არავისთან სურთ დაპირისპირება, ამიტომაც არავის ებრძვიან, თუკი ამის გარდაუვალი აუცილებლობა არ დადგება, კერძოდ, რაჟამს ეკლესიას, სამშობლოს, ახლობელთა გადარჩენას ეხება საკითხი).        მხ. 9. ახლა რად გაჰყვირი? მეფე არ არის შენში? იქნებ დაგეღუპა მრჩეველი, რომ კრუნჩხვა დაგმართნია მშობიარესავით?" პავლე იუნგეროვი: წინასწარმეტყველი ღვთივგანათლებული სულით იუდეველთა წინააღმდეგ ბაბილონიდან მომდინარე მომავალ განსაცდელებს ჭვრეტს და თითქოსდა სიკვდილისწინა კვნესას ისმენს. მას მკაფიოდ ესმის სიონისა და მთელი იუდეველი ერის გოდება და ამის მიზეზებს კითხულობს. შეძახილები, ერთი მხრივ, საომარ ყიჟინასა და განგაშს ჰგავს, ხოლო მეორე მხრივ, მშობიარის ყვირილს. სამეფო მმართველობას შეჩვეულ იუდეველ ერი, რომლის წიაღშიც მესიასთან დაკავშირებული მოვლენა სწორედ ამ მოდგმას, დავითის სამეფო შტოს, შეუკავშირდა, უდიდეს მწუხარებას მოეცვა მეფეების არყოლის მიზეზით, რადგან მეფეები სიცოხლესა და სუნთქვას უთანაბრდებოდა მათთვის. ამიტომაც ვარაუდობს მიქა, რომ მისგან მოსმენილი გოდება მეფეთა დაღუპვითაა განპირობებული). მხ. 10. ‘იტანჯე და იკვნესე, სიონის ასულო, მშობიარესავით, რადგან ახლა გახვალ ქალაქიდან და ველზე იცხოვრებ; ბაბილონამდე ივლი და იქ გადარჩები, იქ გამოგისყიდის უფალი მტრების ხელიდან". პავლე იუნგეროვი: საკუთარ შეკითხვას წინასწარმეტყველი თავადვე პასუხობს. იუდეველი ერის მწუხარება და გოდება არა მხოლოდ მეფეებისა და მათი მრჩევლების დაკარგვის შედეგი იქნება, არამედ გაცილებით მძიმე განსაცდელებისა: იერუსალიმიდან და სხვა ქალაქებიდან გადასახლებით, მშვიდი და კეთილმოწყობილი ცხოვრების დასრულებით, რაც იძულებით იქნება განპირობებული. სამშობლოდან გახიზნული ებრაელები ველად იცხოვრებენ მსგავსად მომთაბარე ტომებისა, სანამ ბაბილონს არ მიაღწევენ. მაგრამ მწუხარებას ნუგეში ჩაენაცვლება, რადგან ბაბილონში აღმოჩენილნი ყველა მტერს გადაურჩებიან. თანამედროვეთა ქედმაღლობის დამამდაბლებელი მიქას სიტყვები მორწმუნე ებრაელებს მომავლის იმედს ჩაუსახავდა გულებში. როგორც მშობიარობას ახლავს უდიდესი ტკივილი და შეჭირვება, მაგრამ ჩვილის დაბადებისას მწუხარება სიხარულით იცვლება, ასევე იუდეველთა განსაცდელს გადარჩენის იმედი გააცისკროვნებს. ბაბილონში გადასახლების საუწყებლად გამოყენებული ფორმა რჩეული ერის ეგვიპტიდან გამოსვლისას უდაბნოში ორმოცწლიანი მოგზაურობის ისტორიიდანაა გადმოღებული.        განმმარტებელთა ნაწილი (პროტესტანტი ეგზეგეტები) მიიჩნევდა, რომ ბაბილონურ ტყვეობამდე ერთი საუკუნით ადრე მცხოვრები მიქა ვერაფრით განჭვრეტდა გადასახლებისა და განთავისუფლების საიდუმლოს. შესაბამისად, მათი თქმით მოცემულ შემთხვევაში ისრაელის სამეფოსა და ასურეთის მიერ მის დაპყრობაზეა საუბარი, რაც წინასწარმეტყველისთვის, როგორც თანამედროვეობაში არსებული რეალობა, მარტივად მისახვედრი მოვლენა იყო. მაგრამ ტექსტი ამგვარი კომენტირების შესაძლებლობას არ იძლევა, ვინაიდან მიქა პირდაპირ ასახელებს ბაბილონს და არაფერს ახსენებს ასურეთის შესახებ).         მხ. 13. ‘მიდექი და ლეწე, სიონის-ასულო, რადგან რკინის რქებს დაგასხამ და სპილენძის ჩლიქებს გაგიკეთებ, რომ გააცამტვერო უამრავი ხალხები და შესწირო უფალს მათი მონახვეჭი და მათი დოვლათი მთელი ქვეყნიერების უფალს". ეპისკოპოსი პალადი: მიქა მომვალის შესახებ საუბრობს. მოვლენები ისეა წარმოდგენილი, თითქოს იუდეველთა მტერი პალესტინაში შემოჭრილა, თუმცა წინასწარმეტყველი მხნეობას სძენს თანამემამულეებს და აუწყებს მათ, რომ თუნდაც სძლიოს რჩეულმა ერმა მტერს, ეს არა საკუთარი ძალებით, არამედ ღვთის შემწეობით მოხდება. მსგავსად ზოგიერთი უძლეველი მხეცისა, რომლებსაც რქები და ჩლიქები გააჩნიათ, იუდეველნი ისეთ ძალას შეიძენენ, ნებისმიერ წინააღმდგომს დათრგუნავენ. ღმერთი ჰპირდება მათ, რომ ხსენებულ რქები რკინის, ხოლო ჩლიქები სპილენძის იქნება, ანუ გაცილებით უფრო ძლიერი და საშიში. სწორედ ასეთი ძალით შეგაიარაღებთ, - ეუბნება უფალი იუდეველებს, - თქვენი მტერბის წინააღმდეგ).        მხ. 14. ‘ახლა კი დაირაზმე, რაზმეულთა ასულო, ალყა შემოგვარტყი; კვერთხს შემოჰკრავენ სახეში ისრაელის მსაჯულს" . ისმის კითხვა: ვინ არის ისრაელის მსაჯული, რომელსაც კვერთხს შემოჰკრავენ სახეში? მიქა მოვლენას არ აზუსტებს. განმმარტებელთა მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება გამოითქვა. ნაწილი ფიქრობს, რომ მსაჯულში მაცხოვარი მოიზრება და ორ არგუმენტს გვთავაზობენ: 1. მახარებელთა თანახმად, კვერთხით სწორედ მაცხოვარს სცემდნენ სახესა და თავში . 2. ქრისტე ღმერთის შესახებ თხრობა შემდეგ თავში გრძელდება, რაც შესაბამისად, დაწყებული წინასწარმეტყველების ლოგიკური გაგრძელებაა. განმმარტებელთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ მიქას მიერ ხსენებული მსაჯული იუდას ბოლო მეფე სედეკიაა . ამ აზრის დასამოწმებლად მათ რამდენიმე არგუმენტი მოჰყავთ: 1. მოხმობილი მუხლის პირველ ნაწილში ბაბილონელთა იერუსალიმზე თავდასხმა იგულისხმება (შდრ. ‘ახლა კი დაირაზმე, რაზმეულთა ასულო, ალყა შემოგვარტყი"). 2. ტერმინი ’მსაჯულის" შესატყვისად ებრაულში გვხვდება ‘სოპეტ", ხოლო წინასწარმეტყველების შემდგომ ნაწილში, სადაც მაცხოვრის შესახებაა უწყება, გამოყენებულია სიტყვა ‘მოშელ". 3. წარმოდგენილი მუხლის პირველი სიტყვაა ‘ტეპერ", რაც ნაუწყები მოვლენის უახლოეს დროში აღსრულებას გულისხმობს და არა ისეთ შორეულ მომავალს, როგორიცაა ახ. წ. აღ.-ის I საუკუნე. თავი 5        მხ. 1. ‘შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან" . მოხმობილი წინასწარმეტყველება მათე მახარებელმა წარმოგვიდგინა როგორც უწყება ქრისტეშობის ადგილის შესახებ. ეფრათა ქ. ბეთლემის ძველი სახელწოდება იყო. იგი იერუსალიმიდან დაახლოებით რვა კილომეტრში მდებარეობდა.        თავის დროზე მოსემ თანამემამულეების უკეთ დახმარების მიზნით ებრაელები ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად დაჰყო . ამგვარი დაყოფა შემდეგშიც შენარჩუნდა. სწორედ აქედან მოდის შესიტყვება ‘იუდას ათასეულთა შორის" . მიქას სურდა, ქ. ბეთლემის სიმცირეზე გაესვა ხაზი, სადაც ათასი ადამინიც კი არ სახლობდა და, სავარაუდოდ, მეზობლად არსებული ორი ან მეტი დასახლების გაერთიანების შედეგად ქმნიდა ‘ათასეულს". ‘ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან". აღნიშნული ფრაზა გვაუწყებს, რომ უწინარეს ჟამს იმან, ვისზეც წინასწარმეტყველი საუბრობს, არაერთხელ წარმოაჩინა საკუთარი თავი ვითარცა მამის თანამოქმედმა.        ნეტარი იერონიმე: მათეს სახარებაში მოთხრობილია მოგვების იერუსალიმში ჩამოსვლის შესახებ, რამაც ჰეროდე და მთელი იერუსალიმი შეაძრწუნა. მეფის მიერ მოხმობილმა მწიგნობრებმა მოგვების შეკითხვაზე განაცხადეს, რომ იუდველთა მეფე ბეთლემში უნდა შობილიყო . სახარებისეული მოწმობა არ თანხვდება არც ებრაულისა და არც სეპტანტის რედაქციების შესაბამის ადგილებს . ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მახარებელთა მიერ ძველი აღთქმის წიგნებიდან ციტირება ხშირად ზეპირად, მეხსიერებაზე დაყრდნობით ხდებოდა და რიგ შემთხვევაში მსგავსი სახის უზუსტობებს სწორედ ეს განაპირობებდა. ვფიქრობ, მახარებელმა მოცემული უწყება ამ სახით შეგნებულად წარმოგვიდგინა, რომ მწიგნობართა და სამღვდელოთა უგულისხმობა ეჩვენებინა, ადამიანებისა, რომლებიც რჯულის ზედმიწევნით განსწავლულობას იჩემებდნენ, ამგვარი ცდომილებით კი წმინდა წერილისადმი მათი ზერელე დამოკიდებულება წარმოჩინდება). ბეთლემი მაცხოვრის შობის ადგილია. იგი იუდეაში მდებარეობდა. სწორედ აქედან იყო წარმოშობით დიდი მეფე დავითი. ქალაქის სახელწოდება ადგილის ნაყოფიერების მიმანიშნებელია, მაგრამ ამავდროულად სიმბოლურადაც გაიგება, რადგან განკაცებულმა ღმერთმა ადამიანებს საკუთარი სხეული ვითარცა ცხოველი პური მიჰმადლა. ტექსტში ნახსენები ეფრათა იგივე ბეთლემია, რადგან სახელი ეფრათა ითარგმნება როგორც Kარპოფო`რონ - ნაყოფმსხმოიარე . ამავდროულად ეფრათა ბეთლემში მცხოვრები ხალხის მამათავრის სახელია და ეს ხალხი ეფრათიანელებად იწოდებოდნენ .        პავლე იუნგეროვი: განსაცდელებზე საუბრის პარალელურად მიქა მსმენელებს მომავალი სასიხარულო მოვლენის შესახებ აუწყებს და ეს მოვლენა იქიდან აღმოცისკრდება, საიდანაც, ადამიანური განსჯის მიხედვით, ყველაზე ნაკლებად ელიან მას. პატარა იუდაური ქალაქი - ბეთლემი-ეფრათა იუდეველთათვის ნუგეშის წყარო იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ბეთლემში ათასი მოსახლეც არ მკვიდრობდა, იგი საკუთარი წიაღიდან ისრაელს მეუფეს მიანიჭებს. ხსენებული მეუფე ბუნებით ზეჟამიერია. მისი ხორციელი შობა არაფრით ჰგავს მამისაგან უდროოდ შობას, რადგან პირველი ჟამიერია, ხოლო მეორე მარადიული. ეფრათას ბეთლემში იუდეის ბეთლემი იგულისხმება, რომელიც იერუსალიმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ორი საათის მანძილზე მდებარეობდა. სწორედ აქედან იყო წარმოშობით დავითი და მისი ოჯახი, რამაც აღნიშნულ ქალაქს დავითის ქალაქის სახელი განუკუთვნა. სახელი ბეთლემი პურის სახლს ნიშნავს, მაგრამ იმავე სახელს სინონიმური წოდებაც ემატება: ეფრათა – ნაყოფიერი. ორივე სახელის წარმომავლობა ხსენებული ქალაქის გარშემო არსებულ ნაყოფიერ ველებს უკავშირდებოდა და, ამავდროულად, ამ ქალაქის პირველმოსახლეთა სახელებიდან მომდინარეობდა . მიუხედავად პალესტინაში არსებული სიღარიბისა და დაუსახლებლობისა, ხსენებული ქალაქი ახლაც, მშვენიერი ველებითაა შემოსაზღვრული . ბიბლიური უწყება (ებრ.) ‘უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის" (Gრ. ოჯლიგოსტოსინ Iოუდა. შდრ. ‘მცირე ხარ, რომ იუდას ათასეულთა შორის იყო". ძვ. ქართ. ‘მცირე ხარ ყოფად ათასეულთა შორის იუდასთა") ასე უნდა გვესმოდეს: მოსე წინასწარმეტყველმა თავის დროზე იუდეველი ერი ორმოცდაათეულებად, ასეულებად და ათასეულებად დაყო, სათავეებში წინამძღოლები-მსაჯულები დაუდგინა. ამგვარი კლასიფიკაცია უდაბნოში მოგზაურობის დროს მოქმედებდა და აღთქმული მიწის დაპატრონების შემდეგაც გაგრძელდა. წმინდა წერილის ავტორებს არაფერი უთქვამთ, თუ როგორ ფუნქციონირებდა ხსენებული დაყოფა ქალაქებსა და სოფლებში. შესაძლოა, ათასეულით წარმოდგენილი საზოგადოება ქალაქებში სახლდებოდა, ხოლო ორმოცდაათეულებად და ასეულებად დაყოფილი ოჯახები - სოფლებსა და დაბებში. თუკი ამგვარ კლასიფიკაციას გავითვალისწინებთ, მაშინ მიქას სიტყვები ასეთ შინაარს გადმოგვცემს: ქალაქი ბეთლემი უმნიშვნელო იყო მასში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე. მას არ ჰყავდა ათასი მამაკაცი, რომელთა აღრიცხვა ოცი წლიდან ზევით ხდებოდა და, შესაბამისად, საკუთარი მოსახლეობის ხარჯზე ცალკეულ ათასეულსაც ვერ მოიცავდა. იგი, სავარაუდოდ, რამდენიმე ქალაქის შემადგენლობაში შედიოდა, რომლებიც ერთობლივად ქმნიდნენ ათასეულს. და სწორედ ეს ქალაქი, რომელმაც საკუთარ სამეფოს ოდესღაც მეფე დავითი და სამეფო მოდგმა უბოძა, გარკვეულ ჟამს არა მარტო ებრაელებს, არამედ მთელს კაცობრიობას ბუნებით მეუფეს მოუვლენს. მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრებამ უარყო თეოდორე მოპსუესტიელის აზრი, რომელიც მიქას ზემოთმოტანილ წინასწარმეტყველებას ზორუბაბელს განუკუთვნებდა).         ეპისკოპოსი პალადი: უფლის სული ახალი ნათლით განაცხოველებს წინასწარმეტყველს და უცხადებს მას, თუ როგორ მხსნელს და საიდან უნდა მოელოდნენ იუდეველნი, ან უკეთ რომ ვთქვათ, მთელი კაცობრიობა. მიქას ეუწყება, რომ მხსნელი ბეთლებიდან აღმოცისკრდება. ამიტომაც სასიხარულო გაკვირვებით ჭვრეტს მორაშეთელი მქადაგებელი ხსენებული ქალაქის მომავალ დიდებას, რომელიც გარეგნულად არაფრით სხვაობს სხვა იუდაური ქალაქებისგან, პირიქით, ბევრ მათგანს ჩამორჩება კიდეც სიმდიდრით, სილამაზით თუ მოსახლეობის რაოდენობით. ბეთლემი (‘პურის სახლი") იერუსალიმთან ახლოს მდებარე მცირე ზომის ქალაქი იყო. ამიტომაც უწოდებს მას მიქა ‘უმცირესს", რაშიც საცხოვრისებისა და მოსახლეობის სიმწირე იგულისხმება, თუმცა, მისივე თქმით, არაფრითაა იგი იუდეველთა მთავარ ქალაქებზე უმცირესი საკუთარი მაღალი დანიშნულების მიზეზით, რადგან სწორედ იქ უნდა იშვას ხორციელად კაცობრიობის მხსნელი. ბეთლემს უძველესი დროიდან ეფრათას, ანუ ნაყოფმსხმოიარესაც უწოდებდნენ. ‘მოკვდა რახელი, - ვკითხულობთ დაბადების წიგნში, - და დაიმარხა ეფრათის გზაზე. ეს არის ბეთლემი" . იგი დავითის სახლადაც მოიხსენიება, რადგან სწორედ იქ დაიბადა და მეფედ იქნა ცხებული დავითი , იმავე ქალაქში ცხოვრობდნენ დავითის წინაპრები . უნდა ვიცოდეთ, რომ სხვაა იუდეის ბეთლემი და სხვა გალილეაში არსებული იმავე სახელის მქონე ქალაქი ბეთლემი .        ‘შენგან გამოვა მთავარი". აღნიშნულ სიტყვებთან დაკავშირებით წმინდა ეფრემ ასური ასე მსჯელობს: ‘აქ ეფრათას ბეთლემში ქალწულისაგან ღვთის სიტყვის ხორციელ შობაზეა საუბარი. წინასწარმეტყველს არ უთქვამს: ის შენგანაა, არამედ: შენგან გამოვა, ე.ი. ხორციელად მოევლინება, ხოლო ბუნება, რითიც მარადიული და დაუსაბამო ღმერთია იგი, სამყაროში მოსვლისას განა შენგან მიიღო, რადგან ზეჟამიერია საღვთო ბუნებით". მოცემულ შემთხევაში რომ ღვთის ძის, ღმერთკაცის, სამყაროს მხსნელის, უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტად ხორციელ შობაზეა საუბარი, ამას უცხადესად თავად მათე მახარებელი ადასტურებს. ვინმეს რომ არ ეფიქრა, თითქოს აქ ჩვეულებრივი მეფის შესახებაა უწყება, წინასწარმეტყველი მოხმობილ სიტყვებს ამატებს: ‘ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან". აი ასეთი მეფე უნდა გამოვიდეს ბეთლემიდან, რომელიც უდროობაში იშვება და მარადიული მეფეა! ‘წინასწარმეტყველი აღნიშნული სიტყვებით მეუფის ღვთაებრიობაზე მიუთითებს, რომელიც ბეთლემში უნდა შობილიყო. მართალია, ხორციელად დროში იშვა, თუმცა ბუნებით დაუსაბამოა იგი". და ბოლოს, მოცემულ შემთხვევაში მიქა არათუ ზორუბაბელის შესახებ საუბრობს, როგორც იუდეველებს მიაჩნიათ, არამედ მარადიული მეუფეს გვახარებს, რომელიც უჟამოდ მამისაგან იშვება და ხილული თუ უხილავი მტრებისგნა დაიხსნის ადამიანებს).        მხ. 2. ‘ამიტომ მიუშვებს მათ იმ დრომდე, ვიდრე არ შობს ის, რომელმაც უნდა შობოს; დანარჩენი ძმებიც დაბრუნდებიან ისრაელიანებთან". სანამ განკაცების ჟამი დადგებოდა, უზენაესი ძველი აღთქმის ეპოქაში რჩეულ ერთან წმინდა წერილის, წინასწარმეტყველების, წმინდა ადამიანების საშუალებით შედიოდა ურთიერთობაში. წინამდებრე მუხლში გადმოცემული შინაარსი გვაუწყებს, რომ უფალი იუდეველ ერს გარკვეულ ჟამამდე მიუშვებს, ანუ ჭეშმარიტი სარწმუნოების მფლობელი რაღაც დრომდე სწორედ ეს ერი იქნება, ‘ვიდრე არ შობს ის, რომელმაც უნდა შობოს" და სწორედ მაშინ დაუბრუნდება გაბნეული სამწყსო ზეციური მამის წიაღს. პავლე იუნგეროვი: მეფე აქაზის წინაშე წარმოთქმული ესაიას წინასწარმეტყველება ცნობილი იყო მიქას თანამედროვე საზოგადოებისთვის . ამიტომაც მიქა აიგივებს რა ბეთლემელ მეუფეს ესაიას მიერ ნაუწყებ ემანუელთან, მისი დედის შესახებ დეტალურ აღწერილობას აღარ იძლევა, ვისი ენითაღუწერელი დიდებულება მშვენივრად უწყოდა მსმენელმა).        მხ. 3-5. ‘ის დადგება და დამწყემსავს უფლის ძალით, უფლის, თავისი ღმერთის სახელის დიდებით, და მობრუნდებიან; რადგან ამიერიდან იდიდებს ის ქვეყნის კიდემდმე და ის იქნება, მშვიდობას რომ მოიტანს. როცა აშური მოვა ჩვენს ქვეყანაში და როცა ფეხს დაადგამს ჩვენს დარბაზებში, მაშინ აღვძრავ მის წინააღმდეგ შვიდ მწყემსს და რვა ცხებულს. დამწყემსავენ აშურის ქვეყანას მახვილით და ნიმროდის ქვეყანას მის კართან, და იხსნის აშურისგან, როცა ის მოვა ჩვენს ქვეყანაში და როცა ჩვენს საზღვრებში შემოდგამს ფეხს".        წმ. კირილე ალექსანდრიელი: ასურის შესახებ უწყება სხვა წინასწარმეტყველებთანაც არაერთგზის გვხვდება და ძირითად მასში, როგორც წესი, ასურეთის იმპერია, გარკვეული დროის მანძილზე მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო, იგულისხმება, მაგრამ მიქასთან იმავე ასურში დემონი და დაცემული სულები მოიაზრებიან. დარბაზები ქრისტეს ეკლესიას განასახირებენ, ხოლო დარბაზებში ფეხის ჩადგმა ეკლესიის წიაღში მყოფ წმინდა ადამიანებთან დაპირისპირებას გულისხმობს. მაგრამ როდესაც ასური ჩვენს ქვეყანაში მოვა და დარბაზებში ფეხს ჩაადგანს, წინასწარმეტყველის სიტყვით, მის წინააღმდეგ შვიდი მწყემსი და რვა ცხებული აღიძვრება . შვიდი მწყემსში ძველი აღთქმის მართალნი მოიაზრებიან, ისინი, ვისაც ჰქონდათ ხელმწიფება, ღვთის სიტყვა ექადაგათ და ცოდვისმიერი გზიდან სიმართლისკენ მოექციათ ადამიანები. რვა ცხებულში ახალი აღთქმის მართალნი იგულისხმებიან: მოციქულები, მოძღვრები, ხუცესები, რომლებსაც სამების სახელით ნათლისღება დაევალათ. ასური ასევე ნებროთის ქვეყნადაა სახელდებული, რადგან იგი ამ ხალხის მამამთავარი იყო. აქვეა ნახსენები, რომ ‘დამწყემსავენ ასურის ქვეყანას მახვილით". მახვილში ყოველგვარი უკეთურების განმკვეთელი ღვთის სიტყვა იგულისხმება).        ნეტარი იერონიომე: როდესაც დემონი მორწმუნეთა ქვეყანში მოვა და ღვთისგან დამწყემსილ ადამიანთა შეჭირვებას მოისურვებს, ჩვენი სულების სამკვიდროს ანუ სხეულს (შდრ. ‘როცა ფეხს დაადგამს ჩვენს დარბაზებში") დაიკავებს და შეეცდება, დაგვთრგუნოს და ღმერთს დაგვაპირისპიროს, უფლის სიყვარულს ნუ განვეშორებით, მაშინ კი ქრისტე ღმერთის მშვიდობა ან თავად ქრისტე უფალი დამკვიდრდება ჩვენში და იტყვიან: ვერაფერს გახდა მტერი მასთან ბრძოლაში. შვიდი ცხებული, ჩემი აზრით, პატრიარქები, წინასწარმეტყველები და წმინდა ადამიანები არიან, რომლებმაც შვიდეულში ანუ ძველი აღთქმის ეპოქაში იმოღვაწეს, ხოლო რვა ცხებული ან რვა წყლული ყველა ის ადამინია, ვინც ვიდრე დღევანდელ დღემდე იმუშაკა ახალი აღთქმის ეკლესიის წიაში და დათრგუნა და ბოლომდე დაუპირისპირდა ასურს ანუ დემონს). თავი 6         მხ. 1-2. ‘ისმინეთ, რას ამბობს უფალი: აღდეგ, დავა გაუმართე მთებს და ასმინე შენი ხმა გორაკებს! ისმინეთ, მთებო, უფლის დავა, და თქვენც, დედამიწის მყარო საფუძვლებო, რადგან დავა აქვს უფალს თავის ერთან და უჩივის ისრაელს". პავლე იუნგეროვი: იუდეველები სასამართლო შეკრებებს ღია ცის ქვეშ: ზოგჯერ ხის ჩრდილში, ზოგჯერაც ქალაქის კარიბჭესთან, მოედნებზე აწყობდნენ. ბრალდებული და ბრალმდებელი მოსამართლის წინაშე წარდგებოდნენ. აქვე მოჰყავდათ ორი ან მეტი მოწმე. განაჩენს მოსამართლე ყველა მხარის მოსმენის შემდეგ, მაშინვე აცხადებდა. თუკი საჭიროება მოითხოვდა, ხშირად ბრალდებულის დასჯის განჩინება ადგილზე, მოსამართლის თანდასწრებით ხდებოდა). ეპისკოპოსი პალადი: მას შემდეგ, რაც მიქამ ახალი ისრაელის მომავალი კეთილდღეობის შესახებ ისაუბრა, ამჯერად მამხილებელი სიტყვებით მიმართვას რჩეული ერის წარმომადგენლებს. ‘რადგანაც გონიერი არსებანი უგუნურებით იტანჯებიან, - ამბობს ნეტარი თეოდორიტე კვირელი, - ამიტომაც უსულო სხეულები სულიერთა მსაჯულები ხდებიან". წინასწარმეტყველი მთებს, გორაკებს, დედამიწის მყარს მიმართავს და ღვთის მსჯავრის მოწმეებად გამოჰყავს ისინი. ხსენებულ ადგილებზე იუდეველი ერი მრავალ სულიერ სიკეთეს ზიარებია, მაგრამ მიუხედავად ამისა იმავე ერს იგივე ადგილები უკეთურებისა და საშინელი კერპმსახურების ცენტრებად უქცევია. უსულო არსებებისადმი ამგვარი მიმართვით მიქა ირიბად ისრაელის ძეებს მოუწოდებს სინანულისაკენ).         მხ. 3-4. ‘ჩემო ერო, რა გაგიკეთე და რითი დაგაღონე? გამეცი პასუხი. ხომ გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან და მონობის სახლიდან გამოგისყიდე; წინ წაგიძღოლე მოსე, აარონი და მირიამი". წმ. კირილე ალექსანდრიელი: უფალი იუდეველებს ეგვიპტიდან გამოხმობას შეახსენებს, სადაც ებრაელები უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. წარმოდგენილი მუხლები შეიძლება ასე გვესმოდეს (მიმართვა იუდეველებისადმი): ნუთუ მოსეზე მოგიბრუნდებათ ენა და ცუდს იტყვით მასზე? ადამიანზე, ვინც საშინელი სიმდაბლიდან და უპატიობიდან გამოგიხსნათ, ან იქნებ მღვდლების მიმართ გრძნობთ უკმაყოფილებას, რომლებიც აარონის ჩამომავალნი არიან და თავად უფალმა გამოირჩია შუამავლად ღმერთსა და ადამიანებს შორის? რაღას იტყვით მირიამზე? ვინც, ეგვიპტელთა დაღუპვით ფრიად აღტაცებული, სადიდებელ ჰიმნებს გალობდა და სხვა მგალობლებსაც წინამძღვრობდა.        ეს სიტყვები ჩვენც განგვეკუთვნება, რადგან უფალმა სულიერი ეგვიპტის ტყვეობიდან გამოგვიხსნა, აგურისა და თიხის დამუშავებაზე ანუ ვნებებსა და ცოდვებზე უარის თქმის ხელმწიფება მოგვიბოძა. მოსე განკაცებული ღვთის ძის წინასახეა, აარონი ახალი აღთქმის ეკლესიის სასულიერო იერარქიის სიმბოლოა, ხოლო მირიამი ეკლესიას განასახირებს. როგორც იგი ხარობდა მტრებზე გამარჯვებას, ასე ხარობს, აქებს და განადიდებს ეკლესია უფალ ღმერთს, უკეთური ძალის შემმუსვრელ იესო ქრისტეს). ეპისკოპოსი პალადი: სურს რა უმადური ერის გულს შეეხოს, ღმერთი წყალობისა და სიყვარულის სიტყვებით მიმართავს მას. ქვის გული უნდა გქონოდა, რომ აღნიშნული სიტყვებით სირცხვილი და სინდისის ქენჯნა არ განგეცადა. უფალი ღმერთი თავად საკუთარ თავს სთავაზობს რჩეულ ერს სამსჯავროდ და კითხულობს, თუ რით შეურაცხყო მან ისინი, რომ მიატოვეს და კერპებს ეთაყვანებიან. იუდეველთა ეგვიპტური ტყვეობიდან გათავისუფლება უდიდესი სასწაულებით გამოირჩეოდა, რითიც ისრაელის კეთილდღეობასა და დამოუკიდებლობას დაედო დასაბამი, რაც იუდეველი ერის ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული მონაკვეთია. ამიტომაც ახსენებს უფალი მსმენელს განვლილ დროებას, რომ უმადური ადამიანები საკუთარი დანაშაულის ჩემეცნებამდე მიიყვანოს).        მხ. 5. ჩემო ერო, გაიხსენე, რას განიზრახავდა ბალაკი, მოაბის მეფე, და რა პასუხს სცემდა მას ბალაამ ბეყორის ძე შიტიმიდან გილგალამდე, რათა გცოდნოდა უფლის წყალობანი". წმ. კირილე ალექსანდრიელი: უფალი კიდევ ერთ შემთხვევას იგონებს. მოაბელი ბალაკი ბალაამს მიიწვევს იუდეველთა დასაწყევლად, თუმცა ნაცვლად წყევლისა ბალაამი ყველგან კურთხევას გამოთქვამს. უფალი მოგვ ბალაამს იუდეველი ერის სიტყვიერი შეურაცხყოფის უფლებასაც არ აძლევს. როგორია საპასუხო ქმედება? ისინი პირველივე შემთხვევისას ოქროს ხბოს კერპს სცემენ თაყვანს). ეპისკოპოსი პალადი: უფალი ამჯერად რჩეული ერის ცხოვრებაში განვითარებულ სხვა მოვლენას შეახსსენებს მსმენელს, როდესაც იუდეველები აღთქმული ქვეყნისკენ მიიწევდნენ არაბეთის უდაბნოს გავლით. ამორეველთა დათრგუნვის შემდეგ მოაბელთა მიწას მიუახლოვდნენ ისინი. ებრაელთა გამარჯვებების შესახებ ამბავმა ეს უკანასკნელნი შეაძრწუნა და ენითგამოუთქმელი შიში მოჰგვარა. ასე ამბობდა მოსახლეობა: როგორც კალია ბალახს, იუდეველნი ყველაფერს ნთქავენ ჩვენ ირგვლივ. საკუთარი სამეფოს ბედზე დადარდიანებულმა მეფე ბალაკმა იუდეველთა დაღუპვა მესოპოტამიაში, ხარანთან ახლოს მცხოვრები ბალაამის დახმარებით მოინდომა, რადგან სჯეროდა, რომ თუ ხსენებული მოგვი ვინმეს დაწყევლიდა, უეჭველად დაიღუპებოდა ასეთი. მოიპატიჟა იგი და ებრაელთა შეჩვენება სთხოვა, მაგრამ ზეგარდამო შთაგონებული ბალაამი ნაცვლად წყევლისა სამგზის აკურთხებს იუდეველ ერს და კეთილ მომავალს, მტრების დამარცხებასა და მესიის მოსვლას უწინასწარმეტყველებს, რომელიც იაკობისგან აღმოცისკრებული ვარსკვლავი და ისრაელის კვერთხი იქნება. ასე რომ, ღმერთმა ბალაამის ხელით არა მარტო დაღუპვას გადაარჩინა იუდეველი ერი, არამედ უსაზღვრო ნუგეში აღუთქვა მათ. ამავდროულად უფალი რჩეული ერს სიტიმიდან გილგალამდე მოგზაურობისას მრავალგზის მინიჭებული წყალობის შესახებ მოაგონებს მსმენელს და ასე მიმართავს: გაიხსენეთ, როგორი განსაცდელებისგან მიხსნია თქვენი წინაპრები, მოაბელთაგან გადავარჩინე და სასწაულებრივად გადავალახინე მდინარე იორდანე. წინადაცვეთის გზით თქვენი წინაპრები და მათთან ერთად თქვენც შეგიწყნარეთ, სისხლისღვრის გარეშე გიბოძეთ იერიქონი, რომ ღვთის სიდიადე შეგეცნოთ. იმისთვის მოგანიჭეთ ესოდენი წყალობა, რათა ჩემი აღთქმების ჭეშმარიტება გულისხმაგეყოთ. რაც თქვენს წინაპრებს დავპირდი, აღვუსრულე კიდეც და აღთქმული მიწა ვუბოძე).         მხ. 6-7. რით წარვდგე უფალთან და თაყვანივსცე მაღალ ღმერთსო? სრულადდასაწველებით, წელგამოვლილი ხბორებით ხომ არ წავრდგეო? ეამება კი უფალს ათასი ვერძი, ზეთის ათიათასი მდინარეო? ხომ არ მივცე ჩემი პირმშო ჩემი დანაშაულის წილ, ნაყოფი ჩემი წიაღისა ჩემი საკუთარი ცოდვის წილო?" წარმოდგენილ მუხლებში წინასწარმეტყველი განმარტავს, თუ რას ელის ღმერთი ადამიანისგან. იუდეველთა წარმოდგენით, უფალთან ურთიერთობის დასამყარებლად ტაძარში აღვლენილი მსხვერპი იყო საკმარისი. ამის საპირისპიროდ დიდი მეფსალმუნე ბრძანებდა: ‘მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს". დავითის მიერ გაცხადებულ სწავლებას მიქა თანადაურთავს და ამბობს, რომ უზენაესი ადამინისგან ელოდება ‘მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე". პავლე იუნგეროვი: იუდეველები, რომლებსაც არც წარსულში და არც აწმყოში უზრუნიათ საკუთარი უკეთურებების გამოსასწორებლად, მომავალში იზრახავენ ამის აღსრუელბას. ისინი აცნობიერებენ დანაშაულს ღვთისა წინაშე, მაგრამ არ გააჩნიათ რა თავიანთი გადაწყვეტილება, რჩევისთვის მიქას მიმართავენ და ეკითხებიან, თუ როგორ სათნოეყონ ღმერთს. ეს ხალხი მზადაა, ტაძარში იაროს და, მოსეს რჯულდების თანახმად, ყველაზე ძვირადღირებული ძღვენი შესწიროს შემოქმედს. თუმცა ეეჭვებათ მსგავსი მსხვერპლით უფალთან კავშირის დამყარების შესაძლებლობა. წარმოდგენილ ბიბლიურ უწყებაში შვილების მსხვერპლად მოტანის შესახებაა უწყება. ეს არა იმის გამო ითქმება, რომ ადამიანთა მსხვერპლშეწირვაა ნებადართული, არამედ ერთგვარი ჰიპერბოლაა გამოყენებული, ვინაიდან შვილი მშობლის ყველაზე ძვირფასი შენაძენია. წინასწარმეტყველი იუდეველთა შეკითხვებს პასუხობს და ღმერთთან შერიგების გზებს უცხადებს. დიდი ხანია, რაც ამ ადამიანებს ეუწყა, თუ რას ითხოვს უზენაესი: სიმართლეს, წყალობასა და სიმდაბლეს. ხსენებულ სათნოებათა გარეშე უსარგებლოა ნებისმიერი მსხვერპლი. მათ შესახებ უწყება ჯერ კიდევ შორეულ წარსულში მიიღო ისრაელმა და იგივე რჯულდება ბიბლიურ წიგნებში მრავალგზის გამეორდა, მაგრამ მიქას თანამედროვეებს არც კი ახსოვდათ იგი. ისინი პირიქით, სიკეთეს დაუპირისპირდნენ, სიმართლე შეურაცხყვეს და საკუთარი თვალთმაქცური ღვთისმსახურებით იწონებდნენ თავს. თუკი ეს ხალხი უკეთურებას დაუტევებს და სიმართლეს, წყალობასა და სიმდაბლეს შეიმოსავს, კვლავაც ძალუძს, სათნოეყოს ღმერთს…         წინასწარმეტყველი განა მოსეს მიერ დადგენილ რჯულდებას უპირისპირდება მსხვერპლშეწირვის თაობაზე, არამედ საზოგადოების ზნეობრივ სახეს წარმოაჩენს, რომლებსაც ზემოხსენებული სათნოებები არაფრად მიაჩნდათ და, პირიქით, საკუთარი უკეთურ მეფეებს - აქაბსა და ამბრის ბაძავდნენ და ცბიერებითა თუ სიცრუით ცხოვრობდნენ. ამიტომაც მათგან შეწირული ძვირფასი ძღვენი არაფრად ფასობს უფლის წინაშე. მით უმეტეს უსარგებლოა შენაწირი, თუკი იგი ბეთილსა და დანში აღელინება). ეპისკოპოსი პალადი: მიქას წიგნში წარმოდგენილი სიტყვები ხალხს ეკუთვნის, რომელიც წინასწარმეტყველის ქადაგების გავლენაში მოექცა და ღვთის წინაშე საკუთარი დანაშაულის შემსუბუქების სურვილი გაუჩნდა. რა გავაკეთოთ, - კითხულობენ ისინი, - რომ ღმერთი მოვიმადლიეროთ? როგორი მსხვერპლი შევწიროთ? რა გზით მოვიპოვოთ მისი კურთხევა? განა ვპოვებთ ღვთის კეთილგანწყობას, თუკი ყოვლადდასაწველ მსხვერპლსა და ერთი წლის კრავს მივიტანთ სამხვერპლოზე? იუდეველები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ამიერიდან საკუთარ თავს ყოვლითურთ ღმერთს მიუძღვნიან, რადგან სწორედ ამას ნიშნავდა ყოვლადდასაწველი მსხვერპლი. თუმცა აქვე გარკვეულ ეჭვობენ, ესათნოვება კი უფალს ათასი ვერძი, ზეთის ათიათასი მდინარე? ხომ არ მივცე ჩემი პირმშო ჩემი დანაშაულის წილ? - კითხულობენ ისინი, ანუ მივცთ ჩვენი პირმშონი, პირველშობილი ვაჟები, ჩვენი ცოდვების წილ? ამას ამბობენ იუდეველნი, მაგრამ ამბობენ და აზროვნებენ როგორც წარმართები, რომლებიც მოლოქის სამსხვერპლოზე საკუთარი შვილების შეწირვით ხსენებული ღვთების მომადლიერებას იზრახავდნენ, რისთვისაც ცოცხალ ბავშვებს სპილენძის კერპის ხელში განათავსებდნენ, ხოლო საცოდავი მსხვერპლი აქედან კერპის შიგნით ჩაგორდებოდა და ცეცხლში იწვოდა. ჩვილთა საშინელი გოდება მაღალხმიანი მუსიკით იფარებოდა. აღნიშნული მსახურება საყოველთაო იყო და იუდეისა და ისრაელის სამეფოში თანადროულად მიმდინარეობდა. იგივე, მიწიერი დამოკიდებულება აქვს ხალხს მოცემულ შემთხვევაშიც და მიუხედავად ცხოველი ღმერთის შესახებ მოსმენილი სიტყვისა, შინაგანი განწყობა კვლავაც უცვლელი რჩება).         მხ. 8. ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე". ეპისკოპოსი პალადი: ამჯერად თავად უფალი პასუხობს მიქას ბაგეებით შემკითხველ ხალხს: ფუჭად გგონიათ, – ამბობს წინაწარმეტყველი, რომ ღმერთს მხოლოდ მსხვერპლშეწირვით მოიმადლიერებთ. გაცხადებულია თქვენთვის ღვთის რჯულსა და წინასწარმერტყველთა წიგნებში, თუ რა ესათნოვება და რით აღიხოცება მისი რისხვა. უფალი ღმერთი მოწყალებით შეცვლის საკუთარ გულისწყრომას, რაჟამს სამართლიან საქმეს მოიმოქმედებთ: ჯეროვნად მიაგებთ განურჩევლად ნებისმიერს, დამნაშავეს დასჯით, ხოლო მორთალს გაამართლებთ და დაიცავთ, უსამართლო სასამართლოთი არ დაამწუხრებთ ახლობელს. მაგრამ ეს ყოველივე არასაკმარისია. მრავალმოწყალე ღმერთისთვის სათნოა, რომ ვმორჩილებდეთ და გულმოდგინებით ვიცავდეთ მის მცნებებს. სწორედ ასე ძალგვიძს წყალობის მოპოვება).         მხ. 9.უფლის ხმა მოუწოდებს ქალაქს და ვინც ნაცადია, შეეშინდება შენი სახელის. გაუგონეთ კვერთხს და მის დამდგენელს". ეპისკოპოსი პალადი: უფალი იერუსალიმის მკვიდრებს მიმართავს და მომავალი განსაცდელის, ტყვეობის შესახებ აუწყებს მათ. მაგრამ განა ვინ იქნება, ხსენებულ ქალაქს სინანულითა და კეთილკრძალულებით რომ გაამშვენებს? ვინ შეიცნობს გულით საღვთო უწყებას იერუსალიმის მკვიდრთაგან?!).        მხ. 10-11. ‘თუ არის კიდევ ბოროტეულის სახლში ბოროტეული განძი და დამცრობილი საწყაო, დაწყევლილი? როგორ გავამართლო ბოროტეული სასწორი და ქისა მატყუარა საწონით?" პავლე იუნგეროვი: წინასწარმეტყველი იმ მიზეზებს განმარტავს, რისთვისაც დაისჯება ისრაელის სამეფო. ისინი სიმართლის მოთხოვნას არღვევენ, რადგან სახლებში უკანონოდ შეძენილი დიდძალი ქონება აქვთ დაუნჯებული. მოვაჭრენი ყალბ სასწორს იყენებენ, რაც სისაძაგლეა უფლის წინაშე . ებრაელები და აღმოსავლეთის სხვა ხალხები დღევანდელ დღემდე საკუთარი სასწორით დადიან საყიდლებზე. გირებად ქვის ნატეხებს იყენებენ. თაღლითები ორნაირ ქვას დაატარებენ: ერთს პირადი შენაძენისას სწორი წონის დასადგენად, ხოლო მეორეს შეძენილი ნივთის გაყდვისას, სხვისი მოტყუების მიზნით).         მხ. 12-13. ‘რადგან ქალაქის მდიდრები აივსნენ დატაცებულით; მისი მცხოვრებნი ტყუილებს ლაპარაკობენ და ცრუა მათი ენა მათ პირში. და მეც სასტიკად დაგცხებ, გაგატიალებ შენი ცოდვების გამო". პავლე იუნგეროვი: წინასწარმეტყველი კვლავ იმის შესახებ საუბრობს, თუ რაში ვლინდება იუდეველთა მხრიდან მომოქმედებული უკეთურება. სწორედ ტყუილითა და ცბიერებით გამდიდრდა ბევრი მათგანი, თუმცა არც მოსახლეობის სხვა სოციალური ფენები ჩამორჩებოდნენ მდიდრებს ბოროტმოქმედებაში. სიცრუის თქმას ისე შესჩვეოდნენ, რომ მათი ენა სხვას ვერაფერს ზრახავდა და უსინდისოდ ტყუოდნენ ღვთისა და კაცთა წინაშე. სწორედ ამ დმგომარეობის მიზეზით უფალი გარდაუვალ სასჯელს ჰპირდება შემცოდეებს, რისგანაც ვერავინ დაიხსნის თავს. მუდმივად ამხელდნენ წინასწარმეტყველები სიცრუეს . როგორც ჩანს, ეს ცოდვა იუდეველი ერის მარად თანმხლები მოვლენა იყო და საზოგადოების დიდი ნაწილი, ღვთივსულიერ მქადაგებელთაგან განსხვავებით, არ მიიჩნევდა მას მძიმე დანაშაულად. მაგრამ თუკი ხსენებული ცოდვა ადამიანსა და საზოგადოებაში ღრმად გაიდგამს ფესვებს, ასეთი პირისა თუ საზოგადოების სრულ ზნეობრივ გადაგვარებაზე მიუთითებს. შეუძლებელია, ცრუ ადამიანს ენდობოდე, პატის მიაგებდე, რაიმე სიკეთეს ელოდე მისგან. პირიქით, საშიშია იგი და საკუთარი ოჯახისთვის მხოლოდ ბოროტება მოაქვს, რადგან უზნეობაში სხვებსაც განსწავლის. თუ ასეთი ადამიანები რომელიმე სახელმწიფოს მართვის სათავეებთან აღმოჩნდებიან, უეჭველი დაღუპვა ელის მათი ხელით ქვეყანას. ‘სიცრუე სიყვარულის მტერია და ღვთისაგან განაშორებს ადამიანს. გონიერთაგან არავინ მიიჩნებს, რომ სიცრუის ცოდვა უმნიშვნელოა, რადგან სულიწმინდამ საშინელი მსჯავრი გამოთქვა მასზე: ‘წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყჳან სიცრუესა. კაცი მოსისხლე და მზაკუარი სძაგს უფალსა" . ასე რომ, ცრუ ადამიანი სულს წარიწყმედს", ბრძანებს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი. წმინდა ეფრემ ასური უფრო მკვეთრ შეფასებას გამოთქვამს: არ არსებობს ამაზე ღრმა წყლული, არ არსებობს ამაზე დიდი სირცხვილი. მატყუარა ყველასთვის მოსაბეზრებელია და სასაცილო. მიქას მხილების ჭეშმარიტება ისტორიული ცნობებითაც დასტურდება. ოსიას თანახმად, ხსენებული ეპოქის ისრაელის მმართველები ყალბისმოქმედი ადამიანები იყვნენ, რომლებიც მეფის დაღუპვას იზრახავდნენ, თუმცა სამეფო სუფრაზე ასე გაიძახოდნენ: ‘ჩვენი მბრძანებლის დღეა!"). თავი 7         მხ. 1.ვაგლახ, რომ ნაყარი ხილის შემგროვებელს და ყურძნის მცვრეველს დავემსგავსე! ერთი მტევანიც არ შერჩენია საჭმელად; პირველმოწეულ ხილს ნატრობს ჩემი სული". ბოლო თავის დასაწყისში წინასწარმეტყველი კიდევ ერთხელ შეახსენებს მსმენელებს იუდეის დაქცევის შესახებ და ამის მიზეზად მართალი ადამიანის არარსებობას ასახელებს (შდრ. ‘აღარავინ არის წრფელი კაცთა შორის…"). პავლე იუნგეროვი: წინასწარმეტყველი უდიდესი მწუხარებით დასტირის გარშემო არსებულ სათნოებათა სიცარიელეს. მისი თქმით, სახიერი ადამიანების რაოდენობით იუდეველი ერი ნაყოფშემოძარცვულ ვენახს ემსგავსება. როგორც ასეთ სავენახეში ვერ მიაგნებ ყურძენს, რომ დააგემოვნო იგი, ვერც იუდეველთა შორის აღმოაჩენ სათნო და კეთილისმზრახველ ადამიანს. კონტექსტიდან ჩანს, რომ მიქა იუდეის სამეფოზე, საკუთარ თანამოქალაქეებზე საუბრობს და მათ ზნეობრივ სახეს წარმოაჩენს, როგორც ისრაელთან დაკავშირებით აკეთებდა ამას წინარე თავში. სახელმწიფოს, ერის ვენახთან შედარება იუდეველთათვის ნაცნობი და გასაგები ფორმა იყო, რასაც მიქას პარალელურად ესაიაც მიმართავდა).         მხ. 4. უკეთესი მათ შორის ნარ-ეკალსა ჰგავს, სამართლიანი კი ძეძვზე უარესია; დადგება შენი მოთვალყურის დღე, შენი მონახულების დღე, მაშინ შეშფოთდებიან ისინი". პავლე იუნგეროვი: წინასწარმეტყველი, აერთიანებს რა იუდეის სამეფოს როგორც მმართველ ფენას, ასევე ზოგადად მთელი სახელმწიფოს მოსახლეობას, ამბობს, რომ მათ შორის საუკეთესო ნარ-ეკალს, ხოლო ყველაზე სამართლიანი ძეძვს დამსგავსებია. ამგვარი მდგომარეობა კი, მიქას თქმით, საღვთო რისხვის გარდაუვალობის უეჭველი დასტურია. იუდეველ ერს წინასწარმეტყველთაგან ნაუწყები განგაშის, დარდისა და უდიდესი განსაცდელების დრო დაუდგა. ებრაელები სავენახესა და ხეხილის ბაღს ქურდებისა და მხეცებისგან დაცვის მიზნით ნარ-ეკლებით ღობავდნენ. ასეთი ღობეების ეკლიანობა განსაკუთრებით შემოდგომაზე, ნაყოფის დაკრეფისა და ფოთოლცვენის შემდეგ შეინიშნებოდა. წინასწარმეტყველი სწორედ ასეთი სახის ღობეს ადარებს იუდეველებს, რომლებიც უკეთურებას აღარც კი მალავენ. ნარ-ეკალი პალესტინაში ერთ-ერთ ყველაზე მავნე მცენარედ მიიჩნევა. მის სიახლოვეს ვერაფერი ხარობს, რადგან ძლიერ ნაყოფიერია და მიწაში ღრმად იდგამს ფესვებს. სადაც ფეხს მოიკიდებს, მალევე მრავლდება და მთელს ფართობს მოიცავს. ისეთი ხშირი და მასიური ეკლები აქვს, რომ ხელის დაუზიანებლად ვერსაიდან შეეხები. ნარ-ეკლის ბუნებრივი თავისებურებანი სიმბოლური მნიშვნელობით კარგად წარმოაჩენს უკეთურ ადამიანთა მდგომარეობას.        მიქა მეთვალყურეებზე საუბრობს (შდრ. ‘დადგება შენი მოთვილყურის დღე") და მათში წინასწარმეტყველები იგულისხმებიან. ეზეკიელის წიგნში დეტალურადაა განმარტებული ხსებული ტერმინი. ისრაელის სახლის მოდარაჯედ განწესებულ წინასწარმეტყველს უკეთურების მოქმედი საზოგადოებისთვის საღვთო რისხვის შესახებ უნდა ეუწყებინა და სინანულისკენ ეწვია ისინი. თუკი იგი, ღვთის ნების შემეცნების შემდეგ, არაფერს აუწყებდა შემცოდეს და ეს შემცოდე საკუთარ ცოდვაში გარდაიცვლებოდა, მეთვალყურე-წინასწარმეტყელზე იქნებოდა მისი სისხლი. მაგრამ თუ წინასწარმეტყველი უფლის ნებას განაცხადებდა, ხოლო ცოდვილი არ შეისმენდა მისას და ასე აღესრულებოდა, ღვთისკაცი არაფერში დადანაშაულდებოდა. წინასწარმეტყველის მზრუნველობა – მოდარაჯეობა მთელს სამეფოზე ვრცელდებოდა. მქადაგებელს ზეგარდამო მსჯავრი უკეთურების მოქმედ სახელმწიფოებზეც უნდა გამოეთქვათ. თუკი არ შეისმენდნენ ისინი, მაუწყებელი თავისუფალი იყო ბრალისგან, მაგრამ საღვთო ნების გაუცხადებლობის შემთხვევაში სწორედ მქადაგებელს მოეკითხებოდა მსჯავრი . ასე რომ, წინასწარმეტყველები მოწოდებულნი იყვნენ, რომ ხალხის ცხოვრების წესს დაკვირვებოდნენ, მათი დანაშაულებანი ემხილებინათ და მოსალოდნელი განსაცდელები გაეცხადებინათ).        მხ. 5-6. ნუ ერწმუნები ახლობელს, ნუ ენდობი მეგობარს; შენს გვერდით მწოლისგან დაიცავი შენი ბაგეთა კარი, რადგან შვილი არცხვენს მამას, ქალიშვილი თავის დედას ეურჩება, რძალი - თავის დედამთილს; კაცის მტრები არიან მისი შინაურები". იუდაურმა საზოგადოებამ ძლიერი ზნეობრივი დეგრადაცია განიცადა. მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ წინასწარმეტყველი მსმენელს ურჩევს, უახლოეს ადამიანებსაც კი არ ენდოს. მიქას წინასწრმეტყველების წინამდებარე ნაწილი, ‘და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი", ახალ აღთქმაში მეორდება . ნეტარი იერონიმე: წარმოდგენილი სიტყვები მიგვანიშნებს, რომ ადამინი ერთადერთ ღმერთს უნდა სასოებდეს. არავინ გაიგოს ისე, თითქოს მიქა დაპირისპირებასა და წინააღმდეგობას შეაგონებს ვინმეს. წმინდა წერილის მიზანია, ადამიანს სწორი სულიერი ცხოვრება ასწავლოს და ღმერთის მარადიული თანაზიარი გახადოს. მცირე დროის შემდეგ, მართალია, ოდნავ განსხვავებულად, იმავეს იტყვის იერემიაც: ‘ესრეთ იტყჳს უფალი: წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოება აქუს კაცისა მიმართ, და განიმტკიცოს ჴორცი მკლავისა თჳსისაჲ, და უფლისაგან განდგეს გული მისი" . ამავდროულად იგივე სიტყვები სხვაგვარადაც განიმარტება: ‘ნუ ერწმუნები ახლობელს, ნუ ენდობი მეგობარს; შენს გვერდით მწოლისგან დაიცავი შენი ბაგეთა კარი". ახლობელი, მეგობარი, გვერდით მწოლი ჩვენი ხორციელი ბუნება, სხეულია, ვისი ნდობაც ადამიანს დაღუპვას უქადის. კაცის მტრები არიან მისი შინაურები". ჩვენი აზრით, ამ სიტყვების სიმბოლური მნიშვნელობა შემდეგია: ყოველი მამაკაცის თავი ისევე, როგორც ეკლესიისა, ქრისტეა. კაცში სწორედ მაცხოვარი მოიზრება, ხოლო მისი შინაური მტრები ეკლესიის წიაღში მყოფი ადამინები არიან, რომლებმაც წმინდა წერილი საკუთარი შეხედულებისამებრ განმარტეს და ეკლესიას მტრებად გაუხდნენ). პავლე იუნგეროვი: წინასწარმეტყველი გულისტკივილით აფრთხილებს მსმენელს, რომ გრძნობები ახლობლობისა, მეგობრობისა, ნათესაობისა იმდენად მოუძლურებულა, შეუძლებელია ვინმესი გჯეროდეს. მეგობრები და ნაცნობები არ იმსახურებენ ნდობას: ვერაფერში დაეყრდნობი მათ და ფრთხილად უნდა იყო ურთიერთობისას. არც საკუთარი ოჯახიც იმსახურებს სასოებას. ცოლი მზადაა, ქმრის საიდუმლო გასცეს, შვილები არა მარტო უდიერად ეპყრობიან მშობლებს, არამედ უპირისპირდებიან და შეურაცხყოფენ მათ. ოჯახი, ნაცვლად მოსიყვარულე ადამინაების ერთობისა, ურთიერთთან დაპირისპირებული მტრის ორ ბანაკს ემსგავსება. მიქას მიერ აღწერილი თანამედროვე იუდეველი ერის სახე, მისი კერძო თუ საზოგადო გამოვლინებებითურთ, იმდენად სამწუხაროა, მაცხოვარმა სწორედ აღნიშნული წინასწარმეტყველებიდან მოიხმო მაგალითი, როდესაც მეორედ მოსვლის წინ კაცობრიობის ზნეობრივი მდგომარეობის შესახებ სწავლება წარმოაჩინა მსმენელის წინაშე ).        მხ. 7. ‘მე კი უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს; შემიწყნარებს ჩემი ღმერთი". პავლე იუნგეროვი: მიუხედავად იუდეველი ერის ზნეობრივი გარყვნილებისა და ურთიერთისადმი გულში დამარხული დიდი მტრობისა, წინასწარმეტყველი სიმშვიდეს ინარჩუნებს. იგი ღვთის იმედსა და რწმენას სასოებს, უფალს სიყვარულით უმზერს და იცის, რომ მისი ვედრება შესმენილი იქნება. მიქას მდგომარეობა გარკვეულწილად ესაიას ყოფას ემსგავსება, როდესაც იუდეის სამეფოს ერთ შემთხვევაში სირიისა და ისრაელის გაერთიანებული სამხედრო ძალები, ხოლო მეორედ ასურეთის ძლევამოსილი ჯარი უტევდა. მეფე აქაზი ქარისაგან შერყეული ლერწმის მსგავსად მიმოიქცეოდა, ეზეკია კი მოთქვამდა, გოდებდა და ღმერთს ხსნას ევედრებოდა. სწორედ ამ ურთულეს ჟამს შეურყეველი სიმტკიცით ასპარეზზე გამოსული ესაია სულიერი თვალით ზეცას უმზერდა და საკუთარი სიმშვიდიდ შიშისაგან გონებადაბინდულ თანატომელებს განამტკიცებდა. ესაია თანამედროვე იუდეველთა მწუხარებას განიცდიდა და, ამავდროულად, მომავალში მოწევნად მძიმე განსაცდელებს ჭვრეტდა, მაგრამ საკუთარ თავსა და თანატომელებს ამშვიდებდა, რადგან იცის წინასწარმეტყველმა, რომ ყველა სახის განსაცდელი ადამიანისა თუ საზოგადოების ზნეობრივ გაჯანსახებას ემსახურება. მსგავსადვე მწუხარებდა მიქა აწმყოსა თუ მომავალში მოსახდენი მოვლენების მიზეზით, მაგრამ გამოუთქმელი საღვთო განგებულების გარდაუვალობად მიიჩნევდა მათ და ყოველივე ამაში უზენაესის სიყვარულს ხედავდა რჩეული ერისა თუ, ზოგადად, მთელი კაცობრიობისადმი. შესაძლოა, წინამდებარე მეშვიდე თავი იუდას სამეფოზე ასურელთა თავდასხმის დროსაა წარმოთქმული. შესაბამისად, ამ უმძიმეს ვითარებაში სარწმუნოების ორი ბურჯი, ესაია და მიქა, იუდეველებს განამტკიცებდა და სასოებას სძენდა).         მხ. 8-9. ‘ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო! თუმც დაცემული ვარ, აღვდგები; თუმც ბნელში ვზივარ, უფალია ჩემი ნათელი! დავითმენ უფლის რისხვას (რადგან ცოდვილი ვარ მის წინაშე), ვიდრე ჩემს საქმეს არ გაიკითხავს და არ გადამიწყვეტს თავის სამართალს; ნათელში გამიყვანს და მე ვიხილავ მის სიკეთეს". პავლე იუნგეროვი: თავად რწმენით გამტკიცებული წინასწარმეტყველი მთელს ისრაელს იმავეს შთააგონებს. უფალზე დაიმედებული იგი იუდეველთა მტრებს მიმართავს და ეუბნება, რომ ებრაელთა განსაცდელში, პოლიტიკურსა თუ ზნეობრივ განრღვეულობაში არაფერია მათთვის სასიხარულო. დაცემას აღდგომა და განდიდება მოჰყვება, სიბნელესა და მწუხარებაში დროებით ყოფნას ღვთისაგან გაცისკროვნება ენაცვლება. მიმართავს რა იუდეველებს, მიქა იაჰვის რწმენით განატკიცებს მათ. მომავალი ღვთის რისხვა, როგორც ცოდვათა მიზეზით მოწევნადი სასჯელი, სიმშვიდიდითა და უყვედრელად უნდა დაითმინო ისე, რომ უფლისადმი სასოება არასოდეს დაკარგო. იუდეველთა საღმრთო ერად გამორჩევა ცოდვათა გამრავლებისას ამავდროულად განსაცდელთა სიჭარბესაც განაპირობებს, მაგრამ ღვთისაკენ მიქცევის შემთხვევაში ცოდვილს გადარჩენის იმედსაც ანიჭებს). მორიგ მუხლებში მიქა იუდეველთა სამშობლოში დაბრუნებას წინასწარმეტყველებს და ამისთვის ხატოვან გამოთქმას მიმართვას: ‘ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო, თუმც დაცემული ვარ, აღვდგები…" მიქა ბაბილონს მიმართავს და ეუბნება, რომ არაა საჭირო სიხარული, რადგან არათუ მათი ძლიერების გამო დაატყვევეს იუდეველნი, არამედ იმიტომ, რომ თავად რჩეული ერი განუდგა ღმერთს. მაგრამ დადგება ჟამი, როდესაც ისინი კვლავ ფეხზე დადგებიან.         მხ. 10. ‘დაინახავს ამას ჩემი მტერი და სირცხვილი შეიპყრობს, რომ მეუბნებოდა, სად არის უფალი, შენი ღმერთიო? მაშინ იხილავენ მას ჩემი თვალები, როცა ქუჩის ტალახივით სათელავი გახდება". ბაბილონელები თვლიდნენ, რომ თუნდაც იუდეველთა ღმერთს მოენდომებინა რჩეული ერის გამოხსნა და ხალხის შინ დაბრუნება, ისინი მაინც ტყვეობაში დარჩებოდნენ. მიქა ძლევამოსილ იმპერიას დაცემას უწინასწარმეტყველებს, რაც სრული სიზუსტით ახდა 539 წელს. მეფე კიროსი სპარსული და მიდიური ჯარით ბაბილონში შეიჭრა და წერტილი დაუსვა ძლევამოსილი სახელმწიფოს არსებობას. მანვე იუდეველები 538 წელს გამოცემული ბრძანებით სამშობლოში დააბრუნა.        მხ. 11. ‘შენი კედლების აშენების დღე შენი რჯულის გავრცელების დღე იქნება". პავლე იუნგეროვი: შემდეგ მუხლში გადმოცემული შინაარსის გათვალისწინებით მიქას წარმოდგენილი უწყება მოსეს რჯულით რჩეულ ერსა და წარმართობას შორის დადებული ზღუდის გაუქმების შესახებ გვატყობინებს. დამცავი კედლების აღმოფხვრა ყველა ხალხს მისცემს შესაძლებლობას, იერუსალიმში მოიყარონ თავი და თაყვანი მიაგონ იაჰვეს, იუდეველთა ღმერთი ყოვლეთა ღმერთი გახდება).        მხ. 12. ‘იმ დღეს შენამდეც მოვლენ აშურიდან და ეგვიპტის ქალაქებიდან, ეგვიპტიდან ევფრატამდე, ზღვიდან ზღვამდე და მთიდან მთამდე". პავლე იუნგეროვი: როდესაც დადგება ჟამი იუდეველთა წარმართთაგან დამცავი ზღუდის აღებისა, მაშინ ეს უკანასკნელნი ებრაელებთან შესაერთებლად იჩქარებენ. სიონისკენ იდინებენ ხალხები ასურეთიდან, ეგვიპტიდან და ყველა ზღავასა და მთას შორის არსებული სახელმწიფოებიდან. წინასწარმეტყველი არ საუბრობს იმის შესახებ, თუ რა მიზეზით დაიძვრებიან ხსენებული ხალხები იუდეისკენ, რადგან ამის თაობაზე უწინარეს ჰქონდა მსჯელობა).         მხ. 14. ‘დამწყემსე შენი კვერთხით შენი ერი, შენი სამკვიდრო ფარა, ტყეში მცხოვრები მარტოდმარტო, შუაგულ ქარმელში. იბალახოს ბაშანში და გალაადში ძველებურად!" პავლე იუნგეროვი: წინასწარმეტყველი ლოცვით მიმართავს ისრაელის ღმერთს, რომ მწყემსი არ მოაკლოს ამ ხალხს. მართალია, მიქა არ აკონკრეტებს, თუ ვის მოიაზრებს იგი მწყემსში, მაგრამ მიუხედავად ამისა იუდეველ თუ ქრისტიან განმმარტებელთა შორის ერთგვაროვანი პასუხი არსებობს ამის თაობაზე და მწყემსში თავად უფალი მოიაზრება. მიქა იერუსალიმის საყოველთაო მეუფების, მისკენ მომავალი ერების, იუდეველთაგან ასირიელებისა და ბაბილონელების დამარცხების შესახებ საუბრობს და, ერთი შეხედვით, თითქოს რჩეული ერის მსოფლიო ბატონობის იდეას წარმოადგენს, მაგრამ საქმე ისაა, რომ პარალელურად ყველგან და ყოველთვის განმარტებას იძლევა, რომ ზოგიერთი იუდეველის მოლოდინისამებრ, ამაში სულაც არ იგულისხმება ამასოფლიური მეუფება. მაშ ასე, იუდეველი ერის მომავალი ნეტარება და ბედნიერება, მიქას აზრით, ამ ერისადმი ღვთის სიყვარულსა და ხალხის ღვთისადმი ტრფობაში მდგომარეობს და ასეთი სიყვარულის გარეშე არაფერს ნიშნავს ერის გარეგნული კეთილდღეობა: მასთან ერთობით უდაბნოშიც კი შესაძლოა ბედნიერი იყო, ხოლო სიყვარულის არარსებობა, თუნდაც მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოდაც რომ იქცე, გარდაუვალ შინაგან ტანჯვას განიჭებს. მსგავსი სახის უწყება წმინდა წერილის მრავალ წიგნში გვხვდება. აღნიშნული განცდები თავად ძველი აღთქმის მართალთა მამოძრავებელი ძალაა, რომლებიც სიყვარულით სუნთქავდნენ და თვინიერ ამ გრძნობისა არაფერი სურდათ ცათა შინა, თუ ქვეყანასა ზედა. სწორედ იმავე გრძნობით ხელმძღვანელობდნენ მოგვიანებით ასპარეზზე გამოსული ქრისტიანი მოღვაწეები, როდესაც ყოველივეს დაუტევებდნენ და საკუთარ ცხოვრებას უძღვნიდნენ შემოქმედს).         წმ. ეფრემ ასური: ისტორიული მნიშვნელობით, - ბრძანებს წმინდა ეფრემ ასური, - წინასწარმეტყველი მოცემულ შემთხვევაში ზორუბაბელის შესახებ საუბრობს, რომელიც იუდეველთა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ხელმძღვანელად იქნა დადგენილი, რომ საკუთარი ერი ეწინამძღვრა და დაეცვა. დამწყემსე, ზორუბაბელ, ამბობს მიქა, სიმდაბლის ხელმწიფებით. სულიერი მნიშვნელობით კი იგივე უწყება ქრისტე ღმერთზე განხორციელდა).        მხ. 15. ‘გაჩვენებ სასწაულებს, როგორც იმ დღეებში გაჩვენე, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოდიოდი". პავლე იუნგეროვი: წინასწარმეტყველის გულმოდგინე ლოცვას უფალი ეხმიანება და განწმენდილ ისრაელს ისეთივე ენითგამოუთქმელ შეწევნას ჰპირდება, როგორც რჩეულ ერად დადგინებისას არაერთგზის გაუწევია მისთვის. ვითარცა ეგვიპტიდან გამოსვლისას ებრაელთა გადარჩენისა და მტრების დათრგუნვის მიზეზით მრავალი სასწაული გამოვლენილა, მომავალ ჟამს იგივე უფალი ასევე მზადაა, ნიშანთა სიმრავლე გამოუცხადოს იუდეველთ. ეს ნიშები დაამდაბლებს რჩეული ერის მტრებს, მათ დიდებულებას დათრგუნავს და იაჰვესადმი შიშს შთაუნერგავს. მიქას მიერ ლოცვაზე ზეგარდამო მიღებული სწრაფი პასუხი არ არის გამონაკლისი, რადგან უფალი ესაიას ბაგეებით იუწყებოდა, რომ ‘წყალობით შეგიწყალებს შენი ღაღადების ხმაზე, როგორც კი მოესმება, პასუხს გაგცემს" . ღვთივსათნო საქმეების აღმსრულებელმა და მისი მცნებების დამცველმა წინასწარმეტყველმა ლოცვაზე მიიღო პასუხი.         მხ. 16-17. ‘დაინახავენ ხალხები და შერცხვებათ თავიანთი ძლიერებისა; ხელს პირზე მიიდებენ და სასმენელნი დაუყრუვდებათ. მტვერს დაუწყებენ ლოკვას გველივით, ქვეწარმავალივით; აკანკალდებიან თავიანთ ციხე-კოშკებში; შიშის ზარი ექნებათ უფლის, ჩვენი ღვთისა და შენიც შეეშინდებათ". პავლე იუნგეროვი: ღვთის დანაპირებში დარწმუნებული მიქა მომავალი სასწაულების შესახებ იუწყება. როგორც ეგვიპტიდან იუდეველთა გამოსვლისას დამარცხდა და დაითრგუნა ეგვიპტე, ზუსტად ასევე ებრაელთა მისამართით გაღებული საღვთო შეწევნით დაიძლევიან მძლავრი წარმართი ხალხები. დაინახავენ ისინი, რომ ყველანაირი დიდება, ძალა და სიმტკიცე სრული არარაობაა რჩეული ერისა და მისი ღმერთის წინაშე. მიქა ზედმიწევნით ზუსტად აღწერს მტრების გაოგნებასა და შიშს: მათ სხეულის ყველა ორგანო მოუდუნდებათ, დაუუძლურდებათ და გაუქვავდებათ. სწორედ ასეთ მდგომარეობაში იყვნენ ქანაანში მცხოვრები ტომები, რაჟამს იუდეველებმა მდინარე იორდანე გადალახეს. იმავეს განიცდიდნენ ეგვიპტელები, როდესაც ათი სასჯელი დაეშვა მათზე და განსაკუთრებით მეწამულ ზღვაზე ფარაონისა და მისი ჯარის გარდაცვალების ამბავი რომ შეიტყვეს. როგორც მიქას მორიგი მსჯელობიდან იკვეთება, ხსენებული სასწაულების მომავალში მოსახდენი ანალოგი მაცხოვრის მიერ კაცთათვის ცოდვათა მიტევება და ადამის მოდგმის საყოველთაო გამოსყიდვა იქნება და, ზოგადად, ყველა იმ დანაპირების აღსრულება, რაც პატრიარქთათვის აღუთქვამს ოდესმე შემოქმედს.  წინასწარმეტყველი ისრაელის მტრების სირცხვილითა და შიშით გამოწვეული გაოგნების შედეგს აღგვიწერს: გველის მსგავსად იცოცებენ ისინი მიწაზე და მტვერს მოლოკავენ, როგორც მიწის მატლი გამოვლენ საკუთარი გამაგრებული საცხოვრისებიდან და იაჰვესა და რჩეული ერის წინაშე წარდგებიან, დაინახავენ საკუთარ უძლურებას. ძველ ხალხებში ასეთი ტრადიცია არსებობდა: დამარცხებული მეფეები და მხედართმთავრები გამარჯვებულის წინაშე პირქვე ემხობოდნენ და მიწას კოცნიდნენ. მიქას თანამედროვე ასურელი იერარქი - სარგონი შენიშნავს, რომ დამარცხებული ბაბილონის მეფე მეროდან ბალადანი ასურეთის მორჩილების ნიშნად მიწას ემთხვია. სწორედ აღნიშნულ ჩვეულებას იშველიებს მიქა, მაგრამ იუდეველებმა საკუთარ თავს არ უნდა მიაწერონ გამარჯვება, რადგან ძლევა და დამდაბლება ღვთისაგან იქნება მოვლენილი ).         მხ. 18-19. ‘რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია. კვლავ შეგვიბრალებს ჩვენ, დათრგუნავს ჩვენს უკეთურებებს. ზღვის უფსკრულებში მოისვრი ყველა მათ ცოდვას". პავლე იუნგეროვი: უდიდესი კაცთმოყვარების მიზეზით უფალი კვლავ წყალობას გაიღებს იუდეველებზე და მათ უშჯულოებებს აღხოცავს. როგორც ოდესღაც ფარაონი დანთქა მეწამულ ზღვაში, ასევე დანთქავს რჩეული ერის ცოდვებს. ებრაელთა უკეთურებებზე მხოლოდ ესოდენ ენითგამოუთქმელი ძვირუხსენებლობის მიზეზია რჩეული ერის მომავალი კეთილდღეობის განმაპირობებელი). ეპისკოპოსი პალადი: ესოდენ უმადური იუდეველი ერის მისამართით გამოვლენი საღვთო სახიერების შესახებ საუბრისას წინასწარმეტყველი უდიდეს გაოგნებას განიცდის ცოდვილებისადმი ღვთის ენითგამოუთქმელი წყალობის მიზეზით. განა ვინ არის ღმერთი ვითარცა შენ! – ამბობს მიქა. ანუ შესაძლებელია კი, სხვა ღმერთი იყოს, რომელიც მოწყალებაში შენ დაგემსგავსება, იმას, ვინც განაქარვებს უკეთურებას, ცოდვას მიუტევებს საკუთარ ნატამალს… რადგანაც ადამიანი ცოდვათა მიტევებასა და ურჯოლოებათა გამო განუკითხველობას მხოლოდშობილი ძე ღმერთის ჯვარზე გაღებული გამომსყიდველი მსხვერპლის გზით ეზიარა, თავისთავად ცხადია, რომ წინასწარმეტყველი, საუბრობს რა იუდეველთა შეწყალებაზე, ამავდროულად გოლგოთაზე აღსრულებულ მოვლენას გულისხმობს. ასე რომ, მიქა ღვთის ძის მიერ სამყაროს გადარჩენის შესახებ წინასწარმეტყველებს და მთელ კაცთა მოდგმას ამშვიდებს. ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია. - მიზეზი, რისთვისაც უფალი იუდეველებს იბრალებს და ცოდვილებს შეუნდობს, ნებელობაა, რადგან წყალობის მოყვარულია იგი, თავად არის ბუნებითი სიყვარული, ამიტომაც არ მრისხანებს ცოდვილზე მარადის, არამედ დასჯის და იბრალებს მათ და ჩვენს ყველა ურჯულოებას საკუთარი კაცთმოყვარების ოკეანეში დანთქავს. როგორც წყალში ჩაძირული ქვა ადამიანთა მზერას მიეფარება, ასევე ყველა ჩვენი ცოდვა ღვთის მოწყალებით გაუჩინარდება, აღიხოცება და სამარადისო დავიწყებას მიეცემა და ეს მოხდება მაშინ, როდესაც ადამიანის გამოსყიდვის საიდუმლო ღვთის ძის მიერ აღესრულება).        მხ. 20. ‘დაუდასტურებ იაკობს გამტანობას და აბრაამს - სიყვარულს, რომელიც ჩვენს მამა-პაპას შეჰფიცე ძველთაგანვე". პავლე იუნგეროვი: წიგნის დასასრულს წინასწარმეტყველი მამამთავრებისა და რჩეული ერისათვის მიცემული აღთქმების გარდაუვალობას ადასტურებს. ‘შენ, - შეურყეველი რწმენით მიმართავს მიქა უზენაესს, - უეჭველად აღასრულებ ყველა იმ დაპირებას, რომლებიც ძველ დროს ფიცით მიგიცია ჩვენი პატრიარქებისთვის". აღნიშნული აღთქმები არა მარტო იუდეველთა საკუთრება იყო, არამედ მთელს კაცთა მოდგმას მოიცავდა. დანაპირების აღსრულება მაცხოვრის წუთისოფელში მოვლინებით დაიწყო, მაგრამ ისრაელთან მიმართებით, პავლე მუციქულის თანახმად, სრული სახით ქრისტეს მეომარი ეკლესიის ისტორიის დასასრულს უნდა განხორციელდეს (შდრ. რომ. 11. 7-36). მაშ ასე, წინასწარმეტყველი (მხ. 18-20) აღიარებს, რომ ყრმობიდანვე ცოდვით ძლეულ ადამიანს არ შესწევს უნარი, საკუთარი ძალებით გათავისუფლდეს უკეთურების მონობიდან და საღვთო სიმართლეს შეურიგდეს. უსაზღვრო კაცთმოყვარების მიზეზით მხოლოდ ღმერთს შეუძლია უწყალობოს მას მიტევება და შერიგება. ცოდვამ ყოვლითურთ განმსჭვალა ადამიანური ბუნება და საკუთარი ბორკილებით შებოჭა იგი. მხოლოდ მთელი სამყაროს მეუფეს ხელეწიფება მისი საკვრელების დახსნა და ტყვეობაში მყოფთა გათავისუფლება. გამეფებული ცოდვის ძალისა და სიმძიმის შემმეცნებელი წინასწარმეტყველი ერთადერთ გამოსავალს ხედავს: დადგება ჟამი, როდესაც უფალი სიყვარულის მიზეზით ამგვარი სირთულიდან დაიხსნის ადამიანებს და სწორედ ეს იქნება უმაღლესი ნეტარება ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი არსებისთვის...         16-20 მუხლებში გადმოცემული წინასწარმეტყველება განა მარტო იუდეველთა ეგვიპტური კირთებიდან გათავისუფლებას უტოლდება, არამედ ამ მოვლენაზე გაცილებით აღმატებულია. ეგვიპტის ტყვეობიდან მხოლოდ ერთი ერი, იქნა გამოხსნილი, ისიც ხორციელი მონობიდან და ეს ერი სულიერი თავისუფლებისთვის იწყებდა მზადებას, ხოლო მიქა საკუთარ წინასწარმეტყველებაში კაცთა მოდგმის საყოველთაო გამოხსნა-გათავისუფლებას იუწყება, რამაც, ენითგამოუთქმელი საიდუმლოს მიზეზით, ბუნებრივია, განცვიფრება უნდა მოჰგვაროს ადამიანსა თუ ანგელოზს). …
დაამატა Kakha to წმინდა წერილი at 4:49pm on იანვარი 8, 2015
თემა: ფრანსუაზ საგანი - სალამი სევდავ (გაგრძელება)
ა მთელ სიცოცხლეს გამიმწარებს-მეთქი. სირილის ნახვას არ ვცდილობდი, თორემ იგი ალბათ დამამშვიდებდა, რაღაც სიხარულს მაგრძნობინებდა, ეს კი მე სულაც არ მსურდა. გადაუწყვეტელ საკითხებზე ფიქრი, წარსულ დღეთა მოგონება, მომავლის შიში ერთგვარ სიამოვნებასაც კი მგვრიდა. ძალიან ცხელოდა. ოთახში თითქმის ბნელოდა, დარაბები დახურული იყო, მაინც არაფერი მშველოდა. მძიმე, ნესტიანმა ჰაერმა აუტანლად მომთენთა. ლოგინზე გავწექი და თავი უკან გადავაგდე, თვალები ჭერს მივაპყარი, დროდადრო ოდნავ შევინძრეოდი, ზეწარზე გრილ ადგილს ვეძებდი. არ მეძინა და მაინც გამოსაფხიზლებლად რადიომიმღებზე ფირფიტებს ვდებდი საწოლის ფეხთან. ნელი, უმელოდიო, მონოტონური მუსიკა ისმოდა ოთახში. უსასრულოდ ვაბოლებდი. დეკადენტად წარმომედგინა თავი და ეს მომწონდა. თავის მოსატყუებლად ვერც ამ თამაშმა მიშველა: ნაღვლიანი, გზააბნეული გამოვიყურებოდი ალბათ.       ერთ ნაშუადღევს მოახლემ კარზე მომიკაკუნა და იდუმალი სახით მაცნობა, ქვემოთ ვიღაც გიცდითო. მაშინვე ვიფიქრე, სირილია-მეთქი. ჩავედი. არა, სირილი არ იყო, ელზა მოსულიყო. გულთბილად ჩამომართვა ხელი. შევხედე და სახტად დავრჩი: ძალიან გალამაზებულიყო. როგორც იქნა, მზე მოჰკიდებოდა, ნამზეური ზომიერად, ლამაზად დასდებოდა და ამ სუფთა, ახალგაზრდა ქალის ნახვა ნამდვილად გესიამოვნებოდათ.   - ჩემოდნების წასაღებად მოვედი, – მითხრა მან, – ჟუანმა ამ დღეებში რამდენიმე კაბა მიყიდა, მაგრამ არ მყოფნის.       ერთი კი გავიფიქრე, ნეტა ჟუანი ვინ არის-მეთქი, მაგრამ დიდხანს არ მიმტვრევია თავი. ელზას ნახვა ძალიან გამიხარდა: თან მოიტანა ლუდხანის თავშესაქცევი საღამოების სურნელი და ბედნიერი დღეები მომაგონა. გამოვუტყდი, ძალიან მესიამოვნა-მეთქი თქვენი ნახვა. მიპასუხა, ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან ჩვენ მუდამ გვესმოდა ერთმანეთის და საერთო აზრები გვქონდაო. ვცდილობდი, შინაგანი ცახცახი არ გამომემჟღავნებინა, და შევთავაზე, ჩემს ოთახში ამოსულიყო, მამაჩემთან და ანასთან შეხვედრას აიცდენდა თავიდან. მამაჩემის ხსენებაზე ვერ შეიკავა და ისე გადააქნია თავი, მივხვდი, კვლავ უყვარდა... მიუხედავად ჟუანისა და მისი კაბებისა. ამასთანავე, ისიც გავიფიქრე, ამ თავის გადაქნევას სამი კვირის წინ ალბათ ვერც კი შევამჩნევდი-მეთქი. ელზამ ოთახში შესვლისთანავე ხმამაღლა დაიწყო მოყოლა, ზღვის ნაპირას რა თავბრუდამხვევად ატარებდა დროს მაღალ საზოგადოებაში. ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა მერეოდა ცნობისმოყვარეობა. ნაწილობრივ, ალბათ ელზას ახალი იერი იწვევდა ამას. მაგრამ, ეტყობა, მალე იგრძნო ჩემი გარინდება, ლაპარაკი შეწყვიტა, ოთახში გაიარა და ბოლოს ისე მკითხა, ჩემკენ თავი არ გამოუბრუნებია: – რაიმონდი ბედნიერი მაინც არის?       ისეთი გრძნობა დამრჩა, თითქოს ერთი ქულა მომეგოს. მაშინვე მივხვდი, რატომ. ერთბაშად უამრავი გეგმა, ათასნაირი გადაწყვეტილება ამერია თავში და ვიგრძენი, რომ მათ სიმძიმეს ვერ გავუძლებდი. ამიტომ სწრაფად მივხვდი, რა უნდა მეპასუხა: – ბედნიერიო! ამის თქმა მეტისმეტი იქნებოდა. ანა საშუალებას არ აძლევს, სხვა რამ იფიქროს. იგი ძალიან მარჯვე ქალია.   - ძალიან! – ამოიოხრა ელზამ.   - ვერც კი წარმოიდგენთ, რა გადაწყვეტილება მიაღებინა... ცოლად ირთავს!..       ელზა შეძრწუნებული სახით შემობრუნდა ჩემკენ: – ცოლად ირთავს? რაიმონდი ცოლის შერთვას აპირებს? რაიმონდი?   - დიახ, რაიმონდი ცოლს ირთავს!       ხარხარს ძლივს ვიკავებდი. ხელები მიკანკალებდა. ელზა ისეთი გაოგნებული იდგა, თითქოს კომბალი ჩამერტყას თავში. დაფიქრების საშუალება არ უნდა მიმეცა, იმ დასკვნამდე არ უნდა მისულიყო, თითქოს მამაჩემი ისეთ ასაკში იყო, ცოლის შერთვის მეტი არაფერი დარჩენოდა: ბოლოს და ბოლოს, მთელ თავის სიცოცხლეს დემიმონდენებთან ხომ ვერ გაატარებდა?!       მე წინ გადავიხარე და ხმას დავუწიე, რათა უფრო მეტი შთაბეჭდილება მომეხდინა: – ელზა, ეს არ უნდა მოხდეს. მამა უკვე იტანჯება. თქვენ კარგად გესმით, რომ ეს შეუძლებელია!   - მართალი ხართ, – თქვა მან.       ელზა მონუსხულივით იდგა. სიცილი მომინდა. ხელების კანკალმა მიმატა.   - მე თქვენ გელოდით, – განვაგრძე, – მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ შეებრძოლოთ ანას, მხოლოდ თქვენ გაქვთ ბუნებრივი სიკოხტავე.       ეტყობა, დამიჯერა, მაგრამ მაინც შემეკამათა: – კი მაგრამ, რაკი ირთავს, ალბათ, უყვარს კიდეც!   - არა, მას თქვენ უყვარხართ, ელზა! – მშვიდად ვუთხარი. – ნუ შეეცდებით დამარწმუნოთ, თითქოს არ იცოდეთ.       ელზამ წამწამები დაახამხამა, რომ კმაყოფილება და იმედი დაემალა. თავი მიაბრუნა. არც კი ვფიქრობდი, რას ჩავდიოდი, თავბრუდახვეულივით ვმოქმედებდი, გუმანით ვგრძნობდი, რაც უნდა მეთქვა.   - ხომ გესმით? ანამ იმდენი ილაპარაკა ოჯახურ იდილიაზე, სინდისზე, რომ გააბრუა და ხელში ჩაიჭირა.       ჩემი სიტყვები მე თვითონ მზარავდა – მე ხომ ჩემს პირად გრძნობებს გამოვთქვამდი და ისიც, რა თქმა უნდა, მარტივად და ტლანქად. სამაგიეროდ, ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავდა ჩემს ფიქრებს.   - ეს ქორწინება თუ მოხდა, სამივეს გაგვიმწარდება სიცოცხლე, ელზა. მამა უნდა დავიცვათ, იგი ხომ დიდი ბავშვია... ჰო, დიდი ბავშვი!       ენერგიულად ვიმეორებდი, "დიდი ბავშვია-მეთქი", ვგრძნობდი, რომ ყოველივე ეს მელოდრამას წააგავდა, მაგრამ ელზას ლამაზი, მწვანე თვალები უკვე დაინისლა სიბრალულით. ბოლოს ისე დავასრულე, როგორც ჰიმნებშია ხოლმე: – დამეხმარეთ, ელზა, ამას თქვენი და მამას ინტერესები მალაპარაკებს, ამას თქვენი სიყვარულის გულისთვის გთხოვთ.   - კი, მაგრამ მე რა შემიძლია? – მკითხა ელზამ. – ჩემი აზრით, ვერაფერს გავხდებით.   - თუკი ეს ამბავი შეუძლებლად მიგაჩნიათ, მაშინ ახლავე თქვით უარი, – განვაცხადე ისეთი ხმით, ჩამწყდარს რომ უწოდებენ.   - ერთი ამ კახპას დამიხედეთ! – წაიბუტბუტა ელზამ.   - ზედგამოჭრილი სახელია, – ვუთხარი და ახლა მე ავარიდე თვალი.       ელზა თვალის დახამხამებაში გამოცოცხლდა. დასცინეს, არა? არა უშავს, იმ ინტრიგანს მალე აჩვენებს, ელზა მაკენბურგს რა ძალუძს. რაიმონდს რომ ისევ უყვარდა, ეს მან იცოდა. თვითონაც წინანდებურად მოსწონდა, რაიმონდის მომხიბვლელობა ჟუანმაც ვერ დაავიწყა. რასაკვირველია ოჯახის შექმნაზე არასდროს ულაპარაკია მასთან, ყოველ შემთხვევაში, თავი არ მოუბეზრებია, არც კი ცდილა!   - ელზა, – შევაწყვეტინე მსჯელობა, რადგან მისი ატანა უკვე აღარ შემეძლო, – თქვენ ახლავე მიხვალთ სირილთან ჩემი სახელით და თავშესაფარს სთხოვთ. იგი როგორმე დაითანხმებს დედამისს. უთხარით, რომ ხვალ დილით მეც მოვალ მის სანახავად და სამივემ მოვილაპარაკოთ.       კართან რომ მივედით, გავეხუმრე: – იცოდეთ, საკუთარი ბედისთვის იბრძვით, ელზა!       დინჯად დამიქნია თავი, თითქოს მარჩენალი მამაკაცებივით ბედსაც ხელთათმანებივით არ იცვლიდა!.. ტანის რხევით მიაბიჯებდა მზეზე. მე კი ვიდექი და ვუყურებდი. იმ წუთს სანაძლეო შემეძლო დამედო, რომ ერთი კვირის შემდეგ მამაჩემი კვლავ მოისურვებდა ელზასთან თავშექცევას.       ოთხის ნახევარი იყო. მამას ახლა, ალბათ, ანას მკლავებში ეძინა. ანაც სახეგაბადრული, ბედნიერებისა და სიცხისგან მოთენთილი, ძილს ვერ ართმევდა თავს... ათასგვარი გეგმა ელვის სისწრაფით მესახებოდა, მაგრამ საკუთარ თავზე ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვარ. შეუსვენებლივ დავდიოდი წინ და უკან, მივიდოდი ფანჯარასთან, სწრაფად გადავავლებდი თვალს წყნარ ზღვას, სილიან ნაპირზე რომ გართხმულიყო, ვბრუნდებოდი კართან და კვლავ ფანჯრისკენ მივეშურებოდი, ათას რამეს ვანგარიშობდი, ვვარაუდობდი, ყოველგვარ დაბრკოლებასაც ვანადგურებდი თანდათან; თუ რა მოჰყვებოდა ამ ჩემს ხრიკებს, არაფრად ვაგდებდი; საშიშ, მარჯვე ქალად მიმაჩნდა თავი, ხოლო იმ ზიზღს, ჩემდა უნებურად ელზასთან ლაპარაკის დროს რომ ვგრძნობდი, თავმოყვარეობის, შინაგანი წაქეზებისა და სიმარტოვის გრძნობაც დაემატა.       მაგრამ მთელი გეგმა – ღირს კი ამის თქმა? – ბანაობის დროს ჩაიფუშა. ანას წინაშე სინდისის ქენჯნისგან ვცახცახებდი, თავს ვეღარ ვიმორჩილებდი; მისი ჩანთა მე მიმქონდა. როგორც კი წყლიდან ამოვიდა, სწრაფად მივაშურე და პენუარი მოვაწოდე, ყურადღებას, ალერსიან სიტყვებს არ ვაკლებდი. ის, რომ უკანასკნელ დღეებში სულ ჩუმად ვიყავი, ახლა კი ასე სწრაფად შევიცვალე, რა თქმა უნდა აკვირვებდა და კიდეც სიამოვნებდა. მამა აღტაცებული იყო. ანა ღიმილით მიხდიდა მადლობას, მხიარულად მპასუხობდა კითხვებზე, მე კი ყურებში მიწიოდა: "ერთი ამ კახპას დამიხედეთ!" – "სწორედ ზედ გამოჭრილი სახელია!" არა, ეს როგორ ვთქვი, ჰა? ელზას წამოროშილს კვერი როგორ დავუკარი? ხვალვე ვურჩევ, თავიდან მომწყდეს, გამოვუტყდები, შევცდი-მეთქი. ჩვენ შორის კვლავაც აღდგება წინანდელი დამოკიდებულება. უპირველეს ყოვლისა, გამოცდებს ჩავაბარებ! ბაკალავრის ხარისხი ნამდვილად მჭირდება! ხომ ასეა?   - ბაკალავრის ხარისხი ნამდვილად მჭირდება! ხომ ასეა? – ვკითხე მართლაც ანას.       ანამ შემომხედა და სიცილი წასკდა. მეც გადავიხარხარე. ბედნიერი ვიყავი, რომ გამხიარულებულს ვხედავდი.   - ვერაფერს გაგიგებთ კაცი!       მართალს ამბობდა, მართლაც ვერაფერს გამიგებდა კაცი. ხოლო რომ სცოდნოდა, რის ჩადენას ვაპირებდი!.. ვკვდებოდი, ისე მინდოდა მისთვის მეამბნა ყველაფერი, რომ მართლა დაენახა, რა ძნელი იყო ჩემი გაგება. მინდოდა მეთქვა: "წარმოიდგინეთ, ერთი კომედიის გასათამაშებლად ელზა შევაგულიანე: იგი თავს მოგვაჩვენებს, ვითომ სირილი უყვარს, იცხოვრებს მის სახლში, ჩვენს დასანახად ნავით ისეირნებენ, შეგვხვდებიან ტყეში, ზღვის სანაპიროზე. ელზა კვლავ გალამაზდა. ო, რასაკვირველია, თქვენსავით მშვენიერი როდია, მაგრამ თავისებურად მომხიბვლელია მაინც და მამაკაცთა ყურადღებას იპყრობს, მამა კი დიდხანს ვერ აიტანს მის ღალატს: მუდამ აღიზიანებს, თუ რომელიმე მისმა ყოფილმა ლამაზმა სწრაფად იპოვა შემცვლელი და თითქმის მის თვალწინ ერთობა, მით უმეტეს, თუ ეს მამაკაცი მასზე ახალგაზრდაა! ხომ გესმით, ანა? მას სულ მალე აღეძვრება სურვილი, ხელახლა ჩაიგდოს ხელში ელზა, თუმცა თქვენ უყვარხართ. მაგრამ, ალბათ, თავის დასამშვიდებლად მოიქცევა ასე. იგი ან მეტისმეტად პატივმოყვარეა, ანდა თავის თავში არაა დარწმუნებული, როგორც გსურთ, ისე იფიქრეთ. ელზა კი, რასაც ვეტყვი, იმას ჩაიდენს. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს მამა გიღალატებთ. ამას კი თქვენ ვერ აიტანთ, ხომ ასეა? თქვენ არ ეკუთვნით იმ ქალთა რიცხვს, სიყვარულის სხვასთან გაყოფა რომ შეუძლია. ჰოდა, რაკი მამაჩემი ამ გრძნობას სხვას გაუნაწილებს, თქვენ წახვალთ. მეც სწორედ ეს მინდა. დიახ, ეს სისულელეა, მაგრამ მე ხომ თქვენზე გაბრაზებული ვარ ბერგსონის გამო, სიცხის გამო?! მე წარმომედგინა, რომ... ამის თქმას ვერც კი ვბედავ, იმდენად აბსტრაქტული და სასაცილოა! ბაკალავრის ხარისხის გულისთვის მე შემეძლო განხეთქილება ჩამომეგდო ჩვენ შორის, წაგჩხუბებოდით თქვენ, დედაჩემის მეგობარს, თუმცაღა ბაკალავრის ხარისხის მიღება მართლაც საჭირო საქმეა, არა?"   - ხომ ასეა?   - რა არის ასე? – მკითხა ანამ. – ბაკალავრის ხარისხი მართლაც საჭიროა თუ არა?   - ჰო.       არა, ჯობს, არაფერი ვუთხრა, სულერთია, მაინც ვერ გამიგებს. არის ზოგი რამ, რაც ანას არ ესმის. მე წყალში გადავხტი და მამას დავეწიე; ვეღლაბუცებოდი, კვლავ ძველებურად მსიამოვნებდა წყალში ყოფნა, თამაში, გულწრფელი ურთიერთობა. ხვალ ოთახს შევიცვლი, სხვენზე მოვიკალათებ საკლასო წიგნებით, მაგრამ ბერგსონს მაინც არ ავიტან; გადაჭარბება რა საჭიროა? ორი საათი მუყაითი შრომა, მარტო ყოფნა, ჩუმი სიბეჯითე, მელნისა და ქაღალდის სუნი საკმარისია იმისთვის, რომ ოქტომბერში წარმატებას მივაღწიო, მამაჩემის გაოცებული სიცილი მოვისმინო, ანას მოწონება დავიმსახურო, ლიცენციატის ხარისხი მივიღო. დავჭკვიანდები, განათლებული ქალი გავხდები, ოღონდ ანასავით ოდნავ გულგრილი... ჭკუა და უნარი უეჭველად მაქვს... განა ხუთ წუთში არ შევადგინე ერთი მეტად ლოგიკური გეგმა? რა თქმა უნდა, საძაგელი, მაგრამ მაინც ლოგიკური?! ანდა ელზას ამბავი აიღეთ! მე ხომ მის პატივმოყვარეობაზე, მის მგრძნობიარე ხასიათზე ვითამაშე! მე ხომ რამდენიმე წამში გადავაწყვეტინე ახალი ნაბიჯის გადადგმა, თუმცა იგი მხოლოდ ჩემოდნის წასაღებად მოვიდა?!       სხვათა შორის, ძალიან სასაცილო ამბავი გამოვიდა: როგორც კი ელზა ნიშანში ამოვიღე, მიზანში მოხვედრა ისე მოვახერხე, სიტყვის დაძვრა არც კი ვაცალე. ჩემს სიცოცხლეში პირველად განვიცადე ეს უჩვეულო გრძნობა:Øუჩხვლიტო ვისმე, აამოძრაო, დღის სინათლეზე გამოიყვანო და მერე ხელი სტაცო. როგორც ზამბარისკენ ფრთხილად წაიღებენ თითს, ასევე ვცდილობდი მეც მომეძებნა ვინმე მსხვერპლი. და მართლაც, მაშინვე წამოეგნენ ჩემს ანკესს! მაშინვე! წინათ ეს გრძნობა ჩემთვის უცნობი იყო, მე კი მუდამ გრძნობების ამყოლი გახლდით! თუკი ვინმეს შევხებივარ, მხოლოდ შეცდომით! ადამიანური რეფლექსების ასეთ სასწაულებრივ მექანიზმს, სიტყვების ასეთ ძალას ერთბაშად ავუღე ალღო... რა სამწუხაროა, რომ ყოველივე ეს მოტყუების გზით მოხდა! როცა იქნება, ვინმეს ხომ შევიყვარებ მთელი გრძნობით?! ჰოდა, მასთან მისასვლელ გზას ასევე ფრთხილად, ნაზად, აკანკალებული ხელით მოვძებნი, ალბათ... თავი მესამე       მეორე დღეს, როცა სირილის აგარაკისკენ მივდიოდი, ვეღარ ვიგრძენი ის სულიერი სიმტკიცე, წინადღეს რომ მქონდა. ჩემი განკურნების აღსანიშნავად ბევრი დავლიე სადილზე და გადაჭარბებული სიმხიარულე გამოვამჟღავნე. მამაჩემს ვეუბნებოდი, ძალიან მინდა ფილოლოგიის ლიცენციატი გავხდე, მინდა განათლებული ხალხის წრეში ვიტრიალო, მინდა სახელოვანი, დინჯი ქალი ვიყო; ამისათვის კი საჭიროა, რეკლამა და ყველანაირი სკანდალური ამბავი მარჯვედ გამოვიყენო-მეთქი. ერთმანეთს ვუზიარებდით სულელურ აზრებს და გიჟებივით ვხარხარებდით. ანაც იცინოდა, ოღონდ თავშეკავებით, ოდნავ შემწყნარებლურად; ზოგჯერ სიცილს შეწყვეტდა, რადგან ჩემი აზრები აშკარად სცილდებოდა ლიტერატურის ჩარჩოებსა და ზრდილობის უბრალო წესებს. მაგრამ მამაჩემს აშკარად ეტყობოდა, რომ ჩვენი ადრინდელი დამოკიდებულების აღდგენითა და ამ სულელური ხუმრობით ბედნიერი იყო. ამიტომ ანაც არაფერს ამბობდა. ბოლოს, როგორ იქნა, ლოგინში ჩამაწვინეს, მომეფერნენ. მე მხურვალე მადლობას ვუხდიდი ორივეს და წამდაუწუმ ვიმეორებდი, თქვენ რომ არ მყავდეთ, რა მეშველებოდა-მეთქი. მამამ მართლაც არ იცოდა რა მეშველებოდა, ხოლო ანას ეტყობა, თავისი მოსაზრება ჰქონდა ამაზე; მაგრამ სწორედ მაშინ, როცა შევეხვეწე, გულწრფელად მიპასუხეთ-მეთქი და როცა ისიც დაიხარა სათქმელად, ძილმა მომწყვიტა კისერი. შუაღამეს გამომეღვიძა. მივხვდი, ცუდად ვიყავი. ასეთი მძიმე შეგრძნება არასდროს მქონია. ამიტომ ფიქრებაშლილი, გულაძგერებული მივაბიჯებდი ახლა ფიჭვნარში და ვერც დილის ზღვის სიმშვენიერეს ვამჩნევდი და ვერც აღელვებულ თოლიებს.       სირილი ბაღის შესასვლელთან დამხვდა. მაშინვე ჩემკენ გამოეშურა, მკლავები მომხვია, მაგრად მიმიხუტა და თან რაღაც გაურკვეველ სიტყვებს ჩამჩურჩულებდა: – საყვარელო, ისე ვწუხდი... რამდენი ხანია... არც კი ვიცოდი, რას აკეთებდი, არ ვიცოდი, ის ქალი თუ ასე გაწვალებდა... არც ის ვიცოდი, ამდენად უბედური თუ ვიქნებოდი მე თვითონ... ყოველ ნაშუადღევს ყურეს ჩავუვლიდი ხოლმე რამდენჯერმე... არც კი წარმომედგინა, ასე ძალიან თუ მიყვარდი...   - არც მე, – მივუგე.       სინამდვილეში კი მისმა საქციელმა ძალიან გამაოცა და კიდეც ამაღელვა. ვწუხდი, გული მერეოდა და საკუთარი გრძნობების გამოხატვა არ შემეძლო.   - რა ფერმკრთალი ხარ, – მითხრა სირილმა. – ახლა მე ვიზრუნებ შენზე. არავის მივცემ ნებას, კვლავ ასე ცუდად მოგექცეს!       მივხვდი, ელზას ფანტაზიას აჰყოლოდა. სირილს ვკითხე, დედა რას ამბობს-მეთქი ელზაზე.   - ელზა ჩემს ობოლ მეგობრად გავაცანი. სხვათა შორის, ელზა ძალიან კეთილია. ყველაფერი მიამბო იმ ქალზე. მართლაც საოცარია, ასეთმა დახვეწილმა, კეთილშობილმა ქალმა როგორ იკადრა ასეთი ხრიკები!   - ელზას მეტისმეტად გადაუჭარბებია, – წავიკნავლე მე, – სწორედ ამიტომ მოვედი. მინდოდა მისთვის მეთქვა რომ...   - მეც მაქვს სათქმელი, – შემაწყვეტინა სირილმა, – სესილ, ცოლად მინდა შეგირთო.       დავიბენი. რაღაც უნდა მეღონა, რაღაც პასუხი უნდა მიმეცა, მაგრამ რა მეთქვა, როცა ასე საშინლად მერეოდა გული...   - მიყვარხარ! – თქვა სირილმა და ჩემს თმას ტუჩებით შეეხო. – იურიდიულ ფაკულტეტს თავს დავანებებ, კარგ სამსახურს მთავაზობენ... ბიძაჩემიც... მე ოცდაექვსი წლისა ვარ, პატარა ბიჭი არ გეგონო. მართლა გეუბნები. რა იტყვი?       ამაოდ ვცდილობდი გამომეძებნა რამე ორაზროვანი, მაგრამ საამო პასუხი. არავითარი სურვილი არ მქონდა, ცოლად გავყოლოდი სირილს. საერთოდ არავინ არ მინდოდა ქმრად. დავიღალე.   - შეუძლებელია! – წავიბუტბუტე ბოლოს. – მამაჩემი...   - მამაშენს მე დაველაპარაკები, – მითხრა სირილმა.   - ანა არ იზამს. მიაჩნია, რომ სრულწლოვანი არ ვარ. რაკი უარს იტყვის, მამაც აღარ დათანხმდება. რომ იცოდე, როგორ დავიღალე, სირილ! ამდენი ღელვისაგან მუხლები მეკეცება, დავსხდეთ... აგერ, ელზაც!       ელზას საშინაო ხალათი ეცვა. გაბრწყინებული, ახალგაზრდული იერით ჩამოდიოდა კიბეზე. მის გვერდით მე უფერული, დალეული ვჩანდი. ორივეს ჯანსაღი, აგზნებული, გრძნობამორეული იერი ჰქონდა. ამან კიდე უფრო მომშალა. ელზამ ისეთი მზრუნველობით დამსვა, თითქოს ციხიდან ახალგამოსული პატიმარი ვყოფილიყავი.   - რაიმონდი როგორაა? – მკითხა. – თქვენთან რომ ვიყავი, იცის?       ელზას იმ ადამიანის ნეტარი ღიმილი ეფინა სახეზე, რომელმაც აპატია და ახლა იმედიც ჩასახვია გულში. მე არ შემეძლო მისთვის მეთქვა, რომ მამაჩემს უკვე გადავიწყებული ჰყავდა. ვერც სირილისთვის გამემჟღავნებინა, რომ არავითარი სურვილი არ მქონდა ცოლად გავყოლოდი. თვალები დავხუჭე. სირილი ყავის მოსატანად გაიქცა, ელზა კი ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა გაუთავებლად; აშკარა იყო, მარჯვე ადამიანად მთვლიდა და მენდობოდა. ყავა მაგარი იყო, სურნელოვანი. მზემაც ძალა შემმატა.   - ბევრი ვიფიქრე, მაგრამ გამოსავლი მაინც ვერ ვიპოვე, – თქვა ელზამ.   - გამოსავალი არ არსებობს! – განაცხადა სირილმა. – ის ისეა გატაცებული, ისეა ანას გავლენის ქვეშ მოქცეული, რომ ვერაფერს გავხდებით.   - როგორ თუ არ არის გამოსავალი! – წამოვიყვირე მე. – არის! უბრალოდ ისეთია, თქვენ რომ ვერც წარმოიდგენთ!       საშინლად ვამაყობდი, რადგან ვგრძნობდი, რომ ორივე მთელი გულისყურით მისმენდა:Øისინი ათი წლით უფროსები იყვნენ ჩემზე, მაგრამ ტვინის განძრევა არ შეეძლოთ.   - ფსიქოლოგიური ამბავი მაქვს მხედველობაში! – მოურიდებლად განვაცხადე მე.       დიდხანს ვლაპარაკობდი, ჩემს გეგმას ვაცნობდი. ელზამ და სირილმა ჩემს ჩანაფიქრს იგივე სიძნელეები აღმოუჩინეს, რომლებმაც მე თვითონაც დამაფიქრა წინადღეს, მაგრამ, რადგან ამ დაბრკოლებების გადალახვის საშუალებებიც მოვახსენე, დიდი სიამოვნება ვიგრძენი. მართალია, ჩემი არგუმენტები საფუძველს მოკლებული იყო, მაგრამ იმდენად მინდოდა მათი დარწმუნება, საკუთარმა ფანტაზიებმა თვითონვე გამიტაცა. მე მათ დავუმტკიცე, ჩემი გეგმის განხორციელება სავსებით შესაძლებელია-მეთქი. ახლა ისღა დამრჩენოდა, ორივე დამერწმუნებინა, რომ განზრახულის განხორციელება საჭირო აღარ იყო, მაგრამ ლოგიკური საბუთების პოვნა ვაღარ მოვახერხე.   - მსგავსი კომბინაციები არ მომწონს, – თქვა სირილმა, – მაგრამ თუკი შენთან დასაქორწინებლად ერთადერთი საშუალება ესაა, ამაზეც თანახმა ვარ.   - ეს სულ მთლად ანაზე არ არის დამოკიდებული! – ვთქვი მე.   - კარგად იცით, თუ იგი აქ დარჩა, მხოლოდ მას გაჰყვებით ცოლად, ვისაც ის შეგირჩევთ, – თქვა ელზამ.       იქნებ, სიმართლეს ამბობდა. ერთბაშად წარმოვიდგინე: როგორც კი ოცი წელი შემისრულდებოდა, ანა მაშინვე გამაცნობდა ვინმე ყმაწვილს, ალბათ ლიცენციატს, ბრწყინვალე მომავლის მქონეს, ჭკვიანს, თავდაჭერილს და, რა თქმა უნდა, ერთგულს. ერთი სიტყვით, სირილის მსგავს ახალგაზრდას. სიცილი წამსკდა.   - გეხვეწები, ნუ იცინი! – წამოიძახა სირილმა. – მითხარი, ხომ იეჭვიანებ, მე და ელზა რომ არშიყობის სცენას გავითამაშებთ? ასეთი რამ მაინც როგორ მოიფიქრე? ნუთუ არ გიყვარვარ?       ხმადაბლა ლაპარაკობდა. ელზამ ქალური ალღო გამოიჩინა და მოშორებით დადგა. შევყურებდი სირილის მზემოკიდებულ, დაძაბულ სახეს, სევდიან თვალებს. ვუყვარდი. ეს კი უცნაურ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. მე შევყურებდი მის სავსე ტუჩებს, ასე ახლოს რომ იყო ჩემთან... გონება მიბნელდებოდა. სახე უფრო მომიახლოვა, ბაგეებით შევეხეთ ერთმანეთს. თვალგახელილი ვიჯექი და ჩემს ტუჩებზე მის მკვრივ, მწველ ტუჩებს ვგრძნობდი. მსუბუქმა თრთოლამ გადაურბინა ბაგეზე და კიდევ უფრო მომეკრა, თითქოს უნდოდა, ეს თრთოლა დაეფარა. ერთხანს თითქოს ჩემს ბაგეს დააკვდა, მერე კი გაცოცხლდა და კოცნად იქცა, დაჟინებულ, თავაწყვეტილ კოცნად... ერთბაშად მივხვდი, რომ ლიცენციატის ხარისხზე მეტად მზის გულზე ბიჭის მხურვალე კოცნა მიზიდავდა. სუნთქვაშეკრულმა მსუბუქად ვკარი ხელი სირილს.   - სესილ, ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ. კეთილი, მე გავითამაშებ ამ კომედიას.       ახლა უკვე იმაზე ვფიქრობდი, სწორი იყო თუ არა ჩემი ჩანაფიქრი. ამ კომედიის სულის ჩამდგმელი და რეჟისორი მე გახლდით, ჰოდა, მისი ჩაშლაც ჩემს ხელთ იყო.   - მუდამ უცნაური აზრები მოგდის თავში, – განაგრძობდა სირილი, მისთვის ჩვეული გულუბრყვილო ღიმილით. ასე როცა იღიმებოდა, ზედა ტუჩი ოდნავ აეწეოდა ხოლმე და ყაჩაღს, ლამაზ ყაჩაღს ემსგავსებოდა.   - მაკოცე, – წავჩურჩულე, – ჩქარა მაკოცე!       ასე დაიწყო კომედიის გათამაშება: ჩემდა უნებურად, უდარდელად, მარტოოდენ ცნობისმოყვარეობით! ზოგჯერ მგონია, სჯობდა ეს ამბავი შეგნებულად წამომეწყო, სიძულვილითა და გაბოროტებით... ყოველ შემთხვევაში, მაშინ საკუთარ თავს დავაბრალებდი და არა სიზარმაცეს, მზეს და სირილის კოცნას.       ერთი საათის შემდეგ საკმაოდ გულამრეზილმა მივატოვე შეთქმულები. თავის დასამშვიდებლად მრავალი საბუთი მრჩებოდა: ადვილი შესაძლებელია, ჩემი გეგმა ცუდი გამოდგეს-მეთქი; იქნებ, მამაჩემს იმდენად შეუყვარდეს ანა, მისი ერთგული დარჩეს-მეთქი. ამას გარდა, ვერც სირილი, ვერც ელზა უჩემოდ ვერაფერს გახდებოდნენ. მე კი რაიმე საბაბს გამოვძებნიდი და თამაშს შევწყვეტდი, თუკი, რასაკვირველია, მამაჩემი ანკესზე წამოეგებოდა. მაგრამ თავშესაქცევად ცდა მაინც ღირდა. მინდოდა მენახა, ჩემი ფსიქოლოგიური ვარაუდები სწორი იყო თუ არა.       მით უმეტეს, რომ სირილს იმდენად ვუყვარდი, ჩემი შერთვაც კი უნდოდა. ეს აზრი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ნეტარად მეგრძნო თავი. თუ იგი ერთ-ორ წელიწადს მოითმენდა, სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი, ალბათ, თანხმობასაც მივცემდი. უკვე კიდეც წარმოვიდგინე სირილთან ერთად ცხოვრება, მის გვერდით ძილი, მუდამ მასთან ყოფნა. ყოველ კვირას მამას და ანას მყუდრო ოჯახში ვივლიდით საუზმეზე. იქნებ, სირილის დედაც მოსულიყო, რაც ოჯახურ იდილიას საბოლოოდ დააგვირგვინებდა.       ანა ტერასაზე დამხვდა, ზღვაზე აპირებდა ჩასვლას, იქ მამაჩემი ეგულებოდა. მან ისეთი ირონიული ღიმილით შემომხედა, როგორც წინადღით ნაქეიფარ ხალხს ხვდებიან ხოლმე. ვკითხე წუხელ, სანამ ჩამეძინებოდა, რაღაც გინდოდათ გეთქვათ-მეთქი. სიცილით მიპასუხა, არა, ვერ გეტყვით, გაბრაზდებითო. მამა წყლიდან ამოვიდა, მხარგანიერი და კუნთმაგარი... დიდებული სანახავი იყო! მე და ანამ გავცურეთ, იგი წყნარად მიცურავდა, თმა რომ არ დასველებოდა, ზევით სწევდა თავს. შემდეგ სამივე ერთმანეთის გვერდით გავწექით პირაღმა. შუაში მე გავიშოტე. ისინი მშვიდად გარინდულიყვნენ.       სწორედ ამ დროს ნავი გამოჩნდა ყურის ყელთან, აფრააშვებული ნავი. მამამ პირველმა შეამჩნია.   - ჩვენი სირილი მეტს ვეღარ ითმენს, – სიცილით თქვა მან. – ანა, ვაპატიოთ? მართალი გითხრათ, მშვენიერი ყმაწვილია.       თავი ავწიე, საფრთხე ვიგრძენი.   - კი მაგრამ, რას აკეთებს? – იკითხა მამამ. – დახეთ, ყურეს უვლის... ოო, მარტო არ ყოფილა!..       ანამაც ასწია თავი. ნავმა წინ ჩაგვიარა და მოუხვია. სირილის სახე გავარჩიე. გულის სიღრმეში ვედრება აღმომხდა, მინდოდა მეყვირა, აქედან წადით-მეთქი.       მამაჩემის წამოძახილმა შემაკრთო, თუმცა უკვე ორი წუთია ველოდი ამას.   - კი მაგრამ... ეს ხომ ელზაა? აქ რას აკეთებს? – იგი ანას მიუბრუნდა: – რა უცნაური გოგოა! ეტყობა, საბრალო ბიჭი ჩაიგდო ხელში და იმ მოხუცი მანდილოსნის გულიც მოინადირა!       ანა ყურს არ უგდებდა, მე მიყურებდა. როგორც კი მისი მზერა დავიჭირე, შემრცხვა და თავი სილაში ჩავრგე. ანამ კისერზე მომითათუნა ხელი.   - შემომხედეთ, მიწყრებით?       თვალები გავახილე: წუხილით, თითქმის ვედრებით შემომცქეროდა. პირველად შემომხედა ისე, როგორც მგრძნობიარე, ჩაფიქრებულ არსებებს უყურებენ ხოლმე, და ისიც დღეს, როცა... კვნესა აღმომხდა და ერთბაშად თავი გავწიე მამასკენ, რათა ანას ხელი მომეშორებინა. მამა თვალს არ აშორებდა ნავს.   - ჩემო საბრალო გოგო, – ხმადაბლა წამოიწყო ანამ, – ჩემო პატარა სესილ, ამ ამბავში ცოტა მეცა ვარ დამნაშავე, ასეთი მოურიდებელი იქნებ არ უნდა ვყოფილიყავი... მაგრამ მერწმუნეთ, აზრად არ მქონია გული მეტკინა თქვენთვის...       იგი ნაზად მისვამდა ხელს თმაზე, კეფაზე. არ ვინძრეოდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ტალღის მიქცევაა და სილა ფეხქვეშ მეცლება-მეთქი... არავითარ სხვა გრძნობას, არც სიბრაზეს, არც რაიმე ლტოლვას არასოდეს ჩავუთრევივარ ასე! მინდოდა თავი დამენებებინა ამ კომედიისათვის, ჩემი ცხოვრება ანასთვის მიმენდო, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ის ყოფილიყო ჩემი პატრონი. ასეთი სისუსტე არასოდეს მიგრძნია. თვალები დავხუჭე. ასე მეგონა, გული აღარ მიძგერს-მეთქი. თავი მეოთხე       როცა მამაჩემმა ელზას მოსვლა გაიგო, მხოლოდ გაკვირვება გამოხატა. მოახლემ შეატყობინა, ჩემოდნის წასაღებად მოვიდა და მაშინვე გაბრუნდაო. არ ვიცი, ჩვენი შეხვედრა რატომ დაუმალა. ეს ქალი იქაური იყო, მეტად რომანტიკული პიროვნება გახლდათ და ჩვენი ამბები, უეჭველია, საკმაოდ მიმზიდველად ეჩვენებოდა. განსაკუთრებით ალბათ ოთახების შეცვლა ართობდა, მით უმეტეს, რომ თვითონ უწევდა ნივთების გადატან-გადმოტანა.       მამასა და ანას სინდისი ქენჯნიდათ, ყურადღებით და ალერსიანად მექცეოდნენ, რაც პირველ ხანებში აუტანელი იყო ჩემთვის, მაგრამ შემდეგ კიდეც მომეწონა. ერთი სიტყვით, ჩემი ბრალიც რომ არ ყოფილიყო, სირილისა და ელზას ყოველდღიური ნახვა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ხელიხელგაყრილებს, აშკარად ვატყობდი, რომ ჩემს ნიშანს ელოდნენ. ნავით სეირნობა აღარ შემეძლო, სამაგიეროდ, თმაგაწეწილ ელზას ყოველ წამს ვხედავდი. აკი, მეც ასე მიწეწდა ქარი თმას! მათთან შეხვედრისას არ მიძნელდებოდა გულჩათხრობილი, მჭმუნვარე იერი მიმეღო, მით უმეტეს, რომ თითქმის ყოველ ნაბიჯზე მხვდებოდნენ: ფიჭვნარში, სოფელში, შარაგზაზე. ანა გადმომხედავდა, საუბრის თემას შეცვლიდა და გასამხნევებლად მხარზე მადებდა ხელს. არ ვიცი, გითხარით თუ არა, რომ ანა კეთილი ქალი იყო. არც ის ვიცი, ეს გულკეთილობა მისი გონივრულობის კეთილშობილური გამოხატულება გახლდათ თუ უბრალოდ გულგრილობა, მაგრამ მას მუდამ მზად ჰქონდა საჭირო სიტყვა და, მართლა რაიმე ტანჯვა რომ მქონოდა გადასატანი, მძიმე წუთებში უკეთეს მხარდამჭერს ვერც ვიპოვიდი.       ამიტომაც განვაგრძობდი თამაშს მშვიდად, მით უფრო, რომ, როგორც ვთქვი, მამაჩემი სრულიად არ ეჭვიანობდა. ამით მიმტკიცებდა, რომ ანა უყვარდა. ამიტომაც, ცოტა არ იყოს, გუნება მემღვრეოდა, რადგან მისი საქციელი ჩემი გეგმების უაზრობაში მარწმუნებდა. ერთ დღეს მე და მამა საფოსტო განყოფილებიდან ვბრუნდებოდით. მოულოდნელად ელზა შემოგვხვდა; ისე ჩაგვიარა, თითქოს ვერ შეგვამჩნია. მამამ თვალი გააყოლა, თითქოს უცნობ ქალს უყურებსო, და წაიჩურჩულა: – ერთი შეხედე, ელზა როგორ გალამაზდა!   - შეყვარება უხდება! – მივუგე მე.       მამამ გაკვირვებით შემომხედა.   - შენ ფიქრობ, რომ ისინი...   - რას იზამ? თანატოლები არიან... ბედს კი ვერსად გაექცევი...   - ოო, ანა რომ არა, ბედი არაფერ შუაში იქნებოდა...       გაანჩხლებული ჩანდა.   - ხომ არ გგონია, რომ არ მნდომოდა, ვიღაც ლაწირაკი ქალს წამართმევდა?   - ასაკს მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს! – ვუპასუხე დინჯად.       მხრები აიჩეჩა. შევამჩნიე, სახე მოეღრუბლა. გულში ალბათ დამეთანხმა, ელზა და სირილი მართლაც ახალგაზრდები არიანო. თვითონ კი, რაკი თავის ტოლ ქალს ირთავდა ცოლად, ამით უკვე გამოაკლდებოდა იმ მამაკაცთა რიცხვს, ვისთვისაც დაბადების წელს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. უნებურად ვიგრძენი, რომ გამარჯვება მე დამრჩა. როცა ანას სახეზე წვრილ ნაოჭებს ვამჩნევდი თვალის კუთხეში ან ბაგესთან, ჩემს თავზე ბრაზი მომდიოდა; მაგრამ ჩემთვის ხომ ისე ადვილი იყო ავყოლოდი საკუთარ გრძნობებს, ხოლო მერე სინანული მეგრძნო!..       ასე გავიდა ერთი კვირა. სირილმა და ელზამ არაფერი იცოდნენ ჩვენი საქმის თაობაზე და ყოველდღე მელოდნენ. მე კი ფეხს ვითრევდი, მათთან მისვლა ვერ გადამეწყვიტა. უკვე ყველაფერი მომბეზრდა და მეშინოდა, ახალ-ახალ აზრებს დამტყუებენ-მეთქი. ამას გარდა, ნაშუადღევს ოთახში ავდიოდი, ვითომდა სამეცადინოდ. სინამდვილეში კი არაფერს ვაკეთებდი. ერთხელ იოგების წიგნი ჩამივარდა ხელში და გატაცებით შევუდექი კითხვას. ხანდახან საშინელი, გიჟური ხარხარი ამიტყდებოდა, მაგრამ ჩუმად ვიცინოდი, მეშინოდა, ანას არ გაეგონა: ვეუბნებოდი, წელში ვწყდები, იმდენს ვმუშაობ-მეთქი. როცა მასთან ვიყავი, იმ მოტყუებული მიჯნურის როლს ვთამაშობდი, ვისი ერთადერთი ნუგეშიც ლიცენციატად გახდომაა. ჩემი აზრით, ამის გამო ანა უკვე პატივსაც კი მცემდა. სამაგიეროდ, მამაჩემი ჩანდა აშკარად სასოწარკვეთილი, რადგან სადილობისას კანტის ციტატების კორიანტელს ვაყენებდი.       ერთ ნაშუადღევს აბაზანის პირსახოცებში გავეხვიე, მინდოდა ინდოელს დავმსგავსებოდი. მარჯვენა ფეხი მარცხენა ბარძაყზე შემოვიდე და სარკეს მივაშტერდი, ოღონდ საკუთარი თავით კი არ ვტკბებოდი, იოგის ნამდვილი პოზა მინდოდა მიმეღო. ამ დროს კარზე დააკაკუნეს. ვიფიქრე, მოახლეა-მეთქი და, რაკი არაფერს აქცევდა ყურადღებას, დავუძახე, შემოდით-მეთქი.       ანა შემოვიდა, ერთხანს მონუსხულივით იდგა და იღიმებოდა.   - რას თამაშობდით?   - იოგას! – მივუგე. – მაგრამ ეს თამაში კი არა, ინდური ფილოსოფიაა.       იგი მაგიდას მიუახლოვდა და წიგნი ხელში აიღო. გულმა რეჩხი მიყო. წიგნი მეასე გვერდზე იყო გადაშლილი და მთლიანად აჭრელებული მქონდა მინაწერებით: "განუხორციელებელია!" ან "დამქანცველია!"   - ფრიად კეთილსინდისიერი ბრძანდებით! – თქვა ანამ, – კი მაგრამ, ის დისერტაცია სადღაა პასკალზე, ყურები რომ გამოგვიჭედეთ?       მართლაც, სადილობის დროს თავს ვიწონებდი პასკალის რომელიმე ფრაზაზე მსჯელობით. მინდოდა მეჩვენებინა, ამ საკითხზე რამდენი ვიფიქრე და ვიმუშავე. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არასოდეს ერთი სიტყვაც არ დამიწერია. ახლა გაშეშებული ვიდექი. ანა დამაშტერდა და ყველაფერს მიხვდა.   - თუ არ მუშაობთ და სარკის წინ პრანჭიობას უნდებით, ეს თქვენი საქმეა! – თქვა მან ბოლოს. – მაგრამ მამათქვენსა და მე რომ გვატყუებთ, ეს უკვე სამწუხაროა. სხვათა შორის, თქვენი უეცარი ინტელექტუალური აქტიურობა მუდამ ძალიან მაოცებდა...       თქვა და ოთახიდან გავიდა. თავზარდაცემულივით ვიდექი პირსახოცებში გახვეული. ვერ წარმომედგინა, ყოველივე ამას "მოტყუებას" თუ დაუძახებდა. დისერტაციაზე იმიტომ ვლაპარაკობდი, რომ მინდოდა მისთვის მესიამოვნებინა. მან კი ასე ხელაღებით გამწირა. ბოლო ხანებში ის სულ სხვანაირად მეპყრობოდა და ახლა მისი ეს დამამცირებელი ზიზღი სიბრაზისგან მახრჩობდა. სწრაფად მოვიშორე ჩემი უცნაური სამოსი, ჩავიცვი შარვალი, ძველი ბლუზა და სირბილით გავვარდი სახლიდან. თაკარა სიცხე იყო, მაგრამ რას დაგიდევდით? კისრისტეხით, გაშმაგებული მივრბოდი, იმდენად გაშმაგებული, რომ თითქმის დარწმუნებული ვიყავი, სირცხვილიც არ შემაწუხებდა. სირილის სახლთან გავჩნდი. აქოშინებული შევჩერდი ჭიშკართან. ნაშუადღევის ამ პაპანაქებაში სახლებს თითქოს ღრმად ეძინათ, გარინდებულიყვნენ, საკუთარ საიდუმლოებებში ჩაფლულიყვნენ. სირილის ოთახს მივუახლოვდი. ერთხელ, დედამისის სანახავად მისულს, თვითონ მაჩვენა ეს ოთახი. კარი გავაღე: საწოლზე გარდიგარდმო გაშხლართულიყო, თავი მკლავზე დაედო და ეძინა. ერთი წუთით დავაცქერდი: პირველად ვხედავდი ასე მოდუნებულს, გულისამაჩუყებელს. ხმადაბლა დავუძახე; თვალები გაახილა და, როგორც კი შემამჩნია, მაშინვე წამოხტა.   - შენა? აქ როგორ გაჩნდი?       ვანიშნე, ხმამაღლა ნუ ლაპარაკობ-მეთქი. დედამისი რომ შემოსულიყო და მისი ვაჟის ოთახში ვენახე, იქნებ ეფიქრა... თუმცა ვინ არ იფიქრებდა?.. ერთბაშად ავფორიაქდი და კარს მივაშურე.   - სად მიდიხარ? – დაიყვირა სირილმა. – დაბრუნდი, სესილ...       სიცილით წამავლო ხელი და შემაჩერა. მისკენ მივბრუნდი, შევაცქერდი. მასაც ისევე დაედო მკვდრის ფერი, როგორც ვგრძნობდი, მე ვიყავი გაფითრებული. ხელი გამიშვა, მერე ხელახლა მომხვია მკლავები და მიმიზიდა. ანგარიშმიუცემლად ვიმეორებდი გულში: ეს ასეც უნდა მომხდარიყო, ასეც უნდა მომხდარიყო-მეთქი! შემდეგ დაიწყო სიყვარულის სიგიჟე: შიში და სურვილი, ალერსი და გაშმაგება, შემდეგ კი გაუსაძლისი ტკივილი, ყოვლისმომცველი სიამოვნება რომ სდევს თან. ბედმა გამიღიმა. სირილს აღმოაჩნდა საჭირო სიფაქიზე და... ეს სიამოვნება იმ დღიდანვე შევიგრძენი.       ერთი საათი დავრჩი მასთან, გაოგნებული და გაოცებული. სიყვარულზე მუდამ მესმოდა, მეტად ადვილი საქმეაო. მეც ასე აგდებით, ჩემი ასაკისათვის დამახასიათებელი უმეცრებით მილაპარაკია მასზე. ახლა კი მეგონა, სიყვარულს ასე ხელაღებით და უხეშად ვეღარასოდეს მოვიხსენიებ-მეთქი. სირილი ჩემ გვერდით იწვა და მეუბნებოდა, აუცილებლად შეგირთავ ცოლად, ჩემს სიცოცხლეში გვერდიდან არ მოგიშორებო. ჩემი გარინდება, ჩანდა, აშინებდა. წამოვდექი, შევხედე და ვუთხარი, შენ ახლა ჩემი საყვარელი ხარ-მეთქი. დაიხარა. მის მკერდზე ათრთოლებულ ძარღვს ტუჩებით შევეხე და რამდენჯერმე გავუმეორე: "ჩემო ძვირფასო სირილ, ჩემო ძვირფასო!" არ ვიცი, იმ წუთში მართლა მიყვარდა თუ არა. მე მუდამ მერყევი ბუნება მქონდა, მაგრამ ახლა კი საკუთარ თავზე მეტად სირილი მიყვარდა, მისთვის სიცოცხლეს გავწირავდი. შინ წამოსვლისას მკითხა, ხომ არ ბრაზობ ჩემზეო. გამეცინა. როგორ უნდა გავბრაზებულიყავი, როცა ასეთი ბედნიერება მომანიჭა?!       ნელი, მოქანცული ნაბიჯით დავბრუნდი ფიჭვნარში. სირილს ვთხოვე, არ გამაცილო-მეთქი, სახიფათო იყო. მეშინოდა, ჩემს სახეზე, მიბნედილ თვალებში, დასივებულ ტუჩებზე, ათრთოლებულ სხეულზე კმაყოფილების აშკარა ნიშნები არ ამოეკითხათ.       ანა სახლის წინ, შეზლონგზე იწვა და წიგნს კითხულობდა. სახლიდან გასვლის მიზეზის ასახსნელად ტყუილი მზად მქონდა, მაგრამ არაფერი უკითხავს. შეკითხვები საერთოდ არ უყვარდა. ახლოს ჩამოვუჯექი, ოღონდ კრინტი არ დამიძრავს. მახსოვდა, რომ გაბუტულები ვიყავით. ვიჯექი ასე გარინდებული, ნახევრად მოჭუტული თვალებით და მთელი ჩემი ყურადღება საკუთარ სუნთქვას, თითების ცახცახს მიეპყრო. დროდადრო, როცა სირილის სხეულს ან ზოგიერთ მომენტს გავიხსენებდი, გულიდან სისხლი მეწრიტებოდა.       მაგიდიდან სიგარეტი ავიღე, ასანთს გავკარი. ჩაქრა. მეორედ გავკარი ფრთხილად. ქარი არ ქროდა, მაგრამ ხელი მიკანკალებდა. როგორც კი სიგარეტთან მივიტანე, მაშინვე ჩაქრა. რაღაც ჩავიბუზღუნე და მესამედ გავკარი. თვითონ არ ვიცი, რატომ და ასანთის ამ მესამე ღერმა ერთბაშად სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა ჩემთვის. ალბათ, იმიტომ, რომ ანა ანაზდად გამოერკვა და დინჯად, დაკვირვებით შემომხედა. იმ წუთში ყველაფერი გაქრა ჩემთვის – დროც, ადგილიც. მხოლოდ ასანთის ეს ღერი, ჩემი თითები, ნაცრისფერი კოლოფი და ანას მზერა არსებობდა. გული კინაღამ ამომივარდა საგულედან, გაშმაგებით ამიძგერდა, რაც ძალი და ღონე მქონდა, თითები ასანთის ღერს ჩავჭიდე და გავკარი. აინთო, მაგრამ ვიდრე სახეს მივუშვერდი ალს, სიგარეტი შეეხო და ჩააქრო. კოლოფი გადავისროლე, თვალები დავხუჭე. ანას მკაცრი, ინკვიზიტორული მზერა ლოდად მაწვა. გულში ვედრება აღმომხდა. მინდოდა, ამ ლოდინს ბოლო მოღებოდა. ანამ ნიკაპზე წამავლო ხელი და თავი ამიწია. ქუთუთოებს მაგრად დავაჭირე თითები, არ მინდოდა თვალებში შემოეხედა ჩემთვის, ვგრძნობდი, დაღლილობით, სირცხვილით, სიამოვნებით გამოწვეული ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა თვალთაგან. და აი, მაშინ, თითქოს უარი თქვა დაკითხვაზეო, ანამ მშვიდად ჩამომისვა ხელი სახეზე და მომეშვა. შემდეგ ანთებული სიგარეტი პირში ჩამჩარა და წიგნის კითხვა განაგრძო.       ანას ხელის მოძრაობას სიმბოლური მნიშვნელობა მივანიჭე, ყოველ შემთხვევაში, ვცადე მიმენიჭებინა. მაგრამ დღეს, როცა ხელში ასანთი მიჭირავს, მუდამ განვიცდი იმ უცნაურ წამს, ანას მძიმე შემოხედვას და ირგვლივ დაძაბულ სიცარიელეს ვგრძნობ... თავი მეხუთე       ეს ამბავი, რაზეც ეს-ეს არის გელაპარაკეთ, ცხადია, უშედეგოდ ვერ ჩაივლიდა. როგორც თავშეკავებულსა და საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანებს სჩვევიათ, ანასაც არ უყვარდა კომპრომისები. ჰოდა, ხელებით ნაზი მოალერსება ჩემს სახეზე, დიახაც, კომპრომისი გახლდათ მისთვის. რაღაცას მიხვდა, შეეძლო კიდეც გამოვეტეხე, მაგრამ ბოლო წუთს სიბრალულმა თუ გულგრილობამ სძლია, ალბათ. ჩემზე ზრუნვა, ჩემი გაწვრთნა ისევე ეძნელებოდა, როგორც ჩემს შეცოდებებთან შეგუება. ანას ხომ მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობის გრძნობა აიძულებდა, ეკისრა მეურვის, აღმზრდელის როლი. რაკი გადაწყვიტა, მამაჩემს ცოლად გაჰყოლოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩემზე მზრუნველობაც ევალდებულა. მე კი მერჩივნა ამ მუდმივ კილვას, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, გაღიზიანება ან რომელიმე სხვა ზერელე გრძნობა გამოეწვია: მას ჩვეულება სწრაფად დათრგუნავდა. სხვის ნაკლს ადვილად ეჩვევიან, როცა მისი გამოსწორება მოვალეობად არ ეთვლებათ. ექვს თვეში ანას დაღლიდა ჩემი "გამოსწორების" ცდა, შესაძლებელია, ამ დაღლილობას მისთვის შვებაც კი მოეტანა. მეც სწორედ ეს მჭირდებოდა; მაგრამ ეს გრძნობა ვერ გაუჩნდებოდა, რაკი, მისი აზრით, ჩემს საქციელზე თვითონ იქნებოდა პასუხისმგებელი; ერთი მხრივ, მართლაც ასე უნდა ყოფილიყო, რადგან მე ჯერ კიდევ დამჯერი ვიყავი, დამჯერი და... ჯიუტი. ერთი სიტყვით, ანა გაბრაზდა და კიდეც მაგრძნობინა. რამდენიმე დღის შემდეგ სადილზე კვლავ ატყდა კამათი. მიზეზი ის აუტანელი დავალებები იყო, არდადეგების დროს რომ უნდა შემესრულებინა. მე ისე უტიფრად ვლაპარაკობდი, უხერხულობისგან მამაც კი იშმუშნებოდა, ხოლო ანას, მართალია, ხმა არ აუმაღლებია, მაგრამ ბოლოს ვეღარ მოუთმენია და გასაღებით ჩავუკეტივარ. მე ეს არც კი შემიმჩნევია, მაგრამ როცა მომწყურდა და კარს მივადექი, კარი არ გაიღო. როგორ იქნა მივხვდი, რომ გარედან ჩაეკეტათ. ჩემს სიცოცხლეში არავის არასოდეს ჩავუკეტივარ ოთახში. ავფორიაქდი, ნამდვილმა პანიკამ შემიპყრო, ფანჯარას მივვარდი, იქიდან ვერ გადავიდოდი. გაგიჟებულივით გამოვბრუნდი, მერე კვლავ კარს ვეტაკე და მხარი ვიტკინე. ყვირილი და მოახლეების მოხმობა არ მინდოდა. კრიჭაშეკრულმა, კლიტის გატეხა მოვინდომე. ფრჩხილების ქლიბი გასაღების ჭუჭრუტანაში გადამიტყდა. ერთხანს მკლავებდაშვებული ვიდექი შუა ოთახში, გაშეშებული. ეს კია, ფიქრების თავმოყრასთან ერთად რაღაც სიმშვიდე მიპყრობდა. ეს იყო ჩემი პირველი შეტაკება სისასტიკესთან: ვგრძნობდი, რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, უფრო ვიხლართებოდი მის კვანძებში. ლოგინზე გავიშოტე და სამოქმედო გეგმა გულდასმით შევიმუშავე. ჩემი გაშმაგება იმდენად აჭარბებდა მის გამომწვევ საბაბს, რომ მთელი იმ ნაშუადღევის განმავლობაში ორჯერ თუ სამჯერ წამოვვარდი საწოლიდან, ოთახიდან დავაპირე გასვლა, და გამიკვირდა, კარი რატომაა დაკეტილი-მეთქი!       ექვს საათზე მამაჩემი მოვიდა და კარი გამიღო. ოთახში რომ შემოვიდა, ჩემდა უნებურად წამოვდექი ფეხზე. უსიტყვოდ შემომხედა და მეც გავუღიმე.   - გინდა ვისაუბროთ? – მკითხა მან.   - რაზე? მსგავსი ახსნა-განმარტებები, ჩემი არ იყოს, შენც გეჯავრება. მას ხომ არავითარი აზრი არა აქვს!..   - მართალია, – ისე თქვა, თითქოს ლოდი მოიშორაო გულიდან, – ანას უფრო გულთბილად უნდა მოექცე, უნდა მოუთმონო!       ამ სიტყვამ გამაოცა: მე მოვუთმინო ანას?!       მამაჩემს ყველაფერი უკუღმა წარმოედგინა. გულის სიღრმეში ისე ეგონა, თითქოს ანას ძალით ახვევდა თავზე საკუთარ შვილს. სინამდვილეში კი პირიქით იყო. მაგრამ ფიქრს ვის აუკრძალავ!   - ცუდად მოვიქეცი. ანას ახლავე მოვუხდი ბოდიშს.   - შენ მაინც თუ ხარ... ჰმ... შენ თუ ხარ ბედ... ბედნიერი?   - რა თქმა უნდა, – ლაღად მივუგე, – გარდა ამისა, თუკი მე და ანა ზედმეტად ავუწეწავთ ერთმანეთს ნერვებს, ცოტა ადრე გავთხოვდები და ეს იქნება!       კარგად ვიცოდი, რომ ასეთი გადაწყვეტა საქმისა აუცილებლად დატანჯავდა.   - ამაზე ფიქრიც ზედმეტია... შენ ხომ დედოფალა არა ხარ!..       "ნუთუ ასე მალე დამთმობ და მიმატოვებ?! ჩვენ ხომ მხოლოდ ორი წელი ვიცხოვრეთ ერთად?!"       ეს აზრი ისევე აუტანელი იყო ჩემთვის, როგორც მისთვის. წარმოვიდგინე, როგორ მივიდოდი მასთან, მკერდზე დავადებდი თავს, ვიტირებდი და დაკარგულ ბედნიერებასა და მოჭარბებულ გრძნობებზე ველაპარაკებოდი! მაგრამ მამაჩემი ვეღარ იქნებოდა ჩემი თანამოაზრე.   - შენც კარგად იცი, მუდამ ვაჭარბებ. ბოლოს და ბოლოს, ანას და მე კარგად გვესმის ერთმანეთის. თუ დავუთმობთ ერთმანეთს...   - ჰო, რასაკვირველია! – თქვა მან.       ალბათ, ისიც ჩემსავით ფიქრობდა, რომ ორივე მხარე არ დათმობდა. დათმობა იქნებოდა მხოლოდ ჩემი მხრიდან.   - ხომ გესმის? მე შესანიშნავად ვიცი, რომ ანა მუდამ მართალია. ჩვენზე უკეთ მოაწყო თავისი ცხოვრება... მის არსებობას უფრო მეტი აზრი აქვს...       უარყოფის ნიშნად ხელი გაიქნია, მაგრამ მე განვაგრძე: – ერთი ან ორი თვის შემდეგ სავსებით შევეგუები ანას აზრებს, სულელურ კამათს აღარ ავტეხთ, ოღონდ ცოტა მოთმინებაა საჭირო.       მამამ შემომხედა. აშკარად ეტყობოდა, რომ დაიბნა და თან შეეშინდა: მომავალი ანცობის თანამონაწილეს კარგავდა, ამით კი წარსულის პატარა ნაწილიც ეკარგებოდა.   - გადაჭარბება რა საჭიროა! – წაილუღლუღა მან. – კი, იქნებ ისეთ ცხოვრებაში ჩაგითრიე, რაც არც შენი ასაკისათვის იყო შესაფერისი, არც... ჰმ... ჰმ... ჩემი, მაგრამ ის ცხოვრება არცთუ მთლად უგუნური და არცთუ უბედური იყო... არა! სინამდვილეში, ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ არც ისე... ჰმ... ჰმ... მოწყენილი... არა, გზასაცდენილი ვყოფილვართ. ასე ხელაღებით ყველაფრის უარყოფა მხოლოდ იმიტომ, რომ ანას ჩვენგან განსხვავებული აზრები აქვს, არ შეიძლება.   - უარყოფა მართლაც არ არის საჭირო, სამაგიეროდ თავის დანებება კი აუცილებელია! – დარწმუნებით ვუთხარი.   - რასაკვირველია! – წაიბუტბუტა საცოდავმა.       ქვემოთ ჩავედით.       მე ძალდაუტანებლად მოვუხადე ბოდიში ანას. პასუხად მითხრა, ბოდიში რა საჭიროა, ეტყობა, მთელი ამ კინკლაობის მიზეზი პაპანაქება სიცხეაო. მაშინვე გულგრილად შევხედე ყველაფერს და გავმხიარულდი.       როგორც შევთანხმდით, სირილი ფიჭვნარში დამხვდა. ვუთხარი, რა უნდა გაეკეთებინა. შიშითა და აღფრთოვანებით მომისმინა. შემდეგ ხელები მომხვია, მაგრამ გვიანი იყო და შინ უნდა დავბრუნებულიყავი. მასთან განშორება ისე გამიჭირდა, თვითონვე გამიკვირდა. ძალიან რომ ჩამციებოდა, ალბათ, დავრჩებოდი. ჩემი სხეული მას ეძებდა, მისკენ მიილტვოდა. გატაცებით ვაკოცე, მინდოდა რაღაც ტკივილი მიმეყენებინა, რაღაც დაღი დამესვა, რათა მთელი საღამოს მანძილზე ერთი წუთითაც არ დავვიწყებოდი, ხოლო ღამით სიზმარში ვენახე. ღამე ხომ უსასრულოდ გაგრძელდებოდა უიმისოდ, მისი ანაზდეული გახელების, მისი ხანგრძლივი ალერსის გარეშე! თავი მეექვსე       მეორე დილით სასეირნოდ წავედი და მამაჩემი თან გავიყოლე. შარაგზაზე მივდიოდით და მხიარულად ვმასლაათობდით. ზუსტად თერთმეტის ნახევარი იყო. დანიშნულ ადგილას დროზე ვიქნებოდი. მამაჩემი წინ გამიძღვა, რადგან გზა მეტად ვიწრო და დაბარდული იყო; ეკლებს რომ არ დავეკაწრე, მაყვლის ბუჩქებს განზე მიწევდა... შეჩერდა თუ არა, მაშინვე მივხვდი, ისინი შეამჩნია-მეთქი. მივუახლოვდი. სირილი და ელზა ფიჭვის გირჩებზე გაწოლილიყვნენ და ტკბილად ეძინათ. სოფლური იდილიით მიღებული ბედნიერება ეფინათ სახეზე. რა თქმა უნდა, მითითება ჩემგან მიიღეს, მაგრამ როცა ეს სურათი დავინახე, გულში მაინც რაღაც ჩამწყდა. მართალია, ელზას მამაჩემი უყვარდა, ხოლო სირილს – მე, მაგრამ რა შეუშლიდა ხელს ამ ლამაზ, ახალგაზრდა წყვილს, ერთმანეთს დაახლოებოდნენ?! მამას გადავხედე. გაშეშებული იდგა, სახეზე მკვდრისფერი ედო, თვალი მიეშტერებინა ორივესთვის. მკლავში წავავლე ხელი.   - ნუ გავაღვიძებთ, წავიდეთ აქედან! – ჩავილაპარაკე.       უკანასკნელად შეავლო თვალი ელზას. ის პირაღმა იწვა – წითური თმა, ოქროსფრად მოელვარე სხეული, ბაგეზე აკიაფებული მკრთალი ღიმილი ნიმფას ამსგავსებდა, გაქცევა რომ დააპირა და იმწუთას ხელი სტაცეს. მართლაც, დიდებული სანახავი იყო! მამა შემობრუნდა და ფართო ნაბიჯით წავიდა წინ.   - კა... – წაიბუტბუტა მან. – კახპა!   - ასე რატომ ლაპარაკობ? ის ხომ თავისუფალი ქალია?   - საქმე ეს როდია! განა გესიამოვნა, სირილი რომ მის მკლავებში დაინახე?   - მე იგი აღარ მიყვარს, – ვთქვი მე.   - არც მე მიყვარს ელზა, – გაანჩხლებით დაიყვირა მან, – მაგრამ მაინც მეტკინა გული. ნუთუ მასთან... ჰმ... ჰმ... ვცხოვრობდი! ეს უარესია ვიდრე...       მეც ვიცოდი, რომ მართლაც უარესი იყო! მას, ალბათ, ისეთივე სურვილი ჰქონდა, როგორიც მე: მივარდნოდა, გაეთიშა ისინი და თავისი საგანძური, ის, რაც მას ეკუთვნოდა, მოეტაცა!   - ანა რომ გისმენდეს!..   - რა? ანა რომ მისმენდეს? რა თქმა უნდა, იგი ვერ გამიგებდა, ან შეურაცხყოფილი დარჩებოდა. ეს ბუნებრივიცაა! მაგრამ შენ? შენ ხომ ჩემი შვილი ხარ? ნუთუ აღარც შენ გესმის ჩემი? შენც შეურაცხყოფილი არა ხარ?       ეჰ, რა ადვილი იყო ჩემთვის ისე წარმემართა მისი ფიქრები, როგორც მინდოდა. ცოტა არ იყოს, კიდეც მეშინოდა, ასე კარგად რომ ვიცნობდი მის ბუნებას!   - შეურაცხყოფილი არა ვარ, მაგრამ სიმართლეს პირისპირ უნდა შევხედოთ: ელზას ინდაურის ტვინი აქვს, სირილი მოსწონს, იცის, რომ შენთვის იგი აღარ არსებობს. მით უმეტეს, ისე მოექეცი, ასეთი რამის პატიება შეუძლებელია...   - რომ მინდოდეს... – წამოიწყო მან, მაგრამ შეშინებულს ერთბაშად გაუწყდა სიტყვა.   - ვერაფერს გახდებოდი! – ისე მტკიცედ ვუთხარი, თითქოს ელზას დაბრუნების შესაძლებლობაზე კამათი ბუნებრივი რამ ყოფილიყო.   - ამაზე აღარც ვფიქრობ! – თქვა მან. უკვე საღად მსჯელობდა.   - რა თქმა უნდა! – მხრების აჩეჩით ვუპასუხე.       მხრების აჩეჩა კი ნიშნავდა: "შეუძლებელია, ჩემო კარგო! შენ უკვე ჩამოწერილი ხარ!"       სახლამდე კრინტი არ დაუძრავს. შინ დაბრუნებულმა მკლავი მოხვია ანას, მკერდზე მიიკრა და კარგა ხანს იდგა ასე, თვალდახუჭული. ანა გაკვირვებული იღიმებოდა. მე ოთახიდან გავედი და ტიხარს მივეყრდენი დერეფანში. სირცხვილისგან ვიწვოდი.       ორ საათზე სირილის ჩუმი სტვენა შემომესმა და ნაპირზე ჩავედი. მან მაშინვე ჩამსვა ნავში და ზღვისკენ გაცურა. ზღვაზე არავინ იყო. ასეთ პაპანაქებაში ვის ექნებოდა ცურვის თავი! შუა ზღვაში გასვლისთანავე ჩამოუშვა აფრა და ჩემკენ შემობრუნდა. აქამდე თითქმის არ დავლაპარაკებივართ ერთმანეთს.   - ამ დილით... – დაწყო მან.   - გაჩუმდი, გეხვეწები გაჩუმდი! – წამოვიძახე.       მან ფრთხილად დამაწვინა ბრეზენტზე. ორივენი სველი, ოფლით გაწებილები ვიყავით, მოუხერხებელნი და სულსწრაფნი. ჩვენ ქვეშ ნავი ოდნავ ქანაობდა. მზე პირდაპირ თვალებში მაჭყეტდა. ანაზდად სირილის ნაზი ჩურჩული ჩამესმა და მზე თითქოს მოსწყდა ზესკნელს, აბდღვრიალდა, თავზე დამეცა... სად ვიყავი? ზღვის სიღრმეში, დროის სიღრმეში, სიამოვნების სიღრმეში... ხმამაღლა ვუხმობდი სირილს. არ მიპასუხა. ან კი რატომ უნდა ეპასუხა?!       შემდეგ მარილიან წყალში გავგრილდით. მზის სხივები გვჭრიდა თვალს. მოთენთილები, ერთმანეთის მადლიერნი ვიცინოდით. ჩვენთან იყო მზე და ზღვა, სიცილი და სიყვარული... შევძლებთ კი ოდესმე განვიცადოთ ეს ყველაფერი ისეთივე სიმძაფრითა და სიძლიერით? იმ ზაფხულს ხომ ამ გრძნობებს ჩვენი შიში და სინდისის ქენჯნა აძლიერებდა.       სიყვარული არა მხოლოდ უცხადეს ფიზიკურ სიამოვნებას მანიჭებდა. როცა მასზე ვფიქრობდი, ერთგვარ ინტელექტუალურ კმაყოფილებასაც განვიცდიდი. "გრძნობას აჰყვაო", – ეს სიტყვები მეტად მომხიბვლელად ისმის, თუკი პირდაპირ მნიშვნელობას ჩამოვაცილებთ. ეს მატერიალური და პოზიტიური ტერმინი "აჰყვაო", შეერთებული განყენებულ "გრძნობასთან", აღტაცებას მგვრიდა. წინათ ამაზე ყოველგვარი დარცხვენის, უხერხულობის გარეშე ვლაპარაკობდი, რადგან მისი გემო ჯერ არ ვიცოდი. ახლა კი აშკარად დავიმორცხვე. საკმარისი იყო მამაჩემს მზერა შეეჩერებინა ანას სახეზე, რომ მაშინვე თვალებს ვხრიდი, ანდა როცა ანას ორაზროვანი, ჩუმი სიცილი მოგვესმოდა, მე და მამა ვფითრდებოდით, ფანჯარაში ვიხედებოდით. იქნებ, კიდეც უნდა გვეთქვა ანასთვის, შენი სიცილით გვაგრძნობინებ, ჩვენი არ გჯერაო?! მამაჩემს იგი ექცეოდა, როგორც მეგობარს, ნაზ მეგობარს და არა – როგორც საყვარელს. სამაგიეროდ, ღამით, ალბათ... ამაზე ფიქრს ჩემს თავს ვუკრძალავდი; სულის ამაფორიაქებელი სურათების წარმოდგენა არ მიყვარდა. ასე გადიოდა დღეები. ნელ-ნელა მავიწყდებოდნენ ანაც, მამაც, ელზაც. სიყვარულიღა მასულდგმულებდა მთვარის შუქზე თვალგახელილს, მოსიყვარულესა და დამშვიდებულს. ერთხელ სირილმა მკითხა, არ გეშინია, ბავშვი რომ აგყვესო? მშვიდად ვუპასუხე, შენს იმედზე ვარ-მეთქი. ჩანს, ჩემი პასუხი ბუნებრივად ჩათვალა; ალბათ, სწორედ ამიტომ დავნებდი ასე ადვილად: პასუხისმგებლობას არაფერში მაკისრებდა და, თუ ბავშვი ამყვებოდა, მისი ბრალი იქნებოდა. რასაც მე ვერ ვიკისრებდი, იგი იღებდა თავის თავზე. ამას გარდა, ისეთი გამხდარი და მილეული სხეული მქონდა, ფეხმძიმობისას, ალბათ, საშინელი სანახავი ვიქნებოდი. ამიტომ, პირველად ჩემს სიცოცხლეში, კმაყოფილი ვიყავი, ბავშვის აღნაგობა რომ მქონდა!       მაგრამ ელზა მოთმინებას კარგავდა. წამდაუწუმ მიწუხებდა სულს შეკითხვებით. მე კი ერთთავად მეშინოდა, ელზასთან ან სირილთან არავინ მნახოს-მეთქი. ელზა ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ მამაჩემს ხშირად წასწყდომოდა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვედროდა. უხაროდა, ეჩვენებოდა, რომ გაიმარჯვა, რომ მამა მის დანახვაზე აღტაცებას ვერ მალავდა. მიკვირდა, მამაკაცთა წამიერი სიამოვნებისათვის გაჩენილი ეს ქალი, თავისი ხელობით ფულის მოყვარული, ერთბაშად ასეთი რომანტიკული როგორ გახდა, ყოველ გამოხედვას, ყოველ მოძრაობას ასეთ დიდ მნიშვნელობას როგორ აწერს-მეთქი! მართალია, გამჭრიახი ქალის როლს არ იყო შეჩვეული, მაგრამ ის, რაც გაითამაშა, ეტყობა, ფსიქოლოგიის მწვერვალად მიაჩნდა.       იქნებ, მამაჩემს დღითი დღე მართლაც უფრო და უფრო იპყრობდა ელზაზე ფიქრი, მაგრამ ამას ანა ვერ გრძნობდა. მამაჩემი არასოდეს ყოფილა მის მიმართ ასეთი ნაზი, ასეთი გულთბილი; მე კი სწორედ ეს მაშინებდა, რადგან მის საქციელს შეუგნებელ სინდისის ქენჯნას ვაწერდი. მთავარი ის იყო, რომ ამ სამი კვირის განმავლობაში არაფერი მომხდარიყო. მალე პარიზში დავბრუნდებოდით, ელზაც პარიზს წავიდოდა; თუ კვალავ თანახმანი იქნებოდნენ, მამა და ანა დაქორწინდებოდნენ; სირილიც პარიზში იქნებოდა. თუ ანამ .აქ ვერ შემიშალა ხელი, პარიზში მით უფრო ვერ დამიშლიდა მასთან შეხვედრას, პარიზში სირილის ოთახი ჰქონდა დედისეულ ბინასთან მოშორებით. უკვე წარმომედგინა, ვიწრო საწოლზე წამოწოლილები ღია ფანჯრიდან როგორ დავტკბებოდით პარიზის უჩვეულო ლურჯი და ვარდისფერი ცით, გისოსებზე ჩამომსხდარი მტრედების ღუღუნით... თავი მეშვიდე       რამდენიმე დღის შემდეგ, მამაჩემმა წერილი მიიღო ერთ-ერთი ჩვენი მეგობრისგან, სენ-რაფაელის ბარში პაემანს უნიშნავდა აპერიტივის დასალევად. მამამ მაშინვე გვაცნობა ეს ახალი ამბავი. აღტაცებული იყო, რომ ცოტა ხნით მაინც დააღწევდა თავს ამ განმარტოებულ ცხოვრებას, ჩვენი ნება-სურვილით რომ შევიქმენით, მაგრამ უკვე გვიძნელდებოდა. მეც, რა თქმა უნდა, მაშინვე შევატყობინე ელზასა და სირილს, რომ შვიდ საათზე "მზეში" ვიქნებოდით და, თუ წამოსვლას დააპირებდნენ, შეეძლოთ იქ ვენახეთ. საუბედუროდ, ელზა იცნობდა მამაჩემის მეგობარს და წამოსვლის სურვილი მით უფრო გაუცხოველდა. მაშინვე მივხვდი, რა გართულება მოჰყვებოდა მის იქ ყოფნას, შევეცადე გადამეფიქრებინა, მაგრამ ამაოდ.   - შარლ ვები მაღმერთებს! – ბავშვური გულუბრყვილობით წამოიძახა მან. – როგორც კი დამინახავს, რაიმონდს მაშინვე აიძულებს, დამიბრუნდეს.       სირილისთვის სულერთი იყო, წავიდოდით თუ არა სენ-რაფაელში. მისთვის მთავარი გახლდათ, იქ ყოფილიყო, სადაც მე ვეგულებოდი. ეს მის თვალებში ამოვიკითხე და, მართალი გითხრათ, გული სიამაყით ამევსო.       და აი, ნაშუადღევის ექვს საათზე კიდეც წავედით. ანამ თავისი მანქანით წაგვიყვანა. მისი მანქანა ძალიან მომწონდა: ამერიკული ღია მანქანა იყო, მძიმე; ყიდვისას, ეტყობა, უფრო რეკლამას ენდო, ვიდრე საკუთარ გემოვნებას. ასეთი მანქანა ჩემს გემოვნებას უფრო შეეფერებოდა: უამრავი პრიალა ნაწილი ჰქონდა, მოსახვევებში ისე უხმოდ მისრიალებდა, თითქოს საცაა მოსწყდება გზას და დაქანდებაო. გარდა ამისა, სამივენი წინ ვისხედით. მე კი, უნდა გამოგიტყდეთ, არსად ისე მეგობრულად არ ვარ განწყობილი ვინმეს მიმართ, როგორ მანქანაში. დიახ, სამივენი წინ ვისხედით, ერთმანეთს ვეკვროდით, სისწრაფეს, ქარსა და, ვინ იცის, იქნებ ერთნაირ სიკვდილს მოწყურებულნი! მანქანას ანა მართავდა. ჰოდა, იტყოდით, სიმბოლური ნიშანია იმ ოჯახისა, ახლო მომავალში რომ უნდა შეიქმნასო. კანში იმ საღამოს მომხდარი ამბის შემდეგ მის მანქანაში არც ჩავმჯდარვარ. ამიტომ დიდი ხანია ვოცნებობდი ამაზე.       "მზეში" შარლ ვები და მისი მეუღლე დაგვხვდნენ. ვების საქმე თეატრალური რეკლამები იყო, მისი ცოლისა კი ქმრის ნაშოვნი ფულის ფლანგვა. სანამ ქალი თვალის დახამხამებაში ფლანგავდა ფულებს ახალგაზრდა მამაკაცებზე, ქმარი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თვიდან თვემდე როგორ გაეტანა თავი და სულ ერთთავად ფულს ეძებდა. ამიტომ იყო მუდამ შეშფოთებული, აფუსფუსებული. დიდი ხნის განმავლობაში იგი ელზას საყვარელი ყოფილა; მიუხედავად თავისი სილამაზისა, ელზა ხარბი არ იყო. ჰოდა, ეტყობა, ვებსაც სწორედ იმიტომ მოსწონდა, ფულის მიმართ დაუდევრობას რომ იჩენდა.       ვების ცოლი ბოროტი ქალი იყო. ანა მას არ იცნობდა. შევამჩნიე, ლამაზ სახეზე მაშინვე აღებეჭდა ის ამრეზილი და დამცინავი გამომეტყველება, ჩვეულებრივ რომ არ შორდებოდა ხოლმე მაღალ საზოგადოებაში ყოფნისას. შარლ ვები, როგორც ყოველთვის, ბევრს ლაპარაკობდა და თან თვალს არ აშორებდა ანას. აშკარად ეტყობოდა, ძალიან აინტერესებდა, რა კავშირი უნდა ჰქონოდა ანას ქალების მუსუს რაიმონდთან და მის ქალიშვილთან. როცა თავში გამიელვა, რა ახალი ამბავი უნდა გაეგო ვებს, ჩემს კმაყოფილებას საზღვარი არ ჰქონდა. მამა მისკენ დაიხარა და ერთი ამოსუნთქვით, სწრაფად განუცხადა: – ახალი ამბავი უნდა შეგატყობინო, ძმობილო! ხუთ ოქტომბერს ანა და მე ჯვარს ვიწერთ!       ვები გაოგნებით უყურებდა ხან ერთს, ხან მეორეს. მე გულში მიხაროდა. მისი ცოლი დაიბნა, მას მუდამ მოსწონდა მამაჩემი.   - მომილოცავს! – ომახიანად დაიყვირა ბოლოს ვებმა. – ეს რა შესანიშნავი აზრი მოგსვლიათ! ძვირფასო ქალბატონო, რაკი ასეთი უქნარას გამოსწორება გიკისრიათ, დიდებული ქალი ბრძანდებით!.. მსახურო!.. ეს ამბავი უნდა აღვნიშნოთ!       ანა ძალდაუტანებლად და მშვიდად იღიმებოდა. უცებ ვებს სახე გაებადრა. თავი არც კი მიმიბრუნებია, მივხვდი.   - ელზა! ღმერთი ჩემო, ნუთუ ელზა მაკენბურგია? ვერ შემამჩნია. რაიმონდ, ერთი შეხედე, ეს გოგო როგორ დამშვენებულა!   - შენც შენიშნე, არა? – ბედნიერი მესაკუთრესავით ჰკითხა მამამ. მერე გონს მოვიდა და სახე შეეცვალა.       შეუძლებელია, ანას არ შეემჩნია მისი ხმის კილო. სწრაფად მოაშორა მზერა მამას და ჩემკენ მოაბრუნა სახე. როგორ კი რაღაცის თქმა დააპირა, დავინახე და ვუთხარი: – ანა, თქვენ ისეთი მშვენიერი ხართ, ყველანი შურით სკდებიან! აი, იქ, ერთი კაცი ზის და თვალს არ გაშორებთ.       ეს სიტყვები ვითომ საიდუმლოდ ვუთხარი, ე. ი. საკმაოდ ხმამაღლა. მინდოდა მამაჩემს გაეგონა. ანა მაშინვე მიბრუნდა და იმ კაცს შეხედა.   - ასეთი რამ არ მიყვარს, – თქვა მამამ და ანას ხელი მოჰკიდა.   - რა კარგები არიან! – ირონიულად ჩაიქირქილა ქალბატონმა ვებმა. – შარლ, ეს შეყვარებული წყვილი არ უნდა შეგეწუხებინა. საკმარისი იყო პატარა სესილი დაგეპატიჟა.   - პატარა სესილი არ მოვიდოდა! – უბოდიშოდ მივახალე.   - კი მაგრამ, რატომ? მიჯნური ხომ არ გაგიჩენიათ მეთევზეებში?       ამ ქალმა ერთხელ ავტობუსში მნახა, სკამზე ვიჯექი და კონდუქტორს ვებაასებოდი. იმ დღიდან დეკლასირებულ არსებად მივაჩნდი და ასეც მექცეოდა – როგორც "დეკლასირებულს".   - დიახ! – ნაძალადევი სიცილით ვუპასუხე.   - ბევრს თევზაობთ მაინც?   - სკუმბრიებში არა ვარ დახელოვნებული, მაგრამ მაინც ვთევზაობ!       სიჩუმე ჩამოვარდა, ბოლოს ანას დინჯი ხმა გაისმა: – რაიმონდ, თუ შეიძლება მსახურს სთხოვეთ, საწრუპავი ჩხირები მოგვიტანოს. ფორთოხლის წვენის დასალევად ჩხირები აუცილებელია.       შარლ ვებმა მაშინვე გამაგრილებელ წყლებზე ჩამოაგდო სიტყვა. ჩემს პასუხზე მამამ სიცილი ვერ შეიკავა და ცხვირი ჭიქაში ჩარგო. ანამ ვედრებით შემომხედა. ყველამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს არაფერი მომხდარიყო. მერე კი გადაწყვიტეს ერთად ესადილათ, თუმცაღა ის-ის იყო კინაღამ წაიჩხუბნენ.       სადილზე ბევრი დავლიე. ვცდილობდი დამევიწყბინა ანას შეშინებული სახე, როცა მამას უყურებდა, და მადლიერი იერი, როცა მე შემომხედავდა. ვების ცოლს გაბადრული ღიმილით შევციცინებდი, როგორც კი ჩემს გაკენწვლას დააპირებდა, ამ ხერხმა იგი დააბნია, აგრესიული გახადა. ანა მანიშნებდა, ყურადღებას ნუ მიაქცევო. აყალმაყალი ეჯავრებოდა, გრძნობდა კი, რომ ქალბატონი ვები საჩხუბრად ემზადებოდა. პირადად მე ასეთ ამბებს მიჩვეული გახლდით, ჩვენს წრეში ხშირად ხდებოდა. ამიტომ ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, მშვიდად ვუსმენდი მის ლაყბობას.       ნასადილევს სენ-რაფაელის კაბარეში წავედით. ცოტა ხნის შემდეგ ელზა და სირილიც გამოჩნდნენ. ელზა კარის ზღურბლთან შედგა, მეგარდერობეს ხმამაღლა გამოელაპარაკა და დარბაზში შემოვიდა. საცოდავი სირილი უკან მოსდევდა. იმწამსვე გავიფიქრე, რომ ელზა მეძავივით უფრო იქცეოდა, ვიდრე შეყვარებულივით, მაგრამ ისეთი ლამაზი იყო, შეეძლო ამის უფლება მიეცა საკუთარი თავისთვის.   - ეს კოხტაპრუწა ვინღაა? – იკითხა შარლ ვებმა. – ძალიან ახალგაზრდა ჩანს.   - სიყვარულო, ძალსა შენსა... ხომ გაგიგონიათ? – წაიბუტბუტა მისმა ცოლმა, – ალერსი მოხდენია...   - აბა, სწორედ! – უხეშად წამოიყვირა მამაჩემმა. – წამიერი გატაცებაა და მეტი არაფერი.       ანას შევხედე. ისევე მშვიდად, გულგრილად უყურებდა ელზას, როგორც თავისი კოლექციების მანეკენებს ან ძალიან ახალგაზრდა ქალებს ათვალიერებდა ხოლმე, ყოველგვარი ცინიზმის გარეშე. აღტაცებული ვიყავი ამ ქალით, რომლისთვისაც ეჭვი და წვრილმანი გრძნობები უცხო გახლდათ. თუმცა გასაოცარი ის იქნებოდა, ელზაზე რომ დაეწყო ეჭვიანობა, იგი მასზე ასჯერ უფრო ლამაზი და ნატიფი იყო. მთვრალი ვიყავი და ანას კიდეც მოვახსენე ჩემი აზრი. გაკვირვებით შემომხედა.   - ელზაზე ლამაზი ვარ? ასე ფიქრობთ?   - რა თქმა უნდა!   - მაინც სასიამოვნოა. მაგრამ თქვენ ბევრს სვამთ, ძალიან ბევრს სვამთ. აქ მომეცით თქვენი ჭიქა! განა არ გწყინთ, სირილი რომ იქ არის? სხვათა შორის, ისიც დარდიანი ჩანს.   - სირილი ჩემი საყვარელია! – ლაღად ვუთხარი.   - მართლა დამთვრალხართ. კიდევ კარგი, შინ დაბრუნების დროა.       ვები მივატოვეთ და შვებით ამოვისუნთქეთ. ქალბატონ ვებს "ძვირფასო ქალბატონო"-მეთქი, ვეძახდი, ვითომ გულწრფელად. საჭესთან მამაჩემი დაჯდა. მე თავი ანას დავადე მხარზე.       გულში ვიმეორებდი, ანა ვებებსაც სჯობს და ყველა ჩვენს ნაცნობს, მათზე უკეთესიცაა, უფრო კეთილშობილიც, უფრო ჭკვიანიც. მამა ცოტას ლაპარაკობდა. ალბათ, კარებში ელზას გამოცხადებაზე ფიქრობდა ისევ.   - სძინავს? – ჰკითხა ანას.   - პატარა გოგოსავით ჩაეძინა. კიდევ კარგად ეჭირა თავი, თუ სკუმბრიებზე ნართაულს არ ჩავთვლით, რაც მე მგონი...       მამას გაეცინა. შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ისევ მამას ხმა მომესმა: – ანა, მე თქვენ მიყვარხართ, მხოლოდ თქვენ, ხომ გჯერათ?   - ასე ხშირად ნუ მიმეორებთ... მეშინია...   - ხელი მომეცით.       კინაღამ წამოვდექი და დავიყვირე: "არა, მოსახვევში არ შეიძლება!" მაგრამ თითქმის მთვრალი ვიყავი, თანაც ანას სურნელებამ გამაბრუა. ზღვიდან მოდენილი სიოც თმას მიწეწდა. ჰოდა, ყოველივე ეს საბაბს მაძლევდა ბედნიერად მეგრძნო თავი და გავჩუმებულიყავი. ვთვლემდი. ამ დროს ელზა და სირილი ალბათ ცხვირჩამოშვებულები მიდიოდნენ მოტოციკლეტით, დედამ დაბადების დღეს რომ აჩუქა სირილს. თვითონ არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამის გაფიქრებამ ისე ამაღელვა, თვალებზე ცრემლი მომადგა. ეს მანქანა – რბილი, მოხერხებული – თითქოს საგანგებოდ ძილისთვის იყო განკუთვნილი. ალბათ, ქალბატონ ვებსაც კი გაუტყდა ძილი. მისი ხნისა რომ ვიქნები, მეც ფულით მოვხიბლავ ახალგაზრდებს, ოღონდაც კი შემიყვარონ, რადგან სიყვარული ყველაზე ტკბილი, ყველაზე ცხოველმყოფელი და ყველაზე გონივრული გრძნობაა. ფულს რა ფასი აქვს! მთავარია, ანჩხლი და ეჭვიანი არ გახდე, ისეთი შურიანი არ იყო, როგორიც ეს ქალია ელზასა და ანას მიმართ. ხმადაბლა გამეცინა. ანამ უფრო დაბლა დაუშვა მხარი. დაიძინეო, მიბრძანა. მეც ჩამეძინა. თავი მერვე       მეორე დილით სრულიად ჯანსაღად გამომეღვიძა, მოთენთილობას ოდნავ თუ ვგრძნობდი, ოღონდ თავი მქონდა დამძიმებული. როგორც ყოველ დილით, მზის სხივები დღესაც კაშკაშებდა ჩემს საწოლზე. საბნიდან სწრაფად გამოვძვერი, პიჟამის ზედატანი გავიხადე და ტიტველი ზურგი მზეს მივუშვირე; შემდეგ მკლავი მოვხარე, ზედ თავი დავაყრდენი და ხან ზეწრის ტილოს მსხვილ ნაქსოვს ვათვალიერებდი, ხან ბუზის ფუსფუსს ვადევნებდი თვალს იატაკზე. მზე ისეთი ნაზი და თბილი იყო, მეგონა, მისი მცხუნვარება ძვლამდე მატანს და კიდეც მათბობს-მეთქი. გადავწყვიტე, მთელი დილა ასე გარინდული ვყოფილიყავი.       ნელ-ნელა წუხანდელი საღამოც აღვიდგინე მეხსიერებაში. მომაგონდა, ანას რომ ვუთხარი, სირილი ჩემი საყვარელია-მეთქი; სიცილი ამიტყდა. აკი, ამბობენ, ფხიზელს გულში ჰქონდაო, მთვრალმა წამოროშაო! მაგრამ არავის რომ არ სჯერა! ქალბატონი ვები და მასთან კინკლაობაც გავიხსენე. ამისთანა ქალებს შეჩვეული ვიყავი: ამ წრესა და ამ ასაკში უმოქმედობის, სიცოცხლის მოჭარბებული წყურვილის გამო საძაგლები ხდებიან. ანას სიმშვიდემ ჩვეულებრივზე მეტად დამარწმუნა, რაოდენ უჭკუო და მოსაბეზრებელი იყო ის დედაკაცი...       თუმცა ეს მოსალოდნელიც უნდა ყოფილიყო; მამაჩემის ნაცნობებში არავინ მეგულებოდა ისეთი, ვინც ანას შეედრებოდა. თუ გსურთ, მისთანა ხალხთან ერთი საღამო მაინც გაატაროთ სიამოვნებით, ან მთვრალი უნდა იყოთ და გაუთავებლად ეკამათოთ, ან არა, და ცოლის ან ქმრის საყვარელი გახდეთ. რაც შეეხება მამაჩემს, იგი არაფრად აგდებდა მთელ ამ ამბავს: თვითონაც და შარლ ვებიც ქალების მუსუსნი იყვნენ. "გამოიცანი, დღეს ვინ ისადილებს და ვინ გაათევს ჩემთან ღამეს! პატარა მარსი, სორელის კინო-ვარსკვალავი! დიუპუისგან ვბრუნდებოდი და"... მამა იცინოდა და მხარზე უტყაპუნებდა ხოლმე ხელს: "ბედნიერი კაცი ხარ! თითქმის ელზასავით ლამაზია!" გიმნაზიელებივით ანგლობდნენ. მათ საუბარში იმდენი აღგზნება, იმდენი ცეცხლი იგრძნობოდა, რომ მომწონდა. ლომბარის ნაღვლიანი აღასარებაც მახსოვს; კაფეების ტერასაზე იჯდა და მთელი საღამოების განმავლობაში წუწუნებდ: "რაიმონდ, იმ ქალის მეტი არავინ მყვარებია! გახსოვს, ის გაზაფხული? სანამ მიმატოვებდა... რა თქმა უნდა, სისულელეა, მამაკაცი მთელი სიცოცხლე ერთ ქალს მისტიროდეს!".. როცა ორი მამაკაცი თითო ჭიქა სასმელს უზის და ერთმანეთს გულს უხსნის, ამაზე უცნაური, დამამცირებელი, მაგრამ მაინც თბილი გრძნობა წარმოუდგენელია!       ანას მეგობარი მამაკაცები, ალბათ, არასდროს ლაპარაკობდნენ თავის თავზე. ასეთი თავგადასავლები, რასაკვირველია, უცხოა მათთვის, მაგრამ თუ ღმერთი გაუწყრათ და გაბედეს, მაშინ მორცხვად, ხუმრობის კილოთი მოჰყვებიან ამ ამბავს. ვგრძნობდი, მზად ვიყავი, გამეზიარებინა ის შემწყნარებლობა, რომელიც ანას ჩვენი ნაცნობების მიმართ ჰქონდა.... ეს ფაქიზი და გადამდები შემწყნარებლობა... თუმცა კი, მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ოცდაათი წლის ასაკში ჩვენს მეგობრებს უფრო დავემსგავსებოდი, ვიდრე ანას. მისი მდუმარება, გულგრილობა, თავშეკავება სულს შემიხუთავდა. ასე რომ, თხუთმეტიოდე წლის შემდეგ, ოდნავ გულმოყირჭებული, დავიხრებოდი ალბათ რომელიმე მომხიბვლელი, მაგრამ უკვე მოქანცული მამაკაცისაკენ და ვეტყოდი: – ჩემს პირველ საყვარელს სირილი ერქვა... მაშინ თვრამეტი წლისაც არ ვიყავი... ზღვაზე ცხელოდა...       იმ კაცის სახეს რომ წარმოვიდგენდი, მიხაროდა. როგორც მამას, მასაც წვრილ-წვრილი ნაოჭები ექნებოდა. კარზე დამიკაკუნეს: სასწრაფოდ გადავიცვი პიჟამა და დავიყვირე, შემოდით-მეთქი. ანა იყო. ხელში ფინჯანი ეჭირა და ფრთხილად მოჰქონდა.   - ვიფიქრე, ყავა გესიამოვნებათ... ძალიან ცუდად ხომ არა ხართ?   - პირიქით, ძალიან კარგად ვარ. გუშინ, მგონი, ცოტა გადავამლაშე, არა?   - როგორც ყოველთვის, როცა უფროს თაობას აჰყვებით... – გაიცინა მან, – მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, ძალიან კი შემაქცევინეთ თავი... მეტად მოსაწყენი და გრძელი საღამო იყო...       ახლა არც მზეს ვაქცევდი ყურადღებას, არც ყავის გემოს. როცა ანას ვესაუბრებოდი, მუდამ გამოთიშული ვიყავი ხოლმე, ასე მეგონა ფიზიკურადაც არ ვარსებობ-მეთქი. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ის მინერგავდა საკუთარი თავისადმი უნდობლობას, მხოლოდ იგი მაიძულებდა, კრიტიკულად შემეხედა ჩემი საქციელისათვის. თუკი მძიმე, დაძაბულ წუთებს განვიცდიდი, ეს მხოლოდ მისი ბრალი იყო.   - სესილ, ერთი მითხარით, ნუთუ გსიამოვნებთ ვებებთან და დიუპუებთან ყოფნა?   - ჩემი აზრით, უმეტესწილად აუტანლად იქცევიან. სამაგიეროდ, სასაცილოები არიან.       ანაც ბუზს დააცქერდა, იატაკზე რომ ფრთხიალებდა. რატომღაც გავიფიქრე, ეს ბუზი ხეიბარი უნდა იყოს-მეთქი. ანას მოგრძო, მძიმე ქუთუთოები ჰქონდა. მას არ გაუძნელდებოდა, ლმობიერი ყოფილიყო ყველას მიმართ.   - ვერ წარმოიდგენთ, რა ერთფეროვანი... როგორ ვთქვა?.. რა უშინაარსოა მათი საუბარი. ნუთუ არ მოგბეზრდათ კონტრაქტებზე, ქალებზე, დროის ტარებაზე გაუთავებლად ლაპარაკი?   - იცით რა, მე ათი წელი დავყავი მონასტერში. ამ ხალხთან ყოფნა იმიტომ მაინტერესებს, რომ არავითარი კანონები არ გააჩნიათ.       ვერ გავბედე და ვერ დავუმატე, ეს კიდეც მომწონს-მეთქი.   - კი მაგრამ, მთელი ორი წელი? – იკითხა მან. – სხვათა შორის, ეს არც გონებისა და არც ზნეობის საკითხი არ არის, უბრალოდ, მგრძნობელობის ამბავია, მეექვსე გრძნობისა.       ეტყობა, ეს მეექვსე გრძნობა მე არ გამაჩნდა. აშკარად ვგრძნობდი, ამ მხრივ მართლაც მაკლდა რაღაც.   - ანა, – ერთბაშად ვკითხე, – როგორ ფიქრობთ, ჭკვიანი ვარ?       შეკითხვა ისე პირდაპირ დავუსვი, გაოცებულს სიცილი აუტყდა.   - რასაკვირველია! რატომ მეკითხებით?   - იდიოტიც რომ ვიყო, ასევე მიპასუხებდით! – ამოვიოხრე. – ხშირად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ჩემზე ჭკვიანი ხართ, ჩემზე მეტი იცით...   - ასაკის ბრალია! – თქვა მან. – სავალალო ის იქნებოდა, თქვენზე ჭკვიანი და ჩემს თავში დარწმუნებული არ ვიყო! მაშინ ხომ თქვენ მოახდენდით გავლენას ჩემზე?       ანამ გადაიხარხარა, ნაწყენი დავრჩი.   - რა თქმა უნდა, დიდი უბედურება არ იქნებოდა.   - მართლა უბედურება იქნებოდა! – თქვა მან, მერე მსუბუქი კილო სწრაფად შეცვალა და ღრმად ჩამხედა თვალებში. თავი უხერხულად ვიგრძენი. შევიშმუშნე. დღესაც ვერ შევგუებივარ ზოგი ადამიანის ამ ჩვევას, ლაპარაკის დროს თვალებში გიყურონ ან სულ ახლოს დაგიდგნენ, რათა დარწმუნდნენ, ყურს უგდებთ თუ არა. სულ ტყუილად კი ირჯებიან, რადგან ასეთ შემთხვევაში მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, მოსაუბრეს როგორ დავუსხლტე, "დიახ, დიახ!" -მეთქი, ვეუბნები, შემდეგ კი ყოველ ღონეს ვხმარობ, იქაურობას მოვშორდე და ოთახის მეორე ბოლოს შევაფარო თავი. ასეთი ჩაცივება, მოურიდებლობა, ცალმხრივობა მუდამ მაცოფებს. საბედნიეროდ, ანას აზრადაც არ მოსდის, ასე ჩამაცივდეს, მაგრამ თვალს მაინც არ მაშორებს და ამიტომ, როცა ვესაუბრები, მსუბუქი, უდარდელი კილოს შენარჩუნება ძალიან მიჭირს.   - იცით, რა ბოლო ელის ვებისთანა ხალხს?       გულში დავუმატე: "და მამაჩემისთანა ხალხსაც!"   - ღობის ძირას ამოხდებათ სული! – სიცილით მივუგე მე.   - მოვა ასაკი, როცა ისინი ვერც ვერავის მოხიბლავენ, როგორც ამბობენ ხოლმე, აღარც საამისო თავი ექნებათ და აღარც სმა შეეძლებათ, მაგრამ ქალებზე ფიქრს მაინც არ მოეშვებიან. ამიტომაც ფულს უხდიან საყვარლებს, ათასნაირ დათმობაზე მიდიან, ოღონდ კი მარტოობას დააღწიონ თავი; და მაინც გაბრიყვებულნი, უბედურნი რჩებიან. სწორედ მაშინ ხდებიან სანტიმენტალურნი, მომთხოვნი... ბევრი ასეთი ადამიანი მინახავს, ზღვის ღელვისაგან გადმოსროლილ ნაფოტს რომ დამსგავსებიან...   - საბრალო ვები! – ვთქვი.       თავგზა ამებნა. მამაჩემსაც ხომ ასეთი ბოლო ელოდა! ყოველ შემთხვევაში, ასეთი ბოლო ექნებოდა, ანას რომ მასზე მზრუნველობა არ ეკისრა!   - თქვენ ამაზე არც კი დაფიქრებულხართ, – თქვა ანამ და თანაგრძნობით გამიღიმა, – საერთოდ, ცოტას ფიქრობთ მომავალზე, ხომ ასეა? ახალგაზრდების უპირატესობა სწორედ ესაა.   - გევედრებით, ჩემს ახალგაზრდობას დანაშაულად ნუ მითვლით. პირადად მე რაც შეიძლება ნაკლებად ვსარგებლობ ამ უპირატესობით. არა მგონია, რაიმე უპირატესობისა თუ პატიების უფლებას მაძლევდეს. ახალგაზრდობას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.   - მაშ რას ანიჭებთ მნიშვნელობას? თქვენს სიმშვიდეს? დამოუკიდებლობას?       საუბრის ეს თემა მუდამ მაშინებდა, განსაკუთრებით ანასთან.   - არაფერს! – ვუთხარი. – კარგად მოგეხსენებათ, რომ.   - თქვენ და მამათქვენი, ცოტა არ იყოს, მაბრაზებთ კიდეც... "საერთოდ არ ვფიქრობ... არაფერში გამოვდგები... არაფერი ვიცი"... ნუთუ თავი მოგწონთ ამ სიტყვებით?   - თავი არ მომწონს. მე არც კი მიყვარს ჩემი თავი... არც ვცდილობ, რომ შევიყვარო... მაგრამ ზოგჯერ რომ მაიძულებთ ცხოვრება გავირთულო, მაშინ თითქმის ვბრაზდები კიდეც თქვენზე!       ანა ჩაფიქრდა და ღიღინს მოჰყვა. მელოდია მეცნაურა, მაგრამ ვერ მოვიგონე.   - ეს რა სიმღერაა, ანა? მაღიზიანებს...   - არ ვიცი, – ოდნავ სასოწარკვეთით გაეღიმა. – იწექით, დაისვენეთ! მე კი წავალ და ისევ ოჯახის ინტელექტზე ანკეტას შევავსებ.       "რა თქმა უნდა, – გავიფიქრე, – მამაჩემზე არ გაუჭირდება!" მე თითქოს კიდეც მესმოდა მისი ხმა: "არაფერზე ვფიქრობ, იმიტომ, რომ თქვენ მიყვარხართ, ანა". როგორი ჭკვიანიც უნდა იყოს ანა, შეუძლებელია ეს საბუთი სარწმუნოდ არ ჩათვალოს.       გულიანად გავიზმორე და თავი ბალიშში ჩავრგე. ძალიან ბევრს ვფიქრობდი საერთოდ, თუმცა ანასთან სულ საწინააღმდეგო ვთქვი. იგი, რასაკვირველია, მუქ ფერებში ხატავდა ყველაფერს. თხუთმეტიოდე წლის შემდეგ მამაჩემი სამოცი წლის სასიამოვნო, ჭაღარაშერეული მამაკაცი იქნება, თუმცაღა ვისკისა და მოგონებებისაგან – ცოტა არ იყოს, მოტეხილი. ჩვენ ერთად ვივლით. მე ჩემი ონავრობის ამბებს ვუამბობ, ის კი რჩევებს მომცემს. ისიც მენიშნა, რომ ასეთ მომავალზე ფიქრის დროს ანა ჩვენ გვერდით არ იყო. არ შემეძლო, ვერასგზით ვერ მოვახერხე, ვერ მივაღწიე იმას, რომ მისთვისაც მიმეჩინა ადგილი. ჩვენს არეულ-დარეულ ოჯახში, სადაც ხან ნაღველი ისადგურებდა, ხან ყვავილების მოძალება იყო, სადაც ისმოდა უცხოური კილო, იდგა აყალმაყალი, თავდაყირა ეყარა ავეჯი, ვერ წარმომედგინა ის სიჩუმე და ჰარმონია, რომელსაც ანა მუდამ ძვირფასი სამკაულივით დაატარებდა. მოწყენილობისა ძალიან მეშინოდა. რა თქმა უნდა, იმის შემდეგ, რაც სირილი ფიზიკურად შემიყვარდა, ეს შიში ისე ძლიერი აღარ იყო. მან სხვა მრავალი შიშისგან მიხსნა, მაგრამ ყველაზე უფრო მაინც მოწყენილობა და სიმშვიდე მაკრთობდა. შინაგანი უშფოთველობისათვის მე და მამაჩემს გარეგანი მღელვარება გვჭირდებოდა. ამას კი ანა ვერასოდეს შეეგუებოდა. თავი მეცხრე       ჩემი აზრით, ანასა და საკუთარ თავზე ბვერს ვლაპარაკობ, ხოლო მამაჩემზე – ცოტას. იმიტომ კი არა, რომ ამ ამბავში პატარა ადგილი ეკავა ანდა ნაკლები ინტერესით ვეკიდებოდე, არა! მამაზე მეტად არასოდეს არავინ მყვარებია. ყველა იმ გრძნობას შორის, იმ ხანებში რომ მაღელვებდა, ყველაზე უფრო ღრმა, სანუკვარი გრძნობა მისადმი მქონდა. მაგრამ მე მას მეტისმეტად კარგად ვიცნობ იმისათვის, რომ იოლად ვილაპარაკო მასზე, თანაც ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, სხვაზე მეტად სწორედ მამაჩემის ბუნება უნდა დავახასიათო უფრო დაწვრილებით, რათა ავხსნა და გავამართლო მისი საქციელი. იგი არც პატივმოყვარე გახლდათ და არც თავკერძა. სამაგიეროდ, თავქარიანი იყო, გამოუსწორებლად თავქარიანი. ვერც იმას ვიტყვი, თითქოს ღრმა გრძნობები არ გააჩნდა ან პასუხისმგებლობის გრძნობა იყო უცხო მისთვის. მე ისე ვუყვარდი, შეუძლებელია, ეს სიყვარული თავქარიანობას მივაწეროთ ან უბრალოდ მამაშვილური დამოკიდებულებით ავხსნათ. ჩემგან უფრო მეტს ითმენდა, ვიდრე სხვისგან. იმ დღესაც ხომ სწორედ იმან ამაფორიაქა ყველაზე მეტად, რომ საწყალი მამაჩემი საოცრად განწირული სახით იდგა და თვალს ვერ მისწორებდა?! თავისი სიამოვნების გამო არასდროს დავუჩაგრივარ. ზოგჯერ ღამით, იმისათვის, რომ შინ მივეცილებინე, ვების სიტყვებით რომ ვთქვათ, "ძალიან კარგი შემთხვევებიც გაუშვია ხელიდან". მაგრამ ცალკეულ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, უნდა გამოვტყდე, რომ იგი სიამოვნებას, მსუბუქ დროს ტარებას არ იკლებდა. მერყევი ბუნებისა იყო, ბევრი ფიქრით თავს არ იწუხებდა. ცდილობდა ყველაფერი ფიზიოლოგიური მოვლენებით აეხსნა, რადგან, მისი აზრით, მხოლოდ ეს იყო გონივრული: "გეჯავრება შენი თავი? მეტი იძინე და ნაკლები დალიე!" თუკი ზოგჯერ რომელიმე ქალი ცხოველ ჟინს აღუძრავდა, ამ სურვილის დაოკება ან უფრო ღრმა გრძნობად გადაქცევა აზრად არ მოსდიოდა. იგი მატერიალისტი გახლდათ, ოღონდ ფაქიზი, ალღოიანი და, რაც მთავარია, ძალიან კეთილი.       ელზასადმი ლტოლვა ბევრ უსიამოვნებას აყენებდა, მაგრამ ამას თავისებურად აღიქვამდა; თავის თავს იმას კი არ უმტკიცებდა, რაკი ანას ვატყუებ, ეს იმას ნიშნავს, ნაკლებად მყვარებიაო, არამედ: რა საწყენია, ასეთი ლტოლვა რომ გამიჩნდა ელზასადმი! რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამიაროს ამ გრძნობამ, თორემ ანასთან გამირთულებს საქმესო. მიუხედავად ამისა, ანა მართლა უყვარდა, აღმერთებდა, ანას წყალობით ჩამოშორდებოდა იმ ქარაფშუტა და ჭკუამოკლე ქალებს, ბოლო წლებში რომ ხვდებოდა. ანა პატივმოყვარეობასაც უკმაყოფილებდა, ვნებასაც და მგრძნობიარობასაც, რადგან ანას კარგად ესმოდა მისი, ჭკუასა და გამოცდილებას სთავაზობდა, რათა მამაჩემს თავისი შეხედულებებისა და ჩვევებისათვის შეედარებინა ისინი. ახლა, როცა მამა მიხვდა, რაოდენ ღრმა გრძნობა ჰქონდა ანას მისადმი, მე უკვე შევეჭვდი! მამას მიაჩნდა, რომ ანა იდეალური საყვარელი იქნებოდა მისთვის, იდეალური დედა – ჩემთვის, მაგრამ საკითხავია, "იდეალურ მეუღლედ" თუ ეგულებოდა? არა მგონია. დარწმუნებული ვარ, გრძნობების მიხედვით, სირილისა და ანას თვალში მამა ჩემსავით არანორმალური იყო. ეს მამას ხელს არ უშლიდა, დრო ეტარებინა და მთელი ძალა ამაზე დაეხარჯა, რადგან ცხოვრებას იგი ფრიად უფერულად თვლიდა. როცა ჩვენი ცხოვრებიდან ანას გაძევება მინდოდა, მამაჩემზე არ მიფიქრია. ვიცოდი, ისევე სწრაფად დამშვიდდებოდა, როგორც საერთოდ სჩვეოდა: განშორება უფრო იაფად უღირდა, ვიდრე წესიერი ცხოვრება; ჩემი არ იყოს, მასაც მხოლოდ ჩვეულება და განაჩენის დასაბუთება აფორიაქებდა და ანადგურებდა. მე და მამა ერთი რასის წარმომადგენლები გახლდით. ზოგჯერ ვფიქრობდი, ესაა მომთაბარეთა დიდებული, წმინდა რასა-მეთქი. ზოგჯერ კი დარდიმანდთა გამოფიტულ და სისხლგაწყალებულ რასად მიმაჩნდა.       იმ დღეებში მამა იტანჯებოდა, ყოველ შემთხვევაში, სასოწარკვეთილი იყო. ელზა წარსული ცხოვრების, ახალგაზრდობის, განსაკუთრებით კი მისი ახალგაზრდობის სიმბოლოდ იქცა. ვგრძნობდი, ერთი სული ჰქონდა, ანასთვის ეთქვა: "ჩემო ძვირფასო, ერთი დღე მაჩუქეთ! იმ გოგოსთან აუცილებლად უნდა მივიდე და დავუმტკიცო, რომ ბეხრეკი არა ვარ. ისე ვერ დავმშვიდდები, თუ მისი ვნებით მოთენთილი სხეული არ ვიგრძენი". მაგრამ ამის თქმა არ შეეძლო; იმიტომ კი არა, ანა ეჭვიანი იყო თუ არა, ან თუნდაც ამ საკითხში ვერ მოურიგდებოდა ადამიანი, არამედ იმიტომ, რომ იგი შემდეგი პირობით დათანხმდა მამაჩემთან ყოფნას: მსუბუქი ცხოვრების ხანა დამთავრებოდა, ამიერიდან მოიქცეოდა არა როგორც გიმნაზიელი, არამედ როგორც მამაკაცი, რომელსაც იგი თავის ბედს ანდობდა. ამიტომ მტკიცე ნებისყოფა უნდა გამოეჩინა და უნიათო კაცივით საკუთარი ჟინის მონა არ გამხდარიყო. ანას ვერავინ ვერაფერს უსაყვედურებდა, რადგან მისი მოსაზრებები სავსებით ნორმალური და ჯანსაღი გახლდათ. მიუხედავად ამისა, მამას ელზასადმი ლტოლვა მაინც არ ასვენებდა. ამ ქალს არასოდეს ასე არ აუღელვებია. ისეთი ჟინი კლავდა, აკრძალული ხილის მიმართ რომ აქვთ ხოლმე. ჰოდა, ასეთ დროს, ცხადია, საქმის მოგვარება გამიადვილდებოდა. საკმარისი იყო ელზასათვის მეთქვა, დროა დაუთმო-მეთქი მამაჩემს, ამასობაში კი ანა რაიმე საბაბით ნიცაში ან სადმე სხვაგან წამეყვანა ნახევარი დღით. დაბრუნებისას მამა უკვე დამშვიდებული დაგვხვდებოდა, კანონიერი სიყვარულით ანთებული, ანდა, ყოველ შემთხვევაში, დაბრუნებისთანავე აენთებოდა. ანა კი ვერ აიტანდა ერთ ამბავს: თვითონაც ისეთივე საყვარელი ყოფილიყო მამაჩემისა, როგორიც სხვები, ანუ დროებითი. რომ იცოდეთ, როგორ გვიშხამავდა სიცოცხლეს მისი კეთილშობილება, საკუთარი თავისადმი პატივისცემა!..       მაგრამ არც ელზასათვის მითქვამს, დანებდი-მეთქი მამას, და არც ანასთვის მითხოვია, ნიცაში გამომყოლოდა. ჩემი მიზანი იყო, სურვილის ცეცხლი ისე წაჰკიდებოდა მამაჩემს, რომ დანაშაული თავისი ნებით ჩაედინა. ჩემთვის აუტანელი ხდებოდა ის ზიზღი, რა ზიზღითაც ანა ჩვენს წარსულ ცხოვრებას უყურებდა, იმის ათვალწუნება, მამაჩემისა და ჩემთვის ბედნიერებას რომ წარმოადგენდა. მისი დამცირება არც მიფიქრია, მინდოდა მხოლოდ მასაც ისეთივე შეხედულება ჰქონოდა ცხოვრებაზე, როგორიც – ჩვენ. მას უნდა სცოდნოდა, რომ მამაჩემმა, მართალია, უღალატა, მაგრამ ამ ღალატისათვის ობიექტური მნიშვნელობა უნდა მიეცა მხოლოდ, იგი უნდა ჩაეთვალა ფიზიკურ, წუთიერ გატაცებად და არა პირადი ღირსების შელახვად, მისი კეთილშობილების ხელყოფად. თუ სურდა, რადაც უნდა დასჯდომოდა, მის მხარეზე ყოფილიყო სიმართლე, ჩვენთვის უნდა მოეცა საშუალება, დავრწმუნებულიყავით, რომ ვცდებოდით.       მე ისე მეჭირა თავი, თითქოს მამაჩემის აფორიაქების მიზეზს ვერ ვხვდებოდი. მთავარი იყო, ჩემთვის არ გაენდო საიდუმლოება, შეთქმულების მონაწილე არ გავეხადე, არ ეთხოვა მოვლაპარაკებოდი ელზას და ანა სადმე გამეტყუებინა.       მე უნდა მომეკატუნებინა თავი, თითქოს მის სიყვარულს ანასადმი ისევე წმინდად ვთვლიდი, როგორც თვით ანას. უნდა გამოგიტყდეთ, იმის გაფიქრება, რომ მამა ანას უღალატებდა და შეურაცხყოფდა, კიდეც მაძრწუნებდა და კიდეც გაურკვეველი აღფრთოვანებით მავსებდა.       ჯერჯერობით კი სიამტკბილობაში ვატარებდით დღეებს. ვცდილობდი, ელზასთვის ხშირად მიმეცა შემთხვევვა მამაჩემის გასაღიზიანებლად. ანას სახე სინდისის ქენჯნას აღარ იწვევდა ჩემში. ზოგჯერ კიდეც წარმოვიდგენდი, ანა თავის ხვედრს შეურიგდება და სულ მალე ცხოვრების ჩვენებულ ადათ-წესს თავის გემოვნებას ჩვენსავით მიუსადაგებს-მეთქი. ამას გარდა, სირილსაც ხშირად ვხვდებოდი და მალულად ვეალერსებოდით ერთმანეთს. ფიჭვის სუნი, ზღვის ხმაური, სირილის სხეულის შეხება... სირილს სინდისი ტანჯავდა, როლი, რომლის გათამაშებასაც ვაიძულებდი, სძაგდა და, თუ თანხმდებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვარწმუნებდი, ეს აუცილებელია-მეთქი ჩვენი სიყვარულისთვის.       ყოველივე ამას შედეგად მოჰყვა ჩემი გაორება, შინაგანი დუმილი, სამაგიეროდ – ნაკლები დაძაბულობა და ტყუილები! როგორც გითხარით, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქციელი მაიძულებს მსჯავრი გამოვუტანო საკუთარ თავს.       ამ პერიოდზე დიდხანს არ შევჩერდები. მეშინია, ძებნა-ძებნაში არ ჩამითრიოს მოგონებებმა, ისედაც მძიმედ რომ მაწევს გულზე. ისიც კმარა, ანას სიცილს, ჩემდამი კეთილგანწყობას რომ გავიხსენებ, მაშინვე გული მეკუმშება, რაღაც მახრჩობს, სულს მიხუთავს და საკუთარ თავს მაძულებს. ლამისაა ჩემი თავი უსინდისოდ მოვნათლო. ამიტომაც იძულებული ვარ, ვიმოძრაო: ასანთი ავანთო, ფირფიტა დავუკრა, რომელიმე მეგობარს დავურეკო. ნელ-ნელა სხვა რამეებზეც ვფიქრობ. მაგრამ ასეთი რამ არ მიყვარს: რა საჭიროა ფარად გამოვიყენო ჩემი მეხსიერების სიჩლუნგე, თავქარიანობა? განა არა სჯობს, იქით შევებრძოლო და მოვდრიკო?! მე მათი აღიარებაც კი არ მიყვარს, მაშინაც კი, როცა შემიძლია ამით ბედნიერად ვიგრძნო თავი! თავი მეათე       პირდაპირ სასაცილოა, როგორ უყვარს ბედისწერას, თავის მაცნედ და მაუწყებლად უღირსი ხალხის შერჩევა! იმ ზაფხულს მან ელზა აირჩია. თუმცაღა მშვენიერი ან, უკეთ, მიმზიდველი ქალი იყო! სიცილიც უჩვეულო იცოდა, გადამდები და გულიანი, სწორედ ისეთი, მოტუტუცო ხალხს რომ სჩვეია ხოლმე.       ამ სიცილის ხიბლი მალე შევამჩნიე მამაჩემს, ამიტომაც ვეუბნებოდი: "როგორც კი მე და მამაჩემს დაგვინახავთ, ხმა არ ამოიღოთ, ოღონდ გაიცინეთ". მართლაც, ამ გულიანი სიცილის გაგონებისთანავე მამაჩემს სახე ეცვლებოდა, სიშმაგის ელდა დაჰკრავდა. მე კვლავ გატაცებული ვიყავი ჩემი როლით, რეჟისორის როლით. დადგმა ერთხელაც არ ჩამვარდნია, რადგან როგორც კი სირილსა და ელზას ერთად დავინახავდით, მე და მამა ვფითრდებოდით, ორივეს სისხლი გვეწრიტებოდა სახეზე, მიზეზი კი ვნების აღძვრა უფრო იყო, ვიდრე ეჭიანობით გამოწვეული გულისტკივილი. ოჰ, როცა სირილს მოვკრავდი თვალს, ელზასკენ დახრილ სირილს!.. ეს ხილვა გულს მიღრღნიდა. მის შავგვრემან, ლამაზ კეფას და ელზას გაბადრულ სახეს რომ თვალს შევასწრებდი, რას არ მივცემდი, ოღონდ ეს ცხადში არ მენახა! იმ წუთში კიდეც მავიწყდებოდა, რომ ეს ყველაფერი ჩემი სურვილით მოეწყო.       ამ ამბების გარდა, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას გვივსებდა, იყო კიდევ ანას ნდობა, სიფაქიზე, გული მტკივა, როცა ამ სიტყვას ვხმარობ, ბედნიერება. და მართლაც, ის არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ბედნიერებასთან. იგი გვენდობოდა ჩვენ, თავკერძა ხალხს. ჩვენი უხეში სურვილები და ჩემი სულმდაბლური ხრიკები მისგან შორს იყო. სწორედ ამის იმედი მქონდა: ანას გულგრილობა, ანას პატივმოყვარეობა უნებურად შეუშლიდა ხელს, რომ ქალურ ცდუნებას აჰყოლოდა მამაჩემის მოსახიბლავად. მისთვის მართლაც უცხო იყო ყველანაირი კეკლუცობა, თუ არ ჩავთვლით სურვილს, ყოფილიყო მუდამ ლამაზი, ჭკვიანი და ალერსიანი. მისი საქციელი ნელ-ნელა გულს მიჩუყებდა. გულის აჩუყება კი სამხედრო მუსიკასავით სასიამოვნო და მიმზიდველი გრძნობაა; ამის გამო ვერავინ გამამტყუნებს.       ერთ მშვენიერ დღეს მოახლე სახეალეწილი შემოვიდა და ელზას ბარათი გადმომცა: "ყოველივე მოგვარდა, მოდით!" ეს სიტყვები კატასტროფის მაუწყებლად მივიჩნიე: კვანძის გახსნა და დასასრული კი მუდამ მეჯავრებოდა. ერთი სიტყვით, ელზა ნაპირზე დამხვდა.   - ეს-ეს არის მამათქვენი ვნახე! – გამარჯვებული სახით მითხრა. – დაახლოებით ერთი საათის წინ.   - რა გითხრათ?   - მითხრა, ძალიან ვნანობ, რაც ჩვენ შორის მოხდა, ნამდვილ ხეპრესავით მოგექეცითო. მართლაც ასე იყო, არა?       მეტი რა გზა მქონდა, უნდა დავთანხმებულიყავი.   - შემდეგ ისეთი ქათინაურებით ამავსო, როგორიც მხოლოდ მას შეუძლია... იცით, ამ დროს ოდნავ დაბნეული კილო აქვს, ხმადაბალი, თითქოს იტანჯებაო... ო, ეს კილო!       იდეალურ ნეტარებას სწრაფად მოვწყვიტე: – რაზე შეთანხმდით?   - არაფერზე... თუმცა როგორ არა... ჩაიზე მიმიპატიჟა სოფელში... იმის დასამტკიცებლად, რომ გულღვარძლიანი არ ვარ და პროგრესული იდეები მაქვს, მეც დავთანხმდი.       ერთბაშად გამახსენდა მამაჩემის ნათქვამი წითური ქალების აზროვნების ევოლუციაზე და სიცილი წამსკდა.   - რა გაცინებთ? წავყვე თუ არა იმ სოფელში?       კინაღამ ვუთხარი, რა ჩემი საქმეა, რაც გინდა, ის ქენი-მეთქი. მაგრამ მომაგონდა, რომ თავის მოქმედებათა წარმატების პასუხისმგებლად მე მთვლიდა; არ ვიცი, სამართლიანად თუ უმართებულოდ, მაგრამ ამან უცებ გააღიზიანა. ვიგრძენი, ვიღუპებოდი...   - არ ვიცი, ელზა, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. ნუღარ მეკითხებით, როგორ მოვიქცეო. ვინმეს ეგონება, თითქოს მე გიბიძგებდეთ...   - რასაკვირველია, თქვენ... მაშ, ვინ?.. განა თქვენი წყალობით არ...       მისმა აღფრთოვანებულმა კილომ თავზარი დამცა.   - თუ გინდათ, წადით, ოღონდ, თუ ხათრი გაქვთ, მეტს ნუღარაფერს მეტყვით ამაზე...   - კი მაგრამ, ხომ უნდა ჩამოვიშოროთ ის ქალი... სესილ?!       გავიქეცი. რაც უნდა ის გააკეთოს მამაჩემმა, როგორც უნდა, ისე დააღწიოს თავი ანამ ამ ამბავს! თანაც სირილთან პაემანი მქონდა. ასე მეგონა, მხოლოდ სიყვარული მიხსნიდა იმ შეძრწუნებული გრძნობებისგან, ხელ-ფეხს რომ მიბორკავდა!..       სირილმა უსიტყვოდ მომხვია ხელი და წამიყვანა. მასთან ყველაფერი ადვილად, სასიამოვნოდ მეჩვენებოდა. ცოტა ხნის შემდეგ ამ ოქროსფერი, ოფლით დანამული სხეულის გვერდით ვიწექი, გათანგული, კატასტროფის დროს გამორიყული ნაფოტივით. სირილს ვუთხარი, ჩემი თავი მეზიზღება-მეთქი. ღიმილით ვთქვი, რადგან მართლა ასე ვფიქრობდი, არა გულისტკივილით, არამედ ბედს შეგუებული ადამიანის კმაყოფილებით.       ჩემი ნათქვამი სირილს სიმართლედ არ მიუღია.   - არა უშავს რა, მე იმდენად მიყვარხარ, ჩემს აზრს ძალით მოგახვევ თავს. რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ, როგორ მიყვარხარ!..       საუზმეზე სულ ეს სიტყვები მიტრიალებდა თავში: "როგორ მიყვარხარ, როგორ მიყვარხარ!".. ალბათ ამიტომ არის, რომ, თუმცა ამდენს ვცდილობ, იმდღევანდელი საუზმობა კარგად ვერ მომიგონებია.       ანას სოსანისფერი კაბა ეცვა, ზუსტად მისი თვალის უპეების, მისი თვალების ფერი! მამა იცინოდა, აშკარად ეტყობოდა, მხიარულ გუნებაზე იყო: რა ენაღვლებოდა, საქმე მოაგვარა! დესერტს შევექცეოდით, როცა გამოგვიცხადა, ნაშუადღევს სოფელში უნდა წავიდეო. გულში გამეცინა. დაღლილი ვიყავი, ბედისწერას აყოლილი. ერთადერთი სურვილი მქონდა, ზღვაში მებანავა.       ოთხ საათზე ნაპირზე ჩავედი. მამაჩემი სახლის ტერასაზე დამხვდა, სოფელში წასასვლელად ემზადებოდა. არაფერი მითქვამს, არც ის მირჩევია, ფრთხილად იყავი-მეთქი.       წყალი თბილი და წყნარი იყო. ანა არ მოსულა; იგი კოლექციებით იყო გართული, ოთახში იჯდა და ხატავდა. მამაჩემი კი ამ დროს ელზას ეკურკურებოდა. ორი საათის შემდეგ, რაკი მზე აღარ მაცხუნებდა, ტერასაზე ავედი, სავარძელში ჩავჯექი და გაზეთი გავშალე.       სწორედ ამ დროს გამოჩნდა ანა; ტყიდან მოდიოდა, არა, მორბოდა, ოღონდ მოუხერხებლად, იდაყვები ფერდებზე მიეკრო და ისე მორბოდა. ერთბაშად ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ვიღაც ბებერი ქალი მორბოდა და საცაა დაეცემოდა. გავშეშდი: ანა სახლის უკან მიიმალა, გარაჟისკენ გაიქცა. უცბად მივხვდი და მეც გავედევნე. მინდოდა შემეჩერებინა.       მანქანაში იჯდა უკვე, ძრავაც ჩაერთო. მივირბინე და კარს მივაწყდი.   - ანა, ნუ წახვალთ, აქ რაღაც გაუგებრობაა... ჩემი ბრალია... ახლავე აგიხსნით ყველაფერს...       ყურს არ მიგდებდა, წინ გადახრილიყო, მუხრუჭი მოეშვა.   - ანა, თქვენ ჩვენ გვჭირდებით!       წელში გასწორდა, სახე შეცვლილი ჰქონდა. ტიროდა. ახლაღა მივხვდი, რომ ცოცხალ, მგრძნობიარე არსებას დავესხი თავს და არა რაიმე ცნებას. ისიც ხომ იყო ოდესღაც პატარა გოგო, ოდნავ გულჩათხრობილი, მერე მოზარდი, შემდეგ ქალი! ახლა, ორმოცი წლისას, მარტოხელას, უყვარდა მამაკაცი და იმედი ჰქონდა, ათი, იქნებ ოცი წლის განმავლობაში მაინც ბედნიერი იქნებოდა. მე კი... ოო, ეს სახე, ეს სახე ჩემი ხრიკების წყალობა გახლდათ! თავზარდაცემული ვიდექი მანქანის კართან და მთელი სხეულით ვკანკალებდი.   - თქვენ არავინ გჭირდებათ, – წაიჩურჩულა მან, – არც თქვენ, არც მას.       ძრავა თუხთუხებდა. სასოწარკვეთილი ვიყავი, ასე როგორ გამეშვა?   - მაპატიეთ, გევედრებით...   - თქვენ რა უნდა გაპატიოთ?       ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა, მაგრამ, ეტყობა, ვერ გრძნობდა. სახე გაქვავებული ჰქონდა.   - ჩემო პატარა გოგო!       წამით ხელი ლოყაზე მომისვა და წავიდა.       დავინახე, როგორ მოეფარა მანქანა სახლს. თავგზა ამებნა, ცოცხალმკვდარი ვიდექი... ყველაფერი ისე უცებ მოხდა! ოო, რა სახე ჰქონდა, რა სახე!..       ზურგს უკან ფეხის ხმა მომესმა: მამა იყო. სახიდან უკვე მოეშორებინა ელზას პომადა, კოსტიუმიდან კი – ფიჭვის გირჩები. მივბრუნდი, მივვარდი და დავუყვირე: – არამზადავ! არამზადავ!       ქვითინი წამსკდა.   - კი მაგრამ, რა მოხდა? ნუთუ ანამ?.. სესილ, მითხარი, სესილ... თავი მეთერთმეტე       მხოლოდ სადილზე შევხვდით ერთმანეთს. ორივე შეშინებულები ვიყავით, ასე ერთბაშად რომ დაგვიბრუნდა მარტოობა. არც მე, არც მას ლუკმა არ გადაგვდიოდა ყელში. ორივემ კარგად ვიცოდით, რომ ანას დაბრუნება აუცილებელი იყო ჩვენთვის. პირადად მე დიდხანს ვერ გავუძლებდი მისი აფორიაქებული სახის მოგონებას, არც მის მწუხარებასა და ჩემს პასუხისმგებლობაზე შემეძლო ფიქრი. ჩემი შემპარავი ხერხები და ბრწყინვალედ შესრულებული გეგმები სულ დამავიწყდა. ახლა სულ ამოვვარდი კალაპოტიდან, უსუსური ვიყავი. რაც მთავარია, მამაჩემსაც ასეთივე უსუსურობა ეხატა სახეზე.   - როგორ ფიქრობ, – მკითხა მან, – დიდი ხნით მიგვატოვა?   - ნამდვილად პარიზში წავიდოდა.   - პარიზში... – წაიბუტბუტა ფიქრში წასულმა.   - ალბათ, ვერასოდეს ვნახავთ...       უმწეოდ შემომხედა და ხელი გამომიწოდა.   - შენ, ალბათ, ძალიან მიბრაზდები. თვითონაც არ ვიცი, რა წერამ ამიტანა. ელზასთან ერთად ტყით ვბრუნდებოდი. იგი... ერთი სიტყვით, მოვეხვიე. ეტყობა, ანამ სწორედ ამ დროს გამოირა და...       ყურს არ ვუგდებდი. ელვის სისწრაფით დამიდგა თვალწინ ორი სხეული, ელზასი და მამაჩემისა, და უმალ გაქრა. იმდღევანდელი ერთადერთი ხორცშესხმული, უწყალოდ ხორცშესხმული ხილვა ანა იყო, მწუხარებითა და ღალატით დადაღული მისი სახე. მამას სათუთუნედან სიგარეტი ავიღე და მოვუკიდე. ამასაც ვერ იტანდა ანა, სადილობის დროს პაპიროსის მოწევა არ უყვარდა. მამას გავუღიმე.   - კარგად მესმის: სულ მთლად შენი ბრალი არ არის... როგორც იტყვიან ხოლმე, ერთი გიჟური წამის ბრალია ყველაფერი... მაგრამ ანამ უნდა გვაპატიოს, შენ უნდა გაპატიოს.   - რა ვქნათ? – მკითხა მან.       მამა საბრალოდ გამოიყურებოდა. შემეცოდა. ჩემი თავიც შემეცოდა. რად მიგვატოვა ანამ? რატომ დაგვტანჯა ასე? ეს ხომ ერთი უბრალო ხუმრობა იყო. განა არავითარ მოვალებას აღარ გრძნობდა ჩვენდამი?   - წერილი მივწეროთ, – ვუთხარი მე, – პატიება ვთხოვოთ.   - დიდებული აზრია! – დაიყვირა მამაჩემმა, გახარებულმა, რომ რაღაც საქმე მიეცა და გულხელდაკრეფილი აღარ იჯდებოდა. სამი საათი სინდისის ქენჯნამ მართლა დატანჯა.       ჭამა არც კი დაგვისრულებია. სუფრა და ჭურჭელი მივწიეთ, მამა ლამპის, კალმების, საფოსტო ქარალდების მოსატანად წავიდა, მერე ერთმანეთის პირისპირ დავსხდით. ამ მიზანსცენის წყალობით, ანას დაბრუნება იმდენად სარწმუნოდ მივიჩნიეთ, კიდეც გავუღიმეთ ერთმანეთს. ოთახში ღამურა შემოფრინდა და ფანჯრის წინ წრე შემოხაზა. მამამ თავი დახარა, წერას შეუდგა.       თუ არა მწარე დაცინვით, თუ არა რაღაც სასტიკი გრძნობით, ისე ვერ გავიხსენებ იმ მრავლისმთქმელ, ალერსიან წერილებს, იმ საღამოს ანას რომ მივწერეთ. ბეჯითი, მაგრამ უგერგილო მოწაფეებივით ვისხედით და ლამპის შუქზე, უსიტყვოდ ვცდილობდით, შეგვესრულებინა შეუსრულებელი ამოცანა: დავაბრუნოთ ანა! მიუხედავად ამისა, ორი შედევრი შევქმენით, ტკბილი სიტყვებით, ბოდიშებითა და მონანიებით სავსე ორი შედევრი. როცა დავასრულეთ, პირადად მე თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ანა წინააღმდეგობას ვეღარ გაგვიწევდა, რომ შერიგება გარდაუვალი იყო. თვალწინ მედგა კიდეც პატიების სცენა, მოკრძალებით სავსე და ცოტა სასაცილოც. პარიზში ჩვენს სასტუმრო ოთახში ანა შემოვიდოდა და...       ტელეფონის ზარი აწკრიალდა. ათი საათი იყო. გაოცებულებმა ერთმანეთს გადავხედეთ, შემდეგ იმედის ნაპერწკალი აგვიციალდა თვალებში! ანა გვირეკავს, გვატყობინებს, რომ გვაპატია და... დაბრუნდება. მამა აპარატს მივარდა და მხიარულად ჩასძახა "ალო".       მერე ჩაჩუმდა, აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ ჩამწყდარი ხმით ბუტბუტებდა: "დიახ, დიახ... სად?.. დიახ!" მე ავდექი. შიშმა ამიტანა. ვუყურებდი მამას და მის ხელს, სახეზე რომ ისვამდა ანგარიშმიუცემლად. ბოლოს ყურმილი ფრთხილად დაკიდა და მომიბრუნდა: – დაიღუპა... ესტერელის გზაზე. დიდხანს ვერ იპოვეს თურმე მისამართი. პარიზში დაურეკავთ და აქაური ტელეფონის ნომერი მიუციათ.       ანგარიშმიუცემლად ლაპარაკობდა და მეც ვეღარ გავბედე, შემეწყვეტინებინა.   - ყველაზე სახიფათო გზაზე მომხდარა ავარია. ეტყობა, იმ ადგილებში ხშირია უბედური შემთხვევები. მანქანა ორმოცდაათ მეტრზეა გადავარდნილი. სასწაული იქნებოდა, რომ გადარჩენილიყო...       ის ღამე კოშმარივით მახსოვს: ფარებით განათებული გზა, მამაჩემის გაქვავებული სახე, კლინიკის კარი... მამამ ანას ნახვის უფლება არ მომცა. მოსაცდელ ოთახში ვიჯექი გრძელ სკამზე და ლითოგრაფიულ სურათს ვუმზერდი. ვენეციის ხედი იყო. არაფერზე არ ვფიქრობდი. სანიტარმა ქალმა მიამბო, ამ ზაფხულს მეექვსე უბედური შემთხვევაა იმ ადგილასო. მამა იგვიანებდა.       ჰოდა, აი, მაშინ ვიფიქრე: თავისი სიკვდილით ანამ ერთხელ კიდევ დაგვიმტკიცა, რომ ჩვენგან განსხვავდებოდა. ჩვენ რომ თავის მოკვლა გადაგვეწყვიტა, – საამისო ვაჟკაცობა რომ გვყოფნოდა, – ალბათ, მეც და მამაც ტყვიას დავიხლიდით თავში, ბარათსაც დავტოვებდით და ამით სამუდამოდ დავუფრთხობდით ძილსა და მოსვენებას იმ ხალხს, ვისაც ჩვენს სიკვდილზე პასუხისმგებლად მივიჩნევდით! ანამ კი დაგვიტოვა გულუხვი უკანასკნელი საჩუქარი: საშუალება იმისა, რომ გვეფიქრა, თითქოს უბედური შემთხვევა მოხდა; სახიფათო გზა, მანქანის სუსტი მუხრუჭი! და ჩვენ, ჩვენი უსუსურობის გამო, მივიღებდით ამ საჩუქარს. სხვათა შორის, დღეს რომ თავის მოკვლაზე ჩამოვაგდე სიტყვა, ჩემი მხრივ ეს დიდი რომანტიკულობა გახლავთ. განა შეიძლება ადამიანმა თავი მოიკლას ისეთებისთვის, როგორებიც მე და მამაჩემი ვართ, ისეთი ხალხის გულისთვის, ვისაც არავინ სჭირდება, არც მკვდრები და არც ცოცხლები. და მართლაც, გამოგიტყდებით, მე და მამა ანას სიკვდილს ყოველთვის მხოლოდ უბედურ შემთხვევას მივაწერდით.       მეორე დღეს ნაშუადღევის სამ საათზე დავბრუნდით შინ. ელზა და სირილი კიბის საფეხურზე ჩამომსხდარიყვნენ და გველოდნენ. ჩვენს დანახვაზე ყველასგან მივიწყებული ადამიანებივით წამოიჭრნენ ფეხზე: არც ერთი და არც მეორე არ იცნობდა ანას, არც ერთსა და არც მეორეს არ უყვარდა იგი, ორივეს გულში თავისი პატარა ბოღმა ჩაემარხა. სირილმა ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი და მხარზე მომხვია ხელი. შევხედე: მე იგი არასდროს მყვარებია. მიმაჩნდა, რომ კეთილი და მიმზიდველი ყმაწვილია, მიყვარდა ის სიამოვნება, რომელსაც იგი მანიჭებდა, მაგრამ ის მე არ მჭირდებოდა. სულ მალე იქაურობას გავეცლებოდი, მოვშორდებოდი ამ სახლს, ამ ყმაწვილს, ამ ზაფხულს. მამაჩემი გვერდით მედგა. მერე მკლავზე მომკიდა ხელი და ორივენი სახლში შევედით.       სახლში ანას ხალათი, მისი ყვავილები, მისი ოთახი, მისი სურნელება დაგვხვდა. მამამ დარაბები მიხურა, მაცივრიდან ბოთლი გამოიღო და მაგიდაზე ორი ჭიქა დადგა. ეს წამალიღა გვქონდა ხელთ. ბოდიშებით სავსე ჩვენი წერილები მაგიდაზე ეყარა. ხელი გავკარი. იატაკზე გადაფრიალდნენ. მამა სავსე ჭიქით მომიახლოვდა, შეყოყმანდა, მერე გვერდი აუარა ფურცლებს, რომ ფეხი არ დაედგა. ეს ამბავი სიმბოლურად მივიჩნიე. ცუდ გემოვნებას მივაწერე. ჭიქა ხელში ავიღე და სულმოუთქმელად გამოვცალე. ოთახში ნახევრად ბნელოდა. ფანჯრის წინ მამაჩემის ჩრდილს ვხედავდი. ზღვა ხმაურით ეხეთქებოდა ნაპირს. თავი მეთორმეტე       დაკრძალვის დღეს მზიანი ამინდი იდგა პარიზში. იყო ძაძები, იყო ცნობისმოყვარე ხალხი. მე და მამამ ანას მოხუც ნათესავებს მივუსამძიმრეთ. ცნობისმოყვარედ ვაკვირდებოდი საცოდავებს: ანა რომ ჩვენთან დარჩენილიყო, ალბათ, წელიწადში ერთხელ ჩვენთან ჩაის დასალევად მოვიდოდნენ. ხალხი თანაგრძნობით უყურებდა მამაჩემს: ეტყობა, ვებს ბევრისთვის მოეყოლა მათი ქორწინების ამბავი. სირილს მოვკარი თვალი, გაფაციცებით მეძებდა გასასვლელთან. თვალი ავარიდე. ჩემი ბოღმა და ბრაზი მისდამი ყოვლად გაუმართლებელი იყო, მაგრამ ვერაფერი მომეხერხებინა... ჩვენ ირგვლივ ხალხი სინანულს გამოთქვამდა ამ ბრმა, ამ საშინელი უბედური შემთხვევის გამო და მეც სიამოვნებით ვუსმენდი მათ, რადგან გულის სიღრმეში ჯერჯერობით კიდევ მქონდა ეჭვი, იყო თუ არა ეს მართლაც უბედური შემთხვევა.       შინ დაბრუნებისას მანქანაში მამამ ხელი მომკიდა და მაგრად მომიჭირა. გავიფიქრე: "ჩემ გარდა შენ არავინ გყავს. მეც შენ გარდა არავინ მყავს. ორივენი მარტონი და უბედურნი ვართ!" და პირველად ავტირდი. სასიამოვნო იყო ეს ცრემლები, არ წააგავდა იმ სიცარიელეს, იმ აუტანელ სიცარიელეს, კლინიკაში რომ ვიგრძენი ლითოგრაფიული სურათის წინ. უსიტყვოდ, გაწამებული სახით მომაწოდა მამამ ცხვირსახოცი.       ერთად ვსადილობდით, ერთად ვსაუზმობდით, შინიდან არ გავდიოდით. ზოგჯერ ანაზეც ვსაუბრობდით: "გახსოვს იმ დღეს, როცა"... მის სახელს ფრთხილად ვახსენებდით, გვეშინოდა, გული არ გვეტკინა ერთმანეთისათვის, რომელიმე ჩვენგანს არ დაგვცდენოდა ისეთი რამ, რაც საყვედურს გამოიწვევდა. ამ გაფრთხილებას ერთმანეთისას, ამ გულთბილობას თავისი ანაზღაურებაც ჰქონდა. სულ მალე ჩვეულებრივი კილოთი შევძელით ანას ხსენება, ვლაპარაკობდით, როგორც საყვარელ არსებაზე, ვისთანაც ბედნიერნი ვიქნებოდით, მაგრამ ღმერთმა წაგვართვა. ღმერთს ბედისწერის ნაცვლად ვწერ, რადგან ჩვენ ღმერთი არ გვწამს. კიდევ კარგი, რომ მსგავს ვითარებაში ბედისწერისა მაინც გვჯერა!       შემდეგ, ერთ დღეს, ჩემი მეგობრის ოჯახში მისი ბიძაშვილი გავიცანი, მომეწონა და მასაც მოვეწონე. ერთი კვირის განმავლობაში ისე ხშირად, ისე თავისუფლად დავდიოდი მასთან, როგორც ეს სიყვარულის დასაწყისისას ხდება ხოლმე; მამაც – მარტოობისათვის არც ის იყო გაჩენილი – ასევე მოიქცა; ერთი საკმაოდ ამპარტავანი ახალგაზრდა ქალი გაიცნო. როგორც მოსალოდნელი იყო, ცხოვრება წინანდებურად აეწყო. როცა მე და მამა ერთმანეთს ვხვდებით, ვიცინით, პირად გამარჯვებებს ვუყვებით ერთმანეთს; ალბათ, ეჭვი არ ეპარება, რომ ფილიპთან ჩემი ურთიერთობა პლატონური არ არის, და მეც კარგად ვგრძნობ, რომ ახალი მეგობარი ქალი ძალიან ძვირად უჯდება. სამაგიეროდ, ორივე ბედნიერები ვართ. ზამთარი იწურება. იმავე აგარაკს აღარ დავიქირავებთ, მაგრამ, ჟუან-ლე პენთან ახლოს რამეს მოვნახავთ.       ოღონდ ესაა, ხანდახან, როცა გარიჟრაჟზე ჯერ ისევ ვწევარ, ხოლო პარიზის სიმშვიდეს მხოლოდ მანქანების ხმაური არღვევს, მეხსიერება შემახსენებს ხოლმე თავს: ზაფხული მოდის, მოდის და მოაქვს მოგონებებიც! ანა! ანა! ძალიან ჩუმად, ძალიან დიდხანს ვიმეორებ ამ სახელს სიბნელეში და, აი, მაშინ რაღაც ლოდივით დამაწვება ხოლმე გულზე და მეც, თვალდახუჭული, ამ სიტყვებით ვეგებები მას: ს ა ლ ა მ ი, ს ე ვ დ ავ! …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 9:03am on ივლისი 30, 2015
თემა: მართლმადიდებლური ფსიქოპათოლოგია
ღვეულს განკურნების ეპიზოდშივე აღწერს ბითეზდას საბანელს და იქაურ მდგომარეობას. "ამას შინა ისხა სიმრავლე უძლურთაჲ, ბრმები, მკელობლები, განჴმელები, რომელნი მოელიედ წყლისა მის აღმღურევასა" (იო. 5.3)        ეკლესია ერთგვარი საბანელია, სულიერი ბითეზდა. ჩვენ ეკლესიის წევრები, ხრწნასა და სიკვდილს დამორჩილებულნი ამ საბანელში ვართ და ველოდებით სულიერ განკურნებას.        იოანე ოქროპირი განრღვეულის კურნების სასწაულის განმარტებისას სვამს შეკითხვას: რა კურნებაა ეს? რა საიდუმლოზეა მინიშნება?" და პასუხობს, რომ საბანელი გამოხატავს იმას, რაც მომავალში მოხდებოდა, ეს წმინდა ნათლობაა. "მოგვემადლა ნათლობა, რომელსაც უდიდესი ძალა და მადლი აქვს, ნათლობა ცოდვათაგან განწმენდილი და მკვდრეთით აღმდგენელი". ნათლობა არის "შესავალი საიდუმლო", რომლითაც ეკლესიაში შევდივართ და თუ განვავრცობთ ნათლობის სიმბოლიზმს, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ეკლესია ჭეშმარიტად ბითეზდაა, სულიერი საავადმყოფო. ყველა ქრისტიანი, ვინც უფლის კაცთმოყვარეობას და სიყვარულს შეიგრძნობს, იმავდროულად საკუთარ სულიერ უძლურებას ხედავს. ვინაიდან ღვთის მადლი სულიერ სამყაროს ანათებს, შეგვიძლია, დავინახოთ საკუთარ სულში ცოდვების ძალა და სხეულში ცოდვის კანონი. ამიტომაც ვგრძნობთ თავს ავად. ეს შეგრძნება კურნების დასაწყისია, უფრო სწორად, უფლის ჭვრეტის დასაწყისი, რადგან სინანული და ტირილი "ხორციელ" ადამიანს არ შეუძლია. მხოლოდ ღვთიურ მადლთან ზიარებულს ძალუძს ამგვარი სულიერი რეალობის განცდა.        საავადმყოფოებში არსებობს ცალკეული განყოფილებები, რომელთაც პათოლოგიური (παθολογκή) ეწოდება. ამგვარი განყოფილება არის ეკლესიაშიც, სულიერ სამკურნალოში. მე არ ვაპირებ სხვადასხვა ტერმინის აღრევას, მაგრამ ღრმად მწამს, რომ ვნებების (πάθος) შესახებ მეცნიერება არის პათოლოგია. ვისაუბრებთ მათზე დაწვრილებით. განვსაზღვრავთ რა არის ვნებები, დავაჯგუფებთ მათ და უფრო ზუსტად განვიხილავთ მათგან განკურნების მეთოდებს. ასეთი თანმიმდევრობა საჭიროა, რადგან მართლმადიდებლურ წესს ემყარება. ჩვენი აზრით მოძღვრებას მართლმადიდებლური რომ ვუწოდოთ, ის რამდენიმე თვისებით გამორჩეული უნდა იყოს. პირველ ყოვლისა მასში (მოძღვრებაში) უნდა აღინიშნოს ადამიანის ღვთიური ცხოვრებიდან განდგომა და მისი დაცემის შემდგომი ტრაგიკული მდგომარეობა. შემდეგ ადამიანის ნათლობით ხელახალი დაბადება და რომ ეს "ხელახალი დაბადება" გრძელდება ეკლესიის წიაღში. ხელახლაშობის შესახებ მოძღვრებას ვერ დავარქმევთ მართლმადიდებლურს თუ მასში ვიგულისხმებთ ქრისტეს გარეგნულ რწმენას, რადგან ხელახლაშობა, განახლება, მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება და სრულყოფილების ზღვარი არ არსებობს. მოვიყვანთ მაგალითად პეტრე მოციქულს, რომელმაც იხილა მაცხოვრის ფერისცვალება და მისმა თვალებმა იხილეს უფლის დიდება. პეტრე მოციქულმა იხილა უქმნელი ნათელი თაბორის მთაზე. რამდენიმე დღის შემდეგ კი უარყო ქრისტე. მოგვიანებით მოციქული ღვთის ხილვის (Θεοφανία) გახსენებამ სინანულით აავსო და აატირა. პეტრეს დაცემა უფრო საშინელი იყო დიდებული ხილვის შემდეგ. აქ უნდა აღვნიშნოთ, ცოდვის ძალა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ადამიანი (პეტრე) დაცემამდე მიიყვანა მას შემდეგ, რაც მან ქრისტეს ღვთაებრიობა იხილა. არსებობს პეტრეს დაცემის შემამსუბუქებელი არგუმენტი. მან ღმერთი იხილა მანამდე, სანამ მოინათლებოდა. ნათლობა ხომ სულთმოფენობის დღეს შესრულდა. მოციქულის არსება ჯერ არ იყო განმტკიცებული სული წმინდის მოქმედებით.        იმავე მოვლენას ვხედავთ პავლე მოციქულთანაც. იგი ისეთ სიახლოვეს გრძნობდა მაცხოვართან, რომ ამბობდა: "ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე" (გალ. 2.20) და ამავე დროს გამოხატა ადამიანური ბუნების ტკივილი შემდეგი სიტყვებით: "და ვხედავ სხუასა სჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინა-განეწყვების სჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუნავს მე სჯულითა მით ცოდვისაჲთა, რომელი-იგი არს ასოთა შინა ჩემთა. უბადრუკი მე ესე კაცი! ვინ-მე მიჴსნეს ჴორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა?" (რომ. 7. 23-24),        შევეცდებით, წარმოვაჩინოთ რა არის ცოდვის კანონი "სხუაჲ სჯული". ვფიქრობ, ნაშრომის თავი სახელწოდებით "ფსიქოპათოლოგია" ერთ-ერთი ძირითადია. შეძლებისდაგვარად ანალიტიკურად განვიხილავთ ზოგიერთ ვნებას, რომლებსაც უფალი, მოციქულები და წმინდა მამები გამოყოფენ. გვსურს გამოვკვეთოთ ის საშინელი რეალობა (ვნება ე.დ.) რაც გვტანჯავს და მას სამწუხაროდ ხშირად ვერ ვამჩნევთ.   1. რა არის ვნებები?        სიტყვა ვნება (πάθος) მომდინარეობს სიტყვიდან πάσχω (ვიტანჯები). და ნიშნავს შინაგან სნეულებას. ფილოთეოს სინელის მიხედვით "ვნება სულში ხანგრძლივი სნეულებით ჩნდება. ვნახავთ, რომ ცალკეული ცოდვა ვნებად იქცევა. ვნება ეწოდება ცოდვას, რომელიც ხშირად მეორდება და დიდხანს იმალება სულში. წმინდა მამები ვნებასა და ცოდვას ასე განასხვავებენ: ვნება სულში მოძრაობს, ხოლო ცოდვიანი ქმედება სხეულით ხილულად აღესრულება". ცოდვების შესახებ სწავლება არა ერთხელ არის აღნიშნული სახარებაში. რამდენიმე ასეთ ადგილს მოვიხმობთ და მოგვიანებითაც დავუბრუნდებით მათ. უფალი ფარისეველთა შეკითხვაზე: "რაჲსთჳს მოწაფენი შენნი არა ვლენან მოძღურებისაებრ ხუცესთაჲსა, არამედ უბანელითა ჴელითა ჭამენ პურსა?" (მარკ. 7.5). ყურადღებას ამახვილებს ადამიანის შინაგან მხარეზე: "შინაგან გულისაგან კაცთაჲსა გამოვლენან გულის-სიტყუანი ბოროტნი, მრუშნი, სიძვანი, პარვანი, კაცის-კლვანი, ანგაჰრებანი და უკეთურებანი, ზაკუვანი, არაწმიდებანი, თუალ-ბოროტებანი, გმობანი, ამპარტავნებანი, უგუნურებანი. ესე ყოველნი ბოროტნი შინაგან გამოვლენ და შეაგინებენ კაცსა" (მარკ. 7, 21-23).        მთესველის იგავით უფალი საუბრობს იმ მარცვალზე, რომელიც დავარდა "ეკალთა შინა" და სწორედ ვნებები შთანთქავენ მარცვალს, ხელს უშლიან ნაყოფის გამოღებაში. "რომელი-იგი ეკალთა შინა დავარდა, ესე არიან, რომელთა ისმინიან სიტყუაჲ და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არა ნაყოფიერ იქმნიან" (ლუკ. 8. 14) პავლე მოციქული ადამიანის გულში დაბუდებულ ვნებებსაც იცნობს. ადამიანის ნათლობამდელ მდგომარეობაზე, ანუ ხორციელ ცხოვრებაზე ამბობს მოციქული: "ვიდრე-იგი ვიყვენით ჴორცთა შინა, ვნებანი იგი ცოდვათანი სჯულისა მისგან იქნებოდეს ასოთა შინა ჩუენთა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ სიკუდილისა" (რომ. 7.5) წარმართთა ცხოვრების შესახებ კი წერს: "ამისთჳს მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა", (რომ. 1.26).        ამგვარად, ვნებები იჭრებიან სულში და მთელს ჩვენს არსებას საშინელ პრობლემებს უქმნიან. გრიგოლ პალამას სწავლების მიხედვით, ვისაც უყვარს უსამართლობა, იგი სიძულვილით ანგრევს და ანადგურებს ღვთის ხატს, ანუ თავის სულს და ემორჩილება იმავე ვნებას, რომლითაც შეშლილები არიან შეპყრობილნი და საკუთარ სხეულს იგლეჯენ. შეშლილი ინადგურებს სხეულს, ასევე უსამართლო (და ყველა ვნებიანი) "უგრძნობლად აზიანებს და გლეჯს თავის თანდაყოლილ მშვენიერებას". ვნება ამუქებს, ანადგურებს ღვთის ხატს, ღვთის მშვენიერებას.        ვნებებზე საუბრისას უნდა დავაზუსტოთ მათი რაობა. არსებობენ ძალები, რომლებიც ჩვენს სულში შემოდიან და საჭიროა მათი ამოძირკვა? თუ ვნება სულის ბუნებრივი ძალაა, ვნებით გარყვნილი და უფლისგან ჩვენი განდგომით გამოწვეული? ბიბლიური წიგნები და წმინდა მამათა ნაწერები მეორე ვარაუდს ემხრობიან: სწორედ ამიტომ საჭიროა, გამოვიკვლიოთ სული და მისი ნაწილები, რათა დავინახოთ, როგორ ირყვნება სულის ძალები.        გრიგოლ პალამა გვასწავლის, რომ როგორც ღმერთია გონება, აზროვნება (λόγος) და სული, ასევე ადამიანის სულსაც აქვს გონება, აზროვნება (λόγος) და სამშვინველი. სული (წმინდა) სულისა არის "ჩვენს აზროვნებასთან ერთად გონების მისწრაფება არასრულყოფილებით სრულყოფილებისაკენ". ათონელი წმინდა მამის სიტყვებით სულის სამსახოვანი ბუნება შედგება გონების, აზროვნების (λόγος) და სულისგან. ცოდნის "სამება" გამოიხატება გონებითი აზროვნებით და გრძნობითი ასპექტებით. გონების სამი სახე არის გონება, ცოდნა და სიყვარული.        ჩამოთვლილი კატეგორიების გარდა თესალონიკის მთავარეპისკოპოსი გრიგოლ პალამა იყენებს ანტიკურ ბერძნულ ფილოსოფიაში დამკვიდრებულ სულის დაყოფას. ადამიანის სული არის ერთიანი და ყოვლადძლიერი. ის იყოფა სამ მოაზროვნე, მრისხანე და სურვილიან ნაწილებად. ასეთივე დაყოფა გვხვდება მაქსიმე აღმსარებელთან. მისი სიტყვებით სულის სამი ძალაა აზროვნება, სურვილი და მრისხანება. სურვილი და მრისხანება შეადგენენ სულის ვნებიან ნაწილს, აზროვნება კი მოაზროვნეს (λογική). ამრიგად, როცა ვსაუბრობთ სულის ვნებიანი ნაწილის განკურნებაზე, ვგულისხმობთ მრისხანებას და სურვილს. ეკლესიის ორი დიდი მამის სწავლებას დავუმატებთ ამბა დოროთეს მოსაზრებას. იგი ეფუძნება გრიგოლ ღმრთისმეტყველის შრომებს და წერს, რომ სული სამ ნაწილიანია: "სურვილიანი, მრისხანე და მოაზროვნე (λογική)". ეს სამი ძალა უნდა იყოს უფლისკენ მიმართული. ასეთია მათი ბუნებრივი მდგომარეობა. წმინდა დოროთეს სიტყვების თანახმად, (სადაც იგი ეთანხმება ევაგრეს) "მოაზროვნე სული ბუნებრივად მოქმედებს, როცა სურვილიან ნაწილს სათნოება სურს, მრისხანე ნაწილი იღვწის ამისთვის და მოაზროვნე კი მომხდარ მოვლენებს უყურებს". წმინდა თალასე წერს, რომ "სულის მოაზროვნე ნაწილი ღმერთის შეცნობას უნდა სწავლობდეს. ვნებიანი ნაწილი (სურვილიანი და მრისხანე) კი სიყვარულს და თავშეკავებას. ნიკოლოზ კაბასილასი ეთანხმება ზემოთ მოხმობილ მამათა ნააზრევს და ამბობს, რომ ადამიანის არსება შექმნილია ახალი ადამიანისთვის. ჩვენ მოგვეცა აზროვნება (λογική) ქრისტეს შესაცნობად, სურვილი - მისდამი მისწრაფებისთვის, მეხსიერება კი იმისთვის, რომ ქრისტე გვახსოვდეს", რადგან ქრისტეა ადამიანთა არქეტიპი.        ზემოთ შევნიშნეთ, რომ ადამიანი ვნებებთან ერთად არ შექმნილა. ვნების მოქმედებით ადამიანი სული წმინდის მადლს მოკლებულია. ვნებას არა აქვს არც არსი და არც ჰიპოსტასი. იგი შუქის ჩრდილს ჰგავს. "სიამოვნების სიყვარულით სათნოებისგან განდგომილი სული ვნებებით ივსება და ცარიელდება". ასე რომ, შეიძლება ვთქვათ, ვნებები სულიერი ძალების წაბილწვაა. ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი სამარცხვინო ვნებებით. იოანე სინელი ამბობს: "ვნება ბოროტი ბუნებით, ბუნებასა შინა ჩუენსა არა დაბადებულ არს, რამეთუ არათუ ვნებათა დამბადებელი არს ღმერთი, არამედ უფროსად სათნოებანი დაიბადნეს მის მიერ ჩვენ შორის". ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა სათნოებაა, ვნებები კი ბუნების საწინააღმდეგოა, ჩვენ სულის ენერგია ბუნებრივიდან არაბუნებრივ მდგომარეობაში გადავიყვანეთ. იოანე სინელის სიტყვებით ღმერთს "ბოროტი არცარა დაუბადებიეს, არცარა შეუქმნიეს". ჩვენ შევცვალეთ სათნოება ბოროტებად. იოანე სინელს მოჰყავს რამდენიმე მაგალითი ამ მდგომარეობის წარმოსაჩენად: "საქმენი იგი ბუნებისა შინა ჩვენისა კეთილად დაბადებულნი, და სარგებელად ბუნებისა, ჩვენ ვნებად შევცვალენით, ბუნებით გულის წყრომა ჩვენთანა არს, ეშმაკთა მიმართ, ხოლო ჩვენ ვიხმარებთ მას მოყვასის მიმართ. და არს კვალად ჩვენ თანა შური ბუნებითად, რათა კეთილისა ქმნად მოშურნე ვიყვნეთ, ხოლო ჩვენ ბოროტსა ზედა გვაქვს იგი. ბუნებით არს ჩვენ თანა გულისთქმა, არამედ სასუფევლისათვის, ხოლო ჩვენ შევცვალეთ იგი ცოდვისათვის. და გვაქვს სიმაღლეცა ბუნებით, არამედ ეშმაკთა ზედა, ხოლო ჩვენ მოვიღეთ იგი სადა არა ჯერ არს და მოგვეცა ბუნებით სიხარულიცა, არამედ უფლისათვის, და კეთილსა ზედა მოყვასისას, ხოლო ჩვენ ვყავთ იგი ბოროტსა ზედა".        აქედან გამომდინარე, წმინდა მამები ყოველთვის აღნიშნავენ ვნებების შესახებ შემდეგს: ჩვენში არსებული ვნებები, ცოდვით დაცემის შემდგომი მდგომარეობის გამოხატულება და ჩვენი ბუნების საწინააღმდეგოა. "ვნება გასაკიცხია, რადგან არაბუნებრივი მოძრაობაა სულისა". ამ არაბუნებრივ მოძრაობას წმინდა მაქსიმე "გრძნობადის მიმართ უაზრო სიყვარულს, ან უგნურ სიძულვილს უწოდებს, მაქსიმე წერს აგრეთვე, რომ "ბოროტება არის ცოდვიანი მსჯელობა შემეცნებული საგნებზე, რასაც მოსდევს მათი არასწორი გამოყენება. წმინდა მამას მაგალითად მოჰყავს ქორწინება. "ქორწინების სწორი გააზრება არის ბავშვების დაბადება. ვინც მასში მხოლოდ სიამოვნებას ხედავს, ის სცოდავს გააზრებაში, არაკეთილს კეთილად მიიჩნევს და იყენებს მას არასწორად, ბოროტად", იგივე ეხება სხვა საკითხებსაც". დაცემული ადამიანის სულის მოაზროვნე ნაწილში ბატონობს სიამაყე, სურვილებში - ხორციელი შეცოდებები და მრისხანებაში - სიძულვილი, მრისხანების, ავის მახსოვრობის ვნებები.        მაქსიმე აღმსარებელი დაწვრილებით გამოხატავს ჩვენი სულის ბუნებრივ და არაბუნებრივ ცხოვრებას. სულის ბუნებრივი ძალებია აზროვნება, სურვილი და მრისხანება. ისინი ასე მოქმედებენ. აზროვნება მიემართება ღმერთს ცოდნით და ძიებით. სურვილი არის უფლისკენ სწრაფვა სიყვარულით, მრისხანება არის ღვაწლი ერთადერთი უფლისადმი მისაღწევად". ამრიგად, ბუნებრივი ცხოვრებით მცხოვრებ ადამიანს სურს ამაღლდეს ღმერთამდე, ანუ უფალთან ჰქონდეს ურთიერთობა. ამგვარი ბუნებრივი მოქმედების შედეგი არის სიყვარული. ღმერთთან შეერთებით ადამიანი სიყვარულის ნეტარ მდგომარეობას აღწევს, რადგან ღმერთია სიყვარული. ამ საკითხს ეხება წმინდა წერილის სიტყვები: "და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა" (მარკ. 12.30). როცა კი ადამიანი სულის სამ ძალას იყენებს არაბუნებრივად, მაშინ აზროვნება ხდება უგნურება, სურვილი თავმოყვარეობა და მრისხანება - ტირანია. ადამიანი მთელი არსებით ეშმაკს ემონება და მისი სულიერი მშვენიერება იკარგება.        მაქსიმე აღმსარებელი სხვაგან წერს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს სულის ძალების არასწორი გამოყენება. მოაზროვნეთათვის ეს უგუნურებას და უცოდინარობას ნიშნავს, მრისხანე და სურვილით სავსე ადამიანი მოძულე და თავშეუკავებელია. და პირიქით, როდესაც სულის ძალები სწორად მოქმედებენ, მათ თან ახლავს ცოდნა, კეთილგონიერება, სიყვარული და სიბრძნე". ღვთის ქმნილებათა შორის ბოროტი არ არის. თუკი ბუნებრივი ბოროტი არ არსებობს, მაშინ გამოდის, რომ ბოროტებას ჩვენი შესაძლებლობების არასწორი გამოყენებით წარმოვშობთ. წმინდა მაქსიმეს მოჰყავს რამდენიმე მაგალითი: "საკვები არ არის ცუდი, ცუდი ნაყროვანებაა, ბავშვის ჩასახვა არ არის ცუდი, ცუდი მეძავეობაა, ფული კი არ არის ცუდი, ვერცხლისმოყვარეობაა ცუდი, არც დიდებაა ცუდი, ცუდია ამპარტავნება, ცუდად მზვაობრობა.        სულის ძალების არასწორი ქმედება ცოდვაა, სნეულება. ამბა დოროთეს სიტყვებით ცუდია "სულის სნეულება, როცა სულს თავისი ბუნებრივი სიჯანსაღე ანუ სათნოება დაკარგული აქვს".        ამგვარად, შეიძლება ვისაუბროთ სნეულ ადამიანზე, რომელსაც განკურნება სჭირდება. "სულის უწმინდურობა მისი არაბუნებრივი ქმედების შედეგია; აქედან იბადება გონებაში ვნებიანი აზრები". სულის ბუნებრივი მდგომარეობა, ჯანმრთელობა იმაში ვლინდება, რომ მისი ვნებიანი ძალები მრისხანება და სურვილი უვნებონი არიან". ადამიანის სული ერთიანი და მრავალძალიანია, ამიტომ, როცა მისი ერთ-ერთი ძალა დასნეულდება, მაშინვე სხვებსაც გადაედება ეს სნეულება.        გრიგოლ პალამა გვასწავლის, რომ "როგორც არსებათა შეცნობის უნარის ბოროტად გამოყენება წარმოშობს "უგუნურ სიბრძნეს", ასევე სულის ძალების არასწორი მოქმედება ვნებებს ბადებს.        ის ფაქტი, რომ ვნებები სულის არაბუნებრივი ქმედების შედეგია და მოაზროვნე და ვნებიანი ნაწილები ღმერთისგან დამორჩილებულია და ქმნილი სამყაროსკენ არის მიმართული ვლინდება მაშინ, როცა ადამიანი ღვთის მადლის წყალობით და საკუთარი ღვაწლით იკურნება სულიერად, სულის ვნებები კი არ ქრებიან, არამედ ღმერთს მიემართებიან და აღწევენ ღვთიურ ცოდნას და მასთან (ღმერთთან) ურთიერთობას. გრიგოლ პალამა ვარლაამისადმი მიმართვაში ამბობს, რომ არსებობს "ნეტარი ვნებები და ამგვარი ერთობლივი ქმედება სულისა და სხეულისა სულს (πνεύμα) ხორცზე არ აბამს, პირიქით ხორცს ამაღლებს სულის ღირსებამდე". ეს არის სულიერი მოქმედება, რომელიც სხეულიდან გონებისკენ არ არის მიმართული, არამედ გონებიდან სხეულისკენ". ამიტომაც ჩვენ, როცა განკურნება გვსურს, ვნებებს არ ვკლავთ, მათ სახეს ვუცვლით. (ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ). ცრემლი, ტირილი, სინანული, ტანჯვა სულის განკურნების საშუალებებია, ისინი განწმენდნენ სულის ვნებიან და მოაზროვნე ნაწილებს.        ამ პარაგრაფის დასასრულს აღვნიშნავთ, რომ ხორციელი ვნებები სულის არასწორი მოქმედებაა. სული როცა სიყვარულისა და თავშეკავების უნარს კარგავს, მისი სურვილიანი და მრისხანე ნაწილები ვნებებს ემორჩილება. ამ დროს ვნებები შეგრძნებადი ხდება". ხორციელი ცხოვრების ვნებები (სული წმიდის არყოფნას ნიშნავს) სულის არაბუნებრივი მოძრაობის შედეგია, ამიტომ ნიშნავს სულის სნეულებას და სიკვდილს.   2. სხვადასხვა ვნება და მათი განვითარება        ვნებების რაობის გარკვევის შემდეგ ვეცადოთ მათი სახეობებისა და შედეგების განახლება. ჩამოვთვლით თითოეულს, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს დაეხმარება ქრისტიანებს, ვინც კეთილი ღვაწლით იღვწის. ვნებებისგან გასათავისუფლებლად საჭიროა მათი შეცნობა.        თავდაპირველად უნდა შევნიშნოთ, რომ ვნებების შესახებ სწავლება წმინდა მამათა ნაწერების გარდა წმინდა წერილშიც გვხვდება. პავლე მოციქული ხორციელების შესახებ საუბრობს. მოციქულისთვის ხორციელი ადამიანი ის არის, ვინც სული წმინდის მადლს მოკლებულია "ჴორცთა გული უთქუამს სულისათჳს და სულსა - ჴორცთათჳს; და ესენი მხდომ არიან ურთიერთარს..." (გალ. 5.17). შემდეგ მოციქული განსაზღვრავს ხორციელ საქმეებს ანუ ვნებებს: "ცხად არიან საქმენი ჴორცთანი, რომელ არიან: სიძვანი, მრუშებანი, არა-წმიდებანი, ბილწებანი, კერპთ-მსახურებანი, მწამლველობანი, მტერობანი, ჴდომანი, შურობანი, გულისწყრომანი, წვალებანი, შფოთებანი, შურნი, კაცის-კლვანი, ლირწებანი653, მთრვალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი. რომელსა წინაჲსწარ გეტყჳ თქუენ, ვითარცა პირველ გარქუ, ვითარმედ ესევითარისა მოქმედთა სასუფეველ ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრიან" (გალ. 5, 19-21). რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე ჩამოთვლის ცოდვის საქმეებს, ვნებებს, რომლებიც მთელ ჩვენს არსებას აშფოთებენ. საგულისხმოა სიტყვები მათზე, ვინც მიატოვა ღმერთი და კერპებს ეთაყვანება: "და ვითარცა არა გამოიცადეს ღმერთი, რაჲთამცა აქუნდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელისა მას გონებისა საქმედ უჯეროჲსა; აღსავსენი ყოვლითა სიცრუითა, სიძვითა, უკეთურებითა, ანგარებითა, ბოროტებითა, სავსე შურითა, კაცის კლვითა, ჴდომითა, ზაკუვითა, ბოროტის ჩვეულებითა, ცუნდრუკებითა, ძჳრის მეტყუელ, ღმრთის შემაწუხებელ, მაგინებელ, ამპარტავან, ლარ, მომპოვნებულ ბოროტისა, მამა-დედათა ურჩ, უგულისჴმო, უწესო, უყვარულ, უწირავ, უწყალო (რომ. 1. 28-31) ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში მოციქული აღწერს ადამიანთა მდგომარეობას "უკანაჲსკნელთა დღეთა": "და იყვნენ კაცნი თავის მოყუარე, ვერცხლის მოყუარე, ლაღ, თავ მოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლ, უღირს, უყუარულ, უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, დაუმშვიდებელ, კეთილის მოძულე, შინა-გამცემელი, წარმდებ, აღზუავებული, გულის თქუმის მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმერთის მოყუარე. აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ და ძალისა მისსა უარ-ჰყოფდენ" (2. ტიმ. 3, 1-5).        მოყვანილი სამივე ციტატიდან ნათლად ჩანს ადამიანის მდგომარეობა, მისი დაშორება ღმერთისგან. ეს აღწერა ფაქტობრივად რენტგენია სულისა (ψυχογράφημα), რომელზედაც მეუფებს ვნება. გადავიდეთ ვნებების ანალიზზე, რაც წმინდა მამათა ნაწერებშია მოცემული.        მაქსიმე აღმსარებელის სიტყვებით უმთავრესი ვნება, რომლისგანაც იბადება სხვა დანარჩენი, არის თავმოყვარეობა. თავის მოყვარეა ადამიანი, რომელსაც მეტისმეტად უყვარს საკუთარი თავი და მასვე ემსახურება. ადამიანის ყურადღება ღმერთს შორდება და აღარ ზრუნავს მასთან შეერთებაზე, მისი წმინდა ნების აღსრულებაზე. ამ დროს იგი საკუთარ თავზეა ორიენტირებული და თვითკმაყოფილება სურს. მაქსიმე აღმსარებელი გვაფრთხილებს: "უფრთხილდით ბოროტების დედას თავმოყვარეობას, ის არის სხეულის უგნური სიყვარული". თავმოყვარეობის ვნებიდან იბადება სხვა ვნებები: ნაყროვანება, ვერცხლისმოყვარეობა და ცუდად მზვაობრობა (ამპარტავნება), ამათგან კი ვნებების მთელი რიგი იშვება. წმინდა მამა თავმოყვარეობის საშინელ შედეგებს აღწერს. იგი ამ ვნებას, ვნებათა დედას უწოდებს, რომელსაც ბევრი ქალიშვილი ჰყავს "ნაყროვანება და ჭამის მოყვარეობა უგნურების მიზეზებია, ვერცხლისმოყვარება და ამპარტავნება - მოყვასის სიძულვილის, მათი დედა, თავმოყვარეობა - ორივეს მიზეზია".        მაქსიმე თავის ნაშრომში "სიტყვა-მიგება თალასეს მიმართ" ჩამოთვლის თავმოყვარეობის ყველა შედეგს და ორ ნაწილად აჯგუფებს.        პირველ კატეგორიას მიაკუთვნებს ვნებებს, რომლებსაც სიამოვნებისაკენ მივყავართ და მეორეს ვნებებს, რომლებიც ტანჯვას გვაშორებს.        პირველი რიგის ვნებებია: ნაყროვანება, ამპარტავნება, ცუდად მზვაობრობა, ტრაბახი, ვერცხლისმოყვარეობა, სიძუნწე, ძალადობა, სიამაყე, უგნურება, თვითდაჯერება, გულგრილობა, უხეშობა, უგულებელყოფა, გაუმაძღრობა, ბევრი ლაპარაკი, ბილწსიტყვაობა, თვალთმაქცობა, გონებასუსტობა, დამცინავობა, უდროო და უადგილო საუბარი და სხვა".        მაქსიმე მეორე კატეგორიაში აერთიანებს სხვა ვნებებს: მრისხანებას, შურს, სიძულვილს, მტრობას, გულღრძოობას, ლანძღვას, შეურაცხყოფას, ცილისწამებას, წუხილს, უიმედობას, უგნურებას (ღვთის სიტყვის უგულებელყოფას), უზრუნველობას, სულმოკლეობას, ლაჩრობას, უდროო გლოვას, ტირილს, დარდს, ეჭვიანობას და სხვა ვნებებს, რაც ჩვენი სულისთვის არის დამახასიათებელი, როცა სიამოვნების საფუძველი არა გვაქვს.        გრიგოლ პალამა ვნებებს სხვაგვარად აჯგუფებს. წინა პარაგრაფში აღვწერეთ, რომ სული სამ ნაწილად იყოფა: მოაზროვნე, მრისხანე და სურვილიანი. სურვილიანი ნაწილის პირველი ცბიერი ნაყოფი მომხვეჭელობის სიყვარულია, მეორე კი - ვერცხლისმოყვარეობა. მოაზროვნე ნაწილის ნაყოფი დიდებისმოყვარეობა, მრისხანე ნაწილის კი ნაყროვანება, საიდანაც მომდინარეობს "ყველანაირი ხორციელი უწმინდურება". სხვა სიტყვებით, თავმოყვარეობიდან, (ვნებათა ქალბატონისა და დედისგან) იბადება სამი ძირითადი ვნება: დიდებისმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა და სიამოვნებისმოყვარეობა. ამათგან წარმოიშობა ყველა სხვა, ადამიანის სულისა და სხეულის წამბილწავი ვნება.        მარკოზ მოღვაწე ვნებების შეფასებისას და მათი დამბადებლის ძიებისას წერს, რომ სამი გიგანტი არსებობს. როცა ისინი კვდებიან, ადვილად ნადგურდებიან სხვებიც, ცბიერი სულების ქმედებები. ეს სამი გიგანტია: უცოდინრობა - ყველა სიბოროტის დედა, დავიწყება "თანამშრომელი და და უცოდინარობისა, სიზარმაცე, რაც სულისთვის ბნელი საფარველია. სამი ძირითადი ვნება სიზარმაცე, დავიწყება და უგუნურება "სხვა ვნებების არსებობას ამტკიცებს და მათ რიცხვს ზრდის".        სამი წმინდა მამის მოსაზრებებს შორის განსხვავება არსებითი არ არის. თავმოყვარეობა, დავიწყება, სიზარმაცე და ღვთის უცოდინარობა ქმნიან შესანიშნავ გარემოს დიდებისმოყვარეობის, სიამოვნებისმოყვარეობისა და ვერცხლისმოყვარეობის გასავითარებლად. ყველა წმინდა მამამ თავისი პირადი გამოცდილების შესაბამისად და ცალკეული საკითხების მიხედვით აღწერა ვნებები. ამასთანავე წმინდა მამები ვნებების აღწერისას სულის ფილოსოფიურ ანალიზს არ მიმართავდნენ, ისინი პირადი გამოცდილებიდან ამოდიოდნენ. აქვე დავამატებ, რომ თავმოყვარეობა მჭიდროდ უკავშირდება უცოდინარობას, დავიწყებას და სიზარმაცეს. საკმარისია ადამიანი თავის თავს მიუბრუნდეს, რომ მას მაშინვე დაეუფლება დავიწყება და ღმერთის უცოდინარობა და შედეგად დაიბადება სხვა ცოდვები - ვნებები.        იოანე დამასკელის ნაშრომის მიხედვით სული სამ ძალად იყოფა: მოაზროვნე, მრისხანე და სურვილიანი. მოაზროვნე ძალის ცოდვებია: ურწმუნოება, მწვალებლობა, უგუნურება, ცილისწამება, უმადურობა, სულის მრისხანე ძალის ცოდვებია: გულქვაობა, სიძულვილი, თანაგრძნობის არქონა, გულღრძოობა, შური, მკვლელობა და სხვა მსგავსი... სურვილიანი ძალის ცოდვებია: ნაყროვანება, უძღებობა, მემთვრალეობა, გარყვნილება, ღალატი, ბილწება, ფულის სიყვარული, ამაო დიდების მოყვარეობა, სიმდიდრე და ხორციელი სიამოვნებების მოყვარეობა. იოანე დამასკელი ასახელებს რვა ყოვლისმომცველ აზრს, რომელთაგან თითოეულს შეესაბამება ცალკეული ვნება. ეს აზრებია: ნაყროვანება, გარყვნილება (სიძვა), ვერცხლისმოყვარეობა, მრისხანება, მწუხარება, გულგრილობა, ცუდად მზვაობრობა და ამპარტავნება". ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ვნებათა დაყოფა სულის განყოფილებებს შეესაბამება. ახლა გადავიდეთ სხვა წმინდა მამათა მიერ აღწერილ კლასიფიკაციაზე. ამ კლასიფიკაციის თანახმად ვნებები იყოფა სულიერად და ხორციელად. სულისთვის დამახასიათებელია გარკვეული ვნებები და ასევე სხეულსაც აქვს შესაფერისი ვნებები.        წმინდა მამების სწავლებით, ცოდვით დაცემამდე ადამიანის სული ღია იყო და ღვთიური მადლით საზრდოობდა. ცხადია, ადამიანს დიდი ღვაწლი სჭირდება იმისთვის, რომ უფალთან ურთიერთობას მიაღწიოს და შეუერთდეს მას, თუმცა კი ღვაწლის გარეშეც იგემებდა ამ მადლს. სული საზრდოობდა უქმნელი მადლით, სხეული კი - "მიმადლებული სულით". ასე, რომ ადამიანი ღვთის წყალობით იკვებებოდა. დაცემის შემდეგ სული მოსწყდა უფალს, სიცოცხლის ჭეშმარიტ წყაროს, "ცდილობდა საზრდოს მიღებას სხეულისგან წვენის გამოწურვით. აქედან წარმოიშვა ვნებები... სხეული, როცა სულში სიცოცხლეს ვერ გრძნობს, გარეთ ეძებს მას და მატერიის ტყვეობაში ექცევა. ასე ჩნდებიან სიამოვნების მოყვარული სხეულის ვნებები, რომელთა საშუალებითაც ადამიანი ცდილობს სიცოცხლისა და სიხარულის მოპოვებას მატერიალური სამყაროდან". ასე კვდება სხეული და რაც მთავარია, სულიც. ქრისტესმიერი ღვაწლით ჩვენ სულს ღმერთისკენ მივმართავთ, რათა მისგან ისაზრდოოს, შედეგად კი შესაძლებელია სხეულმაც მიიღოს საზრდო "მიმადლებული სულისგან" ისე, რომ მთლიანად ადამიანი განათლდეს. ასეთი ადამიანების მაგალითებად დავასახელებთ ეკლესიის წმინდანებს, რომელთა სხეულებში ზოგჯერ ფიზიოლოგიური პროცესები ჩერდებოდა.        მაქსიმე აღმსარებლის სიტყვებით: "ვნებათგან ზოგი ხორციელია, ზოგი სულიერი". ხორციელი სხეულისგან იღებს მიზეზს, სულიერნი კი გარე საგნებისგან". ასევე სწავლება გვხვდება ილია პრესვიტერის ნაწერებში. იგი ამბობს: არსებობენ სხვადასხვა ხორციელი და სულიერი ვნებები".        იოანე დამასკელიც აღწერს სულიერ და ხორციელ ვნებებს. მისი აზრით სულიერი ვნებებია: დავიწყება, სიზარმაცე და უგნურება. ისინი სულის თვალს აბნელებენ ანუ გონება ემონება სხვა ვნებებსაც, როგორიცაა უპატიოსნება, ურწმუნოება, ყველანაირი ერესი, ცილისწამება, მრისხანება, კაცთმოძულეობა, განკითხვა, გულღრძოობა, სიცრუე, უგუნური დარდი, შიში, სიმხდალე, შური, ეჭვიანობა, სიამაყე, თვალთმაქცობა, ცუდად მზვაობრობა, არაკეთილგონიერება, განურჩევლობა, მატერიალური საგნების სიყვარული, გულგრილობა, სულმოკლეობა, უმადურობა, ბუზღუნი, ამპარტავნება, კაცთმოთნეობა, უგრძნობელობა, ჭორაობა, ირონია, ორგულობა, ვნების მორჩილება, ცოდვიანი ფიქრები, თავმოყვარეობა - ყველა სიავის დედა, ვერცხლისმოყვარეობა - ვნებების ძირი, უზნეობა და ცბიერება. იოანე დამასკელი ხორციელ ვნებებად მიიჩნევს: ნაყროვანებას, მაძღრობას, სიმთვრალეს, ფუფუნებას, ფარულად ჭამას. სხვადასხვაგვარი სიამოვნებისმოყვარეობა. სიძვა, ღალატი, გარყვნილება, უწმინდურება, სისხლის აღრევა, წულთა ხრწნილება, მომხვეჭელობა, ბოროტი სურვილები და ყველა არაბუნებრივი სამარცხვინო ვნება: ქურდობა, გმობა, ძარცვა, მკვლელობა, ყოველგვარი ხორციელი სიამოვნების დაკმაყოფილება, განსაკუთრებით მკითხაობა, ჯადოქრობა, გონებასისუსტე, მოკაზმულობის სიყვარული, აზარტული თამაში, ხორციელი სიამოვნებით ცხოვრება, "რაც გონებას ამიწიერებს და პირუტყვს ამსგავსებს ადამიანს და ხელს უშლის უფლისკენ და სათნოებისკენ მიმართოს მზერა".        გრიგოლ სინელი წმინდა მამების მოსაზრებებს სულიერი და ხორციელი ვნებების შესახებ აჯამებს და წერს: "ვნებებს სხვადასხვა სახელწოდებები აქვთ, მაგრამ იყოფიან სულიერად და ხორციელად. სხეულებრივი ვნებები იყოფა მტკივნეულად და ცოდვიანად. მტკივნეული ვნებები თავის მხრივ იყოფა სნეულებად და სასჯელად. სულიერ ვნებებში ვარჩევთ მრისხანეს, სურვილიანს და გააზრებულს. გააზრებული იყოფა წარმოსახვით და შემეცნებად. ამათგან ზოგიერთი ბოროტად გამოყენების გამოა წარმოქმნილი, ზოგი იძულებით, რომელთაც წმინდა მამები ბუნებრივ ვნებებს უწოდებენ. არსებობს სხეულებრივი და სულიერი ვნებები. მათ შორის ზოგიერთი სურვილისაა, ზოგი მრისხანების, ზოგი აზროვნების, ამათგან გამოვყოფთ გონებისა და შემეცნების ვნებებს. ისინი ურთიერთმოქმედებენ. ხორციელი ვნებები სურვილთან, სულიერი მრისხანესთან და გააზრებულთან, გააზრებული გონებრივთან, გონებრივი ხსოვნის ვნებებთან".        ვნებების ჩამოთვლასთან და მათ კლასიფიკაციასთან ერთად უნდა შევნიშნოთ, რომ მათ შორის გადაულახავი საზღვარი არ არსებობს. ერთი ვნება მეორეს მჭიდროდ უკავშირდება და ამგვარად ადამიანი მთლიანად ემორჩილება მათ. ვნებისგან სული სნეულდება, გონება კვდება. ასე ადამიანი კერპთაყვანისმცემელი ხდება და ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს. ამიტომ ამბობს კატეგორიულად პავლე მოციქული: "და ესემცა უწყით, რამეთუ ყოველსა მეძავსა და არაწმიდასა და ანგაჰრსა, რომელ არს კერპთ-მსახური, არა აქუს მკჳდრობა სასუფეველსა ქრისტესსა და ღმრთისასა" (ეფეს. 5.5). ვნებების სხვაგვარი კატეგორიაც არსებობს. გამოირჩევა ერისკაცთა და მონაზონთა ვნებები. ერისკაცთა ცხოვრებისგან მონაზონთა ცხოვრების წესი სხვაობს, მონაზვნები მონასტერში იღვწიან, ამიტომაც ვნებები ორივე ცხოვრებაში განსხვავებულია. იოანე სინელი ამბობს: "ერის კაცთა შორის ძირი ყოველთა ბოროტთა არს ვერცხლისმოყვარება; ხოლო მონაზონთა შორის ნაყროვანება". წმინდა მამა ნათქვამს ასე განმარტავს: "რომელნიმე ვნებანი გონებისაგან ხორცთა მიმართ მოვლენ, და რომელნიმე კვალად ხორცთაგან გონებად და სოფლიოთა თანა მეორე ესე იქმნების, ხოლო უდაბნოს მყოფთა თანა პირველი იგი".        ასევე განსხვავებულია ერისკაცთა და მონაზონთა ვნებები. დასნეულებული ერისკაცები მრისხანების და ცილისწამების ვნებით არიან შეპყრობილნი. მონაზვნები ანუ "რომელი გარეგან სოფლისა არიან მათ უკუეთუ სახმარნი იპოებოდინ ნაყროვანებისა და სიძვისა ეშმაკი ბრძავს; უკუეთუ კულა ფიცხელთა და უნუგეშინისცემითა ადგილთა იყვნენ, მოწყინებისა და უმადლოებისა მძლავრი სტანჯავს".        იოანე სინელის სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ადამიანს ყოველთვის ერთგვარი განსაცდელი არ ხვდება. განსაცდელი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობს იგი. ეშმაკი ცბიერია და ყველას შესაბამის მდგომარეობაში ესხმის თავს.        ზემოთ მივუთითეთ, რომ ზოგიერთ ვნებას დედას უწოდებენ, ზოგიერთს კი ქალიშვილებს, რომლებიც დედისგან იშვებიან. იოანე სინელი წერს, რომ "დედა სიძვისა არს ნაყროვანება და მოწყინებისა ზვაობა". ამიტომ, როცა მოწყენილობა გვეუფლება, ზვაობაა ჩვენი განსაცდელი. შემდეგ მოწყენილობა და მრისხანება. "სამთავე ნაშობი არის, ხოლო ამპარტავნებისა დედა - ცუდად მზვაობრიობა არს". იოანე სინელი აგრძელებს: "არა არს წესი, ანუ მეცნიერება უკეთურთა მათ თანა, არამედ ყოველივე უწესობა და დაუწყნარებლობა". აგრეთვე "სიცილი უჟამოჲ და ცუდი ოდესმე სიძვისაგან იშვების. ოდესმე ცუდად-მზვაობრიობისაგან და ძილი ფრიადი, ოდესმე იშვების სვებისაგან და ოდესმე მარხვისაგან, რაჟამს მმარხველ იგი ზვაობდეს და ოდესმე მოწყინებისაგან, და ოდესმე ბუნებისაგან. და მრავალმეტყველება ოდესმე მოწყინებისაგან შეიქმნების და ოდესმე ცუდად მზვაობრიობისაგან და მოწყინება ოდესმე შვებისაგან და ოდესმე უშიშებისაგან ღვთისა. გმობა ნაშობი არს ამპარტავნებისაგან და მრავალგზის იქმნების განკითხვისაგან მოყვარისა მასვე ზედა ანუ თუ შურისაგანცა ეშმაკთასა მოიწევის. გულფიცხელსა არს სიმაძღრიდგან და ულმობელობისა და ცუდისა სიყვარულისა და ცუდი სიყვარული იქმნებისა სიძვისაგან, ვერცხლისმოყვარებისა, ანუ ცუდისა დიდებისა და სხვა მრავალთა გულარძნილება იქნების სიმაღლისაგან და მრისხანებისა, ორგულება თვითრჩულობისაგან და თავმოთნებისა... მშობელი ყოველთა ბოროტთანი არიან გულისთქმაჲ და უკეთურება.        ამ თვალსაზრისით განვიხილოთ, როგორ ვითარდება ცოდვა ვნებით. წმინდა მამები, რომლებმაც შინაგანი ბრძოლის მიმდინარეობა იცოდნენ, ვნებების ჩამოთვლასთან ერთად აღწერენ თითოეული ვნების განვითარების პროცესს. წმინდა თალასეს სიტყვებით: "ვნებები მოქმედებენ მოგონებებით, კმაყოფილებით და შეგრძნებებით". ადამიანი, როცა გონებას გრძნობადი საგნებისკენ მიმართავს სულიერ სიყვარულს და თავშეკავება მისთვის უცხო ხდება და გზას უთმობს ეშმაკის ზემოქმედებას, ამ დროს იბადება ვნებები. შეგრძნებებით ამოქმედდებიან ვნებები. მაშინ, როცა არ არსებობს სულიერი სიყვარული და თავშეკავება". "თავშეკავების სადავეები რომ მიუშვა, მაშინ აღიძვრება ვნებები და გრძნობების დამონება იწყება". მართლაც, როცა ადამიანის გონება შეჩერებულია რაიმე გრძნობიერ საგანზე. მაშინ აქვს "მას (გონებას) სურვილის, მოწყენილობის, მრისხანების, გულღრძოობის ვნება".        წმინდა მამების მიერ აღწერილი დაუღალავი მისწრაფება და მცდელობა იქითკენ არის მიმართული, რომ ადამიანის გონება არ დაატყვევოს ნივთიერმა საგანმა ან წარმოსახვამ, რადგან ამას მოსდევს ვნება და დაღუპვა. გონების დატყვევება ჩვენს სულში ტრაგედიის მარცვლებს აბნევს.        გონების ტყვეობასთან ერთად ვნების დაბადებაში მთავარ როლს ასრულებს ჩვენში მყოფი სურვილი. ეს მდგომარეობა აღწერილია იაკობ მოციქულის ეპისტოლეში "კაცად-კაცადი განიცადების თჳსისაგან გულის თქუმისა, მიიზიდვის და სცთების მერმე გულის-თქუმაჲ იგი მიუდგის და შვის ცოდვაჲ სრული იქმნის და შვის სიკუდილი" (იაკ. 1, 14-15). ამბა სისოს ჰკითხა ერთმა ბერმა: "რა ვუშველო ვნებებს?", ამბამ უპასუხა: "ყოველი ჩვენგანს საკუთარი სურვილი გვაწუხებსო".        ვნებათა განვითარება ხდება შემდეგნაირადაც, მაქსიმე აღმსარებლის სიტყვებით: "მეხსიერებას მარტივი აზრი შეაქვს გონებაში, თუ ეს აზრი შეჩერდება, მაშინ ამოქმედდება ვნება. მომდევნო ნაბიჯი არის გონებასთან მისი შეერთება, რასაც ცოდვის ჩადენა მოსდევს. ისიხიოს პრესვიტერი ვნების განვლილ გზას აღწერს. თავდაპირველად ვნება გამოჩნდება, მას მოსდევს აზრების შეერთება ეშმაკეულთან. შემდეგ ვნებისადმი დამორჩილება და "გრძნობითი აღქმა, ანუ ცოდვის ჩადენა". თუ ცოდვა მეორდება, ვნებად გადაიქცევა.        წმინდა გრიგოლ პალამა მართლმადიდებლურ ტრადიციაზე დაყრდნობით წერს, რომ სიამოვნებისმოყვარეობა არის ხორციელი ვნებებისა და სულის სნეულების საწყისი. ვნებისკენ პირველად იხრება გონება, იწყებს ცბიერ მოქმედებას. შეგრძნებების საშუალებით სულში შეაქვს გრძნობადი საგნების წარმოსახვა და ცოდვის განწყობა. ეს სახეები აღიბეჭდება თვალებით.        იოანე სინელი დაწვრილებით აღწერს აზრის განვითარებას. ამ პროცესშიც აზრი ვნებად გარდაიქმნება. სხვა არის გამოჩენა, სხვა -შეერთება, სხვა - დაშვება, სხვა - ტყვეობა, სხვა ბრძოლა და სხვა ვნება. წმინდა მამა ამბობს: "წვლილად მოსლვა გულის-სიტყვისა ეს არს, რაჟამს სიტყვა რაიმე უნდო, ანუ ხატი რაჲ, ახლად ხილული მოეხდის გულისა, და თანა-ზრახვაებისა ესე არს, რაჟამს იწყოს გონებამან ზრახვად გულად მოსრულისა მის ხატისა მიმართ ვნებულად, გინა უვნებელად, და დამტკიცებულად არს წამისყოფა გულისთქმა სულისა ხილულისა მის მიმართ. ხოლო ტყვეობაჲ ესე არს, ანუ იძულებითი და მძლავრებითი მიტაცება გულისა, ანუ გულის სიტყვა დადგრომილი ჩვენ თანა, და წესისა მის ჩვენისა კეთილისა განმრყვნელი. და ბრძოლაჲ არს რაჟამს გულის სიტყვა იგი და კაცი სწორ-სწორ ბრძოდიან, ანუ სძლევდეს, ანუ იძულეოდეს. ხოლო ვნებად იგი ითქმის, რომელი მრავალი ჟამ დაებუდოს სულსა შინა და გულის სიტყვასა, ვითარცა ჩვეულებად მოსრულ იყოს გონება წვრთად მისა და თავით თვისით მივალნ მისა მიმართ და ამათ ყოველთაგან პირველი იგი უცოდველ არს; ხოლო ბრძოლაჲ ანუ გვირგვინისა, ანუტანჯვისა მომატყვევებელი ექმნების და ტყვეობა სხვებრ განიკითხვის, ლოცვის ჟამს; და სხვებს მოცალებისა ჯამს, ხოლო ვნებასა უეჭველად ანუ შესწორებული მისდა სინანული უხმს, ანუ საუკუნოÁსა სატანჯველისა თანმდებ არს".        წმინდა მამები ადამიანის სულში ვნების განვითარებას სხვაგვარადაც აღწერენ. საქმე ეხება ვნების განვითარებას ასაკის მიხედვით. გრიგოლ პალამა ამბობს, რომ პატარა ასაკიდან ვნებები შემდეგი თანმიმდევრობით ვითარდება: თავიდან იზრდება სულის სურვილიანი ნაწილი ანუ მომხვეჭელობა და ვერცხლისმოყვარეობა. ამიტომ ბავშვებს უნდათ ნივთები (სათამაშოები ე.დ.), შემდეგ ჩნდება ფულის ინტერესი, შემდგომ დიდებისმოყვარეობის ვნება. დიდებისმოყვარეობა ორნაირად ვლინდება. პირველია ამქვეყნიური, რაც მიმართულია "სხეულის მშვენიერებისა და ლამაზი ტანსაცმლისკენ" და მეორენაირი დიდებისმოყვარეობა ცუდადმზვაობრობა (სიამაყე), რაც კეთილშობილ ადამიანებს აზიანებს და პირფერობით გამოიხატება. სიამაყითა და პირფერობით მტერი ცდილობს გაფანტოს სულის სიმდიდრე. მომხვეჭელობისა და დიდებისმოყვარეობის მერე სიამოვნებისმოყვარეობა ანუ ნაყროვანება ვითარდება, "საიდანაც მომდინარეობს ყოველგვარი ხორციელი უწმინდურება". გრიგოლ პალამა საინტერესო შენიშვნას იძლევა. მართალია სიამოვნების მოყვარება "და ბუნებრივი მოძრაობები ჩვილ ბავშვებშიც შეინიშნება", მაგრამ ეს არ ნიშნავს სულის სნეულებას. ბუნებრივი ვნებები არ განისჯება, რადგან ისინი ღვთის მადლით არის შექმნილიო, იმისთვის რომ "ჩვენ მათი დახმარებით ვიაროთ კეთილი საქმეებისკენ". ვნება ცუდია, როცა "ჴორცთა ზრახვისა ვყოფთ გულის სათქუმელ" (რომ. 13.14) ანუ როცა ხორციელ ფიქრს ვნებად გადავაქცევთ...        ამრიგად, გრიგოლ პალამას სიტყვებით ჩვილობიდან იწყება მომხვეჭელობის და ვერცხლმოყვარეობის ვნებების განვითარება, ბავშვობის ასაკში ვითარდება დიდებისმოყვარეობა და მოგვიანებით სიამოვნებისმოყვარეობა".        სულიერ და ხორციელ ვნებებზე მსჯელობა ადვილი არ არის. მათი გარკვევა ძნელია, რადგან თითოეულ მათგანში აღმძვრელი ეშმაკი იმალება და ჩვენ არ შეგვიძლია მათი გარჩევა. ამიტომ არის აუცილებელი ვნებების კურნებისათვის გამოცდილი მკურნალი. ვინც იცის ფარული, შინაგანი ცხოვრება. ასეთი მკურნალი სული წმიდის მადლის მატარებელი უნდა იყოს. სწორედ ვნებების გარჩევის უნარია სული წმინდის ერთ-ერთი წყალობა. იოანე სინელს მოჰყავს შემდეგი მაგალითი: "ვითარცა იგი აღმოვივსებდით რაჲ წყალობა, მრავალგზას თანა აღმოვიქვით მყვარი; ეგრეთვე ვიქმოდით რათა სათნოებათა, მრავალგზის მათ თანა შეეთხზვიან ვნებანიცა ფარულად. და ესე ესრეთ გულისხმა-ვყოთ რამეთუ უცხოთ შეწყნარებასა შინა შეეთხზვის- ნაყროვანება, და სიყვარულისა - სიძვა, და გულის-ხმისყოფასა - მანქანება; სიბრძნესა - გულარძნილება, სიმშვიდესა - დახსნილება და მცონარება და თვით-რჩეულობა; და დუმილსა ზვაობა, და სიხარულისა - სიმაღლე; სასოებასა - უდებობა, დაყუდებასა - მოწყინება და მცონარებავი, სიმდაბლეს - კადნიერება".        იოანე სინელის სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ადამიანს განსაკუთრებული ყურადღება მართებს ვნების შესაცნობად. შეიძლება ვფიქრობთ, რომ სიკეთეს ვაკეთებთ, სინამდვილეში კი ეშმაკს ვემსახურებით. საჭიროა ყურადღება მივაქციოთ "გომბეშოს" ("მყვარი" ძვ. ქართ), რომელშიც ცუდმზვაობრობა იგულისხმება. ეს ვნება ბილწავს (ღვთის) მცნებათა ქმედებას. იოანე სინელი ამბობს აგრეთვე: "ოდესმე ეშმაკი ვერცხლის მოყვარებისა სიმდაბლესა იჩემებენ, და კვალად ოდესმე ეშმაკი ცუდად მზვაობრიობისა გვაწვევნ მოწყალებისა ყოფად". ამიტომ ყურადღება გვმართებს კეთილ საქმეთა აღსრულების დროსაც, რომ ეშმაკის ცბიერება გამოვიცნოთ. წმინდა მამა მოგვითხრობს ერთ შემთხვევას, როცა იგი სიზარმაცის ეშმაკისგან ძლეული ფიქრობდა სენაკიდან წასვლას, ამ დროს მასთან მგზავრები მივიდნენ და შეაქეს მისი სიმშვიდე, იმ წუთას სიზარმაცის ვნება ცუდადმზვაობრობამ დაჯაბნა და გაოცდა წმინდა მამა იმით, რომ ცუდადმზვაობრობა ებრძვის ყველა ცბიერ სულს" ასევე "ეშმაკი ვერცხლისმოყვარებისა ებრძვიან უპოვართა ფიცხლად, ხოლო რაჟამს ვერ მძლე ექმნის, მაშინ კვალად გლახაკნი შემოიხვნის მიზეზად, და ესრეთ აიძულებენ რათამცა უნივთონი იგი ნივთიერ-ყვნა".        მეორე საკითხი, რაზეც წმინდა მამები წერენ ის არის, თუ როგორ ამოვიცნოთ ვნებები. ცხადია, აქ მთავარ როლს ასრულებს გამოცდილი და ვნებებთან მებრძოლი სულიერი მოძღვარი. იგი ხედავს სულის მოქმედებას და შეუძლია ჩვენი გამოსწორება. გარდა ამისა, არსებობს ვნებების აღმოჩენის სხვა მეთოდებიც. "თუკი ვინმე ნებსით ემორჩილება ვნებას, ეს მაშინ ვლინდება, როცა ვნების აღმოჩენისას ან მისი გამოსწორებისას, ადამიანი შფოთავს", ხოლო თუ ადამიანი მშვიდად არის ამ დროს, ეს იმას, ნიშნავს, რომ იგი ვნებისგან ძლეულა და გაუცნობიერებლად დაემორჩილა მას". უფრო სწორად, გაკონტროლება, შფოთი, უშფოთველობა ვნების არსებობას და მის ნებსითობას და უნებლიობას ავლენენ. "ყველაზე ცუდი ვნებები ჩვენს სულშია დამალული, ისინი ხილულნი ხდებიან გაკონტროლების დროს".        წმინდა მაქსიმე ცდილობს ზუსტად განსაზღვროს ვნება და წერს: "სხვა არის საგანი, სხვა აზრი, და სხვა - ვნება. საგანია კაცი, ქალი, ოქრო და სხვა. აზრი არის "საგნის, ნივთების, მოვლენის გახსენება. ვნება უსიტყვო სიყვარული ან სიძულვილი ზემოთ ჩამოთვლილი საგნებისა". ამბა დოროთე ცოდვასა და ვნებას შორის ზღვარს ავლებს და ამბობს, რომ ეს ორი რამ სხვადასხვაა. ვნებებია მრისხანება, ცუდადმზვაობრობა, სიამოვნებისმოყვარეობა, სიძულვილი, ბოროტი სურვილი და სხვა ამის მსგავსნი. ცოდვები ვნებების ქმედებებია. ამგვარად, "შეიძლება ვნება გვქონდეს, მაგრამ მათ მიხედვით არ ვიმოქმედოთ". ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ შეიძლება ადამიანი სავსე იყოს ცოდვებით, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებდეს, რადგან არ ჰქონია ცოდვის ჩადენის შემთხვევა. ამიტომ არის საჭირო სრულყოფილი კურნება გამოცდილი სულიერი მოძღვრისგან.        ჩვენი ნაშრომის ამ ნაწილის დასასრულს მოკლედ გავიხსენებთ თუ რა საშინელი შედეგები აქვს ვნებებს. ზოგან უკვე მივუთითეთ, რომ ვნებები ჩვენს გონებას კლავენ. ახლა უფრო დაწვრილებით ამის შესახებ.        ვნებების აღძვრა "დაბერებულ სხეულსა და განათლებულ სულში სულის წაბილწვაა". "ფეხით დაბმული ჩიტი აფრენას რომ იწყებს ისევ მიწაზე ვარდება... ასევე გონება, რომელსაც უვნებობამდე არ მიუღწევია... ვნებებით გარემოცული მიწისკენ მიიზიდება". ვნებები აიძულებენ ადამიანს მიწიერს მიეჯაჭვონ, "განკითხვის ვნება გონების ბორკილია და გრძნობად საგნებზე აბამს მას". ხშირად ხდება, რომ ვნებები სულს ბილწავენ. ცოტა ხნის შემდეგ "მომწამლავი საკვების მსგავსად გარკვეული დროის შემდეგ იწვევენ დასნეულებას". აქედანაც ცხადია, რომ ვნებებისგან სული სნეულდება.        ვნებიანი სული ცბიერი აზრების "საამქროა" და ერთი ასეთი ცბიერი აზრი თავის საგანძურიდან ცბიერს გასცემს". "ყველა ცოდვა სიკვდილის მარცვალის მატარებელია". ვნებები ჯოჯოხეთია. ვნებიანი სული "ყოველთვის იტანჯება, უბედურია იმით, რაც აქვს. ესენია მწარე მოგონებები და ვნებებისგან მტანჯველი შთაბეჭდილებები, რაც წვავს და აღაგზნებს მას". ეს ტანჯვა დასაწყისია, მცირე შეგრძნება იმ საშინელი წამების, ადგილებისა, სადაც იმყოფებიან ტანჯული სხეულები, რომლებიც სულის ძლიერ ტანჯვას ემსახურებიან და თავად არ იღუპებიან [იქ, იქნება] საზარელი ცეცხლი და სიბნელე".        სათნოების ღვაწლის საფასური უვნებობა და ცოდნაა. ისინი მიგვიძღვიან ცათა სასუფევლისკენ, "ვნებები და უგნურება კი საუკუნო ჯოჯოხეთისკენ".        გრიგოლ პალამა განმარტავს სახარების იმ ადგილს, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ გამოვიდნენ უწმინდური სულები ადამიანისგან და ღორებში შევიდნენ, რის შემდეგაც პირუტყვები წყალში ჩაცვივდნენ, წმინდა მამა წერს: "ღორები მიანიშნებენ ცბიერ ვნებაზე და მის სიბილწეზე. "ღორები კი ისინი არიან, ვინც ხორცით შებილწულ სამოსელს ატარებენ".        ამგვარად, ვნებები კლავენ გონებას და ჯოჯოხეთის ტანჯვას გვიმზადებენ. გონება რომ განთავისუფლდეს მათგან და უფლისმიერ სიხარულს განიცდიდეს, საჭიროა მისი განკურნება. ამ კურნებაზე ვისაუბრებთ მომდევნო თავში.     • ამოსაბეჭდი ვერსია • ← სარჩევი …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 10:01pm on იანვარი 30, 2014
თემა: სიკვდილთან ღრეობა
_ ეშმაკებისა, რომელიცღრმა ხევში იკარგება.       ყოველ წელიწადს ციკანსა კლავენ ნიშთან, დასტურები მთის წვეროდან თავმოჭრილ ციკანს გადმოისვრიან ქვემოთ. ხალხი ცდილობს, სამანს ზემოთ, ღვთის კუთვნილ ადგილზე დაიჭირონ მთიდან დაგორებული თიკანი და თუ ეს შეძლეს,  ხარშავენ ხორცს და თითო წილს აჭმევენ ყველას.       თუ ციკანი სამანს გადაუცდათ, მაშინ იგი «ეშმაკების წილია», თავს ანებებენ და დაღონებულები მიდიან შინ.       გათენდა. გუდამაყრის ხეობაში პირველი მზის სხივი ჩამოდგა, არაგვის ნაპირზე გრძლად გაწოლილი ნისლი ორად გაწყდა, ერთი ნახევარი ელიას ნაპირზე გრძლად გაწოლილი ნისლი ორად გაწყდა, ერთი ნახევარი ელიას მთის ფერდს აღმა აუყვა,  მეორე ნახევარი კი ისევ ხეობაში დარჩა, არაგვს გადაეფარა, ჩაიწეწა, ჩაიწეწა და ჩაქრა.       მზემ გაანათა გუდამაყრის ხეობა.       ჩოხის წინდა გიორგის სალოცავში დილიდანვე იწყო ხალხმა მოდენა. ამოვიდა ბიბღაი, ხმელ ხმელი ყბებმოგრეხილი დეკანოზი. ამოვიდა ომარათ სანდურაი,  ამოვიდა შუღლიანთ ზორაი, იმათ მოჰყვნენ ქორაი, გამიხარდაი, ბიბღაი, შეთე, ბასაი,  მწარიაი, ჭიჭყაი, ჯღუნტაი, ტატაი, მერე და მერე კი განუწყვეტლად იწყეს ჩოხლებმა მოსვლა. მოვიდოდნენ გორზე, მოიყრიდნენ და ამის შემდეგ საჯაროში სხდებოდნენ.  ქალები კი ხატის ქვემოთ, სამანთან ჩერდებოდნენ, იქ ილოცებოდნენ და სხვა ქალებს უერთდებოდნენ. თემის კანონებით, ქალებს ეკრძალებათ ხატის გორაზე ფეხის დადგმა, იქ მხოლოდ კაცები მიდიან და ისიც მარტო დღეობის დღეს, უდღეო დღეს ისინიც ერიდებიან ხატის მოედანის შელახვას.       ამოვიდა ბერი, დაილოცა, მიწას სამჯერემთხვია და ხალხთან მივიდა.       - წყალობათ ხატისა! _ თქვა ბერმა.       - შენიმც მწყალობელია, _ უპასუხა ხალხმა.       ჯღუნამ ლუდიანი თასი მიაწოდა ბერს. ბერმა თასი ჩამოართვა, დაილოცა და დალია.      -ბერო, წელს ხომ იცი, შენ უნდა დაკლა ციკანი, შენირიგია, _ უთხრა ბიბღამ.      _ ვიცი, _ მიუგო ბერმა, _ ბალღი გავგზავნე მთაში ჩამოსაყვანად.      _ ნუ დაიგვინებთ, _ თქვა ბიბღამ და წამოდგა. ყველანი მას მიაჩერდნენ. ამ მოხუცს ისეთი სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა, ძნელად მოსწყვეტდა კაცი თვალს. მაღალი იყო, ხმელი, მარტო ყბები ჰქონდა როგორღაც მრუდედ მოგრეხილი და ეს უფრო ამკვეთრებდა მის ისედაც მკაცრგამომეტყველებას. სოფლის ზემოთ პატარა ბიჭი გამოჩნდა. მხრებზე თეთრი ციკანი მოეგდო. მოვიდა და ბერის ახლოს დადგა. ციკანმა თმა აულოკა დაღლილ ბიჭს, მერე ხალხს მოავლო თვალები და დაიკიკინა.       _ აბა, მოვკრიბოთ სანთლები. ნუღა დავყოვნდებით! _ უხმო დასტურებს დეკანოზმა.       დასტურებმა ხალხს ჩამოუარეს და სამ-სამი სანთელი გამოართვეს:       _ სწყალობდეს ბერსა!       _ სწყალობდეს ჯღუნასა!       _ სწყალობდეს მარტიასა!       _ სწყალობდეს ქორასა! _ გაიძახოდნენ დასტურები ხმამაღლა და სანთლებს ჰკრეფდნენ.       _ აბა, წავედით! _ თქვა ბიბღამ, წვრილი ზარებით მორთული დროშა მხარზე გაიდო და ხალხს ელიას მთისკენ წაუძღვა. მარტო დედაკაცები დარჩნენ თავის ადგილზე. ფეხზე წამოდგნენ და ისე გაჰყურებდნენ მთის ფერდზე მიმავალ ხალხს,  რომელთაც სულ წინ მხრებზე ციკანმოკიდებული თორმეტიოდე წლის ბიჭი მიუძღვებოდა, იმას უკან დეკანოზი მოსდევდა ზარ-ბაურაყის ჟღრიალით, ხოლო მოშორებით დასტურები და სხვა ჩოხლები მიჰყვებოდნენ.       დეკანოზმა ბიჭს უბრძანა, დაწინაურებულიყო და მთის წვერზე მიეყვანა ციკანი.  ბიჭი სწრაფად წავიდა. დეკანოზმა სამანს ზემოთ დაამწკრივა ხალხი და თვითონაც მთის წვერისაკენ აუყვა აღმართს.       ბიჭი დეკანოზის მოსვლას ელოდებოდა ნიშთან, ციკანი წინა ფეხით ეჭირა და ეალერსებოდა. თოვლივით თეთრი იყო პატარა ციკანი, ცასავით ლურჯი თვალები ჰქონდა, ბიჭს ლოყაზე ენით ლოკავდა და თითქოს ელაპარაკებოდა, რაღაცას კიკინებდა.       დეკანოზი თანდათან ახლოვდებოდა. ელიას მთის წვერზე, ნიშანთან უამრავი ციკნის თავი ეყარა. ზოგი დროთასვლას უკვე ნაფშვენებად ექცია. ზოგს კი ჯერ ისევ შერჩენოდა თავის ფორმა. წესი იყო, მოჭრილი თავების აქ დატოვება და, რადგან მაღალი მთა იყო, ეტყობა, ნადირიც ერიდებოდა აქ მოსვლას, მარტო ყვავ ყორნები თუ ჩამოსხდებოდნენ ხანდახან, ისინი აქვე ჭამდნენ ლეშს, და ძვლებსაც აქვე სტოვებდნენ. ამიტომ დროთა განმავლობაში იმდენი ძვალი დაგროვილიყო,  შემოქმედსრომ ხელახლა მოენდომებინა იმ ციკნის თავებისათვის სულის ჩაბერვა და იმ თავებს რომ ერთად შეებღავლათ ცისათვის, ალბათ ცა გაიხეოდა ცოდვით. დღეს კიდევ ერთი თავი უნდა შემატებოდა ამ გამოხრულ ძვლებს.       დეკანოზი მთაზე ავიდა, დაიჩოქა და ისევ სამჯერ ემთხვია მიწას. მერე წამოდგა,  ქვემოთ რომ შეაგროვეს დასტურებმა, ის სანთლები აანთო და კარგა ხანს ილოცებოდა. ეხვეწებოდა ელიას, შენმა ძალამ კარგად ამყოფოს ჩოხლების გვარი,  სეტყვა და ქარიშხალი აარიდოს, ქვის საგორავი აშოროს, წარღვნას ნუ მოუვლენსო..       ბიჭი იდგა, ცალი ხელით ციკანი ეჭირა და წელში ოდნავ მოხრილი უსმენდა. ბიბღამ ლოცვა დაასრულა, სანთლები შემურულ ნიშის ქვებზე მიაკრა და ხანჯალი ამოსწია. ბიჭმა ციკანი წამოაქცია, ორივე ხელით ფეხები დაუჭირა და მერე, როცა დეკანოზმა ციკანს თავი გადაუწია, რომ ხანჯალი მარჯვედ გადაესვა, ბიჭმა განზე გაიხედა. ახლა ის მარტო მოპირდაპირე მთის წვერს ხედავდა და მთელი სხეულით გრძნობდა, როგორ ჭრიდა დეკანოზი თავს თიკანს. მერე თავმოჭრილი ციკანი აფართხალდა და ბიჭმა ხელები გაუშვა.       დეკანოზმა ციკნის თავი ნიშზე ჩამოაგო, მერე თავმოჭრილი სხეული აიღო,  ქვემოთ, ხალხისაკენ გადაისროლა და ხმამაღლა დაიძახა:       _ ელიასა და ზაქარიას გაუმარჯოს!       _ გაუმარჯოს! _ დაიძახა ხალხმა ქვემოდან და ციკნის დასაჭერად აღმა გამოიქცნენ,  ეშინოდათ, სამანს არ გადაგვიცდეს, თორემ ვეღარ ვჭამთო. მართლა მალევე დაიჭირეს და დეკანოზს დაელოდნენ.       _ წავიდეთ, _ უთხრა ბიბღამ ბიჭს, რომელიც გაშტერებული უყურებდა ნიშზე ჩამოგდებულ ციკნის თავს. თავი თვალებს ახამხამებდა.       _ წავიდეთ, რაღას უყურებ! _ გაუმეორა ბიბღამ.       _ არკვდება, _ თქვა ბიჭმა.       _ მოკვდება, მა რას იზამს! _ ბიბღამ დროშა მხარზე გაიდო და ქვემოთ დაეშვა. ბიჭი უკან გაჰყვა, მერე შედგა და ყური მიუგდო.       _ გაიგონე? _ იკითხა ბიჭმა.       _ რა?       _ თიკანმა დაიკიკინა.       _ მოგეჩვენა ალბათ, _ თქვა დეკანოზმა, მაგრამ სწორედ ამ დროს, ისევ მოისმა ციკნის ხმა. შემობრუნდნენ და მოჭრილ თავს დააშტერდნენ.       თავს წვეთ წვეთ ჩამოსდიოდა სისხლი. ისევე გაშტერებული თვალებით უყურებდა ბიჭსა და დეკნოზს, დროდადრო თვალებს აახამხამებდა და უწყლობით ენას ჰაერში ალივლივებდა. ქვებზე მიკრულ სანთლებს ტკრციალი გაჰქონდა, ზედ სისხლის წვეთები ეცემოდა და შიშხინებდა. აქა იქ მიმოყრილი ძვლები სისხლით იყო გათხუპნული. ციკნის თავი ისევ მიშტერებოდა ბიჭსა და დეკანოზს.       _ რატომ არა კვდება? _ იკითხა ბიჭმა.       _ ხანდახან ეგრე იცის, იგვიანებს, სანამ სიკვდილი არ მოაკითხავს, მიუგო დეკანოზმა.       _ რო არმოაკითხოს?       _ ეგ არშეიძლება..       _ რატომ?       _ ეგეთია წესი.       _ სიკვდილისა და სიცოცხლის წესი, _ აუხსნა დეკანოზმა, მერე პირჯვარი გადაიწერა და შებრუნდა. ბიჭმა ერთხელ კიდევ შეხედა ციკნის თავს, რომელიც ჰაერშივე ალივლივებდა უწყლო ენას და დეკანოზს წაჰყვა. თვალებში შიში ედგა.                    ხალხთანრომ ჩამოვიდნენ, ელდა ეცათ, ციკანი ისევ ფართხალებდა.       _ არა კვდება, _ თქვა ბერმა.       დეკანოზმა ხმა არ ამოიღო, ხალხს წინ გაუძღვა და ხატის გორზე გავიდა.       ხალხი დიდხანს ელოდა ციკანის სიკვდილს, მაგრამ ის მაინც ფართხალებდა, მანამ უკანასკნელი სისხლის წვეთი ედგა ძარღვებში, მერე ჩაწყნარდა და ოდნავღა ფეთქავდა.       _ მოკვდა, _ თქვა ბერმა და გაატყავა.       ხალხი საფიხვნოში დაჯარდა და დაიწყო სმა, ბერმა ცეცხლზე შემოდგა ციკნის ხორცი. ჯღუნამ ქალებს ჩაუტანა ლუდი. იმათ გარმონი დაუკრეს და ხატის გორს სასიამოვნო ჟრუანტელად დაუარა მუსიკამ. გამხიარულდნენ ჩოხლები. გააჩაღეს ცეკვა.       უცებ მუსიკა შეწყდა, მეგარმონე გოგომ პირველმა დაინახა მათკენ მომავალი საუცხოო გარეგნობის ყმაწვილი კაცი. ყველამ იქით მიიხედა, ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს დამუნჯდნენო.       მოდიოდა ყმაწვილი კაცი ხატის გორისკენ, ტანზე გაზაფხულის პეპელაის ფერი სამოსელი ეცვა მსუბუქად, ქერა კულულები მხრებზე ეყარა, მივიდა, გორზე მუხლი მოიყარა, მიწას სამჯერაკოცა, ადგა, ხალხთან მივიდა და თქვა:       _ წყალობაი ხატისა!       _ შენიმც მწყალობელია, _ ამოღერღეს აქეთ იქიდან უცნობის სილამაზით დატყვევებულებმა.       _ მიმიღებთ? _ იკითხა მოსულმა და რომ გაიღიმა, ისეთი სიკეთით გაუნათდა სახე,  ყველასღიმილი მოეფინა.       _ მიგიღებთ, რატომ არა, სტუმარი ღვთისაა, _ დაიძახეს გაბედულად და საუფროსოსკენ მიიპატიჟეს.       _ აქეთ, აქეთ!       მიიყვანეს და დეკანოზის გვერდით დასვეს. ჯღუნამ თასით ლუდი მოართვა.  სტუმარმა თასი ჩამოართვა და დაილოცა:       _ გაგიმარჯოთ ჩოხლებო, კარგად იყვენით, სიკეთე და სიყვარული ნუ მოგიშალოთ ღმერთმა.       _ ეგრევე შენ, _ დაიძახეს აქეთ იქითიდან. იმან დიდი სიამოვნებით მოიყუდა თასი დარომ გამოცალა, ისევ გაიღიმა.       სანამ ხორცს მოვიტანდეთ, პურაი შაჭამე. _ ქადის კვერი მიაწოდა დეკანოზმა.       _ გმადლობთ, _ ისევ თავაზიანად თქვა უცნობმა. ხალხი დააბნია ამ თავაზიანობამ.  მერე ბერმა მოხარშული ხორცი მოიტანა ხონჩით და სუფრაზე ჩამოდგა. ცხელი ოხშივარი ასდიოდა ხორცს.      _ აბა, დაგვილიე სტუმარო! _ ყანწით არაყი გაუწოდა ჯღუნამ.. იმან გამოართვა,  დაილოცა და ყანწი ისევ უკან გაუწოდა.       _ დალიე! _ არა ვარმიჩვეული, ვერ დავლევ.       _ როგორ, კაცი არა ხარ, ერთ ყანწსროგორვერ დალევ, გაცნობისა, შამოსწრებისა.       სტუმარმა ყანწი მოიყუდა და სახის გამომეტყველებაზე ეტყობოდა, როგორ უჭირდა დალევა.       _ ხორცი აიღე, _ უთხრა ბერმა.       _ არა, ხორცს არა ვჭამ, _ იუარა და ისევ ქადას დაეწოდა.       აქ მყოფთ ეს განცხადება გაუკვირდათ. ისინი ისე გულიანად ილუკმებოდნენ ციკნის ხორცს, რომ ვერ წარმოედგინათ, რატომ ამბობდა სტუმარი ასეთ სიამოვნებაზე უარს.       გაჩაღდა სმა-ჭამა. ყანწებს-ყანწებზე სცლიდნენ ჩოხლები და არაყსა და ლუდს თანდათან თავისი გაჰქონდა. სტუმარსაც აძალებდნენ, მაგრამ ის სმას ერიდებოდა.       ქვემოთ მყოფ ქალებს ისე მოეწონათ სტუმარი, სულ გადაავიწყდათ, სამანს ქვემოთ რომ უნდა ყოფილიყვნენ. ახლოს მივიდნენ, რომ უფრო კარგად დაეკვლიათ მოსულის სილამაზე. ეს შეამჩნია დეკანოზმა, წამოდგა, ბაურაყი შეაჟღრიალა და ამით ქალებს ანიშნა, ქვემოთ ჩამოსულიყვნენ. იმათ ჩუმი ჩურჩულით ჩაიწიეს სამანს ქვემოთ და ცეკვა გააჩაღეს.       კაცები უკვე კარგა იყვნენ მთვრალები. მღეროდნენ. ახლა უფრო დააძალეს სტუმარს არაყი, მაგრამ იმან მეტი აღარ დალია, მარტო დაილოცა და ყანწი ისევ ჯღუნას გაუწოდა.       _ მე შენი საქციელი არმამწონს, _ უთხრა ჯღუნამ და საჩხუბრად აიფხორა.       _ ჯღუნავ! _ დაუძახა ბერმა.       _ რა გინდა?       _ სცდები, ჯღუნავ! _ თქვა ბერმა და სტუმარსა და ჯღუნას შუაში ჩაუდგა.       _ მე ჩემი მითქვია და ვიტყვი კიდეც, ყანწი თუ გამოართვი, კიდეც უნდა დალიო, _  გაიძახოდა ჯღუნაი.       ქალები ქვემოთ ცეკვავდნენ.       _ ჩამოდით! ჩამოდით! _ შემოსძახოდნენ ახალგაზრდებს.       _ შენ არ გეწყინოს, ჯღუნამ ყველასთან ეგეთი ახირება იცის, _ ეუბნებოდა ბერი სტუმარს.       _ არა, რატო უნდა მეწყინოს. _ თქვა სტუმარმა.       ამასობაში იმ დრომ მოაწია, როცა, ჩვეულებისამებრ, ჩოხლებს ერთმანეთი ძალაში უნდ გამოეცადნათ. ხატის წინ, სწორ მოედანზე ლუდით სავსე კოდი დადგეს და ახალგაზრდები გარშემო შემოეხვივნენ.       იმათ შორისრამდენიმემ კოდს ხელები ჩაავლო.       _ რას აპირებენ? _ იკითხა სტუმარმა.       _ ძალას სცდიან, ვინც ძლიერია, ის გადასწევს ამ კოდს.       _ შეიძლება მეც ვცადო? _ შეიძლება, მიდი, _ მიუგო ბერმა და სტუმარი კოდთან მიიყვანა. ამ ამბავმა ისედაც ცნობისმოყვარე ჩოხლებს გული აუჩქროლა და გარს შემოეხვივნენ კოდის გარშემო შემოწყობილ ახალგაზრდებს, რომლებიც თავ თავისკენ ცდილობდნენ კოდის გადაწევას. დიდხანს არ დასჭირვებიათ ლოდინი, სტუმარმა კოდი ისე მძლავრად გადასწია, ახალგაზრდებიც თან გადაიყოლა.       ქალებში ჩურჩული ატყდა. ჯღუნაი ისევ საჩხუბრად აიფხორა, მაგრამ დააწყნარეს და სტუმრის საკარგყმო ჩამოატარეს. წესის მიხედვით, იმ კოდში მდგარი ლუდით გამარჯვებულის სადღეგრძელო ისმებოდა ხოლმე.       ჯერ დეკანოზმა აიღო თასი და მანამ ლოცვას დაიწყებდა მოკრძალებით თქვა:       _ არ გვიწყინოთ კია, სტუმარს რომ სახელს გეკითხებით, მაგრამ წესია, სადღეგრძელოში შენი სახელი უნდა ითქვას:       _ სიკვდილი, _ უპასუხა სტუმარმა.       _ რაო?!       _ სიკვდილი მქვია.       ხალხი უცებ გაისუსა. დეკანოზს კინაღამ თასი გაუვარდა ხელიდან.       _ მართლა?!       _ ჰო, მართლა, _ თქვა სიკვდილმა და ისევ ისე გაიღიმა. ხალხსაც გაეღიმა იმის სახის დანახვაზე.       _ ტყუის, _ გადაიხარხარა ვიღაცამ.       _ არა, არვტყუი, სიკვდილი ვარ.       _ მერე აქრა გინდა?!       _ როგორ თუ რა მინდა, რომ არმინდოდეს, ხომ არც მოვიდოდი.       _ თუ ძმა ხარ, ნუ გვაგიჟებ, თქვი, ვინა ხარ?!       _ მე ვარ სიკვდილი, თქვენთან ადამიანური ყოფა მომენატრა და იმიტომ მოვედი,  მილიონი წლების განმავლობაში ერთი დღე შემიძლია ადამიანთან ყოფნა და სწორედ ახლა დამიდგა ეს დღე.       _ თფუი ეშმაკს,თფუი ეშმაკს! _ აყაყანდა ხალხი.       _ მოიცა, მომისმინეთ, არგაინტერესებთ? _ თქვა სიკვდილმა. ხალხი გაჩუმდა.       _ დღეს მზის ჩასვლამდე მაქვს ადამიანად ყოფნის ვადა. მერე ისევ სიკვდილად ვიქცევი. იცი, რატომ მოვედი? ძალიან მენატრებით ხოლმე.       _ ვიცით, ვიცით! _ თქვა ჯღუნამ.       _ ჯღუნავ, რამდენიც არ უნდა იბრაზო, მაინც არ აგყვები, ერთი დღე მაქვს ადამიანურად ყონის ნება და, რა ძალა მადგას, შენთან ვიჩხუბო.       _ ნუ იტყუები! _ გაბრაზდა ჯღუნაი.       _ რას ვიტყუები.       _ სიკვდილი არა, ისა ხარ, აი, კირაკოზაი, ლაწირაკი ხარ, ვიღაცა ხარ.       _ რატომ არა გჯერა? თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს მაგას, თუ გინდა, ნუ დაიჯერებ,  მე კიდეც გამეხარდება. დღეს ისეთი დღეა, ქვეყანაზე არცრა სულიერი არმოკვდება.                 _ მაშ ეს ციკანი? _ თქვა ჯღუნამ და გამოხრული ძვალი თვალწინ დაუტრიალა სიკვდილს.       _ ეგ არმომკვდარა.       _ როგორ, ეხლა არშავჭამეთ? ვერ დაინახე? შენ არა თქვი, ხორცს არა ვჭამო?       _ ჰო, მე ვთქვი..       _ მერე?!       _ მერე ის, რომ არც ეგ თიკანი მომკვდარა.       _ რას მიჰქარავს ეს კაცი!       _ არ შეიძლებოდა, რომ მომკვდარიყო იმიტომ, რომ დღეს მე ადამიანად მაქცია ღმერთმა და მზის ჩასვლამდე ასე იქნება, ჩემი მოკვლა შეიძლება მარტო, სხვა დანარჩენი არავის და არარისა. ეს ციკანი კიდევ ცოცხალია და აგერ თავი მოდის ძვლებთან..       ხალხმა იქით მიიხედა. გორდაგორ თავი მოგორავდა, სამანთან გაჩერდა და ხალხს მიაშტერდა, გამშრალი ენა გაალივლივა და დაიკიკინა. იმავე წუთს გადაგორდა და თან გაიყოლა ყველა ძვალი, რომელიც კი მას ეკუთვნოდა. კარჩხაზე ჩამოკიდებული ტყავიც თან გაჰყვა..       ხალხს შიშისაგან კანკალი მოერია, და ენას ვეღარავინ ძრავდა.       _ რა გაშინებთ, ხალხო. თქვენთან სამხიარულოდ მოვედი, თქვენ კი.. მოდით,  დასხედით, დავლიოთ ჩემი საკარგყმო, _ ხალხი დაეთანხმა და ჩამოარიგეს თასი.       _ სიკვდილს გაუმარჯოს! _ თქვა დეკანოზმა.       _ გაუმარჯოს! გაუმარჯოს! ცოცხალ სიკვდილს გაუმარჯოს!        გამხიარულდა სიკვდილი, ყანწს ყანწზე სცლიდა და მღეროდა. ხალხი ისევ მიეჩვია. ბერს ისე შეუყვარდა, გვერდიდან აღარ სცილდებოდა, მერე ძმად გაეფიცა:  არყიან თასში ვერცხლი ჩათალეს და ისე დალიეს.       _ ამის შემდეგ ვინც შენ გაწყენინებს, მე მაწყენინებს, _ უთხრა ბერმა სიკვდილს და ჯღუნას გადახედა.       ქვემოთ ისევ ცეკვავდნენ ქალები. სიკვდილი ადგა და საცეკვაოდ ჩავიდა. ქალები ერთმანეთს აღარაცლიდნენ მასთან ცეკვას.       დიდებათიდან ერთი შავოსანი ქალი ამოვიდა. ჯოხზე დაეყრდნო, სიკვდილს თვალი თვალში გაუყარა და ჰკითხა:       _ რატომ მოკალი ჩემი ქეთინო?       _ დედი, მე დღეს ერთი დღე მაქვს ადამიანად ყოფნისა და ძალიან გთხოვ, ნუ ჩამიმწარებ?!       _ მერომ ჩამიმწარეს ცხოვრება?!       _ განა შემეძლო, არმომეკლა?!       _ არშეგეძლო?       _ სიბერემდე მაინც დაგეცადებინა.       _ სიბერემდე? _ ჰო, სიბერემდე.       _ არ შეიძლებოდა.       _ რატომ?       _ არ ვიცი, დღეს შენსავით ადამიანი ვარ და ალბათ არ შეიძლებოდა, ამას დღეს ვერ აგიხსნი.       - მაშროდის?       _ მერე..       _ არ შაგენანა?       _ იცი, დღეს ყველანი მენანებით სიკვდილისათვის, ისეთი კარგები ხართ, ისე კარგია ადამიანად ყოფნა, მაგრამ, როცა ჩემს მოვალეობას ვასრულებ, მაშინ.. თუმცა რომ გითხრათ, მსიამოვნებს მეთქი, რა აზრი აქვს.       _ მერე სად მიგყავართ ხოლმე, შვილო, ჰა?       _ მაგის თქმა არშემიძლია, დედი.       _ დედა გყავს, შვილო?       _ არა.       _ ობოლი ხარ?       _ ჰო, ობოლი ვარ.       _ მაინცრატომ გვკლავ, ჰა?       _ იმიტომრომ, სიკეთე მინდა თქვენთვის.       _ ესრა სიკეთეა, შვილო?       _ აბა მაშ სულ ადამიანები ხომ არიქნებით?       _ რატომაც არა..       _ არ შაგწყინდებათ?       _ რო დავბერდებით, მერერაც გინდა, ის გვიყავი.       _ ყველარომ დაბერდეთ, მაშინ სიცოცხლესფასი აღარექნება.       _ ეგ ბოროტება არის, შვილო.       _ მაგრამ, წესია.       _ ქრისტეს რაღას ერჩოდი?       _ ეგეც სიკეთისათვის გავაკეთე, უიმისოდ ვერ დაინახავდით ისეთს, როგორც საჭიროა. თქვენ ეს დიდი ბოროტება გგონიათ. იცი რა, დედი, მე კი არა გკლავთ,  თვითონ ვკვდები თქვენში, თვითონ ვიტანჯები სულის გაყრისას. მე ვასრულებ იმას,  რაც უნდა მოხდეს, და ყოველთვის ხდება ის, რაც მოსახდენია.. აუცილებლობა კი სრულიად არ გამორიცხავს შემთხვევითობას.. მოდი, მანამ ცოცხალი ვარ, დაივიწყეთ სიკვდილი. იცით, თუ გინდათ ერთ საიდუმლოს გეტყვით: დღეს მარტო ჩემი მოკვლა შეგიძლიათ, თუ მომკლავთ, აღარასოდეს მოკვდებით, მაგრამ ამას ნუ იზამთ, უჩემოდ გაგიჭირდებათ სიცოხლე, აღარც სიყვარული გექნებათ, აღარც სიხარული.. დრო მიდის, მოდი, ვიცეკვოთ, დაუკარით! გოგოებმა გარმონი დაუკრეს და მერე ცეკვა გააჩაღეს, თვითონ დედამიწაც კი აცეკვდა.       ხატის გორზერამდენიმე კაცი საიდუმლოდ ჩურჩულებდა.       ცეკვავდა სიკვდილი. დროდადრო მზეს გახედავდა და გული წყდებოდა. რომ ჩასვლამდე დიდი მანძილი აღარ ჰქონდა მზეს. ბერი გვერდიდან არ შორდებოდა ძმადნაფიცს. პატარა ბალღები ჟივილ ხივილით გარს უვლიდნენ. გულიანად იცინოდა სიკვდილი, სახეზე სიკეთე გადასდიოდა.       მერე ყველა ცეკვავდა, დიდი და პატარა. რატომღაც ისეთ სიყვარულს გრძნობდნენ სტუმრის მიმართ, ყველა მზესღა შეჰყურებდა სინანულით.       მარტო რამდენიმე კაცი ჩურჩულებდა საიდუმლოდ. იმათ შორის იყო ჯღუნაიც.  მერე იმათაც ცეკვა დაიწყეს და თანდათან სიკვდილს მიუახლოვდნენ. უცებ ჯღუნამ ხანჯალი იშიშვლა და გულში ჩასცა ხელებგაწვდილ სიკვდილს, რომელიც მაშინვე მოწყვეტით დაეშვა ძირს.       უცებ გაჩუმდა გარმონი და ხალხმა ცეკვა შეწყვიტა. ბერი ტირილით დაეკონა სიკვდილს და გულიდანფრთხილად ამოაძრო ხანჯალი.       ჯღუნაი ხატის გორზე გარბოდა აღმა, ელიას მთისკენ.       ხალხი უხმოდ დაჰყურებდა მომაკვდავს, რომელიც ისე კეთილად უღიმოდა მათ,  ძალაუნებურად ყველას გაეღიმა. მერე იმან ხელი ხელზე მოუჭირა აცრემლებულ ბერს, თვალები დახუჭა დაფეთქვა შეწყვიტა.       იმწუთში ყველა იქ მყოფი დიდმა სინანულმა შეიპყრო. ტიროდნენ პატარა ბალღები, ტიროდა ბერი. იმ შავოსანმა დედაბერმა ხმით დაიტირა:  _ ჩვენთანრა გინდოდა, ჩემო შვილო,  ჩვენთან შენნაირებს ვერიხდენენ,  აგრემც შენ სიყმეს შემოვევლე მიწაშიროგორღა მოისვენებ.  შავად ჩაგეშლება ასოობა.  თვალებს გველები წაგიღებენ,  ნუღარმოიგონებ აქაობას,  აქ შენნაირებს არიხდენენ.  არა, ჩემო შვილო, არგვიწყინო,  წადი, ჩემ შვილებთან დაისვენე..             ხალხი ისე დაღონდა, აღარ შეეძლო ამ სურათის ყურება. საჩქაროდ გათხარეს მიწა და ფიცრების მაგიერ მინდვრის ყვავილებში ჩაასვენეს სიკვდილი. მერე ზემოდანაც ყვავილები დააყარეს და დიდხანს ვერავინ ბედავდა მიწის მიყრას..       მზე ნება-ნება ჩაესვენა მთებს იქით და გუდამაყრის ხეობას სიბნელე ჩამოებურა.  მეორე დილით კი, მე თვითონვე ვიყავ იმის მოწმე, როგორ ამოვიდა მზე. ოღონდიქიდან კი არა, საიდანაც ამოდიოდა ხოლმე, გუშინდელი საფლავიდან ამოვიდა,  აიწია, და საშუადღეოდ დაჯდა ცაზე.    ამონარიდი რომანიდან "ადამიანთა სევდა" გ. ჩოხელი   …
დაამატა თათია to ლიტერატურა at 11:08pm on აპრილი 27, 2014
თემა: ონორე დე ბალზაკი - პიერ გრასუ
თუ გრძელ, გადატვირთულ გალერეებს თქვენთვის არ აღუძრავს სევდა, მღელვარება და მოწყენილობა? 1830 წლის შემდეგ სალონი აღარც არსებობს. ხალხის მიერ უკვე ერთხელ დაპყრობილი ლუვრი ახლა მხატვრებმა აიღეს იერიშით და იქ დამკვიდრდნენ. წინათ ლუვრის სალონი საზოგადოებას ხელოვნების რჩეულ ნიმუშებს სთავაზობდა და გამოფენილი ქმნილებებით უდიდეს პატივისცემას იმსახურებდა. ორას შერჩეულ სურათს შორის ხალხი უკეთესს ეძებდა. საუკეთესო ნაწარმოებს უცნობი ხელი გვირგვინით ამკობდა. ამა თუ იმ ტილოს გამო ცხარე კამათი იმართებოდა. დელაკრუასა და ენგრისადმი მიმართული ლანძღვა-გინება ისევე უწყობდა ხელს ამ მხატვრების სახელის განდიდებას, როგორც აღტაცებული ხოტბა, რასაც თაყვანისმცემლები უძღვნიდნენ მათ. დღეს აქ გამოფენილი ნაშრომები არც ხალხსა და არც კრიტიკოსებს აღარ აღაგზნებს. მაყურებელი იძულებულია, თვითონ შეარჩიოს სურათები, რაც უწინ ჟიურის ევალებოდა. ამგვარი მუშაობა ხალხის ყურადღებას ქანცავს. დასრულდება თუ არა ეს საქმიანობა, გამოფენაც იხურება. 1817 წლამდე გამოფენაზე მიღებული ტილოები აროდეს გასცილებია გრძელი გალერეის პირველ ორ სვეტს, სადაც ძველი ოსტატების ნამუშევრებია გამოფენილი. წელს კი დიდად გაოცდა საზოგადოება; ახალმა სურათებმა მთელი გალერეა გაავსო. ისტორიული ჟანრი, ჟანრული და სადაზგო ფერწერა, პეიზაჟი, ყვავილები, ცხოველები, აკვარელი - მხატვრობის ეს შვიდი სახეობა მაყურებელს ვერ შესთავაზებს ოცზე მეტ ისეთ ნაწარმოებს, რაც შეხედვის ღირსია. ადამიანი ყურადღებას ამაზე მეტ სურათზე ვერ შეაჩერებს. მხატვრების რიცხვის ზრდასთან ერთად ჟიურის მოთხოვნილებაც უნდა გაზრდილიყო. ყველაფერი მაშინ დაიღუპა, როცა სალონმა მთელი გალერეა დაიკავა. სალონი უნდა დარჩენილიყო განსაზღვრულ, შემოფარგლულ ადგილზე, სადაც მხატვრობის თითოეული სახე თავის შესაფერ ფართობს მიიღებდა და საუკეთესო ნაწარმოებს გამოფენდა. ათი წლის გამოცდილებამ ძველი წესრიგის უპირატესობა ნათელჰყო. ახლა პაექრობის ნაცვლად აქ აყალმაყალს ვხვდებით, ბრწყინვალე გამოფენის სამაგიეროდ - არეულ-დარეულობას, შერჩეულის ნაცვლად - ყველაფერს, ერთად დახროვილს. რა ხდება? ნამდვილი ხელოვანი წაგებული რჩება. წლევანდელ ასიოდე საუკეთესო სურათთან ერთად დიდ სალონში გამოფენილი ოთხი ტილო: თურქული ყავახანა, ბავშვები შადრევანთან, კაუჭებით დასჯა და იოსები დეკამპს უფრო დიდ სახელს მოუხვეჭდა, ვიდრე მისივე ოცი ტილო, ექვს გალერეაში სამი ათს სურათს შორის მიმოფანტული. რაღაც უცნაური მიზეზის წყალობით, მას შემდეგ, რაც სალონმა მთელ ქვეყანას გაუღო კარი, ყველა დაჩაგრულ გენიოსზე ალაპარაკდა. თორმეტი წლის წინათ, როდესაც ხელოვნების სახელგანთქმულმა მოღვაწეებმა და თავგამოდებულმა მსახურებმა სალონში გამოსაფენად დაუშვეს ენგრის კურტიზანი ქალი, ჟერიკოს მედუზა, დელაკრუას სისხლის ღვრა ქიოსზე» და დევერიას ანრი IV მონათვლა, ტილოები, რომელთაც მტრულად განწყობილი კრიტიკის მიუხედავად საზოგადოებას მგზნებარე ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა მხატვრების არსებობა აუწყეს, არავითარი უკმაყოფილება არ წარმოშობილა. ახლა თვით ყველაზე საცოდავ თხუპნიასაც კი შეუძლია თავისი ნაშრომი გამოფენაზე გაგზავნოს და მაინც ამბობენ, შეუცნობელი მხატვრები არსებობენო. იქ, სადაც შეფასება აღარ არის, აღარც შესაფასებელი საგნებია. რაც უნდა იყოს, მხატვრები მაინც დაუბრუნდებიან შერჩევის ძველ წესს; ეს კი მათი ნაშრომებისკენ მიაპყრობს ხალხის ყურადღებას. ისინი ხომ სწორედ ხალხისთვის მუშაობენ. სალონი ვერ იარსებებს, თუ აკადემია არ შეურჩევს სურათებს, ხოლო ხელოვნება სალონის გარეშე შეიძლება დაიღუპოს. მას შემდეგ, რაც კატალოგის წიგნაკი სქელ დავთრად გადაიქცა, დავთარში თავი მოიყარა მრავალმა სახელმა, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ დართული აქვს ათი ან თორმეტი სურათის სია, მაინც სრულიად უცნობია საზოგადოებისთვის. მათ შორის ყველაზე ნაკლებ ცნობილია ფუჟერიდან ჩამოსული მხატვარი პიერ გრასუ. მხატვართა წრეში მას უბრალოდ ფუჟერს ეძახიან. დღეს ფუჟერი მზის ქვეშ კარგა თბილად არის მოკალათებული, ეს კი გვიღვიძებს მწარე ფიქრებს, რომელთა ნაყოფია პიერ გრასუს წინამდებარე თავგადასავალი, რაც მხატვართა ტომის სხვა წარმომადგენელთა ცხოვრებასაც მოგვაგონებს. 1832 წელს ფუჟერი ნავარენის ქუჩაზე ცხოვრობდა, ერთი წოწოლა სახლის მეოთხე სართულზე, ასეთი სახლები ლუქსორის ობელისკს ჰგვანან. გრძელი და ბნელი დერეფანი აქვთ, ასევე ბნელი, ვიწრო და სახიფათო ხვეული კიბე, რის გამოც თითოეულ სართულზე მხოლოდ სამი ფანჯარა ეტევა. სახლის შიგნით ეზოა, უფრო ზუსტად რომ გამოვთქვათ, ოთხკუთხი ჭა. პიერ გრასუს სამ თუ ოთხოთახიანი ბინის თავზე მოთავსებული იყო მისივე სახელოსნო, რომელიც მონმარტრს გადასცქეროდა. სახელოსნოს კედლებს საღებავი ზედ აგურებზე ჰქონდა წასმული. იატაკი ყავისფრად იყო შეღებილი და გულმოდგინედ გაპრიალებული. თითოეულ სკამს არშიებიანი პატარა ხალიჩა ეფარა. აქ იდგა უბრალო, მაგრამ გულდაგულ მოვლილი ტახტი, სწორედ ისეთი, ბაყალი დედაკაცის საწოლ ოთახში რომ დგას ხოლმე. ამ სახელოსნოში ყველაფერი მიგვითითებდა გონებაშეზღუდულ კაცუნას დაწვრილმანებულ ცხოვრებაზე და ღარიბი ადამიანის ხელმომჭირნეობაზე. აქვე იდგა კარადა მხატვრის ხელსაწყოებისთვის, სასადილო მაგიდა, ბუფეტი, საწერი მაგიდა. დაბოლოს, აქ ელაგა მხატვრისათვის მეტად აუცილებელი საგნები, ყველაფერი ჩაწიკწიკებული და კრიალა. ღუმელი ეხამებოდა ამ ჰოლანდიურ თადარიგიანობას, რასაც უფრო მეტად თვალსაჩინოს ხდიდა ფაქიზი და ნაკლებ ცვალებადი ჩრდილოეთის შუქი, თავის წმინდა და ცივ სინათლეს უხვად რომ ფენდა ვეებერთელა ოთახს. ფუჟერს, უბრალო ჟანრულ მხატვარს, არ სჭირდებოდა უზარმაზარი ნაგებობანი, რომლებიც ისტორიული ჟანრის მხატვრებს აღატაკებენ. თავის თავში არასოდეს ისეთი დიდი ნიჭი არ უგრძვნია, რომ მაღალ ხელოვნებასაც წაპოტინებოდა. იგი ჯერჯერობით დაზგას ვერ სცილდებოდა.      ამა წლის დეკემბრის დამდეგს, იმ დროს, როდესაც ფრანგ ბურჟუებს დროდადრო აეკვიატებათ ხოლმე სასაცილო სურვილი - უკვდავჰყონ თავიანთი ისედაც მომაბეზრებელი გარეგნობა, - პიერ გრასუ დილაადრიან ადგა, ფერები დაზილა, ღუმელი აანთო და რძეში ჩამბალი პურის ჭამას შეუდგა, სანამ ფანჯრებზე ყინული გალღვებოდა, რათა ოთახი განათებულიყო და მუშაობის დაწყება შესაძლებელი გამხდარიყო. კარგი, მშრალი ამინდი იდგა. ბევრისმთქმელი, თვინიერი და ბედს დამორჩილებული გამომეტყველებით ილუკმებოდა ფუჟერი, როცა ნაბიჯების ხმა შემოესმა და იცნო, რომ ნაბიჯები ეკუთვნოდა ადამიანს, ვინც გრასუს ცხოვრებაზე ისეთსავე გავლენას ახდენდა, როგორსაც ამ ჯურის ადამიანები ახდენენ თითქმის ყველა მხატვრის ცხოვრებაზე. ეს იყო ელიას მაგიუსი, სურათებით მოვაჭრე, მხატვრობის ჩარჩი. მაგიუსი სწორედ მაშინ შემოვიდა, როდესაც მხატვარი თავის გაკრიალებულ სახელოსნოში მუშაობის დაწყებას აპირებდა. - როგორაა საქმე, ბებერო გაიძვერავ? - მიმართა მას მხატვარმა. ფუჟერი ორდენით იყო დაჯილდოებული და ელიასი მას თითო სურათში ორას ან სამას ფრანკს უხდიდა; ჩარჩს ხელოვნების დიდ მცოდნედ მოჰქონდა თავი. - ვაჭრობის საქმე ცუდადაა, - უპასუხა ელიასმა. - თქვენ ყველას დიდი პრეტენზიები გაქვთ. ერთ ტილოზე ექვსი სუს ფერებს დახარჯავთ და აბა, მიართვით ორასი ფრანკი... არა, თქვენზე არ ვამბობ, კარგი ბიჭი ხართ, რიგიანი ადამიანი და აი, მეც სარფიანი საქმე გაგიჩარხეთ. - Timeo Danaos et dona ferentes, - უპასუხა ფუჟერმა, - ლათინური იცით? - არა. - ეს ნიშნავს, რომ ბერძნები ტროელებს კარგ საქმეს ისე არ შესთავაზებენ, თუ თავადაც არაფერი მოიგეს. უწინ ამბობდნენ: წაიყვანეთ ჩემი ცხენი! ახლა კი ვამბობთ: წაიყვანეთ ჩემი დათვი... რა გნებავთ იულიუს-ლაჟენჟოლ-ელიას მაგიუს?      ეს სიტყვები ნათლად წარმოგვიდგენენ ფუჟერის უწყინარ ენამახვილობას, რასაც იგი მიმართავდა იმის გამოსახატავად, მხატვართა სახელოსნოებში ხუმრობა რომ ჰქვია. - თუმცა თქვენ არ აგცდებათ ჩემთვის ორი სურათის უფასოდ დახატვა. - ოჰო! - ბატონი ბრძანდებით, არ ჩაგაცივდებით. თქვენ პატიოსანი მხატვარი ხართ. - რაო, რა მოხდა? - ასე და ამგვარად, მე მომყავს ერთი მამა, ერთი დედა და მათი ერთადერთი ასული. - ყველა ერთადერთი! - გამოგიტყდებით, სწორედ აგრე გახლავთ!.. ჰოდა, მათი პორტრეტებია შესასრულებელი. ამ ხელოვნებაზე გაგიჟებულ ბურჟუებს მხატვრის სახელოსნოში ცხვირის შეყოფა ჯერ არ გაუბედავთ. ქალიშვილს ასი ათასი ფრანკის მზითევი აქვს. აბა, ერთი კარგად დახატეთ ისინი, იქნებ თქვენი ოჯახის პორტრეტებად გადაიქცეს შემდეგში.      ამ სიტყვებზე ელიას მაგიუსს, ძველ გერმანულ კუნძს, ვისაც, რატომღაც, ადამიანად თვლიდნენ, სიცილი წასკდა და მისმა მკვახე ხარხარმა მხატვარს შიშის ზარი დასცა; ასე მოეჩვენა, თითქოს თვით მეფისტოფელმა ჩამოუგდო ლაპარაკი ქორწინებაზეო. - თითო პორტრეტში ხუთას ფრანკს მოგცემენ. ჩემთვის სამ სურათს დახატავთ. - ოჰო, - მხიარულად შესძახა ფუჟერმა. - უკეთუ ქალიშვილს ცოლად შეირთავთ, არ დამივიწყებთ. - ცოლი შევირთო, მე? - შეჰყვირა პიერ გრასუმ. - მე ხომ მარტოდ წოლას ვარ მიჩვეული, დილით ადრე ადგომას. თანაც ცხოვრება ისე მაქვს აწყობილი... - ასი ათასი ფრანკი, - მიუგო მაგიუსმა. - და ზედაც ნაზი ასული, ოქროსფერი ტონებით სავსე, წმინდა წყლის ტიციანი! - ვინ არიან, რას წარმოადგენენ? - ყოფილი ვაჭრები, ახლა - ხელოვნების მოტრფიალენი. ვილ დ’ავრეიში აგარაკი აქვთ და ათი თუ თორმეტი ათასი წლიური შემოსავალი. - რითი ვაჭრობდნენ? - ბოთლებით. - ნუ მეუბნებით მაგ სიტყვას; თითქოს მომესმა კიდეც, როგორ ჭრიან საცობებს და კბილები მომეკვეთა. - მაშ, მოვიყვანო? - სამი პორტრეტი? სალონში გამოვფენ. იქნებ პორტრეტების მხატვარი გავხდე... ჰო, კარგი, თანახმა ვარ. მოხუცი ელიასი ვერველთა ოჯახის მოსაყვანად გაეშურა.       რათა წარმოვიდგინოთ, როგორ იმოქმედა მაგიუსის წინადადებამ მხატვარზე და რა შთაბეჭდილება მოახდინეს მასზე ბატონმა და ქალბატონმა ვერველებმა, რომელთაც ერთადერთი ასული უმშვენებდა გვერდს, საჭიროა თვალი გადავავლოთ პიერ გრასუ დე ფუჟერის წარსულს.      მოწაფეობის ჟამს ფუჟერმა ხატვა სერვენთან ისწავლა. სერვენი აკადემიურ სამყაროში დიდ ოსტატად ითვლებოდა. მისგან ფუჟერი შინერთან გადავიდა; დააპირა ჩაწვდომოდა მაძღარ და საუცხოო ფერებს, რითაც განირჩევა ეს ხელოვანი. შინერი და მისი შეგირდები თავშეკავებულნი აღმოჩნდნენ და პიერი პირში ჩალაგამოვლებული დატოვეს. აქედან გრასუ უფროს სომერთან გადაბარგდა, რათა ახლოს გაეცნო ხელოვნების ის ნაწილი, რასაც კომპოზიცია ეწოდება. აქაც ვერაფერს გახდა, კომპოზიცია მისთვის უცხო და მიუწვდომელი დარჩა. მერე შეეცადა გრანესა და დეკამპისათვის ინტერიერების მომხიბვლელობის საიდუმლო გამოეტაცა; ამ ორმა ოსტატმა არაფერი მოატაცებინა მას. ბოლოს, ფუჟერმა თავისი წვრთნა დიუვალ-ლეკამიუსთან დაასრულა. სწავლისა და ამ სხვადასხვა გარდაქმნების განმავლობაში ფუჟერმა გამოიჩინა მშვიდი და დინჯი ხასიათი, რის გამოც ყველა სახელოსნოში, სადაც კი ყოფილა, დასცინოდნენ, მაგრამ პიერმა თავისი მოკრძალებით, მოთმინებით და ბატკნის თვინიერებით დამცინავ ამხანაგებს ფარ-ხმალი დააყრევინა. ოსტატები არავითარ სიყვარულს არ ამჟღავნებდნენ ამ ალალი ბიჭის მიმართ. მათ უყვართ ბრწყინვალე შეგირდები, ახირებული აზროვნების ადამიანები, ლაღი და თავშეუკავებელნი, ან კიდევ მჭმუნვარე და დაფიქრებულნი, რაც მაღალი ნიჭით დაჯილდოებულთ ახასიათებს. პიერ გრასუს ყველა თვისება დაბალ ნიჭზე მიუთითებდა. თვით ზედმეტი სახელი - ფუჟერი - მხატვრის სახელი ეგლანტინის პიესიდან, დაცინვის დაუშრეტელ წყაროს წარმოადგენდა. რა უნდა ექნა, ძალა აღმართსა ხნავს: იძულებული გახდა მიეღო იმ ქალაქის სახელი, სადაც პირველად იხილა დღის სინათლე.       გრასუ დე ფუჟერი თავის სახელს ჰგავდა. მსუქანი და შუა ტანისა იყო, სახეზე გაცრეცილი ფერი ედო. მრეში თვალები ჰქონდა, შავი თმა, ბუკივით ცხვირი, ძალიან ფართო პირი და გრძელი ყურები. მშვიდი, უდრტვინველი და თვინიერი გამომეტყველება მის ჯანმრთელობით აღსავსე, მაგრამ უსიცოცხლო სახის ნაკვთებს ვერაფერს მატებდა. გრასუს, ალბათ, არ აღელვებდა არც სისხლის სიჭარბე, არც ფიქრთა მგზნებარება, არც კომიკური აზრებით აღტყინება, რაც დიდ შემოქმედებს ემართებათ. ეს ახალგაზრდა კაცი პატიოსან ბურჟუად გაეჩინა ღმერთს. წარმოშობით მეიენელი გახლდათ, ორჟემონების შორეული ნათესავი, სამშობლოდან პარიზში იმიტომ ჩამოვიდა, რომ ფერებით მოვაჭრესთან ნოქრად დამდგარიყო, მაგრამ ბრეტონელებისათვის დამახასიათებელი სიჯიუტის შედეგად მხატვრობას მოჰკიდა ხელი. მარტოოდენ უფალმა უწყის, მოწაფეობის წლებში რა არ გადახდა თავს და როგორ ცხოვრობდა. ფუჟერი იტანჯებოდა ისევე, როგორც იტანჯებიან შიმშილით შეწუხებული დიდი ადამიანები, გარეული მხეცებივით დევნილნი, შურისძიებას მოწყურებული უნიჭოთა ხროვისა და პატივმოყვარეთა ბრბოს მიერ.       პიერ გრასუმ იგრძნო თუ არა, საკუთარი ფრთებით ფრენა შემიძლიაო, მარტირის ქუჩის ზემოთ სახელოსნო დაიქირავა და მუყაითად შეუდგა მუშაობას. გრასუს დებიუტი 1819 წელს მოხდა. პირველი სურათი, რაც მან ლუვრის გამოფენისათვის წარუდგინა ჟიურის, გამოხატავდა სოფლურ ქორწილს, საკმაოდ უბადრუკად გადმოკეთებულს გრეზის ნაწარმოებიდან. ნახატი არ მიიღეს. ფუჟერი არ გაშმაგებულა, როცა ეს საბედისწერო გადაწყვეტილება გაიგო, არც თავმოყვარეობის ბნედას მოუვლია მისთვის, რაც ამპარტავან ადამიანებს ემართებათ და რაც ხანდახან დირექტორის ან მუზეუმის მდივნის დუელში გამოწვევით და სიკვდილის მუქარით მთავრდება ხოლმე. გრასუმ ნახატი ხელსახოცში მშვიდად გაახვია, სახელოსნოში წაიღო და თავის თავს შეჰფიცა, რადაც უნდა დამიჯდეს, დიდი მხატვარი უნდა გავხდეო. ტილო დაზგაზე მოათავსა და თავის ძველ მასწავლებელს, შინერს ეახლა. ეს იყო დიდად ნიჭიერი კაცი, მშვიდი და მომთმენი ხელოვანი, ვისაც ამ უკანასკნელ გამოფენაზე სრული წარმატება ხვდა წილად. ფუჟერმა შინერს სთხოვა, ჩემს დაწუნებულ სურათს გადახედეო. დიდმა მხატვარმა ყველაფერი მიატოვა და ფუჟერისაკენ გასწია. პიერმა მას თავისი ნაშრომი უჩვენა. შინერმა სურათი შეათვალიერა და ფუჟერს ხელზე მოუჭირა ხელი. - კარგი ბიჭი ხარ, ოქროს გული გაქვს და ვერ მოგატყუებ. მომისმინე: რის იმედსაც იძლეოდი შეგირდობისას, გაამართლე კიდეც. ჩემო კარგო ფუჟერ, რაკი შენი ფუნჯი ამგვარ ტილოებსა ქმნის, მოდი, ნუღარ მიითვისებ ბრიულონის ფერებს, ნურც სიუჟეტს მოპარავ ვისმეს; სანამ გვიანი არ არის, დაბრუნდი შინ. ბამბის ჩაჩი დაიხურე, ცხრა საათზე დაიძინე, დილით კი ათ საათზე გასწიე რომელიმე კანცელარიისკენ, სადაც ადგილს მიიღებ და ხელოვნებას თავი დაანებე. - მეგობარო, - მიუგო ფუჟერმა, - ჩემი ტილო უკვე მსჯავრდადებულია. განაჩენს არ გთხოვთ, მიზეზი მაინტერესებს. - კარგი. შენ ხატავ რუხი, ბნელი ფერებით. ნატურას სამგლოვიარო რიდეს იქით ხედავ. შენი ნახატი მძიმეა და ჭუჭყიანი. შენი კომპოზიცია გრეზის მიბაძვაა, მაგრამ გრეზი თავის ნაკლს ისეთი თვისებებით ფარავდა, რაც შენ არ გაგაჩნია. სურათის ნაკლოვანებათა ჩამოთვლის შემდეგ შინერმა ფუჟერს სახეზე ისეთი ღრმა მწუხარება შენიშნა, რომ სადილად მიიწვია და მის დამშვიდებას შეეცადა. მეორე დილას, შვიდი საათიდანვე ფუჟერი მსჯავრდადებული სურათის გადამუშავებას შეუდგა. შეეცადა ფერები გამოეცოცხლებინა, სხეულები გადაეღება და შინერის მითითებების მიხედვით შეესწორებინა. ბოლოს, ამ თითხნით თავგაბეზრებულმა ნახატი ელიას მაგიუსს წაუღო. ჰოლანდიურ-ბელგიურ-ფლამანდური წარმოშობის ელიას მაგიუსს სამი მიზეზი ჰქონდა ყოფილიყო ის, რაც გახლდათ: ძუნწი და მდიდარი. სულ ცოტა ხნის წინათ ჩამოსულიყო ბორდოდან და ახლა პარიზში იკიდებდა ფეხს. ძველი სურათებით ვაჭრობდა და ბონ-ნუველის ბულვარზე ცხოვრობდა. ფუჟერი ხაბაზის მუშტარი თავისი პალიტრის იმედით იყო და ამიტომაც არხეინად შეექცეოდა პურს და ნიგოზს, პურს და რძეს, პურს და ალუბალს, ან პურს და ყველს, იმისდა მიხედვით, თუ წლის რომელი დრო იდგა. ელიას მაგიუსმა, ვისაც პიერმა თავისი პირველი ტილო შესთავაზა, ბევრი ათვალიერა სურათი და თხუთმეტ ფრანკად შეისყიდა. - წელიწადში თუ თხუთმეტი ფრანკი მექნება შემოსავალი და ათასი ფრანკი გასავალი, - ღიმილით თქვა გრასუმ, - კარგი დახლი დამიდგება.      ელიას მაგიუსი შეკრთა. თითზე იკბინა, რადგან მიხვდა, რომ შეეძლო სურათი ას სუდ ჩაეგდო ხელში. რამდენიმე დღე, დილაობით, ფუჟერი მარტირის ქუჩიდან ქვემოთ ჩამოდიოდა, მაგიუსის დუქნის პირდაპირ, ბულვარზე, ხალხში მიმალული აშტერდებოდა თავის სურათს, რომელიც ამვლელ-ჩამვლელთა ყურადღებას სრულებითაც არ იზიდავდა. ერთი კვირის შემდეგ ნახატი გაქრა. მხატვარმა ბულვარი აიარა და ისე გაემართა ძველმანებით მოვაჭრის დუქნისკენ, ვითომც და აქ არაფერია, ჩემთვის დავსეირნობო.      ებრაელი დუქნის კართან იდგა. - რაო, გაყიდეთ სურათი? - აგერ, აქ არის, - უპასუხა მაგიუსმა, - ჩარჩოში ჩავსვი. იქნებ ასე მაინც მომეცეს საშუალება ისეთ ვინმეს შევთავაზო, ვისაც ჰგონია, მხატვრობა მესმისო.      ბულვარზე დაბრუნება ფუჟერმა ვეღარ გაბედა. ახალი სურათის ხატვას ჩაუჯდა. ორი თვე მუშაობას მოანდომა. საკვები თაგვის სამყოფი ჰქონდა, ხოლო ტანჯვა - კატორღელისა.      ერთ საღამოს გულმა ვეღარ მოუთმინა და ბულვარისკენ გაემართა. ფეხებმა თითქოს თავად მიიყვანეს მაგიუსის დუქანთან, სურათი ვერსად შეამჩნია. - გავყიდე თქვენი ტილო, - უთხრა ვაჭარმა. - რამდენად? - ცოტაოდენი სარგებელიც ვნახე. გამიკეთეთ ფლამანდური ინტერიერები, ანატომიის გაკვეთილი, პეიზაჟი. გასამრჯელოს გადაგიხდით, - მიმართა ელიასმა ფუჟერს. გრასუ მზად იყო მაგიუსს გადახვეოდა. ახლა იგი საკუთარ მამასავით შესცქეროდა ვაჭარს. შინ სიხარულით აღვსილი დაბრუნდა. მაშ, დიდი მხატვარი შინერი შემცდარა! უზარმაზარ ქალაქ პარიზში თურმე არსებობენ ადამიანები, ვისი გული გრასუს გულთან შეხმატკბილებულად სცემს. მისი ნიჭი გაიგეს და დააფასეს. საწყალი ოცდაშვიდი წლის კაცი ბიჭივით გულუბრყვილო იყო. ვინმე სხვა, ეჭვიანი და პირქუში მხატვარი, შეამჩნევდა ელიას მაგიუსის სატანისებურ გამოხედვას, წვერის ცანცარს, ულვაშების დამცინავ ცმაცუნს, მხრების აჩეჩვას, რაც ამჟღავნებდა ვალტერ სკოტისეული ებრაელის კმაყოფილებას, ქრისტიანის შეცდენით გამოწვეულს. აღფრთოვანებულმა ფუჟერმა ბულვარზე გაისეირნა. სიხარულმა მის სახეს ამაყი გამომეტყველება მოჰფინა. დაემსგავსა ლიცეუმის მოსწავლეს, რომელმაც პირველი საყვარელი გაიჩინა. გრასუს გზად ამხანაგი შემოხვდა. ეს იყო ჟოზეფ ბრიდო, ერთი იმ არაჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოებულ მხატვართაგანი, რომელნიც დიდებისა და უბედურებისათვის დაბადებულან ქვეყნად. ჟოზეფ ბრიდოს, როგორც თავად განუცხადა მეგობარს, ჯიბეში რამდენიმე სუ გასჩენოდა. მან ფუჟერი ოპერაში დაპატიჟა. გრასუ ვერც ბალეტს ხედავდა და ვერც მუსიკას უსმენდა; სურათებზე ფიქრობდა, ხატავდა. შუა წარმოდგენისას ჟოზეფი მიატოვა და შინ გაიქცა. ლამპის შუქზე ესკიზები მოხაზა, ოცდაათი სურათი მოიფიქრა - ოდესღაც უკვე ნანახი, დავიწყების ბურუსით მოცული, მოგონებებით სავსე. თავი გენიალურ მხატვრად წარმოიდგინა. მეორე დღესვე იყიდა ფერები, სხვადასხვა ზომის ტილოები. მაგიდაზე დაიწყო პური, ყველი, ხელადით წყალი. ღუმელისათვის შეშა მოიმარაგა და შემდეგ, სახელოსნოებში რომ იტყვიან, კირკიტი დაუწყო თავის სურათებს. რამდენიმე მენატურეც ჰყავდა, ხოლო მაგიუსმა ქსოვილები ათხოვა. ორი თვის პატიმრობის შემდეგ ბრეტონელმა ოთხი სურათი დაასრულა.      კვლავ შინერს მიმართა რჩევისათვის. არც ჟოზეფ ბრიდო დავიწყებია. ორივე მხატვარმა ამ ნახატებში ჰოლანდიური პეიზაჟებისა და მეტსუს ინტერიერების მიბაძვა აღმოაჩინა, მეოთხე სურათში კი რემბრანდტის «ანატომიის გაკვეთილის» ასლი. - ისევ მიბაძვა, - აღმოხდა შინერს, - ეჰ! ფუჟერს ძალიან უმძიმს დამოუკიდებელი მუშაობა. - კარგი იყო სხვა საქმე აგერჩია, - უთხრა ბრიდომ. - რა საქმე? - იკითხა ფუჟერმა. - მოდი, ლიტერატურაში გადაიჭერი.      პიერ გრასუმ თავი ჩაქინდრა, როგორც ცხვარმა იცის წვიმის დროს, მერე ისევ გამოკითხვას შეუდგა; კვლავ საჭირო რჩევა-დარიგება მიიღო. ნახატები შეასწორა და ელიასს წაუღო. ელიასმა თითოეულ სურათში ოცდახუთი ფრანკი გადაუხადა. ფუჟერი არც მოგებას იყო, არც წაგებას, თუ გავიხსენებთ მის ხელმომჭირნეობას. რამდენჯერმე აისეირნ-ჩაისეირნა მაგიუსის დუქნის წინ, - უნდოდა გაეგო, რა ბედი ეწია ჩემს ნახატებსო. უცნაური ჰალუცინაცია დაემართა. მისი ესოდენ დავარცხნილი, გაკრიალებული, თოლუსივით მაგარი და ფაიფურზე ნახატივით პრიალა ტილოები, თითქოს ბურუსში გახვეულიყო და ძველ სურათებს დამსგავსებოდა. ელიასი სულ ცოტა ხნის წინათ სადღაც წასულიყო და ფუჟერმა ამ საკვირველი მოვლენის ასავალ-დასავალი ვერ გაიგო. გაიფიქრა, ალბათ, კარგად ვერ გავარჩიე, უთუოდ მომეჩვენაო. გრასუ თავის სახელოსნოში დაბრუნდა და იმ სურათების ხატვას შეუდგა, რაც, დიდი ხანია, სხვების მიერ იყო შექმნილი. შვიდი წლის განუწყვეტელი მუშაობის შედეგად ფუჟერი ცოტად თუ ბევრად ჩაწვდა კომპოზიციის საიდუმლოებას და საშუალო ღირსების ნახატების შესრულებას დაეუფლა. ხატავდა ისევე, როგორც ყველა მეორეხარისხოვანი მხატვარი ხატავს. ელიასი მის ყველა ნაშრომს ყიდულობდა და ყიდდა. საწყალი ბრეტონელი ასიოდე ლუიდორს ძლივს იღებდა და ათასორას ფრანკზე მეტს არ ხარჯავდა.       1829 წლის გამოფენის დროს ლეონ დე ლორა, შინერი და ბრიდო დიდი გავლენით სარგებლობდნენ და ხელოვნების ახალ მიმართულებას სათავეში უდგნენ. სამთავეს თავიანთი ძველი მეგობარი მისი სიჯიუტისა და სიღარიბის გამო შეეცოდათ და დიდ სალონში გამოსაფენად ფუჟერის ერთი ნახატი მიიღეს. სურათი დიდ ყურადღებას იპყრობდა. განწყობილებით ვინერონს მოგვაგონებდა, ხოლო შესრულებით - ადრინდელ დიუბუფს. გრასუს თავის ტილოზე წარმოედგინა ახალგაზრდა კაცი, ვისაც კეფაზე თმას პარსავდნენ. ამ კაცს ერთი მხრიდან მღვდელი ედგა, მეორე მხრიდან - დედაბერი და მტირალი ყმაწვილი ქალი. სასამართლოს მდივანი საღერბო ქაღალდს კითხულობდა. გაჩორკნილ მაგიდაზე ხელუხლები საჭმელი მოჩანდა. სინათლე მაღლა ჩატანებულ ფანჯრის გისოსებში შემოდიოდა. სურათში ისეთი რამ იყო გადმოცემული, რის დანახვაზე ბურჟუები უნდა აკანკალებულიყვნენ და კანკალებდნენ კიდეც. ფუჟერი კი სულ უბრალოდ, ჟერარ დოუს შედევრით იყო შთაგონებული. მან წყალმანკიანი ქალის ჯგუფი წინა მხრიდან კი არ გადმოსცა, არამედ ფანჯრისკენ შეატრიალა. მომაკვდავი სიკვდილმისჯილით შეცვალა: იგივე ფერმკრთალი სახე, იგივე გამოხედვა, იგივე ღაღადი ღვთისადმი. ფლამანდიელი ექიმის ნაცვლად სასამართლოს მდივნის ცივი და ოფიციალური ფიგურა დახატა. ჟერარ დოუს ახალგაზრდა ქალს, გვერდით დედაბერი დაუყენა. დაბოლოს, შემაძრწუნებლად გულთბილ ჯალათს მთავარი ადგილი მიუჩინა. ეს უხვად შენიღბული პლაგიატი ვერავინ იცნო.      კატალოგში ასე ეწერა: 510. გრასუ დე ფუჟერი (პიერ). ნავარენის ქუჩა 2.      1809 წელს სიკვდილმისჯილი შუანის ჩაცმა.      ნახატი თუმცა მდარე ღირსების იყო, მაინც საოცარი წარმატებით სარგებლობდა, ვინაიდან ყველას მორტანის ცეცხლისმომკიდებელთა საქმეს აგონებდა. საზოგადოება ყოველ დღე თავს იყრიდა მოდაში შემოსული ნაწარმოების წინ. შარლ X-ც კი შეჩერდა აქ. დედოფალმა ყურადღება გამოიჩინა საბრალო ბრეტონელისადმი, ვისი მოთმინებით სავსე ცხოვრების ამბავს მის ყურამდეც მიეღწია. ორლეანელმა დუკამ სურათის შესყიდვა დააპირა. სასულიერო პირებმა დოფინის მეუღლეს მოახსენეს, ნახატის სიუჟეტი კეთილი აზრებითაა გამსჭვალულიო. მართლაც, ამ ტილოზე მეტად დამაკმაყოფილებელი რელიგიური განწყობილება სუფევდა. მისი უდიდებულესობა დოფინი იატაკის მტვერმა აღტაცებაში მოიყვანა, რაც უხეშ შეცდომას წარმოადგენდა, რადგან ფუჟერმა მომწვანო ფერი კედლების ძირის ნესტიანობის აღსანიშნავად მიმოფანტა. დედოფალმა გრასუს ნაშრომი ათას ფრანკად შეისყიდა. დოფინმა სხვა სურათი შეუკვეთა მხატვარს. შარლ X-მ ოდესღაც, 1799 წელს, მეფის დასაცავად ბრძოლის მონაწილე გლეხის შვილს, პიერ გრასუს, ორდენი უბოძა. დიდი მხატვარი ჟოზეფ ბრიდო არ დაუჯილდოებიათ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ორი ტილო შეუკვეთა ფუჟერს რელიგიურ თემაზე. ეს სალონი გახდა მთელი ცხოვრება პიერ გრასუსი, მისი სახელი, სიმდიდრე, მომავალი.       ბოლოს და ბოლოს, მიადგა თუ არა ოქროს მადანს, გრასუ ფუჟერელმა ნაწილობრივად დაამტკიცა არსებობა იმ საზარელი კანონისა, რისი წყალობითაც უბადრუკ, უნიჭო ადამიანებს საშუალება ეძლევათ საზოგადოების ყველა ფენაში მაღალი მდგომარეობისათვის განკუთვნილ პიროვნებათა არჩევანი საკუთარი გემოვნების მიხედვით მოახდინონ. რაღა თქმა უნდა, ისინი საკუთარ თავს ირჩევენ და ჭეშმარიტად ნიჭიერ ადამიანებს გააფთრებით ებრძვიან. მცდარია ყველაფერში საარჩევნო წესის გამოყენება. ასე იყო თუ ისე, კეთილი და მშვიდი ფუჟერის მოკრძალებამ, უბრალოებამ და თავისი გამარჯვებით გამოწვეულმა გაკვირვებამ კინკლაობა და შური ჩააჩუმა. ამას გარდა, მას იცავდა ყველა წინწაწეული გრასუ, რომლებიც ახალგამოჩეკილ გრასუებს მხარში უდგანან. ზოგიერთს ამ კაცის შეუპოვრობამ და მხნეობამ გული მოულბო და დომენიკო გაახსენა. ისინი ამბობდნენ: «ხელოვნებაში ნებისყოფის გამოჩენას ჯილდო უნდა მიეზღოს! გრასუს თავისი წარმატება არ მოუპარავს. აგერ, ათი წელია, რაც სურათებს ჩაჰკირკიტებს. საბრალო! შეძახილი «საბრალო!» სანახევროდ გახდა მიზეზი ქებისა და მილოცვებისა, რასაც მხატვარი იღებდა. სიბრალული ისევე ამოატივტივებს ხოლმე უნიჭოებს, როგორც შურიანობა ძირავს დიდ შემოქმედებს. გაზეთებმა არ დაინდეს მხატვარი, მაგრამ ახლად გამომცხვარმა კავალერმა ეს ისევე მოინელა, ვითარც მეგობრების რჩევა-დარიგებას ინელებდა: ანგელოზური მოთმინებით. ამ დროისათვის გრასუმ დიდი ოფლის ღვრით მოპოვებულ თხუთმეტიოდე ათას ფრანკს თავი მოუყარა და ნავარენის ქუჩაზე ბინა და სახელოსნო მოიწყო. აქ დახატა მისი უდიდებულესობის დოფინის მიერ დაკვეთილი სურათი და მინისტრსაც დანიშნული დღისათვის რელიგიურ თემაზე შექმნილი ორი ტილო მოუმზადა. ასეთმა სიზუსტემ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო სხვაგვარ მოქმედებას შეჩვეული მინისტრის სალარო. მოდი და აღტაცებაში ნუ მოგიყვანთ თადარიგიანი ადამიანის ბედი! გრასუს რომ დაეგვიანა, ივლისის რევოლუცია მოუსწრებდა და ვერაფერს მიიღებდა. ოცდაჩვიდმეტ წელს მიღწეულმა ფუჟერმა ელიას მაგიუსისათვის შექმნა დაახლოებით ორასი სურათი, მართალია, საზოგადოებისათვის სრულიად უცნობი, მაგრამ ხელი გაიწაფა მათი მეოხებით და ისეთი ხატვა დაიწყო, რაც ბურჟუას გულს უხარებს, ხოლო ნამდვილ მხატვარს აიძულებს მხრები აიჩეჩოს. მეგობრებისთვის ფუჟერი ძვირფასი იყო თავისი პირდაპირობის, შეურყეველი გრძნობების, უებრო თავაზიანობისა და დიდი პატიოსნების გამო. თუ პატივს არ სცემდნენ ამ მხატვრის პალიტრას, პალიტრის პატრონი მაინც უყვარდათ. - რა უბედურებაა, ნეტავი ფუჟერს მხატვრობის კვიატი არ სჭირდეს! - ეუბნებოდნენ ერთმანეთს მისი ამხანაგები.      მიუხედავად ამისა, გრასუმ შესანიშნავი რჩევის მიცემა იცოდა, მსგავსად იმ მეფელეტონეებისა, რომელთაც თავად არ ძალუძთ წიგნის დაწერა, თუმცა კარგად უწყიან, სად სცოდავენ სხვისი ნაშრომები. ერთი კია, ლიტერატურულ კრიტიკოსებსა და ფუჟერს შორის არსებობდა განსხვავება: ფუჟერი უაღრესად მგრძნობიარე იყო მშვენიერების მიმართ, მისი გამოცნობა შეეძლო. ამიტომ გრასუს რჩევას სამართლიანობის ბეჭედი ესვა, რაც ადამიანს მისი შენიშვნების სისწორეში არწმუნებდა.      ივლისის რევოლუციის შემდეგ ფუჟერი ყოველ გამოფენაზე ათიოდე სურათს წარადგენდა ხოლმე. ჟიური აქედან ოთხს ან ხუთს იღებდა. გრასუ უაღრესი მომჭირნეობით ცხოვრობდა. ერთი მოახლე ჰყავდა მხოლოდ. მის ერთადერთ გასართობს მეგობრებთან ერთად სტუმრად სიარული და ხელოვნების ნიმუშების დათვალიერება წარმოადგენდა. ხანდახან თავის თავს საფრანგეთში პატარ-პატარა მოგზაურობის ნებას აძლევდა. ოცნებობდა შვეიცარიაში წასვლაზე - შთაგონების მისაღებად. ეს უმსგავსი მხატვარი შესანიშნავი მოქალაქე გახლდათ: ნაციონალური გვარდიის გუშაგად დგებოდა, სამხედრო შემოწმებაზე დადიოდა, ბინის ქირას და სხვა გადასახადებს უაღრესი ბურჟუაზიული სიზუსტით იხდიდა. შრომასა და სიღატაკეში ჩაფლულს არასოდეს სიყვარულისთვის არ მოუცლია. აქამდე უცოლოდ დარჩენილსა და ხელმოკლე ცხოვრებაში ჩაძირულს სრულებითაც არ სურდა თავისი ესოდენ მარტივი არსებობა გაერთულებინა. გასამდიდრებლად რაიმე გზის გამოძებნის უნარი არ შესწევდა. სამაგიეროდ, ყოველ სამ თვეში ერთხელ ნოტარიუს კარდოსთან თავისი დანაზოგი და მოგება მიჰქონდა. მოუგროვდებოდა თუ არა ათასი ეკიუ, ნოტარიუსი გრასუსათვის საგირავნო ქაღალდს ყიდულობდა: დამგირავებელს, ამ ქაღალდის თანახმად, დავალიანების შემთხვევაში ქონების გაყიდვის უფლება ეზღუდებოდა, ასევე მის მეუღლესაც, თუ დამგირავებელი ცოლიანი იყო. პროცენტებზეც ნოტარიუსი ზრუნავდა და მათ გრასუ დე ფუჟერის თავნს უმატებდა. მხატვარი მოელოდა იმ ბედნიერ წუთს, როცა მისი დაკვეთები მნიშვნელოვან რიცხვს მიაღწევდა და ორი ათას ფრანკს წლიურ შემოსავალს მოუტანდა. მაშინ კი უფლება მიეცემოდა, ლაღად გაეშალა ფრთები და დასწაფებოდა მხატვრის otium cum dignitate-ს. ო, რა სურათებს შექმნიდა! ბოლოს და ბოლოს, ნამდვილ სურათებს! დასრულებულს, პირდაპირ გასაგიჟებელს, ადამიანის ყოველგვარ წარმოდგენას გადაცილებულს! ხომ არ გსურთ გაიგოთ მისი ოცნება მომავალზე, ბედნიერებაზე, მისი იმედების უმაღლესი მწვერვალი? უნდოდა, გამხდარიყო აკადემიის წევრი, მიეღო საპატიო ლეგიონის ოფიცრის ჯვარი, შინერსა და ლეონ დე ლორას გვერდით ამოდგომოდა და აკადემიაში ჟოზეფ ბრიდოზე ადრე მოხვედრილიყო! საღილეში ორდენის ლენტი! რა ოცნებაა! მხოლოდ უნიჭოებს შეუძლიათ ყველაფერზე ფიქრი!       გაისმა თუ არა კიბეზე ნაბიჯების ხმა, ფუჟერმა ქოჩორი გადაივარცხნა, ბოთლისფერი ხავერდის ხალათი შეიკრა და უნდა გენახათ მისი გაკვირვება, როდესაც კარებში გამოჩნდა ადამიანის ისეთი თავი, რასაც მხატვართა სახელოსნოებში მდაბიურად «გოგრას» ეძახიან. ეს ნაყოფი ჟღარუნა ზინზილაკებით მორთულ ლურჯ მაუდში გამოწყობილ საზამთროზე იყო მიმაგრებული, გოგრა დელფინივით ქშინავდა; საზამთრო მოძრაობდა თალგამებით, რისთვისაც შეცდომით ფეხები დაერქმიათ. ჭეშმარიტი მხატვარი ბოთლების ვაჭრუკანას ამგვარ კარიკატურას შექმნიდა, მერე იტყოდა, ბოსტნეულს არ ვხატავო და მაშინვე გარეთ გააგდებდა. ფუჟერს კი დამკვეთის დანახვაზე სულაც არ გასცინებია - ბატონი ვერველის პერანგს ხომ ათას ეკიუდ ღირებული ბრილიანტი ამშვენებდა.      მხატვარმა მაგიუსს გადახედა და იმ დროს სახელოსნოებში მიღებული ჟარგონით აღნიშნა: მსუქანი ნაჭერია!       ამ სიტყვების გაგონებაზე ბატონმა ვერვილმა კოპები შეიკრა, ბურჟუა წინ მიუძღოდა ბოსტნეულის სხვა რთულ ჯიშებს - მეუღლესა და ასულს თვისას. ცოლს პირისკანი გადაღებილ წითელ ხეს მიუგავდა. აღნაგობით ქამარგადაჭერილ ქოქოსის კაკალს ჰგავდა, თავით დაგვირგვინებულს. ქოქოსის კაკალი ფეხებზე მოგორავდა და შავზოლებიან ყვითელ კაბაში იყო გახვეული. მას ამაყად გაეფარჩხა თითები, რომლებზედაც ვიტრინაში გამოფენილი ხელთათმანებივით გაბერილი ექსტრავაგანტური მიტენები წამოეცვა. ჩამოფხატულ შლიაპაზე პირველი კლასის კატაფალკის ბუმბულები ირხეოდა. წინ და უკან ერთნაირად ამობურცულ მხრებს მაქმანები უმკობდა. ამგვარად უზადო გახლდათ სფერული ფორმა ქოქოსის ნაყოფისა. მისი ფეხები, სწორედ იმ ჯურისა, მხატვრები რომ მორგვებს უწოდებენ, ექვსკეცად ამოფუებულიყო გალაქულ ფეხსამოსიდან: ნეტავ როგორ ჩაეტია ეს ფეხები ფეხსაცმელში? არ ვიცით.       დედ-მამას მოსდევდა ქორფა სატაცური, მწვანე და ყვითელი თავისი კაბის წყალობით. პატარა თავზე რომაელების სათაყვანო მოყვითალო-სტაფილოსფერი თმა გადაეჭიმა. ბუსუსიანი მკლავები ჰქონდა. საკმაოდ თეთრ კანზე ჭორფლი ეყარა. დიდ, გულუბრყვილო თვალებს თეთრი წამწამები და თხელი წარბები უმშვენებდა. იტალიურ ჩალის შლიაპაზე თეთრი ატლასი ევლო და ატლასისვე ორი უმწიკვლო ბაფთა ეკეთა. კდემამოსილი წითელი ხელები ჰქონდა და დედის ფეხები.      სახელოსნოს დათვალიერებისას ამ სამი ქმნილების ბედნიერ გამომეტყველებას დაეტყო პატივისცემის გრძნობით გამსჭვალული აღტაცება ხელოვნებისადმი. - ბატონო ჩემო, მაშ, თქვენ იკისრეთ ჩვენისთანების დახატვა? - გმირულად იკითხა ოჯახის მამამ. - დიახ, ბატონო, - მიუგო გრასუმ. - ვერველ, ჯვარი ჰქონია, - უჩურჩულა ცოლმა ქმარს, როცა მხატვარმა მათ ზურგი შეაქცია. - აბა, რა გეგონა, ისეთ მხატვარს შევუკვეთდი ჩვენს პორტრეტებს, რომ ორდენით არ ყოფილიყო დაჯილდოებული? - უპასუხა ყოფილმა ბოთლებით მოვაჭრემ.      ელიას მაგიუსი ვერველთა ოჯახს გამოემშვიდობა და ოთახიდან გავიდა. გრასუმ კიბემდე გააცილა. - თქვენს მეტი ვერავინ შეძლებდა ამ სფეროების ანკესზე წამოგებას. - ასი ათასი ფრანკი მზითვად! - ჰო, მაგრამ ოჯახსაც შეხედეთ! - მომავალში სამი ათასი ფრანკი, ვილ დ’ავრეიში აგარაკი, სახლი ბუშერას ქუჩაზე. - ბუშერა, ბოთლი, საცობი, დაცობა... - ჩაიქილიკა მხატვარმა. - სიცოცხლის დანარჩენ დღეებს უზრუნველად გაატარებთ, - უთხრა ელიასმა.      ეს აზრი ისე შეიჭრა პიერ გრასუს თავში, როგორც დილის შუქი - მანსარდაში და როცა ნორჩი ასულის მამა დასახატავად მოამზადა, მისი გამომეტყველება უკვე კეთილი ეჩვენა და მისი სახის მკვეთრი ტონებითაც აღფრთოვანდა. გრასუს ყოველგვარ მზადებას ხატვისათვის დედა-შვილი აღტაცებაში მოჰყავდა. მხატვარს გარს დაჰფარფატებდნენ და ღმერთივით შესციცინებდნენ. ეს აშკარა გაღმერთება გულზე სალბუნად მოედო ფუჟერს. ოქროს ვერძმა ვერველთა ოჯახი ფანტასტიური შარავანდედით განაცისკროვნა. - ალბათ, უთვალავ ფულს შოულობთ და ისევე ფანტავთ, როგორც შოულობთ? - აღმოხდა დედას. - არა, ქალბატონო, - მიუგო მხატვარმა, - არაფერსაც არ ვფანტავ. თავშესაქცევად ფული სად მაქვს. ჩემს შემოსავალს ნოტარიუსი პატრონობს. მისი ასავალ-დასავალი იმან იცის. ჩავაბარებ ფულს და მორჩა, მასზე აღარც ვფიქრობ. - მე კი მეუბნებოდნენ, - შეჰყვირა მამა ვერველმა, - ყველა მხატვარი ჯიბეგახვრეტილიაო. - თუ თავხედობად არ ჩამომართმევთ, მითხარით, ვინ არის თქვენი ნოტარიუსი? - იკითხა ქალბატონმა ვერველმა. - ერთი ჩინებული ყმაწვილი, მეტად პატიოსანი, კარდო. - ამას დახედე, რა ოინია! - შეჰყვირა ვერველმა. - კარდო ხომ ჩვენი ნოტარიუსიცაა. - ნუ მოძრაობთ, - მიმართა მხატვარმა ვერველს. - აბა, წყნარად იჯექი, ანტენორ, - უთხრა ცოლმა. - არაფერი გააფუჭებინო ბატონ ფუჟერს. რომ ხედავდე, როგორ მუშაობს, მაშინ მიხვდებოდი... - ღმერთო ჩემო, რატომ არ მასწავლეთ ხატვა? - უთხრა მადმუაზელ ვერველმა მშობლებს. - ვირჟინი, მაგას რას ამბობ? - შესძახა დედამ, - ყმაწვილმა ქალმა არ უნდა იცოდეს ზოგიერთი რამ! როცა გათხოვდები... მაშინ შენი ნებაა! მანამდე კი ჭკუით იყავი. პირველი სეანსის დროს ვერველთა ოჯახი თითქმის დაუმეგობრდა პატიოსან მხატვარს. სახელოსნოდან გავიდნენ თუ არა, დედ-მამამ ვირჟინის უთხრა, წინ გაგვიძეხიო. მშობლებსა და შვილს შორის საკმაო მანძილი იყო, მაგრამ ასულმა მაინც მოჰკრა ყური ქვემომოყვანილ სიტყვებს, რომელთა აზრს არ შეიძლებოდა ქალიშვილისათვის ცნობისმოყვარეობა არ აღეძრა. - კაცი ორდენითაა დაჯილდოებული... ოცდაჩვიდმეტი წლისაა... დაკვეთები აქვს და დანაზოგს ჩვენს ნოტარიუსთან ინახავს... რას იტყვი, კარდოს ხომ არ შევეკითხოთ? კარგია, გიწოდებდნენ ქალბატონ ფუჟერს!.. ცუდი კაცი არ ჩანს!.. იქნებ თქვა, ვაჭარი ჯობსო?.. რა იცი, სანამ ვაჭარი საქმიდან არ გადადგება, ვერ გაიგებ, რა მოელის შენს შვილს... ხელმომჭირნე მხატვარი კი... თანაც ჩვენ ხელოვნება გვიყვარს... და ბოლოს და ბოლოს!..      იმ დროს, როდესაც ვერველთა ოჯახი პიერ გრასუზე ბჭობდა, პიერ გრასუ ვერველთა ოჯახზე ფიქრობდა. სახელოსნოში ვეღარ მოისვენა და ბულვარზე გაისეირნა. გამვლელ-გამომვლელ მწითურ ქალებს დაუწყო თვალთვალი. თავში მეტად უცნაური აზრები მოსდიოდა: ოქრო უმშვენიერესი ლითონია. ყვითელი ფერი ოქროს გვაგონებს. რომაელებს მწითური ქალები მოსწონდათ. გრასუც რომაელი გახდა და ასე შემდეგ. ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ ნეტავ რომელი მამაკაცი ფიქრობს ცოლის ფერზე? სილამაზე წარმავალია... მაგრამ სიმახინჯე რომ რჩება!.. ფული ბედნიერების საწინდარია... ღამით, დაწოლისას, მხატვარი ვირჟინი ვერველს უკვე მომხიბვლელად თვლიდა.      ხოლო, როდესაც სამივე ვერველი მეორე სეანსისათვის დანიშნულ დღეს გამოცხადდა, მხატვარი მათ თავაზიანი ღიმილით შეეგება. არამზადას წვერი შეესწორებინა, ქოჩორი საამურად გადაევარცხნა, თეთრი პერანგი ჩაეცვა, საუკეთესო შარვალი შეერჩია და წითელ, ჭვინტაწეულ წაღებში გამოწყობილიყო. ოჯახმა გრასუს ალერსიანი ღიმილითვე უპასუხა. ვირჟინი საკუთარი თმისფრად შეიფაკლა, თვალები დახარა, პირი მიიბრუნა და ეტიუდების დათვალიერება დაიწყო. პიერ გრასუ ამ საცოდავმა მანჭიაობამ აღტაცებაში მოიყვანა. ვირჟინის ცოტაოდენი სინაზე გააჩნდა. საბედნიეროდ, არც მამას ჰგავდა და არც დედას. მაშ, ვიღას ჰგავდა? - ოჰ, მივხვდი, - გაიფიქრა მხატვარმა, - დედამ, ალბათ, ნაცნობს შეხედა.      სეანსის დროს ფუჟერსა და ვერველთა ოჯახს შორის კვიმატი სიტყვების დიდი შეხლა-შემოხლა გაიმართა და მხატვარს იმდენი სითამამე ეყო, რომ მამა ვერველი გონებამახვილ ადამიანად გამოაცხადა. ამ ქათინაურების შემდეგ გრასუს გულმა სწრაფად გაუღო კარი ვერველთა საგვარეულოს და ვირჟინის მხატვარმა ერთი ჩანახაზი აჩუქა, ხოლო დედამისს - ერთი ესკიზი. - უფასოდ? - იკითხეს ქალებმა.      პიერ გრასუმ ღიმილი ვერ შეიკავა. - ეგრე არ უნდა არიგებდეთ სურათებს, ეს ხომ ფულია, - უთხრა ვერველმა.      მესამე სეანსზე მამა ვერველი თავისი მშვენიერი სურათების გალერეაზე ალაპარაკდა, ვილ დ’ავრეის აგარაკზე რომ ჰქონდა. ჩამოთვალა რუბენსი, ჟერარ ჟოუ, მიერისი, ტერბორხი, რემბრანდტი, ტიციანი, პოლ პოტერი და სხვა. - ბატონმა ვერველმა ბევრი სიგიჟე ჩაიდინა, - გოროზად წარმოთქვა ქალბატონმა ვერველმა, - ასი ათასი ფრანკის სურათები აქვს შეძენილი. - მე ხელოვნება მიყვარს, - განაცხადა ყოფილმა ბოთლებით მოვაჭრემ.      როცა ფუჟერმა ქალბატონი ვერველის პორტრეტის ხატვა დაიწყო, ხოლო მისი მეუღლისა თითქმის დაასრულა, ვერველთა ოჯახის აღტაცებას საზღვარი აღარ ჰქონდა. ნოტარიუსმა დიდი ქება-დიდებით მოიხსენია მხატვარი. მისი აზრით, პიერ გრასუზე პატიოსანი კაცი დედამიწის ზურგზე არ დადიოდა. ნოტარიუსმა ისიც აღნიშნა, რომ ფუჟერი ერთ-ერთი ყველაზე დარბაისელი მხატვარია, თანაც ოცდათექვსმეტი ათასი ფრანკი აქვს მოგროვილი და მისი სიღარიბის დღეები წარსულს ჩაბარდაო. ახლა, თქვა მან, წელიწადში ათი ათას ფრანკს იღებს, პროცენტები თავნში გადააქვს და, რაც მთავარია, მას არ ძალუძს ქალის გაუბედურებაო. ეს უკანასკნელი მოსაზრება უდიდეს სიმძიმედ დაეშვა სასწორზე. ვერველთა მეგობრებს სახელგანთქმული ფუჟერის ხსენებით ყურები გამოუჭედეს. იმ დღეს, როდესაც გრასუმ ვირჟინის პორტრეტის დახატვა დაიწყო, იგი უკვე in petto სიძე გახლდათ ვერველებისა. სამივე ვერველი იფურჩქნებოდა სახელოსნოში, რომელსაც უკვე თავიანთ ერთ-ერთ სამფლობელოდ თვლიდნენ. მათთვის გამოუცნობი მიმზიდველობა იფარებოდა ამ სუფთა, მილაგებულ, კოპწია, არტისტულ ოთახში. Abyssus a byssum - ბურჟუა იზიდავს ბურჟუას.       სეანსის დასასრულს კიბე აჭრიალდა, კარი უხეშად გაიღო და გააფთრებული, გაწეწილი, გატანჯული ჟოზეფ ბრიდო შემოვარდა. თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. შემოურბინა სახელოსნოს და უცბად გრასუს მივარდა, თან რედინგოტის მუცელთან შეკვრას ცდილობდა, თუმცა ამაოდ - ღილი მაუდის ბუდიდან ამოვარდნილიყო. - ცუდადაა საქმე, - უთხრა მან გრასუს. - ჰოო! - მტერი ფეხდაფეხ მომდევს... მოიცა, ეს რა საგნებსა ხატავ? - აბა, გაჩუმდი! - ჰო, კარგი.      ამ უცნაური კაცის გამოცხადებით უაღრესად აღშფოთებულმა ვერველთა ოჯახმა თავისი ჩვეულებრივი წითელი ფერი შეიცვალა იმ მეწამული ალუბლისფერით, აგიზგიზებულ კოცონში რომ გამოკრთის ხოლმე. - ესეც შემოსავალი! - განაგრძო ჟოზეფმა. - გამოჩნდა ოქროს მადანი საბადოებში? - ბევრი გინდა? - ხუთასი... ერთი ისეთი ძაღლის ჯიშის ჩარჩი მომდევს, რომ თუ კბილი ჩაგავლო, მორჩა, არ მოგშორდება, სანამ ხორცს არ ამოგგლეჯს. ეს რა მოდგმაა! - ახლავე რამდენიმე სიტყვას მიგიწერ ჩემს ნოტარიუსთან... - დახე, ნოტარიუსიცა გყავს? - ჰო. - ახლა კი მესმის, რატომაც არ ანებებ თავს ვარდისფერი ლოყების ხატვას. სწორედ მისწრებაა პარფიუმერიის ვიტრინისათვის.      როგორ არ უნდა გაწითლებულიყო გრასუ, - იგი ხომ ვირჟინის ხატავდა. - რატომ ისეთს არ ხატავ, როგორიცა არის ეს ქალიშვილი, - აღნიშნა დიდმა მხატვარმა და განაგრძო: - ქალი მწითურია, მერე რა, განა ეს მომაკვდინებელი ცოდვაა? მხატვრისათვის ყველაფერი შესანიშნავია. მიუმატე სინგური შენს პალიტრას. გამოაცოცხლე ეგ ლოყები, დაუწინწკლე ზედ თავისი ყავისფერი ხალები. აქ კი ზეთი მიუმატე. რაო, ბუნებაზე ჭკვიანი ხომ არ გინდა იყო? - მოდი, აქ დაჯექი, - უთხრა ფუჟერმა, - სანამ ბარათს დაგიწერ, შენ დახატე.      ვერველი მაგიდასთან მიგორდა და გრასუს ჩასჩურჩულა: - ეს ვიგინდარა ხომ ყველაფერს გააფუჭებს. - მაგას რომ მოესურვებინა თქვენი ვირჟინის პორტრეტის შესრულება, ჩემზე ათასჯერ უკეთესად დახატავდა, - გულისწყრომით უპასუხა ფუჟერმა.      ამის გაგონებაზე ბურჟუამ თვინიერად დაიხია ცოლისაკენ. გარეული მხეცის შემოჭრით გაშტერებული ქალბატონი ვერველი კი ვერ დამშვიდებულიყო, რაკი ამ მხეცს თავისი ასულის პორტრეტის ხატვაში გარეულს ხედავდა. - აჰა, ამ მონახაზს მიჰყევი, - უთხრა ბრიდომ გრასუს, რომელსაც წერილი გამოართვა და პალიტრა დაუბრუნა, - არ ვიცი, როგორ გადაგიხადო მადლობა! ახლა კი შემიძლია არტეზის სასახლეში დავბრუნდე: სასადილო დარბაზს ვუხატავ, ლეონ დე ლორა კი კარის ზემოთ ფრესკებს ხატავს. შესანიშნავია. მოდი, გვნახე.      ვირჟინის მზერით საკმაოდ თავმობეზრებული ბრიდო არავის გამომშვიდობებია, ისე გავიდა სახელოსნოდან. - ვინ არის ეგ კაცი? - იკითხა ქალბატონმა ვერველმა. - დიდი ხელოვანი, - მიუგო გრასუმ.      ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. - ნამდვილად დარწმუნებული ბრძანდებით, - მიმართა ვირჟინიმ, -რომ მან ჩემს პორტრეტს ზიანი არ მიაყენა? ძალიან კი შემაშინა. - პირიქით, კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია, - უპასუხა გრასუმ. - თუკი ეგ დიდი ხელოვანია, მაშინ მე თქვენნაირი დიდი ხელოვანი მირჩევნია, - განაცხადა ქალბატონმა ვერველმა. - არა, დედიკო, ბატონი ფუჟერი უფრო დიდი ხელოვანი ბრძანდება. ის მე მთლიანად დამხატავს, -აღნიშნა ვირჟინიმ.       გენიოსის საქციელმა ააფორიაქა ეს ყოვლად წესიერი ბურჟუები.      დგებოდა შემოდგომის ის პერიოდი, რასაც ესოდენ საამურად «წმიდა მარტენის ზაფხული» ეწოდება. გენიალურ ადამიანებთან ურთიერთობას შეუჩვეველმა ვერველმა ძლივს გაბედა მომავალი კვირისათვის თავის აგარაკზე ფუჟერის მოწიწებით მიპატიჟება. მან იცოდა, რომ მხატვრისათვის ბურჟუას ოჯახი სულ არ იყო მიმზიდველი. - თქვენნაირ ხალხს, - უთხრა ვერველმა ფუჟერს, - განცდები სჭირდება, ღირსშესანიშნავი სანახაობანი და განსწავლულ ადამიანებთან შეხვედრა. მე მხოლოდ კარგი ღვინით შემიძლია გაგიმასპინძლდეთ და თანაც ჩემი გალერეის იმედი მაქვს - გაგიქარვებთ მოწყენილობას, რაც არ შეიძლება თქვენისთანა მხატვარმა ვაჭართან ყოფნისას არ იგრძნოს.      ამგვარი თაყვანისცემა განსაკუთრებით ესალბუნებოდა მხატვრის თავმოყვარეობას და აკი დაახვია კიდეც თავბრუ ქათინაურებს მიუჩვეველ საცოდავ პიერ გრასუს. ეს პატიოსანი მხატვარი, ეს სამარცხვინო უნიჭობა, ოქროს გული, ალალ-მართალი კაცი, გონებაჩლუნგი მხატვარი - მეფის ბრძანებით საპატიო ლეგიონის ორდენით დაჯილდოებული სანაქებო ყმაწვილი, მთელი თავისი საჭურველით შეიარაღდა და ვილ დ’ავრეისაკენ გაემგზავრა, რათა იქ წლის უკანასკნელი მშვენიერი დღეებით დამტკბარიყო.      მხატვარი ვილ დ’ავრეიში სულ უბრალოდ, სახალხო ეტლით ჩავიდა. აქ უნებურად მოიხიბლა ბოთლებით მოვაჭრის თვალწარმტაცი აგარაკით, რაც ხუთ არპანზე გადაჭიმულ პარკში გაეშენებინათ, ვილ დ’ავრეის ყველაზე მაღლობ ადგილას, საიდანაც შესანიშნავად მოჩანდა მიდამოები. ვირჟინის ცოლად შერთვა მშვენიერი აგარაკის დაპატრონებას ნიშნავდა. ვერველები მხატვარს ისე გულიანად, სიხარულით, აღფრთოვანებით და ისეთი მეშჩანური გულღიაობით შეხვდნენ, რომ ფუჟერი შეკრთა. ეს იყო ბრწყინვალე გამარჯვების დღე. სასიძო შეყვითლებულ ხეივანში გაასეირნეს. ხეივანი გულმოდგინედ დაესუფთავებინათ, სწორედ ისე, დიდი და ცნობილი ადამიანის ჩამოსვლას რომ შეეფერებოდა. ბუჩქები შეეკვეცათ. თვით ხეებიც თითქოს დაევარცხნათ, სოფლის სუფთა ჰაერში სამზარეულოს უსაზღვროდ გამამხნევებელი სურნელება იფრქვეოდა. ამ სახლში ყოველივე ამბობდა: «ჩვენთან სახელგანთქმული ხელოვანი ჩამობრძანდა!»      მამილო ვერველი თავის ბაღში ვაშლივით მიგორავდა, მისი ასული გველთევზასავით მიიკლაკნებოდა, ხოლო დედა კეთილშობილური გამომეტყველებით ღირსეულად მიაბიჯებდა. შვიდი საათის განმავლობაში ეს სამი არსება პიერ გრასუს ერთი წუთითაც არ მოშორებია. სადილის შემდეგ, რომლის ხანგრძლივობა სუფრის სიუხვეს შეეფარდებოდა, ბატონსა და ქალბატონ ვერველთ დაუდგათ ზეიმის უმნიშვნელოვანესი წუთი: სურათებისათვის ხელსაყრელად გაჩირაღდნებულ გალერეისკენ გაუძღვნენ სტუმრებს - დიდებული მხატვრის საპატივცემულოდ მოწვეული სამი მეზობელი, სამთავე ყოფილი ვაჭარი, ბიძა, ვისაც მემკვიდრეობა დარჩებოდა, ერთი შინაბერა ვერველი და სხვა სტუმრები გრასუს გალერეაში შეჰყვნენ. ყველას სურდა გაეგო, რა აზრს გამოთქვამდა დიდი ოსტატი მამილო ვერველის სახელგანთქმული გალერეის შესახებ, რადგანაც ბატონ ვერველს ისინი გაეყრუებინა თავისი სურათების ზღაპრულ ღირებულებაზე ლაპარაკით. ბოთლებით მოვაჭრე თითქოს ეჯიბრებოდა კიდეც მეფე ლუი-ფილიპს და ვერსალის გალერეებს. საუცხოო ჩარჩოში ჩასმულ ტილოებს პატარა ფირფიტები ჰქონდა მიკრული. ფირფიტების ოქროსფერ ფონზე შავი ასოებით ეწერა: რუბენსი. «ფავნებისა და ნიმფების ცეკვა».      რემბრანდტი. «ანატომიის დარბაზი. დოქტორი ტრომპი თავის მოწაფეებს ლექციას უკითხავს. გამოეფინათ ასორმოცდაათი პრიალა და ფაქიზად მოვლილი ტილო. ზოგიერთისათვის მწვანე ფარდა ჩამოეფარებინათ. ფარდის გადაწევა ნორჩ ასულთა თანდასწრებით არ შეიძლებოდა.      მხატვარი გაშეშდა ხელებჩამოყრილი, პირდაღებული და ხმაჩაწყვეტილი. ამ სურათების ნახევარი მას ეკუთვნოდა. თავადვე იყო რუბენსიც, პოლ პოტერიც, მიერისიც, მეტსუც, ჟერარ დოუც! მხოლოდ ერთი გრასუ ოც დიდ მხატვარს წარმოადგენდა. - რა მოგივიდათ, რატომ გაფითრდით? - შვილო, ჩქარა წყალი! - შეჰყვირა დედა ვერველმა.      მხატვარმა მამა ვერველის ფრაკის ღილს ხელი ჩაავლო და ერთ კუთხესთან მიიყვანა, ვითომდაც მურილიოს ნახვა უნდოდა: იმ ხანებში ესპანური სურათები მოდაში იყო. - ეს ტილოები ელიას მაგიუსთან შეიძინეთ? - დიახ, ყველა დედანია! - ჩვენს შორის დარჩეს, მითხარით, რამდენად მოგყიდათ, მე რომ მიგითითებთ, ის სურათები?      ორთავემ გალერეას შემოუარა. მხატვარმა სტუმრები აღაფრთოვანა, მასპინძლის თანხლებით ესოდენ ყურადღებით რომ ათვალიერებდა შესანიშნავ ქმნილებებს. - სამი ათასი ფრანკი! - დაბალი ხმით თქვა ვერველმა, როცა უკანასკნელ ტილოს მიუახლოვდა, - მაგრამ ყველას ვეუბნები, ორმოცი ათასი ფრანკი მივეცი-მეთქი. - ორმოცი ათასი ფრანკი ტიციანში? - ხმამაღლა შესძახა მხატვარმა, - ეს ხომ სულ მუქთაა!.. - აკი მოგახსენეთ, ჩემი სურათები ასი ათასი ეკიუ ღირს! - შეჰყვირა ვერველმა. - ეს სურათები ჩემი დახატულია, - ჩასჩურჩულა მას პიერ გრასუმ. - და ყველა ერთად ათი ათას ფრანკზე მეტად არ გამიყიდია. - დამიმტკიცეთ ეგ, - უთხრა ბოთლებით მოვაჭრემ, - და ჩემს ქალიშვილს მზითევს გავუორკეცებ, რადგან მაშინ თქვენ ყოფილხართ თვით რუბენსიც, რემბრანდტიც, ტერბორხიც, ტიციანიც! - ხოლო მაგიუსი - სურათების სახელოვანი ვაჭარი! - დასძინა გრასუმ. მისთვის ახლა ნათელი გახდა, თუ რატომ ეძლეოდა მის ტილოებს მოძველებული იერი და რისთვის იყო საჭირო ის სიუჟეტები, რომლებსაც ჩარჩი უკვეთდა გრასუს.       ბატონ ფუჟერს, როგორც მიმართავდა ყოველთვის პიერ გრასუს ვერველთა ოჯახი, ამ შემთხვევის წყალობით თაყვანისმცემელთა პატივისცემა სრულებითაც არ მოჰკლებია. პირიქით, იგი ისე ამაღლდა, რომ ვერველთა ოჯახს პორტრეტები უფასოდ დაუხატა და მიუძღვნა, რაღა თქმა უნდა, თავის სიმამრს, სიდედრსა და მეუღლეს.       დღეს პიერ გრასუ სურათების არც ერთ გამოფენას არ აკლდება. ბურჟუების წრეში პორტრეტების ჩინებულ მხატვრად ითვლება. წელიწადში თორმეტი ათას ფრანკს იღებს და ხუთასი ფრანკის ტილოს აფუჭებს. მის ცოლს მზითვად მოჰყვა ექვსი ათასი ფრანკი წლიური რენტა. გრასუ სიმამრთან და სიდედრთან ბინადრობს. ვერველები და გრასუები შეხმატკბილებულად ცხოვრობენ, საკუთარი ეტლი აქვთ და ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ადამიანები არიან. პიერ გრასუ ბურჟუების წრეს არ სცილდება. აქ იგი ამ დროის უდიდეს მხატვრად მიაჩნიათ. ტრონის ქუჩის ზღუდესა და ტამპლის ქუჩას შორის მდებარე უბანში, ვინც კი მოისურვებს ოჯახური პორტრეტის დახატვას, აუცილებლად დიდ მხატვარს - პიერ გრასუს უკვეთს და არასოდეს ხუთას ფრანკზე ნაკლებს არ იხდის. აი, რას ამბობენ ბურჟუები, როცა პორტრეტს უკვეთენ ფუჟერს: «რაც გსურთ ისა ბრძანეთ და პიერ გრასუ კი თავის ნოტარიუსთან წელიწადში ოცი ათას ფრანკს ინახავს!»      12 მაისის ამბოხების დროს პიერ გრასუმ თავი ისახელა, რის გამოც საპატიო ლეგიონის ოფიცრის ჯვარი მიიღო. ახლა იგი ნაციონალური გვარდიის ათასეულის მეთაურია. აბა, როგორ შეეძლო ვერსალის მუზეუმს ესოდენ კეთილგანწყობილი მოქალაქისათვის ბატალური სურათის დახატვა არ დაევალებინა. ეს მოქალაქე პარიზის ქუჩებში განგებ დაეხეტება, რათა თავის ამხანაგებს გადაეყაროს და ვითომც, სხვათა შორის, მოახსენოს: «მეფემ ბატალური სურათი დამიკვეთა.       ქალბატონი ფუჟერი აღმერთებს ქმარს, ვისაც ორი შვილი აჩუქა. ამ მხატვარს, სანიმუშო მამასა და მეუღლეს, თავიდან არ სცილდება ერთი საბედისწერო აზრი: მხატვრები მასხრად იგდებენ, მის სახელს სახელოსნოებში დაცინვის გამოსახატავად ხმარობენ. კრიტიკოსები მის შრომას ყურადღებას არ აქცევენ. გრასუ მაინც განაგრძობს მუშაობას და ოცნებობს აკადემიაზე, სადაც აუცილებლად მოხვდება. თანაც მის გულს სიხარულით ავსებს ერთგვარი შურისძიება: გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი სახელგანთქმული მხატვრების სურათებს ყიდულობს და ვილ დ’ავრეიში არსებულ ნათითხნ ტილოებს ცვლის ნამდვილი შედევრებით, რაც მას არ ეკუთვნის.       ბევრია პიერ გრასუსავით უნიჭო ადამიანი: ესენი უნიჭობასთან ერთად ბოროტები და ჭირვეულები არიან, პიერ გრასუ კი უჩუმარი ქველმოქმედია და თან უებრო თავაზიანობით გამოირჩევა. პარიზი, დეკემბერი, 1839 წელი. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 5:19pm on მარტი 1, 2015
თემა: კვლევა ინტერნეტში: ექსპერიმენტები, ინტერვიუები, მასალების ძიება და სიმულაციები
მოყენებით ექსპერიმენტების ოთხ ძირითად ტიპს გამოყოფენ: ექსპერიმენტები, რომლებიც სტატიკურ ბეჭდვით მასალებს იყენებენ (მაგალითად, დაბეჭდილი ტექსტი ან გრაფიკული გამოსახულებები); მეორეა ისინი, რომლებიც არაბეჭდვით მასალებს იყენებენ (მაგალითად, ვიდეო-აუდიო); მესამეა რეაქციის დროის ექსპერიმენტები; და ბოლოს, მეოთხეა ექსპერიმენტები, რომლებიც გარკვეული ფორმის პიროვნებათშორის ურთიერთქმედებას მოიცავენ. (Hewson et al. 2003: 48)       პირველი ტიპის ექსპერიმენტი გამოკითხვას იმით ჰგავს, რომ რესპონდენტებს ელექტრონული ფოსტით ან ვებგვერდის მეშვეობით ეგზავნებათ მზა მასალები (მაგალითად, გრაფიკულად წარმოდგენილი მასალები) და ექსპერიმენტული ზემოქმედება, ანუ, ჩარევა სხვადასხვა ჯგუფებისთვის სხვადასხგვარი მასალის გაგზავნა იქნება. აქაც ძალაში რჩება ყველა ის გაფრთხილება და კომენტარი, რომელიც გამოკითხვაზე საუბრისას ითქვა, განსაკუთრებით, ჩამოტვირთვის დროსთან, განსხვავებულ ვებ ნავიგატორებთან და პლატფორმებთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა, ჩამოტვირთვის საკითხი მეორე ტიპის ინტერნეტ-ექსპერიმენტს უფრო ეხება, რომელშიც ვიდეო და აუდიო მასალები გამოიყენება და პროგრამული უზრუნველყოფის ზოგი პაკეტი ჩვენების უფრო მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს, ზოგი კი - გაცილებით დაბალს, იმისდა მიუხედავად, რომ ორიგინალი “ფაილი” ყველასთვის ერთი და იგივეა. ამ საკითხის მოგვარება შეიძლება ან ისეთი მასალების მიწოდებით, რომელთა ოპტიმალურად გაშვება ყველაზე ნელ კომპიუტერზეც კი შესაძლებელია (Hewson et al. 2003: 49), ან ექსპერიმენტის წარმატებით წარმოებისთვის აუცილებელი მინიმალური აპარატურული მოთხოვნების დაწესებით.       რეაქციის დროის ექსპერიმენტები, რომლებიც დროის ძალიან ზუსტად გაზომვას (მაგალითად, მილიწამებით) საჭიროებენ, ძნელი ჩასატარებელია მანძილზე, ვინაიდან განსხვავებული პლატფორმები და პიკის საათებში მომხმარებლებით გადატვირთული ინტერნეტ-ხაზები პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიან სტანდარტიზაციას. აქედან ერთ-ერთი გამოსავალია, ექსპერიმენტი ჯერ ჩამოიტვირთოს, შესრულდეს, შემდეგ უკან აიტვირთოს და გაიგზავნოს.       მეოთხე ტიპის ინტერნეტ-ექსპერიმენტები ურთიერთქმედებას მოიცავს და ინტერნეტ-ინტერვიუირებას (მოგვიანებით განვიხილავთ) ჰგავს, რომელიც “ჩატის” მეშვეობით ხორციელდება. თუმცა, ეს მხოლოდ წერილობითი ურთიერთობაა და ამიტომ, ამ ურთიერთობაში გამორიცხულია ინტონაციები, ხმის მოდულაცია, მერყეობა, არავერბალური მანიშნებლები, დამატებითი ლინგვისტური და პარალინგვისტური ფაქტორები. გარკვეული აზრით, ეს არასრული, არასაკმარისი პროცესია, თუმცა, ამას მზარდი ხელმისაწვდომობა და მარტივი ვებკამერების გამოყენება ამსუბუქებს. ფაქტობრივად, ინტერნეტის ეპოქაში ბოლოდროინდელი ტექნოლოგიური წინსვლა აფართოებს დაკვირვების გამოყენებით კვლევების ჩატარების შესაძლებლობას.       რეიპსი (2002a) აღნიშნავს, რომ ლაბორატორიულ ექსპერიმენტებთან შედარებით, ინტერნეტ-ექსპერიმენტებში უფრო მწვავედ იდგა კვლევიდან გამოთიშვის პრობლემა და გამოთიშვების სიხშირის მკვეთრი ცვალებადობა (1- დან 87 პროცენტამდე). გამოთიშვების რაოდენობა შეამცირა წამახალისებლების შეთავაზებამ, მაგალითად, ფულადმა ანაზღაურებამ ან ლატარიის ბილეთების გადაცემამ, შედეგად, კვლევის მიტოვებაში განსხავებამ 31 პროცენტი შეადგინა. ინტერნეტ-კვლევიდან გამოთიშვა მთელ რიგ ისეთ ფაქტორებს უკავშირდება, როგორიცაა, მაგალითად, მოტივაცია; რამდენად საინტერესო იყო ექსპერიმენტი; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპერიმენტის ნებაყოფლობითი ხასიათი (ამის საწინააღმდეგო მაგალითად შეიძლევა დასახელდეს სავალდებულო ექსპერიმენტები, რომელში მონაწილეობაც სტუდენტების სასწავლო პროგრამის ნაწილს შეადგენს). ზემოთ განხილული „მაღალი ბარიერის“ ტექნიკა აქაც გამოსადეგია. რეიპსი (2002b: 245 –6) იმასაც აღნიშნავს, რომ, ტექნიკური საკითხების გამო (მაგალითად, ინტერნეტ-კავშირის სიჩქარე, კომპიუტერის მუშაობის სიჩქარე, ერთდროულად გაშვებული რამდენიმე პროგრამა), შედეგების მეტი დისპერსია ინტერნეტ ექსპერიმენტებში უფრო მოსალოდნელია, ვიდრე - ტრადიციულ ექსპერიმენტებში.       მეორე მხრივ, რეიპსი (2002b: 247) ამბობს, რომ ინტერნეტ ექსპერიმენტები უფრო მიმზიდველია, ვიდრე ლაბორატორიული და ტრადიციული ექსპერიმენტები, ვინაიდან: უფრო ფართო შერჩევის გამო, მეტად განზოგადებადია; მეტი ეკოოგიური ვალიდობა აქვთ, რადგან, ჩვეულებისამებრ, მონაწილეებისთვის ნაცნობ გარემოში და მათთვის მოსახერხებელ დროს ტარდება („ექსპერიმენტი მიდის მონაწილესთან და არა პირიქით“), თუმცა, ამას მეორე მხარეც აქვს: ექსპერიმენტატორი ვერ აკონტროლებს ექსპერიმენტულ გარემოს (ღეიპს 2002b: 250); ვინაიდან მეტია ნებაყოფლობითი მონაწილეობა, მეტად აუთენტური ქცევების დაკვირვებაა შესაძლებელი.       ამ მტკიცებების მართებულობა ემპირიული საკითხია. მაგალითად, რთული და დახვეწილი პროგრამული პაკეტების (მაგალითად, ჟავა) გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ექსპერიმენტატორის კონტროლი, რადგან ამ პაკეტებს პროგრამირების სხვა ენებთანაც შეუძლიათ ურთიერთქმედება. შვარცი და რეიპსი (2001) აცხადებენ, რომ ექსპერიმენტში ჟავასცრიპტ-ის გამოყენებას 13 პროცენტით მეტი გამოთიშვის სიხშირე მოჰყვა, ვიდრე ეს გამოუყენებლობის პირობებში აღინიშნებოდა. გარდა ამისა, ერთი და იგივე მონაწილის კვლევაში რამდენჯერმე დაბრუნებას სანდოობის დაზარალება შეუძლია (ეს საკითხი ზემოთ განვიხილეთ, გამოკითხვის მეთოდებზე საუბრისას.       რეიპსი (2002a, 2002b) ინტერნეტ-ექსპერიმენტის ზოგიერთი „გააკეთე“-ს და „არ გააკეთო“-ს ჩამონათვალს გვთავაზობს. „გააკეთე“-ს რეიპსისეულ ნუსხაში ხუთი პუნქტი ხვდება: კვლევიდან გამოთიშვა დამოუკიდებელ ცვლადად აიღეთ; კვლევიდან გამოთიშვა მოტივაციური მდგენელების დასადგენად გამოიყენეთ (ანუ, დაადგინეთ ექსპერიმენტში მობეზრებისა და მოტივაციის დონეები); პირადი ინფორმაციის შესახებ კითხვები ინტერნეტ კვლევის დასაწყისში განათავსეთ. რეიპსი (2002b) გვეუბნება, რომ პირადი ინფორმაციის მოთხოვნა შეიძლება მონაწილეების ექსპერიმენტში დატოვებაში დაგვეხმაროს და ეს „მაღალი ბარიერის“ ტექნიკის ნაწილია, სადაც მონაწილეები თავად ირჩევენ კვლევის დატოვებას დასაწყისშივე და არა - ექსპერიმენტის მსვლელობისას; გამოიყენეთ ტექნიკები, რომლებიც ინტერნეტით მოპოვებული მონაცემების ხარისხის უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ (მაგალითად, ზემოთ განხილული „მაღალი ბარიერის“ და „გახურების“ ტექნიკები, ქვეშერჩევების გამოყოფა მონაცემების თანმიმდევრულობის დასადგენად და უზრუნველსაყოფად, მონაცემების ერთიანობის უზრუნველსაყოფად ერთი პაროლის გამოყენება, საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდება, კვლევიდან გამოთშვის სიხშირის შემცირება); კვლევის ასაწყობად და მის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენეთ ინტერნეტ-საშუალებები და სერვისები (გამოიყენეთ კომერციულად წარმოებული პროგრამული პაკეტები, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ დაძლეულია ტექნიკური და ვიზუალური ხასიათის პრობლემები). არსებობს ვებგვერდები (მაგალითად, ამერიკის ფსიქოლოგიური საზოგადოება), რომლებიც აცხადებენ ექსპერიმენტების შესახებ.       რეიპსის „არ გააკეთო“-ს ჩამონათვალშიც ხუთი პუნქტი შედის: არ მისცეთ გარეშე პირებს დაუცველ დირექტორიებზე მიწვდომის უფლება. ამით შეიძლება ეთიკური და სამართლებლივი მოთხოვნები დაირღვეს, ვინაიდან კონფიდენციალურ ინფორმაციაზეა საუბარი. გარდა ამისა, ამით ექსპერიმენტის სტრუქტურაზე მონაწილეებსაც შეიძლება მიუწვდეთ ხელი, რაც „გაჭუჭყიანებს“ მას; მონაწილეების კონფიდენციალური მონაცემები URL-ების მეშვეობით (Uნიფორმ რესოურცე ლოცატორს; პრობლემა იქმნება იმ შემთხვევაში, თუ რესპონდენტი GEთ ოპერატორს გამოიყენებს, რომელიც ჰტმლ გვერდის მოთხოვნის საშუალებაა, იმისდა მიუხედავად, იყენებს მოთხოვნის პარამეტრებს თუ არა) საჯარო არ გახადოთ. ეს ისევ და ისევ არღვევს ეთიკის ნორმებს; შემთხვევით არ გაამჟღავნოთ ექსპერიმენტის სტრუქტურა (რადგან ამან მონაწილის ქცევაზე შეიძლება იმოქმედოს). ეს შეიძლება ასოცირებულ ფაილში ექსპერიმენტის დეტალების ჩართვით ან იმავე დირექტორიაში ექსპერიმენტის დეტალების შემცველი ფაილის ჩაწერით მოხდეს; არ უგულებელყოთ ინტერნეტისთვის დამახასიათებელი ტექნიკური ცვალებადობა (როგორც ზემოთ ითქვა, ყველაფერმა შეიძლება დააზიანოს ექსპერიმენტი: კონფიგურაციის დეტალებმა, ვებ ნავიგატორებმა, პლატფორმებმა, გადაცემის სიხშირეებმა და პროგრამულმა პაკეტებმა); ნუ შეიტანთ მიკერძოებულობას მონაცემებში ფორმის ელემენტების არასათანადოდ გამოყენებით, როგორიცაა გაზომვის შეცდომები, სადაც გამოტოვებულმა გარკვეულმა კატეგორიებმა (მაგალითად, „ნეიტრალური“, „არ მსურს პასუხის გაცემა“, „არც ვეთანხმები და არც არ ვეთანხმები“) შეიძლება დაამახინჯოს შედეგები;       ფაქტობრივად, ინტერნეტ-გამოკითხვებსა და კითხვარებზე საუბრისას გამოთქმული მოსაზრებები ძალაშია ინტერნეტ-ექსპერიმენტების შემთხვევაშიც. ამიტომ, მკითხველს მათ გადახედვას ვურჩევთ.       რეიპსი (2002b) მიუთითებს, რომ არასწორია ინტერნეტ-ექსპერიმენტის ლაბორატორიული ექსპერიმენტის ეკვივალენტად განხილვა, ვინაიდან: ინტერნეტ-მონაწილეები თავად ირჩევენ როდის დატოვონ ექსპერიმენტი და მათ ამის გაკეთება ნებისმიერ დროს შეუძლიათ; მათ შეუძლიათ ექსპერიმენტის ნებისმიერ დროს და თავიანთ საკუთარ გარემოში წარმოება; ისინი ხშირად უფრო დიდ შერჩევებზე ტარდება, ვიდრე - ტრადიციული ექსპერიმენტები; ისინი დამოკიდებული არიან ტექნიკურ პირობებზე, ქსელის კავშირებსა და მონაწილეების კომპიუტერთან მუშაობის უნარზე; ისინი უფრო საჯაროა, ვიდრე - ტრადიციული ექსპერიმენტების უმეტესობა.       მეორე მხრივ, ის იმასაც გვაფრთხილებს, რომ ინტერნეტ-ექსპერიმენტები ლაბორატორიული ექსპერიმენტებისგან სრულიად განსხვავებულადაც არ უნდა მივიჩნიოთ, ვინაიდან: ბევრი ლაბორატორიული ექსპერიმენტი, ასევე, დამოკიდებულია კომპიუტერებზე; ლაბორატორიულ და ინტერნეტის ქსელში კვლევას ერთი და იგივე ფუნდამენტური იდეები აქვთ; ორივეს საშუალებით მსგავსი შედეგები მიიღება.       რეიპსი (2000ბ) ინტერნეტ-ექსპერიმენტების წარმოებისთვის შემდეგ რჩევებს გვთავაზობს: განიხილეთ ვებპროგრამები ექსპერიმენტული მასალების შემუშავებისთვის; სხვადასხვა პლატფორმაზე სცადეთ პილოტური ექსპერიმენტი, რათა საბოლოოდ ნათელი ინსტრუქციები გქონდეთ და თქვენი ექსპერიმენტი ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა პლატფორმაზე; გადაწყვიტეთ, იყენებთ თუ არა HTML-ს და თუ იყენებთ - განსაზღვრეთ მისი სირთულის დონე; გადაამოწმეთ ექსპერიმენტები კონფიგურაციის შეცდომებისა და სხვადასხვა კომპიუტერებს შორის განსხვავებების თვალსაზრისით; ექსპერიმენტი რამდენიმე ვებგვერდსა და სერვერზე განათავსეთ; შედარებისათვის ექსპერიმენტი ინტერნეტ-კავშირის (ონლინე) და კავშირის გარეშე (ოფფლინე) რეჟიმებში აწარმოეთ; გამოიყენეთ „გახურების“ და „მაღალი ბარიერის“ ტექნიკები, დასვით გამფილტრავი კითხვები (მაგალითად, მონაწილის სერიოზულობის, მათი წარსულისა და გამოცდილების, მეტყველების უნარების შესახებ); კვლევიდან გამოთიშვის ფაქტების გაანალიზებამ, შესაძლოა, მოტივაციის როლი გამოავლინოს; გადაამოწმეთ ფაილების დასახელებები და მიწვდომის პირობები (რათა ფაილები არ მოხვდეს მათ ხელში, ვისთანაც არ უნდა მოხვედრილიყვნენ); განიხილეთ პაროლებისა და სხვა პროცედურების გამოყენება (მაგალითად, თანმიმდევრულობის გადამოწმება) ერთი და იმავე კითხვარის რამდენჯერმე გაგზავნის შესაძლებლობის შესამცირებლად; აწარმოეთ ექსპერიმენტის ჩანაწერები მონაცემების ნებისმიერი სახის შემდგომი ანალიზისა და ვერიფიკაციისათვის; გააანალიზეთ და საბოლოო ანგარიშში შეიტანეთ კვლევიდან გამოთიშვის თემა; ექსპერიმენტზე დადებითი შთაბეჭდილების შესაქმნელად, მისი დეტალები ინტერნეტში განათავსეთ.       ამ წიგნის წერის მომენტისთვის, ინტერნეტით წარმოებული ექსპერიმენტები ბავშვის ფსიქოლოგიის სფეროს უფრო განეკუთვნება, ვიდრე - განათლებას. თუმცა, განათლების სფეროში ემპირიულ მონაცემებზე დაფუძნებული პრაქტიკის შემოტანისა და რანდომიზებული, გაკონტროლებული ცდების მომხრეთა მატების პირობებში, განათლების სფეროში ექსპერიმენტირების ამ ფორმის გამოყენებას უფრო ფართო პერსპექტივები აქვს. ინტერნეტ-ინტერვიუები       ინტერნეტ-ინტერვიუ რესპონდენტების ინტერვიუირების განუზომელ შესაძლებლობებს იძლევა. მაგალითად, “ონლაინ” ინტერვიუები, რომლებიც მთლიანად რეალურ დროში მიმდინარეობს და “ჩატით” სინქრონიზდება, შეიძლება ორივე მხარისთვის ანონიმური იყოს, თუ მათ ეს ასე სურთ და მეტია შესაძლებლობა იმისა, რომ რესპონდენტებთან კონტაქტი ორივე მხარისთვის მოსახერხებელ დროს შედგეს. მაგალითად, ამ წიგნის წერის მომენტისთვის სკაიპით კონტაქტი რეალურ დროში და პრაქტიკულად უფასოდ უშუალო კონტაქტის უახლესი საშუალებაა. ინტერნეტის ამ და სხვა მახასიათებლების გამო, მკვლევრებს შესაძლებლობა აქვთ ძნელად მისაწვდომ ჯგუფებს და ინდივიდებს დაუკავშირდნენ (მაგალითად, სენსიტიური საკითხების კვლევისას). მეორე მხრივ, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ინფორმაციის წმინდად წერილობით ურთიერთგაცვლაზე დაყვანამ, როგორც მეთექვსმეტე თავში ვნახავთ, შეიძლება გააფერმკრთალოს ინტერვიუს ზოგიერთი არსებითი ნიშანი. საჭიროა ინტერვიუ სრულ სოციალურ ურთიერთქმედებად მივიჩნიოთ.       “ჩატი” ეკრანის გაყოფისა და გაზიარების და ამით მონაწილეებს შორის მიმდინარე დიალოგის დანახვის საშუალებას იძლევა. თუ “ჩატი” არ გამოიყენება, მაშინ მისი ალტერნატივა შეიძლება ელექტრონული ფოსტა იყოს, რომელიც, ასევე, იძლევა მიმდინარე დიალოგის წარმართვის საშუალებას, რაც კავშირის სიჩქარეზეა (ჩვეულებრივ, მაღალ სიჩქარეზე) დამოკიდებული. ამ მიდგომებს შეიძლება აკლდეს ტრადიციული ინტერვიუს სპონტანურობა და მრავალფეროვნება, მაგრამ, მათ მიმზიდველობას ანონიმურობა და პირისპირ შეხვედრის არარსებობა ქმნის (თუმცა ინტერვიუს მსვლელობისას ვებკამერების გამოყენებაც შეიძლება). გამოსახულების ხარისხი შეიძლება დაბალი იყოს და აკლდეს ტექსტთან სინქრონიზაცია - ხშირად გამოსახულება ოდნავ იგვიანებს და კადრების თანმიმდევრობა უფროა, ვიდრე ერთი უწყვეტი მოძრავი გამოსახულება. ინტერნეტ-ინტერვიუ შეიძლება რეალურ დროში კავშირის გარეშეც მიმდინარეობდეს: რესპონდენტები წერდნენ თავიანთ პასუხებს და სხვადასხვა დროს გზავნიდნენ, თუმცა ეს ინტერვიუს, გარკვეულწილად, კითხვართან აახლოებს და ერთადერთი დარჩენილი განსხვავება, ალბათ, ისაა, რომ ინტერნეტ-ინტერვიუში რესპონდენტი უფრო თავისუფალია კითხვების (შინაარსის, ხასიათის, წამოჭრილი საკითხების და შემდგომი შეხსენების) თვალსაზრისით, ვიდრე კითხვარების შემთხვევაში. ინერნეტ-ინტერვიუს უბრალოდ სჭირდება, რომ ორივე მხარე შეთანხმდეს დროზე, რომ ერთდროულად იყოს ხაზზე და თუ საჭიროა ან შესაძლებელი, ჩართონ ვებკამერა. კვლევის მასალების ინტერნეტში ძიება       ინტერნეტში კვლევის მონაცემების შენახვა და მოძიება მნიშვნელოვანია არამარტო მკვლევრებისთვის, რომ არ ჩამორჩნენ მიმდინარე პროცესებს/განვითარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არამედ იმიტომ, რომ ხელმისაწვდომი ხდება მონაცემები, რომელიც მკვლევარს ლიტერატურის მოძიებისა და მიმოხილვის საშუალებას აძლევს და ხელს უწყობს საკუთარ კვლევაში კონსტრუქტის და შინაარსობრივი ვალიდობა უზრუნველყოს. ზოგიერთი კვლევა რეალურად დიდი მოცულობის ლიტერატურას ქმნის (მაგალითად, ჟურნალში Review of Educational Research გამოქვეყნებული კვლევითი ნაშრომები). ელექტრონული ჟურნალები, ამონარიდები და სათაურები მკვლევარს მიმდინარე თანამედროვე კვლევებთან გაცნობის და მისთვის საინტერესო თემის შესატყვისი მასალების მოძიების საშუალებას აძლევს. ვებგვერდები და ელექტრონული ფოსტა ქსელებისა და ინფორმაციის გაცვლის საშუალებას იძლევა. მაგალითად, თუ მკვლევრებს სურთ, რომ გლობალური უწყვეტი მიწვდომა ჰქოდეთ კვლევით ლიტერატურასა და კვლევაში უახლეს მიღწევებზე, ავსტრალიაში, აღმოსავლეთ აზიაში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ ასოციაციებთან დაკავშირება მხოლოდ რამდენიმე წამის საქმეა ისეთი ვებ გვერდების საშუალებით, როგორიცაა, მაგალითად: ამერიკის განათლების კვლევის ასოციაცია (American Educational Research Association); ავსტრალიის განათლების კვლევის საბჭო (Australian Council for Educational Research); ბრიტანეთის განათლების კვლევის ასოციაცია (British Educational Research Association); ჩინურ-ამერიკური განათლების კვლევის ასოციაცია (Chinese American Educational Research Association); კურიკულუმის, შეფასებისა და მართვის ცენტრი (Curriculum, Evaluation and Management Centre) (დიდი ბრიტანეთი: მსოფლიოში ამ ტიპის მონიტორინგის ერთ-ერთი მსხვილი ცენტრი); ეკონომიკური და სოციალური კვლევის საბჭო (Economic an Social Research Council) (დიდი ბრიტანეთი);; Educators’ Reference Desk (the sourse of ERIC in the United States, publications of the American Educational Research Association); ევროპის განათლების კვლევის ასოციაცია (European Educational Research Association); ჰონგ-კონგის განათლების კვლევის ასოციაცია (Hong Kong Educational Research Association); ცენტრალური სამხრეთის განათლების კვლევის ასოციაცია (Mid-South Educational Research Association) (ძალიან მსხვილი რეგიონული ასოციაცია აშშ-ში); განათლების კვლევის ეროვნული ფონდი (დიდი ბრიტანეთი) (National FOundation for Educational Research); განათლებაში კვლევის შოტლანდიური ცენტრი (Scottish Council for Research in Education); ვაშინგტონის განათლების კვლევის ასოციაცია (აშშ) (Washington Educational Research Association).       ჟურნალების უმეტესობას სტატიების აბსტრაქტებზე უფასო “ონლაინ” წვდომა აქვს, თუმცა მთლიანი სტატიის ნახვა მხოლოდ გამოწერით არის შესაძლებელი.       სამაგისტრო ნაშრომებისთვის გამოდგება Aslib Index to Theses და Networked Digital Library of Theses, ხოლო დისერტაციების მოძიება შეიძლება theses.org-ზე. ზოგიერთი ძირითადი სამთავრობო ვებგვერდიც გვთავაზობს უფასო საინფორმაციო მომსახურებას (მაგალითად, Ofted).       მკვლევრებისთვის, რომლებმაც არ იციან ვებგვერდების მისამართები, ხელმისაწვდომია სხვადასხვა საძიებო სისტემა. ამ სისტემებით მათ კონკრეტული ვებგვერდების მოძიება შეუძლიათ. დღეისათვის ყველაზე ფართო გამოიყენება შემდეგი საძიებო სისტემები: Google; MsN Search; AOL Search; Netscape Navigator; Fast Search; Internet Explorer; Alta Vista; Direct Hit; Excite; Ask Jeeves; Lycos; Go To; Yahoo; Hotbot; Northern Light; Metacrawler;       კიდევ ბევრი სხვა ასეთი ვებგვერდი არსებობს. ყველა ამ საძიებო სისტემაში მკვლევარს “სიტყვა-გასაღებებით” შეუძლია ძებნა. ზოგიერთი მათგანი პარალელური საძიებო სისტემაა (რომელიც სხვა საძიებო სისტემებს ეძებს), ზოგიერთი კი - “ფაილების” საძიებელია (რომელიც მთელ მსოფლიოში ეძებს “ფაილებს”).       კვლევის შესახებ ინფორმაციის პოვნა, იქნება ეს მონაცემთა ბაზებიდან თუ დისკებზე მოცემული ინდექსებიდან, ერთი ან რამდენიმე “სიტყვა-გასაღების” კომბინაციის (ორმაგ ფრჩხილებში ჩასმული სიტყვების) გამოყენებით, ხშირად, ინტერნეტით ცდისა და შეცდომის მეთოდით ხდება. ვებგვერდების „ჩანიშვნის“ (“bookmarking”) სისტემა მომავალში ამ გვერდების სწრაფად მიწვდომის საშუალებას იძლევა. ეს, ალბათ, მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთი ინტერნეტკავშირი ნელია, ხოლო ვებგვერდებზე განთავზებული მასალის დიდი ნაწილი, საუკეთესო შემთხვევაში - უსარგებლოა! ვებგვერდების შეფასება       იმისათვის, რომ განათლების სფეროში კვლევისთვის ინტერნეტი გამოვიყენოთ, საჭიროა ვიცოდეთ ვებგვერდების შეფასება. ინტერნეტი არაორგანიზებული და, ძირითადად, გადაუმოწმებელი მასალის უზარმაზარი საწყობია და მკვლევრებს საკმაოდ სწრაფად უნდა შეეძლოთ იმის დადგენა, თუ რამდენად გამოსადეგია ვებგვერდიდან აღებული მასალა. ვებგვერდების შეფასების რამდენიმე კრიტერიუმი არსებობს, მათ შორის (მაგალითად, Tweddle et al. 1998; Rodrigues and Rodrigues, 2000): ვებგვერდის მიზანი, რაც მომხმარებელს მისი რელევანტურობისა და შესატყვისობის დადგენის საშუალებას მისცემს; მასალის ოფიციალურობა და აუთენტურობა, რაც ნიშნავს, რომ ოფიციალური უნდა იყოს და უნდა სახელდებოდეს წყარო, საიდანაც მიღებულია ეს მასალა; მასალის შინაარსი - სიახლე, შესატყვისობა და დაფარვის სფერო; მასალის დამაჯერებლობა, სანდოობა და ლეგიტიმურობა (მაგალითად, აღიარებული წყაროდან ან ინსტიტუტიდან არის თუ არა); მასალის სისწორე, სიზუსტე, სისრულე და კეთილსინდისიერება; წარმოდგენილი და/ან განხილული მასალის ობიექტურობა და სიზუსტე.       განათლების სფეროში კვლევის ვებგვერდზე წარმოდგენილი მასალების შეფასებისას მკვლევრებსა და მასწავლებლებს რამდენიმე კითხვის დასმა შეუძლიათ (Hartley et al. 1997): დასახელებულია თუ არა ავტორი? ამბობს თუ არა ავტორი რაიმეს მოცემულ სფეროში თავისი გამოცდილების/პროფესიონალიზმის შესახებ და ნათელია თუ არა მისი ინსტიტუციური სტატუსი? ავტორიტეტულია თუ არა დასახელებული ორგანიზაცია? არის თუ არა მასალებში მითითებული გამოყენებული ლიტერატურა. ამბობს თუ არა ავტორი, როგორ მოაგროვა მასალა? რა მიზნით შეიქმნა ეს ვებგვერდი? რას აკეთებს (მაგალითად, ინფორმაციის მიწოდება, დარწმუნება)? ახალია თუ არა მასალა? რამდენად თავისუფალია მოცემული მასალა ტენდენციურობისგან, პირადი მოსაზრებებისგან და შეურაცხყოფებისგან? საიდან ვიცით, რომ ავტორი აუთენტურია ამ ვებ გვერდზე?       მნიშვნელოვანია, რომ მკვლევარმა შეინახოს ვებგვერდებიდან აღებული მასალების სრული ბიბლიოგრაფია, მასალის აღების თარიღისა და ვებგვერდის მისამართის ჩათვლით. კომპიუტერული სიმულაციები       კომპიუტერულ სიმულაციებსა და ვირტუალურ ტექნოლოგიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს განათლების სფეროში კვლევის წარმოებაში. სიმულაციებს ორი მთავარი კომპონენტი აქვს: სისტემა, რომელიც აინტერესებს მკვლევარს და მოდელირებასა და სიმულაციას ექვემდებარება; და ამ სისტემის მოდელი (ჭილცოხ 1997). სისტემა აერთიანებს ნებისმიერ ურთიერთდაკავშირებულ მახასიათებელს, ხოლო მოდელი, ანუ, სისტემის ანალოგი - ხშირად მათემატიკურია       უილოქსი (1997) სიმულაციის ორ ფორმას გამოჰყოფს: დეტერმინისტულ სიმულაციებში სისტემის კომპონენტებს შორის არსებული ყველა მათემატიკური და ლოგიკური მიმართება ცნობილი და ფიქსირებულია. სტოქასტურ სიმულაციებში, რომლის ძირითადი ტიპები, როგროც წესი, განათლების სფეროში წარმოებულ კვლევაში გამოიყენება, სულ მცირე, ერთი ცვლადი მაინც არის თავისუფალი. სიმულაცია რეალური სამყაროს მოდელია, რომელშიც შესაძლებელია კვლევაში მონაწილის შეყვანა და მანიპულირება. მოდელით შესაძლებელია თეორიის ოპერაციონალიზაცია, მისი კომპიუტერულ პროგრამად გარდაქმნა (იხილეთ Gilbert and Troitzsch 2005: 3) და ამით მისი დაშვებების ნათლად წარმოჩენა.       გილბერტს და ტროიცს (2005: 6) მიაჩნიათ, რომ კომპიუტერული სიმულაციების უპირველენი მიზანი აღმოჩენა, დასაბუთება და ექსპერიმენტია. უბრალოდ წინასწარმეტყველების გარდა, კომპიუტერული სიმულაციები იმის გაგებისა და ახსნის საშუალებასაც იძლევა, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესები, როგორ იშლება ისინი დროში და რა შედეგები მოჰყვება ამას. ეს აუფასურებს წინასწარმეტყველებას, როგორც თეორიის შემოწმების საშუალების ღირებულებას. ის ამტკიცებს, რომ თეორიის შემოწმება მისი ახსნითი და ჰერმენევტული სიმძლავრით უნდა მოხდეს და არა - მისი პრედიქტული ღირებულებით. სინამდვილეში, კომპიუტერული სიმულაციები თეორიების განვითარებისთვის უფრო შეიძლება გამოგვადგეს, ვიდრე - მათ შესამოწმებლად. კომპიუტერული სიმულაციები მკვლევარს ცვლადებისა და კომპონენტების კონტროლისა და მანიპულირების საშუალებას აძლევს და „თუ მაშინ“ ტიპის კითხვებზე პასუხების გასაცემად გამოდგება, მაგალითად, „რა მოხდება, თუ შევცვლი ამა თუ იმ პარამეტრს?“; „რა მოხდება, თუ შევცვლი გარემოს ასეთსა და ასეთ მახასიათებელს?“; სიმულაციაში ერთვება რელევანტური ელემენტები და შემდეგ, ამ ელემენტებით მანიპულირებენ - ცვლიან პარამეტრებს და ნახულობენ, რა მოხდება და შედეგად რა მიიღება.       კომპიუტერით ისეთი მოცულობის მონაცემებთან შეიძლება ძალიან სწრაფად გამკლავება, რომელთა დასამუშავებლადაც ადამიანს კომპიუტერის გარეშე წლები დასჭირდებოდა. მათემატიკურ მოდელირებაზე აგებული სიმულაციები (მაგალითად, ერთი და იგივე ფორმულის მრავალჯერ გამეორებას) მკვლევარს ქცევებისა და სისტემების იმიტირების საშუალებას აძლევს, ასევე, ეხმარება გაარკვიოს, რა მოხდება, თუ სისტემა გარკვეული დროის განმავლობაში იმუშავებს, ან ერთი და იგივე მათემატიკური გამოთვლები კიდევ და კიდევ მეორდება, როდესაც წინა გამოთვლით მიღებული მონაცემები იგივე ფორმულაში ბრუნდება და შემდეგი გამოთვლის საფუძველი ხდება. ჰოპკინსი და მისი კოლეგები (1996: 159 – 62) ასეთი შემთხვევის მაგალითად ცენტრალურ ზღვარით თეორემას (განხილულია მეოთხე თავში) ასახელებენ. აქ გამოთვლის ფორმულა 10,000-ჯერ მეორდება. ასეთი მოდელირება ქაოსისა და სირთულის თეორიებში იღებს სათავეს.       ლაპლასისთვის და ნიუტონისთვის სამყარო რაციონალური, დეტერმინისტული და საათივით აწყობილი იყო; ეფექტები მიზეზების ფუნქციას წარმოადგენდა, მცირე მიზეზები (მინიმალური საწყისი პირობები) მცირე (მინიმალურ და პროგნოზირებად) ეფექტებს ქმნიდა, ხოლო დიდი მიზეზები (მრავალმდგენელიანი საწყისი პირობები) - დიდ (მრავალმდგენელიან) ეფექტებს. პროგნოზირებადობა, მიზეზ-შედეგობრიობა, სქემატურობა, უნივერსალობა და „დიდი“ ყოვლისმომცველი თეორიები, სწორხაზოვნება, უწყვეტობა, სტაბილურობა, ობიექტურობა - ეს ყველაფერი სამყაროს, როგორც მოწესრიგებული და შინაგანად ჰარმონიული, თუმცა, რთული წონასწორობის მქონე მექანიზმის ხედვის მდგენელებს წარმოადგენს, რომელიც რაციონალური, დახურული და დეტერმინისტულია, ამავე დროს, მგრძნობიარეა შედარებით მარტივი მეცნიერული აღმოჩენებისა და კანონებისადმი. 1960-იანი წლებიდან ეს მოსაზრება სწრაფად დადგა ეჭვქვეშ, რამაც საფუძველი დაუდო ქაოსისა და სირთულის თეორიების წარმოქმნას. ამ თეორიებს რამდენიმე ძირითადი პრინციპი (მაგალითად, Gleick 1987; Morrison 1998; 2002a) ქვემოთ არის მოცემული: საწყისი პირობების მცირე ცვლილებებმა შედეგების მასობრივი და არაპროგნოზირებადი ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს (მაგალითად, კარიბის ზღვაში პეპლის ფრთის ფრთხიალმა ამერიკაში ქარიშხალი შეიძლება გამოიწვიოს); ძალიან მსგავს პირობებს ძალიან განსხვავებული შედეგების გამოწვევა შეუძლია (მაგალითად, მარტივი მათემატიკური ტოლობების გამოყენება: Stewart 1990); ელემენტებს შორის რეგულარობა, შეთანხმებულობა და წრფივი დამოკიდებულება მათ შორის არარეგულარობით, მრავალფეროვნებითა და არასწორხაზოვნებით ირღვევა; მაშინაც კი, თუ დიფერენციალური განტოლებები ძალიან მარტივია, სისტემის ქცევა, რომლის მოდელირებასაც ისინი ახდენენ, შეიძლება არ იყოს მარტივი; ეფექტები მიზეზების წრფივი, უწყვეტი ფუნქცია არაა; სამყარო მეტწილად არაპროგნოზირებადია; თუ რაღაც ერთხელ გამოვიდა, ეს არ იძლევა გარანტიას, რომ ეს რაღაც მეორე ჯერზეც ზუსტად ისე გამოვა; დეტერმინიზმს არადეტერმინიზმი ანაცვლებს. დეტერმინისტული, წრფივი და სტაბილური სისტემები ჩანაცვლებულია „დინამიკური“, ცვალებადი, განვითარებადი სისტემებით და ფენომენების არასწორხაზოვანი ახსნებით; უწყვეტობა ჩანაცვლებულია დისკრეტულობით, ტურბულენტობითა და შეუქცევადი ტრანსფორმაციით; დიდი, ზოგადი და ყოველისმომცველი თეორიები და ფართომასშტაბიანი ახსნები სათანადოდ ვერ ხსნიან ლოკალურ და კონკრეტულ ფენომენებს; შეუძლებელია გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება.       ქაოსის უფრო გვიანდელი თეორიები სირთულის თეორიამდე განივრცო (Waldrop 1992; Lewin 1993) ისეთი სისტემების ანალიზისას, რომლებშიც ერთი დონის მდგენელები მეორე დონის მდგენელების საშენ მასალას წარმოადგენენ. რთული სისტემა მოიცავს დამოუკიდებელ ელემენტებს, რომლებიც, თავის მხრივ, რთული სისტემებისგან შეიძლება შედგებოდეს. ეს ურთიერთქმედებს და სისტემაში, როგორც ერთ მთლიანში, მრავალფეროვან ქცევას წარმოქმნის. წესრიგი არ არის სრულიად წინასწარ განსაზღვრული და ფიქსირებული; სამყარო (ნებისმიერად განსაზღვრული) შემოქმედებითი, ფორმირებადი (გამეორებით, სწავლით, უკუკავშირით, რეკურსიულობითა და თვითორგანიზებით), განვითრებადი და ცვალებადი, ტრანსფორმირებადი და ტურბულენტურია. წესრიგი წარმოიქმნება რთულ სისტემებში, რომლებიც ურთიერთმოქმედი ორგანიზმებისთვის მარტივ წესებზეა (სავარაუდოდ, ფორმულებით) აგებული (Kauffman 1995: 24).       უკუკავშირის, ციკლური გამეორების, მღელვარების, თვითკატალიზის, დაკავშირებულობისა და თვითორგანიზაციის მეშვეობით, ხდება სირთულის უფრო მაღალი და რთული დონეების გამოდიფერენცირება. ნაკლებად რთული და არსებული დონეებიდან ახალი ფორმები წარმოიქმნება. ეს რთული ფორმები, ხშირად, შედარებით მარტივი წესებიდან მომდინარეობს - კერძო წესები და ქცევები უფრო რთულ გლობარულ წესრიგსა და მრავალფეროვნებას ქმნიან (Waldrop 1992: 16 – 17; Lewin 1993: 38). დინამიკური სისტემები (Peak and Frame 1994: 122) საწყისი პირობების და, ხშირად, მარტივი წესების ცვლილების პროდუქტია. არსებობს წარმოქმნის რიგის კანონები და არ არის აუცილებელი, რომ რთულ ქცევებსა და სისტემებს რთული საფუძვლები ჰქონდეთ (Waldrop 1992: 270). მნიშვნელოვანია, რომ ამ მარტივი წესებით შესაძლებელი იყოს ქცევისა და სისტემების კომპიუტერულ სიმულაციებში მოდელირება.       მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ კომპიუტერული სიმულაციების საფუძველი სირთულის თეორიაში დევს. ეს პასუხობს მათდამი წაყენებულ ბრალდებას, რომ ისინი ზედმეტად ამარტივებენ რეალურ სამყაროს. სირთულის თეორია ამტკიცებს, რომ მრავალი თვალსაზრისით, რეალური სამყარო მართალია რთულია, მაგრამ შედარებით მარტივ წესებზეა აგებული, რომელიც ქმნის ასეთ სირთულეს (ასევე იხილეთ Gillbert and Troitzsch 2005: 10).       სიმულაციები ათწლეულების მანძილზე გამოიყენებოდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ეკონომიკაში წინასწარმეტყველებისთვის. მაგალითად, ლევინი (1993) და ვალდროპი (1992) სახეობებისა და მათი ქცევის აღმასვლებისა და დაცემების კვლევაში აჩვენებენ, თუ როგორ უდებს სათავეს უსაზღვროდ მრავალფეროვან შედეგებს (მაგალითად, სახეობებს, ქცევას) მარტივი ფორმულების უწყვეტი გამეორება - განმეორებადი გამოთვლები, რომელიც შეზღუდული რაოდენობის ცვლადების (საწყისი პირობების) გამეორებას ასახავს, სადაც გამოთვლების ერთი ციკლის შედეგები იგივე ფორმულით მეორე ციკლის გამოთვლებში გამოიყენება და ა. შ. (ანუ, უწყვეტ უკუკავშირზე აიგება); და ეს არ ექვემდებარება მარტივ წინასწარმეტყველებას ან მარტივ მიზეზ-შედეგობრივ მიმართებას. ვალდროპს (1992: 241 – 2) ამისი საინტერესო მაგალითი მოაქვს ადრეული კომპიუტერული სიმულაციის პროგრამა Boids-დან: მის მათემატიკურ ფორმულაში მხოლოდ სამი საწყისი პირობაა ჩადებული, რომელიც ფრინველთა გუნდის ფრენის სურათის სრული რეალური მრავალფეროვნების დაჭერას ახერხებს. ეს პირობებია: პირველი - ფრინველები ცდილობენ, რომ სხვა ობიექტებთან (სხვა ფრინველების ჩათვლით) მინიმალური მანძილი შეინარჩუნონ; მეორე - ფრინველები ცდილობენ, რომ იგივე სიჩქარით იფრინონ, რომლითაც სხვები მიფრინავენ; მესამე - თითოეული ფრინველი ცდილობს, გუნდის ცენტრისკენ გადაინაცვლოს.       სიმულაციების ზოგიერთი ძირითადი მახასიათებელი ქვემოთ არის მოცემული: კომპიუტერით შესაძლებელია სისტემის ქცევისა და მისი ძირითადი ნიშნების მოდელირება და იმიტირება; კომპიუტერის გამოყენება შეიძლება დაგვეხმაროს სხვადასხვა სიმულირებულ, იმიტირებულ გარემო პირობებში სიმულაციის შემოწმების გზით (მაგალითად, მკვლევარს საშუალება აქვს, ნახოს „რა მოხდება, თუ...“ სისტემას შეეძლება თუ არა მოვლენის მსვლელობის გათამაშება ან თუ ცვლადებით მანიპულირებენ, ანუ, შესაძლებელია წინასწარმეტყველება) იმ სისტემაში გავერკვეთ, რომლის იმიტირებასაც ვახდენთ; რეალობის ძირითადი მახასიათებლების მოდელირება და ინტერპრეტირება - გამოსახვა და გადამუშავება მათემატიკური ფორმულით ხდება და არა - რეალობის წვრილი ელემენტების ჩაჭერითა და მანიპულირებით; დაშვებულია, რომ მათემატიკური მიმართებები დეტერმინისტულად მეორდება გაკონტროლებულ, შეზღუდულ და მკაფიოდ განსაზღვრულ სიტუაციებში და ზოგ შემთხვევაში დასაბამს აძლევს, წინსწარ განუჭვრეტელ, ფორმირებად და მოულოდნელ, ფართომასშტაბიან შედეგებს (Tymms 1996: 124); უკუკავშირი და უწყეტი გამეორება ფენომენებისა და ქცევების წარმოქმნის გასაგებად მისაღები პროცედურებია; რთული და დიდმასშტაბიანი ფენომენები და ქცევები საწყისი პირობების/ცვლადების განმეორებადი ურთიერთქმედებიდან მომდინარეობს; დეტერმინისტულ კანონებს (ფორმულის განმეორებად გამოთვლას) არაპროგნოზირებად შედეგებამდე მივყავართ.       ამ მიდგომას განათლების სფეროს შეუძლია შესთავაზოს ის, რომ სკოლები და კლასები - რთული, არასწორხაზოვანი და დინამიკური სისტემები - მარტივი მათემატიკური მოდელირებით შეიძლება გავიგოთ. ეს მხოლოდ ანალოგიის დონეზე შეიძლება იყოს (იხილეთ Morrison 2002a), მაგრამ, როგორც ტიმსი (1996: 130) შენიშნავს, თუ ანალოგია რეალობას ერგება, მაშინ მკვლევრებს ასეთი სირთული გაგების მძლავრი იარაღი აქვთ ძირითადი ცვლადების ან საწყისი პირობების და მარტივი წესების ნაკრების ურთიერთქმედების სახით. გარდა ამისა, თუ შესაძლებელია ასეთი საწყისი პირობების ან ძირითადი ცვლადების კონსტრუქტული ვალიდობის ჩვენება, მაშინ მკვლევრებმა იმის წინასწარმეტყველებაც შეიძლება მოახერხონ, რაც დროთა განმავლობაში მოხდება.       სიმულაციების სამი უახლესი გამოყენება საგანმანათლებლო ცვლილების სფეროს (Ridgway 1998), სკოლის ეფექტურობასა (Tymms 1996) და განათლების სისტემების გაგებას განეკუთვნება. პირველ შემთხვევაში რიჯვეი (1998) ამტკიცებს, რომ ცვლილების პროცესის სირთულე საუკეთესოდ შეიძლება იქნას გაგებული, როგორც რთული, წარმოშობადი სისტემა (ასევე იხილეთ Fullan 1999).       მეორე შემთხვევაში ტიმსი (1996) წრფივი (შესავალი და გასავალი) ან მრავალდონიანი მოდელირების შეზღუდვებზე მიუთითებს, როდესაც საქმე იმის გაგებასა და ახსნას შეეხება, თუ რატომ არის სკოლები ეფექტური, ან რატომაა ასეთი დიდი ცვალებადობა სკოლებში და სკოლებს შორის. ასეთი მრავალფეროვნებისა და ცვლადებადობის ახსნისას, ის უპირატესობას მათემატიკურ მოდელირებაზე აგებულ სიმულაციებს ანიჭებს. როგორც ამტკიცებს თავის პროვოკაციულ განცხადებაში: „სამყარო იმდენად რთულია, რომ შეუძლებელია მისი სიტყვებით გადმოცემა“ (Tymms 1996: 131) (ანალოგიურად, თვისებრივი მკვლევრებისთვის სამყარო შეიძლება იმდენად რთული იყოს, რომ შეუძლებელი იყოს მისი რიცხვებით გადმოცემა!). ტიმსი სკოლის ეფექტურობის კვლევის შეზღუდვებზე მიუთითებს, რომელიც წრფივ, მაგრამ დახვეწილ, წანამძღვრებს ეფუძნება. იგი სკოლის ეფექტურობის კვლევების დიდ ნაწილს ცივ წყალს ახსამს და ამტკიცებს, რომ: სიმულაციის მოდელების მიხედვით, შესაძლებელი რომც ყოფილიყო, რომ ზუსტად ერთსა და იმავე კლასს ორი წლის მანძილზე, ერთი და იმავე საკლასო ოთახში იგივე მასწავლებელი ჰყოლოდა, და ის ორი წელი კიდევ მეორეჯერ ეცხოვრათ, შედეგები მაინც ვერ იქნებოდა იგივე. (Tymms 1996: 132 – 3)       მას თითქმის არ უკვირს, რომ სკოლის ეფექტურობის კვლევამ ვერ ახსნა სკოლებს შორის ცვალებადობა, ვინაიდან ასეთი კვლევა მცდარ პრინციპებს ემყარება. იგი ამტკიცებს, რომ ასეთი განსვლა ძირითადი - საერთო - ცვლადების ურთიერთქმედების ბუნებრივი შედეგია.       მესამე მაგალითში გილბერტი და ტროიცი (2005: 117 – 23) გერმანიის სკოლებში და სკოლის მასწავლებლებში ომისშემდგომი გენდერული დესეგრეგაციის კვლევას განიხილავენ. მოდელში, რომელიც იყენებს პროგრამას MIMOSE, სამი ტიპის 150 სკოლის 4,500 მასწავლებელი გამოიყენეს. მასში კომპიუტერული მოდელი ახლოს იყო რეალური ცხოვრების სიტუაციასთან - მოხდა სიმულაციის ვალიდაცია. ეს მოდული მხოლოდ სამ დაშვებაზეა აგებული: პირველი - ყველა მასწავლებელს, რომელიც ტოვებს სამსახურს, ერთნაირი ალბათობით/შესაძლებლობით შეიძლება ჩაანაცვლონ მამაკაცებმა და ქალებმა (გვ.117); მეორე - მამაკაცები ერთ სამუშაო ადგილზე ორჯერ უფრო დიდხანს რჩებიან, ვიდრე ქალები; მესამე - ახალი ქალი მასწავლებლები ცალკეულ სკოლაში იმ მოცემული ალბათობით იკავებენ თანამდებობას, რომელიც ამ სკოლაში ქალი მასწავლებლების წილის მიხედვით იცვლება.       ამ თავში არ განვიხილავთ კომპიუტერული სიმულაციების შექმნის ეტაპებს (მაგალითად, კითხვის იდენტიფიცირება, მოდელირების სამიზნის დადგენა, პარამეტრებისა და ძირითადი ნიშნების დასადგენად წინასწარი დაკვირვებების წარმოება, სიმულაციის საყრდენად ასაღები დაშვებების ფორმულირება, სიმულაციის მუშაობის შემოწმება, სიმულაციის ვალიდაცია (რამდენად თანხვდება ის რეალური სამყაროს იმ სიტუაციას, რომლის მოდელირებასაც ახდენს) და იმის ანალიზი, თუ რამდენად მგრძნობიარედ რეაგირებს სიმულაცია საწყისი პირობებისა და პარამეტრების ცვლილებაზე (Gillbert and Troitzsch 2005: 18 – 19). არც სხვადასხვა სახის სიმულაციებს განვიხილავთ (მაგალითად, სისტემის დინამიკა, მიკროსიმულაცია, მოდელების მიმდევრობა, მრავალდონიანი მოდელები, უჯრედული ავტომატები, მრავალ-აგენტიანი მოდელები, სწავლის მოდელები). კომპიუტერული სიმულაციებისა და მათი სხვადასხვა ტიპების შესახებ უფრო სრული განხილვისთვის მიმართეთ Gillbert and Troitzsch (2005). კომპიუტერული სიმულაციების დადებითი და უარყოფითი მხარეები       ბეილი (1994: 322 – 4) სიმულაციების შემდეგ დადებითი მხარეებზე მიგვითითებს: ეკონომია: უფრო იაფია, ვიდრე რეალური ცხოვრების სიტუაციები; თვალსაჩინოება: მათ შეუძლიათ ფენომენი უფრო გასაგები გახადონ მკვლევრისათვის; კონტროლი: მკვლევარი სიმულაციას უფრო მეტად აკონტროლებს, ვიდრე რეალური ცხოვრების სიტუაციას; უსაფრთხოება: მკვლევრებს შეუძლიათ ისეთ სიტუაციებთან მუშაობა, რომლებიც ძალზე სახიფათო, მგრძნობიარე, ეთიკურად საჭოჭმანო ან რთული იქნებოდა რეალური ცხოვრების ბუნებრივ სიტუაციებში.       კომპიუტერული სიმულაციების კიდევ ერთი მძლავრი მახასიათებელი ისაა, რომ მკვლევრებს მომავლის წინასწარმეტყველების საშუალებას აძლევს (მაგალითად, ეკონომიკურ პროგნოზებში); ამასთან ის ფენომენის გაგებისა და შესწავლის შესაძლებლობასაც ქმნის. სიმულაციებით შეიძლება ჩანაცვლდეს ადამიანების გამოცდილება, ექსპერტული ცოდნა და ხანდახან არაპროფესიონალებსაც შეუძლიათ ისეთი კვლევის ჩატარება, რომელიც კომპიუტერების კველვაში შემოტანამდე მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტების საქმე იქნებოდა: გილბერტსა და ტროიცს (2005: 5) გეოლოგების, ქიმიკოსებისა და ექიმების მაგალითები მოაქვთ. ავტორები იმასაც ამბობენ, რომ კომპიუტერული სიმულაციები წვრთნის (მაგალითად, პილოტების) და, ფაქტიურად, გართობის მიზნებისთვისაც გამოდგება. თუმცა ისინი (2005: 5) ხაზგასმით აღნიშნავენ კომპიუტერული სიმულაციების უპირველეს მნიშვნელობას თეორიის აღმოჩენისა და ფორმალიზებისთვის (თეორიის ნათლად მოცემულობა, თანმიმდევრულობა, ოპერაციონალიზაცია, ელემენტების ჩართულობა და კომპეტენტურობა).       მეორე მხრივ, ბეილი (1994: 324 – 5) კომპიუტერული სიმულაციების მიმართ რამდენიმე შენიშვნას გამოთქვამს: ხელოვნურობა: ის ბაძავს ცხოვრებას და არ არის რეალური ცხოვრება; ღირებულება: მაგალითად, კომპიუტერული სიმულაციების შეძენა; მონაწილეების ტრენინგი: ბევრი კომპიუტერული სიმულაცია მნიშვნელოვან ტრენინგს საჭიროებს; რაოდენობრივი პრობლემები: პროგრამული უზრუნველყოფა და არა მხოლოდ თავად კომპიუტერული სიმულაცია შეიძლება პროგრამირების სპეციალისტს საჭიროებდეს.       კომპიუტერული სიმულაციების შესახებ რამდენიმე პრობლემური მომენტი და კრიტიკა არსებობს. იმ ბრალდების საპასუხოდ, რომ ისინი სამყაროს ხელოვნური რეპრეზენტაცია და აბსურდამდე დაყვანაა, შეიძლება ითქვას, რომ მკვლევრები, თეორეტიკოსების მსგავსად, რეალობის საუკეთესო ასლის აგებას ცდილობენ, რათა უფრო ამომწურავად ახსნან ის და რაც უფრო მეტად უახლოვდება ანალოგია - სიმულაცია - რეალურ სამყაროს, მით უკეთესი (Tymms 1996: 130). ეს კამათი სიმულაციის დახვეწას შეეხება და არა - მის უარყოფას. აბსტაქციის ასაგებად მხოლოდ ძირითადი ელემენტების ცოდნა გვესაჭიროება; ჩვენ არ გვჭირდება ყველა დაწვრილმანებული დეტალი.       ბრალდებებს, რომ კომპიუტერული სიმულაცია არაფრით სჯობია იმ დაშვებებს, რომელზეც ის აიგება და კომპიუტერი მხოლოდ იმას გააკეთებს, რის გასაკეთებლადაც დააპროგრამებენ (ადამიანის მოქმედებისა და თავისუფლების წილი უმნიშვნელოა), შეგვიძლია ასე ვუპასუხოთ: სიმულაციებს ისეთი ქცევების გამოვლენა შეუძლია, რომლებიც სოციალური აქტორების „ზურგს უკან ხორციელდება“ - ესაა სოციალური ფაქტები (Durkheim 1956) და პატერნები; სიმულაციებს შეუძლია, გვითხრან ის, რაც არ ვიცით (Simon 1996) - ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ წანამძღვრები და საწყისი პირობები, მაგრამ არ ვიცოდეთ საით შეიძლება მივყავდეთ მათ და რას მოიაზრებენ; ჩვენ არ გვჭირდება სისტემის მუშაობის ყველა ნიუანსის ცოდნა, საკმარისია მხოლოდ იმ ნაწილებისა, რომლებსაც მოდელისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვთ.       სიმულაციების შესახებ სხვა შენიშვნებიც შეიძლება გამოითქვას, მაგალითად: სირთულის და ქაოსის თეორია, რომელიც საფუძვლად უდევს ბევრ მათემატიკურ სიმულაციას, შეიძლება ხსნიდეს მრავალფეროვან, ცვალებად შედეგებს (როგორც ეს სკოლის ეფექტურობის კვლევაში ვნახეთ), მაგრამ რა სახის ჩარევებს სთავაზობენ პრაქტიკოსებს, თუნდაც, სკოლებში გაუმჯობესების მისაღწევად - აქ ახსნა რეტროსპექციულია და არა - პროსპექტული (Morrison 2002a). ეს კრიტიკული შენიშვნა იმთავითვე მოიხსნება, თუ მკვლევარი ახერხებს ცვლადების პარამეტრების მანიპულირებას და იმის დანახვას, თუ რა მოხდება ამის შედეგად; როგორ ადგენს მკვლევარი სიმულაციის ასაგებად საჭირო ძირითად საწყის პარამეტრებს (კონსტრუქტის ვალიდობა) და აქედან დაწყებულ სიმულაციებს როგორ მივყავართ პრაქტიკულ რეკომენდაციებამდე? რამდენად მისაღებია, რომ სისტემა ერთი და იგივე ფორმულის/მოდელის მრავალჯერად გამეორებად აღიქმება? ქაოტური სირთულის (მეცნიერული გაგებით) შესწავლისას, როგორ ახერხებს მკვლევარი უკუპროცესით იმუშაოს და იმ პირველ პრინციპებს, ელემენტებს ან საწყის პირობებს მიაგნოს, რომლებიც მნიშვნელოვანია - რთული შედეგი შეიძლება სრულიად განსხვავებული, სულ სხვა საწყისი პირობების ურთიერთქმედების შედეგი იყოს. ეს სკინერის ბიჰევიორიზმის ჩომსკისეულ (1959) გამანადგურებელ კრიტიკას ჰგავს - ქცევაზე დაკვირვებაზე დაყრდნობით შეუძლებელია კონკრეტული სტიმულის შესახებ დასკვნის გაკეთება, ჩვენ არ შეგვიძლია დაკვირვებიდან ან ნავარაუდევი ეფექტიდან მიზეზზე დასკვნის გაკეთება; სიმულაციები მხოლოდ საწყისი პირობების ურთიერთქმედებას ამუშავებენ და უშვებენ და ამით უგულებელყოფენ „გზაზე“ დამატებითი ფაქტორების გამოჩენას, ანუ, პროცესი ძალზე დეტერმინისტულია (და მაინც, არსებობს კომპიუტერული სიმულაციები, რომლებშიც კომპიუტერი „სწავლობს“ სიმულაციის პროცესში); ყოველივე ზემოთქმულიდან მხოლოდ ის ითქვა საღი აზრის დონეზე, რომ ადამიანების ურთიერთქმედება არაპროგნოზირებულ და არაპროგნოზირებად ქცევას წარმოქმნის. მას ძალზე მიმზიდველს ისიც ხდის, რომ ის მოქმედების აპოლოგეტია; დაგეგმილმა ჩარევებმა თავიდან შეიძლება იმუშაოს, მაგრამ საბოლოო ჯამში - არა (სავარაუდოდ, ჰოთორნის ეფექტის გამეორება); ჩვენ მხოლოდ იმის წინასწარმეტყველება შეგვიძლია, რომ არ შეგვიძლია წინასწარმეტყველება; ადამიანური ცვლადებით მანიპულირება ტექნიკის საქმეა; ქცევა უფრო მეტია, ვიდრე ერთი და იგივე მათემატიკური მოდელის მრავალჯერადი გამეორება; ყოველთვის უზარმაზარი განსხვავება იქნება რეალურ და სიმულაციით მიღებულ სამყაროებს შორის, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ისინი არაფრისმომცემ მარტივ დონეზე განიხილებიან; ადამიანების, როგორც აგენტების მორალური და გააზრებული ქცევა არ არის ისეთი მარტივი, როგორც სიცოცხლის სხვა ფორმების ინსტინქტური ქცევა, უსულო ფენომენები, რასაც კომპიუტერულ სიმულაციებში სწავლობენ (მაგალითად, შესაბამისად, ფრინველები და მწერები, ქვიშის გროვები); სხვა რაოდენობრივი მიდგომების მსგავსად, სიმულაციებში შეიძლება კომბინირებული იყოს პროცესის დახვეწა და დაუმუშავებელი ცნებები (Ruddock 1981: 49); თუ რეალობა მოთამაშეთა „ზურგს უკან მუშაობს“, მაშინ სად ძევს ქმედებებზე პასუხისმგებლობა? როგორ მოქმედებს თავისუფალი ნება კომპიუტერულ სიმულაციებში? თუ კომპიუტერულ სიმულაციაში შესაძლებელია შემთხვევითი ელემენტის შეტანა, ეს ნიშნავს, რომ სიმულაცია რამდენჯერმე უნდა განხორციელდეს, რათა სხვადასხვა მნიშვნელობის პირობებში დადგინდეს სიმულაციის სიმყარე და ცვლილებისადმი მგრძნობელობა; სამყაროს რიცხვებზე დაყვანა, როგორი დახვეწილი და დამუშავებულიც არ უნდა იყოს, უბრალოდ მცდარია; სამყარო ძალიან რთულია რიცხვებისთვის.       ეს სერიოზული კრიტიკაა და იმაზე მიუთითებს, რომ კვლევის ამ სფეროში ბევრია გასაკეთებელი ლეგიტიმურობის მოსაპოვებლად. აგენტობის საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება ამტკიცონ, რომ კომპიუტერულ სიმულაციებში ის უფრო სუსტია, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში; თუმცა ვულდრიჯი და ჯენინგსი (ჭოოლდრიდგე ანდ ჟენნონგს 1995), მართალია, აღიარებენ ამას, მაგრამ თვლიან, რომ კომპიუტერულ სისტემაში მოქმედ აგენტებს ისეთი თანდაყოლილი მახასიათებლები აქვთ, როგორიცაა დამოუკიდებლობა, პროაქტიულობა, რეაქტიულობა და სოციალური უნარი.       კრიტიკა არ უარყოფს კომპიუტერულ სიმულაციებს. პირიქით, მის განვითარებისა და წინსვლისკენ ისწრაფვის. კონცეპტუალურ და პრაქტიკულ დონეებზე გამოთქმული ეს შენიშნვნები სიმულაციების საწინააღმდეგოდ კი არ არის მიმართული, არამედ - მათი განვითარებისა და დახვეწისკენ. მათგან ბევრს უნდა ველოდოთ და, განათლებისგან განსხვავებით, მეცნიერების სხვა სფეროებში უკვე საკმაო ღირებულებით სარგებლობენ. სირთულის თეორიისა და სიმულაციების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შემდეგ ვებგვერდებს: santafe.edu (სანტა ფე ინსტიტუტის (Santa Fe Institute) ვებგვერდი - სირთულის თეორიის შემსწავლელი მთავრი ინსტიტუტი); brint.com (ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია სირთულის თეორიის შესახებ მასალების ინდექსი); complexity-society.com (დიდი ბრიტანეთის სირთულის თეორიის საზოგადოება); emergence.org (ჟურნალის Emergence: Complexity and Organization ვებგვერდი); jornal-ci.csse.monash.edu.au (ჟურნალის Complexity International ვეგ გვერდი); udel.edu (სირთულის თეორიის შესახებ ვებგვერდების ბმულები); answers.com (სირთულის თეორიის შესახებ ვებგვერდების ბმულები). დასკვნა       სიმულაციის მეთოდები მთელი რიგი ისეთი პრობლემების აღმოფხვრის საშუალებებს იძლევა, რომლებიც ლაბორატორიული ექსპერიმენების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. ამასთანავე, ისინი ინარჩუნებენ მათ ზოგიერთ ღირსებას. როგორც პელისი (Pალყს 1978) შენიშნავს, სიმულაციებისა და ექსპერიმენტების საერთო მახასიათებელია, რომ ექსპერიმენტატორი სრულად აკონტროლებს მთლიანი სიტუაციის ყველა ასპექტს და მანიპულირებს. ამასთანავე, ცდის პირების ადამიანური ბუნება ხელუხლებელი რჩება იმ მხრივ, რომ ისინი რეალურ სიტუაციაში თავსდებიან, სადაც ისე იქცევიან, როგორც საჭიროდ თვლიან. დროის განზომილების ჩართვა სიმულაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენაძენია, რაც ცდის პირს გარემოსთან ურთიერთქმედებაში აქტიური როლის შესრულების საშუალებას აძლევს, ხოლო ექსპერიმენტატორს - სოციალური სისტემის მოქმედებაში დაკვირვების შესაძლებლობას, მისი უკუკავშირის ჯაჭვით, მრავალმიმართულებიანი მიზეზ-შედეგობრივი კავშირებითა და ა.შ. და ბოლოს, აღნიშნავს პელისი - ჩართულობის მაღალი ხარისხი, რაც, ჩვეულებრივ, სიმულაციებში მონაწილეობას უკავშირდება, აჩვენებს, რომ ლაბორატორიულ ექსპერიმენტთან ასოცირებული თვითცნობიერება გაცილებით იოლად იფლანგება. გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები       მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ბოლომდე სიმულაცია, კომპიუტერულ გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემებს უფრო და უფრო მეტად იყენებენ განათლების სფეროში წარმოებულ კვლევაში, მაგალითად, მოსწავლეების მოზიდვასა და სკოლის არჩევის პატერნების განხილვისას. განათლების პოლიტიკას ხშირად გეოგრაფიული მდგენელი და განზომილება აქვს, მაგალითად, დაფარვის არეალი, სკოლების დახურვა, თავისუფალი მიღება და სკოლის არჩევა, რესურსებისა და ფინანსური ხარჯების განაწილება, შეფასების ქულებისა და გამოცდების შედეგების განაწილება. გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები კომპიუტერის ბაზაზე შექმნილი სისტემაა, რომელიც სივრცობრივი მონაცემების დაფიქსირებისთვის, შენახვისთვის, შემოწმებისთვის, ანალიზისა და წარმოდგენისთვის არის მოწოდებული; მასში გაერთიანებულია როგორც დიდი მოცულობის, ისე - მცირე ზომის და სხვადასხვა წყაროდან მიღებული სხვადასხვა ტიპის მონაცემები (Worrall 1990; Parsons et al. 1996; Gorard et al. 2002). ეს პოლიტიკური ინიციატივების მნიშვნელობისა და შედეგების გამოსავლენად გამოდგება, მაგალითად: „რა შედეგი მოიტანა მშობლების მიერ სკოლის დაფარვის არეალის თაობაზე გაკეთებულმა არჩევანმა?“; „როგორ ნაწილდება გამოცდის ქულები კონკრეტულ რეგიონში?“; „რამდენად ეფექტურია საშუალო სკოლების მომარაგება მოცემული პოპულაციისთვის?“; „როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ტრანსპორტის მომსახურება, რომელსაც მოსწალეები სახლიდან სკოლაში და უკან დაჰყავს?“; „რა მიუთითებს კონკრეტულ ქალაქში ‚მიმზიდველი‘ და ‚წყალწაღებული‘ სკოლების წარმოქმნაზე?“; ამ მაგალითების მონაცემები წარმოდგენილია 10. 2 და 10. 3. ჩანართებში       ცხადია, რომ ასეთი მონაცემების პოლიტიკური სენსიტიურობა და მნიშვნელოვნება განუზომელია და გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება კვლევა უშუალოდ ჩაერთოს პოლიტიკასა და მის ეფექტებში. პარსონსი და მისი კოლეგები (1996) განათლების სფეროში კვლევის ამ მიმართულების მარტივ და სრულად რეფერირებულ შესავალს გვთავაზობენ. ისინი გვირჩევენ ისეთი შემთხვევების შესწავლას, როგორიცაა სკოლის დაფარვის არეალები და გამოცდაზე ნაჩენები შედეგები, სკოლის დაფარვის არეალების ხელახალი გადანაწილება და დაფარვაში გადაადგილებების პატერნები.       გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების (GIS) შესახებ ინტერნეტში ინფორმაციის მოსაძიებლად შეგიძლიათ რამდენიმე ვებგვერდს გაეცნოთ, თუ საძიებო სისტემაში ჩაწერთ - „განათლების სფეროში კვლევა გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები“ ან ქვემოთ ჩამოთვლილ ვებგვერდებს შემდეგ მისამართებზე ეწვიოთ: ჩანართი 10.2 გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები საშუალო სკოლებში ჩანართი 10.3 სახლის საფოსტო კოდების განსაზღვრა გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების გამოყენებით წყარო: LParsons et al. 1996 geo.ed.ac.uk (გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების (GIS) World Wide Web რესურსების ჩამონათვალი); tec.army.mil (განათლებასთან დაკავშირებულ ბმულებსაც მოიცავს); census.gov (გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების შესახებ რესურსები აშშ-ის მოსახლეობის აღწერის ბიუროდან); geo.uni.bonn.de (ევროპული ბმულების სერვერი); unr.edu (გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების შესახებ რესურსები ინტერნეტში). ◄ წინა ნაწილი მომდევნო თავი ► …
დაამატა ლაშა to სოციოლოგია at 3:09pm on მაისი 17, 2017
თემა: ერმის - მწყემსი
ე და ამოვიყვანე მდინარიდან. მისი სილამაზის მხილველი ჩემს გულში განვსჯიდი და ვამბობდი: „ბედნიერი ვიქნებოდი, ამგვარი სილამაზისა და ზნის ცოლი მყოლოდა“. მხოლოდ ეს მოვისურვე, სხვა არაფერი. 3. რაღაც დროის შემდეგ კუმასკენ2 მივემართებოდი და ვადიდებდი ღვთის შესაქმეს, როგორც უდიდესს, განსაკუთრებულსა და ძალმოსილს. მოარულს მიმეძინა. სულმა ამიტაცა და წამიყვანა გაუვალი რამ გზით, რომლის გადალახვაც არ ძალუძს ადამიანს. ციცაბო და წყლების მიერ მოწყვეტილი ადგილი იყო. მდინარეზე გადავედი და გავედი დაბლობზე, მუხლი მოვიყარე, ღვთისადმი ლოცვა დავიწყე და ჩემს ცოდვებს ვაღიარებდი. 4. ჩემი ვედრებისას ცა გაიხსნა და ვხედავ იმ ასულს, რომელიც მოვისურვე, მომეგება ზეციდან და მითხრა: „გამარჯობა, ერმ“. 5. შევხედე მას და ვეუბნები: „ქალბატონო, აქ რას აკეთებ?“ მან კი მიპასუხა: “ზეაღვიტაცე3, რომ შენი ცოდვები გავამხილო ღვთის წინაშე”. 6. მე ვუთხარი: “ახლა შენ ჩემი მამხილებელი ხარ?” „არა,- მომიგო, - არამედ ისმინე სიტყვები, რომელნიც მსურს გითხრა: ღმერთი, რომელიც ცათა შინა მკვიდრობს (შდრ. ფს. 2.4; 122.1), რომელიც არაფრისგან ქმნის არსებებს, განამრავლებს და ზრდის მათ (შდრ. დაბ. 1.28; 8.17) თავისი წმინდა ეკლესიის მიერ, განრისხებულია შენზე, რადგან შესცოდე ჩემდამი“. 7. ვუპასუხე მას და ვუთხარი: „შენდამი შევცოდე? სად ან როდის ვთქვი შენზე შეურაცხმყოფელი სიტყვები? განა მუდამ ღვთაებად (θεάν) არ მიმაჩნდი? მარადის როგორც დას არ გეკრძალვოდი შენ? ცილს რად მწამებ, ასულო, ასეთ უკეთურებასა და უწმინდურობაში?“ 8. მოცინარი მეუბნება: „შენს გულში უკეთური გულისთქმა შევიდა. ნუთუ არ გგონია, რომ შენებრ მართალი მამაკაცისთვის სიბილწეა, თუკი მის გულში უკეთური გულისთქმა შევა?“ „ცოდვაა, -თქვა, - თანაც დიდი, რადგან მართალი კაცი სიმართლეს იზრახავს, ხოლო რაჟამს არის იგი მართლის მზრახველი, მისი დიდება ცათა შინა წარემატება და ჰყავს მას უფალი კეთილად მომადლიერებული ყველა საქმეში; ხოლო რომლებსაც გულით სწადიათ უკეთური, მონობასა და სიკვდილს მოიწევენ საკუთარ თავზე. განსაკუთრებით ისინი, რომელნიც ამა საუკუნეში იუნჯებენ და თავიანთი სიმდიდრით გაამპარტავნებულნი, არ მიილტვიან მომავალი სიკეთეებისკენ. 9. ინანებენ მათი სულები, რომლებსაც არ აქვთ სასოება და სასოწარკვეთისთვის მიუციათ თავისი თავი და თავისივე სიცოცხლეც4. ხოლო შენ ილოცე უფლისადმი და განგკურნავს შენს ცოვებს (შდრ. რჯლ. 30.3) და მთელი შენი სახლეულისას და ყველა წმინდანის“5.    2. 1. ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ცა დაიხურა, ხოლო მე ყოვლითურთ შეძრწუნებული და დამწუხრებული ვიყავი. ჩემს თავს ვეუბნებოდი: „თუკი ეს ცოდვად შემერაცხა, როგორღა ძალმიძს გადარჩენა? როგორ მოვიწყალობო ღმერთი ჩემ მიერ აღსრულებული [სხვა] ცოდვების გამო? ან რაგვარი სიტყვებით მივმართო უფალს, რომ შემიწყალოს?“ 2. გულში ამას ვიზრახავდი და განვსჯიდი და ვხედავ, ჩემ წინ თოვლივით სპეტაკი, დიდი მატყლის სავარძელია. მოვიდა უბრწყინვალესი კაბით [მოსილი] ასაკოვანი ქალბატონი. ხელთ წიგნი ეპყრა, მარტოკა დაბრძანდა და მომესალმა: „გამარჯობა, ერმ“. მე დამწუხრებულმა და ატირებულმა მივუგე: „გამარჯობა, ქალბატონო“. 3. მეუბნება: „რატომ ხარ პირქუში, ერმ? სულგრძელს, უთქმელსა და ყოვლად მოცინარს რად გაქვს სახე ეგზომ ქუფრი და განუხარელი?“ მე ვუპასუხე: „უმშვენიერესი ასულის ნათქვამის გამო: რომ ვცოდე მისდამი“. 4. მან მომიგო: „არანაირად  არ შეჰფერის ღვთის მონას ამგვარი საქმე, მაგრამ ყოვლითურთ აღწევნილა6 შენს გულამდე მის გამო ეგზომი ზრახვა, რაც ღვთის მონებზე ცოდვას მოაწევს. ბილწი და შემაძრწუნებელი სურვილი ყოვლადპატიოსანისა7 და უკვე გამოცდილ სულს უკეთური საქმისადმი აღაგზნებს. განსაკუთრებით ერმს, მხნესა და ყოველგვარი უზნეო სწრაფვის უარმყოფელს და აღსავსეს ყოველნაირი უბრალოებითა და დიდი სიმშვიდით. 3. 1. მაგრამ ამიტომ როდი მრისხანებს შენზე ღმერთი, არამედ - შენი უსამართლო სახლეულის გამო, რომელიც ღვთისგან და თქვენგან, თავისი მშობლებისგან, განდგა. მიუხედავად იმისა, რომ შვილთმოყვარე იყავი, არ უფრთხილდებოდი შენს სახლეულს, ხოლო მიუშვი რა, საშინლად გაირყვნა იგი. ამიტომაც მრისხანებს შენზე უფალი. მაგრამ განკურნავს შენს ადრე ქმნილ ყველა უკეთურებას შენს სახლეულში. მათ ცოდვათა და უკანონობათა გამო ქვეყნიურ საქმეთაგან შენც გაირყვენი. 2. მაგრამ უფლის მრავალმოწყალებამ შეგიწყალა შენ და შენი სახლეული და განგამტკიცებს და დაგასაძირკვლებს თავის დიდებაში. მხოლოდღა ნუ მომედგრები, არამედ სულიერად გაამხნევე და განაძლიერე შენი სახლეული. როგორც კვერისდამკვრელი მჭედელი8 თავისი შრომით სურვილის შესაბამის ნივთს გამოკვერავს, ამგვარადვე ყოველდღიური მართალი სიტყვა სძლევს ყოველგვარ უკეთურებას. ნუ შეწყვეტ შენი შვილების განსწავლას და იხილავ, რომ თუ მთელი გულით შეინანებენ, ჩაიწერებიან წმინდანებთან ერთად ცხოვრების წიგნში“. 3. ამ სიტყვების დასრულების შემდეგ ამგვარად მომმართა: „გსურს, მოისმინო ჩემგან წაკითხული?“ მე მივუგე: „მსურს, ქალბატონო“. მიპასუხებს: „ისმინე დიდება ღვთისა“. ვისმენდი უდიდეს და საკვირველ რამეს, რომლის დამახსოვრებაც არ ძალმიძდა, რადგან ყოველი სიტყვა შემაძრწუნებელი იყო, რომელთა ტვირთვაც არ ხელეწიფება ადამიანს. დამამახსოვრდა უკანასკნელნი, ჩვენთივს სასარგებლო და გასაგები სიტყვები: 4. „აჰა, ღმერთი ძალთა (შდრ. ფს. 58.6), რომელმაც უხილავი და ძლიერი ძალითა და თავისი დიდი გონიერებით დააფუძნა სამყარო და დიდებული ზრახვით გარეშემოწერა თავის ქმნილებას მშვენიერება (შდრ. ეს. 42.5). მტკიცე სიტყვით დაამყარა მან ზეცა და წყალთა ზედა დააფუძნა ქვეყანა (შდრ. ფს. 135.6) და თავისი სიბრძნითა და წინასწარმხედველობით შექმნა თავისი წმინდა ეკლესია, რომელიც აკურთხა. აჰა, ცვლის ცასა და მთებს, მაღლობებსა და ზღვებს (შდრ. ფს. 45.3); ყოველივე მოსწორდება მისი რჩეულებისთვის, რომ გადასცეს [უფალმა] მათ დანაპირები აღთქმისამებრ დაუსრულებელ დიდებასთან და სიხარულთან ერთად, თუკი დაიცავენ ღვთის მცნებებს, რაც მიიღეს დიდი სარწმუნოებით“9.   4. 1. როდესაც კითხვა დაასრულა და სავარძლიდან წამოდგა, მოვიდა ოთხი ჭაბუკი, აიღეს სავარძელი და წავიდნენ აღმოსავლეთისკენ. 2. ხოლო მე მიმიხმო, მკერდზე შემეხო და მეუბნება: „კმაყოფილი ხარ წაკითხულით?“ მე ვიპასუხე: „ქალბატონო, ეს უკანასკნელი საამო იყო, ხოლო ადრინდელი - მძიმე და მკაცრი“. მან მომიგო და მითხრა: „ეს უკანასკნელნი - მართალთათვის, ხოლო ადრინდელნი - წარმართთა და განდგომილთათვის“. 3. ამის თქმისას ჩვენთან ვიღაც ორი მამაკაცი გამოცხადდა, ხელთ იპყრეს იგი და წავიდნენ აღმოსავლეთისკენ (საითაც სავარძელი წააბრძანეს). მხიარული მიდიოდა და შემომძახა: „გამხნევდიო, ერმ!“. ხილვა მეორე 5. (1). 1. მივემგზავრებოდი რა კუმისკენ იმავ ჟამს, როგორც შარშან, მოარულს მაგონდებოდა ადრინდელი ხილვა, და კვლავ ამიტაცა სულმა და იმ ადგილისკენ წამიყვანა, სადაც ერთი წლის წინ [ვიმყოფებოდი]. 2. ადგილზე მისულმა მუხლი მოვიყარე, უფლისადმი ლოცვა დავიწყე და ვადიდებდი მის სახელს (შდრ. ფს. 85. 9.12; ეს. 24.15; 2თესალ. 1.12), რომელმაც ღირსი გამხადა განწმენდისა და შემაცნობინა ჩემი ადრინდელი შეცოდებანი. 3. ლოცვის დასრულების შემდეგ წამოვდექი და ვხედავ ჩემ პირისპირ მოხუც [ქალბატონს], რომელიც შარშანაც ვიხილე, მიმოვიდოდა და წიგნს კითხულობდა. მეუბნება მე: „შეგიძლია, ეს ღვთის რჩეულებს შეატყობინო?“ მივუგე მას: „ქალბატონო, ამდენის დამახსოვრება არ ძალმიძს. მომეცი წიგნი, რომ გადავწერო იგი“. მითხრა: „აიღე და დამიბრუნე“. 4. მე გამოვართვი და რომელიღაც უდაბურ ადგილზე განმარტოებული ვიწერდი ყოველივეს ასო-ასო, თუმცა კი მარცვალთ ვერ განვარჩევდი10.  გადაწერის დასრულებისას მოულოდნელად წიგნი ხელიდან წამერთვა, ხოლო ვის მიერ, არ მინახავს.   6.(2). 1. ჩემი თხუთმეტდღიანი მარხვისა და უფლისადმი მრავალჯერადი ვედრების შემდეგ დაწერილის ცოდნა განმეცხადა, ხოლო დაწერილი იყო ეს: 2. „შენმა სახლეულმა11 , ერმ,  ღმერთი შეურაცხყო და უფალი დაგმო, საკუთარი მშობლები დიდი უკეთურებით გასცა, მშობელთა გამყიდველებად იწოდნენ და გამცემთ არაფერი უხეირიათ12, არამედ კიდევ მეტად შეჰმატეს თავიანთ ცოდვებს აღვირახსნილობანი და მრავალგვარი უკეთურობა13. ამგვარად აღივსო მათი უსამართლობა. 3. გამოუცხადე ეს სიტყვები შენს ყველა შვილს, მეუღლეს, რომელიც შენი და უნდა გახდეს14, რადგან იგი არ იოკებს ენას რომლითაც სცოდავს (შდრ. იაკ.1.26; 3.2,8); მაგრამ ამგვარი სიტყვების მსმენელი განერიდება15 და მიიღებს წყალობას. 4. ამ სიტყვათა უწყების შემდეგ, რომელთა გამოცხადებაც შენთვის მეუფემ დამავალა, მიეტევებათ მათ და ყველა წმინდანს შეცოდებანი ვიდრე ამ დღემდე16, ყოველი ცოდვა, რომლითაც უწინ უცოდავთ, თუკი მთელი გულით შეინანებენ და განიძარცვავენ თავიანთი გულიდან ორჭოფობას. 5. თავისი დიდებით შეჰფიცა მეუფემ მის რჩეულებს: თუკი, განსაზღვრულია რა ეს დღე, კვლავ შეცოდება იქნება, არ ექნებათ მათ ცხონება, რადგან სინანულს მართალთა მიმართ  აქვს დასასრული. დასრულებულია ყველა წმინდისთვის სინანულის დღეს17 ხოლო წარმართთათვისაც სინანული უკანასკნელ ჟამამდეა18. 6. შეატყობინე ეკლესიის წინამძღოლებს, სიმართლით წარმართონ თავიანთი გზები, რომ მიიღონ აღთქმათა სისავსისგან სრულ დიდებასთან ერთად. 7. სიმართლის მოქმედნი მტკიცედ უნდა იდგეთ (შდრ. ფს. 14.2) და ნუ შეორგულდებით, რომ წმინდა ანგელოზებთან ერთად გადახვიდეთ19 [სასუფეველში]. ნეტარნი ხართ, ვინც დაითმენთ თქვენზე აღძრულ განსაცდელთა სიმრავლეს და არ უარყოფთ საკუთარ ცხონებას. 8. დაიფიცა უფალმა თავისი ძის მიერ: უარმყოფელნი თავიანთი უფლისა საკუთარი ცხონების შეუმეცნებელნი ხდებიან, რომელნიც ახლაც მზად არიან, მომავალ დღეებში [უფალს] განუდგნენ; ხოლო ადრე განდგომილთათვის მწყალობელი გახდა მრავალმოწყალების გამო.20   7.(3). 1. ხოლო შენ, ერმ, ნუ იქნები ავმეხსიერი შენი შვილებისადმი, ნურც შენს დას უარყოფ21, რომ განიწმინდონ თავიანთი უწინარესი ცოდვებისგან; თუკი არ იქნები ავმეხსიარი მათ მიმართ, განისწავლებიან სამართლიანი განსწავლით. ავმეხსიარება სიკვდილს მოიმუშაკებს. შენ, ერმ, დიდი შეჭირვება გადაიტანე შენი სახლეულის პიროვნული დანაშაულებების გამო, ვინაიდან არ ზრუნავდი მათზე, არამედ უგულებელყოფდი მათ და შენი უკეთური საქმეებით თანააღრეული იყავი მათთან22.  2. შენი უბრალოება, მრავალი თავშეკავება და ცხოველი ღმერთისგან გარემიუქცეველობა23 დაგიხსნის შენ (შდრ. ებრ. 3.12). ესენი შეგეწევიან, თუკი [მათში] დაადგრები, და ყველას დაიხსნის, ვინც კი დაიწყებს ამგვარად მოქმედებასა და სრბოლას უმანკოებასა და უბრალოებაში. ასეთნი სძლევენ ყოველგვარ უკეთურებას და დაცულნი იქნებიან საუკუნო ცხოვრებისთვის. 3. ნეტარია სიმართლის ყველა მოქმედი (შდრ. ფს. 105.3.), არ გაიხრწნებიან უკუნისამდე. 4. უთხარი მაქსიმეს:24 „ვხედავ, დევნა ახლოვდება. თუკი შენ იხილავ, კვლავ უარყოფ. ახლოსაა უფალი მოქცეულებთან, როგორ აღწერეს ელდადდმა და მოდატმა25, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ ხალხისთვის უდაბნოში“.   8.(4). 1. გამომეცხადა მე, ძმანო, მძინარეს უკეთილმშვენიერესი ჭაბუკი და მითხრა: „როგორ გგონია ვინაა მოხუცი [ქალბატონი], რომლისგანაც წიგნი მიიღე?“ მე ვუთხარი: „სიბილა“26. „შეცდიო, - მომიგო, - არააო [სიბილა]“. ვკითხე: „ვინაა - მეთქი?“ „ეკლესიააო“ - მიპასუხა. კვლავ ვკითხე: „რატომაა ასაკოვანი?“ მომიგო: „რადგან ყველაზე ადრე დაფუძნდა, ამიტომაცაა ასაკოვანი, და მისდა კვალად შეიქმნა სამყარო“.  2. ამის შემდეგ ჩემს სახლში ჩვენება ვიხილე: მოვიდა მოხუცი [ქალბატონი] და მკითხა, გადავეცი თუ არა ხუცესებს წიგნი. უარი მივუგე. „კეთილად მოქცეულხარ, მეუბნება, ვინაიდან სიტყვები მაქვს ჩასართავი. როდესაც ყველა სიტყვას დავასრულებ, შენი გზით განცხადდება იგი ყოველი რჩეულისთვის. 3. დაწერე ორი წიგნი და გადაეცი კლიმენტისა და გრაპტის27. კლიმენტი გააგზავნის გარე ქალაქებში28, მას ასე ებრძანა; გრაპტის კი ქვრივთა და ობოლთა შეგონება დაევალა, ხოლო შენ ამ ქალაქში ეკლესიის წინამძღოლ ხუცესებთან ერთად წაიკითხე“.   ხილვა მესამე 9.(1). 1. ამგვარი რამ ვიხილე, ძმანო.  2. მრავალი ვიმარხე და ვევედრე უფალს, რომ განცხადებულიყო ჩემთვის საიდუმლო29, რაც მოხუცი [ქალბატონის] მიერ მეუწყა. იმ ღამით გამომეცხადა იგი30 და მითხრა: „ვინაიდან არ ხარ კმაყოფილი და ჯეროვნად გსურს, ყოველივე გაიგო, ველად მოდი, სადაც თესლი ითესება. ხუთი საათისთვის განგიცხადებ და გიჩვენებ შენ, რისი ხილვაც გჭირდება“. 3. ვკითხე მას: „ქალბატონო, რომელ ველზე მოვიდე?“ მიპასუხა: „სადაც მოგესურვება“. გამოვირჩიე მშვენიერი, განმარტოებული ადგილი. სანამ მას ვეტყოდი და ადგილს ვაუწყებდი, მეუბნება: „მოვალ იქ სადაც კი გსურს“. 4. გავედი, ძმანო, ველად, დრო მოვინიშნე და მივედი ადგილზე, რომელიც დავთქვი მასთან შესახვედრად. ვხედავ, სპილოს ძვლისგან გამოკვეთილი სავარძელი დგას და სავარძელზე სელის ბალიში დევს. მაღლიდან სელის ფაქიზი ზეწარი ადევს. 5. ვუმზერ ყოველსავე წინამდებარეს, ადგილზე არავინაა. შევძრწუნდი, როდესაც იქ მისული მარტო აღმოვჩნდი; დავითრგუნე, თითქოს კანკალმა ამიტანა, თმები ყალყზე დამიდგა. გონს მოვეგე, ღვთის დიდებულება მოვიგონე და გავმხნევდი. მუხლი მოვიყარე და უფლისადმი კვლავ ჩემს ცოდვებს ვაღიარებდი, როგორც ადრე. 6. მოვიდა [მოხუცი ქალბატონი] ექვს ჭაბუკთან ერთად, რომელნიც უწინაც მინახავს. ჩემთან დადგა და ყურადღებით ისმენდა ჩემი ცოდვების აღიარებასა და ლოცვას უფლისადმი. შემეხო მე და მითხრა: „ერმ, შეწყვიტე შენი ცოდვების გამო ყველანაირი ვედრება და ილოცე სიმართლისთვის, რომ გერგოს წილი მისგან შენი სახლეულისთვის“.  7. ხელით წამომაყენა, სავარძელთან მიმიძღვა და ჭაბუკებს მიმართა: „წადით და აღმართეთ“.  8. ჭაბუკთა განშორების შემდეგ ჩვენ მარტონი დავრჩით მე მეუბნება: „დაბრძანდი აქ“. მე მივუგე: „ქალბატონო, დაე, პირველად ხუცესნი დასხდნენ“. მომიგო: „შენ გეუბნები, აქ დაჯექი“.  9. მარჯვენა მხარეს მოვისურვე დაჯდომა, მაგრამ არ დამანება და ხელით მიმანიშნა მარცხენა მხარეს დაჯექიო. ჩავფიქრდი და დავნაღვლიანდი (რადგან არ დამრთო ნება მარჯვნივ დაჯდომისა). მეუბნება: „მწუხარებ, ერმ? მარჯვენა მხარეს ადგილი სხვებისთვისაა, რომელნიც უკვე სათნოეყვნენ ღმერთს და იტანჯნენ [მისი] სახელის გამო. ხოლო შენ მრავალი რამ გაკლია, რომ მათთან ერთად დაბრძანდე. შეინარჩუნე შენი უბრალოება, დაიცადე და დაჯდები მათთან ერთად და მრავალნი [დასხდებიან] თუკი აღასრულებენ მათ საქმეებს და დაითმენენ იმას, რაც მათ დაითმინეს.   10.(2). 1. ვიკითხე, რა დაითმინეს - მეთქი? მომიგო: „მისმინე: გვემა, პატიმრობანი, უდიდესი შეჭირვებები, ჯვარცმანი31, მხეცთაგან [დაგლეჯა] მისი სახელის გამო32. ამიტომაც სიწმინდის მარჯვენა მხარე იმათია, [უფლის] სახელისთვის ვინც იტანჯა, ხოლო დანარჩენებისთვის მარცხენა ნაწილია. მაგრამ ორივეგან მსხდომნი (მარჯვენა და მარცხენა მხარეს) იმავე ძღვენსა და იმავე აღთქმულთ [მიიღებენ]. მხოლოდ ისინი, რომელნიც მარჯვნივ სხედან, ფლობენ იმგვარ დიდებას, [რაც მარცხნივ მყოფთ არ აქვთ]. 2. შენ კი მარჯვნივ, მათთან ერთად გსურს დაჯდომა, მაგრამ მრავალი ნაკლულევანება გაქვს. განიწმინდე თავი ნაკლოვანებისგან. ნურავინ შეორგულდება, ყოველგვარი ცოდვისგან განიწმინდონ იმ დღისთვის“.  3. ეს თქვა და წასვლა დააპირა, ხოლო მე მის ფერხთით დავეცი და ვევედრებოდი, უფლის გულისთვის ეჩვენებინა ჩემთვის აღთქმული ხილვა. 4. კვლავ იპყრო ჩემი ხელი, წამიძღვა და დამსვა სავარძელთან მარცხენა მხარეს; თავად მარჯვნივ ჩამოჯდა. რომელიღაც ბრწყინვალე კვერთხი ზეაღმართა და მითხრა: „ხედავ დიად საქმეებს?“ ვიპასუხე, ქალბატონო ვერაფერს ვხედავ - მეთქი. მომიგო: „ვერ ხედავ? აჰა, შენს პირდაპირ, წყალზე ბრწყინვალე ოთხკუთხა ქვებისგან დიდი კოშკი შენდება“.  5. ოთხკუთხა კოშკს მასთან ერთად მოსული ექვსი ჭაბუკი აშენებდა. სხვებს, ათასობით მამაკაცს ზოგიერთს წყლის ფსკერიდან, ხოლო ზოგს ხმელეთიდან მოჰქონდა ქვები და იმ ექვს ჭაბუკს აწვდიდა, ხოლო ისინი იღებდნენ და აშენებდნენ.  6. წყლის ფსკერიდან ამოტანილ ყველა ქვას ამგვარადვე განათავსებდნენ ნაგებობაზე, რადგან მოტანილი [ქვები] სხვა ქვებთან ერთად  ურთიერთშეხების ადგილით სრულ სიმწყობრეს ქმნიდნენ. კოშკის შენობაც თითქოს ერთიანი ქვისგან ნაშენი ჩანდა.  7. ხმელეთიდან მოტანილი ქვების სხვა ნაწილს განაგდებდნენ, შენობასთან ალაგებდნენ. სხვებს ანაწევრებდნენ და კოშკიდან შორს ისროდნენ.  8. სხვა მრავალი ქვა კოშკთან წრიულად დალაგდა და შენობისთვის მათ არ იყენებდნენ, რადგან მათგან ზოგიერთი ხორკლიანი იყო, სხვები დაბზარულიყვნენ, ნაწილი - უწახნაგო, სხვებს თეთრი ფერი და მრგვალი ფორმა [ჰქონდა] და გამოუსადეგარნი იყვნენ შენობისთვის.  9. ვიხილე, კოშკიდან შორს გადაყრილი სხვა ქვები გზისკენ მიემართებოდნენ და, არ ჩერდებოდნენ რა გზაზე, უდაბური ადგილისკენ მიგორავდნენ. სხვები ცეცხლში ცვივდებოდნენ და იწვოდნენ. სხვანი წყალთან ახლოს ეცემოდნენ და არ ძალუძდათ, წყლამდე მიღწევა, თუმცა კი სურდათ გადაგორება და წყალში შესვლა.   11.(3). 1. ეს მიჩვენა და წასვლა დააპირა. ვუთხარი მას: „დედოფალო, რა სასარგებლოა ჩემთვის ნანახი, თუკი ვერ ჩავწვდი“. მიპასუხა და მითხრა მე: „ჭკუამახვილი33 ყოფილხარ, ადამიანო, გსურს რა შეიტყო კოშკის შესახებ“. მივუგე: „დიახ, დედოფალო, - რომ ჩემს ძმებს ვამცნო, რომ დიდი სიხარულით გაიხარონ და ამის მსმენელებმა ღმერთი შეიმეცნონ მრავალი დიდებით“.  2. მიპასუხა: „ბევრი მოისმენს, მაგრამ მსმენელებთაგან ზოგიერთები გაიხარებენ, ხოლო ზოგიერთნი ატირდებიან. თუმცა თუკი ისინი მოისმენენ და შეინანებენ თავადაც გაიხარებენ. ისმინე იგავი34 კოშკის შესახებ; ყოველივეს განგიცხადებ შენ. მეტად ნუღარ დამაშვრალობ გამოცხადების გამო, რადგან ამ გამოცხადებებსაც აქვთ დასასრული, ვინაიდან აღსრულებულნი არიან, მაგრამ ხარ რა კადნიერი35, არ წყვეტ გამოცხადებათა მოთხოვნას. 3. მაშ ასე, მშენებარე კოშკი, რომელსაც ხედავ, მე ვარ - ეკლესია, გეცხადები რა ახლაც და - უწინაც. მკითხე კოშკის შესახებ, რაც გსურს, და განგიცხადებ შენ,  რომ იხარო წმინდანებთან ერთად“. 4. ვუთხარი მას: „დედოფალო, მას შემდეგ, რაც ერთგზის ღირსმყავ, გეწინამძღვრა ჩემთვის ყოველგვარ გამოცხადებაში, [კვლავ] განმიცხადე“.  მომიგო: „თუკი გამოცხადების მიმღები იქნები, განგეცხადება; მხოლოდ შენი გული ღმერთთან იყოს და ნანახის გამო ნუ დაეჭვდები“. 5. ვკითხე მას: „ქალბატონო, კოშკი წყალზე რატომ შენდება?“.  „უწინაც გითხარი, -  მომიგებს, - და გულმოდგინედ გამოეძიებ, ხოლო მაძიებელი აღმოაჩენ ჭეშმარიტებას. იმის გამო შენდება კოშკი წყალზე, რომ თქვენი სიცოცხლე წყლის მიერ დაიხსნა და დაიხსნება. კოშკი ყოვლისმპყრობელის სიტყვითა და დიდებულის სახელით დაფუძნდა და მეუფის უხილავი ძალის მიერ იმართება“.   12.(4). 1. მივუგე მას და ვუთხარი: „დიდი და საკვირველია ეს საქმე! ქალბატონო, ექვსი მშენებელი ჭაბუკი ვინ არის?“  „ისინი ღვთის პირველქმნილი წმინდა ანგელოზები არიან, რომელთაც უფალმა ასაღორძინებლად, აღსაშენებლად და სამართავად ყოველი თავისი ქმნილება გადასცა. მათ მიერ განსრულდება კოშკის შენება“. 2. „სხვები - ქვებს რომ ეზიდებიან?“ „ისინიც ღვთის წმინდა ანგელოზები არიან, მაგრამ ის ექვსი ამათზე აღმატებულია. როდესაც კოშკის შენება დასრულდება, ყველანი ჩემსა და კოშკის გარშემო მხიარულებას მიეცემიან და ღმერთს განადიდებენ, რადგან დასრულდება კოშკის შენობის აგება“. 3. ვუთხარი მას: „დედოფალო, მსურს ვიცოდე ქვების წარმომავლობა, საიდან არიან, და მათი ძალა“. მიპასუხა: „განა ყველაზე უღირსეულესი შენ ხარ, რომ განგიცხადო. არიან სხვები, შენზე უპირატესნი და სახიერნი, რომელთათვისაც ხამს ამ ხილვათა უწყება, მაგრამ ღვთის სახელის სადიდებლად შენთვის  და დაეჭვებულთათვის განცხადდება, რომლებიც განსჯიან თავიანთ გულებში: იქნება ეს ასე თუ არ იქნება? უთახარი მათ, რომ ეს ყველაფერი ჭეშმარიტებაა და არაფერია გარეშე ჭეშმარიტებისა, არამედ ყოველივე ძლიერად და მყარადაა დასაძირკვლებული.   13.(5). 1. ახლა კი ისმინე კოშკთან მოტანილი ქვების შესახებ. ოთხკუთხა, თეთრი და თავიანთი კავშირებით შეწყობილნი, ესენი, როგორც შესვენებულნი, ასევე ჯერ კიდევ [ხორცში] მყოფნი, მოციქულნი, ეპისკოპოსები, მოძღვარნი და დიაკონნი არიან, ღვთივპატიოსნად მავალნი, რომლებიც უბიწოდ და წმინდად მწყსიან, განსწავლიან და ემსახურებიან ღვთის რჩეულთ; [მათ], მარადჟამ ერთმანეთთან თანხმობაში მყოფთ, ურთიერთში მშვიდობა აქვთ და ერთურთს უსმენენ. ამიტომაა კოშკის შენობაში მათი თანაშერთულობის ადგილი მწყობრი“. 2. „წყლის ფსკერიდან ამოტანილი და შენობაში განთავსებულნი, თავიანთი ზედაპირით სხვა, უკვე ნაშენებ ქვებთან თანაშეწყობილნი ვინ არიან?“  „ესენი ღვთის სახელის გამო ტანჯულნი არიან“. 3. „ქალბატონო, მსურს გავიგო სხვა, ხმელეთიდან მოტანილი ქვები ვინ არიან?“ მიპასუხა: „შენობასთან მოტანილნი და დაუნაწევრებელნი უფლისგან გამოცდილები არიან, რომელთაც უფლის სიმართლით ისრბოლეს [წუთისოფელში] და ღირსეულად აღასრულეს მისი მცნებები“36. 4. „შენობასთან მოტანილი და დალაგებულები?“ „სარწმუნოებაში ახლადმოქცეული მორწმუნეები არიან, რომელთაც ანგელოზები კეთილმოქმედებას შთააგონებენ, რის გამოც მათში არ იპოვება უკეთურება“. 5. „განგდებულნი და გადაყრილნი ვინ არიან?“ „ესენი არიან, რომელთაც შესცოდეს და სურთ შეინანონ. ამიტომაც არ მიაქვთ კოშკიდან შორს, რადგან სასარგებლონი იქნებიან შენობისთვის, თუკი შეინანებენ. თუ სინანულის მზრახველნი ახლა, კოშკის შენებისას, მოინანიებენ, განძლიერდებიან სარწმუნოებაში; ხოლო თუკი შენობა განსრულდება, აღარასოდეს ექნებათ ადგილი, არამედ განიდევნებიან და მხოლოდ კოშკის მიღმა დაიდებიან37.   14.(6). 1. გსურს, იცოდე დანაწევრებული და კოშკიდან შორს გადაყრილი [ქვების] შესახებ? ესენი ურჯულოების ძენი არიან, რომელთაც თუალღებით სწამთ. არ უარყოფილა მათგან არანაირი უკეთურება. იმიტომ არ გააჩნია ხსნა, რომ შენობას არაფერში გამოადგებიან თავიანთი უზნეობით; ამიტომაც თანადანაწევრებულები შორს განიგდებიან უფლის გულისწყრომის გამო, რადგან განარისხეს იგი. 2. ხოლო სხვა მრავალნი, დახორკლილნი, რომლებიც დალაგებულნი იხილე და შენობაში არ შეჰქონდათ, ისინი არიან, რომელთაც შეიმეცნეს ჭეშმარიტება და არ დაადრგნენ მასში, არც წმინდანებს შეუერთდნენ38. ამიტომაც არიან გამოუსადეგარნი“. 3. „დაბზარული [ქვები] ვინ არიან?“ „ესენი არიან, რომელთაც გულებში ერთმანეთის მიმართ წინააღმდეგობა აქვთ და ურთიერთში მშვიდობის გარეშე ცხოვრობენ (შდრ. მარკ. 9.50; 1 თესალ.5.13); გარეგნულად სიმშვიდის მატარებელნი, როდესაც ერთურთს განშორდებიან, მათი უკეთურება გულებში ნარჩუნდება. ესაა ბზარები, რომლებიც ქვებზეა. 4. დასახიჩრებულნი ისინი არიან, რომელთაც ირწმუნეს და სიმართლეში სავსე საწყაულის მქონენი ურჯულოების წილსაც ფლობენ. ამის გამო სახიჩარნი39 არიან და არა სრულყოფილნი“. 5. „ქალბატონო, თეთრნი მომრგვალებულნი და ნაგებობისთვის შეუსაბამონი ვინ არიან?“ მიპასუხა მე და მითხრა: „როდემდე იქნები უგუნური და უგულისხმო? ყოველივეს მეკითხები და ვერარას გულისხმაყოფ. ესენი არიან, რომელთაც რწმენა აქვთ, მაგრამ ამ საუკუნის სიმდიდრესაც ფლობენ. როდესაც დევნა იქნება, სიმდიდრისა და საზრუნავთა გამო40 თავიანთ უფალს უარყოფენ“. 6. მივუგე მას და ვკითხე: „ქალბატონო, როდისღა იქნებიან შენობისთვის სასარგებლონი?“ მიპასუხა: „როცა მათი სულები დამატყვევებელ სიმდიდრეს მოიკვეთენ, მაშინ სასარგებლონი გახდებიან ღვთისთვის;  რადგან ისევე როგორც  მომრგვალებულ ქვას, თუკი  რამ არ გამოეკვეთა და გამოეხშირა მას, არ ძალუძს გახდეს ოთხკუთხა, ამგვარადვე ამ საუკუნეში გამდიდრებულნი, თუკი არ მოიკვეთენ თავიანთ სიმდიდრეს, ვერ შეძლებენ, სასარგებლონი გახდნენ უფლისთვის. 7. შენი თავისგან შეიცანი უპირველესად, რადგან მდიდრდებოდი რა უსარგებლო იყავი, აწ კი გამოსადეგი ხარ და სასარგებლო ცხოვრებისთვის. სასარგებლონი უნდა გაუხდეთ ღმერთს, რადგან თავად შენც ირგე ამ ქვათაგან41.   15.(7). 1. სხვა ქვები, რომლებიც კოშკიდან შორს გადაყრილნი, გზაზე დაცემულნი და გზიდან უდაბური ადგილისკენ ჩაგორებულნი იხილე, ისინი არიან, რომელთაც ირწმუნეს, მაგრამ თავიანთი ორგულობის გამო დაუტევეს ჭეშმარიტი გზა მიიჩნიეს რა, რომ ძალუძდათ უკეთესი გზა ეპოვათ; დაეხეტებიან და იტანჯებიან უკაცრიელ ადგილებში მოარულნი. 2. ცეცხლში ჩავარდნილნი და ალმოდებულნი ისინი არიან, რომლებიც საბოლოოდ განუდგნენ ცხოველ (ცოცხალ, ი.ო.) ღმერთს (ებრ. 3,12). მეტად აღარც მიეახლება მათ გულს სინანული უზნეო ცხოვრების წესისა და უკეთურად აღსრულებული საქმეების გამო. 3. გინდა იცოდე სხვები, წყალთან ახლოს დაცემული [ქვები], რომელთაც არ ძალუძდათ წყალში გადაგორება, ვინ არიან? ესენი არიან, რომელნიც სიტყვას ისმენენ42 (მთ. 13. 20,22; მრ. 4.18) და სურთ ნათლისღება უფლის სახელით, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ ჭეშმარიტი სიწმინდის ხსოვნა მიეახლება, შეხედულებას იცვლიან და კვლავ უკან სრბოლობენ თავიანთი უკეთური სურვილებისკენ.43 4. დაასრულა განმარტება კოშკის შესახებ. 5. გაკადნიერებულმა44 კვლავ ვკითხე მას: “ყველა ეს განგდებული და კოშკის შენობასთან შეუკავშირებელი ქვა – თუ არის მათთვის სინანული და თუ ექნებათ ამ კოშკში ადგილი?” მიპასუხა: “ხელეწიფებათ სინანული, მაგრამ არ ძალუძთ ამ კოშკთან ერთობა. 6. სხვა, ფრიად კნინ ადგილს შეეწყობიან და ესეც მაშინ, რაჟამს განიკითხებიან და აღასრულებენ თავიანთ შეცოდებათა დღეებს. იმის გამოც ინაცვლებენ, რომ მართალი სიტყვა შეიწყნარეს. უკეთუ აღწევნილა მათ გულში საქმენი, რითაც უკეთურებას მოქმედებდნენ45, მოხდება ამ ტანჯვათაგან გადანაცვლება, ხოლო თუკი არ აღწევნილა მათ გულამდე [სინანული], ვერც ცხონდებიან თავიანთი გულფიცხელობის (σκληροκαρδίαν) გამო”.46 16.(8). 1. რაჟამს ამ ყოველივეს შესახებ მისდამი შეკითხვები შევწყვიტე, მეუბნება მე: “გსურს, სხვა რამ იხილო?” ხილვის მოსურნემ ძლიერ გახარებულის გამომეტყველება მივიღე.47 2. ჩემკენ მზირალმა გაიღიმა და მომიგო: “ხედავ კოშკის გარშემო შვიდ ასულს?”48 ვუპასუხე: “ვხედავ, ქალბატონო”. “ეს კოშკი უფლის ბრძანებისამებრ მათ მიერ აღიმართება. 3. ახლა კი ისმინე მათ მოქმედებათა შესახებ: მათგან პირველს, რომელსაც [კოშკი] ხელთ უპყრია, რწმენა ეწოდება. მის მიერ დაიხსნებიან ღვთის რჩეულნი.49 4. მეორეს, წელშემოსარტყლულსა და განმტკიცებულს, თავშეკავება ჰქვია. იგი რწმენის ასულია. ვინც მას შეუდგება, ნეტარი იქნება თავის სიცოცხლეში, რადგან ყოველგვარ უკეთურ საქმეს უარყოფს. [მასზე] მიმნდობი, რაჟამს ყველანაირი უზნეო სურვილისგან შორს დადგება, საუკუნო ცხოვრებას იმემკვიდრებს”. 5. “ქალბატონო, სხვები ვინ არიან?” “ერთიმეორის ასულები არიან. ეწოდებათ: უბრალოება, მეცნიერება, უმანკოება, უბიწოება, სიყვარული.50 როდესაც მათი მშობლის ყველა საქმეს აღასრულებ,51 ძალგიძს ცხონება”. 6. მივუგე: “ქალბატონო, მსურს ვიცოდე, მათგან ვის როგორი ძალა აქვს?” მიპასუხა: “ისმინე ძალთა შესახებ, რომელსაც ფლობენ. 7. მათ ძალებს ერთმანეთი უპყრიათ და ურთიერთს შობის შესაბამისად მიედევნებიან:52 რწმენისგან თავშეკავება იშვება, თავშეკავებისგან – უბრალოება, უბრალოებისგან – უმანკოება, უმანკოებისგან – უბიწოება, უბიწოებისგან – მეცნიერება, მეცნიერებისგან კი – სიყვარული.53 მათი საქმეები წმინდა, უბიწო და ღვთაებრივნი (θεῖά) არიან. 8. ვინც მათ ემონება და მათ საქმეებს ძლიერად იპყრობს, ღვთის წმინდანებთან ერთად კოშკში დამკვიდრდება”. 9. შევეკითხე მას დროთა შესახებ, არის კი უკვე დასასრული. დიდი ხმით შემრისხა: “უგუნურო ადამიანო, განა ვერ ხედავ, რომ კოშკი ჯერ კიდევ შენდება? განსრულდება რა შენობა, აღსასრულიც მოაწევს, მაგრამ სწრაფად აღიმართება. მეტად ნურაფერ შემეკითხები. საკმარისია ამის ხსოვნა შენთვის და წმინდანებისთვის თქვენი სულების განსაახლებლად.54 10. მაგრამ ეს განა მარტო შენ განგეცხადა, არამედ რათა სამი დღის შემდეგ ყველას გააგებინო. 11. პირველად საჭიროა, რომ შენ გაიაზრო. ერმ, იმ სიტყვებს გამცნებ, რომელთა თქმა მსურს შენთვის. ეს ყოველივე წმინდანთა სასმენელს აუწყე,55 რომ ამის მსმენელნი და აღმსრულებელნი განიწმინდონ თავიანთი უკეთურებებისგან, და შენ მათთან ერთად.   17.(9). 1. ისმინეთ ჩემი, შვილებო: მე აღგზარდეთ თქვენ მრავალ უბრალოებაში, უმანკოებასა და უბიწოებაში ღვთის მოწყალებით, რომელმაც თქვენზე გადმოღვარა სამართლიანობა,56 რომ სიმართლეს იქმოდეთ და განიწმინდოთ ყოველგვარი უზნეობისა და ყველანაირი გულარძნილებისგან (ἀπὸ πάσης σκολιότητος), მაგრამ თქვენ არ გსურთ თქვენი უკეთურების შეწყვეტა. 2. ახლა კი ჩემი ისმინეთ და მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთთან, მიხედეთ ურთიერთს და ერთურთი იტვირთეთ (I თესალ. 5.13), ღვთის ქმნილებებს მარტო კი ნუ მიიღებთ,57 არამედ სიმდიდრისგან უპოვართაც58 უწილადეთ. 3. ზოგიერთები საკვების სიმრავლით საკუთარ სხეულს აუძლურებენ და წაახდენენ, ხოლო საკვების არმქონეთ საზრდელის უკმარისობის გამო სხეული უავადდებათ და მათი გვამი59 მოუძლურდება. 4. ეს სიხარბე დამღუპველია თქვენთვის გაქვთ რა შესაძლებლობა და არ უწილადებთ უპოვართ. 5. ეკრძალეთ60 მომავალ სამსჯავროს. მდიდრებმა61 მშივრები მოიძიეთ, ვიდრე კოშკი არ განსრულებულა, რადგან უკეთუ კოშკის დასრულების შემდეგ მოინდომებთ ქველმოქმედებას,62 არ გექნებათ ადგილი.63 6. თქვენ, რომლებიც თქვენი სიმდიდრით ამპარტავნებთ, იხილავთ, რომ უპოვარნი არასოდეს დაიკვნესებენ64 და მათი სულთქმა უფალთან აღიწევა65 (იაკ, 5.4) და თქვენს სიკეთეებთან ერთად განიდევნებით კოშკის კარს გარეთ.66 7. ახლა კი თქვენ, ეკლესიის წინამძღოლებსა და მოთავეებს,67 მოგმართავთ: ნუ მიემსგავსებით გრძნეულებს. ისინი68 თავიანთ საწამლავს ბზის ჭურჭლებით დაატარებენ, ხოლო თქვენ კი შხამსა და საწამლავს – გულით. 8. გაუხეშებულნი ხართ და არ გსურთ საკუთარი გულების განწმენდა და მასში (განწმენდილ გულში) თქვენი გონების თანაშერთვა, რომ დიდი მეუფის წყალობას ეუფლოთ (ფს. 46.3). 9. ეკრძალეთ, შვილებო, რომ თქვენმა ასეთმა განხეთქილებებმა არ დაგაკარგინონ ცხონება. 10. თქვენ, თავად უსწავლელთ, რაგვარად ძალგიძთ ღვთის რჩეულთა განსწავლა? ერთმანეთი დამოძღვრეთ და მშვიდობა გქონდეთ ურთიერთთან (I თესალ. 5.13), რომ მე მამის წინაშე სიხარულით წარვდგე და სიტყვა გადავცე თქვენს უფალს ყველა თქვენგანის შესახებ”. 18.(10). 1. შეწყივიტა რა ჩემთან საუბარი, მოვიდა ექვსი მშენებელი ჭაბუკი და იგი კოშკისკენ წააბრძანეს. სხვა ოთხმა სავარძელიც იმ კოშკთან მიიტანა. მათი სახე არ მინახავს, რადგან შებრუნებულიყვნენ. 2. წასვლისას ვთხოვე, განეცხადებინა ჩემთვის სამი სახის თაობაზე, რომლითაც მე გამომეცხადა. მიპასუხა მე და მითხრა: “ამათ შესახებ საჭიროა, სხვას დაეკითხო”. 3. პირველი, შარშანდელი ხილვისას, ძმანო, ძლიერ მოხუცი და სავარძელზე მჯდომი ვიხილე. 4. მეორე ჩვენებისას აზალგაზრდა გარეგნობა ჰქონდა, ხოლო სხეული და თმები – მოხუცებულის, და მე [ფეხზე] მდგომი მესაუბრებოდა, თუმცა მეტად უხაროდა, ვიდრე უწინ. 5. მესამე ხილვისას სრული ახალგაზრდობითა და მშვენიერებით გამოირჩეოდა, მხოლოდ თმები ჰქონდა ასაკოვანის; სიხარულით აღვსილიყო და სავარძელზე იჯდა. 6. ამათ შესახებ ძლიერ ვდარდობდი [მსურდა რა], შემეცნო ეს გამოცხადება და ღამის ხილვაში ვხედავ მოხუცს, რომელმაც მომმართა: “ყოველგვარ ლოცვას სიმდაბლე სჭირდება. იმარხულე და მიიღებ, რასაც უფლისგან ითხოვ”. 7. ერთი დღე ვიმარხე და იმ ღამით გამომეცხადა ჭაბუკი და მითხრა: “რატომ ითხოვ შენს ვედრებაში, რომ გამოცხადებები განიკუთვნონ?69 ეკრძალე, რომ მრავლისმთხოვნელმა არაფერი ავნო საკუთარ სხეულს.70 8. საკმარისია შენთვის ეს გამოცხადებანი. განა ძალგიძს მეტად ძლევამოსილი საიდუმლოს71 ხილვა, ვიდრე გინახავს?” 9. ვკითხე მას და ვუთხარი: “უფალო, მხოლოდ მოხუცის სამი სახის შესახებ გევედრები, რომ სრულიქმნას გამოცხადება”. მიპასუხა და მომიგო: “როდემდე იქნებით უგუნურები? მაგრამ თქვენი ორგულობა უგულისხმოგყოფთ (ἀσυνέτους) და თქვენი გული არაა უფალთან”. 10. ვუპასუხე მას და კვლავ ვუთხარი: “უფალო, შენგან გავიგებ ამას უზუსტესად”.   19.(11). 1. მომიგო: “ისმინე ამ სამი სახის შესახებ, შენ რომ ეძიებ. 2. რატომ გამოგეცხადა შენ პირველი ხილვისას ასაკოვანი და სავარძელში მჯდომი? იმიტომ, რომ თქვენი სული მობერდა72 და უკვე დაძაბუნებულს აღარ აქვს ძალა თქვენი უძლურებისა და ორგულობის გამო. 3. როგორც მოხუცებს არ გააჩნიათ იმედი გაახალგაზრდავებისა73 და სხვა არაფერზე ფიქრობენ, თუ არა საკუთარ განსვენებაზე,74 ამგვარადვე თქვენც, ქვეყნიურ საქმეთაგან ღონემიხდილნი, საკუთარი თავი უზრუნველობას გადაეცით და თქვენი საზრუნავი უფალს არ მიანდეთ (ფს. 54.23; I პეტრ. 5.7). მოისრა75 თქვენი გონება და თქვენს მწუხარებებს შეაბერდით”. 4. “უფალო, მსურს ვიცოდე, რატომ იჯდა სავარძელში”. “ყოველი უძლური თავისი სნეულების გამო ზის სავარძელში, რომ იპყრას სხეულის სისუსტე. მიიღე სახე პირველი ხილვისა.   20.(12). 1. მეორე ხილვისას იგი [ფეხზე] მდგომი, გარეგნობით ახალგაზრდა და ადრინდელზე მეტად მხიარული იხილე, ხოლო სხეული და თმები მოხუცის ჰქონდა. ისმინე, - მეუბნება, - ეს იგავი. 2. როგორც ვინმე მოხუცი თავად უკვე უიმედოდაა საკუთარი უძლურებისა და სიღარიბის გამო და სხვას არაფერს ელის, თუ არა საკუთარი სიცოცხლის უკანასკნელ დღეს,76 შემდეგ მოულოდნელად მას მემკვიდრეობა გადაეცემა. მსმენელი ზეაღიმართება და ფრიად გახალისებული77 სიმტკიცით შეიმოსება; ამიერიდან მეტად აღარ დაწვება, არამედ წამოდგება, და განახლდება ადრინდელ საქმეთაგან გახრწნილი მისი სული. არათუ ჩამოჯდება, არამედ გამხნევდება.78 ამგვარადვე [უნდა იყოთ] თქვენც, უფლის მიერ თქვენთვის განცხადებულთა მსმენელნი, 3. რადგან შეგიწყალათ და განაახლა თქვენი სულები; უარყავით უძლურება, რადგან მოგეახლათ თქვენ მხნეობა, განმტკიცდით რწმენაში და თქვენი სიძლიერის მხილველი უფალი იხარებს. ამიტომაც გიჩვენათ თქვენ კოშკის ნაგებობა და სხვასაც განგიცხადებთ, უკეთუ მთელი გულით მშვიდობას ჰყოფთ ურთიერთში (I თესალ. 5.13).   21.(13). 1. მესამე ხილვისას იგი ახალგაზრდა, მშვენიერი, მხიარული და თავისი ლამაზი გარეგნობით იხილე. 2. რაჟამს ვინმე დამწუხრებულს მიეახლება რა რაიმე კეთილი ამბავი, მყისვე განირიდებს უწინდელ დარდს და არც სხვა რამეს შეიწყნარებს თვინიერ ცნობისა, რაც ესმა; გაძლიერდება მოსალოდნელი სიკეთისგან და შეწყნარებული სიხარულის მიერ განახლდება მისი სული; ამგვარადვე თქვენც, ამ სიკეთეთა მხილველებმა, განიახლეთ თქვენი სული. 3. ძლიერად დამყარებულ სავარძელზე მჯდომი რომ იხილე, რომელსაც ოთხი ფეხი ჰქონდა და მტკიცედ იდგა, [მიუთითებს], რომ სამყაროც ოთხი სტიქიონის მიერ შემყარდება. 4. სრულად, მთელი გულით მონანულნი გაახალგაზრდავდებიან და დასაძირკვლდებიან. მიიღე სრული გამოცხადება. მეტად ნურაფერს ითხოვ გამოცხადების შესახებ. უკეთუ რამე დაგჭირდა, განგეცხადება შენ. ხილვა მეოთხე 22.(1). 1. წინა ხილვიდან ოცი დღის შემდეგ მომავალი დევნის სახე ვიხილე, ძმანო. 2. მივდიოდი კამპანის გზით ველისკენ, სახელმწიფო გზიდან დაახლოებით ათ სტადიონზე.79 ადვილად სამოგზაურო მიდამო იყო. 3. მარტო მოარული უფალს ვადიდებდი, რომ სრულეყო ჩემთვის მისი წმინდა ეკლესიის მიერ ნაჩვენები გამოცხადებები და ხილვები, რომელმაც განმაძლიერა მე და სინანული მოგვმადლა თავის ცდომილ მონებს, რათა იდიდებოდეს მისი დიდი და დიდებული სახელი (ფს. 85. 9.12; 98.3), ღირსეულად მიწინამძღვრა რა თავისი საოცარი ხილვებით. 4. ჩემი მისდამი დიდებისა და მადლიერებისას თითქოს დიდმა ხმამ მომიგო: ”ნუ შეორგულდები, ერმ!” ჩემს თავთან დავიწყე მსჯელობა და საუბარი: ”მე რაში უნდა შევორგულდე უფლის მიერ ეგზომ განძლიერებული და დიდებულ საქმეთა მხილველი?” 5. მცირედი გავიარე, ძმანო, და ვხედავ, მტვერია ცამდე. საკუთარ თავთან დავიწყე ლაპარაკი: ”ცხოველი ხომ არ მიახლოვდება, რომელმაც მტვერი აღმართა?” ჩემგან ასე, როგორც სტადიონზე, იქნებოდა. 6. მტვერი დიდდებოდა და დიდდებოდა. ღვთაებრივ რამედ მივიჩნიე. მზემ გამოანათა და აჰა, ვხედავ უდიდეს მხეცს, როგორც რამ ვეშაპს. მისი პირიდან ცვეცხლოვანი კალიები გადმოდიოდნენ. მხეცი სიგრძეში დაახლოებით ასი ფუტი80 იქნებოდა, ხოლო თავი თითქოს კეცის ჭურის81 ჰქონდა. 7. ტირილი დავიწყე და უფალს ვევედრებოდი, რომ მისგან გადავერჩინე. მოსმენილი სიტყვა მომაგონდა: ”ნუ შეორგულდები, ერმ”. 8. ღვთის რწმენა შევიმოსე, ძმანო, და გავიხსენე დიდებულებანი, რითაც განმსწავლა. თავს მხნეობა შევმატე და ცხოველისკენ [გავემართე]. მხეცმა ხმაური იმგვარად დაიწყო, თითქოს ძალუძდა, ყოველივე დაემხო. 9. მასთან ახლოს მივედი. უზარმაზარი ვეშაპი მიწას განერთხა და საერთოდ არ შერხეულა, მხოლოდ ენა გადმოაგდო წინ. მას მივუახლოვდი. 10. ცხოველს თავზე ოთხი ფერი ჰქონდა: შავი, შემდეგი – ცეცხლისფერ – სისხლისფერი, მორიგი – ოქროსი, ამის შემდეგ კი – თეთრი.   23.(2). 1. ცხოველს გავუარე და დაახლოებით ოცდაათი ფუტით82 დავშორდი. აჰა, ჩემ პირდაპირ თითქოს სასძლო პალატიდან გამოსული თეთრი ხამლით და მთლიანად ვიდრე შუბლამდე (ἕως τοῦ μετώπου) თეთრებში მოსილი ქალწულია (გამოცხ. 21.2). მიტრაში იყო მისი საბურველი,83 ხოლო თმები კი ჭაღარა ჰქონდა. 2. ვიცანი იგი ადრინდელი ხილვიდან, რომ ეკლესიაა, და უმხიარულესი გავხდი. მომესალმა მე და მეუბნება: “გამარჯობა შენი, ადამიანო”. მეც მივესალმე მას: “გამარჯობა, ქალბატონო”. 3. მომიგო მე და მითხრა: “არავინ შეგხვედრია შენ?” ვუპასუხე მას: “ქალბატონო, უზარმაზარი ცხოველი, რომელსაც ხალხების განადგურება ძალუძს, მაგრამ უფლის ძალითა და მისი მრავალმოწყალებით განვერიდე მას”. 4. “კეთილად განშორებულხარ, - მპასუხობს, - რადგან შენი საზრუნავი ღმერთს მიანდე (ფს. 54.23) და გული შენი უფალთან დაამკვიდრე (ფს. 61.9) ირწმუნე რა, რომ ვერავის ძალუძს ხსნა, თუ არა დიდისა და დიდებულის სახელის მიერ. ამიტომაც უფალმა თავისი ანგელოზი წარმოგზავნა მხეცებზე,84 რომლის სახელიცაა თეგრი, და პირი დაუყო85 მას (მხეცსს, ი.ო.), რომ შენ არ შთაენთქი86 (დან. 6.23; ებრ. 11.33). დიდ შეჭირვებას გაერიდე შენი რწმენის გამო, რადგან უზარმაზარი ცხოველის მხილველი არ შეორგულდი. 5. წადი და შეატყობინე უფლის რჩეულებს მისი დიდებულებანი (τὰ μεγαλεῖα) და უთხარი მათ, რომ ეს ცხოველი მომავალი დიდი დევნის სახეა. უკეთუ დროულად განემზადებით87 და მთელი გულით შეინანებთ უფლის წინაშე, თუ თქვენი დარჩენილი ცხოვრების ჟამს უბიწო უფალს დაემონებით და თქვენი გული წმინდა და უმწიკვლო იქნება, ძალგიძთ, მას (დევნას, ი.ო.) განერიდოთ. მიანდეთ უფალს თქვენი საზრუნავი და ის წარმართავს მათ (ფს. 54.23). 6. ირწმუნეთ ყოვლიშემძლე უფალი, ორგულნო, და გარემიაქცევს88 თავის რისხვას თქვენგან, ხოლო ორგულთ გვემას მოუვლენს. ვაი ამ სიტყვების მსმენელთ და არ აღმსრულებელთ. მათთვის უმჯობესი იყო, არ დაბადებულიყვნენ” (მთ. 26.24; მრ. 14.21).   24.(3). 1. ვკითხე მას ოთხი ფერის შესახებ, რომელიც ცხოველს ჰქონდა თავზე. მიპასუხა მე და მითხრა: “კვლავ ცნობისმოყვარეობ ამ საქმეთა შესახებ”. მივუგე: “დიახ, ქალბატონო, გამაგებინე მე, თუ რა არის ეს”. 2. “ისმინე, - მიპასუხა, - შავი [ფერი] ეს სამყაროა, სადაც მკვიდრობთ. 3. ცეცხლისფერ-სისხლისფერია, რადგან ეს სამყარო საჭიროა, რომ სისხლითა და ცეცხლით განადგურდეს. 4. ხოლო მოოქროვილი ნაწილი თქვენ ხართ, რომელნიც განერიდეთ ამ წუთისოფელს (II პეტრ. 2.20), რადგან როგორც ოქრო გამოიბრძნობა ცეცხლის მიერ და სასარგებლო ხდება (I პეტრ. 1.7; სიბ. ზირაქ. 2.5; იგავ. 17.3; იობ. 23.10), ასევე გამოიცდებით თქვენც, მათთან მცხოვრებნი.89 მტკიცედ მდგომნი და მათგან გამობრძმედილნი განიწმინდებით;90 როგორც ოქროს განეშორება მისი მინარევები, ამგვარადვე თქვენც დაუტევებთ ყოველგვარ დარდსა და შეჭირვებას,91 განსპეტაკტებით და სასარგებლონი იქნებით კოშკის შენობისათვის. 5. თეთრი ნაწილი კი მომავალი საუკუნეა, რომელშიც ღვთის რჩეულები დამკვიდრდებიან, რადგან ღმერთის მიერ საუკუნო ცხოვრებისთვის შემოკრებილნი უბიწო და წმინდანი არიან. 6. შენ კი ნუ შეწყვეტ წმინდანთადმი უწყებას.92 გაქვთ თქვენ სახე მომავალი დიდი დევნისა. უკეთუ მოისურვებთ, არ იქნება [იგი თქვენთვის საზიანო].93 გახსოვდეთ ნაუწყები”. 7. ესენი მიამბო და წავიდა, ხოლო რომელ მხარეს, არ მინახავს, რადგან ღრუბელი ჩამოწვა.94 მეც შეშინებული უკან გავტრიალდი, ვიფიქრე, ცხოველი მიახლოვდებოდა. გამოცხადება მეხუთე95 1. სახლში ვილოცე და საწოლზე ჩამოვჯექი. ვიღაც დიდებული შესახედაობის მამაკაცი მოვიდა მწყემსის გარეგნობით. თხის თეთრი ტყავით იყო გარშემორტყმული, მხრებზე გუდა (πήραν) ჰქონდა და ხელში კვერთხი [ეჭირა]. მომესალმა. მეც მივესალმე მას. 2. მყისვე ჩემთან ჩამოჯდა და მეუბნება: “უპატიოსნესი ანგელოზის მიერ წარმოვიგზავნე96, რომ შენი ცხოვრების დარჩენილი დღეები შენთან ერთად გავატარო. 3. მივიჩნიე, რომ ჩემს გამოსაცდელად მოვიდა და ვეუბნები მას: “შენ ვინ ხარ? მე ვიცი, - განვაგრძე, - ვისაც მიმაბარეს”. მპასუხობს: “ვერ მიცანი?”. “ვერა”, მივუგე. “მე ვარ, - მეუბნება, - მწყემსი, რომელსაც მიგაბარეს”. 4. ამის თქმისას მისი გარეგნობა შეიცვალა და ვიცანი იგი, რომ ის იყო, ვისაც ჩამაბარეს. მყისვე ძრწოლამ და შიშმა მომიცვა. მწუხარებისგან მთლიანად გონი დავკარგე, რადგან უკეთური და უგუნური ამგვარად შევეპასუხე მას. 5. მან მომიგო და მითხრა: “ნუ შეძრწუნდები, არამედ ჩემს მცნებებში გაძლიერდი, რომლებიც მსურს გაუწყო, რადგან მომვივლინე, - განაგრძო, - რომ კვლავ გიჩვენო, რაც ადრე გინახავს, მთავარნი და თქვენთვის შემოკრებილნი. შენ უპირველეს ყოვლისა ჩემი მცნება და იგავი ჩაიწერე. სხვებიც, როგორც გიჩვენებ, იმგვარად აღწერე. განაგრძო, - პირველად მცნებებისა და იგავების წერა იმიტომ დაგავალე, რომ ხელდახელ97 იკითხო ისინი და ძალგიძდეს მათი დაცვა”. 6. მე დავალებისამებრ ჩავიწერე მცნებები და იგავები. 7. რაჟამს მსმენელნი დაიცავთ, მათში ისრბოლებთ98 და წმინდა გულით იმუშაკებთ, უფლის აღთქმისამებრ მოგეცემათ. ხოლო თუკი მოისმენთ, არ შეინანებთ, არამედ თქვენს ცოდვებს გაამრავლებთ, უფლისგან საპირისპიროს მიიღებთ99. ამ ყოველივეს აღწერა ამგვარად დამავალა მე მწყემსმა, სინანულის ანგელოზმა.   წიგნი II მცნებები მცნება I 26. 1. უპირველეს ყოვლისა გწამდეს, რომ ერთია ღმერთი, რომელმაც დააფუძნა და მოაწესრიგა ყოველივე (ეფეს. 3.9). უმყოფობიდან მყოფად შექმნა ყველაფერი (II მაკ. 7.28), მხოლომ ყოვლისმომცველმა და შემოუსაზღვრელად მყოფმა. 2. ირწმუნე იგი და გეშინოდეს მისი. მოშიშებით [აღასრულე] თავშეკავება. ესენი დაიცავი100 და საკუთარი თავიდან ყოველგვარ უკეთურებას განაგდებ, შეიმოსები სიმართლის სათნოებით და იცხოვრებ ღმერთში, რაჟამს ამ მცნებას იმარხავ. მცნება II 27.     1. მეუბნება მე: “უბრალოება გქონდეს, გახდი უბოროტო და იყავი ვითარცა ყრმა, რომელსაც არ შეუმეცნებია ადამიანთა ცხოვრების დამღუპველი უკეთურება. 2. უპირველესაცდ ნურავისზე იბოროტმეტყველებ, ნურც ავმეტყველისას მოისმენ სიამოვნებით, ხოლო რაჟამს ირწმუნებ ბოროტმეტყველებას, რასაც ისმენ, შენ, მსმენელი, თანამდები იქნები ძვირადმეტყველის ცოდვისა (იაკ. 4.11), რადგან მიმნდობი, შენც თავად შენი ძმისამებრ განიკუთვნებ.101 ამგვარად იქნები თანამდები ავმეტყველის ცოდვისა. 3. ბოროტმეტყველება უკეთურებაა, დაუოკებელი დემონია, არასოდეს მშვიდობისმყოფელობს,102 არამედ მუდმივად დაპირისპირებაში მკვიდრობს. განერიდე მას და მარადის ნაყოფიერი იქნები ყველაფერში. 4. უბიწოება103 შეიმოსა, რომელშიც არაა უკეთურების საცდური, არამედ – სისწორე და სიხარული. სიკეთე აკეთე და შენს ნაყოფთაგან, რასაც ღმერთი მოგიბოძებს, უპოვართ სიწრფელით უწილადე, ნუ მერყეობ, ვის მისცე ან ვის არა. ყველას უწილადე, რადგან ღმერთს ჰსურს, თითოეულს მიუბოძოს თავის ძღვენთაგან. 5. მიმღებნი სიტყვას აგებენ უფალთან, თუ რატომ და რისთვის მიიღეს. უკეთუ შეჭირვებულთ მიემადლათ, არ განისჯებიან; ხოლო თვალთმაქცობით მიმღებთ სასჯელი მიეზღვებათ. 6. გამცემი104 უდანაშაულოა, რადგან უფლისგან მიმადლებული მსახურება აღასრულა, წრფელად განასრულა იგი, არც განსაჯა, ვისთვის მიეცა ან არ მიეცა. ეს მსახურება გულმოდგინედ აღსრულებული დიდებულად შეირაცხება ღვთის წინაშე. ამგვარად, წრფელად მომსახურე ღმერთს ეძიებს. 7. დაიცავი ეს მცნება, შენთვის ნამცნები, რომ შენი და შენი სახლეულის სინანული უბრალოებაში წარმოჩნდეს სიწმინდით, უმანკოებითა და შეუბღალავად”. *ნაწილი მეორე* *ნაწილი მესამე*…
დაამატა Kakha to პატროლოგია at 9:03pm on დეკემბერი 10, 2012
თემა: ფრანსუაზ საგანი - გიყვართ ბრამსი (გაგრძელება)
ი იმ უცნაურ სპორტსმენთა რიცხვს ეკუთვნოდა, ფორმის შესანარჩუნებლად ყოველ ცისმარე დღეს რომ ვარჯიშობენ, თუმცა უფერული გარეგნობის გამო ამ სიბეჯითეს არავინ უფასებთ. მისი ნიჩაბი ციმციმა, ვერცხლისფერ შხეფებს მაღლა ისროდა, მაგრამ სიცივით დათრთვილული ხეებიდან უკვე ნაღვლიანი ზამთარი იმზირებოდა და ამიტომაც შხეფები გეხამუშებოდა. პოლი უცქერდა შუბლშეკრულ სპორტსმენს. იგი, ალბათ, კუნძულს შემოუვლის, მერე კი, დაქანცული და თავისი თავით კმაყოფილი, უკან დაბრუნდება. ეს ყოველდღიური ჯიუტი შემოვლა პოლს რაღაც სიმბოლური ეჩვენა. გვერდით სიმონი ეჯდა მდუმარედ. პოლი შემობრუნდა და გაუღიმა. სიმონმა ღიმილი არ შეაგება. ქალი, რომლის გულისთვისაც წინაღამეს მან მთელი დეპარტამენტი გადასერა, და რომელიც მის წარმოდგენაში გაშიშვლებული, წუხანდელი გზასავით მორჩილი, თავის თავს სთავაზობდა, სულაც არ ჰგავდა იმ ქალს, ახლა მის გვერდით, რკინის სკამზე, მასთან შეხვედრით არცთუ ძალიან გახარებული, მშვიდად რომ იჯდა და ამ მოსაბეზრებელი სურათის შემყურე ლამის თვლემდა. იმედგაცრუებული ვაჟი ცდილობდა, განგებ სხვა მიზეზით აეხსნა თავისი გულგატეხილობა და თავს ირწმუნებდა, პოლი აღარ მიყვარსო. სოფლის იმ ჩაჟამებულ სახლში გატარებული ერთი კვირა იმის ნათელ მაგალითს წარმოადგენდა, რა სისულელემდე მიჰყავდა ზოგჯერ იგი ოცნებებს. და მაინც საოცარი სურვილი ჰქონდა, თავბრუდამხვევი, მწარე სურვილი – ხელები მაგრად შემოაჭდოს, თავი ისე გადაუწიოს პოლს, ტკივილი მიაყენოს, და დაეკონოს მის მსხვილ, მშვიდ ტუჩებს, რომელთაგანაც მთელი ორი საათი განმავლობაში მხოლოდ ზრდილობიანი, დამამშვიდებელი სიტყვები ისმოდა. დამშვიდება სულაც არ სჭირდებოდა სიმონს. აკი მოსწერა პოლმა, მალე ჩამოდიო? სიმონი თავბედს იწყევლიდა, არა იმიტომ, რაღაც უჩვეულოს მოელოდა ამ სიტყვების შემდეგ, არამედ იმიტომ, რომ ცას ეწია სიხარულით, სულელური ნდობით აღივსო. თურმე სჯობს დიდმა მიზეზმა გაგაუბედუროს, ვიდრე პატარამ გაგაბედნიეროს! ასეც უთხრა პოლს. ქალმა თვალი მოაშორა ნიჩბოსანს და გაკვირვებულმა შეხედა სიმონს. – ჩემო პატარა სიმონ, ყველა ასეა ახლა. ასე რომ, თქვენი სურვილი ბუნებრივია! პოლს სიცილი აუტყდა. ამ დილით სიმონი გიჟივით მოვარდა მატინიონის გამზირზე და ქალმაც მაშინვე აგრძნობინა, ეს წერილი დიდს არაფერს ნიშნავსო. – კი მაგრამ, თქვენ ხომ ის ქალი არ ხართ, პირველივე შემხვედრს რომ მისწეროთ, მალე ჩამოდიო? – მარტო ვიყავი, – გამოუტყდა პოლი, – თანაც უცნაურ გუნებაზე. მართალი ხართ, არ უნდა მომეწერა, მალე დაბრუნდით-მეთქი. თუმცა გულში ასე არ ფიქრობდა. სიმონი გვერდით ჰყავდა და ამით ბედნიერი იყო. იგი ხომ სულ მარტოა, სულ მარტო! როჟეს თურმე ახალი საყვარელი გაუჩენია, კინოზე გაგიჟებული ვიღაც ახალგაზრდა ქალი (უკვე აცნობეს კეთილის მსურველებმა); ეტყობა, როჟეს კიდეც რცხვენია თავისი ახალი გატაცებისა, თუმცა კრინტი არ დაუძრავს. ჩვეულებრივ, როცა სატრფიალო თავგადასავლებით ტრაბახობდა, თავის მართლება და მიკიბ-მოკიბვა არ იცოდა ხოლმე. ამ კვირაში ორჯერ ისადილეს ერთად, მხოლოდ ორჯერ! სიმონი, მისი სიყვარულით გატანჯული ეს ყმაწვილი, გვერდით რომ არ ჰყოლოდა, პოლი ძალიან უბედური იქნებოდა. – წავიდეთ, – თქვა სიმონმა, – თქვენ უკვე მოგბეზრდათ აქაურობა. პოლი არ შეჰკამათებია, ისე წამოდგა; ძალიან მოუნდა წონასწორობიდან გამოეყვანა სიმონი, თუმცა თავიდანვე ბრაზობდა თავის სისასტიკეზე. ეს სისასტიკე თითქოს მისი ნაღველის მეორე მხარე იყო, სულელური სურვილი, შური ეძია იმაზე, ვინც შურისძიებას სულაც არ იმსახურებდა. ისინი სიმონის პატარა მანქანაში ჩასხდნენ. ყმაწვილს მწარედ გაეღიმა, სულ სხვაგვარად ჰქონდა წარმოდგენილი დღევანდელი დღე: აი, მარცხენა ხელით საჭეს მართავს, მარჯვენაში პოლის ხელი უჭირავს, მისი ლამაზი თავი სიმონისკენაა მობრუნებული! პოლისთვის არც შეუხედავს, ისე გასწია მისკენ ხელი. ქალმა ხელისგულებში მოიქცია სიმონის ხელი და გაიფიქრა: „რა იქნება, ერთხელ მეც ჩავიდინო სისულელე?“ სიმონმა მანქანა გააჩერა. პოლს არაფერი უთქვამს. სიმონი დაჰყურებდა საკუთარ ხელს. ალბათ, პოლს ერთი სული აქვს, მისი ხელი მოიშოროს. ერთბაშად საშინელი დაღლილობა იგრძნო ყმაწვილმა, თავი უკან გადააგდო, თითქოს შეურიგდა კიდეც ამ გარდაუვალ განშორებას. იმ წუთში უცბად მოტყდა, ოცდაათი წლით დაბერდა. ქალმა თითქოს მხოლოდ ახლა დაინახა სიმონის ნამდვილი სახე. პირველად იგრძნო, რომ სიმონი მას, უფრო სწორად, მათ ჰგავდა, ორივეს, როჟესა და პოლს. ჰგავდა არა იმიტომ, რომ ადვილად ატკენდი გულს, – ეს თვისება მან ადრევე შეამჩნია სიმონს. ამ თვისების გარეშე ვერც წარმოედგინა ადამიანი, – არამედ იმიტომ, რომ მის წინაშე იყო ყოველივე იმისაგან განძარცული, გათავისუფლებული ჭაბუკი, რასაც ახალგაზრდობა, სილამაზე და გამოუცდელობა ანიჭებს ადამიანს. მის თვალში სიმონი მუდამ ტყვე იყო საკუთარი ფუქსავატობის, საკუთარი ზერელე ცხოვრებისა. სწორედ ამიტომ ვერ იტანდა სიმონს. ახლა კი, როცა პოლს კი არა, ხეებს უყურებს ცოცხალმკვდარი, ბრძოლისუნარწართმეული, პოლს უეცრად გაახსენდა ის სიმონი, პირველად საშინაო ხალათში რომ დაინახა, მხიარული, უდარდელი, მისი ხილვით განცვიფრებული, და საოცრად მოუნდა, კვლავ დაჰბრუნებოდა სიმონს ის ძველი სილაღე, კვლავ ეპოვა თავისი თავი, ჩამოშორებოდა პოლს, სცოდნოდა მხოლოდ წუთიერი დარდი და სცნობოდა მხოლოდ ის სულელი გოგოები, მრავლად რომ გამოუჩნდებოდნენ მომავალში. დრო პოლზე უკეთ და თანდათან გაანათლებდა მას. სიმონის ხელი უძრავად ედო ხელისგულზე, გრძნობდა მის მაჯისცემას და ერთბაშად, თვალცრემლიანმა, – თვითონაც არ იცოდა, ეს ცრემლი მეტისმეტად მგრძნობიარე ყმაწვილმა მოჰგვარა თუ საკუთარმა ნაღვლიანმა ცხოვრებამ, – ბაგესთან მიიტანა სიმონის ხელი და აკოცა. სიმონმა უსიტყვოდ დაძრა მანქანა. მიხვდა, მათ შორის პირველად მოხდა რაღაც. და იმ წუთში გუშინდელზე უფრო ბედნიერი იყო. როგორც იქნა, პოლმა „დაინახა“ სიმონი, ხოლო თუ სიმონი ისეთი ბრიყვი იყო, რომ იფიქრა, პირველივე შემთხვევა პირველი სამიჯნურო ღამით დამთავრდებაო, ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალოს! მას ჯერ კიდევ დიდი მოთმინება, დიდი სინაზე და, რა თქმა უნდა, დიდი დრო სჭირდება. მაგრამ სიმონი გრძნობდა, სინაზეც ჰქონდა, მოთმინებაც და მთელი ცხოვრებაც წინ ედო! ისიც კი გაიფიქრა, თუკი ოდესმე დადგებოდა სიყვარულის ღამე, ეს იქნებოდა მხოლოდ ერთი ეტაპი და არა ჩვეულებრივი დაბოლოება, სხვა დროს რომ წინასწარვე წარმოიდგენდა. მათ, ალბათ, ბევრი უსასრულო დღე და ღამე ექნებათ. და მაინც, პოლთან სიახლოვის მძაფრი სურვილი მოსვენებას არ აძლევდა. თავი მეათე          ქალბატონი ვან დენ ბეში ბერდებოდა, ფიზიკური მონაცემებისა თუ იმის წყალობით, რასაც შეიძლება „მოწოდება“ დავარქვათ (ყოველ შემთხვევაში, ჟერომ ვან დენ ბეშთან მოულოდნელ ქორწინებამდე), უფრო მეტად მამაკაცებთან მეგობრობდა, ვიდრე ქალებთან. ჭკნობის პირველივე ნიშნის შემჩნევისთანავე მიხვდა, მარტო ვრჩებიო, და, დაბნეული, ყოველ ახალგაცნობილ მამაკაცს თუ ქალს ებღაუჭებოდა. პოლი მისთვის იდეალური მოსაუბრე აღმოჩნდა, თუმცა მათ მასლაათს საქმიანი ხასიათი ჰქონდა. კლებერის გამზირზე მისი ბინა თავდაყირა იდგა: პოლს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე უხდებოდა მისვლა და ქალბატონი ვან დენ ბეშიც ათას საბაბს იგონებდა, პოლი მეტხანს გაეჩერებინა. არც ის გამოჰპარვია ქალბატონ ვან დენ ბეშს, რომ პოლი ძალიან მეგობრულად ექცეოდა სიმონს; თუმცა სიახლოვის ნიშნებს ვერ ატყობდა, თავს მაინც ვერ იკავებდა, წარამარა თვალს უკრავდა პოლს, გადაკრულად ელაპარაკებოდა, პოლი კი აინუნშიც არ აგდებდა მის ნართაულებს. სამაგიეროდ, სიმონი ცოფდებოდა. ერთ საღამოს გაფითრებული, გაღიზიანებული მივარდა დედას – დიახ, დიახ, დედას! – და დაემუქრა: „იცოდე, კარგი დღე არ დაგადგება, თუ საქმეს ჩამიშლი!“ – რა უნდა ჩაგიშალო? ხელი გამიშვი! გამაგებინე, შენი საყვარელია თუ არა? – აკი გითხარი, არა-მეთქი! – მაშინ რა გინდა ჩემგან? რაკი თვითონ ამაზე არ ფიქრობს, მე ვაიძულებ, იფიქროს! შენივე სასიკეთოდ. თორმეტი წლის გოგო კი არაა! როგორ გგონია, კონცერტებზე, გამოფენებზე რომ დაგყავს, ეს მოხიბლავს მარტო? ბრიყვო, ნუთუ არ გესმის... სიმონმა ბოლომდე აღარ მოუსმინა და სახლიდან გავარდა. რუანიდან დაბრუნების შემდეგ ეს სამი კვირა მხოლოდ პოლით, მხოლოდ პოლისთვის ცოცხლობდა, იმ რამდენიმე საათის იმედით, პოლი მისთვის რომ გამოიმეტებდა. სიმონი ცდილობდა გაეჭიანურებინა პაემანი, რამდენიმე წამით კიდევ სჭეროდა მისი ხელი იმ რომანტიკული გმირივით, წინათ რომ თვითონვე დასცინოდა. სწორედ ამიტომ შეშფოთდა ერთ დღეს, როცა სასტუმრო ოთახის მორთვა დაამთავრეს და დედამისმა გადაწყვიტა, სადილზე პოლს მოვიწვევ და მეგობარ როჟესაც მოვიპატიჟებ ათიოდე სტუმართან ერთადო. როჟე მოწვევაზე დათანხმდა, უნდოდა ახლოს გაეცნო ეს ახალგაზრდა კოხტაპრუწა, პოლს რომ კუდში დასდევდა და პოლიც ასე გულთბილად ახსენებდა. ეს კი როჟესთვის, დიახაც, უფრო ხელსაყრელი იყო, ვიდრე თავშეკავებული დუმილი. თანაც სინდისი ქენჯნიდა. თითქმის მთელი თვე მიტოვებული ჰყავდა პოლი. მთლად მოაჯადოვა მეზიმ, მოაჯადოვა თავისი ცეტობით, სხეულით, ეჭვიანობით, ურცხვობითა და ვნებით. როჟეს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თურქულ აბანოში მოხვედრილიყო. გულის სიღრმეში ფიქრობდა, რომ თავის სიცოცხლეში უკვე ვეღარავის აღუგზნებდა ასეთ მხურვალე ვნებას და ამიტომაც ნებდებოდა, ამიტომაც აუქმებდა პოლთან დანიშნულ პაემანს ასე ხშირად. პოლი მშვიდად ეუბნებოდა: „კეთილი, ჩემო კარგო, აბა, ხვალამდე“... და როჟეც მირბოდა იმ აუტანელ ბუდუარში, სადაც თვალცრემლიანი მეზი ეფიცებოდა, თუკი მოისურვებ, ჩემს კარიერას მსხვერპლად შემოგწირავო. როჟე უცნაური ცნობისმოყვარეობით უკვირდებოდა საკუთარ თავს, აინტერესებდა, როდემდე გაუძლებდა ამ სულელურ კავშირს, მერე მკლავებს მოხვევდა ბრიყვულად და ურცხვად აჭიკჭიკებულ ქალს და აქამდე უცნობ ვნებიან ექსტაზს ეძლეოდა. ასე რომ, სიმონი, პოლის მოკრძალებული თანამგზავრი, სწორედაც ხელს აძლევდა როჟეს. როცა მეზის ჩამოიცილებს, ყველას თავის ადგილს მიუჩენს და, რაც მთავარია, პოლს ცოლად შეირთავს. და თუმცა როჟე არაფერში იყო დარწმუნებული, საკუთარ თავშიც კი, ერთი რამ მაინც ღრმად სწამდა: პოლი მისი ერთგული იყო და მასაც მხოლოდ პოლი უყვარდა ამ ბოლო წლებში. როჟე დაგვიანებით მოვიდა. როგორც კი თვალი გადაავლო იქაურობას, მიხვდა, მოსაწყენი წვეულება იქნებოდა. პოლი ხშირად საყვედურობდა, გულღია არა ხარ, ხალხს გაურბიხარო და, მართლაც, სამუშაოს გარეთ არავის ხვდებოდა, თუ რაღაც გარკვეული მიზანი არ ჰქონდა, სასაუბროდ კი პოლთან ან თავის ერთადერთ ძველ მეგობართან მოდიოდა. როჟე განმარტოებით ცხოვრობდა, არ უყვარდა პარიზული თავყრილობები, მაშინვე სურვილი უჩნდებოდა, ან უხეშად მოქცეულიყო, ან სულაც გასცლოდა იქაურობას. ქალბატონ ვან დენ ბეშთან რამდენიმე რჩეული პიროვნება დახვდა, იმ წრეში კარგად ცნობილი ან გაზეთებში მოხსენიებული ფრიად თავაზიანი ხალხი, ვისთანაც სადილობისას უნდა ესაუბრა თეატრსა თუ კინოზე, ანდა სიყვარულზე, რაც კიდევ უფრო აუტანელი იქნებოდა. ამაზე საუბრის ყველაზე მეტად ეშინოდა, გრძნობდა, სიყვარულის არაფერი გაეგებოდა ან, ყოველ შემთხვევაში, არ შეეძლო ზუსტად გადმოეცა თავისი მოსაზრება. როჟე მედიდურად მიესალმა ყველას. როდესაც მისი ზორბა, ოდნავ დაძაბული ტანი კარში გამოჩნდა, როგორც ყოველთვის, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მოულოდნელად ორპირი ქარი დაატრიალა ოთახშიო. ეს შთაბეჭდილება არც ისე მცდარი იყო. იმდენად მოუთვინიერებელი ჩანდა, რომ მისი გამოჩენა ხალხში ოდნავ ჩოჩქოლს იწვევდა. ამიტომაც მოსწონდათ ქალებს. პოლს შავი გულმოხდილი კაბა ჩაეცვა. როჟეს ძალიან მოსწონდა ეს კაბა. ამიტომაც დაიხარა და ისე გაუღიმა, თითქოს მადლობას უხდიდა, პოლი რომ ასეთი იყო და მას ეკუთვნოდა. მხოლოდ პოლს ცნობდა იგი ამ უცხო ხალხში. პოლმა წამით მინაბა თვალები, გულით მოუნდა როჟე მოხვეოდა. როჟე გვერდით მიუჯდა და მაშინღა შეამჩნია იქვე უძრავად მდგარი სიმონი. „ალბათ, როგორ იტანჯება, აქ რომ მხედავს!“ – გაიფიქრა როჟემ და უნებურად ჩამოიღო პოლის სკამზე გადადებული მკლავი. საერთო ჟრიამულში უცებ სამთა დაძაბული დუმილი შეიჭრა, რომელიც სიმონმა დაარღვია: იგი დაიხარა და პოლს ანთებული სანთებელი გაუწოდა. როჟე შესცქეროდა ორივეს, აკვირდებოდა სიმონის მაღალ ტანს, მის მშვიდ, მეტისმეტად დახვეწილ პროფილს, პოლის ნაზ, გოროზ სახეს და ძლივს შეიკავა სურვილი, ხმამაღლა გადაეხარხარა. ორივენი მეტისმეტად თავშეკავებულნი, მგრძნობიარენი, ზრდილობიანნი ჩანდნენ: სიმონი ცეცხლს სთავაზობდა, პოლი უარს ეუბნებოდა, თანაც დიდი თავაზითა და ბოდიშით: „გმადლობთ! ნუ წუხდებით!“ როჟე კი სულ სხვა ყაიდის კაცი იყო. მას ელოდებოდა ერთი პატარა კახპა, იაფი თავშექცევა, მერე პარიზის ღამე და სხვა ათასგვარი თავგადასავალი. ხოლო ალიონზე მძიმე, თითქმის ფიზიკური შრომა მასავით დაღლილ-დაქანცულ ხალხთან ერთად, რომელთა ხელობა მისი ხელობაც იყო ოდესღაც. იმავ წამს პოლის ხმა შემოესმა, სიმონს მშვიდად უხდიდა მადლობას. როჟემ თავი ვერ შეკავა, ხელი მოჰკიდა პოლს, თავი შეახსენა. როჟეს იგი უყვარდა. ამ ყმაწვილს შეუძლია კონცერტებსა და მუზეუმებში ატაროს პოლი, სულერთია, ხელს მაინც ვერ ახლებს. როჟე წამოდგა, ლანგრიდან ვისკიანი ჭიქა აიღო, გადაკრა და მაშინვე გულზე მოეშვა. როჟეს წინათგრძნობა გამართლდა: სადილმა მოსაწყენად ჩაიარა. როჟე შეეცადა საუბარში ჩარეულიყო, რამდენიმე ფრაზა წაილუღლუღა და მხოლოდ სადილის ბოლოს გამოერკვა ფიქრებიდან, როცა ქალბატონმა ვან დენ ბეშმა ჰკითხა, ხომ არ იცით, ბატონი X-ის საყვარელი ვინ არისო. აშკარა იყო, ქალს თვითონ სურდა, ეს ამბავი როჟესთვის ემცნო. როჟემ მიუგო: ეს ამბავი სულაც არ მაინტერესებს; ვინ ვისი საყვარელია, მე არ მეკითხება, ისევე, როგორც არ მეკითხება, ვინ რას მიირთმევს სადილად, თუმცა ჯობს ხალხი მეზობლის სუფრით დაინტერესდეს და სხვისი საწოლის ამბებზე ნაკლებად იფიქროს, ნაკლები უსიამოვნება შეხვდებათო. პოლს გაეცინა, რადგან როჟემ ერთბაშად ჩაუშალა სტუმრებს სასაუბრო თემა; სიმონმაც თავი ვერ შეიკავა და გაიცინა. როჟემ ზომაზე მეტი დალია, ადგომისას ოდნავ წაბარბაცდა და დროზე ვერ შეამჩნია ქალბატონი ვან დენ ბეში, რომელიც კეკლუცად უხმობდა. – დედაჩემი გთხოვთ, – უთხრა სიმონმა. ისინი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. როჟე დაჟინებით აკვირდებოდა სიმონის სახეს, იქნებ, ნაკლი აღმოვუჩინოო, თუნდაც დუნე ნიკაპი და ან ბაგეო, მაგრამ ამაოდ. იმედის გაცრუებამ ცუდ გუნებაზე დააყენა. – თქვენ კი პოლი გეძებთ, არა? – ახალავე მივალ! – უთხრა სიმონმა და ზურგი აქცია. როჟემ იდაყვში სტაცა ხელი. ერთბაშად გაცეცხლდა. სიმონმა გაკვირვებით შეხედა. – დაიცათ... – წაილუღლუღა როჟემ. – რაღაც მინდა გითხრათ. ერთმანეთს ჯიქურ ათვალიერებდნენ. ორივეს კარგად ესმოდა, ჯერჯერობით არაფერი ჰქონდათ სათქმელი. როჟეს თვითონვე გაუკვირდა თავისი საქციელი, სიმონი კი ამაყად გაიმართა წელში და ღიმილი ვერ შეიკავა. როჟე მიხვდა, დავმარცხდიო, და ხელი უშვა. – სიგარა მინდოდა მეთხოვა. – ახლავე მოგართმევთ. როჟემ თვალი გააყოლა, შემდეგ პოლთან მივიდა. პოლი სტუმრებს ესაუბრებოდა. როჟემ მკლავში წაავლო ხელი, ხალხს გაარიდა. – რა უთხარი სიმონს? – მაშინვე ჰკითხა პოლმა. – სიგარა ვთხოვე, რამ შეგაშინა? – თვითონაც არ ვიცი, – შვებით ამოისუნთქა ქალმა, – ისეთი გაცეცხლებული სახე გქონდა... – რას უნდა გავეცეცხლებინე? ხომ არ გგონია, ამ თორმეტი წლის ბიჭზე ვეჭვიანობ? – არა, – თქვა პოლმა და თვალები დახარა. – თუ ეჭვიანობაა, მარცხნივ რომ კაცი გეჯდა, იმაზე ვიეჭვიანებდი, მამაკაცი მაინცაა. პოლი ერთბაშად ვერ მიხვდა, ვის გულისხმობდა, მერე მოისაზრა და გაეღიმა. აქამდე არც შეუმჩნევია ის კაცი. მთელი საღამო მისთვის სიმონის თვალების შუქით იყო განათებული, წარამარა პოლისკენ რომ იყურებოდა, იქნებ, მისი მზერა დავიჭიროო. ზოგჯერ პოლი მართლაც შეაგებებდა მზერას და სიმონიც ისე ნაზად, ისე ნაღვლიანად გაუღიმებდა, პოლს ძალა არ შესწევდა, არ ეპასუხა. სიმონი უფრო ლამაზი იყო, უფრო სიცოცხლით სავსე, ვიდრე მისგან მარცხნივ მჯდომი მეზობელი. ამიტომაც გაიფიქრა, ამ ამბებისა როჟეს არაფერი გაეგებაო. სწორედ ამ დროს მიუახლოვდა სიმონი და სიგარების კოლოფი გაუწოდა როჟეს. – გმადლობთ, – უთხრა როჟემ და კოლოფიდან გულდასმით შეარჩია ერთი ცალი, – თქვენ ჯერ არ იცით კარგი სიგარის ფასი. ეს სიამოვნება მხოლოდ ჩემი ასაკის ადამიანს შეუძლია იგრძნოს. – სულ დაიტოვეთ. არ მიყვარს სიგარა. – პოლ, კვამლი ხომ არ შეგაწუხებს? – ჰკითხა როჟემ, მერე სიმონს მიუბრუნდა, – ჩვენ მალე უნდა წავიდეთ. ხვალ ადრე ვარ ასადგომი. სიმონს ყურადღება არ მიუქცევია სიტყვისათვის „ჩვენ“. იგი ფიქრობდა: „პოლს, ალბათ, სახლამდე მიაცილებს, თვითონ კი იმ დედაკაცთან წავა. სამაგიეროდ, მე მაკლებს სიამოვნებას, ცოტა ხნით კიდევ ვიყო პოლთან!“ მერე პოლს გადახედა, იგივე აზრი წაიკითხა მის სახეზე და ხმადაბლა თქვა: – პოლი თუ ძალიან არ დაიღალა... მე მივაცილებ მოგვიანებით... – როჟე და სიმონი ერთდროულად შეტრიალდნენ პოლისკენ. მან სიმონს გაუღიმა და უთხრა, ჯობს, მეც წავიდე, უკვე გვიან არისო. მანქანაში სიტყვა არ უთქვამთ ერთმანეთისათვის. პოლი იცდიდა. როჟემ ძალით წამოიყვანა წვეულებიდან, არადა, პოლი ლაღად გრძნობდა თავს სადილზე. როჟემ მოაკლო ეს სიამოვნება. ახლა კეთილინებოს და აუხსნას, რად მოიქცა ასე, ან ბოდიში მაინც მოუხადოს. როჟემ სახლთან გააჩერა მანქანა, მაგრამ ძრავა არ გამორთო... პოლი მაშინვე მიხვდა, როჟე არც არაფერს აუხსნიდა, არც შინ აჰყვებოდა. მისი საქციელი წინდახედული მესაკუთრის საქციელი იყო და მეტი არაფერი. პოლი მანქანიდან გადმოვიდა, ღამე მშვიდობისაო, წაილაპარაკა და ქუჩა გადასერა. როჟემ მაშინვე დაძრა მანქანა; იმ წუთს საკუთარი თავი სძაგდა. მაგრამ სახლის წინ პოლმა სიმონის მანქანა დაინახა. მანქანიდან სიმონმა დაუძახა. გაოცებული პოლი მაშინვე მივიდა. – აქ როგორ გაჩნდით? ალბათ, გიჟივით მოაქროლებდით მანქანას. კი მაგრამ, დედათქვენის სტუმრები მიატოვეთ? – ცოტა ხნით დაჯექით! – შეევედრა სიმონი. სიბნელეში ისე ჩურჩულებდნენ, თითქოს შეიძლებოდა ვიღაცას მოესმინა მათი საუბარი. პოლი ისე მარჯვედ შეძვრა დაბალ მანქანაში, კიდეც გაიფიქრა, უკვე მივეჩვიე ამ პატარა მანქანასო. ასევე მისჩვეოდა მისკენ ნდობით შემობრუნებულ სახესაც, ცალ მხარეზე ფარნის შუქი რომ სცემდა. – ძალიან მოსაწყენი საღამო იყო, არა? – ჰკითხა სიმონმა. – ოჰ, არა... მე... რა ძალიან ახლოს ზის სიმონი, მეტისმეტად ახლოს. თანაც უკვე გვიანაა, რა დროს მუსაიფია... ან რატომ გამოეკიდა უკან! ვინ იცის, როჟემ კიდეც დაინახა! რა გიჟური საქციელია... პოლმა აკოცა სიმონს. ზამთრის სუსხიანმა ქარმა დაუბერა, მანქანაშიც შეიჭრა და თმა აუწეწა ორივეს, ერთმანეთში გადაუხლართა; სიმონმა მთელი სახე დაუკოცნა პოლს; ალერსით თავბრუდახვეული პოლი ისუნთქავდა მისი ჭაბუკური სხეულის სურნელსა და ღამის სიგრილეს, მერე უსიტყვოდ მიატოვა და სადარბაზოში შევიდა. განთიადზე გამოეღვიძა. ძილ-ღვიძილში თვალწინ დაუდგა ღამით ამოვარდნილი ქარი, აწეწილი თმა, სიმონის შავი კულულები, აბრეშუმის რიდესავით რომ წამოჰფარებოდა სახეზე, ხელახლა იგრძნო მისი ცხელი ტუჩები, გაიღიმა და ისევ ძილს მისცა თავი. თავი მეთერთმეტე         იმ მღელვარე, იმ ტკბილი საღამოს შემდეგ სიმონს მთელი ათი დღე აღარ უნახავს პოლი. მეორე დილითვე მიიღო პოლის ბარათი, ჩემს ნახვას არ ეცადოო: „არ მინდა გული გატკინოთ, რადგან ძალზე თბილი გრძნობით ვარ თქვენდამი!“ სიმონი ვერ მიმხვდარიყო, რომ პოლს საკუთარი თავისა უფრო ეშინოდა, ვიდრე მისი. დარწმუნდა, მხოლოდ ვებრალებიო, და არც გაბრაზებულა, ცდილობდა, ისეთი გზა მოენახა, პოლის გარეშე ცხოვრება შესძლებოდა. ის კი ვერ მოისაზრა, რომ ამგვარი ფრაზები: „არ მინდა, გული გატკინოთ“... და ა.შ. არამც და არამც უიმედობას არ ნიშნავს. ისინი ბრჭყალებში მეტწილად უშუალოდ რომანის წინ ან რომანის შემდეგ ჩაისმის... არც პოლმა იცოდა ეს. ქალს ეშინოდა, თან უნებლიეთ ელოდა, სიმონი მოვიდოდა და აიძულებდა, გაეზიარებინა მისი სიყვარული. პოლს უკვე ვეღარ აეტანა ზამთრის ერთფეროვანი საღამოები, ერთი და იგივე გზა სახლიდან სამსახურამდე, მარტოობა და ეს ვერაგი ტელეფონი – სულ სანანებლად ჰქონდა, რატომ ავიღე ყურმილიო, ისე უცხოდ, დარცხვენით მოისმოდა როჟეს ხმა. იმ განუმეორებელ წარსულ დღეებზე ნაღველმა ხომ სულ მოუღო ბოლო! ყოველივე ამან ისეთ ცუდ გუნებაზე დააყენა, ისე მოადუნა, რომ არ შეიძლებოდა „რაღაც არ მომხდარიყო“. სიმონი კი დადიოდა სამსახურში, უფრო პუნქტუალური, ბეჯითი და სიტყვაძვირი გახდა. დროდადრო თავს ასწევდა, უაზროდ მიაშტერდებოდა მადმუაზელ ალისას და თითს გაუგებრად ჩამოისვამდა ტუჩებზე... პოლი... უკანასკნელი საღამო... რა მოულოდნელად, თითქმის მბრძანებლურად აკოცა ტუჩებში... როგორ გადააგდო თავი უკან... რა ნაზად მიიზიდა სიმონის სახე... ქარი... სიმონის გამოხედვით შეცბუნებული მადმუაზელ ალისა დროდადრო ფრთხილად ჩაახველებდა და სიმონიც უგულისყუროდ უღიმოდა. რა თქმა უნდა, ფიქრობდა სიმონი, პოლი ნაწყენი იყო და ამიტომ მოიქცა ასე! იმის შემდეგ სიმონს არც უცდია მისი ნახვა. სწორად კი იქცევა? ათჯერ, ოცჯერ მაინც გაიხსენა დაწვრილებით წარსული ამბები: მანქანით გასეირნება, მოსაწყენი გამოფენის დათვალიერება, საიდანაც ორივე გამოიპარა, დედამისის წვეულება... ყოველი წვრილმანის, ყოველი სურათის წარმოდგენა ულმობლად უფლეთდა გულს... ამასობაში დღეები გადიოდა. მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს მხოლოდ დრო გადაწყვეტდა, მაგრამ ავად თუ კარგად, ეს არ იცოდა. ერთ საღამოს მეგობართან ერთად უცნობი პატარა რესტორნის კიბეს ჩაუყვა. უკვე საკმაოდ შეზარხოშებულნი იყვნენ, მაგრამ მაინც მოითხოვეს სასმელი, დალიეს ბევრი და მოიწყინეს. მერე შავკანიანი ქალი გამოჩნდა ესტრადაზე, სიმღერა წამოიწყო. ქალს უშველებელი ვარდისფერი პირი ჰქონდა: მისი სიმღერა სევდის მომგვრელი იყო და უიმედო ცეცხლს უკიდებდა ორივე მეგობარს. – ორი წლის სიცოცხლეს არ დავიშურებ, ოღონდაც ვინმე შემყვარებოდა! – თქვა სიმონის მეგობარმა. – მე უკვე მიყვარს, – წაილაპარაკა სიმონმა, – მაგრამ მან არ იცის და ვერც ვერასოდეს გაიგებს, რომ მიყვარს! ვერასოდეს! ახსნა-განმარტებას კი აღარ მოჰყოლია. თუმცა ფიქრობდა, ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი დაკარგული, ასე რომ იყოს, უაზრო იქნებოდა ცხოვრებაო. ნუთუ მთელი ეს მღელვარება ამაოდ ჩაივლის?! მეგობრებმა სუფრასთან მოიპატიჟეს მომღერალი ქალი. იგი პიგალის მოედნიდან იყო, მაგრამ ისე მღეროდა, გეგონებოდა, ახალი ორლეანიდანაა ჩამოსულიო. გაბრუებულ სიმონს მოცისფრო ბურუსი ეზმანებოდა, სადაც ნაზი ნაკვთები და გაწვდილი ხელები ერთმანეთს გადახლართოდა. სიმონი გვიანობამდე დარჩა რესტორანში, მარტო უსმენდა მომღერალს და შინ მხოლოდ გათენებისას დაბრუნდა გამოფხიზლებული. *        მეორე დღეს, საღამოს ექვს საათზე, სიმონი მაღაზიასთან ელოდა პოლს. წვიმდა. სიმონმა ხელების კანკალი ვერ შეაჩერა და გაბრაზებულმა ჯიბეში ჩაიყო. უცნაურ სიცარიელესა და გულგრილობას გრძნობდა. „ღმერთო ჩემო, იქნებ, მხოლოდ იმისთვის ვვარგივარ, რომ მასთან ვიყო და ვიტანჯო“, გაიფიქრა და სახე ზიზღით დაებრიცა. შვიდის ნახევარზე პოლი გამოვიდა. მუქი კოსტიუმი ეცვა, თავისივე თვალების ფერი მუქი ცისფერი ყელსახვევი ეკეთა. დაღლილი სახე ჰქონდა. სიმონი მისკენ გაემართა. პოლმა გაუღიმა და ერთბაშად გრძნობის ისეთმა მოზღვავებამ, ისეთმა სიმშვიდემ შეიპყრო ბიჭი, თვალები დახუჭა. მას პოლი უყვარს! დაე, რაც უნდა დაემართოს ამ ქალის გამო, ამაზე უარესი რა მოუვა! პოლმა შეამჩნია მისი ჩინდაკარგული თვალები, გაწვდილი ხელები და შეჩერდა. ეს ათი დღე მასაც აკლდა სიმონი. უკვე მისჩვეოდა მასთან ყოფნას, მის აღფრთოვანებას, სიჯიუტეს და ახლა რატომღა უნდა გადასჩვეოდა? მაგრამ როცა მისკენ მობრუნებული სახე დაინახა, მიხვდა, რომ ეს მარტო მიჩვევა არ იყო ოცდაცხრამეტი წლის ქალისთვის. ეს სულ სხვა რაღაც იყო. რუხი ქვაფენილი, გამვლელები, მანქანები ერთბაშად რაღაც სტილიზებულ, გაქვავებულ, დროის მიღმა არსებულ დეკორაციად ეჩვენა. ორიოდ მეტრი აშორებდათ ერთმანეთს. და ვიდრე ქუჩის კუშტი, გამაყრუებელი სინამდვილე შთანთქავდა, ვიდრე ჯერ კიდევ ფხიზლად იდგა საკუთარი ცნობიერების ზღურბლზე, სიმონმა ნაბიჯი გადადგა მისკენ და მოეხვია. მოეხვია, მაგრამ გულში არ ჩაუკრავს. ეს კია, სუნთქვა შეუგუბდა და რაღაც უსაზღვრო სიმშვიდემ მოიცვა. მერე ლოყით შეეხო მის თმას და ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მაღაზიის აბრას მიაშტერდა: „ეპოქის განძი“... „ნეტა რა უფრო მეტია ამ წიგნის მაღაზიაში, განძი თუ ხარახურა?“ – გაიფიქრა და თან გაუკვირდა, ამ სანუკვარ წუთებში საიდან მომივიდა თავში ეს უაზრო კითხვაო. სიმონს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს, როგორც იქნა, უძნელესი ამოცანა გადაეწყვიტოს. – სიმონ, დიდი ხანია აქა ხართ? – ჰკითხა პოლმა, – სულ გაწუწულხართ. პოლი ისუნთქავდა სიმონის პიჯაკის, მისი კანის სუნს და განძრევა აღარ უნდოდა. სიმონის დაბრუნებამ მოულოდნელი შვება მოჰგვარა, თითქოსდა რაღაც უბედურებას დააღწია თავი. – არა, უთქვენოდ სიცოცხლე მართლა არ შემიძლია, – უთხრა სიმონმა, – ასე მეგონა, სიცარიელეში ვიყავი. მოწყენილობა კი არ მკლავდა, უბრალოდ, არ ვარსებობდი. თქვენ? – მე? – გაიმეორა პოლმა. – თქვენც კარგად იცით, წლის ამ დროს პარიზი თითქმის ჩამკვდარია (პოლი ცდილობდა ბუნებრივად ელაპარაკა). ახალ კოლექციას ვათვალიერებდი, ერთი სიტყვით, ნამდვილი საქმიანი ქალივით ვიქცეოდი; ორ ამერიკელ ქალს შევხვდი, შესაძლოა, ნიუ-იორკში მომიხდეს გამგზავრება... პოლი გრძნობდა, ჭკუადაკარგული შეყვარებულივით წვიმაში დგომა ამ ჭაბუკის მკლავებში და ასე საუბარი უაზრობა იყო, მაგრამ განძრევა არ შეეძლო. სიმონი ისე ნაზად კოცნიდა საფეთქლებზე, თმაზე, ლოყაზე, თითქოს პოლის ყოველ ფრაზას წერტლს უსვამსო. პოლი გაჩუმდა და შუბლით უფრო მაგრად მიეკრა მის მხარს. – გინდათ კი ნიუ-იორკში წასვლა? – ზემოდან მოესმა სიმონის ხმა. სიმონი რომ ლაპარაკობდა, პოლი საფეთქლებზე გრძნობდა მისი ყბების მოძრაობას და კინაღამ მოწაფესავით გადაიკისკისა. – შეერთებული შტატები მართლაც საინტერესო უნდა იყოს. თქვენ რას იტყოდით? მე იქ არასდროს ვყოფილვარ. – არც მე, – თქვა სიმონმა, – დედაჩემი აღშფოთებულია, თუმცა არც თვითონ უყვარს მოგზაურობა. სიმონს შეეძლო ასე მდგარიყო და დაუსრულებლად ესაუბრა პოლთან დედაზე, მოგზაურობაზე, ამერიკასა და რუსეთზე, ელაპარაკა ათასნაირ თემაზე, მშვიდად, ძალდაუტანებლად. აღარ აპირებდა არც მის გაკვირვებას, არც მის მოხიბვლას. თავს კარგად გრძნობდა. საკუთარ თავში დარწმუნებულიც იყო და თან უსუსურიც. ჯობდა შინ წაეყვანა პოლი და თავისუფლად მოჰფერებოდა, მაგრამ ხელის გაშვებაც ვერ გაებედა. – არ ვიცი, უნდა მოვიფიქრო! – თქვა პოლმა. თვითონაც ვერ მიმხვდარიყო, რას გულისხმობდა – სიმონთან ურთიერთობას თუ ამერიკაში გამგზავრებას. ზევით ახედვის და მისკენ დახრილი ჭაბუკის სახის დანახვის კი ეშინოდა: ვაითუ, კვლავ ალაპარაკებულიყო ის მეორე, ჭკვიანი, მტკიცე ნებისყოფის პოლი და გაეკიცხა თავისივე საქციელი. – სიმონ! – წაიჩურჩულა მან.სიმონი დაიხარა, ნაზად აკოცა ტუჩებში. არც ერთს აღარ დაუხრია თვალი, მაგრამ ორივე ხედავდა არა ერთმანეთს, არამედ დიდ, მოციმციმე ლაქას – უჩვეულოდ გაფართოებულ, დანისლულ და თითქოსდა შეშინებულ გუგებს. ორი დღის შემდეგ ერთად ისადილეს. პოლის რამდენიმე ფრაზით სიმონი მიხვდა, რა გადაეტანა ქალს ამ ათ დღეში: მარტოობა, როჟეს გულგრილობა, სიმონის გამუდმებული კილვა. ალბათ, პოლს იმედი ჰქონდა, ამ ათ დღეში როჟეს როგორმე დაიბრუნებდა. ყოველ შემთხვევაში, უნდოდა უფრო ხშირად შეხვედროდა, ძველებურად გაეგოთ ერთმანეთის, მაგრამ როჟე ბავშვივით გაჯიუტებულიყო. პოლის ეს მონდომება კი ნამდვილად გულს აუჩუყებდა კაცს თავისი სიმარტივით: როჟეს საყვარელი სადილი, იმ კაბების ჩაცმა, როჟეს რომ მოსწონდა, იმ საგნებზე საუბარი, როჟეს რომ აინტერესებდა; ერთი სიტყვით, ყველა ხერხს მიმართავდა, რასაც ქალთა ჟურნალები ურჩევდნენ მკითხველებს. მაგრამ ამ სასაცილო, მდარე რეცეპტებმა, ჭკვიანი ქალი მართლაც საოცარ იარაღად რომ გადააქცევდა, პოლს ვერ უშველა. ქალს დამამცირებლად სულაც არ მიაჩნდა, მიჰყოლოდა ამ რჩევებს, არც იმას უკადრისობდა, როჟესთვის მყუდროდ, ლამაზად განათებული ოთახი ან გემრიელი კერძი დაეხვედრებინა, ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა: „როჟე, შენი მიზეზით უბედური ვარ! როჟე, ჩვენს ურთიერთობაში რაღაც უნდა შეიცვალოს!“ პოლის ასეთი საქციელი არც ოდითგანვე ძვალ-რბილში გამჯდარი ქვეშეცნეული ქალური გუმანით აიხსნებოდა, არც ბედის მწარე მორჩილებით. არა, ეს უფრო ერთგვარი სადიზმი იყო, როგორც საკუთარი თავის, ისე როჟეს მიმართ. თითქოსდა როჟე ან პოლი ერთბაშად უნდა წამომდგარიყო და ეთქვა: „კმარა!“ ჰოდა, იცდიდა როდის გაუჩნდებოდა ეს გრძნობა, თუმცა ამ გრძნობას თავის მხრიდანაც ისეთივე ძრწოლით ელოდა, როგორც როჟესგან. მაგრამ ამაოდ. ეტყობოდა, რაღაც უკვე ჩამკვდარიყო. ასეთ ფიქრებსა და ფუჭ იმედებში გაატარა ეს ათი დღე, ამიტომაც აღარ შეეძლო არ დამორჩილებოდა სიმონის სიტყვებს: „მე ბედნიერი ვარ, მე თქვენ მიყვარხართ“. უხამსობას ვერ დასწამებდა იმ სიმონს, ტელეფონით მუდამ ჩურჩულით რომ ელაპარაკებოდა; იმ სიმონს, რაღაცით რომ უვსებდა ცხოვრებას, ყოველ შემთხვევაში, ნახევრად მაინც! მაგრამ იგი უკვე დაღალა მუდამ მოთავედ და მაინც მუდამ მარტოდ ყოფნამ. „შენ რომ გიყვარდეს, ეს კიდევ ყველაფერი არაა, – ამბობდა სიმონი, – მთავარია, შენც უყვარდე!“ პოლის აზრით, ეს სიტყვები უშუალოდ მას შეეხებოდა. მართალია, ერთი ნაბიჯი უკვე გადადგა საამისოდ, მაინც უკვირდა, რომ არც ტკბილ მღელვარებას განიცდიდა და არც ლტოლვას, როგორც როჟესთან დაახლოების წინ. მხოლოდ უსაზღვრო, საამო მოქანცულობას გრძნობდა და ეს სიარულზეც ეტყობოდა. ნაცნობები ურჩევდნენ, გარემო შეიცვალეო, მაგრამ თვითონ დაღონებული ფიქრობდა, ალბათ, საყვარელს შევიცვლი და ეს იქნებაო: ეს ნაკლებად თავსატეხი ხერხი იყო, პარიზისთვის უფრო ჩვეული... პოლი საკუთარ თავს თვალს არიდებდა სარკეში ან სახეზე სქლად ისვამდა კრემს, მაგრამ როცა იმ საღამოს სიმონმა ზარი დარეკა მის კარზე, როცა პოლმა მისი მუქი ჰალსტუხი, დაძაბული მზერა დაინახა, მისი აღტაცებული და თან შემცბარი იერი, ცხოვრებაში მეტისმეტად განებივრებულ ადამიანს რომ გამოეხატება სახეზე, როცა ბედი კიდევ ერთ მემკვიდრეობას არგუნებს, პოლსაც მოუნდა გაეზიარებინა ის ბედნიერება, რომელიც მან სიმონს მიანიჭა! „აი, ჩემი სხეული, ჩემი სითბო, ჩემი სიყვარული! მე აღარაფერი მჭირდება, მაგრამ შენთან იქნებ კვლავაც ვიგრძნო, რა სიტკბოებას ანიჭებს სხვას ეს ყველაფერი!“ იმ ღამეს სიმონს მის მხარზე ედო თავი.        პოლს თითქოს ცხადად ესმოდა, რა კილოთი იტყოდნენ მისი ნაცნობ-მეგობრები: „გაიგეთ? პოლი, თურმე“... მაგრამ არც მითქმა-მოთქმა, არც ის ამბავი, რომ ყველაზე მეტად ასაკობრივი განსხვავებისათვის გაჭორავდნენ, ისე არ აწუხებდა, როგორც სირცხვილი იმის გაფიქრებაზე, რომ ეს ჭორიკანები ცას ეწევიან სიხარულით, კაცმა არ იცის, რამდენ სისულელეს მიაწერენ, ლაღი ცხოვრებისა და ყმაწვილების ტრფიალს დასწამებენ და ჩირქს მოსცხებენ. ის კი არ იციან, რომ პოლი ცხოვრებისაგან მოღლილ ბებრუხუნად გრძნობს თავს და ერთადერთი, რაც უნდა, მხარდაჭერაა! ზიზღს ჰგვრიდა ის ფიქრი, რომ მის საქციელს, ისევე როგორც სხვებისას – ამის მოწმე თვითონ ბევრჯერ ყოფილა – ხალხი კიდეც დაგმობს და კიდეც მოიწონებს. მასზე ამბობდნენ: „საცოდავი პოლი!“ – როცა როჟე ღალატობდა; ან: „დამოუკიდებლობა მოუნდა იმ ქერქეტას!“ – როცა მან ახალგაზრდა, ლამაზი, მაგრამ ძალზე მოსაწყენი ქმარი მიატოვა. ზოგს ებრალებოდა, ზოგიც კიცხავდა, მაგრამ ისეთი შური და ზიზღი, რასაც მისი ახლანდელი საქციელი გამოიწვვეს ხალხში, მას, ალბათ, არასდროს რგებია წილად. თავი მეთორმეტე        პოლის ვარაუდი არ გამართლდა. იმ პირველ ღამეს სიმონს თვალი არ მოუხუჭავს. იწვა გაუნძრევლად, ხელი პოლის წელზე ედო და ცდილობდა, საკუთარი სუნთქვა მისი მშვიდი სუნთქვისათვის აეყოლებინა. „თავი რომ მოიმძინარო, ან მეტისმეტად შეყვარებული უნდა იყო, ან მეტისმეტად გულმოყირჭებული!“ – ფიქრობდა სიმონი. რაკი აქამდე მეორე გრძნობას უფრო იყო შეჩვეული, ახლა ისეთივე სიამაყითა და პასუხისმგებლობით დარაჯობდა პოლის მშვიდ ძილს, როგორც ქურუმები – წმინდა ცეცხლს. ასე გაატარეს მთელი ღამე, დაძაბულები და გულაჩვილებულები უფრთხილდებოდნენ ერთმანეთის მოჩვენებით ძილს და განძრევას ვერ ბედავდნენ.        სიმონი ბედნიერი იყო. თავისზე თხუთმეტი წლით უფროსი ქალი მართლაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას უღვიძებდა, ვიდრე თექვსმეტი წლის გოგონა. კვლავაც აღტაცებული ფიქრობდა პოლის სიკეთეზე და პირველად თავის სიცოცხლეში ალერსი წყალობად ჩათვალა... ამიტომაც თავი მოვალედ მიაჩნდა, თვალი არ მოეხუჭა, თითქოს წინასწარ იცოდა, რა მწარე ტკივილს მიაყენებდა ამ ქალს და წინასწარ უფრთხილდებოდა; იმედი ჰქონდა, საკუთარ სილაჩრეს, წარსულ კომედიებს, შიშს, უმიზეზო სასოწარკვეთასა და უსუსურობას ააშორებდა პოლს, მასაც გააბედნიერებდა და თვითონაც ბედნიერი იქნებოდა; თან უკვირდა კიდეც თავისი თავის, ყველაზე დიდი გამარჯვების მოპოვებისასაც კი ასეთი ფიცი არასოდეს დამიდევსო. დილით ორივემ გაითამაშა, ვითომ ეს წუთია გაიღვიძეს: ამთქნარებდნენ, მშვიდად იზმორებოდნენ, ოღონდ სხვადასხვა დროს. როცა სიმონი მისკენ გადმობრუნდებოდა ან იდაყვს დაეყრდნობოდა, პოლი უნებლიეთ თავზე წაიხურავდა საბანს, ეშინოდა, სიმონს არ შეეხედა, იცოდა, პირველი შემოხედვა ყველაზე გადამწყვეტი იყო პირველი სიახლოვის შემდეგ. ხოლო როცა პოლი გაინძრეოდა, სიმონი სუნთქვას იკრავდა და შიშით თვალს ხუჭავდა, ამღამინდელი ბედნიერება სიზმარივით არ გაქრესო. ბოლოს ისევ პოლმა შეასწრო თვალი. ჩამოშვებული ფარდებიდან შემოჭრილ შუქზე სიმონი თვალმოჭუტული უყურებდა. პოლი გაიტრუნა. თავს დაბერებულად და უშნოდ გრძნობდა. ამიტომაც თვალი თვალში გაუყარა, რათა სიმონიც კარგად დაჰკვირვებოდა, რათა აღარ ეგრძნოთ ის უხერხულობა, გამოღვიძებისას რომ იგრძნობა ხოლმე მუდამ. სიმონმა გაუღიმა, ჩურჩულით წარმოთქვა მისი სახელი და მისკენ მიიწია. „სიმონ!“ – თქვა პოლმაც და გაინაბა. იმედი ჰქონდა, იქნებ, ჯერ კიდევ შეიძლებოდა ამ ღამის გადაქცევა წუთიერ ჟინად. სიმონმა მკერდზე მიადო თავი, ნაზად დაუკოცნა მკლავები, მხარი, ლოყები, მერე გულში ჩაიხუტა. „მე შენზე ვოცნებობდი, – უთხრა მან, – და ამიერიდან მხოლოდ შენზე ვიოცნებებ“. პოლმა მკლავები მოხვია. სიმონმა უთხრა, სამსახურში მე წაგიყვანო და, თუ გერიდება, ქუჩის კუთხეში გადმოგსვამ მანქანიდანო. პოლმა ნაღვლიანად უპასუხა, ჩემს საქციელზე ანგარიშს არავის ვაბარებო. ერთხანს გაჩუმდნენ. სიჩუმე ისევ სიმონმა დაარღვია: – ექვს საათამდე არ დაბრუნდები? იქნებ, ერთად გვესაუზმა? – ალბათ, ვერ მოვიცლი. იქვე შევჭამ სანდვიჩს. – მე რაღა გავაკეთო ექვს საათამდე? – აწუწუნდა სიმონი. პოლმა შეშფოთებულმა შეხედა: ხომ ვერ ეტყოდა, სულაც არ არის აუცილებელი ექვს საათამდე ერთმანეთს შევხვდეთო! მეორე მხრივ, იმის წარმოდგენა, რომ სიმონი ყოველ საღამოს თავისი პატარა მანქანით მოუთმენლად დაელოდებოდა მაღაზიის კარებთან, მართლა ბედნიერებას ანიჭებდა... როცა ვინმე ყოველდღე გელოდება, თანაც ისეთი ვინმე, რომელიც რვა საათზე არ გირეკავს და დაბნეული არ გელაპარაკება ტელეფონში, ანდა როცა მოესურვება, მაშინ გირეკავს... პოლს გაეღიმა. – კი მაგრამ, ვინ გითხრა, რომ დღეს მარტო ვისადილებ? სიმონი მაჯის საკინძეს აწვალებდა, ვერ და ვერ შეიკრა, მაგრამ ამ სიტყვებზე თავი ასწია და მშვიდად ჩაილაპარაკა: „მართლაც, არავის უთქვამს!“ ცხადია, სიმონი როჟეს გულისხმობდა. იგი ხომ სულ როჟეზე ფიქრობდა, სულ ეშინოდა, პოლი არ წამართვასო. სამაგიეროდ პოლმა იცოდა, როჟეს მისთვის არ ეცალა. ერთბაშად ყველაფერი შეზიზღდა. არა, თვითონ მაინც იქნება დიდსულოვანი. – დღეს არავისთან ვსადილობ, – უთხრა სიმონს, – მოდი აქ, მე შეგიკრავ! პოლი საწოლზე იჯდა, სიმონმა მის წინ დაიჩოქა და ხელები ბორკილდადებულივით გაუწოდა. სიმონს ბავშვური მაჯები ჰქონდა, ნაზი და გამხდარი. საკინძის შეკვრისას პოლს რატომღაც მოეჩვენა, ოდესღაც უკვე ვითამაშეო ზუსტად ასეთი სცენა... „მეტისმეტად თეატრალურია!“ – დაასკვნა ბოლოს, მაგრამ ლოყა მაინც მიადო შუბლზე, თავი ვერ შეიკავა და ბედნიერი სიცილი წასკდა. – კი მაგრამ, ექვს საათამდე რა ვაკეთო? – ჯიუტად გაიმეორა სიმონმა. – აბა, რა ვიცი... იმუშავე! – არ შემიძლია... მეტისმეტად ბედნიერი ვარ! – ეს ხელს არ უშლის მუშაობას. – მე მიშლის, თუმცა ვიცი, რასაც გავაკეთებ: ქუჩაში ვიხეტიალებ და შენზე ვიფიქრებ, მერე მარტო ვისაუზმებ და შენზე ვიფიქრებ, შემდეგ ექვს საათს დაველოდები. შენც კარგად იცი, საქმიანი ახალგაზრდა კაცისა არაფერი მცხია. – შენი ვექილი რაღას იტყვის? – ეგ არ მადარდებს. რატომ გინდა, მომავალზე ფიქრით დრო ტყუილად დამაკარგვინო?.. ჩემთვის მხოლოდ აწმყო არსებობს... ის მივსებს ყველაფერს, – სიმონმა ქალს მდაბლად დაუკრა თავი. პოლმა მხრები აიჩეჩა. არც იმ დღეს და არც მომდევნო დღეებში სიმონს თავისი გეგმისათვის არ უღალატია: მთელ პარიზს შემოუარა მანქანით, გამვლელებს უღიმოდა, პოლის მაღაზიას ათჯერ მაინც ჩაუარა საათში ათი კილომეტრი სიჩქარით, სადაც მოესურვებოდა, იქ აჩერებდა მანქანას და წიგნს კითხულობდა, ზოგჯერ ისვენებდა, თავს საზურგეზე გადააგდებდა და თვალებს დახუჭავდა. მთვარეულს ჰგავდა ბედნიერებით გაბრუებული. მისი საქციელი გულს უჩუყებდა პოლს, უფრო მეტად აყვარებდა სიმონს. თვითონაც უკვირდა, რად არ ენანებოდა სიმონისათვის არაფერი და რად გახდა მისთვის ეს წყალობანი აუცილებელი! *        როჟეს მთელი ათი დღე საძაგელ ამინდში მოუხდა მგზავრობა. საქმიანი შეხვედრები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ნორის დეპარტამენტიდან მეხსიერებაში დარჩა მხოლოდ ტალახიანი, დაუსრულებელი გზა და მოსაწყენი რესტორნები. დროდადრო პარიზში რეკავდა, ერთდროულად ორ ნომერს დაუკვეთდა. ჯერ მეზი-მარსელის წუწუნს მოისმენდა, რომ მერე თვითონ დაეჩივლა პოლთან, ეს რა უბედურ დღეში ვარო, ანდა პირიქით. როჟე იმედგაცრუებული იყო, ფიქრობდა, რომ არაფრის მაქნისი აღარაა. მისი ცხოვრებაც ამ პროვინციას წააგავდა. პოლის ხმა უფრო და უფრო შეშფოთებული და შორეული ხდებოდა. როჟეს ძალიან ენატრებოდა. მუდამ ასე იყო: პოლის გარეშე ორი კვირა ვერ გაეძლო. კარგად იცოდა, პარიზში ყოფნისას მუდამ შეეძლო პოლის ნახვა, ამიტომაც არ უძნელდებოდა გადაედო დანიშნული პაემანი, მაგრამ ლილში ისევე ენატრებოდა, როგორც მათი დაახლოების პირველ დღეებში, როცა პოლთან შეხვედრა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო მისთვის... მაშინ ისევე ეშინოდა მისი დასაკუთრებისა, როგორც ახლა – მისი დაკარგვის. ლილში ყოფნის უკანასკნელ დღეს პოლს აცნობა, ვბრუნდებიო. პოლი გაჩუმდა, მერე კი ერთბაშად მტკიცედ უთხრა: „აუცილებლად უნდა მოგელაპარაკო!“ როჟეს არაფერი უკითხავს და მესამე დღისთვის დაუნიშნა პაემანი. პარიზში ღამით დაბრუნდა და ორ საათზე უკვე პოლის სახლთან გააჩერა მანქანა. პირველი შემთხვევა იყო, როცა შეყოყმანდა, ავიდე თუ არაო. დარწმუნებული არ იყო, რომ დაინახავდა პოლის ბედნიერ სახეს, მის წინანდებურად ნაძალადევ სიმშვიდეს მისი მოულოდნელი გამოცხადებისას. ახლა როჟეს ეშინოდა. ათი წუთი დაიცადა, თავისი მერყეობით დარცხვენილმა, საკუთარ საქციელს ათასი უაზრო გამართლება მოუძებნა: „სძინავს, ბევრს მუშაობს“.... შემდეგ გაბრუნდა. უკვე შინ იყო მისული, როცა ისევ შეყოყმანდა, ერთბაშად გადაწყვიტა, მეზისთან წასულიყო. ქალს ეძინა. ძილისგან შეშუპებული სახე საკოცნელად მიუშვირა: „გვიანობამდე დავყავი იმ საძაგელ პროდიუსერებთან... რომ იცოდე, რა ბედნიერი ვარ... სხვათა შორის, ეს-ეს არის, სიზმარში გნახე“... – ბუტბუტებდა მეზი. როჟემ სასწრაფოდ გაიხადა და, მიუხედავად მეზის ბუზღუნისა, მაშინვე დაიძინა. პირველად იყო, ამ ქალისადმი ლტოლვა რომ არ იგრძნო. გათენებისას უგულისყუროდ მიუალერსა, მეზის ნაამბობს სიცილით უსმენდა და ერთბაშად გადაწყვიტა, სანერვიულო არაფერია, ყველაფერი რიგზეაო. მთელი დილა მეზისთან დარჩა და პოლთან შეხვედრამდე ათი წუთით ადრე გავიდა მისი სახლიდან. თავი მეცამეტე – უნდა დავრეკო, ნასაუზმევს გვიან იქნება, – თქვა პოლმა და სუფრიდან წამოდგა. როჟე მაშინვე ფეხზე წამოიჭრა და პოლმაც დამნაშავესავით გაუღიმა. ასეთი ღიმილი მისდა უნებურად აღებეჭდებოდა ხოლმე სახეზე, როცა ზრდილობისა და გრძნობის კარნახით, როჟე მისთვის თავს იწუხებდა. პოლი რესტორნის ნესტიან კიბეს ჩაუყვა. ტელეფონის ჯიხურისკენ მიმავალი ბრაზით ფიქრობდა როჟეს ამ ნაძალადევ ზრდილობაზე. სიმონი სულ სხვაგვარი იყო. იგი ისეთ ყურადღებას ამჟღავნებდა, ისე ცდილობდა მისი გულის მოგებას, გაიქცეოდა კარის გასაღებად, მიაწვდიდა სანთებელს, გუმანით ხვდებოდა მის ყოველ სურვილს და წამსვე უსრულებდა. ეს ყოველივე კი ყურადღების ნიშანი იყო და არა მოვალეობის მოხდა. დილით სიმონი ნახევრად მძინარე დატოვა ლოგინში, ორივე ხელით ჩაებღუჯა ბალიში, რომელზედაც მისი შავი კულულები ეყარა. მაგიდაზე ბარათი დაუტოვა: „შუადღისას დაგირეკავ!“. შუადღისას კი როჟეს შეხვდა და ახლა თვითონაც უკვირდა თავისი საქციელი: როჟე მარტო დატოვა და თავის ჭაბუკ, ზარმაც საყვარელთან დასარეკად წავიდა. ნეტა როჟე ხომ არაფერს მიხვდა? შეწუხებული როჟე კი ამ დროს ისე იჭმუხნიდა წარბებს, როგორც იმ დღეებში, როცა საქმე უკუღმართად წაუვიდოდა ხოლმე. იგი თითქოს დაბერებულიყო. სიმონმა მაშინვე აიღო ყურმილი. როგორც კი პოლის ხმა გაიგონა, სიცილი აუტყდა. – გაიღვიძე? – გაეცინა პოლსაც. – თერთმეტი საათიდან მღვიძავს. უკვე პირველი საათია. სადგურში დარეკვაც მოვასწარი, ტელეფონის ხაზი ხომ არაა-მეთქი გაფუჭებული! – რატომ? – აკი თორმეტ საათზე უნდა დაგერეკა! სად ხარ? – ლუიჯისთან, ვსაუზმობ. – ჰოო?.. კარგია. სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს პოლმა ცივად უთხრა: – როჟესთან ერთად ვსაუზმობ. – ჰოო?.. კარგია. – ამის მეტს ვერაფერს იტყვი?.. „ჰოო“... „კარგია, კარგია!“ – გამოაჯავრა პოლმა. – მაღაზიაში სამის ნახევარზე ვიქნები. შენ რას აპირებ? – დედაჩემთან წავალ, კოსტიუმებს წამოვიღებ, – სწრაფად უთხრა სიმონმა, – შენს კარადაში უნდა ჩამოვკიდო. მერე დენოსთან შევივლი და იმ აკვარელს ვიყიდი, შენ რომ მოგეწონა. პოლმა ძლივს შეიკავა სიცილი; სიმონის მთელი ბუნება ამ ნათქვამში ჩანდა: წინადადების ასე გადაბმა მხოლოდ მას შეეძლო! – რა საჭიროა? გინდა მთელი შენი ტანსაცმელი ჩემთან გადმოიტანო? თუმცა საწინააღმდეგო მაინც არაფერი უთხრა. სიმონი უკვე ნაბიჯითაც არ სცილდებოდა და აქამდე არც პოლს უსაყვედურია ამის გამო... – ჰო, – მიუგო სიმონმა, – ირგვლივ ძალიან ბევრი ხალხი გახვევია, მე კი დარაჯ ძაღლად მინდა დაგიდგე. ამიტომ სუფთად უნდა ვიყო ჩაცმული. – ამაზე მერე ვილაპარაკოთ! – უთხრა პოლმა. ასე ეგონა, მთელი საათი ემუსაიფებოდა სიმონს. ამასობაში როჟე მარტო იჯდა ზევით. ალბათ, გამოჰკითხავს და, პირისპირ რომ აღმოჩნდება, პოლიც ვეღარ მოიშორებს დამნაშავის გრძნობას. – მიყვარხარ! – უთხრა სიმონმა და ყურმილი დაკიდა. პოლი ჯიხურიდან გამოვიდა, გასახდელ ოთახში სარკის წინ შეჩერდა, სავარცხელი ამოიღო და ანგარიშმიუცემლად თმაზე გადაისვა. სარკიდან იმ ქალის სახე უმზერდა, რომელსაც ეს-ეს არის სიყვარული აუხსნეს. როჟე კოქტეილს წრუპავდა. პოლს გაუკვირდა. იცოდა, საღამომდე ჩვეულებრივ არაფერს სვამდა ხოლმე. – რაიმე უსიამოვნება ხომ არ შეგხვდა? – რატომ მეკითხები? ჰოო, კოქტეილის გამო?.. არა, ცოტა დავიღალე, მეტი არაფერი. – რამდენი ხანია არ მინახავხარ! – თქვა პოლმა. როჟე ოდნავ დაბნეული დაეთანხმა და პოლმაც ცრემლი ძლივს შეიკავა. ალბათ, დადგება დრო, როცა იტყვიან: „რამდენი თვეა ერთმანეთი არ გვინახავს – ორი თუ სამი?“ და მშვიდად გამოითვლიან, რამდენი დრო გავიდა მათი უკანასკნელი შეხვედრიდან. მიუხედავად ძლიერი და სასტიკი იერისა, როჟეს ისევ ასეთი ახირებული მიმოხრა, დაღლილი სახე და ბავშვური ხასიათი ექნება, ალბათ... პოლმა თავი მიაბრუნა. როჟეს ისევ ის ძველი, ნაცრისფერი პიჯაკი ეცვა. ვინ იცის, რამდენჯერ ეკიდა ეს კოსტიუმი, ჯერ კიდევ სულ ახალთახალი, მათი სიახლოვის პირველ დღეებში პოლის საძინებელ ოთახში, სკამზე. იმ ხანებში როჟეს განსაკუთრებით მოსწონდა თავი ამ კოსტიუმით. ის ხომ იშვიათად ზრუნავდა საკუთარ სიკოხტავეზე! თანაც ისეთი მოუქნელი იყო, ვერასოდეს იფიქრებდით, მოხდენილადაა ჩაცმულიო. – თხუთმეტი დღეა! – მშვიდად თქვა პოლმა. – ხომ კარგად ხარ? – კი. საერთოდ, არა მიშავს. როჟე გაჩუმდა, ალბათ, პოლის შეკითხვას ელოდა: „როგორ მიდის შენი საქმეები?“, მაგრამ პოლს არაფერი უკითხავს. ჯერ სიმონზე უნდა ელაპარაკოს. მერე როჟესაც შეუძლია, ისე გაანდოს თავისი ამბები, რომ საკუთარი გულახდილობა მომავალში სანანებლად არ გაუხდეს. – ცოტათი მაინც გაერთე? – ჰკითხა როჟემ. პოლი ერთხანს დუმდა, საფეთქლები უცემდა. იფიქრა, სადაცაა გული გამიჩერდებაო. ბოლოს საკუთარი ხმა მოესმა: – ჰო, სიმონს ვხვდებოდი... ხშირად... – ოჰო, – აღმოხდა როჟეს, – იმ ლამაზ ბიჭს? ისევ ისე გაგიჟებით უყვარხარ? პოლმა ნელა დაუქნია თავი, მაგრამ შეხედვა ვერ გაბედა. – ისევ გართობს ეს ამბავი? – ჰკითხა როჟემ. პოლმა თავი აიღო. ამჯერად როჟემ აარიდა თვალი: მთელი გულისყური გრეიპფრუტზე გადაიტანა. „მიხვდა“, – გაიფიქრა პოლმა. – ჰო, – თქვა მან. – გართობს თუ გართობაზე ცოტა მეტია? ახლა კი თვალი თვალში გაუყარეს ერთმანეთს. როჟემ კოვზი თეფშზე დადო. პოლი რაღაც სასოწარკვეთილი სინაზით უკვირდებოდა მისი ბაგის ირგვლივ გაჩენილ ორ ღრმა ნაოჭს, გაქვავებულ სახეს და ამოღამებულ ლურჯ თვალებს. – ჰო, მეტია! – მიუგო მან. როჟემ კოვზი მოძებნა და ხელში აიღო. პოლს თავში გაუელვა, გრეიპფრუტის წესიერად ჭამა როჟეს არასოდეს შეეძლოო. დროს თითქმის შეეწყვიტა მოძრაობა; თუ პირიქით – ისე სწრაფად მიქროდა, მის წივილს გრძნობდა ყურებში. – ვფიქრობ, სათქმელი აღარაფერი მაქვს! – თქვა როჟემ. ამ სიტყვებზე პოლი მიხვდა, როჟე უბედური იყო. ბედნიერი რომ ყოფილიყო, ასე ადვილად არ დაუთმობდა. ახლა კი, თითქოს ჩაქოლილს, უკანასკნელი ქვა პოლმა ესროლა. – სათქმელი ბევრი გქონდა. – შენ თვითონ გადაგაქვს წარსულში ყველაფერი. – მხოლოდ იმიტომ, რომ შენ დაგინდო, როჟე. რომ მეთქვა, ყოველივე შენზეა დამოკიდებული-მეთქი, რას იტყოდი? როჟე დუმდა. სუფრას ჩაშტერებოდა. – ალბათ, მეტყოდი, თავისუფლება ძვირად მიღირსო, – განაგრძო პოლმა, – მეტყოდი, არ მინდა დავკარგოო... და ამიტომაც აღარ ცდილობ.... ჩემს დაბრუნებას. – აკი გეუბნები, არაფერი ვიცი-მეთქი! – მკვახედ მოუჭრა როჟემ. – რა თქმა უნდა, მზარავს იმის გაფიქრებაც, რომ... ვარგა კი მაინც რამედ? – რა მნიშვნელობა აქვს, ვარგა თუ არა. მე მას ვუყვარვარ. პოლმა შეამჩნია, როგორ გაუნათდა დაძაბული სახე როჟეს და წამით შესძულდა ეს კაცი. მაგრამ, აი, როჟე უკვე დამშვიდდა: მხოლოდ წუთიერად აფეთქდა და მეტი არაფერი. მისი ნამდვილი სიყვარული, ნამდვილი მამაკაცი კვლავ ის იყო, როჟე. – თუმცა იმას ვერ ვიტყვი, არ მაღელვებს-მეთქი! – დაუმატა პოლმა. „პირველად შეგნებულად ვატკინე გული!“ – გაიფიქრა თავგზააბნეულმა. – გამოგიტყდები და საუზმეზე რომ დაგპატიჟე, არ მეგონა, შენი და იმ ბიჭის თავშექცევის ამბებს თუ მოვისმენდი, – თქვა როჟემ. – ალბათ, თვითონ აპირებდი იმ ახალგაზრდა ქალთან შენი თავშექცევის ამბის მოყოლას, არა? – მაშინვე შეესიტყვა პოლი. – ეს უფრო ბუნებრივი იქნებოდა! – კბილებში გამოცრა როჟემ. პოლი შეკრთა, მაგიდიდან ჩანთა აიღო და წამოდგა. – ვატყობ, ახლა ჩემს ასაკს შემახსენებ. – პოლ... როჟე წამოდგა და თვალი გააყოლა რესტორნის კარში გასულ პოლს; თვალები ცრემლმა დაუნისლა. იმ დროს დაეწია, როცა პოლი მანქანაში ჯდებოდა. ვერა და ვერ აამუშავა ძრავა. როჟემ ფანჯარაში შეყო ხელი და კონტაქტი ჩართო, რაც პოლს სულ გადავიწყებოდა. როჟეს ხელი... მერე გაწამებული სახე როჟესკენ მიაბრუნა. – პოლ, თვითონაც კარგად იცი... საზიზღრად მოვიქეცი. მაპატიე... ხომ იცი, მე ასე არ ვფიქრობ... – ვიცი, არც მე მოგექეცი კარგად. ჯობს ერთხანს ნუღარ შევხვდებით ერთმანეთს. როჟე დაბნეული, გაქვავებული იდგა. პოლმა გაუღიმა: – ნახვამდის, საყვარელო! როჟე მანქანის ფანჯარასთან დაიხარა. – პოლ, უშენოდ არ შემიძლია... პოლმა უცებ დაძრა მანქანა, არ უნდოდა, როჟეს მის თვალებზე მოწოლილი ცრემლი დაენახა. მექანიკურად ჩართო მინის საწმენდი და მწარედ გაეცინა. დრო საკმაო ჰქონდა. შინ დაბრუნებამდე დამშვიდებასაც მოასწრებდა და სახეზე კრემის წასმასაც. თან იმედი ჰქონდა და თან ეშინოდა, სიმონი შინ არ დამხვდებაო. სადარბაზოსთან შეეჩეხნენ ერთმანეთს. – პოლ, რა დაგემართათ? სიმონს ისე შეეშინდა, კვლავ თქვენობით მიმართა. „შემამჩნია, ნამტირალევი რომ ვარ, და შევეცოდე!“ – გაიფიქრა პოლმა და ცრემლები ღაპაღუპით წამოსცვივდა. არაფერი უპასუხა. ლიფტში სიმონმა მკერდზე მიიკრა, ცრემლები კოცნით შეუშრო; ევედრებოდა, ნუღარ ტირიო, და ისე უცნაურად შეჰფიცა, იმ ტიპს მე მოვკლავო, პოლს უნებურად გაეღიმა. – რა საშინელი სანახავი ვარ, ალბათ! – თქვა და ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს ეს ფრაზა ათასჯერ ჰქონდა წიგნებში ამოკითხული თუ კინოში მოსმენილი. მერე დივანზე ჩამოჯდა სიმონის გვერდით, მისი ხელი აიღო და სთხოვა: – ნუ მკითხავ ნურაფერს. – დღეს არ გკითხავ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერს გათქმევინებ, თანაც სულ მალე. ვერ ავიტან, ვიღაცის გულისთვის იტირო. რაც მთავარია, ვერ ავიტან, რომ ის აქ მოვიდეს! – გაშმაგებით წამოიყვირა მან. – ნეტავ, ჩემთვის, ჩემი გულისთვის თუ იტირებ ოდესმე? პოლმა შეხედა: „ყველა მამაკაცი ნამდვილად მხეცია!“ – ნუთუ ასე ძალიან გინდა მატირო? – არა, მირჩევნია თვითონ ვეწამო! – მიუგო სიმონმა და მხარზე მიადო თავი. საღამოს, შინ რომ დაბრუნდა, პოლმა მაშინვე შეამჩნია, სიმონს თითქმის მთელი ბოთლი ვისკი დაეცალა და სახლიდან არც გასულიყო. მან მედიდურად განუცხადა პოლს, პირადი უსიამოვნებები მაქვსო, შეეცადა საკუთარი მოსაზრება გამოეთქვა ცხოვრების სიძნელეებზე და, სანამ გულაჩვილებული თუ შეშინებული პოლი ფეხსაცმელს გახდიდა, ჩაცმულს იქვე ჩაეძინა. *        როჟე ფანჯარასთან იდგა, დღე-ღამის გაყრას უყურებდა. ფერმა-სასტუმროში იყო. ილ დე ფრანსში ბუნება საოცრად შეესაბამება ქალაქური ცხოვრებით დაქანცული ადამიანების წარმოდგენას სოფელზე: მშვიდი ბექობები, ნაყოფიერი ყანები, გზების გასწვრივ ჩარიგებული სარეკლამო პანოები... მაგრამ ახლა, განთიადისას, წვიმის მძიმე, ცივი სურნელი შეეფრქვა და მისი ბავშვობის დროინდელი ნამდვილი სოფელი გაახსენა. შემდეგ ოთახისკენ შემობრუნდა და დაცინვით წაილაპარაკა: „დიდებული ამინდია დასასვენებლად!“ გულში კი გაივლო: „მართლაც რომ დიდებულია! მიყვარს ბურუსი, მარტო რომ ვიყო“... მეზიმ გვერდი იცვალა თბილ ლოგინში. – ფანჯარა დახურე, ცივა! – თქვა და საბანი შუბლამდე წაიფარა. მიუხედავად მთელ ტანში სასიამოვნო მოთენთილობისა, ლამის ეკივლა იმის გაფიქრებაზე, რომ მთელი დღე ამ უცნობ ადგილას მდუმარე, ფიქრებში წასულ როჟესთან უნდა გაეტარებინა. თან ეს მინდვრები... ეს თვალუწვდენელი მინდვრები... მეზის კინაღამ კვნესა აღმოხდა... – აკი გთხოვე, ფანჯარა დახურე-მეთქი, – მკვახედ გაუმეორა როჟეს. როჟემ პირველ სიგარეტს მოუკიდა და მაშინვე შეიგრძნო მძაფრი, თითქმის უსიამოვნო, მაგრამ მაინც დიდებული სიმწარე. იგი უკვე მოწყვიტეს დილის ოცნებებს. გაბრაზებული, ზურგითაც კი გრძნობდა მეზის მტრულ განწყობას. „იჩხუბოს რამდენიც უნდა! თუ უნდა, ადგეს, ავტობუსში ჩაჯდეს და პარიზში წაბრძანდეს! მე კი საღამომდე მინდვრებში ვიხეტიალებ, ერთ უპატრონო ძაღლს როგორ ვერ ვიპოვი, რომ გავიყოლო!“ როჟე მარტოობას ვერ იტანდა.მაგრამ მეორედ შეხსენების შემდეგ მეზი შეყოყმანდა: არაფრად ჩააგდოს ღია ფანჯარა, ხელახლა დაიძინოს თუ ჩხუბი ატეხოს? ძილისგან ჯერაც გაბრუებული, გონებაში უკვე აწყობდა ასეთ ფრაზებს: „მე ქალი ვარ. ცივა. ის მამაკაცია და მოვალეა, ფანჯარა დახუროს!“ და მაინც, ქალურმა ალღომ დროზე უკარნახა, ახლა როჟეს გაგულისება არ ღირსო. ამიტომაც შერიგება ირჩია. – იქნებ, ფანჯარა დაგეკეტა და საუზმე შეგეკვეთა, საყვარელო! როჟემ სახე შეჭმუხნა, შემობრუნდა და მიახალა: – საყვარელოო?.. რას ნიშნავს ეს შენი „საყვარელო“? მეზის სიცილი აუტყდა, როჟე არ მოეშვა: – ტყუილად იცინი. იცი კი, რას ნიშნავს „საყვარელო“? განა მე შენ გიყვარვარ? სიტყვა „სიყვარული“ მხოლოდ ყურმოკვრით გაგიგია! „ეტყობა, მოთმინების ფიალა ამევსო! – გაიფიქრა როჟემ და თავისი საქციელი თვითონვე გაუკვირდა. – როცა ქალის ლექსიკონი დაგაინტერესებს, წასულია საქმე!“ – რა მოგივიდა? – ჰკითხა მეზიმ და თავი გამოყო საბნიდან. ისეთი შეშინებული ჩანდა, როჟეს კინაღამ სიცილი აუტყდა. მისმა შიშველმა მკერდმა არც ააღელვა. ურცხვი! მართლაც რომ ურცხვია!.. – სიყვარული შენ ხუმრობა ნუ გგონია! – თქვა როჟემ. – მე შენთვის წამიერი ხუშტური ვარ, ხელს რომ გაძლევს, ისეთი ხუშტური. ასე რომ, „საყვარელოს“ ნუ მეძახი, მით უმეტეს, დილით... ღამით კიდევ არა უშავს... – კი მაგრამ, როჟე, – ხელები გაასავსავა შეშფოთებულმა მეზიმ, – მე ხომ შენ მიყვარხარ! – ოოო, როგორ გეკადრება! რაც ენაზე მოგადგება, ყველაფერი კი არ უნდა თქვა! – წამოიყვირა როჟემ და თვითონვე შერცხვა, – მაინც პატიოსანი კაცი იყო, – თუმცა შვებაც იგრძნო, რადგან ამ სიტყვებმა მათი დამოკიდებულება საყვარლის უადგილო ვნებიანობით თავმობეზრებული მამაკაცის დრამად აქცია, კლასიკურ დრამად. როჟემ სვიტერი ჩამოიცვა, მაგრამ შარვალში არ ჩაუტანებია, ისე გავიდა ოთახიდან. მერე ინანა, ტვიდის პიჯაკი რომ ოთახში დატოვა. პიჯაკი საწოლის თავთან ეკიდა და მის ასაღებად იქ რომ მისულიყო, იქნებ, ვეღარც გამოეღწია ოთახიდან. გარეთ გასულმა, ხარბად შეისუნთქა სუსხიანი ჰაერი და თავბრუ დაეხვა. პარიზში უნდა დაბრუნდეს, მაგრამ პოლს რომ ვერ ნახავს?! გზა სველია და მანქანა, ალბათ, დაუცურდება. ოტეილის კარიბჭესთან ყავას დალევს კვირადღეობით დაცარიელებულ პარიზში. როჟე სასტუმროში შემობრუნდა, ფული გადაიხადა და ქურდულად გაიპარა. მის პიჯაკს მეზი წამოიღებს, როჟე კი მდივანი ქალის ხელით თაიგულს გაუგზავნის და პიჯაკსაც დაიბრუნებს. „მაინც ვერ ვისწავლე ჭკუა!“ – ნაღვლიანად გაიფიქრა როჟემ. ერთხანს წარბშეკრული მიაქროლებდა მანქანას. მერე რადიომიმღებისკენ გაიწოდა ხელი და მოაგონდა: „საყვარელო! სიყვარული მე და პოლმა ვიცოდით!“ არაფრის ხალისი აღარ ჰქონდა. მიხვდა, პოლი დაკარგა. თავი მეთოთხმეტე        გავიდა ერთი კვირა და თავის ბინაში შესული პოლი კინაღამ გაგუდა თამბაქოს კვამლმა. სასტუმრო ოთახში სასწრაფოდ გააღო ფანჯარა. „სიმონ!“ – დაიძახა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. თან შეეშინდა, თან გაუკვირდა. მერე საძინებელ ოთახში გავიდა. სიმონი საწოლზე გაშხლართულიყო, პერანგის საყელო გახსნოდა. დაუძახა მეორედ. სიმონი არ განძრეულა. პოლი სასტუმრო ოთახში შებრუნდა. კედლის განჯინა გამოაღო, ვისკის ბოთლი შეამოწმა და ზიზღით ადგილზევე დადო. ჭიქა არსად ჩანდა. სამზარეულოში გავიდა და ჯერ კიდევ სველი ჭიქა ნიჟარაში აღმოაჩინა. ერთხანს გაქვავებული იდგა. მერე ნელა გაიხადა პალტო, სააბაზანო ოთახში სახეზე კრემი გადაისვა და თმა გულდასმით დაივარცხნა. მერე ერთბაშად გული მოუვიდა. ეს კეკლუცობა სისუსტის ნიშნად ჩათვალა და თმის ჯაგრისი თაროზე მიაგდო. სწორედ კარგი დრო შეარჩია სიმონის მოსახიბლავად! პოლი საწოლ ოთახში დაბრუნდა, სიმონი შეანჯღრია და სასთუმალთან ნათურა აუნთო. სიმონი გაიზმორა, პოლის სახელი წაიბუტბუტა და კედლისკენ გადაბრუნდა. – სიმონ! – მკვახედ შეუძახა პოლმა. სიმონი შემობრუნდა. პოლმა თვალი მოჰკრა თავის ყელსახვევს, სიმონი რომ დაწოლისას მუდამ სახეზე იფარებდა, პოლი კი მუდამ დასცინოდა ამის გამო. ახლა კი აღარ იყო ხუმრობის გუნებაზე. ისე აიტანა ბრაზმა, სიმონს მივარდა და ძალით შემოაბრუნა სინათლისკენ. სიმონმა თვალები გაახილა, გაიღიმა, მაგრამ ღიმილი მაშინვე შეეყინა სახეზე. – რა მოხდა? – უნდა მოგელაპარაკო! – ასეც ვიცოდი! – თქვა სიმონმა და საწოლზე წამოჯდა. პოლმა დროზე შეიკავა თავი – კინაღამ თვალებზე ჩამოცვენილი კულულები გადაუწია. სწრაფად წამოდგა და ფანჯრის რაფას დაეყრდნო. – სიმონ, ასე არ შეიძლება. ამას უკანასკნელად გეუბნები, უნდა იმუშაო. უკვე ჩუმ-ჩუმად სმაც დაიწყე. – აკი გავრეცხე ჭიქა! ხომ ვიცი, არეულობა გძაგს! – მე ყოველგვარი უწესრიგობა მძაგს, ტყუილი მძაგს, მძაგს უნებისყოფო ადამიანები! – გაბრაზებით მოუჭრა პოლმა. – უკვე შენც მეზიზღები. სიმონი წამოდგა. პოლი გრძნობდა, სიმონს სახე დამანჭოდა, და განგებ არ შემობრუნდა. – დიდი ხანია ვგრძნობ, ვერ მიტან, – თქვა სიმონმა. – აკი ამბობენ, სიყვარულსა და სიძულვილს შორის ერთი ნაბიჯიაო. ასეა, არა? – გრძნობები აქ არაფერ შუაშია, სიმონ. საქმე ისაა, რომ სვამ, უსაქმურობ, გამოყეყეჩდი. რამდენჯერ გითხარი, იმუშავე-მეთქი? ახლა უკანასკნელად გაფრთხილებ. – მერე რა იქნება? – მერე რა იქნება და დასანახავად შემძულდები. – ნუთუ შეგიძლია ასე ხელაღებით მიმატოვო? – დაფიქრებით ჰკითხა სიმონმა. – შემიძლია. პოლი შემობრუნდა და დაუმატა: – ყური მიგდე, სიმონ... სიმონი საწოლზე ჩამომჯდარიყო და უცნაური გამომეტყველებით დაშტერებოდა საკუთარ ხელებს, მერე ხელები ასწია და პირზე მიიფარა. პოლი გაოგნებული იდგა. სიმონი არ ტიროდა, არ ინძრეოდა. პოლს თავის სიცოცხლეში არ უნახავს ესოდენ სასოწარკვეთილი ადამიანი. მერე ხმადაბლა დაუძახა. ისეთმა გრძნობამ აიტანა, თითქოს სიმონს რაღაც ემუქრებოდა. მიუახლოვდა. სიმონი ახლა მთელი ტანით ირწეოდა. პოლს ჯერ ეგონა, მთვრალიაო, და ხელი მოჰკიდა, რომ ეს უაზრო რწევა შეეწყვეტინებინა. მერე შეეცადა, სახიდან ხელები ჩამოეშორებინა. სიმონი გაძალიანდა. მაშინ პოლი მუხლებზე დაეცა და მაჯებზე წაავლო ხელი. – სიმონ, შემომხედე... სიმონ, შეწყვიტე ეს პამპულობა! როგორც იქნა, ხელები ჩამოაშორებინა სახიდან. სიმონმა შეხედა. ქანდაკებასავით გაქვავებული სახე და ისეთივე უჩინო მზერა ჰქონდა. პოლმა, მისდა უნებურად, ხელისგული ააფარა თვალებზე. – რა მოგივიდა, სიმონ?.. მითხარი, რა მოგივიდა?.. სიმონი გადმოიხარა, თავი მხარზე ჩამოადო და საოცრად მოქანცული ადამიანივით ღრმად ამოიოხრა. – ის მომივიდა, რომ აღარ გიყვარვარ, – წყნარად თქვა მან. – ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერაფერს გავხდი... კიდევ ის მომივიდა, რომ თავიდანვე ვიცოდი, გამაგდებდი. ის მომივიდა, რომ ვიცდიდი, წელში მოდრეკილი ვიცდიდი... ზოგჯერ მაინც მომეცემოდა იმედი... სწორედ ეს არის საშინელი, ზოგჯერ რომ მოგეცემა იმედი... ისიც მხოლოდ ღამით, – ხმადაბლა დაუმატა მან და პოლმა იგრძნო, როგორ გაწითლდა. – ჰოდა, დღეს მოსახდენი მოხდა! მთელი ერთი კვირა ამას ველოდი! ჩემი დამშვიდება ქვეყნად არაფერს შეუძლია, ვისკისაც კი... ვგრძნობდი, დღითი დღე როგორ გემატებოდა სიძულვილი და აჰა... პოლ! პოლ! თვალცრემლიანმა პოლმა მკლავები მოხვია, ჩაიხუტა. თვითონვე ესმოდა საკუთარი ჩურჩული: „სიმონ, გაგიჟდი?.. ნამდვილი ბავშვი ყოფილხარ!.. ჩემო პატარა, ჩემო საბრალო, ჩემო საყვარელო“... შუბლზე, ლოყებზე ჰკოცნიდა სიმონს. ერთბაშად მწარე ფიქრმა გაჰკრა თავში, უკვე დედობრივი სიყვარულის ხანი დამიდგაო, და მაინც გულის სიღრმეში რაღაც ეწინააღმდეგებოდა ჯიუტად, მაინც კმაყოფილებას გრძნობდა, რადგან სიმონის დამშვიდებით თითქოს ორივეს ტკივილს აყუჩებდა. – უბრალოდ, დაიღალე, – ხმადაბლა განაგრძო პოლმა. – მიტოვებული კაცის როლი გაითამაშე და საკუთარი მონაგონის მსხვერპლი გახდი. შენ არც გესმის, რა ძვირფასი ხარ ჩემთვის, ვერც წარმოიდგენ, რა ძვირფასი! ბოლო დროს ყურადღება მოგაკელი, მაგრამ ეს ჩემი სამუშაოს ბრალია, სხვა არაფრის. – სხვა არაფრის? მაშ, არ გინდა, რომ წავიდე? – ყოველ შემთხვევაში, დღეს არა! – ღიმილით უთხრა პოლმა. – მაგრამ მინდა კი, რომ იმუშაო. – რასაც მოისურვებ, ყველაფერს გავაკეთებ. მოდი, გვერდით მომიწექი, პოლ. რომ იცოდე, როგორ შემაშინე! შენ არც კი იცი, ისე მჭირდები... მომეხვიე, არ გაინძრე! როგორ მეჯავრება, კაბებს ამდენი რამ რომ აკერია... პოლ! შემდეგ პოლი გაუნძრევლად იწვა. ოდნავ ესმოდა მდუმარე სიმონის სუნთქვა მხართან. შემდეგ კეფაზე დაადო ხელი და უცებ საკუთრების ისეთმა მტკივნეულმა, ისეთმა გამჭვალავმა გრძნობამ მოიცვა, ერთბაშად დარწმუნდა, სიმონი მართლა მიყვარსო. მეორე დღეს სიმონი სამუშაოზე წავიდა. ძლივს შემოირიგა თავისი ვექილი. რამდენიმე საქმეს გადახედა, ექვსჯერ მაინც დაურეკა პოლს, დედასთან მივიდა, ფული ესესხა, – ქალბატონი ვან დენ ბეში ცას ეწია სიხარულით, – და ცხრის ნახევარზე მუშაობით დამაშვრალი კაცივით გამოეცხადა პოლს. ბოლო ორი საათი ბარში გაატარა, 421 ითამაშა ერთადერთი მიზნით – შინ ღირსეულად დაბრუნებულიყო, გულში კი იმაზე ფიქრობდა, თუ რა მოსაწყენი ყოფილა დროის ამგვარად მოკვლა და რა ტანჯვით უნდა შეევსო უსაქმო საათები. თავი მეთხუთმეტე        თებერვალში როჟე და პოლი ჩვეულებრივ ერთი კვირით მთებში მიდიოდნენ. შეთანხმებული იყვნენ, სამიჯნურო საქმეების მიუხედავად (იმხანად მხოლოდ როჟეს სამიჯნურო საქმენი იგულისხმებოდა), ყოველ ზამთარს როგორმე გამოენახათ რამდენიმე დღე დასასვენებლად. ერთ დილას როჟემ კანტორაში დაურეკა პოლს; შეატყობინა, ათი დღის შემდეგ ვაპირებ წასვლას და ბილეთი აგიღო თუ არაო. პოლი შიშით ეკითხებოდა საკუთარ თავს, ამ დაპატიჟების მიზეზი სინდისის ქენჯნა იყო თუ, უბრალოდ, მისი და სიმონის დაშორების სურვილი. პოლის გადაწყვეტილებას კი პირველი მიზეზი თუ შეარყევდა. თუმცა ისიც კარგად იცოდა, როჟეს რაც უნდა ეთქვა, მთებში ერთად ყოფნა ორივესთვის ტანჯვად იქცეოდა. ხოლო როდესაც გაიხსენა, რა მხიარული იყო როჟე მთებში, რა სისწრაფით ეშვებოდა მთის კალთებზე და შეშინებულ პოლს როგორ მიათრევდა, იგრძნო, დარდით გული ლამის დაჰფლეთოდა. – რას იტყვი? – არა მგონია, როჟე, რომ შევძლოთ. თავს მოვიტყუებთ, თითქოს... ერთი სიტყვით, ისე მოვაჩვენებთ ერთმანეთს თავს, თითქოს, მთების გარდა, სხვა არაფერზე ვფიქრობდეთ! – სწორედ იმიტომ მივდივარ, რომ სხვა არაფერზე ვიფიქრო. გარწმუნებ, შევძლებ კიდეც ამას. – იმ შემთხვევაში წამოგყვებოდი, თუ... (კინაღამ უთხრა, ჩემზე ან ჩვენზე თუ შეძლებდი ფიქრსო, მაგრამ გაჩუმდა) თუ აუცილებლად გჭირდები, მაგრამ შენ უჩემოდაც მშვენივრად იქნები მარტო ან... სხვა ვინმესთან ერთად. – კეთილი. თუ სწორად გაგიგე, ჯერჯერობით არ გინდა პარიზიდან წასვლა. „სიმონს გულისხმობს!“ – გაიფიქრა პოლმა. – „რატომ ხდება ასე? რატომ არავის ძალუძს, ზედაპირის მიღმა სინამდვილე დაინახოს?“ თუმცა ისიც იგრძნო, ეს ერთი თვე სიმონს ძალიან მისჩვეოდა, მასთან ცხოვრება ყოველდღიურ ყოფად ქცეულიყო. ალბათ, სწორედ სიმონის გამო უთხრა უარი როჟეს. – თუ გნებავს, ასეცაა... სიჩუმე ჩამოვარდა. – შენ ცუდად გამოიყურები, პოლ, ძალიან დაღლილი სახე გაქვს. ჩემთან თუ არ გინდა წამოსვლა, სულერთია, სხვასთან ერთად წადი. შენთვის ეს აუცილებელია. როჟე ნაღვლიანად და ალერსით ელაპარაკებოდა. პოლს თვალებზე ცრემლი მოადგა. ჰო, როჟე უთუოდ მასთან უნდა იყოს, ოღონდ ათდღიან მოწყალებას კი არ სთავაზობდეს, არამედ მისი სამუდამო მფარველი გახდეს! ეს უნდა იცოდეს როჟემ; ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს, მამაკაცის თავკერძობასაც კი. – აუცილებლად წავალ, – უთხრა პოლმა, – და ერთმანეთს ღია ბარათებსაც გავუგზავნით ერთი მწვერვალიდან მეორეზე. როჟემ ყურმილი დაკიდა. ვინ იცის, იქნებ დახმარებას სთხოვდა პოლს, მან კი უარი უთხრა?! ნუთუ ეს არის პოლის სიყვარული! და მაინც, პოლი ბუნდოვნად გრძნობდა, რომ მართალია და რომ უფლება აქვს და მოვალეც არის, იყოს მომთხოვნი, თუნდაც ამის გამო დაიტანჯოს. ბოლოს და ბოლოს, იგი ქალია, რომელიც გაგიჟებით უყვართ! ჩვეულებრივ, პოლი და სიმონი ახლომახლო, თითქმის ცარიელ რესტორნებში დადიოდნენ, მაგრამ ამ საღამოს შინ დაბრუნებულ პოლს სიმონი კარის ზღურბლზე დახვდა. მუქი კოსტიუმი ეცვა, თმა გულდასმით დაევარცხნა. ერთი სიტყვით, საზეიმო იერი ჰქონდა. პოლს ერთხელ კიდევ მოხვდა თვალში სიმონის სილამაზე, მისი უჩვეულო ჭრილის თვალები, სწორედ ისეთი, კატას რომ აქვს, ლამაზად მოყვანილი ბაგე, და ლაღად გაიფიქრა, ამ ყმაწვილს, დღენიადაგ ჩემს კაბებში რომ აქვს თავი ჩარგული და მთელ დღეებს ჩემს ლოდინში ატარებს, რაინდისა და ქალების გულთა მპყრობელის გარეგნობა აქვსო. – ღმერთო, რა დიდებული სანახავი ხარ! რა მოხდა? – ჰკითხა მან. – გასართობად უნდა წაგიყვანო! – მიუგო სიმონმა. – სადმე ბრწყინვალე რესტორანში ვისადილებთ, მერე კი ვიცეკვებთ! მე შინ სიამოვნებით დავრჩებოდი და ერბოკვერცხსაც გემრიელად შევჭამდი, მაგრამ მინდა საზოგადოებაში გაგიყვანო! სიმონმა პალტო გახადა. პოლმა ოდეკოლონის სუნი იგრძნო. საძინებელ ოთახში, საწოლზე, მისი მკერდზე მოხდილი საღამოს კაბა ეფინა. ორჯერ თუ ექნებოდა ეს კაბა ჩაცმული. – ყველაზე უფრო ეს კაბა მომეწონა! – უთხრა სიმონმა. – კოქტეილი მოგიმზადო? სწორედ ისეთი კოქტეილი მოუმზადა, პოლს რომ უყვარდა. პოლი საწოლზე ჩამოჯდა, დაბნეული იყო. განა მთებს იმიტომ მოსწყდა, რომ დიდ საზოგადოებაში მოხვედრილიყო?! პოლმა სიმონს გაუღიმა. – კმაყოფილი ხარ? ძალიან ხომ არ დაიღალე? თუ გინდა, ახლავე გამოვიცვლი კოსტიუმს და შინ დავრჩები. სიმონმა მუხლი საწოლზე ჩამოდო და პიჯაკის გახდა დააპირა. პოლმა მკერდზე მიადო თავი, ხელი პერანგის ქვეშ შეუცურა და მისი სხეულის სითბო იგრძნო, ცოცხალი სითბო! – კარგი აზრი მოგსვლია თავში! – თქვა ბოლოს. – მაშასადამე, გინდა ეს კაბა ჩავიცვა? მე კი მეგონა, ამ კაბაში, ცოტა არ იყოს, ცანცარა ქალს ვგავარ. – მე შენი სიშიშვლე მომწონს. ეს კაბა კი სხვებთან შედარებით უფრო მოხდილია. მთელი კარადა გადაგიქექე. პოლმა ჭიქა აიღო და გამოცალა. სიმონი რომ არა, ალბათ, მარტოკა დაბრუნდებოდა შინ, ლოგინში ჩაწვებოდა, წიგნს აიღებდა და მოიწყენდა. სიმონის გამოჩენამდე ხომ ხშირად იყო ასე! სამაგიეროდ, ახლა გვერდით ჰყავს სიმონი, იგი იცინის, ბედნიერია, თვითონაც მასთან ერთად იცინის. სიმონმა სთხოვა, ჩარლსტონი მასწავლეო. ის კი არ იცოდა, რომ ამ თხოვნით მთელი ოცი წლით უკან აბრუნებდა პოლს. ისიც ასწავლიდა, ხალიჩაზე ბორძიკობდა, მერე კი, აქოშინებული, მკლავებში ჩაუვარდა სიმონს. პოლი გულიანად კისკისებდა. როჟეც გადაავიწყდა, თოვლიც და გულისტკივილიც. იგი გაახალგაზრდავებული, გალამაზებული იყო. მერე სიმონი ოთახიდან გააგდო, სახეზე კრემი წაისვა და ეს მკერდზე მოხდილი კაბა ჩაიცვა. სიმონი მოუთმენლად უბრახუნებდა კარზე. როცა პოლი გამოვიდა, სიმონმა აღტაცებისგან თვალები დახუჭა, მერე შიშველი მხრები დაუკოცნა და მეორე ჭიქა კოქტეილი ძალით დაალევინა, თუმცა პოლს სამელი არ უყვარდა. პოლი ბედნიერი იყო, ზღაპრულად ბედნიერი! ღამის კაბარეში, მეზობელ მაგიდასთან, ორი მანდილოსანი იჯდა, ორივე პოლზე ხნიერი. ოდესღაც პოლი ამ ქალებს ხვდებოდა, ერთადაც უმუშავიათ. ქალები გაკვირვებული ღიმილით მიესალმნენ, ხოლო როცა სიმონი წამოდგა და პოლი საცეკვაოდ გაიწვია, პოლმა მკაფიოდ გაიგონა ქალების ნათქვამი: – რამდენი წლის იქნება ახლა? პოლი მძიმედ დაეყრდნო სიმონს მკლავზე. მთელი სიამოვნება ჩაუშხამდა. კაბა შეუფერებელი აცვია, სიმონის გარეგნობაც ყველას თვალში ხვდება. მართლა უაზროდ ცხოვრობს. შინ წამიყვანეო, სთხოვა სიმონს. სიმონი არ გასძალიანებია და პოლი მიხვდა, ქალების ნათქვამი მანაც გაიგონა. შინ მისვლისთანავე კაბა სასწრაფოდ გაიხადა. სიმონი ორკესტრს აქებდა, პოლს კი უნდოდა, სიმონი შინ წასულიყო. ვიდრე სიმონი გაიხდიდა, პოლი სიბნელეში იწვა, სინათლე არ აანთებინა. ნანობდა, ორი ჭიქა კოქტეილი და მერე შამპანურიც რომ დალია. კარგი შესახედავი კი იქნება ხვალ, სახემოტეხილი! საშინელი დარდი შემოაწვა გულზე. სიმონი ოთახში შევიდა, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და შუბლზე დაადო ხელი. – არა, სიმონ, დაღლილი ვარ, – უთხრა პოლმა. სიმონს ხმა არ მოუღია, არც განძრეულა. სააბაზანო ოთახიდან შემოჭრილ შუქზე პოლმა დაინახა, სიმონს თავი დაეხარა და დაფიქრებულიყო. – პოლ, – თქვა მან ბოლოს, – უნდა მოგელაპარაკო! – გვიანაა. მეძინება. ხვალ ვილაპარაკოთ. – არა, ახლავე უნდა გელაპარაკო და შენც მომისმენ! გაოცებულმა პოლმა თვალები გაახილა: სიმონი პირველად ელაპარაკებოდა ასეთი თავდაჯერებული კილოთი. – შენი არ იყოს, მეც გავიგონე იმ ორი ბებერი როკაპის ნათქვამი. არ მინდა განიცადო ეს ამბავი, არ გეკადრება ასეთი ლაჩრობა. ჩემთვის ეს შეურაცხმყოფელია. – სიმონ, ტრაგედიას ნუ ქმნი... ისიც არაფრისგან... – ტრაგედიას მე არ ვქმნი. პირიქით, მინდა, რომ შენ არ ქმნიდე. ცხადია, ეცდები ყველაფერი დამიმალო, მაგრამ ვერ მოახერხებ. პატარა ბიჭი აღარა ვარ, პოლ! მე შემიძლია გაგიგო და, იქნებ, დაგეხმარო კიდევაც. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ შენთან, შენც კარგად იცი, მაგრამ ეს არ კმარა. მე მინდა, შენც ბედნიერი იყო ჩემთან. ჯერჯერობით ბედნიერი არ ხარ, რადგან როჟე ისევ გიყვარს. დროა მიხვდე, რომ ჩვენი ამბავი მარტო ბედნიერი შემთხვევა არ არის. სერიოზული ამბავია და შენ უნდა დამეხმარო, რომ იგი განმტკიცდეს! აი, ამის თქმა მინდოდა. სიმონი თავდაჯერებულად, მაგრამ მაინც დაძაბული ლაპარაკობდა. პოლი გაკვირვებითა და ერთგვარი იმედითაც უსმენდა. თურმე, სულაც არ ყოფილა სიმონი მიუხვედრელი, როგორც მას ეგონა. მას სჯერა, რომ პოლს შეუძლია ყველაფერი თავიდან დაიწყოს. იქნებ, მართლაც მოახერხოს ეს!.. – არც ისეთი უგუნური ვარ, ეს შენც იცი. უკვე ოცდახუთი წლისა ვარ. შენს გაცნობამდე ადამიანურად არ მიცხოვრია და, თუ დაგცილდი, ვერც მერე ვიცხოვრებ. შენ ის ქალი ხარ და, რაც მთავარია, ის ადამიანი, მე რომ მჭირდება. ეს მე კარგად ვიცი. თუ გინდა, ხვალვე შეგირთავ ცოლად. – მე ოცდახრამეტი წლისა ვარ, სიმონ! – შეახსენა პოლმა. – ცხოვრება ქალების დღიური როდია, არც ძველი გამოცდილების გაგრძელებაა. შენ თოთხმეტი წლით უფროსი ხარ ჩემზე, მე კი შენ მიყვარხარ და ძალიან დიდხანსაც მეყვარები. აი, ესაა მთავარი! ამიტომაც მიმძიმს, როცა იმ ბებერ თხუნელებს ყურადღებას აქცევ ან საზოგადოებრივ აზრს ანგარიშს უწევ. შენთვის, ჩვენთვის მთავარი როჟეა. სხვა პრობლემა ჩვენთვის არ არსებობს. – სიმონ, მაპატიე... მე მეგონა... – შენ გეგონა, რომ მე ფიქრი არ შემეძლო! ახლა კი ცოტა მიიწი! სიმონი გვერდით მიუწვა პოლს, მოეხვია, მიუალერსა და დაეუფლა. პოლს აღარ მოუმიზეზებია დაღლილობა... და სიმონმა მას ენით აუწერელი სიამოვნება მიანიჭა, ისეთი, როგორიც აქამდე არ განეცადა. მერე სიმონი ოფლით დაცვარულ შუბლზე მოეფერა, მხართან მიიდო მისი თავი, თუმცა, ჩვეულებრივ, თვითონ იძინებდა პოლის მხარზე, საბანი ორივე მხრიდან შემოუკეცა და ჩასჩურჩულა: – ახლა დაიძინე. მე ვიზრუნებ ყველაფერზე. პოლს ნაზად გაეღიმა სიბნელეში და მხარზე აკოცა. სიმონმაც მბრძანებლის ოლიმპიური სიმშვიდით მიიღო ეს ამბორი და, საკუთარი სიმტკიცით კიდეც შეცბუნებულსა და კიდეც გაამაყებულს, დიდხანს არ მოუხუჭავს თვალი. თავი მეთექვსმეტე        აღდგომა ახლოვდებოდა და სიმონიც მთელი დღეები ვექილ ფლერის კანტორაში თუ პოლის სასტუმრო ოთახში, ხალიჩაზე, გეოგრაფიულ რუკებს ჩაჰკირკიტებდა. ასე შეადგინა ორი მარშრუტი იტალიაში გასამგზავრებლად, სამი – ესპანეთისთვის და ახლა საბერძნეთისკენ გაუწია გულმა. პოლი უსიტყვოდ უგდებდა ყურს; დიდი-დიდი, ათდღიან შვებულებას თუ მოახერხებდა; თან ისეთი დაღლილი იყო, მოგზაურობაზე ფიქრიც კი აშინებდა. დიდი სიამოვნებით დაისვენებდა სადმე სოფელში, სადაც დღეები ერთფეროვანი იქნებოდა, ერთი სიტყვით, ისე, როგორც ბავშვობაში, არდადეგებზე, მაგრამ სიმონის გაწბილებაც არ შეეძლო. მას უკვე თავი გამოცდილ მოგზაურად წარმოედგინა, ვაგონიდან ჩამოხტომისას პოლს რომ ხელს შეაშველებდა, ათი დღით ადრე შეკვეთილი მანქანისკენ გააქანებდა, ქალაქის საუკეთესო სასტუმროში დააბინავებდა და ყვავილებით მორთულ ოთახს დაახვედრებდა (ყვავილებსაც წინასწარ დაუკვეთდა დეპეშით); ის კი ავიწყდებოდა, რომ თავის დროზე წერილსაც ვერ წერდა და ბილეთსაც ბაქანზევე კარგავდა. სიმონი ოცნებობდა. მის ოცნებებს ბოლო არ უჩანდა და ყველა ეს ოცნება ისევე მიისწრაფოდა პოლისკენ, როგორც აბობოქრებული მდინარე მშვიდი ზღვისკენ. სიმონს არასოდეს ისე ლაღად არ უგრძნია თავი, როგორც ამ ბოლო თვეებში; ყოველდღე ერთსა და იმავე კანტორაში იჯდა, ყოველ საღამოს ერთსა და იმავე ქალთან ატარებდა, ერთადერთი სურვილით, ერთადერთი საზრუნავითა და ერთადერთი სატანჯველით შეპყრობილი, რადგან პოლი დროდადრო თითქოს ხელიდან უსხლტებოდა, თვალს არიდებდა, სიმონის აღტკინებულ სიტყვებს მკრთალ ღიმილსღა აგებებდა, როჟეს ხსენებაზე ჯიუტად დუმდა. სიმონი ხშირად გრძნობდა, რა უაზროდ და უშედეგოდ იბრძოდა. დრო კი არაფერს შველოდა. როჟეზე მოგონებებს კი არ უნდა შეჰბრძოლებოდა, არამედ ძირშივე ამოეძირკვა ის, რაც პოლის სულში მტკივნეული ფესვივით ჩაბუდებულიყო. ზოგჯერ კიდეც ფიქრობდა, იქნებ, სწორედ ამ სიჯიუტემ, ამ ტანჯვამ შეაყვარა პოლი და მის სიყვარულსაც ეს ასაზრდოებდა?! მაგრამ როგორც კი გაახსენდებოდა, პოლი მელოდება და ერთ საათში გულში ჩავიკრავო, როჟეს არსებობა მაშინვე ავიწყდებოდა. სჯეროდა, პოლს იგი უყვარდა, ყველაფერი ბედნიერების შუქით იყო განათებული. პოლსაც სწორედ ასეთი წუთები უყვარდა ყველაზე მეტად, რადგან სიმონი იმ წუთებში აიძულებდა, ეცნო, რომ მათი სიახლოვე სინამდვილე იყო, და ანგარიში გაეწია მისთვის. ეტყობა, ბოლოს და ბოლოს, თავშეკავებაც გბეზრდება ადამიანს, მაგრამ როგორც კი მარტო დარჩებოდა, როგორც კი წარმოიდგენდა, რომ როჟე მის გარეშე ცხოვრობდა, მომხდარი დიდ შეცდომად მიაჩნდა და თავის თავს ეკითხებოდა, ასეთი რამ ჩვენ როგორ მოგვივიდაო. „ჩვენ“ მუდამ როჟეს და პოლს გულისხმობდა. სიმონი კი „ი ს“ იყო. მაგრამ როჟემ ხომ არაფერი იცოდა ამაზე. როცა ცხოვრება დაღლის, მოვა პოლთან, შესჩივლებს თავის უიღბლობას და, ალბათ, შეეცდება პოლი დაიბრუნოს! ვინ იცის, იქნებ, მართლაც დაიბრუნოს! სიმონი საბოლოოდ დამცირდება, პოლი კი დარჩება მარტოდმარტო ტელეფონის გაურკვეველი ზარებისა და სავსებით გარკვეული წვრილმანი წყენების მოლოდინში. და პოლსაც ერთბაშად აღაშფოთებდა საკუთარი ფატალიზმი, იმის შეგრძნება, რომ ეს გარდაუვალია. მის ცხოვრებაში რ ო ჟ ე გარდაუვალია.        და მაინც, ეს ხელს არ უშლიდა ყოფილიყო სიმონთან, მის მკლავებში მომწყვდეულს ნეტარების კვნესა აღმოხდენოდა; ზოგჯერ თვითონაც ჩახუტებოდა, ისე მოხვეოდა, როგორც მხოლოდ ბავშვს ან შმაგ საყვარელს ეხვევა ხოლმე ქალი, მოხვეოდა იმ მესაკუთრესავით, რომელსაც თვითონვე არ სჯერა, რომ ეს ბედნიერება მუდმივად გასტანს. ასეთ წუთებში პოლი გრძნობდა, რომ აღარ იყო ახალგაზრდა, რომ იგი აიტაცა სიყვარულის იმ დიდებულმა სურვილმა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სიბერემ იცის. ჰოდა, ბრაზობდა საკუთარ თავზე, ბრაზობდა როჟეზე, რომელიც მის გვერდით არ იყო, რომელიც არც ცდილა, სიმონი ჩამოეშორებინა მისთვის. როჟესთან პოლს გაორების გრძნობა არ აწვალებდა, იცოდა, რომ როჟე მისი მბრძანებელი იყო, თვითონ კი – როჟეს საკუთრება. როჟე ოდნავ თუ იყო მასზე ხნიერი; მათი სიახლოვე იმ ზნეობრივი თუ ესთეტიკური ნორმების შესაბამისი იყო, რომლებსაც მისდა უნებურად ანგარიშს უწევდა თურმე. რაც შეეხება სიმონს, მას არასოდეს უგრძნია თავი პოლის მბრძანებლად, ქვეშეცნეულად მუდამ პატარა ბავშვის როლს თამაშობდა, ის კი არ ესმოდა, რომ სწორედ ეს ღუპავდა. უსუსური ბავშვივით იძინებდა მეგობარი ქალის მხარზე, თითქოს მფარველობას სთხოვსო, ალიონზე წამოხტებოდა საუზმის მოსამზადებლად, ყოველ ნაბიჯზე რჩევას ეკითხებოდა. ყოველივე ეს თან გულს უჩუყებდა პოლს, თან ეჩოთირებოდა. ასე ეგონა, რაღაც არაბუნებრივს სჩადიოდა. სიმონი პატივსაც სცემდა პოლს: იგი უკვე მუშაობდა, ერთხელ ვერსალშიც კი წაიყვანა სასამართლო პროცესზე, სადაც პოლის გულის მოსაგებად ბრწყინვალე ახალგაზრდა ვექილის როლი გაითამაშა, ხელს ართმევდა ვიღაცებს, უღიმოდა ჟურნალისტებს და მაინც მთელი ყურადღება პოლისკენ ჰქონდა, თითქოს ის ყოფილიყოს მთელი მისი შთაგონების ღერძი. ერთბაშად სიტყვას შეწყვეტდა, პოლს გადახედავდა, თუ მიყურებსო. არა, სიმონი გულგრილი კაცის როლს არ თამაშობდა პოლის წინაშე. და პოლიც თვალს არ აშორებდა, აღტაცებული, სმენადქცეული შესცქეროდა, მაგრამ როგორც კი სიმონი მიბრუნდებოდა, მაშინვე შეეცვლებოდა მზერა, სინაზე და სიამაყე ჩაუდგებოდა თვალებში. ქალებიც თვალს ვერ სწყვეტდნენ სიმონს. პოლს სიამოვნებდა, რომ არსებობდა ადამიანი, რომელიც მისთვის ცოცხლობდა; უკვე აღარ აწუხებდა ასაკობრივი განსხვავება, აღარც ეკითხებოდა თავის თავს, ათი წლის შემდეგ ვეყვარები თუ არაო? რაღაც შინაგანი ხმა ჯიუტად უმტკიცებდა, ათი წლის შემდეგ ან მარტო იქნები, ან როჟესთანო. იგი ამოდ ებრძოდა თავის გაორებულ გრძნობას და მეტი სინაზით ევსებოდა გული სიმონისადმი: „ჩემი მსხვერპლი, ჩემი საყვარელი მსხვერპლი, ჩემი პატარა სიმონი!“ პირველად თავის სიცოცხლეში ტკბებოდა ამ შემზარავი სიხარულით – გიყვარდეს ადამიანი, რომელსაც სულ მალე უცილობლად დატანჯავ!        ეს „უცილობლობა“ და მისი შედეგები შიშს ჰგვრიდა პოლს: ერთ მშვენიერ დღეს ხომ ჰკითხავდა სიმონი – დაჩაგრულს ჰქონდა ამის უფლება – „რატომ მარჩიე როჟე? რითი მაჯობა მაგ გულგრილმა ხეპრემ? განა მე ყოველდღე არ გთავაზობდი ჩემს დიდ სიყვარულს?“ როგორ აეხსნა სიმონისათვის, რას ნიშნავს მისთვის როჟე; პოლი ვერ იტყოდა როჟეზე „ის“. როჟე „ჩ ვ ე ნ“ იყო ყოველთვის, თავისი და როჟეს ცხოვრების გათიშვა შეუძლებლად მიაჩნდა. რატომ? თვითონაც არ იცოდა. იქნებ იმიტომ, რომ მათი სიყვარულის შესანარჩუნებლად ამ ექვს წელიწადში იმდენი ტანჯვა გადაიტანა, იმდენი ძალა დახარჯა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ბედნიერებაზე ძვირფასი გახდა მისთვის?! ან იქნებ იმიტომ, რომ პოლი ამაყი იყო და ვერ შერიგებოდა იმ აზრს, ეს ტანჯვა ამაო იყოო, და რაკი ამდენი ტკივილი გადაიტანა, რაკი როჟე აირჩია ამ ტანჯვა-წამებაში საწვრთნელად, ყოველივე ამან სიამაყე გაუათკეცა?! ასე იყო თუ ისე, როჟე მუდამ ხელიდან უსხლტებოდა და მასთან ჭიდილი პოლის ცხოვრების აზრი გამხდარიყო. მაგრამ პოლი არ იყო ბრძოლისთვის გაჩენილი. ამას ზოგჯერ კიდეც ახსენებდა საკუთარ თავს, როცა სიმონს აბრეშუმივით თმაზე ეფერებოდა. მასაც ისევე სრიალ-სრიალით შეეძლო გაევლო ეს ცხოვრება, როგორც მისი ხელი დასრიალებდა სიმონის კულულებზე, ამასავე ეჩურჩულებოდა სიმონს. სანამ დაიძინებდნენ, დიდხანს იწვნენ სიბნელეში ხელიხელჩაკიდებულნი და ჩურჩულებდნენ. ზოგჯერ პოლს სულელური შეგრძნება იპყრობდა, ასე ეგონა, გვერდით სკოლის მეგობარი გოგო მიწევს, ორივენი თოთხმეტი წლისა ვართ და ზმანებებით ჩაძირულ საძინებელში ვჩურჩულებთო. სიმონი აღტაცებაში მოჰყავდა ამ იდუმალ აღსარებებს და თვითონაც ხმადაბლა ელაპარაკებოდა. – ჰო, როგორ მოიქცეოდი? – მარკთან, ჩემს ქმართან დავრჩებოდი. ბოლოს და ბოლოს, ძალიან სასიამოვნო და ფაქიზი ბუნების კაცი იყო... ძალიან მდიდარიც... მე კი მინდოდა, მეცადა... პოლს უნდოდა სიმონისათვის აეხსნა, როგორ მოხდა, რომ იმ დღიდან, რა დღიდანაც გადაწყვიტა ამ მძიმე, დამამცირებელ სამყაროში ამოეყო თავი, ქალის სამსახური რომ ჰქვია, სადაც გამუდმებული ფუსფუსი, ფულზე ზრუნვა გჭირდება, სადაც ხან ღიმილი და ხან დუმილი გმართებს, მისი ცხოვრება სულ სხვა კალაპოტით წარიმართა. სიმონი უსმენდა და ამ მოგონებებში მხოლოდ ის აინტერესებდა, რაც მათ სიყვარულთან იყო დაკავშირებული. – მერე? – მერე... ცოტა ხნის შემდეგ, მგონია, რომ მარკს ვუღალატებდი, თუმცა არ ვიცი... ყოველ შემთხვევაში, ბავშვი მეყოლებოდა, ამისთვის კი ღირდა... პოლი გაჩუმდა. სიმონი მოეხვია. მასაც უნდოდა პოლისგან შვილი, მას ყველაფერი უნდოდა. პოლს გაეცინა, ნაზად აკოცა თვალებზე და განაგრძო: – ოცი წლისას სულ სხვანაირად მეჩვენებოდა ყველაფერი. კარგად მახსოვს, როგორ გადავწყვიტე, რადაც უნდა დამიჯდეს, ბედნიერი ვიყო-მეთქი! დიახ, ეს კარგად ახსოვდა. ოცნებით შეპყრობილი დაეხეტებოდა ქუჩაში, პლაჟზე; დადიოდა და დადიოდა, ვიღაცას ან რაღაცას რომ გადაჰყროდა. ბედნიერებისკენ ლტოლვა მასაც ისევე ფრთას ასხამდა, როგორც წინა სამ თაობას. დაბრკოლებებიც საკმაო შეხვდა, მაგრამ მაინც ეცოტავებოდა. ახლა კი უკვე აღარ ცდილობს რაიმე დაიპყროს. ახლა ცდილობს, მხოლოდ შეინარჩუნოს, მრავალი წლით შეინარჩუნოს ის ხელობა, რომელიც აქვს, ის მამაკაცი, რომელიც ჰყავს, თუმცა ოცდაცხრამეტი წლის ქალს დიდი რწმენა არც ერთისა ჰქონდა და არც მეორისა! სიმონი თვლემდა, პოლი კი ისევ ჩურჩულებდა: „გძინავს, ძვირფასო?“ ეს ორი სიტყვა მაშინვე აფხიზლებდა სიმონს, ეუბნებოდა, არაო, მაგრად ეხუტებოდა სიბნელეში, მისი სურნელით, საერთო სითბოთი გარშემოხვეული და უჩვეულოდ ბედნიერი. თავი მეჩვიდმეტე        ოცდამეათე სიგარეტი ნამწვავებით სავსე საფერფლეში ჩააქრო. პირში უსიამოვნო გემო დარჩა, შეაჟრჟოლა და ვინ იცის, უკვე მერამდენედ სასთუმალთან ლამპა აანთო. ღამის სამი საათია და აქამდე თვალი ვერ მოხუჭა. ფანჯარას სწრაფად ჰკრა ხელი და გააღო. ყინულივით ჰაერი ისე მძაფრად მოხვდა სახეში და მკერდზე, ფანჯარა მაშინვე მიხურა, შუბლი მინას მიადო, თითქოსდა სიცივის „დანახვა“ სურსო, მაგრამ უკაცრიელი ქუჩის ცქერა მოსწყინდა, სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა და მაშინვე თვალი მოარიდა. ცუდად გამოიყურებოდა. მაგიდიდან ისევ აიღო „გოლუაზის“ კოლოფი, სიგარეტი ანგარიშმიუცემლად ჩაიდო პირში, მაგრამ იმწამსვე მაგიდაზე მიაგდო. აღარ მოსწონდა ეს უნებური მოძრაობები, მის თვალში რომ ოდესღაც ცხოვრების ეშხს წარმოადგენდა, აღარც მარტოხელა მამაკაცის ჩვევები მოსწონდა, აღარც თამბაქოს გემო; უნდა უმკურნალოს თავს, სულ მთლად მოეშვა. მართალია, პოლთან დაშორებას ნანობდა, მაგრამ განა ამან გახადა ავად? პოლს ახლა ალბათ სძინავს იმ განებივრებული ბიჭის მკლავებში და ყველაფერი გადაივიწყა. როჟესაც შეუძლია სახლიდან გავიდეს, ვინმე დედაკაცს გადაეყაროს და გამოთვრეს! პოლს ხომ სწორედ ასეთ ადამიანად მიაჩნდა! არა, პოლი სინამდვილეში პატივს არასოდეს სცემდა როჟეს, გაუთლელ, უხეშ მამაკაცად თვლიდა. თუმცა, რაც კი სიკეთე ჰქონდა, როჟემ ყველაფერი პოლს მიუძღვნა. ყველა ქალი ერთნაირია: ყველაფერს შენგან წაიღებს ყველაფერს თავისას მოგცემს, შეუმჩნევლად სრულ ნდობას ჩაგინერგავს, მერე კი რაღაც სისულელეს მოიმიზეზებს და მიგატოვებს. განა სისულელე არ არის პოლისა და სიმონის დაახლოება? სხვა რა უნდა დაერქვას! ასეა თუ ისე, ის ბიჭი ახლა პოლს ეხვევა, მის უკანგადაგდებულ თავს დაჰყურებს, მის ნაზ, ალერსსდამყოლ სხეულს დაჰყურებს... როჟე ერთბაშად შებრუნდა ოთახში, სიგარეტს მოუკიდა და ხარბად მოქაჩა, მერე ნამწვები ბუხარში ჩაყარა. ცეცხლი უნდა დაანთოს! როდესაც პოლი მასთან მოდიოდა, შემოსვლისთანავე ბუხარს მიაშურებდა, ჩაცუცქდებოდა, მარჯვედ აწყობდა ნაფოტებს და ვიდრე ცეცხლი არ აბდღვრიალდებოდა, არ ადგებოდა. მერე უკან დაიხევდა სიბნელეში და ოთახიც გამოცოცხლდებოდა, ვარდისფერი შუქით აივსებოდა, ჩრდილები ალიცლიცდებოდა. ამ წუთში როჟესთვის განსაკუთრებით სასურველი იყო ხოლმე პოლი და არც მალავდა. რამდენი ხანია პოლი არ მოსულა? ალბათ, ორი თუ სამი წელი იქნება. ჩვეულებრივ, როჟე დადიოდა მასთან: ასე უფრო ხელსაყრელი იყო მისთვის – იცოდა, პოლი მუდამ ელოდა.        საფერფლე ისევ ხელში ეჭირა, მერე დაუვარდა, იატაკზე გაგორდა, მაგრამ არ გატყდა. როჟეს კი რატომღაც უნდოდა გატეხილიყო, ხელში არ სჭეროდა ეს უსულგულო საგანი, უნდოდა ოთახი ნატეხებით, ნამსხვრევებით ავსებულიყო! მაგრამ საფერფლე არ გატყდა. საფერფლე მხოლოდ რომანებსა და კინოში ტყდება. აი, ძვირფასი ბროლი რომ ყოფილიყო, როგორიც პოლს ბლომად აქვს ბინაში, სხვა ამბავია. ამ ჩვეულებრივ, უნივერსალურ მაღაზიაში ნაყიდ საფერფლეს კი რა გატეხდა! რამდენი ლამაზი ნივთი გაუტეხა პოლს, მაგრამ მას ერთხელაც არ დასცდენია საყვედური, პირიქით, მუდამ გულიანად იცინოდა; უკანასკნელად ულამაზესი ბროლის ჭიქა დაუმსხვრია. შიგ ჩასხმული ვისკი უჩვეულო ოქროსფრად ლივლივებდა. სხვათა შორის, ყველაფერი ლამაზად გამოიყურებოდა იმ ბინაში, სადაც ადრე როჟე მასპინძლად და ბატონ-პატრონად გრძნობდა თავს. იქ ყველაფერი ჰარმონიული, ფაქიზი და დამამშვიდებელი იყო. ასე ეგონა, მუდამ ძნელად შორდებოდა იქაურობას, მაშინაც კი, როცა პოლის სახლიდან სახეტიალოდ მიდიოდა ღამით. ახლა კი ზის მარტო შინ და ამაოდ ბრაზობს საფერფლეზე, რად არ დაიმსხვრაო. როჟე დაწვა, სინათლე ჩააქრო, ცალი ხელი მკერდზე დაიდო და, სანამ ჩაეძინებოდა, საკუთარ თავს გამოუტყდა, უბედური ვარო. თავი მეთვრამეტე        ერთ საღამოს რესტორნის კარში შეეჩეხნენ ერთმანეთს. სამივემ ერთდროულად გაითამაშა პარიზული ბალეტისათვის ჩვეული, ესოდენ კლასიკური და უაზრო სცენა: ქალი თავის დაკვრით მიესალმა მამაკაცს, რომლის მკერდზეც არაერთხელ აღმოხდენია ოხვრა და კვნესა და არაერთხელ ჩასძინებია! მამაკაცი დაბნევით მიესალმა, ხოლო სიმონმა წამით თვალი თვალში გაუყარა და, დიდი სურვილის მიუხედავად, არ გაურტყამს. ისინი ერთმანეთის მოშორებით შემოუსხდნენ მაგიდებს. პოლმა ისე შეუკვეთა სადილი, თავი არ აუწევია. რესტორნის პატრონისა და პოლის ზოგიერთი ნაცნობისთვის ეს ჩვეულებრივი სცენა გახლდათ. სიმონმა მტკიცედ მოითხოვა სასმელი. მეორე მაგიდასთან როჟე თავის თანამესუფრე ქალს ეკითხებოდა, რომელი კოქტეილი გირჩევნიათო. პოლმა, როგორც იქნა, თავი აიღო, სიმონს გაუღიმა და როჟესკენ გააპარა თვალი: მას კვლავაც უყვარს ეს კაცი! როგორც კი როჟე შესასვლელში დაინახა, მისთვის ჩვეული გაბღენძილი იერით მომავალი, უმალ ეს გაიფიქრა და ამ ფიქრმა მწარედ უჩხვლიტა გულში. თითქოს ხანგრძლივი ძილისგან გამოფხიზლდა. როჟემაც გახედა პოლს, შეეცადა გაეღიმა, მაგრამ წამსვე პირზე შეაცივდა ღიმილი. – რას დალევთ? – ჰკითხა სიმონმა პოლს. – თეთრ ღვინოს? – სიამოვნებით. პოლი დაჰყურებდა საკუთარ ხელებს, ლამაზად გაშლილ სუფრას, სიმონის სახელოს თავის შიშველ მკლავთან. ერთბაშად გადაკრა ღვინო. სიმონი მისთვის ჩვეული გატაცებით ვეღარ ლაპარაკობდა, თითქოს რაღაცას ელოდა პოლისა და როჟესგან. მაინც რას? ნუთუ პოლს შეეძლო ამდგარიყო, სიმონისთვის პატიება ეთხოვა, მერე დარბაზი გადაესერა, როჟესთან მისულიყო და ეთქვა: „გეყოფა, შინ წავიდეთ!“ არა, ასე არ ხდება. თუმცა მათ ასაკში გონივრული და რომანტიკული განა რა ხდება? სადილის შემდეგ საცეკვაოდ წამოდგნენ. სიმონთან ცეკვისას პოლი თვალს არ აშორებდა როჟეს, რომელსაც წელზე ხელი მოეხვია სანდომიანი შავგვრემანი ქალისთვის, ამჯერად მართლაც სანდომიანი ქალისათვის და აცეკვებდა. როგორც ყოველთვის, ახლაც მოუქნელად დააბოტებდა როჟე. სიმონი კარგად ცეკვავდა, თვალმილულული, მოქნილი და წერწეტა, თან ღიღინებდა და პოლიც სიამოვნებით აყოლებდა ფეხს. სწორედ ამ დროს მისი შიშველი მკლავი როჟეს ხელს შეეხო. პოლმა თვალები გაახილა. ერთმანეთს შეხედეს. „როჟე!“ „პოლ!“ – გაიფიქრა თითოეულმა, თავიანთ მეწყვილეთა მხრებს ამოფარებულებმა. ორკესტრი ნელა უკრავდა თითქოს ურიტმო მელოდიას. ათიოდე სანტიმეტრის დაშორებით უყურებდნენ ერთმანეთს, არ გაუღიმიათ, არც გამომეტყველება შესცვლიათ, თითქოსდა არც იცნობდნენ ერთმანეთს. მერე ერთბაშად როჟემ ხელი მოაშორა შავგვრემანი ქალის წელს, პოლის მკლავს მიუახლოვა, ფრთხილად მოეფერა თითებზე და ისეთი ვედრება აღებეჭდა სახეზე, პოლმა თვალები დახუჭა. სიმონი შემოტრიალდა და მათაც ერთმანეთი თვალთაგან დაკარგეს.        იმ ღამით სიმონი არ გაიკარა, დაღლილობა მოიმიზეზა. არა, დაღლილი არ იყო, ლოგინში დიდხანს იწვა თვალღია. უკვე იცოდა, რაც მოხდებოდა, იცოდა, სხვა გამოსავალი არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. იწვა სიბნელეში ბედს მორჩილი და ყელში რაღაც უჭერდა. შუაღამისას წამოდგა, სასტუმრო ოთახში გავიდა, სადაც სიმონს დივანზე ეძინა. საძინებელი ოთახიდან ირიბად შემოჭრილ შუქზე პოლი დასცქეროდა ჭაბუკს, უსმენდა მის სუნთქვას, ხედავდა სიმონის კისერზე გაჩენილ საყვარელ ფოსოს. დივანზე მის საკუთარ ახალგაზრდობას ეძინა. როგორც კი სიმონმა სინათლისკენ მოაბრუნა თავი და დაიკვნესა, პოლი მაშინვე გაერიდა, ვერ გაბედა დალაპარაკებოდა.        მეორე დილით როჟეს დეპეშა დახვდა კანტორაში: „უნდა გნახო. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. დამირეკე!“ პოლმა დაურეკა. შეთანხმდნენ, საღამოს ექვს საათზე შეხვედროდნენ ერთმანეთს. მაგრამ ათი წუთის შემდეგ როჟე უკვე მასთან იყო. ეს ვეებერთელა კაცი დაბნეული იდგა ამ ქალთა სამფლობელოში. პოლი მიუახლოვდა, მერე სალონში გაიყვანა, სადაც დაწნული, მოოქრული სკამები იდგა: კოშმარული ინტერიერი! მხოლოდ აქ შეათვალიერა როჟე. ჰო, ნამდვილად როჟე იყო. როჟემ ნაბიჟი გადადგა მისკენ, ორივე ხელი მხრებზე დაადო, ჩაახველა – მაშასადამე, ძალიან ღელავდა – და წაილუღლუღა: – შენ არ იცი, რა უბედური ვიყავი! – მეც! – პოლს საკუთარი ნათქვამი მოესმა, როჟეს მკერდს აეკრა და ატირდა. ამ ერთი სიტყვის გამო გულში პატიება სთხოვა სიმონს. როჟე ლოყით შეეხო მის თმას: – სუ, სუ, ნუ ტირი, – უაზროდ იმეორებდა იგი. – მე ვეცადე... – მობოდიშებით წამოიწყო პოლმა, – მე მართლა ვეცადე... მერე მიხვდა, როჟესთვის კი არა, სიმონისთვის უნდა ეთქვა ეს სიტყვები, და სულ დაიბნა. თურმე მუდამ ფხიზლად უნდა იყო, თურმე არ შეიძლება ერთსა და იმავე ადამიანს უთხრა ყველაფერი. სახეგაქვავებულს, ისევ ჩამოსდიოდა ცრემლები. როჟე დუმდა. – თქვი რამე! – ხმადაბლა შეევედრა პოლი. – მე ისე მარტო ვიყავი! ბევრი ვიფიქრე. დაჯექი, აჰა, ჩემი ცხვირსახოცი. ახლავე ყველაფერს აგიხსნი! და აუხსნა კიდეც. უთხრა, რომ არ შეიძლება ქალი მარტო დატოვო, რომ იგი დაუდევრად მოიქცა და, რაც მოხდა, ყველაფერი მისი ბრალია. იგი არ ბრაზობდა პოლის დაუფიქრებელ საქციელზე. ამაზე ლაპარაკი აღარ ღირს. პოლი ეთანხმებოდა: „ჰო, ჰო, როჟე!“ უნდოდა, მთელი ხმით ეტირა და თან სიცილსაც ვერ იკავებდა. იყნოსავდა ესოდენ ნაცნობ სუნს, თამბაქოს სუნს და გრძნობდა, გადარჩა, გადარჩა და... დაიღუპა. *        ათი დღის შემდეგ სიმონი უკანასკნელად იყო პოლის ბინაში. – აი, ეს გავიწყდება! – უთხრა პოლმა. და ორი ჰალსტუხი ისე გაუწოდა, არ შეუხედავს. გრძნობდა, ძალა თანდათან ეცლებოდა. მთელი ორი საათი ეხმარებოდა ბარგის ჩალაგებაში ამ შეყვარებულ, მოუწესრიგებელ ბიჭს. ყოველ კუთხეში სიმონის სანთებლები, სიმონის წიგნები, სიმონის ფეხსაცმელები ეყარა. სიმონს არაფერი უთქვამს, ვაჟკაცურად ეჭირა თავი, აცნობიერებდა ყველაფერს და ლამის სული ეხუთებოდა. – კმარა! – თქვა ბოლოს. – დანარჩენი მეკარე ქალს ჩაუტანეთ. პოლმა არაფერი უპასუხა. სიმონმა თვალი მოავლო იქაურობას. „უკანასკნელად! უკანასკნელად!“ – შთააგონებდა თავის თავს, მაგრამ ვერაფერი გაეწყო, მთელი ტანი უცახცახებდა. – მე არასოდეს დამავიწყდება... – თქვა პოლმა და ახედა. – არც მე. მაგრამ საქმე ეს არ არის, ეს არ არის... დააპირა მწუხარებისგან დაღრეჯილი სახე ქალისკენ მიებრუნებინა, მაგრამ წაბარბაცდა. პოლმა ორივე ხელი შეაშველა, მწუხარებაშიც ისევე ამოუდგა მხარში, როგორც ბედნიერებისას ედგა გვერდით. პოლს ლამის შეშურდა ასეთი მძაფრი, ასეთი ლამაზი მწუხარება, ასეთი დიდებული ტკივილი, რასაც თვითონ ვეღარასოდეს განიცდიდა. სიმონი ერთბაშად მოსწყდა პოლს და ისე გავარდა ოთახიდან, ბარგის წაღება არ გახსენებია. პოლი გამოეკიდა, მოაჯირზე გადაიხარა და ჩასძახა: – სიმონ! სიმონ! – და თვითონაც არ იცოდა, რატომ დაუმატა: – სიმონ, მე უკვე დავბერდი... დავბერდი... სიმონს არ გაუგონია. თვალებში ცრემლჩამდგარი ჩარბოდა კიბეზე, ჩარბოდა, როგორც ბედნიერი ადამიანი: იგი ოცდახუთი წლისა იყო. პოლმა უხმაუროდ მიხურა კარი და ზურგით მიეყრდნო. რვა საათზე ტელეფონის ზარი გაისმა. სანამ ყურმილს აიღებდა, უკვე იცოდა, რასაც გაიგონებდა. – მაპატიე, – ეუბნებოდა როჟე, – საქმიან სადილზე მეჩქარება. გვიან მოვალ, თუკი, რა თქმა უნდა... …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 11:53am on იანვარი 3, 2015
თემა: აფრიკის მწვანე ქედები
მოისმა, და პირველად ვერც კი გავარჩიეთ, რა უნდა ყოფილიყო. მერე ისევ მიწყნარდა, და ერთი პირობა ვიფიქრეთ, ალბათ მოგვეყურა ან ქარმა თუ გადაიქროლაო. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ უფრო მკაფიოდ გაისმა გუგუნი, ამჯერად თანდათანობით ძლიერდებოდა, ბოლოს კი ყურისწამღები გრუხუნითა და ქოთქოთით გაიხრიგინა ჩვენი კარვის უკან. ორ მეგზურ მონადირეთაგან უცებ ერთი წამოვარდა, სწორედ ის, რომელსაც ტრაგიკოსი მსახიობის მანერები ჰქონდა. - გათავდა ყველაფერი! - თქვა მან.       ტუჩებზე თითი მივიდე და ვანიშნე, დაჯექი-მეთქი. - მორჩა, ყველაფერი გათავდა! - გაიმეორა და ხელები ფართოდ გაშალა. თავიდანვე არ მომდიოდა ეს კაცი თვალში, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ავიმრიზე. - დაიცა, - წავჩურჩულე მე. მაგრამ მ’კოლამ თავი გააქნია. მე მის მოტიტვლებულ, შავ კეფას დავაშტერდი, მან კი ნახევრად ჩემკენ მოაბრუნა თავი, საულვაშეზე თხელი, ჩინური ღინღლი გამოაჩინა. - მორჩა, - თქვა მან, - Hapana ni uzuri. - ცოტა კიდევ დავიცადოთ, - ვუთხარი მე. მ’კოლა კვლავ ჩაცუცქდა, რათა კარვის შემჭკნარ რტოებში მისი თავი არ გამოჩენილიყო. შეღამებამდე ასე ვეგდეთ მტვრიან ორმოში. უკვე ისე ჩამობნელდა, რომ სამიზნეს ვეღარ ვხედავდი ჩემს თოფზე, ანტილოპები კი არა და არ ჩანდნენ. ჩვენი "ტრაგიკოსი" მოუსვენრად წრიალებდა ერთ ადგილზე. ჯერ კიდევ დღის სინათლე იყო, როცა მ’კოლას გადაუჩურჩულა - ამ სიბნელეში როგორღა უნდა ვისროლოთო. - ენა დაამოკლე, - გაუჯავრდა მ’კოლა, - შენ რომ ვერაფერს გაარჩევ, ბვანა მაშინაც კი მოახვედრებს მიზანში. მეორე მეგზურმა, რომელსაც დიდი სწავლულობით მოჰქონდა თავი, ახლაც არ გაუშვა ხელსაყრელი შემთხვევა და შავ კანჭზე წკირით თავისივე სახელი ამოჩხაპნა - აბდულა. მე დიდი აღფრთოვანება არ გამომიხატავს და მ’კოლამაც გულგრილად გადახედა მის შავ კანზე წაჩხაპნილ ასოებს. მეგზურმა იმავე წკირით გადაშალა წარწერა. ერთხელ კიდევ მოვსინჯე თოფის სამიზნე, მაგრამ დავრწმუნდი, რომ თუნდაც ფართოდ გამეწია აქეთ-იქით რტოები, მიზანში ამოღება მაინც აღარ შეიძლებოდა. მ’კოლა ყურადღებით მაკვირდებოდა. - მორჩა, - ვთქვი მე. - რას იზამ, - გამომეხმაურა იგი სუახილიურად, - უკანვე გავბრუნდეთ. - წავიდეთ.       ავდექით, ორმოდან გამოვძვერით, დატკეპნილ სილას გამოვყევით, გადმობურულ ტოტებქვეშ წელში მოკაკულებმა ხელის ცეცებით გამოვიკვლიეთ გზა და შარაზე გამოვედით. მანქანა კარვიდან ერთი მილის დაშორებით გველოდებოდა, რომ მივუახლოვდით, შოფერმა კამაუმ ფარები აანთო. იმ მანქანამ გაგვიფუჭა საქმე. დილით ჩვენი მანქანა გზაზე დავტოვეთ და დიდი სიფრთხილით გავწიეთ ბიცობისაკენ. წინადღით ცოტა წამოწვიმა, მაგრამ ბაცობი არ დაუტბორავს. ეს იყო მომცრო ორმო ქაშანზე, ირგვლივ მიწა ჩლიქებს დაეტკეპნა და აქა-იქ პატარა ღრმულებს შენიშნავდით. ამ ადგილებში ნადირი მარილს ლოკავდა ხოლმე. აქ ვნახეთ ოთხი მამალი კუდუს ახალი ნაკვალევი, გულის მოყვანილობისა, ეტყობა, წინაღამით ყოფილიყვნენ, და კარგა ბლომად ასევე ახალი ნაკვალევი უფრო მომცრო ანტილოპებისა. მარტორქაც მოსულიყო. ნაკვალევისა და აქა-იქ ბლომა-ბლომად დახვავებული ნეხვის მიხედვით, რომელშიც მოუნელებელი ჩალა გამოჩრილიყო, ადვილად მიხვდებოდი, რომ ესეც მუდმივი სტუმარი იყო ამ ადგილისა. ჩვენი საფარი ბიცობიდან ისრის გასროლის მანძილზე ამოვთხარეთ, ვისხედით ამ ნაცრითა და მტვრით ამოვსებულ ორმოში, ბეჭები ორმოს პირზე გვქონდა მიყრდნობილი, ზეწამოწეული მუხლები ლამის ნიკაპს ეხებოდა, ვისხედით და ველოდებოდით. უცებ შემჭკნარი რტოების ჭუჭრუტანაში ერთი მომცრო მამალი კუდუ დავლანდე - ბუჩქებიდან გამოძვრა და მარილიან ქაშანზე გაქვავდა. დიდებული სანახაობა კი იყო - თავად ნაცრისფერი, დაგრეხილი რქები მზეზე უელავდა, ძარღვიანი, ჩასკვნილი კისერი ჰქონდა. შიგ მკერდში დავუმიზნე, მაგრამ აღარ გამისროლია: უკან, ალბათ, უფრო მსხვილი ცხოველები მოჰყვება, შებინდებისას გამოჩნდებიან, და არ დავაფრთხო-მეთქი.       მაგრამ კუდუს სმენას ჩვენზე ადრე მისწვდა მანქანის შორეული ხმაური, და ბუჩქებს შეერია. სხვა ცხოველებიც, რომლებიც ბუჩქებში მალვით მოძვრებოდნენ ბიცობისაკენ, ანდა პატარ-პატარა გორაკებიდან ეშვებოდნენ, მოჰკრეს თუ არა ყური საშინელ გრუხუნს, ადგილზე გაქვავდნენ. ვიცი, რომ მერე გამოვლენ, სიბნელეში, მაგრამ გვიანღა იქნება. მივყვებოდით სილიან გზას და ჩვენი მანქანის სინათლეზე მალიმალ აელვარდებოდა ხოლმე სილაში განაბულ ღამის ფრინველთა თვალები; როგორც კი მანქანა ჩაუქროლებდათ, ისინი დაფეთებით აიჭრებოდნენ ჰაერში. გზისპირ ვხედავდით ამ დამშეული ადგილებიდან დასავლეთისაკენ დაძრული მგზავრების კოცონებს - ღამეს აქ ათევდნენ, ხოლო დილით კვლავ განაგრძობდნენ გზას. თოფის კონდახი ტერფზე მქონდა მიყრდნობილი, ლულას მარცხენა ხელით ვეყრდნობოდი. ბოთლი მუხლებში მოვიქციე, ვისკი ალუმინის ჭიქაში ჩავასხი და მ’კოლას გადავაწოდე, ხელის ცეცებით, რათა იმას მათარიდან წყალი ჩაემატებინა. პირველი ყლუპი რომ მოვსვი - დღევანდელი ულუფის პირველი ყლუპი, ყველაზე სანუკვარი რამ, რასაც კი ადამიანი ინატრებს - თავი ნიავს მივუშვირე, ნესტოებით აფრიკის დიდებული სურნელი შევიყნოსე და თავი ბედნიერად ვიგრძენი.       წინ დიდი კოცონი გამოჩნდა, როცა ჩავუქროლეთ, გავარჩიე, რომ გზაზე საბარგო მანქანა იდგა. კამაუს მანქანა გავაჩერებინე და უკანსვლით წავაყვანინე. ისევ რომ გავუპირისპირდით, ცეცხლის შუქზე დავინახე - მანქანის კაპოტი აეხადათ, ვიღაც დაბალი, ფეხმონგრეული კაცი, რომელსაც თავზე ტიროლური ქუდი ეხურა და ტყავის მოკლე შარვალი და საყელოგადაღეღილი პერანგი ეცვა, ძრავს უტრიალებდა, ხოლო ირგვლივ ადგილობრივი მცხოვრებლები ირეოდნენ. - იქნებ გიშველოთ რამე! - ჩავძახე მე. - არა. მექანიკოსია საჭირო. ამ მანქანას რაღაც ვერ შევეწყვე, მანქანებს არ ვუყვარვარ, საერთოდ. - რა მოუვიდა? დენს არ ატარებს? ისე თუხთუხებდა ძრავა, წეღან რომ ჩაგვიარეთ, ხელადვე მივხვდით, რაცა სჭირდა. - მგონი, უფრო საშინელი რაღაცა სჭირს. არ უჩანს კარგი პირი. - ჩვენს ბანაკამდე თუ მოახერხებთ მოსვლას, იქ მექანიკოსი გვყავს. - შორსა ხართ? - ოც მილამდე იქნება. - ვცდი დილით. ისე მომაკვდავივით ხროტინებს ეს ძრავა, რომ ახლა მეშინია. ვერ შემეწყო, ვძულვარ, ეტყობა, და აურია. მეც არა ნაკლებ მძულს. - იქნებ დალიოთ, - ბოთლი გავუწოდე, - ჩემი გვარია ჰემინგუეი. - მე კანდისკი გახლავარ, - თავი დამიხარა, - სადღაც კი გამიგონია თქვენი გვარი. ჰემინგუეი. სად მაინც? ნეტა სად გავიგონებდი?! აჰ! Dichter[4]. პოეტ ჰემინგუეის იცნობთ? - სად წაგიკითხავს მისი ლექსები? - "კვერშნიტში". - აჰ, მე ვყოფილვარ, - ვუთხარი ნასიამოვნებმა. "კვერშნიტი" გერმანულია ჟურნალია; მანამ ამერიკაში დამიწყებდნენ ბეჭდვას, ამ ჟურნალში დავბეჭდე რამდენიმე ცუდი ლექსი და ერთი გაჭიანურებული მოთხრობა. - რასა ბრძანებთ! - გაიკვირვა ტიროლურ ქუდიანმა, - ერთი ეს მითხარით, თუ ღმერთი გწამთ, რინგელნაცი როგორ მოგწონთ? - დიდებულად წერს! - აჰ, მოგწონთ! ძალიან კარგი. ჰენრიხ მანზე რას იტყვით? - საძაგელი მწერალია. - მართლა? - რა ვიცი, მე კი არ შემიძლია მისი ნაწერების კითხვა და. - მართალი ხართ .მართლაც ცუდი მწერალია. ზოგ რამეზე ერთნაირი შეხედულება გვქონია. აქ რას აკეთებთ? - სანადიროდ ჩამოვედი. - იმედია, თქვენც სპილოს ძვალს არ აგროვებთ. - არა. ანტილოპებზე ვნადირობ. - ნეტა რას ერჩიან ამ ანტილოპებს! პოეტი ხართ, მოაზროვნე კაცი... და ანტილოპებს კი ხოცავთ. - ჯერ ერთიც არ მომიკლავს, - ვუპასუხე მე, - ისე კი, მთელი ათი დღეა გამწარებით დავდევთ. დღეს გადავეყარეთ ერთს, და მოვკლავდით კიდეც, თქვენს მანქანას რომ არ დაეფრთხო. - თქვენც ამ ოხერმა მანქანამ გიმუხთლათ?! ნადირობა თუ გინდა, მთელი წელიწადი უნდა ინადირო. ერთ წელიწადში ხან რას მოკლავ და ხან რას. მერე კი სინანული მოგიცავს. მარტო ერთ რამეზე ნადირობა ვის გაუგონია. რა საინტერესოა! - მე ასე მირჩევნია. - ჰო, თუ გირჩევნიათ... ერთი ესეც მითხარით, ნუ დამიმალავთ, რილკეზე რა აზრისა ხართ? - მარტო ერთი რამე წამიკითხავს მისი. - მაინც რა? - "კორნეტი". - მოგეწონათ? - დიახ. - მე კი ვერა ვკითხულობ. მოთმინება არ მყოფნის. ნამდვილი სნობიზმია. ვალერი, მაგალითად, სულ სხვა რამეა. სნობიზმი არც იმას აკლია. მაგრამ მაინც სხვაა... კიდევ კარგი, რომ თქვენ მაინც არ ხოცავთ სპილოებს. - სიამოვნებით მოვკლავდი მსხვილ სპილოს.       მსხვილი რას ჰქვია? - სამოცდაათგირვანქიანი ეშვი რომ ჰქონდეს. თუმცა ნაკლებსაც არ დავიწუნებდი. - ყველაფერზე არა გვქონია ერთნაირი შეხედულება. ძალიან მიხარია, რომ "კვერშნიტის" სახელოვანი პლეადის წარმომადგენელს გავეცანი. ერთი ესეც მითხარით, ჯოისი რას წარმოადგენს? ძალიან ძვირს ფასობს მაგისი წიგნი და ვერ ვიყიდე... ახლა ეს სინკლერ ლუისი - ღმერთმა უწყის, რა არის, ვიყიდე მისი წიგნები და... კარგი, კარგი, ხვალამდე გადავდოთ ეს საუბარი. თქვენს მეზობლად რომ დავბანაკდე, ხომ არ გეწყინებათ? მეგობრები გახლავთ? მარტო ნადირობთ თუ აქაური თეთრკანიანიც გახლავთ ვინმე. - ცოლი მახლავს და ერთი თეთრკანიანი მონადირე. ძალიან გაგვეხარდება თქვენი მეზობლობა. - რატომ ის თეთრკანიანი არ გამოგყვათ? - ანტილოპებზე ცალ-ცალკე უნდა ინადიროო, დაუჟინია. - სულაც რომ არ ინადირებდეთ ანტილოპებზე, ის აჯობებს. ვინ არის, რა კაცია? ინგლისელია? - დიახ. - ვინმე გაიძვერა იქნება. - აჰ, მშვენიერი კაცია. თქვენც მოგეწონებათ. - წადით. აღარ დაგაყოვნებთ. იმედი მაქვს, ხვალ გნახავთ. რა უცნაური შეხვედრა იყო მაინც! - აბა!.. ხვალ მექანიკოსი ნახავს მაგ თქვენს მანქანას, სხვა ხომ არაფერი გჭირდებათ? - ნახვამდის, - მითხრა მან, - გზა მშვიდობისა. - ნახვამდის, - ვუთხარი მეც. ჩვენი მანქანა დაიძრა, და მე ვხედავდი, როგორ უახლოვდებოდა იგი ცეცხლს, შორიდანვე უქნევდა ხელს თავისიანებს. მე მისთვის არ მიკითხავს, რატომ ახლდა ოცი აფრიკელი, ცენტრალური აფრიკის მკვიდრი, ან საით მიემგზავრებოდა. საერთოდ, არც არაფერი მიკითხავს. ჩვეულებად არა მაქვს, გამოკითხვა დავუწყო ხალხს: საცა მე აღვიზარდე, ეს უზრდელობად ითვლება. მაგრამ რაც ბაბათიდან გამოვედით, მთელი ორი კვირა ისე გავიდა, რომ თეთრკანიანი ადამიანი არ დამილანდავს... და უცებ, აგერ, შუაგულ გზაზე, ამ შიმშილობის მხარიდან დაძრულ ლტოლვილ ინდოელთა შორის, სადაც თვით ინდიელ ვაჭარსაც კი ძალიან იშვიათად თუ გადაეყრები, გხვდება ტიროლურად ჩაცმული კაცი, თითქოს ბენჩლის კარიკატურიდან გაცოცხლებულაო, რომელიც მიცნობს თურმე, პოეტს მეძახის, "კვერშნიტს" კითხულობს, იოაჰიმ რინგელნაცის თაყვანისმცემელია, და თუ აჰყევი, რილკეზედაც სიამოვნებით გაგიბამს საუბარს. ეს მართლაც რომ ფანტასტიკური იყო. და უცებ, თითქოს და ამ ფანტასტიკის დასაგვირგვინებლად, ჩვენი მანქანის პროჟექტორმა სიბნელიდან წამოაგდო ერთად დახვავებული, კონუსისებურად აწოწოლებული, სამი უშველებელი რაღაც, რომელთაც ორთქლი ასდიოდა. გააჩერე-მეთქი, კამაზუს ვანიშნე; თითქმის სამი ფუტის სიმაღლე იყო თვითეული. ერთ-ერთს ხელი შევახე. ჯერ ისევ თბილი იყო. - ტემბო, - თქვა მ’კოლამ. სპილოების ფუნა აღმოჩნდა, ახლახან გადასულიყვნენ გზაზე. გარკვევით ჩანდა, ამ ცივი ღამის ჰაერში როგორ ზანტად ადიოდა ორთქლი. მალე მივედით ბანაკში. მეორე დღეს კი, ჯერ გათენებულიც არ იყო, მეორე ლაშესკენ გავემართეთ... * - რაღაც წიგნები ჩვენც მოგვეძევება, - თქვა კანდისკიმ, - ახალ-ახალი წიგნების ყიდვას ვინ აუვა, მაგრამ გასაუბრება და აზრის გაზიარება ყოველთვის შეიძლება. საინტერესოც არის ასეთი ლაპარაკი. შინ მუდამ ვმსჯელობთ ხოლმე ჩვენ. ყველაფერზე მსჯელობას გავმართავთ. ინტელექტუალურ ცხოვრებას ვეწევით. უწინ, პლანტაციის მფლობელი ვიყავი "Querschnitt”-ი მქონდა გამოწერილი. ისე ვიყავი ამეებით გართული, თითქოს მეც იმ წრეში ვტრიალებდი, "Querschnitt"-ის ირგვლივ შემოკრებილ ბრწყინვალე პლეადაში. ჩემს სურვილზე რომ ყოფილიყო, იცოცხლე, მართლაც ვიტრიალებდი იმ წრეში. თქვენ, ალბათ, ხშირად შეხვედრიხართ მათ! - ზოგიერთს მართლაც შევხვედრივარ. ზოგს - პარიზში, ზოგს - ბერლინში.       არ მინდოდა წარმოდგენა გამეფუჭებინა ამ კაცისთვის და ცალ-ცალკე აღარ დამიხასიათებია ეს "ბრწყინვალე" ხალხი. - დიდებული ხალხია, - ვიცრუე მე. - როგორა მშურს თქვენი, იმ ხალხს რომ იცნობთ! თქვა კანდისკიმ, - რას იტყვით, ყველაზე დიდი მწერალი ვინ არის ახლა ამერიკაში? - ჩემი ქმარი, - წამოიძახა ჩემმა ცოლმა. - არა. პირადი სიმპათიები დავივიწყოთ. მართლა გეკითხებით. ჰა, ვინ არის? ყოველ შემთხვევაში, ეპტონ სინკლერი არა. არც სინკლერ ლუისი. ვინ არის თქვენი თომას მანი? ან თქვენი ვალერი ვინ არის? - ჩვენ არა გვყავს დიდი მწერლები, - ვუპასუხე მე, - განსაზღვრულ ასაკს რომ მიაღწევენ ჩვენი მწერლები, რაღაც ემართებათ. ამისი ახსნაც შემეძლო, მაგრამ ძალიან გამიგრძელდება სიტყვა და თავს მოგაბეზრებთ. - აჰ, რასა ბრძანებთ! მითხარით. ძალიან მიყვარს ამისთანა ლაპარაკი. მეტი რა შეგვრჩენია ცხოვრებაში. აბა ანტილოპების ჟლეტა სჯობია! - ჯერ ხომ ერთი სიტყვაც არ დამცდენია, - ვუთხარი მე. - წინასწარ მიხარია. ლუდი დალიეთ, ენას გაგიხსნით. - ისედაც გახსნილი მაქვს, - ვუპასუხე მე, - ენად არა ვარ გაკრეფილი! თქვენ რატომღა არა სვამთ? - ვერიდები ხოლმე. ინტელექტზე ცუდად მოქმედებს. ან რა საჭიროა. აბა, დაიწყეთ. ძალიან გთხოვთ. - რა უნდა გითხრათ, - დავიწყე მე, - ერთ დროს ამერიკაშიაც გვყავდა ბრწყინვალე მწერლები. ედგარ პო - ბრწყინვალე მწერალია. ბრწყინვალე მოთხრობები აქვს, დიდებულად დაწერილი. რიტორიკით გატაცებული მწერლებიც გვყავდა, რომელთაც ბედმა გაუღიმათ და სხვის ბიოგრაფიებში თუ მოგზაურობის დროს რაღაც წარმოდგენა შეექმნათ საგნებზე, ნამდვილ საგნებზე, ვეშაპებზე, მაგალითად. მაგრამ ეს ყველაფერი რიტორიკაშია გათქვეფილი, ქიშმიში რომ გინახავს პლუმ-პუდინგში. ზოგჯერ დამოუკიდებლადაც გამოუდით, უპუდინგოდ, და ამისთანა წიგნი მართლაც რომ კარგია! მელვილს მოსდის, მაგალითად, ასე. მაგრამ მელვილის თაყვანისმცემლებს რიტორიკა მოსწონთ მისი, რიტორიკას კი მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს მის შემოქმედებაში. ამისთანა თაყვანისმცემლები მისტიკურობას მიაწერენ მელვილის წიგნს, სინამდვილეში კი მისტიკურობის ნატამალიც არ არის იქ. - მესმის, - თქვა კანდისკიმ, - გავიგე. მაგრამ რიტორიკა ხომ ინტელექტის მუშაობის ნაყოფია. რიტორიკა ცისფერი ნაპერწკლებივითაა, რასაც დინამომანქანა აფრქვევს ხოლმე. - ზოგჯერ ასეც ხდება. ხოლო ზოგჯერ ის დინამომანქანა ცისფერ ნაპერწკლებს კი აფრქვევს, მაგრამ მუშაობით სულაც არ მუშაობს, ისე ტყუილუბრალოდ ბრუნავს. - დიახ, დიახ. განაგრძეთ. - აღარც კი მახსოვს, რას ვამბობდი. - კარგით ერთი, განაგრძეთ. - ძალიან ადრე თუ ამდგარხართ, როდესმე, გათენებამდე, და... - მუდამ ასე არა ვდგები! განაგრძეთ, განაგრძეთ.       მაშ, ასე. ჩვენ სხვა მწერლებიც გვყავდა. ისე წერდნენ ისინი, თითქოს ძველი ინგლისიდან, რომელთანაც მათ უკვე აღარაფერი ესაქმებოდათ, გაუძევებიათ და იძულებულნი გამხდარან ახალ ინგლისში გადასახლებულიყვნენ, რომელსაც საკუთარი ხელით აშენებენო. დიდებული ხალხი იყო. ლიტერატორები, კვაკერები... - მაინც ვინ? - ემერსონი, ჰოუთორნი, უიტიერი და სხვებიც. ჩვენი კლასიკოსები ადრეული პერიოდისა, რომელთაც არც კი იცოდნენ, რომ ახალი კლასიკოსი სულაც არა ჰგავს ხოლმე თავის წინაპარს. მას შეუძლია ზოგი რამ იმისგანაც ისესხოს, ვინც გაცილებით უფრო ცუდადა წერდა, ვინც ვერ ეღირსა კლასიკოსობას. ასე იქცეოდა ყველა კლასიკოსი. ზოგი მწერალი მხოლოდ იმიტომ იბადება, რომ სხვას დაეხმაროს თუნდაც ერთადერთი ფრაზის დაწერაში. მაგრამ წინა თაობის კლასიკოსთა გადამღერება და მიბაძვა არ შეიძლება. თანაც, ეს მწერლები, მე რომ ვახსენე, ჯენტლმენები იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, ცდილობდნენ ყოფილიყვნენ. ისინი გამოირჩეოდნენ წესიერებით. სიტყვას ვერ შეხვდები მათ ნაწარმოებებში, რომ სალაპარაკო, ცოცხალ მეტყველებაში იხმარებოდეს. თითქოს უსისხლხორცონი არიანო. ინტელექტი აქვთ, ეგ ცხადია. მშრალი, დახვეწილი, სასურველი ინტელექტი. ძალიან მოსაწყენად ვლაპარაკობ, მაგრამ რა ვქნა, თქვენ თვითონ მთხოვეთ. - განაგრძეთ. - ერთი მწერალი იყო იმხანად, საყოველთაოდ მიღებული და დაფასებული მწერალი - ჰენრი ტორო. მე პირადად ვერაფერს გეტყვით მასზე, ვერ მოვიცალე მისი წიგნების წასაკითხავად. თუმცა ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ბუნებისმეტყველთა წიგნების კითხვა მხოლოდ მაშინ ძალმიძს, თუ ზედმიწევნით იცავენ ისინი სისწორეს და მაღალფარდოვნებას არ იჩენენ. ბუნებისმეტყველებმა ცალ-ცალკე უნდა იმუშაონ, ხოლო მათი გამოკვლევები მერე სხვა ვინმემ უნდა დაამუშაოს. მწერლებსაც ასევე მართებთ. მათაც ცალ-ცალკე უნდა იმუშაონ. მწერლები მხოლოდ მაშინ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, როცა სამუშაოს მორჩებიან, და მაშინაც კი არ არის სასურველი მაინცდამაინც ხშირი შეხვედრა. თორემ ისინიც თავიანთ ნიუ იორკელ თანამოძმეებს დაემსგავსებიან. ჭიებსა ჰგვანან ხოლმე, რომლებიც საქნიერებად დაუგროვებიათ და ბოთლში ჩაუყრიათ. და ახლა ცდილობენ ერთმანეთს წაგლიჯონ ცოდნაცა და საზრდოც. ბოთლის როლს ხან ხელოვნება თამაშობს, ხან - ეკონომიკა და ხანაც - რელიგიად ქცეული ეკონომიკა. მაგრამ რაკი ერთხელ ბოთლში მოხვდა, სამიდღემჩიოდ იქა რჩება. ბოთლის გარეთ ეულად იგრძნობენ თავს. მარტოობა კი ხელს არ აძლევთ. თავიანთ რწმენასთან მარტოდმარტო დარჩენისა ეშინიათ, ხოლო ისეთი ქალიც არ მოიძებნება, რომ ისინი შეიყვაროს და მარტოობის გრძნობა გაუქარწყლოს, ან ერთად განიცადონ ეს მარტოობა, ან არადა ისეთი სიხარული მიანიჭოს, რაც სხვას ყველაფერს უმნიშვნელოდ აქცევს. - ტოროზე რას იტყვით მაინც? - ჩამეკითხა კანდისკი. - თქვენ თვითონ უნდა წაიკითხოთ. ალბათ მეც წავიკითხავ, როცა იქნება. "როცა იქნება" ყველაფრის გაკეთება შეიძლება. - კიდევ დალიე ლუდი, - მითხრა ცოლმა. - ახლავე. - კარგ მწერლებად ვინ ითვლებიან თქვენში? - ჰენრი ჯეიმსი, სტივენ კრეინი და მარკ ტვენი. კარგი მწერლები არიან, მაგრამ მე ახლა თანმიმდევრობით არ ჩამომითვლია. კარგ მწერლებს არავითარი რანგები არა სჭირდებათ. - ვიცი, რომ მარკ ტვენი იუმორისტია. სხვები კი როგორღაც არ მაგონდება. - მთელი ამერიკული ლიტერატურა მარკ ტვენის ერთი წიგნიდან გამოდის, მისი "ჰეკლბერი ფინიდან". თუ წაიკითხავთ, იმ ადგილს დააკვირდით, როცა ჰეკს ზანგ ჯიმსა სტაცებენ. აი, ნამდვილი დასასრული. დანარჩენი ნაწვალებია ყველაფერი. მაგრამ მაგაზე უკეთესი წიგნი ჩვენ არა გვაქვს. იქიდან გამოვიდა მთელი ამერიკული ლიტერატურა. "ჰეკლბერი ფინამდე" არაფერი გვქონია. არც შემდეგ გამოჩენილა რამე მაგისი ფასი. - ის ორი მწერალი? - კრეინს ორი შესანიშნავი მოთხრობა აქვს - "კანჯო" და "ცისფერი სასტუმრო". "ცისფერი სასტუმრო" უფრო კარგია. - სად არის ახლა კრეინი? - მოკვდა. არც გასაკვირია, თავიდანვე კვდებოდა ხოლმე. - ის ორი? - ისინი დაბერდნენ, მაგრამ წლებთან ერთად სიბრძნე არ შემატებიათ. ახლაც ვერ გამიგია, მეტი რა უნდოდათ. ერთმა ღმერთმა იცის, რას ვუშვრებით ამ ჩვენს მწერლებს. - ვერ გავიგე, რას ამბობთ. - ჩვენ თვითონ ვღუპავთ, და ამისთვის კი ათასი საშუალება არსებობს. რაც მთავარია, ეკონომიურად ვღუპავთ. ფულის ხვეტას იწყებენ ხოლმე. მწერალი რომ ფულის დაგროვებას დაიწყებს, ამაზე სარისკო არაფერია, თუმცა კარგი წიგნი ფულს თავისთავად მოიტანს. ცოტას რომ გამდიდრდებიან, ხელგაშლილ ცხოვრებას იწყებენ ჩვენი მწერლები და სწორედ მაშინ იღუპებიან. ამის შემდეგ, ეწერებათ თუ არ ეწერებათ, მაინც უნდა წერონ, რათა ეს ფუფუნება არ მოაკლდეთ, ცოლები კარგად შეინახოთ და რა ვიცი... და სწორედ ამას მოჰყვება მაკულატურა. განა წინასწარ ფიქრობენ ასე. ფაცხაფუცხით მუშაობამ იცის ასე. როცა არაფერი გეწერება და მაინც წერ, როცა წყალი ამომშრალია ჭაში და ცდილობ, მაინც ამოიღო. პატივმოყვარეობაა ყველაფრის მიზეზი. რაკი ერთხელ უღალატეს საკუთარ თავს, ცდილობენ გაამართლონ ეს ღალატი, და სულ ახალ და ახალ მაკულატურას ვღებულობთ. სხვაგვარადაც ხდება: მწერლები კრიტიკული წერილების კითხვას იწყებენ. მაშინ თუ დაუჯერე კრიტიკას, როცა საკმეველს გიკმევენ და გაქებენ, მერეც უნდა დაუჯერო, გინებას რომ დაგიწყებენ, ამას კი საკუთარი რწმენის დაკარგვა მოჰყვება ხოლმე. ორი კარგი მწერალი გვყავს ამჟამად, მაგრამ წერა უკვე აღარ შეუძლიათ, იმიტომ რომ კრიტიკული წერილების კითხვას გადაყვნენ და საკუთარი თავის რწმენა დაკარგეს. წერისთვის რომ არ დაენებებინათ თავი, ზოგჯერ კარგი რამე გამოუვიდოდათ, ზოგჯერ - საშუალო, ზოგჯერ ძალიან ცუდიც, მაგრამ ის კარგი ხომ დარჩებოდა. მაგრამ კრიტიკული წერილების კითხვას გადაჰყვნენ და ჰგონიათ, რომ მარტო შედევრები უნდა წერონ. ისეთი შედევრები, როგორსაც, კრიტიკოსების თქმით, ადრე წერდნენ. შედევრებამდე, რა თქმა უნდა, მაშინაც ბევრი უკლდათ. ისე, არა უშავდა რა. ახლა კი სულაც ვეღარ წერენ. კრიტიკამ მოუცარათ ხელი. - ვინ არიან მაინც ეს მწერლები? - გვარების დასახელებას რა მნიშვნელობა აქვს, მაინც არაფრის მეტყველი იქნება თქვენთვის. თან, ვინ იცის, ამასობაში იქნებ კიდევ მოახერხეს კარგი რამის დაწერა, მერე კი დაფრთხნენ და ისევ ხელმოცარულები არიან. - რა მოსდით მაინც ამერიკელ მწერლებს? უფრო გარკვევით მითხარით. - წარსულზე ვერაფერს გეტყვით, იმიტომ, რომ მაშინ არ ვყოფილვარ ამქვეყნად, ამჟამად კი - რა არ მოსდით. გარკვეულ ხანს რომ მიაღწევენ კაცი მწერლები, ჭირვეული დედაბრები ხდებიან ხოლმე; ქალი მწერლები - ჟანა დარკებად იქცევიან, თუმცა ჟანა დარკის მებრძოლი სულით ოდნავადაც კი ვერ დაიტრაბახებენ. იმათაც და ამათაც სულიერ ბელადებად წარმოუდგენიათ თავი. ვინ არიან მათი მიმდევრები, ამას სულაც არ დაგიდევენ. თუ არ გამოუჩნდათ მიმდევრები, გამოიგონებენ ხოლმე. რაკი ერთხელ ჩარიცხავენ ვინმეს ამათ მიმდევრად, მორჩა, აღარავითარი პროტესტი აღარ შველის. ღალატში სდებენ ბრალს. ეჰ! რა არ ხდება ჩვენში. მაგრამ ეს კიდევ არაფერი. ისეთებსაც შეხვდებით, რომელთაც სულის ხსნა წერით მოუწადინებიათ. ძალიან გაიოლებული აქვთ საქმე. ზოგს ღუპავს პირველი ფული, პირველი ქება, პირველი თავდასხმა, პირველი შიში - წერა აღარ შეგვიძლიაო, პირველი აკვიატებული რწმენა - ეგ არის ჩვენი საქმე, სხვა არაფერი შეგვიძლიაო. ზოგჯერ მწერალს თვითონვე ვერ გაურკვევია, რა უნდა და რა სჭირდება. ჰენრი ჯეიმსს ფული სჭირდებოდა, მაგრამ ბევრი ფული, რაღა თქმა უნდა, თავის დღეში არ უხილავს. - თქვენ? - მე სხვაც მრავალი ინტერესი მაქვს ცხოვრებაში. კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით, მაგრამ წერით მაინც უნდა ვწერო, უამისობა არ შემიძლია; განსაზღვრული რაოდენობის სტრიქონები რომ არ დავწერო, მთელ დანარჩენ ჩემს ცხოვრებას მომხიბვლელობა და ეშხი დაეკარგება. - თქვენ რაღა გჭირდებათ? - წერა, რაც შეიძლება კარგად წერა, ისე რომ ამ წერის დროს ვისწავლო კიდეც. ამის გარდა, მე ჩემი საკუთარი სამყარო მაქვს, და ძალიანაც კმაყოფილი ვარ, შესანიშნავი სამყარო მაქვს. - ანტილოპებზე ნადირობას გულისხმობთ? - ანტილოპებზე ნადირობაც და სხვაც ბევრი რამ. - სხვა რა? - რა ვიცი, ათასი რამე. - ის თუ გაქვთ შეგნებული, რა გჭირდებათ? - რა თქმა უნდა. - მართლა გსიამოვნებთ და კმაყოფილებას განიჭებთ ის, რასაც ახლა აკეთებთ? ასეთი სულელური რამე, როგორც ანტილოპებზე ნადირობაა? - პრადოში შესვლაზე არა ნაკლებ. - როგორ, ანტილოპებზე ნადირობას ადარებთ პრადოს? - ჩემთვის ერთიც და მეორეც აუცილებელია, სხვა რამეებს რომ თავი დავანებოთ. - ჰო, რა თქმა უნდა. ისე როგორ იქნება. მაგრამ მართლა ასეთ სიამოვნებას განიჭებთ? - დიახ. - გარკვეულად იცით, რა გჭირდებათ? - სავსებით გარკვეულად, და მაქვს კიდეც, რაცა მჭირდება. - ამას ხომ ფული სჭირდება! - ფულიც მაქვს ხოლმე, თანაც, ყოველთვის მიმართლებს ცხოვრებაში. - მაშ, ბედნიერი ყოფილხართ! - მანამ სხვებზე დავიწყებდე ფიქრს - კი. - სხვებზედაც ფიქრობთ? - რა თქმა უნდა. - მაგრამ არაფერს აკეთებთ მათთვის! - არა, არაფერს. - სულ არაფერს? - ზოგჯერ იქნებ ცოტა რამე გავაკეთო. - რას იტყვით, თქვენი სამწერლო მოღვაწეობა ღირს კი იმად, რომ მთელი არსებით მიეცეთ? სიცოცხლის ერთადერთ მიზნად გამოდგება? - რა თქმა უნდა. - დარწმუნებული ხართ? - სავსებით. - რა სასიამოვნოა, ალბათ, ასეთი რწმენა, არა? - მართლაც ძალიან სასიამოვნოა, - ვუთხარი მე. - ძალიან სერიოზული საუბარი კი გამოგდით, - თქვა ჩემმა ცოლმა. - სერიოზული თემაა. - ხომ ხედავთ, ყოფილა ისეთი საქმეც, რასაც განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდება, - თქვა კანდისკიმ, - ადრევეც ვგრძნობდი, რომ ანტილოპებს გარდა, სხვაც ბევრი რამ აინტერესებდა, უფრო სერიოზული პრობლემები. - რატომ არის, რომ ახლა ყველა იმას ცდილობს, როგორმე გვერდი აუაროს ამ საკითხს, მის მნიშვნელობას ამცირებენ, მაინც ვერაფერს გავხდებითო, ამტკიცებენ? იმიტომ, რომ ძალიან რთულია ეგ საკითხი. ამის განხორციელებას ათასი ფაქტორი სჭირდება. - თქვენ რაზე ლაპარაკობთ? - იმაზე, თუ როგორ უნდა წეროს კაცმა. პროზის იმ დონეზე, რომლის მიღწევა სავსებით შესაძლებელია, თუკი სერიოზულად მოეკიდები საქმეს. ბოლოს და ბოლოს, ხომ არსებობს მეოთხე და მეხუთე განზომილება. და ამის მიღწევა შეიძლება კიდეც. - თქვენ ეს გჯერათ? - ვიცი, რომ ასეა. - ვთქვათ, ამას გაართვა მწერალმა თავი, მერე? - მერე ყველაფერი ადვილია. მწერლობაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იქნებ მარცხიც განიცადოს, ეგ სულ ადვილი შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში, რაღაც შანსები წარმატებისა მაინც არსებობს,. - მე მგონი, რასაც თქვენ ახლა ლაპარაკობთ, ამას პოეზია ჰქვია. - არა. ეს პოეზიაზე გაცილებით უფრო რთულია. ეს პროზაა, ისეთი პროზა, რაც ჯერ არავის დაუწერია. მაგრამ შეიძლება კი დაიწეროს, და ისე, რომ არავითარი მანჭვა-გრეხა და შარლატანობა ამას არა სჭირდება. - რატომ აქამდე არ შეიქმნა ასეთი პროზა? - იმიტომ, რომ ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ჯერ ერთი, ტალანტია საჭირო. დიდი ტალანტი. კიპლინგისნაირი ტალანტი. მერე - თვითდისციპლინა. ფლობერის თვითდისციპლინა. შემდეგ საჭიროა მკაფიოდ გვქონდეს წარმოდგენილი, რასა წერ და რა გამოგივა; საჭიროა სინდისი, ისეთი წმინდა და უტყუარი, როგორც პარიზის მეტრ-ეტალონი, რათა თავიდან აიცდინო ყოველგვარი სიყალბე. გარდა ამისა, მწერალს სჭირდება ჭკუა, უანგარობა და, რაც ყველაზე მთავარია - დიდი ხნის სიცოცხლე. სცადეთ და ერთ პიროვნებაში გააერთიანეთ ყველაფერი ეს და აიძულეთ იგი, დაძლიოს ყოველგვარი გავლენა, რაც მწერალს ბორკავს და უკან ეწევა ხოლმე. მთავარი მაინც, - ბოლოს და ბოლოს, დრო სწრაფად მიჰქრის, - ის არის, რომ დიდხანს იცოცხლოს და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ნეტა, მართლა მოგვცა ასეთი მწერალი, ნეტა მართლა შეიძლებოდეს ასეთი წიგნების წაკითხვა, რაო, რა თქვით? იქნებ სხვა რამეზე ვილაპარაკოთ! *       დილით გზას გავუდექით. მივუძღოდით წინ ჩვენს ხალხს და დინჯად მივემართებოდით - ხან აღმა გორაკებზე, ხან დაბლა, გზას მივიკვლევდით დაბურულ ტევრში, ვკვეთავდით მინდვრებს, გადგმული ბალახი ფეხებში გვებლანდებოდა და სიარულს გვიშლიდა. ზოგჯერ ჩრდილში შევდგებოდით, სულს მოვითქვამდით და კვლავ გავარვარებულ მზეში გავდიოდით, ძლივძლივობით მივიკვლევდით გზას სქლად ფესვგადგმულ ბალახში. ხვითქი გადაგვდიოდა ხუთივეს, დაწალიკებულად მივდიოდით - ჩანთააკიდებული დრუპი და მ’კოლა, რომელთაც თითო მძიმე თოფის გარდა ზურგზე ეკიდათ აგრეთვე წყლიანი მათარა და ფოტოაპარატები; მე და ფილიპსაც თოფები გვეკიდა, სულ უკან კი მემსაიბი მოგვყვებოდა - შლიაპა გვერდზე მოქცეოდა და სიარულში დრუპის ბაძავდა. ძალიან ნასიამოვნები ჩანდა, რომ ჩვენ მოგვყვებოდა და თან ფეხსაცმელიც დღეს ისე აღარ უჭერდა. როგორც იქნა, მივადექით ხეობის თავზე წამომართულ აკაციებს, თოფები ხეზე მივაყუდეთ, ჩრდილში შევცვივდით და მიწაზე გავწექით. მემსაიბმა ჩანთიდან წიგნები ამოიღო, და ისა და ფილიპსი კითხვას შეუდგნენ, მე კი, ამასობაში, ხეობას ჩავყევი და ნაკადულისაკენ გავემართე, რომელიც მთიდან ეშვებოდა, აქ წავაწყდი ლომის ახალ კვალსა და მარტორქების მიერ კაცის სიმაღლე ბალახში გათელილ ბილიკებს. სიცხისაგან დაღლილ-გასავათებული ხეობის სილიან ბილიკს გავყევი, ჩვენებთან მივბრუნდი, ჩამოვჯექი, ზურგით ხეს მივეყრდენი და ტოლსტოის "სევასტოპოლის მოთხრობები" გავშალე. დაუბერებელი წიგნია. რა დიდებულად არის აღწერილი ბრძოლის სურათი, როცა ფრანგები ბასტიონებისაკენ მიდიან იერიშით. თვითონ ტოლსტოიზე დავფიქრდი; რა დიდი უპირატესობაა, როცა მწერალს თავად აქვს სამხედრო გამოცდილება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, თანაც ისეთი თემა, რაზეც ძალიან ძნელია სიმართლით წერა. იმ მწერლებს, რომელთაც ომი არ უნახავთ, მუდამ შურთ ხოლმე ვეტერანებისა და ცდილობენ, საკუთარი თავიც დაარწმუნონ და სხვაც, თითქოს ეს უმნიშვნელო თემა იყოს, არაბუნებრივი და არაჯანსაღი. სინამდვილეში კი ისინი თვითონვე მოაკლდნენ იმას, რისი ანაზღაურებაც აღარაფრით აღარ შეიძლება. "სევასტოპოლის მოთხრობებმა" Boulevard Sebastopol-ი მომაგონა. გამახსენდა, როგორ მივდიოდი ერთხელ ამ ბულვარზე წვიმაში ველოსიპედით. სტრასბურგინიდან შინ ვბრუნდებოდი მაშინ. გამახსენდა გასლიპული ტრამვაის ლიანდაგები; რაღაც თავისებური გრძნობა მოგიცავს, როცა წვიმიან დღეს ხალხმრავალ ქუჩაში მიდიხარ, ქვაფენილსა და გასლიპულ ასფალტზე ფეხი ცურავს... კინაღამ Boulvard de Temple-ზე დავსახლდით მაშინ. ის ბინაც თვალნათლივ წარმომიდგა - მთელი მოწყობილობაცა და შპალერიც, - მაგრამ გადავიფიქრეთ და Notre Dame de Champs-ის ქუჩაზე დავბინავდით, სხვენზე. ეზოში სახერხი ჰქონდათ მოწყობილი და უეცრად გაიწივლებდა ხოლმე ხერხი, ნახერხისა და წაბლის სუნი სახურავზე ამოდიოდა. დაბლა სართულზე გიჟი ქალი ცხოვრობდა. მთელი ის წელიწადი უფულოდ ვიტანჯებოდით, მოთხრობებს ზედიზედ უკანვე მიგზავნიდნენ ფოსტით, კარის ჭრილში შემოაცურებდნენ ხოლმე, თან ბარათებსაც მოაყოლებდნენ რედაქციიდან - ეს მოთხრობები კი არა, უბრალო ჩანახატებია, ანეგდოტები, contes და რა ვიცი, რას არ წერდნენ. ერთი სიტყვით, მოთხრობები არავის უნდოდა და მთელი წელიწადი ხახვსა და წყლიან კაგორზე გადავდიოდით. გამახსენდა, რა ლამაზი შადრევნებია Place de l’observatoire-ზე... ლუქსემბურგის ბაღში, იმ ადგილას, სადაც უმოკლესი გასასვლელია Soufflot-ის ქუჩაზე, ფლობერის ბიუსტი დადგეს (იმ ფლობერისა, რომლისაც ჩვენ გვჯეროდა და გვიყვარდა, ახლა კი აგერ, მძიმე ქვაში გამოკვეთილი, როგორც ნამდვილ კერპს შეეფერება, აქ დადგეს). ომი არ უნახავს მას, სამაგიეროდ, რევოლუცია და კომუნა ნახა, რევოლუცია კი, დოგმატიკოსი თუ არა ხარ, კიდევ უფრო უკეთესია. სამოქალაქო ომი - ყველაზე საუკეთესო ომი მწერლებისათვის - ნამდვილად რომ ჭკუის სასწავლებელია. სტენდალმა ნახა ომი, ნაპოლეონმა მას წერა ასწავლა. სწავლით, ყველას ასწავლა, მაგრამ სტენდალს გარდა ვერავინ ისწავლა. *       ...იმ უკანასკნელ საღამოს, ჯოისსთან, მე მთვრალი ვიყავი, ჯოისმა კი ედგარ კინეს ერთი სტრიქონი დაიჟინა: Frache et rose comme au jour de bataille". მგონი მთლად სწორად ვერ ვამბობ. როცა შევხვდებოდი, ჯოისს შეეძლო, სამი წლის წინათ გაწყვეტილი საუბარი გაეგრძელებინა. მართლაც რომ სიამოვნების მომგვრელია ჩვენს დროში ჭეშმარიტად დიდი მწერლის ნახვა. მე მხოლოდ ერთ რამე მჭირდებოდა - მუშაობა. კარგად არც კი დავფიქრებივარ, როგორ დატრიალდა საქმე ამგვარად. საკუთარ ცხოვრებას უკვე აღარ ვუყურებდი სერიოზულად, სხვათა ცხოვრებას - კი. მუშაობა, მხოლოდ მუშაობა მგვრიდა სიამოვნებას, სხვა დროს კი, თუკი არ ვმუშაობდი, - ჩემი დაწყევლილი ცხოვრება; საცა მომიხდებოდა და როგორც მომიხდებოდა, ისე ვატარებდი დროს. ის ადგილები, საცა ახლა ჩამოვედი, სწორედ რომ ჩემს სულს ეგუებოდა. აქ გაცილებით უკეთესია, ვიდრე იტალიაში. დიახ, როგორ არა! იტალიის ცას რა შეედრება. შემოდგომობით ესპანეთსა და ჩრდილო მიჩიგანშიაც კარგი ცა იცის, მექსიკის უბეშიაც. ამაზე კარგ ცას სხვაგანაც ნახავ, მაგრამ ამაზე უკეთეს ქვეყანას ვერსად შეხვდები. ახლა ერთი რამ მინდა მხოლოდ - აფრიკაში დაბრუნება. ჯერ არც წავსულვარ აქედან, მაგრამ ღამღამობით გამომეღვიძება და, ძილგატეხილს, უკვე განშორების სევდა მომიცავს ხოლმე.       ვიჯექი, გავყურებდი ცას, ქარისაგან დაძრულ თეთრ ღრუბლებს და უცებ ისე წამომიარა ამ ქვეყნის სიყვარულმა, რომ თავი ბედნიერად ვიგრძენი. ასეთ ბედნიერებას საყვარელ ქალთან სიახლოვის შემდეგ ვგრძნობ; გამოფიტული და დაცარიელებული, ელოდები კვლავ როდის წამოგიარს, აჰა, წამოგიარა კიდეც, სრულ დაკმაყოფილებას ვერასოდეს იგრძნობ. მაგრამ, რაც განიცადე, ის შენია, შენ გეკუთვნის, თუმცა სულ უფრო მეტი და მეტი გინდა - გინდა განუწყვეტლივ გქონდეს ეს განცდა, ამით ცოცხლობდე და სულდგმულობდე, კლავ და კვლავ იგრძნო ეს ნეტარება, რასაც თითქოს ბოლო არა აქვს... გინდა შეაჩერო დრო, და ზოგჯერ გეჩვენება, თითქოს მართლაც შეჩერდა, მერე კი, ყველაფრის შემდეგ, ელოდები, ისევ როდის წამოგივლის, და მართლაც ნელ-ნელა მოგიცავს ხოლმე ეს გრძნობა. მარტოობის განცდა კი აღარა გაქვს, რადგან მართლა თუ მთელი სულითა და გულით გიყვარდა, ისიც სამუდამოდ შენი ერთგული დარჩება; ვინც არ უნდა შეიყვაროს, საცა არ უნდა წავიდეს, შენ მაინც ყველაზე მეტად უყვარხარ. თუკი ნამდვილად გიყვარდა ცხოვრებაში ქალი ან ქვეყანა, თავი ბედნიერად ჩათვალე - რომ მოკვდები, იმის შემდეგაც კი შენი სიკვდილი არაფერს შეცვლის. ახლა, აფრიკაში ყოფნის დროს, ხარბად ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა მეტი რამე წამეღო მისგან - წელიწადის დროთა ცვლა, წვიმები, როცა ერთ ადგილას გამოიმწყვდევი და ფეხი ვეღარ მოგიცვლია, მოუწყობლობა, რასაც მოთმინებით ეჩვევი, რათა უფრო კარგად განიცადო ყველაფერი, სოფლების სახელწოდებანი, წვრილ-წვრილი ცხოველები და ფრინველები; ცდილობ, ენაც შეისწავლო, რაც შეიძლება მეტი დრო გამონახო, რათა კარგად ჩასწვდე ყველაფერს და არსაით მიგეშურებოდეს, მთელი ჩემი დღე და მოსწრება სხვადასხვა ქვეყნების სიყვარულში გამიტარებია. ქვეყნები მუდამ სჯობს ადამიანებს, ერთდროულად მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ შემიძლია მიყვარდეს.       ...ისევ ხელში მეჭირა ტოლსტოის "სევასტოპოლის მოთხრობები", და ამავე წიგნში "ყაზახებიც" წავიკითხე - ძალიან კარგი მოთხრობა. აქ არის ზაფხულის ხვატი, კოღოები, ტყე, რომელსაც წელიწადის სხვადასხვა დროს სულ სხვადასხვა იერი ადევს, მდინარე, რომელზედაც თათრები გადადიან ხოლმე... და მეც თითქოს იმ დროინდელ რუსეთში მოვხვდი.       ისეთივე ნამდვილი და რეალური გახდა ჩემთვის ჩვენი სამოქალაქო ომის დროინდელი რუსეთი, თითქოს ძალიან ნაცნობი ადგილი ყოფილიყოს, როგორც მიჩიგანი, მაგალითად, ან ქალაქის ჩრდილოეთით გაჭიმული პრერიები, ანუ ევანსის საქათმე ფერმას შემორტყმული ტყე; ისეთი წარმოდგენა მქონდა, თითქოს ტურგენევის წყალობით მე თვითონ მეცხოვროს რუსეთში, ისევე, როგორც ბუდენბროკებთან მიცხოვრია, ან "წითელ და შავში" ფანჯრიდან შევპარულვარ ქალთან; აჰა, ის დილაც, როცა ქალაქის კარიდან პარიზში შევედით და ვნახეთ, როგორ გამოაბეს სალსედი ცხენს, როგორ ნაკუწ-ნაკუწ დაგლიჯეს გრევის მოედანზე. ეს ყველაფერი საკუთარი თვალით მინახავს. მაგრამ მაინც ვერ ჩამომახრჩეს, იმიტომ რომ ჯალათთან საოცარი თავაზიანობა გამოვიჩინე, როცა კოკონასთან ერთად უნდა დავესაჯეთ, და ბართლომეს ღამეც მახსოვს, როგორ ვიჭერდით ხოლმე ჰუგენოტებს და მერე ალყაში მოვხვდი, იმ ქალთან რომ ვიყავი სახლში, და ამ გრძნობასაც არაფერი შეედრება, როცა დავრწმუნდი, ლუვრის კარი დაკეტილი იყო, ან როცა მის სხეულს შევყურებდი წყალში, ანძიდან რომ გადავარდა. ახლა იტალია - იტალიას რა დამავიწყებს - რომელი წიგნი შეედრება, წაბლის ტყეში განცხრომით მოელვარეს; შემოდგომაზე კი Du omo-ს გადაღმიდან ნისლი დაიძრება, გაივლი მთელ ქალაქს და Ospedale Maggiore-სკენ მიემართები, დალურსმული ჩექმები ქვაფენილზე მიბაკუნებენ; გაზაფხულობით მთაში მოვარდნილ ღვართქაფები, ჯარის სუნი, თითქოს პირში სპილენძის ნაჭერი გიდევსო. საშინელი ხვატი დგას და Denzenzano-სთან მატარებელი ჩამოდგა, იქვეა Lago de Garda, ის ჯარი კი ჩეხური ლეგიონი აღმოჩნდა; მერე წვიმა, მეორედ რომ ჩაივლი, უკვე ღამეა, მერე საბარგო მანქანით ჩავუარე და შევნიშნე, როგორ ბრუნდებოდა სადღაციდან და მე სერმიონეს მხრიდან მივადექი, სიბნელეში. იმიტომ რომ ჩვენც იქ ვიყავით - წიგნებში თუ წიგნებს გარეთ, ხოლო საცა ჩვენ მოვხვდებით - თუკი კალამი გვიჭრის - იმ ადგილებს მერე თქვენც მოინახულებთ. გამოფიტული მიწა, მტვერს ქარი იტაცებს, ხალხი იხოცება, ხოლო ვინც ხელოვნებას ემსახურებოდა, საუკუნეებს შერჩება ხოლმე. მაგრამ ახლა თავს ანებებენ მუშაობას, იმიტომ რომ მეტისმეტი სიმარტოვეა, მეტისმეტად ძნელია და მოდიდანაც გადავარდა. ათასწლიანი ეკონომიკა მიამიტობად გვეჩვენება, ხელოვნების ნაწარმოები კი მარად უკვდავია, მაგრამ შექმნაა ძნელი, თან ახლა მოდიდანაც გადავარდა. უკვე აღარ მისდევენ ხელოვნებას, მოდიდან არ გადავვარდეთო, ეშინიათ, და არც ლიტერატურაზე მცოცავი ტილები აღირსებენ შექებას. მძიმე საქმეა. რა გაეწყობა! დავჯდები აგერ და ვიკითხავ, როგორ გადასჭრეს თათრებმა მდინარე, ამ შებერებულ მთვრალ მონადირეს გავეცნობი, იმ გოგონას მოვინახულებ და ვნახავ, როგორ სულ სხვადასხვანაირია ის ქვეყანა წელიწადის სხვადასხვა დროს. ფილიპსსა და მემსაიბს მალე ჩაეძინათ, მე კი კვლავ ტოლსტოის წიგნი ავიღე და "ყაზახები" ბოლომდე ჩავათავე. დიდებული მოთხრობაა. *       ...ეს კუთხე სავსებით ახალი იყო ჩემთვის, მაგრამ მაინც თითქოს დიდი ხნის ნაცნობ ადგილებს მოგვაგონებდა. ნადირის გაკვალული ბილიკი შიბად გასდევდა კლდეს და მთის ღორღში იკარგებოდა. ყველაფერი ეს საოცრად მოგვაგონებდა არაგონს და მაშინღა მივხვდი, ესპანეთში არა ვარ-მეთქი, როცა დასაპალნებული ჯორების ნაცვლად ათიოდე აფრიკელთაგან შემდგარ ჯგუფს შევხვდით. მთელი მათი ჩაცმულობა თეთრი ქსოვილის ნაჭერი იყო, რაც ტოგასავით მოეკუჭუჭებინათ ბეჭებთან; თავი და მუხლები შიშველი ჰქონდათ, მაგრამ ამათ რომ გავშორდით და კვლავ გავხედე ხეთა შორის გავლებულ დაგრეხილ ბილიკს, ისევ ესპანეთი წარმომიდგა, თითქოს ცხენზე ვზივარ - წინაც ცხენიანი კაცი მომდევს - და ლამის გული წამივიდეს, როცა ვხედავ, როგორ დახვევია ქინქლები წინა ცხენს კუდთან. ასეთივე ქინქლები აქაც ვნახეთ - ლომებს დახვეოდნენ. ესპანეთში ეს საზიზღარი მწერები კისერში ჩაგვიძვრებოდნენ ხოლმე და პერანგის გაუხდელად ვერც მოკლავდი. ზოგჯერ ჩაგიძვრებოდა ერთი ქინქლი საყელოში, ზურგზე ჩაცურდებოდა, მერე იღლიიდან მუცელზე გადმოძვრებოდა და ჭიპისკენ ჩაცოცდებოდა. ხელს ვერ მოავლებ, ვერასდიდებით ვერ გასრეს, ისე გაგისხლტება თითებშორის, რომ გაგიკვირდება კიდეც. უნდა ადგე და სულ გაიხადო ტანსაცმელი. შევყურებდი მაშინ იმ ქინქლებს ცხენის კუდთან და სიმწრის ჟრუანტელი მივლიდა ტანში. ასეთი საშინელი განცდა ჩემს დღეში არა მქონია, გარდა იმ დღეებისა, როცა ჰოსპიტალში ვიწექი, მკლავგადატეხილი. ღია მოტეხილობა მხარსა და ნიდაყვს შორის: ხელის მტევანი ზურგზეა აღრეცილი, ბიცეფსები - გაფატრული, ხორცის ნაფლეთებმა ლპობა იწყეს, დაიბერნენ და დასკდნენ, ჩირქმა იწყო დენა. ებრძვი ამ ტკივილს მარტოდმარტო, მთელი ხუთი კვირა რული არ გაჰკარებია თვალს და ერთხელ, ღამით, უცებ გაიფიქრებ - ირემს რაღა მოუვა, ბეჭში რომ მოარტყა და ასე დაჭრილი გაიქცეს. და იმ ღამეს, ძილგატეხილმა, ირმის მაგივრად მე თვითონ გამოვცადე ყველაფერი - ტყვიის მოხვედრის ელდიდან დაწყებული სულის ამოსვლამდე. ჭკუა ხომ დალაგებული არ მქონდა მაშინ და გავიფიქრე - მთელი მონადირეების ცოდვა მე მომეკითხა-მეთქი. მერე, როცა გავჯანსაღდი, ასე გადავწყვიტე: თუ მართლა შურისგება იყო ეს, აკი მოვითმინე და გადავიტანე; მეც იმას ვაკეთებდი, რაც სხვებმა მე გამიკეთეს. მეც ხომ მომარტყეს ტყვია, დამასახიჩრეს, და მეც დაჭრილი გავიქეცი. მაგრამ იმის მოლოდინში ვიყავი, ასე იქნება თუ ისე, მომკლავენ-მეთქი და, სინდისს ვფიცავ, ამაზე აღარ მიწუწუნია. მაგრამ რაკი საყვარელ საქმეზე ხელის აღება ძნელი გამოდგა, გადავწყვიტე, მანამდე ვინადირო, ვიდრე ერთი გასროლით მოკვლას მოვახერხებ, ხოლო როცა ამას ვეღარ შევძლებ, ნადირობასაც გამოვეთხოვები... * - მოიხედეთ, მართლა მწერალია? - იკითხა ფილიპსმა ჩემზე, - რომ არა ჰგავს! თუ ნადირობით გარჩენთ თქვენც და საკუთარ თავსაც? - არა. წერს. თუ კარგად ააწყო მუშაობა, მაშინ რა გიჭირს. მაგრამ მანამ ააწყობდეს, მტრისას! ჯობს, არც გაეკარო, ვიდრე წერას შეუდგებოდეს, ერთი კარგად უნდა გაბრაზდეს. და როცა შეიქნება ლაპარაკი, ჩემს დღეში კალამს ხელს აღარ ვახლებო, ვიცი, რომ უკვე კარგად არის საქმე. - რატომ ლიტერატურაზე არაფერს გვეუბნება? - იკითხა ფილიპსმა, - სულ კანდისკი ლაპარაკობს. გვიამბეთ ლიტერატურული ანეგდოტები. - კარგი, მომისმინეთ. ეს იყო ჩვენი უკანასკნელი საღამო პარიზში. წინა დღე სოლონში გავატარე, ბენ გალაჰერთან ერთად. იქ fermèe-ს ვაწყობდით ხოლმე, - ბაჭიებისათვის დაბალ ღობეს შემოავლებენ ეზოს, - და მთელი დილა ბაჭიებზე ვნადირობდით, ნასაუზმევს კი ხოხობზე სანადიროდ გავედით და ერთი chevreuil-იც მოვკალი. - მერე, ლიტერატურასთან რა ესაქმება მაგას? - დამაცადეთ. უკანასკნელ საღამოს ჯოისი გვეწვია სადილად, ცოლიც ახლდა. შემწვარი ხოხობითა და შვლის სუკებით გავუმასპინძლდით. მე და ჯოისი ვსვამდით კიდეც, იმიტომ რომ მეორე დღეს აფრიკაში მოვემგზავრებოდი. ეჰ, რა საღამო იყო! - ეგ სადაური ანეგდოტია! ან ლიტერატურასთან რა კავშირი აქვს? - თქვა ფილიპსმა, - ჯოისი ვინღაა? - მშვენიერი კაცია, - ვუთხარი მე, - "ულისის" ავტორი. - "ულისი" ხომ ჰომეროსმა დაწერა, - გაიკვირვა ფილიპსმა. - მაშ ესქილე ვიღამ დაწერა? - ისიც ჰომეროსმა დაწერა, - მიპასუხა ფილიპსმა, - ასე ადვილად ვერ დამიჭერთ. აბა, კიდევ თქვით ერთი ლიტერატურული ანეგდოტი. - პაუნდი თუ გაგიგონიათ? - არა, - მომიგო ფილიპსმა, - პირველად მესმის. - პაუნდზე გამოულეველად მაქვს ანეგდოტები. - ჰო, როგორ შეექცეოდით რაღაც უცნაურ ნადირს და როგორ სვამდით, არა? - არც უმაგისობა ყოფილა. - რას ერჩი, კაი მხიარული ცხოვრებაა. რას იტყვით, მე თუ გამოვდგებოდი მწერლად? - რატომაც არა. - ხომ ხედავთ, - მიმართა ფილიპსმა ჩემს ცოლს, - ნადირობა გვერდზე გადავდოთ და მწერლები გავხდეთ ორივენი. - ჯორჯ მური თუ გაგიგონიათ? - ეს რომელი მურია, ლექსი რომ დაუწერეს: "მაშ გავემგზავროთ! დღეგრძელება ამ თასით მურსა?" - სწორედ ის გახლავთ. - რა მოუვიდა მერე? - მოკვდა. - კარგი ანეგდოტი კი ყოფილა, მე და ჩემმა ღმერთმა. ცოტა უფრო მხიარულს ვერაფერს გაიხსენებთ? - ერთხელ წიგნის მაღაზიაში შევხვდი. - ასე. ხომ ხედავთ, სცოდნია ანეგდოტები, თუკი მოიწადინა. *       ...ვიგრძენი, რომ კვეხნის ჟინმა წამომიარა, მაგრამ ფილიპსი და ჩემი ცოლი სადღაც წავიდნენ, და ყურის დამგდები აღარავინ დარჩა. კვეხნა ვერაფერი საინტერესოა, განსაკუთრებით - როცა არ ესმით შენი, მაგრამ სულ ტყუილად ყოფნას მაინც ასე სჯობს, მით უმეტეს ამდენი ლუდის შემდეგ... - შენც ყოჩაღი ყოფილხარ, - ტოგამოსხმულ რომაელს რომ ჰგავდა, იმას ვუთხარი, - ორივენი ყოჩაღები ვართ. ქურთუკის ჯიბეში ვაზნები მეწყო. კიდევ დავლიე ლუდი და შევნიშნე, ბერიკაცი მე მიყურებდა. ექვსივე ვაზნა ჩავამწკრივე. - ტრაბახი მომინდა, - ვთქვი მე, - უნდა მოითმინოთ, მეტი რა გზაა. აბა, შეხედეთ, - ვაზნებს სათითაოდ შევახე ხელი, - სიმბა, სიმბა, ფარო, ნაიტი, ტენდალა, ტენდალა. რას იტყვით? გნებავთ - ნუ დაიჯერებთ. აბა, შეხედე, მ’კოლა, - და ისევ სათითაოდ შევახე ხელი ექვსივე ვაზნას, - ლომი, ლომი, მარტორქა, კამეჩი, ანტილოპი, ანტილოპი. - ჰაა, - მხიარულდ წამოძახა რომაელმა. - ნ’დიო, - ზეიმით დაუკრა კვერი მ’კოლამ, - ასეა. მართალია. - ჰაა, - კვლავ წამოიძახა რომაელმა და ცერზე წამავლო ხელი. - სრული სიმართლეა, - ვთქვი მე, - თუმცა ძნელი დასაჯერებელი კია. - ნ’დიო, - გაიმეორე მ’კოლამ და ვაზნები გადათვალა, - სიმბა, სიმბა, ფარო, ნიატი, ტენდალა, ტენდალა. - სხვებსაც შეატყობინეთ, - ვთქვი მე ინგლისურად. ტრაბახიც ამას ჰქვია. დღეს მეყოფა... - მ’კოლა, - ვთქვი მე, - დღეს კუდუ იყოს. ხვალ - ანტილოპები, კამეჩი, სიმბა. - ჰაპანა კამეჩი, - შემესიტყვა იგი და თავი გააქნია, - სიმბა არ იქნება. - მე და ვანდერობო-მასაი მიგვიშვი კამეჩთან, - ვთქვი მე. - ჰო, - გაეხარდა ვანდერობო-მასაის, - უსათუოდ. - აქვე, ახლოს დიდი სპილოებიც მეგულება, - განაცხადა ჩვენმა ტრაგიკოსმა. - მაშ, სპილოებს შევუტიოთ ხვალ, - გავაბრაზე მ’კოლა. - ჰაპანა სპილოები, - გრძნობდა, რომ ვაბრაზებდი, მაგრამ ამისთანა ლაპარაკის მოსმენაც კი არ უყვარდა. - სპილოები, - განვაგრძე მე, - კამეჩი, სიმბა, ლეოპარდი.       გახარებული ვანდერობო-მასაი თავს მიქნევდა. - მარტორქა, - დაუმატა მან. - ჰაპანა! - შეჰყვირა მ’კოლამ. ეტყობოდა, იტანჯებოდა. - იმ მთებში სავსეა სულ კამეჩი, - თარგმნა ბერიკაცმა სიტყვები რომაელისა, რომელიც მგზნებარედ წამოხტა და ხელი მთებისაკენ გაიშვირა. - ჰაპანა! ჰაპანა! ჰაპანა! - მტკიცედ და რიხიანად გაიძახოდა მ’კოლა. ლუდი აღარ გინდათ? - დანა გვერდზე გადადო.       მ’კოლა გვერდზე ჩამიცუცქდა და მობოდიშებას მოჰყვა. ფილიპსი ახსენა და მივხვდი, ფილიპსს ეწყინებაო, ამბობდა, ამას არ მოიწადინებსო. - ვიხუმრე, - ვთქვი მე ინგლისურად და მერე სუახელიურად დავძინე, - ხვალ ანტილოპებზე წავიდეთ? - ჰო, - თქვა მან გატაცებით, - უსათუოდ. ამის შემდეგ რომაელთან გავაბი საუბარი. მე ესპანურად ვლაპარაკობდი, ის კი, ღმერთმა უწყის, რა ენაზე მელაპარაკებოდა, მაგრამ, ეტყობოდა, ხვალინდელი ნადირობის გეგმას ვაწყობდით. *       ...მიყვარს აფრიკა და თავს აქ ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, ხოლო როცა ადამიანს, სამშობლოს გარდა, სხვა ქვეყანაც ასე გიყვარს, უნდა იცხოვრო კიდეც იქ. პაპაჩემის სიცოცხლეში მიჩიგანის შტატი მალარიის კერა იყო. ხან ციებას ეძახდნენ, ხანაც ხურვებას. ტორტუგასის კუნძულზე კი ყვითელმა ციებამ ჩემს მახსოვრობაში ათასი კაცი გაჟუჟა. ახალი კონტინენტები და ახალი კუნძულები ცდილობენ სნეულებებით დაგვაფრთხონ, როგორც გველი აფრთხობს სისინით ადამიანს. შხამიანი გველიც რომ გამოერევა, უნდა აიღო და გასრისო. მე კი მგონია, რომ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, რომელსაც თავისი უკვე მოუჭამია და თავსღა ვიტყუებთ, მაინც კარგი ქვეყანააო, ათასწილად ჯობს, ნადვილად კარგი ქვეყანა შეარჩიო საცხოვრებლად და ავადმყოფობისაგან თავი სულ უბრალო პროფილაქტიკური საშუალებებით დაიცვა.       ჩვენს გამოჩენასთან ერთად კონტინენტები სწრაფად იფიტებიან. ადგილობრივი ხალხი შეჩვეულია მათთან. სხვა ქვეყნებიდან მოსულები კი ყველაფერს ანადგურებენ - ტყეებს ჩეხავენ, წყაროებს სპობენ და ეს საბოლოოდ წყალმომარაგების მთელ სისტემას არღვევს, ბალახის გამუდმებული ჩიჩქნისაგან მალე ნიადაგიც ღარიბდება, საბოლოოდ, სულმთლად იფიტება, როგორც ყველგან, ყველა ძველ ქვეყანაში, და როგორც ეს ჩემ თვალწინაც დაიწყო კანადაში. ბევრი დამუშავებისაგან მიწა იღლება. თუ ადამიანი, თავის ცხოველებთან ერთად, საკუთარ ეკსკრემენტს არ აძლევს ნიადაგს, ქვეყანა მალე იფიტება. საკმარისია, ადამიანმა მანქანით შესცვალოს ცხოველი, რომ მალე მიწა გაიმარჯვებს მასზე. მანქანა არც თავისივე მსგავსს წარმოშობს, არც მიწას აპოხიერებს და საკვებადაც ისეთი რამ სჭირდება, რასაც ადამიანი არა ზრდის. ქვეყანა ისეთივე უნდა დარჩეს, როგორიც პირველად ვიხილეთ ჩვენ. ჩვენ მოსულები ვართ, და ჩვენი სიკვდილის შემდეგ, ქვეყანა იქნებ სულ გატიალდეს; დარჩენით უსათუოდ დარჩება, მაგრამ კაცმა არ იცის, როგორი იქნება. ვაითუ ისეთივე ბედი ეწიოს, რაც გობის უდაბნოს ერგო! სიამოვნებით ჩამოვიდოდი აფრიკაში კიდევ ერთხელ, მაგრამ საშოვარზე კი არა. რა ბევრი რამე მე მინდა - თავის სარჩენად ორიოდ ფანქარი და ერთი დასტა უბრალო ქაღალდი მეყოფა. იმიტომ ჩამოვიდოდი, რომ მიყვარს აქაურობა - აქ რომ ვარ, კი არ მივაჩანჩალებ ჩემს წუთისოფელს, კაცურად ვცხოვრობ. ჩვენს წინაპრებს ამერიკისაკენ მიუწევდათ გული, იმიტომ რომ, ყველა იქითკენ მიეშურებოდა. კარგი ქვეყანა იყო ამერიკა, ჩვენ კი, ეშმაკმა უწყის, რად ვაქციეთ. მე პირადად უსათუოდ სხვაგან გავემგზავრები; ამის უფლება არავის წაურთმევია, საცა გვინდა, იქ წავიდეთ და ასეც ვიქცეოდით ხოლმე მუდამ. უკან დაბრუნება არასოდეს არ იქნება გვიან. დე, ისინი გაემგზავრონ ახლა ამერიკაში, ვინც ვერა ხვდებიან, რომ მეტისმეტად დააგვიანეს. ჩვენმა წინაპრებმა მაშინ იხილეს ეს ქვეყანა, როცა ნამდვილად კარგი იყო და სისხლით იცავდნენ მას, როცა მართლაც ღირდა დასაცავად. მე კი ახლა სხვაგან წავალ. ძველადაც აკი მივემგზავრებოდით ხოლმე ხან სად და ხან სად. მაშინ კარგი ადგილებიც ბლომად იყო.       მე კარგად შემიძლია გავარჩიო ცუდი ქვეყანა კარგისაგან. აფრიკაში უამრავი ნადირია, ჩიტებიც ბლომადაა და მე მიყვარს აქაური ხალხი. დიდებულია აქ ნადირობა და თევზაობა. ჩემთვის კი ყველაზე სანუკვარია - ნადირობა, თევზაობა, წიგნის კითხვა, წერა და იმის აღწერა, რასაც ირგვლივ ხედავ. ყველაფერი მახსოვს, რასაც კი ვხედავ. და რაც აქ ჩამოვთვალე, ამის გაკეთება თვითონვე მიყვარს, დანარჩენს კი შორიდან ვუთვალთვალებ. თხილამურებიც მიყვარს, მაგრამ ის მუხლი უკვე აღარ მაქვს. თან კარგი თოვლის საძებნელად დროის დაკარგვა უაზროდ მიმაჩნია, მეთხილამურეებით გაივსო მთელი ქვეყანა. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 12:38pm on დეკემბერი 21, 2014
  • 1
  • ...
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი 1 Like

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი 0 მოწონება

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი 1 Like

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2026   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!