ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - ბრწყინვალე გონება

თემა: აბელ სანჩესი - მიგელ დე უნამუნო
ლსაც მკითხველს ვთავაზობთ და რომელიც ავტორს "აღსარებად" დაუსათაურებია, ჩართულია ნაწყვეტები ამ ჩანაწერებიდან. ბრჭყალებში მოქცეული ნაწყვეტები ერთგვარი კომენტარების სახით მოგვყავს მისი სენის ასახსნელად. ხოაკინს "აღსარება" თავისი ქალიშვილისადმი მიუძღვნია I       აბელ სანჩესსა და ხოაკინ მონეგროს აღარც კი ახსოვდათ, როდის გაიცნეს ერთმანეთი. გაიცნეს კი ლამის აკვანში, სულ ჩვილები რომ იყვნენ, მათი ძიძები რომ შეიყრებოდნენ, მასლაათს გააბამდნენ, მათ კი ჯერ ენაც არ ამოედგათ და გვერდიგვერდ იწვნენ გატრუნულები. მერე კი, თანდათან ერთმანეთის ცნობაც ისწავლეს და საკუთარი თავისაც; აი ასე, ლამის დაბადებიდანვე ერთად იზრდებოდნენ და ძუძუმტეებივით შეეთვისნენ ერთმანეთს. გასეირნება იყო, თამაში თუ სხვა რამ გართობა, იფიქრებდით, წამომწყები და მოთავე ნამდვილად უფრო მტკიცე ხასიათის ხოაკინი იქნებაო, მაგრამ ბოლოს ყველაფერი აბელის ნებაზე ხდებოდა. ასე კი იმიტომ გამოდიოდა, რომ აბელს მორჩილებაზე უფრო მბრძანებლობა ეძნელებოდა. ისინი თითქმის არასოდეს ჩხუბობდნენ. "ჩემთვის სულერთია, როგორც შენ გინდა!.." ეტყოდა ხოლმე აბელი ხოაკინს და ამ "როგორც შენ გინდას" თუმცა სიშმაგემდე მიჰყავდა მეგობარი, ჩხუბის საბაბს კი არ აძლევდა.   - ერთხელ მაინც წამოგცდეს რამეზე უარი! - წამოიძახებდა ხოლმე ხოაკინი.   - რატომ უნდა წამომცდეს? - გამოეპასუხებოდა აბელი.   - ძალიან კარგია, მაგრამ ამას რომ ტყეში წამოსვლა არ უნდა?! - თქვა ერთხელ ხოაკინმა, როცა ამხანაგებმა სასეირნოდ წასვლა დააპირეს.   - მე? როგორ არ მინდა! - შესძახა აბელმა. - როგორ არ მინდა, თუკი შენ გინდა, წავიდეთ!   - არა, მე რომ მინდა, იმიტომ ნუ წამოხვალ! ერთხელ მაინც თქვი, არ მინდაო, აღარ გამაგონო ეგ შენი "სულერთია..." თქვი, არ მინდა-თქო და მორჩა!   - რატომაც არ მინდა, სულაც...   - მაშ, თუ ასეა, მე აღარ მინდა...   - ახლა აღარც მე მინდა...   - ასე არ გამოვა, - შეჰყვირ ხოაკინმა, - აბა, თქვით, ვინ არის მაგის მხარეზე და ვინ ჩემს მხარეზე!       და ისე გამოვიდა, რომ ყველა აბელს გაჰყვა, ხოაკინი მარტო დარჩა.       ბავშვობაში მომხდარი ამ ამბის თაობაზე ხოაკინს თავის "აღსარებაში" ასე ჩაუწერია: "სწორედ იმ დროიდან, არ ვიცი, რატომ და რისთვის, მაგრამ ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ის იყო სანდომიანიც და საყვარელიც, მე კი არასანდომიანი და საძაგელი; და ასე, სულ მარტოობაში ვიზრდებოდი, ამხანაგები მუდამ გამირბოდნენ..."       ინსტიტუტში, მოსამზადებელ კურსებზე, სადაც ისინი ერთად დადიოდნენ და ბაკალავრის წოდების მოსაპოვებელი გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებოდნენ, ხოაკინი მეტისმეტი სიბეჯითით, ჯილდოებისა და ქებისადმი დიდი სწრაფვით გამოირჩეოდა, ერთი სიტყვით, აუდიტორიაში პირველი იყო. სამაგიეროდ აუდიტორიის გარეთ - ინსტიტუტის მოედანზე, ქუჩაში, მინდორში, ხარების ბრძოლაზე, ამხანაგების წრეში აბელი პირველობდა, ენამოსწრებული იყო და ამხანაგებს აცინებდა ხოლმე, განსაკუთრებით მოსწონდათ მისი კარიკატურები პედაგოგებზე. "ხოაკინი უფრო ბეჯითია, აბელი კი გაცილებით ნიჭიერი... ცოტა რომ არ ზარმაცობდეს..." - ამხანაგების აზრი ხოაკინსაც კარგად მოეხსენებოდა და ბოღმით ევსებოდა გული; ზოგჯერ ისიც უფიქრია, აღარც მე გადავყვები ამ სწავლას, გავეჯიბრები და აბა ვნახოთ, თუ რამეში ჩამოვრჩებიო. მაგრამ მერე ისევ გადაწყვეტდა: "ეეჰ, მაგათ რა ესმით!"... - და კვლავ თავის ბუნებას დაჰყვებოდა. თუმცა კი ცდილობდა მეტოქე გამომგონებლობით, მახვილგონიერებით თუ მხიარულებით დაეჯაბნა, მაინც არაფერი გამოსდიოდა. მის ხუმრობაზე არავის ეცინებოდა და საერთოდ, პირქუში კაცის სახელი დაიგდო. "შენი ხუმრობა სამგლოვიარო ხუმრობაა, - ეტყოდა ხოლმე ფედერიკო კუადრადო, - სულ სიკვდილმისჯილის ხუმრობასა ჰგავს". ბაკალავრის გამოცდები რომ ჩააბარეს, მათი გზებიც გაიყარა. აბელმა გადაწყვიტა მხატვარი გამხდარიყო, ფერწერა შეესწავლა, ხოაკინმა კი სამედიცინო ფაკულტეტი აირჩია. ადრინდებულად მაინც ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და თავ-თავიანთ წარმატებებზე საუბრობდნენ. ხოაკინი ზოგჯერ ცდილობდა აბელისთვის შეეგონებინა, მედიცინაც ასევე ხელოვნებაა, ნამდვილი ნატიფი ხელოვნება და ასევე თხოულობს პოეტურ შთაგონებასო; ზოგჯერ კი მოდგებოდა ხელოვნებას და მიწასთან გაასწორებდა, გონებას აჩლუნგებსო, ცამდე აჰყავდა მეცნიერება, ადამიანის სულს ამაღლებს, აკეთილშობილებს და ჭეშმარიტებებით ამდიდრებსო.   - მაგრამ მედიცინაც რომ საალბათო მეცნიერებაა, - შეედავებოდა მაშინ აბელი, - ისიც ხომ შეიძლება ხელოვნებად მივიჩნიოთ, მეცნიერული დასკვნების პრაქტიკაში გამოყენების ხელოვნებად.   - მე სულაც არ დამისახავს მიზნად ავადმყოფებს ვუმკურნალო, - შეეპასუხებოდა ხოაკინი.   - რატომ, ესეც კეთილშობილური და სასარგებლო საქმეა! - დასძენდა აბელი.   - არა, ჩემთვის არა. გააჩნია, ვისთვის არის კეთილშობილური და ვისთვის სასარგებლო. მე კი კეთილშობილებაც და სარგებლობაც მძულს. ზოგიერთისათვის პულსისა და ენის გასინჯვა, რეცეპტების გამოწერა თუ სხვა ამისთანები ფულის შოვნის საუკეთესო გზაცაა, მაგრამ მე უფრო მეტი მინდა...   - მეტი?   - დიახ, მეტი; იმედი მაქვს, ამ დარგში ახალ გზებს გავკვალავ. მეცნიერულ კვლევა-ძიებას უნდა გავყვე, აკი ჭეშმარიტ აღიარებას მედიცინაში ის ჰპოვებს, ვინც ამა თუ იმ ავადმყოფობის საიდუმლოებას აღმოაჩენს და არა ის, ვინც ამას მეტ-ნაკლები წარმატებით პრაქტიკაში ნერგავს.   - მომწონს შენი ოცნებები.   - აბა რა გგონია, მარტო თქვენ, ხელოვანნი, ფერმწერები ოცნებობთ დიდებაზე?   - რას ამბობ? განა მე ოდესმე ამის მსგავსი რამ წამომცდენია?   - წამოგცდენია? მაშ, რატომ აირჩიე მაინცდამაინც ფერწერა?   - იმიტომ, რომ ამ პროფესიას თუ კარგად დავეუფლები, ის მომცემს...   - რას მოგცემს?   - რას და, საკმაო ფულს.   - იცი, რას გეტყვი, აბელ, ეგ საკენკი სხვას დაუყარე, ვითომ არ გიცნობდე; მშვენივრად გიცნობ და თანაც დაბადებიდან გიცნობ, შენ მე მომატყუებ? კარგად გიცნობ.   - მერე, განა არ იცი, ტყუილი რომ არასოდეს მითქვამს?   - ვიცი, მაგრამ, ხომ შეიძლება შენდა უნებურად ტყუოდე. თავი ისე გიჭირავს, თითქოს შენთვის არაფერს არა ჰქონდეს მნიშვნელობა, ცხოვრება მარტო გართობა იყოს, ყველაფერი დანარჩენი ჩალის ფასად გიღირდეს, სინამდვილეში კი საკმაოდ პატივმოყვარე ბრძანდები.   - მე და პატივმოყვარე?   - დიახ, შენ; პატივმოყვარე ხარ, აბა, რა! სულ დიდებაზე, სახელსა და ქებაზე გიჭირავს თვალი... დაბადებიდანვე ასეთი იყავი... მაგრამ თვალთმაქცობდი და...   - მოიცა, ხოაკინ, მართალი თქვი, განა ოდესმე პირველობაში შეგცილებივარ? სულ შენ არ იყავი კლასში მისაბაძი? შენ არ იყავი სამაგალითო?   - კი, მაგრამ მაინც შენ უფრო მოგქონდა თავი, თან ყველა შენ გელოლიავებოდა, შენ...   - მერე, რა ჩემი ბრალია?   - ახლა იქნებ დამარწმუნო, სახელის მოხვეჭა ფიქრადაც არ მომსვლიაო!   - თუ ასეა, შენ უფრო მეტს ცდილობდი...   - მე? მე? ყველასი და ყველაფრის მოძულე?   - კმარა, კმარა, მოვეშვათ ამ სისულელეებზე ლაპარაკს და სხვა ვთქვათ. ისა სჯობია, შენი საცოლის ამბები მომიყვე.   - საცოლის?   - ჰო, შენს ბიძაშვილზე გეუბნები, აკი გინდა შენი საცოლე გახდეს?       ხოაკინი მართლაც ცდილობდა თავისი ბიძაშვილის, ელენას გულს დაუფლებოდა და ამ ცდაში დებდა თავისი მიზანდასახული და ეჭვიანი სულის მთელ გზნებას. ბუნებრივია, გულის გახსნა უნდოდა და ვისთან უნდა გაეხსნა, თუ არა თავის მეგობართან.       მერედა, რარიგად აწამებდა ელენა!   - რაც დრო გადის, მით უფრო მიჭირს მისი გაგება, - შესჩივლა მან აბელს, - ეს ქალი ჩემს თვალში ნამდვილი სფინქსია...   - მერე, არ იცი, რას ამბობს ამაზე ოსკარ უაილდი? ყველა ქალი სფინქსია, ოღონდ იდუმალების გარეშეო.   - მაგრამ ელენას მაინც აქვს რაღაც იდუმალება. ასე მგონია, სხვა უყვარს; თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სხვა უყვარს.   - რატომ გგონია?   - აბა, სხვანაირად როგორ ავხსნა მისი ჩემდამი დამოკიდებულება?   - მაშასადამე, შენი აზრით, რაკი არ უყვარხარ, ანუ არ უყვარხარ როგორც საქმრო, თორემ, როგორც ბიძაშვილი, ალბათ, ეყვარები...   - რა ხუმრობაა!   - ჰო, კარგი, მაშასადამე, რაკი არ სურს შეგიყვაროს როგორც საქმრო, უფრო სწორად, როგორც ქმარი, ამიტომ გგონია, რომ მაინცდამაინც სხვა უნდა უყვარდეს? დიდებული ლოგიკაა!   - კარგად გიცნობ!   - მეც კარგად გიცნობ!   - შენ?   - დიახ, თუკი შენ თავს დებ იმაზე, რომ ყველაზე კარგად მიცნობ, მაშ რატომღა გიკვირს, მეც ასევე მეგონოს, რომ გიცნობ? ვფიქრობ, კარგა ხანია ერთმანეთს ვიცნობთ.   - გეუბნები, ეს ქალი გამაგიჟებს, მოთმინებას დამაკარგვინებს-მეთქი; მისი სათამაშო ხომ არა ვარ. სულ თავიდან რომ ეთქვა უარი, კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ასე გაურკვეველ მდგომარეობაში რომ მამყოფებს - ჯერ ვნახოთ, ჯერ ვიფიქროთო... რა ბევრი ფიქრი ამას უნდა... პრანჭიაა და მეტი არაფერი!   - იქნებ, უნდა რომ შეგისწავლოს.   - შემისწავლოს? იმან? რა მაქვს შესასწავლი? მაინც რანაირად უნდა შემისწავლოს?   - ხოაკინ, ხოაკინ, ან იმას რატომ ამცირებ და ან შენ თავს!       რატომ გგონია, რომ საკმარისია შემოგხედოს, შენს სიყვარულში დარწმუნდეს და მაშინვე თანხმობა გამოგიცხადოს?   - ვიცი, გულზე დიდად არ ვეხატები...   - ჰო, კარგი, ასე ნუ ლაპარაკობ...   - ეს ქალი, უბრალოდ მეთამაშება! ჩემისთანა კაცთან თამაში კი არცთუ დიდი კეთილშობილებაა. გულწრფელი ვარ, პატიოსანი, ალალი... მაგრამ ნეტავ იცოდე, რა ლამაზია! რაც უფრო ცივად და მედიდურად უჭირავს თავი, მით უფრო ლამაზი მეჩვენება! ზოგჯერ იმასაც ვერ ვხვდები, მიყვარს, თუ მძულს... არ გინდა გაგაცნო?...   - რატომაც არ მინდა, თუკი...   - მაშ კარგი, გაგაცნობ.   - და თუ უნდა...   - რა?   - მის პორტრეტსაც დავხატავ.   - რატომაც არა!       და კიდევ ერთი ღამე გაუტყდა ხოაკინს. ახლა იმაზე ფიქრობდა, როგორ დახატავდა ასეთი მომხიბვლელი, ყველასგან განებივრებული და სათაყვანო აბელ სანჩესი ელენას პორტრეტს.       მაგრამ რითი დამთავრდება ეს სეანსები? ვაითუ ელენამაც სხვა მრავალი ნაცნობ-მეგობრებივით აბელი ამჯობინოს! ისიც კი იფიქრა, იქნებ სულაც აღარ გავაცნო ერთმანეთსო, მაგრამ რაკი დაპირდა... II   - მოგეწონა ჩემი ბიძაშვილი? - ჰკითხა ხოაკინმა აბელს მეორე დღესვე, როცა ისინი ერთმანეთს გააცნო და აბელმა მისი პორტრეტის დახატვის სურვილი გამოთქვა, რაზედაც სიამოვნებისგან სახეშეფაკლულმა ქალმა თანხმობა განუცხადა.   - გინდა, სიმართლე გითხრა?   - მხოლოდ სიმართლე, აბელ. ჩვენ რომ ყოველთვის სიმართლეს ვამბობდეთ, სიმართლეს, ნამდვილად სამოთხეში ვიგრძნობდით თავს.   - და მით უმეტეს, საკუთარ თავთან რომ ვამბობდეთ სიმართლეს...   - აბა, მაშ თქვი, ეგ შენი სიმართლე!   - იცი რა, ის შენი ბიძაშვილი თუ საცოლე, ანდა შეიძლება მომავალი ცოლიც კი, ელენა, ნამდვილი სამეფო ფარშავანგია... ნამდვილი ფარშავანგი.. ხომ მიმიხვდი...   - ჰო, მიგიხვდი.   - ამის სიტყვებით გამოხატვა მიჭირს, ჩემთვის უფრო ადვილია ფუნჯით...   - შენც ადგები და ფარშავანგს დახატავ, ნამდვილ ფარშავანგს დაამგვანებ, კუდგაშლილსა და ციცქნათავიან ფარშავანგს, არა?   - დიდებული მოდელია! დიდებული! რა თვალები აქვს, რა ტუჩები! ვნებიანი და თან მაგრად მოკუმული... თვალები თითქოს გიყურებენ, მაგრამ ვერ გხედავენ... რა თავ-კისერი! ანდა ბრინჯაოსფერი კანი თქვი! თუ არ გეწყინება...   - რა უნდა მეწყინოს?   - თითქოს ინდიელის სისხლი უჩქეფს ძარღვებში, უფრო სწორად, რაღაც აქვს ველურის, მხეცის, ავაზასი, ამ სიტყვის კარგი გაგებით, და თან რა ცივია!...   - მერედა, რა ცივი!   - ასეა თუ ისე, იმედი მაქვს, კარგ პორტრეტს დაგიხატავ!   - მე რატომ დამიხატავ, იმას დაუხატე!   - არა, დახატვით იმას დავხატავ, სურათი კი შენი იქნება.   - არა, ასე არ მინდა, პორტრეტი მას უნდა ეკუთვნოდეს!   - კეთილი, ორივესი იყოს, ვინ იცის... იქნებ სწორედ ამ პორტრეტმა დაგაკავშიროთ კიდეც.   - კარგი, კარგი, ეგებ ხატვის მაგივრად...   - ნამდვილად, ხოაკინ, არც მაჭანკლობაზე ვიტყვი უარს, ოღონდაც შენ არ იტანჯებოდე. გული მტკივა, ასეთ ყოფაში რომ გხედავ.       დაიწყო სეანსები და ამ სეანსებმა სამივე ერთად შეჰყარა. ელენა სავარძელში დაბრძანდა, დიდებულსა და მედიდურ სახეზე ზიზღი ეხატა, ვითარცა ბედისწერის წინაშე თავმოდრეკილ ქალღმერთს. "ლაპარაკის ნებას ხომ არ მომცემდით"? პირველივე სეანსზე ჰკითხა მან აბელს და იმანაც მიუგო: "დიახ, როგორ არა, ილაპარაკეთ და იმოძრავეთ კიდეც; ასე მირჩევნია, უფრო გამოცოცხლდებით... მე ხომ ფოტოგრაფი არა ვარ, პირდაპირ გეტყვით, სულაც არ მინდა ქანდაკება დავხატო..." და ელენამ დაიწყო ლაპარაკი; ლაპარაკობდა შეუსვენებლივ, თუმცა მოძრაობით ბევრს არ მოძრაობდა, ეშინოდა პოზა არ დავკარგოო. რაზე ლაპარაკობდა? მეგობრებს ამის თქმა გაუჭირდებოდათ. ისინი ლამის თვალებით ნთქავდნენ ქალს, სიტყვები სულაც არ ესმოდათ.       ელენაც ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა, ალბათ, ეგონა, დუმილი უბირობაში ჩამომერთმევაო, მაგრამ ამავე დროს შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებდა, ხოაკინისთვის ბრჭყალი არ გაეკრა.   - ბიძაშვილო, პაციენტების საქმე ხომ კარგად მიდის? - ეკითხებოდა იგი.   - მერედა, ამას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?...   - რატომაც არა აქვს? წარმოიდგინე, რომ...   - ვერა, ვერ წარმოვიდგენ.   - თუ შენ გაინტერესებს ჩემი ამბები, რატომ არ შეიძლება მეც დამაინტერესოს შენმა? ესეც არ იყოს, ვინ იცის...   - რა?   - კარგი გეყოფათ, - გააწყვეტინა აბელმა, - მორჩით ამ კინკლაობას.   - რა მოხდა, ნათესავებს შორის დავა რა გასაკვირია... - მიუგო ელენამ, - თანაც ნათქვამია, ასე იწყება...   - რა იწყებაო? - ჰკითხა ხოაკინმა.   - შენ დაიწყე და ესეც შენვე უნდა იცოდე, ჩემო ბიძაშვილო!   - ვიცი კიდეც, დაწყებაც ვიცი და დამთავრებაც...   - მაგრამ დამთავრების ბევრი საშუალება არსებობს.   - და დაწყებისაც...   - უდავოდ, აბელ, ჩვენი სიტყვიერი ფარიკაობა მუშაობაში ხელს ხომ არ გიშლით?   - არა, არა, პირიქით, ეს, როგორც ბრძანეთ, სიტყვიერი ფარიკაობა თქვენს გამომეტყველებასა და მიხრა-მოხრას უფრო მეტ სიცოცხლეს სძენს.       ორი დღის შემდეგ ელენა და აბელი უკვე "შენობით" მიმართავდნენ ერთმანეთს, ასე მოისურვა ხოაკინმა, რომელიც მესამე სეანსზე სულაც აღარ მოსულა.   - აბა ვნახოთ, როგორ მიდის პორტრეტის საქმე, - თქვა ელენამ და მოლბერტს მიუახლოვდა.   - მოგწონს?   - რა ვიცი, მე თვითონ როგორ ვთქვა, მგავს თუ არა!   - როგორ, სარკეში არ იყურები განა?   - კი, მაგრამ...   - მაგრამ, რა?   - არ ვიცი...   - მერედა, არ გეჩვენება, რომ ამ სარკეში საკმაოდ ლამაზი ჩანხარ?   - ეს უკვე პირფერობაა!   - მაშ ხოაკინს ვკითხოთ.   - იმას ნუ მიხსენებ, გთხოვ, რა აუტანელია!   - მე კი სწორედ იმაზე მინდოდა შენთან ლაპარაკი.   - თუ ასეა, მაშინ წავალ..   - არა, მოიცადე და ყური დამიგდე. ასე რატომ აწამებ იმ საწყალს?   - აჰ, კიდეც ექომაგები? იქნებ ეს პორტრეტიც საბაბი იყო?   - ელენა, დამიჯერე, მასთან თამაში არ გამოგადგება! ეგებ რაღაც კი აქვს ისეთი...   - აუტანელი!   - არა, უბრალოდ, ძალზე გულჩათხრობილია. იქნებ ცოტა ქედმაღალიც თუ უკმეხი, თავის განცდებში ჩაფლული, მაგრამ ძალიან კეთილია, საოცრად პატიოსანი, ნიჭიერი, ბრწყინვალე მომავალი აქვს, შენც გაგიჟებით უყვარხარ...   - და თუ მე მაინც არ მიყვარს!...   - მაშინ არც იმედი უნდა მისცე!   - მაინც რა იმედი მივეცი? მომბეზრდა ჩიჩინი, დიდებული ყმაწვილი ხარ-მეთქი! იქნებ სწორედ ამისთვისაც არ მომწონს. თავისთავად კარგი ყმაწვილიცაა და კარგი ბიძაშვილიც, ოღონდ საქმროდ...,   - მაგრამ ის ამბობს...   - თუ რამე სხვას ამბობს, მაშასადამე ტყუის, აბელ, ბიძაშვილს ჩემთან ლაპარაკს ხომ ვერ ავუკრძალავ. ბიძაშვილი! დიდი ღვთის წყალობა კია!   - ნუ დასცინი!   - სხვანაირად არ შემიძლია.   - ხოაკინს ეჭვი აქვს, ეჭვი კი არა, თითქმის დარწმუნებულია, რომ შენ სხვა გიყვარს, რაკი მას არ თანაუგრძნობ...   - თვითონ გითხრა?   - ჰო, თვითონ მითხრა...       ელენამ ბრაზით მოკუმა პირი, თითქოს შეკრთა და ერთი წამით კიდეც გაჩუმდა.   - ჰო, თვითონ მითხრა, - გაიმეორა აბელმა, მარჯვენა ხელი ტილოდან არ აუღია და თან ისე დაჟინებით შეაცქერდა, თითქოს სურდა მისი იდუმალი ფიქრები ამოეცნო.   - რაკი ასეა დარწმუნებული, მაშინ...   - მაშინ, რა?   - ის, რომ ვეცდები, გავამართლო მისი ეჭვი...       და იმ საღამოს აბელი აღარ ხატავდა ელენას პორტრეტს. სახლიდან რომ გამოვიდნენ, უკვე დანიშნულები იყვნენ. III       აბელის სურათის წარმატება უსაზღვრო იყო; გამოფენაზე ელენას პორტრეტის წინ ხალხი არ ილეოდა. "ერთი დიდი მხატვარი კიდევ შეგვემატა!" - ამბობდნენ ისინი და ელენაც შემთხვევას ხელიდან არ გაუშვებდა, საგამოფენო დარბაზის წინ ჩაევლო და ხალხის აზრი არ მოესმინა; ისე დასეირნობდა ქალაქის ქუჩებში, იფიქრებდით, სულჩადგმული ნახატიაო, ხელოვნების ეს უკვდავი ქმნილება რაღაც სასწაულის ძალით გაცოცხლებულა და სასეირნოდ გამოსულაო. და განა მართლაც ამისთვის არ იყო გაჩენილი?       ხოაკინს მოსვენება დაეკარგა.   - არ მახსოვს, ოდესმე ასე საშინლად მომქცეოდეს, - შესჩიოდა იგი აბელს, - როგორც უნდა, ისე მათამაშებს, ნამდვილად სიცოცხლეს მომისწრაფებს!   - რა გასაკვირია, ახლა უკვე პროფესიულ ლამაზმანად მიაჩნია თავი.   - მით უმეტეს, რომ შენ მას უკვდავება მიანიჭე! მეორე ჯოკონდა!   - შენც ადექი და შენი ექიმობით ნამდვილი სიცოცხლე გაუგრძელე...   - თუ მოვუსწრაფო!...   - ასე ტრაგიკულად რატომ ლაპარაკობ!   - რა ვქნა, აბელ, რა ვქნა?   - მოითმინე...   - სხვათა შორის, მისი სიტყვებიდან ისე გავიგე, თითქოს შენ გითქვამს, ხოაკინს ეჭვი აქვს, ელენას სხვა უყვარსო...   - ვიფიქრე, რაღაცნაირად დაგეხმარებოდი და...   - დამეხმარებოდი? ეეჰ, აბელ, აბელ, შენც მაგის მხარეზე ხარ, ორივენი მატყუებთ...   - გატყუებთ? რატომ უნდა მოგატყუოთ! განა ელენა რამეს შეგპირდა?   - შენ შეგპირდა?   - თუ ელენა შენი საცოლეა!...   - ეგებ შენი გახდა!...       აბელს ფერი ეცვალა და ხმა ვეღარ ამოიღო.   - აი, ხომ ხედავ! - ხმის კანკალით წამოიძახა ხოაკინმა, - აი, ხომ ხედავ!   - რას ვხედავ?   - ახლა როგორღა გაიმართლებ თავს? რა სინდისით შემომხედავ თვალებში!   - კარგი, ხოაკინ, მოდი, გულახდილად ვილაპარაკოთ, ჩვენ ხომ ძველი მეგობრები ვართ და ლამის ძმებიც...   - მერედა, ძმას პირველმა უნდა ჩასცე ხანჯალი?   - ნუ ცხარობ, ხოაკინ, მოითმინე...   - მოითმინეო? განა მთელი ჩემი ცხოვრება ერთი გაუთავებელი მოთმინება და გაუთავებელი ტანჯვა არ არის? აი, შენ ყველას უყვარხარ, ყველა გელოლიავება, ყოველთვის გამარჯვებული გამოდიხარ, მხატვარი ხარ და... მე კი...       ცრემლი ყელში მოებჯინა, სიტყვა ვეღარ დაასრულა.   - რა უნდა მექნა, ხოაკინ! შენი აზრით, როგორ უნდა მოვქცეულიყავი?   - რა და, არ უნდა გეცადა მისი მოხიბვლა, რაკი ჩემი გრძნობების ამბავი იცოდი!...   - მე არაფერ შუაში ვარ, ხოაკინ, დამიჯერე, მან თვითონ...   - ცხადია, შენ მხატვარი ხარ, თანაც იღბლიანი, ბედის ნებიერი, რომელი ქალი არ ეცდება შენი გულის მონადირებას; ერთი სიტყვით, შენ მისი გული დაიპყარი...   - არა, დამიჯერე, მე კი არა, მან თვითონ...   - ჰო, მან, აბა რა, ფარშავანგმა, პროფესიულმა ლამაზმანმა, ჯოკონდამ... შენ მისი პირადი მხატვარი გახდები... ყოველნაირ ვითარებაში დახატავ, ყოველნაირი განათების დროს, ყველა პოზაში, შიშველსაც და ჩაცმულსაც...   - ხოაკინ!   - და ასე უკვდავყოფ მას! ისიც იმდენ ხანსვე იცოცხლებს, რამდენსაც შენი ტილოები, უფრო სწორად, კი არ იცხოვრებს, ელენა ხომ არც ცხოვრობს, არამედ იარსებებს, თავადაც ხომ მარმარილოსაგანაა შექმნილი, ქვისაა, ქვასავით ცივი და სასტიკი; შენც მასავით ცივი ხარ და მასავით სასტიკი. ის... უსულო ხორცის ნაჭერია!   - ასე ნუ ცხარობ, გამიგონე!   - კიდევაც რომ მამშვიდებ! ეს ხომ მუხანათობაა, უსინდისობა!       ხოაკინმა იგრძნო, რომ ძალა ერთიანად გამოელია და დადუმდა, გეგონებოდათ, ვნებამ, ასერიგად რომ უღრღნიდა მთელ გულ-გვამს, ლაპარაკის უნარიც წაართვაო.   - მოდი აქ, ადამიანო, მომისმინე, - ტკბილად მიმართა აბელმა და ამან კიდევ უფრო გაამწარა იგი, - მომისმინე და თავად განსაჯე. აბა, როგორ უნდა შემეყვარებინა ძალით შენი თავი მისთვის, თუკი არ უყვარდი? თუკი საქმროდ ვერ წარმოედგინე!...   - ვიცი, ყველას ვძულვარ, ასეთი დაწყევლილი დავიბადე!   - გეფიცები, ხოაკინ...   - ნუ დაიფიცებ!   - გეფიცები, ეს რომ მარტო ჩემზე ყოფილიყო დამოკიდებული, ელენა დღესვე შენი საცოლე გახდებოდა, ხვალ კი შეიძლება ცოლიც, მე რომ შემძლებოდა მისთვის შემეგონებინა...   - ერთ ულუფა ოსპის შეჭამანდზეც გაცვლიდი!..   - არა, ხოაკინ, კი არ გავცვლიდი, სულაც უსასყიდლოდ დაგითმობდი და თქვენი ბედნიერების ცქერითაც კმაყოფილი ვიქნებოდი, მაგრამ თუკი...   - მას მე ვუყვარვარო, შენ არაო, ეს გინდოდა გეთქვა, არა?   - ჰო, ეს...   - ელენამ ხელი მკრა მე. მე, ასე რომ ვცდილობდი მისი გულის მონადირებას. ამ დროს კი, თურმე ის იკლავს თავს შენი გულის დასაპყრობად და შენ კი ხელს კრავ...   - ასეა! ტყუილად არ გჯერა ჩემი. მან მაცდუნა...   - ხედავ, რა წარმოდგენა გქონია საკუთარ თავზე! პირდაპირ საზიზღრობაა!...   - წარმოდგენა?   - დიახ, დიახ! წარმოდგენა! ... საწყალი, შეაცდინეს! ამას არ ჯობდა, შენ შეგეცდინა იგი. საბრალო მსხვერპლი! შენი გულისთვის ქალები აკი ერთმანეთს ხოცავენ!   - მოთმინებას ნუ დამაკარგვინებ, ხოაკინ!...   - შენ? მოთმინებას ნუ დამაკარგვინებო? მუხანათი ყოფილხარ, უსინდისო, ასეთი ვერაგობა... ჩვენს შორის სამუდამოდ დამთავრდა ყველაფერი! - მაგრამ უეცრად ხმა გაებზარა და ცრემლმორეულმა ესღა წაილუღლუღა, - შემიბრალე აბელ, შემიბრალე! ხომ ხედავ, ყველა ალმაცერად მიყურებს, მტრულად; ყველა ზურგს მაქცევს... შენ ახალგაზრდა ხარ, ბედისგან გალაღებული, განებივრებული, ქალებიც გაღმერთებენ... დამითმე ელენა... გაიგე, სხვაზე გული არასოდეს შემივარდება... დამითმე ელენა...   - კიდეც რომ დაგითმო...   - შენ მარტო ის მოახერხე, რომ მომისმინოს, უკეთესად გამიცნოს, უთხარი, შენი გულისთვის კვდება-თქო, უშენოდ სიცოცხლე არ შეუძლია-თქო.   - მაშ შენ ელენა არ გცნობია...   - ორივეს კარგად გიცნობთ! ღმერთის წინაშე დაიფიცე, რომ ცოლად არ შეირთავ...   - როდისა ვთქვი, ცოლად ვირთავ-მეთქი?   - ააჰ, მაშ ეს ყველაფერი მარტო იმისთვის მოაწყვეთ, რომ მაეჭვიანოთ? თუ მართლა ასეა, ნამდვილი პრანჭია ყოფილა... პრანჭიაზე უარესიც და უბრალოდ...   - გეყოფა! - შეუტია აბელმა.       ისეთი ხმა ჰქონდა, რომ ხოაკინი უნებურად გაჩუმდა და გაოცებული შეაცქერდა მეგობარს.   - ასე არ შეიძლება, ხოაკინ, შენთან ლაპარაკი წყლის ნაყვაა, აუტანელი გახდი!       და აბელი წავიდა.       "ის ღამე ჯოჯოხეთად მექცა, - ჩაუწერია ხოაკინს "აღსარებაში", - ვერა და ვერ მოვისვენე. ვწრიალებდი, ბალიშს კბილებით ვგლეჯდი, წყურვილი მახრჩობდა, დოქი გვერდით მოვიდგი და წამდაუწუმ ვსვამდი, ციებცხელებიანივით მაკანკალებდა. დროდადრო ჩავთვლემდი ხოლმე და რაღაც შემზარავი სიზმრები წამიღებდა. ავდგები და ორივეს დავხოცავ-მეთქი, ვფიქრობდი და ამ მკვლელობის გეგმას დრამისა თუ რომანის სქემასავით ვაგებდი, ათას წვრილმანს ვიგონებდი ამ საშინელი, სისხლიანი შურისგებით შეპყრობილი და თან ჩემს მსხვერპლებთან დიალოგებს ვთხზავდი. დროდადრო გონებაში ისიც კი გამიელვებდა, იქნებ ელენას ჩემი გამწარება უნდოდა და აბელს იმიტომ დაახვია თავბრუ, რომ მასხრად ავეგდე, სინამდვილეში ხომ მას სიყვარულის უნარიც არ გააჩნია, რადგან მხოლოდ და მხოლოდ უსულგულო, თავის თავზე შეყვარებული ხორცის ნაჭერია-მეთქი; და ახლა უფრო მეტს ვფიქრობდი მასზე, უფრო მეძალებოდა ვნება, სიშმაგე. ერთხელ ისიც კი მეზმანა, ვითომ ელენას დავეუფლე, იქვე, გვერდით კი აბელის უსულო გვამი ეგდო. ის ღამე სისხლიანი შურისგების უსასრულო ქარიშხლად, უძალო რისხვად, ჭუჭყიან სურვილებად გადამექცა. გათენებისას ამ ზმანებებით გატანჯულმა დავიწყე განსჯა და თუმცა მივხვდი, არავითარი უფლება არა მქონდა ელენა ჩემად ჩამეთვალა, აბელი მაინც მთელი არსებით შევიძულე; გადავწყვიტე, ამ სიძულვილს გულის სიღრმეში შევინახავ, თვალის ჩინივით მოვუვლი, გავუფრთხილდები-მეთქი; სიძულვილს? მაშინ ჯერ კიდევ არ მინდოდა ამ გრძნობისთვის სახელი მეწოდებინა, არ მინდოდა იმის აღიარება, რომ ეს გრძნობა ჩემთან ერთად იშვა და წინასწარ იყო განსაზღვრული. იმ ღამეს იშვა ჯოჯოხეთიც ჩემს ცხოვრებაში..." IV   - ელენა, - უთხრა აბელმა, - ხოაკინზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევს!   - რატომ, რა მოხდა?   - როცა შევატყობინებ, დაქორწინებას ვაპირებ-მეთქი, ვინ იცის, რას ჩაიდენს. თუმცა ცოტა დაწყნარდა და ჩვენ ამბავსაც თითქოს შეეგუა, მაგრამ...   - კარგია, რომ შეეგუა!   - მაგრამ სიმართლე რომ ვაღიაროთ, მაინც ხომ ვტყუივართ მასთან?   - რაო? შენც ამას ამბობ? იქნებ გინდათ ქალები პირუტყვად გვაქციოთ, როცა გინდათ, მოგვიყვანოთ, როცა გინდათ, გაგვაგდოთ, გაგვაქირავოთ და გაგვყიდოთ კიდეც?   - რა სათქმელია, მაგრამ...   - მაგრამ, რა?   - ჩვენ ხომ ხოაკინმა გაგვაცნო ერთმანეთი, რათა შენი პორტრეტი დამეხატა. ახლა კი ისე გამოვიდა, რომ მე ვისარგებლე...   - ძალიან კარგადაც გამოვიდა! განა რამეს დავპირდი? თუნდაც ასე ყოფილიყო, ყველა თავისას ცდილობს...   - კარგი, მაგრამ...   - რაო! ეგებ ნანობ კიდეც! მომისმინე, ახლავე რომ მიმატოვო, დღესვე, როცა ყველამ გაიგო ჩვენი ამბავი და დანიშნულებად გვთვლიან, ხოაკინს მაინც არ გავყვები ცოლად, არაფრის გულისთვის არ გავყვები! ასე არასოდეს მძულებია! თაყვანისმცემლებს რა გამომილევს, ორივე ხელის თითები არ მეყოფა, რომ დავთვალო, იმდენია, - და მან თავისი დიდრონი მკლავები ზემოთ შემართა, გრძელი, ლამაზი, ბუდეშურივით თითები, ესოდენ სიყვარულით რომ ხატავდა აბელი, თვალწინ შეუთამაშა.       აბელმა მაშინვე დაუჭირა ხელები და დაუკოცნა, მერე ტუჩებშიც აკოცა.   - დამშვიდდი, აბელ!   - მართალი ხარ, ელენა, რატომ უნდა ჩავიმწაროთ ბედნიერება იმაზე ფიქრით, რას განიცდის და როგორ იტანჯება საბრალო ხოაკინი...   - საბრალო! საბრალო კი არა, შურიანია და მეტი არაფერი!   - შურსაც გააჩნია, ელენა...   - არაფერი უჭირს, ცოტა იდარდოს! - ერთი წუთის ავი დუმილის შემდეგ კი დასძინა: - ჩვენც იმით ვანუგეშოთ, რომ ქორწილში დავპატიჟოთ...   - ელენა!   - მერე რა მოხდა? ის ხომ ჩემი ბიძაშვილია, შენი კი უახლოესი, ბავშვობის მეგობარი; ერთმანეთიც მისი წყალობით გავიცანით. თუ შენ ვერ ეტყვი, მე დავპატიჟებ; არ მოვა - ძალიან კარგი, მოვა და, მით უკეთესი... V       აბელმა ქორწინების ამბავი რომ შეატყობინა ხოაკინს, მან თქვა:   - ასეც უნდა მომხდარიყო; სხვას არც ველოდი...   - ალბათ, გამიგებ...   - რა თქმა უნდა, გაგიგებ, რა გიჟი და გადარეული მე მნახე! ყველაფერი კარგად მესმის და გაბედნიერებასაც მოგილოცავთ. მე კი, ალბათ, ვეღარ ვეღირსები ბედნიერებას!...   - თუ ღმერთი გწამს, ხოაკინ, აღარაფერი მითხრა...   - კარგი, ასე იყოს. გააბედნიერე ელენა და დაე, მან გაგაბედნიეროს შენ. ორივეს გაპატიეთ უკვე...   - მართალს ამბობ?   - მართალს ვამბობ, მინდა, რომ გაპატიოთ. მეც, ალბათ, რაღაცას ვეწევი ცხოვრებაში.   - თუ ცუდად არ ჩამომართმევ, ქორწილში მინდა დაგპატიჟო ჩემი...   - და მისი სახელითაც, არა?   - ჰო, მისი სახელითაც...   - გასაგებია, მოვალ, თუ თქვენს ბედნიერებას, ამით რამეს შევმატებ, აუცილებლად მოვალ.       ქორწილის დღეს ხოაკინმა აბელს ორი მშვენიერი ოქროს ვარაყიანი დამბაჩა გაუგზავნა. გაუგზავნა იმიტომ, რომ იგი მხატვარი იყო.   - დამბაჩა იმიტომ გამოგიგზავნა, რომ თუ მოგბეზრდები, მომკლა, - უთხრა ელენამ თავის მომავალ მეუღლეს.   - ეს რა სათქმელია!   - განა ხოაკინს ასე ადვილად მიუხვდები... მთელი ცხოვრება სული რაღაცას ხლართავს.       "ქორწილის ამბავი რომ მაცნობა, - წერდა თავის "აღსარებაში" ხოაკინი, - იმ დღეებში ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს სული ყინულად მექცა, გულიც ყინულმა შემისუდრა; ყინული ცეცხლივით მდაღავდა. სულს ვერ ვითქვამდი. ელენასადმი და, განსაკუთრებით, აბელისადმი სიძულვილმა, ამ ყინულივით ცივმა სიძულვილმა, რომლის ფესვები ღვარძლივით შემოეგრაგნა ჩემს სულს და შებორკა, მთლად გამაქვავა. მაგრამ არა, ეს არც ღვარძლი იყო, რაღაც ცივი, დიდი აისბერგის მსგავსი რამ ამოიზარდა ჩემს სულში, უფრო სწორად, ჩემი სული შეეყინა ამ სიძულვილის აისბერგს. იმდენად გამჭვირვალე აისბერგს, რომ მის მიღმა ყველაფერს ცხადად ვხედავდი. მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ ჩემს წინაშე დანაშაული მართლაც არ მიუძღოდათ, ყოველ შემთხვევაში, იმ მნიშვნელობით, როგორც ყველა ადამიანს ესმის თავისი სიმართლე თუ დანაშაული; კარგად ვიცოდი, რომ ელენასთან სადავო არაფერი მქონდა, ან რა ძალით უნდა შემეყვარებინა მისთვის თავი; თუკი ერთმანეთი უყვარდათ, კიდეც უნდა შეუღლებულიყვნენ, მაგრამ თან ვგრძნობდი, რომ მე თვითონ ვუბიძგე მათ ერთმანეთისკენ, ვუბიძგე არა მარტო იმით, რომ ერთმანეთს გავაცანი, სიყვარულისკენაც მე ვუბიძგე; სწორედ ჩემდამი სიძულვილმა დააკავშირა ისინი ერთმანეთთან. ელენას გადაწყვეტილებას ბევრად შეუწყო ხელი სურვილმა, რომ მე გავეშმაგებინე, დავეტანჯე და ჩემს სულში შური აღეძრა, გავეთანაბრებინე აბელთან, მის საშინელ ეგოიზმთან, რაც ყოველთვის ეღობებოდა წინ სხვისი ტანჯვა გაეგო და თანაგრძნობა აღძვროდა სხვისადმი; ასევე სრულიად უნებურად, დაუფიქრებლად არ აძლევდა თავს ანგარიშს და ვერც ამჩნევდა, რომ სხვა ადამიანებიც არსებობდნენ, უკეთეს შემთხვევაში, ჩვენ, ყველას, მხოლოდ თავისი სურათების მოდელებად მიგვიჩნევდა და მარტო ამდენად ვარსებობდით მისთვის. სიძულვილის უნარიც კი არ გააჩნდა, ისე იყო თავისი არსებით სავსე.       ჯვრისწერის დღეს სიძულვილი ერთიანად მომედო და მწვავდა. გული ყინულის ნატეხად გადამექცა და მომაკვდინებელმა შიშმა შემიპყრო მოლოდინში, როცა მათ "ჰოს" გავიგებდი; ვაითუ ეს ყინული მთლად დაიმსხვრეს, გული გამეპოს და უსულოდ დავეცე მიწაზე, ანდა სულაც ჭკუაზე შევცდე-მეთქი. ქორწილზე სიკვდილმისჯილივით მივდიოდი, მაგრამ რაც მე იქ დამემართა, სიკვდილზე უარესი იყო; ნამდვილად სიკვდილი მერჩივნა, ნეტავ მართლა მოვმკვდარიყავი! ელენას სილამაზემ თვალი მომჭრა. როცა მომესალმა, მეგონა, გულ-გვამში ყინულივით ცივი ხანჯალი დამიტრიალეს-მეთქი, არა, ყინულზე უფრო ცივი, რადგან თვით გული ყინულზე უფრო გაყინული მქონდა. ეს ხანჯალი მისი ღიმილი იყო, ზიზღნარევი თანაგრძნობის ღიმილი. "მადლობელი ვარ", - მითხრა მან და ეს სიტყვები ისე მომესმა, თითქოს ეთქვას: "საბრალო ხოაკინ!" რაც შეეხება აბელს, არ ვიცი შემამჩნია თუ არა. "დიდად ვაფასებ ამ მსხვერპლს", - განაგრძო ელენამ, რადგან უნდოდა კიდევ რაიმე ეთქვა. "მსხვერპლი რა სათქმელია, - მივუგე მე, - რაკი დაგპირდით მოვალ-მეთქი, კიდეც უნდა მოვსულიყავი, აკი საღად მოაზროვნე კაცად მიცნობენ, უარი როგორ უნდა მეთქვა მეგობრისათვის, ძმისთვის!" ეტყობა, ჩემი ეს ახალი და ვაი, რომ არცთუ სახარბიელო პოზიცია, სასაცილოდაც არ ეჩვენა. ახლა მე ნამდვილად ქვის სტუმარს ვგავდი.       ახლოვდებოდა საბედისწერო წუთი და მეც წამებს ვითვლიდი. "ცოტაც და ყველაფერი დამთავრდება!" მეჩვენებოდა, გული საცაა გამეპარება-მეთქი, გარკვევით გავიგონე მკაფიოდ ნათქვამი "ჰო", ერთისაც და მეორისაც. "ჰოს" რომ ამბობდა, ელენამ მე შემომხედა, ვიგრძენი, როგორ მომიჭირა ყინულმა მარწუხები, მაგრამ არ შევმკრთალვარ, კრინტი არ დამიძრავს, ვითომ მე სულაც არაფერი მეხებოდა. ამან მთელი ჩემი არსება ჯოჯოხეთური შიშით აავსო. თავი შემზარავ ურჩხულად წარმოვიდგინე, თითქოს აღარც ვარსებობდი და საბოლოოდ ვიქეცი ყინულის ნამტვრევად. მაშინ ტანზე მოვისვი ხელი და კიდეც ვიჩქმიტე, მაჯაც გავისინჯე. "მაინც ცოცხალი ვარ!" - ვარწმუნებდი თავს. არ მინდა ყველაფერი გავიხსენო, რაც იმ დღეს მოხდა. ისინი დამემშვიდობნენ და საქორწინო მოგზაურობაში წავიდნენ თაფლობის თვის გასატარებლად. მე წიგნებში ჩავეფალი, ცდებმა გამიტაცა, თან იმ დროისთვის საკმაო პაციენტებიც გამომიჩნდა. ჩემმა გონებრივმა თავისუფლებამ, ასეთი გამოუსწორებელი დარტყმა რომ მომაყენა, კიდეც მიმახვედრა, თურმე სულაც არ მქონია სული, მიბიძგა მეცნიერულ კვლევებში მეძებნა არა ნუგეში, ნუგეში არც მჭირდებოდა და არც მინდოდა, უბრალოდ, ჩემს უზომო პატივმოყვარულ ჩანაფიქრთა განხორციელების გზაზე დამაყენა. გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, ისეთი სახელი და დიდება მომეპოვებინა, რომ აბელის მზარდი დიდება დამეჩრდილა; მეცნიერული აღმოჩენებით, მედიცინის ხელოვნების, პოეზიის ნამდვილი შედევრებით აბელის ტილოები გამეხუნებინა. ერთ დღესაც იქნება და ელენაც მიხვდება, რომ მხატვარს კი არა, სწორედ მე, ექიმს, თუნდაც არასანდომიან კაცს, შემეძლო ჭეშმარიტი დიდების შარავანდედი დამედგა მისთვის. ისე ჩავეფალი მეცნიერებაში, რომ ზოგჯერ მეჩვენებოდა, ისინი სულაც დამავიწყდნენ-მეთქი. მოვინდომე მეცნიერებისაგან შემექმნა გამაბრუებელი და ძალის მომცემი საშუალებაც!" VI       მცირე ხანს არ გაუვლია, რაც ისინი საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნდნენ, რომ აბელი რაღაც გამოუცნობმა, მძიმე სენმა შეიპყრო; მაშინ დაუძახეს ხოაკინს, რომ გაესინჯა და ემკურნალა მისთვის.   - ძალიან მეშინია, ხოაკინ, - უთხრა ელენამ, - მთელი ღამე ბოდავდა და სულ შენ გიხმობდა.       ხოაკინმა დიდის გულისყურით გასინჯა მეგობარი, მერე თვალებში შეხედა ბიძაშვილს და უთხრა:   - ძალზე მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ იმედი მაქვს გადავარჩენ. აი, საკუთარი თავის გადარჩენის იმედი კი აღარა მაქვს...   - გადაარჩინე! - შესძახა ელენამ, - რომ იცოდე...   - ყველაფერი ვიცი! - უპასუხა ხოაკინმა და წავიდა.       ელენა ქმრის საწოლთან მივიდა და სიცხისაგან გახურებულ შუბლზე ხელი დაადო, თავადაც თითქოს ციებ-ცხელებას შეეპყრო, "ხოაკინ, ხოაკინ! - ბოდავდა აბელი, - გვაპატიე, მაპატიე!"   - დამშვიდდი, - ყურში ჩასჩურჩულა ელენამ, - დამშვიდდი, ის შენს სანახავად მოვიდა და დამაიმედა, მოვარჩენო, ისიც თქვა, წყნარად იყოსო.   - მოვარჩენო?...   - უნებურად იკითხა ავადმყოფმა.       ხოაკინი შინ დაბრუნდა, თითქოს მასაც ციებ-ცხელება შეჰყროდა, მაგრამ ეს იყო რაღაცნაირი გამყინავი ცხელება. "რა იქნება, რომ მოკვდეს?" - ფიქრობდა იგი. საწოლზე გაუხდელად დაეცა და მის წარმოდგენაში გაიელვა, რა ამბავი დატრიალდებოდა აბელის სიკვდილის მერე: მგლოვიარე ელენა, მერე უკვე ქვრივთან შეხვედრა, ელენას სინდისის ქენჯნა და ერთ მშვენიერ დღეს, მოულოდნელი აღმოჩენა იმისა, თუ რა გვიან მიხვდა, ვინ ყოფილა ხოაკინი, რა განუკურნებელ სასოწარკვეთას შეუპყრია, როგორ სჭირდებოდა დაკარგული ბედნიერების დაბრუნება, როგორ სჭირდებოდა თურმე ელენა; და მერე, როგორ ჩაუვარდება ელენა მკლავებში და აღიარებს ის, მეორე მხოლოდ შემთხვევითი ღალატი, წუთიერი გატაცება, პრანჭია ქალის წამიერი ახირება, ავი სიზმარი იყოო, რომ სინამდვილეში მას ყოველთვის უყვარდა ხოაკინი, მხოლოდ იგი და სხვა არავინ. "მაგრამ ის არ მოკვდება! - თქვა ხოაკინმა, - ყოველ ღონეს ვიხმარ, რომ არ მოკვდეს, არ მოვკლავ, რადგან სასწორზე ძევს ჩემი პატიოსნება და ესეც არ იყოს... ჩემთვის აუცილებელია, რომ მან იცოცხლოს!..."       ამ სიტყვებით "ჩემთვის აუცილებელია, რომ მან იცოცხლოს!" - ხოაკინის სული ისე ათრთოლდა, მუხის ფოთოლს რომ აათრთოლებს ქარიშხალი. "საშინელი დღეები დამიდგა: - წერდა თავის "აღსარებაში" ხოაკინი, - აბელის ავადმყოფობის დღეები აღსავსე იყო გამოუთქმელი ტანჯვით. მისი სიცოცხლე ჩემს ხელში იყო, შემეძლო მიმეშვა და მოკვდებოდა, შემეძლო დამეჩქარებინა კიდეც მისი სიკვდილი, თანაც ვერც ერთი სულიერი ჩემზე ეჭვსაც ვერ აიღებდა, არც მე დავტოვებდი რაიმე კვალს, ბრალი რომ დაედოთ. სამედიცინო პრაქტიკაში მეტად უცნაური, საეჭვო სიკვდილის უამრავი მაგალითი მოიპოვებოდა, რასაც შემდეგ ტრაგიკულ შუქს ჰფენდა მომდევნო მოვლენები - მაგალითად, ქვრივის ნაჩქარევი ქორწინება და სხვა მსგავსი ფაქტები. დავიწყე ბრძოლა, ასე არასოდეს შევბმივარ საკუთარ თავს - ამ შხამიან გველეშაპს, ასე რომ მიწამლავდა და მიბნელებდა წუთისოფელს. აქ საქმე ეხებოდა ჩემს, ადამიანურ პატიოსნებას, ექიმის პატიოსნებას, ჩემს გონებრივ სიჯანსაღეს, ჩემს ტვინს. ვხვდებოდი, როგორ მკაწრავდა შემპარავი სიგიჟის ბრჭყალები; ლამის ვგრძნობდი კიდეც, როგორ მესობოდა მისი ნესტარი გულში. მაგრამ გავიმარჯვე, აბელი სიკვდილს გამოვგლიჯე! ასეთი ბედნიერი და სულიერად დამშვიდებული ჩემს სიცოცხლეში არ ვყოფილვარ. ჩემი უბედურება ჩემსავე სასიკეთოდ შემობრუნდა. ამ გამარჯვებამ უბედური უბედნიერეს კაცად მაქცია".   - შენს ქმარს უკვე აღარავითარი საშიშროება აღარ ელის, - გამოუცხადა ერთ მშვენიერ დღეს ხოაკინმა ელენას.   - მადლობელი ვარ, ხოაკინ, დიდი მადლობელი, - და მან ხელი ხელში წაავლო, ხოაკინი გაყუჩდა, - შენ არ იცი, რა სიკეთე ქენი.   - არც თქვენ იცით, თავად რა სიკეთე გამოიჩინეთ...   - ღვთის გულისათვის, ამას ნუ ამბობ, ხოაკინ... ახლა, როცა ასეთი მადლი მოისხი, წარსულს ნუღარ მივუბრუნდებით...   - არც ვუბრუნდები, უბრალოდ, მართლა დიდი სიკეთე გამოიჩინეთ ჩემს მიმართ. აბელის ავადმყოფობამ ბევრ რამეზე ამიხილა თვალი.   - აჰა, ეს ავადმყოფობა განსაკუთრებით საინტერესო შემთხვევად მიგაჩნია?   - სულაც არა, ელენა, იმდენად საინტერესოდ, რამდენადაც მე შემემთხვა... პირადად...   - არაფერი მესმის!   - თავადაც არ მესმის. მარტო ის მინდოდა მეთქვა, რომ ამ დღეებში შენი ქმრის გადასარჩენად რომ ვიბრძოდი...   - პირდაპირ თქვი, აბელის-თქო!   - კარგი, ასე იყოს, მაშასადამე, მის ავადმყოფობას რომ ვებრძოდი, ამავე დროს ჩემსასაც ვსწავლობდი და თქვენი ბედნიერების შემხედვარემ, გადავწყვიტე... ცოლი შევირთო.   - აჰა! საცოლე გყავს?   - არა. ჯერ არა მყავს, მაგრამ მოვძებნი. საკუთარი კერა მინდა და ამიტომ ცოლი უნდა შევირთო, ვაითუ გგონია, ვერ შევხვდები ქალს, ვინც შემიყვარებს!   - რატომაც ვერ შეხვდები, რა თქმა უნდა, შეხვდები!...   - მე ვგულისხმობ ქალს, ვინც მე შემიყვარებს.   - გასაგებია, ქალს, ვისაც ეყვარები...   - კაცმა რომ თქვას, როგორც საქმრო...   - ჰო, რასაკვირველია, ბრწყინვალე საქმროდ ითვლები... ახალგაზრდა ხარ, საკმაოდ შეძლებული, კარგი მომავალი გაქვს, მალე სახელსაც მოიხვეჭ, კეთილიც ხარ...   - კეთილი, მაგრამ არასანდომიანი, არა, ელენა?   - არა, ხოაკინ, არა, არასანდომიანი სულაც არა ხარ.   - აჰ, ელენა, ელენა, სად შევხვდები ამისთანა ქალს?   - ვინც შეგიყვარდება?   - არა, თუნდაც ისეთს, ვინც არ მომატყუებდა, ყოველთვის სიმართლეს მეტყოდა, არ დამცინებდა, ელენა, არ დამცინებდა!... ვინც მე ცოლად გამომყვებოდა სასოწარკვეთილების გამო, ვისაც ეცოდინებოდა, რომ ჩემს იქით გზა არა აქვს და ამას თავადვე აღიარებდა...   - შენ მართლა ავად ხარ, ხოაკინ, შეირთე ცოლი!   - ნამდვილად კი გჯერა, ელენა, რომ მოიძებნება ადამიანი, რომელიც მე შემიყვარებდა?   - შეუძლებელი არაფერია, როცა ძალიან მოინდომებ, კიდეც მოიძებნება ადამიანი, რომელსაც შეუყვარდები!   - მერე, მე კი მეყვარება ჩემი ცოლი? შევძლებ კი მის შეყვარებას? მითხარი...   - აბა, რას ამბობ...   - იცი რა, ელენა, როცა შენ არ უყვარხარ ან არ შეგიძლია სხვას თავი შეაყვარო, ეს ყველაზე დიდი საშინელება მაინც არ არის, ამაზე უარესი ისაა, როცა სიყვარულის უნარი არ გაგაჩნია.   - დონ მატეო, ჩვენი მრევლის მღვდელიც ამასვე ამბობს, სიყვარული მარტო სატანას არ შეუძლიაო...   - სატანა კი სულ აქ, ამ ჩვენს დედამიწაზე დაძრწის, ელენა!   - გაჩუმდი, ასე ნუ ლაპარაკობ!   - განა ამაზე უარესი არ არის, რომ დღენიადაგ ამას უჩიჩინებ თავს?   - ნუღარაფერს იტყვი! VII       ხოაკინმა გადაწყვიტა საცოლე მოეძებნა და ამ მტანჯველი ვნებისაგან თავი როგორმე დაეხსნა, ეგებ ცოლის ნაზ ალერსს, დედობრივ ზრუნვას გადაერჩინა როგორმე სულში აბობოქრებული სიძულვილისაგან, შეშინებული ბავშვივით ჩაერგო თავი მის მკერდში და არ დაენახა იმ ჯოჯოხეთური ურჩხულის შემზარავი თვალები.       და აი, საბრალო ანტონიაც დროზე გამოჩნდა!       ანტონია სწორედ რომ დედობისათვის იყო დაბადებული - სითბოსი და თანაგრძნობის ნამდვილი განსახიერება; გულთმისანივით, საოცარი გუმანით ამოიცნო, რა ჯოჯოხეთიც ტრიალებდა ხოაკინის სულში, მიხვდა, რა სულიერი ხეიბარი იყო, წერას ატანილი და, აი, ამ მწარე ხვედრისთვის შეიყვარა იგი ანგარიშმიუცემლად; რაღაც იდუმალი ძალით იზიდავდა ამ ექიმის ცივი, უკმეხი სიტყვები, კაცისა, ვისაც ადამიანური სიკეთისა არაფერი სწამდა.       ანტონია ერთადერთი შვილი იყო ქვრივისა, რომელსაც ხოაკინი მკურნალობდა.   - გგონიათ, მომჯობინდება? - ეკითხებოდა ხოლმე იგი ხოაკინს.   - ძნელია ამის თქმა, ძალიან ძნელი, საბრალო მეტისმეტად დაუძლურებულია, დასუსტებული, ეტყობა, ბევრი გადაუტანია... გულიც ძალზე სუსტი აქვს...   - უშველეთ რამე, დონ ხოაკინ, უშველეთ, ღვთის გულისათვის! რომ შეიძლებოდეს, საკუთარ სიცოცხლეს არ დავიშურებდი!   - ვაი, რომ შეუძლებელია! ესეც არ იყოს, ვინ იცის, იქნებ თქვენი სიცოცხლე სხვას უფრო მეტად სჭირდება ანტონია...   - ჩემი სიცოცხლე? ვის სჭირდება? რისთვის?   - ვინ იცის...       საბრალო ავადმყოფი მალე მიიცვალა.   - მოსახდენი მოხდა, ანტონია, - უთხრა ხოაკინმა, - აქ მეცნიერება უძლურია!   - ჰო, ალბათ, ასე ინება უფალმა!   - უფალმა?   - ააჰ, - ანტონიამ ცრემლით სავსე თვალებით შეხედა ხოაკინს მშრალსა და მკაცრ თვალებში, - ნუთუ ღმერთი არა გწამთ?   - მე? ... რა ვიცი!...       უეცრად ისეთი თანაგრძნობით განიმსჭვალა ეს ღვთისმოსავი ქალი ექიმის მიმართ, რომ წამით დედის სიკვდილიც გადაავიწყდა.   - რა მეშველებოდა ახლა, ღმერთი რომ არ მწამდეს?   - სიცოცხლე ყოვლისშემძლეა, ანტონია.   - მე კი მგონია, სიკვდილია სწორედ ყოვლისშემძლე! აი ახლა.... სულ მარტო... ლამის უთვისტომო...   - კარგად მესმის შენი, ანტონია, მარტოობა ძალიან ძნელია, მაგრამ შენ დედაშენის წმინდა მოგონება მაინც დაგრჩა, შეგიძლია, ღმერთს შეავედრო... მაგრამ ხომ არსებობს სხვანაირი მარტოობა, გაცილებით უფრო საშინელი მარტოობა!   - როგორი?   - ისეთი მარტოობა, როცა კაცი ყველას სძულს, როდესაც მას ყველა დასცინის... მარტოობა კაცისა, ვისაც არასოდეს არავინ ეუბნება მართალ სიტყვას...   - მერედა, როგორი მართალი სიტყვის გაგონებას ისურვებდით?   - აი, შენ, მაგალითად, შეგიძლია სიმართლე მითხრა, აქვე, დედაშენის ჯერ კიდევ თბილი ცხედრის გვერდით დაიფიცო, რომ სიმართლეს მეტყვი?   - რასაკვირველია, გეტყვით.   - ძალიან კარგი. მაშ მითხარი, განა მე არასანდომიანი კაცი არ ვარ?   - არა, არა ხართ!   - ვარ, ანტონია!   - არა, ტყუილია!...   - მაშინ როგორი ვარ?   - როგორი? უბედური კაცი ხართ, ტანჯული...       ხოაკინის გულში ყინული გალღვა, თვალზე ცრემლი მოადგა, სულიც თითქოს შეუქანდა, აუთრთოლდა.       სულ მალე ხოაკინმა და ობოლმა ანტონიამ გადაწყვიტეს თავიანთი ურთიერთობა დაეკანონებინათ და როგორც კი გლოვის ვადა გავიდოდა, ჯვარი დაეწერათ.       "საბრალო ჩემი ცოლი, - წერდა მრავალი წლის შემდეგ ხოაკინი თავის "აღსარებაში", - იძულებული იყო არათუ ვყვარებოდი, და ჩემს განკურნებაზე ეზრუნა, არამედ, კიდეც შებრძოლებოდა ზიზღს, რასაც, ეჭვგარეშეა, ვუნერგავდი. მაგრამ არასოდეს არც დაუჩივლია და არც უგრძნობინებია ეს ჩემთვის. განა შეიძლებოდა მე მასში არ აღმეძრა ზიზღი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩემი სულის კეთრი, ჩემი სიძულვილის იარა დავანახე! დარწმუნებული ვარ, ისე გამომყვა ცოლად, როგორც მიჰყვებიან ხოლმე კეთროვანს, მხოლოდ ღვთის მომადლებული სიკეთის, ქრისტიანული მსხვერპლშეწირვის თუ თვითგვემის კარნახით, გამომყვა, რათა ჩემი სული გადაერჩინა და ამით, წმინდანობის გმირული გზით - საკუთარიც. და წმინდანიც იყო ჭეშმარიტად! თუმცა კი მაინც ვერ განმკურნა, ვერც ელენასაგან და ვერც აბელისაგან ვერ განმკურნა. უმალ პირიქით, უარესი დამმართა, მისი სიწმინდე სინდისის ქენჯნის ახალ საბაბად და ახალ, სამუდამო საყვედურად მექცა.       მისი თვინიერება მაშმაგებდა, ზოგჯერ, ღმერთო მაპატიე და, კიდეც მერჩივნა, გაბოროტებული მენახა, ის კი არა, სიძულვილით აღსავსეც კი!" VIII       ამასობაში აბელის სახელი მთელმა ქვეყანამ გაიგო, ესპანეთის ერთ-ერთ საუკეთესო მხატვრად აღიარეს და მისი დიდება საზღვრებსაც კი გასცდა. ამ ქება-დიდებას ხოაკინის სული მწვავე ტკივილით ეხმაურებოდა. "როგორ არა, აბელი მეტად გონიერი მხატვარია, ბრწყინვალედ ფლობს ტექნიკას, ძალზე განათლებულია, თავისი საქმის ოსტატი", - ჩაისისინებდა ხოლმე იგი და ისე შეაქებდა, ლამის ლანძღვას უდრიდა. ხოაკინს მიაჩნდა, რომ თავადაც ხელოვანი იყო, მედიცინაში ნამდვილი პოეტი, გენიალური კლინიცისტი, შემოქმედი, იშვიათი მიხვედრილობის კაცი და ამიტომ, ფიქრობდა, პაციენტებს შევეშვები და მხოლოდ წმინდა მეცნიერებას - თეორიულ პათოლოგიასა და კვლევა-ძიებას შევალევ ჩემს სიცოცხლესო. მაგრამ აკი პაციენტები აძლევდნენ შემოსავალს.       "და მაინც, მეცნიერული კვლევის გზაზე მართლა შემოსავალზე ფიქრი როდი მეღობებოდა, - ნათქვამია "აღსარებაში", - მეცნიერებისკენ ჩემი ლტოლვა მხოლოდ დიდებისა და პატივის მოხვეჭის, დიდ მეცნიერად ჩემი აღიარების სურვილი იყო, ოღონდ კი ამ გზით დამეჩრდილა აბელის მხატვრობა; სინამდვილეში მარტო შურისგების გრძნობა მამოძრავებდა; შური მინდოდა მეძია მათზე, ორივეზე, დამესაჯა ელენა და სხვებიც; ასე შეიკრა ჩემი შმაგი ოცნებების კვანძი, მაგრამ მეორე მხრივ, ეს უწმინდური ვნება, ბოროტებისა და სიძულვილის მოზღვავება სულის სიმშვიდეს მირღვევდა. არა, ჩემი სული მზად არ იყო მეცნიერული შრომისთვის, რადგან ასეთი შრომა სწორედ რომ სულის სიმშვიდესა და სიწმინდეს მოითხოვდა. ასე იყო თუ ისე, პაციენტებს გულს მაინც ვაყოლებდი. როგორ არა, პაციენტებს გულს ვაყოლებდი, მაგრამ ზოგჯერ შიში ამიტანდა ხოლმე, ისე მაფორიაქებდა და ისე მიფანტავდა გულისყურს ეს ჩემი ვნება, რომ მეშინოდა, ამ საცოდავებს არა ვავნო რა-მეთქი. ერთხელაც ისეთი რამ შემემთხვა, რომ ერთბაშად მთელი სული გადამიტრიალდა. ერთ ქალბატონს ვმკურნალობდი, საკმაოდ მძიმე ავადმყოფი კი იყო, მაგრამ სასიკვდილო ნამდვილად არაფერი სჭირდა. თანაც ამ ამბავს ისიც დაემატა, რომ თურმე აბელს ამ ქალის პორტრეტი დაეხატა, დიდებული პორტრეტი იყო, მის ნახატებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო; როგორც კი ამ ქალის სახლში ფეხი შევდგი, პირველად სწორედ ეს პორტრეტი მომხვდა თვალში; სურათზე გაცილებით ცოცხალი გეჩვენებოდათ, ვიდრე სინამდვილეში იყო, მით უმეტეს, მწოლიარე, ავადმყოფობისგან გატანჯული. პორტრეტი თითქოს მეუბნებოდა: "შემომხედე, მან მე საუკუნო სიცოცხლე მომანიჭა, აბა ახლა ვნახოთ, შენ რაღას იზამ, შესძლებ თუ არა ჩემი ორეულის სიცოცხლე გაახანგრძლივო?" და როცა ავადმყოფის გვერდით ვიჯექი, ვსინჯავდი, მაჯისცემას ვუთვლიდი და ვუსმენდი, მხოლოდ ის, მეორე, სურათზე გამოსახული ქალი მედგა თვალწინ, სულ ერთიანად დავყრუვდი და დავბრმავდი. ავადმყოფი, მალე მიიცვალა; მე მას სიკვდილის საშუალება მივეცი, ამის მიზეზი ჩემი სიბრმავე იყო, ჩემი დანაშაულებრივი უგულისყურობა. შიშმა ამიტანა, საკუთარი თავი შემზიზღდა ასეთი უსუსურობისთვის. ამ ქალის სიკვდილის შემდეგ რამდენიმე დღეს არ გაუვლია და კვლავ იმავე სახლში მიმიწვიეს უკვე სხვა ავადმყოფის სანახავად. იქ რომ მივდიოდი, წინასწარ გადავწყვიტე, პორტრეტს სულაც არ შევხედავ-მეთქი. მაგრამ ამაოდ, პორტრეტი თვითონ მიყურებდა და თვალს მტაცებდა. წასვლა რომ დავაპირე, სახლის პატრონმა კარამდე მიმაცილა, დამშვიდობებისას პორტრეტთან შევყოვნდი და რაღაც საბედისწერო ძალამ წამომაძახებინა:   - დიდებული პორტრეტია! აბელის ნახატებში, ალბათ, საუკეთესო!   - დიახ, - მიპასუხა ქვრივმა, - ეს პორტრეტიღა დამრჩა სანუგეშოდ, საათობით ვზივარ ხოლმე და შევცქერი; ზოგჯერ მეჩვენება, ეს-ესაა დამელაპარაკება-მეთქი.   - დიახ, დიახ, - დავძინე მე, - აბელი, მართლაც, საოცარი მხატვარია!       სახლიდან რომ გამოვედი, ჩემს თავს ვუთხარი: "მე მოვკალი ეს ქალი, აბელმა კი მკვდრეთით აღადგინა!"       ხოაკინი ყოველთვის მძიმედ განიცდიდა თავისი ავადმყოფების სიკვდილს, განსაკუთრებით კი ბავშვებისას, მაგრამ სხვისი ავადმყოფების სიკვდილი დიდად არ ტკენდა გულს: "მაინც რატომ უნდა ეცოცხლა?.. - იტყოდა ხოლმე ასეთ შემთხვევაში, - მისთვის სიკვდილი ნამდვილად ღვთის წყალობა იყო..." საკუთარმა სულიერმა მდგომარეობამ ისე დაძაბა და გაამახვილა მისი ფსიქოლოგიური დაკვირვების ნიჭი, რომ ერთი შეხედვითაც კი შეეძლო გამოეცნო თუნდაც ყველაზე უფრო ძნელად ამოსაცნობი ზნეობრივი სენი. გარეგნული წესიერების ნიღაბს მიღმა ადვილად ხვდებოდა, როცა ქმრები მაინცდამაინც თავს არ იკლავდნენ ცოლების დაკარგვისათვის, პირიქით, უხაროდათ, კიდეც; ცოლებსაც ერთი სული ჰქონდათ, სანამ ქმრებისაგან განთავისუფლდებოდნენ, ოღონდ კი სასწრაფოდ ჩაეგდოთ ხელში უკვე წინასწარ შეთვალიერებული გულის რჩეული. როცა გაიგო, მისი პაციენტის, ალვარესის ქვრივი ერთი წლის შემდეგ გარდაცვლილის უახლოეს მეგობარს, მენენდესს ცოლად გაჰყვაო, ხოაკინმა თავისთვის თქვა: "რაღაც მეტისმეტად უცნაურად კი მეჩვენება მისი სიკვდილი; ახლა ნათელია... ამქვეყნად ადამიანზე უფრო ბილწი ცხოველი არ მოიპოვება! მაგალითისათვის ეს სათნო ქალბატონიც კმარა! მერედა, რა კეთილშობილი ქალია!..."   - ექიმო, - მიმართა მას ერთხელ ავადმყოფმა, - ღვთის გულისათვის, მომკალით, მეტის გაძლება აღარ შემიძლია... დამალევინეთ რაიმე ისეთი, რომ სამუდამოდ დამაძინოს...       "კაცმა რომ თქვას, რატომ არ შეიძლება მართლაც შევუსრულო თხოვნა ამ უბედურს, - ფიქრობდა ხოაკინი, - ასეთი ტანჯვით სიცოცხლეს რა ფასი აქვს? მებრალება! მაინც რა ცოდვით სავსეა ეს ქვეყანა!"       რამდენჯერ ყოფილა, რომ ავადმყოფის ბედში საკუთარი უცვნია.       ერთხელ, მასთან მეზობელი მივიდა, ერთი საწყალი ქალი, დროისა და ჯაფისაგან გატეხილი; თურმე ქმარს მიეტოვებინა, ოცდახუთი წლის ერთად ცხოვრების შემდეგ ვიღაც ქარაფშუტას გადაჰყროდა. მიტოვებული ცოლი კი მასთან მივიდა თავისი დარდის გასაზიარებლად.   - ვაი ჩემს დღეს, დონ ხოაკინ! - აწუწუნდა იგი, - თქვენზე ამბობენ, ყველაფრის მცოდნეაო. იქნებ რამე ისეთი წამალი იცოდეთ, ჩემი საცოდავი ქმარი გადავარჩინო, იმ თვალთმაქცმა ნამდვილად რაღაც ჯადო გაუკეთა.   - რა ჯადოზე მელაპარაკები, თუ ღმერთი გწამს?   - აბა, მაშ რა უნდა იყოს. წარმოიდგინეთ, მთელი ცხოვრება, ოცდახუთი წელიწადი ერთად გავატარეთ და რაღა ახლა მოუნდა სხვასთან გაქცევა. ჯადოა, მაშ რა!...   - მე რომ მკითხო, გასაოცარი ის იქნებოდა, დაქორწინებისთანავე რომ მიეტოვებინე, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და თანაც...   - აჰ, არა ბატონო ექიმო, არა! იმან უეჭველად რაღაც საწამლავი დაალევინა და გადარია, თორემ ამას არ იზამდა... ეს არ მოხდებოდა...   - ჯადო... ჯადო... - წაიბურტყუნა ხოაკინმა.   - ჰო, სწორედ ჯადო, დონ ხოაკინ, ნამდვილად რაღაც დაალევინა... ამდენი რამ იცით, ექიმო და იქნებ ისიც იცოდეთ, როგორ ვიხსნა...   - ეეჰ, ჩემო კარგო, მთელი თავისი დღე და მოსწრება ჩვენი წინაპრებიც სულ რაღაც მაცოცხლებელ წყალს ეძებდნენ, ახალგაზრდობა რომ დაებუნებინათ...       და როცა დარდისაგან განადგურებული ქალი წავიდა, ხოაკინმა თქვა: "ნუთუ ამ ბეჩავს სარკეში მაინც არ ჩაუხედავს? მაშინ ხომ დაინახავდა რას დაამგვანა განვლილმა წლებმა და მძიმე ჯაფამ! მდაბიო ხალხი ყველაფერს ჯადოს, ავ თვალსა და შურს აბრალებს... სამუშაოს ვერ მოძებნიან, შურია მიზეზი... უბედურება რამ შეემთხვევათ, ისევ შური! ხელი მოეცარებათ რამეში და შური! ყველაფერს სხვას აბრალებენ და თავად კი არიან შურიანები! ანდა განა ჩვენ, ყველანი, შურიანები არა ვართ? რაღა შორს მივდივარ, მე თვითონაც ჯადოთი არა ვარ შეკრული?"       კიდევ მრავალი დღე ფიქრობდა იგი ამ ჯადოზე და ბოლოს დაასკვნა:       "ეს არის კიდეც პირველცოდვა!" IX       ხოაკინმა ანტონია იმ იმედით შეირთო, მყუდრო სავანეს მაინც ვპოვებო და საბრალო ქალმაც უმალ დაინახა თავისი ადგილიცა და დანიშნულებაც ქმრის გულში;’ რა უნდა ექნა, რაკი ასეთი ავადმყოფი და უიმედო სულიერი ხეიბარი არგუნა ბედმა, მისი ქომაგიცა და ნუგეშიც უნდა გამხდარიყო, ასეთი ყოფილა მისი ხვედრი - ძიძობა უნდა გაეწია ქმრისთვის და უდრტვინველად შეურიგდა ამ ხვედრს; აკი თანაგრძნობამ და კეთილმოწყალე სიყვარულმა უბიძგა იმ კაცისკენ, ვინც ისურვა თავისი ცხოვრება მასთან დაეკავშირებინა. ანტონია კარგად გრძნობდა, რომ მას და ხოაკინს შორის რაღაც უხილავი, გამჭვირვალე ყინულის კედელი აღმართულიყო. განა ასეთი კაცი შეიძლება ცოლს ეკუთვნოდეს, ეს შლეგი და წერასატანილი ადამიანი ხომ თავისთავსაც არ ეკუთვნოდა! ცოლქმრული ურთიერთობის ყველაზე უფრო ინტიმურ წუთებშიც კი რაღაც უხილავი ჩრდილი ჩამოწვებოდა ხოლმე მათ შორის და ქალი გრძნობდა, რომ ძალით, ქურდულად სტაცებდა ქმარს კოცნას. ხოაკინი ყოველთვის თავს არიდებდა ცოლთან ელენას ხსენებას, მაგრამ ანტონია მიუხვდა და თითქოს განგებ, როგორც კი სუფრასთან დროს მოიხელთებდა, მაინც ჩამოუგდებდა ხოლმე მასზე სიტყვას. მაგრამ ეს მხოლოდ პირველ ხანებში ხდებოდა, მერე თავადაც ერიდებოდა ელენას ხსენებას. ერთხელ ხოაკინი აბელთან სახლში მიიწვიეს, ელენას დასჭირვებოდა ექიმი. გასინჯა ხოაკინმა და მიხვდა, იგი ფეხმძიმედ იყო. როცა წარმოიდგინა, საკუთარი ცოლი ჯერ ისევ უშვილო იყო, სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, თავი დამცირებულად იგრძნო და სირცხვილისაგან ფერი ეცვალა, მით უფრო, რომ სატანამაც არ დააყოვნა და იმწამშივე წასჩურჩულა: "აი, ხედავ, შენ მას მამაკაცობაშიც ვერ გაუტოლდები! კაცი, ვისაც შეუძლია თავისი ხელოვნებით მკვდრეთით აღადგინოს შენი დანაშაულებრივი სიყეყეჩით სასიკვდილოდ განწირულნი, მალე მამა გახდება, ვაჟიშვილი ეყოლება, ამ ქვეყანას ერთ ცოცხალ არსებას შეჰმატებს და იგი იქნება ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი მისი, შენ კი... იქნებ არც ამისი უნარი გაგაჩნია... მამაკაცობაშიც ვერ უტოლდები!..." დაღვრემილი და დასევდიანებული დაბრუნდა ხოაკინი თავის მყუდრო სავანეში, თავის კერაზე.   - აბელთან იყავი? - ჰკითხა ცოლმა.   - ჰო, როგორ მიხვდი?   - სახეზე გაწერია. ის სახლი ნამდვილად შენი სატანჯველია, არ უნდა წასულიყავი...   - აბა, რა უნდა მექნა?   - რა და, მოგებოდიშებინა და უარი გეთქვა, ვერ გაიგე, რომ შენთვის მთავარია ჯანმრთელობა და სიმშვიდე...   - შენ უბრალოდ გეჩვენება...   - არა, ხოაკინ, რატომ მიმალავ... - ცრემლი ყელში მოებჯინა და სიტყვა ვერ დაასრულა.       საბრალო ანტონია სკამზე დაეშვა. ქვითინისაგან მთელი ტანი უცახცახებდა.   - რა დაგემართა, ანტონია, რა მოხდა?...   - შენ თვითონ თქვი, რა გემართება, ხოაკინ, გამიხსენი გული, მიამბე...   - მე ბრალი არაფერში მიმიძღვის!...   - განა ასეა, ხოაკინ, გამოტყდი, სიმართლე მითხარი!       ხოაკინი ერთხანს ყოყმანობდა, გეგონებოდათ, უჩინარ მტერს, ზურგს უკან ამოფარებულ ეშმას ებრძვისო, მერე კი სასომიხდილმა ძლივს ამოღერღა, ხმა უწყდებოდა, ალაგ კიდეც წამოიყვირებდა:   - ჰო, გეტყვი სიმართლეს, სრულ სიმართლეს გეტყვი!   - შენ ისევ გიყვარს ელენა, ისევ ისე გიყვარს!   - არა, არ მიყვარს, სულაც არ მიყვარს! უწინ მიყვარდა, ახლა კი არ მიყვარს, არა!   - მაშ რა გემართება?   - რა?   - ჰო, გეკითხები?   - რა?   - ჰო, გეკითხები, რა არის-მეთქი შენი ტანჯვის მიზეზი? განა ვერ ხედავ, რა დღეში გაგდებს ის სახლი, ელენას სახლი; ის ოჯახი მოსვენებას არ გაძლევს, მაშასადამე, ელენა...   - არა, ელენა არა! აბელი!   - აბელზე ეჭვიანობ განა?   - ჰო, აბელზე, მე იგი მძულს, მძულს, - გამოსცრა ხოაკინმა და მუშტები შემართა.   - აბელზე თუ ეჭვიანობ... მაშასადამე, ელენა გიყვარს...   - არა, არა, ელენა არ მიყვარს. ის რომ სხვას გაჰყოლოდა, სულაც არ ვიეჭვიანებდი, არა, ელენა სულაც არ მიყვარს, კიდეც მძულს, ის სამეფო ფარშავანგი, პროფესიული ლამაზმანი, მოდური მხატვრის მოდელი, აბელის ხარჭა...   - თუ ღმერთი გწამს, ხოაკინ, თუ ღმერთი გწამს!...   - ჰო, ჰო, ხარჭა... მერე რა მოხდა, რომ კანონიერი ცოლია, შენ გგონია, მღვდლის კურთხევა ქორწინების არსში რამეს ცვლის?   - ხოაკინ, დაფიქრდი, რას ამბობ, აკი ჩვენც მათსავით ვიქორწინეთ...   - არა, მათსავით არა, ანტონია, მათსავით არა! ისინი მარტო იმიტომ შეუღლდნენ, რომ მე დავემარცხებინე, თავს ლაფი დაესხათ, სახეში შეეფურთხებინათ, თავი მოეჭრათ, მასხრად ავეგდე.... ერთი სიტყვით, მარტო ჩემს ჯიბრზე შეუღლდნენ...       და საბრალო ხოაკინს ქვითინი წასკდა, სული ყელში მოებჯინა, ხმა ჩაუწყდა, მოეჩვენა, აღსასრული დამიდგაო.   - ანტონია... ანტონია... - ძლივს გასაგონად წაიჩურჩულა ბოლოს.   - ჩემო საბრალო ბავშვო! - შესძახა ანტონიამ და გულში ჩაიკრა.       ქალმა ავადმყოფი ბავშვივით გულში ჩაიკრა იგი და თან უნანავებდა: - დაწყნარდი, ხოაკინ, დაწყნარდი, ჩემო ხოაკინ... მე აქა ვარ, შენი ცოლი, მუდამ შენი და მარტო შენი. ახლა, როცა შენი საიდუმლო გავიგე, უფრო მეტად ვიქნები შენი, ვიდრე აქამდე, უფრო ძლიერად მეყვარები... დაივიწყე ისინი... ყურადღებას ნუ მიაქცევ, განა ღირსნი არიან, რომ... განა უფრო უარესი არ იქნებოდა, იმისთანა ქალს შეჰყვარებოდი...   - მაგრამ მთავარი ხომ მაინც აბელია და არა ის, ანტონია...   - ისიც დაივიწყე!   - ასე იოლად ვერ დავივიწყებ... სულ თან დამყვება... მისი დიდება, მისი სახელი მოსვენებას არ მაძლევს...   - იმუშავე და შენც მიაღწევ სახელსა და დიდებას, რითი ხარ მასზე ნაკლები! შეეშვი პაციენტებს, ისინი შენ არც კი გჭირდება, წავიდეთ რენადაში, ჩემი მშობლების სახლში დავსახლდეთ და იქ მშვიდად აკეთე შენი საყვარელი საქმე. შენი მეცნიერული აღმოჩენები ხალხს შენზედაც აალაპარაკებს... თუკი რაიმე შემიძლია, მეც დაგეხმარები, ყოველნაირად ხელს შეგიწყობ... და არც შენ იქნები მასზე ნაკლებად ცნობილი...   - არ შემიძლია, ანტონია, არ შემიძლია. მისი წარმატება ძილშიაც არ მასვენებს და მშვიდი მუშაობის საშუალებას როგორღა მომცემს... მისი საოცარი ტილოები თვალიდან არ მშორდება, ლანდივით ჩადგება ჩემს თვალებსა და მიკროსკოპს შორის და ვეღარც იმას დავინახავ, რაც ჩემამდე არავის დაუნახავს... არ შემიძლია, არ შემიძლია...       ხოაკინს ხმა გაებზარა და დამცირებისაგან რეტდასხმულმა და დანთქმულმა, ბავშვივით, საიდუმლოს რომ გაანდობს ვინმეს თითქმის ჩურჩულით, სლუკუნით ძლივს წაილუღლუღა:   - მათ ბავშვი ეყოლებათ, ანტონია...   - მერე რა მოხდა, ჩვენც გვეყოლება, - ჩასჩურჩულა მან ყურში და თავისი სიტყვები კოცნით დაამოწმა, - ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი არც ჩვენ მოგვაკლებს წყალობას, აკი ყოველ ცისმარე დღეს ამას ვევედრები.. თან ლურდის წმინდა წყალიც...   - ნუთუ შენცა გწამს ჯადოები და წმინდა წყლები, ანტონია.   - მე ღმერთი მწამს!       "ღმერთი მწამს!" - გაიმეორა ხოაკინმა მარტო რომ დარჩა, მარტო თავის თავთან, თავის "მესთან", - რას ნიშნავს ღმერთი მწამს? სად არის ღმერთი? ეგებ, მეც ვეძიო იგი? X       "როცა აბელს ვაჟიშვილი შეეძინა, - წერდა თავის "აღსარებაში" ხოაკინი, - ვიგრძენი, სიძულვილმა ერთიანად დამრია ხელი. აბელმა მთხოვა, ელენას მშობიარობისას თავზე დავდგომოდი, მაგრამ მოვუბოდიშე, უარი ვუთხარი, მშობიარე არასოდეს მყოლია, რაც სხვათაშორის, სიმართლეს შეეფერებოდა, და ამიტომ გამიჭირდებოდა გულგრილობა გამომეჩინა, - ჩემი გაყინული გულის გულგრილობა-მეთქი, ჯობდა მეთქვა, - როცა საკუთარ ბიძაშვილს ასეთ განსაცდელში დავინახავდი. და მაინც ეშმა, ჩემი მუდმივი მეგზური, მაცდური ხმით ჩამჩურჩულებდა, წადი და ჩვილი შენი ხელით მოახრჩვეო. მაგრამ ეს შემაძრწუნებელი აზრი მაშინვე ჩავახშე".       "ესეც აბელის ახალი გამარჯვება, მხატვრისა კი არა, ამჯერად უკვე მამაკაცისა, - ბავშვი ულამაზესი იყო, სიცოცხლით და ჯან-ღონით სავსე, პირდაპირ ხელოვნების ნიმუში, "ნამდვილი ანგელოზი", - ყველა ასე ამბობდა და ამან უფრო მეტად მიმაჯაჭვა ანტონიასთან, ვისგანაც ველოდი საკუთარ პირმშოს. მთელი არსებით ვნატრობდი, ამ ბრმა სიძულვილის მსხვერპლი, - და იგი ჭეშმარიტად იყო მსხვერპლი, - ჩემი მეუღლე, ჩემი ბავშვის დედა გამხდარიყო, ვინც იქნებოდა ხორცი ხორცთაგანი ჩემი, ეშმა რომ შესჯდომოდა და ასე აწამებდა. ანტონია ჩემი შვილების დედა უნდა გამხდარიყო და ამდენად ყველა სხვა ბავშვის დედაზეც მაღლა უნდა მდგარიყო; აკი საბრალომ თვითონვე ამირჩია, ესოდენ არასანდომიანი, ყველასაგან მოძულებული, განკიცხული; აკი მიიღო ის, ვინც იმ მეორემ ზიზღით და დაცინვით უარყო, ავადაც რომ არასოდეს უხსენებია ისინი!       აბელის შვილი, აბელინი, - მამის სახელი დაარქვეს საგანგებოდ, მამის გვარი და დიდება რომ გაეგრძელებინა, - დიახ, აბელის შვილი, ვინც დროთა განმავლობაში ჩემი შურისგების იარაღი უნდა გამხდარიყო, მართლაც საოცარი ბავშვი იყო, მეც სწორედ ასეთი ბავშვი მინდოდა და კიდევ უფრო უკეთესიც!" XI   - ახლა რაღას გვიმზადებ? - ჰკითხა ერთხელ ხოაკინმა აბელს, როცა ბავშვის სანახავად მივიდა და სახელოსნოში მამა შემოხვდა.   - მინდა ისტორიულ სიუჟეტზე დავხატო რამე, უფრო სწორად, ძველი აღთქმის სიუჟეტზე და უკვე მასალებს ვაგროვებ...   - რას? იმ ეპოქის შესაფერ მოდელებს ხომ არ ეძებ?   - არა, უბრალოდ ბიბლიას ვკითხულობ და მასზე დართულ კომენტარებს.   - მაშ სწორად მითქვამს, ნამდვილი მეცნიერი მხატვარი ხარ-მეთქი...   - შენ კი ექიმი-მხატვარი, არა?   - არა, მეცნიერი მხატვარი კი არა, უფრო უარესი, ლიტერატორი! ფრთხილად, ერთ მშვენიერ დღეს მაგ შენი ფუნჯის მაგივრად კალამი არ შეგრჩეს ხელში!   - მადლობას მოგახსენებ გაფრთხილებისათვის!   - მერედა, ასეთი რა სიუჟეტი შეარჩიე იმ შენი სურათისათვის?   - აბელის სიკვდილისა, პირველი ძმისმკვლელის, კაინის ხელით.       ხოაკინი გაფითრდა, დაჟინებით შეაცქერდა თავის საუკეთესო მეგობარს და მერე ხმადაბლა ჰკითხა:   - ეს რაღამ გაფიქრებინა?   - სულ უბრალო რამემ, - მიუგო აბელმა და არც კი შეუმჩნევია მისი აღელვება, - სახელთა დამთხვევამ, მეც ხომ აბელი მქვია... აი, შიშველი ნატურის ორი ესკიზიც...   - ჰოო, გაშიშვლებული სხეული?...   - არა, გაშიშვლებული სული...   - რაო, მათი სულის დახატვაც ხომ არ მოგინდომებია?   - ცხადია, კაინის სული - შური და აბელის სული...   - რა?!   - ახლა სწორედ ამაზე ვფიქრობდი. აბელის სული ჯერ ვერ ამოვიცანი. ვფიქრობ, მომაკვდავი დავხატო, ღვიძლი ძმის ხელით მიწაზე წაქცეული. აი, სწორედ აქა მაქვს "დაბადება" და ლორდ ბაირონის "კაინი", ხომ არ წაგიკითხავს?   - არა, ლორდ ბაირონის "კაინი" არ წამიკითხავს. ბიბლიას რაღა გამოსცინცლე?   - ძალიან ცოტა რამ... თავად განსაჯე, - მაგიდიდან წიგნი აიღო და წაიკითხა:       "ხოლო ადამ იცნა, ევაი ცოლი თვისი და მიდგომილმან შვა კაინ და თქუა, მოვიგეთ კაცი ღმრთისა მიერ და შესძინა შობად ძმაი მისი აბელ და იქმნა იგი მწყემს ცხოვართა; ხოლო კაინ - მშრომელ ქუეყანისა, და იყო შემდგომად დღეთა მოართუა კაინ ნაყოფთაგან ქუეყანისათა მსხუერპლი უფალსა. და აბელ მოართუა მანცა პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა და ცმელთაგან და მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა, ხოლო კაინს ზედა და მსხუერპლთა მისთა ზედა არა მიიხილა..."   - მერე ასე რატომ მოხდა? - შეაწყვეტინა ხოაკინმა, - რატომ გადმოხედა მოწონების თვალით უფალმა ღმერთმა აბელის მსხვერპლს, კაინისას კი ზიზღით?   - აქ ეს არაა ახსნილი...   - მერე, რატომ შენ თავს არა ჰკითხე, თუკი ამ სურათის დახატვა გადაწყვიტე?   - რატომღაც არ... შეიძლება იმიტომ, რომ უფალმა ღმერთმა უმალ ამოიცნო კაინში მომავალი ძმისმკვლელი... მოშურნე...   - ისე გამოდის, თვითონ მას შეუქმნია იგი მოშურნედ... ეტყობა, მანვე შეასვა ეს შხამიც. აბა, განაგრძე.   - "და ჰრქუა უფალმან ღმერთმან კაინს: რათა რად შეიჭუვინ პირი შენი, არცა მართლიად შემოწირე, ხოლო მართლიად არა განჰყავ, სცოდე დაყუდენ, შენდამი მიქცევაი მისი და შენ ჰმთავრობდი მას..."   - და ცოდვამ გაიმარჯვა, - გააწყვეტინა ხოაკინმა, - რადგან ღმერთმა თვითონ შეუწყო ხელი ამას, განაგრძე!   - "და თქუა კაინ აბელის მიმართ, ძმისა თვისისა: განვიდეთ ზოგად ველად. და იყო, ყოფასა მათსა ველს, აღდგა კაინ აბელის ზედა, ძმისა თვისისა, და მოკლა იგი და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ..."   - გეყოფა! მეტს ნუღარ წაიკითხავ! უკვე აღარ მაინტერესებს, რა უთხრა უფალმა კაინს მას შემდეგ, რაც მოსახდენი მოხდა.       ხოაკინი მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო, თავზე ხელები შემოიჭდო და თავისი გაყინული, გამჭოლი მზერა მიაპყრო რატომღაც შემკრთალ აბელს, მერე კი ჰკითხა:   - არ გაგიგონია ერთი საგანგებო ხუმრობა, სკოლაში რომაა გავრცელებული? მოსწავლეებს, რომლებიც საღვთო წერილს ზუთხავენ, ასეთ კითხვას დაუსვამენ ხოლმე: "ვინ მოკლა კაინი?"   - არ გამიგონია!   - მომისმინე, ამ კითხვაზე ბავშვები სხარტად პასუხობენ: "მისმა ძმამ აბელმა".   - არ ვიცოდი!   - ახლა ხომ იცი. აბა, შენ მიპასუხე, რაკი ამ ბიბლიური სცენის დახატვა განგიზრახავს... ბიბლიური! ფიქრად მაინც არასოდეს მოგსვლია, კაინს რომ არ მოეკლა აბელი, სავსებით მოსალოდნელი იყო, აბელს მოეკლა თავისი ძმა?   - ეს რამ გაფიქრებინა?   - აბელის კრავები ხომ ეამებოდა უფალს და მას, ცხოვართა მწყემსს, მოწყალე თვალითაც უყურებდა უზენაესი; ხოლო კაინის, ქუეყანასა მშრომელისა მიერ მირთმეული ნაყოფთაგანი მიწისა არ ეამებოდა და კაინმაც დაკარგა უფლის წყალობის იმედი. აბელი იყო უფალი ღმერთისგან გალაღებული და განებივრებული... კაინი მისგან მოძულებული...   - მერე ეს რა აბელის ბრალია?   - აჰა, შენ გჯერა, რომ ბედის ნებიერთ, გალაღებულთ და ნაფერებთ სულ არ მიუძღვით ბრალი, არა? ისიც ხომ დანაშაულია, რომ ამ უპირატესობას, დაუმსახურებელ წარმატებას არ მალავენ, თუმცა კი ამის ხმამაღლა გამოცხადებაც სირცხვილია და, პირიქით, ამით თავიც მოაქვთ, ქვეყანას ამცნობენ, ასეთ და ასეთ პატივში ვართო; მე პირადად ეჭვიც კი არ მეპარება, რომ აბელი თვალშიც კი ეჩხირებოდა კაინს, თავს იწონებდა მის წინაშე, უფალი მწყალობსო და აღიზიანებდა ხოლმე თავის კოცონებით, როცა მსხვერპლს სწირავდა ღმერთს. ისინი, ვინც თავიანთ თავს სათნოებისა და სამართლიანობის ნიმუშად ასაღებენ, სინამდვილეში ქედმაღლები აღმოჩნდებიან ხოლმე და ამ თავისი მოჩვენებითი სათნოებითა თუ სამართლიანობით სხვებს თვალებს უხვევენ და არცხვენენ. ვიღაცას უთქვამს, ეგრეთ წოდებულ საპატივცემულო კაცზე უფრო დიდი მამაძაღლი ამ ქვეყანაზე არ მეგულებაო...   - შენ რა იცი, - ჰკითხა ამ საუბრის სერიოზულობით გატაცებულმა აბელმა, - რომ აბელი ამ თავისი უპირატესობით თავს იწონებდა?   - ეჭვიც არ მეპარება, რომ სულ პატარა პატივისცემაც კი არ გამოუმჟღავნებია თავისი უფროსი ძმის მიმართ და არც უფლისათვის უთხოვია, მასზედაც მოიღე მოწყალებაო. უფრო მეტიც, სწორედ ამ პატარა აბელიტოებმა გამოიგონეს ჯოჯოხეთიც პატარა კაინებისათვის, თორემ მაშინ მათ დიდებას რა ფასი ექნებოდა. მათი, ამ ტანჯვისაგან თავისუფალთა ნამდვილი სიხარული ხომ სხვათა ტანჯვის ჭვრეტაშია, მხოლოდ...   - ეეჰ, ხოაკინ, მაინც რა დაუნდობელი კაცი ხარ!   - ჰო, თავის თავის ექიმი ჯერ არავინ ყოფილა, ახლა კი მომეცი ლორდ ბაირონის "კაინი", მინდა წავიკითხო.   - წაიღე!   - ერთი ეს მითხარი, შენი ცოლი არაფერს შთაგაგონებს ამ სურათისათვის? რაიმე აზრს არ გკარნახობს?   - ჩემი ცოლი? ამ ტრაგედიაში ხომ ქალი არც მონაწილეობს!   - იგი ყოველ ტრაგედიაში მონაწილეობს, აბელ!   - იქნებ ევაც...   - სწორედ ევა... მან ხომ ერთი ძუძუ აწოვა ორივეს... ერთი სამსალა.. XII       ხოაკინმა რომ ლორდ ბაირონის "კაინი" წაიკითხა, "აღსარებაში" მოგვიანებით ჩაწერა: "ამ წიგნისგან მიღებული შთაბეჭდილება შემზარავი იყო. მაშინვე ვიგრძენი, რაოდენ მჭირდებოდა, ვინმესთვის გადამეშალა გული და მაშინ ჩავწერე კიდეც ზოგიერთი რამ, რაც დღემდე შემოვინახე და აი, ესეც. მაგრამ განა მხოლოდ გულის გადაშლა იყო ეს? არა. მგონი უფრო იმ მიზნით შემოვინახე, რომ ერთ მშვენიერ დღეს რაიმე გენიალური ნაწარმოებისათვის გამომეყენებინა. ჩვენ ყველას პატივმოყვარეობის ჭია გვღრღნის, მზად ვართ, ყველაზე იდუმალი და სამარცხვინო სენიც კი ქვეყანას დავანახოთ. მჯერა, სულ არ გაგვიჭირდება ისეთი კაცის მონახვა, რომელიც შავ ჭირსაც კი არ დამალავდა, ოღონდ კი სხვათა ყურადღება მიეპყრო, განა თვით ეს "აღსარება" უფრო მეტი არ არის, ვიდრე, გულის გადაშლა? ზოგჯერ ისიც მიფიქრია, ამ "აღსარებას" დავხევ და ამით კიდეც გავთავისუფლდები-მეთქი. მაგრამ განა ეს გამათავისუფლებდა? არა! ამ ტანჯვას არ მერჩივნა, ერთი კარგი სპექტაკლი მომეწყო ჩემივე თავისთვის? განა ბოლოს და ბოლოს ჩვენი ცხოვრებაც სპექტაკლი არ არის? ლორდ ბაირონის "კაინი" პირდაპირ გულში მომხვდა. რა სამართლიანად სდებს ბრალს კაინი თავის მშობლებს იმის გამო, რომ მათ იგემეს ნაყოფი ხისაგან ცნობადისა იმის ნაცვლად, რომ ეგემათ ნაყოფი ხისაგან ცხოვრებისა. რაც შემეხება მე, მეცნიერებამ უფრო მეტად გამიმწვავა ჭრილობა. "ვაი, რომ მერჩივნა სულაც არ მოვსულიყავი ამქვეყნად! - კაინთან ერთად ვიმეორებდი მეც, რატომ გავჩნდი? რად მინდა ეს სიცოცხლე? ვერაფრით ვერ ამიხსნია, როგორ არ მოიკლა კაინმა თავი! განა ამაზე კეთილშობილური დასაბამი ექნებოდა კაცობრიობის ისტორიას? ანდა რატომ არ მოიკლა თავი ადამმა და ევამ ცოდვით დაცემის შემდეგ? მაშინ ხომ აღარც შვილები ეყოლებოდათ! თუმცა იაჰვე მათივე მსგავს სხვა კაინს და სხვა აბელს მაინც შექმნიდა! ნუთუ ეს ტრაგედია სხვა სამყაროში, ვარსკვლავთა სისტემის სხვა პლანეტაზე არ გამეორებულა? ანდა იქნებ, ამ ტრაგედიას სხვა დადგმებიც აქვს, მიწიერისგან განსხვავებული? ნეტავ თუ მართლა დადგმა იყო ეს? როცა ის ადგილი წავიკითხე, სადაც ლიუციფერი კაინს განუცხადებს, უკვდავი ხარო, შეძრწუნებულმა გავიფიქრე, რა მეშველებოდა, მეც რომ უკვდავი ვიყო, მაშინ ხომ ჩემთან ერთად ჩემი სიძულვილიც უკვდავი იქნებოდა-მეთქი. "ნუთუ სული მაქვს? - ვეკითხებოდი თავს, - და ნუთუ ეს სულია სწორედ ჩემი სიძულვილიც? "და მე ვიფიქრე, უეჭველად ასე იქნება, რადგან ასეთი სიძულვილი არ შეიძლება მარტო სხეულის უბრალო ფუნქცია იყოს-მეთქი. ის, რისი აღმოჩენაც სხვებში სკალპელის მეშვეობითაც კი ვერ შევძელი, ახლა სულ უბრალოდ აღმოვაჩინე ჩემს საკუთარ არსებაში. ხრწნად სხეულს ასეთი სიძულვილის უნარი არ შეიძლება გააჩნდეს. ლიუციფერს ღმერთის დამხობა და მისი ადგილის დაჭერა უნდოდა, მე კი პატარაობიდანვე იმის ცდაში ვიყავი, ჩემს ტოლებში პირველობა მომეპოვებინა. და მაინც, თუ შემოქმედის, ყოველი უბედურების შემქმნელის ნება არ იყო, ასეთი უბედური როგორ დავიბადე! რამდენადაც იმ აბელს ეადვილებოდა თავისი ცხვრების მწყემსვა, იმდენადვე ეადვილებოდა ამ აბელს თავისი სურათების ხატვა. მაგრამ ახლა ჩემიცა ვთქვათ, განა მეც ასე იოლად ამოვიცნობდი ხოლმე ჩემი პაციენტების სენს? კაინი ჩიოდა, რომ ადას, მისი გულის სწორს, ცოლს მისას და დას მისას არ ესმოდა მისი სულის ბორგვა. მაგრამ ჩემს ადას, ჩემს საბრალო ადას ხომ კარგად ესმოდა ჩემი ტანჯვა. ესმოდა, რამეთუ ქრისტიანი იყო, თუმცა კაინის მსგავსად, ვერც მე ვპოულობდი ცოლის გულში თანაგრძნობას...       ამდენი სულთმობრძავის მნახველს, ამდენი სიკვდილის მომსწრეს, სანამ ბაირონის "კაინი" არ წავიკითხე, აზრადაც არ მომსვლია, სიკვდილზე დავფიქრებულიყავი და რამენაირად მეცადნა მისი ახსნა. ახლა კი ვფიქრობდი, ნუთუ ჩემთან ერთად მოკვდება ჩემი სიძულვილიც ანდა იქნებ სულაც მე ამომიჭამოს-მეთქი. ნუთუ მართლა შეიძლება სიძულვილმა მისი პატრონი ამოიჭამოს? ნუთუ ამ სიძულვილში არის რაიმე ისეთი სუბსტანციური, რაც შეიძლება შთამომავლობასაც გადაეცეს, ანდა იქნებ სწორედ ეს არის სულიც და თვით არსი სულისაც? და მე ლამის ვირწმუნე ჯოჯოხეთიც და ისიც, რომ სიკვდილი არის რაღაც არსება, არის დემონი, განსახიერებული სიძულვილი, სულის ღმერთი! თუ რამ მეცნიერებამ ვერ მასწავლა, ამ უდიდესი მოძულის, ლორდ ბაირონის შემაძრწუნებელმა პოემამ გამაგებინა. და აკი ჩემი ადაც ასევე მორიდებით მისაყვედურებდა ხოლმე, როცა არ ვმუშაობდი, როცა არ შემეძლო მუშაობა, მაგრამ ლიუციფერი მაინც ჩვენს შორის იდგა, მე და ჩემს ადას შორის: "ნუ, ნუ აჰყვები იმ სულს!" - მეუბნებოდა ჩემი ადაც, საბრალო ანტონია! როგორ მევედრებოდა, ამ სულისაგან დამიცავიო! საბრალო ჩემმა ადამ ჩემსავით მაინც ვერ შეიძულა ისინი, მაგრამ მე კი შევიყვარე ნამდვილად ანტონია? აჰ, ამის უნარი რომ მქონოდა, მაშინ ხომ კიდეც გადავრჩებოდი! მაგრამ მე მხოლოდ და მხოლოდ შურისძიების იარაღად მესახებოდა და თუ მიყვარდა, მარტო იმიტომ, რომ მასში ვჭვრეტდი მომავალ დედას, ჩემი ვაჟიშვილისას თუ ქალიშვილისას, ვისაც ჩემი ჯავრი უნდა ამოეყარა. აკი მე უგუნურს იმედი მქონდა, მამობა სიძულვილისგან განმკრუნავს-მეთქი. ეგებ ცოლიც იმიტომ შევირთე, რომ ჩემივე მსგავს მოძულეთა მამა გავმხდარიყავი, მათთვის გადამეცა ჩემი სიძულვილი და ასე უკვდავმეყო იგი? კაინსა და ლიუციფერს შორის მომხდარი სცენა სივრცის უფსკრულში, გულზე ცეცხლად მომედო; როცა ჩემს მეცნიერებას უეცრად ჩემი ცოდვის თვალსაზრისით შევხედე, მაშინღა მივხვდი, რომ ამაო იყო საწამებლად და დასაღუპად უკვე განწირულთა სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა. მივხვდი იმასაც, რომ ეს უკვდავი სიძულვილი იყო სწორედ ჩემი სულიც, ისიც დავიჯერე, რომ ეს სიძულვილი ჩემს გაჩენას უძღოდა წინ და ჩემი სიკვდილის შემდეგაც დარჩებოდა ფიქრი მარადიულ სიცოცხლეზე, რომლის მუდმივი თანამგზავრი იქნებოდა სიძულვილი, ნამდვილ ჯოჯოხეთად წარმომიდგა, მე კი მისი არსებობა სასაცილოდაც არ მყოფნიდა. აი, რა იყო ჯოჯოხეთი! როცა ის ადგილი წავიკითხე, სადაც ადა და კაინი თავიანთ შვილზე ენოქზე ლაპარაკობენ, ჩემს მომავალ შვილზე დავფიქრდი, სულ ერთია, ვინც იქნებოდა, ვაჟი თუ ქალი, შენზე დავფიქრდი, ჩემო გოგონავ, ჩემი ცოდვების გამოსყიდვავ და ჩემო ნუგეშო; წარმოვიდგინე, როგორ მოევლინები ამქვეყანას ერთ მშვენიერ დღეს ჩემს გადასარჩენად. ვკითხულობდი, როგორ ელაპარაკებოდა კაინი თავის მძინარე უცოდველ ყრმას, თავისი სიშიშვლისაც რომ არა ესმოდა რა და ვფიქრობდი, განა დანაშაული არ ჩავიდინე, შენ რომ ჩაგსახე, ჩემო საბრალო შვილო! განა ამას ოდესმე მაპატიებ? ადას კაინთან საუბარმა გამახსენა ნეტარი წლები, როცა ჯერ კიდევ არ ვილტვოდი ჯილდოებისაკენ და არ ვიბრძოდი პირველობისათვის ჩემს ტოლებს შორის. არა, ჩემო შვილო, არა, ჩემი მეცნიერული კვლევები სუფთა გულით არ მიმიძღვნია უზენაესისთვის; არასოდეს მიძებნია სიმართლე და ცოდნა, მე მხოლოდ ჯილდოსა და დიდებას ვეძებდი და მის დაჯაბნაზე ვოცნებობდი.       მას კი, აბელს, ჭეშმარიტად უყვარდა თავისი ხელოვნება და ეთაყვანებოდა, მას მხოლოდ წმინდა ზრახვები ამოძრავებდა და თავისი ხელოვნებით ჩემი დამდაბლება აზრადაც არასდროს მოსვლია, არა! მას არ წაურთმევია ჩემთვის დიდება, არა! მე კი, უგუნური, მისი საკურთხევლის შერყევაზე ვოცნებობდი! თურმე რარიგად ვცდებოდი! ვცდებოდი იმიტომ, რომ არასოდეს არავიზე მიფიქრია, საკუთარი თავის გარდა!.       ამ შემაძრწუნებელი, დემონური პოეტის მიერ აბელის სიკვდილის ეპიზოდის აღწერამ სულ ერთიანად ამირია ჭკუა-გონება, ეს რომ წავიკითხე, ვიგრძენი, როგორ გადაბრუნდა ჩემს არსებაში ყველაფერი და ამ დღიდან, ამ უღმერთო ბაირონის წყალობით, ჩამესახა რწმენა". XIII       ანტონიამ ხოაკინს ქალიშვილი გაუჩინა; "ქალიშვილი! - თქვა მან თავისთვის, - მას კი ვაჟიშვილი ჰყავს!" მაგრამ მაშინვე სცადა თავიდან მოეშორებინა ბნელი აზრები, ავი სული რომ ჩასჩიჩინებდა. ხოაკინმა თავისი ვნებიანი სულის მთელი ძალით შეიყვარა შვილი და მასთან ერთად დედამისიც. "ის იძიებს ჩემს მაგივრად შურს!" - გადაწყვიტა მან, თუმცა კი არ ესმოდა მაინც ვისზე უნდა ეძია შური, მერე გადაიფიქრა, "არა, მე იგი დამეხმარება, სულიერად განვიწმინდო!"       "მერე დავიწყე ყველაფერი ამის ჩაწერა, - ნათქვამია "აღსარებაში", - ჩემი ქალიშვილისათვის, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ მაინც გაეგო სიმართლე უბედური მამამისის შესახებ და სიბრალული და სიყვარული აღძვროდა. აკვანში მძინარეს რომ დავყურებდი, ასეთ უბიწოსა და უცოდველს, ვფიქრობდი, უზადო და სპეტაკი უნდა აღვზარდო-მეთქი, მაგრამ ამისათვის ჯერ მე უნდა განვწმენდილიყავი და განმეკურნა კეთროვანი სული. მინდოდა ყველა ჰყვარებოდა და მით უმეტეს, ისინი. და აქ, მის უმანკო აკვანთან დავიფიცე, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ამ ჯოჯოხეთურ ბორკილებს თავს დავაღწევ-მეთქი. უპირველეს ყოვლისა, აბელის დიდებაზე უნდა მექადაგა".       აბელ სანჩესმა დაამთავრა თუ არა სურათი, მაშინვე გამოფენაზე წაიღო და ამ შედევრმა უმალ საერთო აღიარება მოიპოვა, ყველას აღტაცება გამოიწვია. აბელი საპატიო მედლით დააჯილდოვეს.       ხოაკინიც დადიოდა გამოფენაზე, საათობით იდგა ხოლმე სურათის წინ და ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს სარკეში იყურებოდა, თან მნახველებსაც აკვირდებოდა და სულ იმას ცდილობდა, მათი გამომცდელი მზერა დაეჭირა, რადგან ეჩვენებოდა, ისინი ღვარძლიანად შესცქეროდნენ და სურათზე გამოსახულ კაინსა და ხოაკინს შორის მსგავსებას ეძებდნენ.       "ეჭვი მღრღნიდა, - წერდა იგი თავის "აღსარებაში", - რომ აბელ სანჩესი კაინის ხატვის დროს ჩემზე ფიქრობდა, იხსენებდა ჩვენი საუბრის წვრილმანებს, როცა მის სახელოსნოში ვისხედით და ამ სურათის დახატვის სურვილი გამიმჟღავნა, მერე "დაბადებიდან" ნაწყვეტებიც წამიკითხა; მაშინ ისე ვიყავი საკუთარ თავში ჩაფლული, სულ დამავიწყდა ბიბლიური კაინი და მის წინაშე ერთიანად გავაშიშვლე ჩემი ავადმყოფი სული. მაგრამ არა! აბელის კაინი ერთი ბეწოთიც არ მგავდა! მისი ხატვის დროს სულ არ უფიქრია ჩემზე და მაშასადამე, არც ჩემდამი სიძულვილი ჰქონდა, არც სიძულვილით დაუხატავს და არც ელენას ვუხსენებივარ მასთან. მათ ისიც ჰყოფნიდათ, რომ წინასწარ ტკბებოდნენ გამარჯვებით; ჩემზე საფიქრებლად და სალაპარაკოდ სად მოიცლიდნენ!       მაგრამ ის უფრო მეტ ტანჯვას მგვრიდა, რომ მათ არამცთუ არ უფიქრიათ ჩემზე, არამედ, სიძულვილითაც კი არ ვძულებივარ. მერჩივნა, აბელსაც ისევე ვძულებოდი, როგორც მე მძულდა იგი. ეს უკვე რაღაც სხვა იქნებოდა და ეს "რაღაც სხვა" ეგებ ჩემი გადარჩენის საწინდარიც გამხდარიყო".       ბოლოს ეს მტანჯველი ფიქრები ერთმა აზრმა გაუნათა, იფიქრა, აბელის გამარჯვება უნდა აღინიშნოს და საგანგებო ნადიმი გაიმართოსო. განაცხადა, რაკი აბელის ყველაზე ძველი და ახლო მეგობარი მე ვარ, ნადიმის მოწყობის ყველა საზრუნავს ჩემს თავზე ავიღებო.       ხოაკინს კარგი მჭერმეტყველის სახელი ჰქონდა დავარდნილი. სამეცნიერო და სამედიცინო აკადემიაში ტოლს ვერავინ დაუდებდა ლაპარაკში. მისი ბასრი, გონიერი, ზუსტი და, როგორც წესი, სარკასტული სიტყვა, ცნობილი იყო. მისი გამოსვლები ენთუზიასტ დამწყებთ ცივი შხაპივით აფხიზლებდა და პესიმისტური სკეპტიციზმის დაუვიწყარ გაკვეთილად რჩებოდა. იგი ავითარებდა აზრს, რომ მედიცინაში ზუსტი არაფერი არსებობს, რომ ყველაფერი დაფუძნებულია ჰიპოთეზებზე, მეტ-ნაკლებად გამჭრიახ მიხვედრილობაზე და ერთადერთი სწორი მიდგომა მხოლოდ ვარაუდიაო. ამიტომ როცა ხმა გავარდა, ხოაკინი ნადიმს მართავსო, უმეტესობა ელოდა, რომ მოისმენდა გესლიან, ორაზროვან სიტყვას, მშრალი, გონებისმიერი ფერწერის სარკასტულ ხოტბას და წინასწარ ტკბებოდნენ, რა დაუნდობელი, თუმცა პირმოთნეობის სამოსელში გამოწყობილი ანატომირება ელოდა აბელის ფერწერას. ვისაც ერთხელ მაინც მოესმინა ხოაკინის აზრი აბელის მხატვრობაზე, სულ იქედნურად ეცინებოდა. მოსალოდნელი საშიშროების თაობაზე აბელსაც ჩასჩურჩულეს.   - ცდებით, - უპასუხა აბელმა, - ხოაკინს კარგად ვიცნობ და ვერც დავიჯერებ, რომ ასეთ რამეს ჩაიდენს. მისი ახირებული ხასიათიც მომეხსენება, მაგრამ მხატვრული ალღო ჭეშმარიტად აქვს და თუ იტყვის, ისეთს იტყვის, რომ მოსასმენად ღირდეს. სხვათა შორის, მისი პორტრეტის დახატვა მინდა.   - პორტრეტის?   - ჰო, ჩემსავით ხომ მას არავინ იცნობს. ხოაკინს ნამდვილად ცეცხლოვანი და მეამბოხე სული აქვს.   - მაგაზე ცივი კაცი!...   - არა, ასე მხოლოდ შორიდან ჩანს. ეს სიცივე საფარველია, შიგნიდან კი ისეთი ცეცხლი უგიზგიზებს, მთლად გადაგბუგავს...       აბელის ასეთმა მსჯელობამ ხოაკინის ყურამდეც მიაღწია და უფრო ააბორგა მისი სული, უფრო გააღვივა მისი ეჭვი და მერყეობა. "ნეტავ სინამდვილეში რას ფიქრობს ჩემზე? - თქვა მან. - ნუთუ მართლა ჰგონია, რომ ცეცხლოვანი და მეამბოხე სული მაქვს? იქნებ უბრალოდ მიაჩნია, რომ ბედის ახირების მსხვერპლი ვარ და მეტი არაფერი?"       ერთხელ ისეთი რამ ჩაიდინა, რომ მერე სულ სირცხვილით იწვოდა. ისე მოხდა, რომ ხოაკინის სახლში მოახლედ აიყვანეს ქალი, რომელიც ადრე აბელთან მსახურობდა. ხოაკინი ძალზე შინაურულად ექცეოდა, თან ცდილობდა თავისი რეპუტაციისათვის ჩრდილი არ მიეყენებინა; გადაკრულ და ორაზროვან სიტყვებსაც კი არ ერიდებოდა, ოღონდ კი როგორმე დაეცდევინებინა, რას ლაპარაკობდნენ მასზე აბელის სახლში.   - აბა, ერთი მითხარი, რას ლაპარაკობდნენ ხოლმე ისინი ჩემზე?   - სულ არაფერი გამიგინოა სენიორიტო, სულ არაფერი.   - დავიჯერო, არც ერთხელ არ ვუხსენებივართ?   - არა, ხსენებით კი გახსენებდნენ, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი უთქვამთ.   - სულ არაფერი?   - არ ვიცი, მე კი არაფერი გამიგონია; სუფრასთან, როცა კი შევსწრებივარ, ძალიან ცოტას ლაპარაკობდნენ; ისიც ჩვეულებრივ ამბებზე და კიდევ მის სურათებზე...   - გასაგებია, მაშასადამე, ჩემზე არასოდეს არაფერი გაგიგონია?   - არა, არაფერი არ მახსენდება.       მოახლეს რომ განშორდა, ხოაკინმა საკუთარი თავისადმი ზიზღი იგრძნო: "ნამდვილი იდიოტივით მოვიქეცი, - თქვა მან, - რას იფიქრებდა ჩემზე ის გომბიო?" ისე შეაწუხა ამ აზრმა, რომ პირველივე მიზეზი დაიხვია ხელზე და სახლიდან დაითხოვა. "ვაითუ ისევ აბელთან დაბრუნდეს, - მერე მოეგო გონს ხოაკინი, - და ყველაფერი უამბოს?" იგი მზად იყო ცოლისთვის ეთხოვა, მოახლე უკანვე დააბრუნეო, მაგრამ რატომღაც ვერ გაბედა, ქუჩაში გასვლისაც ეშინოდა, სადმე არ გადავეყაროო. *გაგრძელება* …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 12:52pm on მარტი 18, 2014
თემა: შტეფან ცვაიგი - ფანტასტიკური ღამე
ი, 1914 წლის შემოდგომაზე რავა-რუსკასთან ბრძოლაში დაეცა. განსვენებულის ნათესავები ერთი თვალის გადავლებით მიხვდნენ, რომ იგი მხოლოდ ლიტერატურული ცდა უნდა ყოფილიყო; მთხოვეს, გავცნობოდი და თუკი საჭიროდ დავინახავდი, გამომექვეყნებინა კიდეც.       მე კი დიდად გააზრებულ მოთხრობად არა, მაგრამ მეტისმეტად გულალალ აღსარებად მიმაჩნია განსვენებულისა და სრულიად შეულამაზებლად გადმოგცემთ. ამ დილით რატომღაც მომინდა, მე თვითონვე აღმეწერა იმ ფანტასტიკური ღამის ამბები სრულის თანმიმდევრობით, რათა გავრკვეულიყავ მათში. ამ წუთიდან დაუოკებელი სურვილი დამეუფლა, აღვწერო ჩემი თავგადასავალი, თუმცა დიდად ვეჭვობ, მიახლოებით მაინც გადმოგცეთ ის უჩვეულო ამბები, რაც თავს გადამხდა. ბუნებას ხელოვნის ნიჭით არ დავუჯილდოვებივარ, არც კალამი მიცდია ლიტერატურაში, თუ რამდენიმე სახუმარო მოთხრობას არ ჩავთვლით, სკოლაში რომ ვწერდი. მაგალითად, ისიც კი არ ვიცი, არსებობს თუ არა განსაკუთრებული ტექნიკა, რომელიც სწორად შეუფარდებს ერთმანეთს გარეგან მოვლენებს და მათგან გამოწვეული გრძნობებისა და აზრების აღწერას. მე ვეკითხები საკუთარ თავს, შემიძლია თუ არა მივანიჭო სიტყვას საჭირო აზრი და აზრსაც საჭირო სიტყვა მივუსადაგო. განვიცდი თუ არა იმას, რასაც უნებურად შევიგრძნობ ხოლმე კარგი წიგნის კითხვისას. მაგრამ მე ხომ ამ სტრიქონებს მხოლოდ ჩემთვის ვწერ და არა იმისთვის, რომ სხვებს გავაგებინო, რაც მე თვითონაც დიდის გაჭირვებით მესმის. მე მხოლოდ ვცდილობ, დავივიწყო ერთი შემთხვევა, გონებიდან რომ არ მშორდება, მაღელვებს და მტანჯავს. ამიტომ ქაღალდზე უნდა გადავიტანო, ჩავუკვირდე და ყოველმხრივ განვჭვრიტო.      ეს არც ერთი ჩემი მეგობრისთვის არ მიამბნია, რახან ვერ ავუხსნიდი იმას, რაც თავი და თავი იყო, თან მრცხვენოდა კიდეც იმის აღიარება, რომ ესოდენ შემთხვევითმა ამბავმა ეგრე ამიფორიაქა სული. სულ უბრალო, ჩვეულებრივ რამეს მოგახსენებთ. აი, დავიწყე და ვგრძნობ, რა ძნელია შესაფერისი სიტყვების მოძებნა, რა ორაზროვანი, სულელური შეიძლება აღმოჩნდეს ყოველი, სულ უბრალო მნიშვნელობაც კი. რახან ჩემს თავგადასავალს „უბრალოს“ ვეძახი, რაღა თქმა უნდა, ეს შედარებითი მნიშვნელობით მესმის, ვუპირისპირდები დიდ ისტორიულ დრამებს, რომლებშიც წყდება ბედი მთელი კაცობრიობისა; ამასთან კიდევ მე მხედველობაში მაქვს დროის მცირე მონაკვეთი, ყველაფერი ექვს საათში მოხდა. მაგრამ ამ „უბრალომ“, ერთი შეხედვით ამ პატარა, უმნიშვნელო შემთხვევამ ისეთი დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ ახლაც, ოთხი თვის შემდეგ იმ ფანტასტიკური ღამისა, ნაღველი მიპყრობს და თავს ძალას ვატან, ყველაფერი გულში დავიმარხო. დღენიადაგ, ყოველ წამს ვიგონებ თითოეულ წვრილმანს, თითქოს ჩემი ცხოვრების საყრდენნი გამხდარან. ყოველივეს, რასაც ვაკეთებ, რასაც ვლაპარაკობ, უნებურად ის განსაზღვრავს, ჩემს ფიქრებს მხოლოდ ის იპყრობს, რაც კვლავ წარმომიდგენს იმას და იმის გავლენის ქვეშ მაქცევს. ახლა მივხვდი, რასაც ვერ შევიცნობდი ათი წუთის წინ, როცა კალამს მოვკიდე ხელი: მომხდარ ამბავს მხოლოდ იმიტომ ვწერ ქაღალდზე, რომ მუდამ თვალწინა მქონდეს, შევიგრძნობდე, რათა ერთხელ კიდევ განვიცადო ყოველი და გონებით განვსაჯო. ახლახან მოგახსენეთ, მსურს, გულში დავიმარხო-მეთქი. ეს სიცრუე, მტკნარი სიცრუეა. პირიქით, მინდა მეტი სიცოცხლე შთავბერო სწრაფად განცდილს, გავათბო თბილი, მაცოცხლებელი სურნელით... ო, მე არ მეშინია, თუნდაც ერთი წუთით დამავიწყდეს ის ხვატიანი დღე, ის ფანტასტიკური ღამე. ნიშანსვეტი არა მჭირდება, რომ მოგონებებში განვვლო იმ წუთების გზა. გინდ დღისით, გინდ შუაღამისას, მთვარეულივით შეუცდომლად ვპოულობ ამ გზას და ყოველ წვრილმანს ვხედავ იმ გამჭრიახობით, რისი უნარიც გულს შესწევს და არა სუსტ მეხსიერებას. ახლაც შემეძლო, გულდაჯერებით დამეხატა ამწვანებული გაზაფხულის ბუნების ყოველი ფურცელი, ახლაც კი, შემოდგომაზე, ვიყნოსავ აყვავებული წაბლის ხეების დამბინდავ, ნაზ სურნელს და თუ მაინც აღვწერ იმ წუთებს, არა შიშის გამო, რომ გაჰქრნენ ჩემი მეხსიერებიდან, არამედ იმიტომ, რომ კვლავ მახარებს მათი განცდა. და ახლაც, როცა თანმიმდევრობით გადმოვცემ ყოველ წვრილმანს იმ ღამისა, იძულებული ვარ, მოთხრობის წყობისათვის საკუთარ თავს ლაგამი ამოვდო, რახან მოგონებების ბურანი მეხვევა, რაღაცნაირი ბანგი მაბრუებს და მეშინია, მეხსიერებაში წარმომდგარი ცალკეული სურათები არ შეერწყან ერთ ჭრელ ქაოსს. ახლაც ისე მწარედ განვიცდი განვლილ 1913 წლის 7 ივნისს, როცა შუადღისას ფიაკრში ჩავჯექ...       მაგრამ ვგრძნობ, კვლავ უნდა შევჩერდე, რახან შიშით შევიგრძნობ, რა მახვილი, რა მრავალმნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ყოველი სიტყვა. მოლოდ ახლა, როცა პირველად გადმოგცემთ ყოველივეს დალაგებით, ვხედავ, რა ძნელია, ერთ ფორმაში მოაქციო, რაც ხელიდან გისხლტება და ყოველი ცოცხალის არსს შეადგენს.      ეს-ესაა დავწერე სიტყვა „მე“ და ის, რომ 1913 წლის 7 ივნისს შუადღისას ფიაკრში ჩავჯექ, მაგრამ ეს სიტყვაც კი დაბნეულობას იწვევს, რადგან ის „მე“, რაც ვიყავი 1913 წლის 7 ივნისს, უკვე კარგა ხანია აღარა ვარ, თუმცა მას აქეთ ოთხმა თვემ განვლო და კვლავ იმ „მე“-ს ბინაში ვცხოვრობ და ვწერ მის საწერ მაგიდასთან, მისი კალმით და მისივე ხელით. იმ კაცს, სწორედ იმ ღამის გავლენით, სრულიად განვუდექი, შევყურებ შორიდან, ალმაცერად და ფხიზლად, შემიძლია ვწერო მასზე, როგორც ამხანაგზე, თანატოლზე, მეგობარზე, რომლის შესახებაც ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ამიერიდან ის აღარა ვარ. შემიძლია ვილაპარაკო მასზე, გავკიცხო, მკაცრად განვსაჯო და არ ვიგრძნო, რომ ოდესღაც ის მე ვიყავი. ადამიანი, რომელიც მე ვიყავი იმ ხანებში, გარეგნულად და შინაარსითაც ნაკლებად განსხვავდება იმ საზოგადოებრივი ფენის ადამიანთა უმეტესობისაგან, რომელსაც, საერთოდ, განსაკუთრებით კი ვენაში, სიამაყის გარეშე, სრული რწმენით, „კარგ საზოგადოებას უწოდებენ“. იმხანად ოცდამეთექვსმეტე წელში გადავდექი. მშობლები ადრე დამეხოცნენ და მიმატოვეს კარგა ხნით ადრე, სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი. მათი დანატოვარი ქონება საკმაო აღმოჩნდა იმისთვის, რომ მე სამუდამოდ გავთავისუფლებულიყავ რაიმე კარიერაზე ზრუნვისაგან. ამგვარად, სრულიად მოულოდნელად გავთავისუფლდი მოვალეობისაგან - მიმეღო რაიმე გადაწყვეტილება, რაც იმხანად ძლიერ მაწუხებდა. ის იყო, უნივერსიტეტი დავასრულე და სამოღვაწეო ასპარეზის არჩევანში ვიყავი. ჩემი ოჯახის ნაცნობებისა და მშვიდი ცხოვრების წყალობით, რისკენ მიდრეკილებაც ადრიანად გამომაჩნდა, ნამდვილად სახელმწიფო სამსახურში უნდა ჩავმდგარიყავ. მივიღე თუ არა მშობლების მემკვიდრეობა, მოულოდნელად დამოუკიდებელი, ფუქსავატური ცხოვრების შესაძლებლობა მომეცა და ჩემს თავს ისეთ ახირებულ დაჟინებასაც კი ვუსრულებდი, რაც შეიძლებოდა მეტად ძვირად დამჯდომოდა. არასოდეს ვყოფილვარ პატივმოყვარე, ამიტომ გადავწყვიტე, პირველ ხანებში, რამდენიმე წელს, სანამ მოთხოვნილება არ გამიჩნდებოდა, სამოქმედო ასპარეზი გამომეძებნა, ცხოვრებას დავკვირვებოდი. მაგრამ ისევე ცხოვრების დამკვირვებელი დავრჩი, თუმცა სულაც არ მივისწრაფოდი იქითკენ, რაც სცილდებოდა ჩემს მიერ ადვილად შესასრულებელ სურვილთა საზღვრებს.      არც ერთი ქალაქი მთელს მსოფლიოში ისე არ განგაწყობს უსაქმურობისაკენ, როგორც ვენა, სადაც უმიზნოდ ხეტიალის ხელოვნება, უმოქმედობა, კოხტაობა ნამდვილი ხელოვნების სრულყოფილებამდეა აყვანილი. თავიდან ამოვიგდე ყოველი ზრუნვა სერიოზულ შემოქმედებაზე და მთელი გატაცებით თავი მივეც დროსტარებას, როგორც შეჰფეროდა გამოჩენილი ოჯახის შვილს, მდიდარ, სასიამოვნო გარეგნობის ყმაწვილ კაცს. გამიტაცა აზარტულმა თამაშობებმა, ნადირობამ, ვქეიფობდი, ვმოგზაურობდი, და მალე დავიწყე დიდის მონდომებით ჩემი უსაქმო ცხოვრების შელამაზება. ვაგროვებდი იშვიათ სურათებს, არა იმდენად გატაცებით, რამდენადაც კმაყოფილების გამო, რომ უშრომლად დავუფლებოდი განსაზღვრულ სფეროში ცოდნას. სახლში გამოვფინე იტალიური ბაროკოს გრავიურები და კანალეტოს მანერის პეიზაჟები. ამათი ძებნა ანტიკვარებში ან აუქციონებზე დიდ სიამოვნებას მგვრიდა და ამას საშიში აზარტის იერიც კი დაჰკრავდა. ჩემი გემოვნებისა და მიდრეკილების შესაბამისად სულ სხვადასხვა გასართობებს ვეტანებოდი. იშვიათად თუ გამოვტოვებდი კონცერტებსა და სურათების გამოფენებს. ქალებში დიდი წარმატებები მქონდა და ამ სფეროშიც კი გამოვამჟღავნე კოლექციონერის მალული გზნება, რაც გარკვეულ დრომდე სულიერი ცხოვრების მოშლილობაზე მეტყველებს. მრავალი სამახსოვრო და ძვირფასი წუთი მარგუნა ბედმა და ნელ-ნელა ჩვეულებრივი ტკბობის მოყვარულიდან მცოდნედ და დამფასებლად გადავიქეცი. ამგვარად, დღეებს ვლევდი სასიამოვნო დროსტარებაში, სრულის რწმენით, რომ მდიდარი, მრავალმხრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი და ეს რბილი, თბილი ატმოსფერო, რომელშიც მიედინებოდა ჩემი არც მოსაწყენი, მაგრამ არც თუ მღელვარე ყმაწვილკაცობა, დღითიდღე უფრო მომწონდა. სხვა სურვილი თითქმის არც კი გამაჩნდა. ამ უძრავ ატმოსფეროში ყოველი უსაქმობა სასიხარულო მოვლენად იქცეოდა. გემოვნებით შერჩეულ ჰალსტუხს შეიძლება კარგ გუნებაზე დავეყენებინე, ავტომობილით გასეირნებას, კარგ წიგნს ან ქალთან შეხვედრას უსაზღვრო ბედნიერება მოენიჭებინა. ამგვარი ცხოვრება განსაკუთრებით იმიტომ მომწონდა, რომ არც ერთი მხრით, როგორც უზადოდ შეკერილი ინგლისური კოსტიუმი, არავის ეჩხირებოდა თვალში. ასე მგონია, საზოგადოებაში სიმპათიურ კაცად მთვლიდნენ, ყველას ვუყვარდი და სიამოვნებით მიღებდნენ კარს. ნაცნობთა უმეტესობა ბედნიერ კაცს მეძახდა. ახლა მიმძიმს თქმა, მართლა ბედნიერად გრძნობდა თუ არა თავს ის ადამიანი, რომლის წარმოდგენასაც ვცდილობ, რადგან წინანდელის განცდილის გავლენით ყოველ გრძნობას უფრო სრულსა და ღრმა შინაარსს ვანიჭებ და შეუძლებლად მიმაჩნია მაშინდელ ჩემს განწყობილებაზე მსჯელობა. მაგრამ შემიძლია დაგიმტკიცოთ, თავს არ ვგრძნობდი უბედურად. ჩემი ყოველი სურვილი, ყოველი მოთხოვნილება, რასაც ცხოვრებას ვუყენებდი, სრულდებოდა. მხოლოდ სწორედ იმან, რომ მივეჩვიე, ბედისაგან მიმეღო, რასაც ვინატრებდი, თანდათანობით ჩამიხშო ყოველი ინტერესი და უმოქმედო გახადა ჩემი ცხოვრება. ზოგჯერ უნებურად ნაღველი შემომაწვებოდა გულზე არა იმიტომ, რომ რაიმეს ვნატრობდი. ეს იყო სურვილი სურვილისა, მოთხოვნილება - ვყოფილიყავ ძლიერი, აღვირახსნილი, შეუპოვარი, მქონოდა მშფოთვარე ცხოვრება და თუნდ ტანჯვაც გამომეცადა. მეტისმეტად გონივრული, ტაქტიკური მოქმედებით განვდევნე ჩემი ცხოვრებიდან ყოველი საწინააღმდეგო ქმედება და ამ წინააღმდეგობის გრძნობის უქონლობამ შეანელა ჩემი სიცოცხლისუნარიანობა. ვამჩნევდი, უფრო ნაკლები სურვილები მიჩნდებოდა, რაღაცნაირმა გარინდებამ მოიცვა ჩემი გრძნობები და სულიერი უძლურება, მშფოთვარე ცხოვრების დაუფლების სურვილი მტანჯავდა. სულ უბრალო რამეზე მივხვდი ამას. პირველად შევნიშნე, რომ თანდათან იშვიათად დავდიოდი თეატრში, საზოგადოებაში. ვიყიდდი ნაქებ წიგნებს და მერე მთელი კვირაობით ელაგა საწერ მაგიდაზე გაუჭრელი. წინანდებურად ვაგროვებდი ძველებურ სურათებს და სხვა სიძველეებს, მაგრამ აღარ ვალაგებდი განსაზღვრულ რიგზე და სიხარულს მგვრიდა, კარგა ხნის ძებნის შემდეგ მოულოდნელად რომ აღმოვაჩენდი რომელიმე იშვიათ ნივთს.       ასე შევიგრძენი ნელ-ნელა სულიერი ენერგიის ჩაქრობა ერთი შემთხვევის წყალობით, რომელიც მეხსიერებაში ჩამრჩა. ზაფხულში ვენაში დავრჩი ისევ იმ უცნაური მოთენთილობის წყალობით, არავითარი სიახლე რომ არ იზიდავს. სრულიად მოულოდნელად კურორტიდან ერთი ქალის წერილი მივიღე, რომელთანაც სამი წელია სიყვარულის ძაფები მაკავშირებდა და რომლის სიყვარულშიც თითქმის დარწმუნებული ვიყავი. იგი თოთხმეტგვერდიან აღმაშფოთებელ წერილს მწერდა: ერთი კაცი გავიცანი, იგი გახდა ჩემი სიცოცხლის მიზანი, შემოდგომაზე იმაზე ვთხოვდები და ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრებულიაო. იგი არ ნანობდა, უფრო მეტიც, ტკბილად იგონებდა ჩემთან გატარებულ დროსა და აღმითქვამდა, რომ გათხოვების შემდეგაც ძვირფას სახსოვარივით გულში შეინახავდა ჩემს მოგონებას და მემუდარებოდა, მეპატიებინა ეს ნაუცბათევი გადაწყვეტილება. ამ საქმიან წერილს მოჰყვა ფიცი და ვედრება, რომ ძალიან არ გავბრაზებულიყავ და ამ მოულოდნელ განშორებას არ დავეტანჯე, არ ვცდილიყავ, ძალათი შემეკავებინა, ან საკუთარი თავისთვის რამე არ ამეტეხა. წერილის სტრიქონები თანდათან უფრო ულმობელი ხდებოდა: მევედრებოდა, სხვა, უფრო ღირსეული ქალი შემეყვარებინა და მაშინვე მიმეწერა მისთვის წერილი, რადგან მოუთმენლად მოელოდა, როგორ შევხვდებოდი ამ გადაწყვეტილებას. ქვემოთ ფანქრით მინაწერი ჰქონდა: „რაიმე სისულელე არ ჩაიდინო, გთხოვ, გამიგო, და მაპატიო“.      ეს წერილი რომ წავიკითხე, ჯერ გავშრი მოულოდნელობისაგან, მერე კი, როცა ფურცვლა დავიწყე და ხელმეორედ გადავიკითხე, სირცხვილი ვიგრძენი, რაც სულ მალე, როგორც კი მივხვდი, რისთვის მრცხვენოდა, შინაგან შიშის გრძნობად გადამექცა. რაღა თქმა უნდა, არც ერთ იმ ძლიერ გრძნობას, რასაც მიწინასწარმეტყველებდა ჩემი სატრფო, ოდნავადაც არ გაუღვიძია ჩემს გულში. ამ ამბავს ტკივილი არ მოუყენებია ჩემთვის, არ გამოუწვევია რისხვა და ერთ წუთსაც არ მომსვლია აზრად, თავი შემებრალებინა, ან რაიმე ამეტეხა საკუთარი თავისათვის. ისეთი უცნაური გახლდათ ეს სულიერი სიცივე, რომ შეუძლებელი იყო, თვითონვე არ შემშინებოდა. ჩემგან მიდიოდა ქალი, რამდენიმე წელს ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, ქალი, რომლის მოქნილი, თბილი სხეული ჩემსას ეკვროდა, რომლის სუნთქვაც გრძელ ღამეებში ჩემსას უერთდებოდა, და ამას ჩემი სული არ შეუძრავს, არ აღუშფოთებია, არ მიცდია ისევ უკან დამებრუნებინა. არაფერი მომხდარა ჩემში ისეთი, რასაც გულწრფელად მოელოდა ეს ქალი, როგორც ელიან ყოველი ცოცხალი ადამიანისაგან. მხოლოდ ახლა მივხვდი, რაოდენ გულგრილი გავმხდარიყავ. მივსრიალებდი ცხოვრების ზედაპირზე, როგორც წყლის სარკეზე, არსად ვჩერდებოდი, ფესვებს არსად ვიდგამდი. კარგად ვიცოდი, რომ ამ სივრცეში მკვდრის, მიცვალებულის რაღაც ნაწილი იყო, თუმცა ხრწნის სუნი არ იგრძნობოდა, მაგრამ ეს სულიერი გახევება, ეს საშინელი, ყინულივით ცივი უგრძნობლობა თითქოს წინასწარ აღმითქვამდა სიკვდილის მოახლოებას.       იმ დღიდან გულმოდგინედ ვაკვირდებოდი საკუთარ თავს და უცნაურ მოდუნებას გრძნობებისა, როგორც ავადმყოფი აკვირდება თავის ავადმყოფობას. იმ ხანებში მეგობარი გარდამეცვალა და როცა იმის კუბოს მივაცილებდი, დაძაბული ვუგდებდი ყურს საკუთარ გულისთქმას: სევდა ხომ არ შემომაწვება, ნაღველი ხომ არ დაისადგურებს ჩემს გულში იმის გაფიქრებაზე, რომ სამუდამოდ დავკარგე ბავშვობიდან საყვარელი ადამიანი? მაგრამ არაფერს შეუძრავს ჩემი სული, თითქოს მინის ხუფი ვიყავ, რომელშიც ყველაფერი ჩანს, მაგრამ შიგ არაფერი აღწევს. როგორ არ ვცდილობდი, მეგობრის დასაფლავებისას და მრავალ მსგავს შემთხვევაში რაიმე მეგრძნო, ან განსჯის საბუთებით აღმეძრა ჩემს გულში გრძნობა, მაგრამ ვერ ვპოულობდი მის გამოძახილს ჩემს სულში. მეგობრებმა დამივიწყეს, ქალები მოდიოდნენ და მიდიოდნენ. ამას თითქმის ისევე განვიცდიდი, როგორც ოთახში მჯდომი კაცი განიცდის ფანჯარაზე წვიმის შხაპუნს. ჩემსა და გარე სამყაროს შორის იყო რაღაც მინის კედელი, მაგრამ მე იმისი ვაჟკაცობა, ნებისყოფა არ შემწევდა, დამემსხვრია იგი.      ჩემს აღმოჩენას კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ეს აღმოჩენა ნამდვილ მღელვარებას აღარ განმაცდევინებდა, რადგან, როგორც მოგახსენეთ, გულგრილად ვუყურებდი იმასაც კი, რაც მე მეხებოდა. დავკარგე აღშფოთების უნარი. მხოლოდ ის მაწუხებდა, ამ სულიერ მანკს ისევე ვერ შენიშნავდა უცხო ადამიანი, როგორც მამაკაცის არასრულფასოვნებას, რაც მხოლოდ ინტიმურ წუთებში მჟღავნდება. და ხშირად ხალხში თავი ისე მეჭირა, თითქოს აღფრთოვანებული, მეტისმეტად მგრძნობიარე გახლდით, რათა დამეფარა, რაოდენ უგრძნობელი და მკვდარი ვიყავ. გარეგნულად წინანდებურად საკუთარი სიამოვნებისათვის ვცხოვრობდი. არ ვიცოდი, რა იყო საზრუნავი, დაბრკოლება, არასოდეს გადამიხვევია ერთხელ არჩეული გზიდან. კვირეები, თვეები შეუმჩნევლად გარბოდნენ და შეუმჩნევლად იქცეოდნენ წლებად. ერთ დღეს საფეთქელთან ჭაღარა თმის ღერი შევნიშნე და მივხვდი, რომ ჩემი ყმაწვილკაცობა მოულოდნელად წარსულში უნდა გადასულიყო. მაგრამ ის, რასაც სხვები ახალგაზრდობას ეძახიან, ჩემთვის კარგა ხანია გამქრალიყო. ამიტომ ძნელი არ იყო მასთან გამოთხოვება. მე ხომ ჩემი ახალგაზრდობაც არასაკმაოდ მიყვარდა. ის კი არა, ჩემთვის ჩემი მღელვარე გულიც კი დუმდა.       მიუხედავად ათასნაირი საქმიანობისა და წვრილმანი ამბებისა, ამ ჩემი შინაგანი მოულოდნელობის წყალობით, დღეები თანდათან ერთფეროვანი ხდებოდა, ერთნაირად ფერმკრთალნი მისდევდნენ ერთმანეთს, გამოჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, როგორც ფოთლები ხეზე. და ასევე ჩვეულებრივად, არაფრით გამოირჩეოდა და არც არაფრით იყო შესანიშნავი, დაიწყო ის ერთადერთი დღე, რომელიც მინდა აღვუწერო საკუთარ თავს.      იმ დღეს, 1913 წლის 7 ივნისს, ჩვეულებრივზე ცოტა მოგვიანებით წამოვედი. უბედურად ვემორჩილებოდი სკოლის წლებიდან შემორჩენილ ჩვეულებას კვირა დღის შეგრძნებისა. აბაზანა მივიღე, გაზეთი გადავიკითხე, წიგნები გადავფურცლე, მერე, თბილი ზაფხულის მზით მოჯადოებული, ჩემს ოთახში რომ იჭყიტებოდა, სასეირნოდ წავედი. ჩავიარე გრაბენზე, სადაც, ჩვეულებისამებრ, საზეიმო ჟრიამული სუფევდა ხოლმე. ვტკბებოდი ეკიპაჟების ცქერით, ვესალმებოდი ნაცნობ-მეგობრებს, არავის ვაძლევდი პირობას - კვირა დღეს თქვენთან გავატარებ-მეთქი, რადგან სწორედ კვირადღეობით მიყვარდა საკუთარ თავთან განმარტოება, ახირების ან შემთხვევის აყოლა. ნასადილევს, რინგშტრასეზე რომ დავბრუნდი, მზით გაბრწყინებული ქალაქის, მისი საზაფხულო მორთულობის ცქერით ვტკბებოდი. ყველა მხიარული და სადღესასწაულოდ აჭრელებულ ქუჩებზე შეყვარებული მეჩვენა. ბევრი რამ ახარებდა თვალს და, უწინარეს ყოვლისა, პირდაპირ ასფალტში ამოჭრილი ხეების მწვანე, მშვენიერი სამოსელი. თუმცა აქ ყოველდღე დავდიოდი, ამ კვირადღის ჟრიამულმა მომხიბლა, მომწყურდა მწვანე, ნათელი, კაშკაშა ფერები. უნებურად მომაგონდა პრატერი, სადაც იმ დროს, როცა გაზაფხული ზაფხულში გადადის, ხშირფოთოლა ხეები მწვანე ლივრეებში გამოწყობილ მსახურებივით დგანან მთავარი ხეივნის ორსავე მხარეს, სადაც ეკიპაჟების გაბმული მწკრივი მიემართება და თავიანთ თეთრ, მშვენიერ ყვავილებს სადღესასწაულოდ გამოწყობილი სახლის ტალღას უწვდიან. როგორც მიჩვეული ვიყავ, მაშინვე ამესრულებინა ყოველი, თუნდაც სულ უბრალო სურვილი, გავაჩერე პირველივე ფიაკრი და მეეტლეს ვუბრძანე, პრატერში წამიყვანე-მეთქი.      - დოღზე, ბატონო? - მოწიწებით მკითხა მან, თითქოს ეჭვი არც კი ეპარებოდა.       მხოლოდ ახლა მომაგონდა, რომ დღეს ტრადიციული დოღი იყო დანიშნული, რასაც წინ უძღოდა ლატარეის გათამაშება, და რაზეც თავს იყრიდა ხოლმე მთელი ვენის საზოგადოება. „საოცარია, - გავიფიქრე, ფიაკრში რომ ვჯდებოდი, - რამდენიმე წლის წინ დღევანდელ დღეს როგორ დავაკლდებოდი, ან რა დამავიწყებდა ამ დღეს“.      ისე, როგორც დაჭრილი გაუფრთხილებელი მოძრაობით იღიზიანებს ხოლმე ჭრილობას, ამ გულმავიწყობამ მაგრძნობინა, რაოდენ გულგრილი გავმხდარიყავ.      როცა მთავარ ხეივანს მივაღწიეთ, იქაურობა დაცარიელებული დაგვიხვდა. ეტყობოდა, დოღი კარგა ხანია დაწყებულიყო, რადგან მშვენიერი ფიაკრების განუწყვეტელი ნაკადი აღარ ჩანდა, ცხენების ნალების ჭახაჭუხით კანტიკუნტად თუ ჩამოგვიქროლებდნენ ხოლმე ზოგჯერ, თითქოს უხილავ მიზანს ეჯიბრებიანო. მეეტლე მომიტრიალდა და მკითხა, ხომ არ დავეწიოთო, მაგრამ ვუბრძანე, ცხენები ნებაზე მიეშვა. ჩემთვის სულ ერთი იყო, დავიგვიანებდი თუ არა. დოღზე ხშირად დავდიოდი, დავკვირვებივარ ხალხსაც და ახლა სულაც არ მანაღვლებდა დაგვიანება. ნაღვლიან, ზოზინა გუნებაზე მყოფს უფრო მომწონდა ნელა დავრწეულიყავ ეტლში, ნისლისფერი ჰაერის ნაზი სრიალი შემეგრძნო, რაც გემბანზე ტალღების დგაფუნს მომაგონებდა, და მშვიდად მეცქირა მშვენიერი, აყვავებული წაბლის ხეებისათვის, ჩუმ და თბილ ქარს ფურცლებს რომ უშვერდნენ. ქარი ფურცლებს სწყვეტდა, ცოტა ხანს ჰაერში ატრიალებდა და თოვლის ფიფქებივით ჰფენდა მიწაზე. რა სასიამოვნო იყო სარწეველაში ქანაობა, თვალდახუჭულს გეგრძნო გაზაფხულის სუნთქვა, ნებაზე მიშვებულს სადღაც რომ მიგაქროლებდა. კაცმა რომ თქვას, არც ისე გამხარებია, ფიაკრი ფროიდენაუს ჭიშკარს რომ მიადგა. სიხარულით გამოვტრიალდებოდი უკან, რომ დავმტკბარიყავი ადრეული გაზაფხულის ნათელი თბილი დღით, მაგრამ უკვე გვიან იყო - ფიაკრი ჰიპოდრომის წინ გაჩერდა.      ყრუ გუგუნი შემომესმა, თითქოს საფეხურიანი ტრიბუნების მიღმა ზღვა ღელავსო. ჩემს თვალს მიფარებული ხალხის ტალღის ბობოქრობაზე უნებურად მომაგონდა, ოსტენდეში, ვიწრო შესახვევებით ქალაქიდან პლაჟზე რომ მიდიხარ, მჩქეფარე, მარილიანი ქარი შემოგეგებებათ და სანამ თვალწინ გადაგეშლებათ ნაცრისფერი, ტალღებად აგორებული, აქაფებული სივრცე, ყრუ ღმუილს გაიგონებთ.       ეტყობა ცხენები მორიგ წრეს ურბენდნენ, მაგრამ ჩემსა და ამ წრეს შორის, რომელსაც ცხენები უვლიდნენ, თითქოს ქარიშხალმა დაჰქროლაო, მხედრებისა და მაყურებელთა მოგუგუნე ტალღა გაჭედილიყო. მე გზას ვერა ვხედავდი, მაგრამ დოღის ყოველი წვრილმანი ისახებოდა გარშემომყოფთა საქციელში და შემეძლო თავისუფლად მედევნებინა თვალი მისთვის. ეტყობოდა, კარგა ხანია გაშვებული ცხენები გამწკრივდნენ; ორი-სამი წინ გაიჭრა და წინა ადგილებისათვის იბრძოდნენ, რადგან ხალხიდან, რომელიც მეტად განიცდიდა ჩემთვის უხილავ შეჯიბრს, უკვე ისმოდა ყვირილი, გამამხნევებელი ძახილი. ყველას თვალი ერთი წერტილისათვის მიეპყრო და მივხვდი, რომ ცხენები მოსახვევს უახლოვდებოდნენ. ხალხის ტალღა ერთ წაგრძელებულ კისრად გადაიქცა და თითქოს ერთი ყელიდან ამოსული ათასობით ხმა ერწყმოდა ზვირთცემის ღმუილსა და ბუყბუყს. ზვირთი სულ მაღლა-მაღლა იწევდა, მთელი სივრცე მოიცვა, თვით მოკრიალებულ, ლაჟვარდ ცამდე. ახლოს მდგომი რამდენიმე ადამიანის სახეს ჩავხედე. თითქოს შინაგანი კრუნჩხვისაგან დამახინჯებოდათ, ანთებული თვალები გადმოეკარკლათ, ბაგეები მოეკვნიტათ, ნიკაპები ხარბად წინ გამოეშვირათ, ნესტოები ცხენებივით დაბერვოდათ. ფხიზელ კაცს საშინელებად და სასაცილოდ მეჩვენებოდა ამ გონებადაკარგული, აზარტისაგან მთვრალი ხალხის ცქერა. ჩემს გვერდით სკამზე ერთი კოხტად გამოწყობილი კაცი შემდგარიყო, ეტყობა, სასიამოვნო გარეგნობისაც გახლდათ, მაგრამ ახლა უხილავი ეშმაკისაგან გათანგული ბობოქრობდა, ჯოხს იქნევდა, თითქოს ვიღაცას ურტყამს, წინ ერეკებაო, და უცნაურად მხარს უბამდა ჟოკეის მოძრაობას, გაჭენებულ ცხენს რომ დასძახოდა, რაც გარეშე მაყურებელს უჩვეულოდ სასაცილო ეჩვენებოდა. თითქოს უზანგებს აწვებაო, ქუსლიდან წვერზე გადაიწეოდა, მარჯვენა ხელით ჰაერს აპობდა, ჯოხს მათრახივით აქნევდა, მარცხენათი კი ნერვიულად ჭმუჭნიდა ფურცელს. ასეთი თეთრი ფურცლები გარშემო ბევრი ეყარა. ქაფის შხეფებივით ავარდებოდნენ ხოლმე ადამიანთა მღელვარე ზღვის თავზე. ახლა, ეტყობოდა, რამდენიმე ცხენი მიჰქროდა ერთმანეთის გვერდით, რადგან უცბად მრავალხმიანი ღრიალი გაიპო ორ, სამ, ოთხ სახელად, რასაც საბრძოლო მეტსახელივით წარმოთქვამდნენ ხოლმე ცალკეული ჯგუფები. დროდადრო გაშმაგებული გოდება გაისმოდა, რაც თითქოს სასულე იყო იმათი ციებცხელებიანი ბოდვისა.       მე ვიდექი აღუშფოთველი ამ გაგიჟებულ ხალხში, როგორც კლდე ბობოქარ ზღვაში და ნათლად მახსოვს, რასაც განვიცდიდი იმ წუთში. სიცილს მგვრიდა სხეულის სულელური მოძრაობანი, იმათი დამახინჯებული სახეები, და დამცინავი ირონიით გავცქეროდი ამ მონურ თავშეუკავებლობას, მაგრამ ამასთან - ამაში უნებურად გამოვუტყდი საკუთარ თავს - ცოტათი მეხარბებოდა ასეთი აღტყინება, ასეთი თავშეუკავებლობა, სიცოცხლის ძალა, ამ გაგიჟებულ აზარტში რომ იმალებოდა.      „ნეტავ რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ასე ავეღელვებინე, ასე გავეგიჟებინე, ასე ცეცხლმოკიდებულივით მეღრიალა, ყელიდან უნებურად აღმომხდენოდა ასეთი ველური ყვირილი?“ - გამიელვა თავში.      ვერც დიდძალი ფული, ვერც ქალის სიყვარული ვერ გამაგიჟებდა ასე. არაფერი არ არსებობდა ისეთი... ვინმეს უნებურად რევოლვერის ლულა რომ მოეშვირა, ასე არ ამიჩქროლებდა გულს, როგორც მუჭა ოქროსათვის უჩქროლავდა ჩემს გარშემო მყოფ ათასობით, ათი ათასობით ადამიანს.      ეტყობოდა, ერთი ცხენი უკვე უახლოვდებოდა ფინიშს, რადგან ხალხის ტალღამ აიტაცა ერთი სახელი და ეს შერწყმული, ყურისწამღები ყვირილი თანდათან უფრო გააფთრებული ხდებოდა, ვიდრე უცბად არ მიწყდა, თითქოს მეტისმეტად დაჭიმული სიმი გაწყდაო. დაიგრიალა ორკესტრმა. ხალხის ტალღა შეთხელდა. დოღი დამთავრდა. ბრძოლა დასრულდა, აღელვებულები დამშვიდდნენ და მსუბუქი ფრფონაღა დარჩა. ხალხის ტალღა, რომელიც ახლახან განცდების ერთიან გუნდს წარმოადგენდა, დაიყო მრავალ მოსეირნე, მოცინარ, მოსაუბრე ადამიანად. უგუნურების ნიღბიდან კვლავ გამოჩნდა დამშვიდებული სახეები. ერთიანი, გამდნარი მასა, რადაც გადააქცია რამდენიმე წუთში თამაშის აზარტმა ეს ხალხი, კვლავ იწყებდა დაკოშტებას. ხალხი მიდიოდა, ან თავს იყრიდა ჯგუფ-ჯგუფად თავისი საზოგადოებრივი მდგომარეობის შესაბამისად; ხვდებოდნენ ნაცნობებიც, რომლებიც ერთმანეთს ესალმებოდნენ, იყვნენ უცხოებიც, ცივად რომ შეავლებდნენ თვალს ერთმანეთს. ქალები შურიანად ათვალიერებდნენ თავიანთი მეტოქეების მორთულობას, მამაკაცები მათ ნაზად შესცქეროდნენ. ხან იმ ბრწყინვალე საზოგადოებისათვის ჩვეულ ცნობისმოყვარეობას იკმაყოფილებდნენ, რაც, კაცმა რომ თქვას, მთავარ საქმიანობას წარმოადგენს მაღალი წრის ხალხში. ეძებდნენ მეგობრებს, ნაცნობებს, აინტერესებდათ, ყველანი აქ იყვნენ თუ არა, როგორ ეცვათ. ამ ბურანიდან გამოფხიზლებული ხალხისთვის რომ გეკითხათ, ვერც კი გეტყოდათ, რისთვის მოვიდა აქ - დოღის საყურებლად, თუ დროის სატარებლად შესვენებისას დოღსა და დორს შუა.       მე დინჯად დავსეირნობდი ამ უსაქმო ხალხში, ვესალმებოდი, სალამზე პასუხს ვაძლევდი, სიამოვნებით ვსუნთქავდი სიკოხტავის არომატს, ჩვეულ სურნელს სუნამოებისას, ამ ჭრელ ადამიანთა კალეიდოსკოპს. მაგრამ კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას ჰგვრიდა კაცს ზაფხულის მზით გამთბარი ჭალებიდან და მინდვრებიდან მონაბერი ნიავი, რომელიც ელამუნებოდა ადამიანებს, უმეტესად კი ქალების კაბების თეთრ მარმაშს.      ნაცნობებმა რამდენჯერმე სცადეს გამომლაპარაკებოდნენ. სილამაზით განთქმული მსახიობი დიანა ალერსიანად მომესალმა, მიმიწვია თავის ლოჟაში, მაგრამ მე არავისკენ მიმიწევდა გული. არ მაინტერესებდა ამ ხალხთან საუბარი, მომწყინდა მათში, როგორც სარკეში საკუთარი თავის დანახვა. მხოლოდ სანახაობა მიზიდავდა, აღგზნება, ხალხის ტალღაში რომ სუფევდა. უცქირო სხვის აღფრთოვანებას, გულგრილი ადამიანისთვის ეს ხომ ყოველთვის მიმზიდველი სანახაობაა. როცა ლამაზ ქალებს შევხვდებოდი, უტიფრად, თან მეტისმეტად გულგრილად შევცქეროდი ნისლივით გამჭირვალე ქსოვილით დაფარულ მათ მკერდს და მართობდა იმათი შეკრთომა, რომელშიც სირცხვილიც შეინიშნებოდა და დაკმაყოფილებული პატივმოყვარეობაც. მღელვარებას არ განვიცდიდი, უბრალოდ, მომწონდა ეს თამაში, მინდოდა, იმათში გულზვიადი აზრები აღმეძრა და თვალებით გამებურღა, მათ თვალებშიც საპასუხო ცეცხლი ამენთო. მე, როგორც ყოველ გულგრილ ადამიანს, ნამდვილ ტკბობას განმაცდევინებდა არა საკუთარი ვნება, არამედ ჩემს მიერ გამოწვეული გრძნობათა ჩოჩქოლი, მინდოდა მეგრძნო მხოლოდ იმ სითბოს ჩაღვრა სულში, რასაც განვიცდით ქალების შეხედვისას, და არა ნამდვილი ცეცხლი. არ მსურდა ცეცხლი მომდებოდა, მხოლოდ მისი ჭვრეტა მინდოდა. ასე დავსეირნობდი ახლაც, ვიჭერდი ქალთა მზერას, მსუბუქ ბურთებივით ადვილად ვიგერიებდი მათ, ვეალერსებოდი მიუკარებლად, ვტკბებოდი ისე, რომ არ შევიგრძნობდი, შევცქეროდი ოდნავ აღგზნებული ჩვეული თამაშით.      მაგრამ ესეც მალე მომბეზრდა. სულ ერთი და იგივე ხალხი მხვდებოდა, რომელთა სახეებსა და მოძრაობას კარგად ვიცნობდი. მახლობლად თავისუფალი სკამი აღმოჩნდა. ჩამოვჯექი. ჩემს გარშემო ისევ ერთი აურზაური ატყდა. ხალხი ჯგუფდებოდა, გარბოდა, ერთმანეთს ეჯახებოდა. აქ აღარ დამედგომებოდა, მაგრამ ადგილიდან არ ვიძროდი და სკამის ზურგს გადაწოლილი ჩაფიქრებული თვალს ვადევნებდი, ჩემი სიგარეტის ბოლი თეთრ ბოლქვებად როგორ ადიოდა ცაში და ღრუბლის ფთილასავით ჰქრებოდა გაზაფხულის ლაჟვარდში.       და აი, სწორედ ამ წუთში მოხდა ის განუმეორებელი რამ, რაც ახლაც წარმართავს ჩემს ცხოვრებას. შემიძლია ზუსტად დავასახელო დრო, რადგან იმ წუთში შემთხვევით დავხედე საათს. საათის ისრები გადაჯვარედინდა და მე ისეთი ცნობისმოყვარეობით ჩავაშტერდი, თითქოს ერთი სეკუნდის წინაც ამას ვფიქრობდი. ოთხის სამი წუთი იყო, 1913 წლის 7 ივნისი.      ამგვარად, ბავშვურსა და უაზრო ჭეშმარიტებაში მთლად ჩანთქმული, სიგარეტით ხელში, თეთრ ციფერბლატს დავცქეროდი, რომ უცბად ზურგს უკან ქალის სიცილი შემომესმა. ქალი ხმამაღლა, აღგზნებული კისკისებდა. სწორედ ეს მომწონს ქალებში, როცა სიყვარულის გზნებისას, მოულოდნელად აუტყდებათ ხოლმე კისკისი. ის იყო, თავის მობრუნება დავაპირე, რომ იმ ქალისათვის შემეხედა, ისე კადნიერად და გამომწვევად რომ შემოიჭრა ჩემს უზრუნველ ოცნებებში, როგორც თვალისმომჭრელი თეთრი ქვა გამოჩნდება ხოლმე შლამით დაფარულ გუბურაში, მაგრამ თავი შევიკავე. უცნაურმა სურვილმა შემაჩერა, რაც ხშირად დამეუფლებოდა ხოლმე, თავდავიწყებით მივცემოდი უწყინარ თამაშს, ჩამეტარებინა პატარა ფსიქოლოგიური ცდა, თავისუფლება მიმეცა ჩემი წარმოსახვისათვის და შეუხედავად წარმომედგინა ის ქალი - მისი სახე, პირი, კისერი, კეფა, მკერდი, ერთი სიტყვით, მისი სიცილით წარმომედგინა ცოცხალი, რეალური სახე.      ქალი, ეტყობოდა, სწორედ ჩემს ზურგსუკან იდგა. სიცილი საუბარმა შეცვალა. სმენადქცეული ყურს ვუგდებდი. იგი ძალიან სწრაფად და ცოცხლად, მსუბუქი უნგრული აქცენტით ლაპარაკობდა, ხმოვნებს ისე აგრძელებდა, თითქოს მღერისო. ახლა ჩემს გასართობს ის წარმოადგენდა, რომ მის ლაპარაკზე მთელ სახეს აღვიქვამდი და ვცდილობდი, წარმომედგინა ყოველი ნაკვთი. მე მივანიჭე შავი თმა, შავი თვალები, მსხვილი, მგრძნობიარე ტუჩები, თოვლივით ქათქათა, გამწკრივებული კბილები. პატარა თხელი, ნესტოებდაბერილი ცხვირი. მარცხენა ლოყაზე მშვენიერი ხალი დავუხატე. ხელში მივეცი წკეპლა, რომელსაც სიცილით ირტყამდა ფეხებზე. იგი ლაპარაკობდა შეუჩერებლივ. ყოველი სიტყვა ახალ თვისებას მატებდა ჩემს ოცნებაში ელვის უსწრაფესად წარმოქმნილ სახეს: თხელი, ქალწულებრივი მკერდი, მუქმწვანე კაბა, ირიბად გაყრილი ბრილიანტის აბზინდა, ღია ფერის, თეთრ ფრთებშემოვლებული შლიაპა. სურათი თანდათან ნათელი ხდებოდა და მე მეჩვენებოდა, რომ ჩემს უკან მდგარი ეს უცხო ქალი ჩემს თვალებში ისე ისახებოდა, როგორც ფოტოფირზე. მაგრამ თავი არ მომიტრიალებია, მინდოდა გამეგრძელებინა თამაში. რაღაც იდუმალი მომხიბვლელობა გამოსჭვიოდა ჩემთვის ამ თამამ ოცნებაში. თვალები დავხუჭე და ოდნავადაც არ მეპარებოდა ეჭვი, რომ როცა გავახელდი და თავს შემოვატრიალებდი, წარმოდგენილი სახე უეჭველად დაემთხვეოდა რეალურს.       ქალი წინ წამოვიდა. უნებურად გავახილე თვალები და ცეცხლი მომეკიდა: სულ სხვანაირი იყო. უფრო მეტიც, თითქოს განზრახ სრული წინააღმდეგობა აღმოჩნდა ჩემს მიერ შექმნილი სახისა. მწვანე კაბა კი არ ეცვა, არამედ თეთრი, ტანწერწეტი კი არ იყო, ჩათქვირული, ჩამრგვალებულთეძოებიანი. მსუქან ლოყაზე ხალი არ უჩანდა, წითურა, და არა შავ თმაზე ჩაჩქანივით ქუდი ედო. არც ერთი ჩემი ნიშანი არ შეეფერებოდა იმის სახეს, მაგრამ ქალი ლამაზი იყო, მეტისმეტად ლამაზი, თუმცა მე, ამპარტავნობით თავი ფსიქოლოგად რომ წარმომედგინა, არ მინდოდა საკუთარ თავს გამოვტყდომოდი ამაში. თითქმის მტრულად შევხედე, მაგრამ, მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, ამ ქალის შეხედვაზე რაღაც საოცარი გრძნობა დამეუფლა, ცხოველური გზნება მისი ჩათქვირული, მკვრივი სხეულისადმი. ქალი კვლავ კისკისებდა, აჩენდა თეთრ, სწორ კბილებს და ეს გულალალი, გამომწვევი სიცილი სრულიად ეხამებოდა მის სილამაზეს. ყველაფერი მიმზიდველი და გამომწვევი გეჩვენებოდათ მასში: მაღალი მკერდი, სიცილისას წინ გამოწეული ნიკაპი, მსუსხავი მზერა, კეხიანი ცხვირი, ხელი, მტკიცედ რომ ეჭირა ქოლგა. მასში შეიგრძნობდით ქალურ საწყისს, პირველყოფილ ძალას, ოსტატურ, დაჟინებულ მომხიბვლელობას, ხორცშესხმულ ცდუნებას.       მის გვერდით იდგა კოხტა, ცოტათი ჯანგატეხილი ოფიცერი და რაღაცას გატაცებით ელაპარაკებოდა. ქალი უსმენდა, იღიმებოდა, იცინოდა, პასუხობდა, მაგრამ გულგარეთ. ნესტოები მოუთმენლად უთრთოდა და თვალები აქეთ-იქით გაურბოდა. ყოველი ჩამვლელი მამაკაცი უეჭველად ყურადღებას მიაქცევდა, გაუღიმებდა. ქალს თვალები აქეთ-იქით გაურბოდა, ხან ტრიბუნებზე ნაცნობ სახეს შენიშნავდა და გახარებული პასუხობდა სალამზე, ხან - მარცხნივ, ხან - მარჯვნივ, თან წინანდებური ქედმაღლური ღიმილით უსმენდა ოფიცერს. მხოლოდ მე, მის თანამგზავრს ამოფარებული, ვრჩებოდი მისი მხედველობის არის გარეშე. ეს მაბრაზებდა. წამოვდექი, მაგრამ ის მაინც ვერ მხედავდა. ახლოს მივედი, ის მაინც ტრიბუნისაკენ იცქირებოდა. მაშინ წინ დავუდექი, მივესალმე მის თანამოსაუბრეს და ქალს სკამი შევთავაზე. ქალმა განცვიფრებით შემომხედა, თვალები ეშმაკურად გაუბრწყინდა, ბაგეებზე თავაზიანმა ღიმილმა გაურბინა. თუმცა თავდაჭერილად გადამიხადა მადლობა და სკამი გამომართვა, მაგრამ არ დამჯდარა. ნიდაყვებამდე შიშველი ხელებით მსუბუქად დაეყრდნო საზურგეს და ისეთი პოზა მიიღო, რაც გამოჰკვეთავდა იმის ჩათქვირულ ნაკვთებს.      უხეირო ფსიქოლოგიური ცდით გამოწვეული წყენა გამიქრა, მხოლოდ იმ ქალთან გააშიკება მიტაცებდა. ცოტათი უკან დავიხიე ტრიბუნების კედლისაკენ, საიდანაც ჯოხზე დაყრდნობილს შემეძლო თავისუფლად, სხვებისაგან შეუმჩნევლად მეცქირა მისთვის. ვცდილობდი, მისი მზერა დამეჭირა. ქალმა ეს შენიშნა. ოდნავ შემოტრიალდა ჩემი სათვალთვალო პოსტისაკენ, მაგრამ ისე, რომ ეს მოძრაობა სრულიად შემთხვევითი გეგონებოდათ. თვალს არ არიდებდა ჩემს მზერას, ის კი არა, ზოგჯერ შემომხედავდა კიდეც, მაგრამ იმედს არ მაძლევდა. თვალები წინანდებურად აქეთ-იქით გაურბოდა, მაგრამ ვერაფერზე ვერ აჩერებდა. მხოლოდ მაშინ, როცა ჩემს მზერას შეეფეთა, ღიმილი ჩაუდგა, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ამ ღიმილით აჯილდოებდა ყველას? ვერა და ვერ გამომეცნო. სწორედ ეს გაურკვევლობა მაბრაზებდა. როცა მისი მზერა შუქნიშნის სხივივით მომხვდა, იგი მრავლისაღმთქმელი იყო, მაგრამ ისევე ცივი ელვარებით განურჩევლად ირეკლავდა მასზე მიპყრობილ მზერას. ამ თამაშით, ეტყობოდა ქედმაღლურ პატივმოყვარეობას იკმაყოფილებდა, თან კიდევ ერთ წუთსაც არ სწყვეტდა კურკურს თავის თანამგზავრთან, გეგონებოდათ, მისი ნათქვამი ძალიან აინტერესებსო. რაღაც გაუგონარი კადნიერება შეინიშნებოდა მის ქცევაში - აშიკობის ვირტუოზობა თუ წრესგადასული მგრძნობელობა. უნებურად ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი: მისი აღუშფოთველი კადნიერება მეც გადმომეცა. მე უკვე აღარ შევცქეროდი თვალებში, საქმის ცოდნით ვათვალიერებდი თავით ფეხამდე, მზერით ვხდიდი ტანსაცმელს და ვაშიშვლებდი. იგი თვალს ადევნებდა ჩემს მზერას და სულაც არ გრძნობდა შეურაცხყოფას, ტუჩების კუთხეებით უღიმოდა თანამოსაუბრე ოფიცერს, მაგრამ ამ ეშმაკურ ღიმილში მოწონება ამოვიკითხე. ხოლო, როცა ცქერა დავუწყე მის პატარა კოხტა ფეხს, კაბის ქვეშიდან რომ მოუჩანდა, და ცოტა ხნის შემდეგ, როცა თითქოს შემთხვევით დავადგი ფეხი სკამის ქვედა ღერძს და თხელ ქვედატანს ქვეშ თვალი შევავლე მის წინდებს მუხლებამდე, თანამოსაუბრისაკენ მიპყრობილ მომღიმარ სახეზე დამცინავი, ცბიერი გამომეტყველება გამოესახა. ეტყობოდა, ისიც ისევე აგზნების გარეშე მეკურკურებოდა, როგორც მე, და გაბოროტებით შევნიშნე, რომ იგი სრულყოფილად ფლობდა ამ სარისკო თამაშის ტექნიკას. მან თითქოს რაღაც იდუმალებით გააღვივა ჩემი ცნობისმოყვარეობა, თან ყურადღებით უსმენდა თავისი თანამოსაუბრის ჩურჩულს, მაგრამ ერთსაც და მეორესაც სრულის გულგრილობით აკეთებდა. ეს მაშფოთებდა, რადგან ამ ცივ, ბოროტ, ანგარებიან კურკურს ვერ ვიტანდი, სისხლისაღმრევ სიახლოვეს განმაცდევინებდა ჩემს საკუთარ უგრძნობელობასთან. მაგრამ მაინც წამეკიდა გზნება, იქნებ უფრო მეტად სიძულვილისაგან, ვიდრე ამ ქალით გატაცებისაგან. ახლოს მივედი და ურცხვად ჩავხედე თვალებში. „მე შენ მინდიხარ, მშვენიერო ცხოველო“, - არაორაზროვნად ამბობდა ჩემი მზერა, და ეტყობოდა, ჩემი ბაგეებიც უნებურად შეირხა, რადგან იმან გამიღიმა ოდნავ ზიზღნარევი ღიმილით და კაბა გაისწორა. შავი თვალები მაშინვე მკვირცხლად აქეთ-იქით გაექცა. სრულიად ნათელი იყო, რომ ისიც ისეთივე ცივი იყო, როგორც მე, რომ იგი ჩემი ღირსეული პარტნიორი გახლდათ, რომ თითოეული ჩვენგანი მეორის ჯიბრზე ნაცარს ჩხრეკდა, რომელიც მხოლოდ მოჩვენებით ცეცხლს გააღვივებდა, რაც მხოლოდ თვალს გაახარებდა და ამ ნაღვლიან დღეს დროს მოკლავდა.      მაგრამ უცბად გამოცოცხლება გაჰქრა მისი სახიდან, თვალებში ბრწყინვალება ჩაუქრა, ახლახან მომღიმარე ბაგეებზე წყენის ნაოჭი გაუწვა.      თვალს არ ვაშორებდი მის მზერას: ტანდაბალი, ფაშფაშა კოსტუმიანი სქელ-სქელი ბატონი აჩქარებით მოდიოდა მისკენ, თან აღელვებული გზა-გზა გაოფლიანებულ სახეს იწმენდდა ცხვირსახოცით. შლიაპის ქვეშ, აჩქარებისაგან გვერდზე რომ მოქცეოდა, დიდი ქაჩალი ადგილი მოუჩანდა. გუნებაში გავიფიქრე, ეს მოტვლეპილი თავი ქუდქვეშ ალბათ მსხვილი ოფლის წვეთებით აქვს დაცვარული-მეთქი, და უნებური ზიზღი ვიგრძენი ამ კაცისადმი. ბეჭდებაჩონჩხლილი ხელი ბილეთების დასტას ჭმუჭნიდა და მღელვარებისაგან გულგასიებულს ცოლისათვის არც კი შეუხედავს, უნგრულად ხმამაღლა გამოელაპარაკა ოფიცერს. მაშინვე მივხვდი, რომ საცხენოსნო სპორტის თავგამოდებული მოყვარული იყო. ვინ იცის, იქნებ რომელიმე მსხვილი ვაჭარი გახლდათ, რომლისთვისაც მთელი ცხოვრების აზრს აზარტი შეადგენდა. ეტყობოდა, ცოლმა შენიშვნა მისცა (მისი იქ ყოფნა არცხვენდა ქალს და ახლა მცირეოდენი მხნეობაც კი დაკარგა), რადგან შლაპა გაისწორა, მერე გულკეთილად გაიცინა და დაჰკრა მხარზე ხელი. ქალმა მრისხანედ შეჰყარა წარბები. ეტყობოდა, გააბრაზა ასეთი ინტიმური დამოკიდებულების გამომჟღავნებამ, შერცხვა ოფიცრისა და იქნებ უფრო მეტად ჩემი. კაცმა ისევ ბოდიში მოიხადა, ისევ უთხრა რამდენიმე სიტყვა ოფიცერს უნგრულად, რომელზეც იმან თავაზიანი ღმეჭით უპასუხა, მერე მორიდებითა და ნაზად გაუყარა ცოლს მკლავი. მივხვდი, რომ ქალს შერცხვა ასეთი ინტიმურობის გამომჟღავნებისა ჩვენს თვალწინ და მეც ზიზღნარევი, დამცინავი ღიმილით შევცქეროდი მის დამცირებას, მაგრამ იგი ისევ დაეუფლა საკუთარ თავს, მსუბუქად დაეყრდნო კაცის მკლავს, ირონიული მზერით მომხედა, თითქოს მეუბნებოდა: „ხედავ, აი, ამას ვეკუთვნი და არა შენ“. ეს მწყინდა კიდეც და თან ზიზღიც დამეუფლა. მხოლოდ ისღა მსურდა, ზურგი შემექცია მისთვის და გავტრიალებულიყავ, რომ დამემტკიცებინა, ამ ვულგარული, სქელ-სქელი კაცის ცოლი მე ვერ დამაინტერესებდა, მაგრამ ისე დიდი იყო ცდუნება, დავრჩი.       სწორედ ამ წუთში სტარტის ყურისწამღები ნიშანი გაისმა. უცბად მთელი ეს მოყაყანე, ზანტად მოსეირნე დაქუცმაცებული ხალხის ტალღა ამოძრავდა და ერთად მიაწყდა ბარიერს. ამ ტალღამ ლამის მეც გამიყოლა, მაგრამ მე უეჭველად მინდოდა, საერთო არეულობაში ამ ქალის გვერდით მოვხვედრილიყავი იმის იმედით, რომ შემთხვევა მომცემოდა გაბედული შეხედვისა, ჟესტის, რაიმე თამამი საქციელის, ოღონდ რისი, მე თვითონაც არ ვიცოდი, ამიტომ ჯიუტად ვარღვევდი ხალხის ტალღას და მივიწევდი მისკენ. მისი ქმარიც გააფთრებით მოიწევდა წინ, ეტყობოდა, უნდოდა უკეთესი ადგილი დაეჭირა ტრიბუნის მახლობლად, და უცბად ტალღის მოწოლით ისე მაგრად დავეჯახეთ ერთმანეთს, რომ ქუდი გადასძვრა და მის ბაფთში ჩატანებული ბილეთები აქეთ-იქით გაიფანტა, თითქოს წითელი, ლურჯი, ყვითელი და თეთრი პეპლებიაო. მან გაბრაზებით შემომხედა. ის იყო, უნებურად ბოდიშის მოხდას ვაპირებდი, რომ რაღაც ავმა გაბოროტებამ ენა ჩამიგდო. ის კი არა, ცივად, უტიფრად, შეურაცხმყოფელი, გამომწვევი მზერით შევცქეროდი. მისი მზერა ერთ წუთს დათრგუნვილი გააფთრებით აენთო, მაგრამ მაშინვე შიშით გაჰქრა ჩემი მზერის წინაშე. ერთ წუთს რაღაც დაუვიწყარი, დამფრთხალი თვალებით შემომხედა თვალებში, მერე გატრიალდა, მაგრამ უცბათ თავისი ბილეთები მოაგონდა, აიღო ქუდი და იმათი შეგროვება დაიწყო. მისმა ცოლმა კი ხელი გაუშვა ქმარს და დაუფარავი გააფთრებით, მღელვარებისაგან მთლად ალმურმოდებულმა მომანათა თვალები. მე გულში ვზეიმობდი, რომ ვუყურებდი, ლამის იყო ჩემთვის სილა გაეწნა. გულგრილად ვიდექი იმავე ადგილას და თავხედური ღიმილით თვალს ვადევნებდი, სწორედ ჩემს ფეხებთან სქელი კაცი როგორ ჰკრეფდა ხვნეშით ბილეთებს. დახრისას საყელო გაფხორილი ქათმის ფრთასავით გადაეწეოდა და ქონის სქელი ფენა ამოებერებოდა სქელ კეფაზე. ყოველი დახრისას ავადმყოფურად ხვნეშოდა. უნებურად წარმოვიდგინე ის ლეში ცოლქმრული ალერსისას და ზიზღითა და დაუფარავი ღიმილით შევცქეროდი მის მრისხანებისაგან დამახინჯებულ სახეს. ახლა ქალი მეტისმეტად ფერმკრთალი ჩანდა და ძლივს იკავებდა თავს, ბოლოსდაბოლოს წარვტაცე მას ჭეშმარიტი, ნამდვილი გრძნობა: სიძულვილი, დაუოკებელი მრისხანება. სიამოვნებას მგვრიდა ამ ბრაზისმომგვრელი სცენის უსაზღვრო გაჭიანურება და გულგრილი ნიშნისგებით ვადევნებდი თვალს, როგორ იტანჯებოდა ეს სქელ-სქელი კაცი, რომ სათითაოდ აეკრიფა ბილეთები. მოუსვენარი ეშმაკი მეჯდა ყელში, რომელიც გამუდმებით ხითხითებდა, თავს ძლივს იკავებდა სიცილისაგან. ო, როგორ მინდოდა, ერთი გულიანად გადამეხარხარა, ან ჯოხი მეკრა ჩემს ფეხებთან მხოხავი ლეშისათვის. არასოდეს ასეთ ბრაზს არ შევუპყრივარ, როგორიც ამ კადნიერ, თავის თავში დარწმუნებულ ქალზე სრული გამარჯვების წუთებში.       მაგრამ აი, უბედურმა ბოლოს და ბოლოს შეაგროვა ბილეთები გარდა ერთისა - ლურჯი ბილეთისა, რომელიც უფრო შორს გაფრენილიყო და პირდაპირ ჩემს ფეხებთან ეგდო. იგი ქოშინით მიტრიალდა აქეთ-იქით, ეძებდა თავისი ახლომხედველი თვალებით. პენსნე ოფლით დაცვარულ ცხვირზე ჩამოსცურებოდა. მე ცბიერად ვისარგებლე ამ წუთით, რომ გამეგრძელებინა ძებნა, რაც სიცილს მგვრიდა. ბავშვური სიცელქით სწრაფად წამოვწიე ფეხი და დავაფარე ლურჯ ქაღალდს: ახლა ვერასგზით ვეღარ იპოვიდა, შემეძლო, რამდენ ხანსაც მოვისურვებდი, მეტანჯა იგი, მეძებნინებინა, და ისიც ეძებდა, ეძებდა შეუსვენებლივ, ფორთხავდა, კვლავ ითვლიდა სხვადასხვაფერ ფურცლებს; რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი, ჩემი აკლდა. და როცა მომძლავრებულ ხალხის ტალღაში კვლავ აპირებდა ძებნას, იმისი ცოლი პუჩების კვნეტით ჯიუტად შეტრიალდა, თვალი აარიდა ჩემს დამცინავ მზერას, ვეღარ მოითმინა და იფეთქა.      - ლაიოშ! - მბრძანებლურად უყვირა ქმარს. კაცი შეკრთა, როგორც ცხენი შეკრთება ხოლმე ნაღარის დაცემისას, კიდევ მოავლო თვალი მიწას. ფეხქვეშ დამალულმა ბილეთმა შემიღიტინა და ძლივს ვიკავებდი სიცილს. მერე მორჩილად მიტრიალდა ცოლისკენ. ქალმა საოცარი სისწრაფით მომაშორა ქმარი და ორივე მჩქეფარე ხალხის ნიაღვარს შეერია.      მე კი იქვე დავრჩი, ოდნავი სურვილიც კი არა მქონია, იმათ გავყოლოდი. ეპიზოდი ჩემთვის დამთავრებული იყო. ეროტიული დაძაბულობის გრძნობამ ჩამიხშო წუთიერი სურვილი, გზნება, უცაბედი აფეთქება და ამ თამაშისაგან მხოლოდ კმაყოფილების სასიამოვნო, უტიფარი შეგრძნება შემომრჩა, რომ ნომერი გამოვიდა. წინ ერთი ჭყლეტა იყო, აღგზნებული ტალღა მღვრიე, აქაფებულ ზვირთივით მიაწყდა ბარიერს, მაგრამ მე არც კი ვიყურებოდი იქითკენ; მომწყინდა, ახლა მხოლოდ იმაზეღა ვფიქრობდი, აქვე პარკში გავისეირნო, თუ შინ წავიდე-მეთქი. მაგრამ ნაბიჯი გადავდგი თუ არა, მაშინვე შევნიშნე მიწაზე დაგდებული ლურჯი ბილეთი. ავიღე და ხელში ვათამაშებდი, არ ვიცოდი, სად წამეღო. თავში გამიელვა, ლაიოშისათვის დამებრუნებინა, რაც დიდებული მიზეზი იქნებოდა მისი ცოლის გაცნობისა, მაგრამ იგი ახლა სულაც აღარ მაინტერესებდა და ის წუთიერი ინტერესი, რაც ამ შემთხვევამ აღმიძრა, კარგა ხანია შესცვალა ჩემმა ჩვეულებრივმა გულგრილობამ. იმდენად მძაგდა ეს ლეში, ამ უხმო ორთაბრძოლის, გულღია მზერის მეტს აღარაფერს მოვითხოვდი ლაიოშის ცოლისაგან. გავერთე ამ თამაშით და ახლა წუთიერად თუ დამეუფლებოდა ცნობისმოყვარეობა, სასიამოვნო შეგრძნება.       სკამი, რომელიც იმას დავუთმე, ისევ იმავე ადგილას იდგა ცარიელი, უფრო მოხერხებულად დავჯექი და სიგარა გავაბოლე. ჩემს წინ ისევ ბობოქრობდნენ ვნებანი, მაგრამ მე ყურს აღარ ვუგდებდი. ჩემზე არ მოქმედებდა განმეორებანი, ნება-ნება ვაბოლებდი და ვფიქრობდი წყალვარდნილზე, რომელიც ორი წლის წინ ვნახე მერანოში. სწორედ ისეთი იყო, როგორც აქაურობა: მშფოთვარე, მჩქეფარე ნაკადი, რომლისაგან არც არავის სცივა და არც არავის სცხელა, უაზრო გრგვინვა ზურმუხტისფერ პოეზიაში. მაგრამ აი, ხალხის ტალღის დრტვინვამ უმაღლეს წერტილს მიაღწია. აბობოქრებულ ხალხის ზვირთებს ზემოთ კვლავ გამოჩნდა ქოლგები, შლიაპები, ცხვირსახოცები, კვლავ ყველაფერი ერთ გოდებად შეირწყა და ხალხის ვეებერთელა ტალღიდან კვლავ ათასგზის გამოიყო ერთი სახელი, რასაც დიდი აღტაცებით და თავგამოდებით ყვიროდნენ: „კრესი! კრესი! კრესი!“ მერე დაჭიმულ სიმის ხმასავით უცბად შეწყდა (რა ერთფეროვანია გზნებანი, როცა მეორდება). იგრიალა მუსიკამ. ხალხი იშლებოდა. ასწიეს ფარდები, რომლებზეც გამარჯვებულთა ნომრები ეწერა. ანგარიშმიუცემლად შევხედე მათ. პირველ ადგილზე შვიდიანი ბრწყინავდა. უნებურად შევხედე ხელში შემორჩენილ ლურჯ ბილეთს. იმაზეც შვიდიანი იყო გამოსახული.      გამეცინა. ბილეთმა მოიგო. ძვირფასი ლაიოში მიხვდა ალბათ ამას. ამგვარად, კვლავ ჩემს ხელთ იყო იმ ქალის სქელი მეუღლე. უცბად ეშმაკი შემიჯდა სულში. ახლა მაინტერესებდა, რამდენი დაუჯდა იმას ჩემი იჭნეული ჩარევა. პირველად დავაკვირდი ლურჯ ბილეთს; ბილეთი ოცი კრონისა იყო და ლაიოშიც მოგებული გახლდათ. ეს საკმაო თანხა იყო. დიდხანს არც კი მიფიქრია, ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი შევუერთდი ხალხის ტალღას, რომელიც სალაროებს მიაწყდა. ერთ-ერთ რიგში გავეჭედე, წარვუდგინე ბილეთი და კაცის ძვალტყავა, სწრაფმა ხელებმა, ვისი სახეც არასოდეს მენახა, მარმარილოს დაფაზე მომითვალა ოცი კრონის ცხრა ბანკნოტი.       იმ წუთში, როცა მონაგები ნამდვილი ფული მომითვალეს, სიცილი შემეყინა ბაგეებზე. უცბად საშინელი გრძნობა დამეუფლა. უნებურად ხელი გავწიე, რომ არ მიმეკარებინა სხვისი ფულისაკენ. სჯობდა, ეს ბანკნოტები დაფაზე დამეტოვებინა, მაგრამ ჩემს უკან ერთი ჭყლეტა იყო და მოუთმენლად ელოდნენ მონაგების მიღებას. ამგვარად, ზიზღით ავიღე ბანკნოტები, თითქოს მწვავდა, თითქოს ცეცხლის ენებიაო, ის კი არა, ხელიც კი გავწიე, თითქოს ჩემი არ იყო. მაშინვე მივხვდი, რა გამოუვალ მდგომარეობაშიც ჩავვარდი, ჩემდა უნებურად ხუმრობამ ისეთი ხასიათი მიიღო, რაც არ შეჰფეროდა წესიერ კაცს. ჯენტლმენს. მე თვითონვე ვერ ვბედავდი, ჩემი საქციელისათვის ნამდვილი სახელი მეწოდებინა. ეს ხომ დამალული კი არა, ეშმაკურად გამოცანცლული, მოპარული ფული იყო.      ჩემს გარშემო ხალხი ზუზუნით, ხელისკვრით მიიწევდა სალაროებისაკენ, ან უკან გამოდიოდნენ. მე კვლავ გაუნძრევლად ვიდექი ხელგაწვდილი. რა უნდა მექნა? უწინარეს ყოვლისა, მომაგონდა, რაც ყველაზე ბუნებრივი იყო; მომენახა ბილეთის მფლობელი, ბოდიში მომეხადა და უკან დამებრუნებინა ფული. მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, განსაკუთრებით იმ ოფიცრის თანდასწრებით. მე ხომ თადარიგის ლეიტენანტი გახლდით და ასეთი აღიარებისათვის უეჭველად ჩინით ჩამომაქვეითებდნენ. თუნდაც რომ შემთხვევით მეპოვნა ბილეთი, ფულის აღება უღირსი საქციელი იყო. ისიც კი ვიფიქრე, ხომ არ ავყოლოდი ინსტინქტურ სურვილს - მომეჭმუჭნა ქაღალდები და გადამეყარა, მაგრამ ესეც შეიძლებოდა ვინმეს საეჭვოდ მოსჩვენებოდა. მე კი არავითარ შემთხვევაში, ერთი წუთითაც კი არ მინდოდა ხელში მჭეროდა სხვისი ფული, თუნდაც იმ აზრით, რომ ვინმესთვის მეჩუქებინა. ბავშვობიდანვე შესისხლხორცებული სიწმინდის გრძნობა ნებას არ მაძლევდა ამ ბანკნოტების ხელის შეხებისა. თავში ჩაქუჩივით მარტყამდა ერთი აზრი, რა ხერხითაც არ უნდა ყოფილიყო, ოღონდ მომეშორებინა ეს ფული. დაბნეულმა უნებურად აქეთ-იქით მივიხედ-მოვიხედე, ხომ არ არის სადმე ისეთი მიფარებული კუთხე, რომ ეს ფული გადავყარო-მეთქი, რომ უცბად შევნიშნე, ხალხი კვლავ მიიწევდა სალაროებისაკენ, მაგრამ ახალ უკვე ფულით ხელში. ამ წუთში თავში გამიელვა, დამებრუნებინა ფული ცბიერი შემთხვევისათვის, რომელმაც იგი შემომაჩეჩა, უკან ჩამეგდო იმ გაუმაძღარ ხახაში, ჩემს თვალწინ ხარბად რომ ნთქავდა ვერცხლსა და ბანკნოტებს. დიახ, ეს იყო გამოსავალი, ეს იყო ჭეშმარიტი ხსნა!       ადგილს მოვწყდი, მივირბინე სალაროებთან, ჩავდექი რიგში. მხოლოდ ორი კაცი იდგა ჩემს წინ. პირველი უკვე მივიდა ტოტალიზატორთან, რომ უცბად მომაგონდა, არც კი ვიცოდი, რომელი ცხენი დამესახელებინა. დაძაბული ვუგდებდი ყურს სხვების ლაპარაკს: - რავახოლზე სდებთ? - ჰკითხეს ერთს. - რაღა თქმა უნდა, რავახოლზე, - უპასუხა მეორემ. - თქვენ როგორ გგონიათ, ტედის არა აქვს შანსები? - ტედის? - სულაც არა. ჰანდიკაპში მთლად ჩაფლავდა. ტედი მკვეხარაა და მეტი არაფერი...      როგორც მწყურვალე ადამიანი ხარბად დაეწაფება ხოლმე წყალს, ისე ვისრუტავდი ამ სიტყვებს. მაშ ასე, ტედი უიმედოა, ტედის არ შეუძლია გაიმარჯვოს. მაშინვე გადავწყვიტე ის ამერჩია. გავყარე ფული ფანჯარაში და დავასახელე ეს-ესაა გაგონილი სახელი ტედისა, ვიღაცამ ხელში მომაყარა ბილეთები, ერთის მაგივრად ცხრა ბილეთის მფლობელი გავხდი. ეს არ იყო სასიამოვნო, მაგრამ არც ისე საზიზღარი და დამამცირებელი გახლდათ, როგორც ხელში მოშრიალე ბანკნოტების ჭერა.      ისევ შვებით ამოვისუნთქე. ფული მოვიშორე. დამთავრდა თავგადასავლის უსიამოვნო მხარე და კვლავ უწყინარი ხუმრობის ხასიათი მიიღო. იმავე სკამზე დავჯექი და ნება-ნება ვაბოლებდი სიგარას, ბოლის ბოლქვებს ვუშვებდი, მაგრამ ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი. წამოვდგებოდი, წინ და უკან დავდიოდი, კვლავ დავეშვებოდი კიბეზე. საოცარი იყო: ნეტარი, საოცნებო სიმშვიდე უკვალოდ გაქრა. რაღაც გამოუცნობი მღელვარება დამეუფლა. პირველად მეგონა, ეს უსიამოვნო გრძნობა გამოწვეული იყო ხალხში ლაიოშისა და იმისი ცოლის დანახვის შიშით. მაგრამ აბა ისინი როგორ მიხვდებოდნენ, რომ ეს ახალი, თეთრ, წითელზოლებიანი ბილეთები იმათ ეკუთვნოდა? არც აღელვებული, მოფუსფუსე ხალხი მიშლიდა ხელს. პირიქით, ყურადღებით ვადევნებდი თვალს, ბარიერისკენ ხომ არ მიიწევს-მეთქი. ის კი არა, საკუთარი თავი იმაშიც კი დავიჭირე, რომ ყოველ წუთს ვდგებოდი სკამიდან და თვალებით ვეძებდი დროშას, რომელსაც დოღის დაწყებისას აღმართავენ ხოლმე. ეს მხოლოდ ფიცხი მოუთმენლობა იყო, რამაც შემიპყრო სტარტის მოლოდინში, რადგან მინდოდა, ეს სულელური ამბავი სამუდამოდ დამთავრებულიყო.      გვერდზე ჩამირბინა ბიჭმა, რომელსაც აფიშები ეჭირა ხელში. დავუძახე, ვიყიდე აფიშა და დავიწყე ჩემთვის გაუგებარ სპორტულ ენაზე დაწერილი ტექსტის კითხვა, სანამ ბოლოს ტედის არ წავაწყდი. გამოვიცანი ჟოკეის, თავლის მფლობელის გვარი, ფერები - წითელი და თეთრი. მაგრამ რად მინდოდა ეს? გააფთრებით მოვჭმუჭნე ქაღალდი და გადავაგდე. წამოვდექი სკამიდან, მერე ისევ დავჯექი. უცბად დამცხა, სველი შუბლი ცხვირსახოცით მოვიწმინდე. საყელო ყელში მიჭერდა. დოღი ჯერ კიდევ არ დაწყებულიყო.      ბოლოს გაისმა ზარის ხმა. ხალხის ტალღა წინ მიაწყდა და ამ წუთში შევიგრძენი, რომ ამ ზარის წკრიალმა მაღვიძარასავით გამომიყვანა მთვლემარე გაშეშებიდან. ისე უცბად წამოვხტი, რომ სკამი გადაყირავდა, და ვიჩქარე, არა, თავპირის მტვრევით გავიქეცი, მაგრად ვჭმუჭნიდი მუშტში ბილეთებს და ხალხის ტალღაში ისე შევიჭერი, თითქოს მეშინოდა, არ დამგვიანებოდა, მეტისმეტად მნიშვნელოვანი რამ არ გამომრჩენოდა. ნიდაყვების უხეშად ქნევით ბარიერამდე მივაღწიე და თავხედურად ვეტაკე სკამს, რომელზეც ის იყო ერთი მანდილოსანი აპირებდა დაჯდომას. მის განცვიფრებულ მზერაზე მაშინვე მივხვდი, რომ უზრდელად მოვიქეცი. ეს ჩემი კარგი ნაცნობი გრაფინია „რ“ გახლდათ. იგი წარბებშეჭმუხვნილი განრისხებული შემომცქეროდა, მაგრამ სირცხვილისა და სიჯიუტის გამო ცივად მოვტრიალდი და სკამზე შევხტი, რომ უკეთ დამენახა ბილიკი.      სადღაც, შორს, მწვანე მინდორზე, სტარტთან ცხენების პატარა ჯგუფი შევნიშნე, რომელთაც თავს ძლივს უჭერდნენ პატარა, ჭრელ-ჭრელი, ჯამბაზებივით ჟოკეები. მინდოდა იმათ შორის ჩემი ამორჩეული ცხენი დამენახა, მაგრამ უჩვევი თვალი მქონდა. რაღაც მოციმციმე ბურუსი მიშლიდა ხელს და მრავალფერ ლაქებს შორის ვერ ვარჩევდი წითელსა თეთრ ფერს. ამ წუთში გაისმა მეორე ზარი და როგორც ერთი მშვილდიდან გასროლილი შვიდი ჭრელი ისარი, შვიდი ცხენი გაიჭრა მწვანე ბილიკზე. დამშვიდებული მაყურებლისათვის, რაღა თქმა უნდა, უჩვეულო, ლამაზი სანახაობა იყო. კოხტა ცხენები გააფთრებული ჭენებით გაიჭრნენ მწვანე მინდორზე, ნალებს მიწას არც კი აკარებდნენ, მაგრამ მე ვერაფერს ვამჩნევდი, მხოლოდ იმას ვცდილობდი სასოწარკვეთილი, ჩემი ცხენი და ჩემი ჟოკეი გამომეცნო და თავბედს ვიწყევლიდი, ბინოკლი რად არ წამოვიღე-მეთქი. როგორ არ ვიხრებოდი, როგორ არ ვიჭიმებოდი, მხოლოდ ოთხს თუ ხუთ ჭრელ ქინქლას ვხედავდი, რომელიც ერთ მფრინავ გორგალს შერწყმოდა. მაგრამ აი, მოსახვევში ეს გორგალი გაიშალა, შექმნა სოლი, წაწვეტებული მხარე წინ გამოიწია და უკან გამოეყო რამდენიმე ჩამორჩენილი ცხენი. გააფთრებული ბრძოლა იყო, სამი თუ ოთხი ცხენი, ჭენებაში გადარეული, თავი თავზე მიდებული მიჰქროდა, გეგონებოდათ ერთმანეთის გვერდზე დაწებებული სხვადასხვა ქაღალდის ზოლებიაო. ხან ერთი, ხან მეორე ისკუპებდა და ცოტათი წინ გამოიჭრებოდა. მეც მთელი ტანით ვიჭიმებოდი, კუნთებს ვძაბავდი, თითქოს ეს უშველიდათ ცხენებს, რომ უფრო სწრაფად, ქარივით ექროლათ.       ჩემს გარშემო მღელვარება მატულობდა. ზოგიერთი გამოცდილი მაყურებელი მოსახვევშივე არჩევდა ჟოკეის ფერს, რადგან გაურკვეველ ხმაურში შუშხუნებივით ავარდებოდა ხოლმე ცაში სახელები. ჩემს გვერდით ერთი კაცი იდგა, რომელიც გააფთრებით იქნევდა ხელს და როცა ერთი ცხენის თავი წინ წამოვიდა, ფეხი დააბაკუნა და ველურად დაიღრიალა ამაზრზენი საზეიმო ხმით; „რავახოლ! რავახოლ!“ - უცბად დავინახე, ამ ცხენის ჟოკეის ტანსაცმელი მართლაც ლურჯად ელავდა და საშინლად გავბრაზდი, რომ ჩემი ცხენი არ იმარჯვებდა. თანდათან აუტანელი ხდებოდა ჩემთვის ჩემი მეზობლის ყურისწამღები ღრიალი: რავახოლ! რავახოლ!“ ისე გავფითრდი, ძლივს შევიკავე თავი, რომ მუშტი არ მიმერტყა მის ფართოდ დაღებულ, აღრიალებულ შავ პირში. სიბრაზისაგან ისე ვცახცახებდი, არც კი ვგრძნობდი, ყოველ წუთს როგორ ვკარგავდი განსჯის უნარს. მაგრამ აი, მეორე ცხენი ლამის გაუსწორდა პირველს. იქნებ ეს ტედია, იქნებ, იქნებ, - და იმედმა ფრთები შემასხა. მართლაც, მომეჩვენა, რომ უნაგირზე გაიელვა წითელმა ხელმა, როცა ჟოკეიმ გავაზე შემოსცხო. იქნებ ეს ტედი იყო, არა, ტედია, ტედი, უეჭველად ტედია! მაგრამ რატომ არ უსწრებს წინ ის არამზადა? კიდევ შემოსცხე წკეპლა, შემოსცხე! ახლა სულ ახლოს იყო, ერთი ნახტომი და! რატომ უსწრებს რავახოლი? არა, რავახოლი არა! რავახოლი არა! ტედი! ტედი! გაუსწარი, ტედი, ტედი! უცბად უკან მოვიხედე. რა მოხდა? ვინ ღრიალებდა ასე? ვინ ღრიალებდა ასე გააფთრებით: „ტედი! ტედი!“ ეს ხომ მე ვიყავი. თუმცა ჭკუას ვკარგავდი, მე თვითონვე მეშინოდა საკუთარი თავისა. მინდოდა თავი შემეკავებინა, ჩემი თავი ხელში ამეყვანა. სირცხვილი მკლავდა, მაგრამ თვალს ვერ ვწყვეტდი ვერც ერთ ცხენს, თითქოს ერთმანეთს რომ შერწყმოდნენ. ეტყობოდა, ტედი მართლა ებრძოდა პირველ ადგილს იმ წყეულ რავახოლს, რომელიც ნამდვილი სიძულვილით მძაგდა, რადგან ჩემს გარშემო ატყდა ყურისწამღები ყვირილი: „ტედი! ტედი!“ - და მეც ერთ წუთს გონს მოსული კვლავ გავხელდი. ტედიმ უნდა მოიგოს, ვალდებულია მოიგოს! და მართლაც, აი, წინ მქროლავი ცხენის თავს გამოეყო მეორე თავი, ჯერ ერთი მეოთხედით, მერე ნახევრით, აი, უკვე კისერიც ჩანს - ამ დროს ზარმა დაიჟღრიალა და ხალხის ტალღას სიხარულის, სასოწარკვეთილების, მრისხანების ღრიალი აღმოხდა. ერთ წუთს სასურველმა სახელმა აავსო მთელი ცის თაღი, მერე ყვირილი მიწყდა და სადღაც მუსიკამ დაიგრიალა.       ალმურმოდებული, მთლად ოფლად დაღვრილი, გულაძგერებული ჩამოვხტი სკამიდან. ერთ წუთს ისევ ჩავჯექი, რადგან თავი მიბრუოდა. სიხარულმა შემიპყრო, რაც არასოდეს განმიცდია, დაუოკებელმა სიხარულმა იმის შეგრძნებისა, რომ შემთხვევა ასე ბრმად დაემორჩილა ჩემს სურვილს. ვცდილობდი საკუთარი თავი დამერწმუნებინა იმაში, რომ ცხენმა ჩემი სურვილის წინააღმდეგ მოიგო, რომ მე მინდოდა წამეგო ეს ფული. მაგრამ თანაც არ მჯეროდა ამისი და მთელს სხეულში საშინელ ქავილს ვგრძნობდი. რაღაც მიბიძგებდა და კარგად ვიცოდი, საითკენ: მინდოდა მეგრძნო გამარჯვება, მენახა იგი, შემეგრძნო, ხელში მჭეროდა ფული, ათრთოლებული თითებით გადამეთვალა ლურჯი ბანკნოტების დასტა. რაღაც გამოუცნობმა გააფთრებულმა ვნებიანმა სურვილმა შემიპყრო და ვეღარავითარი სირცხვილი ვერ შემაკავებდა. წამოვდექი თუ არა სკამიდან, სალაროსკენ გავიქეცი, უხეშად გავარღვიე რიგში მდგომი ხალხის ტალღა, სარკმელთან მივიჭერი, რომ რაც შეიძლება ჩქარა, ჩქარა დამენახა ნამდვილი ფული.      - უზრდელო! - ჩაიბუზღუნა ვიღაცამ ჩემს ზურგსუკან, მაგრამ გაბრაზება არც კი მიფიქრია, მთლად ვცახცახებდი მიუღწეველი, გააფთრებული მოუთმენლობისაგან. ბოლოს ჩემი რიგიც დადგა და ხარბად ვტაცე ხელი ბანკნოტების დასტას. სიხარულისაგან აცახცახებულმა გადავთვალე. დასტაში ექვსას ორმოცი კრონი იყო.      მაგრად ვუჭერდი ხელს ფულს. ჩემი პირველი ფიქრი ის იყო, კიდევ ამეღო, უფრო მეტი მომეგო, ბევრად უფრო მეტი. სად გაქრა ჩემი აფიშა? ოჰ, მღელვარებისაგან გადავაგდე! აქეთ-იქით ვიყურებოდი, იქნებ სხვა მეპოვნა, მაგრამ თავზარი დამეცა, რომ დავინახე, ჩემს გარშემო ხალხის ტალღა თხელდებოდა, გასასვლელისაკენ მიემართებოდა. სალაროები იკეტებოდა, დროშა დაეშვა. დოღი დამთავრდა. მე უკანასკნელი მოჯირითე ვიყავი. ერთ წუთს გაშეშებული ვიდექი. მერე მრისხანებამ შემიპყრო, თითქოს უსამართლობის მსხვერპლი ვყოფილიყავ. ვერა და ვერ შევრიგებოდი იმ აზრს, რომ ახლა, როცა ნერვები ასე მეტისმეტად დაძაბული მქონდა, როცა ამდენი ხნის შემდეგ სისხლი ასე მჩქეფარედ მიედინებოდა ჩემს ძარღვებში, დადგა აღსასრული. ამაოდ ვიტყუებდი თავს იმის იმედით, რომ ეს შეცდომა იყო: თანდათან იფანტებოდა ხალხის ჭრელი ტალღა და გათელილი ბალახი უკვე მწვანდებოდა აქა-იქ შემორჩენილ, დაგვიანებულ მგზავრთა ფეხქვეშ. ბოლოს გონს მოვეგე, მივხვდი, რომ სასაცილო, სისულელე იყო აქ ბორიალი, ავიღე შლიაპა და ჯოხი, მღელვარებისაგან რომ დამვიწყებოდა, და გასასვლელისაკენ გავემართე. ერთი მსახური მოვიდა, თავაზიანად მომიხადა ქუდი. მე ჩემი ფიაკრის ნომერი ვუთხარი, მან ხელები რუპორივით მიიტანა პირთან და დაუძახა. ფიაკრი მაშინვე ჭიშკართან გაჩნდა. მეეტლეს ვუბრძანე, ნელ-ნელა ევლო მთავარ ხეივანში, რადგან ახლა, როცა მღელვარება ცოტათი დამიცხრა, სიამოვნებას განმაცდევინებდა ამ დღეს განცდილი წვრილმანის მეხსიერებაში აღდგენა.       სწორედ იმ წუთში ჭიშკართან კიდევ ერთი ფიაკრი გაჩერდა. უნებურად გავიხედე იქითკენ და მაშინვე შემოვტრიალდი: ფიაკრში სწორედ ის ქალი და მისი სქელ-სქელი მეუღლე სხდებოდნენ. მე ვერ შემნიშნეს, მაგრამ მაშინვე საშინელი გრძნობა დამეუფლა, ჰაერი აღარ მყოფნიდა, თითქოს დანაშაულზე წამასწრესო. მინდოდა მეეტლისთვის დამეყვირა, მათრახი გადაეცხო ცხენებისათვის, რომ რაც შეიძლება ჩქარა გავცლოდი აქაურობას. ფიაკრი ნელ-ნელა გაცურდა რეზინის თვლებზე სხვა ფიაკრების გაყოლებით, რომლებიც ყვავილებით მორთულ ნავებივით მიირწეოდნენ წაბლების ხეივნის მწვანე ნაპირებს შორის და თან მიჰყავდათ ჭრელი ტვირთი - მორთულ-მოკაზმული ქალები. ჰაერი თბილი, სასიამოვნო იყო, უკვე იგრძნობოდა საღამოს სასიამოვნო სიგრილე, მაგრამ წეღანდელი ნეტარი, საოცნებო განწყობილება სრულიად გამიქრა: ჩემი სიცრუის მსხვერპლთან შეხვედრამ დამაბნია. თითქოს გაყინული ჰაერის ნაკადი შეიჭრა ჩემს სხეულში და მაშინვე დააცხრო ჩემი გზნება. კვლავ თავიდან და სრულიად დამშვიდებული გონებით მოვიფიქრე ყველაფერი. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი; მე, საზოგადოებაში პატივცემულმა ჯენტლმენმა, თადარიგის ოფიცერმა, საჭიროების გარეშე მივისაკუთრე ნაპოვნი ფული, შევინახე საფულეში და ეს ისეთი ხარბი სიხარულით, ისეთი სიამოვნებით გავაკეთე, რომ შეუძლებელი იყო ჩემი საქციელის გამართლება. ერთი საათის წინ უდანაშაულო, ჩირქმოუცხებელმა ადამიანმა ჩავიდინე დანაშაული - ქურდი გავხდი და თითქოს იმიტომ, რომ საკუთარი თავი შემეშინებინა, ხმადაბლა, ანგარიშმიუცემლად ავყევი ნალების კაკა-კუკს და ვიმეორებდი განაჩენს: „ქურდი! ქურდი! ქურდი! ქურდი!      მაგრამ უცნაურია, როგორ აღვწერო, რაც დამემართა? ეს ხომ ისეთი რამაა, რისი ახსნაც არ შეიძლება; უჩვეულოა და მაინც ვიცი, რომ არაფერს ვიგონებ, რაც იმ დღეს არ მომხდარა. ყოველი წვრილმანი ჩემი სულიერი მდგომარეობისა, ყოველი ფიქრი შთამებეჭდა მეხსიერებაში ისეთი ზებუნებრივი სიცხადით, როგორც არც ერთი მოვლენა ჩემი ოცდათექვსმეტი წლის ცხოვრებაში. მაგრამ მაინც ვერ გადამიწყვეტია გადმოგცეთ ქაღალდზე შეგრძნებათა ეს საოცარი მიმდინარეობა, ეს შემაძრწუნებელი აზრის ხვეულები. არა მგონია, რომელიმე პოეტსაც კი შესძლებოდა მათი გადმოცემა ლოგიკური თანმიმდევრობით. მე შემიძლია მხოლოდ აღვწერო ის, რაც განვიცადე, და თან ზედმიწევნით თანმიმდევრობით.      ამგვარად, ვეუბნებოდი საკუთარ თავს: „ქურდი! ქურდი! ქურდი!“ მერე დადგა საოცარი, რაღაც ცარიელი წუთი, როცა არ არსებობდა არაფერი, როცა მხოლოდ, - რა ძნელია ამის გამოთქმა, - როცა მხოლოდ ვისმენდი, ყურს ვუგდებდი საკუთარ გულისთქმას. საკუთარ თავს დაკითხვა მოვუწყე, წარვუდგინე დანაშაულობანი, ახლა სამართალში მიცემულს პასუხი უნდა გამეცა სასამართლოსათვის. და აი, ყურს ვუგდებდი, მაგრამ არაფერი მესმოდა. სიტყვა „ქურდს“, როგორც მათრახის დარტყმას, უნდა გამოვეფხიზლებინე და მერე სირცხვილისა და მონანიების უფსკრულში გადავეჩეხე. მაგრამ ეს სიტყვა ჩემზე არ მოქმედებდა, მოთმინებით ვიცდიდი რამდენიმე წუთს, კიდევ უფრო ღრმად ჩავხედე საკუთარ თავს, რადგან მეტისმეტად ნათლად შევიგრძნობდი, რომ ამ ჯიუტ დუმილში რაღაც იმალებოდა, და მღელვარებით ველოდი გამოძახილს, ველოდი, რომ ზიზღის, გულისწყრომის, სასოწარკვეთილების ყვირილი აღმომხდებოდა, მაგრამ ამჯერად არაფერი მომხდარა. არავითარი გამოძახილი. კიდევ გავიმეორე სიტყვა „ქურდი“ „ქურდი“ - ახლა უკვე ხმამაღლა, რომ გამეღვიძებინა თითქოს მიძინებული, მოდუნებული სინდისი. მაგრამ პასუხი კვლავ არ იყო. უცბად ელვასავით გამინათა გონება ნათელმა აზრმა, თითქოს ასანთი გაჰკრესო ბნელი უფსკრულის თავზე. მივხვდი, რომ მხოლოდ მინდოდა, სირცხვილი მეგრძნო, მაგრამ არა მრცხვენოდა, ის კი არა, თვით სულიერი დაცემულობის მომენტშიც კი რაღაც იდუმალი მიზეზით ამაყად ვგრძნობდი თავს და ბედნიერადაც კი, ამ ჩემი სულელური საქციელით.      როგორ შეიძლებოდა ეს? ახლა, როცა სულაც არ მაშინებდა ასეთი მოულოდნელი აღმოჩენა, მთელის ძალით ვეწინააღმდეგებოდი ამ გრძნობას, მაგრამ მეტისმეტი გზნებითა და შეუკავებლობით იღვიძებდა ჩემში. *გაგრძელება* →  …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 9:40pm on თებერვალი 4, 2015
თემა: ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია - პირველი წიგნი
მაცხოვრის, ღვთის ქრისტეს წინარეარსებობისა და        ღვთისმეტყველების შესახებ. III.    როგორ იყო ღვთივშთაგონებულ წინასწარმეტყველთა შორის ძველთაგანვე ცნობილი და პატივცემული იესოს სახელიც, და თვით ქრისტესიც. IV.    როგორ არ ყოფილა ახალი, არც უცხო მისგან ყველა ხალხისადმი ნაუწყები ღვთისმოსაობის გვარი. V.     ადამიანებთან მისი გამოჩენების ჟამის შესახებ. VI.    მისი გამოჩინების ჟამს წინასწარმეტყველებათა თანახმად როგორ უჩინო იქმნენ ის მთავრები, რომლებიც ადრე, წინაპართაგან მომდინარე მონაცვლეობით, უწინამძღვრებდნენ იუდეველთა ერს, და როგორ გამეფდა მათზე პირველი უცხოტომელი ჰეროდე. VII.   სახარებებში იესო ქრისტეს გვარტომობის შესახებ არსებული სავარაუდო უთანხმოების შესახებ. VIII.  ჩვილების წინააღმდეგ ჰეროდეს განზრახვის შესახებ, და თუ რა უბედურება შეემთხვა მას ცხოვრებაში. IX.    პილატეს მმართველობის დროის შესახებ. X.     იუდეველთა მღვდელმთავრების შესახებ, რომელთა დროსაც მოძღვრებას გადასცემდა ქრისტე. XI.    მოწმობები იოანე ნათლისცმემლისა და ქრისტეს შესახებ. XII.   ჩვენი მაცხოვრის მოწაფეთა შესახებ. XIII.  ამბავი ედესელთა მმართველის შესახებ.   I ვირჩიე, წერილობით გადმომეცა სამღვდელო მოციქულთა მონაცვლეობანი და, ამასთან, ისიც, თუ, ჩვენი მაცხოვრის შემდეგ თვით ჩვენამდე განვლილ დროში, რაოდენთა და რაზომთა საქმეთა აღსრულება გვეუწყება, შესაბამისად ეკლესიის ისტორიისა, ანთუ რაოდენნი უწინამძღვრებდნენ და წინამდგომობდნენ მას სახელოვნად ყველაზე უფრო გამორჩეულ სამრევლოებში; თუ რამდენი პიროვნება, თაობიდან თაობამდე ზეპირად თუ ნაშრომების მეშვეობით შუამავლობდა ღვთის სიტყვას; თუ ვინ, რამდენი და როდის ახლის შექმნის წადილით ცთომილების უკიდურესი ზღვრისაკენ მოსწრაფე საკუთარ თავს აცხადებდა ცრუ ცოდნის[1] შემომტანად და როგორც მძვინვარე მგელი დაუნდობლად ანადგურებდა ქრისტეს სამწყსოს (შდრ. საქმე 20,29); ამასთან იმასაც, თუ რა შეემთხვა იუდეველთა მთელ ერს ჩვენი მაცხოვრის წინააღმდეგ შეთქმულების განხორციელებისთანავე; შემდეგ, თუ რამდენი წარმართი, როგორ და როდის ებრძოდა ღვთის სიტყვას, და თუ რას წარმოადგენდნენ ისინი, ვინც მისი გულისთვის სხვადასხვა დროს სისხლის ღვრითა და ტანჯვით განვლეს ასპარეზობა; ამის შემდეგ კი ვისაუბრებ ჩვენი დროის მოწამეობრივ ღვაწლთა შესახებაც და ყველა მათგანზე (მოწამეებზე - მთარგ.) გადმოვლენილ ჩვენი მაცხოვრის მადლსა და მოწყალებაზე. და ვიწყებ არა ნხვა რამით, არამედ ჩვენს მაცხოვარსა და უფალთან დაკავშირებული ღვთის განგებულებით. მაგრამ ჩემი განზრახვა აქედანვე ითხოვს, რომ კეთილგანწყობილმა მკითხველმა მომიტევოს: ვაღიარებ, რომ ჩემს ძალას აღემატება დანაპირების სრულად და დანაკარგის გარეშე შესრულება, რადგან პირველი ვართ, ვინც ახლა შევდივართ ამ საკითხში და ვიწყებთ როგორც რამ უკაცრიელ და უვალ გზაზე სვლას. ღვთისგან ვითხოვთ გზამკვლევს და უფლის ძალის შეწევნას, და არანაირი იმედი არა გვაქვს, რომ ჩვენამდე ვინმეს მიერ ნავალ შიშველ კვალს მივაგნებთ, თუ არა იმ მცირე გამონაკლისებს, რომელთა მეშვეობით სხვებმა გზის სხვადასხვაგვარად გავლით გარკვეულ ჟამთა ამბები დაგვიტოვეს, მათი ხმები შორს აღ- მართული ჩირაღდნებივითაა და ზემოდან როგორც შორეული საგუშაგოდან ღაღადებენ და შეგვაგონებენ, თუ საითკენ უნდა ვიაროთ თხრობის მოგზაურობის უცთომელი და უსაფრთხო მსვლელობისათვის. ახლა ჩვენს წინ მდებარე საკითხის სასარგებლოდ თვით მათ გაფანტულ მოგონებებს წარვუძღვებით, ძველი მწერლების სათანადო გამონათქვამებს შემოვკრებთ და მათ როგორც გონისმიერი ბაღის ყვავილებს დავკრეფთ. ვეცდებით ისტორიული თხრობის მეშვეობით მათ მივცეთ ერთიანი სხეული, მოხარულნი გადავარჩინოთ, თუ ყველა არა, ჩვენი მაცხოვრის მოციქულთა განსაკუთრებით გამოჩენილ მონაცვლეების ღირშესანიშნავი, ჯერ კიდევ შემორჩენილი მოგონებები. მე კი ამ საკითხს შრომა-გარჯით უნდა შევუდგე, რადგან აქამდე არცერთ საეკლესიო მწერალს არ გამოუჩენია მოშურნეობა მწერლობის ამ დარგში; ვიმედოვნებ, რომ ამ შრომის დიდი სარგებელი ცხადი იქნება მათთვის, ვინც საფუძვლიანად არის ისტორიაში განსწავლული. მათი შეჯამება ადრე უკვე ჩამოვაყალიბე "ქრონიკებში"[2], ხოლო მათი თხრობის სრულად გადმოცემა მსურდა აქ წარმოდგენილ ნაშრომში.  როგორც ვთქვი, ჩემი სიტყვა იწყება ქრისტესთან დაკავშირებით შემეცნებული, ადამიანზე აღმატებული და დიდებული განგებულებითა და ღვთისმეტყველებით. და რადგან წერილობით უნდა გადმოვცეთ საეკლესიო ამბების ისტორია, ალბათ აუცილებელი იქნება დავიწყოთ თავიდან, ქრისტესთან დაკავშირებული პირველი განგებულებიდან, რომელიც უფრო ღვთიურია ვიდრე მრავალს მიაჩნია, და რადგან მისგან გავხდით ჩვენი ჩვენი სახელის* ღირსი. --------------------------------------- * ე.ი. ქრისტიანის – მთარგ.   II ორმაგი არის მისი ბუნება: ერთი მხრივ, მსგავსია სხეულის თავის (შდრ I კორ. 11,3), - რაც შეიცნობა ღმერთად, მეორე მხრივ, შეიძლება შევადაროთ ფეხებს, - რაც თვით ჩვენი ხსნის გამო შეიმოსა, ჩვენი მსგავსი ვნებების მქონე ადამიანურობა. ჩვენს მიერ შემდეგი ამბების თხრობა ალბათ სრული იქნება, თუ მასთან დაკავშირებულ მთელ ისტორიას ყველაზე მთავარი და ძირითადი სიტყვით დავიწყებთ. ამით ქრისტიანობის დასაბამიერ სიძველესაც და ღვთიურობასაც ვაჩვენებთ მათ, ვინც მას მიიჩნევენ როგორც ახალს და უცხოს, გუშინდელი დღის უწინარეს რომ არ გამოჩენილა.  თვითონ ქრისტეს ბუნებისა და არსის წარმომავლობისა და ღირსების აღსაწერად ალბათ არანაირი სიტყვა არ იქნება საკმარისი, რასაც ღვთის სული წინასწარმეტყველთა მიერ ამბობს: "მის წარმომავლობას ვინ მოგვითხრობს?" (ეს. 53,8; მათ. 11,27), რადგან არც მამა იცის ვინმემ, თუ არა მხოლოდ ძემ, არც ძე შეუცვნია ოდესმე ვინმეს ღირსებისამებრ, თუ არა მხოლოდ მის მშობელ მამას, უწინარეს ქვეყნიერებისა არსებული სინათლე და უწინარეს საუკუნეთა მყოფი გონიერი და არსებითი სიბრძნე, დასაბამიდან მამასთან მყოფი ცოცხალი ღმერთი-სიტყვა (შდრ. იოან. 1,9-10; იგავ. 8,23); ვინ შეძლებს მამის გარდა წმინდად შეიმეცნოს მთელი ხილული და უხილავი ქმნილებისა და შემოქმედების უწინარესი ღმერთის პირველი და ერთადერთი ნაშობი (შდრ. იოან. 1,4; კოლ. 1,15-16), ციური მოაზროვნე და უკვდავი მხედრობის მხედართმთავარი (შდრ. იოს. 5,14), დიდი თათბირის ანგელოზი (შდრ. ეს. 9,6), მამის გამოუთქმელი აზრის აღმასრულებელი, მამასთან ერთად ყოვლიერების შემოქმედი, მამის შემდეგ ყოვლიერების მეორე მიზეზი, ღვთის ნამდვილი მხოლოდშობილი შვილი, ყოველივე დაბადებულის უფალი და ღმერთი, რომელმაც მამისაგან მიიღო სამეფო ძალაუფლება და მპყრობელობა, ამასთან თვით ღმრთეება, ძალა და პატივი. მის შესახებ წმინდა წვრილის საიდუმლო ღვთისმეტყველების მიხედვით, - "დასაბამში იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა; ყოველივე მის მიერ შეიქმნა და მის გარეშე არაფერი არ შეიქმნა" (იოან. 1,1-3). ეს არის დიდი მოსეს სწავლებაც, როგორც ალბათ ყველა წინასწარმეტყველთაგან უძველესის, რომელიც ღვთის სულით ყოველივეს დაარსებისა და მოწესრიგების აღმწერელი ასწავლის, რომ მთელი ქვეყნიერების შემქმნელმა და მომწესრიგებელმა თვით ქრისტეს და არა სხვა ვინმეს, ანუ ცხადია თვით ღვთიურ და მის პირმშო სიტყვას დაუთმო ქვემდგომთა შექმნა და მასთან ბჭობდა ადამიანის შექმნაზე. იგი ამბობს: "რადგან თქვა ღმერთმა: "შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატისა და მსგავსების მიხედვით" (შესაქ. 1,26). ეს სიტყვა დადასტურებულია სხვა წინასწარმეტყველებისგანაც, რასაც საგალობლებში ღვთისმეტყველებენ: "მან თქვა და შეიქმნა, მან ბრძანა და დაეფუძნა" (ფს. 32,9; 148,5). მას (მოსეს - მთარგ.) შემოყავს, ერთი მხრივ, მამა და შემოქმედი როგორც ყოველივეს წინამძღოლი და სამეუფო წამისყოფით მბრძანებელი, მეორე მხრივ კი, ღვთიური სიტყვა, რომელიც არ განსხვავდება ჩვენდამი ნაუწყებისაგან, და არის მამისეული ბრძანების აღმასრულებელი. მას პირველი ადამიანის შექმნიდან მოყოლებული შეიცნობდა ყველა, ვისზეც ნათქვამია, რომ სახელგანთქმული არის სამართლიანობით და ღვთისმოსაობის სათნოებით, დიდი მსახური მოსე და მის უწინარეს კი პირველად აბრაამი და მისი შვილები, შემდეგ გამოჩენილი მართლები და წინასწარმეტყველები, რომლებიც გონების განწმენდილი თვალებით ჭვრეტდნენ მას და როგორც ღვთის შვილს სათანადო თაყვანისცემას მიაგებდნენ. თვითონ (ღვთის შვილი - მთარგ.) კი ისე, რომ არანაირად არ განდგომია მამის მსახურებას, ყველასათვის გახდა  მამისეული ცოდნის მასწავლებელი. ამგვარად საყოველთაოდ  არის ცნობილი, რომ უფალი ღმერთი როგორც ვინმე ჩვეულებრივი ადამიანი აბრაამთან ერთად იჯდა მამბრეს მუხასთან (იხ. შესაქ. 18,1-3). იგი (აბრაამი - მთარგ.) მყისვე  დაეცა მის წინაშე, თვალებით ხედავდა როგორც ადამიანს, მაგრამ თაყვანი სცა როგორც ღმერთს, ევედრებოდა როგორც უფალს, აღიარებდა, რომ არ იყო უმეცარი იმისა, თუ ვინ იყო იგი, და ეუბნებოდა: "უფალო, მთელი დედამიწის მსაჯულო, არ განსჯი?" (შესაქ. 18,25). რადგან თუ არცერთი გონება არ უშვებს, რომ ყოვლისმპყრობელი ღმერთის შეუქმნელი და უცვლელი არსი ადამიანის სახედ შეიცვლება, არც იმას, რომ მხედველის (აბრაამის - მთარგ.) თვალები რაიმე ქმნილების წარმოსახვით მოტყუვდება და არც იმას, რომ სიცრუეს მოიგონებს წმინდა წერილი, სხვა ვინ იქნებოდა მთელი დედამიწის მსაჯულად და სასჯელის აღმასრულებელ უფლად და ღმერთად წარმოჩენილი, ადამიანის გარეგნობით სახილველი, თუ არა ყოვლიერების ნამდვილი პირველი მიზეზი, ანუ მისი წინარეარსებული მხოლო სიტყვა? მის შესახებ ფსალმუნებში ნათქვამია: "წარავლინა მისი სიტყვა და განკურნა ისინი, და იხსნა ისინი გახრწნისაგან" (ფს. 106,20). იგი რომ მამის შემდეგ მეორე უფალია, ამას აშკარად ამბობს მოსე: "უფალმა სოდომსა და გომორაზე აწვიმა გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან" (შესაქ. 19,24). იგი ასევე იაკობს გამოეცხადა ადამიანის გარეგნობით, რომელსაც საღვთო წერილი ღმერთს უწოდებს; იგი იაკობს ეუბნება: "მეტად აღარ გერქმევა შენ სახელი იაკობი, არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი, რადგან ძლიერი იყავი ღმერთთან" (შესაქ. 32,28), და ამბობდა: "რადგან ვნახე ღმერთი პირისპირ და გადარჩა ჩემი სული" (შესაქ. 32,30). უფლება არ გვაქვს ღვთის ამ გამოცხადებაში ქვემდგომ ღვთისმსახურ ანგელოზთა ხილვის აღწერა ვიგულისხმოთ: სხვა დროს, როდესაც რომელიმე მათგანი ადამიანებს ეცხადება, წერილი ამას არ ფარავს და სახელსდებს არა ღმერთად, არც უფლად, არამედ აშკარად უწოდებს მათ ანგელოზებს, რაშიც უამრავი მოწმობის მეშვეობით ადვილად შეგვიძლია დავრწმუნდეთ. მას მოსეს მონაცვლე, იესო უწოდებს ცათა ანგელოზების და მთავარანგელოზების, ზექვეყნიურ ძალთა წინამძღოლს და როგორც მამისაგან მყოფ ძალას და სიბრძნეს (შდრ. I კორ. 1,24), მთელს სამეფოზე მეორე ადგილისა და მთავრობის მიმღებს, და უფლის ძალთა მხედართმთავარს. იესომ იგი იხილა არა სხვაგვარად, არამედ ადამიანის სახითა და გარეგნობით. დაწერილია: "და მოხდა, როდესაც იესო იერიქონში იყო, აიხედა და იხილა მის პირისპირ მდგომი ადამიანი და მახვილი მის ხელში პყრობილი; მივიდა იესო და უთხრა: “ჩვენიანი ხარ, თუ მოწინააღმდეგეების?" და უთხრა მას: "მე ვარ უფლის ძალთა მხედართმთავარი, აწ აქ მოსული". იესო განერთხა პირით მიწაზე და უთხრა მას: "მეუფეო, რას უბრძანებ შენს მსახურს?" და უთხრა უფლის მხედართმთავარმა იესოს: "გაიხადე ფეხსაცმელი შენს ფეხთაგან, რადგან ადგილი, რომელზეც შენ დგახარ, წმინდა ადგილი არის" (ისუ ნავ. 5, 13-15). აქაც დარწმუნდები ამ გამონათქვამებიდან, რომ ეს სხვა არავინ არის, თუ არა მოსესთან მოსაუბრე, რადგან ამ სიტყვებს წერილი მასზეც ამბობს: "როგორც კი დაინახა უფალმა, რომ სანახავად მოდის, დაუძახა მას უფალმა მაყვლოვანიდან და უთხრა: "მოსე, მოსე", მან კი მიუგო: "რა არის?" და უთხრა: "აქ არ მომიახლოვდე; გაიხადე ფეხსაცმელი შენს ფეხთაგან; რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმინდა მიწა არის". და უთხრა მას: "მე ვარ შენი მამის ღმერთი, ღმერთი აბრაამის და ღმერთი ისააკის და ღმერთი იაკობის" (გამ. 3,4-6). და რომ იგი არის არსი რაიმე, ქვეყნიერების უწინარეს მცხოვრები და მყოფი, ყოვლიერების მამასთან და ღმერთთან ყოველივეს დაბადების შესაქმეში შემწე, ღვთის სიტყვად და სიბრძნედ სახელდებული, საჩვენებლად მოყვანილ მაგალითებზე უფრო მეტად თვით სიბრძნის პირიდან გვმართებს ამის მოსმენა. სოლომონის მეშვეობით იგი თავისი თავის შესახებ ამას იდუმალთმყვანებლობს: "მე ვარ სიბრძნე დამკვიდრებული ზრახვაში, მე მეწოდება ცოდნა და აზროვნება. ჩემი მეშვეობით მეფობენ მეფენი და მბრძანებლები წერენ სიმართლეს; ჩემი მეშვეობით განდიდდებიან დიდი ადამიანები და ხელმწიფენი იპყრობენ მიწას" (იგავ. 8, 12.15.16); და დასძენს: "უფალმა თავისი გზების დასაბამად შემქმნა მე მისი საქმეებისთვის, საუკუნეთა უწინარეს დამაფუძნა მე: დასაბამში დედამიწის შექმნამდე, წყლის წყაროების გადმოდინებამდე, მთების დაფუძნებამდე, ყველა ბორცვის  უწინარეს მშვა მე. იმ დროს, როცა განამზადებდა ცას, მასთან ვიყავი და როცა უსაფრთხოდ განათავსებდა წყაროებს ცის ზემოთ, მე მასთან ერთად ვაწესრიგებდი. მე ვიყავი, ვისაც შეჰხაროდა ყოველდღე, მე მის წინაშე ვმხიარულობდი ყოველ ჟამს, როდესაც კი მხიარულობდა მსოფლიოს გასრულებისას" (იგავ. 8, 22-31). ის, რომ ღვთის სიტყვა წინარეარსებობდა და ეცხადებოდა, თუ ყველას არა, ზოგიერთს მაინც ჩვენს მიერ მოკლედ ითქვა.  ის, თუ რატომ არ ეუწყებოდა ძველად ყველა ადამიანს და ერს ისე, როგორც ახლა, ამას ნათელს გავხდით. წარსულში ადამიანთა ცხოვრება ვერ იტევდა ქრისტეს ყოვლად ბრძენ და ყოვლად სათნო მოძღვრებას. დასაბამში ნეტარებაში პირველი ცხოვრების შემდეგ პირველმა ადამიანმა თავიდანვე ცუდად იზრუნა ღვთის მცნების დაცვაზე და მოკვდავ და ხრწნად ცხოვრებაში ჩავარდა, და ძველი ღვთაებრივი ფუფუნება ამ "დაწყევლილ მიწაზე" გაცვალა. მის შემდეგ მათ, რომლებიც ჩვენთან ერთად ყოვლიერებას აღავსებენ, მრავალი კიდევ უფრო უარესი საქციელით გამოიჩინეს თავი, სადმე ერთი-ორის გამოკლებით, რაღაც მხეცური სახის საშინელ ცხოვრებას ირჩევდნენ; აზრად არ მოსდიოდათ არც ქალაქები, არც მოქალაქობა, არც ხელოვნება, არც მეცნიერება; კანონების, სამართლიანობის, ასევე სათნოებისა და ფილოსოფიის სახელიც კი არ მოიპოვებოდა მათთან; უდაბნოში ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას როგორც ველურები და უწესოები. ადამიანის სულში ბუნებით წარმოშობილი აზროვნების უნარი, აზრისა და ზრდილობის თესლები თვითარჩეული ბოროტების აღმატებით გახრწნეს; ყოველგვარ უწმინდურ საქციელს მიჰყვეს ხელი, ერთმანეთის ხრწნასა და ხოცვას, ზოგმაც კაციჭამიობას. ღვთისმბრძოლობაზე და ყველგან ცნობილი ბუმბერაზების ბრძოლაზეც გაკადნიერდნენ, დედამიწიდან ცამდე კედლის აშენება განიზრახეს და ბორგნეულად მოაზროვნენი უზენაესთან ბრძოლისთვის ემზადებოდნენ; როდესაც ამგვარ საქმეებს შეუდგნენ, ყოველთა ზედამხედველმა ღმერთმა მათზე, როგორც ველურ ტყეზე, მთელ დედამიწას რომ ფარავს, მოავლინა წარღვნა და ცეცხლის წვიმა; შიმშილით, საშინელი ომებით, ზემოდან მეხთატეხვით მოკვეთა ისინი და როგორც რამ სულის საშინელი და მძიმე სენი შეაჩერა მწარე მტანჯველი იარაღებით. ამრიგად, მაშინ, როდესაც დიდი იყო თითქმის ყველაზე მოვლენილი ძილქუში, საშინელი, თითქმის ყველა ადამიანის სულის დამჩრდილველი და დამაბნელებელი, ღმერთის პირმშო და პირველქმნილი* სიბრძნე და თვით წინარეარსებული სიტყვა კაცთმოყვარეობის ზეაღმატებით ქვემდგომთ გამოეცხადა როგორც ღვთის მხსნელი ძალა (შდრ. I კორ. 1,24), ერთხელ ანგელოზთა სახით, ერთხელ კა თვითონ პიროვნულად (შდრ. კოლ. 1,15; იგავ. 8,22; იოან. 1,1) ძველ ღვთისმოყვარე კაცთაგან ერთსა და ორს არა სხვაგვარად, არამედ ადამიანის სახით (რადგან სხვაგვარად შეუძლებელი იყო მათთვის). როდესაც მათ მიერ ღვთისმოსაობის თესლები ადამიანთა სიმრავლეში მიმოიბნია, თავდაპირველად დედამიწაზე ებრაელთაგან მომდინარე მთელი ერი იცავდა ღვთისმოსაობას; ისინი, რომელთაგან ალბათ მრავალი ძველი გზით დადიოდა, მოსე წინასწარმეტყველის მეშვეობით რაღაც საიდუმლო შაბათისა და წინადაცვეთის ხატებითა და სიმბოლოებით სხვა გონისმიერ ხედვებში შეყავდა, მაგრამ თვით ცხად იდუმალთმყვანებლობას არ გადასცემდა. როგორც კი მათთან რჯულდება გაცხადდა და, როგორც კეთილსურნელების მობერვა, ყველა ადამიანს მიეცა, მაშინ მათგან მრავალ ერში კანონმდებლებისა და ფილოსოფოსების მეშვეობით ყველგან დაიხვეწა აზროვნება. ველური და სასტიკი სიმხეცე სირბილით შეიცვალა ისე, რომ ერთმანეთთან მეგობრობითა და ურთიერთობით ინარჩუნებდნენ ურყევ მშვიდობას. მაშინ ყველა დანარჩენი ადამიანისა და ერის (როგორც ალბათ წინასწარ შეწევნულთა და წარმატებულთა, რომლებიც ვარგისი იყვნენ მამისეული ცოდნის მისაღებად) წინაშე, კვლავ თვითონ სათნოების მოძღვარი, ყველა სიკეთეში მამის მსახური, ღვთის საღვთო და ციური სიტყვა, ადამიანის მეშვეობით (სხეულის არსით ჩვენი ბუნება არაფრით არ შეუცვლია) გამოჩნდა რომის სამეფოს დაარსების დროს. ისე მოქმედებდა და ევნო, როგორც უნდა მომხდარიყო წინასწარმეტყველთა თანახმად: ადამიანის და ღმერთის ერთად ცხოვრება, საოცარი საქმეების ქმნა და ყველა ერის წინაშე მამისადმი კეთილმსახურების მოძღვრების წარმოჩენა, ასევე მისი შობის საოცრება, ახალი მოძღვრება, საქმეები და საკვირველებები; ამასთან ერთად სიკვდილის სახე, მკვდრეთით აღდგომა და ყველაფერთან ერთად ცაში ღვთაებრივი კვალადგება, - [ყოველივე ეს] წინასწარ იყო ნაუწყები. დანიელ წინასწარმეტყველმა, როდესაც იგი ღვთის სულთან ერთად ღმერთშემოსილი ხედავდა მის უკანასკნელ სამეფოს, ღმერთი იხილა ადამიანური სახით, რაც აღწერა კიდეც. იგი ამბობს: "რადგან ვიხილე, რომ დაიდგა ტახტრევნები და დღეთაგან ძველი დაჯდა. და მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო, მისი თავის თმა მატყლივით წმინდა; მისი ტახტი - ცეცხლის ალი, მისი ბორბლები - აალებული ცეცხლი; ცვცხლის მდინარე მიედინებოდა მის წინაშე. ათასობით ათასნი მსახურებდნენ მას და ათიათასობით ათიათასნი იდგნენ მის წინაშე. დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები" (დან. 7,9-10). ამის შემდეგ ამბობს: "ვიხილე: აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; და დღეთაგან ძველთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე; და მიეცა მას მთავრობა და პატივი და სამეფო, და ყველა ერი, ტომი, ენა მას დაემონება" (დან. 7,13-14). ეს, ცხადია, არა სხვისი, არამედ ჩვენი მაცხოვრის, დასაბამში ღმერთან მყოფი ღმერთი-სიტყვის მიმართ უნდა იყოს ნათქვამი, რომელსაც ძე კაცისა უკანასკნელ ჟამს მისი განკაცების გამო ეწოდა. მაგრამ რადგან ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს შესახებ არსებულ წინასწარმეტყველთა გამონაკრები ცალკე ჩანაწერებში გადმოვეცით და მის შესახებ უფრო ნათელი საბუთები სხვა ნაშრომებში შემოვკრიბეთ, დავკმაყოფილდეთ იმით, რაც ითქვა. ------------------------------------------- * აქ ჩანს ევსების მიდრეკილება არიანული შეხედულებებისაკენ – მთარგ.  III უკვე დროა ვაჩვენოთ, რომ ძველი წინასწარმეტყველები პატივს მიაგებდნენ როგორც სახელ “იესოს”, ასევე სახელ “ქრისტეს”. პირველად თვით მოსემ აღიარა, თუ როგორ განსაკუთრებულად თაყვანისსაცემი და დიდებული არის ქრისტეს სახელი, რომელმაც ცათა სახეები, საიდუმლო სიმბოლოები და ხატები შეიმეცნა და გადმოსცა მისდამი ნათქვამის თანახმად: “იხილე, გააკეთე მთაზე შენდამი მოცემული სახის მიხედვით” (ებრ. 8,5; გამ. 25,40). როდესაც იგი ღვთის მღვდელმთავარას აღწერს როგორც განსაკუთრებული ძალის ადამიანს, მას უწოდებს ქრისტეს, და ამ სამღვდელმთავრო ხარისხს პატივისა და ღირსების ნიშნად ქრისტეს სახელით შემოსავს, რომელიც ამით (მღვდელმთავრის ღირსებით – მთარგ.) ზეაღემატება ადამიანებს შორის არსებულ ყველანაირ პატივს. ამგვარად, ასე შეიცნო “ქრისტეს” სახელის ღვთიური რამ ხასიათი. მან სახელი “იესო” ღვთის სულით წინასწარ ძალიან ნათლად იხილა და კვლავ რაღაც უპირატესობით ღირსყო იგი. იესოს სახელი ადრე არასოდეს არ ყოფილა ადამიანებისთვის უწყებული, ვიდრე მოსე შეიმეცნებდა მას, ვინც პირველად ერთადერთ პიროვნებას უწოდა “იესო”, რომელიც სახისა და სიმბოლოს მეშვეობით შეიმეცნა, რომ მისი აღსასრულის შემდეგ ყოველივეზე მთავრობას იგი მიიღებდა. მის მონაცვლეს პირველად სახელი იესო არ ერქვა, არამედ სხვა სახელი – “ავსე”, რაც მას მშობლებმა უწოდეს; სახელი იესო მან მისცა როგორც საპატიო ძღვენი, ყველა სამეფო გვირგვინზე უფრო დიადი. ეს სახელი მას მან მიანიჭა, რადგან იგი, იესო ნავესი ჩვენი მაცხოვრის ხატს ატარებდა; მხოლოდ მან მიიღო მოსეს და მისი მეშვეობით გადმოცემული სიმბოლური მსახურების დასასრულის შემდეგ ჭეშმარიტი და უწმინდესი ღვთისმოსაობის დასაბამი. ამ სახით მოსემ ორი, მთელი ერისაგან სათნოებითა და დიდებით გამორჩეული ადამიანი, მღვდელმთავარი და მის შემდეგ ერის წინამძღოლი ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს სახელით მისი ზეაღმატებული დიდების გამო შემოსა. ცხადია, ამის შემდეგ მას ქრისტეს სახელით უხმობდნენ, ამასთან დაამოწმებდა მომავალში იუდეველთა ერის მიერ მის წინააღმდეგ განხორციელებულ შეთქმულებას და ასევე მისი მეშვეობით წარმართების მოწოდებას. ერთგან იერემია ამბობს: "ჩვენი პირის სული ქრისტე მიღებულ იქნა მათ ხრწნილებაში, რომლის შესახებაც ვამბობთ: "მის ჩრდილში ვიცხოვრებთ წარმართთა შორის" (იერ. 4,20), ასევე დავითი ამ სიტყვებს ამბობს წრფელად: "რისთვის იქადიან წარმართნი და ხალხები ზრუნავენ ამაოდ? დედამიწის მეფენი აღდგნენ და შეიკრიბნენ ერთად უფლისა და მისი ცხებულის* წინააღმდეგ" (ფს 2,1-2). ამის ზემდეგ თვით ქრისტეს პირით ამბობს: "უფალმა მითხრა მე: “რემი ძე ხარ შენ, მე დღეს გშვი შენ. ითხოვე ჩემგან და მოგცე შენ წილად წარმართთა ერი და შენი საკუთრება იყოს დედამიწის კიდენი" (ფს. 2,7-8). ასე რომ, ებრაელებთან არა მხოლოდ მღვდელთმთავრობით პატივდებული შეიმკობოდა ქრისტეს საბელით მისი ზეთით ცხების სიმბოლოს გამო, არამედ მეფეებიც, რომლებსაც წინასწარმეტყველები ღვთის ნიშნით ქრისტეს ხატად ცხებდნენ, რადგან ისინიც თავიანთ თავში ატარებდნენ მხოლო და ჭეშმარიტი ქრისტეს ყოვლიერების მეფის, ღვთის სიტყვის, სამეფო და სამთავრო ხელმწიფების წინასახეებს. უკვე თვით წინასწარმეტყველთაგან ზოგიერთი ცხების მეშვეობით წინასახეობითად ხდებოდა ქრისტე, რადგან ყოველი მათგანი ჭეშმარიტ ქრისტეს, ღვთიური და ზეციური სიტყვის მიმართ წინასწარმეტყველებდა, რომელიც გამოჩნდა როგორც ყოველთა ერთადერთი მღვდელთმთავარი, მთელი ქმნილების ერთადერთი მეფე და წინასწარმეტყველთა ერთადერთი წინასწარმეტყველთმთავარი. ამის დადასტურებაა, რომ ძველად სიმბოლურად ცხებულთაგან არავის, არც მღვდელს, არც მეფეს, არც წინასწარმეტყველს სათნოების ასეთი ღვთიური ძალა არ მოუპოვებია, როგორიც აჩვენა ჩვენმა უფალმა და მაცხოვარმა იესომ ერთადერთმა და ჭეშმარიტმა ქრისტემ. არც ერთი მათგანს, ვინც კი მშობლიურ ერში ასე მრავალ თაობაში ღებულობდა პატივსა და ღირსებას, როცა არ უნდა ეცხოვრა, ხატისებრივად ქრისტეს სახელისაგან მის ირგვლივ მყოფ ქვეშევრდომებს ქრისტიანებს არ უწოდებდნენ. მაგრამ არც ერთ მათგანს მიუღია რომელიმე ქვეშევრდომთაგან თაყვანისცემის პატივი; არც აღსასრულის შემდეგ მიუღია ისეთი კეთილგანწყობა, რომ მის პატივსაცემად სიკვდილისთვისაც მზად ყოფილიყვნენ; არც მსოფლიოს მთელი ხალხები აღძრულა ასე რომელიმე მათგანის გარშემო, რადგან სიმბოლოს ძალას მათ შორის არ ჰქონია ისეთი მოქმედება, როგორიც ჭეშმარიტების სიმტკიცეს აღმოაჩნდა ჩვენი მაცხოვრის მეშვეობით; ვინც მღვდელთმთავრობის არა სიმბოლო და წინასახე მიიღო, არც სხეულით ყოფილა მღვდელთა მოდგმის ჩამომავალი, არც შუბოსან კაცებს გაუმეფებიათ იგი, არც ძველების მსგავსად გამხდარა წინასწარმეტყველი, არც იუდეველებთან რაიმე ღირსებისთვის ან საპატიო თანამდებობისათვის მიუღწევია; თუმცა, ყველაფრით, არა სიმბოლოებით, არამედ თვით ჭეშმარიტებით შეიმკო მამისაგან; და თუმცა არა მათ მსგავთაგან მიიღო, რომლებზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ქრისტე ყველა მათგანზე მეტად ეწოდება მას, როგორც ერთადერთ და ჭეშმარიტად თვით ღვთის ქრისტედ მყოფს, მან  მთელი ქვეყნიერება გაავსო ქრისტიანებით - ნამდვილად თაყვანისსაცემი და წმინდა სახელით. მან არა წინასახეები, არც ხატები, არამედ თვით შიშველი სათნოება და ციური ცხოვრება ჭეშმარიტების დოგმატებით გადასცა მის მიმდევრებს, ცხება კი - არა სხეულის მეშვეობით შემზადებული, არამედ ღვთის სულით თვით ღვთაებრივი ცხება, უშობელ და მამისეულ ღმრთეებასთან თანაზიარებით მიიღო. და კვლავ ესაია ასწავლის, როგორც თვით ქრისტესგან მხმობელი: “უფლის სულია ჩემზე,  რის გამოც მცხო მე; გლახაკთა სახარებლად წარმგზავნა მე,  ტყვეთა განთავისუფლებისა და ბრმათა თვალის ახილვის საუწყებლად" (ლუკ. 4,18-19; ეს. 61,1). და არა მხოლოს ესაია,  არამედ დავითიც ამასთან დაკავშირებით ამბობს: "შენი ტახტი, ღმერთო, საუკუნეთა საუკუნემდეა; სიმართლის კვერთხია შენი სამეფო კვერთხი. შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ურჯულოება; ამისთვის გცხო შენ ღმერთმა შენმა სიხარულის ზეთი შენს თანაზიართა უმეტეს" (ფს. 44,7-8). რომლის პირველ მუხლში სიტყვა მას ღმერთს უწოდებს, მეორეში კი სამეფო სკიპტრით მიაგებს პატივს, მომდევნო მესამე ადგილას კი ღვთიური და სამეფო ძალის ხსენების შემდეგ მის ქრისტედ გახდომას წარმოაჩენს, არა ნივთიერი სხეულის ზეთით, არამედ ღვთიური "სიხარულის ზეთით"; ამასთან მიანიშნებს ძველად ხატების მეშვეობით წარმოდგენილ სხეულებრივ ცხებულებთან შედარებით მის მრავალი რამით გამორჩეულობასა და უმჯობესობაზე. სხვაგან კი იგი მის შესახებ ასე ცხადად ამბობს: "უთხრა უფალმა ჩემს უფალს: "დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს დავსცემ შენს ფეხქვეშ" (ფს. 109,1), და "ცისკრის ვარსკვლავის უწინარეს საშოდან გშვი შენ. დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს; შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესის მიხედვით" (ფს. 109,3-4; ებრ. 7,11-25). ეს მელქისედეკი, მაღალი ღმერთის მღვდელი წმინდა წერილში შესულია, არა რაიმე შემზადებული ცხებით წარმოჩენული, მაგრამ არც მემკვიდრეობით ებრაელთა მღვდლობის მოდგმისაგან ჩამომავალი. ამის გამო თავისი წესის მიხედვით და არა სხვათა სიმბოლოების და წინასახეების მიხედვით მიმღებთაგან ეწოდება ჩვენს მაცხოვარს ქრისტე და მღვდელი მემკვიდრეობის ფიცით. ამ მიზეზით ისტორია მას არც იუდეველებთან სხეულებრივად ცხებულად გადმოსცემს, არც მღვდელთა ტომისაგან დაბადებულად, არამედ როგორც თვით ღვთისაგან ცისკრის ვარსკვლავის ამოსვლის წინ (რაც ნიშნავს ქვეყნიერების შედგენის წინ) შეარსებულს, და უკვდავი და უბერებელი მღვდლობის უსაზღვრო საუკუნემდე მპყრობელს. ყველა ძვალთაგან ახლანდელ დრომდე მყოფთაგან მხოლოდ მასზე მომხდარი უსხეულო და ღვთიური ცნების დიდი და ხილული მტკიცებულობა ყველა ადამიანთან მთელს ქვეყნიერებაზე არის სახელი "ქრისტე"; ამ სახელით აღიარებს და დაემოწმება მას ყველა, და ელინებთან და ბარბაროსებთან მოიხსენიება, და მსოფლიოში ახლანდელ დრომდე მის მიმდევართა მიერ პატივი მიეგება როგორც მეფეს, მისი უკვირთ წინასწარმეტყველზე მეტად, განადიდებენ როგორც ღვთის ერთადერთ და ჭეშმარიტ მღვდელთმთავარს და მათთან ყველა როგორც ღვთის წინარეარსებულ და ყველა საუკუნეზე უწინარეს შეარსებულ სიტყვას, თაყვანისცემის პატივის მამისგან მიმღებს თაყვანს სცემს როგორც ღმერთს; ხოლო ყველაზე უფრო საოცარია ის, რომ არა მხოლოდ სიტყვებითა და სიტყვათა ხმებით განვადიდებთ მას, არამედ სულის მთელი განწყობით, რათა მისთვის მოწმობა თვით ჩვენს საკუთარ სიცოცხლეზე მეტად დავაფასოთ. ----------------------------------- * ბერძნულად “ქრისტე” ნიშნავს ცხებულს – მთარგ.   IV ისტორიული თხრობის წინ ამ საკითხების გადმოცემა აუცილებლად მივიჩნიე, რათა ვინმეს ჩვენს უფალსა და მაცხოვარზე, იესო ქრისტეზე მისი ხორციელი მოქალაქობის გამო არ ეფიქრა, რომ ახლახან გამოჩნდა; და რათა არც ის ეფიქრა ვინმეს, რომ მისი მოძღვრება ახალია და უცხო როგორც ახლახან გამოჩენილის და დანარჩენი ადამიანებისგან არაფრით გამორჩეულის მიერ შედგენილი, მის შესახებ მოკლედ განვსაზღვრავთ. რადგან როდესაც ახალი მომხდარი იყო ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მოსვლა ყველა ადამიანთან, ახლად აღიარებულ იქნა ერი, არა მცირე, არც სუსტი, არც სადმე დედამიწის კუთხეში დაარსებული, არამედ სათნო ადამიანების მიერ ნაწინასწარმეტყველებ ჟამს ყველა ერზე უფრო მრავალრიცხოვანი და უფრო ღვთისმოსავი და ამით წარუვალი და დაუმარცხებელი, რომელიც ღვთისგან სამარადისო შემწეობას ღებულობს, და რომელიც ყველასთან ქრისტეს სახელით არის პატივდებული. ეს ანცვიფრებდა ერთ წინასწარმეტყველსაც რომელიც ღვთის სულით წინასწარ ჭვრეტდა მომავალს და ამას იტყოდა: "ვინ ისმენს ამას, და ვინ საუბრობს ასე? თუ მოივლი მიწას ერთ დღეში და თუ იშვება ერი მეყსეულად" (ეს. 66,8). იგი მომავალ სახელზე ამგვარად მიანიშნებს: "ჩემს მონებს მოუხმობენ ახალი სახელით, რომელიც დედამიწაზე იკურთხება" (ეს. 65,15-16). მაგრამ თუმცა ჩვენ აშკარად ვართ ახლები და ქრისტიანების ახალი სახელი მართლაც სწორედ ახლა გახდა ცნობილი ყველა ერში, ცხოვრებასაც და ქცევის სახესაც ღვთისმოსაობის ამ დოგმატებით, რომლებიც ჩვენ არ შეგვითხზავს ახლახან, პირველი ადამიანის შექმნიდან მისდევდნენ ძველი ღვთისმოყვარე კაცნი ბუნებითი აზროვნებით ისე, როგორც ამას ჩვენ წარმოვაჩენთ. ყველასათვის ისედაც ცნობილ ებრაელთა ერს ყველა ადამიანის მიერ მიეგება პატივი არა როგორც ახალი, არამედ როგორც უძველესს. მათი სიყვები და ნაწერები შეიცავენ ძველ კაცთა შესახებ ამბებს, რომლებიც იყვნენ ცოტა და მცირერიცხოვანი, მაგრამ ჩვენი მსგავსი ღვთისმოსაობით, სამართლიანობით და ყველა დანარჩენი სათნოებით იყვნენ გამორჩეული. ზოგი მათგანი წარღვნის წინ იყო, ზოგი კი მის შემდეგ: ნოეს შვილები და მისი შთამომავლები, ასევე აბრაამი, რომლითაც ებრაელთა შვილები იქადიან როგორც მათი დამაარსებლითა და წინაპრით. თუკი ვინმე ყველა სამართლიანობისთვის დამამოწმებელს, აბრაამიდან პირველ ადამიანამდე, თუ სახელით არა საქმით ქრისტიანს მაინც უწოდებს, ალბათ არ გადაუხვევს ჭეშმარიტებისაგან. რადგან ეს სახელი ცხადად აღნიშნავს იმას, რომ ქრისტიანი კაცი გამოირჩევა ქრისტეს ცოდნისა და მოძღვრების ფლობის მეშვეობით კეთილგონიერებითა და სამართლიანობით, ცხოვრების ამტანობით, სათნოებისმიერი სიმამაცით, ყოველივეზე მაღლა მყოფი ერთი და მხოლო ღმერთის ღვთისმოსაობის აღსარებით; ისინი ყველაფერ ამას ჩვენზე ნაკლებად არ ეშურებოდნენ. ისინი არც სხეულის წინადაცვეთაზე ზრუნავდნენ, როგორც ჩვენ, არც შაბათის დაცვაზე, როგორც ჩვენ, არც გარკვეული სახის საკვებისაგან თავშეკავებაზე, არც სხვებისაგან გამოყოფაზე, რაც მოგვიანებით ყველაზე პირველმა მოსემ დაიწყო, - მათი სიმბოლურად აღსრულების გადმოცემა, რასაც არც ახლა აღასრულებენ ქრისტიანები; მათ კარგად იცოდნენ, რომ იგი იყო ღვთის ქრისტე წინასწარ წარმოჩენილი, რომ იგი იხილა აბრაამმა, მან მოუხმო ისააკს, ესაუბრა ისრაელს, გამოეცნაურა მოსეს და მის შემდგომ წინასწარმეტყველებს. აქედან აღმოაჩენ, რომ ღვთისმოყვარენი ღირსი შეიქნენ ეტარებიათ ქრისტეს სახელი მათ შესახებ ნათქვამის მიხედვით: "არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს (ე. ი. ქრისტეებს - მთარგ.) და წინასწარმეტყველთა შორის ნუ სჩადიხართ უკეთურებას" (ფს. 104,15); ამიტომ ცხადია, ახლახან ქრისტეს მოძღვრების მეშვეობით ყველა ერისადმი ნახარები უნდა ჩაითვალოს აბრაამის და მის მიმდევარ ღვთისმოყვარე კაცთა ღვთისმოსაობის პირველ, ყველაზე უძველეს და უდასაბამიერეს აღმოჩენად. თუ იტყვიან, რომ აბრაამმა წინადაცვეთის მცნება გაცილებით გვიან მიიღო, ისიც არის ნათქვამი, რომ მანამდე რწმენის მეშვეობით დაამოწმა სამართლიანობისათვის, როგორც ღვთის სიტყვა ამბობს: "ერწმუნა აბრაამი ღმერთს და სიმართლედ შეერაცხა" (შესაქ. 15,6 რომ. 4,3). მას წინადაცვეთამდე ღვთის მიერ საკუთარი თავის (ეს კი იყო თვით ქრისტე, ღვთის სიტყვა) მისთვის გაცხადების გზით მიღებული ჰქონდა წინასწარმეტყველება მათ შესახებ, ვინც მომავალ თაობებში მის მსგავსად გამართლდებოდა, და ღმერთმა მას ამ სიტყვებით წინასწარ აღუთქვა: "და შენით იკურთხება დედამიწის ყველა ტომი" (შესაქ. 12,3), და რომ "იქნება ერთი დიდი და მრავალრიცხოვანი ერი, და მისით იკურთხება დედამიწის ყველა ერი" (შესაქ. 18,18). ეს კი კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენზე აღსრულდა. რადგან იგი მისადმი ჩვენებული ღვთის სიტყვის, ქრისტეს რწმენით იქნა გამართლებული, იგი განუდგა მამების ცრურწმენას და ადრინდელ ცთომილ ცხოვრებას, და აღიარა ერთი, ყოველივეზე მაღლა მყოფი ღმერთი, და მას სათნოების საქმეებით და არა რჯულის მსახურებით თაყვანს სცემდა; ეს ითქვა, რადგან მასში დედამიწის ყველა ერი იკურთხება; სიტყვებზე უფრო ცხადი საქმეებით ახლა მთელ მსოფლიოში ქრისტიანებთან ჩანს რომ აბრაამის ღვთისმოსაობის გვარს მისდევენ. დანარჩენთან დაკავშირებითაც რა შეიძლება იყოს ხელისშემშლელი, რომ ვაღიაროთ ჩვენი, ქრისტიანთა და ძველ ღვთისმოყვარეთა ცხოვრებისა და ღვთისმოსაობის გვარის იგივეობა? ამგვარად ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ქრისტეს სწავლების მეშვეობით გადმოცემული ღვთისმოსაობის წარმართვა არის არა ახალი და უცხო, არამედ თუ ჭეშმარიტება უნდა ითქვას, არის თავდაპირველი, ერთადერთი და ჭეშმარიტი. და ვიკმაროთ ეს.   V ამრიგად, ჩვენს მიერ საეკლესიო ისტორიის შესავლის სათანადო შემზადების შემდეგ უკვე დანარჩენ თხრობას როგორც რამ მოგზაურობას ჩვენი მაცხოვრის ხორციელი გამოჩენიდან დაწყებით შევუდგებით და მოვუწოდებთ სიტყვის მამას, ღმერთს და თვითონ გაცხადებულ იესო ქრისტეს, ჩვენს უფალსა და მაცხოვარს, ღვთის ზეციურ სიტყვას, ჭეშმარიტ თხრობაში ჩვენს შემწესა და თანამოქმედს. ეს იყო ავგუსტუსის მეფობის ორმოცდამეორე წელს, ეგვიპტის დამორჩილების, და ანტონიუსისა და კლეოპატრას (რომლითაც დასრულდა ეგვიპტის პტოლემეოსთა დინასტია) აღსრულების შემდეგ ოცდარვა წელი იყო გასული, როდესაც პირველი აღწერის დროს, სირიაში კვირინიუსის მმართველობისას, ჩვენი უფალი და მაცხოვარი იშვა მის შესახებ არსებული წინასწარმეტყველებების თანახმად იუდეის ბეთლემში[3]. კვირინიუსის დროს მომხდარ ამ აღწერას ახსენებს სახელგანთქმული ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსიც[4] და მასთან დაკავშირებით სხვა ისტორიასაც, ამავე დროს გალილეველთა მწვალებლობის აღმოცენებას, რომლის შესახებაც ჩვენი ლუკაც ახსენებს "საქმეებში":  "შემდგომ ამისა აღდგა იუდა გალილეველი, აღწერის დღეებში, და დიდძალი ხალხიც გაიყოლია; მაგრამ იგი დაიღუპა და გაიფანტა ყველა, ვინც მას დაუჯერა" (საქმე. 5,37). ამასთან თანხმობაში ჩანს "სიძველეების" მეთვრამეტე წიგნი, რომელიც სიტყვასიტყვით ამბობს: "კვირინიუსი, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ავიდა სენატში, კაცი, რომელმაც სხვა თანამდებობები გაიარა და ყველა მათგანის გავლით გახდა კონსული (სხვა მაღალი თანამდებობებიც ეკავა მას), მცირერიცხოვან ამალასთან ერთად ჩავიდა სირიაში, რადგან კეისრის მიერ ერების სამართავად და ქონების შესაფასებლად იქნა გაგზავნილი" (იოსებ. ი. ს. 18,1). და მცირე ხნის შემდეგ ამბობს: "იუდა გალილეველმა, კაცმა წარმოშობით ქალაქიდან, რომლის სახელი იყო გამალა, თავისთან მიიმხრო სადოკ ფარისეველი და მოაწყო აჯანყება. ისინი ამბობდნენ, რომ აღრიცხვას სხვა არაფერი მოაქვს, თუ არა რომაელებისადმი პირდაპირი დამონება, და ერის განთავისუფლებისაკენ მოუწოდებდნენ" (იოსებ. ი.ს. 18,4). "იუდეველთა ომის" ისტორიების მეორე წიგნში მის შესახებ წერს: "ამის შემდეგ კაცი ვინმე გალილეველი სახელად იუდა ამბოხისაკენ აქეზებდა თანამემამულეებს და კიცხავდა მათ, რომ ითმენდნენ რომაელებისთვის ხარკის გადახდას და ღმერთის შემდეგ მოკვდავ მეუფეებს აღიარებდნენ" (იოსებ. ი. ო. 2,118). ამას ამბობს იოსები.   VI მაშინ, როდესაც იუდეველთა ერის პირველმა უცხო ტომის ჩამომავალმა ჰეროდემ მიიღო მეფობა, ახდა მოსეს მიერ ნაწინასწარმეტყველები: "არ მოაკლდება იუდას მთავარი, არც წინამძღვარი მისი წელიდან, ვიდრე მოვა ის, ვისთვისაც არის გამზადებული" (შესაქ. 49,10), რომელიც გაცხადდება როგორც "წარმართების მოლოდინი". წინასწარმეტყველება არ იყო აღსრულებული, ვიდრე თანამემამულე მთავრების მიერ იმართებოდა ერი გარკვეული თანმიმდევრული დროის განმავლობაში, რომელიც თვით მოსედან დაიწყო და ავგუსტუსის მეფობისას  შეწყდა, როდესაც რომაელებმა პირველ უცხოტომელს, ჰეროდეს[5] მისცეს იუდეველებზე მთავრობა. როგორც იოსები გადმოგვცემს, იგი მამის მიხედვით იყო იდუმეველი, დედის მიხედვით კი - ტომით არაბი. როგორც აფრიკელზე (ესეც არ იყო შემთხვევითი ისტორიკოსი)[6]დაყრდნობით დაზუსტებით ამბობენ მასზე, ანტიპატროსი (ეს იყო ჰეროდეს მამა)[7] იშვა ვინმე ჰეროდე ასკალონიტოსისაგან, აპოლონის ტაძარში მყოფ ე. წ. ჰეროდულოსისგან*. ეს ანტიპატროსი ბავშვობაში იდუმეველმა ავაზაკებმა მოიტაცეს და მათთან ერთად იმყოფებოდა იმის გამო, რომ მამამისი ღარიბი იყო და არ შეეძლო მის გამო გამოსასყიდის გადახდა. იგი აღიზარდა მათი ჩვეულებებით და ბოლოს იუდეველთა მღვდელთმთავარ ჰირკანს[8]დაუმეგობრდა. მისგან იშვა ჩვენი მაცხოვრის დროს მოღვაწე პეროდე. როდესაც მის ხელში გადავიდა იუდეველთა სამეფო, მომდევნო წინასწარმეტყველების თანახმად უკვე კარებთან იყო წარმართების მოლოდინი, რადგანაც აღარ იყვნენ მოსესაგან მონაცვლეობის მიხედვით ჩამომავალი მთავრები და წინამძღვრები. მათი (ებრაელების - მთარგ.) დატყვევებისა და ბაბილონში გადასახლების წინ მეფობდნენ მეფენი პირველი საულიდან და დავითიდან მოყოლებული; მეფეების წინ მათზე მთავრობდნენ ე. წ. მსაჯულები, ისინი მართავდნენ მოსესა და მისი მონაცვლე იესოს შემდეგ; ბაბილონიდან შინ დაბრუნების შემდეგ არ გაუქმებულა ოლიგარქიული არისტოკრატიის ხელისუფლება (რადგან მღვდლები წარმართავდნენ საქმეებს), ვიდრე რომაელთა მხედართმთავარმა პომპეუსმა არ შემოარტყა ალყა იერუსალიმს დასაპყრობად და არ შეურაცხყო სიწმინდეები, და ტაძრის აკრძალულ ადგილებში არ შევიდა. ის, ვინც მის დრომდე მოიტანა წინაპართა მონაცვლეობით მეფობაც და მღვდელთმთავრობაც, სახელად არისტობულოსი[9], შვილებთან ერთად შებორკილი რომში გაგზავნა, ხოლო მისი ძმა ჰირკანი, რომელსაც მღვდელთმთავრობის მონაცვლეობა უკანასკნელს გადაეცა, პართეველებმა დაატყვევეს, და იუდეველთა ერი, როგორც ითქვა, რომაელთა სენატმა და იმპერატორმა ავგუსტუსმა პირველ უცხოტომელს ჰეროდეს ჩააბარა. მის დროს მოხდა ქრისტეს ხილული მოსვლა და ამას მოყვა წარმართთა მოსალოდნელი ხსნა და მოწოდება წინასწარმეტყველების თანახმად. ამ ჟამიდან, როდესაც იუდადან, ანუ იუდეველთა ერისგან, მთავრები და წინამძღვრები აღარ იყვნენ, ბუნებრივია, მათ წინაპართაგან მოწესრიგებულად გვარის მიხედვით  მახლობელ მემკვიდრეებზე ჩამომავალი მღვდელთმთავრობის საქმეები მყისვე აირია. როდესაც გვყავს ეს სანდო მოწმე, იოსები, რომელიც ააშკარავებს, რომ რომაელთა მიერ მეფობის ჰეროდეზე გადაცემის შემდეგ მეტად აღარ იდგა ძველი გვარის მღვდელთმთავარი, არამედ ვიღაც უცნობ პიროვნებებს ენიჭებოდა ეს პატივი; მღვდლების დადგინებასთან დაკავშირებით ჰეროდეს მსგავსადვე იქცეოდა მისი შვილი არქელაოსიც და მის შემდეგ რომაელებიც, რომლებმაც მიიღეს იუდეველებზე მთავრობა. იგივე მწერალი განმარტავს, თუ როგორ ჩაკეტა და საკუთარი ბეჭდით დაბეჭდა მღვდელთმთავრების წმინდა სამოსელი პირველად ჰეროდემ და შემდეგ აღარასოდეს მიუცია იგი სატარებლად მღვდელთმთავრებისათვის, ასევე იქცეოდნენ მის შემდეგ არქელაოსი[10] და შემდეგ რომაელები. ეს კი ჩვენს  მიერ ითქვა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესთან დაკავშირებით აღსრულებული სხვა წინასწარმეტყველების საჩვენებლად. დანიელის თხზულება უცხადესად ასახელებს შვიდეულების გარკვეულ რიცხვს "ქრისტე მთავრის" მოსვლამდე (რასაც სხვაგან შევეხეთ), და წინასწარმეტყველებს, რომ ამ შვიდეულების დასრულების შემდეგ იუდეველებთან ცხება მოიშლება (შდრ. დან 9,24-27). ამის აღსრულებაც ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს შობის ჟამს ნათლად გამოჩნდა. ესეც ჩვენს მიერ ჟამთა ჭეშმარიტების დასადგენად აუცილებლად იქნა გამოკვლეული. -------------------------------------------------- * ბერძ. “ტაძრის მონა”: მათ ჰქონდათ სხვადასხვა ფუნქციები, - მთარგ.   VII რადგან მათე და ლუკა მახარებლების მიერ ქრისტეს შესახებ არსებული გვარტომობის განსხვავებული გადმოცემები მრავალთა მიერ ერთმანეთთან შეუთანხმებლად მიიჩნევა; და თითოეული მორწმუნე ამ ადგილის შესახებ ჭეშმარიტების უმეცრებით განმარტებებების მოგონებას ეშურება, მოდი და მათ შესახებ ჩვენამდე მოღწეულ ისტორიასაც გადმოვცემთ, რომელიც ჩვენს მიერ ცოტა ზემოთ ხსენებულმა აფრიკელმა გვარტომობათა ურთიერთთანხმობის შესახებ არისტიდესადმი[11] მიწერილ ეპისტოლეში სხვათა აზრები როგორც არაბუნებრივი და ნატყუარი ამხილა, ხოლო თვითონ ისტორია შემდეგი სიტყვებით გადმოსცა: "მას შემდეგ, რაც ისრაელში გვართა სახელები აღირიცხებოდა ბუნებით ან რჯულით; ბუნებით, კანონიერი თესლის მემკვიდრეობით, რჯულით კი როდესაც სხვა ქმნის ბავშვს უშვილო გარდაცვლილი ძმის სახელით (რადგან აღდგომის ნათელი იმედი ჯერ კიდევ არ იყო მოცემული და მომავალ აღთქმას მოკვდავი აღდგომით ბაძავდნენ, რათა გარდაცვლილის სახელი უწყვეტად დარჩენილიყო); ამიტომ ამ გვარტომობით ჩამომავალნი, ზოგი მამისაგან კანონიერად მონაცვლე შვილი იყო, ზოგი კი სხვებისგან იშვა, ხოლო სახელი კი სხვების მიიღო, ორივეს მოხსენიება მოხდა, ნამდვილი მშობლებისაც და ვითომ მშობლებისაც. ამგვარად, სახარებაში არ არის არავითარი შეცდომა, არც ბუნებით და არც რჯულიერ აღრიცხვაში. რადგან ერთმანეთს შეეწნა გვარი, სოლომონისგან ჩამომავალიც და ნათანისგანაც, უშვილოთა და მეორე ცოლიანთა "აღდგომით" და თესლის აღდგენით, როგორც სამართლიანად ითვლებიან ისინი სხვადასხვა დროს სხვადასხვა პიროვნებების ნამდვილ და ასეთად მიჩნეულ მამათა შვილებად; რადგან ორივე თხრობა სრულიად ჭეშმარიტი არის, რომელიც იოსებამდე დახლართულად მაგრამ ზედმიწევნით ჩამოდის. ნათქვამი რომ ცხადი გახდეს, მოგითხრობთ გვარების მონაცვლეობას. თუ დავითისაგან სოლომონის ხაზით აღვრიცხავთ, ბოლოდან მესამე აღმოჩნდება მატათა, რომელმაც შვა იაკობი, იოსების მამა; დავითის შვილ ნათანისგან კი ლუკას მიხედვით ასევე ბოლოდან მესამე არის მელქი; რადგა იოსები იყო მელქის ძის ელის ძე. ახლა ყურადღებას იოსებს მივაპყრობთ და მოგითხრობთ, თუ როგორ აღმოჩნდა ორივე მისი მამა, იაკობი სოლომონის გვარისგან ჩამომავალი და ელი ნათანის გვარისგან, აგრეთვე როგორ იყვნენ ისინი, იაკობი და ელი, ძმები და მათ უწინარეს როგორ გახდნენ იოსების პაპებად მათი მამები, მატათა და მელქი, რომლებიც განსხვავებული გვარისანი იყვნენ. ამრიგად, მატათამაც და მელქიმაც ერთმანეთის შემდეგ მოიყვანეს ერთიდაიგივე ქალი და ერთი დედის ძმები შექმნეს, რადგან რჯული არ აბრკოლებს ქვრივს, გაყრილს ან მას, ვისაც გარდაცვლილი ყავს ქმარი, რომ სხვაზე დაქორწინდეს; ესთასგან (გადმოცემით ასე ერქვა ქალს) პირველად მატათამ, სოლომონის გვარის ჩამომავალმა, შვა იაკობი, მატათას აღსრულების შემდეგ იგი, დაქვრივებული, როგორც ზემოთ ითქვა, ცოლად მოიყვანა მელქიმ, ნათანის გვარის ჩამომავალმა, იმავე ტომისამ, მაგრამ სხვა გვარის მქონემ, და ეყოლა ძე ელი. ამგვარად, აღმოვაჩენთ, რომ იაკობიც და ელიც იყვნენ ერთი დედის ძმები, ორი განსხვავებული გვარიდან ჩამომავალნი; ერთმა მათგანმა, იაკობმა, როდესაც აღესრულა მისი უშვილო ძმა ელი, მისი ქალი ცოლად მოიყვანა და მისგან შვა მესამე, იოსები*, რომელიც ბუნების მიხედვით (ასევე ლოგიკურად, რის გამოც დაიწერა: "იაკობმა შვა იოსები") მისი, ხოლო რჯულის მიხედვით ელის ძე იყო; რადგან მას იაკობმა, ძმამ, აღუდგინა თესლი. ამიტომ მის მიხედვით გვარტომობაც არ იქნება არაქმედითუნარიანად გამოცხადებული. მათე მახარებელმა იგი ასე აღრიცხა: "იაკობმა შვა იოსები", ლუკა კი ამბობს: "რომელიც იყო, როგორც ფიქრობდნენ" (რადგან ამასაც დასძენს), "იოსების, ელის, მელქის". რადგან რჯულისმიერი შობის მიხედვით უფრო ნიშანდობლივად თქმა შეუძლებელი იყო, და სიტყვა "შვას" ასეთ შვილთქმნებზე აღარ ახსენებს გვარტომობის დასასრულამდე, რადგან მიდის უკუსვლით სიტყვებამდე "ადამის, ღმერთის". ეს არც დაუმტკიცებლად არც ფუჭად არის ნათქვამი, რადგან მაცხოვრის ხორციელმა ნათესავებმა, ან საკუთარი თავის გამოჩენის გამო, ან უბრალოდ სასწავლოდ, ნებისმიერ შემთხვევაში კი ჭეშმარიტად გადმოცეს ეს. როდესაც იდუმეველი ავაზაკები პალესტინის ქალაქ ასკალონში შევიდნენ, აპოლონის საკერპოდან, რომელიც [ქალაქის] კედლებზე იყო აშენებული, ვინმე ჰეროდე  ჰიეროდულოსის შვილი სხვა ტყვეებთან ერთად წაასხეს, და რადგან მღვდელს ვაჟიშვილის გამო გამოსასყიდის გადახდა არ შეეძლო, ანტიპატროსი იდუმეველთა ჩვეულებებით აღიზარდა, მოგვიანებით კი იუდეველ მღვდელთმთავარ ჰირკანს დაუმეგობრდა; პომპეუსთან ჰირკანის გამო შუამავლობდა და მისთვის ძმის არისტობულოსის მიერ წართმეულ სამეფოს ანთავისუფლებდა. მას ბედი სწყალობდა და პალესტინის ზედამხედველად[12] დაინიშნა. ანტიპატროსი, რომელიც მრავალი წარმატების გამო შურით აღძრულებმა ღალატით მოკლეს, მისმა ძემ ჰეროდემ შეცვალა, რომელიც მოგვიანებით ანტონიუსის მიერ და უმაღლესი სენატის გადაწყვეტილებით იუდეველთა მეფედ დაინიშნა; მისი შვილები იყვნენ ჰეროდე და სხვა ტეტრარქები**. ამ ამბავს იზიარებენ ელინთა ისტორიებიც; ებრაელთა და პროზელიტთა ჩამომავალების, როგორებიც იყვნენ აქიორ ამონიელი და რუთ მოაბელი"[13] ასევე გვარები მათი შერეული ოჯახებისა, რომლებიც ეგვიპტიდან გამოიქცნენ, იმ დრომდე აღწერილი იყო არქივებში; ხოლო რადგან ჰეროდე არანაირად არ უკავშირდებოდა ისრაელიტთა გვარებს და ამასთან მდაბიო წარმოშობის იყო, და რადგან თავისი მდაბიო წარმოშობის გამო გონება ჰქონდა შერყეული, დაწვა საკუთარი გვარის აღწერილობა; იგი ფიქრობდა, რომ კეთილშობილი წარმომავლობის პიროვნებად წარმოჩნდებოდა, თუ ვერავინ შეძლებდა მისი გვარის გამოყვანას პატრიარქების ან პროზელიტების, ან შერეული წარმოშობის მქონე ე. წ. გერების გვარებიდან. მცირედნი იყვნენ ისინი, ვინც ზრუნავდა თავისი თავის შესახებ კერძო ჩანაწერების ქონაზე, ან სახელების დამახსოვრებით ან სხვაგვარად ასლებიდან გადმოღებით, და თავს იწონებდა კეთილშობილების ხსოვნის შენახვით; მათ შორის იყვნენ ზემოხსენებული ე. წ. "დესპოსინები", რომელთაც ეს ეწოდებოდათ მაცხოვრის გვართან კავშირის გამო***, რომლებიც იუდეველთა სოფლებიდან, ნაზარეთიდან და კოხაბადან, იყვნენ გამოსულები და მათი წარმომავლობის წინარე გვარტომობას "დღეთა წიგნის" მეშვეობით განმარტავდნენ. ასე იყო, თუ სხვაგვარად, უფრო ცხადი განმარტების აღმოჩენას, როგორც ვფიქრობ მეც და ასევე ყველაფერში კეთილგონიერნიც, ალბათ სხვა ვერავინ შეძლებს, და ჩვენც ეს ვიკმაროთ, რადგან თუ დაუმოწმებელი არის, უკეთესის ან უფრო ჭეშმარიტის თქმა არ ძალგვიძს, ნებისმიერ შემთხვევაში სახარება ჭეშმარიტებას ამბობს". ეპისტოლის დასასრულს კი დასძენს: "სოლომონისგან ჩამომავალმა მატათამ შვა იაკობი. იაკობის სიკვდილის შემდეგ ნათანისგან ჩამომავალმა მელქიმ იმავე ქალისგან შვა ელი. ასე რომ, ელი და იაკობი არიან ერთი დედის შვილები. როდესაც ელი უშვილოდ გარდაიცვალა, იაკობმა აღუდგინა მას თესლი და შვა იოსები, ბუნებით მისი, რჯულის მიხედვით კი ელის ძე. ამგვარად ორივე მათგანის ძე იყო იოსები. [14] ასე ასრულებს აფრიკელი. როდესაც იოსებისგან ამგვარად გამოყავს გვარტომობა, შესაძლოა მარიამიც იმავე ტომის ჩამომავლად წარმოჩნდეს, იმის გათვალისწინებით, რომ მოსეს რჯულის მიხედვით ნებადართული არ იყო სხვადასხვა ტომების აღრევა; რადგან იყო მცნება, რომლის მიხედვით დასაქორწინებლად უნდა შეუღლებულიყვნენ ერთი და იმავე ხალხისგან და სანათესაოდან, შთამომავლობის მემკვიდრეობა რომ არ გადასულიყო ტომიდან ტომზე. ამრიგად ეს ვიკმაროთ. ---------------------------------------------- * ეს არის ესთასაგან მესამე – მთარგ. ** ჰეროდე ანტიპა და მისი ძმები – მთარგ. *** რადგან იგი არის მეუფე ანუ ბერძნულად “დესპოტი” – მთარგ.   VIII მაგრამ როდესაც წინასწარმეტყველებათა თანახმად ქრისტე იუდეის ბეთლემში ზემოხსენებულ ჟამს იშვა, ჰეროდემ ამის მცოდნე აღმოსავლელ მოგვთაგან გამოიკითხა, თუ სად იშვა იუდეველთა მეფე, რადგან მათ მიერ მისი ვარსკვლავის ხილვამ და ამ მიზეზით ესოდენ დიდი მოგზაურობის შესრულებამ, აგრეთვე მათ მიერ შობილის როგორც ღმერთის მოშურნედ თაყვანისცემამ, - ამ საქციელმა ჰეროდე ძალიან შეაშინა, ფიქრობდა, რომ მას წაერთმეოდა მთავრობა. ერის რჯულთმოძღვართაგან გამოიკითხა, თუ სად იყო ქრისტეს შობა ნაწინასწარმეტყველები და როგორც კი გაიგო, რომ მიქეას წინასწარმეტყველება ბეთლემს წინამოასწავებდა, ერთი ბრძანებით დაახოცვინა ბეთლემში ძუძუთა ჩვილები და მის ყველა საზღვრებში ყრმები ორი წლისა და ქვემოთ (მოგვებისგან დაზუსტებული ჟამის მიხედვით); ფიქრობდა, რომ იესო როგორც ყველანაირად მათი მსგავსი, მისი თანატოლების ბედს გაიზიარებდა. თუმცა, ყრმამ დაასწრო განზრახვის აღსრულებას და ეგვიპტისაკენ იქნა წაყვანილი მისი მშობლების მიერ, რომლებმაც ანგელოზის გამოცხადებით წინდაწინ იცოდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ამას სახარების წმინდა წერილიც ასწავლის. ამასთან ერთად აღნიშვნის ღირსია ქრისტესა და მის თანატოლთა წინააღმდეგ ჰეროდეს დანაშაულის საზღაური, როგორ მეყსეულად, მცირედი დაყოვნების გარეშე, ეწია მას ღვთის სამართალი ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე, რითაც აქედან განშორების შემდეგ მისაგებელის დასაწყისს აჩვენებდა; თუ როგორ დააბნელა მან ის, რაც მისი მეფობის დიდებად მიიჩნეოდა, შემდგომ მის სახლში მომხდარი მოვლენებით, ცოლის, შვილების და სხვა მის გვართან განსაკუთრებით ახლოს მყოფთა და უსაყვარლესთა სისხლისღვრებით, ამის მხოლოდ აღნუსხვაც კი შეუძლებელია, ნებისმიერ ტრაგიკულ დრამატურგიას დაჩრდილავს მათ შესახებ არსებული ამბები, რაც იოსებმა ვრცლად მოგვითხრო თავის ისტორიებში. თუ როგორ სიკვდილამდე დევნა ჩვენი მაცხოვრისა და სხვა ჩვილების წინააღმდეგ შეთქმულების გამო მასზე მოწევნულმა, ღვთის ნებით დადგენილმა მათრახმა, ურიგო არ იქნება, ისტორიკოსის სიტყვები მოვისმინოთ, როდესაც მისი ცხოვრების უბედურებას "იუდაური სიძველეების" მეჩვიდმეტე წიგნში ამგვარად აღწერს: "პეროდე სნეულებამ უფრო მეტად წარიტაცა, ვიდრე შურისმგებელი ღმერთისგან იყო ეს დაწესებული. რადგან ცეცხლი ნელი იყო* და მის გამსინჯველებს ბევრს ვერაფერს მიანიშნებდა ანთებაზე, რომელიც ამდენ ვნებას კვებავდა მის შიგნით, ხოლო ჭამისას იმ ზომის წადილი ჰქონდა რომ ვერც მოემსახურებოდი; შიგნეულობა დაწყლულებული ჰქონდა, განსაკუთრებით კი მსხვილი ნაწლავის ტკივილი აწუხებდა და ფენების გარშემო ლორწოვანი გამჭვირვალე სითხე გადმოდინდებოდა; მსგავსადვე დაავადებული იყო მუცლის არე, ასევე ულპებოდა მამაკაცის ასო და მასში მატლები უჩნდებოდა, სუნთქვა დაძაბული ჰქონდა, ძალიან უსიამოვნო იყო კუჭში გასვლა და ხშირი სუნთქვა, ასევე ყველა ასოების კანკალი აუტანელი ძალით. ეს ნათქვამი იყო მისანთა და მათ მიერ, რომლებმაც ეს ბრძნულად იწინასწარმეტყველეს, რომ ეს სასჯელი მეფეზე ღმერთმა დააწესა მისი მრავალი უღმერთო საქციელის გამო".[15] ამას აღნიშნავს ციტირებულ თხზულებაში ზემოხსენებული მწერალი და "ისტორიათა"**  მეორე წიგნში მის შესახებ მსგავს გადმოცემას აღწერს:  "მისი სხეულის ყოველი ნაწილი სხვადასხვა ვნებებით იყო დასნეულებული. პქონდა დაბალი სიცხე, მთელი კანის აუტანელი ქავილი, მუცლის განუწყვეტელი გვრემა, ფეხების გარშემო წყალმანკის სიმსივნის მსგავსი რამ, მუცლის ანთება და ასოს ლპობა, რაშიც მატლები გაჩნდა, ამას თან ერთვოდა მძიმე სუნთქვა და სხეულის ყოველი ასოს სპაზმი. მისნები ამბობდნენ, რომ ეს სნეულებები იყო სასჯელი. ასეთ ვნებებთან მებრძოლს მაინც უნარჩუნდებოდა სიცოცხლე, ხსნას იმედოვნებდა და განკურნებასაც ფიქრობდა. ასე რომ, გადავიდა იორდანეზე და იღებდა კალიროეს[16] აბაზანებს, რომლებიც ჩაედინება "ასფალტის ტბაში"***, რაც გემოთი ტკბილია და სასმელად ვარგისი. ექიმები ფიქრობდნენ, რომ იქ ზეთით სავსე აბაზანაში მთელი სხეული გათბებოდა თბილი ზეთით, იგი კი მოუძლურდა და მიცვალებულივით გადაატრიალა თვალები. როდესაც მკურნალებმა ხმაური ატეხეს, იგი დაუბრუნდა ტანჯვას, სამომავლოდ კი ხსნის იმედი დაკარგა და ბრძანა თითოეული ჯარისკაცისთვის ორმოცდაათი დრახმა გაენაწილებიათ და ბევრი ფული მიეცათ მმართველებისთვის და მეგობრებისთვის. თვითონ კი უკან დაბრუნდა, იერიქონში მოწყენილი ჩავიდა  და ძლივს გადაურჩა თავის მოკვლას. ხოლო წარემატა დანაშაულებრივი საქმეების განზრახვაში. ბრძანა მთელი იუდეის ყოელი სოფლიდან სახელგანთქმული კაცების ე. წ. ჰიპოდრომში, შემოკრება და ჩაკეტვა. ხოლო თავისთან მოხმობილ დას სალომეს და მის მეუღლეს ალექსას უთხრა: "ვიცი იუდეველები ჩემს სიკვდილს იზეიმებენ, მე კი შემიძლია სხვა რამეებით ვაგლოვო ისინი და ბრწყინვალე დაკრძალვაც მქონდეს, თქვენ კი მოინდომეთ ჩემი ბრძანებების შესრულება. როგორც კი სულს დავლევ, დაცვის ქვეშ მყოფი კაცები სწრაფად დახოცონ გარშემორტყმულმა ჯარისკაცებმა, რათა მთელმა იუდეამ და ყოველმა სახლმა ძალაუნებურად დამიტიროს". ცოტა მოგვიანებით იოსები ამბობს: "და კვლავ საჭმლის ნაკლებობით და სპაზმური ხველებით იტანჯებოდა და ტკივილებში მყოფმა გადაწყვიტა დაესწრო ბვდისწერისთვის. აიღო ვაშლი და მოითხოვა დანა; რადგან ჩვევად ჰქონდა დაეჭრა და ისე ეჭამა; შემდეგ კი ირგვლივ მიმოიხედა, ხელს შეუშლიდა თუ არა ვინმე და აღმართა მარჯვენა ხელი საკუთარ თავზე დასარტყმელად".  უფრო მეტიც, იგივე მწერალი მოგვითხრობს ამბავს, რომ ბრძანა მისი სხვა კანონიერი შვილის, ორი, უკვე გარდაცვლილის შემდეგ მესამის მისი სიცოცხლის დასასრულის წინ მოკვლა და მაშინათვე მრავალ ტკივილებში შეწყვიტა სიცოცხლე. ასეთი იყო ჰეროდეს აღსასრული, სამართლიანად მიეზღო როგორც ბეთლემში ყრმების დახოცვის, ასევე ჩვენი მაცხოვრის წინააღმდეგ შეთქმულების გამო; ამის შემდეგ ეგვიპტეში დაყოვნებულ იოსებს ანგელოზი მოევლინა სიზმარში და ყრმისა და მისი დედის იუდეაში წაყვანა უბრძანა, ამასთან განუცხადა ყრმისულის მაძიებელთა სიკვდილი. შემდეგ მახარებელი ამბობს :როდესაც მოისმინა, რომ არქელაოსი მეფობს მისი მამის ჰეროდეს ნაცვლად, იქ წასვლის შეეშინდა; სიზმრით გაფრთხილებული დარჩა გალილეის საზღვრებში" (მათ. 2,22). ---------------------------------------- * იგულისხმება, რომ დაბალი სიცხე ჰქონდა – მთარგ. ** “იუდაურ ომების” – მთარგ. *** იგივე “მკვდარი ზღვა” – მთარგ.   IX ჰეროდეს შემდეგ მთავრად არქელაოსის დადგინების ფაქტს ეთანხმება ზემოხსენებული ისტორიკოსიც, რომელიც აღწერს, თუ როგორ მიიღო იუდეველებზე მეფობა მამამისის აღთქმითა და კეისარ ავგუსტუსის გადაწყვეტილებით, და მას შემდეგ, რაც ათწლიანი პერიოდის შემდეგ ჩამოშორდა მთავრობა, თუ როგორ მართავდნენ თავიანთ ტეტრარქიებს ძმები ფილიპე და ახალი ჰეროდე ლისანიასთან ერთად[17].  იგივე [მწერალი] “სიძველეების" მეთვრამეტე წიგნში აცხადებს, რომ ტიბერიუსის[18] (მან მიიღო საყოველთაო მმართველობა ავგუსტუსის ორმოცდაჩვიდმეტწლიანი მეფობის შემდეგ) მეფობის მეოცე წელს პონტოელ პილატეს ჩააბარეს იუდეა, სადაც მთელი ათი წელი დარჩა თითქმის ტიბერიუსის აღსასრულამდე[19]. ამრიგად, აშკარად ჩანს ნათხზობა მათი[20], ვინც ახლახანს ჩვენს მაცხოვარზე გადმოსცა [ამბები], რომლებშიც ის ზემოაღნიშნული ჟამი ამხელს თხზულებათა სიცრუეს. იგი გადმოსცემს, რომ ტიბერიუსის მეოთხე კონსულობის დროს, მისი მეფობის მეშვიდე წელს ჩაიდინეს მათ მაცხოვრის ვნების დანაშაული, როდესაც, როგორც ნაჩვენები იყო, პილატეს არ ჰქონდა იუდეა ჩაბარებული, თუკი ვისარგებლებთ იოსების  მოწმობით; ამგვარად, მისი თხზულების მიხედვით ცხადად არის აღნიშნული, რომ ტიბერიუსის მეფობის მეოცე წელს იუდეის პროკურატორად ტიბერიუსის მიერ პილატე იქნა დანიშნული.   X ამრიგად, ამ დროს, მახარებლის მიხედვით, ტიბერიუსის  კეისრის მეთხუთმეტე წელს, ხოლო პონტოელი პილატეს მმართველობის მეოთხე წელს, დანარჩენ იუდეაში ჰეროდეს, ლისანიუსის და ფილიპეს ტეტრარქობისას, ჩვენი უფალი და მაცხოვარი იესო, ღვთის ქრისტე, ოცდამეათე წელში მყოფი, მივიდა იოანეს ნათლისცემაზე და დაიწყო სახარების სწავლება.  საღვთო წერილი ამბობს, რომ მან სწავლების მთელი დრო დაასრულა ანნასა და კაიაფას მღვდელთმთავრობის პერიოდში, იგი განმარტავს, რომ მათი მსახურების წლებით შემოისაზღვრება მისი სწავლების მთელი ჟამი. დაიწყო ანნას მღედელთმთავრობის დროს და გაგრძელდა კაიაფას[21] მმართველობამდე, ისე რომ მეოთხე წლამდე აღარ განვრცობილა მისი დრო. როდესაც აქედან მოყოლებული ირღვეოდა რჯულის კანონები და მღვდელთმთავრობას აღარ უკავშირდებოდნენ ცხოვრებითა და წინაპართა მემკვიდრეობის გზით, რომაელი მმართველები კი მღვდელთმთავრობას სხვადასხვა დროს აბარებდნენ სხვადასხვა პიროვნებებს, რომლებიც ამ თანამდებობაზე ერთ წელზე მეტ ხანს არ რჩებოდნენ. იოსები მოგვითხრობს ანნას შემდეგ კაიაფამდე მონაცვლეობით ოთხი მღვდელმთავარის დანიშვნას იმავე “სიძველეების” მიხედვით, როდესაც ამბობს: “როდესაც ვალერიუს გრატუსმა[22] შეაჩერა ანნას მღვდლობა, ისმაელ ფაბის ძე წარმოაჩინა მღვდელმთავრად. როდესაც გავიდა ერთი წელი, მასაც შეუწყვიტა და სიმონ კამითოს ძეს გადასცა მღვდელმთავრობა. ერთ წელზე მეტი არ გასულა, რაც მას ეს პატივი ჰქონდა, და მისი მონაცვლე იოსები, იგივე კაიაფა, გახდა მღვდელმთავარი”[23]. ასე რომ, ჩვენი მაცხოვრის მიერ სწავლების გამოცემის მთელი დრო არ წარმოჩნდება სრულ ოთხ წლად, როდესაც ოთხი მღვდელთმთავარი, ანნადან კაიაფას დანიშვნამდე, ოთხი წლის განმავლობაში ასრულებდა ერთწლიან მსანურებას. კაიაფას მღვდელთმთავრობაც მსგავსადვე ერთი წელი იყო, რომლის დროს აღსრულდა მაცხოვრის ვნება, ეს აღნიშნა სახარების წერილმა, რომელიც წინა გამოკვლევებისგან არ გადაუხვევს და ისე უჩვენებს მაცხოვრის სწავლების დროს. მაგრამ რადგან ჩვენმა უფალმა და მაცხოვარმა ქადაგების დაწყებიდან მცირე დროის შემდეგ მოუწოდა თორმეტ მოციქულს, რომლებსაც მხოლოდ მათ უწოდა მოციქულები დანარჩენ მოწაფეთაგან გამორჩეული რამ პატივის ნიშნად, მაშინვე მოუწოდა სხვა სამოცდაათსაც, რომლებიც წყვილ-წყვილად წარგზავნა მის წინ ყველა ადგილსა და ქალაქში, სადაც კი თვითონ აპირებდა წასვლას.   XI მახარებელთა საღვთო წერილი აღნიშნავს, რომ მცირე ხნის შემდეგ ახალმა ჰეროდემ[24] იოანე ნათლისმცემელს თავი მოკვეთა, მასთან ერთად მოგვითხრობს იოსებიც, რომელიც ახსენებს პეროდიას[25] სახელს და იმასაც, რომ იგი, ძმის ცოლად მყოფი, ცოლად მოიყვანა ჰეროდემ, რომელიც გაეყარა პირველად კანონიერად დაქორწინებულს (იგი იყო პეტრაელთა მეფის არეტას[26] ქალიშვილი), ჰეროდიადა კი განაშორა ცოცხალ ქმარს; რის გამოც იოანეს მკვლელი ჩაება ომში არეტას წინააღმდეგ, რადგან უპატიოჰყო მისი ქალიშვილი. იმ ომში, რომელშიც, როგორც ამბობს, როდესაც ბრძოლა დაიწყო, განადგურდა ჰეროდეს ჯარი და ეს მას ევნო იოანეს წინააღმდეგ შეთქმულების განხორციელების გამო. იგივე იოსები ამ ნაშრომში აღიარებს, რომ იოანე იყო ნათლისმცემელი და განსაკუთრებით მართალი კაცი, და ემოწმება მის შესახებ მახარებელთა წერილში აღწერილს; ასევე მოგვითხრობს ჰეროდესგან მეფობის ჩამოშორებას იმავე ჰროდიადას გამო და მასთან ერთად მის საზღვარგარეთ განდევნას და გალიის ქალაქ ბიენაში[27] გადასახლების მისჯას. ესეც "სიძველეების" მეთვრამეტე წიგნშია განმარტებული, სადაც იოანეს შესახებ წერს:  “ზოგიერთი იუდეველი ფიქრობდა, რომ ჰეროდეს ჯარი განადგურდა ღვთის მიერ და ძალიან სამართლიანადაც მიეგო იოანეს, ნათლისმცემელად წოდებულის საზღაურის მიხედვით. რადგან იგი ჰეროდემ მოკლა, კეთილი კაცი, რომელიც იუდეველებს მცნებად უდებდა, სათნოებებში გაწვრთნილიყვნენ და ერთმანეთის მიმართ სამართლიანობითა და ღვთის მიმართ კეთილმსახურებით მცხოვრებნი ნათლისღებისთვის შეკრებილიყვნენ; რადგან ასეთი ნათლისღება მას სათნო უჩნდა არა  როგორც ვინმე ცოდვილის შენდობის სათხოვნელად, არამედ სხეულის განწმენდისათვის, რომლის სული მანამდე სამართლიანობით იქნებოდა განწმენდილი. და როდესაც სხვებიც მოგროვდნენ (რადგან მრავალი აღფრთოვანდა მისი სიტყვების  მოსმენით), ჰეროდეს შეეშინდა მისი ასე მრავალრიცხოვანი მიმდევრების, რომ არ აჰყოლოდნენ ისინი რაიმე ამბოხს (რადგან ჩანდა, რომ მისი რჩევით ყველაფერს გააკეთებდნენ), და გაცილებით უმჯობესად მიიჩნია მისგან რაიმე ახლის წარმოშობამდე დაესწრო და მოეკლა, ვიდრე გადატრიალების საქმეებში ჩავარდნილს მოუწევდა საქმის უკან შემოტრიალება. და იგი ჰეროდეს ეჭვის გამო შებორკილი გაიგზავნა "მახერუსში", ზემოხსენებულ ციხეში, სადაც მოკლულ იქნა".[28]  როდესაც იგი იოანეს შესახებ ამას მოგვითხრობს, ჩვენი  მაცხოვრის შესახებაც იმავე ისტორიაში ამგვარად აღნიშნავს: "იმ დროს გამოჩნდა იესო, ბრძენი კაცი, თუკი კაცად  უნდა ითქვას. რადგან საოცარ საქმეებს იქმოდა, ასწავლიდა ჭეშმარიტების ხალისით მიმღებ ადამინებს, და მრავალი  იუდეველი და ბერძენი მისდევდა მას. იგი იყო ქრისტე, და  როდესაც პილატემ მას ჯვარცმა მიუსაჯა ჩვენს შორის პირველობის მქონე კაცების დაბეზღებით, არ დაბრკოლებულან  მასზე პირველად შეყვარებულები; რადგან მესამე დღეს კვლავ  ცოცხალი ეჩვენა მათ, და რადგან ეს და სხვა ათასი საკვირველება საღვთო წინასწარმეტყველების მიერ იყო ნათქვამი მის შესახებ, ამ ჟამამდეც არ გაწყვეტილა მისგან ქრისტიანებად წოდებულთა ტომი"[29].  როდესაც ამ ამბებს თვით ებრაელი მწერალი თავისი თხზულების თავში გადმოცემს იოანე ნათლისმცემელისა დ ჩვენი მაცხოვრის შესახებ, სხვა რაღა დაგვრჩენია, თუ არა  მათ შესახებ შეთხზული სამარცხვინო მოსახსენებლების მხილება*? მაგრამ ესეც ვიკმაროთ. ----------------------------------------------------- * კვლავ საუბარია წარმართულ “პილატეს აქტებზე” – მთარგ.   XII   მაცხოვრის მოწაფეების ყველა სახელი ცნობილია სახარებებიდან; სამოცდაათი მოწაფის სია კი არსად არ არის მოყვანილი[30]. ამბობენ, რომ ერთი მათგანი ბარნაბა იყო, რომელსაც გამორჩევით მოიხსენიებს “მოციქულთა საქმეები”, არანაკლებ მოიხსენიებს მას პავლეც, როდესაც გალატელებს მისწერს. ერთ-ერთ მათგანად იგი ასახელებს სოსთენესაც, რომელმაც პავლესთან ერთად მისწერა კორინთელებს; კლიმენტისთან[31] არის ისტორია, “ჰიპოტიპოსების” მეხუთე წიგნში, რომელშიც მოხსენიებულია კეფა; მის შესახებ პავლე ამბობს: “როდესაც კეფა ანტიოქიაში წავიდა, მას პირზე დავადექი”, ამბობს სამოცდაათ მოწაფეთაგან ერთ-ერთზე, რომელიც პეტრე მოციქულის თანამოსახელე აღმოჩნდა. ამბავი სამოცდაათთა მოწოდების ღირსებას უკავშირებს მატათას, რომელიც იუდას ნაცვლად მოციქულებთან აღინუსხა და მისი სწორი წილით იქნა პატივდებული. თადეოზსაც ერთ-ერთ მათგანად მიიჩნევენ, რომლის შესახებ ჩვენამდე მოღწეულ ისტორიას მალე მოგითხრობთ. მკვლევარი აღმოაჩენს, რომ მაცხოვრის მოწაფეები სამოცდაათზე მეტია ნაჩვენები, მოწმედ პავლეს გამოიყენებს, რომელიც ამბობს, რომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ პირველად იგი კეფამ იხილა, შემდეგ თორმეტმა და მათ შემდეგ ხუთასზე მეტმა ძმამ ერთად, რომელთაგან ზოგიერთმა, ამბობენ, დაიძინა, უმეტესობა კი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რომლის დროსაც მან შეადგინა ეპისტოლეები; შემდეგ კი ამბობს, რომ იგი იაკობმა იხილა; იგი მაცხოვრის ერთ-ერთი ძმა იყო[32]; თუ ამათთან ერთად მიბაძვით თორმეტზე მეტი იყო მოციქული, ასევე თვითონ პავლეც იყო მათთან ერთად, რომელიც შემდეგ ამბობს: “შემდგომ იხილა ყველა მოციქულმა”. ესეც ვიკმაროთ მათ შესახებ.   XIII თადეოზის[33] გარშემო არსებულმა ისტორიამ ასეთი სახე მიიღო. ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს ღმრთეებამ, ყველა ადამიანთან სასწაულმოქმედი ძალით სახელგანთქმულმა, ამდენი ათასი ადამიანი იუდეისგან ძალიან შორს უცხო ქვეყნებში მცხოვრებნი სნეულებათა და ყველანაირ ვნებათა განკურნების იმედით მოიყვანა. ამგვარადვე იყო ევფრატის გაღმა ხალხების ყველაზე გამოჩენილი მბრძანებელი მეფე ავგაროზი, რომელიც სხეულით საშინლად იტანჯებოდა, დასნეულებული ჰქონდა ისე, რომ შეუძლებელი იყო სენის ადამიანური ძალით განკურნება. მან როგორც კი გაიგო მრავალთაგან იესოს სახელი და მისი ყველასაგან ერთხმად დამოწმებული სასწაულები, მისი მავედრებელი გახდა და წერილის მიმტანი გაუგზავნა, სთხოვდა, რომ მისთვის აღმოეჩინა სნეულებისაგან ხსნა. იესომ მაშინ არ შეისმინა მისი თხოვნა, თუმცა, დააფასა და საკუთარი წერილი გაუგზავნა, შეპირდა, რომ გაუგზავნიდა მის ერთ-ერთ მოწაფეს სნეულებისაგან განსაკურნავად და მისი და მისი ნათესავების გამოსახსნელად. დიდი ხანი არ დაუყოვნებია დანაპირების შესასრულებლად. მისი მკვდრეთით აღდგომისა და ცად ამაღლების შემდეგ თორმეტთაგან ერთერთმა მოციქულმა თომამ, ღვთის შთაგონებით აღძრულმა, საქადაგებლად და ქრისტეს შესახებ მოძღვრების სახარებლად ედესაში გაგზავნა თადეოზი, რომელიც ქრისტეს სამოცდაათ მოწაფეს შორის აღირაცხებოდა; მისი მეშვეობით აღსრულდა ყველაფერი, რაც აღუთქვა ჩვენმა მაცხოვარმა. არსებობს ამის წერილობითი მოწმობაც ამოღებული ედესის (რომელიც იყო დედაქალაქი) წიგნთსაცავიდან; სახელმწიფო დოკუმენტები შეიცავენ როგორც ძველ ასევე ავგაროზის დროს მომხდარ მოვლენებს და ესენი იქ ამ დრომდე დაცული მოიპოვება. მაგრამ  ვერაფერი შეედრება თვით წერილების მოსმენას, რომლებიც  წიგნთსაცავიდან ამოვიღეთ და მათი ტექსტი სირიული ენიდან ამგვარად გადმოვთარგმნეთ:   მთავარ ავგაროზის მიერ იესოსადმი მიწერილი და ანანია მალემსრბოლის მეშვეობით იერუსალიმში გაგზავნილი ეპისტოლის ასლი “ავგაროზ უხამა, იესოს, კეთილ მაცხოვარს, რომელიც გამოჩნდა იერუსალიმის შემოგარენში, გიხაროდეს. მესმა შენსა და შენს კურნებათა შესახებ, რომ ისინი შენს მიერ წამლებისა და მცენარეების გარეშე სრულდება. როგორც გადმომცეს, შენ ისე მოქმედებ, რომ ბრმები ხედავენ, კოჭლები დადიან, კეთროვნებს განწმინდავ, უწმინდურ სულებს და ეშმაკებს განდევნი, მძიმე სნეულებებით გატანჯულებს კურნავ, და მკვდრებს აღადგენ. როდესაც ეს ყოველივე შენს შესახებ მესმა, გონებაში გადავწყვიტე, რომ ორიდან ერთია, ან შენ ხარ ღმერთი ციდან ამის საკეთებლად ჩამოსული, ან ღვთის ძე, რომელიც იქმ ყოველივე ამას. ამიტომ წერილით გევედრები, რომ იჩქარო ჩემთან და ის ვნება, რაც მაქვს, განკურნო. ასევე მესმა, რომ იუდეველები დრტვინავენ შენზე და სურთ, რომ გიბოროტონ. ჩემი ქალაქი ძალიან მცირეა, მაგრამ პატივცვმული, რაც ორივეს გვეყოფა".* ------------------------------------------------ * ზოგ ხელნაწერში დამატებულია: “და ეს მან ასე დაწერა, როდესაც საღვთო გაბრწყინებამ მცირედით გაანათა იგი; მაგრამ აგრეთვე მოსმენის ღირსია იესოს მიერ მის მიმართ იმავე წერილის მიმტანის მეშვეობით გაგზავნილი რამდენიმე სტრიქონის შემცველი, მაგრამ დიდი ძალის მქონე ეპისტოლე; და არის იგი შემდეგი სახის”.   იესოს მიერ მთავარ ავგაროზის მიმართ ანანია მალემსრბოლის მეშვეობით მიწერილი პასუხი "ნეტარ ხარ, რომელმაც ჩემი ირწმუნე ისე, რომ მე არ გინახივარ. რადგან ჩემს შესახებ დაწერილია, რომ ვინც მიხილა, არ ირწმუნებს ჩემსას, რათა მათ, ვისაც არ ვუნახივარ, ირწმუნონ და ცხონდნენ. რაც შეეხება იმას, როდესაც მომწერე, რომ შენთან მოვიდე, ჯერ უნდა აღვასრულო ყველაფერი, რის გამოც აქ ვარ წარმოგზავნილი, და ასე აღსრულების შემდეგ უნდა ავიდე მასთან, ვინც წარმომგზავნა მე. და მას შემდეგ, რაც ავალ, წარვგზავნი შენთან რომელიმე მოწაფეს, რათა განკურნოს შენი ვნება და მოგანიჭოს ცხონება შენ და შენთან მყოფთ".   ამ ეპისტოლეებს შემდეგ ესეც დაერთვის სირიულ ენაზე: "იესოს ამაღლების შემდეგ იუდამ, იგივე თომამ, მასთან წარგზავნა თადეოზ მოციქული, ერთი სამოცდაათთაგანი. იგი წავიდა და დარჩა ტობიასთან, ტობიას ძესთან. როგორც კი ხმა გავარდა მის შესახებ, მოახსენეს ავგაროზს, რომ აქ მოსულია იესოს მოციქული, როგორც მან მოგწერა შენ. ამრიგად, დაიწყო თადეოზმა ღვთის ძალით ყველანაირი სენისა და უძლურების კურნება, ისე რომ ყველას აკვირვებდა; როგორც კი ესმა აბგარს, თუ რა დიდ და საკვირველ საქმეებს იქმოდა, და როგორ კურნავდა, მიხვდა, რომ ის იყო, ვის შესახებაც მიწერა იესომ: "მას შემდეგ, რაც ავალ, წარვგზავნი შენთან რომელიმე ჩემს მოწაფეს, ვინც შენს ვნებას განკურნავს". მოუხმო ტობიას, ვისთანაც გაჩერდა, და უთხრა: "მესმა, რომ კაცი ვინმე ძლიერი მოვიდა და შენს სახლში დარჩა; მოიყვანე იგი ჩემთან". მივიდა ტობია თადეოზთან და უთხრა: "ავგაროზ მთავარმა მომიხმო მე და მითხრა, რომ შენ მიგიყვანო მასთან, რათა განკურნო იგი". თადეოზმა უთხრა: "ავალ, რამეთუ სასწაულის ძალით ვარ მასთან წარგზავნილი". ამგვარად, მეორე დღეს ადრე ადგა ტობია და წაიყვანა თადეოზი ავგაროზთან. როდესაც ავიდა იქ მდგომ დიდებულებთან და როგორც კი შევიდა, მყისვე დიდი ხილვა ეჩვენა ავგაროზს მოციქულ თადეოზის სახეზე; რისი ხილვისას ავგაროზმა თაყვანი სცა თადეოზს, რაც ყველა იქ მდგომს გაუკვირდა; რადგან მათ არ ეჩვენა ეს ხილვა, რაც მხოლოდ აბგარს გაეცხადა. ავგაროზმა ჰკითხა თადეოზს: “ჭეშმარიტად ხარ მოწაფე იესოს, ღვთის ძის, ვინც მითხრა მე: "შენთან წარვგზავნი რომელიმე ჩემს მოწაფეს, ვინც შენ განგკურნებს და ხსნას მოგანიჭებს". და თადეოზმა უთხრა: "მას შემდეგ, რაც ძალიან ირწმუნე მისი, ვინც მე წარმომგზავნა, ამის გამო ვარ შენთან წარმოგზავნილი. და კვლავ, თუკი მისი ირწმუნე, გექნება შენ შენი გულის თხოვნისამებრ როგორც ირწმუნე". და ავგაროზმა უთხრა მას: "ისე ვირწმუნე მისი, რომ განვიზრახე მომეკრიბა ძალა და მისი ჯვარმცმელი იუდეველები გამენადგურებია, მაგრამ რომაელთა მეფობის გამო შევიკავე თავი". და თადეოზმა უთხრა: "ჩემმა უფალმა აღასრულა მისი მამის ნება და აღასრულა რა, ავიდა მამასთან". ავგაროზმა უთხრა მას: "მეც ვირწმუნე მისი და მისი მამის". თადეოზმა უთხრა: "ამიტომ დავდებ ჩემს ხელს შენზე მისი სახელით". და გააკეთა რა ეს, მეყსეულად განიკურნა სენისაგან და ვნებებისაგან, რაც მას ჰქონდა. ავგაროზს გაუკვირდა, რომ როგორც ესმა მას იესოს შესახებ, ისე მიიღო საქმით მისი მოწაფის თადეოზის მეშვეობით, რომელმაც იგი წამლებისა და მცენარეების გარეშე განკურნა, და არა მხოლოდ იგი, არამედ აბდოსიც, აბდოსის ძე, რომელსაც პოდაგრა სჭირდა; რადგან ისიც მოვიდა და მის ფეხებთან განერთხა, ხოლო მიიღო რა ლოცვა ხელის დადებით, განიკურნა. ასევე მრავალი სხვა მათი თანამოქალაქე განკურნა, დიდ საკვირველებებს იქმოდა და ქადაგებდა ღვთის სიტყვას. ამის შემდეგ ავგაროზმა უთხრა:  “შენ, თადეოზ, ამას ღვთის ძალით იქმ და ჩვენც გავაკვირვეთ ჩვენი თავი. მაგრამ ამასთან ერთად გთხოვ, მომიყევი იესოს მოსვლის შესახებ, თუ როგორ იყო, და მისი ძალის შესახებ, რა ძალითაც იქმოდა ამას, რაც მსმენია". თადეოზმა უთხრა: "აწ დავდუმდები, მაგრამ რადგან სიტყვის საქადაგებლად ვარ წარმოგზავნილი, დილით შემოკრიბე ჩემთან ყველა შენი მოქალაქე, მათთან ვიქადაგებ და დავთესავ მათში ცხონების სიტყვას, იესოს მოსვლის შესახებ, თუ როგორ იყო, და მისი მოციქულების შესახებ, და რის გამო იქნა წარგზავნილი მამის მიერ, და მისი ძალის, საქმეებისა და საიდუმლოებების შესახებ, რომლებზეც ისაუბრა ამ ქვეყნად ყოფნისას, და რა ძალით იქმოდა ამ საქმეებს, და მისი ახალი ქადაგების შესახებ, დამცირებისა და დამდაბლების შესახებ, როგორ დაიმდაბლა და დაამცრო თავისი თავი და განიშორა თავისი ღმრთეება, ჯვარს ეცვა, და ჩავიდა ჯოჯოხეთში, და გაარღვია კედელი საუკუნიდან გაურღვეველი, და აღადგინა მკვდარნი, ჩავიდა ერთი, ხოლო ამოვიდა დიდ სიმრავლესთან ერთად მის მამასთან"*.  ავგაროზმა ბრძანა, რომ დილით შეკრებილიყვნენ მისი მოქალაქეები და მოესმინათ თადეოზის ქადაგებისათვის, ამის შემდეგ გასცა განკარგულება მიეცათ მისთვის ოქრო და ძვირფასი ლითონების ზოდები. მან კი არ მიიღო, თქვა: “თუ ჩვენი ნივთები დაუტევეთ, სხვა როგორ მივიღოთ?” ეს მოხდა სამასორმოც წელს”[34]. ეს სასარგებლო სირიული ენიდან სიტყვასიტყვით ნათარგმნი ტექსტი აქ მე ჯეროვნად მოვათავსე**. ----------------------------------------- * ზოგ ხელნაწერში ამატებს: “და თუ როგორ ზის ის ღვთისა და მამის მარჯვნივ დიდებით ცაში, და თუ როგორ მოვა კვლავ ძლევამოსილი ცოცხალთა და მკვდართა განსასჯელად”. **  სამას ორმოცი წელი ედესური წელთაღრიცხვით, რომელიც დაიწყო ჩვ. წ. აღ.-მდე 310 წელს, იქნება ჩვ.წ.აღ.-ით 30 წელი, რაც ეთანხმება ტერტულიანეს მიერ მოწოდებულ ჯვარცმის თარიღს, მაგრამ ეს არის იმ თარიღზე ერთი წლით ადრე, რასაც გვაწვდის ევსების ქრონიკების იერონიმესეული ვერსია და ორი წლით ადრე იმაზე, რასაც გვაწვდის იმავე წიგნის სომხური ვერსია. ------------------------------------------------------------------------------------------------   კომენტარები კომენტარების შედგენისას ძირითადად ვსარგებლობდით ნაშრომის რუსულ თარგმანზე, Евсевий Памфил, Церковная, Москваб 2001, და ზემოთ დასახელებულ ინგლისურ გამოცემაზე დართული კომენტარებითა და სქოლიოებით. [1] - ცრუ ცოდნა (გნოზისი) - გნოსტიციზმი, საერთო სახელწოდება II-IV ს.-ში არსებული რამდენიმე ერეტიკული მიმდინარეობისა. მთავარი წარმომადგენლები: სატურნინე, ვასილიდე, კერდონი, მარკიონი, კარპოკრატე და ვალენტინი. გნოსტიკური სწავლებისათვის დამახასიათებელია დუალიზმი (წარმოდგენა კეთილ ღმერთზე და მისგან დამოუკიდებელ ბოროტ მატერიაზე) და დოკეტიზმი (სწავლება იესო ქრისტეს მოჩვენებით სხეულსა და ხორციელ ცხოვრებაზე). გნოსტიციზმის წინააღმდეგ არაერთგზის გამოვიდნენ ეკლესიის მამები. წმ. ირინეოს ლიონელი თხზულებაში ”ერესების წინააღმდე” ვრცლად მოგვითხრობს გნოსტიციზმის ისტორიაზე, დაწყებული სვიმონ მოგვიდან, და განსაკუთრებით გულდასმით აანალიზებს ვალენტინესა და მარკიონის შეხედულებებს (св. Ириней, епископ Лионский Сочинения. СПЪ., 1900).  გნოსტიკოსების მხილებას ეძღვნება ტერტულიანეს ნაშრომები: ”გნოსტიკოსების წინააღმდეგ”, ”მარკიონის წინააღმდეგ”, ”ვალენტინელების წინააღმდეგ”, ”კამათი ერეტიკოსებთან” (Patrologiae cursus completus. Series Latina/ED.j. - P. Migne. Paris, 1844-18642. თ. I-II). რუსული თარგმანი იხ.: Тертуллиан. Творения. Киев, 1920. [2] - ”ქრონიკა” - ევსები პამფილის ჩვენამდე მოღწეულ ოთხ თხზულებათაგან ერთ-ერთი, რომელიც წარმოადგენს სამყაროს მოკლე ისტორიას მისი შექმნიდან ქ.შ.-ის IVს-ის შუა წლებამდე (II წიგნში). ეს ”ქრონიკა” გააგრძელა ნეტ. იერონიმემ 378 წლამდე. ”საეკლესიო ისტორიის” გარდა, ჩვენამდე მოაღწია ევსების აპოლოგეტურმა თხზულებამ ”კონსტანტინე დიდის ცხოვრება” (IV წიგნში) და ნაწყვეტებმა ”პალესტინელი მოწამეების შესახებ” მისი ნაშრომიდან ”უძველესი მოწამეობის კრებული”. ევსების ცხოვრებისა და მისი შრომების შესახებ იხ.: Леъедевь А.П. Церковная историографя в главных ее лредставителях с IV в. до XX 2-е изд., СЛЪ., 1903. С, 11-110. [3] - ქ.შ.-მდე 43 წელს მუტინთან ბრძოლაში რესპუბლიკელთა არმიის განადგურების შემდეგ რომის ხელისუფლებაში მოვიდა ტრიუმვირატი: ოქტავიანე, ანტონიუსი, ლეპიდი. ამ მომენტიდან იწყება ევსები ოქტავიანეს მმართველობის დროის ათვლა, მომავალი ავგუსტუსისა. 40 წელს რომის იმპერია განაწილებულ იქნა ტრიუმვირებს შორის, რის გამოც იუდეა აღიარებულ იქნა ნახევრად დამოუკიდებელ სამეფოდ. 35 წელს ოქტავიანემ დაიპყრო ლეპიდის ოლქი, 3-2 წელს კი გააჩაღა ბრძოლა ოქტავიანესა და ანტონიუსს შორის. ანტონიუსმა მარცხი განიცადა აქციუმთან ბრძოლაში და სიცოცხლე თვითმკველობით დაასრულა. ამგვარად, 30 წელს ოქტავიანეს მმართველობის ქვეშ შევიდა ანტონიუსის ოლქიც - ეგვიპტე. 31 წელს ოქტავიანემ მიიღო ავგუსტუსის ტიტული, 27 წელს კი - სამუდამო ტრიბუნალის ტიტული. ასე რომ, ევსების მიხედვით, მხსნელი დაიბადა 31 წელს ქრისტიანული ეპოქის დასაწყისამდე. უნდა ითქვას, რომ ქრისტიანული წელთაღრიცხვით, რომლის დამაარსებელი არის რომაელი სწავლული დიონისე მცირე (V ს.-ის დასას. - VI ს.-ის დასაწყ.), ქრისტეს დაბადების თარიღად (I ს.ქ.შ.) ითვლება 754 წელი რომის დაარსებიდან. თანამედროვე წყაროების უმეტესობა მხსნელის დაბადების თარიღად მიიჩნევს ქ.შ.-მდე 4 წელს (749-450 წწ. რომის დაარსებიდან), ამ წელს გარდაიცვალა მეფე ჰეროდე დიდი. პტოლემეოსთა დინასტია ეგვიპტეს მართავდა ქრისტეს შობამდე 305 წლიდან. [4] - მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების გადმოცემაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ საკითხს წარმოადგენს იმის განსაზღვრა, თუ როდის განხორციელდა სელპიციუს კვირინიუსის დროინდელი აღწერა. იოსებ ფლავიუსის მოწმობით აღწერა განხორციელდა ჰეროდეს შვილის, არქელაოსის სიკვდილის შემდეგ (გარდ. ქ. შ.-დან 6 წ.), სირიაში სელპიციუს კვირინიუსის მმართველობის დროს (რომის დაარსებიდან 760-765 წწ., ანუ ქ. შ.-დან 6-12წწ.). არსებობს განსხვავებული ახსნა, სახარებისეულ მონათხრობთან შეუსაბამო (იხ.: ლუკა 2:1-2), რომელსაც ეფუძნება ევსები პამფილი და იოსებ ფლავიუსის მოწმობა, მაგრამ ყველაზე მეტად სარწმუნო ჩანს შემდეგი: კვირინიუსი ორჯერ იყო სირიის მმართველი (პირველად 750-753 წლებში რომის დაარსებიდან, ანუ 3 წ. ქ. შ.-მდე-1 ქ. შ.-ით) და თავისი პირველი მმართველობის დასაწყისში განაგრძო აღწერა, დაწყებული მისი წინამორბედის ვერუსის მიერ (ქ. შ.-მდე 6-4). [5] - ჰეროდე I (დიდი) - იუდეის მეფე (37-4 წწ. ქ. შ.-მდე) იყო იდუმიელი, ანუ შთამომავალი იმ ერისა, რომლის გენეოლოგია სათავეს იღებს ესავისაგან (ედომი), რომელმაც თავისი პირმშოება მიყიდა იაკობს ოსპის შეჭამანდის სანაცვლოდ (იხ. შესაქმე 25:28-34). ისრაელის თაობა სათავეს იღებს იაკობისაგან, რომელიც ”ისრაელად” სახელდებულ იქნა თავად ღმერთის მიერ (იხ. შესაქმე. 32:28). იდუმეა მდებარეობდა იუდეის სამხრეთით. იოჰანან ჰირკანის მიერ დაპყრობის შედეგად (135-104 წწ. ქ. შ.-მდე) იდუმიელების (ედომელების) გაიუდეველება მოხდა და ებრაული რელიგიური კანონები მიიღეს. [6] - იულიანე აფრიკანელი (გარდ. 237 წ.) - განათლებული გლეხი. დაიბადა ჩრდილოეთ აფრიკაში, ცხოვრობდა პალესტინაში. ავტორი ორი დიდი თხზულებისა: ”პენტაბიბლოს” (მსოფლიო ქრონიკები ქვეყნის შექმნიდან) და "Cestus", რომლებიც შემორჩენილია მხოლოდ ნაწყვეტებად ევსების შრომებში. [7] - ანტიპატრეს შესახებ იხ.: იოსებ ფლავიოსი, იუდეის ომი, 1, 6, 2-4. [8] - ჰირკან II - ვაჟი იუდეის მეფის ალექსანდრე იანისა (ქ. შ.-მდე 104-78 წწ.), შვილიშვილი იოჰანან ჰირკან I-სა, იუდეველთა მეფე და მღვდელმთავარი (ქ. შ.-მდე 63-40 წწ.). [9] - არისტობულე - უმცროსი ვაჟი მეფე ალექსანდრე იანისა და ალექსანდრესი. ქ. შ.-მდე 70 წელს აიძულა თავისი უფროსი ძმა ჰირკან II, უარი ეთქვა გვირგვინზე და მღვდელმთავრობაზე თავის სასარგებლოდ. ჰირკანი გაიქცა არაბეთის დედოფლის არეტის სამფლობელოში, რომელმაც დაიწყო თავდასხმა იუდეაზე და 35 წელს ალყა შემოარტყა იერუსალიმს. არისტობულემ გააძევა არეტის ჯარი რომაელების დახმარებით, მაგრამ ვერ მოურიგდა თავის დამხმარე მოკავშირეებს. რომაელმა მხედართმთავარმა გნეუს პომპეუსმა (106-48 წწ. ქ. შ.-მდე) იერუსალიმი დიპყრო 63 წელს და არისტობულე ბორკილდადებული გააგზავნა რომში. არისტობულე მალე გაიქცა იუდეაში და აჯანყება მოაწყო რომაელების წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა პომპეუს გაბინიუსის თანაშემწეების მიერ და ხელახლა დატყვევებული გაგზავნილ იქნა რომში. 49 წელს იულიუს ცეზარის მიერ განთავისუფლებული არისტობულე კვლავ გაემგზავრა იუდეაში, მაგრამ პომპეუსის მსტოვრების მიერ მოწამლული გზაზე გარდაიცვალა. [10] - არქელაოსი - ჰეროდე დიდის ვაჟი. სიკვდილის წინ ჰეროდემ იგი ავგუსტუსის თანხმობით თავის მემკვიდრედ დანიშნა. თუმცა, არქელაოსი თავისი მმართველობის დასაწყისში გაუსწორდა მისით უკმაყოფილო პირებს (დახოცილ იქნა 3000 ადამიანზე მეტი) და გამოიწვია ხალხის სიძულვილი. როდესაც იგი რომში გაემგზავრა, რათა გაემყარებინა თავისი უფლება ტახტზე, იქვე გაგზავნა ხალხმა ელჩობა თხოვნით, რომ იუდეა რომს შეერთდებოდა პროვინციის სტატუსით, რათა ამით არ დაეშვათ არქელაოსის მეფობა (იხ. ლუკა 19:12-14). ავგუსტუსმა დაამტკიცა ჰეროდეს ანდერძი და არქელაოსს მფლობელობაში გადასცა იუდეა, მაგრამ არ მისცა მას ”მეფის” ტიტულით, შემოიფარგლა ეთნარქის, ანუ ”ერისმმართველის” ტიტულით. არქელაოსის მმართველობის პერიოდში ხშირმა ამბოხებებმა ავგუსტუსი აიძულა გაემოეძახა იგი რომში: ქ. შ.-დან 6 წელს გადააყენა და გადაასახლა გალიის ქალაქ ვიენაში, სადაც გარდაიცვალა (იხ. იოსებ ფლავიოსი. იუდეის ომი, II, 1-7). [11] - არისტიდე (II ს.) - ბერძენი რიტორი, აპოლოგეტი და ქრისტიანობის აღმსარებელი. [12] - ეპიმელეტი - მმართველი (ბერძნ.). სავარაუდოდ ეს თანამდებობდა გულისხმობდა ფინანსების მართვას. [13] - აქიორ ამონიტელი - ამონიტელების წინამძღოლი ასირიელთა მეფის ოლოფერნის ლაშქარში. მიიღო იუდაიზმი (ივდითი 5:5-6; 5:21). მოაბელი რუთი - ელიმელექის ცოლი და ნოემის რძალი. სიკვდილის შემდეგ რუთთან ქორწინების უფლება გადაეცა ბიოზს, ელიმელექის ნათესავს. ამ ქორწინების ნაყოფი იყო იობედი, დავითის პაპა (იხ. რუთის წიგნი). ამგვარად, წარმართი რუთი გახდა უფალ იესო ქრისტეს ერთ-ერთი წინაპარი (იხ.: მათე 1:5). [14] - იულიანე აფრიკელს ეკუთვნის მათე და ლუკა მახარებელთან მაცხოვრის გენეალოგიათა განსხვავებების ახსნა, რაც ასევე მიღებულია თანამედროვე ბიბლიისტების მიერ. ეს განმარტება მცირეოდენი ცვლილებით განმეორებულ იქნა წმ. ამბროსი მედიოლანელის მიერ ლუკას სახარების განმარტებაში. [15] - იუდაური სიძველენი, XVII, 6,5. [16] - კალიროე - სამკურნალო წყარო თბილი გოგირდოვანი წყლებით. [17] - ჯერ კიდევ ჰეროდე დიდის სიცოცხლეში მისი ვაჟებიდან სამი: არისტობულე, ალექსანდრე და ანტიპატრე - დასჯილ იქნენ მისი ბრძანებით. ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ იმპერატორ ავგუსტუსის გადაწყვეტილებით იუდეაში ეთნარქის ტიტულით გამეფდა ჰეროდე დიდის ვაჟი - არქელაოსი. თუმცა, ავგუსტუსმა ტეტრარქებად, ანუ ქვეყნის ოთხი ნაწილის მმართველებად დანიშნა, ჰეროდე-ფილიპე და ჰეროდე-ანტიპა, ჰეროდე დიდის შვილები მარიამისგან მღვდელმთავრის სვიმონის ქალიშვილისგან (იხ.: იოსებ ფლავიუსი. იუდეის ომი, II, 6). ლისანიოსი, სავარაუდოდ ბერძენი, ჰეროდეს გვარს არ მიეკუთვნებოდა. [18] - ტიბერიუსი - რომის იმპერატორი (14-37 წწ.). [19] - იხ.: იუდაური სიძველენი XVIII, 2,2. [20] - იგულისხმება ე.წ. "Acta Pilat"  - თხზულება უცნობი ავტორისა, ქრისტიანობის თავგამოდებული მტრის. [21] - ანნა (ანან) - მღვდელმთვარი, სეთის ძე. მღვდელმთავარი იყო სულპიციუს კვირინიუსის აღწერის დროს. გადაყენებულ იქნა პროკურატორ ვალერიუს გრატუსის მიერ (იხ. იოსებ ფლავიუსი. იუდაური დასაბამთმეტყველება, XVIII 2, 1-2). თუმცა, ტრადიციის მიხედვით, სამუდამოდ დარჩა მას მღვდელმთავრის ტიტული. იგი იყო იუდეველთა ერთ-ერთი სულიერი ბელადი. კაიაფა - ანნას სიძე, მღვდელმთავარი გახდა ანნას ორი მონაცვლის, ფაბი ისმაილის ძისა და ელიაზარ ანნას ძის შემდეგ. კაიაფა იმყოფებოდა ანნას გავლენის ქვეშ. [22] - ვალერიუს გრატუსი - იუდეის პროკურატორი (15-26 წწ.). [23] - იუდაური სიძველენი, XVIII, 2, 2. [24] - იგულისხმება ტეტრარქი ჰეროდე - ანტიპა (4 წ. ქ. შ.-მდე-39 წ. ქ. შ-ით). [25] - ჰეროდიადა - ჰეროდე დიდის ქალიშვილი და ჰეროდე აგრიპა I-ის და. გათხოვილი იყო თავის ბიძაზე ჰეროდე - ფილიპე I-ზე, ქმრის სიცოხლეში კავშირი დაამყარა ჰეროდე-ანტიპასთან, რომელსაც ასევე ნათესავად ერგებოდა. დამნაშავე იყო იოანე ნათლისმცემლის სიკვდილში: მისი წაქეზებით დასჯილ იქნა ჰეროდე-ანტიპას მიერ (იხ. მარკოზი 6:17-29). [26] - არეთა - სირიის მეფე, არაბი (იხ. შენიშვნა 35). მან იარაღის ძალით შური იძია ჰეროდე-ანტიპაზე თავისი ქალიშვილის შეურაცხყოფისათვის, რამაც მას მოუტანა გამანადგურებელი მარცხი. თუმცა, ანტიპამ შესჩივლა თავის მფარველს იმპერატორ ტიბერიუსს, მან სირიის რომაელ მმართველს დაავალა არეთას დასჯა. [27] - იხ.: იუდეის ომი, II, 9,6. [28] - იუდაური სიძველენი, XVIII, 5, 2. [29] - იქვე, 3, 3. [30] - ეს სია ევსების შემდეგ იქნა დადგენილი დაახ. 500 წ., როდესაც უკვე ფართოდ იყო გავრცელებული. იხ. 70 მოციქულთა სია მათი საერთო ხსენების დღეს - 4 იანვარს. [31] - კლიმენტი ალექსანდრიელი (გარდ. დაახ. 217 წ.) - დიდი ქრისტიანი სწავლული. 190 წ. არჩეულ იქნა ალექსანდრიის კათაკმეველთა სასწავლებლის ხელმძღვანელად. იმპერატორ სეპტიმუს სევერუსის დროინდელი დევნულებისა, რომელიც 201 წ. დაიწყო. გადასახლებულ იქნა კაბადოკიაში. შემორჩენილია კლიმენტის შემდეგი თხზულებები: ”პედაგოგი”, ”სტრომატები”, ”ვინ არის ის მდიდარი, რომელიც ცხონდება?” ფოტიოსის ”ბიბლიოთეკაში” ვკითხულობთ: ”კლიმენტიმ კიდევ დაწერა ”ჰიპოტიპოსები” ანუ ”მონახაზები”, რომ კლიმენტის ”ჰიპოტიპოსები”, რომლებიც ნახა ფოტიმ, იყო, არა ის რომლებიც დაწერა კლიმენტიმ, არამედ შერყვნილი ან არიანელების, ან რომელიმე სხვა ერეტიკოსების მიერ. დასასრულს ფოტი თავად გამოთქვამს ეჭვს, რომ ”ჰიპოტიპოსები”, რომლებიც მან ნახა, ეკუთვნოდა კლიმენტის. თუმცა, კლიმენტის ”ჰიპოტიპოსებიდან”, იმის გამოკლებით, რაც მოჰყავს ევსების, ჩვენამდე მოაღწია რამდენიმემ”. [32] - იაკობ მოციქული, უფლის ძმა - ერთ-ერთი 12 მოციქულთაგანი, მართალი იოსებ დამწინდველის ძე. არჩეულ იქნა იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსად, თავჯდომარეობდა მოციქულთა კრებას. წმ. იაკობ მოწამეობრივად აღწესრულა დაახ. 62/63 წ. [33] - მოციქული თადეოზი - 70 მოციქულთაგანი. დაიბადა სირიის ქალაქ ედესაში, ებრაულ ოჯახში. მოინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ. შეხვდა უფალს და დაემოწაფა. ქადაგებდა სირიაში და მესოპოტამიაში. იმყოფებოდა ედესაში, სადაც, გადმოცემის მიხედვით, ქრისტიანობაზე მოაქცია მეფე ავგაროზ V (შავი), რომელიც ედესაში მეფობდა 4 წ. ქ. შ.-მდე-7 წ. ქ. შ.-ით და 13-50 წწ. ქ. შ.-ით. თუმცა მოც. თადეოზის მიერ ედესული ხალხის განათლებისა და იქ ეკლესიის მოწყობის საკითხი დღემდე ღიად რჩება. ცნობილია, რომ ედესიის განმანათლებელი იყო ადაი, ისტორიული პირი (II ს-ის II ახ.). ყველაზე ადრეული ცნობები ედესის ეკლესიის შესახებ ეკუთვნის ავგაროზ VIII მეფობის ხანას (176-179 წწ.). ცნობილია ამ დროის ედესის ეპისკოპოსის სახელი - პალუტი. ედესის მასიური გაქრისტიანება მოხდა ავგაროზ IX მეფობის დროს (179-216 წწ.). ერთი წყაროს მიხედვით, ფინიკიის ქ. ვირიტამდე (ბეირუთი) ქადაგებით მისული, თადეოზი შვიდობით აღესრულა იქ 44 წ.; მეორე წყაროს თანახმად, იგი გარდაიცვალა ედესაში. თუმცა ძველი სომხური გადმოცემა ამტკიცებს, რომ მოც. თადეოზი მოწამეობრივად აღესრულა 50 წ. სომხეთში. [34] - თარიღი ევსები პამფილიელის მიერ მოცემულია ე.წ. სელევკიდების წელთაღრიცხვის მიხედვით, რომელიც დაიწყო 311 წლიდან ქ. შ.-ით. ევსების მიერ მოტანილი თარიღი ქრისტიანული წელთაღრიცხვით არის ქ. შ.-დან 29წ. ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ზურაბ ჯაშმა საეკლესიო ბიბლიოთეკა, VII ტ. 2007 თბილისი  …
დაამატა nika grani to ელ. წიგნები at 5:48pm on მაისი 20, 2012
თემა: პროსპერ მერიმე - არსენ გიიო
ყო ხელი. ის იყო გამოსწია ერთ-ერთი არისტოკრატული სამლოცველოს რიკული, რომელშიც ზოგიერთ ღვთისმოსავს, განსაკუთრებული თანხის გადახდის შედეგად მოპოვებული აქვს უფლება ილოცოს სხვა მორწმუნეთაგან განცალკევებით, როდესაც მუხლებზე დაჩოქილი, შუბლით სკამის ზურგს მიყრდნობილი, ფიქრებში ღრმად წასული მლოცველი ქალი შენიშნა. „ქალბატონი დე პიენიაო“, - თქვა გულში და ეგვტრის შესასვლელთან შეჩერდა. ქალბატონ დე პიენის მნათე კარგად იცნობდა. იმ დროს მაღალი წრის ახალგაზრდა, ლამაზი, მდიდარი ქალის ღვთისმოსაობა, რომელსაც ეკლესიაში ნაკურთხი პური და საკურთხევლის საფენი დაჰქონდა და რომელიც თავის მოძღვრის მეშვეობით უხვად სცემდა შესაწირავს, ერთგვარ პატივისცემას იმსახურებდა, თუ მთავრობის მოხელეზე არ იყო გათხოვილი, არ ჰქონდა არავითარი დამოკიდებულება დოფინის ქალბატონთან და ეკლესიაში სიარულით სულიერ ნეტარების გარდა სხვა რასმე სარგებელს არ ნახულობდა. ასეთი იყო ქალბატონი დე პენი.       მნათეს ბარემაც სურდა წასულიყო სასადილოდ, ამ ჯურის ხალხი ხომ საერთოდ პირველ საათზე სადილობს, მაგრამ ვერ გაებედა დაერღვია წმინდა როხის მრევლის ყველაზე პატივსაცემი ღვთისმოსავის მყუდროება. ჰოდა, გაეცალა; ქვაფენილზე გაცვეთილი ფეხსაცმელების პაკაპუკით განაგრძო საყდრის მოვლა, იმ იმედით, რომ ეგვტერი თავისუფალი დამხვდება, სანამ შემოვლას დავამთავრებო.       მნათე უკვე გუნდის მხარეს იყო გასული, როდესაც ეკლესიაში ერთი ახალგაზრდა ქალი შემოვიდა, ტაძრის დაბალ კედელს აუარ- ჩაუარა და ცნობისმოყვარეობით მიმოიხედა ირგვლივ. საკურთხევლის ტიხარი, ეგვტრები, აიაზმის ქვაბი, ყოველივე ალბათ, ისე უცნაური სანახავი იყო მისთვის, როგორც თქვენთვის წმინდა ნიში იქნებოდა ან კაიროს რომელიმე მეჩეთის წარწერები.       ქალი დაახლოებით ოცდახუთი წლის იქნებოდა, მაგრამ ყურადღებით უნდა დაკვირვებოდით, რომ მეტის არ მოგჩვენებოდათ. თუმცა ძალიან კი უბრწყინავდა თვალები, მაგრამ ჩავარდნილი და ამოლურჯებული კი ჰქონდა თეთრი, ოდნავ მონაცრისფრო სახის ნაკვთები და ფერდაკარგული ტუჩები ტანჯვაზე მეტყველებდნენ; და მაინც მის გამოხედვაში ავადმყოფური გარეგნობის შეუსაბამო სიმამაცე და მხიარულება იგრძნობოდა. მის ჩაცმულობას ერთგვარი დაუდევრობისა და გულმოდგინების კვალი ეტყობოდა. მისი ხელოვნური ყვავილებით მორთული ვარდისფერი ქუდი საღამოს შილიფი მორთულობისათვის უფრო გამოდგებოდა. ქიშმირის გრძელ შალში, რომელსაც ბანოვანის გამოცდილი თვალი შეამჩნევდა, რომ ის არ უნდა ყოფილიყო მისი პირველი მფლობელი, იმალებოდა ადლი ოც სუდ ღირებული ჩითის უხეში და ოდნავ გაცრეცილი კაბა. დაბოლოს, მხოლოდ მამაკაცს თუ მოიყვანდა აღტაცებაში მისი იაფფასიანი, წინდებით და მოკირწყლულ გზებზე სიარულში ჯაფაგამოვლილი პრუნელის ფეხსაცმელებით შემოსილი ფეხები. ალბათ გახსოვთ, ქალბატონო, რომ მაშინ ასფალტი ჯერ კიდევ არ იყო გამოგონილი.       ქალი, რომლის სოციალურ მდგომარეობას თავად მიხვდებოდით, ეგვტერს მიუახლოვდა, სადაც ჯერ კიდევ იმყოფებოდა ქალბატონი დე პიენი. ცოტა ხანს შეწუხებული და შემცბარი სახით უთვალთვალებდა, მერე, რა დაინახა წასვლას აპირებსო, ხმადაბლა, მოკრძალებული ღიმილით გამოელაპარაკა. - ვერ მიმასწავლით, ქალბატონო, - ჰკითხა ხმატკბილად და მორცხვი ღიმილით, - ვერ მიმასწავლით, ვის მივმართო სანთლის დანთება მინდა.       ასეთი კითხვა უჩვეულოდ მოხვდა ქალბატონ დე პიენის ყურს, უცებ ვერ მიხვდა, რასა სთხოვდნენ და გაამეორებინა ნათქვამი.       - დიახ, ძალიან მინდოდა დამენთო, სანთელი წმინდა როხში, მაგრამ არ ვიცი, ფული ვის გადავუხადო.       ქალბატონი დე პიენი იმდენად განათლებული სულის პატრონი გახლდათ, რომ უბრალო ხალხური ცრუმორწმუნეობა ვერ გაიტაცებდა, მაგრამ დაფასებით კი აფასებდა, რადგან ყოველგვარ თაყვანისცემაში, რაგინდ უხეშადაც არ უნდა იყოს იგი გამოხატული, არის რაღაც ამაღელვებელი. ქალბატონმა დე პიენმა თავისი გულმოწყალების გამო და კიდევ იმიტომ, რომ დარწმუნებული იყო, საქმე ეხებოდა ნატვრას ან რაიმე მაგის მსგავსს, ისე რომ აზრადაც არ მოსვლია ამ ქალის ჩაცმულობის შემყურეს გამოეტანა დასკვნა, რომელსაც თქვენ შეიძლება არ მორიდებოდით, უკვე მოახლოებულ მნათეზე მიუთითა. უცნობმა მადლობა გადაუხადა ქალბატონ დე პიენს და იმ კაცისაკენ გაიქცა. მნათემ, როგორც ჩანს, უსიტყვოდ გაუგო მას. ქალბატონმა დე პიენმა, ვიდრე ლოცვანს შეინახავდა და პირბადეს გაისწორებდა, თვალი მოჰკრა თუ როგორ ამოიღო უცნობმა ჯიბიდან ქისა, როგორ ჩაიყარა მუჭაში ხურდა ფული, როგორ ამოაძვრინა იქიდან ერთადერთი ხუთფრანკიანი და როგორ გაუწოდა იგი მნათეს, რომელიც ღიმილით ისმენდა მის ხმადაბალსა და დაწვრილებით მითითებებს.       ორივენი ერთდროულად გამოვიდნენ ეკლესიიდან, მიუხედავად იმისა, რომ ერთი გზა ჰქონდათ. ქუჩის კუთხეში, სადაც ქალბატონი დე პიენი ცხოვრობდა, იგი მას ხელმეორედ შეხვდა. ნახმარი შალის ქვემოდან უცნობს ოთხ გირვანქიანი პური მოუჩანდა, რომელიც მეზობელ დუქანში ეყიდა. რა დაინახა ქალბატონი დე პიენი, უცნობმა თავი ჩაღუნა, თავშეკავებულად გაიღიმა და ნაბიჯს აუჩქარა. მისი ღიმილი ამბობდა: „რა გინდათ? მე ღარიბი ვარ, დამცინეთ. თვითონაც ვიცი, რომ პურის საყიდლად ვარდისფერი ქუდით და ქიშმირის შალით არ დადიან“. ეს ცრუ სირცხვილი, მორჩილება და გულკეთილობა ერთად აღებული, მხედველობიდან არ გამოპარვია ქალბატონ დე პიენს. ქალიშვილის ცხოვრების პირობები წარმოიდგინა და სევდამ შეიპყრო; მისი გულმოწყალება უფრო სასიქადულოა, ვიდრე ჩემიო - გაივლო გულში, - მისი ერთი ეკიუ გულუხვობაზე მეტია, მე ხომ მხოლოდ იმას ვწირავ უქონელთ, რაც ზედმეტი მაქვს, თავად არაფერს ვიკლებო.       მერე ქვრივის ორი გროში გაახსენდა, ღმერთს რომ მდიდრების ხელგაშლილობაზე მეტი სიამოვნება მოჰგვარა. ჩემი სიკეთე საკმარისი არ არისო, - გაიფიქრა, - უფრო მეტს უნდა ვაკეთებდეო. შინ მიმავალს, გონებაში ასეთი, რაღა თქმა უნდა, დაუმსახურებელი საყვედურები უტრიალებდა თავის თავის მიმართ. სანთელმა, ოთხგირვანქიანმა პურმა, შესაწირავად გამეტებულმა უკანასკნელმა ხუთფრანკიანმა წონა შემატეს ქალბატონ დე პიენას თვალში ახალგაზრდა ქალს, ვინც მისთვის უკვე გულმოწყალების თითით საჩვენებელ ნიმუშად ქცეულიყო.       კიდევ ბევრჯერ შეხვდა ქალბატონი დე პიენი მას ქუჩაში, ეკლესიის ახლომახლო, მაგრამ მსახურებაზე კი არასოდეს უნახავს. ყოველთვის, როცა ქალბატონი დე პიენს გვერდით ჩაუვლიდა, თავს დაბლა ხრიდა და მშვიდად იღიმებოდა ხოლმე. ეს თავმდაბლური ღიმილი მოსწონდა ქალბატონ დე პიენს. ქალბატონი დე პიენი ისურვებდა: შემთხვევა მისცემოდა, რითიმე დახმარებოდა ამ საწყალ გოგოს, ვინც თავიდანვე მიიპყრო მისი ყურადღება და ახლა ასე ებრალებოდა; შეამჩნია, რომ ვარდისფერი ქუდი გახუნებოდა და ქიშმირის შალიც სადღაც გამქრალიყო. უეჭველია, გადამყიდველს დაუბრუნა. ცხადი იყო, წმინდა როხს ასმაგად არ გადაუხდია შეწირული.       ერთ დღეს ქალბატონმა დე პიენმა დაინახა, რომ წმინდა როხში კუბო შეიტანეს. კუბოს ცუდად ჩაცმული კაცი მიჰყვებოდა უკან, მეკარე თუ რაღაც ამის მსგავსი, უკეპო შლიაპით. თვეზე მეტი იყო გასული, რაც ქალბატონ დე პიენს სანთლის დამნთები ქალი არ ენახა და ანაზდად თავში გაუელვა: იმას ხომ არ ასაფლავებენო. ეს ადვილი შესაძლებელი იყო, ვინაიდან უკანასკნელად როცა შეხვდა, ძალიან გამხდარი და ფერმიხდილი ეჩვენა. მნათემ ქალბატონი დე პიენის თხოვნით ყველაფერი გამოკითხა იმ კაცს, რომელიც კუბოს მიჰყვებოდა; ეს კაცი ლუი დიდის ქუჩაზე მდებარე სახლის კონსიერჟი აღმოჩნდა. მნათემ მისგან შეიტყო, რომ მისი სახლის მდგმური გარდაცვლილა, ვინმე ქალბატონი გიიო, რომელსაც არც ნათესავი ჰყოლია და არც მეგობარი. ერთი ქალიშვილი ჰყავდაო მხოლოდ, ჩემის მხრივ წმინდა წყლის გულკეთილობაა მის დაკრძალვას რომ ვესწრები, ჩემი არაფერი იყოო. ქალბატონმა დე პიენმა უმალ წარმოიდგინა, ჩემი უცნობი გაჭირვებაში მომკვდარა და პატარა გოგო უპატრონოდ დარჩენიაო. განიზრახა ამბის გასაგებად ხუცესი გაეგზავნა, რომელსაც ხშირად იყენებდა ხოლმე კეთილი საქმეებისათვის.       ამ ამბიდან ორი დღე იყო გასული, რომ ქალბატონი დე პიენის ეტლი შინიდან გამოსვლისთანავე ქუჩაში გახიდულმა ფორანმა გააჩერა. სარკმლიდან დაბინდული მზერა ესროლა ფორანს. ფორანის კიდეში ის ახალგაზრდა ქალი დაინახა, მკვდარი რომ ეგონა. მაშინვე იცნო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივზე უფრო გამხდარსა და ფერმიხდილს ახლა ძაძებიც ემოსა, - არც ხელთათმანები ეცვა და არც ქუდი ეხურა. მისთვის ჩვეული სათნო ღიმილი სადღაც გამქრალიყო, სახე უცნაურად აშლოდა, დიდი შავი თვალები უაზროდ იცქირებოდნენ. ქალბატონ დე პიენს უყურებდა, მაგრამ ვერ სცნობდა; თვალში აღარაფერი უჩანდა. სახე მწუხარებაზე კი არა, უფრო რაღაც ცხელ გულზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე მეტყველებდა. ქალბატონ დე პიენის ეტლი სწრაფად მოსწყდა ადგილს. ამ გოგოს სახე და სასომიხდილი გამომეტყველება გულში ჩაყვა ქალბატონ დე პიენს.       შინ დაბრუნებულმა ქუჩაში თავმოყრილი ბრბო დაინახა. კარისკაცები თავ- თავიანთ კარებთან იდგნენ და რაღაცას უყვებოდნენ მეზობლებს, რომლებიც, ჩანდა, დიდი ინტერესით უგდებდნენ მათ ყურს. განსაკუთრებით ბევრი ხალხი შეჯგუფებულიყო ერთ მაღალ შენობასთან, ქალბატონი დე პიენის სახლის მახლობლად. ყველას მზერა მესამე სართულზე, - ერთი ღია ფანჯრისაკენ იყო მიპყრობილი. აქა- იქ ჯგუფებში, დროდადრო ვიღაც ხელს გაიშვერდა ხოლმე ფანჯრისაკენ და მერე მიწაზე მიუთითებდა. დანარჩენები თვალს აყოლებდნენ მისი ხელის მოძრაობას; რაღაც არაჩვეულებრივი ამბავი უნდა მომხდარიყო       წინკარში ქალბატონ დე პიენს შეშფოთებული მოსამსახურეები დაუხვდნენ, რომელნიც მყისვე გამოეშურნენ მისკენ ამბის სათქმელად და ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიდნენ. პირის ფარეშმა სიტყვის თქმაც არ აცალა, ისე მიაყარა: - ახ, ქალბატონო!.. რომ იცოდეთ!..       ენით აუწერელი სისწრაფით გააღო კარი და თავის ქალბატონთან ერთად „წმიდათაწმიდა“ სამყოფელში, მინდოდა მეთქვა, ბუდუარში შევარდა, სადაც დანარჩენ მოსამსახურეებს შესვლა ეკრძალებოდათ.       - ახ, ქალბატონო! - დაიწყო ჟოზეფინამ, თან მოსასხამს ხსნიდა ქალბატონ დე პიენს, - გონზე ვერ მოვსულვარ! ასეთი არაფერი მინახავს, მართალია, მე არ მინახავს, თუმცა მაშინვე მივირბინე.. მაგრამ მაინც...       - რა მოხდა? ჩქარა ილაპარაკე!       - დიახ, ქალბატონო, ამ სამი წუთის წინ მეზობელი სახლის ფანჯრიდან ერთი სნეული გადმოვარდა, საცოდავი გოგონა, თქვენ რომ ერთი წუთით ადრე დაბრუნებულიყავით, თვითონვე გაიგონებდით დაცემის ხმას.       - ახ, ღმერთო ჩემო! მოკვდა ის უბედური?       - ეს საშინელება იყო. ბაპტისტი, რომელიც ომშია ნამყოფი, ამბობს, ამნაირი არაფერი მინახავსო. მესამე სართულიდან გადმოვარდა, ქალბატონო!       - ადგილზევე მოკვდა?       - ოხ, ქალბატონო, ის კიდევ ინძრეოდა, ლუღლუღებდა კიდეც, ასე ამბობდა: „ბარემ გამათავეთო“. ძვალ- რბილი ერთმანეთში ჰქონდა არეული. წარმოიდგინეთ რა დღეში იქნებოდა!       - კი მაგრამ, ამ უბედურს ... უპატრონა ვინმემ? ექიმი მოიყვანეს ან მღვდელი?       - რაც შეეხება მღვდელს... თქვენ ჩემზე უკეთ იცით... მაგრამ მე რომ მღვდელი ვყოფილიყავი... უბედური, ისეთი გაუბედურებული ყოფილა, თვითმკვლელობამდე მისულა... ისე, უსაქციელო ქალი კი ყოფილა მითხრეს, ბალეტში გამოდიოდა თურმე. ეგენი ყველანი ცუდად ამთავრებენ... ფანჯრის რაფაზე შემდგარა, ვარდისფერი ბაფთით გამოუნასკვავს ქვედა ტანი და.. ჰოპლა!       - ეს ის ძაძებში ჩაცმული გოგოა! - წამოიყვირა ქალბატონმა დე პიენმა.       - დიახ, ქალბატონო! დედა მოუკვდა სამი თუ ოთხი დღის წინ. ამის გამო გონება დაუკარგავს... ამასობაში ოთახის ქირის გადახდის დროც დამდგარა, ფული არ ჰქონია, მუშაობა კი მათ საერთოდ არ იციან... დაბოლოს, შეიძლება საყვარელმა მიატოვა კიდეც... და აი ცოდვაც მოხდა... უბედური!       - თუ იცით, აქვს მაინც რაიმე ამ საცოდავს, რაც მის პირობებში სჭირდება ადამიანს? თეთრეული, ლეიბები.. ახლავე უნდა გავიგოთ.       - გავიგებ თქვენი სახელით, თუ გნებავთ, - წამოიძახა ჟოზეფინამ. აღფრთოვანებულმა იმით, რომ საშუალება ეძლეოდა ახლოს ენახა ქალი, რომელსაც თავის მოკვლა უნდოდა. მაგრამ მცირე ხნის ფიქრის შემდეგ დაუმატა: - მაგრამ, არ ვიცი, მეყოფა კი ძალა იმ ქალს შევხედო, რომელიც მესამე სართულიდან გადმოვარდა! მე იმასაც ვერ ვიტანდი, ბაპტისტისთვის მეცქირა სისხლის გამოღების დროს... ცუდად ვხდებოდი.       - კარგი, - წამოიძახა ქალბატონმა დე პიენმა, - მაშინ ბაპტისტი გაგზავნეთ, მაგრამ მალე მაცოდინეთ, როგორ არის ის საცოდავი.       საბედნიეროდ, სწორედ მაშინ, როდესაც განკარგულებას იძლეოდა, ქალბატონ დე პიენს ექიმი - დოქტორი კ. ეწვია. ჩვეულებისამებრ, სამშაბათობით, იტალიური ოპერის დღეს, ექიმი ქალბატონ დე პიენთან სადილობდა.       - ჩქარა გაიქეცით, ექიმო! - წამოიძახა; ჯოხის დადება და პალტოს გახდაც არ აცალა. - ბაპტისტს გაყევით აგერ ორი ფეხის ნაბიჯზე, ერთი საწყალი გოგო გადმოვარდნილა ფანჯრიდან, იქნება უშველოთ რამე.       - ფანჯრიდან? - თქვა ექიმმა, თუ ფანჯარა მაღალზე იყო, მაშინ მე იქ ალბათ არაფერი მესაქმება.       ექიმს ოპერაციის გაკეთებას სადილი ერჩია, მაგრამ ქალბატონმა დე პიენმა თავისი გაიტანა, დაპირდა: უთქვენოდ არ ვისადილებთო და ექიმი დაითანხმა გაჰყოლოდა ბაპტისტს.       რამდენიმე წუთის შემდეგ ბაპტისტი უკან დაბრუნდა მარტო. თეთრეული, ყურთბალიშები და სხვა მოითხოვა, თან ქალბატონს ექიმის აზრი შეატყობინა: - საშიში არაფერია. გადარჩება, თუ... არ მახსოვს რას ამბობდა, რაღაცით თუ არ მოკვდაო, ეს სიტყვა „უს“ - ზე ბოლოვდება.       - ტეტანუსი, - წამოიძახა ქალბატონმა დე პიენმა.       - დიახ, ქალბატონო, მაგრამ ექიმის მისვლა მაინც საჭირო იყო, იქ ერთი უპრაქტიკო ექიმი აღმოჩნდა, აი ის, წითელასაგან რომ მკურნალობდა პატარა ბერთელოს; ის საცოდავი მისი მესამე მისვლის შემდეგ გარდაიცვალა.       ერთი საათის შემდეგ ექიმი დაბრუნდა: ჟაბო გვერდზე მოქცეოდა და ზედ ცოტაოდენი პუდრიც დაჰყროდა.       - თვითმკვლელები რა ქუდბედიანები არიანო, - თქვა, - ამ დღეებში ჩემთან საავადმყოფოში ერთი ქალი მოიყვანეს, ტყვია ჰქონდა ნასროლი პირში. საძაგელი ხერხია! სამი კბილი მოიტეხა და მარცხენა ლოყა გაიხვრიტა. ცოტა დამახინჯდა, ესაა და ეს. ვინმე წესიერი ადამიანი კი შემთხვევით გადმოვარდება მეორე სართულიდან და თავს გაიტეხავს. ეს გოგო, მაგალითად, მესამე სართულიდან ხტება, იტეხს მხოლოდ ფეხს, ორ ნეკნს, ღებულობს სხეულის მრავალ დაჟეჟილობას და მეტი არაფერი. მისი ბედი, რომ საჭირო ადგილზე იმყოფებოდა რაღაც გადმონაშვერი, რომელმაც შეარბილა დაცემა. ეს მესამე ასეთი შემთხვევაა, რაც მე პარიზში დავბრუნდი. მიწაზე ფეხებით დაეცა. პატარა და დიდი წვივის ძვლები კი შეეზრდება.. მაგრამ ამ კარიდის ქერქი რომ გამომშრალა, ამას რა ეშველება.. მწვადის ამბავიც მაფიქრებს, ოტელოს პირველ მოქმედებასაც ვეღარ მივუსწრებთ ალბათ..       - გითხრათ იმ უბედურმა, თუ რამ უბიძგა ამ...       - ო, ამ ამბებს არასოდეს არ ვისმენ, ქალბატონო. მხოლოდ ამას ვეკითხები: ჭამეთ თუ არა რაიმე ამ ამბის წინ? და სხვა და სხვა. ვეკითხები იმიტომ, რომ ამას მნიშვნელობა აქვს მკურნალობისათვის. ეშმაკმა დალახვროს! როცა თავს იკლავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ საფუძვლიანი მიზეზი არა აქვთ, ხტებიან ფანჯრიდან, რომ ამით მას ვნება მიაყენონ, მაგრამ ვერ მოასწრებენ ძირს დავარდნას, რომ უკვე ყველაფერს ნანობენ.       - საბრალო ბავშვი, ახლა ალბათ ნანობს ყველაფერს.       - რა თქმა უნდა, ეჭვი არ შეგეპაროთ! ისე მოსთქვამდა, ლამის დამაყრუა.. ბაპტისტი კი, ქალბატონო, საუცხოო ფერშალი გამოდგა. საქმეს უფრო კარგად გაართვა თავი, ვიდრე ვიღაც ექიმბაშმა, რომელიც იქ იდგა და კისერს იფხანდა. არ იცოდა საიდან დაეწყო; მაგრამ საქმე ისაა, ეს ახალგაზრდა ქალი ჩამოვარდნით რომ მომკვდარიყო, თავიდან აიცდენდა ჭლექით სიკვდილს; ჭლექიანია. ამის გარანტიას ვიძლევი, მართალია, მისთვის არასოდეს მომისმენია, მაგრამ სახის გამომეტყველება არასოდეს მატყუებს. ეჰ, ნეტავი რას ჩქარობდა, ისედაც განწირულია.       - ხვალაც ნახავთ, არა, ექიმო?       - როგორც მიბრძნებთ, ისე საჭირო კია.. უკვე ვუთხარი, რომ თქვენ რითიმე დაეხმარებოდით. კარგი იქნება, თუ საავადმყოფოში გადაიყვანთ... იქ უფასოდ დაადებენ ფეხზე არტახებს. მაგრამ ეს კია, „საავადმყოფოს“ უხსენებ თუ არა, ყვირილს იწყებს, აქვე მომკალითო. ჭორიკანა ქალებსაც ხომ მეტი არ უნდათ, უმალვე აჰყვებიან ხოლმე. მაგრამ როცა არც ერთი გროში არ გაგაჩნია...       - ხარჯებს მე გავიღებ, ექიმო!.. იცით, სიტყვა „საავადმყოფო“, ჭორიკნების არ იყოს, როგორც თქვენ ბრძანეთ, მეც მგვრის შიშს. ესეც არ იყოს, უბედური ახლა ისეთ მდგომარეობაშია, გინდა საავადმყოფოში გადაგიყვანიათ და გინდა მოგიკლავთ, ერთი და იგივეა.       - ცრურწმენაა! წმინდა წყლის ცრურწმენა მაღალი წრის ხალხისა: საავადმყოფოში შესანიშნავი პირობებია. თუ ოდესმე ავად გავხდი, მოვითხოვ, დაუყონებლივ საავადმყოფოში გადამიყვანონ. სწორედ იქიდან გადავჯდები ხარონის ნავში, სხეულს კი მოსწავლეებს ვაჩუქებ.. რა თქმა უნდა, დღეიდან ოცდაათი, ორმოცი წლის შემდეგ. ხუმრობა იქით იყოს, ქალბატონო, აბა დაფიქრდით: განა თქვენი პროტეჟე იმსახურებს ასეთ ყურადღებას თქვენის მხრივ, მე თუ მკითხავთ, ეს გოგო ოპერიდან უნდა იყოს... მართლაც საოპერო ფეხები უნდა ჰქონდეს ადამიანს, ასეთი ნახტომი რომ გააკეთოს...       - არა, ექიმო! ეკლესიაში ვნახე... და იცოდეთ... ხომ იცით, არა? მე შემიძლია მთელი ამბავი ავაგო ერთ უბრალო გამოხედვაზე, სახის გამომეტყველებაზე... იცინეთ რამდენიც გინდათ, მე იშვიათად ვცდები. ამ საცოდავმა დიდი ხანი არ არის, ავადმყოფი დედა შეავედრა ღმერთს. დედა მოუკვდა... ჰოდა, ამანაც გონება დააკარგვინა... გაჭირვებამ და სასოწარკვეთამ აქამდე მიყვანა!       - ღმერთმანი! თხემის ძვალზე ნამდვილად ემჩნევა ამოზნექილობა, რაც უთუოდ ერთგვარ აღგზნებაზე მიუთითებს. რასაც თქვენ ამბობთ, ალბათ მართალია. მომაგონდა, რომ მისი ასაკეცი საწოლის თავზე წიფლის ტოტი ეკიდა. ეს ხომ მის ღვთისმოსაობაზე მეტყველებს, ხომ ასეა?       - ასაკეცი საწოლი! ახ, ღმერთო ჩემო! საწყალი გოგონა! ექიმო, რატომ იღიმებით ასეთი მზაკვრული ღიმილით? მე იმაზე კი არ ვლაპარაკობ, ღვთის მოშიშია თუ არა. თუ რაღაც განსაკუთრებულ ვალდებულებას ვგრძნობ, ყურადღებით მოვეპყარი იმ ქალს, მხოლოდ იმიტომ, რომ მის წინაშე თავს დამნაშავედ ვთვლი.       - დამნაშავედ? მივხვდი. თქვენ უეჭველი ვალდებული იყავით მისთვის ქუჩაში ბალიშები დაგეფინათ, რომ არაფერი ტკენოდა?       - დიახ, დამნაშავედ. მე შევამჩნიე მისი მდგომარეობა და ვალდებული ვიყავი დავხმარებოდი, მაგრამ საწყალი მოძღვარი დიუბინიონი ლოგინად იყო ჩავარდნილი და..       - ასე თუ გაგრძელდა, ვეღარ მოგისვენიათ, ქალბატონო, ყველა გაჭირვებულს თქვენ ეხმარებით, ახლა კიდევ ახალი აღმოგიჩენიათ... მაგრამ მოდით მოვეშვათ ფეხმოტეხილებს; თუმცა არა, კიდევ ვთქვათ ორი სიტყვა; თუ გადაწყვეტილი გაქვთ მფარველობა გაუწიოთ ჩემს ახალ ავადმყოფს, ხვალიდან მიეცით უკეთესი საწოლი, მომვლელი ქალი... დღეისათვის არამკითხე მამიდებიც საკმარისია, - ბულიონი, წამალი და სხვა. და კიდევ, ურიგო არ იქნება, თუ რომელიმე ჭკვიან ხუცესს გაუგზავნით, რათა მის ზნეობრივ გამოჯანსაღებაზე იზრუნოს ისევე, როგორც მე ვზრუნავ იმისათვის, რომ ფეხი მოვურჩინო. ეს ქალბატონი ძალიან ნერვიულია, მოსალოდნელია გართულებები. თქვენ. ღმერთმანი, თქვენ, მე მგონი ყველაზე უკეთ გაართმევთ თავს, უკეთეს ჭკუის დამრიგებელს ვერც იპოვით, მაგრამ რაც შეეხება ქადაგებას, ჩემგან არაფერი გესწავლებათ... გავათავოთ ამაზე ლაპარაკი. უკვე ცხრის ნახევარია. იწამეთ ღმერთი! მოემზადეთ ოპერაში წასასვლელად, ბაპტისტი ყავას და „დე დებას“ მომიტანს. მთელი დღე აქეთ- იქით დავრბივარ და არც ვიცი ქვეყანაზე რა ხდება.       რამდენიმე დღემ გაიარა. ავადმყოფი ცოტა მომჯობინდა; ექიმი მხოლოდ იმას ჩიოდა, მისი სულიერი აღგზნებადობა არ კლებულობსო.       - მაინცდამაინც დიდად არ ვენდობი თქვენს ხუცესს, - ეუბნებოდა ექიმი ქალბატონ დე პიენს. - ამ საცოდაობის ატანა რომ შეგეძლოთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, საამისო გამბედაობა არ გაკლიათ, წმინდა როხის ყველა მოძღვარზე უკეთ შეძლებდით იმ უბედურის გონების დამშვიდებას; ეს კი არა, მე მგონი, თქვენი ქადაგება ლატუკის წვენზე უკეთაც იმოქმედებდა.       ქალბატონ დე პიენსაც მეტი არა უნდოდა რა და უმალ გამოთქვა სურვილი ავადმყოფთან გაჰყოლოდა ექიმს. ერთად ავიდნენ ავადმყოფთან.       ოთახში სამი სელის სკამი და ერთი პატარა მაგიდა იდგა, ავადმყოფი ქალბატონი დე პიენის გამოგზავნილ კარგ საწოლზე იწვა. თხელი საბნები, რბილი ქვეშაგები და ფართო ყურთბალიშების მთელი წყება მეტყველებდნენ იმ ადამიანის კეთილგანწყობაზე, ვისი ვინაობის დადგენა თქვენ ალბათ თავადაც არ გაგიძნელდებათ. ახალგაზრდა ქალი საშინლად ფერმიხდილი იყო და სიცხისაგან თვალები უხურდა; ცალი ხელი საწოლის გადაღმა ჰქონდა ჩაკიდული; ხელის ის ნაწილი, რომელსაც პერანგი ვერ ფარავდა, დალურჯებოდა. ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში იქნებოდა მთელი მისი სხეული. ქალბატონი დე პიენი რომ დაინახა, თავი წამოსწია და თბილად, სევდანარევი ხმით თქვა: - ასეც ვიცოდი, ქალბატონო, რომ თქვენ შემიბრალებდით, თქვენი სახელი რომ მითხრეს, მაშინვე ვიფიქრე, ეს ის ქალბატონი იქნება, წმინდა როხთან რომ მხვდება-მეთქი.       ვგონებ უკვე გითხარით, რომ ქალბატონ დე პიენს თავი მოჰქონდა იმით, რომ შეეძლო სახის გამომეტყველებით გამოეცნო ადამიანები. ეს უნარი ამ ქალსაც აღმოაჩნდა. ქალბატონი დე პიენი ერთობ მოიხიბლა ამ გარემოებით. ამ აღმოჩენამ ერთიორად გაუძლიერა ინტერესი ახალგაზრდა ქალისადმი.       - აქ ძალიან ცუდად ხართ მოწყობილი, ჩემო გოგონა! - უთხრა და მზერა მიმოატარა ღარიბულად გაწყობილ ოთახში. - ფარდაგები რატომ არ მოუტანიათ? - ბაპტისტს უნდა უთხრათ ხოლმე ამ წვრილმანების შესახებ.       - რა კარგი და კეთილი ხართ, ქალბატონო.. მე აღარაფერი მჭირდება.. უკვე ყველაფერი დამთავრებულია. ცოტა უკეთესად ვიქნები თუ ცოტა უარესად, რა მნიშვნელობა აქვს? - სახე დამალა და ატირდა.       - დაიტანჯეთ, არა, საბრალო გოგონა! - შეეკითხა ქალბატონი დე პიენი და საწოლზე ჩამოჯდა.       - არც ისე... მხოლოდ ყურებში ახლაც მიშხუის ქარი, ვარდნისას რომ მესმოდა; და ხმაური... ჭახანი, ქვაფენილზე დაცემის დროს რომ გავიგონე.       - მაშინ გიჟი იყავით, ჩემო კარგო; ახლა ხომ ნანობთ, არა?       - დიახ, მაგრამ ადამიანს უბედურებაში ჭკუა არ ეკითხება.       - ძალიან ვწუხვარ, რომ ადრე არ ვიცოდი თქვენი მდგომარეობა. მაგრამ იცოდეთ, ჩემო კარგო, ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს სასოწარკვეთილებას.       - თქვენთვის ადვილია ლაპარაკი, ქალბატონო, - თქვა ექიმმა, რომელიც რეცეპტს სწერდა პატარა მაგიდაზე, - თქვენ რა იცით, რა არის მშვენიერი, ახალგაზრდა, ულვაშიანი კაცის დაკარგვა... მაგრამ, დალახვროს ეშმაკმა, უკან რომ გაედევნო, განა ამისათვის ფანჯრიდან გადმოხტომაა საჭირო?!       - თქვენც ერთი, ექიმო, - უთხრა ქალბატონმა დე პიენმა, - საცოდავ ბავშვს ალბათ სხვა მიზეზი ჰქონდა, რომ...       - ახ, მე თვითონ არ ვიცი, რა მომივიდა, - წამოიყვირა ავადმყოფმა. - ყველაფერი ერთმანეთს დაერთო. ჯერ იყო და დედა მომიკვდა და ამან ძლიერ იმოქმედა! შემდეგ თავი მიტოვებულად ვიგრძენი, არავის არ ვაინტერესებდი! დაბოლოს, ერთადერთმა ადამიანმა, რომელზედაც ყველაზე მეტს ვფიქრობდი ამქვეყნად, ქალბატონო, დაივიწყა ყველაფერი, - ჩემი სახელიც კი! მე მქვია არსენ გიიო. გიიო, ორი ,ი- თი“, ის კი ასე მწერს - გიო.       - აკი ვთქვი: უღალატა ვიღაცამ! - წამოიძახა ექიმმა. - ყოველ ფეხის ნაბიჯზე ერთი და იგივე. ოჰ! ოჰ! დაივიწყეთ, ლამაზო, დაივიწყეთ! კაცი, რომელსაც მეხსიერება ღალატობს, არ ღირს იმად, რომ მასზე იფიქრონ.       ექიმმა საათი ამოიღო.       - ოთხი საათიო, - თქვა და წამოდგა, - კონსილიუმზე მაგვიანდება. ქალბატონო, უმორჩილესად გთხოვთ მაპატიოთ, მაგრამ უნდა დაგტოვოთ. იმის დროც კი არ მრჩება, სახლამდე მიგაცილოთ. ნახვამდის, პატარავ. დაწყნარდით, ყველაფერი რიგზე იქნება. მალე ორივე ფეხებით ერთნაირად, კარგად იცეკვებთ; თქვენ კი, ქალბატონო მომვლელო, აფთიაქში წადით ამ რეცეპტით და მოიქეცით ისევე, როგორც გუშინ.       ექიმი და მომვლელი ქალი გავიდნენ. ქალბატონი დე პიენი მარტო დარჩა ავადმყოფთან. ცოტა გულდაწყვეტილი იყო იმით, რომ ამბავი, თავის გონებაში სულ სხვანაირად წარმოედგინა, სიყვარულთან დაკავშირებული აღმოჩნდა.       - ესე იგი მოგატყუეს, არა? საბრალო გოგოვ! - ჩაილაპარაკა ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ.       - მომატყუეს? არა, ჩემნაირებს არ ატყუებენ... უბრალოდ აღარ ვუნდივარ... მართალიცაა, აბა რაში სჭირდება ჩემნაირი ქალი. ის ყოველთვის ისეთი კეთილი და დიდსულოვანი იყო. მივწერე, ასე და ასეა ჩემი საქმე-მეთქი, კვლავ შენთან ყოფნა მინდა-მეთქი. იცით, რა მიპასუხა... იმგვარად მიპასუხა, გული დამწყდა.. შინ რომ დავბრუნდი, მისი ნაჩუქარი სარკე გამივარდა ხელიდან, - ვენეციური სარკე, - როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე. სარკე გატყდა... ყველაფერი გათავებულია-მეთქი, გავიფიქრე... ეს იმის მაუწყებელია, რომ ყველაფერი გათავებულია-მეთქი... აღარავითარი სახსოვარი აღარ დამრჩა მისგან... სამკაულები დაგირავებული მქონდა... ბოლოს ღია ფანჯარა დავინახე... ვიფიქრე: შურს ვიძიებ-მეთქი, და ვისკუპე.       - ვაი, შე უბედურო, შენ... და ამ ქარაფშუტა მიზეზის გამო ასეთი დანაშაული ჩაიდინე.       - დიახაც! რას იზამ? უბედურების დროს ვერაფერს განსჯი. ბედნიერები კი ადვილად გასწავლიან ჭკუას..       - მესმის, უბედურება რას არ ჩაგადენინებს, მაგრამ რადგან მძიმე იყოს განსაცდელი, არსებობს ისეთი რამ, რისი დავიწყებაც არ შეიძლება. ამ ცოტა ხნის წინათ სანთელი დაანთეთ „წმინდა როხში“. თქვენ ბედნიერი ხართ, რადგან გწამთ რწმენის, ჩემო ძვირფასო, უნდა შეეკავებინეთ იმ დროს, როცა სასოწარკვეთილებაში ვარდებოდით. სიცოცხლე ღვთის მიერ გაქვთ მოცემული ის თქვენ არ გეკუთვნით... მაგრამ ახლა რა დროს თქვენი დატუქსვაა, თქვენ ინანებთ, იტანჯებით. ღმერთი მოწყალეა.       არსენმა თავი დახარა. ცრემლები მოადგა თვალებზე.       - აჰ, ქალბატონო, - თქვა ოხვრით, - იმაზე კარგი გგონივართ, ვიდრე ვარ... თქვენ გგონიათ, ღვთის მოშიში ვარ... ჩემი ღვთისმოშიშობა რა სათქმელია... მე ერთი უსწავლელი ვარ; ეკლესიაში გნახეთო, ბრძანებთ: თქვენ დამინახავთ სანთელს რომ ვანთებდი.. ეს იმიტომ, რომ არ ვიცოდით, რომ არ ვიცოდი, რა წყალში ჩავვარდნილიყავი.       - ჰოდა, ძალიან კარგი! ჩემო ძვირფასო! ძალიან კარგი აზრი მოგსვლია თავში. უბედურების დროს ყოველთვის ღმერთს უნდა მიმართო.       - მითხრეს. „წმინდა როხში“ სანთელი დაანთეო და. მაგრამ, არა, ამას ვერ გეტყვით. თქვენ ვერც წარმოიდგენთ, რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს, როცა ერთი გროშიც არ გააჩნია.       - ღმერთს უნდა სთხოვო, ძალას მოგცემს.       - თუმცა რა თქვენ ხომ არ მიცნობთ. ქალბატონო, და თქვენი კეთილი განწყობით სარგებლობა, რასაც არ ვიმსახურებ, თქვენს გაქურდვას უდრის. ერთი უბედური გოგო ვარ... მაგრამ ამ ქვეყანაზე ვისაც როგორ შეუძლია, ისე ცხოვრობს... ერთი სიტყვით, ქალბატონო, დედაჩემი იტყოდა ხოლმე: „წმინდა როხში“ ვინც სანთელს დაანთებს, ერთ კვირაში ბალიშის მონახევრეს იშოვისო; მეც ამიტომ დავანთე სანთელი, მაგრამ უკვე ისე დავუშნოვდი! მუმიას დავემსგავსე. აწი ვინღა მომინდომებს? ერთადერთი გამოსავალი ისევ სიკვდილია. მალე ალბათ გავთავდები კიდეც და ეს იქნება.       ყველაფერი ეს ძალიან სწრაფად იყო ნათქვამი, ქვითინით, მღელვარებით და ქალბატონ დე პიენს ზიზღზე მეტად შიში მოჰგვარა, მისდაუნებურად ავადმყოფის საწოლიდან სკამი გვერდზე გასწია. ალბათ ოთახიდანაც გავიდოდა, ადამიანური გრძნობა რომ არა, რამაც ძლიერ იმოქმედა მასზე, ვიდრე ამ დაღუპული ქალისადმი ზიზღმა, და რამაც არ დაანება ასეთ უიმედო სასოწარკვეთილების ანაბარა მიეტოვებინა იგი, სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ქალბატონმა დე პიენმა თვალები დახარა და სუსტი ხმით წაიჩურჩულა: - დედათქვენმა? უბედურო, როგორ ბედავთ ამის თქმას?       - ეჰ, დედაჩემი იყო ისეთი, როგორიც ყველა დედაა, უფრო სწორად, როგორიც ჩვენი დედები იყვნენ. ის თავის დედას არჩენდა, მე კი მას ვარჩენდი... კიდევ კარგი, ბავშვი არა მყავს. ვხედავ, ქალბატონო, შეძრწუნებული ხართ... გასაგებიცაა! თქვენ კარგად აღიზარდეთ, თქვენ არასოდეს არ გატანჯულხართ, მდიდარი თუ ხარ, იოლია იყო პატიოსანი. მეც ვიქნებოდი პატიოსანი, საშუალება რომ მქონოდა. მე მყავდნენ საყვარლები... მაგრამ მხოლოდ ერთი კაცი მიყვარდა. მან მიმატოვა, მდიდარი რომ ვყოფილიყავი, დავქორწინდებოდით და შევქმნიდით პატიოსან ოჯახს. აი, ხომ ხედავთ, ქალბატონო, გულახდილად გელაპარაკებით, თუმცა ვიცი, რასაც ფიქრობთ ჩემზე და მართალიცა ხართ... მაგრამ თქვენ ხართ ერთადერთი პატიოსანი ქალი, ვისთანაც მილაპარაკია ჩემი ცხოვრების შესახებ და ისეთი კეთილი მეჩვენებით, ისეთი კეთილი.. რომ აი, ახლა ვფიქრობდი სწორედ: რომც გამიცნოს, მაინც შევებრალები-მეთქი. მე მალე მოვკვდები, ერთ რამესა გთხოვთ მხოლოდ - როცა მოვკვდები, აწირვინეთ ჩემთვის უბრალო ლოცვა, მეტს არაფერს გთხოვთ, და თქვენი მადლობელი დავრჩები...       - არა, თქვენ არ მოკვდებით! - წამოიძახა გულაჩუყებულმა ქალბატონმა დე პიენმა. - ღმერთია თქვენი შემწე, საბრალო ცოდვილო. მოინანიეთ ცოდვები და შენდობას მიიღებთ. მე ლოცვას არ დაგაკლებთ, ეს, თუ რამეს უშველის თქვენს გაჭირვებას. თქვენზე მეტი დანაშაული თქვენს აღმზრდელებს მიუძღვით. მხოლოდ იცოდეთ: სიმამაცე მოიკრიბეთ და იმედს ნუ დაკარგავთ. რაც მთავარია: ეცადეთ დამშვიდდეთ, ჩემო საბრალო გოგონავ, ჯანმრთელობა უნდა აღიდგინოთ; სულიც დაავადებული გაქვთ, მაგრამ მის განკურნებას მე ვიღებ ჩემს თავზე.       ლაპარაკის შეუწყვეტლივ წამოდგა. ხელში ქაღალდის შეკვრას ატრიალებდა, რომელიც რამდენიმე ლუიდორს შეიცავდა.       - აი, თქვა, - თუ მოგინდეთ რამე... - და დააპირა ძღვენი ავადმყოფის სასთუმალქვეშ ამოედო.       - არა, ქალბატონო! - სიფიცხით წამოიძახა არსენმა და ხელი ჰკრა ქაღალდის შეკვრას, - რაც დამპირდით, ისე შეასრულეთ, თქვენგან მეტი აღარაფერი მინდა, მშვიდობით. ჩვენ ერთმანეთს ვეღარასოდეს ვნახავთ. უთხარით საავადმყოფოში გადამიყვანონ, მინდა ისე მოვკვდე, არავინ შევაწუხო. ჩემგან აწი აღარაფერი გამოვა. მეცოდინება, რომ ისეთი წარჩინებული ქალბატონი, როგორიც თქვენ ხართ, ჩემს სულს შეავედრებს ღმერთს. კმაყოფილი ვარ. მშვიდობით!       კედლისაკენ შებრუნდა, რამდენადაც ამის ნებას საწოლზე მიმაგრებული ხელსაწყო აძლევდა, და თავი ბალიშებში ჩარგო, რომ აღარაფერი დაენახა.       - მომისმინეთ, არსენ, - უთხრა ქალბატონმა დე პიენმა სერიოზული ტონით, - განზრახული მაქვს ქალად გაქციოთ. თქვენი სინანული ძალას მმატებს. ხშირად მოგინახულებ და ვიზრუნებ თქვენზე. დადგება დღე, საკუთარი თავისადმი პატივისცემა გაგიჩნდებათ და ჩემი მადლობელი იქნებით: და ხელი ხელზე მოუჭირა ოდნავ: - თქვენ მე შემეხეთ! - წამოიყვირა საწყალმა გოგომ. - თქვენ მე ხელი მომიჭირეთ!       და სანამ ქალბატონი დე პიენი უკან წაღებას მოასწრებდა, დაიჭირა და ცრემლითა და კოცნით დაუფარა.       - დაწყნარდით, დაწყნარდით, ჩემო ძვირფასო. - ამბობდა ქალბატონი დე პიენი. - მეტს ნურაფერს მეტყვით. ახლა ჩემთვის ყველაფერი ნათელია. უკეთ გიცნობთ, ვიდრე თქვენ იცნობთ თავს. მე ვმკურნალობ თქვენს თავს, თქვენს უგუნურ თავს. და მოვითხოვ დამემორჩილოთ ზუსტად ისე, როგორც ემორჩილებით ექიმს. გამოგიგზავნით ვინმე სასულიერო პირს ჩემი მეგობრებიდან, მას უნდა მოუსმინოთ. აგირჩევთ კარგ წიგნებს, თქვენ ისინი უნდა წაიკითხოთ. ხანდახან ვისაუბრებთ კიდეც. მერმე, როდესაც მომჯობინდებით, თქვენს მომავალზე ვიფიქრებთ.       მომვლელი ქალი დაბრუნდა აფთიაქიდან წამლიანი შუშით ხელში. არსენი ჯერ კიდევ ტიროდა, როდესაც ქალბატონმა დე პიენმა კიდევ მოუჭირა ხელი, მაგიდაზე პატარა ფულების შეკვრა დაუდო და გარეთ გამოვიდა. ახლა კიდევ უფრო კარგად განეწყო თავისი აღსაზრდელისადმი, ვიდრე მანამდე, სანამ მის უცნაურ აღსარებას მოუსმენდა.       რატომ არის, ქალბატონო, უწესო ხალხი რომ ყველას უყვარს? დაწყებული „უძღები შვილებიდან“ დამთავრებული თქვენი ძაღლით - დიამანით, რომელიც ყველას კბენს და ყველაზე აუტანელი ცხოველია მათ შორის, რომელთაც კი მე შევხვედრილვარ. რაც უფრო ნაკლებად იმსახურებს ადამიანი პატივისცემას, მით უფრო მეტ ინტერესს იჩენენ მისადმი. პატივმოყვარეობას! წმინდა წყლის პატივმოყვარეობას! დაუძლეველი სიძნელე სიამოვნებას გვგვრის „უძღები შვილის“ მამამ ეშმაკი დაამარცხა და ნადავლი გამოსტაცა. თქვენ გაიმარჯვეთ დიამანის ცუდ ბუნებაზე ღვეზელის დახმარებით.       ქალბატონ დე პიენს ეამაყებოდა, რომ დაძლია მეძავის ბიწიერება, თავისი მჭერმეტყველებით დაანგრია ცდუნებათა ჯებირი, რითაც ოცი წლის განმავლობაში იყო გარშემორტყმული ეს პატარა, ღვთის ანაბარად მიტოვებული ქმნილება. და შემდეგ - რა სალაპარაკოა, მაგრამ - ამ გამარჯვებით გამოწვეულ სიამაყეს და კეთილი საქმის ჩადენით მიღებულ სიამოვნებას თან ერთვოდა ცნობისმოყვარეობა, რასაც არა ერთი და ორი პატიოსანი ქალი განიცდის, როცა „იმნაირი“ ქალის გაცნობის საშუალება მიეცემა. დაკვირვებული ვარ, როგორ აყოლებენ თვალს სალონში მომღერალ ქალს. მეტწილად მათ კაცები კი არ უყურებენ... განა თქვენ თვითონ, ქალბატონო, „ფრანგული კომედიის თაეტრში“ გაფაციცებით არ უყურებდით ლორნეტით „ვარიეტეს“ მომღერალს, რომელიც ლოჟიდან დაგანახეთ? „ნუთუ შეიძლება სპარსელი იყო?“ - რამდენს დაუსვამს ასეთი შეკითხვა? ჰოდა, ქალბატონო, ქალბატონი დე პიენი ბევრს ფიქრობდა არსენ გიიოზე. ამბობდა, უნდა გადავარჩინო.       მღვდელი გამოუგზავნა შინ, რომელმაც არსენს მონანიება შთააგონა. მონანიება ადვილი საქმე იყო საცოდავი არსენისათვის, რომელსაც გაჭირვების მეტი არაფერი ენახა, გარდა რამდენიმე საათის დიდი ბედნიერებისა. უბედურ ადამიანს, რომ უთხრათ: „თქვენ თვითონ ხართ დამნაშავე“ - ო, უმალ დაგეთანხმებათ, ამის მერე კი თუ ოდნავ შეარბილებთ საყვედურს და ცოტა ნუგეშსაც მისცემთ, თან გადაგყვებათ. ვიღაც ბერძენი ამბობს, უფრო სწორად ამიოს ათქმევინებს.       „...თავისუფალ კაცს ხელს ბორკილი როს გაუკეთეს, იმ დღეს დაჰკარგა ნახევარი მადლი სიკეთის...“       უბედურება ბატკანივით დამყოლსა და მორჩილსა გვხდის, აი, რა უხეშ პროზამდე დავყავართ ამ გამონათქვამს. მღვდელი ეუბნებოდა ქალბატონ დე პიენს, არსენ გიიო სრულიად უვიცია, მაგრამ ბუნებით კეთილია და იმედი მაქვს სწორ გზაზე დავაყენებო. არსენი მას მართლაც დიდი ყურადღებითა და პატივისცემით უგდება ყურს. კითხულობდა ან აკითხებდა ვინმეს ქალბატონი დე პიენის მიერ „გამოწერილ“ წიგნებს და მის მითითებებს ისევე ზუსტად ასრულებდა, როგორც ექიმისას. მაგრამ არსენმა მღვდლის გული საბოლოოდ მაინც მის ხელში ჩავარდნილი მცირეოდენი თანხის გონივრული გამოყენებით მოიგო და მით მფარველსაც თავისი გონივრული გამოჯანსაღების რწმენა განუმტკიცა. ითხოვა საზეიმო წირვა ეთქვათ „წმინდა როხში“ თავისი განსვენებული დედის - პამელა გიიოს - სულის მოსახსენიებლად. უდავოა, ჯერ არ ყოფილა სული, რომელსაც აგრე რიგად სჭირდებოდა ეკლესიის ლოცვა. II       ერთ დილით, ქალბატონი დე პიენი ჯერ კიდევ საპირფარეშოში იყო, რომ ამ წმინდა ალაგის კარს ერთმა მოსამსახურემ დააკაკუნა მორიდებულად და ჟოზეფინას, მოახლე გოგოს, ვიღაც ახალგაზრდა კაცის სადარბაზო ბარათი გადასცა.       - მაკსი პარიზშია! - წამოიძახა ქალბატონმა დე პიენმა, მოჰკრა თუ არა თვალი ბარათს.       წადით ახლავე, ბატონ დე სალინის სთხოვეთ სასტუმრო ოთახში მომიცადოს. ცოტა ხნის შემდეგ სასტუმრო ოთახიდან სიცილი და ჩუმი წამოძახილები მოისმა. ჟოზეფინს მთლად გაწითლებული და ყურებზე ქუდჩამოფხატული დაბრუნდა.       - რა მოხდა? - შეეკითხა ქალბატონი დე პიენი.       - არაფერი, ქალბატონო, ბატონმა დე სალინიმ მითხრა ძალიან გასუქებულხარო.       ბატონი დე სალინი ორ წელზე მეტი იყო რაც მოგზაურობდა: ჟოზეფინის გასუქება დიახაც უნდა გაკვირვებოდა. ადრე ხომ იგი ჟოზეფინის ერთ-ერთი რჩეულთაგანი იყო და მისი ქალბატონის გამუდმებული ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდა. ქალბატონი დე პიენის ახლო მეგობრის დისწული გახლდათ და ხშირად დაიარებოდა მასთან დეიდამისთან ერთად. სხვათა შორის, ეს თითქმის ერთადერთი წესიერი სახლი იყო, სადაც შეიძლებოდა მისი ნახვა. მაკს დე სალინის საკმაოდ ცუდი სახელი ჰქონდა; მოთამაშის, მოჩხუბრის, მოქეიფის - „თუმცა სხვამხრივ კარგი კაცი იყო...“ დეიდამისს, ქალბატონ ობრეს, იმედს უკარგავდა, თუმცა დეიდა, მიუხედავად ამისა, მაინც აღმერთებდა მას. არაერთხელ უცდია მისი სწორ გზაზე დაყენება, მაგრამ ცუდი ჩვეულებები ყოველთვის სჯაბნიდნენ მის ბრძნულ შეგონებებს. მაკსი სულ რაღაც ორიოდე წლით იყო უფროსი ქალბატონ დე პიენზე. ერთმანეთს ბავშვობიდანვე იცნობდნენ და ქალიშვილობაში მაკსს, ეტყობა, მოსწონდა კიდეც ქალბატონი დე პიენი. „ჩემო კარგო, - ეუბნებოდა ქალბატონი ობერი ქალბატონ დე პიენს, - თქვენ რომ მოინდომებდეთ, დარწმუნებული ვარ, შეძლებდით მის მოთოკვას.“ ქალბატონ დე პიენს, - მაშინ მას ელიზ დე გისკარს ეძახოდნენ, - შეიძლებოდა ეფიქრა კიდეც რამე. მაკსი ისეთი მხიარული, ისეთი გამრთობი, ისეთი დაუღალავი მოცეკვავე იყო ბალზე, რომ მისგან უეჭველად კარგი ქმარი დადგებოდა, მაგრამ ელიზის მშობლები უფრო შორს იცქირებოდნენ. თვითონ ქალბატონი ობრეც ვერ თავმდებობდა მაინცდამაინც თავის დისშვილს; ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ მას ვალები ჰქონდა და საყვარლებიც ჰყავდა; ამას დაერთო გახმაურებული დუელი, რომლის მიზეზიც „ჟიმნაზის“ მსახიობი ქალი იყო. ქორწინება, რომლის შესახებაც ქალბატონ ობერს არც არასოდეს უფიქრია სერიოზულად, შეუძლებლად იქნა გამოცხადებული. ამ დროს გამოჩნდა ბატონი დე პიენი, კეთილშობილი, სერიოზული კაცი, კარგი მდგომარეობის პატრონი და კარგი ოჯახის შვილი. მის შესახებ მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ თავაზიანი კაცის სახელით სარგებლობდა, და დამსახურებულადაც. საერთოდ ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ თუკი პირს მოაღებდა, იტყოდა რაღაც დიდსა და უდავო ჭეშმარიტებას. საეჭვო კითხვებში კი „კონრარს“ ბაძავდა „კეთილგონიერ სიჩუმეში“. მართალია, საზოგადოებას სადაც იმყოფებოდა, ვერაფერს მატებდა, მაგრამ ყველგან სათანადოდ ეჭირა თავი. ცოლის წყალობით, ყველას საკმაოდ უყვარდა, მაგრამ სადმე რომ არ გამოჩენილიყო, რაც ძალიან ხშირად ხდებოდა, რადგან წელიწადში ცხრა თვეს თავის მამულში ატარებდა, და კერძოდ ახლაც, რა დროიდანაც ჩემი მოთხრობა იწყება, იქ იმყოფებოდა, თვალში არავის ეცემოდა. სხვაზე მეტად არც ცოლს დაჰკლებია თვალში.       ქალბატონი დე პიენი ხუთ წუთში გამოეწყო. ოთახიდან ცოტა აღელვებული გამოვიდა; მაკს დე სალინის მოსვლამ ამას წინ გარდაცვლილი პიროვნება მოაგონა, პიროვნება, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა. ეს იყო, მე ვფიქრობ, ერთადერთი მოგონება, რაც მას ახლა აღეძრა და ეს მოგონება იმდენად ცოცხალი იყო, შეეძლო გაენელებინა სასაცილო დასკვნები, რასაც ნაკლებად გონიერი არსება უთუოდ გამოიტანდა ჟოზეფინას ჩამოფხატული ქუდის შემხედვარე. სასადილო ოთახს რომ მიუახლოვდა, ოდნავ შეაცბუნა მშვენიერმა ბანმა, რომელიც ნეაპოლიტანურ ბარკაროლას ამღერებდა პიანინოს თანხლებით.       Addio, Teresa, Tereza, addio!       Ai mio ritorno, Ti sposero!       კარი გააღო, ხელი გაუწოდა და სიმღერა შეაწყვეტინა მომღერალს: - ჩემო საბრალო ბატონო მაკს, რომ იცოდეთ, როგორ მიხარია თქვენი ნახვა!       მაკსი სწრაფად წამოდგა ფეხზე და დაბნეულად ჩამოართვა ხელი. სიტყვა ვერ ეპოვნა.       - ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი რომში წასვლა, როცა თქვენი კეთილი დეიდა ავად გახდა, ვიცი, როგორ ზრუნავდით მასზე. დიდად მადლობელი ვარ მისი უკანასკნელი სახსოვრისათვის, რომელიც თქვენ გამომიგზავნეთ.       მაკსის ბუნებრივად მხიარულ სახეს ანაზდად მოწყენა დაეტყო.       - თქვენზე ხშირად მელაპარაკებოდა ხოლმე უკანასკნელ წუთებამდე. ვხედავ, მიგიღიათ მისი ბეჭედი.. და წიგნი, რომელსაც ჯერ კიდევ იმ დილით კითხულობდა....       - დიახ, მაკს. მადლობას მოგახსენებთ. ამ სევდიანი საჩუქრის გამოგზავნით გამაგებინეთ, რომ რომს სტოვებთ, მაგრამ არ მაცნობეთ თქვენი მისამართი. არ ვიცოდი, სად მომეწერა თქვენთვის. საწყალი მეგობარი! სიკვდილი სამშობლოდან ასე დაშორებით! საბედნიეროდ თქვენ მაშინვე მიირბინეთ მასთან ... თქვენ უკეთესი ხართ მაკს, ვიდრე გინდათ თავი მომაჩვენოთ.. კარგად გიცნობთ.       - ავადმყოფი დეიდა სულ ამას მეუბნებოდა: როცა ამქვეყნად აღარ ვიქნები, მხოლოდ ქალბატონი დე პიენი იქნება შენი დამტუქსავიო. - მას უნებურად გაეღიმა. - ეცადე, ხშირად არ დაგტუქსოსო. ახლა კი ხედავთ, ქალბატონო, რომ ცუდად ასრულებთ თქვენს მოვალეობას.       - გავიგე, რომ შეიცვალეთ, დადინჯდით, დაჭკვიანდით. ასე რომ, იმედი მაქვს, მალე სინეკურა მექნება.       - არ სცდებით ქალბატონო, დავპირდები დეიდაჩემს, წესიერი კაცი გავხდები-მეთქი..       - შეასრულებთ კიდეც სიტყვას, დარწმუნებული ვარ!       - ვეცდები. მოგზაურობაში ეს უფრო იოლია, ვიდრე პარიზში. მიუხედავად ამისა... რომ იცოდეთ, ქალბატონო, სულ რამდენიმე საათია რაც ჩამოვედი და უკვე მოვერიე ერთ ცდუნებას. თქვენთან რომ მოვდიოდი, ერთი ძველი მეგობარი შემხვდა და სადილად დამპატიჟა, სადილს რაღაც- რაღაცეები მოჰყვებოდა და უარი ვუთხარი.       - კარგი გიქნიათ.       - დიახ, მაგრამ. სიმართლე გითხრათ, იმედი მქონდა, რომ თქვენ დამპატიჟებდით.       - რა სამწუხაროა! დღეს სხვაგან ვსადილობ... მაგრამ ხვალ...       - ამ შემთხვევაში ჩემს თავზე აღარ ვაგებ პასუხს. ვინ იცის, სად მოვხვდები სადილად; ყველაფერზე თქვენ იქნებით პასუხისმგებელი.       - მომისმინეთ, მაკს , რაც მთავარია, კარგად უნდა დაიწყოთ. ბიჭებთან ნუ ისადილებთ. აი, მე ქალბატონ დარსენესთან ვარ დაპატიჟებული, მოდით იქ საღამოს, ვისაუბრებთ.       - კი, მაგრამ ქალბატონო დარსენე, ცოტა არ იყოს, მოსაწყენი პიროვნებაა, ათას რამეს შემეკითხება. მე ხმასაც ვერ ამოვიღებ. რაიმეს ალბათ ისე არ ვიტყვი, როგორც საჭიროა; შეიძლება ჯერ კიდევ გაუთხოვარია და...       - მშვენიერი ქალია.. სხვათა შორის, არ არის საკადრისი ასეთი ლაპარაკი.       - დამნაშავე ვარ, არ გედავებით, მაგრამ... მხოლოდ დღეს ჩამოვედი და ძალიან ნაადრევად ხომ არ ჩამეთვლება მისვლა?       - კეთილი, მოიქეცით ისე, როგორც გენებოთ. მაგრამ აი რა, მაკს, როგორც დეიდათქვენის კარგ მეგობარს, უფლება მაქვს გელაპარაკოთ გულახდილად: თავი მოარიდეთ წინანდელ ნაცნობებს. დრომ უნებურად დაამსხვრია ყველა ის კავშირი, რომელსაც თქვენთვის მხოლოდ ზიანი მოჰქონდა და ნუღარ ეცდებით მის აღდგენას. დარწმუნებული ვარ და ვიმედოვნებ, რომ აღარ გაგიტაცებთ. ეს თქვენს ასაკში... ჩვენს ასაკში, წინდახედული უნდა იყო, მაგრამ მოვეშვათ ამ რჩევა- დარიგებებს; მელაპარაკეთ იმაზე, თუ რა გააკეთეთ იმ ხნის განმავლობაში, რაც ერთმანეთი აღარ გვინახავს. ვიცი მხოლოდ, რომ იყავით გერმანიაში, თქვენ მხოლოდ ორჯერ მომწერეთ, ეს კი ძალიან მცირეა იმისათვის, რომ თქვენს შესახებ რაიმე მცოდნოდა.       - ღმერთო ჩემო! ქალბატონო, დამნაშავე ვარ... მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ: მე ხომ ასეთი.. ზარმაცი ვარ! ბარე ოცჯერ გადაწყვიტე თქვენთვის მომეწერა? მე ხომ არ მეხერხება წერილის წერა. რამდენჯერაც თქვენზე მიფიქრია, იმდენჯერ რომ წერილი მომეწერა, მთელი იტალიის ქაღალდი არ მეყოფოდა.       - მაინც რას აკეთებდით? რით იყავით დაკავებული ამ დროის განმავლობაში? უკვე ვიცი, რომ წერილების წერით არ იყავით გართული.       - დაკავებული? თქვენ იცით, საუბედუროდ, რომ არასოდეს არა ვარ დაკავებული. ვათვალიერებდი, დავხეტიალობდი, მინდოდა მხატვრობისთვის მომეკიდა ხელი, მაგრამ ამდენი მშვენიერი სურათის ნახვამ საბოლოოდ განმკურნა უკუღმართი გატაცებისაგან. ეჰ!.. მერე მოხუცმა ნიბიმ კინაღამ არქეოლოგად მაქცია. დიახ, მისი დაჟინებითი გათხრებიც კი ვაწარმოე.. ვნახეთ ერთი გადატეხილი ჩიბუხი და რა ვიცი ჭურჭლის რამდენიმე ნატეხი... შემდეგ ნეაპოლში მივიღე სიმღერის რამდენიმე გაკვეთილი, მაგრამ კარგი მომღერალი ვერ დავდექი... მე...       - თქვენ მშვენიერი ხმა გაქვთ და მშვენივრადაც მღერით, მაგრამ მაინც არ მომწონს თქვენი სიმღერები, ვინაიდან იგი გაკავშირებთ ისეთ ხალხთან, რომლის სიახლოვესაც ისედაც დიდი მიდრეკილება გაქვთ.       - გასაგებია, მაგრამ ნეაპოლში, ჩემს იქ ყოფნაში, საშიში არაფერი მომხდარა. პრიმადონა ასორმოცდაათ კილოგრამს იწონიდა; მეორე მომღერალ ქალს ღუმელივით პირი ჰქონდა, ცხვირი კი ლიბანის კოშკს მიუგავდა. ერთი სიტყვით, არაფერი გამიკეთებია, არაფერი მისწავლია, და აგერ ორი წელი გამეპარა ხელიდან.       - მე კი მინდოდა რაიმეთი ყოფილიყავით დაკავებული, გამეგო, რომ ინტერესი გამოიჩინეთ რაიმე სასარგებლო საქმისადმი. მე მაშინებს თქვენი უსაქმურობა.       - გულახდილად გითხრათ, ქალბატონო, მოგზაურობა იმდენად სასარგებლო გამოდგა ჩემთვის, რომ მართლა არაფერს ვაკეთებდი, მაგრამ უსაქმურად მაინც არ ვყოფილვარ. ლამაზ საგნებს როდესაც ვუყურებ, არ გწყინდება, მე კი, თუ მოწყენილი ვარ, ბევრი არაფერი მინდა, რომ სისულელე ჩავიდინო. ისე კი, საკმაოდ დავდინჯდი და ასე განსაჯეთ, დავივიწყე ზოგიერთი მსუბუქი საშუალება ფულის ხარჯვისა. იმის შემდეგ რაც საწყალმა დეიდაჩემმა გადაიხადა ჩემი ვალები, ვალებს აღარ ვიღებ და არც მინდა ავიღო. მარტოხელა კაცისათვის ჩემი შემოსავალი სავსებით საკმარისია და რადგან არ ვაპირებ უფრო მდიდრად მოვაჩვენო ვინმეს თავი, ვიდრე სინამდვილეში ვარ, აღარც უცნაურობებს ჩავდივარ. გეცინებათ? ნუთუ არ გჯერათ ჩემი? გინდათ ამის დამამტკიცებელი საბუთი? კი ბატონო. დღეს ჩემმა მეგობარმა ფამენმა, რომელმაც სადილზე დამპატიჟა, შემომთავაზა მისგან ცხენი მეყიდა ხუთი ათას ფრანკად... შესანიშნავი ცხენია! პირველ ხანებში მინდოდა მყოლოდა ეს ცხენი, მერე გადავიფიქრე: არც ისეთი მდიდარი ვარ, ხუთი ათასი ფრანკი დავხარჯო ერთი სურვილისთვის-მეთქი და ფეხით სიარული ვამჯობინე.       - ეს სასწაულია, მაკს! მაგრამ იცით რა არის საჭირო, რომ დაუბრკოლებლად განაგრძოთ ამ გზით სიარული? უნდა დაქორწინდეთ.       - ახ, დავქორწინდე! რატომაც არა? მაგრამ ვინ გამომყვება? მე, რომელსაც უფლება მაქვს ვიყო წუნია. მე მინდა ქალი.. ო, არა, ჩემი შესაფერი აღარავინ მოიძებნა.       ქალბატონი დე პიენი ცოტა გაწითლდა, მაკსს ეს არ შეუმჩნევია და განაგრძო: - ქალი, რომელსაც მოვეწონებოდი... მაგრამ იცით, ქალბატონო ეს, ეს თითქმის საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ მე ის აღარ მომწონებოდა?       - რატომ ? ეს რა სისულელეა!       - აკი ოტელო ამბობს სადღაც, - ჩემი აზრით, იმ ადგილას, სადაც დეზდემონას მიმართ ეჭვიანობის გამართლება უნდა: „ამ ქალს უნდა ჰქონდეს საშინელი ჭკუა და გარყვნილი გემოვნება, რადგან მე ამომირჩია, მე - შავკანიანი.“ და განა იგივე არ შემიძლია მეც ვთქვა: ქალი, რომელსაც მე მოვეწონებოდი, ნამდვილად უცნაური ჭკუის იქნება-მეთქი?       - თქვენ საკმაოდ გზააბნეული ადამიანი იყავით, მაკს, ამიტომ სრულიად არა გჭირდებათ იმაზე ცუდად მოაჩვენოთ ვინმეს თავი, ვიდრე ხართ. ნუ ილაპარაკებთ თქვენს თავზე ცუდს, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც ამას ადვილად დაიჯერებენ, რაც შემეხება მე, დარწმუნებული ვარ, თუ ოდესმე... დიახ, შეგიყვარდებათ ქალი, რომელსაც პატივსა სცემთ მაშინ თქვენ მას მოეჩვენებით...       ქალბატონ დე პიენს ეტყობოდა ეუხერხულებოდა ამ წინადადების დამთავრება, და მაკსი, რომელიც მას დაჟინებით და უკიდურესი ცნობისმოყვარეობით მისჩერებოდა, სრულებით არ ცდილა მიხმარებოდა დაემთავრებინა უხეიროდ დაწყებული წინადადება.       - თქვენ გინდათ თქვათ, - წარმოთქვა მან ბოლოს, - რომ თუ ნამდვილად შემიყვარდება, მაშინ მეც შემიყვარებდნენ, რადგან ვიქნებოდი ამის ღირსი?       - დიახ, მაშინ იქნებოდით ღირსი, რომ თქვენც შეყვარებოდით.       - სიყვარული რომ საკმარისი იყოს იმისათვის, რომ შეგიყვარონ... რასაც თქვენ ამბობთ, ქალბატონო, მთლად სწორი არ არის.. კარგი, მომინახეთ გაბედული ქალი და ვითხოვ; ოღონდ მთლად მახინჯი არ იყოს, რადგან ჯერჯერობით არც ისეთი მოხუცი ვარ, რომ სხვებმა არ მომხიბლონ; დანარჩენზე თქვენ იქნებით პასუხისმგებელი.       - საიდან ჩამოხვედით ახლა? - შეაწყვეტინა ქალბატონმა დე პიენიმ სერიოზული ტონით.       მაკსმა თავის მოგზაურობაზე ძალიან მოკლედ ილაპარაკა, მაგრამ მაინც ჩანდა, რომ ცდილობდა არ დამსგავსებოდა იმ ტურისტებს, რომლებზედაც ბერძნები ამბობენ: „ჩემოდნით წავიდა და ჩემოდნით დაბრუნდაო.“ მისი მოკლე შენიშვნები მის გონებაგახსნილობაზე მიუთითებდნენ; ცხადი იყო, მზამზარეული აზრებით არ იკვებებოდა და სინამდვილეში იმაზე მეტად განვითარებული იყო, ვიდრე თავს აჩვენებდა. მალე დადუმდა, რადგან შეამჩნია, რომ ქალბატონი დე პიენი კედლის საათისაკენ აპარებდა მზერას და არც თუ მაინცდამაინც დიდი ხალისით დაპირდა რომ საღამოს დაუგვიანებლივ მივიდოდა ქალბატონ დარსენესთან.       არ მივიდა და ქალბატონ დე პიენს, ცოტა არ იყოს, გული დაწყდა. სამაგიეროდ, მეორე დღეს დილითვე ეახლა და პატიება თხოვა, - მგზავრობამ ძალიან დამღალაო, მოიმიზეზა, და ამის გამო იძულებული ვიყავი შინ დავრჩენილიყავი; მაგრამ ამას რომ ამბობდა, ქალბატონ დე პიენს თვალებს ვერ უსწორებდა და ამდენად არადამაჯერებელი კილოთი ლაპარაკობდა. არ იყო აუცილებელი ქალბატონ დე პიენისავით მახვილი თვალი გქონოდათ, რომ მიმხვდარიყავით მის თვალთმაქცობას, როგორც იქნა, დაამთავრა ლაპარაკი. ქალბატონ დე პიენს პასუხი არ გაუცია, მხოლოდ თითის დაქნევით დაემუქრა.       - არ გჯერათ? - იკითხა.       - არა, საბედნიეროდ ჯერ კიდევ არ გეხერხებათ მოტყუება, - გუშინ ქალბატონ დარსენესთან არ ყოფილხართ, იმიტომ კი არა, რომ ისვენებდით, არამედ იმიტომ, რომ შინ არ ბრძანდებოდით.       - დიახ, - უპასუხა მაკსმა. თან ღიმილს იკავებდა.       - მართალი ხართ. „როშ- დე- კანკანში“ ვისადილე იმ არამზადებთან ერთად, შემდეგ ფამენთან წავედი ჩაის დასალევად, აღარ მომეშვნენ და ვითამაშე.       - და წააგეთ, თავისთავად ცხადია.       - არა, მოვიგე!       - მით უარესი. ვამჯობინებდი წაგეგოთ, თუ ეს ხელს აგაღებინებდათ ამ სულელურ და საზიზღარ ჩვევაზე.       ქალბატონი დე პიენი დაიხარა და თავის ხელსაქმეს შეუდგა, ცოტა არ იყოს, თვალთმაქცური მონდომებით.       - ბევრი ხალხი იყო ქალბატონ დარსენესთან? - მორცხვად ჰკითხა მაკსმა.       - არა, ცოტა.       - ვინმე გასათხოვარი ქალიშვილი?       - არა.       - მაინც თქვენი იმედი მაქვს. ხომ გახსოვთ, რასაც დამპირდით...       - მოვასწრებთ ამის მოფიქრებას.       ქალბატონი დე პიენის ხმაში ერთგვარი სიმშრალე, არაბუნებრიობა იგრძნობოდა, რაც არ იყო მისთვის დამახასიათებელი. მცირე დუმილის შემდეგ მაკსმა თავმდაბლურად განაგრძო: - უკმაყოფილო ხართ ჩემით, ქალბატონო? რატომ არ დამტუქსავთ ერთს მაგრად, დეიდაჩემის არ იყოს, რათა მერე მაპატიოთ? მოიცათ, გინდათ სიტყვა მოგცეთ, რომ არასოდეს აღარ ვითამაშებ?       - პირობას როცა დებთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ შეასრულებთ.       - თქვენთვის მოცემულ სიტყვას, ქალბატონო, შევასრულებ. შემწევს ძალა და ვაჟკაცობა.       - მაშ კარგი, მაკს თანახმა ვარ, - თქვა და ხელი გაუწოდა.       - ათას ასი ფრანკი მოვიგე, - განაგრძო მაკსმა, - გნებავთ მოგცეთ თქვენი ღატაკებისათვის? ასე იოლად და ცუდი გზით ნაშოვნი ფულის უკეთესად დახარჯვა შეუძლებელია.       ქალბატონი დე პიენი ერთხანს შეყოყმანდა.       - რატომაც არა? - თქვა მერე ხმამაღლა,- აბა, მაკს, დაიმახსოვრეთ ეს გაკვეთილი. წიგნში ჩავიწერ, რომ ჩემი ათას ასი ფრანკი გმართებთ.       - დეიდაჩემი ამბობდა ხოლმე: თუ გინდა ვალი ვისიმე გქონდეს, მაშინვე ნაღდად უნდა გადაუხადო.       ამ ლაპარაკში საქაღალდეს დასწვდა, რათა ფული ამოეღო. ქალბატონ დე პიენს მოეჩვენა, რომ ნახევრად გახსნილ საქაღალდეში ქალის სურათი დაინახა. მაკსმა შეამჩნია მისი დაჟინებული მზერა და გაწითლდა. იგი ფულის გადახდას ჩქარობდა, რათა დროულად დაეხურა საქაღალდე.       - მაგ საფულეს ხომ ვერ მანახვებდით.. თუ შეიძლება, - დასძინა ცბიერი ღიმილით.       მაკსი მთლად დაიბნა. რამდენიმე გაუგებარი სიტყვა ჩაიბუტბუტა და შეეცადა სხვა საგანზე გადაეტანა ქალბატონი დე პიენის ყურადღება.       ქალბატონმა დე პიენიმ თავიდან იფიქრა, საქაღალდეში ვინმე იტალიელი ლამაზმანის სურათი იქნებაო. მაგრამ მაკსის აშკარა დაბნეულობა და მინიატურის საერთო იერმა - ეს იყო სულ, რისი დანახვაც მოასწრო - სხვა ეჭვია აღუძრა. ოდესღაც მან თავისი სურათი აჩუქა ქალბატონ ობერს და ახლა წარმოიდგინა, რომ მაკსმა, როგორც დეიდამისის პირდაპირმა მემკვიდრემ, უფლებამოსილად ჩათვალა თავი, დაესაკუთრებინა ეს სურათი. უზრდელობაში ჩამოართვა, მაგრამ მაინც არაფერი შეიმჩნია; მხოლოდ, როდესაც ბატონი დე სალინი წასასვლელად გაემზადა, უთხრა; - ამ გახსენებაზე, დეიდათქვენს ერთი ჩემი სურათი ჰქონდა, რომელიც ძალიან მინდა ვნახო.       - არ ვიცი.. რა სურათი?.. როგორი? - შეეკითხა მაკსი ნაკლებად დამაჯერებელი ხმით.       ამჯერად ქალბატონმა დე პიენიმ გადაწყვიტა არ შეემჩნია, რომ მაკსი ცრუობდა.       - მომიძებნეთ, - უთხრა რაც შეიძლება ბუნებრივი ხმით, - დიდად მასიამოვნებთ.       სურათი რომ არა, სხვამხრივ კმაყოფილი იყო მაკსის ყოფაქცევით და იმედოვნებდა, რომ კიდევ ერთი გზადაკარგულ ცხვარს გადაარჩენდა.       მეორე დღეს მაკსმა იპოვა სურათი და საკმაოდ გულგრილი იერით მიუტანა. აღნიშნა, რომ მაინცდამაინც დიდი მსგავსება არ იყო, რომ მხატვარმა მოუქნელი პოზა და მკაცრი გამომეტყველება მიანიჭა სურათს, რომელიც ბუნებრიობას სრულიად მოკლებულიაო. ამ დროიდან მოყოლებული ქალბატონ დე პიენთან დიდხანს აღარ რჩებოდა, მის გვერდით მოღუშული იჯდა ხოლმე, რაც ქალბატონ დე პიენს წინათ არასოდეს შეუმჩნევია. იფიქრა, ასე უხასიათოდ იმიტომ არის, უჭირს დაპირების შესრულება და ძვირად უჯდება წინ აღუდგეს ცუდ მიდრეკილებებსო.       თხუთმეტიოდე დღე იყო გასული ბატონი დე სალინის ჩამოსვლიდან, ქალბატონი დე პიენი, ჩვეულებისამებრ, წავიდა თავისი მფარველობის ქვეშ მყოფი არსენ გიიოს სანახავად, რომელიც თქვენი არ იყოს, ქალბატონო, არც მას დავიწყებია ამ ხნის განმავლობაში. ჯანმრთელობის ამბავი გამოჰკითხა. ავადმყოფი უფრო დასუსტებული ეჩვენა, ვიდრე წინა დღეებში და ლაპარაკით რომ არ დაეღალა, წაგიკითხავ რამესო - შესთავაზა. საცოდავ გოგოს უეჭველად საუბარი ერჩივნა იმის მოსმენას, რის წაკითხვასაც აპირებდნენ, რადგან თავადაც ხვდებით ალბათ, რომ საქმე ეხებოდა სერიოზულ წიგნს, არსენს კი მხოლოდ მზარეული ქალებისათვის განკუთვნილი წიგნი ჰქონდა წაკითხული. წიგნი, რომელიც ქალბატონმა დე პიენიმ აიღო ხელში, სასულიერო ხასიათისა იყო; არ დავასახელებ - რა წიგნი იყო, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ავტორის სახელს ვუფრთხილდები, მეორეც, შეიძლება ბრალი დამდოთ იმაში, რომ მსურს მზაკვრული დასკვნები გამოვიტანო საერთოდ ასეთ თხზულებებზე. დავკმაყოფილდეთ იმით, რომ ეს იყო ერთი 19 წლის ახალგაზრდა კაცის მიერ დაწერილი წიგნი, განკუთვნილი მოურჯულებელი ცოდვილების გარდასაქმნელად. არსენს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს და ძალიან დაღლილი იყო. მესამე გვერდის წაკითხვისას მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, რომელიც გნებავთ წიგნის წაკითხვისას, სერიოზული იქნებოდა იგი თუ არასერიოზული; მადმუაზელ გიიომ თვალები დახუჭა და დაიძინა. ქალბატონმა დე პიენიმ ეს რომ შეამჩნია, ძალიან გაუხარდა, იფიქრა: დავამშვიდეო. ჯერ ხმას დაუწია, რომ არ გაეღვიძებინა ავადმყოფი, შემდეგ შეჩერდა, დადო წიგნი და წამოდგა თითის წვერებზე, რათა წყნარად გასულიყო; საერთოდ მომვლელ ქალს ჩვეულებად ჰქონდა ჩასულიყო მეკარე ქალთან მაშინ, როდესაც ქალბატონი დე პიენი მოდიოდა, რადგან მისი ვიზიტები ცოტათი წააგავდა მოძღვრის ვიზიტებს. ქალბატონ დე პიენს სურდა მომვლელ ქალს დალოდებოდა. რადგან, როგორც მაღალი წრის ქალი, ყველაზე დიდი მტერი იყო უსაქმურობისა, გადაწყვიტა რაიმე გაეკეთებინა, სანამ მძინარეს გვერდით იმყოფებოდა. პატარა ოთახში საძინებლის უკან, მაგიდაზე, მელანი და ქაღალდი იდო, დაჯდა და წერილის წერა დაიწყო. მაგიდის უჯრაში ლუქს ეძებდა, როდესაც, უეცრად ვიღაც შემოვიდა ოთახში და ავადმყოფი გააღვიძა.       - ღმერთო ჩემო! ამას ვის ვხედავ! - წამოიძახა არსენ გიიომ ისეთი ათრთოლებული ხმით, რომ ქალბატონი დე პიენი შეკრთა.       - აი ახალი ამბავი! რასა ჰგავს ეს? გადახტე ფანჯრიდან როგორც გიჟი. თუ უნახავს ვინმეს ასეთი ტუტუცი, როგორიც ეს გოგოა?       არ მახსოვს ზუსტად გადმოვცემ თუ არა მის სიტყვებს, ყოველ შემთხვეაში, ასეთი იყო აზრი იმისა, რასაც ლაპარაკობდა ახლად შემოსული, რომლის ხმაზეც ქალბატონმა დე პიენიმ უმალვე შეიცნო მაკს დე სალინი... ყოველივე ამას თან მოჰყვა წამოძახილი, არსენის ყრუ წამოყვირება და, ბოლოს, საკმაოდ ხმაურიანი კოცნა. მაკსი განაგრძობდა; - საწყალო არსენ, რა მდგომარეობაში გხედავ? იცი, რომ ვერასოდეს ვერ მოგძებნიდი, ჟიულის რომ არ ეთქვა შენი უკანასკნელი მისამართი? უნახავს ვისმე ოდესმე ამის მსგავსი სიგიჟე!       - ახ, სალინი! სალინი! რა ბედნიერი ვარ! მაგრამ როგორ ვნანობ, რაც გავაკეთე! აწი აღარ მოგეწონები. აღარ გენდომები.       - რა სულელი ხარ, - ეუბნებოდა მაკსი, - რატომ არ მომწერე თუ ფული გჭირდებოდა? რატომ არ სთხოვე მაიორს? კი მაგრამ, შენი რუსი? წავიდა შენი კაზაკი?       მაკსის ხმამ ქალბატონი დე პიენი პირველად ისევე გააკვირვა, როგორც არსენი. განცვიფრებამ ხელი შეუშალა მაშინვე გამოსულიყო მათთან. მერე იფიქრა, ჩვენებოდა თუ არა მათ; ხოლო, როცა ერთსა და იმავე დროს ფიქრობ და ისმენ ძნელია სწრაფი გადაწყვეტილება მიიღო. ამგვარად მოისმინა ჩვენს მიერ მოყვანილი დამრიგებლური დიალოგი, მაგრამ მაშინვე მიხვდა, ოთახში ფარულად დარჩენის შემთხვევაში, შეეძლო უფრო მეტი რამ გაეგონა. ამიტომ სწრაფად გადაწყვიტა და უხმაუროდ შემოვიდა ოთახში. მედიდური იერი ჰქონდა, რომელსაც სათნო ადამიანები იშვიათად ჰკარგავენ და, თუ დასჭირდებათ, საგანგებოდ იღებენ ხოლმე.       - მაკს, - თქვა, - ნუ აწვალებთ ამ საცოდავ გოგოს, გადით! ერთ საათში ჩემთან მოდით და ვილაპარაკოთ.       მაკსს მკვდრის ფერი დაედო, გაფითრდა, ქალბატონი დე პიენი რომ დაინახა იქ, სადაც არავითარ შემთხვევაში არ ელოდებოდა მასთან შეხვედრას, დაემორჩილა და კარისაკენ გადადგა ნაბიჯი.       - მიდიხარ? ნუ წახვალ! - წამოიძახა არსენმა და სასოწარკვეთილმა ძალით წამოიწია საწოლიდან.       - ჩემო გოგონა, - უთხრა ქალბატონმა დე პიენიმ და თან ხელში აიღო მისი ხელი, - იყავით გონიერი, მომისმინეთ... აბა მოიგონეთ, რას დამპირდით!       მაკსს მიუბრუნდა და მშვიდი, მაგრამ ბრძანებლური მზერა ესროლა. მაკსი იმწამსვე გავიდა ოთახიდან. არსენი უგონოდ დაეცა საწოლზე, რა დაინახა მაკსი მიდისო.       ქალბატონი დე პიენი და მომვლელი ქალი, რომელიც ჩქარა დაბრუნდა, მიეშველნენ მას ისეთი ხელოვნებით, როგორსაც ასეთი უბედური შემთხვევების დროს იჩენენ ხოლმე ქალები;.. არსენი თანდათან მოვიდა გონს. ჯერ მთელს ოთახს მიმოავლო თვალი, თითქოს იქ ეძებდა მას, ვინც ეს-ესაა ნახა, შემდეგ დიდი შავი თვალები ქალბატონი დე პიენისაკენ მიაბრუნა და დაჟინებით დააცქერდა.       - თქვენი ქმარია? - უთხრა.       - არა, - უპასუხა ქალბატონმა დე პიენმა ნაზად, თუმცა კი სახეზე სიწითლემ გადაურბინა, - ბატონი დე სალინი ჩემი ნათესავია.       ჩათვალა, რომ შეიძლებოდა ასეთი უმნიშვნელო ტყუილის თქმა, რაიმეთი ხომ უნდა აეხსნა თავისი გავლენა მაკსზე.       - მაშ, უყვარხართ! - წამოიძახა არსენმა, თან ალივით ანთებულ თვალებს არ აცილებდა.       - მე?! - ელვამ გაანათა ქალბატონი დე პიენის შუბლი. წუთით ლოყები ალისფრად შეეღება და ხმა ჩაუწყდა, მაგრამ ჩქარა დაიბრუნა სიმშვიდე.       - სცდებით, ჩემო საცოდავო ბავშვო, - თქვა სერიოზული ხმით. - ბატონი დე სალინი მიხვდა, რომ შეცდა, როცა მოგაგონათ ის, რაც საბედნიეროდ, უკვე ამოშლილია თქვენი მეხსიერებიდან. თქვენ დაგავიწყდათ...       - დამავიწყდა! - წამოიყვირა არსენმა გაწამებული ღიმილით, რომელიც დასანახავადაც აუტანელი იყო.       - დიახ, არსენ, ხომ უარყავით თქვენი გიჟური აზრები, რომლებიც უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. დაფიქრდით, ჩემო საცოდავო ბავშვო, ეს დანაშაულებრივი კავშირია თქვენი უბედურების მომტანი. დაფიქრდით...       - არ უყვარხართ? არ უყვარხართ და ერთი შეხედვით კი გაგიგოთ. მე დავინახე თქვენი და მისი თვალები. მე არ ვცდები. რაა მერე? ასეც უნდა იყოს, თქვენ ლამაზი ხართ, ახალგაზრდა, ბრწყინვალე... მე, - დასახიჩრებული, მომაკვდავი...       სათქმელი ვერ დაამთავრა, ქვითინი ახრჩობდა, ისეთი ძლიერი, ისეთი მწუხარე, რომ მომვლელმა ქალმა წამოიყვირა, ახლავე ექიმთან გავიქცევი, რადგან, - ყვიროდა იგი, - ბატონ ექიმს ისე არაფრის ეშინია, როგორც კრუნჩხვებისა და თუ ეს გაგრძელდა, საცოდავი გოგო გათავდებაო.       ნელ-ნელა, საშინელი ტანჯვისაგან გამოწვეული აღგზნებადობა დუნე სასოწარკვეთით შეიცვალა და ქალბატონმა დე პიენმა იფიქრა: დამშვიდდაო. შეგონება განაგრძო, მაგრამ საწოლზე უძრავად მწოლიარე არსენი ყურს არ უგდებდა მჭერმეტყველურ დარიგებებს, უპირატესობა მიენიჭებინა ღვთაებრივი სიყვარულისათვის მიწიერ სიყვარულთან შედარებით. მფარველ ზეცასა და მომავალზე ელაპარაკებოდა, ის კი კრიჭაშეკრული და თვალებდამშრალი აწმყოზე ფიქრობდა. მაკსის მოსვლამ ერთი წუთით გაუღვიძა გიჟური ილუზიები, მაგრამ ქალბატონი დე პიენის შემოხედვამ ჩქარა გაფანტა ისინი. წუთიერი ბედნიერი ოცნების მერე არსენმა მხოლოდ საწყენი სინამდვილე იხილა, რომელიც ასჯერ უფრო საშინელი გამხდარიყო ერთი წუთით დავიწყების შემდეგ.       თქვენი ექიმი, ქალბატონო, უთუოდ გეტყვით, რომ ღელვაში მოყოლებული, შიშითა და შიმშილით გაოგნებული, სიზმარში ნაირნაირი კერძებით გაწყობილ სუფრას ნახულობენ, კიდევ უფრო დამშეული იღვიძებენ და ისურვებდნენ, რომ არ დასძინებოდათ. არსენიც ასევე იტანჯებოდა. მხოლოდ მასთან ერთად უნდოდა სპექტაკლს დასწრებოდა, მასთან ერთობოდა სოფლის განაპირას, მხოლოდ მასზე ელაპარაკებოდა ხოლმე მეგობრებს. მაკსი რომ წავიდა, ბევრი იტირა, მაგრამ მაინც უთანაგრძნო ერთი რუსის თაყვანისცემას, რომელიც მაკსს სურდა რომ ყოფილიყო მისი შემცვლელი, რადგან წესიერ კაცად მიაჩნდა, ე.ი. გულუხვად. არსენისათვის, სანამ თავისი ჯურის ქალებივით დაბნეული ატარებდა ცხოვრებას, მაკსის სიყვარული მხოლოდ სასიამოვნო მოგონება იყო, რომელიც მას ხანდახან ამოაოხრებდა ხოლმე. მასზე ის ფიქრობდა, როგორც ბავშვობის დროინდელ გართობაზე ფიქრობენ, რისი ხელახლა განმეორებაც არავის უნდა. მაგრამ როცა არსენი უსიყვარულოდ დარჩა, თავი მიტოვებულად იგრძნო და გაჭირვება და სირცხვილი მთელი სიმძიმით დააწვა მხრებზე, მისი სიყვარული მხოლოდ მაკსისადმი რამდენადმე განიწმინდა იმიტომ, რომ ეს იყო ერთადერთი მოგონება, რომელიც არ იწვევდა მასში არც სინანულსა და არც სინდისის ქენჯნას; ამაღლებდა საკუთარ თვალში და რამდენადაც თვითონ თავს დამცირებულად გრძნობდა, იმდენად უფრო ადიდებდა მაკსს. „მე მისი საყვარელი ვიყავი. მე ვუყვარდი მას“ - ამბობდა ხოლმე თავისთვის გამოუცნობი სიამაყით, როცა ზიზღი შეიპყრობდა თავის კურტიზანულ ცხოვრებაზე ფიქრის დროს. მინტიურნის ჭაობებში მარიუსი გულს იმით იმაგრებდა, რომ ამბობდა: „მე დავამარცხე კიმვერები!“ ქალს კი, რომელიც საყვარლების კისერზე ჯდომას იყო დაჩვეული, აბა რა უნდა ექნა? საყვარლები აღარა ჰყავდა, სირცხვილსა და უიმედობის დასაძლევად ერთი მოგონებაღა რჩებოდა: მაკსს მე ვუყვარვარ.. კიდევ ვუყვარვარ! ერთი წუთით მიეცა საშუალება ასე ეფიქრა, მაგრამ ახლა მას მოგონებებიც წაართვეს - ერთადერთი რამ, რაც ამ ქვეყნად დარჩენოდა.       ამ დროს კი, როცა არსენი თავის ამ სევდიან ფიქრებს ეძლეოდა, ქალბატონი დე პიენი გატაცებით უმტკიცებდა, რომ აუცილებელი იყო ერთხელ და სამუდამოდ უარეყო ყოველივე, რასაც ის დანაშაულებრივ ცდუნებებს უწოდებდა. დამაჯერებელი მტკიცება ადამიანს უგრძნობელს ხდის, და ქალბატონი დე პიენიც შეუბრალებელი სიმტკიცით განაგრძობდა თავის საქმეს, როგორც ქირურგი ადებს ხოლმე გახურებულ რკინას იარაზე ისე, რომ არ აქცევს ყურადღებას ავადმყოფის კვნესას. ეუბნებოდა, ბედნიერი დრო, სადაც თავშესაფარს ეძებდით, რათა საკუთარ თავს გაქცეოდით, ცოდვასა და სირცხვილის დრო იყო და ახლა სამართლიანად ინანიებთო. ეს ილუზიები უნდა შეიზიზღოთ, გულიდან ამოიგდოთო. ადამიანი, რომელიც თავის შემწედ და მფარველ ანგელოზად მიაჩნდა, ამიერიდან მაცდურად უნდა ეღიარებინა და ცდილიყო სამუდამოდ ჩამოშორებოდა.       სიტყვა „მაცდურმა“, რომელიც ქალბატონ დე პიენს არ შეიძლებოდა სასაცილოდ მოსჩვენებოდა, არსენს კინაღამ ღიმილი მოჰგვარა, თუმცა ტიროდა, მაგრამ მის ღირსეულ მფარველს არც ეს შეუმჩნევია. აუღელვებლად განაგრძობდა ჭკუის სწავლებას და ბოლოს იმგვარი განაჩენი გამოუტანა, რომ საცოდავ გოგოს გული ამოუჯდა ტირილით: თქვენ მას აწი აღარ ნახავთო.       ექიმის მოსვლამ და ავადმყოფის სრულმა ღონემიხდილობამ მიახვედრა ქალბატონი დე პიენი, რომ უკვე საკმაოდ გაისარჯა, წასვლის ხანს ხელი ჩამოართვა არსენს და უთხრა: - გამაგრდი, ჩემო გოგონავ, და ღმერთი არ მიგატოვებს.       ერთი მოვალეობა ხომ მოიხადა, ახლა მეორე - უფრო ძნელი დარჩა ასასრულებელი. ახლა მეორე დამნაშავე უცდიდა, ვისი სულიც უნდა მოემზადებინა მონანიებისათვის; მიუხედავად თავისი რწმენისა, მიუხედავად თავისი გავლენისა მაკსზე, რომელშიც იგი დარწმუნებული იყო, დაბოლოს მიუხედავად იმისა, რომ სულის სიღრმეში მაინც კარგი შეხედულებისა იყო ამ გზადაბნეულ კაცზე, მაინც საშინელ მღელვარებას განიცდიდა მასთან პირისპირ შეხვედრის მოლოდინში. ამ საშინელი ბრძოლის წინ ძალის მოკრება გადაწყვიტა, ამისათვის ეკლესიაში შევიდა და ღმერთს შთაგონება სთხოვა, რომ ბოლომდე მიეყვანა დაწყებული საქმე.       შინ რომ დაბრუნდა, უთხრეს, ბატონი დე სალინი კარგა ხანია აქ არის და სასტუმრო ოთახში გელოდებათო. მაკსი ფერმკრთალი და აღელვებული იყო და მოუსვენრობა ეტყობოდა. დასხდნენ, მაკსი ვერ ბედავდა სიტყვის თქმას, ქალბატონი დე პიენიც. აღელვებული, თვითონაც არ იცოდა რატომ, დიდხანს იყო ჩუმად და თვალს ვერ უსწორებდა. ბოლოს თქვა: - მაკს, მე თქვენ საყვედურებს არ დაგიწყებთ.       მაკსმა საკმაოდ ამაყად ასწია თავი. ერთმანეთს შეხედეს და მაკსმა მაშინვე დახარა თვალები.       - თქვენი კეთილი გული, - განაგრძო ქალბატონმა დე პიენმა, - უფრო მეტს გეუბნებათ ვიდრე მე გატყობდით. განგებამ მოისურვა თქვენთვის ეს გაკვეთილად მოეცა, იმედი მაქვს, დარწმუნებული ვარ, ეს ფუჭად არ ჩაივლის.       - ქალბატონო, - შეაწყვეტინა მაკსმა, - წესიერად არც ვიცი, რა მოხდა. მითხრეს, რომ ეს უბედური ფანჯრიდან გადმომხტარა, მაგრამ არც ისეთი დიდი წარმოდგენისა... მინდოდა მეთქვა, არც ისე განვიცდი ამას, რომ, ვიფიქრო, თითქოს ეს გიჟური საქციელი გამოწვეული იყოს ჩემი ადრინდელი ურთიერთობით.       - უკეთესია თქვათ, მაკს, რომ როცა ცუდ საქმეს სჩადიოდით, არ გაითვალისწინეთ რა შედეგი მოჰყვებოდა ამას, ამ გოგოს გარყვნილებისკენ რომ უბიძგებდით, არ ფიქრობდით, ერთ მშვენიერ დღეს თავის თავს რამეს აუტეხავდა?       - ქალბატონო, - წამოიძახა მაკსმა გაცხარებით. - ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ არსენ გიიო მე არ შემიცდენია. მე რომ გავიცანი, უკვე შეცდენილი იყო. საყვარლად მყავდა, ამას არ უარყოფ. შემიძლია კიდეც ვაღიარო, რომ მიყვარდა... ისე როგორც შეიძლება ასეთი ქალის სიყვარული... ვფიქრობ, სხვაზე ცოტა მეტად მე ვუყვარდი... მაგრამ დიდი ხანია ჩვენს შორის ყოველგვარი ურთიერთობა გაწყდა და მაინცდამაინც დიდი სინანულიც არ გამოუთქვამს ამ ამბის გამო. უკანაკნელად როცა მომწერა, ფული გავუგზავნე, მაგრამ თადარიგი არ იცის... კიდევ რომ ეთხოვა, შერცხვა, რადგან თავისებური სიამაყე გააჩნია... გაჭირვებამ მიიყვანა ამ საშინელ გადაწყვეტილებამდე... ვწუხვარ... მაგრამ გიმეორებთ, ქალბატონო, ამ ამბავში არავითარი ბრალი არ მიმიძღვის.       ქალბატონმა დე პიენმა ხელი მუჭირა რაღაც ნაკეთობას, რომელიც მაგიდაზე იდო და განაგრძო.       - რა თქმა უნდა, „ხალხის“ აზრით, თქვენ არა ხართ დამნაშავე. თქვენ არ აგიღიათ არავითარი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, მაგრამ არსებობს სხვა მორალი, მაკს, და მოხარული ვიქნებოდი დამენახა, რომ სწორედ ამ მორალით ხელმძღვანელობთ. ახლა შეიძლება თქვენ ხართ იმ განწყობაზე, რომ მომისმინოთ. დავანებოთ ამას თავი, დღეს ერთი რამ მინდა გთხოვოთ და პირობა უნდა მომცეთ, რომ შემისრულებთ. უბედური გოგო მზად არის მოინანიოს ყოველივე. მან მოწიწებით მოუსმინა ერთი პატივცემული მღვდლის რჩევას, რომელმაც კეთილი ინება და ინახულა იგი. მისგან ყველაფერს უნდა მოველოდეთ. თქვენ, თქვენ ის მეტად აღარ უნდა ნახოთ, იმიტომ, რომ მისი გული მერყეობს კეთილსა და ბოროტს შორის და თქვენ კი, საფიქრებელია, არც სურვილი გაქვთ და შეიძლება არც შესაძლებლობა, იყოთ მისთვის გამოსადეგი. ნახვით კი შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოთ... ამიტომ გთხოვთ მომცეთ პირობა, რომ მასთან აღარ მიხვალთ.       ჩანდა, რომ მაკსი გაკვირვებული იყო.       - უარს ნუ მეტყვით, მაკს. თქვენი დეიდა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ისიც ამასვე გთხოვდათ. წარმოიდგინეთ, რომ ის გელაპარაკებათ.       - ღმერთო კეთილო! ქალბატონო, რასა მთხოვთ? განა რა უნდა დავუშავო ამ საცოდავ გოგონას? პირიქით, ნუთუ ვალდებული არა ვარ მე, ვინც... შევხვდი მას თავდავიწყებისას, არ მივატოვე მარტოდმარტო ახლა როცა ის ავადაა, და ძალიან მძიმედაც. თუ მართალია რაც მითხრეს..       - რა თქმა უნდა, ასეთია საერთო მორალი, მაგრამ ეს არ არის ჩემი მორალი. რაც უფრო მძიმეა ეს ავადმყოფობა, მით უფრო აუცილებელია, რომ თქვენ იგი აღარ ნახოთ.       - რარიგ მოკრძალებითაც არ უნდა მოექცე, არ შეიძლება მისი აღშფოთება. იცით, მე რომ ძაღლი მყოლოდა ავად და მცოდნოდა ჩემი ნახვა სიამოვნებდა, თავს დამნაშავედ ჩავთვლიდი მარტო მიმეტოვებინა და ისე მომკვდარიყო. შეუძლებელია თქვენ სხვანაირად ფიქრობდეთ, თქვენ ხომ ასეთი კეთილი და ლმობიერი ხართ. აბა, დაფიქრდით, ქალბატონო, ჩემი მხრივ ეს ნამდვილი სისასტიკე იქნებოდა.       - ამ წუთში გთხოვთ თქვენი კეთილი დეიდის სახელით... ჩემდამი მეგობრობის სახელით მოგეცათ პირობა, ახლა ამას გთხოვთ თვით ამ უბედური გოგოს სახელით, თუ იგი მართლა გიყვართ....       - ახ, გევედრებით, ნუ დაუკავშირებთ საგნებს, რომელთა ერთმანეთთან შედარებაც შეუძლებელია. დამიჯერეთ, ქალბატონო, ძალიან მიჭირს თქვენთვის წინააღმდეგობის გაწევა, რაშიაც არ უნდა იყოს ეს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს თავმოყვარეობის საკითხია... ეს სიტყვა არ მოგწონთ? დაივიწყეთ. მხოლოდ, ქალბატონო, ჩემის მხრივ ნება მომეცით შეგევედროთ ამ უბედურისათვის... და აგრეთვე ცოტა ჩემთვისაც. თუ დავაშავე. თუ ხელი შევუწყვე მის უწესო ცხოვრებას... ახლა მოვალე ვარ მზრუნველობა გავუწიო მას. საზიზღრობა იქნებოდა მისი მიტოვება. ამას ჩემს თავს არასოდეს ვაპატიებდი. არა, არ შემიძლია მივატოვო: თქვენ არ შეგიძლიათ ეს მომთხოვოთ.       - მზრუნველობა მას არ მოაკლდება, მაგრამ მიპასუხეთ, მაკს, გიყვართ ის გოგო?       - მიყვარს?.. არა. არ მიყვარს. ეს არ არის ის სიტყვა, რომელიც მას შეეფერებოდა... მე ის მიყვარდეს!. როგორ გეკადრებათ, არა. მასთან ყოფნით მინდოდა გამექარვებინა უფრო სერიოზული გრძნობები, რომელთაც ვებრძოდი... ეს სასაცილოდ, გაუგებრად გეჩვენებათ? თქვენი უმწიკვლო სული ვერც წარმოიდგენს, რომ შეიძლება ასეთ საშუალებას მიმართო... მერე რა! ეს არ არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი საქციელი. ჩვენ, კაცებს, იმის საშუალება რომ არ გვქონდეს ზოგჯერ სხვამხრივ წარვმართოთ ჩვენი ვნებანი... შეიძლება ახლა მე თვითონ გადავვარდნილიყავი ფანჯრიდან... მაგრამ თვითონაც არ ვიცი რას ვლაპარაკობ და აბა თქვენ ამას , როგორ გამიგებთ... თვითონაც ძლივს მესმის.       - მე გკითხეთ გიყვართ თუ არა-მეთქი, - ქალბატონმა დე პიენმა თვალები დახარა და ცოტა ყოყმანის შემდეგ განაგრძო, - იმიტომ , რომ თუ თქვენ... თუ თქვენ მისი სიკეთე გინდათ, გეყოფათ გამბედაობა ცოტა მწუხარება მიაყენოთ, რათა შემდეგ დიდი სიკეთე გაუწიოთ. რა თქმა უნდა, თქვენთან განშორება მისთვის ძნელი გადასატანი იქნება, მაგრამ უფრო ცუდი იქნებოდა აგეცდინათ იმ გზიდან, რომელზედაც სასწაულით დაადგა. მისი გადარჩენისათვის, მაკს აუცილებელია დაივიწყოს ის დრო, რომელსაც თქვენი აქ ყოფნით უფრო ნათლად მოაგონებდა.       მაკსმა წყნარად გააქნია თავი, ის იყო მორწმუნე და სიტყვა „გადარჩენა“, რომელსაც ქალბატონი დე პიენზე დიდი გავლენა ჰქონდა, ასევე ძლიერად ვერ იმოქმედებდა მის სულზე, მაგრამ ამაზე აღარ შეკამათებია. ის ყოველთვის ცდილობდა მისთვის არ გაემჟღავნებინა თავისი ეჭვები და ამჯერადაც გაჩუმდა, თუმცა იოლად შეამჩნევდით, რომ დარწმუნებული არ იყო.       - ახლა ასე გეტყვით: არითმეტიკულ ამოცანასთან გვაქვს საქმე. თქვენი ნახვით ვერაფერს მოიგებს, ბევრს კი დაკარგავს.. ახლა აირჩიეთ.       - ქალბატონო, - თქვა მაკსმა აღელვებით, - ვიმედოვნებ აღარ გეეჭვებათ, რომ არსენის მიმართ არა მაქვს არავითარი გრძნობა, გარდა... ადვილად გასაგები ინტერესისა. რა საფრთხეზე შეიძლება ლაპარაკი? არავითარზე. ეჭვი გეპარებათ ჩემში? თუ ფიქრობთ, რომ წინ აღვუდგები ამ კეთილ რჩევას, რომელსაც თქვენ მას აძლევთ? ახ, ღმერთო ჩემო! მე ხომ ასე მეჯავრება მოსაწყენი სანახაობები, თითქმის შიშითაც გავურბი მათ და ნუთუ გჯერათ, რომ მომაკვდავთან ხელახლა შეხვედრას დანაშაულებრივი განზრახვით ვაპირებ? გიმეორებთ, ქალბატონო, ეს ჩემი მოვალეობაა, გამოსყიდვაა, სასჯელია, თუ გნებავთ, რომელსაც მე ვეძებ მის სიახლოვეს.       ამ სიტყვებზე ქალბატონმა დე პიენმა მაღლა ასწია თავი და დაკვირვებით შეხედა, რამაც მის სახეს სიდიადე შემატა.       - გამოსყიდვას, თქვან ამბობთ, სასჯელს?.. კეთილი. დიახ! თქვენდა უნებურად, შეიძლება ემორჩილებით „მაღლიდან შთაგონებას“, და მართალი იყავით, როცა წინააღმდეგობას მიწევდით... თანახმა ვარ, ნახოთ ის გოგო, და დაე ის გახდეს თქვენი ხსნის იარაღი, ისევე როგორც თქვენ კინაღამ გახდით მისი დაღუპვის იარაღი.       მაკსმა ალბათ თქვენსავით კარგად ვერ გაიგო, ქალბატონო, რას ნიშნავდა „მაღლიდან შთაგონება“. მას აკვირვებდა ასე ჩქარა რომ შეცვალა გადაწყვეტილება ქალბატონმა დე პიენმა და არ იცოდა რისთვის მიეწერა ეს. არ იცოდა მადლობა გადაეხადა თუ არა ამ დათმობის გამო. ამ წუთში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გაეგო - თავისი კერპობით დაღალა თუ დაარწმუნა ეს პიროვნება, რომელთანაც უკმაყოფილებას მაკსი ყველაზე მეტად ერიდებოდა.       - მხოლოდ, მაკს, - განაგრძო ქალბატონმა დე პიენმა, - უნდა გთხოვოთ, უფრო სწორად, მოვითხოვო..       წამით შეჩერდა და მაკსმა თავის დაკვრით ანიშნა რომ ყველაფერზე თანახმა იყო.       - მოვითხოვ, - განაგრძო, - რომ ის მხოლოდ ჩემთან ერთად ნახოთ.       მაკსს გაკვირვება გამოეხატა სახეზე, მაგრამ უმალვე განაცხადა, რომ ემორჩილებოდა.       - მთლად არ გენდობით თქვენ, - განაგრძო ქალბატონმა დე პიენმა, - ვშიშობ, წყალში არ ჩამიყაროთ შრომა; მსურს წარმატებას მივაღწიო. ჩემი ზედამხედველობის ქვეშ კი პირიქით, დიდი დახმარების გაწევა შეგიძლიათ და ვიმედოვნებ, მორჩილებისათვის სამაგიეროც მოგეზღებათ.       ქალბატონმა დე პიენმა ამ სიტყვებთან ერთად ხელი გაუწოდა მაკსს. გადაწყდა, რომ მაკსი მეორე დღეს წავიდოდა არსენ გიიოს სანახავად და რომ ქალბატონი დე პიენი მასზე ადრე მივიდოდა იქ, რათა მოემზადებინა არსენი ამ შეხვედრისათვის.       თქვენთვის გასაგებია მისი გეგმა. თავიდან ფიქრობდა, რომ მაკსი მოინანიებდა და არსენივით იოლად დაიყოლიებდა, მაგრამ მაკსმა, წინააღმდეგა მისი მოლოდინისა, მოიხსნა ყოველგვარი პასუხისმგებლობა. ქალბატონი დე პიენი იძულებული გახდა სხვაგვარად მოქცეულიყო. ეს ასევე სახიფათო იყო, როგორც ჯარის წყობის შეცვლაა მოულოდნელ იერიშებს შორის. ქალბატონ დე პიენს არ შეეძლო მოხერხებულად ემოქმედა. იმის ნაცვლად, რომ დაერიგებინა, კამათი დაუწყო ზრდილობის შესახებ. უცებ ერთი აზრი მოუვიდა - თანამზრახველის მონანიება მას გულში მოხვდებოდა, - გაიფიქრა, - ქრისტიანული დასასრული ქალისა, რომელიც მაკსს უყვარდა (საუბედუროდ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ეს დასასრული მოახლოვებული იყო). უთუოდ გადამწყვეტ დარტყმას მიაყენებსო. სწორედ ამ იმედით მიიღო გადაწყვეტილება - ნება მიეცა მაკსისათვის არსენი ენახა. ამგვარად დროს მოიგებდა და განზრახულ საუბარს მაკსთან იქით გადასწევდა. მართალია, მისდაუნებურად შიშს გვრიდა ის აზრი, რომ მასთან ასეთ სერიოზულ თემაზე უნდა ეკამათა.       ქალბატონი დე პიენი ფიქრობდა, რომ კეთილ საქმეს აკეთებდა, მაგრამ დარწმუნებული არ იყო სრულ წარმატებაში, ხოლო წარუმატებლობა ამ საქმეში - მაკსის გადარჩენის ყოველგვარი იმედის გადაწყვეტას უდრიდა, ეს ნიშნავდა, საბოლოოდ შეეცვალა შეხედულება მის მიმართ. ეზრუნა, რათა ქრისტიანული სასოებით გაემართლებინა ეს გრძნობა. ყველა იარაღი კარგია მაცდურის ხელში და ასეთი პრაქტიკა მისთვის ჩვეულებრივია. აი, რატომ ლაპარაკობენ პორტუგალიელები მოხდენილად: „De boas intencoes esta o interno cheico“ (ჯოჯოხეთი კეთილი განზრახვებითაა მოკირწყლული). ფრანგულად ამბობენ, რომ ჯოჯოხეთი მოკირწყლულია ქალების ენით. ეს იგივეა, რადგან ქალებს, ჩემი აზრით ყოველთვის სიკეთე სურთ.       განაგრძეო, მეუბნებით; მაშ ასე... მეორე დღეს ქალბატონი დე პიენი წავიდა თავის პროტეჟესთან, რომელიც ძალიან დასუსტებული და დანაღვლიანებული დაუხვდა, მაგრამ მაინც უფრო წყნარი და უფრო ბედის მორჩილი, ვიდრე ფიქრობდა. კვლავ ჩამოუგდო სიტყვა ბ- ნ დე სალინიზე, მაგრამ ამჯერად უფრო დალაგებულად ლაპარაკობდა, ვიდრე წინა დღით. არსენს უარი უნდა ეთქვა მაკსზე და თუ კიდევ იფიქრებდა მასზე, მხოლოდ იმიტომ, რომ გამოეტირებინა მათი საერთო სიბრმავე. გარდა ამისა, არსენმა მაკსს უნდა აჩვენოს რომ ინანიებს, მისცეს მაგალითი, დაიწყოს ახალი ცხოვრება და უზრუნველყოს მისი სულიერი სიმშვიდე. ამ სრულიად ქრისტიანული შეგონებისათვის ქალბატონმა დე პიენმა საჭიროდ ჩათვალა რამდენიმე არგუმენტიც დაემატებინა. ასე მაგალითად, არსენს, თუ ნამდვილად უყვარს ბატონი დე სალინი, უწინარეს ყოვლისა, მისი სიკეთე უნდა სურდეს, და რომ თავისი ქცევის შეცვლით ის დაიმსახურებს იმ კაცის პატივისცემას, რომელსაც აქამდე არ შეეძლო ასეთი გრძნობა ჰქონოდა მისდამი. ყოველივე, რაც ამ სიტყვებში მკაცრი და მოსაწყენი იყო, უმალვე წაიშალა, როგორც კი ქალბატონმა დე პიენმა თავისი შეგონება დაამთავრა და უთხრა მაკსს კიდევ ნახავ, სადაცაა მოვაო. ქალბატონმა დე პიენმა, დიდი ხნის ტანჯვისაგან ფერდაკარგულ სახეზე უეცრად მოწოლილი სიწითლისა და თვალების უჩვეულო ელვარების შემყურემ, კიდეც ინანა, რომ დათანხმდა მათ შეხვედრაზე, მაგრამ ახლა გვიანი იყო გადაწყვეტილების შეცვლა. მაკსის მოსვლამდე დარჩენილი რამდენიმე წუთი ღვთისმოსაურ და ენერგიულ შეგონებებს მოახმარა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ყურს არ უგდებდნენ; არსენი მხოლოდ თმების წესრიგში მოყვანით და ქუდზე დაჭმუჭნული ბაბთის გასწორებით იყო დაკავებული.       ბოლოს ბატონი დე სალინიც გამოჩნდა. სახის ყველა ნაკვთს ძაბავდა, რათა მხიარული და თავისუფალი იერი ჰქონოდა. არსენი მოიკითხა. შეეცადა ბუნებრივი კილო შეენარჩუნებინა, მაგრამ ისეთი ხმა აღმოხდა, ძალზე გაციებულ ადამიანს რომ ექნება. თავის მხრივ ვერც არსენი გრძნობდა თავს თავისუფლად; რაღაც წაიბუტბუტა, სიტყვები ვერ იპოვა და, თითქოს მადლობას უხდისო, ქალბატონი დე პიენის ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა. ყველგან, რაღაცით შებოჭილ ადამიანებს შორის, იგივე ითქმებოდა, რაც აქ ამ თხუთმეტიოდე წუთის განმავლობაში ითქვა. მხოლოდ ქალბატონი დე პიენი ინარჩუნებდა ჩვეულებრივ სიმშვიდეს, ან, უფრო სწორად, უკეთ იყო მომზადებული და უფრო კარგად ეჭირა თავი; ხშირად არსენის ნაცვლად პასუხობდა. ამ უკანასკნელის აზრით, მისი შუამავალი საკმაოდ ცუდად გამოთქვამდა მის ფიქრებს. საუბარი კარგა ხანს გაგრძელდა. ქალბატონმა დე პიენმა შენიშნა, რომ ავადმყოფი ხშირ-ხშირად ახველებდა, მოაგონდა, რომ ექიმი ლაპარაკს უკრძალავდა და მაკსს უთხრა: შეკითხვებს ის სჯობს რაიმე წაუკითხოთ ხმამაღლაო. მაკსმა მაშინ აიღო წიგნი, ფანჯარასთან მივიდა, რადგან ოთახში ცოტათი ბნელოდა, და დაიწყო კითხვა ცოტა გაუგებრად. არსენსაც არაფერი ესმოდა, მაგრამ არ იმჩნევდა და თავი ისე ეჭირა, თითქოს ცხოველი ინტერესით უსმენდა. ქალბატონ დე პიენს შინიდან ხელსაქმე წამოეღო და იმით ერთობოდა. მომვლელი ქალი თავს იჩქმეტდა, რომ არ დასძინებოდა. ქალბატონ დე პიენს წამდაუწუმ გადაჰქონდა მზერა საწოლიდან ფანჯრისაკენ, თვით ასთვალა არგუსიც კი ვერ იქნებოდა ასეთი კარგი მცველი, რამდენიმე წუთის შემდეგ იგი არსენისაკენ დაიხარა და ჩასჩურჩულა: - რა კარგად კითხულობს!       არსენმა შემაძრწუნებელი მზერა ესროლა ქალბატონ დე პიენს, ტუჩებზე კი ღიმილი დასთამაშებდა.       - დიახ! - უპასუხა.       შემდეგ თვალები დახარა, დრო და დრო მსხვილი ცრემლები მოადგებოდა ხოლმე წამწამებზე და ლოყებზე ჩამოუგორდებოდა ისე, რომ თავად ვერ ამჩნევდა ამას. მაკსს ერთხელაც არ მოუბრუნებია თავი. რამდენიმე გვერდის წაკითხვის მერე ქალბატონმა დე პიენმა უთხრა არსენს: - მოგასვენებთ, ჩემო ბავშვო, ვშიშობ რომ ძლიერ დაგღალეთ. ჩქარა დავბრუნდებით შენს სანახავად.       ქალბატონი დე პიენი ადგა. მაკსი ჩრდილივით აჰყვა მას. არსენი ისე გამოემშვიდობა, თითქმის არც შეუხედავს მისთვის.       - კმაყოფილი ვარ თქვენით, მაკს, - უთხრა ქალბატონმა დე პიენმა, როდესაც მაკსმა სახლამდე მიაცილა, - იმ გოგოსი კიდევ უფრო მეტად. ეს საწყალი გოგო აღსავსეა სიმშვიდით. ის თქვენ მაგალითს გაძლევთ.       - ტანჯვა და დუმილი, ქალბატონო, ნუთუ ასე ძნელი სასწავლია?       - რაც მთავარია, უნდა ისწავლო, რომ გულში ცუდი აზრები არ გაიტარო.       მაკსმა თაყვანი სცა და სწრაფად განშორდა.       მეორე დღეს ქალბატონმა დე პიენმა არსენს სწორედ იმ დროს შეუსწრო, როდესაც საწოლის ახლოს მდგარ მაგიდაზე დაწყობილი იშვიათად ყვავილების თაიგულს ათვალიერებდა.       - ესენი ბატონმა დე სალინიმ გამომიგზავნაო, - უთხრა, - კაცი გამოგზავნა ჩემი ამბის გასაგებად. თვითონ არ მოსულა.       - ძალიან ლამაზი ყვავილებია, - თქვა ქალბატონმა დე პიენმა ცოტა არ იყოს მშრალად.       - წინათ ძალიან მიყვარდა ყვავილები, - თქვა ავადმყოფმა და ამოიოხრა. - მანებივრებდა... ბატონი დე სალინი მანებივრებდა, ყველაზე ლამაზი ყვავილები მოჰქონდა, რაც შეიძლებოდა... მაგრამ დღეს ეს აღარაფრად მიღირს... ძალიან მძაფრი სუნი აქვთ... ქალბატონო, თქვენ წაიღეთ ეს თაიგული, ის არ გაბრაზდება ამაზე.       - არა, ჩემო ძვირფასო, თქვენთვის სასიამოვნოა ამ ყვავილების ცქერა, - უპასუხა ქალბატონმა დე პიენმა უფრო ხმადაბლა, რადგან აღელვებული იყო საცოდავი არსენის ღრმად მოწყენილი ტონით. - მე მხოლოდ იმ ყვავილებს წავიღებ, რომლებსაც მძაფრი სუნი აქვთ. კამელიები დაიტოვეთ.       - არა, მე მძულს კამელიები... ერთადერთ ჩხუბს მაგონებენ, რომელიც ჩვენ გვქონდა ერთად ყოფნისას.       - ნუღარ ფიქრობთ ამ სისულელეებზე, ჩემო ძვირფასო ბავშვო.       - ერთ დღეს, - განაგრძო არსენმა და თან ყურადღებით უცქეროდა ქალბატონ დე პიენს, - ერთ დღეს, დავინახე ძალიან ლამაზი კამელია მის ოთახში, რომელიც წყლიან ჭიქაში ჰქონდა ჩადებული. მინდოდა ამეღო, მაგრამ უფლება არ მომცა. შეხებაც კი დამიშალა. ავუხირდი და ვუთხარი რაღაც სისულელეები. აიღო და კარადაში ჩაკეტა, გასაღები კი ჯიბეში ჩაიდო. არაფერმა უშველა. მივხვდი, რომ ის მართლა კარგი ქალის საჩუქარი უნდა ყოფილიყო... ვერაფრით ვერ გავიგე - ვისი.       არსენი ლაპარაკობდა და თითქმის ბოროტად მიშტერებოდა ქალბატონ დე პიენს, რომელმაც უნებურად თვალები დახარა. ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ ავადმყოფის ჩქარი სუნთქვა არღვევდა. ქალბატონ დე პიენს კამელიასთან დაკავშირებით ერთი ამბავი მოაგონდა ბუნდოვნად. ერთ დღეს, როდესაც ქალბატონ ობრესთან სადილობდა, მაკსმა უთხრა, ეს არის დეიდაჩემმა დაბადების დღე მომილოცაო და სთხოვა, თქვენც მომეცითო თაიგული. ქალბატონმა დე პიენმა სიცილით გამოიძრო თმიდან ერთი კამელია და მისცა. მაგრამ როგორ დაამახსოვრდა ასეთი უმნიშვნელო შემთხვევა? ქალბატონ დე პიენს ვერაფრით აეხსნა ეს, ამ ამბავმა შიშიც კი მოჰგვარა. ვერ მოასწრო თავისი დაბნეულობა გაეფანტა, რომ, ამ დროს მაკსი შემოვიდა და იგრძნო, რომ წითლდებოდა.       - გმადლობთ ყვავილებისათვის, - უთხრა არსენმა, - მაგრამ ისინი ჩემზე ცუდად მოქმედებენ... ტყუილად მაინც არ დაიკარგებიან. ქალბატონს მივეცი. ნუ მალაპარაკებთ. ლაპარაკი აკრძალული მაქვს. წამიკითხეთ რამე, თუ გნებავთ.       მაკსი დაჯდა და კითხვა დაიწყო. ამჯერად, ვფიქრობ, არავინ უსმენდა. ყოველი მათგანი, და მათ შორის მკითხველიც, საკუთარ ფიქრს მიჰყვებოდა.       როდესაც ქალბატონი დე პიენი წასასვლელად წამოდგა, თაიგული მაგიდაზევე დატოვა, მაგრამ არსენმა შეახსენა, არ დაგრჩეთო. რაღას იზამდა? წაიღო უკმაყოფილომ იმით, რომ ამ წვრილმანზე თავიდანვე არ დათანხმდა, და ერთგვარი ღელვა გამოამჟღავნა. „რა არის ამაში ცუდი?“ - ფიქრობდა; ცუდი უკვე ის იყო, რომ თავის თავს ასეთ კითხვას აძლევდა.       არ უთხოვია, მაგრამ მაკსი შინ წაჰყვა. დასხდნენ და თვალს არიდებდნენ ერთმანეთს. იმდენ ხანს იყვნენ ჩუმად, რომ უხერხულობა იგრძნეს..       - საცოდავი გოგო, - თქვა ქალბატონმა დე პიენმა, - ძალიან მაფიქრებს. როგორც ჩანს, იმედი უკვე აღარ არის.       - ექიმი ნახეთ? - შეეკითხა მაკსი, - რას მბობს?       ქალბატონმა დე პიენმა თავი გააქნია.       - რამდენიმე დღის სიცოცხლეღა დარჩა. ასე დააკვნეს ამ დილით.       - რა სანახავი იყო, ცუდად გავხდი, - თქვა მაკსმა და ფანჯარასთან მივიდა, ალბათ მღელვარების დასაფარავად.       - რა თქმა უნდა, საშინელებაა სიკვდილი მის ასაკში, - მძიმედ განაგრძო ქალბატონმა დე პიენმა, - მაგრამ მეტი რომ ეცოცხლა, ვინ იცის, იქნებ ეს უფრო დიდი უბედურება ყოფილიყო მისთვის?.. განგებამ ინება, რომ დრო მიეცა მოსანანიებლად და სასოწარკვეთილი სიკვდილისგან გადაერჩინა. ეს დიდი მოწყალებაა და ახლა მან თავადაც იცის ამის ფასი. აბატი დიუბინიონი ძლიერ კმაყოფილია მისი. არც ისე შესაბრალისია იგი, მაკს.       - არ ვიცი, უნდა გვებრალებოდეს თუ არა ისინი, ვინც ახალგაზრდები კვდებიან, - უპასუხა მაკსმა ცოტა არ იყოს მოულოდნელად, - მე, მაგალითად, ვისურვებდი ახალგაზრდა მოვმკვდარიყავი, მაგრამ მის ტანჯვას არ შემიძლია ვუცქირო.       - ხორციელი ტანჯვა სასარგებლოა სულისათვის...       მაკსმა არაფერი უპასუხა და წავიდა დასაჯდომად ოთახის ბოლო კუთხეში, სქელი ფარდებისაგან ნახევრად ჩაბნელებულ ადგილას. ქალბატონი დე პიენი ხელსაქმობდა ან ვითომ ხელსაქმობდა. ნაქარგს დაშტერებოდა, მაგრამ მაკსის მზერას გრძნობდა, და ეს ისე მოქმედებდა მასზე, თითქოს რაღაც სიმძიმე აწვებაო. იმ მზერას, რომელსაც გაურბოდა, გრძნობდა ხელებზე, მხრებზე, შუბლზე. მოეჩვენა, თითქოს მზერა მის ფეხებზე შეჩერდა და ჩქარა დამალა ფეხები კაბის ქვეშ. შეიძლება არის რაიმე ჭეშმარიტება იმაში, რასაც ლაპარაკობენ მაგნიტურ დენებზე, ქალბატონო?       - ადმირალ დე რინის იცნობთ, ქალბატონო? - შეეკითხა უცებ მაკსი.       - დიახ, ცოტათი.       - შეიძლება ერთი სამსახური გთხოვოთ? სარეკომენდაციო წერილი...       - რისთვის?       - რამდენიმე დღეა, ქალბატონო, გეგმებს ვადგენ, - განაგრძო მოჩვენებითი მხიარულებით, - რჯულზე მინდა მოვიქცე და ჩავიდინო ჭეშმარიტი ქრისტიანული საქციელი, მაგრამ არ ვიცი, როგორ.       ქალბატონმა დე პიენმა, ცოტა მკაცრად შეხედა.       - აი, რაზე შევჩერდი, - განაგრძო, - ძალიან ვწუხვარ, რომ სამხედრო სკოლაში არ მისწავლია, მაგრამ ამის გამოსწორება შეიძლება. არც თუ ისე ცუდად ვხმარობ თოფს... და ვგრძნობ რაღაც არაჩვეულებრივ სურვილს - წავიდე საბერძნეთში და ვეცადო იქ მოვკლა რამდენიმე თურქი ქრისტეს ჯვრის სადიდებლად.       - საბერძნეთში! - წამოიძახა ქალბატონმა დე პიენმა და ხელიდან გაუვარდა ძაფის გორგალი.       - დიახ, საბერძნეთში! აქ აღარაფერს ვაკეთებ, მოწყენილი ვარ, არავის არაფერში ვჭირდები, არ შემიძლია გავაკეთო რაიმე სასარგებლო. ქვეყნად არ არის ადამიანი, ვისთვისაც რაიმე სარგებლობის მოტანა შემეძლოს. რატომაც არ წავალ; ან მოვიმკი დაფნის გვირგვინს, ან თავს გამიტეხავენ სასიქადულო საქმის გულისთვის. სხვათა შორის, ჩემთვის ვერ ვხედავ სხვა საშუალებას დიდების ან უკვდავების მოსაპოვებლად, რაც ძალიან მინდა. თვითონ წარმოიდგინეთ, რა პატივი იქნება ჩემთვის, როდესაც გაზეთში წაიკითხავთ: „ტრიპოლიციიდან გვატყობინებენ, რომ ბატონმა მაკს დე სალინიმ, ახალგაზრდა ფილელინმა, რომელიც დიდ იმედებს იძლევა - ხომ შეიძლება ეს თქვან გაზეთში - დიდ იმედებს იძლევა, რწმენისა და თავისუფლების წმიდათაწმინდა საქმისადმი უანგარო ერთგულებას ემსხვერპლა. გამხეცებული ყურშიდ- ფაშა იქამდე მივიდა, რომ ზრდილობა დაივიწყა და ბრძანა მისთვის თავი მოეკვეთათ“...ზოგიერთების აზრით მე სწორედ თავი არა მაქვს წესრიგში, არა ქალბატონო? - და ნაძალადევად გაიცინა.       - სერიოზულად ლაპარაკობთ, მაკს? მართლა გინდათ საბერძნეთში წასვლა?       - ნამდვილად სერიოზულად, ქალბატონო; ოღონდ ვეცდები ჩემი ნეკროლოგი რაც შეიძლება გვიან გამოჩნდეს.       - რას გააკეთებთ საბერძნეთში? ბერძნებს ჯარისკაცები არ აკლიათ.. თქვენ საუცხოო ჯარისკაცი იქნებით, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ...       - შესანიშნავი გრენადერი, ხუთი ფუტის სიმაღლისა! - წამოიძახა და ფეხზე წამოდგა, - ბერძენები მეტისმეტად წუნიები იქნებოდნენ, თუ უარს იტყოდნენ ასეთ ახალწვეულზე. ხუმრობის გარეშე, ქალბატონო, - განაგრძო და თან სავარძელში ჩაეშვა, - ჩანს ყველაზე კარგი საშუალებაა, რაც მე შემიძლია მოვიფიქრო. არ შემიძლია დავრჩე პარიზში (ეს სიტყვა რაღაც განსაკუთრებული სიძლიერით წარმოთქვა). აქ უბედური ვარ, ათას სისულელეს ჩავიდენ... ძალა აღარ შემწევს წინააღმდეგობისა... მაგრამ ამაზე მერე ვილაპარაკოთ. ახლავე არ მივემგზავრები... მაგრამ წავალ.. დიახ, დიახ! ეს საჭიროა, თავს უკვე პატიოსანი სიტყვა მივეცი. იცით, რომ ორი დღეა რაც ბერძნულს ვსწავლობ? ბერძნული შესანიშნავი, ლამაზი ენაა, ხომ მართალია?       ქალბატონ დე პიენს წაკითხული ჰქონდა ლორდი ბაირონი და მოაგონდა ეს ბერძნული ფრაზა, მისი ერთი პატარა ლექსის მისამღერი. თარგმანი, როგორც თქვენთვის ცნობილია, მოცემულია შენიშვნებში, სახელდობრ - „სიცოცხლე ჩემო, მე შენ მიყვარხარ“, - ეს არის ამ ქვეყნის თავაზიანი მანერა. ქალბატონი დე პიენი წყევლიდა თავის კარგ მეხსიერებას; მას არ უკითხავს, რას ნიშნავდა ეს ბერძნული სიტყვები. შიშობდა , სახეზე არ დამჩნეოდა, რომ გაიგო მათი მნიშვნელობა. მაკსი პიანინოს მიუახლოვდა და მისი თითები ვითომც შემთხვევით დაეცა კლავიშებზე, აკრიფა რამდენიმე მელანქოლიური აკორდი, უცებ ქუდი აიღო, ქალბატონ დე პიენისაკენ შემობრუნდა და ჰკითხა, აპირებდა თუ არა ქალბატონ დარსენესთან წასვლას ამ საღამოს.       - ვფიქრობ, რომ კი, - უპასუხა ოდნავი ყოყმანის შემდეგ ქალბატონმა დე პიენმა.       ხელი ჩამოართვა და მაშინვე გავიდა; ამგვარი მღელვარება ქალბატონ დე პიენს ჯერ არ განეცადა.       თავში ისეთი ბუნდოვანი აზრები უტრიალებდა და ისე სწრაფად სცვლიდა ისინი ერთიმეორეს, რომ ვერ ასწრებდა რომელიმე მათგანზე შეეჩერებინა გულისყური. ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ მაკსს უყვარდა. ეს სიყვარული - კეთილი განწყობა, - როგორც თვითონ ამბობდა, - დიდი ხნის წინათ წარმოიშვა, მაგრამ აქამდე ამის გამო გული არ აჩუყებია. მასავით ღვთისმოსავ ქალსა და მაკსისავით ლაზღანდარა კაცს შორის გულუხვი დაბრკოლება იყო აღმართული და ამიტომ ეს ამბავი არც აფიქრებდა. თუმცა ერთგვარ სიამოვნებას ანიჭებდა და თავმოყვარეობას უღიზიანებდა ის, რომ ისეთ თავქარიან კაცს, როგორიც მისი აზრით მაკსი იყო, სერიოზულ გრძნობებს აღუძრავდა. იმაზე კი არასოდეს უფიქრია, რომ ამ გრძნობებს ერთ მშვენიერ დღეს შეეძლოთ მისი სიმშვიდის დარღვევა. ახლა კი ცდილობდა თავი დაერწმუნებინა, რომ საშიშროებას, რომელსაც ბუნდოვნად ხედავდა, არ ჰქონდა არავითარი რეალური საფუძველი. უეცარი გადაწყვეტილება წასვლის თაობაზე, ცვლილება რაც ბატონ დე სალინის ქცევაში შეამჩნია, შეიძლებოდა არსენ გიიოს სიყვარულით ახსნილიყო; მაგრამ, ამის გაფიქრება მისთვის უფრო აუტანელი იყო, ვიდრე სხვა რამ და შვებას გრძნობდა, როცა ამ აზრის უსაფუძვლობაში რწმუნდებოდა.       ქალბატონ დე პიენს მთელი საღამოს განმავლობაში რაღაც აჩრდილები ეზმანებოდნენ, მერე ქრებოდნენ და სახეცვლილნი კვლავ წარმოუდგებოდნენ ხოლმე თვალწინ. ქალბატონი დარსენესთან წასვლა არ უნდოდა, თავი რომ დაეზღვია, მეეტლეს ნება დართო შინიდან წასულიყო და ადრე დაწოლა მოინდომა. მაგრამ ამ დიდსულოვნური გადაწყვეტილების მიღებისთანავე, როცა უკვე გვიან იყო უკან დახევა, ინანა - არასაკადრის სისუსტეში ჩამოართვა თავის თავს ეს ამბავი. მაკსმა ეჭვი არ აიღოსო, - განსაკუთრებით ამისი ეშინოდა. თავის თავს უკვე ვეღარ უმალავდა წაუსვლელობის ნამდვილ მიზეზს და თავი დამნაშავედ მიაჩნდა. ბატონი დე სალინის გამო ასეთი მოუსვენრობა მისი აზრით უკვე დანაშაული იყო. დიდხანს ილოცა, მაგრამ ვერც ლოცვაში ჰპოვა შვება. არ ვიცი რომელ საათზე მოახერხა დაძინება, მაგრამ, ერთი კი ცხადია, - თავში დილითაც ისევ ის ბუნდოვანი ფიქრები უტრიალებდა და არ იცოდა რა გზას დასდგომოდა.       საუზმობისას, რამეთუ საუზმობენ ყოველთვის, ქალბატონო, მით უფრო თუ წინა დღით არ უსადილიათ, გაზეთში წაიკითხა, რომ ვიღაც ფაშას რომელიღაც ქალაქი აუოხრებია. გაუჟლეტია ქალები და ბავშვები; რამდენიმე ფილელენი იარაღით ხელში ბრძოლის ველზე დაცემულა, ზოგისათვის კი ნელი წამებით ამოუხდიათ სულ. ქალბატონ დე პიენს ესღა აკლდა, რომ წარმოედგინა მაკსის მოგზაურობა საბერძნეთში. სევდით გულდამძიმებული გაზეთს ჩაშტერებოდა, როცა მაკსის ბარათი გადასცეს. წინა საღამოს ძალიან მოუწყენია ქალბატონ დარსენესთან; შეწუხებულა, რომ ქალბატონი დე პიენი არ დაუხვდა იქ და ახლა წერილს სწერდა, მისი ამბავი რომ გაეგო და გაერკვია რომელ საათზე წავიდოდა არსენ გიიოსთან. ქალბატონი დე პიენი არ იყო ნაჩვევი წერილების წერას და სიტყვიერად შეუთვალა: ჩვეულებრივ რა დროსაც დავდივარ, იმ დროსო. მერე, ერთი პირობა იფიქრა მაშინვე წასულიყო, რათა მაკსს არ შეხვედროდა იქ, მაგრამ დაფიქრდა, სახიფათო და სამარცხვინო ტყუილი გამომივაო და გადაწყვიტა სიამამცე მოეკრიბა. ლოცვას შეუდგა, დანიშნულ დროზე სახლიდან გავიდა და მტკიცე ნაბიჯით ავიდა არსენის ოთახში. III       საწყალი გოგო შესაბრალის მდგომარეობაში დაუხვდა. ცხადი იყო, რომ მისი აღსასრულის ჟამი მოახლოებულიყო. ავადმყოფობა საშინლად გამწვავებოდა. საცოდავი ხრიალით სუნთქავდა; ქალბატონ დე პიენს უთხრეს, ამ დილით რამდენჯერმე წამოაბოდაო, ექიმი ფიქრობდა, დილამდე ვერ გააწევსო. არსენმა მაინც იცნო თავისი მფარველი და მადლობა გადაუხადა ნახვისათვის.       - მალე აღარ დაიღლებით ჩემს კიბეზე ამოსვლით, - უთხრა ჩამქრალი ხმით.       ჩანდა, ლაპარაკი ძვირად უღირდა და ყოველი სიტყვის წარმოთქმისას თავს ძალას ატანდა. მისი ლაპარაკი რომ გაგეგონათ, საწოლთან უნდა დახრილიყავით. ქალბატონმა დე პიენმა ხელზე მოჰკიდა ხელი; იგი უკვე ცივი და თითქმის უსიცოცხლო იყო.       მალე მაკსიც მოვიდა და მომაკვდავის საწოლს მიუახლოვდა. ქალბატონმა დე პიენმა რაღაც ანიშნა და, ხელში წიგნი რომ დაუნახა, ხმადაბლა უთხრა: - დღეს არაფრის წაკითხვა აღარ მოგიწევთო.       მერე თვალი შეავლო წიგნს, - საბერძნეთის რუკა აღმოჩნდა, რომელიც მაკსს გზაში ეყიდა.       აბატმა დიუბინიონმა, რომელიც დილიდანვე თავზე ადგა ასრსენს, იმის შემყურე, თუ რა სწრაფად ეცლებოდა ძალა ავადმყოფს, გადაწყვიტა რამდენიმე წუთის სიცოცხლე, რაც მას დარჩენოდა, მისი სულის ნეტარებისათვის გამოეყენებინა. მაკსი და ქალბატონი დე პიენი გვერდიდან მოიშორა და საწოლზე დახრილმა რელიგიის მიერ ასეთი წუთებისათვის განკუთვნილი მაღალფარდოვანი და დამამშვიდებელი სიტყვები წარმოთქვა. ოთახის ერთ კუთხეში ქალბატონი დე პიენი ლოცულობდა, მუხლმოყრილი; ფანჯარასთან მდგარი მაკსი კი ქანდაკებად ქცეულიყო.       - ყველას მიუტევებთ, ვინც გაწყენინათ, ჩემო გოგონავ? თქვა მღვდელმა აღელვებული ხმით.       - დიახ.. დაე ბედნიერნი იყვნენ!.. - უპასუხა ოდნავ გასაგონი ხმით არსენმა.       - მიენდეთ ღვთის მოწყალებას, ჩემო გოგონა! - განაგრძო მღვდელმა, - მონანიება ცის კარებს აღებს.       კიდევ რამდენიმე წუთს განაგრძობდა აბატი თავის შთაგონებებს, შემდეგ ლაპარაკი შეწყვიტა, დარწმუნებული არ იყო, რომ მის წინ მხოლოდ გვამი არ იყო. ქალბატონი დე პიენი წყნარად წამოდგა, რამდენიმე ხანს ყველანი უძრავად იდგნენ; მღელვარედ უცქეროდნენ არსენის გალურჯებულ სახეს. თვალები დახუჭული ჰქონდა. ყველამ შეიკავა სუნთქვა, თითქოს იმიტომ, რომ ხელი არ შეეშალათ ამ საშინელი ძილისათვის.       ოთახში მკაფიოდ ისმოდა საათის ტიკტიკი.       - გათავდა, საწყალი გოგონა, - ამ სიტყვებთან ერთად მომვლელმა ქალმა თავისი სათუთუნე არსენს ტუჩებთან მიუტანა და დაუმატა, - ხომ ხედავთ, მინა არ დაიორთქლა. მკვდარია!       - საწყალი ბავშვი! - შეჰყვირა გაბრუებისაგან მაკსმა. - რა სიხარული ნახა ამქვეყნად?       უცებ, თითქოს ამ ხმამ გამოაცოცხლა, არსენმა თვალები გაახილა.       - მიყვარდა! - წაიჩურჩულა ყრუ ხმით.       თითებს ამოძრავებდა, თითქოს სურდა ხელი გაეწოდებინა მისთვის. მაკსი და ქალბატონი დე პიენი მიუახლოვდნენ და ორივემ აიღო ხელში მისი თითო ხელი.       - მიყვარდა! - გაიმეორა ნაღვლიანი ღიმილით.       ეს იყო უკანასკნელი სიტყვები. მაკსს და ქალბატონ დე პიენს დიდხანს ეჭირათ მისი გაყინული ხელები და ვერ ბედავდნენ თვალები აეწიათ მაღლა. IV       მაშ ასე, ქალბატონო, თქვენ ამბობთ, რომ ჩემი მოთხრობა უკვე დამთავრებულია და მეტის მოსმენა აღარ გსურთ. მე კი მეგონა თქვენ მოინდომებდით გაგეგოთ, იმოგზაურა თუ არა ბატონმა დე სალინიმ საბერძნეთში... მაგრამ უკვე გვიანაა, თქვენთვის ესეც საკმარისია. რა გაეწყობა! ყოველ შემთხვევაში თავი მაინც შეიკავეთ ნაჩქარევი განსჯისაგან. მე ვამტკიცებ, რომ არ მითქვამს არაფერი ისეთი, რაც თქვენ ამის უფლებას მოგცემდათ.       რაც მთავარია, ეჭვი ნუ შეგეპარებათ მოთხრობის სიმართლეში. ეჭვობთ? წადით პრე- ლაშეზზე; გენერალ ფუას საფლავიდან ოც ნაბიჯზე, მარცხნივ, თქვენ დაინახავთ უბრალო ქვის ფილას, რომელსაც გარს აკრავს ცოცხალი ყვავილები. ქვაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ დიდი ასოებით ამოჭრილი ჩემი გმირი ქალის სახელი, რა თქმა უნდა თუ წვიმამ არ წაშალა, ფაქიზი ხელით, ფანქრით ნაწერ დიდ ასოებს: „საწყალი არსენი! ის ჩვენთვის ლოცულობს.“ იხილეთ: პროსპერ მერიმეს ლიტერატურა …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 10:54pm on მარტი 19, 2015
თემა: სულნი სალხინებლისანი (დასასრული)
ომ სუნთქვა შეკრული ჰქონდა და სიტყვის წარმოთქმა უძნელდებოდა. დონ გარსია მიხვდა, რომ მას რაღაც საშინელი ამბავი შემთხვეოდა. აცალა, სანამ დონ ჟუანი სულს მოითქვამდა და ამბავი გამოჰკითხა; დონ ჟუანმა ორიოდე სიტყვით უამბო ყოველივე. დონ გარსია იშვიათად ჰკარგავდა თავის ჩვეულებრივ სულიერ სიმშვიდეს და წარბის შეუხრელად მოისმინა მეგობრის მიერ ნაწყვეტ-ნაწყვეტად გადმოცემული ამბავი. შემდეგ ჭიქა აავსო და შესთავაზა: – დალიე, მოგიხდება. ეს ცუდი ამბავია, - დაუმატა მან და თვითონაც გადაჰკრა, - მიჯნურის მამის მოკვლა ხუმრობა როდია... მართალია, ამის მაგალითები ბევრი ვიცით, თუნდ სიდის ისტორიიდან რომ დავიწყოთ. კიდევ უარესია ის, რომ თქვენ არ გყავთ ხუთასი ბიძაშვილი, თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი, რომელნიც განსვენებულის ნათესავებსა და სალამანკას მოისართაგან დაგიცავენ... ჯერ უფრო საჩქარო საქმე მოვაგვაროთ.       მან ორჯერ თუ სამჯერ ნაბიჯით გაზომა ოთახი, თითქოს აზრებს იკრეფდა.       – სალამანკაში დარჩენა ასეთი განსაცდელის შემდეგ სიგიჟე იქნებოდა, - თქვა მან. - დონ ალონზო დე ოხედა უბრალო აზნაური არ არის, ამას გარდა, მსახურებმა თქვენ ალბათ გიცნეს. მაგრამ წარმოვიდგინოთ ერთი წუთით, რომ არ უცვნიხართ; თქვენ უნივერსიტეტში უკვე ისეთი ბრწყინვალე სახელი გაქვთ მოპოვებული, რომ დაუყოვნებლივ მოგაწერენ ყოველ საეგებისო ბოროტმოქმედებას. დამიჯერეთ, რომ უნდა გაიქცეთ და რაც ადრე გაიქცევით, მით უკეთესია. თქვენ აქ სამჯერ უფრო დიდი მეცნიერი გახდით, ვიდრე კეთილშობილი ოჯახის შვილს შეფერება. თავი დაანებეთ სიბრძნის ღმერთქალ მინევრას და ცოტათი ბედი სცადეთ ომის ღმერთ მარსთან; იქ მეტს მიაღწევთ, იმიტომ რომ ნიჭი შეგწევთ. ფლანდრიაში ომია, წავიდეთ და ერეტიკოსები დავხოცოთ; ამ ქვეყანაში ეს საუკეთესო საშუალებაა ცოდვების გამოსასყიდად. ამინ! მე ვათავებ ქადაგებას.       ფლანდრიის გახსენებამ თილისმასავით იმოქმედა დონ ჟუანზე. მას ეგონა, თუ ესპანეთს დასტოვებდა, თავის თავსაც გაექცეოდა, ომის მიერ გამოწვეულ დაღლილობასა და ხიფათში თითქო დრო არ დარჩენოდა სინდისის ქენჯნისთვის!       – ფლანდრიისაკენ, ფლანდრიისაკენ! - წამოიძახა მან: - წავიდეთ და მტერს თავი შევაკლათ ფლანდრიაში.       – სალამანკიდან ბრიუსელამდე დიდი მანძილია, - დაიწყო ხელახლა სერიოზულად დონ გარსიამ: - თქვენს მდგომარეობაში კი ძნელია ნაჩქარევად გამგზავრება. იცოდეთ, თუ ქალაქის მოურავმა შეგიპყროთ, ვერსად ვეღარ იბრძოლებთ, თუ არა მისი უდიდებულესობის კატარღაზე.       რამდენიმე წუთის თათბირის შემდეგ დონ ჟუანმა საჩქაროდ გაიხადა სტუდენტური ტანსაცმელი, ჩაიცვა ამოქარგული ტყავის კურტაკი, რომელსაც მაშინ მხედრები ატარებდნენ, დაიხურა ფართო ჩამოფხატული ქუდი, ხოლო სარტყელში იმდენი ოქრო ჩაიკერა, რამდენის მიცემაც შეეძლო დონ გარსიას. მთელი ეს სამზადისი მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. იგი გზას გაუდგა ქვეითად; ქალაქიდან გავიდა ისე, რომ არავის უცვნია. იარა მთელი ღამე და მეორე დღის შუადღემდე, სანამ მზის სიცხემ არ შეაჩერა. პირველივე ქალაქში ცხენი იყიდა, შემდეგ მოგზაურების ქარავანს შეუერთდა და უხიფათოდ მიაღწია სარაგოსას. იქ რამდენიმე დღეს კარასკოს სახელით. დონ გარსია მეორე დღეს გავიდა სალამანკიდან და სხვა გზით დაეწია სარაგოსაში. იქ დიდხანს არ დარჩენილან. საჩქაროდ ილოცეს სვეტის ღვთისმშობლის ეკლესიაში, სადაც თვალი გადაავლეს არაგონელ კეკლუცებს, შემდეგ თითო-თითო მსახური დაიქირავეს და ბარსელონაში მივიდნენ; იქ ჩასხდნენ ხომალდში, რომელიც ჩივიტა-ვეკიაში მიდიოდა. დაღლილობამ, ზღვის ავადმყოფობამ, ახალი ქვეყნების ნახვამ და თანდაყოლილმა თავქარიანობამ ერთად ხელი შეუწყო დონ ჟუანს, რომ ჩქარა დაევიწყებინა საშინელი თავგადასავალი. რამდენიმე თვის განმავლობაში იმ სიამოვნებამ, რაიცა ორივე მეგობარმა იტალიაში ჰპოვა, ააცდინა ისინი მოგზაურობის უმთავრეს მიზანს; მაგრამ რადგან ფული შემოაკლდათ, შეუერთდნენ თავიანთ თანამემამულეებს, რომელნიც მათსავით მამაცები და უფულონი იყვნენ, და გზას გაუდგნენ გერმანიისაკენ.       ბრიუსელში მისვლისთანავე თითოეული მხედარი ეწერებოდა იმ მეთაურის რაზმში, რომელიც მას მოსწონდა. ორივე მეგობარს უნდოდა საომარი გაწვრთნა მიეღო კაპიტან დონ მანუელ გომარეს ხელმძღვანელობით, ერთი იმიტომ, რომ იგი ანდალუზიელი იყო, მეორეც კიდევ იმიტომ, რომ ჯარისკაცებისაგან არაფერს მოითხოვდა გარდა სიმამაცისა და თოფის მოვლისა; სხვაფრივ დისციპლინას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. კაპიტანს მეტად მოეწონა მათი ვაჟკაცური გარეგნობა და გამოიყენა ისინი გემოვნების მიხედვით, ე.ი. ყველაზე სახიფათო ადგილებში აგზავნიდა. ბედმა მეგობრებს გაუღიმა და იქ, სადაც მრავალმა მათმა ამხანაგმა სიკვდილი ჰპოვა, ისინი არც კი დაჭრილან, ხოლო მათი ვაჟკაცობა შემჩნეულ იქნა გენერლების მიერ, ორივემ წარმატების ნიშანი მიიღო ერთსა და იმავე დღეს. ისინი დარწმუნდნენ, რომ უფროსების პატივისცემა და მეგობრობა არ მოაკლდებოდათ, აღიარეს თავიანთი ნამდვილი სახელი და გვარი და ჩვეულებრივი ცხოვრება დაიწყეს, ე.ი. დღისით თამაშობდნენ ან სვამდნენ, ხოლო ღამით სერენადებს უმღეროდნენ იმ ქალაქის ულამაზეს ქალებს, სადაც ზამთარში იყვნენ დაბანაკებულნი. მშობლებისაგან პატიება მიიღეს, რამაც ისინი ნაკლებ ააღელვა, აგრეთვე ფულის ჩეკები ანტვერპენის ბანკირების სახელზე, რაც უფრო სასიამოვნოდ ეჩვენათ; კარგადაც გამოიყენეს. ახალგაზრდობის, სიმდიდრის, ვაჟკაცობისა და გამბედაობის წყალობით მრავალი გამარჯვება მოიპოვეს. აღარ შევჩერდები ამის ჩამოთვლაზე; მკითხველისათვის საკმაოა იცოდეს, რომ როცა ლამაზ ქალს ამჩნევდნენ, არაფერს ერიდებოდნენ მის მოსანადირებლად. აღთქმა, ფიცი სრულიად არაფრად უღირდათ ამ უღირს მოაშიკეებს, ხოლო თუ ძმები ან ქმრები თავს გამოიდებდნენ, საპასუხოდ მზად ჰქონდათ გალესილი მახვილი და ულმობელი გული.       გაზაფხულზე ომი განახლდა.       ერთ შეჯახებაში, რომელიც ესპანელების მარცხით დამთავრდა, კაპიტანი გომარე სასიკვდილოდ დაიჭრა. დონ ჟუანმა დაინახა, რომ იგი წაიქცა, მიეშველა და ჯარისკაცებს დაუძახა, რათა ბრძოლის ველიდან გაეტანათ, მაგრამ მხნე კაპიტანმა უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა და უთხრა: – მაცალეთ აქ სიკვდილი, მე ვგრძნობ, რომ ჩემი აღსასრული მოახლოებულია. რა განსხვავებაა აქ მოვკვდები, თუ ნახევარი ლიეს მანძილზე აქედან? მოუარეთ თქვენს ჯარისკაცებს, მათ ბევრი საქმე აქვთ გასაკეთებელი. როგორც ვხედავ, ჰოლანდიელები დიდი ძალებით გვიტევენ. ბიჭებო, - მიმართა მან ჯარისკაცებს, რომელნიც გარს შემორტყმოდნენ, - შემჭიდროვდით თქვენი დროშების გარშემო და ჩემთვის ნუღარ სწუხართ.       ამ დროს დონ გარსიაც მოვიდა და შეეკითხა, ხომ არაფერს დაგვავალებთ სიკვდილის შემდეგ შესასრულებლადო.       – რა ეშმაკი უნდა დაგავალოთ ასეთ წუთში?.. - იგი ჩაფიქრდა. - მე არასოდეს ბევრი არ მიფიქრია სიკვდილზე, არც მეგონა, რომ ასე ახლო იყო.. კარგი იქნებოდა, გვერდით მღვდელი მყოლოდა.. მაგრამ ჩვენი ბერები უკან არიან, საალაფო ურემთან... მძიმე კია სიკვდილი აღსარების უთქმელად.       – აი ჩემი ლოცვანი, - უთხრა დონ გარსიამ და მათარით ღვინო მიაწოდა. - შესვით და გამხნევდით.       მოხუცი მხედრის თვალები ნელ-ნელა იმღვრეოდა. მან ვერ გაიგონა დონ გარსიას ხუმრობა, მაგრამ ხნიერი ჯარისკაცები, რომელნიც იქ იდგნენ, აღშფოთდნენ.       – შვილო დონ ჟუან, - თქვა მომაკვდავმა, - მომიახლოვდით. ჩემს მემკვიდრედ გნიშნავთ. გამომართვით ეს ქისა, შიგ მთელი ჩემი ქონებაა; უმჯობესია თქვენ დაგრჩეთ, ვიდრე ჰოლანდიელ ერეტიკოსებს. ჩემი ერთადერთი თხოვნაა, რამდენჯერმე აწირვინო ჩემი სულის განსასვენებლად.       იმ დროს, როცა დონ ჟუანი მომაკვდავს ხელს ართმევდა აღთქმის ნიშნად, დონ გარსია თავის მეგობარს უხსნიდა, რა განსხვავებაა ადამიანის აზრებში სიკვდილის წინ და გაწყობილ სუფრასთან ჯდომის დროს. მაგრამ ტყვიამ გაიზუზუნა და ჰოლანდიელების მოახლოება აუწყა. ჯარისკაცები დაირაზმნენ. ყველანი საჩქაროდ გამოეთხოვნენ კაპიტან გომარეს და მთელი გულისყური წესიერად უკან დახევის საქმეს მიაპყრეს. ეს საკმაოდ ძნელი იყო მტრის სიმრავლის, ტალახიანი გზებისა და ჯარისკაცების დაღლილობის გამო. მაგრამ ჰოლანდიელებმა მაინც ვერ შეძლეს მათი მომწყვდევა და საღამოს შეაჩერეს დევნა, ისე რომ არც ერთი დროშა არ ჩავარდნიათ ხელში და არც ერთი ჯარისკაცი არ დაუტყვევებიათ, რომელიც დაჭრილი არ ყოფილიყოს.       საღამოს ორივე მეგობარი ამხანაგებთან ერთად კარავში ისხდნენ და დღისით მომხდარი შეტაკების შესახებ საუბრობდნენ, საყოველთაოდ დაგმობილ იქნა სარდლის განკარგულებანი და მიღებულ იქნა სწორი გადაწყვეტილებანი უკვე მომხდარი მარცხის შემდეგ. შემდეგ მიცვალებულებსა და დაჭრილებზე ჩამოვარდა ლაპარაკი.       – რაც შეეხება კაპიტან გომარეს, - თქვა დონ ჟუანმა, - მე დიდხანს ვინანებ მის დაკარგვას. იგი მამაცი მეთაური და კარგი მეგობარი იყო და ნამდვილ მამობას უწევდა თავის ჯარისკაცებს.       – მართალია, - თქვა დონ გარსიამ: - მაგრამ უნდა გამოვტყდე, რომ არასოდეს არაფერს ისე არ გავუკვირვებივარ, როგორც მის შეწუხებას რომ მახლობლად შავანაფორიანი ვინმე არ აღმოჩნდა. ეს მხოლოდ ამტკიცებს, რომ უფრო ადვილია ვაჟკაცობის გამოჩენა სიტყვით, ვიდრე მოქმედებით. ზოგიერთი დასცინის შორეულ ხიფათს და თრთის, როცა იგი მოახლოვდებოდა. მართლა, დონ ჟუან, თქვენ ხომ მისი მემკვიდრე ხართ, გვითხარით, რა აღმოჩნდა მის ქისაში?       დონ ჟუანმა ქისა მაშინ პირველად გახსნა და დაინახა, რომ იქ დაახლოებით სამოცი ეკიუ იყო.       – რაკი თანხა გვქონია, - თქვა დონ გარსიამ, რომელიც შეჩვეული იყო მეგობრის ქისა თავის საკუთრად მიეჩნია, - განა უმჯობესი არ იქნება ფარაონის პარტია ვითამაშოთ, ვიდრე ცრემლები ვაფრქვიოთ მიცვალებულ მეგობრებზე?       წინადადება ყველას ჭკუაში დაუჯდა; მოიტანეს რამდენიმე დოლი და წამოსასხამი გადააფარეს. ეს იყო სათამაშო მაგიდა. დონ გარსიას რჩევით, პირველად დონ ჟუანმა ითამაშა; მაგრამ დაწყებამდე ათი ეკიუ ამოიღო, ცხვირსახოცში გაახვია და ჯიბეში ჩაიდო.       – რა ეშმაკს უნახავ ამ ფულს? - წამოიძახა დონ გარსიამ, - ვის გაუგონია ჯარისკაცის მოლარეობა! და ისიც ბრძოლის წინა დღით!       – თქვენ იცით, დონ გარსია, რომ ეს ფული მთლად ჩემი არ არის: დონ მანუელმა იგი პირობით მიანდერძა.       – ჭირმა გაწყვიტოს სულელი ხალხი! - წამოიძახა დონ გარსიამ. - ეშმაკის კერძი ვიყო, თუ ამ ყმაწვილს განზრახული არ ჰქონდეს ამ ათი ეკიუს მიცემა რომელიმე ვიგინდარა ხუცესისათვის.       – რატომაც არა? მე ხომ პირობა დავდე.       – ხმა გაკმინდეთ, ვფიცავ მაჰმადის წვერს, რომ თქვენი საქციელის მრცხვენია და ვეღარც გცნობთ!       თამაში დაიწყო: პირველად ბედი ცვალებადი იყო; მაგრამ ჩქარა მან ზურგი იბრუნა დონ ჟუანის წინააღმდეგ.       დონ გარსია ამაოდ შეეცვალა თავის მეგობარს; ერთი საათის განმავლობაში მთელი მათი ფული და კაპიტან გომარეს ორმოცდაათი ეკიუ ქაღალდის დამრიგებლის ხელში გადავიდა. დონ ჟუანს უნდოდა დასაძინებლად წასულიყო; მაგრამ დონ გარსია შეხურებული იყო და წაგებულის უკან დაბრუნებას ფიქრობდა.       – ჰეი, თქვენ კეთილგონიერო ვაჟბატონო, - თქვა მან, - ამოიღეთ უკანასკნელი ფული, რომელიც ასეთი მზრუნველობით შეინახეთ. დარწმუნებული ვარ, ბედნიერებას მოგვიტანს.       – გაიხსენეთ, დონ გარსია, ჩემი აღთქმა!       – კარგი, კარგი; ბავშვი ნუ ხართ! რა დროს წირვა-ლოცვაა. ახ, კაპიტანი რომ აქ ყოფილიყო, ეკლესიას გაძარცვავდა და ქაღალდს კი ხელიდან არ გაუშვებდა.       – აი ხუთი ეკიუ, - თქვა დონ ჟუანმა, - ერთად ნუ დასვამ.       – შორს სისუსტე! - თქვა დონ გარსიამ და ხუთი ოქრო დასვა მეფეზე. მოიგო, თანხა გააორკეცა, მაგრამ მეორე ხელზე წააგო.       – მოიტა უკანასკნელი ხუთიც! - წამოიძახა ფერწასულმა სიბრაზით. დონ ჟუანი შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ ჩქარა დასთმო: ოთხი ეკიუ მისცა, იმასაც იგივე ბედი ეწია. დონ გარსიამ ქაღალდი ცხვირ-პირში შეაყარა დამრიგებელს და ზეზე წამოხტა გაცოფებული.       – თქვენ ყოველთვის ბედი გწყალობდათ თამაშობაში, - უთხრა მან დონ ჟუანს, - და მე გამიგონია უკანასკნელ ეკიუს დიდი ძალა აქვს ბედის მოსაბრუნებლად.       დონ ჟუანიც არანაკლებ გააფთრებული იყო, ვიდრე მისი მეგობარი. იგი აღარც წირვაზე ფიქრობდა და აღარც აღთქმაზე. მან კიკოზე დასვა უკანასკნელი ოქრო და მაშინვე წააგო.       – ეშმაკსაც წაუღია კაპიტან გომარეს სული! წამოიძახა მან. - მე მგონია, მისი ფული მოჯადოებული იყო.       დამრიგებელმა ჰკითხა, ხომ არ გსურთ თამაშობის განგრძობა; მაგრამ რადგან მათ ფული აღარ ჰქონდათ, ხოლო იმ ადამიანებს, რომელთაც ყოველდღე სიკვდილი მოელის, დიდი ნდობა არ აქვთ, იძულებული გახდნენ თამაშებისათვის თავი დაენებებინათ და ნუგეში ეძებნათ ღვინის მსმელ ამფსონებთან. საბრალო კაპიტნის სული კი სრულს დავიწყებას მიეცა.       რამდენიმე დღის შემდეგ ესპანელებმა დამხმარე ძალა მიიღეს, შეტევა დაიწყეს და წინ წაიწიეს. მათ გაიარეს იგივე ადგილები, სადაც წინა დღეებში ბრძოლა ჰქონდათ. მიცვალებულნი კიდევ არ იყვნენ დასაფლავებულნი. დონ გარსია და დონ ჟუანი ცხენებს მიაჩქარებდნენ, რათა გასცლოდნენ ამ ცხედრებს, რომლებიც ერთსა და იმავე დროს მათ მხედველობასა და ყნოსვას შეურაცხყოფდნენ. უცებ წინ მიმავალმა ჯარისკაცმა ხმამაღლა წამოიყვირა ერთი გვამის დანახვაზე. რომელიც თხრილში ეგდო. მიახლოვებისთანავე კაპიტანი გომარე იცნეს. მაგრამ იგი თითქოს სრულიად შეცვლილი იყო, მისი დამახინჯებული, მოკრუნჩხული სახე მოწმობდა, რომ უკანასკნელ წუთებში საშინელი ტანჯვა განეცადა. თუმცა დონ ჟუანი შეჩვეული იყო ასეთ სანახაობას, მაგრამ მას მაინც ჟრუანტელმა დაუარა ამ გვამის დანახვაზე; კაპიტანის მიმქრალი, ჩასისხლიანებული თვალები თითქოს მისკენ იყვნენ მიმართული მუქარის გამომეტყველებით. დონ ჟუანს გაახსენდა საბრალო გომარეს უკანასკნელი სურვილი, რომელიც არ შეუსრულა. მაგრამ ამ გულცივობამ, რომელიც მან განგებ ჩაინერგა და ასაზრდოვა თავის სულში, ხელი შეუწყო განთავისუფლებულიყო სინდისის ქენჯნისაგან; საჩქაროდ გააჭრევინა საფლავი კაპიტნის დასამარხავად. შემთხვევით იქ ერთი კაპუჩინელი ბერი აღმოჩნდა, რომელმაც საჩქაროდ წაიკითხა ლოცვა. ცხედარს აიაზმა აპკურეს, ქვები და მიწა მიაყარეს, ხოლო ჯარისკაცები გზას გაუდგნენ ჩვეულებრივზე უფრო მდუმარენი. მაგრამ დონ ჟუანმა შეამჩნია, რომ ერთმა ბებერმა მოისარმა, რაღაც დიდხანს ეძება ჯიბეებში, ბოლოს იქ ერთი ეკიუ იპოვა, კაპუჩინელს მისცა და უთხრა: - აი, კაპიტან გომარეს საწირავი.       იმ დღეს დონ ჟუანმა არაჩვეულებრივი ვაჟკაცობა გამოიჩინა; ისეთი თავგანწირულებით იჭრებოდა მტრის რაზმებში, რომ კაცს ეგონებოდა სიკვდილს ეძებსო. - ძალაუნებურად მამაცი იქნები, როცა ჯიბეში გახვრეტილი გროში არა გაქვსო, - ამბობდნენ მისი ამხანაგები.       დიდხანს არ გაუვლია კაპიტან გომარეს სიკვდილის დღიდან, როცა იმ რაზმში, რომელშიც დონ ჟუანი და დონ გარსია მსახურობდნენ, ახალგაზრდა ჯარისკაცი ჩაეწერა; ეტყობოდა დიდად გამბედავი და შეუპოვარი იყო, მაგრამ აგრეთვე გულჩათხრობილი და ძნელად გამოსაცნობი. არავის უნახავს, რომ ოდესმე ამხანაგებთან ესვას ან ეთამაშოს; ხშირად მთელი დღის განმავლობაში საგუშაგოდ იჯდა და ბუზების გაფრენას უცქეროდა ან თოფის ჩახმახს აცოდვილებდა. ჯარისკაცები დასცინოდნენ მის თავდაჭერილობას; მეტსახელად მოდესტო დაარქვეს. ამ სახელით იგი ცნობილი იყო მთელს ნაწილში, და თვით უფროსებიც მხოლოდ ამ სახელს უწოდებდნენ.       გაზაფხულის კამპანია დამთავრდა ბერგ ოპზოომის ციხესიმაგრის გარემოცვით, რომელიც, როგორც ცნობილია, ყველაზე სისხლისმღვრელი ოპერაცია იყო ამ ომში, იმიტომ, რომ ალყაშემორტყმულნი უკიდურესი გაშმაგებით იცავდნენ თავს. ერთხელ ღამით ორივე მეგობარი ერთად დარაჯობდა სანგარში, რომელიც იმდენად დაახლოებული იყო ციხის გალავანს, რომ მათ დიდი ხიფათს უქადდა. მეციხოვნე ჯარი შეუჩერებლივ გამოდიოდა სათარეშოდ, მტრის ტყვია ხშირიც იყო და მარჯვედაც ხვდებოდა ნიშანს.       ღამის პირველმა ნახევარმა შეუწყვეტლივ მღელვარებაში განვლო; შემდეგ როგორც მეციხოვნე, ისე საალყო ჯარი თითქოს დაღლილობამ მოიცვა. ორივე მხრიდან მხოლოდ სროლა შეწყდა და ველზე ღრმა დუმილი დამყარდა; მხოლოდ კანტიკუნტად გაისმოდა თოფის ხმა, რომლის მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ თუ ბრძოლა შეწყდა, დარაჯები ყოველ შემთხვევაში ფხიზლობენო. დაახლოებით დილის ოთხი საათი იქნებოდა; ეს ის დროა, როცა ღამენათევი ადამიანი განსაკუთრებით მგრძნობიარედ განიცდის სიცივეს, რასაც ზედ ერთვის დაღლილობისა და უძილობისაგან გამოწვეული სულიერი შეშფოთება. ყოველი გულწრფელი ადამიანი გამოტყდება, რომ ასეთი სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაში მას ისეთი სისუსტე გამოუჩენია, რასაც სირცხვილით გაუწითლებია მზის ამოსვლის შემდეგ.       – ეშმაკმა დალახვროს! - წამოიძახა დონ გარსიამ ფეხების ბაკუნით და მაგრად გაეხვია თავის წამოსასხამში: - ვგრძნობ, თითქოს ტვინი მეყინება ძვლებში: მგონია, პატარა ჰოლანდიელი ბავშვიც კი მაჯობებს. ჩემს თავს ვეღარ ვცნობ. ყოველი თოფის ხმაზე ჟრუანტელი მივლის. მორწმუნე რომ ვყოფილიყავი, ამ ჩემს უცნაურ მდგომარეობას ზეცის გაფრთხილებად მივიღებდი.       ყველა თანდამსწრე, განსაკუთრებით დონ ჟუანი, გაოცებული იყო, რომ მას ზეცა გაახსენდა, რომლისთვისაც არასოდეს არ იწუხებდა თავს; ან თუ გაიხსენებდა, ისიც დაცინვით. შეამჩნია, რომ ზოგიერთს გაეცინა მის სიტყვებზე და მედიდურად წამოიძახა: – დაე ნურავინ იფიქრებს, რომ ან ჰოლანდიელების მეშინოდეს ან ღმერთის, ან ეშმაკის!       – ჰოლანდიელებისა არა, მაგრამ ღმერთისა და ეშმაკისა რა მოგახსენო, - თქვა ხანში შესულმა, ჭაღარა ულვაშებიანმა კაპიტანმა, რომელსაც მახვილთან ერთად გვერდზე კრიალოსანი ეკიდა.       – მართლა და რა უნდა დამაკლონ? - იკითხა დონ გარსიამ: - მეხი ხომ ისე მარჯვედ არ ხვდება ნიშანში, როგორც პროტესტანტების ტყვია.       – თქვენს სულზე რას ფიქრობთ? - უპასუხა მოხუცმა კაპიტანმა და პირჯვარი გამოისახა ამ მკრეხელობის გაგონებაზე.       – ეჰ, ჩემი სული... ჯერ უნდა მწამდეს, რომ სული მაქვს, ვინ ამტკიცებს ჩემი სულის არსებობას? ხუცები? სულის გამოგონება მათ ისეთს კარგს შემოსავალს აძლევს, რომ უეჭველია, თვითონვე აცხობენ მას, ისე როგორც მეშაქარლამეები ტკბილ ნამცხვარს, რათა შემდეგ მოგებით გაასაღონ.       – დონ გარსია, თქვენ ცუდი ბოლო მოგელით, - თქვა ხნიერმა კაპიტანმა, - ასეთი სიტყვები შეუფერებელია სანგრებში.       – სანგრებში ვარ თუ სხვაგან, მე იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. მაგრამ დავდუმდები, იმიტომ, რომ სადაცაა ჩემს მეგობარ დონ ჟუანს ქუდი გადმოუვარდება, მისი თმა ყალყზე დამდგარა, მას არა თუ სულის არსებობა, თვით სულთა სალხინებლის არსებობაც კი სწამს.       – მე სრულიადაც ძლიერი სულის ადამიანი არა ვარ, - თქვა დონ ჟუანმა სიცილით, - ხშირად კიდეც მშურს ის საუცხოო გულგრილობა, რომელსაც თქვენ საიქიოსადმი იჩენთ; და თუნდაც დამცინით, უნდა გამოგიტყდეთ, რომ არის წუთები, როცა ის, რასაც ცოდვილთა შესახებ გვიამბობენ, ჩემში უსიამოვნო აზრებს იწვევს!       – ეშმაკის უძლურების საუკეთესო დამამტკიცებელი საბუთი ისაა, რომ თქვენ დღეს ამ სანგარში ცოცხალი იმყოფებით. გეფიცებით, ბატონებო, - დაუმატა დონ გარსიამ და მხარზე ხელი დაარტყა დონ ჟუანს, - ქვეყანაზე ეშმაკი რომ ყოფილიყო, ამდენ ხანს თან წაიყვანდა ამ ყმაწვილს. თუმცა იგი სრულიად ახალგაზრდაა, მაგრამ ნამდვილად შეჩვენებული. მას მეტი ქალი დაუღუპავს და მეტი მამაკაცი ჩაუწვენია კუბოში, ვიდრე ეს ორ ბერს ან ორ ვალენსიელ ძმაბიჭს შეეძლო.       მას ლაპარაკი გათავებული არ ჰქონდა, როცა თოფი გავარდა ესპანელების ბანაკის მხრიდან. დონ გარსიამ ხელი იტაცა მკერდზე და წამოიძახა: - მე დაჭრილი ვარ! შემდეგ შეტორტმანდა და მოწყვეტილივით დაეცა. ამავე წუთში თვალი მოჰკრეს მამაკაცს, რომელიც გაიქცა და მდევარს ჩქარა დაემალა წყვდიადში.       დონ გარსიას ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა, მაგრამ ამ გამოუსწორებელი ურწმუნოს ჯიუტობა ერთი წუთითაც არ შერყეულა. მან გარეკა ყველანი ვინც კი აღსარებაზე ჩამოუგდო სიტყვა. დონ ჟუანს ჰკითხა: – ერთადერთი რამ მაწუხებს სიკვდილის ჟამს: კაპუჩინელები თქვენ დაგარწმუნებენ, რომ ჩემი სიკვდილი ღვთის განგებით იყო გამოწვეული. დამეთანხმეთ, რომ არაფერია ისეთი ბუნებრივი, როგორიც ჯარისკაცის სიკვდილი შაშხანის ტყვიისაგან: ცხადია, ჩემი თავი ვინმე გაბოროტებულმა და ეჭვიანმა კაცმა მოაკვლევინა. მკვლელი ჩამოახრჩობინეთ, თუ დაიჭიროთ. ყური დამიგდეთ, დონ ჟუან, ორი საყვარელი ანტვერპენში მყავს, სამი ბრიუსელში, სხვაგან კიდევ არ მახსოვს რამდენი... ჩემი მახსოვრობა ბნელდება ... ყველას გიანდერძებ... რადგან სხვა არაფერი გამაჩნია... შენ გქონდეს ჩემი მახვილი.. ნუ დაივიწყებ მე რომ ხერხი გასწავლე... მშვიდობით... ხოლო წირვის მაგივრად დაე ჩემი ამხანაგები შეიკრიბონ და დიდებული ქეიფი გამართონ.       დაახლოებით ასეთი იყო მისი უკანასკნელი სიტყვები. ღმერთი და საიქიო მას არ გახსენებია, როგორც არ ახსენდებოდა ხოლმე იმ დროს, როცა სიცოცხლით და ძალ-ღონით იყო სავსე. გარდაიცვალა და ღიმილი უთამაშებდა ტუჩებზე. მედიდურობამ იმდენი ძალა მისცა, რომ ბოლომდე შეასრულა უხამსი როლი, რომელსაც სიცოცხლეში თამაშობდა. მოდესტო უკვალოდ დაიკარგა, მთელი ჯარი დარწმუნებული იყო, სწორედ იგია დონ გარსიას მკვლელიო, მაგრამ ამაოდ იკვლევდნენ მიზეზეს, რამაც ეს მკვლელობა ჩაადენინა.       დონ ჟუანს ძმაზე უფრო დაენანა დონ გარსია. უგუნურს ასე ეგონა, რომ ცხოვრების გამოცდილება მისი წყალობით ჰქონდა შეძენილი; მან აუხილა თვალები, მან ჩაახედა ცხოვრების საიდუმლოებაში. რა ვიყავი, სანამ მას გავიცნობდი? ჰკითხავდა იგი თავის თავს, და თავმოყვარეობა ეუბნებოდა, რომ იგი თითქოს ამაღლდა თავის მეგობრის წყალობით. მთელი ბოროტება, რომელიც ამ ათეისტის გაცნობამ მიაყენა, მის თვალში სიკეთედ იქცა, და იგი იმავე მადლობის გრძნობას განიცდიდა, რაიცა შეგირდს უნდა ჰქონდეს ოსტატის მიმართ.       ამ ანაზდეული სიკვდილის სევდიანი მოგონება დიდხანს დარჩა დონ ჟუანის სულში და იგი იძულებული გახდა რამდენიმე თვის განმავლობაში შეეცვალა თავისი ყოფაქცევა. მაგრამ თანდათან თავის ძველს ჩვეულებებს დაუბრუნდა, რომელიც იმდენად ფესვგადგმული იყო მის ბუნებაში, რომ ასეთი შემთხვევა ვერ აღმოფხვრიდა. დაუბრუნდა თამაშობას, სმას, ქალების დევნას, ქმრებთან ბრძოლას. ყოველდღე ახალი უცნაური თავგადასავალი ელოდა. დღეს კედლის ხვრელში მიძვრებოდა, ხვალ აივანზე აცოცდებოდა; დილით ხმალში იწვევდა ამა თუ იმ სატრფოს ქმარს, საღამოთი სვამდა საყვარლებთან.       ამ ღრეობაში ყოფნის დროს მას აცნობეს, მამაშენი გარდაიცვალაო; ორი დღის შემდეგ დედაც თან გადაჰყოლოდა, და ამრიგად ორი ამბავი ერთად მიიღო. საქმიანი ხალხი ურჩევდა ესპანეთში დაბრუნებულიყო და მიეღო ის დიდი სამკვიდრო და სიმდიდრე, რაც მშობლებმა უანდერძეს, ეს რჩევა მის სურვილსაც ეთანხმებოდა. უკვე კარგა ხნის წინათ მას აპატიეს დონა ფაუსტას მამის - დონ ალონზე დე ოხედას მკვლელობა; ეს საქმე სავსებით დასრულებულად მიაჩნდა. ამას გარდა სწყუროდა უფრო დიდ ასპარეზზე მოქმედება. იგი ოცნებობდა სევილიაში მოსალოდნელ დროსტარებაზე, მრავალ იქაურ კეკლუც ქალზე, რომელნიც უეჭველად მის დაბრუნებას ელოდნენ, რათა დაუყონებლივ დანებებოდნენ. ერთი სიტყვით, დონ ჟუანმა ჯავშანი გაიხადა და ესპანეთისკენ გაემგზავრა. რამდენიმე ხანი მადრიდში დაჰყო, იქ ყურადღება მიიპყრო ხარების ბრძოლაში თავისი მდიდრული ტანისამოსით და შუბის მარჯვე დატაკებით; რამდენიმე ქალის გულსაც დაეუფლა, მაგრამ დიდხანს მაინც არ დაუყოვნებია. სევილიაში მან დიდი და პატარა გააკვირვა თავისი მედიდურობითა და ბრწყინვალებით. ყოველდღე ლხინს მართავდა, სადაც ანდალუზიის ულამაზეს ქალებს პატიჟებდა. მის დიდებულ პალატაში ყოველდღე ახალი თავის შექცევა, ახალი ღრეობა იმართებოდა. იგი გადაიქცა იმ გალაღებული ყმაწვილების ერთი გუნდის მეთაურად, რომელნიც საშინლად თავაშვებულნი და უწესონი იყვნენ, მაგრამ მის წინაშე გასაოცარ მორჩილებას იჩენდნენ, რაც ხშირია უზნეო ადამიანების წრეში. ერთი სიტყვით, არ არსებობდა ისეთი გარყვნილება, რომელიც მას არ ეგემოს და, რადგან მდიდარი მოქეიფე საშიშია არა მარტო თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც, მისი მაგალითი რყვნიდა ანდალუზიის ახალგაზრდობას, რომელიც მას აღმერთებდა და წასაბაძ ნიმუშად ისახავდა. უცილობელია, რომ თუ განგებას მისი უზნეობა კიდევ დიდხანს მოეთმინა, საჭირო გახდებოდა ცეცხლის წვიმა სევილიაში ჩადენილი უწესობისა და ბოროტმოქმედების დასასჯელად. თუმცა ავადმყოფობამ დონ ჟუანი რამდენიმე დღით ლოგინად ჩააგდო, მაგრამ მისი გამოსწორება ვერ შეძლო; პირიქით, იგი სთხოვდა ექიმს საჩქაროდ ეშველა, რათა ხელახლა თავი მიეცა დროსტარებისათვის.       გამომრთელების დროს, თავის შესაქცევად მან შეადგინა მის მიერ შეცდენილი ქალებისა და მოტყუებული ქმრების სია. ეს სია ორ სვეტად იყო გაყოფილი. ერთ მხარეზე ქალების სახელები და მათი მოკლე აღწერა იყო მოთავსებული, მეორე მხარეზე ქმრების გვარები და თანამდებობა ან საზოგადოებრივი მდგომარეობა. მას ძლიერ გაუჭირდა ყველა ამ უბედურთა სახელი და გვარი გაეხსენებინა და საფიქრებელია, რომ ეს ნუსხა არ იყო სრული. ერთხელ იგი ერთს თავის მეგობარს აჩვენა, რომელიც სადარბაზოდ ეწვია. იტალიაში ყოფნის დროს დონ ჟუანმა ერთი ქალი ჩაიგდო ხელში, ეს ქალი კი ბედავდა დაეკვეხნა, პაპის საყვარელი ვარო; ამიტომ სიაც მისი სახელით იწყებოდა, ხოლო პაპი ქმრების სვეტს მეთაურობდა, შემდეგ მოდიოდა, რომელიღაც მთავარი, შემდეგ გრანდუკები, მარკიზები და სხვები, სულ ბოლოს ხელოსნები.       – შეხედეთ, მეგობარო, - უთხრა დონ ჟუანმა სტუმარს: - ხომ ხედავ, ვერავინ გამექცა პაპიდან დაწყებული უბრალო მეწაღემდე; არ დარჩენილა წოდება, რომელსაც ჩემთვის ხარკი არ გადაეხადოს.       მისმა მეგობარმა, დონ ტორიბიომ, თვალი გადაავლო ამ ნუსხას, უკან დაუბრუნა და გამარჯვებული სახით უთხრა: – იგი არაა სრული!       – როგორ თუ სრული არ არის? ვინღა აკლია ქმრების სიას?       – ღმერთი, - უპასუხა დონ ტორიბიომ.       – ღმერთი? ეს მართალია, მონაზონი აკლია, გმადლობ გახსენებისათვის. ძლიან კარგი. გაძლევ კეთილშობილი კაცის სიტყვას, რომ სანამ ერთი თვე გაივლიდეს, ღმერთი ჩემს სიაში მოხვდება მისი უწმინდესობის პაპის წინ, ხოლო შენ ჩემსას გავახშმებ მონაზონთან ერთად, რომელ მონასტერშია აქ ლამაზი მონაზვნები?       რამდენიმე დღის შემდეგ დონ ჟუანი უკვე საქმეს შეუდგა. მან დაიწყო დედათა მონასტრების ეკლესიებში სიარული და მუხლის მოდრეკა იმ მოაჯირთან, რომელიც მაცხოვრის სასძლოებს ჰყოფს დანარჩენი მორწმუნეებისაგან. იქიდან ურცხვად უცქეროდა იმ უბიწო ქალწულებს და, როგორც ფარეხში შევარდნილი მგელი, საუკეთესო კრავს ეძებდა პირველ მსხვერპლად. ჩქარა მან „კრიალოსნიანი ღვთისმშობლის ეკლესიაში“ შეამჩნია ერთი გასაოცრად ლამაზი ახალგაზრდა მონაზონი, რომელსაც კიდევ უფრო ამშვენებდა სევდიანი სახის გამომეტყველება. იგი მუდამ თავდახრილი იდგა, არც მარჯვნივ იხედებოდა, არც მარცხნივ; ეტყობოდა სრულიად გამსჭვალულიყო იმ უწმინდესი საიდუმლოების შეგნებით, რომელსაც მისი თანდასწრებით ასრულებდნენ. მისი ტუჩები წყნარად მოძრაობდა და ცხადად ჩანდა, რომ იგი უფრო გულმხურვალედ და სასოებით ლოცულობდა, ვიდრე მისი ამხანაგები. მისმა სახემ დონ ჟუანში ძველი მოგონებანი გააღვიძა. მას მოეჩვენა, რომ სადღაც სხვაგან ენახა ეს ქალი, მაგრამ ვერ მოიგონა სად და როდის, მის მახსოვრობაში იმდენი სურათი იყო აღბეჭდილი, რომ უძნელდებოდა მათი გარჩევა. ზედიზედ, ორი თუ სამი დღის განმავლობაში, დონ ჟუანი მოაჯირთან მიდიოდა დასაჩოქებლად, მაგრამ ვერ მოახერხა აღათის ყურადღება მიეპყრო: გაიგო, რომ ქალს ეს სახელი ერქვა.       ასეთი თავდაცული და მორცხვი ქალის დაპყრობის სიძნელემ კიდევ უფრო გააღიზიანა დონ ჟუანის სურვილები. მას ეგონა, უმნიშვნელოვანესი და ამასთანავე უძნელეს საქმეს მივაღწევ, თუ ქალმა ერთხელ მაინც შემამჩნიაო. თავმოყვარეობის გამო სწამდა, თუ როგორმე აღათის ყურადღება მივიპყრო, გამარჯვება სანახევროდ მიღწეულიაო. და აი რა ოინს მიმართა ამ მშვენიერი ქალის ყურადღების მისაქცევად. იგი მას მიუახლოვდა რამდენადაც შესაძლებელი იყო, ისარგებლა წმინდა ნაწილების გამოტანით, როცა ყველანი იჩოქებდნენ, ხელი გაჰყო მოაჯირის რკინებს შუა და აღათის ცხვირწინ მთელი შუშა სურნელი დაღვარა. მძაფრმა სუნმა აიძულა ახალგაზრდა მონაზონი თავი აეწია; და რადგან დონ ჟუანი სწორედ მის პირდაპირ იდგა, არ შეეძლო იგი არ შეემჩნია. თავდაპირველად სახეზე გაოცება გამოესახა, შემდეგ მკვდრის ფერი დაედო; სუსტი ხმით შეჰყვირა და გულწასული დაეცა ფილაქანზე. მონაზვნები მიცვივდნენ და სენაკში წაიყვანეს. დონ ჟუანი მეტად კმაყოფილი დარჩა, თავის თავისა და გაიფიქრა: „ეს მონაზონი სწორედ რომ მომხიბლავია, მაგრამ რაც უფრო ვაკვირდები, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ერთხელ უნდა ყოფილიყოს ჩემს სიაში“.       მეორე დღეს თავის დროზე მივიდა მოაჯირთან წირვის დაწყებისთანავე. აღათი ჩვეულებრივ ადგილზე აღარ იყო მონაზვნების პირველ რიგში; პირიქით, იგი თითქოს დამალულიყო თავის ამხანაგების უკან. მაგრამ დონ ჟუანმა შეამჩნია, რომ ქალი მალულად იცქირებოდა. ეს მან კარგ ნიშნად ჩათვალა. - ამ გოგონას ჩემი ეშინია, - გაიფიქრა მან, - მაგრამ ჩქარა მოვიშინაურებ.       წირვის გათავების შემდეგ დონ ჟუანმა შეამჩნია, რომ მონაზონი სააღსარებოსკენ წავიდა; მოაჯირთან მიახლოებისთანავე ანაზდეულად ხელიდან კრიალოსანი გაუვარდა. დონ ჟუანი იმდენად გამოცდილი იყო, რომ მაშინვე მიხვდა, - ეს გონებადაკარგულობა არ არის, არამედ თვალთმაქცობააო, პირველად იფიქრა, კარგი იქნება ამ კრიალოსანს დავეპატრონო, მაგრამ იგი მოაჯირის მეორე მხარეზე იყო და გრძნობდა, რომ მის ასაღებად დაცდა იყო საჭირო, სანამ ეკლესიიდან მთელი ხალხი გავიდოდა. ამ წუთის მოლოდინში სვეტს მიეყრდნო, ღრმად ჩაფიქრებული ადამიანის გამომეტყველებით; თვალებზე ხელი ჰქონდა მიფარებული, მაგრამ თითები ოდნავ გახსნილი იყო, ასე რომ ქალის ყოველ მოძრაობას ამჩნევდა. ვისაც უნდა დაენახა ამ მდგომარეობაში, კეთილმორწმუნე ქრისტიანად მიიღებდა, რომელიც წასულია სათნოებით აღსავსე ოცნებაში.       მონაზონი სააღსარებოდ გამოვიდა და რამდენიმე ნაბიჯი გადასდგა მონასტრისაკენ; მაგრამ უცებ შეამჩნია ან, უკეთ ვთქვათ, თითქოს შეამჩნია თავისი კრიალოსნის დაკარგა. გარშემო მიმოიხედა და დაინახა რომ მოაჯირის მახლობლად ეგდო. დაბრუნდა და დაიხარა ასაღებად. ამავე წუთში დონ ჟუანმა მოაჯირის ქვეშ თვალი მოჰკრა რაღაცა თეთრს. ეს იყო ქაღალდის ნაფლეთი, ოთხად გადაკეცილი. მონაზონი საჩქაროდ წავიდა.       დონ ჟუანი გაოცებული იყო ესოდენ მოულოდნელი გამარჯვებით და კიდეც ნანობდა, რომ მეტი წინააღმდეგობის დაძლევა არ დასჭირდა. თითქმის ამგვარივე სინანულს განიცდის მონადირე, რომელიც ირემს მისდევდა და ხანგრძლივი და სამძიმო დევნისათვის ემზადება: უცებ ნადირი ეცემა და მონადირეს ართმევს სიამოვნებას, რაც მან თავს აღუთქვა. დონ ჟუანმა მაინც მაშინვე აიღო ეს ქაღალდი და ეკლესიიდან გავიდა, რათა თავისუფლად წაეკითხა. აი მისი შინაარსი: „ეს თქვენ ხართ, დონ ჟუან? ნუთუ კიდევ გახსოვართ? მე დიდად უბედური ვიყავი, მაგრამ უკვე ვეჩვეოდი ჩემს ბედს. ახლა ასჯერ უფრო უბედური გავხდები. მე თქვენ უნდა მძულდეთ... თქვენ მამაჩემის სისხლი დავღვარეთ... მაგრამ არ ძალმიძს არც თქვენი სიძულვილი, არც თქვენი დავიწყება. იქონიეთ სიბრალული, ნუღარ მოხვალთ ამ ეკლესიაში, მეტისმეტად დამტანჯეთ. მშვიდობით, მშვიდობით, მე მკვდარი ვარ ამ ქვეყნისათვის. - ტერესა“       – აჰ, ეს პატარა ტერესა ყოფილა! - გაიფიქრა დონ ჟუანმა. - მე დარწმუნებული ვიყავი სადღაც მინახავს-მეთქი. შემდეგ ხელახლა გადაიკითხა წერილი. - „მე თქვენ უნდა მძულდეთ“. - ეს ნიშნავს: მე თქვენ გაღმერთებთ. „თქვენ მამაჩემის სისხლი დაღვარეთ... ნუღარ მოხვალთ ამ ეკლესიაში...ეს ნიშნავს ხვალვე გელით... ძლიან კარგი.       ამის შემდეგ სადილის საჭმელად წავიდა.       მეორე დღეს ერთი წუთით არ დაუგვიანია წირვაზე მისვლა და ჯიბეშიც გამზადებული წერილი ედო; მაგრამ მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა დაინახა, რომ აღათა იქ არ იყო. არასოდეს წირვა ისე გრძლად არ სჩვენებია. საშინლად გულმოსული იყო, ასჯერ დასწყევლა ტერესას კდემამოსილება. ეკლესიიდან გამოვარდა და გვადალკვივირის ნაპირას დაიწყო სიარული, რათა რაიმე ოინი მოეფიქრებინა. ბოლოს აი რაზე შეჩერდა.       „კრიალოსნიანი ღვთისმშობლის მონასტერი“ სევილიაში სახელგანთქმული იყო საუცხოო მურაბებით, რომელსაც იქ მონაზვნები ამზადებდნენ. დონ ჟუანი მისაღებ დარბაზში შევიდა, მეკარე ქალს დაუძახა და გასაყიდი მურაბების სია მოსთხოვა.       – თქვენ არა გაქვთ მარანიას ლიმონის მურაბა? - ჰკითხა მან სრულიად ბუნებრივი ტონით.       – მარანიას ლიმონი, ბატონო რაინდო? მე პირველად მესმის ასეთი მურაბის სახელი.       – იგი დღეს დიდ მოდაშია, და მე მიკვირს, რომ ასეთ ადგილას, როგორიც თქვენი სახლია, მას უხვად არ ამზადებენ.       – მარანიას ლიმონი?       – დიახ, მარანიასი, - გაიმეორა დონ ჟუანმა, თითოეული მარცვლის გამოკვეთით. - შეუძლებელია, რომელიმე თქვენმა მონაზონმა არ იცოდეს მისი მომზადება. გთხოვთ შეეკითხო პატივცემულ დებს, იციან თუ არა ეს მურაბა, ხვალ შემოვივლი.       რამდენიმე წუთის შემდეგ მთელს მონასტერში მხოლოდ მარანიას ლიმონზე იყო ლაპარაკი. საუკეთესო მემურაბეებს არასოდეს გაეგონათ მისი სახელი. მხოლოდ და აღათიმ იცოდა ეს საიდუმლოება: უნდა აეღოთ ჩვეულებრივი ლიმონი, მიუმატოთ ვარდის წყალი, ია და სხვა.. ბოლოს იკისრა კიდეც მისი მომზადება. როცა დონ ჟუანმა ხელმეორედ შემოიარა, დაახვედრეს მარანიას ლიმონის მურაბის ერთი ქილა; კაცმა, რომ მართალი თქვას, ყოვლად შეუძლებელი იყო მისი ჭამა; მაგრამ ქილა გახვეული იყო ქაღალდში, სადაც ტერესას ხელით დაწერილი ბარათიც იყო დამალული, იგი ხელახლა ემუდარებოდა დონ ჟუანს, თავი დამანებე და დამივიწყეო. საბრალო ქალი თავისივე თავის მოტყუებას ცდილობდა. სარწმუნოება, მშობლის ხსოვნა და სიყვარული ერთიმეორეს ებრძოდა ამ საბრალო ქალის გულშივე; მაგრამ ძნელი არ იყო იმის დანახვა, რომ სიყვარული აქ უძლიერესი გრძნობა იყო. მეორე დღეს დონ ჟუანმა მონასტერში გაგზავნა ერთი თავისი დარბაზის ყრმა და ერთი ყუთი ლიმონი გაატანა; მურაბა მოამზადებინეთ იმავე მონაზონს. ყუთში ტერესას წერილების პასუხი იყო დამალული. ვაჟი ქალს სწერდა: „მე დიდად უბედური ვიყავი. ჩემი დანაშაული ბედისწერამ ჩამადენინა. იმ უკუღმართი ღამის შემდეგ არ შემიწყვეტია შენზე ფიქრი. იმედი არ მქონდა, რომ შენ არ შემიძულებდი. ბოლოს ხელახლა გიპოვე. ნუღარ მელაპარაკები შენ მიერ დადებულ აღთქმაზე. შენ მე მეკუთვნოდი, სანამ თავს საკურთხეველს შესწირავდი.. მე მოვედი იმ განძის მოსათხოვად, რაც სიცოცხლეს მირჩევნია. ან დავიღუპები, ან შენ თავს დავიბრუნებ. ხვალ მოვალ და მონასტრის მისაღებ დარბაზში გამოგიწვევ. მე ვერ გავბედე იქ მოსვლა შენს გაუფრთხილებლად. მეშინოდა შენს შეკრთომას არ გავემჟღავნებინეთ. აღიჭურვე გამბედაობით. შემატყობინე, შეიძლება თუ არა მეკარე ქალის მოსყიდვა“. ორი წვეთი წყალი, ოსტატურად დაღვრილი ბარათზე, თითქოს წერის დროს გადმოვარდნილ ცრემლს წარმოადგენდა.       ორიოდე საათის შემდეგ მონასტრის მებაღემ პასუხი მოუტანა და დახმარებას შეჰპირდა. მეკარე ქალი მოუსყიდავი იყო; აღათი თანახმა იყო მისაღებ დარბაზში ჩამოსულიყო, მაგრამ იმ პირობით, რომ ისინი საუკუნოდ გამოემშვიდობებოდნენ ერთმანეთს.       უბედური ტერესა უფრო მკვდარი იყო, ვიდრე ცოცხალი, როცა მისაღებ დარბაზში შემოვიდა. იგი იძულებული იყო ორივე ხელით ჩასჭიდებოდა ბოძს. რათა არ წაქცეულიყო. დონ ჟუანი წყნარად და შეუშფოთებლად სტკბებოდა იმ მღელვარებით, რომელსაც ქალი განიცდიდა. პირველად, მეკარე ქალის თვალის ასახვევად, მან ძალდატანებული ტონით ლაპარაკი ჩამოუგდო ტერესას მიერ სალამანკაში დატოვებულ მეგობრებზე, რომელთაც მას ვითომ დაავალეს მოკითხვა გადაეცა ტერესასათვის. შემდეგ ისარგებლა იმ წუთით, როცა მეკარე ქალი მოშორებით იყო და დაბალი ხმით უთხრა: – მე გადაწყვეტილი მაქვს არაფერი დავიშურო შენს გასატაცებლად, უკან არ დავიხევ, თუნდ მონასტრის დაწვაც გახდეს საჭირო. არაფრის გაგონება არ მინდა. შენ მე მეკუთვნი. რამდენიმე დღეში ჩემი იქნები, ან მე დავიღუპები; მაგრამ ჩემთან ერთად სხვებიც დაიღუპებიან.       მეკარე ქალი ხელახლა მოახლოვდა. დონა ტერესას სული ეხუთებოდა და სიტყვა ვერ წარმოეთქვა. დონ ჟუანმა გულგრილი ტონით ლაპარაკი გაუბა მურაბაზე, მონაზვნების ნაქარგზე, მეკარე ქალს აღუთქვა პაპის მიერ ნაკურთხ კრიალოსანს გამოგიგზავნიო, ხოლო მონასტერს ფარჩის სამოსელს შევწირავ მისი წმინდა პატრონის, ღვთისმშობლის ხატის შესამკობადო. ნახევარი საათის შემდეგ მოკრძალებით და თავმდაბლად გამოემშვიდობა ტერესას და აუწერელ მღელვარებასა და სასოწარკვეთილებაში დასტოვა; ქალი თავის სენაკში გაიქცა და, რადგან ხელს უფრო იმორჩილებდა, ვიდრე ენას, გრძელი წერილი დაწერა, აღსავსე საყვედურით, მდუმარებითა და გოდებით. მან ვერ შეძლო სატრფოსათვის დაემალა თავისი სიყვარული, მხოლოდ თავისივე თავის წინაშე თავს იმით იმართლებდა, რომ შეცოდება გამოსყიდულია, რაკი მას მუდარა არ დავუთმეო. მებაღემ, რომელმაც თავს იდო ამ დასაძრახისი მიწერ-მოწერის შუამავლობა, პასუხი ჩქარა მოიტანა. დონ ჟუანი წინანდებურად უკიდურეს ღონისძიების მიღებას იმუქრებოდა. ასი თავზე ხელაღებული ყმაწვილი მყავსო, იწერებოდა, მკრეხელობა არ მაშინებს, სიკვდილი ჩემთვის ბედნიერება იქნება, ოღონდ ერთხელ კიდევ მიგიკრა მკერდზეო. რა უნდა ექნა ამ სუსტ ბავშვს, რომელიც შეჩვეული იყო ყველაფერი დაეთმო საყვარელი ადამიანისათვის? მთელ ღამეებს ტირილით ატარებდა, ხოლო დღისით ვეღარ ლოცულობდა, იმიტომ რომ ყველგან დონ ჟუანის სახე ედგა თვალწინ; თვით მაშინაც კი, როცა თავის ამხანაგებს ახლდა მღვდელმსახურების დროს. მისი სხეული მანქანასავით აკეთებდა მლოცველი ადამიანის მოძრაობას, მაგრამ გული სავსებით საბედისწერო ვნებით ჰქონდა გამსჭვალული.       რამდენიმე დღის შემდეგ ქალს ძალა აღარ შესწევდა წინააღმდეგობისათვის. დონ ჟუანს შეატყობინა, მზად ვარ ყველაფრისთვისო. ხედავდა, სულ ერთია ვიღუპებიო, და ფიქრობდა, რადგან სიკვდილი აუცილებელია, სჯობს ერთი წუთით მაინც განვიცადო ბედნიერებაო. დონ ჟუანის სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა, მან ყოველივე მოამზადა ქალის მოსატაცებლად, უმთვარო ღამე აირჩია. მებაღემ ტერესას აბრეშუმის კაბა მიუტანა, რომელიც კედელზე გადასასვლელად უნდა ეხმარა. სამოქალაქო ტანისამოსი ბაღის ერთ კუთხეში იყო დამალული: მონაზონის ტანისამოსით შეუძლებელი იყო ქუჩაში გამოჩენა. დონ ჟუანი გალავანთან დაუცდიდა. ცოტა მოშორებით ჯორ-ცხენებიანი ეტლი იდგებოდა, რათა ქალ-ვაჟი საჩქაროდ გაექანებინა მახლობელ სოფლისაკენ, სადაც დონ-ჟუანს ციხე-დარბაზი ჰქონდა. იქ სამშვიდობოზე იქნებოდნენ. იქ ტერესა ბედნიერად და მშვიდობიანად იცხოვრებდა თავის სატრფოსთან. ასეთი იყო თვით დონ ჟუანის გეგმა. მან შეაკერინა შესაფერისი ტანსაცმელი, გასინჯა აბრეშუმის თოკის კიბე, თან აცნობა როგორ გამოეყენებინა, ერთი სიტყვით, არც ერთი წვრილმანი არ დავიწყებია, რაც საჭირო იყო საქმის მოსაგვარებლად. მებაღე სანდო იყო, მას ერთგულებისათვის დიდი ჯილდო ჰქონდა აღთქმული, ასე რომ მისი მხრით არავითარი საფრთხე არ იყო მოსალოდნელი. ამას გარდა ყველაფერი იყო მოსაზრებული, რათა მებაღე გატაცების მეორე დღესვე მოეკლათ. ერთი სიტყვით, გეგმა ისე კარგად იყო მოფიქრებული, რომ თითქოს მისი ჩაშლა არ შეიძლებოდა. ეჭვის თავიდან ასაცილებლად დონ ჟუანი გაემგზავრა მარანიათა ციხე-დარბაზში ორი დღით ადრე მოტაცებამდე. იქ გაატარა მან თავის ბავშვობის დიდი ნაწილი, მაგრამ სევილიაში დაბრუნების შემდეგ იქ არასოდეს არ ყოფილა. დაღამებისას მივიდა და, უწინარეს ყოვლისა, კარგად ივახშმა. შემდეგ ტანთ გაიხადა და ლოგინში ჩაწვა. ოთახში ორი დიდი სანთელი ენთო, მაგიდაზე დარდიმანდული მოთხრობების წიგნი იდო. რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ ძილის მოახლოება იგრძნო, წიგნი დახურა და ერთი სანთელი ჩააქრო. სანამ მეორესაც ჩააქრობდა, მთელს ოთახს თვალი მოავლო და უცებ ნიშში ის სურათი დაინახა, რომელიც სალხინებლის ტანჯვას წარმოადგენდა და რომლისთვისაც მას ხშირად უცქერია ბავშვობის დროს. ძალაუნებურად მისი თვალები შეჩერდა მამაკაცზე, რომლის გულ-ღვიძლს გველი გესლავდა. თუმცა ამ სურათმა იგი ახლა კიდევ უფრო შეაძრწუნა, ვიდრე წინათ, თვალი მაინც ვერ მოაშორა. იმავე დროს გაახსენდა კაპიტან გომარეს სახე და საშინელი ნიღაბი, რაც სიკვდილს აეფარებინა მისთვის. ამ აზრმა ჟრუანტელი მოჰგვარა და თმა აებურძგნა. მაგრამ გული გაიმაგრა და მეორე სანთელიც ჩააქრო იმ იმედით, რომ სიბნელე გაათავისუფლებდა საზარელი მოჩვენებისაგან. წყვდიადი კიდევ უფრო შემაძრწუნებელი აღმოჩნდა. მისი თვალები წინანდებურად მიპყრობილი იყო სურათისაკენ, რომელიც აღარ ჩანდა, მაგრამ მეხსიერებაში ისე კარგად ჰქონდა აღბეჭდილი, რომ სრულიად ნათლად შეეძლო წარმოედგინა. ხანდახან ეჩვენებოდა, თითქოს სახეები ნათდებოდნენ და სხივოსანნი ხდებოდნენ, თითქოს ჯოჯოხეთის ალი, რომელიც მხატვარს დაეხატა, მართლაც ნამდვილი ცეცხლი ყოფილიყოს. ბოლოს მისმა აღელვებამ ისეთ საფეხურს მიაღწია, რომ ვეღარ მოითმინა და მსახურებს დაუძახა: უნდოდა სურათი გაეტანინებინა. როცა ისინი შემოვიდნენ შერცხვა თავისი სულმოკლეობისა. იფიქრა ამ ხალხის სასაცილო გავხდები, თუ გაიგეს, რომ სურათის მეშინიაო რამდენადაც შეეძლო, ბუნებრივი ხმა მიიღო და მსახურებს უბრძანა, სანთლები აანთეთ და მარტო დამტოვეთო. შემდეგ ხელახლა წიგნის კითხვა დაიწყო; მაგრამ, თუმცა წიგნში იცქირებოდა, მისი გონება სურათისაკენ იყო მიპყრობილი, მთელი ღამე უძილოდ გაატარა წარმოუთქმელს მღელვარებაში.       ალიონზე საჩქაროდ ადგა და სანადიროდ წავიდა. სიარულმა და დილის სუფთა ჰაერმა თანდათან დაამშვიდა და სურათის მიერ გამოწვეული შთაბეჭდილებანი გაქრნენ ციხე-დარბაზში დაბრუნების დროისთვის. სუფრას მიუჯდა და ბევრი დალია. ცოტათი გაბრუებული იყო, როცა დასაძინებლად წავიდა. მისი განკარგულებით საწოლი მეორე ოთახში მოემზადებინათ, და ადვილად მიხვდებით, იქ სურათს აღარ შეატანინებდა; მაგრამ წინა ღამის განცდა იმდენად ძლიერი იყო, რომ დიდხანს არ დაუძინია.       ისიც უნდა ითქვას, რომ შიშის ძრწოლას მისთვის არ შთაუგონებია სინანული წარსული ცხოვრების გამო. იგი ქალის მოტაცების ფიქრით იყო შეპყრობილი; მსახურებს სათანადო განკარგულებანი მისცა და შუადღის სიცხეში მარტოდმარტო გაემგზავრა სევილიაში, რათა იქ ღამით მისულიყო. მართლაც უკვე ბნელი ღამე იყო, როცა საგოდებელის კოშკთან მივიდა, სადაც ერთი მსახური ელოდა. ცხენი გადასცა და იკითხა, მზადაა თუ არა ტახტრევანი და ჯორებიო. მისი ბრძანების თანახმად ჩასაჯდომი მონასტრის მახლობლად ქუჩაში უნდა გაეჩერებინათ, რათა მას შეძლებოდა ტერესასთან ერთად იქ ჩქარა მისულიყო, მაგრამ ამასთანავე მონასტრის კარებთან არც ისე ახლო უნდა მიეტანათ, რომ ღამის გუშაგებს რაიმე ეჭვი დაბადებოდათ. ყოველივე მზად იყო, მისი განკარგულებანი ზედმიწევნით შეესრულებინათ. კიდევ ერთი საათი დარჩენოდა იმ წუთამდე, როცა შეთანხმების მიხედვით ნიშანი უნდა მიეცა ტერესასთვის. მსახურმა მხრებზე მუქი წამოსასხამი წამოისხა და იგი მარტო შევიდა სევილიაში ტრიანას კარის გზით ისე, რომ სახე დაფარული ჰქონდა, რათა მისი ცნობა შეუძლებელი ყოფილიყო. სიცხემ და დაღლილობამ აიძულა ლოდზე ჩამომჯდარიყო მიყრუებულ ქუჩაში. დაიწყო ნელი ხმით სტვენა და ღიღინი. დროგამოშვებით საათს უცქეროდა და გული მოსდიოდა, რომ ისარი ანგარიშს არ უწევდა მის მოუთმენლობას. მოულოდნელად მისი სმენა მჭმუნვარე და დღესასწაულებრივმა მუსიკამ შეაშფოთა. ადვილად იცნო გალობა, რომელსაც ეკლესია ადამიანის დასაფლავების დროს ასრულებს. იმწუთშივე ქუჩის კუთხეში პროცესია გამოჩნდა, რომელიც მისკენ მოემართებოდა. ორი დიდი გუნდი მომნანიებელთა ორდენის ბერებისა ანთებული კელაპტრებით, წინ მოუძღოდა შავ ხავერდგადაფარებულ კუბოს, რომელიც ძველებურ ტანისამოსში გამოწყობილ, თეთრწვერიან და მახვილით შეჭურვილ მოხუცებს მოჰქონდათ. პროცესიას უკან მოჰყვებოდა მომნანიებელთა ორი გუნდი, მათაც, ისევე როგორც მოწინავეებს, კელაპტრები ეჭირათ ხელში, მხოლოდ ძაძა ეცვათ. მთელი ეს კრებული აუჩქარებელი და მძიმე ნაბიჯით მოდიოდა. ფეხის ხმა არ ისმოდა და კაცს ეგონებოდა, ეს ადამიანები უფრო მოსრიალებენ, ვიდრე მოდიანო. ანაფორებისა და წამოსასხამების გრძელი და პირდაპირი ნაოჭები არ მოძრაობდა, თითქოს მარმარილოს ქანდაკებათა ტანისამოსი ყოფილიყოს.       ამ სურათის დანახვაზე დონ ჟუანმა თავდაპირველად ერთგვარი ზიზღი იგრძნო, რასაც სიკვდილის წარმოდგენა იწვევს ყოველ ეპიკურეელში. წარმოდგა და უნდოდა წასულიყო, მაგრამ მომნანიებელთა სიმრავლე და პროცესიის მედიდურობამ გააოცა და ცნობისმოყვარეობა გაუღიზიანა. პროცესიამ მახლობელი ეკლესიისაკენ მოუხვია, და საყდრის კარები დიდის ხმაურობით გაიღო; დონ ჟუანმა ხელი შეახო ერთ კელაპტრიან ბერს და თავაზიანად ჰკითხა, ვინ არის ეს პირი, რომელსაც მარხავთო. მომნანიებელმა თავი ასწია; მისი სახე გაფითრებული და გამშრალი იყო, როგორც ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობა გამოვლილი ადამიანისა. მან თითქოს საიქიოდან უპასუხა: – ესაა გრაფი დონ ჟუანი დე მარანია.       ამ უცნაურმა პასუხმა დონ ჟუანს თმა ყალყზე დაუყენა, მაგრამ იმწუთშივე გული გაიმაგრა და გაიცინა. „ალბათ მომესმა ან ეს მოხუცი შეცდა“, - გაიფიქრა მან. იგი ეკლესიაში შევიდა პროცესიასთან ერთად. სამგლოვიარო გალობა განახლდა, მას ორღანის გუგუნი დაერთო, შავად შემოსილმა მღვდლებმა სულთათანა დაიწყეს, დონ ჟუანი ცდილობდა შიში დაეძლია, მაგრამ გრძნობდა, რომ ძარღვებში სისხლი ეყინებოდა; მეორე მომნანიებელს მიუახლოვდა და ჰკითხა: – ვინ არის ეს მიცვალებული, აქ რომ მარხავთ?       – გრაფი დონ ჟუანი დე მარანია, - უპასუხა ბერმა ყრუ და შემაძრწუნებელი ხმით.       დონ ჟუანი სვეტს მიეყრდნო, რათა არ წაქცეულიყო. იგრძნო, რომ ძალამ უმტყუნა და მთელი მისი მხნეობა გაჰქრა. მღვდელმსახურება გრძელდებოდა, ხოლო ეკლესიის თაღები კიდევ უფრო აძლიერებდნენ ორღანის გუგუნს და ხმებს, რომელნიც საშინელ „მეორედ მოსვლის“ ჰიმნს გალობდნენ. დონ ჟუანს ეჩვენებოდა, თითქოს ანგელოზების ხოროს ისმენდა განკითხვის დღეს. ბოლოს თავს ძალა დაატანა, ხელში ხელი ჩასჭიდა ერთ მღვდელს, რომელმაც გვერდით ჩაუარა. ეს ხელი ცივი იყო მარმარილოსავით.       – მამაო, მითხარი ღვთის გულისათვის, - წამოიძახა მან, - ვისთვის ლოცულობთ აქ და თვით თქვენ ვინა ხართ?       – ჩვენ ვლოცულობთ გრაფ დონ ჟუან დე მარანიასათვის,- უპასუხა მღვდელმა და თვალებში ჩააშტერდა მწუხარებით აღსავსე გამომეტყველებით: - ჩვენ ვლოცულობთ მისი სულისთვის, რომელიც მომაკვდინებელმა ცოდვამ მოიცვა, ხოლო თვით ჩვენ სულები ვართ, რომელნიც მისი დედის წირვა-ლოცვამ დაგვიხსნა განსაწმენდელი ჯოჯოხეთის ცეცხლისაგან. ჩვენ შვილს ვუხდით დედის ვალს; მაგრამ ეს ლოცვა უკანასკნელია და ამის შემდეგ აღკვეთილი გვაქვს გრაფ დონ ჟუან დე მარანიას სულის სახსენებლად ვილოცოთ.       ამ დროს ეკლესიის საათმა ერთხელ ჩამოჰკრა: ეს იყო საათი დანიშნული ტერესას გატაცებისათვის.       – ჟამი დადგა! - წამოიძახა ხმამ ეკლესიის ბნელ კუთხიდან: - ჟამი დადგა! ჩვენია თუ არა იგი?       დონ ჟუანმა უკან მოიხედა და შემაძრწუნებელი მოჩვენება დაინახა. ფერმიხდილი და გასისხლიანებული დონ გარსია მისკენ მოაბიჯებდა კაპიტან გომარესთან ერთად, რომლის სახე საშინლად დაღმეჭილი იყო, ორივენი კუბოსთან შეჩერდნენ, დონ გარსიამ სახურავი ძირს დაანარცხა და გაიმეორე: - ჩვენია თუ არა იგი? იმავე წუთში უზარმაზარი გველი აღიმართა მის უკან და რამდენიმე წუთის მანძილზე თავი გააგრძელა, თითქოს კუბოში უნდა ჩასწვდესო.       – .. იესო მაცხოვარო, - დაიყვირა დონ ჟუანმა და ლოდზე დაემხო გულწასული. *       განთიადი უკვე მოახლოებული იყო, როცა ღამის გუშაგებმა უმოძრაოდ პირდამხობილი ადამიანი შეამჩნიეს ეკლესიის კარიბჭესთან. მოისარნი მიუახლოვდნენ, ეგონათ, მოკლული კაცის გვამიაო. მაშინვე იცნეს გრაფი დე მარანია და შეეცადნენ ცივი წყლით მოესულიერებინათ, მაგრამ რადგან გონზე არ მოდიოდა, მის საკუთარ სახლში წაიღეს. ზოგი ამბობდა, მთვრალიაო, ზოგს ეგონა სასტიკად ნაცემიაო რომელიმე ეჭვიანი ქმრისაგანო. სევილიაში, განსაკუთრებით რიგიან საზოგადოებაში, არ ყოფილა ადამიანი, რომელსაც იგი ჰყვარებოდა, ყველამ კარგად შეუკურთხა. ზოგი ლოცავდა ჯოხს, რომელსაც იგი ასე კარგად დაერეტიანებინა, ზოგი კითხულობდა, რამდენი ბოთლი ღვინო ექნება ჩასხმული ამ უძრავ რუმბშიო.       დონ ჟუანის მსახურებმა მოისრეებს თავიანთი პატრონი ჩამოართვეს და მაშინვე კაცი გაგზავნეს დასტაქარის საძებნელად. უხვად სისხლი გამოუშვეს, და იგი ჩქარა გონზე მოვიდა. პირველად მხოლოდ უშინაარსო სიტყვებს ამბობდა, რაღაც შეუსაბამოს გაიძახოდა, ქვითინებდა და ოხრავდა. შემდეგ თითქოს ყურადღებით მიმოიხედა ირგვლივ, იკითხა სად ვარო, რა მოუვიდა კაპიტან გომარეს, დონ გარსიას და პროცესიას. მოსამსახურეებს ეგონათ, გაგიჟებულიაო. მაგრამ წამლების მიღების შემდეგ, ჯვარცმა მოატანინა და რამდენჯერმე ეამბორა ცრემლთა ფრქვევით, შემდეგ ბრძანა მოძღვარი მომიყვანეთო. ამ ამბავმა გაოცება გამოიწვია, იმდენად ცნობილი იყო მისი ურჯულოება. მსახურთა მიერ მოწვეულმა მღვდელმა უარი თქვა წამოსვლაზე, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ დონ ჟუანი ალბათ რაღაც უკუღმართ ხუმრობას გვიმზადებსო. ბოლოს ერთმა დომინიკელმა ბერმა თანხმობა განაცხადა მასთან მისვლაზე. ისინი მარტო დატოვეს. დონ ჟუანი მუხლებზე დაემხო ბერის წინაშე და მოჩვენების ამბავი მოუყვა, შემდეგ აღსარება უთხრა. თავისი ცოდვები ჩამოთვალა და ჰკითხა, შეიძლება თუ არა ასეთმა ცოდვილმა ადამიანმა ოდესმე პატიება მიიღოს ზეცისაგანო. ბერმა უპასუხა, ღვთის მოწყალება დაუსრულებელიაო; შემდეგ ჩააგონა, მტკიცედ ყოფილიყო ცოდვის მონანიებაში, ნუგეშის სცა, აღუთქვა საღამოთი კიდევ გინახულებო და წავიდა. დონ ჟუანმა მთელი ღამე ლოცვაში გაატარა, როცა დომენიკელი მობრუნდა, მან განუცხადა, გადაწყვეტილი მაქვს დავტოვო ეს სოფელი, სადაც ამდენი ბოროტება და უკუღმართობა ჩავიდინე, და მონანიებით, გამოვიყიდო ჩემი შეცოდებანიო. ბერს გული აუჩუყა მისმა ცრემლებმა, მან ნუგეშის ცემით გაამხნევა იგი, ხოლო სიმტკიცის გამოსაცდელად მკაცრი სამონასტრო ცხოვრების შემზარავი სურათი დაუხატა. მაგრამ სხეულის დათრგუნვის აღწერაზე დონ ჟუანმა შესძახა: ეს არაფერია, მე კიდევ უფრო სასტიკი ხვედრის ღირსი ვარო.       მეორე დღეს თავისი ქონების ნახევარი ღარიბ ნათესავებს მისცა, მეორე ნახევარი საავადმყოფოსა და სამლოცველოს ასაგებად შესწირა; დიდძალი ფული დაურიგა გლახაკებს და მრავალი წირვა შეუკვეთა სალხინებლის სულთათვის, რომელნიც შემოაკვდნენ. ბოლოს თავის მეგობრები მოიპატიჟა და მათ წინაშე სინანული გამოთქვა, რომ ამდენ ხანს ასეთს ცუდ მაგალითს გაძლევდითო; დიდი სულიერი მღელვარებით დახატა სინდისის ქენჯნა, რასაც მასში წარსული ყოფაქცევა იწვევდა, და მომავლის იმედი გამოთქვა. მრავალ დარდიმანდს გული აუჩუყდა და ყოფაქცევა შეაცვლევინა ამ ამბავმა; ხოლო სხვებმა, რომელნიც გამოუსწორებელნი იყვნენ, იგი დაცინვით მიატოვეს.       სანამ მონასტერში შევიდოდა, დონ ჟუანმა წერილი მისწერა დონა ტერესას. გამოტყდა, თუ რა სამარცხვინო განზრახვებით აპირებდა მის მოტაცებას, მოუყვა თავისი ცხოვრების და მონანიების ამბავს და მოუწოდა, მის მაგალითს გაჰყოლოდა და ხსნის გზა სინანულში ეძებნა. ამ წერილის შინაარსი დომენიკეს გააცნო და მასვე მიანდო გადასაცემად.       საბრალო ტერესას მონასტრის ბაღში დიდხანს ეცადნა შეპირებული ნიშნისთვის; რამდენიმე საათი ენით გამოუთქმელ მღელვარებაში გაეტარებინა და როცა დაენახა განთიადი ახლოვდებოდა, სენაკში დაბრუნებულიყო უმძაფრესი გულისტკივილით შეპყრობილი. იგი დონ ჟუანის მოუსვლელობას ათასი მიზეზით ხსნიდა, არც ერთი იმ მიზეზთაგანი არ შეეფერებოდა სინამდვილეს. რამდენიმე დღემ განვლო ისე, რომ მისგან არაფერი ამბავი არ მიუღია და არავითარ ცნობას არ შეუმსუბუქებია მისი სასოწარკვეთილება. ბოლოს ბერმა დედათა წინამძღვართან წინასწარი მოლაპარაკების შემდეგ, ნებართვა მიიღო ტერესა ენახა და მისი შემაცდენელის წერილი გადასცა. კითხვის დროს ქალს ცივმა ოფლმა დაასხა; ხან ცეცხლის ალმური ასდიოდა, ხან სიკვდილივით გაფითრებული იყო, მაგრამ იმდენი მხნეობა გამოიჩინა, რომ წერილი ბოლომდე წაიკითხა. მაშინ დომენიკელი შეეცადა დონ ჟუანის სინდისი ქენჯნა დაეხატა და მიულოცა, რომ მათ თავი დააღწიეს საშინელ საფრთხეს, რაც ორივეს მოელოდა, თუ მათი განზრახვა ძირშივე არ აღეკვეთა განგების უხილავ ხელს. მაგრამ ამ შეგონებათა საპასუხოდ დონა ტერესა მხოლოდ გაიძახოდა: „მე იმას არასოდეს ვყვარებივარ!“ ამ უბედურს ცხელება დააწყებინა; ამაოდ გაუწია უხვი დახმარება სამკურნალო ხელოვნებამაც და სარწმუნოებამაც; მან უკუაგდო პირველი, ხოლო მეორეს თითქმის უგრძნობლად შეხედა. რამდენიმე დღის შემდეგ სული განუტევა, სიკვდილის წინ იმავე სიტყვებს იმეორებდა: „მე იმას არასოდეს ვყვარებივარო!“       დონ ჟუანმა მორჩილის ტანისამოსი ჩაიცვა და ცხადყო, რომ მისი ქცევა გულწრფელი იყო. არ არსებობს ისეთი დათრგუნვა სხეულისა ან სასჯელი, რომელიც მას მეტად მსუბუქად არ ჩვენებოდეს; მონასტრის წინამძღვარი ხშირად უხსნიდა, ამრიგად სიცოცხლეს იმოკლებო, ნამდვილად კი უფრო დიდი ღვაწლი ხანგრძლივი და ზომიერი ტანჯვის ატანაა, ვიდრე მონანიების დამთავრება სიცოცხლის მოსპობითო. როცა მორჩილების ვადა გათავდა, დონ ჟუანი ბერად შედგა და ძმა ამბროსის სახელით განაგრძო თავისი სათნო ცხოვრება მონასტრის სასახელოდ. თავისი შალის ტანსაცმლის ქვეშ ეკლიან ფლასს ატარებდა; მისი საწოლი იყო ერთგვარი ვიწრო და მოკლე ყუთი. მთელს მის საკვებს წყალში მოხარშული მხალი შეადგენდა, და მხოლოდ დღესასწაულებში და ისიც წინამძღვრის განსაკუთრებული ბრძანებით, პურის მიღებას თანხმდებოდა. ღამეებს ფხიზლობასა და ლოცვაში ატარებდა; ერთი სიტყვით, ახლა იგი ამ სათნოებით აღსავსე ძმობის წასაბაძ მაგალითად იქცა, ისევე როგორც წინათ დარდიმანდი ახალგაზრდების მეთაური იყო. ერთხანს სევილიაში გადამდები სენი მძვინვარებდა, და ამ გარემოებამ მას შესაძლებლობა მისცა ახალი სათნოება გამოეჩინა. სნეულებს იმ საავადმყოფოში ღებულობდნენ, რომელიც მან დააარსა; იგი უვლიდა ამ საბრალოებს, მთელ დღეებს მათ სასთუმალთან ატარებდა, ამხნევებდა და ანუგეშებდა. სენი იმდენად ადვილად გადამდები იყო, რომ შეუძლებელი გახდა დიდი ფულითაც მომვლელებისა და მესაფლავეების პოვნა; დონ ჟუანი ასრულებდა ამ ვალდებულებას; იგი შედიოდა მიტოვებულ სახლებში და მარხავდა გახრწნილ გვამებს. ყველგან ლოცავდნენ მას და, რადგან ამ შემაძრწუნებელ დროს იგი არასოდეს ავად არ გამხდარა, ზოგიერთი მორწმუნე ადამიანი ფიქრობდა, ღმერთმა სასწაული გვიჩვენა მისი სახითო.       უკვე რამდენიმე წელმა განვლო, რაც დონ ჟუანი ანუ ძმა ამბროსი მონასტერს შეეკედლა და მისი სიცოცხლე ღვთისმოსაობის და თვითდათრგუნვის შეუწყვეტელ ღვაწლად იქცა. წარსული ცხოვრების მოგონება მუდამ ცხოველი იყო მის მეხსიერებაში, მაგრამ სინდისის ქენჯნა შეანელა კმაყოფილების გრძნობამ, რასაც მას მოქცევა ანიჭებდა.       ერთხელ ნაშუადღევს, როცა ადამიანი სიცხეს განსაკუთრებით მწვავედ გრძნობდა, მონასტრის ძმები ისვენებდნენ ჩვეულებისამებრ. მხოლო ძმა ამბროსი მუშაობდა ბაღში, მზის გულზე, თავშიშველი, ეს იყო ერთი სასჯელთაგანი, რაც მან თავის თავს დააკისრა. ბარზე იყო დახრილი, როცა ადამიანის ჩრდილი დაინახა, რომელიც მის ახლო შეჩერდა, ეგონა, ბაღში რომელიმე ბერი შემოსულაო, და თავაუღებლად მიესალმა, „გიხაროდენ, ქალწული მარიამის“ ლოცვით. მაგრამ პასუხი არ მიუღია. გაკვირვებულმა ზევით აიხედა და დაინახა, რომ მის წინ ახოვანი ახალგაზრდა კაცი იდგა, რომელიც ფეხის კოჭამდე წამოსასხამში იყო გახვეული, ხოლო სახე სანახევროდ თეთრი და შავი ფრთით შემკული ქუდით ჰქონდა დაფარული. ეს ადამიანი უსიტყვოდ უცქეროდა, ცბიერი სიხარულისა და უღრმესი ზიზღის გამომეტყველებით. რამდენიმე წუთის განმავლობაში ორივეს თვალი თვალში ჰქონდათ გაყრილი. ბოლოს უცნობმა ერთი ნაბიჯი გადმოდგა, ქუდი მოიხადა, რათა სახე გამოეჩინა და ჰკითხა : – ვერა მცნობთ?       დონ ჟუანმა იგი აათვალიერა დიდის ყურადღებით, მაგრამ ვერ იცნო.       – გახსოვთ თუ არა ბერგ ოპზოომის ალყა? - ჰკითხა უცნობმა: - ნუთუ დაგავიწყდათ ჯარისკაცი, რომელსაც მოდესტოს უწოდებდნენ.       დონ ჟუანი ჟრჟოლამ აიტანა. უცნობმა ლაპარაკი განაგრძო ცივად: - იმ ჯარისკაცმა შაშხანის ტყვიით მოჰკლა თქვენი ღირსეული მეგობარი - დონ გარსია, თუმცა ნიშანში თქვენ ჰყავდით ამოღებული, მე მოდესტო გახლავართ. სხვა სახელი მაქვს: დონ პედრო დე ოხედას მეძახიან; იმ დონ ალონზო დე ოხედას ძმა ვარ, რომელიც თქვენ მოჰკალით.       – ძმაო, - თქვა დონ ჟუანმა და მის წინაშე დაიჩოქა, - მე ერთი უბადრუკი ადამიანი ვარ, ცოდვებით დამძიმებული. მათ მოსანანიებლად ჩავიცვი ეს ტანისამოსი და გამოვექეცი ქვეყანას. თუ არსებობს რაიმე საშუალება, რომ თქვენგან განტევება დავიმსახურო, დამისახელეთ იგი. თვით უმძაფრესი სასჯელი არ შემაშინებს, ოღონდ თქვენი წყევლა ამშორდეს.       დონ პედრომ მწარედ ჩაიცინა: – თავი დავანებოთ პირფერობას, უფალო დე მარანია: მე განტევება არ ვიცი, რაც შეეხება ჩემს წყევლას, იგი თქვენ უკვე მიღებული გაქვთ. მაგრამ იმდენი მოთმინება არ მყოფნის, რომ ვუცადო, თან წამოღებული მაქვს ისეთ რამ, რაც უფრო ძლიერია, ვიდრე წყევლა-კრულვა.       ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე წამოსასხამი გადააგდო და აღმოჩნდა, რომ ხელში ორი გრძელი დაშნა ეჭირა. ორივე ქარქაშიდან ამოიღო და მიწაში ჩაარჭო.       – ამოირჩიეთ, დონ ჟუან, - თქვა მან: - ამბობენ, რომ თქვენ მარჯვე მებრძოლი ხართ; არც მე ვარ ურიგო. ვნახოთ, რის შემძლე ხართ.       დონ ჟუანმა პირჯვარი გამოისახა და თქვა: – ძმაო, თქვენ გავიწყდებათ აღთქმა, რაც მე მაქვს დადებული. მე აღარა ვარ დონ ჟუანი, რომელსაც თქვენ ოდესმე იცნობდით, მე ძმა ამბროსი ვარ.       – ასე იყოს! ძმაო ამბროსი, თქვენ ჩემი მტერი ხართ, მე თქვენი მტერი ვარ და შურისძიება მწყურია, სულერთია რა სახელსაც უნდა ატარებდეთ თქვენ.       დონ ჟუანმა ხელახლა დაიჩოქა მის წინაშე.       – თქვენ ჩემის სიცოცხლის წაღება გინდათ, დაე თქვენი იყოს. დამსაჯეთ, როგორც გენებოთ.       – სულმდაბალი ფარისევლობა! ბალღი ხომ არ გგონივარ? თუ შენი ჩაძაღლება მდომებოდა, თავს როდი შევიწუხებდი ამ იარაღის ტარებით, ჩქარა აირჩიე და თავი დაიცავი.       – გიმეორებთ, ჩემო ძმაო, ბრძოლა არ შემიძლია, მაგრამ სიკვდილისთვის მზად ვარ.       – უბედურო! - წამოიძახა გააფთრებულმა დონ პედრომ: - შენზე ამბობდნენ, მამაციაო, მაგრამ როგორც ვხედავ, მხდალი არამზადა ყოფილხარ!       – რის სიმამაცე, ჩემო ძმაო! ღმერთს ვთხოვ, იმდენი მხნეობა მომცეს, რომ ცოდვების მოგონებამ სასოწარკვეთილებაში არ ჩამაგდოს, რაიცა აუცილებელია მისი დახმარების გარეშე; აქედან მივდივარ, რადგან ვხედავ, რომ ჩემი დანახვა თქვენ გაღიზიანებთ. ღმერთმა ჰქნას, და ისეთი დღე დადგეს, რომ ჩემი მონანიება თქვენც გულწრფელად გეჩვენოთ!       მას უკან რამდენიმე ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული ბაღიდან წასასვლელად, როცა დონ პედრომ ხელი სტაცა სახელოში.       – ერთ-ერთი ჩვენგანი ცოცხალი ვერ გავა აქედან. ხელი მოჰკიდე დაშნას, მე არაფერი მწამს თქვენი იერემიასებური გოდებისა.       დონ ჟუანმა მუდარით შეხედა და კიდევ ორიოდე ნაბიჯი გადადგა წასასვლელად; მაგრამ დონ პედრომ მაგრად ხელი ჩასჭიდა საყელოში: – შენ გგონია, საზიზღარო კაცის მკვლელო, რომ ხელიდან წამიხვალ! არა! მე ნაფლეთებად ვაქცევ შენს ფარისევლურ ანაფორას, რომელიც ეშმაკის ჩლიქებს გიფარავს, და მაშინ შეიძლება ძალა მოგეცეს ჩემთან საბრძოლველად. - ამ სიტყვებით იგი მას ტლანქად ხელს ჰკრავდა კედლისკენ.       – ბატონო პედრო დე ოხედა, - წამოიძახა დონ ჟუანმა, - თუ გნებავთ, მომკალით, მხოლოდ მე არ შეგებრძოლებით! მან გულზე ხელები დაიკრიფა და დონ პედროს ჩააცქერდა წყნარი, მაგრამ საკმაოდ ამაყი გამომეტყველებით.       – ჰო, მოგკლავ, შე უბადრუკო! მაგრამ სანამ მოგკლავდე, ისე მოგეპყრობი, როგორც შენისთანა გლახაკს შეეფერება.       და სილა გააწნა; ეს იყო პირველი სილა, რომელიც დონ ჟუანს ოდესმე მიეღო თავის სიცოცხლეში. იგი აენთო, ახალგაზრდობის გოროზობა და სიფიცხე ხელახლა შეიჭრა მის სულში. ხმა არ ამოუღია, ისე მივარდა დაშნას. დონ პედრო მოემზადა საბრძოლველად. ორივენი გააფთრებით და დაუზოგავად ეკვეთნენ ერთმანეთს. დონ პედროს დაშნა დონ ჟუანის შალის ტანისამოსში ჩაეფლო და მის სხეულზე დასრიალდა, ისე რომ იგი არ დაუჭრია, მაშინ როცა დონ ჟუანის დაშნა ვადამდე ჩაერჭო მოწინააღმდეგის მკერდში. დონ პედრომ მაშინვე სული განუტევა. დონ ჟუანი ერთხანს უაზროდ და გაუნძრევლად უცქეროდა მის ფერხთქვეშ გაწოლილ მტრის გვამს. შემდეგ თანდათან გონს მოვიდა და თავისი ახალი შეცოდების სიმძიმე იგრძნო. ცხედარს მივარდა და შეეცადა მოესულიერებინა. მაგრამ მას ბევრი ჭრილობა ჰქონდა ნახული და მაშინვე შეატყო, რომ ეს მომაკვდინებელი იყო. მის ფერხთქვეშ გასისხლიანებული დაშნა ეგდო, იგი მას თითქოს მოუწოდებდა თავის თავი დაესაჯა; მაგრამ ჩქარა უკუაგდო ეშმაკის ახალი ცთუნება, გაიქცა და, ღრმად შეშფოთებული, წინამძღვრის სენაკში შეიჭრა. მის წინ მუხლებზე დაეცა და ტირილით შემაძრწუნებელი შემთხვევა უამბო. თავდაპირველად წინამძღვარმა არაფერი დაუჯერა და გაიფიქრა, ძმა ამბროსის ჭკუა დაუკარგავს უზომოდ თვითდათრგუნვის გამოო. მაგრამ სისხლი, რაც დონ ჟუანს ტანსაცმელსა და ხელზე ეცხო, მისი სიტყვების სიმართლეს მოწმობდა. წინამძღვარი ჭკუადამჯდარი კაცი იყო. იმ წუთშივე მიხვდა, როგორ შეიბღალებოდა მონასტრის სახელი, თუ ეს ამბავი გახმაურდებოდა. ორთა ბრძოლა არავის დაუნახავს. წინამძღვარმა ყოველივე იღონა, რაღა თვით მონასტრის ბინადართაც არაფერი გაეგოთ. მან უბრძანა დონ ჟუანს, უკანვე მომყევიო, და მისი დახმარებით ცხედარი სარდაფში ჩაასვენა, ხოლო გასაღები ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ სენაკში დაკეტა დონ ჟუანი და ქალაქის უფროსთან წავიდა ამბის საცნობად.       შეიძლება ვინმეს გასაკვირველად ეჩვენოს, რომ დონ პედრომ, რომელმაც ერთხელ დონ ჟუანის ფარულად მოკვლა სცადა, მეორეჯერ უკუაგდო ამგვარი მკვლელობის აზრი და თავის მტერს პირისპირ შეებრძოლა, მაგრამ მას ჯოჯოხეთური შურისძიების ანგარიში ჰქონდა. გაგონილი ჰქონდა დონ ჟუანის ღვაწლის და წმინდა ცხოვრების ამბავი და შიშობდა პირდაპირ სამოთხეში არ გაესტუმრებინა თავისი ხელით. იგი იმედოვნებდა, რომ თუ გააღიზიანებდა და ორთა ბრძოლაში ცოდვას იდებდა, ამრიგად სულითაც დაიღუპებოდა და ხორცითაც. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ეშმაკისეული განზრახვა თვით მომგონის წინააღმდეგ შეტრიალდა.       ამ საქმის მიჩქმალვა ძნელი როდი აღმოჩნდა. ქალაქის მოურავი მონასტრის წინამძღვარს შეუთანხმდა და ხელი შეუწყო ეჭვების გაფანტვაში. ბერებმა დაიჯერეს, რომ მიცვალებული რომელიღაც უცნობ რაინდს შებრძოლებია, მონასტერში მიუყვანიათ დაჭრილი და იქ გარდაცვლილაო. რაც შეეხება დონ ჟუანს, აღარ შევეცდებით მისი სინანულისა და სინდისის ქენჯნის აღწერას. მან სიხარულით შეასრულა ყველა განკანონება, რომელიც წინამძღვარმა დაადო. მთელს თავის სიცოცხლეში საწოლის ფეხზე დაკიდებული ჰქონდა დაშნა, რომელითაც დონ პედრო განგმირა, და არასოდეს ისე არ შეხედავდა ამ იარაღს, რომ მისი სულისა და მისი ოჯახისათვის ლოცვა არ ეთქვა. ამქვეყნიური ზვიადობის უკანასკნელი ნაშთის დასათრგუნავად წინამძღვარმა მას უბრძანა ყოველდღე მონასტრის მზარეულთან გამოცხადებულიყო, რათა მისგან სილის შემოკვრა მიეღო. პირველი სილის მიღებისთანავე ძმა ამბროსი მზარეულს მეორე ღაწვს უშვერდა და მადლობას უხდიდა ასეთი დამცირებისთვის. ამრიგად ათი წელი გაატარა მონასტერში და არასოდეს მისი ღვაწლი არ შემღვრეულა ახალგაზრდობის დროის ვნებათა ღელვით. იგი გარდაიცვალა წმინდანად აღიარებული თვით იმ ადამიანების მიერ, რომელთაც იცოდნენ მისი ადრინდელი უწესობანი. სიკვდილის სარეცელზე ითხოვა, როგორც წყალობა, ეკლესიის შესავალში დაემარხათ, რათა ყოველ შემსვლელს ფეხით გაეთელა მისი საფლავი. მოისურვა აგრეთვე, მის ლოდზე შემდეგი წარწერა ამოეჭრათ: „აქ განისვენებს უსაზიზღრესი ადამიანი, რომელსაც ოდესმე ამქვეყნად უცხოვრია“, მაგრამ შეუძლებლად სცნეს სავსებით შეესრულებინათ ეს ანდერძი, რაიცა მისი უზომო თავმდაბლობით იყო ნაკარნახევი. იგი დასაფლავებულ იქნა მის მიერ აგებული სამლოცველოს მთავარი საკურთხევლის მახლობლად. მართალია, ლოდზე, ანდერძისამებრ, მის მიერ შეთხზული წარწერა ამოჭრეს, მაგრამ მიუმატეს მისი მოქცევის ამბავიც. დონ ჟუანის დაფუძნებულ საავადმყოფოს და განსაკუთრებით მის სამლოცველოს ყოველი უცხოელი ესტუმრება ხოლმე, რომელიც სევილიაში გაივლის. მურილიომ ეს სამლოცველო თავისი შედევრებით შეამკო. წინათ ამ საავადმყოფოს კედლებს ამკობდა „უძღები შვილის დაბრუნების“ და „იერიქონის საყვირის“ სურათები, რომელნიც ესპანეთიდან პარიზში წამოიღო ნაპოლეონის სარდალმა დიე სულტმა.       ნოველის დასასრული პროსპერ მერიმე …
დაამატა ლაშა to ლიტერატურა at 6:30pm on ოქტომბერი 26, 2014
თემა: გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი - ნერონი
მოუდით, - გადმოცემით, ერთხელ სოფლიდან რომ მოდიოდა, მის წინაშე წარმოდგნენ ღვთიური გარეგნობის ახალგაზრდა ტყუპები და უბრძანეს, სენატისა და ხალხისათვის მოეყოლა იმ გამარჯვებაზე, რომელზეც ჯერ არაფერი იყო ცნობილი; და თავიანთი ღვთიური ძალის დასამტკიცებლად მის საფეთქლებს შეეხნენ და თმა შავის მაგიერ ქარცი გაუხდა, ისევე, როგორც წვერი - სპილენძისფერი. ეს ნიშანი დარჩათ შთამომავლებსაც, რომელთა შორის ბევრი იყო სპილენძისფერი წვერით. იმის შემდეგ, რაც მიიღეს შვიდი კონსულობა, ტრიუმფი, ორი ცენზორი, პატრიციებში ჩარიცხვა, ყველამ შეინარჩუნა ადრინდელი მეტსახელი. სახელებიდან ორით, - გნეუსით და ლუციუსით სარგებლობდნენ, თანაც შესანიშნავი მრავალფეროვნებით, ხან რამდენიმე კაცს მიყოლებით ერქვა ერთი და იგივე სახელი, ხანაც სახელები მონაცვლეობდნენ. მაგალითად, პირველი, მეორე და მესამე აჰენობარბუსები ლუციუსები იყვნენ, მომდევნო სამი ზედიზედ - გნეუსები, ხოლო დანარჩენები რიგრიგობით, ხან ლუციუსები, ხანაც გნეუსები. ვფიქრობ, ამ ოჯახიდან ბევრის გაცნობა ღირს. მაშინ უფრო ცხადი გახდება, რომ რამდენადაც ნერონმა დაკარგა თავისი წინაპრების კარგი თვისებები, იმდენად შეინარჩუნა თითოეულის მანკიერება, როგორც საგვარეულო მემკვიდრეობა. მაშ, ასე, შორიდან გამოვყვეთ. ნერონის პაპის პაპის პაპა, გნეუს დომიციუსი თავისი ტრიბუნად ყოფნისას წაეჩხუბა პონტიფიკებს, რაკიღა მამამისის ადგილზე ის კი არ აირჩიეს, არამედ ვიღაცა სხვა, და ამის გამო ქურუმთა კოლეგიებს ახალი წევრების არჩევის უფლება წაართვა და ხალხს გადასცა. ხოლო კონსულად ყოფნისას, ალობროგებზე და არვერნებზე გამარჯვების შემდეგ, პროვინციაში სპილოთი წავიდა, მეომართა დასტა მიაცილებდა, თითქოს ტრიუმფალური მსვლელობა ყოფილიყოს. სწორედ იმაზე თქვა ორატორმა ლივინიუს კრასუსმა, რომ არაფერია საკვირველი იმის სპილენძის წვერში, თუკი ენა რკინისა აქვს და გული კიდევ - ტყვიისა. იმისმა შვილმა პრეტორის თანამდებობაზე ყოფნისას სენატისგან მოითხოვა გაიუს კეისრის საქციელების გამოძიება, რაკი მათ ნიშნების და კანონების საწინააღმდეგოდ თვლიდა. ხოლო შემდეგ, კონსულად ყოფნისას, ცდილობდა კეისრისთვის გალიის ჯარების მეთაურობა ჩამოერთმია და უკანონოდ დაინიშნა მის მემკვიდრედ. სამოქალაქო ომის დაწყებისას ტყვედ აიყვანეს კორფინიუმში. გაათავისუფლეს, ალყაშემორტყმულ მასილიელებს გამოეცხადა მისახმარებლად, მერე მოულოდნელად მიატოვა ისინი და, ბოლოს, ფარსალასთან დაიღუპა. სუსტი ნებისყოფის კაცი იყო, მაგრამ მკაცრი ხასიათი ჰქონდა. ერთხელ, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა, შიშით აღსავსემ და ხელჩაქნეულმა სიკვდილი გადაწყვიტა, მაგრამ მერე გულგახეთქილმა გადაიფიქრა, მიღებული საწამლავი ღებინებით ამოანთხია, ხოლო თავისი მკურნალი კი გაათავისუფლა, რაკი იმან, თავისი ბატონის ხასიათი რომ იცოდა, წინდახედულად მისცა სუსტი შხამი. და იმავდროულად გნეუს პომპეუსის ყველა მრჩეველიდან, მხოლოდ იმან შესთავაზა, მტრად ჩაეთვალათ ყველა, ვინც შუაში იდგა და ერთ რომელიმე მხარეს არ ემხრობოდა. მას დარჩა შვილი, რომელიც, უდაოდ, თავის გვარში ყველაზე უკეთესი იყო. სიკვდილით მსჯავრდადებული პედიას კანონით კეისრის მკვლელობაში მონაწილეობისათვის, და თუმცა უდანაშაულო გახლდათ, მაინც მიემხრო ბრუტუსს და კასიუსს, თავის უახლოეს ნათესავებს, ხოლო მათი სიკვდილის შემდეგ შეინარჩუნა მინდობილი ფლოტი, გაზარდა კიდევაც, და როცა მისი თანამოაზრეები ყველგან დამარცხდნენ, მარკუს ანტონიუსს გადასცა ხომალდები, თავისი ნებით და თითქოს დიდ სამსახურს უწევდა. ამ კანონით განსჯილებიდან მხოლოდ ის დაბრუნდა სამშობლოში და მიაღწია ყველაზე მაღალ მდგომარეობას. მერე, როცა სამოქალაქო ომი განახლდა, ლეგატი გახდა იგივე ანტონიუსთან; და ბევრი, რაკი კლეოპატრას დაქვემდებარებისა რცხვენოდა, უმაღლეს ხელისუფლებას სთავაზობდა; მოულოდნელი ავადმყოფობის გამო ვერ გადაწყვიტა, მიეღო ეს შემოთავაზება თუ უარი ეთქვა, მაგრამ ავგუსტუსის მხარეს გადავიდა და რამდენიმე დღეში მოკვდა. ოღონდ არც იმას ასცდა შელახული სახელი, - ანტონიუსი ირწმუნებოდა, იმათკენ იმიტომ გადავიდა, რომ თავისი საყვარელი სერვილია ნაისი მოენატრაო. მისი შვილი იყო დომიციუსი, რომელიც ავგუსტუსმა ანდერძით დანიშნა მყიდველად თავისი საშუალებებისა და ქონებისა, როგორც შემდეგში გახდა ცნობილი. სახელი მოიპოვა როგორც ახალგაზრდობისას დოღებში სიმარჯვით, ასევე მოგვიანებით ტრიუმფალური სამშვენისებით, რომლებიც გერმანიის ომში მოიპოვა. გულზვიადი, მფლანგველი და ულმობელი იყო. ედილად ყოფნისას ცენზორი ლუციუს პლანკუსი აიძულა, რომ შეხვედრისას გზა დაეთმო; პრეტორად და კონსულად ყოფნისას ფიცარნაგებზე მიმებად გამოჰყავდა რომაელი მხედრები და მატრონები; გარეულ ცხოველებთან ბრძოლას ცირკშიც აჩვენებდა და ქალაქის ყველა კვარტალშიც, ხოლო გლადიატორების ბრძოლას ისეთ სისხლიანს მართავდა, რომ ავგუსტუსი პირადი გაფრთხილებით ვერაფერს გახდა, იძულებული იყო ედიქტით შეეჩერებინა. ანტონია უფროსისგან ჰყავდა შვილი, ნერონის მომავალი მამა, უსაზიზღრესი კაცი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. ახალგაზრდა გაიუს კეისარს რომ მიაცილებდა აღმოსავლეთში, ერთხელ თავისი აზატი მოკლა, რაკი იმდენის დალევა არ უნდოდა, რამდენიც უბრძანეს, და ამის შემდეგ გამოაგდეს კიდეც ამალიდან. მაგრამ სიშმაგე არ მოჰკლებია, ერთ სოფელში, აპიუსის გზაზე განზრაც უცხუნა თავის ცხენს მათრახი და ბიჭი გადათელა; ხოლო რომში, შუაგულ ფორუმზე ერთ მხედარს თვალი ამოუგდო მეტისმეტად უხეში გინებისათვის. იმდენად უსინდისო იყო, რომ არათუ მარტო მენიალებს არ უხდიდა გაყიდვისას, არამედ პრეტორის თანამდებობაზე მყოფი გამარჯვებულ მრბოლელებსაც არ აძლევდა ჯილდოებს, რაზედაც საკუთარი დაც კი დასცინოდა; მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ეტლების მფლობელებმა საჩივარი მიუტანეს, დაადგინა საჩუქრების ადგილზევე გადახდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ბრალი ედებოდა დიდებულების შეურაცხყოფაშიც, გარყვნილობაშიც, სისხლის აღრევაშიც თავის დასთან, ლეპიდასთან, მაგრამ მმართვლების შეცვლამ გადაარჩინა; და გარდაიცვალა პირგიში წყალმანკით. ნერონი დაიბადა ანციუმში, ტიბერიუსის სიკვდილიდან ცხრა თვის შემდეგ, იანვრის კალენდებამდე თვრამეტი დღით ადრე, განთიადისას; ასე რომ, ამომავალი მზის სხივები იმას ცოტა უფრო ადრე შეეხო, ვიდრე დედამიწას. მაშინვე იმის ჰოროსკოპზე მრავალმა გამოთქვა საშინელი ვარაუდები; წინასწარმეტყველური იყო მამამისის, დომიციუსის სიტყვები, რომელმაც მეგობრების მილოცვის პასუხად წამოიყვირა, რომ მას და აგრიპინას სხვა ვინ გაუჩნდებოდათ, თუ არა საშინელება და მწუხარება საზოგადოებისათვის. ნერონის მომავალი ბედკრულობის მომდევნო ნიშანი შეამჩნიეს მისი განწმენდის დღეს: გაიუს კეისარმა, როცა დამ სთხოვა, ბავშვისათვის სახელი დაერქმია თავისი სურვილით, შეხედა თავის ძია კლავდიუსს რომელმაც მერე, მმართველად ყოფნისას, იშვილა ნერონი და დაასახელა მისი სახელი, თავის გასართობად და აგრიპინას გასაბრაზებლად, რაკი კლავდიუსი მთელი სასახლის დაცინვის საგანი გახლდათ. სამი თვისამ მამა დაკარგა; ანდერძით მემკვიდრეობის მესამედი მიიღო, ისიც მთლიანად არა, რადგან მთელი ქონება თანამემკვიდრემ, გაიუსმა წაიღო. მერე დედამისიც გადაასახლეს და ისიც, გაჭირვებაში და თითქმის სიღატაკეში იზრდებოდა თავის დეიდა ლეპიდას სახლში, ორი ბიძის, - მოცეკვავისა და პარიკმახერის მეურვეობით. მაგრამ როცა კლავდიუსმა მიიღო ძალაუფლება, მარტო მამის ქონება კი არ დაუბრუნდა, არამედ მამინაცვლის, პასიენუს კრისპუსის მემკვიდრეობაც დაემატა. როცა დედამისი გამოიძახეს გადასახლებიდან და უფლებები აღუდგინეს, ისეთ მდგომარეობას მიაღწია დედამისის გავლენით, რომ ჭორიც კი დადიოდა, თითქოს მესალინამ, კლავდიუსის ცოლმა მასში ბრიტანიკუსის მეტოქე დაინახა და მკვლელები მიუგზავნა, შუადღის ძილისას რომ დაეხრჩოთ. ამ გამონაგონს ამატებდნენ, რომ თითქოს მისი ბალიშიდან მკვლელებს გველი წამოუყელყელავდა და ისინიც თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ. ეს გამონაგონი იმიტომ გაჩნდა, რომ მის საწოლზე, ბალიშთან გველის გახდილი ტყავი იპოვეს; ეს ტყავი, აგრიპინას სურვილით, ოქროს სამაჯურში ჩაუსვეს და დიდხანს ატარებდა მარჯვენა ხელზე, მაგრამ მერე გადააგდო, როცა დედის ხსოვნა აუტანელი გახდა მისთვის, და ამაოდ ეძებდა თავის ბოლო უბედურებების დღეებში. ჯერ კიდევ ბავშვობაში, გარდატეხის ასაკამდე არმიღწეული, ცირკში გამოდიოდა, ტროას თამაშებში, და ბევრჯერ დიდი წარმატებითაც. თერთმეტი წლისა იშვილა კლავდიუსმა და აღსაზრდელად მიაბარა ანეუს სენეკას, მაშინ უკვე სენატორს. ამბობენ, რომ მომდევნო ღამით სენეკამ სიზმარში ნახა, თითქოს გაიუს კეისარის აღმზრდელი იყო; და მალე ნერონმა, პირველივე საქციელებში გამოამჟღავნა თავისი ულმობელი ბუნება, აჩვენა, რომ ის სიზმარი ნამდვილი იყო. მაგალითად, თავის ძმას, ბრიტანიკუსს უკანონოდ დაბადებულს ეძახდა კლავდიუსთან, რაც ის შვილად აყვანის მერე მაინც აჰენბარბუსად მიესლმა, ჩვეულებისამებრ. ხოლო თავისი დეიდა ლეპიდას წინააღმდეგ სასამართლოში ღიად აძლევდა ჩვენებებს დედის სასარგებლოდ, რომელიც გადამტერებული იყო თავის დაზე. სრულწლოვანების დღეს წარუდგინეს ხალხს და პლებეებს საჩუქრების დარიგებას დაპირდა, ხოლო მეომრებს - ჯილდოს; როცა პრეტორიელებმა იარაღით დაიწყეს სირბილი, ის ფარით წინ მიუძროდათ, მერე კი სენატში წარმოთქვა სამადლობელი სიტყვა მამისადმი. მისსავე კონსულობაში სიტყვა თქვა ბოლონიის მცხოვრებლების მხარეს ლათინურად, ხოლო როდოსელებისა და ილიონიელებისა - ბერძნულად. როცა პირველად მართავდა სასამართლოს ქალაქის პრეფექტის თანამდებობით ლათინურ ზეიმზე, მის წინაშე საუკეთესო ორატორები კამათობდნენ არა მოჩვენებით და წვრილმან საქმეებზე, როგორც ყოველთვის, არამედ მრავალრიცხოვანზე და მნიშვნელოვანზე, თუმცა კლავდიუსმა ეს აუკრძალა. ცოტა ხნის შემდეგ ცოლად ოქტავია მოიყვანა და კლავდიუსის ჯანმრთელობისთვის საცირკო თამაშები და ცხოველებთან ბრძოლები მოაწყო. მეჩვიდმეტე წელიწადში იყო, როცა კლავდიუსის აღსასრული გამოცხადდა. ის შევიდა დაცვაში დღის ექვსსა და შვიდ საათს შორის - მთელი ეს დღე ითვლებოდა უბედურად, და მხოლოდ ეს საათი იქნა მიჩნეული შესაბამისად, რომ საქმე დაეწყო. სასახლის კიბეზე მიესალმნენ, როგორც იმპერატორს, მერე ტახტრევნით წაიყვანეს ბანაკში, იქიდან, კარისკაცებთან მოკლე მიმართვის შემდეგ, - სენატში; ხოლო სენატიდან საღამოს უთვალავი პატივისცემით დაბრუნდა, რომელთაგან მხოლოდ სამშობლოს მამის წოდება უარყო ახალგაზრდობის გამო. იმით დაიწყო, რომ თავისი ნათესაური გრძნობების ჩვენება სცადა. კლავდიუსს პატივი მიაგო დიდებული დაკრძალვით, სახოტბო სიტყვით და გაღმერთებით. დიდი პატივისცემა მიაგო თავისი მამის, დომიციანუსის ხსოვნას. დედამისს მიანდო ყველა თავისი საზოგადოებრივი და კერძო საქმე. მმართველობის პირველსავე დღეს მცველთა ტრიბუნს პაროლად დაუთქვა "საუკეთესო დედა", ხოლო მერე მასთან ერთად ხშირად ჩნდებოდა ქუჩებში ტახტრევნით. ანციუმში გაიყვანა ნამსახური პრეტორიელები კოლონიად, რომლებსაც შეუერთა რომიდან გადასახლებული უფროსი ცენტურიონები; იქვე ააშენა ძვირად ღირებული ნავმისაგომი. უფრო ნათლად რომ გამოეჩინა თავისი ზრახვები, გამოაცხადა, რომ მართავს ავგუსტუსივით, და ერთ შემთხვევასაც კი არ უშვებდა ხელიდან, რომ წარმოეჩინა თავისი გულუხვობა, მოწყალება და სირბილე. წელშიგამწყვეტი გადასახადები ან გააუქმა ან შეამცირა. დამსმენებს პაპიუსის კანონით ჯილდოები ოთხჯერ შეუმცირა. ხალხს დაურიგა სულზე ოთხასი სესტერცი; დიდგვაროვან, მაგრამ გაღარიბებული გვარების სენატორებს ყოველწლიური დახმარება დაუნიშნა, ზოგს ხუთასი ათასამდე; პრეტორიელების კოჰორტები ერთი თვით გაათავისუფლა პურის გადასახადისაგან. როცა ბრძანება მიუტანეს, რომელიღაც სისხლის სამართლის დამნაშავის სიკვდილით დასჯის თაობაზე, შესძახა: "ოჰ, ნეტავ წერა არ შემძლებოდა!" ყველა ფენის მოქალაქეებს მაშინვე ესალმებოდა და შეუხსენებლად. როცა სენატი მადლიერებას უცხადებდა, თქვა: "ჯერ უნდა დავიმსახურო!" ხალხს საშუალებას აძლევდა, ეყურა მისი სამხედრო ვარჯიშისთვის, ხშირად გამოდიოდა დეკლამაციებით ყველას თანდასწრებით და ლექსებსაც ამბობდა, როგორც შინ, ასევე თეატრში; და საყოველთაო სიხარული ისეთი იყო, რომ დადგინდა, სახალხო ლოცვები მოეწყოთ, ხოლო წაკითხული ლექსების სტრიქონები ოქროს ასოებით ჩაეწერათ და კაპიტოლიუმის იუპიტერისათვის მიეძღვნათ. სანახაობებს მრავალრიცხოვანს და სხვადასხვანაირს აწყობდა. ახალგაზრდული თამაშები, ცირკის რბოლები, თეატრალური წარმოდგენები, გლადიატორების ბრძოლები. ახალგაზრდულ თამაშებზე მოხუცი სენატორები და ხნიერი მატრონებიც კი აიძულა გამოსასვლელად. საცირკო დოღებზე გამოყო საგანგებო ადგილები მხედრობისათვის და გამოიყვანა ეტლები, რომლებშიც ოთხ-ოთხი აქლემი იყო შებმული. წარმოდგენებზე, რომლებიც დააწესა იმპერიის მარადიულობის სახელით და დაარქვა დიადი თამაშები, გამათულ კომედიებში გამოდიოდნენ კაცები და ქალები უმაღლესი ფენებიდან; სპილოზე მჯდომმა სახელოვანმა რომაელმა მხედარმა გაჭიმულ ბაგირზე გაიარა, ხოლო აფრანიუსის ტოგატაში "ხანძარი" აქტიორებს უფლება ჰქონდათ აეღოთ და შინ წაეღოთ ჭურჭლეული და ავეჯეული ცეცხლმოკიდებული სახლიდან; ხოლო ხალხს ყოველ დღე უყრიდნენ ყველანაირ საჩუქრებს - ათასობით ფრინველს დღეში, ყველანაირ საჭმელს, ტესერებს ხორბალისთვის, კაბებს, ოქროს, ვერცხლს, ძვირფას ქვებს, მარგალიტებს, სურათებს, მონებს, ძროხებს, გაწვრთნილ ნადირსაც; მერე კი ხომალდებსაც, და სახლებსაც, და მამულებსაც. . ამ თამაშებს პროსცენიუმის სიმაღლიდან უყურებდა. გლადიატორთა ბრძოლისას, რომელიც ხის ამფითეატრში მოეწყო, მარსის მინდვრის მახლობლად, - მთელი წელიწადი აკეთებდნენ, - ერთი მებრძოლიც კი არ მოაკვლევინა, დამნაშავეებიდანაც კი. მან აიძულა ებრძოლათ ოთხას სენატორს და ექვსას მხედარს, ბევრს - ხელუხლებელი ქონებითა და შეუბღალავი სახელით; იმავე ფენებიდანვე აარჩია მხეცების მომკვლელებიც, და არენაზე მომსახურეებიც. აჩვენა საზღვაო ბრძოლაც ზღვის ცხოველებით მარილიან წყალში; წარმოადგინა სამხედრო ცეკვები რჩეული ეფებებისა, - წარმოდგენის მერე თითოეულ მათგანს სიგელით უბოძა რომის მოქალაქეობა. ამ ცეკვებიდან ერთში წარმოდგენილი იყო, ხარი როგორ შემოაჯდებოდა პასიფაეს, დამალულს ხის ხბოში, - ყოველ შემთხვევაში, ასე ეჩვენებოდა მაყურებელს; მეორეში - იკაროსი პირველივე გაფრენისას იმპერატორის მახლობლად ჩამოვარდა და სისხლის შხეფებით მოუსვარა ლოჟაც და თვითონ ისიც, რაკი ნერონი იშვიათად იყო წარმმართველი, ლოჟადან უყურებდა ხოლმე თამაშებს, ჯერ მომცრო ფანჯრიდან, შემდეგ ღია აივნიდან. რომში პირველად მოაწყო ხუთწლიანი შეჯიბერები ბერძნულის მიხედვით და სამი განყოფილებისგან - მუსიკალური, გიმნასტიკური და საცხენოსნო. მათ ნერონიები დაარქვა და მათთვის აკურთხა აბანოები და გიმნასიები, სადაც ყოველი სენატორი და მხედარი უფულოდ სარგებლობდა ზეთით. შეჯიბრებების მსაჯები კენჭისყრით დანიშნა კონსულების წოდებიდან, მსაჯობდნენ პრეტორების ადგილებიდან. ლათინურ სიტყვებში და ლექსებში ეჯიბრებოდნენ ყველაზე ღირსეული მოქალაქეები, მერე კი თავად დაეშვა ორქესტრაში, სენატისკენ და მონაწილეთა ერთსულოვანი მოთხოვნით ლირაზე დაკვრისათვის მიუტანეს გვირგვინი, რომელსაც ჯერ დაუჩოქა და მერე ბრძანა, რომ ავგუსტუსის ქანდაკების ფეხებთან დაედოთ ეს გვირგვინი. სეპტაში მოწყობილ გიმნასტიკურ შეჯიბრებზე, ღმერთებს მსხვერპლად ხარები მოუყვანა, პირველად გაიპარსა წვერი, ჩადო ოქროს ზარდახშაში, რომელიც მორთული იყო ძვირფასი მარგალიტებით და ღმერთებს მიუძღვნა კაპიტოლიუმის ტაძარში. ათლეტების შეჯიბრზე ქალწული ვესტალებიც მოიწვია, რაკი ამ სანახაობების ნახვა ოლიმპოზეც კი დაშვებულია ცერერას ქურუმი ქალებისთვის. მის მოწყობილ სანახაობებს სამართლიანად შეიძლება მივაკუთვნოთ ტირიდატის ჩამოსვლა რომში. ეს იყო სომხეთის მეფე, რომელიც ნერონმა მიიტყუა ტყუილი დაპირებებით. ტირიდატის ჩამოსვლის დღე ხალხს ედიქტით გამოუცხდეს, მერე მოღრუბლულობის გამო მოხერხებული დროისათვის გადაიდო; ტაძრების გარშემო განლაგდნენ შეიარაღებული კოჰორტები, თავად ნერონი ტრიუმფატორის სამოსში გამოწყობილი იჯდა კონსულის სავარძელზე, როსტალურ ტრიბუნაზე, გარშემორტყმული საბრძოლო ნიშნებითა და დროშებით.       ჯერ ტირიდატი ავიდა დახრილ ფიცარნაგზე და ნერონის მუხლებთან დაემხო, ხოლო იმან მარჯვენა ხელით წამოაყენა და გადაკოცნა; მერე მოსულის ლოცვაზე თავიდან ტიარა მოხადა და დიადემა დაადგა, ამასობაში პრეტორის წოდების სენატორი მაყურებლის გასაგონად თარგმნიდა მლოცველის სიტყვას; და ბოლოს, ნერონმა სტუმარი თეატრში წაიყვანა და იქ, ახალი ლოცვის შემდეგ, ხელმარცხნივ დაისვა, თავის გვერდით. ამისთვის ის გამოცხადდა იმპერატორად; დაფნები მიიტანა კაპიტოლიუმის ტაძარში და იანუსის აღთქმული კარი დაკეტა, იმის ნიშნად, რომ ამიერიდან აღარსად წარმოებს ომი. ოთხჯერ იყო კონსული. პირველად ორი თვით, მეორედ და მეოთხედ - ექვს-ექვსი თვით, მესამედ - ოთხი თვით; შუაში ორი კონსულობა ზედიზედ ჰქონდა, დანარჩენი თითო წლის შუალედებით. სასამართლოს რომ მართავდა, თხოვნებს პასუხობდა მხოლოდ მეორე დღეს და წერილობით. გამოძიებას ისე აწარმოებდა, რომ ზოგადი განხილვის მაგივრად ირჩეოდა საქმის თითოეული ნაწილი ცალ-ცალკე, ორივე მხარის მონაწილეობით. სათათბიროდ გასული არაფერს განიხილავდა ღიად და ლაპარაკით. ყველა თავის აზრს წერილობით აწვდიდა, ის კი ჩუმად კითხულობდა, თავისთვის, და მერე აცხადებდა ხელსაყრელ გადაწყვეტილებას, თითქოს ეს უმრავლესობის ნება იყო. სენატში დიდხანს არ ღებულობდა აზატების შვილებს, ხოლო მისი წინამორბედების მიღებულებს არ დაუშვებდა მაღალ თანამდებობებზე. უთანამდებოდ დარჩენილი მსურველები უარისა და დაყოვნების საკომპენსაციოდ ლეგიონების მეთაურებად დააყენა. კონსულობას ექვსი თვით იძლეოდა. როცა ერთი კონსული მოკვდა იანვრის კალენდების წინ, შემცვლელი არ დაუნიშნა, არ ისურვა კანინიუს რებილუსის ძველი შემთხვევა გაემეორებინა, ერთდღიანი კონსულისა. ტრიუმფალური რეგალიები უწყალობა კვესტორთა წოდებასა და ზოგიერთ მხედარსაც, თანაც არა მხოლოდ სამხედრო დამსახურებებისთვის. ზოგიერთ საგნებზე თავისი მოხსენებებს, კვესტორების გვერდის ავლით, კონსულებს გადასცემდა ხოლმე წასაკითხად. ქალაქის შენობების აგება ახლებურად მოიფიქრა, - სახლებისა და ბინების წინ მისი ხარჯით შენდებოდა პორტიკები ბრტყელი სახურავებით, საიდანაც ცეცხლის ჩაქრობა იქნებოდა შესაძლებელი. ქალაქის კედლების გაგრძელებას ოსტიამდე აპირებდა, ხოლო ზღვა არხის მეოხებით რომამდე უნდა მოეყვანა. მრავალი სიმკაცრე და შეზღუდვა აღადგინეს მის დროს, ბევრიც პირველად შემოიღეს. ფუფუნება შეიზღუდა; საყოველთაო გამასპინძლება შეიცვალა მისატანებლის დარიგებით; დუქნებში აიკრძალა შემწვარი საჭმლის გაყიდვა, გარდა ხილისა და მწვანილისა - ადრე იქ ნებისმიერი კერძით ვაჭრობდნენ; დაისაჯნენ ქრისტიანები, ახალი და მავნე ცრურწმენის მომხრეები; აიკრძალა ეტლებით მრბოლელების გართობა, რომლებიც ძველი ჩვეულებით ყველგან დაეხეტებოდნენ და ატყუებდნენ და ძარცვავდნენ გამვლელებს; პანტომიმები და მათი მომხრეები რომიდან გაასახლეს. ანდერძების გაყალბების წინააღმდეგ მაშინ პირველად გამოიგონეს, რომ გაეკეთებინათ დაფებში ნახვრეტი, სამჯერ გაეტარებინათ შიგ ძაფი და მხოლოდ ამის შემდეგ დაებეჭდათ. გათვალისწინებული იყო, რომ ანდერძის პირველ ორ დაფას მოწმეებს სუფთებს სთავაზობდნენ, მხოლოდ მოანდერძის სახელით, რათა დამწერს უცხო ანდერძზე არ მიეწერა საჩუქრები თავისთვის. დამცველებს დაუდგინდათ ზუსტი და მუდმივი ანაზღაურება კლიენტებისაგან, ხოლო ადგილებს სასამართლოს სკამებზე საზოგადოებრივი ხაზინა უფასოდ იძელოდა. ხაზინის სასამართლო საქმეები ფორმუზე გადასცეს რეკუპერატორებს, ხოლო ყველა თხოვნა სასამართლოებიდან იგზავნებოდა სენატში. იმპერიის გადიდების და გაფართოების არც წადილი ჰქონდა, არც იმედი. ბრიტანეთიდანაც კი ფიქრობდა ჯარის გამოყვანას და ეს იმიტომ ვერ გააკეთა, რომ მამამისის დიდების მეშურნედ არ გამოჩენილიყო. მხოლოდ პონტოს სამეფო, პოლემონის თანხმობით, და ალპებისა, კოტიუსის სიკვდილის შემდეგ, - გადააქცია პროვინციებად. ორი მოგზაურობა დაგეგმა: ალექსანდრიაში და აქაიაში. მაგრამ პირველზე წასვლის დღეს თქვა უარი, შეშინებულმა ნიშნითა და ხიფათით. როცა ტაძრები შემოიარა და ვესტას ტაძარში დაჯდა, წამოდგომა უნდოდა, მაგრამ ჯერ რაღაცამ დაიჭირა კალთით, მერე თვალთ ისე დაუბნელდა, რომ ვერაფერს ხედავდა. აქაიაში შეუდგა არხის გაჭრას ისტმუსზე. შეკრიბა ყველა და პრეტორიელებს სამუშაოს დაწყებისკენ მოუწოდა, საყვირების ხმაზე პირველმა დაჰკრა მიწას ბარი და ზურგით გამოიტანა მიწით სავსე კალათა. ლაშქრობას ამზადებდა კასპიის კარიბჭისკენაც, ექვსი ფუტის სიმაღლის ახალგაზრდები შეკრიბა იტალიაში, იმათ რაზმს "ალექსანდრე დიდის ფალანგა" დაარქვა. მისი ეს საქციელები არ იმსახურებენ საყვედურებს, ზოგჯერ საკმაო ქების ღირსიც არის; მე ისინი ერთად შევკრიბე, რათა განმეცალკევებინა მისი მანკიერებისა და დანაშაულებისათვის, რაზედაც ქვემოთ გავაგრძელებ მოყოლას. ბავშვობისას სხვა მეცნიერებებთან ერთად მუსიკას სწავლობდა. იმპერატორი რომ გახდა, მაშინვე მოიწვია იმ დროისათვის ლირაზე საუკეთესო დამკვრელი, ტერპნუსი და მრავალი დღე უსმენდა სადილიდან გვიან ღამემდე, მერე კი თვითონაც თანდათან ვარჯიში დაიწყო ამ მეცნიერებაში. ერთი საშუალებაც არ გამოუტოვებია, რითაც სარგებლობენ ოსტატები ხმის შესანარჩუნებლად და გასამაგრებლად. ზურგზე წვებოდა და მკერდზე ტყვიის დაფას იდებდა, კუჭს გამორეცხვებითა და ღებინებით იწმენდდა, თავს იკავებდა ნაყოფისგან და ხმისთვის სხვა მავნე საჭმელებისგან. და თუმცა ხმა სუსტი და ჩახლეჩილი ჰქონდა, მაინც ხარობდა თავისი წარმატებით და სცენაზე გამოსვლაც ისურვა, თან მეგობრებს ბერძნულ ანდაზას უმეორებდა: "რაც არავის ესმის, იმას ვერავინ აფასებს". პირველად ნეაპოლში გამოვიდა; და თუმცა თეატრი შეირყა მოულოდნელი მიწისძვრისაგან, არ შეჩერებულა, სანამ დაწყებული სიმღერა არ დაამთავრა. ნეაპოლში ხშირად გამოდიოდა და რამდენიმე დღე მღეროდა. მერე საკუთარ თავს შესვენების უფლება მისცა, ხმის აღსადგენად, მაგრამ აქაც ვეღარ გაუძლო მარტოობას, აბანოდან პირდაპირ თეატრში გამოცხადდა, ქეიფი მოაწყო შუა ორქესტრაზე და ბერძნულად გამოუცხადა ხალხის ბრბოს, ყელს რომ გამოირეცხავდა, მაშინ მთელი ხმით უმღერებდათ რამეს. მოეწონა ალექსანდრიელების თანაბარი ტაში, რომლებიც ბლომად მოგროვილიყვნენ ნეაპოლში იმხანად ჩამოსული ხომალდით და ალექსანდრიიდან უფრო მეტი სტუმარი გამოიძახა. არც ეს იკმარა, თავად შეარჩია მხედრების ფენიდან ახალგაზრდები და ასევე ხუთი ათასზე მეტი ყოჩაღი ყმაწვილი ყველა ფენიდან, რაზმებად დაყო და უბრძანა შეესწავლათ ალექსანდრიული აპლოდისმენტების სახეობები, რომლებსაც დაარქვეს: "ფუტკრები", "კრამიტები" და "აგურები", და მერე ენერგიულად დაეკრათ ყოველთვის, როცა იმღერებდა. იმათი ცნობა შეიძლებოდა: ხშირი თმით, დიდებული ტანსაცმლით, შიშველი და უბეჭდო ხელებით; იმათ თითოეულ ლიდერს ოთხასი ათასი სესტერცი გადაუხადა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვად რომში გამოსვლა მიაჩნდა. ამიტომ ნერონის თამაშები დადგენილ ვადაზე ადრე დაიწყო. თუმცა ყველა ყვიროდა, რომ უნდათ მოისმინონ მისი ღვთიური ხმა, თავიდან უპასუხა, რომ მსურველების დაკმაყოფილებას თავის ბაღში შეეცდება; მაგრამ როცა ბრბოს თხოვნას კარისკაცებიც შეუერთდნენ, ამ დროს დაცვაში რომ იდგნენ, მაშინ განაცხადა, რომ თუნდაც ახლავე გამოვა. და იქვე უბრძანა, მისი სახელიც შეეტანათ ლირაზე დამკვრელების სიაში, ურნაში თავისი კენჭიც ჩააგდო სხვებთან ერთად, მაგრამ ვეღარ დაელოდა თავის რიგს და გამოვიდა. იმისი ლირა პრეტორიელების მეთაურებს მოჰქონდათ, მერე ჯარის ტრიბუნები მოდიოდნენ და იმათ გვერდით - უახლოესი მეგობრები. სცენაზე რომ დადგა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა, ექს-კონსულ კლუვიუს რუფუსის პირით გამოაცხადა, რომ იმღერებს "ნიობეს" და ამას მღეროდა ლამის მეათე საათამდე. შეჯიბრის გაგრძელება და ჯილდოების გადაცემა მომდევნო წლისთვის გადადო, რათა კიდევ რამდენჯერმე შესძლებოდა გამოსვლა; მაგრამ იქამდე ძალიან გრძელი ეჩვენებოდა დრო და თავს არ ანებებდა კიდევ და კიდევ გამოსვლას. იმასაც ფიქრობდა, პრეტორების თამაშებზე ხომ არ გამოსულიყო და მმართველების მიერ შეთავაზებულ მილიონ სესტერცად ნამდვილ აქტიორებს ხომ არ შეჯიბრებოდა. მღეროდა ტრაგედიასაც, გმირების, ღმერთების და ქალების და ქალღმერთების ნიღბებშიც კი გამოდიოდა, ნიღბების ხაზები იმ ქალის თუ ქალების სახეებს აგონებდა, ვინც უყვარდა. ამ ტრაგედიებში იყო "კანაკეს მშობიარობა", "ორესტე-დედისმკვლელი", "ოიდიპოსის დაბრმავება", "უგუნური ჰერკულესი". ამბობენ, ერთმა ახალწვეულმა, შესასვლელს რომ დარაჯობდა, იმპერატორი ჰერკულესის როლში დაინახა, გათოკილი და ჯაჭვებშებმული და სცენაზე შევარდა მის საშველად. დოღებისადმი მისი ლტოლვა პატარაობიდანვე უსაზღვრო იყო, ცხენებზე და ეტლებზე ლაპარაკით არ იღლებოდა, თუმცა კი უკრძალავდნენ ამას. ერთხელ, როცა ამხანაგებთან ერთად დასტიროდა "მწვანეთა" მეეტლის სიკვდილს, რომელიც ცხენებმა გადმოაგდეს და არენაზე ათრიეს, მასწავლებელმა შენიშვნა მისცა, მაგრამ თავი მოიკატუნა, რომ ლაპარკი იყო ჰექტორზე. უკვე იმპერატორი რომ გახდა, მაინც აგრძელებდა თამაშს სპილოს ძვლის პატარა ეტლებით დაფაზე; და ყველა საცირკო თამაშებზე, ყველაზე უმნიშვნელოზეც კი ჩამოდიოდა თავისი ვილებიდან - ჯერ ჩუმად, მერე ღიად; ასე რომ, უკვე ყველამ იცოდა, რომ დადგენილ დღეს რომში იქნებოდა. არ მალავდა განზრახვას, გაეზარდა ჯილდოები. ამიტომ რბოლები სულ მატულობდა, დოღები საღამომდე იწელებოდა და თავად ეტლების მფლობელები არ თანხმდებოდნენ გამოეშვათ თავისი მრბოლელები ერთ დღეზე უფრო ცოტა ხნით. მერე თავადაც მოინდომა მრბოლელად გამოსვლა და სახალხოდაც. ჯერ თავის ბაღებში წაივარჯიშა, მონებსა და შავ ხალხში, მერე სარბოლო ეტლით გამოჩნდა ცირკში და რომელიღაც მისმა აზატმა მაგისტრანტის ადგილიდან ალმის დაქნევით მისცა რბოლის დაწყების ნიშანი. მაგრამ მისთვის ცოტა იყო თავისი ხელოვნების რომში ჩვენება, და ისიც, როგორც უკვე ითქვა, აქაიაში გაემგზავრა. და ძირითადად, აი, რამ აღძრა საამისოდ. ყველა ბერძნულმა ქალაქმა, სადაც მუსიკალური შეჯიბრებები იმართებოდა, დაადგინა, რომ მისთვის კითარის, იგივე ლირას დამკვრელების გვირგვინები გამოეგზავნათ. დიდი სიხარულით მიიღო გვირგვინები, ხოლო ჩამოსული ელჩები ყველაზე უწინ დაუშვა თავისთან და მეგობრულ სადილზეც მიიპატიჟა. სადილისას ზოგიერთმა მათგანმა დაითანხმა, რომ ემღერა და მეტად ხმაურიანი ტაშით დააჯილდოვეს. მაშინ განაცხადა, რომ მხოლოდ ბრძენებს შეუძლიათ მისი მოსმენა და მარტო ისინი არიან მისი შრომის ღირსები. დაუყოვნებლივ დაჯდა ხომალდზე, გაცურა და გზად კასიოპაში გამოვიდა იუპიტერი კასიუსის საკურთხევლის წინ, მერე კი ერთიმეორის მიყოლებით ყველა შეჯიბრი მოიარა. საამისოდ ბრძანა, ერთ წელიწადში მოეთავსებინათ სულ სხვადასხვა ვადების ზეიმები, თუნდაც გამეორება გამოსვლოდათ, და ოლიმპოზეც კი, ჩვეულების საწინააღმდეგოდ, მოაწყო მუსიკალური თამაშები. არაფერს უნდა მოეწყვიტა ამ თამაშებიდან. როცა აზატმა ჰელიუსმა მისწერა, რომ რომაული საქმეები მის იქ ყოფნას მოითხოვენ, ასე უპასუხა: "შენ მირჩევ და გინდა, რომ მალე დავბრუნდე; არადა აჯობებდა, დაგერწმუნებინე და შემვედრებოდი, რომ ღირსეულ ნერონად დავბრუნდე". როცა მღეროდა, თეატრიდან გასვლის უფლება არავის ჰქონდა, აუცილებელი საჭიროებისასაც კი. ამიტომ, ამბობენ, ზოგიერთმა ქალმა თეატრში გააჩინა ბავშვი; ხოლო ბევრი, უკვე მისი მოსმენა და ქება რომ აღარ შეეძლო, კედელზე გადაძრომით იპარებოდა, რაკი კარი დაკეტილი იყო; ზოგიერთი თავს იმკვდარუნებდა, რათა ტახტრევნებით გაეტანათ. როგორ შფოთავდა და კანკალებდა გამოსვლის წინ, როგორ შურდა თავისი მეტოქეების, როგორ ზაფრავდნენ მსაჯები, - ძნელი დასაჯერებელიც კია. მეტოქეებს გარს უვლიდა, იმათ გასაგონად წუწუნებდა, ზურგსუკან ავსიტყვაობდა მათზე, ხანდახან შეხვედრისას ლანძაღავდა კიდეც, გეგონება, იმათი თანაბარი ყოფილიყოს; ზოგის მოსყიდვასაც ცდილობდა, ვინც უფრო უკეთესი იყო იმაზე. მსაჯებს გამოსვლის წინ უდიდესი პატივისცემით მიმართავდა, არწმუნებდა, რომ გააკეთა ყველაფერი, რაც საჭიროა, თუმცა ყველა შედეგი შემთხვევის საქმეა; და ისინიც, ბრძენი და სწავლული ხალხი, მხედველობაში არ უნდა ღებულობდნენ ამ შემთხვევითობებს. მსაჯები სთხოვდნენ, მხნედ ყოფილიყო და ესეც უკან ბრუნდებოდა დამშვიდებული, მაგრამ მაინც დამფრთხალი, ზოგიერთი მსაჯის სიჩუმე და თავშეკავება უკმაყოფილებად და ცუდ განწყობად ეჩვენებოდა, და აცხადებდა, რომ ეს ხალხი საეჭვოა. შეჯიბრებისას გულმოდგინედ იცავდა ყველა წესს; დახველებას ვერ ბედავდა, შუბლიდან ოფლს ხელით იწმენდდა, ხოლო როცა რომელიმე ტრაგედიაში ხელიდან თავის კვერთხი გაუვარდებოდა, უმალვე აიღებდა და ამაზეც შიშის კანკალი ჰქონდა, რომ ამის გამო მოხსნიდნენ შეჯიბრიდან, და მხოლოდ მაშინღა მშვიდდებოდა, როცა მეორე აქტიორი დაუფიცავდა, რომ ეს არავის შეუმჩნევია ხალხის შეძახილებში და გახურებულ ტაშში. საკუთარ თავს გამარჯვებულად თვითონვე აცხადებდა, ამიტომ ყოველთვის მონაწილეობდა მაცნეთა კონკურსში. და წინა გამარჯვებულებიდან არც კვალი, და არც ხსოვნა რომ არ დარჩენილიყო, ყველა მათ სტაუეტის და გამოსახულების გადაგდებას ბრძანებდა, - კავებით უნდა გაეთრიათ და მოფარებულში გადაეგდოთ. ბევრჯერ გამოდიოდა მრბოლელად, ოლიმპიაზე ათცხენიანი ეტლებიც კი ატარა, თუმცა თავად ერთ ლექსში ქირდავდა მეფე მითრიდატეს. მართალია, რომ აქ ეტლიდანაც გადმოვარდა. თავიდან დასვეს, მაგრამ რბოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო და არენიდან გავიდა; თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც მიიღო გვირგვინი. უკან რომ ბრუნდებოდა, მთელ პროვინციას თავისუფლება უბოძა, ხოლო მსაჯებს - რომის მოქალაქეობა და საკმაო ფულადი ჯილდო; ამ მოწყალებაზე თავისი პირით განაცხადა ისთმიის თამაშების დღეს სტადიონის შუაგულიდან. საბერძნეთიდან ნეაპოლში დაბრუნდა, სადაც ოდესღაც პირველად გამოვიდა, და ქალაქში შემოვიდა თეთრი ცხენებით კედელში გამონგრეულით, თამაშებზე გამარჯვებულთა ჩვეულების მიხედვით. ასევე შევიდა ანციუმშიც, ალბანუმშიც და რომშიც. რომში იმ ეტლით შემოვიდა, რომლითაც ტრიუმფი გადაიხადა ავგუსტუსმა, ძოწისფერ ტანსაცმელში, ლაბადაზე დაკერებული ოქროს ვარსკვლავებით, თავზე ოლიმპიის გვირგვინით და პითიურით - მარჯვენა ხელში; წინ მოჰქონდათ დანარჩენი გვირგვინები წარწერებით, სად, ვისზე და რომელ ტრაგედიებში მოიპოვა გამარჯვება; უკან, როგორც ოვაციაში, მოდიოდნენ მისი მეტაშეები და ყვიროდნენ, რომ ემსახურებიან ავგუსტუსს და მეომრებად მოდიან მის ტრიუმფში. მან გაიარა დიდი ცირკი, სადაც ამისათვის არკა მოანგრიეს; მერე ველაბრუმი, ფორუმი, პალატინი და აპოლონის ტაძარი; მთელ მის გზაზე ხალხს მსხვერპლი მოჰქონდა, გზაზე ნელსურნებელს უპკურებდნენ, ლენტებს, მგალობელ ჩიტებს და ტკბილეულს მიართმევდნენ; წმინდა გვირგვინები საძინებელში, საწოლის მახლობლად დაჰკიდა; იქვე დაიდგა თავისი ქანდაკება ლირას დამკვრელის პოზაში; ამისთანა გამოსახულებითვე მოჭრა მონეტაც. მაგრამ არც ამის მერე მიუტოვებია თავისი შრომა და ცდები. ხმის შესანარჩუნებლად ჯარისკაცებს დაუსწრებლად ან მაცნეთი მომართავდა; საქმეებს აკეთებდა თუ ისვენებდა, გვერდით ყოველთვის ჰყავდა წარმოთქმის მასწავლებელი, რომელიც შეახსენებდა ხოლმე, რომ ყელს უნდა გაუფრთხილდეს და ცხვირსახოცით ისუნთქოს. და ბევრს აცხადებდა თავის მეგობრად ან მტრად იმის მიხედვით, თავგამეტებულად თუ ზარმაცად უკრავდნენ ტაშს მის გამოსვლებზე. მისი თავხედობა, ავხორცობა, გარყვნილება, სიფიცხე, სისასტიკე თავიდან ვლინდებოდა თანდათან და შეუმჩნევლად, თითქოს ბავშვური გატაცება იყო, მაგრამ იმთავითვე უკვე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ეს მანკიერებები - მისი ბუნებიდან მოდის და არა ასაკიდან. ოდნავ ირიჟრაჟებდა თუ არა, გაიკეთებდა დასადებ თმას ანდა ნაბდის ქუდს დაიხურავდა და მიდიოდა დუქნებში სახეტიალოდ ან ქუჩაბანდებში დაყიალობდა. მისი გართობა უწყინარი არ იყო. ვახშმიდან დაბრუნებულ ადამიანებს ურტყამდა, წინააღმდეგობისას დაჭრიდა და წყლის შემკრებ თხრილებში ჩააგდებდა ხოლმე. დუქნებს ტეხავდა და ძარცვავდა, ხოლო სასახლეში ბანაკის ბაზარი მოაწყო, სადაც შეპყრობილი ალაფი ნაწილ-ნაწილ იყიდებოდა ვაჭრობით, ხოლო მოგება კი ქეიფებში ისმებოდა. ამნაირ შეტაკებებში არაერთხელ შეიძლებოდა თვალი გამოეთხარათ, ან, საერთოდ, მოეკლათ კიდეც. ერთმა სენატორმა ლამის სიკვდილამდე მიიყვანა, ისე სცემა, რაკი იმის ცოლს აეტორღიალა და ავიწროებდა. ამის შემდეგ გვიანობისას ჯარის ტრიბუნების თანხლებით გამოდიოდა, შეუმჩნევლად რომ მოყვებოდნენ უკან. ზოგჯერ ხელით სატარებელი ეტლით საიდუმლოდ მივიდოდა თეატრში და პროსცენიუმის სიმაღლიდან აქეზებდა და აკვირდებოდა დავას პანტომიმების გამო, ხოლო როცა ჩხუბი დაიწყებოდა და ქვების ზუზუნი და სკამების ნამტვრევების შხუილი ატყდებოდა, თავადაც იმას ესროდა ბრბოს, რაც ხელში მოხვდებოდა და ერთ პრეტორს თავიც კი გაუტეხა. როცა ცუდი მიდრეკილებები კარგად გაუჯდა, ხუმრობას და დამალვას თავი დაანება და უარეს მანკიერებებს მისცა თავი. ქეიფებს შუადღიდან შუაღამემდე აგრძელებდა, დროდადრო აბანოებში ფხიზლდებოდა, ზამთარში თბილში, ზაფხულში - ცივში; ხალხის თვალწინ ქეიფობდა, ხელოვნურ გუბურაზე ანდა დიდ ცირკში, სადაც მთელი რომის მეძავები და მოცეკვავეები ემსახურებოდნენ. როცა ტიბრზე მიცურავდა ოსციუმისკენ ანდა ბაიას ყურეში, ნაპირებზე სამიკტნოები ეწყობოდა, სადაც ყველაფერი იყო ღრეობისა და გარყვნილობისთვის, და საიდანაც მიკიტნების ჩაცმული მატრონები ხელის ქნევით ეძახდნენ, რომ მათკენ გაეცურა. ქეიფებს მეგობრების ხარჯზეც აწყობდა, - ერთი მათგანი, აბრეშუმების დარიგებით, ოთხი მილიონი სესტერცი დაჯდა, ხოლო მეორე, ვარდის წყლით, კიდევ უფრო ძვირი. ისიც არ იკმარა, რომ აზატ ბიჭებთან ცხოვრობდა და ქმრიან ქალებს აცდუნებდა, ვესტალი რუბრია გააუპატიურა. გააზატებული აკტე კინაღამ კანონიერ ცოლად მოიყვანა, - რამდენიმე კონსულის წოდების სენატორი მოისყიდა, რომლებიც იფიცებოდნენ, აკტე მეფის საგვარეულოდან არისო. დაასაჭურისა სპორუსი, ბიჭი და ქალად გადაკეთება მოუნდომა, იმასთან ერთად ქორწილი გამართა ყველა წესით, მზითევითა და მაშხალით, დიდი ზარ-ზეიმით შეიყვანა თავის სასახლეში და როგორც ცოლთან, ისე ცხოვრობდა იმასთან. დღესაც ახსოვთ ვიღაცის მარჯვე ხუმრობა, - ადამიანები ბედნიერები იქნებოდნენ, ნერონის მამა დომიციუსსაც რომ ამისთანა ცოლი ჰყოლოდაო. ამ სპორუსს იმპერატრესას კაბები ჩააცვა, ტახტრევნებით დაჰყავდა თან საბერძნეთშიც შეკრებებზე და ზეიმებზე, და მერე რომშიც, სიგილარიებზე, დროდადრო ნაზად აკოცებდა ხოლმე. სასიყვარულო კავშირს ეძებდა საკუთარ დედასთანაც, და მხოლოდ მტრებმა შეაჩერეს, რომლებსაც ეშინოდათ, რომ ძალაუფლების მოყვარული და აულაგმავი ქალი ამით ძალიან დიდ გავლენას მოიპოვებდა. ამაში არავის ეპარებოდა ეჭვი, განსაკუთრებით, იმის მერე, რაც ნერონმა მხევლად ისეთი მეძავი მოიყვანა, აგრიპინასთან მსგავსებით რომ იყო სახელგანთქმული; იმასაც ირწმუნებიან, დედასთან ერთად რომ მგზავრობდა ტახტრევნით, მაშინ მასთან ერთად სისხლის აღმრევ ავხორცობას ეძლეოდა, რაზეც მოწმობდნენ ლაქები ტანსაცმელზე. და საკუთარი სხეული იმდენჯერ მიუცია გარყვნილობისათვის, რომ, ალბათ, ძლივს თუ გადაურჩა სხეულის რომელიმე ასო გაუბინძურებელი. ბოლოს ახალი გასართობი მოიგონა. ნადირის ტყავში გამოწყობილი გალიიდან გამოხტებოდა, სასქესო ორგანოებზე მივარდებოდა ძელებზე მიბმულ შიშველ კაცებს და ქალებს, და ველური ავხორცობის წყურვილს რომ დაიკმაყოფილებდა, აზატ დორიფორუსს ნებდებოდა. ამ დორიფორუსს თავად გაჰყვა ცოლად, როგორც იმას - სპორუსი; და ისე გაჰკიოდა, იმუდარებოდა და კვნესოდა, როგორც გოგონა გაუპატიურებისას. ზოგიერთისგან მე გავიგე, თითქოს ის მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ არ არსებობს ქვეყნად ბრძენი და რამეში მაინც სუფთა ადამიანი; და რომ ადამიანები ასაიდუმლებენ და ადვილად მალავენ თავიანთ მანკიერებებს; ამიტომ იმათ, ვინც თავის გარყვნილობაში გამოუტყდებოდა, სხვა დანარჩენსაც პატიობდა ხოლმე.       ფულისა და სიმდიდრის ერთადერთ მოხმარებად მფლანგველობას თვლიდა; ანგარიშიან ადამიანებს ბინძურ წუწურაქებს ეძახდა, ხოლო უთავბოლოდ გამნიავებლებს - გემოვნებიან ყოჩაღებს და ცხოვრების უნარის მქონეებს. თავისი ძია გაიუსისა ყველაზე ძალიან ის მოსწონდა და იმით იყო აღფრთოვანებული, როგორ შეძლო და ისეთ მოკლე დროში როგორ გაანიავა ტიბერიუსის უზარმაზარი ქონება. ამიტომ თავადაც არ იცოდა შეჩერება არც დანახარჯებში, არც გულუხვობაში. ტირიდატზე, თუმცა ეს დაუჯერებელი ჩანს, რვაასი ათასს ხარჯავდა დღეში, ხოლო წასვლისას ას მილიონზე მეტი აჩუქა. ლირას დამკვრელ მენეკრატესსა და გლადიატორ სპიკულუსს ტრიუმფატორების შესაბამისი ქონება და სასახლეები აჩუქა. მაიმუნის სახის მევახშე პანეროსი, რომელმაც მისგან უმდიდრესი მამულები მიიღო ქალაქში და ქალაქგარეთ, ლამის მეფესავით დამარხა. მეორედ არაფერს ჩაიცმევდა. თამაშში ფსონს ოთხასი ათასი სესტერციდან და ზემოთ ჩამოდიოდა. თევზაობდა მოოქროვილი, ძოწისფერი და წითელი თოკებით მოქსოვილი ბადით. მოგზაურობდა არანაკლებ ათასი ოთხთვალათი, ჯორებს ვერცხლის ნალები ჰქონდათ, გამრეკებს - კანუსიუმის მაუდი ეცვათ, ხოლო ირგვლივ - მალემსრბოლელები და მავრიტანელი ცხენოსნები სამაჯურებით და ბალთებით იწონებდნენ თავს. მაგრამ ყველზე მეტად მშენებლობებში იყო მფლანგველი. პალატინიდან ესკვილინამდე სასახლე გადაჭიმა, ჯერ გასავლელი დაარქვა, მერე, ხანძრისა და აღდგენის შემდეგ, - ოქროსი. მის ზომებზე და მორთულობაზე წარმოდგენის შესაქმნელად საკმარისია მხოლოდ აი, რისი ხსნება: შემოსასვლელი იმ სასახლეში იმ სიმაღლე იყო, რომ შიგ იდგა იმპერატორის კოლოსლური სტატუეტი, სიმაღლით ას ოცი ფუნტი; მოედანი ისეთი იყო, რომ სამმაგი პორტიკი გვერდებზე ერთი მილის სიგრძისა გახლდათ; შიგნით იყო გუბურა, ზღვისმაგვარი, გარშემორტყმული შენობებით, როგორც ქალაქი, მერე - მინდვრები, ნახნავებით გადაჭრელებული, საძოვრებით, ტყეებით და ვენახებით, და შიგ უამრავი შინაური საქონელი და ველური ნადირი. დანარჩენ ოთახებში ყველაფერი ოქროთი იყო დაფარული, მორთული ძვირფასი ქვებით და მარგალიტის ნიჟარებით; სასადილო ოთახებში ჭერი ცალობრივი იყო, მოსაბრუნებელი ფილებით, რათა ფერები გაებნია; ნასვრეტებით, რათა არომატი ეფრქვია. მთავარი პალატა მრგვალი იყო და დღე და ღამე შეუჩერებლად ბრუნავდა ცის კაბადონის მსგავსად. აბანოებში მოდიოდა მზის და გოგირდის წყლები. და როცა ასეთი სასახლე დასრულდა და აკურთხეს, ნერონმა მის საქებრად ისღა თქვა, რომ ადამიანურად იცხოვრებდა, ბოლოს და ბოლოს. ამას გარდა, მისერნუმიდან ავერნუმის ტბამდე აუზის მშენებლობა დაიწყო, გადახურულისა და გვერდებზე პორტიკებით, რომელშიც უნდა მიეყვანა მთელი ბაიის ცხელი წყაროები; დაიწყო არხიც ავერნუმიდან ოსტიუმამდე, რათა შესაძლებელი ყოფილიყო იქ ჩასვლა ხომალდით, მაგრამ საზღვაო გზით არა; სიგრძით ას სამოცი მილი უნდა ყოფილიყო, სიგანით კი ისეთი, რომ ორ კვინკვერემას გვერდი აევლო ერთმანეთისთვის. ამ სამუშაოების საწარმოებლად იტალიიდან ყველა წასულს უკან დაბრუნება უბრძანა, და სიკვდილმისჯილ სისხლის სამართლის დამნაშავეებსაც აქ უნდა ემუშავათ. ამ უგუნურ დანახარჯებისკენ უბიძგებდა არა მხოლოდ იმპერიის სიმდიდრის რწმენა, არამედ ამაო იმედი, მიწის ქვეშ მოეძებნა აურაცხელი სიმდიდრე. ერთი რომაელი მხედარი ფიცით არწმუნებდა, თითქოს აფრიკაში, უზამაზარ გამოქვაბულებში დამარხულია ძველი ხაზინა, რომელიც ტირიდან გაქცევისას თან წაიღო დედოფალმა დიდონამ, კართაგენის დამაარსებელმა, და მისი მოპოვება თითქმის უშრომლად შეიძლებოდა. როცა ამ იმედმა მოატყუა, და თითქმის სიღატაკემდე გამოიფიტა და გაღარიბდა, იძულებული გახდა, ჯარისკაცებისთვის ჯამაგირი დაეგვიანებინა, ვეტერანებისთვის ჯილდოები შეეწყვიტა, - მაშინ პირდაპირ ცილისწამებებსა და გამოძალვებს მიჰყო ხელი. პირველ რიგში, მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, იმ გარდაცვლილი აზატების მემკვიდრეობით, ვინც ცხადი მიზეზის გარეშე ნათესავი ოჯახების სახელს ატარებდა, ღებულობდა არა ნახევარ, არამედ ხუთ მეექვსედ ქონებას; შემდეგ, - რომ ანდერძებით, სადაც აღმოჩენილი იქნებოდა უმადურობა იმპერატორის მიმართ, მთელი ქონება გადადიოდა ხაზინის საკუთრებაში, ხოლო ვექილები, რომლებიც ამ ანდერძს ჩაიწერდნენ ან თავად დაწერდნენ, ისჯებოდნენ; მერე, - რომ დიდებულების შეურაცხყოფას ექვემდებარებოდა ნებისმიერი სიტყვა და საქციელი, რაზეც კი მოწმე გამოინახებოდა. ის საჩუქრებიც კი, ქალაქებიდან მიღებული გამარჯვების გვირგვინების სანაცვლოდ რომ გასცა, უკან მოითხოვა. ერთხელ იისფერი და ძოწისფერი აკრძალა, თავად მიაგზავნა ბაზარში გამყიდველი ამ საღებავის რამდენიმე უნციით და ამის მერე ყველა ვაჭარს ფარდულები დაუბეჭდა. ამბობენ, სიმღერით გამოსვლისას, მაყურებელში ქალი დაინახა აკრძალული მეწამული კაბით და თავის მსახურებს იმისკენ ანიშნა. ის ქალი გამოათრიეს რიგებიდან, და მარტო კაბა კი არ წაართვა, მთელი ქონებაც. დავალებებს რომ იძლეოდა, ყოველთვის დასძენდა: "და მე რაც მჭირდება, იცი", და "ისე მოვიქცეთ, რომ არავის არაფერი დარჩეს". ბოლოს, მრავალ ტაძარს წაართვა შეწირულობები, ხოლო ოქროს და ვერცხლის ქანდაკებები გადასადნობად მისცა, - მათ შორის, პენატების სტატუეტები, შემდეგში გალბამ რომ აღადგინა. თავისი ბოროტმოქმედება და მკვლელობები კლავდიუსიდან დაიწყო. მისი მკვლელობის წამომწყები არა ყოფილა, მაგრამ იცოდა და არც მალავდა ამას; მაგალითად, ბერძნულად მომზადებულ თეთრ სოკოს იმ დროიდან ეძახდა "ღმერთების საჭმელს", რაკი კლავდიუსს სწორედ თეთრი სოკოთი მიუტანეს შხამი. ყოველ შემთხვევაში, მიცვალებულს სდევნიდა სიტყვებითაც და საქციელითაც; ხან სისულელეში ადანაშაულებდა, ხანაც სისასტიკეში; მაგალითად, მისი საყვარელი ხუმრობა იყო იმის თქმა, რომ კლავდიუსი მორჩა "სულელის თამაშს" მოკვდავთა შორის, თან სიტყვა morari-ს პირველ მარცვალს გაწელავდა ხოლმე. ბევრი მისი გადწყვეტილება და დადგენილება გააუქმა, როგორც სუსტი ჭკუის და თავგუნება კაცისა; და მისი დასაკრძალავი კოცონის ადგილსაც კი უბადრუკი და თხელი ღობე შემოავლო. ბრიტანიკუსი, ვისიც იმდენად არ შურდა, სასიამოვნო ხმა რომ ჰქონდა, რამდენადაც ეშინოდა, რაკი შეიძლებოდა, ხალხს იმისთვის უფრო მეტი პატივი მიეგო, ვინაიდან მამამისი ახსოვდათ, - გადწყვიტა, საწამლავით ჩამოეშორებინა. ეს საწამლავი მიიღო ვიღაც ლუკუსტასგან, შხამების გამომგონებლისგან. მაგრამ შხამი სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე ეგონათ და ბრიტანიკუსმა მხოლოდ შეუძლოდ იგრძნო თავი. მაშინ ის ქალი თავისთან დაიბარა და თავისი ხელით სცემდა, თან უყვიროდა, რომ საწამლავი კი არა, წამალი მისცა. ქალი თავს იმართლებდა, ცოტა შხამი იმიტომ ჩაედო, რომ დანაშაულის შემდეგ ხალხში გაჩენილი სიძულვილისგან გადაერჩინა. მაგრამ მან დაუყვირა: "ნამდვილად, იულიუსის კანონისა მეშინია!" და აიძულა იქვე, საძინებელში, მის თვალწინ მოეხარშა ყველაზე ძლიერი და სწრაფმოქმედი შხამი. საწამლავი თიკანზე გამოსცადეს და ცხოველი ხუთ საათში მოკვდა; რამდენჯერმე წამოადუღეს და მიღებული მიქსტურა გოჭს მიუგდეს, რომელიც ადგილზევე გახევდა; მაშინ ნერონმა ბრძანა, სუფრაზე მიეტანათ და მასთან ერთად სადილად მჯდომი ბრიტანიკუსისთვის მიერთმიათ. პირველივე ლუკმაზე ბრიტანიკუსი მკვდარი გადავარდა; ხოლო ნერონმა თანამეინახეები მოატყუა, რომ ეს ჩვეულებრივი გულღონებაა; მეორე დღესვე დამარხა, თავსხმა წვიმაში, ფაცხაფუცხით და უპატიოდ. ლუკუსტამ კი შესრულებული საქმისათვის მიიღო დაუსჯელობაც, მდიდარი მამულებიც და შეგირდებიც. დედა იმიტომ არ უყვარდა, რომ თვალს ადევნებდა და მკაცრად განსჯიდა მის სიტყვას თუ საქციელს. თავიდან ცდილობდა, ასე თუ ისე გამოეწვია მისი სიძულვილი, ხელისუფლებაზე უარის თქმით და როდოსზე წასვლით იმუქრებოდა; მერე ყველა პატივი და ხელისუფლება ჩამოართვა, მეომრები და გერმანელი მცველები წაართვა, უარი უთხრა ჭერზე და სასახლიდანაც გააგდო; მაგრამ იქაც წამითაც კი არ აძლევდა მოსვენებას, მიწაზე თუ წყალზე დევნიდა, - მისი დაქირავებული ხალხი რომში სასამართლოსთვის გადაცემის მუქარით აწყენინებდა ხოლმე, ზღვაზე დასასვენებლად მყოფს - დაცინვით და გინებით. ბოლოს, დედის მუქარებით და მოურჯულებლობით დაშინებულმა, მისი დაღუპვა გადაწყვიტა. სამჯერ სცადა მისი მოწამვლა, სანამ არ მიხვდა, რომ დედამისი წინასწარ ღებულობს შხამსაწინააღმდეგო საშუალებას. მაშინ მისი საწოლის თავზე ცალობრივი ჭერი მოაწყო, რომ მანქანით გაეთავისუფლებინა კილოებისაგან და მძინარისთვის ზედ დაეყარა, მაგრამ თანამონაწილეებმა ვერ შეძლეს ამ ჩანაფიქრის საიდუმლოდ შენახვა. მაშინ დასანგრევი ხომალდი გამოიგონა, რათა გემის ჩაძირვით დაეღუპა ანდა კაიუტის ჩავარდნით. მრისხანება მოჩვენებითი მოწყალებით შეცვალა, მეტად ნაზი წერილით მიიწვია ბაიაში, რათა ერთად ეზეიმათ კვინკვატრიები; აქ ქეიფით შეიქცია, ხოლო ტრიერარქებს უბრძანა, დედამისის ლიბურნის გალერა დაეზიანებინათ, თითქოსდა უნებური შეჯახებით; ხოლო როცა დედამ უკან, ბავლიში დააპირა დაბრუნება, იმ ძალით დაზიანებული გალერის ნაცვლად თავისი ხელოვნურად აგებული ხომალდი მისცა, ალერსიანად გააცილა და გამოთხოვებისას მკერდზეც აკოცა. ღამის დარჩენილი ნაწილი თვალმოუხუჭავად გაატარა, დიდი მოთმინებით უცდიდა თავისი ჩანაფიქრის შედეგს. ხოლო როცა შეიტყო, რომ ყველაფერი სულ სხვანაირად მოხდა, დედა რომ ცურვით დაუძვრა და როცა მისმა აზატმა ლუციუს აგერმუსმა სიხარულით მოუტანა ცნობა, რომ დედამისი ცოცხალი და ჯანმრთელია, მაშინ, სხვა რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, ბრძანა, აგერმუსისთვის ხანჯალი მიეგდოთ, მერე ხელი ეტაცათ და გაეთოკათ, როგორც მოგზავნილი მკვლელი, ხოლო აგრიპინა ისე მოეკლათ, რომ თითქოს დანაშაულში გამომჟღავნებულმა მოიკლა თავი. ამას, სანდო წყაროებზე მითითებით, უფრო საზარელ წვრილმანებს ამატებენ. თითქოს თავადვე მიირბინა მოკლულის სხეულის სანახავად, მის ასოებს სინჯავდა, ზოგს აქებდა და ზოგსაც წყევლიდა; ამის გამო დალევა მოუნდა და იქვე ლოთობდა. და თუმცა მეომრებიც, სენატიც და ხალხიც ამართლებდნენ თავიანთი მილოცვებით, სინდისის ქენჯნას ვერც მაშინ გაექცა, ვერც მერე, და არაერთხელ უღიარებია, რომ სულ თან სდევს დედის აჩრდილი, მათრახიან და მაშხალებიან ფურიებთან ერთად. ამიტომ აწყობდა ჯადოქრების რიტუალებს, ცდილობდა დედის სული გამოეძახებინა და შენდობას შევედრებოდა; ამავე მიზეზით საბერძნეთშიც, ელევსინის საიდუმლოებებში, სადაც მაცნე წასვლას უბრძანებს უღირსებს და დამნაშავეებს, ვერ გაბედა განდობის მიღება. დედის მკვლელობას დეიდისაც მოაყოლა. დეიდა მაშინ მოინახულა, როცა ის ყაბზობით იტანჯებოდა; მოხუცი ქალი, როგორც ყოველთვის, წვერზე მოეფერა და ალერსიანად უთხრა: "ნეტავი, ეს წვერი გაპარსული მაჩვენა და მერე მომკლა"; ხოლო ეს მეგობრებს მიუბრუნდა და დამცინავად თქვა, რომ ახლავე მოიპარსავს; და უბრძანა ექიმებს, რომ დიდი დოზით მიეცათ საძილე წამალი. ჯერ კიდევ სული არ ამოსვლოდა დეიდას, რომ უკვე იმის მემკვიდრეობაში ჩადგა, - ანდერძი გახსნა, რათა არაფერი გაეშვა ხელიდან. ოქტავიას მერე ორჯერ მოიყვანა ცოლი - პოპეა საბინა, რომლის მამა კვესტორი იყო, ხოლო პიველი ქმარი - რომაელი მხედარი; და სტატილია მესალინა, ტავრუსის შვილთაშვილი, ორგზის კონსულისა და ტრიუმფატორისა, - ცოლად რომ მოეყვანა, მისი ქმარი, ატიკუს ვესტინუსი მოკლა, როცა ის კონსული იყო. ოქტავიასთან ცხოვრება მალე ექცა ტვირთად; მეგობრებს საყვედურებზე პასუხობდა, რომ მისგან საკმარისია მეუღლის წოდება. მისი დახრჩობის რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ გაშორდა უნაყოფობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი არ ამართლებდა ამ დაცილებას და ლანძღავდა; მერე გადაასახლა და, ბოლოს, სიკვდილით დასაჯა მრუშობაში იმდენად უაზრო და თავხედური ბრალდებისათვის, რომ ეს წამების დროსაც კი არავინ დაადასტურა; და ნერონი იძულებული იყო, ცრუმოწმედ დაექირავებინა ბიძამისი ანიკეტუსი, რომელმაც განაცხადა, რომ ეშაკობით დაეუფლა ამ ქალს. პოპეა ცოლად მოიყვანა ოქტავიასთან გაშორების მეთორმეტე დღეს და უსაზღვროდ უყვარდა; მაგრამ ისიც მოკლა, ფეხით დაახრჩო, ავადმყოფი და ფეხმძიმე, როცა ძალიან გვიან დაბრუნდა დოღებიდან, ქალი კი საყვედურებით დახვდა. პოპეასგან ეყოლა ქალიშვილი კლავდია ავგუსტა, მაგრამ პატარაობისას გარდაიცვალა. ჭეშმარიტად, ახლობლებიდან არავინ დაუნდია თავის დანაშაულებში. ანტონია, კლავდიუსის ქალიშვილი, რომელმაც პოპეას სიკვდილის მერე უარი თქვა მის ცოლად გაყოლაზე, შეთქმულების მომზადებაში დაადანაშაულა და სიკვდილით დასაჯა. ამას მოჰყვნენ დანარჩენი მისი ნათესავები და თავისიანები; მათ შორის იყო ახალგაზრდა ავლუს პლავტიუსი, რომელიც სიკვდილით დასჯის წინ გააუპატიურა და თქვა: "დაე, ახლა დედაჩემი მოვიდეს თავისი ნათესავის საკოცნელად!" - რადგან, მისი სიტყვებით, აგრიპინას უყვარდა ეს ყმაწვილი და ძალაუფლების მიღების იმედს უნერგავდა. თავის გერზე, რუფუს კრისპინუსზე, პოპეას შვილზე მონებს უბრძანა, თევზაობის დროს ზღვაში დაეხრჩოთ, რაკი მოისმინა, რომ ბიჭი თამაშისას მხედართმთავრად და იმპერატორად ასახელებდა თავს. ტუსკუსი, თავისი ძიძის შვილი იმიტომ მოწამლა, რომ ეგვიპტეში პროკურატორად ყოფნისას იმ აბანოში იბანავა, რომელიც ნერონს უნდა ეკურთხებინა. სენეკა, თავისი აღმზრდელი, აიძულა, თავი მოეკლა, თუმცა როცა მან განთავისუფლება სთხოვა და უარი თქვა მთელ თავის სიმდიდრეზე, ნერონი მრავალჯერ წმინდა ფიცით არწმუნებდა, რომ მისი ეჭვები ტყუილია და უმალ მოკვდება, ვიდრე დამრიგებელს ბოროტებას გაუკეთებს. ბურუსს, პრეტორიელების მეთაურს ყელის ტკივილის წამალს დაპირდა და შხამი გაუგზავნა. მოხუცი და მდიდარი აზატები, ვინც ოდესღაც შვილად აყვანაში და მერე იმპერატორად გახდომაში დაეხმარნენ, საწამლავით მოიშორა, - ან საჭმელში გაურია, ან სასმელში. არანაკლები მძვინვარებით უსწორდებოდა უცხო და გარეშე ხალხს. კუდიანი ვარსკვლავი, სააყოველთაო რწმენით, უმაღლეს მბრძანებლებს რომ ემუქრებოდა სიკვდილით, მიყოლებით რამდენიმე ღამე იდგა ცაზე; ამით შეშფოთებულმა ასტროლოგ ბალბუსისგან შეიტყო, რომ, როგორც წესი, მეფეები თავს გამოისყიდიან ხოლმე რომელიმე ბრწყინვალე სიკვდილით დასჯით, საკუთარ თავს ქვეშევრდომისაზე სცვლიან, და ამანაც სასიკვდილოდ გაწირა სახელმწიფოს მთელი სახელიანი მოღვაწეები - მით უმეტეს, რომ ამისათვის მშვენიერი მიზეზი გაუჩნდა ორი შეთქმულების გახსნით: პირველი და მთავარი დაგეგმილი იყო პიზონის მიერ რომში, მეორე - ვინციუსის მიერ ბენევეტეში. შეთქმულები პასუხობდნენ სამმაგი ჯაჭვების ბორკილებში, - ერთნი თავისი ნებით აღიარებდნენ დანაშაულს, მეორენი ამას დამსახურებად უთვლიდნენ საკუთარ თავს, რაკი, მათი სიტყვით, მხოლოდ სიკვდილით შეიძლებოდა დახმარებოდნენ კაცს, რომელიც ყველა მანკიერებით იყო გასვრილი. შეთქმულთა შვილები გააძევეს რომიდან და საწამლავით ანდა შიმშილით დახოცეს: ერთნი, როგორც ცნობილია, ამოწყვიტეს საერთო საუზმეზე, თავიანთი აღმზრდელებიანად და მსახურებიანად; სხვებს აკრძალაული ჰქონდათ, საჭმლის ფული გამოემუშავებინათ. ამის მერე უსაზღვროდ და განურჩევლად სჯიდა, ვინც უნდოდა და რისთვისაც უნდოდა. სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, სალვიდიენუს ორფიტუსი ბრალდებული იქნა იმაში, რომ ფორუმის მახლობლად, თავის სახლში მოწყობილი სამი ფუნდუკი თავისუფალი ქალაქების ელჩებს მიაქირავა; კასიუს ლონგინუსი, უსინათლო სამართალმცოდნე - იმიტომ, რომ თავისი ძველი, საგვარეულო სურათების გვერდით გაიუსი კასიუსის სახე შეინახა, კეისრის მკვლელისა; პეტუს თრასეა - იმიტომ, რომ მისი დამრიგებელივით კუშტი და პირქუში სახე ჰქონდა ყოველთვის. სიკვდილს რომ უბრძანებდა, მსჯავრდებულებს დათვლილ საათებს უტოვებდა; და შეფერხება რომ არ ყოფილიყო, ექიმებს მიუჩენდა ხოლმე, რომლებიც მაშინვე "მიდიოდნენ დასახმარებლად" შეყოყმანებულებთან - ასე ეძახდა ძარღვების სასიკვდილო გახსნას. იყო ერთი სახელგანთქმული მსუნაგი, წარმოშობით ეგვიპტიდან, ვისაც შეეძლო უმი ხორცის ჭამაც, და ნებისმიერი რამისაც, - ამბობენ, რომ ნერონს უნდოდა, დასაგლეჯად და შესაჭმელად ცოცხალი ადამიანები მიეცა მისთვის. თავისი ასეთი წარმატებებით რომ ამაყობდა და დიდგულობდა, წამოიძახებდა ხოლმე, რომ მისმა წინამორბედებმა არ იცოდნენ, როგორი ხელისუფლება იყო მათ ხელში; და, დროდადრო, ხშირ-ხშირად და დაუფარავად აცხადებდა, რომ დარჩენილ სენატორებსაც არ დაინდობს, მთელ მათ ფენას ოდესმე ამოძირკვავს სახელმწიფოდან, ხოლო ჯარებს და პროვინციებს მხედრებს და აზატებს მიანდობს. ყოველ შემთხვევაში, როცა მიდიოდა ან მოდიოდა, სენატორებს არ დაუშვებდა ხოლმე საკოცნელად და არც მათ მისალმებას პასუხობდა; ხოლო ისთმუსზე სამუშაოებს რომ იწყებდა, დიდი ბრბოს წინაშე, ყველას გასაგონად ისურვა, რომ ეს საქმე მისთვის და რომაელი ხალხისთვის ყოფილიყო სასიკეთო, სენატი არ უხსენებია. არც ხალხის და არც დედაქალაქის კედლების შეწყალება არ იცოდა. ერთხელ ვიღაცამ თქვა ლაპარაკში: როცა მოვკვდები, დაე, მიწა დაიწვას ცეცხლში! "არა, - შეაწყვეტინა ნერონმა, - სანამ ცოცხალი ვარ!" და ამას მიაღწია. თითქოს არ მოსწონდა მახინჯი, ძველი სახლები და ვიწრო, მიმოხვეული ქუჩაბანდები, მან რომი დაწვა იმდენად დაუფარავად, რომ ბევრი კონსულარი თავის ეზოებში იჭერდა მის მაშხალიან და ძენძიან მსახურებს, მაგრამ იმათი ხელის ხლებას ვერ ბედავდა; ხოლო ოქროს სასახლის მახლობლად მდგარი ბეღლები, რომლებიც, ნერონის აზრით, ძალიან დიდ ადგილს ართმევდნენ, თავიდან თითქოს სამხედრო მანქანებით დაანგრიეს, მერე კი დაწვეს, რადგან მარცვალსაცავების კედლები ქვისგან იყო აშენებული. ექვსი დღე და შვიდი ღამე მძვინვარებდა უბედურება, ხოლო ხალხი თავშესაფარს ქვის ძეგლებში და საფლავებში ეძებდა. ურიცხვი საცხოვრებელი შენობების გარდა იწვოდა ძველი მხედართმთავრების სახლები, ჯერ კიდევ მტრისგან ნაალაფევით რომ იყო დამშვენებული; იწვოდა ღმერთების ტაძრები, აგებული და ნაკურთხი მეფეთა წლებში, მერე კი - პუნიკურ და გალიის ომებისას; იწვოდა ყველაფერი ღირსეული და სამახსოვრო, რაც ძველი დროებიდან შემონახულიყო. ამ ხანძარს მეცენატის კოშკიდან უყურებდა, ტკბებოდა, მისი სიტყვებით, დიდებული ალით; და თეატრალურ ჩაცმულობაში გამოწყობილი თავიდან ბოლომდე მღეროდა "ილიუმის დაქცევას". მაგრამ არც აქ გაუშვია ხელიდან ალაფის მოპოვების და ხელის მოთბობის შემთხვევა. გამოაცხადა, რომ ნანგრევებს და გვამებს დაწვავდნენ სახელმწიფოს ხარჯზე და ხალხს თავისი ქონების ნარჩენებთან არ უშვებდა; შემოწირულობებს პროვინციებიდან და კერძო პირებიდან არათუ ღებულობდა, არამედ მოითხოვდა კიდეც და საბოლოოდ აღატაკებდა მათ. იმ ფათერაკებსა და უბედურებებს, რომლებშიც ნერონი იყო დამნაშავე, ბედმა სხვებიც დაამატა: შავი ჭირი, რომელმაც ერთი შემოდგომის განმავლობაში ოცდაათი ათასი კაცი ჩაწერა დასაკრძალავ სიებში; დამარცხება ბრიტანეთში, სადაც ორი ქალაქი გაიძარცვა, ხოლო მოქალაქეთა და მოკავშირეთა უმეტესობა გაწყდა; სამარცხვინო დამარცხება აღმოსავლეთში, რომლის გამოც სომხეთში ლეგიონებმა უღელქვეშ გაიარეს, ხოლო სირია თითქმის დაკარგული იყო. ამ ყველაფერში განსაკუთებით საოცარია და შესანიშნავი ის გულგრილობა, რომლითაც ხალხის საყვედურებსა და წყევლას ღებულობდა. არავისთან იყო ისე შემწყნარებელი, როგორც იმათთან, ვინც თავს ესხმოდა დაცინვებითა და ლექსებით.       მაშინ ბევრი იწერებოდა ეს ლექსები, ლათინურადაც და ბერძნულადაც, და ხელიდან ხელში გადადიოდა; მაგალითად, ასეთები: ნერონი არის, ალკმეოსი, თუა ორესტე - დედები მოკლეს სამივემ და სიკვდილს მონებენ. კენტი და ლუწი დაითვალე წერა-მწერლისა და შენც იპოვი: ნერონია მკვლელი დედისა. ენეასს მოჰგავს, თუ შეხედავ, მმართველი ჩვენი, ტროადან მამა რომ გაჰყავდა, - ეს დედას შველის. თუკი პართელი მშვილდს ამღერებს, ეს - ლირას დამღერს, თუკი ის შორით მტყორცნელია, ეს - მაღლით დაგვმზერს. რომი - სასახლედ, ჩვენ - ღატაკად გვაქცია ყველა, საით გავექცეთ, ვეიშიც კი ვერ ვპოვებთ შვებას. თუმცა არ უძებნია შემთხზველები, ხოლო როცა ზოგიერთზე დასმენა შევიდა სენატში, იმათთვის მკაცრი სასჯელი აკრძალა. ერთხელ, ქუჩაში მიმავალს ცინიკოსმა ისიდორუსმა ხმამაღლა დასცინა, რომ "ნავპლიუისის უბედურებაში" კარგად მღერის, ხოლო საკუთარ უბედურებებს ვერ უმკლავდება. ატელანის ფარსების აქტიორმა დატუსმა ამ სიტყვებზე: მშვიდობით, მამავ! მშვიდობით, დედავ! მოძრაობებით აჩვენა, თითქოს სვამდა და მიცურავდა; ამით ფარულად მიანიშნებდა კლავდიუსის და აგრიპინას სიკვდილზე. ხოლო ბოლო სიტყვებზე - სიკვდილისაკენ თქვენი გზა მიდის! - ხელით სენატისკენ მიუთითა. მაგრამ როგორც ფილოსოფოსს, ასევე აქტიორს რომიდან და იტალიიდან გაძევება მიუსაჯა - ან თავისი წახდენილი დიდება ეზიზღებოდა, ანდა მახვილგონივრობის კიდევ უფრო გაღვივება არ სურდა წყენის დატყობით. ამნაირ მმართველს თითქმის თოთხმეტი წელიწადი უძლებდა მსოფლიო და, ბოლოს, დაამხო. ამას სათავე დაუდო გალიამ, იულიუს ვინდექსის მეთაურობით, რომელიც მაშინ ამ პროვინციის პროტოპრეტორი გახლდათ. უკვე დიდი ხანი იყო, რაც ნერონს უწინასწარმეტყველეს ასტროლოგებმა, რომ ადრე თუ გვიან, ჩამოაგდებენ; მაშინ თქვა თავისი ცნობილი სიტყვები: "პურს ხელობით შევჭამ!" - რათა ამით გაემართლებინა თავისი ვარჯიში ლირას დაკვრის ხელოვნებაში, მმართველისთვის - გასართობი, მაგრამ უბრალო კაცისთვის - აუცილებელი. სხვათა შორის, სხვები ჰპირდებოდნენ, რომ დამხობილიც კი შეინარჩუნებს ძალაუფლებას აღმოსავლეთზე, - ზოგიერთი პირდაპირ ასახელებდა იერუსალიმის სამეფოს, - ხოლო ბევრი წინანდელი მდგომარეობის აღდგენას უქადდენ. ეს იმედი უფრო სიამოვნებდა, და როცა ჯერ დაკარგა და მერე ისევ დაიბრუნა სომხეთი და ბრიტანეთი, მაშინ გადაწყვიტა, რომ საბედისწერო უბედურებები უკვე აღსრულდა მის თავს. როცა აპოლონის დელფოსის ორაკულმა ურჩია, რომ სამოცდაცამეტი წლისა უნდა შეშინებოდა, ასე განსაჯა, რომ აი, მაშინ კი მოკვდება - გალბას ასაკზე არ უფიქრია - თავისი მარადიული და განსაკუთრებული ბედნიერების ისეთი რწმენით განიმსჭვალა, რომ ხომალდის დაღუპვის შემდეგ, სადაც მთელი მისი ძვირფასეულობა დაიღუპა, რწმენით განუცხადა მეგობრებს, რომ თევზები გამოუტანენ თავის საგანძურს. ნეაპოლში იყო, გალიის აჯანყებაზე რომ გაიგო იმავე დღეს, როცა დედამისი მოკლა ერთი წლის წინ. ეს ცნობა მშვიდად და გულგრილად მიიღო; შეიძლებოდა, მოსჩვენებოდათ კიდეც, რომ უხაროდა მდიდარი პროვინციების გაძარცვის ხელსაყრელი შემთხვევა, რასაც ომის კანონი აძლევდა. მაშინვე გიმნასიისკენ განაგრძო გზა, სადაც ინტერესით უყურებდა მოჭიდავეების შეჯიბს; სადილზე ახალი მოხსნებები მოვიდა, კიდევ უფრო საგანგაშო, მაგრამ ცივი დარჩა და მხოლოდ დაიმუქრა, რომ მეამბოხეებს შავი დღე დაადგებათ. და მერე, მთელი რვა დღე არც წერილები გაუგზავნია, არც ბრანებები, არც მიწერილობები, ყველა საქმე დაივიწყა. ბოლოს, ვინდექსის ახალ-ახალი ედიქტებით აღშფოთებულმა, სენატს წერილი გაუგზავნა, მოუწოდებდა შური ეძიათ მისთვის და სამშობლოსათვის, მაგრამ თავად არ გამოცხადებულა, ყელის ტკივილი მოიმიზეზა. ყველაზე მეტად იმან გაამწარა, რომ ვინდექსმა ლირას სულმდაბალი დამკვრელი და ნერონი კი არა, აჰენობარბუსი დაუძახა. ამაზე განაცხადა, რომ ისევ დაიბრუნებს თავის საგვარეულო სახელს, რითაც ასე საწყენად ქირდავენ, ხოლო შვილად აყვანისას მიღებულს კი უარყოფს. დანარჩენი ბრალდებები ცრუდ გამოაცხადა, უკვე იმიტომ, რომ იმ ხელოვნების უცოდინარობაში სდებენ ბრალს, რომელშიც დაუღალავი ვარჯიშით სრულყოფილებამდე მივიდა, და ყველას ჩაეკითხებოდა ხოლმე, - თავისზე უკეთესი ლირაზე დამკვრელი ეგულებათ სადმე? ახალ-ახალი ცბობებით იძულებულმა, ბოლოს და ბოლოს, გულისფართხალით გასწია რომისკენ. გზაში ერთმა პატარა ნიშანმა გაამხნევა, ერთ ქანდაკებაზე რომაელი მხედრის გამოსახულება დაინახა, რომელიც ჩამოვარდნილ გალელ მხედარს თმით მიათრევდა, და ამის დანახვაზე სიხარულით შეხტა და ხელების ზეაპყრობით ზეცას მადლობა გადაუხადა. მაგრამ მაშინაც არ გამოსულა სიტყვით არც სენატში და არც სახალხოდ, არამედ სასახლეში დაიბარა ცნობილი მოქალაქეები, მოკლე ბჭობა გამართა და დღის დანარჩენი ნაწილი იმათ წყლის ახალ და უჩვეულო ფორმის ორგანიზმებს ათვალიერებინებდა, დაწვრილებით უხსნიდა თითოეული ამ ორგანიზმის მოწყობილობას და აგებულებას; და იმასაც კი დაჰპირდა, რომ თეატრში გამოფენდა, თუკი ვინდექსის ნებართვაც იქნება. როცა შეიტყო, რომ გალბა ესპანეთიანად განუდგა, ძირს დავარდა, სულისხუთვისგან დიდხანს იწვა მკვდარივით და სიტყვას არ ამბობდა; ხოლო როცა გონს მოვიდა, კაბა შემოიხია, თავში იცემდა, ხმამაღლა ყვიროდა, რომ ყველაფერი დამთავრებულია. მოხუცი ძიძა ამშვიდებდა, ახსენებდა, რომ ეს სხვა მმართველებსაც მოსვლიათ; მაგრამ პასუხობდა, რომ მისი ბედი - არარსებული და არგაგონილია, სიცოცხლეშივე კარგავს იმპერატორის ძალაუფლებას. მით უფრო, თავის ჩვეულებრივ გარყვნილობაზე და ზეიმებზე უარი არ უთქვამს. უფრო მეტიც, როცა პროვინციებიდან რაღაც კარგი ცნობები მოვიდა, იმან მდიდრულ ქეიფში იმღერა დაცინვით შეთხზული სიმღერები აჯანყების ბელადებზე, თან სხეულის მოძრაობასაც აყოლებდა, და ეს სიმღერები მაშინვე აიტაცეს ყველგან. ხოლო როცა ჩუმად მივიდა თეატრში, წარმოდგენაზე, სადაც დიდი წარმატება ჰქონდა ერთ აქტიორს, იმასთან კაცი გაგზავნა და დააბარა: "იმით სარგებლობ, რომ იმპერატორი დაკავებულია". ამბობენ, აჯანყების დასაწყისში ისეთ ოცნებას ეძლეოდა ყველაზე საზარელი და ობროდული ჩანაფიქრებით, სრულად რომ პასუხობდნენ მის ზნეობას. პროვინციების და ჯარების ყველა მეთაურის მოკვლა და გამოცვლა უნდოდა, როგორც შეთქმულების მონაწილეებისა და თანამოაზრეებისა; ყველა ლტოლვილი ანდა რომში მცხოვრები გალი უნდა ამოეწყვიტა - ერთნი, რათა არ მიმხრობოდნენ აჯანყებას; მეორენი - როგორც თანამზრახველები და დამხმარეები თავისი თანამემაულეებისა; გალიის პროვინციები ჯარისთვის მიეცა საჯიჯგნად; მთელი სენატი ქეიფისას მოეწამლა შხამით; დედაქალაქი დაეწვა, ხოლო ქუჩებში გამოეშვა გარეული მხეცები, რათა ძნელი ყოფილიყო ვინმეს გადარჩენა. ან ჩაფიქრებზე უარი თქვა, იმდენად სირცხვილისგან არა, რამდენადაც წარმატებაში დაეჭვების გამო; და დარწმუნებულმა, რომ ომი გარდაუვალია, ორივე კონსული გადააყენა და მარტომ დაიკავა მათი თანამდებობა, თან წინასწარმეტყველებაზე მიუთითებდა, რომ გალია შეიძლება დაიპყროს მხოლოდ კონსულმა. და უკვე თანამდებობაზე მყოფმა, ერთხელ, ქეიფიდან რომ მიდიოდა, მეგობრების მხარდაჭრით გათამამებულმა, გამოაცხადა, რომ როგორც კი გალიაში იქნებიან, უიარაღოდ გავა ჯარების შესახვედრად და მხოლოდ თავისი ცრემლებით დააჩოქებს მეამბოხეებს მოსანანიებლად, ხოლო მომდევნო დღეს, სხვებთან ერთად მოილხენს, გამარჯვების სიმღერასაც შემოსძახებს, რომელზეც ადრევე უნდა დაიჭიროს თადარიგი და წინასწარ შეთხზას. ლაშქრობისთვის რომ ემზადებოდა, პირველ რიგში, იზრუნა ფორნების შესაკრებად, თეატრალური ავეჯეულისა და სხვა საჭიროებების გადასატანად; ხოლო გამცილებელ თავის ხარჭებს თმა მამაკაცურად შეაჭრა, ცულ-ჩუგლუგებითა და ფარებით შეაიარაღა, როგორც ამორძალები. მერე სამხედრო გაწვევა გამოაცხადა ქალაქის ტრიბებში, მაგრამ სამსახურისთვის გამოსადეგი არავინ მისულა; მაშინ მოითხოვა პატრონებისგან მონების ცნობილი რიცხვი და თითოეულის შინაყმებიდან აარჩია ყველაზე საუკეთესოები, მმართველებისა და მწერლების ჩათვლით. ყველა ფენას უბრძანა, შეეწირათ თავისი ქონების ნაწილი, ხოლო კერძო სახლების და ოთახების მოქირავნეებს დაუყოვნებლივ შეეტანათ იმპერატორის ხაზინაში მთელი წლის გადასახადი. დიდი გარჩევადობითა და სიმკაცრით ითხოვდა, რომ მონეტები გაცვეთილი არ ყოფილიყო, ვერცხლი - გადადნობილი, ოქრო - გასინჯული; ბევრმა ღიად თქვა უარი რამის მიტანაზე, ერთხმად შესთავაზა, დამსმენებისათვის მოეტანინებინა გადაცემული ჯილდოები. კიდევ უფრო საძულველი გახდა, პურის გაძვირებით რომ ცდილობდა ხელის მოთბობას; მაგალითად, იმ დროს, როცა ხალხი შიმშილით იტანჯებოდა, გამოცხადდა, რომ ალექსანდრიიდან გემი ჩამოვიდა, რომელიც დატვირთულია ქვიშით გიმნასტიკური შეჯიბრისათვის. ამ ყველაფრით ისეთი გულისწყრომა გამოიწვია, რომ შეურაცხყოფა აღარ დარჩა, მისთვის არ მიეყენებინათ. მის სტატუეტს კინკრიხოზე ქოჩორი მიამაგრეს, წარწერით: "აი, ნამდვილი შეჯიბრი! ბოლოს და ბოლოს, უნდა დანებდე!" მეორე ქანდაკებას კისერზე ტომარა ჩამოკიდეს, ისიც წარწერით: "ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო; მაგრამ ტომარას ვერ ასცდები". კოლონებზე წერდნენ, რომ თავისი სიმღერით გალური მამალი გააღვიძა. ღამ-ღამობით ბევრი მონებთან ატეხდა ხოლმე ჩხუბს და დაუღალავად ეძახდნენ გამომსარჩელებელს. აშინებდნენ ავი სიზმრები, მკითხაობები და ნიშნები, - როგორც ძველი, ასევე ახლები. ადრე არასოდეს უნახავს სიზმრები; ხოლო დედის მკვლელობის შემდეგ ესიზმრებოდა, რომ ხომალდს მართავს და საჭე ხელიდან უსხლტება; რომ მისი ცოლი, ოქტავია მეტისმეტად ჩაბნელებულ წკვარამში იტყუებს; რომ ხან დაფარავენ მფრინავი ჭიანჭველების გუნდები, ხან უკან დაიხევენ; რომ ავიწროებენ ხალხების ქანდაკებები, პომპეუსის თეატრში რომ აღმართულა; რომ მისი საყვარელი ესპანური მერანი უკნიდან მაიმუნს დაემგვანა, ხოლო თავი ცხენისა დარჩა და ხმამაღლა დაიჭიხვინა. მავზოლეუმში თავისით განიხვნა კარი და მოისმა ხმა, ნერონს რომ სახელს ეძახდა. იანვრის კალენდებში ახლახანს დამშვენებული ლარების ქანდაკებები გადმოცვივდა, როცა მათთვის მსხვერპლი მზადდებოდა; მკითხაობისას სპორუსმა საჩუქრად მოუტანა ბეჭედი ამოტვიფრული ქვით, რომელიც გამოხატავდა პროსერპინას მოტაცებას. მსხვერპლის მიტანის დროს, ყველა ფენის დიდი შეკრებილობის თვალწინ დიდხანს ვერ პოულობდნენ კაპიტოლიუმის გასაღებს. როცა სენატში იკითხებოდა მისი სიტყვა ვინდექსის წინააღმდეგ, სადაც ლაპარაკი იყო, რომ დამნაშავეები დაისჯებიან და მალე მიიღებენ ღირსეულ სიკვდილს, ყოველი მხრიდან გაისმა შეძახილები: "დე, ასე იყოს, ავგუსტუს!". ისიც შენიშნეს, რომ ბოლო ტრაგედიას, სადაც მან იმღერა მაყურებლის წინაშე, სახელად ერქვა "გაძევებული ოიდიპოსი" და მთავრდებოდა ლექსით: ცოლი, მამა და დედა სიკვდილს მიბრძანებენ. ამასობაში მოვიდა ცნობები, რომ აჯანყდა დანარჩენი ჯარებიც. ეს რომ ქეიფისას შეიტყო, მიღებული ცნობა დაფლითა, ააყირავა მაგიდა, მიწაზე დახეთქებით გატეხა თავისი ორი საყვარელი თასი, რომლებსაც "ჰომერულებს" ეძახდა, რაკი ზედ ჰომეროსის პოემებიდან სცენები იყო დახატული; და ლუკუსტას ოქროს ზარდახშით საწამლავი გამოართვა და სერვილიუსის ბაღებში წავიდა. ყველაზე სანდო აზატები ოსტიაში გააგზავნა ხომალდების გასამზადებლად, თავად კი პრეტორიელ ტრიბუნებს და ცენტურიონებს სთხოვდა, გაეცილებინათ გაქცევისას. მაგრამ ისინი ან თავს არიდებდნენ, ანდა პირდაპირ უარს ეუბნეოდნენ, ერთმა შეჰყვირა კიდეც: განა ასე მწარეა სიკვდილი?.. მაშინ ფიქრი დაიწყო, მახვეწრად ხომ არ წასულიყო პართელებთან ანდა გალბასთან; შავი ლაბადით ხომ არ გამოსულიყო ხალხთან, რათა როსტალური ტრიბუნიდან მწარე ცრემლებით შენდობა ეთხოვა ყველაფრისათვის, რაც იყო; ხოლო თუ თავს ვერ შეავედრებდა, მაშინ ეგვიპტის ნაცვლობა მაინც გამოეთხოვა. ამის შესახებ გამზადებული სიტყვა მერე ნახეს მის მაგიდაზე; როგორც ჩანს, იმის შიშმა შეაჩერა, რომ იმაზე ადრე დაგლეჯდნენ, ვიდრე ფორუმს მიაღწევდა. დანარჩენი ფიქრები მომდევნო დღისთვის გადადო. მაგრამ შუაღამისას გაღვიძებულმა აღმოაჩინა, რომ მცველებმა მიატოვეს. საწოლიდან წამომხტარმა მსახურები გაგზავნა მეგობრებთან, მაგრამ რაკი არავისგან პასუხი არ მიუღია, თავად გასწია მათი საძინებლებისკენ. ყველა კარი ჩარაზული იყო, არავინ პასუხობდა; საძინებელში დაბრუნდა - იქიდან მსახურებიც გაქცეულიყვნენ, ზეწრებიც წაეღოთ და საწამლავიანი ზარდახშაც მოეპარათ. მაშინ გლადიატორ სპიკულუსს დუწყო ძახილი ანდა ნებისმიერ სხვა გამოცდილ მკვლელს, რათა მისი ხელიდან მიეღო სიკვდილი, - მაგრამ როცა არავინ გამოჩნდა, დაიყვირა: "ნუთუ არც მეგობარი მყავს და არც მტერი?" და გარეთ გამოვარდა, თითქოს ტიბრში უნდოდა გადავარდნა. მაგრამ პირველმა აღტკინებამ გაუარა და მოუნდა ეპოვა სადმე წყნარი ადგილი, რათა დამალულიყო და გონება მოეკრიფა. აზატმა ფაონმა შესთავაზა თავისი აგარაკი სალარიასა და ნომენტანას გზებს შორის, რომიდან მეოთხედ მილზე. ფეხშიშველა ნერონმა, მხოლოდ ტუნიკაში, ლაბადა გადაიცვა; თავზე პირსახოცი შემოიხვია და სახეც დაიფარა, ცხენზე შეჯდა; მასთან მხოლოდ ოთხი თანამგზავრი იყო, მათ შორის, სპორუსიც. პირველსავე ნაბიჯებზე მიწისძვრის დარტყმამ და გაელვების ნათებამ წვიმაში გადაისროლეს. მახლობელი ბანაკიდან ჯარისკაცების შეძახილები აღწევდა, მას რომ სიკვდილს უსურვებდა და გალბას - წარმატებას. ესმოდა, შემხვედრებიდან ერთ-ერთმა როგორ უთხრა ვიღაცას: "ნერონს ეძებენ"; მეორემ ჰკითხა: "რომში რა ისმის ნერონზე?" ცხენი გზაზე დაგდებული გვამის სუნისგან განზე გახტა, ნერონის სახე გამოჩნდა, დაცვის რომელიღაც გადამდგარმა ჯარისკაცმა იცნო და სამხედრო სალამი მისცა. მოსახვევამდე მიჭენებულებმა ცხენები გაუშვეს; და ბუჩქებსა და კვრინჩხს შორის, ბილიკზე, რომელიც ლერწამში გაეკვალათ, ტანსაცმლის ფეხქვეშ დაგებით ნერონმა ძლივს მიაღწია ვილის უკანა კედლამდე. ისევ ფაონმა ურჩია, ცოტა ხნით ორმოში დამალულიყო, საიდანაც ქვიშას იღებდნენ ხოლმე, მაგრამ უარი თქვა ცოცხლად მიწაში წასვლაზე. იმის ლოდინში, სანამ საიდუმლო ხვრელს ამოთხრიდნენ ვილაში შესასვლელად, პეშვით დალია რომელიღაც გუბიდან წყალი და წარმოთქვა: "აი, ნერონის სასმელი!" მისი ლაბადა კვრინჩხზე იყო დახეული, შიგ ჩარჩენილი ეკლები ამოარიდა, მერე კი ოთხზე დამდგარი ამოთხრილი ხვრელის ვიწრო გასასვლელით ვილაში შეაღწია, იქ პირველივე ოთახში შევიდა და საწოლზე დაეცა, სქელ საგებზე, ზედ რომ ძველი ლაბადა ეფარა. ჭამა მოუნდა და კიდევ დალევა. შეთავაზებული უხეში პური უარყო, მაგრამ ცოტა შემთბარი წყალი დალია. ყველანი ეხვეწებოდნენ, მალე გაქცეოდა მოსალოდნელ სირცხვილს. ბრძანა, მისი სიმაღლე აეღოთ და იმის მიხედვით მის თვლაწინ საფლავი ამოეთხარათ, შეეგროვებინათ მარმარილოს ნაჭრები, რაც მოინახებოდა, წყალი და შეშა მოეტანათ, რათა გვამისთვის მიეხედათ. თითოეული ბრძანებისას სლუკუნით ატირდებოდა და იმეორებდა: "როგორი არტისტი უკვდება მსოფლიოს!" სანამ აყოვნებდა, ფაონს მალემსრბოლელმა წერილი მოუტანა; ნერონმა ხელიდან გამოსტაცა და წაიკითხა, რომ სენატმა მტრად გამოაცხადა და ეძებენ, რათა წინაპრების ჩვეულებით დასაჯონ. იკითხა, ეს რა დასჯააო; უთხრეს, რომ დამნაშავეს მთლად აშიშვლებენ, თავზე სარტყელს უჭერენ, სხეულზე კიდევ შოლტებით სცემენ სიკვდილამდე. დაზაფრული ორ ხანჯალს მისწვდა, თან რომ წამოეღო, თითოეულის სიმახვილე გასინჯა; მერე ორივე დამალა, თან თავი იმართლა, რომ საბედისწერო საათი ჯერ არ დამდგარა. ხან სპორუსს სთხოვდა, მოთქმა და ტირილი დაეწყო; ხან იხვეწებოდა, ვინმე მაგალითის ჩვენებით მიხმარებოდა სიკვდილთან შესახვედრად; ხანაც ყოყმანისათვის საკუთარ თავს ასეთი სიტყვებით ლანძღავდა: "სიცოცხლე სკანდალი და სირცხვილია - ეს კი არ შეშვენის ნერონს, ეს კი არ შეშვენის - ამ დროს გონიერი უნდა ვიყო - აბა, მიდი, ივაჟკაცე!" უკვე ახლოვდებოდნენ ცხენოსნები, რომლებსაც ნაბრძანები ჰქონდათ, ცოცხლად ჩაეგდოთ ხელში. ფლოქვების ხმა რომ შემოესმა, კანკალით თქვა: სწრაფი მერნების ფლოქვთა თქარუნი დამიხშობს სმენას, და შეწყალებათა საკითხში თავისი მრჩევლის, ეპაფროდიტუსის დახმარებით ყელში გაიყარა მახვილი. კიდევ სუნთქავდა, ცენტურიონი რომ შემოვარდა და, ლაბადით დაუხშო ჭრილობა, თან ისეთი სახე მიიღო, თითქოს მისი მიხმარება უნდოდა. მხოლოდ ამის თქმაღა შეძლო: "გვიანია!" - და "აი, ისიც, ერთგულება!" - და ამ სიტყვებზე განუტევა სული. თვალები გაუშეშდა და ბუდეებიდან ამოუცვივდა, საშინელი იყო მათი შეხედვა. თავის თანამგზავრებს უპირველესად და ყველაზე მეტად ევედრებოდა, რომ მისი თავი არავის შეხვედროდა და მისი სხეული, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, მთლიანად დაეწვათ. ამის უფლება იკელუსმა მისცათ, გალბას აზატმა, შეთქმულების დასაწყისში საპატიმროში ჩაგდებულმა და ახლახანს გათავისუფლებულმა. მისი დაკრძალვა ორასი ათასი სესტერცი დაჯდა. თეთრ, ოქროთი ნაქსოვ ქსოვილში იყო გახვეული, რასაც იანვრის კალენდებში იცმევდა ხოლმე. მისი ფერფლი შეაგროვეს ძიძებმა ეკლოგამ და ალექსანდრიამ, და ხარჭა აკტემ, და დომიციუსების საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს, რომელიც ბაღებიან გორაკზეა, მარსის მინდვრის მხრიდან. ურნა მის სარკოფაგში გაკეთდა წითელი მარმარილოსგან, ზემოთ სამსხვერპლო - ეტრუსკულისგან, გარშემო ბალუსტრადა - თასოსის ქვისგან. სიმაღლით, დაახლოებით, საშუალო იყო, სხეული დალაქავებული ჰქონდა და საძაგელი სუნი უდიოდა; თმა - ქერა. სახე უფრო ლამაზი, ვიდრე სასიამოვნო; თვალები ნაცრისფერი და ცოტა ახლომხედველი; კისერი სქელი. მუცელი გადმოწეული. ფეხები - ძალიან წვრილი. ჯანმრთელობა ჩინებული ჰქონდა. უსაზღვრო ზედმეტობების მიუხედავად, თავისი მმართველობის თოთხმეტ წელიწადში მხოლოდ სამჯერ ავადმყოფობდა, თანაც არც ღვინოზე ამბობდა უარს და არც სხვა ჩვეულებებზე. შესახედაობა და ჩაცმულობა სრულიად უჩვეულო ჰქონდა. თმას რიგებად იხუჭუჭებდა, ხოლო საბერძნეთში მოგზაურობისას კეფაზეც კი გადმოუშვებდა ხოლმე. ხშირად ჩნდებოდა ხალხში სასადილო აბრეშუმის კაბით, კისერზე ცხვირსახოცს მოიხვევდა და ასე გამოდიოდა, უსარტყელოდ და ფეხშიშველი. ბავშვობაში თითქმის ყველა კეთილშობილი ხელოვნება შეისწავლა. მხოლოდ ფილოსოფიას ჩამოაშორა დედამისმა, - ირწმუნებოდა, რომ მომავალი მმართველისათვის ეს ხელისშემშლელია; ხოლო ძველი ორატორების შესწავლისგან - სენეკამ, რადგან სურდა, რომ მის მოსწავლეს დიდხანს შეენარჩუნებინა აღფრთოვანება მასწავლებლით. ამიტომ მან პოეზიას მიმართა, ლექსებს მოწადინებით და იოლად თხზავდა. მართლები არ არიან ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ თითქოს სხვის თხზულებებს თავისად ასაღებდა. მე ხელში მეჭირა დაფები და რვეულები მისი ყველაზე ცნობილი ლექსებით, დაბეჭდილები მისი საკუთარი ხელით; და ეტყობოდა, რომ ისინი გადაწერილი არ არის წიგნიდან ანდა ხმიდან, არამედ მყისიერად იწერებოდა, როგორც კი მოიფიქრებოდა და შეითხზვებოდა, - იმდენი წანაშალია, შესწორება და ჩასმა. არანაკლები გულმოდგინებით მეცადინეობდა ფერწერაში და ქანდაკებაში. მაგრამ ყველაზე მეტად იტაცებდა წარმატების წყურვილი, და ეჭვიანობდა ყველაზე, ვინც რამით იპყრობდა ბრბოს ყურადღებას. დადიოდა ხმები, რომ დადგენილი ხუთი წლის შემდეგ ოლიმპიაზე ათლეტად უნდა გამოსულიყო. მართლაც, ჭიდაობაში მუდამ ვარჯიშობდა, ხოლო საბერძნეთში, სტადიონებზე, ყველა გიმნასტიკური შეჯიბრისას, დაუყოვნებლივ იკავებდა ადგილს მიწაზე, მსაჯებს შორის, და თუ რომელიმე წყვილი შერკინებისას შორს წავიდოდა, ხელებით უბიძგებდა ხოლმე ადგილისაკენ. საერთო აღიარებით, გატოლებული აპოლონთან სიმღერაში და მზესთან სარბოლო ეტლის მართვაში, აპირებდა, რომ ჰერკულესსაც გათანაბრებოდა გმირობებში, - ამბობენ, რომ მზად იყო ლომი, რომელთან საბრძოლველადაც შიშველი უნდა გამოსულიყო ამფითეატრში მაყურებლის წინაშე და კომბლით უნდა მოეკლა, ანდა ხელებით დაეხრჩო. თავის ბოლო დღეებში ღიად დაიფიცა, რომ თუ მისი ხელისუფლება გაძლებს, მაშინ გამარჯვების თამაშებზე თავად გამოვა წყლის ორგანითაც, ფლეიტითაც, სტვირებითაც; ბოლო დღეს მოცეკვავედაც და იცეკვებს ვერგილიუსის "ტურნუსს". ზოგიერთი ირწმუნება, რომ აქტიორი პარისიც მის მიერ იქნა მოკლული, როგორც სახიფათო მეტოქე. ყოველთვის ჰქონდა უკვდავებისა და მარადიული დიდების სურვილი, მაგრამ გამოხატავდა უგუნურად. მრავალ ადგილს და საგანს ჩვეულებრივის ნაცვლად ახალ სახელებს აძლევდა, თავისი სახელის მიხედვით; მაგალითად, აპრილის თვეს ნერონია დაარქვა, ხოლო ქალაქ რომისთვის ნეროპოლის დარქმევას აპირებდა. ყველა სიწმინდეს აგდებით ეკიდებოდა, გარდა მხოლოდ ერთის, სირიის ღმერთქალისა, მერე იმასაც ისე იგდებდა მასხარად, რომ ზედ თავის წყალს გამოუშვებდა ხოლმე. ის მოაჯადოვა ახლმა ცრურწმენამ და მხოლოდ იმის მიმართ იცავდა ჯიუტ ერთგულებას, - ვიღაც უცნობი პლებეისგან საჩუქრად მიიღო გოგონას პატარა ფიგურა, როგორც დამცველისა ყველა მუხანათობისგან; და როცა მაშინვე გაიხსნა შეთქმულება, იმას ყველა სხვა ღმერთზე მეტად სცემდა თაყვანს; დღეში სამჯერ მიჰქონდა მისთვის მსხვერპლი და მოითხოვდა, ყველას დაეჯერებინა, რომ თითქოს გოგონას ეს ქანდაკება გაუხსნის მომავალს. სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე მსხვერპლის გულ-ღვიძლით მკითხაობდა, მაგრამ კეთილსაიმედო პასუხს ვერ მიაღწია. აღესრულა ცხოვრების ოცდამეთორმეტე წელს, სწორედ იმ დღეს, როცა ოდესღაც ოქტავია მოკლა. ხალხში სიხარული ისეთი იყო, რომ ბრბო მთელ ქალაქში ფრიგიულ ჩაჩებით დარბოდა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დიდხანს რთავდნენ იმის საფლავს გაზაფხულის და ზაფხულის ყვავილებით; და ხან იმის სტატუეტებს კონსულის ტოგით გამოფენდნენ ხოლმე როსტალურ ტრიბუნაზე, ხანაც - ედიქტებს, რომლებშიც ლაპარაკი იყო, რომ ის ცოცხალია და მალე დაბრუნდება თავის მტრების გულის გასახეთქად. პართიის მეფეც კი, ვოლოგესუსი, სენატში ელჩებს რომ აგზავნიდა კავშირის აღსადგენად, განსაკუთრებული დაჟინებით ითხოვდა, რომ ნერონის ხსოვნა საპატიოდ დარჩენილიყო. და ოცი წლის შემდეგაც, როცა მე მოზარდი ვიყავი, გამოჩნდა გაურკვეველი წარმოშობის კაცი, თავს რომ ნერონად ასაღებდა, - და იმის სახელს ისეთი წარმატება ჰქონდა პართელებში, რომ ძალინ უჭერდნენ მხარს და მეტად უწადინოდ დათანხმდნენ გადმოცემაზე. …
დაამატა Kakha to მსოფლიო ისტორია at 1:07pm on აპრილი 13, 2014
თემა: მიხაილ ბულგაკოვი - მორფი
იხსენებ! ჩემს თავზე თუ მოგახსენებთ, როგორც ახლა გამოირკვა, ბედნიერი თურმე 1917 წლის ზამთარში ვყოფილვარ. ო, რა დაუვიწყარი, ქარბუქიანი, დაუდეგარი წელი იყო! ამოვარდნილმა ქარბუქმა დახეული გაზეთივით ამიტაცა და მიყრუებული უბნიდან სამაზრო ქალაქში გადამაგდო. იფიქრებთ, დიდი რამეც სამაზრო ქალაქიაო! მაგრამ თუ ვინმე წელიწად-ნახევრის მანძილზე ჩემსავით მჯდარა ზამთრობით თოვლში, ზაფხულობით პირქუშსა და უღიმღამო ტყეებში, ისე, რომ იქაურობას ერთი დღითაც არ მოსცილებია, თუ ვინმეს ერთი კვირის წინანდელი გაზეთის ბანდეროლი ისეთი გულისძგერით გაუხევია, როგორც ბედნიერი შეყვარებული ცისფერ კონვერტს გახევს, თუ ვინმეს დაწალიკებით ცხენშებმული მარხილით მშობიარესთან 18 ვერსზე უვლია, ის, ალბათ, მიმიხვდება. ნავთის ლამპა მყუდროების მომნიჭებელია, მაგრამ მაინც ელექტრონათურები მირჩევნია! ჰოდა, მომხიბლავი ელექტრონათურები ისევ ვიხილე! აი, გლეხის მარხილებით კარგად გატკეპნილი მთავარი ქუჩა პატარა ქალაქისა, ქუჩა, სადაც თვალს ახარებდა ჩექმიანი აბრა, ოქროსფერი კრენდელი, წითელი დროშები, ფირნიში, რაზედაც გამოსახული გახლდათ ღორისთვალება, თავხედურად მომზირალი ახალგაზრდა კაცი, არაბუნებრივი თმის ვარცხნილობა რომ ჰქონდა. ეს ფირნიში გაუწყებდათ, რომ მინის კარს იქით ბრძანდებოდა იქაური ბაზილი, ვინც 30 კაპიკად გაგპარსავდათ, როცა მოისურვებდით, სადღესასწაულო დღეების გარდა, რაც ჩემს მამულში ასე უხვადაა.        აქამდე ძრწოლით ვიგონებ ბაზილის ხელსახოცებს. ამ ხელსახოცების დანახვისას უსათუოდ თვალწინ წარმომიდგებოდა კანის დაავადებათა გერმანული სახელმძღვანელოს ის გვერდი, სადაც დამაჯერებლად და თვალსაჩინოდ იყო გამოსახული მაგარი შანკრი ვიღაც კაცის ნიკაპზე. მაგრამ ჩემს მოგონებებს ჩრდილი ამ ხელსახოცების გახსენებამაც ვერ მიაყენა! გზაჯვარედინზე ცოცხალი მილიციელი იდგა, დამტვერილ ვიტრინებში ბუნდოვნად მოჩანდა რკინის ფირფიტებზე მჭიდროდ ჩამაგრებული წითურკრემიანი ღვეზლები, მოედანს თივა ეფინებოდა, ხალხი მიმოდიოდა ფეხით, ცხენებით, მარხილებით, ისმოდა ქუჩაში მყოფთა ლაპარაკი, ჯიხურში გასაოცარი ცნობების მაუწყებელი, გუშინდელი მოსკოვური გაზეთები იყიდებოდა, შორიახლოს მოსკოვის მატარებლების სტვენა გაისმოდა. მოკლედ, ეს გახლდათ ცივილიზაცია, ბაბილონი, ნევის პროსპექტი. საავადმყოფოზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. იქ იყო ქირურგიული, თერაპევტიული, გადამდებ სნეულებათა და სამეანო განყოფილებები. საავადმყოფოში იყო საოპერაციო, სადაც ელავდა ავტოკლავი, ვერცხლისფრად ბრწყინავდა ონკანები, მაგიდებს მოუჩანდა ეშმაკურად მოწყობილი თათები, კბილები, ხრახნები. საავადმყოფოს ჰყავდა მთავარი ექიმი, სამი ორდინატორი (ჩემ გარდა), ფერშლები, მეანები, მომვლელები, იყო აფთიაქი და ლაბორატორია. წარმოგიდგენიათ, ლაბორატორია! ლაბორატორიაში ცეისის მიკროსკოპები და მიკროსკოპებისთვის საჭირო საღებავების მშვენიერი მარაგი. მე ვკრთებოდი და ჟრუანტელი მივლიდა, შთაბეჭდილებები მთრგუნავდა. მრავალმა დღემ გაიარა, სანამ მივეჩვეოდი, საავადმყოფოს ერთსართულიანი კორპუსები, დეკემბრის ბინდბუნდში, თითქოს ბრძანებას დამორჩილებულნი, ელექტროშუქით ერთბაშად რომ გაჩახჩახდებოდა ხოლმე. ელექტროშუქი მაბრმავებდა. აბაზანებში წყალი ბობოქრობდა და თქრიალებდა, შიგ ამოთხუპნული ხის თერმომეტრები ყვინთავდა და დაცურავდა. გადამდები სნეულებების ბავშვთა განყოფილებაში მთელ დღეს კვნესა, შესაბრალისი ტირილი, ხიხინ-ბუყბუყი გაისმოდა. მომვლელი ქალები გარბი-გამორბოდნენ, მიმოქროდნენ... გულიდან მძიმე ტვირთი მომცილდა. ამქვეყნად რაც უნდა მომხდარიყო, საბედისწერო პასუხისმგებლობა მე აღარ მეკისრებოდა.        ჩემი საზრუნავი არ იყო ჩაჭედილი თიაქარი, არ ვკრთებოდი, როცა ირიბად მდებარე ნაყოფის მქონე მშობიარეს მარხილით მოიყვანდნენ, მე არ მეხებოდა ჩირქოვანი პლევრიტები, რასაც ოპერაცია სჭირდებოდა... პირველად ვგრძნობდი თავს ისეთ კაცად, ვისი პასუხისმგებლობაც რაღაც ჩარჩოთია შემოფარგლული. მშობიარე? აგერ, გეთაყვა, დაბალი კორპუსი, აგერ, განაპირა ფანჯარა, თეთრი მარლა რომ აქვს ჩამოფარებული. იქ გახლავთ სიმპათიური, მსუქანი, ჟღალულვაშა, მელოტი მეანი ექიმი. ეს მისი საქმეა. მარხილი მარლაჩამოფარებული ფანჯრისკენ მიატრიალეთ! გართულებული მოტეხილობა მთავარი ექიმის – ქირურგის მოვალეობაა. ფილტვების ანთება? თერაპიულ განყოფილებაში პაველ ვლადიმიროვიჩს მიაკითხეთ. ოჰ, დიდი საავადმყოფოს ზუსტად გამართულ-გაპოხილო დიდებულო მანქანავ! აპარატს მეც წინასწარ ზომააღებული ახალი ხრახნივით მოვერგე და საბავშვო განყოფილება ჩავიბარე. მთელი ჩემი დღეები დიფთერიტმა და ქუნთრუშამ ჩანთქა. მაგრამ მხოლოდ დღეები. ღამით ვიძინებდი, იმიტომ, რომ ჩემი ფანჯრების ქვემოთ ავისმომასწავებელი ღამეული ბრაგაბრუგი აღარ გაისმოდა, რასაც შეიძლებოდა წამოვეგდე და წყვდიადისკენ, ხიფათისა და გარდაუვალობისკენ წარვეგზავნე. საღამოობით ვკითხულობდი (პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დიფთერიაზე და ქუნთრუშაზე, შემდეგ კი რატომღაც უცნაური ინტერესით ფენიმორ კუპერს) და ერთობ ფასი მიეცა მაგიდაზე მდგარ ლამპას, სამოვრის სადგარის მოთეთრო კიდეებს, შეგრილებულ ჩაის და წელიწად-ნახევრის მანძილზე უძილობის შემდეგ მოსვენებით ძილს... ასე ბედნიერი ვიყავი 17 წლის ზამთარში, როცა მიყრუებული ქარბუქიანი უბნიდან სამაზრო ქალაქში გადამიყვანეს. II        გაირბინა ერთმა თვემ, შემდეგ მეორემ და მესამემ, 17 წელი უკან დარჩა და უკვე 18 წლის თებერვალი მიედინებოდა. ჩემს ახალ ყოფას მივეჩვიე და შორეული უბანი თანდათან მიმავიწყდა. მეხსიერებაში წარიშალა მოსისინე, მწვანე ნავთის ლამპა, მარტოობა, ნამქერი... რა უმადურობაა! დავივიწყე ჩემი საბრალო პოსტი, სადაც მარტოდმარტო, ყოველგვარ შემწეობას მოკლებული ვებრძოდი სნეულებებს, საკუთარ ძალებს მინდობილი, ფენიმორ კუპერის გმირის მსგავსად თავს ვაღწევდი ყველაზე საოცარ ვითარებებს. ზოგჯერ, თუმცა იშვიათად, როცა ლოგინში ჩავწვებოდი და იმაზე ვფიქრობდი, რომ ახლა დავიძინებდი, დაბინდულ ცნობიერებაში ნაგლეჯ-ნაგლეჯი სურათები ამიცურდებოდა. მწვანე შუქი, მოციმციმე ფარანი... მარხილის ჭრიალი... ოდნავი კვნესა, შემდეგ წყვდიადი, მინდორში ქარბუქის მიყრუებული ღმუილი... მერე ყოველივე გვერდზე გადაბრიალდებოდა და ჩაინთქმებოდა... „საინტერესოა, ვინ არის ახლა იქ, ჩემ ნაცვლად?.. ვინმე, ალბათ, იქნება... ჩემნაირივე ახალგაზრდა ექიმი... მერე რა, მე ჩემი ყავლი მოვათავე. თებერვალი, მარტი, აპრილი... ჰა და ჰა, მაისი – ჰოდა, ჩემი სტაჟი დამთავრდება, მაშასადამე, მაისის გასულს ჩემს ბრწყინვალე ქალაქს გამოვეთხოვები და მოსკოვში დავბრუნდები. თუ რევოლუციის ტალღა გამიტაცებს, შესაძლოა, ხეტიალმა კიდევ მომიწიოს... ასეა თუ ისე, ჩემს უბანს თვალით ვეღარასოდეს ვნახავ... ვეღარასოდეს... დედაქალაქი... კლინიკა... ასფალტი, შუქი...“ ამას ვფიქრობდი. „...მაინც კარგია, იმ უბანზე რომ ვიყავი... გამბედავი გავხდი... აღარ მეშინია... რაღას არ ვმკურნალობდი?! მართლა, რა არ მიმკურნალია? ჰა? ფსიქიკური დაავადებანი არ მიმკურნალია... ასეა... არა, მოიცა... მაშინ აგრონომი არაყში თავს რომ იხრჩობდა... მე ვმკურნალობდი, მაგრამ საკმაოდ წარუმატებლად... თეთრი ცხელება... განა ფსიქიკური დაავადება არ არის? ფსიქიატრიის წაკითხვა დამჭირდება... მოიცა ერთი... მერე, როდისმე, მოსკოვში წავიკითხავ... ახლა კი პირველ რიგში ბავშვის სნეულებებს უნდა მივხედო... მხოლოდ ბავშვის სნეულებებს... განსაკუთრებით ამ კატორღულ საბავშვო რეცეპტურას... ფუ ეშმაკს... თუ, ვთქვათ, ბავშვი ათი წლისაა, რამდენი პირამიდონი შეიძლება მივცეთ ერთ ჯერზე: 0,1 თუ 0,15?.. დამავიწყდა. თუ სამი წლისაა?.. ბავშვის სნეულებების გარდა ვერაფერზე მოვიცლი... ვერაფერზე... კმარა სხვა რამეზე ტვინის გაცხელება! მშვიდობით, ჩემო უბანო!.. ეს უბანი ამ საღამოს მაინც რას გადამეკიდა?.. მწვანე შუქი... იმასთან ხომ ანგარიში სამუდამოდ გავასწორე... ჰოდა, კმარა... დავიძინოთ...“ . . . – წერილია... თქვენთან გამოუტანებიათ. – მომეცით. მომვლელი ქალი ჩემი ბინის წინკარში იდგა. გაცრეცილსაყელოიანი პალტო ბეჭდიანი თეთრი ხალათის ზემოდან მოეხურა. იაფფასიან ლურჯ კონვერტზე თოვლი დნებოდა. – მისაღებში დღეს თქვენ მორიგეობთ? – ვკითხე მთქნარებით. – დიახ. – არავინ მოუყვანიათ? – არა. – თუ ვინმე მოიყვანონ (მთქნარებამ პირი ლამის გამიხია და სიტყვებს უხეიროდ გამოვთქვამდი), მაშინვე დამიძახეთ... მე დაშაჯინებლად დავჭვები... – კარგი. შეიძლება, წავიდე? – ჰო, ჰო, წადით.        ქალი წავიდა. კარმა გაიწრიპინა, მე კი ფეხსაცმელების ფრატუნით საწოლი ოთახისკენ გავემართე, თან კონვერტი თითებით ირიბად, უხეიროდ ჩავფხრიწე. კონვერტში მოგრძო, დაჭმუჭნილი ბლანკი აღმოჩნდა, ჩემი უბნის, ჩემი საავადმყოფოს შტემპელი რომ ჰქონდა... დაუვიწყარი ბლანკი... ჩავიცინე. „საინტერესოა... მთელი საღამო ჩემს უბანზე ვფიქრობდი, ჰოდა, თავი თვითონ შემახსენა.... წინათგრძნობაა...“ შტემპელის ქვეშ ქიმიური ფანქრით რეცეპტი ეწერა. გაჯღაბნილ-გადახაზული ლათინური სიტყვების ამოკითხვა ჭირდა... – ვერაფერი გამიგია... უაზრო რეცეპტია... – ჩავიბუტბუტე და ერთ სიტყვას ჩავაშტერდი... Morphin... „რა არის ამ რეცეპტში უჩვეულო?.. ჰო... ოთხპროცენტიანი ხსნარი! მორფის ოთხპროცენტიან ხსნარს ვინ გამოწერს?.. რატომ?..“        ფურცელი გადავაბრუნე და მთქნარებამ გამიარა. ფურცლის მეორე გვერდზე დუნე ხელით გაფანტულად ეწერა: „1918 წლის 11 თებერვალი. ძვირფასო Collega! მომიტევეთ, ქაღალდის ნაგლეჯზე რომ ვწერ. ქაღალდი ხელთ არა მაქვს. ძალიან მძიმედ, ცუდად დავსნეულდი. შემწე არავინა მყავს და არც მინდა, რომ შემწეობა თქვენ გარდა ვინმესთან ვეძიო. მეორე თვეა, თქვენს ყოფილ უბანზე ვარ. ვიცი, რომ ქალაქში ხართ, აქედან არცთუ ისე შორს. უნივერსიტეტის წლებში ჩვენი მეგობრობის იმედით გთხოვთ, რაც შეიძლება, მალე ჩამოხვიდეთ. თუნდაც ერთი დღით, თუნდაც საათით. და თუ მეტყვით, რომ ჩემი მდგომარეობა უიმედოა, დაგიჯერებთ... იქნებ ჩემი გადარჩენა შეიძლებოდეს? იქნებ იმედი საიდანმე კიდევ გამოკრთეს? გთხოვთ, რასაცა გწერთ, არავის გააგებინოთ“. – მარია! ახლავე მისაღებში წადით და მორიგე მომვლელს დაუძახეთ... რა ჰქვია?.. დამავიწყდა... ერთი სიტყვით, მორიგეს, ვინც ახლა წერილი მომიტანა. სწრაფად! – ახლავე. ორიოდე წუთის შემდეგ მომვლელი ქალი ჩემ წინ იდგა. თოვლი ადნებოდა გაცრეცილ თექას, რითაც საყელო იყო შეკერილი. – წერილი ვინ მოიტანა? – არ ვიცი, წვერიანი იყო. თქვა, კოოპერატორი ვარ, ქალაქში მოვდიოდიო. – ჰმ... კარგი, წადით. არა, მოიცადეთ. ახლავე წერილს დავწერ და მთავარ ექიმთან გაგატანთ. გეთაყვა, პასუხიც მომიტანეთ. – კარგი. მთავარ ექიმს მივწერე: „1918 წლის 13 თებერვალი. პატივცემულო პაველ ილარიონოვიჩ. ახლახან ჩემი უნივერსიტეტელი ამხანაგის, ექიმ პოლიაკოვის წერილი მივიღე. იგი გორელიეში, ჩემს ყოფილ უბანშია მარტოდმარტო. ავად გამხდარა, ეტყობა, მძიმედაა. თავი მოვალედ მიმაჩნია, მასთან ჩავიდე. თუ ნებას მომცემთ, განყოფილებას ხვალ, ერთი დღით ექიმ რადოვიჩს ჩავაბარებ და პოლიაკოვთან წავალ. კაცი უმწეოდაა. პატივისცემით, ექიმი ბომგარდი“. მთავარი ექიმის საპასუხო წერილი: „პატივცემულო ვლადიმირ მიხაილოვიჩ, გაემგზავრეთ. პეტროვი“. საღამოთი რკინიგზის გზამკვლევი გადავსინჯე. გორელოემდე ჩასვლა ამგვარად შეიძლებოდა: ხვალ დღის ორ საათზე მოსკოვის საფოსტო მატარებელს გავყვებოდი, რკინიგზით 30 ვერსს გავივლიდი, სადგურში ჩამოვხტებოდი, იქიდან კი გორელოეს საავადმყოფომდე ოცდაორ ვერსს მარხილით გავივლიდი. „თუ გამიმართლა, გორელოეში ხვალ საღამოს ვიქნები, – ვფიქრობდი, როცა ლოგინში ვწვებოდი, – რით არის ავად? ტიფით, ფილტვების ანთებით? არც ერთით, არც მეორით... მაშინ უბრალოდ მომწერდა, ფილტვების ანთება დამემართაო. ეს კი ბუნდოვანი, ცოტა არ იყოს, ყალბი წერილია. მძიმედ, ცუდად დავსნეულდიო. რით, სიფილისით? ჰო, უეჭველად სიფილისით. შეძრწუნებულია... მალავს... ეშინია... მაგრამ სადგურიდან გორელოემდე ვისი ცხენებით წავალ? კარგ დღეში ჩავვარდები, სადგურში დაბინდებისას თუ ჩავალ, იქიდან წასვლას კი ვერ შევძლებ... არა, რაღაცას მოვახერხებ. სადგურზე ვიღაცას მოვნახავ და ცხენებს გამოვართმევ. დეპეშა ხომ არ გავუგზავნო, ცხენები რომ გამომიგზავნოს? აზრი არა აქვს! ჯერ მე ჩავალ და დეპეშა ერთი დღის შემდეგ მოვა... გორელოეში ხომ ვერ გადაფრინდება. სადგურში მანამდე იდება, სანამ ვინმეს იქით მიმავალს არ გაატანენ. ვიცი გორელოეს ამბავი, ვიცი, რა მიყრუებული ადგილიცაა“.        ბლანკზე მონაწერი ბარათი მაგიდაზე მედო და ლამპის შუქი ანათებდა. ლამპის გვერდით გულის შემაღონებელი უძილობის თანამგზავრი, ნამწვავებით აჯაგრული საფერფლე იდგა. დაჭმუჭნილ ზეწარზე ვტრიალებდი და გულში ბრაზი მეპარებოდა. წერილი უკვე მაღიზიანებდა. „მართლაცდა, თუ რაიმე მწვავე დაავადება არა აქვს და, ვთქვათ, სიფილისი სჭირს, აქ თვითონ რატომ არ ჩამოდის? ქარბუქში მე რატომ უნდა ვიწანწალო? ლუესისგან ერთ საღამოს ხომ ვერ განვკურნავ? ანდა საყლაპავი მილის კიბოსგან? რა კიბო, რის კიბო! ჩემზე ორი წლით უმცროსია, 25 წლისაა... „მძიმედ“... სარკომა? აბდაუბდაა, ისტერიკული წერილია. ასეთი წერილის მიმღებს, შეიძლება, შაკიკი დაემართოს... ნაღდად ასეა. საფეთქელთან ძარღვი გაგიშეშდება... დილით გაიღვიძებ და ტკივილი ძარღვს თხემისკენ აუყვება, ნახევარ თავს გაგიკავებს და საღამოთი პირამიდონი და კოფეინი უნდა ყლაპო. მარხილით ჯაყჯაყი და პირამიდონის ყლაპვა როგორი რამეა?! ფერშალს სამგზავრო ქურქი უნდა გამოვართვა, თორემ ჩემს პალტოში გავითოშები... რა უნდა სჭირდეს? იქნებ იმედი გამოკრთესო... ასეთ რამეს ექიმის სერიოზულ წერილში კი არა, რომანებში წერენ!.. სჯობია, დავიძინო და ამაზე აღარ ვიფიქრო. ხვალ ყველაფერი გაირკვევა. ხვალ“. ამომრთველი გადავატრიალე და ჩემი ოთახი უმალ წყვდიადმა შთანთქა. უნდა დავიძინო... ძარღვი მიბჟუის... მაგრამ უფლება არა მაქვს, აბდაუბდა წერილის გამო კაცზე გავბრაზდე, სანამ არ შევიტყობ, რა სჭირს. კაცი იტანჯება და უნდა, რომ თავისი წუხილი სხვას შეატყობინოს, ისე როგორც შეუძლია, როგორც ჰგონია... შაკიკის გამო, შეწუხების გამო, საკადრისი არ არის, კაცი თუნდაც გულში დაადანაშაულო... ეს წერილი ყალბი და რომანტიკული იქნებ სულაც არ არის. სერიოჟკა პავლოვი ორი წელია, რაც არ მინახავს, მაგრამ კარგად მახსოვს. ყოველთვის გონიერი იყო... მაშ რაღაც უბედურება დაემართა. ძარღვიც ცოტა დამიწყნარდა... ეტყობა, ძილი მიახლოვდება. ძილის მექანიზმი როგორია?... ფიზიოლოგიაში წავიკითხე... მაგრამ ბუნდოვანი იყო... ვერ გავიგე, ძილი რა არის... ტვინის უჯრედები როგორ იძინებს?! საიდუმლოდ გეუბნებით, ვერ გავიგე. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ფიზიოლოგიის შემდგენელი თავადაც ძალიან მტკიცედ თავდაჯერებული არ უნდა იყოს... ყველა თეორია ტოლფასია... აგერ სერიოჟკა პოლიაკოვი – ოქროსფერღილებიანი მწვანე ქურთუკი აცვია, თუთიის მაგიდასთან დგას, მაგიდაზე კი გვამია... ჰო... ეს უკვე სიზმარია... III        ტუკ, ტუკ, ტუკ... ბუხ, ბუხ, ბუხ... ჰო... ვინ? ვინ? რა?.. უჰ, აკაკუნებენ, დაწყევლოს ეშმაკმა, აკაკუნებენ... სადა ვარ? რას ვაკეთებ?.. რა ხდება? ჰო, ლოგინში ვწევარ... რატომ მაღვიძებენ? იმიტომ მაღვიძებენ, რომ მორიგე ვარ. ექიმო ბომგარდო, გაიღვიძეთ. მარია უკვე კარის გასაღებად მიდის ფეხების ფრატუნით. რომელი საათია? პირველის ნახევარი... ღამეა. ეტყობა, მხოლოდ ერთი საათი მეძინა. შაკიკი მაწუხებს? ჰო, მაწუხებს. კარზე ხმადაბლა მოაკაკუნეს. – რა მოხდა? სასადილო ოთახის კარი გამოვაღე. მომვლელი ქალის სახე სიბნელეში დავინახე, მაგრამ მაშინე შევამჩნიე, რომ გაფითრებული იყო, თვალები გაფართოებული და შეშფოთებული ჰქონდა. – ვინ მოიყვანეს? – გორელოეს უბნის ექიმი, – ხმამაღლა, ხიხინით მიპასუხა მომვლელმა ქალმა, – დაჭრილია. თავის მოკვლა უცდია. – პო-ლი-ა-კო-ვი? შეუძლებელია! პოლიაკოვი? – გვარი არ ვიცი. – ჰო, ჰო... ახლავე, ახლავე მოვდივარ. თქვენ კი მთავარ ექიმთან გაიქეცით და ამწუთასვე გააღვიძეთ. უთხარით, რომ სასწრაფოდ მისაღებში ვიწვევ. მომვლელი ქალი შეტრიალდა და თეთრი ლაქა უმალ თვალს მიეფარა. ორი წუთის შემდეგ პარმაღზე გასულს მშრალმა და მჩხვლეტავმა ქარბუქმა სახეზე ამიქროლა, პალტოს კალთები ამიფრიალა, შეშინებული სხეული გამიყინა. მიმღები ოთახის ფანჯრებში თეთრი, მოუსვენარი შუქი ბრიალებდა. პარმაღზე თოვლის კორიანტელში მთავარ ექიმს შევეჩეხე. ისიც იქით მიიჩქაროდა, სადაც მე მივდიოდი. – თქვენი ამხანაგია? პოლიაკოვი? – ხველებით მკითხა ქირურგმა. – ვერაფერი გამიგია, ეტყობა, ის არის, – ვუპასუხე და მისაღებში სწრაფად შევედით. სკამიდან ჩვენს შესახვედრად შეფუთნილი ქალი წამოდგა. ყავისფერი თავშლის ქვემოდან ნამტირალევი, ნაცნობი თვალები შემომაცქერდა და გორელოელი მეანი ქალი, გორელოეს საავადმყოფოში მშობიარეთა მოვლა-პატრონობისას ჩემი ერთგული თანაშემწე მარია ვლასიევნა ვიცანი. – პოლიაკოვია? – ვკითხე მას. – დიახ, – მიპასუხა მარია ვლასიევნამ, – რა საშინელებაა, ექიმო, მომყავდა და მთელი გზა შიშით ვკანკალებდი, ვაითუ, ცოცხალმა ვერ ჩააღწიოს-მეთქი. – ეს როდის მოხდა? – ამ დილას, გათენებისას, – ბუტბუტებდა მარია ვლასიევნა, – დარაჯმა მოირბინა და მითხრა, ექიმის ბინიდან სროლის ხმა გავიგონეო. ნათურა მაგიდას საძაგელ, მშფოთვარე შუქსა ჰფენდა. მაგიდაზე ექიმი პოლიაკოვი იწვა. მისი თექის ჩექმების უსიცოცხლო, თითქოს გაქვავებულ ქუსლებს შევხედე თუ არა, გულმა რეჩხი მიყო. პოლიაკოვს ქუდი მოვხადეთ. ერთმანეთზე შეწებებული სველი თმა გამოუჩნდა. ჩემი ხელები, მომვლელი ქალის ხელები, მარია ვლასიევნას ხელები პოლიაკოვის მკერდთან ერთმანეთში აირია, პალტოს შიგნიდან წითელ-ყვითელი, გადღაბნილი ლაქებით დაფარული თეთრი მარლა გამოვაცალეთ. პოლიაკოვს მკერდი სუსტად აუდ-ჩაუდიოდა. მე პულსი გავუსინჯე და შევკრთი. პულსი თითებქვეშ მეკარგებოდა, იჭიმებოდა და წვრილ-წვრილად ჩაკვანძული, დაძენძილი ძაფივით მალიმალ წყდებოდა. ქირურგის ხელი უკვე მხარზე მისწვდა და მკრთალი კანი თითებში მოიქცია, რომ ქაფური შეეშხაპუნებინა. ამ დროს დაჭრილმა ერთმანეთს მიწებებული ტუჩები გააპო და სისხლის ვარდისფერი ზოლი გამოაჩინა, მერე სუსტი ხმით ცივად თქვა: – ქაფური მომაშორეთ. ჯანდაბას... გალურჯებულ ტუჩებს ოდნავ ატოკებდა. – გაჩუმდით, – უთხრა ქირურგმა და ყვითელი ზეთი კანქვეშ შეუშხაპუნა. – უნდა ვივარაუდოთ, რომ გულის პარკუჭი დაზიანებული უნდა იყოს, – ჩაიჩურჩულა მარია ვლასიევნამ, მაგიდის კუთხეს ხელი მაგრად ჩასჭიდა და დაჭრილს ქუთუთოებში ჩააცქერდა (მას თვალები დახუჭული ჰქონდა). დაისის ჩრდილების მსგავსი ნაცრისფერ-იისფერი ხაზები ცხვირის აქეთ-იქით სულ უფრო მკაფიოდ ჩნდებოდა და ოფლის წვრილი, ვერცხლისწყლისნაირი სხურპლები ამ ჩრდილებს ნამივით დაასხდა. – რა რევოლვერი იყო? – იკითხა ქირურგმა და ცალი ლოყა შეატოკა. – ბრაუნინგი, – ამოიკნავლა მარია ვლასიევნამ. – ე-ეჰ, – თითქოს ბრაზით, თანაც სინანულით თქვა ქირურგმა, უეცრად ხელი ჩაიქნია და განზე გადგა. მე ვერაფერს მივხვდი და მისკენ შეშინებული შევტრიალდი. მხარს უკან ვიღაცის თვალებმა გაიელვა. ერთი ექიმი კიდევ მოვიდა. პოლიაკოვმა ტუჩები უცებ გვერდულად ისე შეატოკა, თითქოს ნამძინარევი კაცი აბეზარი ბუზის მოცილებას ცდილობსო, მერე ქვედა ყბა ისე შეარხია, თითქოს ყელში კოშტი გასჩხერია და ჩაყლაპვა უნდაო. ეჰ, ვისაც რევოლვერის ან თოფის საშინელი ჭრილობები უნახავს, იმისთვის ასეთი მოძრაობა კარგადაა ცნობილი! მარია ვლასიევნამ წარბები ავადმყოფურად შეჭმუხნა და ამოიოხრა. – ექიმ ბომგარდს მოუხმეთ, – ძლივს გასაგონად თქვა პოლიაკოვმა. – აქა ვარ, – ალერსიანად გაისმა ჩემი ჩურჩული მის ტუჩებთან ახლოს. – რვეულს თქვენ გიტოვებთ... – უფრო სუსტად ჩაიხიხინა პოლიაკოვმა. მერე თვალები გაახილა და ჭერისკენ აღაპყრო. თვალთა მუქი გუგები შუქით თითქოს შიგნიდან გაივსო, თვალების გარსი გამჭვირვალე, თითქოს ცისფერი შეიქნა, ზეაპყრობილი თვალები ისევე გაშეშდა, მერე აიმღვრა და წამიერი მშვენიერება გაქრა. ექიმი პოლიაკოვი მოკვდა. . . .        ღამეა. განთიადი ახლოვდება. ნათურა ძალიან მკაფიოდ ანათებს, იმიტომ, რომ ქალაქს სძინავს და ელექტროდენი ჭარბადაა. ყოველივე დუმს, ხოლო პოლიაკოვის სხეული სამლოცველოში ასვენია. ღამეა. თვალები კითხვისგან ჩაწითლებული მაქვს. მაგიდაზე გახსნილი კონვერტი და ფურცელი მიდევს. ფურცელზე წერია: „ძვირფასო ამხანაგო! აღარ გიცდით. მკურნალობა გადავიფიქრე. ეს უიმედოა. აღარც ის მინდა, რომ ვიტანჯო. საკმარისად ვეცადე. სხვებს ვაფრთხილებ: 25 წილ წყალში გახსნილ თეთრ კრისტალებს უფრთხილდით! ამ კრისტალებს ძალზე მივენდე და მათ დამღუპეს. ჩემს დღიურს საჩუქრად გიტოვებთ. ყოველთვის მაძიებელ და დოკუმენტების მოყვარულ კაცად მეჩვენებოდით. თუ დაინტერესდებით, ჩემი ავადმყოფობის ისტორია წაიკითხეთ. მშვიდობით. თქვენი ს. პოლიაკოვი“. შემდეგ მსხვილი ასოებით მინაწერი: „გთხოვთ, ჩემს სიკვდილში ნურავის დაადანაშაულებთ. ექიმი სერგეი პოლიაკოვი. 1918 წლის 13 თებერვალი“.        თვითმკვლელობის წერილის გვერდით მუშამბაგადაკრული საერთო რვეული მიდევს. წინა ფურცლები, რვეულის ნახევარი, ამოხეულია. დარჩენილ ნახევარში მოკლე ჩანაწერებია, თავიდან ფანქრით ანდა მელნით. ხელნაწერი მკაფიოა, ასოები – წვრილი. რვეულის ბოლოსკენ ქიმიური ფანქრითა და მსხვილი, წითელი ფანქრით ნაწერი დაუდევარია, ასოები მიბრეცილ-მობრეცილი, ბევრი სიტყვა შემოკლებული. IV        „...7 წლის1 20 იანვარი. ...ძალიან მიხარია, ღმერთს მადლობას ვწირავ: რაც უფრო მიყრუებულ ადგილას ვიქნები, მით უკეთესია. თვალით არავის დანახვა არ შემიძლია, აქ კი სნეული გლეხების გარდა ვერავის ვნახავ. ამათ კი ჩემს საწუხართან, აბა, რა ხელი აქვთ? თუმცა, ჩემზე უკეთესად არც დანარჩენები გაუნაწილებიათ ერობათა უბნებში. მთელი ჩემი გამოშვება ომში გაწვევას არ ექვემდებარებოდა (მეორე ჯგუფის მოლაშქრეთა 1916 წლის გამოშვება), ერობებში ჩამოარიგეს. თუმცა, ეს არავისთვის საინტერესო არ არის. ამხანაგებიდან მხოლოდ ივანოვისა და ბომგარდის ასავალ-დასავალი შევიტყვე. ივანოვს არხანგელსკის გუბერნია აურჩევია (გემოვნების ამბავია), ხოლო ბომგარდი, როგორც ფერშალმა მითხრა, ასეთივე მიყრუებულ უბანში, სამი მაზრის იქით, გორელოეში ყოფილა. მინდოდა, წერილი მიმეწერა, მაგრამ გადავიფიქრე. არც ნახვა მინდა ვინმესი და არც გაგონება. 21 იანვარი. ქარბუქია, ყველაფერი რიგზეა. 25 იანვარი. რა ნათელი დაისია. მიგრენინი – Antipirin, a, Coffein, a, Uac Citrin შენაერთი 1,0 ფხვნილი... 1,0 შეიძლება? შეიძლება. 3 თებერვალი.       დღეს გასული კვირის გაზეთები მივიღე. კითხვა არ დამიწყია, მაგრამ თეატრების განყოფილებისკენ თვალი მაინც გამექცა. „აიდა“ გასულ კვირაში მიდიოდა. მაშ ის სცენაზე გამოდიოდა და მღეროდა: „მოდი ჩემთან, მეგობარო...“ არაჩვეულებრივი ხმა აქვს. საოცარია: ბნელი სულის მქონე არსება ნათელი, ძლიერი ხმის პატრონია... (აქ დღიური წყდება, ორი თუ სამი ფურცელი ამოხეულია). ...ექიმო პოლიაკოვო, ეს, რა თქმა უნდა, უღირსი საქციელია. ასეთი სისულელე გიმნაზიელს თუ შეეფერება. განა შეიძლება, ქალი ქუჩურად ლანძღო იმის გამო, რომ მიგატოვა? არ უნდოდა შენთან ყოფნა და მიგატოვა. მორჩა და გათავდა. არსებითად, ყველაფერი ხომ მარტივადაა. ოპერის მომღერალი ქალი ახალგაზრდა ექიმს გადაეყარა, ერთი წელი მასთან გაატარა და მიატოვა. უნდა მოვკლა? ყველაფერი სისულელეა, უაზროა. უიმედოა! ფიქრი არ მინდა. არ მინდა... 11 თებერვალი.        ქარბუქი არა და არ თავდება... ქარბუქში ვარ ჩაკარგული! მთელ საღამოებს მარტოდმარტო ვატარებ. ლამპას ავანთებ და ვზივარ. დღისით ხალხს კიდევ ვხედავ. მაგრამ მექანიკურად ვმუშაობ. სამუშაოს შევეგუე. არც ისეთი საშიშია, როგორც ადრე მეგონა. თუმცა, ომის დროს ჰოსპიტალში ყოფნა ძალზე დამეხმარა. რაც უნდა იყოს, აქ არც ისეთი უვიცი მოვედი. დღეს პირველად გავაკეთე ბრუნის ოპერაცია. მაშ ასე, თოვლში სამი ადამიანი ვართ დამარხული: მე, ანა კირილოვნა – ფერშალ-მეანი და ფერშალი. ფერშალი ცოლიანია. ისინი (ფერშლების პერსონალი) ფლიგელში ცხოვრობენ. მე კი მარტო ვცხოვრობ. 15 თებერვალი.        წუხელ საინტერესო რამ დამემართა. დასაძინებლად დაწოლას ვაპირებდი, როცა მუცლის არეში ტკივილი ვიგრძენი. თანაც, როგორი! შუბლზე ცივმა ოფლმა დამასხა. უნდა მოგახსენოთ, ჩვენი მედიცინა მაინც საეჭვო მეცნიერებაა. როცა კაცი კუჭ-ნაწლავის არავითარ დაავადებას არ უჩივის (მაგ. აპენდ.), ღვიძლიც საუკეთესო აქვს და თირკმლებიც, ვისი კუჭ-ნაწლავიც სავსებით ნორმალურად მოქმედებს, ღამით ისეთმა ტკივილმა რატომ უნდა შემოუტიოს, რომ მოკრუნჩხულმა საწოლზე იგორაოს? კვნესით მივაღწიე სამზარეულოს, სადაც მზარეული ქალი და მისი ქმარი ვლასი ღამეს ათევენ. ვლასი ანა კირილოვნასთან გავგზავნე. ანა კირილოვნა იძულებული შეიქნა ჩემთვის მორფი გაეკეთებინა. მითხრა, მთლად გამწვანებული იყავიო. რა დამემართა? ჩვენი ფერშალი არ მომწონს. ერთი უჟმური ვინმეა. ანა კირილოვნა კი ძალიან სანდომიანი, განვითარებული ქალია. საოცარია, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალი სრულიად მარტოდმარტო რანაირად ცხოვრობს ამ თოვლის სამარეში. მისი ქმარი გერმანელთა ტყვეობაშია. არ შემიძლია, ხოტბა არ შევასხა, ვინც ყაყაჩოდან მორფი პირველად მოიპოვა. იგი კაცობრიობის ჭეშმარიტი კეთილისმყოფელია. ნემსის გაკეთებიდან შვიდი წუთის შემდეგ ტკივილმა გამიარა. საინტერესოა, რომ ტკივილი უწყვეტ ტალღად, ყოველგვარი შუალედის გარეშე მიტევდა და სულს მიხუთავდა. თითქოს მუცელში გავარვარებული რკინა შემირჭვეს და მიტრიალებდნენ. ნემსის გაკეთებიდან ოთხი წუთის შემდეგ უკვე ვამჩნევდი, რომ ტკივილი ხან მიკლებდა, ხან მიმატებდა. კარგი იქნება, ექიმს საშუალება ჰქონდეს, მრავალი წამალი საკუთარ თავზე გამოცადოს. მასში სულ სხვანაირად გაიგებს, ეს წამლები როგორ მოქმედებს. ნემსის გაკეთების შემდეგ ღრმად და კარგად ბოლო თვეების მანძილზე პირველად მეძინა. ვინც მიღალატა, იმაზე აღარ ვფიქრობდი. 16 თებერვალი.        დღეს, მიღებაზე, ანა კირილოვნამ მკითხა, როგორა ხართო, და მითხრა, შუბლგახსნილი პირველად გნახეთ, სულ მოღუშული დადიხართო. – განა მე მოღუშული ვარ? – ძალიან, – დამაჯერებლად მიპასუხა მან და დაუმატა, მიკვირს, სულ ჩუმად რომ ხართო. – რა ვქნა, ასეთი ვარ. ადრე საღამოვდებოდა. ბინაში მარტო ვარ. დაბინდებისას ტკივილმა მომიარა, მაგრამ არც ისე ძლიერმა, გუშინდელის აჩრდილმა, სადღაც გულის კოვზს ქვემოთ. შემეშინდა, გუშინდელი შეტევა არ გამმეორებოდა და თეძოში ერთი სანტიგრამი მე თვითონ გავიკეთე. ტკივილმა თითქმის მყისვე გამიარა. კიდევ კარგი, ანა კირილოვნამ ერთი შუშა დამიტოვა. 18 თებერვალი. ოთხი ჩხვლეტა საშიში არ არის. 25 თებერვალი. ანა კირილოვნა უცნაური ვინმეა! თითქოს თავად ექიმი არ ვიყო. 1,5 შპრიცი=0,015 Morphin, დიახ. 1 მარტი.        ექიმო პოლიაკოვო, ფრთხილად! სისულელეა. ჩამობინდდა ორი კვირაა, რაც ჩემს მოღალატეზე ფიქრი აღარ დამბრუნებია. მისი ამნერისის პარტიის ჰანგმა მიმატოვა. ამით დიდად ვამაყობ. ვაჟკაცი ვარ. ანა კ. ჩემი მალული ცოლი გახდა. სხვა რამ მოსალოდნელი არც იყო. ჩვენ ხომ დაუსახლებელ კუნძულზე ვართ მომწყვდეულნი. თოვლი შეიცვალა, თითქოს მორუხო ფერი დაედო. ძლიერმა ყინვებმა გაიარა, მაგრამ ქარბუქი დროდადრო განახლდება ხოლმე. პირველი წუთი: კისერზე შეხების შეგრძნება. ეს შეხება თბილი ხდება და ფართოვდება. მეორე წუთში გულის კოვზთან უეცრად ცივი ტალღა ჩაირბენს, შემდეგ კი გონება არაჩვეულებრივად ნათდება და შრომისუნარიანობის აფეთქება იწყება. უსიამოვნო შეგრძნებანი აბსოლუტურად ქრება. ეს ადამიანის სულიერი ძალის გამოვლინების უმაღლესი წერტილია. სამედიცინო განათლებით წამხდარი რომ არ ვიყო, ვიტყოდი, რომ ადამიანს ნორმალურად მუშაობა მხოლოდ მორფის გაკეთების შემდეგ შეუძლია. მართლაც, კაცი, აბა, რისი მაქნისია, როცა უბრალო ნევრალგიაც კი თავგზას უბნევს: ანა კ. შიშობს. მე დავამშვიდე, ვუთხარი, ბავშვობიდანვე ნებისყოფის უზარმაზარი ძალით გამოვირჩეოდი-მეთქი. 2 მარტი.        რაღაც გრანდიოზული ხმები დაირხა. ამბობენ, ნიკოლოზ II ჩამოაგდესო. დასაძინებლად ძალიან ადრე ვწვები. ასე ცხრა საათზე. ტკბილად მძინავს. 10 მარტი.        იქ რევოლუცია ხდება. დღემ იმატა, საღამოს ბინდი კი თითქოს მომტრედისფრო გახდა. ასეთი სიზმრები გათენებისას არასოდეს მინახავს. ეს ორმაგი სიზმრებია.        ამასთან ერთად, ძირითადი სიზმარი, ასე ვთქვათ, მინისაა, გამჭვირვალეა. საძაგლად განათებულ რამპას ვხედავ, იქიდან შუქთა მრავალფერი ლენტი მოილტვის. ამნერისი მწვანე ბუმბულს არხევს და მღერის. ორკესტრი მართლა არამიწიერი, არაჩვეულებრივად სრულხმოვანია. თუმცაღა, ამის სიტყვით გამოხატვა არ ძალმიძს. ერთი სიტყვით, ნორმალურ სიზმარში მუსიკა უხმოა... (ნორმალურში? ეს კიდევ საკითხავია, რომელი სიზმარია ნორმალური? თუმცა, ვხუმრობ...) ჩემს სიზმარში კი ციური ხმებივით გაისმის. რაც მთავარია, შემიძლია, მუსიკა ჩემს ნებაზე გავაძლიერო ანდა შევასუსტო. გახსოვთ, „ომსა და მშვიდობაში“ აღწერილია, პეტია როსტოვმა ძილ-ღვიძლში ასეთივე რამ როგორ განიცადა. ლევ ტოლსტოი შესანიშნავი მწერალია! ახლა გამჭირვალობის თაობაზე; „აიდას“ მოლივლივე ფერებში ძალზე რეალურად ამოიზრდება ჩემი საწერი მაგიდის კუთხე, კაბინეტის კარიდან რომ მოჩანს, ლამპა და პრიალა იატაკი, დიდი თეატრის ორკესტრის ხმას აშკარად კვეთს ფეხის ხმა, კასტანეტების ყრუ კაკუნივით სასიამოვნოდ რომ მოისმის. მაშ რვა საათია და ანა კ. მოდის, რათა გამაღვიძოს და გამაგებინოს, მიმღებში რა ხდება. იგი ვერ მიმხვდარა, რომ ჩემი გაღვიძება საჭირო არ არის, ყველაფერი რომ მესმის და მასთან ლაპარაკი შემიძლია. გუშინ ასეთი ცდა ჩავატარე კიდევაც: ანა: – სერგეი ვასილიევიჩ... მე: – გისმენ... (მუსიკას ხმადაბლა – „ძლიერად“). მუსიკა – დიადი აკორდი. რე-დიეზი... ანა: – ოცი კაცია ჩაწერილი. ამნერისი (მღერის) თუმცა, ქაღალდზე ამის გადმოცემა შეუძლებელია. ეს სიზმრები სახიფათოა თუ არა? ოჰ? არა. ამ სიზმრების შემდეგ ძალ-ღონე და მხნეობა მემატება და კარგად ვმუშაობ. სამუშაოს მიმართ ინტერესიც კი გამიჩნდა, რაც ადრე არა მქონდა. ანდა რა გასაკვირია, როცა სულ ჩემს ყოფილ ცოლზე ვფიქრობდი. ახლა კი დავმშვიდდი. დავმშვიდდი. 19 მარტი. წუხელ ანა კ.-ს წავეჩხუბე. – ხსნარს აღარ დაგიმზადებთ. მე მის დაყოლიებას შევეცადე: – ანუსია, რა სისულელეა: ბავშვი ხომ არა ვარ? – არ დაგიმზადებთ. თქვენ დაიღუპებით. – როგორც გენებოთ, მაგრამ მკერდში ტკივილი მაქვს! – იმკურნალეთ. – სად? – შვებულება აიღეთ და წადით. მორფის კეთება მკურნალობა არ არის (მერე დაფიქრდა და დაუმატა), თავს ვერასოდეს ვაპატიებ, მაშინ მეორე შუშა რომ დაგიმზადეთ. – მე რა, მორფინისტი ხომ არა ვარ? – დიახ, მორფინისტი ხდებით. – მაშ არ დამიმზადებთ? – არა.        მაშინ ჩემს თავს პირველად შევამჩნიე, გაბრაზების უსიამოვნო უნარი რომ გამაჩნდა და, რაც მთავარია, შემეძლო, ადამიანისთვის მეყვირა, როცა თავად ვტყუოდი. თუმცა ერთბაშად არ ავყვირებულვარ. საწოლ ოთახში შევედი და ვნახე, რომ შუშის ფსკერზე ხსნარი ცოტა ჩარჩენილიყო. შპრიცში მოვაგროვე – 1/4 შპრიცი აღმოჩნდა. შპრიცი გადავაგდე, კინაღამ გავტეხე, თავად კი ავკანკალდი. ფრთხილად ავიღე და გავსინჯე, – ბზარი არსად ჰქონდა. საწოლ ოთახში ოციოდე წუთს ვიჯექი, მერე მივედი და ვნახე, რომ ანა აღარსად იყო. წავიდა. წარმოიდგინეთ, ვერ მოვითმინე და მასთან წავედი. ფლიგელის განათებულ ფანჯარაზე მივუკაკუნე. თავშალმოხვეული ანა პარმაღზე გამოვიდა. წყნარზე წყნარი ღამე იდგა. ირგვლივ ფაშარი თოვლი იდო. სადღაც შორს, ცაზე, გაზაფხულის სუნთქვა იგრძნობოდა. – ანა კირილოვნა, აფთიაქის გასაღები მომეცით. ანამ ჩაიჩურჩულა: – არ მოგცემთ. – ამხანაგო, აფთიაქის გასაღები მომეცით. როგორც ექიმი, ისე გეუბნებით. ბინდბუნდში ვხედავ, ანას სახე შეეცვალა, ძალიან გაუთეთრდა, თვალები ჩაუღრმავდა, ჩაუცვივდა, ჩაუშავდა. ისეთი ხმა ჰქონდა, რომ გულში სიბრალული აღმეძრა, მაგრამ მაშინვე ბრაზი კვლავ მომერია. – ასე რატომ მელაპარაკებით? – მითხრა ანამ, – ეჰ, სერგეი ვასილიევიჩ, მე ხომ მებრალებით. თავშალს ქვემოდან ხელი გამოიღო და ვნახე, რომ გასაღები ხელში ეჭირა. მაშ როცა ჩემთან გამოდიოდა, გასაღებიც გამოიყოლა. – მომეცით გასაღები! – ვუთხარი უხეშად, გასაღები ხელიდან გამოვტაცე და საავადმყოფოს თეთრი კორპუსისკენ ფიცრებდამპალ, მორყეულ წანწალა ხიდს გავუყევი. გულში ბრაზი მიდუღდა, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ ოდნავი წარმოდგენაც არ მქონდა იმის თაობაზე, კანქვეშ შესაშხაპუნებელი მორფის ხსნარი როგორ დამემზადებინა. ფერშალი ხომ არ ვიყავი, ექიმი გახლდით! მივდიოდი და ვცახცახებდი. უკნიდან ფეხის ხმა შემომესმა. ანა ერთგული ძაღლივით ამდევნებოდა. გულში მის მიმართ სინაზე აღმეძრა, მაგრამ ჩავიხშე, შევტრიალდი და კბილებდაკრეჭილმა ვუთხარი: – მომიმზადებთ თუ არა? ანამ ხელი განწირულივით ჩაიქნია, ახლა ყველაფერი სულერთიაო, და მიპასუხა: – მოგიმზადებთ... ...ერთი საათის შემდეგ თავს ნორმალურად ვგრძნობდი. რაღა თქმა უნდა, ანას ბოდიში მოვუხადე, უაზრო უხეშობა რომ გამოვიჩინე. თავადაც არ ვიცი, ეს როგორ დამემართა, ადრე ზრდილობიანი კაცი ვიყავი-მეთქი. ჩემმა ბოდიშმა ანას უცნაური საქციელი გამოიწვია. მან დაიჩოქა, ხელებზე მომეკრა და მითხრა: – არ გიწყრებით, არა. უკვე ვიცი, რომ დაღუპული კაცი ხართ. ვიცი და ჩემს თავს ვწყევლი, მაშინ ნემსი რომ გაგიკეთეთ. როგორც შემეძლო, ვამშვიდებდი. ვარწმუნებდი, რომ დანაშაული არ მიუძღოდა და საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა თავად მეკისრებოდა. აღვუთქვამდი, ხვალიდან სერიოზულად დავიწყებ გადაჩვევას, ნელ-ნელა დოზას შევამცირებ-მეთქი. – ახლა რამდენი გაიკეთეთ? – ბევრი არაფერი. ერთპროცენტიანი ხსნარის სამი შპრიცი. ანამ თავზე ხელები შემოიჭდო და გაჩუმდა. – ამის გამო ნუ ღელავთ! – ვუთხარი კიდევ დასაწყნარებლად. ...სიმართლე რომ ითქვას, კარგად მესმის, შეშფოთების მიზეზი რომ აქვს. Morphium Hidrochloricum-ი მართლაც საშიში რამ გახლავთ. ადამიანი ძალიან სწრაფად ეჩვევა. მაგრამ მცირედი ჩვევა ხომ მორფინიზმი არ არის?.. ...კაცმა რომ თქვას, ეს ქალი ერთადერთი ადამიანია, ვინც ჩემ მიმართ ნამდვილ ერთგულებას იჩენს. არსებითად, ჩემი ცოლი ეს უნდა იყოს. ის ქალი დამავიწყდა. დამავიწყდა. ამ ამბავს კი, ასეა თუ ისე, მორფს უნდა ვუმადლოდე... 1917 წლის 8 აპრილი. ეს სატანჯველია. 9 აპრილი. გაზაფხული შემზარავია. კოკაინი შუშაში ჩამძვრალი ეშმაკია. დიახ, შუშაში ჩამძვრალი ეშმაკი! მისი მოქმედება ორგვარია: 2%-იანი ხსნარის ერთ შპრიცს გაიკეთებ თუ არა, მყისვე სიმშვიდე გეუფლება, რასაც უმალვე აღტაცება და ნეტარება ენაცვლება. ეს მხოლოდ ერთი-ორ წუთს გასტანს, მერე ყოველივე უკვალოდ ქრება, თითქოს არც ყოფილიყოს, და გეუფლება ტკივილი, ძრწოლა, წყვდიადი. გაზაფხული კი გუგუნებს, შავი ფრინველები შიშველი ტოტებიდან ტოტებზე მიფრი-მოფრენენ, შორს ტყე ცისკენ შავად აჯაგრულა, ხოლო ტყის გადაღმა ცის ერთი მეოთხედი გაზაფხულის პირველ დაისს აულანძავს. ჩემი ბინის ცარიელ ოთახში კარიდან ფანჯრისკენ, ფანჯრიდან კარისკენ დიაგონალზე მივდი-მოვდივარ. რამდენჯერ უნდა წავიდ-წამოვიდე? თხუთმეტჯერ ან თექვსმეტჯერ, მეტჯერ – არა. მერე მივტრიალდები და საწოლ ოთახში შევალ. მარლაზე შპრიცი დევს, შპრიცის გვერდით შუშა. შპრიცს ვიღებ, დაჩხვლეტილ თეძოს იოდით დაუდევრად ვიწმენდ და კანში ნემსს ვირჭობ. ტკივილს სრულებით ვერ ვგრძნობ. ო, პირიქით: წინასწარ ვტკბები ეიფორიით, ახლა რომ უნდა დამეწყოს. მეწყება კიდევაც. ამას გარმონის ხმები მაუწყებს. გაზაფხულის დადგომით გახარებული ვლასი პარმაღზე ზის და გარმონს უკრავს. და, აი, გარმონის ნაგლეჯ-ნაგლეჯი ხმა, მინის იქიდან ყრუდ რომ მოისმოდა, ანგელოზთა ხმას ემგვანება, ხოლო გაბერილი ტყავის უხეში ბანები ციური ქოროსავით გაისმის. მაგრამ ორი წუთი გადის და სისხლში კოკაინი საიდუმლო კანონით, რაც ფარმაკოლოგიაში არსად არის აღწერილი, ახალ რაღაცად იქცევა. მე კი ვიცი, რომ ეს სატანისა და ჩემი სისხლის ნარევია. პარმაღზე მჯდომარე ვლასის მიმართ სიძულვილი მიპყრობს, დაისი მოუსვენრად თრთის და შიგნეულს მიდაღავს. დაბინდებამდე ეს რამდენჯერმე მეორდება და ბოლოს ვხვდები, რომ მოწამლული ვარ. გული ძგერას ისე მიწყებს, რომ ხელებსა და საფეთქლებში ვგრძნობ... მერე უფსკრულში ჩაინთქმება და დგება წამი, როცა მგონია, რომ ექიმი პოლიაკოვი სიცოცხლეს ვეღარ დაუბრუნდება... 13 აპრილი.        მე, ბედკრული ექიმი პოლიაკოვი, ამა წლის თებერვალში მორფინიზმით დასნეულებული, ვაფრთხილებ ყველას, ვისაც ბედი ჩემნაირ ხვედრს არგუნებს, კოკაინით მორფის შეცვლას ნუ შეეცდება. კოკაინი უსაშინელესი და უმზაკვრესი საწამლავია. ანამ გუშინ ქაფურით ძლივს მომასულიერა, დღეს კი ცოცხალ-მკვდარი ვარ. 1917 წლის 6 მაისი.        დიდი ხანია, დღიურისთვის ხელი არ მომიკიდია. დასანანი კია, სინამდვილეში ეს დღიური კი არა, ავადმყოფობის ისტორიაა და, როგორც ჩანს, ამქვეყნად ერთადერთი მეგობრის მიმართ (თუ ჩემს სევდიანსა და ხშირი ტირილით თვალებდასიებულ ანას არ ჩავთვლით) პროფესიული ლტოლვა მაქვს. მაშ ასე, თუ ავადმყოფობის ისტორიას ვადგენ, უნდა ჩავწერო: მორფს დღე-ღამეში ორჯერ ვიკეთებ: საღამოს 5 საათზე (სადილის შემდეგ) და ღამის 12 საათზე ძილის წინ. ხსნარი სამპროცენტიანია: ორი შპრიცი. მაშასადამე, ერთ ჯერზე 0,06-ს ვიკეთებ. გვარიანი დოზაა!        ადრინდელი ჩანაწერები ცოტა ისტერიკულია. განსაკუთრებულად საშიში არაფერი მჭირს. ჩემს შრომისუნარიანობაზე ეს არავითარ ზეგავლენას არ ახდენს. პირიქით. მთელი დღე წინა დღეს განაკეთებით ვარსებობ. ოპერაციებს საუცხოოდ ვაკეთებ, რეცეპტებს ყურადღებით, წუნდაუდებლად ვწერ და ექიმის სინდისს ვფიცავ, ჩემს მორფინიზმს ჩემი პაციენტებისთვის არაფერი უვნია. ვიმედოვნებ, რომ არც ავნებს. მე სხვა რამ მაწამებს. სულ მეჩვენება, რომ ჩემს მანკს ვიღაც გაიგებს. პაციენტების მიღებისას ვგრძნობ, ჩემი ასისტენტ-ფერშალი ზურგიდან ჩაციებით, გამომცდელად რომ მაკვირდება და ეს ძალიან მიმძიმს.სისულელეა! ის ვერ მიხვდება. არაფერი გამთქვამს. თვალის გუგებმა მხოლოდ საღამოთი შეიძლება გამთქვას, საღამოთი კი ფერშალს არასოდეს ვხვდები. მაზრაში ჩავედი და ჩვენს აფთიაქს მორფის შემზარავი დანაკლისი შევუვსე. მაგრამ უსიამოვნო წუთების გადატანა იქაც მომიხდა. მოთხოვნილებაში განზრახ კიდევ სხვა ბევრი რაღაც-რაღაცა ჩავწერე, კოფეინის მსგავსი (თუმცა კოფეინი თავზე საყრელი გვქონდა). საწყობის გამგემ მოთხოვნილება გამომართვა და მითხრა: 40 გრამი მორფი? ვიგრძენი, რომ თვალებს მოწაფესავით ვმალავდი. ვიგრძენი, რომ ვწითლდებოდი... იმან კი მითხრა: – ამდენი არა გვაქვს. ათ გრამს მოგცემთ. მართლაც არა ჰქონდა, მაგრამ მომეჩვენა, რომ ჩემს საიდუმლოს ჩასწვდა. თვალებით მჩხრეკდა და მბურღავდა, ხოლო მე ვღელავდი და ვიტანჯებოდი.დიახ, თვალის გუგები, მხოლოდ თვალის გუგებია სახიფათო, ამიტომ წესად უნდა მქონდეს, საღამოთი არავის შევხვდე. თუმცაღა, საამისოდ ჩემს უბანზე შესაფერისი ადგილი მთელ ქვეყნიერებაზე არ მოიძებნება. ექვს თვეზე მეტია, ავადმყოფების გარდა აქ არავინ მინახავს. იმათ კი ჩემთვის არა სცხელათ. 18 მაისი.        ჩახუთული ღამეა. გაავდრდება. ტყის გადაღმა მუცელგაბერილი შავი ღრუბელი იზრდება და იბოლქვება. უკვე მკრთალად იელვა. ავდარი იწყება. მაგიდაზე იმ ადგილას გადაშლილი წიგნი მიდევს, სადაც მორფისგან თავის შეკავების შესახებ ზოგი რამ წერია. „...უკიდურესი მოუსვენრობა, მშფოთვარება, სევდიანობა, აღგზნებადობა, მეხსიერების შესუსტება, ზოგჯერ ჰალუცინაციები და გონების მცირედი დაბინდვა...“ ჰალუცინაციები არ მქონია, მაგრამ სხვა რამეთა თაობაზე შემიძლია ვთქვა: ო, რა უღიმღამო, უსულგულო, რა არაფრის მთქმელი სიტყვებია! „სევდიანობა“!..არა, მე, ამ საშინელი სენით დაავადებული კაცი, ექიმებს ვაფრთხილებ, რომ თავიანთი პაციენტების უფრო შემბრალენი იყვნენ. „სევდიანობა“ კი არა, ნელი სიკვდილი ემუქრება მორფინისტს, თუ მორფს ერთი ან ორი საათით მოაკლებთ. გაუგემურებულ ჰაერს ვეღარ ყლაპავს... სხეულში ერთი უჯრედიც აღარა აქვს, რომელსაც არ სწყუროდეს... რა? ამის არც განსაზღვრა შეიძლება, არც ახსნა. ერთი სიტყვით, კაცი აღარ არსებობს. გათიშულია. გვამი მოძრაობს, წუხს, იტანჯება. აღარაფერი უნდა, აღარაფერზე ფიქრობს გარდა მორფისა, მორფისა! წყურვილით სიკვდილი სამოთხეა, ნეტარებაა მორფის წყურვილთან შედარებით. ცოცხლად დამარხული ჰაერის უკანასკნელ, უმცირეს ნამცეცებს კუბოში, ალბათ, ასე ეტანება და მკერდს ფრჩხილებით იღადრავს, ერეტიკოსი კოცონზე ასე გმინავს და იგრიხება, როცა ცეცხლის პირველი ენები ფეხებს ულოკავს. სიკვდილი – უსახური, ნელი სიკვდილი... აი, რას ნიშნავს ეს სიტყვა – „სევდიანობა“. მეტი აღარ შემიძლია. ავდექი და ვიჩხვლიტე. ამოვისუნთქე. კიდევ ამოვისუნთქე. გულს მომეშვა. ცოტაც, ცოტაც... აი, გულის კოვზის ქვეშ უკვე სიგრილეს ვგრძნობ... 3%-იანი ხსნარის სამი შპრიცი. ეს შუაღამემდე მეყოფა... ლაყბობაა. ეს ჩანაწერი ლაყბობაა. ყოველივე არც ისე საშიშია. ადრე თუ გვიან, მივატოვებ!.. ახლა კი უნდა დავიძინო, დავიძინო. მორფთან უაზრო ბრძოლით მხოლოდ თავს ვიტანჯავ და ვისუსტებ. /ამის შემდეგ რვეულში ოციოდე ფურცელი ამოხეულია/ ...მბერი. ...ვლავ გულისრევა ხუთის ნახევარზე. როცა ცოტა მოვსულიერდები, საშინელ შთაბეჭდილებებს ჩავწერ. 1917 წლის 14 ნოემბერი.        მაშ ასე, მოსკოვიდან, ექიმ... (გვარი გულმოდგინედ გადახაზულია) საავადმყოფოდან გამოქცევის შემდეგ კვლავ შინა ვარ. წვიმა კოკისპირულად ასხამს და მთელი ქვეყნიერება თვალთაგან მიქრება. დაე, გაქრეს. ეს ქვეყნიერება არა მჭირდება, ისევე როგორც ამქვეყნად თავად მე არავის ვჭირდები. სროლისა და გადატრიალების დროს ჯერ კიდევ საავადმყოფოში ვიყავი. მაგრამ მკურნალობის მიტოვებაზე ფიქრი ადრევე შემომეპარა და საავადმყოფოდან გაქცევა მოსკოვის ქუჩებში ბრძოლების დაწყებამდე გადავწყვიტე. მორფს ვუმადლი იმას, მამაცი რომ შევიქენი. სროლა ოდნავადაც არ მაშინებს. ანდა, საერთოდ, რამ უნდა შეაშინოს ის, ვინც მხოლოდ ერთ რამეზე – დიდებულ, ღვთიურ კრისტალებზე ფიქრობს. როცა ქვემეხთა გრუხუნისგან მთლად გაოგნებული ფერშალი ქალი... /აქ ერთი ფურცელი ამოხეულია/ ...ხიე ეს ფურცელი, რომ არავის წაეკითხა, დიპლომიანი კაცი მალულად, მხდალად როგორ მიიპარებოდა და საკუთარ კოსტიუმს იპარავდა. კოსტიუმს კიდევ რა უშავს! საავადმყოფოს პერანგი გამოვიყოლე. ამაზე ფიქრისთვის აღარ მცხელოდა. მეორე დღეს, მას მერე, რაც ნემსი ვიჩხვლიტე და გამოვცოცხლდი, ექიმ №-თან დავბრუნდი. ექიმმა სიბრალულით შემომხედა, მაგრამ ამ სიბრალულში ზიზღიც გამოსჭვიოდა. მერედა, რატომ? ის ხომ ფსიქიატრია და უნდა იცოდეს, რომ თავს ყოველთვის ვერ ვიოკებ. მე სნეული ვარ. განა ამის გამო კაცის შეზიზღება შეიძლება? საავადმყოფოს პერანგი უკანვე დავაბრუნე. – გმადლობთ, – მითხრა მან და მერე დაუმატა, – ახლა რას აპირებთ? მე მკვირცხლად ვუპასუხე /ამ დროს ეიფორიაში ვიყავი/. – გადავწყვიტე, ჩემს მიყრუებულ მხარეში დავბრუნდე, თანაც შვებულება უკვე დამიმთავრდა. დიდ მადლობას მოგახსენებთ მზრუნველობისთვის, ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. მკურნალობას შინ გავაგრძელებ. – თქვენ თავს უკეთ ოდნავადაც არა გრძნობთ, – მიპასუხა პროფესორმა, – სასაცილოა, ამას მე რომ მეუბნებით. თვალის გუგებში ერთხელ რომ ჩაგხედოთ, ესეც ხომ საკმარისია. აბა, ამას ვის ეუბნებით? – პროფესორო, ერთბაშად გადაჩვევა არ შემიძლია... განსაკუთრებით ახლა, როცა ასეთი ამბავია... სროლამ მთლად მომშალა. – სროლა დამთავრდა. ამჟამად ახალი ხელისუფლებაა. დარჩით და მკურნალობა განაგრძეთ.იმწუთას ყველაფერი გამახსენდა... ცივი დერეფნები... ზეთის საღებავით შეღებილი, შიშველი კედლები... ხოლო მე ფეხმოტეხილი ძაღლივით დავფორთხავ... რაღაცას ველი... რას? ცხელ აბაზანას?.. 0,005 მორფის ჩხვლეტას. ასეთი დოზის წყალობით არ მოკვდები... ეს არის და ეს... სევდა კი უცვლელად გრჩება, გულს როგორც გიმძიმებდა, ისევე გიმძიმებს... უძილო ღამეები, როცა პერანგი შემოვიხიე და ვიხვეწებოდი, გამიშვით-მეთქი? არა. არა. მორფი თუ გამოიგონეთ, ღვთაებრივი მცენარის გამშრალი თავებიდან თუ გამოწურეთ, მაშ ხერხიც გამონახეთ, რომ სნეული უწამებლად განკურნოთ! თავი ჯიუტად გავაქნიე. ამ დროს იგი წამოდგა და მე კარისკენ შეშინებული გავექანე. მომეჩვენა, რომ კარს ჩამიკეტავდა და საავადმყოფოში ძალით დამტოვებდა...პროფესორი წამოჭარხლდა. – მე ციხის ზედამხედველი არა ვარ, – თქვა გულმოსულმა, – და აქ საპატიმრო არა მაქვს, წყნარად იჯექით. ორი კვირის წინ ტრაბახობდით, სავსებით ნორმალური ვარო. ახლა კი... – მან ჩემი შიშის გამომხატველი ჟესტი გამომეტყველად გაიმეორა, – აქ არ გაკავებთ. – პროფესორო, გემუდარებით, ხელწერილი დამიბრუნეთ, – ვუთხარი და ხმა შესაბრალისად ამითრთოლდა. – ინებეთ. მან მაგიდის უჯრაში გასაღები გააჩხაკუნა და ხელწერილი მომცა, სადაც ვწერდი, რომ მოვალე ვიყავი, ორთვიანი კურსი ბოლომდე ჩამეტარებინა, მათ საავადმყოფოში ჩემი დატოვება შეეძლოთ და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩვეულებრივი ფორმის ხელწერილი გახლდათ. ხელწერილი აკანკალებული ხელით გამოვართვი, ჯიბეში ჩავიდე და ჩავიბურტყუნე: – გმადლობთ. მერე წამოვდექი და კარისკენ გავემართე. – ექიმო პოლიაკოვო! – ხმა დამადევნა პროფესორმა. მე შევტრიალდი, ხელი კარის სახელურზე მეკიდა, – მისმინეთ, – მითხრა მან, – გონს მოდით. იცოდეთ, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მაინც მოგიყვანენ, ვთქვათ, ცოტა მოგვიანებით... მაგრამ მაშინ გაცილებით უარესად იქნებით. მე, როგორც ექიმს, მაინც გიწევდით ანგარიშს. მერე კი სულიერად სავსებით განადგურებული მოხვალთ. ჩემო კარგო, სიმართლე გითხრათ, თქვენი მუშაობა საერთოდ არ შეიძლება. დანაშაულიც კია, თქვენი სამუშაო ადგილი რომ არ გავაფრთხილოთ. მე შევკრთი და აშკარად ვიგრძენი, რომ სახის ფერი დავკარგე (თუმცა ფერი ისედაც არა მქონდა). – პროფესორო, გემუდარებით, – ვუთხარი ყრუ ხმით, – არავის არაფერი უთხრათ... სამსახურიდან დამითხოვენ... ავადმყოფს დამიძახებენ... ასე რატომ უნდა მომექცეთ? – წადით, – მითხრა მან განაწყენებით, – წადით. არავის არაფერს ვეტყვი. თქვენ მაინც აქ დაგაბრუნებენ... მე წამოვედი და, გეფიცებით, მთელ გზაზე ტკივილისა და სირცხვილისაგან ვიკრუნჩხებოდი... რატომ?.. უბრალო რამის გამო. ჩემო მეგობარო, ჩემო ერთგულო დღიურო. შენ ხომ არ გამცემ? კოსტიუმი არაფერ შუაშია. საქმე ის არის, რომ საავადმყოფოში მორფი მოვიპარე. სამი კუბური სანტიმეტრი კრისტალები და ათი გრამი ერთპროცენტიანი ხსნარი. მე მხოლოდ ეს არ მაინტერესებს. კიდევ, აი, რა. კარადის კარში გასაღები იყო ჩარჩენილი. გასაღები რომ არ ყოფილიყო? კარადას გავტეხდი თუ არა? ჰა? გულზე ხელი დავიდოთ და ისე ვთქვათ. გავტეხდი. მაშ ასე, ექიმი პრლიაკოვი ქურდია. ამ ფურცლის ამოხევას მოვასწრებ. მუშაობის თაობაზე კი პროფესორმა გადაამლაშა. ჰო, მე დეგენერატი ვარ. ნამდვილად ასეა. ზნეობის განადგურება დამეწყო, მაგრამ მუშაობა შემიძლია და არც ერთ ჩემს პაციენტს არაფერს ვავნებ. რატომ მოვიპარე? უბრალო მიზეზის გამო. ვიფიქრე, რომ ამ ბრძოლებისა და არეულობის გამო, რაც გადატრიალებამ გამოიწვია, მორფს ვერ ვიშოვიდი. მაგრამ როცა არეულობა მინელდა, გარეუბნის ერთ აფთიაქში თხუთმეტი გრამი ერთპროცენტიანი ხსნარი კიდევ ვიშოვე. აბა, ეს ჩემთვის რა იყო, ცხრა შპრიცი უნდა გამეკეთებინა! თანაც, თავის დამცირება დამჭირდა. ფარმაცევტმა ბეჭედი მომთხოვა, პირქუშად და ეჭვიანად მიყურებდა. სამაგიეროდ, მეორე დღეს, როცა ნორმაში გახლდით, სხვა აფთიაქში ოცი გრამი კრისტალები შეუფერხებლად მომცეს – რეცეპტი საავადმყოფოსთვის გამოვწერე (რა თქმა უნდა, რეცეპტში კოფეინი და ასპირინიც ჩავწერე). ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა ვიმალებოდე, რად უნდა მეშინოდეს? მართლაც, შუბლზე ხომ არ მაწერია, მორფინისტი რომ ვარ? ბოლოს და ბოლოს, ვისი საქმეა?        სენი ძალიან მაქვს გამჯდარი? მოწმედ ეს ჩანაწერებიც გამოდგება. მართალია, ჩანაწერები ნაწყვეტ-ნაწყვეტია, მაგრამ მე ხომ მწერალი არა ვარ! განა აქ სადმე გიჟური აზრებია? მე მგონი, სავსებით ჯანსაღად ვმსჯელობ.მორფინისტს ერთი ბედნიერება აქვს, რასაც ვერავინ წაართმევს, – მას შეუძლია, ცხოვრება სრულიად მარტოდმარტომ გაატაროს. სიმარტოვე კი საყურადღებო, მნიშვნელოვან აზრებს ბადებს, სიმარტოვე ჭვრეტაა, სიმშვიდეა, სიბრძნე.კუნაპეტი, მდუმარე ღამე მიედინება. სადღაც ფოთლებშემოძარცული ტყეა, ტყის გადაღმა მდინარე, სიცივე, შემოდგომა. შორს, შორს აჯაგრული, ბობოქარი მოსკოვია. მაგრამ მე არაფრის ჯავრი არა მაქვს, არაფერი მჭირდება, გული არსაით მიმიწევს.ჩემო ლამპავ, ანათე, წყნარად ანათე, მინდა დავისვენო და დავივიწყო, რაც მოსკოვში თავს გადამხდა.დავივიწყე კიდევაც.დავივიწყე. 18 ნოემბერი.        სუსხმა დაჰკრა. გზები გაშრა. სახლიდან გავედი და მდინარისკენ ბილიკს გავუყევი, იმიტომ, რომ ჰაერზე არასოდეს ვარ.პიროვნების რღვევა – ეს უკვე აშკარაა, მაგრამ მაინც ვცდილობ, ეს თავიდან ავიცილო. მაგალითად, ამ დილას ნემსი არ გამიკეთებია (ახლა 4%-იანი ხსნარის სამ შპრიცს დღეში სამჯერ ვიკეთებ). უხერხულია. ანა მეცოდება. ყოველი ახალი % გულს უხეთქავს. მეცოდება,. ოჰ, როგორი ქალია.დიახ... აი, ასე... დიახ... ცუდად როცა შევიქენი, გადავწყვიტე, თავი გამეტანჯა (დაე, დატკბეს პროფესორი №), ჩხვლეტის დრო გადამეწია და მდინარეზე წავსულყავი.ნამდვილი უდაბნოა. ჩქამი არსაიდან მოისმის. ჯერ არ დაბინდებულა, მაგრამ ჩრდილები სადღაც არიან ჩამალულნი და ჭაობებში, კოლბოხებსა და ჯირკებს შორის მოღოღავენ... ლევკოვოს საავადმყოფოსკენ მოისწრაფიან... მეც ჯოხზე დაყრდნობილი მივღოღავ (სიმართლე რომ ვთქვა, ბოლო ხანს ცოტა დავსუსტდი).ჰოდა, ვხედავ, მდინარის მხრიდან, ფერდობზე, ჩემკენ სწრაფად მოფრინავს ყვითელთმიანი დედაბერი, ისე, რომ ფეხებს მიწაზე არ ადგამს. ჭრელი კაბა ზარივით გაუშლია... პირველ წუთს აზრზე ვერ მოვდივარ, არც შიშსა ვგრძნობ. ჩვეულებრივი დედაბერი მგონია. უცნაური კია, ამ სიცივეში თავშიშველი და კოფთის ამარა რატომაა? ამას გარდა, საიდან გაჩნდა? ვინ არის? ლევკოვოში მიღება რომ დამთავრდება და გლეხები ბოლო მარხილებით წავლენ-წამოვლენ, ირგვლივ ათ ვერსზე აღარავინაა – მხოლოდ ნისლი, ჭაობი და ტყეა! მერე კი უცებ ზურგი ცივმა ოფლმა დამისველა – მივხვდი! დედაბერი კი არ გამორბოდა, სწორედ მოფრინავდა, მიწას ფეხს არ აკარებდა. როგორია? მაგრამ იმიტომ კი არ ავყვირებულვარ, არამედ იმიტომ, რომ დედაბერს ხელში ფიწალი ეჭირა. ასე რატომ შევშინდი? რატომ? ცალ მუხლზე ჩავიჩოქე და ხელები წინ ისე გავიწოდე, რომ დედაბერი არ დამენახა, მერე შევტრიალდი და შინისკენ, როგორც მხსნელი ადგილისკენ, ისე გავიქეცი. აღარაფერი მსურდა იმის გარდა, რომ გული არ გამსკდომოდა, თბილ ოთახებში მალე შემერბინა, მალე დამენახა ცოცხალი ანა და მორფი...ჰოდა, შინ მივირბინე.სისულელეა. უაზრო ჰალუცინაცია. შემთხვევითი ჰალუცინაცია. 19 ნოემბერი.        გული ამერია. ეს ცუდია.ჩემი საუბარი ანასთან 21-ში, ღამით: ანა. – ფერშალმა იცის.მე. – მართლა? ჩემთვის სულერთია.ანა. – თუ ქალაქში არ წახვალ, თავს ჩამოვიხრჩობ. გესმის? აბა, ხელებზე დაიხედე, აბა, დაიხედე.მე. – ოდნავ მიკანკალებს. ეს მუშაობაში ხელს სრულებით არ მიშლის.ანა. – დახედე. ხელებში სინათლე გაგდის. მარტო ძვალი და ტყავიღა ხარ... ნახე, ნახე, რას გიგავს... ყური მიგდე, სერიოჟა. ქალაქში წადი, გაფიცებ, წადი...მე. – შენ რაღას იზამ?ანა. – წადი. წადი, თორემ დაიღუპები.მე. – ეს კი გადაჭარბებულია. თუმცა, თავადაც ვერ გამიგია, ასე მალე რატომ დავსუსტდი? ჯერ ხომ ერთი წელიც არ არის, რაც ავადა ვარ. ეტყობა, ასეთი აგებულება მაქვს.ანა (მწუხარედ). – ამქვეყნად რა დაგაბრუნებს? იქნებ ამნერისმა გიშველოს – შენმა ცოლმა?მე. – ოჰ, არა. დამშვიდდი. მორფის მადლობელი ვარ, ის რომ დავივიწყე. მორფი იმის მაგიერია.ანა. – ღმერთო ჩემო... რა ვქნა?მეგონა, ანასნაირები მხოლოდ რომანებში იყვნენ. თუ როდისმე გამოვჯანმრთელდები, ჩემს ბედს სამუდამოდ, სამუდამოდ დავაკავშირებ მის ბედთან. დაე, მისი ქმარი გერმანიიდან აღარ დაბრუნდეს. 27 დეკემბერი.        დიდი ხანია, რვეულისთვის ხელი აღარ მომიკიდია. შეფუთნილი ვარ. ცხენშებმული მარხილი მელოდება. ბომგარდი გორელოეს უბნიდან გადავიდა და მის შემცვლელად მგზავნიან. ჩემს უბანზე ექიმად ქალი ჩამოდის.ანა აქ რჩება. ჩემთან ჩამოვა ხოლმე.თუმცა იქამდე 30 ვერსია.გადავწყვიტეთ, რომ 1 იანვრიდან შვებულებას ავიღებ ავადმყოფობის გამო და მოსკოვში პროფესორთან წავალ. ხელწერილს კიდევ მივცემ, რათა საავადმყოფოში ერთ თვეს არაადამიანურად ვიტანჯო.მშვიდობით, ლევკოვო. ნახვამდის, ანა. 1918 წელი იანვარი.        მოსკოვში არ წავსულვარ. კრისტალებთან, ჩემს ღვთაებასთან განშორება არ შემიძლია.მკურნალობისას სული ამომხდება.სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ მკურნალობა არ მჭირდება. 15 იანვარი.        დილით გული ამერია.4%-იანი ხსნარის სამი შპრიცი შებინდებისას.4%-იანი ხსნარის სამი შპრიცი ღამით. 16 იანვარი.        ოპერაციების დღეა, ამიტომ თავი დიდხანს უნდა შევიკავო, საღამოს 6 საათამდე.შებინდება ყველაზე საშინელი ჟამია. შინ როცა დავბრუნდი, ოთახიდან ხმა მომესმა. ვიღაც მონოტონურად, მუქარით იმეორებდა: – სერგეი ვასილიევიჩ, სერგეი ვასიელიევიჩ.ნემსის გაკეთების შემდეგ ყოველივე უმალ გაქრა. 17 იანვარი.        ქარბუქია. მიღება არ არის. ჩხვლეტისგან თავს ვიკავებ და ფსიქიატრიის სახელმძღვანელოს ვკითხულობ. შთაბეჭდილება შემზარავია. დავიღუპე. იმედი აღარაფრისა უნდა მქონდეს.როცა ჩხვლეტისგან თავს ვიკავებ, ფაჩუნიც მაკრთობს, ხალხი მძულს – ადამიანებისა მეშინია. ეიფორიის დროს ყველა მიყვარს, მაგრამ მარტოობა მირჩევნია.აქ ფრთხილად უნდა ვიყო – გორელოეში ერთი ფერშალი და ორი მეანი ქალია. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყო, თავი რომ არ გავთქვა. უკვე გამოცდილი ვარ, არ გავთქვამ. სანამ მორფის მარაგი მაქვს, ვერავინ ვერაფერს შეიტყობს. ხსნარს თვითონ ვამზადებ, ანდა ანას წინასწარ ვუგზავნი რეცეპტს. ერთხელ მან სცადა (რაც უაზრო გახლდათ), ხუთპროცენტიანი ხსნარი ორპროცენტიანით შეეცვალა. ხსნარი ლევკოვოდან ყინვასა და ქარბუქში თვითონ ჩამოვიტანე.        ამის გამო ღამით დიდი ჩხუბი გვქონდა. დავარწმუნე, რომ ეს არ უნდა ექნა. აქაურ პერსონალს განვუცხადე, რომ ავად ვიყავი. დიდხანს ვიჭყლეტდი ტვინს, რა სენი მომეგონებინა. ვთქვი, ფეხების რევმატიზმი და მძიმე ნევრასთენია მაქვს-მეთქი. გავაფრთხილე, რომ თებერვალში შვებულებას ავიღებდი და სამკურნალოდ მოსკოვში გავემგზავრებოდი. საქმე კარგად მიდის, მუშაობა სრულიად არ მიფერხდება. ოპერაციებს თავს ვარიდებ იმ დღეეში, როცა გულისრევა და სლოკინი ამიტყდება. ამის გამო ჩემს ავადმყოფობებს კუჭის კატარიც მივუმატე. ეჰ, ერთ ადამიანს რამდენი სენი შეიძლება სჭირდეს!აქაური პერსონალი ლმობიერია და თავად მაძალებს, შვებულებაში წავიდე.სენის გარეგნული ნიშნები: სიგამხდრე, სახე – ცვილისფერი.აბაზანა მივიღე და საავადმყოფოს სასწორზე ავიწონე. შარშან 4 ფუთს ვიწონიდი, ახლა 3 ფუთსა და 15 გირვანქას ვიწონი. სასწორის ისარს რომ შევხედე, შევშინდი. მერე შიშმა გამიარა. მკლავები და თეძოები ჩირქოვანი მუწუკებითა მაქვს დაფარული. ხსნარს სტერილურად ვერ ვამზადებ, ამას გარდა, სამჯერ გამოუხარშავი შპრიცი ვიჩხვლიტე, რადგან გამგზავრების წინ ძალიან ვჩქარობდი.ასეთი რამ არ შეიძლება. 18 იანვარი.        ასეთი ჰალუცინაცია მქონდა: ჩაშავებულ ფანჯარაში ვიღაც ფერმკრთალ ადამიანთა გამოჩენას ველოდი. ამის ატანა შეუძლებელია. ფანჯარაზე მხოლოდ ერთი ფარდაა ჩამოფარებული. საავადმყოფოდან მარლა წამოვიღე და ჩამოვაფარე. მიზეზად ვერაფერი მოვიგონე.ჯანდაბას ყველაფერი! ბოლოს და ბოლოს, ჩემს ყოველ მოქმედებას მიზეზი რატომ უნდა ვუძებნო და რამე მოვიგონო? ეს მართლაც სიცოცხლე კი არა, წამებაა!ჩემს აზრებს დალაგებით გამოვთქვამ?მე მგონი, დალაგებით.სიცოცხლე? სასაცილოა! 19 იანვარი.        დღეს, როცა მიღებისას შესვენება გვქონდა, აფთიაქში პაპიროსს ვეწეოდით. ფერშალი ფხვნილებს ახვევდა და თან (რატომღაც სიცილით) მიყვებოდა, ერთ ფერშალ ქალს მორფინიზმი სჭირდა და როცა მორფს ვერსად იშოვიდა, ნახევარ ჭიქა ოპიუმის ნაყენს სვამდაო. მისი მონათხრობისაგან გავწამდი, თვალები სად დამემალა, აღარ ვიცოდი. აქ სასაცილო რა არის? გულში მის მიმართ სიძულვილს ვგრძნობდი. სასაცილო რა იყო? რა? აფთიაქიდან ქურდულად გავიპარე.მინდოდა, მეკითხა, ეს ავადმყოფობა სასაცილო რატომ გგონიათ-მეთქი?მაგრამ თავი შევიკავე, შევიკ...ჩემს დღეში მყოფმა კაცმა დიდგულობა მაინცდამაინც არ უნდა გამოავლინოს. ოჰ, ეს ფერშალი. ესაც იმ ფსიქიატრივით სასტიკია, ვისაც არაფრით, არაფრით, არაფრით შეუძლია, ავადმყოფს დაეხმაროს. არაფრით.არაფრით. წინა სტრიქონები იმ დროს არის დაწერილი, როცა ჩხვლეტისგან თავს ვიკავებდი, და იქ ბევრი რამ არასამართლიანია. ახლა მთვარიანი ღამეა. გულისრევის შემოტევის შემდეგ დასუსტებული ვწევარ. ხელს მაღლა ვერ ვწევ და ამ სტრიქონებს ფანქრით ვწერ. ვწერ ნათლად და ამაყად. რამდენიმე საათს ბედნიერი ვიქნები. ახლა დავიძინებ. შარავანდედიანი მთვარე თავს მადგას. ჩხვლეტის მერე აღარაფერი მაშინებს. 1 თებერვალი.        ანა ჩამოვიდა. გაყვითლებულია, ავადაა. სული ამოვხადე, სიკვდილის პირას მივიყვანე. დიდი ცოდვა მაწევს. შევფიცე, რომ თებერვლის შუა რიცხვებში მოსკოვს გავემგზავრები. შევასრულებ კი? დიახ, შევასრულებ.თუ ცოცხალი ვიქნები. 3 თებერვალი.        მაშ ასე: ბორცვი, ყინულოვანი და უსასრულო, ისეთივე, საიდანაც ბავშვობის დროინდელ ზღაპარში კაი მარხილმა გაიტაცა. ეს ამ ბორცვიდან ჩემი უკანასკნელი გაფრენაა და ვიცი, ქვემოთ რაც მელის. ეჰ, ანა, დიდი მწუხარება მოგელის მალე, თუკი გიყვარდი. 11 თებერვალი.        გადავწყვიტე, ბომგარდს მივწერო. რატომ მაინცდამაინც იმას? იმიტომ, რომ ფსიქიატრი არ არის, ახალგაზრდაა და უნივერსიტეტელი ამხანაგია. ჯანმრთელია, ძლიერი, მაგრამ ლმობიერია, თუ არ ვცდები, ასეთი მახსოვს. იქნებ თანამიგრძნოს. რაიმეს მოიფიქრებს. იქნებ მოსკოვში იმან წამიყვანოს. მასთან თავად რომ წავიდე, ამას ვერ შევძლებ. შვებულება უკვე ავიღე. ვწევარ. საავადმყოფოში აღარ დავდივარ. ფერშალს ცილი დავწამე. მერე რა მოხდა, რომ იცინოდა. მომინახულა. დახმარება შემომთავაზა. უარი ვუთხარი. უარის მიზეზი არ მიძებნია. აღარ მინდა, რამე მოვიგონო. ბომგარდს წერილი გავუგზავნე. ადამიანებო, არავინ მიშველით?! ეს პათეტიკური შეძახილია. ვინმე თუ წაიკითხავს, იფიქრებს, სიყალბეაო, მაგრამ ამას არავინ წაიკითხავს.        სანამ ბომგარდს წერილს მივწერდი, ვიხსენებდი, რაც თავს გადამხდა. განსაკუთრებით დამიდგა თვალწინ მოსკოვის ვაგზალი ნოემბერში, როცა მოსკოვიდან გამოვრბოდი. რა საშინელი საღამო იყო. მოპარულ მორფს საპირფარეშოში ვიკეთებდი... როგორ გავიტანჯე. კარს ანჯღრევდნენ, მიყვიროდნენ, მლანძღავდნენ, ამდენ ხანს მანდ რას უზიხარო. კაკვი ხტოდა, კარი ლამის იღებოდა... ძირმაგარები მას მერე მაქვს. წუხელ, როცა ეს გავიხსენე, ავტირდი. 12 თებერვლის ღამე. ისევ ავტირ... ღამით ეს სისუსტე და სისაძაგლე რას მოასწავებს? 1918 წლის 13 თებერვლის განთიადი გორელოეში.შემიძლია, ჩემს თავს მოვულოცო. უკვე თოთხმეტი საათია, ნემსი არ მიჩხვლეტია! თოთხმეტი! ეს წარმოუდგენლად დიდი ციფრია. მქრქალად, თეთრად ირიჟრაჟა. ნუთუ ახლა მთლად გამოვჯანმრთელდები. დალაგებით თუ ვიმსჯელებთ, არც ბომგარდი მჭირდება და არც სხვა ვინმე. სამარცხვინო იქნება, თუ სიცოცხლეს თუნდაც ერთი წუთით გავიხანგრძლივებ. ასეთი სიცოცხლე რა საჭიროა? წამალი ხომ ხელთა მაქვს. აქამდე რატომ ვერ მივხვდი? მაშ საქმეს შევუდგეთ. არავის ვალში არა ვარ. მხოლოდ თავი დავიღუპე. ანაც დავღუპე, მაგრამ აღარაფერი შემიძლია. დრო განკურნავს, როგორც მღეროდა ამნერ. იმასთან ყველაფერი, რა თქმა უნდა, უბრალოდ, იოლად ჩაივლის. რვეულს კი ბომგარდს ვუტოვებ. მორჩა...“ V        სერგეი პოლიაკოვის ჩანაწერები შორეულ პატარა ქალაქში 1918 წლის 14 თებერვალს გათენებისას წავიკითხე. ეს ჩანაწერები ახლა მთლიანად და უცვლელად თქვენ წინაშეა. ფსიქიატრი არ გახლავართ და დარწმუნებით ვერ ვიტყვი, ყურადსაღებია, საჭიროა თუ არა? მე მგონი, საჭიროა. ახლა, როცა ათი წელი გავიდა, სიბრალულმა და შიშმა, რაც ამ ჩანაწერებმა მომგვარა, რა თქმა უნდა, გამიარა. ეს ბუნებრივია, მაგრამ ხელახლა გადავიკითხე და ახლაც დავინტერესდი, როცა პოლიაკოვის სხეული დიდი ხნის ჩაფერფლილია, ხოლო მისი ხსოვნა დიდი ხნის გამქრალია. შესაძლოა, ეს ჩანაწერები საჭიროა? გავბედავ და ამ კითხვას დადებითად ვუპასუხებ. ანა კ. 1922 წელს პარტახტიანი ტიფით მოკვდა იმავე საავადმყოფოში, სადაც მუშაობდა. ამნერისი – პოლიაკოვის პირველი ცოლი უცხოეთშია და იქიდან აღარ დაბრუნდება. ნაჩუქარი ჩანაწერები შემიძლია თუ არა, დავბეჭდო?შემიძლია. ვბეჭდავ. ექიმი ბომგარდი. 1927 წლის შემოდგომა.   …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 12:10pm on დეკემბერი 7, 2014
თემა: ტირანია, როგორც სურვილების დაკმაყოფილება
ნდები, რომ ყველაზე უკეთ დავაფუძნეთ ეს ჩვენი სახელმწიფო; ამას რომ ვამბობ, მე, უწინარეს ყოვლისა, პოეზიას ვგულისხმობ. – მაინც? – ვერასდიდებით ვერ დავუშვებთ სახელმწიფოში, რადგანაც ის მიმბაძველობითია. ახლა, როცა ცალ-ცალკე განვიხილეთ სულის ყოველი სახე, ეს კიდევ უფრო აშკარა გახდა. – როგორ? – ჩვენს შორის დარჩეს და, – იმედია, არ დამასმენთ ტრაგედიების მთხზველებისა და სხვა მიმბაძველების წინაშე, – მთელი მათი შემოქმედება ნამდვილი უბედურებაა მსმენელთა სულისთვის, რადგანაც მათ შხამსაწინააღმდეო საშუალება არ გააჩნიათ, რათა გაიგონ, რა არის ეს. – რას გულისხმობ? – მეტი რა გზაა, უნდა გითხრათ. თუმცა ერთგვარი სიყვარული და პატივისცემა ჰომეროსის მიმართ, რაც სიყრმიდანვე ჩამენერგა გულში, ხელს უშლის ამ აღიარებას. როგორც ჩანს, ის იყო ამ მშვენიერი ტრაგიკოსი პოეტების პირველი მოძღვარი და ჰეგემონი. მაგრამ არ შეიძლება კაცს უფრო მეტ პატივს სცემდე, ვიდრე ჭეშმარიტებას. ამიტომ იძულებული ვარ ვთქვა ის, რის თქმასაც ვაპირებ. – რასაკვირველია. – მაშ, მისმინე, ან, უფრო სწორად, მიპასუხე. – შენც ადექი და მკითხე. – თუ შეგიძლია მითხრა, რა არის მიბაძვა საერთოდ? რადგანაც, მართალი გითხრა, მე კარგად არც კი მესმის, რა არის. – და შენ გგონია, რომ მე შეიძლება მესმოდეს? – ვითომ რა გასაკვირია? ხშირად სუსტი მხედველობის მქონე იმაზე მალე არჩევს საგნებს, ვისაც ბასრი მზერა აქვს. – ხდება ხოლმე. მაგრამ ნათლადაც რომ ვხედავდე, შენს გვერდით მაინც ვერ გავბედავდი რაიმეს თქმას. ასე რომ, მაინც შენ მოგიწევს განხილვა. – მაშინ, თუ გნებავს, ჩვენთვის ჩვეული გზით შევუდგეთ საქმის განხილვას: ერთი და იმავე სახელით აღნიშნულ საგანთა ყოველი სიმრავლისათვის ჩვენ ვიღებთ მხოლოდ ერთ სახეს, ერთ იდეას. ხომ გესმის? – მესმის. – ახლა ავიღოთ ნებისმიერი სიმრავლე. ხომ არსებობს, ვთქვათ, სიმრავლე მაგიდებისა თუ საწოლებისა... – რა თქმა უნდა. – მაგრამ ყველა ამ ავეჯის იდეა მხოლოდ ორია – ერთი საწოლისა და ერთიც – მაგიდისა. – დიახ. – ჩვეულებრივ, იმასაც ვამბობთ, რომ ხელოსანი, ამა თუ იმ ნივთის დამზადებისას, უწინარეს ყოვლისა, აკვირდება იდეას და მისი მიხედვით ქმნის ერთი – საწოლებს, მეორე კი – მაგიდებს, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ. მაგრამ არცერთ ხელოსანს არ შეუძლია საკუთრივ იდეის შექმნა; ასეა, არა? – რა თქმა უნდა. – მაგრამ შეგიძლია თუ არა ხელოსანი უწოდო იმასაც... – ვის? – ვინც მარტო ქმნის ყოველივე იმას, რასაც ცალ-ცალკე ქმნის ყველა ხელოსანი. – განსაცვიფრებლად ხელმარჯვე ოსტატს გულისხმობ. – ცოტაც და კიდევ უფრო განსაცვიფრებელი მოგეჩვენება. რადგანაც მას შეუძლია არა მარტო ყოველნაირი ავეჯის შექმნა, არამედ ყველაფრისა, რასაც თავისი წიაღიდან აღმოაცენებს დედამიწა, ყოველი ცოცხალი არსებისა და, მათ შორის, თავისი თავისაც, დედამიწისაც, ცისაც, ღმერთებისაც, ყოველივე ზეციურისაც და იმისაც, რაც არის მიწის ქვეშ, ჰადესში. – ეს უკვე ჯადოქარია. – რაო, არ გჯერა? ერთი ეს მითხარი, როგორ გგონია, საერთოდ არ არსებობს ამნაირი ხელოსანი თუ ვიღაცას რაღაცნაირად მაინც შეუძლია ყოველივე ამის შექმნა? ნუთუ ვერ ამჩნევ, რომ შენ თვითონაც შეგეძლო ყოველივე ეს მოგემოქმედა? – კი მაგრამ, როგორ? – არც ისე ძნელი საქმეა; საკმაოდ ხშირად და სწრაფადაც კი კეთდება; თუ გინდა, აიღე სარკე და რაც შეიძლება სწრაფად ატრიალე ყოველი მიმართულებით: ხელად გააჩენ მზესაც და სხვა ციურ სხეულებსაც, დედამიწასაც, შენს თავსაც, დანარჩენ ცოცხალ არსებებსაც, ნაირ-ნაირ საგნებსაც, მცენარეებსაც და სხვა მისთანათ. – დიახ, მაგრამ ყოველივე ეს ხომ მოჩვენებითი იქნება და არა ნამდვილი? – კეთილი; მშვენივრად გამიგე; ჩემის აზრით, ამნაირ ხელოსანთა რიცხვს ეკუთვნის მხატვარიც, არა? – უეჭველად. – მაგრამ შენ, ალბათ, იტყვი, რომ ნამდვილი როდია, რასაც ის ქმნის, თუმცა მხატვარი, გარკვეულწილად, ქმნის საწოლს; ასეა, არა? – დიახ, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითი საწოლია. – დურგალზე რაღას იტყვი? განა შენ არ ამბობდი წეღან, რომ ის საწოლის იდეას კი არ ქმნის, რასაც ჩვენ ნამდვილ საწოლად ვსახავთ, არამედ მხოლოდ ერთგვარ საწოლს? – დიახ, ვამბობდი. – მაგრამ რაკი იმას როდი ქმნის, რაც არის, ამიტომ ნამდვილ საგანს კი არ ქმნის, არამედ მხოლოდ ამ უკანასკნელის მსგავს საგანს, და ვინმეს რომ დაეჩემებინა, დურგლისა თუ რომელიმე სხვა ოსტატის მიერ შექმნილი საგანი ნამდვილი საგანიაო, არამც და არამც არ იქნებოდა მართალი. – ყოველ შემთხვევაში, იმისი აზრით მაინც, ვისთვისაც ჩვეულებრივი ამბავია ამნაირ საკითხებზე მსჯელობა. – ასე რომ, ნუ გაგიკვირდება, თუ მისი ნახელავი მხოლოდ ბუნდოვანი ასლი იქნება დედნისა. – მართლაც. – ხომ არ გსურს, ამ ქმნილებებზე დაყრდნობით, ვნახოთ, როგორი იქნება თვით მიმბაძველი? – ვნახოთ. – ყვლა ეს საწოლი სამი სხვადასხვა სახით წარმოგვიჩნდება: ერთი თვით ბუნებაში არსებულია, და, მე მგონია, ჩვენ შეგვეძლო ღმერთის ქმნილებად მიგვეჩნია იგი; თუ არა და, ვინ უნდა დაგვესახა მის შემოქმედად? – არავინ, მხოლოდ ის. – მეორე – დურგლის ქმნილებაა. – დიახ. – მესამე – მხატვრისა; ასეა, არა? – ვთქვათ. – მხატვარი, დურგალი, ღმერთი – აი, სამი შემოქმედი საწოლთა ამ სამი სახისა. – დიახ, სამი. – ღმერთმა, იმიტომ, რომ არ უნდოდა, თუ აუცილებლობის ძალით, რომელიც მოითხოვდა, რომ ბუნებაში მხოლოდ ერთი საწოლი ყოფილიყო, – მარტო ერთი საწოლი შექმნა, და ესაა ერთადერთი ნამდვილი საწოლი, ორი ერთნაირი თუ მეტი საწოლი კი ღმერთს არ შეუქმნია და არც შექმნის. – ვითომ რატომაო? – რატომ და, ორიც რომ შეექმნა, მაინც ერთი იქნებოდა, რომლის იდეაც ხორცს შეისხამდა ორივეში, და ეს იქნებოდა ერთადერთი ნამდვილი საწოლი, ორი კი არა. – სწორია, – თქვა მან. – ეს რომ იცოდა, ღმერთს, ჩემის აზრით, სურდა ნამდვილად ყოფილიყო ნამდვილი საწოლის ერთადერთი შემოქმედი, და არა ამა თუ იმ საწოლის შემქმნელი ესა თუ ის ოსტატი; ამიტომაც იყო, რომ თავისი ბუნებით ერთადერთი ნამდვილი საწოლი შექმნა. – როგორც ჩანს. – თუ გნებავს, ამ საწოლის შემოქმედი, ან სხვა ამგვარი სახელი ვუწოდოთ მას. – სამართლიანი იქნება, რადგანაც საწოლიც და ყოველივე დანარჩენიც მან ბუნების თანახმად შექმნა. – კი მაგრამ, დურგალს რაღა ვუწოდოთ? საწოლის შემქმნელი ოსტატი ხომ არა? – დიახ. – მხატვარსაც ამავე საგნის შემქმნელი და ოსტატი? – არამც და არამც. – მაშ, რას იტყვი, ვინაა ის ამ მიმართებით? – მე მგონია, ეს იქნებოდა მისი შესაფერი სახელი: ის ამ საგნის შემქმნელთა მიმბაძველია. – კეთილი; მაშასადამე, მიმბაძველს შენ უწოდებ იმას, ვისი ნახელავიც სამი საფეხურით დაშორებულია ნამდვილი არსისაგან? – რა თქმა უნდა. – მაშასადამე, აი, როგორი იქნება ტრაგედიების შემოქმედი: რაკიღა მიმბაძველია, უთუოდ მესამე ადგილზე უნდა იყოს მეუფისა და ჭეშმარიტების შემდეგ, ისევე, როგორც ყველა სხვა მიმბაძველი. – როგორც ჩანს. – ამრიგად, მიმბაძველობის თაობაზე უკვე მივაღწიეთ თანხმობას; თუმცა ამ კითხვაზეც მიპასუხე მხატვართან დაკავშირებით: როგორ გგონია, ის ბუნებაში არსებული ერთადერთი ნამდვილი საგნის მიბაძვას ცდილობს თუ ოსტატთა ქმნილებებისას? – ოსტატთა ქმნილებებისას. – კი მაგრამ, როგორ ბაძავს მათ: როგორიც არიან სინამდვილეში თუ როგორიც ჩანან? ესეც ხომ უნდა განასხვავო. – შენ თვითონ როგორ გგონია? – აი, როგორ: თუ საწოლს გვერდიდან, პირდაპირ ან რომელიმე სხვა მხრიდან უყურებ, განსხვავდება თავისი თავისგან თუ, ყოველგვარი განსხვავების გარეშე, მხოლოდ განსხვავებული გეჩვენება, და იგივე ითქმის ყველა სხვა საგნის მიმართაც? – იგივე; მხოლოდ განსხვავებული ჩანს, სინამდვილეში კი არაფრითაც არ განსხვავდება. – ახლა კი ამასაც დაუკვირდი. რა ამოცანას ისახავს მხატვრობა ყველა ცალკეულ შემთხვევაში: ცდილობს ისე მიბაძოს საგანს, როგორც ის არის სინამდვილეში, თუ ისე, როგორც ის გვეჩვენება? ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხატვრობა ლანდების მიბაძვაა თუ სინამდვილისა? – ლანდების. – მაშასადამე, მიმბაძველობითი ხელოვნება შორსაა სინამდვილისგან. ჩემის აზრით, ამიტომაც შეუძლია ასახოს ყველაფერი, რაც გნებავთ, სულ ოდნავ რომ ეხება ამა თუ იმ საგანს, რის შედეგადაც ლანდები იბადებიან. ასე მაგალითად, მხატვარი დახატავს დურგალს, ხარაზს ან სხვა ხელოსანს, თუმცა თვითონ არცერთი ამ ხელობის არა გაეგება რა. მაგრამ თუ კარგი მხატვარია, დურგალს რომ დახატავს და თავის ნახატს შორიდან აჩვენებს ხალხს, შეიძლება ბავშვები და ბრიყვები კი მოატყუოს და აფიქრებინოს, ნამდვილ დურგალსა ვხედავთო. – რა თქმა უნდა. – აი, რას უნდა ვფიქრობდეთ, ჩემო მეგობარო, ყოველივე ამის შესახებ. ვინმემ რომ გვითხრას, ერთი კაცი გამაცნეს, რომელიც ყველაფერს ყველაზე უკეთ აკეთებს და უკეთაც იცის ყოველივე ის, რაც თვითეულმა იცის ცალ-ცალკეო, – პირში უნდა ვუთხრათ ამის მთქმელს: გეტყობა დიდი მიამიტი ვინმე ბრძანდები, რაკიღა ასე ადვილად მოატყუებინე თავი გაიძვერასა და მიმბაძველს, ყოვლისმცოდნე რომ გეგონა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმანეთისგან ვერ არჩევ ცოდნას, უმეცრებასა და მიბაძვას. – მართალს ბრძანებ. – ახლა კი უნდა განვიხილოთ ტრაგედია და მისი ჰეგემონი – ჰომეროსი, რადგანაც ზოგიერთებისგან გაგვიგონია, თითქოს ტრაგიკოსი პოეტები ყველა ხელობასა თუ ხელოვნებაში გაწაფულნი იყვნენ და არა მარტო ყველა ადამიანური საქმის – კეთილისა თუ ბოროტის – მცოდნენი, არამედ ყოველივე ღვთაებრივისაც. რადგანაც კარგმა პოეტმა, ვისაც სურს სრულყოფილად შეასხას ხორცი თავის შთანაფიქრს, მათი აზრით, აუცილებლად უნდა იცოდეს ის, რაზედაც წერს, თორემ ვერაფრის დაწერასაც ვერ შესძლებსო. უნდა გავარკვიოთ, ტყუვდებოდნენ თუ არა ადამიანები ამნაირ მიმბაძველებთან შეხვედრისას, ამჩნევდნენ თუ არა, რომ მათ ქმნილებებს მთელი სამი საფეხური აშორებთ ნამდვილი ყოფიერებისაგან, და რომ მათ ადვილად შეიძლება შეასხას ხორცი იმან, ვისთვისაც უცნობია ჭეშმარიტება, რადგანაც აქ ლანდებს ქმნიან და არა ნამდვილ არსს. თუ ადამიანები არ ცდებიან და კარგმა პოეტებმა მართლაც იციან ყველაფერი, რაზედაც, უმრავლესობის აზრით, ასე კარგად ლაპარაკობენ? – დიახ, ეს მართლაც იმსახურებს განხილვას. – კი მაგრამ, ვინმეს რომ შეეძლოს როგორც ერთის, ისე მეორის – დედნის და ასლის შექმნა, როგორ გგონია, მთელ თავის უნარს ჩააქსოვდა ასლის შექმნაში და სწორედ მას მიიჩნევდა თავისი სიცოცხლის მთავარ და ყველაზე უკეთეს საქმედ? – არა მგონია. – მაგრამ კარგად რომ სცოდნოდა, რასაც ბაძავს, მთელი მისი ძალისხმევა შექმნისკენ იქნებოდა მიმართული და არა მიბაძვისაკენ. ის ეცდებოდა თავის სახსოვრად დაეტოვებინა ბევრი მშვენიერი ქმნილება და, ცხადია, ამჯობინებდა, თვითონ ის ედიდებინათ, ვიდრე თავად ედიდებინა სხვები. – ალბათ; ეს უფრო საპატიო და სასარგებლო იქნებოდა მისთვის. – ძალიან ბევრი საქმისთვის ანგარიშს არ მოვთხოვთ არც ჰომეროსს და არც რომელიმე სხვა პოეტს; არ ვკითხავთ, ექიმები იყვნენ თუ ექიმთა ენის უბრალო მიმბაძველები. განა არსებობს გადმოცემა, რომ თუნდაც ერთ პოეტს, გინდ ახალს და გინდ ძველს, ჯანმრთელობა დაებრუნებინოს ვინმესთვის, როგორც უბრუნებდა ასკლეპიოსი, ან ისეთი მოწაფეები დაეტოვებინოს მკურნალებად, როგორიც იყვნენ ასკლეპიოსის მემკვიდრენი? არც სხვა ხელოვნებასთან დაკავშირებით ვკითხავთ მათ რამეს, თავს არ შევაწყენთ. მაგრამ როცა ჰომეროსი ყველაზე დიადსა და მნიშვნელოვანს ეხება, როცა ომებზე, მხედართმთავრის ხელოვნებაზე, სახელმწიფოს მართვასა თუ ახალგაზრდობის აღზრდაზე ლაპარაკობს, მაშინ კი მართებული იქნება ვკითხოთ: «ძვირფასო ჰომეროსო, თუ სიქველისა და სრულქმნილების თვალსაზრისით ნამდვილი არსიდან მესამე ადგილზე კი არ დგახარ და მარტოოდენ ასლსა და მსგავსს კი არა ქმნი, რაც, ჩვენი განსაზღვრისამებრ, მიბაძვა იქნებოდა, არამედ მეორე ადგილი გიჭირავს და, ამრიგად, შეგიძლია იცოდე, რას აკეთებენ ადამიანები უკეთ და რას – უარესად, როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაშიაც, – კეთილ-ინებე და გვითხარი, რომელმა სახელმწიფომ მიაღწია შენი წყალობით უკეთეს მმართველობას, როგორც ლაკედემონმა – ლიკურგეს მეოხებით, ან ბევრმა სხვა დიდმა თუ პატარა პოლისმა – ბევრი სხვა კანონმდებლის მეშვეობით? იტალია და სიცილია ამნაირ კანონმდებლად ქარონდას მიიჩნევენ, ჩვენ – სოლონს, შენ კი – ვინ?» შესძლებდა თუ არა ჰომეროსი რომელიმე სახელმწიფოს დასახელებას? – არა მგონია, – თქვა გლავკონმა, – ამაზე თვით ჰომერიდებიც კი არაფერს ამბობენ. – ან სადმე თუ იხსენიება ჰომეროსის დროინდელი თუნდაც ერთი ომი, გამარჯვებით რომ დამთავრებულიყოს მისი მხედართმთავრობისა თუ რჩევის წყალობით? – არავითარი ამნაირი ომი არა ყოფილა. – ან ხელმარჯვე და მახვილგონიერ ოსტატად, მრავალი სხვადასხვა გამოგონებისა და სხვა მისთანათა ავტორად თუ მიიჩნევენ მას, როგორც ძველი გადმოცემები – მილეტელ თალესს ან სკვით ანაქარსისს? – არაფერი ამის მსგავსი ჰომეროსს არ მიეწერება. – მაგრამ თუ სახელმწიფოს ბევრი ვერა არგო რა, იქნებ იმას მაინც ამბობენ, რომ კერძო ცხოვრებაში ვიღაცის აღზრდას მაინც ხელმძღვანელობდა, რის გამოც ისე შეიყვარეს აღზრდილებმა, რომ შთამომავლობას გადასცეს ცხოვრების ჰომეროსული გზა, როგორც პითაგორელებმა – თავიანთი მოძღვრისა, რასაც დღემდე ცხოვრების პითაგორულ წესს უწოდებენ და რითაც მკვთრად განირჩევიან სხვებისგან. – არაფერ ამგვარს ჰომეროსზე არ გადმოგვცემენ, სოკრატე. თვით კრეოფილეც, რომელიც ჰომეროსთან დაახლოებული კაცი უნდა ყოფილიყო, თავისი აღზრდით კიდევ უფრო სასაცილო ჩანს, ვიდრე მისი სახელი, თუკი მართალია, რასაც ჰომეროსზე გადმოგვცემენ; გადმოცემით კი იმას გადმოგვცემენ, რომ თანამედროვეებს არაფრადაც არ მიაჩნდათ თურმე. – დიახ, ასე ამბობენ, მაგრამ როგორ გგონია, გლავკონ, ჰომეროსს რომ მართლაც შესძლებოდა ადამიანების აღზრდა და მათი სრულყოფა, ხოლო ამ საქმეში მიბაძვა კი არ გამოეყენებინა, არამედ ცოდნა, ნუთუ უამრავ მიმდევარს და თაყვანისმცემელს ვერ შეიძენდა? პროტაგორა აბდერელი, პროდიკე კეოსელი და სხვანი და სხვანი პირადი ურთიერთობის წყალობით არწმუნებენ თავიანთ თანამედროვეებს, რომ განსწავლისა და განათლების გარეშე ვერც თავიანთ შინაურ და ვერც სახელმწიფო საქმეებს ვერ გაართმევენ თავს, და, აი, ამ სიბრძნის გულისთვის მოწაფეებს ისე უყვართ ისინი, რომ ლამის თავზე დაისვან. ნუთუ ჰომეროსს, თუკი მართლა შეეძლო კაცთა სიქველის სრულყოფა, და ჰესიოდესაც ხალხი იმის ნებას მისცემდა, რომ მოხეტიალე რაფსოდების ცხოვრებით ეცხოვრათ და არ აიძულებდა მათ ერთ ადგილას დამკვიდრებულიყვნენ, ხოლო თუ ვერ დაიყაბულებდა, განა ფეხდაფეხ არ გაჰყვებოდნენ ყველგან, ოღონდ კი მათგან რამე ესწავლათ? – რასაც შენ ამბობ, მე მგონია, სრული სიმართლეა, სოკრატე. – მაშ, რა ვქნათ, ხომ არ ვაღიაროთ, რომ ყველა პოეტი, ჰომეროსიდან მოყოლებული, სიქველის მოჩვენებითი ხატებისა და სხვა მისთანათა უბრალო მიმბაძველია, მაგრამ ვერასოდეს ვერ აღწევს ჭეშმარიტებას? ასე, ჩვენი წეღანდელი თქმისა არ იყოს, მხატვარმა შეიძლება დახატოს ხარაზი და ნამდვილ ხარაზადაც კი მოაჩვენოს ხალხს, თუმცა ხარაზის ხელობისა არც მას და არც მისი ნახატის მაყურებელს საერთოდ არა გაეგებათ რა: ისინი მხოლოდ ფერებისა და ხაზების მიხედვით მსჯელობენ. – რა თქმა უნდა. – მე მგონია, იგივე ითქმის პოეტებზედაც, სიტყვებისა და ხატოვანი გამოთქმების მეშვეობით გარკვეული ფერადოვნებით რომ წარმოგვიჩენენ ამა თუ იმ ხელოვნებას ან ხელოსნობას, თუმცა არცერთის არა გაეგებათ რა და მხოლოდ მიბაძვით გადიან ფონს, ასე რომ, არანაკლებ უმეცარსა და მხოლოდ სიტყვების ჟღერადობით თავბრუდასხმულ მსმენელს ეჩვენება, რომ ეს საუცხოოდ არის ნათქვამი, მიუხედავად იმისა, პოეტი რიტმული და ჰარმონიულად წყობილი სიტყვით ხარაზის ხელობაზე მსჯელობს თუ საომარ ხელოვნებაზე, – იმდენად მომნუსხველია პოეტური სამკაულების ბუნებრივი ხიბლი. მაგრამ თუ პოეტურ ქმნილებებს მუსიკალური ხელოვნებით მინიჭებულ ფერადოვნებას ჩამოვაცილებთ, მოგეხსენება, რა უღიმღამოდ წარმოგვიჩნდებიან შიშველი სახით; თვითონაც ხომ შეგინიშნავს ეს? – დიახ. – განა ახალგაზრდობაში მშვენიერ, მაგრამ ხანდაზმულობაში გაცრეცილ და გახუნებულ სახეებს არა ჰგვანან? – ძალიან. – ერთსაც დაუკვირდი: ვინც ლანდებსა თუ ხატებს ქმნის, ესე იგი, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, – მიმბაძველი, საერთოდ ვერ ერკვევა, რა არის ნამდვილი არსი და მხოლოდ მის მოჩვენებით მხარეს იცნობს; ასეა, არა? – დიახ. – შუა გზაზე ნუ შევწყვეტთ სიტყვას და რაც ვთქვით, სრულად განვიხილოთ. – გისმენ. – ჩვენ ვამბობთ, რომ მხატვარს შეუძლია შექმნას სადავე და ლაგამი. – დიახ. – დამზადებით კი სარაჯი და მჭედელი ამზადებენ მათ. – რა თქმა უნდა. – განა მხატვარმა იცის, როგორი უნდა იყოს სადავე და ლაგამი? ეს თვით მათმა დამამზადებლებმა – სარაჯმა და მჭედელმაც კი არ იციან, არამედ მხოლოდ იმან, ვინც მათ იყენებს, ესე იგი, მხედარმა, არა? – დიახ. – განა იგივე არ ითქმის ყველა სხვა საგნის მიმართაც? – როგორ? – ყოველ საგანს სამი სხვადასხვა ხელოვნება ესადაგება: მისი გამოყენების, დამზადებისა და გამოსახვის ხელოვნება. – დიახ. – მაგრამ რას ეთანაფარდება ავეჯის, ცოცხალი არსების ან მოქმედების თავისებურება, სილამაზე და სრულქმნილება, თუ არა მის გამოყენებას, რისთვისაც ის შექმნა ადამიანმა თუ ბუნებამ? – სხვას არაფერს. – მაშასადამე, ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე იქნება ის, ვინც ამა თუ იმ საგანს იყენებს და თავისი გამოცდილების მიხედვით შეუძლია მისი ნახელავის ავ-კარგზე მიუთითოს ამავე საგნის გამკეთებელს. ასე, მაგალითად, ფლეიტაზე დამკვრელი ფლეიტის ოსტატს უჩვენებს, როგორი ფლეიტა სჯობს საკრავად, ან როგორ უნდა დამზადდეს იგი, და ოსტატიც ყურად იღებს მის რჩევას. – უეჭველად. – ამრიგად, ვინც იცის, საკრავის ავ-კარგს უჩვენებს იმას, ვინც მცოდნეს ენდობა და მისი მითითების მიხედვით აკეთებს საკრავს. – დიახ. – მაშასადამე, ამა თუ იმ საგნის სრულქმნილებისა და ნაკლის შესახებ ამ საგნის გამკეთებელს სწორი წარმოდგენა ექმნება მცოდნესთან ურთიერთობის წყალობით და ძალაუნებურად გაიზიარებს მის მითითებებს; მაგრამ მცოდნე მხოლოდ ისაა, ვინც ამ საგანს იყენებს. – რა თქმა უნდა. – რაც შეეხება მიმბაძველს, გამოცდილებით იძენს ცოდნას იმ საგნების შესახებ, რომლებსაც ხატავს, – რამდენად კარგი და სრულქმნილია თვითეული მათგანი, – თუ მცოდნესთან ურთიერთობის წყალობით იძენს სწორ წარმოდგენას მათზე და მცოდნისავე მითითებებს ეყრდნობა, თუ როგორ დახატოს ისინი. – არც ერთის და არც მეორის წყალობით. – ესე იგი, მიმბაძველს არც ცოდნა ექნება და არც სწორი წარმოდგენა იმ საგნების შესახებ, რომლებსაც ხატავს. – როგორც ჩანს, არა. – დიდებული შემოქმედი კი უნდა იყოს ამნაირი მიმბაძველი. – არც ისე. – მაგრამ ის კვლავაც მიბაძავს საგნებს, თუმცა არ ეცოდინება მათი ავ-კარგი; ამიტომ, როგორც ჩანს, მშვენიერად წარმოგვიჩენს იმას, რაც მშვენიერად ესახება ბრბოს და უმეცართ. – მეტის თავი რომ არა აქვს. – ამ მხრივ, ეტყობა, სრულ თანხმობას მივაღწიეთ: ჯერ ერთი, მიმბაძველმა ბევრი არაფერი იცის იმ საგნისა, რომელსაც ბაძავს და, ეგეც არ იყოს, მისი შემოქმედება დარბაისელი კაცისთვის შეუფერებელი ბავშვური თავშექცევაა. ტრაგიკული პოეზიის ყველა შემოქმედი, მიუხედავად იმისა, იამბიკურ ლექსს იყენებს თუ ეპიკურს, უპირატესად მიმბაძველია. – რა თქმა უნდა. – კი მაგრამ, ზევსის გულისთვის, განა ამნაირი მიბაძვა რაღაც ისეთს არ მიემართება, რაც მესამე ადგილზე დგას, ნამდვილი არსიდან მოყოლებული? – დიახ. – მეორეს მხრივ, ადამიანის რომელ საწყისზე ახდენს მიბაძვა ზემოქმედებას? – რა ზემოქმედებას გულისხმობ? – აი, რას: ერთი და იგივე სიდიდე, იმის მიხედვით, შორიდან ვუყურებთ თუ ახლოდან, თანაბარი როდი ჩანს. – მართლაც. – ზუსტად ასევე, საგნები ან ტეხილნი ჩანან, ან სწორნი, იმის მიხედვით, წყალში ვაკვირდებით მათ თუ წყლის გარეთ, და მათი ჩაზნექილობაც და ამოზნექილობაც მზერის მცდარობის შედეგია, რასაც ამავე საგანთა შეფერილობა იწვევს. ცხადია, რომ ამნაირი მცდარობა ნიშნეულია ჩვენი სულისთვის და ჩვენი ბუნების სწორედ ამ თავისებურებას ემყარება მხატვრობაც მთელი თავისი ხიბლით, თვალთმაქცთა ოინბაზობაც და სხვა მისთანანი. – მართალს ბრძანებ. – მაგრამ განა ამ მცთარობის გასაქარწყლებლად არ იქნა აღმოჩენილი ძალზე ქმედითი საშუალება გაზომვის, გამოთვლისა თუ აწონის სახით? ასე რომ, ჩვენში მთავარია არა სიდიდის და სიპატარავის, სიმრავლისა და სიმძიმის მოჩვენებითი ცვალებადობა, არამედ გაზომვის, გამოთვლისა და აწონის უნარი. – რა თქმა უნდა. – ყოველივე ეს კი ჩვენი სულის გონივრული საწყისის საქმეა, არა? – რასაკვირველია. – ხშირი გაზომვების წყალობით ამ საწყისმა აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი საგანი უფრო დიდია, ზოგი – უფრო პატარა, ზოგი კი – ერთმანეთის ტოლი, თუმცა ეს საგნები, იმავდროულად, ურთიერთსაპირისპირო სახით წარმოგვიჩნდებიან ჩვენ. – დიახ. – ჩვენ კი ვამტკიცებდით, რომ ერთსა და იმავე საწყისს ერთსა და იმავე დროს შეუძლებელია ორი საპირისპირო აზრი ჰქონდეს ერთსა და იმავე საგანზე. – და მართალნიც ვიყავით. – მაშასადამე, ჩვენი სულის ის საწყისი, რომელიც საგნებზე მათი ზომების საპირისპიროდ მსჯელობს, შეუძლებელია იგივეობრივი იყოს იმ საწყისისა, ამ ზომების შესაბამისად რომ აღიქვამს საგნებს. – რა თქმა უნდა, შეუძლებელია. – ის, რაც ჩვენს გაზომვას და გამოთვლას ენდობა, ჩვენი სულის უკეთესი საწყისია. – უეჭველად. – ხოლო ის, რაც ამას უპირისპირდება, უარესი საწყისი უნდა იყოს. – უცილობლად. – სწორედ ამ დასკვნისკენ მიმყავდი, როცა ვამტკიცებდი, რომ მხატვრობის, ისევე, როგორც ყველა მიმბაძველობითი ხელოვნების ქმნილებები შორს დგანან სინამდვილისგან და მათ საქმე აქვთ ჩვენი სულის იმ საწყისთან, რომელიც ასევე შორსაა გონივრულობისაგან, რის გამოც შეუძლებელია ყოველივე იმის თანამდგომი და ხელშემწყობი იყოს, რაც ჯანსაღია და ჭეშმარიტი. – მართლაც. – ასე რომ, თავისთავად დაბალი მიმბაძველობითი ხელოვნება დაბალთანავე შეუღლების შედეგად დაბალსვე აძლევს დასაბამს. – როგორც ჩანს. – ეს მხოლოდ იმ მიმბაძველობით ხელოვნებას ეხება, რომელსაც მზერით აღვიქვამთ, თუ იმასაც, სმენით რომ აღიქმება და პოეზია ჰქვია სახელად? – ცხადია, ამ უკანასკნელსაც. – ნუ ვენდობით მარტოოდენ მოჩვენებით მსგავსებას პოეზიასა და ფერწერას შორის, არამედ განვიხილოთ სულის ის საწყისიც, რომელთანაც საქმე აქვს პოეტურ მიმბაძველობას, და ვნახოთ, ღირსეულია ეს საწყისი თუ უბადრუკი. – ეს მართლაც უნდა ვნახოთ. – მოდი, ასეთი კითხვა დავსვათ: მიმბაძველობითი პოეზია ადამიანს გვიხატავს როგორც იძულებით ან ნებსით მოქმედს, ამ მოქმედების საფუძველზე კი ის ფიქრობს, რომ ან კარგად მოიქცა, ან ცუდად, და ყველა ამ ვითარებაში ან წუხს, ან ხარობს. თუ ის სხვა რამესაც გვიხატავს, გარდა ამისა? – სხვას არაფერს. – კი მაგრამ, ყველა ამ ვითარებაში ადამიანი აუმღვრეველი რჩება? თუ როგორც მზერით აღქმადი საგნების ჭვრეტისას მასში თავს იჩენდა შინაგანი წინააღმდეგობა და ურთიერთსაპირისპირო წარმოდგენები ამ საგნებზე, თავის საკუთარ მოქმედებებთან მიმართებისას მისი სული ასეთსავე გაორებას განიცდის და ურთიერთსაპირისპირო შეხედულებათა ჭიდილის ასპარეზად იქცევა? თუმცა, გამახსენდა, რომ ახლა სულაც არ გვჭირდება ამის მტკიცება, რადგანაც ზემოთ ბევრი ვიმსჯელეთ და დაბეჯითებითაც დავასაბუთეთ, რომ ჩვენი სული სავსეა შინაგანი წინააღმდეგობებით, ერთდროულად რომ იჩენენ თავს. – მართალია. – დიახ, მართალია, მაგრამ ჩემის აზრით, ახლა მაინც აუცილებლად უნდა განვიხილოთ ის, რაც მაშინ გამოგვრჩა. – რა? – ჩვენ ვამბობდით, რომ ნამდვილი ადამიანი სხვებზე უფრო ადვილად იტანს თავს დატეხილ უბედურებას, ვთქვათ, შვილის სიკვდილს თუ მისთვის რაღაც ძვირფასის დაკარგვას. – რა თქმა უნდა. – ახლა კი ესეცა ვნახოთ: ამნაირი ადამიანი საერთოდ არ იგლოვებს (რაკიღა ეს წარმოუდგენელია), თუ გარკვეულწილად უფრო თავდაჭერილი იქნება თავისი მწუხარების გამოხატვისას? – ეს უკანასკნელი უფრო სავარაუდოა. – ამის შემდეგ ესეც მითხარი: როგორ გგონია, როდის დაუპირისპირდება უფრო მტკიცედ თავის მწუხარებას და მეტ წინააღმდეგობას გაუწევს მას: ხალხის თვალწინ თუ როცა მარტოა? – ხალხის თვალწინ. – სიმარტოვეში კი, ჩემის აზრით, თავს ვეღარ შეიკავებს და მწარედ ატირდება, რასაც, ალბათ, ვერ გაბედავდა, რომ სცოდნოდა, ვიღაც მიყურებსო. და, საერთოდ, ბევრ ისეთ რამესაც ჩაიდენდა, რასაც ნამდვილად არ მიუტევებდა სხვებს. – ასე, – თქვა მან. – რაც მას აიძულებს წინააღმდეგობა გაუწიოს მწუხარებას, გონებაა და კანონი, ხოლო რაც მწუხარებისაკენ უბიძგებს, – თვით ტანჯვა? – დიახ. – მაგრამ რაკი ადამიანს ერთი და იმავე საბაბით ერთდროულად ორი ურთიერთსაპირისპირო სწრაფვა აღეძვრის, შეიძლება ითქვას, რომ მასში ორი სხვადასხვა საწყისი უნდა იყოს. – რა თქმა უნდა. – ერთი უსიტყვოდ ემორჩილება კანონის მბრძანებლურ კარნახს. – როგორ? – კანონი ბრძანებს, რომ უბედურებაში ყველაზე უკეთესია ინარჩუნებდე სიმშვიდეს და გასაქანს არ აძლევდე მწუხარებას, რადგანაც არავინ იცის, რა არის კარგი და რა არის ცუდი ამაში, და რამდენიც არ უნდა ივალალო, მაინც ვერაფერს გახდები. ადამიანურ საქმეთაგან ერთიც არ იმსახურებს იმას, რომ მეტისმეტად დიდი მნიშვნელობა მიანიჭო, მწუხარება კი ხშირად აბრკოლებს იმას, რასაც შეეძლო მწედ მოგვვლენოდა ამნაირ ვითარებაში. – რას გულისხმობ? – საჭიროა გავერკვეთ იმაში, რაც დაგვემართა; აქ, როგორც კამათლებით თამაშში, ბედისწერის დარტყმებს უნდა დავუპირისპიროთ ყველა ის საშუალება, რასაც გონება მიიჩნევს უმჯობესად. პატარა ბავშვებს ხომ არ უნდა ვემსგავსოთ, როგორც კი რამე დაუშავდებათ, მაშინვე ხელს რომ იტაცებენ მტკივან ადგილზე და გულამოსკვნილი ტირიან. არა, უნდა მივაჩვიოთ სული იმას, რომ დაუყოვნებლივ შეუდგეს მკურნალობას, რათა აღიდგინოს დანაკარგი, დაიცხროს ტკივილი და წამლობით ჩაახშოს მწუხარე მოთქმა-გოდება. – ყველაზე მართებული იქნებოდა ასე დავხვედროდით ბედისწერის დარტყმებს. – ჩვენი უკეთესი საწყისი სწორედ ასე მისდევს გონების ხმას. – ცხადია. – უარეს საწყისს კი, რომელიც არ ივიწყებს ტანჯვა-წამებას და ვერ ძღება მწარე გმინვით, ჩვენ უგუნურს, უქნარას და მხდალს ვუწოდებთ. – დიახ. – სულის აღგზნებადი საწყისი ხშირად ექვემდებარება მრავალფეროვან მიბაძვას, ხოლო გონივრული და თვინიერი ზნე ადამიანისა, რომელიც ყოველთვის ინარჩუნებს თვითიგივეობას, ძნელი მისაბაძია, მაგრამ თუ მაინც მოახერხეს მისი მიბაძვა, ძნელად თუ ვინმე გაუგებს რასმე, მით უმეტეს სახალხო ზეიმის ან თეატრალური წარმოდგენების დროს, სადაც უამრავი ხალხი იყრის თავს, რადგან მიბაძვა, რომელსაც ბრბოს შესთავაზებდნენ, მისთვის სრულიად უცხო სულიერი მდგომარეობის მიბაძვა იქნებოდა. – დიახ, სრულიად უცხოსი. – ცხადია, მიმბაძველ პოეტს ცოტა რამა აქვს საერთო სულის გონივრულ საწყისთან და მის დასაკმაყოფილებლად როდი სრულყოფს თავის ხელოვნებას, რადგანაც მხოლოდ იმას მიელტვის, რომ წარმატებას მიაღწიოს ბრბოის წინაშე. ის მხოლოდ აღგზნებად და ცვალებად ზნეს მიმართავს, რომელიც ადვილად ექვემდებარება მიბაძვას. – რა თქმა უნდა. – მაშასადამე, ჩვენ უფლება გვაქვს ხელი ჩავჭიდოთ ამნაირ პოეტს და მხატვრის გვერდით მივუჩინოთ ადგილი, რომელსაც ძალიანა ჰგავს იმით, რომ, ჭეშმარიტების თვალსაზრისით, უფასურ ნაწარმოებებს ქმნის, და იმითაც, რომ სულის იმავე საწყისთანა აქვს საქმე და არა უკეთესთან. ასე რომ, მართალნი ვიქნებოდით, თუკი მას არ მივიღებდით ჩვენს მიერ დაარსებულ სახელმწიფოში, რომელსაც ბრძნული კანონები მართავენ; არ მივიღებდით იმიტომ, რომ აქეზებს, ასაზრდოებს და ამტკიცებს სულის უარეს საწყისს, უკეთესს კი ღუპავს. ასეთია იმ სახელმწიფოს ხვედრიც, რომლის მმართველობასაც უღირსებს უგდებენ ხელში, ღირსეულებს კი მუსრს ავლებენ. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ასევე იქცევა მიმბაძველი პოეტიც, უარესი საწყისის წაქეზებით უკეთურ მმართველობას რომ ამკვიდრებს თვითეული ადამიანის სულში, საწყისისა, რომელიც ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს უდიდესსა და უმცირესს, ერთსა და იმავეს ხან დიდად სახავს, ხან კი – პატარად, და ამრიგად ქმნის ხატებებს, რომლებიც ძალზე შორს არიან სინამდვილისგან. – უცილობლად. – მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ წაგვიყენებია პოეზიისათვის ყველაზე მძიმე ბრალდება: მას შეუძლია თვით ნამდვილი ადამიანის სულიც კი შებღალოს თავისი ზემოქმედებით, რასაც ძალზე ცოტანი თუ აღწევენ თავს. აი, რა არის ყველაზე საშინელი. – თუ ასეა, უფრო საშინელი რა უნდა იყოს? – მომისმინე და თავად განსაჯე: როცა ჩვენს შორის თვით ყველაზე უკეთესნიც კი ჰომეროსსა თუ რომელიმე სხვა ტრაგიკოს პოეტს უსმენენ, მწუხარებით შეპყრობილ გმირს რომ გვიხატავენ, რომელიც ბედის სამდურავით სავსე სიტყვას წარმოთქვამს, სხვებს კი აიძულებს ზარს ამბობდნენ და მჯიღს იცემდნენ მკერდში, – როგორც მოგეხსენება, ამ შთაბეჭდილებას აყოლილნი, გმირის განცდების კვალდაკვალ, თვითონაც ერთგვარ სიამოვნებას განვიცდით, მასთან ერთად რომ ვიტანჯებით და გულსაკლავად დავტირით ყოველივე ამას. ჩვენ ვაქებთ და ვადიდებთ იმ პოეტს, რომელიც სწორედ ამ განწყობილებას იწვევს ჩვენში. – როგორ არ მომეხსენება. – მაგრამ როცა უბედურება ჩვენ თვითონ გვატყდება თავს, შეგიმჩნევია თუ არა, რომ სრულიად საპირისპირო ქცევით ვიკვეხნით – ვცდილობთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და აუმღვრევლობა, როგორც შეშვენის კაცს, ხოლო ის, რასაც ზემოთ ვაქებდით, ქალებისთვისაა ნიშნეული. – როგორ არ შემიმჩნევია. – მერედა, განა მოსაწონია იმისი ქება, ვისი დანახვაც არამცთუ გვანატრებინებს, ნეტავი შენ გგავდეო, თვით ამის გაფიქრებაც კი სირცხვილით დაგწვავს, – დიახ, ვისი დანახვაც, ნაცვლად იმისა, რომ ზიზღს ჰგვრიდეს, სიამოვნებას ანიჭებდეს და ქების ღირსად მიაჩნდეს ხალხს? – არა, ვფიცავ ზევსს, უაზრობას უფრო ჰგავს. – დიახ, თუ ამ მხრივაც შეხედავ საქმეს... – რა მხრივ? – თუ დაუკვირდები, ამ შემთხვევაში პოეტები სიამოვნებას ჰგვრიან და ატკბობენ ჩვენი სულის იმ საწყისს, რომელსაც ჩვენი საკუთარი უბედურების დროს ყოველნაირად ვცდილობთ თავი დავუჭიროთ და გასაქანი არ მივცეთ; არადა, თავისი ბუნებრივი მიდრეკილების გამო, სწორედ მას სურს ტირილით მოიოხოს და მწუხარებით იჯეროს გული. მეორეს მხრივ, ჩვენი სულის უკეთესი საწყისი, ჯერ კიდევ არასაკმარისად განმტკიცებული გონებისა და ჩვეულების მიერ, თავის ზედამხედველობას ასუსტებს ამ მოტირალ საწყისზე და სხვისი ვნებების შემყურეს ჰგონია, თითქოს თვითონ მას სრულიადაც არ ბღალავს იმითი ტკბობა, რომ ეს სხვა, თუნდაც სიქველეზედაც დებდეს თავს, ღირსეულად ვერ გამოხატავს თავის მწუხარებას; ამიტომაც აქებს, თანაულმობს და იმასაც კი ფიქრობს, რომ ეს თვითონ მასაც ამდიდრებს, ასე რომ, არასდიდებით არ ისურვებდა თავისი ზიზღი გამოეხატა მთელი ნაწარმოების მიმართ, და, ამრიგად, მოეკლო ეს სიამოვნება. მე მგონია, იშვიათად თუ ვინმე უწევს ანგარიშს იმას, რომ სხვისი განცდები გადამდები ძალით მოქმედებენ ჩვენზე: თუკი ისინი მძაფრ სიბრალულს აღძრავენ სულში, ძნელია თავი დავაღწიოთ ასეთსავე სიბრალულს ჩვენი საკუთარი უბედურებისას. – მართალს ბრძანებ, – თქვა მან. – განა იგივე არ ითქმის იმაზე, რაც სასაცილოა? თუკი, ერთის მხრივ, უფრთხი იმას, ვაითუ ხალხი ვაცინოო, მეორეს მხრივ კი სიამოვნებით უყურებ კომიკურ წარმოდგენებს ან ვიწრო წრეში ავყიათა უგვან ლიზღობას, მაგრამ, როგორც უკეთურს, ზიზღით არ უყურებ ამას, მაშინ ზუსტად ისე იქცევი, როგორც გულის აჩუყებისას. შენ გონებით თრგუნავ ღლაბუცისა თუ ქილიკის ჟინს, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში სრულ გასაქანს აძლევ მას, და ხშირად, შინაურებს შორის, შენდა შეუმჩნევლად თვითონვე იქცევი კომედიების მთხზველად. – მართლაც. – სიყვარული, მრისხანება, სულის ყველა სასიამოვნო თუ უსიამოვნო ვნება, რაც, ჩვენი მტკიცებით, თან ახლავს ჩვენსავ მოქმედებას, – ყოველივე ეს პოეტურ მიმბაძველობას იწვევს ჩვენში. ის ასაზრდოებს და რწყავს ყოველივე იმას, რაც აჯობებდა დამჭკნარიყო, და ჩვენს სულს მათ მბრძანებლობას ვუქვემდებარებთ, თუმცა ჩვენ თვითონ უნდა მოგვეთოკა ისინი, რათა უკეთესობას და ბედნიერებას ვწეოდით, ნაცვლად იმისა, რომ უარესნი და უბედურნი ვყოფილიყავით. – სხვა რამეს ვერც ვიტყოდი. – ამრიგად, როცა ჰომეროსის თაყვანისმცემლებს შეხვდები, გლავკონ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამ პოეტმა აღზარდა ელადა და ადამიანურ საქმეთა წარმართვისა და განათლებისათვის გულმოდგინედ უნდა ვსწავლობდეთ მას, რათა მის სიბრძნეს შევუწონოთ მთელი ცხოვრება, – კეთილმოსურნედ და ალერსიანად მოეპყარი მათ, ვინაიდან ისინი, შეძლებისდაგვარად, შესანიშნავი ადამიანები არიან, დაუთმე და დაეთანხმე ამ ხალხს, რომ ჰომეროსი ყველაზე დიდი შემოქმედი და ტრაგიკოსთა შორის პირველი პოეტია, მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ ჩვენს სახელმწიფოში მისაღებად მიგვაჩნია მხოლოდ ღმერთებისადმი მიძღვნილი ჰიმნები და კეთილშობილ კაცთა სახოტბო სიმღერები. ხოლო თუ მათ მაგივრად ვნებიან მუზას მიიღებ, გინდ მელიკური იყოს და გინდ ეპიკური, მაშინ სახელმწიფოში სიამოვნება და ტანჯვა გაგიბატონდება კანონისა და ზოგადი საწყისის ნაცვლად, რაც, საყოველთაო აღიარებით, ყოველთვის ყველაფერზე უმჯობესია. – მართალს ბრძანებ. – დაე, ეს იყოს ჩვენი თავისმართლება პოეზიის წინაშე, სახელმწიფოდან რომ გავაძევეთ მისი ბუნების გამო. საამისოდ ხომ საკმაო საფუძველი გვქონდა. მაგრამ სისასტიკესა და გაუთლელობაში რომ არ დაგვდოს ბრალი, აქვე დავძენთ, რომ ოდითგანვე შეინიშნება ერთგვარი უთანხმოება ფილოსოფიასა და პოეზიას შორის. მრავალრიცხოვანი ანდაზები, როგორც მაგალითად, – «აი, ძაღლი, პატრონს რომ უღრენს და უყეფს», «დიდი კაცია ბრიყვთა ფუჭსიტყვაობაში», «ბრძენკაცთა ბრბო ზევსსაც სძლევს», «წვრილმანებს ჩაჰკირკიტებენ, ესე იგი, ღატაკები არიან» და სხვა მისთანანი ნათლად მოწმობენ მათ ძველისძველ უთანხმოებას. და მაინც, თუ მიმბაძველობითი პოეზია, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის გართობას, ერთ საბუთს მაინც მოიტანს იმის დასტურად, რომ ის საჭიროა სრულყოფილი წყობილების მქონე სახელმწიფოში, ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ მას. თვითონვე ვაღიარებთ, რომ მონუსხულნი ვართ მისი ხიბლით. მაგრამ იმისი ღალატი, რაც ჭეშმარიტია, მკრეხელობაა. ისე კი, ჩემო მეგობარო, განა შენც არ გხიბლავს პოეზია, მით უმეტეს, როცა ჰომეროსის პოეზიას ეხება საქმე? – პირდაპირ მაჯადოებს. – ამრიგად, თუ ის გამართლდება, სულერთია, მელიკურ პოეზიას ვიგულისხმებთ თუ რომელიმე სხვა ზომით გამართულს, რა თქმა უნდა, განდევნილობიდან დაბრუნების უფლებას მოიპოვებს. – აუცილებლად. – ხოლო პოეზიის იმ დამცველებს, რომლებიც პოეტები კი არა, პოეტების მოყვარენი არიან, ჩვენ საშუალებას მივცემთ თუნდაც პროზით დაიცვან იგი და დაგვიმტკიცონ, რომ პოეზია არა მარტო სასიამოვნოა, არამედ სასარგებლოც როგორც სახელმწიფოს, ისე ადამიანის ცხოვრებისთვისაც. მართლაცდა, ხომ გავმდიდრდებოდით, ის არა მარტო სასიამოვნო, სასარგებლოც რომ ყოფილიყო? – რა თქმა უნდა. – მაგრამ თუ მისი დაცვა შეუძლებელი შეიქნა, მაშინ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, იმ შეყვარებულებივით უნდა მოვიქცეთ, ოდესღაც რომ უყვარდათ, მერე კი გადაწყვიტეს, რომ ეს სიყვარული უსარგებლო იყო მათთვის, და, მართალია, დიდი ძალისხმევის შედეგად, მაგრამ ბოლოს მაინც უარყვეს იგი. ასე ჩვენშიც – დღევანდელ მშვენიერ სახელმწიფოთა მიერ აღზრდილებშიაც ღვივის სიყვარული ამ პოეზიის მიმართ და ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მას, ესე იგი, გვინდა, რომ ის არა მარტო საუცხოო, არამედ ჭეშმარიტიც იყოს. მაგრამ ვიდრე თავი არ უმართლებია, ყოველთვის, როცა იძულებულნი ვიქნებით მოვუსმინოთ, მისი ხიბლისაგან თავის დასაცავად შელოცვასავით გავიმეოროთ ის მოსაზრებები, რომლებზედაც წეღან ვმსჯელობდით, და ყოველნაირად ვეცადოთ კვლავ ამ ბალღური სიყვარულის მახეში არ გავებათ. შეუძლებელია სერიოზულად იფიქრო, თითქოს ამნაირი პოეზია სერიოზულია და ჭეშმარიტების წვდომას ცდილობს. მის მსმენელს სიფრთხილე მართებს, რათა მტკიცედ დაიცვას თავისი სულიერი სამყარო და სახელმძღვანელო წესად აქციოს ის, რაც ჩვენს მიერ პოეზიაზე ითქვა. – გეთანხმები. – ეს სასტიკი ბრძოლა, ჩემი ძვირფასო გლავკონ, გაცილებით უფრო სასტიკი, ვიდრე ერთის შეხედვით ჩანს, იმის გამო მძვინვარებს, კეთილი უნდა იყოს კაცი თუ უკეთური. ასე რომ, არც პატივი, არც სიმდიდრე, არც სხვა რამ ძალაუფლება და, ასე განსაჯე, არც პოეზია არა ღირს იმად, რომ მათი გულისთვის უგულებელვყოფდეთ სამართლიანობას და ყველა სხვა სიქველეს. – გეთანხმები, ყოველივე იმის საფუძველზე, რაც ზემოთ ითქვა და, ვფიქრობ, ასევე დაგეთანხმებიან ყველანი. – მაგრამ ჯერ კიდევ არ განგვიხილავს სიქველის ყველაზე დიდი საზღაური და მისთვის დაწესებული ჯილდო. – რაღაც დიადს უნდა გულისხმობდე, თუკი ზემოთ ჩამოთვლილ ჯილდოებს აღემატება. – დიადი რა უნდა იყოს ესოდენ მოკლე დროში? განა ჩვენი სიცოცხლის ყავლი, სიყრმიდან სიბერემდის, უბადრუკი არ არის მარადისობასთან შედარებით? – უმნიშვნელო და უბადრუკი. – მერედა, როგორ გგონია, უკვდავი არსება მარადისობაზე კი არა, დროის ამ უბადრუკ შუალედზე უნდა ზრუნავდეს? – მე მგონია, მარადისობაზე; მაგრამ მაინც რას გულისხმობ? – ნუთუ ვერა გრძნობ, რომ ჩვენი სული უკვდავია და არასოდეს არ იღუპება? ამ სიტყვებზე გლავკონმა განცვიფრებით შემომხედა და მითხრა: – ვერა, ვფიცავ ზევსს, ვერა ვგრძნობ; მაგრამ შენ კი შეგიძლია დამიმტკიცო ეს? – თუ არა ვცდები, შემიძლია; თუმცა ეს არც შენთვის უნდა იყოს ძნელი. – ჩემთვის დიახაც ძნელია, მაგრამ სიამოვნებით კი მოგისმენდი, რანაირად განმარტავდი ამ მარტივ საკითხს. – მაშ, ყური მიგდე. – შენ ოღონდ ილაპარაკე. – აღიარებ თუ არა, რომ არსებობს კეთილი და ბოროტი? – დიახ. – მაგრამ ამის თაობაზე იმასვე ფიქრობ, რასაც მე? – როგორ? – ყოველივე დამღუპველი და დამანგრეველი ბოროტებაა, ყოველივე დამცველი და სასარგებლო კი – სიკეთე. – დიახ. – მერედა, როგორ გგონია, არსებობს თუ არა სიკეთე და ბოროტება თვითეული საგნისათვის? ასე მაგალითად, თვალისთვის – ანთება, მთელი სხეულისათვის – სნეულება, პურეულისათვის – ჭვავისრქა, ხე-ტყისათვის – ლპობა, სპილენძისა და რკინისათვის – ჟანგი, ერთის სიტყვით, თვითეულ საგანს მისთვის ნიშნეული ბოროტება და სნეულება მოეძებნება. – დიახ. – როცა ესა თუ ის სნეულება შეეყრება ამა თუ იმ საგანს, თანდათანობით შლის, ვიდრე საბოლოოდ არ დაღუპავს და დაანგრევს. – რა თქმა უნდა. – მაშასადამე, თვითეულ საგანს მისთვის ნიშნეული ბოროტება და სნეულება სპობს, ხოლო თუ ეს არა სპობს, მაშინ ვერაფერი ვერ შესძლებს მის მოსპობას; რადგანაც სიკეთე, ცხადია, არასოდეს არაფერს სპობს, და იგივე შეიძლება ითქვას იმაზედაც, რასაც ვერც სიკეთედ მივიჩნევთ და ვერც ბოროტებად. – მართლაც. – ამრიგად, თუ არსთა შორის ჩვენ ვპოვებთ რაღაც ისეთს, თავისი ბოროტება რომ მოეძებნება, რომელიც მას აუკეთურებს, მაგრამ მთლიანად კი ვერ სპობს, გვეცოდინება, რომ მისი ბუნების მოსპობა შეუძლებელია. – როგორც ჩანს, – თქვა მან. – კი მაგრამ განა სულს არ მოეძებნება რაღაც ისეთი, რაც მას აუკეთურებს? – რა თქმა უნდა, მოეძებნება: ყოველივე ის, რაც წეღან მიმოვიხილეთ, – უსამართლობა, თავაშვებულობა, სიმხდალე, უმეცრება. – ამ ბიწთაგან რომელიმეს მაინც თუ შეუძლია მისი მოსპობა და განადგურება? დაუკვირდი, მაგრამ ისე კი, რომ არ შევცდეთ და წარმოვიდგინოთ, თითქოს უსამართლო და უგუნური სული თავისი უსამართლობის – სულის ამ ბოროტების გამო იღუპება, როცა დანაშაულში ამხილებენ. არა, ასე იფიქრე: სხეულის ბოროტება – სნეულება – შლის და არღვევს სხეულს, რის შედეგადაც ის უკვე აღარ არის სხეული. ყოველივე ის, რაზედაც წეღან ვლაპარაკობდით, ზუსტად ასევე ირღვევა მასში ფესვგადგმული ბოროტების წყალობით და არყოფნაში გადადის; ასეა, არა? – დიახ. – მაშასადამე, ასევე უნდა განიხილო სულის ბუნებაც. შეუძლია თუ არა მასში ფესვგადგმულ ბოროტებას ისე დაშალოს და დაარღვიოს ის, რომ სიკვდილის პირას მიიყვანოს და სხეულს გაჰყაროს? – არამც და არმც. – კი მაგრამ, განა უაზრობა არ იქნებოდა იმის მტკიცება, თითქოს უცხო რამ ბოროტებას შეეძლოს ამა თუ იმ საგნის მოსპობა, მის საკუთარ ბოროტებას კი – არა? – მართლაც რომ უაზრობა იქნებოდა. – მაშ, დაუფიქრდი, გლავკონ: სხეულს საზრდოსათვის ნიშნეული ამა თუ იმ მანკით გაფუჭებული, ვთქვათ, დაძველებული, დაობებული ან დამპალი საჭმელი როდი ღუპავს. მაგრამ როცა ეს გაფუჭებული საჭმელი სხეულის დასნეულებას იწვევს, მაშინ ჩვენ ვიტყვით, რომ სხეული, მართალია, საჭმლის მეშვეობით, მაგრამ უშუალოდ მაინც მისთვის ნიშნეული ბოროტებით, ანუ სნეულებით იღუპება. საკუთრივ გაფუჭებული საჭმელი კი, რამდენადაც სხეული სხვაა და საჭმელი სხვა, უშუალოდ არასოდეს არ იქცევა სხეულის სიკვდილის მიზეზად, ვიდრე ის, როგორც გარეშე ბოროტება, სხეულში მისთვის ნიშნეულ ბოროტებას არ გამოიწვევს. – მართალს ბრძანებ. – მავე მოსაზრებით, თუკი სხეულის სნეულება სულის სნეულებას არ იწვევს, არასოდეს არ ვაღიარებთ, თითქოს სული მისთვის უცხო ბოროტებით იღუპებოდეს, თვით მისთვისვე ნიშნეული ბოროტების გარეშე, და თითქოს ერთი შეიძლება მეორის დაღუპვის მიზეზი იყოს. – სწორი აზრია. – ამრიგად, ჩვენ ან უარვყოფთ იმას, რაც ახლახან ითქვა, ან, ვიდრე ეს არ უარუყვიათ, არასდიდებით არ დავიჯერებთ, თითქოს სული ციებ-ცხელებისა თუ სხვა სნეულების, ან კიდევ ადამიანის მოკვლისა თუ იმის გამო იღუპებოდეს, რომ სხეულს ნაკუწ-ნაკუწ აქცევენ, ვიდრე არ დაგვიმტკიცებენ, რომ სხეულის ტანჯვა-წამების გამო სული ნაკლებ სამართლიანი და ნაკლებ ღვთისმოსავი ხდება. როცა ამა თუ იმ საგანში მისთვის ნიშნეული კი არა, უცხო ბოროტება იჩენს თავს, არავის მივცემთ იმის მტკიცების უფლებას, რომ ამის შედეგად სული ან სხვა რამ იღუპება. – ვერავინ ვერასოდეს ვერ დაამტკიცებს, რომ მომაკვდავის სული სიკვდილის გამო უფრო უსამართლო ხდება. – მაგრამ თუ ვინმე გაბედავს და ჩვენი მტკიცების წინააღმდეგ გაილაშქრებს, რათა ძალაუნებურად არ აღიაროს, რომ სული უკვდავია, და დაიჩემებს, მომაკვდავი უფრო უსამართლო და ბიწიერი ხდებაო, მაშინ, თუ ის მართალია, ჩვენ ვიტყვით, რომ უსამართლობა უსამართლოსთვის უკურნებელი სენივით სასიკვდილოა, და თავისი ბუნებით სწორედ ეს მომაკვდინებელი ბოროტება კლავს ყველას, ვინც უსამართლოა, – ვის ხელად, ვის კი ნელ-ნელა, – მაშინ როდესაც დღესდღეობით უსამართლოს სიკვდილის მიზეზი ისაა, რომ მას სხვები სჯიან სიკვდილით. – ვფიცავ ზევსს, – თქვა მან, – უსამართლობა არც ისეთი საშინელება იქნებოდა უსამართლოსთვის, მართლაც მომაკვდინებელი რომ ყოფილიყო: ვინ მოსთვლის, რამდენი უბედურებისგან იხსნიდა მას. მაგრამ, მე თუ მკითხავ, ყველაფერი პირიქითაა: ის მომაკვდინებელია სხვებისთვის, რამდენადაც ამის უნარი შესწევს, თვით უსამართლოს კი წარმოუდგენელ სასიცოცხლო ძალასთან ერთად უშრეტ მხნეობასაც ანიჭებს, როგორც ჩანს, იმდენად შორსაა ყოველივე მომაკვდინებლისაგან. – კარგად ლაპარაკობ; – ვუთხარი მე, – თუკი სულის საკუთარ უკეთურებას და მანკიერებას არ შეუძლია მისი მოკვლა და მოსპობა, მაშინ ბოროტება, რომლის დანიშნულებაც სხვა საგნის მოსპობაა, ვერც სულს მოუღებს ბოლოს და ვერც სხვა რამეს, გარდა იმისა, რისთვისაც ისაა გამიზნული. – რა თქმა უნდა, ვერა. – მაგრამ თუ რაღაცას ვერცერთი ეს ბოროტება – ვერც მისი საკუთარი და ვერც უცხო – ვერა სპობს, ცხადია, ის მარად არსებული უნდა იყოს, ხოლო ის, რაც მარად არსებობს, უკვდავია. – უცილობლად. – ასე დავასკვნათ; და თუ ეს ასეა, შენ დაინახავ, რომ სულები ყოველთვის ერთი და იგივენი არიან. რაკი არცერთი არ იღუპება, შეუძლებელია მათი რიცხვი მცირდებოდეს ან იზრდებოდეს. რადგანაც იმისი მატება, რაც უკვდავია, შეიძლება მხოლოდ მოკვდავის ხარჯზე ხდებოდეს. ასე რომ, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი უკვდავი გახდებოდა. – მართალს ბრძანებ. – მაგრამ ამის გამო ჩვენ არც იმას ვფიქრობთ (ჩვენი მსჯელობიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია), თითქოს სულის ჭეშმარიტი ბუნება უსასრულოდ მრავალფეროვანი, არაიგივეობრივი და თავისი თავისაგან განსხვავებული იყოს. – რას გულისხმობ? – ძნელია უკვდავი იყოს ის, რაც ნაწილებისაგან შედგება, მით უმეტეს, თუ ეს შედგენილობა არც ისე სრულყოფილია, როგორც წეღან დაგვარწმუნა სულის ბუნების განხილვამ. – მართლაც ძნელია. – ხოლო სულის უკვდავება აუცილებლობის ძალით გამომდინარეობს როგორც ჩვენი წეღანდელი, ისე ბევრი სხვა მსჯელობიდანაც. იმის გასაგებად, თუ როგორია სინამდვილეში სულის ბუნება, ხრწნილების მდგომარეობაში კი არ უნდა განვიხილოთ იგი, რომელშიაც დანთქმულია სხეულსა და მრავალ სხვა ბოროტებასთან ურთიერთობის წყალობით, როგორც ამჟამად ვხედავთ, არამედ ისე, როგორიცაა ის წმინდა სახით. სწორედ ამის განხილვა გვმართებს განსჯის წყალობით, და მაშინ ის გაცილებით უფრო მშვენიერად წარმოგვიჩნდება. ამასთანავე, უფრო მკაფიოდ განჭვრეტ სამართლიანობისა თუ უსამართლობის სხვადასხვა ხარისხს და, საერთოდ, ყოველივე იმას, რაც ახლახან გავარჩიეთ. ჯერჯერობით მართებულად ვმსჯელობდით იმაზე, თუ როგორია ამჟამად სული, მაგრამ ჩვენ ვარჩევდით მხოლოდ მის ახლანდელ მდგომარეობას, მსგავსად იმისა, როგორც ზღვის ღვთაების – გლავკოსის შემყურემ ძნელია განჭვრიტო მისი ოდინდელი ბუნება, რადგანაც სხეულის ზოგიერთი ასო მორღვევია, ზოგს ფერი უცვლია, ზოგიც ტალღების თარეშს დაუმახინჯებია და თანაც ზედ იმდენი ნიჟარა, წყალმცენარეები და კენჭები მიჰკვრია, რომ ურჩხულს უფრო ჰგავს, ვიდრე იმას, რაც თავისი ბუნებით იყო. და როცა ჩვენ ვუყურებთ სულს, ურიცხვი სხვადასხვა ბოროტების გამო სწორედ ამ დღეში წარმოგვიჩნდება იგი. თუმცაღა, გლავკონ, ერთ რამესაც უნდა მივაქციოთ ყურადღება... – რას? – სულის სწრაფვას სიბრძნისაკენ. ვნახოთ, რა საგნებს ეხება, ან რანაირ ურთიერთობებს მიელტვის, თუკი ღვთაებრივს, უკვდავსა და მარადის მყოფს ენათესავება, და რანაირი გახდებოდა, თუკი, მთლიანად ამნაირი საწყისის მიმდევარი, თავისი სწრაფვისას ამოყვინთავდა იმ მღვრიე მორევიდან, რომელშიაც ამჟამად არის დანთქმული, და ჩამოიფერთხავდა ზედ მიკრულ კენჭებსა და ნიჟარებს. რაკიღა ამქვეყნიური სიამით ტკბობას ცდილობს, რასაც ბედნიერებად სახავენ ზოგიერთნი, ამიტომ ბევრი მიწიერი, ქვაღორღიანი და ველური რამ მიჰკვრია და მიტმასნია; ყოველივე ეს რომ ჩამოეფერთხა, შეიძლებოდა გვეხილა მისი ჭეშმარიტი ბუნება: ერთსახოვანია თუ მრავალსახოვანი, ან რანაირია სხვა მხრივაც. ჯერჯერობით კი, მე მგონია, სათანადოდ გავარჩიეთ სულის ვნებანი და მათი სახეები, რომლებმაც შეიძლება ადამიანის ცხოვრებაში იჩინონ თავი. – დიახ, სათანადოდ. – ისიც ხომ სწორია, რომ ჩვენს მსჯელობაში თავიდან ავიცილეთ სამართლიანობის წინააღმდეგ მიმართული ბევრი მოსაზრება, თუმცა არც მისი საზღაურისა თუ მისთვის მიგებული პატივის გამო გვიქია იგი, როგორც იქცევიან, თქვენი აზრით, ჰესიოდე და ჰომეროსი. სამაგიეროდ ჩვენ დავადგინეთ, რომ სამართლიანობა უდიდესი სიკეთეა სულისთვის, და რომ ის გამუდმებით უნდა ცდილობდეს აღასრულოს სამართლიანობა, მიუხედავად იმისა, წილად ხვდა თუ არა გიგესის ბეჭედი და ჰადესის მუზარადი. – მართალს ბრძანებ. – ახლა კი ვეღარაფერში შემოგვედავებიან, გლავკონ, თუ გარდა ყველაფრისა, იმასაც დავძენთ, რომ მაინც არსებობს სამართლიანობისა და სხვა სიქველეთა საზღაური, და განვიხილავთ, რა ზომით, ან რანაირად იღებს მას სული ადამიანებისგანაც და ღმერთებისგანაც, როგორც სიცოცხლეში, ისე სიკვდილის შემდეგაც. – ვერა, ახლა უკვე ვეღარ შემოგვედავებიან. – მაშ, დამიბრუნებთ იმას, რაც მსჯელობისას გასესხეთ? – რა? – მე თქვენ დაგითმეთ და დაგეთანხმეთ იმაში, რომ სამართლიანი ადამიანი შეიძლება უსამართლო ჩანდეს, უსამართლო კი – სამართლიანი. და თუმცა ეს შეუძლებელია დაფარული დარჩეს უკვდავთა და მოკვდავთათვის, მსჯელობის გულისთვის თქვენ მაინც საჭიროდ მიიჩნევდით ამის დაშვებას, რათა თავისთავადი სამართლიანობა ასეთივე უსამართლობისათვის დაგეპირისპირებინათ. ან, იქნებ, აღარ გახსოვს? – უსამართლო ვიქნებოდი, რომ მეთქვა, აღარ მახსოვს-მეთქი. – მაგრამ რაკი ამნაირი დაპირისპირება უკვე მოხდა, სამართლიანობის სახელით მოვითხოვ თქვენგან: როგორი პატივის ღირსადაც სცნობენ მას ღმერთებიც და ადამიანებიც, თქვენც ისეთ პატივს უნდა მიაგებდეთ სამართლიანობას, რომელიც სამართლიან კაცს თუნდაც იმით აჯილდოებს, რომ თვითონ მას ასეთ პატივს მიაგებს ყველა. ხოლო ის რომ ჭეშმარიტი სიკეთეა სამართლიანობის ყოველი მიმდევრისათვის, ეს უკვე ცხადვყავით ჩვენ. – შენი მოთხოვნა სავსებით სამართლიანია. – მაშ, უწინარეს ყოვლისა, უკანვე დამიბრუნეთ ის, რაც დამათმობინეთ: თითქოს ღმერთები არას დაგიდევდნენ სამართლიანობასა და უსამართლობას. – გიბრუნებთ. – და რაკი ღმერთების თვალს არაფერი დაემალება, ზოგი ადამიანი სასურველი იქნება მათთვის, ზოგი კი – საძულველი, როგორც იმთავითვე შევთანხმდით. – ასეა. – მაგრამ ვაღიარებთ თუ არა, რომ ყველაფერი, რაც ღმერთებისგან იღებს დასაბამს, უდიდესი სიკეთე იქნება მისთვის, ვინც ღმერთებს უყვართ, თუკი მას თავს არ უნდა დაატყდეს გარდუვალი უბედურება უწინდელი შეცოდების გამო. – რასაკვირველია, ვაღიარებთ. – მაშასადამე, იგივე უნდა ვაღიაროთ სამართლიანი კაცის მიმართაც, სულერთია, სიღატაკისთვის იქნება განწირული, სნეულებისა თუ სხვა რაღაც ამგვარისათვის, რაც ბოროტებადაა მიჩნეული: ყოველივე ეს, ბოლოს და ბოლოს, სიკეთედ ექცევა, სიცოცხლეში თუ არა, სიკვდილის შემდეგ მაინც. რადგანაც ღმერთი არასოდეს ხელს არ ააღებს იმას, ვინც სამართლიანობას მიელტვის, სიქველეში იწაფავს თავს და ცდილობს ღმერთს დაემსგავსოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია ადამიანისათვის. – რა თქმა უნდა, თავის მსგავსს ხელს არ ააღებს. – უსამართლოს მიმართ კი საპირისპიროს უნდა ვფიქრობდეთ? – რასაკვირველია. – სამართლიანი კაცისთვის ღმერთებს სათანადო საზღაური მოეძებნებათ. – მე მგონია. – ადამიანებს? განა სინამდვილეში ასე არ ხდება? უსამართლო არამზადები, მთელი თავიანთი სიმარჯვისა და გაქნილობის მიუხედავად, ორმაგი გარბენის მონაწილეებს ჰგვანან, ერთი ბოლოდან მეორემდის სწრაფად რომ გარბიან, მაგრამ მეორიდან პირველისკენ შემობრუნებულთ ძალა აღარა ჰყოფნით; დიახ, ჯერ ქარივით მიჰქრიან, მაგრამ შემდეგ, ქანცგაწყვეტილნი, ქვეყნის სასაცილონი ხდებიან და გამარჯვებულის გვირგვინით შუბლშემკულნი კი არა, თავჩაქინდრულნი და ცხვირჩამოშვებულნი ტოვებენ ასპარეზობას. ნამდვილი მორბენლები კი წარმატებით აღწევენ მიზანს, ჯილდოსაც იხვეჭენ და გამარჯვებულის გვირგვინითაც იმკობენ შუბლს. უმეტესწილად ასეთია სამართლიანთა ხვედრი. მათი ყოველი საქმე, ყოველგვარი წამოწყება თუ ურთიერთობა, ბოლოს და ბოლოს, საყოველთაო პატივისცემას იწვევს; სწორედ ესაა მათი ჯილდო და საზღაური. – უცილობლად. – მაშასადამე, შენ უდრტვინველად აიტან, თუ მე იმასვე ვიტყვი სამართლიან ხალხზე, რასაც შენ უსამართლოებზე ამბობდი? დიახ, მე ვიტყვი, რომ მოწიფულობის ასაკს მიღწეულ ყველა სამართლიან კაცს, თუკი თვითონ სურს, შეუძლია თავის ქალაქში ერთ-ერთი მმართველი გახდეს, რომელი ოჯახიდანაც სურს, იქიდან მოიყვანოს ცოლი და თავისი ქალიშვილიც, ვისაც სურს, იმას გააყოლოს ცოლად. მოკლედ, რასაც შენ უსამართლო ხალხზე ამბობდი, ახლა მე სამართლიანთა მისამართით ვიმეორებ. უსამართლო ხალხზე კი იმას მოგახსენებთ, რომ მათ უმრავლესობას ახალგაზრდობაში კიდევაც რომ მოეხერხებინა თავისი ავკაცობის მიჩქმალვა, სიცოცხლის მიწურულს მაინც ამხელენ, შავ დღეს დააყრიან და ქვეყნის სასაცილოდ აქცევენ, უცხოელებიცა და თანამოქალაქენიც აბუჩად აიგდებენ და ცემა-ტყეპასაც არ აკმარებენ: ძელზე გასვამენ და შანთით დადაღავენ; მოკლედ წარმოიდგინე, რომ მთელ ამ ტანჯვა-წამებაზე მაშინ მე ვლაპარაკობდი და არა შენ. რას იტყვი, ნებას მომცემ ასე ვილაპარაკო? – რა თქმა უნდა: მართალს ამბობ. – აი, როგორია ჯილდო, საბოძვარი და საზღაური, სამართლიან კაცს რომ მიაგებენ ღმერთებიც და ადამიანებიც, იმ სიკეთეზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რასაც თვით სამართლიანობა ანიჭებს სამართლიან კაცს. – ესაა ყველაზე მშვენიერი და ღირსსახსოვარი საზღაური. – მაგრამ ყოველივე ეს ვერც სიდიდით და ვერც სიმრავლით ახლოსაც ვერ მივა იმასთან, რაც სიკვდილის შემდეგ ელის ორივეს – სამართლიანსაც და უსამართლოსაც. ღმერთმანი, ღირს ამის მოსმენა, რათა ორივემ სათანადო დასკვნა გამოიტანოს ჩვენი საუბრიდან. – მაშ, თუ ღმერთი გწამს, განაგრძე: უკეთესს რას მოისმენს კაცის ყური? – ალკინოეს ამბავს კი არ გადმოგცემთ, არამედ ერთი მამაცი კაცის – ერ პამფილიელის, არმენიოსის ძის ნაამბობს. ეს ერი ბრძოლის ველზე დაეცა. ათი დღის შემდეგ, დაღუპული მეომრების ცხედრებს რომ დაუწყეს აკრეფა, ყველა გახრწნილიყო, მხოლოდ ერის გვამს არ გაჰკარებოდა ხრწნილება. ამიტომაც შინ წაასვენეს, რომ დაეკრძალათ. მეთორმეტე დღეს, როცა უკვე კოცონზე იწვა, მოულოდნელად გაცოცხლდა და ხალხს უამბო, რაც სულეთში ეხილა.       ერის სიტყვებით, როგორც კი სხეულს გაეყარა, მისი სული მრავალ სხვა სულთან ერთად დაადგა გზას და ყველანი ერთ საოცარ ადგილს მიადგნენ, სადაც გვერდი-გვერდ მდებარე ორ ნაპრალს გაეპო მიწა, ზუსტად მათ ზემოთ კი ასევე ორგან გახსნილიყო ზეცა. შუაში მსაჯულები ისხდნენ, რომლებიც განაჩენის გამოტანის შემდეგ უბრძანებდნენ ალალმართალთა სულებს მხარმარჯვნივ გაჰყოლოდნენ ზეცისაკენ მიმავალ გზას, მას შემდეგ, რაც მათი განაჩენის აღმნიშვნელ წარწერას აკრავდნენ მკერდზე. უსამართლოთა სულებს კი მხარმარცხნივ, ქვემოთ მიმავალ გზაზე ანიშნებდნენ და ზურგზე მათი ბოროტმოქმედების ნუსხას აკრავდნენ. როდესაც ერის ჯერმა მოაწია, მსაჯულებმა უთხრეს, ადამიანთა მაცნე უნდა გახდე და, რაც აქ ნახე, ყველაფერი აუწყო მათო; ამიტომაც უბრძანეს, ყველაფრისთვის ედევნებინა თვალყური და ნანახსა და გაგონილს გულდასმით დაჰკვირვებოდა.       მან იხილა სულები, განაჩენის გამოტანის შემდეგ ცისა და მიწის ორი ნაპრალის გავლით რომ მიდიოდნენ და ორი სხვა ნაპრალით მოდიოდნენ კიდეც: მიწის წიაღიდან ამოდიოდნენ ჭუჭყიანი და მტვერში ამოგანგლული სულები, ზეციდან კი წმინდა სულები ჩამოდიოდნენ. განუწყვეტლივ მომავალ სულებს, ეტყობოდა, გრძელი გზა გამოევლოთ. ყველანი სიამოვნებით ისვენებდნენ მწვანე მდელოზე, როგორც სახალხო დღესასწაულების მონაწილეებს სჩვევიათ. ნაცნობები ერთმანეთს ესალმებოდნენ; მიწის წიაღიდან ამოსულნი ზეციდან ჩამოსულებს ეკითხებოდნენ, რა ხდებოდა ცაში, ზეციდან ჩამოსულებს კი სურდათ მიწის სიღრმიდან ამოსულებისაგან შეეტყოთ მიწისქვეშეთის ამბები. მიწის წიაღიდან ამოსულნი მწუხარებითა და ცრემლების ფრქვევით იგონებდნენ, რამდენი უბედურება გადახდენოდათ თავს მიწისქვეშეთში მოგზაურობისას, ათას წელიწადს რომ გრძელდება, ზეცით ჩამოსულნი კი – ნეტარებასა და თავისი მშვენიერებით გამაოგნებელ სანახაობას.       მაგრამ ყველაფრის დაწვრილებით განხილვა შორს წაგვიყვანდა, გლავკონ. ხოლო მთავარი, ერის სიტყვებით, აი, რა იყო: ყოველი უსამართლობისა თუ ვისიმე შეურაცხყოფის სასჯელად ყველა უსამართლოსა და შეურაცხმყოფელს ერთი ათად მიაგებდნენ სანაცვლოს (ხოლო ყოველი ნაცვლისგება ას წელიწადს გრძელდება, რადგანაც ასეთია ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა), რათა სასჯელი ათჯერ უფრო მძიმე ყოფილიყო დანაშაულზე. ასე მაგალითად, თუ ვისიმე გამოისობით, ლაშქრის ან სახელმწიფოს ღალატის შედეგად, დიდძალი ხალხი დაიღუპა და ბევრსაც მონობის უღელი დაედგა ქედზე, ანდა თუ ვინმემ სხვა ბოროტმოქმედს შეუწყო ხელი, ახლა ყოველი დანაშაულის სანაცვლოდ ასჯერ მეტი სატანჯველი უნდა ეტვირთა. მეორეს მხრივ კი, ქველმოქმედს, სამართლიანსა და ღვთისმოსავს დამსახურებისამებრ მიაგებდნენ საზღაურს.       რას ამბობდა ერი პატარა ბავშვების შესახებ, რომლებმაც დაბადების შემდეგ ძალიან ცოტახანს იცოცხლეს, მოსახსენიებლად არა ღირს. მისი სიტყვებით, ღვთისმოსაობისა თუ ღვთისმგმობლობისთვის, მშობლების პატივისცემისა თუ უპატივცემლობის, აგრეთვე თვითმკვლელობისთვისაც გაცილებით უფრო დიდი საზღაური იყო დაწესებული. ის ყვებოდა, რომ მისი იქ ყოფნისას ერთი სული ეკითხებოდა მეორეს, სად არის არდეიოს დიდიო. ეს არდეიოსი ათასი წლის წინათ პამფილიის ერთ-ერთი ქალაქის ტირანი ყოფილა. გადმოცემით, მოხუცი მამა და უფროსი ძმა მოუკლავს და ბევრი სხვა ბოროტებაც ჩაუდენია. ერი ყვებოდა: სულმა, რომელსაც ამ სიტყვებით მიმართეს, პასუხად თქვაო: «არდეიოსი აქ არ მოსულა და ვერც მოვა. მართლაცდა, ბევრ სხვა საშინელ სანახაობათა შორის ჩვენ ესეც ვნახეთ: როცა მრავალ განსაცდელგამოვლილნი მივადექით ნაპრალს და დავაპირეთ აღმა ავყოლოდით გზას, ანაზდად არდეიოსსა და სხვა სულებს მოვკარით თვალი; იქ თითქმის ყველა ტირანი იყო, უბრალო მოკვდავთაგან კი მხოლოდ უდიდესი ბოროტმოქმედნი. მათაც დააპირეს აღმა აეღოთ გეზი, მაგრამ ნაპრალმა არ მიიღო ისინი: როგორც კი მიუახლოვდებოდა ერთ-ერთი ბოროტმოქმედთაგანი, ბიწიერების სენით სნეული, რომელსაც ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამოესყიდა დანაშაული, ნაპრალი საზარელი ხმით იწყებდა ღრიალს. იქვე გამზადებული იდგნენ ველური არსებები, რომლებსაც თითქოს ალი ასდიოდათ. ღრიალის გაგონებისთანავე ხელი სტაცეს ზოგიერთ ბოროტმოქმედს და სადღაც გააქანეს, არდეიოსს და რამდენიმე უკეთურს კი ხელფეხი შეუკრეს, ყელზე ყულფი ჩამოაცვეს, მიწაზე დასცეს, ტყავი გააძრეს და ეკალ-ბარდებით მოფენილი გზისპირის გასწვრივ წაათრიეს, თანაც ყველა შემხვედრს უხსნიდნენ, რისთვის სჯიდნენ ასე სასტიკად, და ეუბნებოდნენ, სუყველას ტარტაროსში ჩავყრითო». ვინ მოსთვლის, რამდენი შიში გვეჭამა, დასძენდა ერი, მაგრამ ყველაზე მეტად იმისი გვეშინოდა, ვაითუ, რომ მივუახლოვდებით, ნაპრალი აღრიალდესო; ამიტომ ვერაფერი შეედრებოდა ვერცერთის სიხარულს, როცა ჩვენი მიახლოებისას ნაპრალი დუმდა. ასეთი იყო, დაახლოებით, ყოველგვარი განაჩენი და სასჯელი, ისევე, როგორც მათი შესაბამისი ყოველი ჯილდო.       ვინც მწვანე ველზე შვიდი დღე დაჰყო, მერვე დღეს უნდა ამდგარიყო და გზას გასდგომოდა, რათა ოთხი დღის შემდეგ მიეღწია იმ ადგილისთვის, საიდანაც ჩანს ზემოდან ჩამონაშუქი ნათელი, სხივოსანი სვეტივით რომ განწონის მთელ ცას და მიწას, და ცისარტყელას მოგაგონებთ, ოღონდ უფრო ბრწყინვალეა და წმინდა. სწორედ ამ ნათლის სვეტს მიადგნენ ერთი დღის მგზავრობის შემდეგ და აქ, ამ ნათლის შუაში, თვალი ჰკიდეს ციდან ჩამოშვებულ საკვრელთა ბოლოებს, რადგან ეს ნათელი ცის საკვრელია, როგორც ხომალდის ფერდებზე შემოსალტული გარსაკრავი – ხომალდისა. საკვრელთა ბოლოებზე ანანკეს თითისტარი ჰკიდია, წრიულ მოძრაობას რომ ანიჭებს ყველაფერს. თითისტრის ტარი და კაუჭი ფოლადისაა, კვირისტავი კი – ფოლადისა და სხვა მეტალებისა. კვირისტავის აგებულება ასეთია: გარეგნულად აქაურ კვირისტავებსა ჰგავს, მაგრამ ერის აღწერილობით ისე უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გარეთა, ყველაზე დიდ და მთლიანად გულამოღებულ კვირისტავში, როგორც ყუთში-ყუთი, ჩადგმულია მეორე ასეთივე, უფრო მცირე კვირისტავი. იგივე ითქმის მესამე, მეოთხე და კიდევ ოთხ სხვა კვირისტავზედაც. სულ ერთმანეთში ჩადგმული რვა კვირისტავია, და ზემოდან რომ დახედო, მათი კიდეები საერთო ღერძის გარშემო განლაგებულ წრეხაზებს ჰგვანან, გარედან თითქოს ერთი მთლიანი კვირისტავის უწყვეტ ზედაპირს რომ ქმნიან, ხოლო ღერძი მერვე კვირისტავის შუაგულშია გაყრილი.       პირველ, გარეთა კვირისტავს ყველაზე დიდი წრიული ზედაპირი აქვს; მეექვსე კვირისტავი მეორეა სიდიდით; მეოთხე – მესამე; მერვე – მეოთხე; მეშვიდე – მეხუთე; მეხუთე – მეექვსე; მესამე – მეშვიდე, მეორე კი – მერვე. ყველაზე დიდი კვირისტავის წრე ჭრელია; მეშვიდე კვირისტავისა – ყველაზე ბრწყინვალე; მერვისა მეშვიდედან გამოსხივებული სინათლის ფერს სესხულობს; მეორე და მეხუთე კვირისტავის წრე დაახლოებით ერთნაირი ელფერისაა და წინა წრეებზე უფრო ყვითელი; მესამისა ყველაზე თეთრია; მეოთხე – მოწითალო; მეექვსე კი მეორე ადგილზეა სითეთრით. მთელი კვირისტავი მოძრაობისას ერთსა და იმავე წრებრუნვას ასრულებს, მაგრამ, ამასთანავე, შვიდი შინაგანი წრე ნელა ბრუნავს მთელი კვირისტავის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით. ყველაზე სწრაფად მოძრაობს მერვე წრე; მეორე ადგილზეა თანაბარი სისწრაფით მოძრავი მეშვიდე, მეექვსე და მეხუთე წრე; მესამეზე, ეტყობოდა, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მეოთხე წრე; მეოთხე ადგილზე მესამე წრეა, მეხუთეზე კი – მეორე. თვით თითისტარი კი ანანკეს კალთაში ბრუნავს.       თვითეულ წრეზე ფეხმორთხმით ზის თითო სირენა; მათთან ერთად ბრუნვისას ყოველი მათგანი ერთი და იმავე სიმაღლის მხოლოდ ერთ ბგერას გამოსცემს, და ეს რვა ბგერა ჰარმონიულ თანახმიერებად ერწყმის ერთმანეთს. სირენების ირგვლივ, მათგან თანაბრად დაშორებულ სამ ტახტზე სამი სხვა არსება ზის. ესენი მოირები არიან, ანანკეს ასულნი – ლახესისი, კლოთო და ატროპოსი; სამივეს სპეტაკი სამოსი მოსავს და შუბლს გვირგვინი უმკობს. სირენებთან ხმაშეწყობით ლახესისი უმღერის წარსულს, კლოთო – აწმყოს, ატროპოსი კი – მომავალს. კლოთო დროდადრო მარჯვენა ხელს წაჰკრავს კვირისტავის გარეთა წრეს, რათა თანაბრად იბრუნოს, ატროპოსი მარცხენა ხელით ასევე აბრუნებს შინაგან წრეებს, ლახესისი კი რიგრიგობით ეხება ხელით ერთსაც და მეორეთაც.       იქ მისვლის შემდეგ სულები დაუყოვნებლივ უნდა ხლებოდნენ ლახესისს. ერთმა წინასწარმეტყველმა მწყობრად დარაზმა ისინი, მერე ლახესისის კალთიდან აიღო ყოველგვარი ხვედრი და სიცოცხლის ნიმუში, მაღალ ფიცარნაგზე შედგა და თქვა: «ანანკეს ასულის, ქალღმერთ ლახესისის სიტყვა: ეფემერულო სულებო! აი, მოკვდავთა მოდგმისათვის სასიკვდილო მეორე მოქცევის დასაბამი. თქვენ კი არ აგირჩევთ წილისყრით თქვენი დემონი, თქვენ თვითონ უნდა აირჩიოთ იგი. ვინც პირველი იქნება წილისყრის შედეგად, პირველი აირჩევს იმ სიცოცხლესაც, რომლითაც უნდა იცოცხლოს აუცილებლობის ძალით. სიქველე ვისიმე ხვედრი როდია: თვითეული თქვენგანი, მეტად თუ ნაკლებად, იმის მიხედვით ეზიარება სიქველეს, პატივს სცემს თუ ზიზღით უყურებს მას. პასუხი თვით ამრჩევს მოეკითხება: ღმერთს როდი მიუძღვის ბრალი».       ეს რომ თქვა, წინასწარმეტყველმა ყველას უყარა წილი, და თვითეულმა, ერის გარდა, ის წილი აიღო, რომელიც მის ახლოს დავარდა: ერს კი ამის ნება არ ჰქონდა. ვინც აიღო, ყველასათვის ცხადი შეიქნა, მერამდენე იყო წილისყრით. ამის შემდეგ წინასწარმეტყველმა ყველას წინაშე მიწაზე გაშალა სიცოცხლის ნიმუშები, რომელთა რიცხვიც გაცილებით მეტი იყო, ვიდრე იქ მყოფი სულებისა. აქ ნახავდით მათ ურიცხვ სხვადასხვაობას: როგორც ცხოველური, ისე ადამიანური სიცოცხლის ყველა შესაძლო სახეს. მათ შორის შეხვდებოდით ტირანებსაც, რომელთაგანაც ზოგიერთის მმართველობა სიკვდილამდე გრძელდებოდა, ზოგისა კი შუა გზაზე წყდებოდა და სიღატაკით, განდევნითა და სიგლახაკით მთავრდებოდა. აქ იყო იმ კაცთა სიცოცხლის ნიმუშები, რომელთაც სახელი მოეხვეჭათ თავიანთი გარეგნობით, სილამაზითა და მძლეთამძლეობით, ისევე, როგორც კეთილშობილებითა თუ წინაპართა სიქველით. შესაბამისად, აქვე იყო უჩინო კაცთა, აგრეთვე ქალთა სიცოცხლის მრავალი სხვადასხვა ნიმუში. აქ ერთმანეთში ალუფხულიყო სიმდიდრე და სიღატაკე, სნეულება და ჯანმრთელობა, აგრეთვე შუალედური მდგომარეობანი.       ადამიანს, ჩემო ძვირფასო გლავკონ, აქ ემუქრება ყველაზე დიდი საფრთხე, ამიტომ თვითეულმა ჩვენგანმა ყველაფერი განზე უნდა გადადოს და, უწინარეს ყოვლისა, იქითკენ მიმართოს მცდელობა, რომ შეძლებისდაგვარად შეიცნოს ეს. იქნებ მიაკვლიოს ადამიანს, რომელიც ასწავლიდა და შეაძლებინებდა ერთმანეთისაგან გაერჩია ცხოვრების უკეთესი და უკეთური წესი, ხოლო იმ შესაძლებლობათაგან, ბედი რომ არგუნებდა წილად, ყველგან და ყოველთვის ამოერჩია უმჯობესი. ამასთანავე, გაეთვალისწინებინა, რა ზემოქმედებას ახდენს სიქველეზე, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ყოველივე ის, რაზედაც ზემოთ ვილაპარაკეთ, თავისი თავმოყრისა თუ განმხოლოების წყალობით, რათა, ამრიგად, წინასწარვე ეხილა სიკეთე და ბოროტება, რასაც იწვევს მშვენიერების შერწყმა სიმდიდრესა თუ სიღარიბესთან, სულის გარკვეული განწყობილების თანხლებით, და, იმავდროულად, შეეცნო, რას ნიშნავს კეთილშობილური თუ მდაბიური წარმომავლობა, პირადი ცხოვრება თუ სახელმწიფო საქმიანობა, ძლიერება თუ უძლურება, ნიჭიერება თუ უნიჭობა, ან ბუნებით თანდაყოლილი თუ შეძენილი თვისებები სულისა. ყოველივე ამის შეჯერებითა და სულის ბუნების გათვალისწინებით, ადამიანს შეუძლია არჩევანი მოახდინოს ცხოვრების უკეთეს და უკეთურ წესს შორის: უკეთურად ის მიიჩნევს ცხოვრების იმნაირ წესს, რომელსაც იქამდე მივყავართ, რომ სული უსამართლო ხდება, უკეთესად კი – იმას, რომელიც სულს უფრო სამართლიანს ხდის, ყოველივე დანარჩენს კი არას დაგიდევთ. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც ესაა ადმიანის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი. ჰადესში ფოლადივით მტკიცე რწმენით უნდა ჩახვიდე, რომ ვერც სიმდიდრემ თუ სხვა მისთანა საცთურმა, ვერც ტირანად თუ დესპოტად ქცევის სურვილმა დაგივსოს თვალი, რათა ურიცხვი საზარელი უბედურება არ დაატეხო თავზე ხალხს და არც შენ თვითონ დაითმინო კიდევ უფრო დიდი ბოროტება. ყოველთვის უნდა გაურბოდე ორსავე უკიდურესობას და შეგეძლოს საშუალო გზის არჩევა, როგორც ამ ქვეყნად, ისე საუკუნო სოფლადაც, რადგანაც ესაა ადამიანის ყველაზე დიდი ბედნიერება.       საიქიოდან მოსული მაცნის თანახმად, წინასწარმეტყველს წილისყრისას ესეც უთქვამს: «თვით სულ ბოლოს მოსულსაც კი, თუ მკაცრად და ჭკვიანურად ახდენს არჩევანს, შეუძლია ამოირჩიოს არცთუ ურიგო და სასიამოვნო სიცოცხლე. ვინც ყველაზე უმალ ირჩევს, ყურადღებით იყოს, ბოლოს ამრჩევი კი ნუ დაკარგავს მხნეობას».       ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე – ამბობდა ერი, – მოვიდა ის, ვისაც წილისყრამ პირველობა არგუნა, და დიდი ტირანის სიცოცხლე ირჩია; თავისი უგუნურებისა და უძღები სიხარბის გამო მოახდინა ეს არჩევანი და არც კი დაჰფიქრებია, რა საშინელი შედეგი მოჰყვებოდა ამას: განგების ნებით საკუთარი შვილები უნდა შთაენთქა და ბევრი სხვა ბოროტებაც ჩაედინა. მაგრამ შემდეგ, როცა დაფიქრდა, მკერდს მჯიღი იკრა და მწარედ დაიტირა თავისი ხვედრი, წინასწარმეტყველის გაფრთხილების მიუხედავად რომ აირჩია; მაგრამ ამაში თავის თავს კი არ სდებდა ბრალს, არამედ ბედისწერას, ღვთაებებს, მოკლედ, ყველაფერს, გარდა საკუთარი თავისა. არადა, ის ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ზეციდან ჩამოვიდა, და თავისი წინა სიცოცხლე სრულყოფილი წყობილების მქონე სახელმწიფოში გალია. თუმცა მისი სიქველე მხოლოდ ჩვეულებით იყო განპირობებული და არა სიბრძნის სიყვარულით. შეიძლება ითქვას, რომ ზეციდან ჩამოსულთა შორის ცოტა როდი იყო ისეთი სული, ვინც ამ ანკესს წამოეგო, რადგანაც ისინი ჭირთათმენაში როდი იყვნენ გამობრძმედილნი. და პირიქით, მიწის წიაღიდან ამოსულთა უმრავლესობა ნაჩქარევად როდი ახდენდა არჩევანს: მათ ხომ ისედაც უამრავი უბედურება ჰქონდათ გადატანილი და უამრავი უბედურებაც ენახათ. ამიტომ და წილისყრისათვის ნიშნეული შემთხვევითობის გამოც ბევრი სული უარესზე ცვლიდა უკეთეს ხვედრს და პირიქით. თუ ყოველთვის, როცა ადამიანი ამ ქვეყნად მოდის, ის საღად აზროვნებდა და ბედმაც ისე ინება, რომ უკანასკნელთა შორის არ ეყარა წილი, მაშინ, როგორც იმ ქვეყნიდან გვაუწყებენ, მარტო მისი ამქვეყნიური ცხოვრება კი არ იქნება ბედნიერი, არამედ მისი გზაც – ამ წუთისოფლიდან საუკუნო სოფლად და პირუკუ – ნარეკლიან მიწისქვეშეთში კი არ გაივლის, არამედ ზეცის ჰაეროვან სიანკარეში.       სანახავად ღირდა, – დასძენდა ერი, – როგორ ირჩევდნენ სულები თავიანთ ხვედრს. ამის ყურება საცოდაობაც იყო, სასაცილოც და საოცარიც. არჩევანი უპირატესად წინა სიცოცხლის ჩვეულებებით იყო განპირობებული. ერმა იხილა, როგორ ირჩია იმისმა სულმა, ვინც ოდესღაც ორფევსი იყო, გედის სიცოცხლე, ქალთა მოდგმისადმი სიძულვილის გამო: რაკი მათ მოუსწრაფეს სიცოცხლე, აღარ ისურვა ქალის საშოდან შობილიყო. იქვე იხილა თამირისის სულაც, რომელმაც ბულბულის სიცოცხლე ირჩია. სამაგიეროდ გედმა და ზოგიერთმა სხვა ფრინველმა ამჯობინა ადამიანად განსხეულებულიყო. სულმა, რომელიც მეოცე იყო წილისყრით, ლომის სიცოცხლე ირჩია: ეს აიაქსი იყო, ტელამონის ძე, რომელსაც აღარ სურდა ადამიანად ქცევა, რადგანაც არ დავიწყნოდა აბჯრის მინიჭების ამბავი. შემდეგი სული აგამემნონისა იყო, ოდესღაც თავს დატეხილი უბედურების გამო საშინლად რომ სძულდა კაცთა მოდგმა და ამიტომაც ისურვა არწივად ქცეულიყო. ამასობაში ატალანტას ჯერმაც მოაწია, რომელსაც წილისყრამ შუათანებს შორის არგუნა ადგილი; რაკიღა იცოდა, რა დიდ პატივსაც მიაგებენ ათლეტებს, ვერ შესძლო გვერდი აევლო მათთვის და სწორედ ეს ხვედრი ირჩია. ამის შემდეგ ერმა იხილა ეპეიოსის, პანოპევსის ძის სული, ხელოსნობაში გაწაფული ქალის ბუნებას რომ იმოსავდა. სადღაც შორს, წილისყრის უკანასკნელ მონაწილეთა შორის, თვალი მოჰკრა ტაკიმასხარა თერსიტეს სულსაც, მაიმუნის სხეული რომ შეიმოსა. წილისყრას სულ ბოლო ადგილი ერგუნებინა ოდისევსის სულისათვის, რომელსაც კარგად ახსოვდა უწინდელი ტანჯვა-წამება, ამიტომაც უარეყო თავისი პატივმოყვარეობა და გაფაციცებით დაეძებდა საქვეყნო საქმეებს გარიდებული უბრალო მოკვდავის სიცოცხლეს; ბოლოს, როგორც იქნა, მიაგნო, ყველას მიერ დაწუნებულს, ოდისევსის სულმა კი დანახვისთანავე ირჩია ის და თქვა, წილისყრით პირველს რომ მრგებოდა არჩევანის უფლება, მაინც ასე მოვიქცეოდიო. მხეცების სულები ზუსტად ასევე გადადიოდნენ ადამიანებშიც და ერთმანეთშიაც; უსამართლონი მძვინვარეთა ბუნებას იმოსავდნენ, სამართლიანნი კი – თვინიერთა ბუნებას. მოკლედ, ერი ათასნაირი ცვალებადობის მოწმე იყო.       მას შემდეგ, რაც ყველა სულმა აირჩია თავისი ხვედრი, ისინი წილისყრით დადგენილი რიგის მიხედვით მიდიოდნენ ლახესისთან. ვისაც რომელი დემონი აერჩია, მოირა სწორედ მას აძლევდა თვითეულ მათგანს მფარველად და არჩეული ხვედრის აღმასრულებლად. ამ მცველს და მფარველს, უწინარეს ყოვლისა, კლოთოსთან მიჰყავდა სული, რათა მისი ხელისა და მისივე სწრაფად მბრუნავი თითისტრის ქვეშ გაეტარებინა იგი, რითაც ამტკიცებდა სულის მიერ არჩეულ ხვედრს. კლოთოსთან შეხების შემდეგ მცველი ატროპოსის საქსოვისკენ მიუძღოდა მას, რათა საბოლოოდ განესაზღვრა კლოთოს მიერ დართული სიცოცხლის ძაფი.       იქიდან სული უკუმოუქცევლად უახლოვდება ანანკეს ტახტს, მის ქვეშ გაივლის და მეორე მხარეს გადის. როცა ყველა სული თავს მოიყრის მეორე მხარეს, ისინი საშინელ სიცხესა და ხვატში მიემართებიან ლეთეს ველისაკენ, სადაც ვერცერთ ხესა თუ სხვა მცენარეს ვერ მოჰკრავთ თვალს. შეღამებისას სულები მდინარე ამელეტოსის პირას ივანებენ. ვერცერთი ჭურჭელი ამ მდინარის წყალს ვერ იჭერს. გარკვეული რაოდენობით ყველა სულმა უნდა შესვას ამელეტოსის წყალი, მაგრამ ვინც თავს ვერ იკავებს და უზომოსა სვამს, ყველაფერი ავიწყდება. ყველამ დაიძინა, მაგრამ შუაღამისას საშინლად იგრგვინა და მიწაც იძრა. უცებ ყველანი გრიგალმა აიტაცა ცაში, სხვადასხვა მხარეს მიმოფანტა, სადაც უნდა შობილიყვნენ ისინი, და სულები ვარსკვლავებივით აკიაფდნენ ცის თაღზე. ერს კი ამ წყლის შესმის ნება არ მისცეს. აღარ ახსოვდა, როგორ დაუბრუნდა მისი სული სხეულს. ანაზდეულად გამოფხიზლდა განთიადისას და დაინახა, რომ კოცონზე იწვა.       ასე გადარჩა, გლავკონ, ეს მითი და არ დაიღუპა. თუ ვერწმუნებით, ჩვენც გვიხსნის; ლეთესაც ადვილად გადავლახავთ და არც უწმინდურებით წავიბილწავთ სულს. მერწმუნეთ, სული უკვდავია და უნარი შესწევს აიტანოს ყოველგვარი სიკეთე და ყოველგვარი ბოროტება; თუ ყოველთვის აღმავალი გზით ვივლით, განუხრელად აღვასრულებთ სამართლიანობას და ყურს მივუგდებთ გონების ხმას, რათა, ვიდრე აქა ვართ, ერთმანეთს ვმეგობრობდეთ და გვიყვარდეს ღმერთი. ასე მოვიმკით სამართლიანობის საზღაურს, როგორც ასპარეზობაში გამარჯვებულნი, რომლებსაც უშურველად უძღვნიან ჯილდოს, და ბედნიერი ვიქნებით როგორც ამ ქვეყნად, ისე იმ ათასწლოვან მოგზაურობაშიაც, ზემოთ რომ აღვწერეთ. ◄ წინა ნაწილი შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება პლატონის ამ დიალოგის (სახელწმიფო) მეათე წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური.…
დაამატა ლაშა to ფილოსოფია at 2:14pm on დეკემბერი 30, 2016
თემა: დღე ხვალინდელი დილის გარეშე
ორემ ამ დრამის კვანძის გახსნა მთლად გასაგები არ იქნება.    ქალაქ ფუჟერის ნაწილი ფიქლის კლდეზეა შეფენილი, თითქოს ქედებს მოწყვეტილი, დასავლეთით კუენონის ვრცელ ველს რომ კეტავს - სხვადასხვა სახელიც ჰქვიათ, ადგილმდებარეობის მიხედვით. აქეთ ფუჟერი მთებისგან ღრმა ხეობით არის გამოყოფილი, სადაც პატარა მდინარე ნანსონი მიედინება. მაგრამ ამ კლდეზე ისეთი ადგილიც არის, საიდანაც შეიძლება თვალი ჰკიდოთ კუენონის ველის რკალის ნაწილს და ყველა ლამაზ ხვეულს, ალანსონის პატარა ველიდან რომ ემიჯნება. ეს ფუჟერელების უსაყვარლესი სასეირნო ადგილია, ბულვარი, საითაც მადმუაზელ დე ვერნეი გაემართა და რომელიც სწორედ ის თეატრი აღმოჩნდა, სადაც ვივეტიერში დაწყებული დრამის დასასრული გათამაშდა. ამიტომ, შეიძლება ქალაქის დანარჩენი ნაწილები უფრო ლამაზია, მაგრამ ჩვენ ყურადღებას მხოლოდ იმ არემარეზე, იმ მიდამოზე შევაჩერებთ, ქალაქის ბულვარიდან რომ ჩანს.    წარმოდგენა რომ გქონდეთ, როგორია ამ მხრიდან ფუჟერის კლდე, შეიძლება შევადაროთ სარკინოზების მიერ აგებულ ერთ-ერთ უზარმაზარ კოშკს, რომლის ირგვლივაც ხუროთმოძღვარმა ხვეული კიბით ერთმანეთთან შეერთებული განიერი აივნები ააგო საფეხურებად. სინამდვილეში კლდე მთავრდება გოთიკური ტაძრით, რომელიც ეკლესიის წვრილი შპილეებით, სამრეკლოთი და კონტრფორსებით ზუსტად შაქრის თავს ემსგავსება. სენ-ლეონარის ძველი ეკლესიის პორტალის წინ პატარა, არასწორი მოხაზულობის მოედანია, ჩამოქცევისგან ბალუსტრადიანი კედელი რომ იცავს - იქიდან კი დამრეცი გზა ჩადის ბულვარისკენ - თვითონ ესპლანადა - ხეებჩარიგებული მიწის ფართო ზოლი, მეორე ლავგარდანივით რომ გასდევს კლდეს ირგვლივ, სენ-ლეონარის მოედნიდან რამდენიმე ტუაზით ქვემოთ არის და ქალაქის გალავანს უერთდება. კლდეებსა და კლდის შვერილებზე ათი ტუაზით დაბლა, ეს ტერასა რომ ებჯინება, ტერასაა, რომელიც ფიქლის ქანების ხელსაყრელი განლაგებითა და ადამიანის დაუღალავი შრომით გაჩნდა, მოიკლაკნება დედოფლის - ანა ბრეტონელის კიბე - მდინარე ნანსონზე გადებული ხიდისკენ ჩასასვლელი, ანა ბრეტონელმა რომ ააშენა. ეს გზა მესამე კარნიზია, მის ქვეშ კი, მდინარის საფეხურებივით, ტერასებად ეშვება ყვავილებით მორთული ბაღები. ბულვარის პარალელურად, მდინარის გასწვრივ გაჭიმულია მაღალი კლდეების ჯაჭვი, სენ-სიულპისის მთები რომ ჰქვია, იმ გარეუბნის სახელის მიხედვით, რომლის უკანაც არის აღმართული. ეს კლდეები თანდათან დაბლდება, დამრეცად ეშვება კუენონის განიერი ველისკენ და მკვეთრად უხვევს ჩრდილოეთისკენ, შორიდან გეგონება ეს ციცაბო, ველური და პირქუში კლდეები ფიქლის შვერილებს უერთდებაო, ბულვარი რომ ებჯინება. ხანდახან ბულვარს თოფის ერთი გასროლის მანძილით სცდება. კლდეები ჩრდილოეთის ქარებისაგან იცავს ასი ტუაზის სიღრმის ვიწრო ხეობას, სადაც ნანსონი სამ ტოტად იყოფა და რწყავს მდელოს, სადაც ლამაზად მიმოფანტულა ხეები და ნაგებობები. სამხრეთისაკენ, იქ, სადაც ქალაქი მთავრდება და სენ-ლეონარის გარეუბანი იწყება, ფუჟერის კლდე ნაკეცივით უხვევს, მისი მკვეთრი კონტურები რბილდება, დაბლდება და, ნინსონის გაყოლებით, კუენონის განიერი დაბლობისკენ უხვევს, რითაც მას სენ-სიულპისის მთებისკენ ტოვებს და ქმნის ხეობას, საიდანაც მდინარე ორ აქაფებულ ნაკადულად გამოვარდება, მიხტის კუენონისკენ და დაბლობზე უერთდება კიდევაც მას. მთელ ამ ლამაზ კლდოვან ბორცვებს საერთო სახელი აქვს, ეკლიანი ბუდე, ხოლო ველს, მათ რომ ებჯინება, ჟიბარის ღარტაფს ეძახიან, მისი ნოყიერი საძოვრებიდან მიიღება უმეტესი ნაწილი კარაქისა, გურმანები „მდელობისას“ რომ ეძახიან - „Pree - Valaye“. იმ ადგილას, სადაც ბულვარი ქალაქის სიმაგრეს უერთდება, აღმართულია კოშკი, „თუთიყუშის კოშკად“ წოდებული. ოთხკუთხედი ნაგებობით დაწყებული, რომელზეც ის სახლი იყო აშენებული, მადმუაზელ დე ვერნეი რომ დასახლდა, აღმართულია კედელი, თუ კედელივით შვეული კლდე და ქალაქის ნაწილი, ამ მაღალ, მიუდგომელ პიედესტალზე განლაგებული განიერი ნახევარმთვარის ფორმისა, რომლის ბოლოშიც კლდეები დაბლდება, იშლება და გზას უთმობს ნანსონს. აქვეა სენ-სიულპისის კარიბჭე, მის იქით კი იმავე წმინდანის სახელის მქონე გარეუბანი. უფრო იქით, გრანიტის მომრგვალებულ ბორცვზე, სამ ხევს რომ გადმოჰყურებს, სადაც სამი გზა იყრის თავს, ჩანს სათოფურებიანი, ქონგურებიანი კლდეები და ფუჟერის ციხის ფეოდალური კოშკები, ბრეტანელი ჰერცოგების ერთ-ერთი ყველაზე გიგანტური ნაგებობა: კლდეების სიმაღლე - ორმოცდაათი ტუაზი, სისქე კი - თხუთმეტი ტუაზი. აღმოსავლეთის მხრიდან ციხე-კოშკს ემიჯნება ტბა, საიდა-ნაც ნანსონი გამოედინება, ციხე-სიმაგრის თხრილებს რომ ავსებს წყლით და სენ-სიულპისის კარიბჭესა და ციხის ასაწევ ხიდებს შორის წყლის წისქვილის ბორბლებს ატრიალებს. დასავლეთის მხარეს ციხე დაცულია გრანიტის ფრიალო კლდით. ბულვარიდან შუა საუკუნეების სუროს მწვანე საფარიან ამ დიდებულ ნაშთამდე ოთხკუთხა თუ მრგვალი იმდენი კოშკი ადგას, რომ მთელი პოლკი შეიძლება განთავსდეს, ციხე-სიმაგრე, ქალაქი და კლდე დაცული სიმაგრის სქელი კლდეებით ან კლდის ციცაბო ფლატეებით განიერი ნალივით არის განლაგებული და უფსკრულები აკრავს, რომლის ნაპირზეც ბრეტონელებმა რამდენიმე ბილიკი გაკვალეს. აქა-იქ არქიტექტურული ორნამენტებივით ამოშვერილია გრანიტის ლოდები, ზოგან წყალი მოჟონავს და უძლური ხეებიც ამოსულა. მოშორებით უფრო დამრეცი გრანიტის ფერდობები ბალახსაც კვებავენ, თხებს რომ მიიზიდავენ და ყველგან, ნესტიანი ნაპრალებიდან ამოყრილა ერიკა, ვარდისფერ გირლანდებად რომ მოსდებია მუქი კლდეების ხვეულებს. ციხე-კოშკის ძირში, ამ უზარმაზარი ძაბრის სიღრმეში, რბილი ხალიჩასავით რომ ფარავს მწვანე მდელო, პატარა მდინარე მიიკლაკნება. გრანიტის კლდეებს შორის აღმართულია სენ-სიულპისის ეკლესია, რომლის სახელიც ჰქვია გარეუბანს, მდინარე ნანსონის გაღმა რომ გადაშლილა. გარეუბანი კი, ლამაზად რომ ეკვრის ნანსონის შენაკადები, ხეებით დაჩრდილულა, ხეხილით მორთული, თითქოს უფსკრულში ჩაუგდიათო და მისი ეკლესიის წვეტიანი სამრეკლოს შპილი ვერ სწვდება მახლობელი კლდეების სიმაღლეს, რომლებიც, გეგონება, ეკლესიაზე და მის ირგვლივ ქოხმახებზე უნდა ჩამოიქცესო. ეს დასახლება უთანასწორო ნაწილებად ჰყოფს ბულვარით, ქალაქითა და ციხე-სიმაგრით შემოსაზღვრულ ნახევარმთავრეს და უპირისპირდება მთების ამფითეატრის მკაცრ სურათს. დაბოლოს, მთელი ფუჟერი, მისი გარეუბნები, ეკლესიები და სენ-სიულპისის მთები ჩარჩოსავითაა გარშემორტყმული რიიეს სიმაღლეებით, რომელიც იმ მთათა ჯაჭვის ნაწილს წარმოადგენს, კუენონის გადაშლილ ველს რომ ზღუდავს.ასეთია ბუნება ამ მხარეში. მისი მთავარი ნიშანი ველური სიმკაცრეა, რომელსაც არბილებს ხალისიანი ხედები, არაჩვეულებრივი შეხამება ადამიანის შრომით შექმნილი შესანიშნავი ნაგებობებისა და მიწის ოღროჩოღრო ზედაპირისა, უჩვეულო, მოულოდნელი დაპირისპირებულობა გაკვირვებთ, გაოცებთ, გაოგნებთ. საფრანგეთის ვერც ერთ ნაწილში მოგზაური ვერ შეხვდება ისეთ გრანდიოზულ კონტრასტებს, როგორიც კუენონის ამ ვრცელ აუზში და ველებზეა, ფუჟერის კლდეებსა და რიიეს მაღლობებს შორის რომ ჩაკარგულან. აუწერელი სილამაზეა, რადგან აქ შემთხვევა ზეობს და თანაც აღსავსეა ბუნებრივი ჰარმონიით. აქ არის კამკამა, გამჭვირვალე წყლები და ბრეტანის ხშირი მცენარეულით დაფარული მთები, პირქუში ფრიალო კლდეები და კოხტა ეკლესიები, ბუნების ხელით შექმნილი სიმაგრეები და ადამიანის ნახელავი გრანიტის კოშკები, შუქისა და ჩრდილის მიმზიდველი თამაში, ფოთოლთა შეფერილობის კონტრასტული მრავალფეროვნება, ასე რომ აფასებენ ფერმწერები. ჯგუფ-ჯგუფად მდგომი სახლები, სადაც შრომისმოყვარე ადამიანები ფუსფუსებენ და უკაცრიელი სიმაღლეები, სადაც გრანიტი თეთრ ხავსსაც კი არ იკარებს, ქვებს რომ ებღაუჭება. მოკლედ, აქ თავმოყრილია ყველაფერი, რასაც პეიზაჟისგან მოვითხოვთ: გრაცია და პირქუში ძალა, პოეზია, ახალ-ახალი გრძნებითა და ჯადოთი, დიდებული სურათებითა და სოფლური სისადავის ხიბლით. ბრეტანი აქ მთელი თავისი მშვენიერებით წარმოგიდგებათ. საძირკველი „თუთიყუშის კოშკად“ წოდებული კოშკისა, რომელზეც მადმუაზელ დე ვერნეის სახლია აგებული, უფსკრულის ძირამდე ჩადის, ზემოთ კი ესპლანადე სენ-ლეონარის ეკლესიის წინ ლავგარდანივით იშლება. ამ სახლიდან, სამი მხრიდან იზოლირებული რომ არის სხვა საცხოვრებლებისგან, ნალივით გადაშლილი მთელი ქალაქის დანახვა შეიძლება, კოშკიდან რომ იწყება, ნანსონის დაკლაკნილი ველისა და სენ-ლეონარის მოედნის ჩათვლით. ის შედის ხის სახლების იმ რიგში, სამას წელს რომ ითვლის, ეკლესიის ჩრდილი კედლის პარალელურადაა გადაჭიმული და მასთან ჩიხს ქმნის, რომელიც დამრეც ქუჩაზე, ეკლესიიდან სენ-ლეონარის ჭიშკრამდე გადის. სწორედ ამ გზით მიდიოდა მადმუაზელ დე ვერნეი.    რასაკვირველია, მარის არც უფიქრია ეკლესიის მოედნისკენ წასვლა, ქვემოთ ჩაუხვია, ბულვარისკენ. როგორც კი გასცდა დაბალ, მწვანე შლაგბაუმს, იმხანად სენ-ლეონარის ჭიშკართან კოშკში განთავსებულ საგუშაგოსთან რომ იყო მოწყობილი, მის წინ ისეთი დიდებული სანახაობა გადაიშალა, რომ წამით გაანელა მისი ვნებათაღელვა. თვალი ვერ მოსწყვიტა კუენონის ველის უკიდეგანო რკალს, პელერინის მთიდან იმ ზეგნამდე, ვიტრეს გზა რომ გადის. მერე მზერა ეკლიან ბუდესა და ჟიბარის დაკლაკნილ დაბალ ველიანზე შეაჩერა, რომლის ირგვლივაც მთათა თხემებს ჩამავალი მზის დაბინდული შუქი ანათებდა. ნანსონის ველის სიღრმემ გააკვირვა. ყველაზე მაღალი ალვის ხეები ძლივს სწვდებოდნენ დედოფლის კიბის ქვემოთ ხეხილის ბაღების კედლებს. მარი გაოცებას ვერ მალავდა ახალ-ახალი ხედების აღმოჩენით. ბულვარზე იმ ადგილამდე მივიდა, საიდანაც ჩანდა კუენონის დიდი ველი, ჟიბარის ღარტაფის გადაღმა და მშვენიერი პეიზაჟი, ქალაქის ნალისებური ფორმით, სენ-სიულპისის კლდეებით და რიიეს მაღლობებით შემოფარგლული. მწუხრის პირზე გარეუბნებისა და ველის სახლებიდან ამოსული ბოლი ღრუბლად იშლებოდა და ყველაფერი ბუნდოვნად ჩანდა ამ მოცისფრო გამჭვირვალე ბალდახინის ქვეშ. დღის კაშკაშა ფერები მქრქალდებოდა, ცას მონაცრისფრო მარგალიტისფერი დაედო. მთვარის შუქი მოეფინა მშვენიერ უფსკრულს. მოკლედ, ყველაფერი საოცნებოდ განაწყობდა და ძვირფას არსებებს ახსენებდა. უცებ სენ-სიულპისის გარეუბნის ხის სახურავებმა, ეკლესიამ ველის მუქ სიღრმეში ჩაკარგული შპილით, საუკუნოვანმა სურომ და თეთრმა უსურვაზმა, ძველისძველი ციხე-კოშკის კედლებს რომ შეჰფენოდა, წყლის წისქვილის ბორბლებქვეშ აქაფებული ნანსენის შორიახლო, პეიზაჟის ყველა წვრილმანმა ინტერესი დაკარგა. ამაოდ აფრქვევდა მზე ოქროს მტვერს და მეწამული ნისლიც ტყუილად გადააფარა კლდეებს შორის მიმობნეულ თვალწარმტაც ქოხებს, მდელოებსა და წყალს. უძრავად იდგა და თვალს ვერ აშორებდა სენ-სიულპისის მთებს. სასწაულმა აუსრულა წარმოუდგენელი იმედი, რომელმაც ბულვარზე მიიყვანა. ძეძვისა და კურდღლისცოცხას ბუჩქებს მიღმა, მთის წვერებს რომ ფარავდა, ზუსტად თავის პირისპირ, რამდენიმე ადამიანი შეამჩნია და, მიუხედავად თხის ტყავის სამოსისა, იცნო ვივეტიერში ნანახი სტუმრები, მათ შორის აშკარად გამოარჩია ვაჟკაცი: სულ მცირე მოძრაობასაც კი ამჩნევდა ჩამავალი მზის სინათლეში. მთავარი ჯგუფის უკან კი ყველაზე საშიში მოძულე - მადამ დიუ გა. ჯერ სიზმარი ეგონა, მაგრამ მეტოქის სიძულვილმა თვალები აუხილა, ყველა ცოცხალი იყო ამ სიზმარში. სანამ დიდი ყურადღებით აკვირდებოდა მარკიზის მოძრაობას, ვერ შენიშნა, რომ მადამ დიუ გა გულდაგულ უმიზნებდა გრძელი თოფის ლულას. უცაბედმა გასროლამ მთებში ექო გააღვიძა და მარისთან სულ ახლოს გაზუზუნებულმა ტყვიამ დაუმტკიცა მეტოქის სიზუსტე. - თავისი სავიზიტო ბარათი გამომიგზავნა, - გაეღიმა მარის. იმწამსვე გაისმა მრავალხმიანი შეძახილი „ვინ მოდის?“ გუშაგმა გუშაგს გასძახა, ციხე-კოშკიდან სენ-ლეონარის კარიბჭემდე, რითაც შუანებს აგრძნობინეს ფუჟერის მცხოვრებთა სიფხიზლე, ასე კარგად რომ იცავენ ქალაქის სიმაგრის ყველაზე ნაკლებად საშიშ ადგილსაც კი. „ეს ის ქალია, ეს - ეს ის არის“ - გაიფიქრა მარიმ. ელვისუსწრაფესად გაუჩნდა სურვილი, მარკიზის კვალს მიჰყოლოდა და ანაზდეულად ჩაეგდო ხელში. - იარაღი რომ არ მაქვს? - წამოიძახა.    გაახსენდა, რომ პარიზიდან წამოსვლისას ქუდის მუყაოს ყუთში ჩააგდო რომელიღაც სულთნის ცოლის ნაქონი პატარა კოხტა სატევარი. მაგრამ მაშინ ვინმეს სისხლის დაღვრის პერსპექტივა იმდენად არ ხიბლავდა, რამდენადაც ეს ნატიფი ნივთი მოსწონდა. ხანჯალი ძვირფასი ქვებით მოოჭვილი და პრიალა პირიანი იყო, სამი დღის წინ, როცა თავის მოკვლა უნდოდა, საშინლად ინანა, იარაღი მუყაოს ყუთში რომ დატოვა. ახლა სასწრაფოდ დაბრუნდა სახლში, მოძებნა ხანჯალი, გაირჭო ქამარში, მოიხვია გრძელი შალი, მაქმანით აიწია თმა, დაიხურა მისი სახლის ერთ-ერთი მსახურის ფართოფარფლებიანი შუანური ქუდი, იმ გამჭრიახობით, ზოგჯერ ჯინი რომ ბადებს ადამიანის გონებაში, დასტაცა ხელი მარკიზის ხელთათმანს, იარე-მიწაზემ რომ მისცა თავის დასაცავად, მერე გულგახეთქილ ფრანსინს უთხრა: „რას ვიზამ, მის საპოვნელად ჯოჯოხეთშიც კი წავიდოდიო,“ და ისევ ბულვარზე წავიდა. ვაჟკაცი ისევ იქ იდგა, ოღონდ მარტო. ჭოგრიტით ეტყობა ნანსონზე გადასასვლელ ფონს ეძებდა მეთაურის ზედმიწევნითი ყურადღებით, ათვალიერებდა დედოფლის კიბესა და იმ გზას, სენ-სიულპისის კარიბჭიდან ეკლესიისკენ რომ მიდის და რომ შეუხვევს, დიდ გზას უერთდება, რომელსაც დიდი ზარბაზნები იცავენ. მადმუაზელ დე ვერნეიმ ჩაირბინა მწყემსებისა და თხების გაკვალული ვიწრო ბილიკებით, გავიდა დედოფლის კიბეზე, ჩავიდა ხეობის ფსკერამდე, გავიდა ნანსონზე და გარეუბანზეც გადაიარა. როგორც ჩიტმა უდაბნოში, ინსტინქტურად იპოვა გზა სენ-სიულპისის კლდეების სახიფათო ფლატეებს შორის, მალე მიაღწია სრიალა გზას, გრანიტის საფეხურებს და, მიუხედავად კურდღლისცოცხასა და ძეძვის ეკლიანი ბუჩქებისა, ფეხქვეშ წვრილი, ჩხვლეტია კენჭებისა, დაქანებულ ფერდობზე ისე ენერგიულად დაიწყო ასვლა, კაცსაც რომ შეშურდება. მარის იმ დროს მოუსწრო ღამემ, როცა მწვერვალზე ავიდა და მთვარის მკრთალ შუქზე ცდილობდა, გამოეცნო, საით წავიდა მარკიზი. დაჟინებულ ძებნას ნაყოფი არ გამოუღია, ირგვლივ გამეფებული სიჩუმე კი მიუთითებდა, რომ შუანები და მათი წინამძღოლი გაუჩინარდნენ, მგზნებარე სწრაფვა მაშინვე გაქრა და გაიყოლა მისი იმედებიც.    უცნობ ადგილას მარტო დარჩენილმა მარიმ მსჯელობა დაიწყო, იულოს დარიგებები გაახსენდა, მადამ დიუ გას გასროლა და შიშისგან შეკრთა. ღამის სიჩუმეში, ასეთი ღრმა რომ არის მთებში, გრანიტზე დაცურებული ფოთლის შრიალიც კი ისმოდა. ეს მსუბუქი ხმაური აქ გამეფებულ მყუდროებასა და მდუმარებას უფრო უსვამდა ხაზს. ამოვარდნილი ქარი ღრუბლებს მიერეკებოდა, შუქ-ჩრდილის მონაცვლეობა ყველაზე უვნებელ საგნებსაც კი ფანტასტიკურ და მრისხანე იერს ანიჭებდა და მარის შიშს ამძაფრებდა. მზერა ფუჟერზე გადაიტანა, სადაც სახლებში სინათლე მიწიერი ვარსკვლავებივით ციმციმებდა და უცებ მკაფიოდ დაინახა თუთიყუშის კოშკი. საკმარისი იყო, სულ პატარა მანძილი გაევლო და სახლში იქნებოდა, მაგრამ ეს პატარა მანძილი უფსკრული იყო. მარის გაახსენდა, იმ ვიწრო ბილიკებიდან, სადაც გაიარა, როგორი უფსკრულები ჩანდა და მიხვდა, რომ ფუჟერში დაბრუნება უფრო სახიფათო იყო, ვიდრე გზის გაგრძელება. გაიფიქრა, რომ მარკიზის ხელთათმანი ყველა ხიფათს აარიდებდა ღამე სეირნობისას, თუნდაც შუანებს ქალაქის შემოგარენი ჰქონოდათ დაპყრობილი. მხოლოდ მადამ დიუ გას შიში უნდა ჰქონოდა. ამის გაფიქრებაზე, მარიმ ჩაბღუჯა ხანჯლის ვადა და გასწია წინ, ცდილობდა, იმ სახლის მიმართულებით ევლო, ხეებს შორის სახურავი რომ შეამჩნია, როცა სენ-სიულპისის კლდეებზე ავიდა. მაგრამ ნელა მიდიოდა, რადგან ჯერ არ იცოდა, რომ ღამის უკუნი დიდებულება თრგუნავს ველურ ბუნებაში მარტოსულ არსებას, სადაც ყველა მხრიდან მაღალი მთები თავდახრილი შეჯგუფებული გოლიათებივით დგანან. რამდენჯერმე შეკრთა ეკალზე გამოდებული საკუთარი კაბის შარიშურით, რამდენჯერმე ფეხს აუჩქარა, რამდენჯერმე შეანელა, ეგონა, აღსასრული მოვიდა, მაგრამ მალე საქმე ისე შეტრიალდა, რომ ყველაზე მამაცი მამაკაცებიც კი უკან დაიხევდნენ, მადმუაზელ დე ვერნეის კი თავზარი დაეცა - ის ელდა იყო, რომელიც იმდენად ჭიმავს სიცოცხლის ზამბარებს, რომ ადამიანში ყველაფერი ზღვრამდე მიდის, ძალაც და სისუსტეც. ყველაზე გაუბედავმა ადამიანმა შეიძლება გაუგონარი გმირობა ჩაიდინოს, ლომგულმა კი შიშისგან გონება დაკარგოს. იქვე ახლოს მარის უცნაური ხმები მოესმა, ხან ბუნდოვანი, ხან მკაფიო, ღამესავით, ხან უფრო ნათელი რომ იყო, ხან ბნელი; ეს ხმაური რაღაც შფოთვას, განგაშს ამჟღავნებდა, რომელიღაც ურდოს არეულ-დარეულ სვლას, ყურს უჭირდა გარჩევა; თითქოს მიწისქვეშეთიდან მოისმოდა. მიწა ზანზარებდა უთვალავი ადამიანის ფეხქვეშ. წამით მთვარემ გამოანათა და მადმუაზელ დე ვერნეიმ, რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით, დაინახა საშინელი ფიგურების გრძელი მწკრივი. მოქანაობდნენ, როგორც თავთავები ყანაში და მოჩვენებებივით მოსრიალებდნენ. მაგრამ, როგორც კი შეამჩნია, ისევ სიბნელე ჩამოწვა შავი ფარდასავით და თვალს მოეფარა ეს ავის მომასწავებელი სურათი და მოელვარე თვალები. მარიმ სწრაფად უკან დაიხია და ფერდობი აირბინა, სამი საშინელი ფიგურისგან თავის დასაღწევად, მას რომ უახლოვდებოდა. - დაინახე? - იკითხა ვიღაცამ. - არა, მხოლოდ ცივი ნიავი ვიგრძენი, გვერდში რომ ჩამიარა, - უპასუხა მეორე, ხრინწიანმა ხმამ. - მე კი ნესტისა და საფლავის სუნი ვიგრძენი, - თქვა მესამემ. - როგორია, თეთრი? - ისევ პირველის ხმა იყო. - არა, რატომ, მარტო ეს დაბრუნდა იმათგან, ვინც პელერინთან მოკვდა? - როგორ თუ რატომ? - საძმო საკრე-კერის ხალხს ყველა-ფერში შეღავათი აქვს და მაინც, იცი, მგონია, ჯობს მოუნანიე-ბელი მოკვდე, ვიდრე მაგასავით ღამე მოჩვენებასავით დაეხეტებოდე, უჭმელი, უსმელი, ძარღვებში უსისხლოდ, უხორცო. - უუჰ! ეს შეძახილი ან, უფრო ზუსტად, ღმუილი აღმოხდა სამივე შუანს, როცა ერთ-ერთმა მიუთითა ტანწერწეტა, გაფითრებულ მადმუაზელ დე ვერნეიზე, რომელიც წარმოუდგენელი სიჩქარით, უხმოდ მიჰქროდა ისე, რომ მისი ფეხის ხმაც არ ესმოდათ. - აი, ის! - აი, იქ! - სად? - იქ! - არა, აი, იქ! - წავიდა? - არა! - კი! ხედავ? ეს სიტყვები ზღვის ქვიშიან სანაპიროზე წყლის შხუილივით ისმოდა. მადმუაზელ დე ვერნეი თამამად მიაბიჯებდა სახლისკენ და ბუნდოვნად ხედავდა ხალხის ჯგროს, სხვადასხვა მხარეს რომ გარბოდნენ, როცა მათ უახლოვდებოდა და აშკარად პანიკური შიშით იყვნენ შეპყრობილი. მარის კი თითქოს რაღაც იდუმალი ძალა მიაქანებდა. თვითონაც ვერ ხვდებოდა, ასე რამ აამჩატა და შიში კიდევ უფრო უმძაფრდებოდა. გზად მის წინ, ხან აქ, ხან იქ ჩნდებოდნენ შავი ფიგურები, თითქოს იმ მიწიდან ამოიზრდებოდნენ ხოლმე, სადაც განისვენებდნენ და თან მათი არაადამიანური გოდება ესმოდა. ბოლოს, როგორც იქნა, გაჭირვებით მიაღწია დაცარიელებულ ბაღამდე. გუშაგმა გააჩერა, მარიმ ხელთათმანი აჩვენა. ამ დროს ღამემ გამოაშუქა და სახე გაუნათა. შუანს უკვე დამიზნებული თოფი ხელიდან გაეშვა, ხრინწიანი ყვირილი აღმოხდა, გუგუნივით რომ გადაუარა მინდვრებს. ბაღის სიღრმეში მარიმ დიდი ნაგებობა შენიშნა, რამდენიმე განათებული ფანჯრით, - რაც იმის ნიშანი იყო, რომ ცხოვრობდა ვიღაც. კედელთან ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მივიდა და შეიხედა. პირველ ფანჯარაში დაინახა მადამ დიუ გა და ვივეტიერში რომ იყვნენ, მეამბოხეთა ის მეთაურები. ამ სანახაობითა და საფრთხით შეძრწუნებული განზე გახტა, პატარა, სქელი რკინის გისოსებიანი სარკმლისკენ და გრძელ, თაღოვან დარბაზში მარკიზი დაინახა. მისგან ორ ნაბიჯზე, განმარტოებული, ნაღვლიანი. უხეშ სკამზე იჯდა კერასთან და მოწითალო მოციალე ალის ათინათი სახეს უნათებდა, რაც ამ სცენას მოჩვენებით იერს აძლევდა.    მთელი სხეულით ათრთოლებული მარი გაუნძრევლად იდგა რკინის გისოსებზე მიკრული, იმ იმედით, რომ თუ მარკიზი დაილაპარაკებდა, სამარისებურ სიჩუმეში გაიგებდა მის სიტყვებს. ხედავდა, რომ დამწუხრებული, გაწამებული და გაფითრებული იყო და უხაროდა, რომ მისი დარდის ერთ-ერთი მიზეზი თვითონ იყო. მერე მრისხანება თანაგრძნობამ შეცვალა, თანაგრძნობა სინაზეში გადაიზარდა და მარი მიხვდა, რომ აქ მხოლოდ შურისძიების წყურვილს არ მოუყვანია. მარკიზი ადგა, თავი მოაბრუნა და გაშრა, თითქოს ნისლში მადმუაზელ დე ვერნეის სახე რომ დაინახა. მოუთმენლობისა და ზიზღის გამომხატველი ჟესტით ხმამაღლა თქვა: - რა ხდება? ყველგან და ყოველთვის ამ ალქაჯს ვხედავ, ახლა ცხადშიც!    ამ აშკარა სიძულვილმა ნერვული სიცილი მოჰგვარა უბედურ ქალიშვილს. მარკიზი შეკრთა და ფანჯარას მივარდა. მადმუაზელ დე ვერნეი საჩქაროდ მოსწყდა კედელს. შორიახლოს კაცის ფეხის ხმა გაიგო, ეგონა, მონტორანი იყო და მოკურცხლა. ამ მომენტში მისთვის დაბრკოლება არ არსებობდა, კედელშიც კი გაატანდა, ჰაერში აფრინდებოდა, ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზას იპოვიდა, ოღონდ კიდევ ერთხელ არ ამოეკითხა სიტყვები „მეზიზღები“ - ამ კაცს სახეზე რომ ეწერა, სიტყვები, შინაგანი ხმა რომ ყვიროდა, აყრუებდა ბუკის ხმასავით. ალალბედზე მირბოდა, არ იცოდა, სად მიდიოდა და ანაზდად გაჩერდა, იგრძნო, რომ ძვლებამდე რომ ატანს, ისეთმა ნესტიანმა სიცივემ აიტანა. უკან რამდენიმე კაცის ფეხების ბრაგუნი მოესმა და საჩქაროდ ჩაირბინა ღრმა სარდაფში. უკანასკნელ საფეხურზე მარი გაჩერდა და ყური მიუგდო, ცდილობდა, გაეგო მისი მდევრები რომელ მხარეს გაიქცნენ. მიუხედავად გარედან შემოსული ხმაურისა, სარდაფში ადამიანის შესაბრალი კვნესა მოესმა და კიდევ უფრო შეეშინდა. ზედა საფეხურზე სინათლის სხივმა გადაირბინა და მარის საშინელმა აზრმა გაუელვა, ეგონა, მდევრებმა მისი სამალავი აღმოაჩინეს და მათგან თავის დაღწევის სურვილმა ახალი ძალა შეჰმატა. რამდენიმე წუთის შემდეგ, თავადაც ვერ მიხვდა, როგორ შეძლო დაბალ კედელზე აძრომა და იქ დამალვა. თავიდან ვერც კი შეამჩნია, როგორ მოუხერხებელ მდგომარეობაში იყო მისი სხეული, მაგრამ მალე აუტანელი გახდა ეს პოზა. კამარის თაღქვეშ მიყუჟული ქანდაკება „ჩამომჯდარ ვენერას“ მოგაგონებდათ, რომელიც თითქოს ხელოვნების მოყვარულმა ძალიან დაბალ ნიშაში მოათავსა. ეს გრანიტის საკმაოდ განიერი კედელი კიბეს სარდაფისგან გამოყოფდა, საიდანაც ისევ ისმოდა გმინვა. მალე მარიმ დაინახა ვიღაც, თხის ტყავით შემოსილი კაცი ჩამოვიდა კიბეზე და თაღქვეშ გაუჩინარდა. მოძრაობაზე ოდნავაც არ ეტყობოდა, რომ ჩქარობდა. მადმუაზელ დე ვერნეი გაფაციცებული ეძებდა თავის დახსნის გზას და შიშით ელოდა იმ წუთს, უცნობის მოტანილი ცეცხლი რომ გაანათებდა სარდაფს. ბუნდოვნად ხედავდა მიწაზე უფორმო, ცოცხალ მასას, სწრაფი, მკვეთრი მოძრაობით რომ ცდილობდა, კედლამდე მიეღწია და გამწარებული იკლაკნებოდა, წყლიდან ამოყვანილი ჭანარივით ფართხალებდა.    ფისის პატარა ჩირაღდანმა მალე მოლიცლიცე მოლურჯო შუქით გაანათა სარდაფის კედლები. მიუხედავად შავბნელი პოეზიისა, მადმუაზელ დე ვერნეის წარმოსახვამ რომ შეამკო ეს თაღები, ყრუდ რომ ირეკლავდნენ გულისმომკვლელ ვედრებას, დარწმუნდა, რომ მიწისქვეშეთი - დიდი ხნის წინ მიტოვებული მიწისქვეშა სამზარეული იყო. ჩირაღდნის შუქზე უფორმო ცოცხალი მასა დაბალი, ძალიან მსუქანი ადამიანი აღმოჩნდა, მაგრად ხელფეხშეკრული. ეტყობა, ვინც დაატყვევა, მსხვერპლი ქვის იატაკის ნესტიან ფილებზე მიაგდო და აღარც დაინტერესებულა მისი ბედით. როგორც კი ტყვემ დაინახა უცნობი ცალ ხელში ჩირაღდნითა და მეორეში ფიჩხის კონით, ისე გულსაკლავად დაიწყო კვნესა, რომ მადმუაზელ დე ვერნეის მგრძნობიარე გული ააჩვილა. შიშიც დაავიწყდა და სასოწარკვეთილებაც, მტანჯველი უხერხული პოზაც, მთელი სხეული რომ დაუბუჟა. ცდილობდა, არ შერხეულიყო. შუანმა მოტანილი ფიჩხი ცეცხლს შეუკეთა, მანამდე ძველი თუჯის მაღალი ღუმლის წინ ჯაჭვებს ჩამოკიდებული კავის სიმაგრე შეამოწმა და ჩირაღდნით ცეცხლი დაანთო. აი, მაშინ იცნო მადმუაზელ დე ვერნეიმ, რომ ეს მზაკვარი მოიტაცე-დიდი-კვერი იყო, რომელსაც მეტოქემ მარი მისცა. აბრიალებულ ალზე დაინახა მისი სახე, ცულით გამოჩორკნილი ხის კაცუნას კომიკური ნაკვთები რომ გაახსენა, გერმანიაში რომ კვეთენ ბზისგან. ტყვის შესაბრალის კვნესაზე ნაოჭებით დაღარულ და მზით დახრუკულ სახეზე კმაყოფილი ღიმილი დაეფინა. - ხედავ, - მიმართა თავის მსხვერპლს, - ჩვენ, ქრისტიანები სიტყვას არ ვტეხთ, თქვენსავით კი არ ვართ. აი, ახლა ცეცხლი გაგიხსნის ხელებსაც, ფეხებსაც და კანსაც ... ოჰ, რა საწყენია! სად ვიშოვო იმოდენა ტაფა, ფეხქვეშ რომ შეგიდგა, თორემ ისეთი სქელი ხარ, რომ დადნები, ქონი ცეცხლს ჩააქრობს. ეს რა უწესრიგობაა? მასპინძელს გათბობა უნდა, მაგრამ არავითარი პირობები არ არის ამ საქმისთვის. ტყვემ ცივი ხმით იკივლა, ალბათ იმედი ჰქონდა, მისი ხმა გაატანდა თაღებში და მხსნელი გამოჩნდებოდა ვინმე. - რამდენიც გინდათ, იგალობეთ, ბატონო დ’ორჟემონ. ზემოთ ყველას სძინავს, ახლა იარე-მიწაზე მოვა და კარს ჩაკეტავს. მოიტაცე-დიდი-კვერი განუწყვეტლივ ლაპარაკობდა და თან კარაბინის კონდახს უკაკუნებდა კერიის ჩარდახს, ქვის ფილებს, ღუმელს, ეძებდა სამალავს, სადაც ძუნწმა თავისი ოქროები შეინახა. ეს ძებნა ისე მარჯვედ მიდიოდა, დ’ორჟემონი უცებ გაჩუმდა, ვაითუ, რომელიმე შეშინებულმა მსახურმა გამცაო, თუმცა თავის საიდუმლოს არავის ანდობდა, მის გამომეტყველებას შეიძლება ეჭვი აღეძრა და მტერს სწორი დასკვნები გაეკეთებინებინა. ხანდახან მოიტაცე-დიდი-კვერი მკვეთრად შებრუნდებოდა ხოლმე და გამომცდელად უყურებდა თავის მსხვერპლს, როგორც ერთ საბავშვო თამაშშია. რაღაცას მალავენ და პარტნიორის გულუბრყვილო სახის მიხედვით ხვდებიან, დამალულ ნივთს უახლოვდებიან თუ შორდებიან. დ’ორჟემონს სახეზე ელდა გამოეხატა, როცა შუანი სამზარეულოს ღუმელს უკაკუნებდა, სიცარიელის ყრუ ხმას რომ გამოსცემდა. როგორც ჩანს, ასე უნდოდა გზა-კვალი აებნია ხარბი მოიტაცე-დიდი-კვერისათვის. უცებ სამზარეულოში ქალიშხალივით შემოიჭრა სამი შუანი, ერთ-ერთი იარე-მიწაზე იყო. მოიტაცე-დიდმა-კვერმა შეწყვიტა ძიება და დ’ორჟემონს მრისხანებით შეხედა. - მარი - ლამბრეკენი აღსდგა! - იყვირა იარე-მიწაზემ და მთელი მისი არსება ამბობდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის მერე ყველა ინტერესი ფერმკრთალდებოდა. - რა გასაკვირია, - გამოეხმაურა მოიტაცე-დიდი-კვერი, - ტყუილად კი არ ეზიარებოდა ასე ხშირად. შეიძლება ითქვას, მამაზეციერს დაეპატრონა. - ეგ ისე გამოადგა, როგორც ვირს ყურანი, - დაუმატა წაიღე-დოვლათმა, - ჯერ იყო და, გოგელიუს გოგო შეაცდინა, პელერინის ამბების დაწყებამდე კი ცოდვები ვერ მოინანია, ე.ი. მომაკვდინებელი ცოდვა ვერ ჩამოირეცხა. მამა გიუდენი ამბობს, კიდევ ორ თვეს იხეტიალებს ქვეყანაზე მოჩვენებად და მერე მთლად აღსდგებაო. სამივემ დავინახეთ. ეს წუთია, გვერდზე ჩაგვიარა. გაფითრებული, ცივი, მსუბუქი იყო და საფლავის სუნს აფრქვევდა. - მისმა უწმინდესობამ ისიც თქვა, თუ მოჩვენება ვინმეს ხელს სტაცებს, ისიც მასთან ერთად იბორიალებსო, - დაუმატა მეოთხე შუანმა. ამ ახალი თანამოსაუბრის მახინჯმა და სასაცილო სახემ იარე-მიწაზე აღდგომას მომხდარი სასწაულის შესახებ ღვთისმოშიში ფიქრებიდან გამოარკვია, ეს შეიძლება რელიგიისა და მეფის ნებისმიერ თავგადაკლულ ღვთისმოსავ დამცველს მოუვიდესო, აბატმა გიუდენმა. - ხედავ, დაასხი-კუტალო, - ცოტა მედიდურად უთხრა ნეოფიტს იარე-მიწაზემ, - ხედავ, სადამდე მივყავართ სულ მცირე დაუდევრობას მოვალეობის შესრულებისას, წმინდა რელიგია რომ გვავალებს. აქ წმინდა ანა ორეელიც გვაფრთხილებს, რომ სულ მცირე დანაშაულისთვისაც კი შეუბრალებელნი უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. შენმა ბიძაშვილმა მოიტაცე-დიდი-კვერმა დიდი ხვეწნით დაითანხმა ვაჟკაცი, შენთვის რომ დაევალებინათ ფუჟერის მეთვალყურეობა და კარგად გადაგიხდიან. მაგრამ ხომ იცი, მოღალატისთვის პურს რომელი ფქვილისგან ვაცხობთ? - ვიცი, ბატონო იარე-მიწაზე. - და იცი, ამას რატომ გეუბნები. ხალხში ლაპარაკობენ, სიდრი და ფული ძალიან უყვარსო. იცოდე, არ ითაღლითო, მარტო ჩვენ უნდა გვემსახურო. - ნუ გაწყრებით, ბატონო, სიდრი და ფული კარგი რამეა და სულის გადარჩენას ხელს სულაც არ უშლის. - თუ ბიძაშვილი რამე სისულელეს ჩაიდენს, მხოლოდ სიბრიყვით, - ჩაერია მოიტაცე-დიდი-კვერი. - განსაცდელი რომელი კარიბჭედანაც უნდა შემოვიდეს, არ დავინდობ, არ შევარჩენ, - ისე დაიგრგვინა იარე-მიწაზემ, რომ კედლები შეზანზარდა, - მაგაზე პასუხს შენ აგებ, - მიუბრუნდა მოიტაცე-დიდი-კვერს, - თხის ტყავის ქვეშ შენს ტყავსაც ვიპოვი! - არ გეწყინოთ, ბატონო, მაგრამ თქვენ თვითონ კონტრშუანები შუანები არასოდეს გგონებიათ? - ჩაილაპარაკა დაასხი-კუტალამ. - ძმობილო, - მშრალად უთხრა იარე-მიწაზემ, - ჭკუით იყავი, მასე არასოდეს მოგივიდეს, თორემ თალგამივით შუაზე გადაგჭრი. თუ ვაჟკაცი ვინმეს გამოაგზავნის, მისი ხელთათმანიც ექნებათ. ოღონდ ვივეტიერის საქმის მერე მთავარი ვარიკა ზედ მწვანე ლენტს ამაგრებს. მოიტაცე-დიდი-კვერმა მუჯლუგუნი წაჰკრა თავის ამხანაგს და თვალით დ’ორჟემონზე ანიშნა, თავს რომ იმძინარებდა. იარე-მიწაზემ და მოიტაცე-დიდი-კვერმა კი გამოცდილებით იცოდნენ, რომ მათ ბუხართან, მათ გვერდით ვერავინ ჩათვლემდა. დაასხი-კუტალთან ლაპარაკისას, ბოლო ფრაზა ჩუმად თქვა შუანმა, გამომცდელად შეხედა მას და გადაწყვიტეს, რომ შიშისგან გონება დაკარგა. უცებ იარე-მიწაზეს ოდნავ შესამჩნევ ნიშანზე მოიტაცე-დიდი-კვერმა დ’ორჟემონს წაღები და წინდები გახადა. დაასხი-კუტალმა და წაიღე-დოვლათმა დასტაცეს ხელი და კერასთან მიიყვანეს. მერე ფიჩხს რომ შემოხსნეს, იმ თოკით ფეხებით მიაბეს თუჯის კაუჭზე. მათი შეთანხმებული და მარჯვე მუშაობის დანახვაზე მსხვერპლს ყვირილი აღმოხდა, მერე კი გულშემზარავი ღრიალი, როცა მოიტაცე-დიდი-კვერმა ფეხქვეშ ნაკვერჩხლები მიუხვეტა. - მეგობრებო, ჩემო კარგო მეგობრებო, - ყვიროდა დ’ორჟე-მონი, - მე ხომ მეტკინება! მეც ხომ თქვენნაირი ქრისტიანი ვარ!.. - მოკეტე, ტყუი, - უპასუხა იარე-მიწაზემ, - შენი ღვიძლი ძმა ღმერთს განუდგა, შენ კი ჟიუვინიის სააბატო იყიდე. აბატმა გიუდენმა გვითხრა, რომ ღვთის განდგომილი შეიძლება სინდისის ქენჯნის გარეშე შებრაწო. - ჩემო ქრისტესმიერო ძმებო, მოიცადეთ! გადახდაზე უარს ხომ არ გეუბნებით. - ჩვენ ორი კვირა მოგეცით ვადა. ორი თვე გავიდა, დაასხი-კუტალას ჯერაც არაფერი მიუღია. - შენ განა არაფერი მიგიღია დაასხი-კუტალა? - სასოწარკვეთილი ხმით იკითხა ძუნწმა. - არაფერი, სულ არაფერი, მესიე დ’ორჟემონ, - შეშინებულმა უპასუხა. ყვირილი, განუწყვეტელი ღმუილი, მომაკვდავის ხრიალს რომ ჰგავდა, უცებ საშინელი ძალით განახლდა. ოთხი შუანი, რომლისთვისაც ეს სანახაობა ისეთივე ჩვეულებრივი იყო, როგორც ძაღლები უწაღებოდ რომ დარბიან, სრული სიმშვიდით უყურებდა, როგორ იკლაკნებოდა და კიოდა დ’ორჟემონი. მოგზაურებს ჰგავდნენ, სასტუმროში კერასთან რომ ელიან, როდის შეიბრაწება ხორცი, რომ შეჭამონ. - ვკვდები! ვკვდები!.. - ყვიროდა დ’ორჟემონი, - და ჩემს ფულს ვერ ეღირსებით.    მიუხედავად ყურთასმენის წამღები ყვირილისა, მოიტაცე-დიდი-კვერმა შენიშნა, რომ ცეცხლს ჯერ არ აელანძა დ’ორჟემონისთვის კანი. ოსტატურად გაჩხრიკა, ნაკვერჩხალი რომ გაეღვივებინა და მაშინ ძუნწმა იმედდაკარგული ხმით უთხრა: - მეგობრებო, გამიხსენით ხელ-ფეხი... რამდენი გინდათ? ასი ეკიუ? ათასი? ათი ათასი? ასი ათასი? გთავაზობთ ორას ეკიუს.    მისი ხმა ისეთი შესაბრალისი იყო, მადმუაზელ დე ვერნეის დაავიწყდა, რომ თვითონაც საფრთხეში იყო და შეჰყვირა. - ვისი ხმა იყო? - იკითხა იარე-მიწაზემ. შეშინებულმა შუანებმა მიმოიხედეს. ამ ხალხს, ასეთი ლომ-გულები რომ იყვნენ ზარბაზნის სიკვდილის მთესველი პირის წინაშე, სულების ეშინოდა. მხოლოდ მოიტაცე-დიდი-კვერი ცდილობდა, ყურადღება სხვა რამეზე არ გადაეტანა და ყურს უგდებდა აღიარებას, გაძლიერებული ტკივილი რომ აიძულებდა. - ხუთასი ეკიუ! ჰო... გაძლევთ ხუთასს! - კარგი. მერე და სად არის? - მშვიდად ჰკითხა მოიტაცე-დიდი-კვერმა. - სად? პირველი ვაშლის ხის ქვეშ. ყოვლად წმინდა ღვთისმშობელო!.. ბაღის ბოლოში მარცხნივ!.. ყაჩაღებო!.. ქურდებო... ოოჰ, ვკვდები!.. ათი ათას ფრანკს მოგცემთ. - ფრანკები არ გვინდა, - იარე-მიწაზემ, - ლივრები მოგვეცი. შენი რესპუბლიკის ფრანკებზე წარმართული კერპებია. მასეთი ფული არასოდეს გამოდგება. - იქ, ლივრებია, წონასრული ლუიდორები. ოღონდ გამხსენით, ახლა ხომ იცით, სად არის ჩემი განძი... ჩემი სიცოცხლე!.. შუანებმა გადახედ-გადმოხედეს ერთმანეთს, ფიქრობდნენ, ვისთვის დაევალებინათ, ვინ გაეგზავნათ ფულის ამოსათხრელად. მათმა სისასტიკემ ისე შეაშინა მადმუაზელ დე ვერნეი, რომ არც კი იცოდა, ნებისმიერი საფრთხისგან დაიცავდა თუ არა მოჩვენების როლი, გაფითრებული სახის გამო რომ შეეძლო ეთამაშა. ბოხი ხმით თამამად დაიყვირა: - ნუთუ ღვთის რისხვისა არ გეშინიათ? გახსენით, ბარბაროსებო! შუანებმა ასწიეს თავები, ზემოთ ვარსკვლავებივით მოელვარე თვალები შენიშნეს და გულგახეთქილებმა მოკურცხლეს. მადმუაზელ დე ვერნეი ჩახტა სამზარეულოში, მიირბინა დ’ორჟემონთან და ისე მაგრად გასწია ერთბაშად უკან, რომ კანაფი გაწყდა, ხანჯლით გადაჭრა თოკები, მთელ ტანზე რომ ჰქონდა შემოხვეული. ძუნწმა როგორც კი იგრძნო თავისუფლება, წამოხტა, სახეზე ტანჯული გამომეტყველებითა და გესლიანი დაცინვით: - წადით, წადით ვაშლის ხესთან, ყაჩაღებო! ოხ! ორჯერ უკვე გავაბრიყვე, მესამედ კი ვეღარ დამიჭერენ. ამ დროს ეზოში ქალის ხმამაღალი ყვირილი გაისმა. - მოჩვენება! მოჩვენება! - ყვიროდა მადამ დიუ გა, - ჩერჩეტებო, ის არის! ათასი ეკიუ იმას, მაგ კახპის თავს ვინც მომიტანს! - მადმუაზელ დე ვერნეი გაფითრდა. ძუნწმა ღიმილით ჩაავლო ხელი, კერიის ჩარდახქვეშ შეიყვანა, ისე გაატარა, რომ არავითარი კვალი არ დარჩენილა, არც ცეცხლს გამოსდებიან, პატარა სივრცე რომ ეჭირა. მერე რაღაც ზამბარას დააჭირა ხელი, თუჯის ფილა ასწია და როცა მათი საერთო მტრები სარდაფში დაბრუნდნენ, სამალავის მძიმე კარი უკვე უხმაუროდ იყო დაბრუნებული თავის ადგილზე. ახლა კი მიხვდა პარიზელი ქალი, რას ნიშნავდა ის თევზის ცეკვა, ცოტა ხნის წინ რომ ფართხალებდა უბედური ბანკირი. - აი, ხედავთ, ქალბატონო! - დაიძახა იარე-მიწაზემ, - მოჩვენებამ ამხანაგად ლურჯი წაიყვანა. ეტყობა ამ სიტყვებმა საშინელი შიში გამოიწვიეს, რადგან ისეთი სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, რომ დ’ორჟემონმა და მისმა თანამგზავრმაც გაიგონეს შუანების ბუტბუტი. - Ave sancta Anna Auriaca, gratia plena, Dominus tecum...  - ლოცულობენ... გამოთაყვანებულები! - წამოიძახა დ’ორჟემონმა. - ჩუმად, - შეაწყვეტინა თანამგზავრს მადმუაზელ დე ვერნეიმ, - არ გეშინიათ, რომ აღმოაჩინონ ჩვენი... ბებერი ძუნწის სიცილმა ახალგაზრდა პარიზელი ქალის შიში გაფანტა. - თუჯის ფილა ჩასმულია ათი დიუიმის სისქის გრანიტის ფილაში. ჩვენ გვესმის მათი ხმა, მათ კი ჩვენი - არა. დ’ორჟემონმა ფრთხილად აიღო თავისი გამათავისუფლებლის ხელი და რაღაც ნაპრალს მიადო, საიდანაც დროდადრო გრილი ნიავი უბერავდა. გოგონა მიხვდა, ქურის მილში გაკეთებული სასულე იყო. - ოოხ! - ამოიკვნესა დ’ორჟემონმა, - ეშმაკმა დალახვროს, ფეხები მაინც მეწვის. ეს ფაშატი შარეტი, როგორც ნანტში ეძახიან, ჭკვიანი ქალია, თავისი ერთგული მომხრეებისა და მიმდევრების გადარწმუნებას არ დაიწყებს. კარგად იცის, ასეთი ბრიყვები რომ არ ყოფილიყვნენ, არ დაიწყებდნენ თავიანთი ინტერესების საწინააღმდეგოდ ბრძოლას. გესმით, ისიც ლოცულობს. ნეტავ მაჩვენა, როგორ უკითხავს ანა ორეელს აკაფისტს. ჯობდა, ერთი დილიჟანსი კიდევ გაეძარცვა და ჩემი ვალი მოეცა, ოთხი ათასი ფრანკი გამომართვა. პროცენტებითა და სხვადასხვა ხარჯით ოთხი ათას შვიდასოთხმოცი ფრანკი და რამდენიმე სანტიმია... ლოცვის დამთავრების შემდეგ დაჩოქილი შუანები წამოდგნენ და წავიდნენ. მოხუცმა დ’ორჟემონმა ხელზე ხელი მოუჭირა მადმუაზელ დე ვერნეის, თითქოს ანიშნა, საფრთხეს ჯერ არ გადაუვლიაო. - არა, ქალბატონო, - გაისმა რამდენიმე წუთის სიჩუმის შემდეგ მოიტაცე-დიდი-კვერის ხმა, - თუ გინდათ, ათი წელი უცადეთ, აქ აღარ დაბრუნდებიან. - ის გომბიო არც გამოსულა, აქ უნდა იყოს, - ჯიუტად თქვა „ფაშატმა შარეტმა.“ - არა, ქალბატონო, არა. კედელში გავიდოდნენ და გაფრინდებოდნენ... გახსოვთ, ეშმაკმა აქედან როგორ წაათრია ის აბატი, ფიცი რომ დადო. - მოიტაცე-დიდო-კვერო, შენც ხომ ისეთივე ძუნწი ხარ, როგორც დ’ორჟემონია. ნუთუ ვერ ხვდები?.. ამ ბებერ ქვაწვიას თავისუფლად შეეძლო დაეხარჯა რამდენიმე ათასი ლივრი და აქ, თაღების საძირკველში გაეკეთებინა კუნჭული საიდუმლო კარით. ძუნწმა და ქალიშვილმა მოიტაცე-დიდი-კვერის რიხიანი ხარხარი გაიგეს. - მართალი ხარ! - შენ აქ დარჩი, ისევ მადამ დიუ გა ალაპარაკდა, - დაიცადე, როდის გავლენ. ერთი ზუსტი გასროლისთვის ყველაფერს მოგცემ, რასაც ჩვენი მევახშის სამალავში იპოვი. დამიჯერე, თუ გინდა, რომ გაპატიო, ეგ გომბიო რომ გაყიდე მოკვლის მაგივრად, როგორც დაგავალე. - მევახშეო? - აღშფოთდა დ’ორჟემონი, - მე კი ფული ცხრა პროცენტით ვასესხე. მართალია, გირავნობის სიგელი გამოვართვი, მაგრამ მაინც, ნახეთ, რა უმადურობაა! იცით, ქალბატონო, თუ ღმერთი ბოროტი საქმეებისთვის გვსჯის, ეშმაკი არ დააყოვნებს კეთილი საქმისთვის დასჯას, ადამიანი კი ამ ორ ზღვარს შუაა, არაფერი იცის მომავალზე და ეს ყველაფერი სამუცნობიანი ამოცანასავით არის, სადაც X-ის პოვნის არავითარი საშუალება არ არის.    ღრმად და რაღაც უცნაურად ამოიოხრა, - თითქოს ხორხში გავლისას ჰაერი მოდუნებულმა სიმებმა ააჟღერა. უცებ ისევ გაისმა კაკუნი! მოიტაცე-დიდი-კვერმა და მადამ დიუ გამ კედლების, თაღებისა და ქვის იატაკის შესწავლა დაიწყეს. ეს ხმაური თითქოს გულს უკეთებდა, ამხნევებდა დ’ორჟემონს: თავის მხსნელს ჩაავლო ხელი და მოეხმარა გრანიტის სქელ კედელში გამოჭრილი ვიწრო, ხვეული კიბით ასვლაში. როცა ასე ოცი კიბე აიარეს, მათი თავები ლამპის შუქმა ოდნავ გაანათა. ძუნწი გაჩერდა, მიუბრუნდა თავის მხსნელს, დაჟინებით დააცქერდა მის სახეს, თითქოს აღრიცხვისთვის მიღებული არასაიმედო თამასუქი ყოფილიყოს. მერე ისევ საზარლად ამოიოხრა. - აქ მოგიყვანეთ, - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ დაიწყო დ’ორჟემონმა, - და ამით გულუხვად გადაგიხადეთ თქვენი სამსახურისთვის და მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ უნდა გადაგიხადოთ კიდევ ფუ... - ბატონო, აქ დამტოვეთ! და არც არაფერს გთხოვთ! - სიტყვა გააწყვეტინა მადმუაზელ დე ვერნეიმ. ამ სიტყვებმა და შეიძლება ზიზღმაც, მშვენიერ სახეზე რომ გადაურბინა მარის, მოხუცი დაამშვიდა, ისევ ამოიოხრა და დაუმატა: - აქ რომ მოგიყვანეთ, ამით იმდენი გავაკეთე თქვენთვის, რომ უნდა გავაგრძელოთ... ის თავაზიანად მიეხმარა მარის საკმაოდ უჩვეულოდ განლაგებულ საფეხურებზე ასვლაში და ნახევრად თავაზიანად, ნახევრად გაბრაზებულმა შეიყვანა არაუმეტეს ოთხი კვადრატული ფუტის პაწაწინა ოთახში, თაღოვან ჭერზე ჩამოკიდებული ლამპა რომ ანათებდა. ძნელი შესამჩნევი არ იყო, რომ ძუნწმა სიფრთხილის ყველა ზომა დაიცვა იმისთვის, რომ შესძლებოდა, თუკი საჭირო იქნებოდა, არაერთი დღე გაეტარებინა ამ თავშესაფარში, თუ სამოქლაქო ომის მოვლენები აიძულებდნენ, იქ დამალულიყო. - კედელთან ნუ მიხვალთ, კირით დაისვრებით, - უცებ უთხრა დ’ორჟემონმა და საჩქაროდ შეაცურა ხელი ქალიშვილის ზურგსა და, ეტყობა, ახლადშელესილ კედელს შორის. მაგრამ ამ ჟესტმა სულ სხვა შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე ძუნწი ბებერი ელოდა. მადმუაზელ დე ვერნეიმ სწრაფად მიმოიხედა და კუთხეში უცნაური რამ შენიშნა, რომლის ფორმის გამოც შეძრწუნებულმა წამოიყვირა, მიხვდა, იქ კირის ფენით დაფარული ადამიანის სხეული იდგა. დ’ორჟემონმა მრისხანე ჟესტით გააჩუმა და მის პატარა, თითქოს ქაშანურისაგან გაკეთებულ პატარა ცისფერ თვალებში ისეთივე შიში იდგა, როგორიც მისი თანამგზავრის თვალებში. - სულელო, გგონიათ მე მოვკალი!.. ეს ჩემი ძმაა, - ამჯერად მის ოხვრაში დარდიანი ნოტები გაისმა, - ჩემი ძმა ადგილობრივ მღვდლებს შორის პირველი იყო, ფიცი რომ დადო და ეს ერთადერთი ადგილია, სადაც შეიძლებოდა სხვა მღვდლებისა და შუანების გააფთრებას დამალვოდა. წარმოგიდგენიათ, ასეთი ღირსეული ადამიანის დევნა! ისე უყვარდა ყველაფერში წესრიგი! ჩემი უფროსი ძმაა. მხოლოდ მას ეყო მოთმინება, ჩემთვის ათწილადები ესწავლებინა. ოჰ, როგორი მღვდელი იყო! ხელმომჭირნე, ფულის მოგროვება იცოდა. აი, უკვე ოთხი წელია, რაც მოკვდა, ნამდვილად არ ვიცი, რა დაავადებით. მაგრამ იცით, როცა მღვდლები ლოცულობენ, მიჩვეულნი არიან მუხლის მოყრას. მისთვის იქნებ ძნელი იყო ყოველთვის ფეხზე დგომა ჩემსავით... აქ დავტოვე: სხვაგან ისინი საფლავიდან ამოთხრიდნენ. ვეცდები, ოდესმე დავმარხო ნაკურთხ მიწაზე, როგორც თვითონ ამბობდა, საცოდავი. ფიციც ხომ მხოლოდ შიშისგან დადო. პატარა, გამშრალ თვალებზე ცრემლი მოადგა მოხუცს და ამ წუთში მისი ჟღალი პარიკიც ისეთი უშნო და უმსგავსი არ ეჩვენა მარის. მისი დარდისადმი დაფარული თანაგრძნობით აარიდა თვალი. მიუხედავად გრძნობის მორევისა და გულისაჩუყებისა, დ’ორჟემონმა გაიმეორა: - ნუ მიუახლოვდებით კედელს, დაისვ... თვალის მოუშორებლად, თვალებში უყურებდა მადმუაზელ დე ვერნეის, თითქოს უნდოდა, ხელი შეეშალა ამ პაწაწინა ოთახის კედლების ყურადღებით დათვალიერებაში, სენაკისა, სადაც ფილ-ტვებს ჰაერი არ ჰყოფნიდა. მარიმ თავისი არგუსისგან მალულად მაინც მოახერხა კედლების შეხედვა და უცნაურად ოღროჩოღრო ეჩვენა, იფიქრა, ალბათ თვითონ ააშენა ოქროთი და ვერცხლით სავსე ტომრებისგანო. ამასობაში დ’ორჟემონს რაღაც კომიკური აღტაცება იპყრობდა, თუმცა ბებერი წუწურაქის ყოველ ნაოჭში შეიძლებოდა ამოგეკითხათ ტკივილი ფეხისგულებისა და მის საგანძურში ცოცხალი არსების გამოჩენის შიში. მაგრამ მშრალი თვალები მისი გადამრჩენლის სახიფათო მეზობლობით მღელვარების უჩვეულო ცეცხლით უელავდა, ქალის თეთრყირმიზი ლოყა საკოცნელად იზიდავდა, შავი, ხავერდოვანი თვალების შემოხედვისას კი გულს სისხლის ისეთი ცხელი ტალღები აწყდებოდა, რომ აღარ იცოდა, სიცოცხლის ნიშანი იყო თუ სიკვდილისა. - გათხოვილი ხართ? - ათრთოლებული ხმით ჰკითხა. - არა, - ღიმილით უპასუხა - რაღაც-რაღაცები მაქვს, - განაგრძო და ისევ გაისმა უცნაური ოხვრა, - მაგრამ, რასაკვირველია, ისეთი მდიდარი არ ვარ, როგორც ყველანი ამბობენ. ასეთ მშვენიერ ახალგაზრდას ალბათ გიყვართ ბრილიანტები, ძვირფასეულობა, ეტლები, ოქრო, - დაუმატა და შეშინებულმა მიმოიხედა, - მე შემიძლია ეს ყველაფერი მოგცეთ... ჩემი სიკვდილის შემდეგ... და თუკი თქვენ ისურვებდით... მოხუცის მზერა ამ ეფემერული სიყვარულისთვისაც კი ისეთ ანგარიშიანობას გამოხატავდა, რომ მადმუაზელ დე ვერნეიმ უარის ნიშნად თავი გააქნია, გაფიქრებაც კი არ შეეძლო, რომ ძუნწი მის ცოლად მოყვანას მხოლოდ იმიტომ აპირებდა, რომ საიდუმლო თავისი მეორე „მეს“ გულში დაემარხა. - ფული! - თქვა მარიმ და ირონიულად შეხედად’ორჟემონს, რომელიც ამ მზერამ თან გააბედნიერა და თან გაანაწყენა, - ფული ჩემთვის არაფერია. სამჯერ უფრო მდიდარი იქნებოდით, აქ რომ მომეგროვებინა მთელი ოქრო, რომელზეც უარი ვთქვი. - არ მიუახლოვდეთ კე... - და, სხვათაშორის, სამაგიეროდ ერთ მზერას მთხოვდნენ, - უზომო სიამაყით დაუმატა. - ტყუილად თქვით უარი. შესანიშნავი გარიგება იქნებოდა, მაგრამ თქვენ მაინც მოიფიქრეთ... - თქვენ, „მოიფიქრეთ“, - შეაწყვეტინა მადმუაზელ დე ვერნეიმ, - ის, რომ მესმის ხმა, რომლის ერთი ბგერაც კი ჩემთვის თქვენს მთელ სიმდიდრეს მირჩევნია. - თქვენ არ იცით... დ’ორჟემონი სანამ შეაჩერებდა, გოგონამ თითი მიადო პატარა გაფერადებულ გრავიურას, ცხენზე ამხედრებულ ლუი XV-ს რომ გამოსახავდა, განზე გასწია და ქვემოთ მარკიზი დაინახა, მუშკეტონს ტენიდა. პატარა, ფიცარაფარებული ჭუჭრუტანა, ამ ფირფიტაზე დაწებებული გრავიურით, როგორც ჩანს, რომელიღაც ორნამენტს შეესაბამებოდა თაღოვან ჭერზე ოთახში, შუანების წინამძღოლის საძინებელი ოთახი რომ უნდა ყოფილიყო. დ’ორჟემონმა დიდი სიფრხილით დააბრუნა ძველი ესტამპი თავის ადგილზე და მკაცრად შეხედა ქალიშვილს. - ხმა არ ამოიღოთ, თუ სიცოცხლე გინდათ! - წაიჩურჩულა მან და ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ ყურში უთხრა: - კარგა მოზრდილი გემის აყვანა განგიზრახავთ აბორდაჟზე. იცით, რომ მარკიზ დე მონტორანს იჯარით გაცემული მიწებიდან ასი ათასი ლივრი აქვს შემოსავალი? ეს მიწები ჯერ არ გაუყიდიათ! ამ დღეებში წავიკითხე ილ-ე-ელენის კონსულების დეკრეტი, რომლის ძალითაც სეკვესტრები შეჩერებულია. ჰო, ჰო, რა თქმა უნდა, თქვენს თვალში ეგ ვაჟბატონი ახლა უფრო გალამაზდა! ხომ ასეა? თვალები ორი ახალი ლუიდორივით გიბრწყინავთ! მადმუაზელ დე ვერნეის თვალები გაუბრწყინდა, როგორც კი კარგად ნაცნობი ხმა გაიგო. აქ გატარებული დროის მანძილზე, სანამ აკლდამაში დამარხულივით იყო, მოვლენათა სიმძიმისგან შეკუმშული მისი ნებისყოფის ზამბარა თითქოს გაიმართა. გეგონებოდათ, უცებ რაღაც საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღოო და ფიქრობდა, როგორ განეხორციელებინა. კარი II    „ასეთი არადჩაგდებისგან უკანდასახევი გზა არ არის, - გაიფიქრა მარიმ, - და თუ ჩემი სიყვარული აღარ შეუძლია, მოვკლავ... არც ერთ ქალს არ ერგება“. უცებ ახალგაზრდა მეთაურის ხმა გაისმა. - არა, აბატო, არა! - ხმამაღლა თქვა მან, - ეს სწორედ ასე უნდა გაკეთდეს. - მარკიზო, - ქედმაღლურად უთხრა აბატმა გიუდანმა, - მთელ ბრეტანში თავი მოგეჭრებათ, ამ მეჯლისს თუ სენ-ჯემსში გამართავთ. მოცეკვავეები კი არა, მქადაგებლები გამოაფხიზლებენ ჩვენს სოფლებს, თოფები გჭირდებათ, ვიოლინოები კი არა. - აბატო, ჭკვიანი კაცი ხართ და უნდა გაიგოთ, რომ როცა თავს მოვუყრით ჩვენს მომხრეებს, დავინახავ, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ. ჩემი აზრით, სადილობისას უკეთ შეიძლება მათი სახეების შესწავლა და განზრახვის გაგება, ვიდრე ნებისმიერი შპიონაჟით, რაც, ამასთანავე, მეზიზღება კიდევაც. ჭიქით ხელში ალაპარაკდებიან, - მარის ამ სიტყვებზე გული აუჩქროლდა. აზრად მოუვიდა ამ მეჯლისზე შურის საძიებლად მოხვედრა. - აბატო, როგორც ჩანს, იდიოტად მიგაჩნივართ, თუ ქადაგებას აპირებთ ცეკვების ცოდვიანობაზე. რა, თქვენ თვითონ სიამოვნებით არ იცეკვებთ ჩაკონას ან რამეს, ოღონდ თქვენი ორდენი აღადგინონ ახალი სახელწოდებით, მაგალითად „რწმენის მამები“? თანაც, განა არ იცით, რომ ბრეტონელები მესის მერე პირდაპირ საცეკვაოდ მიდიან? არ იცით, განა, რომ ხუთი დღის წინ ილ დე ნევილი და დ’ანდინიე პირველ კონსულთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ ტახტზე მეფე ლუი მეთვრამეტის დაბრუნების შესახებ? და ახლა თუ ასეთ თამამ სვლას ვაპირებ, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენმა ნალდაკრულმა ფეხსაცმელმა წონა შემატოს ამ მოლაპარაკებებს. თქვენთვის ცნობილია თუ არა, რომ ვანდეის ყველა წინამძღოლი, ფონტენიც კი, დროდადრო დამორჩილებაზე ლაპარაკობს. ოჰ, აბატო გიუდენ! როგორც ჩანს, უფლისწულები მოატყუეს, არასწორად განუმარტეს საქმის ვითარება საფრანგეთში. ერთგულება, მათ რომ უკიჟინებენ, აუცი-ლებლობით არის გამოწვეული. აბატო, მე უკვე ფეხი გასვრილი მაქვს სისხლში სიარულით და მხოლოდ ყველაფრის აწონ-დაწონის შემდეგ დავთანხმდები წელამდე ჩავეფლო. მე მეფის ერთგული ვარ, და არა ოთხი თავზე ხელაღებულისა, არა ვალებში ჩაფლული რიფოელის მსგავსი მოთამაშეებისა, არა ყაჩაღებისა, ადამიანებს ცეცხლით რომ აწამებენ, არა... - განაგრძეთ, განაგრძეთ: „არა აბატებისა, შარაგზაზე ომისთვის საჭირო კონტრიბუციას რომ ართმევენ!“ - შეაწყვეტინა აბატმა გიუდანმა. - და რატომ არ უნდა ვთქვა! - გესლიანად შეეპასუხა მარკიზი, - მეტსაც გეტყვით, ვანდეის გმირობის დრო წავიდა. - რა გაეწყობა, მარკიზო, სასწაულს უთქვენოდაც მოვახდენთ. - მარი ლამბრეკენის სასწაულის მსგავსს, არა? - სიცილით აჰყვა მარკიზი, - გეყოფათ, აბატო, ნუ ბრაზობთ! ვიცი, რომ თავს არ ზოგავთ და ლურჯებს ისევე კარგად ესვრით, როგორც „Ozemus“-ს კითხულობთ. იმედი მაქვს, ღვთის წყალობით გავიმარჯვებთ და გნახავთ ეპისკოპოსის მიტრით, მისი უდიდებულესობის კურთხევის მონაწილედ.    ამ ფრაზამ ეტყობა აბატზე მაგიური ზეგავლენა მოახდინა. გაისმა, როგორ გააჩხაკუნა კარაბინი და შესძახა: - ჯიბეებში ორმოცდაათი ვაზნა მაქვს, მარკიზო, ჩემი სიცოცხლე კი მეფეს ეკუთვნის! - აი, კიდევ ერთი ჩემი მოვალე, - უთხრა ქვაწვიამ მადმუაზელ დე ვერნეის, - ბევრი არ უსესხია, რაღაც საცოდავი ხუთასი-ექვსასი ფრანკი, ამაზე არ ვლაპარაკობ, სისხლი მართებს და იმედი მაქვს, გავუსწორდები. ეგ სატანა იეზუიტი, როგორც გინდა აწამო, მაინც ცოტა იქნება. დაიფიცა, რომ სიკვდილით დასჯიდა ჩემს ძმას და მთელი ჩვენი მხარე აამხედრა. რისთვის? იმისთვის, რომ საბრალოს ახალი კანონებისა შეეშინდა... მერე ყური მიუგდო რაღაც შეუმჩნეველ მოწყობილობას თავის სამალავში, უსმინა და თქვა: როგორც იქნა, მიეთრევიან ეს ყაჩაღები. წავლენ და კიდევ რაღაც სასწაულს მოახდენენ! ნეტავ მაშინდელივით არ მოეპრიანოთ წასვლისას სახლის გადაწვა.    დაახლოებით, ნახევარი საათი კიდევ დარჩნენ, ერთმანეთს შეჰყურებდნენ მადმუაზელ დე ვერნეი და დ’ორჟემონი, უცებ დაასხი-კუტალის უხეში, ბოხი ხმა მოესმათ, ჩუმად რომ დაუძახა: - ბატონო დ’ორჟემონ, საფრთხე აღარ არის! აი, ამჯერად ნამდვილად დავიმსახურე ჩემი ოცდაათი ეკიუ! - შვილო ჩემო, სიტყვა მომეცით, რომ თვალებს დახუჭავთ. მადმუაზელ დე ვერნეიმ თვალები დახუჭა და ხელიც მიიფარა, მაგრამ დარწმუნებული რომ ყოფილიყო, დ’ორჟემონმა ლამპა ჩააქრო, ხელი ჩაჰკიდა თავის მხსნელს, მოეხმარა მიხვეულ-მოხვეულ გასასვლელეში ექვსი-შვიდი ნაბიჯი გადაედგა, რამდენიმე წუთის შემდეგ ნელა მოაშორებინა ხელი სახიდან და მარიმ დაინახა, რომ იმ ოთახში იყო, სადაც ცოტა ხნის წინ მარკიზ დე მონტორანი დაინახა. დ’ორჟემონის საძინებელი ოთახი აღმოჩნდა. - ჩემო ძვირფასო ბავშვო, - უთხრა ძუნწმა, - ახლა შეგიძლიათ, წახვიდეთ. ასე ნუ იყურებით აქეთ-იქით, ალბათ ფული არ გაქვთ. აი, ათი ეკიუ. ზოგიერთი მონეტა ცოტა დაზიანებულია, მაგრამ არაფერია, აიღებენ. როგორც კი ბაღიდან გახვალთ, ბილიკს დაინახავთ - ქალაქისკენ მიდის, ან, როგორც ახლა ამბობენ, ოლქში. მაგრამ ფუჟერთან ახლა შუანები არიან. ძნელი წარმოსადგენია, რომ მალე მოხვდებით იქ და მაშასადამე, სანდო თავშესაფარი დაგჭირდებათ. კარგად მომისმინეთ, რასაც გეტყვით, მაგრამ ამ სახიზნავით მხოლოდ უკიდურს შემთხვევაში ისარგებლეთ. ჟიბარის ღარტაფის გადაჭრით, ეკლიან ბუდემდე მიმავალ გზაზე დაინახავთ ფერმას, იქ დიდი სიბო, იგივე დაასხი-კუტალი ცხოვრობს. შედით და უთხარით მის ცოლს, „გამარჯობა, ყანჩა,“ - და ბარბეტა დაგმალავთ. დაასხი-კუტალი თუ დაგინახავთ, ღამე მოჩვენება ეგონებით, დღისით კი შეიძლება გული მოუგოთ ათი ეკიუთი... მშვიდობით. ბარი-ბარში ვართ... ოხ, თქვენ რომ მოგესურვებინათ, ეს ყველაფერი თქვენი იქნებოდა, - და ხელით სახლის გარშემო ველებზე მიუთითა.    მადმუაზელ დე ვერნეიმ მადლიერებით შეხედა ამ უცნაურ მოხუცს, მან კი განსხვავებული ხმით ამოიოხრა. - თქვენ, რა თქმა უნდა, ამ ათ ეკიუს მერე მომცემთ (მიაქციეთ ყურადღება, პროცენტებზე არაფერს ვამბობ), მიუტანეთ, გეთაყვა, ჩემს კრედიტზე ფუჟერელ ნოტარიუსს - მეტრ პატრას. თქვენი სურვილიც რომ ყოფილიყო, ის შეადგენდა ჩვენს საქორწინო კონტრაქტსაც, ჩემო მშვენიერო საუნჯევ!.. მშვიდობით!.. - მშვიდობით, - უპასუხა მარიმ და ხელი დაუქნია. - და თუ ფული დაგჭირდებათ, - მიაძახა მიმავალ მარის დ’ორჟემონმა, - გასესხებთ ხუთი პროცენტით. ჰო, მხოლოდ ხუთი! ნუთუ „ხუთი“ ვთქვი? მარი იქ აღარ იყო. „ერთი შეხედვით, კარგი გოგო ჩანს, - ფიქრობდა დ’ორჟემონი, - ქურიდან საიდუმლო გასასვლელი მაინც უნდა გადავაკეთო.“ მერე აიღო თორმეტგირვანქიანი პური, ღორის ბარკალი და დაბრუნდა თავის თავშესაფარში. როგორც კი მადმუაზელ დე ვერნეი მონდორში გავიდა, თითქოს გამოცოცხლდა. განთიადის ნიავმა სახე გაუგრილა, რომელიც რამდენიმე საათი თითქოს ხორშაკიანი ჰაერით ეტკიცებოდა. ეცადა, ბილიკი ეპოვა, მაგრამ მთვარე უკვე თვალს მიეფარა და ისე ჩამობნელდა, რომ ალალბედზე მიდიოდა. მაგრამ უცებ შიშისგან გული შეუქანდა, უფსკრულში გადავარდნის შეეშინდა და გაჩერდა, რადგან იგრძნო, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი და მიწა გამოეცლებოდა ფეხქვეშ. ცივმა ნიავმა, თმას რომ უჩეჩდა, წყლის ჩხრიალმა, ინსტინქტმა - ყველაფერმა აფიქრებინა, რომ სენ-სიულპისის კლდეების ნაპირთნ მისულიყო, რომელიღაც ხეს მოეხვია და განთიადს დაელოდა ზარდაცემული, რადგან სადღაც იქვე ისმოდა იარაღის ჟღარუნი, ცხენების ფლოქვების ცემა და ადამიანების ხმა. ღამის სიბნელის მადლობელი იყო, შუანების ხელში ჩავარდნას რომ გადაარჩინა, თუ მართლა გარს ერტყნენ ფუჟერს, როგორც ბებერმა წუწურაქმა თქვა.    გეგონებოდათ, ღამეული კოცონების ცეცხლიაო, თავისუფლებისთვის ბრძოლის სიგნალი, - ისე იფეთქა მთების წვერებზე მეწამულმა შუქმა, მთების მოლურჯო ძირები კი ჯერ არ განათებულიყო და კონტრასტს ქმნიდა დაცვარული ველების თავზე მოლივლივე მოთეთრო თხელ ნისლთან. მალე ჰორიზონტზე ნელა ამოგორდა ლალისფერი დისკო. ბნელიდან გამოჩნდა მთების ბუნდოვანი მოხაზულობა, სენ-ლეონარის სამრეკლო, კლდეები, ნისლში შებურული მდელოები და ახლადგამოღვიძებული დღის ავარდნილ ალში მთის წვერებზე ხეები გამოიძერწა. ქაოსიდან ლამაზად ამობრიალდა მზე, ცეცხლისფერი, ნარინჯისფერი და საფირონის ღრუბლებიდან კაშკაშა ნათელი თანაბარ ჰარმონიულ ზოლებად დაეფინა მთებს და წალეკა ველები. ბნელი გაიფანტა, დღემ დაიპყრო ბუნება. ცივი ნიავი ამოვარდა, ჩიტებმა სტვენა დაიწყეს, ყველგან გაიღვიძა სიცოცხლემ. მადმუაზელ დე ვერნეიმ ძლივს მოასწრო ქვემოთ მშვენიერი სანახაობის თვალის შევლება, რომ ნისლი, ამ გრილ მხარეში ძალიან ხშირად რომ არის ხოლმე, საბურველივით გაიშალა, ამოავსო ველი, ამოვიდა ყველაზე მაღალ გორებამდე და თოვლის საფარივით დაედო კუენონის მთელ მდიდარ აუზს. მალე მადმუაზელ დე ვერნეის მოეჩვენა, რომ ერთ-ერთ მყინვარს ხედავდა, ალპების მწვერვალს რომ ფარავენ. მერე ჯანღის ამ ღრუბლებზე, იტყოდი, ოკეანეაო, ტალღებმა იწყეს გადაგორება, ხან ამოფუვდებოდნენ მაღალ ზვირთებად, ერთმანეთს ეხეთქებოდნენ, ტრიალებდნენ, რბილად ლივლივებდნენ და ცხრებოდნენ. მზის სხივები კაშკაშა ვარდისფრად აელვარებდნენ, ზოგგან აშუქებდნენ გამჭვირვალე ბრჭყვიალით, თხევადი ვერცხლის ტბა გეგონებოდათ. უცებ ამ ფანტასმაგორიას ჩრდილოეთის ქარმა წამოუბერა და ნისლი ოზონით გაჯერებულ ცვრად გაიფანტა ბალახზე. აი, მაშინ შენიშნა მადმუაზელ დე ვერნეიმ ფუჟერის კლდეებზე უზარმაზარი მუქი მასა. შვიდასი-რვაასი შეიარაღებული შუანი ფუთფუთებდა სენ-სიულპისის გარეუბანში, როგორც ჭიანჭველები დანგრეულ ბუდესთან. შუანების სამიათასიანი ურდო რაღაც ჯადოქრობით გაჩნდა, დაიკავა მიდამოები ციხე-კოშკთან და გაშმაგებულ შტურმზე გადავიდა. ამწვანებული სანგრებისა და ძველი რუხი კოშკების მიუხედავად, მძინარე ქალაქი იერიშს ვერ გაუმკლავდებოდა, რომ არა იულოს სიფხიზლე. მიწაყრილებს შორის წარმოქმნილი ღრმულის შუაგულიდან თვალს მოფარებულმა ბატარეამ, შუანების პირველი სროლის პასუხად, ციხე-კოშკისკენ მიმავალ გზას დასცხო. კარტეჩმა მოცელა თავდამსხმელები და გზა გაათავისუფლა. ამის შემდეგ სენ-სიულპისის კარიბჭიდან ჯარისკაცების ასეული გამოვიდა, ისარგებლა შუანების არევ-დარევით, ჯარების საბრძოლო წესის მიხედვით განლაგდა გზაზე და მომაკვდინებელი ცეცხლი გახსნა. როცა დაინახეს, რომ ციხის მიწაყრილებზე ერთბაშად გამოჩნდა ჯარისკაცების მწკრივები, თითქოს თეატრის დახელოვნებულმა დეკორატორმა უცებ გაავლო ლურჯი ზოლები, და დარწმუნდნენ, რომ რესპუბლიკელ მსროლელებს ციხიდან იცავენ, შუანებს არც კი უცდიათ წინააღმდეგობის გაწევა. სხვა შუანებმა დაიკავეს ნანსონის ვიწრო ხეობა, კლდის კარნიზებით აცოცდნენ ბულვარამდე და იქ განლაგდნენ. მთელი ბულვარი დაიფარა თხის ტყავებით და დროისგან ჩაშავებულ ჩალის სახურავებს დაემსგავსა. ამ დროს ქალაქის სხვა ნაწილში, კუენონის ველისკენ გადარეული ზალპები გაისმა. როგორც ჩანს, ფუჟერს წრედ შემოერტყნენ და შეტევაც ყველა მხრიდან ხორციელდებოდა. კლდის აღმოსავლეთის ფერდობიდან ავარდნილმა ალმა გააგებინა, რომ შუანებმა გარეუბანს წაუკიდეს ცეცხლი. თუმცა ცეცხლის ენები, კურდღლისცოცხათი დახურული სახურავებიდან რომ ავარდა, მალე გაქრა და მათ ნაცვლად შავი ბოლის სვეტი აღიმართა - ხანძარი, როგორც ჩანს, ქრებოდა. დენთის ბოლის თეთრმა და მურა ბოლქვებმა მადმუაზელ დე ვერნეის თვალს მოაფარეს ეს სცენა, მაგრამ მალე ქარმა გაფანტა ბოლი. რესპუბლიკელების მეთაური ფრიალო კლდიდან, ბულვარს რომ წამოსდგომოდა, უთვალთვალებდა სცენას; დაინახა, რომ მისი პირველი ბრძანებები შესანიშნავად შესრულდა და უბრძანა, ბატარეის ქვემეხები შეებრუნებინათ, რომ შესძლებოდათ ნანსონის ველის, დედოფლის ბილიკისა და კლდისთვის სროლა. სენ-ლეონარის საგუშაგოსთან დადგმულმა ორმა ზარბაზანმა მიმოფანტა ჭიანჭველებივით მოდებული შუანები, ეს პოზიცია რომ ჰქონდათ ხელში ჩაგდებული. ფუჟერის ნაციონალურმა გვარდიელებმა საბოლოოდ გააქციეს მოწინააღმდეგენი. შეტაკება სულ ნახევარი საათი გაგრძელდა, ლურჯებმა ას კაცზე ნაკლები დაკარგეს. შუანები გაანადგურეს, უკუაგდეს და ისინიც ყველა მიმართულებით უკან იხევდნენ, ვაჟკაცის არაერთი დაჟინებული ბრძანებით. ის ხედავდა, რომ მისი გაბედული ოპერაცია ჩაფლავდა, მაგრამ არ იცოდა, რომ ეს ვივეტიერის ჟლეტის შედეგი იყო, რამაც იულო აიძულა, ფუჟერში დაბრუნებულიყო. არტილერია ქალაქში მხოლოდ იმ ღამეს მივიდა, რადგან ვაჟკაცს რომ გაეგო ჭურვების გადატანის შესახებ, ნამდვილად უარს იტყოდა თავის განზრახვაზე, იცოდა, რომ თავდასხმაზე ჭორები აუცილებლად სავალალო შედეგს გამოიღებდა. მართლაც, რამდენადაც იულოს უნდოდა, ვაჟკაცისთვის ჭკუა ესწავლებინა, იმდენადვე ვაჟკაცი ცდილობდა, მისი იერიში წარმატებული ყოფილიყო, პირველი კონსულის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოსახდენად. ზარბაზნის პირველივე გასროლაზე მარკიზი მიხვდა, რომ წარუმატებელი შტურმის მხოლოდ თავმოყვარეობის გამო გაგრძელება სიგიჟეა და უაზროდ რომ არ დაეკარგა თავისი შუანები, საჩქაროდ გაგზავნა შვიდი-რვა შიკრიკი ბრძანებით, სასწრაფოდ უკან დაეხიათ ყველა პუნქტში. იულომ შენიშნა სენ-სიულპისის კლდეებზე დიდი სამხედრო საბჭოთი გარშემორტყმული მოწინააღმდეგე მადამ დიუ გაც და ზალპი მისცა. მაგრამ პოზიცია ოსტატურად აღმოჩნდა შერჩეული, ახალგაზრდა მეთაური უსაფრთხოდ იყო, მაშინ იულომ შეცვალა პოზიცია, თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდა. შუანების პირველსავე მოძრაობაზე, რამაც მარკიზის განზრახვა გააგებინა, ციხე-სიმაგრესთან მდგომმა ასეულმა ბრძანება მიიღო, უკანდასახევი გზა მოეჭრა მტრისთვის და ნანსონის ველის ზედა გასასვლელების დასაკავებლად წავიდა.    მიუხედავად სიძულვილისა, მადმუაზელ დე ვერნეი შეაშინა იმ ხალხის ბედმა, მარკიზი რომ მეთაურობდა. სწრაფად შეტრიალდა, რომ ენახა, მეორე გასასვლელი თავისუფალი იყო თუ არა, მაგრამ იქაც ლურჯები დაინახა. ეტყობოდა, ფუჟერის სხვა მისადგომებთან გამარჯვება მოეპოვებინათ და ახლა კუენონის ველიდან ბრუნდებოდნენ, ჟიბარის ღარტაფის გამოვლით, ეკლიანი ბუდის და სენ-სიულპისის კლდეების იმ ნაწილის დასაპყრობად, სადაც ველისკენ ქვემოთა გასავლელი იყო. მაშ, ასე, შუანები მოამწყვდიეს ხეობაში, ვიწრო მდელოზე და თითქოს ყველა იქ უნდა ჩახოცილიყო, იმდენად სწორად გაითვალისწინა რესპუბლიკელთა ბებერმა მეთაურმა და იმდენად ოსტატურად მიიღო ზომები, მაგრამ ზარბაზნები, ასე კარგად რომ ემსახურნენ იულოს, უძლურნი იყვნენ ამ ორი პუნქტის წინააღმდეგ, სადაც გააფთრებული ბრძოლა დაიწყო და როგორც კი ფუჟერს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, ბრძოლამ შუანებისთვის ჩვეული შეტაკების ხასიათი მიიღო. მადმუაზელ დე ვერნეი ახლა მიხვდა, ხალხის რა გროვა იყო ფუჟერის მიდამოებში რომ დაინახა და რატომ შეიკრიბნენ შუანების წინამძღოლები დ’ორჟემონის სახლში. გასაგები გახდა იმ ღამის ყველა მოვლენა, მხოლოდ ის არ ესმოდა, როგორ აარიდა თავი ამდენ ხიფათს. სასოწარკვეთილებით ნაკარნახევმა ბრძოლამ ისე გაიტაცა მარი, რომ გაქვავებულივით იდგა და თვალს არ აშორებდა მის წინაშე გათამაშებულ დრამატულ სურათებს.    მალე სენ-სიულპისის მთებში მიმდინარე ბრძოლამ მისი განსაკუთრეული ინტერესი გამოიწვია. როცა დაინახეს, რომ ლურჯები სჯობდნენ, მარკიზი და მისი მეგობრები შუანების დასახმარებლად ნანსონის ველისკენ გაეშურნენ. კლდეებთან მისადგომები სავსე იყო გამძვინვარებული მებრძოლების ჯგუფებით. სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკება იყო, მაგრამ არენა და იარაღი შუანებს ანიჭებდა უპირატესობას. ბრძოლის ველი გაფართოვდა: შუანები გაიფანტნენ და კლდეებზე აცოცდნენ, ბუჩქნარებს ჩაბღაუჭებულები. მადმუაზელ დე ვერნეი შეძრწუნდა, ცოტა გვიან დაინახა, რომ მისი მტრები უკვე მწვერვალებამდე ასულიყვნენ და გააფთრებით იცავდნენ იქით მიმავალ სახიფათო ბილიკებს. ყველა გასასვლელი მებრძოლებს ეჭირათ და მარი შეშინდა, რომ მათ შორის მოექცეოდა. მოშორდა ხეს და გაიქცა, გადაწყვიტა, ბებერი ძუნწის რჩევით ესარგებლა. დიდხანს მირბოდა ფერდობზე, კუენონის ველს რომ გადასცქერის, შორს რაღაც გომური დაინახა და მიხვდა, ის დაასხი-კუტალის ფერმაში იყო, სადაც შეტაკების დროს ალბათ მხოლოდ მისი ცოლი იყო შინ. ამ ვარაუდმა გაამხნევა მადმუაზელ დე ვერნეი: იმედი ჰქონდა, გულთბილად მიიღებდნენ და ფუჟერში უხიფათოდ დაბრუნების დრომდე რამდენიმე საათით შეიფარებდნენ. ყველაფერი იმას მიანიშნებდა, რომ გამარჯვება იულოს უნდა ეზეიმა. შუანები ისე სწრაფად იხევდნენ უკან, რომ მარის სულ ახლოს ესმოდა სროლა. შეშინებულმა, ბრმა ტყვიის მსხვერპლი არ გამხდარიყო, გომურისკენ მოკურცხლა, სანიშნად საკვამლე მილი ჰქონდა. როგორც იქნა, ბილიკმა ქერქგაუცლელ ოთხ მორზე შემდგარ, გამხმარ კურდღლისცოცხას სახურავიან ჩარდახთან მიიყვანა. ფარდულის სიღრმეში ერთადერთ თიხატკეპნილ კედელთან სიდრის დასამზადებელი წნეხი იდგა, აქვე იყო წიწიბურას სალეწი პატარა კალო და სამიწათმოქმედო იარაღი. მადმუაზელ დე ვერნეი ფარდულის ერთ-ერთ ბოძთან გაჩერდა, ვერ ბედავდა, გადასულიყო ამ პატარა ქოხის, რომელიც ნამდვილმა პარიზელმა გომურად ჩათვალა, ჭაობზე, ეზო რომ რომ ერქვა. ქოხი კლდეზე იყო მიკრული. ჩრდილოეთის ქარისგან რომ იცავდა და პოეტურად გამოიყურებოდა, სახურავზე გადმოკიდულ თელისა და ერიკას ყლორტების გირლანდებითა და მთის ყვავილებით. კლდეში გამოკვეთილი კიბით ქოხის ბინადართ კლდის წვერზე, სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად ასვლა შეეძლოთ. ქოხის მარცხნივ მთა მკვეთრად დაბლდებოდა და ნათესების რიგი ჩანდა, რომელთაგან პირველი უეჭველად სახლის პატრონს ეკუთვნოდა. ხეებიანი მიწაყრილები თვალსახარ წარაფებად ერტყა ყველა მინდორს და უახლოესი ცოცხალი ღობე ეზოს ყორეს ემიჯნებოდა. მინდვრამდე ბილიკს სქელი, ჭიანაჭამი ხე იცავდა, - თავისებური ბრეტონული შლაგბაუმი (ეს სახელი, მოგვიანებით, გადახვევის საბაბი იქნება ამ მხარის დასახასიათებლად). ფიქლის ფერდობზე გამოთლილ კიბესა და მორით გადახერგილ ბილიკს შორის, ჭუჭყიანი ეზოს სიღრმეში, კლდის შვერილის ქვეშ ქოხის ოთხკუთხივ უხეშად ნათალი გრანიტის ნაჭრები ელაგა ზედიზედ - თიხის, ფიცრებისა და წვრილი ქვებისაგან შეკოწიწებული კედლების საყრდენად. ნახევარი სახურავი გამხმარი კურდღლისცოცხასი იყო, ჩალის მაგივრად რომ დაეხურათ, მეორე ნახევარი კი მუხის, კრამიტივით დაჭრილი ნაფოტებისგან რომ გაეკეთებინათ. ეს იმის მიმანიშნებელი იყო, რომ სახლი შიგნითაც ორად იყო გაყოფილი, მართლაც, ერთი ნახევარი უშნო ღობით გამოყოფილი გომური იყო, მეორე ნახევარში კი პატრონები ცხოვრობდნენ. თუმცა ამ ქოხში, ქალაქთან სიახლოვის გამო, რაღაც სიახლეები იყო, ფუჟერიდან ორი კილომეტრის დაშორებით რომ ვერ შეხვდებით, მაგრამ მაინც ნათლად ჩანდა ცხოვრების არამდგრადი, ცვალებადი ყაიდა, რაც ყმებს ომებმა და ფეოდალურმა წეს-ჩვეულებებმა დაუტოვეს და დაუქვემდებარეს. ბევრი გლეხი ციხე-კოშკს, სადაც მათი სენიორები ცხოვრობდნენ, დღემდე დარბაზს, დიდ სახლს უწოდებს. მადმუაზელ დე ვერნეი გასაგები გაკვირვებით ათვალიერებდა ამ კუნჭულს და ბოლოს შეამჩნია, რომ ეზოს ლაფში არც თუ საიმედო ბილიკად გრანიტის ნატეხები ეყარა. როცა სროლის ხმა საგრძნობლად მოახლოვდა, ქალიშვილმა გადაწყვიტა, თავშესაფარი ეთხოვა და ქვიდან ქვაზე სკუპ-სკუპით გადავიდა წუმპეზე. სახლში კარი ორნაწილიანი იყო: ქვედა ნაწილი მთლიანი მასიური ქვისა იყო, ზედას კი დარაბა ჰქონდა და ფანჯრის მაგივრობას სწევდა. ასეთი კარი საფრანგეთის ზოგიერთი პატარა ქალაქის სავაჭროებში გვხვდება, ოღონდ იქ ლამაზად მორთულ-გაწყობილია და ქვედა ნაწილში ზანზალაკი აქვს. ამ ქოხში კარი ხის რაზით იკეტებოდა, ზედა ნაწილს კი დარაბით მხოლოდ ღამე კეტავდნენ, რადგან სინათლე ოთახში მხოლოდ აქედან შედიოდა. მართალია, ქოხში უშნოდ გამოჩორკნილი სარკმელიც იყო, მაგრამ მისი პატარა მინები ბოთლის ძირს წააგავდა, სქელ, ტყვიის კალათას კი იმდენი ადგილი ეჭირა, თითქოს უფრო ეფარებოდა შუქს, ვიდრე ატარებდა. როცა მადმუაზელ დე ვერნეიმ ჟანგიანი ანჯამების ღრჭიალით გააღო კარი, ამიაკის აუტანელი სუნი ეცა. გომურის ოთხფეხა ბინადრებს ჩლიქების ცემით ტიხარი დაენგრიათ, საცხოვრებლისგან რომ ყოფდა. ასე რომ, ფერმა, - და ეს ფერმა იყო, შიგნიდან უკეთესი არ იყო, ვიდრე გარედან. მადმუაზელ დე ვერნეი ფიქრობდა: ნუთუ ამ პირველყოფილ ჭუჭყში შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს? და უცებ მის წინ აღმოჩნდა რვა-ცხრა წლის ბიჭი და მარიმ თვალი ვერ მოსწყვიტა: ქორფა, ყირმიზა სახე, მსუქანი ლოყები, ცოცხალი თვალები, კბილები სპილოს ძვლისა გეგონებოდათ და ნახევრად შიშველ მხრებზე დაყრილი აბურდული ქერა თმა. მის პატარა სხეულში ჩაბუდებული ძალა იგრძნობოდა, პოზა კი იმ ველურ მიამიტობას, მშვენიერ გაოცებას გამოხატავდა, რომლისგანაც ასე ფართოდ ახელენ ბავშვები თვალებს. ბიჭი გამაოგნებლად ლამაზი იყო. - დედაშენი სად არის? - ალერსიანად ჰკითხა მარიმ, დაიხარა და თვალები დაუკოცნა. კოცნა შეიფერა, გასრიალდა და ბორცვზე ნაკელის გროვას მოეფარა, სახლსა და ბილიკს შორის. სიტყვამ მოიტანა და დაასხი-კუტალი, სხვა მრავალი მხვნელ-მთესველის მსგავსად, იმ მხარეში მიწათმოქმედების თავისებური სისტემის თანახმად, ნაკელს ყოველთვის შემაღლებულ ადგილზე აგროვებდა და როცა ნიადაგის გასანაყოფიერებლად მისი გამოყენების დრო დგებოდა, წვიმას უკვე გამორეცხილი ჰქონდა ყველა სასარგებლო თვისება. რამდენიმე წუთი მარი ქოხის დიასახლისად დარჩა და სახლი - ერთადერთი ოთახი, სადაც ბარბეტას ელოდა, მიათვალიერ-მოათვალიერა. ყველაზე შესამჩნევი და დიდებული რამ ლურჯი გრანიტის ბალდახინიანი უზარმაზარი კერა იყო. ამ სახელწოდების ეტიმოლოგიას ადასტურებდა გრანიტის ფილიდან გადმოკიდებული ნახევარწრის ფორმის მწვანე სარჟის ნაჭერი, ნაპირზე მოვლებული ბაცი-მწვანე ლენტით. „ბალდახინის“ შუაში იდგა ღვთისმშობლის გაფერადებული თაბაშირის პატარა ქანდაკება. მადმუაზელ დე ვერნეიმ სტატუეტის ცოკოლზე ამოიკითხა ამ პროვინციაში ძალიან გავრცელებული სასულიერო ლექსის ორი სტრიქონი: მე ვარ დედა ღმერთისა, მფარველი ამ ადგილისა.    ღვთისმშობლის უკან სურათი ჩანდა - ლურჯი და წითელი ლაქებით ნათითხნი საშინელება. აკლდამის ფორმის საწოლს მწვა-ნე სარჟის მიჩიგდანი ეფარა. ბავშვის უშნოდ შეკრული, ნაჩორკნი საწოლი, სართავი ჯარა, ტლანქი, ულაზათო სკამები, ამონაკვეთი, ჩუქურთმიანი, განიერი, დაბალი კარადა ცოტაოდენი ჭურჭლით - სულ ეს იყო ამ ქოხის მოწყობილობა. ფანჯარასთან წაბლის ხის გრძელი მაგიდა იდგა, იმავე ხის ორი მერხით. დაბურული პატარა მინებიდან შემოსული სინათლე ძველებური წითელი ხის ელფერს აძლევდა. კუთხეში იდგა უზარმაზარი კასრი, მის ქვეშ მადმუაზელ დე ვერნეიმ შეამჩნია მოყვითალო სიბინძურე, რომელსაც ნესტით ამოეჭამა იატაკი - თიხით შეწებებული გრანიტის ნაჭრები. როგორც ჩანს, ოჯახის უფროსს შუანური მეტსახელი დამსახურებულად ჰქონდა შერქმეული. მადმუაზელ დე ვერნეიმ თვალი აარიდა ამ უსახურ გარემოს და ზემოთ აიხედა. და მაშინ მოეჩვენა, რომ ჭერქვეშ მთელი მსოფლიოს ღამურებს მოეყარათ თავი - იმდენი მუქი აბლაბუდა იყო კოჭებიდან ჩამოკონწიალებული. გრძელ მაგიდაზე ორი უზარმაზარი სიდრით სავსე კუტალი იდგა. თიხის ასეთი ჭურჭელი საფრანგეთის ბევრ ოლქშია და პარიზელებისთვის ძნელი წარმოსადგენი არ არის. ისინი პირგანიერი ტოლჩებივით არის, რომლითაც გურმანებს სუფრაზე ბრეტონულ კარაქს მიართმევენ ხოლმე. მაგრამ უნდა წარმოიდგინოთ უფრო ღიპიანი, უსწორმასწოროდ მოჭიქული, მოწითალო ლაქებით ზღვის ზოგიერთი ნიჟარასავით მოელვარე. ასეთ კუტალს სატუჩეც აქვს, წყლიდან ჰაერის ჩასაყლაპად თავამოწეულ ბაყაყს რომ მოაგავს. მარის ყურადღება ამ ორმა კუტალმა მიიქცია, მაგრამ ბრძოლის ხმა ისე მკაფიოდ შემოესმა, რომ თვალის ცეცება დაიწყო, ბარბეტას მოსვლამდე დასამალი ადგილის საპოვნელად. ამ დროს დიასახლისიც მოვიდა. - გამარჯობა, ყანჩა, - მიმართა მარიმ და ძლივს შეიკავა უნებური ღიმილი. ამ ქალს სახე საოცრად უგავდა ქვის ნიღაბს, არქიტექტურულ ორნამენტად რომ ათავსებენ ხოლმე ფანჯრის თაღის შუაში. - აა! დ’ორჟემონისგან ხართ? - არც თუ ალერსიანად ჰკითხა ბარბეტამ. - სად დამმალავთ? შუანები უკვე ახლოს არიან. - იქ!.. - უთხრა იმ არსების სილამაზითა და უცნაური ჩაცმულობით გაკვირვებულმა ბარბეტამ, ვერაფრით რომ ვერ აკავშირებდა თავისი სქესის წარმომადგენლებთან, - აი, იქ, სამალავში. მან მარი საწოლის თავთან მიიყვანა და საწოლსა და კედელს შორის დატოვებულ პატარა სივრცეში მოათავსა. მაგრამ უცებ ერთმანეთს გადახედეს, გაიგონეს ეზოში როგორ ჩახტა ვიღაც წუმპეში. ძლივს მოასწრო ბარბეტამ საწოლის ფარდის ჩამოფარება, მარიც ქვეშ მოაქცია და გამოქცეული შუანის პირისპირ აღმოჩნდა. - აბა, აქ სად დავიმალო, ბებერო? გრაფი დე ბოვანი ვარ. მადმუაზელ დე ვერნეი შეკრთა, იმ სტუმრის ხმა იცნო, ვისაც მისთვის გამოცანად დარჩენილი სიტყვები ეკუთვნოდა, ვივეტიერის ტრაგედია რომ გამოიწვიეს. - საუბედუროდ, მონსენიორ, ხომ ხედავთ, აქ დასამალი ადგილი არ არის! უკეთესია, ეზოში გავალ და იქ დავიჭერ თვალყურს. ლურჯები თუ მოვლენ, გაგაგებინებთ. აქ რომ დავრჩე და იმათ გიპოვონ, სახლს გადაბუგავენ. და ბარბეტა გავიდა. ვერ მოესაზრებინა, როგორ მოქცეულიყო ორი მტრის ინტერესების დასაცავად, ერთნაირი უფლება რომ ჰქონდათ აქ დამალვისა, რადგან ქმარმა უბრძანა ორმაგი თამაში. - მხოლოდ ორი ჭურვი დაგრჩა! - სასოწარკვეთილმა ჩაილაპარაკა გრაფმა. - მაგრამ ლურჯები უკვე გაგცდნენ. ეე, არაფერია! ნუთუ უკან დაბრუნებისას, ჩემდა საუბედუროდ, ისევ ამ სახლთან ჩაივლიან და აზრად მოუვათ საწოლის ქვეშ შეხედვა?     დაუფიქრებლად მიაყუდა თოფი კუთხეში, სადაც მარი იდგა, სარჟის მწვანე ფარდაში შეხვეული. მერე დაიხარა, რომ ენახა, შეეტეოდა თუ არა საწოლის ქვეშ. უეჭველია, უნდა დაენახა მიყუჟული ქალის ფეხები, მაგრამ ამ სახიფათო მომენტში ქალმა ხელი სტაცა თოფს, გადახტა შუა ოთახში და დაუმიზნა გრაფს. მან იცნო ქალი და გადაიხარხარა. სამალავში შესვლისას, მარიმ მოიხადა ფართოფარფლებიანი შუანური ქუდი. მის ფაფუკ დალალებს მაქმანის შავი ბადე ვერ იჭერდა. - ნუ იცინით, გრაფო, ჩემი ტყვე ხართ... გაინძრევით თუ არა, გაიგებთ, რა შეუძლია შეურაცხყოფილ ქალს, - სწორედ იმ წუთში, როცა გრაფი და მარი, თავიანთი აზრებით აფორიაქებულნი, დაჟინებით შეჰყურებდნენ ერთმანეთს, კლდიდან ყვირილი შემოისმა. - გადაარჩინეთ ვაჟკაცი! გაიფანტეთ! გადაარჩინეთ ვაჟკაცი! გაიფანტეთ! ბარბეტას მჭექარე ხმა გაისმა, შეწყობილი ყვირილი რომ გადაფარა. ქოხში მომწყვდეული მტრები ყურს უგდებდნენ ძალიან განსხვავებული, მღელვარე გრძნობებით შეპყრობილნი. მშვენი-ვრად ხვდებოდნენ, რომ უფრო მათ გასაგონად ამბობდა, ვიდრე შვილის. - შენ რა, ლურჯებს ვერ ხედავ? - გაბრაზებული ჭყიოდა ბარბეტა, - აქ მოდი, დაუდეგარო, თორემ მე თვითონ მოგათრევ! თუ გინდა, რომ ტყვია მოგხვდეს? აბა, ცოცხლად, გამოიქეცი!.. ამ დროს, ეს სწრაფმდინარი წვრილ-წვრილი ამბები რომ ხდებოდა, ეზოში საიდანღაც იფრინდა ჩამოხდა. - იფრინდა!.. - დაუძახა მადმუაზელ დე ვერნეიმ. იფრინდამ მოირბინა მის ხმაზე და უფრო მარჯვედ, მოსხეპილად დაუმიზნა გრაფს, ვიდრე მისმა მხსნელმა. - არისტოკრატო, - დამცინავად მიმართა ქვეითმა, - არ გაინძრე, თორემ ბასტილიასავით ხელად მოგსპობ. - იფრინდა, - ალერსიანად წაიღუღუნა მადმუაზელ დე ვერნეიმ, - ამ ტყვეზე თქვენ აგებთ პასუხს. რაც გინდათ, ქენით, ოღონდ ფუჟერში საღ-სალამათი უნდა მიიყვანოთ. - გასაგებია, ქალიშვილო! - ფუჟერის გზა უკვე თავისუფალია? - თავისუფალია და სრულიად უსაფრთხო, თუ შუანები არ აღსდგებიან მკვდრეთით! მადმუაზელ დე ვერნეი გრაფის მსუბუქ სანადირო თოფს დაეპატრონა და ირონიული ღიმილით უთხრა თავის ტყვეს: - მშვიდობით, გრაფო! არა, ნახვამდის! - დაიხურა თავისი ფართოფარფლებიანი ქუდი და სწრაფად გაუყვა ბილიკს. - გვიან მივხვდი, რომ ღირსება და სახელდაკარგულ ქალს ღირსებაზე არ უნდა ეხუმრო, - მწარედ ჩაილაპარაკა გრაფმა დე ბოვანმა. - არისტოკრატო, - კუშტად გასძახა იფრინდამ, თუ არ გინდა, თქვენს ყოფილ სამოთხეში გაგისტუმრო, ცუდის თქმა არ გაბედო ამ ლამაზ ქალბატონზე! მადმუაზელ დე ვერნეი სენ-სიულპისის კლდეებისა და ეკლიანი ბუდის შემაერთებელი ბილიკებით გაემართა ქალაქისკენ. მივიდა იმ მაღლობამდე, სწრაფად გაიარა გრანიტის კლდეების შვერილებზე დაკლაკნილი გზა და აღფრთოვანებულმა თვალი ვერ მოსწყვიტა ნანსონის მშვენიერ ვიწრო ველს, სულ ახლახან ასეთ ხმაურიანს, ახლა კი სრულიად მშვიდსა და წყნარს. მთების სიმაღლიდან ეს ღარტაფი მწვანე ქუჩას ჰგავდა. გზამ მადმუაზელ დე ვერნეი სენ-ლეონარის კარიბჭესთან მიიყვანა და ფუჟერში შევიდა. ქალაქის მოსახლეობა ისევ ღელავდა, როგორ დამთვარდებოდა ბრძოლა, რომელიც, თუ კანტიკუნტი სროლებით იმსჯელებდით, შეიძლებოდა მთელი დღე გაგრძელებულიყო. კარიბჭესთან დიდი ჯგრო ელოდა ნაციონალური მეომრების დაბრუნებას, რომ გაეგოთ, როგორი იყო მსხვერპლი. მადმუაზელ დე ვერნეის უცნაურმა კოსტიუმმა, გაშლილმა თმამ, თოფმა, კირით გასვრილმა მიშხეფებულმა ტალახმა, ცვრისგან დანესტიანებულმა შალმა და კაბამ ფუჟერის მოსახლეობის ცნობისმოყვარეობა გამოიწვია, მით უმეტეს, რომ ქალაქში უკვე ლაპარაკობდნენ ამ პარიზელი ქალის ძალაუფლებაზე, სილამაზესა და უცნაურობაზე.    მთელი ღამე ელოდა ფრანსინი თავის ქალბატონს და ბოლოს და ბოლოს რომ დაინახა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მარიმ მეგობრული ჟესტით გააჩერა. - ხომ ხედავ, ცოცხალი ვარ, ჩემო პატარავ, - უთხრა მარიმ, - პარიზიდან წამოსვლისას როგორ მინდოდა ფათერაკები!.. - და მცირე ხნის დუმილის შემდეგ დაუმატა, - ახლა ყველაფერი გამოვცადე!.. ფრანსინი გასვლას აპირებდა, რათა საუზმე მოერთმიათ მისი ქალბატონისთვის, ალბათ ძალიან მოგშივდათო, უთხრა. - ოო, აბაზანა, აბაზანა!.. პირველ რიგში, დაბანა მინდა! - შესძახა მადმუაზელ დე ვერნეიმ. ფრანსინს ძალიან გაუკვირდა, მისმა ქალბატონმა სამგზავრო სკივრით ჩამოტანილი სამოსიდან ყველაზე ელეგანტური ტანსაცმელი რომ მოითხოვა. საუზმის შემდეგ მარიმ საგულდაგულოდ დახვეწილად ჩაიცვა, ისეთი მონდომებით, ქალი რომ მეჯლისზე წასასვლელად, საყვარელ მამაკაცთან შესახვედრად რომ იპრანჭება. ფრანსინს ვერაფრით აეხსნა თავისი ქალბატონის ირონიული მხიარულება. ეს სიყვარულის სიხარული არ იყო, - ქალები ამას უშეცდომოდ გამოიცნობენ სახის გამომეტყველებით, - რაღაც თავშეკავებული ღვარძლი, ნიშნის მოგება იყო, რაღაც ავისმომასწავებელი, არასასიკეთო. მარიმ თვითონ, საკუთარი ხელით გაასწორა ფარდები ფანჯრებზე, საიდანაც შესანიშნავი პანორამა იშლებოდა, მერე სავარძელი ისე მიიდგა ბუხართან, რომ შუქი სახეზე მოხვედროდა. ფრანსინს უბრძანა, ყვავილები ეშოვნა, უნდოდა, ოთახი საზეიმოდ ყოფილიყო მორთული. როცა მოიტანა, უთხრა, ლამაზად როგორ განელაგებინა, მერე ოთახს კმაყოფილი თვალი მოავლო და ფრანსინს მიმართა, ვინმე გაეგზავნა იულოსთან და მისი ტყვე მოეყვანათ. თვითონ სავარძელზე მიწვა დასასვენებლად და თანაც მიიღო პოზა, რომლითაც ხაზს გაუსვამდა გრაციასა და სისუსტეს, თვალწარმტაცად, მომაჯადოებლად რომ გამოსდის ზოგიერთ ქალს. ეს მაცდუნებელი პოზის მიბნედილი მინაზებულობა, კაბის ნაკეცებიდან ოდნავ გამოჩენილი ინტერესის აღმძვრელი პატარა ფეხი, მოღერებული ყელი, ბალიშზე დასვენებული ხელი, ლამაზი თლილი თითები, ჟასმინის მტევნის თეთრი ზანზალაკებივით ბალიშის ნაპირზე გადმოკიდული, - ყველაფერი ჰარმონიულად ეხამებოდა მისი თვალების გამომეტყველებას. ყველაფერი აცდუნებდა და სურვილებს აღძრავდა. ბრძანა, საკმეველიც მოეტანათ, ჰაერი ნაზი არომატით რომ გაჯერებულიყო, ასე რომ აღელვებს მამაკაცის გულს და არც თუ იშვიათად ამზადებს იმ გამარჯვებას, რომლის შეუმჩნეველად მოპოვებაც განუზრახავს ქალს. რამდენიმე წუთის შემდეგ საძინებლის მომიჯნავე სასტუმრო ოთახში ბებერი მებრძოლის მძიმე ფეხის ხმა გასმა. - აბა, მეთაურო, სად არის ჩემი ტყვე? - ამ წუთში ვბრძანე თორმეტკაციანი პიკეტის დაყენება იარაღით ხელში, დაჭერილი მტრის დასახვედრად. - როგორ, თქვენ გაეცით განკარგულება ჩემს ტყვესთან დაკავშირებით? - წამოიძახა მარიმ, - მისმინეთ, სარდალო, თქვენი სახის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დიდ სიამოვნებას არ უნდა გგვრიდეთ ადამიანის მოკვლა ბრძოლის ველის გარეთ. ასე რომ, დამიბრუნეთ ჩემი შუანი. მისი სიკვდილის გადავადებას ჩემს თავზე ვიღებ. გიცხადებთ, რომ ეგ არისტოკრატი აუცილებლად მჭირდება ჩვენი გეგმების განსახორციელებლად. და თანაც ამ მოყვარული შუანის დახვრეტა ისეთივე უაზრობაა, როგორც საჰაერო ბურთისთვის სროლა. საკმარისია, ქინძისთავი ჩაარჭოთ და - ჩვრად იქცევა. თუ ღმერთი გწამთ, ეგ სისასტიკეები არისტოკრატებს დაუტოვეთ. რესპუბლიკა დიდსულოვანი უნდა იყოს.განა არ მიუტევებდით კიბერონის მსხვერპლებს და მრავალ სხვას?.. აი, რა, თქვენი პიკეტი დაზვერვაზე გაუშვით, თქვენ კი, ჩემს ტყვესთან ერთად მოდით ჩემთან სადილად. ოღონდ არ დაგავიწყდეთ, ერთ საათში დაღამდება, - დაუმატა ცბიერი ღიმილით, - და თუ დააგვიანებთ, ჩემი მოკაზმულობის მთელი ეფექტი დაიკარგება. - კი მაგრამ, მადმუაზელ, როგორ?.. - ჩაილაპარაკა გაოგნებულმა იულომ. - აბა, კიდევ რა? ა, მესმის!.. ნუ გეშინიათ, გრაფი არსად წაგივათ. ადრე თუ გვიან, თქვენი თოფების ცეცხლი ფრთებს შეუტრუსავს ამ სქელ პეპელას. იულომ ოდნავ აიჩეჩა მხრები იმ კაცივით, იძულებული რომ არის, უნდა თუ არა, დაემორჩილოს ლამაზი ქალის ახირებას და ნახევარი საათის შემდეგ გრაფ დე ბოვანთან ერთად დაბრუნდა.    მადმუაზელ დე ვერნეიმ თავი მოაჩვენა, თითქოს სტუმრები მოულოდნელად დაადგნენ თავზე, თითქოს ძალიან უხერხულად იგრძნო თავი, გრაფმა დაუდევრად წამოწოლილი რომ დაინახა, მაგრამ როგორც კი გრაფის თვალებში ამოიკითხა, რომ სასურველი შთაბეჭდილება მოახდინა, ადგა და უზადო გრაციით, დახვეწილი თავაზიანობით მიიღო სტუმრები. მის ჟესტსა და პოზებში, ღიმილსა და სიარულში, ინტონაციაში - არაფერი იყო ყასიდი, დასწავლილი, არაფერი ამჟღავნებდა დამალულ ზრახვებსა და აზრებს. ყველაფერი ჰარმონიული იყო, ვულგარულობის ნასახიც კი არ ჩანდა არაფერში, რაიმე საეჭვოდ რომ სჩვენებოდათ. რომ ჰგონებოდათ, რომ ბაძავდა იმ საზოგადოების მანერებს, რომელსაც არ ეკუთვნოდა. როცა როიალისტი და რესპუბლიკელი დასხდნენ, ქალმა მკაცრად შეხედა გრაფს. დიდგვაროვანი ქალებს კარგად იცნობდა და იცოდა, რომ ამ ქალისთვის მიყენებული შეურაცხყოფა შეიძლებოდა სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა. ასეთი ვარაუდის მიუხედავად, არც განზრახ მხიარულება დასტყობია და არც გულისტკივილი; თავი იმ ადამიანივით ეჭირა, ასეთ სწრაფ კვანძის გახსნას რომ არ ელოდა. მალე სასაცილოდ მოეჩვენა, ასეთი ლამაზი ქალის საზოგადოებაში სიკვდილის შინებოდა და თანაც, მარის მკაცრმა გამომეტყველებამ სხვა აზრები აუშალა.    „აჰა! ვინ იცის, იქნებ გრაფის გვირგვინი უფრო ხიბლავს, ვიდრე ხელიდან გაშვებული მარკიზისა? მონტორანი ნაფოტივით გამხმარია, მე კი... - და კმაყოფილმა შეათვალიერა თავისი თავი, - ასეა თუ ისე, თავს მაინც გადავირჩენ!“ ეს დიპლომატიური მსჯელობები სრულიად უსარგებლოდ ეჩვენა. მოჩვენებითი გატაცება, გრაფს რომ უნდა განესახიერებინა, მოულოდნელად, ვნების მგზნებარე კაპრიზად შემოუბრუნდა და სახიფათო, მაცდუნებელი სიამოვნებით ეცადა, გაეღვივებინა იგი. - გრაფო, - უთხრა მარიმ, - ჩემი ტყვე ხართ. უფლება მაქვს, ჩემს ხელთ იყოთ. თქვენი სიკვდილით დასჯას ჩემი თანხმობა სჭირდება... მაგრამ ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და ნებას არ მივცემ, ახლა დაგხვრიტონ. - თუ გავჯიუტდები და არაფერს ვიტყვი? - მხიარულად ჰკითხა. - წესიერ ქალთან ეგ შეიძლება, მაგრამ გომბიოსთან!.. კარგი ერთი, გრაფო, ეგ უაზრობაა. მწარე ირონიით ნათქვამი ეს სიტყვები მარიმ წაისისინა, როგორც იულომ თქვა გრაფინია დე ბოფორზე ლაპარაკისას, და ისეთ ენამწარობას მოწმობდნენ, რომ გრაფმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ გაკვირვებით შეხედა თავის სასტიკ მოწინააღმდეგეს. - მომისმინეთ, - დაუმატა დამცინავი ღიმილით, - თქვენი სიტყვები რომ არ დავარღვიო, კარგი გოგო ვიქნები, როგორც ყველა ეგ არსება. პირველ რიგში, აი, თქვენი თოფი... - და რბილად, ხუმრობანარევი ჟესტით მიართვა კარაბინი. - აზნაურის პატიოსან სიტყვას გაძლევთ, მადმუაზელ, თქვენ ისე იქცევით... - ოჰ! - შესძახა მარიმ და შეაწყვეტინა, - არ მჯერა მე აზნაურის პატიოსანი სიტყვის! ვენდე აზნაურს და ჩამოვედი ვივეტიერში. თქვენმა წინამძღოლმა შემომფიცა, რომ მეც და ჩემი ხალხიც იქ უსაფრთხოდ ვიქნებოდით. - რა უნამუსობაა! - შესძახა შუბლშეჭმუხნულმა იულომ. - ამაში დამნაშავე გრაფია, - თქვა მარიმ და მიუთითა აზნაურზე, - ეჭვი არ მეპარება, ვაჟკაცს გულით უნდოდა, შეესრულებინა სიტყვა, მაგრამ გრფმა დე ბოვანმა ჩემზე რაღაც ცილისწამება გაავრცელა და კვერი დაუკრა „ფაშატ შარეტს“ ჩემზე სისაძაგლეები რომ თქვა... - მადმუაზელ, - თქვა სრულიად შეცბუნებულმა გრაფმა, - ჯალათის ცულისაც არ შემეშინდება, დავამტკიცებ, რომ მხოლოდ სიმართლე ვთქვი. - რა თქვით? - რომ იყავით... - თქვით, თქვით, ნუ გრცხვენიათ, რომ საყვარელი ვიყავი... - დიახ, მარკიზის საყვარელი, ახლა კი ჰერცოგ დე ლენონკურისა, ერთ-ერთი ჩემი მეგობრის, - განაცხადა გრაფმა. - ახლა კი მშვიდად შემეძლო თქვენი დასახვრეტად გაშვება, - წარმოთქვა მარიმ, სულაც რომ არ ეტყობოდა დარცხვენა, გრაფი კი გაოცებული იყო მისი მოჩვენებითი თუ ნამდვილი უზრუნველობით ასეთი ბრალდების შემდეგ, - მაგრამ, - სიცილით გააგრძელა მარიმ, - სამუდამოდ მოიშორეთ შავბნელი აზრები სასიკვდილო ტყვიის შესახებ, თქვენ მე უფრო მეტად არ შეურაცხმყავით, ვიდრე თქვენი მეგობარი, როცა განაცხადეთ, რომ მე ვიყავი მისი... ფუჰ! რა სისაძაგლეა!.. მისმინეთ, გრაფო, თქვენ განა არ ყოფილხართ მამაჩემის, ჰერცოგ დე ვერნეის სახლში? რაკი უნდოდა, იულოს არ გაეგო ასეთი მნიშვნელოვანი აღიარება, რის თქმასაც აპირებდა, მადმუაზელ დე ვერნეიმ თავისკენ მოუხმო გრაფს და ყურში უთხრა რამდენიმე სიტყვა. ბატონ დე ბოვანს გაკვირვების ყრუ შეძახილი აღმოხდა და დაბნეულმა შეხედა მარის. მარი შეეცადა, გაეღრმავებინა გრაფში გაღვიძებული მოგონება, ბუხარს მიეყრდნო და გულუბრყვილობისა და ბავშვური უმანკოების პოზა მიიღო. გრაფმა მუხლი მოიყარა. - მადმუაზელ, - შესძახა მან, - გემუდარებით, პატიება მიბოძეთ, თუმცა ღირსი არ ვარ. - მე არაფერი მაქვს საპატიებელი. ახლა თქვენი სინანული ისეთივე უსაფუძვლოა, როგორც არ გქონდათ საბუთი, ვივეტიერში იმ თავხედური მტკიცებისა. ამის გაგება თქვენს შესაძლებლობებს აღემატება, ოღონდ, იცოდეთ, გრაფო, - მკაცრად დაუმატა მარიმ, - ჰერცოგ დე ვერნეის ქალიშვილი დიდსულოვანია და თქვენი ბედი ძლიერ აწუხებს. - ასეთი შეურაცხყოფის შემდეგაც კი? - ჰკითხა გრაფმა რაღაცნაირი სიმწრის გრძნობით. - ზოგიერთი ადამიანი ისე მაღლა დგას, რომ შეურაცხყოფა მათ ვერ შეეხება, მე ასეთ ხალხს მივეკუთვნები. ქალიშვილმა ისეთი კეთილშობილებითა და სიამაყით თქვა ეს სიტყვები, რომ ტყვეს თავის მიმართ პატივისცემა აღუძრა, იულოსთვის კი მთელი ეს ინტრიგა უფრო ბუნდოვანი გახდა. მან ხელი ასწია, თითქოს ულვაშის გადაგრეხა უნდოდა, შეშფოთებით შეხედა მადმუაზელ დე ვერნეის, მან კი მჭევრმეტყველური ნიშნით მიახვედრა, რომ თავისი გეგმის ერთგული რჩებოდა. - ახლა კი ვისაუბროთ, - თქვა მადმუაზელ დე ვერნეიმ ცოტა ხნის დუმილის შემდეგ, - ფრანსინ, გეთაყვა, მოიტანე სანთლები. ძალიან ოსტატურად გადაიტანა ლაპარაკი იმ დროზე, სულ რამდენიმე წლის წინ რომ გახდა ძველი რეჟიმი. ცოცხალი შენიშვნებითა და დახასიათებებით შეეშველა გრაფს, წარსულში გადასულიყო და ისეთი დახვეწილი თავაზიანობით მიჰყავდა საუბარი და მიმართულებას აძლევდა მის რეპლიკებს, იმდენჯერ მისცა შემთხვევა, გონებამახვილურად ეპასუხა, რომ ბოლოს და ბოლოს დე ბოვანმა გადაწყვიტა, რომ ცხოვრებაში ასეთი სასიამოვნო მოსაუბრე არ ყოფილა. ამ დასკვნისგან გაახალგაზრდავდა და ეცადა, მომაჯადოებელი დიასახლისისთვის შთაეგონებინა ის დიდი წარმოდგენა, რაც თვითონ ჰქონდა თავის პერსონაზე. ცბიერმა ქალმა სიამოვნებით მოსინჯა კეკლუცობის ყველა ხერხი და განსაკუთრებული ოსტატობით აცდუნებდა, რადგან ეს მისთვის მხოლოდ თამაში იყო. ხან მზერით აძლევდა სწრაფი წარმატების იმედს, ხან, თითქოს ძლიერი გატაცების შეეშინდაო, გულგრილი ხდებოდა, სულ უფრო მეტად ხიბლავდა გრაფს და ნელ-ნელა უღვივებდა ახლად ჩასახულ ვნებას. ზუსტად იმ მეთევზეს ჰგავდა, დროდადრო ანკესს რომ ამოიღებს ხოლმე, რომ ნახოს, თევზი ეგება თუ არა. გრაფი წამოეგო გულუბრყვილო სიამოვნების სატყუარას - მისმა მხსნელმა მოისმინა მისი ორი-სამი მოს-წრებული ქათინაური. ემიგრაცია, რესპუბლიკა, ბრეტანი, შუანები მისგან ათასი ლიეთი იყო დაშორებული. იულო გაჭიმული იჯდა, ღმერთ ტერმინუსივით... უტყვი, გაქვავებული, პირქუში, არასაკმარისი განათლების გამო, სრულებით არ შეეძლო მსგავსი საუბრის წარმოება. სრულიად დასაშვებად მიაჩნდა, რომ მოსაუბრენი რაღაცას ამბობდნენ, მაგრამ მთელი ძალა ჰქონდა მოკრებილი, რომ გაეგო, რას ამბობდნენ, გამოეცნო, მათ სიტყვებში რესპუბლიკის ღალატი ხომ არ იყო დაფარული. - მადმუაზელ, - ამბობდა გრაფი, - მონტორანი ძველი გვარისაა, კარგად აღზრდილი, მაგრამ სულ არ არის გალანტური. მეტისმეტად ახალგაზრდაა, ვერსალი არ უნახავს და ამიტომ მისი აღზრდა არ არის დასრულებული. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ მოწინააღმდეგე გააშაოს, პირშავად გამოიყვანოს, მზად არის, დანით გაუსწორდეს. შეუძლება მგზნებარედ უყვარდეს, მაგრამ არასოდეს ექნება დახვეწილი სინატიფე ურთიერთობაში, ლოზენს, ადემარს, კუანინს და ბევრ სხვას რომ გამოარჩევდა. არა აქვს ნატიფი ხელოვნება, ქალებს სასიამოვნო სიტყვები უთხრას, რაც, ბოლოს და ბოლოს, მათ უფრო მეტად მოსწონთ, ვიდრე მგზნებარე გატაცება, ძალიან მალე რომ ღლით ხოლმე. დიახ, ის გულთამპყრობელების ჯიშისაა, მაგრამ არც მათი უზრუნველობა ახასიათებს და არც მათი გრაცია. - შევამჩნიე, - დაეთანხმა მარი. - „ოჰ, - გაიფიქრა გრაფმა, - როგორ თქვა და როგორ შემომხედა! დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ახლო ურთიერთობა გვექნება, და, ღმერთმანი, მისი რომ გავხდე, მზად ვარ, დავიჯერო ყველაფერი, რაშიც მოესურვება ჩემი დარწმუნება.“ სუფრა გაიშალა. გრაფმა ხელი შესთავაზა მარის, რომელიც დიასახლისის მოვალეობას დიდი თავაზიანობითა და ტაქტით ასრულებდა, რაც მხოლოდ აღზრდითა და კარზე ყოფნის დახვეწილი ცხოვრებით მოიპოვება. - ახლა წადით, - უთხრა იულოს მარიმ, სუფრიდან ადგომის შემდეგ, - თქვენი შეეშინდება, მე კი თუ მარტო დავრჩები მასთან, ყველაფერს გავიგებ, რის ცოდნაც მინდა. იმ მდგომარეობამდე მივიდა, როცა მამაკაცი ქალს ყველაფერს ეუბნება და ყველაფერს მისი თვალებით უყურებს. - მერე? - ჰკითხა იულომ, აშკარად ეტყობოდა, ტყვის გადაცემის მოთხოვნას აპირებდა. - ო! მერე თავისუფალი იქნება! - უპასუხა მარიმ, - ქარივით თავისუფალი. - კი, მაგრამ, ხომ იარაღით ხელში დაიჭირეს!.. - არა, - შეესიტყვა მარი იმ სახუმარო სოფისტიკის მოშველიებით, რომელსაც ქალები მიმართავენ ხოლმე უდავო საბუთის გასაბათილებლად, - არა, მე განვაიარაღე. - გრაფო, - უთხრა მარიმ ოთახში დაბრუნებისას, - თქვენ თავისუფლება მოიპოვეთ. ოღონდ სამსახურისთვის სამსახურს გთხოვთ, - დაუმატა, თავი ჩაღუნა, მერე ღიმილით შეხედა, თითქოს რაღაცის თხოვნას აპირებსო. - რაც გნებავთ, მთხოვეთ, ყველაფერი, რაც მოგესურვებათ, ჩემი სახელი, ჩემი ღირსება, - შესძახა ექსტაზში შესულმა, - ყველაფერს ფეხქვეშ გაგიგებთ. მიუახლოვდა ქალიშვილს და უნდოდა, ხელზე ხელი ეტაცა, უნდოდა, ეს სურვილი მადლიერების გამოხატულებად მიეღო. მაგრამ მადმუაზელ დე ვერნეის ადვილად ვერ მოატყუებდით. კეკლუცად გაუღიმა, იმედი რომ არ წაერთმია ახალი თაყვანისმცემლისთვის, მერე რამდენიმე ნაბიჯით დაშორდა და უთხრა: - ნუთუ გინდათ, რომ ვინანო თქვენდამი ნდობა? - გოგონების წარმოსახვა, ეტყობა, უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე ქალების, - ღიმილით უპასუხა მან. - გოგონამ შეიძლება მეტი დაკარგოს, ვიდრე ქალმა. - ეგ მართალია! ფრთხილად უნდა იყოს, როცა განძის მფლობელია. - ასეთ ლაპარაკს დავანებოთ თავი და სერიოზულად ვილაპარაკოთ, - უთხრა მარიმ, - სენ-ჯემსში მეჯლისის გამართვას აპირებთ. ამბობენ, იქ საწყობები, არსენალი და თქვენი მთავრობების რეზიდენცია გაქვთ? - ხვალ საღამოს. - არ გაგიკვირდებათ, მესიე ბოვან, რომ ცილისწამების მსხვერპლ ქალს, ქალური შეუპოვრობით უნდა ბრწყინვალე ღირსების აღდგენა და იმ შეურაცხყოფის ჩამორეცხვა, მას რომ მიაყენეს, თანაც იმ ხალხის თანდასწრებით, ვინც მის შეურაცხყოფას შეესწრო. ამიტომ მინდა თქვენს მეჯლისზე მოხვვედრა. გთხოვთ, ჩემი დამცველი იყოთ, თქვენთან მოსვლის წუთიდან მანამ, სანამ თქვენგან წამოვალ... თქვენი პატიოსანი სიტყვა არ მჭირდება, - უთხრა მარიმ, რადგან შენიშნა, რომ გრაფმა გულზე დაიდო ხელი, - ფიცს ვერ ვიტან, გამაფრთხილებელი ზომების მიღებად მიმაჩნია. მხო-ლოდ მითხარით, რომ ვალდებულებას იღებთ, დამიცვათ დანაშაულებრივი თუ შეურაცხმყოფელი ხელყოფისაგან. დამპირდით, რომ თქვენს დანაშაულს გამოისყიდით, რომ გამოაცხადებთ, ნამდვილად ჰერცოგ დე ვერნეის ქალიშვილი რომ ვარ, ოღონდ ნურაფერს იტყვით იმ უბედურებასა და გაჭირვებაზე, უმამობამ რაც მაწვნია და ქვით ვიქნებით. მეჯლისზე ორი საათით ქალის მფარველობა განა მეტისმეტად დიდი გამოსასყიდია?.. ნამდვილად მეტი არ ღირხართ... არც ერთი ობოლი! ამ ღიმილით გაუნელა ამ სიტყვების მთელი სიმწარე. - და ჩემი თოფისთვის რას მოითხოვთ? - სიცილით ჰკითხა გრაფმა. - მეტს, ვიდრე თქვენთვის. - მაინც რას? - მდუმარებას. დამიჯერეთ, ბოვან, ქალს მხოლოდ ქალი შეიცნობს. დარწმუნებლი ვარ, თუ სიტყვა დაგცდებათ, შეიძლება გზაშივე დავიღუპო. გუშინდელმა რამდენიმე ტყვიამ დამარწმუნა, რა საფრთხეს შეიძლება გადაეყარო გზაზე. ეგ ქალი გამოცდილი მონადირეა და არა ნაკლები მოახლე. არც ერთ მოახლეს არ გავუხდივარ ისე მარჯვედ, მან რომ მოახერხა. გეთაყვა, ეცადეთ, მსგავსი რამ არ მოხდეს მეჯლისზე... - იქ მე დაგიცავთ, - ამაყად უთხრა გრაფმა, - მაშასადამე, სენ-ჯემსში მონტორანის გამო მოდიხართ? - ჰკითხა ნაღვლიანად. - თქვენ იმაზე მეტის გაგება გინდათ, ვიდრე მე ვიცი, - სიცილით უთხრა მარიმ, - ახლა კი წადით, ქალაქიდან მე თვითონ გაგიყვანთ, აქ ხომ კანიბალებივით ებრძვით ერთმანეთს. - ესე იგი, ოდნავ მაინც შეგტკივათ ჩემზე გული? - შესძახა გრაფმა, - ოჰ, მადმუაზელ! ნება მომეცით, იმედი მქონდეს, რომ ჩემი მეგობრობის მიმართ გულგრილი არ იქნებით, როგორც ჩანს, მხოლოდ ამ გრძნობით უნდა დავკმაყოფილდე, - დაუმატა ქარაფშუტულად. - წინასწარმეტყველი ყოფილხართ! - მხიარულად უთხრა მარიმ, ისეთი სახით, ქალები რომ იღებენ ხოლმე, როცა რაღაცას აღიარებენ ღირსების შეუბღალავად და გულში დამალული საიდუმლოს გაცემაც არ უნდათ. მერე ჩაიცვა ქურქი და ეკლიან ბუდემდე მიაცილა გრაფი. - მესიე დე ბოვან, სიტყვა არავისთან დაგცდეთ, მარკიზთანაც კი, - და თითი მიიდო ტუჩებზე.მადმუაზელ დე ვერნეის ალერსიანი შეხედვით გათამამებულმა გრაფმა ხელი ჩაჰკიდა და მარიმაც დიდსულოვნად დართო ნება. გრაფი ნაზად ეამბორა ხელზე. - ო, მადმუაზელ, მიმსახურეთ, როგორც გენებოთ, სამუდამოდ თქვენი ვარ! - შესძახა გრაფმა, თავი სამშვიდობოს რომ იგრძნო, - და თუმცა თქვენგან არანაკლებ ვარ დავალებული, ვიდრე დედაჩემისგან, გამიჭირდება მხოლოდ მადლიერების გრძნობით დაკმაყოფილება, - და სწრაფი ნაბიჯით გაუყვა ბილიკს. მარიმ დაიცადა, სანამ სენ-სიულპისის კლდეზე ავიდოდა, კმაყოფილებით გადააქნია თავი და გაიფიქრა. - ეს ღიპიანი მზად არის, სიცოხცხლის გადასარჩენად სიცოცხლეზე მეტი გაიღოს. არ გამიჭირდებოდა მაგისგან მორჩილი ქმნილება მიმეღო. ქმნილება თუ შემქმნელი - ეს განასხვავებს ერთ მამაკაცს მეორისაგან. აზრის დამთავრება ვერ მოასწრო, სასოწარკვეთილი მზერა აღაპყრო ცისკენ და ნელი ნაბიჯით დაბრუნდა სენ-ლეონარის კარიბჭისკენ. იქ იულო და კორანტენი ელოდნენ. - კიდევ ორი დღე! - შესძახა მარიმ, - და მაშინ... - გაჩუმდა კორანტენის დანახვაზე, - და მაშინ... თქვენი ტყვიისგან დაეცემა, - ჩასჩურჩულა იულოს. იულომ უკან დაიხია და წარმოუდგენელი დაცინვით შეხედა ამ გოგონას: არც მანერებზე და არც სახეზე სინდისის ქენჯნა არ ეტყობოდა. ქალები შესანიშნავი თვისებით გამოირჩევიან, არ ლაპარაკობენ თავიანთ ყველაზე ცუდ ქცევებზე, როცა გრძნობით არიან შეპყრობილნი, მათ თვალთმაქცობაში, ფარისევლობაშიც კი არის რაღაც ბუნებრივი. მხოლოდ ქალს შეუძლია, ჩაიდინოს დანაშაული სიმდაბლის გარეშე. როგორც ყოველთვის, „არ იციან, ეს როგორ მოხდა“. - მივდივარ სენ-ჯემსში მეჯლისზე, რომელსაც შუანები მართავენ... - აქედან სენ-ჯემსამდე ხომ ხუთი ლიეა, - შეაწყვეტინა კორანტენმა, - გინდათ, გაგაცილებთ? - არა, - უპასუხა მარიმ. - თქვენ ძალიან გაინტერესებთ ის, რაზეც მე არასოდეს ვფიქრობ... თქვენი პერსონა. ის, რომ მარი აბუჩად იგდებდა კორანტენს, იულოს ძალიან მოსწონდა და როცა გოგონამ კარიბჭიდან სენ-ლეონარის ეკლესიისკენ გადაუხვია, სიამოვნებისაგან ჩვეული გრიმასა გამოესახა. კორანტენმა თვალით გააცილა ქალიშვილი და სახეზე ამოკითხავდით, რომ შეგნებული ჰქონდა საბედისწერო ძალაუფლება ამ მომაჯადოებელ არსებაზე. შესაძლებლად მიაჩნდა მისი დამორჩილება. მისი გრძნობების მართვა და ამ გზით ოდესმე მისი ხელში ჩაგდებაც კი. მადმუაზელ დე ვერნეი სახლში დაბრუნებისთანავე დაელაპარაკა ფრანსინს სამეჯლისო ტანსაცმლის შესახებ. მოახლე მიჩვეული იყო თავისი ქალბატონის მორჩილებას და არც უცდია, გაერკვია, რას აპირებდა. დიდხანს ეძება სკივრებში და ბერძნული ტუალეტი შესთავაზა. იმხანად ყველაფერში გაბატონებული იყო ბერძნული სტილი. მარიმ მოიწონა არჩევანი: ჩაეტია მუყაოს პატარა, მსუბუქ ყუთში. - ფრანსინ, ჩემო პატარა, მივდივარ. ტყე-ღრეში უნდა ვიარო. სახლში გინდა დარჩენა თუ ჩემთან ერთად წამოხვალ? - დარჩენა! და თქვენ ვინღა მოგეხმარებათ ჩაცმაში? - სად დადე ხელთათმანი, მე რომ მოგეცი? - აი. - მიაკერე მწვანე ლენტი; და, რაც მთავარია, ფული წამოიღე. რომ შეამჩნია, ახლადგამოჭედილი მონეტები აიღო, მარიმ შეჰყვირა: - ეგღა გვაკლია! მაგისთვის დაგვხოცავენ! ჟერემი გააგზავნე, კორანტენი გააღვიძოს... არა, ეგ არამზადა კუდში გამოგვყვება. უკეთესია, გაგზავნე ჩემი სახელით, მეთაურს სთხოვე ექვსფრანკი-ანი რამდენიმე ეკიუ, - სუფთა ქალური საზრიანობით, არაფერი რომ არ გამორჩებათ ხოლმე, ყველაფერი გაითვალისწინა, სანამ ფრანსინი სამოგზაურო სამზადისს ამთავრებდა, სცადა, ბუს კივილისთვის მიებაძა და მალე უზადოდ შეძლო შუანების სიგნალის გამეორება. ქალაქიდან შუაღამისას, სენ-ლეონარის კარიბჭიდან გავიდა, მივიდა ბილიკამდე, ეკლიან ბუდემდე და ჟიბარის ღარტაფამდე თამამად წაუძღვა წინ თავის თანამგზავრს. მძიმე ნაბიჯით მიიწევდა წინ, რადგან მტკიცე ნებისყოფა სიმხნევეს ჰმატებდა, რაც სხეულსაც და სვლასაც სიმძლავრეს ანიჭებდა. მეჯლისიდან უკან დაბრუნებისას სურდოს გადაურჩე, ქალისთვის არ არის ადვილი საქმე, მაგრამ როცა მის გულში ვნება გიზგიზებს, სხეული თითქოს ბრინჯაოსი ხდება. მამაცი კაციც კი დაფიქრდებოდა ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმამდე, მაგრამ როგორც კი მადმუაზელ დე ვერნეის გონებაში გაიელვა, საფრთხე სატყუარასავით გახდა. - გზას გაუდექით და ღმერთისთვის შემწეობა არ გითხოვიათ, - უთხრა ფრანსინმა და სენ-ლეონარის სამრეკლოს გახედა. ღვთისმოსავი ბრეტონელი ქალი გაჩერდა, ხელები შეატყუპა და ლოცვით მიმართა ანა ორეელს, შესთხოვა მოგზაურობის მშვი-დობიანად დასრულება. მარი გაუნძრევლად იდგა და დაფიქრებული ხან თავისი მოახლის ალალმართალ სახეს უყურებდა, ხან მთვარის შუქის თამაშს, როცა ღრუბლიანი ციდან გამოსჭვიოდა, აღწევდა სამრეკლოს ჩრდილებში და გრანიტს ფილიგრანის სიმსუბუქეს აძლევდა. მგზავრები მალე მივიდნენ დაასხი-კუტალის ქოხამდე, მსუბუქად მიაბიჯებდნენ, მაგრამ ხმაურმა ეზოში ძაღლი გააღვიძა, უზარმაზარი ქოფაკი, ისეთი, ბრეტონელები რომ უბრალო რაზით ჩაკეტილი კარის დაცვას ანდობენ. ძაღლს უცხო სუნი ეცა, გამოვარდა და ისე ავად დაიწყო ყეფა, რომ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხიეს და საშველად დაიძახეს, მაგრამ სახლში ჩამიჩუმი არ ისმოდა. მადმუაზელ დე ვერნეიმ სიგნალი მისცა, ბუს კივილი გაისმა და მაშინვე გაიღრჭიალეს კარის ჟანგიანმა ანჯამებმა. გამოჩნდა ლოგინიდან წამომდგარი დაასხი-კუტალის კუშტი და ცბიერი სახე. - საჩქაროდ უნდა წავიდე სენ ჯემსში, - უთხრა მარიმ და ფუჟერის მეთვალყურეს მარკიზ დე მონტორანის ხელთათმანი აჩვენა, - გრაფმა დე ბოვანმა მითხრა, შენ იქნები ჩემი მეგზური და დამცველი. ასე რომ, გენაცვა, გვიშოვე უნაგირიანი ორი ვირი და ჩვენს გასაცილებლად მოემზადე. დრო არ იცდის. ხვალ საღამოს თუ ვერ მოვხვდებით სენ-ჯემსში, ვერც ვაჟკაცს ვნახავთ და ვერც მეჯლისს. - განცვიფრებულმა შუანმა აიღო ხელთათმანი, გადააბრუნ-გადმოაბრუნა, აანთო ნეკის სიმსხო ფისის სანთელი, ფერით კვერს რომ წააგავდა. ასეთი სანთლები ბრეტანში ჩრდილოეთ ევროპიდან ჩამოაქვთ და როგორც ყველაფერი, რასაც ამ თავისებურ მხარეში შეხვდებით, ეს საქონელიც მოწმობს ვაჭრობის უმარტივესი საფუძვლების სრულ არცოდნას. დაასხი-კუტალმა ხელთათმანზე ლენტი შენიშნა, შეხედა მადმუაზელ დე ვერნეის, ყურს უკან მო-იქექა, კუტალი სიდრი გამოცალა, ერთი ჭიქა ულამაზეს სტუმარს შესთავაზა, მაგიდასთან, წაბლის ხის გაპრიალებულ მერხზე დასვა და ვირების საძებნელად წავიდა. ეგზოტიკური სანთლის მკრთალი მოიისფრო შუქი ვერ ჩრდილავდა მთვარის ციალს, ამ გამჭვარტლულ ქოხში ჩაშავებული ჭერისა და ავეჯის მუქ ტონებს ბრჭყვიალა ათინათებით ალამაზებდა. ბიჭმა ასწია ლამაზი, ხშირკულულებიანი თავი, მის ზემოთ კი გომურის ამოტეხილი კედლის ღიობში ძროხების ვარდისფერი დრუნჩები და ამომჯდარი ბრჭყვიალა თვალები ჩანდა. ძაღლი - გამოხედვა სულაც არ ჰქონდა უფრო უჭკუო, ვიდრე ამ ხალხს, თითქოს ათვალიერებდა უცნობ სტუმრებს, ისეთივე ინტერესით, როგორც ბიჭუნა. ფერმწერი დიდხანს ვერ მოსწყვეტდა თვალს ამ სურათის ღამეულ ეფექტებს. მარის სულაც არ უნდოდა ბარბეტასთან საუბარი, რომელიც მოჩვენებასავით წამოიმართა საწოლზე, თვალები გააჭყიტა და ამასწინანდელი სტუმარი იცნო; ყანჩის აუცილებელი შეკითხვების ასაცილებლად და ამ ბუნაგის სიმყრალისგან თავის დასაღწევად, მარი ეზოში გავიდა, სწრაფად ავიდა კლდეში გამოკვეთილ კიბეზე. იმ კლდეში, რომელმაც დაასხი-კულტალის ქოხი შეიკედლა და მრავალფეროვანი ხედებით მოიხიბლა, ვინაიდან ყოველ ნაბიჯზე, ზემოთ, მაღლობისკენ, თუ ქვემოთ, ველისკენ ახალ-ახალი სურათი ეშლებოდა თვალწინ. მთვარის შუქი თხელი ნისლივით ბურავდა კუენონის ველს. არყოფილი სიყვარულით გულდამძიმებული ქალისთვის, ცხადია, ნეტარი იყო ის მელანქოლია, მთვარის მკრთალი შუქი, ფანტასტიკური მუქი კლდეები და წყალზე ფერადი ათინათები რომ აღვიძებდა სულში. ამ დროს სიჩუმე ვირის ყროყინმა დაარღვია. მარი საჩქაროდ ჩამოვიდა შუანის ქოხთან და გზას გაუდგნენ. ორლულიანი სანადირო თოფით შეიარაღებული და თხის ტყავით შემოსილი დაასხი-კუტალი რობინზონ კრუზოს ჰგავდა. ფერისმჭამელებიანი დანაოჭებული სახე ძლივს უჩანდა ფართოფარფლებიანი ქუდის ქვეშ, როგორსაც ბრეტონელი გლეხები ტრადიციულად დღემდე ატარებენ და ამაყობენ, რომ მრავალსაუკუნოვანი მონობის შემდეგ მოიპოვეს ფეოდალების ამ თავსაბურის ტარების უფლება. პატარა ღამეული ქარავანი, მეგზური რომ იცავდა, რომლის სამოსში მოძრაობასა და ფიგურაში იყო რაღაც პარტიარქალური, მოგაგონებდათ რემბრანდტის დაბინდული ფუნჯით შექმნილ „გაქცევა ეგვიპტეში“. დაასხი-კუტალი დიდ გზებს ერიდებოდა და უცნობი ქალები ბრეტანის გზების უსასრულო ლაბირინთებით ატარა. მხოლოდ ახლა მიხვდა მადმუაზელ დე ვერნეი, რა იყო შუანების ომი. ვიწრო გზებით მიმავალს შეეძლო, სწორი წარმოდგენა შეექმნა იმ მხარეზე, რომელიც მთიდან გადმოხედვისას მომაჯადოებელი ეჩვენებოდა. მხოლოდ სიღრმეში შესვლისას შეიძლება მიხვდე, რა დაუძლეველი სიძნელეები და დაბრკოლებებია იქ ჩაბუდებული. უხსოვარი დროიდან გლეხის ყოველი მინდორი შემოფარგლულია პრიზმის ფორმის, ექვსი ფუტის სიმაღლის მიწა-ყრილით, რომლის თხემზეც წაბლის ხეები, წიფლები და მუხებია დარგული (როგორც ნორმანდიაში). ხეების გრძელი ტოტები გზის აქეთ-იქიდან იხლართება ერთმანეთში და უზარმაზარ თაღს ქმნიან. თიხნარი მიწის კედლებს შორის პირქუშად მომწყვდეული გზები ციხე-სიმაგრის თხრილებს წააგავს და თუ გრანიტი, რომელიც თითქმის ყველგან მიწის ზედაპირზეა ამოსულიო, არ ქმნის გზაზე ოღროჩოღრო ბუნებრივ ქვაფენილს, გზები დაფარულია ისეთი გაუვალი ტალახით, რომ ყველაზე პატარა საზიდარსაც კი მყევარი ხარ-კამეჩი ან ადგილობრივი ჯიშის ორი ძლიერი ცხენი სჭირდება გასათრევად. საფლობი ტალახი ამ გზებზე ისეთი ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ თავისთავად ჩამოყალიბდა ჩვეულება, ფეხით მოსიარულეებისთვის მიწაყრილის გასწვრივ, მინდორში გაეტკეპნათ ბილიკი, რომელსაც ნაკერო შეარქვეს, იწყება და მთავრდება ყოვერ ნაკვეთში. ერთი მინდვრიდან მეორესთან მისასვლელად ხშირად რამდენიმე საფეხურია ამოსასვლელი მიწაყრილზე.ჩვენს მოგზაურებს ამ მიხვეულ-მოხვეულ გზებზე ბევრი სხვა დაბრკოლების გადალახვაც მოუხდათ. ყოველი სახნავ-სათესი ნაკვეთი გარშემორტყმულია მიწის სიმაგრით, შესასვლელი აქვს დაახლოებით ათი ფუტი სიგანისა და ეს შესასვლელი იკეტება ნაგებობით, რომელსაც საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში კუტიკარს ეძახიან. „კუტიკარი“ მორია ან ძელი, სქელი ტოტი, ერთ ბოლოში გახვრეტილი და წამოცმული გაუთლელ დაბალ ნამორზე, ღერძს რომ წარმოადგენს. ღერძს იქით გადაცდენილ ბოლოზე საპირწონედ მიმაგრებულია საკმაოდ მძიმე ქვა და პატარა ბავშვსაც კი შეუძლია გააღოს ეს ორიგინალური საველე შლაგბაუმი, რომლის მეორე ბოლოც ებჯინება მიწის კედელში ამონაჭერს. ზოგჯერ, საპირწონე ქვის ნაცვლად, ასეთი საკეტისთვის იღებენ მსხვილძირიან მორს, მოკლედ ასეთი საკეტის დეტალები იცვლება მინდვრის პატრონის ფანტაზიის მიხედვით. ზოგჯერ ზღუდე შედგება მხოლოდ ერთი ძელისგან, რომლის ორივე ბოლო თიხით ჩაგლესლია მიწაყრილში. ზოგჯერ ერთნაირი მანძილით დაშორებული ჯოხებისგან შეკრულ კვადრატულ ჭიშკარს ჰგავს. ეს ჭიშკარი ისევე იღება, როგორც ჩვეულებრივი ზღუდე. საგორავებლად მთლიანი ხის პატარა ბორბალი აქვს. ყველა ეს ღობე, ჭიშკარი იმ მხარეს უზარმაზარ ჭადრაკის დაფას ამსგავსებს, სადაც ყოველი მინდორი სრულიად იზოლირებული უჯრაა, სიმაგრესავით ჩაკეტილი და მიწაყრილებით დაცული. ადვილად დასაცავი შესასვლელები თავდამსხმელებისთვის ძალიან საშიში დაბრკოლებაა. ბრეტონელი გლეხი თვლის, რომ მიწის ანეულად დატოვებისას მის ნაყოფიერებას ზრდის, მიუშვებს კურდღლისცოცხას უზარმაზარ ბუჩქებს და ისე უვლის, რომ მალე ბუჩქები ადამიანის სიმაღლე იზრდება. ასეთი ცრუ აზრი სწორედ იმ ხალხის შესაფერისია, ნაკელს ეზოში ყველაზე მაღალ ადგილზე რომ აგროვებენ და იწვევს იმას, რომ სახნავ-სათესი მიწის მეხუთედი დაფარულია კურდღლისცოცხას ხშირი ბუჩქნარით, სადაც მრავალი საფარის მოწყობა შეიძლება. დაბოლოს, სიდრის ამ მოყვარულებს ერთი მინდორიც კი არ აქვთ, რომ არ იყოს რამდნიმე ძველი ვაშლის ხე, რომლის სიმძიმისგან დახრილი ტოტებიც დამღუპველია ყველანაირი მარცვლოვანი მცენარისთვის, რაც იმ მიწაზე მოჰყავთ. თუ იმასაც გაიხსენებთ, რა პატარა ყანები აქვთ, როგორი მაღალი, ხშირი ხეებია მათ ირგვლივ მიწაყრილებზე, ყოველი ნაკრეფის მეოთხედს რომ ეპატრონება ხარბი ფესვებით, წარმოდგენა შეგექმნებათ სოფლის მეურნეობაზე და ადგილზეც, სადაც იმ ღამეს გაიარა მადმუაზელ დე ვერნეიმ. *გაგრძელება*…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 2:57pm on მაისი 2, 2016
თემა: ედგარ ალან პო - მკვლელობა მორგის ქუჩაზე
ედვით აღვიქვამთ. მის შესახებ ვიცით, სხვათა შორის, ისიც, რომ ვინც დაჯილდოებულია ანალიზის განსაკუთრებული უნარით, ეს უნარი ყოველთვის უდიდეს სიამეს ანიჭებს პატრონს. როგორც მძლავრი ვაჟკაცი ხარობს თავისი ფიზიკური ღონით და სიამოვნებით ეტანება ისეთ ვარჯიშს, რაც მის კუნთებს ამოქმედებს, ასევე ანალიტიკოსიც თავმომწონეობს და ამაყობს ახსნა-განმარტების გონებრივი უნარით. მას სულ უბრალო, მცირე საქმეც კი სიამოვნებას ანიჭებს, თუ იგი მისი ნიჭის გამოყენებას მოითხოვს. უყვარს გამოცანები, თავსატეხები, რებუსები, რომელთა ამოხსნაში ისეთ გონებამახვილობას იჩენს, რაც ჩვეულებრივი გაგების კაცს ზებუნებრივად მოეჩვენება. მის დასკვნებს, რომელნიც სინამდვილეში მიღებულია მხოლოდ ჭეშმარიტი, მეთოდური კვლევის შედეგად, მთლიანად ინტუიციის იერი ადევს.    ახსნა-განმარტების ნიჭი, შესაძლოა, ფრიად გაძლიერდეს მათემატიკის შესწავლით; განსაკუთრებით მისი იმ მაღალი საფეხურის შესწავლით, რომელსაც უმართებულოდ და მხოლოდ მისი უკუქცევით, უკუსვლით მოქმედებათა წყალობით, უმეტესად ანალიზურს უწოდებენ. მაგრამ გაანგარიშება, თავისთავად, ანალიზი არ გახლავთ. მაგალითად, მოჭადრაკე ანგარიშობს, ანალიზისთვის კი თავს არ იწუხებს. მაშასადამე, ჭადრაკის თამაში, გონებრივი ვარჯიშის თვალსაზრისით, ძალიან უკუღმართად არის გაგებული. მე ახლა ტრაქტატს არ ვწერ, მხოლოდ უბრალო წინასიტყვაობას ვუმძღვარებ, ცოტა არ იყოს, თავისებურ მოთხრობას და მარტო გაკვრით მოგახსენებთ ჩემს დაკვირვებებს. ვსარგებლობ შემთხვევით და ვამტკიცებ, რომ გონებრივი აზროვნების უმაღლეს უნარს გაცილებით კეთილად და სასარგებლოდ ავარჯიშებს შაშის სადა, მარტივი თამაში, ვიდრე ჭადრაკის მთელი დახვეწილი ზერელობა. ჭადრაკის ფიგურებს ნაირ-ნაირი არატოლფასოვანი, განსხვავებული და უცნაური სვლები ახასიათებს. ეს სვლები რთულია. უმთავრესია ყურადღება, გულისყური. წამითაც რომ მოადუნოთ ყურადღება, მყისვე შეცდომა მოგივათ, რაც ფიგურის დაკარგვას ან დამარცხებას გამოიწვევს. ვინაიდან შესაძლო სვლები არა მარტო მრავალია, არამედ დახლართულიც, ამგვარ შეცდომათა დაშვების შესაძლებლობა კიდევ უფრო მრავლდება. ასე რომ, ათიდან ცხრა შემთხვევაში უფრო გონებამახვილი მოთამაშე როდი იმარჯვებს, არამედ უფრო გულისყურიანი. შაშში კი პირიქით – რაკი სვლები ერთნაირი გახლავთ და მხოლოდ მცირე ვარიანტები ახასიათებს, უგულისყურობა გამორიცხულია, ორივე მხარე წარმატებას მხოლოდ და მხოლოდ აღმატებული გონებამახვილობითა და გამჭრიახობით თუ მიაღწევს. განყენებულ მსჯელობას რომ თავი დავანებოთ, წარმოვიდგინოთ შაშის თამაში, როცა დაფაზე ოთხი ქვაღაა დარჩენილი და როცა, რასაკვირველია, შეცდომა ან უგულისყურობა არ გახლავთ მოსალოდნელი.    აშკარაა, აქ გაიმარჯვებს მხოლოდ ის, ვინც ძლიერი გონებრივი დაძაბულობის შედეგად რაიმე რჩეულ სვლას გამოძებნის. ჩვეულებრივ საშუალებებსა და შესაძლებლობებს მოკლებული ანალიტიკოსი თავისი მოპირდაპირის სულში ჩაწვდომას ცდილობს. თავს მასთან აიგივებს, მისი თვალსაზრისით განსჯის საქმეს და ხშირად ამგვარად თვალის დახამხამებაში განჭვრეტს ერთადერთ სვლას, ხანდახან მარტივსა და ადვილს, რომელიც აცდუნებს მოწინააღმდეგეს, ანდა ხელს შეუწყობს მის დაბნევას. დიდი ხანია შენიშნული გახლავთ, რომ ვისტი ძალიან უწყობს ხელს, ეგრეთ წოდებულ, გამოთვლითი უნარის განვითარებას, თანაც ცნობილია, რომ მრავალი მაღალგონიერი ადამიანი თითქოსდა უცნაურ სიამეს პოვებდა მასში, ხოლო ჭადრაკს კი, ვითარცა ზერელე და ქარაფშუტულ თამაშს, თავს არიდებდა. უეჭველია, ანალიზის ნიჭის გამომჟღავნებისთვის მართლაც არ არსებობს სხვა ამისთანა თამაში. საუკეთესო მოჭადრაკე საუკეთესო მოჭადრაკეა და მეტი არაფერი; ვისტის კარგ მოთამაშეს კი შეუძლია წარმატების იმედი იქონიოს ყველა იმ უფრო მნიშვნელოვან საქმეში, სადაც ერთი გონება მეორეს ემეტოქება და ებრძვის. როცა ვისტის კარგ ცოდნაზე ვლაპარაკობ, თამაშის იმ სრულყოფილებას ვგულისხმობ, როცა მოთამაშე ყველა საშუალებას ითვალისწინებს კანონიერი გზით წარმატების მოპოვებისთვის. ეს საშუალებები არა მარტო მრავალრიცხოვანია, არამედ მრავალნაირიც და ხშირად აზროვნების ისეთ კუნჭულებშია მიმალული, სადაც ჩვეულებრივი გონების კაცი ვერც მისწვდება. ყურადღებით დაკვირვება მკაფიოდ დახსომებას ნიშნავს. ამიტომ გულისყურიანი მოჭადრაკე ჩინებულად ივარგებს ვისტის თამაშში, რამდენადაც ჰოილის წესები, რომლებიც დაფუძნებულია თამაშის უბრალო ტექნიკაზე, საკმაოდ გასაგები გახლავთ. ამრიგად, კარგი მახსოვრობა და „წიგნის“ ბეჯითად მოყოლა ჩვეულებრივ კარგი თამაშის საწინდრად ითვლება. მაგრამ სწორედ ამ უბრალო წესების შემდეგაა, რომ ანალიტიკოსის სიმარჯვე ვლინდება. იგი თავისთვის, ჩუმად, უამრავ ვარაუდსა და აწონ-დაწონას ახდენს. ალბათ ასევე იქცევიან მისი ამხანაგებიც. ოღონდ, განსხვავება მიღებულ შედეგში დამოკიდებულია არა იმდენად სწორ ვარაუდზე, რამდენადაც დაკვირვების ხარისხზე. აუცილებელია ვიცოდეთ, რას უნდა დავუკვირდეთ. ჩვენი მოთამაშე სრულიადაც არ იზღუდავს თავს; და თუმცა მისი მთავარი საგანი თამაში გახლავთ, არც თამაშის გარე სხვა დაკვირვებებსა და დასკვნებს უგულებელყოფს. იგი უკვირდება ამხანაგის გამომეტყველებას და ადარებს მას ცალ-ცალკე ყოველი თავისი მოწინააღმდეგისას. ითვალისწინებს ბანქოს ქაღალდი ვის როგორ უჭირავს ხელში და ხშირად პატრონს, გამომეტყველების მიხედვით, თულფს თულფზე უთვლის ხელში. იგი თამაშის დროს ყოველნაირ ცვლილებას ამჩნევს სახეზე და უამრავი ფიქრი უტრიალებს თავდაჯერებულობის, განცვიფრების, ზეიმის ანდა სევდიანი შესახედაობის კვალად. იმის მიხედვით, ვინ რანაირად იღებს ერთ კარტს, განსჯის, მისი ამღები მოთამაშე კიდევ აიღებს თუ არა. ცრუ სვლას იგი გამოიცნობს იმ გამომეტყველებით, რომლითაც ბანქოს ქაღალდს ჩამოდის მაგიდაზე. უნებურად ანდა დაუდევრად გადმოსროლილი სიტყვა, ბანქოს ქაღალდის შემთხვევით ხელიდან გავარდნა, ანდა გადაბრუნება, რომელთა დამალვას მოთამაშე ფაციფუცით ანდა უზრუნველი იერით ცდილობს, გაჭრილი ქაღალდების დათვლა, მათი განწესრიგების მიზნით; დაბნეულობა, ყოყმანი, სულწასულობა ანდა შიშნეულობა – ყველაფერი ეს მის, თითქოსდა ინტუიციურ აღქმას საქმის ნამდვილი ვითარების მაჩვენებელი ნიშნების ამოცნობის შესაძლებლობას ანიჭებს. პირველი ორი-სამი ჩამორიგების შემდეგ მან უკვე იცის, ვის რა უჭირავს ხელში და ამის მერე სრული გულდაჯერებით ჩამოდის ქაღალდს, თითქოს დანარჩენი მოთამაშეების ქაღალდი თვალწინ ჰქონდეს გადაშლილი.    ანალიტიკური ნიჭი უბრალო საზრიანობაში არ უნდა ავურიოთ – ანალიტიკოსი უთუოდ საზრიანიცაა, საზრიან კაცს კი ხშირად შეიძლება აკლდეს ანალიზის უნარი. გამომგონებლობითი ანუ კომბინაციური უნარი, რომლითაც ჩვეულებრივ საზრიანობა ვლინდება, ხშირად იქნა შემჩნეული სხვა მხრივ თითქმის ტუტუც ადამიანებში. საზრიანობა და ანალიტიკური უნარი მართლაც უფრო მეტად განსხვავდება ერთმანეთისგან, ვიდრე ოცნება და წარმოსახვა, მაგრამ ხასიათით კი წააგავს ერთმანეთს. დანამდვილებით უნდა ითქვას, რომ საზრიანი ხალხი ყოველთვის მეოცნებენიც არიან და ჭეშმარიტი წარმოსახვის მქონე კაცი უთუოდ ანალიტიკოსიც იქნება. ქვემოთ მოთხრობილი ამბავი ახლახან განხილულ მოსაზრებათა ერთგვარ კომენტარად წარმოუდგება მკითხველს.    პარიზში რომ ვცხოვრობდი 18... წლის გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში ვინმე ბატონი შ. ოგიუსტ დიუპენი გავიცანი. ეს ყმაწვილი, წარჩინებული, ჭეშმარიტად ბრწყინვალე გვარიშვილი, ბედუკუღმართობათა მიზეზით, ისეთ სიღატაკეში ჩავარდნილიყო, რომ სრულიად წართმეოდა ხასიათის სიმტკიცე. ამქვეყნად აღარაფერი აინტერესებდა და აღარც თავისი ძველი სიმდიდრის ამოგებას ცდილობდა. მევალეთა ლმობიერების წყალობით, სამკვიდრო მამულის მცირეოდენი ნაწილი კიდევ შემორჩენოდა. ზედმეტს არაფერს ეტანებოდა და ამ შემოსავლითა და უსასტიკესი ყაირათიანობით ახერხებდა თავის გატანას. მხოლოდ ერთადერთ ფუფუნებას ვერ ელეოდა – წიგნებს და ისინი კი პარიზში იოლი საშოვნი გახლავთ. პირველად ერთ მიყრუებულ ბიბლიოთეკაში შევხვდით ერთმანეთს მონმარტრის ქუჩაზე, სადაც ორივენი ერთი და იმავე იშვიათი და ფრიად საინტერესო წიგნის ძიებამ დაგვაახლოვა. რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს. ძალიან დამაინტერესა მისი ოჯახის თავგადასავალმა, რომელიც დაწვრილებით მიამბო მთელი იმ გულწრფელობით, როგორიც ფრანგებმა იციან, როცა საკუთარ თავზე საუბრობენ. გამაოცა აგრეთვე მისმა დიდმა ნაკითხობამაც. ყველაზე უფრო კი აღმაფრთოვანა და გამიტაცა მისმა ბობოქარმა ბუნებამ და მისი წარმოსახვის სიმკვირცხლემ. პარიზში მაშინ ისეთი საქმეების საძიებლად ვიყავი, რომ ვიგრძენი, ამისთანა კაცთან დაახლოებას ჩემთვის უძვირფასესი განძის ღირებულება ექნებოდა და ეს გრძნობა გულახდილადაც გავანდე მას. ბოლოს ისე მოხდა, რომ ჩვენ ერთადაც დავსახლდით პარიზში ჩემი ყოფნის განმავლობაში. და რაკი ჩემი ქონებრივი მდგომარეობა ცოტა უკეთესი გახლდათ მისაზე, შესაძლებლობა მომეცა დამექირავებინა და ჩვენი საერთო, ცოტა არ იყოს, უცნაური, პირქუში ბუნების შესაფერისად, ავეჯით გამეწყო ერთი ჟამთა სიავით გამოხრული, სასაცილო შენობა. იგი დიდი ხანია უკაცრიელად იდგა და ლპებოდა სენ-ჟერმენის გარეუბნის მიყრუებულ კუთხეში.    ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური წესრიგი რომ შეეტყო ვინმეს, გიჟებად მიგვიჩნევდნენ, ოღონდ, უვნებელ გიჟებად. სრული განმარტოებით ვცხოვრობდით. არავის არ ვიღებდით სტუმრად. ჩვენი ბინადრობის ადგილი საგანგებოდ დავუმალე ჩემს ძველ ნაცნობებს; ხოლო დიუპენმა ისედაც დიდი ხანია გაწყვიტა კავშირი პარიზის საზოგადოებასთან და აღარც მას იხსენებდა ვინმე. ჩვენ მხოლოდ ჩვენთვის ვცხოვრობდით. ჩემი მეგობრის ერთი ხუშტური ის გახლდათ, რომ ღამეზე იყო თავდავიწყებით შეყვარებული. ეს უცნაურობა, როგორც ყველა სხვა მისი უცნაურობანი, მეც დამჩემდა და გულმოდგინედ ავუბი მხარი მის ახირებულობას. შავი ღვთაება მუდამ თან არ გვახლდა, მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებდით მისი ორეულის შენარჩუნებას. რიჟრაჟისთანავე ვრაზავდით ჩვენი ძველი სახლის მძიმე დარაბებს და ვანთებდით რამდენიმე სანთელს, რომლებიც მძიმე სურნელს აყენებდნენ და მხოლოდ ბუნდად, ოდნავ ბჟუტავდნენ. ამის წყალობით ჩაძირული ვიყავით ოცნებებში, ვკითხულობდით, ვწერდით ანდა ვმუსაიფობდით, ვიდრე კედლის საათი არ გვამცნობდა ჭეშმარიტი სიბნელის დადგომის ჟამს. მაშინ მკლავი-მკლავს გაყრილნი ქუჩაში გამოვიჭრებოდით და განვაგრძობდით საჭირბოროტო საკითხებზე ბაასს, ანდა გვიანობამდე მივხეტიალობდით შორს; ვეძიებდით ხალხმრავალი ქალაქის უცნაურ სინათლეებსა და ჩრდილებში იმნაირ უსაზღვრო გონებრივ აღგზნებას, რომელიც წყნარი დაკვირვებისა და ჭვრეტის შედეგად მიიღება.    ასეთ ჟამს არ შეიძლებოდა არ შეგენიშნა და აღტაცებაში არ მოსულიყავი დიუპენის განსაკუთრებული ანალიტიკური ნიჭით, ეტყობოდა, თვითონაც ძალიან სიამოვნებდა ასეთი ვარჯიში და არც მალავდა, რომ ეს გარემოება დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. იგი ტრაბახობდა, თან ხმადაბლა ხითხითებდა, რომ ადამიანების უმეტესობის გული მისთვის ღიაა და ჩვეულებად ჰქონდა, ფრიად შეშფოთებულს მყისვე დაემტკიცებინა კიდეც ეს. ასეთ წუთებში იგი ცოტა უკმეხ და განდეგილ იერს იღებდა; თვალები უქრებოდა, ხოლო ხმა, ჩვეულებრივ სრული ტენორი, ისე უწვრილდებოდა, თითქოს ჩაეხრინწებოდა სიანჩხლით, დინჯი და სავსებით გარკვეული გამოთქმა რომ არ ჰქონოდა. ამ გუნებაზე მყოფს როცა ვუკვირდებოდი, ხშირად მომდიოდა თავში სულის გაორების ძველი სიბრძნე და თავს ვიყოლიებდი გაორებულ დიუპენზე – შემოქმედსა და დამშლელ-გამანადგურებელზე ფიქრით. არ გეგონოთ, რაიმე საიდუმლოს გიმჟღავნებდეთ, ანდა რაიმე ზღაპარს გიყვებოდეთ. რაც მოგახსენეთ, ამ ფრანგის აღგზნებული და, შესაძლოა, ავადმყოფი გონების ნაყოფი გახლდათ. მაგრამ მისი დაკვირვების უნარს ერთი მაგალითით უკეთ დაგისურათებთ.    ერთ ღამეს პალე-როიალის მახლობელ გრძელ, ბინძურ ქუჩაში ვსეირნობდით. ორივენი ალბათ ჩვენ-ჩვენს ფიქრებში ვიყავით გართული და არც ერთს კრინტი არ დაგვიძრავს თითქმის თხუთმეტი წუთის განმავლობაში. ანაზდად დიუპენმა სრულიად მოულოდნელად წამოიძახა: – ეგ მართლაც ნამდვილი ჯუჯა კაცია და „ვარიეტეს“ თეატრში უფრო ივარგებდა! – რა თქმა უნდა! – გონებადაუტანებლად დავუკარი კვერი მეც და იმდენად ჩაფლული ვიყავი ფიქრებში, რომ პირველად არც შემიმჩნევია, რა უცნაურად დაემთხვა ამხანაგის ნათქვამი ჩემს ფიქრებს, მაგრამ მალევე მოვეგე გონს და სახტად დავრჩი. – დიუპენ, – ვთქვი მძიმედ, – ვერ მივმხვდარვარ, რა ამბავია. გულახდილად უნდა გითხრათ, განცვიფრებული ვარ და ვერ დამიჯერებია. როგორ შეიძლებოდა მიმხვდარიყავით, რომ მე ვფიქრობდი... – აქ შევჩერდი, რათა მეტის უეჭველობით დამედასტურებინა, მართლა იმას გულისხმობდა, ვისზეც მე ვფიქრობდი თუ არა. – ...შანტილიზე, – დააბოლოვა დიუპენმა. – რატომ ჩერდებით? თქვენ თქვენთვის ლაპარაკობდით გულში, რომ ეს დაგვალული მოყვანილობის კაცი ტრაგედიისთვის არაფრად ვარგა. მართლაც სწორედ ამაზე ვფიქრობდი. შანტილი ოდესღაც მეჯღანედ მუშაობდა სენ-დენის ქუჩაზე. გიჟურად უყვარდა თეატრი; პირველად გამოვიდა ქსერქსეს როლში, კრებოლინის ამავე სახელის მქონე ტრაგედიაში და სასტიკად უსტვინეს. – ღვთის გულისათვის, მითხარით, – შევძახე მე, – როგორ მოახერხეთ ჩემს გულში ჩაწვდომა? მართლა ისე შეშფოთებული ვიყავი, არ მინდოდა მთლიანად გამომემჟღავნებინა ჩემი განცვიფრება. – სწორედ მეხილემ გაფიქრებინათ, – მიპასუხა მეგობარმა, – რომ მეჯღანე ვერ შეეტოლებოდა სიმაღლით ქსერქსეს და ყველას მისი ჯურისას. – მეხილე?.. რას ბრძანებთ?.. მე მეხილე არავინ ვიცი! – აი, იმ კაცმა, რომელიც თქვენ დაგეჯახათ, ამ ქუჩაზე რომ შემოვუხვიეთ, თხუთმეტიოდე წუთის წინ. ახლა მართლაც მომაგონდა ვიღაც მეხილე, რომელსაც ვეება კალათა ედგა თავზე და უნებურად კინაღამ წამაქცია. როცა კ.-ს ქუჩიდან აქეთ შემოვუხვიეთ. მაგრამ რა ესაქმებოდა იმასთან შანტილის, ვერ მივმხვდარიყავი.    დიუპენს ოდნავადაც არ ახასიათებდა თაღლითობა. – მე აგიხსნით, – მითხრა მან, – და ყველაფერი რომ მკაფიოდ წარმოიდგინოთ, უპირველეს ყოვლისა, მივყვეთ თქვენი ფიქრების ჯაჭვს იმ მომენტიდან, როცა მე შეგეხმაურეთ, იმ მომენტამდე, როცა ხსენებულ მეხილეს შევხვდით. ჯაჭვის მთავარი რგოლები გახლავთ: შანტილი, ორიონი, დოქტორი ნიქოლზი, ეპიკუროსი, სტერეოტომია, ქუჩის ქვაფენილი, მეხილე. იშვიათად იპოვით ვინმეს, ოდესმე თავი არ შეეყოლიებინა ნაბიჯ-ნაბიჯ უკანდახევით, რათა გაეთვალისწინებინა გზა, როგორ მიაღწია ამა თუ იმ დასკვნას. ეს საქმე ხშირად ძალიან საინტერესოა და ვინც პირველად სცდის, სახტად დარჩება, თითქოსდა რა უსაზღვროდ დიდი მანძილი და რა შეუსაბამობა არსებობს ამოსავალ წერტილსა და საბოლოო დასკვნას შორის. ჰოდა, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი განცვიფრება, როცა ფრანგის ახლახან ნათქვამი მოვისმინე და არ შემეძლო არ მეღიარებინა, რომ იგი მართლაც ჭეშმარიტებას ღაღადებდა. ის კვლავ განაგრძობდა: – რამდენადაც მახსოვს, სწორედ კ.-ს ქუჩიდან რომ ვუხვევდით, ცხენებზე ვლაპარაკობდით. ეს იყო ჩვენი საუბრის უკანასკნელი საგანი. როცა ამ ქუჩაზე შემოვუხვიეთ, თავზე დიდ კალათშემოდგმულმა მეხილემ ჩაგვიქროლა და მიგაგდოთ მოსაკირწყლავი ქვის გროვაზე, ქვაფენილის შესაკეთებლად რომ დაეხვავებინათ ერთ ადგილას. თქვენ ფეხი რომ დაადგით ქვის ერთ ნატეხს, დაგისხლტათ, ცოტა იტკინეთ კოჭი. ამან შეგაწუხათ თუ გული მოგივიდათ; ორიოდე სიტყვა წაიბურტყუნეთ, თვალი გადაავლეთ ქვის გროვას და კვლავ მდუმარედ განაგრძეთ გზა. მაინცდამაინც განსაკუთრებული ყურადღებით არ მიდევნებია თვალი, რას სჩადიოდით, მაგრამ ბოლო დროს დაკვირვება ჩვეულებად მექცა.    თქვენ თავი არ აგიწევიათ მაღლა – გაგულისებული დაჰყურებდით ქვაფენილის ორმოებსა და ნაპრალებს, მივხვდი, რომ კვლავ ქვებზე ფიქრობდით, ვიდრე ლამარტინის სახელობის პატარა შუკას არ მივაღწიეთ, რომელიც საცდელად ჭადრაკული წესით მოეკირწყლათ ძელაკებით. აქ სახე გაგიბრწყინდათ და ბაგეების მოძრაობაზე შეგნიშნეთ დაბეჯითებით, რომ წაიბუტბუტეთ სიტყვა „სტერეოტომია“ – ტერმინი, რომელიც რატომღაც თავმოსაწონებლად უწოდეს ამ ჯურის ქვაფენილს. მე ვიცოდი, რომ თქვენ არ ახსენებდით თქვენთვის „სტერეოტომიას“, თუ ამასთან ერთად ატომებსაც არ მოიგონებდით და, მაშასადამე, ეპიკუროსის მოძღვრებასაც. და რაკი ამ საგანზე ჩვენი ამასწინანდელი მუსაიფის დროს მე მოგახსენეთ, რა საოცრად დასტურდება და ამავე დროს რა ნაკლებ დაფასებულია იმ კეთილშობილი ბერძენის ბუნდოვანი მიგნებანი ახლანდელი ნებულარული კოსმოგონიის დარგში, ვიგრძენი, რომ თქვენ ვერაფრით ვერ ასცდებოდით ორიონის დიდი ნისლოვანებისთვის თვალის შევლებას და დაბეჯითებით ველოდი კიდეც თქვენგან ამას. თქვენ მართლაც აიხედეთ მაღლა და ახლა უკვე დავადასტურე, რომ სწორ კვალში გიდგავართ, მაგრამ შანტილის წინააღმდეგ მიმართულ იმ მწარე ტირადაში, რომელიც გუშინ „მუსეე“-ში გამოქვეყნდა, სატირიკოსმა სიტყვა რომ უშნოდ გადაჰკრა, მეჯღანის სახელის ტრაგიკოსი მსახიობის სახელით შეცვლაზე, ჩვენგან ხშირად ხსენებული ერთი ლათინური ტაეპიც გამოურია. მე მოგახსენებთ ამ სტრიქონზე: „დაკარგა პირველმა ექომ ძველი ჟღერადობა“    ნათქვამი მაქვს თქვენთვის, რომ ეს ამბავი ეხება ორიონს, თავდაპირველად რომ ურიონი ეწოდებოდა, და ამ ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ოხუნჯობის წყალობით ვიცოდი, არ დაგავიწყდებოდათ. ამიტომ აშკარა იყო, თქვენ უთუოდ ერთმანეთს დაუკავშირებდით ორიონისა და შანტილის საქმეს. და რომ მართლაც დაუკავშირეთ, მე დავადასტურე თქვენს ბაგეებზე შემჩნეული თავისებური ღიმილით. თქვენ გაიფიქრეთ საბრალო მეჯღანის მსხვერპლად შეწირვაზე. აქამდე წახრილი მიაბიჯებდით, ახლა კი დავინახე, როგორ გაიჭიმეთ მთელი სიმაღლით. მაშინ დავრწმუნდი, რომ შანტილის ჩაგვერა აღნაგობა მოგაგონდათ. ამ დროს შეგაწყვეტინეთ ფიქრი შენიშვნით, რომ რაკი ეგ შანტილი მართლაც ძალიან ჯუჯა ვინმე ბრძანდებოდა, სჯობდა თეატრ „ვარიეტეში“ შესულიყო-მეთქი. ამის მერე დიდ ხანს არ გაევლო, რომ „Gazette des Tribunauex“-ის საღამოს ნომრის გადათვალიერებისას შემდეგმა წერილმა მიიპყრო ჩვენი ყურადღება.    „უჩვეულო მკვლელობა. – ამ დილით, დაახლოებით სამ საათზე, სენ-როშის უბნის მცხოვრებთ ძილი დაუფრთხო საზარელმა წივილ-კივილმა, რომელიც, ეტყობოდა, მორგის ქუჩაზე მდებარე ერთი სახლის მეოთხე სართულიდან გამოდიოდა. ამ სახლში, როგორც ცნობილი გახლდათ, მარტო ქალბატონი ლესპანეი და მისი გაუთხოვარი ქალიშვილი კამილ ლესპანეი ცხოვრობდნენ. ცოტაოდენი შეყოვნების შემდგომ, რაც ჩვეულებრივი გზით შინ შეღწევის ამაო ცდამ გამოიწვია, კარი რკინის კეტით შეამტვრიეს და რვა თუ ათი მეზობელი ორი ჟანდარმის თანხლებით შეიჭრა შიგ. ამ დროს წივილ-კივილი უკვე შეწყდა, ოღონდ, როცა ხალხი კიბის პირველ ბაქანზე არბოდა, გაიგონეს ორი თუ მეტი კაცის გაჯავრებული ლაპარაკის ხმა, რომელიც თითქოს სახლის ზემო ნაწილიდან მოდიოდა. კიბის მეორე ბაქანს რომ მიაღწიეს, ეს ხმიანობაც შეწყდა და სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ხალხი გაიფანტა და სასწრაფოდ შეუდგა ოთახების დათვალიერებას. დიდ საძინებელ ოთახს რომ მიაღწიეს მეოთხე სართულზე, რომლის შიგნიდან ჩაკეტილი კარიც აგრეთვე შეამტვრიეს, დანახულმა სურათმა ყველა იქ დამსწრე არა მარტო შეაძრწუნა, არამედ განაცვიფრა კიდეც.    მთელი ოთახი სასტიკად გახლდათ არეული – ავეჯი დაემსხვრიათ და აქეთ-იქით მიმოეფანტათ. შიგ ერთი საწოლი იდგა და ამ საწოლის ლოგინიც გადმოეთრიათ და შუა ოთახში იატაკზე ეყარა. სკამზე სისხლით გასვრილი სამართებელი იდო. ბუხარში ადამიანის გაჭაღარავებული თმის ორი თუ სამი გრძელი, სქელი ბღუჯა ეგდო აგრეთვე სისხლით მოსვრილი და, ეტყობოდა, ძირიანად ამოგლეჯილი. იატაკზე იპოვეს ოთხი ნაპოლეონდორი, ერთი ტოპაზიონის საყურე, სამი დიდრონი ვერცხლის კოვზი, ალჟირული ლითონის სამი მომცრო კოვზი და ორი აბგა, რომლებშიც თითქმის ოთხი ათასი ფრანკი ეყარა ოქროთი. ერთ კუთხეში მდგარი კომოდის უჯრები გამოღებული და ალბათ გადმოქოთებულიც გახლდათ, თუმცა ბევრი ნივთი კვლავ შიგ იყო. ლოგინქვეშ პატარა რკინის ზარდახშა აღმოჩნდა, ისიც გახსნილი; ოღონდ კლიტე ისევ ჩაეტოვებინათ. რამდენიმე ძველი ბარათისა და სხვა უმნიშვნელო ქაღალდების გარდა შიგ ვერაფერი იპოვეს. ქალბატონ ლესპანეის კვალს ვერ მიაგნეს, მაგრამ ბუხარში უჩვეულოდ ბევრი ჭვარტლი რომ შენიშნეს, საკვამლე მილი გასინჯეს და რაოდენ საზარელიც უნდა იყოს სათქმელად, იქიდან ქალიშვილის გვამი ჩამოათრიეს – იგი წვრილ ხვრელში საკმაოდ შორ მანძილზე ძალით შეეჩურთათ. გვამი სულ თბილი იყო. სხეულის გასინჯვისას ნახეს, რომ კანი მრავალ ადგილას გადაღლეტოდა. უეჭველია, მილში ძალით შეჩრის და მერე უკან გამოძრობის მიზეზით. სახე სასტიკად ჰქონდა დაკაწრული, ხოლო ყელზე დალილავებული ადგილები და ღრმა ნაფრჩხილარები ემჩნეოდა, თითქოს განსვენებული ხელით დაუხრჩვიათო.    სახლის ყოველი კუნჭულის გულმოდგინე მოჩხრეკის შემდგომ, რაკი ვეღარაფერი აღმოაჩინეს, სახლის უკან მდებარე ფილაქნით მოგებულ პატარა ეზოში ჩავიდნენ, სადაც მოხუცი მანდილოსნის გვამი ეგდო – ყელი ისე ჰქონდა გამოღადრული, რომ აწევის დროს თავი მთლიანად მოვარდა მკვდარს. ტანიც და თავიც ისე საზარლად გახლდათ დამახინჯებული, თითქმის ვეღარც გაარჩევდით, ადამიანის იყო თუ არა. იდუმალებით მოცული ეს შემაძრწუნებელი ბოროტმოქმედება ჯერჯერობით სრულიად გაურკვეველია“.    მეორე დღის გაზეთში დამატებითი დაწვრილებითი ცნობები ეწერა. „მორგის ქუჩის ტრაგედია. ბევრი დაკითხეს ამ ფრიად არაჩვეულებრივი და შემაძრწუნებელი საქმისათვის, მაგრამ ჯერ მაინც ვერ მოეფინა შუქი მას. ქვემოთ მოგვაქვს დაკითხვის მთელი მასალა.    პოლინ დიუბური. მრეცხავი, უჩვენებს, რომ იგი სამი წელია იცნობდა ორივე განსვენებულს, რადგან ამ ხნის განმავლობაში სარეცხს ურეცხავდა. მოხუცი მანდილოსანსა და მის ქალიშვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან – ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ჩინებული გადამხდელები იყვნენ. ვერაფერი თქვა მათი ცხოვრების გარემოებათა ანდა საშუალებათა შესახებ. ჰგონია, რომ ქალბატონი ლ. მკითხაობით ირჩენდა თავს. ამბობდნენ, ფული აქვს შემონახულიო. სარეცხის წასაღებ-წამოსაღებად რომ დადიოდა, სახლში სხვა არავინ უნახავს. დარწმუნებულია, რომ მსახური არ ჰყავდათ. გარდა მეოთხე სართულისა, სახლის სხვა რომელიმე ნაწილში თითქოს ავეჯი არსად მოიპოვებოდა.    პიერ მორო, მეთუთუნე, აჩვენებს, რომ ქალბატონი ლესპანეი თითქმის ოთხი წელიწადია მასთან ყიდულობდა ცოტ-ცოტა თამბაქოსა და ბურნუთს. დაბადებულია ამ უბანში და სულ აქ ცხოვრობს. განსვენებულსა და მის ქალიშვილს ის სახლი, რომელშიც გვამები იპოვეს, ექვს წელიწადზე მეტია უჭირავთ. იგი წინათ ოქრომჭედელს ეჭირა, რომელიც ზემო ოთახებს სხვადასხვა პირებზე აქირავებდა ხოლმე. სახლის პატრონი იყო ქალბატონი ლ. მას ეწყინა, მდგმური რომ შენობას აქირავებდა; თვითონვე დაბინავდა შიგ და არც ერთ ნაწილს აღარ აქირავებდა. მოხუცი მანდილოსანი ბავშვური ხასიათისა გახლდათ. ამ ექვს წელიწადში მოწმეს მხოლოდ ხუთჯერ თუ ექვსჯერ უნახავს ქალიშვილი. ორივენი ძალიან განდეგილად ცხოვრობდნენ – ამბობდნენ, ფული აქვთო. გაუგონია, მეზობლებში ლაპარაკობდნენ, ქალბატონი ლ. მკითხაობსო, მაგრამ მას არ სჯეროდა. მათ სახლში მოხუცი მანდილოსნის და მისი ქალიშვილის გარდა მხოლდ ერთი-ორჯერ მოუკრავს თვალი მეეზოვისთვის და რვა თუ ათჯერ – ექიმისთვის.    ბევრი სხვა მეზობელიც ამას აჩვენებს. არ შეუმჩნევიათ, რომ იქ ვინმეს ევლოს. არავინ იცის, ვინმე ცოცხალი ნათესავი ჰყავდა თუ არა ქალბატონ ლ.-ს და მის ასულს. სახლის ფასადის დარაბებს იშვიათად აღებდნენ; ხოლო უკანა დარაბები კი სულ ჩარაზული იყო, გარდა მეოთხე სართულის დიდი ოთახის ფანჯრისა. სახლი კარგი იყო, არცთუ ძალიან ძველი.    ისიდორ მიუზე, ჟანდარმი, უჩვენებს, რომ იგი გამოიძახეს დაახლოებით დილის სამ საათზე და შესასვლელთან ოცი-ოცდაათი კაცი დახვდა, რომლებიც სახლში შესვლას ცდილობდნენ. ბოლოს კარი გააღო ხიშტით და არა რკინის კეტით. ძალიან არ გასძნელებია მისი გაღება, რადგან ორფა კარი იყო და თანაც არც ზემოთ იყო დამაგრებული და არც ქვემოთ. წივილ-კივილი კარის გახსნამდე გრძელდებოდა, მერმე კი უცებ შეწყდა. ეტყობოდა, სულთა ბრძოლის ყოფაში მყოფი ერთი თუ რამდენიმე პირი კიოდა. წივილ-კივილი იყო ხმამაღალი და გაგრძელებული და არა მოკლე და მკვეთრი, მოწმე პირველი მიდიოდა კიბეზე. პირველ ბაქანს რომ მიაღწიეს, ორი ხმა გაიგონეს – ხმამაღლა, გაჯავრებით ეკამათებოდნენ ერთმანეთს. ერთს ტლანქი, ხრინწიანი ხმა ჰქონდა, მეორეს – გაცილებით მკვეთრი და უცნაური. გაარჩია პირველის ნათქვამი რამდენიმე სიტყვა, რომელიც ფრანგული იყო. დარწმუნებულია, რომ ეს ხმა ქალს არ ეკუთვნოდა. გაარჩია სიტყვები – „დალახვროს“ და „ეშმაკი“. მკვეთრი ხმა უცხოელისა უნდა ყოფილიყო. ვერ გაარჩია დაბეჯითებით, ეს ხმა კაცისა იყო თუ ქალისა. ვერც ნათქვამი გაიგო, ოღონდ ჰგონია, რომ ესპანური იყო. ოთახისა და გვამების ვითარება მოწმემ ისე აღწერა, როგორც გუშინ აღვწერეთ ჩვენს გაზეთში.    ანრი დიუვალი, მეზობელი და ხელობით ოქრომჭედელი, უჩვენებს, რომ იგი ერთი პირველთაგანი შევიდა სახლში. საერთოდ ადასტურებს მიუზეს ჩვენებას. როგორც კი შევიდნენ შიგ, კარი ისევ მიხურეს, რომ ხალხის ბრბო არ შეჭრილიყო, რომელმაც ბლომად მოიყარა თავი ძალიან მალე, მიუხედავად გვიანი ღამისა. ამ მოწმის აზრით, მკვეთრი ხმა იტალიელისა უნდა ყოფილიყო. დარწმუნებულია, ფრანგული არ იყო. ბეჯითად არ შეუძლია თქმა, კაცს ეკუთვნოდა ეს ხმა თუ არა. ქალისაც შეიძლებოდა ყოფილიყო. იტალიური არ იცის. ვერ გაარჩია სიტყვები, მაგრამ კილოზე შეატყო დარწმუნებით, რომ მოლაპარაკე იტალიელი იქნებოდა. იცნობდა ქალბატონ ლ.-ს და მის ქალიშვილს. ორივესთან ხშირად უსაუბრია. დარწმუნებულია, რომ მკვეთრი ხმა მიცვალებულთაგან არც ერთს არ ეკუთვნოდა.    ოდენ ჰაიმერი, რესტორნის პატრონი. – ეს მოწმე თავისი ნებით გამოცხადდა ჩვენების მოსაცემად. რაკი ფრანგულად ვერ ლაპარაკობს, დაკითხულ იქნა თარჯიმნის მეშვეობით. ამსტერდამელია. წივილ-კივილის დროს სახლთან ჩაუვლია. წივილ-კივილი რამდენიმე წუთს, შეიძლება ათ წუთსაც გრძელდებოდა. კივილი გაგრძელებული და ხმამაღალი იყო – ძალიან შემაძრწუნებელი და საზარელი. სახლში შემსვლელთაგანია. დაადასტურა წინა ჩვენება მთლიანად, გარდა ერთი პუნქტისა. დარწმუნებულია, მკვეთრი ხმა მამაკაცს ეკუთვნოდა და ისიც ფრანგს. ვერ შეძლო გაერჩია წარმოთქმული სიტყვები. ხმამაღლა, სწრაფად იყო ნათქვამი და არათანაბარი კილოთი; თითქოს თან შიშით და თანაც გაჯავრებით. ხმა უსიამო და ხრინწიანი უფრო იყო, ვიდრე მკვეთრი – მკვეთრს ვერ დაარქმევს იმნაირ ხმას. ტლანქმა ხმამ რამდენჯერმე გაიმეორა „ეშმაკი“ და ერთხელ – „ღმერთო ჩემო“. ჟიულ მინიო, ბანკირი, ფირმა „მინიო და ძენი“, დელორენის ქუჩა. – უფროსი მინიო, ქალბატონ ლესპანეის ცოტაოდენი ქონება ჰქონდა. მას საბანკო სახლში ანგარიში გაუხსნეს რვა წლის წინ გაზაფხულზე, ხშირად შემოჰქონდა ცოტ-ცოტა თანხა. ფული არ გაჰქონდა ხოლმე. მხოლოდ სიკვდილამდე სამი დღით ადრე პირადად გამოიტანა 4000 ფრანკი. ეს თანხა ოქროთი გადაუხადეს და ბანკის მოსამსახურემ მოუტანა შინ.    ადოლფ ლებონი, ფირმა „მინიო და ძენის“ მოსამსახურე, აჩვენებს, რომ ხსენებულ დღეს, დაახლოებით შუადღისას, მან მიაცილა შინ ქალბატონი ლესპანეი 4000 ფრანკითურთ, რომელიც ორ აბგაში იყო მოთავსებული. კარი რომ გაიღო, მადმუაზელ ლ. გამოვიდა და ერთი აბგა მან ჩამოართვა, მეორე კი მოხუცებულმა მანდილოსანმა. შემდეგ იგი გამოესალმა მათ და წამოვიდა. მაშინ ქუჩაში არავინ არ შეუმჩნევია. ეს გვერდითი ქუჩაა – ძალიან მიყრუებული.    უილიამ ბერდი, თერძი, აჩვენებს, რომ ისიც შევიდა სახლში. ინგლისელია. პარიზში ორი წელიწადია ცხოვრობს. ერთ-ერთი პირველთაგანი ავიდა კიბეზე. ყური მოჰკრა მოჩხუბრების ხმებს. ჩახრინწული ხმის პატრონი ფრანგი იყო. რამდენიმე სიტყვა გაარჩია, მაგრამ ახლა ყველა ვეღარ მოუგონებია. გარკვევით გაიგონა „დალახვროს“ და „ღმერთო ჩემო“. ერთ ხანს ისეთი ხმა ისმოდა, თითქოს რამდენიმე კაცი იბრძვისო – ბღლარძუნისა და ჩხუბის ხმა იყო. მკვეთრი, მწივანა ხმა მაღალი ჩანდა, გაცილებით მაღალი, ვიდრე ხრინწიანი ხმა. დარწმუნებულია, რომ იგი ინგლისელის ხმა არ უნდა ყოფილიყო. უფრო გერმანელისას ჰგავდა. შეიძლება ქალის ხმაც იყო. გერმანული არ იცის.    ზემოხსენებულთაგან ოთხმა მოწმემ მეორედ დაკითხვისას აჩვენა, რომ კარი იმ ოთახისა, რომელშიც მადმუაზელ ლ-ს გვამი იპოვეს, შიგნიდან იყო ჩაკეტილი. როცა ხალხმა მიაღწია მას, სრული სიჩუმე სუფევდა – არც კვნესა ისმოდა, არც ჩამიჩუმი. კარი რომ შეამტვრიეს, შიგ არავინ დახვედრიათ. ორივე, წინა და უკანა ოთახების ფანჯრები ჩამოშვებული გახლდათ და მაგრად იყო ჩაკეტილი შიგნიდან. ამ ორ ოთახს შორის გამავალი კარიც მიხურული იყო, ოღონდ არ ჩაეკეტათ. წინა ოთახიდან ტალანში გამავალი კარიც ჩაკეტილი გახლდათ შიგნიდან და კლიტეც შიგ ჩაეტოვებინათ. ქუჩის გადამყურე პატარა ოთახის კარი მეოთხე სართულზე, ტალანის ბოლოს, გახსნილი და გამოღებული იყო. ეს ოთახი აევსო ძველ საწოლებს, ყუთებსა და სხვა ხარახურას. ესენი ფრთხილად იქნა გამოტანილი და გასინჯული. სახლის ყოველი გოჯი გულმოდგინედ გაისინჯა. საკვამლე მილები ბუხრის მწმენდელებით გაწმინდეს. სახლი ოთხსართულიანი გახლდათ, მანსარდიანი. სახურავზე ასასვლელი კარი ძალიან გულმოდგინედ დაელურსმათ – ჩანდა, წლების განმავლობაში არავის გაეხსნა. დროის ხანგრძლივობა მოჩხუბართა ხმების გაგონებიდან ოთახის კარის შემტვრევამდე მოწმეებმა სხვადასხვანაირად უჩვენეს. ზოგი სამ წუთს ვარაუდობს, ზოგი – ხუთს. კარის გაღება გაუჭირდათ.    ალფონზო გარსია, მეკუბოე, აჩვენებს, რომ იგი მორგის ქუჩაზე ცხოვრობს. ესპანეთის მკვიდრია. ერთ-ერთი შემსვლელთაგანია სახლში. ზემოთ აღარ ასულა. ნერვიულია და ეშინოდა, არ ავღელდეო. მოჩხუბართა ხმები გაიგონა. ხრინწიანი ხმა ფრანგისა იყო. ვერ გაარჩია, რას ამბობდნენ. მწივანა ხმა ინგლისელს ეკუთვნოდა – ამაში დარწმუნებულია. ინგლისური არ იცის, მაგრამ კილოზე დაასკვნის.    ალბერტო მონტანი, მეშაქარლამე, აჩვენებს, რომ იგი ერთ-ერთი პირველთაგანი ავიდა კიბეზე. გაიგონა ხსენებული ხმები. ხრინწიანი ხმა ფრანგს ეკუთვნოდა. რამდენიმე სიტყვა გაარჩია. მოლაპარაკე, ეტყობოდა, ვიღაცას ტუქსავდა. მწივანა ხმით ნათქვამი სიტყვები ვერ გაარჩია. სწრაფად და უთავბოლოდ ლაპარაკობდა. რუსული ჰგონია. ადასტურებს საერთო ჩვენებებს. იტალიელია. რუსეთის რომელიმე მკვიდრთან არასოდეს ჰქონია ურთიერთობა.    ბევრმა მოწმემ, მეორედ დაკითხვისას, დაადასტურა, რომ მეოთხე სართულის ყველა ოთახის საკვამლე მილი იმდენად ვიწრო იყო, შიგ ადამიანი ვერ გაეტეოდა. „ბუხრის მწმენდელებში“ ცილინდრული საწმენდი ჯაგრისები იგულისხმებოდა, რომლითაც ბუხრის მწმენდელები საკვამლე მილებს წმენდენ ხოლმე. ეს ჯაგრისები სახლის ყველა საკვამლე მილში აატარ-ჩაატარეს. სახლს უკანა კიბე არ გააჩნია, რომლითაც ვინმეს შეეძლებოდა ჩასვლა. ვიდრე ხალხი ზევით ადიოდა. მადმუაზელ ლ ესპანეის გვამი ისე მაგრად იყო შეჩურთული საკვამლე მილში, რომ მანამ ვერ მოახერხეს მისი ჩამოთრევა, სანამ ოთხი-ხუთი კაცი ერთად არ მოეჭიდა.    პოლ დიუმა, ექიმი, აჩვენებს, რომ იგი დაახლოებით რიჟრაჟზე გამოიძახეს გვამების გასასინჯად. მაშინ ორივე გვამი დასვენებული იყო საწოლის გადასაფარებელ სქელ ტილოზე იმ ოთახში, სადაც მადმუაზელ ლ. იპოვეს. ახალგაზრდა ქალის სხეული ძალიან დალილავებული და დაჩეჩქვილ-გადატყავებული ჩანდა. ეს ადვილად შეიძლებოდა დამართოდა განსვენებულის გვამს, რაკი საკვამლე მილში ამნაირად შესჩარეს. ყელი ძალიან ჰქონდა დაზიანებული. სწორედ ნიკაპს ქვეშ, რამდენიმე ღრმა ნაკაწრი აჩნდა, აგრეთვე ბევრი დალილავებული ლაქაც ჰქონდა, ალბათ თითების დაჭერით გამოწვეული. სახე საზარლად გალურჯებოდა, ხოლო თვალები გადმოკარკლოდა. ენა კინაღამ სულ მოეკვნიტა. გულის კოვზზეც მოზრდილი დალილავებული ადგილი აღმოჩნდა, ალბათ ზედ მუხლის დაჭერით გამოწვეული. ბატონ დიუმას აზრით, მადმუაზელ ლ ესპანეი ვიღაცამ თუ ვიღაცებმა დაახრჩვეს. დედის გვამი საშინლად იყო დამახინჯებული. მარჯვენა ხელ-ფეხის ძვლები მეტ-ნაკლებად სულ დამტვრეული გახლდათ. მარცხენა წვივის ძვალი და აგრეთვე მარცხენა ნეკნის ყველა ძვალი ძალიან ჩალეწოდა. მთელი სხეული საზარლად იყო დალილავებულ-ჩალურჯებული. არ ჩანდა რით მიეყენებინათ ეს დაზიანებანი. მძიმე ხის კეტს ან რკინის ფართო ნაჭერს, სკამს ანდა დიდ, მძიმე, ბლაგვ რაიმე იარაღს შეეძლო გამოეწვია ასეთი შედეგები, თუ ძალიან ღონიერი კაცის ხელი იხმარდა მათ. ვერც ერთი ქალი ვერანაირი იარაღით ვერ მოახერხებდა ასეთი დარტყმების მიყენებას. განსვენებულის თავი, როცა მოწმემ იგი იხილა, სრულიად მოშორებული გახლდათ ტანს და თან ძალიანაც იყო დაჩეჩქვილი. ყელი, ეტყობოდა, რაღაც ბასრი იარაღით გამოეჭრათ – ალბათ სამართებლით. ალექსანდრე ეტიენი, დასტაქარი, ბატონ დიუმასთან ერთად იქნა მოწვეული გვამების გასასინჯათ. დაადასტურა ბატონი დიუმას ჩვენება და დასკვნები. სხვა, უფრო მნიშვნელოვანი რამ აღარაფერი გამორკვეულა, თუმცა ბევრი სხვა პირიც იქნა დაკითხული. ასე უცნაური და ყოველმხრივ ასე დამაბნეველი, შემაშფოთებელი მკვლელობა არასოდეს ჩაუდენიათ პარიზში – თუკი მართლა მკვლელობაა ჩადენილი. პოლიციამ აღარ იცის, რა გზას დაადგეს – უჩვეულო ამბავი გახლავთ ამნაირი ჯურის საქმეებში. მაინც არავითარი კვალის ნასახიც კი არსად ჩანს“.    გაზეთის საღამოს გამოშვებაში ეწერა, სენ როშის უბანში კვლავ დიდი ალიაქოთიაო. ხსენებული სახლი კიდევ გაეჩხრიკათ გულმოდგინედ, მოწმეებიც ხელახლა დაეკითხათ, მაგრამ სულ ამაოდ. მინაწერში აგრეთვე იუწყებოდნენ, რომ ადოლფ ლებონი დაატუსაღესო, თუმცა ბრალის დასადებად უკვე ხსენებული ფაქტების გარდა სხვა არაფერი აღმოჩენილა. დიუპენი, ჩანდა, ძალიან დააინტერესა ამ საქმის ძიების მიმდინარეობამ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე დავასკვენი მისი ქცევის მიხედვით, რადგან თვითონ არაფერი წამოსცდენია. მხოლოდ მაშინ მკითხა, რა აზრისა ხარ ამ მკვლელობის თაობაზეო, როცა ლებონის დაპატიმრების ამბავი გამოცხადდა. მე მხოლოდ ის შემეძლო მთელ პარიზთან ერთად ეს მკვლელობა ამოუხსნელ საიდუმლოდ მეცნო. ვერ ვხედავდი საშუალებას, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მკვლელის მიკვლევა.    საშუალებებზე ამ ზერელე გამოძიების მიხედვით არ უნდა ვიმსჯელოთ, – თქვა დიუპენმა. – გამჭრიახობით ქებულ პარიზის პოლიციას მხოლოდ და მხოლოდ ცბიერებითა და მზაკვრობით თუ გააქვს თავი. მათ მოქმედებაში მეთოდი არ ჩანს, თუ მეთოდად არ ჩავთვლით წუთიერი ხელსაყრელი შემთხვევის გამოყენების უნარს. თავი მოსწონთ თავიანთი ღონისძიებებით, მაგრამ ხშირად ეს ღონისძიებანი ისე ცუდად შეესაბამება განზრახულ საქმეს, რომ გვაგონდება ბატონი ჟურდენის განკარგულება, მომართვით ჩემი „ხალათი, რათა უკეთ მოვისმინო მუსიკა“. მათი გამოძიების შედეგები არა იშვიათად განსაცვიფრებელია, მაგრამ ისინი უპირატესად უბრალო ბეჯითობითა და გულმოდგინებით გახლავთ მოპოვებული. თუ ამ თვისებებმა არ გაჭრა, მათი საქმე წასულია. მაგალითად, ვიდოკი კარგი მაძიებელი და ბეჯითი კაცი იყო, მაგრამ რაკი გონებრივი მსჯელობის უნარი აკლდა, მუდამ ცდებოდა სწორედ თავისი ამ გულმოდგინებით. იგი თავისი მხედველობის უნარს თვალებთან საგნის ძალიან ახლოს მიტანით ასუსტებდა. შესაძლოა, ერთ ან ორ წერტილს არაჩვეულებრივ მკაფიოდ ხედავდა, მაგრამ ამასობაში უეჭველად მხედველობიდან ეკარგებოდა მთელი საგნის ხედი. ასე იცის საქმის ძალიან ჩაკირკიტებამ. ჭეშმარიტება ყოველთვის ჭაში არ იმალება. სინამდვილეში, რაც უფრო მნიშვნელოვანი ცოდნის დარგს ეხება, დარწმუნებული ვარ, იგი მუდამ ზედაპირზე ზერელედ სუფევს. ჩვენ მას ხევხუვებში ვეძიებთ და არა მწვერვალთა თხემებზე, სადაც იგი მოიპოვება. ამ ჯურის შეცდომათა ხასიათი და წყარონი ჩინებულად სურათდება ზეციურ სხეულებზე დაკვირვების დროს. თუ ვარსკვლავს მსწრაფლ შევავლებთ თვალს, ანდა თუ მას ალმაცერად შევხედავთ ბადურის გარე ნაწილის მისკენ მიბრუნებით (რომელიც უფრო მგრძნობიარეა შუქის სუსტი შთაბეჭდილებების მიმართ, ვიდრე შიგნითა ნაწილი), ვარსკვლავს უფრო მკაფიოდ დავინახავთ, უკეთ აღვიქვამთ მის ელვარებასა და შუქს, რომელიც მით უფრო ბუნდოვანი ხდება, რაც უფრო ვუპირდაპირებთ მას თვალს. მართალია, ამ შემთხვევაში სხივების მეტი რაოდენობა ეცემა თვალს, მაგრამ პირველ შემთხვევაში გაცილებით მეტი შესაძლებლობა გახლავთ მკაფიოდ აღქმისა. შეუსაბამო ჩაღრმავებით უფრო ვართულებთ და ვასუსტებთ აზროვნებას და შესაძლოა, თვით ცისკრის ვარსკვლავიც კი გაგვიქრეს ცის კამარაში, თუ მეტისმეტად დაკვირვებით, მეტისმეტად გულმოდგინებით და მეტისმეტი დაშტერებით დავუწყებთ მას ჭვრეტას.    რაც შეეხება ამ მკვლელობებს, მოდით ცოტა ჩვენ თვითონ გავჩხრიკოთ საქმე, ვიდრე რაიმე დასკვნას გამოვიტანდეთ. გამოძიებით თავს შევიყოლიებთ (მე უცნაურად მეჩვენა ასეთი გამოთქმა, მაგრამ არაფერი მითქვამს); თან ლებონმა ოდესღაც ისეთი სამსახური გამიწია, რომ მისდამი უმადურობის გამოჩენა არ მმართებს. წავიდეთ და ჩვენი საკუთარი თვალით დავათვალიეროთ ის სახლ-კარი. პოლიციის პრეფექტი გ. ჩემი ნაცნობია და საჭირო ნებართვის აღება არ გაგვიძნელდება. ნება დაგვრთეს და ჩვენც მყის მივაშურეთ მორგის ქუჩას. ეს გახლავთ ერთი იმ საცოდავ შუკათაგანი, რომელნიც რიშელიესა და სენ-როშის ქუჩებს აერთებენ. მხოლოდ გვიან ნაშუადღევს მივაღწიეთ იქ, რადგან ეს უბანი ძალიან იყო დაშორებული ჩვენს საცხოვრებელ ადგილს. სახლი მალე ვიპოვეთ, ვინაიდან ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან ჯერ კიდევ ბევრი უსაქმური ცნობისმოყვარეობით შესჩერებოდა დახურულ დარაბებს. ჩვეულებრივი პარიზული სახლი ჩანდა. შესასვლელის ერთ მხარეს შემინული ბუდრუგანა იდგა ასაწევ-დასაწევი სარკმლითურთ – ეტყობოდა მეკარის ჯიხური იყო. სანამ შინ შევიდოდით, ის ქუჩა ჩავიარეთ, მერმე მოსახვევში შევუხვიეთ, კიდევ შევუხვიეთ და შენობას ზურგში მოვექეცით. დიუპენი ამასობაში დიდი გულისყურით ათვალიერებდა მთელ შემოგარენს და თვით სახლს, მე კი საყურადღებო არაფერი შემინიშნავს.    უკან გამოვბრუნდით, კვლავ სახლის კარს მივადექით, დავრეკეთ, ვუჩვენეთ ნებართვის საბუთი და პოლიციის მორიგე აგენტებმა შიგ შეგვიშვეს. ავედით მაღლა, იმ ოთახში, სადაც მადმუაზელ ლ ესპანეის გვამი იპოვეს და სადაც ახლა ორივე მიცვალებული ესვენა. ოთახში კვლავ არეულობა იყო. რაც გაზეთში ეწერა, იმის გარდა სხვა არაფერი შემინიშნავს. დიუპენმა ბეჯითად გასინჯა ყველაფერი – მსხვერპლთა გვამებიც კი არ დაუტოვებია ისე. სხვა ოთახებიც მოვათვალიერეთ და ეზოში ჩავედით. ჟანდარმი ყველგან ფეხდაფეხ დაგვდევდა. სინჯვას დაღამებამდე მოვუნდით და მხოლოდ დაბნელებულს გავუდექით გზას შინისკენ. გზაში ჩემმა ამხანაგმა წუთით ერთი ყოველდღიური გაზეთის რედაქციაში შეირბინა. უკვე მოგახსენეთ, ჩემი მეგობარი დიდი ხუშტურიანი ვინმე რომ ბრძანდებოდა და მეც ხელს ვუწყობდი. ამჟამად მოეპრიანა სულაც კრინტი აღარ დაეძრა მკვლელობის საქმეზე და მხოლოდ მეორე დღეს შუადღისას ამოიღო ხმა. მაშინ იგი ანაზდად დამეკითხა, რამე „თავისებური“ ხომ არ შეგინიშნავს ამ მხეცური მკვლელობის სურათშიო. ისეთი კილოთი გაუსვა ხაზი სიტყვას „თავისებური“, რომ, არ ვიცი რატომ, უნებურად შევკრთი. – არა, არაფერი თავისებური არ შემინიშნავს, – მივუგე მე, – ყოველ შემთხვევაში, იმის გარდა არაფერი, რაც ორივემ ერთად ამოვიკითხეთ გაზეთში. – გაზეთში, ვშიშობ, არაფერი იყო ნათქვამი, – მითხრა დიუპენმა, – ამ მკვლელობის განსაკუთრებულ საზარლობაზე. მაგრამ თავი დავანებოთ ამ გაზეთზე ამაო მსჯელობას. მე მგონი, ეს საიდუმლოებით მოცული ამბავი სწორედ იმ მიზეზის გამო მიაჩნიათ გადაუწყვეტლად, რომელიც აადვილებს მის ამოხსნას – მე ვგულისხმობ ჩადენილი დანაშაულის არაჩვეულებრივ გაზვიადებულ ხასიათს. პოლიცია დააბნია თითქოს არა თვითმკვლელობის, არამედ მკვლელობის მხეცური, საზარელი ხასიათის მოჩვენებითმა უსაბაბობამ. ისინი შეშფოთებული არიან იმითაც, რომ შეუძლებლად ეჩვენებათ მოჩხუბართა გაგონილი ხმების შეთანხმება იმ გარემოებასთან, რომ მოკლული მადმუაზელ ლესპანეის გარდა ოთახში არავინ აღმოჩნდა, იქიდან კი თავს ვერავინ დააღწევდა ისე, რომ კიბეზე ამავალ ხალხს არ შეემჩნია. ოთახის საშინელი გადაქოთება, საკვამლე მილში ფეხებით აღმა შეჩურთული გვამი, მოხუცი მანდილოსნის საზარლად დამახინჯებული სხეული – ეს მოსაზრებანი ახლახან ხსენებულ და აგრეთვე სხვა, არსახსენებელ მოსაზრებებთან ერთად, საკმაო გახლდათ, რათა წაერთმია ძალა და სრულიად აებნია თავგზა მთავრობის აგენტების ნაქები გამჭრიახობისთვის. მათ მოუვიდათ უხეში, მაგრამ საერთო შეცდომა, არაჩვეულებრივი რომ გაუგებარსა და ძნელად ასახსნელში აურიეს. მაგრამ სწორედ ჩვეულებრივისგან განსხვავებულის მეშვეობით იკვლევს გზას გონიერება ჭეშმარიტების ძიების საქმეში. ჩვენს ახლანდელ კვლევა-ძიებაში იმდენად ის კი არ უნდა ვიკითხოთ, „რა მოხდა“, არამედ „რა მოხდა ისეთი, რის მსგავსიც წინათ არ მომხდარა“. მართლაც, ის სიადვილე, რომლითაც ამოვხსნი, თუ უკვე ამოვხსენი ეს საიდუმლოება, პირდაპირ დამოკიდებულებაშია მის მოჩვენებით ამოუხსნელობასთან პოლიციის თვალში.    ენაჩავარდნილი, განცვიფრებით მივაშტერდი ამხანაგს. – მე ახლა ველი, – განაგრძო მან და თან კარისკენ გაიხედა, – მე ახლა ველი ერთ კაცს, რომელიც შეიძლება ამ სიმხეცის ჩამდენი არ იყოს, მაგრამ ნაწილობრივ ხელი მაინც შეუწო ბოროტმოქმედებას. იმედი მაქვს, ჩემი ეს ვარაუდი მართალია, ვინაიდან ამაზე ვამყარებ მთელი ამ გამოცანის ამოხსნის იმედს. აქ ველი, ამ ოთახში, ყოველ წუთს. მართალი მოგახსენოთ, შესაძლოა, არც მოვიდეს, მაგრამ ალბათ მოვა. თუ მოვიდა, აუცილებელია მისი დაკავება. აი, დამბაჩები და ჩვენ ორივემ ვიცით, როგორ უნდა მოვიხმაროთ ისინი, თუ საჭიროება მოითხოვს.    მე ავიღე დამბაჩები ისე, რომ თითქმის არც ვიცოდი, რას ჩავდიოდი და არც მჯეროდა განაგონი; დიუპენი კი განაგრძობდა, თითქოს თავის თავს ელაპარაკებაო. უკვე მოგახსენეთ, რა განდგომილივით იქცეოდა ხოლმე ამისთანა დროს. იგი მე მომმართავდა. მაგრამ მის ხმას, საკმაოდ დაბალს, ისეთი კილო ჰქონდა, რომელსაც ჩვეულებრივ ძალიან შორს მდგომთან ლაპარაკის დროს რომ იყენებენ. თვალები უაზროდ მიეშტერებინა კედლისთვის. – კიბეზე ამსვლელთაგან გაგონილი ხმები რომ თვით ქალებისა არ იყო, ერთხმად დაადასტურეს მოწმეებმა, – თქვა დიუპენმა. – ეს სრული უეჭველობით ამტკიცებს, რომ ბებერი ვერ მოკლავდა ქალიშვილს და მერმე თვითონ ვერ მოიკლავდა თავს. ამ საკითხზე მხოლოდ კვლევა-ძიების მეთოდის ნათელყოფისთვის ვლაპარაკობ, თორემ ქალბატონი ლესპანეი თავისი ძალ-ღონით, რასაკვირველია, ვერამც და ვერამც ვერ შეძლებდა ქალიშვილის გვამის საკვამლე მილში ისე შეჩურთვას. ამასთანავე, თვით მისი ჭრილობების ხასიათიც სრულიად გამორიცხავს თვითმკვლელობის ვარაუდს. მაშასადამე, მკვლელობა ვიღაც მესამეთა ჩადენილია და სწორედ ამ მესამე ჯგუფის ხმები გაიგონეს კიბეზე ასვლის დროს. ახლა ნება მიბოძეთ, გავიხსენიოთ არა მთელი ჩვენებანი ამ ხმების თაობაზე, არამედ ის, რაც თავისებური და განსაკუთრებული იყო ამ ჩვენებებში. თქვენ შენიშნეთ აქ რაიმე თავისებურება?    მე ვუპასუხე, რომ, ერთი მხრივ, თუ ყველა მოწმე ერთხმად აღიარებდა, ხრინწიანი ხმა ფრანგს ეკუთვნოდა, მეორე მხრივ, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებით ლაპარაკობდნენ მკვეთრი თუ, როგორც ერთმა თქვა, მწივანა ხმის შესახებ. – ეგ თვით ჩვენებაა და არა ჩვენების თავისებურება, – თქვა დიუპენმა. – განსაკუთრებული ვერაფერი შეგიმჩნევიათ, შესამჩნევი კი სწორედ რომ გახლდათ. მოწმენი, როგორც თქვენც ბრძანეთ, თანხმობით ლაპარაკობდნენ ხრინწიან ხმაზე. აქ ერთსულოვანი იყვნენ, მაგრამ მკვეთრი ხმის შესახებ კი ის თავისებურება გახლავთ, რომ არა მარტო ვერ თანხმდებოდნენ ერთმანეთში, არამედ როცა იტალიელი, ინგლისელი, ესპანელი, ჰოლანდიელი და ფრანგი ცდილობდნენ მის აღწერას, სათითაოდ ყველანი აღიარებდნენ, ეგ ხმა უცხოელს ეკუთვნოდაო. ყველა დარწმუნებულია, ეს ხმა მისი თანამემამულისა არ იყო. ყველა ამსგავსებს მას არა მისთვის კარგად ნაცნობი რომელიმე ერის შვილის ხმას, არამედ პირიქით. ფრანგს ესპანელის ხმა ჰგონია და „შეეძლო გაერჩია კიდეც ზოგიერთი სიტყვა, ესპანური ენა რომ სცოდნოდა“. ჰოლანდიელი ამტკიცებს, ფრანგის ხმა იყო, მაგრამ მოხსენიებულია, რომ „რაკი ამ მოწმემ ფრანგული არ იცოდა, თარჯიმნის მეშვეობით იქნა დაკითხული“. ინგლისელს გერმანელის ხმად ეჩვენა, ოღონდ „გერმანული არ ესმის“. ესპანელი „დარწმუნებულია“, ეგ ინგლისელის ხმა იყო, მაგრამ დასძენს, რომ „ასკვნის კილოს მიხედვით, ვინაიდან ინგლისური არ იცის“. იტალიელს რუსის ხმად მიაჩნია, ოღონდ „რუსეთის რომელიმე მკვიდრთან საქმე არასოდეს ჰქონია.“ პირველისგან განსხვავებით მეორე ფრანგს სჯერა, ხმა იტალიელს ეკუთვნოდა, მაგრამ ეგ ენა არ იცის და ესპანელის მსგავსად „კილოზე ატყობს“. მაშ, მართლაც რა უცნაური და არაჩვეულებრივი ხმა უნდა ყოფილიყო, რომ ასეთი ჩვენებანი გამოიწვია! მის კილოში ხომ ევროპის ხუთი დიდი სახელმწიფოს შვილებმა ვერანაირი ნაცნობი ბგერა ვერ შეიცნეს! იტყვით, შეიძლება აზიელის ან აფრიკელის ხმა იყოო. არც აზიელები არიან პარიზში და არც აფრიკელები; მაგრამ არ უარვყოფთ ასეთ შესაძლებლობას და მე თქვენს ყურადღებას მხოლოდ სამ საკითხზე მივაპყრობ. ხმას ერთი მოწმე ახასიათებს, როგორც „უფრო ხრინწიანსა და მწივანას, ვიდრე მკვეთრს“. ორი სხვა ამბობს, „სწრაფი და არათანაბარი“ იყოო. არც ერთ მოწმეს არ უხსენებია არც ერთი სიტყვა ან სიტყვების მსგავსი ისეთი ბგერა, რომ მისი გარჩევა შესაძლებელი ყოფილიყო. – არ ვიცი, – განაგრძობდა დიუპენი, – აქამდე რა შთაბეჭდილება მოვახდინე თქვენზე, მაგრამ უყოყმანოდ მოგახსენებთ, რომ ჩვენებათა ამ ნაწილის (რაც ხრინწიან და მკვეთრ ხმებს ეხება) კანონიერი დასკვნები თავისთავად საკმარისი გახლავთ, დაგვებადოს ეჭვი, რომელიც გეზს მისცემს ამ საიდუმლოს ამოხსნის მთელი შემდგომი კვლევა-ძიების საქმეს. კანონიერი დასკვნები ვახსენე, მაგრამ ჩემი აზრი მაინც არ გამომიხატავს ამით სრულად. მინდოდა მეთქვა, რომ ეს დასკვნები წარმოადგენენ ერთადერთ სწორ დასკვნებს და რომ ეჭვი აუცილებლად იბადება მათგან, როგორც მათი ერთადერთი შედეგი. ოღონდ რა ეჭვია, ჯერ არ ვიტყვი. მინდა მარტო ის დაიხსომოთ, რომ ჩემთვის ეს სრულიად საკმარისი იყო, რათა ოთახში ჩატარებული ჩემი კვლევა-ძიებისთვის განსაზღვრული ფორმა და გარკვეული გეზი მიეცა.    ახლა გონების თვალით საწოლ ოთახში გადავიდეთ. უპირველეს ყოვლისა, რას ვეძებთ აქ? ვეძებთ, რა საშუალებით დააღწიეს თავი იქიდან მკვლელებმა. ზედმეტია თქმა, რომ არც თქვენ და არც მე ზებუნებრივი ამბები არ გვჯერა. ქალბატონი და მადმუაზელ ლ ესპანეი ავსულებს არ დაუხოცავს. ამის ჩამდენები ნამდვილად არსებობდნენ და თავსაც ნამდვილად უშველეს. მერედა როგორ? საბედნიეროდ, მხოლოდ ერთი გეზი არსებობს ამ საკითხების გამოსარკვევად და ამ გეზმა კიდეც უნდა მიგვიყვანოს გარკვეულ დასკვნამდე. მოდით გავსინჯოთ სათითაოდ თავის დაღწევის ყველა შესაძლო საშუალება. აშკარაა, მკვლელები ჯერ კიდევ იმ ოთახში იყვნენ, სადაც მადმუაზელ ლ ესპანეი იპოვეს, ანდა მეზობელ ოთახში მაინც, როცა ხალხი ადიოდა კიბეზე. მაშასადამე, ამ ორ ოთახში უნდა ვეძიოთ გასასვლელი. პოლიციამ ყველგან გაჩხრიკა იატაკი, ჭერი, კედლების შელესილობა. საიდუმლო გასასვლელი არამც და არამც არ გამოეპარებოდათ, მაგრამ მაინც არ ვენდე მათ თვალებს და ჩემი საკუთარი თვალითაც გავსინჯე. მაშასადამე, საიდუმლო გასასვლელი არ არსებობდა. ოთახებიდან ტალანში გამავალი ორივე კარი კლიტეებით საიმედოდ იყო ჩაკეტილი შიგნიდან. ახლა გავსინჯოთ საკვამლე მილები. ბუხრებიდან რვა თუ ათი ფუტის სიმაღლეზე ისინი ჩვეულებრივი სიგანისანი არიან, მაგრამ უფრო ზემოთ კი მოზრდილი კატაც ვერ გაეტევა შიგ. რაკი ზემოხსენებული გზებით გარეთ გაღწევის შეუძლებლობა დავადასტურეთ, ფანჯრებიღა დაგვრჩა შესამოწმებელი. წინა ოთახის ფანჯრებიდან ქუჩაში შეგროვილ ბრბოს შეუმჩნევლად ვერავინ გასხლტებოდა. მაშასადამე, მკვლელები უკანა ოთახიდან უნდა გასულიყვნენ. ახლა რაკი ასეთ გარკვეულ დასკვნამდე მივედით, ჩვენ, როგორც მოაზროვნეებმა, არ უნდა უკუვაგდოთ იგი მოჩვენებითი შეუძლებლობის გამო. ისღა დაგვრჩენია დავამტკიცოთ, რომ ეს მოჩვენებითი „შეუძლებლობანი“ ნამდვილად მოჩვენებითი გახლავთ. საწოლ ოთახში ორი ფანჯარაა. ერთს ევეჯი არ ფარავს და მთლიანად ჩანს; მეორის ქვემოთა ნაწილს ვეება საწოლის თავი ფარავს, რომელიც ზედ არის მასზე მიდგმული. პირველი მაგრად იყო ჩაკეტილი შიგნიდან და რამდენიც არ ეცადნენ, მაინც ვერ გახსნეს. მისი ჩარჩო მარცხენა მხარეს გაეხვრიტათ ბურღით და შიგ კარგა დიდი ლურსმანი ჩაერჭოთ თითქმის თავამდე. მეორე ფანჯარაც ასეთივე ლურსმნით ასევე იყო დამაგრებული და რამდენიც არ ეჯაჯგურნენ, ვერც ის გახსნეს. პოლიციამ გული დაიარხეინა, მაშ, ამ გზით არავინ გასულა გარეთ და ამიტომ ზედმეტად მიიჩნიეს, ლურსმნები ამოეღოთ და ფანჯრები გაეხსნათ.    მე უფრო გულმოდგინედ გავსინჯე, რადგან, როგორც მოგახსენეთ, საამისო მიზეზიც მქონდა; ვინაიდან ვიცოდი, მთელი ეს მოჩვენებითი შეუძლებლობა უნდა გამქრალიყო. მე ასე ვმსჯელობდი დაკვირვების საფუძველზე. მკვლელებმა სწორედ ერთ-ერთი ამ ფანჯრიდან დააღწიეს თავი. თუ ასე იყო, მაშინ მათ არ შეეძლოთ ფანჯრების შიგნიდან ჩაკეტვა. ისინი კი ჩაკეტილები დახვდათ. ეს მოსაზრება ისე აშკარა გახლდათ, რომ პოლიციას ხელი ააღებინა ამ მიმართულებით კვლევა-ძიების საქმეზე. ფანჯრები მართლაც ჩაკეტილი იყო. მაშასადამე, ისინი თავისთავად, მექანიკურად უნდა ჩაკეტილიყვნენ. სხვა დასკვნის გამოტანა არ შეიძლებოდა. მივედი თავისუფალ ფანჯარასთან, გაჭირვებით ამოვაძრე ლურსმანი და ვცადე ფანჯარა გამეხსნა. როგორც ვვარაუდობდი, მთელი ძალღონით ვეჯაჯგურე, მაგრამ ვერას გავხდი. ახლა სულ დავიბეჯითე, სადღაც ფარული ზამბარა უნდა არსებობდეს-მეთქი. ჩემი მოსაზრების ამ დადასტურებამ კი დამარწმუნა, რომ, რაც უნდა უცნაურად მოგვჩვენებოდა ლურსმნის საქმე, ჩემი პირვანდელი ვარაუდებიც სწორი უნდა ყოფილიყო. გულმოდგინე მოჩხრეკით მალე ვიპოვე დაფარული ზამბარა. დავაჭირე თითი, მაგრამ აღმოჩენით დავკმაყოფილდი და თავი შევიკავე ფანჯრის გაღებისგან.    ლურსმანი თავის ადგილას ჩავსვი და დაკვირვებით გავსინჯე. აქედან გასულ კაცს შეეძლო ჩამოეშვა ფანჯარა და ზამბარა მას თავისთავად ჩაკეტავდა; მაგრამ ლურსმანი კი თვითონვე ვერ ჩაერჭობოდა თავის ადგილას. დასკვნა აშკარა გახლდათ და ჩემი კვლევა-ძიების ასპარეზიც კიდევ უფრო დავიწროვდა. მკვლელები მხოლოდ მეორე ფანჯრიდან უნდა გაქცეულიყვნენ. მერე ვივარაუდე, რადგან, როგორც მოსალოდნელი იყო, ზამბარები ორივე ფანჯარას ერთნაირი ექნებოდა, განსხვავება ლურსმნებში უნდა ყოფილიყო, ანდა მათი დამაგრება-ჩასმის ხერხში მაინც. ავედი საწოლზე, გადავიხარე მის თავზე და ბეჯითად დავათვალიერე მეორე ფანჯარა. გადავყავი ხელი, მოვუსვი და მალე აღმოვაჩინე და დავაჭირე კიდეც თითი ზამბარას, რომელიც, ჩემი ვარაუდის თანახმად, თავისი თვისებებით მეორე ფანჯრისას ჰგავდა. მერმე ლურსმანს დავხედე. ისიც ისეთივე იყო და, ეტყობოდა, იმნაირადვე ჩაეჭედებინათ თითქმის თავამდე.    იტყვით, დაიბნეოდიო, მაგრამ თუ აგრე ფიქრობთ, ინდუქციის ბუნება ვერ გაგიგიათ. მონადირეთა გამოთქმა რომ ვიხმაროთ, მე ერთხელაც არ „ამრევია კვალი“. ერთი წამითაც არ დამიკარგავს იგი. ჯაჭვის არც ერთი რგოლი არ გამოვარდნილა. საიდუმლოს სულ ბოლომდე ჩავდიე და ეს ბოლო წერტილი ლურსმანი გახლდათ. როგორც მოგახსენეთ, იგი ყველაფრით თავის ამხანაგს ჰგავდა; მაგრამ ეს სრულიად არაფერს ნიშნავდა (თუმცა გადამწყვეტი კი შეიძლებოდა ყოფილიყო), თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ აქ იყო ძაღლის თავი დამარხული. „რაღაც უნდა სჭირდეს ამ ლურსმანს“, – გავიფიქრე ჩემთვის. დავაკარე თუ არა ხელი, ლურსმნის თავი გოჯის მეოთხედი სიგრძის ღეროს ნაწილითურთ თითებში შემრჩა. ღეროს დანარჩენი, გადატეხილი ნაწილი შიგ იყო ჩარჩენილი. იგი დიდი ხნის წინათ გადატეხილიყო, რადგან ბოლოები ჩაჟანგებული ჰქონდა, და ეს ალბათ ჩაქუჩის დარტყმამ გამოიწვია, რომლითაც ნაწილობრივ ჩასმული გახლდათ ფანჯრის ჩარჩოში ლურსმნის თავი. მე ახლა ფრთხილად კვლავ თავის ადგილას ჩავსვი ლურსმნის თავი და დაზიანებისა სულაც არაფერი შეეტყო – თითქოს მთელი ლურსმანი ყოფილიყოს. დავაჭირე თითი ზამბარას და რამდენიმე გოჯზე ავწიე ფანჯარა. ლურსმნის თავიც აჰყვა ჩარჩოს – იგი მტკიცედ იჯდა თავის ბუდეში. ფანჯარა დავხურე და ლურსმანი კვლავ მთლიანს ჰგავდა. გამოცანა აქამდე უკვე გამოვიცანით. მკვლელმა თავს უშველა იმ ფანჯრიდან, რომელთანაც საწოლი იდგა. ფანჯარა მისი გასვლის შემდგომ დაეშვა ან სხვამ დაუშვა და ზამბარით ჩაიკეტა, ხოლო ზამბარა რომ იჭერდა ფანჯარას, პოლიციას შეცდომით ეგონა, ლურსმანი იჭერსო და შემდგომი კვლევა-ძიება ამრიგად ზედმეტად მიიჩნიეს.    შემდეგი კითხვა გახლავთ, როგორ ჩამოვიდა ძირს მკვლელი. ეს საკითხი მე მაშინ გამოვიძიე, როცა თქვენთან ერთად შენობას შემოვუარე ირგვლივ. ხსენებული ფანჯრიდან ხუთფუტნახევარზე მეხთამრიდი ეშვება. იქიდან ფანჯრამდე ვერც მიღწევას შეძლებს ვინმე, ვერც შიგ შესვლას, მაგრამ შევნიშნე, რომ მეოთხე სართულის დარაბები თავისებური გახლდათ, პარიზელი ხუროები რომ რკინებიანს ეძახიან, ისეთი. იმნაირებს ახლა იშვიათად აკეთებენ, თუმცა ლიონისა და ბორდოს ძველ შენობებში კი ხშირად დაინახავთ. ისინი ფორმით ჩვეულებრივ კარს ჰგვანან, ოღონდ ქვემო ნაწილი გისოსიანი აქვთ და ამრიგად ჩინებული ხელმოსაჭიდი გახლავთ. ამ შემთხვევაში ეს დარაბები მთელი სამფუტ-ნახევარია სიგანით. ჩვენ რომ თვალი მოვკარით სახლის უკანა მხრიდან, ისინი, ორივე, ნახევრად გამოღებული იყო; ესე იგი, კედლის მიმართ სწორი კუთხით იდგნენ. შესაძლოა პოლიციამ ისევე როგორც მე, შენობის უკანა ნაწილი დაათვალიერა, მაგრამ დარაბები ალბათ მათაც იმ მდგომარეობაში იხილეს, როგორც ჩვენ და თავისთავად ვერ შეამჩნიეს თუ სულაც ვერ გაითვალისწინეს მათი დიდი სიგანე. მართლაც, რაკი ერთხელვე გული დააჯერეს, აქედან ვერავინ გადმოვიდოდაო, ისინი, ბუნებრივია, ძალიან ზერელედ გასინჯავდნენ აქაურობას. ჩემთვის კი აშკარა გახდა, რომ საწოლის ახლოს მყოფი ფანჯრის დარაბა თუ მთლიანად მიიკეცებოდა კედელზე, მეხთამრიდიდან ორ ფუტზე აღმოჩნდებოდა. აგრეთვე ცხადი იყო, რომ ძალ-ღონის ფრიადი დაძაბვითა და არაჩვეულებრივი გამბედაობით, შეიძლებოდა ამნაირად მეხთამრიდიდან ფანჯარაში შესვლა. თუ დარაბა მთლიანად იქნებოდა გაშლილი, ორფუტ-ნახევარი მანძილიდან ბოროტმოქმედს შეეძლო მაგრად მოსჭიდებოდა დარაბის გისოსს. მერმე მოსწყდებოდა მეხთამრიდს, ფეხებს კედელს მიაბჯენდა მტკიცედ, იქიდან გაბედულად ისკუპებდა, შეეძლო ისე გაექანებინა დარაბა, რომ მიეხურა კიდეც და, თუ იმასაც წარმოვიდგენთ, რომ მაშინ ფანჯარა ღია იყო, შეეძლო თვით ოთახშიც შემხტარიყო იგი. მინდა, განსაკუთრებით გაითვალისწინოთ, რომ მე ვლაპარაკობ ასეთ სახიფათო და ძნელ საქმეში წარმატების მისაღწევად საჭირო ფრიად არაჩვეულებრივ სიმარჯვესა და უნარზე. ჩემი მიზანია, ერთი მხრივ, დაგიმტკიცოთ, რომ ეს საქმე შეიძლებოდა განხორციელებულიყო, მეორე მხრივ და უმთავრესად კი მინდა, ჩაგაგონოთ ბეჯითად, რა ფრიად არაჩვეულებრივი, თითქმის ზებუნებრივი ხასიათის სიცქვიტე და სიმარჯვე იყო საჭირო მის განსახორციელებლად.    უეჭველია, იტყვით, რომ, სამართლის ტერმინს თუ გამოვიყენებთ, „ჩემი საქმის სასარგებლოდ“ უფრო უნდა გამეადვილებინა და არა ასე გამეზვიადებინა ამ საქმის აღსრულებისთვის საჭირო უნარის ამბავი. ეგ შეიძლება სამართალში კი იცოდნენ, მაგრამ მაგას გონიერ სჯასთან ხელი არა აქვს. ჩემი საბოლოო მიზანი მხოლოდ ჭეშმარიტების დადგენაა. ჩემი უშუალო განზრახვა კი გახლავთ, მიგიყვანოთ იმ აზრამდე, რომ ერთმანეთს შეუდაროთ ჩემ მიერ ახლახან ნახსენები ფრიად არაჩვეულებრივი სიმარჯვე იმ ფრიად თავისებურ მკვეთრ, ხრინწიან, მწივანა და არათანაბარ ხმას, რომლის ეროვნულ კუთვნილებაში ორი ადამიანიც ვერ შეთანხმებულიყო და რომლის წარმოთქმის დროს ვერც ერთი მარცვალი ვერავინ გაარჩია. ამ სიტყვებზე რაღაც ბუნდოვანი, ნახევრად ჩამოყალიბებული აზრი გამიჩნდა. თითქოს ის-ის იყო ჩავხვდი კიდეც მის ნათქვამს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მივადევნე გულისყური, როგორც ხანდახან ადამიანებს ემართებათ ხოლმე, როცა თითქოს რაღაც აგონდებათ და ბოლოს მაინც ვერ ახერხებენ მკაფიოდ გახსენებას. ჩემი მეგობარი კი განაგრძობდა: – შენიშნავდით, რომ სახლიდან გამოსვლის საკითხიდან უკვე შესვლის საკითხზე გადავინაცვლე. ჩემი განზრახვა იყო, ჩამეგონებინა, რომ ორივე ერთი და იმავე გზით და ერთნაირი ხერხით განხორციელდა. ახლა ისევე ოთახს დავუბრუნდეთ და იქაობა მიმოვიხილოთ. კომოდის უჯრები, ამბობენ, გადაქექილი იყოო, თუმცა ბევრი ტანსაცმელი ისევ შიგ ეწყო. აქედან რაიმეს დასკვნა სისულელე იქნებოდა – უბრალო მკითხაობაა, თან ძალიან ტუტუცური და მეტი არაფერი. აბა, რა ვიცით, რომ უჯრებში ყველა ის ნივთი არ აწყვია, რაც იქ თავიდანვე ეწყო? ქალბატონი ლესპანეი და მისი ქალიშვილი ძალიან განდეგილად ცხოვრობდნენ – სტუმრები არ ჰყავდათ, გარეთ იშვიათად გამოდიოდნენ, დიდად არაფრად ესაჭიროებოდათ ნაირ-ნაირი ტანსაცმელი. ყოველ შემთხვევაში, ის, რაც უჯრებში აღმოჩნდა, არაფრითაც არ იქნებოდა უარესი ამ მანდილოსანთა სხვა სამოსზე. თუ ქურდმა რომელიმე წაიღო, რატომ საუკეთესო არ აირჩია, ანდა რატომ სულ მთლიანად არ წაიღო? ერთი სიტყვით, რატომ მიატოვა ოთხი ათასი ფრანკის ოქრო და რატომ დაიტვირთა თავი კაბაკუბიანი ფუთით? ოქრო დატოვეს – ბანკირ ბატონ მინიოსგან ნახსენები თითქმის მთელი თანხა იატაკზე დაყრილ აბგებში აღმოჩნდა. ამიტომ მინდა თავიდან ამოგაგდებინოთ დანაშაულის ჩადენის აღმძვრელი მოტივის მცდარი აზრი, რომელიც პოლიციას ჩაუჯდა თავში შინ ფულის მიტანის შესახებ მოწმეთა ჩვენების წყალობით. ჩვენს ცხოვრებაში ყოველ საათში ამაზე ათჯერ უფრო შესამჩნევი დამთხვევები ხდება ხოლმე (ვიდრე ფულის გადაცემიდან სამი დღის შემდგომ ხალხის მკვლელობაა) და სულაც არავინ აქცევს ყურადღებას. დამთხვევები, საზოგადოდ, დიდი წასაბორძიკებელი ქვები გახლავთ იმ ჯურის მოაზროვნეთათვის, რომელთაც არაფერი იციან ალბათობის თეორიისა – იმ თეორიისა, რომლის უბრწყინვალესი მიგნებებით დავალებული არიან კაცობრიობის საკვლევაძიებო უბრწყინვალესი დარგები. წინამდებარე შემთხვევაში, ოქრო რომ წაეღოთ, სამი დღის წინ მისი გადმოცემის ფაქტს უბრალო დამთხვევაზე მეტი მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა. იგი დაადასტურებდა აღმძვრელი მოტივის მოსაზრებას. მაგრამ საქმის ნამდვილ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ და თან ოქროს ჩავთვლით ბოროტმოქმედების ჩადენის აღმძვრელ მოტივად, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ დამნაშავე ისეთი გამოთაყვანებული ტუტუცი ყოფილა, სრულიად გადაავიწყდა ოქროცა და აღმძვრელი მოტივიც.    ახლა მტკიცედ დავიხსომოთ ნიშნები, რომლებსაც თქვენი ყურადღება მივაქციე – თავისებური ხმა, არაჩვეულებრივი სიმარჯვე და, ჩვენდა განსაცვიფრებლად, ასე ამაზრზენი მკვლელობის აღმძვრელი მოტივები რომ არ მოიპოვება – და თვალი გადავავლოთ თვითონ მკვლელობის სურათს. აქ გახლავთ ხელით დამხრჩვალი ქალი, რომელიც თავდაყირა შეუკვეხებიათ საკვამლე მილში. ჩვეულებრივი მკვლელები ასე არ იქცევიან და ასე ხომ სულ არ მალავენ მოკლულთა გვამებს. გვამის საკვამლე მილში ამნაირად შეჩურთვაზე უნდა ვთქვათ, რომ მართლაც რაღაც მეტისმეტად არაჩვეულებრივი ამბავია – სრულიად შეუთავსებელი ჩვენს ჩვეულებრივ ადამიანურ წარმოდგენებთან და აზრებთან, თვით მაშინაც კი, როცა ბოროტმოქმედნი ყველაზე გათახსირებული სალახანები არიან. აბა, ისიც გაითვალისწინეთ, რა დიდი ძალ-ღონე უნდა ჰქონოდა დამნაშავეს, ამისთანა ხვრელში ისე მაგრად რომ შეუჩურთავს გვამი, რამდენიმე კაცმა ერთად ძლივს ჩამოათრია ქვევით.    ამ ფრიად განსაცვიფრებელი ღონის გამოყენების სხვა ნიშნებს დავუკვირდეთ ახლა. ბუხარში ადამიანის ჭაღარა თმის სქელი, ძალიან სქელი ბღუჯები ეყარა. ისინი ძირფესვიანად ამოეგლიჯათ. მოგეხსენებათ, რა ძნელია თავიდან თუნდაც ოცი-ოცდაათი ღერი ბალნის ამოგლეჯა. ამოგლეჯილი თმის ეს ბღუჯები თქვენც ნახეთ და მეც. ძირებზე (რა საზარი სანახავი იყო!) თავის ქალის ხორცი და კანი ჰქონდა შერჩენილი – აშკარა ნიშანი ზღაპრული ძალისა, რომელსაც შეეძლო ერთბაშად ალბათ ნახევარი მილიონი ღერი თმაც კი ამოეთხლიშა. მოხუცებულს უბრალოდ კი არა ჰქონდა გამოჭრილი ყელი, არამედ თავი სულ მოეცილებინათ ტანისთვის და ისიც უბრალო სამართებლით. მინდა აგრეთვე ყურადღება მიაქციოთ ჩადენილი ბოროტმოქმედების მხეცურ სისასტიკეს. ქალბატონ ლესპანეის სხეულის დალილავებულ ადგილებზე არას ვიტყვი. ბატონმა დიუმამ და მისმა ღირსეულმა თანაშემწემ ბატონმა ეტიენმა განაცხადეს, ისინი რაღაც ბლაგვი იარაღით მიუყენებიათო და ამაში ეს დარბაისელნი ჭეშმარიტად მართალი ბრძანდებიან. ბლაგვი იარაღი აშკარად ეზოს ქვაფენილი გახლდათ, რომელზედაც საწოლთან ახლოს მყოფი ფანჯრიდან გადმოტყორცნილი მსხვერპლი დაენარცხა. ეს აზრი, ახლა რომ ასე მარტივი გვეჩვენება, პოლიციას ისევე გამოეპარა, როგორც დარაბების სიგანე, ვინაიდან ჩაჭედილი ლურსმნების დანახვამ სრულიად გამორიცხა მათი აზროვნებიდან ფანჯრების როგორმე გაღების შესაძლებლობა.    თუ ახლა, ყოველივე ამასთან ერთად, თქვენ ჯეროვნად გაითვალისწინებთ საწოლი ოთახის უცნაურ არევდარეულობას, ჩვენ უკვე ერთმანეთს უნდა დავუკავშიროთ განსაცვიფრებელი სიმარჯვე, ზეადამიანური ძალ-ღონე, მხეცური სიშმაგე, უმიზეზო საზარელი მკვლელობა, ადამიანური ქცევისგან სრულიად განსხვავებული შემაძრწუნებელი დამთხვეულობა და უცხო ხმა და კილო, რომელიც ბევრი ერის შვილს გაუგებრად ეჩვენება და მთლიანად მოკლებულიც იყო გარკვეულ ანდა გასაგებ ბგერადობას. მაშ, რა უნდა დავასკვნათ? რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე ჩემმა ლაპარაკმა? დიუპენი რომ ამას დამეკითხა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. – ვინმე გიჟის ჩადენილია ეგ საქმე, – ვთქვი მე. – ვინმე შმაგი მანიაკი გამოიქცა ალბათ სადმე ახლო მდებარე საგიჟეთიდან! – ნაწილობრივ მართალი ბრძანდებით, – მომიგო დიუპენმა, – მაგრამ გიჟების ლაპარაკი, თუნდაც მათი უკიდურესი სიშმაგის დროს, მაინც არ შეესაბამება და არ ეთანხმება იმ თავისებურ, უცნაურ ხმას, რომელსაც კიბეზე ამსვლელებმა მოჰკრეს ყური. გიჟებიც რომელიმე ერისანი არიან და რაგინდ გაუგებარიც უნდა იყოს სიტყვები, მარცვლები მაინც შეეტყობა. გარდა ამისა, არც გიჟის თმა შეიძლება ჰგავდეს ამას, მე რომ ხელში მიჭირავს. ეს პატარა ბღუჯა, დაკრუნჩხული, გაშეშებული თითებიდან დავაძრე ქალბატონ ლესპანეის. მითხარით, რას ფიქრობთ ამაზე? – დიუპენ! – შევძახე მე, სრულიად დაბნეულმა, – ეს ძალიან უცნაური ბალანია – ეს სულაც არ არის ადამიანისა! – მე არც მითქვამს, ადამიანისააო, – მიპასუხა მან; – მაგრამ ვიდრე ამას გადავწყვეტდეთ, მინდა თვალი შეავლო პატარა ნახატს. ამ ქაღალდზე რომ გამოვსახე. ეს გახლავთ ზუსტი მონახაზი იმისა, რაც ჩვენებათა ერთ ნაწილში აღწერილი იყო, ვითარცა „მძიმედ დალილავებული ადგილები და ღრმად დაჩნეული ნაფრჩხილარები“ მადმუაზელ ლესპანეის ყელზე, ხოლო მეორეში (ბატონების დიუმასა და ეტიენის ჩვენებებში) – ვითარცა „მრავალი ჩალურჯებული ადგილი, ალბათ თითების დაჭერით გამოწვეული“. – შეამჩნევთ, რომ ამ ნახატზე კარგად ჩანს, რა მაგრად და მტკიცედ მოუჭერიათ ხელი, – განაგრძო ჩემმა მეგობარმა და მაგიდაზე გაშალა ქაღალდი. – შეუძლებელია თითები დასხლეტოდა. ყოველი თითი, ალბათ მსხვერპლის სულის ამოსვლამდე იმ ადგილას ჩაჭდეული დარჩა, სადაც თავდაპირველად ჩაეჭიდა შემაძრწუნებელი ძალით. აბა, ახლა სცადეთ და ერთბაშად ისე დაადეთ ნახატს თქვენი თითები, როგორც ზედ არის გამოხატული. ამაოდ ვცადე. – ჩვენ, ეტყობა, როგორც საჭიროა, ისე ვერ ვაკეთებთ, – თქვა დიუპენმა, – ქაღალდი სწორ ზედაპირზეა გაშლილი, ადამიანის ყელი კი ცილინდრული ფორმისაა. აი, ხის ნაჭერი, რომლის შემოწერილობა დაახლოებით ყელისას უდრის. შემოახვიეთ ქაღალდი მაგას და კიდევ სცადეთ. ასეც მოვიქეცით, მაგრამ თითების შემოწვდენის სიძნელე კიდევ უფრო აშკარა გახდა. – ეს ადამიანის ხელის ანაბეჭდი არ უნდა იყოს, – ვთქვი მე. – აბა, ახლა ეს ადგილი წაიკითხეთ კიუვეს წიგნში. ეს გახლდათ დაწვრილებითი ანატომიური და ზოგადი აღწერილობა ოსტ-ინდოეთის კუნძულების ვეება წითელ-მოყვითალო ფერის ორანგუტანგისა. ამ ძუძუმწოვრის ბუმბერაზული აღნაგობა, ზღაპრული ძალ-ღონე, სიმარჯვე, სასტიკი სიშმაგე და მიმბაძველობისკენ მიდრეკილება ყველასთვის საკმაოდ ცნობილია. მაშინვე მივხვდი მკვლელობის მთელი სისაზარლის მიზეზს. – თითების აღწერილობა, – ვთქვი მე, როცა კითხვა გავათავე, – ზუსტად შეესატყვისება ამ ნახატს. აქ მოხსენიებული ჯურის ორანგუტანგის გარდა სხვა რომელიმე ცხოველი ვერ დააჩნევდა ასეთ ნათითურებს. ეს ჟღალი ფერის ბალანიც ემთხვევა კიუვეს მხეცის დახასიათებას. მაგრამ მაინც ვერ გამითვალისწინებია ამ შემაძრწუნებელი საიდუმლოების ყოველი წვრილმანი. ამას გარდა, ორი მოჩხუბარის ხმები გაიგონეს და ერთი მათგანი უეჭველად ფრანგის ხმა იყო. – მართალია და მოწმეთა თითქმის ერთსულოვანი ჩვენებაც გაიხსენეთ ამ ხმის შესახებ – „ღმერთო ჩემო“ რომ შესძახა. ეს შეძახილი, ამ შემთხვევაში, სამართლიანად დაახასიათა ერთმა მოწმემ (მეშაქარლამე მონტანიმ), როგორც წინააღმდეგობის, გაკიცხვის თუ უკმაყოფილების გამოხატულება. ამიტომ უმთავრესად სწორედ ამ ორ სიტყვაზე ვამყარებ გამოცანის მთლიანად გადაწყვეტის ჩემს იმედებს. რომელიღაც ფრანგმა იცის მკვლელობის ამბავი. ალბათ (და ეს სავსებით შესაძლებელიც არის), იგი სულაც უბრალოა ამ სისხლიან საქმეში. შეიძლებოდა, ორანგუტანგი გაქცეოდა მას. შესაძლოა, მან საწოლ ოთახამდეც მისდია; მაგრამ რაკი ასეთი შემაძრწუნებელი ამბავი მოჰყვა, ვეღარ დაიჭირა მაიმუნი და იგი ახლაც გაქცეულია. ამ ვარაუდებს აღარ გამოვეკიდები და არც მაქვს უფლება, რადგან მათ მხოლოდ ისე სუსტი საფუძველი მოეპოვებათ, რომ მეც ვერ დამიჯერებია და სხვა როგორ დავარწმუნო! ჩვენ ვარაუდები ვუწოდოთ მათ და ასეც მივიჩნიოთ ისინი. თუ ხსენებული ფრანგი მართლა, როგორც მგონია, უბრალოა ამ საზარელ ბოროტმოქმედებაში, მაშინ ეს განცხადება, რომელიც გუშინ საღამოს „Le Mond“-ის რედაქციაში დავტოვე, ჩვენთან მოიყვანს მას. მან გადმომცა გაზეთი და ეს ამოვიკითხე შიგ: „დაჭერილია – ბულონის ტყეში, დილაადრიან (მკვლელობის დილას), ბორნეის ჯიშის დიდი ორანგუტანგი. პატრონს, რომელიც მალტური ხომალდის ზღვაოსანი უნდა იყოს, შეუძლია ჩაიბაროს ცხოველი, თუ იგი თავის პირადობას დაადასტურებს და თუ მაიმუნის დაჭერისა და შენახვის მცირე ხარჯებსაც გაისტუმრებს. მისამართი: სენ-ჟერმენის გარეუბანი... ქუჩა №..., მეოთხე სართული“. – როგორ შეძელით გაგეგოთ, რომ ეს კაცი ზღვაოსანია და თანაც მალტური ხომალდისა? – ვკითხე მე. – ეგ არ ვიცი, – მომიგო დიუპენმა. – ეგ დარწმუნებით არ ვიცი, ოღონდ აი, ბაფთის პატარა ნაგლეჯი, რომლითაც, მისი მოყვანილობისა და გაქონილობის მიხედვით თუ დავასკვნით, ალბათ ის ნაწნავები იკვრებოდა, ზღვაოსნებს რომ აქვთ ხოლმე. ამასთანავე, ასე გასკვნა საერთოდ ზღვაოსნებმა და განსაკუთრებით კი მალტელმა ზღვაოსნებმა იციან. ეს ბაფთა მეხთამრიდის ძირში ვიპოვე. არ შეიძლება, იგი რომელიმე მოკლულის საკუთრება ყოფილიყო. ჰოდა, ბოლოს და ბოლოს, თუნდაც ვცდებოდე ბაფთის საქმეში და ფრანგი მეზღვაური მალტური ხომალდისა არ იყოს, მაინც დიდი არაფერი დამიშავებია იმით, რომ განცხადებაში გამოვაქვეყნე. თუ ვცდები, იგი უბრალოდ იფიქრებს, რომ მე რაღაცამ შემაცდინა, რომლის განსჯითაც იგი თავს არ შეიწუხებს. მაგრამ თუ მართალი ვარ, დიდ უპირატესობას მოვიპოვებ. მკვლელობის მოწმე, თუნდაც უდანაშაულო ფრანგი, ბუნებრივია, ყოყმანს დაიწყებს, განცხადებას გამოვეხმაურო და ორანგუტანგი მოვითხოვო თუ არაო. იგი ასე იმსჯელებს: „მე უდანაშაულო და ღარიბი კაცი ვარ. ორანგუტანგი ძვირად ფასობს – ჩემი შეძლების კაცისთვის მთელი ქონებაა. რატომ უნდა დავკარგო ის ფუჭი საფრთხის შიშით? თან აქვეა, ხელის მისაწვდომ მანძილზე. ბულონის ტყეში უნახავთ – მკვლელობის ადგილიდან ძალიან შორს. ვინ იფიქრებს, ეს საქმე მხეცმა ჩაიდინაო? პოლიციას კვალი აქვს არეული – სულ ვერ აუღეს ალღო. კიდევაც რომ მიაკვლიონ მხეცს, შეუძლებელია, დაამტკიცონ, რომ მკვლელობის დამსწრე ვარ, ანდა ბრალი დამდონ ამ დამსწრეობის გამო. გარდა ამისა, მე უკვე მიცნობენ. განმცხადებელი მასახელებს, როორც მხეცის პატრონს. არ ვიცი, მან რა იცის ჩემზე. თავი რომ ავარიდო და არ გამოვაცხადო ჩემი უფლება ასე ძვირფას ქონებაზე, რომელიც ცნობილია უკვე, რომ მე მეკუთვნის, პირუტყვს მაინც ეჭვის ქვეშ დავაყენებ. მე კი სულაც არ მინდა ყურადღება მივაქცევინო ვინმეს ჩემზე ან იმ ნადირზე. გამოვეხმაურები განცხადებას, წამოვიყვან ორანგუტანგს და კარგად დავმალავ, სანამ ეს საქმე სულ არ ჩაივლის“. ამ დროს კიბეზე ფეხის ხმა გაისმა. – დამბაჩები მზად იქონიეთ, – მითხრა დიუპენმა, – ოღონდ არც იხმაროთ, არც გამოაჩინოთ, სანამ არ განიშნებთ. სახლის გარე კარი ღიად იყო დატოვებული, სტუმარი დაურეკავად შემოვიდა შინ და რამდენიმე საფეხური ამოიარა კიბეზე. ოღონდ ახლა თითქოს შეჩერდა და უცბად გავიგონეთ, ისევ უკან როგორ გაბრუნდა. დიუპენმა მსწრაფლ მიაშურა კარს, რომ ყური მოვკარით, კვლავ ზევით წამოვიდა. ამჯერად აღარ უბრუნებია პირი, მტკიცედ მოიწევდა წინ და დააკაკუნა კიდეც ჩვენს კარზე. – შემობრძანდით, – მიაძახა დიუპენმა მხიარული და თავაზიანი კილოთი. შემოვიდა ვიღაც კაცი, ეტყობოდა, ზღვაოსანი – მაღალი, ზორბა, ჯმუხი ვაჟკაცი. ცოტა თამამი გამომეტყველება ჰქონდა, ოღონდ არცთუ სულ უსიამო იერი ედო. მისი პირისახე, მზით ძალიან დამწვარი, თითქმის სანახევროდ დაეფარა ქილვაშ-ულვაშებს. ხელში მუხის ვეება კეტი ეჭირა, მაგრამ სხვა იარაღი რომ ჰქონოდეს, არ ემჩნეოდა. უგერგილოდ დაგვიკრა თავი და „საღამო მშვიდობისაო“ ფრანგულად გვითხრა. მის კილოს ცოტა ნევშატელური დაჰკრავდა, თუმცა პარიზელობაც საკმაოდ ეტყობოდა. – დაბრძანდით, მეგობარო, – მიმართა დიუპენმა. – ალბათ ორანგუტანგისთვის მობრძანდით! გეფიცებით, თითქმის მშურს თქვენი. სწორედ ჩინებული და, უეჭველია, ფრიად ძვირფასი ცხოველია. თქვენი ვარაუდით, რამდენი ხნის იქნება?    მეზღვაურმა ღრმად მოითქვა სული თითქოს რაღაც მძიმე ტვირთი მოიშორაო, და მერმე მტკიცე კილოთი უპასუხა: – არ ვიცი, რა მოგახსენოთ, თუმცა ოთხ-ხუთ წელიწადზე მეტის არ უნდა იყოს. აქა გყავთ? – ოჰ, არა, აქ როგორ შევინახავდით! აქვე დიუბურის ქუჩაზეა, საქირაო ეტლების სადგომში. შეგიძლიათ ხვალ დილით წაიყვანოთ. რასაკვირველია, მზადა ხართ, თქვენი უფლებები დაგვიმტკიცოთ ამ ქონებაზე: – რა თქმა უნდა, ბატონო. – მენანება მისი მოშორება. – თქვა დიუპენმა. – სულაც არ მინდა, ბატონო, რომ ტყუილად გაგსარჯოთ, – მიუგო ზღვაოსანმა. – არცა მქონია ეგ ფიქრად. სიამოვნებით გადაგიხდით ცხოველის საპოვნელს, ოღონდ, ესე იგი, რამდენიც შემიძლია. – ჰოდა, კეთილი და პატიოსანი, – უთხრა ჩემმა მეგობარმა. – აბა, ერთი მოვიფიქროთ, რა მოგთხოვოთ. ოჰ, გეტყვით – ჩემი ჯილდო აი, ეს იქნება: თქვენ ყველაფერს მიამბობთ, რაც კი იცით მორგის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ.    დიუპენმა უკანასკნელი სიტყვები ძალიან ხმადაბლა, ძალიან წყნარად თქვა. სწორედ ასევე წყნარად მივიდა კართან, ჩაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ უბიდან დამბაჩა გამოიღო და სრულიად მშვიდად მაგიდაზე დადო. მეზღვაური წამოწითლდა, თითქოს ყელში წაუჭირესო. წამოხტა ზეზე და ხელი სტაცა კეტს; მაგრამ, ძლიერ აცახცახებული, მალევე კვლავ დაეშვა სკამზე და მკვდრის ფერი დაედო. კრინტი არ დაუძრავს. გულწრფელად შემეცოდა. – მეგობარო, – უთხრა დიუპენმა ალერსიანად, – ტყუილად ღელავთ, ტყუილად! ჩვენ სულაც არ გვინდა, რაიმე გავნოთ. ვაჟკაცისა და ფრანგის პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ ჩვენ ფიქრად არა გვაქვს თქვენი ვნება. სრული დაბეჯითებით ვიცი, თქვენ ხელი არ გირევიათ მორგის ქუჩაზე მომხდარ საზარელ ბოროტმოქმედებაში. მაგრამ არ ივარგებს, უარობა რომ დაიწყოთ, ამ საქმესთან სულ არაფერი მაკავშირებსო. რაც უკვე ვთქვი, იმის მიხედვით მიხვდებოდით, რომ მე ზოგი რამ ვიცი ისეთი წყაროდან, რომელიც თქვენ არც კი დაგესიზმრებათ. ახლა საქმის ვითარება ასეთი გახლავთ: თქვენ ისეთი არაფერი ჩაგიდენიათ, რომ თავი გქონდეთ ასარიდებელი – მართლაც არაფერი გაქვთ ისეთი, რაც ბრალად გედებოდეთ. გაძარცვაც კი არ გედებათ ბრალად, თუმცა შეგეძლოთ დაუსჯელად გაგეტაცებინათ ქონება. არც დასამალი გაქვთ რაიმე, არც დამალვის მიზეზი მოგეპოვებათ. პირიქით – თქვენ მოვალე ხართ სინდისის წინაშე პატიოსნად აღიაროთ, რაც იცით, ახლა უდანაშაულო კაცია დატუსაღებული და იმ ბოროტმოქმედებას აბრალებენ, რომლის ჩამდენიც თქვენ შეგიძლიათ დაასახელოთ.    ზღვაოსანი შესამჩნევად მოეგო გონს, სანამ დიუპენი ლაპარაკობდა, და გამხნევდა, მაგრამ ნირი სულ წაუხდა. – ღმერთმანი, ყველაფერს გეტყვი, რაც ვიცი ამ საქმისა, – თქვა მან მცირე დუმილის შემდგომ; – ოღონდ არა მგონია, ჩემი ნათქვამის ნახევარიც კი დაიჯეროთ – სულელი ვიქნებოდი, სხვანაირად რომ ვფიქრობდე. მე მაინც უდანაშაულო ვარ და გულს მაინც მოვიოხებ, თუნდაც რომ მოვკვდე ამის გულისთვის.    მისი ნაამბობის შინაარსი ეს გახლავთ. ამას წინათ, ინდოეთის არქიპელაგში მოგზაურობის დროს, ბორნეოს ნაპირზე გადასულიყო სხვებთან ერთად და დროის გასატარებლად ექსკურსია მოეწყოთ ქვეყნის სიღრმეში. მას და მის ამხანაგს ხელთ ეგდოთ ორანგუტანგი. მერმე ეს ამხანაგი გარდაცვლილიყო. დიდი გაჭირვების გადატანის შემდგომ, რაც დატყვევებული მხეცის შეუოკებელი სიშმაგით იყო გამოწვეული, ზღვაოსანმა ბოლოს მოახერხა მშვიდობით დაებინავებინა იგი თავისთან პარიზში; მეზობლების უსიამო ცნობისმოყვარეობა რომ არ მიეპყრო, მას ფრთხილად ინახავდა ჩაკეტილში მანამდე, ვიდრე პირუტყვს გემზე ხიჭვით ნატკენი ფეხი არ მოურჩებოდა. საბოლოოდ კი განზრახული ჰქონდა გაეყიდა იგი.    ზღვაოსნებთან პატარა წაქეიფების შემდგომ, შინ რომ დაბრუნდა მკვლელობის ღამეს, უფრო სწორად, დილას, მხეცი მის საკუთარ საწოლ ოთახში დახვდა. იქ იგი საკუჭნაოდან გამოჭრილიყო, სადაც, მისი აზრით, საიმედოდ ჩაკეტილი ეგულებოდა. ხელში სამართებელი დაეჭირა, სახე მთლიანად გაესაპნა, სარკის წინ წამომჯდარიყო და გაპარსვას ცდილობდა თავისი პატრონივით, რომელსაც, უეჭველია, ადრევე ადევნებდა ხოლმე თვალს საკუჭნაოს საკლიტულიდან. ზღვაოსანს თავზარი დაეცა, ამნაირი მძვინვარე და მარჯვე ნადირის ხელში ასე სახიფათო იარაღი რომ დაინახა და ერთ ხანს არ იცოდა, რა ეღონა. მას ჩვეულებად ჰქონდა, მხეცი მათრახით დაეშოშმინებინა, თუნდაც იგი ძალიან ყოფილიყო გამძვინვარებული, და ახლაც ამ ხერხს მიმართა. მის დანახვაზე ორანგუტანგი მყის გავარდა კარში, დაეშვა კიბეზე და საუბედუროდ ღიად დატოვებული ფანჯრიდან ქუჩაში გაიჭრა.    სასოწარკვეთილი ფრანგიც უკან გამოუდგა. მაიმუნი, რომელსაც სამართებელი კვლავ ხელთ ეჭირა, ხანდახან შედგებოდა, მოხედავდა და ემანჭებოდა მდევარს, სანამ უკანასკნელი თითქმის არ წამოეწეოდა და მერე კვლავ გაქუსლავდა. ამნაირად დიდხანს გაგრძელდა დევნა. სრული სიწყნარე სუფევდა, რადგან დაახლოებით დილის სამი საათი იქნებოდა. მორგის ქუჩის უკან გამავალ შუკაში რომ მიქროდნენ, ლტოლვილის ყურადღება ქალბატონ ლესპანეის საწოლი ოთახის ღია ფანჯრიდან გამომავალმა შუქმა მიიპყრო, სახლის მეოთხე სართულზე, მაიმუნი ეცა შენობას. მეხთამრიდი შენიშნა, არაჩვეულებრივი სიმარჯვით აცოცდა ზედ, მოეჭიდა მთლიანად მოღებულ და კედელზე მიფენილ დარაბას და მისი მეშვეობით პირდაპირ საწოლის თავს მოევლო. მთელ ამ ამბავს ერთი წუთიც არ დასჭირვებია. ოთახში რომ მოხვდა, ორანგუტანგმა წიხლის კვრით ისევ მოაღო დარაბა. ამასობაში მეზღვაურს თან უხაროდა, თან შეშფოთებულიც იყო. დიდი იმედი მიეცა, ახლა კი დავიჭერ მხეცსო, რადგან ვეღარსად წაუვიდოდა ამ ხაფანგიდან, რაკი მხოლოდ მეხთამრიდით შეეძლო დაშვება. აქ კი როგორმე ხელთ იგდებდა. მეორე მხრივ, საფიქრებელი იყო, რას ჩაიდენდა მხეცი სახლში. ამ უკანასკნელმა ფიქრმა დასძლია კაცს და ისევ მისდია ლტოლვილის კვალს. მეხთამრიდზე ასვლა არ არის ძნელი, განსაკუთრებით ზღვაოსნისათვის; მაგრამ როცა ფანჯრის დონეს მიაღწია, რომელიც შორს იყო მარცხნივ, მეზღვაურის წინსვლა შეჩერდა. მხოლოდ და მხოლდ ის შეეძლო, იმდენად გადახრილიყო, რომ თვალი მოეკრა, ოთახის შიგნითა ნაწილისთვის. ამ თვალის მოვლებაზე კი ისეთი თავზარი დაეცა, კინაღამ ხელი დაუცდა და ძირს გადმოვარდა. სწორედ მაშინ ატყდა საზარელი წივილ-კივილი, რომელმაც ძილი დაუფრთხო მორგის ქუჩის მცხოვრებთ. საღამურ სამოსში გამოწყობილი ქალბატონი ლესპანეი და მისი ქალიშვილი, ეტყობოდა, რაღაც ქაღალდებს აწესრიგებდნენ უკვე ხსენებულ რკინის ზარდახშაში, რომელიც შუა ოთახში გამოეთრიათ. ყუთი გაეხსნათ და მასში რაც ყოფილიყო ჩალაგებული, იქვე იატაკზე ეწყო. მსხვერპლები ალბათ ფანჯრისკენ ზურგშექცევით ისხდნენ და, მხეცის შიგ შეხტომასა და წივილ-კივილის ატეხას შორის გასულ დროს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლებლად უნდა მივიჩნიოთ, რომ მხეცი მაშინვე არ შეუნიშნავთ – დარაბის ჯახუნი უბრალოდ ქარს მიაწერეს. როცა მეზღვაურმა შიგ შეიხედა, ბუმბერაზ ცხოველს ხელი ქალბატონ ლესპანეის თმაში ჰქონდა ჩაჭიდებული, რომელიც დასავარცხნად გაეშალა მოხუცებულს, და პირისახის წინ სამართებელს უტუტურაზებდა დალაქის მოძრაობათა მიბაძვით. ქალიშვილი უძრავად გაშხლართულიყო – გული შეჰღონებოდა. ბებერის წივილ-კივილმა და ბრძოლამ, რომლის დროსაც თმა დააგლიჯა მას მხეცმა, თავდაპირველი, თითქოს მშვიდობიანი ზრახვები გაშმაგებად შეუცვალა ორანგუტანგს. თავისი ძარღვიანი ხელის ერთი გაკვრით თითქმის მთლიანად მოაგდებინა თავი მოხუცს, სისხლის დანახვამ კი სულ გააგიჟა. კბილების ღრჭიალითა და თვალების ბრიალით მივარდა ქალიშვილს, წაუჭირა თავისი საზარელი ბრჭყალები ყელში და მანამ არ შეუშვა, სანამ სული არ გააფრთხობინა. მაიმუნის გაოგნებული და გახელებული მზერა ამ დროს საწოლის თავს დაუპირისპირდა, რომლის ზემოდანაც თავზარდაცემისგან გაშეშებული მისი პატრონის სახე მოჩანდა. მხეცს უთუოდ კვლავ მოაგონდა მათრახის სუსხი და გამძვინვარება შიშად შეეცვალა. იგრძნო, სასჯელი არ ამცდებაო და თითქოს მოიწადინა, თავისი სისხლიანი საქმენი მიეჩქმალა – სასოწარკვეთილი და აღელვებული ხან იქით ეცა ოთახს, ხან აქეთ; თან ამ სირბილში ავეჯს აქცევდა და ამტვრევდა და ლოგინიც გადმოათრია საწოლიდან. დაბოლოს, ჯერ ქალიშვილის გვამს სტაცა ხელი და შეჩურთა საკვამლე მილში, მერმე კი მოხუცი გადააგდო ფანჯრიდან ძირს.    მაიმუნი რომ მოადგა ფანჯარას საზარლად დამახინჯებული ტვირთითურთ, თავზარდაცემული მეზღვაური მეხთამრიდს მიაწყდა; უფრო ჩამოსრიალდა, ვიდრე ჩამოცოცდა ძირს და შინისკენ მოკურცხლა – ეშინოდა, ამ ხოცვა-ჟლეტაში ბრალი არ დამდონო და დამფრთხალმა სასწრაფოდ მიანება თავი ორანგუტანგის ბედზე ზრუნვას. კიბეზე ამსვლელებმა რომ სიტყვები გაიგონეს, შეძრწუნებული და თავზარდაცემული ფრანგის შეძახილები გახლდათ, რომლებიც მხეცის გაშმაგებულ ბურტყუნთან იყო შერეული. თითქმის აღარც არაფერი დარჩა სათქმელი. ორანგუტანგმა, ეტყობა, ისევ მეხთამრიდით უშველა თავს სწორედ იმის წინ, ვიდრე კარს შეამტვრევდნენ. ეტყობა, იმანვე დაუშვა სარკმელი, გარეთ რომ გაძვრა. შემდგომში მაიმუნი თვითონ პატრონმავე შეიპყრო, რომელმაც ძალიან დიდ თანხად მიჰყიდა ბოტანიკურ ბაღს. ლებონი მაშინვე გაათავისუფლეს, როგორც კი ვუამბეთ (დიუპენის ზოგიერთი შენიშვნითურთ) მთელი ეს გარემოებანი პოლიციის პრეფექტს. ამ მოხელემ, მიუხედავად ჩემი მეგობრისადმი კეთილგანწყობილებისა, მაინც ვერ დამალა წყენა საქმის ასე დატრიალების გამო და ერთი-ორჯერ დაცინვით გადაგვიკრა სიტყვა, ჯობს, ყველამ თავის საკუთარ საქმეს მიხედოსო. – დაე, იყბედოს, – თქვა დიუპენმა, რომელმაც საჭიროდარ ჩათვალა, გამოპასუხებოდა მას. – დაე ილაქლაქოს, გული მოიოხოს! მე იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ საკუთარ ციხე-სიმაგრეშივე დავამარცხე იგი. თუმცა ამ საიდუმლოების ამოხსნაში ჩაფლავდა, ეს საქმე სულაც არ არის ისე გასაოცარი, როგორც მაგას ჰგონია; რადგან ჩვენი მეგობარი პრეფექტი, მართალი რომ ვთქვათ, იმდენად გაიძვერაა, რომ საქმეში ღრმად ჩაწვდომას ვერც ახერხებს. მის სიბრძნეს საფუძველი, ხერხემალი აკლია. ეგ მარტო თავია და ტანი არ გააჩნია, ვითარცა ქალღმერთ ლავერნას; ანდა, უკეთეს შემთხვევაში, მარტო თავი და ბეჭებია ვირთევზასავით. მაგრამ მაინც კარგი ვინმეა. განსაკუთრებით იმ ოსტატური თაღლითობისთვის მომწონს, რომლითაც მან გამჭრიახი კაცის სახელი დაიგდო. მე აქ ვგულისხმობ მის ხერხს – „უარყოფა იმისა, რაც არის და ყბედობა იმაზე, რაც არ არის“. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 11:59am on აპრილი 28, 2015
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი 1 Like

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

Best Pillow For Neck Pain Options

გამოაქვეყნა Melodee Duncombe_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 4:00am 0 კომენტარი 0 მოწონება

Adultphoto

It's got an identical unconventional contoured shape as being the Derila, Derila Customer Reviews Neck Support and I discovered it kept my neck and again aligned incredibly nicely all night. I woke up experience fairly contemporary and without the aches and pains that I usually Get Derila Official from sleeping in a very weak position. We are pleased to inform you that after meticulously reviewing your situation, We've productively dealt with it as of August 7, 2023. If you…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm 0 კომენტარი 1 Like

ქალთა უფლებები

ქეთევან პოპიაშვილი

პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…

გაგრძელება

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი 2 მოწონება

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2025   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!