ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - ბრწყინვალე გონება

თემა: მიგელ დე უნამუნო - ლიტერატურული ესეები
ხელთებს დროს მაცდური სული, მოუახლოვებს თავის ბაგეს ჩვენს შინაგან სასმენელს და ამ ბედზე გვეჩურჩულება: „რაისთვის შფოთავთ სახელისა და დიდებისათვის, როცა სულ ოთხიოდე დღის სიცოცხლე გაქვთ ნაბოძები დედამიწაზე და თვით დედამიწაც ოთხიოდე დღე თუ იბრუნებს ამ სამყაროში? დადგება დღე, როცა ერთნაირ დავიწყებას მიეცემა შექსპირისაც და ყველაზე უბირი გლეხის სახელიც. მაინც რას გიქადით სახელისა და დიდებისაკენ ესოდენი ლტოლვა და დაუოკებელი წყურვილი ზესვლისა?“ ფუჭია ამ სიმღერის გაგრძელება, რამეთუ იგი ყველასათვის ცნობილია და ვითარცა ჭრიჭინობელის ხმა ზაფხულის ღამეში, ანდა ტალღების ბორგვა ზღვის სანაპიროზე, ასევე უწყვეტად და უსასრულოდ მიჰყვება იგი მთელს ისტორიას. მაგრამ ამ ხმას დროდადრო ახშობს უფრო მძლავრი და მჭექარე ხმა, მაცდური სულის ეს მინამღერი, ასევე უწყვეტი და უსასრულო, ვითარცა ტალღების გმინვა სანაპიროზე კლდეთა ფერხთით. ოდეს ვიეთნი ჩივიან ამისთვის, გულისხმა ჰყავით, ისინი ოდესღაც ოცნებობდნენ, ან კვლავაც ოცნებობენ დიდებაზე, უკვდავების ამ ლანდზე. უზაკველნი და გულალალნი არასდროს გოდებენ ამაზე. იობის ჩივილმა თუ მოაღწია ჩვენს ყურამდე, ოდენ იმისთვის მოაღწია, რომ მასზე ეწერათ და ვინმე კალმოსანს ემცნო მისი ამბავი ქვეყნიერებისთვის. მაგრამ მუდამ ყოფილან პოეტები, დიდებაზე შეყვარებული ადამიანები, ამაოებაზე რომ უმღერიათ. და ეს სიმღერაა საუკუნეთა მანძილზე ერთ მძლავრ სენტენციად რომ ჩამოიქნა, ვითარცა წინასწარმეტყველური რეფრენი, დროდადრო რომ გაიხმიანებს ხოლმე ჩვენს მეოცნებე გონებაში და ესაა „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო“. და როცა იგივ ცდუნება ჩვენც შეგვმუსრავს, მაშინ უნდა შევაგებოთ მას ფიცი, შემოქმედებითი სულის ფიცი და ეს ფიცია: „სისრულე სისრულეთა და ყოველივე სრული!“ დიახ, ეძიეთ სული თქვენსავე სულში, მოეხვიეთ, ჩაიკარით მკერდში, გაათბეთ, გადაეცით მას თქვენი მადლი და მაშინ ცხოვრების მარადიულობის რწმენით აღვსილთ, უნებურად აღმოგხდებათ - „სისრულე სისრულეთა და ყოველივე სრული“. ეგებ შეგაცბუნეთ, მაგრამ სავალალოდ, ესაა ჭეშმარიტება, ოღონდ ყველა ვერ გრძნობს საკუთარ სულს, ისევე, როგორც ვერ გრძნობს, რომ არის და არსებობს, ვითარცა ამ სამყაროს უმცირესი ნაწილაკი.  ის, რასაც დღევანდელი ფსიქოლოგები სინესთეზიას, ანდა საერთო მგრძნობელობას უწოდებენ, სხვა არაფერია, თუ არა სხეულის ერთიანი შეგრძნება, ოღონდ მგრძნობელობითი შემეცნებისგან განსხვავებული. ეს კი ნიშნავს სიცოცხლის შეგრძნებას, იმას ნიშნავს, რომ ვსუნთქავთ, რომ მოძრაობს სისხლი, რომ ყოველი ორგანო ასრულებს თავის ფუნქციას და ეს გახლავთ რაღაც ბუნდოვანი და ამოუცნობი რამ შეგრძნება, ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციის შედეგი, რასაც ზოგიერთების აზრით, განგლიონური სისტემა წარმოქმნის და ბოლოს, ეს არის კიდეც საკუთარი სხეულის შეგრძნება, მისი სიცოცხლის შეგრძნება. სწორედ ამ სინესთეზიის გაქრობა ანდა მოშლაა შედეგი და ზოგჯერ მიზეზიც მძიმე სენისა და ამგვარი რღვევა, - საოცარი კია, მაგრამ, - უნდა ვეძიოთ პიროვნების გაორებასა და სხვა მსგავს გამოვლინებებში. და ეს იგივეა, რაც შემეცნება თავისი აშკარა ნიშან-თვისებებით, ხოლო სულიერში შეესატყვისება იმას, ფიზიოლოგიასა და ფსიქიკურში სინესთეზიას რომ უწოდებენ. არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი სათქმელი, როცა სულიერი ცხოვრების სამალავებსა და დაფარულ კუთხე-კუნჭულებში ასე ვიჭვრიტები და ვგრძნობ, არ მეყოფა შესაფერისი სიტყვები, ეს რომ გადმოგცეთ, მაგრამ სხვებს რომ ვუსმენ ან ვუყურებ და ვხედავ, როგორ წარმოაჩენენ საკუთარ თავს, ეჭვი მებადება, რომ ისინი მოკლებულნი არიან მოაზროვნე შემეცნებას, ავტომატებსა ჰგვანან, ჩვენ ცოცხალი არსებობის ილუზიას გვიქმნიან და თავად კი ვერც საკუთარი სულის სიმძიმეს გრძნობენ და ვერც მასთან კავშირს.  უსიამოვნოა, როცა მუხლზე ხელს დაიდებ და ვერც ხელი გრძნობს მუხლს და ვერც მუხლი ხელს; მაგრამ ამაზე უარესი ისაა, როცა საკუთარ თავს ჩაუღრმავდები და ვერ გრძნობ მას სულისმიერად. უსიამოვნოა, როცა მიწაზე წამოწვები და მთელი სხეულით ვერ შეიგრძნობ მიწის შეხებას და შენთვის იგი მხოლოდ მაგარია და მყარი; მაგრამ ამაზე უარესი ისაა, სამყაროს რომ მიიღებ შენს სულში და კი ვერ იგრძნობ მის შეხებას და იგი შენთვის მაგარი და მყარია მხოლოდ; და აი, მაშინ გვახსენებს თავს „სისრულე სისრულეთა და ყოველივე სრული!“  თუ მე ჩემს სისრულეს ვეძიებ ყოვლისშემძლეობისა და სახელის მოხვეჭის გზაზე და ამ დროს ჩემთან მოდის მოყვასი, რათა გამახსენოს რეფრენი - „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო“ - მე ამ დროს ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს მესმის ოკეანის ტალღების ზათქი, ამ წარმავალი ტალღების ბორგვა, რაიც არის ოდენ მისი ზედაპირის ფეთქვა. იგი მოყვასი არ ეხება სულს სულითვე, საკუთარ თავსაც ვერ გრძნობს იგი და არცა საკუთარი არსის შეცნობის უნარი შესწევს.  სწორედ ესაა ის ზუსტი სიტყვა, თუმცა კი ძალზე აბსტრაქტული, საკუთარი არსის შეცნობა. მაშ რა აზრი აქვს ყოველივე ამას, თუ არად მივიჩნევთ ინტელექტუალთა არგუმენტებს, ფსიქოლოგიის მეცნიერულ კვლევა-ძიებებს. როცა მავანი გვიზიარებს ღვთაებრივის საკუთარ განცდას, რას გრძნობს იგი, ან რას განიცდის ღმერთთან სუბსტანციური ურთიერთობის დროს, შეგიძლიათ გიჟად ჩათვალოთ იგი, ანდა მისტიფიკატორად, - ამის ნება მუდამ გაქვთ და თან ყველაზე იოლი გზაა, - მაგრამ იმას კი ვერ გაბედავთ, ლოგიკის სანაყში მთლად მტვრად აქციოთ ღმერთის არსებობა-არარსებობის ჰიპოთეზები. რაისთვის უნდა შეამოწმოთ მისი არსებობა, ვის მიმართაც ოდენ უშუალო განცდა გვაქვს; ეს იგივეა, რომ დაბადებით ყრუს ბგერის არსებობის დემონსტრირება მოვუწყოთ. მერედა ასე უბრალო რამაა ეს? ისეთი ადამიანის არსებობა რომ შეიძლებოდეს, რომელსაც დაბადებით არ გააჩნია შეხების გრძნობა, განა მივაღწევდით რასმე, საგანთა სუბსტანციურობის დემონსტრირება რომ ვცადოთ მის თვალწინ? ეს ხომ წამიერი სიზმარი იქნებოდა მისთვის, მაგრამ წარმოუდგენელია არსებობდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია შეხების გრძნობა და მაინც ცხოვრობს. არიან უსინათლონი, უსმენონი, ყნოსვის ანდა გემოს შეგრძნების უნარს მოკლებულნი და მაინც ძლებენ, ოღონდ დაუჯერებელია არსებობდეს ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია შეხების გრძნობა და ამქვეყნად კი მაინც ცხოვრობდეს. მაგრამ, წარმოიდგინეთ არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც სულ უცხოა სულიერი შეხების გრძნობა, არაფერი გაეგებათ საკუთარი სუბსტანციისა, სჯერათ ერთი დღის სიზმარი და ვერ მიმხვდარან, რომ ყველაზე უფრო ძლიერი სულიერი შეხების გრძნობას ბადებს მარადიულობის აუცილებლობა რაიმე სახით გამოვლენილი და კიდევ არსებობა დროსა და სივრცეში. ისინი ვერ ეხებიან და ვერც გრძნობენ საკუთარ არსებას, ვერ გრძნობენ საკუთარი სუბსტანციის შეხებას საგანთა სუბსტანციასთან და ვერც მათს სუბსტანციურობას. შეუძლებელია საგანთა ჭვრეტისას, მათი ხმისა თუ შეხების განცდისას თვალი აეხილოთ, სმენა გაეხსნათ და გრძნობა აღეძრათ, განიმსჭვალონ საგანთა სუბსტანციით, გაუხსნან საკუთარი სული, შეუშვან მასში, შეაგებონ არსს არსი და დაავანონ იქ. ეს სწორედ ის სამყაროა, სხვა სამყაროს რომ ვუწოდებთ, ის სამყაროა, რომელსაც ვხედავთ, ვეხებით და გვესმის კიდეც. ეს გახლავთ ის წმინდა სამყარო, საიდანაც არაფერი მიდის და ყველაფერი რჩება, ის სამყაროა, სადაც არ არის მატერიის წარმავალი ფორმები და მარადიული ძალები, არამედ ეს ყველაფერი იყო და იქნება და იქნება მანამდე და ისე, როგორც არის. ეს გახლავთ ჭეშმარიტად სუბსტანციური სამყარო. ის, რასაც ჩვენ სულს ვუწოდებთ, მგონია, უფრო მატერიალურია, ვიდრე ის, რასაც მატერია ჰქვია; ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს შემიძლია ჩემს სულს ხელითაც კი შევეხო; მე მას ვგრძნობ და გაცილებით უკეთ, ვიდრე ჩემსავე სხეულს, ის კი არადა, საკუთარი სხეული სულის ფუნქციადაც კი მეჩვენება. ერთმა კაცმა, რომელსაც თურმე საკუთარ სულთან კავშირი დაეკარგა, ერთხელ მკითხა, - „მაინც რაზე უნდა ააგოს ადამიანმა მარადიულობის თავისი რწმენა?“ მე ვუპასუხე: „რაზეც გინდა, თუნდაც იმაზე, რაშიც ეძებს მარადიულობას“. მან გაკვირვებით შემომხედა, ეტყობა ჩემგან საღ აზრს ელოდა. ჩემი ეს ნება იმდენად არადამაჯერებლად ეჩვენა, რომ მისი ობიექტური ღირებულება ვერ ირწმუნა. იგი მეცნიერი გახლდათ, ანუ ის, ვისაც მეცნიერების კაცს, თუ მეცნიერს უწოდებენ და მისი ფილოსოფიის, ისევე როგორც მის მსგავსთა ფილოსოფიის ამოსავალი წერტილი გახლდათ „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო“. ამ ცნობილი სენტენციის ავტორმა კიდევ სხვაც თქვა ისეთი, რასაც სულ არ სჭირდება მეტისმეტი სიბრძნე. „სისრულე სისრულეთა და ყოველივე სრული!“ - ეს საზეიმო, განთავისუფლებისა და მარადიულობის გამომხატველი შეძახილი შეიძლება მაშინ აღმოხდეს კაცს, როცა საკუთარ სულს მკერდში ჩაიკრავს, მოეხვევა და იგრძნობს მის სულისმიერ მატერიალურობას, თუმცა კი ერთნი ამაზე ჩაიქირქილებენ, მეორენი ბოღმით აღივსებიან, ზოგნი ზიზღით შემოგხედავენ, ზოგნიც შურით და სხვანი გულგრილად. „შეიყუარე მოყუასი თვისი, ვითარცა თავი თვისი“ - ასე დაგვმოძღვრეს, კი არ უთქვამთ, შეიყვარე მხოლოდ თავი თვისიო, - ამას ყველას ვერც ეტყვი, რამეთუ ჩვენ, ყველას ისედაც გვიყვარს ჩვენი თავი, ოღონდ სულ ასეც რომ არაა. ბევრისთვის „შეიყუარე თავი თვისი“ - სრულიად ახალი ამბავიც კია. ნეტავი რა მიზეზია, ასე ცოტათი რომ გვიყვარს ჩვენი მოყვასი? ის, რაც მინდა ვთქვა, ბევრს შეიძლება პარადოქსად ანდა კონსეპტიზმადაც მოეჩვენოს, ანდა სულაც მცდარ ინტერპრეტაციად, მაგრამ მე მაინც ჩემსას ვიტყვი: ჩვენ რომ ჩვენი მოყვასი ძალიან არ გვიყვარს, უწინ იმიტომ არ გვიყვარს, რომ არ გვჯერა მისი სუბსტანციური არსებობა. მაგრამ თუ საკუთარ სულში ღრმად ჩავიხედავთ, მაშინ მივხვდებით, რომ არც ჩვენი მოყვასის არსებობაში ვართ ღრმად დარწმუნებული და არც იმაში, რომ მას შინაგანი სულიერება გააჩნია. როდესაც ბავშვის ტირილი გვესმის, მისი სლუკუნი გვამწუხრებს, მაგრამ ოდნავ თუ განვასხვავებთ მას უგრძნობი თოჯინას ტირილისაგან, საგანგებოდ გამობმული ზონრის მეშვეობით, მექანიკურად რომ აღნავლებენ. ტკივილს ყველა სხვადასხვანაირად გამოხატავს, - მითხრა ერთხელ ჩემმა მეგობარმა, - ზუსტად ერთნაირი სიმპტომებიც რომ ჰქონდეთ, რადგან ყველა თავისებურადაა აგებული. ერთი ექიმი მარწმუნებდა, როდესაც ბავშვი ტვინის ანთების დროს ტირის, ამას ჩვენ რეფლექსს ვუწოდებთ და შესაძლებელია ამ ტირილს ტკივილი სულაც არ ახლდესო. მშობლის ტკივილი უზომოა, მაგრამ ეს მხოლოდ შვილის სუბსტანცია როდია, მამის სუბსტანციაც არის და ამ დროს ისინი სულით სულს ეხებიან. ცხადია, საკუთარი მსუბუქი ავადმყოფობა, კბილის ოდნავი ტკივილიც კი, გაცილებით გაუსაძლისი გვეჩვენება, ვინემ სხვისი უფრო საშინელი ტკივილის ყურება; ასევე ძნელად მოსათმენია ტკბილეულის ჩვენი ნდომა, ვიდრე მოყვასის შიმშილზე ფიქრი. და წარმოსახვის ეს უქონლობა, ჩვენი ეს უპირველესი თვისება, რასაც ჩვენი სულის სუბსტანცია დებს საგანთა სუბსტანციის სულში და მოყვასის სუბსტანციაშიც, წარმოსახვის ეს უქონლობაა სწორედ თანაგრძნობისა და სიყვარულის უქონლობის სათავეც.        მაგრამ არის კიდევ სხვა რამ და კიდევ უფრო ღრმაც, რაც ბევრს შეიძლება სისულელედაც კი მოეჩვენოს და ეს სწორედ ისაა, რომ არ გვჯერა საკუთარი არსებობა, საკუთარი სუბსტანციური არსებობა-მეთქი, მინდოდა მეთქვა. ბევრი, რომელთაც სჯერათ თავიანთი არსებობა, - რაკიღა ეს გახლავთ რწმენის დოგმა და კიდეც ავალდებულებს მათ, - და ბევრიც, რომელთაც არ სჯერათ რეალობა, სულერთია დაჰყვებიან მას, და, თუნდაც სჯეროდეთ, მაინც ფიქრობენ, ლაპარაკობენ და იქცევიან ისე, სხვა ყველაფერთან ერთად, თითქოს არ სჯეროდეთ. თუ ადამიანს ნამდვილად სჯერა თავისი არსებობა, მაშინ როგორ არ უნდა აღეძრას სურვილი, რომ ეს ყველაფერში აღბეჭდოს, ყოველივეს არ დაუკავშიროს და ყველას არ გადასცეს? როგორ შეუძლია ადამიანს, თუ მას ნამდვილად სჯერა თავისი საკუთარი არსებობა, დაიჯეროს ასევე საკუთარი სიკვდილი, თავისი ეგზისტენციური სიკვდილი? რამეთუ ჩვენივ მოჩვენებითობა გვარწმუნებინებს სამყაროს მოჩვენებითობას, იმ სამყაროსი, რომელიც გარს გვაკრავს.  მაგრამ რაისთვისღა შევვორგულდებით ხოლმე, როცა მაცდური სული შეგვახსენებს „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაოაო?“ მერე კი ამასაც დასძენს: „მაშ თუ მთლიანად არ მოკვდები და სუბსტანციურად მაინც განაგრძობ არსებობას, რაკიღა ასეთია შენი რწმენა და საღი აზრისაც გჯერა, რატომღა ცდილობ დატოვო სახელი შენი? მაგრამ თუ შენს სუბსტანციასთან ერთად გაქრები, რატომღა გინდა დატოვო ლანდი შენი? მაშინ არად ჩააგდე ეს ყველაფერი და დანებდი შენს ხვედრს. მაგრამ თვით ეს სურვილი, საკუთარი კვალის დატოვების ეს სურვილი ხომ საკუთარ არსებობაში შენი რწმენის ბუნებრივი გაღვივებაა და კიდეც ებღაუჭები მას? სულისაგან კი ბუნებრივი არაფერი უნდა მოიკვეთო. ყველას, ვისაც ნამდვილად სჯერა თავისი არსებობა, ამავე დროს სურვილიც აქვს, აღბეჭდოს ეს სხვათა არსებობაშიც. ესეც არ იყოს, ვინ იცის, ეგებ ერთ დღესაც ჩვენ თვითონვე შევაგროვოთ და კიდეც ვამრავლოთ მისი ნერგების ნაყოფი? ეგებ ისეც მოხდეს, რომ ჩვენი პიროვნება ამ ხსოვნასთან ერთად გარდაისახოს?! იყო ეგზისტენციური შექსპირი, ანდა ის, ვინც ამ დრამების ავტორი ბრძანდებოდა და დაგვიტოვა თავისი სახელი; იგი ერთიანად გადმოიღვარა თავის დრამებში და მათში გააგრძელა თავისი სიცოცხლე; და ყოველი, ვინც კი მას კითხულობს მთელი ამ საუკუნეების მანძილზე და დედამიწის ამპლიტუდაში, საკუთარი არსებით იღებს შექსპირის სულს, თუნდაც ემბრიონის სახით, ანდა თესლის სახით მაინც; და ყოველი, ვისაც კი მიუღია იგი, ანდა ვინც დღეს იღებს მას, ყველა ერთ არსებად რომ გადაიქცეოდეს, ყველას სული ერთ ხოლო სულად რომ შეერთდებოდეს, მაშინ კი აღსდგებოდა კაცობრიობის სული, დაასრულებდა და გარდასახავდა შექსპირსაც, ვინც იგი გახლდათ. და ეს ახალი შექსპირი, თავისი შემოქმედების წყალობით რომ ცხოვრობდა ადამიანთა გონებასა და გულებში, ცხოვრობდა სულ სხვადასხვა ქვეყანაში, აღავსებდა და გააცოცხლებდა შექსპირის სუბსტანციას, რომელიც იყო და არის. ცხოვრობს ყოველი კაცი, ვინც მისგან წარმოსდგა ხორცისმიერად, მაგრამ ასევე ცხოვრობს იგი ყოველსა და თითოეულში, ვისაც კი შეეხო მისი სულის მონაბერი. ამგვარადვე გადაეცემა ყოველს და მიიღებს ყოველი თითოეულ შენს ნამოქმედარს და ნამოღვაწარს, ხელის უბრალო მოძრაობაშიც კი ვლინდება მთელი შენი სული; ამიტომ შეგიძლია გაიმეორო ყოველი შენი მოქმედება, ყველაზე უფრო უმნიშვნელო სიტყვები, და ეს არის - სისრულე სისრულეთა და ყოველივე სრული! და აი, კიდევ ესეც: ერთმა ცნობილმა გერმანელმა მწერალმა, ოთხმოც წელს რომ მიატანა, მაშინ დაიწყო თხზულების წერა, რომელსაც კარგა დიდი დრო მოუნდებოდა და ეს თავადვე აღიარა. მისმა ნათქვამმა ბევრს აფიქრებინა, ამ ნაწარმოებს ალბათ თორმეტ წელზე ნაკლები არ დასჭირდებაო, ხოლო ზოგიერთმა სიტყვაც კი გადაუკრა ამის თაობაზე. მაშინ მწერალმა ასე მიუგო მათ: „გაგიკვირდათ განა, ჩემს ასაკში ისეთ თხზულებას რომ შევეჭიდე, რომელსაც ალბათ ოთხმოცდაათ წლამდე ვერ დავასრულებ? იცით, რას გეტყვით, იქამდე ვიცოცხლებ, სანამ ბოლომდე არ მივიყვან!“ - და იცოცხლა კიდეც. და მერე, როცა ამაზე დიდი სჯა-ბაასი გაიმართა, ერთნი ამტკიცებდნენ, სწორედ ის უზომო დაძაბულობა აცოცხლებს, რასაც ამ ნაწარმოებში სდებსო და მართლაც არ მომკვდარა, რამეთუ არ უნდოდა სიკვდილი და ამ თხზულებისთვის უნდა ეცოცხლა; მეორენი დასძენდნენ, იგი ჭარმაგად გრძნობდა თავს და ეტყობა, ეს რაღაც გაუცნობიერებული სასიცოცხლო მარაგის წყალობით იყო, რამაც შეაძლებინა კიდეც ისეთ ნაწარმოებს შესჭიდებოდა, ამდენი ხანი რომ მოუნდებოდა და თანაც ამ ასაკშიო; შინაგანად ჭაბუკად გრძნობდა თავს! მაშასადამე, საკუთარ სუბსტანციურ არსებობაში ასეთი ძლიერი რწმენაა, რომ გვამოძრავებს და გვიბიძგებს დავტოვოთ ჩვენი ბეჭედი ყველგან და ყოველ დროს, დავტოვოთ სახელი და ხსოვნა ჩვენი, სადაც გვინდა და როდესაც გვინდა. სრული წონასწორობა სულსა და სამყაროს შორის შეუძლებელია; მუდამ ასეა, ან ჩვენი სულისთვისაა ჭარბი სამყარო, ან ჩვენი სულია ჭარბი სამყაროსთვის; ჩვენი სულისმიერი სიცოცხლისუნარიანობა მუდამ ძლევს, რათა ან შევინარჩუნოთ, ან დავმორჩილდეთ, და, თუ არ გადმოვიღვარეთ, ვშრებით; ან ყველაფერს ვუძლებთ, ან არაფერს! როცა კაცს სურს შეუმჩნევლად ჩაიაროს, სულიერი სიცარიელის დაფარვაც უჭირს, ანდა კიდეც ნატრობს - სულაც გავქრეო, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სიცოცხლისუნარიანობა კლებულობს, ეს იმასაც ნიშნავს, რომ მისი სულის დისიმილაცია აჭარბებს მის საზრდოს; ეს კიდევ იმასაც ნიშნავს, რომ იგი დაღმა ეშვება, ანუ მიექანება არარასაკენ, მიექანება და საკუთარი სისუსტისადმი ისეთი სიყვარულის გრძნობა უჩნდება, როგორიც რაიმე ქრონიკული სენით შეპყრობილ ადამიანებს უჩნდებათ ხოლმე, თავიანთ სნეულებებს რომ ელოლიავებიან, ის კი არადა, კიდეც სიამოვნებთ საკუთარი დნობა. მერედა, რას ხედავთ იმაში ცუდს, რომ კაცს სიამოვნებას ჰგვრიდეს საკუთარი დნობა? მე მარტო ის ვიცი, რომ ამგვარი სიამოვნება მზარავს და ამაზე სჯა-ბაასს არც გავაგრძელებ. სავსებით გასაგებია, რომ შეიძლება არსებობდეს ადამიანი, რაიმე ფასეულსაც ქმნიდეს და ამავე დროს სჯეროდეს საკუთარი დნობაც და საკუთარი სუბსტანციური არსებობაც, მაგრამ ვერას გავუგებ ხალხს, რომელსაც ასეთი სული აქვს უპირატესად. ასეთი ხალხი მონაა! და მაშინ მოდის ნგრევის სული და ამბობს: „მონა ხალხი! მერე რა მოხდა? მერე რა მოხდა, თუ იგი იმდენადვეა ბედნიერი, რამდენადაც თავისუფალი ხალხი ან თუნდაც ტირანიის პირობებში მცხოვრები ხალხი?“ მერე რა მოხდა? მერე რა მოხდა?“ - ეს სიტყვები გაცილებით უფრო შემაძრწუნებელია, ვიდრე „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო!“ დიახ, სწორედ ეს „მერე რა მოხდა!“ - არის მათი წინასწარმეტყველური დევიზი, ვინც ეძებს მიზეზთა მიზეზს და სხვა მიზეზს და ასე უსასრულოდ მიზეზთა გამუდმებულ კორიანტელში, მიისწრაფის არარასკენ, - ცხადია! - დასაბამამდე. და ბუნებრივია, ვერც ვერასოდეს მივლენ მასთან, რამეთუ არ არის და არც შეიძლება იყოს რაიმე პირველი და უმაღლესი; არ შეიძლება იყოს რაიმე პირველი მიზეზი თავისთავად! და თუ ასე არ არის, მაშინ მითხარით, რატომ უნდა იყოს ეს სამყარო, არა სჯობია, არც სამყარო იყოს და არც არაფერი? არსებობას არა აქვს არსებობის მიზეზი, რამეთუ იგი ყოველ მიზეზზე უფრო მაღლაა. ის, ვინც დასაბამს აძლევს აბსოლუტური უზენაესი არსების არსებობის მიზეზს, უსასრულოს და მარადიულს, იგი მიდის ლოგიკურ შეცდომამდე, უზარმაზარ ჩაკეტილ წრემდე. როდესაც ამბობენ, სამყარო არსებობს იმიტომ, რომ იგი შექმნა ღმერთმაო, აქედან კი დაასკვნიან, რომ არსებობს ღმერთი; - კონცეფციის ძალის წყალობით, რომელიც ყალიბდება სამყაროს არსებობის ასახსნელად და ამგვარად არსებობს სამყარო, რამეთუ არსებობს ღმერთი და არსებობს ღმერთი, რამეთუ არსებობს სამყარო და სულ ასე და ამგვარად, მიდის კითხვამდე: „რა იქნებოდა, რომ არც სამყარო არსებობდეს და არც ღმერთი და არც არაფერი?“ და ამ გზითა და ამგვარად კაცი შეიძლება მივიდეს ბოდვამდე და აბსურდამდე. ბოდვამდე და აბსურდამდე შეიძლება მიიყვანოს კაცი კითხვამაც: „მერე რა მოხდა?“ მაგრამ შეუძლებელია აბსურდამდე მიხვიდე, თუ უყოყმანოდ ამტკიცებ, სამყარო არსებობს იმიტომ, რომ მე ვარსებობ და მე ვარსებობ იმიტომ, რომ არსებობს სამყარო; და რომ მე უნდა მივიღო მისი ბეჭედი და მივცე მას ჩემი, უკვდავყო იგი ჩემში და ჩემი თავი - მასში.  და მხოლოდ ასე და ამნაირად შეგვიძლია ვიგრძნოთ, რომ ვცხოვრობთ მუდმივ ქმნადობაში და იმის მაგივრად, რომ ვიმეოროთ „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაოო და რომ არაფერია მზის ქვეშ ახალიო!“ - მოვიხმოთ „სისრულე სისრულეთა და ყოველივე სრული!“ და რომ ყველაფერი ახალია მზის ქვეშ და ყოველი წუთი ჩვენი ხედვისა ახალი ხედვაა. და აქ მოგვიტრიალდებიან მაცდური სულისგან წაქეზებული მოაზროვნენი და გვეტყვიან: „მთელი აბსოლუტური პოზიციები აირ-დაირიაო, რა განსხვავებაა, თუ ვიტყვით - ყველაფერი თავისუფალია და არაფერია თავისუფალი! განა ერთი და იგივე არაა, თუ ვამტკიცებთ ღმერთია ყველაფერიო და ღმერთი არ არის ყველაფერიო? განა რა დიდი სხვაობაა, თუ ვიტყვით, ყველაფერი კარგია ან ყველაფერი ცუდიაო; ანდა ყველაფერი ობიექტურია და ყველაფერი სუბიექტურიაო და სულ ასე და ამგვარად? ის, ვინც ამტკიცებს, ეს სამყარო ყველა შესაძლებლიდან უარესიაო და ის, ვინც ამტკიცებს ეს სამყარო ყველა არსებულს შორის საუკეთესოაო, შეგვიძლია ვუპასუხოთ - რაკი ეს სამყარო ერთადერთია ყველა შესაძლებლიდან და ერთადერთია ყველა არსებულს შორის, იგი უარესიცაა და უკეთესიც ერთსა და იმავე დროს და ყველა შესაძლებელს შორისაც. „ყველაფერია სული“ იგივეა, რაც „ყველაფერია მატერია“. სასწაულისა და იდუმალის უარყოფის უფრო უსუსური საშუალება არ არის, ვიდრე იმის მტკიცება, რომ რაც კი რამ ხდება, სასწაულებრივია და იდუმალიო. ეს ხომ ოდენ სიტყვათა თამაშია და სხვა არაფერი; ისევე, როგორც კითხვა - რა დაემართებოდა სამყაროს, ყველაფერი თავდაყირა რომ დადგებოდესო? თუ წარმოვიდგენთ ორ წერტილს სივრცეში, რომლებიც ერთმანეთს უახლოვდებიან, რა მნიშვნელობა აქვს, ერთია გაჩერებული და მეორე უახლოვდება, თუ მეორეა გაჩერებული და პირველი უახლოვდება, ანდა რომელია გაჩერებული და რომელი მოძრაობს, ან კიდევ, ორივე მოძრაობს და უახლოვდება ერთმანეთს; არსებითად, ეს მაინც აუხსნელია ამ ორ წერტილთან მიმართებაში; იგივე ითქმის ყოველ აბსოლუტურთან დაკავშირებით. რა მნიშვნელობა აქვს თუ ვიტყვით - „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაოო და არაფერია მზის ქვეშ ახალიო“ და „სისრულე სისრულეთა და ყოველივე სრული და ყველაფერი ახალიაო მზის ქვეშ?“ და ასეც იქნებოდა სინამდვილეში, სიტყვები რომ იმაზე მეტს არ გამოხატავდნენ, ვიდრე გონება და რომ მართალი იყოს, თითქოს ვერბალური წინადადება რაღაც უფრო მეტია, ვიდრე მსჯელობის ზეპირი მანიფესტაცია, თუმცა კი გონების ძალით სამყაროს მაინც ერთნაირად ვჭვრეტთ ისინიც, ვინც ამტკიცებენ, არაფერი ახალი არ არისო და ისინიც, ვინც ვიმეორებთ, ყველაფერი ახალიაო. და მაინც, სხვადასხვანაირად რომ აღვიქვამთ მას. თუ დავიწყებთ მსჯელობას სუბსტანციასა და შემთხვევითობის ცნებების გარშემო, ანდა რიცხვებსა და მოვლენებზე, ანდა არსებობასა და მოჩვენებითობაზე მათთან, ვისაც აუჩემებია „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაოო“, იქამდე მივალთ, რომ გონებით კიდეც დავეთანხმებით მათ, ოღონდ, მე მაინც დამრჩება ჩემი არსებობის სუბსტანციურობის შეგრძნება, მას კი, ალბათ, მოჩვენებითობის შემთხვევითობისა. ბოლოს კი იქამდეც მივალთ, რომ ერთსა და იმავე ენაზე ავლაპარაკდებით, რადგან იგი არც ჩემია და არც მისი; ხოლო მერე ერთმანეთსაც გავუგებთ, თუმცა ერთი და იგივე განცდა მაინც არ გვექნება. შენ შეგიძლია მომცე მე ტონი და ინტენსივობა, როგორც იძვრის შენში სამყარო, ანდა ნოტა, რომელიც ჟღერს შენს გულში, მაგრამ ვერანაირად ვერ გადმომცემ ტემბრს, როგორითაც შენ მას იღებ, რადგან ეს არის მხოლოდ შენი საკუთარი ტემბრი, მაგრამ თუ შენ მაინც როგორღაც გადმომცემ მას, მაშინ ეს მოხდება ესთეტიკური განცდის, ანუ ხელოვნების ნაწარმოების მეშვეობით.  ერთი ადამიანი რომ მუდმივად ვამყოფოთ წითელი შუქის გარემოცვაში, მეორე კი - ლურჯისა და მათ ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება მივცეთ, ცხადია, ისინი შეთანხმდებოდნენ საგანთა ფერებთან დაკავშირებით და თითოეულ ფერს ერთი და იმავე სახელითაც კი ახსენებდნენ, რადგან მათთვის ყველაფერი შესაბამისად გარდაისახებოდა და იმასაც დაიჯერებდნენ, სამყაროსაც ასევე ვხედავთო; ხოლო მათი შეფარდებითი პოზიციები ფერთა აღქმასთან დაკავშირებით, - რაკი ორივე აბსოლუტურია, - ყოველგვარ სხვაობას წაშლიდა. რაკი ფერები ხედვის ელემენტები არ არის, თითოეული მათგანი ქიმიურად ზემოქმედებს ორგანიზმზე; თუკი წითელი ფერი უპირატესად დინამოგენურია, ანუ ორგანიზმის ძირითადი, მაცოცხლებელი ძალაა, მეორეს თრგუნავს, და იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა ამ ორი ადამიანის აზრი ერთმანეთს დაემთხვას სამყაროს აღქმის თავისი გაგებით, მათი სასიცოცხლო ენერგიაც შესაბამისად იცვლიდა სახეს - სენტენცია „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო“ - ლურჯი ფერისა იქნებოდა, ხოლო „სისრულე სისრულეთა და ყოველივე სრული“ - წითელი!  პოეტი გახლავთ ის, ვინც სამყაროს პერსონიფიცირებულად წარმოგვიდგენს, ანუ მთელ სამყაროს ერთ ადამიანში განასახიერებს, ერთ სიტყვაში - სამყარო! ფილოსოფოსი კი მხოლოდ იმას წარმოაჩენს, რაც პოეტისგან მიიღო, რადგან პოეტურის გარეშე მისი აზრი, უფრო სწორად, მისი სიტყვები, არ იძვრის. თუ ფილოსოფიურ სისტემას გამოვაცლით პოეზიისგან მიღებულ მადლს, მისგან აღარაფერი დარჩება, ცარიელი სიტყვების რახარუხის მეტი. ასევეა მეტაფიზიკაც, მისგან მეტალოგიკის მეტი არც არაფერი გამოდნება; თუკი მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ სიტყვა „ლოგიკა“ წარმოსდგება სიტყვიდან „logos“, რაც კვლავ „სიტყვას“ ნიშნავს და, ბოლოს, ეტიმოლოგიაც მეტი რაღაა. ეს ასეა და მტკიცება სულ არ სჭირდება; გეგონებათ, ისეთი ფილოსოფიებიც არსებობდნენ, როგორიც ენებია, ანდა მისი ვარიანტები, ანუ დიალექტები და კიდევ ისიც, ინდივიდუალურ დიალექტს რომ უწოდებენ. თუკი არსებობს გერმანული ფილოსოფია, იგი გერმანული ენის ფილოსოფიის მეტი არაფერია და იგივე ითქმის ყველა დანარჩენ ენებზეც. ფრანგული ენა ის ენაა, რომელიც დეკარტეს გვიხსნის. და ეს ბუნებრივიცაა. ყოველი ხალხი თავისი ენის საფუძველში დებდა სამყაროსა და ცხოვრების თავისეულ აბსტრაქტულ კონცეფციას ფართო მნიშვნელობითა და გაგებით, ისევე როგორც თითოეულ სიტყვაში - თავის ფილოსოფიას. ავიღოთ თუნდაც ისეთი სიტყვების ეტიმოლოგიები, როგორიცაა: do conciperc და do comprhenders, ან do intenderc და do intelligers და მერე do substantia და accidens ან კიდევ cxistero და სხვა ათასი ამის მსგავსი. მთელი სქოლასტიკური ფილოსოფიაა. ხოლო ფილოსოფოსი იმის მეტს არც არაფერს იქმს, რომ ენიდან სწორედ იმას ამოზიდავს, რასაც მთელი საუკუნეების მანძილზე დებდა მასში ხალხი, მერე ცოტას დახვეწს და ასე ნელ-ნელა აქსიომებიც კი ტავტოლოგიად გადაიქცევა ხოლმე. ოღონდ ერთი კია, ფილოსოფოსი ვერასოდეს გადმოგვცემს იმ ხმას, როგორი ხმითაც წარმოითქმება ესა თუ ის სიტყვა და ვერც იმ მოძრაობას, რაც მას ახლავს; ფილოსოფოსი ვერასოდეს გვაგრძნობინებს სიტყვის არსს „მიწა!“ - რომელიც პირდაპირ გულიდან აღმოხდათ კოლუმბის თანამგზავრებს, როდესაც ბუნდოვნად გამოჩნდა ახალი სამყაროს ნაპირი; ფილოსოფოსს არც იმის გადმოცემა შეუძლია, რასაც მე განვიცდი იმ დროს, როცა სიჩუმეში ჩემს საკუთარ სულს ვეხვევი და მით უმეტეს, ვერ გადმოგვცემს იმ გრძნობას, რასაც გამოვხატავ სიტყვებით „ჩემი სული!“ - თუკი ეს წამოძახილი რამენაირად მაინც შეიძლება გადმოიცეს. ფილოსოფოსი ვერც იმას გვეტყვის, რა არის ჩემი ან რა ვარ მე თვითონ, როცა გონებით ვეთანხმები დევიზს - „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო“ და როცა ჩემი სული იკუმშება და ჩუმად ბუტბუტებს - „სისრულე სისრულეთა და ყოველივე სრული!“, რამეთუ ესაა ჩემი პატარა ლოცვა და არა ლოგიკური პროპოზიცია, ესაა ჩემი სულის აფეთქება და არა ჩემი გონების გამოვლინება. მაგრამ, აი მოდის პოეტი, ანუ როგორც იტყვიან, ნათელმხილველი და არა ვინმე მელექსია, - გადაგვიშლის თავის სულს ლექსად იქნება თუ პროზად და ვითარცა კალდერონი გვამცნობს ეს ცხოვრება სიზმარიაო, ანდა ვითარცა შექსპირი - ჩვენ შექმნილი ვართ სიზმარეულ ნივთიერებითო და ეს ჩვენი ისედაც დღემოკლე ცხოვრება სიკვდილითაა შემოსაზღვრულიო და ამ სიტყვებში დევს სწორედ გახსნა სუბსტანციურობისა. შექსპირის ეს სიტყვები უმაღლესი გამოხატულებაა დამღუპველი სულის საშინელი გახსნის და კიდევ უფრო შემაძრწუნებელია, ვიდრე კალდერონისა, რამეთუ კალდერონი სიზმარს ჩვენს ცხოვრებას უწოდებს და არა ჩვენ, ვინც ვოცნებობთ და ვცხოვრობთ, ხოლო შექსპირი გვეუბნება, თქვენ თვითონა ხართ სიზმარეულ ნივთიერებით ქმნილიო. არადა, რა თანამედროვე ჟღერადობა აქვს ამ ნათქვამს! გეგონებათ, სიზმარი მართლა რაღაც ნივთიერებისგან ან რაღაც მყარი მასალისაგან იყოს შექმნილი! მაშინ ეგებ ისიცა ვთქვათ, რომ სიზმრებიც ისეთივე მასალისგანაა, რასაც ვეხებით და შევიგრძნობთ შინაგანად, სულიერად.  ამ კონცეფციას, უფრო სწორად, სამყაროსა და ცხოვრების ამ ჰიპნოტურ გრძნობას მივყავართ სამყაროს აღქმის ესთეტიკურ პოზიციამდე და ვიღებთ კიდეც მას სპექტაკლად. ასეთი იყო ბერძენ ინტელექტუალთა პოზიციაც ჰომეროსის პოემებიდან დაწყებული, ვიდრე ქრისტიანობამდე და შემდგომშიც. „ოდისეაში“ ნათქვამია, ღმერთები თვითონვე ჩაიფიქრებენ მოკვდავთა უბედურებებს და კიდეც ასრულებენ, რათა შთამომავლობას ამბად დარჩეს და მათს ცოდო-ბრალზე სიმღერები შექმნანო; და მერე, ათიოდე საუკუნის მერე, უკვე წიგნში „მოციქულთა საქმენი“ XVII თავის მე-11 მუხლში კვლავ ითქვა: „ხოლო ათენელებისა და იქ მცხოვრები უცხოელებისთვის არ არსებობდა უფრო საამო დროსტარება, ვიდრე რაიმე ახლის მოყოლა ან მოსმენა“; შემდეგ, კიდევ უფრო გვიან, საუკუნეები რომ გავიდა, იგივე განმეორდა ჩვენს ძველ „ჩემი სიდის სიმღერაში“, 343-ე 344-ე ლექსებში, სადაც ქრისტეს ცხოვრების შესახებაა მოთხრობილი: „ოცდათორმეტი წელი ჩვენთან იყავი, მიწაზე უფალო სულიერო, გვიჩვენებდი შენს სასწაულებს, რომ მომავალში მითები შეთხზანო...“  ასე გეგონებათ, სასწაულებს რომ ახდენდა ქრისტე, თურმე იმისთვის ახდენდა, მომღერლებსა და ხუგლარებს სიმღერები შეეთხზათ ჩვენს წარმტაც შუასაუკუნეებში. მაგრამ აი, უკვე ჩვენს დროში მოდის ინტელექტუალიზმის არქიეპისკოპოსი, დიდი ესთეტი ერნსტ რენანი და გვეუბნება, ეს სამყარო სპექტაკლია და თავად უფალი გახლავთ მისი დამდგმელიო, თანაც ჩვენვე გვთავაზობს, მონაწილეობა მივიღოთ ამ სპექტაკლში, უფრო ბრწყინვალე და დიდებული რომ გამოვიდესო. მთვარეულთა ფილოსოფია, იმათი, ვინც საკუთარი სულის წონასაც ვერ გრძნობს. ამ ფილოსოფიის საპირისპიროდ აღიმართება ჭეშმარიტად რელიგიური ტაძარი და თვით პავლე ტარსოსელი გვეუბნება: „თუ არ არის მკვდართა აღდგომა, არც ქრისტე აღმდგარა. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა ჩვენი ქადაგება და ამაოა ჩვენი რწმენაც“ (I კორინთელთა XV, 13, 14). და სიკვდილის დათრგუნვისა და მკვდრეთით აღდგომის ამბავი რომ გაიგეს, ყველა ესთეტი, ყველა ინტელექტუალი, ვისაც სჯერა, რომ ადამიანთა უბედურებებს თავად ღმერთები ჩაიფიქრებენ ხოლმე, რათა შთამომავლობას ამბად გადაეცესო, მათაც იგივე ქმნეს, რასაც „მოციქულთა საქმენი“ გვაუწყებს (XVII, 32) და, რასაც ათენელები იქმოდნენ, ეს ახალ-ახალი ამბების მთხრობელ-მსმენელნი, როცა პავლემ მკვდრეთით აღდგომის ამბავი გვითხრა, ზოგიერთმა სიცილი დაიწყო, სხვებმა კი თქვეს „ამას სხვა დროს მოვისმენთო“. მკვდრეთით აღდგომის რწმენა, ანუ ქრისტეს უკვდავების რწმენა, რაიც არის ქრისტიანობის რწმენის მარცვალიც და საძირკველიც, ხვდებოდნენ ამას თუ არ ხვდებოდნენ, საკუთარი უკვდავების რწმენის საფუძველი და სულის ინტიმური ცხოვრების წყაროცაა ქრისტიანთათვის, ამიტომ ათანასესაც შეეძლო ეთქვა. ქრისტემ კაცი გააღმერთაო (Qcovioiciv), ადამიანი ღმერთად აქციაო. და ეს რწმენა, საერთოდ რწმენაც და მთელი რელიგიაც, უწინ კი ქრისტიანული რელიგია ცაში გამოეკიდა, მერე მიწაზე დაენარცხა და მის ადგილზე აღმოცენდა ფილოსოფია ანუ რელიგიის ესთეტიკა, თუ არა სოციალური პედაგოგიკის უღიმღამო ინსტიტუტი. შეუძლებელია კაცმა თავი მოიკლას, თუ უწინ ნამდვილი ცხოვრების ფესვები არ ამოძირკვა, სულის მაცოცხლებელი მჩქეფარე წყარო არ მოაშთო და თუ არ დაშრიტა წყარო ყველაზე შორეულის წყურვილისა. თუ რელიგია არ ეფუძნება საკუთარი სუბსტანციურობის გრძნობას, საკუთარი სუბსტანციის უკვდავების რწმენას, ის არც არის რელიგია. ეს იქნება რელიგიის ფილოსოფია, მაგრამ რელიგია კი არა. ღმერთის რწმენას შენსავე საკუთარი სუბსტანციური არსებობის რწმენაში აქვს ფესვები გადგმული; მოჩვენებითობის ასახსნელად მოჩვენებითი ღმერთიც კმარა; უწინ ღმერთი-მეთქი, მინდოდა მეთქვა; ის, რასაც მის გარეშე ვერ ავხსნით, ვერც მასთან ერთად ავხსნით, რადგან, თუ ჩვენ მას მივიღებთ როგორც უმაღლეს გონს, მაშინ მისი ახსნაც მოგვიწევს. რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო ამაო, როგორიც ღმერთია, თავს რომ დაჰფოფინებს „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაოს?“ რა უნდა იყოს იმაზე უფრო ხანიერი, ვიდრე ღმერთია ამ სამყაროსი, სადაც არაფერია ახალი. თუკი არსებობს ღმერთი, მაშინ ეს არის „სისრულე სისრულეთა და ყოველივე სრული“, რასაც ჩვენ ყველა ვეზიარებით და ყველას გვაქვს წილი; თუ არსებობს ღმერთი, მაშინ ეს არის სიყვარული, რომლის ძალითაც ყველაფერი ახალია მისი არსებობის ყოველ წუთში. თუ არსებობს ღმერთი, ეს არის სიყვარული, რომელიც ისწრაფვის გახანგრძლივდეს ამ სამყაროში და გაცხადდეს მასში; და ჩვენი ცხოვრებაც, რას უნდა ეფუძნებოდეს იგი?        „მარადიულად არ ეხსომებათ არცა ბრძენკაცი, არცა უგუნური; გაივლის ჟამი, ყველაფერი დაივიწყება. ვაგლახ, რომ კვდება ბრძენი კაცი უგუნურივით! და შევიძულე მე ცხოვრება, რადგან მემწარა ყველაფერი, რაც მზის ქვეშ ხდება, რადგან ყოველი ამაოა, ქარების დევნა!“ (ეკლესიასტე 16, 16, 17). დადუმდი დაღლილო და დამღლელო ქადაგო, დავითის ძევ, იერუსალიმის მეფევ! ნუღარას იტყვი! დარჩება ხსოვნა ბრძენკაცისაც და უგუნურისაც, რამეთუ არაფერი ქრება უკვალოდ, ყველაფერი რაღაც სახით მაინც რჩება ამ სამყაროში და ოდეს იგი მიიღებს უმაღლეს ბიძგს, მაშინ გაიხმიანებს ყოველი ბგერა საუკუნიდან საუკუნემდე რომ ეძინა და გაიხმიანებს ყველაზე უფრო მგრძნობიარე და ყველაზე ღრმა ხმა, აჟღერდება ყოველი სიმი; და მომავალში, მერე და მერე, ხვალიდან ხვალამდე გაიხსენებენ ყველასა და ყოველს და იცხოვრებს ბრძენკაციცა და უგუნურიც, ოღონდ უგუნური უგუნურის ცხოვრებით და არა ბრძენკაცისა; დაე, გვიყვარდეს ეს ცხოვრება ქადაგო დაღლილო და დამღლელო, დავითის ძევ, იერუსალიმის მეფევ, დაე, აივსოს სიხარულით და იმედით ღვაწლი ჩვენი, რაც კი ცის ქვეშ გვიღვაწია, რამეთუ ყოველივე სისრულეა და სულის ნეტარება. ქადაგის ხმას, დავითის ძის, იერუსალიმის მეფის წინასწარმეტყველებას ისტორიაში დიდი გამოძახილი ჰქონდა და ბევრმა ბანიც მისცა თუ იმღერა მასთან ერთად; ამ მრავალთაგან არის ერთი პორტუგალიელი პოეტი-ფილოსოფოსი, რომლის სიმღერა სევდიანად ეხმიანება მას თავის ტკბილ, პორტუგალიურ ენაზე. ეს გახლავთ ანტერო კენტალი, ვისი სახელი და დიდება თანამყოლია კაცობრიობის ტრაგედიისა... პოეტმა აღიკვეთა „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო“ დავითის ძე, იერუსალიმის მეფე რომ ქადაგებდა და ოდენ მერეღა ირწმუნა ხსნა სამყაროსი, ირწმუნა, რომ დადგებოდა დღე და გაიღვიძებდა ყოველი და ყველა და მისი შეჭირვებული გულიც შვებას ჰპოვებდა ამ ტრაგიკულ ცხოვრებაში, ეგებ მერე ეთქვა „იძინე გულო, იძინე მშვიდად უფლის მკლავზე სამარადისოდო“; მაგრამ არა, სამარადისოდ არა, რამეთუ პოეტს არ ჰმართებს ძილი; ოდეს მას სძინავს არ ეგების არცა ხსნა სამყაროსი. და შენც ანტერო, განა შენც თავად არ განიცადე ამაოება ყოველივე ამაოსი, ზიდე ჯვარი სიმწრით შენს გზაზე, ოღონდ კი სხვანიც დასდგომოდნენ ამავ კვალს, შეეცნოთ ის, რაც იყო და ჩასწვდომოდნენ „სისრულეს სისრულეთა და ყოველივე სრულის“ სიღრმეს! და მერე ეგებ შენი გულიც მიეცემოდა ძილს სამარადისოდ და მოესვენა უფლის მკლავზე, მის მარჯვენა მკლავზე. აგვისტო, 1904 წ. იხილეთ: მიგელ დე უნამუნო - ლიტერატურული ესეები …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 1:18pm on მარტი 9, 2014
თემა: შიშველი სიცოცხლე
სიამოვნება, თუ მარმარილოსგან გამოკვეთილ და მდიდრულად მორთულ სამყოფელშია: თავს უფრო მყუდროდ გრძნობს. ხოლო თუ ჩვენს მიცვალებულს ნებისმიერი სხვა ხარჯის გაწევაც შეუძლია, ამით პრეტენზიას აცხადებს კიდევ რაღაც ღრმააზროვან... – როგორ ამბობენ ხოლმე? – ალეგორიაზე. დიახ, მას ღრმააზროვანი ალეგორია სჭირდება, რომელიც სწორედ ჩემნაირი ცნობილი მოქანდაკის მიერ უნდა შეიქმნას. სასაფლაოს ბრწყინვალე ლათინურით წააწერენ Hic jacet1 რომელიც იყო, რომელიც არ იყო... თან ლამაზ ბაღსაც მოაშენებენ, ყვავილებით მორთულს და სხვა ამგვარს. ამასთან ერთად, გამძლე ღობეც უნდა ჰქონდეს, რომ დაცული იყოს ძაღლებისა და...  – მორჩი რა, თავი მომაბეზრე, – იყვირა აღშფოთებულმა კოსტანტინო პოლინიამ და მეგობარს გაოფლილი სახით მიაჩერდა.       ჩირო კოლიმ თავი ასწია; წვეტიანი წვერი, რომელსაც გამუდმებით იქექავდა, ახლა კაუჭივით დაგრეხოდა; ყურადღებით შეათვალიერა მეგობარი წარბებზე ჩამოფხატული ქუდის ქვემოდან, რომელიც შაქრის ლერწმის თავს წააგავდა, მერე კი უდარდელი სიმშვიდით მიაძახა: – ვირო!  – ოჰო!       ჩირო კოლი სავარძელზე ნახევრად მიწოლილიყო, გრძელი ფეხები გაეშალა და გაეჩაჩხა; პირდაპირ გადააბიჯა ხალიჩას, რომელიც მანამდე პოლიანიმ გულდაგულ დაბერტყა და იატაკზე სათუთად დააგო.       პოლიანი მოთმინებას კარგავდა, როცა ხედავდა, მისი მეგობარი როგორი გაბრექილი იჯდა, არადა თვითონ დაღლილობისგან სული სძვრებოდა, მაგრამ სტუდიას მაინც ალაგებდა: თაბაშირის ფიგურები ერთ ჯგუფად დააწყო. დამტვრეული და გაყვითლებული ეტიუდები, რომლებიც კონკურსიდან უსახელოდ დაბრუნდნენ, განზე გადაყარა. შუა ოთახში მაგიდები გამოზიდა, რომლებზეც ახალი ნიმუშები ელაგა, ზედ სველი ტილო გადაეფარებინა, თან ბუზღუნებდა.  – ერთი სიტყვით, წახვალ თუ არა?  – არა.  – მაშინ დივანზე მაინც ნუ ზიხარ. უკვე დავალაგე. ღმერთო ჩემო! ხომ გითხარი, რომ ქალბატონებს ველოდები.  – არ მჯერა.  – აი, წერილი, შეხედე! გუშინ კომენდატორე სერალისგან მივიღე: "ღრმად პატივცემულო მეგობარო, გაცნობებთ, რომ ხვალ დილით, დაახლოებით თერთმეტი საათისთვის..."  – არის უკვე თერთმეტი?  – მეტია!  – არ მჯერა. განაგრძე!  – "...თქვენთან ჩემი რეკომენდაციით მოვლენ სინიორა კონ..." რა წერია აქ!  – ალბათ, კონფუციო.  – კონტ... თუ კონსალვი, ვერ გავარჩიე, "...და მისი ქალიშვილი, რომელთაც თქვენთან საქმე აქვთ. ეჭვი არ მეპარება, რომ..." და ა.შ., და ა.შ.  – შენ თვითონ ხომ არ დაწერე ეგ წერილი? – ჰკითხა ჩირო კოლიმ და ისევ დახარა თავი.  – ბრიყვო! – ლამის ამოიკვნესა პოლიანიმ; სიბრაზისგან აღარ იცოდა, ეტირა თუ ეცინა.       კოლიმ მუქარით ასწია თითი და თავი გააქნია.  – ასე ნუ ლაპარაკობ, მაწყენინებ. მითხარი, თუ ღმერთი გწამს, ნუთუ იცნობ ისეთ ქალბატონს, რომლის გულისთვისაც მე ბრიყვულად მოვიქცევი? ამ ჯიშის ხალხი მხოლოდ მებრალება. გაპრანჭულები, ლაქის ჩექმებში გამოწყობილები, ლამაზი ჰალსტუხებით შემკულნი, ეს ჰელიოპროო... ეს ჰელიოკროო... თუ რა ჰქვია? ღილკილოში ჰელიოტროპი გაუყრიათ და შენსავით ხავერდის ჟილეტში გამოწყობილან... ოჰ, როგორ დამამშვენებდა ასეთი ხავერდის ჟილეტი! ძალიან უბედური ვარ, რომ არ შემიძლია შევიცვალო! მისმინე, ეს შენ გამოგადგება: თუ მართალია, რომ სინიორ კონფუციოები უნდა მოვიდნენ, სტუდია ისევ ისე ავურიოთ, როგორც მანამდე იყო, თორემ რა იცი, რას არ იფიქრებენ შენზე. უკეთესი იქნება, მუშაობის დროს ენახე, რომ იტყვიან, ოფლის ღვრის დროს... ერთი სიტყვით, მაშინ, როცა საარსებო ფულისთვის ოფლს ღვრი...       აიღე თიხის ერთი მოზრდილი ნაჭერი, დაზგაზე მიაკარი და ბევრს ნუღარ ფიქრობ, ჩემი გამოძერწვა დაიწყე ისე, როგორც მხედავ, აი, ამ გათხლეშილ პოზაში. შენს ქმნილებას დაარქვი "ბრძოლაში", და ეროვნული გალერეისთვის დაუყოვნებლივ გამოგართმევენ. აი, ნახავ თუ არა. მართალია, არც ისე ახალი ფეხსაცმელი მაცვია, მაგრამ თუ მოინდომებ, შეგიძლია მანდ ახლებად გამოიყვანო. შენ ხომ, როგორც მოქანდაკე, ქათინაურების გარეშე გეტყვი, ნამდვილი მეძველმანე ხარ...       კონსტანტინო პოლიანი ამასობაში თავის ნახატებს კედლებზე კიდებდა და ყურადღებას აღარ აქცევდა მეგობრის ბჟუტურს. მის თვალში კოლი ცხოვრებისგან გარიყული ბედუკუღმართი ვინმე იყო, წარსული ეპოქის ნაგლეჯი, მხატვრების მიერ უკვე უარყოფილი მოდის ნაწილი: უგერგილო, დაუდევარი, მოშვებული კაცი, რომლისთვისაც უსაქმურობა ჩვეულებად იქცა. სიმართლე რომ ითქვას, მართლაც იყო სიბრალულის ღირსი, რადგან მუშაობის ხასიათზე თუ დადგებოდა, საუკეთესო მოქანდაკესაც კი ასჯერ გაუსწრებდა. სხვამ თუ არა, პოლიანიმ ხომ ნამდვილად იცოდა ეს. რამდენჯერ უნახავს აქ, ამ სტუდიაში, თავისი დიდი თითების რამდენიმე ზერელე, თუმცაღა დამაჯერებელი შეხებით როგორ დაუმთავრებია კოლის ის სკულპტურული ეტიუდი, რომელზეც პოლიანის მწარე ოფლი უღვრია. მაგრამ კოლის ხელოვნების ისტორია ცოტათი მაინც უნდა შეესწავლა და საკუთარი ცხოვრება მოეგვარებინა; ცოტა გარეგნობისთვისაც უნდა მიეხედა, თორემ თავისი დაძონძილი ტანსაცმლით, გამუდმებით მელანქოლიურ გამომეტყველებით არც ისე საამურ შთაბეჭდილებას ახდენდა. თვითონ მან, პოლიანიმ... უნივერსიტეტის ორი კურსი დაამთავრა და მას მერე, მას მერე... ბატონებო, უკვე მშვენივრად აკეთებს ფულს... თავის გარეგნობასაც აქცევს ყურადღებას...       ყრუ დარტყმის ხმა გაისმა და პოლიანი სკამიდან ჩამოხტა, რომელზეც სურათების ჩამოსაკიდებლად ასულიყო.  – ისინი არიან! რა ვქნათ ახლა? – მიუბრუნდა კოლის შეშფოთებული სახით.  – როგორც კი შემოვლენ, წავალ, – უპასუხა მან და არც კი განძრეულა. – კაცი იფიქრებს, რომის პაპს ელოდები, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ სულაც შეგიძლია, ეგ ხალხი მეც გამაცნო, შე ეგოისტო!       კოსტანტინო პოლიანი კარის გასაღებად გაემართა, თან შუბლზე დაფენილ ქერა, ლამაზ ქოჩორს ისწორებდა.       ჯერ სინიორა კონსალვი შემოვიდა. მას მისი ქალიშვილი მოჰყვა; სინიორინა თალხებში იყო გამოწყობილი. სახეზე სქელი, შავი პირბადე ჩამოეფარებინა, ხელში მილისებრ დახვეული ქაღალდის ფურცელი ეჭირა. დედამისს ღია ნაცრისფერი მოხდენილი კაბა ეცვა, რომელიც საოცრად შეეფერებოდა მის ლამაზ სახეს, ფერფლისფერი თმა იებით მორთული კოპწია ქუდიდან მიმზიდველად გამოუკრთოდა.       სინიორა კონსალვის მთელი გარეგნობა იმაზე მიანიშნებდა, რომ ასაკის მიუხედავად, თავს ახალგაზრდად და ლამაზად მიიჩნევდა. ქალიშვილმაც აიწია პირბადე; არც ის იყო დედაზე ნაკლებად ლამაზი, თუმცა ფერმკრთალ სახეზე მორჩილება და ნაღველი ეწერა.       პირველი სავალდებულო მისალმების შემდეგ პოლიანი იძულებული გახდა ქალებისთვის კოლი წარედგინა. რომელიც ისევ დივანზე იჯდა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, ჩამქრალი სიგარეტი კბილებში გაეჩარა, ქუდი ჩამოეფხატა და ჩანდა, წასვლას სულაც არ ფიქრობდა.  – მოქანდაკე ბრძანდებით? – ჰკითხა სინიორინა კონსალვიმ და სიმორცხვისგან უნებურად სახე შეუფაკლდა – კოლი... ჩირო?  – დიახ, კოდიჩილო1 – გაეპასუხა ისიც, გაიჯგიმა, ქუდი მოიხადა და ხშირი, გადაბმული წარბები, ახლო-ახლო ჩამსხდარი თვალები გამოაჩინა. – მოქანდაკე? რატომაც არა! მეც მოქანდაკე გახლავართ.  – მაგრამ მე მითხრეს, – მოუთმენლად განაგრძო გაღიზიანებულმა სინიორინა კონსალვიმ, – რომში არ არისო...  – საქმე ის არის, რომ... მე... ასე ვთქვათ, ცა და ქვეყანა მოვიარე, სინიორინა, – მიუგო კოლიმ. – უწინ მთელ თავისუფალ დროს რომში ვატარებდი, რადგან ეს ზღაპრული ქვეყანა დავიმორჩილე... მერე კი...       სინიორინა კონსალვიმ დედას გადახედა, მან კი გაიცინა და თქვა: – ახლა რა ვქნათ?  – ზედმეტი ხომ არ ვარ, წავიდე? – იკითხა კოლიმ.  – არა, არა, პირიქით, – ნაჩქარევად უპასუხა სინიორინამ.  – პირიქით, გთხოვთ, დარჩით, იმიტომ, რომ...  – შარო საიდან მოდიხარო, ამას ჰქვია! – წამოსცდა დედას, მერე პოლიანის მიუბრუნდა და ჩაილაპარაკა, – თუმცა ამის გამოსწორება შეიძლება... თქვენ ხომ მეგობრები ხართ?  – დიახ, ძალიან ახლო მეგობრები, – უპასუხა პოლიანიმ.       კოლიმ კი დასძინა: – არ დაიჯერებთ, მაგრამ თქვენ მოსვლამდე ერთი წუთით ადრე ჩემი სახლიდან გაგდება უნდოდა!  – აღარ გაჩუმდები? – გამოსცრა კბილებში პოლიანიმ, – გთხოვთ, ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში. რით შემიძლია გემსახუროთ?  – საქმე ის არის, – დაიწყო სინიორა კონსალვიმ და სკამზე ჩამოჯდა. – ჩემს საბრალო ქალიშვილს მოულოდნელად უბედურება დაატყდა თავს, საქმრო დაეღუპა.  – აი, თურმე რა მომხდარა!  – დიახ, ასეა!  – საშინელებაა! წარმოიდგინეთ, სწორედ ქორწილის წინა დღეს მოხდა ეს ტრაგედია! ნადირობის დროს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. შეიძლება წაიკითხეთ კიდეც გაზეთში ჯულიო სორინის ამბავი.  – ოჰ, სორინი, როგორ არა! – წამოიყვირა პოლიანიმ. – ხელში რომ აუფეთქდა თოფი, არა?  – გასული თვის პირველ რიცხვებში... თუმცა, არა... იმის წინა თვეს იყო... ერთი სიტყვით, უკვე სამი თვეა გასული მას მერე. საცოდავი შორეულ ნათესავად გვერგებოდა: ერთ-ერთი ჩემი დეიდაშვილის ვაჟიშვილი გახლდათ, მამამისი ცოლის გარდაცვალების შემდეგ ამერიკაში წავიდა. ასე რომ, ჯულიეტა (ჩემს ქალიშვილს ჰქვია ჯულია, ორივეს თითქმის ერთნაირი სახელები ჰქონდათ)...       პოლიანი წელში მოიხარა და თავი დაუკრა.  – ჯულიეტამ, – განაგრძობდა დედა, – გადაწყვიტა, ძეგლი დაუდგას საფლავზე თავის საქმროს, რომლის ნეშტი ვერონაში, საგვარეულო აკლდამაში განისვენებს. ამ ძეგლთან დაკავშირებით მას გარკვეული ჩანაფიქრები აქვს... ჩემი ქალიშვილი ფერწერისადმი განსაკუთრებულ მიდრეკილებას ყოველთვის იჩენდა...  – არა... არა... – მორცხვად შეაწყვეტინა მგლოვიარემ და თვალები დახარა. – მე მხოლოდ ისე, დროის მოსაკლავად...  – მაპატიე, ძვირფასო, მაგრამ საწყალ ჯულიოს ხომ იმის სურვილიც ჰქონდა, რომ სპეციალურად გემეცადინა...  – დედა, გთხოვ... – შეევედრა სინიორინა. – სინიორ, ერთ-ერთ ილუსტრირებულ ჟურნალში საფლავის ძეგლის პროექტი ვნახე... აქ მყოფი სინიორ კოლის პროექტი... ძალიან მომეწონა და...  – დიახ, დიახ, – დაეთანხმა დედა და ამ ჩარევით დარცხვენილ ქალიშვილს სიტყვა შეაშველა.  – და მაშინ, – განაგრძო ქალიშვილმა, – ვიფიქრე, რომ მცირე შესწორებით...  – მაპატიეთ, რომელ ძეგლზე ლაპარაკობთ? – იკითხა კოლიმ. – მე ხომ მრავალი ესკიზი მაქვს გაკეთებული იმ იმედით. იქნებ რამე შეკვეთა მეღირსოს მიცვალებულისგან მაინც, რაკი ცოცხლები...  – გთხოვთ მომიტევოთ, სინიორინა, – ჩაერია ლაპარაკში პოლიანი, გარკვეულწილად შეურაცხყოფილი იმით, რომ ჩრდილში აღმოჩნდა, – თქვენ ჩემი მეგობრის რომელიმე ესკიზის მიხედვით გსურთ ძეგლის დადგმა?  – არა, მთლად ისეთის არა, მაგრამ... საქმე ის არის, – სწრაფად უპასუხა სინიორინამ, – თუ არა ვცდები, სინიორ კოლის ესკიზი გამოხატავს სიკვდილს, რომელსაც თან მიაქვს სიცოცხლე...  – ჰო, გამახსენდა! – წამოიძახა კოლიმ. – სუდარაში გახვეული ჩონჩხი, არა? მისი ძვლებადქცეული კონტური ოდნავ თუ ამოიცნობა ნაოჭებში. ეს ჩონჩხი სიცოცხლეს ჩაჰფრენია – ჯანმრთელ ქალიშვილს, რომლისთვისაც სრულიად მოულოდნელია ეს... დიახ, დიახ... შესანიშნავია! მშვენიერია! გამახსენდა.       სინიორა კონსალვიმ სიცილისგან თავი ვერ შეიკავა, ამ უცნაური სუბიექტის თავდაჯერებულმა იშვიათმა სითამამემ გააოცა.  – თავმდაბალია, არა? – მიუბრუნდა მას პოლიანი. – მეტისმეტად ახირებული კაცია.  – აი, რას გეტყვი, ჯულია, – ისევ ჩაერია საუბარში სინიორა კონსალვი და წამოდგა, – ხომ არ ჯობია, პირდაპირ აჩვენო შენი ნახატი?  – მოიცადე, დედა, – სთხოვა სინიორინამ. – მე მგონია, უპირველეს ყოვლისა, გულახდილად უნდა ვუთხრათ ყველაფერი სინიორ პოლიანის. როცა ამ ძეგლის დადგმის აზრი დამებადა, გამოგიტყდებით, მაშინვე გამახსენდა სინიორ კოლი. დიახ, დიახ. მხატვრობა ხომ მას ეკუთვნის. მაგრამ, ვიმეორებ, მითხრეს, რომში არ არისო. მაშინ ვეცადე, როგორც მესმოდა, ჩემებურად, ჩემი გემოვნებით გადამეკეთებინა მისი ნახატი, ანუ უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მასში გამომეხატა საკუთარი აზრები და გრძნობები. ხომ გესმით ჩემი?  – გადასარევად! – უპასუხა პოლიანიმ.  – მე ორივე სახე დავტოვე, – განაგრძო სინიორინა კონსალვიმ, – სიცოცხლის და სიკვდილის, მაგრამ მოვხსენი გატაცების თემა. ახლა სიკვდილი აღარ ექაჩება თავისკენ სიცოცხლეს: პირიქით, სიცოცხლე თავად, საკუთარი სურვილით ემორჩილება ბედისწერას და სიკვდილზე ქორწინდება.  – ქორწინდებაო? – დაბნეულად წაიბუტბუტა პოლიანიმ.  – სიკვდილზე! – აღტაცებით წამოიყვირა კოლიმ. – ხელს ნუ გვიშლი!  – სიკვდილზე. დიახ. – გაიმეორა მორიდებული ღიმილით სინიორინამ. – მე სწორედ ქორწინების ჩვენება მინდოდა. ჩონჩხი გაშეშებული დგას, როგორც სინიორ კოლის ესკიზზე, მაგრამ სუდარის ნაოჭებიდან გამოწვდილ ხელში ქორწინების ბეჭედი უჭირავს. მის გვერდით მორჩილად დგას სიცოცხლე. ჩონჩხისკენ მიიწევს, რომ ბეჭედი გამოართვას.  – შესანიშნავია! მშვენიერია! მე ამას მკაფიოდ ვხედავ! – შესძახა კოლიმ. – ეს სულ სხვა აზრია! საოცარია! ეს სულ არ არის ჩემი ჩანაფიქრი, მშვენიერია! ბეჭედი... თითი... დიდებულია!  – დიახ, – განაგრძო სინიორინამ და ისევ წამოწითლდა ამდენი შექებისგან. – მეც მიმაჩნია, რომ ეს გარკვეულწილად განსხვავდება თქვენი ჩანაფიქრისგან. მაგრამ ისიც ეჭვგარეშეა, რომ საფუძვლად თქვენი ნახატი გამოვიყენე, და...  – არ არის საჭირო ცერემონიები! – წამოიძახა კოლიმ. – თქვენი ჩანაფიქრი ჩემსას გაცილებით სჯობს, და ის – თქვენ გეკუთვნით! გარდა ამისა, ჩემსაზე ვინ იტყვის, ნამდვილად ვის ეკუთვნის!       სინიორა კონსალვიმ მხრები აიჩეჩა და თვალები გაუფართოვდა.  – მართალი გითხრათ, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა დედამისმა. – მე არანაირად არ ვეწინააღმდეგები ჩემს შვილს, მაგრამ ვაღიარებ, ეს იდეა არ მომწონს!  – გთხოვთ, დედა... – შეევედრა ქალიშვილი. შემდეგ პოლიანის მიუბრუნდა და განაგრძო: – ჰოდა, რჩევისთვის კომენდატორე სერალის მივმართე, ჩვენს ახლო მეგობარს...  – რომელიც მოწმე უნდა ყოფილიყო საქორწინო კონტრაქტზე ხელის მოწერის დროს, – ამოიოხრა დედამ.  – და რადგან მან თქვენ დაგასახელათ, – განაგრძო ქალიშვილმა, – ჩვენც მოვედით, რომ...  – არა, არა, მაპატიეთ, სინიორინა, – შეედავა პოლიანი. – მაგრა რაკი აქ ჩემი მეგობარი დაგხვდათ...  – ღვთის გულისათვის, თავი დამანებე! – აღშფოთდა კოლი და გაბრაზებული დერეფნისკენ გაემართა.       პოლოიანი ხელში ჩააფრინდა და ძალით შეაჩერა.  – მოიცადე, ხომ ხედავ... სინიორინამ ხომ ასე თქვა... ნუთუ ვერ გაიგონე? მან მე მხოლოდ იმიტომ მომმართა, რომ ეგონა, შენ აქ არ იმყოფებოდი...  – კი, მაგრამ, თვითონ ხომ ყველაფერი შეცვალა! – წამოიძახა კოლიმ და ხელი გაითავისუფლა. – გამიშვი! მე აქ რა მესაქმება! ისინი შენთან მოვიდნენ! მომიტევეთ, სინიორინა, ბოდიში, სინიორა, ნება მეომეცით, დაგემშვიდობოთ.  – დაიხსომე, – მტკიცედ უთხრა პოლიანიმ, თან მეგობრისთვის ხელი არ გაუშვია, – ამ საქმეს ხელს არ მოვკიდებ, და თუ შენ უარს იტყვი, მაშინ არც ერთი ჩვენგანი მას არ გააკეთებს...  – მაპატიეთ, მაგრამ... იქნებ ერთად? – ყოყმანით შესთავაზა სინიორა კონსალვიმ. – ნუთუ ერთად არ შეიძლება?  – ძალიან საწყენია, რომ ჩემდა უნებურად გაგაღიზიანეთ... – დაიწყო სინიორინამ.  – არა, როგორ გეკადრებათ! – ერთხმად შესძახეს კოლიმ და პოლიანიმ.       შემდეგ კოლიმ დასძინა: – მე ვერაინაირად ვერ მოვკიდებ ხელს, სინიორინა! საქმე ის გახლავთ, რომ ახლა სტუდიაც კი არ მაქვს, იმის მეტი აღარაფერი შემიძლია, რომ ყოველ შემხვედრს სისულელე და სიბრიყვე მივაძახო... ჯობს სცადოთ და ეს ტუტუცი დაითანხმოთ...  – იცოდე, ამაოდ ლაპარაკობ, – დაიჟინა პოლიანიმ. – ან ერთად ვიმუშავებთ, როგორც სინიორამ შემოგვთავაზა, ან საერთოდ უარს ვამბობ.  – შეიძლება, სინიორინა? – წამოიწყო უცებ კოლიმ და ხელი გაიწოდა მილივით დახვეული ქაღალდისკენ, რომელიც ქალიშვილს გვერდით ედო. – ძლივს ვითმენ, ისე მინდა თქვენი ნახატის ნახვა. როცა ვნახავ...  – ო, ღვთის გულისათვის, ნუ წარმოიდგენთ, რომ რამე არაჩვეულებრივი იყოს! – სინიორინა კონსალვიმ აცახცახებული ხელებით გაშალა ნახატი. – მე ფანქარიც კი ძლივს მიჭირავს ხელში... ეს მხოლოდ მონახაზია, სულ რამდენიმე შტრიხი, ისიც იმიტომ, რომ იდეა გადმომეცა... აი...  – ჩაცმულია?! – უცებ შეჰყვირა კოლიმ, თითქოს სურათის თვალიერების დროს თავში ურო ჩასცეს.  – ო... როგორ თუ ჩაცმული! – აღელვებულმა ჰკითხა სინიორინამ.  – არა, ბოდიში! – მგზნებარედ განაგრძობდა კოლი. – თქვენ სიცოცხლე პერანგიანი დახატეთ... დავუშვათ, თუნდაც ტუნიკი ეცვას! არა და არა! ის შიშველი უნდა იყოს, შიშველი, სიცოცხლე აუცილებლად შიშველი უნდა იყოს, ძვირფასო ქალბატონო, აუცილებლად!  – მაპატიეთ, – წაიჩურჩულა სინიორინა კონსალვიმ და თვალები დახარა. – გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდით.  – დიახ, ვხედავ, ვხედავ, – უპასუხა კიდევ მეტად აღელვებულმა კოლიმ. – აქ ალბათ გინდოდათ საკუთარი თავი დაგეხატათ, ავტოპორტრეტი გამოგესახათ, მაგრამ, ნება მიბოძეთ, ვიფიქრო, რომ თქვენ გაცილებით მშვენიერი ხართ. ეს მარტო სასაფლაოს ძეგლი კი არ იქნება, არამედ ხელოვნების ნიმუში. ამ სხეულმა, თქვენის ნებართვით, უნდა გამოხატოს სიცოცხლე, რომელიც ჯვარს იწერს სიკვდილზე. რაკი ჩონჩხი ჩაცმულია, სიცოცხლე შიშველი უნდა იყოს, ნუთუ ეს გაუგებარია? დიახ, სრულიად შიშველი და მშვენიერი, კეთილო სინიორინა, რომ მეტი კონტრასტი შექმნას ამ შესუდრულ იმქვეყნიურ ჩონჩხთან! შიშველი! პოლიანი, განა არ მეთანხმები? შიშველი, არა, სინიორინა? აბსოლუტურად შიშველი! დამიჯერეთ, უკიდურეს შემთხვევაში, ეს ლაზარეთის სცენას დაემსგავსება: ზეწარში გახვეული მამაკაცი და ხალათიანი ქალი... ჩვენ ხომ ქანდაკება უნდა შევქმნათ, ამიტომ ამოსავალი წერტილიც ეს უნდა იყოს!  – არა, არა, მომიტევეთ, – ჩაილაპარაკა სინიორინა კონსალვიმ და დედასთან ერთად ისიც წამოდგა. – ხელოვნების თვალსაზრისით თქვენი მოსაზრება ალბათ სავსებით დამაჯერებელია, ვერც შეგედავებით, მაგრამ ის, რაც მე მინდა, შეიძლება ისე გამოიხატოს, როგორც ჩავიფიქრე. და თუ დამაძალებთ, იძულებული გავხდები, უარი ვთქვა...  – კი მაგრამ, რატომ? მაპატიეთ, მაგრამ მარტო თქვენ თავს რატომ წარმოიდგენთ და რატომ აღიქვამთ ასე სიმბოლურად, მითხარით, თუ შეიძლება! ეს ქალიშვილი ლამაზია, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ... მაპატიეთ...       სინიორინამ უპასუხა: – სულაც არ არის ლამაზი. ვიცი, მაგრამ მე მინდა ეს სიმბოლური კი არ იყოს, არამედ მე თვითონ ვიყო, ჩემი ბედი, ჩემი გრძნობები. სხვაგვარად არ შემიძლია. ამას გარდა, იფიქრეთ ისიც, რა ადგილას უნდა იდგეს ეს ძეგლი... ერთი სიტყვით, მე ვერ დაგთანხმდებით.       კოლიმ ხელები მოიფშვნიტა და თავი მხრებში ჩარგო: – ეს ხომ ცრურწმენაა!  – ანდა, უფრო სწორად, პატივისცემის ღირსი გრძნობა, – შეუსწორა სინიორინამ მშვიდი, სევდიანი ღიმილით.       გადაწყვიტეს, რომ ორივე მეგობარი დანარჩენ დეტალებზე კომენდატორე სერალის შეუთანხმდებოდა. შემდეგ სინიორა კონსალვი და მგლოვიარე სინიორინა ახალგაზრდა კაცებს დაემშვიდობნენ.       როცა ისინი წავიდნენ, ჩირო კოლი ქუსლებზე შემოტრიალდა და ხელების ფშვნეტით წაიმღერა: "ტრა-ლა-რა-ლე-რო, ტრა-ლა-რა-ლერა!"       ერთი კვირის შემდეგ კონსტანტინო პოლიანი სინიორინა კონსალვისთან გაეშურა და სტუდიაში მიიწვია, რომ მისი თავის მონახაზი გაეკეთებინა.       კომენდატორე სერალისგან, სინიორინა კონსალვის უახლოესი მეგობრისგან, გაიგო, რომ სორინიმ, რომელმაც ნადირობის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ კიდევ სამი დღე იცოცხლა, საცოლეს მამისგან მემკვიდრეობით მიღებული მთელი თავისი ქონება დაუტოვა. აი, რატომ გადაეწყვიტათ ძეგლი დაედგათ მისთვის და ნაკლებად დარდობდნენ იმაზე, რა დაჯდებოდა ეს ყველაფერი.       სინიორ სერალიმ დაიჩივლა, ყველა იმ საზრუნავის, გულისტკივილისა და უსიამოვნებისგან, რაც თავს დამატყდა ამ უბედური შემთხვევის გამო, მთლად ძალაგამოცლილი ვარ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სინიორინა კონსალვი ბუნებით ერთგვარად გრძნობებს აყოლილია, უფრო აზვიადებს თავის გულისტკივილს, საზრუნავსა თუ უსიამოვნებებს. საბრალო, ნამდვილად იმსახურებს თანაგრძნობას, მაგრამ, ღმერთო შემიწყალე, ზოგჯერ შეიძლება კაცმა იფიქროს, რომ მოსწონს კიდეც თავისი განცდების გადაჭარბება. ოჰ, არავინ ედავება, ეს მართლაც საშინელი ლახვარია, მართლაც მოწმენდილ ცაზე მეხის გაელვებას ჰგავს! თან როგორი კარგი კაცი იყო, საბრალო სორინი! რა ლამაზი! ან რა შეყვარებული!.. რა თქმა უნდა, ბედნიერებას მოუტანდა ამ ქალიშვილს. ვინ იცის, იქნებ იმიტომაც იყო ასეთი დღემოკლე.       ისე გამოდიოდა, რომ სორინი კარგი კაცი იყო და უდროოდაც განგებ გარდაიცვალა, რომ კომენდატორე სერალი გაენაწყენებინა.       აბა, მარტო ის რად ღირდა, რომ სინიორინა კონსალვიმ არ ისურვა წასულიყო იმ სახლიდან, რომელიც მისმა საქმრომ მზრუნველობით მოუწყო, წვრილმანიც კი არ გამორჩენია: მშვენიერი ბუდე გაუკეთა უნ ჯოლი რევე დე ლუხე ეტ დე ბიენ-ეტრე.1 ქალმა განკარგულება გასცა, იქ გადაეტანათ მისი მდიდარი მზითვი და იქვე ატარებდა დღის უმეტეს ნაწილს. არ ტიროდა. ო, არა! იმ ცხოვრებაზე ოცნებით იტანჯავდა თავს, რომელიც ესოდენ უბედურად შეწყდა, ჯერ კიდევ მანამ, სანამ დაიწყებოდა.       მართლაც, პოლიანის შინ არ დახვდა სინიორინა კონსალვი. მოახლემ მისი ახალი საცხოვრებლის მისამართი მისცა ვია პორტა პინჩანაზე. გზად კონსტანტინო პოლიანი იმ მტანჯველ და მწარე სიამოვნებაზე ფიქრობდა, რომელიც საბრალო საპატარძლომ ქორწინებამდე იგემა. რა დღეში იქნებოდა გათხოვებამდე დაქვრივებული, ალბათ დარდს შეაჭმევინებდა თავს, შეუმდგარი ბედნიერების გამო! იმ ცხოვრებაზე ოცნებას გადაჰყვებოდა, რომელიც წინ ელოდა.       ახალი ავეჯი, სასიძო-საპატარძლოს მიერ მზრუნველობით, ყურადღებით შერჩეული და სიყვარულთთ დაწყობილი იმ სახლში, რომელსაც რამდენიმე დღის შემდეგ თავისი პატრონებისთვის უნდა ემასპინძლა, რამდენ სიხარულს ჰპირდებოდა მათ!       აბა, ერთ წამს თქვენი ოცნება კოპწია ზანდუკში ჩაკეტეთ, მერე გახსენით და უდავოდ შეცბებით, მაგრამ აქ არაფერი ასეთი არ მომხდარა: ყველა საგანი ტკბილ ოცნებებთან ერთად ინახავდა იმედებსაც, დანაპირებსაც და, ალბათ, როგორი სასტიკი ეჩვენებოდა უბედურ საპატარძლოს მის გარშემო დალაგებული ნივთების ეს მდუმარე გამოწვევა.  – თანაც ასეთ დღეს, როგორიც დღევანდელია! – ამოიხვნეშა კონსტანტინო პოლიანიმ.       ჰაერში უკვე იგრძნობოდა მოახლოებული გაზაფხულის სუნთქვა; მზის პირველი სითბო გულს ეამებოდა.       ნეტავ რა ტანჯავდა, რაზე ფიქრობდა თავის ახალ სახლში საბრალო სინიორინა კონსალვი, რომელსაც ფანჯრები გამოეხსნა გაზაფხულის მზის სხივების შესაგებებლად, ვინ იცის!       კონსტანტინე პოლიანის სინიორინა მოლბერტთან მჯდომი დაუხვდა: თავის საქმროს ხატავდა. გაუბედავად, თუმცა დიდი მონდომებით პატარა ფოტოსურათიდან დიდ ასლს აკეთებდა, დედამისი კი დროის მოსაკლავად კომენდატორე სერალის ბიბლიოთეკიდან რომელიღაც ფრანგულ რომანს კითხულობდა.       სიმართლე რომ ითქვას, სინიორინა კონსალვის ნამდვილად ერჩივნა, მარტო ყოფილიყო თავის განმარტოებულ ბუდეში. დედა აშკარად ხელს უშლიდა იქ ყოფნით, მაგრამ სინიორა კონსალვი შიშობდა, რომანტიკულმა ეგზალტაციამ ჩემს ქალიშვილს რაიმე სისულელისკენ არ უბიძგოს და არ ჩაადენინოსო. ამიტომაც სახლიდან ფეხს არ დგამდა, გამუდმებით მის გვერდით იყო. თუმცა კი ჩუმად იჯდა და არც კი ოხრავდა, არადა, შვილის სიკერპე და ახირება ნამდვილად არ მოსწონდა.       სინიორა კონსალვი ადრე დაქვრივდა და პატარა გოგონათი უსახსროდ დარჩა. მაგრამ ცხოვრებას ზურგი ვერ შეაქცია და დარდიც კართან გუშაგივით არ გაუჩერებია, როგორც ახლა, ჩანს, მისი ქალიშვილი იქცეოდა.       სულაც არ ფიქრობდა, რომ ჯულიეტას არ უნდა ეგლოვა თავისი მწარე ხვედრი, მაგრამ თავის უახლოეს მეგობარ კომენდატორე სერალივით მასაც მიაჩნდა, რომ მისი ქალიშვილი გადაჭარბებულად დარდობდა: საწყალი სორინის შემდეგ დარჩენილი დიდი სიმდიდრის წყალობით ჯულიეტამ თავს ნება მისცა, მწუხარებასთან ერთად განმარტოებულიყო და ამ ფუფუნებით ესარგებლა. დედამისმა კი კარგად იცოდა ცხოვრების მკაცრი და ვერაგი კანონები, ჯერ კიდევ არ მოშუშებოდა ტკივილები, რომელიც ბევრმა დამცირებამ და არსებობისთვის ბრძოლამ არგუნა. ამიტომაც იყო, რომ ქალიშვილის უმოწყალო ბედი გაცილებით უფრო იოლი გადასატანი ეჩვენებოდა; საკუთარი მძიმე გამოცდილების შემდეგ ჯულიეტას საქციელი სავსებით საპატიებელ სისუსტედ ჩათვალა, რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ ეს ძალიანაც არ გახანგრძლივდებოდა... – ვაილა.1 როგორც ჩვეულებრივ იტყოდა ხოლმე კომენდატორე სერალი.       გონიერმა ქალმა, რომელსაც ბევრი განეცადა და ბევრის მნახველიც იყო, არაერთხელ სცადა ქალიშვილის გამოფხიზლება, – მაგრამ ამაოდ! მისი მეოცნებე და ფანტაზიორი ჯულიეტა იმდენად არ წუხდა, რამდენადაც საკუთარ თავს უნერგავდა, უნდა ვიდარდოო. სწორედ ეს იყო უბედურება! – გრძნობა, დროთა განმავლობაში, აუცილებლად სუსტდება, გონება კი – პირიქით, უფრო ძლიერდება. ამან გაუჩინა ის სულელური აზრიც, რომ სასაფლაოზე ძეგლი დაედგა, რომელსაც სიცოცხლისა და სიკვდილის ჯვარისწერა უნდა აესახა (ეს რაღა ქორწინებაა!). ამაზე არანაკლები სიგიჟე იყო ჯულიეტას მეორე ახირება – ხელუხლებლად შეენახა თავისი საქმროს სამყოფელი, რომ იქ ეოცნება იმ ცხოვრებაზე, რომლის დაგემოვნებაც არ ეწერა.       ამიტომაც იყო, რომ იყო სინიორა კონსალვის უზომოდ გაუხდა პოლიანის მოსვლა.       ყველა ფანჯარა ღია იყო და მზის სხივები ოთახს ავსებდა. თვალისმომჭრელ სხივებში ჩაძირული ვილი ბორგეზეს მშვენიერი ფიჭვების ტყე მწვანე მინდვრებს უერთდებოდა, ხეებს კენწეროები ცისკენ აეწვდინათ.       სინიორინა კონსალვი წამოდგა და სცადა სწრაფად დაემალა ნახატი, მაგრამ პოლიანიმ დაიჟინა: – რატომ? არ გინდათ ნება დამრთოთ, რომ თვალი მაინც შევავლო?  – ეს მხოლოდ მონახაზია...  – მაგრამ შესანიშნავი! – წამოიძახა პოლიანიმ, როცა ნახატს შეხედა. – დიახ, შესანიშნავია... ეს ის არის, სორინი, არა? დიახ, დიახ, ფოტოსურათს რომ შევხედე, მგონი, ნამდვილად ჰგავს. ასეა, ასე... მე ხომ მას ვიცნობდი... მაგრამ ის ხომ წვერს ატარებდა?  – არა, – ნაჩქარევად უპასუხა სინიორინამ, – სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოიპარსა.  – დიახ, მეც ასე მგონია... რა ლამაზი ყმაწვილი იყო, პირდაპირ კალმით ნახატს ჰგავდა...  – არ ვიცი, რა ვქნა, – ისევ თქვა სინიორინამ, – საქმე ის გახლავთ, რომ ეს ფოტო სულაც არ ჰგავს ჩემს გონებაში ჩაბეჭდილ წარმოდგენას.  – ო, დიახ, – მაშინვე დაეთანხმა პოლიანი. – ის გაცილებით უკეთესი იყო, გაცილებით... გაცილებით ხატოვანი სახე ჰქონდა, უფრო ცოცხალი... მე ვიტყოდი...  – ეს ფოტო ამერიკაშია გადაღებული, – შენიშნა დედამ, – ჯერ კიდევ მანამდე, სანამ დაინიშნებოდნენ...  – მეტი არც მაქვს! – ამოიოხრა სინიორინამ. – თვალებს დავხუჭავ ხოლმე და ზუსტად ისეთი წარმომიდგება, როგორიც ბოლო დღეებში იყო, მაგრამ როგორც კი ფანქარს ვიღებ ხელში, სულ იფანტება მისი სახე; სწორედ მაშინ მივაშტერდები ხოლმე ფოტოსურათს და თანდათან მეჩვენება, რომ კვლავ ჩემ წინაშე დგას, ხორცშესხმული. ისევ ვცდილობ პორტრეტის გაგრძელებას და ისევ ვეღარ ვცნობ ამ ხაზებში. სასოწარკვეთილებამდე ვარ მისული!  – ერთი შეხედე, ჯულია, – შენიშნა უცებ დედამ, რომელიც პოლიანის შეჰყურებდა, – ნუთუ ვერ ამჩნევ, ნიკაპის მოყვანილობა, წვერი რომ არ ჰქონდეს... ვერ ამჩნევ, სინიორ პოლიანის ნიკაპი...       პოლიანი გაწითლდა და გაიღიმა. უნებურად ნიკაპი წინ წამოსწია, თითქოს სინიორინა აპირებდა ორი თითით აეღო ეს ნიკაპი და სორინის პორტრეტზე გადაეტანა.       სინიორინამ შეფიქრიანებულმა ახედა ჭერს, მერე კი მორცხვად შეხედა მოქანდაკეს, – რა არის, რომ დედამისი სრულიად არ ითვალისწინებს მის გლოვას!  – ულვაშებიც ისეთი აქვს, შეხედე, – დაიჟინა სინიორინა კონსალვიმ, – საბრალო სორინი ხომ ბოლო დროს ულვაშს ატარებდა, ასე არ არის?  – რად მინდა ულვაშები, – წყენით უპასუხა სინიორინამ. – სულაც არ ვაპირებ ულვაშების დახატვას.       კონსტანტინო პოლიანიმ უნებურად ხელი წაავლო თავის ულვაშს, ისევ გაიღიმა და დაეთანხმა: – არც არის საჭირო მათი დახატვა...       მერე მოლბერტს მიუახლოვდა და თქვა: – აი, შეხედეთ, თუ ნებას მომცემთ... მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა, სინიორინა... აი ასე, აქ ორი შტრიხით... ღვთის გულისათვის, ნუ შეწუხდებით! აქ, ეს ადგილი (ნახატი წაშალა)... რამდენადაც მახსოვს, საბრალო სორინი...       დაჯდა და ფოტოსურათს დააცქერდა. მერე სორინის თავის ხატვა დაიწყო. სინიორინა კონსალვი ჟრჟოლით ადევნებდა თვალს მისი ხელის სწრაფ მოძრაობას. ყოველი ახალი შტრიხის მოსმისას ნახევრად ღია ბაგეებიდან აღტაცების შეძახილები სწყდებოდა: "დიახ... დიახ... დიახ...", რაც მოქანდაკეს კიდევ მეტ შთამაგონებას სძენდა და, შეიძლება ითქვას, მის ფანქარსაც კი მიმართულებას აძლევდა. როცა დაამთავრა, ქალმა აღფრთოვანება ვეღარ დაფარა.  – დიახ, დიახ! შეხედე, დედა... ეს ის არის... ნამდვილი სორინია... ო, ნება მომეცით... გმადლობთ... რაოდენი წყალობაა, შეგეძლოს აი, ასე... ეს ხომ სრულყოფილებაა... სრულყოფილება...  – პატარა პრაქტიკას გაივლით და... – თავმდაბლად უთხრა პოლიანიმ და წამოდგა, თუმცა აღტაცებული ქებისგან აშკარად ნასიამოვნები იყო: – გარდა ამისა, მე ხომ უკვე გითხარით, მშვენივრად მახსოვს უბედური სორინი-მეთქი...       სინიორინა კონსალვი ისევ ხარბად მისჩერებოდა ნახატს.  – ნიკაპიც კი... ისეთი აქვს, როგორც მას... ზუსტად ისეთი... გმადლობთ, გმადლობთ.       უცებ სორინის ფოტოსურათი, ორიგინალის მაგივრად რომ შემოედოთ მოლბერტზე, დაცურდა. სინიორინა კონსალვი პოლიანის ნახატის ცქერით ისე იყო გატაცებული, არც კი დახრილა ასაღებად.       პატარა, ოდნავ შელახული ფოტოსურათი იატაკზე ეგდო. სორინის სახე დასევდიანებოდა, თითქოს მართლა ესმოდა, რომ მისთვის უკვე ყველაფერი დამთავრდა, აღარაფერი არსებობდა.       მაგრამ პოლიანი რაინდულად დაიხარა და ფოტოსურათი აიღო.  – გმადლობთ, – უთხრა სინიორინამ. – მაგრამ, იცოდეთ, ამიერიდან თქვენი ნახატის მიხედვით ვიხელმძღვანელებ. აღარც შევხედავ ამ უბადრუკ ფოტოს.       ზემოთ აიხედა. უცებ მოეჩვენა, რომ ოთახი მეტად განათდა. აღტაცებამ მთლად გაახალისა, თითქოს სულ მიავიწყდა დარდი, შვებითაც კი ამოისუნთქა; თითქოს დათვრა ღია ფანჯრებიდან შემოჭრილი გაზაფხულის ხალისიანი, კაშკაშა, მომაჯადოებელი ზღაპრული სანახაობით.       განუმეორებელი წუთი! სინიორინა კონსალვიმ ვერ გაიგო, რა მოხდა მის სულში. ყველა ახალ, თუმცაღა ჩვეულ საგნებს თვალი მოავლო და უნებურად ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ახლა დაიბადა. თავისუფლად იგრძნო თავი, თითქოს გათავისუფლდა კოშმარისგან, რომელიც ბოლო წუთამდე გულს უკუმშავდა. რაღაც უხილავმა ძალამ შეაკრთო, ფანჯრიდან შემოიჭრა და გრძნობები გაუღვიძა, გული აუფორიაქა: თითქოს, უძლეველმა ძალამ შთაბერა სიცოცხლე იმ საგნებს, რომელთაც ჯულიეტა უმტკიცებდა, ცხოვრება აღარ ღირსო და აქ ასე ხელუხლებლად დატოვა, რათა მათთან ერთად მისცემოდა სასიკვდილო ძილს.       აყურადებდა სასიამოვნო ხმას, ესმოდა ახალგაზრდა, კარგი აღნაგობის მოქანდაკე როგორ აქებდა ლამაზ პეიზაჟს და მშვენივრად მოწყობილ სახლს, როგორ ესაუბრებოდა დედამისს, რომელიც სხვა ოთახების დასათვალიერებლად ეპატიჟებოდა და საოცრად აღელვებული ადევნებდა თვალს ორივეს, თითქოს ეს უცხო ჭაბუკი მართლა იმიტომ შემოიჭრა აქ, რომ საღათას ძილისგან გამოეფხიზლებინა და კვლავ ცხოვრებისთვის დაებრუნებინა იგი.       ისეთი ძლიერი აღმოჩნდა ეს ახალი გრძნობა, რომ გოგონამ საძინებლის ზღურბლზე გადაბიჯება ვერ გაბედა, ხოლო როცა დაინახა, ახალგაზრდა კაცმა და დედამისმა ერთმანეთს როგორ მრავალმნიშვნელოვნად, თუმცაღა ოდნავი სევდით გადახედეს, თავი ვეღარ შეიკავა და აქვითინდა.       იმასვე დასტიროდა, რისთვისაც ამდენ ხანს ღვრიდა ცრემლებს, მაგრამ – ჯერაც გაუაზრებლად, – მაინც ესმოდა, რომ ეს ცრემლები სულ სხვაგვარი იყო, რადგან ტირილი ახლა მის სულში ძველ დარდს აღარ აღვიძებდა, არ ესახებოდა ის აკვიატებული სახე, რომელიც ადრე სულ თვალწინ ედგა. განსაკუთრებით მკაფიოდ ეს მაშინ იგრძნო, როცა დედამისმა მოირბინა და ისევ დაუწყო დამშვიდება, როგორც ბევრჯერ ამშვიდებდა იმავე სიტყვებით, იმავე დარიგებებით. ჯულიეტამ ვეღარ გაუძლო ამას, თავს ძალა დაატანა და ქვითინი შეწყვიტა. მადლიერი დარჩა ჭაბუკის, რომელმაც თითქოსდა მის გასართობად და ყურადღების გადასატანად, სთხოვა იქვე, თაროზე დადებული ნახატებიანი საქაღალდე ეჩვენებინა.       ესმოდა ქება, ზომიერი, თუმცა გულწრფელი, შიგადაშიგ შენიშვნებიც, რჩევები, შეკითხვები, რაც აიძულებდა ქალს, განმარტებები მიეცა. ბოლოს კი მგზნებარედ სთხოვდა, მეტი ესწავლა, ხელოვნებისადმი მიდრეკილება არ მიეტოვებინა – გაეღრმავებინა ესა უდავო ნიჭი! თუ ასე არ მოიქცევა, ცოდვას ჩაიდენს, ნამდვილად ცოდვას ჩაიდენს! საღებავებით ხატვა არასოდეს უცდია? არც ერთხელ? კი მაგრამ, რატომ? ო, არა, ეს სულაც არ არის ძნელი ასეთი მონაცემების, ასეთი ემოციური ბუნების მქონე ადამიანისთვის.       კონსტანტინო პოლიანიმ შესთავაზა, ჯერჯერობით მე დაგეხმარებითო. სინიორინა კონსალვი დათანხმდა და გაკვეთილები მეორე დღესვე დაიწყეს, იმავე ახალ, ლამაზად მოწყობილ სახლში.       ორი თვის შემდეგ პოლიანის სტუდიაში, სადაც უკვე მთლად დასრულებული საფლავის უზარმაზარი ძეგლი იდგა, გრძელ ხალათში გამოწყობილი ჩირო კოლი დივანზე გაშოტილიყო და თან ყალიონს აბოლებდა; მის წინ შავ სადგამზე იდგა ნაცნობი ექიმისგან ნათხოვარი ჩონჩხი, რომელიც მოდელის მაგივრობას უწევდა. მოქანდაკე მას საკმაოდ უცნაურად ებაასებოდა.       კოლიმ ოდნავ გვერდულად წამოაცვა თავისი ქაღალდის ქუდი, ჩონჩხიც, თითქოს ფეხოსანი ჯარისკაციაო, გაჭიმული იდგა და ყურადღებით უსმენდა დარიგებებს, რომელსაც ჩირო კოლი, მოქანდაკე კაპრალი აძლევდა და თან აბოლებდა: – ნეტავ ვიცოდე, რა ჯანდაბამ წაგიყვანა სანადიროდ? ხედავ, როგორ მიგატოვეს, ჩემო კარგო? ახლა რაღა გინდა... ფეხები ჯოხებს მიგიგავს... მთლად ჩამოხმი... გულწრფელად რომ ვილაპარაკოთ, ნუთუ ფიქრობ, რომ თქვენი ქორწინება შედგებოდა? არა, ერთი თვალი შეავლე ცხოვრებას, ჩემო კარგო... ეს რა კარგი გოგონა გამოძერწა ჩემმა ხელებმა, ნაკლს ვერ უპოვის კაცი, ნუთუ მართლა გაქვს იმედი, რომ შენთან ქორწინებას მოინდომებს? აი, აქვე დგას, შენ გვერდით, მორიდებული და გაყურსული, ცრემლები სდის თვალებიდან... მაგრამ რაც შეეხება საქორწინო ბეჭედს... მაგაზე ფიქრი თავიდან ამოიგდე! ფული კი – ფული ბლომად არის!.. შენ ხომ მთელი ქონება დაუმტკიცე? ახლა ჩემგან რაღა გინდა? მაინცდამაინც უნდა გითხრა, რომ ამ ქორწინების არ მჯეროდა-მეთქი? საცოდავი სულელები იქნებიან ისინი, ვინც ამას ირწმუნებენ! ის ახლა ფერწერას სწავლობს და მერე იცი, ვინ არის მისი მასწავლებელი? კონსტანტინო პოლიანი. აი, ნამდვილი ოინი. შენ ადგილზე ნამდვილად დუელში გამოვიწვევდი. ამ დილით ვერ გაიგონე? პირდაპირ მიბრძანა. მას არ უნდა, მიკრძალავს, რომ შიშველი გამოვსახო ჯულიეტა. არადა, ეგ ვირი ხომ მაინც მოქანდაკეა და შესანიშნავად იცის – იმისთვის, რომ ტანზე ჩავაცვა, ჯერ შიშველი უნდა გამოვძერწო... მე შენ ყველაფერს ისე გეუბნები, როგორც არის: ბიჭს არ უნდა, რომ ამ შიშველ სხეულს მისი სინიორინას მშვენიერი სახე ჰქონდეს... რომ გაბრაზდა, პირდაპირ მივარდა – ხედავ? ჯოხის ორი დარტყმით ბრახ-ბრუხ! – სულ გამიფუჭა ნამუშევარი... იქნებ შენ ამიხსნა, რატომ მოიქცა ასე, ჩემო ერთგულო ჯარისკაცო? მე ვუყვიროდი: "თავი დაანებე! ერთ წუთში შევმოსავ, ჩავაცმევ-მეთქი!" მაგრამ ჩაცმისთვის სადღა სცალიათ! ახლა უნდათ, რომ... სიცოცხლე გაშიშვლებული დაინახონ, გაშიშვლებული, გაშიშვლებული და არა გალამაზებული, როგორც ნამდვილად არის, ჩემო კარგო! ისინი ისევ ჩემს პირველ ესკიზს დაუბრუნდნენ, სიმბოლურს. ჯანდაბას პორტრეტი! შენ, ჩემო კარგო, სიცოცხლეს ეჭიდები, რომლისთვისაც უკვე უსარგებლო ხარ... ან რამ წაგიყვანა სანადიროდ? მითხარი, ღვთის გულისათვის! ლუიჯი პირანდელო …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 1:04pm on სექტემბერი 10, 2015
თემა: ბავშვთა და პედაგოგიური ფსიქოლოგია
ოგადოებისთვის. ამიტომ უძველეს კულტურებსა და ცივილიზაციებში არსებობდა გარკვეული პედაგოგიური პრინციპები და მათი რეალიზაციის ტექნოლოგია. განათლების შინაარსი, სწავლა-აღზრდის ორგანიზაციის წესი და მეთოდები ნაკარნახევი იყო ამა თუ იმ კულტურის „ობიექტური“ (სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა) თავისებურებებით. რაც შეეხება „სუბიექტურ“ მხარეს, აღსაზრდელის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, მათ სერიოზული მნიშვნელობა არ ენიჭებოდა და მხოლოდ მაშინ ითვალისწინებდნენ, როცა საჭირო ხდებოდა იმის გარკვევა, შეეძლო თუ არა აღსაზრდელს მის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულება. პედაგოგიური ფსიქოლოგიის საკითხები თითქმის არ იყო რეფლექსირებული; მათი გადაწყვეტა პრაქტიკულ პლანში, საღი აზრის დონეზე ხდებოდა.       ანტიკურ ფილოსოფიაში იმთავითვე გაჩნდა მოსაზრებები ბავშვის ფსიქიკის განვითარების თაობაზე. სულიერი მოვლენების საფუძვლების ძიებას ანტიკური მოაზროვნეები აუცილებლობით მიჰყავდა ფსიქიკის განვითარების იდეამდე, რაც ლოგიკურად აყენებდა საკითხს განვითარების პროცესის განმსაზღვრელი ფაქტორებისა და ეტაპების შესახებ. აქედან გამომდინარე, ძველი დროის წამყვანი მკვლევარები სულზე (ფსიქიკაზე) თავისი შეხედულებების დასამტკიცებლად ხშირად მიუთითებდნენ იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ბავშვი სამყაროს, როგორ ითვისებს ახალ ცნებებს, როგორ რეაგირებს სხვადასხვა სიტუაციაზე და ა.შ. (დემოკრიტე, სოკრატე, პლატონი, არისტოტელე, ეპიკურე, ძენონი, სენეკა, კვინტილიანე, მარკუს ავრელიუსი და ბევრი სხვა). ასე გაგრძელდა მომდევნო ეპოქებში, როგორც ქრისტიანული ტრადიციის (ავგუსტინე, თომა აქვინელი, ერაზმ როტერდამელი, ხუან ვივესი და სხვა), ისე აღმოსავლური ტრადიციის (კონფუცი, ალ-ღაზალი, ავიცენა, ავეროესი და სხვა) ფარგლებში.       შუასაუკუნოვან ევროპაში გაბატონებული იყო დოგმატურ-რელიგიური, სქოლასტიკური განათლება. სქოლასტიკის მთავარი სასწავლო მეთოდია გაზეპირება და დამახსოვრება (როგორც წესი, თვალსაჩინო წარმოდგენისა და გააზრების გარეშე). სქოლასტიკური პედაგოგიკა ყურადღებას არ აქცევდა ბავშვის ფსიქოლოგიას, ბავშვს მხოლოდ გამოსაძერწ და მოსარჯულებელ მასალად განიხილავდა, მიზნად ისახავდა ბავშვის ბუნების დათრგუნვას, რადგან იგი ცოდვილად და მანკიერებისკენ მიდრეკილად მიაჩნდა. სწამდა, რომ მხოლოდ ბუნების დათრგუნვით შეიძლება ზნეობრივი და გონიერი ქრისტიანის აღზრდა. ამგვარი მიდგომა, რომელიც XVII-XVIII საუკუნეებში პროტესტანტულმა ეთიკამ კიდევ უფრო გააძლიერა, XX საუკუნის შუახანებამდეც კი შემორჩა. სქოლასტიკური ზეპირობა კი XXI საუკუნეშიც ერთ-ერთ მთავარ სასწავლო მეთოდად რჩება. მხოლოდ რენესანსის ხანაში მოხდა გამონათება და ანტიკური ტრადიციის განვითარება, ოღონდ გაცილებით მაღალ დონეზე - ქრისტიანული ჰუმანიზმისა და ინდივიდუალიზმის დონეზე. რენესანსის ფილოსოფიაში და, კერძოდ, პედაგოგიკაშიც, სქოლასტიკის საპირისპიროდ, მთავარია ბუნებითობის პრინციპი.       რენესანსის ჰუმანისტებმა (იტალიელები ვ. დე ფელტრე, პ. ვერჯერიო და მ. ვეჯიო, ჰოლანდიელი ერაზმი, ინგლისელი თ. მორი, ფრანგები ფ. რაბლე და მ. მონტენი, ჩეხი ი.ა. კომენსკი და სხვანი) კლასიკური პედაგოგიკა დააფუძნეს. რენესანსის ფილოსოფიის თანახმად, ღმერთმა ადამიანი ამქვეყნიურობის გვირგვინად და მეუფედ შექმნა, მოუწყო მას მშვენიერი სამყარო - ლამაზი ბაღი, რომელშიც ადამიანი ბედნიერად უნდა ცხოვრობდეს (ამ სიცოცხლეშივე), გონებით უნდა შეიმეცნებდეს და გულით ესთეტიკურად უნდა განიცდიდეს ამ სამყაროს - ღმერთის დიად ქმნილებას. მაგრამ, ამასთან, ვითარც კეთილ მეუფეს, ადამიანს ამ სამყაროზე ზრუნვაც ევალება - როგორც კარგი მებაღე ზრუნავს თავის ბაღზე. სიქველე, თავისუფალი შრომა, სიყვარული, შემოქმედება (ღმერთის მიბაძვა) - აი, ადამიანის მოწოდება და ღვთივსათნო საქმე (უკვე აქედან ჩანს აშკარად, თუ როგორ ძირეულად განსხვავდება რენესანსის სიცოცხლისმოყვარული ფილოსოფია ორთოდოქსული ქრისტიანობის გარდამქმნელი მეორე მძლავრი მოძღვრებისგან - პირქუში პროტესტანტიზმისაგან). ჰუმანისტებმა უარყვეს შუასაუკუნეთა სქოლასტიკური საეკლესიო პედაგოგიკა და, ანტიკური ტრადიციების აღორძინებით, დააფუძნეს სწავლება-აღზრდის საერო მოძღვრება მეცნიერებაზე დამყარებით (განათლების მეცნიერულობა). ეს იყო ჰუმანიზმის ზოგადი ფილოსოფიის გადატანა კერძოდ ბავშვზე: როგორც ადამიანია ამქვეყნიურობის ცენტრი, ისევე უნდა იყოს ბავშვი სწავლება-აღზრდის ცენტრი, ანუ განათლების მიზანი და არა საშუალება თუ მასალა (თანამედროვე პედაგოგიკაში ამას ეწოდება პედოცენტრიზმი ანუ მოსწავლეზე ცენტრირება); ამასთან, ყველა ბავშვი განუმეორებელი პიროვნებაა და თავისებური მიდგომა სჭირდება (განათლების ინდივიდუალიზაცია); როგორც ადამიანის ცხოვრება უნდა იყოს სისხლსავსე და მრავალმხრივი, ისე ბავშვის აღზრდაც უნდა იყოს მრავალმხრივი: სხეულის, გრძნობის, უნარის, გონებისა და ნების ურთიერთშეწონილი განვითარებით (ჰარმონიული განათლება); როგორც მებაღის მუშაობაში მთავარი საფუძველია მცენარეთა ბუნებრივი (ღმერთის მიერ ჩანერგილი) თვისებები, და მებაღე მათ საუკეთესო გაფურჩქნაზე უნდა ზრუნავდეს, ასევე პედაგოგიკის მიზანიც ისაა, რომ ბავშვის სულში ჩანერგილ, თანდაყოლილ უნართა და ჯანსაღ მიდრეკილებათა საუკეთესო გაფურჩქნა-განვითარებას შეუწყოს ხელი, ამასთან, ~გასხლას~ არაჯანსაღი ~წანაზარდები~. ესაა თანდაყოლილისა და შეძენილის, ბუნებრივისა და სოციალურის ურთიერთზემოქმედება ანუ ინტერაქცია - რისი კარგი ხატოვანი მაგალითიცაა სწორედ ბაღი, რომელიც ბუნებრივისა და კულტურულის ჰარმონიულ შერწყმას წარმოგვიდგენს.       ჰუმანისტებმა ყურადღება გაამახვილეს აგრეთვე ბავშვის (ზოგადად, ადამიანის) შემეცნებით უნართა მრავალფეროვნებაზეც: პირველადია უშუალო შეგრძნება (თვალსაჩინოების პედაგოგიკური პრინციპი), რომელიც, მომდევნო დონეზე, უნდა განვითარდეს განყენებულ განსჯით აზროვნებად; მეხსიერება მხოლოდ თვალსაჩინო წარმოდგენასთან და აზროვნებასთან ერთად და მათზე დაყრდნობით უნდა მუშაობდეს (გააზრებული სწავლების პრინციპი); ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე უშუალო წვდომას, ანუ ინტუიციას. მიუხედავად თვალსაჩინოების პრინციპის დამკვიდრებისა, რენესანსის გნოსეოლოგია (შემეცნების თეორია) არ იყო ცალმხრივად სენსუალისტურნომინალისტური, რადგან შეუძლებლად მიაჩნდა აზროვნებისა თუ ზნეობის ფორმების განვითარება შეგრძნებებიდან - თანდაყოლილი, ღმერთის მიერ მონიჭებული წინარეფორმების (ნასახების) გარეშე. სწორედ ეს ნასახები უნდა განავითაროს და ჩამოაყალიბოს ბავშვის გამოცდილებამ და ბავშვზე პედაგოგიურმა ზემოქმედებამ.       ახალი დროის ფილოსოფოსთაგან, საინტერესო მოსაზრებები ფსიქიკური განვითარების სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებით გამოთქმული აქვთ დეკარტეს, სპინოზას, ლაიბნიცს. მაგრამ ლოკი და რუსო იყვნენ ის მოაზროვნენი, რომლებმაც მთლიანად შეცვალეს ის ინტელექტუალური კლიმატი, სადაც ხდებოდა ბავშვის ფსიქიკური ბუნების, მისი განვითარებისა და ფორმირების საკითხების განხილვა.       ჯონ ლოკი ემპირიული ფსიქოლოგიის ფუძემდებლად ითვლება (იხ. თავი 4.1.). იგი ამოდიოდა იქიდან, რომ ადამიანის ფსიქიკური მოწყობა ემპირიული გამოცდილების შედეგია. ადამიანი დაბადებიდან „სუფთა დაფაა“, რომელზეც გარემოს ზემოქმედების კვალდაკვალ იწერება ყოველგვარი ცოდნა ბუნების მოვლენებისა თუ საზოგადოებრივი წესების შესახებ. იგი ენერგიულად ებრძოდა ე.წ. თანდაყოლილი იდეების პოსტულატს, რომელსაც ბევრი მომხრე ჰყავდა (დეკარტე, ლაიბნიცი და სხვა). ყველა ახალშობილი ერთნაირია, ხოლო იდეებით აღსავსე ცნობიერებისა და ზნეობრივი პიროვნების ფორმირება სოციალური გარემოცვის, პირველ რიგში, სწავლა-აღზრდის ნაყოფია. განსაკუთრებით დიდია გარემოს ზემოქმედების როლი ბავშვის ცხოვრების პირველ წლებში, როდესაც მისი ფსიქიკა უფრო მოქნილია და მეტად ექვემდებარება მოზრდილების გავლენას.       სასწავლო და აღმზრდელობითი ზემოქმედება გარკვეული მექანიზმებისა და წესების გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს. ამ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებები ლოკმა ჩამოაყალიბა თავის მთავარ ფილოსოფიურ ნაშრომში „ცდა ადამიანის გონების შესახებ“ (1690), ძირითად, პედაგოგიურ ნაშრომში „აზრები აღზრდის შესახებ“ (1693) და მისი სიკვდილის შემდეგ გამოცემულ ტრაქტატში „ადამიანის გონების მართვის შესახებ“ (1706).       ლოკი ფიქრობდა, რომ ცნობიერება შედგება იდეებისაგან. მარტივი იდეები შეგრძნების გზით შემოდიან ცნობიერებაში. რთული იდეები მარტივი იდეების გადამუშავებით და კომბინირებით წარმოიქმნება. ამის ერთ-ერთ მექანიზმს ასოციაცია წარმოადგენს. ლოკი ასოციაციური ფსიქოლოგიის სათავეებთან დგას, თუმცა ასოციაცია სპეციფიკურად ესმის. ამ ტერმინით იგი აღნიშნავს იდეებს შორის არსებულ არაბუნებრივ ან არასწორ კავშირებს. მაგალითად, თუ ბავშვს რაიმე საგანთან ურთიერთობისას უარყოფითი გამოცდილება ჰქონდა, ცნობიერებაში ამ საგნის იდეის გაჩენა ნეგატიურ გრძნობებს და მის გამოყენებაზე უარის თქმას იწვევს, თუმცა ის, შესაძლოა, ძალიანაც სასარგებლო იყოს. ეს შემცდარი დამოკიდებულების ან ჩვევის მაგალითია, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. მაგრამ დადებითი გამოცდილებისა და სასარგებლო ჩვევების შეძენა აუცილებელია და ამის ერთ-ერთი საშუალებაა გამეორება. გამრავლების ტაბულა ბევრჯერ უნდა წაიკითხო, კბილები ხშირად უნდა გაიხეხო. სწორედ ასე ხდება სათანადო ცოდნა-ჩვევის ფორმირება. კიდევ ერთი საშუალებაა მიბაძვა. აქ უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება კარგ მაგალითს, რომელსაც ბუნებით მიმბაძველი ბავშვი მიჰყვება. მაგრამ კარგი მოქმედებისა და შეხედულების გამომუშავებისთვის ეს ხშირად არ კმარა. სწავლა-აღზრდის პროცესი დასჯა-წახალისების გამოყენებასაც გულისხმობს, მაგრამ აქცენტი წახალისებაზე უნდა გაკეთდეს და შეძლებისდაგვარად, გამოირიცხოს ფიზიკური დასჯა (მაგ., როზგი). ქცევის გარეგან სტიმულებთან ერთად (შექება, საჩუქარი), ლოკი შინაგანი სტიმულების მნიშვნელობაზე ამახვილებდა ყურადღებას. საუბარია იმაზე, რომ გამოყენებულ იქნეს ბავშვის ცნობისმოყვარეობა, ის ბუნებრივი მექანიზმი, რითაც ადამიანი დაჯილდოებული იმთავითვეა და საიდანაც, სწორი აღზრდის შემთხვევაში, აღმოცენდება ცოდნისკენ სწრაფვა. ლოკი აღნიშნავდა, რომ აღზრდის რეალურ პროცესში ჩამოთვლილი მექანიზმები ხშირად ერთად მოქმედებენ. მაგალითად, საფიქრალია რომ ბავშვი თავის მშობლებს მიბაძავს, თუ დაინახავს, რომ ისინი ტანსაცმელს საკიდზე ჰკიდებენ. ეს კარგი მოქმედება გამეორებათა შედეგად ჩვეულებად გადაიქცევა და მით უფრო განმტკიცდება, რაც მეტს შეაქებენ მას ამის გამო.       სწავლა-აღზრდის შინაარსი და საშუალებები უნდა შეესაბამებოდნენ ბავშვის ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებს. ვერ მოინახება ორი ბავშვი, ამტკიცებდა ლოკი, რომელთა აღზრდისას შესაძლებელი იქნება ზუსტად ერთნაირი მეთოდებისა და ხერხების გამოყენება. ინდივიდის მიდრეკილებების გათვალისწინება აუცილებელია იმისთვისაც, რომ სწავლის პროცესი დადებითი ემოციების ფონზე მიმდინარეობდეს, იყოს საინტერესო, სახალისო და, ამდენად, ეფექტური. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ბავშვები ერთმანეთისაგან იმთავითვე განსხვავდებიან. მათი ინდივიდუალური უნარები და მიდრეკილებები სერიოზულ შეზღუდვებს უქმნიან სწავლების შინაარსისა და მეთოდების განსაზღვრის საქმეს. ლოკი სისულელედ მიიჩნევს იმაზე ფიქრსაც, რომ შეეცვალათ ან წინ აღდგომოდნენ ბავშვის ბუნებრივ მიდრეკილებებს. როგორც არ უნდა შეფასდეს ეს დებულება დღევანდელი მეცნიერების თვალსაზრისით, ერთი რამ ცხადია, - ის ეწინააღმდეგება ლოკის ზოგად ემპირისტულ პოზიციას, რომელიც მისი მსოფლმხედველობის ქვაკუთხედია. გამოდის, რომ ბავშვის გონება არ ყოფილა „სუფთა დაფა“, ან კიდევ „თიხის ნაჭერი“, რომლისაგანაც ყველაფრის გამოძერწვა შეიძლება. განვითარების თეორიების სპეციალისტებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ლოკის პედაგოგიური სისტემის ეს არათანმიმდევრულობა.       ჟან-ჟაკ რუსოსთვის (1712-1778) პოსტულატი ბავშვების თანდაყოლილი ფსიქიკური განსხვავებულობის შესახებ, პედაგოგიური კონცეფციის ერთ-ერთი საფუძველი იყო. რუსოს აზრით, ბავშვი ვითარდება ბუნების მიერ დაწერილი გეგმის შესაბამისად. განვითარების პროცესი შინაგნად არის განსაზღვრული. ლოკისაგან განსხვავებით, მას არ სჯეროდა, რომ სულიერი სფეროს ფორმირება ყოვლისშემძლე გარეგანი (პირველ რიგში სოციალური) ზემოქმედების მიხედვით წარიმართება. აღზრდა მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ ის შეესაბამება აღსაზრდელის ბუნებრივ უნარებს და მიდრეკილებებს, მისი განვითარების გეგმას. აღზრდამ უნდა შექმნას ოპტიმალური პირობები, რათა ამ გეგმის განხორციელება დაუბრკოლებლად წარიმართოს, რათა ბავშვმა თვითონ გამოავლინოს მისი შესაძლებლობები. ბუნება, ამბობდა რუსო, როგორც ფარული მასწავლებელი, აღძრავს ბავშვს, რათა მან ზრდის სხვადასხვა სტადიაზე სხვადასხვა უნარები განივითაროს. ბუნებრივად დაწესებული განვითარების განრიგი ასახავს როგორც ბავშვის ინდიდიდუალურ თავისებურებებს (ზოგი ადრე იწყებს სიარულს, ან გვიან იწყებს ლაპარაკს, ზოგი ხელოვნებისკენ არის მიდრეკილი, ზოგი მეცნიერებისკენ და ა.შ.), ასევე განვითარების ზოგად კანონზომიერებებს. ამ კანონზომიერებათა შესაბამისად გამოიყოფა განვითარების ოთხი სტადია ან პერიოდი, რომელთაც ყველა ბავშვი გაივლის. მათი დახასიათება ხდება იმის მიხედვით, თუ რომელი სფეროს განვითარება მიმდინარეობს უპირატესად და როგორ უნდა წარიმართოს აღზრდის პროცესი ბუნების ჩანაფიქრის ოპტიმალური რეალიზაციისთვის.       პირველი პერიოდი, ჩვილობა (დაბადებიდან 2 წლამდე), უპირატესად ფიზიკური განვითარების სტადიაა. მშობლების ვალია შეუქმნან ბავშვს სათანადო პირობები ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ, ამასთან, იყვნენ საკმარისად მომთხოვნები რათა ზედმეტად არ გაანებივრონ შვილი. სხეულებრივი განვითარებისთვის აუცილებელია ფიზიკური ვარჯიშისა და წრთობის ორგანიზება. ამ პერიოდში ბავშვებს არა აქვთ იდეები და გონება. ისინი უბრალოდ განიცდიან ტკივილს ან სიამოვნებას და ამ პროცესში ეცნობიან საგანთა თვისებებს (ცივი, თბილი, მაგარი, რბილი და ა.შ.). ბავშვები, აგრეთვე, იწყებენ დამოუკიდებლად ენის ათვისებას და ამ პროცესში უფროსების საგანგებო ჩარევა, მით უფრო მისი დაჩქარების მცდელობა, არ არის რეკომენდებული.       მეორე პერიოდი, ბავშვობა (2-დან 12 წლამდე) ძირითადად სენსორული განვითარების სტადიაა. რუსო, ფრანგი განმანათლებლების უმეტესობის მსგავსად, სენსუალისტი იყო და ამიტომ შეგრძნებათა განვითარებას აზროვნების მომავალი განვითარების საფუძვლად მიიჩნევდა. ამ დროს ბავშვი სამყაროს გრძნობის ორგანოების საშუალებით ეცნობა. მას აქვს თავისებური ინტუიციური გონებაც, მაგრამ ის უშუალოდ არის დაკავშირებული სხეულის მოძრაობებთან და შეგრძნებებთან. მაგალითად, ბურთის ზუსტად მსროლელი ბავშვი ავლენს სიჩქარისა და მანძილის „ცოდნას“. მაგრამ ეს ცოდნა და გონება ძალზე კონკრეტული ხასიათისაა. ამიტომ რუსო ბავშვების ადრეული სწავლების წინააღმდეგ გამოდიოდა. ამ პერიოდში „გონებას სძინავს“ და სისტემატური სწავლებაც შემდეგი პერიოდიდან უნდა დაიწყოსო, ამბობდა იგი.       მესამე პერიოდი, გვიანი ბავშვობა (12-დან 15 წლამდე) აზროვნების განვითარების სტადიაა. სისტემატური სწავლების დაწყება ამ დროს არის საჭირო, ვინაიდან ბავშვს სწორედ ახლა უჩნდება ჩვენ მიერ მიწოდებული ცოდნის ადეკვატური გაგებისა და შეთვისების უნარი. ამასთან, სწავლებაში რუსო გულისხმობს გონებრივი განვითარების პროცესს, რომელიც ხორციელდება პროგრამების, განრიგისა და სახელმძღვანელოთა გარეშე. უნდა შეიქმნას ისეთი სიტუაცია, სადაც ბავშვი გამუდმებით სვამს კითხვებს, ხოლო აღმზრდელი პასუხობს. ასეთი წესით ბავშვი აითვისებს გეოგრაფიას, ქიმიას, ფიზიკას, ბიოლოგიას, ე.ი. ბუნებისმეტყველურ საგნებს. სოციალურ-ჰუმანიტარული ცოდნის მიწოდება არ არის რეკომენდებული, რადგან ამ პერიოდში, ისევე როგორც წინა პერიოდებში, ბავშვი არის ასოციალური არსება, ანუ ძირითადად იმაზე ზრუნავს, რაც მისთვისაა სასარგებლო და ნაკლებად იჩენს ინტერესს სოციალური ურთიერთობებისადმი, რომელთა გარეშე არ არსებობს ზნეობა. ამ პერიოდის ბავშვს რუსო ადარებს რობინზონ კრუზოს: თვითკმარ ადამიანს, რომელიც ეფექტურად ურთიერთობს ფიზიკურ გარემოსთან.       მეოთხე პერიოდი, მოზარდობის ასაკი (15-დან 25 წლამდე, ანუ სრულწლოვანებამდე) არის მორალური განვითარების სტადია. ამ პერიოდში ახალგაზრდა ინდივიდი სოციალურ არსებად იქცევა. იგი აღარ არის თვითკმარი, მას უჩნდება ძლიერი სწრაფვა სხვა ადამიანების, განსაკუთრებით, თანატოლებისადმი. ეს დიდწილად სქესობრივი მომწიფებით არის განსაზღვრული და, რუსოს წარმოდგენით, 15 წლიდან იწყება. რადიკალურად იცვლება მოზარდის ემოციური სამყარო, ესაა „ქარიშხლებისა და ვნებების“ ხანა. სოციალურ ურთიერთობებზე ორიენტირებული, ემოციურად აგზნებული და არამდგრადი მოზარდისთვის აუცილებელია კეთილი სურვილების, კეთილი აზრებისა და კეთილი ნების გამომუშავება ანუ ზნეობრივი აღზრდა. ეს მიიღწევა არა დარიგებებით და შეგონებებით, არამედ კარგ ადამიანებთან უშუალო ურთიერთობით, კარგი მაგალითების ჩვენებით. ამ საქმეში თავის ფუნქციას ასრულებს სწავლებაც, განსაკუთრებით ისეთი საგანი, როგორიც ისტორიაა. იგი საშუალებას გვაძლევს დავანახოთ მოზარდს ადამიანური ცხოვრების სცენა წარმოდგენაში უშუალო მონაწილეობის გარეშე.       რუსომ მოგვცა ფსიქიკური განვითარების პირველი გაშლილი პერიოდიზაცია, რაც, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია ასაკობრივი, კერძოდ, ბავშვის ფსიქოლოგიის ისტორიის თვალსაზრისით. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსოს პერიოდიაზაცია უფრო გონებაჭვრეტითი ხასიათისაა. იგი ემყარება არა მის საკუთარ მეცნიერულ დაკვირვებებს, არამედ თეორიულ მოსაზრებებს და საზოგადოების ყოფით გამოცდილებას (ცნობილია, რომ რუსოს არ უყვარდა ბავშვები, არ ჰქონდა მათთან ურთიერთობა არც როგორც მასწავლებელს, არც როგორც მშობელს. მან თავისი ხუთივე შვილი თავიდანვე უპატრონო ბავშვების თავშესაფარში გაამწესა). რუსოს შეხედულებები ბავშვის ფსიქიკური ბუნებისა და ე.წ. ბუნებრივი აღზრდის თაობაზე ჩამოყალიბებულია მის ცნობილ წიგნში „ემილი ანუ აღზრდის შესახებ“ (1762).       ასაკობრივმა ფსიქოლოგიამ, როგორც ფსიქოლოგიის დამოუკიდებელმა დარგმა ჩამოყალიბება XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. ოთხმოციანი წლებიდან მისი განვითარება უკვე საკმაოდ სწრაფი ტემპით წარიმართა. თუმცა პირველი წიგნი, სადაც სისტემატურად ასახულია ბავშვის პირველი ორი წლის ფსიქიკური განვითარება (ავტორის ვაჟის მაგალითზე) 1787 წელს გამოიცა და ეკუთვნის გერმანელ ექიმს დ. ტადემანს. საკუთარ შვილებზე დაკვირვება ყოველთვის წარმატებით გამოიყენებოდა ბავშვის ფსიქოლოგიაში, მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე კი ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. ასეთია, მაგალითად, ბ. სიგიზმუნდის (1856) ნაშრომი; აგრეთვე C. დარვინის „პატარა ბავშვის ბიოგრაფიული ესკიზი“ (1877), სადაც დღიურის ფორმაში გადმოცემულია ავტორის დაკვირვებები მისი შვილის ფრენსის ონტოგენეზზე; დაბოლოს, ი. ტენის შრომა, რომელშიც მისი ქალიშვილის მიერ ენის შეთვისების პროცესია აღწერილი და ენის ისტორიული განვითარების პროცესთან შედარებული. ამგვარი ნაშრომების არსებობის მიუხედავად, ბავშვის ფსიქოლოგიის საწყის პუნქტად მიჩნეულია ინგლისელი ბიოლოგისა და ფსიქოლოგის ვ. პრაიერის კაპიტალური ნაშრომი „ბავშვის სული“ (1882). მან უდიდესი რეზონანსი გამოიწვია და მრავალ ენაზე ითარგმნა. პრაიერი ამტკიცებდა, რომ საჭიროა (და შესაძლებელიც) არა მხოლოდ ფსიქიკური განვითარების ცალკეული მხარეების შესწავლა, არამედ ბავშვის მთელი სულიერი ცხოვრების, მისი გონებრივი, ნებელობითი, ზნეობრივი, ესთეტიური ასპექტების ერთიანობის სისტემატური ანალიზი. პირველი თაობის ბავშვის ფსიქოლოგები ერთხმად მიიჩნევენ, რომ პრაიერის წიგნმა, პირდაპირი მნიშვნელობით, გზა გაუკვალა ამ ახალ დარგს. ამავე დროს აღნიშნავენ, რომ „ეს საოცარი წიგნია, სავსე კეთლსინდისიერი და საინტერესო დაკვირვებებით და მწირი საკუთარი აზრებით“ (ბიულერი). აქ იგულისხმება, რომ ფაქტების პრაიერისეული ინტერპრეტაცია და მისი თეორიული შეხედულებები მეცნიერებას უკვე ორი ათეული წლის შემდეგ ვეღარ აკმაყოფილებდა, იმდენად სწრაფი აღმოჩნდა პროგრესი ამ სფეროში. ამის მიუხედავად, პრაიერის წვლილი მაინც მნიშვნელოვანია, ვინაიდან მან კონკრეტულად აჩვენა ზოგიერთი ობიექტური მეთოდის გამოყენების პერსპექტივა ბავშვის ფსიქიკის კვლევაში.       მართლაც, ობიექტური, პირველ ყოვლისა ექსპერიმენტული მეთოდების დანერგვა, ფსიქოლოგიის ამ დარგის წინსვლის სერიოზული საწინდარი გახდა. თუ არა გარღვევა, რომელიც ფეხნერის, ვუნდტის, ებინჰაუსის, მიულერისა და ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის სხვა ფუძემდებლების წყალობით მოხდა, გენეტიკური ფსიქოლოგიის პრობლემატიკა (ფილოგენეზი და ონტოგენეზი), კვლავაც დარჩებოდა ყოფითი ხასიათის დაკვირვებებისა და ფილოსოფიური ვარაუდების სფეროში. ემპირიული ინტროსპექციული ფსიქოლოგიის ფარგლებში რომ პრაქტიკულად შეუძლებელია იმ სფეროს შესწავლა, სადაც თვითდაკვირვება არსებითად უძლურია (ცხოველის ან ბავშვის ფსიქიკა), ამაზე ზემოთ უკვე საკმარისად ითქვა (იხ. თავი 7.1.). აქ ყველაზე მეტად ჩანს კვლევის ობიექტური მეთოდების გამოყენების პროდუქტიულობა.       იმავდროულად, ფსიქოლოგიაში სულ უფრო იკიდებდა ფეხს ე.წ. გენეტიკური მეთოდოლოგია ან მიდგომა. იგი გულისხმობდა ფსიქიკური პროცესებისა და მთელი სულიერი ცხოვრების განხილვას მისი აღმოცენებისა და განვითარების კუთხით. დებულება, რომ ფსიქიკური მოვლენები არ წარმოიქმნებიან გამზადებული სახით, არამედ გაივლიან ფორმირების საკმაოდ ხანგრძლივ გზას და რომ ამ პროცესს თავისი კანონზომიერი ეტაპები აქვს, ასაკობრივი ფსიქოლოგიის ქვაკუთხედია. ეს იდეა, თავის მხრივ, ევოლუციონისტური აზროვნების ნაყოფია. მას, პირველ რიგში, დარვინის მოძღვრებამ გაუმყარა საფუძველი, მაგრამ მისი გავლენა გასცდა ბუნებისმეტყველებას და გავრცელდა სოციალურ მეცნიერებაზე და ფილოსოფიაზე. აქ უნდა მოვიხსენიოთ პირველი პოზიტივისტები, სახელდობრ a. ბეინი და, განსაკუთრებით, ჰ. სპენსერი. ემპირიული ფსიქოლოგია, როგორც ვიცით, ძირითადად ფილოსოფიის ფარგლებში ვითარდებოდა. სპენსერი კი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნე იყო. მან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რათა ევოლუციური წარმოდგენების დანერგვის საშუალებით ასოციაციური ფსიქოლოგიის რეფორმირება მოეხდინა. იგი ამტკიცებდა, რომ ფსიქიკა ევოლუციის კანონზომიერი ეტაპია და გარემოსთან ადეკვატური შეგუების ფუნქციას ასრულებს (იხ. თავი 4.3.). ეს იდეები შემდგომში ფუნქციონალურ ფსიქოლოგიაში განვითარდა, რომელიც ამერიკაში გამოყენებითი დარგების თეორიული საფუძველი გახდა (იხ. თავი 6.5.). მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი ადგილი სწორედ ასაკობრივმა და პედაგოგიურმა ფსიქოლოგიამ დაიკავა.       რადგან ზემოთ სიტყვა ფილოსოფიაზე ჩამოვარდა, უნდა ითქვას შემდეგი: ბავშვის ფსიქოლოგიის ფორმირების პირველ ეტაპზე მიაჩნდათ, რომ ფილოსოფიის ბევრი ბნელი საკითხი შეიძლება გაშუქდეს ან გამარტივდეს იმ აღმოჩენების წყალობით, რომლებსაც მოიტანს ბავშვის ფსიქიკური ცხოვრების საწყისი ეტაპების მეცნიერული შესწავლა. ერთ-ერთი ასეთი საკითხია ის, რაც ემპირიზმისა და რაციონალიზმის მუდმივი დავის საგანს ეხება: რა ავსებს ჩვენ ცნობიერებას შინაარსით - გამოცდილება თუ „თანდაყოლილი იდეების“ აქტუალიზაცია. მაგრამ იდეების ან „ცოდნის“ (მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფება იგი - იმთავითვე ინდივიდში თუ მის გარეთ) ადამიანის ნამდვილ კუთვნილებად გადაქცევა იმას ნიშნავს, რომ სუბიექტი მას ცნობიერად უნდა ფლობდეს და საჭიროებისამებრ გამოყენება ხელეწიფებოდეს. ე.ი. ცოდნა აქტიური უნდა იყოს. ამის მისაღწევად კი სათანადო პირობები და მეთოდებია საჭირო. მაშასადამე, უნდა მოხდეს ისეთი პროცესის ორგანიზება, რომელიც „ცოდნის“ შეთვისებას ან აქტუალიზაციას უზრუნველყოფს. ეს კი, არსებითად, პედაგოგიური პროცესია.       ამ პროცესის გაძლიერებისა და გადახალისების ამოცანა უაღრესად აქტუალური გახდა XIX საუკუნის შუა პერიოდიდან. ის მნიშვნელოვან წილად უკავშირდებოდა საყოველთაო განათლების შემოღებას. მასობრივი სკოლა სულ სხვა მოთხოვნებს აყენებს, ვიდრე საოჯახო განათლება, რომელიც მანამდე წამყვანი იყო. აქ უკვე შეუძლებელია სწავლების ფორმალური და შინაარსეული მხარის განსაზღვრა ცალკეული ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებზე დაყრდნობით. ამიტომ დღის წესრიგში დგება განვითარების იმ ასაკობრივი ეტაპებისა და ცოდნის შეთვისების მექანიზმების გარკვევა, რომლებიც საერთოა ყველა ბავშვისთვის. ეს უშუალოდ ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის საქმეა. მხოლოდ ამ ცოდნის საფუძველზეა შესაძლებელი იმის განსაზღვრა, თუ რა, როგორ და როდის უნდა ასწავლოს სკოლამ. ყოველივე ეს საზოგადოებრივ მოთხოვნებს უკავშირდებოდა, კერძოდ, იმის რწმენას, რომ სასკოლო რეფორმა და აღზრდის სისტემის ძირეული გადახალისება, რაც მეცნიერულ საფუძველზე უნდა მომხდარიყო, საზოგადოებრივი ცხოვრების სასურველ ცვლილებებს მოიტანდა. ამ მეცნიერულ საფუძველს მნიშვნელოვან წილად სწორედ ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგია ქმნის.       რეფორმატორული ტენდენცია განსაკუთრებით ძლიერი იყო ამერიკაში. აქ ფეხი მოიკიდა მძლავრმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ, ე.წ. პროგრესივიზმმა, რომელიც ქადაგებდა ინოვაციებს სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში. განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს სათავეში ჩაუდგა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინტელექტუალი, პრაგმატიზმის ფილოსოფიისა და ფუნქციონალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ჯონ დიუი (იხ. თავი 6.5.). სკოლის რეფორმა, მისი აზრით, აღზრდის ახალ მიზანს უნდა დაექვემდებაროს. ეს მიზანი ზედმიწევნით შეესაბამება პრაგმატიზმისა და ფუნქციონალიზმის იდეებს და ფორმულირებულია, როგორც „განსხვავებულ სიტუაციებთან შეგუება თავისუფალი მეწარმეობის პირობებში“. დიუის პედაგოგიური სისტემის დედაბოძი არის პრინციპი: სწავლება კეთების საშუალებით. ეს ნიშნავს სასკოლო სისტემის ისეთ აგებას, როდესაც განათლების წყარო არის პედაგოგიურ გარემოში მიმდინარე ბავშვის პრაქტიკული თვითაქტივობა. სათანადო პირობებში მოსწავლეები ბუნებრივად ითვისებენ სოციალური ქცევის კონკრეტულ ჩვევებს და ზოგად გამოცდილებას.       დიუის იდეების გამოცდის პოლიგონად გადაიქცა მის მიერ ჩიკაგოს უნივერსიტეტთან შექმნილი „სკოლა-ლაბორატორია“ (1896). მასში სწავლობდნენ 4-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვები. ისინი ადრეული ასაკიდანვე ეჩვეოდნენ ყველაფრის დამოუკიდებლად კეთებას, უპირატესად, თამაშის ქცევის ფარგლებში. უფროსი ასაკის მოსწავლეების „კეთებით სწავლება“ შრომით საქმიანობას ემყარებოდა. აღმზრდელს უნდა წარემართა მოსწავლეთა სასწავლო-პრაქტიკული აქტივობა მათი უნარების გათვალისწინებით. დიუი ფიქრობდა, რომ სწავლა-აღზრდა თავიდანვე უნდა ეყრდნობოდეს ბავშვის თანდაყოლილ შესაძლებლობებს. სწავლა-აღზრდა ვერ აღმოაცენებს უნარ-შესაძლებლობებს, მას მხოლოდ მათი განვითარება შეუძლია.       განათლების სისტემის ოპტიმიზაციის ამოცანა ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ჩასახვისა და განვითარების უდიდესი მამოძრავებელი ძალა გახდა. მაგრამ ეს შეუძლებელი იქნებოდა, თუ საერთო ფონის სახით არ იარსებებდა გაკვეული საზოგადოებრივი პოზიცია ბავშვისა და ბავშვობის, როგორც ასაკობრივი კატეგორიის მიმართ. საქმე ის არის, რომ უფროსების დამოკიდებულება ბავშვობისადმი, როგორც ადამიანის ცხოვრების გარკვეული ხანისადმი, შესამჩნევად ცვალებადობდა ისტორიის განმავლობაში. კაცობრიობის განვითარების ადრეულ სტადიაზე ბავშვობა პრაქტიკულად არ გამოიყოფოდა ცხოვრების ცალკე პერიოდის სახით, ვინაიდან თემის პატარა ინდივიდები ფეხზე დადგომისთანავე ერთვებოდნენ საკვების მოპოვების საქმიანობაში შემგროვებლობისა თუ პრიმიტიული იარაღების გამოყენების გზით. ასეთ პირობებში არ იყო არც საჭიროება და არც შესაძლებლობა იმისა, რომ გამოყოფილიყო ცალკე პერიოდი ბავშვის მოსამზადებლად მომავალი სერიოზული საქმიანობისთვის. ბავშვობა სოციალური თვალსაზრისით არც არსებობდა, ვინაიდან ისტორიულად ბავშვობის ცნება უკავშირდება არა ინდივიდის მოუმწიფებლობის ბიოლოგიურ მდგომარეობას, არამედ გარკვეულ სოციალურ სტატუსს, ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ უფლებებსა და მოვალეობებს, ქცევის სპეციფიკურ ფორმებს.       შუა საუკუნეების ევროპაში ბავშვობა, როგორც ასეთი, იგნორირებული იყო. 6-7 წლამდე ინდივიდები ითვლებოდნენ უსუსურ ჩვილებად, ხოლო შემდეგ, პატარა, მინიატურულ მოზრდილებად. მათ სათანადოდ აცმევდნენ და სათანადო ცოდნა-ჩვევებს აზიარებდნენ. მაღალი შობადობისა და სიკვდილიანობის დემოგრაფიულ სიტუაციაში ბავშვობა მიჩნეული იყო სწრაფად წარმავალ და ნაკლებღირებულ პერიოდად. ვითარება შეიცვალა XVII საუკუნიდან. პატარა ბავშვი უკვე განიხილებოდა, როგორც ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი. ბავშვებისადმი გულგრილობა შეიცვალა მათდამი განსაკუთრებული ყურადღებით, განებივრებითაც კი. მაგრამ XVIII საუკუნეში, საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ, ბავშვისადმი, როგორც მშვენიერი სათამაშოსადმი დამოკიდებულება შეცვალა რაციონალური აღზრდის კონცეფციამ. ის დამყარებული იყო მკაცრი დისციპლინის პრინციპზე ოჯახში და სასწავლო დაწესებულებაში. სკოლა თანდათან გადაიქცა უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ინსტიტუტად, რომელიც ემსახურებოდა მომავალი კვალიფიციური მუშაკებისა და სამაგალითო მოქალაქეების ორგანიზებულ მომზადებას. გადახალისდა ბავშვობის კონცეფციაც. ადამიანის ცხოვრების ეს ხანა გახანგრძლივდა და მასში გამოიყო ყრმობისა და ჭაბუკობის პერიოდი. ტექნიკურმა პროგრესმა და საზოგადოებრივმა ცვლილებებმა XIX საუკუნეში საგრძნობლად გაზარდა მოთხოვნები ბავშვის მომავალი ცხოვრებისთვის მომზადების კუთხით. ბავშვობის პერიოდის მნიშვნელობამ კიდევ უფრო იმატა. ამის გამოძახილი გახდა უკვე ნახსენები მოძრაობა განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით, რამაც ბიძგი მისცა ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის განვითარებას.       ამრიგად, ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ჩასახვისა და განვითარების წყაროდ შემდეგი მოვლენები იქცა: ევოლუციურ-გენეტიკური იდეების გავრცელება ბუნებისმეტყველებასა და ფილოსოფიაში, ობიექტური მეთოდების დანერგვა ზოგად ფსიქოლოგიაში, სასკოლო განათლების ოპტიმიზაციის პრაქტიკული მოთხოვნები და საზოგადოებრივ ცნობიერებაში მომხდარი ცვლილებები ბავშვობისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით.       პრაქტიკულ ამოცანებთან ერთად ამ დისციპლინების წინაშე თავიდანვე ფუნდამენტური თეორიული საკითხები დაისვა. მათ შორის ორი შეიძლება განსაკუთრებით გამოიყოს: 1) რა პერიოდებს გაივლის ადამიანი თავისი ონტოგენეტური განვითარების პროცესში და 2) რა ძალები ან ფაქტორები განსაზღვრავენ ამ გენეზისს. ესენი დამოუკიდებელი საკითხებია, მაგრამ, პრინციპში, პირველის გადაწყვეტის ესა თუ ის ვარიანტი არსებითად უკავშირდება იმას, თუ როგორ არის გააზრებული მეორე საკითხი.       ასაკობრივი პერიოდების გამოყოფა სხვადასხვა საფუძველს ემყარება, კერძოდ იმას, თუ რა საფეხურებს გაივლის ადამიანის ფსიქიკის მომწიფების ბუნებრივი პროცესი, ან იმას, თუ რა გარემო პირობებში უხდება მას ცხოვრება. შესაძლებელია, ამ ფაქტორების ერთდროული მოქმედებაც. შესაბამისად, იკვეთება სამი შეხედულება განვითარების მამოძრავებელი ძალის შესახებ. ერთის მიხედვით, ფსიქიკურ ონტოგენეზს განსაზღვრავს ბიოლოგიურ მომწიფებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი ფაქტორები (ბიოგენეტიკური თვალსაზრისი). მეორის მიხედვით, გადამწყვეტი როლი ენიჭება სოციალურ გარემოს, სწავლა-აღზრდის პირობებს (სოციოგენეტიკური თვალსაზრისი); მესამე თვლის, რომ ფსიქიკური განვითარება ბიოლოგიურისა და სოციალურის, მომწიფებისა და აღზრდის ურთიერთქმედების შედეგია (ინტერაქციული თვალსაზრისი). ასეთია განვითარების სამი ძირითადი კონცეფცია, რომელიც სხვადასხვა მკვლევარის მიერ ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის საწყის ეტაპზევე იქნა წარმოდგენილი. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან აღნიშნული კონცეფციები არსებითად რაციონალიზმისა (ნატივიზმისა) და ემპირიზმის დაპირისპირებაში იღებს სათავეს.       ბიოგენეტიკური თვალსაზრისის მომხრე იყო ამერიკაში ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი სტენლი ჰოლი (1846-1924). ფსიქოლოგია მან ლაიფციგში, ვუნდტის ხელმძღვანელობით შეისწავლა, მაგრამ ამერიკაში დაბრუნებისას უარი თქვა თავისი მასწავლებლის წმინდა აკადემიურ, ზოგადფსიქოლოგიურ ორიენტაციაზე და თავისი ყურადღება პრაქტიკულ საკითხებზე გადაიტანა, უპირატესად სწავლებისა და ასაკობრივი განვითარების სფეროში. საერთოდ კი, ჰოლი ფსიქოლოგიის ისტორიაში შევიდა, როგორც მეცნიერების თვალსაჩინო ორგანიზატორი. მან დააარსა ამერიკის პირველი ფსიქოლოგიური კვლევითი ლაბორატორია ბალტიმორის უნივერსიტეტში (1883), პირველი ფსიქოლოგიური ჟურნალი (1887), აგრეთვე ჟურნალი გენეტიკურ და პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში (1891), რელიგიის ფსიქოლოგიაში (1904), გამოყენებით ფსიქოლოგიაში (1915). იგი იყო ამერიკის ფსიქოლოგთა საზოგადოების დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორი და მისი პირველი პრეზიდენტი (1892).       ჰოლის მეცნიერული ინტერესები საკითხთა ფართო წრეს მოიცავდა. მათ შორის უნდა გამოიყოს კლასიკური გამოკვლევა რელიგიის ფსიქოლოგიაში. მაგრამ ყველაზე დიდი აღიარება მას ბავშვის ფსიქიკური განვითარების სფეროში შესრულებულმა კვლევებმა მოუტანა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი კაპიტალური ნაშრომები „ჭაბუკობა“ (1904) და „აღზრდის პრობლემები“ (1911). თავის ბოლო წიგნში „დაბერება“ (1922) ჰოლმა გააფართოვა ასაკობრივი ფსიქოლოგიის ფარგლები და მისმა კვლევამ არა მხოლოდ სიცოცხლის საწყისი, არამედ მისი დამასრულებელი პერიოდიც მოიცვა.       მოზარდების შესასწავლად ჰოლმა და მისმა თანამშრომლებმა შეიმუშავეს უამრავი ანკეტა და მათი საშუალებით დიდძალი მასალა დააგროვეს ბავშვის სულიერი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის შესახებ. შემდგომში კვლევის არე გაფართოვდა და სხვა ასაკის ბავშვებიც მოიცვა. ამასთან, ანკეტებს ავსებდნენ როგორც ბავშვები, ისე მშობლები და მასწავლებლები. ეს საშუალებას აძლევდა ჰოლს კომპლექსურად დაეხასიათებინა ბავშვები, დაენახა განვითარების მიღწევები და სირთულეები როგორც თვით ბავშვების, ისე მოზრდილების პოზიციიდან. ჰოლის გავლენით ანკეტური მეთოდი ამერიკაში ძალიან პოპულარული გახდა. მას იყენებდნენ რათა გაერკვიათ, თუ როგორ განიცდიან ბავშვები სოციალურ გარემოს, რა პრობლემების წინაშე დგებიან სახლში, სკოლაში და სხვა. ამ ტიპის კვლევები ისე გავრცელდა, რომ თვით ანკეტური მეთოდი უკვე ასოცირდებოდა ჰოლის, და არა მისი ნამდვილი შემქმნელის, ჰალტონის სახელთან.       კვლევის შედეგად ჰოლი გარკვეულ თეორიულ განზოგადებამდე მივიდა, რომელიც ბავშვის განვითარების კანონზომიერებას ეხებოდა. იგი ე.წ. რეკაპიტულაციის თეორიის (ლათინურად რეცაპიტულატიო - გამეორება) სახით იქნა ჩამოყალიბებული. ეს თეორია ეყრდნობოდა ე. ჰეკელის მიერ ფორმულირებულ ბიოგენეტიკურ კანონს. იგი ცხოველური ორგანიზმების ემბრიონალურ განვითარებაზე დაკვირვების შედეგია და ამტკიცებს, რომ ჩანასახი ემბრიოგენეზში იმეორებს იმ ძირითად სტადიებს, რომლებიც გაიარა ამ ბოლოგიურმა გვარმა თავის ფილოგენეტურ განვითარებაში. ჰეკელის ფორმულა ასეთია: ონტოგენეზი არის ფილოგენეზის შეკვეცილი და სწრაფი გამეორება. გაავრცელა რა ეს კანონი ადამიანის ფსიქიკაზე, ჰოლი ამტკიცებდა, რომ ბავშვის განვითარების პროცესი იმეორებს იმ ძირითად სტადიებს, რომლებიც გაიარა კაცობრიობამ თავისი კულტურულ-ისტორიული განვითარების პროცესში. აქედან გამომდინარე, განვითარების ეტაპების თანმიმდევრობა და რაგვარობა თანდაყოლილად არის მოცემული და ყველა ბავშვი მათ აუცილებლად გაივლის.       ჰოლის მოწაფემ, კ. ჰათჩინსონმა რეკაპიტულაციის თეორიის საფუძველზე შექმნა ბიოფსიქიკური განვითარების კონკრეტული პერიოდიზაცია, რომელიც მიჰყვება კაცობრიობის კულტურულ-ისტორიული ცხოვრების სტადიების თანმიმდევრობას. ეს სტადიები გამოიყოფა იმის მიხედვით, თუ როგორ ცვალებადობდა, ისტორიულად, საკვების მოპოვების ხერხები. მისი აზრით, ასეთი ხერხი თავდაპირველად იყო, ჯერ მიწის თხრა და ქექვა, შემდეგ ნადირობა, მწყემსობა, მიწათმოქმედება და ბოლოს წარმოება და ვაჭრობა. შესაბამისად, გამოიყოფა ბავშვობის ხუთი პერიოდი, რომელთაც არა აქვთ მკაფიო საზღვრები: ერთის დაწყება არ ემთხვევა წინარეს დასასრულს. ეს პერიოდებია:       1) დაბადებიდან 5 წლამდე (პირველყოფილი ადამიანის ხანა). ამ პერიოდში ბავშვისთვის, ისევე როგორც პირველყოფილისთვის, „ყველაფრის საზომი არის საჭმელად ვარგისიანობა“. ამიტომ მას ყველაფერი პირში მიაქვს და გემოს უსინჯავს. ამავე დროს, ფრიად დაინტერესებულია მიწასთან დაკავშირებული თამაშებით და ფუსფუსით. 2) 4-9წ. (მონადირეობის ხანა). ამ პერიოდის ბავშვებისთვის, როგორც პირველყოფილი მონადირეებისთვის, დამახასიათებელია „შიში ყოველივე უცხოსი, მალულად მოქმედება, გულგრილობა ტკივილისადმი, გმირების თაყვანისცემა, სისასტიკე“. თამაშების შინაარსშიც დომინირებს ჩასაფრება, შეშინება, დამალობანა, დატყვევება და ა.შ. 3) 8-12წ. (მწყემსობის ხანა). ამ პერიოდისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია „ალერსიანობა ცხოველებისადმი და სურვილი გააჩნდეს რაიმე საკუთარი“. აქედან გამომდინარე, ბავშვების თამაშებსა და საქმიანობაში დომინირებს: „შინაური ცხოველების მოვლა, მყუდრო თავშესაფრების შენება, გვირაბების თხრა“. 4) 11-15წ. (მიწათმოქმედების ხანა). ამ პერიოდს ახასიათებს „წინდახედულების განვითარება და მებაღეობისადმი სწრაფვა“. იღვიძებს ამინდისადმი, ბუნების მოვლენებისადმი ინტერესი და ზოგადად, დაკვირვების უნარი. გართობა და თამაშიც ამ შინაარსით არის დატვირთული. 5). 14-20წ. (მრეწველობა-ვაჭრობის ანუ თანამედროვე ადამიანის ხანა). ამ პერიოდში ძლიერდება ფულისამი, დათვლისამი და გაცვლა-გამოცვლისადმი ინტერესი, რაც სათანადო თამაშებში და საქმიანობაში აისახება.       ჰოლი და ჰათჩინსონი თვლიდნენ, რომ ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია ყველა პერიოდის თანმიმდევრული გავლა. მაგრამ ბავშვს არ შეუძლია რეალურად გადაინაცვლოს იმ ეპოქების შესატყვის სიტუაციებში, რომლებიც მან უნდა გაიაროს. ამიტომ საჭიროა არსებობდეს მექანიზმი, რომელიც ბავშვს იმის საშუალებას მისცემს, რომ ეს საკუთარ გარემოში განახორციელოს. ასეთი სპეციფიკური მექანიზმის როლს თამაში ასრულებს. სახლობანა, ომობანა და სხვა თამაშები ამას ემსახურება. თამაშის საშუალებით ხდება „ისტორიული ინსტინქტების აღმოფხვრა“. თამაში, ჰოლის აზრით, არის აუცილებელი ვარჯიში რუდიმენტული და ამჟამად უსარგებლო ფუნქციების გაქრობისთვის. თამაშის დროს ბავშვი ქცევის ისტორიული ფორმების რეალიზაციას ახდენს, რათა საბოლოოდ მოიცილოს ისინი. ეს თავკომბალას ქცევას ჰგავს, რომელიც გამუდმებით ამოძრავებს კუდს, რათა ის მოიწყვიტოს. ჰოლი აგრეთვე ფიქრობდა, რომ ბავშვის ნახატების ასაკობრივი ცვლილებები ასახავს სახვითი ხელოვნების კაცობრიობის მიერ განვლილ გზას.       ჰოლსა და ჰათჩინსონს მიაჩნდათ, რომ ცივილიზებული ადამიანის სტადია რვა წლის ასაკში, ანუ „მწყემსობის პერიოდში“ დგება. ამიტომ ამ დროიდან უკვე შესაძლებელია და საჭიროც არის ბავშვების სისტემატური სწავლება. საზოგადოდ კი სწავლება და აღზრდა უნდა ეფუძნებოდეს განვითარების გარკვეულ დონეს, რომელსაც რეკაპიტულაციის კანონზომიერების მიხედვით მიმდინარე ბუნებრივი მომწიფების პროცესი განსაზღვრავს. ამრიგად, რეკაპიტულაციის თეორიაზე დაყრდნობით, სავსებით პრაქტიკული დასკვნები კეთდებოდა, თუნდაც სასკოლო პროგრამებთან დაკავშირებით. მაგალითად, კითხვის სწავლებისას ზღაპრის საჭიროების დასასაბუთებლად მიმართავდნენ პარალელებს პრიმიტიულ კულტურებთან, სადაც არსებობს ძლიერი მიდრეკილება ყოველივე ზღაპრულისკენ; ესთეტიკური აღზრდის სფეროში საჭიროდ თვლიდნენ ყველა პერიოდის „აღმოფხვრას“, რეალიზმიდან მოყოლებული ვიდრე სიმბოლიზმამდე, ფუტურიზმამდე და სხვა იზმებამდე. რელიგიური აღზრდის კუთხით, ბავშვს განიხილავდნენ პატარა წარმართად და სთავაზობდნენ „გაეტარებინათ“ იგი ყველა კონკრეტული რელიგიის ისტორიულ ფორმაში, რათა აღმოეფხრათ ისინი ბავშვის ცნობიერებიდან და მიეყვანათ იგი თანამედროვე კულტურული კაცობრიობის ათეიზმამდე. დღევანდელი გადასახედიდან ყოველივე ეს არასერიოზულად გამოიყურება, მაგრამ XX საუკუნის დასაწყისში ე.წ. პედოლოგიური მოძრაობის ფარგლებში ამ თემებზე ბევრს საუბრობდნენ.       პედოლოგია უშუალოდ არის დაკავშირებული სტენლი ჰოლის სახელთან. გასული საუკუნის პირველ ნახევარში იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ტერმინი პედოლოგია (ბერძ. პაის, პაიდოს – ბავშვი) ჰოლის მოწაფეს ო. კრისტიანსენს ეკუთვნის; მოგვიანებით ამერიკაში უფრო პოპულარული გახდა ტერმინი ცჰილდ სტუდყ (ბავშვის შესწავლა). პედოლოგიურ მოძრაობაში გაერთიანებულნი იყვნენ პედაგოგები, ბიოლოგები, პედიატრები, ანთროპოლოგები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები. ოციან წლებში ამ უკანასკნელებმა დომინირებული ადგილი დაიკავეს პედოლოგიურ მოძრაობაში და მოხდა მისი აშკარა ფსიქოლოგიზაცია. პედოლოგიის არნახულ პოპულარობას მთელ მსოფლიოში, პირველ ყოვლისა, მისი მკვეთრად გამოხატული პრაქტიკული მიმართულობა განსაზღვრავდა. ბავშვებთან ურთიერთობისას აღმზრდელები და მასწავლებლები უამრავ პრობლემას აწყდებოდნენ სხვადასხვა სფეროდან, იქნებოდა ეს ბავშვის ჯანმრთელობა, ფსიქიკური უნარები, სოციალური ადაპტაცია თუ სხვა. პედოლოგიას, ჰოლისეული ჩანაფიქრით, კომპლექსურად უნდა მოევლო ამ პრობლემებისთვის.       პედოლოგიური კვლევა-ძიების თეორიულ ბაზად ჰოლი, ბუნებრივია, საკუთარ თვალსაზრისს მიიჩნევდა. მას მართლაც ჰყავდა მიმდევრები, ვინაიდან იმხანად ევოლუციონისტური წარმოდგენების ზეობის ფონზე, ბიოგენეტიკური იდეები საკმაოდ პოპულარული იყო ბავშვის ფსიქოლოგებს შორის. მიუხედავად ამისა, ჰოლის რეკაპიტულაციის თვალსაზრისის სუსტი მხარეები წამყვანი სპეციალისტებისთვის ცხადი იყო. ეს ეხებოდა კონკრეტულ შეუსაბამობებს ამა თუ იმ ასაკის ბავშვების ქცევით თუ ფსიქიკურ გამოვლინებებსა და იმ მოთხოვნებს შორის, რომლებსაც ამ ასაკს რეკაპიტულაციის თვალსაზრისი უყენებდა. ბავშვს, მაგალითად, შეიძლება უფრო ადრე გაუჩნდეს ინტერესი მანქანებისადმი ან საფრენი აპარატებისადმი, ვიდრე ცხოველებისადმი ან ყვავილებისადმი, რაც, ცხადია, ვერ აიხსნება იმით, რომ კოსმონავტიკის ეპოქა წინ უსწრებს მწყემსობისა ან მიწათმოქმედების ხანას. მაგრამ, დეტალების გარეშეც, თავიდანვე პრინციპულად დაისვა შემდეგი საკითხი: რამდენად კანონიერია ასეთი შორს მიმავალი და, რაც უარესია, სწორხაზოვანი პარალელები ამა თუ იმ ეპოქის საზოგადოების ქცევასა და გარკვეული პერიოდის ბავშვის ქცევას შორის. კულტურის ისტორიისა და პედოლოგიის მონაცემები უკვე მაშინ აყენებდა ეჭვქვეშ ამგვარი მიდგომის მართებულობას. საუბარია მის სწორხაზოვნებასა და უნივერსალობაზე, თორემ გარკვეული პარალელების არსებობის დანახვა, მართლაც, არ არის ძნელი.       მიუხედავად რეკაპიტუალაციის კონცეფციის შეზღუდულობისა და გულუბრყვილობისა, ბიოგენეტიკური პრინციპი მაინც საინტერესო და სასარგებლო იყო ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიისთვის, ვინაიდან იგი წარმოადგენდა განვითარების კანონზომიერების ძიების მცდელობას. მასში ნაჩვენებია კავშირი ისტორიულ და ინდივიდუალურ განვითარებას შორის. ამ კავშირის გაზვიადების მიუხედავად, ესაა თეორიული კონცეფცია, რომელმაც გზა გაუხსნა სხვა კონცეფციებს. ამაშია მისი უდავო ისტორიული მნიშვნელობა. გარდა ამისა, ისიც აღსანიშნავია, რომ ევოლუციური თვალსაზრისი, რეკაპიტუალაციის პრინციპის სახით, არსებითად, პირველად მიესადაგა ბავშვს და ადამიანის ფსიქიკის ონტოგენეზის პრობლემატიკას.       ჰოლისაგან განსხვავებით, მისი ყველაზე ცნობილი მოწაფე არნოლდ გეზელი (1880-1961) უფრო მეტად ადრეული ბავშვობის ხანით იყო დაინტერესებული. პედაგოგიური და სამედიცინო განათლების მქონე გეზელი ოცდაათ წელზე მეტ ხანს მუშაობდა იელის ნორმალური ბავშვობის კლინიკაში, რის საფუძველზე მოგვიანებით შეიქმნა გეზელის ბავშვის განვითარების ცნობილი ინსტიტუტი. იგი ფსიქიკური ონტოგენეზის კვლევის აღიარებულ ცენტრად გადაიქცა. გეზელი თვლიდა, რომ პირველი სამი წლის განმავლობაში ბავშვი თავისი ფსიქიკური განვითარების მნიშვნელოვან ნაწილს გაივლის. განვითარების ტემპი ამ დროს ყველაზე დიდია და შემდგომში თანდათან კლებულობს. ეს დებულება დაედო საფუძვლად მის ასაკობრივ პერიოდიზაციას, სადაც სამი პერიოდი გამოიყოფა: დაბადებიდან ერთ წლამდე, ერთიდან სამ წლამდე და სამი წლიდან თვრამეტ წლამდე. შესაბამისად, განვითარების უმაღლესი ტემპი პირველ პერიოდზე მოდის, საშუალო - მეორეზე და დაბალი - მესამეზე.       ბავშვის განვითარების კვლევაში გეზელმა ბევრი სიახლე შეიტანა. მან დაამუშავა ბავშვის განვითარების კომპლექსური დიაგნოსტირების პრაქტიკული სისტემა, რომელშიც მოცემულია მოტორული აქტივობის, მეტყველების, შეგუებითი რეაქციების, სოციალური კონტაქტების, პიროვნული, გონებრივი და სხვა მაჩვენებლების ნორმები სხვადასხვა ასაკისთვის სამი თვიდან ექვს წლამდე. ამისთვის გამოიყენება ბავშვზე დაკვირვების ობიექტური მეთოდები: ფოტო და კინო გადაღებები, ე.წ. „გეზელის სარკე“ (ცალმხრივი ხედვის მინა). გეზელმა პირველმა გამოიყენა ფსიქოლოგიაში ლონგიტუდური მეთოდი, რაც მდგომარეობდა ერთი და იმავე ბავშვის შესწავლაში დიდი ხნის განმავლობაში, უფრო ხშირად დაბადებიდან მოზარდობამდე. მანვე დაიწყო ტყუპების მეთოდის სისტემატური გამოყენება იმის ნათელსაყოფად, თუ რა მიმართებაა მომწიფებასა და სწავლებას შორის.       გეზელის აზრით, განვითარება მომწიფების ბუნებრივი პროცესისა და სოციალური ზემოქმედების ერთობლივი ნაყოფია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იგი უპირატესობას ანიჭებდა შინაგან, გენეტიკურად განსაზღვრულ მომწიფების პროცესს. სწორედ გენეტიკური პროგრამა განაპირობებს ბავშვის განვითარების მიმდინარეობას ფიქსირებული თანმიმდევრობით. შეიძლება ვარირებდეს განვითარების ტემპი და არა განვითარების სტადიების რაგვარობა და რიგითობა. ინდივიდუალური განსხვავებები განვითარების ტემპში, ნაწილობრივ, სოციალური გარემოთია განპირობებული, მაგრამ გადამწყვეტი აქაც ბავშვის ინდივიდუალური გენეტიკური პროგრამაა. ამიტომ არ უნდა ვეცადოთ ვასწავლოთ ბავშვს რაიმე იმაზე ადრე, ვიდრე ეს მისი მომწიფების ალგორითმით არის განსაზღვრული. ბავშვი აუცილებლად დაიჭერს თავს, დაჯდება, გაივლის, ალაპარაკდება, როცა ბუნებრივად მზად იქნება სათანადო ფსიქოფიზიკური სისტემები; მაშინ გაუჩნდება ამის შესრულების შესაძლებლობაც და სურვილიც. მანამდე მისი იძულებითი სწავლება არც ეფექტური იქნება და შეიძლება მრავალი გართულებაც გამოიწვიოს. ამასთანავე, ისიც ცხადია, რომ სწავლა-აღზრდა, ზოგადად სოციალური ზემოქმედება, ყოვლად აუცილებელია განვითარებისთვის. ასოციალურ სივრცეში, ამბობდა გეზელი, პიროვნების სტრუქტურა საერთოდ ვერ ჩამოყალიბდება. მაგრამ ყოველგვარი გარე ზემოქმედება, სოციალიზაცია მაშინ მიმდინარეობს ოპტიმალურად, თუ ის დამყარებულია შინაგანი მომწიფების კანონზომიერებაზე და მას ეთანხმება.       ამერიკაში გენეტიკური იდეების ერთ-ერთი აქტიური გამტარებელი იყო ჯეიმს ბოლდუინი (1861-1934). ამერიკელი ფსიქოლოგების პირველი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ცნობილი თეორეტიკოსი, ექსპერიმენტატორი და მეცნიერების ორგანიზატორი ბოლდუინი სოციალური, დიფერენციალური და განვითარების ფსიქოლოგიის სათავეებთან იდგა. ბოლდუინი პრინციპული ევოლუციონისტი იყო. ევოლოციის თეორიის განხილვა კი ორი თვალსაზრისით შეიძლება: პირველი - ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედების კუთხით, რის შედეგადაც ხდება ადაპტაცია და ახალი თვისებების ფორმირება; და მეორე - ინდივიდის მიერ ადაპტაციის შედეგად შეძენილი ახალი სასარგებლო თვისებების მემკვიდრეობით გადაცემის კუთხით. მაშასადამე, ევოლუციურ მიდგომაში განვითარების პრობლემის ორივე ასპექტია გათვალისწინებული, როგორც გარეგანისა და შეძენილის, ისე შინაგანისა და თანდაყოლილის. როდესაც ბავშვის განვითარებაზე ლაპარაკობდა, ბოლდუინი ორივე ამ ასპექტის მნიშვნელობას აცნობიერებდა. მაგრამ, ჰოლისა და გეზელისაგან განსხვავებით, მეტ აქცენტს სოციალური გარემოს როლზე აკეთებდა. ეს მისი ერთი-ერთი ძირითადი წიგნის სათაურიდანაც ჩანს: „სულიერი განვითარება სოციოლოგიური და ეთიკური თვალსაზრისით“ (1913). შეიძლება ითქვას, რომ ბოლდუინი უფრო სოციოგენეტიკოსი იყო, ვიდრე ბიოგენეტიკოსი.       ბოლდუინი დიდ ყურადღებას უთმობდა ბავშვის ემოციური სფეროს განვითარებისა და, რაც მთავარია, პიროვნული თვისებების ფორმირების საკითხს. სოციალიზაციის როლი ამ მხრივ გადამწყვეტია. ბავშვის პიროვნული თვისებები განიხილებოდა როგორც „გარედან“, ანუ კულტურისა და უშუალო სოციალური წრის ობიექტურ კრიტერიუმებთან მიმართებაში, ისე „შიგნიდან“, ბავშვის თვითშეფასების გადასახედიდან. აქედან გამომდინარე, ბოლდუინი კატეგორიულად მოითხოვდა პედაგოგიური სისტემის ისეთ რეფორმირებას, რომ საზოგადოებრივ, სასკოლო განათლებას მოეცვა ყველა ბავშვი. რაც შეეხება სკოლამდელ ხანას, აქ უდიდესი როლი ეკუთვნის თამაშს, რომელსაც ბოლდუინი სოციალიზაციის ინსტრუმენტად განიხილავდა. იგი ხაზს უსვამდა თამაშის მნიშვნელობას, როგორც ისეთი აქტივობისა, რომელიც აუცილებელია ადამიანის მოსამზადებლად რთული სოციალური ურთიერთობებისთვის.       პიროვნულ სფეროსთან შედარებით გონებრივი განვითარების სფეროში მემკვიდრეობითი ფაქტორის წონა მეტია. მაგრამ ბოლდუინი აქაც სოციალურ ფაქტორზე აკეთებს აქცენტს. ამ მხრივ ნიშანდობლივია მისი ერთ-ერთი წიგნის სათაური: „გონებრივი განვითარება ბავშვში და საზოგადოებაში“ (1895). კაპიტალურ სამტომიან თხზულებაში „გენეტიკური ლოგიკა“ (1903-1908) ბოლდუინმა ჩამოაყალიბა ბავშვის კოგნიტური განვითარების კონცეფცია. მისი აზრით, შემეცნებითი სფეროს ონტოგენეზში რამდენიმე საფეხური გამოიყოფა. ჯერ აქტუალიზდება და იხვეწება თანდაყოლილი სენსო-მოტორული რეაქციები. შემდეგ ბავშვი გაივლის მეტყველების განვითარების სტადიას და ბოლოს - ლოგიკური აზროვნების განვითარების საფეხურს. ბოლდუინი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო იმის ჩვენებით, თუ რა დიდ როლს ასრულებს ბავშვის სოციალური გარემოცვა შემეცნებითი ფუნქციების ფორმირების პროცესში. ამ კონტექსტში მან გამოყო აზროვნების განვითარების სპეციალური მექანიზმები: ასიმილაცია, ანუ გარემოს ზემოქმედების ინტერიორიზაცია და აკომოდაცია, ანუ თვით ორგანიზმის ცვლილება.       ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ბოლდუინის მოსაზრებებმა უთუოდ იქონია გავლენა კოგნიტური სფეროს ონტოგენეზის ყველაზე თვალსაჩინო მკვლევარის, პიაჟეს შეხედულებათა ფორმირებაზე (იხ. თავი 12.2.). სიცოცხლის მიწურულს ბოლდუინი ევროპაში მოღვაწეობდა, იყო ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი. აქ მუშაობდნენ ბოლდუინის კოლეგა და მეგობარი კლაპარედი და ამ უკანასკნელის მოწაფე პიაჟე.       პედოლოგია მაშინვე გავრცელდა ევროპაში. აქ მისი ერთ-ერთი ლიდერი უთუოდ ედვარდ კლაპარედი გახდა. კლაპარედი თვალსაჩინო ფიგურაა იმდროინდელ ფრანგულენოვან ფსიქოლოგიაში. როგორც თეორეტიკოსი, იგი ეკუთვნის ფუნქციონალური ფსიქოლოგიის ევროპულ ფრთას (იხ. თავი 6.5.). განსაკუთრებულია მისი წვლილი ბავშვის ფსიქოლოგიის განვითარებაში. მან ჟენევაში დააარსა რუსოს სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც ევროპაში ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ერთ-ერთ წამყვან კვლევით ცენტრად გადაიქცა. აქ მიმდინარეობდა ბავშვის ფიზიკური, კოგნიტური და პიროვნული განვითარების კომპლექსური კვლევა. სწორედ ბავშვის შესწავლის კომპლექსურობაში ხედავდა კლაპარედი პედოლოგიის არსს. იგი მას ორ ნაწილად ყოფდა: თეორიულ და გამოყენებით პედოლოგიად. თეორიულმა პედოლოგიამ უნდა შეისწავლოს ონტოგენეზის ფუნდამენტური კანონზომიერებანი, ზოგადად, და ყველა ასაკობრივ ეტაპზე - კონკრეტულად. გამოყენებითი პედოლოგია, თავის მხრივ, მოიცავს ე.წ. ფსიქოტექნიკას და ფსიქოგნოსტიკას. ფსიქოტექნიკის მიზანია სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის ადეკვატური სასწავლო-აღმზრდელობითი მეთოდების დამუშავება და დანერგვა, ფსიქოგნოსტიკისა - ფსიქიკური განვითარების დონის გარკვევა. ამ უკანასკნელის ფუძემდებლია კლაპარედის პარიზელი კოლეგა ალფრედ ბინე. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ბავშვის ინტელექტუალური განვითარების პირველი ტესტური მეთოდის შექმნა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ დიფერენციალური ფსიქოლოგიის ისტორიის კონტექსტში (იხ. თავი 7.2.).       ინტელექტუალური სფეროს ონტოგენეზის საკითხი კლაპარედის კვლევით ინტერესებშიც ერთ-ერთი უმთავრესი იყო. ეს დაინტერესებულობა მან გადასცა პიაჟეს, რომელმაც ამ მიმართულებით უდიდესი აღმოჩენები გააკეთა. კლაპარედი იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა კოგნიტურ განვითარებას, რომ მას თითქმის აიგივებდა ფსიქიკურ განვითარებასთან. ეს იქიდან ჩანს, - რომ ფსიქიკური განვითარების პერიოდიზაციის მისეულ სქემაში ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლის ძირითად კრიტერიუმად კოგნიციის სახეებისა და მათთან დაკავშირებული ინტერესების მონაცვლეობაა შერჩეული. კლაპარედი შემდეგ პერიოდებს გამოყოფს: 1) დაბადებიდან 2 წლამდე. ამ დროს ბავშვი ძირითადად იმით არის დაინტერესებული, თუ როგორ გამოიყურება საგნები. ამიტომ მისი კოგნიტური განვითარება უმთავრესად აღქმის გენეზისს უკავშირდება. 2) 2-დან 3 წლამდე. ამ პერიოდში დომინირებს ვერბალური ინტერესი (სიტყვები და მათი მნიშვნელობები); შესაბამისად, ვითარდება მეტყველების ფუნქცია. 3) 3-დან 7 წლამდე. საკუთრივ აზროვნების განვითარება სწორედ ამ პერიოდიდან იწყება. წამყვან ადგილს ზოგადი ინტელექტუალური ინტერესი იკავებს. 4) 7-დან 12 წლამდე. ამ პერიოდში იწყება სპეციალური ინტერესების ჩამოყალიბება. შემეცნება გამორჩეულად მიემართება გარკვეული საგნებისა თუ მოქმედებებისკენ. ამაში ვლინდება ბავშვის კოგნიტური განვითარების ინდივიდუალური თავისებურებები, მისი თანდაყოლილი ინტელექტუალური მიდრეკილებები. 5) 12-დან 18 წლამდე. კლაპარედი ამ პერიოდს სენტიმენტალურს უწოდებს. აქ განვითარება ეთიკური და სოციალური ინტერესების დომინირებით მიმდინარეობს.       ამ მიდრეკილებათა საფუძველზე, მოგვიანებით, უკვე მოზრდილობის ხანაში, თავს იჩენენ მემკვიდრეობითი ფაქტორებით გაპირობებული ე.წ. სპეციალური ნიჭები და უნარები. რაც შეეხება ე.წ. ზოგად ნიჭიერებას, კლაპარედის აზრით, ის ვლინდება ბავშვობის ხანაში და უკავშირდება მისი ყველა გონებრივი თვისების საერთო მაღალ დონეს, ინტელექტუალური საქმიანობის წარმატებულობას. თანდაყოლილი კოგნიტური უნარები, ისევე როგორც სხვა ფსიქიკური თვისებები, თვითგანვითარების პრინციპით მოქმედებენ, მაგრამ მემკვიდრეობით მოცემულის აქტუალიზაცია და რეალიზაცია გარკვეული სტიმულებისა და ფაქტორების ზემოქმედების შემთხვევაშია შესაძლებელი. თვითგანვითარებას მოქმედი მექანიზმები ესაჭიროება, რომლებიც განსაზღვრავენ მის ტემპს, მიმართულებას და შინაარსს. ასეთებად ავტორი თამაშსა და მიბაძვას მიიჩნევს. ამასთან, თამაში უფრო ქმედითი და უნივერსალური მექანიზმია; მისი საშუალებით ხდება ფსიქიკის ყოველმხრივი განვითარება, საერთო და სპეციალური უნართვისებების აქტუალიზაცია და გავარჯიშება. ეს ეხება როგორც გონებრივ, ისე აფექტურ და ნებელობით სფეროს. მიბაძვის მექანიზმი უფრო ამ უკანასკნელის განვითარებას ემსახურება. მისი მეშვეობით ბავშვი ეუფლება ახალ მოქმედებას, იძენს მისი შესრულების უნარს. ეს უნარი ასოციაციის პრინციპს ეყრდნობა: მყარდება კავშირი უფროსის მიერ ნაჩვენებ და თვით ბავშვის მიერ შესრულებულ მოქმედებას შორის. ამასთან, თუ ადრეულ ასაკში ათვისებული მოქმედების გამოსაწვევად მისი თვალსაჩინოდ ჩვენებაა საჭირო, შემდგომში სიტყვიერი მითითებაც საკმარისი ხდება.       განვითარების ზოგადი კანონზომიერებისა და მისი სწავლებასთან კავშირის პრობლემაზე მსჯელობისას კლაპარედი განიხილავს ბიოგენეტიკურ კანონს და მისგან გამომდინარე რეკაპიტულაციის პრინციპს. ის გარკვეულ დაზუსტებებს საჭიროებს. კერძოდ, სრულიად უმართებულოა ვიფიქროთ, რომ ადამიანის ემბრიონი მის ბიოლოგიურ წინაპრად გადაიქცევა (მაგ., თევზად, ვინაიდან ლაყუჩები უჩნდება). ასეთივე შეცდომაა იმის მტკიცება, რომ ბავშვი რომელიმე ეტაპზე პირდაპირი მნიშვნელობით ხდება ქვის ან ბრინჯაოს ხანის ადამიანი. ეს, ცხადია, ასე არ არის, ვინაიდან მას არა აქვს მოზრდილი ინდივიდის ის თვისებები, რომელთაც ფლობს პრიმიტიული ადამიანი, მაგალითად, სექსუალობა, მამაცობა და ა.შ. ბავშვის ფსიქოლოგია ყოველთვის „ბავშვური ფსიქოლოგია“ იქნება, ამბობს კლაპარედი. ეს არ ნიშნავს თვალის დახუჭვას იმ პარალელებზე, რომლებიც უეჭველად არსებობს ისტორიულ და ინდივიდუალურ განვითარებას შორის. ყველა ბავშვი, ყველა ქვეყანაში და განედზე, აუცილებლად აკეთებს იმას, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. ამ პარალელიზმს ვერ გავექცევით, მაგრამ რა არის მისი მიზეზი? აქ ორი კონცეფცია არსებობს. ერთის მიხედვით, ეს მსგავსება წარმოიშვება იმის გამო, რომ ახალი თაობა მოკლედ იმეორებს წინა თაობის მიერ განვლილ ფაზებს და ეს ბავშვის მემკვიდრეობაშია ჩაწერილი. სხვა თვალსაზრისით, ეს მსგავსება უბრალო კონფორმულობაა: თუ ინდივიდის განვითარება მოგვაგონებს გვარის განვითარებას, ეს იმიტომ ხდება, რომ ცოცხალი არსება რეგულარული კანონების მიხედვით ყალიბდება, და ბუნება იყენებს იდენტურ საშუალებებს ინდივიდისა და გვარის ევოლუციის განხორციელებისთვის.       პირველი შეხედულება ყველაზე მკაფიოდ ჰოლმა გამოხატა. მეორეს მონახაზი დიუისთან გვხვდება. კლაპარედი მას გაფორმებული კონცეფციის სახეს აძლევს. ფილოგენეზსა და ონტოგენეზში ერთნაირი ლოგიკა მოქმედებს. ამ ლოგიკის შესაბამისად, საბოლოო ორგანოს, ფუნქციის ან მთელი ორგანიზმის მისაღებად საჭიროა დროებით არსებობდნენ უფრო პრიმიტიული წარმონაქმნები, ისევე როგორც შენობის აგებისას საჭიროა დროებითი ხარაჩოები. თუ ბავშვი გაივლის ზოგიერთ ეტაპს, რომელიც გვაგონებს ცხოველს, ველურს ან ბარბაროსს, ეს ეტაპები უნდა განვიხილოთ როგორც აუცილებელი საფეხურები მისი შემდგომი ევოლუციისთვის. ბავშვობის ბარბაროსული ეტაპი წარმოადგენს სტიმულს მოზრდილი ადამიანის უნარების განვითარებისთვის მსგავსად იმისა, როგორც ემბრიონის საზურგე ქორდა არის სტიმული ზურგის კოლონის (ხერხემლის) შემდგომი ჩამოყალიბებისთვის. აქედან დასკვნა: ბავშვის ფსიქიკის თანმიმდევრული პროგრესის გასაგებად და მისთვის სწავლა-აღზრდის კონკრეტული საფეხურის შესარჩევად მიზანშეწონილია დავიხმაროთ ცოდნა კაცობრიობის განვითარების ისტორიიდან.       კლაპარედი იმათაც ედავება, ვინც კატეგორიულად უარყოფს ბიოგენეტიკურ პრინციპს და მიიჩნევს, რომ აღზრდას არაფერი ესაქმება ბავშვსა და მის პრიმიტიულ წინაპრებს შორის არსებულ ანალოგიასთან. ბავშვი, რომელიც იმყოფება სრულიად განსხვავებულ პირობებში, ვიდრე ველური ან ბარბაროსი, სწრაფად უნდა შეეგუოს აქტუალურ გარემოს. ამისთვის აუცილებელი არ არის იმ შეცდომების გამეორება და იმ შემოვლითი გზების ხელახალი გავლა, რაც გაიარა კაცობრიობამ ევოლუციის პროცესში. პირიქით, ბლონსკის თქმისა არ იყოს, არაევოლუციური ის იქნებოდა, თუ ჩვენ ვაიძულებდით ბავშვს თავის თავზე გამოეცადა კაცობრიობის ინტელექტის ყველა შეცდომა. გარკვეული აზრით, ეს, ალბათ, სწორია. უკიდურესობამდე მიყვანილი ყველა პრინციპი შეიძლება უაზრობამდე დავიდეს. ეს ეხება პედაგოგიურ პრაქტიკაში რეკაპიტულაციის გამოყენებასაც. მართლაც, ძნელი დასაჯერებელია, რომ ბავშვს ესაჭიროება ბუმერანგის ხმარების, დათვებზე ნადირობის ან კერპების თაყვანისცემის სწავლება იმის გამო, რომ „ველური“ ან „ბარბაროსული“ ინსტინქტების გამოვლენა სასარგებლოა მისი განვითარებისთვის. მიუხედავად ამისა, დიდი სიფრთხილე გვმართებს, რათა მეორე უკიდურესობაში არ გადავვარდეთ. სავსებით შესაძლებელია, რომ ის, რაც ჩვენი პედანტური ლოგიკისთვის „შემოვლითი გზა ან შეცდომაა“, სინამდვილეში მიზნის მიღწევის ყველაზე მოკლე გზა აღმოჩნდეს, ვინაიდან ეს ის გზაა, რომელიც ბუნებამ გაკვალა. ამ ლოგიკით შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ბაყაყისთვის შემოვლითი გზაა თავკომბალის მდგომარეობის გავლა; უფრო ადვილი არ იქნებოდა, რომ ის თავიდანვე დაბადებულიყო თათებით და, განსაკუთრებით, კუდის გარეშე, რომელიც არის მხოლოდ „შემოვლითი გზა და შეცდომა“?! მაგრამ რეალურად ეს „შეცდომა“ ევოლუციურად გამართლებულია. ძალიან აჩქარდებოდნენ ისინი, ვინც დიდი ბაყაყის ფორმირებისთვის თავკომბალას კუდს მოაჭრიდა. ამას ალბათ გააკეთებდნენ კიდეც, ბაყაყებს სკოლები რომ ჰქონოდათო, ირონიულად შენიშნავს კლაპარედი.       XIX და XX საუკუნეების გასაყარზე ბრიტანეთში ჯერ კიდევ ბატონობდა ემპირიული ფსიქოლოგია და მისი ყველაზე მძლავრი მიმდინარეობა - ასოციაციონიზმი. ამიტომ გასაკვირი არ არის რომ ბავშვის ბრიტანული ფსიქოლოგიის პიონერი ჯორჯ სელი (1843-1923) ემპირიზმის პოზიციებზე იდგა. იგი ცდილობდა ასოციაციური ფსიქოლოგიის პრინციპები მოერგო ბავშვის განვითარების პრობლემატიკისთვის. სპენსერმა ასოციაციონიზმის პოზიციიდან ფილოგენეზი განიხილა, ხოლო სელიმ - ონტოგენეზი. მან თავისი მოსაზრებები რამდენიმე გახმაურებულ წიგნში ჩამოაყალიბა, რომელთაგან ყველაზე ცნობილია „ბავშვის ფსიქოლოგიის ნარკვევები“ (1895) და „პედაგოგიური ფსიქოლოგია“ (1915).       სელი ასოციაციური ფსიქოლოგიის ტრადიციულ სქემას მიჰყვება: თავდაპირველად არსებობენ ფსიქიკური ელემენტები, რომლებიც ასოციაციის გზით ერთიანდებიან რთულ ფსიქიკურ წარმონაქმნებში. კერძოდ, ბავშვის ფსიქიკური განვითარება იწყება ფსიქიკური პროცესების თანდაყოლილი ნასახებიდან ანუ ელემენტებიდან. ესენია შეგრძნება, მარტივი გრძნობა, რეფლექსურ-იმპულსური აქტივობა. განვითარების პროცესში მათ საფუძველზე წარმოიქმნება კოგნიტური, ემოციური და ნებელობითი პროცესები. ეს ხდება ელემენტების ინტეგრაციით, რაც წარმოშობს ცნებებს, წარმოდგენებს, განზრახვებს და ა. შ. ყოველივე ეს ასოციაციის კანონებს ემორჩილება. აქ სელის ახალი არაფერი უთქვამს. ახალი იყო ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ როგორი ასოციაციები და რა თანმიმდევრობით წარმოიქმნება ბავშვის განვითარების პროცესში. მისი გამოკვლევების თანახმად, თავდაპირველად ყალიბდება სენსომოტორული ასოციაციები მსგავსების კანონის მიხედვით. შემდგომში ბავშვს თანდათან უყალიბდება საგნების ხატები, მეზობლობის კანონის შესაბამისად, ხოლო მეორე წლის ბოლოს ჩნდება ასოციაციები, რომლებიც კონტრასტის კანონს ემყარება.       სელიმ თავისებურად გამიჯნა შემეცნებითი, ემოციური და ნებელობით ფუნქციების განვითარების ეტაპები. იგი დაბეჯითებით მოითხოვდა, რომ ეს გაეთვალისწინებინათ სასწავლო პროცესის ორგანიზებისას, სახელდობრ, სკოლაში სასწავლო პროგრამებისა და ბავშვებთან პედაგოგების ურთიერთობის სტილის შეცვლისთვის.       გარდა იმისა, რომ ბავშვის ფსიქოლოგიას შეუძლია და უნდა დაეხმაროს პედაგოგიკას, ის დიდ სარგებლობას მოუტანს მოზრდილი ადამიანის ფსიქიკის საიდუმლოების გახსნის საქმესაც. ყოველი ადამიანური ორგანიზმი, ამბობდა სელი, თავის თავში ატარებს ადამიანური ცნობიერების ჩანასახს. ეს ცნობიერება დაბადებიდანვე იწყებს განვითარებას და იმთავითვე სპეციფიკურად ადამიანური სახე აქვს. თუ ფსიქოლოგი მოახერხებს შეაღწიოს ბავშვის ცნობიერებაში და გაიგოს რა ხდება იქ, იგი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება მოზრდილის რთულ ცნობიერებაში გარკვევისას. „შესაძლებელია, ბავშვის სული არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მაგრამ მკვლევარი ვერ აიღებს ამოსავალ წერტილად ვერც ერთი ცხოველის გონებას, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი შეიცავს ბევრ ადამიანურ ელემენტს, იგი ავლენს მათ სრულიად განსხვავებული, თავისებური ფორმით“. სელის ეს სიტყვები მნიშვნელობას იძენს ცხოველისა და ბავშვის ფსიქიკას შორის არსებული იმ პარალელების ფონზე, რომელზეც მიუთითებენ სხვა ფსიქოლოგები, განსაკუთრებით კი ბიულერი. ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ. აქ კი აღვნიშნავთ, რომ ბიოგენეტიკური იდეები არც სელისთვის იყო უცხო. იგი ხედავდა გარკვეულ კავშირს ისტორიოგენეზსა და ონტოგენეზს შორის და აღნიშნავდა, რომ ადამიანის ცხოვრების პირველი წლები „თითქოს დაპატარავებულ და მრუდე სარკეში გვიჩვენებენ იმ მდგომარეობას, რომელშიც, ალბათ, იმყოფებოდა პირველყოფილი ადამიანი“.       გერმანიაში ბავშვის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ერნსტ მოიმანი (1862-1915) უფრო მკვეთრად აფიქსირებს განსხვავებას ბავშვისა და მოზრდილის ფსიქიკას შორის და ოთხ ძირითად მომენტზე ამახვილებს ყურდღებას: 1) ბავშვს დასაწყისში არ გააჩნია მოზრდილის ყველა სულიერი თვისება. 2) თვისებების განაწილება ბავშვთან და მოზრდილთან განსხვავებულია. მათთან სხვადასხვა თვისებები დომინირებს. მაგალითად, მოზრდილი ადამიანი უმეტესწილად სიტყვების მეშვეობით აზროვნებს, მცირეწლოვანი ბავშვი კი უფრო მეტად იყენებს თვალსაჩინო წარმოდგენებს საგნების შესახებ. ამასთან, ბავშვსაც შეუძლია იაზროვნოს სიტყვებით, ხოლო მოზრდილს წარმოდგენებით, მაგრამ მათი თანაფარდობა განსხვავებულია. 3) ბავშვის სულიერი ცხოვრების ზოგიერთი გამოვლინება თვისებრივად განსხვავდება მოზრდილისაგან და 4) ბავშვის თვისებები მოზრდილისაგან ხარისხობრივადაც, ინტენსივობის მხრივაც განსხვავდება.       მოიმანი გერმანიაში ბავშვისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის თვალსაჩინო ორგანიზატორი იყო. მან ჰამბურგში დააარსა ბავშვის ფსიქიკური განვითარების შემსწავლელი ლაბორატორია და პირველი გერმანული ჟურნალი პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში. მისი კაპიტალური სამტომეული „ლექციები ექსპერიმენტულ პედაგოგიკაში“ (1907) იმ დროისთვის ენციკლოპედიური მნიშვნელობის კვლევას წარმოადგენდა. პირველ ორ ტომში განხილულია ბავშვის ფსიქოლოგიის, ხოლო მესამეში - პედაგოგიკისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის, კერძოდ, კითხვის, წერის, თვლისა და ხატვის სწავლების საკითხები.       მოიმანი ბავშვის ორგანიზმს მთლიანობაში განიხილავდა, ანუ მისი ფიზიკური და ფსიქიკური მხარეების ერთიანობაში. იგი ხაზს უსვამდა, რომ აუცილებელია გვქონდეს თითოეული ინდივიდის განვითარების სრული ფსიქოფიზიკური სურათი და გაუმართლებლად მიაჩნდა აღმზრდელების ზედმეტი გატაცება ბავშვის მხოლოდ გონებრივი მოქმედების კონტროლით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება არასწორად მოვექცეთ ბავშვს და მისგან ისეთი რამ მოვითხოვოთ, რისი გაკეთებაც არ ძალუძს ფიზიკური სისუსტის გამო. ბავშვის ნებელობაზე აპელირება ამ შემთხვევაში სრულიად ამაოა, ვინაიდან აქ საქმეს მხოლოდ ფიზიკურ განვითარებაზე ზრუნვა უშველის. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სულიერი და ფიზიკური განვითარება ყოველთვის პარალელურად არ მიმდინარეობს. ეს მოიმანმა თავისი კვლევით დაადასტურა. მან ისიც დაამტკიცა, რომ ახალგაზრდა და მოზრდილი ორგანიზმი არა მხოლოდ ფსიქიკური, არამედ ანატომიურ-ფიზიოლოგიური კუთხითაც თვისებრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან.       მოიმანმა აჩვენა, რომ ბავშვის ნორმალური ფიზიკური და ფსიქიკური განვითარება მუდმივი პროცესი არ არის - შეჩერებებსა და პაუზებს შეიცავს. განსაზღვრულ პერიოდებში ეს ყველა ბავშვს ემართება და, ამდენად, კანონზომიერია. საზოგადოდ კი, ყველაზე ადრე ვითარდება ის უნარები, რომლებიც ბავშვის გარემო პირობებთან შეგუებისთვის, თვითშენარჩუნებისთვის არის აუცილებელი. მაგალითად, ბავშვი გაცილებით ადრე იწყებს ორიენტირებას სივრცეში, ვიდრე დროში. საქმე ისაა, რომ პატარას ცხოვრებას დროში აღმზრდელები ანაწილებენ, ხოლო სივრცითი ორიენტაცია უმეტესად მისი საკუთარი საზრუნავია. ასევე, ცოდნა საგნების სივრცითი თვისებების (ფორმა, ზომა და ა.შ.) შესახებ უფრო ადრე შეიძინება, ვიდრე ცოდნა ფერების შესახებ, ვინაიდან პირველი სრულებით აუცილებელია საგნების ცნობისთვის, ფერები კი ხშირად მხოლოდ ესთეტიკური დამატებაა. ასევე, სხვისი მეტყველების გაგება უფრო ადრე იწყება, ვიდრე დამოუკიდებელი მეტყველება და ა.შ.       გერმანული პედოლოგიის პირველი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელია აგრეთვე კარლ გროსი (1861-1946). მისი წიგნი „ბავშვის სულიერი ცხოვრება“ საკმაოდ პოპულარული იყო, მაგრამ განსაკუთრებული აღიარება იმ გამოკვლევებმა მოუტანა, რომლებშიც თამაშის ბუნების გარკვევა იყო ნაცადი. თამაშის მნიშვნელობაზე ბევრ მოაზროვნეს უფიქრია, თუმცა საგანგებო კვლევის საგნად იგი მხოლოდ ბავშვის ფსიქოლოგიის სპეციალურ დარგად ჩამოყალიბების შემდეგ იქცა. გროსმა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო თამაშის სისტემატური შესწავლა, მდიდარ ემპირიულ მასალაზე დაყრდნობით აჩვენა მისი როლი ცხოველისა და ადამიანის განვითარების საქმეში. გროსის ცნობილ თამაშის თეორიაში ნაჩვენებია, რომ აქტივობის ამ სახის ფუნქცია მომავალი ცხოვრებისთვის მომზადებაა.       გროსს სურდა შეექმნა თეორია, რომელიც დაძლევდა სხვა თეორიების ნაკლოვანებებს. ამიტომ მან კრიტიკულად გააანალიზა იმ დროისთვის არსებული შეხედულებები. ასეთები იყო, მაგალითად, შტაინტალისა და ლაცარუსის თვალსაზრისი, რომელიც თამაშს დასვენების ფუნქციას მიაწერს, სპენსერის კონცეფცია, რომელიც თამაშს ორგანიზმში ჭარბი ენერგიის რეალიზაციის საჭიროებას უკავშირებს, ან კიდევ ჰოლის შეხედულება, რომლის მიხედვით თამაშის ბუნება რეკაპიტულაციის პრინციპის თანახმად არის გააზრებული.       გროსის ე.წ. ვარჯიშის თეორიის მიხედვით, ბავშვის თანდაყოლილი რეაქციები არ არის საკმარისი ნორმალური ადამიანური ფუნქციონირებისთვის მომავალში. ბავშვობის პერიოდში უნდა მოხდეს ისეთი ფუნქციებისა და რეაქციების გამომუშავება, რომლებიც რეალური ცხოვრებისეული ამოცანების გადასაჭრელად გამოდგება. ამას ემსახურება თამაში. მასში ხდება მოქმედების ახალი ფორმების შეძენა და სერიოზული ცხოვრებისთვის აუცილებელი ძალების გავარჯიშება. თამაშის საშუალებით ბავშვი მომავალი ცხოვრებისთვის ემზადება. ეს არის თამაშის ობიექტური მიზანი და დანიშნულება. გროსის თქმით, „ჩვენ იმიტომ კი არ ვთამაშობთ, რომ ბავშვები ვართ, არამედ სწორედ იმისთვის გვაქვს ბოძებული ბავშვობა, რომ ვითამაშოთ“. ცხადია, მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება არაა მოთამაშე ინდივიდის სუბიექტური მიზანი. თამაშის აქტივობის მასაზრდოებელი წყარო, მისი სტიმუ ლი თანდაყოლილი ძალების ამოქმედებაა. ძველ რეაქციებზე დაშენდება ახალი მოქმედებები, რომლებიც უფროსების მოქმედებათა გარეგნულ სახეს იმეორებენ: თოჯინის მოვლა, მანქანის ტარება და სხვა. თამაშის შინაარსი ბავშვის უფროსებისადმი მიბაძვის შედეგია, მიმბაძველობა კი ბავშვის თანდაყოლილი თვისება. ამრიგად, თამაშში ორგანულად არის შერწყმული ინდიდვიდის მემკვიდრეობითი მოცემულობა და სოციალური გარემოს ზემოქმედება.       გამოჩენილი გერმანელი ფსიქოლოგი ვილიამ შტერნი აზუსტებს და აღრმავებს გროსის ანალიზს. იგი გამოყოფს თამაშის ფორმას და შინაარსს. ფორმა უცვლელია და დაკავშირებულია თანდაყოლილი თვისებების გავარჯიშებასთან, რაც თამაშის მთავარი ბიოლოგიური ფუნქციაა. შინაარსი ცვალებადია, მას სოციალური გარემო განსაზღვრავს. შედეგად, თანდაყოლილი ფუნქციების ამოქმედების პროცესი თამაშის ქცევაში შეძენილი სოციალური შინაარსით ივსება.       ადვილი შესამჩნევია, რომ განვითარების თვალსაზრისით შტერნის თამაშის თეორიას ავტორის უფრო ფართო შეხედულების მკაფიო კვალი ატყვია. შტერნი პირველი თაობის პროფესიონალ ფსიქოლოგებს შორის ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული ინტერაქციონისტი იყო. იგი ამოდიოდა იდეიდან, რომ განვითარება ყოველთვის და აუცილებლად თანდაყოლილისა და შეძენილის, შინაგანისა და გარეგანის გაერთიანებული მოქმედების, ანუ კონვერგენციის შედეგია. კონვერგენციის თეორიის თანახმად, არსებობს ბავშვის თანდაყოლილი მიდრეკილებები და ნასახები, რომლებიც დასრულებული და გამზადებული თვისებები კი არაა, არამედ მხოლოდ პოტენციური შესაძლებლობებია. ფსიქოფიზიკური პოტენციის გადაქცევა სინამდვილედ, რეალურ თვისებად გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით ხდება. მარცვალში იმთავითვე ჩანერგილია მომავალი მცენარის სახე. მაგრამ როგორი სისწრაფით, რამდენად კარგად და რა სპეციფიკური ფორმით განვითარდება იგი, დამოკიდებულია ნიადაგზე, ამინდზე, მებაღის მზრუნველობაზე და სხვა გარე პირობებზე. ასევეა ბავშვის შემთხვევაში.       განვითარების პროცესში შინაგანისა და გარეგანის ურთიერთქმედება ე.წ. ინტროცეფციის მექანიზმის მეშვეობით ხდება. შტერნის მიხედვით, ეს ნიშნავს შინაგანი მიზნების გაერთიანებას სოციალური გარემოდან მომდინარე მიზნებთან. თავდაპირველად მცირეწლოვანი ბავშვის ფსიქიკური შესაძლებლობები არ არის გამოკვეთილი; იგი არ აცნობიერებს საკუთარ თავს, საკუთარ უნარ-მიდრეკილებებს, მიზან-მისწრაფებებს. ყოველივე ამის ჩამოყალიბება, ორგანიზება, დაკონკრეტება და, საბოლოოდ, გაცნობიერება გარემოს ზემოქმედებით მიიღწევა. ბავშვი ცდილობს აიღოს გარედან ის, რაც მას ესაჭიროება და რაც მის შინაგან პოტენციას შეესაბამება, და პირიქით, ზღუდავს ისეთ ზემოქმედებას, რომელიც ამას ეწინააღმდეგება. ცნობიერება მოქმედების შესრულების დაბრკოლების, წინააღმდეგობის გაჩენის შემთხვევაში იჩენს თავს. მისი ფუნქციაა გართულებული ადაპტაციის ხელშეწყობა, მაგრამ გაცნობიერების საგანი ხდება არა მხოლოდ წინააღმდეგობის შემცველი ფიზიკური თუ სოციალური გარემო, არამედ სუბიექტური სამყაროს ის მხარეც, რომლის რეალიზაცია ვერ მოხერხდა მოქმედებაში; ესენია კონკრეტული მისწრაფებები და ფსიქიკური შესაძლებლობები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინტროცეფციის გართულება ან ფრუსტრაცია მეტი სოციალიზაციისა და თვითრეფლექსიის, საბოლოოდ კი პიროვნების განვითარების წყაროდ იქცევა.       შტერნი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სწორედ პიროვნების, როგორც მთლიანის განვითარებას და ფორმირებას. ეს სავსებით კანონზომიერია, შტერნი ხომ დიდი ფსიქოლოგიური სისტემის ავტორია, რომლის ცენტრალურ ცნებას პიროვნება (პერსონა) წარმოადგენს. შტერნმა პერსონალისტური ორიენტაცია განვითარების პრობლემატიკაზე გადმოიტანა. ამას, ზოგადად, პოზიტიური მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან ბავშვის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე მკვლევართა ინტერესი ძირითადად კოგნიტური სფეროს ონტოგენეზისკენ იყო მიმართული. კოგნიცია კი მთლიანი პიროვნების მხოლოდ ერთ-ერთი სფეროა. თუმცა აღსანიშნავია, რომ შტერნმა ამ სფეროს განვითარებაც სპეციალურად იკვლია და სერიოზულ შედეგებსაც მიაღწია. ყველაზე სრულად ისინი გადმოცემულია კლასიკურ ნაშრომებში „ბავშვის ენა“ და „ადრეული ბავშვობის ფსიქოლოგია“.       შტერნს მიაჩნდა, რომ კოგნიტური სფეროს განვითარება კონკრეტული მიმართულებით, კერძოდ, პერიფერიიდან ცენტრისკენ მიემართება. ამიტომ ონტოგენეზში ჯერ ვითარდება ჭვრეტა (აღქმა), შემდეგ წარმოდგენა (მეხსიერება) და ბოლოს აზრი (გონება). ამ გზით, ბავშვი გარემოს ბუნდოვანი ასახვიდან გადადის სამყაროს მოვლენათა არსის შეცნობაზე. გარდამტეხი მომენტი მთელ კოგნიტურ განვითარებაში დგება 1,5-2 წლის ასაკში, როცა მეტყველების ათვისების პროცესი კრიტიკულ ფაზას აღწევს. ამ დროს, შტერნის თქმით, ბავშვი აკეთებს უდიდეს აღმოჩენას თავის ცხოვრებაში - იგი ხვდება, რომ ყველა საგანს შეესაბამება მისი აღმნიშვნელი ბგერითი კომპლექსი, ანუ იმას, რომ ყველა საგანს თავისი სახელი აქვს, ყველა სიტყვას კი - თავისი მნიშვნელობა. საზოგადოდ, მეტყველების ონტოგენეზში სამი ტენდენცია იჩენს თავს: მიმართულობა განცდის გამოხატვაზე, მიმართულობა შეტყობინებაზე და მიმართულობა სიტყვის მნიშვნელობაზე. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შტერნმა აღწერა მეტველების დაუფლების ძირითადი ეტაპები ხუთ წლამდე. მათ ცვალებადობას კანონზომიერი ხასიათი აქვს და მიმდინარეობს პასიური მეტყველებიდან აქტიურისკენ, ბგერებიდან სიტყვებისკენ, სიტყვებიდან წინადადებებისკენ.       შტერნმა შეისწავლა აზროვნების განვითარებაც, სახელდობრ, მისი ისეთი ონტოგენეტური ფორმა, როგორიცაა ე.წ. აუტისტური აზროვნება. საკითხი აზროვნების ამ ფორმის ბუნებისა და ფუნქციის შესახებ ბავშვის ფსიქოლოგიაში სერიოზული კვლევისა და აზრთა ჭიდილის ასპარეზი გახდა. აქ მხოლოდ შემდეგს აღვნიშნავთ: პიაჟესაგან განსხვავებით, შტერნს მიაჩნდა, რომ აუტისტური აზროვნება უფრო რთული ბუნებისაა, ვიდრე რეალისტური, და ამიტომ, კოგნიტური განვითარების პროცესში, მასზე გვიან უნდა ჩნდებოდეს.       შტერნი ფიქრობდა, რომ ასაკობრივი პერიოდების სახით მოცემული განვითარების ზოგადი კანონზომიერებების გარდა, ყველა ბავშვის შემთხვევაში ინდივიდუალური თავისებურებებიც იჩენს თავს. ეს, პირველ რიგში, ფსიქიკური განვითარების ინდივიდუალურ ტემპში გამოიხატება. შტერნის, როგორც დიფერენციალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ინტერესი ბავშვების განვითარების ინდივიდუალური თავისებურებებისადმი სრულიად ბუნებრივი იყო. მან მხარი აუბა ბინეს და სერიოზული მუშაობა ჩაატარა იმ მეთოდების შესაქმნელად, რომლებიც ბავშვის ინტელექტუალური განვითარების გაზომვისთვის იყო საჭირო. სწორედ შტერნის შემოღებულია e.w. გონებრივი განვითარების კოეფიციენტი IQ (იხ. თავი 7.2.).       ეს სამუშაო მიმდინარეობდა ჰამბურგის პედაგოგიურ ლაბორატორიაში, რომელიც შტერნმა მოიმანის გარდაცვალების შემდეგ ჩაიბარა და აგრეთვე ჰამბურგის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, რომლის დამაარსებელი და ხელმძღვანელიც იყო ამერიკაში ემიგრაციამდე (1916-1933). ამ ინსტიტუტის მრავალფეროვან კვლევა-ძიებაში, რაც უმთავრესად გამოყენებითი ფსიქოლოგიის კუთხით მიმდინარეობდა, ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის პრობლემატკას უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა. ამავე დროს, შტერნი მოიმანის მიერ შექმნილ პედაგოგიური ფსიქოლოგიის ჟურნალსაც რედაქტორობდა. მოკლედ, შტერნი იყო ბავშვის ფსიქოლოგიის უდიდესი მკვლევარი და გერმანიაში პედოლოგიური მოძრაობის თვალსაჩინო ორგანიზატორი.       ბავშვის ფსიქოლოგთა პირველ თაობაში საპატიო ადგილი უკავია გამოჩენილ გერმანელ ფსიქოლოგს, კარლ ბიულერს (1879-1963). თავდაპირველად ბიულერი ვიურცბურგის სკოლის წევრი იყო და აქტიურად მონაწილეობდა აზროვნების ექსპერიმენტულ კვლევაში. მას ეკუთვნის ტერმინი „აჰა განცდა“, რომელიც გამოხატავს ამოცანის გადაწყვეტის მომენტში გაჩენილ სპეციფიკურ შვების განცდას (იხ. თავი 7.1.). ვიურცბურგის შემდეგ ვენაში მოღვაწეობდა, ბოლოს კი ამერიკაში გადასახლდა. შეიცვალა მისი ინტერესებიც, რომლებმაც ზოგადიდან განვითარების ფსიქოლოგიაზე გადაინაცვლეს. ამ მიმართულებით მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია „ბავშვის სულიერი განვითარება“ (1918). წიგნში განხილულია ბავშვის ფსიქოლოგიის ყველა ძირითადი თემა, მოცემულია ავტორის ორიგინალური შეხედულება მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ შორის ყველაზე არსებითია საკითხი ონტოგენეტური განვითარების პროცესის ბუნებისა და მსვლელობის კანონზომიერებათა შესახებ.       ბიულერი ამოდის თეზისიდან: „ბუნება არ აკეთებს ნახტომებს, განვითარება ყოველთვის თანდათანობით მიმდინარეობს“. ამიტომ იგი თამამად ავლებს პარალელებს ცხოველურსა და ადამიანურს, ბიოლოგიურსა და სოციალურ-კულტურულს, ფილოგენეტურსა და ონტოგენეტურს შორის, ცდილობს აჩვენოს მათი ერთმანეთში გადასვლის უწყვეტობა და თანმიმდევრულობა. განვითარება, საზოგადოდ, მყარ შინაგან კანონზომიერებას ექვემდებარება. უსუსური ახალშობილი სამი წლისთვის შორს იტოვებს განვითარებაში ყველა ცხოველს, ვინაიდან მეტყველებს, მსჯელობს, აკეთებს დასკვნებს, აქვს ერთგვარი მსოფლმხედველობაც, თუმცა, ცხადია, პრიმიტიული და არასაკმარისი; მას აქვს თავისებური დამოკიდებულება სიმართლისა და ტყუილის, კეთილისა და ბოროტის, ლამაზისა და უშნოს მიმართ. განვითარების ასეთივე ისტორია აქვს გვარსაც. კაცობრიობაც თანდათან დაეუფლა ენას, ხელოვნებას და კულტურის სხვა მონაპოვარს. მიუხედავად ამისა, ადამიანთა მოდგმა არ არის იზოლირებული ცხოველური სამყაროსაგან, რომელთანაც მჭიდრო ნათესაობა აკავშირებს. ეს უპირველესად იმაში ვლინდება, რომ ცხოველისა და ადამიანის ქცევა თუ ფსიქიკა განვითარების სამ ძირითად სტადიას გაივლის, ესენია: ინსტინქტი (სტერეოტიპული, თანდაყოლილი აქტივობა), დრესურა (მოქმედების ახალი ფორმების შეძენა) და ინტელექტი (პრაქტიკული აზროვნება).       აანალიზებს რა ონტოგენეზს, ბიულერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადრეული ბავშვობის ხანას, ვინაიდან სწორედ აქ იჩენს თავს სამივე აღნიშნული მექანიზმი და საფუძველი ეყრება მთელ შემდგომ სულიერ განვითარებას. პირველი წლიდან იწყება ინტელექტის ფორმირება. ბავშვი იწყებს პრიმიტიული იარაღის გამოყენებას, მსგავსად კელერის მიერ შესწავლილი პრიმატებისა. ამიტომ ამ პერიოდს ბიულერი „შიმპანზესმაგვარს“ უწოდებს. ინტელექტის განვითარება ჯერ პრაქტიკული, აზრიანი მოქმედების პლანში მიმდინარეობს, ხოლო შემდგომ შინაგან პლანში გადაინაცვლებს. ეს ენის მეშვეობით ხდება. აქედან გამომდინარე, დიდი ყურადღება ექცევა მეტყველების ათვისების პროცესის დახასიათებას. ბიულერი იქიდან ამოდის, რომ „არსებობს სულიერი განვითარების მყარად დადგენილი რიტმი, რომელიც შეიძლება დაჩქარდეს ან დამუხრუჭდეს, მაგრამ მისი სრული გაჩერება შეუძლებელია“. ეს ეხება ყველა ფსიქიკურ პროცესსა თუ ფუნქციას, მათ შორის მეტყველებასაც. იგი განსაზღვრულ რიტმში გაივლის ტრანსფორმაციათა რიგს (ღიღინი, ტიტინი, მიბაძვა, პირველი სიტყვები, წინადადებები, ფრაზები და ა.შ.). საზოგადოდ კი, ბიულერი მიიჩნევს, რომ ამეტყველება გამზადებული ენის უბრალო შეთვისება კი არ არის, არამედ მისი კონსტრუირებაა უფროსებთან ურთიერთობის პროცესში. აქ ბავშვი აკეთებს სამ დიდ აღმოჩენას, რომლებიც ამ პროცესს სამ სტადიად ყოფს. პირველ სტადიაზე ბავშვი აღმოაჩენს სიტყვის „მნიშვნელობას“. იგი ხვდება, რომ ბგერათა გარკვეული კომპლექსი იწვევს მოზრდილთა შესაბამის რეაქციას და იწყებს მის განზრახ გამოყენებას. მეორე სტადიაზე აღმოაჩენს, რომ ყველა საგანს თავისი სახელი აქვს. იგი უკვე თვითონ კი არ იგონებს საგნების სახელებს, არამედ უფროსებისაგან იწყებს სათანადო ცნობების მოძიებას. მესამე სტადიაზე ბავშვი გრამატიკის მნიშვნელობას აღმოაჩენს. იგი აფიქსირებს, რომ მიმართებები საგნებს შორის შეიძლება გამოიხატოს სიტყვის ბგერითი მხარის ცვლილებით, მაგალითად: სათამაშო - სათამაშოები.       იგივე ითქმის აზროვნებაზეც. ლოგიკური აზროვნების განვითარება (ცნება, მსჯელობა, დასკვნა) იწყება მეტყველების განვითარების კვალდაკვალ. მას თავისი ტემპი აქვს და კონკრეტული კანონზომიერების შესაბამისად მიმდინარეობს. მაგალითად, ბავშვის ცნებებისა და განსაზღვრებების კვლევისას ბიულერმა დაადგინა, რომ პირველ ხანებში მათში მოცემულია მხოლოდ მითითება საგნის დანიშნულებაზე. მითითებანი გვარისა და სახეობის ნიშნებზე ჩნდება სასკოლო ასაკში და სასკოლო სწავლების გავლენით. ბიულერი ხაზს უსვამს იმას, რომ აზროვნების პროცესში ხდება ახალი მიმართებების წვდომა და, ამდენად, ეს პროცესი შემოქმედებითი ბუნებისაა. აზროვნებისა და შემოქმედების მიმართების კონტექსტში განიხილება ბავშვის მხატვრობის საკითხი. ბიულერმა აჩვენა, რომ ხატვა უშუალოდ მოქმედებს ბავშვის კოგნიტურ განვითარებაზე. ნახატი გრაფიკული მოთხრობაა, ის საგნის ასლი კი არ არის, არამედ ბავშვის გონებაში გადამუშავებული მონათხრობია მის შესახებ.       ხატვა ბავშვის შემოქმედებითი აქტივობის ერთ-ერთი გამოვლინებაა და, ამდენად, უშუალოდ არის დაკავშირებული ფანტაზიის ფუნქციასთან. ამ ფუნქციის განვითარების კიდევ ერთი წყაროა ზღაპრები. ბიულერი საგანგებოდ - აანალიზებს ზღაპრის წარმოშობისა და დანიშნულების საკითხებს გენეტიკური ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი, წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებასთან მიმართებაში. იგი მიუთითებს მკაფიო პარალელებზე შემოქმედებასა და თამაშს შორის, მაგრამ მათ შორის არსებულ განსხვავებასაც ხედავს, რაც აქტივობის ამ ორი ფორმის განხორციელების ემოციურ-მოტივაციური მექანიზმის თავისებურებაში მდგომარეობს; ბავშვის თამაშის საკითხიც სწორედ ემოციების კონტექსტში განიხილება.       ეს კონცეფცია აშკარად ჰედონისტური ხასიათისაა. ავტორს შემოაქვს ტერმინი ჰედონალგიური რეაქცია, რაც გულისხმობს სიამოვნებისა (ჰედონე) და უსიამოვნების (ალგოს) ჩართულობას ცოცხალი ორგანიზმის ყოველგვარ აქტივობაში. ტკბობის საყოველთაო პრინციპის პირველადი გამოვლინებაა სურვილი და დაკმაყოფილება. საამისოდ ბუნებამ შექმნა ფუნქციონალური სიამოვნების მექანიზმი, როცა სიამოვნების წყაროა „არა დაკმაყოფილება“ (დაუკმაყოფილებლობა), ანუ აქტივობის სურვილი უსიამოვნების მდგომარეობაა, რომელიც აღძრავს „მიზანმიმართულ“ აქტივობას, ხოლო დაკმაყოფილება სიამოვნების მდგომარეობაა, რომელიც მოჰყვება „მიზნის“ მიღწევას. ეს მექანიზმი მოქმედებს იქ, სადაც აქტივობა ჩამოყალიბებულია, ანუ ინსტინქტის სტადიაზე. მაგრამ ის არ არის საკმარისი დრესურის სტადიაზე მიმდინარე აქტივობის გასაგებად. აქ აქტივობა არ არის ფორმირებული, ის ყალიბდება მრავალჯერადი გამეორებითა და ვარჯიშით. მთავარია არა შედეგი, არამედ თვით მოქმედება, მისი მიმდინარეობის პროცესი. ამით მოინახა „დრესურისთვის“ (ვარჯიშისთვის) საჭირო დაუღალავი მცდელობებისა და გამეორებების მამოძრავებელი ძალა.       ეს ყოველივე უშუალოდ ეხება თამაშს, რამდენადაც ის, პირველ ყოვლისა, ემსახურება პატარა ინდივიდის სხეულებრივი თუ სულიერი ფუნქციების გავარჯიშებას და მომავალი ცხოვრებისთვის მომზადებას. ამაშია მისი ბიოლოგიური აზრი, რაც ყველაზე უკეთ გროსმა აჩვენა. ბიულერი ამ ობიექტური ვითარების სუბიექტურ-მოტივაციურ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას და ფუნქციონალური სიამოვნების მექანიზმის საშუალებით ცდილობს, ნათელი გახადოს, თუ რატომ, რა შინაგანი საჭიროების გამო თამაშობს ცხოველი და ადამიანი. იგი ამბობს: „თამაშს ვუწოდებთ ისეთ ქმედებას, რომელიც ხასიათდება ფუნქციონალური სიამოვნებით. ფუნქციონალური სიამოვნებაა ის, რაც მას ინარჩუნებს და რისთვისაც იგი ხორციელდება. აქ მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა განსხვავებულ შედეგამდე მივყავართ მას და კიდევ რა მიზნებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული“.       მაშასადამე, თამაშის შემთხვევაში სიამოვნება თვით მოქმედების პროცესს უკავშირდება. შემოქმედების დროს კი სიამოვნების წყარო არის არა ქცევის პროდუქტი ან პროცესი, რომელიც ხშირად საკმაოდ მძიმე და მტანჯველია, არამედ იდეის ჩასახვის, ნაწარმოების შინაგანი მომწიფების მომენტი. სიამოვნება აქ ქცევის საწყისშია. თუ ყოველ ქცევაში პირობითად ორ ფაზას გამოვყოფთ - შინაგანი და გარეგანი მუშაობის ფაზას - შემოქმედების სპეციფიკური სიხარული ან მთლიანად პირველ ფაზას დაუკავშირდება, ან წარმოიქმნება პირველიდან მეორეზე, ანუ გარე გამოვლენილ მოქმედებაზე გადასვლისას.       ამრიგად, ბიულერის მიხედვით, ქცევის ემოციურ-მოტივაციურ მექანიზმთან მიმართებაში განვითარების შემდეგი კანონზომიერება იკვეთება: ინსტინქტურ სტადიაზე სიამოვნება მოქმედების შედეგს, ე.ი. მოთხოვნილების დაკმაყოფილებას მოჰყვება; დრესურის (ფართო გაგებით თამაშის) სტადიაზე მოქმედებს ფუნქციონალური სიამოვნების ანუ აქტივობისაგან მიღებული სიამოვნების მექანიზმი; ინტელექტის (ფართო გაგებით შემოქმედების) სტადიაზე სიამოვნება ქცევის რეალიზაციამდეა მხედველობაში მიღებული: განვითარების გარკვეულ დონეზე ბავშვს შეუძლია მოქმედების დაწყებამდე წარმოიდგინოს, თუ რა სიამოვნებას მიიღებს, ვთქვათ, ნაყინისაგან ან თანატოლებთან ურთიერთობისაგან.       გამოჩენილი ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე ცნობილია თავისი განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიით, მაგრამ ზოგადი ფსიქოლოგიის გარდა იგი ნაყოფიერად მუშაობდა სხვა დარგებშიც, მათ შორის, და პირველ ყოვლისა, ბავშვის ფსიქოლოგიაში. უზნაძე შეიძლება ჩაითვალოს პედოლოგების პირველი თაობის წარმომადგენლად. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც იგი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფუძემდებელთან, ვუნდტთან სწავლობდა, უზნაძემ ხელი მოჰკიდა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას: ასწავლიდა გიმნაზიაში, დაარსებისთანავე სათავეში ჩაუდგა პირველ ქართულენოვან სკოლას „სინათლე“ და შექმნა მისთვის დაწყებითი სწავლების კონცეფცია. მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე სახელმძღვანელო ძველი მსოფლიოს ისტორიაში, წერილები თეორიულ პედაგოგიკაში და, რაც მთავარია, რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი პირველი წიგნი ექსპერიმენტულ პედაგოგიკაში (1912). მასში პრინციპულად არის გატარებული აზრი, რომ მეცნიერული პედაგოგიკა მხოლოდ ბავშვის ფსიქოლოგიის ცოდნაზე შეიძლება იქნეს დაფუძნებული. წიგნში წარმოდგენილია მასალა, რომელიც იმ დროისთვის იყო დაგროვებული პედოლოგიაში ყურადღების, ინტერესის, მეხსიერებისა და დაღლილობის საკითხებთან დაკავშირებით.       მომდევნო წლებში უზნაძე მთავარ ყურადღებას თავისი ზოგადფსიქოლოგიური სისტემის, განწყობის თეორიის შექმნას უთმობდა, მაგრამ აგრძელებდა მუშაობას პედოლოგიის სფეროშიც, რაც დაგვირგვინდა წიგნით „პედოლოგია“ (1933). შესავალში ავტორი აღნიშნავს, რომ ამ წიგნს მოჰყვება გაგრძელება მეორე ტომის სახით, მაგრამ მას გამოსვლა არ ეწერა, რადგან 1936 წელს, სპეციალური დადგენილებით, საბჭოთა კავშირში აიკრძალა პედოლოგია. ეს იდეოლოგიური კამპანია ნაწილობრივ ინიცირებული იყო ტესტური გაზომვების შეცდომებით, რომელთა მიხედვით შეძლებული ოჯახის ბავშვებს უფრო მაღალი ინტელექტი აღენიშნებოდათ (იხ. თავი 7.2.). ამ დარგის წარმომადგენლებს დაბრალდა: „საბჭოთა პედაგოგიკაში ანტიმეცნიერული ბურჟუაზიული პედოლოგიის შეხედულებებისა და პრინციპების უკრიტიკო გადმოტანა, პედოლოგიისა, რომელიც ექსპლოატატორული კლასების ბატონობის შენარჩუნების მიზნით ამოცანას ისახავს, დაამტკიცოს ექსპლოატატორული კლასებისა და „უმაღლესი რასების“ საგანგებო ნიჭიერება და არსებობის განსაკუთრებული უფლებები, და, მეორე მხრივ, მშრომელი კლასებისა და „დაბალი რასების“ ფიზიკური და გონებრივი განწირულობა“. პედოლოგია მართლაც სერიოზულად განიხილავდა განვითარების მამოძრავებელი ფაქტორების მნიშვნელობას, მაგრამ არასდროს დაუდგენია კანონი „ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორების, მემკვიდრეობისა და რაღაც უცვლელი გარემოს გავლენით ბავშვის ბედის ფატალური განსაზღვრულობის შესახებ“, როგორც ეს ხსენებულ დადგენილებაშია აღნიშნული. მისი გამოსვლის შემდეგ უზნაძემ ერთგვარად დაამუხრუჭა თავისი კვლევა და აღარ უწოდებდა მას პედოლოგიურს. მისი წიგნი „ბავშვის ფსიქოლოგია“ მხოლოდ 1947 წელს გამოიცა. ეს იყო წიგნი, რომელზეც აღიზარდა ქართველი ფსიქოლოგებისა და პედაგოგების რამდენიმე თაობა. ბრწყინვალე ერუდიციამ ავტორს საშუალება მისცა, გადმოეცა ბავშვის ფსიქიკური განვითარების სრული სურათი დაბადებიდან უფროსი სასკოლო ასაკის ჩათვლით. წიგნი შეიცავს თვით უზნაძის მიერ ჩატარებული ემპირიული კვლევის მონაცემებს და ორიგინალურ შეხედულებებს მთელ რიგ საკვანძო თეორიულ საკითხებზე.       განსაკუთრებით აღსანიშნავია ე.წ. კოინცინდენციის თეორია, რომელიც გაშლილი სახით „პედოლოგიაშია“ გადმოცემული. მასში ლაპარაკია განვითარების მამოძრავებელი თანდაყოლილი (შინაგანი) და შეძენილი (გარეგანი) ფაქტორების არსებითი კავშირის შესახებ. ეს შეხედულება უზნაძემ შტერნის გახმაურებული კონვერგენციის თეორიის საპირისპიროდ წამოაყენა, რომლის მიხედვით განვითარების პროცესში ერთდროულად მოქმედებს ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორები; ისინი სრულიად განცალკევებული, ავტონომიური ერთეულებია. უზნაძე მართებულად აღნიშნავს, რომ ორი სრულიად გამიჯნული და ჰეტეროგენული მოვლენა ვერ შექმნის ისეთ ჰარმონიულ კავშირს, რომელიც განვითარებას განაპირობებს და ქცევასაც წარმართავს. განვითარებისა და ქცევის დეტერმინაციის გასაგებად უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ ინდივიდის ყოველგვარ მახასიათებელს აუცილებლად შეესაბამება გარემოში არსებული რაიმე მოვლენა ან გამღიზიანებელი. მოთხოვნილება მისი დაკმაყოფილების საგანს გულისხმობს, შეგრძნების ორგანო - სათანადო გამღიზიანებელს და ა.შ. ვცადოთ, მაგალითად, თვალის, როგორც ორგანიზმის შინაგანი კუთვნილების, მისი თანდაყოლილი სტრუქტურის ფუნქციის დახასიათება და დავრწმუნდებით, რომ სრულიად გარკვეული გარეგანი პირობების, სახელდობრ, სინათლის ფიზიკური მახასიათებლების გათვალის წინების გარეშე ეს შეუძლებელი იქნება. თვალის სტრუქტურა და ფუნქცია პირდაპირ მიგვითითებს იმ გარემოებებზე, რომელთა გარეშე მისი განვითარება წარმოუდგენელია: „ახლა ვიკითხოთ, რა აქვს თვალს თანდაყოლილი, e.x. შინაგნად მოცემული, თავისი გარკვეული სტრუქტურა მხოლოდ, თუ ის პირობებიც, რომელშიც ჩვეულებრივ მისი განვითარება წარმოებს, ე.ი. სხივების ზემოქმედება. ჩვენ იძულებული ვიქნებით ვაღიაროთ, რომ რამდენადაც სტრუქტურა ისეთია, რომ მხოლოდ გარკვეულ პირობებს გულისხმობს და ამ პირობებზე მიგვითითებს, ერთიც თანდაყოლილი აქვს მას და მეორეც“. ადვილი დასანახია, რომ აქ იშლება სადემარკაციო ხაზი გარეგანსა და შინაგანს შორის. შინაგანში მკაფიოდ არის „ჩასახული“ გარეგანი. თავის მხრივ, ეს უკანასკნელიც (ამ შემთხვევაში სინათლის ზემოქმედება) იმ სტრუქტურას გულისხმობს, რომელზეც ზემოქმედება შეუძლია. ელექტრომაგნიტური ტალღა ყურზე ვერ იმოქმედებს, ხოლო ჰაერის ტალღა - თვალზე. ეს ლოგიკა ყველა სხვა შემთხვევაზეც ვრცელდება. აქედან გამომდინარე, „შინაგანის ცნება უკვე შეიცავს თავის შინაარსში იმას, რასაც გარეგანად თვლიან, და პირიქით, გარეგანისა იმას, რასაც შინაგანად თვლიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ცნებათა შინაარსის ურთიერთისაგან გამოთიშვა სრულიად მოუხერხებელია, და, მაშასადამე, ჩვენს წინაშე შინაგანისა და გარეგანის, თანდაყოლილისა და შეძენილის ცნებათა კოინცინდენციის, ერთიანობის ფაქტი დგას“.       კოინცინდენციის თეორია მეთოდოლოგიური საყრდენია სხვა პრინციპული საკითხების გადაწყვეტისთვის. კერძოდ, იგი არსებითად გასაგებს ხდის აღზრდის პროცესის დანიშნულებასა და მნიშვნელობას. მართლაც, თუ შინაგანი ძალა და გარეგანი ზეგავლენა ისეთ მთლიანობას ქმნის, რომ შინაგანი პირდაპირ მიგვითითებს, თუ როგორი ზემოქმედებაა საჭირო მისი განვითარებისთვის, მაშინ, ცხადია, აუცილებელი ხდება სათანადო ზემოქმედებათა შერჩევა და ორგანიზაცია, ანუ ის, რასაც აღზრდა ეწოდება. ეს ასეა, ვინაიდან ადამიანის ფსიქოფიზიკური ფუნქციების აქტუალიზაცია და განვითარება დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწორად არის მონახული აღმზრდელობითი ზემოქმედების პრინციპები და ხერხები.       ეს ზემოქმედება, თავის მხრივ, შესაბამისად მოდიფიცირებულ გარემოში მიმდინარეობს, გარემოში, რომელიც სოციალური წრის მიერ არის განსაზღვრული და სახეშეცვლილი. ასეთ გარემოს უზნაძე ასაკობრივ გარემოს უწოდებს. ყველა ასაკს თავისი სპეციფიკური გარემო აქვს. ხანგრძლივი ისტორიული გამოცდილების საფუძველზე მასში გათვალისწინებული და ორგანიზებულია ის პირობები, რომლებიც შეესატყვისება ბავშვის რეალურ შესაძლებლობებს. ამდენად, ასაკობრივი გარემო, პირველ ყოვლისა, სოციალურად ორგანიზებული გარემოა. იგი უზრუნველყოფს ბავშვის ოპტიმალურ განვითარებას, რამდენადაც მასში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული სათანადო ასაკის ბავშვის ფსიქოფიზიკური ძალები და თავისებურებანი. ამრიგად, „ერთი მხრივ, ბავშვის ძალთა განვითარება მასზე მომქმედ ასაკობრივ გარემოზეა დამოკიდებული, ხოლო, მეორე მხრივ, პირიქით, თვითონ ასაკობრივი გარემოს შინაარსი ბავშვის ძალთა განვითარების დონით განისაზღვრება“.       დაკვირვება ცხადყოფს, რომ ასაკობრივი გარემო, ბავშვის განვითარების კვალდაკვალ, სერიოზულ ცვლილებებს განიცდის და ვიდრე მოზრდილი ადამიანის გარემოს სახეს მიიღებდეს, რამდენიმე თვალსაჩინოდ განსხვავებული ფორმით წარმოგვიდგება. ამდენად, შესაძლებელია, თვალი გავადევნოთ ასაკობრივი გარემოს ცვალებადობას და ამის შესაბამისად, გამოვყოთ ბავშვობის პერიოდები. უზნაძე ასეც იქცევა და თავის ასაკობრივ პერიოდიზაციას ამა თუ იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ასაკობრივი გარემოს თავისებურებებზე აფუძნებს. ასე გამოიყოფა დედის მუცლის, ახალშობილობის, დედის ძუძუს ხანა, ადრეული ბავშვობა, სკოლის წინარე პეროიდი, პირველი, საშუალო და უფროსი სასკოლო პერიოდი.       ასაკობრივი გარემო ბავშვის აქტივობისთვის ოპტიმალურ პირობებს ქმნის. განვითარება მხოლოდ ქცევის პროცესში ხდება, ქცევა კი სუბიექტისა და გარემოს ურთიერთობაა. მაგრამ თითოეულ ასაკობრივ ეტაპს ქცევათა თავისებური სისტემა ახასიათებს. მასში ყოველთვის მოინახება ისეთი ქცევები, რომლებშიც უპირატესად ხდება ბავშვის განვითარება. ამიტომ კანონზომიერად დგება ამ ქცევების დახასიათების ამოცანა. უზნაძემ ეს ამოცანა ქცევის ფორმათა კლასიფიკაციის ფარგლებში გადაჭრა, რაც საკითხის დამუშავების სიღრმით უნიკალურია ფსიქოლოგიის ისტორიაში. აქ მხოლოდ ყველაზე მთავარს აღვნიშნავთ. კლასიფიკაციის საფუძველს მოთხოვნილებათა ორი სახეობის გამოყოფა წარმოადგენს, ესენია ე.წ. ფუნქციონალური მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილება თვით აქტივობის (ფუნქციონირების) პროცესში ხდება და ე.წ სუბსტანციონალური მოთხოვნილებები, რომელთაც სინამდვილის საგნები და მოვლენები აკმაყოფილებენ. შესაბამისად გამოიყოფა ე.წ. ინტროგენული ქცევის ფორმები, რომლებიც მიმართულია თვითონ აქტივობაზე, და ექსტროგენული ქცევის ფორმები, რომლებიც მიმართულია საგნებსა და ურთიერთობებზე. პირველის ტიპური ფორმაა თამაში, მეორისა - შრომა, ხოლო მათ შორის გარდამავალი ფორმაა სწავლა.       უზნაძე თამაშის ორიგინალური თეორიის ავტორია. ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ავტორი შინაგანისა და გარეგანის ერთიანობის პრინციპიდან ამოდის. თამაშის შინაგანი მოტივაციური ფაქტორია ფუნქციონალური ტენდენცია. ბავშვი თამაშობს იმიტომ, რომ ესწრაფვის აამოქმედოს მეტ-ნაკლებად მომწიფებული ფსიქოფიზიკური ფუნქციები, რომლებიც ჯერ არაა მიმართული სერიოზული სასიცოცხლო ამოცანების გადაჭრაზე. თამაშის შინაარსიც ნაწილობრივ ამ საფუძვლიდან გამომდინარეობს - იგი ყოველთვის განისაზღვრება სამოქმედოდ აღძრული ფსიქოფიზიკური ძალების შემადგენლობითა და მომწიფების დონით, მაგრამ ამ ძალების აქტუალიზაცია მხოლოდ გარკვეულ ასაკობრივ გარემოშია შესაძლებელი. ეს გარემო, თავის მხრივ, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ფაქტორების შესაბამისად არის ორგანიზებული. „აქედან თავისთავად გამომდინარეობს, რომ ყველა იმ შინაგან შესაძლებლობათაგან, რომლებიც ბავშვის ფსიქოფიზიკურ ორგანიზმს მოეპოვება, ფუნქციონალურ ტენდენციას ყველაზე უფრო მკაფიოდ ის შესაძლებლობები გამოაჩენენ, რომელნიც გარემოში აუცილებელს შესატყვის პირობებს შეხვდებიან. აქედან ცხადია, რომ ბავშვი ყველგან და ყოველთვის ერთნაირად როდი თამაშობს, არამედ მისი თამაშის სახეები და ფორმები გარემოს მიხედვით იცვლებიან: სოფლელი ბავშვის თამაშის შინაარსი ერთია, ქალაქელი ბავშვისა - მეორე, ზღვის ნაპირას მცხოვრების სხვაა და მთიელი ბავშვისა კიდევ სხვა“.       სასკოლო ასაკში განვითარება უკვე სწავლის ქცევას მიჰყავს. სწავლასა და თამაშს შორის მსგავსება სწორედ ამაშია - ორივე ფსიქოფიზიკური ძალების განვითარებაზეა მიმართული. მაშასადამე, სწავლის პროცესში ამ ძალების აქტივობას დამოუკიდებელი, თავისთავადი მნიშვნელობა აქვს და მის მოტივაციურ საფუძველს, თამაშის მსგავსად, ფუნქციონალური მოთხოვნილებები ქმნიან. ისინი ხომ სუბიექტის ძალების ამოქმედებას და, ამდენად, განვითარებას იწვევენ. მაგრამ სწავლა თამაში არ არის, ის ქცევის დამოუკიდებელი ფორმაა. უზნაძე მიუთითებს სწავლის ისეთ თავისებურებაზე, რაც მას არსებითად განასხვავებს თამაშისაგან. თუ თამაშის დროს ბავშვი თვითონ ირჩევს თავისი ფუნქციონალური მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებელ საგანს, სწავლის დროს შებრუნებული ვითარებაა - ბავშვი არ ირჩევს იმას, თუ რა და როგორ უნდა ისწავლოს. ამას უფროსები განსაზღვრავენ მრავალი თაობის ისტორიული და კულტურული გამოცდილების საფუძველზე. ბუნებრივია, რომ ბავშვს დამოუკიდებლად არ შეუძლია ამ მასალის მოპოვება და შეთვისება. „სწავლა ქცევის ისეთი ფორმაა, რომელშიც სამოქმედოდ განწყობილ ინტელექტუალურ ძალებს მათთვის აუცილებელი საგანი გარედან, და ამდენად იძულებით ეძლევა“. სწორედ ეს გარემოება განასხვავებს სწავლას თამაშისაგან და აახლოებს მას შრომასთან. ამრიგად, უზნაძის მიხედვით, სწავლა ისეთი ქცევაა, რომელსაც როგორც თამაშის, ისე შრომის ნიშნები აქვს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის. იგი ქცევის თავისებური ფორმაა.       სწავლასთან დაკავშირებით უზნაძე მრავალ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს. აქ მხოლოდ უმთავრესს შევეხებით. ეს არის საკითხი სწავლებისა და განვითარების (მომწიფების) ურთიერთმიმართების შესახებ. პედაგოგიური ფსიქოლოგიის ყველა სერიოზული მკვლევარი ვალდებულია, განსაზღვროს თავისი პოზიცია ამ საკვანძო საკითხთან დაკავშირებით, რასაც უზნაძე სრულიად ნათლად აკეთებს. სასწავლო მასალა, ერთი მხრივ, „მოსწავლის ძალთა განვითარების აქტუალური დონისთვის უნდა იყოს შესატყვისი; მეორე მხრივ, საკმარისად უნდა იყოს მას დაშორებული: წინააღმდეგ შემთხვევაში, ე.ი. რომ იგი სავსებით განვითარების აქტუალური დონის შესატყვისი ყოფილიყო, როგორ შეძლებდა იგი წინსვლისა და უფრო მაღალ დონეზე ამაღლების პირობად გამხდარიყო. სასწავლო მასალა, მაშასადამე, ყოველთვის ისეთია, რომ მოწაფის განვითარების აქტუალურ დონეზე მაღალია“ მაგრამ, ვინაიდან განვითარებისთვის მისი აქტუალურ დონესთან გარკვეული შესაბამისობაც უნდა იყოს დაცული, საჭირო ხდება მასწავლებლის ჩარევა, რომელიც ისე აწოდებს მასალას მოწაფეს, რომ მისთვის მისაწვდომი შეიქმნეს. საზოგადოდ, უზნაძის პოზიცია განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორების შესახებ შეიძლება შეფასდეს, როგორც ერთგვარი კომპრომისი ორ დაპირისპირებულ შეხედულებას შორის - ერთი მომწიფების ბუნებრივ პროცესზე აკეთებს აქცენტს (პიაჟე), ხოლო მეორისთვის განმსაზღვრელია სწავლების სოციალურად ორგანიზებული პროცესი (ბრუნერი, ვიგოტსკი) (იხ. თავი 12.2.). უზნაძე საუბრობს განვითარების „ბუნებრივ გზაზე“, რომელიც, თავისთავად, არასაკმარისია და მოითხოვს შევსებას სწავლების პროცესით. აქ მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ აზრთა ამ ჭიდილს მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა არა აქვს; ის განვითარების ფსიქოლოგიის დღევანდელ სახესაც განაპირობებს. ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 1:51pm on მაისი 11, 2018
თემა: ნამდვილი მამაკაცი
ჯე, ოღონდ ბუნებრივი და ცოცხალი ქალაქის იშვიათ ძეგლთა შორის. „მივდივარ რენადას, – იტყოდნენ ხოლმე, – ტაძრისა და ხულია იანიესის სანახავად“. ამ უმშვენიერესი ქმნილების თვალებში კი რაღაც საბედისწერო ჭვიოდა. მის მნახველს მოსვენება ეკარგებოდა, მოხუცებს გულზე სევდა შემოაწვებოდა, ყველას თვალს სტაცებდა, ახალგაზრდებს ხომ იმ ღამეს რული არ ეკარებოდათ. ის კი თავის ხიბლს რომ გრძნობდა, მით უფრო უმძიმებდა გულს ავბედითი წინათგრძნობა. ასე გეგონებოდათ, გულის სიღრმიდან იდუმალი ხმა უჩიჩინებს, „შენი სილამაზე დაგღუპავსო!“ და სულ იმას ლამობდა, ყური არ ეთხოვებინა მისთვის.    მთელი ამ მხარის სასახელო ლამაზმანის მამა, დონ ვიქტორინო იანიესი ერთი მეტად ბნელი წარსულისა და ზნეობის კაცი, თავის იმედებს ქალიშვილზე ამყარებდა, ის იყო მისი ერთადერთი და უკანასკნელი ნუგეში, მარტო ის იხსნიდა, თუ იხსნიდა გაჭირვებისგან. იგი სავაჭრო აგენტი კი იყო, მაგრამ საქმე სულ უარესად მისდიოდა, მარტო შვილის იმედი ჰქონდა ცარიელ-ტარიელი რომ არ დარჩენილიყო. მას ვაჟიშვილიც ჰყავდა, მაგრამ მისთვის დაკარგული იყო, კარგა ხანია მისი ასავალ-დასავალიც კი არ იცოდა. – ხულიას გარდა აღარავინ დაგვრჩენია, – ეტყოდა ხოლმე ცოლს, – ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ გავათხოვებთ, ან როგორ გათხოვდება, თუ რამე სისულელეს არ ჩაიდენს, მე კი მაინც მეშინია, რომ ჩაიდენს, აი, მაშინ ხომ დავიღუპეთ და ეგაა. – მაინც რას ეძახი სისულელეს? – იმას, რასაც შენ ამბობ. აკი სულ იმას გიმეორებ, ანაკლიტა, საღი აზრის ნატამალიც არ გაგაჩნია-მეთქი... – კარგი, მაგრამ საიდან უნდა გამაჩნდეს, ვიქტორინო? შენც ადექი და გამანათლე, ამ ოჯახში ხომ მარტო ერთი შენ ხარ ჭკუის კოლოფი... – ცოტა ჭკუა შენც რომ გქონოდა, არ დაგავიწყდებოდა ასჯერ მაინც რომ მითქვამს თვალი ფხიზლად გეჭიროს-მეთქი. როგორმე უნდა ჩამოაშორო ის თავისი რეგვენი თაყვანისმცემლები, სულერთია, ტყუილად კარგავს დროსა და ჯანმრთელობას, რენადელი გოგოებისა არ იყოს. აღარ დავინახო ის ჩიტირეკიები ჩვენ ღობესთან, ან ის სტუდენტი სასიძოები რომ ეკურკურებოდნენ. – მერე მე რა უნდა ვქნა? – რა და, როგორმე უნდა გააგებინო, რომ ჩვენი მომავალი და კეთილდღეობა, შენი და ჩემი, ჩვენი ღირსება, ხომ გესმის!.. – ჰო, მესმის. – არა, არ გესმის! ჩვენი ღირსება-მეთქი, გაიგე? ჩვენი ოჯახის ღირსება მის გათხოვებაზეა დამოკიდებული. მან უნდა იცოდეს თავისი თავის ფასი! – საბრალო! – საბრალო? იმის მეტს რას ვთხოვ, რომ ის თავისი შარახვეტია საქმროები ჩამოიშოროს და იმ სულელური რომანების კითხვასაც დაანებოს თავი, ასე სწორედ ამან აურია ჭკუა-გონება. – შენ ის მითხარი, მე რა ვქნა? – კარგად უნდა დაფიქრდე, აწონ-დაწონო ყველაფერი, გაიგო, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის მისი სილამაზე და რა სიკეთეს მოგვიტანს. – მე კი მისი ასაკისა რომ... – აბა, ანაკლიტა ახლა შენებურად არ მოჰყვე ლათაიებს! პირს ისე ხომ არ გააღებ, რომ რამე სისულელე არ წამოროშო. შენ მისი ასაკისა... მისი ასაკისა... მეც მაშინ გაგიცანი... – ჰო, ჩემდა სავალალოდ... და ასე დაშორდნენ მშვენიერი ქალიშვილის მშობლები, რომ მეორე დღეს ისევ გაეგრძელებინათ შეწყვეტილი საუბარი.    საბრალო ხულია კი იტანჯებოდა, რადგან კარგად იცოდა მამის გამოუსწორებელი ანგარებისა და განზრახვის ამბავი. „ჩემი გაყიდვა უნდა, – ამბობდა იგი გულში, – ოღონდ კი თავის წამხდარ საქმეს ეშველოს რამე და ციხეს გადაურჩეს!“ და ასეც იყო. არც ხულიას დაუყოვნებია და ინსტინქტის წაქეზებითა თუ სულაც ჯიბრზე, შეხვდა პირველივე თაყვანისმცემელს. – თუ ღმერთი გწამს, შვილო, ყური დამიგდე, – უთხრა დედამ, – უკვე ვიცი და კიდეც დავინახე ის, ჩვენს სახლს გარს რომ უვლიდა და რაღაცას განიშნებდა. არც ის გამომპარვია, წერილი რომ მიიღე მისგან და არც შენ დაგიგვიანებია პასუხი... – მაშ, რა ვქნა, დედა? ასე მონასავით როდემდე ვიცხოვრო, პატიმარივით, სანამ სულთანი არ გამოჩნდება და მამაჩემი არ მიმყიდის, არა? – ამას როგორ ამბობ, შვილო?.. – ნუთუ იმის ნება არა მაქვს, რომ საქმრო მეც მყავდეს? – კარგი, ოღონდ ნამდვილი იყოს, სარწმუნო. – მერე როგორ უნდა გავიგო ნამდვილია თუ არა? რამენაირად ხომ უნდა დავიწყო, ჯერ მაინც ხომ უნდა დაველაპარაკო, გავიცნო, რომ შემიყვარდეს. – შეგიყვარდეს... შეგიყვარდეს... – მაშ, მყიდველს უნდა დაველოდო? – შენთან და მამაშენთან ხომ ვერაფერს გახდება ადამიანი. ასეთები ხართ იანიესები. დასწყევლოს ღმერთმა ის დღე, როცა მამაშენს გავყევი ცოლად. – აკი მეც ამას ვამბობ, არ მინდა, რომ ერთ დღესაც მეც შენსავით სანანებლად გამიხდეს.    და დედაც მაშინვე გაერიდა. ხულია კი ჯიბრზე პირველ სართულზე ჩავიდა, რომ ერთ პირველივე ხელის მთხოვნელს ფანჯრიდან მაინც დალაპარაკებოდა. „ვაითუ, მამაჩემმა მოგვისწროს, – ფიქრობდა იგი, – არც იმას მოერიდება, რომ უდიერად მომექცეს. თუმცა ჯობია ყველამ გაიგოს, რომ მე მისი მსხვერპლი ვარ, რომ ჩემი სილამაზით ვაჭრობს“. და ასე, პირველივე შეხვედრის დროს რენადელ ახალბედა ტენორს გაანდო თავისი ოჯახისა და თავისი უსიხარულო ცხოვრების ამბავი; არც ის დაუმალავს, რომ მისი იმედი ჰქონდა, მარტო მას შეეძლო მისი გადარჩენა. და ენრიკემ, თუმცა კი მოხიბლული იყო მისი სილამაზით, იგრძნო როგორ უცივდებოდა გული – „ეს ქალიშვილი ასე მწვავედ რომ განიცდის თავის მდგომარეობას, უთუოდ სანტიმენტალური რომანების კითხვის ბრალია“. და იმ დროს, როცა ლამის მთელმა რენადამ გაიგო იმ მხარეში სილამაზით განთქმულმა ქალიშვილმა ღირსად ცნო ახალგაზრდა ტენორიო, უკვე დაიწყო იმაზე ფიქრი და გზების ძიება, როგორ ჩამოშორებოდა მშვიდობიანად და საბაბიც დროზე გამოჩნდა. ერთ დღესაც, როცა ხულია მასთან შესახვედრად ქვედა სართულზე ჩავიდა დაღონებული და ტირილისგან თვალებდაწითლებული და უთხრა: – ვაიმე, ენრიკე, ამის გაძლება აღარ შემიძლია; ამას აღარც ჩემი სახლი ჰქვია და აღარც ოჯახი; ეს მართლა ჯოჯოხეთია. მამაჩემმა უკვე გაიგო ჩვენი ურთიერთობის ამბავი და სულ გადაირია. შენ წარმოიდგინე, რომ გუშინ საღამოს, თავის მართლება რომ ვცადე, კიდეც გამარტყა! – რა მხეცობაა! – შენ კარგად არ იცნობ, ისიც კი თქვა, ჩემთან ექნება საქმეო... – ვნახოთ, რაც მოხდება! ესღა მაკლდა. – გულში კი გაიფიქრა, „ეს ამბავი დროზე უნდა დამთავრდეს, თორემ ამ მართლაც კაციჭამიას შეუძლია რამე საშინელება ჩაიდინოს, თუ მიხვდება, რომ მისი საუნჯის მოტაცებას ვაპირებ, თუმცა მისი ვალების გადამხდელი ისედაც არ ვიყავი; ამ ხაფანგს როგორმე უნდა დავაღწიო თავი...“ – მითხარი, ენრიკე, გიყვარვარ? – განა ეს საკითხავია? – მიპასუხე, გიყვარვარ? – მთელი სულითა და გულით, ჩემო გოგონა! – ნამდვილად? – ნამდვილად და მერე როგორ! – თავსაც არ დაზოგავ ჩემი გულისთვის? – ჰო, ყველაფრისთვის მზად ვარ! – მაშ, კარგი, მომიტაცე, წამიყვანე აქედან; გავიქცეთ, გავეცალოთ აქაურობას, წავიდეთ შორს სადმე, ძალიან შორს, მამაჩემმაც რომ ვერ მომაგნოს. – დამშვიდდი, ბავშვო! – არა, არა, თუ გიყვარვარ მომიტაცე! მოსტაცე მამაჩემს მისი საუნჯე, რომ ვეღარ გაყიდოს! არ მინდა, რომ გამყიდონ, მინდა, რომ მომიტაცონ, მაშ, მომიტაცე! და მათ მოილაპარაკეს როდის და როგორ გაიქცეოდნენ.    მაგრამ მეორე დღეს, დათქმულ დროზე, როცა ხულიას უკვე ჩალაგებული ჰქონდა ტანსაცმელი და ფუთაც შეკრული, შეთანხმების თანახმად, ეტლიც უნდა მოსულიყო, ენრიკე არც გამოჩენილა. „მშიშარა, ლაჩარი და ლაჩარზე უარესი! უსინდისო და უფრო უარესი“ – ფიქრობდა საბრალო ხულია და საწოლზე დამხობილს ლამის კბილებით დაეგლიჯა ბალიში, – მერე როგორ მეფიცებოდა მიყვარხარო! არა, არა, არ ვყვარებივარ; მარტო ჩემი სილამაზე ხიბლავდა, ან ეგებ არც ეს! ეტყობა, მხოლოდ ის სურდა, რენადა აელაპარაკებინა, ეტრაბახა, რომ მე, ხულია იანიესმა თვითონვე ვაღიარე საქმროდ და იქნება ისაცა თქვას, ვითომ გაქცევაც მე შევთავაზე. გარეწარი, გარეწარი, გარეწარი! მამაჩემზე უარესი უსინდისო ყოფილა; უსინდისო, მასაც კაცი უნდა ერქვას? თუმცა ყველა კაცი ერთნაირია! – და ხულია უნუგეშო სასოწარკვეთილებამ შეიპყრო. – შვილო, – უთხრა დედამ, – ვხედავ, ეს ამბავიც დამთავრდა და მადლობა ღმერთს. ჩანს, მამაშენი მართალი ყოფილა, თუ ასე გააგრძელებ, უარესი დაგემართება და ღირსება შეგელახება. – როგორ გავაგრძელებ? – ასე, თუ პირველივე თაყვანისმცემელს შეხვდები; პრანჭია ლამაზმანის სახელსაც დაიმსახურებ და... – მით უკეთესი, დედა, მით უკეთესი, კიდევ უფრო მეტი თაყვანისმცემელი გამომიჩნდება და ეს ყველაფერი იქამდე გაგრძელდება, სანამ ღმერთის ნაბოძებ სილამაზეს არ დავკარგავ. – ვაი, ჩემს დღეს! შენც მამაშენის ჯიშისა ხარ, შვილო! და მართლაც სულ მალე ახალი თაყვანისმცემელიც გამოჩნდა, მაგრამ ხულია მასაც ისევე ენდო, როგორც ენრიკეს და ისიც ასევე დააფრთხო. თუმცა პედრო უფრო მტკიცე ხასიათისა აღმოჩნდა. ხულიამ მასაც იგივე შესთავაზა, გავიქცეთო. – ყური დამიგდე, ხულია, – უთხრა პედრომ, – მე გაქცევის წინააღმდეგი არ ვარ, უფრო მეტიც, ეს კიდეც მხიბლავს, შენ წარმოიდგინე! კარგი, გავიქცეთ, მაგრამ მერე რა ვქნათ, სად წავიდეთ, როგორ მოვიქცეთ? – ამაზე მერე ვიფიქრებთ! – არა, ასე არაფერი გამოვა, არა! ეს უკვე ახლავე უნდა ვიცოდეთ, მე დღესდღეობით და გარკვეული დროის განმავლობაში შენი რჩენის საშუალება არ მექნება, არც ჩემს ოჯახში მიგვიღებენ, ხოლო რაც შეეხება მამაშენს!.. ერთი სიტყვით, ასეა, ახლა მითხარი, კიდეც რომ გავიქცეთ, მერე რას ვიზამთ? – რას? ჯერ ისა თქვი, სიტყვას ხომ არ გატეხ. – მაინც რას გავაწყობთ? – ხომ არ გეშინია? – მითხარი, რას ვიზამთ? – რას და... თავს მოვიკლავთ! – ხომ არ გაგიჟდი, ხულია! – გავგიჟდი, ჰო, სასოწარკვეთილებამ გადამრია, სიძულვილმა გამაგიჟა. იმის შიშმა დამაკარგვინა ჭკუა-გონება, რომ მამაჩემი მიპირებს გაყიდვას... და თუ შენც გაგიჟდები, თუ ჩემი სიყვარული შენც გაგაგიჟებს, მაშინ შენც ჩემთან ერთად მოიკლავ თავს. – მაგრამ აბა, ერთი დაფიქრდი, ხულია, თუკი მე ისე გამაგიჟებდა შენი სიყვარული, რომ შენთან ერთად მეც თავს მოვიკლავდი, იმას რატომ აღარ ამბობ, რომ შენც ჩემი სიყვარულის გამო მოიკლავდი თავს და არა მამაშენისა და შენი ოჯახის სიძულვილის გამო. ეს კი ერთი და იგივე სულაც არ არის! – აჰა, ხედავ, რა კარგად მსჯელობ! განა სიყვარულს მსჯელობა შეეფერება? და მათი ურთიერთობაც ასე დამთავრდა. და ხულიამ ისევ გაუმეორა თავის თავს: „არც ამას ვუყვარდი, არც ამას. მათ, ყველას, ჩემი სილამაზე ხიბლავდა და არა მე თვითონ. მარტო ფირნიშად ვუნდივარ!“ და მწარედ ატირდა. – ხედავ, შვილო, – უთხრა დედამ, – მეც ამას არ გეუბნები? აჰა, ეს მეორეც ხომ წავიდა! – კიდევ ასი წავა, დედა; დიახ, ასი, სანამ არ გამოჩნდება ის, ვინც თქვენგან მიხსნის, თქვენგან, ჩემი გაყიდვა რომ გინდათ. – ეს მამაშენს უთხარი. დონია ანაკლიტამ მაშინვე თავის ოთახს მიაშურა, რომ იქ მარტოს ეჯერებინა გული ტირილით. – კარგად მომისმინე, შვილო, – ბოლოს მამამ უთხრა შვილს, – ის შენი ორი საქმრო ისე წავიდა, რომ მე არაფერი მიღონია, მაგრამ ახლა იცოდე, რომ დღეის შემდეგ ასეთ სისულელეებს აღარ მოვითმენ. ასე რომ, დაიმახსოვრე. – შენ ჯერ ყველაფერი არ იცი! – შესძახა ქალიშვილმა და მწარედ გაიცინა; მამას თვალებში შეხედა ჯიუტად და გამომწვევად. – აბა, რას იტყვი? – ჰკითხა მამამ დამუქრებით. – იმას... რომ კიდევ ერთი საქმრო გამომიჩნდა! – კიდევ? ვინ არის? – ვინ? ვერ ხვდები, ვინ? – თქვი, მე არ მეხუმრება, თქვი, მოთმინება არ დამაკარგვინო. – როგორ გგონია, ვინ იქნება, თუ არა თავად დონ ალბერტო მენენდეს დე კაბუერნიგა. – ხომ არ გაგიჟდი? – შესძახა დედამ.    დონ ვიქტორინოს მკვდრისფერი დაედო და ხმა ვეღარ ამოიღო. დონ ალბერტო მენენდეს დე კაბუერნიგა გახლდათ ძალიან მდიდარი მემამულე, თავაშვებული და დიდი მექალთანე და ამასთან თავშეუკავებელი, მასზე ამბობდნენ, არაფერს დაერიდება და არც დაინანებს, ოღონდ თავისას მიაღწიოსო; დაქორწინებულიც იყო და განქორწინებულიც; ორჯერ იქორწინა და ორჯერ გაეყარა, თუმცა ცოლები გვარიანად კი უზრუნველყო. – აბა, ამაზე რას იტყვი, მამა? ხმას რატომ არ იღებ? – ხომ არ გაგიჟდი? – არა, არც გავგიჟდი და არც არაფერი მელანდება. ის ჩვენს ქუჩაზე დასეირნობს და ჩვენს სახლს უტრიალებს. ხომ არ გინდა, ვუთხრა, რომ დაგელაპარაკოს, კარგად მორიგდებით. – ახლა წავალ, თორემ ეს ამბავი ცუდად დამთავრდება. და იგი ადგა და სახლიდან წავიდა. – კარგი, მაგრამ, შვილო, ჩემო შვილო! – გეუბნები, დედა, ეს კიდეც მოეწონა, არ გჯერა? მას ხომ შეუძლია დონ ალბერტოსაც კი მიმყიდოს.    საბრალო ქალიშვილის ნება ბოლოს მაინც გატყდა; კარგად იცოდა, რომ ასეთი გარიგებაც კი მისთვის დიდი ხსნა იქნებოდა, ოღონდ მამისგან, ამ სახლიდან გაეღწია და მერე სულერთი იყო რაც მოხდებოდა. *    სწორედ იმ ხანებში რენადის მიდამოებში ყველაზე ვრცელი და ნაყოფიერი მიწის ნაკვეთები ვინმე ინდიელმა ალეხანდრო გომესმა იყიდა. არავინ არაფერი იცოდა მისი წარმოშობისა თუ წინაპრების შესახებ; არც მისი მშობლებისა და ნათესავების ამბავი გაეგონათ, არც მისი სოფლის სახელი სმენოდა ვინმეს და არც მისი ბავშვობა ახსოვდათ. მარტო ის იცოდნენ, რომ სულ პატარა ყოფილა, როცა მშობლებს ჯერ კუბაზე წაუყვანიათ, მერე მექსიკაში და იქ თურმე დიდი ქონება შეუძენია, მართლა ზღაპრული ქონება, მაგრამ როგორ და რა გზით, არც ეს იცოდა ვინმემ, რამდენიმე მილიონ დუროზეც კი ლაპარაკობდნენ, მერე ოცდათოთხმეტი წლისა რომ გახდა, ესპანეთში დაბრუნდა და კიდეც დამკვიდრდა. იმასაც ამბობდნენ, რომ ქვრივი იყო და შვილები არ ჰყავდა; ერთი სიტყვით, ნამდვილ ზღაპრებს ჰყვებოდნენ; ისინი კი, ვინც მას ასე თუ ისე იცნობდა, ამბობდნენ, მეტისმეტად პატივმოყვარე კაცია, დიდი გეგმები აქვს, მაგრამ ძალიან თავისნება და ჯიუტია, თან ძალიან გულჩათხრობილიაო. იგი თავისი პლებეური წარმოშობით თავსაც კი იწონებდა. – როცა ფული გაქვს, შენთვის ყველა გზა ხსნილია, – იტყოდა ხოლმე. – არც ყველასთვის და არც ყოველთვის, – შეეპასუხებოდნენ. – არა, რა თქმა უნდა, არა ყველასთვის; მარტო მათთვის, ვინც გაისარჯა და თვითონ იშოვა, ხოლო ის სენიორიტოები, ვინც მემკვიდრეობით მიიღო, გრაფები თუ ჰერცოგები რომ ბრძანდებიან, ის უმაქნისები, ვერასოდეს წავლენ წინ, მილიონებიც რომ ჰქონდეთ. მაგრამ მე? მე? მე, რომელმაც ვიცი, როგორ ვიშოვე, მე თვითონ რომ მოვიპოვე ჩემი შრომითა და გარჯით? მე? ერთი მოგესმინათ, როგორ წარმოთქვამდა სიტყვას – მე! თავისი პიროვნების ამგვარი წარმოჩენით თავის თავს ნამდვილ მამაკაცად წარმოაჩენდა. – მართლაც არაფერი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, მე რომ მომინდომებია და არ შემისრულებია. თუკი მოვისურვებ, შემიძლია მინისტრიც კი გავხდე! მაგრამ ეს გულშიც კი არასდროს გამივლია! *    ალეხანდროს რენადის სასახელო, უმშვენიერესი ხულიას შესახებ რომ უამბეს, „მე თვითონ უნდა ვნახოო!“ – თქვა და მერე როცა ნახა, გადაწყვიტა: „მე ის უნდა მოვინადირო!“ – იცი, მამა, – უთხრა ერთ დღესაც ხულიამ, – ერთი ხანია სულ იმ საზღაპრო ალეხანდროზე რომ ლაპარაკობენ, იმაზე კარბახედო რომ იყიდა... – ჰო, ჰო, ვიცი, ვისზეც ამბობ; მერე რაო? – ისიც იცი, რომ მასაც ჩემზე უჭირავს თვალი? – ალბათ მეხუმრები, ხულია... – არა, არ გეხუმრები, სრული სიმართლეა, სულ გარს მიტრიალებს. – დავიჯერო არ ხუმრობ?.. – აჰა, მისი წერილი ნახე! და მან უბიდან ამოიღო წერილი და მამას სახეში ესროლა. – მერე შენ რას ფიქრობ, რას იზამ? – ჰკითხა მამამ. – რა უნდა ვქნა!.. ვეტყვი, რომ შენ გნახოს და ფასზე მოგელაპარაკოს!    დონ ვიქტორინომ ერთი კი შეხედა შვილს და უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან. ამის მერე, რამდენიმე დღის განმავლობაში სახლში მძიმე სიჩუმე და უთქმელი ბოღმა სუფევდა. ხულიამ თავის ახალ თაყვანისმცემელს საპასუხო წერილი გაუგზავნა, მაგრამ წერილი სარკაზმითა და ზიზღით იყო გაჟღენთილი; ცოტა ხანში მეორე წერილიც მიიღო, ულაზათო, მოუქნელი ხელით, მსხვილი კუთხოვანი ასოებით კი იყო დაწერილი, მაგრამ გარკვევით იკითხებოდა: „ამ ყველაფრით იმას მიაღწევთ, რომ ბოლოს ჩემი გახდებით. ალეხანდრო გომესმა იცის, როგორ მიაღწიოს დასახულ მიზანს.“ ხულიამ რომ ეს სიტყვები წაიკითხა, გულში თქვა: „აი, ვინ არის ნამდვილი მამაკაცი! თუ მიხსნის, სწორედ ის მიხსნის! ის მე გამომისყიდის!“ ამ, მეორე წერილის მიღებიდან ორიოდე დღეც არ იყო გასული, რომ დონ ვიქტორინომ თავისთან მიიხმო შვილი, კარი ჩაკეტა და ლამის დაჩოქილმა და თვალცრემლიანმა უთხრა: – მომისმინე, შვილო, ახლა ყველაფერი შენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, ჩვენი მომავალი, ჩემი ღირსება... თუ შენ არ დათანხმდები ალეხანდროს, სულ ცოტა ხანში ჩემი გაკოტრების ამბავს მთელი ქვეყანა გაიგებს, ჩემი ვალებისა და ჩემი... – კმარა, აღარაფერი თქვა. – ვეღარ დავმალავ, უკვე ვადაც იწურება და ციხეც არ ამცდება. აქამდე როგორღაც გადავრჩი... შენი წყალობით! შენი სახელით ვსარგებლობდი! შენი სილამაზე იყო ჩემი დამცველი. „საბრალო ბავშვიო“, სულ ამას იძახდნენ. – და თუ დავთანხმდები?.. – ამაზე უკეთესს რას იზამ; მაშინ მთელ სიმართლეს გეტყვი. მან იცოდა ჩემი მდგომარეობა, ყველაფერი კარგად გამოიძია და ახლა მე უკვე შემიძლია თავისუფლად ამოვისუნთქო, სულ ერთიანად გადაიხადა ჩემი ვალები, გამინაღდა თამასუქები და ასე გადამარჩინა... – კმარა, ვიცი, აღარაფერი თქვა, ახლა?.. – ახლა მასზე ვართ დამოკიდებული, მის ხარჯზე ვცხოვრობ, ჩვენ მას შევყურებთ ხელში, ჩვენ, ყველა და შენ თვითონაც... – ერთი სიტყვით, უკვე გამყიდე, არა? – არა, მე კი არა, მან გვიყიდა... – გამოდის, რომ მე თვითონ მინდა თუ არ მინდა, მას ვეკუთვნი, არა? – არა, ამას კი არ მოითხოვს; არაფერს არ მოითხოვს, არა, არაფერს! – რა სულგრძელობაა! – ხულია! – კმარა, კმარა, ყველაფერი გასაგებია. უთხარი ჩემი სახელით, როცა მოისურვებს, მაშინ მოვიდეს. და ეს რომ თქვა, გააჟრჟოლა. ეს ვინ თქვა? ნუთუ მე თვითონ? არა, ეს სხვამ თქვა, იმან, მასში რომ ჩაბუდებულია და ასე ტანჯავს. – მადლობელი ვარ, შვილო, მადლობელი! მამა წამოდგა და სცადა შვილისთვის ეკოცნა, მაგრამ მან შეაჩერა და შესძახა: – არა, არ მომიახლოვდე, არ გამაჭუჭყიანო! – მაგრამ, შვილო... – ახლა წადი და შენს თამასუქებს აკოცე! ანდა სულაც იმ შენი ქაღალდების ფერფლს, ციხეს რომ გადაგარჩინა. * – მე შენთვის არ მითქვამს, ხულია, რომ ალეხანდრო გომესმა კარგად იცის, როგორ მიაღწიოს დასახულ მიზანს? ჩემთან არავის გაუვა ოინები! ჩემთან!    ეს იყო პირველი სიტყვები, რაც ახალგაზრდა შეძლებულმა ინდიელმა უთხრა დონ ვიქტორინოს ქალიშვილს პირველივე სტუმრობის დროს; მათივე სახლში... და ამ სიტყვების გაგონებაზე ქალიშვილი ცახცახმა აიტანა, რადგანაც თავის ცხოვრებაში პირველად იგრძნო, რომ ნამდვილი მამაკაცის წინაშე იდგა და უფრო მორჩილი და არცთუ უხეში ეჩვენა, ვიდრე ელოდა. მესამედ რომ ესტუმრა, მშობლებმა ისინი მარტო დატოვეს. ხულია კანკალებდა. ალეხანდრო დუმდა, მაგრამ ეს ცახცახი და დუმილი დიდხანს არ გაგრძელებულა. – ავად ხომ არ ხართ, ხულია, – უთხრა მან. – არა, არა, კარგად ვარ! – მაშ, ასე რატომ კანკალებთ? – ალბათ შემცივდა. – არა, შიშისგან. – შიშისგან? რისი უნდა მეშინოდეს? – გეშინიათ, ჩემი გეშინიათ! – თქვენი რატომ უნდა მეშინოდეს? – არ ვიცი, მაგრამ ჩემი გეშინიათ! და ამ შიშმა ცრემლებში ნახა გამოსავალი. ხულია ტიროდა, ცრემლები გულიდან, სულის სიღრმიდან მოედინებოდა. ქვითინისგან მთელი სხეული უკანკალებდა და სუნთქვა უგუბდებოდა. – ნუთუ ასეთი ურჩხული ვარ? – დაიჩურჩულა ალეხანდრომ. – მე გამყიდეს! მე გამყიდეს! ჩემი სილამაზე სავაჭროდ გახადეს! მე გამყიდეს! – ეს ვინ გითხრა? – მე ვამბობ, მე! მაგრამ არა, მე თქვენი მაინც არ გავხდები... მარტო მკვდარს თუ... – შენ ჩემი გახდები, ხულია, ჩემი გახდები... და შეგიყვარდები კიდეც! შეუძლებელია, რომ არ შეგიყვარდეთ, მე? ესღა მაკლია! და მან ისეთი კილოთი წარმოთქვა „მე“, რომ ხულიას ერთბაშად შეაშრა ცრემლები და თითქოს გულიც კი გაუჩერდა. უცბად შეხედა ამ კაცს და მაშინვე თავისმა შინაგანმა ხმამ შეახსენა: „ეს არის ნამდვილი მამაკაცი!“ – ნება თქვენია, რაც გინდათ, ის ქენით! – ამით რისი თქმა გინდა? – ჰკითხა კაცმა და დაჟინებით მიმართა შენობით. – არ ვიცი... არ ვიცი, რას ვამბობ... – რას ნიშნავს ეგ სიტყვები, რაც გნებავთ ის ქენიო? – ჰო, რაც გნებავთ... – მაგრამ მე რაც მინდა, – და ეს მე გამარჯვებულის მტკიცე ნათქვამი იყო, – არის ის, რომ ჩემი ცოლი გახდე. ხულიას უნებურად კივილი აღმოხდა და თავისი დიდრონი, უმშვენიერესი, გაოცებული და გაბრწყინებული თვალები მიაპყრო ამ კაცს, რომელმაც გაიცინა და გაიფიქრა: „მე მეყოლება ყველაზე ლამაზი ცოლი მთელ ესპანეთში!“ – აბა, რა გეგონა?.. – მე მეგონა... მე მეგონა... და ისევ იგრძნო, რომ გული ყელში ებჯინებოდა და ცრემლები ახრჩობდა. მერე ისიც იგრძნო, როგორ შეეხო მისი ტუჩები და ისევ გაიგონა მისი სიტყვები: – დიახ, ჩემი ცოლი... ჩემი... ცხადია, ჩემი კანონიერი ცოლი! ჩემს ნებას დაამოწმებს კანონი! ან ჩემი ნება – კანონს! – დიახ... მე შენი ვარ... და ასე დაჰყვა მის ნებას. ქორწინებაზეც მოილაპარაკეს. *    მაინც რა დაინახა ამ კაცში, ამ ტლანქსა და გულდახშულ კაცში ისეთი, რომ მისი კიდეც ეშინოდა და კიდეც იზიდავდა? ყველაზე უფრო მაინც ის აშინებდა, რომ იგი რაღაც უცნაურ გრძნობას აღუძრავდა, ეს რაღაც აუხსნელი გრძნობა იყო, რაღაც სიყვარულის მსგავსი გრძნობა. რატომ არ უნდოდა მას, ხულიას, რომ შეჰყვარებოდა ის კაცი, ავანტიურისტი, ვისაც მიზნად ჰქონდა დასახული ყველაზე ლამაზი ცოლი ჰყოლოდა, ვინც სახელსაც გაუთქვამდა და თავისი მილიონებით ყველას ყურადღებასაც მიიპყრობდა. მაგრამ რაკი მაინც არ ჰქონდა სურვილი, რომ ეს კაცი შეჰყვარებოდა, სიყვარულის მსგავს გრძნობას ხომ აღუძრავდა და ეს კი სიყვარულის თავისებური გამოხატულება იყო. ეს კი ისეთ სიყვარულს ჰგავდა, რაც ტყვე ქალის გულში შეიძლება აინთოს გამარჯვებული დამპყრობლის მიმართ. მაგრამ არა, ის არ უყიდიათ, არა! მან იგი დაიპყრო, მოინადირა.    „თუმცა მას ნამდვილად ვუყვარვარ? – ფიქრობდა ხულია, – მას მე ვუყვარვარ? მე, როგორც იტყოდა ხოლმე ის? და მერე როგორ იტყვის ხოლმე! როგორ წარმოთქვამს ამ თავის მე-ს! ნეტავ მას მე ვუყვარვარ თუ ჩემი სილამაზე, თავი რომ მოიწონოს? ნუთუ მისთვის რაიმე ძვირფას ნივთზე მეტი ფასი მაქვს? რაც უნდა იყოს, მაინც ჩემი ქმარი იქნება და ჩემს დაწყევლილ კერას მაინც დავაღწევ თავს, მამაჩემისგან გავთავისუფლდები; ის ხომ ჩვენთან ერთად მაინც არ იცხოვრებს, არა! პენსიას დავუნიშნავთ და თუ საბრალო დედაჩემზე მაინც მოუნდება ჯავრის ამოყრა, რამდენიც უნდა, ეკურკუროს თავის მოსამსახურეებს. ვალების აღებას ხომ გადავაჩვევთ. მე კი მდიდარი ვიქნები, ძალიან მდიდარი, ზღაპრულად მდიდარი!“    მაგრამ ეს მაინც დიდად სანუგეშო არ იქნებოდა. რენადელების შურიანობის ამბავიც იცოდა, მერე როგორ აალაპარაკებდა ხალხს მისი მართლაც შესაშური ბედი; იტყვიან, აი, რა სიკეთე მოუტანა მისმა სილამაზემ, რა ფუფუნებაში ჩააგდო. მაგრამ უყვარდა კი იგი ამ კაცს? ნამდვილად უყვარდა? „მე მოვინადირებ მის გულს, მოვიპოვებ მის სიყვარულს – იტყოდა ხოლმე – „ჩემთვის აუცილებელია, რომ მას ვუყვარდე. როგორ შეიძლება მისი ცოლი მერქვას და არ ვუყვარდე; ეს ხომ იმაზე უარესი იქნებოდა, ვიდრე ჩემი ყიდვა, თუმცა მე კი მიყვარს?“ და მის წინაშე ყოველთვის შიშის გრძნობა შეიპყრობდა ხოლმე და თავისი შინაგანი, იდუმალი ხმაც უჩიჩინებდა: „ეს არის ნამდვილი მამაკაცი!“ ყოველთივს, როცა კი ალეხანდრო წარმოთქვამდა ხოლმე „მე“ -ს, მას ცახცახი აიტანდა, მაგრამ ცახცახებდა კი სიყვარულისგან, თუმცა მიზეზი მაინც სხვა ეგონა, სინამდვილეში თვითონაც ვერ გაეგო, რა გრძნობა იყო ეს. *    მათ იქორწინეს და საცხოვრებლად დედაქალაქში გადავიდნენ. ალეხანდროს ნათესავები და მეგობრები ბლომად გამოუჩნდნენ თავისი ქონების წყალობით, ამასთან, საკმაოდ უცნაურებიც. მათ შორის, ვინც მისი სახლის ხშირი სტუმარი იყო, უმეტესობა არისტოკრატები, კეთილშობილი წარმოშობის ადამიანები იყვნენ, მაგრამ ხულიას რატომღაც ქმრის მევალეები ეგონა, რომელთაც სესხად აძლევდა ფულს საკმაოდ მაღალი პროცენტით. თუმცა მან არაფერი იცოდა მისი საქმიანობის შესახებ, რადგან არც მასთან და არც არავისთან და არასდროს არაფერს ამბობდა. ხულიას კი არაფერი აკლდა, რასაც მოისურვებდა, სულ პატარა ახირებაც კი, შეეძლო აესრულებინა; მაგრამ მას აკლდა ის, რაც ყველაზე მეტად ენატრებოდა – ამ კაცის სიყვარული; ამავე დროს გრძნობდა, რომ ამ კაცმა იგი სულ დაიმორჩილა და მოაჯადოვა, მაგრამ უნდოდა დარწმუნებულიყო. „ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარ? – ეკითხებოდა ხოლმე თავის თავს, – მისი ყურადღება და პატივისცემა არ მაკლია, თავს მევლება, ისე მანებივრებს, როგორც ერთ თავნება და ახირებულ ადამიანს, მაგრამ ვუყვარვარ?“ და მაინც სულ ფუჭი იყო ამ კაცთან სიყვარულზე თუ სინაზეზე საუბარი. – ამისთანა რამეზე სულელების მეტი არავინ ლაპარაკობს, – ეტყოდა ხოლმე ალეხანდრო, – მომხიბლავო... ჩემო საუნჯევ... მშვენიერო... საყვარელო... მე? მე და ასეთი სიტყვები? ამისთანა რამეზე ლაპარაკი? მე? ეს მარტო რომანებში წერია. მე კი ვიცი, რომ კითხვა გიყვარდა. – ახლაც მიყვარს. – მაშ, იმდენი იკითხე, რამდენიც მოგესურვება. იცი, რა მინდა გითხრა, თუკი მოისურვებ, ერთ დიდ პავილიონს აგიშენებ იმ მზიან ადგილზე, მოგიწყობ ბიბლიოთეკას და თუ ადამის დროიდან რამე დაწერილა, ყველაფერს იქ მოგიტან. – რას ამბობ!..    ალეხანდრომ ძალიან უბრალოდ იცოდა ჩაცმა-დახურვა – და ცოტა არ იყოს, დაუდევრადაც კი, მაგრამ იმიტომ კი არა, ყურადღება რომ არ მიექცია თავისი ჩაცმულობით, ამითი უფრო თავისი პლებეური წარმოშობისა და უბრალოების ჩვენება უნდოდა. არც ტანსაცმლის ხშირად გამოცვლა უყვარდა, თუკი ერთს აიჩემებდა, ვეღარ შეელეოდა ხოლმე. როცა ახალ კოსტიუმს ჩაიცვამდა, განგებ გაეხახუნებოდა ხოლმე, ნახმარი რომ ჰგონებოდათ. სამაგიეროდ დაჟინებით მოითხოვდა, რომ მისი ცოლი რაც შეიძლება ელეგანტურად ყოფილიყო ჩაცმულ-დახურული, რათა მისი ბუნებრივი სილამაზე კიდევ უფრო თვალში საცემი ყოფილიყო. იგი არც ხელმომჭირნე იყო და დიდ კმაყოფილებას ანიჭებდა, როცა ხულიას მკერავებსა და მოდელიერებს შრომის საფასურს გულუხვად უხდიდა.    მერედა რა ბედნიერი იყო, როცა ცოლი გვერდით მიჰყვებოდა ხოლმე და აშკარად ჩანდა მათ შორის განსხვავება როგორც ჩაცმულობაში, ისე გარეგნობაში, ან რარიგად უხაროდა, როცა გამვლელები ჩერდებოდნენ და უყურებდნენ მის ცოლს; ის კი ცოტა კიდეც კეკლუცობდა და ამით მეტ ყურადღებას იპყრობდა, თვითონ ალეხანდრო კი ამას არც იმჩნევდა, ან ცდილობდა რომ არ შეემჩნია; კაცი იფიქრებდა, იმის თქმა უნდა, ასე აღტაცებით რომ უყურებთ, მოგწონთ, არა? მიხარია, მაგრამ ის ჩემია, მხოლოდ ჩემი, დაე შეგშურდეთ!“ ხულია კი ამას რომ ხვდებოდა, გულში ისევ იტყოდა: „მაგრამ ვუყვარვარ ამ კაცს თუ არ ვუყვარვარ?“ მასზე ყოველთვის ასე ფიქრობდა – „ეს კაცი“, „მისი კაცი“, ანდა უფრო სწორად, კაცზე, რომელსაც იგი ეკუთვნოდა, მის ბატონზე. და ასე, თანდათან კიდეც ჩამოუყალიბდა ჰარამხანის მხევლის, ოღონდ საყვარელი მხევლის განცდა, მაგრამ გამორჩეული მონისა, თუმცა მაინც მონისა. მათ შორის არანაირი სიახლოვე არ იყო. მან ისიც კი არ იცოდა, რა მიიქცევდა მისი ბატონი ქმრის ყურადღებას. ერთხელაც გაბედა და ჰკითხა მისი ოჯახის ამბავი. – ოჯახი? – უპასუხა ალეხანდრომ, – შენს მეტი ოჯახი არცა მყავს და არც მყოლია. ჩემი ოჯახი ვარ მე, მე და შენ, შენ კი ჩემი ხარ. – მერედა შენი მშობლები? – წარმოიდგინე, რომ ისინი არც მყოლია. ჩემი ოჯახი ჩემით იწყება. ჩემი თავი მე თვითონ შევქმენი, მარტო მე. – კიდევ სხვაც მინდოდა მეკითხა შენთვის, ალეხანდრო, მაგრამ ვერ გამიბედავს. – როგორ თუ ვერ გაგიბედავს? ხომ არ გგონია, რომ შეგჭამ? განა ოდესმე გავბრაზებულვარ, როცა რაიმე გიკითხავს? – არა, არასდროს, ვერ დავიჩივლებ... – ესღა მაკლია! – ვერა, ვერ დავიჩივლებ, მაგრამ... – კარგი, ახლა მკითხე და ამით დავამთავროთ. – ვერა, ვერ გკითხავ. – მკითხე! მან ისეთი კილოთი წარმოთქვა ეს სიტყვები, რომ ქალს გააჟრჟოლა, ოღონდ შიშისგან თუ სიყვარულისგან ვერ გაეგო, თუმცა ეს იყო მორჩილის, მაგრამ საყვარელი მხევლის სიყვარული, მერე თქვა: – მაშ, კარგი, ახლა მითხარი, შენ ქვრივი ხარ?.. ალეხანდროს შუბლზე ჩრდილმა გადაურბინა, წარბები შეეჭმუხნა და მოღუშულმა უპასუხა: – ჰო, მე ქვრივი ვარ. – მერე შენი პირველი ცოლი?.. – ეტყობა, რაღაცები გითხრეს... – არა, მაგრამ... – მაინც რა გითხრეს, მითხარი. – ასეა, რაღაც გავიგე... – მერე დაიჯერე? – არა... არ დამიჯერებია... – ცხადია ვერც დაიჯერებდი და არც უნდა დაგეჯერებინა. – არა არც დამიჯერებია. – ბუნებრივია. თუკი ვინმეს ისე ვუყვარვარ, როგორც შენ, ვინც იმდენადაა ჩემი, როგორც ხარ შენ, შეუძლებელია, რომ ასეთი ჭორები დაიჯეროს. – რა თქმა უნდა, მიყვარხარ... – და ეს რომ თქვა, თვითონაც ელოდა, რომ ალეხანდროც საპასუხოდ აღიარებდა თავის გრძნობას. – კეთილი, მგონია, მითქვამს შენთვის სანტიმენტალური რომანების სიტყვები არ მიყვარს-მეთქი. ჯობია ნაკლები ვილაპარაკოთ იმაზე, ვინ ვის უფრო მეტად უყვარს. და მცირე დუმილის შემდეგ განაგრძო: – ალბათ ისიც გითხრეს, მექსიკაში, სულ ყმაწვილი რომ ვიყავი, ვიქორწინე უზომოდ მდიდარ და ჩემზე ბევრად უფროს ქალზე, მოხუც მილიონერზე და ვაიძულე მემკვიდრედ ვეღიარებინე, მერე კი მოვკალი, ხომ ასე გითხრეს, არა? – ჰო, ასე მითხრეს. – და შენც დაიჯერე? – არა, არ დავიჯერე და ვერც დავიჯერებდი, რომ საკუთარ ცოლს მოკლავდი. – ვხედავ, რომ უფრო ჭკვიანი ყოფილხარ, ვიდრე მეგონა. როგორ მოვკლავდი ჩემს ცოლს, ჩემს ნივთს? რატომ აიტანა კანკალმა საბრალო ხულია ამის გაგონებაზე? თვითონაც ვერ მიმხვდარიყო ამის მიზეზს, ეგებ ამის მიზეზი ეს სიტყვა „ნივთი“ იყო მისმა ქმარმა თავის პირველ ცოლს რომ უწოდა? – ეს ხომ სრული უგუნურება იქნებოდა, – განაგრძო ალეხანდრომ, – ან რისთვის? მისი მემკვიდრეობა რომ დამრჩენოდა? მე ხომ მის ქონებას ისევე განვაგებდი, როგორც ახლა! საკუთარი ცოლის მოკვლა? არანაირი აზრი არ უნდა ჰქონდეს საკუთარი ცოლის მოკვლას! – და მაინც, ისეთი ქმრებიც ხომ არიან, თავიანთ ცოლებს რომ კლავენ, – გაბედა ხულიამ. – მერე რისთვის? – ეჭვიანობის, ანდა ღალატისთვის... – აბა, აბა, აბა! ეჭვიანობა ყეყეჩების საქმეა. მარტო ყეყეჩები შეიძლება იყვნენ ეჭვიანები, რადგან მარტო ასეთებს ღალატობენ ცოლები. მაგრამ მე? მე? შეუძლებელია მე ჩემმა ცოლმა მიღალატოს. მე ჩემი ცოლი ვერასოდეს მიღალატებს, შეუძლებელია შენ მე მიღალატო! – ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. სხვა რამეზე ვთქვათ... – რატომ? – გული მტკივა, შენ რომ გისმენ. ვერ წარმოვიდგენ და სიზმარშიც კი ვერ ვიფიქრებ შენს ღალატზე!.. – ვიცი, შენ რომ არ მითხრა, ისედაც ვიცი; კარგად ვიცი, რომ ვერასოდეს მიღალატებ. – რასაკვირველია! – ვერ მიღალატებ! მე? ჩემმა ცოლმა მიღალატოს? წარმოუდგენელია! ხოლო რაც შეეხება იმას, სხვას, პირველს, ის თავისი სიკვდილით მოკვდა, მე ის არ მომიკლავს. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ალეხანდრო ამდენს ელაპარაკა თავის ცოლს. და სწორედ ამან ჩააფიქრა და ააცახცახა. უყვარს თუ არა ამ კაცს, ჰო, თუ არა? *    საბრალო ხულიას თავისი ოჯახური კერა, მამამისის სახლზე ნაკლებად საშინელი არ ეჩვენებოდა. იგი თავისუფალი იყო, სრულიად თავისუფალი; შეეძლო როგორც მოესურვებოდა, ისე მოქცეულიყო, წასულიყო და მოსულიყო, დაეპატიჟებინა მეგობრები, ქალებიცა და კაცებიც, თუკი მოუნდებოდა. მაგრამ უყვარდა კი თავის ბატონს, თავის პატრონს? რაკი ვერა და ვერ დარწმუნებულიყო ამ კაცის სიყვარულში, თავს მის ტყვედ გრძნობდა, ამ ბრწყინვალე ციხეში პატიმარი იყო, კარი ყველასთვის ღია იყო. მაშინ შეანათა მის აფორიაქებულ და ჩაბნელებულ მონის სულში, როცა გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო ამ თავისი ბატონი-ქმრისგან. „ახლა კი გავიგებ, ვუყვარვარ თუ არა“, – ფიქრობდა ქალი. როდესაც ეს სასიხარულო ამბავი ქმარსაც ამცნო, მან შესძახა: – ამას ველოდი! ახლა მემკვიდრეც გამიჩნდება, მე მისგან ისეთ მამაკაცს დავაყენებ, როგორიც მე ვარ. ამას კიდეც ველოდი. – მაგრამ თუ არ გვეყოლებოდა? – ჰკითხა ხულიამ. – ეს დაუჯერებელია! უეჭველად გვეყოლებოდა. მე უნდა მყავდეს ვაჟიშვილი, მე იგი მეყოლება! – მაგრამ ხომ არიან ისეთი ცოლ-ქმარიც, შვილები რომ არა ჰყავთ... – სხვებს შეიძლება. მაგრამ მე არა! მე ბიჭი უნდა მყავდეს! – მაინც რატომ? – იმიტომ, რომ არ შეიძლება შენ ჩემთვის ბიჭი არ გაგეჩინა! და კიდეც გაჩნდა ბიჭი; თუმცა მამა ისევ ისეთი გულჩაკეტილი დარჩა, როგორიც იყო. მარტო იმაზე თქვა უარი, რომ დედას ძუძუ ეწოვებინა. – არა, მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ჯანმრთელი ხარ, სრულიად საღსალამათი, მაგრამ ძუძუს წოვება ძალიან ვნებს ქალს, მე კი არ მინდა, რომ ამან შენზე ცუდად იმოქმედოს, მინდა, რომ დიდხანს იყო ასეთი ახალგაზრდა. და მარტო მაშინ დათანხმდა, როცა ექიმმა დაარწმუნა, ხულიას ეს ვერაფერს ავნებს, რომ ბავშვის კვება და მოვლა კიდეც არგებს და კიდევ უფრო გაალამაზებს და დაამშვენებსო. მამა შვილის კოცნას ერიდებოდა. „ამდენი ხვევნა-კოცნა ბავშვს აღიზიანებსო“, იტყოდა ხოლმე. ზოგჯერ ხელში კი აიყვანად ხოლმე და დიდხანს დასცქეროდა. – მახსოვს, ერთხელ მკითხე ჩემი ოჯახის შესახებ, – ჰკითხა ერთ დღესაც ალეხანდრომ ცოლს, – აი, ესეც ჩემი ოჯახი. ახლა ნამდვილად მაქვს ოჯახი და მყავს მემკვიდრე, ჩემი საქმის გამგრძელებელი.    ხულიამ იფიქრა, ახლა მაინც ვათქმევინებ, მაინც რა საქმეს ეწევაო, მაგრამ ისევ ვერ გაუბედა. „ჩემი საქმეო“, ნეტავ რა საქმეები აქვს ამ კაცს? ეს სიტყვა სხვა დროსაც ჰქონდა გაგონილი მისგან.    მათ შორის, ვინც მათი სახლის ხშირი სტუმარი იყო, გრაფი დე ბორდავიელა და მისი მეუღლეც გახლდათ, უფრო კი თავად გრაფი, რომელსაც ალეხანდროსთან მართლა საქმე აკავშირებდა; მისგან ისესხა საკმაოდ დიდი თანხა და საკმაოდ მაღალი პროცენტით. გრაფი ხულიას ჭადრაკს ეთამაშებოდა ხოლმე, რადგან ქალი გატაცებული იყო ამ თამაშით, ხოლო თავად გრაფისთვის გულის მოოხება იყო, როცა თავის ოჯახურ უსიამოვნებებზე ელაპარაკებოდა თავისი მევახშის ცოლს, თავის მეგობარს, რადგან გრაფი ბორდავიელას კერა მართლა პატარა ჯოჯოხეთად გადაქცეულიყო, თუმცა არცთუ დიდი იყო ცეცხლი. გრაფსა და გრაფინიას არც ერთმანეთისა ესმოდათ და არც ერთმანეთი უყვარდათ. ორივე თავ-თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ გრაფინია საკმაო საბაბს აძლევდა ხალხს ათასგვარი ჭორებისა და მითქმა-მოთქმისთვის. მასზე სულ ხუმრობდნენ და გამოცანებსაც კი თხზავდნენ: „აბა, ვინ იქნება, თუ იცით, გრაფი ბორდავიელას მორიგი დამხმარე?“ და საბრალო გრაფი კი დადიოდა მშვენიერი ხულიას სახლში ჭადრაკის სათამაშოდ, რომ სხვისი უბედურებით საკუთარი უბედურება დაევიწყებინა და ამით ენუგეშებინა თავი. – რაო, დღესაც გესტუმრა ის გრაფი? – ჰკითხავდა ხოლმე ცოლს ალეხანდრო. – ის გრაფი... ის გრაფი... რომელი გრაფი? – ის! სხვა ვინ უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს გრაფია, მარკიზი თუ ჰერცოგი... ჩემთვის ისინი ყველა ერთია, განსხვავებას ვერ ვხედავ... – ჰო, იყო! – მიხარია, რომ შენ გართობს, ეს საბრალო ბრიყვი ხომ სხვა არაფერში გამოდგება. – მე თუ მკითხავ, ის ინტელიგენტი და კულტურული კაცია, კარგად აღზრდილი და საკმაოდ სანდომიანი... – ჰო, ისიც ერთი იმათგანია, ვინც რომანებს კითხულობს. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, თუკი შენ მაინც გართობს... – ის ძალიან უბედურად გრძნობს თავს. – ააჰ, ეს ხომ მისივე ბრალია! – რატომ? – იმიტომ, რომ ქარაფშუტაა. ახია და ბუნებრივიცაა ის, რაც მის თავს ხდება. ისიც არ არის გასაკვირი, რომ ამ გრაფისთანა თავქარიან კაცს ცოლი ღალატობდეს. თუ მაგასაც კაცი ჰქვია. ის ვერ გამიგია, სად იპოვა ისეთი ქალი, რომელიც ასეთ კაცს ცოლად გაჰყვებოდა. მე თუ მკითხავ, ის ქალი მის ტიტულს უფრო გაჰყვა ცოლად. ასეთი რამ ჩემთვის რომ გაებედა ქალს, საერთოდ ქალს, რასაც ამ საცოდავს თავისი ცოლი უბედავს!.. ხულიამ დაჟინებით შეხედა თავის ქმარს და უეცრად, არც კი დაფიქრებულა რას ამბობდა, შესძახა: – მე რომ ეს შენთვის გამებედა? მეც რომ ასე მოგგქცეოდი შენ, როგორც გრაფს ექცევა მისი ცოლი?.. – რა სისულელეა! – და ალეხანდრომ გაიცინა, – შენ გინდა, რომ ჩვენი ცხოვრება შენი წიგნების მარილით შეანელო? მაგრამ თუ ჩემი გამოცდა გინდა, თუ გინდა, რომ მაეჭვიანო, ცდები. მე ისეთებს არ ვგავარ! ჩემთან ასეთი ოინები არავის გაუვა. ჩემთან? ასეთი ოინები შეგიძლია იმ ყეყეჩ ბორდავიელას მოუწყო. „ნუთუ ამ კაცს მართლა არ გააჩნია ეჭვიანობის არანაირი გრძნობა? – ფიქრობდა ხულია, – ნუთუ სულ არ ენაღვლება, რომ გრაფი ჩემთან დადის, სულ თავს დამტრიალებს და კიდეც მეარშიყება? ნუთუ ასეა დარწმუნებული ჩემს ერთგულებასა და სიყვარულში? განა ასე სჯერა, რომ ჩემზე ასეთი ზემოქმედების ძალა აქვს? ეგებ ეს გულგრილობაა? ვუყვარვარ, თუ არ ვუყვარვარ?“ და მას მწარე სასოწარკვეთილება მოერეოდა ხოლმე, ასე აწამებდა თავისი ბატონი და პატრონი ქმარი მის გულს.    საბრალო ქალი ჯიუტად ცდილობდა თავისი ქმრის გულში ეჭვიანობის გრძნობა გაეღვიძებინა, ეს სასინჯ ქვასავით იქნებოდა, რაც მის სიყვარულში დაარწმუნებდა, მაგრამ ვერაფერი გაეწყო... – გრაფის სახლში სტუმრად ხომ არ წამოხვიდოდი ჩემთან ერთად? – რისთვის? – ჩაიზე! – ჩაიზე? მე ჯერ მუცელი არ ამტკივებია. ერთ დროს ჩვენს სახლში ამ მღვრიე წყალს მარტო მაშინ გვასმევდნენ, როცა მუცელი აგვტკივდებოდა ხოლმე. კარგია, თუ შენ გარგებს! ცოტა მაინც ანუგეშე ის საცოდავი გრაფი. იქ შეიძლება გრაფინიაც დაგხვდეს თავის მორიგ მეგობართან ერთად. ამასაც საზოგადოება ჰქვია! თუმცა ბოლოს და ბოლოს, ასეც ხდება ხოლმე! *    გრაფი კი ამასობაში ისევ ისე უტრიალებდა გარს ხულიას. თავს ისე აჩვენებდა, თითქოს თავისი ოჯახური უსიამოვნებების გამო დიდად იყო შეწუხებული, რათა მისი თანაგრძნობა გამოეწვია, ხოლო თანაგრძნობას შეიძლება სიყვარულიც მოჰყოლოდა, თუნდაც ცოდვილი სიყვარული, ამასთან იმასაც ცდილობდა, მიეხვედრებინა, თითქოს მისი ოჯახური ამბავიც იცოდა. – ასეა, ხულია, ჩემი სახლი მართლა ჯოჯოხეთად გადაიქცა, ნამდვილ ჯოჯოხეთად და რაოდენ დიდი სიკეთეა, რომ ასეთ თანაგრძნობას იჩენთ ჩემ მიმართ. აჰ, ჩვენ რომ ადრე შევხვედროდით ერთმანეთს, იქამდე, სანამ, ჩემდა საუბედუროდ, ამ უღელს დავიდგამდი! და თქვენც... – გგონიათ, მეც თქვენ დღეში ვარ? მეც თქვენსავით ასეთ უღელში... – არა, არა; ამის თქმა არ მინდოდა... არა! – აბა, რისი თქმა გინდოდათ მაინც, გრაფო? – მანამდე, სანამ თქვენ ამ კაცის, თქვენი ქმრის ხელში ჩავარდებოდით-მეთქი... – მერე თქვენ გჯერათ, ის რომ არა, თქვენი გავხდებოდი? – ოჰ, ეჭვიც არ მეპარება, არ მეპარება... – მაინც რა თავდაჯერებულები ხართ, თქვენ, მამაკაცები! – თავდაჯერებულებიო? – დიახ, თავდაჯერებულები. თქვენ თქვენი თავი ასეთი უცილობელი გგონიათ? – მე... არა! – მაშ, ვინ? – თუ ნებას მომცემთ ვთქვა, ხულია... – თქვით, რაც გნებავთ! – მაშ კარგი, გეტყვით! უცილობელი ჩემი თავი კი არა, ჩემი სიყვარული მგონია, დიახ, ჩემი სიყვარული! – მაგრამ ეს ხომ ნამდვილი აღიარებაა, სენიორ გრაფო? არ დაგავიწყდეთ, რომ მე გათხოვილი ქალი ვარ, პატიოსანი და საკუთარ ქმარზე შეყვარებული. – ეს... – მერე თქვენ ნებას აძლევთ საკუთარ თავს ეჭვი შეიტანოთ ამაში? შეყვარებული, დიახ, როგორც გაიგონეთ, შეყვარებული გულწრფელად შეყვარებული ჩემს ქმარზე. – მაგრამ იმაზე რაღას იტყოდით?.. – რაო? ეს რაღას ნიშნავს? ვინ გითხრათ, რომ მე მას არ ვუყვარვარ? – თავად თქვენ! – მე? როდის შემოგჩივლეთ, ალეხანდროს არ ვუყვარვარ-მეთქი, როდის? – ეს თქვენმა თვალებმა მითხრა, თქვენმა ქცევამ, თქვენმა სახემ... – თქვენ გინდათ თქვათ, რომ მე თვითონ გამოგიწვიეთ და თავი მე თვითონ შეგაყვარეთ?.. ფრთხილად, სენიორ გრაფო, იცოდეთ, დღეს აქ, ჩემს სახლში უკანასკნელად ბრძანდებით! – თუ ღმერთი გწამთ, ხულია! – უკანასკნელად-მეთქი, გითხარით! – თუ ღმერთი გწამთ, იმის ნება მაინც მომეცით, გნახოთ, მდუმარედ გიმზიროთ და შევიშრო ცრემლები, გულიდან რომ მეღვრება... – რა ლამაზი სიტყვებია! – და ის, რაც ვთქვი, თქვენ კი შეურაცხყოფად მოგეჩვენათ... – მომეჩვენა? მე თქვენ პირდაპირ მომაყენეთ შეურაცხყოფა! – როგორ შემეძლო მე თქვენთვის შეურაცხყოფა მომეყენებინა! – სენიორ გრაფო!.. – განა ჩემი სიტყვები შეურაცხყოფა იყო? მე იმის თქმა მინდოდა, ადრე რომ შევხვედროდით ერთმანეთს, სანამ მე ჩემი ცოლის ხელში ჩავვარდებოდი, თქვენ კი თქვენი ქმრისა, მე თქვენ ისევე სიგიჟემდე შეგიყვარდებოდით, როგორც ახლა მე მიყვარხართ-მეთქი... ნება მიბოძეთ, გული გადაგიშალოთ! მე ისეთივე გაგიჟებით შეგიყვარდებოდით, როგორც ახლა მე მიყვარხართ და ამ სიყვარულით საპასუხო სიყვარულს მოვიპოვებდი და არა ჩემი ქველობის, არა ჩემი ღირსებების წყალობით, არამედ მხოლოდ სიყვარულის ძალით. მე ის ადამიანი არ გახლავარ, ხულია, ვინც ქალის გულის მონადირებას, თუ დამორჩილებას თავისი ღირსებების წყალობით ცდილობს, თუმცა კი ეს ისედაც გამაჩნია; მე ის არ გეგონოთ, ვინც მოითხოვს სიყვარულს და სიყვარულითვე არ პასუხობს. ჩემში, ამ სიღარიბეში ჩავარდნილი, კეთილშობილი შთამომავლობის ადამიანში ქედმაღლობის ნატამალიც არ არსებობს. ხულია ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად სვამდა ამ შხამს. – რამეთუ ისეთი ადამიანებიც არიან, – განაგრძობდა გრაფი, – ვისაც სიყვარულის უნარი არც გააჩნია, მაგრამ სხვისგან მოითხოვენ სიყვარულს და კიდეც სჯერათ, რომ უფლება აქვთ მოითხოვონ უპირობო სიყვარული და ერთგულება საბრალო ქალისგან, რომლის დამორჩილება მოახერხეს. არიან ისეთებიც, რომლებიც მშვენიერ, სილამაზით განთქმულ ქალს მარტო იმისთვის ირჩევენ, რომ პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილონ და გვერდით მოთვინიერებული ლომივით მიჰყვებოდეს, რომ შეეძლოთ თქვან: „ეს ჩემი საკუთარი ლომია“ ხომ ხედავთ, როგორ მემორჩილება, განა ამიტომაც არ უყვარს თავისი ხვადი ლომი?“ – სენიორ გრაფო... სენიორ გრაფო, თქვენ უკვე ზღვარს გადახვედით... მაშინ ბორდავიელა სულ ახლოს მივიდა მასთან და მისი ყურის ლამაზ, ვარდისფერ ნიჟარას, წაბლისფერი, ბზინვარე კულულიც რომ ვერ მალავდა, შეეხო მისი ცხელი სუნთქვა და ჩასჩურჩულა: – ჰო, ზღვარს გადავედი და შენს გრძნობებშიც შემოვიჭერი, ხულია! სიტყვამ „შენ“ ქალის ყურის ბიბილო დამნაშავესავით გააწითლა. ხულიას მკერდი ისე აბორგდა, ვითარცა ზღვა ქარაშოტისგან. – ჰო, ხულია, მე შენს გრძნობებში შემოვიჭერი. – მომეშვით, სენიორ გრაფო, ღვთის გულისათვის, მომეშვით! ახლა რომ ის შემოვიდეს... – არა, ის არ შემოვა. მას შენ სულაც არ ენაღვლები. ის ხომ მარტო იმიტომ გტოვებს ჩემთან, რომ არ უყვარხარ... არა, მას შენ არ უყვარხარ! არა, ხულია, არ უყვარხარ! – არა, ის ხომ სრულიად მენდობა... – გენდობა? არა. ის თავის საკუთარ თავს ენდობა. ბრმად ენდობა თავის თავს! დარწმუნებულია, რომ მას, რაკი ის გახლავს ალეხანდრო გომესი, ვინც ასეთი ქონება შეიძინა... არც მინდა ვიცოდე რა გზითა და როგორ... ის, დარწმუნებულია, რომ ქალი ვერ უღალატებს. მე მას ვძულვარ, ეს კი ნამდვილად ვიცი... – დიახ, მას თქვენ სძულხართ... – ეს კი ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ თქვენც ასევე სძულხართ... – თუ ღმერთი გწამთ, სენიორ გრაფო, თუ ღმერთი გწამთ, გაჩუმდით, კმარა, ეს მე მომკლავს! – თუ ვინმე მოგკლავს, ისევ შენივე ქმარი მოგკლავს და შენ პირველი არ ხარ! – ეს უკვე უსინდისობაა, სენიორ გრაფო, ეს სიმდაბლეა! ჩემს ქმარს თავისი ცოლი არ მოუკლავს! ახლა კი მიბრძანდით აქედან, მიბრძანდით და აღარასოდეს დაბრუნდეთ აქ!.. – მე კი წავალ, მაგრამ... ისევ დავბრუნდები... შენ თვითონ დამიძახებ! და იგი წავიდა, მაგრამ ხულია კი ძალზე გულდამძიმებული დატოვა. „ეგებ ეს კაცი მართალიცაა! – ფიქრობდა იგი, – ეგებ ეს მართლა ასეა? იქნებ მან ამიხილა თვალი და ცხადად დამანახვა ის, რისი დანახვაც მე არ მინდოდა. ნუთუ მართლა ვძულვარ? ნუთუ მართლა არ ვუყვარვარ?“ *    ხულიასა და გრაფ ბორდავიელას ურთიერთობის ამბავი მალე ქალაქში ავი ენების სალაპარაკო გახდა. ალეხანდრომ კი ამის შესახებ არაფერი იცოდა, ან ისე ეჭირა თავი, ვითომ არ იცოდა. ერთხელაც მისმა ერთმა ამხანაგმა სიტყვა რომ გადაუკრა, მაშინვე გააჩერა და უთხრა: „უკვე ვხვდები, რის თქმასაც აპირებ, ტყუილად ირჯები. ეს მარტო მოცლილი ენაჭარტალა ხალხის მონაჩმახია და მეტი არაფერი. მე? ამას მე მიყვებით? ამით უნდათ მიიპყრონ ყურადღება რომანტიკულად განწყობილმა ქალებმა!“ ნუთუ შეიძლება, რომ ის... ნუთუ ასეთი მხდალია?.. მაგრამ ერთხელაც კაზინოში მისი თანდასწრებით ერთმა ტიპმა თავს ნება მისცა წამოეწყო რქიანებზე ქილიკობა, ალეხანდრომ წამოავლო ბოთლს ხელი და იმ თავხედს თავი გაუხეთქა, რასაც საშინელი სკანდალი მოჰყვა. – ჩემთან? ჩემთან ასეთი ხუმრობა არავის გაუვა! – სრულად მშვიდად თქვა მან და აღშფოთება სულაც არ ეტყობოდა, – როგორ იფიქრა, რომ ვერ მივხვდებოდი... ვითომ არც ვიცოდე, რა სისულელეებს ლაპარაკობენ აქ შეყრილი ბრიყვები ჩემი ცოლის შესახებ, საბრალო რომანების კითხვაში რომაა ჩაფლული და ესაა მისი ახირებაც... ამას კი, ამ ჭორებს ძირშივე აღვკვეცავ და ახლავე. – მაგრამ არა ამ გზით, ასე მაინც არა, ალეხანდრო, – გაუბედა ერთმაც. – მაშ, როგორ? ეგებ მითხრათ, როგორ? – ასეთი ჭორების საბაბი უნდა მოსპოთ. – აჰა, აი, თურმე როგორ! ესე იგი გრაფს ჩემს სახლში სიარული ავუკრძალო? – ასე აჯობებს. – ეს ხომ უფრო მეტ საბაბს მისცემს ავისმთქმელებს. და არც მე ვარ ტირანი. თუ ჩემს საბრალო ცოლს გრაფი გაართობს, ეს ჩამოყალიბებული და სრული ყეყეჩი, ამასთან, გეფიცებით, ნამდვილად უწყინარი ყეყეჩი, ტენორიოს რომ თამაშობს... თუკი ეს თოჯინა ჩემს ცოლს გაართობს, რატომ უნდა მოვაკლო ასეთი გართობა მარტო იმიტომ, რომ ზოგიერთი ენაჭარტალა ამას კუდს გამოაბამს? ესღა მაკლია... მაგრამ იცოდეთ, ჩემს მოთმინებასაც საზღვარი აქვს! ჩემს მოთმინებას? თქვენ მე კარგად არ მიცნობთ! – მაგრამ, დონ ალეხანდრო, მოსაჩვენებლად მაინც... – მე მოსაჩვენებლად არ ვცხოვრობ, ჩემთვის მარტო სინამდვილეა... მეორე დღეს ალეხანდროს სახლში კაბალიერო გამოეცხადა, ორი მეტად სერიოზული კაბალიერო, რომელთაც მისგან სატისფაქცია მოითხოვეს. – გადაეცით მას, – უპასუხა მათ, – რომ თავისი მკურნალი ექიმისა თუ ქირურგის ანგარიში გამომიგზავნოს, რომ საფასური გადავუხადო, თან მიყენებულ ზარალსაც ავუნაზღაურებ. – მაგრამ, დონ ალეხანდრო... – მეტი რა გნებავთ? – ჩვენ არაფერი. თვითონ შეურაცხყოფილი მოითხოვს საზღაურს, სატისფაქციას... ანუ სათანადო ახსნა-განმარტებას. – თქვენი ვერაფერი გამიგია და არც მინდა გავიგო! – მაშინ დუელი... – ძალიან კარგი! როცა ინებებთ. გადაეცით მასაც, როცა მოისურვებს, მაგრამ ამისთვის თქვენი შეწუხება აღარ იქნება საჭირო, არც სეკუნდანტებია აუცილებელი. უთხარით, როცა თავი მოურჩება... უნდა მეთქვა, ბოთლით მიყენებული ჭრილობა მოუშუშდება-მეთქი... შემატყობინოს და სადაც მოისურვებს, იქ შევხვდეთ და პატიოსნად შევებრძოლოთ ერთმანეთს, ოღონდ იცოდეთ, შიშველი ხელებით, მარტო მუშტითა და წიხლით. მე სხვა იარაღი არ ვიცი. მაშინ კი დაინახავს, ვინც არის ალეხანდრო გომესი. – მაგრამ, დონ ალეხანდრო, ეს ხომ ჩვენი მასხარად აგდება იქნება! – შესძახა ერთმა სეკუნდანტმა. – არამც და არამც! თქვენ სხვა წრიდან ხართ, მე სხვა. თქვენ დიდებული მამების შვილები ბრძანდებით, დიდგვაროვანი ოჯახების შთამომავლები, მე კი, შეიძლება ითქვას, მშობლები სულაც არ მყოლია და არც იმის მეტი ოჯახი მქონია, რაც მე თვითონ შევქმენი. მე არსაიდან მოვედი და არც მინდა ღირსების კოდექსებია თუ რაღაც ეშმაკური ხლართები ვიცოდე. ასე რომ, თქვენ უკვე იცით, ეს არის და ეს! სეკუნდანტები წამოდგნენ და ერთმა მათგანმა საკმაოდ მტკიცედ და არცთუ მოურიდებლად, რაკი საქმე ჰქონდა ყოვლისშემძლე მილიონერთან, თანაც საიდუმლოებით მოცული წარმოშობის კაცთან, საზეიმოდ განაცხადა: – ასეთ შემთხვევაში, სენიორ დონ ალეხანდრო გომეს, ნება მიბოძეთ გითხრათ... – თქვით, რაც გნებავთ, ოღონდ სიტყვები კარგად შეარჩიეთ, თორემ აქ კიდევ ერთი ბოთლი მაქვს. – მაშინ, – და მან ხმას აუწია, – სენიორ დონ ალეხანდრო გომეს, თქვენ არც კაბალიერო ყოფილხართ! – რასაკვირველია, არ ვარ, ადამიანო, ცხადია, არ ვარ! მე და კაბალიერო!.. როგორ? საიდან? მე მეჯოგედ დავიბადე და გავიზარდე და არა კაბალიეროდ. მე ვირზეც კი არ ვმჯდარვარ, როცა სამხარი მიმქონდა ხოლმე იმ კაცისთვის, ვინც, როგორც ამბობდნენ, მამად მეკუთვნოდა, სულ ფეხით მივჩანჩალებდი, სულ ფეხით... ცხადია, არც კაბალიერო გახლავარ, არა, კაბალიერო ნამდვილად არ ვარ! კაბალიერო? მე და კაბალიერო? მე? აბა... აბა... – კმარა, წავიდეთ, – უთხრა ერთმა სეკუნდანტმა მეორეს, – აქ ჩვენ არაფერი გვესაქმება. თქვენ კი, სენიორ დონ ალეხანდრო, მალე დაინახავთ ამ თქვენი უღირსი საქციელის შედეგს. – გასაგებია, როგორმე გავუძლებ. ხოლო რაც შეეხება იმ... რა ჰქვია იმ ენაგრძელ კაბალიეროს, თავი რომ გავუტეხე, უთხარით, კიდევ გიმეორებთ, რომ ექიმის ანგარიში გამომიგზავნოს და ამის შემდეგ გაფრთხილდეს, სანამ იტყვის, დაფიქრდეს და სიტყვები შეარჩიოს, თქვენ კი, თუ ოდესმე რამე დაგჭირდეთ, – შეიძლება ყველაფერი მოხდეს, – შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩემნაირ გაუნათლებელ და გაუთლელ კაცთან, თუმცა მილიონერთან, ვისაც კაბალიეროს ღირსებისა არაფერი გაეგება და მზად ვარ, თქვენც ისევე გემსახუროთ, როგორც ვემსახურებოდი და ვემსახურები სხვა კაბალიეროებს. – ამის მოთმენა აღარ შემიძლია, წავიდეთ! – შესძახა ერთმა სეკუნდანტმა. და ისინი წავიდნენ. *    ალეხანდრომ იმავე ღამეს უამბო ცოლს სეკუნდანტებთან შეხვედრის შესახებ, მერე ბოთლის ამბავიც მოაყოლა და კმაყოფილებით ილაპარაკა თავისი გამარჯვების თაობაზე. ქალი კი შეძრწუნებული უსმენდა. – მე და კაბალიერო? მე რა კაბალიერო უნდა ვიყო? – გაიძახოდა იგი, – მე, ალეხანდრო გომესი? არასოდეს! მე ადამიანი ვარ, უბრალო ადამიანი და მეტი არც არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ნამდვილი ადამიანი, ნამდვილი მამაკაცი კი გახლავარ! – მე? – თქვა ხულიამ, ოღონდ კი რამე ეთქვა. – შენ? შენ ნამდვილი ქალი ხარ! თანაც იმისთანა ქალი, რომელიც რომანებს კითხულობს. ის კი, გრაფია თუ რაღაცა, ის მოჭადრაკე, არარაობაა, ნამდვილი არარაობა! რატომ უნდა დაგიშალო გართობა, ის ხომ ოთახის ფინიასავით გართობს? შენ რომ ერთი ხუჭუჭა ბეწვიანი ოთახის ფინია გყოლოდა, ანდა ანგორის ფისუნია, ან თუნდაც მაიმუნი და მისი კოცნა-მოფერება დაგეწყო, განა მე დავავლებდი ხელს და აივნიდან ქუჩაში გადავუძახებდი? რა სისულელეა, თუმცა კარგი კი იქნებოდა! მაგრამ ისიც ხომ შეიძლებოდა ვინმე გამვლელს თავზე დასცემოდა. ეს კი იგივეა, რაც ის გრაფია თუ ვიღაცა, ძაღლი, კატა თუ მაიმუნი. შენ კი როგორც გინდა და რამდენიც გინდა, ისე გაერთე! – მაგრამ, ალეხანდრო, მათ ხომ სიმართლე გითხრეს... შენ ის კაცი სახლში არ უნდა შემოუშვა... – ის კაცი? – ჰო, შენ უნდა აუკრძალო გრაფ ბორდავიელას ჩვენს სახლში სიარული. – შენ თვითონ აუკრძალე! თუ შენ ვერ აუკრძალავ იმ ბედოვლათს, მაშინ შენი გული ვერ მოუნადირებია, შენი ყურადღების ღირსი რომ გამხდარიყო, თვითონვე დაითხოვდი, თავი ხიფათისგან რომ დაგეცვა. – და თუ მაინც გამოვიჩენდი ყურადღებას მისადმი? – კმარა! კმარა! თავიდან ნუ დავიწყებთ! ისევ გინდა, რომ მაეჭვიანო? მე? ბოლოს და ბოლოს, ვეღარ დარწმუნდი, რომ მე სხვებს არ ვგავარ? *    ხულიას უფრო და უფრო ნაკლებად ესმოდა თავისი ქმრისა, მაგრამ იმავე დროს იმასაც გრძნობდა, როგორ ემორჩილებოდა მას და კიდევ უფრო სწყუროდა დარწმუნებულიყო უყვარდა თუ არა მას, ხოლო ალეხანდროს, თავის მხრივ, სჯეროდა თავისი ცოლის ერთგულება, უფრო სწორად, თავისი თავისა, ალეხანდროსი, ნამდვილი მამაკაცისა! მისთვის ხომ შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენაც კი, რომ უღალატებდა ცოლი, მისი ცოლი! – მაგრამ გულში კი ფიქრობდა: „ამ საბრალოს სულ თავგზა აუბნია ქალაქურმა ცხოვრებამ და რომანების კითხვამო“ და გადაწყვიტა, სოფელში წავიყვანო. და წავიდნენ კიდეც მის ერთ-ერთ მამულში. – ცოტა ხანს რომ იცხოვრო სოფელში, ძალიან მოგიხდება, – უთხრა ქმარმა, – ნერვები დაგიწყნარდება. თუ მოგწყინდება, რა თქმა უნდა, შენი ფისოც შეგიძლია დაპატიჟო, ის, გრაფია თუ რაღაცა, რომ გაგართოს. კარგად იცი, რომ მე სულ არ ვეჭვიანობ და შენი მჯერა, ჩემს ცოლს თვალდახუჭული ვენდობი. იქ კი, სოფელში, საბრალო ხულიას კიდევ უფრო მოეძალა ფიქრები და გული დაუმძიმდა. ძალიან მოიწყინა. ქმარი კითხვის ნებასაც არ აძლევდა. – მე შენ აქ იმიტომ წამოგიყვანე, რომ წიგნებისთვის მომეშორებინე და ნევრასთენიისგან საბოლოოდ განკურნებულიყავი და უფრო უარესი რომ არ დაგმართვოდა. – ნევრასთენიისგან? – ცხადია! ყველაფერი ამისგან გჭირს. ყველაფერი წიგნების ბრალია. – მაშ, ვეღარასდროს ვერაფერს წავიკითხავ? – არა, ამას არც გთხოვ... მე შენ სულ არაფერს გთხოვ... განა მე ტირანი ვარ? განა ოდესმე რამე მომითხოვია შენგან? – არა. შენ ისიც კი არ მოგითხოვია, რომ მიყვარდე! – ცხადია, ან როგორ შეიძლება ასეთი რამის მოთხოვნა! და ესეც არ იყოს, რაკი ვიცი, რომ გიყვარვარ და სხვისი შეყვარება არც შეგიძლია... ხოლო მას შემდეგ, რაც მე შენ გაგიცანი და ჩემი წყალობით გაიგე, როგორია ნამდვილი მამაკაცი, სხვა კაცი აღარც შეგიყვარდება, თუნდაც სურვილი გაგიჩნდეს. ასეა, დამიჯერე. მაგრამ წიგნებზე ნუღარ ვილაპარაკებთ. რამდენჯერ მითქვამს, რომანები არ მიყვარს-მეთქი. ეს მარტო იმ ქარაფშუტების საქმეა, ჩაიზე რომ საუბრობენ ხოლმე გრაფინიებთან. საბრალო ხულიას ტანჯვას კიდევ ისიც დაემატა, როცა გაიგო მის ქმარს თურმე უწმინდური ურთიერთობა გაება მათ მოსამსახურე გოგოსთან, იმ ძალზე ტლანქ, ულაზათო გომბიოსთან. და ერთ საღამოსაც, ვახშმის შემდეგ, მარტონი რომ დარჩნენ, მოულოდნელად ჰკითხა: – ალეხანდრო, იქნებ გგონია, რომ ვერაფერს ვხვდები, ვიცი, რომ სიმონასთან... – ამის დამალვა არც მიცდია, რაკი აზრი არც ჰქონდა. ხომ გაგიგია, კაცს ყოველდღე თაფლის ჭამაც მოჰბეზრდებაო. – რისი თქმა გინდა? – იმისი, რომ შენ საყოველდღეო ქალი არ ხარ, საამისოდ მეტისმეტად ლამაზი ხარ. ქალს გააჟრჟოლა. პირველად გაიგონა ქმრისგან ასეთი სიტყვა – ლამაზიო. მაგრამ ნეტავი მართლა თუ ვუყვარვარ? – მერედა ამისთანა ტურტლიან გომბიოსთან?.. – უთხრა ხულიამ, ოღონდ კი რამე ეთქვა. – სწორედ იმიტომ, რომ ტურტლიანია, ეს მსიამოვნებს თუკი მსიამოვნებს. ხომ არ გავიწყდება, რომ მეც ბოსელში გავიზარდე, თითქოს სანეხვეზე და როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყვის ხოლმე, სიბინძურე მიზიდავს. ახლა კი, როცა ეს გლეხური კერძი ვიგემე, შენს სილამაზეს კიდევ უფრო დავაფასებ, შენს სისუფთავეს და შენს სინატიფეს. – ვერ ვხვდები, ამით მაამებ თუ დამცინი და მამცირებ. – ხომ ხედავ, ისევ ნევრასთენიაა! მე კი ვფიქრობდი, გამოკეთების პირი უჩანს-მეთქი. – რა თქმა უნდა, თქვენ, მამაკაცებს, რაც გინდათ, იმას გააკეთებთ, თუ მოგეპრიანებათ, კიდეც გვიღალატებთ... – მერე ვინ გიღალატა? – შენ! – ამასაც თუ ღალატი ჰქვია! ვაი, ვაი, ეს სულ წიგნებია, წიგნები! ჩემთვის ხომ სიმონას კაპიკის ფასიც არა აქვს და არც... – გასაგებია! ის ხომ შენთვის ფინიაა, კატა თუ მაიმუნი! – სწორედ რომ მაიმუნი! მაიმუნი და მეტი არაფერი! სწორედ ეს შეჰფერის ყველაზე უფრო! რა ზუსტად თქვი, მაიმუნიო! მერე ამიტომ შენი ქმარი აღარ უნდა ვიყო? – შენც იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ ამის გამო აღარც მე უნდა ვიყო შენი ცოლი?.. – ვხედავ, ხულია, რომ ჭკუა გემატება... – ცხადია, სხვაც ბევრი რამ შეიძლება ისწავლო! – ოღონდ ჩემგან, რა თქმა უნდა და არა იმ ფისუნიასგან! – რაღა თქმა უნდა, შენგან! – მაშ ასე. არ მეგონა, თუ ეს სოფლური შემთხვევა გაეჭვიანებდა... შენ და ეჭვიანობა? შენ? ჩემი ცოლი? იმ მაიმუნზე იეჭვიანე? რაც შეეხება იმას, თუ გავამზითვებ, მეტიც არაფერი უნდა! – რა თქმა უნდა, როცა ფული გაქვს... – ასეთი მზითევით სასწრაფოდ გათხოვდება და მზითევთან ერთად ქმარს ბიჭსაც მიართმევს. ხოლო თუ ბავშვი მამასაც დაემსგავსება, ანუ ნამდვილი მამაკაცი დადგება, მაშინ მისი ქმარი ორმაგად მოგებული დარჩება. – გაჩუმდი, გაჩუმდი, გაჩუმდი! საბრალო ხულიას ქვითინი აუვარდა. – მე კი მეგონა, სოფელში ნევრასთენიისგან განიკურნებოდი, – უთხრა ალეხანდრომ, – ფრთხილად, უარესი არაფერი დაგემართოს. ორიოდე დღის მერე კიდევაც დაბრუნდნენ შინ, ქალაქში. * ხულია კვლავ განუკურნებელმა სევდამ შეიპყრო; გრაფმა ბორდავიელამ კი ისევ უწინდებურად დაიწყო მისვლა-მოსვლა, ოღონდ უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენდა. თავად ხულია სასოწარკვეთილებამ აიძულა დაეთმო მისთვის და ესმინა მეგობრის ღვარძლიანი მონაჩმახი, ცილი თუ ძრახვა, მაგრამ საოცარი ის იყო, რომ ამ ურთიერთობას ქმარს არც უმალავდა, მას კი ისიც ჰყოფნიდა, როცა ეტყოდა: „შენ ისევ სოფელში უნდა დაბრუნდე და მკურნალობა განაგრძოო“. ერთ დღესაც, როცა ხულიას უსასოობამ საზღვარს მიაღწია, ქმარს პირდაპირ პირში მიახალა: – შენ არ ხარ კაცი, ალეხანდრო, არა, არა ხარ ნამდვილი მამაკაცი! – ვინ, მე? მაინც რატომ? – არა, არ ხარ მამაკაცი, არ ხარ! – მაშინ ამიხსენი. – უკვე დავრწმუნდი, რომ არ გიყვარვარ, რომ არაფრად გიღირვარ, შენი შვილის დედადაც კი არ მიგაჩნივარ, ჩემზე მხოლოდ პატივმოყვარეობის გამო იქორწინე, სატრაბახოდ, საჩვენებლად გინდოდი, ჩემი სილამაზით თავი რომ მოგეწონებინა, რომ... – კმარა, კმარა, ისევ შენი რომანების გამონაგონია! მაგრამ შენ ის მითხარი, რატომ არ ვარ მამაკაცი? – მარტო იმას გეტყვი, რომ არ გიყვარვარ და... – რამდენჯერ მითქვამს შენთვის, რომ სიყვარულზე ლაპარაკი, ვის ვინ უყვარს თუ არ უყვარს, საერთოდ სიყვარულზე და მთელ ამ სისულელეებზე, მარტო გრაფები და ფრანტები ლაპარაკობენ ჩაიზე. – ვიცი, რომ არ გიყვარვარ... – ვთქვათ, მაგრამ მერე რა? – ის, რომ შენთვის არაფერს ნიშნავს ისიც კი, თუ გრაფი, ფისუნია, როგორც შენ ეძახი, ისევ ივლის აქ, როგორც და როცა მოესურვება... – შენ თვითონ აძლევ ამის უფლებას! – აბა, რას ვიზამ, თუკი ის ჩემი საყვარელია! გაიგე, რომ ის ჩემი საყვარელია! ის ფისუნია ჩემი საყვარელია! ალეხანდრო აღუშფოთველად შესცქეროდა ცოლს. ხულია ამაოდ ელოდებოდა, რომ გაცეცხლდებოდა, ამან კიდევ უფრო გააშმაგა და შესძახა: – მერე რაო? მაშინ მეც მომკალი, როგორც ის, პირველი ცოლი მოკალი! – ტყუილია, არც ის მომიკლავს და არც ეს ფისუნიაა შენი საყვარელი. ეს ცხადზე ცხადია, შენ გინდა, რომ წამაქეზო და... გინდა რომ ოტელოდ გადამაქციო. ჩემი სახლი თეატრი არ გეგონოს. ოღონდ ასე თუ განაგრძე, ბოლოს გაგიჟდები და შენი დამწყვდევა მომიწევს. – გავგიჟდები? მე გავგიჟდები? – ჰო, ბოლოს და ბოლოს, გაგიჟდები! როგორ შეიძლება იმის დაჯერება, რომ ჩემს ცოლს საყვარელი ჰყავს! რატომ ცდილობ, რომ დამაჯერო, ვითომ საყვარელი გყავს, ვითომ მე მღალატობ? მე? ალეხანდრო გომესი ვიღაც ფისუნია არავის ეგონოს, ის ნამდვილი მამაკაცია! ვერა, ამას ვერ მიაღწევ, ვერ ეღირსები, რომ შენი რომანების, ფრანტებისა თუ გრაფების ენაზე გელაპარაკო! ჩემი სახლი თეატრი არ არის! – მხდალო! მხდალო! მხდალო! – შეჰკივლა უკვე გადარეულმა ხულიამ, – მხდალო! – ახლა კი რამე უნდა ვიღონო! – თქვა ქმარმა. და იგი გავიდა ოთახიდან. ამ დღის მერე, რაც მთელი ორი დღე ჰყავდა თავისი ცოლი გამოკეტილი, კაბინეტში მოიხმო და ხულიაც სრულიად დათრგუნვილი შევიდა მასთან. კაბინეტში დახვდა გრაფი დე ბორდავიელა და ორი სხვა სენიორი. – მომისმინე, ხულია, – უთხრა შემაძრწუნებელი სიმშვიდით ქმარმა, – ეს სენიორები ექიმი ფსიქიატრები ბრძანდებიან, მე ისინი შენი ჯანმრთელობის გამოსაკვლევად და სამკურნალოდ მოვიწვიე. ახლა შენ გონება გაქვს დაბინდული და მერე, როცა ისევ გაგინათდება, ყველაფერს მიხვდები. – შენ რაღა გინდა აქ, ხუან? – ჰკითხა ხულიამ გრაფს ისე, რომ ქმრისკენ არც გაუხედავს. – ხომ უყურებთ? – მიმართა ალეხანდრომ ექიმებს, – ისევ ჰალუცინაციები დაეწყო; ახლა ისევ მოჰყვება მტკიცებას, რომ ეს სენიორი... – დიახ, ის ჩემი საყვარელია! – შეაწყვეტინა სიტყვა ქმარს, – თუ ასე არ არის, თვითონ თქვას. გრაფს თავი არ აუწევია. – თავად ხედავთ, სენიორ გრაფო, – უთხრა ალეხანდრომ ბორდავიელას, – სწორედ ეს აკვიატებაა სიგიჟის ნიშანი, რადგან თქვენ ჩემს ცოლთან არც გქონიათ და არც შეიძლება გქონოდათ რაიმე ურთიერთობა... – ცხადია, არა! – შესძახა გრაფმა. – ხომ გესმით! – ისევ მიუბრუნდა ექიმებს ალეხანდრო. – როგორ! – შეჰყვირა ხულიამ, – შენ, შენ, ხუან, ჩემო ფისუნია, ამას შენ უარყოფ? გრაფი ცახცახმა აიტანა, ალეხანდროს ცივ მზერას რომ შეეფეთა და თქვა: – დაწყნარდით, სენიორა, გონს მოდით. ხომ იცით, რომ ეს არ არის მართალი, კარგად იცი, რომ ამ სახლში ახლო მეგობარივით დავდიოდი, თქვენთანაც ისეთივე მეგობრობა მაკავშირებდა, როგორიც თქვენს ქმართან და რომ მე, გრაფი დე ბორდავიელა, არასოდეს გავბედავდი ისეთი მეგობრის ღირსების შელახვას, როგორიც გახლავს... – როგორიც მე გახლავარ, – შეაწყვეტინა ალეხანდრომ, – მე? მე? ალეხანდრო გომესი? რომელი გრაფი გამიბედავდა ამას, ვის შეეძლო ჩემი შეურაცხყოფა ან ღალატი, როგორ მიღალატებდა მე ჩემი ცოლი. – თქვენ თვითონ ხედავთ, სენიორებო, რომ საბრალოს გონებაც აქვს დაბნელებული... – შენც ხუან? შენც ფისუნია? – შეჰყვირა ხულიამ, – მშიშარა! მშიშარა! მხდალი! ჩემმა ქმარმა დაგაშინა არა? შიშის გამო ვერ გითქვამს სიმართლე, არა, მხდალო! მხდალო, მხდალო! – შენც მონაწილეობ ამ სამარცხვინო ფარსში, რომ გიჟად გამომაცხადოთ, არა? მხდალო, მშიშარა! გარეწარო! შენც ჩემი ქმარივით... – გესმით, სენიორებო! – უთხრა ალეხანდრომ ექიმებს. საბრალო ხულია გონებას კარგავდა, სრულიად განადგურებულად გრძნობდა თავს. – ასე რომ, ჩემო ბატონო, – მიუბრუნდა ალეხანდრო გრაფს, – ახლა ჩვენ გავიდეთ და ეს პატივსაცემი სენიორები დარჩნენ ჩემს ცოლთან და დაასრულონ მისი გასინჯვა-გამოკვლევა. გრაფიც გაჰყვა. როცა ისინი ოთახიდან გავიდნენ, ალეხანდრომ უთხრა: – ასე რომ, იცოდეთ, სენიორ გრაფო, ან ჩემი ცოლი უნდა აღიაროთ გიჟად, ან არადა, თქვენცა და მასაც, ორივეს თავებს დაგიჩეჩქვავთ, აირჩიეთ. – მე ვფიქრობ, ერთადერთი, რაც უნდა ავირჩიო არის ის, რომ დროზე გადაგიხადოთ ვალი, რათა არანაირი საქმე აღარ მქონდეს თქვენთან. – არა; ერთადერთი არის ის, რომ ენას კბილი დააჭიროთ! ერთი სიტყვით, შევთანხმდეთ, რომ ჩემი ცოლი მართლა გაგიჟდა, თქვენ კი პირწავარდნილი ყეყეჩი ხართ. ესეც დაიმახსოვრეთ! – და მან პისტოლეტი აჩვენა. ცოტა ხანში ექიმებიც გამოვიდნენ ალეხანდროს კაბინეტიდან და ერთმანეთს გადაულაპარაკეს: – ეს უკვე შემზარავი ტრაგედიაა. მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? – ჩვენ მეტი არაფერი დაგვრჩენია, რომ გიჟად გამოვაცხადოთ. თუ არადა, ეს კაცი მასაც მოკლავს და იმ უბედურ გრაფსაც. – მერე ჩვენი პროფესიული სინდისი? – ახლა ჩვენი სინდისი ის იქნება, რომ უარესი დანაშაული არ ჩავიდინოთ. – ამას ჯობდა გიჟად სწორედ ეს დონ ალეხანდრო გამოგვეცხადებინა. – არა, ის გიჟი არ არის. აქ სულ სხვა რამესთან გვაქვს საქმე. – ნამდვილ მამაკაცთან, არა? როგორც თვითონ ამბობს. – საბრალო ქალი! როგორ მტკიოდა გული მას რომ ვუსმენდი, მე მეშინია, რომ ბოლოს მართლა გაგიჟდება. – ეგებ მართლა გიჟად ვაღიაროთ, მაშინ კიდეც გადავარჩენთ. ყოველ შემთხვევაში, ამ სახლიდან მაინც ვიხსნით. და აღიარეს კიდეც გიჟად. მათი დასკვნის მერე კი ქმარმა თავისი ცოლი საგიჟეთში გამოამწყვდია. * საბრალო ხულიას სულში ცივი, მძიმე, უვარსკვლავო წყვდიადი ჩამოწვა, როცა უკვე საგიჟეთში გამომწყვდეული აღმოჩნდა. ერთადერთი სანუგეშო ის იყო, რომ ნებას აძლევდნენ შვილი ენახა. აიყვანდა ხოლმე ბიჭს ხელში და ლამის ცრემლებით ჰბანდა სახეს; საბრალო ბავშვიც ტიროდა, თუმცა კი არ იცოდა, რატომ. – ეეჰ, ჩემო ბიჭო, ჩემო შვილო! – ეჩურჩულებოდა, – ნეტავ კი შემეძლოს გიშველო და გადაგარჩინო, რომ შენს ძარღვებში მამაშენის ერთი წვეთი სისხლიც არ დაგრჩეს... ის მაინც მამაშენია!.. და როცა საბრალო ქალი მარტო რჩებოდა, მართლა გრძნობდა, რომ გიჟდებოდა, სულ ცოტაღა აკლდა, რომ მართლა არ გაგიჟებულიყო და მაშინ იტყოდა ხოლმე: „ამ სახლში მგონია, ნამდვილად ვგიჟდები და იმასაც დავიჯერებ, რომ ჩემი და ამ გრაფის ამბავი მარტო სიზმარი და ჰალუცინაციები იყო. მშიშარა, მხდალი და გარეწარი! ასეთ დღეში მაინც როგორ ჩამაგდო, როგორ დაანება, რომ ასე გამოვემწყვდიე! ფისუნია, მართლაც ფისუნია? მართალი იყო ჩემი ქმარი. ნეტავ რატომ არ დაგვხოცა ორივე? ეეჰ, არა! ეს ყველაზე საშინელი შურისძიებაა! იმ უსინდისო ფისოს მოკვლა არც ღირდა!.. მისი ასეთი დამცირება ჯობდა. ტყუილი უნდა ეთქმევინებინა მისთვის და მერე მივეტოვებინე! ან როგორ კანკალებდა ჩემი ქმრის წინაშე, მართლა კანკალებდა! ჩემი ქმარი კი მართლაც ნამდვილი მამაკაცია! მაგრამ მაინც რატომ არ მომკლა? ოტელო ხომ უთუოდ მოკლავდა! თუმცა ალეხანდრო ოტელო მაინც არ არის, ოტელოსავით დაუნდობელი მხეცი არ არის. ოტელო შმაგი მავრი კი იყო, მაგრამ უგუნური... ალეხანდრო კი... ალეხანდროს მძლავრი გონება აქვს, თან ის თავისი პლებეური, ეშმაკეული პატივმოყვარეობაც რომ არ ავიწყდება. არა, ამ კაცს სულ არ სჭირდებოდა, რომ ის, თავისი პირველი ცოლი მოეკლა, უბრალოდ, აიძულა მომკვდარიყო თავისით. მის წინაშე შიშისგან მოკვდა უთუოდ. მე კი ვუყვარვარ?“ და იქაც, სულით ავადმყოფთა სახლშიც აწამებდა თავის გულსა და გონებას, რომ ის მტანჯველი კითხვის პასუხი ამოეცნო; „ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარ?“ მერე იტყოდა: „სამაგიეროდ მე მიყვარს! თანაც სიგიჟემდე!“ და იმის შიშით, ვაითუ, მართლა გავგიჟდეო, თავი მოაჩვენა, ვითომ გამოჯანმრთელდა, ყველა დაარწმუნა, ვითომ ის ურთიერთობა გრაფთან ჰალუცინაციების მეტი არაფერი იყო. ეს ქმარსაც დაუყოვნებლივ აცნობეს. ერთ დღესაც ხულია მისაღებ ოთახში გამოიძახეს, სადაც ქმარი ელოდებოდა. როცა შევიდა, მაშინვე მუხლებზე დაეცა მის წინაშე და მწარედ ატირდა: – მაპატიე, ალეხანდრო, მაპატიე! – ადექი, ქალო! და მან წამოაყენა. – მაპატიე! – გაპატიო? მაგრამ რა გაქვს საპატიებელი? მე უკვე მითხრეს, რომ განიკურნე და ჰალუცინაციები აღარ გაწუხებს... ხულია შეშინებული შესცქეროდა ქმრის ცივსა და გამსჭვალავ თვალებს, შესცქეროდა შიშითა და გიჟური სიყვარულით, ნამდვილად იყო ეს ბრმა სიყვარული და ბრმა შიში. – ჰო, მართალი იყავი, ალეხანდრო, მართალი იყავი, მე კი უთუოდ გავგიჟდი, მართლა გავგიჟდი. ეს იმიტომ გამოვიგონე, რომ შენ გეეჭვიანა, ოღონდ კი გეეჭვიანა. ყველაფერი სიცრუე იყო. როგორ შემეძლო შენთვის მეღალატა? მე? შენთვის? ახლა მაინც გჯერა ჩემი? – ხულია, ერთხელ შენ მკითხე, – დაიწყო ყინულივით ცივი ხმით ქმარმა, – მართლა მოვკალი თუ არა ჩემი პირველი ცოლი, მე კი პასუხის მაგივრად გკითხე, შეგიძლია თუ არა დაიჯერო-მეთქი. მერე შენ რა მიპასუხე? – ვერა, ვერ დავიჯერებ-მეთქი, ამას ვერ დავიჯერებ-მეთქი! – მაშინ ახლა მეც გეტყვი, რომ ვერასოდეს დავიჯერებდი, რომ შენ იმ ფისუნიაზე გამცვლიდი. ეს კმარა? ხულია ცახცახებდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ სიგიჟის ზღვარზე იყო, სიგიჟისა და სიყვარულის ზღვარზე, ერთდროულად. – ახლა, – ჰკითხა ქალმა, მოეხვია ქმარს და ყურში ჩასჩურჩულა, – ახლა, ალეხანდრო, ახლა მაინც მითხარი, გიყვარვარ? – და ამ დროს საბრალომ პირველად დაინახა ალეხანდროს სახეზე ის, რაც აქამდე არ შეუმჩნევია, მის თვალწინ გაიხსნა ამ კაცის საშინელი, დახშული სულის მთელი სიღრმე, რასაც ეს მდიდარი კაცი ისეთი თავდადებით მალავდა, როგორც ცხრაკლიტულში, თითქოს ერთი წუთით ელვამ გაანათა მის სულში შავი ტბა და გააბრწყინა მისი ზედაპირი; მან დაინახა ორი კურცხალი მის ცივსა და ორლესულივით ბასრ თვალებში და მაშინ ერთბაშად აღმოხდა კაცს: – როგორ შემეძლო არ მყვარებოდი, ჩემო ბავშვო, როგორ შემეძლო შენ არ მყვარებოდი! მიყვარხარ, მთელი ჩემი სულით, მთელი ჩემი სისხლითა და ხორცით; საკუთარ თავზე მეტადაც! თავიდან, როცა ვიქორწინეთ, არა, მაგრამ ახლა? ახლა კი, ბრმად, გიჟურად... მე უფრო გეკუთვნი შენ, ვიდრე შენ მე... და გაშმაგებით, მთელი გზნებით, გიჟივით კოცნიდა და ჩურჩულებდა – „ხულია! ხულია! ჩემო ქალღმერთო! ჩემო სიცოცხლე!“ ახლა კი მართლა ეგონა ხულიასაც, რომ გიჟდებოდა, ახლა, როცა მისმა ქმარმა ერთიანად გადაუშალა გული. – ამ წუთში მინდა რომ მოვკვდე, ალეხანდრო, – ძლივს გასაგონად უთხრა და თავი მხარზე დაადო ქმარს, თავის მამაკაცს. ამ სიტყვებზე კაცი თითქოს ერთბაშად გამოფხიზლდაო, გონს მოეგო, ცრემლები გადაყლაპა და ისევ ცივი, ბასრი მზერა მიაპყრო ცოლს და უთხრა: – ეს არ მომხდარა, ხულია, ახლა ხომ გაიგე, მაგრამ ვითომ არც მითქვამს ის, რაც გითხარი... დაივიწყე! – დავივიწყო? – ჰო, ვითომ არც არაფერი გაგიგონია. – კარგი, მაგრამ... – კმარა, საკუთარ თავსაც არაფერი გაუმხილო! – მაგრამ, ღვთის გულისთვის, ალეხანდრო, დამიტოვე ეს წუთი, თუნდაც... შენ მე გიყვარვარ, მე თვითონ გიყვარვარ და მაშინაც გეყვარებოდი, თუ სხვისი ვიქნებოდი, ან ისე გიყვარვარ, როგორც ნივთი რამ? – ერთხელ გითხარი და დავამთავრე, რაც იყო, იყო, დაივიწყე. ნუ ჩამაცივდები, თორემ ისევ დაგტოვებ აქ. მე შენ წასაყვანად მოვედი იმ იმედით, რომ აქედან ჯანმრთელი წაგიყვანო. – მე სრულიად ჯანმრთელი ვარ! – მკვირცხლად უპასუხა ცოლმა. და ალეხანდრომ ცოლი შინ წაიყვანა. ორიოდე დღეს არ გაუვლია, რაც ხულია შინ დაბრუნდა, რომ გრაფმა დე ბორდავიელამ ალეხანდროსგან მიიღო მიწვევის ბარათი, უფრო სწორად, ბრძანება, მისულიყო მასთან სადილზე. „სენიორ გრაფო, ალბათ უკვე გაიგებდით, – წერდა იგი, – რომ ჩემი ცოლი სრულიად განკურნებული და ჯანმრთელი დაბრუნდა საგიჟეთიდან. და რადგან საბრალომ იმ ავბედით დღეს, გონებადაბნელებულმა ისეთი შეურაცხყოფა მოგაყენათ, თუმცა ეს უნებურად, დაუფიქრებლად მოუვიდა და ასეთი განზრახვა არც ჰქონია, თქვა, ვითომ თქვენ ისეთი უსინდისობა ჩაიდინეთ, რაც თქვენ, ნამდვილ კაბალიეროს არ გეკადრებათ, ჩემი მხრივ, გთხოვთ, მობრძანდეთ სადილად ზეგ, ხუთშაბათ დღეს, რათა მიიღოთ თქვენთვის დამაკმაყოფილებელი ახსნა-განმარტება, ისეთი, როგორიც თქვენისთანა კაბალიეროს შეჰფერის. ჩემი მეუღლე გთხოვთ, მე კი გიბრძანებთ. ხოლო თუ არ მობრძანდებით დანიშნულ დღეს და არ მოისმენთ მის ახსნა-განმარტებას, შედეგზე თავად აგებთ პასუხს. თქვენ კი ალბათ მოგეხსენებათ, რის შემძლე გახლავარ. *გაგრძელება*…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 7:58pm on მარტი 10, 2016
თემა: იუდას მეფეები
ბოამმა, ისრაელიანთა ტომები შექემში შეკრიბა. ჩრდილოურმა ტომებმა სარდალი იერობოამი მიაგზავნეს ახალგაზრდა მეფესთან იმის სათქმელად, რომ სოლომონის მიერ დაწესებულ დიდ გადასახადებს აღარ გადაიხდიდნენ. „ხომ დაგადგათ მამაჩემმა მძიმე უღელი, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ უღელს! ხომ გსჯიდათ შოლტებით მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!“ - მკვახედ უპასუხა საჩივარს რობოამმა. ათი ჩრდილოური ტომი მის წინააღმდეგ აჯანყდა და ისრაელის ახალი სეპარატისტული სამეფოს მეფედ იერობოამი აირჩიეს. რობოამი იუდას მიწის მეფედ დარჩა; ის დავითის შვილიშვილი იყო და იერუსალიმის ტაძარს, იაჰვეს სახლს, ფლობდა. მაგრამ მასზე გამოცდილი იერობოამი, რომელმაც ტახტი შექემში დაიდგა, ამით უკმაყოფილო იყო: „თუ ამ ხალხმა მსხვერპლის შესაწირად უფლის სახლში, იერუსალიმში, დაიწყო სიარული, გული მოუბრუნდება ამ ხალხს თავისი ბატონის, რობოამისკენ, იუდას მეფისკენ და მე მომკლავენ“. ამიტომაც ააგო მან ბეთელსა და დანში ორი პატარა ტაძარი, ტრადიციული ქანაანური სალოცავების მსგავსი. იერობოამი ხანგრძლივად და წარმატებულად მეფობდა, მაგრამ მისი ქალაქი რობოამის იერუსალიმს მაინც ვერ შეედრებოდა. ისრაელიანთა ორი სამეფო ხან ერთმანეთს ეომებოდა, ხან ერთმანეთის მოკავშირე იყო. ძვ. წ. დაახლოებით 900 წლიდან მოყოლებული ოთხი საუკუნის განმავლობაში, იუდას, სამეფო ტაძრის ქალაქ იერუსალიმის გარშემო მდებარე მცირე მიწას, დავითის დინასტია მართავდა, ხოლო ისრაელის უფრო მდიდარი და ვრცელი მიწები ჩრდილოეთში დომინანტ სამხედრო ძალად იქცა და მის სათავეში ხელისუფლებაში გადატრიალებების გზით მოსული სისხლიანი მხედართმთავრები იდგნენ. ერთ-ერთმა ასეთმა უზურპატორმა იმდენი სამეფო გვარის წარმომადგენელი მოკლა, რომ „არავინ დაუტოვებია კედელთან მშარდავი“. „მეფეთა“ და „ნეშტთა წიგნების“ ავტორები, ორი საუკუნის შემდეგ, სულაც არ იყვნენ პირადი დეტალებით ან ზუსტი ქრონოლოგიით დაინტერესებულები, ისინი მეფეებსა და მმართველებს ისრაელის ღმერთის მიმართ ერთგულებით აფასებდნენ. საბედნიეროდ, ამასობაში ისტორიის ბნელი ხანა დასრულდა: ეგვიპტური და ერაყული იმპერიების წარწერები ნათელს ჰფენს - და ხშირად ადასტურებს - მკაცრად სამართლიან ბიბლიურ მოსაზრებებს. სოლომონის სიკვდილიდან ცხრა წელიწადში იერუსალიმში ეგვიპტე და ისტორია დაბრუნდა. ფარაონმა შეშონქმა, რომელმაც ისრაელის სამეფოს ორად გახლეჩას ხელი შეუწყო, ზღვის სანაპირო ზოლი დალაშქრა და იერუსალიმისკენ გადაუხვია. იერუსალიმის მდიდარი ტაძარი ხომ მაცდური საკბილო იყო. მეფე რობოამმა შეშონქის მოქრთამვა ტაძრის განძით, სოლომონის ოქროთი, შეძლო. ფარაონმა ისრაელიანთა ორივე სამეფო დალაშქრა და ქალაქი მეგიდო მიწასთან გაასწორა. იქვე აღმართა სტელა, რომელზეც თავისი წარმატებული ლაშქრობით ტრაბახობს. მცირე ფრაგმენტი დღემდე შემორჩენილია. შინ დაბრუნებულმა ფარაონმა კარნაკში ამონის ტაძარში ღმერთებს მადლობა გადაუხადა. ფარაონის სატახტო ქალაქ ბუბასტისის იეროგლიფური ტექსტით ირკვევა, რომ მალე შეშონქის მემკვიდრე ოსორკონმა 383 ტონა ოქრო, სავარაუდოდ, იერუსალიმური ალაფი, შესწირა ეგვიპტურ ტაძრებს. შეშონქის ლაშქრობა პირველი ბიბლიური ამბავია, რომელიც არქეოლოგიური აღმოჩენებით დასტურდება. ორმოცდაათწლიანი უთანხმოების შემდეგ ისრაელიანთა ორმა სამეფომ ზავი დადო. ისრაელის მეფე ახაბმა იქორწინა ფინიკიელ მეფის ასულზე, რომელიც ბიბლიაში ურჩხულად, მექრთამე ტირანად და ბაალისა და სხვა კერპების თაყვანისმცემლად გვევლინება. მეფის ასულს იზებელი ერქვა და მისი გვარის მმართველობამ ისრაელის სამეფოსა და ქალაქ იერუსალიმს სისხლი და უბედურება მოუტანა. იზებელი და მისი ქალიშვილი, იერუსალიმის დედოფალი იზებელსა და ახაბს ქალიშვილი ჰყავდათ, სახელად ათალია (მართლმადიდებლურ თარგმანში, ღოთოლია), რომელიც იუდას მეფე იეჰორამს (მართლმადიდებლურ თარგმანში იორამი) მიათხოვეს. ათალია აყვავებულ იერუსალიმში ჩავიდა: ქალაქის სირიულ უბნებში სირიელი ვაჭრები ბაზრობებს მართავდნენ, იუდაელთა ფლოტი წითელ ზღვაში დაცურავდა, ხოლო სოლომონის ტაძარი ქანაანური კერპებისგან გაეწმინდათ. იზებელის ასულმა ქალაქში მხოლოდ უბედობა და უიღბლობა ჩაიტანა. ისრაელიანები მაშინ გაძლიერდნენ, როცა იმპერიული გარე ძალები დროებით დასუსტებული იყო. მაგრამ ძვ. წ. 854 წელს, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე, ნინევიის ნანგრევებზე ასურეთი აღმოცენდა. როცა ასურეთის მეფე სალმანასარ III-მ სირიული სამეფოების დაპყრობა დაიწყო, იუდა, ისრაელი და სირია მის წინააღმდეგ შეიკრნენ. კარკარის ბრძოლაში მეფე ახაბმა 2000 ეტლი და 10 000 ქვეითი ჯარისკაცი გამოიყვანა, მას იუდაელები და სირიელებიც ამოუდგნენ მხარში და ასურელთა წინსვლა შეაჩერეს. მაგრამ მალე კავშირი დაირღვა. იუდაელები და ისრაელიანები სირიელებს დაუპირისპირდნენ; მათი მოხარკე სამეფოები აჯანყდნენ. ისრაელის მეფე ახაბი ისრით მოკლეს და „მის სისხლს ძაღლები ლოკავდნენ“. ისრაელში სარდალი იეჰუ აჯანყდა, მთელი სამეფო ოჯახი ამოწყვიტა - ახაბის სამოცდაათი ვაჟის მოკვეთილი თავი სამარიის კარიბჭესთან დაახვავა და არა მხოლოდ ისრაელის ახალი მეფე, არამედ სტუმრად მყოფი იუდას მეფეც მოაკვლევინა. ხოლო დედოფალი იზებელი ფანჯრიდან გადააგდო და მისი გვამი ეტლებით გადათელეს.[16] იზებელის გვამი ძაღლებს მიუგდეს საჭმელად ისრაელში, მაგრამ ძვ. წ. 841 წელს, იზებელის ასულმა, ათალიამ, იერუსალიმში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და დავითის გვარის ყველა უფლისწული (მათ შორის, საკუთარი შვილიშვილები) დახოცა, ვინც კი იპოვა. მხოლოდ ერთი უფლისწული, ჩვილი იეჰოაში (მართლმადიდებლურ თარგმანში იოაში), გადაურჩა სიკვდილს. „მეფეთა მეორე წიგნი“ (მართლმადიდებლურ თარგმანში „მეფეთა მეოთხე წიგნი“) და უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენები იერუსალიმის იმდროინდელ ყოფაზე პირველ ცნობებს გვაწვდის. ყრმა უფლისწულს უფლის ტაძარში მალავდნენ, ხოლო იზებელის ნახევრად ფინიკიელმა, ნახევრად ისრაელიანმა ქალიშვილმა მთაზე გაშენებული თავისი პატარა სატახტო ქალაქი ვაჭრობისა და ბაალის თაყვანისცემის ადგილად აქცია. სპილოს ძვლისგან დამზადებული ორსანტიმეტრიანი ლამაზი ორნამენტი - ბროწეულზე შემომჯდარი მტრედი, რომელიც იერუსალიმში აღმოაჩინეს, ალბათ იერუსალიმის მდიდრულ სასახლეში რომელიმე ავეჯს ამშვენებდა. ფინიკიური თიხის ბეჭდები, ანუ „ბულაები“, იმდროინდელი საფოსტო ქაღალდები ზედ გამოსახული ფინიკიური ხომალდებით, ტახტს ზემოთ გაბრწყინებული მზის ფორმის წმინდა ტოტემები და სავარაუდოდ, იმავე ნაოსნების მიერ ხმელთაშუა ზღვიდან იმპორტირებული ათი ათასი თევზის ფხა, დავითის ქალაქის ქვემოთ, აუზთან ახლოს იპოვეს. თუმცა, ათალია მალე იზებელივით შეიძულეს. მისმა კერპთაყვანისმცემელმა ქურუმებმა ბაალისა და სხვა ღმერთების კერპები აღმართეს იერუსალიმის ტაძარში. ექვსი წლის შემდეგ ტაძრის მღვდელმსახურმა საიდუმლოდ შეკრიბა იერუსალიმელი დიდებულები და პატარა უფლისწულის, იეჰოაშის არსებობა გაუმხილა. დიდებულებმა მაშინვე ერთგულება შეჰფიცეს იეჰოაშს. მღვდელმა დავითის დროინდელი შუბები და ფარები, ჯერაც ტაძარში რომ ინახებოდა, ასისთავებს დაურიგა და უფლისწულს საჯაროდ მირონი სცხო ტაშისკვრითა და ძახილით: „ღმერთო, შენ დაიფარე მეფე!“ დედოფალმა გაიგონა ხალხის ჩოჩქოლი და სასახლიდან იქვე ახლოს მდგარ ტაძარში შეირბინა. ტაძარი ხალხით ავსებულიყო. „ღალატია! ღალატია!“ - აყვირდა ათალია, მაგრამ ასისთავებმა შეიპყრეს, წმინდა მთიდან ჩაათრიეს და კარიბჭესთან მოკლეს. ბაალის ქურუმები დახოცეს, ხოლო კერპები დალეწეს. მეფე იეჰოაში ორმოცი წელი მეფობდა, სანამ ძვ. წ. 801 წელს სირიის მეფე მას დაამარცხებდა, იერუსალიმის წინააღმდეგ გალაშქრებას განიზრახავდა და „მთელი ოქროულობის, რაც კი მეფის სახლის საგანძურებში იპოვებოდა“, გადახდას არ აიძულებდა. იეჰოაში მოკლეს. ოცდაათი წლის შემდეგ ისრაელის მეფემ იერუსალიმი დაარბია და ტაძარი გაძარცვა. ამ დროიდან მოყოლებული ტაძრის მუდმივად მზარდი სიმდიდრე ყველასთვის მაცდური ჯილდო გახდა.თუმცა, იერუსალიმის სიმდიდრე ახალი მეფის მმართველობით გამოცოცხლებული ასურეთისას ვერ შეედრებოდა: ეს მტაცებელი იმპერია ისევ ამოქმედდა. ისრაელისა და სირიის მეფეებმა კოალიციის შექმნა სცადეს, მაგრამ როცა იუდას მეფე ახაზმა მათთან შეკვრაზე უარი განაცხადა, ისრაელიანებმა და სირიელებმა იერუსალიმს ალყა შემოარტყეს. მომხვდურებმა ახლად შეკეთებული კედლები ვერ გაარღვიეს, თუმცა მეფე ახაზმა ტაძრის საგანძურიდან მათ მაინც გადაუხადა ოქრო და ასურეთის მეფე ტიგლათფალასარ III-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება აღუთქვა. ძვ. წ. 732 წელს ასურელებმა სირია დაიპყრეს და ისრაელი ააოხრეს. იერუსალიმში შეშინებული მეფე ახაზი ორჭოფობდა, ასურეთს შებრძოლებოდა თუ დანებებოდა. ესაია: იერუსალიმი - მზეთუნახავი და მეძავი მეფეს მოცდას ურჩევდა ესაია - მთავარი, მღვდელი და პოლიტიკური მრჩეველი - და აიმედებდა, იერუსალიმს იაჰვე დაიფარავსო. ესაია ამბობდა, მეფეს შვილი შეეძინებაო, იმანუელი, რაც ნიშნავს „ ჩვენთან არს ღმერთი“. „რადგან შეგვეძინა შვილი, რომელიც იქნება... ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა და მშვიდობის მთავარი.“ შვილი, რომელიც მარადიულ მშვიდობას მოიტანდა. „ესაიას წიგნს“, სულ ცოტა, ორი ავტორი მაინც ჰყავდა - ერთ-ერთი მათგანი ორასი წლის შემდეგ ცხოვრობდა - მაგრამ ეს პირველი ესაია არა მხოლოდ წინასწარმეტყველი, არამედ დიდი წარმოსახვის მქონე პოეტიც იყო, რომელმაც საძულველი ასურული აგრესიის ხანაში პირველად წარმოიდგინა სიცოცხლე ტაძარდანგრეულ, მისტიკურ იერუსალიმში. „ვიხილე უფალი, მჯდარი ამაღლებულ, ზეაღმართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს... და კვამლით აივსო სახლი“. ესაიას უყვარდა „წმინდა მთა“ და მზეთუნახავს უწოდებდა ზოგჯერ სამართლიანი და ზოგჯერ მეძავი „სიონის ასულის მთას, იერუსალიმის ბორცვს“. იერუსალიმის ფლობა არაფრად ღირდა ღვთისმოსაობისა და მოწიწების გარეშე. მაგრამ თუ იერუსალიმი დაინგრეოდა, ყველასთვის ახალი, მისტიკური იერუსალიმი გაჩნდებოდა „ყოველ ადგილზე“ და სიყვარულსა და სიკეთეზე იქადაგებდა: „სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ“. ესაიამ წინასწარ იხილა უჩვეულო ფენომენი: „უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება... და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას“. რჯული, ღირებულებები და ისტორია ამ შორეული და შესაძლოა, დაქცეული მთის ქალაქისა ისევ აღორძინდება: „დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლის თავის გზებს... რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან. სამართალს განიკითხავს იგი ერებს შორის.“ ესაიამ მისტიკური განკითხვის დღის დადგომა იწინასწარმეტყველა, როცა ცხებული მეფე, მესია მოვა: „მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან - ნამგლებს... აღარავინ ისწავლის ომს“. მკვდრები აღდგებიან. „დადგება მგელი ცხვართან ერთად და ჯიქი დაბინავდება ციკანთან ერთად“. ამ მგზნებარე ლექსებში პირველად გაიჟღერა აპოკალიფსურმა ნაღველმა, რომელიც იერუსალიმის ისტორიას დღემდე თან სდევს. ესაიამ შესძინა ფორმა არა მხოლოდ იუდაიზმს, არამედ - ქრისტიანობასაც. იესო ქრისტემ ესაია კარგად შეისწავლა. ქრისტეს ქადაგებები - დაწყებული ტაძრის დანგრევით და დამთავრებული მისი იდეით უნივერსალური, სულიერი იერუსალიმის შექმნით სუსტთა და უპოვართა ასამაღლებლად - სწორედ ესაიას პოეტურ ხედვებზე დაყრდნობით შეიქმნა. ბევრისთვის კი იესო სწორედ ესაიას ნაწინასწარმეტყველები იმანუელია. მეფე ახაზი დამასკოში ტიგლათფალასარს ეახლა და მორჩილების ფიცი დადო, უკან კი ტაძარში დასადგმელი, ასურული სტილის სამსხვერპლოთი დაბრუნდა. როცა ასურელი დამპყრობელი მოკვდა ძვ. წ. 727 წელს, ისრაელი აჯანყდა, მაგრამ ასურეთის ახალმა მეფემ ისრაელის სამეფოს დედაქალაქ სამარიას ალყა შემოარტყა და სამ წელიწადში ისრაელის სამეფო მთლიანად შთანთქა. 27 000 მცხოვრები ასურეთში გადაასახლეს. ისრაელის თორმეტი ტომიდან ათი თითქმის მთლიანად გაქრა ისტორიიდან. თანამედროვე ებრაელები იმ ორი ტომის შთამომავლები არიან, რომლებიც, იუდას სამეფოსთან ერთად, ნგრევასა და უბედურებას გადაურჩა. ჩვილი, რომელსაც ესაია იმანუელად იხმობდა, იყო მეფე ხიზკია. ის მესია ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ყველაზე საჭირო პოლიტიკურ უნარს - იღბალს - ფლობდა. მისი იერუსალიმის კვალი დღემდე შემორჩენილია. სინაქერიბი: ცხვრებში გარეული მგელი ხიზკია ოცი წელი ელოდა ასურეთის წინააღმდეგ ასაჯანყებლად ხელსაყრელ დროს: მან ჯერ კერპები გაანადგურა, ტაძარში მდგარი ბრინჯაოს გველი დაამსხვრია, შემდეგ პასექის (ან მისი მაშინდელი ვერსიის) საზეიმოდ ხალხი შეკრიბა იერუსალიმში, რომელიც კიდევ უფრო გაფართოებულიყო და უკვე დასავლეთ ბორცვამდე გადაჭიმულიყო. ქალაქი სავსე იყო დაცემული ჩრდილოეთ სამეფოდან დევნილებით და მათ ალბათ ძველი ისრაელის სამეფოს ფილებზე ჩაწერილი მრავალი ლეგენდა და ისტორია მოიტანეს თან. იერუსალიმელმა სწავლულებმა იუდაური და ჩრდილოური ტრადიციების აღრევა დაიწყეს: დროთა განმავლობაში ზუსტად ბერძენი ჰომეროსის „ილიადას“ სტილში დაწერილი ეს ხელნაწერები ბიბლიას დაედო საფუძვლად. როცა სარგონ II ძვ. წ. 705 წელს ბრძოლაში მოკლეს, იერუსალიმელებს და თვით ესაიას იმედი მიეცათ, რომ ასურელთა ბოროტების იმპერია დაემხობოდა. ეგვიპტე იერუსალიმს მხარდაჭერას ჰპირდებოდა; ქალაქი ბაბილონი აჯანყდა და ელჩები გამოუგზავნა ხიზკიას, რომელმაც ხელსაყრელი დროის დადგომა იგრძნო: ის ასურეთის წინააღმდეგ შექმნილ ახალ კოალიციას შეუერთდა და ომისთვის მოემზადა. მაგრამ, იუდაელთა სამწუხაროდ, ასურეთის ახალი დიდი მეფე ენერგიული და თავდაჯერებული მხედართმთავარი აღმოჩნდა. მას სინაქერიბი ერქვა. სინაქერიბი თავს „სამყაროს მეფეს, ასურეთის მეფეს“ უწოდებდა და იმ დროს ეს ორი ტიტული სინონიმი იყო. ასურეთი სპარსეთის ყურიდან კვიპროსამდე მბრძანებლობდა. იმპერიის შუაგული დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან მთებით, ხოლო დასავლეთიდან ევფრატით იყო დაცული და მხოლოდ სამხრეთით და აღმოსავლეთით იყო გახსნილი. ასურეთი მოგაგონებდათ ზვიგენს, რომელსაც მხოლოდ მუდმივი მტაცებლობით შეუძლია არსებობა. ასურელებისთვის დაპყრობები რელიგიური მოვალეობა იყო. ტახტზე ასვლისას ყოველი მეფე ფიცს დებდა, რომ გააფართოვებდა, როგორც თავად უწოდებდნენ, „აშურის მიწას“ - ქვეყანას, რომელსაც მისი მფარველი ღმერთის სახელი ერქვა. მეფეები ერთდროულად უმაღლესი ქურუმებიც იყვნენ და მთავარსარდლებიც, რომლებიც 200 000-იან ძლიერ ლაშქარს პირადად მიუძღვებოდნენ; და თანამედროვე ტირანებისგან განსხვავებით, არა მხოლოდ ტერორით იმორჩილებდნენ ქვეშევრდომებს, არამედ ხალხის დიდი ჯგუფის იმპერიის ერთი ბოლოდან მეორეში გადასახლებით.სინაქერიბის მამის ცხედარი ბრძოლის ველზე ვერ იპოვეს, რაც ღმერთების არაკეთილგანწყობის საზარელი ნიშანი იყო და იმპერიამ რღვევა დაიწყო. მაგრამ სინაქერიბმა ყველა აჯანყება ჩაახშო და, როცა ბაბილონი აიღო, მთელი ქალაქი მიწასთან გაასწორა. წესრიგის აღდგენისთანავე, მეფემ ქვეყნის კონსოლიდაცია ნინევიის, ომისა და ვნების ქალღმერთ იშთარის სახელობის ქალაქის, შეკეთებითა და მდიდრულად მორთვით სცადა. ვერაფერი შეედრებოდა წყალუხვი არხებით დაღარულ ნინევიურ წალკოტებსა და მის დიდ სასახლეს. ასურელი მეფეები ნამდვილი პროპაგანდისტები იყვნენ - მათი სასახლეების კედლების ტრიუმფალური დეკორაციები ასურელთა გამარჯვებებსა და მისი მტრების საზარელ სიკვდილზე - მასობრივ ხოცვა-ჟლეტაზე, ცოცხლად გატყავებასა და თავების მოჭრაზე - იუწყებოდა. დაპყრობილი ქალაქების დიდებულებს მათი მეფეების მოკვეთილ თავებს მკერდზე ჩამოკიდებულს დაატარებინებდნენ ნინევიის ქუჩებში. თუმცა ასეთი საშინელი ნადავლით მხოლოდ ასურელებს არ უყვარდათ თავის მოწონება. მაგალითად, ეგვიპტელები თავიანთი მტრების მოჭრილ ხელებსა და პენისებს აგროვებდნენ. ბედის ირონიით, ასურეთის სისასტიკის ხანას უკვე ჩაევლო. თუკი შესაძლებელი იყო, სინაქერიბი უპირველესად მოლაპარაკებებს მართავდა ხოლმე. სინაქერიბმა ჩანაწერები თავის მიღწევათა შესახებ სასახლეების საძირკველში ჩამარხა. ერაყში არქეოლოგებმა ნინევიის ნანგრევები აღმოაჩინეს და დღის სინათლე მოჰფინეს განვითარების უმაღლეს მწვერვალზე მდგარ, დაპყრობებითა და სოფლის მეურნეობით გამდიდრებულ ასურეთს, რომელსაც ადმინისტრირებას მრავალი მწერალი-მდივანი უწევდა. მათი ხელნაწერები სამეფო არქივებშია დაცული. ბიბლიოთეკებში ინახებოდა სამეფო გადაწყვეტილებების მისაღებად მოსაშველიებელი ომენებისა და ღმერთების გულის მოსაგები შელოცვების, რიტუალებისა და ჰიმნების კოლექცია, აგრეთვე ლიტერატურული კლასიკის თიხის ფირფიტები - „გილგამეშის ეპოსი“. გარდა იმისა, რომ მრავალ ღმერთს სწირავდნენ მსხვერპლს, თაყვანს სცემდნენ მაგიურ ქანდაკებებს, სულებსა და ღვთიურ ძალებს იძახებდნენ, ასურელები მედიცინასაც სწავლობდნენ: თიხის ფირფიტებზე ჩხაპნიდნენ: „თუ ადამიანს ესა და ეს აწუხებს, მაშინ... მიიღოს ესა და ეს წამლები...“ ისრაელიანი ტყვეები, რომლებიც სამშობლოსგან შორს ასურეთის ზიქურათებიან, შეღებილსასახლეებიან კაშკაშა, ბრჭყვიალა ქალაქებში მონურ შრომას ეწეოდნენ, იქაურობას „სისხლიან ქალაქს... სიცრუით გატენილს, ძალადობით სავსეს და მტაცებელს“ უწოდებდნენ. წინასწარმეტყველმა ნაუმმა აღწერა „შოლტის ხმა და ბორბლების გრიალი, ცხენების ჭიხვინი და ეტლების დგანდგარი“. ამ რვაწვეტიანი ეტლებით უზარმაზარი ლაშქარი სინაქერიბის მეთაურობით ახლა იერუსალიმისკენ მიემართებოდა, მიქროდა „არწივივით, მსხვერპლს რომ უნდა დააცხრეს“. ხიზკიას გვირაბი ხიზკიამ იცოდა, რა საშინელი ბედი ეწია ბაბილონს; მან საჩქაროდ გაამაგრებინა იერუსალიმის ახალი უბნები. დღეს დაახლოებით რვა მეტრი სისქის „მისი განიერი კედლის“ მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთია შემორჩენილი; ყველაზე შთამბეჭდავი ებრაულ კვარტალშია. ხიზკია ალყისთვის ემზადებოდა, ამიტომ ხელოსანთა ორ ჯგუფს ქალაქგარეთ კლდეში 500 მეტრის სიგრძის გვირაბის გაყვანა დაავალა, რათა გიხონის წყარო დაეკავშირებინათ დავითის ქალაქის ქვემოთ, ტაძრის მთის სამხრეთით მდებარე სილოამის აუზთან, რომელიც ახალი კედლების აგების შემდეგ, დღეს გალავნის შიგნითაა მოქცეული. როცა ხელოსანთა ორი ჯგუფი კლდის შუაგულში შეხვდა ერთმანეთს, თავიანთი მიღწევის აღსანიშნავად კლდეზე წარწერა ამოკვეთეს: „[როცა გვირაბი] გაიყვანეს. ის ამ გზით გაჰყავდათ. როცა [ისინი] ჯერ კიდევ წერაქვებით [თხრიდნენ], ყოველი კაცი მეორისკენ მიდიოდა და სანამ კიდევ სამი წყრთა რჩებოდა გასაკვეთი, [მათ გაიგონეს] როგორ ეძახდა კაცი თავის ამხანაგებს, რადგან კლდეში მარჯვენა მხარეს [და მარცხენა მხარეს] ნაპრალი იყო. და როცა გვირაბი გაიყვანეს, ქვისმჭრელებმა გაჭრეს [კლდე], ყოველმა კაცმა მეორე კაცამდე; წერაქვს იქნევდნენ ორივე მხრიდან; და წყაროდან წყალი წამოვიდა წყალსატევისკენ, 1200 წყრთა იყო გვირაბის სიგრძე, ხოლო კლდის სიმაღლე ქვისმჭრელების თავზემოთ იყო 100 წყრთა“. ტაძრის მთის ჩრდილოეთით ხიზკიამ ხეობა გადახერგა, რათა ბეთეზდის აუზში წყალი დაეგუბებინა და ქალაქისთვის წყლის საკმარისი მარაგი ჰქონოდა. როგორც ჩანს, ხიზკიამ მოიმარაგა საკვებიც - ზეთი, ღვინო, ხორბალი - თავისი ჯარისკაცებისთვის, რათა ომისა და ალყისთვის მზად ყოფილიყვნენ. იუდას მიწაზე მრავალ ადგილას აღმოაჩინეს ქოთნის ყურები, რომლებსაც „ლმლკ“ - „მეფისათვის განკუთვნილი“ - დამღა აზის და მეფისვე ემბლემით, ოთხფრთიანი ხოჭოთია დაბეჭდილი. „ასურელთა მეფე ისრაელის ძეებს, როგორც მგელი ცხვრებს, ისე გამოერიაო“, - წერს ბაირონი. სინაქერიბი და მისი უზარმაზარი ლაშქარი იერუსალიმთან უკვე ახლოს იყო. როგორც სხვა ასურელი მეფეები, სინაქერიბიც ალბათ მგზავრობდა ეტლით, რომელშიც ბრწყინვალედ შეკაზმული, ციმციმა ქოჩრით შემკული სამი ბუმბერაზი ცხენი იყო შებმული. ასურელ მეფეს ალბათ გრძელი მანტია ესხა, ბრტყელი, წვეტიანი ქუდი ეხურა, ოთხკუთხად შეკრეჭილი, გრძელი, დაწნული წვერი ჰქონდა, ეკეთა ვარდისორნამენტიანი სამაჯური, ხელთ ეპყრა მშვილდი და ლომებით მორთულ ქარქაშში ხმალი ჰქონდა ჩაგებული. სინაქერიბი თავს ლომად უფრო მიიჩნევდა, ვიდრე ბიბლიურ არწივად ან ბაირონისეულ მგლად. ასურელი მეფეები იშთარის ტაძარში გამართულ გამარჯვებისადმი მიძღვნილ ზეიმებში ლომის ტყავს იცვამდნენ, სასახლეებს ლომ-სფინქსებით რთავდნენ და დაუნდობლად ნადირობდნენ ლომებზე, რადგან ეს დიდ მეფეთა შესაფერის გასართობად მიაჩნდათ. სინაქერიბმა იერუსალიმს გვერდით ჩაუარა და ხიზკიას მეორე ციხე-ქალაქს, სამხრეთით მდებარე ლაქიშს შემოარტყა ალყა. ასურეთის მეფის ნინევიური სასახლის ბარელიეფიდან ვიცით, როგორ გამოიყურებოდა მისი (და იუდაელთა) ლაშქარი: ასურელებს, იმპერიის პოლიგლოტ ჯარისკაცებს, თმა დაწნული ჰქონდათ, ტუნიკები და ჯაჭვის პერანგები ეცვათ, წვეტიანი ჩაჩქანები ეხურათ, მეეტლეებად, შუბოსნებად, მშვილდოსნებად და მეშურდულეებად იყვნენ დაყოფილები. მათ საალყე მიწაყრილები ააგეს, მესანგრეებმა კედლებს ძირი გამოუთხარეს, საზარელი საალყე მანქანებით მტკიცე სიმაგრეები დაანგრიეს. მშვილდოსნები და მეშურდულეები ქალაქს მწველ ხანძარში ხვევდნენ, ლაშქრის ქვეითები კი კიბეებით ქალაქის გალავანზე გადადიოდნენ. არქეოლოგებმა 1500 დახოცილი და გატყავებული კაცის, ქალისა და ბავშვის საერთო საფლავი ამოთხარეს. ზუსტად იგივე სცენაა გამოსახული ნინევიის სასახლის ბარელიეფზე. ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი ხოცვა-ჟლეტას გაექცა. იერუსალიმმა შეიტყო, წინ რა ელოდა. სინაქერიბმა მალე დაამარცხა ხიზკიას დასახმარებლად მოსული ეგვიპტური არმია, იუდა ააოხრა და იერუსალიმს ჩრდილოეთიდან შემოერტყა. ასურეთის მეფე ზუსტად იმ ადგილას დაბანაკდა, სადაც ტიტუსი - ხუთასი წლის შემდეგ. ხიზკიამ იერუსალიმს გარეთ ყველა წყარო მოაწამვლინა. ქალაქის ახალ გალავანზე გამაგრებულ მის ჯარისკაცებს თავზე გრძელ ყურსაცმიანი დოლბანდები ჰქონდათ წაკრული, საბარკულები ეკეთათ, მოკლე კილტები და ჩექმები ეცვათ. ქალაქში ალბათ პანიკა ატყდა, როცა მტერი გამოჩნდა. სინაქერიბმა თავისი სარდლები გაგზავნა მოსალაპარაკებლად, ასე შეუთვალა იერუსალიმს, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვსო. წინასწარმეტყველმა მიქამ სიონის განადგურება განჭვრიტა. თუმცა, მოხუცმა ესაიამ მოთმინების გამოჩენა ურჩია მეფეს, იაჰვე დაგვეხმარებაო. ხიზკიამ ტაძარში ილოცა. სინაქერიბი ტრაბახობდა, იერუსალიმი ჩიტივით გალიაში გამოვამწყვდიეო. მაგრამ ესაია მართალი გამოდგა: ღმერთი ჩაერია. მენაშე: ჯოჯოხეთის ველზე შეწირული ბავშვი „გავიდა უფლის ანგელოზი და მუსრი გაავლო ას ოთხმოცდახუთი ათას კაცს ასურელთა ბანაკში... ადგა ხალხი დილით ადრე და აჰა, მკვდარი იყო ყველა“. ასურელთა ბანაკი უეცრად დაიშალა. სავარაუდოდ, ისინი აღმოსავლეთში ატეხილი აჯანყების ჩასახშობად გაეშურნენ. „ასე აიყარა სინაქერიბი, ასურეთის მეფე“. იაჰვემ უთხრა სინაქერიბს: „შენ უკან თავს აქნევს იერუსალიმის ასული“ - ასეთია ამ ამბის იერუსალიმური ვერსია. მაგრამ სინაქერიბის მემატიანეები ხიზკიას შთამბეჭდავ ხარკს ახსენებენ, რომელიც 30 ტალანტი ოქროსა და 800 ტალანტი ვერცხლისგან შედგებოდა. როგორც ჩანს, ხიზკიამ ასურელები მოქრთამა, რათა წასულიყვნენ. თუმცა, სინაქერიბმა იუდას სამეფო იმდენად შეამცირა, რომ მისგან ლამის მხოლოდ იერუსალიმი დარჩა. ასურეთის მეფე იმასაც ტრაბახობს, 200150 ადამიანი გადავასახლეო. ალყის მოხსნიდან მალევე ხიზკია გარდაიცვალა და მისი ვაჟი მენაშე ასურეთის ერთგულ ვასალად იქცა. მან უმოწყალოდ გაანადგურა ყველა მისი მოწინააღმდეგე იერუსალიმში, არაბ მეფის ასულზე დაქორწინდა, მამამისის მიერ გატარებულ რეფორმებზე უარი თქვა, ტაძარში წმინდა რიტუალებისთვის მამაკაცი მეძავები შეუშვა და ბაალისა და აშერას კერპები აღმართა. რაც ყველაზე საშინელია, მან ჰინომის ველზე, თოფეთზე, ბავშვების დასაწვავ მსხვერპლად შეწირვის რიტუალი აღადგინა და მის ხშირად ჩატარებას ხელს უწყობდა. მან თავისი ვაჟიც არ დაინდო და „გაატარა ცეცხლში“... როგორც ამბობენ, მღვდლებს დოლების ბრაგაბრუგის თანხლებით მიჰყავდათ მსხვერპლი იქამდე, რათა მშობლებს საკუთარი შვილების კივილი არ გაეგონათ. მენაშეს წყალობით, ჰინომის ველი არა მხოლოდ სიკვდილის ველად იქცა, არამედ, გეენად, „ჯოჯოხეთად“ ებრაელებისთვის, მოგვიანებით კი ქრისტიანებისა და მუსლიმებისთვისაც. თუკი ტაძრის მთა იერუსალიმის პირადი სამოთხეა, გეენა მის ჰადესად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ძვ. წ. 626 წელს ნაბოპოლასარმა, ქალდეველმა სარდალმა, ბაბილონში ძალაუფლება იგდო ხელთ და ასურეთის იმპერიის ნგრევა დაიწყო, ხოლო თავისი გმირობები ბაბილონურ ქრონიკებში აღწერა. ძვ. წ. 612 წელს ბაბილონელთა და მიდიელთა ალიანსმა ნინევია აიღო. ხოლო ძვ. წ. 609 წელს მენაშეს მემკვიდრე, ჯერ კიდევ რვა წლის ასაკში მენაშესთან ერთად გამეფებული იოშია, მესიის მმართველობის ოქროს ხანის მაცნედ იქცა. 5. ბაბილონელი მეძავი ძვ. წ. 586-539 იოშია: რევოლუციონერი მხსნელი ნამდვილი სასწაული მოხდა: ასურეთის ბოროტების იმპერია დაიშალა და იუდას სამეფო გათავისუფლდა. იოშიამ თავისი სამეფოს საზღვრები ჩრდილოეთით ისრაელის ყოფილ მიწებამდე გააფართოვა, სამხრეთით - წითელ ზღვამდე, ხოლო აღმოსავლეთით - ხმელთაშუა ზღვამდე. მისი მეფობის მეთვრამეტე წელს მღვდელმთავარმა ხილკიამ ტაძრის პალატებში დავიწყებული ხელნაწერები იპოვა. იოშიამ სათანადოდ შეაფასა ამ დოკუმენტის ძალა: „რჯულის წიგნის“ ეს ადრეული ვერსია, ალბათ, ისრაელის სამეფოს დაცემის შემდეგ დევნილმა ებრაელებმა ჩაიტანეს იერუსალიმში და წარმართ მენაშეს ტაძარში გადაუმალეს. იოშიამ იუდაელები უფლის სახლში შეკრიბა, თვითონ ტოტემურ სიმბოლოსთან, სამეფო სვეტთან დადგა და აღთქმა დადო იაჰვესთან, რომ მის რჯულს დაიცავდა. მეფემ სწავლულებს უბრძანა, უძველეს იუდაელთა ისტორია ჩაეწერათ და მითიური პატრიარქების, წმინდა მეფეების - დავითისა და სოლომონის და იერუსალიმის ამბები ერთმანეთთან დაეკავშირებინათ, რათა ამით აწმყოსთვის ნათელი მოეფინათ. ეს ბიბლიის შექმნისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო. ხშირად „რჯულის წიგნს“ შეცდომით ათარიღებენ და მის ავტორად მოსეს მიიჩნევენ, მაგრამ სოლომონის ტაძრის ბიბლიური აღწერილობა აშკარად ირეკლავს ნამდვილ, მაგრამ გაცილებით გვიანდელ, იოშიას - ახალი დავითის - დროინდელ იერუსალიმს. ამგვარად, წმინდა მთა არც მეტი, არც ნაკლები, „ჰა-მაკომად“ - „ადგილად“ იქცა. მეფემ კედრონის ხევში კერპები დაამსხვრევინა და ტაძრიდან მამაკაცი მეძავები გააყრევინა. ჯოჯოხეთის ველზე ბავშვთა შესაწირავები გაანადგურა, ხოლო კერპთაყვანისმცემელი ქურუმები დახოცა და მათი მტვრად ქცეული ძვლები მათსავე სამსხვერპლოებზე მიმოყარა. ერთი შეხედვით, იოშიას რეფორმები სასტიკი, მკაცრი და პურიტანული მოგეჩვენებათ. მან პასექის დღესასწაულიც იზეიმა. „არ ყოფილა მანამდე მისი მსგავსი მეფე“. თუმცა იოშია სახიფათო თამაშს თამაშობდა. როცა ნექო, ეგვიპტის ფარაონი, საბრძოლველად გამოვიდა, იოშიამ, რომელსაც არ სურდა, ასურეთი ეგვიპტის გავლენის ქვეშ მოქცეულიყო, მისი შეჩერება სცადა. ძვ. წ. 609 წელს ფარაონმა იუდაელთა ლაშქარი გაანადგურა და მეგიდოში იოშიაც მოკლა. იოშია დამარცხდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ დავითიდან იესომდე ისრაელიანებს ასეთი ოპტიმისტი და რეფორმატორი მმართველი არ ჰყოლიათ. დამოუკიდებლობის მოპოვების იმედი მეგიდოში გადაიწურა. ხოლო სახელი „მეგიდო“ კატასტროფის სინონიმად, „არმაგედონად“ იქცა. ფარაონი იერუსალიმისკენ გაემართა და იუდას ტახტზე იოშიას ძმა, იეჰოიაკიმი აიყვანა. მაგრამ ეგვიპტემ ახალი ახლოაღმოსავლური იმპერიის შექმნას ხელი ვერ შეუშალა. ძვ. წ. 605 წელს ბაბილონის მეფის ძემ, ნაბუქოდონოსორმა, ეგვიპტელები ქარხემიშის ბრძოლაში შემუსრა. ასურეთმა არსებობა შეწყვიტა და იუდას მიწა ბაბილონს ერგო მემკვიდრეობით. ძვ. წ. 597 წელს იეჰოიაკიმმა იმ არასტაბილურ ვითარებაში იუდას სამეფოს უცხოური უღლიდან გათავისუფლება მოინდომა და ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად საყოველთაო მარხვა გამოაცხადა. მრჩეველმა და წინასწარმეტყველმა იერემიამ თავისი პირველი იერემიადით გააფრთხილა მეფე, უფალი იერუსალიმს გაანადგურებსო; მაგრამ მეფე იეჰოაკიმმა საჯაროდ დაწვა იერემიას ხელნაწერები. მან ეგვიპტესთან დადო სამხედრო კავშირი, მაგრამ როცა იერუსალიმისკენ ახალი დამპყრობელი დაიძრა, ეგვიპტელები დასახმარებლად არ მოსულან. ნაბუქოდონოსორი „ქისლევის მეშვიდე თვეს, - წერს ნაბუქოდონოსორის მემატიანე დღემდე შემონახულ თიხის ფირფიტაზე, - ბაბილონის მეფემ ხატების [სირიის] მიწაზე გაილაშქრა, იუდას ქალაქს [იერუსალიმს] ალყა შემოარტყა, ადარის თვის მეორე დღეს [ძვ. წ. 697 წლის 16 მარტს] ქალაქი აიღო და მეფე შეიპყრო“. ნაბუქოდონოსორმა ტაძარი გაძარცვა და მეფე, 10 000 დიდებული, ხელოსანი და ახალგაზრდა ბაბილონში გადაასახლა. იქ იეჰოიაკიმი დამპყრობლის სასახლის კარზე ცხოვრობდა. ნაბუქოდონოსორი უზურპატორის შვილი იყო, მაგრამ იმპერიის ეს ენერგიული მშენებელი თავს დედამიწაზე ბაბილონის მფარველი ღმერთის ბელ-მარდუქის მოადგილედ მიიჩნევდა. მან ასურელებისგან სასტიკი რეპრესიების სტილი შეითვისა, იმავდროულად, თავს ღვთისმოსავ და სათნო პიროვნებად წარმოაჩენდა. შინ „ძლიერი სუსტს ჩაგრავდა და ძარცვავდა“, მაგრამ ნაბუქოდონოსორი „დღე და ღამეს ასწორებდა და ბევრს ფიქრობდა“, რომ ყველასთვის სამართლიანი განაჩენი გამოეტანა. თუმცა, იუდაელი ტყვეებისთვის ის ალბათ სულაც არ ყოფილა ეგრეთ წოდებული „სამართლიანი მეფე“. სამშობლოდან გადასახლებული იუდაელები აღმოჩნდნენ ქალაქში, რომელთან შედარებითაც სიონი პატარა სოფლად მოგეჩვენებოდათ. იერუსალიმში სულ რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო ბაბილონი მეოთხედი მილიონი მაცხოვრებლით იმდროინდელი მსოფლიოს უდიდეს და უმდიდრეს მეტროპოლისად ითვლებოდა; როგორც ამბობდნენ, მის ქუჩებში სიყვარულისა და ომის ქალღმერთი იშთარი ფეხაკრეფით დაიპარებოდა და ფუნდუკებსა და ხეივნებში კოცნიდა თავის საყვარლებს. ნაბუქუდონოსორმა ბაბილონი საკუთარი გემოვნებით მოაწყო: გრანდიოზული, ცისფრად შეღებილი (ცისფერი მეფის საყვარელი ფერი იყო) ნაგებობები ირეკლებოდა კიდეგანიერი ევფრატის არხებში; იშთარის კარიბჭის ოთხი კოშკი ლურჯად მოჭიქული აგურებით იყო ნაგები და ყვითელი დრაკონებითა და ხარებით მოხატული. კარიბჭე შედიოდა ქალაქის ტრიუმფალურ ბულვარზე - საპროცესიო გზაზე. ხოლო სასახლე, მეფისვე სიტყვებით „სანახავად მოსაწონი, ბრწყინვალე ტაძარი და სამეფო სამყოფელი“, ბუმბერაზი ლომებით იყო მორთული. დაკიდებული ბაღები მეფის საზაფხულო რეზიდენციას ამშვენებდა. ბაბილონის მფარველი ღმერთის, მარდუქის პატივსაცემად ნაბუქოდონოსორმა ზიქურათი - შვიდიარუსიანი, ბრტყელთავიანი პირამიდა - აღმართა. სწორედ ეს „ცისა და მიწის საძირკველი“ იყო ალბათ ბაბილონის გოდოლი; და არც მრავალენოვნება იყო ახლო აღმოსავლეთის ყველაზე კოსმოპოლიტური ქალაქისთვის უცხო. იერუსალიმში ნაბუქოდონოსორმა გადასახლებული მეფის ბიძა, ციდკია გაამეფა. ძვ. წ. 594 წელს ციდკია ბაბილონს ეწვია, რათა ნაბუქოდონოსორისთვის მორჩილების ფიცი მიეცა, მაგრამ უკან დაბრუნებულმა ციდკიამ, წინასწარმეტყველ იერემიას სიტყვებს - ბაბილონელები ქალაქს გაანადგურებენო, - ყური არ უგდო და აჯანყება დაიწყო. ნაბუქოდონოსორი აჯანყების ჩასახშობად სამხრეთში გაემართა. ციდკიამ ეგვიპტელებს სთხოვა დახმარება, მაგრამ მათ მიერ გამოგზავნილი მცირერიცხოვანი ჯარი ბაბილონელებმა სწრაფად დაამარცხეს. იერემიამ იერუსალიმში გამეფებულ პარანოიას გარიდება სცადა, მაგრამ კარიბჭესთან დააპატიმრეს. მეფემ, რომელსაც თან რჩევები სჭირდებოდა, მაგრამ ღალატსაც ვერ ჰპატიობდა იერემიას, ის სამეფო სასახლის ქვეშ, დილეგში ჩააგდებინა. ნაბუქოდონოსორი თვრამეტი თვის განმავლობაში ძარცვავდა და აოხრებდა იუდას მიწას, ხოლო იერუსალიმი ბოლოსთვის მოიტოვა. ძვ. წ. 587 წელს ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი მიწაყრილებისა და გალავნის ალყაში მოაქცია. „შიმშილი გაძლიერდა ქალაქში“, - წერს იერემია. ბავშვებს „გული წაუვიდათ, ყოველი ქუჩის თავში ყრიან“. როგორც ჩანს, ქალაქს კანიბალიზმიც მოედო: „ჩემი ერის ასული გულქვა ხდება... საცოდავი ქალები საკუთარი ხელით ხარშავდნენ თავიანთ შვილებს: საზრდოდ რომ ჰქონოდათ ჩემი ერის ასულის დაღუპვის ჟამს“. მალე მდიდრებიც კი სასოწარკვეთილებაში ჩაცვივდნენო, წერს „მოთქმა-გოდების“ ავტორი: „ძოწეულში ნახვევნი ნაკელში ყრიან“. არქეოლოგებმა ალყის დროინდელი საკანალიზაციო მილი იპოვეს: იუდაელები ძირითადად ოსპით, ხორბლითა და ქერით საზრდოობდნენ, მაგრამ ამ მილის გამოკვლევით დადგინდა, რომ ალყის დროს ქალაქელები მხოლოდ ბალახეულით იკვებებოდნენ და კუჭ-ნაწლავის დაავადებებით გარდაცვლილან. ებრაული აბის თვის მეცხრე დღეს, ძვ. წ. 586 წლის აგვისტოში, თვრამეტთვიანი იერიშების შემდეგ, ნაბუქოდონოსორი ცეცხლმოკიდებულ ქალაქში შეიჭრა. ეტყობა, ხანძარი აალებულმა ჩირაღდნებმა და ისრებმა გამოიწვია (დღევანდელ ებრაულ კვარტალში ნაცრისა და ნახშირის ფენაში ისრის ბუნიკები აღმოაჩინეს). ცეცხლმა, რომელმაც ქალაქში სახლები გადაწვა, ისე ძლიერ გაამაგრა ბიუროკრატიული ბეჭდები - „ბულაები“, რომ ისინი დამწვარ სახლებს შორის ჩვენს დრომდე შემოინახა. დამპყრობლებმა როგორც სხვა დაცემული ქალაქები, იერუსალიმიც პირწმინდად გაძარცვეს. დახოცილებს უფრო გაუმართლათ, რადგან შიმშილობას გადარჩნენ: „თონესავით გვიხურს კანი შიმშილისგან. ქალებს ნამუსს ხდიან სიონში; ხელებით კიდებენ მთავრებს“. სამხრეთიდან ედომელები შემოიჭრნენ ქალაქში ძარცვა-გლეჯაში მონაწილეობის მისაღებად. „იხარე და იმხიარულე, ედომის ასულო... შენთანაც ჩამოივლის თასი: დათვრები და გაშიშვლდები!“ ედომელები, 137-ე ფსალმუნის მიხედვით, ბაბილონელებს აქეზებდნენ: „დაანგრიეთ, დაანგრიეთ ძირისძირამდე. ნეტარია, რომელმაც შეიპყროს და მიახეთქოს ჩვილნი შენნი კლდეს“. სანამ ბაბილონელები იერუსალიმს აპარტახებდნენ, იერემია დილეგში იყო გამომწყვდეული. ნაბუქოდონოსორი: განადგურებული ქალაქი ციდკია სილოამის აუზთან გამოიჭრა კედლიდან და იერიქონისკენ გაქცევა სცადა, მაგრამ ბაბილონელებმა მეფე შეიპყრეს და ნაბუქოდონოსორს მიჰგვარეს, „რათა მას განაჩენი გამოეტანა მისთვის... თვალწინ დაუხოცეს ვაჟები ციდკიას. ციდკია დააბრმავეს, სპილენძის ბორკილები დაადეს და ბაბილონში წაიყვანეს“. როგორც ჩანს, ბაბილონელებმა სასახლის დილეგში იერემია იპოვეს და მიჰგვარეს ნაბუქოდონოსორს, რომელმაც ჯერ დაჰკითხა ის და ბოლოს იერუსალმის გამგებლად დატოვებულ მცველთა უფროსს, ნებუზარადინს გადასცა. ნაბუქოდონოსორმა 20 000 იუდაელი გადაასახლა ბაბილონში, თუმცა, იერემიას თქმით, მდაბიონი და ღატაკნი იუდას მიწაზე დატოვა. ერთი თვის შემდეგ ნაბუქოდონოსორმა თავის სარდალს უბრძანა, ქალაქი მიწასთან გაესწორებინა. ნებუზარადინმა „გადაწვა უფლის სახლი, მეფის სასახლე და ყველა სახლი იერუსალიმში“, აგრეთვე „დაანგრია იერუსალიმის მთელი გალავანი“. ტაძარი განადგურდა, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი გაზიდეს, ხოლო აღთქმის კიდობანი სამუდამოდ დაიკარგა. „შენი საწმინდარი ცეცხლს მისცეს“, ღაღადებს 74-ე ფსალმუნი. ნაბუქოდონოსორის წინაშე მღვდლებიც დახოცეს. როგორც ტიტუსის დროს, ახ. წ. 70 წელს, ტაძრისა და სასახლის ნანგრევები ალბათ ქვემოთ, ხეობაში ჩაიშალა. „როგორ კარგავს ბზინვარებას მბზინავი ოქრო, ხალასი ოქრო! როგორ მიმოიფანტა ყოველი ქუჩის თავში ტაძრის წმინდა ქვები!“ ქუჩები დაცარიელდა: „ო, როგორ მარტოდმარტო ზის ერთ დროს ხალხით სავსე ქალაქი!“ შეძლებულები გაღარიბდნენ: „ნუგბარის მჭამელები ქუჩაში ეყარნენ“. გაპარტახებულ სიონის მთაზე მელიები დაძრწოდნენ. იუდაელები თავიანთ იერუსალიმს მოტირალ ქალს ადარებდნენ: „გულამოსკვნილი ტირის ღამით და ცრემლები ჩამოდის ლოყებზე. არავინ ჰყავს მანუგეშებელი თავის მოყვარულთაგან“. ტაძრის განადგურება არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ერის სიკვდილს მოასწავებდა. „გლოვობენ სიონის გზები, რადგან არავინ მიდის დღესასწაულებზე. განადგურდა ყველა მისი კარიბჭე: ოხრავენ მისი მღვდლები... ტოვებს სიონის ასულს მთელი მისი ბრწყინვალება. გვირგვინი ჩამოგვივარდა თავიდან“. იუდაელთათვის თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა, ანუ, როგორც „დანიელის წიგნი“ უწოდებს -„გატიალების სიბილწე“. წესით, იუდაელებიც უნდა გადაშენებულიყვნენ, როგორც მფარველი ღმერთისგან მიტოვებული სხვა ერები გადაშენდნენ, მაგრამ ებრაელებმა როგორღაც მოახერხეს ამ კატასტროფის ჭკუის სასწავლებელ გამოცდილებად გარდაქმნა, ამით კიდევ უფრო გაძლიერდა იერუსალიმის სიწმინდის ცნება და შეიქმნა განკითხვის დღის პროტოტიპი. ამ ჯოჯოხეთურმა ნგრევამ იერუსალიმი სამივე რელიგიისთვის ბოლო ჟამისა და ცათა სასუფევლის დამყარების ადგილად აქცია. ეს იყო აპოკალიფსი, ანუ „გამოცხადება“ ბერძნულად. სწორედ ასეთ საზარელ დღეებს წინასწარმეტყველებდა იესო ქრისტე. ამ ნგრევამ განსაზღვრა ქრისტიანობის არსი და მარადიული არსებობის იმედი, ხოლო მუჰამადმა ნაბუქოდონოსორის სისასტიკეში ღვთის მიერ ებრაელებისთვის ღვთიური მადლის წართმევა და მუსლიმებისთვის გზის გახსნა დაინახა. ბაბილონურ გადასახლებაში მყოფი იუდაელების ნაწილი თავის ღმერთსა და სიონს მაინც ერთგულებდა. იმ დროს, როცა ჰომეროსის პოემები ბერძნების ეროვნულ ეპოსად იქცა, იუდაელებმა ბიბლიური ტექსტების შეთხზვითა და მშობლიურ ქალაქზე დარდით საკუთარი ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბება დაიწყეს: „ბაბილონის მდინარეებთან ვისხედით და ვტიროდით, ოდეს გიგონებდით შენ, სიონო. ძეწნათა შორის ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები“. როგორც 137-ე ფსალმუნიდან ჩანს, თვით ბაბილონელებსაც კი მოსწონდათ იუდაელთა სიმღერები: „ჩვენი დამატყვევებლები სიმღერას გვთხოვდნენ და ჩვენი მჩაგვრელები - მხიარულებას: გვიმღერეთო სიონის რომელიმე სიმღერა. როგორ ვიმღეროთ უფლის სიმღერა უცხო მიწაზე?“ მაგრამ სწორედ ბაბილონში დაიწყო ბიბლიის შექმნა. სანამ დანიელის მსგავსი ახალგაზრდა იერუსალიმელები ბაბილონის სამეფო კარზე განათლებას იღებდნენ, ხოლო პრაგმატული ებრაელები ბაბილონელებად იქცნენ, იუდაელებმა „ახალი რჯული“ შექმნეს იმის ხაზგასასმელად, რომ ისინი შორეული და განსაკუთრებული ერის შვილები იყვნენ. ისინი იცავდნენ შაბათის წესს, შვილებს წინადაცვეთდნენ, მარხულობდნენ და ბავშვებს ებრაულ სახელებს არქმევდნენ, რადგან იერუსალიმის დანგრევამ ყველას უჩვენა, რა მოჰყვებოდა ღვთის რჯულის დარღვევას. იუდას მიწიდან გადასახლებული იუდაელები იუდეველებად, ებრაელებად იქცნენ.[26] გადასახლებულებმა ბაბილონი უკვდავყვეს წოდებით „მშობელი მეძავთა და დედამიწის სისაძაგლეთა“. თუმცა, ბაბილონის იმპერია ყვაოდა, ნაბუქოდონოსორის მეფობა ორმოც წელზე მეტხანს გაგრძელდა. წინასწარმეტყველი დანიელი ამტკიცებს, ბოლოს მეფე ჭკუიდან შეიშალაო: „გააძევეს ადამიანებისგან. ხარივით ჭამდა ბალახს... მისი ფრჩხილები დაემსგავსა ფრინველის კლანჭებს“ - შესაფერისი სასჯელია მისი დანაშაულებისთვის (და შთაგონების წყარო უილიამ ბლეიკის ნახატებისთვის). გადასახლებულ იუდაელთა გასაკვირად და გასახარად, ამ სასჯელს ისიც დაემატა, რომ ნაბუქოდონოსორის ვაჟი, ამელ-მარდუქი, იმდენად უვარგისი აღმოჩნდა, რომ მასზე იმედგაცრუებულმა მამამ დილეგში ჩააგდებინა. პატიმრობაში ამელ-მარდუქი იუდას მეფეს, იეჰოიაქინს დაუმეგობრდა. ბელშაცარის ნადიმი ბაბილონის სამეფო ტახტზე ასვლის შემდეგ ამელ-მარდუქმა სამეფო სისხლის იუდაელი მეგობარი გაათავისუფლა. მაგრამ ძვ. წ. 556 წელს ამელ-მარდუქის დინასტია დაამხეს. ახალმა მეფემ, ნაბონიდუსმა, ბაბილონის მფარველი ღმერთი ბელ-მარდუქი უარყო, მთვარის ღმერთს, სინს სცა თაყვანი და შორს, არაბეთის უდაბნოში, თემაში გადასახლდა. მალე ნაბონიდუსს უცხო სნეულება შეეყარა, შეიშალა და სწორედ მას (და არა, ნაბუქოდონოსორს, როგორც დანიელი ამტკიცებდა) „აჭმევდნენ ბალახს, როგორც ხარს“. ბიბლიის მიხედვით, მეფის არყოფნაში მისმა ძემ, რეგენტმა ბელშაცარმა დიდი ლხინი გამართა, რომელზეც იერუსალიმის ტაძრიდან წამოღებულ ოქრო-ვერცხლის ჭურჭელს იყენებდნენ. და უცებ კედელზე ღვთის სიტყვები დაიწერა: „მენე, მენე, თეკელ უფარსინ“. წარწერა გაშიფრეს და ის გამაფრთხილებელი სიტყვები აღმოჩნდა. ბელშაცარს შიშით გააცახცახა. იმპერიის დღეები დათვლილი იყო. ბაბილონელი მეძავის ბედი გადაწყდა. ძვ. წ. 539 წელს ბაბილონი სპარსელებმა აიღეს. ებრაელები ბევრჯერ სასწაულებრივად გადარჩენილან განადგურებას, მაგრამ ეს ყველაზე დრამატული შემთხვევა იყო მათ ისტორიაში. ბაბილონის მდინარეების ნაპირებთან გატარებული ორმოცდაშვიდი წლის შემდეგ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებამ ისეთივე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სიონის აღდგენაში, როგორიც დავითისამ. 6. სპარსელები ძვ. წ. 539-336 კიროს დიდი ასტიაგეს, მიდიელ მეფეს, რომელიც დასავლეთ სპარსეთში ზეობდა, ესიზმრა, რომ მისი ქალიშვილი ოქროს მდინარეს შარდავდა და შარდი მთელ სამეფოს ესხმებოდა. მაგებმა (მოგვებმა), სპარსელმა ქურუმებმა, მეფეს სიზმარი ასე აუხსნეს: რომელიმე შენი შვილიშვილი მმართველობაში შეგეცილებაო. ასტიაგემ ქალიშვილი სუსტსა და უსაფრთხო მეზობელს, ანშანის მეფეს მიათხოვა. ამ ქორწინებისგან იშვა კუროშ, ანუ კიროს დიდი. მალე ასტიაგეს ისიც ესიზმრა, რომ მისი ქალიშვილის საშოდან ვაზი იზრდებოდა და თვითონ მის ჩრდილში ექცეოდა - ეს „ჯეკისა და ლობიოს ღეროს“ სექსუალურ-პოლიტიკური ვერსიაა. ასტიაგემ თავის სარდალს, ჰარპაგოსს, პატარა კიროსის მოკვლა უბრძანა, მაგრამ ბიჭი მწყემსმა გადამალა. როცა ასტიაგემ შეიტყო, რომ კიროსი გადარჩა, ჰარპაგოსის ძე დააკვლევინა და მისი შემწვარი ხორცი მამამისს შეაჭმევინა. ჰარპაგოსს ეს სადილი არ დავიწყებია და არც უპატიებია. ძვ. წ. 559 წელს, მამის სიკვდილის შემდეგ, კიროსი დაბრუნდა და თავისი სამეფო დაიპყრო. ასტიაგეს, რომელსაც, როგორც ბერძენი ისტორიკოსი, ჰეროდოტე ამბობს, სწამდა, რომ სპარსეთში ყოველი საქმის გადასაწყვეტად სქესობრივი თუ შარდით მკითხაობა იყო საჭირო, საშინელი სიზმრები აუხდა. კიროსმა ჰარპაგოსის დახმარებით ჯერ პაპამისი დაამარცხა და შემდეგ მიდიელები და სპარსელები გააერთიანა. სანამ კიროსი სამხრეთში ბელშაცარის ბაბილონს დაესხმოდა თავს, დასავლეთ თურქეთში ლიდიის მდიდარ მეფეს, კრესოსს დაუპირისპირდა. კიროსმა აქლემების კავალერიით გააკვირვა კრესოსი მისსავე დედაქალაქში. ლიდიური ცხენები მაშინვე დაფრთხნენ, როგორც კი აქლემების სუნი ეცათ. ამ გამარჯვების შემდეგ კიროსი ბაბილონისკენ შეტრიალდა. ნაბუქოდონოსორის ცისფრად შეღებილმა მეტროპოლისმა ფართოდ გაუღო კარები კიროსს, რომელმაც დიდი სიბრძნე გამოიჩინა და თაყვანი სცა ბელ-მარდუქს, ბაბილონის უარყოფილ მფარველ ღმერთს. ბაბილონის დაცემამ გადასახლებული ებრაელები ძალიან გაახარა: „უფალმა მოიმოქმედა ეს! იყიჟინეთ... სიხარულით იხმიანეთ, მთებო, ტყეო და ყოველო ხეო, რომელიც მასში ხარ, რადგან უფალმა გამოისყიდა იაკობი და ისრაელში განდიდდა“. კიროსმა ბაბილონი დაიპყრო და შესაბამისად, იერუსალიმიც მისი სამფლობელო გახდა: „დედამიწის ყოველმა მეფემ, - ამბობს კიროსი, - დიდძალი ხარკი მომართვა და ფეხები დამიკოცნა, როცა ბაბილონის ტახტზე ვიჯექი“. კიროსს იმპერიის მომავალზე განსხვავებული შეხედულება ჰქონდა. განსხვავებით ასურელებისა და ბაბილონელებისგან, რომელთა იმპერიებიც ხოცვა-ჟლეტასა და გადასახლებებზე იყო დაფუძნებული, კიროსი რელიგიურ ტოლერანტობას იჩენდა „ხალხის ერთ იმპერიაში გასაერთიანებლად“ საჭირო პოლიტიკური ძალაუფლებისთვის. მალე სპარსეთის მეფემ გამოსცა ბრძანებულება, რომელმაც ებრაელები ძლიერ გააოცა: „ქვეყნიერების ყველა სამეფო მომცა მე უფალმა ღმერთმა და მანვე მიბრძანა, ავუშენო მას სახლი იერუსალიმში. ვინ არის თქვენ შორის ამ ხალხიდან? წავიდეს იერუსალიმში და აუშენოს სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს!“ კიროსი იუდაელებს არა მხოლოდ სახლში აბრუნებდა და მათი უფლებებისა და რჯულის დაცვის გარანტადაც გამოდიოდა (რაც მანამდე არც ერთ უცხოელ მეფესა თუ მმართველს არ გაეკეთებინა), არამედ იერუსალიმის მათ მფლობელობაში დაბრუნებას და ტაძრის აღდგენასაც ჰპირდებოდა. კიროსმა იერუსალიმის მმართველად იუდას ბოლო მეფის ძე, შეშბაცარი დანიშნა და ტაძრის ჭურჭელიც დაუბრუნა. რა გასაკვირია, რომ იუდეველმა წინასწარმეტყველმა კიროსი მესიად შერაცხა. „ჩემი მწყემსია და ყოველ სურვილს შემისრულებს! და ეუბნება იერუსალიმს: აშენდები! და სასახლეს: ჩაიყრება შენი საძირკველი!“ შეშბაცარი 42 360 გადასახლებულს იერუსალიმში შეუძღვა, იეჰუდას ანუ იუდას პროვინციაში. ბრწყინვალე ბაბილონთან შედარებით, იერუსალიმი ნამდვილ უდაბნოს ჰგავდა; ესაია წერს: „გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე ძალი შენი, სიონო! შეიმოსე შენი დიდების სამოსელი, იერუსალიმო, წმინდა ქალაქო... ჩამოიფერთხე მტვერი, აღდექ... დატყვევებულო სიონის ასულო!“ თუმცა, მეფე კიროსსა და გადასახლებიდან დაბრუნებულებს გეგმები იუდეაში დარჩენილებმა, კერძოდ, სამარიელებმა, აურდაურიეს. გადასახლებიდან დაბრუნებიდან ცხრა წელიწადში დიდების მწვერვალზე მყოფი კიროსი ცენტრალურ აზიაში ბრძოლისას დაიღუპა. როგორც ამბობდნენ, გამარჯვებულმა მეტოქემ მოკლული მეფის თავი სისხლით სავსე ღვინის ტიკში ჩააგდო, რათა სხვათა მიწებისადმი მისი დაუოკებელი წყურვილი ასე დაეცხრო. კიროსის მემკვიდრემ მამის ცხედარი დაიბრუნა და ფასარგადში (სამხრეთ ირანში), ოქროს სარკოფაგში ჩაასვენა. კიროსის აკლდამა დღესაც არსებობს. „ის ყველა მონარქს აღემატებოდა, წინამორბედებსაც და მის შემდგომებსაც“, - წერს ბერძენი ჯარისკაცი ქსენოფონტი. იერუსალიმმა მფარველი დაკარგა. დარიოსი და ზერუბაბელი: ახალი ტაძარი მანამდე არსებულთაგან ყველა იმპერიაზე უდიდესის, კიროსის იმპერიის ბედი იერუსალიმთან ახლოს გადაწყდა. კიროსის ძე, კამბის II - იგივე კამბუჯია - ტახტზე ავიდა და ძვ. წ. 525 წელს ღაზა დალაშქრა, საიდანაც, სინაის გავლით, ეგვიპტეში შეიჭრა. მაგრამ ამასობაში სპარსეთში საკუთარი ძმა აუჯანყდა. აჯანყების ჩასახშობად და ტახტის შესანარჩუნებლად უკან დაბრუნებული კამბის II ღაზასთან იდუმალ ვითარებაში დაიღუპა. იქვე შვიდმა დიდებულმა პირი შეკრა და იმპერიის ხელში ჩასაგდებად საიდუმლოდ შეხვდა ერთმანეთს; ვინაიდან სამეფო ტახტზე ასაყვანი კანდიდატურა ვერ შეარჩიეს, ასე შეთანხმდნენ, პირველად ვისი ცხენიც შეეგებება განთიადს ჭიხვინით, ტახტიც მისი იყოსო. პირველად დარიოსის ცხენმა დაიჭიხვინა. დარიოსი დიდებულთა გვარის ახალგაზრდა წარმომადგენელი, კამბისის ლაშქრის შუბოსანი იყო. ჰეროდოტე ამტკიცებს, დარიოსმა ითაღლითა, თავის მეჯინიბეს უბრძანა, ფაშატის საშოში თითები შეეყოო. მეჯინიბე ასეც მოქცეულა და გადამწყვეტ მომენტში ცხენისთვის ყურშიც ჩაუბერავს. ამგვარად, ჰეროდოტე აღმოსავლელი დესპოტის აღზევებას დამცინავად მიაწერს ვენერიულ ოინს. ექვს თანამზრახველთან ერთად დარიოსმა აღმოსავლეთისკენ გააჭენა ცხენი, ყოველ პროვინციაში ჩაახშო ამბოხი და სპარსეთის იმპერია ისევ გააერთიანა. თუმცა, სამოქალაქო ომის გამო „შეწყვეტილი იყო ღვთის სახლის შენება იერუსალიმში სპარსეთის მეფის, დარიოსის მეფობის მეორე წლამდე“. ძვ. წ. დაახლოებით 520 წელს იუდას ბოლო მეფის შვილიშვილმა - უფლისწულმა ზერუბაბელმა და მისმა მღვდელმა იეშუამ, ძველი ტაძრის ბოლო მღვდელმთავრის ვაჟმა, ბაბილონი დატოვეს და იერუსალიმის გადასარჩენად წავიდნენ. ზერუბაბელმა ტაძრის მთაზე საზეიმოდ ააგო ახალი სამსხვერპლო, ხელოსნები დაიქირავა და ფინიკიური კედრის ხის მასალა შეიძინა. ამ მშენებლობისა და სპარსეთის იმპერიაში ქაოსის შემხედვარე გახარებულმა ებრაელებმა ახალ სამეფოზე მესიანური ოცნება დაიწყეს. „იმ დღეს, ამბობს ლაშქართა უფალი, წაგიყვან ზერუბაბელ, ჩემო მსახურო... ჩემს ბეჭდად გაქცევ“, - წერს წინასწარმეტყველი ანგია და ზერუბაბელის პაპის დაკარგულ დავითის ბეჭედზე ამოწმებს. ებრაელი წინამძღოლები ბაბილონიდან ოქრო-ვერცხლით ჩამოვიდნენ და ზერუბაბელს (რაც „ბაბილონის თესლს“ ნიშნავს) უწოდეს „ყლორტი“, რომელიც „დაჯდება თავის ტახტზე და იხელმწიფებს“. ქალაქის ირგვლივ მცხოვრებლებმა და სამარიელებმა ამ წმინდა საქმეში მონაწილეობა მოინდომეს და ზერუბაბელს დახმარება შესთავაზეს, მაგრამ გადასახლებიდან დაბრუნებულები ახლებურ იუდაიზმს ქადაგებდნენ. მათ ადგილობრივები ნახევრად წარმართებად მიაჩნდათ და ზიზღით „ამ ჰაარეცს“ უწოდებდნენ, რაც სიტყვასიტყვით „ამ მიწის ხალხს“ ნიშნავს, გადატანითი მნიშვნელობით კი - „მდაბიოს“. დაპირისპირების სისხლისღვრაში გადაზრდის შიშით, თუ ადგილობრივთა ქრთამის წყალობით, სპარსმა გამგებელმა მშენებლობის შეწყვეტის ბრძანება გასცა. სამ წელში დარიოსმა ყველა წინააღმდეგობა დაძლია და ძველი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მმართველად იქცა. მისი ტოლერანტული იმპერია იყო პირველი, რომელიც თრაკიიდან ეგვიპტემდე და ეგვიპტიდან ჰინდუქუშამდე, სამ კონტინენტზე გადაიჭიმა. ახალი მეფე დამპყრობლისა და ადმინისტრატორის იშვიათი ნაზავი აღმოჩნდა. გამარჯვების უკვდავსაყოფად ქვაზე ამოკვეთილი მისი გამოსახულება დარიოსს (დარაიავაუშს) წარმოგვიდგენს 1,8 მ სიმაღლის კლასიკურ არიელად, რომელსაც მაღალი შუბლი და სწორი ცხვირი აქვს, ოვალური თვლებით მოოჭვილი ოქროს საომარი გვირგვინითაა თავდამშვენებული, გვირგვინს ქვემოდან კულულები ჩამოუშვია, ულვაშები დაუგრეხია და ოთხკუთხა წვერი ოთხ ზოლად დაუწნავს. თავის სიძლიერის ჟამს დარიოსს შარვალსა და ფეხსაცმლებზე მანტია ჰქონდა შემოსხმული, ხელთ კი იხვისთავიანი მშვილდი ეპყრა. ამ დიდებულ მმართველს მიმართა ზერუბაბელმა და კიროსის ბრძანებულება გაახსენა. დარიოსმა სამეფო ნაწერები შეამოწმებინა, კიროსის ბრძანებულება იპოვა და ბრძანა: „ააშენოს იუდას გამგებელმა ღვთის სახლი. მე, დარიოსი, ვიძლევი განკარგულებას: დაუყოვნებლივ შესრულდეს!“ ძვ. წ. 518 წელს დარიოსმა ეგვიპტეში წესრიგის დასამყარებლად დასავლეთში გაილაშქრა. როგორც ჩანს, ზედმეტად აღტაცებული იერუსალიმელი ებრაელების დასაშოშმინებლად გზად იუდეაშიც გაიარა და ალბათ ზერუბაბელიც სიკვდილით დასაჯა, რადგან დავითის გვარის ეს უკანასკნელი წარმომადგენელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქრება ისტორიის ასპარეზიდან. ძვ. წ. 515 წლის მარტში სიხარულით აღნიშნეს მღვდლების მიერ მეორე ტაძრის სატფურება (კურთხევა) და მსხვერპლად შესწირეს 100 ხარი, 200 ვერძი, 400 კრავი და 12 თხა (ისრაელის თორმეტი ტომის ცოდვათა გამოსასყიდად). ასე იზეიმეს გადასახლებიდან დაბრუნებულმა იუდაელებმა პირველი პასექი. მაგრამ მოხუცებს, რომლებსაც ძველი ტაძარი ახსოვდათ, ცრემლები სდიოდათ, რადგან ახლა ქალაქი პატარა და ნახევრად ცარიელი იყო. თითქმის ორმოცდაათი წლის შემდეგ დარიოსის შვილიშვილის, მეფე ართაქსერქსე I-ის მერიქიფე იყო ებრაელი, სახელად ნეემია. მას იერუსალიმელებმა დახმარება სთხოვეს: „იქ დარჩენილნი დიდ უბედურებასა და დამცირებაში არიან. დანგრეულია იერუსალიმის კედელი“. ნეემიას გული დასწყდა. „დავჯექი, ავტირდი და ვგლოვობდი“. როცა შუშანში (სუსაში), სპარსეთის დედაქალაქში, ართაქსერქსეს ემსახურებოდა, მეფემ ნეემიას ჰკითხა: „რად გაქვს მწუხარე სახე?“ მერიქიფემ უპასუხა: „საუკუნოდ იცოცხლე, მეფევ! აბა, როგორ არ მექნება მწუხარე სახე, როცა ის ქალაქი, სადაც ჩემი მამა-პაპის საფლავები მეგულება, დაქცეულია? ...თუ ინებებს მეფე... გამიშვი იუდაში... და ავაშენებ მას.“ ნეემია შიშით ელოდა მეფის პასუხს. ნეემია: სპარსელთა დაღმასვლა დიდმა მეფემ ნეემია გამგებლად დანიშნა, ჯარისკაცთა რაზმიც გააყოლა და ფინანსურადაც გაუმართა ხელი. მაგრამ იერუსალიმის ჩრდილოეთით მცხოვრებ სამარიელებს საკუთარი მთავარი ჰყავდათ, სანბალატი, რომელსაც შორეული შუშანიდან (სუსადან) მოსული ეს ჩუმჩუმელა კარისკაცი და გადასახლებიდან დაბრუნებული იუდეველების გეგმები არ მოსწონდა. ნეემიამ იმის შიშით, მკვლელები არ დამადევნონო, ღამით დაათვალიერა იერუსალიმის დანგრეული გალავანი და დამწვარი კარიბჭე. მისი მოგონებები, ერთადერთი პოლიტიკური ავტობიოგრაფია ბიბლიაში, გვიამბობს, როგორ დასცინა სანბალატმა, ნეემიამ მას გალავნის აღდგენის გეგმა რომ გაუმხილა. თუმცა სანბალატს გუნება უმალ წაუხდა, როცა შეიტყო, რომ ნეემია გამგებლად დაენიშნათ. მიწათმფლობელებსა და მღვდლებს გალავნის სხვადასხვა მონაკვეთის აღდგენა დაევალათ. როცა მშენებლებს სანბალატმა და მისმა ავაზაკებმა შეუტიეს, ნეემიამ მცველები დააყენა და „ორმოცდათორმეტ დღეში დასრულდა კედელი“ დავითის ქალაქისა და ტაძრის მთის გარშემო; ხოლო ტაძრიდან ჩრდილოეთით დაბალი ციხე ააშენეს. ნეემიას თქმით, იერუსალიმი უკვე „დიდი და ფართო იყო, მაგრამ ხალხი ცოტა იყო მასში“. ნეემიამ იერუსალიმს გარეთ მცხოვრები ებრაელები დაარწმუნა, კენჭი ეყარათ და ყოველი მეათე იერუსალიმში დაასახლა. თორმეტი წლის შემდეგ ნეემია სპარსეთში მეფეს ეახლა. იქიდან კვლავ შინ დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ სანბალატის დამქაშებს ტაძრის მართვა სარფიან საქმედ ექციათ, ხოლო ებრაელები უცხოტომელ ქალებზე ქორწინდებოდნენ. ნეემიამ ვაჭრები ქალაქიდან გააყრევინა, შერეული ქორწინებები აკრძალა და ახალი, წმინდა იუდაიზმის გავრცელება დაიწყო. თანდათან სპარსეთმა თავის პროვინციებზე კონტროლი დაკარგა და ებრაელებმა თავიანთი, ნახევრად დამოუკიდებელი იეჰუდის მინისახელმწიფო შექმნეს. ტაძრის გარშემო დაფუძნებული იეჰუდის ძირითად შემოსავალს პილიგრიმების (რომელთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდებოდა) შეწირულობა წარმოადგენდა, ხოლო სამეფოს თორას მეშვეობით მართავდნენ მღვდელმთავრები, სავარაუდოდ, მეფე დავითის მღვდლის, ცადოკის, შთამომავლები. ტაძრის განძი კიდევ ერთხელ იქცა სანუკვარ ჯილდოდ. ერთ-ერთი მღვდელმთავარი ტაძარში მისმავე ხარბმა ძმამ, იესომ (იეშუამ) მოკლა; ეს მკრეხელობა იყო, რაც სპარსელმა გამგებელმა იერუსალიმზე თავდასხმისა და ტაძრის გაძარცვის საბაბად გამოიყენა. სანამ სპარსეთის სამეფოს კარისკაცები სასიკვდილო შიდა ინტრიგებით იყვნენ გართულები, მეფე ფილიპე II მაკედონელმა ძლიერი ლაშქარი გაწვრთნა, ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები დაიპყრო და სპარსეთის წინააღმდეგ წმინდა ომისთვის მზადება დაიწყო, რათა დარიოსისა და ქსერქსეს შემოსევებისთვის შური ეძია. თუმცა ფილიპე მალე მოკლეს და ტახტს მისი ოცდაერთი წლის ვაჟი, ალექსანდრე დაეპატრონა. სწორედ მან შეუტია სპარსეთს და ასე მოხვდნენ ბერძნები იერუსალიმში. 7. მაკედონელები ძვ. წ. 336-166 ალექსანდრე დიდი ძვ. წ. 336 წელს, მამის მკვლელობიდან სამ წელიწადში, ალექსანდრემ ორჯერ დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიოს III, რომელმაც აღმოსავლეთისკენ დაიხია. ალექსანდრე პირდაპირ არ დასდევნებია მას, ჯერ სანაპიროს დაუყვა ეგვიპტემდე და იერუსალიმს მისი ლაშქრისთვის საგზლის გამზადება დაავალა. იერუსალიმის მღვდელმთავარმა თავიდან უარი უთხრა ალექსანდრეს, მაგრამ მალევე შედრკა: ტვიროსს, რომელმაც წინააღმდეგობის გაწევა სცადა, ალექსანდრემ ალყა შემოარტყა, აიღო და დაცემული ქალაქის მაცხოვრებლები ჯვარს აცვა. როგორც რამდენიმე ასეული წლის შემდეგ ებრაელმა ისტორიკოსმა, იოსებ ფლავიუსმა დაწერა, ალექსანდრე „საჩქაროდ იერუსალიმისკენ გაემართა“, სადაც მეწამულ მოსასხამში გახვეული მღვდელმთავარი და თეთრ სამოსში გამოწყობილი იერუსალიმელები კარიბჭესთან შეეგებნენ. ისინი ალექსანდრეს ტაძარში შეუძღვნენ და ებრაელთა ღმერთისთვის მსხვერპლი შეაწირვინეს. ეს ისტორია სასურველის რეალობად გასაღებას ჰგავს. სავარაუდოდ კი, მღვდელმთავრები და ნახევრად ებრაელი სამარიელების წინამძღოლები ალექსანდრეს როშ-ჰა-აინში, მდინარის პირას შეხვდნენ. ალექსანდრემ კიროსს მიჰბაძა და ებრაელებს თავიანთი რჯულის მიხედვით ცხოვრების უფლება მისცა. შემდეგ ალექსანდრემ ეგვიპტე დაიპყრო, იქ ქალაქი ალექსანდრია დააარსა და შორეული აღმოსავლეთისკენ გაემართა, საიდანაც სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. სპარსეთის იმპერიის საბოლოოდ განადგურებისა და თავისი ჰეგემონიის პაკისტანამდე გავრცელების შემდეგ ალექსანდრემ უდიდესი პროექტი წამოიწყო: სპარსელებისა და მაკედონელების ერთ ელიტად შერწყმა, რომელსაც მისი იმპერია უნდა ემართა. ვერ ვიტყვით, რომ ალექსანდრემ დაწყებულის ბოლომდე წარმატებით მიყვანა შეძლო, მაგრამ ისტორიას არ ახსოვს სხვა დამპყრობელი, რომელმაც მსოფლიო ასე შეცვალა ელინიზაციის - ბერძნული კულტურის, ენის, პოეზიის, რელიგიის, სპორტისა და ჰომეროსისეული მმართველობის სტილის გავრცელებით ლიბიის უდაბნოებიდან ავღანეთის მთებამდე. ბერძნული ცხოვრების სტილი ისეთსავე უნივერსალურად იქცა, როგორც ბრიტანული ცხოვრების წესი იყო მეცხრამეტე საუკუნეში, ან ამერიკულია ჩვენს დროში. მისი დროიდან მოყოლებული ბერძნული ფილოსოფიური და პოლითეისტური კულტურის მონოთეისტი ებრაელი მტრებიც კი ელინიზმის ჭრილიდან აფასებდნენ სამყაროს. ძვ. წ. 323 წლის 13 ივნისს, იმ დროისთვის ცნობილი მსოფლიოს დაპყრობიდან რვა წლის შემდეგ, ციებ-ცხელებით შეპყრობილი თუ მოწამლული ალექსანდრე ბაბილონში ოცდათორმეტი წლის ასაკში მომაკვდავი იწვა სარეცელზე. საწოლთან შეგროვილ მის ერთგულ ჯარისკაცებს ცრემლები ღაპაღუპით სდიოდათ. როცა ალექსანდრეს ჰკითხეს, სამეფოს ვის უტოვებო, მან უპასუხა: „უძლიერესს!“ პტოლემაიოსი: შაბათის ძარცვა-გლეჯა უძლიერესის გამოსავლენად ალექსანდრეს მთავარსარდლებს შორის ოცდაერთწლიანი ომი მიმდინარეობდა. იერუსალიმი „ქვეყანაზე ავის გამამრავლებელი“ მაკედონელი სარდლების ხელიდან ხელში გადადიოდა. ორი უმთავრესი პრეტენდენტის დუელი დიდხანს გაგრძელდა და იერუსალიმმა ექვსჯერ გამოიცვალა მმართველი. თხუთმეტი წლის განმავლობაში ქალაქს ცალთვალა ანტიგონე მართავდა, სანამ ძვ. წ. 301 წელს ის ბრძოლაში არ მოკლეს და იერუსალიმს გამარჯვებული - პტოლემაიოსი - არ მოადგა დასაპატრონებლად. პტოლემაიოსი ალექსანდრეს ნათესავი იყო, გამოცდილი მხედართმთავარი, რომელიც საბერძნეთიდან პაკისტანამდე სარდლობდა ლაშქარს და მდინარე ინდიზე მაკედონურ ფლოტსაც წინამძღოლობდა. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მას ეგვიპტე ერგო. როცა პტოლემაიოსმა შეიტყო, რომ ალექსანდრეს ამალა საბერძნეთში ბრუნდებოდა, პალესტინაში წამოეწია მას და დედაქალაქ ალექსანდრიისკენ შეაბრუნა, უდიდესი ბერძნული თილისმის, ალექსანდრეს ცხედრის, მცველი და მისი ცეცხლოვანი სულის პატრონიც გახდა. პტოლემაიოსი მხოლოდ მთავარსარდალი არ იყო: მონეტებზე გამოსახული ჯარისკაცის გამოკვეთილი ყბა და მსხვილი ცხვირი მცდარ წარმოდგენას შეგიქმნით მის ცბიერებასა და გონებამახვილობაზე. პტოლემაიოსმა იერუსალიმელებს განუცხადა, შაბათს ქალაქში შემოსვლა მინდა, რათა ებრაელთა ღმერთს მსხვერპლი შევწიროო. ებრაელები მოტყუვდნენ: უქმე დღეს პტოლემაიოსმა ქალაქი აიღო, ხოლო ებრაელებმა თავიანთი უმოქმედობით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ფანატიკური მორჩილება რჯულისადმი. თუმცა, როგორც კი შაბათს მზე ჩავიდა, იერუსალიმელებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს. მაშინ პტოლემაიოსის ლაშქარი იერუსალიმს შეესია. „სახლები გაძარცვეს, ქალებს აუპატიურებდნენ; ნახევარი ქალაქი ტყვედ აიყვანეს“. სავარაუდოდ, პტოლემაიოსმა ნეემიას მიერ ტაძრის ჩრდილოეთით აგებულ ბარისის ციხესიმაგრეში ჩააყენა გარნიზონი, ხოლო ათასობით ებრაელი ეგვიპტეში გადაასახლა. სწორედ მათ შექმნეს ბერძნულენოვანი ებრაელების თემი პტოლემაიოსის ბრწყინვალე დედაქალაქ ალექსანდრიაში. ეგვიპტეში პტოლემაიოსი და მისი მემკვიდრეები ფარაონებად იქცნენ; ალექსანდრიასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში კი ისინი ბერძენი მეფეები იყვნენ. პტოლემაიოს სოტერი - „მხსნელი“, როგორც მას ეგვიპტეში უწოდებდნენ, - ადგილობრივ ღმერთებს, ისისსა (ისიდას) და ოსირისს სცემდა თაყვანს, მმართველობის ეგვიპტური ტრადიციები შეითვისა და თავისი დინასტია ერთდროულად ეგვიპტელ მეფე-ღმერთებად და ნახევრად ღვთაებრივი წარმოშობის ბერძენ მონარქებად გამოაცხადა. მან და მისმა მემკვიდრეებმა ჯერ კვიპროსი და კირენაიკა, მოგვიანებით კი ანატოლიის ველები და ბერძნული კუნძულებიც დაიპყრეს. პტოლემაიოსი ხვდებოდა, რომ მას სიდიადესა და ლეგიტიმურობას არა მხოლოდ საომარი გამარჯვებები, არამედ კულტურაც მიანიჭებდა. სწორედ მან აქცია ალექსანდრია ყველაზე განვითარებულ და მდიდარ ბერძნულ ქალაქად, დააარსა მუზეუმი და ბიბლიოთეკა, მოიწვია ბერძენი სწავლულები და ააშენა მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება, ალექსანდრიის შუქურა. მისმა იმპერიამ სამი საუკუნე გვარის უკანასკნელ წარმომადგენლამდე - კლეოპატრამდე - იარსება. პტოლემაიოსმა ოთხმოც წელზე მეტი იცოცხლა და ალექსანდრე დიდის ისტორია დაწერა. პტოლემაიოს II ფილადელფოსი ებრაელებისადმი კეთილგანწყობილი იყო; მან 120 000 ებრაელი მონობიდან გაათავისუფლა და მათი ტაძრის შესამკობად ოქროც გაგზავნა. ის სილამაზისა და სანახაობის ძალას აღიარებდა. ძვ. წ. 275 წელს განსაკუთრებული სტუმრების მცირერიცხოვანი ჯგუფისთვის სიუხვისა და ღვინის ღმერთის, დიონისეს სახელზე აღლუმი მოაწყო, რომელზეც ჯიქის ტყავისგან შეკერილი უშველებელი ტიკით 200 000 გალონი ღვინო და 55 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სისქის ფალოსი გამოიტანეს, სპილოები და იმპერიის ყველა კუთხიდან ჩასული ქვეშევრდომები ჩაატარეს. პტოლემაიოს II წიგნების კოლექციონერიც იყო. როცა იერუსალიმის მღვდელმთავარმა ებრაული თანახის ოცამდე წიგნი ალექსანდრიაში გაგზავნა, პტოლემაიოსმა ტექსტის დაუყოვნებლივ ბერძნულად თარგმნის განკარგულება გასცა. ის პატივს სცემდა ალექსანდრიაში მცხოვრებ ებრაელ სწავლულებს და თარგმანის შესაფასებლად ხშირად იწვევდა მათ: „თქვენებური წესის მიხედვით ვისადილებთ, - ჰპირდებოდა მათ მეფე, - ჩემთვის ცალკე მოამზადებენ სადილს“. როგორც ამბობენ, სამოცდაათ დღეში სამოცდაათმა მთარგმნელმა სამოცდაათი იდენტური თარგმანი წარუდგინა პტოლემაიოსს. სეპტუაგინტამ იერუსალიმის ისტორია შეცვალა და მოგვიანებით ქრისტიანობის გავრცელებასაც შეუწყო ხელი. ალექსანდრე დიდის წყალობით, ბერძნული საერთაშორისო ენად იყო ქცეული. პირველად ისტორიის მანძილზე ბიბლიის წაკითხვა თითქმის ყველასთვის შესაძლებელი გახდა. იოსებ ტობიანი პტოლემაიოსის იმპერიის შემადგენლობაში იერუსალიმი ნახევრად დამოუკიდებელი მინისახელმწიფოს სტატუსით შედიოდა. იუდა საკუთარ მონეტებს ჭრიდა, რომელზეც „იეჰუდი“ ეწერა. იერუსალიმი მხოლოდ პოლიტიკური ერთეული კი არ იყო, არამედ - ღვთის კუთვნილი ქალაქი, რომელსაც მღვდელმთავრები მართავდნენ. ონიანების ამ შტოს, რომელიც ბიბლიური მღვდლის, ცადოკის შთამომავლობას იჩემებდა, პტოლემეინებისთვის გადასახდელ ხარკს კრებდა და დიდძალი სიმდიდრე და ძალაუფლება მოეხვეჭა. ძვ. წ. 240 წელს მღვდელმთავარმა ონია II-მ პტოლემაიოს III ევერგეტესს 20 ტალანტი ვერცხლის ვალი არ დაუბრუნა. ამან შესაძლებლობა მისცა საჭირო კავშირების მქონე ერთ ახალგაზრდა ებრაელს, მღვდელმთავარ ონია II-ს, არა მხოლოდ იერუსალიმის, არამედ მთელი მიწის მმართველობაში შესცილებოდა. ეს ავანტიურისტი იყო თავად მღვდელმთავრის დისწული იოსები, რომელიც ალექსანდრიაში წავიდა, სადაც მეფე აუქციონს მართავდა: მონაწილეები დიდძალ ხარკს სთავაზობდნენ პტოლემაიოს III-ს თავიანთი მიწების მართვისა და იქ გადასახადების აკრეფის უფლების სანაცვლოდ. სირიელმა დიდებულებმა დასცინეს ახალგაზრდა იოსებს, მაგრამ მან ყველას ჭკუით აჯობა. იოსებმა მეფესთან შეხვედრა პირველმა მოახერხა და მას თავი მოაწონა. როცა პტოლემაიოს III-მ აუქციონი დაიწყო, თავდაჯერებულმა იოსებმა მეტოქეებს ერთბაშად კოილეს-სირიის, ფინიკიის, იუდასა და სამარიის მმართველობის უფლება წაართვა. მეფემ იოსებს მძევლის დატოვება მოსთხოვა, რათა ხარკის გადახდის გარანტია ჰქონოდა. „ვერავის დაგიტოვებთ, მეფეო, - უპასუხა ცბიერმა იერუსალიმელმა, - გარდა თქვენი თავისა და ცოლისა“. ამ კადნიერებისთვის იოსები შეიძლებოდა დაესაჯათ კიდეც, მაგრამ პტოლემაიოსმა მხოლოდ გაიცინა და თანხმობა განაცხადა. იოსები იერუსალიმში 2000 ეგვიპტელი ჯარისკაცის თანხლებით დაბრუნდა. დასამტკიცებელი მას ბევრი ჰქონდა. როცა აშკელონმა გადასახადების გადახდაზე უარი თქვა, იოსებმა მისი 20 რჩეული მოქალაქე სიკვდილით დაასჯევინა. აშკელონმა გადაიხადა. იოსებმა, როგორც მისმა სეხნიამ „დაბადების წიგნიდან“, ეგვიპტეში უმაღლეს დონეზე ითამაშა და გაიმარჯვა. ალექსანდრიაში მეფის ნადიმზე იოსებს ერთი მსახიობი მოეწონა და მისი ცდუნება მოინდომა, მაგრამ საკუთარმა ძმამ ის მსახიობი საკუთარი ქალიშვილით შეუცვალა. მთვრალმა იოსებმა ღამით ვერაფერი შეამჩნია, ხოლო გამოფხიზლებულს საკუთარი ძმისწული შეუყვარდა. მათმა ქორწილმა გვარის სიძლიერე უფრო განამტკიცა. მათი ვაჟი, ჰირკანი, იოსებივით გაიძვერა გაიზარდა. იოსები ფუფუნებაში ცხოვრობდა, მკაცრი მმართველი იყო და მაღალი გადასახადები დააწესა, მაგრამ იოსებ ფლავიუსის თქმით, „სულგრძელი ადამიანი იყო, მას პატივს სცემდნენ მისი სიდარბაისლისთვის, სიბრძნისა და სამართლიანობისთვის. მან ებრაელები სიღარიბიდან გამოიყვანა და გააკეთილშობილა“. იოსებ ტობიანი ეგვიპტის მეფეებისთვის მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, რადგან ისინი ახლო აღმოსავლეთზე კონტროლის დასამყარებლად სელევკიდების მტრულ მაკედონურ დინასტიასთან განუწყვეტელ ომში იყვნენ ჩაბმულნი. ძვ. წ. დაახლოებით 241 წელს, მტრებზე გამარჯვების შემდეგ, პტოლემაიოს III მადლობის ნიშნად იერუსალიმს ეწვია და ტაძარში მსხვერპლი შესწირა. რასაკვირველია, იქ იოსებმა უმასპინძლა. როცა პტოლემაიოს III მოკვდა, ეგვიპტელები უსაზღვრო ამბიციის მქონე ახალგაზრდა სელევკიდი მეფის პირისპირ აღმოჩნდნენ. ანტიოქე დიდი: სპილოების ბრძოლა ეს ახალგაზრდა მეფე იყო აზიის მაკედონელი მეფე ანტიოქე III. ძვ. წ. 223 წელს ამ პერიპატეტიკოსმა თვრამეტი წლის ბიჭმა მემკვიდრეობით გრანდიოზული ტიტული და დაშლის პირას მყოფი იმპერია მიიღო. თუმცა, ანტიოქე საკმარისად ნიჭიერი გამოდგა და იმპერია სიკვდილისგან იხსნა. ანტიოქე თავს ალექსანდრეს მემკვიდრედ მიიჩნევდა და სხვა ბერძენი მეფეების მსგავსად აპოლონს, ჰერაკლეს, აქილევსსა და, რაც მთავარია, ზევსს, ედრებოდა. თავბრუდამხვევი საომარი კამპანიების შედეგად ანტიოქემ ალექსანდრეს აღმოსავლეთ იმპერიის ყველა სამფლობელო დაიბრუნა ინდოეთამდე და ტიტული „დიდი“ მოიხვეჭა. ის გამუდმებით ესხმოდა თავს პალესტინას, მაგრამ პტოლემეიანები მის მოგერიებას ახერხებდნენ და მოხუცი იოსებ ტობიანი იერუსალიმის გამგებლობას აგრძელებდა. მაგრამ მას ვაჟიშვილმა ჰირკანმა უღალატა და ქალაქს შეუტია. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იოსებმა დაამარცხა ვაჟიშვილი, რომელიც გაიქცა და დღევანდელი იორდანიის ტერიტორიაზე საკუთარი სამთავრო დააარსა. ძვ. წ. 201 წელს უკვე ორმოცს გადაცილებული ანტიოქე აღმოსავლეთის დიდი ლაშქრობებიდან ტრიუმფით დაბრუნდა. იერუსალიმი „ორპირ ქარში მოქცეული გემივით ირყეოდა“. ანტიოქემ ეგვიპტის დამარცხება ბოლოს მაინც შეძლო და იერუსალიმიც ახალ ბატონს მიესალმა. „როცა ქალაქში შევედით, ებრაელებმა ბრწყინვალე დახვედრა მოგვიწყვეს, მათი საბჭოც შეგვხვდა, - აცხადებს ანტიოქე, - და ეგვიპტური გარნიზონის გაყრაშიც დაგვეხმარნენ“. სელევკიდი მეფე და მისი არმია შთამბეჭდავი სანახავი იყო. ანტიოქეს ალბათ თავზე სამეფო დიადემა ედგა, ოქროთი მოქარგული თასმებიანი წითელი წაღები ეცვა, ფართოფარფლიანი ქუდი ეხურა, ოქროსფერი ვარსკვლავებით მოწინწკლული და წითელი საკინძით ყელთან შეკრული მუქი ლურჯი მოსასხამი ჰქონდა შემოსხმული. იერუსალიმელებმა საგზალი მოუმარაგეს ანტიოქეს მრავალეროვან არმიას, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ სარისებით შეიარაღებული მაკედონური ფალანგები, კრეტელი მთის მებრძოლები, კილიკიელი ქვეითები, თრაკიელი მეშურდულეები, მიდიელი მშვილდოსნები, ლიდიელი ხელშუბოსნები, სპარსი მშვილდოსნები, ქურთი ქვეითები, საომარ ცხენებზე ამხედრებული მძიმედ აღჭურვილი ირანელი კატაფრაქტები და რაც ყველაზე პრესტიჟული იყო, სპილოები - სავარაუდოდ, ეს ცხოველები იერუსალიმში მაშინ პირველად იხილეს.[35] ანტიოქემ ებრაელებს აღუთქვა, რომ ტაძარსა და ქალაქის კედლებს აღადგენდა და ქალაქს დაასახლებდა. მან ებრაელებს უფლება მისცა, „მამა-პაპათა რჯულის მიხედვით ეცხოვრათ“. მეფემ აგრეთვე აკრძალა ტაძარში უცხოელების შესვლა და „ქალაქში ცხენის, ჯორის, გარეული თუ შინაური ვირის, ჯიქის, მელიისა და კურდღლის ხორცის შეტანა“. მღვდელმთავარმა სიმონმა, რასაკვირველია, მხარი დაუჭირა ანტიოქეს - იერუსალიმს ხომ მანამდე არასდროს ჰყოლოდა ასეთი გულუხვი დამპყრობელი. იერუსალიმელები ამ პერიოდს ოქროს ხანად მიიჩნევენ: ქალაქს იდეალური მღვდელმთავარი მართავდა, რომელსაც „ღრუბლებს შორის გამონათებულ ცისკრის ვარსკვლავს“ უწოდებდნენ. სიმონ მართალი: ცისკრის ვარსკვლავი როცა გამოსყიდვის დღეს წმიდათა წმიდადან გამოვიდა, მღვდელმთავარი სიმონი[36] „დიდებით იყო შემოსილი; ასე ავიდა წმინდა სამსხვერპლომდე“. სიმონი იყო ნიმუში სრულყოფილი მღვდელმთავრისა, რომელიც იუდას მირონცხებული მთავარივით მართავდა; ის მონარქის, პაპისა და აიათოლას ნაზავი იყო: მოოქრული მანტია ემოსა, ბზინვარე სამკერდული ეკეთა, გვირგვინის ფორმის ჩალმა ეხურა, რომელიც იუდას მეფეების თავსაბურავის რელიკვიით, სიცოცხლისა და ხსნის სიმბოლოთი, ოქროს ყვავილით, ნეცერით, ჰქონდა მორთული. იესო ბენ სირა, „ეკლესიასტეს“ ავტორი და პირველი მწერალი, რომელიც აყვავებული ქალაქის წმინდა დრამას აღწერს, სიმონს „ცას მიწვდენილ კვიპაროსის ხეს“ უწოდებს. იერუსალიმში თეოკრატიული მმართველობა დამყარდა. სიტყვა „თეოკრატია“ იოსებ ფლავიუსმა გამოიგონა „მთლიანად ღმერთს მიბარებული და მისი მორჩილი“ მინისახელმწიფოს შესაფასებლად. ყოველი ცხოვრებისეული დეტალი მკაცრი წესებით რეგულირდებოდა, რადგან პოლიტიკა და რელიგია ერთმანეთისგან გამოყოფილი არ იყო. იერუსალიმში ქანდაკებებს ან ქვაზე ამოტვიფრულ გამოსახულებებს ვერსად ნახავდით. შაბათის წესს მანიაკალურად იცავდნენ. რელიგიური დანაშაული სიკვდილით ისჯებოდა. არსებობდა სიკვდილით დასჯის ოთხი გზა: ქვებით ჩაქოლვა, კოცონზე დაწვა, თავის მოკვეთა და ჩამოხრჩობა. მრუშებს ქვებით ქოლავდნენ. ჩაქოლვაში ყველა მონაწილეობდა (თუმცა, დამნაშავეს ჯერ კლდიდან ძირს გადააგდებდნენ ხოლმე, ამიტომ სასჯელის აღსრულებისას უმეტესად ყოველთვის უგონოდ იყო). მამაზე ხელის ამწევ ვაჟს ახრჩობდნენ. კაცს, რომელიც ქალთან და მის ქალიშვილთან იმრუშებდა, კოცონზე წვავდნენ. ებრაული ცხოვრების ცენტრი ტაძარი იყო: მღვდელმთავარი და მისი საბჭო, სინედრიონი, იქ იკრიბებოდა. ყოველ დილით საყვირების ხმის თანხლებით პირველი ლოცვის დაწყებას აცხადებდნენ, როგორც ამას მუსლიმი მუეძინი აკეთებს. დღეში ოთხჯერ შვიდი ვერცხლის საყვირის ახმიანებით ამცნობდნენ მლოცველებს, ტაძარში მიწაზე გართხმულიყვნენ. დღეში ორჯერ, დილით და საღამოს, ჯანმრთელი ვერძის, ძროხისა და მტრედის შეწირვა ტაძრის სამსხვერპლოსაე და საკურთხეველზე გუნდრუკის კმევა ებრაული თაყვანისცემის უმთავრესი რიტუალი იყო. სიტყვა „ჰოლოკოსტი“ ებრაული „ოლაჰ“ -იდანაა (რაც „ზემოთ ასვლას“ ნიშნავს) წარმოშობილი და ასე უწოდებდნენ დასაწვავ სამსხვერპლოზე შეწირულ ცხოველს, რომლის კვამლიც „მაღლა,“ ღმერთთან „ადიოდა“. ქალაქი ალბათ ტაძრის სამსხვერპლოს სუნით იყო გაჟღენთილი: დარიჩინისა და კასიის საკმევლების სურნელი შემწვარი ხორცის კვამლს ერწყმოდა. რა გასაკვირია, რომ იერუსალიმელები მურს, ბალზამსა და ნარდს იყენებდნენ სუნამოებად. დღესასწაულებზე იერუსალიმში პილიგრიმები ჩამოდიოდნენ. ტაძრიდან ჩრდილოეთით, ცხვრის ჭიშკართან, ცხვრებსა და ნახირს უვლიდნენ და შესაწირად ამზადებდნენ. პასექზე 200 000 კრავს კლავდნენ. თუმცა, ყველაზე წმინდა და უხვი კვირა იერუსალიმში „კარვების დღესასწაული“ იყო, როცა თეთრ ტანისამოსში გამოწყობილი კაცები და გოგონები ტაძრის ეზოში ცეკვავდნენ, მღეროდნენ, ანთებულ ჩირაღდნებს იქნევდნენ და ნადიმობდნენ; პალმისა და სხვა ხის ტოტებით თავიანთი სახლების სახურავებზე და ტაძრის ეზოში ქოხებს აგებდნენ.[37] თუმცა, თვით სამართლიანი სიმონის მმართველობის დროსაც კი მოიძებნებოდნენ მოხერხებული და გამოცდილი ებრაელები, რომლებიც მდიდარ ბერძნებს ჰგავდნენ, ბორცვის დასავლეთ კალთაზე, ზედა ქალაქის ბერძნულ სასახლეებში ცხოვრობდნენ. ის, რასაც ფანატიკოსი ებრაელი კონსერვატორები „წარმართულ სიბინძურეს“ უწოდებდნენ, ამათთვის ცივილიზაცია იყო. ასე დაიწყო იერუსალიმში დაყოფა: რაც უფრო წმინდა ხდებოდა ქალაქი, მით უფრო უცხოვდებოდა ხალხი ერთმანეთისგან. ერთმანეთის მეზობლად სასიკვდილოდ გადამტერებული, განსხვავებული ცხოვრების წესის მიმდევარი ოჯახები ცხოვრობდნენ. მალე ქალაქის და თვით ებრაელების არსებობას ნაბუქოდონოსორის შემდეგ ყველაზე უსინდისო ურჩხული დაემუქრა. ანტიოქე ეპიფანე: შეშლილი ღმერთი იერუსალიმის მფარველი ანტიოქე დიდი ვერ ისვენებდა: მცირე აზიისა და საბერძნეთის დაპყრობა მოინდომა. მაგრამ აზიის თავდაჯერებულმა მეფემ სათანადოდ ვერ შეაფასა ძალა აღმავლობის გზაზე მყოფი რომის რესპუბლიკისა, რომელსაც ჰანიბალი და კართაგენი დაემარცხებინა დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთზე გასაბატონებლად გამართულ ომებში. რომმა ანტიოქეს საბერძნეთზე თავდასხმა მოიგერია და აზიის მეფე აიძულა, ფლოტი და საომარი სპილოები დაეთმო, ხოლო ვაჟიშვილი მძევლად დაეტოვებინა რომში. ანტიოქე აღმოსავლეთში გაემართა ხაზინის შესავსებად, მაგრამ სპარსული ტაძრის ძარცვისას იგი მოკლეს. იერუსალიმის ტაძარს უკვე ბაბილონიდან ალექსანდრიამდე მცხოვრები ყოველი ებრაელი უხდიდა გადასახადს. იქ დაგროვილი სიმდიდრე სულ უფრო ხშირად ხდებოდა ებრაელ წინამძღოლებს შორის კამათის საგანი და მალე ფულნაკლული მაკედონელი მეფეების ყურადღებაც მიიპყრო. მამამისივით ანტიოქედ წოდებული აზიის ახალი მეფე სასწრაფოდ დედაქალაქ ანტიოქიაში გაეშურა და ტახტის სხვა პრეტენდენტი ნათესავები დახოცა. რომსა და ათენში აღზრდილ ანტიოქე IV-ს მამისგან შეუდარებელი გონიერება და ნიჭი გამოჰყვა, მაგრამ ავხორცული ყოყლოჩინობითა და მანიაკალური თავმომწონეობით შეშლილ ეგზიბიციონისტ ნერონსა და კალიგულას უფრო ჰგავდა. დამცირებული აზიის მეფის ძეს ბევრი რამ უნდა დაემტკიცებინა. თავაშვებულ, ლამაზ ანტიოქეს მოსწონდა სასახლის კარის რიტუალები, მაგრამ აწუხებდა იქაური შეზღუდვები და მიაჩნდა, რომ ყველასთვის მოულოდნელი რამეების ჩადენის სრული უფლება ჰქონდა. ანტიოქიაში ახალგაზრდა მეფე მთავარ მოედანზე დათვრა, იბანავა და ძვირფასი საცხებით საჯაროდ დაიზილა ტანი, ხოლო აბანოში კარისკაცებსა და მსახურებს დაუამხანაგდა. როცა ამ სეირის ერთ-ერთმა მაყურებელმა დაიწუწუნა, ძვირფას მურს დაუნანებლად როგორ ხარჯავსო, ანტიოქემ ბრძანება გასცა, ქოთანი იმ კაცის თავზე გადაემტვრიათ. ატყდა ერთი აურზაური, რადგან ბრბომ ძვირფასი ლოსიონის გადარჩენა სცადა, ხოლო მეფე ყველაფერს ისტერიკული სიცილით უყურებდა. ანტიოქეს, კოხტად ჩაცმულს, ოქრომკედით მოქარგული მოსასხამითა და ვარდის გვირგვინით თავდამშვენებულს მოსწონდა ქუჩაში გავლა, მაგრამ თუკი რომელიმე გამვლელი მიაშტერდებოდა, ქვებს დაუშენდა ხოლმე. ღამღამობით ანტიოქიის ჩიხებისა და გარეუბნების საროსკიპოებში გადაცმული დაიპარებოდა. უცნობებს ადვილად უმეგობრდებოდა, მაგრამ მისი ალერსი ჯიქისას ჰგავდა, რადგან ამ იმპულსურ პიროვნებას უეცრად შეეძლო საძაგელ და სასტიკ არსებად ქცევა. ელინური ხანის მონარქები, როგორც წესი, ჰერაკლეს ან სხვა ღმერთების შთამომავლებად მიიჩნევდნენ თავს, მაგრამ ანტიოქე უფრო წინ წავიდა. მან საკუთარ თავს ეპიფანე - „განკაცებული ღმერთი“ - უწოდა, მაგრამ ქვეშევრდომებმა ეს სახელი ეპიმანედ - „შეშლილად“ გადააკეთეს. თუმცა ამ თავისი სიგიჟით ანტიოქეს იმპერიის ერთი მეფისა და რელიგიის გარშემო თანდათანობით გაერთიანების იმედი ჰქონდა. ის თავისი ქვეშევრდომებისგან მოითხოვდა, ადგილობრივი ღმერთები ბერძნულ პანთეონთან შეერწყათ და მისთვისაც ღმერთივით თაყვანი ეცათ. მაგრამ ებრაელებს განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ ბერძნული კულტურისადმი: თან ეზიზღებოდათ, თან მოსწონდათ იგი. ისინი აღიარებდნენ ბერძნული ცივილიზაციის აღმატებულებას, მაგრამ აღაშფოთებდათ მისი დომინანტობა. იოსებ ფლავიუსის თქმით, ებრაელები ბერძნებს უსარგებლო, უწესო, დროსაყოლოლ ქარაფშუტებად მიიჩნევდნენ. თუმცა, მრავალი ებრაელი უარს არ ამბობდა მდიდრული ცხოვრების წესზე და ებრაულთან ერთად, ბერძნულ სახელებსაც ირქმევდა იმის საჩვენებლად, რომ შეეძლოთ, ბერძნებისნაირიც ყოფილიყო. აი, კონსერვატორ ებრაელებს კი ბერძნები ეზიზღებოდათ: მათთვის ბერძნები კერპთაყვანისმცემლები იყვნენ, სძულდათ მათი შიშველი ათლეტიზმიც. თავიდან ებრაელი დიდებულები ანტიოქიაში ჩასვლას ერთმანეთს ასწრებდნენ, რათა იერუსალიმის მართვის უფლება მიეღოთ. კრიზისი ოჯახებს შორის ფულისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად ატეხილმა დაპირისპირებამ გამოიწვია. მღვდელმთავარ ონია III-ის ძმამ, იასონმა ,ანტიოქე დამატებით ოთხმოცი ტალანტი ვერცხლის შეთავაზებით მოქრთამა. იასონი უკან მღვდელმთავრის ტიტულითა და იერუსალიმის ბერძნულ „პოლისად“ გადაქცევის პროგრამით დაბრუნდა: მეფის პატივსაცემად ქალაქს ანტიოქ-ჰიერუსალიმა („ანტიოქია იერუსალიმში“) უწოდა, თორას სწავლებები დააკნინა და, სავარაუდოდ, ბორცვის დასავლეთ კალთაზე ტაძრისკენ მიმართული ბერძნული გიმნასიონი ააშენა. იასონის რეფორმებმა საკმაო პოპულარობა მოიპოვა. ახალგაზრდა ებრაელები გიმნასიონში მოდურად ჩაცმულები დადიოდნენ და იქ შიშვლები ვარჯიშობდნენ, თავზე მხოლოდ ბერძნული ქუდი ეხურათ. როგორღაც იმასაც ახერხებდნენ, რომ წინადაცვეთილ ასოს, ღმერთთან დადებული აღთქმის ნიშანს, ფარავდნენ. აშკარად ჩანს, რომ მოდურობის გამო კომფორტზეც უარს ამბობდნენ. თუმცა, თავად იასონიც გააცურეს. მან თავისი მომხრე მენელაოსი გაგზავნა ანტიოქიაში ხარკის გადასახდელად, მაგრამ ვერაგმა მენელაოსმა ტაძრის სიმდიდრე მიითვისა, იერუსალიმის მართვის უფლება იასონს ჩამოართვა და მღვდლობის უფლებაც იყიდა, მიუხედავად იმისა, რომ ცადოკის გვარისა არ იყო. მენელაოსმა იერუსალიმი აიღო. როცა იერუსალიმელებმა პროტესტის ნიშნად მეფესთან ელჩები გაგზავნეს, ანტიოქემ ისინი სიკვდილით დაასჯევინა და მენელაოსს იმის უფლებაც კი მისცა, რომ ყოფილი მღვდელმთავარი, ონია მოეკლა. ანტიოქე თავისი იმპერიის აღსადგენი ბრძოლებისთვის ფულადი სახსრების მოძიებას ცდილობდა. იგი წარმოუდგენელ გადატრიალებას გეგმავდა: პტოლემეიანებისა და სელევკიდების დინასტიები უნდა გაეერთიანებინა. ძვ. წ. 170 წელს ანტიოქემ ეგვიპტე დაიპყრო, მაგრამ იერუსალიმელებმა გამარჯვება ჩაუშხამეს: განდევნილი იასონი დაბრუნდა და ქალაქი ააჯანყა. „შეშლილი“ ანტიოქე სინას ნახევარკუნძულის გავლით იერუსალიმში შეიჭრა, ქალაქი დაარბია და 10 000 ებრაელი გადაასახლა.[38] მენელაოსის თანხლებით ანტიოქე წმიდათა წმიდაში შევიდა, მიუტევებელი მკრეხელობა ჩაიდინა და ფასდაუდებელი არტეფაქტები - ოქროს სამსხვერპლო, შანდალი და საკურთხი პურის ტაბლა მოიპარა. უფრო უარესი, ანტიოქემ ებრაელებს მოსთხოვა, მისთვის ეცათ თაყვანი, როგორც „განკაცებული ღმერთისთვის“. მას სურდა გამოეცადა, რამდენად ერთგულნი იყვნენ ებრაელები მისი და ბერძნული კულტურის მიმართ. იერუსალიმში აჯანყების ჩახშობის შემდეგ მან ტაძრიდან ოქრო გაზიდა და ეგვიპტეში დაბრუნდა იქაურთა წინააღმდეგობის გასატეხად. ანტიოქეს რომაელების მიბაძვა უყვარდა. ტოგაშემოსხმული დადიოდა და ანტიოქიაში მოჩვენებით არჩევნებსაც ატარებდა, უჩუმრად კი აკრძალულ ფლოტს აშენებდა და საომარი სპილოების რაზმს ქმნიდა. თუმცა, რომაელებს უკვე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთზე გაბატონებაც განეზრახათ და ანტიოქეს მიერ იმპერიის აღდგენას ვერ მოითმენდნენ. როცა რომაელი დესპანი, პოპილიუს ლაენასი, ანტიოქეს ალექსანდრიაში შეხვდა, მის გარშემო, ქვიშაზე რკალი შემოხაზა და მოითხოვა, სანამ რკალს გადმოაბიჯებ, ეგვიპტიდან გასვლაზე თანხმობა უნდა განაცხადოო. სწორედ აქედან მოდის გამონათქვამი: „ზღვარის გავლება“. ანტიოქემ მწუხარებით ამოიოხრა და რომის ძლევამოსილების წინაშე თავი ჩაქინდრა. ამასობაში ებრაელები ანტიოქეს ღმერთად აღიარებასა და მის თაყვანისცემაზე უარს ამბობდნენ. სანამ იერუსალიმი მესამედ აჯანყდებოდა, „შეშლილმა“ ანტიოქემ გადაწყვიტა, ებრაული რელიგია საერთოდ ამოეძირკვა. ანტიოქე ეპიფანე: კიდევ ერთი „გატიალების სიბილწე“ ძვ. წ. 167 წელს ანტიოქემ ვერაგულად, შაბათ დღეს აიღო იერუსალიმი, ათასობით ადამიანი დახოცა, ქალაქის კედლები დაანგრია და ახალი ციტადელი, აკრა, ააშენა. მან ქალაქის მმართველობა ბერძენ გამგებელსა და კოლაბორაციონისტს, მენელაოსს გადასცა. შემდეგ ანტიოქემ ტაძარში მსხვერპლშეწირვა და მღვდელმსახურება აკრძალა, ბრძანა, სიკვდილით დაესაჯათ ყველა, ვინც შაბათის წმინდა დღეს აღნიშნავდა, მოსეს რჯულს დაიცავდა და წინადაიცვეთდა, ხოლო ტაძარში ღორის ხორცი დააყრევინა. 6 დეკემბერს ტაძარს სამეფოს მთავარი ღმერთის, ოლიმპიელი ზევსის სახელი უწოდეს, რაც „გატიალების სიბილწის“ ტოლფასი იყო. მეფე-ღმერთ ანტიოქეს (სავარაუდოდ, მისი თანდასწრებით), წმიდათა წმიდის გარეთ, სამსხვერპლოზე მსხვერპლი შესწირეს. „აღივსო ტაძარი აღვირახსნილობითა და წარმართთა უზნეობით, რომლებიც უზრუნველად ატარებდნენ დროს მეძავებთან, ტაძრის უწმინდეს ადგილებში მრუშობდნენ ქალებთან“. მენელაოსი თანახმა იყო, ტაძარში შეეშვა მლოცველები, ოღონდ სუროს გვირგვინებით თავდამშვენებულები უნდა ყოფილიყვნენ. ლოცვის შემდეგ მღვდლებიც კი გიმნასიონში მიდიოდნენ შიშველი ათლეტების შეჯიბრებების საყურებლად. შაბათის დღის აღმნიშვნელებს კოცონზე წვავდნენ ან საზარელი ბერძნული წესით, ჯვარცმით, სჯიდნენ. ერთმა მოხუცმა ებრაელმა ღორის ხორცის შეჭმას სიკვდილი არჩია. ქალები, რომლებმაც შვილები წინადაცვითეს, შვილებთან ერთად იერუსალიმის კედლებიდან გადაჩეხეს. თორას ფლეთდნენ და საჯაროდ წვავდნენ. ვისაც ხელნაწერების ასლს უპოვიდნენ, სიკვდილით სჯიდნენ. თუმცა, ტაძრის მსგავსად, თორაც სიცოცხლეზე ძვირფასი იყო. ამ ხოცვა-ჟლეტამ წამებულთა კულტი და აპოკალიფსის დიდი მოლოდინი გააჩინა. „მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს... საუკუნო სიცოცხლისთვის“ იერუსალიმში; ხალხს სჯეროდა, რომ ბოროტება დამარცხდებოდა და სიკეთე გაიმარჯვებდა მესიის, მარადიული დიდებით შემოსილი ძე კაცის გამოჩენისას.[39] ანტიოქე ანტიოქიაში დაბრუნდა და იქ თავისი მარცხნარევი გამარჯვებები იზეიმა. ოქროსსაჭურვლიანი სკვითი მხედრები, ინდური სპილოები, გლადიატორები და ოქროსაღვირიანი ნისაეური ცხენები დედაქალაქის ქუჩებში ჩაატარეს; მათ უკან მოჰყვებოდნენ მოოქრული გვირგვინებით თავდამშვენებული ახალგაზრდა ათლეტები, ათასი მსხვერპლად შესაწირი ხარი, ფორნები, რომლებზეც ქანდაკებები იდგა და ქალები, რომლებიც მაყურებლებს სუნამოებს აპკურებდნენ. ცირკის არენებზე გლადიატორები იბრძოდნენ, წითელი ღვინის მდინარეები მოედინებოდა, ხოლო მეფე თავის სასახლეში ართობდა სტუმრებს. ყველაფერს „შეშლილი“ ხელმძღვანელობდა, აქეთ-იქით დადიოდა, სტუმრებს ეგებებოდა, მასხარებს ეხუმრებოდა. ბანკეტის ბოლოს მასხარებმა ქსოვილში გახვეული ფიგურა შემოიყვანეს და მიწაზე დასვეს. მუსიკის პირველივე ნოტის გაჟღერებაზე მან ქსოვილი შემოიხია და ხალხის წინ ცეკვა-ცეკვით შიშველი მეფე გამოხტა. ამ გიჟური დებოშისგან სამხრეთით ანტიოქეს გენერლები სადამსჯელო საქმიანობებს ხელმძღვანელობდნენ. იერუსალიმთან ახლოს სოფელ მოდინში მოხუც მღვდელ მატათიას, ხუთი ვაჟის მამას, უბრძანეს ანტიოქეს სახელზე მსხვერპლი შეეწირა, რათა დაემტკიცებინა, რომ ებრაელი აღარ იყო. მაგრამ მატათიამ მეფის წარგზავნილებს ასეთი პასუხი გასცა: „მეფის სამეფო სახლის ყველა ხალხიც რომ დაემორჩილოს მას, მე მაინც დავრჩები მამა-პაპის აღთქმაში ჩემს ვაჟებთან ერთად“. როცა ერთი ებრაელი წინ გამოვიდა მსხვერპლის შესაწირად, მატათია „შურით აღინთო და გული აემღვრა“. მან ხმალი იშიშვლა და ჯერ მოღალატე მოკლა, მერე - ანტიოქეს გენერალი. შემდეგ სამსხვერპლოდან ჩამოვიდა და ხალხს მოუწოდა: „რჯულისა და მცნებებისთვის ყველა მოშურნე გამომყვეს მე“. ბერიკაცი და მისი ხუთი ვაჟი მთებში გაიქცნენ. მათ ხასიდების, „სამართლისა და რჯულის მოშურნეთა“ სახელით ცნობილი მრავალი ღვთისმოშიში ებრაელი გაჰყვა. ისინი იმდენად ღვთისმოშიშები იყვნენ, რომ შაბათ დღეს ბრძოლაზეც უარს ამბობდნენ, ამიტომ ბერძნები ბრძოლის გამართვას ყოველთვის შაბათობით ცდილობდნენ. მატათია ამ შემთხვევიდან მალევე მოკვდა, მაგრამ მისი მესამე ვაჟი, იუდა, იერუსალიმის შემოგარენში გახიზნულ ებრაელებს სათავეში ჩაუდგა და ზედიზედ სამი სირიული ლაშქრის დამარცხება შეძლო. ანტიოქეს ებრაელთა ამბოხი სერიოზულად არ მიუღია. თვითონ ერაყისა და სპარსეთის დასაპყრობად გაემართა, ხოლო ამბოხის ჩახშობა მეფისნაცვალ ლისიას დაავალა. იუდამ ლისიაც დაამარცხა. სპარსეთის ლაშქრობაში მყოფი ანტიოქეც კი მიხვდა, რომ იუდას გამარჯვებები იმპერიას რღვევით ემუქრებოდა, ამიტომ რელიგიური ტერორი შეწყვიტა. სინედრიონის პრობერძნულ წევრებს მისწერა, ებრაელებს შეუძლიათ, საკუთარი რჯულისამებრ იცხოვრონ და იკვებონო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მალე ანტიოქე ეპიფანეს ეპილეფსიური შეტევა დაემართა და ეტლიდან მკვდარი გადმოვარდა. იუდას კი უკვე მოეხვეჭა გმირული მეტსახელი, რომელიც მისი დინასტიის სახელად იქცა - „ჩაქუჩი“. 8. მაკაბელები ძვ. წ. 164-66 იუდა „ჩაქუჩი“ ძვ. წ. 164 წლის ზამთარში იუდა „ჩაქუჩმა“ მთელი იუდეა დაიპყრო, გარდა ანტიოქეს მიერ ახლად აშენებული აკრას ციხესიმაგრისა. როცა იუდამ მიტოვებული და მოუვლელი ტაძარი დაინახა, მოთქმა დაიწყო. მან საკმეველი აკმია, წმიდათა წმიდა აკურთხა და მსხვერპლშეწირვა განაახლა. გაძარცულ ქალაქში საკმარისი ზეთი არ იყო, მაგრამ რაღაც სასწაულით ტაძარში ანთებული სანთლები არ ქრებოდა. ტაძრის გათავისუფლებას და ხელახლა კურთხევას დღესაც აღნიშნავენ ებრაელები ხანუქას, ანუ „სატფურების“ დღესასწაულზე. იუდა „ჩაქუჩმა“ - არამეულად მაქაბამ[40] - იორდანია დალაშქრა, ხოლო გალილეველი ებრაელების გასათავისუფლებლად თავისი ძმა, სიმონი გაგზავნა. იუდას გარეშე ებრაელები დამარცხდნენ. მაკაბელებმა საპასუხოდ შეუტიეს, ხებრონი და ედომი აიღეს და, სანამ იერუსალიმში აკრას ციხესიმაგრეს ალყას შემოარტყამდნენ, აშდოდში წარმართული სამლოცველო დაანგრიეს. სელევკიდმა რეგენტმა ბეთლემის სამხრეთით, ბეთ-ზაქარიაში მაკაბელები დაამარცხა და იერუსალიმი ალყაში მოაქცია, მაგრამ მალე ალყის მოხსნა მოუწია, რადგან ანტიოქიაში ამბოხი დაიწყო. მან ებრაელებს ნება დართო, თავიანთი რჯულის მიხედვით ეცხოვრათ და ტაძარში მსხვერპლი შეეწირათ. ნაბუქოდონოსორის დროიდან ოთხი საუკუნის შემდეგ ებრაელთა დამოუკიდებლობა აღდგა. მაგრამ ებრაელები კვლავაც საფრთხეში იყვნენ. სამოქალაქო ომებით დასუსტებულ, შემცირებულ, მაგრამ ჯერაც საკმაო ძალის მქონე სელევკიდების დინასტიას ებრაელების მთლიანად გაჟლეტა და პალესტინის შენარჩუნება ჰქონდა განზრახული. ყველაფრის დეტალურად მოყოლა შორს წაგვიყვანს და სელევკიდი ტახტის მემკვიდრეების ერთი და იგივე სახელები დაგვაბნევს, მაგრამ მოკლედ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ამ ბრძოლების პერიოდში რამდენჯერმე დადგა მომენტი, როცა მაკაბელები განადგურების წინაშე აღმოჩნდნენ. თუმცა, ეს დაუღალავი, მრავალრიცხოვანი და გონიერი ოჯახი გადარჩენასა და საპასუხო დარტყმის განხორციელებას ყოველთვის ახერხებდა. აკრას ციხესიმაგრე, რომელიც ტაძარს გადაჰყურებდა, იერუსალიმს ორად ყოფდა და ტანჯავდა. როცა საყვირების ხმაზე მღვდლები მსხვერპლშეწირისთვის გაემზადებოდნენ, აკრას ციხესიმაგრეში გამაგრებული წარმართი მეომრები და რენეგატი ებრაელები „მოულოდნელად გამოცვივდებოდნენ, - წერს იოსებ ფლავიუსი, - და ტაძრისკენ მიმავლებს ხოცავდნენ“. ებრაელებმა მღვდელმთავარი მენელაოსი, „მიზეზი ყოველ სიავეთა“, სიკვდილით დასაჯეს და მის ნაცვლად სხვა აირჩიეს.[41] მაგრამ სელევკიდები ისევ გაერთიანდნენ. მათმა სარდალმა, ნიკანორმა, იერუსალიმი დაიპყრო. ბერძენმა სარდალმა სამსხვერპლოსკენ მიუთითა და დაიმუქრა: „თუკი ახლავე არ ჩამაბარებთ იუდას და მის ლაშქარს, გადავწვავ ამ სახლს.“ თავის გადასარჩენად მებრძოლმა იუდამ ბერძნული სამეფოების უპირველეს მტერს, რომს თხოვნით მიმართა და რომმაც ებრაელთა სუვერენიტეტი აღიარა. ძვ. წ. 161 წელს იუდა მაკაბელმა ნიკანორი დაამარცხა და მისი მოკვეთილი თავი და ხელი იერუსალიმში მიიტანა. ეს სისხლიანი ალაფი - მარჯვენა ხელი და ამოგლეჯილი ენა, რომელიც ტაძრის დანგრევით დაიმუქრა - ფრინველების საჯიჯგნად გამოკიდეს, ხოლო თავი ციხესიმაგრის გალავანზე სარზე წამოაგეს. ებრაელებმა ამ დღეს ნიკანორის დღე უწოდეს და გათავისუფლებას ყოველ წელს ზეიმობდნენ. შემდეგ სელევკიდებმა თავად იუდა მაკაბელი მოკლეს; იერუსალიმი კვლავ დაეცა. იუდა მოდინში დამარხეს. თითქოს მარცხი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ იუდას ძმები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. სიმონ დიდი: მაკაბელების ტრიუმფი ორწლიანი მალვის შემდეგ იუდას ძმა, იონათანი, უდაბნოდან გამოიჭრა და სელევკიდებს შეუტია. ის მიხმასში დაბანაკდა, ბერძნების მფლობელობაში მყოფი იერუსალიმიდან ჩრდილოეთით. იონათანი დიპლომატიურობით გამოირჩეოდა და, იერუსალიმზე კონტროლის დასამყარებლად, სირიის და ეგვიპტის მეფეებს ერთმანეთის წინააღმდეგ აქეზებდა. მან იერუსალიმის კედლები აღადგინა, ტაძარი აკურთხა და იმდენი მოახერხა, რომ ძვ. წ. 153 წელს სელევკიდ მეფეს ოქროს გვირგვინი და „მეფის მეგობრის“ წოდება გამოსტყუა. ის მღვდელმთავრად დანიშნეს. იონათან მაკაბელს მირონი სცხეს, სამეფო ყვავილით დაამშვენეს და მღვდლის შესამოსელით შემოსეს ყველაზე ხმაურიან, კარვების დღესასწაულზე. მაგრამ იონათანი პროვინციელი მღვდლის შთამომავალი იყო და ცადოკის გვართან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, ამიტომ, მიუხედავად მისი მიღწევებისა, ერთ-ერთმა ებრაულმა სექტამ ის „უკეთურ მღვდლად“ შერაცხა. თავიდან იონათანს მხარს ეგვიპტის მეფე პტოლემაიოს VI ფილომეტერი უჭერდა. მეფე იაფოში (უახლოესი პორტი იერუსალიმთან, იგივე იაფა) დაბანაკდა და იონათანი თავისთან იხმო. ფარაონისა და მღვდელმთავრის დიდებით შეხვდნენ ისინი ერთმანეთს. პტოლემაისში (დღევანდელ აკოში) პტოლემაიოსმა ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ყოველი ბერძენი მეფის ოცნება აისრულა: ის აზიისა და ეგვიპტის მეფედ აკურთხეს, მაგრამ ამ ტრიუმფის ჟამს მისი ცხენი სელევკიდების სპილოს დანახვაზე დაფრთხა, მეფე ძირს გადმოვარდა და მოკვდა.[42] სანამ სელევკიდები ტახტისთვის ერთმანეთს ებრძოდნენ, დიპლომატი იონათანი გამუდმებით იცვლიდა მხარეებს. ტახტის ერთ-ერთმა სელევკიდმა პრეტენდენტმა, რომელიც ანტიოქიაში ალყაში მოაქციეს, იონათანს მიშველების სანაცვლოდ ებრაელთათვის სრული დამოუკიდებლობის მინიჭების პირობა მისცა. იონათანმა 2000 მეომრით გაიარა დღევანდელი ისრაელის, ლიბანისა და სირიის ტერიტორია და ანტიოქიაში მივიდა. ებრაელმა ჯარისკაცებმა, რომლებიც სასახლიდან ცეცხლმოკიდებულ ისრებს ისროდნენ და სახურავიდან სახურავზე ხტებოდნენ, მეფე გადაარჩინეს და ისევ ტახტზე აიყვანეს. იუდეაში (აქ იუდას მიწა უკვე იუდეად მოიხსენიება, როგორც ბიბლიურ ტექსტებში - მთარგმ. შენ.) დაბრუნებულმა იონათანმა აშკელონი, ღაზა და ბეთ-ცური დაიპყრო და იერუსალიმში აკრას ციხესიმაგრეს ალყა შემოარტყა, მაგრამ იონათანი პტოლემაისში პირადი მცველების გარეშე გაიტყუეს, სადაც ბერძენმა მოკავშირემ ღალატით შეიპყრო და იერუსალიმს თავად შეუტია. მაკაბელთა გვარს ძალა ჯერ არ გამოლეოდა. კიდევ ერთი ძმა იყო დარჩენილი: სიმონი. მან იერუსალიმი გაამაგრა და ლაშქარი შეკრიბა. უეცრად მოსულმა დიდმა თოვლმა ბერძნები უფრო მეტად დააფრთხო და უკან დაიხიეს, თუმცა მოღალატე ბერძენმა შური მაინც იძია და სიმონის ძმა იონათანი სიკვდილით დასაჯა. ძვ. წ. 141 წელს სიმონმა აკრა დაანგრია[43] და მთის კალთაც, რომელზეც ის იდგა, მიწასთან გაასწორა. იერუსალიმში ეს დღე „ქება-დიდებით, პალმის ტოტებით, ქნარებით, წინწილებით, საგალობლებითა და სადიდებლებით“ აღნიშნეს. „წარმართის უღელი მოეხსნა ისრაელს“. დიდმა კრებამ სიმონი კანონიერ მმართველად გამოაცხადა, ოქროს ბალთა გაუკეთა და სამეფო ძოწეულით შემოსა. გვარით არა, მაგრამ სხვა ყველაფრით, სიმონი ნამდვილი მეფე გახდა. „ხალხმა ასე დაიწყო წერა სიგელებსა და ხელშეკრულებებში: სიმონის, დიდი მღვდელმთავრის, მთავარსარდლისა და ებრაელთა წინამძღოლის პირველ წელსო“. იოანე ჰირკანი: იმპერიის მშენებელი სიმონ დიდი პოპულარობის ზენიტში იყო, როცა ძვ. წ. 134 წელს სიძემ სადილად მიიწვია. იქ მაკაბელთა გვარის კიდევ ერთი წარმომადგენელი მოკლეს. სიძემ სიმონის ცოლი და მისი ორი ვაჟიშვილი დაატყვევა. მკვლელებმა სიმონის კიდევ ერთი ვაჟის, იოანეს (ებრაულად იეჰოანანის) შეპყრობაც სცადეს, მაგრამ ის გაიქცა და იერუსალიმში გამაგრდა. იოანეს ყოველი მხრიდან უბედურება დაატყდა თავს. მან შეთქმულებს მათსავე ციხესიმაგრეში შეუტია, მაგრამ დედამისი და ძმები მის თვალწინ შუაზე გაგლიჯეს. იოანე სიმონის მესამე ძე იყო და მის გამეფებას არავინ ელოდა, მაგრამ მას გვარისთვის დამახასიათებელი ყველა უნარი გააჩნდა იმისთვის, რომ„ქარიზმატული, მესიანური თვისებებით“ იდეალური ებრაელი მმართველი გამხდარიყო. როგორც იოსებ ფლავიუსი წერს, ღმერთმა იოანე „სამი უდიდესი პრივილეგიით დააჯილდოვა: ერისმთავრობით, მღვდელმთავრობითა და წინასწარმეტყველების ნიჭით“. სელევკიდმა მეფე ანტიოქე VII სიდეტმა ებრაელთა სამოქალაქო ომი პალესტინის დასაბრუნებლად და იერუსალიმისთვის ალყის შემოსარტყმელად გამოიყენა. იერუსალიმელები შიმშილის ზღვარზე იყვნენ, როცა სიდეტმა კეთილი ნება გამოიჩინა და კარვების დღესასწაულზე მოოქრულრქებიანი შესაწირი ხარების გაგზავნით მოლაპარაკების სურვილი გამოთქვა. იოანე მას დაუზავდა, იუდეის საზღვრებს გარეთ მაკაბელთა მიერ დაპყრობილი ყველა მიწა დათმო და 500 ტალანტი ვერცხლის გადახდისა და იერუსალიმის კედლების დანგრევის პირობა დადო. იოანე ასევე უნდა დახმარებოდა ახალ ბატონს ირანსა და ერაყში წარმოშობილი ახალი ძალის, პართიელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ლაშქრობა ბერძენთათვის კატასტროფული აღმოჩნდა. შესაძლოა, იოანე წინასწარ საიდუმლოდ მოელაპარაკა პართიელთა მეფეს, რომელსაც მრავალი ებრაელი ქვეშევრდომი ჰყავდა. ბერძენი მეფე მოკლეს, ხოლო იოანე როგორღაც მშრალად ამოძვრა ამ ჭაობიდან და სამეფოს დამოუკიდებლობა მოუპოვა.[44] გარეშე იმპერიული ძალები შიდა ინტრიგებით იყვნენ გართულები, ამიტომ იოანემ მეფე დავითის დროიდან პირველად მასშტაბური დაპყრობები დაიწყო. ბედის ირონიით, ამისთვის ფინანსური სახსრები იოანემ სწორედ დავითის აკლდამის გაძარცვით იშოვა. სავარაუდოდ, აკლდამა დავითის ძველ ქალაქში იყო. იოანემ მდინარე იორდანეს გადაღმა მადაბა დაიპყრო, სამხრეთში ედომელები (რომლებსაც მას შემდეგ იდუმეველებად იხსენიებდნენ) იძულებით მოაქცია იუდაიზმზე და სანამ გალილეას აიღებდა, სამარიელები დაამარცხა. გაფართოებულ იერუსალიმში[45] იოანემ ე. წ. პირველი კედელი ააშენა. მისი სამეფო რეგიონში მთავარ ძალად იქცა, ხოლო იერუსალიმის ტაძარი ებრაელთა ცხოვრების ცენტრი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთში მზარდი ებრაული სათვისტომოები ადგილობრივ სინაგოგებში აღავლენდნენ ყოველდღიურ ლოცვებს. სავარაუდოდ, სწორედ ამ სტაბილურ ხანაში შესწორდა და შეთანხმდა ოცდაოთხი წმინდა წიგნის ტექსტი და ებრაულმა ძველმა აღთქმამ ჩამოყალიბებული სახე მიიღო. იოანეს სიკვდილის შემდეგ მისმა ძემ, არისტობულოსმა, თავი იუდეის მეფედ გამოაცხადა და იერუსალიმი მონარქის სატახტო ქალაქად 586 წლის შემდეგ პირველად იქცა. არისტობულოსმა დღევანდელი ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე იტურეა და სამხრეთ ლიბანი დაიპყრო. თუმცა, მაკაბელები თავიანთი მტრების მსგავსად, თვითონაც ბერძნებს დაემსგავსნენ: ებრაულთან ერთად ბერძნულ სახელებს ირქმევდნენ, ბერძენი ტირანებივით სასტიკი მმართველები გახდნენ. არისტობულოსმა დედამისი დაატყვევა, ხოლო თავისზე პოპულარული ძმა მოკლა. საბოლოოდ, დანაშაულის გრძნობამ ჭკუიდან შეშალა. სიკვდილის პირას მყოფი არისტობულოსი სისხლს აღებინებდა და შიშობდა, რომ მისი მეორე, ქედმაღალი ძმა, ალექსანდრე იანაი, ნამდვილი ურჩხული იყო, რომელიც მაკაბელების დინასტიას ბოლოს მოუღებდა. ალექსანდრე თრაკიელი: მრისხანე ახალგაზრდა ლომი როგორც კი მეფე ალექსანდრემ (იანაი ებრაული იეჰონათანის (იონათანის) ბერძნული ვარიანტია) იერუსალიმში პოზიციები გაიმაგრა, თავისი ძმის ქვრივზე იქორწინა და ებრაული იმპერიის გასაფართოებლად დაპყრობები დაიწყო. ალექსანდრე უსინდისო და უსულგულო იყო, ებრაელებმა მალე შეიზიზღეს ეს გარყვნილი სადისტი, რომელიც სიხარულით აჩაღებდა ომს მეზობლებთან. დასუსტებული ბერძნული სამეფოები მაშინ ნგრევის პირას იმყოფებოდა, ხოლო რომაელები ჯერ კიდევ არ გამოჩენილიყვნენ. ალექსანდრე ხშირად დამარცხებულა, მაგრამ მუდამ ბედი სწყალობდა[46] და მეტოქეს სასტიკად უსწორდებოდა: ებრაელებმა მას „თრაკიელი“ უწოდეს მისი ბარბაროსული ქცევისა და ლაშქარში ბერძენი ჯარისკაცების ყოლის გამო. ალექსანდრემ ეგვიპტის საზღვრებთან ღაზა და რაფაჰი, ხოლო ჩრდილოეთში გოლანი დაიპყრო. მოაბში მას ნაბატეველი არაბები ჩაუსაფრდნენ და ალექსანდრეს იერუსალიმში გაქცევა მოუწია. კარვების დღესასწაულზე მღვდელმთავრის მოვალეობის შესრულებისას ბრბომ მას ხილი დაუშინა. ფარისეველთა სექტის მიერ (რომლებიც ზეპირსიტყვიერი ტრადიციების დამცველებიც იყვნენ და თორასიც) შეგულიანებულმა ბრბომ მეფეს დასცინა, რახან დედაშენი დატყვევებული იყო, მღვდელმთავრობის უფლება არ გაქვსო. პასუხად ალექსანდრემ ბრბოს ბერძენი ჯარისკაცები მიუსია და ქუჩებში 6000 ადამიანი დაახოცვინა. სელევკიდებმა ეს ამბოხი იუდეაზე თავდასხმის საბაბად გამოიყენეს. ალექსანდრე მთებში გაიქცა. და იქ იცდიდა, სანამ შურის საძიებლად ხელსაყრელ შემთხვევას გამონახავდა. როცა მეფე იერუსალიმში ხელახლა შევიდა, 50 000 ქვეშევრდომი გაჟლიტა. ალექსანდრემ გამარჯვება დიდი ნადიმით აღნიშნა, ხარჭებთან ერთად ხტუნავდა და ცეკვავდა, თან თვალს ადევნებდა, როგორ აცვეს 800 ამბოხებული ჯვარს, ჯვარცმულების თვალწინ კი მათ ცოლებსა და შვილებს გამოსჭრეს ყელი. „მრისხანე ახალგაზრდა ლომი“, როგორც მას მტრები უწოდებდნენ, ლოთობამ იმსხვერპლა და ცოლს, სალომე ალექსანდრას დაუტოვა ებრაული იმპერია, რომელიც დღევანდელი ისრაელის, პალესტინის, იორდანიის, სირიისა და ლიბანის ნაწილს მოიცავდა. სიკვდილის წინ მეფემ ცოლს დაუბარა, მისი სიკვდილის შესახებ ჯარისკაცებისთვის მხოლოდ მაშინ გაემხილა, როცა იერუსალიმში პოზიციებს გაიმყარებდა და შემდეგ ფარისეველთა დახმარებით ემართა ქალაქი. ახალი დედოფალი იზებელის ასულის შემდეგ იერუსალიმის პირველი ქალი მმართველი იყო. მაგრამ მაკაბელთა დინასტია უკვე გამოფიტულიყო. ორი მეფის ქვრივი, სალომე ალექსანდრა (სალომე ბერძნული ვარიანტია შალომსიონისა - „მშვიდობიანი სიონისა“), პატარა იმპერიას ფარისევლების დახმარებით სამოც წლამდე მართავდა, მაგრამ თავისი ორი ძის კონტროლი ძალიან უჭირდა. უფროსი ძმა, მღვდელმთავარი იოანე ჰირკან II არასაკმარისად ენერგიული იყო, ხოლო უმცროსი ძმა არისტობულოსი - ზედმეტად ენერგიული. ჩრდილოეთში რომი ხმელთაშუაზღვისპირეთს თანდათან იპყრობდა. რომმა ჯერ საბერძნეთი ჩაყლაპა, შემდეგ კი ბერძენი მეფე მითრიდატეს (მითრიდატე VI ევპატორის) წინააღმდეგობა დაძლია და დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არსებული პონტოს სამეფო დაიპყრო. ძვ. წ. 66 წელს, მითრიდატეს დამარცხების შემდეგ, რომაელი გენერალი პომპეუსი ვაკუუმის შესავსებად სამხრეთისკენ დაიძრა. რომი იერუსალიმს უახლოვდებოდა. 9. რომაელების გამოჩენა ძვ. წ. 66-40 პომპეუსი წმიდათა წმიდაში სალომე დედოფლის სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჰირკან II იერიქონში არისტობულოს II-მ დაამარცხა. ძმები დაზავდნენ და იერუსალიმის ტაძარში ხალხის წინ ერთმანეთს გადაეხვივნენ. არისტობულოსი მეფე გახდა. ჰირკანი გადადგა, მაგრამ მას მრჩევლად ჰყავდა ცბიერი უცხოელი, ანტიპატრი, რომელიც მასზე დიდ ზეგავლენას ახდენდა. ეს იდუმეველი დიდებული იუდეის მომავალი იყო. მისი ძე, ჰეროდე, მეფე გახდა. ეს ნიჭიერი, მაგრამ გარყვნილი ოჯახი იერუსალიმის ბედს მომდევნო საუკუნის განმავლობაში განსაზღვრავდა; სწორედ მათ მისცეს ტაძრის მთას და დასავლეთ კედელს დღევანდელი ფორმა. ანტიპატრმა ჰირკანი ნაბატეველი არაბების დედაქალაქში, „დროსავით ძველსა და ვარდისფერ“ პეტრაში გააქცია. ინდური სუნელებით ვაჭრობით ზღაპრულად გამდიდრებული ანტიპატრის არაბი ცოლის ნათესავი, მეფე არეტა (არაბულად ჰარიტი) მათ მეფე არისტობულოსის დამარცხებაში დაეხმარა. არისტობულოსი იერუსალიმში გაიქცა, არაბი მეფე უკან დაედევნა და ტაძრის მთაში გამაგრებულ არისტობულოსს ალყა შემოარტყა. თუმცა, ეს ხმაური და მძვინვარება სულ ამაო იყო, რადგან ჩრდილოეთით, დამასკოში, პომპეუსი დაბანაკდა. რომის ყველაზე გავლენიანი ადამიანი გნეუს პომპეუსი დამოუკიდებელი სარდალი იყო, რომელმაც პირადი ლაშქრით რომის სამოქალაქო ომებში იტალიაში, სიცილიაზე და აფრიკაში გამარჯვებები მოიპოვა. მას უკვე ორი ტრიუმფი ეზეიმა და დიდძალი ქონება დაეგროვებინა. ამ ფრთხილ გენერალს ანგელოზური სახე ჰქონდა - „პომპეუსის ლოყებზე ულამაზესს ვერაფერს ნახავდით“ - მაგრამ სწორედ ეს ატყუებდა ბევრს: ისტორიკოს სალუსტიუსის თქმით, პომპეუსი „სახით მშვენიერი, გულით კი უსირცხვილო“ იყო. სამოქალაქო ომებში გამოვლენილმა სადიზმმა და სიხარბემ მას მეტსახელი „ახალგაზრდა ყასაბი“ მოუხვეჭა. ბრძოლების შემდეგ ის რომში დასახლდა, მაგრამ დაფნის გვირგვინოსნებს გავლენის შესანარჩუნებლად მუდმივი წარმატებები სჭირდებოდათ. მისი მეორე მეტსახელი მაგნუსი - „დიდი“ - ნახევრად სარკასტული იყო. ბავშვობაში პომპეუსი აღმერთებდა ალექსანდრე დიდს და მისი ჰომეროსისეული, გმირული ლაშქრობებით შექმნილი სამეფოს ფლობა აღმოსავლეთის სხვა დაუპყრობელ პროვინციებთან ერთად, ყოველი რომაელი ოლიგარქისთვის სანუკვარი ოცნება იყო. ძვ. წ. 64 წელს პომპეუსმა სელევკიდების სამეფო გაანადგურა, სირია დაიპყრო და სიამოვნებით დათანხმდა, დაპირისპირებულ ებრაელებს შორის შუამავალი გამხდარიყო. პომპეუსს იერუსალიმიდან არა მხოლოდ ერთმანეთს გადამტერებული ძმების, არამედ ფარისევლების დელეგაციაც ეწვია. ფარისევლები მას მაკაბელების თავიდან მოშორებას სთხოვდნენ. პომპეუსმა ორივე ძმას ურჩია, დაეცადათ, სანამ სამართლიან განაჩენს გამოიტანდა. მაგრამ არისტობულოსმა, რომელიც რომის სიძლიერეს ჯეროვნად ვერ აფასებდა, ვერ მოითმინა და პომპეუსი მოატყუა. პომპეუსი იერუსალიმში შეიჭრა, მაგრამ მაკაბელები ტაძრის მთაში გამაგრდნენ და ზედა ქალაქთან დამაკავშირებელი ხიდი დაანგრიეს. პომპეუსი ბეთეზდას აუზის ჩრდილოეთით დაბანაკდა და სამი თვის განმავლობაში კატაპულტებით ბომბავდა ალყაშემორტყმულ ტაძარს. ებრაელების ღვთისმოშიშობით რომაელებმაც ისარგებლეს - შაბათის უქმე დღეს ჩრდილოეთიდან შეიჭრნენ ტაძარში და სამსხვერპლოს მცველ მღვდლებს ყელი გამოსჭრეს. ებრაელებმა საკუთარ სახლებს ცეცხლი წაუკიდეს, ზოგი გალავნიდან გადახტა და თავი მოიკლა. სულ ოცი ათასი ადამიანი დაიღუპა. პომპეუსმა დამცავი კედლები დაანგრია, მონარქია გააუქმა, მაკაბელთა სამეფოს უდიდესი ნაწილი ჩამოაჭრა და იუდეის მღვდელმთავრად ჰირკანი დანიშნა, ჰირკანის მრჩეველ მინისტრად კი - ანტიპატრი. პომპეუსმა წმიდათა წმიდის ხილვის ცდუნებას ვერ გაუძლო. რომაელებს ძალიან აინტერესებდათ აღმოსავლური წეს-ჩვეულებები, მაგრამ საკუთარი მრავალღმერთიანობით ამაყობდნენ და ებრაელი მონოთეისტების ცრუმორწმუნოებრივი პრიმიტივიზმი აღიზიანებდათ. ბერძნები ღვარძლიანად დასცინოდნენ ებრაელებს, საიდუმლოდ ვირის თავს სცემენ თაყვანს, მსხვერპლად შესაწირად კი სპეციალურად ასუქებენ ადამიანებს და მერე მათ ხორცს ჭამენო. პომპეუსი და მისი ამალა წმიდათა წმიდაში შევიდა; მან მიუტევებელი მკრეხელობა ჩაიდინა, რადგან თვით მღვდელმთავარიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ შედიოდა იქ. რომაელი გენერალი, სავარაუდოდ, მეორე წარმართი იყო ანტიოქე IV-ის შემდეგ, რომელიც წმინდა ოთახში შევიდა. პომპეუსმა მოწიწებით დაათვალიერა იქაურობა, დარწმუნდა, რომ იქ მხოლოდ სიწმინდე სუფევდა და ოქროს მაგიდისა და წმინდა სასანთლის გარდა არაფერი, არანაირი ღმერთის ოქროს თავი არ იდგა. მას არაფერი მოუპარავს. პომპეუსი რომში დაბრუნდა, აზიური გამარჯვებები ტრიუმფით რომ აღენიშნა. ჰირკანს მეამბოხე არისტობულოსი და მისი ძეები არ ასვენებდნენ, მაგრამ რეალურმა მმართველმა ანტიპატრმა იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ძალად ქცეულ რომში მხარდაჭერის მოპოვება მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ რომაული პოლიტიკის უეცარი ცვლილებები თვით ყველაზე ცბიერ პოლიტიკოსებსაც კი რთულ ვითარებაში აგდებდა. პომპეუსს ძალაუფლების სხვა ორ გენერალთან გაყოფა მოუწია. ეს გენერლები იყვნენ ტრიუმვირატის წევრები - კრასუსი და კეისარი. მალე კეისარმა გალიის დაპყრობით სახელი დიდად გაითქვა. ხოლო ძვ. წ. 55 წელს აღმოსავლეთში დიდების მაძიებელი კიდევ ერთი რომაელი ოლიგარქი სირიაში გამოჩნდა, რათა მეტოქეთა თანასწორი გამარჯვებები მოეპოვებინა. კლეოპატრამ რომის მბრძანებელთან საიდუმლო შეხვედრა მოითხოვა. სექსუალურ-პოლიტიკური პანტომიმის ეს გამოცდილი იმპრესარიო კეისრის ოთახში თეთრეულის კალათში ჩამალული შეიყვანეს (და არა ხალიჩაში გახვეული); შესაძლოა, კლეოპატრა წინასწარ მიხვდა, რომ კეისარს ასეთი თეატრალური დადგმა მოხიბლავდა. ბრძოლებით გადაქანცული, გაჭაღარავებული და ნახევრად გამელოტებული, ორმოცდათორმეტი წლის გაიუს იულიუს კეისარი კვლავაც ინარჩუნებდა გასაოცარ ახალგაზრდულ ძალას, ბრძოლის, წერისა და პოლიტიკური ინტრიგების ხლართვის ნიჭს. გარდა ამისა, ის სექსუალური ავანტიურისტიც იყო, რომელიც კრასუსის და პომპეუსის ცოლებთანაც წოლილა. კლეოპატრა მასთან შეხვედრისას ოცდაერთი წლის იყო. ვერ იტყოდით, რომ შეუდარებლად ლამაზი იყო, მაგრამ მისი მიმზიდველობა, შარმი და ხიბლი, რომელსაც გარშემო ასხივებდა, ყველას ნუსხავდა; თუმცა კი, როგორც მონეტებიდან და ქანდაკებებიდან ჩანს, კლეოპატრას წინაპრების კეხიანი ცხვირი და გამოშვერილი ნიკაპი ჰქონდა. კლეოპატრას სამეფოს დაბრუნება და თავისი შეუდარებელი საგვარეულოს სიდიადის დამტკიცება სურდა. კეისარიც და კლეოპატრაც ავანტიურისტული პოლიტიკის მიმდევრები იყვნენ. ისინი საყვარლები გახდნენ. კლეოპატრამ კეისარს ვაჟი გაუჩინა, კესარიონი. რაც მთავარია, კეისარი მისი მხარდამჭერი და ერთგული გახდა. მალე კლეოპატრასა და მისი რომაელი მფარველის წინააღმდეგ აჯანყებულმა ეგვიპტელებმა კეისარი ალექსანდრიაში ალყაში მოიქციეს. იერუსალიმში პომპეუსის მომხრე ანტიპატრმა იფიქრა, რომ კეისრის წინაშე ცოდვების გამოსყიდვისთვის ხელსაყრელი დრო დადგა. ის 3000 ებრაელი ჯარისკაცით ეგვიპტეში ჩავიდა, ეგვიპტელი ებრაელები მიიმხრო და კეისრის მოწინააღმდეგეებს შეუტია. კეისარმა გაიმარჯვა და კლეოპატრა ხელისუფლების სათავეში დააბრუნა. რომში დაბრუნებამდე მადლიერმა კეისარმა ჰირკანი ისევ დააბრუნა მღვდელმთავრისა და ეთნარქის, ანუ ერისმთავრის, თანამდებობაზე და იერუსალიმის კედლების აღდგენის ნებაც დართო. მაგრამ მთელი ძალაუფლება მან ანტიპატრს ჩააბარა, როგორც იუდეის პროკურატორს, ხოლო მისი ძეები ადგილობრივ ტეტრარქებად დანიშნა. უფროსი ძე, ფასაელი, იერუსალიმს მართავდა, უმცროსი ჰეროდე კი - გალილეას. თხუთმეტი წლის ჰეროდემ ხასიათის სიმტკიცე მაშინ გამოაჩინა, როცა რელიგიური ფანატიკოსი ებრაელების დაჯგუფება გაანადგურა. იერუსალიმში სინედრიონი ჰეროდეს არასანქცირებულმა ხოცვა-ჟლეტამ გაანაწყენა და ის სასამართლოში დაიბარეს. თუმცა, რომაელებს ანტიპატრი და მისი ვაჟები მოსწონდათ და ამ მოუსვენარი ხალხის გამგებლებად ისინი შეეგულებინათ. სირიის რომაელმა გუბერნატორმა ჰეროდეს გამართლება მოითხოვა და მას უფრო მეტი ძალაუფლება მიანიჭა. ჰეროდე უკვე გამოირჩეოდა. იოსებ ფლავიუსის თქმით, ის „გონებრივი, გარეგნული და ფიზიკური სილამაზით დაჯილდოებული“ იყო. გმირული სულის გარდა, განსწავლულობითაც გამოირჩეოდა და ეპოქის სახელოვან რომაელებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. დაუოკებელი სექსუალური მადა ჰქონდა (იოსებ ფლავიუსი „ვნებათა ტყვეს“ უწოდებდა), მაგრამ უხეში არ ყოფილა. არქიტექტურაში ერკვეოდა, ბერძნულ, ლათინურ და ებრაულ კულტურას კარგად იცნობდა და, როცა პოლიტიკური საქმეებისგან გათავისუფლდებოდა და გართობაც მობეზრდებოდა, ისტორიულ და ფილოსოფიურ საკითხებზე კამათი უყვარდა. თუმცა, ძალაუფლება ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო მის ცხოვრებაში და ეს პირად ურთიერთობებს უწამლავდა. მეორე თაობის იუდაიზმზე მოქცეული იდუმევლისა და არაბი ქალის (ამიტომ ერქვა მის უფროს ძმას ფასაელი, ანუ ფაისალი) შვილი, ჰეროდე, ნამდვილი კოსმოპოლიტი იყო, რომელსაც შეეძლო, ებრაელადაც მოეჩვენებინა თავი, ბერძენადაც და რომაელადაც. მაგრამ ებრაელებმა ბოლომდე მაინც არ აპატიეს მას შერეულსისხლიანობა. მდიდარ, მაგრამ ფხიზელ და სასტიკ ოჯახში გაზრდილ ჰეროდეს არაერთხელ უნახავს უახლოესი ნათესავების განადგურება და დარწმუნდა, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად უპირველესად ტერორი იყო საჭირო. ის სიკვდილს პოლიტიკურ იარაღად იყენებდა: ეს პარანოიკი და ზედმეტად ემოციური, ულმობელი, მაგრამ იმავდროულად მგრძნობიარე ყმაწვილი ნებისმიერ ფასად ცდილობდა გადარჩენასა და სხვებზე გაბატონებას. ძვ. წ. 44 წელს კეისარი მოკლეს და მისი ერთ-ერთი მკვლელი, კასიუსი, სირიის სამართავად ჩამოვიდა. ჰეროდეს მამა, ანტიპატრი ახლა კასიუსის მხარეს გადავიდა, მაგრამ საბოლოოდ თავისსავე გაბმულ ინტრიგებში გაიხლართა. ერთ-ერთმა მეტოქემ ანტიპატრი მოწამლა და იერუსალიმიც დაიკავა. ჰეროდემ მამის მკვლელი მოაკვლევინა. მალე კასიუსი და მისი ამხანაგი, ბრუტუსი ფილიპისთან, მაკედონიაში დაამარცხეს. გამარჯვებულები იყვნენ კეისრის დისწული, კეისრის შვილობილი - ოქტავიანე და ჩხუბისთავი გენერალი მარკუს ანტონიუსი. სამეულმა იმპერია გაიყო. ანტონიუსმა აღმოსავლეთი მიიღო. სირიაში ჩასულ ანტონიუსთან შესახვედრად ორი რადიკალურად განსხვავებული ინტერესის მქონე მმართველი მიიჩქაროდა: ერთ-ერთს ებრაული სამეფოს დამოუკიდებლობის აღდგენა სურდა, მეორეს - თავისი წინაპრების იმპერიის. ანტონიუსი და კლეოპატრა კლეოპატრა ანტონიუსთან ქარიზმატულ დედოფლად, იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმული დინასტიის, პტოლემეიანთა, შთამომავლად წარდგა, როგორც ისიდა-აფროდიტე მივიდა თავის დიონისესთან, რათა ამ უკანასკნელს მისთვის წინაპართა მიწები ებოძებინა. შეხვედრა ორივესთვის საბედისწერო გამოდგა. ანტონიუსი კლეოპატრაზე თოთხმეტი წლით უფროსი, მაგრამ ძალების გაფურჩქვნის ასაკში იყო: სქელკისერა, ყბაგამოშვერილ და მხარბეჭიან, დაკუნთულფეხებიან, ამაყ ანტონიუსს ბევრი სმა უყვარდა. მას კლეოპატრამ თავბრუ დაახვია და რომაელი გენერალი მაშინვე ბერძნული კულტურისა და აღმოსავლური ფუფუნების მოტრფიალე გახდა - თავი ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრედ და ჰერაკლეს (და, რასაკვირველია, დიონისეს) შთამომავლად წარმოიდგინა. თუმცა, ანტონიუსმა ეგვიპტელებისგან პართიული ლაშქრობისთვის ფული და საგზალი მაინც მოითხოვა. ერთი სიტყვით, კლეოპატრასა და ანტონიუსს ერთმანეთი სჭირდებოდათ, ხოლო საჭიროება ხშირად სიყვარულის მშობელია. ანტონიუსმა და კლეოპატრამ თავიანთი საქმიანი და სასიყვარულო კავშირი კლეოპატრას დის მკვლელობით აღნიშნეს (კლეოპატრას უკვე მოეკლა თავისი ძმა). ანტონიუსს ჰეროდეც საჩქაროდ ეწვია. გენერალი ანტონიუსი ახალგაზრდობაში ეგვიპტეში მხედარმთავრად მსახურობისას ჰეროდეს მამას გამოეწრთო, ამიტომ ანტონიუსმა ჰეროდე და მისი ძმები იუდეის მმართველებად გაამწესა, მღვდელმთავარ ჰირკანს კი რეალური ძალაუფლება არ გააჩნდა. ჰეროდემ იერარქიული აღმასვლა სამეფო ნიშნობით აღნიშნა. მისი საცოლე მარიამი, მაკაბელი მეფის ასული, ერთდროულად ორი მეფის შვილიშვილი იყო. როგორც იოსებ ფლავიუსი წერს, მარიამის სხეული მის სახესავით მშვენიერი იყო. როგორც მომავალში გამოჩნდა, ეს ვნებიანი ურთიერთობა მათთვის დამღუპველი აღმოჩნდა. ანტონიუსი მის ტყუპებზე ფეხმძიმედ მყოფ კლეოპატრას ეგვიპტის დედაქალაქ ალექსანდრიაში გაჰყვა. როგორც კი ჰეროდემ კარიერული აღმასვლა დაიწყო, პართიელები სირიაში შეიჭრნენ. ჰირკანის ძმისწული ანტიგონე, მაკაბელი უფლისწული, პართიელებს 1000 ტალანტს და ხუთასგოგოიან ჰარამხანას შეჰპირდა იერუსალიმის სანაცვლოდ. პაკორი: პართიელი ჩუბინი ებრაული ქალაქი რომაელთა მარიონეტ ჰეროდეს და მის ძმას, ფასაელს აუჯანყდა. ტაძრის პირდაპირ მდგარ სასახლეში გამაგრებულმა ძმებმა აჯანყების ჩახშობა მოახერხეს, მაგრამ პართიელების დამარცხება სულ სხვა საქმე იყო. იერუსალიმი მაშინ პილიგრიმებით იყო სავსე - კვირეულის ზეიმი იმართებოდა - როცა მაკაბელთა მომხრეებმა ქალაქის კარიბჭე გააღეს და შემოუშვეს პართიელი უფლისწული პაკორი[48] და მისი პროტეჟე ანტიგონე. იერუსალიმი მაკაბელთა დაბრუნებას სიხარულით შეხვდა. პართიელებმა თავი ისე მოაჩვენეს, თითქოს ჰეროდესა და ანტიგონეს შორის პატიოსან შუამავლობას აპირებდნენ. ამის ნაცვლად, მათ ფასაელი მახეში გააბეს. ჰეროდეს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა; პართიელებმა იერუსალიმი გაძარცვეს და ანტიგონე იუდეის მეფედ და მღვდელმთავრად დანიშნეს.[49] ანტიგონემ ბიძამისი ჰირკანი დაასახიჩრა, ყურები დააჭრა და მღვდელმთავრის თანამდებობიდან ჩამოაქვეითა, ხოლო ფასაელი ან მოკლეს, ან თავი მოიკლა. ჰეროდემ იერუსალიმი და ძმა დაკარგა. ის რომაელებს ემხრობოდა, მაგრამ ახლო აღმოსავლეთი პართიელებმა დაიპყრეს. ჰეროდე მერყევი და ხანდახან დეპრესიულიც კი იყო, მაგრამ მისი ძალაუფლებისადმი ლტოლვა, მახვილი გონება, სიცოცხლის წყურვილი და თვითგადარჩენის ინსტინქტი უფრო ძლიერი აღმოჩნდა. მან მაინც შეძლო თავის ხელში აყვანა და ემოციების მოთოკვა, შემდეგ ამალა შეკრიბა, რათა ღამით გაქცეულიყო და დახმარება ეთხოვა. ჰეროდე: კლეოპატრასთან გაქცევა ჰეროდე და მისი ამალა - ხუთასი ხარჭა, დედამისი, და და, რაც მთავარია, მაკაბელი საცოლე მარიამი - იერუსალიმიდან ცხენებზე ამხედრებული გაიჭრნენ და იუდეის მთა-გორაკებს შეაფარეს თავი. მეფე ანტიგონე ძალიან გააბრაზა ჰეროდეს გაქცევამ (როგორც ჩანს, მის ჰარამხანას პართიელებს იყო შეპირებული) და უკან ცხენოსნები დაადევნა. მთებში ჰეროდეს კიდევ ერთხელ სძლია სისუსტემ და კინაღამ თავი მოიკლა, მაგრამ მცველებმა დროზე წაჰგლიჯეს ხმალი, რომელსაც უნდა დაჰგებოდა. მალე ანტიგონეს ცხენოსნები მის ქარავანს დაეწივნენ, მაგრამ ჰეროდემ მხნეობა მოიკრიბა და ისინი დაამარცხა. შემდეგ თავისი მხლებლები მასადის აუღებელ მთის ციხესიმაგრეში დააბინავა, თვითონ კი ეგვიპტეში გაიქცა. ანტონიუსი უკვე რომში წასულიყო, მაგრამ ჰეროდე კლეოპატრამ მიიღო. დედოფალმა ჰეროდეს ალექსანდრიაში დასატოვებლად სამსახური შესთავაზა, მაგრამ ჰეროდემ რომისკენ გაცურა. თან თავისი საცოლის უმცროსი ძმა, იონათანი მიჰყავდა, რომელსაც იუდეის ტახტზე ასაყვანად ამზადებდა. ანტონიუსი, რომელიც თავად პართიელთა წინააღმდეგ ომისთვის ემზადებოდა, მიხვდა, რომ პატარა ბიჭი ამ საქმისთვის ვერ ივარგებდა; მას ჰეროდეს სისასტიკე და გამოცდილება სჭირდებოდა. სარჩევი ← …
დაამატა Kakha to მსოფლიო ისტორია at 10:39am on ივნისი 5, 2015
პოსტი: ნოსტალგია (ფანტასტიკა)

      მურა ფერის გრილი სასმელი, სასიამოვნოდ მწკლარტე გემოსი. ქაფით უხვად თავმოდგმული, ლამის ჭიქის მესამედი რომ უჭირავს... ნება-ნება მიიტან პირთან. სულს…

დაამატა nunu qadagidze at 2:21pm on ივნისი 11, 2018
თემა: ლეგენდა ტყუპ დებზე
აც ორი მაღალი კოშკი ამშვენებდა. ეს კოშკები ისე ჰგავდნენ ერთმანეთს, საღამოს ბინდბუნდში ერთიმეორის ჩრდილი გეგონებოდათ. ეს არ გახლდათ ტაძარი, არც ძველებური სასახლე. მასიური, რაღაც მოკრძალების აღმძვრელი კედლებით უფრო მონასტერს მოგაგონებდათ, მაგრამ მის არქიტექტურას ნამდვილად საერთო ნაგებობის იერი დაჰკრავდა, თუმცა კაცი ვერ იტყოდა, რა დანიშნულება უნდა ჰქონოდა ამ შენობას. თავაზიანად მოვუხადე შლიაპა და ლოყებღაჟღაჟა კაცს მივუბრუნდი, რომელიც პატარა კაფეს ტერასაზე ქარვისფერ ღვინოს შეექცეოდა, და ვთხოვე, აეხსნა, რას ეძახდნენ ამ ნაგებობას, ასე ზვიადად რომ დასცქეროდა მეზობელი სახლების დაბალ სახურავებს. კაცმა განცვიფრებით შემომხედა, მერე გამიღიმა და აუჩქარებლად დაიწყო: - დანამდვილებით ვერც მე გეტყვით. ქალაქის გეგმაში ალბათ სულ სხვანაირად არის ჩანიშნული, ჩვენ კი ძველთაგანვე „დების კოშკს“ ვეძახით, რადგან ორივე კოშკი ისე ჰგავს ერთმანეთს, ან ვინ იცის, იქნებ იმიტომაც რომ...    ენა დაება, ახლა აღარ იღიმებოდა. გამომცდელად ჩამხედა სახეში, თითქოს უნდოდა მიმხვდარიყო, მართლა აღმიძრა თუ არა ცნობისმოყვარეობა. მაგრამ მისმა ორჭოფულმა პასუხმა უფრო გამიცხოველა ინტერესი. მალე საუბარიც აეწყო და მეც სიამოვნებით შევექცეოდი იმასთან ერთად მჭახე ღვინოს. ნელ-ნელა ამოცურებულ მთვარის შუქზე რაღაც საოცრად მიმზიდველად ბრწყინავდა კოშკების ქონგურები. თბილი საღამო იყო, ღვინოც მომეწონა და ჩემი თანამესუფრის მონაყოლი მიმზიდველი ლეგენდაც ტყუპ დებზე, რასაც ახლა ზედმიწევნით ზუსტად გადმოგცემთ, მაგრამ ვერ მოგახსენებთ, რამდენად შეეფერება ისტორიულ სინამდვილეს.    იმპერატორ თეოდოსეს ჯარები საზამთროდ აქვიტანიის მაშინდელ დედაქალაქში დაბანაკდნენ. როცა ჭენებისაგან დაღლილ ცხენებს კარგა ხნის დასვენების წყალობით კვლავ აბრეშუმივით აუბზინდათ ბალანი, ხოლო ჯარისკაცებს უსაქმურობისაგან მოწყენილობა დაეუფლათ, ცხენოსანი ჯარების უფროსს ჰერილუნტს ერთი ლამაზი მედუქნე შეუყვარდა, რომელიც ქალაქის განაპირას თაფლის კვერებითა და სანელებლებით ვაჭრობდა. ჰერილუნტი ისე აენთო ქალის სიყვარულით, რომ არად ჩააგდო მისი დაბალი შთამომავლობა და მისი გულში ჩაკვრის სწრაფად მოსურნემ მაშინვე ჯვარი დაიწერა და ბაზრის მოედანზე ერთ სასახლეში დაბინავდა. განმარტოებით მყოფთ რამდენიმე კვირა გაატარეს აქ. აღარც ხალხი აგონდებოდათ, არც ის, რა ხანმა განვლო, არც იმპერატორი და არც ომი. მაგრამ სანამ ისინი, სიყვარულით დანთქმულნი, ერთმანეთის ხვევნა-ალერსში ატარებდნენ ღამეებს, ხანი გამოხდა. მოულოდნელად სამხრეთიდან გაზაფხულის ნიავმა დაჰქროლა, მისმა ცხელმა სუნთქვამ გაალღვო გაყინული მდინარეები, მინდვრად ამოფეთქა იებმა. ხეები შეიფოთლა, გაყინულმა ტოტებმა კვირტები გამოიღო. გაზაფხულის ოხშივარი ასდიოდა მიწას. იმასთან ერთად ომმაც გამოიღვიძა. ერთხელ, გარიჟრაჟისას, სპილენძის ჩაქუჩის ხმამ კარებზე დილის ძილი დაუფრთხო მიჯნურთ. იმპერატორის ბრძანებით, მხედართმთავარს იარაღი უნდა აესხა, სალაშქროდ მომზადებულიყო. დაფდაფთა ხმა ჰაერს აყრუებდა, ქარი ფლეთდა დროშებს, შეკაზმული ცხენები ფლოქვებს სცემდნენ ბაზრის მოედნის ქვაფენილს. ჰერილუნტმა სწრაფად მოიშორა ნაზი ხელები ცოლისა, რომელთანაც ეს ზამთარი გაეტარებინა, რადგან სიყვარულის ლამპარზე უფრო ღვიოდა მის გულში პატივმოყვარეობა და ვაჟკაცური წყურვილი ბრძოლისა. ცოლის ცრემლებმა გული ვერ მოულბო, იმისი ნებაც კი არ მისცა, თან გაჰყოლოდა, დატოვა სასახლეში და თავისი ცხენოსანი ჯარით მავრიტანელთა მიწაზე შეიჭრა. შვიდ ბრძოლაში გაანადგურა მტერი, ცეცხლოვანი ნიჩბით გამოხვეტა სარკინოზთა ციხე-კოშკთაგან ნადავლი, დაიპყრო იმათი ქალაქები, გამარჯვებულმა ძარცვა-რბევით უკიდურეს ზღვამდე ვლო; აქ იალქნიანი ნავები და გალერები დაიჭირა, რომ უხვი ნადავლი სამშობლოში გადაეზიდა. არასოდეს გაუმარჯვნია ასე ელვის უსწრაფესად, არასოდეს ულაშქრია ასე დიდებულად და აბა რა საოცარია, თუ იმპერატორმა მადლობის ნიშნად სახელოვან მეომარს დაპყრობილი ქვეყნის ჩრდილოეთი და სამხრეთი უბოძა საგამგებლოდ! ახლა ჰერილუნტს, რომელსაც აქამდე სამშობლოსა და ოჯახის მაგივრობას უნაგირი უწევდა, შეეძლო სიცოცხლის დღენი ნეტარებასა და მოსვენებაში გაეტარებინა, მაგრამ ესოდენ სწრაფი წარმატებით გაღიზიანებული, დაუმცხრალი პატივმოყვარეობა მეტს ითხოვდა. მას აღარ სურდა თავისი მბრძანებლის მოხარკეობა და ქვეშევრდომობა, მხოლოდ მეფური გვირგვინი მიაჩნდა ღირსეულ სამკაულად თავისი მეუღლის ნათელ შუბლზე. ბოროტების თესვა დაიწყო თავის ჯარში, რათა აემხედრებინა იგი იმპერატორის წინააღმდეგ. მაგრამ შეთქმულება ვერაგულად გასცეს. ჯერ კიდევ ბრძოლამდე დამარცხებულ, ეკლესიისაგან შერისხულ, მხედართაგან მიტოვებულ ჰერილუნტს ისღა დარჩენოდა, მთებისათვის შეეფარებინა თავი. იქ მოსყიდულმა გლეხებმა მძინარე მოჰკლეს შერისხული მხედართმთავარი.    სწორედ იმ დროს, როცა რომაელმა ჯარისკაცებმა ფარდულში, ჩალაზე, მეამბოხის გასისხლიანებული გვამი იპოვნეს, ტანსაცმელი და ძვირფასეულობა შემოაგლიჯეს და შიშველი სანაგვეზე გადააგდეს, იმისმა ცოლმა, რომელმაც არაფერი იცოდა ქმრის დაღუპვისა, სასახლეში, ძვირფასი ფარჩის სარეცელზე, ტყუპები შობა. ტყუპი გოგონები მოზღვავებულ ხალხში თვით ეპისკოპოსმა მონათლა და ერთს სოფიო უწოდა, მეორეს კი - ელენე. მაგრამ ზეიმზე ჯერ კიდევ არ მიმწყდარიყო ეკლესიის ზარების გუგუნი და ვერცხლის თასების წკრიალი, რომ დაირხა ხმა შეთქმულთა გაცემისა და ჰერილუნტის დაღუპვისა. ამას მოჰყვა მეორე ამბავიც: იმპერატორი საყოველთაოდ აღიარებული კანონის მიხედვით, სასჯელად მეამბოხის სახლ-კარსა და ქონებას მოითხოვდა. ასე ამგვარად, ხანმოკლე ბედნიერების შემდეგ, მშვენიერი გამყიდველი ქალი, მომჯობინდა თუ არა, კვლავ იძულებული გახდა, ჩაეცვა თავისი თხელი შალის კაბა და ქალაქის განაპირას, აშმორებული ქუჩებისათვის შეეფარებინა თავი. წინანდელ სიღარიბეს თან დაერთო სასოწარკვეთილების ნაღველი და ზრუნვა ჩვილებზე. თავის ფარდულში იჯდა დილიდან საღამომდე დაბალ სკამზე, სთავაზობდა ჩამვლელთ ცხარე სანელებელსა თუ თაფლის კვერებს და ხშირად ამ ორიოდე გროშს, რასაც იღებდა, მწარე დაცინვაც თან ახლდა ხოლმე. დარდმა მალე ჩაუქრო მის თვალებს ბრწყინვალება, ნაადრევმა ჭაღარამ თმა შეუვერცხლა. მაგრამ გამოვლილი ჭირის სანაცვლოდ, მისი სიმკვირცხლითა და მომაჯადოებელი სილამაზით ბუნებამ ტყუპი დები დააჯილდოვა. დები ისე ჰგავდნენ ერთმანეთს გარეგნულადაც და ენაწყლიანობითაც, რომ ერთი მეორის მომხიბლავი ორეული გეგონებოდათ. ზოგჯერ ერთმანეთისაგან საკუთარი დედაც კი ვერ არჩევდა ელენესა და სოფიოს. ბოლოს სოფიოს უბრძანა, ხელზე სელის ზონარი გაეკეთებინა, რადგან შვილის ხმას რომ გაიგონებდა, ან მის სახეს შეავლებდა თვალს, არ იცოდა, რა დაეძახა.    მაგრამ დებს, დედის წარმტაცი სილამაზით დაჯილდოებულთ, საბედისწეროდ თან დაჰყვათ მამის ამპარტავნობა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილი. ორივენი იმას ცდილობდნენ, ეჯობნათ არა მარტო ერთმანეთისათვის, არამედ თავიანთი თანატოლებისათვისაც. მაშინაც კი, როდესაც ბავშვები წყნარად და გულალალად თამაშობდნენ, დებს მუდამ არეულობა და შური შეჰქონდათ ყოველ საქმეში. თუ ვინმე გოგონას სილამაზით ისე მოიხიბლებოდა, რომ თითზე პატარა ბეჭედს წამოაცმევდა, მეორეს კი არ აჩუქებდა ასეთსავე ბეჭედს, ან თუ რომელიმეს ბზრიალა უფრო დიდხანს იბზრიალებდა, გაბრაზებული ბავშვი იატაკზე გაწვებოდა, პირში მუშტს ჩაიჩრიდა და გაავებული უბრახუნებდა იატაკზე ფეხს. თუ ვინმე ერთს შეაქებდა, მოეფერებოდა, მეორე შურისაგან სკდებოდა, და თუმცა ისე ჰგავდნენ ერთმანეთს, რომ მეზობლები ხუმრობით ერთიმეორის ორეულს ეძახდნენ, გამუდმებული შური ჰქონდათ ერთმანეთში. დედა თავგამოდებით ცდილობდა, ჩაექრო უსაზღვრო პატივმოყვარეობის ცეცხლი ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ დებში, გულმოდგინედ ეწადა ქიშპი შეენელებინა, მაგრამ დარწმუნდა, მამისაგან თანდაყოლილი შური ფესვს იდგამდა მათს ნორჩ გულებში. ცოტათი მხოლოდ ის ამშვიდებდა, რომ ამ გამუდმებული ქიშპის წყალობით მისი გოგონები თავის თანატოლებში ყველაზე ჭკვიანები და მოხერხებულები იყვნენ. რა საქმისათვისაც არ უნდა მოეკიდა ხელი ერთს, მეორე ცდილობდა მისთვის ეჯობნა და რახან ორივენი ბუნებისაგან ხელის სიმარჯვით და გულისხმიერებით იყვნენ დაჯილდოებულნი, ჩქარა დაეუფლნენ იმ ხელოვნებას, რაც ესოდენ ამშვენებს ქალს: სელის რთვას, ქსოვილის შეღებვას, ძვირფასი თვლებით მოოჭვას, ფლეიტაზე დაკვრას, ნარნარად ცეკვას, მახვილგონივრული ლექსების თხზვასა და მათ დამღერებას ბარბითის ხმაზე. კარის მანდილოსანთაგან განსხვავებით, ლათინური, გეომეტრია და უმაღლესი ფილოსოფიური მეცნიერებანიც კი შეისწავლეს, რომელთაც ერთი გულკეთილი, მოხუცი დიაკვანი ასწავლიდა. მალე მთელს აქვიტანიაში ვერც ერთი ქალი ვეღარ შეედრებოდა ვერც სილამაზით, ვერც აღზრდითა და ვერც გონებამახვილობით. მაგრამ ვერავინ გეტყოდათ, რომელი სჯობდა, ელენე თუ სოფიო, რადგან ვერავინ არჩევდა მათ ვერც გარეგნულად, ვერც მიხვრა-მოხვრითა და ლაპარაკით.    მაგრამ ხელოვნების, ყოველივე იმის სიყვარულთან ერთად, რისი წყალობითაც ადამიანი თავს აღწევს ვიწრო, შეზღუდულ სამყაროს და უსაზღვრო სულიერ სამყაროში იჭრება, ორივე გოგონას გულში იღვიძებდა მწველი უკმაყოფილების გრძნობა მათი დედის მდაბიო წარმოშობის გამო. როცა აკადემიიდან ან დისპუტებიდან შინ ბრუნდებოდნენ, სადაც მეცნიერებს ეკამათებოდნენ ხოლმე, დამაჯერებლად ასაბუთებდნენ თავიანთ აზრს, ანდა ცეკვებიდან მოვიდოდნენ, ჯერ ისევ გაოგნებულთ მომაჯადოებელი მუსიკით, გამჭვარტლულ ქუჩაში თმებგაწეწილი დედა ხვდებოდათ, რომელიც შუაღამემდე ვაჭრობდა, რომ ერთი პეშვი წიწაკის თესლი გაეყიდა, ან რამდენიმე ჩამწვანებული თაფლის კვერი, იმათ რცხვენოდათ თავიანთი სიდუხჭირისა. ხმელი, ჩხვლეტია ჭილოფი ქალწულებრივ სხეულს უკაწრავდათ და ძილი არ ეკარებოდათ, თავსა და ბედს იწყევლიდნენ. თუმცა არც სილამაზითა და არც ჭკუით იმ გამოჩენილ მანდილოსნებს არ ჩამოუვარდებოდნენ, რომელთაც ბედმა არგუნა ჰაეროვანი ტანსაცმლისა და ძვირფასი სამკაულების ტარება, ხელს სხვა არავინ სთხოვდა, თუ არა მათი დუქნის მარცხნივ მოვაჭრე მეკასრე ან მარჯვენა მხარეს - მეიარაღე. დები კი მეფური სისხლის, ამაყი სულის, დიდი მთავარსარდლის შვილები იყვნენ. მათ სწყუროდათ, მონურად მორჩილი მსახურებით გარშემორტყმულთ, ბრწყინვალე ციხე-დარბაზებში ცხოვრება, სწყუროდათ სიმდიდრე და ძლიერება. და თუ შემთხვევით თვალს მოჰკრავდნენ მოქანავე ტახტრევანში მჯდომ, ბაზიერებითა და ქორ-შევარდნებით გარშემორტყმულ, ძვირფას ბეწვეულში გამოწყობილ ქალბატონს, სიბრაზისაგან სახის ფერი სანთლისფრად გაუკრთებოდათ. მათს სისხლშიც იჩქეფებდა პატივმოყვარეობა მეამბოხე მამისა, რომელიც ვერ ურიგდებოდა ბედის ნაბოძებს. დღე და ღამ იმაზე ფიქრობდნენ, როგორ დაეღწიათ თავი ესოდენ უღირსი ცხოვრებისათვის.    და აი, ერთ დილას, მოულოდნელად, მაგრამ სრულიად გასაგები მიზეზით, მშვენიერმა სოფიომ თვალი რომ გაახილა, და საწოლში აღარ დაუხვდა: ელენე, მისი ტყუპის ცალი, აჩრდილი ყოველი მისი სურვილისა, ღამით გაპარულიყო. შეშინებული დედა სწუხდა, ვინმემ ხომ არ მომტაცაო, რადგან მრავალ ყმაწვილკაცს ხიბლავდა დების სილამაზე. საჩქაროდ ტანთ ჩაიცვა და მეფის ნაცვალთან გაიქცა, რომელიც იმპერატორის სახელით ამ ქალაქს მართავდა და, შეევედრა, მდევარი დაედევნებინა ავაზაკისათვის. იმანაც აღუთქვა, მაგრამ მეორე დღეს ისეთი ხმები დაირხა, დედას სირცხვილისაგან ლამის მიწა გასკდომოდა: სიყვარულისათვის ეს-ესაა მომწიფებული ელენე თავისი ნებით ერთ კეთილშობილ ყმაწვილთან ერთად ქალაქიდან გაქცეულიყო. ყმაწვილს მისი სიყვარულისათვის მამის ზარდახშები და სკივრები გაეტეხა.    გამოხდა ხანი და კიდევ უფრო შემაძრწუნებელი ხმები დაირხა: მნახველნი ყვებოდნენ პატიოსან მანდილოსანთა გულის გასახეთქად, მსახურებით და ბაზიერებით გარშემორტყმული, ბეწვეულსა და ფარჩაში გამოწყობილი ყმაწვილი მეძავი ქალი რა დიდებულად ცხოვრობდა თავის საყვარელთან ერთად მეზობელ ქალაქში. მაგრამ მოლაყბეთა ენები ჯერ კიდევ არ დამცხრალიყო, რომ უფრო საშინელი ხმები გავრცელდა: ელენეს უწვერულვაშო ყმაწვილის ჯიბე გამოეცარიელებინა, მიეტოვებინა და ქვაწვიობით განთქმული ხაზინადარის, მიხრწნილი მოხუცის სასახლეში გადასახლებულიყო, თავისი ნორჩი სხეული მიეძღვნა უფრო მეტი ფუფუნების ფასად და შეუბრალებლად ძარცვავდა თურმე. ერთი კვირის შემდეგ ოქროს ფრთები დააცალა ხაზინადარს გაპრტყვნილ მამალივით, მიატოვა და ახლა სხვა საყვარელი გაიჩინა. მერე ისიც მოიძულა და სხვა, უფრო მდიდარი შეიყვარა. მალე აღარავის ეჭვიც კი აღარ ეპარებოდა, რომ ელენე მეზობელ ქალაქში არა ნაკლებ გულმოდგინედ ვაჭრობდა თავისი ნორჩი სხეულით, ვიდრე დედამისი ცხარე სურნელოვნებითა და ტკბილი თაფლის კვერებით. უბედური ქვრივი შათირს შათირზე უგზავნიდა გზასაცდენილ შვილსა და ევედრებოდა, მამის ხსოვნა არ შეებილწა ამგვარი საქციელით. დედას მოთმინების ფიალა აევსო, როცა მისდა შესარცხვენად ერთ მშვენიერ დღეს ქალაქის ჭიშკრიდან დაიძრა დიდებული პროცესია. წინ კაშკაშა ალისფრად გამოწყობილი შათირები მოდიოდნენ, უკან მხედრები მოჰყვებოდნენ, როგორც დიდებულთა მსვლელობის დროს იციან ხოლმე, შუაში კი მარდი სპარსული ძაღლებითა და საოცარი მაიმუნებით გარშემორტყმული ელენე მოდიოდა, ნორჩი ჰეტერა, თავის მშვენიერ სეხნია ელენესავით მომჯადოებელი, რომელიც ოდესღაც მთელ სამეფოს აზანზარებდა. ისე მორთულ-მოკაზმულიყო, გეგონებოდათ, წარმართი დედოფალი იერუსალიმში შედისო.    ჭორიკანებმა ენები ააჭარტალეს, ხელოსნები გამორბოდნენ თავიანთი ქოხმახებიდან, მწერლებმა პერგამენტები გაშალეს, ცნობისმოყვარეთა ტალღა გარშემოეხვია მსვლელობას. ბაზრის მოედანზე მსახურები და მხედრები გამწკრივდნენ ღირსეულად შესახვედრად. ბოლოს განიხვნა კრეტსაბმელი და ყმაწვილმა მეძავმა კადნიერად გადააბიჯა ზღურბლს სასახლისას, რომელიც ოდესღაც მამამისს ეკუთვნოდა. ხელგაშლილმა საყვარელმა სამი ღამის მგზნებარე ალერსისათვის შეისყიდა იგი ელენესათვის ხაზინისაგან. თითქოს მშობლიურ სახლში შევიდაო, ისე შედგა აქ ფეხი, სადაც ფარჩის სარეცელში დედამ შობა. კარგა ხანია მიტოვებული სასახლე მალე წარმართული ძვირფასი ქანდაკებებით აივსო, ხის კიბეები ცივმა მარმარილომ დაფარა, იატაკი - მოზაიკურმა ფილებმა. კედლებზე გაჩნდა ადამიანებითა და ბრძოლის სურათებით მოხატული ხავერდოვანი ხალიჩები. ზეიმების დროს ოქროს თასების წკრიალი მომაჯადოებელი მუსიკის ხმებს უერთდებოდა, რადგან ყოველ ხელოვნებაში გაწაფული მომხიბლავი ელენე ყველაზე სახელოვანი და მდიდარი გახდა ჰეტერებს შორის. მეზობელი ქალაქებიდან, უცხო ქვეყნებიდან მოედინებოდნენ მდიდარი ქრისტიანები, წარმართები, ერეტიკოსები, რათა ერთხელ მაინც ეგემათ მისი ალერსი, და რადგან გულზვიადობით ელენე დიდად არ ჩამოუვარდებოდა თავის უსაზღვროდ პატივმოყვარე მამას, რკინის ხელით ეკავა მოტრფიალენი და მანამ ხლართავდა გზნების ბადეს, სანამ მთელს სიმდიდრეს არ დასცინცლავდა. ის კი არა, მეფის ნაცვლის შვილმაც კი დიდძალი ფული გადაუხადა მევალე-მევახშეებს, როცა მთელ კვირას ნეტარების ნექტარს დაწაფებულმა და ჯერ ისევ მის ბურანში მყოფმა, მწარე სინამდვილე შეიგრძნო, უარჰყო ელენეს ალერსიცა და იმისი სასახლეც.    აბა რაღა საკვირველია, რომ ესოდენ უსირცხვილო საქციელი ბრაზით ავსებდა ქალაქის მანდილოსანთ, განსაკუთრებით კი ხანში შესულთ. ტაძრებში წმინდა მამანი ააშკარავებდნენ მის ბიწიერებას, მანდილოსნები ბაზარში ერთმანეთს რომ შეხვდებოდნენ, მრისხანებისაგან მუშტებს კრავდნენ, ხშირად სასახლეში ფანჯრებსა და კარებს წკრიალი გაუდიოდა ქვების სეტყვისაგან. რა დიდიც არ უნდა ყოფილიყო სათნო მანდილოსანთა - მიტოვებული ცოლების, მარტოხელა ქვრივების, ძველ, თავის ხელოვნებაში გამოცდილ მეძავთა რისხვა, რა ლაფიც არ უნდა დაესხათ კადნიერი, მათი ტკბობის მინდორზე შემოჭრილი კვიცისათვის, ვერ შეედრებოდა ელენეს დის, სოფიოს რისხვას. იმიტომ კი არ ანთხევდა ბრაზს, რომ იმისი და ცთუნების გზას დაადგა, არა მას სინანული სტანჯავდა, რომ შემთხვევა გაუშვა, როცა ერთი წარჩინებული ოჯახის შვილმა ხელი სთხოვა. აი, რაზე ოცნებობდა გულში. მბრძანებლობა, ფუფუნებით ცხოვრება დას ხვდა წილად. მის ცივ სენაკში კი ქარი დაზუზუნებდა და ეჯიბრებოდა ბუზღუნა დედას. თუმცა თავისი სიმდიდრით გაამპარტავნებულმა ელენემ რამდენჯერმე გამოუგზავნა ძვირფასი ტანსაცმელი და სამკაულები, მაგრამ სოფიოს სიამაყე ნებას არ აძლევდა, მიეღო საჩუქრები. არა, პატივმოყვარეობას ვერ დაუცხრობდა საძრახისი მიბაძვა კადნიერი დისა. არ სურდა წაჰკიდებოდა დას საყვარლების გულისათვის, როგორც ბავშვობაში წაეკიდებოდნენ ხოლმე ტკბილი კვერებისათვის. მას სურდა, სრული გამარჯვებისათვის მიეღწია. ცდილობდა მისთვის თაყვანი ეცათ, დაზე მეტად განედიდებინათ. მამაკაცების დაჟინებულმა ყურადღებამ დაარწმუნა, რომ მისი მოკრძალებული ღირსებანი - სიქალწულე და შეურყვნელი სინდისი დიდებული ცთუნება იყო და ჭკვიანი ქალი ამ ღირსებათაგან დიდ სარგებელსაც ნახავდა. ამიტომ გადაწყვიტა, განძად ექცია ის, რასაც მისი და განუსჯელად ანიავებდა. ისევე სააშკარაოზე გამოეტანა თავისი სათნოება, როგორც იმის დას სხეული გამოჰქონდა. თუ ელენე სახელს იხვეჭდა ამპარტავნული ფუფუნებით, მას სახელი გაეთქვა თავმდაბლური სიღატაკით. ჭორიკანათა ენები ჯერ კიდევ არ დამცხრალიყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქალაქის ცნობისმოყვარეთ კვლავ მიეცათ საქმე: სოფიოს, ელენეს დას, სირცხვილისა და დის მრუშული ცხოვრების გამოსასყიდად დაეტოვებინა ეს ცოდვილი ქვეყანა და ღვთის მოშიშთა ორდენში მორჩილად დამდგარიყო, რათა მოევლო უძლურთა და ავადმყოფთათვის. დაგვიანებული მოტრფიალენი ბრაზისაგან თმებს იგლეჯდნენ, რომ გაუფრინდათ ეს უმანკო მტრედი, მაგრამ ყველა ღვთისმოშიშ ადამიანს ახარებდა ეს უჩვეულო შემთხვევა ავხორცობისათვის ღვთისმოშიშობის მომაჯადოებელი სილამაზის დაპირისპირებისა, თავგამოდებით ავრცელებდნენ ამ ხმებსა და აქვიტანიაში არც ერთი ქალიშვილისთვის არ შეუსხამთ იმდენი ქება, რამდენიც სოფიოს შეასხეს, რომელიც დღე და ღამ თავგანწირვით უვლიდა დაწყლულებულ ავადმყოფებსა და ის კი არა, საზიზღარ კეთროვნებსაც კი. მანდილოსანნი მუხლთ მოიყრიდნენ ხოლმე, როცა იგი თვალებდახრილი, თავზე თოვლივით ქათქათა ჩაჩით გვერდით ჩაუვლიდა ხოლმე. ეპისკოპოსს არა ერთხელ უხსენებია წირვისას, როგორც უკეთილშობილესი მაგალითი ქალთა სათნოებისა, ბავშვები კი მოწიწებით შესცქეროდნენ, თითქოს უხილავი ციური მნათობი იყო. უცბად, - აბა წარმოიდგინეთ ელენეს გააფთრება, - ვიღას ახსოვდა ელენე, მთელი ქალაქის ყურადღება ცოდვათა მონანიების ამ უმანკო მსხვერპლმა მიიპყრო, რომელსაც ეშინოდა ცოდვებისა და თეთრ მტრედივით დაფრინავდა სიმშვიდის სივრცეში.    მართლაც, თანავარსკვლავედებივით, ბრწყინავდა ტყუპი დების სახელები ქალაქში. სათნო ადამიანთაც ახარებდა და ბიწიერთაც, რადგან ერთნი ხორციელ სიამოვნებას პოულობდნენ ელენეში, სხვებს კი თავისი სათნოებით სულიერ სიამოვნებას ანიჭებდა სოფიო. პირველად იყო სამყაროს დასაბამიდან, რომ ამ ქალაქ აქვიტანიაში ასე მკვეთრად და თვალდასანახად განუდგა ღვთისნიერება ეშმაკისეულ სამეფოს. უბიწონი სოფიოში თავიანთ მფარველ ანგელოზს ხედავდნენ, ბიწიერნი კი სიამოვნებას ნახულობდნენ მისი უღირსი დის ხვევნა-ალერსში. მაგრამ მოკვდავთა სულებში კეთილსა და ბოროტს შორის იდუმალი ბილიკები ჩნდება ხოლმე და მალე ეს გაორება მიზეზი გახდა ცთუნებისა. რადგან ტყუპი დები, თუმცა სხვადასხვანაირ ცხოვრებას ეწეოდნენ, გაჭრილ ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს ტანადობით, თვალებით, ღიმილით, მომაჯადოებელი სიმშვენიერით, რაღა საკვირველია, რომ მრავალი მამაკაცი დაიბნა. ზოგჯერ ყმაწვილი კაცი, მგზნებარე ღამეს რომ გაატარებდა ელენეს ხვევნა-ალერსში, დილით კი ცდილობდა ჩქარა განშორებას, რომ ცოდვა ჩამოერეცხა, გაშეშებული შეჩერდებოდა, თვალებს მოიფშვნეტდა, ეშმაკისეული ცთუნება ხომ არ არისო, რადგან სადა ნაცრისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი მორჩილი, საავადმყოფოს ბაღში სავარძლით რომ ასეირნებდა ასთმიან მოხუცს და შეუზიზღებლად სწმენდდა კბილებჩაცვენილ პირს, ის ქალი ეგონა, ახლახან რომ დატოვა სარეცელში. დაჟინებული ჩააშტერდებოდა: ისეთივე ტუჩები, ისეთივე მსუბუქი და ნარნარი მოძრაობა, თუმცა არა ამქვეყნიური გზნებით ანთებული, ამაღლებული სიყვარულით მოყვასისადმი. ყმაწვილი ჩააშტერდებოდა, თვალები აენთებოდა, მონაზვნის ტანსაცმელი ნელ-ნელა გამჭირვალე ხდებოდა და შიგ მოჩანდა მეძავი ქალის კარგად ნაცნობი სხეული. ასეთივე გრძნობათა აღრევა შეუძრავდათ სულებს იმათ, ვინც გამოვიდოდა სახლიდან, სადაც მოწიწებითა და თრთოლვით შესცქეროდა, უბიწო სოფიო როგორ უვლიდა დავრდომილთ და პირველსავე კუთხეში წააწყდებოდა საოცრად გარდაქმნილს, მკერდმოშიშვლებულს, დიდებულად ჩაცმულს, თაყვანისმცემლებითა და მსახურებით გარშემორტყმულს, ზეიმზე რომ მიისწრაფოდა. ეს ელენეა და არა სოფიო, ამბობდნენ გულში, მაგრამ მონაზონს რომ შესცქეროდნენ, მაინც ხედავდნენ შიშველ სხეულს და მაცთუნებელი ფიქრები გაუელვებდათ ღვთისმოშიშთ. ამ გაორებამ ისეთი გრძნობათა აღრევა გამოიწვია, რომ ზოგჯერ სურვილი ნებისყოფის წინააღმდეგ სულ სხვა გზით წარიმართებოდა და მეძავი ქალის ხვევნა-ალერსში ყმაწვილ კაცებს მისი უბიწო და ელანდებოდათ, ხოლო კეთილ სამარიტელს რომ შეხვდებოდნენ, ხორციელი ნდომით შესცქეროდნენ. რადგან სამყაროს შემქმნელმა, როცა მამაკაცს ჰქმნიდა, რაღაც უკუღმა შეჰქმნა, ამიტომაა, რომ დედაკაცებისაგან იმის საწინააღმდეგოს მოითხოვენ, რასაც ისინი სთავაზობენ. თუ ქალი ადვილად ნებდება მათ, მამაკაცები მადლიერების მაგივრად ირწმუნებიან, წმინდა სიყვარულით მხოლოდ უბიწოები გვიყვარსო. ხოლო თუ ქალს უნდა უმანკოება შეინარჩუნოს, ისინი მხოლოდ იმას ფიქრობენ, როგორ წაართვან ეს ძვირფასი განძი. მოსვენებას ვერ პოულობენ, რადგან მათ სურვილთა წინააღმდეგობას გამუდმებული ბრძოლა მოსდევს სულსა და ხორცს შორის. აქ კი რომელიღაც უხილავმა ეშმაკმა ორმაგი კვანძი ჩახლართა, რადგან მეძავი და მონაზონი, ელენე და სოფიო, ისე ჰგავდნენ ერთმანეთს, ვერც კი გაარჩევდით და ვერავინ გეტყოდათ, რომელი იყო უფრო სასურველი. ხშირად ქალაქის ფუქსავატი ახალგაზრდობა უფრო იყრიდა თავს საავადმყოფოს ჭიშკართან, ვიდრე რესტორნებთან, და გარყვნილნი, რომლებიც ოქროთი თვალებს უხვევდნენ მეძავ ქალს, აიძულებდნენ, ალერსისას მონაზვნის ნაცრისფერი კაბა ჩაეცვა, რომ თავი მოეტყუებინათ, თითქოს უბიწო სოფიოს ეხვეოდნენ. ნელ-ნელა მთელი ქალაქი, მთელი ეს მხარე ჩაება საკუთარი თავის მოტყუების ამ სულელურ, ეშმაკისეულ თამაშში, და ვერც ეპისკოპოსისა და ვერც ქალაქის თავის შეგონებამ ვერ გასჭრა და ვერ აღკვეთა ეს ბიწიერება.    თაყვანისცემითა და პატივისცემით მოსილ დებს თითქოს სიამტკბილობით უნდა გაეყოთ ერთმანეთს შორის დიდება და დაკმაყოფილებულიყვნენ იმით, რომ ერთი უმდიდრესი ქალი იყო, მეორე კი ყველაზე სათნო მთელს ქალაქში, მაგრამ ორივენი, მეტისმეტად ამაყნი და გულზვიადნი, მხოლოდ იმაზეღა ფიქრობდნენ, როგორ მიეყენებინათ ერთმანეთისათვის ზიანი. სოფიო სიბრაზისაგან ტუჩებს იკვნეტდა, როცა გაიგებდა, რომ და ბიწიერებითა და თვალთმაქცობით დასცინოდა მის ღვთისმოშიშობას, ელენე კი მათრახით სცემდა მსახურთ, რომლებიც ამბავს მიუტანდნენ, რომ მლოცველნი მოედინებოდნენ ქალაქში, რათა თაყვანი ეცათ მისი დისათვის, ხოლო ქალები მიწას ჰკოცნიდნენ იმ ადგილას, სადაც იგი ფეხს დაადგამდა. მაგრამ რაც უფრო მეტ სიავეს უსურვებდნენ, რაც უფრო სძულდათ ერთმანეთი, მით უფრო გულმოდგინედ ფარავდნენ თავიანთ ნამდვილ გრძნობებს სიბრალულის ნიღბით. ელენე ნადიმის დროს თვალცრემლიანი სწუხდა დაზე, რომელმაც ასე უგუნურად შესწირა თავისი ყმაწვილქალობა და სიცოცხლის სიხარული ამ სასიკვდილოდ განწირულ, მიხრწნილ მოხუცებს. სოფიო კი საღამოს ლოცვას ყოველთვის ამთავრებდა სიტყვებით უბედურ ცოდვილებზე, რომლებიც თავიანთი უგუნურებით, წუთიერი, წარმავალი ამქვეყნიური სიამოვნებისათვის იკლებენ უდიდეს სიამეს - კეთილი, ღვთის სამადლო საქმისათვის თავდადებას. მაგრამ, როცა დარწმუნდნენ, რომ ვერც შათირები და ვერც მონები ვერ გადაახვევინებდნენ ერთხელ არჩეულ გზიდან, დები ნელ-ნელა კვლავ დაუახლოვდნენ ერთმანეთს მოჭიდავეებივით, მოჩვენებით წონასწორობას რომ ინარჩუნებენ, თვალით ზომავენ ერთმანეთს, მკლავს უსინჯავენ და გამანადგურებელი დარტყმისათვის ემზადებიან. მოუხშირეს ერთმანეთთან სიარულს, მზრუნველობას იჩენდნენ ერთიმეორისადმი, მაგრამ ორივე მზად იყო, სული ეშმაკისათვის მიეყიდა, ოღონდ კი დისთვის ევნო.    ერთხელ, საღამოს ლოცვის შემდეგ, ღვთისმოშიში სოფიო კვლავ მივიდა დასთან, რომ დაერწმუნებინა და ჩამოეშორებინა ბიწიერი ცხოვრებისაგან. კვლავ მჭევრმეტყველურად დაუწყო დარიგება ელენეს, რომელიც ის იყო მოთმინებას ჰკარგავდა, რა უგუნურად იქცეოდა, ღვთით ნაბოძებ სხეულს რომ იბილწავდა. ელენეს მშვენიერ სხეულს კი ამ დროს მსახურნი ნელსაცხებლით ცოდვილი ხელობისათვის ამზადებდნენ. იგი უსმენდა დას, ხან განრისხებული, ხან ღიმილით და ფიქრობდა, ეს აბეზარი მქადაგებელი ღვთის საგმობი სიტყვებით განერისხებინა, თუ მისდა დიდად განსაცვიფრებლად თავის განსასვენებელში რამდენიმე ლამაზი ყმაწვილი კაცისათვის დაეძახა.    უცბად, თითქოს მოზუზუნე ბუზი შეეხო მის საფეთქელს, თავში ისეთმა ცბიერმა და უტიფარმა აზმა გაუელვა, რომ ძლივს შეიკავა სიცილი. მსწრაფლ შეცვალა თავხედური განზრახვა. გარეკა მსახურნი და მეაბანოვენი და როგორც კი მარტო დარჩა დასთან, სინანულს მოჰყვა, ცეცხლოვან მზერას კი დახრილი ქუთუთოები უფარავდა. - არა, ნუ გგონია, დაო, რომ მე თვითონ არა მრცხვენოდეს ჩემი ფუქსავატი, ცოდვილი ცხოვრების, - დაიწყო პირფერობაში გამობრძმედილმა ელენემ, - რამდენჯერ ზიზღი მიგრძვნია მამაკაცთა ცხოველური ავხორცობისადმი, რამდენჯერ სიტყვა მიმიცია საკუთარი თავისათვის, თავი დამენებებინა ბიწიერებისათვის და პატიოსან, მშვიდ ცხოვრებას დავბრუნებოდი, მაგრამ დავრწმუნდი, ამაო იყო ყოველი წინააღმდეგობა; შენ სულით ძლიერი ხარ, ჩემსავით არ აჰყვები ხორციელ უძლურებას, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენ, რა მაცთუნებელია მამაკაცთა ძლიერება, მას ვერ გაუძლებს ვერც ერთი ქალი, ვისაც სიყვარულის იდუმალი ძალა უგემნია. ოჰ, ბედნიერო, შენ არ იცი, რა ენით აღუწერელი ძალა აქვს მამაკაცს, რა სიტკბოება, რაც იმორჩილებს ქალს მისი ნების გარეშე.    ამ აღსარებით განცვიფრებულმა სოფიომ, რომელიც არ მოელოდა ამას ხარბი და სიტკბოების მოყვარული დისაგან, უფრო უმატა მჭევრმეტყველებას. ბოლოს ღვთიური შუქი დაადგა, დაუწყო ელენეს დარიგება, რადგან ბიწიერების სიძულვილი ჭეშმარიტი გზაა სიკეთის შეცნობისა. ამაოდ იჩენ სულმოკლეობას, როცა ირწმუნები, შეუძლებელია ხორციელი ცთუნების დაძლევაო. შეურყეველი სწრაფვა სიკეთისაკენ, თუ სული აღსავსეა ამით, გაუძლებს ყოველ ცთუნებას. ასეთი მაგალითები ბევრია წარმართთა და ქრისტიანთა ისტორიაშიც. მაგრამ ელენემ ნაღვლიანად დახარა თავი. - ო, დიახ, მეც წამიკითხავს მართალთა მამაცური ბრძოლის ამბები ეშმაკურ ავხორცობასთან. მაგრამ მამაკაცები ღმერთმა დააჯილდოვა არა მარტო ძლიერი სხეულით, სულიერი სიმტკიცითაც, შეჰქმნა მამაც მებრძოლებად ღვთიური საქმისათვის, - მიუგო შეწუხებულმა, - უძლურ დედაკაცს კი ძალა არ შესწევს, - მძიმე ოხვრით ამოთქვა მან, - გაუძლოს მამაკაცთა ცთუნებას და მზაკვრობას, არასოდეს გამიგონია, ქალს წინააღმდეგობა გაეწიოს მამაკაცის დაჟინებული სურვილისათვის. - როგორ შეგიძლია მაგის თქმა! - განრისხდა სოფიო, რომელსაც დამ სიამაყე შეუბღალა, - განა მე არა ვარ ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ მტკიცე ნებისყოფას შეუძლია აღუდგეს მამაკაცთა ცთუნებას? დილიდან საღამომდე ვერ ვიცილებ ამ აბეზართა ბანდას, საავადმყოფოშიც კი მოდიან, ფეხდაფეხ დამსდევენ, ღამღამობით საწოლში მაცთუნებელ წერილებს ვპოულობ ხოლმე, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ერთი მათგანი შეხედვის ღირსი მაინც გამეხადოს, რადგან ნებისყოფა მიცავს ცთუნებისაგან. შენს სიტყვებში სიმართლის ნატამალიც კი არა არის. თუ ქალს ჭეშმარიტად სძაგს ცთუნება, არ აჰყვება მას. ცოცხალი მაგალითი ამისა მე თვითონ ვარ. - ვიცი, ბედნიერი ხარ, შესძელი არ დამორჩილებოდი ცთუნებას, - მოჩვენებითი სიმშვიდით მიუგო ელენემ დას და ალმაცერად გადახედა, - მაგრამ ეს იმიტომ, რომ მონაზვნის ტანსაცმელი და ის სასტიკი მოვალეობა გიფარავს, რაც იკისრე. შენ გიფარავს ღვთისმოშიშ დათა წმინდა ორდენი. შენ არა ხარ ისე მარტოდმარტო და უმწეო, როგორც მე. ნუ გგონია, შენი უბიწოების მიზეზი მხოლოდ შენი სიმტკიცეა. დარწმუნებული ვარ, მარტო რომ დარჩე ყმაწვილ კაცთან, არც იმისი ძალა გექნება და არც სურვილი, წინააღმდეგობა გაუწიო, და ისევე დანებდები, როგორც ვნებდებით ყველანი. - არასოდეს! არასოდეს! - იყვირა განრისხებულმა სოფიომ, - მე მზად ვარ, ჩემი ტანსაცმლის გარეშე, მხოლოდ ჩემი ნებისყოფით გავუძლო ყოველ გამოცდას.    ელენესაც ეს უნდოდა. თანდათან ითრევდა დაგებულ მახეში, ჯიუტად ეკამათებოდა, სანამ მოთმინებიდან გამოსულმა სოფიომ თვითონვე არ დაუწყო თხოვნა გამოეცადა. მას სურდა, არა, კი არ სურდა, ითხოვდა გამოცდას, რათა სულმოკლე ელენე თვალნათლივ დარწმუნებულიყო, რომ თავის უბიწოებას მხოლოდ საკუთარი ძალით იცავდა. ელენე კარგა ხანს დუმდა, თითქოს სოფიოს სიტყვებზე ფიქრობსო, გული კი მოუთმენლობისა და ნიშნისგებისაგან ელეოდა. ბოლოს ამოთქვა: - გამიგონე, სოფიო, მე ვიცი, როგორ გამოგცადო. ხვალ საღამოთი სილვანდრს ველოდები, ყველაზე ლამაზ ყმაწვილ კაცს მთელ ამ მხარეში. ვერც ერთი ქალი ვერ გაუძლებს იმის ცთუნებას, მაგრამ იმან მე ამომირჩია. ოცდარვა მილს გამოივლის ფეხით ჩემი გულისათვის, შვიდ ფუტ წმინდა ოქროს მოიტანს და სხვა მრავალ საჩუქარს, რომ ჩემი სარეცელი გაიზიაროს. მაგრამ ხელცარიელიც რომ მოსულიყო, მაინც არ გავაგდებდი, ის კი არა, იმდენივე ოქროს ვუბოძებდი, რომ იმასთან ღამე გამეტარებინა, რადგან იმაზე ლამაზსა და თავაზიან ყმაწვილკაცს ამქვეყნად ვერ ნახავ. ღმერთმა ჩვენ ისე დაგვამსგავსა ერთმანეთს სახით, ხმითა და ტანით, ჩემი ტანსაცმელი რომ ჩაიცვა, ვერავინ მიხვდება, რომ მე არა ვარ. ხვალ ჩემს მაგივრად შენ დაუხვდი სილვანდრს ჩემს სახლში და უმასპინძლე. თუ იფიქრებს, რომ ეს მე ვარ და ალერსს მოგთხოვს, უარი უთხარ, რა მიზეზითაც გინდა. მე კი გვერდით ოთახში დაგელოდები, ვნახოთ, შესძლებ თუ არა შუაღამემდე მაინც გაუწიო წინააღმდეგობა. მაგრამ უფრთხილდი, დაო, საშიში მაცთუნებელი ძალა აქვს მის სიახლოვეს. ამასთან კიდევ უფრო საშიშია ჩვენი გულების სისუსტე. მეშინია, მონაზვნის ცხოვრებას შეჩვეული, არ დაემორჩილო ცთუნებას. ამიტომ გაფიცებ, უარი თქვა ამ გაბედულ თამაშზე.    ცბიერი დის ხან მაცთუნებელი, ხან გამაფრთხილებელი, მოთაფლული საუბარი ცეცხლზე ნავთს უსხამდა სოფიოს. თუ ასეთ უბრალო რამეში გინდა გამომცადო, ეჭვი არც კი მეპარება, რომ იოლად დავიჭერ გამოცდას არათუ შუაღამემდე, განთიადამდეცო, - ამაყად განაცხადა მან. - მხოლოდ იმისი ნება მომეცი, ხანჯალი თან ვიქონიო, თუ ყმაწვილი კაცი გაბედავს ძალა იხმაროსო.    ამ ზვიადი სიტყვების მოსმენაზე ელენე დის წინ მუხლებზე დაეცა, თითქოს ლოცულობსო. ნამდვილად კი უნდოდა, ბოროტი ცეცხლი დაემალა, თვალებში რომ გაკვესა.    ამგვარად, გადაწყვიტეს, მეორე დღეს სილვანდრს სოფიო დაუხვდებოდა, ელენემ კი დაიფიცა, სამუდამოდ უარს იტყოდა ბიწიერ ცხოვრებაზე, თუ სოფიო გაუძლებდა ცთუნებას.    სოფიო საჩქაროდ დაბრუნდა მონაზვნებთან, რათა სულიერად გამხნევებულიყო ამ ღვთისმოშიშ ქალთა მახლობლად, რომელთაც უარი თქვეს ამქვეყნიურ სიამოვნებაზე და სიცოცხლე შესწირეს ხეიბართ და სნეულთ.    სოფიო განსაკუთრებული გულმოდგინებით უვლიდა ყველაზე უძლურ და მიხრწნილ ავადმყოფთ და მათი საშინელი წყლულების შემხედვარე იმსჭვალებოდა ფიქრით ყოველი ამქვეყნიურის წარმავლობაზე. განა ამ ცოცხლად გახრწნილმა ტანჯულმა ადამიანებმა არ იცოდნენ სიყვარული, ისინი არასოდეს შეუპყრია გზნებას? მერე რაღა დარჩა ამათგან? ობი, ფერფლი, რომელშიც ოდნავ ღვივოდა სიცოცხლე.    მაგრამ არც ელენე იჯდა გულხელდაკრეფილი. ყოველგვარ ცბიერებაში გამოცდილმა, რომლის წყალობითაც უხმობენ ეროსს, თავქეიფა ღმერთსა და აკავებენ, თავის მზარეულს, სამხრეთ იტალიის მკვიდრს, უბრძანა, ათასნაირი აღმგზნები ნელსურნელებით, განსაკუთრებით თესლით, ავხორცობის აღმძვრელი ძირებითა და ესპანური წიწაკით შეეზავებინა ხორცი, ღვინოში კი ლენცოფა და გამაბრუებელი, ძილისმომგვრელი ბალახი შეერია. არც მუსიკა დავიწყებია. ეს ოდითგანვე თანმხლები ნადიმებისა, თბილ, ნიავივით საამო მოთენთილობას რომ ჰგვრის ადამიანის სულს. გვერდით ოთახში თვალთაგან მიფარებით იდგა ნაზი ფლეიტები და წვრილხმიანი წინწილები, საშიშნი დაბანგულ გრძნობათათვის. ამგვარად, წინდახედულად დაუგო ეშმაკის მახე და მოუთმენლად ელოდა თავისი უბიწოებით გაამაყებულ დას. როცა გამოჩნდა უძილოდ გატარებული ღამისაგან მიმტკნარებული სოფიო, რომელსაც აკრთობდა თავისი ნებით გამოწვეული საფრთხის მოლოდინი, სასახლის კარზე მსახურნი გარშემოერტყნენ. განცვიფრებული მორჩილი სურნელოვან აბანოში წაიყვანეს. იქ სირცხვილისაგან ალმურმოდებულ სოფიოს ნაცრისფერი მონაზვნის კაბა გახადეს და მთელს სხეულზე დასრესილი ყვავილების ფურცლები და სურნელოვანი საცხები წასცხეს ისე ნაზად და თან ისე მაგრად, რომ კანი აუწითლდა. გახურებულ ტანზე ხან გრილსა და ხან თბილ წყალს ასხამდნენ, მერე სწრაფად ნარგიზის ზეთი წაუსვეს, ნაზად უზელდნენ და ისე გულმოდგინედ უმშრალებდნენ კატის ტყავით, რომ ბეწვზე იისფერმა ნაპერწკლებმა იელვა. ამგვარად, ღვთისმოშიშ სოფიოს, რომელმაც ვერც კი გაბედა წინააღმდეგობის გაწევა, ისევე ამზადებდნენ სასიყვარულო დროსტარებისათვის, როგორც ყოველ საღამოს - ელენეს. შორიდან ისმოდა ფლეიტის ნაზი, გულშიჩამწვდომი ხმები, კედლიდან კი სანდალოზის შანდლიდან წვეთ-წვეთად ჩამომდინარე თხელი ფისის სუნი სცემდა. ბოლოს, ყოველივე ამითი საშინლად შემკრთალი სოფიო სარეცელზე მიწვა და სარკეში თავისი გამოსახულება დაინახა. უცხო ეჩვენა, მაგრამ მშვენიერი, როგორც არასდროს. თვითონვე ატკბობდა საკუთარი სხეულის სინორჩისა და სიმსუბუქის შეგრძნება, თან რცხვენოდა იმ ტკბილი ნეტარებისა, რასაც განიცდიდა. ელენე მიუახლოვდა და ცბიერი სიტყვებით დაუწყო ფერება, აქებდა მის სიმშვენიერეს, სანამ სოფიომ არ შეაწყვეტინა სახოტბო სიტყვათა ნიაღვარი. ერთხელ კიდევ გადაეხვივნენ დები ერთმანეთს თვალთმაქცურად: ერთს გულს უფლეთდა შიში და მღელვარება, მეორეს კი ბოროტი მოუთმენლობა ჰკლავდა. მერე ელენემ ბრძანა, აენთოთ შანდლები, თვითონ კი ჩრდილივით გაცურდა გვერდით განსასვენებელში, რომ დამტკბარიყო მის მიერ მოწყობილი სანახაობით. ცბიერ მეძავ ქალს ადრევე გაეფრთხილებინა სილვანდრი, თუ რა ორაზროვანი თავგადასავალი ელოდა და დაჟინებით სთხოვა, თავშეკავებული და კეთილი ქცევით პირველად უბიწო მონაზვნის შიში გაეფანტა. როდესაც მოვიდა სილვანდრი, წინასწარ რომ გრძნობდა გამარჯვებას ამ უჩვეულო და თავშესაქცევ ბრძოლაში, და სოფიომ უნებურად მარცხენა ხელი ხანჯალს წაავლო, რომლითაც აღიჭურვა თავის დასაცავად ძალმომრეობისაგან, დაინახა, სითამამით განთქმული გარყვნილი კაცი მისდამი უსაზღვრო მოწიწებით იყო აღსავსე, რადგან ელენეს მიერ გაფრთხილებულ ყმაწვილ კაცს არათუ არ უცდია მოხვეოდა შიშისაგან სულგანაბულ სოფიოს, ან მღელვარე სიტყვებით მიემართა, მორჩილად მოიყარა მუხლი მის წინაშე. მერე მსახურს მოუხმო, გამოართვა მძიმე ოქროს ძეწკვი, პროვანსული აბრეშუმის მეწამული მოსასხამი და სოფიოს სთხოვა, ნება დაერთო, მოსასხამი მოესხა მისთვის და ყელზე ძეწკვი ჩამოეკიდა. ასეთ თავაზიან თხოვნაზე სოფიომ უარი ვეღარ უთხრა და თანხმობა განაცხადა. ქალი გაუნძრევლად იდგა, სანამ ვაჟი მოსასხამს ასხამდა და ყელზე ძეწკვს ჰკიდებდა, თუმცა ლითონის სიგრილესთან ერთად კეფაში შეიგრძნო გახურებული თითების შეხება. მაგრამ რახან სილვანდრმა მარტო ამისი ნება მისცა თავს, სოფიოს არავითარი მიზეზი აღარ ჰქონდა განრისხებისა. ყმაწვილმა კაცმა მოჩვენებითი მოკრძალებით კვლავ დახარა თავი მის წინაშე და მოახსენა, ღირსად არ მიმაჩნია თავი თქვენთან ვივახშმო, სანამ ნამგზავრი მტვერს არ მოვიშორებო, და მოკრძალებით სთხოვა, ნება განბანვისა და სამოსის გამოცვლისა. სოფიო ჯერ შეკრთა, მაგრამ მერე მსახურთ უბრძანა, სტუმარი განსაბანად წაეყვანათ. მსახურებმა, რომლებიც ჩუმად დარიგებულები იყვნენ ელენესაგან, სხვაგვარად ახსნეს სოფიოს სიტყვები, მაშინვე განძარცვეს ყმაწვილ კაცს ტანსაცმელი და იგი წარსდგა ქალის წინაშე დედიშობილა, აპოლონის, წარმტაცი ღმერთის ქანდაკივით, რომელიც წინათ ბაზრის მოედანზე იდგა და ეპისკოპოსის ბრძანებით ნამსხვრევებად აქციეს. მერე მომღიმარე, შიშველ ყმაწვილ კაცს ნელსაცხებელი წასცხეს, ფეხები დაბანეს თბილი წყლით, ნაზად ჩააწნეს თმაში ვარდები და ბოლოს ახალი, ძვირფასი ტანსაცმლით შემოსეს. როდესაც სილვანდრი მეორედ მიუახლოვდა სოფიოს, ახლა ყმაწვილი კაცი კიდევ უფრო მშვენიერი ეჩვენა. ეს რომ იგრძნო, საკუთარ თავზე განრისხებულმა საჩქაროდ მოისინჯა კაბის ნაოჭებში ჩატანებული მხსნელი ხანჯალი. მაგრამ სულ არ იყო საჭირო მისი ამოღება, რადგან ყმაწვილი კაცი არანაკლები პატივისცემით იქცეოდა საუბარში, ვიდრე სწავლული მაგისტრები, რომლებიც საავადმყოფოში ეწვეოდნენ ხოლმე. ახლა ის უფრო აბრაზებდა, ვიდრე სიამოვნებას ჰგვრიდა, რომ არ მიეცა შემთხვევა დის წინაშე სამაგალითო ქალური სიმტკიცე გამოეჩინა. როგორც ცნობილია, იმისათვის, რომ დაიცვა შენი უმანკოება, აუცილებელია, ვინმე თავს გესხმოდეს, მაგრამ სილვანდრი, ეტყობოდა, არც კი ფიქრობდა ამაზე, და ფლეიტის ნაზ, მიმბნედავ ხმებში თანდათან ხმამაღლა რომ ისმოდა მეზობელ ოთახიდან, უფრო მეტი სინაზე და გზნება იგრძნობოდა, ვიდრე ყმაწვილი კაცის სიყვარულისათვის შექმნილ ალისფერი ბაგეების მიერ წარმოთქმულ სიტყვებში. თითქოს მამაკაცებს შორის მრგვალ მაგიდას უჯდა და ბრძოლებზე და სამხედრო ლაშქრობებზე საუბრობდა, ისეთის ხელოვნებით იჩენდა გულგრილობას, რომ სოფიოს საფრთხე სულ გადაავიწყდა. უდარდელად შეექცეოდა სანელებლით შეზავებულ საჭმელს და სვამდა გამაბრუებელ ღვინოს. ნაწყენმა და გაბოროტებულმა, რომ ყმაწვილი კაცი სულ მცირე მიზეზსაც კი არ აძლევდა იმისა, რომ დის წინაშე თავისი სიმტკიცე და სამართლიანი მრისხანება გამოეჩინა, ბოლოს თვითონ დაუწყო საფრთხეს თამაში. უცბად გამხიარულდა, ხმამაღლა კისკისს მოჰყვა, ქანაობდა და ტრიალებდა აქეთ-იქით, მაგრამ არც რცხვენოდა და არც ეშინოდა, რადგან შუაღამემდე არც ისე დიდი დრო იყო დარჩენილი, თან ხანჯალი ხელთ ჰქონდა და ეს თითქოს და მგზნებარე ყმაწვილი ფოლადის დანაზე უფრო ცივი გახლდათ. თანდათან უახლოვდებოდა კაცს, დარწმუნებული, რომ ბოლოს მიეცემოდა შემთხვევა, დაეცვა თავისი უმანკოება. უსაზღვრო პატივმოყვარეობით შეპყრობილი ღვთისმოშიში სოფიო თავისდა უნებურად ისეთ მაცთუნებელ დახელოვნებას იჩენდა, როგორც მისი ავხორცი და წმინდა მიწიერი სიამოვნებისათვის.    მაგრამ ბრძენ ხალხს უთქვამს: ეშმაკს თმის ღერში რომ ჩაავლო ხელი, იგი უეჭველად ქეჩოში ჩაგეჭიდებაო. ასეც დაემართა მოშურნეობის ცეცხლით ანთებულ სოფიოსაც. დაბანგულმა ღვინომ, ნელსურნელებამ, ფლეიტის ტკბილად მომთენთავმა ხმებმა გონება აურია, საუბარი გაურკვეველ ტიტინად იქცა, სიცილი ყურისწამღებ კისკისად. ვერც ერთი მედიცინის დოქტორი, ვერც ერთი სამართლის მცოდნე ვერ დაამტკიცებდა სასამართლოს წინაშე, ეს ცხადლივ ხდებოდა თუ სიზმარში, სიმთვრალეში თუ სიფხიზლეში, მისი თანხმობითა თუ წინააღმდეგ მისი ნებისა, მაგრამ ასეა თუ ისე, შუაღამემდე კარგა ხნით ადრე მოხდა ის, რაც ღვთის თუ მისი მეტოქის ნებით, უნდა მომხდარიყო ქალ-ვაჟს შორის. მარმარილოს ფილებზე წკრიალით დაეცა ტანსაცმლის ნაოჭში დამალული ხანჯალი, მაგრამ საოცარი ის გახლდათ, რომ მოთენთილმა მართლმორწმუნე ქალმა იარაღი აიღო და არ ჩასცა ყმაწვილ კაცს გულში. არც ტირილი და არც შებრძოლების ხმაური არ გაუგონია ელენეს. და როდესაც შუაღამისას გამარჯვებული მეძავი მსახურთა თანხლებით შეიჭრა ოთახში, რომელიც შეუღლებულთა სავანე გამხდარიყო, და მოუთმენელი ცნობისმოყვარეობისაგან ჩირაღდანი დაანათა დის სარეცელს, ამაო გახლდათ თავის მართლება და ფიცი.    ავყია მსახურებმა, წარმართული ჩვეულებისამებრ, სარეცელს სოფიოს შეფაკლულ ლოყებზე უფრო წითელი ვარდები დააყარეს. სოფიო გვიან მოეგო გონს და მიხვდა თავის დამცირებას. მაგრამ ელენემ დარცხვენილი და გულში ჩაიკრა და მხურვალედ აკოცა. ფლეიტები უკრავდნენ, წკრიალებდნენ წინწილები, თითქოს დიდებული პანი დაბრუნდა ქრისტიანთა მიწაზე. ნახევრადშიშველი ქალიშვილები ვნებიან, თავაშვებულ ქალებივით ფერხულს უვლიდნენ, ხოტბას ასხამდნენ ეროსს, უარყოფილ ღმერთს. მერე კოცონი გააჩაღეს კეთილსურნელოვანი ხისაგან. ცეცხლის ხარბმა ენებმა შთანთქა წყეული, საზიზღარი მონაზვნის ტანსაცმელი და ახლად მოქცეული ჰეტერაც, რომელსაც არ სურდა ეღიარებინა თავისი დამარცხება, მისი მოთენთილი ღიმილი კი მეტყველებდა, რომ თავისი ნებით დაემორჩილა მშვენიერ ჭაბუკს, ისევე მორთეს ვარდებით, როგორც მისი და. დები ერთმანეთის გვერდით იდგნენ - ერთი სირცხვილისაგან დამწვარი, მეორე - გამარჯვებით სახეგაბრწყინებული, და ახლაც ვერავინ გაარჩევდა სოფიოს ელენესაგან, ცთუნებულ მორჩილს მეძავისაგან, ყმაწვილი კაციც გაცხოველებული ვნებით ხან ერთს მიაპყრობდა მზერას ხან - მეორეს.    ამასობაში მსახურთ გაგიჟებული სიხარულით ყურთამდე გაეღოთ სასახლის კარები და ფანჯრები. ღამის მაწანწალები, საწოლებიდან წამოცვენილი გზაკვალაბნეული ბრბო ხარხარით და ღრიალით მოაწყდა ყოველის მხრიდან და მზეს ჯერ კიდევ ოქროსფრად არ შეეფერა სახლების სახურავები, რომ ქუჩებს ნიაღვარივით მოედო ამბავი ელენეს გამარჯვებისა ბრძენ სოფიოზე, ბიწიერებისა - უბიწოებაზე. გაიგეს თუ არა, რომ დაცემულიყო ესოდენ შეურყეველი სიმაგრე, ქალაქის მამაკაცები სასახლისაკენ გამოეშურნენ (სრულს სიმართლეს მოგახსენებთ), სადაც მათ გულმხურვალედაც შეხვდნენ, რადგან ესოდენ სწრაფად მოქცეული სოფიო ელენესთან დარჩა და მთელის ძალით ცდილობდა შეჯიბრებოდა მას მგზნებარებასა და გულმოდგინებაში. ბოლო მოეღო შურსა და ქიშპს. ამოირჩიეს ერთიდაიგივე სამარცხვინო ხელობა და ცოდვილი დები სრულის შეთანხმებით ცხოვრობდნენ ერთ ჭერქვეშ. თმასაც ერთნაირად ივარცხნიდნენ. ერთნაირ ტანსაცმელს იცვამდნენ და ირთვებოდნენ და რახან ერთნაირად იცინოდნენ და ერთნაირადვე ჩურჩულებდნენ ნაზ სიტყვებს, ავხორცნი ახალ, დაუსრულებელ, მიმზიდველ თამაშს მიეცნენ: ცეცხლოვან მზერაზე, კოცნასა და ალერსზე გამოეცნოთ, რომელი ჰყავდათ გულში ჩაკრული, მეძავი ელენე, თუ ოდესღაც უბიწო სოფიო. ისე საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს, იშვიათად თუ გამოიცნობდა ვინმე, რომელს ახარჯავდა ფულს. ამასთან კიდევ ცბიერი ტყუპი დები განსაკუთრებულ სიამოვნებას პოულობდნენ რომელიმე ცნობისმოყვარე მამაკაცის გასულელებაში. ამგვარად, პირველად არ იყო, რომ ამ ჩვენს ცრუ სოფელში ელენე გამარჯვებას ზეიმობდა სოფიოზე, სილამაზე სიბრძნეზე, ბიწიერება სათნოებაზე, ძველთაგან ცოდვილი ხორცი მერყევ და ზვიად სულზე. კვლავ დამტკიცდა ჭეშმარიტება, რასაც ჯერ კიდევ მრავალტანჯული იობი ღაღადებდა. ბიწიერნი განცხრომით ცხოვრობენ ამქვეყნად, ალალმართლებს მასხრად იგდებენ, უბიწოთ არცხვენენ, რადგან არასოდეს არც ერთ მეზვრეს, ზედამხედველს, მეკასრეს, ოქრომჭედელს, პურის მცხობელს, ჯიბის ქურდს თუ საეკლესიო ქურდს თავისი მძიმე შრომით იმდენი ფული არ უშოვნია, როგორც დებმა იშოვნეს თავიანთი ავხორცობით. სრულის ერთსულოვნებით აცარიელებდნენ ყველაზე მძიმე სკივრებს და ყველაზე სავსე ზარდახშებს. ფული და ძვირფასი თვლები მკვირცხლი თაგვებივით თავს იყრიდნენ ყოველღამ იმათ სახლში. დედას არა მარტო სილამაზით დაემსგავსნენ, არამედ ხელმომჭირნეობასა და ანგარიშიანობაშიც და ოქროებს ტყუილუბრალოდ კი არ ფლანგავდნენ, როგორც ბევრი მათი მსგავსი ქალი სჩადის ხოლმე, მევახშეობდნენ, ფულს ატრიალებდნენ და ამითი ხელში ჰყავდათ ქრისტიანებიც, ებრაელებიცა და წარმართებიც. ამას ისეთი გულმოდგინებით აკეთებდნენ, რომ იმათ მღვიმეში იმაზე მეტმა თამასუქებმა, გირავნობის სიგელებმა მოიყარა თავი, ვიდრე რომელიც გნებავთ სასახლეში. რაღა თქმა უნდა, როცა ამას ხედავდნენ, აქაურ ყმაწვილ ქალებს აღარ სურდათ ჭურჭლის მრეცხაობა, ან თეთრეულით სავსე ვარცლთან დგომა ხელებგაყინულებს. და აი, ერთმანეთთან შეთანხმებული დების დანაშაულით ამ ქალაქმა ისეთი ცუდი სახელი დაიგდო, რომ ახალ სოდომს ეძახდნენ.    მაგრამ ჭეშმარიტად უთქვამს ხალხს: რა მარდადაც არ უნდა იხტუნოს ეშმაკმა, ცალი ფეხი მაინც მოსტყდებაო.    ასე მოუვიდათ ამათაც. რაც წლები გადიოდა, მოყირჭებულ მამაკაცებს თანდათან ნაკლებ იტაცებდათ გამოცანის ამოხსნა. სტუმრები იშვიათად მოდიოდნენ ხოლმე. ადრე ჰქრებოდა სანდლები სასახლეში, კარგა ხანია ხვდებოდა ყველა, რისი მიხვედრაც არ სურდათ დებს და რასაც უხმოდ უჩურჩულებდა სარკე მოციმციმე შანდლებს: ნაოჭებზე მკვირცხლ თვალთა უპეებში, ფერმკრთალ ლოყებზე. ამაოდ ცდილობდნენ ხელოვნებითა და გრძნეულებით დაებრუნებინათ ის, რასაც უმოწყალოდ ართმევდა მათ ბუნება, ამაოდ იფარავდნენ ჭაღარას საფეთქლებთან, სპილოს ძვლის დანით ისწორებდნენ ნაოჭებს და მორღვეულ ტუჩებს იღებავდნენ; წლებს, გზნებით გატარებულ წლებს, თავისი გაჰქონდა და როგორც კი გაჰქრა მათი სინორჩე, მამაკაცებს მოყირჭდათ, რადგან როცა იმათი სინორჩე ჭკნებოდა, გამოჩნდა სხვა ქალიშვილები, ყოველწლიურად ახალი ნერგი, კოკობმკერდიანი, ცელქი, ხვეულთმიანი მშვენიერი ქმნილებანი, რომლებიც თავიანთი უბიწოებით უფრო მეტად იზიდავდნენ ცნობისმოყვარე მოტრფიალეთ. თანდათან სიჩუმემ დაისადგურა სასახლეში ბაზრის მოედანზე. ჩაიჟანგა კარის ანჯამები, ამაოდ ენთო ჩირაღდნები და ფისის სურნელოვან სუნს აფრქვევდნენ გარშემო, აღარავინ თბებოდა აბრიალებულ ბუხართან, აღარავის ელოდნენ მორთულ-მოკაზმული დები. მეფლეიტეებმა, რომელთაც მსმენელები აღარ ჰყავდათ, მიატოვეს თავიანთი მომჯადოებელი ხელოვნება და მოწყენილობისაგან მთელი დღეობით კამათელს აგორებდნენ. მეკარე კი, ღამღამობით სტუმრებს რომ ელოდებოდა, უშფოთველი ძილისაგან ჩასუქდა. უსხდნენ ხოლმე დები გრძელ მაგიდას, ოდესღაც სიცილ-ხარხარისაგან რომ ზანზარებდა, და რადგან აღარავინ მოდიოდა მათთან დროის სატარებლად, ბევრი დრო რჩებოდათ წარსულის მოსაგონებლად. სოფიო ნაღვლიანად იგონებდა იმ დროს, როცა უარი თქვა ამქვეყნიურ სიამოვნებაზე და მკაცრ, ღვთისმოშიშ ცხოვრებას ეწეოდა. ახლა ხშირად იღებდა ხელში მტვერდადებულ წმინდა წიგნებს, რადგან ქალები მაშინ ბრძენდებიან, როცა მათი სილამაზე ჭკნება. ნელ-ნელა ორივე დაში რაღაც საოცარი ცვლილება მოხდა. ისევე, როგორც ყმაწვილქალობაში მეძავმა ელენემ გაიმარჯვა ღვთისმოშიშ სოფიოზე, ახლა სოფიო, რომელმაც კარგა ხნის შემდეგ საკმაოდ შესცოდა, დიდის გულმოდგინებით არწმუნებდა დას უარი ეთქვა ამქვეყნიურ ცხოვრებაზე. დილდილაობით სასახლეში საიდუმლო მოძრაობა იწყებოდა, სოფიო მიიპარებოდა საავადმყოფოში, რომელიც ოდესღაც ასე სამარცხვინოდ დატოვა, რათა მონაზონთათვის პატიება გამოეთხოვა. ჯერ მარტო მიდიოდა, მერე ელენეც თან მიჰყავდა და როდესაც ორივე დამ განაცხადა, ცოდვით მონაგარი ფული უკლებლივ საავადმყოფოსათვის შეეწირათ, ურწმუნოთაც კი აღარ ეპარებოდათ ეჭვი იმათ გულწრფელ სინანულში.    და აი, ერთ მშვენიერ დილას, როცა მეკარეს ჯერ ისევ ეძინა, პირშებურვილი, ორი უბრალოდ ჩაცმული ქალი ისე აჩრდილივით, მოკრძალებითა და ჩუმად გამოიპარა ბაზრის მოედანზე მდებარე მდიდრულ სასახლიდან, როგორც ორმოცდაათი წლის წინ ერთი ქალი - იმათი დედა, როცა სიზმარივით გაუქრა სიმდიდრე და ქალაქის განაპირა ქუჩაბანდის სიღარიბეს უბრუნდებოდა. ფრთხილად გამოიპარნენ შიშნეულად გაღებულ ჭიშკარში. თუ წინათ ერთმანეთს ჯიბრში ედგნენ ამპარტავნობაში და ითხოვდნენ, ყველას მათთვის მიექცია ყურადღება, ახლა მოკრძალებით იბურავდნენ სახეს, რათა იმათი გზა გამოუცნობი დარჩენილიყო და ბედი მათი დავიწყებას მისცემოდა. თუ გადმოცემას დავუჯერებთ, კარგა ხნის შემდეგ განდეგილობისა, უცხო ქვეყნის ერთ ქალთა მონასტერში დაუსრულებიათ სიცოცხლე, სადაც არავინ იცოდა მათი წარსული, მაგრამ მათ მიერ შეწირული სიმდიდრე ესოდენ აურაცხელი ყოფილა, - აუწონელი ოქრო, სამკაული, თვალმარგალიტი, დაუთვლელი საგირავნო ქაღალდები, - რომ ქალაქის სადიდებლად მთელს აქვიტანიაში ჯერ არნახული საავადმყოფო აუგიათ. ვინმე ჩრდილოელ ხუროთმოძღვარს გეგმა შეუდგენია, ოც წელიწადს დღე და ღამ უშენებიათ და როცა დაუსრულებიათ, ხალხი განცვიფრებით შესცქეროდა თურმე ახალ შენობას, რადგან რაღაც უჩვეულოდ აღმართულიყო მის ზემოთ ერთი მრისხანე, ოთხკუთხი კოშკი, ერთი კი არა, ქალურად ტანწერწეტი, გრანიტის მაქმანშემოვლებული ორი კოშკი, ერთი მარჯვნივ და მეორე მარცხნივ, ისე მსგავსნი ზომითაც, შესახედაობითაც და მომაჯადოებელი ჩუქურთმითაც, რომ პირველი დღიდანვე „ტყუპი დები“ უწოდეს. არავინ იცის, რისთვის შეარქვეს ეს სახელი, ერთი მეორის ანარეკლი რომ იყო, თუ იმიტომ, ხალხს, რომელიც არ ივიწყებს მნიშვნელოვან მოვლენებს და საუკუნეების მანძილზე თაობიდან თაობებს გადასცემს, არ სურდა დავიწყებას მისცემოდა ლეგენდა ცოდვილიან ცხოვრებასა და ტყუპი დების მოქცევაზე, რაც შუაღამისას, მთვარის შუქზე, ჩემმა ღაჟღაჟლოყება, ცოტათი შექეიფიანებულმა თანამესუფრემ მიამბო. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 2:59pm on ნოემბერი 2, 2016
თემა: ოსკარ უაილდი - ქანთერვილის მოჩვენება
ო. მართლაც, ლორდი ქანთერვილი, რომელიც პატიოსნებითა და პუნქტუალობით იყო ცნობილი, თვითონვე გრძნობდა აუცილებლობას ეს ფაქტი ეხსენებინა, როდესაც პირობების შესათანხმებლად შეხვდა მინისტრს. – ამ ადგილას ცხოვრება აღარ გვინდა, – მიმართა ლორდმა ქანთერვილმა, – რაც პაპიდაჩემი, ბოლთონის დოვაგერის ჰერცოგინია ისე შეშინდა, რომ გონს ვეღარ მოვიდა ცხონებული. სასადილოდ რომ ემზადებოდა, ჩაცმისას მან მხრებზე ჩონჩხის ხელები დაინახა; თავს მოვალედ ვრაცხ მოგახსენოთ, ბატონო ოტის, რომ მოჩვენება აქ რამდენჯერმე შეამჩნიეს ოჯახის ჯანმრთელმა წევრებმა, მათ შორის სამრევლო მღვდელმა, ღირსმა ავგუსტუს დამპიერმა, რომელიც კემბრიჯში, სამეფო კოლეჯის სამეცნიერო საზოგადოების მაგისტრია. ჰერცოგინიას თავს დამტყდარი ამ უბედური შემთხვევის შემდეგ ჩვენთან ახალგაზრდა მსახურთაგან აღარავინ ისურვა დარჩენა, ლედი ქანთერვილიც სულ უძილობას უჩიოდა ღამღამობით დერეფნიდან და ბიბლიოთეკიდან მომავალი იდუმალი ხმების გამო. – ბატონო ჩემო, – უთხრა მინისტრმა, – ავეჯსა და მოჩვენებას ღირებულებაში ვიანგარიშებ. მე თანამედროვე ქვეყნიდან ვარ, სადაც ყველაფერი გაგვაჩნია, რასაც კი ფულით იყიდის კაცი. თანაც, ჩვენ საკმაოდ მარჯვე ახალგაზრდობა გვყავს, რომელსაც თქვენი ძველი სამყაროს გადატრიალება შეუძლია. ჩვენს ახალგაზრდებს თქვენგან საუკეთესო მსახიობები და საოპერო პრიმადონები მიჰყავთ, ამდენად, ეს მოჩვენება მართლაც რომ არსებულიყო, უკვე დიდი ხნის წინ იქნებოდა ჩვენს რომელიმე მუზეუმში გამოფენილი ან ქუჩაში საჩვენებლად გამოდგმული. – ვშიშობ, მოჩვენება მაინც არსებობს, – ღიმილით მიუგო ლორდმა ქანთერვილმა, – თუმცა, იქნებ ის არც კი მოხიბლულიყო თქვენი გამჭრიახი იმპრესარიოების შემოთავაზებებით. უკვე სამი საუკუნეა კარგად არის ცნობილი, ფაქტობრივად, 1584 წლიდან, და ყოველთვის ჩნდება ხოლმე ჩვენი ოჯახის რომელიმე წევრის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. – ვბედავ მოგახსენოთ, რომ ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, ოჯახის ექიმი ჩნდება ხოლმე სახლში. ლორდო ქანთერვილ, მგონი მოჩვენებისმაგვარიც არაფერი არსებობს და, ვფიქრობ, ბუნების კანონები ბრიტანულ არისტოკრატიას ვერ მოერგება. – ამერიკაში მართლაც რომ ბუნებას ხართ მორგებულნი, – უპასუხა ლორდმა ქანთერვილმა, რომელიც მისტერ ოტისს ბოლო შენიშვნას ვერ მიუხვდა. – თუკი სახლში მოჩვენების არსებობა არ გაღელვებთ, ყველაფერი კარგად ყოფილა. ოღონდ, გახსოვდეთ, მე გაგაფრთხილეთ. რამდენიმე კვირის თავზე სახლის შესყიდვა დასრულდა და სეზონისთვის მინისტრი ოჯახთან ერთად ჩამოვიდა ქანთერვილ ჩეიზში. მისის ოტისი, იგივე მისს ლუკრეცია რ. თაფანი, 53-ე უესთ-სთრითიდან, ნიუიორკელი ლამაზმანი, ახლა შუახნის, სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი იყო დახვეწილი თვალის ჭრილითა და საუცხოო პროფილით. ბევრი ამერიკელი ქალბატონი სამშობლოს დატოვების შემდეგ ქრონიკული ავადმყოფის იერს იძენს, თანაც, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს ევროპული დახვეწილობა იყოს, მაგრამ მისის ოტისს ეს შეცდომა არასდროს მოსვლია. მას საოცარი აღნაგობა ჰქონდა და ჭარბი რაოდენობით მისცემოდა სიცოცხლის ხალისიც. მართლაც, მრავალ ღირსებათა შორის, ის ჭეშმარიტი ინგლისელი იყო, და, ამავე დროს, ნათელი მაგალითიც იმისა, რაც დღესდღეობით ჩვენ ამერიკასთან გვაქვს საერთო, ცხადია, ენის გამოკლებით. მის უფროს ვაჟს ნათლობისას, პატრიოტული გრძნობების გამო, ვაშინგთონი დაარქვეს, რასაც თავად ვაჟი მუდამ განიცდიდა. იგი იყო ქერათმიანი, საკმაოდ ლამაზი ახალგაზრდა კაცი და ჩინებული მოცეკვავის სახელით ცნობილი. ვაშინგთონი იმედის მომცემი მომავალი ამერიკელი დიპლომატი იყო, რომელმაც სამი სეზონი უწყვეტად ნიუპორტის კაზინოში გერმანული კადრილიის დირიჟორად იმსახურა. გარდენიები და ჰერალდიკა კი მის სისუსტედ ითვლებოდა. სხვაფრივ, ის ერთობ გონიერი იყო. მის ვირჯინია ე. ოტისი, თხუთმეტიოდე წლის გოგონა, მოქნილი და ნუკრივით საყვარელი გახლდათ, ფართო ლურჯ თვალებში ჩამდგარი თავისუფლებით. ის მშვენიერი ამორძალი იყო, რომელმაც ერთხელ მოხუცი ლორდი ბილთონი დაიყოლია, თავისი პონით გაეჭენებინა ჰაიდ-პარკის ირგვლივ და ზუსტად აქილევსის ქანდაკების წინ სიგრძე-ნახევრითაც მოუგო გასწრობანა. ამით მან ჩეშირის ყმაწვილი ჰერცოგის გული ისე მოინადირა, რომ ამ უკანასკნელმა ვირჯინიას ხელიც კი სთხოვა, თუმცა ცრემლმორეული ჰერცოგი იმავე საღამოს მეურვეებმა ითონში დააბრუნეს. ვირჯინიას მოჰყვებოდა ტყუპი ძმა, რომელთაც „ვარსკვლავებსა და ზოლებს“ უწოდებდნენ იმის გამო, რომ მათ სულ წკეპლავდნენ. ძმები, ღირსეული მინისტრის გამოკლებით, ერთადერთი რესპუბლიკელები იყვნენ ოჯახში. რამდენადაც ქანთერვილ ჩეიზი უახლოესი რკინიგზის სადგურ სქოტლენდს შვიდი მილით იყო დაშორებული, მისტერ ოტისს ვაგონეტისთვის ჰქონდა ტელეგრაფი გაგზავნილი მათ დასახვედრად და ისინიც მგზავრობას კარგ გუნებაზე შეუდგნენ. ივლისის სასიამოვნო საღამო იდგა და ჰაერს რბილად ერეოდა ფიჭვნარის სურნელი. დროდადრო ესმოდათ გარეული მტრედი როგორ უკვირდებოდა თავის ტკბილ ღუღუნს, გვიმრების შრიალში კი ხოხბის პრიალა მკერდსაც მოჰკრეს თვალი. პატარა ციყვები წიფლებიდან აკვირდებოდნენ ჩავლილთ, თეთრკუდა კურდღლები ჩირგვებიდან ხავსიან ბორცვებზე გადარბოდნენ. ქანთერვილ ჩეიზის გზას რომ დაადგნენ, მართალია, ზეცა უეცრად მოიღრუბლა, მაგრამ საოცარი სიჩუმე მოსავდა ატმოსფეროს; ცაში ჭილყვავთა დიდმა გუნდმა წყნარად გადაიფრინა და სანამ ოტისები სახლს მიაღწევდნენ, წვიმის მსხვილი წვეთები წამოვიდა. მათ შესაგებებლად შავ აბრეშუმის კაბაში ფაქიზად ჩაცმული მოხუცებული ქალი გამოსულიყო, თეთრი ქუდითა და წინსაფრით. ეს იყო მისის ამნი, სახლის მნე, რომელიც მისის ოტისს, ლედი ქანთერვილის თხოვნით, ძველ თანამდებობაზე დაეტოვებინა. იგი ეტლიდან გადმოსულთაგან ყოველს მდაბალი რევერანსით მიესალმა და მოძველებული, უცხო მანერით მიმართა: – მშვიდობით მოსულიყავით ქანთერვილ ჩეიზში, – მოხუცი მნე მათ თიუდორების დროინდელი, დახვეწილი ჰოლის გავლით შეუძღვა შავი მუხით მოპირკეთებულ დაბალჭერიან ბიბლიოთეკაში, რომლის ბოლოშიც ფერადმინიანი სარკმელი იყო დატანებული. მოსულთათვის ჩაი უკვე დაედგათ, მოსასხამების მოხსნის შემდეგ ახალი მფლობელები დასხდნენ და ოთახის თვალიერებას მოჰყვნენ. მისის ამნი მათი ბრძანების მოლოდინში გაინაბა. მოულოდნელად მისის ოტისმა ბუხრის წინ მკრთალი წითელი ლაქა შენიშნა და რაკი ვერაფრით მიხვდა რა უნდა ყოფილიყო, მისის ამნის მიმართა: – ვშიშობ, იქ რაღაც ასხია. – დიახ, მემ, – უპასუხა მოხუცმა მნემ დაბალი ხმით, – სისხლი ასხია. – რა საშინელებაა! – შეჰკივლა მისის ოტისმა, – სულ არ მეპიტნავება სასტუმრო ოთახში სისხლის ლაქები. სასწრაფოდ გაწმინდეთ!. მოხუც ქალს გაეცინა და დაბალი, იდუმალი ხმით უპასუხა: – ეს ლედი ელეონორ ქანთერვილის სისხლია, რომელიც 1575 წელს მისმა მეუღლემ, სერ საიმონ დე ქანთერვილმა მაგ ადგილას სიცოცხლეს გამოასალმა. სერ საიმონმა კიდევ ცხრა წელი დაყო და, მოულოდნელად, იდუმალებით მოცულ ვითარებაში გაქრა. მისი ცხედარი არასდროს უპოვიათ, მაგრამ მისი დამნაშავე სული ჯერ კიდევ დევნის ჩეიზს. სისხლის კვალს არაერთხელ აღუფრთოვანებია ტურისტებიც და სხვებიც, ასე რომ, ვერ მოშორდება. – ეს რა სისულელეა, – იყვირა ვაშინგთონ ოტისმა. – ლაქების ამომყვანი ფინქერთონის ჩემპიონი და პარაგონის ფხვნილი წამში ამოიყვანს ლაქას – და სანამ თავზარდაცემული მნე ქალი ხელის შეშლას მოახერხებდა, მისტერ ოტისი მუხლებზე დაეცა და კოსმეტიკის ყუთის მაგვარი შავი საგნით ლაქის ხეხვა დაიწყო. სულ მოკლე ხანში სისხლის კვალიც კი აღარ ჩანდა. – ვიცოდი, „ფინქერთონი“ ამოიყვანდა, – შესძახა მან გამარჯვებული იერით და აღფრთოვანებულ ოჯახს მოავლო თვალი; მაგრამ, სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ საზარელმა გაელვებამ გაანათა მრგვალი ოთახი, შიშის მომგვრელმა ჭექა-ქუხილმა ფეხზე წამოაყენა ყველანი, მისის ამნის კი გული წაუვიდა. – რა საშინელი კლიმატია! – წყნარად თქვა ამერიკელმა მინისტრმა და გრძელ სიგარას მოუკიდა. – მე მგონი, ეს ძველი ქვეყანა ისე ჭარბადაა დასახლებული, რომ წესიერი ამინდი ყველასთვის საკმარისად აღარ რჩება. ყოველთვის იმ აზრზე ვიყავი, რომ ემიგრაცია ინგლისისთვის ერთადერთი გზა იყო. – ძვირფასო ჰაირამ, – იკივლა მისის ოტისმა. – რა ვუყოთ გულწასულ ქალს? – ჭურჭლის დამტვრევისთვის რომ ვუქვითავთ ხოლმე, ისე დავუქვითოთ ამასაც, – უპასუხა მინისტრმა, – და მეორედ გული აღარ წაუვა. მოკლე ხანში მისის ამნი გონს მოვიდა. ეჭვგარეშეა, იგი მეტისმეტად ნაწყენი ჩანდა, მან მისტერ ოტისი სასტიკად გააფრთხილა კიდეც, სახლის მოსალოდნელ ხიფათს უფრთხილდითო. – რაღაც-რაღაცები ჩემი თვალითაც მაქვს ნანახი, სერ, – უთხრა მან, – რაც ნებისმიერ ქრისტიანს თმას ყალყზე დაუყენებს, არაერთი ღამე გამიტარებია თვალმოუხუჭავს, აქ დატრიალებული ამბების გამო. – ამის მიუხედავად, მისტერ ოტისმა და მისმა მეუღლემ პატიოსანი სული დაარწმუნეს, მოჩვენებების სულაც არ გვეშინია და, განგების კურთხევით, შენი ახალი პატრონი და დიასახლისი ზომებსაც მიიღებენ, რათა ხელფასი მოგიმატონო; მოხუცებული მნე ქალი თავისი ოთახისკენ წაბანცალდა.   II        მთელი ღამე შტორმი გაშმაგებით მძვინვარებდა, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა. მეორე დილას, როდესაც ისინი სასაუზმოდ ჩავიდნენ ქვედა სართულზე, სისხლის საშინელი ლაქა ისევ შეამჩნიეს იატაკზე, – არა მგონია, პარაგონის ფხვნილის ბრალი იყოს, – განაცხადა მისტერ ვაშინგთონმა – ფხვნილი ყველაფერში ნაცადი მაქვს. ეს მოჩვენებაა. მან ლაქა მეორედაც ამოწმინდა, მაგრამ მომდევნო დილით ისევ ადგილზე დაუხვდა. მესამე დილითაც იგივე გამეორდა, თუმცა კი მისტერ ოტისმა ბიბლიოთეკა თავისი ხელით ჩაკეტა და გასაღებიც თვითონვე აიტანა მეორე სართულზე. ახლა უკვე მთელი ოჯახი დაინტერესდა. მისტერ ოტისს ეჭვი შეეპარა, დოგმატური ვიყავი, მოჩვენების არსებობას რომ უარვყოფდიო. მისის ოტისმა სპირიტულ საზოგადოებაში გაწევრების განზრახვა გამოხატა, ხოლო მისტერ ოტისმა გრძელი წერილი მისწერა ბატონებს მაიერსსა და პოდმორს; რაკი საქმე მუდმივ სისხლსავსე ლაქებს ეხებოდა, ამბავი კრიმინალს დაუკავშირეს. იმ ღამით მოჩვენებების ობიექტური არსებობის შესახებ გავრცელებული ყველა ეჭვი სამუდამოდ გაქარწყლდა. თბილი და მზიანი დღე დაიჭირა; საღამოსკენ აგრილდა და ოჯახიც სასეირნოდ გამოვიდა. ისინი შინ ცხრა საათამდე არ დაბრუნებულან, ცხრისთვის მათ მსუბუქი ვახშამი ელოდათ. საუბარი მოჩვენებებს არაფრით არ შეხებია, ოტისები არც ამყოლ მოლოდინს მოუცავს, რასაც სულთა მატერიალიზება შეუძლია ხოლმე. როგორც მისტერ ოტისისგან ვიცი, განიხილავდნენ ისეთ თემებს, რომლებიც კულტურული ამერიკელების მაღალი კლასის წარმომადგენლებს ახასიათებთ, მაგალითად, მსახიობ ფანი დავენპორტის უზარმაზარ უპირატესობას სარა ბერნართან შედარებით, ნედლი ხორბლის მიღებასა და წიწიბურას ნამცხვრის, ასევე დოღის სირთულეებთან და საუკეთესო ინგლისურ სახლებთან დაკავშირებულ საკითხებსაც; ბოსტონის, როგორც მსოფლიო სულის განვითარების მნიშვნელობას, რკინიგზით მგზავრობისას ბარგის შემოწმების უპირატესობასა და ნიუიორკული აქცენტის სიტკბოებას ლონდონურ ძლუყუნთან შედარებით. გზაში არაფერი უთქვამთ ზებუნებრივზე, არც სერ საიმონ დე ქანთერვილი უხსენებიათ. თერთმეტი საათისთვის ოჯახი უკვე შინ იყო, ნახევარ საათში კი სახლში ყველა სინათლე ჩააქრეს. მოკლე ხანში მისტერ ოტისი თავისი ოთახის მეზობელი დერეფნიდან შემომავალმა საკვირველმა ხმაურმა გამოაღვიძა. ხმა ფოლადის ჟღარუნს ჰგავდა და უფრო და უფრო ახლოვდებოდა. მისტერ ოტისი ადგა, ასანთს გაჰკრა და მიმოიხედა. ზუსტად პირველი საათი იყო. უცნაური ხმაური ისევ გრძელდებოდა და ამასთან საკმაოდ მკაფიოდ გაისმა ფეხის ხმა. მან ფლოსტებში წაყო ფეხები, ნესესერიდან მოგრძო შუშა ამოიღო და კარი გამოაღო. ფერმკრთალი მთვარის შუქზე მოხუცი კაცის საზარელი სახე დაინახა. მას თვალები ცეცხლმოკიდებულ ნახშირს მიუგავდა, ძალიან გრძელი ჭაღარა თმა მხრებზე გადაეყარა აწეწილ კულულებად; ჩამოძონძილ და ჭუჭყიან სამოსზე სიძველის კვალი აჩნდა, მაჯებსა და კოჭებზე მძიმე ბორკილები და ჟანგიანი ხუნდები ედო. – ჩემო კეთილო, – მიმართა მისტერ ოტისმა, – დაჟინებით უნდა მოგთხოვოთ თქვენი ჯაჭვების დაზეთვა, სწორედ ამ მიზნით მოგიტანეთ „რაიზინგის“ საპოხი. ერთ პუბლიკაციას თუ ვერწმუნებით, საკმაოდ ეფექტური უნდა იყოს, და ამ ეფექტს ჩვენი გამოჩენილი სასულიერო პირებიც ამოწმებენ, რაც ეტიკეტზე წერია. ამას აქ დაგიტოვებთ, საძინებლის სასანთლეებთან ახლოს და ბედნიერი ვიქნები მეტითაც მოგამარაგოთ, თუკი ინებებთ. ამ სიტყვებით ამერიკის სახელმწიფო მინისტრმა ბოთლი მარმარილოს მაგიდაზე დადო, კარი მიიხურა და საწოლისკენ წავიდა. ქანთერვილის მოჩვენება ერთხანს ბუნებრივად აღშფოთებული გაუნძრევლად იდგა, შემდეგ ბოთლი ძალუმად დაახეთქა მოპრიალებულ იატაკზე, დერეფნიდან ძირს დაეშვა, ყრუ კვნესა აღმოხდა და საზარლად გამოაშუქა. როგორც კი მუხის კიბემდე მივიდა, კარი გაიღო, ორი პატარა თეთრად შემოსილი ფიგურა გამოჩნდა და დიდმა ბალიშმა მის თავს უკან გაიწუილა. აშკარა გახდა, დასაკარგი დრო არ იყო, თავის დასაღწევად სივრცის მეოთხე განზომილება ნაჩქარევად გამოიყენა და ხის პანელში გაუჩინარდა, სახლი კი მთლიანად დამშვიდდა. მარცხენა ფლიგელში, საიდუმლო პატარა ოთახს რომ მიაღწია, მთვარის შუქის საპირისპიროდ დაიხარა, რათა სული მოეთქვა და გაეანალიზებინა საკუთარი პოზიცია. იგი თავისი სამსაუკუნოვანი ბრწყინვალე და უწყვეტი მოღვაწეობის განმავლობაში ასეთი შეურაცხყოფილი არ ყოფილა. იხსენებდა დოვაგერის ჰერცოგინიას, მაქმანებსა და ალმასებში გამოწყობილს რომ დასცა შიშის ზარი; ოთხ შინამოსამსახურეს, ისტერიკაში რომ ჩააგდო, თვითონ კი სამარქაფო საძინებელი ოთახის ფარდებს უკნიდან ხითხითებდა. ფიქრობდა სამრევლო მღვდელზე, რომელსაც ღამით ბიბლიოთეკიდან გამოსულს სანთელი ჩაუქრო და რომელსაც მას მერე სერ უილიამ გალის კმაყოფაზე მოუწია გადასვლა, როგორც ნერვული აშლილობით თვალსაჩინო მოწამეს. ასევე მოხუცებულ ქალბატონ ტრემულაკზე, რომელიც სისხამ დილით გააღვიძა, ამ უკანასკნელმა კი ბუხართან, სავარძელში, ჩონჩხი დალანდა მისი დღიურით ხელში; ამის გამო ქალბატონი ექვსი კვირით საწოლს მიეჯაჭვა ტვინის ციებ-ცხელების დიაგნოზით, გამოჯანმრთელებულს კი ეკლესიასთან შერიგება და გამოჩენილ სკეპტიკოს მესიე დე ვოლტერთან კავშირის გაწყვეტაც კი მოუხდა. გაიხსენა ის საშინელი ღამეც, როდესაც ღვარძლიანი ლორდი ქანთერვილი ლამის გაგუდული იპოვეს გასახდელში ყელში ნახევრამდე ჩატენილი აგურის ვალეტით, იგი სიკვდილის წინ გამოტყდა, რომ ჩარლზ ჯეიმს ფოქსს სწორედ ამ კარტის საშუალებით თაღლითურად მოუგო ქროქსფორდში 50 ათასი, იფიცებოდა, მოჩვენებამ, სწორედ ის ბანქო გადამაყლაპაო. თავისი ყველა დიადი მიღწევა უკან დაუბრუნდა, თავისი მსახურთუხუცესით დაწყებული, რომელმაც თავი საკუჭნაოში ჩაიცხრილა, რადგან დაინახა მშვენიერი ლედი სთათფილდის სარკმლის მინაზე მწვანე ხელი როგორ აკაკუნებდა, ხოლო ლედი სთათფილდმა, რომელიც მუდამ შავ ხავერდს იკეთებდა, რათა თეთრ-ყირმიზ ყელზე კვალად დარჩენილი ხუთი თითი დაეფარა, საბოლოოდ, ქინგს უოქის ბოლოში ჭანარის ტბაში თავი დაიხრჩო. ნამდვილი ხელოვანის ენთუზიასტური მოგონების თვალით გადასწვდა თავის ყველაზე სახელგანთქმულ გამოსვლებს, საკუთარ თავს მწარედ შესცინა, როდესაც გაიხსენა წითელი რუბენის ან გაგუდული ბავშვის სახით რომ წარდგა, ასევე ბექსლი-მორის სისხლისმსმელი გუანტ გიბეონის როლი, აგრეთვე მოაგონდა ივლისის ერთ სასიამოვნო საღამოს ჩოგბურთის მოედანზე საკუთარივე ძვლებით კეგლის რომ თამაშობდა; და ამ ყველაფრის შემდეგ, ვიღაც საცოდავი თანამედროვე ამერიკელები მოდიან და „რაიზინგის“ ლუბრიკანტს სთავაზობენ და ზურგს უკნიდან თავში ბალიშებს ესვრიან! ეს ხომ სრულიად აუტანელი რამ არის. გარდა ამისა, ისტორიაში მოჩვენებას ხომ ასე არავინ მოჰქცევია. შესაბამისად, შურისძიება გადაწყვიტა და ასე ღრმა ფიქრებში ჩაეფლო გამთენიამდე.   III        მეორე დილით, როდესაც ოტისების ოჯახი საუზმობდა, მოჩვენებაზეც გადაწყვიტეს გარკვეულწილად სიტყვის ჩამოგდება. ამერიკელი მინისტრი ცოტა ნაწყენი ჩანდა, მისი საჩუქარი გამოუყენებელი რომ დარჩა. – არანაირი სურვილი არ მაქვს, მოჩვენებას პირადული წყენა მივაყენო, – თქვა მისტერ ოტისმა, – და აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ მისთვის ბალიშის სროლა ერთობ არათავაზიანი საქციელია, თუკი მისი აქ ცხოვრების ხანგრძლივობას გავითვალისწინებთ – საკმაოდ თვალში საცემია, უკაცრავად და, ტყუპის ახარხარება. – აი, მეორე მხრივ კი, – განაგრძო მან, – თუკი იგი მართლაც არ ინდომებს „რაიზინგის“ ლუბრიკანტის გამოყენებას, ჩვენ მისთვის ბორკილების ახსნა მოგვიწევს. თორემ, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი შეუძლებელი იქნება დაძინება, როცა გარედან ასეთი ხმაური შემოვა. მთელი კვირა უშფოთველად ცხოვრობდნენ, თუმცაღა ერთადერთი, რაც მათ ყურადღებას იპყრობდა, ეს იყო ბიბლიოთეკის იატაკზე სისხლის კვალის მუდმივი განახლება. მართლაც უცნაურად ეჩვენებოდათ, რადგან კარს ღამღამობით ყოველთვის მისტერ ოტისი კეტავდა საკუთარი ხელით, ფანჯრებიც საგულდაგულოდ იყო დაგმანული. ლაპარაკის საღერღელს უშლიდათ ლაქის ქამელეონისმაგვარი ფერი. ზოგჯერ, დილაობით ლაქა ბაცი (ინდურივით) წითელი იყო, შემდეგ სინგურისფერი ხდებოდა, მერე მეწამული ედებოდა. ერთ დილით კი, როდესაც ოჯახი ქვემოთ, ამერიკული საეპისკოპოსო ეკლესიის რეფორმირებული ჩვეულების თანახმად, სალოცავად ჩამოვიდა, ლაქას ზურმუხტისფერ-მწვანე ედო. ეს კალეიდოსკოპური ცვლილებები ყველას ართობდა და ყოველ საღამოს ერთმანეთთან ნაძლევის დადების საბაბიც ხდებოდა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ ხუმრობებში მონაწილეობას არ იღებდა, პატარა ვირჯინია იყო, რომელიც აუხსნელი მიზეზით აღელდებოდა და ლამის ტირილამდე მიდიოდა ხოლმე, როდესაც დილაობით ზურმუხტისფერ-მომწვანოდ შეფერილ ლაქას დაინახავდა. მოჩვენება მეორედ კვირაღამეს გამოჩნდა. როგორც კი ოჯახი დასაძინებლად დაწვა, ჰოლიდან შეჯახების შიშისმომგვრელი ხმაური გაისმა. კიბე რომ ჩაირბინეს, ნახეს, რომ მამაკაცის დიდი ჯავშან-პერანგი სადგარიდან ახსნილიყო და ქვის იატაკს დახეთქებოდა, ამ დროს კი ქანთერვილის მოჩვენება მაღალსაზურგიან სავარძელში მჯდარი მუხლს ისრესდა და სახეზე საშინელი აგონია ჰქონდა გამოხატული. ტყუპმა, რომელთაც თავიანთი ბარდამფრქვევი წამოეღოთ, ორი საფანტი ზედ ისე მიაცალეს, თითქოს სროლას დაუფლებულებმა სამიზნეს დაუშინესო. ამასობაში კი ამერიკელ მინისტრს თავისი რევოლვერი მოემარჯვებინა და სროლისას კალიფორნიული ეტიკეტისამებრ გაიძახოდა ხელები ააწევინეთო. მოჩვენებას მრისხანების ველური გმინვა აღმოხდა, გავლისას ვაშინგთონ ოტისს სანთელი ჩაუქრო, მათ შორის ნისლივით გაინამქრა და სრულ სიბნელეში დატოვა ისინი. კიბისთავს რომ მიაღწია, გონს მოვიდა და გადაწყვიტა თავისი სატანისებური სიცილი აღმოხდომოდა. ამას იშვიათად, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას მიმართავდა ხოლმე. როგორც ამბობენ, ამან ერთ ღამეს ლორდ რეიქერს პარიკი გაუნაცრისფრა, ხოლო ლედი ქანთერვილის სამ ფრანგ გუვერნანტ ქალს თვის გასვლამდე გაფრთხილება მიაცემინა. მოჩვენებამ საზარელი სიცილი გააბა, სანამ ძველმა კამაროვანმა ჭერმა ბანი არ მისცა და კარი არ გაიღო, საიდანაც გამოსულმა ცისფერ ხალათში ჩაცმულმა მისის ოტისმა ნაყენი მიაწოდა. – ვშიშობ, ძალიან ავად უნდა იყოთ, – უთხრა მან, – აი, დოქტორ დობელის ნაყენი მოგიტანეთ, თუკი ეს აშლილობაა, ამას საუკეთესო საშუალებად ჩათვლით. მოჩვენებამ ქალს გამძვინვარებულმა შეხედა, ჯერ შავ ძაღლად გადაქცევა დაიწყო, რის წყალობითაც იგი კარგად იყო ცნობილი და რასაც ოჯახის ექიმი ლორდ ქანთერვილის ბიძის, ჰონის, მუდმივ იდიოტობას მიაწერდა ხოლმე. მოახლოებულმა ნაბიჯებმა მოჩვენება მიზანმიმართულებაში დააეჭვა, თუმცა სუსტ ფოსფორისფრად გარდაქმნამ მას კმაყოფილება მოჰგვარა და სასაფლაოს კვნესასავით გაუჩინარდა, როგორც კი ტყუპი მიუახლოვდა. თავის ოთახს რომ მიაღწია, ერთიანად მოწყდა და უსასტიკესმა მღელვარებამ მოიცვა. ტყუპის ვულგარულობამ და მისის ოტისის დაბალი დონის მატერიალიზმმა მართლაც რომ წყენა მოჰგვარა, მაგრამ ყველაზე მეტად ბოლოს მაინც ის უღებდა, რომ საფოსტო ჯავშნის გადაცმა ვერ მოახერხა. მას იმედი ჰქონდა, რომ თანამედროვე ამერიკელებსაც კი შიშს მოჰგვრიდა ჯავშნიანი ლანდის ხილვა, სხვა რომ არაფერი, მათი ეროვნული პოეტის ლონგფელოუს პატივსაცემად მაინც, რომლის დახვეწილი და მიმზიდველი პოეზიითაც მას არაერთი მოსაწყენი საათი შეუქცევია თავი ქანთერვილელების ქალაქში ყოფნის დროს. გარდა ამისა, ეს ხომ მისი საკუთარი სამოსი იყო, რომელიც ქენილუორსის ტურნირზე ეცვა და რომლის გამოც ქება, არც მეტი, არ ნაკლები, პირდაპირ ვირჯინია დედოფლისგან დაიმსახურა. ახლა კი, როცა ჯავშანი ჩაიცვა, უზარმაზარმა სამკერდულმა და ფოლადის ჩაფხუტმა გადასძალა, შედეგად ქვის იატაკზე მოწყვეტით დაენარცხა და მუხლებიც მწარედ გადაიტყავა, ამას გარდა, მარჯვენა ხელის სახსრებიც დაილურჯა. რამდენიმე დღე მოჩვენება მძიმედ იყო ავად და ოთახიდან მხოლოდ იმისთვის თუ გამოვიდოდა, რომ სისხლის კვალი ჩვეული სახით შეენარჩუნებინა. მიუხედავად ამისა, თავის კარგად მოვლამ საგრძნობლად მოაკეთა და გადაწყვიტა, მესამე მცდელობით მაინც შეეშინებინა აშშ-ის სახელმწიფო მინისტრი და მისი ოჯახი. მან პარასკევი, 17 აგვისტო აირჩია გამოსაჩენად და მთელი დღე გარდერობში გაატარა. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება ძველი, დიდი, დაშვებულფარფლიანი ქუდის სასარგებლოდ გამოიტანა, რომელსაც წითელი ფრთა ჰქონდა, გარდა ამისა, ფრიალა მოსასხამი ირჩია მაჯებსა და კისერთან შესაკრავით და პირბასრი სატევარიც აიღო. მოსაღამოებულზე თქეში წამოვიდა, ისეთი ძლიერი ქარი ამოვარდა, რომ ძველ სახლში ყველა კარი და სარკმელი ერთიანად აჭრიალდა და აბრახუნდა. ფაქტობრივად, მას რომ უყვარდა, ისეთი ამინდი დადგა. მოქმედების მისეული გეგმაც ასეთი იყო: ჩუმად უნდა შეპარულიყო ვაშინგთონ ოტისის ოთახში, საწოლის ფეხიდან გაურკვეველი ბლუყუნი უნდა დაეწყო და ნელი ჰანგების ხმაზე სამჯერ უნდა ჩაეცა ყელში. ვაშინგთონისადმი ხომ განსაკუთრებულ ზიზღს განიცდიდა, რადგან კარგად იცოდა, რომ სწორედ ამ უკანასკნელს ჰქონდა ჩვევად ქანთერვილის ცნობილი სისხლის ლაქა მოეცილებინა ფინქერთონის პარაგონის ფხვნილით. განუსჯელი და თავზეხელაღებული პირობის სიშმაგე რომ დაიცხრო, გადაწყვიტა ამერიკელი მინისტრისა და მისი მეუღლის ოთახამდე მისულიყო და ქალბატონისთვის შუბლზე წებოვანი ხელი დაედო, თან მისი აკანკალებული ქმრისთვის ყურში მორგის საშინელებანი ჩაესტვინა. პატარა ვირჯინიას პატივისცემის გამო, მან სრულად არ მოიმოქმედა თავისი ჩანაფიქრი. გოგონას ხომ მოჩვენება არასდროს და არანაირად არ ჰყავდა გალანძღული, თანაც ისეთი პატარა და ნაზი იყო. გარდერობიდან რამდენიმე ყრუ კვნესა სავსებით საკმარისად მიიჩნია და თუკი არც ეს გაჭრიდა, მაშინ საწოლთან მიცოცდებოდა და დაკრუნჩხული თითებით გადასაფარებელს დაეჭიდებოდა დასაგლეჯად. რაც შეეხება ტყუპს, მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი, სეირი ეჩვენებინა მათთვის. პირველი, რაც უნდა გაეკეთებინა, ის იყო, რომ მკერდზე დასჯდომოდა მხუთავი მაჯლაჯუნასავით. შემდეგ კი, ვინაიდან მათი საწოლები საკმაოდ ახლო-ახლოს იდგა ერთმანეთთან, მწვანე, გაყინული გვამის სახით შუაში ჩამდგარიყო, სანამ ტყუპი შიშით იქნებოდა დამბლადაცემული, და საბოლოოდ, თვითმკვლელის ჩონჩხის, მუნჯი დანიელის მსგავსად, ფრიალა მოსასხამი მოესროლა, ხოხვა დაეწყო ოთახში თეთრი, უფერული ძვლებითა და ერთი ცალი მბრუნავი თვლის კაკლით; მსგავსი როლი ხომ მან რამდენჯერმე განასახიერა და დიდი ეფექტიც მოახდინა. ეს როლი მას თავისი ცნობილი პარტიის დარად მიაჩნდა მანიაკ მარტინიდან, ანუ შენიღბული იდუმალებიდან. თერთმეტის ნახევრისთვის გაიგონა, ოჯახი როგორ ადიოდა დასაძინებლად. ცოტა ხანს კიდევ აღონებდა ტყუპის ველური სიცილი, რომლებიც, სკოლის ბიჭუნებივით, წრფელი გულით ართობდნენ ერთმანეთს დაწოლამდე, მაგრამ თორმეტის თხუთმეტ წუთამდე ყველაფერი მიწყნარდა; შუაღამისკენ კი მოჩვენება შორს გაემგზავრა. ბუ ფანჯრების პანელებს სცემდა, ყორანი ურთხმელიდან ჩხაოდა, ქარი კი, დაკარგული სულივით, სახლის გარშემო კვნესით დაეხეტებოდა. ოტისის ოჯახს კი, სვე-ბედის გაუცნობიერებლად, მშვიდად ეძინა. მას ესმოდა აშშ-ის სახელმწიფო მინისტრის თანაბარი ხვრინვა. იგი ფეხაკრეფით გამოვიდა ხის პანელიდან ნაოჭიან და სასტიკ ბაგეზე ავი ღიმილით, მთვარემ ქალის სახე დამალა ღრუბლებში, როდესაც მან დიდ შიდასარკმელს ჩაუარა, სადაც მისი და მისი მოკლული ცოლის მკლავები ლაჟვარდითა და ოქროთი იყო მორთული. ნელა გასრიალდა, როგორც ავი ლანდი. უკუნეთ სიბნელეს თითქოს ჩავლილი მოჩვენების ზიზღი ემჩნეოდა. უცებ ეგონა ვიღაცის ძახილი მომესმაო და გაჩერდა. მაგრამ ეს მხოლოდ ძაღლის ყეფა იყო რედ ფერმიდან; გზა განაგრძო, თან მეთექვსმეტე საუკუნის რაღაც უცნაურ წყევლას იმეორებდა ბუტბუტით და შუაღამის ჰაერში ბასრ სატევარს იქნევდა. ბოლოს და ბოლოს ავბედითი ვაშინგთონის ოთახისკენ მიმავალ გასასვლელამდეც მიაღწია. ერთ წამს შეყოვნდა, ქარი მის ნაცრისფერ კულულებს აფრიალებდა და გარდაცვლილი კაცის სუდარის ნაკეცებს უსახელო შიშით გროტესკულად და ფანტასტიკურად გრეხდა. საათმა მეოთხედი ჩამოჰკრა და მან იგრძნო, რომ დრო დამდგარიყო. უკუდგა და კუთხისკენ შებრუნდა, მაგრამ, სანამ ამას იზამდა, შიშის შესაბრალისი გოდებით გაფითრებულ სახეზე გრძელი, გაძვალტყავებული ხელები აიფარა. ზუსტად მის წინაშე შიშისმომგვრელი ლანდი ასვეტილიყო, უძრავი, როგორც კვეთილი სურათი, შლეგიანის ზმანებასავით საზარელი! მას თავი მელოტი და პრიალა ჰქონდა; სახე მრგვალი, სქელი და თეთრი, საზარელ სიცილს მისი სახე მარადიულ ღიმილში დაეტოვებინა. თვალთაგან მოწითალო სხივებს ტყორცნიდა, პირიდან ცეცხლი ფართოდ გადმოსდიოდა, საზარლად იყო შემოსილი, თითქმის მასავით, ტიტანური ფორმები ბინტით დათოვლოდა. მკერდზე უცნაური დაფა ჰქონდა ძველებური წარწერით, ჩანდა, რაღაც სამარცხვინო უნდა ყოფილიყო ჩამოწერილი, ველური ცოდვებისა თუ საზარელი დანაშაულებების ჩამონათვალი, მარჯვენა ხელზე მოელვარე ფოლადის შევარდენი ესვა. მართლაც, მწარედ შეშინდა, რადგან, მოჩვენება მანამდე ნანახი არ ჰყავდა, როგორც კი მეორედ მოჰკრა თვალი საზარელ ფანტომს, თავისი ოთახისკენ წავიდა. ფრიალა მოსასხამიც გაიყოლა, ქვედა დერეფანში სწრაფად ჩავიდა, სატევარიც იქვე დააგდო მინისტრის ყელიან ბოტებთან, სადაც იმავე დილას მსახურთუხუცესმა იპოვა. მარტოდ რომ იგრძნო თავი, ქვეშაგებზე დაემხო და სახე ტანსაცმელში ჩამალა. ცოტა ხანში, ქანთერვილის ძველმა მამაცმა სულმა საკუთარი თავი დაიყოლია, როგორც კი ინათებდა, ასულიყო და მეორე მოჩვენებას გამოლაპარაკებოდა. როგორც კი ირიჟრაჟა და ბორცვებს ვერცხლისფერი დაედო, იგი ლაქასთან, სწორედ იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც პირველად იხილა საზარელი ლანდი. გრძნობდა, რაც უნდა იყოს, ორი მოჩვენება ერთსა სჯობია და ახალი მეგობრის დახმარებით, ტყუპს უფრო იოლად გავუმკლავდებიო. როცა ლაქასთან მივიდა, საზარელმა სანახაობამ მიიპყრო მისი მზერა. აშკარა იყო, რაღაც შემთხვეოდა ლანდს. ეტყობოდა, სინათლე გადასვლოდა მის ცარიელ თვალებს, მოელვარე ხმალიც გავარდნოდა ხელიდან და რაღაც მოუხერხებლად და არაბუნებრივად ებჯინებოდა კედელს. უცებ გაექანა და ხელებით სწვდა, მაგრამ – ჰოი, საშინელებავ! – ლანდს თავი მოსძვრა და იატაკზე გაგორდა, ტანი კი შუაზე გადატყდა... უცებ მიხვდა, რომ ბამბის ქსოვილი ეჭირა ხელში, ფეხებთან კი ცოცხი, სამზარეულოს დანა და ფუტურო თალგამი ეყარა. ამ უცნაური ტრანსფორმაციის მიზეზი რომ ვერ გაიგო, აკანკალებული ეცა უცნაურწარწერიან დაფას და დილის რუხ სინათლეში შემდეგი შიშისმომგვრელი სიტყვები წაიკითხა: ფირმა ოტისის სული ერთადერთი და ნამდვილი მოჩვენებაა. ერიდეთ იმიტაციებს. სხვა ყველა თვალთმაქცობაა.        მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ის მოატყუეს, გააცურეს და კვალი აურიეს. ძველმა ქანთერვილურმა ალმა გაუელვა თვალებში; უკბილო ღრძილები ერთმანეთს მიაგლასუნა; თავისი გამხმარი ხელები მაღლა ასწია და დაიფიცა ძველი სტილის ხატოვანი ფრაზეოლოგიის თანახმად, რომ როდესაც შანტეკლერი ორჯერ ჩაჰყვირებდა თავის ბუკს, სისხლის ღვრა მოხდებოდა და ამ სახლში სიკვდილიც შემოაბიჯებდა. ის იყო, გაჭირვებით დაასრულა ეს საზარელი ფიცი, რომ მოშორებული ფერმის წვეტიანი სახურავიდან წითელკუდა მამლის ყივილი შემოესმა. დიდხანს იცინა ხმადაბლა და მწარედ, მერე კი ცოტა შეიცადა. ერთ საათს კიდევ ელოდა, მაგრამ, გაურკვეველი მიზეზით, მამალმა აღარ იყივლა. საბოლოოდ, რვის ნახევარზე მისი შიშისმომგვრელი ფხიზლობა შინამოსამსახურეების ფეხის ხმამ შეწყვიტა, ამიტომ თავის ოთახში გაიძურწა, თან თავის ამაო და თავგზის ამბნევ განზრახვაზე ფიქრობდა. იქ ძველ რაინდულ რომანებში ეძებდა რჩევას, რაც ასე თავგამეტებით უყვარდა, და აღმოაჩინა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც კი ეს ფიცი გამოუყენებია, შანტეკლერს მეორედაც უყივლია. – რა სიკვდილმა უყო პირი ამ ურჩ მამალს, – ჩაიბუტბუტა, – ერთ მშვენიერ დღეს მსხვილ შუბს ყელში რომ ჩავცემ, სიკვდილის წინ ჩემთვის დაიყივლებს კიდეც! ამის შემდეგ ის თავის ტყვიის კომფორტულ კუბოში დაბრუნდა და საღამომდე დარჩა.   IV        მომდევნო დღეს დაღლილი მოჩვენება სუსტად გრძნობდა თავს. უკანასკნელი ოთხი კვირის მღელვარებამ უკვე თავი იჩინა. ნერვები საბოლოოდ დაწყვეტილი ჰქონდა. ხუთი დღე ოთახში იყო გამოკეტილი, ბოლოს კი გადაწყვიტა ბიბლიოთეკაში სისხლის კვალისთვის თავი მიენებებინა. თუკი ოტისების ოჯახს არ უნდოდა ის, მაშინ ისინი არც იმსახურებდნენ ამას. მასპინძელი ოჯახი აშკარად მხოლოდ დაბალი მატერიალური ღირებულებების ხალხი ჩანდა, რომლებსაც ესთეტიკური მოვლენების სიმბოლური ღირებულებების დაფასება არ შეეძლო. ასტრალური სხეულებისა და ფანტასტიკური მოჩვენებების საკითხი, ცხადია, სრულიად სხვა საქმე იყო და მის კონტროლს საერთოდ არ ექვემდებარებოდა. მის საზეიმო მოვალეობას კვირაში ერთხელ დერეფანში გამოჩენა და ვიტრაჟიანი ფართო სარკმლიდან თვის პირველ და მესამე ოთხშაბათს ენის ტარტარი წარმოადგენდა და სულ ვერ ამჩნევდა, საკუთარ მოვალეობებს თავს როგორ აღწევდა. მართალია, მისი ცხოვრება ძალიან ავზნიანი იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, ის თავად ძალიან სინდისიერად ეკიდებოდა ყველაფერს, რაც კი ზებუნებრივს უკავშირდებოდა. მომდევნო სამივე შაბათ ღამეს, სამ საათზე დერეფანი გადაკვეთა და ყველანაირად გაფრთხილდა, რომ ვერც დაენახათ და ვერც გაეგონათ. მოიცილა ჩექმა, რამდენადაც შეეძლო, ჭიებისგან დაჭმულ ძველ იატაკზე მსუბუქად გადადგა ნაბიჯი, შავი ველვეტის მოსასხამიც მხრებზე ჰქონდა მოგდებული, ფრთხილად მოეკიდა „რაიზინგის“ ლუბრიკანტს თავისი ჯაჭვების დასაზეთად. მოვალე ვარ ვაღიარო, რომ საკუთარი თავისთვის დიდ ძალდატანებად დაუჯდა ამ ზომისთვის მიემართა. თუმცა ერთ ღამეს, როდესაც ოჯახი სადილობდა, მას ბატონ ოტისის ოთახში ჩაეძინა და ბოთლიც ხელში შერჩა. თავდაპირველად თავს ცოტა დამცირებულად გრძნობდა, მაგრამ, მოგვიანებით, გონება დაძაბა, რომ დაენახა ამ მიგნების მნიშვნელობა, რაც, გარკვეულწილად, მის წისქვილზეც ასხამდა წყალს. მაინც, ყველაფრის მიუხედავად, თავს ალყაშემორტყმულად გრძნობდა. დერეფანში, სადაც ბნელ ღამეში დადიოდა, სიმები იჭიმებოდა; ერთხელ შავ ისააკად, ჰოგლის ტყის მონადირედ გადაცმულმა დიდი ვარდნა განიცადა, როდესაც გაპოხილ საფეხურზე დააბიჯა, რომელიც ტყუპს გაეკეთებინა მუხის კიბის თავზე, გობელენიანი კაბინეტის შესასვლელთან. ამ უკანასკნელმა იმდენად განარისხა იგი, რომ გადაწყვიტა საკუთარი ღირსებისა და სოციალური მდგომარეობის აღსადგენად საბოლოოდ კიდევ ერთი ღონისძიებისთვის მიემართა და განიზრახა მომდევნო ღამით თავხედი ეტონიელები მოენახულებინა და თავისი ნაქები უდარდელი რუპერტის ანუ უთავო თავადის სახით სჩვენებოდა მათ. ასეთი გარდასახვით ხომ ბოლო სამოცდაათი წლის განმავლობაში ის აღარავის დანახვებია. ფაქტობრივად, მას მერე, რაც მშვენიერ ლედი ბარბარას დასცა შიშის ზარი ასე გამოწყობილმა, ამ უკანასკნელმა კი ქანთერვილის ახლანდელი ლორდის ბაბუასთან ნიშნობა გაწყვიტა და გრეტა გრინთან გაიქცა სანდომიან ჯექ კასტელოსთან ერთად, თან განაცხადა: ვერაფერი დამარწმუნებს დედამიწის ზურგზე ისეთ ოჯახში ჩავსახლდე, სადაც ბინდ-ბუნდში ასეთ საზარელ მოჩვენებებს წინ და უკან სიარულს არავინ უშლისო. ამის შემდგომ საწყალი ჯექი უანდსუორსი ქომონში გამართულ დუელში ლორდ ქანთერვილის ტყვიას შეეწირა, ლედი ბარბარა კი წლისთავზე თანბრიჯ უელსში დარდს გადაჰყვა, რაც, ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატება იყო მისთვის. ეს გახლდათ უკიდურესად რთული მაკიაჟი, თუკი შემიძლია ეს თეატრალური ტერმინი გამოვიყენო ზებუნებრივის ასეთ დიდ სასწაულთან დაკავშირებით, ანდაც, სიტყვა მაღალბუნებრივი სამყარო ვიხმარო, რამაც მოჩვენებას სრული სამი საათი დააკარგვინა მოსამზადებლად. საბოლოოდ ყველაფერი მზად იყო და ისიც თავისი გარეგნობით ძალიან კმაყოფილი ჩანდა. ტყავის დიდი, საჯირითო ჩექმა, რომელიც სამოსს ასე შვენოდა, ცოტათი დიდი აღმოჩნდა მისთვის, მაგრამ, საერთო ჯამში, საკმაოდ კმაყოფილი ჩანდა და ორის თხუთმეტი წუთისთვის ხის პანელზე გასრიალდა და დერეფანში ჩაცოცდა. ტყუპის ოთახამდე მიღწევისას, რომელსაც, ლურჯი ფარდების გამო ლურჯ საძინებლად მოიხსენიებდნენ, მას კარი ნახევრად შეღებული დახვდა. შესვლისას, ეფექტი რომ მოეხდინა, კარი ფართოდ გააღო, ამ დროს კი წყლით სავსე მძიმე დოქი დაუპირქვავდა თავზე და ძირის-ძირამდე გალუმპა, თან ისე, რომ მის მარცხენა მხარს სანტიმეტრებით ჩასცდა. იმავდროულად ოთხსვეტიანი საწოლიდან მომავალი ჩუმი სიცილი მოესმა. მის ნერვულ სისტემას დამტყდარი შოკი იმდენად ძლიერი იყო, რომ საკუთარ ოთახში გაბრუნებულმა მეორე დღე ძლიერ გაცივებულმა ლოგინში გაატარა. ერთადერთი, რაც მთელ ამ დავიდარაბაში აწყნარებდა, ის გახლდათ, რომ უთავოდ იყო გამოსული, რადგან შესაძლებელი იყო საკუთარი თავიც არ შერჩენოდა, ამგვარად, შედეგებიც უფრო სერიოზული აღმოჩნდებოდა. მან ამ უხეში ამერიკული ოჯახის შეშინების ყველა ნაცადი ხერხის იმედი უკან მოიტოვა, თავი გაიმხნევა, როგორც წესი, და ფლოსტებში ფეხწადგმულმა და შეტევისგან დასაცავად ყელზე წითელ კაშნემოგდებულმა ფეხაკრეფით გასწია, თან არკებუზიც მოიმარჯვა, ვინიცობაა, ტყუპი დასხმოდა თავს. ბოლო დარტყმა მას 19 სექტემბერს მიაყენეს. ქვედა სართულზე ვესტიბიულში ჩავიდა. თან დარწმუნებული იყო, რომ იქ თავს არავინ მოაბეზრებდა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მინისტრისა და მისი მეუღლის სარონის ფოტოებზე, რომელთაც ქანთერვილის საოჯახო სურათები შეეცვალათ, სატირიკულ შენიშვნებს გააკეთებდა. ის უბრალოდ, მაგრამ აკურატულად იყო გახვეული გრძელ სუდარაში, მიცვალებულის ყაიდაზე ყვითელი ნაჭრით აიხვია ყბა, აიღო პატარა ჩირაღდანი და მნათეს ნიჩაბი. ფაქტობრივად, მას იონა უსაფლაოსავით ან ჩესთრის ქოხის გვამების მძარცველივით ეცვა. ეს იყო მისი ერთი ყველაზე შესანიშნავი გარდასახვათაგანი და ერთ-ერთი მიზეზი ქანთერვილში, რის გამოც იგი ყოველთვის ახსოვდათ და რის გამოც მეზობელ ლორდ რუფორთან არაერთი შეხლა-შემოხლა ჰქონიათ ქანთერვილებს. ნაშუაღამევს, სამის მეოთხედი იქნებოდა და ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა. როგორც კი ბიბლიოთეკისკენ გასწია, რათა ენახა დარჩა კიდევ თუ არა სისხლის კვალი, უცებ სიბნელიდან ორი ფიგურა გამოჩნდა. ისინი ხელების ქნევით მისცვივდნენ და ყურში ბუუ-ბუუ ჩაჰკივლეს. ბუნებრივი გარემოების შედეგად, პანიკით შეპყრობილი, კიბისკენ გაექანა, თუმცა იქ ჩასაფრებულ მისტერ ოტისს შეეჩეხა, რომელსაც ხელში ბაღის დიდი სასხური ეჭირა. ასე ყოველმხრივ მტრებით გარშემორტყმულმა და კუთხეში მომწყვდეულმა დიდ რკინის ღუმელში გაუჩინარება გადაწყვიტა, რომელიც, ბედად, ჩამქრალი დაუხვდა, ამდენად, მას საკუთარ ოთახამდე მიღწევა შიშით გამურულს, არეულსა და თავგზააბნეულს, საკვამურებისა და ბუხრების გავლით, მოუხდა. ჩვენი ლანდი ამის მერე აღარც ერთი ღამეული ექსპედიციისას აღარ გამოჩენილა. ტყუპი ყველგან უსაფრთდებოდა და მის სავარაუდო ტრაექტორიაზე კაკლის ნაჭუჭს ყრიდნენ, რაც მათი მშობლებისა და მოსამსახურეების რისხვას იწვევდა, მაგრამ ფრიად უშედეგოდ. სავსებით აშკარა იყო, რომ მისი გრძნობები შეურაცხყოფილი იყო, რადგან თვითონ ვეღარსად ჩნდებოდა. ბატონმა ოტისმა თანდათანობით განაახლა თავისი მრავალწლიანი მუშაობა „დემოკრატიული პარტიის ისტორიაზე“.  მისის ოტისმა ზღვის ნაპირზე მოლუსკების მშვენიერი კერძების პიკნიკი გამართა, რამაც მთელი საგრაფო აღაფრთოვანა. ბიჭებმა იუკერლი, ლაკროსი, პოკერი და სხვა ამერიკული ეროვნული თამაშობები მოაწყვეს. ვირჯინიამ კი ჩეშირის ახალგაზრდა ჰერცოგთან ერთად ხეივნები თავისი პონით შემოიარა. ჰერცოგი არდადეგების ბოლო კვირის გასატარებლად ქანთერვილში იყო ჩასული. ყველამ მიიჩნია, რომ მოჩვენება სადღაც გაქრა და მისის ოტისმა ამ ამბის შესატყობინებლად ლორდ ქანთერვილს წერილიც კი მისწერა, რომელმაც პასუხად დიდი სიამოვნება გამოხატა და მოლოცვაც გამოუგზავნა მინისტრის ღირსეულ ცოლს. ოტისები კი მაინც მოტყუვდნენ, რამეთუ, ცოტათი დაინვალიდებული მოჩვენება ისევ შინ იყო და არც არაფრის შეცვლას არ აპირებდა, მით უმეტეს, რომ სტუმართა შორის ყური მოჰკრა სტუმრად ჩეშირის ახალგაზრდა ჰერცოგიაო, რომლის პაპის ძმა, ლორდი ფრანსის სთილთონი ერთხელ დაენიძლავა ქოლონელ ქერბურის ათას გინეაზე, რომ ქანთერვილის მოჩვენებასთან კამათლის გაგორებას შეძლებდა; მეორე დილას კი სათამაშო ოთახში იატაკზე ისეთ დამბლადაცემულ მდგომარეობაში იპოვეს, რომ, მიუხედავად მისი მართლაც ასაკოვნებისა, იგი ვეღარაფრის თქმას ვერ ახერხებდა, გარდა დუშაშისა. ეს ამბავი იმხანად გახმაურებული იყო, თუმცა, ორი კეთილშობილი ოჯახის პატივისცემის გამო, მომხდარის მისაჩუმათებლად ყველანაირი ზომა მიიღეს. ამ ყოველივეს სრული ანგარიშის პოვნა კი ლორდ თათლის, პრინცის რეგენტისა და მისი მეგობრების მოგონებების მესამე ტომში შეიძლებოდა. მაშინ მოჩვენება ფრიად მოწადინებული იყო, რომ ეჩვენებინა სთილთონებზე სრული კონტროლი არ დამიკარგავსო, მათთან კი მოჩვენებას მართლაც შორეული ნათესაობა აკავშირებდა, მისი ბიძაშვილი სერ დე ბელკელისთან იმყოფებოდა მეორე ქორწინებაში, და ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჩეშირის ჰერცოგები მისი პირდაპირი შთამომავლები იყვნენ. შესაბამისად, მან ყველა ზომა მიიღო, ვირჯინიას ან პატარა, საყვარელ ბერ ვამპირად სჩვენებოდა, ანდაც უსისხლო ბენედიქტელად – მისი ყველაზე ცნობილი გარდასახვით. ეს ისეთი საზარელი წარმოდგენა იყო, ლედი სთართაფმა რომ იხილა 1764-ში, ახალი წლის წინა ღამეს და ეს მისთვის საბედისწეროც აღმოჩნდა, რადგან ქალი სასტიკად აკივლდა, რამაც აპოპლექსიამდე მიიყვანა და სამ დღეში დალია სული. ამით კეთილშობილმა ქალბატონმა მისი უახლოესი ნათესავები – ქანთერვილები დიდ უხერხულობაში ჩააყენა, რადგან მთელი ქონება ლონდონელ აფთიაქარს დაუტოვა. უკანასკნელ მომენტში, მოჩვენებას ტყუპის შიშმა გადააფიქრებინა თავისი ოთახის დატოვება, ამიტომ ახალგაზრდა ჰერცოგს მშვიდად ეძინა ფრთიან ჩარდახქვეშ სამეფო საძინებელში და ვირჯინია ეზმანებოდა.   V        ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვირჯინია თავის ხუჭუჭა კავალერთან ერთად ბროქერის მდელოზე წავიდა საჯირითოდ და თავისი საცხენოსნო კაბაც ისე ცუდად გახია დაბრკოლების გადალახვისას, რომ შინ დაბრუნებულს თავის ოთახში ასვლა უკანა კიბით მოუხდა, რათა არავის დაენახა. გობელენიან ოთახთან რომ ჩაირბინა, მოულოდნელად ოთახში ვიღაცას მოჰკრა თვალი, თავიდან ეგონა დედაჩემის მოსამსახურე იქნებაო, რომელიც ხელსაქმისთვის ხშირად შედიოდა ამ ოთახში, და შეირბინა, რათა დახეული კაბის დაკერება ეთხოვა. შესულმა თვალებს ვერ დაუჯერა: იქ თვითონ ქანთერვილის მოჩვენება იყო! ის სარკმელთან იჯდა და ხეების შეყვითლებას ადევნებდა თვალს, ოქროსფერ-მოწითალო ფოთლები კი გიჟურ როკვას ასრულებდნენ გრძელ გამზირზე. თავი ხელზე დაეყრდნო, მთელი მისი პოზა უკიდურეს დეპრესიას გამოხატავდა. მართლაც, მარტოსული ჩანდა, ამიტომაც პატარა ვირჯინია, რომლის პირველივე აზრი ის იყო, რომ თავის ოთახში გაქცეულიყო და ჩაკეტილიყო, სიბრალულით აივსო და გადაწყვიტა მოჩვენებას ვაამებო. იმდენად მსუბუქი იყო ვირჯინიას ნაბიჯები და იმდენად ღრმა იყო მოჩვენების მელანქოლია, რომ ამ უკანასკნელმა ვერც კი გაიგო გოგონას მიახლოება, ვიდრე ვირჯინია თვითონვე არ გამოელაპარაკა მას. – ვწუხვარ თქვენ გამო, – უთხრა მან, – მაგრამ ჩემი ძმები ითონში ბრუნდებიან ხვალ და თქვენც თუ კარგად მოიქცევით, ამიერიდან, აღარავინ შეგაწუხებთ. – სისულელეა, თავის დაჭერა მომთხოვოს ვინმემ, – უპასუხა მან და გაშეშებულმა შეხედა ლამაზ გოგონას, რომელიც მასთან ურთიერთობით საკმაოდ რისკავდა, – სრული სისულელე! ჩემი ბორკილები უნდა ვაბრახუნო, საკლიტურებში ვიკვნესო და ღამღამობით ვიწანწალო, თუკი ამას გულისხმობდი – ესაა ჩემი არსებობის ერთადერთი მიზანი. – ეს სულაც არ არის არსებობის მიზანი და საკმაოდ ავადაც ჩანხართ. ქალბატონმა ამნიმ გვითხრა ჩამოსვლის პირველივე დღეს, რომ თქვენ ცოლი გყოლიათ მოკლული. – რას ვიზამ, ნება დამირთავს მისთვის, – მოჩვენებამ გაღიზიანებულმა უპასუხა, – მაგრამ ეს სუფთა ოჯახური საქმე იყო და არავის ეხებოდა. – დიდი შეცდომაა ვინმეს მოკვლა, – უთხრა ვირჯინიამ და ტკბილი პურიტანული გრძნობები აღეძრა, როგორც ძველი ინგლისის მემკვიდრეს. – ოჰ, მძულს აბსტრაქტული ეთიკის იაფფასიანი სიმკაცრე! ჩემი ცოლი მეტად უხეირო ქალი იყო, ჩემს სამოსს არასდროს ახამებდა და არც ცხობისა გაეგებოდა რამე. არადა, ერთი წლის საუცხოო ირემი მოვინადირე ჰოგლის ტყეში და იცი როგორ მოიტანა სუფრასთან? თუმცა ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს, უკვე ყველაფერი დასრულდა და მგონი, არ უნდა ყოფილიყო ჩემი ცოლიძმების მხრიდან კარგი საქციელი, შიმშილით სიკვდილის პირას რომ მიმიყვანეს, თუმც კი და მოვუკალი მათ. – შიმშილით სიკვდილის პირზე ხართ მისული? ოჰ, ბატონო მოჩვენებავ, ვიგულისხმე სერ საიმონ-მეთქი, ძალიან გშიათ? სენდვიჩი მიდევს ჩანთაში. ინებებთ? – არა, გმადლობთ, ახლა აღარაფერს ვჭამ; თუმც შენი მხრიდან ეს კარგი საქციელია. ისე კი, სულ ერთია, შენ გაცილებით სასიამოვნო ხარ, ვიდრე შენი უხეში, საზარი, ვულგარული და უსინდისო ოჯახი. – გეყოთ! – იყვირა ვირჯინიამ და ფეხები ააბაკუნა, – ეს თქვენ ხართ უხეში, საზარი და ვულგარული, ვინც ჩემი უჯრიდან საღებავები მოიპარა, როგორც უსინდისომ და ბიბლიოთეკაში ეს სასაცილო სისხლის ლაქა განაახლა. ჯერ წითელი ფერები წაიღეთ სულ, სინგურისფერის ჩათვლით, ამის გამო ჩემს საყვარელ დაისებს ვეღარ ვხატავდი, შემდეგ, ზურმუხტისფერი მწვანე და ქრომ-ყვითელი გააყოლეთ ხელს და ბოლოს ჩინური თეთრისა და ინდიგოს მეტი არაფერი დამიტოვეთ, რითაც მხოლოდ მთვარის სცენებს ვხატავდი, ეს კი ისეთი დეპრესიული საყურებელია და რთული დასახატი. მე არასდროს გამიკიცხავხართ, თუმცაღა ძალიან განაწყენებული ვიყავი, ყველაზე სასაცილო კი ერთი რამეა: ვის გაუგონია ზურმუხტისფერ-მწვანე სისხლი? – ჰო, მართლა, – უფრო მშვიდად თქვა მოჩვენებამ, – რა უნდა მექნა? მართლაც ძნელია დღევანდელობაში ნამდვილი სისხლის ნახვა და რამდენადაც შენმა ძმამ ყველაფერი ამ თავისი პარაგონის ფხვნილით გამიქრო, მე მართლაც ვერ ვხედავდი მიზეზს, რატომ არ უნდა ამეღო თქვენი საღებავები... რაც შეეხება ფერებს, ეს ყოველთვის გემოვნების საკითხია: ქანთერვილებს, მაგალითად, ცისფერი სისხლი აქვთ, უცისფრესი მთელ ინგლისში; მაგრამ, ვიცი, რომ თქვენ ამერიკელებს ამისთანა რაღაცები არ გაღელვებთ. – ნეტავ რა იცით ამერიკაზე, საუკეთესო, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, ისაა, რომ გადასახლდეთ და გააუმჯობესოთ თქვენი გონება. მამაჩემი მხოლოდ მოხარული იქნება მოგცეთ უფასო ბილეთი, თუმცა, საბაჟოზე ყოველნაირი სპირტისა და ალბათ სპირიტულის გატარებაზე ათასნაირი ბაჟია დაწესებული, მაგრამ რთული მაინც არ იქნება, რადგან იქ ყველა ოფიცერი დემოკრატია. ოდესმე დარწმუნდებით, რომ ნიუ-იორკში დიდი წარმატება გექნებათ. მე იქ არაერთ ადამიანს ვიცნობ, ვინც ათასობით დოლარს გადაიხდიდა იმაში, რომ ბაბუა ჰყოლოდა, გაცილებით მეტს გადაიხდიდნენ, თუკი საოჯახო მოჩვენება ეყოლებოდათ. – არ ვფიქრობ, რომ ამერიკა უნდა მომწონდეს. – ასე იმიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ არც ადამისჟამინდელი გვაქვს რამე და არც უცნაური, – უთხრა ვირჯინიამ სატირულად. – ადამისჟამინდელი ფლოტი გაქვთ! უცნაური კი ზნე-ჩვეულებანი! – უპასუხა მოჩვენებამ. – მშვიდობიან საღამოს გისურვებთ; წავალ, მამას ვთხოვ, ტყუპს დამატებითი არდადეგები მისცეს. – გთხოვთ, ნუ წახვალთ, მის ვირჯინია, – იყვირა მან. – ისეთი მარტოხელა და უბედური ვარ, და მართლა არ ვიცი რა ვქნა. მინდა დასაძინებლად წავიდე, მაგრამ არ შემიძლია. – რა აბსურდია! უბრალოდ ლოგინში უნდა ჩაწვეთ და სანთელს სული შეუბეროთ. ხანდახან რთულია ფხიზლობა, განსაკუთრებით ეკლესიაში, მაგრამ, დაძინებისას არავითარი სირთულე არ არსებობს. მით უმეტეს, როცა ეს ბავშვებმაც კი იციან, ისე, რომ დიდი ჭკუა არ სჭირდებათ. – სამასი წელია არ მძინებია, უთხრა სევდიანად, – ამის გაგონებაზე ვირჯინიამ დიდი ლურჯი თვალები გაოცებულმა დააჭყიტა. – სამასი წელია რული არ მომკარებია და ძალიან დაღლილი ვარ. ვირჯინია დასერიოზულდა და ტუჩები ვარდის ფურცლებივით აუთრთოლდა. მოჩვენებას წინ დაუდგა, ჩაიმუხლა და მის ჩამომჭკნარ სახეს ახედა. – საცოდავო, საცოდავო მოჩვენებავ, – ჩაიბუტბუტა მან; – სასთუმალი არ გაქვთ, რომ დაიძინოთ? – ფიჭვნარიდან ძალზე შორს, – უპასუხა მოჩვენებამ ჩუმი, მეოცნებე ხმით, – იქ პატარა ბაღია. იქ მაღალი და ღრმა ბალახი იზრდება, იქ კონიოს დიდი და თეთრი ყვავილედია, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ბულბული გალობს. გალობს მთელი ღამე და ცივი, კრისტალური მთვარე დასქცერის, ურთხმელი კი თავის გიგანტურ მკლავებს აფარებს მძინარეთ. ვირჯინიას თვალები აეცრემლა და სახეზე ხელები აიფარა. – სიკვდილის ბაღს გულისხმობთ? – ჩურჩულით ჰკითხა. – დიახ, სიკვდილისას. სიკვდილი ძალიან ლამაზი უნდა იყოს. ყავისფერ, რბილ მიწაში ჩაწოლა, სადაც თავს ზემოთ მწვანე ბუსნო ბიბინებს და მხოლოდ სიჩუმის ხმა ისმის. როცა არც გუშინდელი დღეა და არც ხვალინდელი. როცა დაივიწყებ დროს და მიუტევებ ცხოვრებას, რათა სიმშვიდეში იმყოფებოდე. შენ შეგიძლია დამეხმარო. შენ შეგიძლია სიკვდილის სახლის ბჭენი განმიხვნა, რათა სიყვარული არასოდეს გტოვებდეს და სიყვარული სიკვდილზე ძლიერი იყოს. ვირჯინია ათრთოლდა, თითქოს გაიყინაო და რამდენიმე წამს ხმა ვერ ამოიღო. თავს ისე გრძნობდა, თითქოს საშინელ სიზმარს ხედავსო. პირველად ისევ მოჩვენება ალაპარაკდა, მისი ხმა ქარის ხელწერას ჰგავდა. – ბიბლიოთეკის სარკმელზე თუ გაქვს ძველი წინასწარმეტყველება ამოკითხული? – ოჰ, ხშირად, – იკივლა პატარა გოგომ და ახედა; – და კარგადაც მახსოვს. უცნაური შავი ასოებით არის გამოყვანილი და ამოსაკითხად რთულია, მხოლოდ ექვსი ხაზია: ოდეს მართლა ატირდების გოგო თმამოოქრული; სევდა ლოცვით განქარვდების, ბაღში ნუში აყვავდების, მაშინ სახლი განიხარებს სულიც პოვებს ნეტარებას. – მაგრამ, ვერ მივმხვდარვარ, ეს რას უნდა ნიშნავდეს. – ეს იმას ნიშნავს, – სევდიანად უპასუხა, – რომ შენ უნდა გამოიგლოვო ჩემი ცოდვები, რამეთუ მე ცრემლები არ გამაჩნია, და ილოცო ჩემი სულისთვის, რამეთუ მე არც რწმენა გამაჩნია და შემდეგ თუკი მუდამ სათნო, კარგი და კეთილიც იქნებოდი, სიკვდილის ანგელოზი მოწყალებას მოიღებდა ჩემზე. შენ სიბნელეში საზარელ აჩრდილებს იხილავ და ავი ხმები ჩაგჩურჩულებენ ყურში, მაგრამ ვერაფერს გავნებენ, რამეთუ პატარა ბავშვის სიწმინდეს ჯოჯოხეთის ძალები ვერას დააკლებენ! ვირჯინიას პასუხი არ გაუცია, მოჩვენებამ კი ველურად დაგრიხა ხელები, როდესაც მის ქერა თავს დააცქერდა. უცებ გოგონა წამოდგა, ძალიან გაფითრებულიყო და თვალებში უცნაური სინათლე ჩასდგომოდა. არ მეშინია, – უთხრა მან მკაცრად. – და მე ანგელოზს ვთხოვ თქვენზე წყალობა მოიღოს. მოჩვენება თავისი ადგილიდან სიხარულის სუსტი ამოგმინვით წამოიწია, ხელზე ხელი მოჰკიდა და ძველი, დახვეწილი მანერით ეამბორა. მისი თითები ყინულივით ცივი იყო, მისი ტუჩები კი ცეცხლივით მწველი, მაგრამ, ვირჯინია არც კი წაბარბაცებულა, როდესაც მოჩვენება დაბინდულ ოთახში შეუძღვა. დაჩრდილულ მწვანე გობელენზე პატარა მონადირეები ჩხუბობდნენ, ისინი ფუნჯიან რქებს იქნევდნენ და მას ეძახდნენ უკან წადი პატარა ვირჯინიავ, უკან წადი! მაგრამ მოჩვენება უფრო ძლიერ უჭერდა ხელს და გოგონამაც თვალები დახუჭა. საზარელი ცხოველები ხვლიკის კუდით, დაჭყეტილ თვალებს უხამხამებდნენ ამოკვეთილი ქვის თაროდან და ეუბნებოდნენ: იფრთხილე! პატარა ვირჯინია, იფრთხილე! შეიძლება აწი ვეღარც კი გნახოთ, მაგრამ მოჩვენება ნაზად ჩაცურდა და ვირჯინიასაც აღარაფერი გაუგონია. როდესაც ოთახის ბოლოს მიაღწიეს, მოჩვენება შეჩერდა და რაღაც წაიბუტბუტა, რასაც გოგონა ვერ მიუხვდა. მან თვალები აახილა და დაინახა როგორ ქრებოდა კედელი ნისლივით და დიდი გამოქვაბულისმაგვარი რაღაც დაინახა. მათ გარშემო სუსხიანმა ქარმა დაუბერა, ვირჯინიამ იგრძნო რომ ვიღაც კაბაზე ეჭიდებოდა. – სწრაფად, სწრაფად, – დაუყვირა მოჩვენებამ, – თორემ ძალიან გვიან იქნება, – და იმავ წამს მათ უკან ხის პანელი დაიხურა და გობელენიანი ოთახიც დაცარიელდა.   VI        ათიოდ წუთში ზარი დაირეკა, რომელიც ჩაის სმის დროს იუწყებოდა, ვირჯინია კი ქვემოთ არ ჩასულა, ამიტომ, ქალბატონმა ოტისმა ხელის ბიჭი ააგზავნა მის დასაძახებლად. მოკლე ხანში ბიჭი დაბრუნდა და ქალბატონს უთხრა – ვირჯინია ვერსად ვნახეო. რადგანაც ვირჯინიას ჩვევად ჰქონდა საღამოობით ბაღში ჩასვლა და სავახშმო მაგიდაზე დასადგმელად ყვავილების მოკრეფა, მისის ოტისი არ შეშფოთებულა, მაგრამ, როდესაც ექვსმა საათმა დაჰკრა და ვირჯინია მაინც არ გამოჩნდა, ქალბატონი ძალიან აღელდა. მან ტყუპი ვირჯინიას მოსაძებნად გაგზავნა, ამასობაში კი თვითონ და მისტერ ოტისი ქალიშვილს ყოველ ოთახში დაეძებდნენ. შვიდის ნახევარზე ბიჭები უკან დაბრუნდნენ და თქვეს – მის კვალსაც კი ვერ მივაგენითო. ოჯახი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, არავინ იცოდა რა ექნათ, ამ დროს მისტერ ოტისს გაახსენდა, რომ რამდენიმე დღის წინ მან ბოშებს უფლება მისცა, პარკში ბანაკი დაეცათ. ოტისი სწრაფად გაეშურა ბლექუელ ჰოლოუსკენ, თან უფროსი ვაჟი და ფერმის ორი მუშაც იახლა. ჩეშირის ახალგაზრდა ჰერცოგმა, რომელიც მღელვარებისგან გაგიჟებას იყო მისული, გულმხურვალე თხოვნა დაუწყო, მეც წამიყვანეთო, მაგრამ მისტერ ოტისს არ უნდოდა მისი ხლება, რადგან ბანაკში შეიძლებოდა აყალმაყალი ამტყდარიყო. ადგილზე მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ბოშები უკვე გამგზავრებულიყვნენ, აშკარა იყო, ისინი დროზე ადრე წასულიყვნენ, რადგან ცეცხლი ჯერ ისევ ენთო და თეფშებიც იქვე დაეტოვებინათ ბალახზე. ვაშინგთონმა მაშინვე დაგზავნა ხალხი ოლქის დასაზვერად, შინ დაბრუნებულმა კი დეპეშები აფრინა ქვეყნის პოლიციის ყველა განყოფილებაში, სადაც წერდა: ჩემი ქალიშვილი ბოშებმა მოიტაცეს და სასწრაფოდ მომიძებნეთო. ბრძანა ცხენი მომგვარეთო და სავახშმოდ დამჯდარი ცოლისა და სამი ვაჟის დაჟინების შემდეგ ასქოთის გზას დაადგა მეჯინიბესთან ერთად. მათ კარგა ორი მილი ექნებოდათ გავლილი, რომ უცებ უკნიდან ჩორთით მომავალი ცხენის ხმა გაიგონა, მოიხედა და სახეალეწილი და უქუდო, პონიზე გადამჯდარი ჭაბუკი ჰერცოგი დაინახა. – უაღრესად ვწუხვარ, ბატონო ოტის, – ამოიხვნეშა ბიჭმა, – მაგრამ ვახშმობას ვერ გავაგრძელებდი, როდესაც ვირჯინიას ასავალ-დასავალი არ ვიცით. გთხოვთ, ნუ გამიბრაზდებით; შარშან რომ ჩვენთვის დანიშვნის ნება მოგეცათ, ასეთ ხათაბალაში არ გავეხვეოდით. უკან ხომ ვეღარ გამგზავნით? ვერ წავალ! არ წავალ! მინისტრმა ლამაზ ცუღლუტს ღიმილი ვერ დაუკავა, აშკარა იყო, ვირჯინიასთვის ბიჭი თავსაც დადებდა, გადმოიხარა თავისი ცხენიდან და ჰერცოგს მხარზე ნაზად მოეფერა. – მაშ, სესილ, თუ უკან გაბრუნება არ გწადიათ, ესე იგი, ჩემთან ერთად წამოხვალთ, მაგრამ, ასქოთში ქუდი უნდა გიშოვოთ. – ჯანდაბას ჩემი ქუდი! – შესძახა ჭაბუკმა ჰერცოგმა სიცილით და სადგურისკენ ჭენებით გაემართნენ. იქ მისტერ ოტისმა სადგურის უფროსი მოიკითხა, რათა ვირჯინიას აღწერილობა მიეცა, იქნებ ვინმეს ჰყავდა გოგონა ბაქანზე ნანახი, მაგრამ ვერაფერი შეიტყო. სადგურის უფროსმა მაინც უდეპეშა დიდსა და პატარას და მისტერ ოტისი დაარწმუნა, რომ ყველაფერს მკაცრად გააკონტროლებდნენ. ტილოთი მოვაჭრისგან, რომელიც უკვე დარაბებს კეტავდა, ჭაბუკი ჰერცოგისთვის ქუდის მოტანის შემდეგ მისტერ ოტისმა ბექსლისკენ გააჭენა. ეს სოფელი ხუთიოდე მილზე მდებარეობდა და როგორც მას უთხრეს, ბოშათა დიდ თავშესაფარს წარმოადგენდა, რადგან იქვე დიდი თემი სახლობდა. მათ აქ სოფლის პოლიციელი გააღვიძეს, მაგრამ ვერაფერი გაიგეს მისგან, ამიტომ მთელი თემი შემოიარეს, შემდეგ ქანცგაწყვეტილებმა და გულგატეხილებმა ცხენებს პირი შინისკენ აქნევინეს და უკვე თერთმეტი საათისთვის ჩეიზში იყვნენ. ტყუპი ჭიშკართან ჩირაღდნებით ელოდა, რადგანაც, ხეივანი საკმაოდ ჩაბნელებული იყო, ვირჯინიას კვალიც კი ვერსად ეპოვათ. ბოშები მდელოებზე დაეჭირათ, მაგრამ გოგონა მათთან არ აღმოჩნდა. ბოშებმა თავიანთი უეცარი გამგზავრება იმით ახსნეს, რომ ჩარლთონის ბაზრობის თარიღი არეოდათ, ამიტომაც სასწრაფოდ წასულიყვნენ, რომ არ დაეგვიანათ. ისინი მართლაც შეწუხდნენ ვირჯინიას გაუჩინარებით, რადგან მისტერ ოტისის კმაყოფილები იყვნენ, პარკში დაბანაკების საშუალება რომ მისცა მათ; ოთხი მათგანი დარჩა კიდეც, რომ ძებნაში დახმარებოდნენ ოტისებს. ადგილობრივი წყალსატევიც კი გადაჩხრიკეს, თუმცა უშედეგოდ. აშკარა იყო, რომ იმ ღამით მაინც, ვირჯინია უკვალოდ იყო გამქრალი, დეპრესიაში ჩავარდნილი მისტერ ოტისი და ბიჭები სახლისკენ წავიდნენ, მეჯინიბეც ცხენითა და პონით უკან გაჰყვათ. ჰოლში შეშინებული მოსამსახურეები დაუხვდნენ, თითქმის ჭკუასგადაცდენილი მისის ოტისი ბიბლიოთეკაში დივანზე მიწოლილიყო, სახეზე შიში და სასოწარკვეთილება აღბეჭვდოდა. შუბლს ოდეკოლონით ინამავდა მოხუცი სახლთუხუცესის რჩევით. ქმარმა დაიჟინა რამე მაინც შეჭამეო და ვახშამი შეუკვეთა მთელი ოჯახისთვის. ვახშამი მელანქოლიურად წარიმართა, დანა პირს არავის უხსნიდა, ტყუპიც კი ვერ იღებდა ხმას, ისინი ხომ დას ძალიან ემორჩილებოდნენ და დამოკიდებულნიც იყვნენ მასზე. როდესაც სადილობას მორჩნენ, ჭაბუკი ჰერცოგის ვედრების მიუხედავად, მისტერ ოტისმა განაცხადა, დღეს ვეღარაფერს გავაწყობთო და ყველას დასაძინებლად წასვლა უბრძანა, თან დასძინა, ხვალ დილით უკვე ტელეგრამებს დავგზავნი სკოტლენდ იარდში დეტექტივების გამოსაგზავნადო. სასადილო ოთახიდან გასვლისას, ზუსტად მაშინ, საათის კოშკურიდან შუაღამემ რომ დაიგუგუნა, უცებ დაჯახუნებისა და გულგამგმირავი ყვირილის ხმა ესმათ. ჭექის გამაყრუებელმა ხმამ მოიცვა სახლი და არამიწიერი ჰანგების ძაბვა გაიფანტა ჰაერში, ამის გამო კიბეზე ასულთა ჯგუფი უცებ უკან გამოქანდა, სახეგაფითრებული და მიტკალივით გათეთრებული ვირჯინია ზარდახშით ხელში მომავალი დაინახეს ზედა სართულზე. მყისიერად ყველა მასთან ავარდა კიბით, მისის ოტისმა ქალიშვილს ხელები მოჰხვია, ჰერცოგმა მაგრად დაუწყო კოცნა, ტყუპმა ხალხის წინ ველური სამხედრო ცეკვა შეასრულა. – ო, ღმერთო! შვილო, სად იყავი? – უთხრა მისტერ ოტისმა, გაბრაზებული ჩანდა, რადგან ფიქრობდა, სულელური ოინი გვიყოო. – მე და სესილმა ქვეყანა შევაჯერეთ შენს ძებნაში, დედაშენი კი ელდით სიკვდილამდე იყო მისული. ასეთი ხუმრობა აღარასოდეს გაბედო! – გავასულელოთ სული! გავასულელოთ სული! – გაჰკიოდან ტყუპი და აქეთ-იქით დაჭენაობდა. – გენაცვალე, მადლობა უფალს, გიპოვეთ; აღარასოდეს დამეკარგო, – ჩურჩულით უთხრა მისის ოტისმა და ხელი გადაუსვა აჩეჩილ ოქროს თმაზე. – მამა, – უთხრა ვირჯინიამ წყნარად, – მე მოჩვენებასთან ერთად ვიყავი. ის მკვდარია, უნდა წამოხვიდე და ნახო. მაგრამ ძალიან წუხდა იმაზე, რაც ჩაიდინა. აი, ეს ლამაზი სამკაულების კოლოფი მომცა, სანამ მოკვდებოდა. მთელი ოჯახი მიაშტერდა მას უტყვი გაოცებით, მაგრამ ვირჯინია ამაყი და სერიოზული ჩანდა. გოგონა შემოტრიალდა და ისინი ხის პანელის გახსნით, ქვემო, საიდუმლო, ვიწრო დერეფანში ჩაიყვანა, ვაშინგთონიც მაგიდიდან აღებული ანთებული სანთლით გაჰყვათ უკან და თან გზას ანათებდა. ბოლოს ისინი ჟანგიანი ლურსმნებით აჭედილ მუხის დიდ კარს მიადგნენ. როდესაც ვირჯინიამ ხელი შეახო, კარი მძიმე ანჯამებზე უკან გაიწია და ისინი დაბალ, პატარა სენაკში აღმოჩნდნენ, რომელსაც მოკამარებული ჭერი და პაწაწინა გისოსებიანი სარკმელი ჰქონდა. კედელში უზარმაზარი რკინის რკალი ჩაედგათ და მასზე გაძვალტყავებული ჩონჩხი ჯაჭვით იყო მიბმული, რომელიც ქვის იატაკზე მთელ სიგრძეზე გაჭიმულიყო, რათა თავისი უხორცო თითებით მოშორებით დადგმულ ჭურჭელს მისწვდენოდა. დოქი კი, ეტყობა, ოდესღაც წყლით უნდა ყოფილიყო სავსე, რადგანაც მას შიგნიდან მწვანე ობი ჰქონდა მოკიდებული. ჭურჭელზე მტვერი დახვავებულიყო. ვირჯინიამ ჩონჩხთან ჩაიმუხლა, ხელები მოკეცა და ლოცვა დაიწყო წყნარად, ამ დროს კი დანარჩენები გაკვირვებულები უცქერდნენ საზარელ ტრაგედიას, რომლის საიდუმლოც უკვე ამოხსნილიყო. – შეხეთ! უცებ შესძახა ტყუპისცალმა, რომელიც ფანჯრიდან იცქირებოდა, რომ დაენახა, სენაკი ციხესიმაგრის რომელ ფლიგელში იყო განთავსებული. ნახეთ! ძველი გამხმარი ნუში აყვავდა. მთვარის შუქზე ყვავილებსაც ნათლად ვხედავ. – ღმერთმა მიუტევა მას, – თქვა ვირჯინიამ თამამად, თითის წვერებზე აიწია და ლამაზმა სინათლემ მას სახე გაუნათა. – რა ანგელოზი ხარ! – იყვირა ახალგაზრდა ჰერცოგმა, ხელი შემოხვია კისერზე და აკოცა ვირჯინიას.   VII        ამ უცნაური შემთხვევიდან ოთხი დღის შემდეგ, ღამის თერთმეტ საათზე ქანთერვილ ჩეიზიდან გასვენება დაიწყო. გასასვენებელ ეტლში რვა შავი ტაიჭი იყო შებმული, თითოეულ მათგანს თავზე სირაქლემის მოქანავე ბუმბულების ქოჩორი ჰქონდა, ტყვიის კუბო კი სქელი მეწამული საფარით იყო დაფარული. კუბოზე ოქროთი ამოქარგული იყო ქანთერვილის გერბი. ეტლებს გვერდით მსახურები მიჰყვებოდნენ ანთებული ჩირაღდნებით და მთელი ეს პროცესია საოცრად შთამბეჭდავი იყო. ლორდი ქანთერვილი მთავარი ჭირისუფალი იყო. იგი უელსიდან სპეციალურად დაკრძალვისთვის ჩამოვიდა და პირველივე ეტლში იჯდა ვირჯინიას გვერდით. შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მინისტრი და მისი ცოლი მოდიოდნენ, რომელთაც ვაშინგთონი და სამი ბიჭი მიჰყვებოდა, უკანასკნელ ეტლში კი ქალბატონი ამნი იჯდა. ეტყობოდა, რაკი მას ორმოცდაათზე მეტი წლის განმავლობაში ეშინოდა მოჩვენებისა, მასვე ჰქონდა უფლება უკანასკნელს ეხილა იგი. ღრმა საფლავი ამოეთხარათ ეკლესიის ეზოში, ურთხმელის ხის ძირში, მსახურება ღირსმა ავგუსტუს დამპიერმა ამაღელვებლად შეასრულა. როდესაც ცერემონია დასრულდა, მსახურებმა ძველი ადათის თანახმად, ჩირაღდნები ჩააქრეს, ხოლო როდესაც კუბოს მიწაში ჩასვენება დაიწყეს, ვირჯინიამ ნაბიჯი წადგა წინ და ნუშის თეთრ-ვარდისფერი ყვავილებისგან დაწნული ჯვარი დადო მასზე. ვირჯინიამ ჯვარი რომ დაასვენა, მთვარე ღრუბლიდან გამოძვრა, იქაურობა ვერცხლისფრად დაფარა, ბულბულმა კი შორიდან გალობა დაიწყო. ვირჯინიას მოჩვენების მიერ აღწერილი სიკვდილის ბაღი გაახსენდა და თვალები ცრემლებმა დაუსველა, სახლამდე ხმაც არ ამოუღია. მეორე დილას, სანამ ლორდი ქანთერვილი ქალაქში წავიდოდა, მისტერ ოტისმა მასთან მოჩვენების მიერ ვირჯინიასთვის ნაჩუქარ სამკაულებზე ჩამოაგდო სიტყვა. სამკაულები მართლაც საოცარი იყო, განსაკუთრებით, ლალისფერი ვენეციური ყელსაბამი, რომელიც XVI საუკუნის შედევრი უნდა ყოფილიყო. ყელსაბამი ალბათ ფასდაუდებელიც იქნებოდა, მისტერ ოტისს გაუჭირდა კიდეც თავისი ქალიშვილისთვის მისი მიღების ნება მიეცა. – ჩემო ბატონო, – უთხრა მან, – მე ვიცი, რომ ამ ქვეყანაში სამკვიდრო კანონი (ქონების ფლობა გადაცემის უფლების გარეშე) ისევე ვრცელდება მიწის საკუთრებაზე, როგორც საოჯახო ნივთებზე, ამდენად, ჩემთვის აშკარაა, რომ ეს სამკაულები არის ან უნდა იყოს თქვენი ოჯახის საგვარეულო ნივთები. შესაბამისად, უნდა გთხოვოთ, რომ ლონდონში წაიყოლოთ და ისე მოეპყრათ, როგორც თქვენი ქონების ნაწილს, რომელიც უცნაური ვითარების შედეგად უკანვე დაგიბრუნდათ. რაც შეეხება ჩემს ქალიშვილს, ის ჯერ კიდევ ბავშვია და ამგვარი სათაყვანო ფუფუნებისადმი, მოხარული ვარ გაუწყოთ, მცირედი ინტერესი თუ ამოძრავებს. მისის ოტისისგან ვიცი, – ის კი, მე ვიტყოდი, ამგვარი საკითხების დიდი მცოდნეა, რადგან ქალიშვილობისას რამდენიმე ზამთარი ბოსტონში გაატარა და ხელოვნებაში კარგად ერკვევა – რომ ეს ძვირფასი ქვები დიდი მონეტარული ღირებულების უნდა იყოს და გაყიდვის შემთხვევაში, მაღალი ფასიც ექნება. ამ ვითარებაში, ლორდო ქანთერვილ, დარწმუნებული ვარ, აცნობიერებთ, თუ რამდენად შეუძლებელია ჩემთვის, ამ სამკაულების ჩემი ოჯახის რომელიმე წევრის კუთვნილებაში დარჩენის მომხრე ვიყო. შეიძლება გითხრათ, ვირჯინია ერთობ აღელვებულია, რომ თქვენ შეიძლება ეს კოლოფი სუვენირად დაუტოვოთ, როგორც თქვენი უიღბლო და შემცდარი წინაპრის სახსოვარი. რადგან ეს ნივთი მეტისმეტად ძველია და ალბათ აღდგენასაც აღარ ექვემდებარება, შესაძლოა, თქვენ მიზანშეწონილად მიიჩნიოთ ვირჯინიას თხოვნის შესრულება. ჩემი მხრივ კი, ვაღიარებ, რომ ეგზომ გაოცებული ვარ ჩემებისგან შუასაუკუნეების ნებისმიერი ფორმისადმი ასეთი სიმპათიის გამო და ამას მხოლოდ იმ ფაქტით ავხსნიდი, რომ ვირჯინია ლონდონის ერთ-ერთ გარეუბანში სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც მისის ოტისი ათენში მოგზაურობიდან დაბრუნდა. ლორდი ქანთერვილი ღირსეული მინისტრის საუბარს უსმენდა და ჭაღარა ულვაშში უნებლიე ღიმილს მალავდა. როცა მისტერ ოტისმა დაასრულა, სახლის ყოფილ პატრონს ხელი გულითადად ჩამოართვა. ლორდმა მიმართა: – ძვირფასო ბატონო, თქვენმა მომხიბვლელმა ქალიშვილმა ჩემს უბედურ წინაპარს, სერ საიმონს, დიდი სამსახური გაუწია, მე და ჩემი ოჯახი დიდად დავალებული ვართ მისგან მისი საოცარი გამბედაობისა და ვაჟკაცობის გამო. ეს სამკაულები მისია და, ღმერთმანი, მე რომ უგუნურება გამომეჩინა და ეს ნივთები თან წამეღო, ძველი ნათესავი ალბათ საფლავიდან წამოდგებოდა და ცხოვრებისეულ წყევლად მექცეოდა. თუკი ამათ საოჯახო საკუთრებად ჩავთვლით, მაშინ რომელიმე ანდერძში ან იურიდიულ დოკუმენტში იქნებოდა ნახსენები, ამათი არსებობა კი უცნობია. გარწმუნებთ, მე ამ სამკაულებზე თქვენს მსახურთუხუცესზე მეტი პრეტენზია არ გამაჩნია და ვბედავ ვთქვა, როდესაც ვირჯინია გაიზრდება, მოხარული იქნება ლამაზი სამკაული ატაროს. გარდა ამისა, თქვენ გავიწყდებათ, მისტერ ოტის, რომ ავეჯი და მოჩვენება ღირებულებაში აღნიშნეთ, ამდენად, რაც კი რამ მოჩვენებას ეკუთვნოდა, თქვენს კუთვნილებაში გადმოინაცვლა, ამდენად, რასაც კი სერ საიმონი ფლობდა, კანონით კი მკვდარი იყო, მისი სრული ქონება თქვენ უკვე შეძენილი გაქვთ. მართლაც, შეწუხებულმა მისტერ ოტისმა კიდევ სცადა ლორდის გადარწმუნება, მაგრამ კეთილშობილმა ბატონმა სიმტკიცე გამოიჩინა და საბოლოოდ მინისტრიც დაარწმუნა ქალიშვილისთვის საჩუქრის დატოვების უფლება მიეცა, რომელიც გოგონასთვის მოჩვენებას ჰქონდა ბოძებული. 1890 წლის გაზაფხულზე ჩეშირის ჰერცოგინია დედოფლის პირველ დარბაზში წარადგინეს მის ქორწინებასთან დაკავშირებით, სამკაულებით კი ვირჯინიამ საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. ვირჯინიამ გვირგვინი მიიღო, რომელსაც ყველა ამერიკელ კარგ პატარა გოგონას ჯილდოდ აძლევენ და თავის შეყვარებულს გაჰყვა ცოლად, როდესაც ეს უკანასკნელი წლოვანი გახდა. ორივენი ისეთი მომხიბვლელები იყვნენ და იმდენად უყვარდათ ერთმანეთი, რომ ყველა სიამოვნებას განიცდიდა მათი შემყურე, გარდა ბებრუხანა მარკიზა დამბლთონელისა. იგი ჰერცოგის გამოჭერას ცდილობდა, გასაკვირია და, მისტერ ოტისსაც ესროდა ანკესს თავისი შვიდი გაუთხოვარი ქალიდან რომელიმესთვის და სამი მდიდრული წვეულებაც მოაწყო ამ მიზნით. მისტერ ოტისს ძალიან უყვარდა ჰერცოგი, მაგრამ, თეორიულად, ის ეწინააღმდეგებოდა წოდებას, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა, რადგან სიამოვნების მოყვარული არისტოკრატიის გავლენით რესპუბლიკური სისადავის პრინციპები შეიძლებოდა დავიწყებას მისცემოდა. მისი პროტესტი სრულად გაბათილდა და მე მგონი, როდესაც თავისი ქალიშვილი ჰანოვერის სკვერში, წმინდა გიორგის ეკლესიის საკურთხეველთან მიჰყავდა, მასზე ამაყი ადამიანი არ იყო ინგლისის არც ერთ გრძედსა თუ განედში. ჰერცოგი და ჰერცოგინია თაფლობის თვის დასრულების შემდეგ ქანთერვილში დაბრუნდნენ; ჩამოსვლის მეორე დღეს, ნაშუადღევს, ფიჭვნარში ეულად მდგარი საყდრის ეზოში გადაწყვიტეს გასეირნება. თავდაპირველად, სირთულე შეიქმნა სერ საიმონის საფლავის ქვაზე წასაწერი ტექსტის გამო, თუმცა ბოლოს გადაწყდა, რომ ამოეტვიფრათ მოხუცი ჯენტლმენის სახელის ინიციალები და ბიბლიოთეკის სარკმელზე მიწერილი ლექსი. ჰერცოგინიას მშვენიერი ვარდები წამოეღო, რომლებიც საფლავზე მიმოფანტა. შემდეგ კი მათ ძველი სააბატოს დანგრეული კანცელარიისკენ გაისეირნეს. იქ ჰერცოგინია გადაქცეულ სვეტზე ჩამოჯდა. ამასობაში მისი მეუღლე მას ფერხთით წამოუწვა და სიგარეტი გააბოლა, თან ლამაზ თვალებში შესცქეროდა. უცებ, სიგარეტი მოისროლა, მის ხელს მიაჩერდა და უთხრა: – ვირჯინია, ცოლს ქმრისგან საიდუმლოებები არ უნდა ჰქონდეს. – ძვირფასო სესილ! შენგან არავითარი საიდუმლო არ მაქვს. – დიხაც, გაქვს, მან ღიმილით უპასუხა, – ჩემთვის არასდროს გითქვამს რა მოხდა, როდესაც მოჩვენებასთან ერთად იყავი ჩაკეტილი. – არასდროს არავისთვის მითქვამს, სესილ, თქვა ვირჯინიამ ამაყად. – ვიცი, მაგრამ იქნებ მე მითხრა. – გთხოვ, ნუ მკითხავ სესილ, ვერაფერს გეტყვი. საწყალი სერ საიმონი! მასთან ისედაც ვალში ვარ. დიახაც, ნუ იცინი, სესილ, მართლაც ვალში ვარ. მან დამანახვა რა არის ცხოვრება და რას ნიშნავს სიკვდილი და რატომ არის სიყვარული ორივეზე ძლიერი. ჰერცოგი წამოდგა და ცოლს სიყვარულით ეამბორა. – შეგიძლია ეს საიდუმლო შენადვე დაიტოვო, ოღონდ კი შენი გული იყოს ჩემი, – წასჩურჩულა ცოლს. – ისედაც სულ შენი იყო, სესილ. – ჩვენს ბავშვებს ხომ მაინც ეტყვი ოდესმე, ხომ იზამ ამას? ვირჯინია გაწითლდა. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 6:51pm on ნოემბერი 20, 2014
თემა: ხორხე ლუის ბორხესი - მედალი
მელიც მთელ ხმელეთს ევლება გარს და რომელზეც ჩემი ქოხის მსგავსი ხის სახლები ლივლივებენ. თუმცაღა დანამდვილებით არ ვიცი, თვითონ მისი ნახვის შესაძლებლობა არ მომცემია. არც ტყე მინახავს მეორე მხრიდან. ჩემმა უფროსმა ძმამ დამაფიცა, ჯერ კიდევ ჩვენს ბავშვობაში, რომ ჩვენ ორნი უკანასკნელ ხემდე გავჩეხავდით ამ ტყეს. ძმა უკვე მოკვდა, მე კი ახლა სხვა რამ მაფიქრებს: ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები. იმ მხარეს, საითაც მზე ჩადის, პატარა მდინარე ჩამოედინება; ხელით ვახერხებ თევზის დაჭერას. ტყეში მგლები დაძრწიან. თუმცა მგლები არ მაშინებენ: ჩემს ცულს არც ერთხელ არ გაუცრუებია ჩემთვის იმედი. ჩემს წლებს არ ვითვლი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ცოტა არ დაგროვილა. ჩემი თვალები ძლივსღა ხედავენ რამეს. სოფელში, სადაც აღარ დავდივარ, იმიტომ, რომ დაკარგვის მეშინია, წუწურაქს მეძახიან, მაგრამ ტყის მჭრელი აბა დააგროვებს ბევრს?        ჩემი ქოხის კარს ქვებით ვქოლავ, რომ თოვლის ნამქერი არ შემოვარდეს. ერთ საღამოს მძიმე ნაბიჯების ხმა შემომესმა, მას კარზე კაკუნიც მოჰყვა. გავაღე, ჩემთვის უცნობი მწირი, მოხუცი კაცი იყო, მაღალი, უჯრედებიან ლაბადაში გახვეული. სახე იარებით ჰქონდა დასერილი. ჩანდა, წლებს ვერ მოეტეხა, მხოლოდ ძალა შეემატებინა, თუმცაღა შევნიშნე, რომ ჯოხის გარეშე ძნელად დადიოდა. რამდენიმე სიტყვა გავცვალეთ, რაზე – აღარ მახსოვს. მერე მან თქვა: – მშობლიური სახლი არ მაქვს, სადაც მიღამდება, იქ მითენდება. მთელი საქსონია მოვიარე. ამ სახელწოდებით მოხსენიება მისი ასაკის შესაფერისი იყო. მამაჩემი ყოველთვის ლაპარაკობდა საქსონიაზე, რომელსაც ახლა ინგლისს უწოდებენ.        თევზი და პური მქონდა. სუფრასთან ვდუმდით. წამოწვიმა. ტყავებისგან სახელდახელოდ ლოგინი გავუშალე შიშველ მიწაზე, სწორედ იმ ადგილას, სადაც ჩემი ძმა მოკვდა. ღამის დადგომისთანავე ძილს მივეცით თავები. კარგად გათენებულიყო, შინიდან რომ გამოვედით. წვიმას გადაეღო და მიწა თრთვილს დაეფარა. კაცს ჯოხი გაუვარდა ხელიდან, მიბრძანა მიმეწოდებინა. – რატომ მიბრძანებ? – ვკითხე უცებ. – იმიტომ, – მიპასუხა, – რომ მე ჯერ კიდევ მეფე ვარ. გიჟად ჩავთვალე. ჯოხი ავიღე და მივაწოდე. შეცვლილი ხმით ალაპარაკდა. – ჰო, მე სექგენების მეფე ვარ. ათასჯერ მაინც მომიტანია მათთვის გამარჯვება მძიმე ბრძოლებში, მაგრამ ჩემი ჟამიც დადგა და სამეფო დავკარგე. ჩემი სახელი იზერნია, ოდინების გვარიდან ვარ. – მე არ ვიცი ოდინი, – ვუპასუხე მშვიდად, – მე ქრისტეს ვეთაყვანები.   თითქოს არ გაუგონიაო, თხრობა განაგრძო: – დევნილი დავეხეტები, მაგრამ ჯერ კიდევ მეფე ვარ, რადგან მედალი თან მაქვს. გინდა გაჩვენო? ჩამომხმარი ხელისგული გახსნა, თუმცა იქ არაფერი ჰქონდა. ხელისგული ცარიელი იყო. მაშინღა გამახსენდა, რომ მარცხენა მუშტი დღედაღამ მოკუმული ჰქონდა. გამჭოლად შემხედა და მითხრა: – შეგიძლია ხელით შეეხო. ფრთხილად შევახე თითი მის ხელისგულს. რაღაც ცივი ვიგრძენი, ელვარებამაც მომჭრა თვალი. ხელი სწრაფად მომუშტა. ვდუმდი. მაშინ წყნარად დაიწყო თხრობა, თითქოს ბავშვს უამბობდა ძილისპირულს: – ეს ოდინის მედალია. მას მხოლოდ ერთი მხარე აქვს. მაგრამ მის გარდა ამქვეყნად არაფერია საპირისპირო მხარის გარეშე. სანამ ეს მედალი ხელში მაქვს, მეფედ ვრჩები. – ოქროსია? – ჩავეკითხე. – არ ვიცი. ეს ოდინის მედალია. ცალი მხარით. უცებ მედლის დაუფლების დაუოკებელმა სურვილმა შემიპყრო. ის რომ ჩემი გამხდარიყო, უამრავ ოქროს მივიღებდი მასში და მეფე გავხდებოდი. მაწანწალას, რომელიც დღემდე მძულს, შევთავაზე: – ქოხში მონეტებით სავსე სკივრი მაქვს დამალული. ოქროს მონეტებია, ნაჯახის პირივით ბრჭყვიალებენ. თუ ოდინის მედალს მომცემ, მე სკივრს დაგითმობ. მტკიცედ თქვა: – არ მსურს. – მაშინ, შენი გზით წადი. ზურგი შემაქცია... ზურგში ნაჯახის ჩაცემა საკმარისი აღმოჩნდა, მეტისმეტადაც კი, რომ შეტორტმანებულიყო და ძირს უსულოდ დაცემულიყო, თუმცა ამ დროს მუშტი გაეხსნა და ჰაერში მანათობელი ნაპერწკალი დავინახე. ცული მორში ჩავასე და გვამი მდინარისკენ წავიღე, რომელიც ადრე უფრო ღრმა იყო. იქვე ჩავაგდე. სახლის სიახლოვეს მედლის ძებნას შევუდექი. მაგრამ ვერ ვიპოვე. მთელი ეს წლებია ვეძებ და ვეძებ...   ეთნოგრაფი        ამის შესახებ ტეხასში მიამბეს, თუმცა ეს ამბავი რომელიღაც სხვა შტატში მოხდა. მთავარ გმირს, ახმახს, ყველა ამერიკელივით, თმის გაურკვეველი ფერით, მგონი ფრედი ერქვა. ფრედ მურდოკი. მას არაფერი ჰქონია ორიგინალური, სწორედ ამით გამოირჩეოდა აცვენილი ახალგაზრდობისგან. წიგნებს სცემდა პატივს და მათი სჯეროდა, ვინც ამ წიგნებს წერდა. მის ასაკში ცოტამ თუ იცის, რას მიუძღვნას თავი, ფრედიც ბედის ნებას მინდობოდა და მზად იყო სპარსული მისტიკისთვის დაეთმო დრო, უნგრული დაილექტისთვის, ომის გზას გასდგომოდა ან სულაც მათემატიკოსი გამხდარიყო. უნივერსიტეტში უკარნახეს, ინდიელების წეს-ჩვეულებების შესწავლას შესდგომოდა, ხანდაზმულმა პროფესორმა კი ფრედს შესთავაზა, პრერიაში წადი და იქ შეისწავლე იშვიათი, ჯერ კიდევ შემორჩენილი ტომებიო. ფარდულში უნდა ეცხოვრა და სხვათა ჩვეულებებს დაჰკვირვებოდა, მათი ღრმა აზრები ამოეცნო, ინდიელ მაგთა საიდუმლოებებს ჩასწვდომოდა. უკან დაბრუნებული ამის შესახებ ნაშრომს დაწერდა. თუმცაღა მურდოკი არ იყო დიდად გახარებული. მისი ერთ-ერთი წინაპარი საზღვარზე დაიღუპა და ეს ძველი ოჯახური ტკივილი რატომღაც ღრღნიდა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ სირთულეებზე, რაც გზაში ელოდა, ამ ველურ წითელკანიან ადამიანებს ხომ თავიანთ კლანში უნდა მიეღოთ, თავისიანად ეცნოთ. თუმცა მურდოკი მაინც წავიდა. ორ წელზე მეტი იცხოვრა უდაბნოში, ხან ტყავს აფარებდა თავს და ხან ცას. მზეს ასწრებდა ადგომას და შუაღამისას წვებოდა. ისეთ დიალექტზე ხედავდა სიზმრებს, რომელიც არ შეიძლებოდა სცოდნოდათ მის დედასა და მამას.        უხეშ საკვებს და უცნაურ სამოსს მიეჩვია, დაავიწყდა მეგობრებიც, ქალაქიც, რომელშიც თითოეულ ქვას იცნობდა. რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ ტომის ქურუმმა ფრედს დავალებები მისცა, სავარჯიშოები სხეულისა და სულისთვის. ქურუმმა ურჩია რომელიმე უცნაური სიზმარი გაეხსენებინა. დრო გავიდა და ერთ მთვარიან ღამეს მოწაფეს ბიზონები ესიზმრა. გამთენიისას მოძღვარს უამბო ნანახის შესახებ. მას მერე მაგი საიდუმლოს განდობას შეუდგა. ორი წლის შემდეგ, ადრიან დილით, ფრედმა ინდიელები დატოვა. ქალაქში დაბრუნებულს უცებ ნოსტალგია მოაწვა, პრერია მოენატრა, სწორედ ის ველები, სადაც ოდესღაც ქალაქზე დარდობდა. პროფესორს უთხრა, რომ გადაწყვიტა არ გამოექვეყნებინა მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია. – ფიცი დადე? – არა, უბრალოდ არ შემიძლია გიამბოთ, რაც ახლა ვიცი. – ინგლისური ენა არ კმარა ამისთვის? – გაეღიმა პროფესორს, – ეგ არაფერ შუაშია, სერ. ახლა, მას მერე, რაც საიდუმლოს დავეუფლე, შემეძლო ის ათასი სხვადასხვა საშუალებით გადმომეცა. საქმე ის არის, რომ ჩვენი მეცნიერება, რომელსაც უნდა ვაჩუქო ეს ცოდნა, ახლა სრულ უაზრობად მეჩვენება. და პაუზის შემდეგ: – გარდა ამისა, საიდუმლო არაფერია იმ გზასთან შედარებით, რომელიც მე განვვლე. პროფესორი გამოემშვიდობა: – ამის შესახებ საბჭოს ვამცნობ. თქვენ მათთან დაბრუნება გსურთ? – არა. ეს არ არის საჭირო. ის, რაც მასწავლეს, ყველგან გამომადგება. ფრედი დაქორწინდა, მერე განქორწინდა და ახლა იელში ბიბლიოთეკარად მუშაობს.   უხუცესი სენიორა        1941 წლის 14 იანვარს მარია ხუსტინე რუბიო დე ხაურეგის ასი წელი შეუსრულდა. ის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა თაობის ერთადერთი ჯერ კიდევ ცოცხლად დარჩენილი ქალიშვილი იყო. მამამისი, პოლკოვნიკი მარიანო რუბიო, გადაჭარბების გარეშე ჭეშმარიტი განმათავისუფლებელი გახლდათ. მერსედის მხარეში დაიბადა, ბუენოს-აირესის პროვინციაში, მესაქონლეთა ოჯახში. ანდურ არმიაში ალფერესის ჩინამდე იმსახურა, ჩაკაბუკოსთვის იბრძოდა, კანჩა-რაიადასთან ტრაგიკულ ბრძოლაში მონაწილეობდა, მაიპუსთან შეტაკებაშიც და ორი წლის შემდეგ არეკიპოსთანაც. ამბობენ, რომ ამ ბრძოლის წინ მან და ხოსე დე ოლავარიამ მახვილები გაცვალეს. 1823 წლის აპრილში სერო-ალტოს ცნობილი ორთაბრძოლა მოხდა, მაგრამ რაკი ის ველზე მიმდინარეობდა, სერო-ბერმეხოს ბრძოლასაც უწოდებენ. ვენესუელელები, რომლებსაც მარადიული შური აქვთ ჩვენი საარაკო გმირობებისა, ამ გამარჯვებას გენერალ სიმონ ბოლივარს მიაწერენ, მაგრამ მიუკერძოებელი მემატიანე არგენტინელ ისტორიკოსებს შორის თავს არ ისულელებს და შესანიშნავად იცის, რომ დაფნის გვირგვინი სამართლიანად ეკუთვნის პოლკოვნიკ მაკანო რუბიოს. სწორედ მან, კოლუმბიის ჰუსართა პოლკის სათავეში მყოფმა, გადაწყვიტა ხმლებითა და შუბებით გახანგრძლივებული ბრძოლის ბედი, რამაც დაუდო საფუძველი არანაკლებ სახელოვან გამარჯვებას აიაკუჩოსთან, რომელშიც მას ასევე მიუძღვის წვლილი. იქვე დაიჭრა.        1827 წელს იტუსაინგოსთან გამოიჩინა თავი, სადაც ჯარს ალვეარი მეთაურობდა. მიუხედავად როსასთან შორეული ნათესაობისა, ლავალიეს კაცი იყო და ფედერალები დაამარცხა ორთაბრძოლაში, რომელსაც ყოველთვის უწოდებდა „მახვილცემულს“. როცა უნიტარისტები შეიმუსრნენ, აღმოსავლეთ პროვინციაში გაემგზავრა, სადაც იქორწინა კიდეც. დიდი ომის დროს მონტევიდეოში გარდაიცვალა, ქალაქში, რომელიც ბლანკო ორიბემ დააარსა. ორმოცდაოთხი წლის იყო, ეს ასაკი კი მაშინ ლამის სიბერედ მიიჩნეოდა. თავის შემდეგ ორი ქალიშვილი დატოვა. მათგან მარია ხუსტინა არის ის, ვისზეც ახლა გვექნება საუბარი. 1853 წლის ბოლოს პოლკოვნიკის ქვრივი თავის ორ ქალიშვილთან ერთად ბუენოს-აირესში დაფუძნდა. მათ არ დაუბრუნეს ტირან როსასის მიერ ჩამორთმეული სოფლის ადგილ-მამულები, თუმცა მოგონებები დაკარგულ მიწებზე, რომლებიც თვალითაც არასდროს ენახათ, დიდხანს ცოცხლობდა ოჯახში. ჩვიდმეტი წლის მარია ხუსტინა დოქტორ ბერნარდ ხაურეგის გაჰყვა ცოლად, რომელიც სამოქალაქო პირი იყო, თუმცა პავონსა და სეპედასთან ბრძოლამ მოუწია და თავის სამსახურებრივ პოსტზე გარდაიცვალა ყვითელი ციებ-ცხელების ეპოქაში. მას ვაჟი და ორი ქალიშვილი დარჩა. მარიანო, პირმშო, საგადასახადო ინსპექტორი გახდა და ხშირად დადიოდა ეროვნულ ბიბლიოთეკასა და არქივში, რათა თავისი გმირი პაპის დაწვრილებითი ბიოგრაფია დაეწერა, მაგრამ ვერა და ვერ დაასრულა, ან იქნებ არც დაუწყია. უფროსი და, მარია ელვირა, თავის ბიძაშვილს, ვინმე საავედრას გაჰყვა ცოლად, ფინანსების სამინისტროს ჩინოვნიკს. ხულია – სენიორ მოლინარის, რომელსაც მართალია იტალიური სახელი ჰქონდა, ლათინურის მასწავლებელი იყო და უაღრესად განათლებული კაცი ბრძანდებოდა. შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს არ შევეხები, ისიც საკმარისია, რომ მკითხველს უკვე აქვს წარმოდგენა წარჩინებულ და გაღარიბებულ გვარზე, რომელსაც წინაპრის ეპიკური ჩრდილი და ემიგრაციაში შობილი მისი ქალიშვილი ედგა თავში. მოკრძალებულად და მშვიდად ცხოვრობდნენ პალერმოში, გუადალუპეს ეკლესიის სიახლოვეს და მარიანოს ახსოვდა, რომ იქ ტრამვაის ფანჯრიდან „გრან ნასიონალის“ კომპანიებს ხედავდა, ჭაობებს, რომლებიც ამა თუ იმ რანჩოს ერტყა გარს, ალიზით ნაგებთ. გუშინდელი სიღარიბე ნაკლებად ღარიბული იყო, ვიდრე ის, რომელსაც ჩვენ ინდუსტრიის პროგრესი გვჩუქნის. სიმდიდრეც უფრო მოკრძალებულად გამოიყურებოდა. რუბიოს ოჯახობის საცხოვრებელს კვარტალში საგალანტერეო მაღაზიის ზედა სართული ეკავა. უკანა კიბე ვიწრო იყო. მარჯვნივ შემოვლებური მოაჯირი ბნელი შემოსასვლელის კედელსაც მიუყვებოდა, სადაც საკიდები და რამდენიმე სკამი იდგა. მისაღებიდან კარი რბილი სავარძლებით გაწყობილი მცირე სასტუმრო ოთახისკენ მიემართებოდა, სასტუმრო ოთახიდან კი წითელი ხის ავეჯითა და შემინული ვიტრინით მორთულ სასადილოში. მუდამ ჩამოშვებული ჟალუზების მიღმა, რომელიც მწველი მზისგან იცავდა ოთახს, სუსტი შუქი აღწევდა. მახსოვს, იქ ცოტა ობის სუნიც კი იდგა. სიღრმეში საძინებლები იყო, სააბაზანო ოთახი, პატარა პატიო ნიჟარით და სათავსო დამლაგებლისთვის. სახლში არ ყოფილა სხვა წიგნი, ანდრადეს გარდა, მონოგრაფიებისა გმირზე, ხელნაწერი დამატებებით და ასევე მონტანერისა და სიმონის ესპანურ-ამერიკული ლექსიკონიც, რომელიც იმიტომ ჩავარდნოდათ ხელში, რომ განვადებით ყიდდნენ დაბალ ფასად. სამაგიეროდ, იყო კიდევ პენსია, რომელიც ყოველთვის აგვიანებდა, და შემოსავალი ლომას-დე-სამორესთან არსებული ერთ დროს ვრცელი ნაკვეთის გაქირავებული ნაგლეჯიდან.        იმ დროისთვის, რომლითაც დავიწყეთ ჩვენ თხრობა, უხუცესი სენიორა დაქვრივებულ ხულიასა და მის ვაჟთან ერთად ცხოვრობდა. კვლავ ვერ იტანდა არტიგასს, როსასა და ურკისს. პირველი ევროპული ომი, რომელმაც მისთვის თითქმის აბსტრაქტულად არსებული გერმანელების სიძულვილი შთაუნერგა, ნაკლებად აღელვებდა, ვიდრე ცხრაასი წლის გადატრიალება და სერო-ალტოსთან ორთაბრძოლა. 1932 წლიდან თანდათანობით დაიწყო ჭკნობა. საყოველთაოდ ცნობილი მეტაფორები საუკეთესოა, რადგან ზუსტია. გასაგებია, რომ ის კათოლიკურ რწმენას მისდევდა, საიდანაც სულაც არ გამომდინარეობს ის დასკვნა, რომ ღმერთის სწამდა, ერთადერთისა სამ იპოსტასში, ან სულის უკვდავებისა. ბუტბუტებდა ლოცვებს, რომლებიც არ ესმოდა, თითებით კი კრიალოსანს მარცვლავდა. აღდგომასა და მოგვთა დღესასწაულს შობა ერჩივნა, მატეს ნაცვლად კი ჩაის სმა უყვარდა. სიტყვები „პროტესტანტი“, „ებრაელი“, „მასონი“, „ერეტიკოსი“ და „ურჯულო“ მისთვის სინონიმები იყო და არაფერს ნიშნავდა. ყველა ვითარებაში ესპანელებს „გოდოთი“ მოიხსენიებდა, როგორც მისი მშობლები. 1910 წელს ვერ იჯერებდა, რომ ინფანტა, რომელიც მაინც პრინცესა იყო, მოლოდინის საწინააღმდეგოდ ჩვეულებრივი გალისიელივით მეტყველებდა და არა როგორც არგენტინელი სენიორა. ეს გამაოგნებელი ამბავი მისი სიძის დაკრძალვაზე ამცნო ერთმა მდიდარმა ნათესავმა, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა მათთან სახლში, მაგრამ რომლის სახელსაც ისინი ხარბად ეძებდნენ ელიტური ქრონიკების სვეტებში.         სენიორა ხაურეგისთვის ქუჩები არ იცვლიდნენ სახელწოდებებს. იხსენებდა არტეს ქუჩას, ტემპლეს ქუჩას, ბუენ-ორდენის ქუჩას, პიედადის ქუჩას, ორ კალიეს ლარგასს, პარკესა და პორტონესის მოედნებს. ოჯახის წევრები გიჟდებოდნენ არქაიზმებზე, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ სიტყვას მოჰქონდა ხოლმე. მაგალითად, ამბობდნენ არა „ურუგვაელებს“, არამედ „აღმოსავლელებს“. ქალი შინიდან არ გამოდიოდა და ალბათ აზრზეც არ იყო, რომ ბუენოს-აირესი იცვლებოდა და იზრდებოდა. ქალაქი, რომელსაც ის გასასვლელი კარიდან ხედავდა, გაცილებით ხნოვანი იყო იმ დროის ქალაქზე, რომელშიც ისინი ცენტრიდან გადასახლდნენ. შებმული ხარები და ორთვალა ურმები ალბათ ისევ იდგა ონსეს მოედანზე, უკვდავას ყვავილები კი ბარაკასის მინდვრებზე აფრქვევდნენ სურნელს. „მიცვალებულები მესიზმრება“, – ეს მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ფრაზა იყო. უტვინო არ გახლდათ, მაგრამ როგორც ვიცი, არასდროს მიეცემოდა ინტელექტუალურ სიამეებს, ის დარჩენოდა, რასაც მეხსიერება ჩუქნიდა, მერე კი – მივიწყება. ყოველთვის გულუხვი იყო. მახსოვს მისი ნათელი მშვიდი თვალები და ღიმილი. ვინ იცის, რა გიჟური ვნებები, ახლა ჩამცხრალი, ერთ დროს კი მწველი განუცდია ამ ხანდაზმულ, ერთ დროს მშვენიერ ქალს. მცენარეების მოყვარული გახლდათ, მათი სადა ჩუმი ცხოვრება მასთან ახლოს იყო, ბეგონიებს უვლიდა თავის ოთახში და იმ ფოთლებს ეხებოდა, რომელთაც უკვე ვეღარ ხედავდა. 1992 წლამდე, როცა ის თითქოს თვლემაში ჩაიძირა, მოსწონდა სხვადასხვა ისტორიული ეპიზოდის მოყოლა, ყოველთვის ერთი და იმავე სიტყვებით და ერთი და იმავე მიმდევრობით, თითქოს „მამაო ჩვენოს“ კითხულობდა, მაგრამ მე მგონია, რომ ისინი უკვე აღარ ასახავდნენ სინამდვილეს. თვითონაც სჯეროდა არაკების. ერთი სიტყვით, ბედნიერი იყო. ძილი, როგორც ცნობილია, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გამოუცნობი აქტია. ჩვენი ცხოვრების მესამედს ვუთმობთ მას, თუმცა ვერ შევიცანით. ერთისთვის ის მხოლოდ გონების დაბინდვაა, სხვებისთვის – ურთულესი მდგომარეობა, რომელიც ერთდროულად სამ დროს მოიცავს: გუშინდელს, დღევანდელსა და ხვალინდელს, სხვათათვის კი სიზმრების უწყვეტი მიმდევრობაა. იმის თქმა, რომ სენიორა ხაურეგიმ ათი წელი გაატარა უძრავ ქაოსში, ალბათ მცდარი იქნებოდა. ამ ათი წლიდან თითოეული წამი ალბათ მხოლოდ ახლანდელი იყო, უწინდელისა და შემდგომის გარეშე. და არ არის საჭირო მეტისმეტად მოიხიბლო ახლანდელით, რომელსაც დღეებითა და უსასრულო კალენდრების ასობით ფურცლით ვზომავთ, თავისი მიზნებითა და მოვლენებით, ეს სწორედ ის ახლანდელია, რომლის მიჯნასაც ყოველ დილას ვაბიჯებთ, სანამ გავიღვიძებთ, და ყოველ ღამე, სანამ დავიძინებთ. ჩვენ ყოველდღე ორჯერ ვხდებით უხუცესი სენიორა. ხაურეგის ოჯახის წევრები, როგორც უკვე დავრწმუნდით, ოდნავ დაბინდულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათ სჯეროდათ, რომ არისტოკრატიას მიეკუთვნებოდნენ, თუმცა გავლენიანი ადამიანები მათ არ იცნობდნენ; გმირის შთამომავლები იყვნენ, თუმცა ისტორიის წიგნებში, როგორც წესი, მას არ მოიხსენიებდნენ. მართალია, მის სახელს ქუჩა ატარებდა, მაგრამ ეს ქუჩა, რომელიც ძალიან ცოტამ თუ იცოდა, სადღაც დასავლეთ სასაფლაოს უკან მიიკარგა.         სახსოვარი დღე ახლოვდებოდა. ათ იანვარს სამხედრო გამოჩნდა სააღლუმე ფორმით. წერილი, თვით მინისტრის ხელმოწერა რომ ამშვენებდა, იუწყებოდა, რომ მინისტრი ვიზიტს გეგმავდა თოთხმეტ რიცხვში. ხაურეგები ყველა მეზობელს უჩვენებდნენ ამ წერილს, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ ბლანკსა და მინისტრის ხელმოწერაზე. მერე კორესპონდენტებმა მოუხშირეს სიარულს, რომლებიც პრესისთვის ამზადებდნენ მასალას. მათ საჭირო ცნობებს აწვდიდნენ და ყველაფრიდან ჩანდა, რომ მათ ნაუწყები ჰქონდათ პოლკოვნიკ რუბიოს შესახებ. თითქმის უცნობი ადამიანები ტელეფონით ითხოვდნენ, მიწვეულთა სიაში ჩაერთოთ. ყველა გულმოდგინედ ემზადებოდა დიდებული დღისთვის. ცვილით წმენდდნენ იატაკებს, რეცხავდნენ ფანჯრებს, ჭაღებს შალითებს ხსნიდნენ, წითელ ხეს აპრიალებდნენ, ვერცხლეულს ასუფთავებდნენ, ავეჯს ალაგებდნენ, სასტუმრო ოთახში ფორტეპიანოსაც ახადეს თავსახური, რათა კლავიშებზე ხავერდის ბილიკი ეჩვენებინათ. ხალხი აქეთ-იქით დადიოდა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც შორს იყო ამ საერთო ფუსფუსისგან, სენიორა ხაურეგი გახლდათ. ჩანს, მან არაფერი უწყოდა. ის იღიმოდა. ხულიამ მოსამსახურის დახმარებით ისე გამოაწყო, თითქოს მიცვალებული ყოფილიყოს. პირველი, რაც სტუმრებს შემოსვლისას თვალში მოხვდებოდათ, გმირი პოლკოვნიკის პორტრეტი გახლდათ და მარჯვნივ, ოდნავ ქვემოთ, მისი ხმალი, რომელიც ყველა ბრძოლაში თან ახლდა. ყველაზე მძიმე წუთებშიც კი არ გაუყიდიათ ეს იარაღი და ოცნებოდნენ, ისტორიული მუზეუმისთვის გადაეცათ. ერთმა კეთილმა მეზობელმა ამ ღირსსახსოვარი დღისთვის ნემსიწვერა ათხოვათ ქოთნით.        ზეიმი შვიდზე უნდა დაწყებულიყო. სტუმრების შეკრება შვიდის ნახევრისთვის დანიშნეს, რადგან იცოდნენ, რომ არავის უყვარდა იმის ყურება, როგორ „ანთებენ სანთლებს“. რვის ათ წუთზე კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. მასპინძლები არც ისე ხალისიანად მსჯელობდნენ იმაზე, რით არის კარგი და რით ცუდი ასეთი არაპუნქტუალურობა. ელვირამ, რომელსაც წესად ჰქონდა დანიშნულ დროს მისვლა, უაპელაციოდ განაცხადა, რომ ადამიანებს აიძულო ლოდინი იმას ნიშნავს, მათ მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინო. ხულიამ თავისი ქმრის სიტყვები გაიმეორა და ივარაუდა, რომ დაგვიანება თავაზიანობის ნიშანია, რამეთუ რაკი ასე იქცევიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ყველასთვის მოსახერხებელია და არავინ არავის არ აჩქარებს. რვას რომ თხუთმეტი აკლდა, სახლი სავსე იყო. და მთელი კვარტალი შურით სკდებოდა, სენიორა ფიგეროას ავტომანქანისა და მძღოლის დანახვაზე, იმ ფიგეროასი, რომელიც თითქმის არასდროს იწვევდა თავის ნათესავებს, მაგრამ ისინი ხელგაშლილნი ხვდებოდნენ, რათა არავის ეეჭვა, რომ უკანასკნელად ეპისკოპოსის დაკრძალვაზე ენახათ ერთმანეთი. პრეზიდენტმა პირადი ადიუტანტი გამოგზავნა, ძალიან კეთილი სენიორი, რომელმაც ბრძანა, რომ წილად ხვდა დიდი პატივი, სერო-ალტოს გმირის ქალიშვილისთვის ჩამოერთმია ხელი. მინისტრმა, რომელიც მალევე წავიდა, ბრწყინვალე, კარგად შედგენილი სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც, სიმართლე რომ ითქვას, მეტს ლაპარაკობდა სან-მარტინზე, ვიდრე პოლკოვნიკ რუბიოზე. მოხუცი ქალი სავარძელში იჯდა, ბალიშზე გადაწოლილი. დროდადრო თავს ხრიდა ან მარაო უვარდებოდა ხელიდან. რჩეული საზოგადოების ქალბატონებმა, „მამულის დედებმა“ მას ჰიმნი უმღერეს, რომელიც, თითქოს, არც გაუგონია. ფოტოგრაფები შეკრებილთაგან მხატვრულ ჯგუფებს ქმნიდნენ და თავიანთი ნათურების ჩხაკუნით თვალებს უბრმავებდნენ. პორტვეინისა და ხერესის ჭიქები ცოტა აღმოჩნდა. რამდენიმე ბოთლი შამპანური გახსნეს. სენიორა ხაურეგის სიტყვა არ წარმოუთქვამს. ალბათ თვითონ უკვე აღარც იცოდა, ვინ იყო... და ამ საღამოდან ლოგინად ჩავარდა.        როცა სტუმრები დაიშალნენ, ოჯახობა იმპროვიზებულ ცივ ვახშამს მიუსხდა. ყავისა და თამბაქოს სუნმა მალე გააძევა სუნამოების ნაზი არომატი. დილის გაზეთები ღირსეულად და დამაჯერებლად ცრუობდნენ, როდესაც აღფრთოვანების სიტყვებს გამოთქვამდნენ გმირის ქალიშვილის თითქმის საარაკო ხნოვანების შესახებ და იუწყებოდნენ, რომ ის „არგენტინის ისტორიაში საუკუნის ყველაზე მჭევრმეტყველური მატიანეა“. ხულიას სურდა მისთვის ეს ცნობები ეჩვენებინა. უხუცესი სენიორა უძრავად იწვა ბინდში, თვალებდახუჭული. ტკივილი ან სიცხე არ ტანჯავდა. ექიმმა გასინჯა და თქვა: ყველაფერი რიგზეაო. რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ბრბოს მოდინებამ, გაუგონარმა ხმაურმა, ჩახჩახა შუქებმა, წარმოთქმულმა სიტყვებმა, ხშირმა ხელის ჩამორთმევამ და შამპანიურის გასროლებმა მისი აღსასრული დააჩქარა. ალბათ ფიქრობდა, რომ სახლში მტერი შეიჭრა. ვფიქრობ სერო-ალტოსთან დაღუპულებზე, ვფიქრობ ამერიკისა და ესპანეთის მივიწყებულ ადამიანებზე, რომლებმაც ცხენების ფლოქვებქვეშ პოვეს სიკვდილი; ვფიქრობ, რომ პერუში მახვილებით გაწკეპვლის უკანასკნელი მსხვერპლი, მართალია, ასი წლის დაგვიანებით, ეს მოხუცი ქალი გახდა.   სხვა        ეს ამბავი 1969 წლის თებერვალში მოხდა, ბოსტონის ჩრდილოეთით, კემბრიჯში. ცხელ კვალზე არ ჩამიწერია, რადგან მაშინ მხოლოდ ის სურვილი მქონდა, მომხდარი დამევიწყებინა, რომ არ გავგიჟებულიყავი. ახლა კი, 1972-ში, ვფიქრობ, თუ მას მოვყვები, მკითხველი გამონაგონად ჩათვლის, განვლილი წლები კი ალბათ მეც მაიძულებენ, მისადმი ასეთივე დამოკიდებულება მქონდეს. ბევრი რამ გადავიტანე იმ წუთებში, მაგრამ უფრო მძიმე შემდეგ იყო, უძილო ღამეებში. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მომხდარის შესახებ ნაამბობი სხვებსაც ააღელვებს. დილის ათი საათი იყო. სკამის საზურგეზე გადაწოლილი ვიჯექი ჩარლზის მდინარესთან. მარჯვნივ, ჩემგან ხუთასიოდე ნაბიჯში, მაღალი კოშკი იდგა – ახლაც არ ვიცი, რა ჰქვია მას. მღვრიე წყალს კუთხოვანი ყინულის ნატეხები მოჰქონდა. რასაკვირველია, მდინარემ დროზე ჩამაფიქრა. ჰერაკლიტეს მიერ შექმნილი ათასწლოვანი სახე... ღამე მშვიდად გავატარე: ჩემი საღამოს ლექცია, როგორც ჩანს, სტუდენტებს მოეწონათ.        გარშემო სულიერი არ ჭაჭანებდა. უცებ მომეჩვენა (ფსიქოლოგები ამას საერთო დაღლილობით ხსნიან), რომ ერთხელ უკვე მინახავს და განმიცდია მსგავსი. ჩემ გვერდით სკამზე ვიღაც დაჯდა. მარტო მერჩივნა ყოფნა, მაგრამ ადგილიდან არ ავმდგარვარ, უზრდელობად რომ არ ჩამთვლოდა. უცხომ სტვენა დაიწყო. იმ დილის პირველი განცვიფრება განვიცადე: ის უსტვენდა ან ცდილობდა ესტვინა (კარგი სმენით არ გამოვირჩევი) ელიას რეგულესის არგენტინული სიმღერა „ძველი ქოხმახი“. მოტივმა უკვე არარსებულ პატიოში გადამიყვანა და ძალიან დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ალვარო მელიან ლაფინურა გამახსენა. მერე სიტყვებიც მომესმა, ათიან წლებში რომ მღეროდნენ. ტემბრი დიდად არ ჰგავდა ალვაროს ტემბრს, თუმცა შემსრულებელი აშკარად ალვაროს ჰბაძავდა. შიშით ვიცანი ეს ხმა. მეზობლისკენ გადავიწიე და ვუთხარი: – სენიორ, ურუგვაელი ხართ თუ არგენტინელი? – არგენტინელი ვარ, მაგრამ თოთხმეტი წლიდან ჟენევაში ვცხოვრობ, – მიპასუხა მან. ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოწვა. ისევ მე ვკითხე: – მალანიაში, ჩვიდმეტ ნომერში, რუსული ეკლესიის პირდაპირ? თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. – ო, მაშინ, – გამოვუცხადე მე, – თქვენი სახელი ხორხე ლუის ბორხესია. ჩვენ ქალაქ კემბრიჯში ვართ, 1969 წელს. – არა, – მიპასუხა ჩემი საკუთარი ხმით, ოდნავ შორეულით. შემდეგი ორი-სამი წუთის განმავლობაში დამაჯერებლად მიმტკიცებდა: – არა, მე აქ ვარ, ჟენევაში, სკამზე ვზივარ, რონადან რამდენიმე მეტრში. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ჩვენ ერთმანეთს ასე ვგავართ, თუმცაღა თქვენ ბევრად უფროსი ხართ და თმაჭაღარა.        მე ვუპასუხე: – შემიძლია დაგიმტკიცო, რომ არ ვცრუობ. გიამბობ ისეთ რამეებს, რომელიც მხოლოდ შინაურებმა იციან. ჩვენ ვერცხლის მატე გვაქვს, შემოქსოვილი გრძელი ფეხით, რომელიც პერუდან ჩვენმა დიდმა პაპამ ჩამოიტანა. კიდევ გვაქვს ვერცხლის თასი, ისეთი, უნაგირს რომ ამაგრებენ ხოლმე. შენი ოთახის წიგნების კარადაში წიგნები ორ წყებად არის დალაგებული. იქ ლეინის „ათას ერთი ღამის“ სამი ტომია გრავიურებითა და თითოეული თავის შემდეგ წვრილი შრიფტით გაკეთებული კომენტარებით; კიშერის ლათინური ლექსიკონი, ტაციტის „გერმანია“ ლათინურად და გორდონის თარგმანით, გარნიეს გამოცემის „დონ-კიხოტი“, რივერა ინდარტეს „სისხლიანი თეატრი“ ავტორის მიძღვნით, კარლეილის Sartor Resartus, ამელიას ბიოგრაფია და დანარჩენი ფოლიანტების უკან დამალული, გაცვეთილი წიგნი ბალკანელი ხალხის სექსუალური წესჩვეულებების შესახებ. არ დამვიწყებია არც მწუხრი ბელეტაჟზე, პლას დიუბურზე. – დიუფურზე, – შემისწორა. – კარგი. იყოს დიუფური, აბა, დარწმუნდი? – არა, ეს ყოველივე არ არის მტკიცებულება. თუ სიზმრად გხედავთ, გასაგებია, რომ თქვენ იგივე უნდა იცოდეთ, რაც მე ვიცი. საკმაოდ საფუძვლიან შენიშვნას ვუპასუხე: – თუ კი ეს დილაც და ეს შეხვედრაც მხოლოდ და მხოლოდ სიზმარია, თითოეულ ჩვენგანს აქვს სრული უფლება იფიქროს, რომ სწორედ მას სძინავს და ესიზმრება. ჩვენ იქნებ გამოვფხიზლდეთ, იქნებ არა. მაგრამ ერთი რამ ვიცი – ეს სიზმარი რეალობად უნდა მივიღოთ, როგორც ვიღებთ სამყაროსა და იმას, რომ ვცოცხლობთ, ვხედავთ და ვსუნთქავთ. – იქნებ სიზმარი გაჭიანურდეს? – შეშფოთებულმა თქვა, მისი და საკუთარი თავის სანუგეშებლად ნაძალადევი სიმშვიდით ვუპასუხე: – მერე რა? ჩემი სიზმარი აგერ უკვე სამოცდაათი წელია გრძელდება. საბოლოო ჯამში, თუ გავიხსენებთ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს არ შეხვედრია. სწორედ ეს გვემართება ახლა ჩვენ, თუ ჩვენ ორნი ვართ... იქნებ გსურს გაიგო რამე ჩემი წარსულიდან, რომელიც შენთვის მომავალი გახდება? მდუმარედ დამიქნია თავი. და ველაპარაკე ყველაფერზე, რაც კი თავში მომივიდა აზრად: – დედა ცოცხალია და ჯანმრთელი, თავის სახლში ფუსფუსებს ჩარკასისა და მალუს ქუჩების სიახლოვეს, ბუენოს-აირესში; მამა ოცდაათი წლის წინ გარდაიცვალა, გულით. თუმცა მანამდე დამბლამ გატეხა: მთელი მარცხენა ნახევარი წაერთვა და მარცხენა ხელი მარჯვენაზე ედო, როგორც ბავშვის ხელი გოლიათის ხელზე. ისე გარდაიცვალა, სიკვდილი ეჩქარებოდა, მაგრამ ერთი არ ამოუკვნესია. ბებიაჩვენმაც იმავე სახლში განუტევა სული. აღსასრულამდე რამდენიმე დღით ადრე ყველა შეგვკრიბა და გვითხრა: „მე ძალიან მოხუცი ქალი ვარ, რომელიც ძალიან ნელა კვდება. არ არის საჭირო ნერვიულობა და ალიაქოთი: ეს სავსებით ჩვეულებრივი ამბავია“. ნორა, შენი და, გათხოვდა, ორი ვაჟი ჰყავს... ისე, როგორ ცხოვრობენ ყველანი იქ? – მშვენივრად. მამა, ჩვეულებისამებრ, რელიგიას აბუჩად იგდებს. გუშინ საღამოს თქვა, რომ იესოს, ჩვენი გაუჩოების მსგავსად, არ უყვარდა შელამაზებული საუბარი და ამიტომ ამჯობინებდა ალეგორიულად გამოხატვას. ოდნავი ყოყმანის შემდეგ მკითხა: – თქვენ როგორ ცხოვრობთ? – არ ვიცი იმ წიგნების რაოდენობა, რომლებსაც შენ დაწერ, მხოლოდ ის ვიცი, რომ ისინი საკმაოდ ბევრი იქნება. დაწერ ლექსებს – ისინი განუზომელ სიხარულს მოგანიჭებენ – და ფანტასტიკურ მოთხრობებს. მამაშენივით და ჩვენი გვარის ბევრი წარმომადგენელივით მასწავლებელიც იქნები. კმაყოფილი ვიყავი. რომ არ მკითხა, გამომივიდა თუ არა ჩემი წიგნები. და სხვა ტონით გავაგრძელე: – თუ ისტორიას შევეხებით... კიდევ ერთი ომი იყო, თითქმის იმავე მოწინააღმდეგეების მონაწილეობით. საფრანგეთი მალე დანებდა, ინგლისი და ამერიკა გერმანელ დიქტატორს, ჰიტლერს ებრძოდნენ, მერე – ვატერლოოსთან ბრძოლის გამეორება. ბუენოს-აირესმა ათას ცხრაას ორმოცდა ექვსი წლისთვის ნომერი ორი როსასი შობა, მეტად რომ ჰგავდა ჩვენს პირმშოს. ორმოცდათხუთმეტში პროვინცია კორდობამ გვიხსნა, როგორც ადრე ენტრე-რიოსმა. ახლა რთული სიტუაციაა. რუსეთი აძლიერებს თავის გავლენას პლანეტაზე, ამერიკა ვერ ბედავს იმპერიად ქცევას, ცრუმორწმუნეს ეშინია დემოკრატიის მტრად არ შერაცხონ. ჩვენი სამშობლო დღითი დღე სულ უფრო მეტად იძირება პროვინციალიზმში. პროვინციალიზმი და თვითტკბობა – თვალებზე ხილაბანდივით აქვს აფარებული. არ გავოცდები, თუ ლათინურის გაკვეთილებს ერთხელაც გუარანის ლექციები შეცვლის. შევნიშნე, რომ თითქმის არ მისმენდა. მიუწვდომლისა და ამავდროულად ასეთი აშკარას მიმართ სრულიად ბუნებრივი შიში ბოჭავდა. მამა არ ვყოფილვარ, მაგრამ ნაზი გრძნობები ვიგრძენი ამ საბრალო ბიჭის მიმართ, რომელიც უფრო ახლობელი იყო ჩემთვის, ვიდრე ღვიძლი შვილი. ვნახე, რომ ხელში რაღაც წიგნს ატრიალებდა. დავინტერესდი, რა იყო. – თეოდორ დოსტოევსკის „შეპყრობილი“, ან უფრო ზუსტად „ეშმაკნი“, – მიპასუხა მედიდურად. – ძნელად მახსენდება. მოგწონს? ჯერ კიდევ ბოლომდე არ მეთქვა და უკვე ვიგრძენი, რა მკრეხელური შეკითხვა დავსვი. – რუსი კლასიკოსი ძალიან ღრმად შეიჭრა სლავური სულის ლაბირინთებში. რიტორიკულობის შემოტევა იმის ნიშნად მივიჩნიე, რომ ის დამშვიდდა. ვკითხე, ამ კლასიკოსის კიდევ რა წიგნების წაკითხვა მოესწრო. ორი თუ სამი დაასახელა, მათ შორის „ორეულიც“. ჩავეკითხე, ისევე ნათლად თუ ხედავს პერსონაჟებს კითხვის დროს, როგორც დავუშვათ, ჯოზეფ კონრადთან, და ფიქრობს თუ არა თხზულებათა მთელი კრებულის დაძლევას. – სიმართლე გითხრათ, არა, – მოულოდნელად მიპასუხა. ვკითხე, რას წერდა და მიპასუხა, რომ პოეტურ კრებულს ამზადებდა, რომლის სახელი იქნება „წითელი ფსალმუნები“. ფიქრობდა ასევე „წითელ რიტმებზე“. – რატომაც არ უნდა სცადო? – ვუპასუხე, – შეგიძლია სახელოვან წინაპრებს დაეყრდნო. გაიხსენე რუბენ დარიოს ცისფერი ლექსები და ვერლენის ნაცრისფერი ბალადა. ყურებში გაუშვა ჩემი სიტყვები და განმიმარტა, რომ მის წიგნში დედამიწის ხალხთა ძმობას შეასხამდა ხოტბას. ჩვენი დროის პოეტს არ შეუძლია ეპოქას ზურგი შეაქციოს. ჩავფიქრდი, მერე კი ვკითხე, მართლა მიაჩნდა თუ არა ყველა თავის ძმებად. მაგალითად, პომპეზური დაკრძალვების ყველა ოფიციალური მომწყობი, ყველა კურიერი, ყველა ფასიანი წყალში მყვინთავი, ყველა, ვინც ტროტუარებზე ათენებს ღამეებს კენტნომრიან შენობებთან; ყველა, ვისაც არ აქვს ხმა და ა.შ. და ა.შ. მითხრა, რომ მისი წიგნი მიეძღვნება ყველა ჩაგრულსა და ფარიას. – შენი ჩაგრულთა მასები და ფარიები, – ვუპასუხე მე, – მხოლოდ და მხოლოდ აბსტრაქტული ცნებებია. არსებობს მხოლოდ ცალკეული ინდივიდები, თუ საერთოდაც არსებობს ვინმე. „შენ დღეს უკვე აღარ ხარ გუშინდელი“, – წარმოთქვა რომელიღაც ბერძენმა. ჩვენ ორივენი ამ სკამზე – ჟენევაში თუ კემბრიჯში, – ალბათ ამის მტკიცებულებად გამოვდგებით.        ყველა სახსოვარი ფაქტი, მათ გარდა, რომლებიც ისტორიის ჭეშმარიტ ფურცლებზეა აღბეჭდილი, სახსოვარ ფრაზებს არ საჭიროებს. ადამიანს სიკვდილის წინ სურს გაიხსენოს გრავიურა, ბავშვობაში წვრილად დანახული; ჯარისკაცები ბრძოლის წინ ყველაფერზე ლაპარაკობენ ან თავიანთ სერჟანტზე. ჩვენი შეხვედრა ერთადერთი იყო და სიმართლე ითქვას, ჩვენ არ ვიყავით მისთვის მზად. ვლაპარაკობდით ლიტერატურასა და ენაზე – ვშიშობ, არაფერი ახალი არ მითქვამს იმასთან შედარებით, რასაც ჩვეულებრივ ჟურნალისტებს ვეუბნები. ჩემს ალტერ ეგო-ს სჯეროდა ახალი მეტაფორების შექმნისა თუ აღმოჩენის აუცილებლობის, მე კი – მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის მიერ უკვე შექმნილი სიტყვების ზუსტი შესაბამისობებისა, ჩემი საკუთარი სახეების ან საყოველთაოდ ცნობილი ცნებებისა: ადამიანების დაბერება და დაკნინება, სიზმრები და ცხოვრება, დროთა ცვლა და წყალი. მას ჩემს ფიქრებს ვანდობდი, რომლებიც რამდენიმე წლის შემდეგ ვაქციე წიგნად. ის თითქმის არ მისმენდა. უცებ მითხრა: – თუ თქვენ მე ვიყავი, მაშ როგორ უნდა აიხსნას თქვენი გულმავიწყობა ერთ ხანდაზმულ სენიორთან შეხვედრის თაობაზე, რომელმაც 1918-ში გითხრათ, რომ ისიც ბორხესია. ამ საფრთხეზე არ დავფიქრებულვარ. არცთუ დამაჯერებლად ვუპასუხე: – ჩანს, ეს შემთხვევა იმდენად საოცარი მეჩვენა, რომ ვეცადე დამევიწყებინა. გაბედა, შიშნარევი შეკითხვა დაესვა: – თქვენი მეხსიერება ხომ არ სუსტდება?        მივხვდი, რომ ბიჭისთვის, რომელსაც ჯერ ოცი წელი არ შესრულებია, სამოცდაათს გადაცილებული კაცი ნახევრად გვამს ჰგავს. და ვუპასუხე: – ეს შეიძლება დავიწყებას ჰგავდეს, მაგრამ ჯერ კიდევ შესწევს ძალა გაუძლოს იმას, რითაც ტვირთავენ. ანგლოსაქსონურს ვსწავლობ და კლასში უკანასკნელი მოსწავლე როდი ვარ. ჩვენი საუბარი უკვე მეტისმეტად დიდი ხანია გრძელდებოდა, რომ ძილად მიჩნეულიყო. მოულოდნელმა ფიქრმა გამინათა გონება: – ამ წუთასვე შემიძლია დაგიმტკიცო, – ვუთხარი მას, – რომ ცხადში მხედავ. მოუსმინე ამ ლექსებს, რომლებიც არასდროს წაგიკითხავს, მაგრამ მე შევძელი მათი გახსენება. და წყნარად წარმოვთქვი მშვენიერი სტრიქონი: – L’hydre-univers tordant son corps caill d’astres. მისი გაოცება შევნიშნე, თითქმის შიში. წყნარად გაიმეორა, თან თითოეული საოცარი სიტყვით ტკბებოდა. – მართლაც, – ჩაილაპარაკა მერე, – ვერასდროს შევქმნი რაიმე მსგავსს. ჰიუგომ დაგვაკავშირა. მანამდე კი ზეპირად კითხულობდა, ახლა მახსენდება, უოლტ უიტმენიდან მცირე ამონარიდს, სადაც პოეტი მეხსიერებაში აღიდგენს ორთა მიერ გატარებულ ღამეს ზღვასთან, როცა ნამდვილად ბედნიერი იყო. – თუ უიტმენი მას ხოტბას ასხამს, – შევნიშნე ჩემდა თავად, – გამოდის, მას სურდა ეს ღამე, მაგრამ ის, სამწუხაროდ, არ ყოფილა. პოემა მაშინ არის შთამბეჭდავი, როდესაც მასში ვნებიან სურვილს ვიჭერთ და არა გადახდენილის სიხარულს.        მდუმარედ შემომხედა, მერე წამოიძახა: – თქვენ მას არ იცნობთ, უიტმენს არ შეუძლია იცრუოს! ნახევარი საუკუნე ფუჭად არ გაივლის. ჩვენი საუბრის დროს, ორი ადამიანისა, რომლებიც არათანაბარი ხარისხით არიან ნაკითხები და სხვადასხვა გემოვნება აქვთ, გავაცნობიერე, რომ ერთმანეთის გაგება აღარ გვეწერა, ეს კი ყოველთვის ართულებს დიალოგს. თითოეული ჩვენგანი მეორის პაროდიული სახე იყო. სიტუაცია მეტისმეტად ხელოვნური ჩანდა იმისთვის, რომ ბევრი დრო დაეკავებინა. აზრი არ ჰქონდა კამათს ან რჩევის მიცემას, რადგან მის უცილობელ გზად იქცეოდა ჩემი გზა. უცებ კოლრიჯის ერთ-ერთი ფანტაზია მომივიდა აზრად. ვიღაცას დაეზმანა, თითქოს სამოთხეში დასეირნობდა, სადაც მას დასტურად ყვავილები აჩუქეს. გაღვიძებულმა გვერდით ყვავილი დაინახა. მეც მომინდა ასეთივე ილეთი მომეფიქრებინა. – მისმინე, – ვუთხარი უცებ, – ნაღდი ფული თუ გაქვს? – დიახ, – გამომეპასუხა, – ოციოდე ფრანკი, ამ საღამოს სიმონ ჟიკლინსკი „ნიანგში“ დავპატიჟე. – სიმონს გადაეცი, რომ კარუჟში მედიცინას დაიზუთხავს და ბევრ სიკეთეს ჩაიდენს... კარგი, მომე რამე შენი ფულიდან. სამი ვერცხლის ფრანკი და ხურდა ფული ამოიღო. გაოგნებულმა გამომიწოდა ვერცხლის მონეტა. ერთ-ერთი მივაწოდე იმ უაზრო ამერიკულ ფულთაგან, რომლებსაც სხვადასხვა ღირსება აქვთ, თუმცა ყოველთვის ერთი ფორმისანი არიან. დიდი ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა. – შეუძლებელია, – წამოიყვირა, – აქ გამოშვების თარიღი წერია – 1964! (რამდენიმე თვის შემდეგ ვიღაც მეტყვის, რომ ბანკნოტებზე თარიღი არ იწერება). – ეს ყოველივე უბრალოდ სასწაულია, – ძლივს ამოილუღლუღა, – სასწაულები კი შიშს მგვრის. ლაზარეს აღდგინების მოწმენი ალბათ დაიზაფრებოდნენ. ადგილიდან არ დავძრულვართ, ჩემთვის ჩავფიქრდი. ისევ წიგნებზე ავლაპარაკდით. ბანკნოტი ნაკუწებად აქცია, მონეტა კი მე დამიტოვა. გადავწყვიტე, მდინარეში მომესროლა. წყლისკენ გაფრენილი ვერცხლის ხუნდი ჩემს ამბავში რეალობის განსახიერებად უნდა ქცეულიყო, მაგრამ ბედმა სხვაგვარად განსაჯა. ვუპასუხე, რომ ზებუნებრიობა, თუ ის მეორდება, აღარ არის საშიში. და შევთავაზე ხვალ შევხვედროდით ერთმანეთს ამავე სკამზე, რომელიც ორ სხვადასხვა ეპოქასა და სხვადასხვა ადგილას მდებარეობდა. მაშინვე თანხმობა განმიცხადა და თქვა, საათზე დაუხედავად, რომ მისი წასვლის დრო იყო. ორივენი ვცრუობდით და თითოეულმა იცოდა, რომ მისი თანამოსაუბრე ცრუობდა. ვუთხარი, რომ მეც ის-ის იყო მომაკითხავდნენ. – მოგაკითხავენ? – გაოცდა. – ჰო. როცა ჩემს ასაკამდე მიაღწევ, თითქმის მთლიანად დაკარგავ მხედველობას. შეძლებ გაარჩიო ყვითელი ფერი, ჩრდილი და მზე. მაგრამ ნუ ღელავ. სიბრმავის თანდათანობითი მოსვლა ტრაგედია არ არის. ეს ზაფხულის ბინდის წყნარი დაბნელებაა. ერთმანეთს არ შევხებივართ, ისე დავემშვიდობეთ. მომდევნო დღეს იქ აღარ წავსულვარ. ალბათ ის სხვაც არ მივიდა. ბევრს ვფიქრობდი ამ შეხვედრაზე, რომლის შესახებაც არავისთვის მიამბია. ვფიქრობ, ახლა ბოლოს და ბოლოს მივაღწიე ჭეშმარიტებას. შეხვედრა რეალური იყო, მაგრამ „სხვა“ სიზმარში მელაპარაკებოდა და ამიტომაც შეეძლო ჩემი დავიწყება. მე კი მას ცხადში ველაპარაკებოდი და მოგონებები დღემდე მტანჯავს. სხვამ მე სიზმარში მნახა, მაგრამ არასაკმარისად მკაფიოდ და ცხადად. მას უფრო ცხადად მოეჩვენა, ახლა უკვე გასაგებია ჩემთვის, არარსებული თარიღი დოლარზე.   ქვიშის წიგნი ...thy rope of sands... George Herbert ...შენი ქვიშიანი ბაგირი... – ჯორჯ ჰერბერტი ხაზი უამრავი წერტილისგან შედგება, სიბრტყე – უსასრულო რაოდენობის ხაზებისგან; წიგნი – უსასრულო ოდენობის სიბრტყეებისგან; ზეწიგნი – უსასრულო რაოდენობის წიგნებისგან. არა, გადაჭრით არ არის ასე. ასეთი მორე გეომეტრიცო-თი არ უნდა იწყებოდეს მოთხრობა. ახლა ნებისმიერ გამონაგონს უცილობლად თან ახლავს რწმუნება მის ჭეშმარიტებაში, თუმცა ჩემი ნაამბობი მართლაც წმინდა წყლის სიმართლეა. მარტო ვცხოვრობ ბელგრანოს ქუჩაზე, მეოთხე სართულზე. რამდენიმე თვის წინ, შებინდებისას, კარზე დააკაკუნეს. გავაღე და უცნობი შემოვიდა. მაღალი კაცი იყო უფერული ნაკვთებით, რაც, შესაძლოა, ჩემი ახლომხედველობითაც აიხსნებოდეს. ერთი შეხედვით წესიერ ღარიბ კაცს ჰგავდა. თვითონაც ნაცრისფერი იყო და მის ხელში საკვოიაჟსაც ნაცრისფერი ედო. უცხოელი იგრძნობოდა მასში. თავდაპირველად მოხუცი მომეჩვენა, მერე კი მივხვდი, რომ მისმა ღია ფერის, თითქმის თეთრმა – როგორც ჩრდილოელებს ახასიათებთ – თმამ ამირია თავგზა. ჩვენი საუბრის განმავლობაში, რომელმაც თითქმის ერთ საათს გასტანა, შევიტყვე, რომ ორკნეის კუნძულებიდან იყო. სკამისკენ მივუთითე. უცნობი არ ჩქარობდა საუბრის დაწყებას. მოღუშული იყო, როგორც ახლა მე. – ბიბლიებს ვყიდი, – მითხრა ბოლოს. ერთგვარი თვითკმაყოფილებით ვუპასუხე: – ამ სახლში რამდენიმე ინგლისური ბიბლიაა, მათ შორის პირველი – ჯონ უიკლიფის. ასევე მომეპოვება სიპრიანო დე ვალერასა და ლიუტეროვის ბიბლია, ლიტერატურული თვალსაზრისით ის სხვებზე უარესია, და ვულგატის ეგზემპლარი... როგორც ხედავთ, ბიბლიები არ მიკვირს. მცირე ხანს გაჩუმდა და მიპასუხა: – მე არა მხოლოდ ბიბლიები მაქვს. ერთ წმინდა წიგნს გაჩვენებთ, რომელმაც შეიძლება დაგაინტერესოთ. ბიკანერში შევიძინე.       საკვოიაჟი გახსნა და წიგნი მაგიდაზე დადო. არც ისე სქელი ტომი იყო, ტილოს გარეკანით. ჩანდა, რომ ბევრის ხელში გამოევლო. წიგნი ხელში ავიღე. მისმა სიმძიმემ გამაოცა. ყუაზე ეწერა: Holy Writ და ქვემოთ: Bombay. – ალბათ მეცხრამეტე საუკუნისაა, – შევნიშნე მე. – არ ვიცი. ეს ძნელი სათქმელია, – იყო პასუხი. ალალბედზე გავხსენი წიგნი. ასოების მოხაზულობა არ მეცნო. ფურცლები გაცვეთილი მეჩვენა, ფერმკრთალი ნაბეჭდი იყო, ტექსტი ორ სვეტად მიდიოდა, როგორც ბიბლიაში, წვრილი შრიფტით, აბზაცებად დაყოფილი. ზედა კუთხეში – არაბული ციფრები. ყურადღება მივაქციე, რომ ლუწ ფურცელზე ეწერა ციფრი, დავუშვათ, 40 514, მომდევნოზე, კენტზე კი – 999. წიგნი გადმოვაბრუნე – რიცხვი რვანიშნა იყო. ამ გვერდზე პატარა, როგორც ლექსიკონებში, სურათი ეხატა: კალმით, თითქოსდა გამოუცდელი ბავშვური ხელით დახატული ღუზა. უცნობმა თქვა: – კარგად დაათვალიერეთ, მეტად ვეღარასოდეს ნახავთ. მის სიტყვებში და არა ტონში, სიფრთხილე ჟღერდა. გვერდი ჩავინიშნე და წიგნი დავხურე. მაშინვე გავხსენი. ამაოდ ვეძებდი ღუზის გამოსახულებას, ფურცელ-ფურცელ. დაბნეულობის დაფარვით ვკითხე: – ეს სასულიერო ტექსტებია ინდოსტანის რომელიღაც ენაზე, არა? – დიახ, – მიპასუხა. მერე ხმას დაუწია, თითქოს საიდუმლოს მიმხელდა, – ერთ-ერთ პატარა დასახლებაში მხვდა წილად, რამდენიმე რუპიისა და ბიბლიის სანაცვლოდ. მისმა მფლობელმა კითხვა არ იცოდა და ვფიქრობ, რომ ეს წიგნთა წიგნი თილისმად მიაჩნდა. უმდაბლეს კასტას მიეკუთვნებოდა, იმათგანი გახლდათ, საკუთარ ჩრდილზე დაბიჯების უფლება რომ არ აქვთ, რათა ის არ შეურაცხყონ. ამიხსნა, რომ მის წიგნს ქვიშის წიგნი ეწოდებოდა, რადგან ის ქვიშასავით არის, დასაწყისისა და დასასრულის გარეშე.        მთხოვა პირველი გვერდი მეპოვა. სატიტულე ფურცელზე დავდე მარცხენა ხელი და მჭიდროდ მოკუმული თითებით ვცადე წიგნის გახსნა. არაფერი გამომივიდა, ხელსა და სატიტულე ფურცელს შორის ყოველ ჯერზე აღმოჩნდებოდა რამდენიმე ფურცელი. თითქოსდა ისინი წიგნიდან იზრდებოდნენ. – ახლა ბოლო იპოვეთ. ისევ წარუმატებლობა. ძლივს გასაგონად ჩავიბუტბუტე: – ეს შეუძლებელია. ჩვეულებრივი, წყნარი ხმით თქვა ბიბლიით მოვაჭრემ: – წმინდა წერილი... შეუძლებელია, მაგრამ ასეა. გვერდების რაოდენობა ამ წიგნში უსასრულოა. პირველი გვერდი არ აქვს, არც უკანასკნელი. არ ვიცი, რატომ არის გვერდები ასე არათანმიმდევრულად დანომრილი. ალბათ წარმოდგენა რომ შეგვიქმნას იმაზე, რომ უსასრულო მწკრივის წევრებს შეიძლება ნებისმიერი ნომერი ჰქონდეთ, – მერე მეოცნებე, მჟღერი ხმით დასძინა, – თუ სივრცე უსასრულოა, სივრცის რაღაც წერტილში ვიმყოფებით. თუ დრო უსასრულოა, დროის რომელიღაც წერტილში ვართ. მისი ფილოსოფიური მცდელობები მაღიზიანებდა. ვკითხე: – მორწმუნე ხართ? – დიახ, პრესვიტერელი ვარ. ჩემი სინდისი სუფთაა. მჯერა, რომ არ მომიტყუებია ის უცნობი, როცა ღვთის სიტყვა მივეცი ამ ეშმაკეული წიგნის სანაცვლოდ. დავარწმუნე, რომ მოსანანიებელი არაფერი ჰქონდა და ვკითხე, რამდენი ხანია ჩვენს არემარეში მოგზაურობდა. მიპასუხა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ აპირებდა სამშობლოში დაბრუნებას. სწორედ მაშინ გავიგე, რომ შოტლანდიელი იყო, ორკნეის კუნძულებიდან. შოტლანდიისადმი ჩემს სიყვარულში გამოვუტყდი – სტივენსონისა და იუმას გამო. – და რობ ბერნსის, – დასძინა მან. სანამ ვლაპარაკობდით, უსასრულო წიგნს ვათვალიერებდი. განგებ გულგრილად ვკითხე: – ბრიტანეთის მუზეუმს უნდა შესთავაზოთ ეს უცხო რამ? – არა, თქვენ გთავაზობთ, – მიპასუხა და საკმაოდ მაღალი ფასიც დაასახელა. ჭეშმარიტების შესაბამისად ვუპასუხე, რომ ეს ფასი ჩემთვის მიუღებელი იყო და ჩავფიქრდი. რამდენიმე წამში გეგმა დავსახე. – გაცვლას გთავაზობთ, – ვუთხარი სტუმარს, – თქვენ ეს ტომი რამდენიმე რუპიად და წმინდა წერილის ფასად მიიღეთ; გთავაზობთ პენსიას, რომელიც ეს-ესაა მივიღე და უიკლიფის ბიბლიას, გოთური შრიფტით. ის მშობლებისგან მერგო. – გოთურ უიკლიფს! – ჩაიჩურჩულა. საძინებლიდან ფული და წიგნი გამოვიტანე და მივეცი. ფურცვლას შეუდგა, ბიბლიოფილის ვნებით სინჯავდა გარეკანს. – ხელი ჩამომართვით. უცნაური იყო, რომ არ ვაჭრობდა. მერეღა მივხვდი, რომ განგებ გამოჩნდა ჩემთან, წიგნის თავიდან მოცილების მიზნით. ფული დაუთვლელად შეინახა. ვილაპარაკეთ ინდოეთზე, ორკნეის კუნძულებზე და ნორვეგიელ გრაფებზე, ერთ დროს რომ მართავდნენ მათ. როცა წავიდა, უკვე საღამო იყო. იმ კაცის არც სახელი შემიტყვია და მეტად აღარც მინახავს. ვაპირებდი, ქვიშის წიგნი უიკლიფის ბიბლიის ადგილას დამედო, მაგრამ მერე გადავიფიქრე და „ათას ერთი ღამის“ გაცვეთილი ტომების უკან დავმალე.         დავწექი, მაგრამ ვერაფრით ვერ დავიძინე. ოთხი საათისთვის გათენდა. ჩემი უჩვეულო წიგნი ავიღე და ფურცვლას შევუდექი. ერთ-ერთ მათგანზე ნიღაბი იყო ამოტვიფრული. ზედა კუთხეში ციფრი იყო დასმული, არ მახსოვს რომელი, მეცხრე ხარისხში. არავის ვუჩვენებდი ჩემს საუნჯეს. წიგნის ფლობის სიხარულს ემატებოდა შიში, რომ მას მოიპარავდნენ და საფრთხე, რომ ის მაინც არ იყო უსასრულო. ამ მღელვარებამ გააძლიერა ჩემი მუდმივი მიზანტროპია. კიდევ შემომრჩენოდა მეგობრები – თუმცა მათთან აღარ ვურთიერთობდი. წიგნის ტყვედ ქცეული თითქმის ქუჩაშიც არ გავდიოდი. ლუპით ვათვალიერებდი გაცრეცილ ყდას და ყუას და შესაძლო მისტიფიკაციის შესახებ ფიქრებს თავიდან ვიგდებდი. შევნიშნე, რომ პატარა ნახატები ყოველი ორასი გვერდის შემდეგ მხვდებოდა. ისინი არასდროს მეორდებოდნენ. უბის წიგნაკში დავიწყე მათი ჩაწერა და ის მაშინვე შეივსო. ღამით, იშვიათ საათებში, როცა უძილობა არ მტანჯავდა, წიგნთან ერთად ვიძინებდი. ზაფხული დასასრულს უახლოვდებოდა და მივხვდი, რომ ეს ამაზრზენი წიგნი იყო. და ის ფაქტიც, რომ მე, რომელიც მას თვალს არ ვაცილებდი და ხელიდან არ ვუშვებდი, არანაკლებ ამაზრზენი ვიყავი, არაფერს ცვლიდა. ვგრძნობდი, რომ ეს წიგნი კოშმარის აღმოცენება გახლდათ, აუტანელი ნივთი, რომელიც სინამდვილეს უარყოფს და შეურაცხყოფს. კოცონის შესახებაც გამიჩნდა ფიქრი, მაგრამ შიშიც მოჰყვა მას, რომ უსასრულო წიგნის წვა შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს და კვამლით გაავსოს მთელი პლანეტა.        სადღაც ამოკითხული გამახსენდა: ფოთლის დამალვა უმჯობესი ტყეშია. პენსიაში გასვლამდე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი, რომელშიც ცხრაასი ათასი წიგნი ინახებოდა. მახსოვდა, ვესტიბიულიდან მარჯვნივ დამრეცი კიბე მიემართებოდა სარდაფში, სადაც გაზეთები და რუკები ელაგა; ვისარგებლე თანამშრომლების უყურადღებობით და ქვიშის წიგნი იქ დავტოვე, ერთ-ერთ ნესტიან თაროზე, ვეცადე არ დამემახსოვრებინა, რამდენად შორს იყო კარიდან და რა სიმაღლეზე. ოდნავ მომეშვა გულზე, მაგრამ მას მერე მეხიკოში ბიბლიოთეკის სიახლოვეს გავლაზე ფიქრიც კი არ მინდა. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 1:59pm on ნოემბერი 30, 2014
თემა: წმინდა ნინოს ცხოვრება მოქცევაჲ ქართლისაჲ
ა ქართლისა განმანათლებელისა ნინო მოციქულისა, რომელი-ესე თჳთ მან-ვე ნეტარმან მოგჳთხრა ჟამსა აღსრულებისა მისისასა, რომელი აღწერა მორწმუნემან დედოფალმან სალომე უჯარმელმან, ძის ცოლმან მირიან მეფისამან, ასულმან თრდატ სომეხთა მეფისამან.       და იყო მათ ჟამთა შინა, ოდეს წმიდა გიორგი კაბადუკელი იწამა ქრისტესთჳს, იყო კაბადუკიათ ქალაქით კაცი ვინ-მე, მთავართა შესაბამი მონა ღმრთისა, სახელით ზაბილონ, და ესე წარვიდა ჰრომედ წინაშე მეფისა მსახურებად და ნიჭისა მოღებად მისგან. და მათ-ვე დღეთა შინა კაცი ვინ-მე იყო კოლასტრას შინა, და ესხნეს მას ორ შვილ, ძე და ასული: და სახელი ძისა მისისა იობენალი, ხოლო ასულისა სოსანა. და აღესრულნეს მეუღლენი იგი, და დარჩეს და-ძმანი იგი ობლად, და აღდგეს და წარვიდეს იგინი .ქალაქად წმიდად იერუსალემად. და იმედ ყვეს იმედი იგი ყოველთა ქრისტიანეთა წმიდა აღდგომა, და მიევედრნეს მუნ. ვინა-ცა ძმა ესე იობენალი მიემთხჳა დევტალარობასა, ხოლო დაჲ იგი მისი სოსანა მსახურებდა ნიაფორსა სარა ბეთლემელსა.       ხოლო ესე ჭაბუკი კაბადუკელი, სახელით ზაბილონ, რომელი ვაჴსენეთ, მიიწია ჰრომედ წინაშე მეფისა. და აღდგომილ იყვნეს მას ჟამსა ბრანჯნი ბრძოლად ჰრომთა, ველსა ზედა პატალანისასა. და მოსცა უფალმან ძალი ზაბილონს, ჭაბუკსა მას კაბადუკელსა, უძლეველი, და ქმნა წინა-აღდგომა მტერთა მიმართ უზომოთა, და აოტნა ბრანჯნი, და შეიპყრა მეფე ბრანჯთა და ყოველნი იგი მთავარნი მათნი, და მიიყვანნა იგინი წინაშე მეფისა. ხოლო მეფემან განაწესა სიკუდილი მათი. მაშინ იწყეს ტირილად ბრანჯთა მათ, და ევედრებოდეს ზაბილონს: "მოგუეც პირველად სჯული თქუენი და შეგჳყვანენ ტაძარსა ღმრთისა თქუენისასა, და მაშინ-ღა იყავნ სიკუდილი ჩუენი. რამეთუ შენ-ვე გჳპყრენ და შენ-ვე ყავ ესე ჩუენ ზედა, და უბრალო იქმნე სისხლისა ჩუენისაგან, ახოვანო".       ხოლო ზაბილონს ვითარცა ესმა ესე, მსწრაფლ აუწყა მეფესა და პატრიაქსა სიტყუა მათი. და მოსცეს ნათელი ჴელსა ქუეშე ზაბილონისსა. და შეიყვანნეს ტაძარსა შინა ღმრთისასა, აზიარნეს წმიდათა საიდუმლოთა, ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, და უჩუენნეს მათ დიდებანი იგი მოციქულთანი.       და დილეულ ადრე ადგეს ბრანჯნი იგი, და შეიმოსეს სამოსელი სამკუდრო, და განვიდეს ადგილსა მას კაცის სამკლველოსა და სისხლის დასათხეველსა, ილოცვიდეს და ჰმადლობდეს ღმერთსა ნათლის-ღებისათჳს და იტყოდეს: "ჩუენ სიკუდილსა შინა უკუდავ ვართ, რამეთუ ღირს გუყვნა ღმერთმან ესე-ვითარსა დიდებასა მიღებად საგზალსა მას დაულევნელსა, ჴორცსა და სისხლსა ქრისტეს ძისა ღმრთისა უკუდავისასა, რომელი უმაღლეს არს ყოველთა მთათა და უქუესკნელეს ყოველთა უფსკრულთა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე. ხოლო ვაი ნაშობთა ჩუენთა, ნაყოფთა სიმწარისათა და მკჳდრთა ბნელისათა". და ჴმობდეს: "მოვედინ მეჴრმლე და აღიხუენ თავნი ჩუენნი ჩუენგან".       ამას რა ხედვიდა ზაბილონ, აღიძრა გონებითა და ტიროდა მწარედ, რამეთუ ვითარცა ცხოვართა თავნი მათნი წარკუეთად მოიდრიკნეს, და მოსიკუდიდ მიეპყრნეს, და ვითარცა კრავთა შვილთა მათთა საწყალობელად იგლოვდეს.       მაშინ მოწყალე ქმნული მათთჳს შევიდა ზაბილონ წინაშე მეფისა და გამოითხოვნა იგინი მეფისაგან სამკუდროდ შეკაზმულნი, და მიმადლნა მეფემან და რქუა: "მიმინიჭებია იგინი შენდა, და რაჲ-ცა გნებავს უყავ მათ". და განუტევნა იგინი.       ხოლო იგინი ევედრებოდეს ზაბილონს, რათა წარყვეს ქუეყანასა მათსა და მისცეს. სჯული ქრისტესი, ნათლის-ღება წყლითა ყოველსა ერსა მათსა. ხოლო მან ისმინა ვედრება მათი, და მოითხოვა მღდელი პატრიაქისაგან; და ბრძანება მოიღო მეფისაგან. და წარვიდეს სიხარულით.       და ვითარ მიეახლნეს დღისა ერთისა სავალსა, მივიდა წინა ამბავი, ვითარმედ: "მეფე ცოცხალი არს, მოვალს, და ყოველნი მთავარნი მის თანა". მაშინ შეიძრნეს ათნი საერისთაონი: ხოზამა, ხოზა, გაახილაჯა, ტენებაგა, ხინგარაგი, ზიჯა, ზაგა, ზადა, ზარმა და თმონიდი სამეფო. და მიეგებვოდეს ესე ყოველნი მდინარესა ზედა დიდსა და ღრმასა.       და განყო მეფემან ერი იგი და დაადგინა წყალსა იმიერ და ამიერ. და აკურთხეს მღდელთა მათ წყალი იგი, და შთაჴდა ყოველი ერი იგი წყალსა მას, განიბანნეს და აღმოვიდეს აღმოსავალსა ერთსა, და დასდებდა ზაბილონ ჴელსა თჳსსა ყოველსა მას ერსა. და იყო მუნ ათ დღე. და აზიარნა ერნი იგი ყოველნი საიდუმლოსა ქრისტესსა, დაუტევნა მღდელნი და განუწესა ყოველი წესი ქრისტიანობისა.       ამისა შემდგომად იჯმნა მათგან, დაუტევა მშჳდობა ყოველთა და წარვიდა, ნიჭითა დიდითა, ჰრომედ, და განიზრახა გონებასა თჳსსა: "წარვიდე იერუსალემად და ვამსახურო ნიჭი ესე ჩემი ადგილთა ღმრთისათა". წარვიდა იერუსალემს და, ვითარ მიიწია იერუსალემად, განუყო ყოველი იგი მონაგები თჳსი გლახაკთა, მცნებისათჳს ღმრთისა. და იხილა, რამეთუ პირველ ჴსენებული იგი დევტალარი პატრიაქ ქმნილ იყო; და ფრიად დაიმეგობრნეს ურთიერთას ზაბილონ და პატრიაქი იგი.       მაშინ რქუა სარა ნიაფორმან პატრიაქსა ესრეთ, ვითარმედ: "ესე ზაბილონ, მამა და ემბაზი ბრანჯთა, კაცი სრული ღმრთის-მოშიშობითა და სიბრძნითა არს ყოვლად-ვე: მიეც უკუე დაჲ შენი სოსანა ცოლად მისდა. ვინა-ცა სთნდა წმიდასა პატრიაქსა განზრახვა ესე სარა ნიაფორისა, და მისცა სოსანა ცოლად ზაბილონს, და წარვიდა ზაბილონ თჳსად ქალაქად კოლასტრად.       ესე წმიდა ნინო, მოძღუარი ქართლისა, მათგან იშვა ოდენ მხოლოდ, თჳნიერ სხჳსა შვილისა. და აღზარდა დედამან მისმან სოსანა მსახურებასა შინა გლახაკთასა.       ხოლო ვითარ იქმნა ნინო თორმეტისა წლისა, მაშინ განყიდეს მშობელთა მისთა ყოველი-ვე, რა-ცა აქუნდა, და წარვიდეს იერუსალემად და განუყვეს გლახაკთა. ხოლო მი-რა-იწივნეს იერუსალემად (!), მაშინ ზაბილონ დაიწერა ჯუარი პატრიაქისაგან და იჯმნა ცოლისაგან თჳსისა, და შეიტკბო მკერდსა თჳსსა ასული თჳსი წმიდა ესე ნინო, და დაყარნა, ვითარცა წყარონი, ცრემლნი თუალთაგან პირსა მისსა და რქუა: "შენ მხოლოო ასულო ჩემო, ესე-რა დაგიტეობ ობლად ჩემგან და მიგათუალავ შენ მამასა ზეცათასა და ყოველთა მზრდელსა ღმერთსა. რამეთუ იგი არს მამა ობოლთა და მსაჯული ქურივთა. ნუ გეშინინ, შვილო ჩემო, ხოლო შენ მარიამ მაგდანელისა შური აღიღე ქრისტეს სიყუარულისათჳს და დათა მათ ლაზარესთა. და უკეთუ შენ ეგრეთ შეიყუარო იგი, ვითარცა მათ შეიყუარეს, მან ეგრეთ-ვე მოგცეს შენ ყოველი-ვე, რა-ცა ითხოვო მისგან.       ხოლო ესე-რა თქუა, დაუტევა ამბორის-ყოფა საუკუნო და წარვიდა წიაღ იორდანესა კაცთა მათ თანა ველურთა, სადა-იგი ყოფა მისი უწყის ღმერთმან, ყოვლისა მეცნიერად დამბადებელმან.       ხოლო დედა იგი წმიდისა ნინოსი მისცა პატრიაქმან მსახურად გლახაკთა დედათა და უძლურთა. და წმიდა ნინო მსახურებდა ნიაფორსა სომეხსა დვინელსა ორ წელ, და ჰკითხვიდა ყოვლად-ვე ვნებათა მათთჳს ქრისტესთა: ჯუარ-ცმისა, დაფლვისა და აღდგომისა მისისა, და სამოსლისა მის და ტილოთა და სუდარისა, და ჯუარისა და სხჳსა ყოვლისა-ვე შემდგომითი-შემდგომად გამოეძიებდა, რამეთუ არა-ვინ ყოფილ-იყო და არ-ცა-ვინ იყო შორის იერუსალემისა სწორ მისსა მეცნიერებითა სჯულისა, ძუელისა და ახლისათა, ყოველსა-ვე ზედა-მიწევნით. ხოლო იწყო უწყებად მისა და რქუა: "ვხედავ, შვილო ჩემო, ძალსა შენსა ვითარცა ძალსა ლომისა ძუისასა, რომელი იზახებნ ყოველთა ზედა ოთხფერჴთა, გინა ვითარცა ორბი დედალი, რომელი აღვიდის სიმაღლესა ჰაერთასა უფროს მამლისა, და ყოველი ჴმელი გუგასა შინა თუალისა მისისასა მცირისა მარგალიტისა სწორად შეიყვანის, განიხილის და განიცადის საჭმელი მისი ცეცხლებრ. ხოლო იხილის რა, მიუტევნის ფრთენი და მიეტევის მას ზედა. ეგრეთ-ვე სახედ იყოს ცხოვრება შენი წინამძღურებითა სულისა წმიდისათა.       ხოლო აწ ვიწყო და მიგითხრა ყოველი-ვე. რამეთუ ოდეს იხილეს ღმერთი იგი უკუდავი კაცთა მოკუდავთა ქუეყანასა ზედა, რომელი მოსრულ იყო მოწოდებად წარმართთა, ვითარცა თჳთ უნდა ჴსნა სოფლისა, იწყო კეთილის ყოფად ჰურიათა: მკუდართა აღდგინებად, ბრმათა ახილვად, სნეულთა განკურნებად. რომელი-ესე შეიშურვეს და შეიზრახნეს, და წარავლინეს სტრატიოტნი ყოველსა ქუეყანასა მსწრაფლ მოსლვად ჰურიათა და თქუეს, რამეთუ: "აჰა, ესე-რა წარვწყმდებით, მოვედით და შემოკერბით ყოველნი".       მაშინ მოიწივნეს ყოვლით ქუეყანით კაცნი ურიცხუნი, სწავლულნი სჯულსა მოსესსა, რომელნი-იგი წინააღუდგეს სულსა წმიდასა, და რა-იგი ჯერ იყო ყოფად ქრისტესსა, მათ აღასრულეს: რამეთუ ჯუარს აცუეს და სამოსელსა მისსა ზედა წილი იგდეს, და ხუდა წილითა მით ჩრდილოელთა მცხეთელთა მოქალაქეთა. ხოლო დაფლეს რა მათ ჰურიათა ქრისტე, და დაკრძალეს და დაბეჭდეს საფლავი იგი მისი. არამედ იგი აღდგა, ვითარცა თქუა პირველად, და ტილონი იგი პოვნეს საფლავსა მას შინა. ვითარ განთენა, ესე ყოველი წარმოიცა. და მოვიდა პილატე-ცა და ცოლი პილატესი ქრისტეს საფლავად. და ტილონი იგი, ვითარ პოვნეს, მოიხუნა ცოლმან პილატესმან და წარვიდა მსწრაფლ პონტოდ, სახლად თჳსად, და იქმნა მორწმუნე ქრისტესა.       ხოლო შემდგომად ჟამთა რა-ოდენთა-მე მივიდეს წელთა ლუკა მახარებლისათა, და დასხნა მან იგინი სადა-ცა თჳთ უწყის. ხოლო სუდარი არა იპოვა, დაღაცათუ თქუეს ვიეთ-მე პეტრესთჳს, ვითარმედ: "ჴელ-ეწიფა ახუმად-ო და აქუნდეს მას-ო". არამედ განცხადებულად არა გჳთხრეს, ვითარ სხუა იგი. ხოლო ჯუარნი იგი ამას-ვე ქალაქსა შინა იერუსალემსა დამარხულ არიან, გარნა ადგილი მათი არა-ვინ უწყის; ოდეს ინებოს ღმერთმან, გამოჩნდეს იგინი-ცა". ვითარცა ესმა ესე ყოველი წმიდასა ნინოს სარა ნიაფორისაგან, მაშინ შეწირა ღმრთისა მადლობა და აკურთხა. და კუალად ჰკითხა მას, თუ "სადა არს ჩრდილოსა. იგი ქუეყანა, სადათ-იგი მოსრულთა მათ ჰურიათა წილ ხუდა და წარიღეს სამოსელი იგი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი". მიუგო და რქუა სარა ნიაფორმან, ვითარმედ: "არს აღმოსავლეთით ქალაქი სახელით მცხეთა, ქუეყანა ქართლისა და სომხითისა -- მთეულეთი საწარმართო, არამედ ჟამსა ამას უჟიკთა საჴელმწიფოდ შექმნილ არს იგი".       ხოლო მათ დღეთა შინა მოვიდა დედა-კაცი ვინ-მე ეფესოთ თაყუანის-ცემად წმიდისა აღდგომისა, და ჰკითხვიდა დედა-კაცსა მას სარა ნიაფორი, ვითარმედ: "ელენე დედოფალი ეგრეთსა-ვე ცთომილებასა და ბნელსა შინა არს-ა"? ხოლო მან რქუა ესრეთ, ვითარმედ: "მე ვარ მჴევალი მათი და მეცნიერი განზრახვასა მათსა ყოველსა, ცხადსა და დაფარულსა, და უწყი მე მისი, რამეთუ აქუს მას დიდი წადიერება ქრისტეს სჯულისა და ნათლის-ღებისათჳს".       ხოლო ესმა რა ესე დედა-კაცისა მისგან წმიდასა ნინოს, რქუა ნიაფორსა ესრეთ, ვითარმედ: "წარმგზავნე მე და მივიდე წინაშე დედოფლისა ელენესსა, ნუ უკუე მივიახლო მის წინაშე სიტყჳს-გებად ქრისტესთჳს". ხოლო ნიაფორმან აუწყა პატრიაქსა წადიერება ესე და საქმე ნინოსი. ხოლო დედის-ძმამან მოუწოდა წმიდასა ამას ნინოს, დის-წულსა თჳსსა, და დაადგინა იგი აღსავალსა წმიდისა საკურთხევლისასა; და დასხნა ჴელნი მისნი წმიდანი მჴართა მისთა ზედა, სულთ-ითქუნა ცად მიმართ სიღრმითა გულისა მისისათა და თქუა: "უფალო, ღმერთო საუკუნეთაო, ჴელთა შენთა შევვედრებ ობოლსა ამას შვილსა დისა ჩემისასა, და წარვავლინებ ქადაგებად ღმრთეებისა შენისა, რათა ახაროს აღდგომა შენი; სადა-ცა სათნო იყო სრბა მისი, ექმენ, ქრისტე ღმერთო, ამას მოგზაურ, ნავთ-სადგურ, მოძღუარ და ენა-მეცნიერ, ვითარცა-იგი წინათა მათ მოშიშთა სახელისა შენისათა".       და უჯმნა დედისაგან თჳსისა ამბორის-ყოფითა განშორებისათა და გამოსახა მას ზედა სასწაული ჯუარისა; და ესრეთ ლოცვითა ღმრთისა მიმართ და კურთხევითა განუტევა.       და წარემართა წმიდა ნინო დედა-კაცისა მის თანა, ეფესოთ მოსრულისა, და ვითარ მიიწივნეს სამეფოსა ჰრომს სახიდ დედა-კაცისა, რომლისა-იგი თანა-მოგზაურ იქმნა, პოვეს მუნ დედოფალი ვინ-მე მეფეთა ნათესავი, სახელით რიფსიმე, და დედა-მძუძე მისი გაიანე, მონასტერსა შინა ქალწულთასა, რომელთა ქრისტეს აღსარებისათჳს სუროდა და ელოდეს იერუსალემით ნათლის-ღებასა.       მაშინ დედა-კაცმან მან მოიყვანა წმიდა ნინო და მისცა წმიდასა რიფსიმეს, და აუწყა საქმე მისი, რომელი-იგი იხილა რა ქრისტეს მოყუარემან რიფსიმე, სიხარულით შეიტკბო და შეიწყნარა სახიდ თჳსად, წინაშე მისსა, წმიდა ნინო ჴელითგან მის დედა-კაცისა თანა-მოგზაურისა.       და ესრეთ იყოფვოდა რა მის თანა წმიდა ნინო, მას-ვე შინა წელიწადსა ნათელ-იღო რიფსიმე, რომლისათჳს იგი სურვიელ იყო; მის თანა გაიანე-ცა დედა-მძუძემან მისმან და სხუათა მათ სახლეულთა მისთა, რიცხჳთა ორმოცდაათმან სულმან სხუამან; და უმრავლესთა მათგანთა ჴელსა ქუეშე წმიდისა ნინოსსა ნათელ-იღეს. და წარვიდეს ესე ყოველნი მონასტერსა თჳსსა. და იყო მათ თანა წმიდა ნინო ორ წელ.       მათ დღეთა შინა გამოგზავნნა კეისარმან ძებნად ქალისა ქმნულ-კეთილისა და შუენიერისა, რათა-მცა უპოვეს ღირსი ცოლად მისა. და ვითარ მოიწივნეს მონასტერსა მას ქალწულთასა მეძიებელნი იგი, და იხილეს რიფსიმე, და განიცადეს ხატი მისი და გამოიკითხეს გუარი მისი, რამეთუ არა-ვინ იყო მსგავსი რიფსიმესი სახითა. და გამოსახეს ხატი მისი ფიცარსა ზედა, და წარგზავნეს წინაშე კეისრისა. სთნდა კეისარსა და აღივსო სიხარულითა, და განაწესა აღსრულება ქორწილისა. მრავლითა სიხარულითა, რომლისთჳს-ცა მსწრაფლ წარავლინნა მოციქულნი და განმგებელნი ყოველთა შინა საბრძანებელთა მისთა, რათა ყოველნი ძღუნითა შემოკრბენ და დიდითა სიხარულითა მოვიდენ ბრძანებასა მეფისასა და ქორწილსა სამეუფოსა.       ხოლო იხილეს რა ყოვლად წმიდათა მათ დაფარული იგი მანქანება მტერისა და ისარნი მისნი განჴურვებულნი, რომლითა-იგი ისწრაფდა სისრად წმიდათა ქალწულთა, იურვოდეს, რამეთუ ჭური რისხჳსა იპოვა მეფე, ვითარცა გუელი რომელ სამოთხესა შინა მსახრველ ექმნა, ეგრეთ-ვე აქა მსგავსად მისსა უსჯულო ესე, რომელსა აქუნდა შეგინებული თაყუანის-ცემა ბილწთა და საძაგელთა კერპთა.       ხოლო იხილეს რა ნეტარმან რიფსიმე, გაიანე და სხუათა მათ წმიდათა და ყოვლად ქებულთა დედათა განსაცდელი ესე მათ ზედა მოწევნულად, მაშინ მოიჴსენეს მათ უბიწო იგი აღთქმა და ღირსი ქებისა მარტოებით ცხოვრება, რომელსა-იგი იყვნეს განსწავლულ, და გოდებით ტიროდეს გამოხატვით შესწავებისა მისთჳს წინაშე მეფისა უსჯულოსა შუენიერებისა წმიდისა რიფსიმესა, რომელი-იგი გამოეხატათ და წარგზავნეს. ილოცვიდეს დაუცხრომელად და უფიცხელესთა კანონთა შეაყენნეს თავნი მათნი, ევედრებოდეს ღმერთსა ყოვლად მოწყალესა მრავლითა ვედრებითა. და ერთობით განზრახვითა ურთიერთას ყოველთა-ვე დაუტევეს ქუეყანა იგი ფარულად ორმოცდაცამეტმან სულმან.       და მოვიდეს ლტოლვილნი არეთა სომხითისათა, ადგილსა მას, რომელსა ჰქჳან ახალქალაქი, უალერეს შენებულსა, რომელ არს დვინი, საყოფელი სომეხთა მეფისა. და შევიდეს მუნ საწნეხელთა ვენაჴისათა, რომელი შენებულ არს ჩრდილოთ-კერძ და აღმოსავალით, და იზარდებოდეს მუნ შინა ჴელთ-საქმრისაგან ვაჭრობით.       ხოლო კეისარი აღივსო მწუხარებითა და წარავლინნა კაცნი ყოველთა ადგილთა მოძიებად მათდა. მაშინ მოიწივნეს მოციქულნი კეისრისანი წინაშე თრდატ სომეხთა მეფისა და მოართუეს წიგნი კეისრისა, რომელსა წერილ იყო ესრეთ:       "თჳთ-მპყრობელი კეისარი საყუარელსა ძმასა და მეგობარსა და თანა-მოსაყდრესა ჩემსა თრდატს გიკითხავ. უწყებულ იყავნ ძმობა შენი და თანა შემწეობა, რომლისათჳს-იგი ყოვლად-ვე გუევნების შეცთომილისა მისგან ქრისტიანეთა ნათესავისა. რამეთუ ყოვლად-ვე შეურაცხ იქმნების ჩუენი უფლება მათისაგან კრებულისა, და საწუნელ არს ჩუენი ჴელმწიფება მათგან. რამეთუ იგინი ჯუარ-ცმულსა ვის-მე მომკუდარსა მსახურებენ და ძელსა თაყუანის-ცემენ, და ძუალებსა კაცთასა პატივ-სცემენ, და თავისა მათისა სიკუდილი უფლისა მათისათჳს დიდებად შეურაცხიეს და არა ეშინის ჰურიათაგან და ჰურიათა ჯუარ-ცმულისაგან ეშინიან და შეცდომილ არიან; მეფეთა-ც აგინებენ, ღმერთთა შეურაცხ ჰყოფენ, და ძალსა-ცა ნათლისა მზისა და მთოვარისასა და ვარსკულავთასა არად შერაცხენ, არამედ შექმნულად იტყჳან მათ ჯუარ-ცმულისა მის მიერ. და ესრეთ მიაქციეს ქუეყანა, ვიდრემდის მამანი დედათაგან და დედანი მამათაგან ცოცხლივ განეშორნეს. დაღაცათუ დიდითა ქადებითა და ფრიადითა სატანჯველითა მოვსწყჳდენით, არამედ კუალად-ცა უფროსად განმრავლდეს. ხოლო აწ შემემთხჳა მე ხილვად ნათესავისა მათისაგან ჭაბუკი ერთი ქალი, და განვიზრახე მოყვანება მისი ცოლად ჩემდა. ხოლო მას არა თუ ვითარცა მეფისა გული უთქმიდა სურვილად ჩემდა, არამედ საძულელად-ცა და არა-წმიდად შემრაცხეს. რომლითა-ცა მეოტ იქმნნეს ფარულად ჩემგან, და კერძოთა ქუეყანისა შენისათა წარმოსრულ არიან. უწყებულ იყავნ შენდა, ძმაო ჩემო, მოიძიენ იგინი და, პოვნე რა მისთანანი იგი, სიკუდილით მოაკუდინენ. ხოლო რომელი-იგი შეაცთუნნეს, შუენიერი ხატითა და სახელით რიფსიმე, ჩემდა წარმოავლინე. და უკეთუ შენ გთნდეს, თავისა შენისათჳს იგულე, რამეთუ არა-ვინ იპოვა სხუა, მსგავსი მისი, იონთა სოფელსა შინა. და ცოცხლებით იყავნ ღმერთთა მსახურებით".       ხოლო ვითარცა წარიკითხა თრდატ ბრძანება ესე კეისრისა, მსწრაფლ იწყო ძიებად მათდა, და პოვნა იგინი საწნეხელთა მათ შინა პირველ ჴსენებულთა.       და იხილა რა რიფსიმე, აღივსო გულის-თქმითა და განიხარა სიხარულითა დიდითა, და განიზრახა ცოლად მოყვანება მისი. ხოლო არა ერჩდა წმიდა რიფსიმე. მაშინ იწამა იგი, დედა-მძუძე მისი გაიანე და სხუანი მრავალნი მათთანანი, ვითარცა წერილ არს წამება მათი და სასწაული მოქცევასა შინა სომეხთასა. (რამეთუ მადლითა ღმრთისათა იქმნა მეფე თრდატ ეშუად). ხოლო რომელნი-მე მათ წმიდათაგანნი დაიმალნეს და ივლტოდეს.       მაშინ ესე წმიდა ნინო დაიმალა ეკალთა შორის ვარდისათა, რომელი-იგი ჯერეთ არა ყუაოდა მას ჟამსა. და ოდეს-იგი აღმოვიდოდეს სულნი წმიდათა მათ მოწამეთანი, იხილა წმიდამან ნინო სტეფანეს მსგავსი დიაკონი, ჩამომავალი ოლარითა ნათლისათა; და ჴელთა მისთა აქუნდა სასაკუმევლე, რომლისაგან გამოვიდოდა კუამლი სულნელებისა, რომელი ცათა დაფარვიდა, და მის თანა სიმრავლე ერთა ზეცისათა. და მათ შეერთნეს სულნი წმიდათა მოწამეთანი.       რომელი-ესე იხილა რა ესრეთ წმიდამან ნინო, ღაღად-ყო ესრეთ: "უფალო, უფალო, რად დამიტეობ მე შორის ასპიტთა და იქედნეთა". მაშინ ჴმა ესმა ზეგარდამო, რომელი ეტყოდა, ვითარმედ: "ესრეთ-ვე იყოს წარყვანება შენი, ოდეს ეგე ეკალი, რომელი არს გარემოს შენსა, ყოველი იქმნეს ვარდის ფურცელ სულნელ. აღდეგ და ვიდოდე ჩრდილოთ-კერძო, სადა-იგი არს სამკალი ფრიად და მუშაკი არა".       და წარმოვიდა მუნით წმიდა ნინო და მოვიდა ორბანთად, საზღვართა სომხითისათა, და მუნ დაიზამთრა ჭირთა შინა მრავალთა. და თუესა მეოთხესა, რომელ არს ივნისი, წარმოემართა და მოიწია მთათა ჯავახეთისათა, სადა-იგი მიემთხჳა ტბასა დიდსა გარდამდინარესა, რომელსა ჰქჳან ფარავნა. ხოლო მიხედნა რა მუნით, და იხილნა მთანი ჩრდილოსანი; რამეთუ დღეთა მათ ზაფხულისათა იყვნეს სავსენი თოვლითა და ჰაერითა სასტიკითა. და შეძრწუნდა წმიდა ნინო და თქუა: "უფალო, უფალო, მიიღე სული ჩემი ჩემგან".       და დაყო მუნ ორი დღე და ითხოვა საზრდელი მეთევზურთაგან, ტბასა მას შინა მონადირეთასა. და მწყემსნი-ცა იყვნეს მას-ვე ადგილსა და ჴუმილვიდეს საჴუმილავსა "ღამისასა სამწყსოსა მათსა ზედა; და ხადოდეს ღმერთთა მათთა არმაზს და ზადენს, და აღუთქმიდეს მათ შესაწირავთა: „ოდეს მოვიდეთ მშჳდობით-ო“.       ხოლო წმიდა ნინო მეცნიერ იყო მცირედ ენასა სომხურსა, რამეთუ პირველ ესწავლა ნიაფორისგან, და პოვა მწყემსთა მათ შორის სომხურად მზრახველი და ჰკითხა მას, ვითარმედ: „რომლისა სოფლისანი ხართ?“ ხოლო მან მიუგო და რქუა, "ვითარმედ: „დაბით ელარბინით და საფურცლით, და ქინძარელნი, რაბატელნი დიდისა ქალაქისა მცხეთისანი, სადა ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ“. და ჰკითხა, თუ „სადათ არს მცხეთა?“ ხოლო მწყემსმან მან ესრეთ ოდენ აუწყა, რომელ მდინარე გასდის ტბასა ამას მცხეთას მისლვად.       ხოლო წმიდამან ნინო დაიდვა ლოდი სასთუნალ, დაწვა და დაიძინა გარდასადინელსა მის ტბისასა. და ვითარ-იგი ეძინა, მოვიდა კაცი ერთი ჩუენებით, ასაკითა ზომი და თმითა ნახევარ-თმოსანი. და მოსცა მან წიგნი დაბეჭდული წმიდასა ნინოს და რქუა: „მიართუ ესე მცხეთას მეფესა მას წარმართთასა“. ხოლო წმიდამან ნინო იწყო ტირილად და ვედრებად მისა: „უფალო, მე დედა-კაცი ვარ უცხო და უმეცარი, და არ-ცა ვიცი ენა, ვითარ მივიდე უცხოსა ქუეყანასა და უცხოთა ნათესავთა თანა“.       მაშინ კაცმან განუჴსნა წიგნი იგი, და მისცა კითხვად, და წერილ იყო ჰრომაელებრ და ბეჭედი იყო იესოსი. დაწერილ იყვნეს წიგნსა მას შინა ათნი სიტყუანი. ა. სადა-ცა იქადაგოს სახარება ესე, მუნ-ცა ითქუას დედა-კაცი ესე. ბ. არ-ცა მამაკაცება არს, არ-ცა დედაკაცება, არამედ თქუენ ყოველნი ერთ ხართ. გ. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-ცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა დ. ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა დიდებად ერისა შენისა ისრაელისა. ე. სადა-ცა იქადაგოს სახარება ესე სასუფეველისა, მუნ-ცა ითქმოდის ყოველსა სოფელსა. ვ. რომელმან თქუენი ისმინოს და შეგიწყნარნეს მე შემიწყნარა. და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. ზ. რამეთუ ფრიად უყუარდა მარიამ უფალსა, რამეთუ მარადის ისმენდა მისსა სიტყუასა ჭეშმარიტსა.  ჱ. ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოგწყჳდნენ ჴორცნი თქუენნი, ხოლო სულისა ვერ შემძლებელ არიან მოწყუედად. თ. რქუა მარიამ მაგდანელსა იესო: „წარვედ, დედა-კაცო, და ახარე დათა და ძმათა ჩემთა". ი. სადა-ცა ქადაგებდეთ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.       ვითარცა წარიკითხნა სიტყუანი ესე წმიდამან ნინო, იწყო ვედრებად ღმრთისა მიმართ და გულის-ხმა ყო, ვითარმედ ზეცით იყო ჩუენება იგი. და აღიხილნა თუალნი ზეცად და ხვალისაგან ითხოვა შეწევნა მისი.       და შემდგომად ამისსა წარემართა მდინარესა მას ტბისასა, და იყო დინება მისი დასავლეთით-კერძო. და მიუდგა გზათა ძნელთა და ფიცხელთა, ნახნა ჭირნი დიდნი გზათაგან და შიში დიდი მჴეცთაგან, ვიდრე-ღა მიიწია ადგილსა მას, სადა წყალმან აღმოსავლით იწყო დინება. და მიერითგან იქმნა ლხინება მისი, რამეთუ პოვნა მუნ მოგზაურნი, რომელთა თანა მიიწია სანახებსა ქართლისასა, ქალაქსა მას, რომელსა ეწოდების ურბნისი, სადა-იგი იხილა ერი უცხოთა თესლთა ღმერთთა მსახური; რამეთუ ცეცხლსა, ქვათა და ძელთა ღმერთად თაყუანის-ცემდეს. რომლისათჳს-ცა შეეურვა სულსა ამის წმიდისასა და შევიდა ბაგინსა ჰურიათასა ენისათჳს ებრაულისა, და დაყო მუნ თუე ერთი, და განიცდიდა ძალსა ამის ქუეყანისასა.       მაშინ დღესა ერთსა აღიძრნეს ერნი დიდნი მით ქალაქით, წარმავალნი დიდად ქალაქად სამეუფოდ, მცხეთად, მოვაჭრებად საჴმართა რათამე და ზორვად წინაშე არმაზ ღმრთისა მათისა. და წარჰყვა წმიდა იგი მათ თანა. ხოლო ვითარ-იგი მიიწივნეს ქალაქად მცხეთად, წიაღ მოგუთასა ჴიდსა ზედა, და დადგეს მუნ. და ხედვიდა წმიდა eნინო ცეცხლის მსახურთა მათ ერთა მოგუებასა და ცთომასა; და ტიროდა წმიდა ნინო წარწყმედასა მას ზედა მათსა, და იგლოვდა უცხოებასა თჳსსა.       და აჰა ესერა, ხვალისა დღე იყო ჴმა ოხრისა და საყჳრისა; გამოვიდა ერი ურიცხჳ, ვითარცა ყუავილნი ველისანი, და ზარი საშინელი გამოვიდოდა, და ჯერეთ მეფე არღა გამოსრულ იყო. და ვითარ მოიწია ჟამი, იწყო სივლტოლა და მიდამომალვა ყოვლისა კაცისა, შიშითა საფარველსა თჳსსა შეივლტოდა. და აჰა, მყის გამოვიდა დედოფალი ნანა, და ნელიად მოვიდოდა ერი. და შეამკუნეს ყოველნი ფოლოცნი თჳთოფერითა სამოსლებითა და ფურცლითა. და იწყო ყოველმან ერმან ქებად მეფისა. მაშინ გამოვიდა მირიან მეფე საზარელითა და თუალ-შეუდგამითა ხილვითა.       და ჰკითხა წმიდამან ნინო დედაკაცსა ვისმე ჰურიასა, ვითარმედ: „რა არს ესე?“ ხოლო მან რქუა: „ღმერთი ღმერთთა არმაზ მიუწესს, რომელ არა არს მისსა გარეშე სხუა კერპი“ მაშინ მყის უკუე წარვიდა წმიდა ნინო ხილვად არმაზისსა. და აღივსნეს მთანი იგი დროშებითა და ერითა, ვითარცა ველნი ყუავილითა.       ხოლო წმიდამან ნინო შეუსწრო ციხედ არმაზად, და დადგა იგი მახლობელად კერპისა მის ნაპრალსა ზღუდისასა. და ხედვიდა საკჳრველებასა მიუწდომელსა და ენითა გამოუთქმელსა, ვითარღა იყო ზარის აღსაჴდელი იგი შიში მეფეთა, მთავართა და და ყოვლისა ერისა წინაშე კერპთა მათ წარმოდგომილთა. და იხილა წმიდამან ნინო, რამეთუ დგა კაცი ერთი სპილენძისა, და ტანსა მისსა ეცუა ჯაჭჳ ოქროსი, და თავსა მისსა ჩაბალახი მყარი, და თუალნი ესხნეს ზურმუხტი და ბივრილი, და ჴელთა მისთა აქუნდა ჴრმალი ბრწყინვალე, ვითარცა ელვა, და იქცეოდა ჴელთა შინა. უკეთუ ვინმე შეეხებინ, თავი თჳსი სიკუდილად განწირის და იტყჳნ: „ჵ ჩემდა, ნუ უკუე და-სამე-ვაკლე დიდებასა დიდისა ამის ღმრთისა არმაზისსა, ანუ შე-სამე-ვსცეთ სიტყუად ებრაელთა თანა, გინა მოგუთა თანა სმენისა; და რომელ იტყჳან უცებნი უცხოსა ვისთჳსმე ღმრთისა, ნუ უკუე პოოს რამე ბიწი და მცეს მე მახჳლი იგი მისი, რომლისაგან ეშინის ყოველსა“. და შიშით თაყუანის-ცემენ მას.       და კუალად იყო მარჯუენით მისსა კაცი ოქროსი და სახელი მისი გაცი; და მარცხენით მისსა უდგა კაცი ვეცხლისა, და სახელი მისი გაიმ, რომელნი-იგი ღმერთად უჩნდეს ერსა მას ქართლისასა.       მაშინ ტიროდა და სულთ-ითქუმიდა ნეტარი ნინო ღმრთისა მიმართ ცთომათა მათთათჳს ქუეყანისა ჩრდილოსა, მიფარვასა მათგან ნათლისასა და უფლებასა მათ ზედა ბნელისასა: რამეთუ მიხედნა მეფეთა მათ დიდ-ძალთა და ყოველთა მთავართა, რომელნი ცოცხლებით შთაენთქნეს ჯოჯოხეთსა, დაეტევა დამბადებელი, და ქუათა და ძელთა, სპილენძსა და რვალსა განჭედილსა ღმერთად თაყუანის-ცემდეს, და ესენი იცოდეს ყოვლისა შემოქმედად. მაშინ მოეჴსენა სიტყუა იგი, რომელი ამცნო იობენალ პატრიაქმან, წმიდამან მამამან, ვითარმედ: „მამაკაცსა სრულსა წარგავლინებ, და მიწევნად ხარ ქუეყანასა უცხოსა და ნათესავთა დარაგეველ ზეფელ ბაკადულ, რომელ არს ბრანჯულად: კაცთა ღმრთის მჴდომთა“.       მაშინ აღიხილნა ზეცად და თქუა: „უფალო, მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს მტერნი შენნი და მრავლითა სულგრძელებითა შენითა იქმენ, რასაც იქმან და მოიგონებენ მტუერნი ესე ქუეყანასა ზედა. არამედ ნუ უგულებელს-ჰყოფ, რამეთუ ხატი შენი არს კაცი, რომლისათჳსცა ერთი წმიდისა სამებისაგანი კაც იქმენ და აცხოვნე ყოველი სოფელი, და მოხედენ წყალობით ამათ-ცა ზედა ნათესავთა, და შერისხენ სულთა ამათ ურჩთა სოფლის მპყრობელთა და მთავართა ბნელისათა, და შთაჴადენ ადგილთა ძნელთა. და მიჩუენე მე, უფალო, ღმერთო მამისა და დედისა ჩემისაო, მჴევალსა ამას შენსა და ნაშობსა მათსა, რათა იხილონ ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარება შენი და რათა ჩრდილო ბღუარსა თანა იხარებდეს და ყოველმან ენამან მხოლოსა ღმერთსა თაყუანის-გცეს ქრისტეს იესოს მიერ, ძისა შენისა, რომელსა შუენის მადლობა და დიდების მეტყუელება“.       და ვითარცა დაასრულა ლოცვა ესე წმიდამან ნინო, და წამის-ყოფა იყო ოდენ თუალისა -- აღდგეს დასავლით ქარნი და ჰაერნი, და ჴმა სცეს ქუხილითა, ჴმითა საზარელითა, და გამოჩნდეს ღრუბელნი მოსწრაფედ ნიშნითა საშინელითა. და მოიღო ნიავმან დასავალისა მზისამან სული ჯერკულისა მწარისა და ნავღლისა მყრალისა. რომელი-ესე იხილა რა სიმრავლემან ერისამან მათ ზედა მომავალად, მაშინ ივლტოდა ყოველი კაცი ქალაქად და სოფლად. მიეცა დრო, ვიდრემდის შეესწრნეს კაცნი საყოფელთა მათთა შინა. და მეყსეულად მოიწია რისხვისა იგი ღრუბელი, მწარედ სასტიკი და მოიღო სეტყუა ლიტრისა სწორი ადგილსა მას ოდენ ზედა, საყოფელსა კერპთასა. და დააწულილნა კერპნი იგი და დამუსრნა, დაარღვივნა ზღუდენი ქარმან სასტიკმან და შთააბნივნა კლდეთა ნაპრალსა. ხოლო წმიდა ნინო დარჩა მშჳდობით ადგილსა მას, სადა პირველ შესრულ იყო.       ხოლო დღესა მეორესა გამოვიდა მირიან მეფე და ყოველი იგი ერი, ეძიებდეს ღმერთთა მათთა და არა ჰპოვებდეს. რომლისათჳს-იგი დაეცა მათ შიში და ძრწოლა. და იგლოვდეს გულ-ფიცხელი ერი იგი და იტყოდეს, ვითარმედ: „ქალდეველთა ღმერთი ითრუჯან და ჩუენი ესე ღმერთი არმაზ ყოვლადვე მტერ არიან: ამან სამე მას ზედა ზღუა მოაქცია, და აწ მან შური იძია და მის მიერ მოიწია ესე“. ხოლო რომელნიმე იტყოდეს: „რომლისა ღმრთისა ძალითა თრდატ მეფე ეშუად იქმნა და მისვე ღმრთისა ძალითა კაცად იქმნა, და მან უკუე ღმერთმან მოაწია ესე. რამეთუ სხუა ღმერთი ვერ შემძლებელ არს ესევითარისა ქმნად“. ესევითარსა ამას იტყოდეს, რამეთუ ვინათგან" თრდატ მეფე ქრისტეს ძალითა ეშუად ქმნილ იყო, და ქრისტეს ძალით-ვე კუალად კაცად მოქცეულ იყო. მიერითგან ქება-დიდება ქრისტესი არღარა ფარულად ითქმოდა ქართლს შინა, რამეთუ მადლსა ღმრთისასა ეწყო მიფენად აღმოსავლეთს.       ხოლო მასვე დღესა რისხვისასა, ოდეს დასცხრა სეტყუა იგი და ქარი სასტიკი, მაშინ გამოვიდა წმიდა ნინო კლდისა მისგან ნაპრალისა და პოვა თუალი იგი ბივრილი, აღიღო და წარმოვიდა წინა-კერძო დასასრულსა მის კლდისა ცხჳრისასა, სადა ყოფილ იყო ძუელი ციხე, და მუნ დგა ხე ერთი ბრინჯისა, შუენიერი, მაღალი და რტო-მრავალი, სადა-იგი ყოფილ-იყო ბარტამ მეფისა საგრილი და განსასუენებელი. და მივიდა ხესა მას ქუეშე, გამონიშნა ნიში ქრისტეს ჯუარისა და ილოცვიდა მუნ ექუს დღე. და მადლობდა ღმერთსა და ევედრებოდა, რათა მოხედნეს წყალობით ერსა მას შეცთომილსა და იჴსნეს ეშმაკისაგან. ხოლო ოდეს იქმნა ესე, ჟამი იყო მეექუსე, და დღე მეექუსე და თჳსა მის, ოდეს იგი ევმანოელ თაბორს მამისა ხატი უჩუენა თავთა მათ მოწაფეთა და თავთა მათ წინასწარმეტყუელთა.       მაშინ მოვიდა სეფექალი ერთი, სახელით შროშანა და იხილა იგი ხესა მას ქუეშე; განკჳრდა და მოიყვანა ბერძულად მეტყუელი დედაკაცი, და ჰკითხა გზა მისი. ხოლო წმიდამან ნინო აუწყა და უთხრა ყოველი გზა და საქმე მისი, თჳნიერ ხოლო დედა-ძმათა მისთა არა აუწყა, რამეთუ ტყუედ უთხრა თავი თჳსი. მაშინ შეეწყალა შროშანას უცხოებისა მისთჳს, აღევსნეს თუალნი ცრემლითა და აიძულებდა მას, რათამცა წარჰყვა სახიდ სამეუფოდ. ხოლო წმიდამან ნინო არა ინება წარსლვა მის თანა, და წარვიდა შროშანა.       შემდგომად ამისსა მესამესა დღესა ჩამოვიდა ქართლად, გამოვლო მტკუარი და მიმართა სამოთხესა მას მეფისასა, სადა-იგი აწ არს სუეტი იგი ღმრთივ აღმართებული და ეკლესია საკათალიკოზო, და მი-რა-ვიდა კარსა მას სამოთხისასა, იხილა სახლი მცირე სამოთხისა მცველისა. შევიდა წმიდა ნინო, და ჯდა მას შინა დედაკაცი, რომლისა სახელი ანასტო. და ვითარცა იხილა დედაკაცმან მან, აღდგა, მოეხჳა და შეიტკბო ვითარცა მეცნიერმან, დაჰბანნა ჴელნი და სცხო ზეთი, მოართუა პური და ღჳნო, და დაყო მის თანა წმიდამან ნინო ცხრა თუე.       ხოლო იყვნეს ესე ანასტო და ქმარი მისი უშვილო და ზრუნვიდეს ფრიად უშვილოებისათჳს. მაშინ იხილა წმიდამან ნინო ჩუენებასა შინა: მოვიდა კაცი ნათლის ფერი და რქუა, ვითარმედ: „შევედ სამოთხესა მაგას, ბაბილო არს მცირე ნაძუთა ქუეშე, საუფლო შეზავებული, მიწა აღიღე მის ადგილისაგან, შეაჭამე კაცთა მაგათ და აესუს შვილი". ყო ეგრეთ წმიდამან ნინო და რქუა მათ: „ძალითა ქრისტეს ძისა ღმრთისათა დაუსაბამოსათა, რომელი თანა-მოსაყდრე არს მამისა და სულისა წმიდისა და ჴსნისათჳს ჩუენისა განკაცნა, ჯუარს ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა და კუალად მოვალს დიდებითა განსჯად ცხოველთა და მკუდართა, მან მოგცეს გულის-ხმის ყოფა“. და აუწყა ყოველი გზა ჭეშმარიტი.       მაშინ ცოლ-ქმართა მათ აღიარეს ქრისტე და დაემოწაფნეს ფარულად. მაშინ წმიდამან ნინო ქალაქისა ზღუდეთა გარეგნით პოვა ქოჩი ერთი ბრწამი მაყულისა, სადა აწ არს საკურთხეველი ზემოსა ეკლესიისა საეპისკოპოსო, და იგი შექმნა საყოფლად თჳსა. და შექმნა ჯუარი ნასხლევისა და აღმართა ქოჩსა მას ქუეშე, და მარადის ილოცავნ დღე და ღამე დაუცხრომელად. და მსახურებდეს ცოლ-ქმარნი იგი, და იყვნეს დაკჳრვებულ ღუაწლთა მისთა, მარხვასა, და ლოცვასა, [და] მღჳძარებასა.       და მრავალ-გზის მოვიდის უბანსა ურიათასა ენისათჳს ებრაულისა და გამოძიებისათჳს კუართისა უფლისა, რომელ ასმიოდა იერუსალემს ნიაფორისგან, ვითარმედ: „კუართი უფლისა მცხეთელთ ჰურიათა წარუღია-ო“. ამისთჳს გამოეძიებდა ჰურიათა მათ თანა, რათა-მცა ცნა რა-მე საქმე კუართისა მის.       და პოვა ჰურია ერთი მღდელი, სახელით აბიათარ, და უქადაგა მას და ასულსა მისსა სიდონიას სახარება უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი. ხოლო მათ რწმენა და დაემოწაფნეს, იგინი და ექუსნი დედანი სხუანი ჰურიანი. და აღიღეს უღელი სწავლისა წმიდისა ნინოსი თჳნიერ ნათლის-ღებისა, რამეთუ არა იპოვებოდა მღდელი, რომელმან-მცა ნათელ-სცა, და ფარულად იყვნეს მოწაფე მისი. და ჰყოფდა კურნებათა და საკჳრველებათა ძალითა ქრისტესითა: მრავალნი განრღუეულნი განკურნნა რე-ცა მიზეზითა წამლისათა.       და ესრეთ იქცეოდა მცხეთას ქალაქსა შინა სამ წელ ოდენ; და მათ ჟამთა შინა იყო შესლვა მირიან მეფისა და ძმის-წულისა მისისა, დიდისა სპარსთა მეფისა, საბერძნეთად, ოდეს კოსტანტინე ბერძენთა მეფემან ძალითა ქრისტესითა და წინამძღურებითა ჯუარისათა იოტნა მეფენი და სპანი მათნი ურიცხუნი მოსრნა. თქუმული აბიათარ მღდელისა რომელი დაემოწაფა წმიდასა და ნეტარსა ნინოს       მე, აბიათარ მღდელი, ვიყავ წილით ხუედრებული მის წელიწადისა, ოდეს წმიდა ესე და ნეტარი ნინო მოვიდა მცხეთად. და მას-ვე ჟამსა მოწევნულ იქმნა ჩემდა წიგნი ანტიოქიით ჰურიათაგან მღდელთა, რომელსა შინა წერილ იყო ესრეთ, ვითარმედ: "სამად განხეთქა ღმერთმან მეფობა ისრაელისა. აჰა ესე-რა, წინასწარმეტყუელნი ჩუენნი დასცხრეს, და რომელსა სული აწუევდა, აღესრულა ყოველი და განვიბნიენით ჩუენ ყოველსა ქუეყანასა, და ჰრომთა დაიპყრეს ქუეყანა ჩუენი; ვტიროდით ჩუენ ერით-ურთ, რამეთუ განვარისხეთ შემოქმედი ღმერთი. აწ განიხილენ წიგნნი მოსესნი და სიტყუა იგი, რომელი დამიწერა ჩუენ ესე ყოველი, ვითარმედ: "რომელი იტყოდა ქუეყანასა ზედა თავსა თჳსსა ძედ ღმრთისად, მოკუედინ-ო". ანუ-მე უკუე შევსცეთით ნაზარეველისა იესოს სიკუდილისა. რამეთუ ვხედავთ, ოდეს პირველ მამათა ჩუენთა შესცოდიან ღმერთსა და ყოვლად დაივიწყიან იგი, და მისცნის იგინი ჴელმწიფესა ძნელსა და ტყუეობასა; და ოდეს მოიქციან და ღაღად-ყვიან, მსწრაფლ განარინნის იგინი ჭირისაგან.       "ესე შჳდ-გზის ვიცით წერილისაგან. ხოლო აწ ვინათგან ჴელი შეახეს მამათა მათ ჩუენთა ძესა მას დედა-კაცისა მწირისასა და მოკლეს იგი, აღიღო ღმერთმან ჴელი წყალობისა მისისა ჩუენ ზედა და განხეთქა მეფობა ჩუენი, განმაშორნა ტაძარსა მისსა წმიდასა და უგულებელს-ყო ნათესავი ჩუენი სრულიად. და არს მით ჟამითგან სამასი წელი და უმეტეს-ცა, რომელ არა ისმინა ვედრება ჩუენი და არ-ცა-ღა ყო ლხინება ჩუენი. რომლისათჳს საგონებელ გჳჩნს, ვითარმედ ნუ უკუე და ზეცით იყო განგება ესევითარი". განმრავლდა მოწერილი.       ხოლო მე, ვითარცა მესმა ესე, ვიწყე კითხვად დედა-კაცისა მის ნინოსგან ქრისტესთჳს, თუ ვინა იყო იგი, ანუ რომლისა მიზეზისათჳს იქმნა კაც ძე ღმრთისა. მაშინ აღაღო პირი თჳსი წმიდამან ნინო, ვითარცა ჯურღმულმან აღმომდინარემან, და იწყო სიტყუად საუკუნითგან, და წიგნთა ჩუენთა ზეპირით აღმოიტყოდა და განმიმარტებდა, და ვითარცა მძინარესა განმაღჳძებდა და ვითარცა დასულებულსა გონიერ-მყოფდა, და მამათა ჩუენთა შემაწყალებდა, და სჯულისა ცვალებასა დამაჯერებდა, ვიდრემდის მრწმენა სიტყუათა მისთა: იესო ქრისტე ძე ღმრთისა, ვნება მისი და აღდგომა, მეორედ მოსლვა მისი საშინელი და სადა-იგი არს მოლოდება წარმართთა. მე და შვილი ჩემი ღირს ვიქმნენით მოღებად საპკურებელსა მას განსაწმედელსა ცოდვათაგან, ემბაზისა წყალსა, რომელსა ინატრიდა დავით და ვერ ეწიფა. და მესმა ჴმა ახლისა სჯულისა, ეჰა საგალობელთა, რომელსა ინატრიდა დავით. და ღირს ვიქმნენით ზიარებად ჴორცსა და სისხლსა ქრისტეს ძისა ღმრთისასა, და კრავსა ცოდვათათჳს სოფლისათა შეწირულსა, რომლისა ტკბილ არს გემოს-ხილვა მისი. და ამას. ზედა, უფალო, ყავ განსლვა ჩემი ჴორცთაგან ჩემთა. და კუალად მრავალნი სასწაულნი იხილნა თუალმან ჩემმან მცხეთას, წმიდისა ნინოს მიერ აღსრულებული დღეთა ჩუენთა". თქმული მისი-ვე აბიათარ მღდელისა კუართისათჳს უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესისა       "მე, აბიათარ, მიგითხრობ თქუენ თხრობასა მას, რომელი მეუწყა და ყურითა ჩემითა ვისმინე მამისა და დედისა ჩემისაგან და რომელი წიგნთაგან-ცა უწყი. რამეთუ მათ-ცა პაპათა და მშობელთაგან თჳსთა მოთხრობით და სმენით უტყოდეს ესრეთ, ვითარმედ: ოდეს-იგი ჰეროდე მეფობდა იერუსალემს, მაშინ გუესმა ესრეთ, ვითარმედ "იერუსალემი სპარსთა დაიპყრეს-ო". რომლისათჳს-იგი იქმნა გლოვა და წუხილი ჰურიათა ზედა ქართველთა, მცხეთელთა მკჳდრთა, ბოდელთა მღდელთა, კოდის-წყაროელთა მწიგნობართა და სობის კანანელთა თარგმანთა -- ესე ყოველნი აღიძრნეს სივლტოლად. ხოლო შემდგომად მცირედთა დღეთა მოვიდა ღაღადისი ნუგეშინის-ცემისა, ვითარმედ: "სპარსნი არა დაპყრობად მოვიდეს იერუსალემისა, არამედ საჭურველისა წილ აქუნდა ოქრო სამეუფო, და მური მსწრაფლ მკურნალი წყლულებათა და გუნდრუკი სულ-ამო. და ეძიებდეს ყრმასა ვის-მე შობილსა, ძესა დავითისსა, რე-ცა პოვეს მწირი ერთი, მწირისა დედა-კაცისაგან შობილი უჟამოდ და უადგილოსა ადგილსა. და ესენი მის ყრმისა მოვიდეს თაყუანის-ცემად, და შეწირეს მისა ძღუენი იგი" და იქმნა სიხარული დიდი ყოველთა ზედა ჰურიათა ქართველთა.       "ხოლო შემდგომად ამისსა, ვითარ გარდაჴდა ოცდაათი წელი, მაშინ მოუწერა ანა მღდელმან იერუსალემით მამის მამისა ჩემისა ელიოზის თანა ესრეთ, ვითარმედ: "იგი, რომლისათჳს სპარსნი მეფენი ძღუნითა მოვიდეს, აღზრდილ არს იგი და ჰასაკსა საზომსა მიწევნულ არს, და თავსა თჳსსა ხადის ძედ ღმრთისად. მოვედით ყოველნისიკუდილსა მისსა, რათა აღესრულოს მცნება მოსესი". და წარვიდა აქათ ელიოზ, მამის მამა ჩემი, კაცი მოხუცებული; და ესუა მას დედა ტომისაგან ელია მღდელისა, და ესუა მას დაჲ ერთი. და ევედრებოდა ელიოზს დედა მისი ესრეთ: "წარვედ, შვილო, წოდებასა მეფისასა და წესსა სჯულისასა; ხოლო რომელსა-იგი განიზრახვენ, ნუ შეერთვინ ცნობა შენი, ნუ შვილო რამეთუ იგი არს სიტყუა წინასწარმეტყუელთა და იგავი ბრძენთა". და წარვიდა ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი, და მუნ დახუდეს ჯუარ-ცმასა უფლისასა.       ხოლო ოდეს დამსჭუალეს უფალი და პასანიკმან კუერითა დაჰკრა სამსჭუალთა, აქა დედასა ელიოზისსა ესმა, და იკრჩხიალნა და თქუა: "მშჳდობით, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა თქუენისა მაცხოვარი და იქმნენით მკლველ შემოქმედისა. ვაი თავსა ჩემსა, რომელ არა წინა-ვე მოვკუედ, რათა-მცა არა სმენილ იყო ყურთა ჩემთა". და ამას ზედა შეისუენა.       "ხოლო კუართი იგი უფლისა წილით ხუდა მცხეთელთა: წარმოიღო ელიოზ, და მოიღო მცხეთას. და მიეგება დაჲ მისი, შესუარული ცრემლითა: მოეხჳა ყელსა ძმასა თჳსსა და მოუღო სამოსელი იგი იესოსი, შეიტკბო მკერდსა თჳსსა და მსწრაფლ სულნი წარჴდეს, სამითა ამით ტკივილითა: ქრისტეს სიკუდილისათჳს, და დედისათჳს, და ძმისათჳს, რომელ ეზიარა სისხლსა უფლისასა.       "მაშინ იყო საკჳრველი დიდი და შეშფოთება მცხეთას შინა. რამეთუ განკჳრდა თჳთ დიდი მეფე ადერკი და ყოველი სიმრავლე ერისა და მთავართა. და სთნდა მეფესა ადერკის სამოსელი იგი, გარნა საკჳრველებისა მისგან ზარ-განჴდილ და შეშინებულ იქმნა იგი და არა ინება გამოღება ჴელთაგან მის მკუდრისათა, რომელსა-იგი მაგრად და სურვილით შემოემკრდა. და ელიოზ დამარხა დაჲ თჳსი, და ჴელთა აქუნდა სამოსელი იგი უფლისა. და არს ადგილი იგი, რომელი უფალმან უწყის.       შემდგომად მრავალთა წელიწადთა ძის-წულის შვილმან ადერკი მეფისამან, მეფემან არმაზაელ, ძიება ყო სამოსლისა მის ჰურიათა თანა და არა პოვა. რამეთუ აუწყეს ესე ყოველი, რომელი იყო, და არა-ვინ უწყის ადგილი იგი თჳნიერ ამისა, რომელ "არს მახლობელად ნაძჳსა მის ლიბანით მოღებულისა და მცხეთას დანერგულისა და აღორძინებულისა". რამეთუ მრავალ-გზის ბრძანა დედამან ჩუენმან, წმიდამან ნინო, რათა-მცა მოვიძიეთ სამოსელი იგი, გარნა მას-ცა ესდენ მიეთხრა: "არს ადგილი იგი, რომელსა ზედა ენანი კაცთანი არა დადუმნენ გალობად ღმრთისა მიმართ". ხოლო სახლი ელიოზისი იყო ქალაქსა დასავალით, წიაღ მოგუთასა, ჴიდსა ზედა.       მათ დღეთა შინა მრავალ-გზის იხილა ჩუენება წმიდამან ნინო მცირედსა მას მირულებასა მისსა მუჴლთა მისთა ზედა, რე-ცა მოვიდიან მფრინველნი ცისანი, ფერითა შავნი, და შთავიდიან მდინარესა მას შინა, განიბანნიან და განსპეტაკნიან, და აღვიდიან სამოთხესა მას, ბაბილოსა მოისთულებდიან და ყუავილსა მას ძოვდიან, და ესრეთ მოწლედ და სურვილით წმიდისა ნინოსდა მივლენ, რე-ცა მისი არს სამოთხე იგი, გარე მოადგიან ჟივილით შუენიერად. ესე უთხრა წმიდამან ნინო მოწაფესა თჳსსა სიდონიასა, ასულსა აბიათარისსა. ხოლო სიდონია რქუა წმიდასა ნინოს: "უცხოო და აქა შობილო ტყუეო და ტყუეთა მჴსნელო, უწყი, რამეთუ შენ მიერ მოიწია ახალი ესე ჟამი, და შენ ძლით ისმის ამბავი იგი ძუელი, მამათა ჩუენთა ნაქმარი ზეცისა მის კაცისა ზედა, უბრალოსა მის სისხლისა უსამართლოდ დათხევა, რომლითა-ცა იქმნა ჰურიათა სირცხჳლი: ცის-კიდეთა განბნევა, მეფობისაგან დაცემა, ტაძრისა მის წმიდისა მიღება, ერისა უცხოსა წოდება და დიდება მათი მათდა მიცემად: იერუსალემ, იერუსალემ, ვითარ განგიმარტვან ფრთენი შენნი და შეიკრებ ყოველთა ცის-კიდისა ნათესავთა ფრთეთა შენთა ქუეშე. აჰა, აქა-ცა მოსრულ არს დედა-კაცი ესე, რომელმან შესცვალოს ყოველი წესი ამის ქუეყანისა" და კუალად-ცა მიექცა წმიდასა ნინოს და რქუა: "ჩუენება ესე შენი არს, რამეთუ ადგილი ესე შენ მიერ იქმნეს სამოთხე".       "ხოლო ვითარ მოვიდა მირიან მეფე საბერძნეთით, ოტებული კოსტანტინე მეფისაგან, და ვიდრე მოსლვადმდე მისა განეცხადა წმიდასა ნინოს ქადაგება ქრისტეს სჯულისა. რამეთუ იტყოდა იგი ჴმა-მაღლად, ვითარმედ: "გპოვენ მკჳდრნი ჩრდილოსანი ცთომასა შინა", და გამოაჩინა ჯუარი იგი ნასხლევისა, და მით იქმოდა საკჳრველებათა დიდთა. რამეთუ განრღუეულნი განკურნის თჳნიერ წამლისა, შეხებითა ჯუარისათა. და მის თანა ქადაგებდეს მოწაფენი მისნი, რომელნი პირველ ფარულად დაემოწაფნეს, შჳდნი დედანი, ნათესავნი ჰურიათანი: სიდონია, ასული აბიათარისი, და ექუსნი სხუანი; და სამოთხისა მცველნი იგი ცოლ-ქმარნი, და აბიათარ მღდელი, ახალი იგი პავლე, რომელი უშიშად და დაუცხრომელად ქადაგებდა სჯულსა ქრისტესსა, რომელი ფრიად მეცნიერ იყო ძუელისა სჯულისა, და ახალი ესე სჯული ესწავა წმიდისა ნინოსაგან და უმეტეს ნინოსსა ამხილებდა ყოველსა კაცსა სჯულსა ჭეშმარიტსა.       მაშინ აღიძრნეს ჰურიანი აბიათარს ზედა, რათა-მცა ქვა დაკრიბეს მას. ხოლო მირიან მეფემან მიავლინნა მსახურნი და განარინა აბიათარ სიკუდილისაგან, რამეთუ მირიან მეფესა აქუნდა სურვილი ქრისტეს სჯულისა. რამეთუ ასმიოდა სასწაული ქრისტეს სჯულისა საბერძნეთით და სომხითით, და არა დააბრკოლებდა იგი ქადაგებად ნინოს და მოწაფეთა მისთა. არამედ ჰბრძოდა ეშმაკი, მტერი იგი უჩინო, და ვერ დაამტკიცებდა აღსარებასა ქრისტესსა. ხოლო ნანა დედოფალი გულ-ფიცხელ იყო უმეტეს და შეურაცხ ჰყოფდა ქადაგებასა მას.       ხოლო წმიდა ნინო ილოცვიდა დაუცხრომელად საყუდელსა მას თჳსსა მაყუალთა მათ ქუეშე. და დაკჳრვებულ იყვნეს წარმართნი იგი ლოცვასა მისსა და მღჳძარებასა. და უცხო უჩნდა საქმე იგი; იწყეს გამოკითხვად მისა, ხოლო იგი აუწყებდა ძუელთა და ახალთა წიგნთა, და განაბრძნობდა უგუნურთა და უგულისხმოთა მათ, და შთაუგდებდა გულსა მათსა სიყუარულსა ქრისტესსა.       და იყო ესრეთ სამ წელ, ვინა-ცა განაცხადა ქადაგება ქრისტესი და დაიმოწაფნა მრავალნი. მაშინ იყო ვინ-მე ყრმა-წული, უფალი მძიმისა სენისა, და მიმოაქუნდა დედასა მისსა კარითი-კარად, რათა-მცა პოვა მეცნიერი ვინ-მე კურნებისა, და ჰყო-მცა სარგებელი მისი. და შეისწავეს იგი ყოველთა და არა-ოდეს პოვეს სარგებელი კურნებისა ყრმისა მისთჳს. და მკურნალთა-ცა რქუეს დედა-კაცსა მას, ვითარმედ: "არა სარგებელ ეყვის ყრმასა მაგას". ხოლო დედა-კაცი იგი იყო წარმართი, გულ-ფიცხელი, და მარადის სძაგებნ სჯულსა ქრისტიანეთასა, და აყენებდის სხუათა-ცა მისლვად და კითხვად წმიდისა ნინოსა. ხოლო ვითარცა სასო-წარკუეთილ იქმნა მკურნალთა მიერ, მოვიდა და დავარდა წინაშე წმიდისა ნინოსსა, და ევედრებოდა კურნებასა ყრმისასა. მაშინ რქუა წმიდამან ნინო: "კურნება, რომელი კაცთაგან არს, მე არა რა ვყო; ხოლო ღმერთმან ჩემმან ქრისტემან მოსცეს ყრმასა მაგას კურნება, რომელი ყოველთაგან განწირულ არს". და რომელსა კილიკსა ზედა მარადის ილოცავნ წმიდა ნინო, მას ზედა დადება უბრძანა ყრმისა მის, და იწყო ვედრებად ღმრთისა მიმართ. და მას-ვე ჟამსა განიკურნა ყრმა იგი და განცოცხლებული მისცა დედასა მისსა. ხოლო დედამან ყრმისამან აღიარა ქრისტე და თქუა: "არა არს სხუა ღმერთი თჳნიერ ქრისტესა, რომელსა ქადაგებს ნინო". და დაემოწაფა წმიდასა ნინოს, და შეუდგა კუალსა მისსა, და ადიდებდა ღმერთსა.       მაშინ დედოფალი ნანა შევარდა სენსა დიდსა და მწარესა, რომლისა კურნება ვერა-ვინ შეუძლო. რამეთუ ყოველთა ჴელოვანთა მკურნალთა წარმოცალიერნეს წამალნი მათნი და ვერ შეუძლეს კურნება მისი, უღონო იქმნეს და სასო-წარკუეთილ. ხოლო აუწყეს ვიეთ-მე დედოფალსა, ვითარმედ: "დედა-კაცისა მის ჰრომისა ტყჳსა მიერ, რომელსა ჰქჳან ნინო, ლოცვითა მისითა მრავალნი სნეულნი განიკურნებიან". მაშინ უბრძანა მსახურთა თჳსთა, რათა მოიყვანონ ნინო.       "მივიდეს მსახურნი დედოფლისანი, და პოვეს წმიდა ნინო ქოჩსა მას ქუეშე მაყულისასა, ილოცვიდა ჟამსა მეექუსესა, და მიუთხრეს ბრძანება დედოფლისა. ხოლო წმიდამან ნინო რქუა: "არა ბრძანებულ არს ჩემდა, რათა განვიდე, სადა შუება ჩუენი არა არს, არამედ დედოფალი მოვედინ საყოფელსა ამას ჩემსა, და ჭეშმარიტად განიკურნოს ძალითა ქრისტესითა". ხოლო მსახურთა მათ მიუთხრეს დედოფალსა თქმული იგი ნინოსი. მაშინ დედოფალი გულს-მოდგინედ ეტყოდა მათ: "შემიმზადეთ მე ცხედარი და მიმიყვანეთ მისსა". მაშინ წარიყვანეს ცხედრითა მსახურთა მათ, და ძე მისი რევ, და სიმრავლე ერისა მის თანა.       "ვითარ მივიდეს საყოფელსა მას წმიდისა ნინოსსა, და დადვეს დედოფალი კილიკსა მისსა ზედა, იწყო წმიდამან ნინო ლოცვად და ვედრებად ღმრთისა მიმართ მყოვარ-ჟამ, და მოიღო ჯუარი იგი, რომელი აქუნდა, შეახო თავსა, ფერჴთა და მჴართა ჯუარის სახედ, და მეყსეულად განიკურნა, და აღდგა განცოცხლებული. და ჰრწმენა ქრისტე და თქუა: "არა არს სხუა ღმერთი, თჳნიერ ქრისტესა, რომელსა ქადაგებს ტყუე ესე დედა-კაცი". და მიერითგან შექმნა იგი მეგობრად თჳსად შინაურად, და მარადის ჰკითხავნ და გამოიწულილავნ სჯულსა ქრისტესა, და ასწავებნ წმიდა ნინო და აბიათარ, ახალი პავლე, და ასული მისი სიდონია. და იქმნა დედოფალი მორწმუნე და იცნა ღმერთი ჭეშმარიტი.       და ჰკითხვიდა დედოფალსა მეფე, ვითარ-იგი მეყსეულად განიკურნა. და უთხრობდა დედოფალი ყოველსა მას, რომელი იქმნა მის ზედა, ვითარ-იგი თჳნიერ წამლისა, ლოცვითა და შეხებითა ჯუარისათა განიკურნა. და სიმრავლე იგი ერთა, რომელთა ეხილვა, დაამტკიცებდეს სიტყუასა მას დედოფლისასა.       მაშინ მირიან მეფე განკჳრდა და იწყო გამოძიებად სჯულსა ქრისტესსა და მრავალ-გზის ჰკითხავნ ჰურია-ყოფილსა მას აბიათარს ძუელთა და ახალთა წიგნთასა, და იგი აუწყებდა ყოველსა. და წიგნი-ცა რომელი ჰქონდა მირიან მეფესა ნებროთისი, და მას-ცა წიგნსა შინა პოვა წერილი ესრეთ: აღშენებასა მას გოდლისასა ჴმა იყო ზეცით ნებროთის მიმართ, რომელი ეტყოდა: "მე ვარ მიქაელ, რომელი დადგინებულ ვარ ღმრთისა მიერ მთავრობასა ზედა აღმოსავალისასა; განვედ ქალაქით მაგით, რამეთუ ღმერთი ჰფარავს ქალაქსა მაგას. ხოლო უკუანასკნელთა ჟამთა მოვიდეს მეუფე იგი ცისა, რომლისა-იგი შენ გნებავს ხილვა ერსა შორის შეურაცხსა. შიშმან მისმან განაქარვნეს გემონი სოფლისანი; მეფენი დაუტეობდენ მეფობასა და ეძიებდენ სიგლახაკესა; მან გიხილოს ჭირსა შინა და გიჴსნეს შენ". მაშინ გულის-ხმა ყო მეფემან მირიან, რამეთუ ძუელნი წიგნნი და ახალნი ეწამებოდეს და ნებროთის წიგნი-ცა დაამტკიცებდა, და შეექმნა სურვილი ქრისტეს სჯულისა. და ბრძოდა მტერი იგი უჩინო, აყენებდა აღსარებად ქრისტესა, გულსა შთაუგდებდა სასოებასა კერპთასა და ცეცხლისასა. არამედ მარადის ევედრებინ დედოფალი აღსარებასა ქრისტესსა. და იყო მეფე დედოფლისა მოქცევითგან წელიწადსა ერთსა ორგულებასა შინა. ხოლო ასწავებდა ერსა დაუცხრომელად წმიდა ნინო, და არა-ვის აუწყებდა, თუ "ვინ ვარ, ანუ სადათ მოვალ", არამედ ტყუედ იტყოდა თავსა თჳსსა.       "შემდგომად ამისსა მოგჳ იგი მთავარი სპარსი, სახელით ხუარა, სნეულ იყო, სულითა უკეთურითა ფიცხელად იგუემებოდა, და სიკუდილსა მიახლებულ იყო, და იყო მთავარი იგი ნათესავისაგან მირიან მეფისა. მაშინ ევედრნეს წმიდასა ნინოს ნანა დედოფალი და მეფე, ხოლო მეფე იხილვიდა საქმესა მისსა მცირედ ორგულებით. ეტყჳნ წმიდასა ნინოს: "რომლისა ღმრთისა ძალითა იქმ კურნებასა ამას, ანუ ხარ შენ ასული არმაზისი, ანუ შვილი ზადენისი, უცხოებით მოხვედ და შეუვრდი, და ზედა-აც მათ წყალობა შენი და მიგანიჭეს ძალი კურნებათა, რათა მით სცხოვნდებოდი უცხოსა ქუეყანასა. დიდებულ-მცა არიან უკუნისამდე! ხოლო შენ წინაშე ჩუენსა იყავ ვითარცა მაწ/ოებელი ერთი შვილთა ჩუენთა და პატივ-ცემულ ქალაქსა ამას შინა. არამედ უცხოსა ამას სიტყუასა ნუ იტყჳ, ჰრომთა მათ შეცთომილთა სჯულსა, ნუ-ცა გნებავს ყოვლად-ვე თქმად. რამეთუ აჰა ესე-რა, ღმერთნი დიდნი, სოფლის-მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳმისა მომცემელნი და ქუეყანისა ნაშობთა გამომზრდელნი ღმერთნი ქართლისანი, არმაზ და ზადენ, ყოვლისა დაფარულისა გამომეძიებელნი, ძუელნი ღმერთნი მამათა ჩუენთანი, გაცი და გაიმ, -- იგინი იყვნეს სარწმუნებელად კაცთა მიმართ. აწ უკეთუ განკურნო მთავარი ესე, განგამდიდრო და გყო შენ მკჳდრ მცხეთას შინა, მსახურად არმაზისა. დაღაცათუ ჰაერითა მით და სეტყჳთა მოიწია მის ზედა შემუსრვა მისი, არამედ იგი ადგილი უძლეველ არს. ესე არმაზ ქართველთა და ქალდეველთა ღმერთი ითრუჯან ყოვლად-ვე მტერ არიან: ამან მას ზედა ზღუა შემოადგინა, და მან ამას ზედა ესევითარი ურვა მოაწია, ვითარ აქუს ჩუეულება სოფლის-მპყრობელთა. და კმა გეყავნ ჩემგან ბრძანება ესე".       მიუგო ნეტარმან ნინო: "შენ მეფე სახელითა ქრისტესითა და ვედრებითა დედისა მისისათა და მის თანა ყოველთა წმიდათათა, მოავლინენ შენ ზედა ღმერთმან, ცისა და ქუეყანისა შემოქმედმან, დამბადებელმან ყოვლისა დაბადებულისამან, დიდისა და დიდებულისა მისისა და აურაცხელისა მრავალ-მოწყალებისაგან მოავლინენ შენ ზედა, ვითარცა საჴმილისაგან ნაბერწკალი ერთი მადლისა მისისა, რათა სცნა და გულის-ხმა ჰყო სიმაღლე ცისა და ნათელი მზისა, სიღრმე ზღჳსა და სივრცე ქუეყანისა და საფუძველი მისი, და უწყებულ იყო შენ, მეფე, ვინ შემოსნის ცანი ღრუბლითა და ქუხნ ჴმითა ჰაერისათა, და იძრვინ ქუეყანა სიმძლაფრითა მისითა, და რბიან მეხის-ტეხანი, და კუალსა მისსა ეგზების ცეცხლი გულის-წყრომითა მისითა. ანუ ოდეს შეიძრას ვეშაპი იგი დიდი ზღუათა შინა, შეიძრის. ყოველი ქუეყანა, ვიდრემდის დაირღჳან მთანი მყარნი, კლდენი და ქვანი. და მეცნიერ გყვენ შენ ამას ყოველსა მიწევნად, რამეთუ ღმერთი არს ცათა შინა, უხილავ არს თავადი იგი ყოველთა დაბადებულთაგან, თჳნიერ ძისა მისისა, რომელი მისგან გამოვიდა, და ქუეყანასა ზედა გამოჩნდა ვითარცა კაცი, რომელმან აღასრულა ყოველი, რომლისათჳს მოსრულ იყო, და აღვიდა მათ-ვე სიმაღლეთა მამისა თანა. და იხილა მხოლო დაუსაბამო, რომელი მაღალ არს და მდაბალთა ხედავს, და მაღალნი იგი შორით იცნის. მეფეო, ახლოს არს მიახლება შენი ღმრთისა მიხედვად, რამეთუ არს ქალაქსა ამას შინა სასწაული ერთი: სამოსელი ძისა ღმრთისა აქა არს, და ხალენისა მის ელიასი თქუეს ვიეთ-მე აქავე ყოფა. და მრავალნი სასწაულნი არიან, რომელნი. ღმერთმან გამოაჩინნეს. და აწ მე მთავარი ესე შენი განვკურნო ძალითა ქრისტეს ღმრთისა ჩემისათა და ჯუარითა ვნებისა მისისათა, ვითარცა დედოფალი განვკურნე სენისაგან დიდისა. და რა იგი ვაუწყე მას, ჰყოფს იგი, რათა სული-ცა თჳსი განაბრწყინვოს და ერი-ცა თჳსი მიაახლოს ღმერთსა".       "და მიჰგუარეს მას მთავარი იგი, და მოვიდა დედოფალი-ცა იგი სამოთხესა მას შინა, ნაძუთა მათ ქუეშე; და დაადგინა იგი აღმოსავალით, სცნა ჴელნი აპყრობად და ათქუმია სამ-გზის: "ვიჯმნი შენგან, ეშმაკო, და შეუდგები ქრისტესა ძესა ღმრთისასა".       და ტიროდა ნინო სულ-თქმითა სულისა თჳსისათა. და ითხოვდა ღმრთისაგან შეწევნასა კაცსა მას ზედა. და იყვნეს მოწაფენი მისნი მუნ-ვე ერთ დღე და ორ ღამე. და მსწრაფლ განვიდა მისგან სული იგი ბოროტი. და დაემოწაფნეს ნინოს სახლით და ერით-ურთ მისით, და ადიდებდეს ღმერთსა". თქუმული სიდონია დედა-კაცისა რომელი იყო მოწაფე ნინოსი, რომელი-ესე იხილა და დაიწერა მოქცევა სასწაულითა მირიან მეფისა, და შევრდომა ნინოსი აღსარებისათჳს ქრისტესისა, ჯუარისა აღმართებისათჳს, ეკლესიათა აღშენებისათჳს და მას შინა სასწაულთა მისთათჳს. თავი მეშჳდე, მამაო გუაკურთხენ!       "და იყო. დღესა ერთსა ზაფხულისასა, თუესა ივლისსა ოცსა, დღესა შაბათსა, განვიდა მეფე ნადირობად მუხნარით-კერძო, და მოუჴდა უჩინო იგი მტერი, ეშმაკი, და შთაუგდო გულსა სიყუარული კერპთა და ცეცხლისა; და იგონებდა ყოველსა მსახურებასა მათსა და მახჳლითა მოწყუედასა ყოველთა ქრისტიანეთასა. და რქუა მეფემან ოთხთა თანა-მზრახველთა მისთა: "ღირს ვართ ჩუენ ღმერთთა ჩუენთაგან ბოროტის ყოფასა, რამეთუ უდებ ვიქმნენით მსახურებასა მათსა და მიუშჳთ ჩუენ ქრისტიანეთა გრძნეულთა ქადაგებად სჯულსა მათსა ქუეყანასა ჩუენსა: რამეთუ გრძნებითა ჰყოფენ საკჳრველებათა მათ. აწ ესე არს განზრახვა ჩემი, რათა ბოროტად მოვსრნეთ ყოველნი მოსავნი ჯუარ-ცმულისანი და უმეტეს შეუდგეთ მსახურებასა ღმერთთა მათ მპყრობელთა ქართლისათა; ვამხილოთ ნანას, ცოლსა ჩემსა, შენანება და დატეობა სჯულსა ჯუარ-ცმულისასა, და თუ არა მერჩდეს, დავივიწყო სიყუარული მისი და სხუათა-ვე თანა წარვწყმიდო იგი-ცა". და დაუმტკიცეს განზრახვა მისი თანა-მზრახველთა მათ, რამეთუ მჴურვალედ იყვნეს იგინი საქმესა ამას, და ნებვიდა პირველითგან და ვერ იკადრებდეს განცხადებად.       "ხოლო მეფემან მოვლო ყოველი სანახები მუხნარისა და აღვიდა მთასა ზედა თხოთისასა მაღალსა, რათა-მცა მოიხილა კასპად და უფლისციხედ. განვიდა თხემსა მთისასა. შუა-სამხრისა ოდენ დაბ/ნელდა მზე მთასა ზედა და იქმნა ვითარცა ღამე ბნელი, უკუნი, და დაიპყრნა ბნელმან არენი და ადგილნი. და განიბნივნეს ურთიერთას ჭირისაგან და ურვისა.       "და დაშთა მეფე მარტო, და იარებოდა მთათა და მაღნართა შეშინებული და შეძრწუნებული. დადგა ერთსა ადგილსა და წარეწირა სასოება ცხოვრებისა მისისა. და ვითარცა მოეგო თავსა თჳსსა ცნობასა, და განიზრახვიდა ესრეთ გულსა თჳსსა: "აჰა ესე-რა, ვხადე ღმერთთა ჩემთა და არა ვპოვე ჩემ ზედა ლხინება. აწ, რომელსა-იგი ქადაგებს ნინო ჯუარსა და ჯუარ-ცმულსა და ჰყოფს კურნებასა, მისითა მოსავობითა, არა-მცა ძალ ედვა-ა ჴსნა ჩემი ამის ჭირისაგან? რამეთუ ვარ მე ცოცხლივ ჯოჯოხეთსა შინა და არა უწყი, თუ ყოვლისა ქუეყანისათჳს იქმნა დაქცევა ესე, ანუ თუ ჩემთჳს ოდენ იქმნა. აწ, თუ ოდენ ჩემთჳს არს ჭირი ესე, ღმერთო ნინოსო, განმინათლე ბნელი ესე და მიჩუენე საყოფელი ჩემი; და აღვიარო სახელი შენი, და აღვმართო ძელი ჯუარისა და თაყუანის-ვცე მას და აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა, და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა".       "ესე ყოველი რა წართქუა, განთენა და გამობრწყინდა მზე. და გარდაჴდა მეფე ცხენისაგან, დადგა მას-ვე ადგილსა, განიპყრნა ჴელნი აღმოსავლით ცად მიმართ და თქუა: "შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა და უფალი ყოველთა ზედა უფალთა, ღმერთი, რომელსა ნინო იტყჳს; და საქებელ არს სახელი შენი ყოვლისა დაბადებულისაგან, ცასა ქუეშე და ქუეყანასა ზედა. რამეთუ შენ მიჴსენ მე ჭირისაგან და განმინათლე ბნელი ჩემი. აჰა ესე-რა, მიცნობიეს, რამეთუ გინდა ჴსნა ჩემი, ლხინება და მიახლება შენდა, უფალო კურთხეულო. ამას ადგილსა აღვმართო ძელი ჯუარისა, რომლითა იდიდებოდის სახელი შენი და იჴსენებოდის საქმე ესე სასწაული უკუნისამდე". დადაისწავა ადგილი იგი და წარმოემართა. იხილეს ნათელი და მოერთო ერი განბნეული. ხოლო მეფე ღაღადებდა: "მიეცით ღმერთსა ნინოსსა დიდება, რამეთუ იგი არს საუკუნითგან ღმერთი და მას მხოლოსა შუენის დიდება უკუნისამდე".       "ხოლო ნანა დედოფალი და ყოველი ერი განვიდა მიგებებად მეფისა. რამეთუ ესმა პირველ წარწყმედა და კუალად მოსლვა მშჳდობით, და მიეგებოდეს ქინძარას და ღართას. ხოლო ნეტარი ნინო დადგომილ იყო ლოცვასა მწუხრისასა მაყულოვანსა მას შინა, ჩუეულებისაებრ მისისა, ჟამსა თჳსსა, და ჩუენ მის თანა ორმეოცდაათი სული. და ვითარცა მოვიდა მეფე, იძრვოდა ქალაქი, და ჴმითა მაღლითა ღაღადებდა მეფე: "სადა არს დედა-კაცი იგი უცხო, რომელ არს დედა ჩემი და ღმერთი მისი მჴსნელი ჩემი". და ვითარცა რქუეს, თუ: "აქა მაყულოვანსა არს და ილოცავს", მოვიდა თჳთ მეფე და ყოველი იგი ლაშქარი, გარდაჴდა მეფე ცხენისაგან და ეტყოდა ნინოს: "აწ ღირს ვარ სახელის-დებად სახელსა ღმრთისა შენისასა და მჴსნელისა ჩემისასა".ხოლო წმიდა ნინო ასწავებდა და ეტყოდა მსწრაფლ თაყუანის-ცემად აღმოსავალით და აღსარებად ქრისტეს ძისა ღმრთისა.       მაშინ იყო გრგჳნვა და ტირილი ყოვლისა კაცისა, ოდეს ხედვიდეს მეფესა და დედოფალსა ცრემლოვანთა. და ხვალისა დღე წარავლინნა მოციქულნი საბერძნეთად მირიან მეფემან წინაშე კოსტანტინე ბერძენთ მეფისა და წიგნი ნინოსი ელენე დედოფალსა წინაშე. და აუწყეს ესე ყოველი სასწაული ქრისტესმიერი, რომელი იქმნა მცხეთას შინა მირიან მეფესა ზედა, და ითხოვნეს მოსწრაფებით მღდელნი ნათლის-ღებისათჳს. ხოლო წმიდა ნინო და მოწაფენი მისნი ქადაგებდეს ერსა მას ზედა დღე და ღამე დაუცხრომელად, და უჩუენებდეს გზასა ჭეშმარიტსა სასუფეველისასა". აღმართებისათჳს პატიოსნისა ჯუარისა       ვითარცა ნათელ-იღეს მეფემან, და დედოფალმან, და შვილთა მათთა, და ყოველმან ერმან, მაშინ დგა ხე ერთი ადგილსა ერთსა, კლდესა ზედა ბორცუსა შეუვალსა, და იყო ხე იგი შუენიერი ფრიად და სულნელი. და ესე საკჳრველება იყო ხისა მისგან, რამეთუ ისარ-ცემული ნადირი, რომელი მოვიდის და ჭამის ფურცელი მისი და გინა თესლი მისი, განერის სიკუდილისაგან, დაღაცათუ საკლავსა ადგილსა დიდად წყლულ იყვის. ესე დიდად საკჳრველ უჩნდის პირველთა მათ წარმართთა, და აუწყეს ეპისკოპოსსა იოვანეს ხისა მისთჳს. ხოლო ეპისკოპოსმან თქუა: "აჰა ესე-რა, ჭეშმარიტად პირველითგან-ვე დამარხულ არს ქუეყანა ესე ღმრთისაგან მსახურად თჳსად, რამეთუ ღმრთისაგან აღმოსცენდა ხე იგი დამარხული ჟამისა ამისთჳს. რამეთუ აწ მოეფინა მადლი ღმრთისა ქართლსა, და მის ხისაგან ჯერ არს შექმნად ჯუარი პატიოსანი, რომელსა თაყუანის-ცეს ყოველმან სიმრავლემან ქართლისამან.       და წარვიდეს რევ, ძე მეფისა, და ეპისკოპოსი, და სიმრავლე ერისა, და მოჰკუეთეს ხე იგი და წარმოიღეს რტოთურთ თჳსით. და მოაქუნდა ათსა ათეულსა კაცსა ზე-ზე რტოთურთ და ფურცლითურთ შემოაქუნდა ქალაქად. და შემოკრბა ერი ხილვად მწუანის ფერობასა მას და ფურცლიანობასა, ჟამსა ზამთრისასა, ოდეს სხუა ყოველი ხე ჴმელ იყო, ხოლო ესე ფურცელ-დაუცჳნელი, სულ-ამო და სახილველად შუენიერი. და ძირსა ზედა აღმართეს ხე იგი კარსა ზედა ეკლესიისასა, სამხრით, სადა ბერვიდა ნელი ნიავი, და შლიდა ფურცელთა მის ხისათა, და ძრვიდა რტოთა მისთა. და იყო ხილვა მისი შუენიერი, ვითარცა სმენით ვიცით, ხისა მის ალვისა.       ესე მოჰკუეთეს მარტსა ოცდახუთსა, დღესა პარასკევსა. და დაადგრა ხე იგი ეგრეთ დღესა ოცდაჩჳდმეტსა, და არა შეიცვალა ფერი ფურცელმან მისმან, ვითარცა დგა ძირსა-ვე ზედა მისსა, თავსა ზედა წყაროსასა, ვიდრემდის ყოველნი ხენი მაღნარისანი შეიმოსნეს ფურცლითა და ხენი ნაყოფისა გამომღებელნი შეიმოსნეს ყუავილითა.       მაშინ თუესა მაისსა ერთსა შექმნნეს ჯუარნი ესე, და შჳდსა ამის თჳსასა აღმართნეს ჴელის დადებითა მეფეთათა, სიხარულითა და წადიერებითა ყოვლისა ერისა ქალაქისათა, და იყვნეს ეკლესიასა შინა. იხილა ყოველმან ერმან ქალაქისამან ყოველთა მათ დღეთა: აჰა, ჩამოვიდის ჯუარი ცეცხლისა ზეცით და მისა გარემოს, მსგავსად გჳრგჳნისა ვარსკულავისათა, და დაადგრის ეკლესიასა ზედა ვიდრე განთიადმდე. და რიჟუ-რაჟუ ოდენ გამოვიდიან მისგან ორნი ვარსკულავნი: ერთი წარვიდის აღმოსავალით და ერთი დასავალით; და იგი თავადი ეგრეთ ბრწყინვალედ, ნელიად-ნელიად, განვიდის მიერ კერძო არაგუსა, და დადგის ბორცუსა მას ზედა კლდისასა, ზემო-კერძო ახლოს წყაროსა მას, რომელი აღმოაცენეს ცრემლთა წმიდისა ნინოსთა, და მუნით აღიმაღლის ზეცად. და ესრეთ მრავალ-გზის იხილა ყოველმან ერმან მაცხოვარება ღმრთისა ჩუენისა. მაშინ იწყეს კითხვად ნეტარისა ნინოსა, თუ "რა არს, რომელ გამოვალს ბრწყინვალე ვარსკულავი, და ერთი წარვალს აღმოსავალით და ერთი დასავალით".ხოლო მან თქუა: "განავლინენით კაცნი მთათა ზედა მაღალთა აღმოსავალით ვიდრე კახეთის მთამდე და დასავალით ვიდრე სანახებამდე ამის ქალაქისა; და ოდეს გამობრწყინდენ მთიებნი იგი, ნახონ. თუ სადა დადგენ, და მუნ-ცა აღემართნენ ჯუარნი ესე ქრისტესნი".       მაშინ ყო მეფემან ეგრე და შეიცვნა თავნი მთათანი მიწყებით. ხოლო დღე ესე იყო პარასკევი, და შაბათი განთენდებოდა. იყო იგი-ვე სასწაული, და იქმნა ეგრეთ-ვე, ვითარცა პირველ იქმნის. ხვალისა დღე მოვიდეს დასავალისანი, რომელნი დგეს მთათა ზედა ქუაბთა თავისათა, და მიუთხრეს მეფესა, ვითარმედ: "გამოვიდა ვარსკულავი იგი, ამაღლდა და მიიწია მთასა ზედა თხოთისასა, გარდასავალსა ზედა კასპისასა, დაადგრა ადგილსა ერთსა და ყოვლად უჩინო იქმნა".       და ეგრეთ-ვე მოვიდეს მთით კახეთისათ და თქუეს: "ვიხილეთ ვარსკულავი აქათ მომავალი, და დაადგრა დაბასა ბოდესა კუხეთისასა". მაშინ უბრძანა ნეტარმან ნინო: "წარიხუენით ორნი ჯუარნი და აღმართენით ერთი თხოთს, სადა-იგი გამხილა ღმერთმან ძალი მისი, და ერთი მიეც სალომეს, მჴევალსა ქრისტესსა, და აღმართოს უჯარმას ქალაქსა. რამეთუ ბოდი, დაბა კუხეთისა, არა წინააღუდგეს ქალაქსა მეფეთასა, რამეთუ ერისა სიმრავლე არს მას შინა. ბოდის კულა დაბა თჳთ იხილოს სათნო იგი ადგილი ღმრთისა" და ყვეს ეგრეთ, ვითარცა უბრძანა დედოფალმან.       ხოლო ესე სასწაულითა ზეცისათა ჩუენებით ჯუარი პატიოსანი მცხეთას იპყრეს, ჴელითა კაცობრივითა, და მივედით ბორცუსა მას ქუეშე: წყაროსა მას ზედა ათიეს ღამე, და ილოცეს ღმრთისა მიმართ, და ნეტარი ნინო ცრემლითა შეაზავებდა წყაროსა მას, და იქმნებოდეს კურნებანი და სასწაულნი დიდნი.       ხოლო ხვალისა დღე აღვიდეს კლდესა მას ზედა. და მივიდა ნეტარი იგი ბორცუსა მას ზედა, დავარდა ქვათა მათ ზედა, ტიროდა თჳთ იგი და მის თანა მეფენი და მთავარნი, და ყოველი სიმრავლე ერისა, ვიდრემდის მთანი ჴმას-ცემდეს. და დასდვა ჴელი ერთსა ქვასა და რქუა ეპისკოპოსსა: "მოვედ, რამეთუ შენდა ჯერ არს და დასწერე ჯუარი ქვასა ამას" და მან ყო ეგრეთ, და მუნ აღემართა ჯუარი იგი დიდებითა მეფეთაგან. და მოდრკა ერი იგი ურიცხჳ, და თაყუანის-ცეს ჯუარსა, და აღიარეს ჯუარ-ცმული ჭეშმარიტად ძედ ღმრთისა ცხოველისად. და ჰრწმენა სამებით დიდებული ღმერთი.       ხოლო დიდნი იგი მთავარნი არა განეშორებოდეს ეკლესიასა წმიდასა, და სუეტსა ნათლისასა, და ჯუარსა მას ცხოველსა, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მათ უზომოთა და კურნებათა მათ მიუთხრობელთა. და დღესა კჳრიაკესა აღვსებისა ზატიკსა ყო მირიან მეფემან და ყოველმან მცხეთამან, შეწირეს შესაწირავი იგი დღე განაწესეს ჯუარისა მსახურებად, აღვსებისა ზატიკი, ყოველმან ქართლმან მოდღენდელად დღედმდე.       და იყო რა-ოდენისა-მე დღისა შემდგომად, მარტჳლისა უკანას, იხილეს სასწაული დიდად საშინელი, დღესა ოთხშაბათსა: აჰა ესე-რა, სუეტი ნათლისა, სახედ ჯუარისა, დგა ჯუარსა მას ზედა, და თორმეტნი ვარსკულავნი, სახედ გჳრგჳნისა, გარემოს მისსა, ხოლო ბორცჳ იგი კუმოდა სახედ სულნელად. და ხედვიდეს სასწაულსა ამას ყოველნი, ; და მრავალნი უღმრთოთაგანნი მოიქცეს და ნათელ-იღეს მას დღესა შინა. ხოლო ქრისტიანენი უფროს მორწმუნე იქმნებოდეს და ადიდებდეს ღმერთსა. მერმე კუალად იხილეს სხუა სასწაული ჯუარისა, ვითარცა რა ცეცხლი დგა თავსა ზედა მისსა, შჳდ წილად მზისა უბრწყინვალესი, ზედა დაადგრა მას და, ვითარცა საჴუმილისა ნაბერწყალნი აღვლენ, ეგრე სახედ ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას ზედა. ხოლო ბორცჳ იგი იძრვოდა ძლიერად და, ვითარცა სასწაული იგი დასცხრებოდა, ეგრე-ცა ძრვა იგი დასცხრებოდა. ვითარცა იხილეს სასწაული იგი, დაუკჳრდა ყოველთა, და უფროსად და უმეტესად ადიდებდეს ღმერთსა. და ვითარცა იქმნებოდეს წლითი-წლად სასწაულნი იგი, და ყოველი ერი ხედვიდეს შიშით და ძრწოლით; მოვიდოდეს თაყუანის-ცემად გულს-მოდგინედ.       მას ჟამსა რევის, ძესა მეფისასა, ესუა ყრმა-წული. მცირე, და იყო სნეულ, და მიწევნულ იყო სიკუდილად. რამეთუ იგი ოდენ მხოლო ესუა მათ, მოიღო და დადვა იგი წინაშე ჯუარისა და ცრემლით იტყოდა: "უკეთუ მომიბოძო ყრმა ესე ცოცხალი, აღვაშენო კუბო საყუდელად შენდა". და მუნქუეს-ვე განიკურნა ყრმა იგი, და განკურნებული და განცოცხლებული წარიყვანა. მერმე მოვიდა აღნათქუამისა აღმასრულებელად და ყო მადლისა მიცემა დიდითა სიხარულითა. და გულ-მოდგინებით აღაშენა კუბო ჯუარისა მცხეთისა რევ, ძემან მეფისამან, და წლითი-წლად მოვიდის და აღასრულის აღნათქუამი იგი მსხუერპლისა. და მიერითგან უფროს მოვიდოდეს ყოველნი უძლურნი და სნეულნი, განიკურნებოდეს და სიხარულით ადიდებდეს ჯუარსა წმიდასა ქრისტესსა.       იყო ვინ-მე მამაკაცი ჭაბუკი, და ორნი-ვე თუალნი დასდგომოდეს. ჯდა იგი წინაშე ჯუარსა ქრისტესსა, და შემდგომად შჳდისა დღისა აღეხილნეს თუალნი: ხედვიდა და ადიდებდა პატიოსანსა ჯუარსა.       მერმე დედა-კაცი ვინ-მე იყო, მარადის გუემული სულისაგან უკეთურისა ეგე-ოდენ, რომელ ძალი და გონება მისი მიეღო რვასა წელსა, და სამოსელსა თჳსსა დაიპებდა. და ვითარ მოიყვანეს და პატიოსანსა ჯუარსა შეამთხჳვეს, შემდგომად თორმეტისა დღისა განიკურნა და თჳსითა ფერჴითა წარვიდა. და ადიდებდა ღმერთსა და თაყუანის-ცემდა პატიოსანსა ჯუარსა.       და კუალად იყო ყრმა ვინ-მე მცირე: მეყსეულად დაეცა და მოკუდა. აღიღო იგი დედამან მისმან და დააგდო წინაშე ჯუარსა ყრმა იგი მომწყდარი, დილითგან მიმწუხრადმდე. ხოლო დედა მისი ტირილით ილოცვიდა წინაშე ჯუარსა, და სხუანი ეტყოდეს: "წარიღე, დედა-კაცო, და დამარხე, რამეთუ მომკუდარ არს, და ნუ-ღა-რა აწყინებ". ხოლო მან არა წარიკუეთა სასოება, არამედ უფროს და უმეტეს საწყალობელად ტიროდა და ილოცვიდა. ხოლო მწუხრის ჟამსა სულიერ იქმნა და თუალნი აღეხილნეს. და შემდგომად შჳდისა დღისა განიკურნა, და განცოცხლებული წარიყვანა ყრმა იგი დედამან მისმან. და ადიდებდა ღმერთსა.       იხილეს რა სასწაული და კურნება ყოვლად წმიდისა ჯუარისა, მრავალნი უშვილონი მოვიდოდეს და ითხოვდეს შვილიერებასა, და შვილ-მრავალ იქმნებოდეს, და შესაწირავთა და მადლთა ჰყოფდეს. არა თუ რომელნი მოვიდიან მათ ოდენ მიიღიან კურნება, არამედ რომელნი შორით ილოცვიდიან წმიდასა ჯუარსა, მუნქუეს-ვე შეწევნითა მისითა მიიღიან მადლი, მძლე ექმნებიან მტერთა და მოსწრაფედ მოვიდიან შეწირვად მადლისა.       მრავალნი უკუე უღმრთონი ჭირსა შთაცჳვიან, და რაჟამს ხადოდიან წმიდასა ჯუარსა, მუნქუეს-ვე განერიან ჭირისაგან და მოვიდოდიან შემთხუევად პატიოსნისა ჯუარისა, და მსწრაფლ ნათელ-იღიან და ადიდებდიან პატიოსანსა ჯუარსა. მრავალნი უკუე, მრავალსა ჭირსა შთაცჳვნულნი, ძალითა პატიოსნისა ჯუარისათა განიკურნებოდეს პირად-პირადთაგან სატანჯველთა, მოივლტიედ ვედრებად და მყის განიკურნებიედ მოდღენდელად-დღედმდე და ადიდებდეს მამას, და ძესა, და წმიდასა სულსა. წიგნი რომელი მოუწერა პატრიაქმან ჰრომისამან და ბრანჯთა მეფემან ნინოს და მეფესა მირიანს და ყოველსა ერსა ქართლისასა       მათ დღეთა შინა მოვიდა წიგნი ჰრომით, წმიდისა პატრიაქისა, ნინოს და მეფესა და ყოველსა ერსა ქართლისასა. და მოავლინა ბრანჯი დიაკონი ქებისა შესხმად და კურთხევისა მიცემად, და ამის ნეტარისა ნინოსგან ლოცვისა წარღებად და მადლისა ზიარებად. აქუნდა წიგნი ბრანჯთა მეფისა ნინოს-ცა თანა: რამეთუ მამისა მისისაგან ნათელ-ეღო ბრანჯეთს. და ესე ყოველი მისმენილ იყო იერუსალემით და კოსტანტინეპოლით, ვითარმედ ქუეყანასა მას ქართლისასა მიეფინა მზე სიმართლისა. ამისთჳს სანატრელი წიგნი მოუწერა, რათა-მცა ეუწყნეს აქანი იგი სასწაულნი სუეტისა მის და მაყულოვნისა, და ძალი იგი კურნებისა. ესე ყოველი იხილა და მოისმინნა სასწაულნი იგი ბრანჯმან დიაკონმან, რომელნი ქმნილ იყვნეს მცხეთას, და განკჳრვებული ადიდებდა ღმერთსა; წარიღო წიგნები და წარვიდა.       მაშინ რქუა მეფემან წმიდასა ნინოს და ეპისკოპოსსა: "მნებავს ესრეთ, რათა იძულებით მახჳლითა მოვაქცივნეთ მთეულნი და სიძე ჩემი ფეროზ, და დავამონნეთ ძესა ღმრთისასა და ვათაყუანნეთ პატიოსანსა ჯუარსა". მაშინ რქუეს: "არა ბრძანებულ არს უფლისაგან მახჳლისა აღება, არამედ სახარებითა და ჯუარითა პატიოსნითა უჩუენოთ გზა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ, და მადლმან ღმრთისამან განანათლოს ბნელი იგი გულთა მათთა.       და წარვიდა წმიდა ნინო და ეპისკოპოსი იოვანე, და მათ თანა წარატანა მეფემან ერის-თავი ერთი. მივიდეს და დადგეს წობენს, და მოუწოდეს მთეულთა, პირუტყუთა სახეთა მათ კაცთა, ჭართალელთა, ფხოელთა, წილკანელთა და გუდამაყრელთა. და უქადაგეს მათ სჯული ქრისტიანეთა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ. ხოლო მათ არა ინებეს ნათლის-ღება. მაშინ ერის-თავმან მეფისამან მცირედ წარმართა მახჳლი მათ ზედა, და ძლევით შემუსრნა კერპნი მათნი.       გარდამოვიდეს მუნით და დადგეს ჟალეთს, და უქადაგეს ერწო-თიანელთა. ხოლო მათ შეიწყნარეს და ნათელ-იღეს. ხოლო ფხოელთა დაუტევეს ქუეყანა მათი და გარდავიდეს თუშეთს. და სხუანი-ცა მთეულნი უმრავლესნი არა მოიქცეს, არამედ დაუმძიმა მათ მეფემან ხარკი, ოდეს არა ინებეს ნათლის-ღება. ამისთჳს წარკრბეს იგინი და შესცთეს, და რომელნი-მე უკანასკნელ მოაქცივნა აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსმან და რომელნი-მე მათგანნი დარჩეს წარმართობასა-ვე შინა დღეს-აქამომდე.       ხოლო წმიდა ნინო წარემართა წარსლვად რანს, მოქცევად ფეროზისა. და ვითარცა მიეახლა კუხეთს, დაბასა ბოდისასა, დაყვნა მუნ დღენი რა-ოდენნი-მე. და მოვიდოდეს მისსა კახეთით, ჰკითხვიდეს და აღიარებდეს სწავლასა მისსა სიმრავლე ერისა. მაშინ დასნეულდა მუნ; და ვითარცა ცნა რევ, ძემან მეფისამან, და სალომე, ცოლმან მისმან, რომელნი ცხორებდეს უჯარმას, მოვიდეს ნინოსა და აცნობეს მეფესა და დედოფალსა. ხოლო მათ მიავლინეს ეპისკოპოსი იოვანე წარმოყვანებად წმიდისა ნინოსსა, ხოლო წმიდა ნინო არა ერჩდა. მაშინ წარვიდა თჳთ მეფე და სიმრავლე ერისა. და შეკრბა მის ზედა სიმრავლე ერთა ძლიერთა. რამეთუ ხედვიდა ყოველი იგი ერი პირსა ნინოსსა, ვითარცა პირსა ზეცისა ანგელოზისასა, და მოსწყუედდიან ფესუსა სამოსლისა მისისასა, მიიღებდეს და ემთხუეოდეს სარწმუნოებით, და იძულებით ევედრებოდეს ყოველნი დედოფალნი, გარემოს მსხდომნი, რომელთა გარდამოსდიოდე ცრემლნი თუალთაგან მათთა განშორებისათჳს მოძღურისა მათისა და მოღუაწისა, და სნეულთა მკურნალისა ჴელოვანისა.       და ეტყოდეს სალომე უჯარმელი და პეროჟავრი სივნელი და მათ თანა ერის-თავნი და მთავარნი ჰკითხვიდეს, თუ "ვინა ანუ სადათ მოხვედ ამა ქუეყანასა მაცხოვრად ჩუენდა, ანუ სადათ-მე იყო აღზრდა შენი, დედოფალო; მაუწყე ჩუენ საქმე შენი. რასა იტყჳ ტყუეობასა, ტყუეთა მჴსნელო სანატრელო, რამეთუ ესე-რა გჳსწავიეს შენ მიერ, ვითარმედ ყოფილ არიან წინასწარმეტყუელნი პირველ ძისა ღმრთისა, და შემდგომად მოციქულნი თორმეტნი და სხუანი სამოცდაათნი, და ჩუენდა არა-ვინ მოავლინა ღმერთმან, გარნა შენ, და ვითარ იტყჳ, ვითარმედ ტყუე ვარი მე, ანუ ვითარ უცხო".       მაშინ იწყო სიტყუად წმიდამან ნინო და თქუა: "ასულნო სარწმუნოებისანო, მახლობელნო დედოფალნო ჩემნო. გხედავ თქუენ, ვითარცა პირველთა მათ დედათა, ყოველთა სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, და გნებავს გზათა ჩემთა ცნობა, გლახაკისა მჴევლისათა. აწ გაუწყო-ცა, რამეთუ ესე-რა მოსრულ არს სული ჩემი ჴორჴად ჩემდა, და მეძინების მე ძილითა დედისა ჩემისათა საუკუნოდ. არამედ მოიხუენით საწერელნი და დაწერეთ გლახაკი და უდები ცხოვრება ჩემი, რათა უწყოდიან შვილთა-ცა თქუენთა სარწმუნოება თქუენი, და შეწყნარება ჩემი, და სასწაულნი ღმრთისანი, რომელ გიხილვან".       მაშინ მსწრაფლ მოიხუნეს საწერელნი სალომე უჯარმელმან და პეროჟავრი სივნელმან: იწყოსიტყუად წმიდამან ნინო, ხოლო იგინი წერდეს. და წარმოუთხრა ყოველი, რომელი ზემოთ დავწერეთ, ცხოვრება მის წმიდისა და ნეტარისა. და შევედრა მეფესა იაკობ მღდელი, რათა შემდგომად იოვანესსა იგი იყოს ეპისკოპოს. მაშინ იოვანე ეპისკოპოსმან შეწირა ჟამი და აზიარა წმიდა ნინო ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსადა შევედრა სული თჳსი მეუფესა ცათასა, ქართლად მოსლვითგან მისით მეთოთხმეტესა წელსა, ქრისტეს ამაღლებითგან სამას ოცდათურამეტსა წელსა, დასაბამითგანთა წელთა ხუთიათას რვაას ოცდათურამეტსა.       მაშინ შეიძრნეს ორნი-ვე ესე ქალაქნი, მცხეთა და უჯარმა, და ყოველი ქართლი, მიცვალებასა ნინოსსა. მუნ მივიდეს და დამარხეს ძლევით შემოსილი გუამი მისი ადგილსა-ვე ზედა კუხეთს, დაბასა ბოდისასა, რამეთუ მუნ ითხოვა თჳთ დაფლვა მეფისაგან, შეხედვებითა ღმრთისათა: სიმდაბლისათჳს ქმნა ესე წმიდამან, რამეთუ ადგილი იგი შეურაცხი იყო. და მწუხარე იყო მეფე და ყოველნი წარჩინებულნი მუნ დაფლვასა მისსა, არამედ მცნებისა და ანდერძისა მისისა აღსრულებისათჳს დაფლეს მუნ.       და ვითარ აღასრულა ესე ყოველი ღმრთივ-განბრძნობილმან მირიან მეფემან, განამტკიცა ყოველი ქართლი და ჰერეთი სარწმუნოებასა ზედა სამებისა წმიდისასა, ერთარსებისა ღმრთისა დაუსაბამოსასა, დამბადებელისა ყოვლისასა; და განმტკიცდეს სრულსა სარწმუნოებასა ზედა.       მაშინ კეისარსა კოსტანტინეს რომელ ჰყვა მძევალი, ძე მირიანისი, რომელსა ერქუა ბაქარ, გამოგზავნა იგი მეფემან კოსტანტინე ნიჭითა დიდითა, და მოუწერა ესრეთ: "მე, კოსტანტინე მეფე, თჳთ-მპყრობელი, ახალი მონა ცათა მეუფისა, პირველ ეშმაკისაგან წარტყუენული და მერმე გამოჴსნილი დამბადებელისა მიერ, მოვსწერე შენდა ღმრთივ-განბრძნობილისა და ჩემთანა-ვე ახალ-ნერგისა, მორწმუნისა მეფისა მირიანისსა. იყავნ შენ თანა მშჳდობა და სიხარული! ვინათგან იცან შენ სამება ერთარსება, ღმერთი დაუსაბამო, დამბადებელი ყოვლისა, არღარა მიჴმს მე შენგან მძევალი, არამედ კმა არს ჩუენ შორის შუა-მდგომელად ქრისტე, ძე ღმრთისა, პირველ ჟამთა შობილი, რომელი განკაცნა ჴსნისათჳს ჩუენისა, და ჯუარი მისი პატიოსანი, რომელი მოცემულ არს ჩუენდა წინა-მძღურად, გულითა მოსავთა მისთა, და შუა-მდგომელობითა ღმრთისა დამბადებელისათა ვიყვნეთ ჩუენ სიყუარულსა ზედა ძმებრივ. და შვილი შენი შენდა-ვე მიმინიჭებიეს, იხილე და განიხარე; და ღმრთისაგან მოვლინებული ანგელოზი მშჳდობისა იყავნ შენ თანა მარადის; განდევნენ ღმერთმან დამბადებელმან ეშმაკი მაცთური საზღვართაგან შენთა".       მოვიდა ბაქარ, ძე მეფისა მირიანისი, და მოციქული კოსტანტინე მეფისა მცხეთას. აღივსნეს სიხარულითა მირიან მეფე და ნანა დედოფალი, და მადლობდეს ღმერთსა, ნიჭთა სრულთა მომცემელსა.       მაშინ მირიან მეფემან განასრულა ეკლესია საეპისკოპოსო და აღასრულა სატფურება მისი მრავლითა დიდებითა. და მოქცევითგან მირიან მეფისათ მეოცდახუთესა წელსა მოკუდა ძე მისი რევ, სიძე თრდატ სომეხთა მეფისა, რომლისადა-ვე მიეცა მეფობა სიცოცხლესა-ვე მისსა. და დაფლეს აკლდამასა-ვე, / რომელი თჳთ მას-ვე რევს აღეშენა.       და მას-ვე წელიწადსა დასნეულდა მირიან მეფე, რომელი-ცა აღესრულა. და მოიყვანა ძე მისი ბაქარ და ცოლი მისი ნანა, და რქუა ნანას: "აჰა ესე-რა, მე წარვალ ვინა-ცა მოვედ, დავმადლობ მრავალ-მოწყალესა ღმერთსა, დამბადებელსა ცისა და ქუეყანისასა, რომელმან წარტყუენული ეშმაკისაგან მიჴსნა მე პირისაგან ჯოჯოხეთისა, და ღირს მყო მე მარჯუენით მის თანა. შენ, ნანა, უკეთუ გეცეს-ღა მოცალება ცხოვრებისა ჩემისა შემდგომად განყავ სამეფო განძი ჩუენი ორად, და მიიღე სამარხავსა ნინოსა, განმანათლებელისა ჩუენისასა, ჟამთა შეცვალებისათჳს, რათა არა შეირყიოს უკუნისამდე იგი ადგილი; რამეთუ მეფეთა საჯდომი არს, არამედ მწირ არს". ეგრეთ-ვე დავედრა ეპისკოპოსთა, რათა ადიდონ დიდება მის ადგილისა, "რამეთუ ღირს არს პატივის-ცემასა".       ხოლო ძესა თჳსსა რქუა: "შვილო ჩემო, შეიცვალა ბნელი ჩემი ნათლად და სიკუდილი ცხოვრებად. შენდა მომიცემია გჳრგჳნი მეფობისა ჩემისა. ღმერთმან დამბადებელმან ცისა და ქუეყანისამან დაგამტკიცენ შენ სრულსა სარწმუნოებასა ზედა. იწურთიდი ყოვლად-ვე მცნებათა ძისა ღმრთისათა, და დაადგერ სრულიად მათ ზედა: და სახელსა ზედა ქრისტესსა სიკუდილი ცხოვრებად გიჩნდინ, რომლითა წარუვალი ცხოვრება მოიგო. და სადა პოვნე ვნებანი იგი ცეცხლისანი კერპნი, ცეცხლითა დაწუენ, და ნაცარი შეასუ რომელნი მათ ესვიდენ. და ესე შვილთა-ცა შენთა ამცენ, რამეთუ მე ვიცი იგი, რომელ კავკასიათა-ცა შინა-ვე დაილევიან. ხოლო შენ ამას შეუდეგ გულითა შენითა, და თავი შენი შევედრე ძესა ღმრთისასა, პირველ ჟამთა შობილსა, და განკაცებულსა, და ვნებულსა ჴსნისათჳს ჩუენისა. და წარძღუანებითა პატიოსნისა ჯუარისათა სძლო მტერთა, ვითარცა აქუს ჩუეულება გულითა მოსავთა მისთა. და პატივს-ცემდი სუეტსა მას ცხოველსა ღმრთივ-აღმართებულსა, და იყავნ ყოვლითურთ სასოება შენი მისა მიმართ, და იყავნ მისლვა შენი ძილად საუკუნოდ სარწმუნოებასა ზედა სამებისასა".       და მოაყვანებინა ჯუარი იგი წმიდისა ნინოსი, რომელი პირველითგან აქუნდა, და ჩამოჰკიდა გჳრგჳნი სამეფო ჯუარსა მას. და მოიყვანა ძე თჳსი ბაქარ. და თავსა მისსა გამოსახა .სახე ჯუარისა; და აღიღო გჳრგჳნი ჯუარისაგან და დადგა თავსა ძისა თჳსისასა. და აღესრულა მირიან მეფე, და დაეფლა ზემოსა ეკლესიასა, საშუალსა სუეტსა სამხრითსა, ჩრდილოთ-კერძო. და მას სუეტსა შინა არს ნაწილი ღმრთივ-აღმართებულისა მის სუეტისა. და მეორესა წელსა მოკუდა ნანა დედოფალი, და დაეფლა მას-ვე სუეტსა დასავალით, სადა მირიან მეფე დამარხულ იყო. ქართლის ცხოვრება სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემა ტომი 1 თბილისი 1955 აქვე, შატბერდული ვერსიის PDF: მოქცევაი ქართლისაი …
დაამატა ლაშა to ელ. წიგნები at 12:12am on ივნისი 1, 2013
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

Best Pillow For Neck Pain Options

გამოაქვეყნა Melodee Duncombe_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 4:27am 0 კომენტარი 0 მოწონება

Adultphoto It's got an identical unconventional contoured shape as being the Derila, Derila Customer Reviews Neck Support and I discovered it kept my neck and again aligned incredibly nicely all night. I woke up experience fairly contemporary and without the aches and pains that I usually Get Derila Official from sleeping in a very weak position. We…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი 0 მოწონება

გაგრძელება

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი 2 მოწონება

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი 1 Like

კოლოქვიუმი

პიკასო

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

პიკასო

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2023…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2025   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!