ხორხე ლუის ბორხესი

მოთხრობები

მედალი

       მე ტყის მჭრელი ვარ. ჩემი სახელი არაფრის მთქმელია. ქოხმახი, სადაც დავიბადე და სადაც მალე აღვესრულები, ტყის პირას დგას. ამბობენ, ტყე ზღვამდეა გადაჭიმულიო, რომელიც მთელ ხმელეთს ევლება გარს და რომელზეც ჩემი ქოხის მსგავსი ხის სახლები ლივლივებენ. თუმცაღა დანამდვილებით არ ვიცი, თვითონ მისი ნახვის შესაძლებლობა არ მომცემია. არც ტყე მინახავს მეორე მხრიდან. ჩემმა უფროსმა ძმამ დამაფიცა, ჯერ კიდევ ჩვენს ბავშვობაში, რომ ჩვენ ორნი უკანასკნელ ხემდე გავჩეხავდით ამ ტყეს. ძმა უკვე მოკვდა, მე კი ახლა სხვა რამ მაფიქრებს: ერთ ნივთს ვეძებ და მის ძებნაში არ დავიღლები. იმ მხარეს, საითაც მზე ჩადის, პატარა მდინარე ჩამოედინება; ხელით ვახერხებ თევზის დაჭერას. ტყეში მგლები დაძრწიან. თუმცა მგლები არ მაშინებენ: ჩემს ცულს არც ერთხელ არ გაუცრუებია ჩემთვის იმედი. ჩემს წლებს არ ვითვლი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ცოტა არ დაგროვილა. ჩემი თვალები ძლივსღა ხედავენ რამეს. სოფელში, სადაც აღარ დავდივარ, იმიტომ, რომ დაკარგვის მეშინია, წუწურაქს მეძახიან, მაგრამ ტყის მჭრელი აბა დააგროვებს ბევრს?

       ჩემი ქოხის კარს ქვებით ვქოლავ, რომ თოვლის ნამქერი არ შემოვარდეს. ერთ საღამოს მძიმე ნაბიჯების ხმა შემომესმა, მას კარზე კაკუნიც მოჰყვა. გავაღე, ჩემთვის უცნობი მწირი, მოხუცი კაცი იყო, მაღალი, უჯრედებიან ლაბადაში გახვეული. სახე იარებით ჰქონდა დასერილი. ჩანდა, წლებს ვერ მოეტეხა, მხოლოდ ძალა შეემატებინა, თუმცაღა შევნიშნე, რომ ჯოხის გარეშე ძნელად დადიოდა. რამდენიმე სიტყვა გავცვალეთ, რაზე – აღარ მახსოვს. მერე მან თქვა: – მშობლიური სახლი არ მაქვს, სადაც მიღამდება, იქ მითენდება. მთელი საქსონია მოვიარე. ამ სახელწოდებით მოხსენიება მისი ასაკის შესაფერისი იყო. მამაჩემი ყოველთვის ლაპარაკობდა საქსონიაზე, რომელსაც ახლა ინგლისს უწოდებენ.

       თევზი და პური მქონდა. სუფრასთან ვდუმდით. წამოწვიმა. ტყავებისგან სახელდახელოდ ლოგინი გავუშალე შიშველ მიწაზე, სწორედ იმ ადგილას, სადაც ჩემი ძმა მოკვდა. ღამის დადგომისთანავე ძილს მივეცით თავები. კარგად გათენებულიყო, შინიდან რომ გამოვედით. წვიმას გადაეღო და მიწა თრთვილს დაეფარა. კაცს ჯოხი გაუვარდა ხელიდან, მიბრძანა მიმეწოდებინა.

– რატომ მიბრძანებ? – ვკითხე უცებ.

– იმიტომ, – მიპასუხა, – რომ მე ჯერ კიდევ მეფე ვარ.

გიჟად ჩავთვალე. ჯოხი ავიღე და მივაწოდე.

შეცვლილი ხმით ალაპარაკდა.

– ჰო, მე სექგენების მეფე ვარ. ათასჯერ მაინც მომიტანია მათთვის გამარჯვება მძიმე ბრძოლებში, მაგრამ ჩემი ჟამიც დადგა და სამეფო დავკარგე. ჩემი სახელი იზერნია, ოდინების გვარიდან ვარ.

– მე არ ვიცი ოდინი, – ვუპასუხე მშვიდად, – მე ქრისტეს ვეთაყვანები.

  თითქოს არ გაუგონიაო, თხრობა განაგრძო: – დევნილი დავეხეტები, მაგრამ ჯერ კიდევ მეფე ვარ, რადგან მედალი თან მაქვს. გინდა გაჩვენო? ჩამომხმარი ხელისგული გახსნა, თუმცა იქ არაფერი ჰქონდა. ხელისგული ცარიელი იყო. მაშინღა გამახსენდა, რომ მარცხენა მუშტი დღედაღამ მოკუმული ჰქონდა. გამჭოლად შემხედა და მითხრა: – შეგიძლია ხელით შეეხო. ფრთხილად შევახე თითი მის ხელისგულს. რაღაც ცივი ვიგრძენი, ელვარებამაც მომჭრა თვალი. ხელი სწრაფად მომუშტა. ვდუმდი. მაშინ წყნარად დაიწყო თხრობა, თითქოს ბავშვს უამბობდა ძილისპირულს: – ეს ოდინის მედალია. მას მხოლოდ ერთი მხარე აქვს. მაგრამ მის გარდა ამქვეყნად არაფერია საპირისპირო მხარის გარეშე. სანამ ეს მედალი ხელში მაქვს, მეფედ ვრჩები.

– ოქროსია? – ჩავეკითხე.

– არ ვიცი. ეს ოდინის მედალია. ცალი მხარით.

უცებ მედლის დაუფლების დაუოკებელმა სურვილმა შემიპყრო. ის რომ ჩემი გამხდარიყო, უამრავ ოქროს მივიღებდი მასში და მეფე გავხდებოდი. მაწანწალას, რომელიც დღემდე მძულს, შევთავაზე: – ქოხში მონეტებით სავსე სკივრი მაქვს დამალული. ოქროს მონეტებია, ნაჯახის პირივით ბრჭყვიალებენ. თუ ოდინის მედალს მომცემ, მე სკივრს დაგითმობ.

მტკიცედ თქვა: – არ მსურს.

– მაშინ, შენი გზით წადი.

ზურგი შემაქცია... ზურგში ნაჯახის ჩაცემა საკმარისი აღმოჩნდა, მეტისმეტადაც კი, რომ შეტორტმანებულიყო და ძირს უსულოდ დაცემულიყო, თუმცა ამ დროს მუშტი გაეხსნა და ჰაერში მანათობელი ნაპერწკალი დავინახე. ცული მორში ჩავასე და გვამი მდინარისკენ წავიღე, რომელიც ადრე უფრო ღრმა იყო. იქვე ჩავაგდე. სახლის სიახლოვეს მედლის ძებნას შევუდექი. მაგრამ ვერ ვიპოვე. მთელი ეს წლებია ვეძებ და ვეძებ...

 

ეთნოგრაფი

       ამის შესახებ ტეხასში მიამბეს, თუმცა ეს ამბავი რომელიღაც სხვა შტატში მოხდა. მთავარ გმირს, ახმახს, ყველა ამერიკელივით, თმის გაურკვეველი ფერით, მგონი ფრედი ერქვა. ფრედ მურდოკი. მას არაფერი ჰქონია ორიგინალური, სწორედ ამით გამოირჩეოდა აცვენილი ახალგაზრდობისგან. წიგნებს სცემდა პატივს და მათი სჯეროდა, ვინც ამ წიგნებს წერდა. მის ასაკში ცოტამ თუ იცის, რას მიუძღვნას თავი, ფრედიც ბედის ნებას მინდობოდა და მზად იყო სპარსული მისტიკისთვის დაეთმო დრო, უნგრული დაილექტისთვის, ომის გზას გასდგომოდა ან სულაც მათემატიკოსი გამხდარიყო. უნივერსიტეტში უკარნახეს, ინდიელების წეს-ჩვეულებების შესწავლას შესდგომოდა, ხანდაზმულმა პროფესორმა კი ფრედს შესთავაზა, პრერიაში წადი და იქ შეისწავლე იშვიათი, ჯერ კიდევ შემორჩენილი ტომებიო. ფარდულში უნდა ეცხოვრა და სხვათა ჩვეულებებს დაჰკვირვებოდა, მათი ღრმა აზრები ამოეცნო, ინდიელ მაგთა საიდუმლოებებს ჩასწვდომოდა. უკან დაბრუნებული ამის შესახებ ნაშრომს დაწერდა. თუმცაღა მურდოკი არ იყო დიდად გახარებული. მისი ერთ-ერთი წინაპარი საზღვარზე დაიღუპა და ეს ძველი ოჯახური ტკივილი რატომღაც ღრღნიდა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ სირთულეებზე, რაც გზაში ელოდა, ამ ველურ წითელკანიან ადამიანებს ხომ თავიანთ კლანში უნდა მიეღოთ, თავისიანად ეცნოთ. თუმცა მურდოკი მაინც წავიდა. ორ წელზე მეტი იცხოვრა უდაბნოში, ხან ტყავს აფარებდა თავს და ხან ცას. მზეს ასწრებდა ადგომას და შუაღამისას წვებოდა. ისეთ დიალექტზე ხედავდა სიზმრებს, რომელიც არ შეიძლებოდა სცოდნოდათ მის დედასა და მამას.

       უხეშ საკვებს და უცნაურ სამოსს მიეჩვია, დაავიწყდა მეგობრებიც, ქალაქიც, რომელშიც თითოეულ ქვას იცნობდა. რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ ტომის ქურუმმა ფრედს დავალებები მისცა, სავარჯიშოები სხეულისა და სულისთვის. ქურუმმა ურჩია რომელიმე უცნაური სიზმარი გაეხსენებინა. დრო გავიდა და ერთ მთვარიან ღამეს მოწაფეს ბიზონები ესიზმრა. გამთენიისას მოძღვარს უამბო ნანახის შესახებ. მას მერე მაგი საიდუმლოს განდობას შეუდგა. ორი წლის შემდეგ, ადრიან დილით, ფრედმა ინდიელები დატოვა. ქალაქში დაბრუნებულს უცებ ნოსტალგია მოაწვა, პრერია მოენატრა, სწორედ ის ველები, სადაც ოდესღაც ქალაქზე დარდობდა. პროფესორს უთხრა, რომ გადაწყვიტა არ გამოექვეყნებინა მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია.

– ფიცი დადე?

– არა, უბრალოდ არ შემიძლია გიამბოთ, რაც ახლა ვიცი.

– ინგლისური ენა არ კმარა ამისთვის? – გაეღიმა პროფესორს, – ეგ არაფერ შუაშია, სერ. ახლა, მას მერე, რაც საიდუმლოს დავეუფლე, შემეძლო ის ათასი სხვადასხვა საშუალებით გადმომეცა. საქმე ის არის, რომ ჩვენი მეცნიერება, რომელსაც უნდა ვაჩუქო ეს ცოდნა, ახლა სრულ უაზრობად მეჩვენება. და პაუზის შემდეგ: – გარდა ამისა, საიდუმლო არაფერია იმ გზასთან შედარებით, რომელიც მე განვვლე. პროფესორი გამოემშვიდობა: – ამის შესახებ საბჭოს ვამცნობ. თქვენ მათთან დაბრუნება გსურთ?

– არა. ეს არ არის საჭირო. ის, რაც მასწავლეს, ყველგან გამომადგება. ფრედი დაქორწინდა, მერე განქორწინდა და ახლა იელში ბიბლიოთეკარად მუშაობს.

 

უხუცესი სენიორა

       1941 წლის 14 იანვარს მარია ხუსტინე რუბიო დე ხაურეგის ასი წელი შეუსრულდა. ის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა თაობის ერთადერთი ჯერ კიდევ ცოცხლად დარჩენილი ქალიშვილი იყო. მამამისი, პოლკოვნიკი მარიანო რუბიო, გადაჭარბების გარეშე ჭეშმარიტი განმათავისუფლებელი გახლდათ. მერსედის მხარეში დაიბადა, ბუენოს-აირესის პროვინციაში, მესაქონლეთა ოჯახში. ანდურ არმიაში ალფერესის ჩინამდე იმსახურა, ჩაკაბუკოსთვის იბრძოდა, კანჩა-რაიადასთან ტრაგიკულ ბრძოლაში მონაწილეობდა, მაიპუსთან შეტაკებაშიც და ორი წლის შემდეგ არეკიპოსთანაც. ამბობენ, რომ ამ ბრძოლის წინ მან და ხოსე დე ოლავარიამ მახვილები გაცვალეს. 1823 წლის აპრილში სერო-ალტოს ცნობილი ორთაბრძოლა მოხდა, მაგრამ რაკი ის ველზე მიმდინარეობდა, სერო-ბერმეხოს ბრძოლასაც უწოდებენ. ვენესუელელები, რომლებსაც მარადიული შური აქვთ ჩვენი საარაკო გმირობებისა, ამ გამარჯვებას გენერალ სიმონ ბოლივარს მიაწერენ, მაგრამ მიუკერძოებელი მემატიანე არგენტინელ ისტორიკოსებს შორის თავს არ ისულელებს და შესანიშნავად იცის, რომ დაფნის გვირგვინი სამართლიანად ეკუთვნის პოლკოვნიკ მაკანო რუბიოს. სწორედ მან, კოლუმბიის ჰუსართა პოლკის სათავეში მყოფმა, გადაწყვიტა ხმლებითა და შუბებით გახანგრძლივებული ბრძოლის ბედი, რამაც დაუდო საფუძველი არანაკლებ სახელოვან გამარჯვებას აიაკუჩოსთან, რომელშიც მას ასევე მიუძღვის წვლილი. იქვე დაიჭრა.

       1827 წელს იტუსაინგოსთან გამოიჩინა თავი, სადაც ჯარს ალვეარი მეთაურობდა. მიუხედავად როსასთან შორეული ნათესაობისა, ლავალიეს კაცი იყო და ფედერალები დაამარცხა ორთაბრძოლაში, რომელსაც ყოველთვის უწოდებდა „მახვილცემულს“. როცა უნიტარისტები შეიმუსრნენ, აღმოსავლეთ პროვინციაში გაემგზავრა, სადაც იქორწინა კიდეც. დიდი ომის დროს მონტევიდეოში გარდაიცვალა, ქალაქში, რომელიც ბლანკო ორიბემ დააარსა. ორმოცდაოთხი წლის იყო, ეს ასაკი კი მაშინ ლამის სიბერედ მიიჩნეოდა. თავის შემდეგ ორი ქალიშვილი დატოვა. მათგან მარია ხუსტინა არის ის, ვისზეც ახლა გვექნება საუბარი. 1853 წლის ბოლოს პოლკოვნიკის ქვრივი თავის ორ ქალიშვილთან ერთად ბუენოს-აირესში დაფუძნდა. მათ არ დაუბრუნეს ტირან როსასის მიერ ჩამორთმეული სოფლის ადგილ-მამულები, თუმცა მოგონებები დაკარგულ მიწებზე, რომლებიც თვალითაც არასდროს ენახათ, დიდხანს ცოცხლობდა ოჯახში. ჩვიდმეტი წლის მარია ხუსტინა დოქტორ ბერნარდ ხაურეგის გაჰყვა ცოლად, რომელიც სამოქალაქო პირი იყო, თუმცა პავონსა და სეპედასთან ბრძოლამ მოუწია და თავის სამსახურებრივ პოსტზე გარდაიცვალა ყვითელი ციებ-ცხელების ეპოქაში. მას ვაჟი და ორი ქალიშვილი დარჩა. მარიანო, პირმშო, საგადასახადო ინსპექტორი გახდა და ხშირად დადიოდა ეროვნულ ბიბლიოთეკასა და არქივში, რათა თავისი გმირი პაპის დაწვრილებითი ბიოგრაფია დაეწერა, მაგრამ ვერა და ვერ დაასრულა, ან იქნებ არც დაუწყია. უფროსი და, მარია ელვირა, თავის ბიძაშვილს, ვინმე საავედრას გაჰყვა ცოლად, ფინანსების სამინისტროს ჩინოვნიკს. ხულია – სენიორ მოლინარის, რომელსაც მართალია იტალიური სახელი ჰქონდა, ლათინურის მასწავლებელი იყო და უაღრესად განათლებული კაცი ბრძანდებოდა. შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს არ შევეხები, ისიც საკმარისია, რომ მკითხველს უკვე აქვს წარმოდგენა წარჩინებულ და გაღარიბებულ გვარზე, რომელსაც წინაპრის ეპიკური ჩრდილი და ემიგრაციაში შობილი მისი ქალიშვილი ედგა თავში. მოკრძალებულად და მშვიდად ცხოვრობდნენ პალერმოში, გუადალუპეს ეკლესიის სიახლოვეს და მარიანოს ახსოვდა, რომ იქ ტრამვაის ფანჯრიდან „გრან ნასიონალის“ კომპანიებს ხედავდა, ჭაობებს, რომლებიც ამა თუ იმ რანჩოს ერტყა გარს, ალიზით ნაგებთ. გუშინდელი სიღარიბე ნაკლებად ღარიბული იყო, ვიდრე ის, რომელსაც ჩვენ ინდუსტრიის პროგრესი გვჩუქნის. სიმდიდრეც უფრო მოკრძალებულად გამოიყურებოდა. რუბიოს ოჯახობის საცხოვრებელს კვარტალში საგალანტერეო მაღაზიის ზედა სართული ეკავა. უკანა კიბე ვიწრო იყო. მარჯვნივ შემოვლებური მოაჯირი ბნელი შემოსასვლელის კედელსაც მიუყვებოდა, სადაც საკიდები და რამდენიმე სკამი იდგა. მისაღებიდან კარი რბილი სავარძლებით გაწყობილი მცირე სასტუმრო ოთახისკენ მიემართებოდა, სასტუმრო ოთახიდან კი წითელი ხის ავეჯითა და შემინული ვიტრინით მორთულ სასადილოში. მუდამ ჩამოშვებული ჟალუზების მიღმა, რომელიც მწველი მზისგან იცავდა ოთახს, სუსტი შუქი აღწევდა. მახსოვს, იქ ცოტა ობის სუნიც კი იდგა. სიღრმეში საძინებლები იყო, სააბაზანო ოთახი, პატარა პატიო ნიჟარით და სათავსო დამლაგებლისთვის. სახლში არ ყოფილა სხვა წიგნი, ანდრადეს გარდა, მონოგრაფიებისა გმირზე, ხელნაწერი დამატებებით და ასევე მონტანერისა და სიმონის ესპანურ-ამერიკული ლექსიკონიც, რომელიც იმიტომ ჩავარდნოდათ ხელში, რომ განვადებით ყიდდნენ დაბალ ფასად. სამაგიეროდ, იყო კიდევ პენსია, რომელიც ყოველთვის აგვიანებდა, და შემოსავალი ლომას-დე-სამორესთან არსებული ერთ დროს ვრცელი ნაკვეთის გაქირავებული ნაგლეჯიდან.

       იმ დროისთვის, რომლითაც დავიწყეთ ჩვენ თხრობა, უხუცესი სენიორა დაქვრივებულ ხულიასა და მის ვაჟთან ერთად ცხოვრობდა. კვლავ ვერ იტანდა არტიგასს, როსასა და ურკისს. პირველი ევროპული ომი, რომელმაც მისთვის თითქმის აბსტრაქტულად არსებული გერმანელების სიძულვილი შთაუნერგა, ნაკლებად აღელვებდა, ვიდრე ცხრაასი წლის გადატრიალება და სერო-ალტოსთან ორთაბრძოლა. 1932 წლიდან თანდათანობით დაიწყო ჭკნობა. საყოველთაოდ ცნობილი მეტაფორები საუკეთესოა, რადგან ზუსტია. გასაგებია, რომ ის კათოლიკურ რწმენას მისდევდა, საიდანაც სულაც არ გამომდინარეობს ის დასკვნა, რომ ღმერთის სწამდა, ერთადერთისა სამ იპოსტასში, ან სულის უკვდავებისა. ბუტბუტებდა ლოცვებს, რომლებიც არ ესმოდა, თითებით კი კრიალოსანს მარცვლავდა. აღდგომასა და მოგვთა დღესასწაულს შობა ერჩივნა, მატეს ნაცვლად კი ჩაის სმა უყვარდა. სიტყვები „პროტესტანტი“, „ებრაელი“, „მასონი“, „ერეტიკოსი“ და „ურჯულო“ მისთვის სინონიმები იყო და არაფერს ნიშნავდა. ყველა ვითარებაში ესპანელებს „გოდოთი“ მოიხსენიებდა, როგორც მისი მშობლები. 1910 წელს ვერ იჯერებდა, რომ ინფანტა, რომელიც მაინც პრინცესა იყო, მოლოდინის საწინააღმდეგოდ ჩვეულებრივი გალისიელივით მეტყველებდა და არა როგორც არგენტინელი სენიორა. ეს გამაოგნებელი ამბავი მისი სიძის დაკრძალვაზე ამცნო ერთმა მდიდარმა ნათესავმა, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა მათთან სახლში, მაგრამ რომლის სახელსაც ისინი ხარბად ეძებდნენ ელიტური ქრონიკების სვეტებში.

        სენიორა ხაურეგისთვის ქუჩები არ იცვლიდნენ სახელწოდებებს. იხსენებდა არტეს ქუჩას, ტემპლეს ქუჩას, ბუენ-ორდენის ქუჩას, პიედადის ქუჩას, ორ კალიეს ლარგასს, პარკესა და პორტონესის მოედნებს. ოჯახის წევრები გიჟდებოდნენ არქაიზმებზე, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ სიტყვას მოჰქონდა ხოლმე. მაგალითად, ამბობდნენ არა „ურუგვაელებს“, არამედ „აღმოსავლელებს“. ქალი შინიდან არ გამოდიოდა და ალბათ აზრზეც არ იყო, რომ ბუენოს-აირესი იცვლებოდა და იზრდებოდა. ქალაქი, რომელსაც ის გასასვლელი კარიდან ხედავდა, გაცილებით ხნოვანი იყო იმ დროის ქალაქზე, რომელშიც ისინი ცენტრიდან გადასახლდნენ. შებმული ხარები და ორთვალა ურმები ალბათ ისევ იდგა ონსეს მოედანზე, უკვდავას ყვავილები კი ბარაკასის მინდვრებზე აფრქვევდნენ სურნელს. „მიცვალებულები მესიზმრება“, – ეს მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ფრაზა იყო. უტვინო არ გახლდათ, მაგრამ როგორც ვიცი, არასდროს მიეცემოდა ინტელექტუალურ სიამეებს, ის დარჩენოდა, რასაც მეხსიერება ჩუქნიდა, მერე კი – მივიწყება. ყოველთვის გულუხვი იყო. მახსოვს მისი ნათელი მშვიდი თვალები და ღიმილი. ვინ იცის, რა გიჟური ვნებები, ახლა ჩამცხრალი, ერთ დროს კი მწველი განუცდია ამ ხანდაზმულ, ერთ დროს მშვენიერ ქალს. მცენარეების მოყვარული გახლდათ, მათი სადა ჩუმი ცხოვრება მასთან ახლოს იყო, ბეგონიებს უვლიდა თავის ოთახში და იმ ფოთლებს ეხებოდა, რომელთაც უკვე ვეღარ ხედავდა. 1992 წლამდე, როცა ის თითქოს თვლემაში ჩაიძირა, მოსწონდა სხვადასხვა ისტორიული ეპიზოდის მოყოლა, ყოველთვის ერთი და იმავე სიტყვებით და ერთი და იმავე მიმდევრობით, თითქოს „მამაო ჩვენოს“ კითხულობდა, მაგრამ მე მგონია, რომ ისინი უკვე აღარ ასახავდნენ სინამდვილეს. თვითონაც სჯეროდა არაკების. ერთი სიტყვით, ბედნიერი იყო. ძილი, როგორც ცნობილია, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გამოუცნობი აქტია. ჩვენი ცხოვრების მესამედს ვუთმობთ მას, თუმცა ვერ შევიცანით. ერთისთვის ის მხოლოდ გონების დაბინდვაა, სხვებისთვის – ურთულესი მდგომარეობა, რომელიც ერთდროულად სამ დროს მოიცავს: გუშინდელს, დღევანდელსა და ხვალინდელს, სხვათათვის კი სიზმრების უწყვეტი მიმდევრობაა. იმის თქმა, რომ სენიორა ხაურეგიმ ათი წელი გაატარა უძრავ ქაოსში, ალბათ მცდარი იქნებოდა. ამ ათი წლიდან თითოეული წამი ალბათ მხოლოდ ახლანდელი იყო, უწინდელისა და შემდგომის გარეშე. და არ არის საჭირო მეტისმეტად მოიხიბლო ახლანდელით, რომელსაც დღეებითა და უსასრულო კალენდრების ასობით ფურცლით ვზომავთ, თავისი მიზნებითა და მოვლენებით, ეს სწორედ ის ახლანდელია, რომლის მიჯნასაც ყოველ დილას ვაბიჯებთ, სანამ გავიღვიძებთ, და ყოველ ღამე, სანამ დავიძინებთ. ჩვენ ყოველდღე ორჯერ ვხდებით უხუცესი სენიორა. ხაურეგის ოჯახის წევრები, როგორც უკვე დავრწმუნდით, ოდნავ დაბინდულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათ სჯეროდათ, რომ არისტოკრატიას მიეკუთვნებოდნენ, თუმცა გავლენიანი ადამიანები მათ არ იცნობდნენ; გმირის შთამომავლები იყვნენ, თუმცა ისტორიის წიგნებში, როგორც წესი, მას არ მოიხსენიებდნენ. მართალია, მის სახელს ქუჩა ატარებდა, მაგრამ ეს ქუჩა, რომელიც ძალიან ცოტამ თუ იცოდა, სადღაც დასავლეთ სასაფლაოს უკან მიიკარგა.

        სახსოვარი დღე ახლოვდებოდა. ათ იანვარს სამხედრო გამოჩნდა სააღლუმე ფორმით. წერილი, თვით მინისტრის ხელმოწერა რომ ამშვენებდა, იუწყებოდა, რომ მინისტრი ვიზიტს გეგმავდა თოთხმეტ რიცხვში. ხაურეგები ყველა მეზობელს უჩვენებდნენ ამ წერილს, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ ბლანკსა და მინისტრის ხელმოწერაზე. მერე კორესპონდენტებმა მოუხშირეს სიარულს, რომლებიც პრესისთვის ამზადებდნენ მასალას. მათ საჭირო ცნობებს აწვდიდნენ და ყველაფრიდან ჩანდა, რომ მათ ნაუწყები ჰქონდათ პოლკოვნიკ რუბიოს შესახებ. თითქმის უცნობი ადამიანები ტელეფონით ითხოვდნენ, მიწვეულთა სიაში ჩაერთოთ. ყველა გულმოდგინედ ემზადებოდა დიდებული დღისთვის. ცვილით წმენდდნენ იატაკებს, რეცხავდნენ ფანჯრებს, ჭაღებს შალითებს ხსნიდნენ, წითელ ხეს აპრიალებდნენ, ვერცხლეულს ასუფთავებდნენ, ავეჯს ალაგებდნენ, სასტუმრო ოთახში ფორტეპიანოსაც ახადეს თავსახური, რათა კლავიშებზე ხავერდის ბილიკი ეჩვენებინათ. ხალხი აქეთ-იქით დადიოდა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც შორს იყო ამ საერთო ფუსფუსისგან, სენიორა ხაურეგი გახლდათ. ჩანს, მან არაფერი უწყოდა. ის იღიმოდა. ხულიამ მოსამსახურის დახმარებით ისე გამოაწყო, თითქოს მიცვალებული ყოფილიყოს. პირველი, რაც სტუმრებს შემოსვლისას თვალში მოხვდებოდათ, გმირი პოლკოვნიკის პორტრეტი გახლდათ და მარჯვნივ, ოდნავ ქვემოთ, მისი ხმალი, რომელიც ყველა ბრძოლაში თან ახლდა. ყველაზე მძიმე წუთებშიც კი არ გაუყიდიათ ეს იარაღი და ოცნებოდნენ, ისტორიული მუზეუმისთვის გადაეცათ. ერთმა კეთილმა მეზობელმა ამ ღირსსახსოვარი დღისთვის ნემსიწვერა ათხოვათ ქოთნით.

       ზეიმი შვიდზე უნდა დაწყებულიყო. სტუმრების შეკრება შვიდის ნახევრისთვის დანიშნეს, რადგან იცოდნენ, რომ არავის უყვარდა იმის ყურება, როგორ „ანთებენ სანთლებს“. რვის ათ წუთზე კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. მასპინძლები არც ისე ხალისიანად მსჯელობდნენ იმაზე, რით არის კარგი და რით ცუდი ასეთი არაპუნქტუალურობა. ელვირამ, რომელსაც წესად ჰქონდა დანიშნულ დროს მისვლა, უაპელაციოდ განაცხადა, რომ ადამიანებს აიძულო ლოდინი იმას ნიშნავს, მათ მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინო. ხულიამ თავისი ქმრის სიტყვები გაიმეორა და ივარაუდა, რომ დაგვიანება თავაზიანობის ნიშანია, რამეთუ რაკი ასე იქცევიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ყველასთვის მოსახერხებელია და არავინ არავის არ აჩქარებს. რვას რომ თხუთმეტი აკლდა, სახლი სავსე იყო. და მთელი კვარტალი შურით სკდებოდა, სენიორა ფიგეროას ავტომანქანისა და მძღოლის დანახვაზე, იმ ფიგეროასი, რომელიც თითქმის არასდროს იწვევდა თავის ნათესავებს, მაგრამ ისინი ხელგაშლილნი ხვდებოდნენ, რათა არავის ეეჭვა, რომ უკანასკნელად ეპისკოპოსის დაკრძალვაზე ენახათ ერთმანეთი. პრეზიდენტმა პირადი ადიუტანტი გამოგზავნა, ძალიან კეთილი სენიორი, რომელმაც ბრძანა, რომ წილად ხვდა დიდი პატივი, სერო-ალტოს გმირის ქალიშვილისთვის ჩამოერთმია ხელი. მინისტრმა, რომელიც მალევე წავიდა, ბრწყინვალე, კარგად შედგენილი სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც, სიმართლე რომ ითქვას, მეტს ლაპარაკობდა სან-მარტინზე, ვიდრე პოლკოვნიკ რუბიოზე. მოხუცი ქალი სავარძელში იჯდა, ბალიშზე გადაწოლილი. დროდადრო თავს ხრიდა ან მარაო უვარდებოდა ხელიდან. რჩეული საზოგადოების ქალბატონებმა, „მამულის დედებმა“ მას ჰიმნი უმღერეს, რომელიც, თითქოს, არც გაუგონია. ფოტოგრაფები შეკრებილთაგან მხატვრულ ჯგუფებს ქმნიდნენ და თავიანთი ნათურების ჩხაკუნით თვალებს უბრმავებდნენ. პორტვეინისა და ხერესის ჭიქები ცოტა აღმოჩნდა. რამდენიმე ბოთლი შამპანური გახსნეს. სენიორა ხაურეგის სიტყვა არ წარმოუთქვამს. ალბათ თვითონ უკვე აღარც იცოდა, ვინ იყო... და ამ საღამოდან ლოგინად ჩავარდა.

       როცა სტუმრები დაიშალნენ, ოჯახობა იმპროვიზებულ ცივ ვახშამს მიუსხდა. ყავისა და თამბაქოს სუნმა მალე გააძევა სუნამოების ნაზი არომატი. დილის გაზეთები ღირსეულად და დამაჯერებლად ცრუობდნენ, როდესაც აღფრთოვანების სიტყვებს გამოთქვამდნენ გმირის ქალიშვილის თითქმის საარაკო ხნოვანების შესახებ და იუწყებოდნენ, რომ ის „არგენტინის ისტორიაში საუკუნის ყველაზე მჭევრმეტყველური მატიანეა“. ხულიას სურდა მისთვის ეს ცნობები ეჩვენებინა. უხუცესი სენიორა უძრავად იწვა ბინდში, თვალებდახუჭული. ტკივილი ან სიცხე არ ტანჯავდა. ექიმმა გასინჯა და თქვა: ყველაფერი რიგზეაო. რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ბრბოს მოდინებამ, გაუგონარმა ხმაურმა, ჩახჩახა შუქებმა, წარმოთქმულმა სიტყვებმა, ხშირმა ხელის ჩამორთმევამ და შამპანიურის გასროლებმა მისი აღსასრული დააჩქარა. ალბათ ფიქრობდა, რომ სახლში მტერი შეიჭრა. ვფიქრობ სერო-ალტოსთან დაღუპულებზე, ვფიქრობ ამერიკისა და ესპანეთის მივიწყებულ ადამიანებზე, რომლებმაც ცხენების ფლოქვებქვეშ პოვეს სიკვდილი; ვფიქრობ, რომ პერუში მახვილებით გაწკეპვლის უკანასკნელი მსხვერპლი, მართალია, ასი წლის დაგვიანებით, ეს მოხუცი ქალი გახდა.

 

სხვა

       ეს ამბავი 1969 წლის თებერვალში მოხდა, ბოსტონის ჩრდილოეთით, კემბრიჯში. ცხელ კვალზე არ ჩამიწერია, რადგან მაშინ მხოლოდ ის სურვილი მქონდა, მომხდარი დამევიწყებინა, რომ არ გავგიჟებულიყავი. ახლა კი, 1972-ში, ვფიქრობ, თუ მას მოვყვები, მკითხველი გამონაგონად ჩათვლის, განვლილი წლები კი ალბათ მეც მაიძულებენ, მისადმი ასეთივე დამოკიდებულება მქონდეს. ბევრი რამ გადავიტანე იმ წუთებში, მაგრამ უფრო მძიმე შემდეგ იყო, უძილო ღამეებში. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მომხდარის შესახებ ნაამბობი სხვებსაც ააღელვებს. დილის ათი საათი იყო. სკამის საზურგეზე გადაწოლილი ვიჯექი ჩარლზის მდინარესთან. მარჯვნივ, ჩემგან ხუთასიოდე ნაბიჯში, მაღალი კოშკი იდგა – ახლაც არ ვიცი, რა ჰქვია მას. მღვრიე წყალს კუთხოვანი ყინულის ნატეხები მოჰქონდა. რასაკვირველია, მდინარემ დროზე ჩამაფიქრა. ჰერაკლიტეს მიერ შექმნილი ათასწლოვანი სახე... ღამე მშვიდად გავატარე: ჩემი საღამოს ლექცია, როგორც ჩანს, სტუდენტებს მოეწონათ.

       გარშემო სულიერი არ ჭაჭანებდა. უცებ მომეჩვენა (ფსიქოლოგები ამას საერთო დაღლილობით ხსნიან), რომ ერთხელ უკვე მინახავს და განმიცდია მსგავსი. ჩემ გვერდით სკამზე ვიღაც დაჯდა. მარტო მერჩივნა ყოფნა, მაგრამ ადგილიდან არ ავმდგარვარ, უზრდელობად რომ არ ჩამთვლოდა. უცხომ სტვენა დაიწყო. იმ დილის პირველი განცვიფრება განვიცადე: ის უსტვენდა ან ცდილობდა ესტვინა (კარგი სმენით არ გამოვირჩევი) ელიას რეგულესის არგენტინული სიმღერა „ძველი ქოხმახი“. მოტივმა უკვე არარსებულ პატიოში გადამიყვანა და ძალიან დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ალვარო მელიან ლაფინურა გამახსენა. მერე სიტყვებიც მომესმა, ათიან წლებში რომ მღეროდნენ. ტემბრი დიდად არ ჰგავდა ალვაროს ტემბრს, თუმცა შემსრულებელი აშკარად ალვაროს ჰბაძავდა. შიშით ვიცანი ეს ხმა.

მეზობლისკენ გადავიწიე და ვუთხარი: – სენიორ, ურუგვაელი ხართ თუ არგენტინელი?

– არგენტინელი ვარ, მაგრამ თოთხმეტი წლიდან ჟენევაში ვცხოვრობ, – მიპასუხა მან.

ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოწვა. ისევ მე ვკითხე: – მალანიაში, ჩვიდმეტ ნომერში, რუსული ეკლესიის პირდაპირ?

თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.

– ო, მაშინ, – გამოვუცხადე მე, – თქვენი სახელი ხორხე ლუის ბორხესია. ჩვენ ქალაქ კემბრიჯში ვართ, 1969 წელს.

– არა, – მიპასუხა ჩემი საკუთარი ხმით, ოდნავ შორეულით.

შემდეგი ორი-სამი წუთის განმავლობაში დამაჯერებლად მიმტკიცებდა: – არა, მე აქ ვარ, ჟენევაში, სკამზე ვზივარ, რონადან რამდენიმე მეტრში. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ჩვენ ერთმანეთს ასე ვგავართ, თუმცაღა თქვენ ბევრად უფროსი ხართ და თმაჭაღარა.

       მე ვუპასუხე: – შემიძლია დაგიმტკიცო, რომ არ ვცრუობ. გიამბობ ისეთ რამეებს, რომელიც მხოლოდ შინაურებმა იციან. ჩვენ ვერცხლის მატე გვაქვს, შემოქსოვილი გრძელი ფეხით, რომელიც პერუდან ჩვენმა დიდმა პაპამ ჩამოიტანა. კიდევ გვაქვს ვერცხლის თასი, ისეთი, უნაგირს რომ ამაგრებენ ხოლმე. შენი ოთახის წიგნების კარადაში წიგნები ორ წყებად არის დალაგებული. იქ ლეინის „ათას ერთი ღამის“ სამი ტომია გრავიურებითა და თითოეული თავის შემდეგ წვრილი შრიფტით გაკეთებული კომენტარებით; კიშერის ლათინური ლექსიკონი, ტაციტის „გერმანია“ ლათინურად და გორდონის თარგმანით, გარნიეს გამოცემის „დონ-კიხოტი“, რივერა ინდარტეს „სისხლიანი თეატრი“ ავტორის მიძღვნით, კარლეილის Sartor Resartus, ამელიას ბიოგრაფია და დანარჩენი ფოლიანტების უკან დამალული, გაცვეთილი წიგნი ბალკანელი ხალხის სექსუალური წესჩვეულებების შესახებ. არ დამვიწყებია არც მწუხრი ბელეტაჟზე, პლას დიუბურზე.

– დიუფურზე, – შემისწორა.

– კარგი. იყოს დიუფური, აბა, დარწმუნდი?

– არა, ეს ყოველივე არ არის მტკიცებულება. თუ სიზმრად გხედავთ, გასაგებია, რომ თქვენ იგივე უნდა იცოდეთ, რაც მე ვიცი.

საკმაოდ საფუძვლიან შენიშვნას ვუპასუხე: – თუ კი ეს დილაც და ეს შეხვედრაც მხოლოდ და მხოლოდ სიზმარია, თითოეულ ჩვენგანს აქვს სრული უფლება იფიქროს, რომ სწორედ მას სძინავს და ესიზმრება. ჩვენ იქნებ გამოვფხიზლდეთ, იქნებ არა. მაგრამ ერთი რამ ვიცი – ეს სიზმარი რეალობად უნდა მივიღოთ, როგორც ვიღებთ სამყაროსა და იმას, რომ ვცოცხლობთ, ვხედავთ და ვსუნთქავთ.

– იქნებ სიზმარი გაჭიანურდეს? – შეშფოთებულმა თქვა, მისი და საკუთარი თავის სანუგეშებლად ნაძალადევი სიმშვიდით ვუპასუხე: – მერე რა? ჩემი სიზმარი აგერ უკვე სამოცდაათი წელია გრძელდება. საბოლოო ჯამში, თუ გავიხსენებთ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს არ შეხვედრია. სწორედ ეს გვემართება ახლა ჩვენ, თუ ჩვენ ორნი ვართ... იქნებ გსურს გაიგო რამე ჩემი წარსულიდან, რომელიც შენთვის მომავალი გახდება? მდუმარედ დამიქნია თავი. და ველაპარაკე ყველაფერზე, რაც კი თავში მომივიდა აზრად: – დედა ცოცხალია და ჯანმრთელი, თავის სახლში ფუსფუსებს ჩარკასისა და მალუს ქუჩების სიახლოვეს, ბუენოს-აირესში; მამა ოცდაათი წლის წინ გარდაიცვალა, გულით. თუმცა მანამდე დამბლამ გატეხა: მთელი მარცხენა ნახევარი წაერთვა და მარცხენა ხელი მარჯვენაზე ედო, როგორც ბავშვის ხელი გოლიათის ხელზე. ისე გარდაიცვალა, სიკვდილი ეჩქარებოდა, მაგრამ ერთი არ ამოუკვნესია. ბებიაჩვენმაც იმავე სახლში განუტევა სული. აღსასრულამდე რამდენიმე დღით ადრე ყველა შეგვკრიბა და გვითხრა: „მე ძალიან მოხუცი ქალი ვარ, რომელიც ძალიან ნელა კვდება. არ არის საჭირო ნერვიულობა და ალიაქოთი: ეს სავსებით ჩვეულებრივი ამბავია“. ნორა, შენი და, გათხოვდა, ორი ვაჟი ჰყავს... ისე, როგორ ცხოვრობენ ყველანი იქ?

– მშვენივრად. მამა, ჩვეულებისამებრ, რელიგიას აბუჩად იგდებს. გუშინ საღამოს თქვა, რომ იესოს, ჩვენი გაუჩოების მსგავსად, არ უყვარდა შელამაზებული საუბარი და ამიტომ ამჯობინებდა ალეგორიულად გამოხატვას.

ოდნავი ყოყმანის შემდეგ მკითხა: – თქვენ როგორ ცხოვრობთ?

– არ ვიცი იმ წიგნების რაოდენობა, რომლებსაც შენ დაწერ, მხოლოდ ის ვიცი, რომ ისინი საკმაოდ ბევრი იქნება. დაწერ ლექსებს – ისინი განუზომელ სიხარულს მოგანიჭებენ – და ფანტასტიკურ მოთხრობებს. მამაშენივით და ჩვენი გვარის ბევრი წარმომადგენელივით მასწავლებელიც იქნები. კმაყოფილი ვიყავი. რომ არ მკითხა, გამომივიდა თუ არა ჩემი წიგნები. და სხვა ტონით გავაგრძელე: – თუ ისტორიას შევეხებით... კიდევ ერთი ომი იყო, თითქმის იმავე მოწინააღმდეგეების მონაწილეობით. საფრანგეთი მალე დანებდა, ინგლისი და ამერიკა გერმანელ დიქტატორს, ჰიტლერს ებრძოდნენ, მერე – ვატერლოოსთან ბრძოლის გამეორება. ბუენოს-აირესმა ათას ცხრაას ორმოცდა ექვსი წლისთვის ნომერი ორი როსასი შობა, მეტად რომ ჰგავდა ჩვენს პირმშოს. ორმოცდათხუთმეტში პროვინცია კორდობამ გვიხსნა, როგორც ადრე ენტრე-რიოსმა. ახლა რთული სიტუაციაა. რუსეთი აძლიერებს თავის გავლენას პლანეტაზე, ამერიკა ვერ ბედავს იმპერიად ქცევას, ცრუმორწმუნეს ეშინია დემოკრატიის მტრად არ შერაცხონ. ჩვენი სამშობლო დღითი დღე სულ უფრო მეტად იძირება პროვინციალიზმში. პროვინციალიზმი და თვითტკბობა – თვალებზე ხილაბანდივით აქვს აფარებული. არ გავოცდები, თუ ლათინურის გაკვეთილებს ერთხელაც გუარანის ლექციები შეცვლის. შევნიშნე, რომ თითქმის არ მისმენდა. მიუწვდომლისა და ამავდროულად ასეთი აშკარას მიმართ სრულიად ბუნებრივი შიში ბოჭავდა. მამა არ ვყოფილვარ, მაგრამ ნაზი გრძნობები ვიგრძენი ამ საბრალო ბიჭის მიმართ, რომელიც უფრო ახლობელი იყო ჩემთვის, ვიდრე ღვიძლი შვილი. ვნახე, რომ ხელში რაღაც წიგნს ატრიალებდა. დავინტერესდი, რა იყო.

– თეოდორ დოსტოევსკის „შეპყრობილი“, ან უფრო ზუსტად „ეშმაკნი“, – მიპასუხა მედიდურად.

– ძნელად მახსენდება. მოგწონს?

ჯერ კიდევ ბოლომდე არ მეთქვა და უკვე ვიგრძენი, რა მკრეხელური შეკითხვა დავსვი.

– რუსი კლასიკოსი ძალიან ღრმად შეიჭრა სლავური სულის ლაბირინთებში.

რიტორიკულობის შემოტევა იმის ნიშნად მივიჩნიე, რომ ის დამშვიდდა.

ვკითხე, ამ კლასიკოსის კიდევ რა წიგნების წაკითხვა მოესწრო. ორი თუ სამი დაასახელა, მათ შორის „ორეულიც“. ჩავეკითხე, ისევე ნათლად თუ ხედავს პერსონაჟებს კითხვის დროს, როგორც დავუშვათ, ჯოზეფ კონრადთან, და ფიქრობს თუ არა თხზულებათა მთელი კრებულის დაძლევას.

– სიმართლე გითხრათ, არა, – მოულოდნელად მიპასუხა.

ვკითხე, რას წერდა და მიპასუხა, რომ პოეტურ კრებულს ამზადებდა, რომლის სახელი იქნება „წითელი ფსალმუნები“. ფიქრობდა ასევე „წითელ რიტმებზე“.

– რატომაც არ უნდა სცადო? – ვუპასუხე, – შეგიძლია სახელოვან წინაპრებს დაეყრდნო. გაიხსენე რუბენ დარიოს ცისფერი ლექსები და ვერლენის ნაცრისფერი ბალადა. ყურებში გაუშვა ჩემი სიტყვები და განმიმარტა, რომ მის წიგნში დედამიწის ხალხთა ძმობას შეასხამდა ხოტბას. ჩვენი დროის პოეტს არ შეუძლია ეპოქას ზურგი შეაქციოს. ჩავფიქრდი, მერე კი ვკითხე, მართლა მიაჩნდა თუ არა ყველა თავის ძმებად. მაგალითად, პომპეზური დაკრძალვების ყველა ოფიციალური მომწყობი, ყველა კურიერი, ყველა ფასიანი წყალში მყვინთავი, ყველა, ვინც ტროტუარებზე ათენებს ღამეებს კენტნომრიან შენობებთან; ყველა, ვისაც არ აქვს ხმა და ა.შ. და ა.შ. მითხრა, რომ მისი წიგნი მიეძღვნება ყველა ჩაგრულსა და ფარიას.

– შენი ჩაგრულთა მასები და ფარიები, – ვუპასუხე მე, – მხოლოდ და მხოლოდ აბსტრაქტული ცნებებია. არსებობს მხოლოდ ცალკეული ინდივიდები, თუ საერთოდაც არსებობს ვინმე. „შენ დღეს უკვე აღარ ხარ გუშინდელი“, – წარმოთქვა რომელიღაც ბერძენმა. ჩვენ ორივენი ამ სკამზე – ჟენევაში თუ კემბრიჯში, – ალბათ ამის მტკიცებულებად გამოვდგებით.

       ყველა სახსოვარი ფაქტი, მათ გარდა, რომლებიც ისტორიის ჭეშმარიტ ფურცლებზეა აღბეჭდილი, სახსოვარ ფრაზებს არ საჭიროებს. ადამიანს სიკვდილის წინ სურს გაიხსენოს გრავიურა, ბავშვობაში წვრილად დანახული; ჯარისკაცები ბრძოლის წინ ყველაფერზე ლაპარაკობენ ან თავიანთ სერჟანტზე. ჩვენი შეხვედრა ერთადერთი იყო და სიმართლე ითქვას, ჩვენ არ ვიყავით მისთვის მზად. ვლაპარაკობდით ლიტერატურასა და ენაზე – ვშიშობ, არაფერი ახალი არ მითქვამს იმასთან შედარებით, რასაც ჩვეულებრივ ჟურნალისტებს ვეუბნები. ჩემს ალტერ ეგო-ს სჯეროდა ახალი მეტაფორების შექმნისა თუ აღმოჩენის აუცილებლობის, მე კი – მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის მიერ უკვე შექმნილი სიტყვების ზუსტი შესაბამისობებისა, ჩემი საკუთარი სახეების ან საყოველთაოდ ცნობილი ცნებებისა: ადამიანების დაბერება და დაკნინება, სიზმრები და ცხოვრება, დროთა ცვლა და წყალი. მას ჩემს ფიქრებს ვანდობდი, რომლებიც რამდენიმე წლის შემდეგ ვაქციე წიგნად. ის თითქმის არ მისმენდა. უცებ მითხრა: – თუ თქვენ მე ვიყავი, მაშ როგორ უნდა აიხსნას თქვენი გულმავიწყობა ერთ ხანდაზმულ სენიორთან შეხვედრის თაობაზე, რომელმაც 1918-ში გითხრათ, რომ ისიც ბორხესია. ამ საფრთხეზე არ დავფიქრებულვარ. არცთუ დამაჯერებლად ვუპასუხე: – ჩანს, ეს შემთხვევა იმდენად საოცარი მეჩვენა, რომ ვეცადე დამევიწყებინა. გაბედა, შიშნარევი შეკითხვა დაესვა: – თქვენი მეხსიერება ხომ არ სუსტდება?

       მივხვდი, რომ ბიჭისთვის, რომელსაც ჯერ ოცი წელი არ შესრულებია, სამოცდაათს გადაცილებული კაცი ნახევრად გვამს ჰგავს. და ვუპასუხე: – ეს შეიძლება დავიწყებას ჰგავდეს, მაგრამ ჯერ კიდევ შესწევს ძალა გაუძლოს იმას, რითაც ტვირთავენ. ანგლოსაქსონურს ვსწავლობ და კლასში უკანასკნელი მოსწავლე როდი ვარ. ჩვენი საუბარი უკვე მეტისმეტად დიდი ხანია გრძელდებოდა, რომ ძილად მიჩნეულიყო. მოულოდნელმა ფიქრმა გამინათა გონება: – ამ წუთასვე შემიძლია დაგიმტკიცო, – ვუთხარი მას, – რომ ცხადში მხედავ. მოუსმინე ამ ლექსებს, რომლებიც არასდროს წაგიკითხავს, მაგრამ მე შევძელი მათი გახსენება.

და წყნარად წარმოვთქვი მშვენიერი სტრიქონი: – L’hydre-univers tordant son corps caill d’astres.

მისი გაოცება შევნიშნე, თითქმის შიში. წყნარად გაიმეორა, თან თითოეული საოცარი სიტყვით ტკბებოდა.

– მართლაც, – ჩაილაპარაკა მერე, – ვერასდროს შევქმნი რაიმე მსგავსს.

ჰიუგომ დაგვაკავშირა. მანამდე კი ზეპირად კითხულობდა, ახლა მახსენდება, უოლტ უიტმენიდან მცირე ამონარიდს, სადაც პოეტი მეხსიერებაში აღიდგენს ორთა მიერ გატარებულ ღამეს ზღვასთან, როცა ნამდვილად ბედნიერი იყო.

– თუ უიტმენი მას ხოტბას ასხამს, – შევნიშნე ჩემდა თავად, – გამოდის, მას სურდა ეს ღამე, მაგრამ ის, სამწუხაროდ, არ ყოფილა. პოემა მაშინ არის შთამბეჭდავი, როდესაც მასში ვნებიან სურვილს ვიჭერთ და არა გადახდენილის სიხარულს.

       მდუმარედ შემომხედა, მერე წამოიძახა: – თქვენ მას არ იცნობთ, უიტმენს არ შეუძლია იცრუოს! ნახევარი საუკუნე ფუჭად არ გაივლის. ჩვენი საუბრის დროს, ორი ადამიანისა, რომლებიც არათანაბარი ხარისხით არიან ნაკითხები და სხვადასხვა გემოვნება აქვთ, გავაცნობიერე, რომ ერთმანეთის გაგება აღარ გვეწერა, ეს კი ყოველთვის ართულებს დიალოგს. თითოეული ჩვენგანი მეორის პაროდიული სახე იყო. სიტუაცია მეტისმეტად ხელოვნური ჩანდა იმისთვის, რომ ბევრი დრო დაეკავებინა. აზრი არ ჰქონდა კამათს ან რჩევის მიცემას, რადგან მის უცილობელ გზად იქცეოდა ჩემი გზა. უცებ კოლრიჯის ერთ-ერთი ფანტაზია მომივიდა აზრად. ვიღაცას დაეზმანა, თითქოს სამოთხეში დასეირნობდა, სადაც მას დასტურად ყვავილები აჩუქეს. გაღვიძებულმა გვერდით ყვავილი დაინახა.

მეც მომინდა ასეთივე ილეთი მომეფიქრებინა.

– მისმინე, – ვუთხარი უცებ, – ნაღდი ფული თუ გაქვს?

– დიახ, – გამომეპასუხა, – ოციოდე ფრანკი, ამ საღამოს სიმონ ჟიკლინსკი „ნიანგში“ დავპატიჟე.

– სიმონს გადაეცი, რომ კარუჟში მედიცინას დაიზუთხავს და ბევრ სიკეთეს ჩაიდენს... კარგი, მომე რამე შენი ფულიდან.

სამი ვერცხლის ფრანკი და ხურდა ფული ამოიღო. გაოგნებულმა გამომიწოდა ვერცხლის მონეტა. ერთ-ერთი მივაწოდე იმ უაზრო ამერიკულ ფულთაგან, რომლებსაც სხვადასხვა ღირსება აქვთ, თუმცა ყოველთვის ერთი ფორმისანი არიან. დიდი ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა.

– შეუძლებელია, – წამოიყვირა, – აქ გამოშვების თარიღი წერია – 1964! (რამდენიმე თვის შემდეგ ვიღაც მეტყვის, რომ ბანკნოტებზე თარიღი არ იწერება). – ეს ყოველივე უბრალოდ სასწაულია, – ძლივს ამოილუღლუღა, – სასწაულები კი შიშს მგვრის. ლაზარეს აღდგინების მოწმენი ალბათ დაიზაფრებოდნენ. ადგილიდან არ დავძრულვართ, ჩემთვის ჩავფიქრდი. ისევ წიგნებზე ავლაპარაკდით. ბანკნოტი ნაკუწებად აქცია, მონეტა კი მე დამიტოვა. გადავწყვიტე, მდინარეში მომესროლა. წყლისკენ გაფრენილი ვერცხლის ხუნდი ჩემს ამბავში რეალობის განსახიერებად უნდა ქცეულიყო, მაგრამ ბედმა სხვაგვარად განსაჯა. ვუპასუხე, რომ ზებუნებრიობა, თუ ის მეორდება, აღარ არის საშიში. და შევთავაზე ხვალ შევხვედროდით ერთმანეთს ამავე სკამზე, რომელიც ორ სხვადასხვა ეპოქასა და სხვადასხვა ადგილას მდებარეობდა. მაშინვე თანხმობა განმიცხადა და თქვა, საათზე დაუხედავად, რომ მისი წასვლის დრო იყო. ორივენი ვცრუობდით და თითოეულმა იცოდა, რომ მისი თანამოსაუბრე ცრუობდა. ვუთხარი, რომ მეც ის-ის იყო მომაკითხავდნენ.

– მოგაკითხავენ? – გაოცდა.

– ჰო. როცა ჩემს ასაკამდე მიაღწევ, თითქმის მთლიანად დაკარგავ მხედველობას. შეძლებ გაარჩიო ყვითელი ფერი, ჩრდილი და მზე. მაგრამ ნუ ღელავ. სიბრმავის თანდათანობითი მოსვლა ტრაგედია არ არის. ეს ზაფხულის ბინდის წყნარი დაბნელებაა. ერთმანეთს არ შევხებივართ, ისე დავემშვიდობეთ. მომდევნო დღეს იქ აღარ წავსულვარ. ალბათ ის სხვაც არ მივიდა. ბევრს ვფიქრობდი ამ შეხვედრაზე, რომლის შესახებაც არავისთვის მიამბია. ვფიქრობ, ახლა ბოლოს და ბოლოს მივაღწიე ჭეშმარიტებას. შეხვედრა რეალური იყო, მაგრამ „სხვა“ სიზმარში მელაპარაკებოდა და ამიტომაც შეეძლო ჩემი დავიწყება. მე კი მას ცხადში ველაპარაკებოდი და მოგონებები დღემდე მტანჯავს. სხვამ მე სიზმარში მნახა, მაგრამ არასაკმარისად მკაფიოდ და ცხადად. მას უფრო ცხადად მოეჩვენა, ახლა უკვე გასაგებია ჩემთვის, არარსებული თარიღი დოლარზე.

 

ქვიშის წიგნი

...thy rope of sands... George Herbert ...შენი ქვიშიანი ბაგირი... – ჯორჯ ჰერბერტი ხაზი უამრავი წერტილისგან შედგება, სიბრტყე – უსასრულო რაოდენობის ხაზებისგან; წიგნი – უსასრულო ოდენობის სიბრტყეებისგან; ზეწიგნი – უსასრულო რაოდენობის წიგნებისგან. არა, გადაჭრით არ არის ასე. ასეთი მორე გეომეტრიცო-თი არ უნდა იწყებოდეს მოთხრობა. ახლა ნებისმიერ გამონაგონს უცილობლად თან ახლავს რწმუნება მის ჭეშმარიტებაში, თუმცა ჩემი ნაამბობი მართლაც წმინდა წყლის სიმართლეა. მარტო ვცხოვრობ ბელგრანოს ქუჩაზე, მეოთხე სართულზე. რამდენიმე თვის წინ, შებინდებისას, კარზე დააკაკუნეს. გავაღე და უცნობი შემოვიდა. მაღალი კაცი იყო უფერული ნაკვთებით, რაც, შესაძლოა, ჩემი ახლომხედველობითაც აიხსნებოდეს. ერთი შეხედვით წესიერ ღარიბ კაცს ჰგავდა. თვითონაც ნაცრისფერი იყო და მის ხელში საკვოიაჟსაც ნაცრისფერი ედო. უცხოელი იგრძნობოდა მასში. თავდაპირველად მოხუცი მომეჩვენა, მერე კი მივხვდი, რომ მისმა ღია ფერის, თითქმის თეთრმა – როგორც ჩრდილოელებს ახასიათებთ – თმამ ამირია თავგზა. ჩვენი საუბრის განმავლობაში, რომელმაც თითქმის ერთ საათს გასტანა, შევიტყვე, რომ ორკნეის კუნძულებიდან იყო.

სკამისკენ მივუთითე. უცნობი არ ჩქარობდა საუბრის დაწყებას. მოღუშული იყო, როგორც ახლა მე.

– ბიბლიებს ვყიდი, – მითხრა ბოლოს.

ერთგვარი თვითკმაყოფილებით ვუპასუხე: – ამ სახლში რამდენიმე ინგლისური ბიბლიაა, მათ შორის პირველი – ჯონ უიკლიფის. ასევე მომეპოვება სიპრიანო დე ვალერასა და ლიუტეროვის ბიბლია, ლიტერატურული თვალსაზრისით ის სხვებზე უარესია, და ვულგატის ეგზემპლარი... როგორც ხედავთ, ბიბლიები არ მიკვირს. მცირე ხანს გაჩუმდა და მიპასუხა: – მე არა მხოლოდ ბიბლიები მაქვს. ერთ წმინდა წიგნს გაჩვენებთ, რომელმაც შეიძლება დაგაინტერესოთ. ბიკანერში შევიძინე.

      საკვოიაჟი გახსნა და წიგნი მაგიდაზე დადო. არც ისე სქელი ტომი იყო, ტილოს გარეკანით. ჩანდა, რომ ბევრის ხელში გამოევლო. წიგნი ხელში ავიღე. მისმა სიმძიმემ გამაოცა. ყუაზე ეწერა: Holy Writ და ქვემოთ: Bombay.

– ალბათ მეცხრამეტე საუკუნისაა, – შევნიშნე მე.

– არ ვიცი. ეს ძნელი სათქმელია, – იყო პასუხი.

ალალბედზე გავხსენი წიგნი. ასოების მოხაზულობა არ მეცნო. ფურცლები გაცვეთილი მეჩვენა, ფერმკრთალი ნაბეჭდი იყო, ტექსტი ორ სვეტად მიდიოდა, როგორც ბიბლიაში, წვრილი შრიფტით, აბზაცებად დაყოფილი. ზედა კუთხეში – არაბული ციფრები. ყურადღება მივაქციე, რომ ლუწ ფურცელზე ეწერა ციფრი, დავუშვათ, 40 514, მომდევნოზე, კენტზე კი – 999. წიგნი გადმოვაბრუნე – რიცხვი რვანიშნა იყო. ამ გვერდზე პატარა, როგორც ლექსიკონებში, სურათი ეხატა: კალმით, თითქოსდა გამოუცდელი ბავშვური ხელით დახატული ღუზა. უცნობმა თქვა: – კარგად დაათვალიერეთ, მეტად ვეღარასოდეს ნახავთ. მის სიტყვებში და არა ტონში, სიფრთხილე ჟღერდა. გვერდი ჩავინიშნე და წიგნი დავხურე. მაშინვე გავხსენი. ამაოდ ვეძებდი ღუზის გამოსახულებას, ფურცელ-ფურცელ. დაბნეულობის დაფარვით ვკითხე: – ეს სასულიერო ტექსტებია ინდოსტანის რომელიღაც ენაზე, არა?

– დიახ, – მიპასუხა. მერე ხმას დაუწია, თითქოს საიდუმლოს მიმხელდა, – ერთ-ერთ პატარა დასახლებაში მხვდა წილად, რამდენიმე რუპიისა და ბიბლიის სანაცვლოდ. მისმა მფლობელმა კითხვა არ იცოდა და ვფიქრობ, რომ ეს წიგნთა წიგნი თილისმად მიაჩნდა. უმდაბლეს კასტას მიეკუთვნებოდა, იმათგანი გახლდათ, საკუთარ ჩრდილზე დაბიჯების უფლება რომ არ აქვთ, რათა ის არ შეურაცხყონ. ამიხსნა, რომ მის წიგნს ქვიშის წიგნი ეწოდებოდა, რადგან ის ქვიშასავით არის, დასაწყისისა და დასასრულის გარეშე.

       მთხოვა პირველი გვერდი მეპოვა. სატიტულე ფურცელზე დავდე მარცხენა ხელი და მჭიდროდ მოკუმული თითებით ვცადე წიგნის გახსნა. არაფერი გამომივიდა, ხელსა და სატიტულე ფურცელს შორის ყოველ ჯერზე აღმოჩნდებოდა რამდენიმე ფურცელი. თითქოსდა ისინი წიგნიდან იზრდებოდნენ.

– ახლა ბოლო იპოვეთ.

ისევ წარუმატებლობა. ძლივს გასაგონად ჩავიბუტბუტე: – ეს შეუძლებელია. ჩვეულებრივი, წყნარი ხმით თქვა ბიბლიით მოვაჭრემ: – წმინდა წერილი... შეუძლებელია, მაგრამ ასეა. გვერდების რაოდენობა ამ წიგნში უსასრულოა. პირველი გვერდი არ აქვს, არც უკანასკნელი. არ ვიცი, რატომ არის გვერდები ასე არათანმიმდევრულად დანომრილი. ალბათ წარმოდგენა რომ შეგვიქმნას იმაზე, რომ უსასრულო მწკრივის წევრებს შეიძლება ნებისმიერი ნომერი ჰქონდეთ, – მერე მეოცნებე, მჟღერი ხმით დასძინა, – თუ სივრცე უსასრულოა, სივრცის რაღაც წერტილში ვიმყოფებით. თუ დრო უსასრულოა, დროის რომელიღაც წერტილში ვართ.

მისი ფილოსოფიური მცდელობები მაღიზიანებდა. ვკითხე: – მორწმუნე ხართ?

– დიახ, პრესვიტერელი ვარ. ჩემი სინდისი სუფთაა. მჯერა, რომ არ მომიტყუებია ის უცნობი, როცა ღვთის სიტყვა მივეცი ამ ეშმაკეული წიგნის სანაცვლოდ. დავარწმუნე, რომ მოსანანიებელი არაფერი ჰქონდა და ვკითხე, რამდენი ხანია ჩვენს არემარეში მოგზაურობდა. მიპასუხა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ აპირებდა სამშობლოში დაბრუნებას. სწორედ მაშინ გავიგე, რომ შოტლანდიელი იყო, ორკნეის კუნძულებიდან. შოტლანდიისადმი ჩემს სიყვარულში გამოვუტყდი – სტივენსონისა და იუმას გამო.

– და რობ ბერნსის, – დასძინა მან.

სანამ ვლაპარაკობდით, უსასრულო წიგნს ვათვალიერებდი. განგებ გულგრილად ვკითხე: – ბრიტანეთის მუზეუმს უნდა შესთავაზოთ ეს უცხო რამ?

– არა, თქვენ გთავაზობთ, – მიპასუხა და საკმაოდ მაღალი ფასიც დაასახელა.

ჭეშმარიტების შესაბამისად ვუპასუხე, რომ ეს ფასი ჩემთვის მიუღებელი იყო და ჩავფიქრდი. რამდენიმე წამში გეგმა დავსახე.

– გაცვლას გთავაზობთ, – ვუთხარი სტუმარს, – თქვენ ეს ტომი რამდენიმე რუპიად და წმინდა წერილის ფასად მიიღეთ; გთავაზობთ პენსიას, რომელიც ეს-ესაა მივიღე და უიკლიფის ბიბლიას, გოთური შრიფტით. ის მშობლებისგან მერგო.

– გოთურ უიკლიფს! – ჩაიჩურჩულა.

საძინებლიდან ფული და წიგნი გამოვიტანე და მივეცი. ფურცვლას შეუდგა, ბიბლიოფილის ვნებით სინჯავდა გარეკანს.

– ხელი ჩამომართვით.

უცნაური იყო, რომ არ ვაჭრობდა. მერეღა მივხვდი, რომ განგებ გამოჩნდა ჩემთან, წიგნის თავიდან მოცილების მიზნით. ფული დაუთვლელად შეინახა. ვილაპარაკეთ ინდოეთზე, ორკნეის კუნძულებზე და ნორვეგიელ გრაფებზე, ერთ დროს რომ მართავდნენ მათ. როცა წავიდა, უკვე საღამო იყო. იმ კაცის არც სახელი შემიტყვია და მეტად აღარც მინახავს. ვაპირებდი, ქვიშის წიგნი უიკლიფის ბიბლიის ადგილას დამედო, მაგრამ მერე გადავიფიქრე და „ათას ერთი ღამის“ გაცვეთილი ტომების უკან დავმალე.

        დავწექი, მაგრამ ვერაფრით ვერ დავიძინე. ოთხი საათისთვის გათენდა. ჩემი უჩვეულო წიგნი ავიღე და ფურცვლას შევუდექი. ერთ-ერთ მათგანზე ნიღაბი იყო ამოტვიფრული. ზედა კუთხეში ციფრი იყო დასმული, არ მახსოვს რომელი, მეცხრე ხარისხში. არავის ვუჩვენებდი ჩემს საუნჯეს. წიგნის ფლობის სიხარულს ემატებოდა შიში, რომ მას მოიპარავდნენ და საფრთხე, რომ ის მაინც არ იყო უსასრულო. ამ მღელვარებამ გააძლიერა ჩემი მუდმივი მიზანტროპია. კიდევ შემომრჩენოდა მეგობრები – თუმცა მათთან აღარ ვურთიერთობდი. წიგნის ტყვედ ქცეული თითქმის ქუჩაშიც არ გავდიოდი. ლუპით ვათვალიერებდი გაცრეცილ ყდას და ყუას და შესაძლო მისტიფიკაციის შესახებ ფიქრებს თავიდან ვიგდებდი. შევნიშნე, რომ პატარა ნახატები ყოველი ორასი გვერდის შემდეგ მხვდებოდა. ისინი არასდროს მეორდებოდნენ. უბის წიგნაკში დავიწყე მათი ჩაწერა და ის მაშინვე შეივსო. ღამით, იშვიათ საათებში, როცა უძილობა არ მტანჯავდა, წიგნთან ერთად ვიძინებდი. ზაფხული დასასრულს უახლოვდებოდა და მივხვდი, რომ ეს ამაზრზენი წიგნი იყო. და ის ფაქტიც, რომ მე, რომელიც მას თვალს არ ვაცილებდი და ხელიდან არ ვუშვებდი, არანაკლებ ამაზრზენი ვიყავი, არაფერს ცვლიდა. ვგრძნობდი, რომ ეს წიგნი კოშმარის აღმოცენება გახლდათ, აუტანელი ნივთი, რომელიც სინამდვილეს უარყოფს და შეურაცხყოფს. კოცონის შესახებაც გამიჩნდა ფიქრი, მაგრამ შიშიც მოჰყვა მას, რომ უსასრულო წიგნის წვა შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს და კვამლით გაავსოს მთელი პლანეტა.

       სადღაც ამოკითხული გამახსენდა: ფოთლის დამალვა უმჯობესი ტყეშია. პენსიაში გასვლამდე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი, რომელშიც ცხრაასი ათასი წიგნი ინახებოდა. მახსოვდა, ვესტიბიულიდან მარჯვნივ დამრეცი კიბე მიემართებოდა სარდაფში, სადაც გაზეთები და რუკები ელაგა; ვისარგებლე თანამშრომლების უყურადღებობით და ქვიშის წიგნი იქ დავტოვე, ერთ-ერთ ნესტიან თაროზე, ვეცადე არ დამემახსოვრებინა, რამდენად შორს იყო კარიდან და რა სიმაღლეზე. ოდნავ მომეშვა გულზე, მაგრამ მას მერე მეხიკოში ბიბლიოთეკის სიახლოვეს გავლაზე ფიქრიც კი არ მინდა.

ნახვა: 2006

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters