ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - სასულიერო

თემა: საფარი (გაგრძელება)
ენ შუანებისკენ. რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა მოწინააღმდეგენი პირისპირ აღმოჩნდნენ, გაისმა ზალპი და სიკვდილმა მრავალი ჯარისკაცი გამოსტაცა ორივე მხარეს. ამ დროს რესპუბლიკელთა ორივე ფრთამ, რომელთაც შუანები ვერაფერს უპირისპირებდნენ, ორივე მხრიდან მოუარა და საარტილერიო ცეცხლისგან სიკვდილმა და ძრწოლამ დაისადგურა მტრის ბანაკში. ამ მანევრმა თითქმის აღადგინა რაოდენობრივი წონასწორობა ორივე მხარეს. მაგრამ შუანები გულადობასა და უდრეკობას ყველა განსაცდელში ინარჩუნებდნენ. არ შემდრკალან, არ შემკრთალან, შემჭიდროვდნენ და შეეცადნენ, შემოხვეოდნენ ლურჯების პატარა, შავ, მწყობრ რიგებად მდგომ რაზმს, რომელსაც ისეთი პატარა ადგილი ეჭირა, გეგონებოდათ ფუტკრის გუნდია დედა ფუტკრის ირგვლივო. ისეთი გააფთრებული ბრძოლა გაჩაღდა, ხელჩართული ბრძოლა, როცა მუშკეტის იშვიათ გასროლას ცივი იარაღის წკრიალი ცვლის, როცა ბრძოლა ერთი ერთზე მიდის და, ერთნაირი შეუპოვრობის შემთხვევაში, გამარჯვება უფრო მრავალრიცხოვანს რჩება.       შუანები თავიდანვე მოიპოვებდნენ გამარჯვებას, რომ არა მერლისა და ჟერარის ხელქვეით რესპუბლიკელთა რაზმის ფრთების ჯვარედინი ცეცხლი, რომელმაც მტრის არიერგარდი დაამარცხა. ლურჯების ფლანგებს პოზიცია უნდა შეენარჩუნებინა და ზუსტი სროლით მარჯვედ გაენადგურებინა მოწინააღმდეგე, მაგრამ საფრთხემ, რომელიც ნათლად ჩანდა, გმირულ ბატალიონს, გარშემორტყმულს მეფის ეგერებით, ძალა შეჰმატა. ხიშტმომარჯვებულები გაშმაგებულები გამოცვივდნენ გზაზე და, რამდენიმე წამით, ძალები თითქოს გათანაბრდა. ორივე რაზმი გაშმაგებული იბრძოდა, სისასტიკე გაამძაფრა პოლიტიკური ბრძოლის სიმძაფრემ, რამაც ამ ომს განსაკუთრებული ხასიათი შესძინა. ყველა უჩუმრად იბრძოდა, გათანგული რეალური საფრთხით. ბრძოლა პირქუში და სიკვდილივით ცივი იყო. ამ სიჩუმეში, რომელსაც იარაღის ჩხაკუნი და ფეხქვეშ ქვიშის ღრაჭაღრუჭი არღვევდა მხოლოდ, ყრუ და სასოწარკვეთილი შეძახილები ისმოდა მძიმედ დაჭრილებისა თუ მომაკვდავებისა, მიწაზე რომ ეცემოდნენ.       რესპუბლიკელების რაზმის თორმეტი ახალწვეული ისეთი გააფთრებით იცავდა სარდალს, რომელიც ყველაფერს აკვირდებოდა და ბრძანებებს იძლეოდა, რომ ორმა-სამმა ჯარისკაცმა არაერთხელ შესძახა: - ბრავო, რეკრუტებო!       იულომ, რომელიც სიმშვიდეს ინარჩუნებდა და ყველაფერს აკვირდებოდა, შეამჩნია რჩეულ შუანებს შორის ჩამდგარი კაცი, როგორც ჩანს, მათი მეთაური. აუცილებლად მიიჩნია, კარგად დაენახა სახე ამ ოფიცრისა და რამდენჯერმე ეცადა კიდევაც, მაგრამ შუანების წინამძღოლს ჩაჩები და ფართოფარფლებიანი ქუდები ეფარებოდა. იულო მკაფიოდ ხედავდა მხოლოდ იარე-მიწაზეს, რომელიც თავისი გენერლის გვერდით იდგა, ხრინწიანი ხმით იმეორებდა მის ბრძანებებს და მისი კარაბინიც არ გაჩერებულა. იულო გააღიზიანა ამ წინააღმდეგობამ, იშიშვლა ხმალი, შეუძახა თავის ახალწვეულებს და ისე გაშმაგებით ეკვეთა მტერს და შევარდა ცენტრში, რომ გაარღვია შუანები და წამით დაინახა მათი წინამძღოლი, მაგრამ, საუბედუროდ, თეთრკოკარდიანი ქუდი ეფარებოდა. ასეთმა თავხედურმა შეტევამ გააოცა უცნობი, უკან დაიხია, ქუდი გადაიწია და მაშინ იულომ შეძლო, დაენახა ეს პიროვნება. ასე, ოცდახუთი წლისა იქნებოდა, მწვანე მაუდის სანადირო ქურთუკი ეცვა, თეთრ ქამარში პისტოლეტები ჰქონდა გარჭობილი, ფეხზე უხეში, ნალებიანი ფეხსაცმელი ეცვა, როგორიც ყველა შუანს. უხეში, მტკიცე ნაჭრის მოკლე შარვალზე მიმაგრებული მუხლამდე გეტრები ასრულებდა მის საშუალო სიმაღლის, კარგი აღნაგობის სხეულზე მორგებულ კოსტიუმს. როცა დაინახა, რომ ლურჯებმა მასთან მიახლოება შეძლეს, გაშმაგდა, ჩამოიფხატა ქუდი და გაექანა მათკენ. მაგრამ იმწამსვე შემოეხვივნენ იარე-მიწაზე და რამდენიმე შეშფოთებული სხვა შუანი. ამ ახალგაზრდის ირგვლივ შეყრილ ხალხთა თავებს შორის, იულოს მოეჩვენა, რომ შეამჩნია წითელი, განიერი ლენტი გაღეღილ ქურთუკზე. მეთაურს ყურადღება გაექცა ჯერ მეფის ამ ორდენისკენ, უკვე მივიწყებული რომ იყო, მერე მზერა გადაიტანა უცნობის სახეზე, რომელიც მალე თვალს მიეფარა. ძლივს შეამჩნია ქერა თმა და ნატიფი ნაკვთები, მოელვარე თვალები, მაგრამ თვალის ფერი ვერ დაინახა. იგი გააოცა შიშველი ყელის ქათქათა კანმა, რომელსაც კიდევ უფრო მკვეთრად უსვამდა ხაზს შავი, დაუდევრად შეკრული რბილი ყელსახვევი.       პოზა ამ ახალგაზრდა, ბობოქარი, აღფრთოვანებით აღსავსე კაცისა, საბრძოლო იყო, იმ ხალხივით, რომელიც ბრძოლაში ერთგვარ პოეზიას ეძებს. კარგად მორგებული ხელთათმანიანი ხელით მზეზე მოელვარე ხმალს იქნევდა. მოძრაობებში ელეგანტურობა და ძალა იგრძნობოდა. გულწრფელი ეგზალტაცია, ახალგაზრდობის ხიბლი, დახვეწილი მანერები ამ ემიგრანტისა, მას ფრანგ კეთილშობილთა მშვენიერ წარმომადგენლად აქცევდა.       იქვე, ოთხ ნაბიჯში მდგომი იულო სრულიად საპირისპირო იყო - ბებერი ჯარისკაცი, თითქოს ცოცხალი სიმბოლო იყო ენერგიული რესპუბლიკისა, რომელსაც იცავდა: მკაცრი სახე, შელახული, წითელლაცკანებიანი ლურჯი ფორმა, ჩაშავებული, ზურგისკენ გადაქანებული ეპოლეტები აშკარად უჩვენებდა მის შეჭირვებულ ყოფასა და ხასიათს.       ახალგაზრდის მოხდენილობა და გამომეტყველება არ გამოჰპარ-ვია იულოს თვალს. თან მიახლოებას ცდილობდა და თან მიაძახა: - ეი, შენ, ოპერის მოცეკვავევ, გამოდი, გაგანადგურებ!       როიალისტების წინამძღოლი, ასეთი მიმართვით გამძვინვარებული, გაგულისებული გაექანა იულოსკენ, მაგრამ, როგორც კი მისმა ხალხმა დაინახა, თავს საფრთხეში იგდებსო, ეტაკნენ ლურჯებს. უცებ ბრძოლის ყიჟინა და ღრიანცელი მშვიდმა და მჟღერმა ხმამ დაფარა: - აქ წმინდა ლესკიური მოკვდა. ნუთუ შურს არ ძიებთ მისთვის?       ამ ჯადოსნურ სიტყვებზე შუანებმა აიწყვიტეს და რესპუბლიკის ჯარისკაცებს ძალიან გაუჭირდათ მათი შეჩერება ისე, რომ თავიანთი პატარა რაზმის საბრძოლო წყობა არ დაერღვიათ.       "ეს კაცი უფრო ხნიერი რომ იყოს, - გაიფიქრა იულომ და თან ნაბიჯ-ნაბიჯ უკან იხევდა, - თავს არ დაგვესხმებოდნენ. როდის ყოფილა, შუანებს ბრძოლა გაეჩაღებინოთ? მით უკეთესი! გზის პირებში ძაღლებივით არ დაგვხოცავენ."       მერე ხმას აუწია და ისე, რომ გამოძახილმა ტყეს გადაურბინა: - აბა, ყოჩაღად, ჩემო ლომგულებო! ყაჩაღებს თავს ხომ არ დავაჩაგვრინებთ!       ზმნა, რომელიც მეთაურის ნათქვამში "ყოჩაღით" შევცვალეთ, ცხადია, უფერული ანარეკლია, მაგრამ ბრძოლებში გამოჯეკილები ადვილად შეძლებენ ჯარისკაცური მაღალი სტილის მეტყველებიდან შესაბამისი სიტყვის პოვნას.       - ჟერარ, მერლ! - გასძახა მეთაურმა, - მოაგროვეთ თქვენი ხალხი, დაალაგეთ ბატალიონებად. უკანიდან მოუარეთ, ესროლეთ ამ ძაღლებს და მოვრჩეთ!       იულოს ბრძანება გაჭირვებით შეასრულეს, რადგან შუანების ახალგაზრდა მეთაურმა მოწინააღმდეგის ხმის გაგონებაზე შესძახა: - წმინდა ანა ორეელის სახელით, ერთი არ გაუშვათ! აბა, ყოჩაღად, ჩემო მამაცებო!       როცა მერლისა და ჟერარის ორივე ფრთა გამოეყო გორგალს, გამოაღწია ხელჩართული ბრძოლიდან, პატარა რაზმებს ურიცხვი შეუპოვარი მტერი გამოეკიდა, თხისტყავიანები მერლისა და ჟერარის ჯარისკაცებს ავბედითი ღრიალით შემოეხვივნენ.       - ბატონებო, გაჩუმდით რა! თორემ ისე მოგკლავენ, ვერ გაი-გებთ! - იფრინდას ამ ხუმრობამ ლურჯები გაახალისა. რესპუბლიკელები ახლა ერთგან კი არ იბრძოდნენ, პელერინის პლატოზე სამ ადგილას უხდებოდათ თავის დაცვა და ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ასეთი მშვიდი ველები თოფების ბათქა-ბუთქმა გამოაღვიძა. გამარჯვება საათების მანძილზე არც ერთ მხარეს იყო და არც მეორეს და ბრძოლა შეიძლება თავისთავად დამთავრებულიყო, როცა მებრძოლები აღარ დარჩებოდნენ. ლურჯები და შუანები ერთნაირი თავგანწირვით იბრძოდნენ. ორივე რაზმში მძვინვარება მატულობდა, როცა უცებ დოლის ყრუ ბაგუნი მოისმა, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ სამხედრო დანაყოფი, რომელსაც ის ახლდა, კუენონის ველს კვეთდა.       - ეს ფუჟერის ნაციონალური გვარდიაა! - წამოიძახა გიუდენმა, - როგორც ჩანს, ვანიე შეხვდა მათ.       ამ შეძახილზე, ეტყობა შუანების ახალგაზრდა ბელადისა და მისი მძვინვარე ადიუტანტის ყურამდეც რომ მიაღწია, როიალისტებმა უკან დაიხიეს, მაგრამ იარე-მიწაზეს მხეცურმა ღრიალმა შეაჩერა. მეთაურის ჩუმად ნათქვამი ორი-სამი ბრძანება იარე-მიწაზემ ქვემობრეტონულ კილოზე გაუმეორა შუანებს და მათაც ძალიან მარჯვედ დაიხიეს, რითაც რესპუბლიკელი ჯარისკაცები და მათი მეთაურიც კი საგონებელში ჩააგდეს. პირველივე ბრძანებაზე ყველაზე მაგარი შუანები გამწკრივდნენ, მათ უკან დადგნენ დაჭრილი და დანარჩენი შუანები, რომ მათთვის თოფები დაეტენათ, მერე მოულოდნელი სიმკვირცხლით, რისი მაგალითიც ცოტა ხნის წინ თავად იარე-მიწაზე იყო, დაჭრილები, მერე კი შუანების ნახევარი რაზმი გზის მარჯვნივ გორაკზე აცოცდა, ზემოთ დაიმალნენ და ლურჯები მათ ენერგიულ სახეებსღა ხედავდნენ. შუანები ხეებს ამოეფარნენ და რესპუბლიკელთა დაცვის დაბლა დარჩენილ ნაწილს, რომელიც იულოს ბრძანებით სასწრაფოდ გამწკრივდა გზაზე, ვითომ შუანებისთვის თანაბარი, შესაბამისი ფრონტის დასაპირისპირებლად, თოფები დაუმიზნეს. შუანები თავიანთი პოზიციიდან სროლით ნელ-ნელა იხევდნენ უკან იმგვარად, რომ საარტილერიო საფარველს იყვნენ ამოფარებულნი. გზისპირა თხრილს რომ მიაღწიეს, ფერდობზე დაიწყეს ასვლა, სადაც უკვე თანამოძმეები ელოდნენ და მათ შეუერთდნენ კიდეც, მიუხედავად დაუცდენლად მსროლელი რესპუბლიკელების მეცადინეობისა, რომლებმაც თხრილი გვამებით მოფინეს.       შუანები არანაკლები სიმარჯვით ისროდნენ ფერდობიდან, ამ დროს ფუჟერის ნაციონალურმა გვარდიამაც მოაღწია და მათმა გამოჩენამ ბრძოლა შეწყვიტა. რამდენიმე გაცხარებული ჯარისკაცი და გვარდიელი უკვე გადაახტა თხრილს და ტყეში შევარდნას აპირებდა, მეთაურმა რომ დასჭექა: - თქვენ რა, გინდათ, მანდ ამოგხოცონ?       მაშინ უკან დაბრუნდნენ, მიუხედავად დიდი დანაკარგისა, რესპუბლიკელების რაზმისკენ, ბრძოლის ველი რომ დარჩათ. ჯარისკაცებმა ხიშტებით ასწიეს თავიანთი სამკუთხა ქუდები, აიშვირეს თოფები და ორჯერ ერთხმად დასცხეს: "გაუმარჯოს რესპუბლიკას!" გზის პირებში მსხდარი დაჭრილებიც კი შეუერთდნენ საერთო სიხარულს, იულომ კი ჟერარს ხელზე ხელი მოუჭირა და თქვა: - ჰა? აი, თავზეხელაღებულები! აი, ვაჟკაცები!       მერლს გზისპირა ხევში მკვდრების დამარხვა დაევალა. სხვა ჯარისკაცებს დაჭრილები გადაჰყავდათ, მეზობელ ფერმებში ცხენებისა და ფორნების რეკვიზიციის შემდეგ ფორნებში ჩაფენილ მოკლული ჯარისკაცების ტანსაცმელზე საჩქაროდ დააწვინეს დაჭრილები. წასვლამდე ფუჟერის ნაციონალურმა გვარდიამ იულოს გადასცა მძიმედ დაჭრილი შუანი, ციცაბო ფერდობის ძირას რომ იპოვეს, სადაც ეს საცოდავი ძალაგამოლეული ჩაგორდა.       - მადლობა, რომ ხელი შემაშველეთ, მოქალაქენო, - თქვა მეთაურმა, - ეშმაკმა დალახვროს! უთქვენოდ შავი დღე დაგვადგებოდა. თქვენ ფრთხილად იყავით. ომი დაიწყო. მშვიდობით, ჩემო მამაცებო!       მერე ტყვეს მიუბრუნდა: - შენს მეთაურს რა ჰქვია?       - ვაჟკაცი.       - ეგ ვინ? იარე-მიწაზე?       - არა, ვაჟკაცი.       - საიდან გაჩნდა ეგ ვაჟკაცი?       ამ კითხვაზე მეფის ეგერმა, დაღვრემილი და მრისხანე სახე რომ დაეღრიჯა ტკივილისაგან, არაფერი უპასუხა, აიღო კრი-ალოსანი და ლოცვა დაიწყო.       - ვაჟკაცი ალბათ ის შავყელსახვევიანი არისტოკრატია, არა? ტირანმა და მისმა დამქაშებმა, პიტმა და კობურგმა გამოაგზავნეს?..       ამ სიტყვებზე შუანმა, რომელიც ეტყობა, პოლიტიკაში მთლად კარგად ვერ ერკვეოდა, ამაყად ასწია თავი: - ღმერთმა და მეფემ გამოაგზავნეს. ეს სიტყვები ისე ენერგიულად წარმოთქვა, რომ ძალა გამოელია. მეთაურმა დაინახა, რომ ძნელი იყო მომაკვდავი კაცის დაკითხვა, რომლის ქცევაც ბნელ ფანატიზმს ამჟღავნებდა. მან თავი მიაბრუნა და წარბები შეჭმუხნა. ორმა ჯარისკაცმა, იმ ორის მეგობრებმა, იარე-მიწაზემ ასე მხეცურად რომ დახოცა მათრახის ერთი დარტყმით, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და დაუმიზნა შუანს, რომელმაც დამიზნებულ ორ თოფს თვალი არ აარიდა. ორივემ მიჯრით ესროლა და ისიც დაეცა, მაგრამ როცა ჯარისკაცები მიცვალებულის ტანსაცმლის წასაღებად მიუახლოვდნენ, მან ჯერ ისევ მჟღერი ხმით, ძლიერად იყვირა: - გაუმარჯოს მეფეს!       - კარგი, კარგი, გაიძვერავ! - მიმართა გულთამხილავმა, - წადი, კვერებზე დაეწვიე შენს კეთილ ღვთისმშობელს!.. ტირანს გაუმარჯოსო, არ შემოგვძახა, როცა გვეგონა რომ მაგისი საქმე მორჩენილია?!       - დახეთ, მეთაურო, - დაიძახა იფრინდამ, - მაგ ყაჩაღის საბუთი.       - ოჰ, ოჰ, - თქვა გულთამხილველმა, - ერთი ამ ღვთის ქვეით ჯარისკაცს დამიხედეთ, რა ახატია ღიპზე. იულო და რამდენიმე ჯარისკაცი შემოეხვივნენ შუანის შიშველ სხეულს და მკერდზე მოლურჯო სვირინგი შენიშნეს, - აგიზგიზებული გული. ეს იყო საკრე-კერის საძმოს წევრის პირობითი ნიშანი. გამოსახულების ქვემოთ იულომ სიტყვები გაარჩია: "მარი ლამბრეკენი" - როგორც ჩანს, შუანის სახელი.       - აბა, გულთამხილველო, ნახე? - ისევ იფრინდა იყო, - ასი დეკადაც რომ იფიქრო, ვერ მიხვდები, რისთვისაა ეს სპეცაღჭურვილობა.       - აბა, პაპის მუნდირებისა მე რა გამეგება! - უპასუხა გულთამხილველმა.       - საცოდავო სალდათო, ვერასოდეს ვერაფერს ისწავლი! - გააგრძელა იფრინდამ, - როგორ ვერ ხვდები, ამ ბატს დაჰპირდნენ, რომ მკვდრეთით აღდგება და ამ ყეყეჩმაც ჩიჩახვი მოიხატა, რომ იცნონ.       ამ ხუმრობაზე, რომელიც საფუძველს მოკლებული არ იყო, იულოსაც კი გაეღიმა; საყოველთაო მხიარულებაში ჩაება. ამასობაში მერლმა დაამარხვინა მიცვალებულები და დაჭრილებიც ძლივს მოათავსეს ორ ფორანში. ჯარისკაცები თავისი ნებით გამწკრივდნენ ორ კოლონად ამ იმპროვიზებული სანიტარული საზიდრების გასწვრივ და რაზმი დაეშვა დაღმართზე, მენისკენ, საიდანაც კარგად ჩანს პელერინის ლამაზი ველი, კუენონის ველს რომ ექიშპება. იულო თავისი მეგობრების, მერლისა და ჟერარის თანხლებით, ნელა მისდევდა ჯარისკაცებს და ერთადერთი დარდი ჰქონდა, რამენაირად უფათერაკოდ მიეღწიათ ერნემდე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა დაჭრილების დახმარება. ამ ბრძოლას, რომელიც თითქმის უცნობი დარჩა იმ დიდი მოვლენების გვერდით, მაშინ რომ მწიფდებოდა საფრანგეთში, იმ ადგილის მიხედვით დაერქვა სახელი, სადაც მოხდა. თუმცა მას ყურადღება დასავლეთ საფრანგეთში მიაქციეს, შუანების ახალი ამბოხებით შეშფოთებულმა მოსახლეობამ შეამჩნია ცვლილებები მის სამხედრო ტაქტიკაში: წინათ ეს ხალხი ვერ გაბედავდა ასეთ მნიშვნელოვან რაზმზე თავდასხმას. იულო ვარაუდობდა, რომ ის ახალგაზრდა როიალისტი, მან რომ შენიშნა, უნდა ყოფილიყო ვაჟკაცი, შუანების ახალი წინამძღოლი, უფლისწულებმა საფრანგეთში რომ გამოგზავნეს და რომელიც, როიალისტებს როგორც სჩვეოდათ, სახელსა და ტიტულს საბრძოლო მეტსახელით ნიღბავდა.       სევდიანი გამარჯვების შემდეგ, რაღაც გარემოებამ ნახევარბრიგადის მეთაური ისევე შეაშფოთა, როგორც მაშინ, როცა გზაზე ჩასაფრება იეჭვა. რამდენჯერმე შეტრიალდა, გადახედა პელერინის პლატოს, უკან რომ რჩებოდა, საიდანაც ჯერ კიდევ შუალედებით მოისმოდა მოგუდული ბაგუნი ნაციონალური გვარდიის დოლებისა, გვარდიისა, კუენონის ხეობისკენ რომ ეშვებოდა.       - რომელიმეს შეგიძლიათ შუანების თავდასხმის მოტივის გა-მოცნობა? - უთხრა უცებ თავის ორ მეგობარს, - მათთვის თოფის სროლა კომერციაა და ჯერ არ ვიცი, ამით რა მოიგეს. ალბათ, სულ ცოტა, ასი კაცი დაკარგეს, ჩვენ - სამოცზე ნაკლები, - და ღიმილის გამოსახატავად ტუჩის მარჯვენა კუთხე აზიდა და მარ-ჯვენა თვალი მოჭუტა, - ეშმაკმა დამლახვროს! ასეთი გარიგებისა არაფერი გამეგება. სულელები! რაში სჭირდებოდათ ჩვენი თავდასხმა? შეუმჩნევლად გავივლიდით, როგორც წერილები ფოსტაში, არ მესმის რაში დასჭირდათ ჩვენი ხალხის დაცხრილვა. და ნაღვლიანი ჟესტით დაჭრილებიან ფორნებზე მიუთითა.       - იქნებ მხოლოდ მოსალმება უნდოდათ, - დაუმატა მან.       - კი მაგრამ, სარდალო, ასორმოცდაათი ჩვენი ყეყეჩი მოიგეს, - უპასუხა მერლმა.       - ახალწვეულები ბაყაყებივით რომ შემხტარიყვნენ ტყეში, ხომ არ დავიწყებდით მათ დევნას, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ზალპით გაგვიმასპინძლდნენ, - შეეპასუხა იულო, - არა, არა. მე მგონი აქ რაღაცაშია საქმე!.. კიდევ ერთხელ მიტრიალდა და პელერინს გახედა.       - სდექ! - იყვირა უცებ, - ხედავთ?       თუმცა სამივე ოფიცერი ფატალური ფლატოდან კარგა შორს იყო, გაწაფული თვალით შეამჩნიეს იარე-მიწაზე და რამდენიმე შუანი.       - ფეხს აუჩქარეთ! - გასძახა იულომ თავის რაზმს, - ჩქარა გადაადგით ფეხი და ცხენებიც ააჩქარეთ. ფეხები ხომ არ მიგეყინათ? ეს ჯაგლაგებიც პიტისა და კობურგისა ხომ არ არიან? - ამ სიტყვებმა პატარა რაზმი გამოაცოცხლა.       - ჰო, რაც შეეხება საიდუმლოს, რომლის წყვდიადსაც მგონი, ვერ გავფანტავ, ღმერთმა ინებოს, მეგობრებო, ერნეში ისევ თოფებით არ დაგვჭირდეს ამოხსნა, - უთხრა იულომ თავის ოფიცრებს, - ძალიან მეშინია, მაიენის გზა ისევ მეფის ხალხმა არ გადაგვიჭრას.       სტრატეგიული ამოცანა, რომელმაც ბალანი აუშალა, ულვაშები აუბურძგნა მეთაურ იულოს, ამ დროს არანაკლებ აფიქრებდა ხალხს, პელერინის წვერზე რომ შენიშნა. როგორც კი შეწყდა ფუჟერის ნაციონალური გვარდიის დოლის ბრახუნი და იარე-მიწაზემ შეამჩნია, რომ ლურჯები უკვე ჩამოდიოდნენ დამრეც ფერდობზე, მხიარულად გამოსცა ბუს ხმა და შუანები ისევ გამოჩნდნენ, ოღონდ ნაკლები რაოდენობით. ბევრი მათგანი ალბათ იმით იყო დაკავებული, რომ დაჭრილებს აბინავებდა პელერინის სოფელში, მთის ფერდობზე, რომელიც კუენონის ხეობას გადაჰყურებს. მეფის ეგერების ორი-სამი მეთაური მიუახლოვდა იარე-მიწაზეს. იქვე ახლოს გრანიტის კლდეზე იჯდა ახალგაზრდა მეთაური და, ეტყობა, იმ სიძნელეებზე ფიქრობდა, რასაც მისმა საბრძოლო საქმიანობამ შეაჯახა. იარე-მიწაზემ ხელი აფრასავით მიიდო შუბლზე, თვალები მოიჩრდილა და ნაღვლიანად გახედა გზას, რომლითაც რესპუბლიკელები კვეთდნენ პელერინის ველს. პატარა, შავი, გამჭრიახი თვალებით ცდილობდა, დაენახა, რა ხდებოდა მეორე მხარეს, ხეობის ჰორიზონტზე.       - ლურჯები ფოსტას ჩაიგდებენ ხელში, - კუშტად თქვა ერთ-ერთმა მოთავემ, ყველაზე ახლოს რომ იდგა იარე-მიწაზესთან.       - წმინდა ანა ორეელს გაფიცებ, თქვი, რატომ გვაომე შენი ტყავის გადასარჩენად?       შემკითხველს იარე-მიწაზემ შხამიანი მზერა ესროლა და თავისი მძიმე კარაბინი მიწას დასცხო.       - მეთაური მე ვარ? - მერე ცოტა ხანს იყუჩა და დაუმატა, - ყველას ჩემსავით რომ გებრძოლათ, ვერცერთი ლურჯი ვერ გადაგირჩებოდათ, - და იულოს ასეულის ნარჩენებზე მიუთითა, - მაშინ შეიძლება დილიჟანსი აქამდეც მოსულიყო.       - შენ გგონია, - ჩაერთო მესამე, - ისინი დილიჟანსს გააჩერებდნენ და გააცილებდნენ წასვლის ნება რომ მიგვეცა? უბრალოდ, შენი საზიზღარი ტყავის გადარჩენა გინდოდა. ამ დინგიანის გამო შენ ხომ არ იცოდი, ლურჯები რომ გზაზე მოდიოდნენ, - გააგრძელა ორატორმა და სხვებს მიუბრუნდა, სისხლი დავღვარეთ და კიდევ ოცი ათას ფრანკს დავკარგავთ სუფთა ოქროთი...       - შენ თვითონ ხარ ტახი! - იფეთქა იარე-მიწაზემ, სამი ნა-ბიჯით დაიხია და მწყენინებელს დაუმიზნა. ლურჯები კი არ გძულს, ოქრო გიყვარს. აღსარებასაც ვერ იტყვი, ისე უზიარებელი მოკვდები, წყეულო ცოდვილო, წელს ზიარებაც არ მიგიღია.       ამ შეურაცხყოფამ გააცეცხლა შუანი, გაფითრდა და გულიდან ამომავალი ყრუ ბრდღვინვით მიზანში ამოიღო იარე-მიწაზე. ახალგაზრდა წინამძღოლი შუაში ჩაუვარდა, მერე თავისი კარაბინის ლულის დარტყმით თოფები დააყრევინა და მოითხოვა, ჩხუბის მიზეზი აეხსნათ, რადგან მისთვის უცნობ ქვემო ბრეტონულ კილოზე ლაპარაკობდნენ.       - ბატონო მარკიზო, - თქვა იარე-მიწაზემ, - მით უარესი მათთვის, ჩემზე რომ ბრაზობენ, იქ მოიტაცე-დიდი-კვერი დავტოვე, იქნებ მოახერხოს, ავაზაკებს გამოსტაცოს კლანჭებიდან დილიჟანსი, - და ხელით ლურჯებზე მიუთითა: ეკლესიისა და მეფის ტახტის ერთგულთათვის ლურჯები ლუი XVI-ს მკვლელები და ყაჩაღები იყვნენ.       - როგორ? - წამოიძახა განრისხებულმა ახალგაზრდა კაცმა, - თქვენ აქ დილიჟანსის შესაჩერებლად გაჩერდით? მხდალებო, ჩემს პირველ ბრძოლაში ვერ გაიმარჯვეთ! თუმცა, ასეთი განზრახვის მქონე ხალხთან რა გამარჯვების იმედი უნდა გქონდეს! მაშ, ღმერთისა და მეფის დამცველები მძარცველები არიან? ანა ორეელს გეფიცებით, ჩვენი საქმე რესპუბლიკასთან ბრძოლაა და არა დილიჟანსებთან! ამიერიდან, ვინც ასეთ სამარცხვინო რბევაში მიიღებს მონაწილეობას, ვერც ცოდვების მონანიებას ეღირსება და ვერც მეფის ერთგული მსახურებისთვის განკუთვნილი წყალობით ისარგებლებს.       ხალხში ყრუ დრტვინვა გაისმა. ნათელი იყო ავტორიტეტი, ასე ძნელად რომ მოიპოვა ახალმა მეთაურმა ამ უდისციპლინო ურდოში, საცაა დაეცემოდა. ეს ბუზღუნი შეუმჩნეველი არ დარჩენია ახალგაზრდა კაცს. ის უკვე თავისი, როგორც წინამძღოლის ღირსების გადარჩენის გზას ეძებდა, როცა უცებ ჩამოვარდნილ სიჩუმეში ცხენის თქარათქური გაისმა. ყველამ იქით გაიხედა, საიდანაც ხმაური ისმოდა. პატარა ბრეტონულ ცხენზე ვაჟურად ამხედრებული ახალგაზრდა ქალი იყო. მან შუანების ჯგუფთან მიაჭენა ცხენი.       - რა დაგემართათ? - რიგრიგობით შეხედა ქალმა შუანებს და მათ ბელადს.       - წარმოგიდგენიათ, მადამ, ესენი მაიენიდან ფუჟერში მიმავალ საფოსტო დილიჟანსს სდარაჯობენ გასაძარცვად. ჩვენ კი, ეს-ეს არის, ჩვენი ფუჟერელი ვაჟკაცების გასათავისუფლებლად შეტაკება მოგვიხდა, რამაც ბევრი ხალხი დაგვაკარგვინა, ლურჯების დამარცხება კი ვერ შევძელით.       - მერედა რა არის ამაში ცუდი? - იკითხა ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელმაც უტყუარი ალღოთი ამოხსნა სცენის საიდუმლო, - თქვენ ჯარისკაცები დაკარგეთ, მაგრამ ხალხი არასოდეს შემოგვაკლდება. ფოსტას მოაქვს ფული, რომელიც ყოველთვის გვჭირდება. დავმარხავთ ჩვენს კაცებს, რომლებიც ცაში მოხვდებიან, ავიღებთ ფულს, რომელიც ამ ყოჩაღი ხალხის ჯიბეებში მოხვდება. რა გაწუხებთ! შუანები ღიმილით ერთხმად დაეთანხმნენ ამ გამოსვლას.       - ნუთუ აქ ისეთი არაფერია, რომ გაგაწითლოთ? - ჩუმად ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა, - ფული ისე გჭირდებათ, რომ შარაგზაზე უნდა იშოვოთ?       - ისე ვარ ფულზე დახარბებული, მარკიზო, რომ ჩემს გულს მივცემდი გირაოდ, ერთ ვინმეს რომ არ მოეტაცა ჩემთვის! - კეკლუცად შეჰღიმა, - კი მაგრამ, საიდან ჩამოვარდით, რომ გგონიათ, შუანებს გამოიყენებთ ისე, რომ ზოგჯერ ლურჯების ძარცვის ნებას არ მისცემთ? არ გაგიგონიათ ანდაზა "ბუსავით ქურდბაცაცა"? შუანი კი ვინ არის? თანაც, - ხმას აუწია, - ეს ხომ სამართლიანი საქმეა? განა ლურჯებმა არ მიიტაცეს ეკლესიისა და ჩვენი ავლა-დიდება?       ეს სიტყვები კმაყოფილ გუგუნში ჩაიკარგა, რომელიც სულაც არ ჰგავდა იმ ბრდღვინვას, მარკიზს რომ შეაგებეს შუანებმა. ახალგაზრდა კაცს სახე მოექუფრა. ქალბატონი განზე გაიყვანა და აშკარად უკმაყოფილომ კარგად აღზრდილი კაცის ტონით უთხრა: - ეს ბატონები დანიშნულ დღეს ჩამოვლენ ვივეტიერში?       - დიახ, - უპასუხა ქალმა, - ყველანი ჩამოვლენ: მოპასუხეც, დიდი-ჟაკიც და შეიძლება ფერდინანდიც.       - ნება მომეცით, იქ დავბრუნდე, არ შემიძლია ასეთი ყაჩაღობა დავუშვა. დიახ, ქალბატონო, ყაჩაღობა ვთქვი. ქურდობის მსხვერ-პლი რომ გახდე, არის ამაში რაღაც კეთილშობილური, კი, მაგრამ...       - კეთილი, - შეაწყვეტინა ქალმა, - თქვენს წილს მე ავიღებ, გმადლობთ, რომ დამითმეთ... ჩემს ნადავლს ესეც დაემატება და ძალიან გამომადგება. დედას იმდენი ხანია, ფული არ გამოუგზავნია, რომ სასოწარკვეთილი ვარ...       - მშვიდობით! - წამოიძახა მარკიზმა და საჩქაროდ გაერიდა, მაგრამ ახალგაზრდა ქალი სწრაფად დაეწია.       - რატომ არ გინდათ ჩემთან დარჩეთ? - ნახევრად მბრძანე-ბლური და ნახევრად ალერსიანი თვალებით შეხედა, ისეთი მზერით, მამაკაცების პატივისცემას რომ იმსახურებენ, ქალებმა სურვილების გამოსახატავად ოსტატურად გამოყენება რომ იციან.       - დილიჟანსის გაძარცვას ხომ აპირებთ?       - გაძარცვას? - შეესიტყვა ქალი, - რა უცნაური სიტყვაა! ნება მომეცით, აგიხსნათ...       - არ არის საჭირო, - თქვა ახალგაზრდა კაცმა, აიღო მისი ხელები და კურტიზანის გულგრილი თავაზიანობით დაუკოცნა, - მომისმინეთ, - განაგრძო მცირე პაუზის შემდეგ, - თუ აქ ვიქნები დილიჟანსის ხელში ჩაგდების დროს, ჩვენი ხალხი მომკლავს, რადგან...       - თქვენ მათ არ დახოცავთ, - ცოცხლად შეაწყვეტინა, - რადგან ხელებს გაგიკრავენ, მიუხედავად თქვენდამი დიდი პატივისცემისა. მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებისგან აიღებენ აღჭურვილობას არსებობისთვის, დენთის საყიდლად საჭირო კონტრიბუციას, ამის მერე ბრმად დაგემორჩილებიან.       - და თქვენ გინდათ, აქ მე ვიუფროსო? თუ ჩემი სიცოცხლე სჭირდება იმ საქმეს, რასაც ვემსახურები, იმის ნება მაინც მიბოძეთ, ღირსება შევინარჩუნო. აქედან თუ წავალ, ამ სიმდაბლეზე შეიძლება არც არაფერი ვიცოდე. მოგვიანებით მოვალ და გაგაცილებთ.       და სწრაფად გაეცალა იქურობას. ახალგაზრდა ქალბატონმა აშკარად ნაღვლიანად მიუგდო ყური ფეხის ხმას. ხმელი ფოთლების შარიშური თანდათან მიჩუმდა. ერთხანს თითქოს საგონებელში ჩავარდა, მერე შუანებისკენ გაეშურა. უცებ ირონიულ-დამცინავი ჟესტი გააკეთა და იარე-მიწაზეს, ცხენიდან ჩამოხდომაში რომ დაეხმარა, უთხრა: - ამ ახალგაზრდას რესპუბლიკასთან ომი წესისა და რიგის მიხედვით უნდა!.. არა უშავს, კიდევ რამდენიმე დღე და აზრს შეიცვლის!... როგორ მომექცა! - ჩაილაპარაკა თავისთვის.       ქალი კლდეზე ჩამოჯდა, მანამდე ახალგაზრდა კაცი რომ იჯდა და ჩუმად დაელოდა დილიჟანსის მოსვლას. ეპოქის საკმაოდ საგულისხმო ფენომენი იყო ეს ახალგაზრდა არისტოკრატი ქალი, რომელიც მძაფრმა ვნებებმა მონარქიების დროის წინააღმდეგ ომში ჩააბა, მგზნებარე გრძნობებმა კი სავალალო ქცევებისკენ უბიძგეს, თუმცა, თუ შეიძლება ასე ითქვას, თანამოაზრე არ ყოფილა. ამ თვალსაზრისით, ის იმ ქალებს ჰგავდა, რომლებიც, ეგზალტაციით ატაცებულნი, არცთუ იშვიათად საგმირო საქმეებს სჩადიოდნენ. მის მსგავსად, მოვლენების მორევში ჩათრეულმა ბევრმა ქალმა ითამაშა საგმირო თუ საძრახისი როლი. როიალისტებს არ ჰყავდათ უფრო ერთგული, უფრო აქტიური ემისრები, ვიდრე ეს ქალები, მაგრამ არცერთს არ მოუწია ერთგულების, შეცდომებისა და იმ დამღუპველი მდგომარეობის საფასურის გადახდა, რაც ქალთა სქესისთვის აკრძალულია, ისეთი სასოწარკვეთილებით გამოსყიდვა, რაც ამ ქალბატონმა განიცადა, როცა გზის პირას გრანიტის ლოდზე იჯდა და უნებურად აღფრთოვანებული იყო შუანების ახალგაზრდა ბელადის კეთილშობილური არადჩაგდებითა და პატიოსნებით. ნელ-ნელა ღრმა ფიქრებში ჩაიძირა. მწარე მოგონებებმა მოანატრეს სიყმაწვილის უბიწოება, გულუბრყვილობა და გული დასწყდა, რომ არ გახდა მსხვერპლი რევოლუციისა, რომლის მაშინდელი ძლევამოსილი მსვლელობაც ასეთმა სუსტმა ხელებმა ვერ შეაჩერეს.       დილიჟანსი, შუანების თავდასხმის ერთ-ერთი მიზეზი რომ იყო, ორი რაზმის შეტაკებამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოვიდა პატარა ქალაქ ერნედან. ნებისმიერ ქვეყანას ყველაზე კარგად მისი მატერიალური ყოფა აღწერს. ამ თვალსაზრისით, აღნიშნული დილიჟანსი განსაკუთრებულ მოხსენიებას იმსახურებს. თვითონ რევოლუციას ძალა არ ეყო, მოესპო იგი: დღესაც დაგრიალებს. როცა ტიურგომ გამოისყიდა ერთი კომპანიის, ჯერ კიდევ ლუი XIV-ის დროს მიღებული პრივილეგია, მონოპოლიური უფლება მოეპოვებინა მგზავრების ექსკლუზიური გადაყვანისა მთელს სამეფოში, მან დააარსა საწარმოები, ტიურგოტინები რომ დაარქვა, ხოლო ბატონების, ვუჟის, შანტეკლერის და ლაკომბის ქვრივის ძველი მდიდრული კარეტები განდევნეს პროვინციაში. ერთ-ერთი ასეთი დიდი სამგზავრო ეტლი აკავშირებდა მაიენსა და ფუჟერს. ზოგიერთმა ჯიუტმა მას დაცინვით ტიურგოტინი შეარქვა, პარიზის გამოჯავრებით თუ იმ მინისტრის სიძულვილის გამო, სიახლეებისკენ რომ ისწრაფვოდა. ტიურგოტინი საძაგელი, ორ უზარმაზარბორბლიანი კაბრიოლეტი იყო, რომელშიც ორი ცოტა მსუქანი ადამიანი გაჭირვებით მოთავსდებოდა. ამ დანჯღრეული ეკიპაჟის სივიწროვე ბევრ ბარგს გამორიცხავდა; სკივრი, რომე-ლიც იგივე დასაჯდომი იყო, მხოლოდ ფოსტისთვის იყო განკუთვნილი. მგზავრს თუ ბარგი ჰქონდა, ფეხებს შუა უნდა ჩაედგა ისედაც ძალიან ვიწრო, სამჭედლოს საბერველის მსგავს ძარაში ჩაჭედილს. თავიდან რა ფერის იყო კარეტა ან ბორბლები, მგზა-ვრებისთვის ამოუხსნელი გამოცანა იყო. ტყავის ორ ფარდას, მიუხედავად სიძველისა, ძლივს რომ იდრიკებოდა, წამებული მგზავრები სიცივისა და წვიმისაგან უნდა დაეცვა. მეეტლე მაღალ, ყველაზე უხეირო პარიზული ძველებური ორთვალას კოფოს მსგავს მაღალ სკამზე იჯდა და უნებურად მონაწილეობდა ლაპარაკში, რადგან თავის ორფეხა და ოთხფეხა მსხვერპლებს შორის იჯდა. ეს ეკიპაჟი ფანტასტიურად ჰგავდა გადაბეხრეკებულ ბებრებს, უამრავი კატარი, აპოპლექსური დამბლა რომ გადაუტანიათ, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილან; გზაში ოხრავდა, კვნესოდა, დროდადრო თითქოს წამოიყვირებდა ხოლმე. ძილმორეული მგზავრივით, ხან წინ გადაიხრებოდა, ხან უკან, თითქოს უძალიანდებოდა პატარა, ბრეტონული ცხენების თავგანწირულ მცდელობას, ოღროჩოღრო გზაზე რომ მიათრევს. სხვა საუკუნის ამ ძეგლში სამი მგზავრი იყო. ერნედან გამოსვლის შემდეგ, სადაც ცხენები გამოუცვალეს, ისინი საფოსტო სადგურამდე დაწყებულ მასლაათს აგრძელებდნენ მეეტლესთან.       - რატომ გგონიათ, რომ აქ შუანები გამოჩნდებიან? - იკითხა მეეტლემ, - ერნეში ხალხმა მითხრა, მეთაური იულო ფუჟერიდან არ წასულაო.       - ეჰ, მეგობარო, - შეეხმიანა ერთ-ერთი სხვებზე ახალგაზრდა მგზავრი, - შენ მარტო შენს ტყავს უფრთხილდები, აი, ჩემსავით, თან სამასი ეკიუ რომ გქონდეს და თანაც პატიოსან პატრიოტად გიცნობდნენ, ვერ იქნებოდი მშვიდად.       - ცოტა არ იყოს, ყბედი ბრძანდებით, - მეეტლემ თავი გადააქნია.       - დათვლილი ცხვარი მგლის ნადავლია, - შეეხმიანა მეორე მგზავრი.       ეს, ასე ორმოცდაათი წლის შავად ჩაცმული კაცი, ალბათ ახლომახლო რექტორი იყო. სქელი ღაბაბი და ღაჟღაჟა ლოყები აშკარად მოწმობდნენ, რომ სასულიერო წოდებას ეკუთვნოდა. ტანმორჩილი და ჩასკვნილი ცქვიტად ჩამოდიოდა ეტლიდან და ასევე მკვირცხლად ადიოდა.       - თქვენ ვინ ხართ, შუანები? - წამოიძახა სამასი ეკიუს პატრონმა, ჩაცმულობით შეძლებულმა გლეხმა, თხის საუცხოო ტყავი რომ უფარავდა ფარსაგი მაუდის შარვალს და ძალიან სუფთა ქურთუკიც ეცვა, - ვფიცავ წმინდა რობესპიერის სულს, შავი დღე დაგადგებათ, თუ... - მერე თვალი შეავლო მეეტლეს, მერე მგზავრს და ქამარში გარჭობილი ორი პისტოლეტი უჩვენა.       - ბრეტონელებს მაგით ვერ შეაშინებთ, - მედიდურად თქვა რექტორმა, - და მერე რა შეგვატყვეთ, რომ თქვენი ფული გვაინტერესებს?       სიტყვა "ფულის" ხსენებაზე მეეტლე ჩუმდებოდა, რექტორი კი საკმაოდ ჭკვიანი იყო, რათა ეჭვი გასჩენოდა, რომ პატრიოტს ოქროს ეკიუები ჰქონდა და მეეტლეს მიჰქონდა ფული.       - დღეს ტვირთით ხარ, კუპიო? - იკითხა აბატმა.       - ეს, ბატონო გიუდენ, ჩათვალეთ რომ არაფერია, - უპასუხა მეეტლემ.       აბატმა გიუდენმა გამომცდელად შეხედა კუპიოს და პატრიოტს, მაგრამ ორივეს დარბაისლური, მშვიდი სახე ჰქონდა.       - მით უკეთესი შენთვის, შეეხმიანა პატრიოტი, თუ დამჭირდა, შევძლებ ჩემი ქონების დაცვას.       დიქტატურის ასეთმა დესპოტურმა ხელყოფამ აღაშფოთა კუპიო და უხეშად შეეპასუხა: - ჩემი ეკიპაჟის პატრონი მე ვარ და თუ კი მიმყავხართ...       - ვინ ხარ? პატრიოტი თუ შუანი? - გაცხარებულმა გააწყვეტინა სიტყვა მოწინააღმდეგემ.       - არც ერთი, არც მეორე, - უპასუხა კუპიომ, - მეეტლე ვარ და, რაც მთავარია, ბრეტონელი, მაშასადამე, არც ლურჯების მეშინია და არც დიდებულების.       - შენ ალბათ დიდწამგლეჯები გინდოდა გეთქვა, - შეაწყვეტინა პატრიოტმა ირონიულად.       - მათ მხოლოდ უკან მიაქვთ ის, რაც წაგლიჯეს, - თქვა გაგულისებულმა რექტორმა.       ორივე მგზავრი თვალებით ჭამდა ერთმანეთს, თუ დასაშვებია სალაპარაკო ენის ამ გამოთქმის ხმარება. ეტლის სიღრმეში მესამე მგზავრიც იჯდა, მთელი ამ ხნის მანძილზე ხმა რომ არ ამოუღია. მეეტლე, პატრიოტი და გიუდენიც კი არაფრად აგდებდნენ ამ უდრტვინველ მგზავრს. მართლაც, ეს იყო უხერხული და უკარება მგზავრი, იმ უტყვ ხბოს მოგაგონებდათ, ფეხებგაკრული რომ მიჰყავთ უახლოეს ბაზარზე. ჯერ საკუთარ ადგილზე თავისუფლად მოეწყობიან და მერე ამთავრებენ იმით, რომ ჩაძინებულები უცერემონიოდ ჩამოადებენ თავს მხარზე მეზობელს. პატრიოტმა, გიუდენმა და მეეტლემ თავი მიანებეს, რაკი მძინარედ ჩათვალეს და თანაც უსარგებლოდ მიიჩნიეს, ლაპარაკი გაებათ გაქვავებულსახიან კაცთან, რომელსაც მთელი ცხოვრება წყრთობით ტილოს აზომვა-გაყიდვაში გაუტარებია, ტვინი კი იმით ჰქონდა დაკავებული, უბრალოდ, მეტი წაეგლიჯა, ვიდრე ღირდა. ეს ჯმუხი პატარა კაცი, კუთხეში გორგალივით მოკუნტული, დროდადრო ახელდა პატარა, ცისფერ თვალებს, მთელი ამ საუბრის განმავლობაში რიგ-რიგობით უყურებდა მოსაუბრეებს შიშით, ეჭვით და უნდობლობლად, მაგრამ ისე, რომ გეგონებოდათ, თავისი თანამგზავრების ეშინია და არა შუანებისო. ამ დროს პელერინის მწვერვალზე სროლა ატყდა. კუპიომ შემკრთალმა შეაჩერა ეტლი.       - ოჰ! ოჰ! - შესძახა მღვდელმა, რომელიც ვითარებაში კარგად ერკვეოდა, - სერიოზული შეტაკებაა, ბევრი ხალხია.       - ჰო, ბატონო გიუდენ, მძიმე მდგომარეობაა, ნეტავი გაგვაგებინა, ვინ მოიგებს? - წამოიძახა კუპიომ.       ამჯერად სახეზე ყველას შეშფოთება ეწერა.       - შევიყვანოთ ეტლი ამ სამიკიტნოს ეზოში და ჩვენც იქ დავიმალოთ, სანამ ბრძოლის შედეგს გავიგებთ.       რჩევა ისეთი ბრძნული ეჩვენა, რომ კუპიომ დაუჯერა. პატრიოტმა მეეტლეს უშველა, ეკიპაჟი თვალისთვის მოეფარებინათ ფიჩხის გროვის უკან. გაწითლებულმა რექტორმა დრო შეარჩია და კუპიოს ჰკითხა: - მაგას მართლა აქვს ფული?       - ეეჰ, ბატონო გიუდენ, რაც მაგას აქვს, თუ თქვენი უწმინდე-სობის ჯიბეებში მოხვდება, არ დაგამძიმებთ.       რესპუბლიკელები, ერნეში რომ ეჩქარებოდათ, გასცდნენ დუქანს. მათი ბრაგაბრუგის გაგონებაზე გიუდენი და პატრიოტი ჭიშკრიდან გზაზე გავიდნენ დაინტერესებულები. უცებ სქელმა რექტორმა მიირბინა ჯარისკაცთან, კოლონიის ბოლოში რომ მიჩანჩალებდა: - გიუდენ, რა ხდება! ჯიუტო, მაშ, არ იშლი და ლურჯებთან მიდიხარ? შვილო ჩემო, კარგად დაფიქრდი?       - კი, ბიძაჩემო, - უპასუხა კაპრალმა, - დავიფიცე, რომ საფრანგეთს დავიცავ.       - ეჰ, შე უბედურო! სულს წაიწყმედ! - წამოიძახა აბატმა, ეგონა, ძმისწულის გულში რელიგიურ გრძნობას გააღვიძებდა, რაც ასე ძლიერია ბრეტონელებში.       - ბიძაჩემო, მეფე რომ ჩაუდგებოდეს სათავეში თავის არმიას, იმას კი არ ვამბობ, რომ...       - უჰ, შე ბრიყვო! მეფეზე ვინ გელაპარაკება? შენი რესპუბლიკა, რა, სააბატოებს არგებს? ყველაფერი აურია. რას მიაღწევ? დარჩი ჩვენთან, ადრე თუ გვიან გავიმარჯვებთ და სადმე პარლამენტის მრჩეველი გახდები.       - პარლამენტის? - დამცინავად ჩაეკითხა ახალგაზრდა გიუდენი, - მშვიდობით, ბიძაჩემო!       - ჩემგან სამ ლუიდორსაც ვერ მიიღებ! - გაცეცხლდა ბიძა, - მემკვიდრეობას ვერ ეღირსები, ჩამოგართმევ!       - მადლობელი ვარ! - უპასუხა რესპუბლიკელმა.       და წავიდ-წამოვიდნენ. სანამ ლურჯების პატარა დანაყოფი ჩაივლიდა, სიდრის ოხშივარმა, პატრიოტმა რომ დაალევინა კუპიოს, მეეტლეს გონება დაუბინდა. მაგრამ მაშინვე გამოფხიზლდა და გამხიარულდა, როცა მეფუნდუკემ გაიკითხ-გამოიკითხა შეტაკების შედეგები და ამცნო, რომ ლურჯების მხარეს იყო გამარჯვება. კუპიო ისევ გავიდა დიდ გზაზე და მალე მისი ეტლი პელერინის ველზეც გამოჩნდა, სადაც მისი დანახვა მენის პლატოდანაც და ბრეტონის მხრიდანაც შეიძლებოდა, იტყოდი, ქარიშხალს გადარჩენილი გემის ნაწილია, ტალღებს რომ მიაქვსო.       როგორც კი ბორცვის წვერზე ავიდა, სადაც ლურჯები ადიოდნენ და საიდანაც შორს პელერინს დაინახავდით, იულო შემოტრიალდა, შუანები ისევ იქ არიან თუ არაო. მათი თოფების მზეზე მოელვარე ლულები ბრჭყვიალა წერტილებივით ჩანდა. კიდევ ერთხელ გადახედა ველს, საიდანაც, ეს-ეს არის, გამოვიდა, ერნეს ხეობას რომ დასდგომოდა. მოეჩვენა, რომ შარაგზაზე კუპიოს ეტლი დაინახა.       - ეს მაიენის დილიჟანსი არ არის? - ჰკითხა თავის ორ მეგობარს.       ოფიცრები დააკვირდნენ და იცნეს.       - ეჰე! როგორ არ შეგვხვდნენ?       უსიტყვოდ გადახედეს ერთმანეთს.       - აი, კიდევ ერთი გამოცანა! - წამოიძახა მეთაურმა, - მგონი უკვე ვხვდები.       ამ მომენტში იარე-მიწაზემ იცნო ტიურგოტონი და თავისიანებს შეატყობინა. საყოველთაო სიხარულმა ახალგაზრდა ქალი ფიქრებიდან გამოიყვანა, მიუახლოვდა შუანებს და დილიჟანსი დაინახა, რომელიც პელერინის აღმართისკენ მიისწრაფოდა. მალე ბედნავსი ტიურგოტინი პლატოზე ავიდა. შუანები, რომლებიც ისევ მიიმალ-მოიმალნენ, დამშეული მხეცის სისწრაფით დააცხრნენ. უტყვი მგზავრი ჩაცურდა, მოიკუნტა და ბარდანასავით მიიყუჟა.       - ეჰე! - შეჰყვირა კუპიომ კოფოდან და გლეხებზე მიუთითა, - იყნოსეთ? იგრძენით, რომ ამ პატრიოტს მთელი ტომარა ფული აქვს!       ამ სიტყვებს შუანების თავაწყვეტილი ხარხარი მოჰყვა და ყვირილი გაისმა: მოიტაცე-დიდი-კვერი! მოიტაცე-დიდი-კვერი!       ამ სიცილ-ხარხარში, ექოსავით რომ აჰყვა თვითონ მოიტაცე-დიდი-კვერი, შემცბარი კუპიო კოფოდან ჩამოვიდა. როცა ყბადაღებულმა სიბომ, იგივე მოიტაცე-დიდი-კვერმა ხელი შეაშველა თა-ვის მეზობელს ეტლიდან გადმოსვლისას, მოწიწებულმა ჩურჩულმა გადაირბინა.       - ეს ხომ აბატი გიუდენია! - წამოიძახეს აქეთ-იქით.       ამ პატივცემული სახელის გაგონებაზე შუანებმა ქუდები მოიშვლიპეს, მუხლებზე დაეცნენ მღვდლის წინაშე და კურთხევა სთხოვეს. აბატმა დიდი ამბით დალოცა.       - ეს წმინდა პეტრესაც კი გააცურებდა და სამოთხის გასაღებს აწაპნიდა, - თქვა რექტორმა და მხარზე ხელი დაუტყაპუნა მოიტაცე-დიდ-კვერს, - ეს რომ არა, ლურჯები ჩაგვიგდებდნენ ხელში.       ახალგაზრდა ქალბატონის დანახვაზე აბატი გიუდენი მისკენ გაეშურა. იარე-მიწაზემ მარჯვედ გახსნა დილიჟანსის სკივრი, გიჟური სიხარულით აჩვენა ყველას ტომარა, აშკარად რომ ეტყობოდა, მონეტების რულონებით იყო სავსე. ნადავლის გაყოფაც აღარ დაუხანებია. ყოველმა შუანმა თავისი წილი მიიღო და ისე სამართლიანად და ზუსტად განაწილდა, რომ კინკლაობაც კი არ გამოუწვევია. მერე მიუახლოვდა ახალგაზრდა ქალბატონს და მღვდელს და ექვსი ათასამდე ფრანკი გაუწოდა.       - სუფთა სინდისით შემიძლია ავიღო, ბატონო გიუდენ? - იკითხა ქალმა, რადგან გრძნობდა ნებართვის აუცილებლობას.       - აბა, როგორ ქალბატონო? ოდესღაც ეკლესია არ იყო პროტესტანტების ქონების კონფისკაციაზე თანხმობა რომ მისცა? მითუმეტეს, ნებადართულია რევოლუციონერებთან, ღმერთის უარმყოფელებთან, ტაძრების დამანგრეველებთან და რელიგიის მდევნელებთან დაკავშირებით.       ეს ქადაგება აბატმა საკუთარი მაგალითით დაადასტურა - ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე მიიღო ახალი ყაიდის დესეტინა, იარე-მიწაზემ რომ მიუტანა.       - თანაც ახლა ყველაფერი, რაც გამაჩნია, შემიძლია შევწირო ღმერთს და მეფეს: ჩემი ძმისწული ლურჯებთან წავიდა!       კუპიო მოთქვამდა, დავიღუპეო.       - მოდი ჩვენთან, - უთხრა იარე-მიწაზემ და შენი წილი გექნება.       - მაგრამ თუ თავდასხმის კვალი არ იქნება, ეგონებათ, ძალით გავაძარცვინე.       - სულ ეგ არის?.. - იარე-მიწაზემ ანიშნა და ზალპით დაცხრილეს ტიურგოტინი. ამ უცაბედი ბათქაბუთქისგან ძველი ეტლი ისე აჭრიალდა, რომ ბუნებით ცრუმორწმუნე შუანებმა უკან დაი-ხიეს. იარე-მიწაზემ კი შენიშნა ძარის კუთხეში როგორ გამოჩნდა და იქვე გაუჩინარდა უჩუმარი მგზავრის გაფითრებული სახე.       - შენს საქათმეში კიდევ ერთი ფრინველი გყოლია, - ჩაულაპარაკა იარე-მიწაზემ კუპიოს.       მოიტაცე-დიდი-კვერი მიხვდა შეკითხვას და მრავალმნიშვნე-ლოვნად ჩაუკრა თვალი.       - ჰო, - უპასუხა მეეტლემ, - მაგრამ თუ ჩემი გადაბირება გინდათ, ნება მომეცით, ეს პატიოსანი კაცი საღსალამათი ჩავიყვანო ფუჟერში. წმინდა ანა ორეელს შევფიცე.       - ეგ ვინღაა? - იკითხა მოიტაცე-დიდი-კვერმა.       - მაგას ვერ გეტყვით, - უპასუხა კუპიომ.       - გაუშვი, წაიყვანოს, - იარე-მიწაზემ მუჯლუგუნი წაჰკრა მოიტაცე-დიდ-კვერს, - რაკი წმინდა ანა ორეელს შეჰფიცა, სიტყვა სიტყვაა.       - ოღონდ იცი, რა, - შუანმა კუპიოს მიმართა, - ძალიან სწრაფად ნუ დაეშვებით დაღმართზე, დაგეწევით. ასეა საჭირო. შენი მგზავრის სიფათი მინდა ვნახო და მერე მივცემთ საშვს.       ამ დროს ცხენის თქარათქური გაისმა, მთას უახლოვდებოდა. მალე ახალგაზრდა მეთაურიც გამოჩნდა. ქალმა საჩქაროდ დამალა ზურგსუკან პარკი, ხელში რომ ეჭირა.       - შეგიძლიათ, მშვიდად აიღოთ ეგ ფული, - უთხრა ახალგაზრდა კაცმა და ხელი გამოაწევინა, - აი, წერილი, ჩემს წერილებში რომ ვიპოვე ფოსტაში, ვივეტიერში რომ მელოდა, ქალბატონ დედათქვენის წერილი, - სათითაოდ შეხედა ყველა შუანს, ტყეს რომ აფარებდნენ თავს და ეტლს, კუენონის ველისკენ რომ ჩადიოდა და დაუმატა: - როგორ ვჩქარობდი, მაგრამ ვერ მოვუსწარი. ნეტავ ჩემი ეჭვები არ გამართლდეს!       - ეს საბრალო დედაჩემის ფულია, - შეჰყვირა ახალგაზრდა ქალბატონმა, წერილი რომ გახსნა და პირველი სტრიქონები წაიკითხა.       - ტყიდან მოგუდული სიცილი გაისმა. ახალგაზრდა მეთაურმაც, ქალის შემხედვარემ, ღიმილი ვერ შეიკავა. ჯერ კიდევ ხელში ეჭირა საკუთარი ფულის ნაძარცვის თავისი წილი. მანაც სიცილი დაიწყო.       - დიდება შენდა, ღმერთო! მარკიზო, ამჯერად მშრალად გამოვედი.       - რა არასერიოზული ხართ ყველაფერში, სინდისის ქენჯნაშიც კი... - უთხრა ახალგაზრდა კაცმა. ქალი გაწითლდა და მარკიზს ისე გულწრფელად დარცხვენილმა შეხედა, რომ განაიარაღა იგი. აბატმა თავაზიანად, მაგრამ ორჭოფული სახით დაუბრუნა თავისი ახლახან მიღებული დესეტინა და გაეშურა შემოსავლელი გზის-კენ, რითიც მოვიდა. სანამ მათ შეუერთდებოდა, ქალმა იარე-მიწაზეს ანიშნა. ისიც მიუახლოვდა.       - ახლა მორტანთან ჩაუსაფრდით, - უთხრა ჩუმად, - გავიგე, რომ ლურჯები დღეს-ხვალ გააგზავნიან ალანსონში ომისთვის მოსამზადებლად დიდძალ ფულს, ნაღდ ფულს. შენს ამხანაგებს დღევანდელ ნადავლს დავუტოვებ იმ პირობით, რომ ზარალს ამინაზღაურებენ. ოღონდ გაფრთხილდი, ვაჟკაცმა არ გაიგოს, რისთვის მიდიხართ იქ: შეიძლება წინააღმდეგობა გაგიწიოთ. მაგრამ თუ ასეთი რამე მოხდა, დავაწყნარებ.       - ქალბატონო, - უთხრა მარკიზმა ქალს, უკან რომ შემოისვა, რაკი მან თავისი ცხენი აბატს დაუტოვა, - ჩემი პარიზელი მეგობრები მწერენ, ფხიზლად ვიყო, რესპუბლიკა აპირებს ეშმაკობით და ღალატით გვებრძოლოს.       - არა უშავს, - უპასუხა ქალმა, - საკმაოდ კარგი აზრები ჰქონია მაგ ხალხს. შემიძლია მონაწილეობა მივიღო ომში და მოწინააღმდეგეებიც ვიპოვო.       - რა თქმა უნდა, - შესძახა მარკიზმა, - პეშეგრიუ მირჩევს, ზედმიწევნით ფრთხილად შევარჩიო მეგობრები.       - რესპუბლიკა დიდ ნდობას მიცხადებს, როცა თვლის, რომ ყველა ერთად აღებულ ვანდეელზე საშიში ვარ. ცდილობს, ჩემი სისუსტეებით ისარგებლოს ხელში ჩასაგდებად.       - ნუთუ მეც არ მენდობით და მომერიდებით? - ჰკითხა ქალმა და, ჩაბღაუჭებულმა, მსუბუქად დაუტყაპუნა ხელი გულზე.       - ეგ როგორ გაიფიქრეთ, ქალბატონო? - შეესიტყვა და თავი მიაბრუნა. ქალმა შუბლზე აკოცა.       - მაშ, - წამოიწყო აბატმა, - ფუშეს პოლიცია ჩვენთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე კონტრ-შუანები და მობილური ბატალიონები?       - მართალს ბრძანებთ, თქვენო უწმინდესობავ.       - ახ, ასეა? - წამოიძახა ქალბატონმა, - მაშ, ფუშე ქალების მოგზავნას აპირებს თქვენთან?! - და მცირე პაუზის შემდეგ ღუღუნა ხმით დაუმატა, - დაველოდები.       ეს მოქმედება ვითარდებოდა დაცარიელებული პლატოდან სამ-ოთხ გასროლაზე, რაც არცთუ იშვიათი იყო იმხანად შარაგზაზე. პელერინის პატარა სოფლის სიბაკართან მოიტაცე-დიდი-კვერმა და იარე-მიწაზემ ისევ გააჩერეს დილიჟანსი პატარა ხევში. კუპიო უმნიშვნელო გაძალიანების შემდეგ ჩამოვიდა ეტლის კოფოდან. უტყვი მგზავრი, რომელიც ორმა შუანმა ეტლის კუთხიდან ამოაძვრინა, კურდღლისცოცხას ბუჩქნარში მუხლებზე დაჩოქილი აღმოჩნდა.       - ვინ ხარ? - ავისმომასწავებელი ხმით ჰკითხა იარე-მიწაზემ.       მგზავრი ხმას არ იღებდა. მაშინ მოიტაცე-დიდი-კვერმა თოფის კონდახი ჩასცხო და კითხვა გაუმეორა.       - ჟაკ პინო ვარ, ტილოთი მოვაჭრე საწყალი კაცი, - უპასუხა და კუპიოს შეხედა.       კუპიომ არაო, თავი გადააქნია, ეგონა, ამით არ არღვევდა მიცემულ სიტყვას. ამ ნიშანმა მოიტაცე-დიდ-კვერს სახე გაუნათა, მგზავრს თოფი მიუშვირა, იარე-მიწაზემ კი მრისხანედ და კატეგორიულად გამოუცხადა: - მეტისმეტად სქელი ხარ საწყალი კაცის კვალობაზე. თუ კიდევ ერთხელ გვაკითხინებ შენს ნამდვილ სახელს, აი, ჩემი მეგობარი მოიტაცე-დიდი-კვერი ერთი გასროლით მოიპოვებს შენი მემკვიდრეების პატივისცემასა და მადლიერებას. ვინ ხარ? - დაუმატა პაუზის მერე.       - დ’ორჟემონი ვარ ფუჟერიდან.       - ოჰო! - შესძახა ორივე შუანმა.       - მე არ მითქვამს თქვენი სახელი, მუსიე დ’ორჟემონ, - ხმა ამოიღო კუპიომ, - წმინდა ღვთისმშობელია მოწმე, პატიოსნად გიცავდით.       - აბა, რაკი დ’ორჟემონი ყოფილხართ ფუჟერიდან, - მოწიწებული ირონიული ხმით უთხრა იარე-მიწაზემ, - თავს დაგანებებთ. მაგრამ რაკი არც კაი ბიჭი შუანი ხართ და არც ნამდვილი ლურჯი, თუმცა ჟიუვინიის სააბატოს მიწები იყიდეთ, მაინც გადაგვიხდით გამოსასყიდს, - დაუმატა შუანმა და თითქოს თითებზე გადაითვალა თავისი ამხანაგები, - გადაგვიხდით ექვსფრანკიან სამას ეკიუს. ნეიტრალიტეტი ნამდვილად ღირს ამად.       - სამასი ექვსფრანკიანი ეკიუ! - ერთბაშად აღმოხდა სამივეს: საცოდავ ბანკირს, მოიტანე-დიდ-კვერს და კუპიოს, მაგრამ ყველას სხვადასხვანაირად.       - ვაგლახ, ჩემო ძვირფასო ბატონო, - განაგრძო დ’ორჟემონმა, - გაკოტრებული ვარ. ამ ოხერმა რესპუბლიკამ გამოაცხადა ასი მილიონი ფრანკის იძულებითი სესხი; უზარმაზარი გადასახადი შემაწერა და მშრალზე დავრჩი.       - რამდენი მოგთხოვა შენმა რესპუბლიკამ?       - ათასი ეკიუ, ჩემო ძვირფასო ბატონო, - უპასუხა საცოდავი სახით ბანკირმა იმ იმედით, რომ ცოტას დაუკლებდნენ.       - შენი რესპუბლიკა თუ იძულებით სესხში ამოდენა ფულს გართმევს, ხომ ხედავ, ჩვენთან უფრო ხელსაყრელია: ჩვენი მთავრობა უფრო იაფია. სამასი ეკიუ შენი ტყავისთვის განა ბევრია?       - საიდან მოვიტანო?       - შენი სკივრიდან, - უთხრა მოიტაცე-დიდი-კვერმა, - და თან მიაქციე ყურადღება, ეკიუ სრული წონისა იყოს, თორემ კოცონზე შენ დაგიკლებთ წონას.       - სად უნდა გადაგიხადოთ?       - შენი სააგარაკო სახლი ფუჟერში ახლოს არის ჟიბარის ფერმასთან, სადაც ჩემი ბიძაშვილი ცხოვრობს, დაასხი-კუტალი, იგივე დიდი სიბო, ფული მას გადაეცი, - უთხრა მოიტაცე-დიდი-კვერმა.       - ეს რა წესია, - წამოიწყო დ’ორჟემონმა.       - რა ჩვენი საქმეა! - უპასუხა იარე-მიწაზემ, - გახსოვდეს, თუ ორ კვირაში არ მიუტან ფულს დაასხი -კუტალს, შემოგივლით ცოტახნით და მოგირჩენთ პოდაგრას.       - შენ კი კუპიო, - მიმართა მეეტლეს, - დღეიდან გერქმევა წაიღე-დოვლათი.       ამ სიტყვების შემდეგ ორივე შუანი წავიდა. მგზავრი ისევ ჩაჯდა ეტლში, მეეტლის მათრახმა ფუჟერისკენ რომ გააქანა.       - იარაღი რომ გქონოდათ, - უთხრა კუპიომ, - ცოტა უკეთესად დავიცავდით თავს.       - ტუტუცო, აი, აქ ათი ათასი ფრანკი მაქვს, - დ’ორჟემონმა თავისი უხეში ფეხსაცმელები აჩვენა, - განა შეიძლება თავის დაცვა, როცა ასეთი თანხა გაქვს თან!       წაიღე-დოვლათმა ყური მოიფხანა და უკან მოიხედა, მაგრამ მისი ახალი ამხანაგები უკვე გამქრალიყვნენ.       იულოს რაზმი ცოტა ხანს ერნეში შეჩერდა, ავადმყოფების ლაზარეთში დასატოვებლად. მერე ისევ გააგრძელეს გზა და უფათერაკოდ ჩავიდნენ მაიენში. იქ მეორე დღეს მეთაურმა შეძლო, დაეზუსტებინა საფოსტო დილიჟანსის მარშუტი, რადგან მოსახლეობამ დილიჟანსის გაქურდვის შესახებ მეორე დღეს გაიგო. რამდენიმე დღის შემდეგ ხელისუფლებამ მაიენში ბლომად ახალწვეული პატრიოტი გააგზავნა, იულოს თავისი ნახევარბრიგადა რომ შეევსო. მალე ნაკლებად დამამშვიდებელი ხმები გავრცელდა: ამბოხებამ ისევ მოიცვა ყველა ის ადგილი, რომელიც ბოლო ხანებში შუანებმა და ვანდეელებმა ხანძრის ძირითად კერებად აქციეს. ბრეტანში როიალისტები დაეპატრონნენ პონტორსონს, ზღვისკენ გასასვლელი რომ ჰქონოდათ. პონტორსონსა და ფუჟერს შორის, ხელში ჩაიგდეს პატარა ქალაქი სენ-ჯემსიც და, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, დროებით თავიანთ პლაცდარმად ექციათ, საწყობების ცენტრად და სამხედრო ოპერაციების შუაგულად. იქიდან უსაფრთხოდ შეეძლოთ დაკავშირება ნორმანდიასთან და მორბიანთან. მეორეხარისხოვანი უფროსობა ამ სამ პროვინციას უვლიდა გარს, ცდილობდნენ, აეჯანყებინათ მონარქიის მომხრეები. ეს ხრიკები ვანდეიდან მიღებულ ცნობებს ემთხვეოდა, იქაც მსგავსი ინტრიგები ამღვრევდა მთელ მხარეს, ხელმძღვანელი იყო ოთხი ცნობილი როიალისტი ბატონი: აბატი ვერნალი, გრაფი დე ფონტენი, დე შატილიონი და სიუზანე. ამბობდნენ, თითქოს შევალიე დე ვალუა, მარკიზი დ’ეგრინიონი და ტრუავილები გამხდარიყვნენ მათი მოკავშირეები ორნის დეპარტამენტში. შეფი ოპერაციების ფართო პლანისა, რომელიც ნელა, მაგრამ ძლიერად ვითარდებოდა, მართლაც ვაჟკაცი იყო, ასეთი მეტსახელი შეარქვეს შუანებმა მარკიზ დე მონტორანს, როგორც კი გემიდან საფრანგეთის მიწას დაადგა ფეხი. იულოს მიერ მინისტრებისთვის მიწოდებული ცნობები უტყუარი იყო, უცხოეთიდან გამოგზავნილი წინამძღოლის ავტორიტეტი აღიარეს. მარკიზმა დიდი ძალაუფლება მოიპოვა შუანებზე, ცდილობდა, ჩაეგონებინა, რომ მათი სისასტიკე არცხვენდა კეთილშობილურ საქმეს, რომელიც მათ წამოიწყეს. სიმამაცე, ვაჟკაცობა, ცივი გონება, ნიჭი ამ ახალგაზრდა სენიორისა რესპუბლიკის მტრების იმედს აღვიძებდა და ისე გააღვივა პირქუში ეგზალტაცია ამ ოლქებში, რომ ახლა ყველაზე ნაკლებად თავგამოდებულებიც კი ხელს უწყობდნენ იმ მოვლენათა მომზადებას, რომლებსაც დამხობილი მონარქიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა. პარიზიდან იულოს თავის უამრავ შეკითხვაზე არავითარი პასუხი არ მიუღია. ეს უცნაური სიჩუმე, ცხადია, რევოლუციის კრიზისის მაუწყებელი იყო.       - იქნებ მათთან იქ, მთავრობაში, ისევე, როგორც ხაზინაში, სიცარიელეა და ყველა ჩვენი შუამდგომლობა ამაოა, - ეუბნებოდა ნახევარბრიგადის მოხუცი მეთაური თავის მეგობრებს.       მაგრამ მალე გავრცელდა ცნობები გენერალ ბონაპარტის მოულოდნელი დაბრუნებისა და 18 ბრიუმერის მოვლენებზე. მაშინ დასავლეთ საფრანგეთის მეთაურებისთვის მინისტრების მდუმარება გასაგები გახდა. ამან მხოლოდ გაამძაფრა ოფიცერთა მოუთმენელი სურვილი, გათავისუფლებულიყვნენ მათთვის სამძიმო პასუხისმგებლობისგან და ინტერესით ელოდნენ, რა ზომებს მიიღებდა ახალი მთავრობა.       როცა გაიგეს, რომ ბონაპარტი დაინიშნა რესპუბლიკის პირველ კონსულად, სამხედროებმა დიდად გაიხარეს! ისინი პირველად ხედავდნენ ერთ-ერთ თავისიანს სახელმწიფო საქმეების მესაჭედ. საფრანგეთი იმედმა შეაზანზარა, ახალგაზრდა გენერალი კერპად გაიხადა, ნაციას ენერგია გაუორმაგდა. პირქუში თავდაჭერით დაღლილი დედაქალაქი ზეიმებსა და სიამოვნებაში გადაეშვა, რაც ასე დიდხანს აკლდა. კონსულის პირველმა ღონისძიებებმა ვერც იმედი შეზღუდა და სულაც ვერ შეაშინა თავისუფლება. პირველმა კონსულმა განცხადებით მიმართა დასავლეთ საფრანგეთის მოსახლეობას. ამ ენაწყლიანმა პროკლამაციამ მასებისადმი, რომელიც, ასე ვთქვათ, ბონაპარტის გამოგონება იყო, პატრიოტიზმისა და სასწაულების იმ პერიოდში გასაოცარი ზეგავლენა იქონია. მისი ხმა წინასწარმეტყველის ხმასავით გაისმა მსოფლიოში, რადგან ყველა მისი მოწოდება დასტურდებოდა გამარჯვებით.       "მკვიდრნო, მკრეხელურმა, ბიწიერმა ომმა მეორედ მოიცვა დასავლეთის დეპარტამენტები.       ავტორები ამ ამბოხისა მოღალატეები არიან, სული რომ მიჰყიდეს ინგლისელებს ან ყაჩაღები, სამოქალაქო განხეთქილებას გამორჩენისა და თავიანთი ავკაცობის დაუსჯელობისთვის რომ იყენებენ. ასეთი ხალხის არც შებრალება ევალება მთავრობას და არც მათთვის თავისი პრინციპების განმარტება.       მაგრამ არიან მოქალაქენი, სამშობლოსთვის ძვირფასნი, რომლებიც მეამბოხეებმა ხრიკებით შეაცდინეს. ასეთი მოქალაქეები უნდა გავანათლოთ და ჭეშმარიტებაზე თვალი უნდა ავუხილოთ. გამოიცა და განხორციელდა უსამართლო კანონები. მოქალაქენი შეაშფოთა დესპოტურმა, ტირანულმა ქმედებებმა, მათი უსაფრთხოებისა და სინდისის თავისუფლებას რომ დაემუქრა. მრავალ მოქალაქეს მიაყენეს დარტყმა ემიგრანტთა სიაში შეყვანით, მოკლედ, დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგის დიადი საფუძვლები.       კონსულები აცხადებენ, რომ კონსტიტუციით, აღმსარებლობის თავისუფლების გარანტს რომ იძლევა, შესრულდება III წლის 11 პრერიალის კანონი, რაც მოსახლეობას უფლებას მისცემს, გამოიყენოს საკულტო-რელიგიური დანიშნულების ნაგებობები.       მთავრობა აპატიებს და შეიწყალებს მონანიეთ. შეწყალება იქნება სრული და უპირობო, მაგრამ დაისჯება ყოველი, ვინც ამ დეკლარაციის შემდეგ გაბედავს ნაციის უმაღლეს ხელისუფლებას წინააღმდეგობა გაუწიოს."       - აბა, - ამბობდა იულო, როცა საჯაროდ წაიკითხეს კონსულის მოწოდება, - განა მამაშვილური არ არის? აი, ნახავთ, ვერცერთი ყაჩაღი როიალისტი თავის შეხედულებებს ვერ შეიცვლის.       მეთაური მართალი იყო. პროკლამაციის შედეგი ის იყო, რომ ყველას განუმტკიცდა თავისი შეხედულება. რამდენიმე დღის შემდეგ იულომ და მისმა კოლეგებმა მაშველი ჯარი მიიღეს. ახალმა სამხედრო მინისტრმა აცნობა, რომ მათთან ჩავიდოდა დასავლეთ საფრანგეთის ჯარების მეთაურად დანიშნული გენერალი ბრიუნი. თავისი გამოცდილებით ცნობილმა იულომ მიიღო დროებითი სარდლობა ორნისა და მაიენის დეპარტამენტებში. მალე უჩვეულო აქტივობამ გამოაცოცხლა მთავრობის ყველა უწყება. სამხედრო მინისტრისა და პოლიციის მინისტრის ცირკულარი ამცნობდა, რომ ამბოხების ჩასახშობად საფუძველშივე ენერგიულ ზომებს მიიღებდნენ და მათი განხორციელება დაევალებოდა ჯარის მეთაურობას. მაგრამ შუანებმა და ვანდეელებმა ისარგებლეს რესპუბლიკის უმოქმედობით, აამხედრეს სოფლები და სრულიად დაეპატრონნენ მათ, ამიტომ გამოქვეყნდა კონსულთა მეორე მოწოდება. ამჯერად ბონაპარტი მიმართავდა ჯარებს: "ჯარისკაცებო!       საფრანგეთის დასავლეთში დარჩნენ მხოლოდ ყაჩაღები, ემიგრანტები და ინგლისის დაქირავებული ჯარისკაცები.       ჩვენს არმიაში სამოცი ათასზე მეტი გულადი ადამიანია, მოკლე ხანში ველოდები შეტყობინებას, რომ ამბოხების მეთაურები ცოცხლები აღარ არიან. დიდება მძიმე შრომის საფასურია. რომ შეიძლებოდეს მისი მოპოვება შტაბში, დიდ ქალაქებში, ვის არ მოუნდებოდა?       ჯარისკაცებო, არმიის რომელ რანგსაც უნდა მიეკუთვნებოდეთ, ნაციის მადლიერება გელით, მისი ღირსნი რომ იყოთ, არაფრად უნდა ჩააგდოთ უამინდობა, ყინვა, თოვლი, ღამეული სასტიკი სიცივეები, გათენებისას თავს უნდა დაადგეთ მტერს და ამოწყვიტოთ "ფრანგის" სახელის შემარცხვენელი არამზადები.       კამპანია აწარმოეთ სწრაფად და გაბედულად. შეურიგებელი იყავით ყაჩაღების მიმართ, მაგრამ დაიცავით მკაცრი დისციპლინა.       ნაციონალური გვარდიის წევრებო, თქვენი ძალისხმევა შეუ-ერთეთ რეგულარულ ჯარებს.       თუ თქვენ ირგვლივ ყაჩაღების მომხრეები გეგულებათ, და-აპატიმრეთ! რომ ვერსად დაემალონ მდევარ ჯარისკაცებს და თუ აღმოჩნდებიან მოღალატეები, რომლებიც მათ შეიფარებენ და დაეხმარებიან, დაე, ისინიც ამბოხებულებთან ერთად დაიღუპონ!"       - რა გამჭრიახია! - აღმოხდა იულოს, - ზუსტად ისეა, როგორც იტალიის არმიაში: თვითონ სწირავს და ზარებსაც თვითონ არისხებს. მერე, როგორ ლაპარაკობს!       - ჰო, მაგრამ თვითონ ლაპარაკობს და მარტო თავისი სახელით, - შენიშნა ჟერარმა, რომელსაც უკვე აშინებდა თვრამეტი ბრიუმერის შედეგები.       - ეჰ, გულუბრყვილო! დიდი ამბავი! ის ხომ სამხედროა! - წამოიძახა მერლმა.       ოფიცრებისგან რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით კედელზე გაკრულ მოწოდებასთან ჯარისკაცები შეკრებილიყვნენ, მაგრამ რაკი კითხვა არც ერთმა არ იცოდა, მხოლოდ მიშტერებოდნენ განცხადებას, ზოგი უზრუნველად, ზოგი - ინტერესით. ორნი თუ სამნი გამვლელებს აკვირდებოდნენ, იქნებ ვინმე წიგნიერი ეპოვათ.       - აბა, გულთამხილავო, ერთი შეხედე, ეგ რა ქაღალდი გაუკრავთ მანდ, - დამცინავი ღიმილით უთხრა იფრინდამ თავის ამხანაგს.       - რა ძნელი მისახვედრია, - უპასუხა გულთამხილავმა, ყველამ ამ ორ მეგობარს შეხედა, ყოველთვის მზად რომ იყვნენ სამასხარაოდ.       - აჰა, ხედავ? - განაგრძო გულთამხილავმა და უჩვენა უშნო ვინიეტი განცხადების სათაურთან, სადაც, დიდი ხანი არ იყო, ფარგალმა[3] შეცვალა 1793 წლის ნიველირი - ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ძმა ჯარისკაცს ბევრი აქვს სასიარულო. ხედავ? ფარგალი გაშლილია. ამას "ემბლემა" ჰქვია.       - ჩემო ბიჭო, არ გიხდება სწავლულის განსახიერება, ამას "პრობლემა" ჰქვია. მე ჯერ არტილერიაში ვმსახურობდი, - ჩაერია იფრინდა, - ასე რომ, პრობლემა რა ხილია, ჩვენმა ოფიცრებმა კარგად იციან.       - ემბლემაა.       - არა, პრობლემაა.       - დავნაძლევდეთ.       - რაზე?       - შენს გერმანულ ჩიბუხზე.       - დაჰკა ხელი.       - უკაცრავად, რომ გაწუხებთ, მოქალაქე მაიორო, ხომ მართალია, რომ ეს ემბლემაა და არა პრობლემა? - ჰკითხა გულთამხილავმა ჟერარს, რომელიც დაფიქრებული მიჰყვებოდა იულოს და მერლს.       - ისიც და ისიც, - სერიოზულად უპასუხა ჟერარმა.       - მაიორმა დაგვცინა, - განაგრძო იფრინდამ, - ეს ქაღალდი ნიშნავს, რომ ჩვენი გენერალი, იტალიაში ჯარის სარდალი რომ იყო, ახლა კონსული გახდა, ძალიან დიდი ჩინია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაზრებიც გვექნება და ფეხსაცმელიც. ონორე დე ბალზაკი ფრანგულიდან თარგმნა ლიანა დარაშვილმა …
დაამატა ლაშა to ლიტერატურა at 2:38pm on თებერვალი 13, 2016
თემა: ალექსანდრე კალომიროსი - ცეცხლის მდინარე
უკვე ვცხოვრობთ ბოლო დროისათვის ნაწინასწარმეტყველებ აპოსტასიის ეპოქაში. პრაქტიკულად, ადამიანთა უმრავლესობა ურწმუნოა, თუმცა ბევრ მათგანს თეორიულად ჯერ მაინც სწამს. ყველგან განურჩევლობასა და ამა სოფლის სულისკვეთებას დაუსადგურებია. რა არის მიზეზი ასეთი მდგომარეობისა? ამის მიზეზია სიყვარულის განელება. ღვთისადმი სიყვარული აღარ იწვის ადამიანთა გულებში და აქედან გამომდინარე ჩვენს შორის სიყვარულიც მოკვდა. და რა არის მიზეზი ღვთის მიმართ ადამიანის სიყვარულის გაქრობისა? პასუხი ერთმნიშვნელოვანია – ცოდვა. ცოდვა არის ის ბნელი ღრუბელი, რომელიც არ უშვებს ღვთის ნათელს ჩვენამდე. მაგარამ ცოდვა აქამდეც არსებობდა. მაშინ როგორღა მივაღწიეთ ასეთ მდგომარეობას, როდესაც ღმერთს არა მხოლოდ უგულებელვყოფთ არამედ გვძულს. დღევანდელ დღეს ადამიანის დამოკიდებულება ღვთისადმი მართლაც არ არის უბრალოდ იგნორირება ან უინტერესობა. თუ ჩვენ უფრო ყურადღებით შევხედავთ დღევანდელ ადამიანს, აუცილებლად შევამჩნევთ, რომ მის უმეცრებასა და უდიერებაში ჩაქსოვილია საშინელი სიძულვილი. მაგრამ როგორ შეიძლება გვძულდეს ის რაც არ არსებობს? მე მართლაც მგონია, რომ დღეს ადამიანებს უფრო სწამთ ღმერთის არსებობისა ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს კაცობრიობის ისტორიაში. ხალხმა ეხლა უკეთესად იცის სახარება, ეკლესიის სწავლება და საერთოდ ღმერთის ქმნილება ვიდრე სხვა ნებისმიერ დროში. მათ ღრმადა აქვთ გაცნობიერებული ღმერთის არსებობა. თანამედროვე ათეიზმი, სინამდვილეში არ არის ურწმუნოება. ეს არის აუტანლობა იმისა, ვისაც კარგად ვიცნობთ, მაგრამ ვინც გვძულს მთელი ჩვენი არსებით, ზუსტად ისევე, როგორც დემონებს, რომელთაც კარგად იციან და იმავდროულად სძულთ ღმერთი. ჩვენ გვძულს ღმერთი და ზუსტად ამიტომ უგულვებელვყოფთ მას, თვალს ვარიდებთ, თითქოსდა ვერ ვხედავთ და თავი ათეისტებად მოგვაქვს. სინამდვილეში კი ის დაუძინებელ მტრად მიგვაჩნია და მისი უარყოფა ანუ ათეიზმი ჩვენი შურისძიებაა მასზე. მაგრამ, რატომ სძულთ ადამიანებს ღმერთი? არა მხოლოდ იმიტომ რომ საქმენი მათნი ბნელია და ნათელი აღიზიანებთ, არამედ იმიტომ, რომ ის მათთვის მუდმივ საშიშროებას წარმოადგენს, მარადიულ საფრთხეს, ვითარცა მოწინააღმდეგე სასამართლოში, ვითარცა პროკურორი და დაუნდობელი მსაჯული. ღმერთი მათთვის აღარ არის სახიერი და ყოვლისშემძლე მკურნალი, რომელიც განკაცდა, რათა აღედგინა, განეკურნა ისინი სნეულებისა და სიკვდილისაგან, არამედ სასტიკი მსაჯული და შურისმაძიებელი ინკვიზიტორია. დემონმა შეძლო დაერწმუნებინა ადამიანები, რომ ჩვენ ღმერთს არ ვუყვარვართ, რომ მას მხოლოდ თავისი თავი უყვარს და მხოლოდ მაშინ გვწყალობს, როდესაც ისე ვიქცევით, როგორც მას სურს და ვძულვართ მაშინ, როდესაც ისე არ მოვიქცევით, როგორც მან გვიბრძანა და იმ ზომამდე სწყინს ჩვენი ურჩობა, რომ ამას მარადიული ტანჯვით გვაზღვევინებს ჯოჯოხეთში, რომელიც მან სწორედ ამ მიზნით შექმნა. ვის შეუძლია უყვარდეს მტანჯველი? ისინიც კი, ვინც ღვთის რისხვას გაექცევიან და რამენაირად ასიამოვნებენ ამ საშიშ ტირანს, ისინიც ვერ შეძლებენ მის სიყვარულს. ხედავთ, თუ რამხელა სიცრუე დასწამა დემონმა ყოვლადმოწყალე, ყოვლისმოყვარე და უსაზღვროდ კეთილ შემოქმედს, მის შესახებ საყოველთაოდ გავრცელებული, დამახინჯებული სწავლების მეშვეობით? ამიტომაც ჰქვია ეშმაკს ბერძნულად “დიაბოლოს” - ცილისმწამებელი.   II მაგრამ რითი შეძლო ეშმაკმა ღმერთის შესახებ ასეთი სიცრუის გავრცელება? რა ხერხი გამოიყენა კაცობრიობის დასარწმუნებლად, რათა აემღვრია ადამიანთა აზროვნება? მან ამისთვის თავად “ღვთისმეტყველება” და სასულიერო იერარქია გამოიყენა! მან ჯერ მცირე, თითქო უმნიშვნელო ცვლილებები და გადახრები შეატანინა ღვთისმეტყველებაში, მცირეოდენ ზნეობრივ კომპრომისებზე დაიყოლია იერარქია და შემდეგ, თანდათან სრულიად აცვლევინა სახე ქრისტიანობას, დაამკვიდრა სრულიად არასწორი წარმოდგენა ღმერთზე. აი ამას ჰქვია დასავლური ღვთისმეტყველება. ოდესმე გიცდიათ ამოგეცნოთ დასავლური ღვთისმეტყველების დედა აზრი? მისი მთავარი დამახასიათებელი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ის განიხილავს ღმერთს როგორც ბოროტების ნამდვილ მიზეზს. რა არის ბოროტება? განა არ არის ის განშორება ღვთისაგან, რომელიც თავად არის სიცოცხლე? განა ბოროტება სიკვდილი არ არის? “ბოროტება არის გაუცხოება ღვთისაგან” (წმ. ბასილი დიდი).  და რას ასწავლის დასავლური ღვთისმეტყველება სიკვდილის შესახებ? კათოლიკეებისა და პროტესტანტების სრულ უმრავლესობას წარმოუდგენია, რომ სიკვდილი არის სასჯელი ღვთისა. ღმერთმა დაადანაშაულა ყველა ადამიანი ადამის ცოდვაში და დასაჯა ისინი სიკვდილით, მოკვეთით, მათი განყენებით ცხოველსმყოფელი ენერგიებისგან, მათი მოკვლით ჯერ სულიერი, ხოლო შემდეგ ხორციელი სიკვდილით ანუ სულიერი შიმშილის მეშვეობით. დაბადებათა წიგნის ამ ეპიზოდს: “უკუეთუ იგემოთ ამა ხისა ნაყოფი, მოკუდებით სიკუდილით”. ავგუსტინე შემდეგნაირად განმარტავს: “უკუეთუ იგემოთ ამ ხის ნაყოფი, მე თქვენ მოგკლავთ. ” ზოგიერთი პროტესტანტი თვლის, რომ სიკვდილი ღმერთის სასჯელი კი არა, არამედ სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. მაგრამ განა თავად ღმერთი არ არის ყოველივე ბუნებრივის შემქმნელი? ასე რომ, ორივე შემთხვევაში, მათთვის სიკვდილის მიზეზი არის ღმერთი. და ეს ეხება არა მხოლოდ ხორციელ სიკვდილს, არამედ სულიერ სიკვდილსაც. განა არ ამბობენ დასავლეთში თეოლოგები, რომ ჯოჯოხეთი, რომელიც მარადიული სულიერი სიკვდილია, არის ღმერთის სასჯელი? და განა არ ამბობენ ისინი, რომ ეშმაკი არის ღმერთის მსახური რომელიც მარადიულად სტანჯავს ადამიანებს ჯოჯოხეთში? დასავლეთის “ღმერთი” არის შეურაცხყოფილი და გაბოროტებული ღმერთი, ღმერთი რომელიც სავსეა მრისხანებით ადამიანთა ურჩობის გამო, რომელსაც სურს რომ საუკუნოდ სტანჯოს მთელი კაცობრიობა მისი ცოდვების გამო, სანამ არ დაიკმაყოფილებს თავის შეურაცხყოფილ სიამაყეს. რას ქადაგებენ დღეს დასავლეთში თუ აღმოსავლეთში? რომ თურმე ცხონება არის გადარჩენა ღვთის რისხვისაგან, და რომ ჯოჯოხეთი არის ღმერთის სასჯელი სადაც ეშმაკი, რომელიც სტანჯავს ადამიანებს, ღვთის ბრძანებას აღასრულებს. რომ ღმერთმა მოკლა ღმერთი (ძე ღმრთისა), რათა დაეკმაყოფილებინა თავისი შეურაცხყოფილი ღირსება, რასაც დასავლეთში ევფემისტურად სამართლიანობას ეძახიან. როგორ შეიძლება ვინმეს უყვარდეს ასეთი ღმერთი? როგორ შეიძლება გვწამდეს ის, ვინც ძრწოლასა და სიძულვილს იწვევს ჩვენში? როგორ შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, ვინც ასეთი დაუნდობელია. ამიტომაცაა, რომ დიდია ადამიანებში იმის სურვილი, რომ არ არსებობდეს ის ვინც ასე გვემუქრება, მითუმეტეს თუ ეს საფრთხე არის მარადიული. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ადამიანები, რადგან მარადიული სამოთხეც კი აუტანელი იქნებოდა ასეთ სასტიკ ღმერთთან ერთად. ასე დაიბადა ათეიზმი, რომელიც სრულიად უცხო იყო აღმოსავლეთისთვის, ვიდრე დასავლურმა ღვთისმეტყველებამ არ შეაღწია და უდიდესი ზეგავლენა არ იქონია მასზე. ათეიზმი არის ნაყოფი დასავლური ღვთისმეტყველებისა. ათეიზმი არის უარყოფა ბოროტი, შურისმაძიებელი ღმერთისა. ადამიანები გახდნენ ათეისტები რათა თავი დაეღწიათ ამგვარი ღმერთისაგან და ისინი სირაქლემასავით მალავენ თავებს და ხუჭავენ თვალებს. ათეიზმი არის უარყოფა კათოლიკური და პროტესტანტული ღმერთისა. ამიტომაც ათეიზმი კი არ არის ქრისტიანობის მტერი, ჩვენი მტერი გაყალბებული და დამახინჯებული ქრისტიანობაა. III ღმერთის სამართლიანობის შესახებ იურიდიული წარმოდგენა, სხვა არაფერია, თუ არა ადამიანური ვნების გაბატონება ღვთისმეტყველებაზე. ეს დაბრუნებაა ღმერთების გაადამიანურებისა და ადამიანის გაღმერთების, უფრო ზუსტად გაკერპების წარმართულ პროცესთან. აი, როგორ აღიქვამს სქოლასტიკური თეოლოგია ღმერთის სამართლიანობას: ადამიანის ურჩობით შეურაცხყოფილი ღმერთი გადაწყვიტავს, რომ ადამის დანაშაული თანაბრად დააბრალოს მის შთამომავლობას და აი ყველა ისჯება სიკვდილით ადამის ცოდვის გამო, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ. ეს ჰგავს ზოგიერთ ადგილებში დღემდე გავრცელებულ სისხლის აღების წესს; უნდა მოკვდეს არა მხოლოდ დამნაშავე, არამედ მთელი მისი მოდგმა. მაგრამ ტრაგედია იმაშია, რომ მთელი კაცობრიობის სიკვდილიც კი ვერ დაამშვიდებს ღმერთის შეურაცხყოფილ ღირსებას. ეს შელახული პატივი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდება, თუ სასჯელს მისივე ღირსებისა და სიმაღლის არსება დაექვემდებარება. ასე, რომ საკუთარი ღირსებისა და აგრეთვე კაცთა მოდგმის გადასარჩენად საჭირო იყო თავად ღმერთის, მისი მხოლოდშობილი ძის განხორციელება, რომელიც თავისი მსხვერპლშეწირვით აღადგენდა ღმერთის შელახულ პატივს. IV ეს იურიდიულ-წარმართული წარმოდგენა ღმერთის სამართლიანობის შესახებ, რომლის მრისხანების დასაოკებლად საჭიროა მუდმივი მსხვერპლი, აშკარად აქცევს ღმერთს ადამიანთა უზენაეს მტრად და ჩვენი ამქვეყნიური თუ მარადიული უბედურების მიზეზად. ასევე ცხადია, რომ ამგვარი სამართლიანობა წმინდა იურიდიული კუთხითაც ვერ უძლებს კრიტიკას, რადგან ისჯებიან ისინი, ვისაც არანაირი ბრალი არ მიუძღვის წინაპართა ცოდვაში (წმ. კირილე ალექსანდრიელი, PG 74. 788-789). ხოლო თუ ვიტყვით, რომ ისინი თავისი ცოდვების გამო ისჯებიან, რა დააშავეს მაშინ ჩვილმა ბავშვებმა, რომელთაგან ზოგი ისე კვდება ამ ქვეყნისთვის თვალის შევლებასაც კი ვერ ასწრებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმას რასაც სამართლიანობას ეძახიან, სინამდვილეში ყველაზე სასტიკი სახის შურისძიება შეიძლება დაერქვას მხოლოდ. ქრისტეს სიყვარული და ჯვარზე აღსრულებული მისი მსხვერპლი კი მთელ თავის აზრსა და თანამიმდევრულობას კარგავს იმ გიჟურ მოძღვრებაში, სადაც ღმერთი კლავს ღმერთს, რათა ღმერთის ე. წ. სამართლიანობა დაკმაყოფილდეს. განა აქვს რაიმე საერთო სამართლიანობის ამგვარ გაგებას, იმ სამართლიანობასთან რომელიც ღმერთმა გამოგვიცხადა? განა ასეთი მნიშვნელობით იხმარება სიტყვები “ღმერთის სამართლიანობა” ძველსა და ახალ აღთქმაში? ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ საღმრთო წერილში სიტყვის “სამართლიანობა” თარგმანისას გაჩნდა ბერძნული შესატყვისი - “დიკეოსინი”, რაც ნიშნავს- თანაბრად განაწილებას, ამიტომაცაა, რომ დღემდე მართლმსაჯულების სიმბოლოდ სასწორი მიიჩნევა. ამ სასწორით აღჭურვილი სამართლიანი საზოგადოება აჯილდოვებს კეთილთ და სჯის ბოროტებს. ეს გახლავთ ადამიანური სამართლიანობა და მისი ინსტრუმენტი სასამართლო. მაგრამ განა ასეთია ღმერთის სამართლიანობა? სიტყვა “დიკეოსინი” - სამართლიანობა, არის თარგმანი ებრაული სიტყვისა “ცედაკა”. ეს სიტყვა აღნიშნავს -  “საღმრთო ენერგიას, რომელიც კაცთა ცხოვნებას აღასრულებს”. შინაარსით მისი უახლოესი და სინონიმური სიტყვაა - “ჰესედ”, რაც მოწყალებას, თანალმობას, სიყვარულს ნიშნავს. ასევე სინონიმური სიტყვაა - “ემეთ”, რაც ერთგულებას, სიმართლეს ნიშნავს. როგორც ხედავთ, ეს სიტყვები სრულიად სხვა განზომილებას ანიჭებს სამართლიანობას, როგორც რელიგიურ ტერმინს. აი, ამ შინაარსით ესმოდა ყოველთვის ქრისტეს ეკლესიას ღმერთის სამართლიანობა. ასე ასწავლიდნენ წმიდა მამები ღმერთის სამართლიანობის შესახებ. “ნუთუ შეგიძლია ღმერთს სამართლიანი უწოდო?” - წერს წმ. ისააკ ასური, “როდესაც კითხულობ იმ ადგილს სახარებიდან, სადაც ერთნაირი სასყიდელი მიიღეს სხვადასხვა დროს მისულმა ვენახის მუშაკებმა?”. “მე მნებავს უკანასკნელსა ამას მიცემად ვითარცა შენ, რომელი პირველითგან ჟამისა დაჰყევ ჩემთანა, არამედ თვალი შენი ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ”. “როგორ ვუწოდოთ ღმერთს სამართლიანი?” - აგრძელებს წმ. ისააკი, “როდესაც წაიკითხავ იგავს უძღები შვილის შესახებ, რომელმაც მთელი თავისი სიმდიდრე აღვირახსნილი ცხოვრებით გაფლანგა, და მიუხედავად ამისა, როდესაც შეინანა, მამა მიეგება მას, კისერზე მოეხვია და დაადგინა მთელი თავისი ქონების განმგებელად? და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ამაში, გავიხსენოთ რომ ყოველივე ეს ძე ღვთისამ გამოგვიცხადა თავისი მამის შესახებ და სწამა მისთვის. მაშ სადღა არის აქ ღმერთის სამართლიანობა, რამეთუ როდესაც ჩვენ ვცოდავდით, ქრისტე მოკვდა ჩვენთვის!” (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 90, 1854 წლის, რუსული გამოცემის მიხედვით). სრულიად ნათელია, რომ ღმერთი არ არის სამართლიანი ამ სიტყვის ადამიანური გაგებით. მისი სამართლიანობა მის წყალობასა და სიყვარულს აღნიშნავს, რომელსაც ის სრულიად არასამართლიანად გასცემს. ღმერთი ყოველთვის გასცემს და არაფერს ითხოვს სანაცვლოდ. ის გასცემს ჩვენნაირი ადამიანებისთვის, რომლებიც ყოვლად უღირსნი ვართ ამის მისაღებად. ზუსტად ამიტომ გვასწავლის წმიდა ისააკი: “ნუ უწოდებ ღმერთს სამართლიანს, რამეთუ მისი სამართლიანობა არანაირად არ გამოიხატება შენთან მიმართებაში. და თუ დავითი უწოდებს მას სამართლიანს და მართალს, მისმა საკუთარმა ძემ გამოგვიცხადა რომ ის არის კეთილი და სახიერი.” “ის კეთილია” დასძენს აბბა ისააკი, “ბოროტთა და უწმიდურთა მიმართაც.” სახიერი ღმერთი კეთილია მათ მიმართაც, ვინც უგულებელყოფს, არ ემორჩილება და ყურადღებასაც არ აქცევს მას. ის არასოდეს უბრუნებს ბოროტს ბოროტებით, არასოდეს იძიებს შურს. მისი სასჯელი სიყვარულითაა აღსავსე და მხოლოდ ჩვენს გამოსწორებას ისახავს მიზნად. მან ყოველივე კეთილად შექმნა. გარეული მხეცებიც კი ცნობენ თავის ბატონად იმ ქრისტიანს, რომელიც თავის თავმდაბლობით მიემსგავსება ღმერთს, ისინი მას შიშით კი არა, სიყვარულითა და მორჩილებით ხვდებიან, მადლიერებით ემსახურებიან მას. უგუნურმა მხეცებმაც კი იციან, რომ მათი შემოქმედი არ არის ბოროტი და შურისმაძიებელი, არამედ ის სიყვარულია. მან ჩვენ დაგვიფარა და გვაცხოვნა როდესაც დავეცით. მარადიულ ბოროტებას არაფერი საერთო არა აქვს ღმერთთან. ის გამომდინარეობს მისი თავისუფალი, გონიერი ქმნილებების ნებიდან, ნებიდან რომელსაც იგი პატივს სცემს. ღმერთს ჩვენ არ დაუსჯივართ სიკვდილით, ეს ჩვენ ჩავვარდით მასში საკუთარი არჩევანითა და ნებით. ღმერთი სიცოცხლეა და სიცოცხლე თავადაა ღმერთი. ადამიანი კი აუჯანყდა ამ ჭეშმარიტ სიცოცხლეს და თავად ჩაუკეტა კარი მის ცხოველმყოფელ მადლს. “რამდენადაც განვეშორეთ სიცოცხლეს”, ამბობს წმ. ბასილი დიდი, “იმდენად მიუახლოვდით სიკვდილს, რადგან ღმერთია სიცოცხლე და სიცოცხლის მოკლება არის სიკვდილი”. “სიკვდილი არ შეუქმნია ღმერთს, ის ჩვენ თავად დავბადეთ ჩვენში. მაგრამ ღმერთმა არ შეაჩერა სიკვდილისა და ხრწნადობის ტირანია ჩვენზე, რათა დაცემა და სნეულება არ გამხდარიყო ჩვენში მუდმივი და უკვდავი” (წმ. ბასილი დიდი. ”Творения”. Т. II. стр. 156). “სიკვდილი ღვთისგან განშორებაა, ისევე როგორც ნათლისაგან განშორება არის სიბნელე, მაგრამ ნათელი ჭეშმარიტი როდი გვსჯის ჩვენ წყვდიადით”. (წმ. ირინეოს ლიონელი. ”Против Ересей”. кн. 5. гл. 27). “სხეულის სიკვდილი შედეგია ღვთისგან განშორებისა, რადგან სიცოცხლე არის ის, ვინც თქვა: “მე ვარ ცხოვრება”. (წმ. მაქსიმე აღმსარებელი). მაგრამ რატომ დაატყდა სიკვდილი მთელ კაცობრიობას? რატომ კვდებიან ადამივით ისინი, ვისაც არ შეუცოდავს ადამთან ერთად? ამაზე გვპასუხობს წმ. ანასტასი სინაელი: “ჩვენ მემკვიდრეები ვართ ადამის წყევისა, მაგრამ იმისთვის კი არ ვისჯებით, რომ ადამთან ერთად დავარღვიეთ საღმრთო მცნება, არამედ იმიტომ, რომ ადამი გახდა რა მოკვდავი ღვთისაგან განშორების გამო, ჩვენ მის მოდგმას, მემკვიდრეობით გადმოგვცა ცოდვისადმი მიდრეკილება. ჩვენ გავხდით მოკვდავნი, რადგანაც დავიბადეთ მოკვდავისაგან. “მოუსმინოთ წმ. გრიგოლ პალამას: “ღმერთს არ უთქვამს ადამისთვის: “იქეც იმათ, რისგანაც შეგქმენი”; არამედ უთხრა:”მიწა ხარ და მიწადვე იქცევი”. მას არ უთქვამს:”მოკვდი იმ დღეს, ოდეს იგემო ამისგან”, არამედ უთხრა: “ოდეს გემო იხილო მოკვდები”, ანუ ამ სიტყვებით მხოლოდ წინასწარ გააფრთხილა, მაგრამ არც ხელი შეუშლია იმისთვის რაც მოხდა, რადგან არ შეეძლო ადამის თავისუფლების ხელყოფა” (PG. 96, 612 a). ასე, რომ სიკვდილი არა ღმერთის სურვილით, არამედ ადამის ურჩობით შემოვიდა კოსმოსში, რადგან ადამმა თავად გაწყვიტა კავშირი სიცოცხლის წყაროსთან, ღმერთი კი თავისი სიყვარულით ყოველთვის აფრთხილებდა მას. “სიბრძნის ხე თავის თავად კეთილი იყო და მისი ნაყოფიც აგრეთვე იყო კეთილი. რამეთუ ხეში კი არა, არამედ ურჩობაში იყო სიკვდილი. და სიბრძნე მხოლოდ მაშინაა სასარგებლო, როდესაც მას გონივრულად გამოიყენებ” (წმ. თეოფილე ანტიოქიელი). სიბრძნის ხის ნაყოფი მხოლოდ დროებით იყო აკრძალული, რადგან ადამი სულიერად ჯერ ჩვილი იყო, ხოლო ჩვილისთვის ყველანაირი საკვების მიღება როდია სასარგებლო. სიბრძნის ხე სწორედ ადამისთვის იყო ჩანერგილი, მაგრამ მისი ნაყოფი მკვრივი იყო, მაშინ როდესაც ადამს ჯერ მხოლოდ რძის მიღება შეეძლო. ასე, რომ საღმრთო წერილის ენაზე, სიტყვა “სამართლიანობა” ნიშნავს სახიერსა (კეთილს) და სიყვარულით აღსავსეს. ასევე სიტყვა “მართალი”, რომელიც ხშირად გვხვდება ბიბლიაში, იმას კი არ ნიშნავს, რომ კარგ მოსამართლეზეა საუბარი, არამედ კეთილ, კაცთმოყვარე და ღვთისმოყვარე ადამიანზე. ეს ნათლად ჩანს თუნდაც მართალი იოსებ დამწინდველის მაგალითზე: “ხოლო იოსებ ქმარი ამისი მართალი იყო და არა უნდა განმხილება მისი, იზრახა ფარულად განტევება მისი’’ (მათე. 1, 19), ანუ გულმოწყალება გამოიჩინა და არ გაახმაურა მარიამის ფეხმძიმობა, რაც სჯულით ევალებოდა და რასაც მარიამის ჩაქოლვა მოჰყვებოდა. ე. ი. ამ შემთხვევაშიც სიტყვა “მართალი’’ არა იურიდიულად სამართლიანს არამედ მოწყალესა და დიდსულოვანს აღნიშნავს. როდესაც ვამბობთ, რომ ღმერთი სამართლიანია, ის კი არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ის ობიექტური მოსამართლეა, რომელმაც კარგად იცის თუ როგორ დასაჯოს ადამიანი თავისი ცოდვების სიმძიმის მიხედვით, არამედ პირიქით მის მოწყალებას არა აქვს საზღვარი, ის ყოვლად კეთილი და მოსიყვარულეა, არასოდეს პასუხობს ბოროტებას ბოროტებით, მოგვიტევებს ჩვენ ცოდვებს და ყველა საშუალებას ხმარობს ჩვენი გამოსწორებისა და განკურნებისთვის. ის მუდამ თავისკენ მოგვიწოდებს, რათა მარადიული ნეტარებისთვის მოამზადოს და გაამშვენიეროს ჩვენი სულიერი პორტრეტი. V ჩვენამდე მოაღწია მე-4 საუკუნის ბრწყინვალე ტექსტმა, რომელიც დიდ მეუდაბნოესა და ქრისტიანული ასკეზის დამფუძნებელს წმ. ანტონი დიდს ეკუთვნის: “ღმერთი კეთილია, უვნებო და უცვლელი. მაგრამ იბადება კითხვა:თუ ჩვენ ვამბობთ, რომ იგი ხარობს კეთილთა შემხედვარე, წყალობს მათ ვინც მას პატივს მიაგებს და ზურგს აქცევს იმათ, ვინც ბოროტია და მრისხანეა ცოდვილთა მიმართ, მაშ როგორღაა ის უვნებო? ამაზე ვპასუხობთ: ღმერთს არც უხარია და არც მრისხანებაში ვარდება, რამეთუ ორივე - სიხარულიცა და მრისხანებაც არის ვნება; ღმერთის განწყობა არც მის თაყვანისმცემელთა მიერ მიგებულ პატივზეა დამოკიდებული, რადგან ამ შემთხვევაში ის სიამოვნების გავლენის ქვეშ მოექცეოდა, ღვთაება კი სიამოვნებას არ განიცდის. ღმერთი კეთილია და მხოლოდ წყალობას იქმს, ის არავის ვნებს და ყოველთვის უცვალებლად ჰგიებს, უცვლელია; ჩვენ კი ადამიანები, როდესაც კეთილები ვართ და ამით ღმერთს ვემსგავსებით, უმალ ერთობაში ვართ მასთან, ხოლო როდესაც ბოროტებას ჩავდივართ, უმალ განვეშორებით მას, რადგან საერთო აღარაფერი გვაქვს მაშინ მასთან. კეთილგონიერი ცხოვრებით ჩვენ ღვთის შვილნი ვხდებით, ხოლო გაბოროტებულნი თავად განვეშორებით და ზურგს ვაქცევთ მას; და არა იმიტომ, რომ ის განრისხდა და მიგვატოვა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ცოდვების სიბნელე უშლის ხელს გაბრწყინდეს ღმერთს ჩვენში თავისი ნათელით. ასეთ მდგომარეობაში კი ბნელი ძალები ისადგურებენ ჩვენში. მაგრამ თუ ლოცვითა და მოწყალებით კვლავ მივცემთ საშუალებას საღმრთო მადლს გაფანტოს ცოდვათა ჩვენთა წყვდიადი; ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ამით ღმერთს ვასიამოვნეთ და მისი ჩვენდამი განწყობა შევაცვლევინეთ, არამედ იმას, რომ ამგვარი ქმედებით ჩვენში არსებულ ბოროტებას ვუმკურნალეთ და კვლავ მოვიპოვეთ უნარი, რათა ღვთაებრივი სახიერების გემო გაგვეგო. ასე, რომ იმის თქმა, თითქოს ღმერთი ზურგს აქცევს ცოდვილს, იგივეა, რაც იმის თქმა: ბრმა იმიტომ ვერ ხედავს, რომ მზე მას ემალებაო!”  (“Добротолюбие”. т. I). VI აი, რა ცილი დასწამა ღმერთს სქოლასტიკურმა თეოლოგიამ, რა სიცრუე მიაწერეს მას ავგუსტინემ, ანსელიმმა, თომას აქვინელმა და ყველა მათმა მოწაფემ. ზუსტად ისინი არიან ფუძემდებლები დასავლური ღვთისმეტყველებისა, როგორც კათოლიკურის, ასევე პროტესტანტულის. სწორედ მათ მიუძღვით ბრალი ღმერთის შესახებ დამახინჯებული შეხედულებების გავრცელებაში. ცხადია, ისინი პირდაპირ არ ამტკიცებდნენ, რომ ღმერთი სასტიკი და ვნებებს დაქვემდებარებული არსებაა, მაგრამ თვლიდნენ, რომ იგი მიჯაჭვულია რაღაც უზენაეს ძალაზე - ბრმა და დაუნდობელ საჭიროებაზე, მსგავსად იმ ძალისა, რომელიც მართავდა წარმართულ “ღმერთებს”. ეს აუცილებელი საჭიროება აიძულებს ღმერთს, რომ ბოროტებას ბოროტებითვე უპასუხოს, მას არ შეუძლია დაივიწყოს და აპატიოს მის წინაშე ჩადენილი დანაშაული, თუ ამის სანაცვლოდ გამუდმებულ მსხვერპლშეწირვებს არ მიიღებს, რაც დააცხრობს მის წყენას და დააკმაყოფილებს მის შეურაცხყოფილ ღირსებას. აქ ჩვენ მივადექით მეტად მნიშვნელოვან საკითხს - ელინური წარმართობის პარაზიტულ ზეგავლენას ქრისტიანულ აზროვნებაზე. სწორედ წარმართული აზროვნება იყო წყარო ყველა მწვალებლობისა, ანუ ღმერთის შესახებ სწავლების დამახინჯებისა. ეს აზროვნება ძალიან ძლიერი იყო აღმოსავლეთში, ყველა ფილოსოფიური და რელიგიური მიმდინარეობების გზაჯვარედინზე. მაგრამ, როგორც საღმრთო წერილში წერია: “სადაცა სჭარბობს ცოდვა, მით უფრო გარდაემატება მადლი”. როდესაც ძლიერდებოდა მწვალებლობები, ასევე ძლიერდებოდა და ყვაოდა ჭეშმარიტი მოძღვრება ღმერთზე. და თუმცა ეს უკანასკნელი ამა სოფლის ძლიერთა მიერ ყოველთვის იდევნებოდა, საბოლოოდ ის მაინც გამარჯვებული გამოდიოდა. დასავლეთში, აღმოსავლეთისაგან განსხვავებით, ელინურმა წარმართულმა აზროვნებამ სრულიად დაუბრკოლებლად შეაღწია, მას იქ აშკარა მწვალებლობის იერი არ მიუღია. მან დასავლეთში ძირითადად ავგუსტინე ჰიპონელის უამრავი ლათინურენოვანი ნაშრომების მეშვეობით შეაღწია. წმიდა იოანე კასიანე რომაელი, რომელიც იმ დროს დასავლეთში მოღვაწეობდა, მიხვდა, თუ რა საშიშროებას შეიცავდა ავგუსტინეს ზოგიერთი სწავლება და შეუპოვრად იბრძოდა ამ შეხედულებათა წინააღმდეგ. ავგუსტინე ლათინურ ენაზე წერდა საკმაოდ დიდი მოცულობის ნაშრომებს, რამაც ეკლესიის სხვა მამებს არ მისცა მათი შესწავლის შესაძლებლობა, მათმა უმეტესობამ აღმოსავლეთში ლათინური უბრალოდ არ იცოდა, ამიტომაც მისი არასწორი შეხედულებები არ იქნა შესწავლილი და დაგმობილი აღმოსავლეთში. ამ გარემოებამ კი განაპირობა ის, რომ მოგვიანებით ავგუსტინეს ნაშრომებმა ძლიერი ზეგავლენა მოახდინა დასავლურ აზროვნებასა და თეოლოგიაზე. დადგა დრო, როდესაც დასავლეთში აღარავინ იცოდა ბერძნული და შესაბამისად, დასავლეთი მოაკლდა კაპადოკიელების, ალექსანდრიელებისა და ანტიოქიელების უდიდეს საღვთისმეტყველო სიბრძნეს. ავგუსტინეს წიგნები აღმოჩნდა დასავლეთში გასაგებ ენაზე დაწერილი ერთადერთი ძველი დროის ნაშრომები. შესაბამისად, დასავლეთმა მიიღო ისეთი ქრისტიანული შეხედულებანი, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ წარმართული იყო. ყოველივე ამის შედეგად დასავლეთი ჰუმანისტურ, წარმართულ აზროვნებაში ჩაიძირა. სინამდვილეში, დაპირისპირება მართლმადიდებლობასა და დასავლურ ქრისტეანობას შორის სხვა არაფერია თუ არა გაგრძელება დაპირისპირებისა ისრაელსა და ელადას შორის. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიის მამები თავს თვლიდნენ აბრაამის სულიერ შვილებად, რომ ეკლესიას თავი მიაჩნდა ახალ ისრაელად და ღვთის ერად, ხოლო ეკლესიის შვილებს - ნათანაელად ანუ ჭეშმარიტ ისრაიტელებად. და როდესაც აღმოსავლეთის ქრისტეანობა ასეთი ცნობიერებით ცხოვრობდა, დასავლეთი სულ უფრო და უფრო ხდებოდა პირმშო წარმართული, ჰუმანისტური საბერძნეთისა და რომისა. VII რა არის ისრაელისა და წარმართობისა ყველაზე განმასხვავებელი ნიშანი? გთხოვთ ყურადღება მიაპყროთ ამ მნიშვნელოვან საკითხს: განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ისრაელს სწამს ღმერთის. წარმართობას სწამს ქმნილებისა (სამყაროსი). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქმნილება წარმართობაში გაღმერთებულია. წარმართებისთვის, ღმერთი და ქმნილება ერთი და იგივეა. ღმერთი უპიროვნებოა და განსახიერებულია მრავალი “ღმერთებით”. ხოლო ისრაელი (და როდესაც ვამბობთ ისრაელს, ვგულისხმობთ ჭეშმარიტ ისრაელს, აბრაამის სულიერ შვილებს, მათ რომლებიც ინახავენ სარწმუნოებას მოცემულს ღმერთის მიერ თავისი რჩეული ხალხისადმი, და არა მათ ვინც მიატოვა ეს სარწმუნოება. აბრაამის ჭეშმარიტი შვილები არის ეკლესია ქრისტესი, და არა ის ხორციელი შთამომავლები, ებრაელთა ერი) აღიარებს, რომ ღმერთი და მისი ქმნილება არის ორი სრულიად განსხვავებული რამ. ღმერთი არის თვითმყოფადი, პიროვნული, მარადიული, უკვდავი, სიცოცხლე და წყარო სიცოცხლისა. ის თავად არის არსებობა და წყარო ცხოვრებისა. ის არის ერთადერთი ჭეშმარიტი არსებობა. “მე ვარ, რომელი ვარ” გამ. 3:14, ასე განუცხადა თავი უფალმა მოსეს შეუწველი მაყვლიდან. ის არის ერთადერთი რომელიც ჭეშმარიტად არსებობს. ქმნილებას, ღმერთისგან განსხვავებით, არ გააჩნია თვით-არსებობის უნარი. ის სრულიად დამოკიდებულია ღმერთის ნებაზე. ის არსებობს მხოლოდ იმიტომ რომ ღმერთს სურს რომ ის არსებობდეს. ის არ არის მარადიული. იყო დრო როდესაც ქმნილება არ არსებობდა. ის იყო ნული, ის არაფერი არ იყო. ქმნილებას თავის თავად არ გააჩნია არსებობის ძალა, ის არსებობს ღმერთის ენერგიის წყალობით. თუ ღმერთის ეს სიყვარულით აღსავსე ენერგია ოდესმე შეწყდება, მთელი ქმნილება და ყოველი შექმნილი არსება, გონიერი თუ უგონო, მოაზროვნე თუ აზროვნებას მოკლებული გაქრება არარსებობაში. მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ღმერთის სიყვარული მისი ქმნილებისადმი უსასრულოა. ჩვენ მისგანვე ვიცით, რომ ის არასდროს დაუშვებს რომ ჩვენ ჩავვარდეთ იმ არარსებობაში, რომლიდანაც მოგვიყვანა მან არსებობაში. ეს არის ჩვენი სასოება და ჩვენ ვიცით რომ ღმერთი ყოველთვის ერთგულია თავის დაპირებებში. ჩვენ შექმნილი არსებები, ანგელოზები და ადამიანები, ვცხოვრობთ მარადიულად არა იმიტომ რომ ჩვენში არსებობს მარადიულობის რაღაც ძალა არამედ იმიტომ რომ ასეთია ნება ღმრთისა რომელსაც ჩვენ ვუყვარვართ. ჩვენ ბუნებას არ გააჩნია სიცოცხლისა და არსებობის უმნიშვნელო ენერგიაც; ხოლო რაც კი გაგვაჩნია მთლიანად მომდინარეობს ღვთისაგან, ჩვენი საკუთარი აქ არაფერი არ არის. ჩვენ ვართ მიწის ჭუჭყი, და როდესაც ეს ჩვენ დაგვავიწყდა, ღმერთმა თავისი მოწყალებით დაუშვა რომ დავბრუნებულიყავით იქ საიდანაც წარმოვიშვით, რათა ამით გვესწავლა სიმდაბლე და ზუსტად გვცოდნოდა ჩვენი არარაობა (წმ. იოანე დამასკელი). ეკლესიის ეს სწავლება, მის მსახურებებშიც ნათლად ჩანს, სადაც უამრავჯერ ვხვდებით, ღმრთისადმი მიმართულ შემდეგ სიტყვებს “მხოლოო უკვდავო” ან “შენ რომელი მხოლოო ხარ უკვდავი” ან “რომელსა მხოლოსა გაქვს უკვდავება”. ეს არის სარწმუნოება ისრაელისა. ხოლო რა არის წარმართობა? წარმართობა ღმერთთან შეწყვეტილი ურთიერთობის შედეგია. აურაცხელი ცოდვებისა და სისასტიკის, სულმოკლეობისა და სიცრუის გამო ადამიანს აღარ ძალუძს იხილოს ღვთაებრივი ნათელი, ჰქონდეს ურთიერთობა ცოცხალ ღმერთთან. და შესაბამისად მან ის სამყარო გააღმერთა, რომელსაც ყოველდღე ხედავს. წარმართობას მიაჩნია, რომ ქმნილი სამყარო თვითმყოფადი და უკვდავია, რომ იგი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. წარმართული ღმერთები, ანუ კერპები ამ სამყაროს ნაწილია, მათ თავად არ შეუქმნიათ სამყარო არაფრისგან, მათ მხოლოდ ფორმა მისცეს უკვე არსებულ მატერიას. მატერია სხვადასხვა ფორმებს ღებულობს, რომლებიც იქმნება და ქრება, მაგრამ თავად მატერია მარადიულია. ადამიანთა სულები, დემონები - აი ნამდვილი ღმერთები წარმართობაში, ისინი თავისთავად უკვდავნი არიან, როგორც მატერია. მაშასადამე წარმართობა ქმნილებას მიაწერს ღვთაებრივ თვისებებს, როგორიცაა: მარადიულობა, თვითმყოფობა. ანუ ღმერთი არის ადამიანი, რადგან ის სულიერი არსებაა და მარადიულია თავისი ბუნებით, იგი თვით მატერიასაც აღემატება. ამიტომაა ასეთი ამპარტავნებითა და ნარცისიზმით გამსჭვალული წარმართული ცივილიზაცია, მისი ფილოსოფია და კულტურა. წარმართული რელიგია საკუთარი თავის თაყვანისცემაა აქ ღმერთებს ადამიანური თვისებები აქვთ, ყველა თავისი მანკიერებით. ელინისტური რელიგია ადამიანის თაყვანისცემაა, რომლის მრწამსია ის, რომ კაცობრიობას არ სჭირდება პიროვნული ღმერთი, რადგან თავად ადამიანები არიან ღმერთები. ძველ საბერძნეთში წარმოუდგენელია თავმდაბლობის, როგორც სათნოების აღქმა. “წყენაზე პასუხის არ გაცემა არის მდაბიო და უღირსი ადამიანის, მონის საქციელი” - ამბობს არისტოტელე. ადამიანი, რომელიც დემონმა დაარწმუნა, იმაში რომ მისი სული თავისი ბუნებით უკვდავია, ვერასოდეს შეძლებს იყოს თავმდაბალი, ვერ შეძლებს იწამოს ღმერთი, რადგან ის სრულიად არ სჭირდება, ის ხომ თავის წარმოდგენაში თავად არის ღმერთი. მოციქულთა უშუალო მოწაფეები, პირველი საუკუნეების ეკლესიის მამები, რომელთაც ჰქონდათ უშუალო შეხება წარმართულ მსოფლმხედველობასთან, ესმოდათ, რა ამ უგუნური შეცდომის საშიშროება, ოდითგანვე აფრთხილებნენ ქრისტიანებს: “სწავლება, თითქოს ადამიანის სული თავისი ბუნებით უკვდავია არის დემონის სიცრუე” (წმ. ირინეოს ლიონელი, “სამოციქულო ქადაგების მტკიცებულება”, III, 20. 1). იგივე გაფრთხილებას ვხვდებით წმ. იუსტინე მარტვილთან (“დიალოგი ტრიფონთან” 6. 1-2), თეოფილე ანტიოქიელთან (“ავტოლიკესადმი”, 2. 97), ტატიანესთან, (“წარმართთა მიმართ”, 13) და ა. შ. “ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ ადამიანის სული უკვდავია თავისთავად და რადგან იგი არამატერიალურია ამიტომ არ დაისჯება ჩადენილი ცოდვების გამო. გამომდინარე იქიდან, რომ ის, რაც არამატერიალურია იმავდროულად უგრძნობელიცაა, და შესაბამისად ადამიანის სული აღარაფერს საჭიროებს ღმერთისგან” (წმ. იუსტინე ფილოსოფოსი, “დიალოგი ტრიფონთან”, 1). წარმართობა ჭეშმარიტი ღმერთის უგულებელსყოფაა. ის ამბობს, რომ შექმნილი სამყარო თავადაა ღმერთი, მაგრამ ეს “ღმერთი”, ანუ ბუნება- უპიროვნო, ბრმა ძალაა, რომელიც თვითოეულ წარმართულ ღმერთზე მაღლა დგას და მას საჭიროება, ბერძნულად “ანანგი” ჰქვია. სინამდვილეში ეს ყოვლადძლიერი საჭიროება არის ადამიანური ფანტაზიის ნაყოფი, მათემატიკური საჭიროება, რომელიც საოცარი სიზუსტით მართავს სამყაროს. აი, ეს არის რაციონალიზმის ბატონობა ბუნებაზე. ეს რაციონალური საჭიროება არის კიდევაც წარმართული სამყაროს ნამდვილი უზენაესი, მაგრამ ბრმა ღმერთი. სხვა წარმართული ღმერთები ამ სამყაროს შემადგენელი ნაწილები არიან და უკვდავნი არიან, რადგან უკვდავია თავად ბუნება, რომელიც მათ არსს შეადგენს. ამდაგვარ წარმართულ აზროვნებაში ადამიანს სჯერა, რომ მისი სული თავისთავად, შემოქმედი ღმერთისგან დამოუკიდებლად არის უკვდავი, რადგან ის ნაწილია სამყაროს არსისა, რომელიც წარმართობაში უკვდავად და თვითარსად ითვლება. ასე, რომ ადამიანი თავადაა ღმერთი და ყველაფრის საზომი. მაგრამ ყველაზე უცნაური აქ ის არის, რომ თავად ღმერთებიც არ არიან თავისუფალნი, მათ რაღაც აუცილებელი, გარდაუვალი საჭიროება მართავს; უპიროვნო, ბრმა საჭიროება! VIII სწორედ ეს წარმართული მოსაზრება შეერია ქრისტიანულ სწავლებას სხვადასხვა მწვალებლობათა მეშვეობით. ასე მაგალითად დასავლეთში დაიწყეს ზღვარის გავლება სულსა და მატერიას შორის. ჩათვალეს რა სული თავისთავად უკვდავად, გადაწყვიტეს, რომ ადამიანის არსებობა სიკვდილის შემდეგ არის არა “ძილი ხელთა ღვთისათა”, არამედ სრულფასოვანი არსებობა ადამიანისა, რომელსაც მკვდრეთით აღდგომა ვეღარაფერს შეჰმატებს და ამიტომაც საჭიროება აღდგომის აუცილებლობისა საეჭვო გახდა. შესაბამისად, ქრისტეს აღდგომის დღესასწაული მეორე პლანზე გადადის, რამეთუ მისი მნიშვნელობა დასავლეთში გაუგებარი ხდება ისევე, როგორც გაუგებარი და მიუღებელი იყო პავლე მოციქულის ქადაგება ათინელთათვის ქრისტეს აღდგომის შესახებ. მაგრამ წარმართული აზროვნების ზეგავლენა, ყველაზე უფრო, ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობის შესახებ სწავლებას დაეტყო. დასავლეთში რელიგიურმა მოაზროვნეებმა დაიწყეს მსჯელობა, იმის შესახებ, რომ თითქოს ღმერთი ექვემდებარება რაღაც საჭიროებას, რაციონალურ საჭიროებას. ამ საჭიროების კონტექსტში, სავსებით ლოგიკური ხდება იურიდიული კონცეფცია ღმერთის სამართლიანობის შესახებ. კერძოდ ის, რომ ღმერთს საჭიროებამ აიძულა დაესაჯა ადამიანი ურჩობისთვის. მან ვერ შეძლო პატიება რადგან ზემდგომი საჭიროება შურისძიებას მოითხოვდა. სიკეთითა და სიყვარულით აღსავსე ღმერთი ვერ გამოხატავს ამ თვისებებს, რადგან იძულებულია რომის სამართლის მიხედვით აღასრულოს მართლმსაჯულება და საკუთარი თავის, სიყვარულის წინააღმდეგ მიდის. ერთადერთი რაც მას შეუძლია ადამიანებისთვის გააკეთოს, არის ის, რომ დასაჯოს სიკვდილით საკუთარე ძე ადამიანთა მაგივრად, და ამით ეს იურიდიულად აუცილებელი საჭიროება დააკმაყოფილოს. თავად ღმერთს არ ძალუძს უშუალოდ შევიდეს კონტაქტში ისეთ მდაბიო არსებასთან, როგორიც ადამიანია. ამ თემაზე კამათი ჯერ კიდევ ავგუსტინეს დროს დაიწყო, რომელიც წერდა, რომ მოსეს ღმერთი კი არა, ანგელოზი ელაპარაკებოდაო. ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ სრულიად საწინააღმდეგო სწავლება იყო აღმოსავლეთში, ამის დასტურია კაპადოკიელი მამების საღვთისმეტყველო ნაშრომები, თუნდაც წმ. გრიგოლ ნოსელის “მოსეს ცხოვრება” და სხვა. IX ასეთი ტრიუმფალური გამარჯვებები მოიპოვა წარმართულმა აზროვნებამ სხვადასხვა მიმართულებით. და აი, ორიგენეც, როგორც ჭეშმარიტი ელინისტი მიდის იგივე დასკვნამდე: ღმერთი საჭიროების გამო გვევლინება, როგორც მსაჯული. ის იძულებულია დასაჯოს, შური იძიოს, გააგზავნოს ადამიანები ჯოჯოხეთში, რომელიც ამ მიზეზით მანვე შექმნა, რომ ჯოჯოხეთი არის სასჯელი, რომელსაც მოითხოვს სამართლიანობა. ხოლო ეს სამართლიანობა არის მოთხოვნა იმ აუცილებელი საჭიროებისა, რომელსაც ვალდებულია დაემორჩილოს ღმერთი. არსებობს უზენაესი ძალა, საჭიროება, რომელიც არ აძლევს ღმერთს უფლებას უპირობოდ უყვარდეს ადამიანი. მაგრამ ორიგენე ქრისტიანი იყო, მან კარგად იცოდა, რომ ღმერთი სავსეა სიყვარულით. მაშ, როგორღა შეიძლება იმ აზრის შეგუება, რომ მოსიყვარულე ღმერთი მარადიულად სჯის ადამიანებს ჯოჯოხეთში? თუ ღმერთი არის შემქმნელი ჯოჯოხეთისა, მაშინ ჯოჯოხეთის ტანჯვას უსათუოდ ექნება დასასრული, წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთი არ ყოფილა კეთილი და მოსიყვარულე. ეს იურიდიული წარმოდგენა ღმერთის შესახებ, როგორც მასზე ზემდგომი ძალის ინსტრუმენტისა, საჭიროების ხელში, თავის ლოგიკურ გამოსავალს პოულობს სწავლებაში აპოკატასტისის შესახებ, ანუ მოსაზრებაში, რომ ჯოჯოხეთი განადგურდება და ყველა პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი უნდა ვაღიაროთ, რომ ღმერთი სასტიკია. წარმართულ-ელინისტური აზროვნება ვერანაირად ვერ ჩასწვდა იმ აზრს, რომ ღმერთი არ არის ჯოჯოხეთის არსებობის მიზეზი, არამედ მის მიერ შექმნილი გონიერი არსებები, ადამიანები არიან მისი არსებობის მიზეზნი. ასევე ვერ მიიღო მან სწავლება ადამიანის, როგორც თავისუფალი არსების შესახებ, რადგან თუ ღმერთი თავად არ არის თავისუფალი, დამოკიდებულია გარკვეულ საჭიროებებზე, მაშინ რანაირად შეეძლო მას თავისუფლება ებოძებინა თავისი ქმნილებისთვის, რადგანაც თავისუფლება ღმერთს ამსგავსებს თავისუფალ ქმნილებებს. წარმართებისთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ შეეძლო ქმნილებას ეთქვა - “არა” ყოვლისშემძლე ღმერთისთვის. თუ ღმერთი მართლაც ყოვლისშემძლეა, მის ქმნილებას არ შეუძლია წინ აღუდგეს მის ნებას. შესაბამისად თუკი ღმერთმა ადამიანებს თავისი მადლი, საღმრთო ენერგიები უბოძა, ადამიანებს არ შეუძლიათ მასზე უარის თქმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთი არ არის ყოვლისშემძლე. თუკი დაუშვებთ, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაშინ მისი მადლიც შეუქცევადი უნდა იყოს და ადამიანებს არ უნდა შეეძლოთ უარი თქვან მასზე. ის ადამიანები კი რომელთაც არა აქვთ იგი, არა აქვთ იმიტომ, რომ ღმერთმა არ მისცათ მათ. ხოლო მადლის დაკარგვა ანუ ჯოჯოხეთი, მარადიული სიკვდილი მთლიანად ღმერთზეა დამოკიდებული. ეს ღმერთი სჯის ადამიანებს, რომელიც მათ მადლის გარეშე ტოვებს. ამრიგად ღმერთია დასჯილთა მარადიული სიკვდილის მიზეზი. სასჯელი კი ღმერთის მოქმედების, მისი მართლმსაჯულების შედეგია. საბოლოო ჯამში ორიგენე თვლიდა, რომ იმისათვის, რათა ქრისტიანები დავრჩეთ, რომ გვწამდეს ღმერთის სახიერება, უნდა ვირწმუნოთ ჯოჯოხეთის, როგორც დროებითი დისციპლინარული სასჯელის შესახებ. რომ ის დასრულდება, მიუხედავად იმისა, რომ საღმრთო წერილი საპირისპიროს ამბობს ამის შესახებ. ასეთია ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი წარმართული ზეგავლენის მქონე აზროვნებიდან: რადგანაც ღმერთია ჯოჯოხეთის მიზეზი, ჯოჯოხეთი უნდა გაქრეს, სხვაგვარად ღმერთი ბოროტი გამოდის. X ორიგენეს და სხვა თეოლოგ-რაციონალისტებს არ შეეძლოთ იმის გაგება, რომ ღვთის მადლის მიღება თუ უარყოფა, მთლიანად გონიერ ქმნილებებზეა დამოკიდებული; რომ ღმერთი, როგორც მზე, ერთნაირად მოჰფენს ნათელს კეთილთაც და ბოროტთაც, ხოლო მის გონიერ ქმნილებებს აქვთ მინიჭებული თავისუფლება, რომ მიიღონ ან უარყონ მისი მადლი და წყალობა, და რომ ღმერთი თავისი სიყვარულიდან გამომდინარე არ აიძულებს ადამიანებს, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მიიღონ იგი.  პირიქით, ღმერთი პატივს სცემს მათ არჩევანს. ის არ აკლებს, ამ არჩევანის გამო, თავის სიყვარულსა და წყალობას, მაგრამ თავად ადამიანთა დამოკიდებულება ღვთის უშრეტი მადლისა და სიყვარულის მიმართ განსაზღვრავს სწორედ სხვაობას სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის. ვისაც ღმერთი უყვარს განიხარებს მასთან ყოფნით, ვისაც არც ღმერთი უყვარს და არც ადამიანი, უკიდურესად უბედურია, რადგან იძულებულია იმის თანდასწრებით იცხოვროს მარადისობაში ვინც სძულს და ვისაც ვერსად დაემალება, რამეთუ ღმერთი ყველგან მყოფობს. სამოთხე თუ ჯოჯოხეთი? - ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მივიღებთ, როგორ დავხვდებით ღმერთის სიყვარულს; სიყვარულითვე უპასუხებთ მას თუ სიძულვილით. სწორედ ეს არის ის კრიტიკული და განმსაზღვრელი სხვაობა და არჩევანიც მთლიანად ჩვენს თავისუფლებაზეა დამოკიდებული. ამ არჩევანს არ განსაზღვრავს არც მატერიალური და არც ფსიქოლოგიური ფაქტორები, უფრო მეტიც თვით ზნეობრივი მდგომარეობა ანუ ცოდვათა რაოდენობაც არ არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი. მთავარია ჩვენი გულის განწყობა ანუ როგორ ვუყურებთ ამ ცოდვებს (როგორც ეს მეზვერისა და ფარისევლის იგავში ანდა ორი ჯვარცმული ავაზაკის შემთხვევაშია აღწერილი). ეს არჩევანი, ეს თავისუფლება, ეს შინაგანი დამოკიდებულება ჩვენი შემოქმედისადმი არის სწორედ დაფარული ბირთვი ჩვენი მარადიული პიროვნებისა, ჩვენი მთავარი და ყველაზე სიღრმისეული თვისება. ეს არის ის რაც ჩვენს შინაგან პორტრეტს ქმნის მარადისობაში  - ნათელს ან ბნელს, მოსიყვარულეს თუ მოძულეს. არა, ძმებო! ჩვენდა სავალალოდ, სამოთხე ან ჯოჯოხეთი ღმერთზე არ არის დამოკიდებული. ეს რომ ღმერთზე იყოს დამოკიდებული, მაშინ არც აღარაფერი გვექნებოდა სანერვიულო, რადგან როგორღა შეგვეშინდებოდა იმისი, ვინც თავად არის სიყვარული? ეს ღმერთზე კი არა, ჩვენზეა დამოკიდებული და სწორედ ამაშია მთელი ჩვენი ტრაგედია. ღმერთის სურვილია, რომ მისი გონიერი ქმნილება, რომელიც თავის ხატად და მსგავსად შექმნა, მარადიულად თავისუფალი იყოს. ის პატივს სცემს ჩვენ თავისუფლებას და სწორედ ესაა მისი სიყვარულის გამოვლინება ჩვენდამი, რადგან არ არსებობს სიყვარული პატივისცემის გარეშე. და ჩვენ ყოველთვის თავისუფალნი ვიქნებით, ანუ ისეთები, როგორც თავად გადავწყვიტავთ და ამაოდ ვაბრალებთ ჩვენს პრობლემებს ღმერთს. ვიქნებით ისეთები, როგორც მოვისურვებთ  - მეგობრები ან მტრები ღვთისა. “ვინც შემოქმედს აყვედრის, რომ ბუნებით უცოდველები არ შეგვქმნა, ის სხვას არაფერს ამბობს ამით, გარდა იმისა, რომ უგუნური ქმნილება გონიერს ჯობიაო” (წმ. ბასილი დიდი. “Творения”. Т. II. стр 156). მრავალი ცვლილება ხდება ადამიანში მთელი ცხოვრების მანძილზე, მის ხასიათში, შეხედულებებში, განწყობებში, მაგრამ ეს ცვლილებები დროებითია. მხოლოდ ჩვენი სიღრმისეული არსი, ჩვენი შინაგანი პორტრეტია მარადიული. ამიტომაა, რომ სამოთხეც და ჯოჯოხეთიც მარადიულია და არასოდეს შეიცვლება ან დაირღვევა, ისევე როგორც არ შეიცვლება გარდაცვალების მომენტისთვის საბოლოოდ ჩამოყალიბებული ჩვენი სიღრმისეული არსი. ყველაფერი გაქრება სიკვდილის შემდეგ, მხოლოდ ჩვენი ნამდვილი სახე დარჩება ჩვენთან ერთად, როდესაც საფლავში მივიძინებთ, და ის იქნება ჩვენი ჭეშმარიტი პორტრეტი საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის ჟამს! ის მარადიულია! XI წმ. იოანე კიბისაღმწერელი წერს: “ჩვენს დაცემამდე, დემონები გვარწმუნებენ, რომ ღმერთი ადამიანთა გულმოწყალე მეგობარია; მაგრამ როდესაც ვცოდავთ, ამის შემდეგ გვეუბნებიან, რომ ღმერთი დაუნდობელია და არ გვაპატიებს”. აი, მზაკვრული ტყუილი ბოროტი ძალისა, რომელიც ყველანაირად ცდილობს დაგვაჯეროს, რომ ჩვენი გასაჭირის სათავე ღმერთის გუნება-განწყობაა, რომელიც ან დაგვსჯის ან შეგვინდობს. დემონის სურვილია, ჯერ ცოდვა ჩაგვადენინოს, შემდეგ კი სასოწარკვეთილებს, ყოველგვარი იმედი დაგვაკარგინოს მანკიერებიდან განთავისუფლებისა. ამიტომაც იგი ხან ულმობელად წარმოგვიდგენს ღმერთს, ხან კი ყველაფრის მპატიებლად. თვით ქრისტიანების უმრავლესობაც ამ ხაფანგშია გაბმული, ისინი ღმერთს აკისრებენ მთელ პასუხისმგებლობას ყველა ჩვენი პრობლემებისთვის. არადა ცოდვაა ის კედელი, რომელიც მსწრაფლ აღიმართება ადამიანსა და ღმერთს შორის, ის ამსხვრევს ჩვენს სულიერ მთლიანობას. ცოდვის გზა არის გეზი, რომელიც ღმერთს გვაშორებს, ის გვაბრმავებს სულიერად და გვართმევს უნარს, რომ ვიხილოთ ღვთაებრივი ნათელი. ხიფათი ღმერთისგან კი არა თავად ჩვენგან მოდის და ჩვენივე დეგრადაციას იწვევს. XII მაგრამ წმ. წერილი განა თავად არ საუბრობს ღვთის რისხვაზე? განა არ ვკითხულობთ ბიბლიაში, რომ იგი დაგვსჯის ან შეგვიწყალებს? ამაზე თავად საღვთო წერილი გვპასუხობს: “არა ესენი გიყვნაა შენ დატევებამან ჩემმან?... გასწავლენ შენ განდგომილებამან  შენმან და  უკეთურებამან  შენმან გამხილენ შენ, და სცან და იხილე, ვითარმედ  მწარე არს  შენდა დატევებაჲ ჩემი - იტყვის უფალი” (იერემია 2:17-19). საღმრთო წერილი იმ ენაზეა დაწერილი, რომელიც ჩვენთვისაა გასაგები. დაცემული კაცობრიობა კი მას პირდაპირ გებულობს. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის, რომ: “გამომდინარე ჩვენი აღქმიდან, ღვთაებრივსაც ჩვენ ვარქმევთ სახელებს, რომლებსაც თავად ჩვენი გონებით ვიგონებთ” (სიტყვა 31).  “საღმთო წერილი ხშირად იყენებს განსაზღვრებებს, რომლებიც არაპირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. ამას მხოლოდ გონიერნი სწვდებიან (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 4). “როდესაც ღმერთს რაიმე უხეშს, ხორციელს მიაწერენ ეს სიმბოლურადაა (სახისმეტყველებით) ნათქვამი.  ყველაფერი, რაც ღმერთზე ჩვეულებრივადაა ნათქვამი, თავის თავში დაფარულ აზრს გულისხმობს, და ჩვენთვის გასაგები ენით გვასწავლის იმას, რაც ამაღლებულია ჩვენზე” (წმ. იოანე დამასკელი “ზუსტი გარდამოცემა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა”. წიგნი 1. ნაწილი 11. “რაოდენიცა ღმრთისთვის ხორციელად ითქუმიან”.). XIII რაც, შეეხება იმ განსაცდელს და მწუხარებას, რომელსაც ღმერთი ადამიანებზე უშვებს და რომელსაც ხანდახან სასჯელის სახეც აქვს ხოლმე, მათი მიზანი მხოლოდ გამოსწორებაა კაცთა მიერ დაშვებული ზნეობრივი შეცდომებისა, მათი დანიშნულება ადამიანის გამოფხიზლება და სიკეთისკენ მობრუნებაა. ეგება რაღაც ამ სიცოცხლეშივე გამოასწოროს ადამიანმა, თორემ საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ აღარაფერი შეიცვლება ჩვენს მარადიულ პიროვნებაში. მარადისობა და უხრწნელობა უცვალებელნი არიან. მიმართულება, რომელიც კაცმა ამქვეყნად აირჩია უსასრულოდ გაგრძელდება ყოველგვარი ვექტორის შეცვლის გარეშე. “და იქნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა” (აპოკალიფსი) და ამ ახალ კოსმოსში აღარ იქნება არანაირი ცვლილება. ღვთის შეგონებას თითქოს სასჯელის სახე აქვს ამ ცხოვრებაში, მაგრამ თუ ჩვენ ჯოჯოხეთს ღვთის მარადიულ სასჯელად წარმოვიდგენთ, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ღმერთი უსასრულოდ დაუნდობელი და ბოროტი არსება ყოფილა. ამ საკითხს ეხება წმ. ისააკ ასური: “ის, ვინც გამოსწორებისა და გაჯანსაღების მიზნით შეაგონებს, ამას სიყვარულით აკეთებს; ის კი ვინც შურისგებას ესწრაფის, მასში არ არის სიყვარული. ღმერთი მხოლოდ სიყვარულით შეაგონებს და არა სამაგიეროს გადახდისთვის (ნუ იყოფინ ესე); პირიქით, მისი მიზანი ადამიანის, ღვთის მსგავსი არსების განკურნებაა, და ამიტომაც წყენას კი არ ინახავს და იმახსოვრებს, რათა მარადისობაში იძიოს შური, არამედ მსწრაფლ მოუვლენს აქვე განსაცდელს, საკურნებელად და დაცემისგან აღსადგენად. სიყვარულის ეს მეთოდი არის სწორედ საღმრთო სამართლიანობის გამოვლინება, რამეთუ არასოდეს გადაიხრება შურისძიების ვნებისკენ. ღმერთს ემსგავსება ყველა ის მართალი და ბრძენი აღმზრდელი, ვინც დანაშაულის ჩადენის გამო კი არ იძიებს შურს, თავისი სასჯელით, არამედ მოწაფის გამოსწორებისა და სხვათა დაფიქრებისთვის” (სიტყვა 85). ამრიგად, ნათელია, რომ ღმერთი სჯის მანამდე, სანამ არსებობს გამოსწორების იმედი. საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ არ შეიძლება იყოს რაიმე საუბარი ღვთის სასჯელის შესახებ. ჯოჯოხეთი ღმერთის სასჯელი კი არა ადამიანის თვითდასჯაა. “ღმერთი კი არ არის ჯოჯოხეთის ტანჯვათა მიზეზი, არამედ თავად ჩვენ ვშობთ მას ჩვენში” (წმ. ბასილი დიდი). XIV შესაძლოა არ დაგვეთანხმონ და მრავალი ციტატა მოიყვანონ საღმრთო წერილიდან და წმ. მამებიდან, სადაც ღმერთზე საუბარია, როგორც უმაღლეს მსაჯულზე, რომელიც საშინელ სამსჯავროზე დააჯილდოვებს მათ, ვინც მისი მორჩილი იყო და დასჯის იმათ, ვინც ეურჩებოდა. როგორ უნდა გავიგოთ ეს სამსჯავრო, თუკი ღვთის სიტყვა არა ადამიანური, არამედ ღვთაებრივი მნიშვნელობით არის ჩასაწვდომი? ღმერთი ჭეშმარიტებაა და ნათელი. და ღვთის სამსჯავრო სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი შეხება ნათელთან და ჭეშმარიტებასთან. საყოველთაო სამსჯავროს დღეს ყველანი განშიშვლებულნი წარვსდგებით ამ ყოვლისგანმსჭვალავი ნათელის წინაშე. “წიგნები” გადაიშლება. რა “წიგნები”? - ჩვენი გულები! ჩვენი გულები გადაიშლება ამ ყველგანშეღწევადი სინათლის მიერ, და ყველაფერი მათში დამალულ-დამარხული გამოაშკარავდება. თუკი გულში ღვთის სიყვარული იყო, ეს გული განიხარებს საღმრთო ნათელის ხილვისას. ხოლო, თუ პირიქით მასში ღვთის სიძულვილი იყო, მაშინ ასეთი ადამიანი ბუნებრივია დაიტანჯება, შეეხება რა თავისი გადახსნილი გულით ჭეშმარიტების გამჭოლ ნათელს, რომელსაც ის მთელი ცხოვრება უგულებელყოფდა და ზურგს აქცევდა. როგორი იქნება მარადიული ხვედრი ამა თუ იმ ადამიანისა, ღმერთის გადაწყვეტილებაზე კი არ იქნება დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ ვისი გული რითი იყო აღსავსე. რასაც მთელი ცხოვრება გულით ვატარებდით, სრულიად გამჭვირვალე იქნება სამსჯავროს დღეს. და თუკი მაინც ჯილდოს ან სასჯელს დავარქმევთ ამას, - ისინი ღვთისგან კი არა, არმედ სიყვარულისგან ანდა სიძულვილისგან იშვებიან, რომლებიც ბატონობდნენ ჩვენს გულებში. სიყვარულს ნეტარება ეგების, სიძულვილს - სასოწარკვეთა, მწუხარება, ურვა, ტკივილი, გაბოროტება, შეშფოთება, დაბნეულობა, სიბნელე და სხვა შინაგანი განცდები, რომლებიც შეადგენენ კიდევაც ჯოჯოხეთს. სინათლე ჭეშმარიტებისა, ძალა ღვთისა, მადლი მისი, რომლებიც გარდამოვლენ სამსჯავროს დღეს ადამიანებზე, ყველასათვის ერთნაირი იქნებიან, არ იქნება არანაირი სხვაობა. სხვაობა თავად ამ მადლის მიმღებთა გულებში იქნება. მზე ერთნაირად ანათებს ჯანმრთელი და სნეული თვალებისთვის. ჯანმრთელ თვალებს უხარიათ სინათლე და ამიტომაც მკაფიოდ ხედავენ მათ ირგვლივ არსებულ სილამაზეს. სნეული თვალები კი ამ დროს ტკივილს განიცდიან, იტანჯებიან და ცდილობენ დაემალონ იმავე სინათლეს, რომელსაც ესოდენი ბედნიერება მოაქვს იმათთვის, ვისაც ჯანსაღი თვალები აქვს. მაგრამ ვაი, რომ ამ დიდ დღეს შეუძლებელი იქნება ღვთის ნათელისგან დამალვა! ეს მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრების დროს იყო შესაძლებელი. საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის ჟამს, ახალი ქმნილების  - ახალი ცისა და ქვეყანის, ახალი ადამიანის გამოჩინების ჟამს, ღმერთი ყველგან და ყველაფერში იქნება და თავისი სიყვარულითა და სინათლით ყველაფერს მოიცავს.  ღვთის სიყვარული ყოველივეს დაფარავს ღვთაებრივი ცეცხლით, რომელიც ვითარცა მდინარე გადმოედინება საღმრთო საკურთხეველიდან და მთელს სასუფეველს მორწყავს. მაგრამ ეს სიყვარულის მდინარე, მათთვის ვისაც გული ღვთისა და ადამიანის სიძულვილით ჰქონდა აღსავსე, შემწველი და მტანჯველი იქნება. “რამეთუ ღმერთი ჩვენი ცეცხლ განმლეველ არს” (ებრ. 12, 29). ცეცხლი, რომელიც განწმენდს ოქროს და კეთილშობილი მეტალები მასში გამოწვით, ვითარცა მზე ბრწყინავენ, დარჩენილი წიდა კი შავი კვამლით ბოლავს. და ყველაფერი ეს, ერთ, - სიყვარულის ცეცხლში ხდება. მასში ზოგნი ბრწყინავენ ვითარცა მნათობნი, ზოგნი კი თიხასავით გამოიწვებიან და ქვავდებიან მხოლოდ. სხვაობის მიზეზი კი თავად ადამიანშია და არა ღმერთში. ის ჩვენი თავისუფალი არჩევანითაა განპირობებული, რომელსაც ღმერ-თი პატივს სცემს. ღვთის სასჯავრო კი ადამიანის ჭეშმარიტი არსის გამოაშკარავება და გამომზეურებაა! XV წმ. მაკარი ეგვიპტელი წერს: “ისევე, როგორც სიბნელისა და ცოდვის მეუფებაა დამალული სულში საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის დღემდე, როდესაც ცოდვილთა სხე-ულები ასევე იმ სიბნელით შეიმოსება, რომელიც ახლა სულის სიღრმეშია დაფარული, ასევე მეუფება სინათლისა, ქრისტე, რომელიც ეხლა საიდუმლოდ განანათლებს სულს და სუფევს წმინდანთა გულებში, თუმცა დამალულია კაცთა თვალთაგან მკვდრეთით აღდგომის დღემდე; სხეულებსაც შემოსავს და გააბრწყინებს საუფლო ნათლით, რომელიც ჯერ კიდევ მისი ამქვეყნიური ცხოვ-რებიდან მოყოლებული დაფარული იყო ადამიანის სულში. ასე, რომ სხეულიც იმეფებს სულთან ერთად, რომელიც უკვე აღდგომამდე განისვენებს და მარადიული სინათლითაა გასხივოსნებული ცათა სასუფეველში” (ჰომილია 2). ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი კი გვასწავლის, რომ მარადისობაში ის კი არ ჩაეთვლება დამსახურებად ადამიანს, რასაც ამქვეყნად იქმოდა, არამედ ის თუ, რამდენად მიემსგავსა მისი პიროვნება უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს. “მომავალ ცხოვრებაში ქრისტიანი იმის მიხედვით კი არ განიცდება, თუ რამდენად განეშორა ამ სოფელს ან დაარიგა თუ არა თავისი ქონება, იცავდა თუ არა მარხვას, რამდენ ხანს ილოცვიდა თუ მღვიძარებდა, ანდა რამდენ სიკეთეს აკეთებდა; არამედ იმის მიხედვით, თუ როგორია მისი მსგავსება ქრისტესთან. როგორც შვილს ადარებენ მამას, ასევე ჩვენც, წარვსდგებით რა ქრისტეს წინაშე, თავადვე წარმოვაჩენთ ჩვენს მომავალს მისი მსგავსებით თუ არამსგავსებით” (წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. სიტყვა 2). XVI “ღვთაებრივი სიკეთე ყველას თანაბრად მიენიჭება, მაგრამ საღმრთო ცეცხლის ანუ ღვთის სიტყვის მიღებისას ზოგნი სანთელივით დარბილდებიან, ზოგნი კი ვითარცა თიხა, ცეცხლის შეხებისთანავე ქვავდებიან. თუ არ გვინდა ამ ცეცხლის ანუ ჭეშმარიტების მიღება, უფალი არ გვაიძულებს, არამედ მზესავით გვიგზავნის თავის სხივებს და მთელ სამყაროს ანათებს, და ის, ვისაც ამ სინათლის დანახვა სურს ხედავს კიდეც მას. ღმერთმა თავისი უქმნელი ნათლის დასანახად სულიერი თვალნი ანუ რწმენა მოგვმადლა. და ისინი, ვისაც სარწმუნოებით განათლება სურს და მოუკლებლად იღწვის ამ ასპარეზზე, ღმერთიც მეტ ცოდნას, ძალასა და მოშურნეობას აძლევს” (წმ. პეტრე დამასკელი “ფილოკალია”. ტ. 3). XVII საშინელი სამსჯავროს ხატზე ჩვენ ვხედავთ საყდარზე მჯდომარე უფალს, იესო ქრისტეს. მის მარჯვნივ მისი მეგობრები არიან, ნეტარი მამები და დედები, რომლებმაც მისი სიყვარულით იცხოვრეს. მარცხნივ ისინი დგანან, ვინც მთელი ცხოვრება მის სიძულვილში გალია, თუმცაღა გარეგნულად ღვთისმოშიში და სათნო იერი ჰქონდა. და იქვე, ამ ორ სამყოფელს შორის ვხედავთ ქრისტეს საყდრიდან გამომავალ ცეცხლის ნაკადს, რომელიც თითქოს ჩვენსკენ მოდის და გვიახლოვდება. რა ცეცხლის მდინარეა ეს? წამების იარაღია თუ შურისმაძიებლის რისხვაა ჩვენს თავზე მომავალი, რომელიც ღვთისგან მოედინება და მისი მტრების დასასჯელადაა მოვლენილი? არა, არაფერი მსგავსი. ეს ის მდინარეა, რომელიც ედემიდან გამოდიოდა და მთელ სამოთხეს რწყავდა. ეს ღვთის მადლის მდინარეა, რომელიც მის მეგობრებს, წმინდანებს განანათლებს დასაბამიდან სოფლისა. ერთი სიტყვით, ეს ღვთის სიყვარულის გარდამოღვრაა მის ქმნილებაზე. სიყვარული ცეცხლია. ეს იმან იცის, ვისაც უყვარს. ღმერთი სიყვარულია და იმავდროულად ცეცხლია. და ეს ცეცხლი დასწვავს ყველას ვისშიც არ არის ბუნება ცეცხლისა და ბრწყინვალე ნათლით აანთებს ყველა იმას, ვისშიც არის ეს ცეცხლი, თუნდაც მცირეოდენი. “რამეთუ ღმერთი ჩვენი ცეცხლ განმლეველ არს” (ებრ. 12, 29). ღმერთი არაერთხელ ეცხადებოდა მის რჩეულებს ცეცხლის სახით: აბრაამს, მოსეს ცეცხლმოკიდებულ მაყვლოვანში, ისრაელის ერს, როდესაც მას უდაბნოში მიუძღოდა და გზას ცეცხლოვანი სვეტით უნათებდა და მაშინაც, როდესაც ცეცხლი აწვიმა სინას მთის მწვერვალს. იგი ცეცხლოვანი სახით წარსდგა ფერისცვალების დროს თაბორის მთაზე, და თქვა: “ცეცხლისა მოვედ მოფენად ქვეყანასა ზედა”(ლუკა 12, 49), ანუ სიყვარულისა, როგორც წმ. იოანე კიბისაღმწერელი ამბობს:” სიყვარული - წყაროა ცეცხლისა”. რწმენა ასევე ცეცხლია, რომელიც ათბობს კაცის გულს. სული წმიდა მოციქულებზე ცეცხლის ენების სახით გარდამოვიდა. ქრისტე რწმენას ანთებულ სანთელს ადარებს და იოანე ნათლისმცემელიც ამბობს, რომ ქრისტე ნათელს სცემს “სულითა წმიდითა და ცეცხლითა”(მთ. 3, 11) და მისი ორი მოწაფეც იტყვის:”ანუ არა გულნი ჩვენნი განხურვებულ იყვნეს ჩვენ შორის, ვითარ იგი მეტყოდა გზასა ზედა?”(ლკ. 24, 32). ცეცხლის დამახასიათებელი თვისება სიმხურვალეა, ამიტომაც ვსაუბროთ “მხურვალე რწმენაზე”, ანდა “სარწმუნოება განატფობს”. როგორც რწმენის თვისება სიმხურვალეა, ასევე ურწმუნოების აუცილებელი თვისება გაცივებაა. “გინდათ, რომ იცოდეთ, როგორ შეიძლება მორწმუნე და ურწმუნო ადამიანის გარჩევა? თუკი თქვენ გრძნობთ სითბოს, რომელიც მისი მზერიდან, სიტყვებიდან, საქციელიდან გამოსჭვივის,  - დარწმუნებული იყავით, რომ მის გულში რწმენა ღვივის. თუკი თქვენ სიცივეს გრძნობთ, რომელიც ადამიანის შიგნიდან მოდის, ეს ნიშნავს, რომ მას რწმენა არა აქვს, რასაც არ უნდა ამბობდეს. ის შეიძლება მუხლებზე ეცემოდეს, მორჩილად იდრეკდეს თავს, მწყაზარი ხმით წარმოსთქვამდეს ზნეობრივ სწავლებებს, მაგრამ ამ ყველაფრისაგან შესაძლოა ისეთი სიცივე იგრძნოთ, რომ მთლიანად გაიყინოს, რაღაც თქვენს შიგნით” (ფოტი კონტოგლუ). “სამოთხე სიყვარულია ღვთისა, სადაც ყველა ნეტარებაა თავმოყრილი და ხე ცხოვრებისა აგრეთვე სიყვარულია ღვთისა” (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 82).  “თავს ნუ მოიტყუებთ, - ამბობს ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, - ღმერთი ცეცხლია, და როდესაც ის განკაცდა, ცეცხლი გარდამოავლინა დედამიწაზე. ამ ცეცხლს ვერავინ დაემალება, ის ყველგან აღწევს და თავისი კაცთმოყვარებითა და ჩვენდამი კეთილგანწყობის გამო, ეძიებს ადამიანებში იმ ნივთიერებას (მსგავსებას მისდამი და ჩვენს სურვილს), რომლითაც შემოვალს ჩვენში და მსწრაფლ აალდება, რათა დიად ხანძრად გადაიქცეს და ზეცამდე აამაღლოს ისინი, ვისშიც ის დაენთება. ეს ცეცხლი ჯერ განწმენდს ადამიანს ცოდვებისა და ვნებების ბიწისაგან, და შემდგომ ჩვენს საზრდელად, სასმელად, სინათლედ და სიხარულად იქცევა, რათა ჩვენც განგვანათლოს იმ ღვთაებრივი ნათლით, რომელსაც ვეზიარებით.”(სიტყვა 78). ღმერთი მოსიყვარულე ცეცხლია, მას ყველანი თანაბრად უყვარს, კეთილიცა და ბოროტიც. მაგრამ სხვაობა იმაშია, რომ ყველა ერთნაირად როდი ღებულობს ამ სიყვარულის ცეცხლს. წმ. ბასილი დიდი გვასწავლის, რომ “ცხოვრების ხეს ცეცხლოვანი მახვილი იცავს, რომელიც ურწმუნოთათვის საშინელია და დასწვავს მათ, ხოლო მორწმუნეთათვის ადვილად მისადგომია და ნეტარ ნათელს მიანიჭებს მათ”. ეს მოსიყვარულე ცეცხლი გაანათებს იმათ ვინც სიყვარულს სიყვარულით პასუხობს და დასწვავს ყველას, ვინც სიყვარულს სიძულვილით ხვდება. სამოთხეცა და ჯოჯოხეთიც ერთი და იგივე ცეცხლოვანი მდინარეა ღვთისა, სიყვარულის მდინარე, რომელიც ყველაფერს მოიცავს და ფარავს ერთნაირი კეთილი ნებით, ყოველგვარი მიკერძოებისა და განსხვავების გარეშე. ის ცხოველმყოფელი წყარო და მარადიული ნეტარებაა მართალთათვის და მარადიული სიკვდილია ურწმონოთათვის; სამოთხე მავანისთვის ჯოჯოხეთია. ნუ გგონიათ რომ ეს ყველაფერი უცნაურია . მოსიყვარულე შვილი ბედნიერია მამის ალერსით, მაგრამ თუ მას არ უყვარს მამა, მაშინ მოსიყვარულე მამის ამბორი მისთვის ტანჯვად იქცევა. ამიტომაცაა, რომ, როდესაც ჩვენი მოძულეები სანაცვლოდ სიყვარულს გრძნობენ ჩვენგან, ეს მათთვის თავზე ცხელი ნაკვერჩხლის დაყრის ტოლფასია. “ვინც გეენიაში იტანჯება, ის სიყვარულის შოლტით იგვემება! და რაოდენ მწარეა ეს ტანჯვა სიყვარულისა! რამეთუ ეს ტანჯვა განცდაა სიყვარულის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა! მწუხარება, რომელიც სერავს გულს სიყვარულის შეურაცხყოფის გამო, ყველა შესაძლო სასჯელზე საშინელია. არავინ იფიქროს, რომ ცოდვილები ღვთის სიყვარულის გარეშე რჩებიან ჯოჯოხეთში. სიყვარული ჭეშმარიტების ხედვისაგან იბადება, და ის ჭეშმარიტების ყველა მაძიებელს ეძლევა. მაგრამ სიყვარულის მოქმედება ორგვარია: ის ტანჯვას მიანიჭებს მოუნანებელ ცოდვილთ და ახარებს ყველას, ვინც ღვთისადმი მეგობრობის ვალი პირნათლად მოიხადა. ჯოჯოხეთის ტანჯვა დაგვიანებული და უნაყოფო სინანულია, დროული სინანულის არ ქონის გამო მწარე დანანებაა ბოლოჟამს! ზეცის შვილთა სულთათვის კი სიყვარული ნეტარების მუდმივი წყაროა” (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 18). ღმერთი სიყვარულია. და თუ ნამდვილად გვწამს ამ ჭეშმარიტებისა, მაშინ იმასაც უნდა ვხვდებოდეთ, რომ ღმერთს არ შეუძლია სიძულვილი, დასჯა, შურისძიება. როგორც დიდი მეუდაბნოე აბბა ამმონი გვასწავლის: “სიყვარულს არ შეუძლია არავის სიძულვილი, არავის განსჯა, დაჩაგვრა, წყევლა, არც ზიზღი და წყენა. ეს ეხება, როგორც მართალთ ასევე ცოდვილთ, უცხოს და თვისტომს, უწმინდურსა და გარყვნილს. პირიქით მას სწორედ ცოდვილთა, უძლურთა და დაცემულთა სულების წყლულები უფრო ადარდებს და სტკივა, იგლოვს და განიცდის მათთვის, თანაუგრძნობს მათ ბევრად უფრო მეტად ვიდრე კეთილთა და მართალთ. ამის მაგალითი თავად ქრისტეა, რომელიც თავად პოულობდა ცოდვილსა და დაცემულს, შედიოდა მის სახლში, ჭამდა და სვამდა მასთან ერთად. გვიჩვენებდა რა, ჭეშმარიტი სიყვარულის მაგალითს, გვასწავლიდა: “იყავით სრულ, კეთილ და მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი ზეცათაი სრულ არს”; და როგორც ის უგზავნის წვიმას ბოროტსაც და კეთილს, მზეს კი უბრძანებს, რათა თანაბრად გაუნათოს მართალსაც და უკეთურსაც, ასევე იქცევა ის, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს, ვისაც თანაგრძნობა და თანალმობა აქვს და ვინც თანაბრად ლოცულობს ყველასთვის”. XVIII თუკი ვინმეს ვერ წარმოუდგენია, რამდენად შესაძლებელია, რომ ღვთის სიყვარულმა ადამიანის სული საბრალო და სავალალო მდგომარეობაში აღმოაჩინოს, უფრო მეტიც ცეცხლში ამყოფოს, დაე უძღები შვილის იგავიდან უფროსი ძმის მდგომარეობა გაიხსენოს. განა არ იყო ის მამის სახლში? განა ყველაფერი მას არ ეკუთვნოდა?განა არ იყო კმაყოფილი მამის სიყვარულით? განა მამა თავად არ სთხოვდა მოსულიყო ლხინის ტრაპეზზე და გაეზიარებინა მამის სიხარული უძღები შვილის დაბრუნების გამო? რამ გახადა ის უბედური, რა სიძულვილისა და წყენის ცეცხლი დატრიალდა მის გულში? განა ვინმემ რაიმე წაართვა მას? რატომ არ გაუხარდა დაკარგული ძმის დაბრუნება? რატომ არ აღმოაჩნდა სიყვარული მამისა და ძმისა? იქნებ, ეს საქციელი მისი შინაგანი გაბოროტების შედეგი იყო? და განა ამის გამო მას ჯოჯოხეთად არ ექცა იქ ყოფნა?სწორედ იქ სადაც საყოველთაო სიხარული და დღესასწაული იყო?განა სხვათა ლხინი მისთვის ჯოჯოხეთი არ იყო? და განა იგი სადმე სხვაგან იყო ამ დროს, სადაც წამების იარაღები ინახებოდა ან ჯალათები იმყოფებოდნენ? ნუთუ ის ისევ მამის სახლში არ ცხოვრობდა? რა განყოფდა მას ყველა მოზეიმისგან, თუ არა მისივე საკუთარი ბოღმა და შური? განა მამას ან ძმას უწინდებურად აღარ უყვარდათ იგი? მათი ეს სიყვარული ხომ არ უქვავებდა და უბოროტებდა უფრო გულს? განა სიხარული მამის სახლში, უფრო არ ამწუხრებდა მას? განა მამისადმი და ძმისადმი წყენა და სიძულვილი არ ენთო მის გულში? და განა ეს სიძულვილი უფრო არ მძაფრდებოდა მამის სიყვარულით უმცროსი ძმისადმი? აი ისიც, ჯოჯოხეთი - უარყოფა სიყვარულისა, სიყვარულის პასუხად სიძულვილი; მწუხარება გამოწვეული სხვათა სიხარულიდან; სიძულვილით აღვსებული გული, როდესაც ირგვლივ სიყვარული სუფევს. ასეთია მარადიული ხვედრი ყველა ბოროტმოქმედისა. ვერავინ დაემალება ღვთის სიყვარულს, ყოველი მათგანი სათუთი სიყვარულით უყვარს ღმერთს, ყველა დაპატიჟა მარადიულ ქორწილში, ცათა სასუფეველში, მაგრამ სამოსელი მათი ანუ გულებია მათი არაწმინდა. ღმერთი კი თავის ახალ ქმნილებაში ყველაფერი იქნება ყველასათვის, “რაითა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა” (1 კორ. 15, 28). ეს გარემოება იქნება სწორედ მართალთა მარადიული ნეტარების, ხოლო ცოდვილთა მარადიული ტანჯვის მიზეზი, რადგან: “ამქვეყნიურ ცხოვრებაში ჩვენ დაკავშირებული ვართ მრავალრიცხოვან რეალიებთან, როგორიცაა დრო, სივრცე, ადგილსამყოფელი, ჰაერი, საკვები, სასმელი, სამოსი, მზის სინათლე, და სხვა აუცილებელი საგნები, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ღმერთი; იმ კურთხეულ მდგომარეობაში კი რომლის მოპოვების იმედიც გვაქვს, არ გვექნება საჭიროება არცერთი ზემოთ ჩამოთვლილისა. ყოველივე ამის სანაცვლოდ ღმერთი იქნება ჩვენთვის ყველაფერი, ის გაგვინაწილებს თავის სიყვარულსა და ენერგიებს შესაბამისად თვითოეულის საჭიროებისა. საღმრთო წერილი გვაუწყებს, რომ ღმერთი მათთვის, ვინც ამის ღირსია თავად იქნება სახლიც, სამოსელიც, საზრდელიც, სასმელიც, სინათლეც, სიმდიდრეც, მეუფებაც და სხვა ყველაფერიც, რასაც სახელი გააჩნია, რათა ცხოვრება ჩვენი ნეტარი იყოს მარადისობაში” (წმ. გრიგოლ ნოსელი. “О душе и воскресении”). ასე, რომ მომავალ ცხოვრებაში ღმერთი ყველასათვის ყველაფერი იქნება, არა მხოლოდ კეთილთათვის, არამედ ბოროტთათვისაც, და არა მხოლოდ მათთვის ვისაც ქრისტე უყვარს, არამედ მათთვისაც, ვისაც ის სძულს. მაგრამ განა ეს ტანჯვა არ იქნება მისი მოძულეებისთვის, როდესაც ყველაფერს იმის მარჯვენიდან მიიღებენ, ვინც ასე სძულდათ? ეს იქნება სწორედ მათთვის ცეცხლი მარადიული და კბილთა ღრჭენა მოუკლებელი!* წარვედით ჩემგან წყეულნო, თქვენს გულებში დანთებულ სიძულვილის ცეცხლში, -  იტყვის უფალი, - რამეთუ მე თქვენი სიყვარული მწყუროდა და არ მასვით, მე თქვენი ნეტარება მსურდა და თქვენ არ ისურვეთ, მე ჩემს ადამიანურ ბუნებაში ვიყავი ნებსით ჩამწყვდეული და თქვენ არ მომინახულეთ ჩემს ეკლესიაში; თქვენ თავისუფლები ხართ, და მიდიხართ იქით სადაც თქვენი ბოროტი აზრები გეძახიან, წარვედით ჩემგან, თქვენი გულების მტანჯველ სიძულვილში, რომელიც უცხოა ჩემი მოსიყვარულე გულისთვის, რომელმაც არ იცის არავის სიძულვილი. თქვენ თავისუფლები ხართ, მაშ გაემართეთ თქვენი სიძულვილის წყვდიადისაკენ, რომელიც სრულიად უცხოა მათთვისაც, ვინც ჩემთან რჩებიან. ეს სიძულვილი ეშმაკისგან მიიღეთ თქვენივე ნებით. მაგრამ სადაც არ უნდა წახვიდეთ, თქვენი ბოროტი გულების წინამძღოლობით, ჩემი სიყვარული, ვითარცა ცეცხლის მდინარე, მუდამ და ყველგან თქვენს კვალდაკვალ ივლის, რამეთუ რაც არ უნდა აირჩიონ თქვენმა გულებმა, ხართ და მუდამ იქნებით ჩემი შვილები. ამინ. ---------------------------------------------------------------------- * "ქვეყნის აღსასრული მის ფერისცვალებას ნიშნავს. ყველაფერი თვალის დახამხამებაში შეიცვლება და უფალი მოვალს დიდებით ღრუბელთა ზედა. საყვირის ხმა, რომელიც სულში და სინდისში გასიმება, ნათელს გახდის ყველაფერს ადამიანთა სინდისისათვის. როგორც დანიელი წინასწარმეტყველებს, მარადიული მართლმსაჯული დაბრძანდება დიდების ტახტზე და მის წინ იდინებს ცეცხლის მდინარე (დან. 7, 9-10). ეს ცეცხლი განმწმენდელი სტიქიაა, ის ცოდვებს დასწვავს. ვაი იმას, ვისთვისაც ცოდვა მისი ბუნების ნაწილი გამხდარა, მაშინ ეს ცეცხლი თავად ამ ადამიანს დასწვავს, ის მის შიგნით აენთება. ჯვრის დანახვისას ერთნი განიხარებენ, მეორენი კი სასოწარკვეთილებაში ჩავარდებიან და ძრწოლა აიტანთ მათ. ამგვარად, განიყოფიან მეყვსეულად ადამიანები. თვით კაცის სულიერი მდგომარეობა მიიყვანს კაცს მართლებთან, ზოგს კი ცოდვილებთან. ან მარჯვენით ღმრთისა, ანდა მარცხენით. რაც უფრო შეგნებულად მიისწრაფოდა ადამიანი ღმერთისკენ ამ ცხოვრებაში, მით უფრო დიდი იქნება მისი სიხარული, როდესაც გაიგებს სანატრელ ხმას: "მოვედით ჩემდა კურთხეულნო..." და პირიქით, იგივე სიტყვები შიშის ზარსა და ძრწოლის ცეცხლს აღძრავს მათში, ვინც ამქვეყნად გაურბოდა ღმერთს, ებრძოდა მას, შეურაცხყოფდა მის მიმდევრებს. უკანასკნელმა სამსჯავრომ არც მოწმეები იცის და არც განჩინება გააჩნია! ყველაფერი ადამიანთა სულებშია აღბეჭდილი, ეს წიგნები გადაიშლება უფლის წინაშე  და ნათელი გახდება, რომ ყველა მანკიერების ფესვები თავად ადამიანის სულში ყოფილა, რომ მიდრეკილება ცოდვისადმი სულის სიღრმეში იმალებოდა და ტკბებოდა ცოდვით. და თუ ადამიანმა არ მოინანია ცოდვა, არ განთავისუფლდა მისგან, სამსჯავროზე ისეთივე მიდრეკილებით წარსდგება ცოდვისადმი, როგორიც მანამდე იყო. ამ მიდრეკილებასა და სურვილს კი ვეღარასოდეს დაიკმაყოფილებს და ეს იქნება სწორედ ის ტანჯვა, რომელსაც ის მარადისობაში განიცდის. ის ყველასა და ყველაფერს დაადანაშაულებს თავის ტანჯვაში და სიძულვილით იქნება მუდამ შეპყრობილი. უმწეობით გაბოროტებულთა კბილთა ღრჭენა და სიძულვილის ჩაუქორებელი ცეცხლი - აი ჯოჯოხეთი. შინაგანი დაუშრეტელი ცეცხლი - აი გეენია. და იქნება გოდება და კბილთა ღრჭენა, ასეთია მდგომარეობა ჯოჯოხეთისა" (წმ. იოანე მაქსიმოვიჩი. "უკანასკნელი სამსჯავრო").   გამომცემლობა "ორთოდოქსი", 2011  …
დაამატა ნინო ზედგინიძე to დარიგებანი at 10:23pm on მაისი 17, 2013
თემა: სენსიტიური კვლევა განათლების სფეროში
ას. ამ თავში აღწერილია სენსიტიური კვლევის სხვადასხვა ვარიანტი. შემდეგ განხილულია მისი დაგეგმვისა და განხორციელების ორი მნიშვნელოვანი საკითხი - შერჩევა და წვდომა და აღნიშნულია, თუ რატომ შეიძლება იყოს ეს ორი საკითხი მკვლევრისთვის პრობლემური და როგორ შეიძლება მათი მოგვარება. ასევე, საუბარია გუშაგებსა (8-ე გვერდი) და მათ როლზე. სენსიტიური კვლევა მთელ რიგ სირთულეებს ქმნის, ზოგჯერ - ძნელად მოსაგვარებელ ეთიკურ პრობლემებს და ზოგიერთი მათგანი ამ თავშია წარმოდგენილი. განათლების სფეროში სენსიტიური კვლევის შემთხვევად განხილულია ძალაუფლების მქონე ადამიანების კვლევა, რომლის მაგალითზეც არის წარმოდგენილი ამ სფეროში კვლევის რამდენიმე ძირითადი პრობლემა. შემდეგ მოცემულია პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ უნდა დაისვას კითხვები სენსიტიურ კვლევაში. ბოლოს ნახავთ იმ ძირითადი საკითხების ნუსხას, რომლებიც უნდა მოგვარდეს ასეთი კვლევის დაგეგმვის, ჩატარების და ანგარიშის წარდგენისას. რა არის სენსიტიური კვლევა?       სენსიტიურია კვლევა, "რომელიც პოტენციურად მოიცავს არსებით საფრთხეს მათთვის, ვინც მონაწილეობს ან მონაწილეობდა მასში" (Lee 1993: 4), ან როდესაც კვლევის მონაწილეები მას არასასურველად მიიჩნევენ (Van Meter 2000). სენსიტიურობა მრავალი წყაროდან შეიძლება მომდინარეობდეს, მათ შორისაა: შედეგები მონაწილეებისთვის (Seiber ანდ შტანლეყ 1988: 49). შედეგები სხვა ადამიანებისთვის, მაგალითად, ოჯახის წევრებისთვის, ნაცნობებისთვის, სოციალური ჯგუფებისა და ფართო საზოგადოებისთვის, მკვლევართა ჯგუფებისა და ინსტიტუტებისთვის (Lee 1993: 5). შინაარსები, მაგალითად, კვლევის ტაბუირებული ან ემოციურად დატვირთული სფეროები (Ferberow 1963), როგორიცაა, ვთქვათ, კრიმინალი, დევიაცია, სქესი, რასა, დანაკარგი, ძალადობა, პოლიტიკა, პოლიციური კონტროლი, ადამიანთა უფლებები, ნარკოტიკები, სიღარიბე, ავადმყოფობა, რელიგია და საკრალური თემები, ცხოვრების სტილი, ფინანსები, ფიზიკური გარეგნობა, ძალაუფლება და მასთან დაკავშირებული ინტერესები (Lee 1993; Arditti 2002; ჩამბერს 2003). სიტუაციური და კონტექსტუალური გარემოებები (Lee 1993). პირად სფეროებში შეჭრა და ღრმად პიროვნული გამოცდილება (Lee and Renzetti 1993: 5), მაგალითად, სექსუალური ქცევა, რელიგიური პრაქტიკები, სიკვდილი და დანაკარგი, შემოსავალი და ასაკიც კი. პოტენციური სანქცია, რისკი ან სტიგმატიზაციის საფრთხე, ინკრიმინაცია, ხარჯები და კარიერული დანაკარგები მკვლევრისთვის, მონაწილეებისთვის ან სხვებისთვის, მაგალითად, ჯგუფებისა და თემებისთვის (Lee and Renzetti 1993; ღენზეტტი ანდ Lee 1993ლ De Laine 2000), მკვლევრისთვის განსაკუთრებული სიტუაცია, როდესაც ის სწავლობს ადამიანის სექსუალობას და ამის გამო "სტიგმის ინფექციით" იტანჯება, ანუ ისევეა სტიგმატიზებული, როგორც მისი კვლევის მონაწილეები (Lee 1993: 9). პოლიტიკურ გაერთიანებებზე თავდასხმა (Lee 1993). კულტურული და კროსკულტურული ფაქტორები და აკრძალვები (Seiber 1992: 129). კრიტიკულად შესწავლისა და ექსპოზიციის შიში (Payne et al, 1980). საფრთხე, რომელიც ემუქრება მკვლევარს და კვლევის მონაწილეების ოჯახის წევრებსა და მათ ნაცნობებს (Lee 1993). ლი (Lee 1993: 34) აღნიშნავს, რომ შეიძლება მოხდეს "გაყინვა", ანუ როდესაც მკვლევარი "თავს იკავებს კვლევის განხორციელებისგან ან გავრცელებისგან", რადგან კოლეგებისგან მტრულ რეაქციებს მოელის, მაგალითად, რასობრივი ნიშნით. "დანაშაულებრივ ცოდნას" შეიძლება კოლეგების მხრიდან პიროვნული და პროფესიული რისკი მოჰქონდეს; ის საფრთხის შემცველია ორივესთვის - მკვლევრისა და კვლევის მონაწილეებისთვის (De Laine 2000: 67, 84). მეთოდოლოგიები და ქცევა, მაგალითად, როდესაც ახალგაზრდა მკვლევარი ძალაუფლების მქონე ადამიანებს იკვლევს, მამაკაც ინტერვიუერს ქალი რესპონდენტი ჰყავს, მსხვილი პოლიტიკური ფიგურები არიან ჩართული, ან როცა ძნელია წვდომა და გამოაშკარავება (Simons 1989; Ball 1990; 1994ა; Liebling and Shah 2001). ზოგჯერ ყველა ან თითქმის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი ერთად დგას. ფაქტიურად, ზოგიერთ სიტუაციაში, განათლების სფეროში რეალურად განხორციელებული კვლევა თავისთავად შეიძლება, სენსიტიური იყოს. ასეთი ვითარება დიდხანს იყო ტოტალიტარული რეჟიმების პირობებში, როცა განათლების სფეროში კვლევის ნებართვა, ჩვეულებისამებრ, მთავრობის მაღალჩინოსნებს და განყოფილებების უფროსებს უნდა გაეცათ. დახურული საზოგადოება განათლების სფეროში მხოლოდ ნებადართული, როგორც წესი, არასენსიტიური და შედარებით აპოლიტიკური საკითხების კვლევის საშუალებას იძლევა. როგორც ლი (1993: 6) ამბობს, "ზოგიერთი ჯგუფის კვლევა... ანათემაა საკმაოდ პირდაპირი მნიშვნელობით". განათლების სფეროში კვლევის აქტი, განურჩევლად მისი მიზნისა, ფოკუსისა, მეთოდოლოგიისა თუ შედეგისა, უკვე სენსიტიური საქმეა (Morrison 2006). ამ ვითარებაში განათლების სფეროში კვლევის ჩატარება შეიძლება პიროვნებათშორის ურთიერთობებზე, ადგილობრივ პოლიტიკასა და მიკროპოლიტიკაზე იყოს დამოკიდებული. უბრალო მეთოდოლოგიური საკითხები შეიძლება, ეთიკურ და პოლიტიკურ/მიკროპოლიტიკურ ნაღმურ ველად იქცეს. ლი (1993: 4) თვლის, რომ სენსიტიური კვლევა სამ დიდ სფეროს შეეხება, ესენია: პირად სივრცეში შეჭრის საფრთხე ("პირადი, სტრესული ან საკრალური" სფეროების კვლევა); დევიაციისა და სოციალური კონტროლის შესწავლა ანუ კვლევები, რომლებიც სტიგმატიზაციის ან ინკრიმინაციის (სანქციების დადების საფრთხე) გამომწვევ ინფორმაციას იძლევიან; პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც "ძალაუფლების მქონე პიროვნებების ან ინსტიტუტების, იძულების ან დომინირების", სიმდიდრისა და სტატუსის უკიდურესობებისადმი ინტერესებს ავლენენ (Lee 1993). როგორც ბეინონი (Beynon 1988: 23) ამბობს, "მდიდრები და ძალაუფლების მქონენი ჰაგიოგრაფიას[6] აქეზებენ და არა - კრიტიკულ კვლევაძიებას". ფაქტობრივად, ლი (Lee 1993: 8) ამტკიცებს, რომ არსებობს "ზემოდანქვემოთ კვლევის" და არა "ქვემოდან-ზემოთ კვლევის" ტენდენცია, ანუ ყურადღების წარმართვა ძალაუფლების არმქონე და არა - ძალაუფლების მქონე ჯგუფებზე, განსაკუთრებით, იმიტომ, რომ ისინი უფრო იოლი საკვლევი და ნაკლებად სენსიტიურია. სენსიტიურმა კვლევამ შეიძლება სუსტი, დაჩაგრული ჯგუფების ნაცვლად აღიმაღლოს ხმა, მათ ნაცვლად, ვისაც არ აქვს ხმის უფლება, ან ვისაც არ უსმენენ. ამასთან, მის ფოკუსში თანაბრად შეიძლება მოხვდნენ ძალაუფლების მქონე და მაღალ პოზიციებზე მყოფი ადამიანები. ზემოთ აღწერილი სამი სახის სენსიტიურობა ცალ-ცალკე ან კომბინაციაში შეიძლება შეგვხვდეს. სენსიტიურობა არა მარტო თავად თემას ეხება, არამედ და, ალბათ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, "თემასა და იმ სოციალურ კონტექსტს შორის ურთიერთობასაც", რომელშიც კვლევა ტარდება (Lee 1993: 5). რაც მკვლევარს უცოდველად მიაჩნია, კვლევაში მონაწილეთათვის ან სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის შეიძლება უკიდურესად სენსიტიური იყოს. სენსიტიურობის ძირითად წყაროს საფრთხე წარმოადგენს. ლი (Lee 1993: 5) თვლის, რომ სენსიტიური თემების სიის შედგენაზე მეტად გამოსადეგი იმ პირობებზე დაკვირვებაა, რომელშიც წარმოიქმნება სენსიტიურობა კვლევის პროცესში. ამის გათვალისწინებით, მკვლევარმა უნდა გაიაზროს, თუ რამდენად სენსიტიური იქნება კვლევა განათლების სფეროში არა მარტო თავად საკვლევი თემის, არამედ - ამ კვლევით დაინტერესებული სხვადასხვა მხარის თვალსაზრისით, მაგალითად: უფროსი მასწავლებლების, მმართველების, ადგილობრივი პოლიტიკოსების და გადაწყვეტილების მიმღებთა, მკვლევრის (მკვლევრების) და საკვლევი თემის, ჩინოვნიკების, თემის, სოციალური მუშაკების და სკოლის კონსულტანტების, სპონსორებისა და საზოგადოების წევრების, კვლევაში მონაწილე თემის წევრების და ა. შ. სენსიტიურობა ახასიათებს არა მარტო განათლების სფეროში საკვლევ თემას, არამედ, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია, იმ სოციალურ კონტექსტს, რომელშიც ტარდება ეს კვლევა და მის მოსალოდნელ შედეგებს ყველა დაინტერესებული მხარისთვის. კვლევის ჩატარება მხოლოდ პროექტის შექმნა და მონაცემების შეგროვება, ანალიზი და წარმოდგენა კი არ არის - ეს ოპტიმიზმი, იდეალიზმი ან უცოდინრობაა, არამედ პიროვნებათშორისი ურთიერთობები, პოტენციურად ხანგრძლივი მოლაპარაკებები, ურთიერთობების დელიკატურად დამყარება და შენარჩუნება, უკან დახევა, ცვლილებების შეტანა და კომპრომისიცაა. იდეალურ სამყაროში განათლების სფეროს კვლევაში მომუშავე მკვლევარს დაუბრკოლებლად შეეძლებოდა კვლევის დაგეგმვა და ჩატარება, მაგრამ იდეალური სამყარო, პოეტ იეტსის სიტყვებით "ჰაერის განსახიერებაა". განათლების სფეროში სენსიტიური კვლევა ამას ძალიან ნათლად აჩვენებს. სანამ განათლების სფეროში კვლევის დიდი ნაწილი სენსიტიურობის მატარებელია, სენსიტიური კვლევის, როგორც ასეთის, განხილვის ძირითადი თემა იქნება, თუ რას შეიძლება ეხებოდეს ეს დელიკატური საკითხები და როგორი შეიძლება იყოს მათი უმწვავესი გამოვლინებები. მკითხველს ვურჩევთ, რომ განათლების სფეროში კვლევების უმეტესობა სენსიტიურად მიიჩნიოს, წინასწარ განჭვრიტოს, თუ რა სახის სენსიტიურობასთან ექნება საქმე და რა კომპრომისებზე შეეძლება წასვლა. შერჩევა და ხელმისაწვდომობა უოლფორდი (Walford 2001: 33) ამტკიცებს, რომ საკვლევ გარემოში შესვლის უფლების მოპოვება და გაშინაურება ნელი პროცესია. ჰამერსლი და ატკინსონი (Hammersley and Atkinson 1983: 54) თვლიან, რომ შესვლის უფლება არამარტო პრაქტიკული საკითხია, არამედ "გარემოს სოციალური ორგანიზაციის წვდომასაც" უზრუნველყოფს. ლის (1993: 60) მიაჩნია, რომ სენსიტიურ კვლევაში შერჩევის და წვდომის პოტენციურად სერიოზული სირთულეებია, განსაკუთრებით, იმ პოპულაციის ზომის განსაზღვრის პრობლემის გამო, საიდანაც შერჩევის წევრები უნდა აირჩიონ, როგორც გარკვეული ჯგუფის წარმომადგენლები, მაგალითად, დევიანტური ან უკანონო ჯგუფების წევრებს არ ენდომებათ თავიანთი კავშირების და გაერთიანებების გამოაშკარავება. ანალოგიურად, მსგავსი პოზიციის მქონე ჯგუფებს შეიძლება, არ სურდეთ გარეშე თვალის დაკვირვების ქვეშ ყოფნა. შეიძლება, მათ ბევრი დაკარგონ თავიანთი მიკუთვნებულობის გამჟღავნებით და, ფაქტიურად, მათი აქტივობები შეიძლება, იყოს არაკანონიერი, გასაკრიტიკებელი, არაპოპულარული, პროფესიული უსაფრთხოებისთვის საფრთხის მომტანი, დევიაციური და, სხვა ჯგუფების აქტივობებთან შედარებით, ნაკლებად გავრცელებული, რაც მათდამი წვდომას უმთავრეს დაბრკოლებად აქცევს. რა ხდება მაშინ, თუ მკვლევარი მოსწავლეებში გაცდენებს, მოზარდთა ორსულობას, თანატოლების მხრიდან დაშინებას ან წებოს სუნთქვას იკვლევს; ან მასწავლებლებში ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამოყენება, ანდა ის ოჯახური ურთიერთობების პრობლემები აინტერესებს, რომლებიც სასწავლო პროცესში სტრესის სახით იჩენს თავს? ლი (1993: 61) "განსაკუთრებული" (მაგალითად, იშვიათი ან დევიაციური) პოპულაციებიდან შერჩევის აღების რამდენიმე სტრატეგიის გამოყენებას გვთავაზობს, რომლებიც ცალ-ცალკე ან კომბინაციაში გამოიყენება: სიიდან შერჩევა: საზოგადოებისთვის ღია წყაროების, მაგალითად, ახალგანქორწინებულთა სიების გადათვალიერება (თუმცა ასეთი სიები სოციალური მკვლევრებისთვის უფრო გამოსადეგი შეიძლება იყოს, ვიდრე კონკრეტულად განათლების სფეროში კვლევაზე მომუშავეთათვის). მრავალფუნქციობა: გამოკითხვის გამოყენება საჭირო პოპულაციამდე მისასვლელად (თუმცა კონფიდენციალობის პრობლემებმა შეიძლება, ხელი შეუშალოს ამ სტრატეგიის გამოყენებას). დათვალიერება: კონკრეტულ ადგილზე მისვლა ხალხის იქ შერჩევისთვის (რაც შესაძლოა, დიდ ძალისხმევას საჭიროებდეს და მცირე უკუგებას იძლეოდეს). გამოვლენა: კონკრეტულ ადგილზე მისვლა, სადაც სამიზნე ჯგუფის ნაცნობი წევრები გვეგულებიან (მაგალითად, "ტუალეტების კლიენტურად" ("ტეაროომ ტრადე") წოდებული ჰამფრეისეული (Humphrey 1970) ცნობილი კვლევა, რომელიც იკვლევდა საზოგადოებრივ ტუალეტში მამაკაცებს შორის ანონიმური ორალური სექსის აქტს). განათლების სფეროში ეს შეიძლება, იყოს თანამშრომლების (მასწავლებლების) დასასვენებელი ოთახი ან შეხვედრების ოთახი სტუდენტებისთვის. ეს სტრატეგია მიკერძოებულობის რისკით ხასიათდება, რადგან არ ხდება შერჩევის რეპრეზენტაციულობის მარტივი გადამოწმებაც კი. მომსახურება: ლი (1993: 72) გვთავაზობს, რომ მონაწილეების მოზიდვა კვლევაში მონაწილეობის სანაცვლოდ მათთვის გარკვეული მომსახურების შეთავაზებით შეიძლება მოხერხდეს. მკვლევარი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მათ ნამდვილად შეუძლიათ შეპირებული მომსახურების გაწევა. როგორც უოლფორდი (Walford 2001: 36) წერს: "ადამიანები პროდუქტებს არ ყიდულობენ; ისინი სარგებელს ყიდულობენ" და მკვლევარმა გარკვევით უნდა თქვას, რა სარგებელს სთავაზობს. პროფესიონალი ინფორმანტები: ლი (1993: 73) ამბობს, რომ ეს შეიძლება, იყვნენ, მაგალითად, პოლიციელები, ექიმები, სასულიერო პირები ან სხვა პროფესიონალები. განათლების სფეროში ეს შეიძლება, იყვნენ სოციალური მუშაკები და კონსულტანტები. ამ სტრატეგიის გამოყენებაზე ფიქრი შეიძლება, არარეალური ოპტიმისტობა იყოს, ვინაიდან მოსალოდნელია, რომ სწორედ ეს ადამიანები სამართლებრივი ან ეთიკური კონფიდენციალობით, ან ნებაყოფლობითი თვითცენზურით იყვნენ შეზღუდულნი (მაგალითად, აივ შიდსის კონსულტანტს მძიმე სამუშაო დღის შემდეგ შეიძლება, სულაც არ უნდოდეს უცნობ ადამიანთან ისევ შიდსის თემაზე ლაპარაკი, სოციალურ მუშაკს ან კონსულტანტს პროფესიული კონფიდენციალობა ზღუდავდეს, ან გადაღლილ მასწავლებელს არ სურდეს სასწავლო პროცესის სიძნელეებზე საუბარი). გარდა ამისა, ლი თვლის, რომ მაშინაც კი, თუ ასეთი ადამიანები თანხმდებიან მონაწილეობაზე, მათ შეიძლება, ყველაფერი არც იცოდნენ. ლის (1993: 73) მოაქვს ნარკომანების მაგალითი, რომელთაც სრულიად განსხვავებული კონტაქტი შეიძლება ჰქონდეთ პოლიციელებთან და ექიმებთან ან სოციალურ მუშაკებთან; ან, აქედან გამომდინარე, პოლიცია, ექიმები და სოციალური მუშაკები შეიძლება, ვერ ხედავდნენ ნაკრომანთა ამ ერთსა და იმავე ჯგუფს. რეკლამირება: მიუხედავად იმისა, რომ ამ გზით პოტენციურად ფართო პოპულაციის წვდომაა შესაძლებელი, შეიძლება, ძნელი იყოს იმის კონტროლი, თუ ვინ გამოეხმაურება, რეპრეზენტაციულობის ან შესატყვისობის თვალსაზრისით. კონტაქტების დამყარება: ეს სტრატეგია ზვავისებრ შერჩევას ჰგავს, როდესაც ადამიანების ერთი ჯგუფი მკვლევარს უფრო მეტ ადამიანთან აკავშირებს, რომლებიც, თავის მხრივ, კიდევ სხვებთან აკავშირებენ და ა. შ. ეს ფართოდ გამოყენებული ტექნიკაა, თუმცა ლი (1993: 66) ამბობს, რომ ყოველთვის იოლი არ არის კონტაქტების მოძიება, ვინაიდან საწყის ინფორმანტს შეიძლება, არ უნდოდეს მჭიდროდ შეკრული თემის წევრების გამოაშკარავება. მეორე მხრივ, მორისონი (2006) აღნიშნავს, რომ კონტაქტების დამყარება პოპულარული ტექნიკაა, როდესაც ძნელია ისეთ ფორმალურ ორგანიზაციაში შეღწევა, როგორიც სკოლაა, ან გუშაგები (ისინი, ვისაც შეუძლია ნებართვის მიცემაარმიცემა, მაგალითად, უფროსი მასწავლებელი ან ხელმძღვანელი პირები) არ იძლევიან შესვლის უფლებას. ის საუბრობს მკვლევრების მიერ არაფორმალური კავშირების ფართოდ გამოყენებაზე იმ მიზნით, რომ მეგობრებისა და პროფესიული ნაცნობების მეშვეობით მათ მეგობრებსა და პროფესიულ ნაცნობებს დაუკავშირდნენ და სკოლებში ფორმალური კონტაქტების დამყარებას გვერდი აუარონ. უოლფორდი (2001: 36-47) შესვლის უფლების მიღების ოთხსაფეხურიან პროცესს აღწერს: მიახლოება (შესვლა, სავარაუდოდ, საერთო მეგობრის ან კოლეგის - დამაკავშირებელი პიროვნების - მეშვეობით): ამ კონტექსტში უოლფორდი (2001) გვაფრთხილებს, რომ წარსადგენი წერილი მხოლოდ შესავალი ინტერვიუს ან შეხვედრის უფლების მოპოვებისთვის უნდა გამოვიყენოთ; ან იმისთვის, რომ დირექტორთან სატელეფონო საუბარზე შეთანხმდეთ იმ მიზნით, რომ მასთან შეხვედრა დათქვათ და არა იმისთვის, რომ კვლევა ჩაატაროთ ან შესვლის უფლება მიიღოთ. ინტერესი (სატელეფონო საუბრის გამოყენება პირველი შეხვედრის შესათანხმებლად): ამასთან დაკავშირებით უოლფორდი (2001: 43) შენიშნავს, რომ დირექტორებს უყვართ ლაპარაკი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ მივცეთ ამის საშუალება ტელეფონითაც კი, როდესაც კვლევაზე სასაუბროდ შეხვედრაზე უთანხმდებით. სურვილი (წინააღმდეგობების დაძლევა და კვლევის სარგებლების ხაზგასმა): როგორც უოლფორდი (2001: 44) კეთილგონიერად შენიშნავს: "ბოლოს და ბოლოს სკოლას ხომ სულ სხვა მიზნები აქვს, ვიდრე ის, რომ კვლევის ველი იყოს". ის ამით ამბობს, რომ კვლევა შეიძლება მართლაც სასარგებლო იყოს სკოლისთვის, მაგრამ სკოლა ვერ ხვდებოდეს ამას, სანამ არ მიუთითებენ. მაგალითად, დირექტორს შეიძლება უნდოდეს, რომ მკვლევრის იმედი ჰქონდეს; მასწავლებლებმა შეიძლება სარგებელი ნახონ მკვლევართან გამართული დისკუსიებიდან; მოსწავლეებისთვის სარგებელი შეიძლება ის იყოს, რომ ვიღაც დაინტერესდება და კითხვებს დაუსვამს სწავლის შესახებ. გაყიდვა (როდესაც პოტენციური მონაწილე თანხმდება კვლევაში მონაწილეობაზე) უიტი და ედუარდსი (Whitty and Edwards 1994: 22) ამტკიცებენ, რომ შესვლის უფლების მიღების პრობლემების დასაძლევად და მონაწილეების დასაყოლიებლად გამჭრიახობააა საჭირო, ზოგჯერ კი ცდუნებაც დასაშვებია: "მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა სკოლამ უარი გვითხრა თანამშრომლობაზე, დაწყებითი სკოლის მეშვეობით შემთხვევით შევხვდით ზოგიერთ მშობელს, რომელთა შვილებიც ამ სკოლაში სწავლობდნენ და შემდეგ დამოუკიდებელ სკოლებს ვუთხარით, რომ უკვე ვიღებდით გარკვეულ ინფორმაციას მათი მოსწავლეების შესახებ". ავტორები იმასაც ამატებენ, რომ ხანდახან აუცილებელია, მკვლევრებმა თქვან, რომ ისინი "კვლევის მონაწილეთა მხარეს" არიან.1 ფაქტობრივად, ისინი ამბობენ, რომ "ხშირად უკითხავთ ჩვენი საკუთარი მოსაზრებების შესახებ და ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთი მხრიდან საეჭვო დამოკიდებულება მეორე მხარესთან გამოგვდგომია მისგან შესვლის ნებართვის მისაღებად" (Whitty and Edwards 1994: 22). ეს ისევ ბეკერის (1968) რჩევასთან გვაბრუნებს - მკვლევრებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ ვის მხარეს არიან. ზვავისებრი შერჩევის გამოყენებას "უსაფრთხოება" შემოაქვს (Lee 1993), ვინაიდან "ზვავის" წევრები იცნობენ და ენდობიან კონტაქტებს. ეს კი ასეა, მაგრამ ამ მომენტს შეიძლება ტენდენციურობა სდევდეს თან, რადგან შერჩევის წევრთა შორის ურთიერთობა შეიძლება "რეციპროკული და ტრანზიტული" იყოს (Lee 1993: 67), ანუ მონაწილეებს შეიძლება მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდეთ ერთმანეთთან და არ სურდეთ ამის გაფუჭება. ამგვარად, სავარაუდოდ, შერჩევის თვისებების ჰომოგენურობას მივიღებთ. ასეთმა ზვავისებრმა შერჩევამ შესაძლოა კვლევა შეცვალოს, მაგალითად, შემთხვევითი, სტრატიფიცირებული ან პროპორციული შერჩევა მოსახერხებელ შერჩევად აქციოს და ამით განზოგადებადობა შეამციროს, ან ბევრი შემთხვევის შესწავლის სინთეზირებით განზოგადებადობის უზრუნველყოფის საჭიროება შექმნას. მიუხედავად ყველაფრისა, ხშირად დგება მომენტი, როცა არჩევანი არაალბათური შერჩევის სტრატეგიების გამოყენებასა და საერთოდ არაფრის გაკეთებას შორის უნდა გაკეთდეს. სენსიტიური კვლევის ჩატარების მიზნით ადამიანებთან მისვლის ნებართვის აღებასთან დაკავშირებული საკითხები დაგეგმვის პროცესში შეიძლება მკვლევრისგან დიდ გამჭრიახობასა და წინდახედულებას საჭიროებდეს. მკვლევრებმა წინასწარ მარჯვედ უნდა გათვალონ საკვლევი ჯგუფის წვდომასთან დაკავშირებული პრობლემები და ისე დაგეგმონ კვლევა, რომ თავიდან აირიდონ ასეთი პრობლემები, მაგალითად, კვლევა საკუთარ ინსტიტუტში ჩაატარონ, ან პირადი გარემოებები იკვლიონ, თუნდაც ამით განზოგადებადობა ზარალდებოდეს. ასეთმა წინასწარ განჭვრეტილმა ქცევამ შეიძლება შემთხვევის შესწავლის, პრაქტიკული კვლევისა და საკუთარი ინსტიტუტების შესახებ ანგარიშების სიუხვე შექმნას, რადგან, წვდომის პრობლემის არსებობის პირობებში, ეს კვლევის ერთადერთი ხელმისაწვდომი ნაირსახეობებია. გუშაგები წვდომის ნებართვის მიღება გუშაგების ანუ იმ ადამიანების მეშვეობით არის შესაძლებელი, ვინც აკონტროლებენ წვდომას. ლი (1993: 123) აღნიშნავს, რომ "სოციალური წვდომა არსებითად არის დამოკიდებული პიროვნებათშორისი ნდობის დამყარებაზე". გუშაგები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კვლევაში, განსაკუთრებით ეთნოგრაფიულ კვლევაში (Miller and Bell 2002: 53). ისინი აკონტროლებენ წვდომას და განმეორებით წვდომას (Miller and Bell 2002: 55). ისინი იძლევიან შესვლის უფლებას ან ბლოკავენ მას; მათ შეუძლიათ მიმართულება მისცენ კვლევის პროცესს იმით, რომ "ველზე მუშაობისას მკვლევარი ხან ერთი მიმართულებით წაიყვანონ, ხან - მეორით", ან ზედამხედველობა გაუწიონ კვლევას. გუშაგებმა შეიძლება მოისურვონ რისკის აცილება, შეზღუდვა, გაზრდა ან გაკონტროლება და, შესაბამისად, დააბრკოლონ წვდომა ან თავისი პირობები წამოაყენონ. წვდომის მათეული პირობების წამოყენებამ შეიძლება შეცვალოს დაგეგმილი კვლევის ბუნება მეთოდოლოგიის, შერჩევის, ფოკუსის, გავრცელების, სანდოობის და ვალიდობის, ანგარიშის მომზადების და მონაცემების კონტროლის თვალსაზრისით (Morrison 2006) მორისონმა (2006) აღმოაჩინა, რომ განათლების სფეროში სენსიტიური კვლევის წარმოებისას შეიძლება შემდეგი ხასიათის პრობლემები შეიქმნას: სკოლებში შესვლის ან მასწავლებლებთან მისვლის ნებართვის აღება; კვლევის ჩატარების უფლების აღება (მაგალითად, სკოლის დირექტორისგან); დირექტორების უკმაყოფილება; ადამიანები, რომლებიც ყურადღებით აკონტროლებენ, თუ რომელი მონაცემების გამოყენება შეიძლება; შერჩევაში მოხვედრის მსურველი საკმარისი რაოდენობის მონაწილეების პოვნა; სკოლები/ინსტიტუტები/ადამიანები, რომელთაც არ სურთ საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება; სკოლები/ინსტიტუტები, რომელთაც არ სურთ, რომ იდენტიფიცირებული იყვნენ მაშინაც კი, როცა დაცვა გარანტირებულია; ადგილობრივი პოლიტიკური ფაქტორები, რომლებიც ზემოქმედებენ სკოლაზე/საგანმანათლებლო ინსტიტუტზე; მასწავლებლების/მონაწილეების შიში, რომ მათი ვინაობა გამჟღავნდება/მათ მიაგნებენ მაშინაც კი, როცა დაცვა გარანტირებულია; მონაწილეობის შიში მასწავლებლების მხრიდან (მაგალითად, თუ ისინი რაიმე კრიტიკულს იტყვიან სკოლის ან სხვების შესახებ, შეიძლება, დაკარგონ სამსახური); სამსახურში დატვირთულობის გამო მასწავლებლებს არ სურთ კვლევაში მონაწილეობა; დირექტორი თანამშრომლებთან გასაუბრების გარეშე წყვეტს, ჩართოს თუ არა ისინი შერჩევაში; სკოლას ეშინია კრიტიკის/სახის ან რეპუტაციის დაკარგვის; კვლევის სენსიტიურობა - საკვლევი საკითხები; მკვლევრის უფლებამოსილება/პოზიცია (მაგალითად, თუ მკვლევარი ახალგაზრდა ან ხანშიშესული თანამშრომელია, ან გავლენიანი პიროვნებაა განათლების სფეროში). რისკის შემცირებას მონაწილეთა მხრიდან კვლევისთვის პირობების წამოყენება შეიძლება, მოჰყვეს (მაგალითად, იმის თაობაზე, თუ რა ინფორმაციის გამოყენება შეუძლია ან არ შეუძლია მკვლევარს, ვისთვის შეუძლია მონაცემების ჩვენება, რას ნიშნავს "კონფიდენციალური" (და რა მოუვა ასეთ კონფიდენციალურ ჩანაწერებსა თუ შენიშვნებს). რისკის შემცირებას მკვლევარზე ზედამხედველობაც/მკვლევრის თანხლებაც შეიძლება მოჰყვეს დროის იმ მონაკვეთში, სანამ კვლევა ადგილზე წარმოებს (Lee 1993: 125). შეიძლება, გუშაგებს "დაბეჭდილი და გამოცემული კვლევის შემოწმება, მოდიფიცირება ან დაფარვა" სურდეთ (Lee 1993: 128). შეიძლება, მათ კვლევის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაც უნდოდეთ, ანუ მათი ჩართულობა არ იყოს უანგარო ანდა უინტერესო; ან სანაცვლოდ ითხოვდნენ რაიმეს, მაგალითად, მკვლევრისგან ითხოვდნენ, რომ კვლევაში პირადად მათთვის საინტერესო სფერო ჩართონ, ან უშუალოდ მის - და, შეიძლება, მხოლოდ მის - წინაშე იყოს ანგარიშვალდებული. მკვლევარმა წინასწარ უნდა შეათანხმოს ამ სახის პოტენციური საფრთხეები, რომ არ ჩათვალონ დირექტორის ინფორმატორად. როგორც უოლფორდი (2001: 45) წერს: "დირექტორმა (შეიძლება) შესთავაზოს მკვლევარს, რომ დააკვირდეს იმ კონკრეტულ მასწავლებელს, რომლის შესახებაც თავად მას სურს ინფორმაციის მიღება". შეიძლება, მკვლევარს დასჭირდეს მონაწილეების დარწმუნება, რომ მათი მონაცემები არ მოხვდება დირექტორთან. მეორე მხრივ, ლი (1993: 127) ფიქრობს, რომ მკვლევარი მცირეოდენ დათმობებზე უნდა წავიდეს, რათა შეძლოს კვლევის განხორციელება, ანუ სჯობს, გუშაგის მოთხოვნების მცირე ნაწილი შეასრულოს, ვიდრე საერთოდ ვერ შეძლოს კვლევის წარმოება. გუშაგის გარდა, მკვლევარმა შეიძლება, საკვლევ ჯგუფში იპოვოს "სპონსორი" ანუ ადამიანი, ვინც უზრუნველყოფს წვდომას, ინფორმაციასა და მხარდაჭერას. ამის ცნობილი მაგალითია დოკის ფიგურა უაიტისეულ კლასიკურ კვლევაში შტრეეტ ჩორნერ შოციეტყ (1993. ორიგინალური კვლევა 1943 წელს გამოქვეყნდა). დოკი, ბანდის ლიდერი ჩიკაგოში, ამბობს (გვ. 292): თქვენ მითხარით, რა გინდათ, რომ გავაკეთოთ და გავაკეთებთ. როცა რაიმე ინფორმაცია გინდათ, მე მოვითხოვ მას და თქვენ მოუსმინეთ. როცა ცხოვრების მათეული ფილოსოფიის გაგება გინდათ, მე დავიწყებ განხილვას და თქვენ ჩაერთეთ... არანაირი პრობლემა არ გექნებათ. თქვენ მეგობრად გვეკუთვნით. (Whyte 1993: 292) როგორც უაიტი წერს: ჩემი ურთიერთობა დოკთან სწრაფად შეიცვალა... თავდაპირველად ის, უბრალოდ, ინფორმაციის მთავარი წყარო და ჩემი სპონსორიც იყო. მასთან დიდი დროის გატარების შემდეგ აღარ აღვიქვამდი მას პასიურ ინფორმატორად. საკმაოდ გულღიად განვიხილავდი მასთან, რის გაკეთებას ვცდილობდი, რა პრობლემები მაწუხებდა და ა. შ.... ასე რომ, დოკი მართლაც კვლევის რეალურ თანამშრომლად იქცა. (Whyte 1993: 301) უაიტი აღწერს, თუ, როგორ მოქცევას ურჩევდა დოკი იმ ადამიანებთან, ვისაც კვლევის ფარგლებში ხვდებოდა: ფრთხილად იყავი მაგ "ვინ", "რა", "რატომ", "როდის", "სად"-ებთან, ბილ. ამ კითხვებს დაუსვამ და ადამიანები პირში წყალს ჩაიგუბებენ. თუ ხალხი მიგიღებს, სადღაც იქვე შეძლებ ყოფნას და, საბოლოო ჯამში, კითხვების დასმის გარეშეც გაიგებ პასუხებს. (Whyte 1993: 303). ფაქტიურად, დოკმა თავისი როლი შეასრულა კვლევითი ნაშრომის დაწერაში: "როცა დავწერე, სხვადასხვა ნაწილი ვაჩვენე დოკს და დეტალურად გავიარეთ ერთად. მისი კრიტიკა ფასდაუდებელი იყო გადასინჯვისას" (გვ. 341). 1993 წლის გამოცემაში უაიტი კვლევაზე მსჯელობისას სვამს კითხვას - ექსპლუატაცია ხომ არ გაუწია მან დოკს (გვ. 362). ეს აუცილებელი რეციპროკულობის სასარგებლო შეხსენებაა, რომელიც სენსიტიური კვლევის წარმოებისას შეიძლება მოიაზრებოდეს ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ შერჩევისა და წვდომის საკითხების მოგვარებისას აღსანიშნავია რამდენიმე მომენტი (5.1 ჩანართი). ჩანართი 5. 1. შერჩევისა და წვდომის საკითხები სენსიტიურ კვლევაში როგორ გამოვთვალოთ პოპულაციის და შერჩევის ზომა. რამდენად შეიძლება იყოს ან არ იყოს შერჩევა პოპულაციის რეპრეზენტაციული. როგორი შერჩევაა სასურველი (მაგალითად, შემთხვევითი), მაგრამ როგორია ის ერთადერთი შერჩევა (მაგალითად, ზვავისებრი), რომელიც პრაქტიკაში განხორციელებადი იქნება. როგორ გამოვიყენოთ კავშირები შერჩევამდე მისასვლელად და რა სახის კავშირები გამოვიყენოთ. როგორ ვაწარმოოთ კვლევა მონაწილეთათვის საფრთხის შემცველ სიტუაციაში (მკვლევრის ჩათვლით). როგორ დავიცვათ მონაწილეთა ვინაობა და საფრთხის/რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფები. როგორ დავუკავშირდეთ ძნელად მისაწვდომ ადამიანებს. როგორ უზრუნველვყოთ და შევინარჩუნოთ წვდომა. როგორ ვიპოვოთ და ჩავრთოთ კვლევაში გუშაგები და სპონსორები. რა შევთავაზოთ გუშაგებსა და სპონსორებს. რა საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება კომპრომისზე წასვლა. რა საკითხებთან დაკავშირებით არის შეუძლებელი კომპრომისზე წასვლა. როგორ დავამყაროთ და შევინარჩუნოთ ურთიერთობები ველზე. რა მომსახურების გაწევა შეგვიძლია, როგორც მკვლევარს. როგორ დავამყაროთ თავდაპირველი კონტაქტი პოტენციურ სამიზნე ჯგუფთან. კვლევების უმრავლესობა უძლებს ან ვერ უძლებს შერჩევის ეტაპს. ეს განამტკიცებს ჩვენს მოსაზრებას, რომ კვლევის მთლიანად აკრძალვას, შესაძლოა, შერჩევისა და წვდომის თაობაზე კომპრომისის მიღწევა სჯობდეს. შეიძლება, კომპრომისი უკეთესი გამოსავალი იყოს, ვიდრე საერთოდ კვლევაზე უარის თქმა. ეთიკური საკითხები სენსიტიურ კვლევაში სენსიტიურ კვლევაში სირთულეს ქმნის ის, რომ მკვლევარს დევიანტური ჯგუფების ან სკოლის იმ წევრების შესახებ შეიძლება ჰქონდეს "დანაშაულებრივი ცოდნა" (De Laine 2000) და ამ ცოდნაში "გასვრილი ხელები" (Kლოცკარს 1979), ვისაც სკოლის დეკლარირებული ძირითადი მისიისადმი საწინააღმდეგო დამოკიდებულებები აქვთ. თუ კიდევ უფრო შორს წავალთ, ეს ნიშნავს, რომ მკვლევარმა უნდა დაადგინოს ის საზღვრები, რომლის მიღმაც აღარ გარისკავს. მაგალითად, გლაზგოს ბანდის პატრიკისეულ კვლევაში (Patrick 1973) მკვლევარი მკვლელობის მოწმე გახდა. უნდა შეატყობინოს მან ამის შესახებ პოლიციას და ამით გამოიაშკარავოს თავი, თუ გაჩუმდეს, რათა ბანდასთან კონტაქტი შეინარჩუნოს და, ამგვარად, დაარღვიოს კანონი, რომელიც მკვლელობის შესახებ განცხადებას მოითხოვს? მოსწავლეების ინტერვიუირებისას მათ შეიძლება სენსიტიური თემები წამოწიონ საკუთარი თავის, ოჯახის და მასწავლებლების შესახებ. ასეთი ინფორმაციის მიღებისას მკვლევარმა უნდა გადაწყვიტოს, მოიმოქმედოს თუ არა რაიმე და თუ კი, რა და როგორ. რა უნდა ქნას მკვლევარმა, თუ, მაგალითად, დირექტორის მმართველობის შესახებ მასწავლებლის ინტერვიუირებისას, რესპონდენტი ამბობს, რომ დირექტორს სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა მშობელთან ან ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები აქვს? ასეთ შემთხვევებში მკვლევარი, კვლევისთვის საჭირო ცოდნა რომ მიიღოს, უნდა გაჩუმდეს, თუ უნდა იმოქმედოს? რა შედის საზოგადოების ინტერესებში - ერთი ცალკეული მონაწილის პირადი ცხოვრების დაცვა თუ მკვლევრის ინტერესები? ლი (1993: 139) მიუთითებს, რომ ზოგიერთი მონაწილე შეიძლება მიზანმიმართულად იგონებდეს ისეთ სიტუაციებს, რომლითაც მკვლევარს "დანაშაულებრივ ცოდნას" აწვდის და ამით ამოწმებს მკვლევრის მიდრეკილებებს: "ნდობის ტესტი". ეთიკური საკითხები გამკვეთრებულია განათლების სფეროში სენსიტიურ კვლევაში. ფარული კვლევის საკითხი წინა პლანზე გადმოდის, ვინაიდან დევიაციური ან სენსიტიური სიტუაციების შესწავლა მონაცემების მოსაპოვებლად მკვლევრის ფარულად მუშაობას შეიძლება, საჭიროებდეს. ფარულ კვლევაში შესაძლებელია "რეაქტიულობის პრობლემების" დაძლევა (Lee 1993: 143), როდესაც კვლევა გავლენას ახდენს მონაწილეთა ქცევაზე (Hammersley and Atkinson 1983: 71). ის მკვლევარს ჯგუფის წევრების რეალური მოაზრებების გაგების შესაძლებლობასაც აძლევს, რასაც მკვლევარი ვერ მოახერხებს, თუ მათ, ვისაც ის იკვლევს, ეცოდინებათ, რომ იკვლევენ; წინააღმდეგ შემთხვევაში შესვლაზე, უბრალოდ, უარს ეტყვიან და მკვლევარს ხელი აღარ მიუწვდება ცოდნის მნიშვნელოვან სფეროებზე. ეს განსაკუთრებით ასე ხდება ძალაუფლების მქონე ადამიანების კვლევისას, რომელთაც შეიძლება არ სურდეთ ინფორმაციის გამჟღავნება და, აქედან გამომდინარე, წყვეტდნენ ან უარს ამბობდნენ შესვლის ნებართვის გაცემაზე. ინფორმირებული თანხმობის ეთიკური საკითხი ამ შემთხვევაში იგნორირებულია გამოვლენილი ვითარებების ინტერესების სასარგებლოდ, რაც საზოგადოების ინტერესიცაა. იმ ბრალდებისთვის, რომ ეს ჯაშუშობას ჰგავს, მიჩელი (Mitchell 1993: 46) ნათლად ამბობს, რომ ფარულ კვლევასა და ჯაშუშობას შორის დიდი განსხვავებაა: "ჯაშუშობა იდეოლოგიურად პროაქტიულია, ხოლო კვლევა - იდეოლოგიურად გულუბრყვილო" (Mitchell 1993: 46). ის ამტკიცებს, რომ ჯაშუშები კონკრეტული სისტემის ან იდეოლოგიის მუშაობას უწყობნენ ხელს, კვლევა კი გაგებას ცდილობს და არა - დარწმუნებას. ჯაშუშებს აქვთ განცდა, რომ მისიას ასრულებენ და გარკვეული ინსტრუმენტული მიზნების მიღწევას ცდილობენ, ხოლო კვლევას არ აქვს ასეთი სპეციფიკური მიზნები. ჯაშუშებს სჯერათ, რომ ისინი მორალურად უფრო მაღლა დგანან, ვიდრე მათი დაკვირვების სუბიექტები, ხოლო მკვლევარს არ აქვს ასეთი განცდა. ფაქტიურად, საკუთარი მნიშვნელოვნების შესახებ რეფლექსიის შედეგად, მკვლევარი მეტად ცდილობს, რომ მისმა როლმა არ დაამახინჯოს კვლევა. ჯაშუშებს ზურგს უმაგრებენ ინსტიტუტები, რომელთაც გაწვრთნეს ისინი და სხვადასხვაგვარი მახეების დაგება და ხრიკები ასწავლეს, ხოლო მკვლევრებს ასეთი ტრენინგი არ გაუვლიათ. ჯაშუშებს ფულს უხდიან ამ საქმეში, მკვლევრები კი ხშირად ყოველგვარი მოგების გარეშე ან საკუთარი ინტერესის გამო მოქმედებენ. მეორე მხრივ, ინფორმირებული თანხმობის მიღების გარეშე მონაწილეებმა თავი მოტყუებულად, ძალიან გაბრაზებულად, გამოყენებულად და ექსპლუატირებულად შეიძლება იგრძნონ, როცა საბოლოოდ კვლევის შედეგები გამოქვეყნდება და ისინი მიხვდებიან, რომ მათი თანხმობის გარეშე იკვლევდნენ.[2] მოღალატედ აღიქმება მკვლევარი (Lee 1993: 157), რომელიც კვლევას "სტატუსის, შემოსავლის ან პროფესიული წინსვლისთვის იყენებს, რაზეც კვლევის მონაწილეებს უარი ეთქვათ". როგორც ლი (1993: 157) აღნიშნავს: "ახალი არ არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთი გეტოს ტიპის დასახლების მცხოვრებლებს გადაბრუნებული სიტყვა არ დაცდენიათ ათობით მოსწავლე სკოლაში რომ მიიყვანეს". გარდა ამისა, კვლევაში გამოყენებულ ადამიანებს შეიძლება არც ჰქონდეთ იოლად პასუხის გაცემის უფლება; თვლიდნენ, რომ კვლევაში არასწორად წარმოჩნდნენ; ჰქონდეთ განცდა, რომ უარი ეთქვათ ხმის უფლებაზე; არ უნდოდეთ, რომ ცნობადი იყვნენ და მათი პიროვნული სიტუაცია საჯრო განხილვის საგნად იქცეს; გრძნობდნენ, რომ მათ ექსპლუატაცია გაუწიეს. ანონიმურობის საფარველი, როდესაც რესპონდენტები სრულიად ამოუცნობნი არიან, ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს სენსიტიურ კვლევაში. ამასთან დაკავშირებით, "დედუქციური ამოცნობის" საკითხი დგება (Boruch and Cecil 1979), როდესაც ინდივიდების ამოცნობა მონაცემების რეკონსტრუქციით და კომბინირებით არის შესაძლებელი. მკვლევარმა თავი უნდა დაიზღვიოს ამ შესაძლებლობისგან. თუ წარმოდგენილი დეტალები შესაძლებელს ხდის პიროვნების იდენტიფიცირებას (მაგალითად, თუ სკოლის კვლევაში მხოლოდ ერთი 50 წლის მამაკაცი მასწავლებელია, რომელიც ბიოლოგიას ასწავლის, სახელის ხსენება სულაც არ იქნება აუცილებელი მის ამოსაცნობად), მკვლევარმა არ უნდა გაამჟღავნოს ასეთი დეტალები, რათა მკითხველმა, რომც უნდოდეს რესპოდენტის ამოსაცნობად დეტალების გაერთიანება, ვერ შეძლოს ეს. მკვლევარს, შეიძლება, სურდეს კონფიდენციალობის დაცვა, მაგრამ ისიც უნდოდეს, რომ ინდივიდებისგან ინფორმაცია ერთზე მეტი შეხვედრისას მიიღოს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია "ბმული ფაილის" სისტემის გამოყენება (Lee 1993: 173): კეთდება სამი ფაილი. პირველში მონაცემები ინახება და მონაწილეებს შემთხვევითად ენიჭებათ რიცხვები. მეორე ფაილში რესპონდენტების სიაა, მესამეში კი ის ინფორმაციაა მოთავსებული, რომელიც აუცილებელია პირველ ფაილში მოცემული შემთხვევითი რიცხვებისა და მეორეში შენახული სახელების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. მესამე ფაილი ნეიტრალურ "ბროკერთან" ინახება და არა - მკვლევართან. ეს პროცედურა ორმაგად ბრმა კლინიკურ ექსპერიმენტს ჰგავს, რომელშიც მკვლევარმა არ იცის, რომელი მონაწილე იღებს ექსპერიმენტულ წამალს და რომელი - პლაცებოს. ლი აღიარებს, რომ ამის გაკეთება შეიძლება უფრო ადვილი იყოს რაოდენობრივი და არა - თვისებრივი მონაცემების შემთხვევაში. ცხადია, ზოგ შემთხვევაში შეუძლებელია ცალკეული ადამიანების, სკოლებისა და დეპარტამენტების ვერ ამოცნობა, მაგალითად, შეიძლება სკოლების ამოცნობა მათი განსაკუთრებული გამორჩეულობით (Whitty and Eswards 1994: 22). ასეთ შემთხვევებში კარგად უნდა განისაზღვროს ინფორმაციის გამჟღავნების პირობები. ეს არც ისე მარტივია, როგორც შეიძლება ჩანდეს. მაგალითად, განათლების სფეროში კვლევის ზოგადი პრინციპია, რომ ინდივიდებს ზიანი არ უნდა მიადგეთ (ზიანის მიუყენებლობა), მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ ისეთი თემა გამოიტანეს სააშკარაოზე, რომელიც საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესებში შედის (მაგალითად, სკოლაში სათანადოდ არ არის დაცული საბუღალტრო პროცედურები)? მკვლევარმა აღმოჩენილი ვითარება თავად უნდა გაარკვიოს, საჯარო გახადოს, თუ საერთოდ არაფერი უნდა მოიმოქმედოს? საქმის გარკვევის შემთხვევაში სკოლაში მომუშავე თანამდებობის პირებს ნამდვილად მიადგებათ ზიანი. ეთიკური საკითხები კვლევის წარმოებისას მკვეთრად ვლინდება პიროვნული, ინსტიტუციური და საზოგადოებრივი პოლიტიკის ფონზე და საზოგადო და პირად სფეროებს შორის საზღვარი არამარტო ფარდობითია, არამედ - ბუნდოვანიც. დებატებმა ეთიკის თემაზე იმატა, მაგალითად, იმ პოტენციური დაძაბულობის შესახებ, რომელიც არსებობს პირად ცხოვრებაზე ინდივიდის უფლებასა და საზოგადოების ცოდნის უფლებას შორის; ასევე, ინდივიდისთვის ზიანის მიუყენებლობაზე ზრუნვასა და საზოგადოებრივ სიკეთეზე ზრუნვას შორის. ვინაიდან საზოგადო და პირადი სფეროები შეიძლება ერთიანდებოდნენ, ძნელია, თუ შეუძლებელი არა, ასეთი დაძაბულობის იოლად განმუხტვა (cf. Day 1985; Lee 1993). უოლფორდი წერს (2001: 30): "პოტენციური სარგებელი საზოგადოების ინტერესისთვის... დიდი იყო. კვლევის მონაწილეთა პირად ცხოვრებაში გარკვეულწილად შეჭრა კი მოხდა, მაგრამ ამის გამართლება კვლევით შეიძლებოდა... ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია". მიზანი ამართლებს საშუალებას. ეს საკითხები ყველაზე მკვეთრად დგას, თუ კვლევა ნეგატიური შედეგების გამოქვეყნების რისკის წინაშე დგას. გარკვეული პრაქტიკების საკვლევ ობიექტად ქცევა შეიძლება ღია ჭრილობიდან სახვევის აძრობის ტოლფასი იყოს. რა ვალდებულებები აქვს მკვლევარს მკვლევართა საზოგადოების წინაშე? თუ კვლევის ნეგატიური ანგარიში გამოქვეყნდა, სამომავლოდ სკოლები შეწყვეტენ და აკრძალავენ თუ არა კვლევის წარმოებას (კონკრეტული პრობლემაა, თუ მკვლევარს უკან უნდა დაბრუნება, ან სურს, რომ სხვა მკვლევრებს არ ჰქონდეთ სკოლაში შესვლის ნებართვის მიღების პრობლემა)? ვის ემსახურება მკვლევარი - საზოგადოებას, სკოლებს თუ მკვლევართა წრეს? აქ შეიძლება მკვლევრის სიმპათიების საკითხის დადგეს; ასეთ ვითარებაში პოლიტიკა და ეთიკა შეიძლება არაკომფორტული პარტნიორები იყვნენ. ნეგატიური კვლევის მონაცემებით, როგორიცაა სკოლებში კონფორმულობის ტრენინგის ნეგატიური დაფარული პროგრამა (Morrison 2005ა), მკვლევარი, ალბათ, ვერ მოაწონებს სკოლებს თავს. ამან შეიძლება ჩაახშოს განათლების სფეროში კვლევა, რაც, უბრალოდ, არ ღირს პირად ან საზოგადოების ხარჯებად. როგორც საიმონსი (2000: 45) წერს: "ფასი ძალიან დიდია". გარდა ამისა, მიჩელი (Mitchell 1993: 54) წერს, რომ "მორიდებულმა სოციალურმა მეცნიერებმა შეიძლება თავი გაითავისუფლონ ძალაუფლების მქონე, პრივილეგირებულ და შეჭიდულ ჯგუფებთან შეჯახების რისკისგან, რომელთაც შეიძლება, სურდეთ, რომ დაფარონ თავიანთი ქმედებები და ინტერესები საზოგადოების თვალისგან." (ასევე, იხ. Lee 1993: 8). საფიქრალია, მკვლევრებს არ სურდეთ ძალაუფლების მქონეთა შეურაცხყოფა, უხერხულ სიტუაციებში აღმოჩენა. როგორც საიმონსი და აშერი (2000: 5) შენიშნავენ: "პოლიტიკა და ეთიკა განუყოფელია ერთმანეთისგან". მოსწავლეები და მასწავლებლები პირად საუბრებში შეიძლება აკრიტიკებდნენ თავიანთ სკოლებს, მაგალითად, მენეჯმენტის, მმართველობის, გადატვირთული გრაფიკისა და სტრესის გამო, მაგრამ არ სურდეთ ამის საჯაროდ გაკეთება; ფაქტობრივად, მასწავლებლები, რომლებიც განახლებადი კონტრაქტის საფუძველზე მუშაობენ, არ მოიჭრიან ხელს, რომელიც მათ კვებავს. ისინი სულ გაჩუმდებიან და კრიტიკული არაფერი დასცდებათ (Burgess 1993; Morrison 2001ა; 2002ბ). ეთიკის სფერო განათლების სფეროს კვლევაში მნიშვნელოვნებით განსხვავდება ყოველდღიური კვლევის ეთიკისგან და არა - საკითხთა დიაპაზონით. აქ კვლევის წარმოებისას იგივე ეთიკური საკითხებია მოსაგვარებელი და მკითხველს მეორე თავის გადახედვას ვურჩევდით. თუმცა, მნიშვნელოვანი ეთიკური საკითხები განსაკუთრებით არის გამოკვეთილი სენსიტიურ კვლევაში. ეს საკითხები წარმოდგენილია 5.2. ჩანართში ჩანართი 5.2. სენსიტიური კვლევის ეთიკური საკითხები როგორ უმკლავდება მკვლევარი "დანაშაულებრივი ცოდნისა" და "გასვრილი ხელების" საკითხს? ვის მხარეს არის მკვლევარი? საჭიროა თუ არა ამის გამხელა? რა ხდება მაშინ, თუ მკვლევარი არ არის გამოკვლეულთა მხარეს? როდის არის გამართლებული ფარული კვლევა? როდის არის გამართლებული ინფორმირებული თანხმობის არქონა? არის თუ არა ფარული კვლევა ჯაშუშობა? როგორ უნდა დაძლიოს მკლევარმა მონაწილეების ექსპლუატირების (ანუ მათდამი, როგორც ობიექტებთან მოპყრობა და არა როგორც - კვლევის სუბიექტებთან ანუ ცდის პირებთან) ბრალდება? როგორ უნდა უზრუნველყოს მკვლევარმა კონფიდენციალობა და ანონიმურობა? როგორ უნდა შენარჩუნდეს ბალანსი ინდივიდის პირადი ცხოვრების უფლებასა და საზოგადოების ცოდნის უფლებას შორის? რეალურად რა შედის საზოგადოების ინტერესებში? როგორ უნდა გავუმკლავდეთ სიტუაციას, სადაც შეუძლებელია, რომ არ ამოიცნონ მონაწილეები? რა პასუხისმგებლობები აქვს მკვლევარს მკვლევართა წრეში, რომელთაგან ზოგიერთს შეიძლება სამომავლოდ იმავე სფეროში სურდეს კვლევის წარმოება? როგორ აგვარებს მკვლევარი შეშინებული ან დამფრთხალი ჯგუფების პრობლემას, რომლებმაც შეიძლება ძალიან ცოტა რამ თქვან? რა სახის დაცვას უზრუნველყოფს კვლევა, ვისთვის და რისგან? რა ვალდებულებები აქვს მკვლევარს? ეს ჩამონათვალი მხოლოდ საწყის საკითხებს მოიცავს. ამ და სხვა ეთიკური საკითხების უფრო სრული განხილვისთვის მკითხველს მეორე თავის გადაკითხვას ვურჩევდით. ეთიკის საკითხებთან დაკავშირებული სიძნელე ისაა, რომ ისინი "სიტუაციური" ხასიათისაა (Simons and Usher 2000) ანუ სპეციფიკურ ადგილობრივ გარემოებებსა და სიტუაციებზეა დამოკიდებული. მათზე შეთანხმება და დამუშავება კონკრეტული სიტუაციის მახასიათებლებთან მიმართებით უნდა მოხდეს. ზოგადი მითითებები გამოსადეგია, მაგრამ ისინი, როგორც წესი, არ წყვეტენ პრაქტიკულ პრობლემებს, მათი ინტერპრეტაცია ადგილზე შექმნილი ვითარების შესატყვისად უნდა მოხდეს. ძალაუფლების მქონე ადამიანების კვლევა სენსიტიური კვლევის ერთ-ერთ მიმართულებას შეადგენს კვლევები, რომლებიც ძალაუფლების მქონე ადამიანებზე, ან მათთან ერთად წარმოებს; ეს არიან წამყვან პოზიციებზე ან ელიტარულ ორგანიზაციებში მყოფი ადამიანები. განათლების სფეროში, მაგალითად, ეს შეიძლება იყვნენ დირექტორები და უფროსი მასწავლებლები, პოლიტიკოსები, წამყვან პოსტებზე მყოფი სახელმწიფო მოხელეები, გადაწყვეტილების მიმღებნი, ადგილობრივი მმართველობის მოხელეები და სკოლის მმართველები. ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა კვლევა პოლიტიკისა და მართვის საკითხებს ეხება (Walford 1994ა: 3). ძალაუფლების მქონეთა კვლევა "ქვემოდან ზემოთ კვლევის" მაგალითია და არა - ტრადიციული "ზემოდან ქვემოთ კვლევის" (მაგალითად, ბავშვების, მასწავლებლებისა და პრაქტიკანტების კვლევა). კვლევას სენსიტიურად აქცევს ის, რომ ხშირად ეხება პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და გადაწყვეტილებების მიღების საკითხებს; საკითხებს, რომლებიც აქტუალური განხილვის და პოლემიკის საგანია მათი პოლიტიკური სენსიტიურობის გამო. ეს შეიძლება წვდომაზე ხშირი უარის ერთ-ერთი მიზეზიც იყოს. ძალაუფლების მქონენი არიან ისინი, ვინც კონტროლს ახორციელებენ სასურველი ან შესაძლებელი მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად, დიდი პასუხიმგებლობის მქონენი და ისინი, ვისი გადაწყვეტილებებიც მნიშვნელოვნად მოქმედებს ბევრ ადამიანზე. აკადემიური განათლების სფეროში ძალაუფლების მქონეთა კვლევა შეიძლება არ ჰგავდეს ამ სფეროში კვლევის სხვა ფორმებს იმით, რომ შეუძლებელი იყოს კონფიდენციალობის უზრუნველყოფა. მონაწილეები იდენტიფიცირებული და საზოგადოებაში ცნობილი ფიგურები არიან. ამან შეიძლება "ცენზურის და თვითცენზურის პრობლემები წარმოქმნას" (Walford 1994c: 229). ეს იმასაც ნიშნავს, რომ კონფიდენციალურად და არაფორმალურად გაცემული ინფორმაცია, სამწუხაროდ, ასევე უნდა დარჩეს. ძალაუფლების მქონე ადამიანთა კვლევაში წამოჭრილი საკითხია იდენტობის გამჟღავნება, განსაკუთრებით, იმ შემთხვევებში, როდესაც გაურკვეველია, რა ითქვა "ოფიციალური ჩანაწერებისთვის" და რა - არა (Fitz and Halpin 1994: 35-6). ფიცი და ჰალპინი (1994) მიუთითებენ, რომ მინისტრმა, რომელთანაც ინტერვიუ ჰქონდათ, დასაწყისშივე განაცხადა, თუ რისი თქმა შეიძლებოდა. ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანთა კვლევაში ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ გამოიყენეს, როგორც სტრუქტურის, ისე, მისი მოქნილობის გამო და კვლევის მიზნებისთვის ტრანსკრიპტის გასაკეთებლად ინტერვიუს ჩაწერის უფლებაც მიიღეს. მათ თითო ინტერვიუსთვის ორი ინტერვიუერი გამოიყენეს, ერთი ინტერვიუს ძირითად ნაწილს უძღვებოდა, მეორე იწერდა და დამხმარე კითხვებს სვამდა. ორი ინტერვიუერის გამოყენება ჯვარედინი გადამოწმების საშუალებასაც იძლეოდა. ფაქტიურად, ორმა ინტერვიუერმა ხელი შეუწყო ინტერვიუს ფორმატის ერთობლივ განსაზღვრას, რომელსაც რესპონდენტის მრჩევლებიც ესწრებოდნენ; ისინი თვალყურს ადევნებდნენ პროცესს, საუბარში ერთვებოდნენ, როცა ამას საჭიროდ მიიჩნევდნენ და იწერდნენ კიდეც (Fitz and Halpin 1994: 38, 44, 47). ფიცი და ჰალპინი (1994: 40) საუბრობენ ძალაუფლების მქონეთა კვლევისას გუშაგებისგან შექმნილი სერიოზულ წინაღობებზე: იბლოკებოდა ადამიანებამდე მიღწევა (შესასვლელების მცველი ჩინოვნიკები და ადმინისტრატორები იღებდნენ გადაწყვეტილებას, უნდა ჩატარებულიყო თუ არა ინტერვიუ), ადგილი ("ელიტარული გარემო") და დრო (არასაკმარისი დრო რესპონდენტის მოუცლელობის გამო), იდებოდა "შეთანხმებები, რომ სტრატეგიის დაგეგმვის პროცესი დაფარული იქნებოდა საზოგადოებისა და აკადემიური წრეების მზერისგან", იზღუდებოდა წვდომა, კვლევის წარმოება და მონიტორინგი (Fitz and Halpin 1994: 48-9). გევირცისა და ოზგას (Gewirtz and Ozga 1994L 192-3) აზრით, ძალაუფლების მქონე ადამიანთა კვლევაში გუშაგის ფენომენს შეუძლია ისეთი სიძნელეები შექმნას, რომ "მოხდეს კვლევის განზრახვას არასწორად გაიგებენ, მკვლევარი კონტროლსა და დამოუკიდებლობას დაკარგავს, იგი უნდა შეურიგდეს კვლევის პროცესის მედიაციასა და კომპრომისს". ძალაუფლების მქონე ადამიანთა კვლევა, ჩვეულებისამებრ, მათ ტერიტორიაზე ტარდება, მათ მიერ განსაზღვრული პირობებითა და დღის წესრიგით ("სახელმწიფო სამოქალაქო სამსახურისთვის დამახასიათებელი პოზიცია": Fიტზ ანდ Hალპან 1994: 42), იმ დისკურსის ფარგლებში, რომელსაც ისინი საზღვრავენ (და მკვლევრები, ნაწილობრივ, იმეორებენ) და შეთანხმებით, თუ რისი გატანა შეიძლება სააშკარაოზე და რისი - არა (მაგალითად, მთავრობის ოფიციალური საიდუმლო აქტის, ან კონფიდენციალური ინფორმაციის), მკვლევრისთვის უცნობ და ამიტომ დამაბნეველ სამყაროში და მონაწილეებთან, რომლებიც შეიძლება ზედმეტად თავდაჯერებულნი იყვნენ და ხანდახან მკვლევარს თავის ისე მოჩვენება უწევდეს, თითქოს იმაზე ნაკლები იცოდეს, ვიდრე რეალურად იცის. როგორც ფიცი და ჰალპინი (1994: 40) ამბობენ, მათ ჩაიქროლეს "უცნობ სამყაროში, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ გამოჩნდა" და სადაც ყოველთვის კომფორტულად ვერ გრძნობდნენ თავს. ანალოგიურად, ბოლი (Ball 1994b: 113) თვლის, რომ "ჩვენ უნდა შევხედოთ... ინტერვიუს, როგორც "ძალაუფლების თამაშის" გაგრძელებას და არა - როგორც მისგან გამიჯნულ აქტივობას, მხოლოდ კომენტარს მის შესახებ".. , ძალაუფლების მქონე ადამიანებთან "ინტერვიუ ეთნოგრაფიული მოვლენაცაა... და პოლიტიკურიც". უოლფორდი (1994c) აღნიშნავს: ძალაუფლების მქონენი მიჩვეული არიან, რომ მათი იდეები ყურადღებას იპყრობს. მათ კარგად შეუძლიათ ინტერვიუერებთან გამკლავება, კონკრეტულ კითხვებზე, თავიანთი მიზნების შესატყვისად, პასუხების გაცემაც და თავის არიდებაც და, ასევე, მოვლენებში საკუთარი როლის უკეთესი მხრიდან წარმოჩენა. მათ კარგად ესმით, თუ რას გულისხმობს აკადემიური კვლევა და მათთვის, როგორც რესპონდენტებისთვის, უცხო არ არის ინტერვიუს სიტუაცია და მათი საუბრის ჩაწერა. საერთო ჯამში, მათი ძალაუფლება განათლების სამყაროში გამოძახილს ჰპოვებს ინტერვიუს სიტუაციაში და ინტერვიუ დიდად არ უქმნის საფრთხეს მათ თანამდებობებს. (Walford 1994c: 225) მაკჰიუ (McHugh 1994: 55) ამბობს, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანებთან მიღწევა არა მხოლოდ ოფიციალური არხებით არის შესაძლებელი, არამედ შუამავლების მეშვეობითაც, რომლებიც მათ წარუდგენენ მკვლევრებს. თავად მას მღვდელი დაეხმარა ძალაუფლების მქონე ქრისტიან პოლიტიკოსებთან შეხვედრაში და ურჩია: "თუ იტყვი, ვინ დაგეხმარა, მათ ეცოდინებათ, რომ შენ არ ხარ უცნაური, გაუგებარი ადამიანი, ვინც დაამახინჯებს მათ ნათქვამს" (McHugh 1994: 56). წვდომა მნიშვნელოვანი საკითხია ძალაუფლების მქონე ადამიანთა კვლევაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ საკვლევი თემები წინააღმდეგობრივი ან საკამათოა. უოლფორდი (1994c: 222, 223) ამბობს, რომ საქმის გამარტივება არაფორმალური და პირადი, "კულისებს მიღმა" კონტაქტების მეშვეობით არის შესაძლებელი: "რაც უფრო მეტი სპონსორის მოძიება ხერხდება, მით უკეთესი", ინსტიტუციური იქნება ეს, თუ პირადი. წვდომა შეიძლება გაიოლდეს, თუ კვლევა აღიქმება, როგორც "უწყინარი" (Walford 1994c: 223). ამ თვალსაზრისით, უოლფორდი აღნიშნავს, რომ ქალ მკვლევრებს შეიძლება უპირატესობა ჰქონდეთ იმ გაგებით, რომ, უფრო უწყინრად და არასაშიშად აღიქმებიან.. უოლფორდი იმასაც ამბობს, რომ "შეუპოვრობა ამართლებს" (გვ. 224). როგორც ის სხვაგან წერს (Walford 2001: 31), "წვდომა პროცესია და არა ერთჯერადი გადაწყვეტილება". მაკჰიუ (1994) აღნიშნავს ძალაუფლების მქონე პიროვნებასთან ინტერვიუსთვის სკრუპულოზურად მომზადების საჭიროებას, რათა მკვლევარს ერთიანი სურათის დანახვა შეეძლოს და ისევე იყოს ინფორმირებული ფაქტების, ინფორმაციისა და ტერმინოლოგიის შესახებ, როგორც რესპონდენტი; შედეგად მივიღებთ ორი ინფორმირებული ადამიანის ურთიერთობას და არა - უცოდინრობის გამოვლინებას. იგი ინტერვიუს დროს დასასმელი კითხვების წინასწარ განსაზღვრის საჭიროებასაც აღნიშნავს; წინასწარ ზედმიწევნით უნდა დაიგეგმოს ყველა კითხვა და დაიხვეწოს მათი ფორმულირება. მაკჰიუ (1994: 60, 62) თვლის, რომ ინტერვიუს მსვლელობისას ინტერვიუერი არა მარტო მაქსიმალურად მოქნილი უნდა იყოს და რესპონდენტის აზრთა მსვლელობას მიჰყვებოდეს, არამედ დაბეჯითებულიც, თუ რესპონდენტი თემიდან უხვევს და დასმულ კითხვას არ პასუხობს. თუმცა, ის გვახსენებს, რომ "ინტერვიუ, რა თქმა უნდა, არ არის სასამართლო დარბაზი" (გვ. 62) და ამიტომ ტაქტს, დიპლომატიასა და, რაც მნიშვნელოვანია, ემპათიას არსებითი მნიშვნელობა აქვს. დიპლომატია განსაკუთრებით აუცილებელია, როცა დასმულ კითხვაზე პასუხმა, შესაძლოა, ძალაუფლების მქონე ადამიანების წარუმატებლობა ან არაკომპეტენტურობა გამოავლინოს და მათ მოინდომონ გააკონტროლონ, რომელ კითხვაზე გიპასუხონ. ინტერვიუს როგორც ფორმის, ისე, შინაარსის მომზადება არსებითად მნიშვნელოვანია. სირთულეები ახლავს სენსიტიური კვლევის ანგარიშის შედგენასაც, რადგან ძნელია ტენდენციურობისთვის თავის არიდება, განსაკუთრებით, იმის გამო, რომ კვლევის ანგარიშები და პუბლიკაციები საზოგადოების საკუთრებაა. უოლფორდი (2001: 141) მიუთითებს ცილისწამების რისკზე, როცა ცნობილია საზოგადო მოღვაწეების სახელები. ის სვამს კითხვას (1994b: 84): "რამდენად სწორია, სხვებს აფიქრებინოთ, რომ ეთანხმებით მაშინაც კი, როცა არ ეთანხმებით? ღიად უნდა აფიქსირებდეს თუ არა მკვლევარი საკუთარ პოლიტიკურ, იდეოლოგიურ თუ რელიგიურ მოსაზრებებს? როგორც მაიკელსონი (Mickelson 1994: 147) ამბობს: "ამ ადამიანების ინტერვიუირებისას არ ვიყავი ბოლომდე მიუკერძოებელი. გაცილებით გულწრფელი და მიუკერძოებელი ვარ ჩვეულებრივი ადამიანების ინტერვიუირებისას". დიმი (Deem 1994: 156) აღნიშნავს, რომ ის და მისი თანამკვლევარი "წინააღმდეგობისა და წვდომის პრობლემებს წააწყდნენ იმის გამო, რომ მათი კვლევა თითქოსდა ეწინააღმდეგებოდა კონსერვატიული მთავრობის განათლების რეფორმებს", წვდომა კი შეიძლება, დაბლოკილიყო "იმის საფუძველზე, რომ კვლევა არ იყო ნეიტრალური". მაიკელსონი (1994: 147) ამას შემდგომში ეთიკური დილემის იდენტიფიკაცისთვის იყენებს, როცა "ზოგჯერ ძალაუფლების მქონე რესპონდენტები ინტერვიუს მსვლელობისას ამაზრზენ კომენტარებს აკეთებენ". მკვლევარმა არაფერი უნდა თქვას, თუ ხმა ამოიღოს და ამით ინტერვიუს შეწყვეტის რისკის წინაშე დადგეს? ის რეტროსპექტიულად ამბობს, რომ სურდა, შეკამათებოდა ამ მოსაზრებების თაობაზე და უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო (Mickelson 1994: 148). უოლფორდს (2001) მაგალითად მოყავს ინტერვიუ ეკლესიის მსახურთან, რომლის მოსაზრებებიდან ერთ-ერთი ასეთი იყო და მას მკვლევარი არ ეთანხმებოდა: აივ შიდსი, ძირითადად, ჰომოსექსუალთა დაავადებაა... და ძალიან ეფექტურად განარიდებს მოსახლეობას არასასურველისგან. ის აფრიკაში ბევრგან პრაქტიკულად არ არსებობს... თუ თქვენ ცისფერი ხართ, იმას მიიღებთ, რასაც იმსახურებთ.... მე არასოდეს მივიღებდი ჰომოსექსუალს ჩემს კლასში. (Walford 2001: 137) მაიკელსონმა (1994: 132) აღმოაჩინა, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანების კვლევისას მათ შორის იშვიათად არიან ქალები, მკვლევრები კი ხშირად სწორედ ქალები არიან. ასეთი გენდერული განაწილება შეიძლება პრობლემური იყოს. დიმი (1994: 157) აღნიშნავს, რომ ის, როგორც ქალი, უფრო მეტ სირთულეს წააწყდა კვლევის წარმოებისას, ვიდრე მისი მამაკაცი კოლეგები, თუმცა მას უფრო მაღალი თანამდებობა ეკავა, ვიდრე კოლეგა მამაკაცებს. მეორე მხრივ, ის იმასაც ამბობს, რომ მამაკაცები უფრო მეტი გახსნილობით ხასიათდებიან ქალ მკვლევრებთან, ვიდრე - მამაკაცებთან, რადგან ქალებს ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. გევირცი და ოზგა (Gewirtz and Ozga 1994) წერენ: [როგორც მკვლევრები] ვგრძნობდით, რომ ძალიან სტერეოტიპულად გვიყურებდნენ, რადგან ქალები ვიყავით. ისეთი შთაბეჭდილება მოვახდინეთ, რომ მხარდამჭერებად აღგვიქვეს და და ჩვენც, გარკვეულწილად, უნდა მიგვეღო ეს როლი, ვინაიდან კვლევას წაადგებოდა. (Gewirtz and Ozga 1994: 196) როცა ძალაუფლების მქონე ადამიანთა კვლევას აპირებთ, მიზანშეწონილი იქნება რამდენიმე საკითხის განხილვა. ეს საკითხები მოცემულია 5.3. ჩანართში ჩანართი 5. 3. ძალაუფლების მქონე ადამიანთა კვლევა რა აქცევს კვლევას სენსიტიურად. როგორ მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ წვდომა ძალაუფლების მქონე ადამიანებთან. რამდენად არის მოსალოდნელი, რომ მონაწილეები გაიხსნებიან, ან თავშეკავებული იქნებიან. რა არის ფორმალური და არაფორმალური საუბარში. როგორ მოვემზადოთ ძალაუფლების მქონე ადამიანებთან ინტერვიუსთვის. როგორ დავუსვათ კითხვები და გამოვიწვიოთ ძალაუფლების მქონე ადამიანები. როგორ ჩავატაროთ ინტერვიუ ისე, რომ შევინარჩუნოთ ბალანსი ინტერვიუერის გეგმებსა და რესპონდენტის გეგმებს და ღირებულებათა სისტემას შორის. როგორ გამოავლინოს მკვლევარმა საკუთარი ცოდნა, მომზადება და ხედვა ძირითად საკითხებთან მიმართებაში. მკვლევრის სტატუსი მონაწილეებთან პირისპირ შეხვედრისას. ვინ უნდა წაიყვანოს ინტერვიუ ძალაუფლების მქონე ადამიანებთან. რამდენად ნეიტრალური და შემწყნარებელი უნდა იყოს მკვლევარი მონაწილეებთან. უნდა დასახელდეს თუ არა მონაწილე კვლევის ანგარიშში. როგორ დავაბალანსოთ საზოგადოების ცოდნის უფლება და ინდივიდის პირადი ცხოვრების უფლება. რა შედის საზოგადოების ინტერესებში. კითხვების დასმა კვლევაში კითხვების დასმასთან დაკავშირებით, სადმენი და ბრედბარნი (შუდმან ანდ Bradburn 1982: 50-1) თვლიან, რომ ღია კითხვები შეიძლება, უკეთესი იყოს, ვიდრე - დახურული, გრძელი კითხვა კი მოკლეს სჯობდეს. კითხვის ეს ორივე (ღია და გრძელი) ვარიანტი საშუალებას აძლევს რესპონდენტს, თავისი სიტყვებით უპასუხოს, რაც, შესაძლოა, უფრო მეტად ერგებოდეს სენსიტიურ თემებს. ფაქტობრივად, ავტორები ამბობენ, რომ თუ მოკლე კითხვები დამოკიდებულებების შესახებ ინფორმაციის მოგროვებისას გამოდგება, გრძელი კითხვები ქცევის შესახებ ინფორმაციას უფრო ერგება და შეიძლება, მოიცავდეს მაგალითებს, რომლებზეც რესპონდენტებმა, პასუხის გაცემა ისურვონ. გრძელმა კითხვებმა შეიძლება შეამციროს ქცევის რეალური ვითარების წარმოჩენის შემთხვევები (მაგალითად, სტრესში მყოფი მასწავლებლების მიერ ალკოჰოლისა თუ მედიკამენტების გამოყენება). მეორე მხრივ, მკვლევარს სიფრთხილე მართებს, რომ არ გადაღალოს, ემოციურად არ გამოფიტოს ან სტრესი არ მიაყენოს რესპონდენტს გრძელი კითხვით ან ინტერვიუთი. ლი (1993: 78) გვირჩევს, რომ კითხვებში ნაცნობი სიტყვები გამოვიყენოთ, რადგან ეს ამცირებს საფრთხის შეგრძნებას სენსიტიურ თემებზე საუბრისას და ეხმარება რესპონდენტს, რომ თავი უფრო მშვიდად იგრძნოს. ის "ამონარიდების" გამოყენებასაც გვირჩევს: "პიროვნების ან სიტუაციის მოკლე აღწერა, რომელიც ზუსტად მიუთითებს, თუ რა მოიაზრება ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად რესპონდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების ან მსჯელობის პროცესში" (Lee 1993: 79). ეს არა მარტო კონკრეტულად საკვლევი საკითხების გამიჯვნასა და იზოლირებას ახდენს, არამედ ყურადღებაც გადააქვს პირადი სენსიტიურობიდან აღწერილ შემთხვევაზე ან ამონარიდზე, ახდენს მათ პროეცირებას და შეგვიძლია, რესპონდენტს მისი პირადი რეაქციების შესახებ ვკითხოთ, მაგალითად, ასე: "თქვენ რას მოიმოქმედებდით ამ სიტუაციაში?" სენსიტიურ თემებზე მომუშავე მკვლევრები თავად უნდა იყვნენ სიტუაციისადმი ძალზე მგრძნობიარენი. მაგალითად, მათი არავერბალური კომუნიკაცია შეიძლება გადამწყვეტი იყოს ინტერვიუს დროს. აქედან გამომდინარე, არავითარი მინიშნება არ უნდა გააკეთონ მსჯელობაზე, მხარდაჭერასა თუ გაკიცხვაზე. ისინი კონტრტრანსფერს (მკვლევრის საკუთარი მოსაზრებების, ღირებულებების, დამოკიდებულებების, ტენდენციურობისა და წარსული გამოცდილების სიტუაციაზე პროეცირებას) უნდა ერიდონ. საკითხს, რით ახდენს ეფექტს ინტერვიუერი, მეთექვსმეტე თავში, მკვლევრის მახასიათებლებთან (მაგალითად, სქესი, რასა, ასაკი, სტატუსი, ჩაცმულობა, გარეგნობა, რაპორტი, წარსული გამოცდილება, პროფესიონალიზმი, ინსტიტუციური მიკუთვნებულობა, პოლიტიკური მიკუთვნებულობა, საქმიანობის ტიპი, მაგალითად, მღვდლობა) კავშირში განვიხილავთ. ქალ ინტერვიუერთან შეიძლება ქალები უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს; მამაკაცები კი - არაკომფორტულად.; ძალაუფლების მქონე ადამიანებმა შეიძლება შერაცხყოფილად იგრძნონ თავი, თუ მოკრძალებული პოზიციის მქონე ახალბედა ასისტენტის რესპონდენტობა უწევთ. ინტერვიუერის ეფექტურობა იმ მოლოდინებზეც არის დამოკიდებული, რომელიც ინტერვიუერს შეიძლება კვლევისგან ჰქონდეს (Lee 1993L 99). მაგალითად, მკვლევარი შეიძლება, შფოთავდეს, ან არაკომფორტულად გრძნობდეს თავს სენსიტიურ თემაზე ინტერვიუს გამო. ბრედბარნი და სადმენი (1979 წყაროში Lee 1993: 101) აღნიშნავენ, რომ ინტერვიუერებმა, რომლებიც წინასწარ არ ფიქრობდნენ ინტერვიუს მსვლელობისას წამოჭრილ შესაძლო სირთულეებზე, 5-30 პროცენტით მეტი ინფორმაცია მიიღეს სენსიტიურ თემებზე, ვიდრე მათ, ვინც წინასწარი გათვლებით იყო დაკავებული. ეს ფაქტი ტრენინგის საჭიროებაზე მიუთითებს. ლი (1993: 102-14) რამდენიმე საკითხს ასახელებს, რომელიც განხილული და მოგვარებული უნდა იყოს სენსიტიური ინტერვიუს ჩატარებისას: როგორ მივუახლოვდეთ თემას (რათა თავიდან ავიცილოთ მონაწილეთა შებოჭილობა და დავეხმაროთ, რომ მათთვის პრიორიტეტული მხრიდან მიუდგნენ საკითხს). გვირჩევენ, ვეცადოთ, რომ თემა "ნელ-ნელა, თანდათანობით წამოიჭრას ინტერვიუს მსვლელობისას" (Lee 1993: 103) და რესპონდენტის ნდობა და ინფორმირებული თანხმობა მივიღოთ. როგორ გავუმკლავდეთ წინააღმდეგობებს, სირთულეებსა და ემოციებს (რაც ინტერვიუერის ტრენინგსა და ზედამხედველობას/შემოწმებას შეიძლება მოითხოვდეს); როგორ დავდგეთ შემწყნარებლურ და მიმტევებლურ პოზიციაზე; როგორ გავუმკლავდეთ იმ რესპონდენტს, რომელიც ინტერვიუერს შეიძლება დიდად არ მოსწონს, ან არ ეთანხმება. როგორ დავძლიოთ ინტერვიუს დროს ძალაუფლების გამოყენება და კონტროლი: (ა) როცა ძალაუფლებასა და სტატუსს შორის არსებული განსხვავება მოქმედებს, როცა ინტერვიუერს უფრო მაღალი ან დაბალი სტატუსი აქვს, ვიდრე რესპონდენტს და როცა ინტერვიუერსა და რესპონდენტს თანაბარი სტატუსები აქვთ; (ბ) როგორ გავუმკლავდეთ სიტუაციას, როდესაც ინტერვიუერს უნდა ინფორმაცია, მაგრამ არ არის ისეთ პოზიციაზე, რომ შეეძლოს მისი მოთხოვნა და როდესაც რესპონდენტს სურს ან არ სურს ინფორმაციის გაცემა; (გ) როგორ გავუმკლავდეთ სიტუაციას, რომელშიც ძალაუფლების მქონე ადამიანები ინტერვიუს ხანგრძლივად და, სავარაუდოდ, უადგილოდ იყენებენ, როგორც საკუთარი სიამოვნების მიხედვით მოქცევის შესაძლებლობას; (დ) როგორ გავუმკლავდეთ სიტუაციას, როდესაც შეხვედრის დასრულების შემდეგ ინტერვიუერი ფლობს სენსიტიურ ინფორმაციას, ამით რესპონდენტზე ძალაუფლებას იძენს და მას მოწყვლადობის განცდას უჩენს; (ე) რა უნდა უქნას ინტერვიუერმა ინფორმაციას, რომელიც იმათ საწინააღმდეგოდ შეიძლება მიიმართოს, ვინც ეს ინფორმაცია გასცა (მაგალითად, თუ საზოგადოების რომელიმე ჯგუფი იტყვის, რომ არასაკმარისად ჭკვიანია უმაღლესი ან შემდგომი განათლების მისაღებად); დაბოლოს, (ვ) როგორი ფორმით წარვმართოთ ინტერვიუ (მაგალითად, დიალოგის სახით, ფორმალურად, უკიდურესად სტრუქტურირებულად, უკიდურესად დირექტიულად). იმ პირობებთან გამკლავება, სადაც ინტერვიუ მიმდინარეობს. ლი (1993: 112) თვლის, რომ ინტერვიუ, რომელიც სენსიტიურ თემებს ეხება, "ერთჯერადი უნდა იყოს" ანუ რესპონდენტი უნდა გრძნობდეს, რომ ის და ინტერვიუერი, შესაძლოა, აღარასოდეს შეხვდნენ ერთმანეთს. ამან შეიძლება მეტად უზრუნველყოს ნდობა და რესპონდენტის გახსნილობა, ვიდრე ინტერვიუერსა და რესპონდენტს შორის ახლო ურთიერთობამ. მეორე მხრივ, "ერთჯერადი" ინტერვიუ ხელს არ უწყობს კვლევის ფარგლებში თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებას (Lee 1993: 113). განათლების სფეროში კვლევის დიდი ნაწილი მეტნაკლებად სენსიტიურია. მკვლევრის გადასაწყვეტია, როგორ მიუდგება სენსიტიურობის საკითხს და როგორ გაუმკლავდება მის მრავალ ფორმას, მასთან დაკავშირებულ ერთგულების, ეთიკის, წვდომისა და პოლიტიკის საკითხებს და შედეგებს. დასკვნა განათლების სფეროში კვლევის განხილვისას, ჩვენი რჩევა იქნება, რომ ის არ გეგონოთ დალაგებული, სუფთა, მოწესრიგებული, უპრობლემო და ნეიტრალური პროცესი, არამედ მიუდექით მას, როგორც გამჭოლ გასროლას, შესაძლო მაღალი მგრძნობელობით. გვახსოვდა რა ეს, თავი შევიკავეთ ცდუნებისგან, მოგვეცა სენსიტიური თემების ჩამონათვალი, ვინაიდან შეიძლებოდა, გამარტივებული ვარიანტი გამოგვსვლოდა და ყურადღების მიღმა დარჩენილიყო ის ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც კვლევას სენსიტიურს ხდის მათი სოციალური კონტექსტის გამო. ის, რაც მკვლევარს შეიძლება თავაზიან და ნეიტრალურ კვლევად მოეჩვენოს, მონაწილეებში შეიძლება ღრმა სენსიტიურობის გამომწვევი იყოს. ჩვენ ვთქვით, რომ ხშირად სწორედ ეს ხდის კვლევას სენსიტიურს და არა - ფოკუსში მოსახვედრი თემების შერჩევა. მკვლევრებმა უნდა იფიქრონ იმაზე, თუ რა მოსალდნელი ან შესაძლო გავლენა ექნება კვლევით პროექტს, პროცესს, შედეგებს, ანგარიშსა და გავრცელებას არა მარტო მათთვის, არამედ მონაწილეებისთვის, მათთან დაკავშირებული ადამიანებისთვის და კვლევაში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარისთვის (ანუ "შედეგების" ვალიდობა: კვლევის ეფექტები). ეს გვაფიქრებინებს, რომ მიზანშეწონილი იქნება, რომ განათლების სფეროში ყველა კვლევას სიფრთხილით მოვეპყრათ და პოტენციურად სენსიტიურად მივიჩნიოთ. მკვლევარმა შეიძლება, დასვას მთელი რიგი კითხვებისა კვლევების დაგეგმვასთან, წარმოებასთან, ანგარიშის წარდგენასა და გავრცელებასთან დაკავშირებით. ამ კითხვებს წარმოგიდგენთ 5.4. ჩანართში ჩანართი 5.4 განათლების სფეროში კვლევის განხილვისას დასასმელი ძირითადი კითხვები რა აქცევს კვლევას სენსიტიურად? რა ვალდებულებები აქვს მკვლევარს, ვის წინაშე და როგორ უნდა შეასრულოს ისინი? როგორ ვლინდება ეს ვალდებულებები? რა მოსალოდნელი შედეგები აქვს კვლევას (ყველა ეტაპზე) მონაწილეებისთვის (ინდივიდებისთვის და ჯგუფებისთვის), დაინტერესებული მხარეებისთვის, მკვლევრისთვის, საზოგადოებისთვის? ვისზე მოახდენს კვლევა გავლენას და როგორ? ვინ განიხილება კვლევის სამიზნედ? პასუხის გაცემისა და კონტროლის რა უფლებები აქვთ კვლევის მონაწილეებს? რა ეთიკური საკითხები დგება მეტი სიმწვავით კვლევაში? რა საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება მოუწიოს მკვლევარს კომპრომისზე წასვლა დაგეგმვის, ფოკუსის, ქცევის, შერჩევის, ინსტრუმენტების, მეთოდოლოგიის, სანდოობის, ანალიზის, ანგარიშგებისა და გავრცელების ეტაპებზე? რაზე შეიძლება და არ შეიძლება კომპრომისი? უსაფრთხოებისა და დაცვის (რისგან) რა ზომებია მიღებული კვლევაში, რა ვალდებულებებსა და კომპენსაციებს ითვალისწინებს კვლევა და ვისთვის? როგორ შეიძლება ამ საკითხების მოგვარება? ვისთვის არის კვლევა განკუთვნილი? ვის ეკუთვნის კვლევა? ვინ იგებს და ვინ აგებს (რა საკითხთან მიმართებაში) კვლევაში? რა რისკები და სარგებლები აქვს კვლევას და ვისთვის? რას "იძლევა" და აკეთებს კვლევა? ღიად უნდა დააფიქსიროს თუ არა მკვლევარმა საკუთარი ღირებულებები და დაუპირისპირდეს მათ, ვისაც არ ეთანხმება ან მიუღებლად მიაჩნია? რა შედეგები, უკუგება და უკურეაქცია შეიძლება ჰქონდეს კვლევას და ვისთვის? რა სანქციები შეიძლება უკავშირდებოდეს კვლევას? რაზე უნდა მოხდეს შეთანხმება საკონტრაქტო შეხვედრაზე და რა უნდა დარჩეს შეთანხმების მიღმა? რა გარანტიები უნდა მისცეს მკვლევარმა მონაწილეებს? მონიტორინგის და ანგარიშგების რა პროცედურები უნდა იყოს უზრუნველყოფილი კვლევაში? რა უნდა გამოაშკარავდეს ან რა - არა, რა შეიძლება ან არ შეიძლება გამოაშკარავდეს, რა შეიძლებოდა, რომ გამოაშკარავებულიყო, ან არ გამოაშკარავებულიყო კვლევაში? უნდა იყოს თუ არა კვლევა ფარული, ღია, ნაწილობრივ ფარული, პატიოსანი მიზნებზე საუბრისას? უნდა იყოს თუ არა ცნობილი, ვინ ვინ არის კვლევის მონაწილეებს შორის ან უნდა შეიძლებოდეს თუ არა მათი ამოცნობა კვლევის მონაცემების მიხედვით? რა ხდება მაშინ, როცა იდენტიფიკაცია გარდაუვალია? როგორ მოხდება წვდომისა და შერჩევის უზრუნველყოფა და რამდენად სათანადოდ? როგორ შენარჩუნდება წვდომა დროთა განმავლობაში? ვინ არიან გუშაგები და რამდენად სანდონი არიან ისინი? ეს კითხვები განამტკიცებენ "სიტუაციური" ეთიკის განხილვის მნიშვნელობას (Simons and Usher 2000), როგორც კონკრეტული სიტუაციებით განპირობებულის და არა, მეტწილად, ეთიკური კოდექსებითა და დირექტივებით. ამ თვალსაზრისით, განათლების სფეროში სენსიტიური კვლევა სხვა ნებისმიერ კვლევას ჰგავს, მაგრამ აქ უფრო მკვეთრად დგას ეთიკური საკითხები. ამასთან, სენსიტიურობასთან დაკავშირებული მრავალი კითხვის მიღმა ძალაუფლების პრეტენზიული საკითხი იმალება: ვის აქვს ის, ვის - არა, როგორ მოძრაობს კვლევის სიტუაციებში (და რა შედეგებით) და როგორ უნდა მოვეპყრათ მას. განათლების სფეროში სენსიტიური კვლევა ხშირად იმდენად არის ძალაუფლების თამაში, რამდენადაც ის მნიშვნელოვანია. მკითხველს ვურჩევთ, რომ განათლების სფეროში კვლევის დიდი ნაწილი სენსიტიურობის შემცველად მიიჩნიოს; საჭიროა ამის დანახვა და მასთან გამკლავება. ◄ წინა თავი მოდევნო თავი ► …
დაამატა ლაშა to სოციოლოგია at 4:50pm on ნოემბერი 17, 2016
თემა: სიმბოლური ინტერაქციონიზმი: სოციალური მოქმედება, როგორც "როლების ათვისების" პროცესი
სოციალური პრაქსისის თეორია? • 3. სიმბოლური ინტერაქცია - „როლების ათვისების“ პროცესი • 4. თვითობა: „me“ და „I” • 5. კრიტიკა • V თავის ძირითადი შინაარსი • დამოწმებული ლიტერატურა 1. შესავალი: სიმბოლური ინტერაქციონიზმის ძირითადი პრინციპები      სიმბოლური ინტერაქციონიზმი წარმოიშვა როგორც ფუნქციონალიზმის და სოციალურ სისტემათა თეორიის - განსაკუთრებით, პარსონსის სტრუქტურული ფუნქციონალიზმის - ალტერნატივა. პარსონსის სოციალური მოქმედების თეორიაში სოციალური აქტიორი მიზნებსა და საშუალებებს შორის არჩევანს ახორციელებს სოციალური ნორმების და კულტურული ღირებულებების საფუძველზე, რომელთა ინტერნალიზაციასაც ახდენს ინდივიდი სოციალიზაციის პროცესში. მართალია, პარსონსი იწყებს ერთეული აქტით და ინდივიდის ვოლუნტარიზმით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, პიროვნული სისტემა აღმოჩნდება დაქვემდებარებული სოციალური და კულტურული სისტემების მიმართ. როგორც ცნობილია, პარსონსი უპირატესობას ანიჭებს ინდივიდუალური შინაარსისაგან განყენებულ სისტემურ მიდგომას და აყალიბებს ეტალონურ ცვლადებს, რომლებიც განსაზღვრავენ სოციალურ მოქმედებას და ურთიერთობას საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ, სტრუქტურულ ფუნქციონალიზმს მაკროსოციოლოგიურ თეორიას უწოდებენ (იხ. Н. Смелзер. 1997: ).      ამისაგან განსხვავებით, სიმბოლური ინტერაქციონიზმი მიკროსოციოლოგიური თეორიაა. იგი უარს ამბობს სისტემურ მიდგომაზე და ანალიზის ფოკუსირებას ახდენს ერთეულ აქტებსა და მათ შორის ინტერაქციაზე. ინტერაქციონიზმისათვის სოციალური სისტემა არსებობს მხოლოდ ინდივიდუალურ აქტებზე გავლით და მათგან დამოუკიდებლად ფიქციას წარმოადგენს.      სიმბოლური ინტერაქციონიზმი ჩამოყალიბდა პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში. მისი წარმოშობა დაკავშირებულია ე.წ. „ჩიკაგოს სკოლასთან“, რომელმაც რამდენიმე ახალ სოციოლოგიურ მიმართულებას დაუდო სათავე. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქის სოციოლოგია და სიმბოლური ინტერაქციონიზმი. ამ უკანასკნელის ძირითად არქიტექტორს წარმოადგენს ჯორჯ ჰერბერტ მიდი, რომლის ნააზრევიც წარმოადგენს აღნიშნული მიმდინარეობის ყვალაზე გავლენიან გამოხატულებას. არსებობს სიმბოლური ინტერაქციონიზმის სხვა ფორმებიც. მათ შორის აღსანიშნავია „აიოვას სკოლა“ (მანფრედ კუნი), „როლების თეორია“ (რალფ ტერნერი), „დრამატურგიული მიდგომა“ (ერვინგ გოფმანი).      მოცემულ თავში განხილული იქნება ჯორჯ მიდის, ჯონ დიუის და ჰერბერტ ბლუმერის თვალსაზრისები.      ბლუმერი (1969: 2) ახასიათებს სიმბოლური ინტერაქციონიზმის სამ ძირითად წანამძღვარს:      1. ადამიანები საგნების მიმართ მოქმედებენ იმ მნიშვნელობების საფუძველზე, რომლებიც ამ საგნებს მათთვის აქვთ. საგნები მოიცავენ ყველაფერს, რისი აღნიშვნაც შესაძლებელია ადამიანურ სამყაროში: ფიზიკურ ობიექტებს (მაგ., ხეები, სკამები და ა.შ.); სხვა ადამიანებს (დედა, მაღაზიის მოხელე და სხვ.); ადამიანთა განსაზღვრულ კატეგორიებს (მეგობრები, მტრები და ა.შ.); ინსტიტუტებს (როგორიცაა მაგ., სკოლა ან მთავრობა); სახელმძღვანელო იდეებს (ინდივიდუალური დამოუკიდებლობა, პატიოსნება და ა.შ.); სხვათა საქმიანობებს (მათ ბრძანებებს და თხოვნას); სიტუაციებს (როგორიცაა მაგ., ინდივიდუალური შეჯახებები ყოველდღიურ ცხოვრებაში).      2. საგანთა მნიშვნელობები მიღებულია (წარმოქმნილია) სოციალური ინტერაქციებიდან, რომელთაც ადამიანები ერთმანეთთან ამყარებენ. სხვანაირად თუ ვიტყვით, საგანთა მნიშვნელობები წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული სოციალური ინტერაქციის პროდუქტს.      3. ეს მნიშვნელობები განიმარტება და მოდიფიცირდება ინტერპრეტაციული პროცესების წყალობით. ამ პროცესებს ინდივიდი იყენებს იმ საგნებთან მიმართებაში, რომლებსაც იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში ეჯახება.      მოკლედ დავახასიათოთ თითოეული წანამძღვარი:      1. ბლუმერის აზრით, ერთი შეხედვით მარტივი თვალსაზრისი, რომ ადამიანები საგნების მიმართ მოქმედებენ მათთვის მინიჭებული მნიშვნელობების საფუძველზე, იგნორირებულია ფსიქოლოგების და სოციოლოგების მიერ[1]. მნიშვნელობა ან განიხილება როგორც ის, რაც თავისთავად ნაგულისხმევია და, ამდენად, არ იმსახურებს ყურადღებას, ანდა ის მიიჩნევა მხოლოდ როგორც ნეიტრალური მაკავშირებელი, ერთი მხრივ, იმ ფაქტორებს, რომლებიც ადამიანის ქცევებს განსაზღვრავს და, მეორე მხრივ, იმ ქცევას შორის, რომელიც ამ ფაქტორების შედეგს წარმოადგენს. ორივე შემთხვევაში არსებობს ტენდენცია, რომ ადამიანის ქცევა იკვლიონ როგორც განსხვავებული ფაქტორების პროდუქტი. ფსიქოლოგებსა და სოციოლოგებს შორის განსხვავება მხოლოდ ფაქტორების არჩევანშია. ფსიქოლოგები აქცენტს სვამენ ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა სტიმულები, დამოკიდებულებები, ცნობიერი და არაცნობიერი მოტივები, წარმოდგენები და კოგნიციები და ა.შ. რაც შეეხება სოციოლოგებს, ისინი ნდობას უცხადებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სოციალური პოზიცია, სტატუსური ვალდებულებები, სოციალური როლები, კულტურული სტანდარტები, ნორმები და ღირებულებები, სოციალური ზემოქმედება და ა.შ. ორივე შემთხვევაში ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური ახსნა იგნორირებას ახდენს საგანთა მნიშვნელობების და ქცევას წარმოადგენს როგორც კერძო ფაქტორების ზემოქმედების პროდუქტს.      სიმბოლური ინტერაქციონიზმის პოზიცია, ბლუმერის (1969: 3) თანახმად, პრინციპულად განსხვავებულია: ათვლის წერტილს ამ შემთხვევაში წარმოადგენს საგანთა მნიშვნელობები, რომლებსაც ისინი ინდივიდებისაგან იძენენ.      2. რაც შეეხება მეორე ძირითად წანამძღვარს, რომელიც საგანთა მნიშვნელობების წარმოშობის წყაროს ეხება, ამ შემთხვევაში, არსებობს ორი ტრადიციული მიდგომა. ერთი მიდგომის თანახმად, მნიშვნელობა ჩაითვლება საგნების მიმართ შინაგანად (intrinsic), როგორც საგანთა ობიექტური შემადგენლობის ბუნებრივი ნაწილი. მაგალითად, სკამი არის სკამი თავისთავად, ღრუბელი არის ღრუბელი თავისთავად და ა.შ. წარმოადგენს რა საგნის ხელშეუვალ (ობიექტურ) მახასიათებელს, მნიშვნელობა საჭიროებს მხოლოდ გამოცალკევებას (გამოთავისუფლებას) ობიექტურ საგანზე დაკვირვების მეშვეობით. მნიშვნელობა ემანირებს საგნიდან და საჭიროა მხოლოდ გაცნობიერება, რომ იგი არსებობს საგანში. როგორც ბლუმერი (1969: 4) აღნიშნავს, მსგავსი მიდგომა ეხმიანება ფილოსოფიაში „რეალიზმის“ სახელით ცნობილ პოზიციას, რომელიც იდეათა ობიექტურ არსებობას ამტკიცებს. მეორე ტრადიციული მიდგომის თანახმად, მნიშვნელობა ჩაითვლება როგორც საგანზე ფსიქიკური „დამატება“, რომელიც მასში ინდივიდს შეაქვს. ეს დამატება წარმოადგენს ინდივიდის ფსიქიკური ორგანიზაციის შემადგენელ ელემენტებს: შეგრძნებებს, გრძნობებს, იდეებს, მეხსიერებას, მოტივებს და დამოკიდებულებებს („ატიტუდებს“). საგნის მნიშვნელობა არის სწორედ ამ ელემენტების გამოხატულება.      სიმბოლური ინტერაქციონიზმი, ბლუმერის თანახმად, მნიშვნელობას იკვლევს როგორც წარმოშობილს სრულიად განსხვავებული წყაროდან, ვიდრე ეს შეიძლება იყოს საგანთა შინაგანი ბუნების ემანაცია, ანდა პიროვნების ფსიქოლოგიურ ელემენტებთან გაერთიანება. ნაცვლად ამისა, ინტერაქციონიზმი ამტკიცებს, რომ მნიშვნელობა წარმოიშობა ადამიანებს შორის ინტერაქციის პროცესში. ინდივიდისათვის საგნის მნიშვნელობა ამოიზრდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი ადამიანი მოქმედებს მეორეს მიმართ საგნის მხედველობაში მიღებით. ამ დროს ინდივიდი ოპერირებს მოქმედებებით, რათა განსაზღვროს საგანი პიროვნებისათვის. ამრიგად, სიმბოლური ინტერაქციონიზმი მნიშვნელობას განიხილავს როგორც სოციალურ პროდუქტს, რომელიც ფორმირდება ინტერაქციაში ჩართულ ადამიანთა განსაზღვრული საქმიანობების მეშვეობით.      3. რაც შეეხება მესამე წანამძღვარს, ბლუმერი (1969: 5) ამ შემთხვევაშიც მიუთითებს სიმბოლური ინტერაქციონიზმის თავისებურებაზე სხვა მიდგომებისაგან განსხვავებით. იმის ხაზგასმა, რომ საგანთა მნიშვნელობები ფორმირდება სოციალური ინტერაქციის კონტექსტში, არ ნიშნავს, რომ ინდივიდის მიერ საგანთა მნიშვნელობის გამოყენება საკუთარ მოქმედებაში არ წარმოადგენს უფრო მეტს, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული (დადგენილი) მნიშვნელობების გამოწვევა და გამოყენებაა. ეს შეცდომა ბევრი მეცნიერის ხარვეზს წარმოადგენს. ისინი ვერ ხედავენ იმას, რასაც სიმბოლური ინტერაქციონიზმი ფუნდამენტურ მნიშვნელობას ანიჭებს - ადამიანთა მიერ მნიშვნელობების გამოყენება საკუთარ ქცევაში შესაძლებელია მხოლოდ ინტერპრეტაციული პროცესის მეშვეობით. ამ პროცესს აქვს ორი განსხვავებული საფეხური: პირველ საფეხურზე აქტიორი თავისთვის აღნიშნავს იმ საგნებს, რომელთა მიმართაც ის მოქმედებს. ინდივიდი საკუთარ თავს მიუთითებს იმ საგნებზე, რომელთაც აქვთ მნიშვნელობები. მსგავსი აღნიშვნების გაკეთება წარმოადგენს ინტერნალიზებულ სოციალურ პროცესს, რომლის დროსაც აქტიორი ინტერაქციას ამყარებს (ურთიერთობს) საკუთარ თავთან. ეს ინტერაქცია საკუთარ თავთან, ბლუმერის აზრით, უფრო განსხვავებულია, ვიდრე ფსიქოლოგიური ელემენტების ურთიერთქმედება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პიროვნება ჩართულია საკუთარ თავთან კომუნიკაციის პროცესში. მეორე საფეხურზე, საკუთარ თავთან კომუნიკაციის პროცესის წყალობით, ინტერპრეტაცია წარმოდგება მნიშვნელობათა განმარტების პროცესის სახით. აქტიორი არჩევს, ამოწმებს, ეჭვი შეაქვს, გადააჯგუფებს და სახეს უცვლის მნიშვნელობებს იმ სიტუაციის შესაბამისად, რომელშიც ის იმყოფება და იმ მოქმედების მიმართულებით, რომელსაც ასრულებს. შესაბამისად, ინტერპრეტაცია წარმოადგენს არა უბრალოდ ჩამოყალიბებულ (დადგენილ) მნიშვნელობათა ავტომატურ გამოყენებას, არამედ, ფორმაციის (შექმნის) პროცესს, რომელშიც მნიშვნელობები გამოიყენება და გადაისინჯება (გადამუშავდება) როგორც მოქმედების განხორციელების და მართვის ინსტრუმენტები. მაშასადამე, აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ მნიშვნელობები მოქმედებაში მონაწილეობენ თვითინტერაქციის პროცესის მეშვეობით.      ზემოთ აღნიშნული სამი წანამძღვრის საფუძველზე სიმბოლური ინტერაქციონიზმი განავითარებს (H. Blumer, 1969: 6) საზოგადოების და ადამიანის ქცევის ანალიტიკურ სქემას. ეს სქემა მოიცავს საფუძველმდებარე იდეებს, ანუ, როგორც ბლუმერი უწოდებს, „ფესვ-ხატებს“ („root images“). მათ შორის მოიაზრება შემდეგი: ა) ადამიანთა ჯგუფები ან საზოგადოებები; ბ) სოციალური ინტერაქცია; გ) ობიექტები; დ) ადამიანი როგორც აქტიორი; ე) ადამიანის მოქმედება და მოქმედების ხაზების ურთიერთკავშირი. ერთად აღებული, ეს „ფესვ-ხატები“ წარმოადგენს იმ გზას, რომლის მეშვეობითაც სიმბოლური ინტერაქციონიზმი განიხილავს საზოგადოებას და ადამიანის ქცევას.      მოკლედ დავახასიათოთ თითოეული მათგანი:      ა) ადამიანთა ჯგუფები ან საზოგადოება. ჯგუფი შედგება ადამიანებისაგან, რომლებიც ჩართულნი არიან მოქმედებაში. მოქმედება შედეგება მრავალრიცხოვანი აქტებისაგან, რომელთაც ინდივიდები მიმართავენ. ჯგუფის წევრთა ყოველდღიური ცხოვრების გზები გადაკვეთს ერთმანეთს, რაც სხვადასხვა დაპირისპირებულ სიტუაციას წარმოქმნის. ინდივიდებს შეუძლიათ იმოქმედონ მარტო, კოლექტიურად, ანდა, სხვა ჯგუფის სასარგებლოდ. აქედან ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ: ადამიანთა ჯგუფები ან საზოგადოება არსებობს მხოლოდ მოქმედებაში და დანახულ უნდა იქნას მხოლოდ მოქმედების მნიშვნელობით. ბლუმერი მიიჩნევს, რომ საზოგადოების ასეთი სურათი ამოსავალი უნდა იყოს ნებისმიერი სქემისათვის, რომელიც მიზნად ისახავს, ემპირიულად იკვლიოს და გაანალიზოს საზოგადოება. საზოგადოების ნებისმიერი გაგება - საზოგადოება როგორც კულტურა და როგორც სოციალური სტრუქტურა - უნდა დაეყრდნოს იმ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოებულია ადამიანთა ერთმანეთის მიმართ ემპირიული მოქმედების საფუძველზე. ნებისმიერი ემპირიულად ვალიდური სქემა შეთავსებადი უნდა იყოს ადამიანთა სოციალური მოქმედების ბუნებასთან.      ბ) სოციალური ინტერაქციის ბუნება. ბლუმერი (1969, 7) თვლის, რომ ჯგუფის ცხოვრება აუცილებლად გულისხმობს ჯგუფის წევრებს შორის ინტერაქციას. ეს ზუსტად იგივეა თუ ვიტყვით, რომ საზოგადოება შედგება ერთმანეთთან ინტერაქციაში მყოფი ინდივიდებისაგან. სიმბოლური ინტერაქციონიზმისათვის სოციალური ინტერაქციის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი წარმოადგენს პროცესს, რომელიც აყალიბებს (ქმნის) ადამიანის ქცევას, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ იყოს ადამიანთა ქცევის რელიზაციისა და გამოხატვის საშუალება. მარტივად რომ ითქვას, ერთმანეთთან ინტერაქციის პროცესში ჩართულ ადამიანებს უხდებათ მხედველობაში იქონიონ ის, თუ რას აკეთებენ სხვები და საკუთარი ქცევა მიმართონ, ანდა საკუთარი სიტუაციები მართონ სხვათა ქმედებების გათვალისწინებით. ამრიგად, სხვათა საქმიანობები წარმოადგენს პოზიტიურ ფაქტორს ინდივიდებისათვის საკუთარი ქცევის ფორმაციის პროცესში. სხვათა ქცევების პირისპირ ინდივიდმა შეიძლება უარი თქვას საკუთარ განზრახვებზე ან მიზნებზე, მოახდინოს მათი რევიზია, ეჭვი შეიტანოს ან შეამოწმოს, გააძლიეროს ან შეცვალოს ისინი. ინდივიდი იძულებულია შეუსაბამოს ქცევის საკუთარი მსვლელობა სხვათა მოქმედებებს. ამაში მდგომარეობს სწორედ სოციალური ინტერაქციის არსი. აქედან გამომდინარე, ბლუმერი (1969: 9) ამტკიცებს, რომ სოციალურ ინტერაქციაში ჩართული ინდივიდები იძულებულნი არიან აითვისონ ერთმანეთის როლები. იმისათვის, რათა ინდივიდმა მიუთითოს სხვას, თუ რა გააკეთოს, მან ეს მითითება ამ „სხვის“ თვალთახედვის გათვალისწინებით უნდა განახორციელოს. მოვიყვანოთ მაგალითი: იმისათვის, რათა მძარცველმა თავის მსხვერპლს უბრძანოს ხელების თავს ზემოთ აწევა, მან უნდა „დაინახოს” მისი პასუხი იმ სახით, როგორც ამას მსხვერპლი აკეთებს. შესაბამისად, მსხვერპლმა მის მიმართ ნათქვამი ბრძანება უნდა „დაინახოს“ მძარცველის პოზიციიდან, ანუ იგი უნდა მიხვდეს მძარცველის განზრახვას და მის შემდგომ მოქმედებას. როლების ამგვარი ორმხრივი ათვისება წარმოადგენს კომუნიკაციის sine qua non და ეფექტურ სიმბოლურ ინტერაქციას.      გ) ობიექტთა ბუნება. ბლუმერის თანახმად, სიმბოლური ინტერაქციონიზმი აღიარებს, რომ ის „სამყარო“, რომელიც ადამიანებისათვის ანდა ჯგუფებისათვის არსებობს, შედგენილია „ობიექტებისაგან“ და რომ ეს ობიექტები წარმოადგენს სიმბოლური ინტერაქციის პროდუქტს. ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, რაზეც შეიძლება მიეთითოს (indicated), რაც აღინიშნება, ანდა რასთანაც შეიძლება შეხება გვქონდეს - წიგნი, ღრუბელი, საკანონმდებლო ხელისუფლება, ბანკირი, რელიგიური დოქტრინა და ა.შ. მოსახერხებელია, ობიექტები დაიყოს სამ კატეგორიად (H. Blumer, 1969: 10-11): ა) ფიზიკური ობიექტები, როგორიცაა სკამები, ხეები და ა.შ. ბ) სოციალური ობიექტები, მაგალითად, სტუდენტები, სასულიერო პირები, პრეზიდენტი, დედა, მეგობრები და სხვ. გ) აბსტრაქტული ობიექტები, როგორიცაა მორალური პრინციპები, ფილოსოფიური დოქტრინები, ანდა სამართლის, ექსპლოატაციის, თანაგრძნობის და სხვ. იდეები. ნებისმიერი ობიექტის ბუნება გულისხმობს იმას, რომ იგი შეიცავს მნიშვნელობას, რომელსაც ობიექტი ფლობს იმ ადამიანისათვის, რომლისთვისაც იგი ობიექტს წარმოადგენს. მნიშვნელობა ადგენს იმ გზას, რომელზეც ინდივიდი „ხედავს“ ობიექტს, ემზადება მის მიმართ მოქმედებისათვის და შესაძლებლობა ეძლევა მასზე რეფლექსია მოახდინოს. ერთ ობიექტს შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდეს სხვადასხვა ინდივიდისათვის: ხე განსხვავებული ობიექტი იქნება ბოტანიკოსისათვის, ტყის მჩეხავისათვის, პოეტისათვის, მებაღისათვის. რას ნიშნავს, რომ ობიექტები სოციალური ინტერაქციის პროდუქტს წარმოადგენს? ბლუმერი ხაზს უსვამს, რომ ობიექტთა მნიშვნელობები ინდივიდისათვის წარმოიქმნება იმ სახით, როგორც ამას მისთვის განსაზღვრავენ სხვები, ვისთანაც ინდივიდი ურთიერთობს. ამრიგად, სხვათა მითითებების (indications) მეშვეობით ჩვენ ვსწავლობთ, რომ სკამი არის სკამი, რომ ექიმები გარკვეულ პროფესიას ფლობენ, რომ აშშ-ს კონსტიტუცია ლეგალური დოკუმენტია და სხვ. მხოლოდ ორმხრივი მითითების შედეგად ჩნდება საერთო ობიექტები, რომელთაც აქვთ იგივეობრივი მნიშვნელობა ადამიანთა გარკვეული ერთობლიობისათვის.      ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბლუმერი (1969: 11-12) დაასკვნის: ა) ობიექტები გვაძლევს განსხვავებულ სურათს ადამიანთა გარემოს შესახებ. სხვანაირად, ადამიანური გარემო შედგება მხოლოდ იმ ობიექტებისაგან, რომელთაც ეს ადამიანები აღიარებენ და იცნობენ. ადამიანური გარემო არსებობს როგორც მნიშვნელობათა სამყარო, რომელსაც ობიექტები ფლობენ სწორედ ადამიანთა წყალობით. ამდენად, ადამიანებს და ჯგუფებს, რომლებიც ერთ სივრცით არეალში ცხოვრობენ, შესაძლოა, ერთმანეთისაგან ძალზე განსხვავებული გარემო ჰქონდეთ. ამას ბლუმერი სხვადასხვა „სამყაროში“ ცხოვრებასაც უწოდებს; ბ) ობიექტები, მათი მნიშვნელობების გათვალისწინებით, უნდა განიხილებოდეს როგორც სოციალური ნაწარმოებნი (შემონაქმედნი), რამდენადაც ისინი ფორმირდებიან ინტერპრეტაციის პროცესში, რომელიც ადამიანთა შორის სოციალური ინტერაქციის დროს მიმდინარეობს. ნებისმიერი ობიექტის მნიშვნელობა ექვემდებარება ფორმირებას, შესწავლას და გადაცემას მითითების სოციალური პროცესის წყალობით. ობიექტებს არა აქვთ რაიმე უცვლელი სტატუსი, ისინი „სტატუსს“ - მნიშვნელობას იძენენ სწორედ მითითების და განსაზღვრის მეშვეობით, ხოლო, ეს უკანასკნელი პროცესები რელატიურია და ცვალებადი. მაგ., ვარსკვლავი ცაში წარმოადგენს სრულიად განსხვავებულ ობიექტს თანამედროვე ასტროფიზიკოსისათვის, ვიდრე ის იყო, ვთქვათ, ბიბლიური დროის მწყემსისათვის; ქორწინება განსხვავებულ ობიექტს წარმოადგენდა გვიანდელი რომაელისათვის, ვიდრე ძველი რომის საზოგადოების წევრისათვის.      დ) ადამიანი როგორც მოქმედი სუბიექტი. ბლუმერის თანახმად, სიმბოლური ინტერაქციონიზმი აღიარებს, რომ ადამიანთა ბუნება უნდა შეესაბამებოდეს სოციალური ინტერაქციის ბუნებას. ადამიანი განხილულ უნდა იქნას როგორც ორგანიზმი, რომელიც არა მხოლოდ არასიმბოლურ დონეზე პასუხობს სხვებს, არამედ მითითებებს ახდენს სხვებზე და მათი მითითებების ინტერპრეტაციასაც ახდენს. როგორ ახერხებს ამას ადამიანი? ბლუმერი იმოწმებს ჯორჯ მიდს, რომლის მიხედვითაც, სოციალური ინტერაქციის შესაძლებლობას განაპირობებს ის, რომ ინდივიდები ფლობენ „თვითობას“ („self“). ეს, უბრალოდ, ნიშნავს იმას, რომ ადამიანს შეუძლია იყოს საკუთარი თავის ობიექტი: შეუძლია შეიმეცნოს (გააცნობიეროს) საკუთარი თავი, მაგალითად, რომ იგი არის მამაკაცი, ახალგაზრდა, სტუდენტი, მაღალი ფენის ოჯახის წარმომადგენელი, ექიმობის პროფესიის დაუფლების მოსურნე და ა.შ. ყველა ამ შემთხვევაში ინდივიდი არის საკუთარი თავის ობიექტი, მოძრაობს საკუთარი თავის მიმართულებით და საკუთარ თავს აკონტროლებს სხვებთან მიმართებააში. მაგრამ, საკუთარი თავის ობიექტად ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ სოციალური ინტერაქციის წყალობით. უფრო ზუსტად: იმისათვის, რათა გახდეს საკუთარი თავის ობიექტი, ინდივიდმა იგი უნდა დაინახოს „გარედან“, ანუ, საკუთარი თავი უნდა ჩააყენოს სხვათა პოზიციაში და ამ პოზიციიდან „შეხედოს“ საკუთარ თავს. ეს სხვა არაფერია, თუ არა ინდივიდის მიერ სხვათა როლების ათვისების პროცესი.[2] ბლუმერი (1969: 13-14) კიდევ ერთი კუთხით ახასიათებს ინდივიდის მიერ საკუთარ თავთან ურთიერთობის ფენომენს: თვითინტერაქცია არსებობს როგორც საკუთარ თავზე მითითებების გაკეთების და ამ მითითებებზე პასუხის გაცემის პროცესი. რაიმეზე მითითებების გაკეთება, როგორც ადრე გავარკვიეთ, ამ რაიმეს ობიექტად ყოფნას გულისხმობს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ყოველთვის შეიცავს მნიშვნელობას. შესაბამისად, საკუთარ თავზე მითითება, მისთვის რაიმე მნიშვნელობის მინიჭებას გულისხმობს, ეს კი სხვათა როლების ათვისების მეშვეობით ხორციელდება.      ე) ადამიანის მოქმედების ბუნება. ბლუმერის თანახმად, ადამიანის უნარი, მიუთითოს საკუთარ თავზე, სპეციფიკურ დატვირთვას აძლევს მის მოქმედებას. ინდივიდის მოქმედება არ არის უბრალოდ პასუხი მასზე მოქმედი ფაქტორების ზემოქმედებაზე. ინდივიდი მუდმივად უპირისპირდება იმ სამყაროს, რომლის ინტერპრეტაციაც უნდა განახორციელოს. ინტერპრეტაციის პროცესში იგი ეჯახება სიტუაციებს, რომელშიც უწევს მოქმედება, ახდენს რა სხვათა მოქმედებების მნიშვნელობების განსაზღვრას და მოქმედების საკუთარი გზის დაგეგმვას. ამდენად, ინდივიდი იძულებულია, „ააგოს“ და გაუძღვეს საკუთარ მოქმედებას და არ დაკმაყოფილდეს მხოლოდ ზემომქმედ ფაქტორებზე რეაქციებით. ადამიანის მოქმედება მხედველობაში იღებს განსხვავებულ საგნებს, რომელთაც იგი აღნიშნავს და ქცევის იმ გეზს, რომლის საფუძველზეც ახდენს საგანთა ინტერპრეტაციას. საგნები, რომელთაც ინდივიდი მხედველობაში იღებს, შეესაბამება მის სურვილებს, მიზნებს, მიზანთა მიღწევის არსებულ საშუალებებს, სხვათა ნავარაუდევ მოქმედებებს, ინდივიდის წარმოდგენას საკუთარ თავზე და მოქმედების მოცემული გზის მოსალოდნელ შედეგებს. ადამიანის ქცევა ფორმირდება და იმართება მითითების და ინტერპრეტაციის პროცესების წყალობით. ამ პროცესში მოქმედების ესა თუ ის გზა იწყება, ან, პირიქით, წყდება, გადაიდება, შეიცვლება…და ა.შ.      ადამიანის მოქმედების შესახებ ეს თვალსაზრისი თანაბარი წარმატებით გამოიყენება ერთობლივი ან კოლექტიური მოქმედების შემთხვევაში, რომელშიც ადამიანთა განსაზღვრული რიცხვია ჩართული. ამ ტიპის მოქმედებები სოციოლოგიის ინტერესების სფეროში შემოდის ჯგუფური ქცევის, ინსტიტუტების, ორგანიზაციების და სოციალური კლასების სახით. სოციეტალური ქცევის მსგავსი დონეების ფარგლებში ინდივიდები ერთმანეთს უთანადებენ მოქმედებების მსვლელობას. ამ შემთხვევაში ინტეპრეტაციული პროცესი ხორციელდება მონაწილეების მიერ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ერთმანეთის ქცევებზე მითითებით.      ვ) მოქმედების ურთიერთკავშირი. როგორც აღინიშნა, ადამიანთა ჯგუფების არსებობის წესი გულისხმობს მოქმედების მსვლელობათა შესაბამისობას ერთმანეთთან, რასაც ჯგუფის წევრები ახდენენ. მოქმედების გზათა მსგავსი შეერთება ქმნის „ერთობლივ მოქმედებას“ - სხვადასხვა ინდივიდების განსხვავებულ ქცევათა სოციეტალურ ორგანიზაციას. ერთობლივ მოქმედებასთან საქმე გვაქვს, როდესაც ლაპარაკია, მაგალითად, ქორწინებაზე, სავაჭრო გარიგებაზე, საპარლამენტო დისკუსიაზე, ანდა საეკლესიო მომსახურებაზე. მსგავსად ამისა, შეიძლება ვილაპარაკოთ ერთობლივ მოქმედებაში ჩართულ კოლექტივებზე, მათი ინდივიდუალური წევრების იდენტიფიკაციის მოთხოვნის გარეშე. ასეთ კოლექტივებს წარმოადგენს ოჯახი, ბიზნესის კორპორაცია, უნივერსიტეტი, ერი და სხვ.      ბლუმერი (1969: 17-18) გვთავაზობს სამ დაკვირვებას, რომლებიც მოქმედების ურთიერთკავშირის იმ ფორმას ეხება, რაც ერთობლივ მოქმედებას აყალიბებს. პირველი ის არის, რომ ერთობლივი მოქმედება წარმოადგენს განმეორებადს და სტაბილურს. საზოგადოებაში სოციალური მოქმედების დომინანტურ ნაწილს წარმოადგენს სწორედ ერთობლივი მოქმედების განმეორებადი მოდელები. უმრავლეს სიტუაციაში, როდესაც ადამიანები ერთმანეთის მიმართ მოქმედებენ, მათ აქვთ წინასწარ ჩამოყალიბებული გაგება იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ თავად და იმისაც, თუ როგორ მოიქცევიან სხვა ადამიანები. საზოგადოების წევრები იზიარებენ საერთო და წინასწარ განსაზღვრულ მნიშვნელობებს, რომელთა დაცვის მოლოდინიც სხვა წევრთა მხრიდან არსებობს. შესაბამისად, ერთობლივი მოქმედების თითოეულ წევრს შეუძლია მართოს საკუთარი ქცევა საერთო მნიშვნელობების საფუძველზე. ცნებები „კულტურა“ და „სოციალური წესრიგი“ სწორედ ერთობლივი მოქმედების შინაარსს ატარებენ. სოციოლოგიური სქემები ეყრდნობიან რწმენას, რომ საზოგადოების არსებობის წესი გულისმობს ცხოვრების დადგენილი წესის მიყოლას, რომელიც ეფუძნება კანონების, ღირებულებების და სანქციების ნაკრებს. თუმცა, როგორც ბლუმერი მიუთითებს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ერთობლივი მოქმედების ფარგლებში არ წარმოიშობა ახალი სიტუაციები. ახლის წარმოშობა მუდმივი პროცესია, რომელსაც ყოველთვის ახლავს პრობლემები, რამდენადაც არსებული წესების მიმართ არაადექვატურია. უფრო მეტი: იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმე გვაქვს წინასწარ განსაზღვრულ და განმეორებად ერთობლივ მოქმედებასთან, მისი ყოველი ცალკეული შემთხვევა ხელახალ ფორმირებას (განახლებას) მოითხოვს აღნიშვნის და ინტერპრეტაციის პროცესების მეშვეობით.      მოქმედებათა ურთიერთკავშირზე მეორე დაკვირვება, რაც ერთობლივ მოქმედებას აყალიბებს, ეხება (H. Blumer, 1969: 19) მოქმედებათა გაფართოებულ კავშირს (extended connection), რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ჯგუფის არსებობას. აქ იგულისხმება მოქმედების ფართო და კომპლექსური ქსელები, რომლებიც შეიცავენ განსხვავებული ადამიანების განსხვავებულ მოქმედებათა ურთიერთკავშირს და ურთიერთდამოკიდებულებას. ამის მაგალითს წარმოადგენს შრომის განაწილების ქსელური მექანიზმი, რომელიც გაშლილია ფერმერის მიერ მარცვლეულის მოყვანიდან, ვიდრე მაღაზიაში პურის გაყიდვამდე. ასეთი ფართო ქსელი ადასტურებს, რომ ჯგუფის ცხოვრებას სიტემური ხასიათი აქვს.      მესამე დაკვირვება, ბლუმერის (1969: 20) თანახმად, მდგომარეობს იმაში, რომ ერთობლივი მოქმედების ნებისმიერი შემთხვევა, ახლად ფორმირებული თუ დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული, აუცილებლად წარმოიშობა ჯგუფის წევრთა წინა მოქმედებების ფონზე. ინდივიდები, რომლებიც ჩართულნი არიან ახალი ერთობლივი მოქმედების ფორმირებაში, ყოველთვის შეიარაღებულნი არიან ობიექტებით, მნიშვნელობების ნაკრებით და ინტერპრეტაციის სქემებით, რომლებსაც ისინი უკვე ფლობენ. ეს მათი გამოცდილებაა, როგორც წინა ერთობლივი მოქმედების პროდუქტი. ეს უკანასკნელი იქცევა იმ კონტექსტად, რომელთანაც კავშირშია ახალი ერთობლივი მოქმედების ფორმირება. ყველაზე უფრო რადიკალურად განსხვავებულ და სტრესულ სიტუაციებშიც კი, როდესაც ინდივიდებს უწევთ განავითარონ ერთობლივი მოქმედების ახალი ფორმები, რომლებიც შესამჩნევად განსხვავდება იმისაგან, რაშიც ისინი ადრე იყვნენ ჩაბმულნი - გარკვეული კავშირები და უწყვეტობა მაინც არსებობს, რომელთა გათვალისწინების გარეშე ახალი ფორმების გაგება შეუძლებელია. ამრიგად, ბლუმერის აზრით, ერთობლივი მოქმედება ყოველთვის გამოხატავს არა მხოლოდ ჰორიზონტალურ კავშირებს ჯგუფის წევრთა ქმედებებში, არამედ, ვერტიკალურ კავშირებსაც წინა ერთობლივ მოქმედებებთან.      ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, ბლუმერი (1969: 20-21) ახდენს შეჯამებას: სიმბოლური ინტერაქციონიზმი საზოგადოებას განიხილავს როგორც სოციალური ცხოვრებას, რომელიც ურიცხვ მოქმედებათა პროცესების ასპარეზია. ამ პროცესის მონაწილე ინდივიდები მრავალრიცხოვან სიტუაციებში (რომლებთანაც უწევთ შეჯახება) განავითარებენ მოქმედების საკუთარ გეზს. თუმცა, აქტიორები მონაწილეობენ ინტერაქციის ფართო პროცესში, რომელიც მათგან ითხოვს მოქმედების შეთანადებას სხვებთან. ინტერაქციის პროცესი მოიცავს სხვებზე მითითებების გაკეთებას და სხვების მიერ გაკეთებული მითითებების ინტერპრეტაციას. აქტიორები ცხოვრობენ ობიექტთა სამყაროში და თავიანთ მოქმედებებში იმართებიან ამ ობიექტთა მნიშვნელობებით. ობიექტები ფორმირდებიან და ტრანსფორმირდებიან სოციალური ინტერაქციის პროცესში. ეს ზოგადი პროცესი დიფერენცირებულად უნდა განიხილებოდეს იმასთან კავშირში, რომ ადამიანები დაყოფილები არიან სხვადასხვა ჯგუფებად, ეკუთვნიან სხვადასხვა გაერთიანებებს და იკავებენ განსხვავებულ პოზიციებს. შესაბამისად, ისინი ერმანეთთან დიფერენცირებულად ურთიერთობენ, განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ და მნიშვნელობათა განსხვავებულ ნაკრებს იყენებენ საკუთარი მოქმედებების სახელმძღვანელოდ. ამის მიუხედავად, შესაძლებელია ფორმირდეს ის, რასაც კოლექტივი და მისი საქმიანობა გულისხმობს. ეს შესაძლებელია აღნიშვნის და ინტერპრეტაციის პროცესების წყალობით. 2. სიმბოლური ინტერაქციონიზმი - სოციალური პრაქსისის თეორია?      თუ გავითვალისწინებთ მოქმედების თეორიების იმ კლასიფიკაციას, რომელიც მათ საკუთრივ სოციალური მოქმედების, ხოლო, მეორე მხრივ, პრაქსისის თეორიებად ჰყოფს, ამ კლასიფიკაციის მომხრენი (I. J. Cohen), სიმბოლური ინტერაქციონიზმის მიდგომას მიიჩნევენ პრაქსისის თეორიის პირველ გამოკვეთილ ინდიკატორად. ეს პოზიცია შემდეგნაირად საბუთდება (I. J. Cohen, 2000: 83-84 ): როდესაც ვებერი „მოქმედებას“ განსაზღვრავს, როგორც სუბიექტური საზრისის მატარებელ ქცევას, ეს განსაზღვრება მხედველობაში არ იღებს ქცევის სხვა განზომილებას, კერძოდ, ქცევის შესრულებას (პერფორმაციას) ან ქმნადობას. სოციალური მოქმედების თეორია ეხება იმას, თუ რა მნიშვნელობას გულისხმობენ აქტიორები მათ ქმედებებში, ხოლო პრაქსისის თეორია ეხება იმას, თუ როგორ აკეთებენ აქტიორები იმას, რაც ხდება. მოქმედების მნიშვნელობის ნაცვლად, პრაქსისი აქცენტს სვამს მოქმედების მსვლელობაზე.      დეკარტეს ცნობილი პრინციპიდან - „ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ“ - მოყოლებული, მოქმედების სუბიექტური თეორიები გადაჭარბებულ პრივილეგიას ანიჭებენ ცნობიერებას (გონებას). პრაქსისის თეორიტოკოსებს სურთ დაასაბუთონ, რომ ადამიანის გონებას არ შეუძლია ჰქონდეს მოქმედების მართვის შეუზღუდავი და სუვერენული ძალაუფლება. ეს პოზიცია პირველად, ყველაზე გამოკვეთილი სახით სწორედ სიმბოლურ ინტერაქციონიზმში, კერძოდ, ჯონ დიუისთან და ჯორჯ ჰერბერტ მიდთან გამჟღავნდა. დიუი და მიდი პრაგმატისტები არიან. პრაგმატიზმის მიხედვით, სოციალური აქტიორი, იმისათვის რათა იმოქმედოს, უნდა იყოს განსხეულებული (embodied). სწორედ ამას ივიწყებენ სოციალური მოქმედების თეორიტიკოსები, ამტკიცებენ რა, რომ გონება სხეულზე მეტია. მაშასადამე, პრაგმატისტებისათვის ამოსავალია არა „ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ“, არამედ ის, რომ ინდივიდები მოქმედებენ მათი სხეულების მეშვეობით, რომელზეც რეაგირებს გარესამყარო, ხოლო გონება ახდენს ამ რეაქციის რეგისტრაციას და პასუხობს მას. სხეული და გონება წარმოადგენს ორ განსხვავებულ ფაზას მოქმედების განვითარებაში.      პრაგმატული თეორია სოცილურ ქცევას „ამაგრებს“ სიტუაციებზე. სიტუაცია წარმოადგენს კონტექსტს განსხვავებულ ქცევათა შესაძლებლობებისათვის. ეს სიტუაციები ინდივიდის სხეულებზე „გადის“, უფრო ზუსტად, უკავშირდება ინდივიდის ორგანულ და კუნთოვან (მუსკულატურ) რეაქციებს, რომელთაც ინახავს მეხსიერება. ნებისმიერი სიტუაცია, რომელშიც კი აქტიორი ერთვება, დაკავშირებულია სხეულებრივი რეაქციების - დაძაბულობის, აღგზნების, ყოყმანის, მგძნობელობის და ა.შ. - ნაკრებთან. ეს არის ე. წ. „წინაკოგნიტური“ მოლოდინები იმისა, თუ რა მოხდება და როგორი იქნება ინდივიდის მოქმედება. მაგალითად, ლექტორი, როდესაც იგი აუდიტორიაში ლექციის წასაკითხად ემზადება, განიცდის ფიზიკურ შფოთვას (მოუსვენრობას). ანდა, მელომანი გრძნობს ფიზიკურ აღელვებას, ვიდრე მისი საყვარელი არიის შესრულება დაიწყება.      მაგრამ, როგორც თანამედროვე პრაგმატისტები (H. Joas, 1992: 133) მიუთითებენ, სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთი წინაკოგნიტური მოლოდინები არ ასრულდეს. მაგალითად, ლექტორმა, რომელიც ელოდება აუდიტორიაში წარმატებით გამოსვლას, შესაძლოა, ფრუსტრაცია განიცადოს იმის გამო, რომ თავისი ჩანაწერების წამოღება დაავიწყდა; მელომანს შეიძლება იმედი გაუცრუვდეს იმის გამო, რომ მისი საყვარელი არია ცუდად შესრულდა. თუმცა, მოლოდინების იმედგაცრუება ხსნის ახალ შესაძლებლობებს ახალი ტიპის რეაქციებისათვის, რაც შემოქმედებითობის საფუძველს წარმოადგენს. პრაგმატისტები ამას „სიტუაციურ შემოქმედებითობას“ („situated creativity“) უწოდებენ. დავუბრუნდეთ იგივე მაგალითს: ლექტორმა შეიძლება ლექციის იმპროვიზაციას მიმართოს, ხოლო მელომანის რეაქცია წარმოდგენის მიმართ კრიტიკულ შენიშვნებში გამოიხატოს. შემოქმედებითობა თავს იჩენს სწორედ მაშინ, როდესაც მოცეულ სიტუაციაზე რუტინული რეაქციები არაადექვატურად გამოიყურება და სიტუაციის მოულოდნელი განვითარება ინდივიდის გონებრივი და წარმოსახვითი უნარების დაძაბვას იწვევს ადექვატური რეაქციის უზრუნველსაყოფად. ამგვარი განახლება (ანუ ახალ კალაპოტში „გადაწყობა“) არ ხდება სხეულებრივი რეაგირებისაგან დამოუკიდებლად. ინდივიდი გრძნობს ფიზიკურ დაძაბულობას, როდესაც ქმედება არ არის მოლოდინის შესატყვისი, მისი სხეული ეძებს „გასაღებს“ მოვლენათა ახალი განვითარებისათვის და გრძნობს შვებას, როდესაც მას ღმოაჩენს. მაშასადამე „სიტუაციური შემოქმედებითობა“ მოიცავს ორივეს - სხეულს და გონებას.      ისმის კითხვა: ის, რაც პრაგმატისტების მიერ მოქმედების განსხეულებაზე ითქვა, რა კავშირშია „სიმბოლური ინტერაქციონიზმის“ თვალსაზრისთან? მიდი და დიუი ტერმინს „ინტერაქცია“ რამდენადმე არაორთოდოქსული გზით იყენებენ. კერძოდ, ეს ტერმინი მათთან მოიხმარება გაცილებით ფართო (განზოგადებული) მნიშვნელობით, ვიდრე, ვთქვათ, ბლუმერთან, რომელიც ინტერაქციას მოიაზრებს, როგორც პირისპირ (face to face) ქცევას. დიუი და მიდი აღნიშნულ ტერმინს განიხილავენ როგორც „შეგუების“ (accommodation) და „ადაპტაციის“ სინონიმს და მისით აღნიშნავენ ყველა ტიპის არსებულთა შორის ურთიერთობას, დაწყებული ატომებიდან და უჯრედებიდან, ვიდრე საზოგადოების წევრებამდე (Dewey, 1925: 145). მაშასადამე, ინტერაქციის პროცესში ჩართულია როგორც ბუნებრივი, ისე სოციალური სამყაროს ძალები. ამ თვალსაზრისით, ინტერაქციის გაგება უახლოვდება ადაპტაციის ევოლუციური თეორიისათვის (დარვინი) დამახასიათებელ გაგებას, რომლის თანახმადაც ადამიანები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახეობები, ისწრაფვიან, განახორციელონ თავიანთი ქცევის ადაპტირება იმ ზომით, რომ მიაღწიონ სტაბილურ და კოორდინირებულ თანამშრომლობას ყველასთან, ვისთანაც მოცემულ სიტუაციაში უწევთ ურთიერთობა.      ინტერაქციის უნივერსალურობის დასამტკიცებლად მიდი (1934: 185) გვთავაზობს მაგალითს, რომელიც ააშკარავებს ურთიერთობას, რაც ადამიანსა და ბუნებრივ ძალებს შორის შეიძლება არსებობდეს: ინჟინერი, რომელიც აგებს ხიდს, ურთიერთობს, „საუბრობს“ ბუნებასთან ისევე, როგორც სუბიექტი სუბიექტთან, განიცდის გარკვეულ ფიზიკურ ზეწოლას (ზემოქმედებას) და დაძაბულობას. ისინი მომდინარეობს ხიდისაგან, რაც სხვა არაფერია, თუ არა „პასუხი“ (რეაქცია) ინჟინრის მოქმედებაზე. ინჟინერის მარეგულირებელი მოქმედებების კვალად, ხდება დაძაბულობის შენელება და ცვლილებების მიმართ შეგუება. საბოლოო ჯამში, ხიდისაგან გამოწვეული დაძაბულობა აღწევს იმ დონეს, რომელიც აკმაყოფილებს ინჟინერს და უზრუნველყოფს სტაბილურობას - ბუნებასთან კოოპერაციას. ცხადია, ამ შემთხვევაში საქმე არა გვაქვს სრულყოფილ ადამიანურ ინტერაქციასთან. ინჟინერი, როგორც აქტიორი, უნდა განვასხვავოთ ხიდისაგან, როგორც ობიექტისაგან, რომელიც მოკლებულია რაიმე მენტალურ უნარს სიტუაციის გასაცნობიერებლად. ამდენად, ხიდის „რეაქცია“ ინჟინრის ქმედებებზე წმინდა მექანიკური ხასიათისაა. მიუხედავად ამისა, მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ინტერაქციასთან, რამდენადაც არსებობს ზემოქმედების და რეაგირების პროცესი, არსებობს დაძაბულობის ფაქტორი და მისი მოხსნის ძალისხმევა, როგორც ინდივიდის მარეგულირებელი მოქმედება, რაც ადაპტაციის აუცილებელ დონეს უზრუნველყოფს. მაშასადამე, ინტერაქციის ცნება დიუისთან და მიდთან აღნიშნავს რეგულირების ყველა ფორმას და არა მხოლოდ იმ ფორმებს, რომლებშიც მარტოოდენ ცნობიერი რეაქციებია ჩართული.      რაც შეეხება წმინდა ადამიანურ ინტერაქციას, იგი ასეთად იქცევა ადამიანის მენტალური უნარების წყალობით, როგორიცაა განსჯა, წარმოსახვა, რეფლექსია და ა.შ. აღნიშნული უნარები უზრუნველყოფს განსხვავებულ სიტუაციებზე კონტროლს და მათი რეგულირების უნიკალურ შესაძლებლობებს. პრაგმატისტები ამას ინტერაქციის მენტალურ ფაზას უწოდებენ, როდესაც ქცევაში ჩართულია ცნობიერება (გონება).      თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ინტერაქცია მხოლოდ ცნობიერ ხასიათს ატარებს და მის ფარგლებში არ მოიძებნება ადგილი ჩვეულებებისათვის (habits). ინტერაქციონისტები, ამ თვალსაზრისით, პრინციპულად ემიჯნებიან ვებერს. როგორც ადრე ვნახეთ, ვებერი ტრადიციულ მოქმედებას, რომელიც ხანგრძლივ ჩვევაზე დაფუძნებული ურთიერთობაა, „მძიმედ“ მიაკუთვნებს სოციალური მოქმედების კატეგორიას და მას „სოციალურობის ზღვარზე“ მყოფს უწოდებს. ამის მიზეზი კი, როგორც ცნობილია, ის არის, რომ, ვებერის აზრით, ჩვეულებები, შესაძლოა, შესრულდეს თავისთავად ნაგულისხმევი მნიშვნელობის ან ნახევრადცნობიერი განზრახვის გზით. ეს კი სოციალურობისაგან გადახრას წარმოადგენს. როგორც მკვლევარები (I. J Cohen, 2000: 86) მიუთითებენ, დიუისაც აქვს პრობლემები ჩვეულების „უფლებამოსილებასთან“ დაკავშირებით, მაგრამ ეს პრობლემები უფრო ნორმატიულია, ვიდრე ანალიტიკური. კერძოდ, დიუი (1922: part 1) ახდენს ჩვეულებების შერჩევას, მათ ნორმატიულ შეფასებას. შერჩევის და შეფასების პირობად აღებულია ის, თუ რამდენად უწყობს ხელს ესა თუ ის ჩვეულება სოციალური პირობების გაუმჯობესებას, რამდენად აძლევს იგი ბიძგს ისეთ შემოქმედებით ინოვაციებს, რომლებიც ფრუსტრირებული სოციალური ცხოვრების რეგულირებას წაადგება. აქედან გამომდინარე, დიუი უარყოფს მონოტონურ ჩვეულებებს (მაგ. დაზეპირების პრაქტიკა სკოლებში, ანდა საამწყობრო კონვეიერული წარმოება ინდუსტრიულ საზოგადოებაში), რომლებიც გზას უღობავენ შემოქმედებით ინოვაციებს და აფერხებენ პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული აზროვნების განვითარებას.      ამდენად, დიუს (1922: 31-2) ყურადღება გადატანილია ისეთ ჩვეულებებზე, რომლებიც წარმოადგენენ არა მექანიკურ, არამედ დინამიკურ გეგმებს (დისპოზიციებს), რაც ხელს უწყობს სოციალური ცხოვრების რეგულირებას. თუ ზოგადად შევაფასებთ, უნდა ითქვას, რომ დიუის თეორია, რეფლექსური ცნობიერების და ქცევითი ცვლილებების გარდა, ჩვეულებათა ციკლების შესახებ თეორიას წარმოადგენს. ადამიანები, უბრალოდ, მოკლებულნი არიან უნარს, რომ მოახდინონ მათ მიერ შესრულებული ყველა ქმედების რეფლექსია, თვალი მიადევნონ ყველა საქმიანობას, რომელსაც ისინი ქმნიან დროის გარკვეულ მონაკვეთში. სოციალური ცხოვრება შეუძლებელია ყოველთვის თავიდან იშვას რეფლექსური ცნობიერების გზით. კვლავწარმოების პროცესი ხშირად რუტინულ, იმპლიციტურად ნაგულისხმევ პროცესს წარმოადგენს, რაც სწორედ ჩვეულებათა ნაკრებისაგან შედგება. როდესაც ხდება წყვეტა ჩვეულებათა შესრულებაში, ეს იწვევს მოლოდინების ფრუსტრაციას, რასაც ფსიქიკური სტრესი მოსდევს. თუმცა, დიუისათვის ამგვარი ვითარება სრულიად ნორმალურია და მისაღებიც, რამდენადაც იგი წარმოადგენს სტიმულს მენტალობისათვის ქცევითი ცვლილებების განსახორციელებლად. რასაკვირველია, სტრესულ სიტუაციებზე რეაქცია შეიძლება ემოციების მოზღვავებაში გამოიხატოს, ანდა მისი განეიტრალება მოხდეს, ვთქვათ, ნარკოტიკული საშუალებებით. მაგრამ, ამგვარ დევიაციებს უდავოდ აქვთ ალტერნატივა, რაც რაციონალური საშუალებებით ფრუსტრაციის ჩანაცვლებაში გამოიხატება. 3. სიმბოლური ინტერაქცია - „როლების ათვისების“ პროცესი      თუ დიუი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, როგორ ერთვება რეფლექსური გონება ჩვეულებებში, მიდი უფრო მეტად აქცენტირდება პერსონალური ცნობიერების როლზე სოციალურ ინტერაქციაში. მიდის წინაშე (ისევე როგორც დიუისთან) დგას კითხვა: რა განაპირობებს წესრიგს ინტერაქციაში? მიდი (1934: 62-4) პასუხობს, რომ ადამიანები ერთმანეთის ქცევას არეგულირებენ მათთვის მნიშვნელადი სიმბოლოების მეშვეობით. ძირითად სიმბოლოებს წარმოადგენენ სიტყვები (მეტყველება). ენობრივი ნიშნები წარმოადგენს მნიშვნელადი სიმბოლოს იმ ტიპს, რომელიც ადამიანებს ცხოველებისაგან განასხვავებს. ცხოველები ერთმანეთთან კომუნიკაციას ამყარებენ ჟესტების მეშვეობით, რომელიც იმით განსხვავდება ადამიანთა შორის კომუნიკაციისაგან, რომ არ არის დაკავშირებული გაგების ფენომენთან. მოვიყვანოთ მაგალითი (I. Craib, 1992: 87): როდესაც ერთი ძაღლი მეორეს უღრენს, ხოლო მეორე უკან იხევს, პირველი გამოხატავს აგრესიას, ხოლო მეორე - შიშს. მაგრამ აქ არ არსებობს ურთიერთგაგება. ამისაგან განსხვავებით, როდესაც ლექტორს სურს შენიშვნა მისცეს სტუდენტს, რომელიც მას ძალზე ბევრ დროს ართმევს, იგი არ უჩვენებს მას კბილებს და არ იღრინება, არამედ უტარებს სტუდენტს ახსნა - განმარტებას, და იმედოვნებს, რომ სტუდენტი ამას გაიგებს. ცხოველის ქცევისაგან განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მნიშვნელადი სიმბოლო, ცხოველის ჟესტისაგან განსხვავებით, იწვევს იგივე რეაქციას ლექტორში, რასაც სხვაში.      ის, რომ ადამიანთა ინტერაქცია გაჯერებულია მნიშვნელადი სიმბოლოებით, არ ნიშნავს იმას, რომ ინტერაქცია მხოლოდ სიმბოლური შეიძლება იყოს. მიდი განასხვავებს სოციალური ინტერაქციის ორ დონეს: ერთს იგი უწოდებს „ჟესტებით საუბარს“, ხოლო მეორეს - „მნიშვნელადი სიმბოლოების გამოყენებას“. ბლუმერი, რომელიც ახდენს მიდის ძირითადი პრინციპების გადმოცემას და ინტერპრეტაციას, აღნიშნულ ორ დონეს არასიმბოლურ და სიმბოლურ ინტერაქციებს უწოდებს (H. Blumer, 1969: 8, 65-6) არასიმბოლური ინტერაქციის დონეზე ინდივიდები პირდაპირ რეაგირებენ ერთმანეთის ჟესტებზე ან მოქმედებებზე. ამგვარი ინტერაქცია უმეტესად რეფლექტორულ (უნებლიე) რეაქციებში მჟღავნდება. მაგალითად, ასეთი რეაქცია აქვს ბოქსიორი რინგზე, როდესაც ავტომატურად მაღლა სწევს თავის მკლავს, რათა მოწინააღმდეგის დარტყმა მოიგერიოს. ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრება სავსეა არასიმბოლური ინტერაქციებით, რამდენადაც მათ უწევთ დაუყონებლივ და არარეფლექსურად უპასუხონ ერთმანეთის სხეულებრივ მოძრაობებს, გამონათქვამებს, ხმის ტონს და სხვ. რაც შეეხება სიმბოლურ ინტერაქციას, ამ დროს ინდივიდები ავტომატურად კი არ რეაგირებენ სხვათა მოქმედებებსა და ჟესტებზე, არამედ ახდენენ მათ ინტერპრეტაციას, ანუ აძლევენ მათ მნიშვნელობებს. იგივე მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, თუ ბოქსიორი ახდენს რეფლექსიას იმაზე, რომ გამოიცნოს მოსალოდნელი დარტყმა, როგორც მოწინააღმდეგის გამიზნული ფანდი მის წინააღმდეგ, ეს უკვე სიმბოლური ინტერაქციაა. ამ შემთხვევაში ბოქსიორი ცდილობს, გამოარკვიოს დარტყმის მნიშვნელობა - ის, თუ რას გამოხატავს (ნიშნავს) დარტყმა მისი მოწინააღმდეგის გეგმის მიხედვით.      როგორც ბლუმერი (1969: 9) აღნიშნავს, მიდი სიმბოლურ ინტერაქციას განიხილავს როგორც ჟესტების (სიმბოლოების) და ამ ჟესტების მნიშვნელობებზე პასუხის პრეზენტაციას. ჟესტი წარმოადგენს მიმდინარე მოქმედების ნებისმიერ ნაწილს ან ასპექტს, რომელიც გამოხატავს უფრო ფართო მოქმედებას (რომლის ნაწილსაც იგი წარმოადგენს). მაგალითად, მუშტის ქნევა წარმოადგენს შესაძლო თავდასხმის ინდიკატორს. ისეთი მოვლენები, როგორიცაა თხოვნა, ბრძანება, რეპლიკები, დეკლარაცია და ა. შ. წარმოადგენს ჟესტებს, რომლებიც ადამიანს გადასცემენ (ატყობინებენ) იმ აქტიორის განზრახვას და შემდგომი მოქმედების გეგმას, რომელიც ამ ჟესტების პრეზენტაციას ახდენს. ეს უკანასკნელი იყენებს ჟესტებს როგორც ინდიკატორებს ან ნიშნებს იმისა, თუ რის გაკეთებას გეგმავს, ანდა რა სურს მას რესპონდენტისაგან. მეორე მხრივ, ინდივიდი, რომელიც პასუხს სცემს ამ ჟესტებს, ამას აკეთებს იმ საფუძველზე, თუ რა მნიშვნელობას ატარებენ ისინი მისთვის. ამრიგად, ჟესტებს აქვთ მნიშვნელობა ორივესათვის - ინდივიდისათვის, რომელიც მათ წარმოადგენს და ინდივიდისათვის, რომლის მიმართაც ისინი მიმართულია. როდესაც ჟესტს აქვს იგივეობრივი მნიშვნელობა ორივესათვის, ეს უზრუნველყოფს ინდივიდებს შორის ურთიერთგაგებას.      ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიდის დასკვნა, ისევ და ისევ, ასეთია: ურთიერთობის (ინტერაქციის) პროცესში ყოველი ადამიანი საკუთარ თავს სხვის პოზიციაში აყენებს. სხვანაირად რომ ითქვას ინტერაქციის პროცესში გამოყენებულ სიმბოლოებთან დაკავშირებით არსებობს იმპლიციტური მოლოდინები: შემსრულებელი ელოდება, რომ მის მიერ გამოყენებულ ჟესტებზე სხვა (თანამონაწილე) რეაგირებას მოახდენს განსაზღვრული გზით. ამდენად, იგი იღებს (ითვალისწინებს) სხვის როლს, როგორც გარკვეულად მოსალოდნელ ქცევას. პირუკუ, თანამონაწილეს („სხვას“) შეუძლია გამოიცნოს, თუ პასუხის (რეაქციის) რა ტიპი აქვს გონებაში პერფორმატორს. მაშასადამე, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს პერფორმატორისა და თანამონაწილის დისპოზიციათა ერთგვაროვნებას. ეს არის კონცეპტუალური მოძრაობა, რომელიც აღნიშნავს უნიკალურ კომუნიკაციას სტიმულებსა და პასუხებს (რეაქციებს) შორის. როგორც ითქვა, ინტერაქციონისტები (G. Mead, 1934: 76) ამგვარ კომუნიკაციას მნიშვნელობის მქონეს უწოდებენ. უფრო ზუსტად: თუ სიმბოლო (ჟესტი), როგორც სტიმული, სხვა ორგანიზმის (თანამონაწილის) მიმართ აღნიშნავს ამ ორგანიზმის შემდგომ ქცევას, ეს ნიშნავს, რომ იგი მნიშვნელობის მქონეა. მაშასადამე, ურთიერთობა მოცემულ სტიმულს (ჟესტს) და სოციალური ქმედების მომდევნო ფაზებს შორის, როდესაც ჟესტი წარმოადგენს საწყის ფაზას, აყალიბებს მნიშვნელობის მქონე სფეროს. მიდი ასეთ ურთიერთობას სამმაგ (სამფა) მიმართებას უწოდებს, რომლის წევრებს ანუ მაკავშირებლებს წარმოადგეს: ა) ორგანიზმი, რომელიც იძლევა სიმბოლოს (ჟესტს) და, ამდენად, სტიმულს; ბ) სხვა ორგანიზმი, რომელიც პასუხობს (რეაგირებს) ამ სიმბოლოზე (ჟესტზე) და გ) სოციალური ქმედება, რომლის საწყის ფაზას წარმოადგენს სტიმული, ხოლო მომდევნოს _ ამ სტიმულზე რეაქცია.      აღნიშნულ ტრიადას ბლუმერი (1969: 9) ასე ამარტივებს: 1. ჟესტი აღნიშნავს იმას, თუ რა უნდა გააკეთოს ინდივიდმა, ვისკენაც ეს ჟესტია მიმართული; 2. იგი გამოხატავს იმას, თუ რას გეგმავს ინდივიდი, რომელიც ამ ჟესტს იყენებს; 3. იგი გამოხატავს ერთობლივ მოქმედებას, რომელიც წარმოიშობა ორივე მხარის მოქმედებების შეერთების შედეგად. მივმართოთ მაგალითს: როდესაც მძარცველი თავის მსხვერპლს უბრძანებს, რომ ხელები მაღლა ასწიოს, მისი ეს ბრძანება (ჟესტი) წარმოადგენს: ა) იმის ინდიკატორს, თუ რა უნდა მოიმოქმედოს მსხვერპლმა; ბ) იმის ინდიკატორს, თუ რას გეგმავს მძარცველი (ანუ, წარმოადგენს მსხვერპლისათვის ფულის წართმევის მაჩვენებელს); გ) ამ შემთხვევაში ფორმირებული ერთობლივი მოქმედების - გაძარცვის - ინდიკატორს. თუ მნიშვნელობის სფეროს ამ სამ პარამეტრს შორის რომელიმე არასწორად იქნა გაგებული, კომუნიკაცია არაეფექტური ხდება, ინტერაქციას ხელი ეშლება და ერთობლივი მოქმედების ფორმირება ფერხდება. აღნიშნული სამფა ურთიერთობა ერთგვარი მატრიცაა, რომლის ფარგლებშიც ყალიბდება სწორედ მნიშვნელობის მქონე სოციალური ინტერაქცია და ის, რასაც ადამიანური - სუბიექტური სამყარო ქვია. მაგიდა, ობიექტურად, ხის ნაჭერია, მაგრამ ადამიანურ სამყაროში მას ენიჭება მნიშვნელობა, ანუ სიტყვა “მაგიდა” აღნიშნავს იმ როლს, რასაც იგი ასრულებს ინდივიდთა ინტერაქციაში. ეს როლი სრულიად განსხვავებულია: მაგიდა ინდივიდთა მიერ გამოიყენება როგორც ის, რაზეც შეიძლება ისადილო, იმუშაო და ა.შ. ეს მნიშვნელობები შეიძლება შეიცვალოს და განვითარდეს, რაც, თავის მხრივ, ადამიანური სამყაროს შეცვლასა და განვითარებაზე მიუთითებს.      მიდი (1934: 77_81) ხაზს უსვამს იმას, რომ მნიშვნელობა უნდა განვასხვავოთ რეფლექსური აზროვნებისაგან. საქმე ისაა, რომ როდესაც მნიშვნელადი სიმბოლოები გამოავლენს ქცევის საზოგადოდ მოსალოდნელ ფორმებს, ქცევის მთელი პროცესი, შესაძლებელია, ჩვეულების სახით განხორციელდეს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა მხოლოდ ნაგულისხმევი სახით (tacitly) არსებობს გარემოში. მაშასადამე, ცნობიერება არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ მნიშვნელობა მონაწილეობდეს (არსებობდეს) სოციალურ პროცესებში (ამ შემთხვევაში მიდი ვებერის პოზიციაზე დგას). ნებისმიერ მოცემულ სოციალურ ქმედებაში ორგანიზმის რომელიმე ნაწილის ჟესტმა შეიძლება სხვა ორგანიზმის ნაწილის მხრიდან რეაქცია (პასუხი) გამოიწვიოს, როგორც პირველი ორგანიზმის ქმედების შედეგი. ყველაფერი ეს კი განხორციელდეს მანამდე, ვიდრე ამ პროცესში ჩაერთვება ცნობიერება (მაშასადამე, ვიდრე მნიშვნელობის მქონე ქცევა, ამავდროულად, გაცნობიერებულ ქმედებად იქცევა). სრულყოფილი სახით ამგვარი რამ ჩვეულებების სახით არსებულ მოქმედებებში ხორციელდება, როდესაც რეფლექსური აზროვნების სრული გადაფარვა ხდება.      თუმცა, აქ აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ერთი ფაქტორი, რაც მკვლევარების (I. J. Cohen, 2000, 87- 88) აზრით, მიდის ნააზრევის ბიოლოგიურ განზომილებას წარმოადგენს. კერძოდ, მიდის (1934: 98) თანახმად, რეფლექსურ, ინსტიქტურ თუ ნაგულისხმევ საფუძველზე წარმოქმნილ ქცევას აქვს ერთი ალტერნატივა, როდესაც ქცევის მადეტერმინირებელ პირობას წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფიზიოლოგიური მექანიზმები. ამ მექანიზმების წყალობით ადამიანის ჭკუა (inteligence), წინასწარი განზრახვით, რამოდენიმე ალტერნატიულ პასუხთა შორის (რომლებიც შესაძლებელნი არიან მოცემულ პრობლემურ გარემო სიტუაციაში) შეარჩევს ერთ რომელიმე პასუხს, რომელიც წარმოადგენს ამ პრობლემის ყველაზე ადექვატურ და ჰარმონიულ გადაწყვეტას. ცენტრალური ნერვული სისტემის მიერ უზრუნველყოფილ რეაქციას მიდი უწოდებს _ „დაგვიანებულ (შენელებულ) რეაქციას“, როგორც დაპირისპირებულს უშუალო რეაქციისადმი. შესაძლო მომავალ რეაქციათა შორის არჩევითობა აუცილებლად გულისხმობს დაგვიანებულ რეაქციას. ამგავარი რეაქციის გარეშე შეუძლებელია განხორციელდეს ქცევაზე კონტროლი და მისი დეტერმინაცია. ცენტრალური ნერვული სისტემა უზრუნველყოფს სწორედ ამ პროცესისათვის აუცილებელ ფიზიოლოგიურ მექანიზმებს, რომლების აკონსტიტუირებს ჭკუას (intelligence). ეს უკანასკნელი, არსებითად, წარმოადგენს უნარს, რომ მოცემული ქცევის პრობლემები გადაჭრას მისი მომავალი შესაძლო შედეგების გათვალისწინებით, რაც, თავის მხრივ, წარსული გამოცდილების გათვალისწინებას გულისხმობს. მიდი (1934: 100) წერს, რომ ეს უნარი მოიცავს როგორც წარსულის მეხსიერებას, ისე მომავლის წინასწარგანჭვრეტას. დაგვიანებული რეაქცია, როგორც ალტერნატიული რეაქცია, თავს იჩენს მაშინ, როდესაც ხდება მნიშვნელად სიმბოლოებზე საზოგადოდ გასაგები პასუხების ბლოკირება, რაც გამოწვეულია თანამონაწილის წარუმატებლობით პასუხი გასცეს სტიმულებს მოსალოდნელი გზით. ცენტრალური ნერვული სისტემა ნებას რთავს ინდივიდს, გაითვალისწინოს მის მიმართ სხვათა დამოკიდებულება („ატიტუდი“) და აქციოს იგი საკუთარ ობიექტად. ეს სხვა არაფერია, თუ არა ქცევის მიზნობრივი (პურპოსე) ელემენტი. მიდი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ამ ელემენტს ფიზიოლოგიური საფუძველი აქვს და არააუცილებელია, იგი იყოს ცნობიერი ან ფსიქიკური მოტივაცია, როგორც ამას ტრადიციული მიდგომა გვთავაზობს. 4. თვითობა: „me“ და „I”      როგორც ითქვა, სოციალური ინტერაქციის პროცესში „წარმოებული“ მნიშვნელობები მოდიფიცირდება და განიმარტება ინტერპრეტაციული პროცესების მეშვეობით, რასაც ყოველი ინდივიდი მიმართავს მაშინ, როდესაც აწყდება გარკვეულ წინააღმდეგობებს. ინტერაქცია ორი ტიპის კომუნიკაციას, „საუბარს“ გულისხმობს. „გარეგანი საუბარი“ ეს არის ინტერაქციის პროცესი, როდესაც ინდივიდები, სხვებთან ერთად, ქმნიან თანაზიარ სამყაროს. მაგრამ, როდესაც მნიშვნელადი სიმბოლოები გადაყვანილია ინდივიდუალური ქცევის „რეჟიმში“, ამას მიდი (1934: 167) „თვითობას“ („self“) უწოდებს. როგორც ბლუმერი (1969: 62) აღნიშნავს, როდესაც მიდი ამტკიცებს, რომ ადამიანს აქვს თვითობა, იგი უბრალოდ გულისხმობს, რომ ადამიანი არის საკუთარი თავის ობიექტი. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია ჩაწვდეს (percieve) საკუთარ თავს, ჰქონდეს წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ, იქონიოს კომუნიკაცია საკუთარ თავთან და იმოქმედოს საკუთარი თავის მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს არის ინტერაქცია საკუთარ თავთან - მიმართვა საკუთარ თავზე, პასუხი ამ მიმართვაზე და ხელახალი მიმართვა. ასეთი თვითინტერაქცია იღებს საკუთარ თავზე მითითებების ფორმას ამ მითითებებზე რეაგირებას. ინდივიდს შეუძლია განსაზღვროს საგნები თავისთვის - თავისი სურვილები, ტკივილი, მიზნები, მის გარშემო არსებული საგნები, სხვათა არსებობა, მათი მოქმედებები და ა.შ. საკუთარ თავთან შემდგომი ინტერაქციის მეშვეობით, მას შეუძლია განსაჯოს, გაანალიზოს და შეაფასოს ის საგნები, რომელიც მან თავისთვის განსაზღვრა. საკუთარ თავთან ინტერაქციის გაგრძელების მეშვეობით, მას შეუძლია დაგეგმოს და ორგანიზება გაუკეთოს თავის მოქმედებას იმის გათვალისწინებით, თუ რა განსაზღვრა და შეაფასა.მაშასადამე, თვითობის ფლობა უზრუნველყოფს ადამიანს თვითინტერაქციის მექანიზმით, რომელიც გამოიყენება მისი ქცევის ფორმირებასა და მართვაში.      ხასგასმით უნდა აღინიშნოს, რომ, მიდის თანახმად, სხვა ობიექტთა მსგავსად, თვითობა როგორც „თვით-ობიექტი“ ჩნდება სოციალური ინტერაქციის პროცესში, რომლის დროსაც სხვა ადამიანები განსაზღვრავენ პერსონას თავისთვის. ეს არის იგივე გზა, რასაც მიდი „როლების ათვისების“ მექანიზმს უწოდებს. კერძოდ, იმისათვის, რომ გახდეს ობიექტი თავისთვის, ინდივიდმა საკუთარი თავი გარედან უნდა დაინახოს. ამის გაკეთება კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ინდივიდი საკუთარ თავს ჩააყენებს სხვათა პოზიციაში და ამ პოზიციიდან განიხილავს საკუთარ თავს ან იმოქმედებს საკუთარი თავის მიმართულებით.      ის როლები, რომელთაც ინდივიდი ითვისებს, შეიძლება კლასიფიცირდეს სამ კატეგორიად (G. Mead, 1934: 158-61): 1. ცალკეულ ინდივიდთა როლები. ეს არის „თამაშის საფეხური“ („play stage“); 2. ცალკეულ ორგანიზებულ ჯგუფთა როლები. ეს არის „გართობის საფეხური“ („game stage“); 3. აბსტრაქტული ერთობის როლები (“გენერალიზებული სხვა”). აღნიშნული როლების მიღებით ინდივიდი იმყოფება პოზიციაში, რომელიც საშუალებას აძლევს, მიმართოს ან მიუახლოვდეს საკუთარ თავს. მაგალითად, ასე იქცევა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც თამაშობს რა დედის როლს, ესაუბრება საკუთარ თავს ისე, როგორც ამას მისი დედა გააკეთებდა. საკუთარი თავის ფორმირება ობიექტად ხდება სწორედ ასეთი - როლების ათვისების - პროცესის მეშვეობით.      თვითინტერაქციის პროცესი, რასაც მიდი აანალიზებს, არ წარმოადგენს ფსიქოლოგიური სისტემის ორ ან მეტ ნაწილს შორის ინტერაქციას, როგორც ეს, მაგალითად, ფროიდის სქემაშია, რომელიც მოიცავს „id“-ისა და „ego“-ს შორის ურთიერთობას. პირიქით, თვითინტერაქცია, მიდის თანახმად, სოციალური პროცესია, კერძოდ, წარმოადგენს კომუნიკაციის ფორმას, რომელსაც ინდივიდი იყენებს მაშინ, როდესაც საკუთარ თავს მიმართავს და თავადვე პასუხობს კიდეც. ასეთი კომუნიკაცია ხშირად ხდება, მაგალითად, როდესაც ინდივიდი უბრაზდება საკუთარ თავს, ანდა როდესაც საკუთარ თავს რაიმეს ახსენებს, ანდა მაშინ, როდესაც საუბრობს საკუთარ თავთან მოქმედების განსაზღვრული გეგმის შესამუშავებლად.      ბლუმერი ხასგასმით აღნიშნავს, რომ მიდი თვითობას განიხილავს როგორც პროცესს და არა როგორც სტრუქტურას. ამ თვალსაზრისით, მიდის თეორია განსხვავდება სხვა მიდგომებისაგან, რომლებიც ან თვითობის იდენტიფიცირებას ახდენენ „ეგოსთან“, ან მიიჩნევენ, რომ თვითობა წარმოადგენს მოთხოვნილებათა, მოტივთა და დამოკიდებულებათა („ატიტუდთა“) ორგანიზებულ სხეულს, ანდა იკვლევენ მას როგორც ინტერნალიზებულ ნორმათა და ღირებულებათა სტრუქტურას. ბლუმერის (1969: 63) აზრით, მსგავსი სქემები აზრს მოკლებული ხდება, რამდენადაც ისინი ყურადღების გარეშე ტოვებენ რეფლექსიის პროცესს, რომელიც თვითობის არსს შეადგენს. იმისათვის, რომ რაიმე სტრუქტურა თვითობად იქცეს, იგი უნდა ამოქმედდეს - მიმართოს საკუთარ თავს და უპასუხოს ამ მიმართვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იქნება არააქტივიზებული ორგანიზმი. მიდი აქცენტს სვამს თვითობაზე როგორც მხოლოდ რეფლექსურ პროცესზე, რომელიც საშუალებას აძლევს პიროვნებას, მიუთითოს საკუთარ თავზე, აღნიშნოს საგნები და განსაზღვროს მათი მნიშვნელობა მოქმედებისათვის.      თვითინტერაქციის მექანიზმების წყალობით, ადამიანი წყვეტს იყოს უბრალოდ მოპასუხე ორგანიზმი, რომლის ქცევაც არის გარეგანი ან შინაგანი ძალების „თამაშის” პროდუქტი. ნაცვლად ამისა, ადამიანი მოქმედებს თავის სამყაროსთან შემხვედრი მიმართულებით, ახდენს იმის ინტერპრეტაციას, რაც ამ სამყაროსთან კონფრონტაციაშია, ამ ინტერპრეტაციის საფუძველზე ახდენს თავისი მოქმედების ორგანიზებას. მაგალითად: ტკივილთან ადამიანის იდენტიფიცირება და მისი ინტერპრეტაცია აბსოლუტურად განსხვავდება მარტივი ორგანული (ბიოლოგიური) გრძნობისაგან და წარმოადგენს საფუძველს განსაზღვრული ქმედების ჩასადენად, რომელიც განსხვავდება მარტივი ორგანული რეაქციისაგან. როგორც ეს მაგალითი აჩვენებს, თვითინტერაქციის პროცესი ადამიანს საკუთარ სამყაროსთან დაპირისპირებაში ამყოფებს, აიძულებს მას, „თვალი გაუსწოროს“ და მართოს ეს სამყარო განსაზღვრული პროცესების მეშვეობით (ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ იყოს მოპასუხე), აგრეთვე, აიძულებს ინდივიდს, ააგოს თავისი მოქმედება, იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ მოახდინოს მისი რეალიზება.      თვითობის როგორც რეფლექსური პროცესის წყალობით შესაძლებელი ხდება მნიშვნელადი სიმბოლოების ინტერპრეტაცია. ინტერპრეტაცია „შინაგანი საუბარია“, რომელიც მიმდინარეობს თვითობის ორ ფაზას შორის. ეს ფაზებია: „me“ და „მე“. რას წარმოადგენს თითოეული მათგანი?      მიდი (1934: 174-5) განმარტავს, რომ „me“ თვითობის ის ფაზაა, როდესაც ინდივიდი საკუთარ თავს უყურებს სხვების პოზიციიდან. „me“ წარმოადგენს სხვათა დამოკიდებულების ორგანულ ნაკრებს, რომელსაც ინდივიდი თავად უშვებს (ვარაუდობს). თვითობის მეორე ფაზა - „მე“ - წარმოადგენს პროცესს, როდესაც ინდივიდი საკუთარ თავს უყურებს არა სხვათა, არამედ საკუთარივე პოზიციიდან. უფრო ზუსტად: „მე“ არის ინდივიდის პასუხი სხვათა დამოკიდებულებებისადმი („ატიტუტებისადმი“). იგი წარმოადგენს რეაქციას სხვათა დამოკიდებულებების საფუძველზე კონსტრუირებულ „me“-ზე. „me“-სა და „მე“-ს შორის მიმართება ასეც შეიძლება დახასიათდეს: „მე“ ეხება ჩვეულებრივ ან მოსალოდნელ პასუხებს მნიშვნელად სიმბოლოებზე, რომლებსაც ჯგუფის (ერთობის) ყველა წევრი წვდება (გებულობს). კონცეპტუალური აზრით, ეს სხვა არაფერია, თუ არა „განზოგადებული (გენერალიზებული) სხვა“. ინდივიდი, როგორც „გენერალიზებული სხვა“-ს ნაწილი, არ არის შემოქმედი, ორიგინალური და სპონტანური (იმპროვიზატორი). ასეთი რამ შესაძლებელია მხოლოდ თვითობის იმ ფაზის წყალობით, რასაც წარმოადგენს „მე“. მიდის (1934: 176-8) მიხედვით, „მე“-ს მიეწერება ახლის შექმნაში გადამწყვეტი ფუნქცია. `მე' ანიჭებს აზრს თავისუფლებას და ინიციატივას. აქედან გამომდინარე, მიდი აღნიშნავს, რომ „me“ ჩნდება გარკვეული მოვალეობის შესასრულებლად. იგი განსაზღვრულია და ინდივიდისაგან მოითხოვს სრულიად გარკვეულ პასუხს (რეაქციას). რაც შეეხება „მე“-ს, იგი ყოველთვის, მეტ-ნაკლებად, გაურკვეველია (განუსაზღვრელია). „მე“ არასოდეს შეიძლება იყოს ბოლომდე კალკულირებადი. წარმოვიდგინოთ, რომ ინდივიდი ხვდება სოციალურ სიტუაციაში, რომელიც მან წესრიგში უნდა მოიყვანოს. იგი საკუთარ თავს ხედავს ჯგუფში შემავალი ინდივიდების თვალსაზრისებიდან გამომდინარე. ეს ინდივიდები, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი, ინდივიდს გარკვეულ თვითობას ანიჭებენ. ის, თუ როგორ მოიქცევა ინდივიდი, ბოლომდე არც თავად ინდივიდმა იცის და არც ვინმე სხვამ. ცხადია, ამ შემთხვევაში არსებობს „me“-დან გამომდინარე მოლოდინები, რომელიც ინდივიდისაგან მოითხოვს, მოიქცეს მოვალეობის შესაბამისად და დაიცვას განსაზღვრული კურსი. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ინდივიდის პასუხი აღნიშნულ მოლოდინებს პასუხობს, შედეგი ყოველთვის იქნება თუნდაც მცირედ განსხვავებული, ვიდრე ამას უკვე არსებული გამოცდილება გულისხმობს. ამდენად, „მე“-ს არასოდეს გადაფარავს „me“, არამედ ყოველთვის დარჩება რაღაც, რაც „me“-ში მოცემული არ არის.      თვითობის კონცეფცია შეიცავს აგრეთვე სოციალიზაციის პროცესის აღწერას. სოციალიზაციის საწყის ეტაპზე - ბავშვის ცხოვრებაში -სიმბოლოებით ოპერირება შეზღუდულია, რამდენადაც ბავშვი ეს-ესაა იწყებს იმ ნიშნების გაცნობიერებას, რასაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს სხვებისათვის. თანდათან, თამაშის პროცესში, მოზარდი სწავლობს სხვა ინდივიდების როლის ათვისებას და ასაკის მატებასთან ერთად იგი სწავლობს, თუ როგორ მოახდინოს თავისი საქმიანობების სხვებთან კოორდინირება და იმას, რომ საკუთარი თავი დაინახოს ისე, როგორც მას ჯგუფი ხედავს. ეს ჯგუფები თანდათან ფართოვდება, ვიდრე არ მიაღწევს იმ დონეს, რასაც საზოგადოება ქვია. სოციალიზაციის ამ ეტაპზე ხდება სწორედ ის, რასაც მიდი „გენერალიზებული სხვის“ როლის ათვისებას უწოდებს. ამ შემთხვევაში ინდივიდი უკვე განიხილავს საკუთარ თავს იმ პოზიციიდან, რასაც საზოგადოება აყალიბებს მასთნ მიმართებაში. 5. კრიტიკა      სიმბოლურ ინტერაქციონიზმს ძირითადად იმის გამო აკრიტიკებენ (I. Craib, 1992: 90), რომ იგი სოციალური სტრუქტურის და მისი ობიექტური (დიურკჰაიმისეული გაგებით) თავისებურებების იგნორირებას ახდენს და, ამდენად, არაფრის თქმა არ შეუძლია ძალაუფლების, კონფლიქტის და ცვლილებების შესახებ. კრიტიკა მიმართულია იმისკენაც, რომ სიმბოლური ინტერაქციონიზმის მიერ გაკეთებული თეორიული ფორმულირებები იძლევა ინდივიდის არასრულ სურათს.      ინტერაქციონალისტები სოციალური სტრუქტურის, როგორც „სოციალური ფაქტის“ (დიურკჰაიმი), მხედველობაში მიღებას ღიად და პრინციპულად უპირისპირდებიან. მათი აზრით, სოციალური სტრუქტურა აბსტრაქტული არსია. სტრუქტურების განხილვით ვერასოდეს მივიღებთ რამდენადმე დამაკმაყოფილებელ ინფორმაციას, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა თავისებურებები ახასიათებს ცოცხალ და უშუალო ინტერაქციას. ზოგი მკვლევარი (P. Rock, 1979: 227-8) უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა იმაზე ფიქრი, რომ საზოგადოება და მისი სტრუქტურები რაღაც ორგანიზებულ მთელს წარმოადგენს. მათ შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ ან ანალიზურად აპრიორული ვარაუდების საფუძველზე, რომლებიც ყოველთვის გაურკვეველი დარჩება, ანდა, სინთეზურ-აპრიორულად, რაც სრულიად არამეცნიერულია. ამდენად, სოციოლოგი უნდა მოერიდოს სტრუქტურაზე ანალიტიკურ რეფლექსიას. უკეთეს შემთხვევაში მან საზოგადოება უნდა წარმოადგინოს, როგორც ფლუიდურ ცვლილებათა კონგლომერატი.      ასეთ უკიდურეს პოზიციას თვით სიმბოლური ინტერაქციონიზმის ბევრი წარმომადგენელი (განსაკუთრებით, „ჩიკაგოს სკოლის“) არ გაიზიარებდა. იმის მტკიცება, რომ საზოგადოება წმინდა წყლის ფიქციაა, ნიშნავს, რომ სრულიად უარვყოთ საზოგადოების მხრიდან გარკვეული გავლენების არსებობა, რაც იმავე ყოველდღიურ ინტერაქციებში მჟღავნდება. მეტიც: ინტერაქციონისტების მნიშვნელოვანი ნაწილი არ უარყოფს ფართო თუ მცირე სტრუქტურული კონტექსტების არსებობას. სტრუქტურული კონტექსტი აქცენტს სვამს სოციალურ ურთიერთობათა შეთანხმებად (negotiated) წესრიგზე ამ კონტექსტების ფარგლებში. შეთანხმების იდეა გამოიყენება სიტუაციათა კლასიფიკაციისათვის და, მისი მეშვეობით შესაძლებელია, მაგალითად, ვაჩვენოთ, თუ როგორ მოქმედებს ძალაუფლებითი მიმართებები ინტერაქციის მსვლელობაზე და თუ როგორ ხდება სოციალურ წესრიგზე შეთანხმება მიმდინარე სოციალური ცვლილებების პროცესში. სიმბოლური ინტერაქციონიზმი ინტერაქციას განიხილავს, როგორც შეთანხმებად რეალობას, რომელშიც ერთ პარტნიორს გაცილებით მეტი ძალაუფლება აქვს სხვასთან შედარებით. ხოლო ძალაუფლების ასეთი განაწილება უკვე ნიშნავს, რომ სტრუქტურის არსებობა წინასწარ ივარაუდება. „როლების მიღების“ პროცესი, რომელსაც ინტერაქციონისტები ასეთ დიდ მნიშვნელობას აძლევენ, მათი მიდგომის ყველაზე უფრო სტრუქტურულ ასპექტს წარმოადგენს. სოციალური როლი ხომ სოციალური ქცევის განმეორებადი მოდელების, ე.ი. სტრუქტურების, გამოხატულებას წარმოადგენს, თუნდაც შეზღუდულ - კონტექსტუალურ - დონეზე.      რაც შეეხება სიმბოლური ინტერაქციონიზმის მიმართ წაყენებულ მეორე საყვედურს, რომ იგი არ იძლევა ინდივიდის სრულყოფილ სურათს, როგორც მკვლევარები (K. Plummer, 1975) მიუთითებენ, ეს, საზოგადოდ, სოციოლოგიის „ნაკლია“, რამდენადაც მას არ შეუძლია ინდივიდი განიხილოს იმავე წესით, როგორც ამას ფსიქოლოგია აკეთებს. და მაინც, საყვედური ეხება იმას, რომ ინტერაქციონისტული მიდგომა სათანადო ყურადღებას არ იჩენს ინდივიდის ემოციების მიმართ და მისთვის ძირითადია პიროვნების კოგნიტური განზომილება - აზროვნებითი პროცესები. ინტერაქციონისტების თანახმად, ადამიანების გაგება შესაძლებელია მაშინ, როდესაც გვესმის მათი ქმედებების მნიშვნელობები. მართალია, მნიშვნელობა არ უიგივდება რეფლექსურ აზროვნებას, მაგრამ პრიორიტეტულია მისთვის. ინტერაქციონიზმი მაქსიმალურად არიდებს თავს არაცნობიერი პროცესების გათვალისწინებას, პიროვნების არაცნობიერ დონეს და სოციალურ ურთიერთობაში გამჟღავნებულ მენტალურ პროცესებზე (განსჯა, წარმოსახვა, რეფლექსია) აქცენტირდება.      ამრიგად, შეიძლება ითქვას (I. Craib, 1992: 94), რომ სიმბოლური ინტერაქციონიზმი წარმოადგენს სოციალური მოქმედების და ინდივიდის თეორიას, რომელიც არ ცდილობს, ამავე დროს, გახდეს საზოგადოების შესახებ თეორია. მის მიერ მოქმედების ახსნა რამდენადმე გამარტივებულია, მაგრამ ეს ცნობიერი არჩევანია, რათა რეალური სიტუაციების კომპლექსურობის ადაპტირება გახდეს შესაძლებელი. V თავის ძირითადი შინაარსი      1. სიმბოლური ინტერაქციონიზმი ჩამოყალიბდა პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში. მისი წარმოშობა დაკავშირებულია ე.წ. „ჩიკაგოს სკოლასთან“ (ჯორჯ მიდი). სიმბოლური ინტერაქციონიზმი წარმოიშვა როგორც სტრუქტურული ფუნქციონალიზმის და სოციალურ სისტემათა თეორიის ალტერნატივა. სტრუქტურული ფუნქციონალიზმი მაკროსოციოლოგიური თეორიაა, რომლის ფარგლებშიც პიროვნული სისტემა აღმოჩნდება დაქვემდებარებული სოციალური და კულტურული სისტემების მიმართ. ამის საპირისპიროდ, სიმბოლური ინტერაქციონიზმი მიკროსოციოლოგიური თეორიაა. იგი უარს ამბობს სისტემურ მიდგომაზე და ანალიზის ფოკუსირებას ახდენს ერთეულ აქტებსა და მათ შორის ინტერაქციაზე. სოციალური სისტემა არსებობს მხოლოდ ინდივიდუალურ აქტებზე გავლით და მათგან დამოუკიდებლად ფიქციას წარმოადგენს.      2. სიმბოლური ინტერაქციონიზმი ეყრდნობა სამ ძირითად წანამძღვარს: ა) ადამიანები საგნების მიმართ მოქმედებენ იმ მნიშვნელობების საფუძველზე, რომლებიც ამ საგნებს მათთვის აქვთ; ბ) საგანთა მნიშვნელობები მიიღება სოციალური ინტერაქციების საფუძველზე, რომელთაც ადამიანები ერთმანეთთან ამყარებენ; გ) ეს მნიშვნელობები განიმარტება და მოდიფიცირდება ინტერპრეტაციული პროცესების წყალობით. ინტერპრეტაციას ინდივიდი მიმართავს იმ საგნებთან მიმართებაში, რომლებსაც იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში ეჯახება.      3. განასხვავებენ სოციალური ინტერაქციის ორ დონეს: არასიმბოლურს და სიმბოლურს. არასიმბოლური ინტერაქციის დონეზე ინდივიდები პირდაპირ რეაგირებენ ერთმანეთის ჟესტებზე ან მოქმედებებზე. ამგვარი ინტერაქცია უმეტესად რეფლექტორულ (უნებლიე) რეაქციებში მჟღავნდება. რაც შეეხება სიმბოლურ ინტერაქციას, ამ დროს ინდივიდები ავტომატურად კი არ რეაგირებენ სხვათა ჟესტებზე, არამედ ახდენენ მათ ინტერპრეტაციას, ანუ აძლევენ მათ მნიშვნელობებს. ჟესტი/სიმბოლო წარმოადგენს მიმდინარე მოქმედების ნებისმიერ ნაწილს ან ასპექტს, რომელიც გამოხატავს უფრო ფართო მოქმედებას (რომლის ნაწილსაც იგი წარმოადგენს). ჟესტები ადამიანს გადასცემენ იმ აქტიორის განზრახვას და შემდგომი მოქმედების გეგმას, რომელიც ამ ჟესტების პრეზენტაციას ახდენს. ინდივიდი, რომელიც პასუხს სცემს ამ ჟესტებს, ამას აკეთებს იმ საფუძველზე, თუ რა მნიშვნელობას ატარებენ ისინი მისთვის. ამრიგად, ჟესტებს აქვთ მნიშვნელობა ორივესათვის - ინდივიდისათვის, რომელიც მათ წარმოადგენს და ინდივიდისათვის, რომლის მიმართაც ისინი მიმართულია. როდესაც ჟესტს აქვს იგივეობრივი მნიშვნელობა ორივესათვის, ეს უზრუნველყოფს ინდივიდებს შორის ურთიერთგაგებას. ძირითად ჟესტებს/სიმბოლოებს წარმოადგენს სიტყვები (მეტყველება). ენობრივი ნიშნები მნიშვნელადი სიმბოლოს ის ტიპია, რომელიც ადამიანებს ცხოველებისაგან განასხვავებს.      3. ურთიერთობას მოცემულ ჟესტს, როგორც სტიმულს, და სოციალური ქმედების მომდევნო ფაზებს შორის, რაც მნიშვნელობის მქონე სფეროში მომდინარეობს, მიდი სამმაგ მიმართებას უწოდებს, რომლის წევრებს ანუ მაკავშირებლებს წარმოადგეს: ა) ორგანიზმი, რომელიც იძლევა სიმბოლოს (ჟესტს) და, ამდენად, სტიმულს; ბ) სხვა ორგანიზმი, რომელიც პასუხობს (რეაგირებს) ამ სიმბოლოზე (ჟესტზე) და გ) სოციალური ქმედება, რომლის საწყის ფაზას წარმოადგენს სტიმული, ხოლო მომდევნოს _ ამ სტიმულზე რეაქცია. აღნიშნული ტრიადა ასეც შეიძლება გამოიხატოს (ბლუმერი): 1. ჟესტი აღნიშნავს იმას, თუ რა უნდა გააკეთოს ინდივიდმა, ვისკენაც ეს ჟესტია მიმართული; 2. იგი გამოხატავს იმას, თუ რას გეგმავს ინდივიდი, რომელიც ამ ჟესტს იყენებს; 3. იგი გამოხატავს ერთობლივ მოქმედებას, რომელიც წარმოიშობა ორივე მხარის მოქმედებების შეერთების შედეგად. თუ მნიშვნელობის სფეროს ამ სამ პარამეტრს შორის რომელიმე არასწორად იქნა გაგებული, კომუნიკაცია არაეფექტური ხდება, ინტერაქციას ხელი ეშლება და ერთობლივი მოქმედების ფორმირება ფერხდება.      4. ინტერაქციონისტები მნიშვნელობას ანსხვავებენ რეფლექსური აზროვნებისაგან. როდესაც სიმბოლოები გამოავლენს ქცევის საზოგადოდ მოსალოდნელ ფორმებს, ქცევის მთელი პროცესი, შესაძლებელია, ჩვეულების სახით განხორციელდეს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა მხოლოდ ნაგულისხმევი სახით (tacitly) არსებობს ინტერაქციაში. მაშასადამე, ცნობიერება არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ მნიშვნელობა მონაწილეობდეს სოციალურ პროცესებში. ნებისმიერ მოცემულ სოციალურ ქმედებაში ორგანიზმის რომელიმე ნაწილის ჟესტმა შეიძლება სხვა ორგანიზმის ნაწილის მხრიდან რეაქცია (პასუხი) გამოიწვიოს, ეს კი განხორციელდეს მანამდე, ვიდრე ამ პროცესში ცნობიერება ჩაერთვება. სრულყოფილი სახით ამგვარი რამ ჩვეულებების სახით არსებულ მოქმედებებში ხორციელდება, როდესაც რეფლექსური აზროვნების სრული გადაფარვა ხდება.      5. სოციალური ინტერაქციის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი წარმოადგენს პროცესს, რომელიც აყალიბებს ადამიანის სოციალურ ქცევას. ინტერაქციის პროცესში მყოფ ადამიანებს უხდებათ მხედველობაში იქონიონ ის, თუ რას აკეთებენ სხვები და საკუთარი ქცევა ააგონ სხვათა ქმედებების გათვალისწინებით. ინდივიდი იძულებულია შეუსაბამოს ქცევის საკუთარი მსვლელობა სხვათა მოქმედებებს. აქედან გამომდინარე, ინტერაქციაში ჩართული ინდივიდები იძულებულნი არიან აითვისონ ერთმანეთის როლები. ეფექტური სოციალური ინტერაქცია როლების ორმხრივ ათვისებას წარმოადგენს.      6. სოციალური ინტერაქციის შესაძლებლობას განაპირობებს ის, რომ ინდივიდები ფლობენ „თვითობას“ („self“). თვითობის უნარი ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია იყოს საკუთარი თავის ობიექტი, შეუძლია შეიმეცნოს (გააცნობიეროს) საკუთარი თავი. იმისათვის, რათა გახდეს საკუთარი თავის ობიექტი, ინდივიდმა იგი უნდა დაინახოს „გარედან“, ანუ, საკუთარი თავი უნდა ჩააყენოს სხვათა პოზიციაში და ამ პოზიციიდან „შეხედოს“ საკუთარ თავს. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ინდივიდის მიერ სხვათა როლების ათვისების პროცესი. მაშასადამე, საქმე გვაქვს ორმაგ დიალექტიკასთან: სოციალური ინტერაქცია დამოკიდებულია ადამიანის უნარზე, წარმოიდგინოს თავი სხვა სოციალურ როლში, ხოლო, სხვა როლის ათვისება დამოკიდებულია ინდივიდის უნარზე, შინაგანი დიალოგი აწარმოოს საკუთარ თავთან.      7. თვითობის როგორც რეფლექსური პროცესის წყალობით შესაძლებელი ხდება მნიშვნელადი სიმბოლოების ინტერპრეტაცია. ინტერპრეტაცია „შინაგანი საუბარია“, რომელიც მიმდინარეობს თვითობის ორ - „me“ და „მე“ - ფაზას შორის. „me“ თვითობის ის ფაზაა, როდესაც ინდივიდი საკუთარ თავს უყურებს სხვების პოზიციიდან. თვითობის მეორე ფაზა - „მე“ - წარმოადგენს პროცესს, როდესაც ინდივიდი საკუთარ თავს უყურებს არა სხვათა, არამედ საკუთარივე პოზიციიდან. „მე“ არის ინდივიდის პასუხი სხვათა დამოკიდებულებებისადმი. ამ ორ ფაზას შორის მიმართება ასეც შეიძლება დახასიათდეს: „me“ ეხება ჩვეულებრივ ან მოსალოდნელ პასუხებს მნიშვნელად სიმბოლოებზე, რომლებსაც ჯგუფის ყველა წევრი წვდება. იგი არის „გენერალიზებული სხვა“. ინდივიდი, როგორც `გენერალიზებული სხვა'-ს ნაწილი, არ არის შემოქმედი, ორიგინალური და სპონტანური (იმპროვიზატორი). ასეთი რამ შესაძლებელია მხოლოდ „მე“-ს დონეზე. მას მიეწერება ახლის შექმნაში გადამწყვეტი ფუნქცია. იგი ყოველთვის, მეტ-ნაკლებად, გაურკვეველია და არასოდეს შეიძლება იყოს ბოლომდე კალკულირებადი.      8. მიდი თვითობას განიხილავს როგორც პროცესს და არა როგორც სტრუქტურას. თვითობა არ წარმოადგენს მოთხოვნილებათა, მოტივთა და დამოკიდებულებათა („ატიტუდთა“) ორგანიზებულ სხეულს, ანდა ინტერნალიზებულ ნორმათა და ღირებულებათა სტრუქტურას. ასეთი მიდგომები ყურადღების გარეშე ტოვებს რეფლექსიის პროცესს, რომელიც თვითობის არსს შეადგენს. იმისათვის, რომ რაიმე სტრუქტურა თვითობად იქცეს, იგი უნდა ამოქმედდეს - მიმართოს საკუთარ თავს, აღნიშნოს საგნები და განსაზღვროს მათი მნიშვნელობა მოქმედებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იქნება არააქტივიზებული ორგანიზმი.      9. ის როლები, რომელთაც ინდივიდი ითვისებს, შეიძლება კლასიფიცირდეს სამ კატეგორიად: 1. ცალკეულ ინდივიდთა როლები. ეს არის „თამაშის საფეხური“ („play stage“); 2. ცალკეულ ორგანიზებულ ჯგუფთა როლები. ეს არის „გართობის საფეხური” („game stage“); 3. აბსტრაქტული ერთობის როლები („გენერალიზებული სხვა“). ძირითდი კითხვები სიმბოლური ინტერაქციონიზმის ძირითადი წანამძღვრები და „ფესვ-ხატები“. რატომ მიიჩნევენ სიმბოლურ ინტერაქციონიზმს პრაქსისის თეორიად? რა განსხვავებაა სიმბოლურ და არასიმბოლურ ინტერაქციას შორის? რაში მდგომარეობს სხვათა „როლების ათვისების“ მექანიზმის მნიშვნელობა სოციალური ურთიერთობისათვის? „თვითობა“ როგორც რეფლექსიის პროცესი და სოციალური ინტერაქციის პირობა. სიმბოლური ინტერაქციონიზმის კრიტიკა დამოწმებული ლიტერატურა Blumer, H. 1969: Symbolic Interactionism. Berkeley; University of California Press. Dewey, J. 1922: Human Nature and Conduct. New York:Henry Holt.D Joas, H. 1992 (1996): The Creativity of Action. Trans. J. Gaines and P. Keast. Chicago: University of Chicago Press. Mead, G.H. 1934: Mind, Self and Society From the Standpoint of a Social Behaviorist. Ed. C. W. Morris. Chicago: University of Chicago Press. Plummer, K. (ed.) 1991: Symbolic Interactionism. Edward Elgar, Aldershot, Hants. Rock, P. 1979: The Making of Symbolic Interactionism, Macmillan, Basing-stoke. [1] ბლუმერს მხედველობაში აქვს XX ს. პირველი მეოთხედის ამერიკული ფსიქოლოგია და სოციოლოგია. [2] ამ პროცესს და, საერთოდ, „თვითობის“ თავისებურებებს უფრო დაწვრილებით მოგვიანებით განვიხილავთ, როდესაც ჯ. მიდის კონცეფციას შევეხებით. იხილეთ ამოსაბეჭდი ვერსია: "სიმბოლური ინტერაქციონიზმი: სოციალური მოქმედება, როგორც "როლების ათვისების" პროცესი" წიგნიდან "სოციალური მოქმედების თეორიები" ← წინა ნაწილი გაგრძელება → …
დაამატა ლაშა to სოციოლოგია at 2:18pm on აპრილი 13, 2015
თემა: შიში ცვლილებების წინაშე
ები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის შემდგომ განვითარებაში. მხოლოდ მათი წყალობით ხდება ჩვენი განსაკუთრებული, ადამიანური თვისებებისა და ემოციური თუ გონებრივი უნარების ჩამოყალიბება და განვითარება; ეს კი გვაძლევს შესაძლებლობას, გავაცნობიეროთ ჩვენი ნდობა და იმედები. შიზოიდური ადამიანების აღწერისას დავინახეთ, რომ პარტნიორების ხშირი ცვლის დროს ან ადრეულ ბავშვობაში ძვირფასი ადამიანის დაკარგვის გამო, ეს უნარ-ჩვევები განუვითარებელი რჩება და მახინჯი სახით გამოვლინდება.       «მუდმივობის» განცდა და ერთი და იმავე შთაბეჭდილებების საიმედო განმეორება მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი მეხსიერების, ცნობიერებისა და გამოცდილებისათვის, ასევე, საერთოდ, ჩვენი ორიენტაციისათვის სამყაროში. სამყარო ქაოტური რომ იყოს და მასში კანონზომიერება და წესრიგი არ არსებობდეს, ადამიანს საერთოდ არ ექნებოდა ამ თვისებების განვითარების შესაძლებლობა; იგი ვერ მოახერხებდა საჭირო ცოდნის დაგროვების, რადგან გარეგნული და შინაგანი ქაოსი ერთმანეთს გადაფარავდა. ამრიგად, ცნობიერებაში მყარად დაგროვილი ცოდნა ჩვენი სამყაროს შინაგანი სულიერების ანარეკლს წარმოადგენს და მისი კანონზომიერებებისა თუ მასში გამეფებული წესრიგის მსგავსია. ადამიანი მთვარეზე ვერასოდეს დაეშვებოდა, ეს მნათობი ჩვენთვის გაურკვეველ ორბიტაზე, უცნობი კანონების მიხედვით რომ მოძრაობდეს.       მაკრო და მიკროკოსმოსს შორის ამ კავშირს ყველაზე დიდი სიცხადე ასტროლოგიამ მოჰფინა, რომელიც, როგორც ჩანს, დღესდღეობით კვლავ განიცდის აღმავლობას. ოსკარ ადლერს თავის «ასტროლოგიის ანდერძში» მოჰყავს კანტის გამონათქვამი, რომელსაც ამ სამყაროში ორი მოვლენა აღავსებდა ღრმა სასოებით: ეს არის ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩვენს თავზე და მორალური კანონი თავად ჩვენში, რაც ნიშნავს, რომ ეს მორალური კანონი კოსმიური წესრიგის, «ჩვენს თავზე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის» ანარეკლს წარმოადგენს და მისი მსგავსია. ადამიანი უკეთ რომ აცნობიერებდეს კოსმიურ წესრიგში საკუთარი თანამონაწილეობის მნიშვნელობას, იგი თავის თავში იპოვიდა იმ წესრიგის პრინციპს, რომელიც მაღლა დგას ნებისმიერ იდეოლოგიაზე, რადგან იგი ადამიანების მიერ არ არის მოგონილი, და, იმავდროულად, ჩვენი არსებობისა და ცხოვრებისეული სივრცისათვის ფუნდამენტური აუცილებლობაა.       ამრიგად, «მუდმივობისკენ» სწრაფვით ადამიანი თავის შინაგან არსს გამოხატავს. გარდა იმისა, რომ ამ სწრაფვას მასში საყვარელი არსების «არდაკარგვის» სურვილი იწვევს, მისი რეალური გრძნობების საწყისიც ამ სწრაფვას უკავშირდება. მარადიული, დროის მიღმა არსებული და ყველგანმყოფელი, ღვთიური სურათ-ხატის შექმნით, ადამიანმა «მუდმივობისკენ» სწრაფვის მოთხოვნილება დაიკმაყოფილა. თუ რა ღრმად არის ეს მოთხოვნილება გამჯდარი ჩვენში, ამას ყოველთვის ვერ ვაცნობიერებთ. სამაგიეროდ, უმალ შევიგრძნობთ, როგორ განიცდის ცვლილებას ჩვენთვის საიმედო, მუდმივი და თითქოს უცვლელი რამ, მერე კი სულაც წყვეტს არსებობას და, შევიგრძნობთ საფრთხეს, რომ ის აღარასოდეს იარსებებს. აი, სწორედ ამ დროს გვიპყრობს ძრწოლა წარმავლობის წინაშე და ვაცნობიერებთ, რომ დრო არის ჩვენი მბრძანებელი.       ახლა გვინდა, შიშის იმ მესამე, მთავარ ფორმაზე გადავიდეთ, რომელსაც წარმავლობის წინაშე შიში ჰქვია; იგი მით უფრო ძლიერად შეგვიპყრობს ხოლმე, რაც უფრო ვცდილობთ მისგან თავის დაღწევას.       თავდაპირველად იმ შედეგებს აღვწერთ, რაც წარმავლობის შიშს მოჰყვება. ამ დროს ადამიანი მეტისმეტად მწვავედ განიცდის მას და ცდილობს, «მუდმივობის» უსაფრთხო განცდით იცხოვროს. ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილ შედარებაში ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ამ სწრაფვას ცენტრისკენული ანუ სიმძიმის ძალა ახორციელებს. ადამიანს ზოგადად აქვს იმის სურვილი, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩეს. ყოველგვარი ცვლილება მასში წარმავლობის განცდას იწვევს და ცდილობს, ამ განცდას, რაც შეიძლება, თავი აარიდოს. აქედან გამომდინარე, ადამიანს სურს, მუდმივად უკვე ნაცნობ, ერთი და იმავე საგნებთან და მოვლენებთან ჰქონდეს საქმე, ან კვლავ გამოძებნოს და დაიბრუნოს ისინი. ადამიანი ნერვიულობს, წუხს, შიშიც კი იპყრობს, როდესაც მის ცხოვრებაში რაიმე ცვლილება ხდება, ამიტომ ცდილობს, მას ხელი შეუშალოს, წინ აღუდგეს და, თუ საჭირო გახდა, შეებრძოლოს კიდეც. როდესაც ადამიანი ნებისმიერი სიახლის წინააღმდეგ გამოდის, მისი საქციელი სულ უფრო და უფრო ემსგავსება სიზიფეს შრომას, რადგან ცხოვრება მუდმივად მიედინება, ყველაფერი მოძრაობს, მუდმივ ქმნადობას და წარმავლობას განიცდის, ამის შეჩერება კი შეუძლებელია.       როგორ გამოიყურება, საერთოდ, ადამიანის ამგვარი მცდელობა? ის ამ დროს ცდილობს, მტკიცედ ჩაეჭიდოს თავის აზრებს, გამოცდილებას, განწყობას და ჩვევებს, ისინი, შეძლებისდაგვარად, მარად მოქმედ პრინციპად, განუხრელ წესად და «მარადისობის კანონად» აქციოს. ამ შემთხვევაში ადამიანს აღარ სურს ახალი გამოცდილების მიღება და, თუ ეს მაინც აუცილებელია, ახლებურად გაიაზრებს მას, ცდილობს, მისთვის უკვე ჩვეულ, ნაცნობ და შეცნობილ მოვლენებს დაუკავშიროს იგი. ამგვარ დამოკიდებულებას, ნებსით თუ უნებლიეთ, იქამდე მივყავართ, რომ ყოველგვარი სიახლის უგულებელყოფა ან ტენდენციურად შეფასება ხდება, ზოგჯერ კი მას, ემოციების საფუძველზე, ხელაღებით უარყოფენ; მაგრამ, როდესაც ამის მიზეზებს ასახელებენ, აშკარა ხდება მათი არგუმენტების არადამაჯერებლობა, რადგან ვხედავთ, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო ობიექტურობასთან და საქმე მხოლოდ აკვიატებულ აზრებს ეხება, რომელთა შეცვლაც შეუძლებელია. მეცნიერების ისტორიაში უამრავი მაგალითი არსებობს, რა ამაოდ ცდილობდნენ ადამიანები, ერთმანეთთან კამათში იმის გარკვევას, თუ ვინ იყო «მართალი».       როდესაც ადამიანი ასე ეჭიდება მისთვის ნაცნობ, ჩვეულ საგნებსა და მოვლენებს, რა თქმა უნდა, იგი ცრურწმენით უყურებს ნებისმიერ სიახლეს და ცდილობს, ყველაფერს მოულოდნელს, უცნობსა და უჩვეულოს თავი აარიდოს; მაშინ ადამიანს აღარ ემუქრება საფრთხე, რომ გულუბრყვილოდ ირწმუნებს პროგრესს და ყველა სიახლეს უპირობოდ მიიღებს. სამაგიეროდ, იგი იმ საფრთხის წინაშე დგება, რომ ამ სიახლის მიმართ განწყობა და ინტერესი არ ექნება, რაც განვითარებას, მათ შორის მის საკუთარსაც, დაამუხრუჭებს, ხელს შეუშლის, ზოგ შემთხვევაში კი, საერთოდაც, შეუძლებელს გახდის.       ამრიგად, ობსესიური ადამიანების მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი, საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მეტისმეტად დიდ მოთხოვნებს აყენებენ. სწორედ ამას უკავშირდება მათი ისეთი თვისებები, როგორიცაა: სიფრთხილე, წინდახედულობა, შორს გამიზნული, გრძელვადიანი გეგმები და, საერთოდ, «მუდმივობის» გუნება-განწყობა; ამ დროს მათ პრობლემას რისკის, ცვლილებებისა და წარმავლობის წინაშე შიში წარმოადგენს. ობსესიური პიროვნება ის ადამიანია, რომელიც წყალში მხოლოდ მაშინ შევა, როდესაც ცურვას ისწავლის; მოკლედ რომ ვთქვათ, იგი ცხოვრების მდინარიდან «მშრალად გამოსვლას» ლამობს, რის გამოც მისი საქციელი და გუნება-განწყობა, შესაძლოა, მეტად მძიმედ და უჩვეულო სახით გამოვლინდეს.       30 წელს გადაცილებულ მამაკაცს საკუთარი, მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა; მიუხედავად ამისა, იგი საჯარო ბიბლიოთეკაში დადიოდა იმ «მოსაზრებით», რომ, შესაძლოა, ოდესმე ისეთ ადგილას მოხვედრილიყო, სადაც ბიბლიოთეკა საერთოდ არ იქნებოდა და წიგნების გამოტანას ვერ შეძლებდა; მაშინ რა ეშველებოდა, თუ აღმოჩნდებოდა, რომ საკუთარი ბიბლიოთეკიდან ყველა წიგნი უკვე წაკითხული ჰქონდა?       ამ შემთხვევაში წინათგრძნობა და შიში იმისა, რომ, ერთხელაც იქნება, შეიძლება ყველაფერი დასრულდეს, ნამდვილად გროტესკულად გამოიყურება.       ზოგიერთი ობსესიური ადამიანი, რომელსაც კარადა გამოტენილი აქვს ტანსაცმლით, ძველმანებში გამოწყობილი დადის, ტანსაცმელს კი «მარაგის» სახით ინახავს. ასეთი ადამიანი დიდი წუხილითა და ძალდატანებით იცვამს ახალ ტანსაცმელს, რადგან ურჩევნია, ის კარადაში ჩრჩილმა შეჭამოს; ობსესიური ადამიანისთვის ახლის ჩაცმა იმას ნიშნავს, რომ მან ტანსაცმელი დროს და წარმავლობას გასაცვეთად გადააბაროს და ამით მისი საბოლოო განადგურების მოწმე გახდეს, რადგან დასასრულს მიახლოებული ყველა მოვლენა მას წარმავლობას და, ბოლოს, სიკვდილს აგონებს. ეს შიში, ისევე როგორც «მუდმივობისა» და უკვდავების სურვილი, ფარულად ყველა ჩვენგანში არსებობს; ყველანი ვეძებთ რაღაც უსასრულოს და კმაყოფილება გვეუფლება, როდესაც ნაცნობი საგნები ისევ იმ მდგომარეობაში გვხვდება, როგორშიც დავტოვეთ. ამავე მიზეზით აიხსნება შეგროვებისადმი ჩვენი «ლტოლვაც». რასაც უნდა აგროვებდეს ადამიანი, იქნება ეს საფოსტო მარკები, მონეტები თუ ფაიფურის ჭურჭელი, ჩვენი ქცევის ქვეცნობიერი მოტივი ის არის, რომ მარადისობას პაწაწინა ნაწილი წავგლიჯოთ და უსასრულობის გარანტია მოვიხელთოთ, რადგან ადამიანი კოლექციის შეგროვებას ვერასოდეს დაასრულებს და ყოველთვის მოინდომებს მის შევსებას. ზოგი ადამიანი «მუდმივობის» და მარადიულობის მიღწევას იმით ცდილობს, რომ სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალება ან «perpetuum mobile» გამოიგონოს; ზოგიც საკუთარ თვალსაზრისებს და თეორიებს ზოგად, დროისმიღმა მოვლენებს უკავშირებს და ამ გზით სურს ისეთ «ზემუდმივობას» ეზიაროს, რომელიც დროზე გაიმარჯვებს. «მუდმივობის» ამ აკვიატებულ სურვილს იმ დროს შევიგრძნობთ, როდესაც იძულებული ვხდებით, შევცვალოთ ჩვენი საყვარელი ჩვევები და განწყობილებები.       ცვლილებებისა და წარმავლობის წინაშე შიშის დაძლევა ნებისმიერ სფეროში ტრადიციების დაცვით ხდება. ოჯახურ, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, მორალურ, მეცნიერულ თუ რელიგიურ ტრადიციებს დოგმატიზმამდე და კონსერვატიზმამდე მივყავართ, რომლებიც ყალბი პრინციპულობით, ცრურწმენებითა და ფანატიზმით გამოირჩევა. რაც უფრო ჯიუტად იცავს ადამიანი ამ ტრადიციებს, მით უფრო შეუწყნარებელი ხდება იგი მათი მოწინააღმდეგის მიმართ; ამის უკან კი იმალება შიში იმისა, რომ ბევრ ნაცნობ, გააზრებულ და უკვე ნაცად, სასიკეთო მოვლენას, რომელიც ადამიანის უსაფრთხო არსებობას უზრუნველყოფს, შესაძლოა, ახალი თვალსაზრისებისა და ახლებური მიდგომების შედეგად, საფრთხე დაემუქროს; თანაც ამ დროს გადაცდომები და შეცდომებიც არ არის გამორიცხული; ადამიანი კი ამ სიახლის გამო იძულებული იქნება, გარდაიქმნას და შეიცვალოს. რაც უფრო ვიწროა ადამიანის გონებრივი თვალსაწიერი და ცხოვრებისეული სივრცე, მით უფრო ჯიუტად უპირისპირდება იგი ნებისმიერ სიახლეს, მით უფრო დაჟინებით ცდილობს ყოველივე ძველის შენარჩუნებას, რადგან შიშობს, რომ სიახლის დანერგვა მის უსაფრთხოებას დაემუქრება.       ამრიგად, რაც უფრო მეტად ცდილობს ადამიანი ძველის შენარჩუნებას, მით უფრო მეტად განიცდის შიშს წარმავლობის წინაშე; რაც უფრო მეტად ვეწინააღმდეგებით განვითარების პროცესებს, მით უფრო ხელს ვუწყობთ საწინააღმდეგო ძალების ქმედებებს, რაც განსაკუთრებით ცხადად დაგვანახა თაობათა ბრძოლამ. ის გარემოება, რომ ძველ თაობას ყოველივე არსებულის შენარჩუნება სურს და ნებისმიერ სიახლეს ჯიუტად ეწინააღმდეგება, ახალ თაობას ხშირად ექსტრემიზმისკენ უბიძგებს.       რა თქმა უნდა, ტრადიციებისა და უკვე აღიარებული ფასეულობების დაცვა-შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ის პრინციპული და აბსოლუტური ფასეულობებიც არ უნდა დავივიწყოთ, რომლებიც ნამდვილად არსებობს, რადგან ამით მხოლოდ ზედროითი კანონზომიერებების დადგენას შევძლებთ. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს საკითხი ბევრ პრობლემას მოიცავს; ეს არის: ნაკლები მზაობა ახალი ორიენტაციის მიმართ; შემდგომი განვითარების მიზნით, ძველი გამოცდილების შესწავლა და ბრძოლა ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რასაც ცხოვრება მუდმივად გვაიძულებს. ობსესიური ადამიანი საერთოდ არ იზიარებს ისეთ ძველ ჭეშმარიტებას, რომლის თანახმადაც «tempora mutantur et nos mutamur in illis»[1], თუმცა უცვლელობის ჯიუტი მოთხოვნის საფასურს იგი ცვლილებების წინაშე შიშით იხდის. ამგვარი აკვიატებული იდეებით შეპყრობილი პიროვნება ცდილობს, ცხოვრებაში მის მიერ დადგენილი წესებით იმოქმედოს და შეუწყნარებლობას იჩენს ყოველგვარი სიახლის მიმართ, რადგან მისთვის ამ დროს ყველაფერი უჩვეულო და სხვაგვარია, ვიდრე ის, რასაც აქამდე შეჩვეული იყო – ეს კი მას აღელვებს და მოსვენებას უკარგავს. მერე ისე ხდება, რომ ადამიანი იმ ძალადობას, რომელსაც მის მიმართ იყენებენ, ახლა საკუთარი თავისკენ მიმართავს. ამრიგად, ნებისმიერი ტრადიციის, დოგმის თუ ფანატიზმის უკან შიში დგას, ეს არის შიში ცვლილებების, წარმავლობისა და, ბოლოს და ბოლოს, სიკვდილის წინაშე; ამიტომ ობსესიური ადამიანები ძალიან განიცდიან, როდესაც ძალაუფლებას კარგავენ ან მათ ნებას ვინმე არ ემორჩილება. ამ ადამიანებს სურთ, ყველაფერი თავის ნებაზე წარმართონ, მაგრამ, სწორედ ამიტომ ბუმერანგივით უკან უბრუნდებათ ის ძალადობა, რომელსაც ისინი სხვების მიმართ იყენებენ. ასეთი მოძალადე ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი ვერ მოუთოკავს და ყველას თავის ჭკუაზე ატარებს, იძულებულია აღიაროს, რომ საბოლოოდ ყველაფერი იცვლება; ეს აღიარება კი მასში ყოველგვარ ნებისყოფას ჩაკლავს; მოძალადე ასე ნელ-ნელა გადაიქცევა იძულების მსხვერპლად, რის გამოც ერთხელ კიდევ უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს ძალა, რომელიც ცხოვრებისეულ ცალმხრიობებს აწონასწორებს. ობსესიურ ადამიანს არ ესმის, რომ ცხოვრებაში არ არსებობს აბსოლუტური, უცვლელი პრინციპები, და რომ არ შეიძლება მათი წინასწარ გათვლა და განსაზღვრა. მას სჯერა, რომ შეუძლია ყველაფერი ერთ სისტემაში მოაქციოს, და, ამრიგად, ბუნებაზე იძალადოს. როგორც ნიცშემ თქვა, სისტემურობისადმი სწრაფვაში ყოველთვის იგულისხმება გარკვეული არაგულწრფელობა, რადგან ამ დროს ადამიანი ძალადობრივად ამარტივებს ცხოველმყოფელი სამყაროს მრავალფეროვნებას.       მსგავსად ამისა, ადამიანთა ურთიერთობებშიც ვლინდება ობსესიური პიროვნების ქმედებები. იგი მეორე ადამიანს, ნებსით თუ უნებლიეთ, თავისი სურვილით მიაწერს ხოლმე ბევრ რამეს. ეს განსაკუთრებით პარტნიორებს, ხელქვეითებს და ბავშვებს ეხებათ.       ობსესიურ ადამიანებში თაობათა შორის ბრძოლა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განსაკუთრებით მწვავედ მიმდინარეობს; როდესაც ეს ადამიანები ნებისმიერი სიახლის უგულებელყოფას და ჩახშობას ცდილობენ, მათ მდგომარეობა ad absurdum[2] მიჰყავთ; სწორედ ამის შედეგად ჩნდება საბრძოლო ასპარეზზე ისეთი მოწინააღმდეგე, როგორიცაა მეამბოხე ან რევოლუციონერი; იგი, თავის მხრივ, ფიქრობს, რომ ამ ადამიანების დასამარცხებლად სხვა უკიდურეს საშუალებებს უნდა მიმართოს; ამას კი შედეგად ის მოჰყვება, რომ ნაბან წყალს ხშირად ბავშვსაც გადააყოლებენ ხოლმე. ტრაგიზმი კი აუცილებლად სწორედ იმ დროს იჩენს თავს, როდესაც ადამიანი ცდილობს გამოავლინოს თავისი მზაობა სიახლის მისაღებად და გასაცნობიერებლად.       ობსესიური ადამიანები მუდმივად იმის შიშში არიან, რომ უეცრად ყველაფერი შეიცვლება და ირგვლივ ქაოსი დაისადგურებს, თუ ისინი ყურადღებას ოდნავ მაინც მოადუნებენ, ნებისმიერ «განსხვავებული» აზრსა და ქმედებაზე სათანადო რეაქციას არ მოახდენენ, პოზიციას დათმობენ ან სიტუაციას სპონტანურად მიენდობიან; მით უფრო, რომ ამ დროს არც გარეშე და არც თვითკონტროლი არ იარსებებს. მათ იმის შიშიც აქვთ, რომ ის დათრგუნული თუ გამოდენილი იმპულსები, რომლებსაც, მათი აზრით, არსებობის უფლება არა აქვთ, გადმოხეთქავს და წალეკავს ყველაფერს; ამიტომ მათ ეს არ უნდა დაუშვან. ობსესიური ადამიანები ჰერაკლეს ჰგვანან, რომელმაც ვითომდა წინასწარ იცოდა, ჰიდრას ერთ თავს რომ მოჰკვეთდა, მას, სულ ცოტა, ორი მაინც ამოეზრდებოდა. ამრიგად, ამ ადამიანებს ყველაზე მეტად ის «პირველი ნაბიჯი» აშინებთ, რომლის გადადგმასაც მათ წარმოსახვაში გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება. ამის გამო, ისინი მუდმივად ცდილობენ, მეტი ძალაუფლება მოიპოვონ, ცოდნით შეიარაღდნენ და ვარჯიშში გამოიწრთონ, რათა ყველა არასასურველ და გაუთვალისწინებელ გარემოებას გაუმკლავდნენ. მათ თავში გამუდმებით უტრიალებთ კითხვა: «ჩემს ამგვარ საქციელს შედეგად რა მოჰყვება?» ანუ ცხოვრობენ მრწამსით: «what if»[3]. ობსესიური ადამიანები, შესაძლოა, ამის გამო იმ «ხმელეთზე მოცურავე ადამიანებად» გადაიქცნენ, რომლებიც მხოლოდ იმით, რომ თავდაცვისა და სიცოცხლის მზაობის უნარს ავლენენ, თავს ვერ გადაირჩენენ.       პაციენტმა, რომელსაც სთხოვეს, შეზლონგზე დაწოლილიყო, განმუხტულიყო და ფიქრებში წასულიყო, აღშფოთებით შესძახა: «კი მაგრამ, მაშინ ხომ მთელი ქაქი ზედაპირზე ამოვა?!» ამრიგად, მან უხეში ფორმით, აშკარად გამოხატა ის, რასაც საკუთარ თავში გულმოდგინედ თრგუნავდა და აკონტროლებდა; «თავშეკავება» კი მისი მუდმივად დათრგუნული მდგომარეობის შედეგი იყო. ობსესიური ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პრინციპი, თავი დაიცვას ყველაფრისგან, რასაც არსებობის უფლება არა აქვს, და რასაც თავი უნდა აარიდოს. ამ პრინციპის დაცვას იგი ფრიად გამომგონებლური ხერხებით ცდილობს და ამას მაგალითები ცხადყოფს.       რეალობისაგან გაქცევის ერთ-ერთ საშუალება ყოყმანი, დაეჭვება და ორჭოფობაა. ერთმა ობსესიურმა პიროვნებამ წერილი მომწერა, რომელშიც მეკითხებოდა, ჩავუტარებდი თუ არა მას ფსიქოთერაპიულ სეანსებს, თუ აჯობებდა, მისივე სურვილის თანახმად, ბალნეოლოგიური მკურნალობა დაეწყო? მერე მან ჩემი წერილის პასუხად მომწერა:       «გულითად მადლობას გიხდით წერილისათვის. მან დიდ საგონებელში ჩამაგდო, რადგან ვერ გადამიწყვეტია, ჩემი ნევროზი პირველსავე შეხვედრისას დაწვრილებით აგიწეროთ, თუ მასზე ძალიან მოკლედ მოგიყვეთ.       ეს-ესაა ბალნეოლოგიური კლინიკიდან მივიღე პასუხი ჩემს წერილზე; მთხოვენ, 15 ივლისისთვის ვაცნობო, თანახმა ვარ თუ არა მათთან მკურნალობაზე; სწორედ ამ დროს თქვენი წერილიც მომივიდა. მატყობინებთ, რომ შემიძლია თქვენთან დავიწყო მკურნალობა. ახლა ვყოყმანობ და საშინელ მდგომარეობაში ვარ. თუ გადაწყვეტილებას დროზე ვერ მივიღებ, ბალნეოლოგიურ კლინიკაში ჩემს ადგილს დაიკავებენ; ისე კი ამის გადაწყვეტა სულ ადვილად შეიძლება, რადგან მიუნჰენში წამოსასვლელად საკმარისი ფული არა მაქვს; ვცდილობ, საჭირო თანხა როგორმე შევაგროვო, მაგრამ ვერ ვახერხებ; ვიცი, რომ აქედან არაფერი გამოვა, არადა, დრო აღარ ითმენს. ვფიქრობ, მიუნჰენში ჩემი ამ ქრონიკული თუ ორგანული დაავადების მკურნალობა დადებით შედეგს გამოიღებდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ მანდ ბინა არა მაქვს. ბალნეოლოგიურ კლინიკაში წელს შემეძლო წასვლა, მაგრამ იქ ყოველდღე მგზავრობა ხომ ძალიან გამიჭირდება?! ამას ვერაფრით შევძლებ. როდესაც ვფიქრობ, რა გაურკვეველ პირობებში მომიხდება წასვლა, საშინელი შიში მიპყრობს; ასე მგონია, ომში მივდივარ-მეთქი. წარმოდგენილი მაქვს, როგორ აღშფოთდებით ჩემი ასეთი ყოყმანის გამო, მაგრამ თქვენ ხომ ანალიტიკოსი ხართ! თავის დროზე ცოლად ვერ გავყევი კაცს, რომელიც მიყვარდა; ეს იმის გამო მოხდა, რომ გადაწყვეტილება ვერა და ვერ მივიღე, მერე კი უკვე ძალიან გვიან იყო! ჰოდა, ახლა, მკურნალობასთან დაკავშირებით ზუსტად იგივე მჭირს და, ასე მგონია, ამ საქმიდან არაფერი გამოვა. მიუნჰენში წამოსასვლელად ფული მჭირდება და, ეს ცოტა არ იყოს, მაშინებს. ასეთია რეალობა! განა უფრო ბუნებრივი არ იქნება, რომ ადამიანმა ჯერ ფული იშოვოს, მერე კი მშვიდად გაემგზავროს? იმედია, გაისად, მაისში, მოვახერხებ ამას. დღემდე მხოლოდ ნახევარი ხელფასი მოგვცეს ორჯერ; ასე მგონია, ამიერიდან საქმე უფრო კარგად წავა. ახლა ვფიქრობ, რომ, ალბათ, მაინც ბალნეოლოგიურ კლინიკას ავირჩევ, თუნდაც მერე ვინანო, რომ მიუნჰენში არ წამოვედი. თუ ახლა იქიდან მომწერენ, რომ ასე დიდხანს ადგილს ვერ შემინახავენ, მაშინ, ალბათ, გადაწყვეტილებას მიუნჰენის სასარგებლოდ მივიღებ. ასეთ შემთხვევაში თქვენთან ერთი თხოვნა მექნება: თუ შეიძლება, რომ მკურნალობის საფასური 15 სექტემბერს გადავიხადო, მკურნალობა კი 7 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე ჩავიტარო? ეს რთული ამბავია! ამას იმიტომ გწერთ, რომ მინდა ახლავე გავაგრძელო ფსიქოანალიზის სეანსები. სხვა ყველაფერი ძველებურად დარჩება.       P.S. გადაწყვეტილების მიღება მიჭირს და საშინლად ვიტანჯები. ახლა ვცდილობ გავიგო, ბალნეოლოგიურ კლინიკაში კიდევ თუ არის თავისუფალი ადგილი. კარგი იქნება, ვიცოდე, 7 სექტემბრისთვის მანდ იქნებით თუ არა, და, თუ შეიძლება, სამკურნალო თანხა 15 სექტემბერს გადავიხადო? ალბათ ტელეგრამას გამოგიგზავნით» (ქალმა ბოლოს მაინც ფსიქოანალიზით მკურნალობა გადაწყვიტა).       შეიძლება წარმოვიდგინოთ, რა მტანჯველი იქნება, როდესაც ადამიანი ყოყმანს იწყებს და გადაწყვეტილებას ვერ იღებს, მით უფრო, თუ ამ დროს საქმე ბევრად უფრო მნიშვნელოვან ამბავს ეხება, ვიდრე ეს ამ მაგალითზე დავინახეთ. ობსესიურ ადამიანს, გადაწყვეტილების მიღების დროს, ხშირად გარეშე საგნებზე გადააქვს ყურადღება: მაგალითად, შეუძლია ამ დროს ითვალოს ან კრიალოსანივით ათამაშოს საკუთარი პიჯაკის ღილები. მოგვიანებით დავინახავთ, როგორ შეიპყრობს ობსესიურ პიროვნებას საკუთარი პასუხისმგებლობის წინაშე შიში.       კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რა სიძნელეებს უქმნის ასეთი ადამიანი საკუთარ, ბუნებრივ განცდებს. ფსიქოანალიზის სეანსზე პაციენტი ყვება თავის სიზმარს, რის შემდეგაც ასეთ მსჯელობას იწყებს: «არ ვიცი, აქვს კი საერთოდ აზრი სიზმრების ახსნას? ადამიანს ამ დროს ხომ შეუძლია ნებისმიერი განმარტება მისცეს სიზმარს და მასში სასურველი აზრი ამოიკითხოს? ვის შეუძლია მითხრას, რომ სწორად გამოვიცანი მისი აზრი? განა გამორიცხულია, რომ მოყოლის დროს გადავასხვაფერო ან სულაც ზუსტად ვერ გავიხსენო სიზმარი? ეს ყველაფერი ხომ დიდ ეჭვებს ბადებს?! სიზმარი საპნის ბუშტი მგონია, ამიტომ მასზე მეცნიერული კვლევების ჩატარება არამართებული უნდა იყოს! ფროიდს და იუნგს, სიზმრებთან დაკავშირებით, სრულიად განსხვავებული თვალსაზრისები ჰქონდათ და სხვადასხვანაირად განმარტავდნენ მათ. სავსებით ცხადია, რომ ამგვარი მიდგომა არ შეიძლება საიმედო და უტყუარი იყოს. მერედა, რას ნიშნავს სიზმრების ახსნა? განა შეიძლება იმ აზრის გადამოწმება, რომელიც თავში უეცრად გაგიელვებს და გაქრება?.. ამ დროს ხომ ადამიანი სრულიად ბუნდოვან მდგომარეობაში იმყოფება... ესეც იქით იყოს, ახლა თავში საერთოდ არაფერი მომდის...»       ეს შემთხვევა კარგად დაგვანახებს, რაციონალური აზროვნების წყალობით, როგორ იზღვევს თავს ობსესიური პიროვნება და, როგორ ცდილობს, კედელი აღმართოს საკუთარი განცდების წინაშე. მას აშკარად აშინებს აზრი, რომ სიზმრების «გადამოწმება» არ შეუძლია. მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ სულაც არ იყო საჭირო სიზმრების თაობაზე მეცნიერული კამათი?! პაციენტი უბრალოდ შეზლონგზე უნდა დაწოლილიყო და საკუთარ ფიქრებს მისცემოდა. ვიღაცამ შეიძლება გაიფიქროს, რომ იგი სიზმრების თაობაზე საფუძვლიან ეჭვს გამოთქვამდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს ეჭვი რა მიზნით გამოთქვა: პაციენტს ამ დროს გარკვეული გადაწყვეტილების მიღება არ უნდოდა და თავის დაძვრენა მოინდომა. მაგრამ მისი ეჭვები არავითარ შემთხვევაში არ ეხებოდა მხოლოდ სიზმრებს. პაციენტს ეშინოდა ყველაფრისა, რასაც იგი «არასაიმედოდ» მიიჩნევდა და ცდილობდა ამ შიშს გაჰქცეოდა.       ობსესიური ადამიანები, უსაფრთხოების საბაბით, მზად არიან არჩევანი თავის სასარგებლოდ გააკეთონ, რაც შემდეგ ანეგდოტში კარგად ჩანს:       საიქიოში შესული კაცი ორ კარს დაინახავს; ერთს «სასუფეველი» აწერია, მეორეს – «ლექციები სასუფეველზე». კაცი მეორე კარს შეაღებს.       ფსიქოანალიზის ერთ-ერთი კანონის თანახმად, ყველაფერი, რასაც ჩვენს თავში ვთრგუნავთ, ერთად დაგროვდება. ამის გამო ობსესიური პაციენტი შინაგანად დაძაბულობას განიცდის და სულ უფრო მეტი დრო და ძალები სჭირდება დათრგუნული ემოციების შესაკავებლად. ასე წარმოიქმნება აკვიატებული აზრების მოჯადოებული წრე, რომელსაც პაციენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში დააღწევს თავს, თუ იგი იმ «მეორე», გამოდენილ ემოციებზე გაამახვილებს ყურადღებას და მათ ახსნას შეეცდება. მხოლოდ ასე შეიძლება მოახდინოს ადამიანმა შიშისა და იმ განცდის ინტეგრირება, რომელსაც ეს შიში იწვევს; და ადამიანი ალბათ გაოცებას ვერ მალავს, როდესაც გრძნობს, რომ დათრგუნულ ემოციებს კეთილმყოფელი ძალაც კი გააჩნიათ და «უაზრო» სიზმრებს ბევრი რამ მნიშვნელოვანი აქვთ მისთვის სათქმელი.       ადვილი წარმოსადგენია, რა ჯიუტი, შეზღუდული, პრინციპული, შეუწყნარებელი და «რკინისებურად თანმიმდევრული» ხდება ასეთი გუნება-განწყობის ადამიანი და რა უღიმღამო ყოფა აქვს მას, როდესაც ცდილობს, საკუთარი ცხოვრება აბსოლუტის რანგში აიყვანოს და მას თავისი პირობები მოახვიოს თავს. ამასთან, ობსესიური ადამიანი დარწმუნებულია, რომ «სიმართლეს» იცავს (იმ პაციენტის მსგავსად, რომელიც სიზმრების ახსნისას «სწორი აზრის» პოვნას ლამობდა, და სწორედ ამ მიზეზით ვერ ახერხებდა თავისუფლად ფიქრს), და ვერ აცნობიერებს, რომ ამ დროს რისკის წინაშე შიშს მალავს.       როდესაც ადამიანი ყველაფერს ასეთი პრინციპულობით უყურებს, მისი ცხოვრება პედანტური წესრიგით წარიმართება; ამ დროს მის მიერ გამოტანილი დასკვნები საეჭვო სიჯიუტედ გამოვლინდება, გონივრული ანგარიშიანობა – სიძუნწედ, ხოლო ჯანსაღი პრინციპულობა – დესპოტიზმამდე მისულ თავნებობად. მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდება ხოლმე შიშის დასაძლევად, რადგან ცხოვრება, თავისი მრავალფეროვნების გამო, ვერ თავსდება გაქვავებული წესების ჩარჩოებში, სწორედ ამ დროს გამოავლენს ადამიანი აკვიატებულ აზრებსა და ჩვევებს. ეს სიმპტომები თავდაპირველად შიშის ჩახშობის ფუნქციას ასრულებს, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა გამოცალკევდება და შინაგან აუცილებლობად გადაიქცევა. ადამიანი მათ ძალადობრივ გავლენას მაშინაც კი ვეღარ აღწევს თავს, როდესაც ეს აზრები და ქცევები თავადაც უაზროდ ეჩვენება. ხელების ხშირი დაბანის, მტანჯველი ფიქრების, რიცხვების უაზროდ დათვლის თუ მოგონებების აკვიატება სწორედ ამგვარი, ძალადობრივი ქმედებებია. ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანი ცდილობს, აკვიატებებს თავი დააღწიოს, ამასთან დაკავშირებული შიშისგანაც თავისუფლდება.       როგორი განსხვავებულიც უნდა იყოს აკვიატებული აზრები და ქცევები, ისინი, საბოლოოდ, ყოველთვის დაკავშირებული არიან იმ შიშთან, რომელიც თავს იჩენს რისკისა და გაუთვალისწინებელი, ცხოვრებისეული მოვლენების წინაშე. ეს შიში ადამიანს ყოველთვის იმ დროს ეუფლება, როდესაც ცდილობს, რაღაცას თავი აარიდოს, იქნება ეს მისთვის ახალი, უცნობი, აკრძალული და არასაიმედო, თუ რაიმე უკვე ნაცნობი და ჩვეული მოვლენა. თუ ყველაფერი უცვლელი რჩება – იქნება ეს საწერ მაგიდაზე რუდუნებით დალაგებული წიგნები, რაიმის შესახებ უდავო აზრი, კანონის ძალის მქონე მორალური დასკვნა, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული თეორია თუ აბსოლუტიზმის რანგში აყვანილი რწმენა – მაშინ თითქოს დრო ჩერდება, ყველაფრის გათვალისწინება შესაძლებელი გახდება, სამყარო აღარ შეიცვლება და ცხოვრებაც მხოლოდ ნაცნობი და ჩვეული მოვლენების განმეორებად გადაიქცევა. ამ დროს ცხოვრების ძალუმად მფეთქავი პულსის რიტმი ერთფეროვანი მოვლენების მონოტონური რიტმით შეიცვლება. ადამიანის ამგვარ საქციელში, შესაძლოა, იყოს კიდეც რაღაც ამაღლებული, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მას მაინც ტრაგიკული შედეგები მოსდევს, რადგან ცხოვრებისეული ძალების დამორჩილებისა და მოთოკვის ჯიუტი მცდელობა უკვე მის წარუმატებლობაზე მიანიშნებს. თავად ტრაგიკულობა კი იმ აბსოლუტიზმის მარცხის შედეგია, რომლის მიღწევასაც ადამიანი თავისი ჭეშმარიტი თუ ვითარსი მოთხოვნების შესრულებით ცდილობს.       ერთი მარტივი მაგალითი ნათელყოფს ობსესიური აზრებისა და ქცევების დაჟინებულ ხასიათს, რის გამოც ცხოვრებაში მოვლენები ხშირად ტრაგიკომიკური სახით წარმოჩნდება. თუ ადამიანს ერთხელ მაინც შეუძლია წარმოიდგინოს თავის ოთახში ისეთი აბსოლუტური სისუფთავე, რომ იქ მტვრის ნატამალი არ იყოს, მაშინ იგი აუცილებლად მიხვდება იმ ობსესიური პიროვნების ტრაგიკომიკურ მდგომარეობას, რომელიც გარდაუვალი მოვლენებისა და თვით დროის შეჩერებას ცდილობს, და, ამდენად, დანაიდების უძირო კასრიდან ხაპავს წყალს. მაგრამ ადამიანი ამ შემთხვევაში «მტვრით» იმ პრობლემას ჩაანაცვლებს, რომლის გადაჭრასაც ცდილობს; ამიტომ იგი «მტვრის გადაწმენდის» აკვიატებულ აზრს ვერ მოიშორებს, ვიდრე არ გადაჭრის იმ კონკრეტულ პრობლემას, რომელიც მან «მტვერზე» გადაიტანა; აშკარაა, რომ მტვრის აბსოლუტურად მოსპობა მისთვის რაღაც უფრო მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირდება. როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ მას ცდუნებები საფრთხეს უქმნის, იგი ცდილობს მორალური სიწმინდე იმით შეინარჩუნოს, რომ ეს კონკრეტული პრობლემა ყოველდღიურ მოვლენებზე გადაიტანოს; ამის გამო მისი ქმედება აკვიატებად გადაიქცევა. პრობლემებზე გულახდილმა მსჯელობამ არასოდეს შეიძლება აკვიატებული ხასიათი მიიღოს. თუ ჩვენი ყოველდღიური, უწყინარი საქმიანობის დროს, საკუთარი თავის მიმართ რაიმე იძულების ირაციონალური გრძნობა გაგვიჩნდება, ჩვენს თავსვე უნდა ვკითხოთ, რა მნიშვნელოვან ახსნა-განმარტებებს ან გადაწყვეტილებას გვსურს ავარიდოთ ამით თავი.       ფ. თ. ვიშერი თავის რომანში «მათ შორის ის კაციც» იუმორით აღწერს ობსესიურ პრობლემებს. როგორც ავტორი გვამცნობს, მისი გმირი გამუდმებით ებრძვის «ობიექტის ვერაგობას», მას ყოველდღიურად უჩვეულო ამბები გადახდება თავს, რომლებიც მის დათრგუნულ აფექტებს, უპირველეს ყოვლისა კი, აგრესიულ იმპულსებს უკავშირდება. რომანის გმირს აღნიშნული აფექტები და იმპულსები ყოველდღიურ საგნებზე გადააქვს და ნებისმიერ წარუმატებლობას ამ «ობიექტების ვერაგობას» აბრალებს. მაგალითად, როდესაც იგი მისთვის საძულველ ქალს კაბაზე «შემთხვევით» სოუსს გადაასხამს, ფიქრობს, რომ ამის მიზეზი სწორედ «ობიექტის ვერაგობა» იყო. მისი აზრით, ეს უსიამოვნო საქციელი მას სოუსის ჭურჭელმა ან პიჯაკის ღილმა ჩაადენინა, რომელიც ამ დროს თეფშს გამოედო. რომანის გმირი ვერ აცნობიერებს, რომ ამ საქციელით მან ქალის მიმართ საკუთარი დათრგუნული სიძულვილი და აგრესია გამოავლინა.       ობსესიურ ადამიანებთან განსაკუთრებით ხშირად ვხვდებით ფროიდის მიერ ზუსტად შეფასებულ, ე.წ. «უმართებულო ქცევებს», რომელთა საშუალებითაც ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, ძალიან ბევრი იმპულსის გამოდენა ხდება. «უმართებულო ქცევებში» იგულისხმება: «ამაო დაპირება», «დავიწყება», «შემთხვევით ვიღაცასთან შეჯახება» და ა.შ. ამ დროს ადამიანები თავისი სურვილის გარეშე, თავისდაუნებურად გამოავლენენ დათრგუნულ გრძნობებს ისე, რომ საკუთარი დანაშაულის განცდა არ ეუფლებათ, ისინი გვერდს უვლიან თავის საქციელს და არ სჭირდებათ თავის გაკონტროლება; სამაგიეროდ, გამოააშკარავებენ იმ განწყობას, რომლის დამალვასაც ასე გულმოდგინედ ცდილობენ.       აკვიატებულმა აზრებმა და ქცევებმა, შესაძლოა, დაისადგუროს ობსესიური პაციენტის ცხოვრებაში, ნელ-ნელა საშიში, შემზარავი სახე მიიღოს და პირდაპირ დემონური ძალით გააგრძელოს დამოუკიდებელი არსებობა. გავიხსენოთ ის დრო, როდესაც ადამიანმა ჯერ კიდევ არაფერი იცოდა ფსიქოდინამიური კავშირების თაობაზე. აკვიატებებს, რომლებსაც ადამიანი თავადაც უაზრობად მიიჩნევს, მაგრამ თავს მაინც ვერ აღწევს, ძველად ეშმაკით ან ბოროტი სულებით შეპყრობილი ადამიანის ქმედებებად აფასებდნენ. თავად პაციენტიც ამგვარი აკვიატებული საქციელის ჩადენის აუცილებლობას იმით ხსნის, რომ რაღაც ძალას მორჩილებს, რომელიც მის «მე»-ს სრულიად ეუცხოება.       თუ მაგალითებს სომატური დაავადებების ისტორიიდან მოვუხმობთ, დავინახავთ, რომ ნებისმიერი აზრი თუ საქციელი შეიძლება მეტასტაზებივით გავრცელდეს, და აქამდე ჯერ ისევ ხელშეუხებელ სფეროებზე გადაინაცვლოს. ამის გამო ობსესიური ადამიანები აკვიატებული აზრებით დატვირთული, გულჩათხრობილი ცხოვრებით ცხოვრობენ. ამას ქვემოთმოყვანილი მაგალითები ცხადლივ დაგვანახებს.       შესაძლოა, ზემოაღწერილი პროცესები მხოლოდ სულიერ სფეროში მიმდინარეობდეს. ამ შემთხვევაში იმ შემაშფოთებელი, «ბოროტი» ფიქრებისგან, სურვილებისა და იმპულსებისგან თავის დაცვა იგულისხმება, რომელთა დათრგუნვაც ადამიანს აუცილებლად მიაჩნია, რაც დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. მაგალითად, ამის მიღწევას ადამიანი იმით ცდილობს, რომ «ბოროტი» აზრებისა და სურვილების წინააღმდეგ ჯადოქრობას იყენებს. თუ ადამიანს სურს, თავი დააღწიოს ბოროტ, ცოდვილიან სურვილებსა და შავ-ბნელ ფიქრებს, მან საწინააღმდეგო ზომებს უნდა მიმართოს, როგორც კი ისინი ამოტივტივდებიან. ამ დროს მას შეუძლია მაგიური შელოცვის ფორმულა («იესო-მარიამ-იოსებ») წარმოთქვას, ან ისეთი რამ მოიმოქმედოს, რაც მისთვის მიუღებელ აზრებს ცნობიერებიდან გამოდევნის. დაავადების მძიმე ფორმის დროს, ავადმყოფს შეიპყრობს ხოლმე თვითგვემის მანია, რომელიც დამახასიათებელია რელიგიური ფანატიზმისათვის; გავიხსენოთ თუნდაც ფლეგელანტები (თვითმგვემები). ამ დროს აკვიატებები, შესაძლოა, «მეტასტაზების» სახით სულ უფრო და უფრო ფართოდ გავრცელდეს, რაც დროულად უნდა ავიცილოთ თავიდან. სრულიად უწყინარ ან უსიამოვნო მოვლენებთან ასოციაციურად დაკავშირებული სიტყვები ამ დროს საეჭვო მნიშვნელობას იძენენ და ასევე უნდა გამოიდევნონ ცნობიერებიდან, როგორც ამას რიცხვების «ქრისტიანული» წესით ჩამოთვლის დროს, ხუმრობით გამოხატავენ ხოლმე: «ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ფუი ეშმაკს, შვიდი». ეს კი იმ სამარცხვინო «ექვსიანის» გამო ხდება, რომელიც სექსუალურ ასოციაციებს იწვევს, და ამიტომ გამოტოვებული უნდა იქნეს. ადამიანი აქაც იმ მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ცდილობდა, მისი ოთახი აბსოლუტურად დაცული ყოფილიყო მტვრისაგან. ამ დროს გვახსენდება ლათინური ანდაზა: «Naturam expellas furca, tamen usque recurret»; ეს ნიშნავს, რომ «ბუნებაზე ძალადობა არ შეიძლება, მას ვერ დათრგუნავ; იგი ყოველთვის შემოგიბრუნდება უკან». ქვემოთ მოყვანილ მაგალითზე დავინახავთ, თავდაცვის გაცნობიერებული ქმედების პირობებში, რა ნატიფი სახით შემოუბრუნდება ადამიანს ის, რისგანაც თავს იცავდა.       ობსესიური ნევროზით დაავადებულ პაციენტს დაბანა ჰქონდა აკვიატებული. «დაბანის» ეს გაუცნობიერებელი სურვილი მის «უხამს» სექსუალურ იმპულსებთან, კერძოდ კი, მასტურბაციასთან იყო დაკავშირებული. ქალს შთაგონებული ჰქონდა, რომ ამით დიდ ცოდვას ჩადიოდა; ამიტომ ცდილობდა, თავისი გენიტალიები, როგორც ამ «ცოდვაში მონაწილე» ორგანოები, რაც შეიძლება ხშირად დაებანა. ამ დროს ქალი აკრძალულ სიამოვნებასაც განიცდიდა, ორგაზმამდე მიდიოდა და თავს იკმაყოფილებდა; ვინაიდან დაბანის დროს ეს ყველაფერი «მისდაუნებურად» ხდებოდა, ქალს დანაშაულის გრძნობა აღარ აწუხებდა; ახლა იგი ხომ მხოლოდ საკუთარი სხეულის სისუფთავეზე ზრუნავდა!       კათოლიკურმა და ლუთერანულმა ეკლესიებმა სექსუალობა შეაჩვენეს და «ცოდვად» შერაცხეს, რის შემდეგაც მასთან დაკავშირებულმა დანაშაულის გრძნობამ რელიგიური ხასიათის ნევროზების გავრცელება გამოიწვია, რაც დღესაც არცთუ ისე იშვიათი მოვლენაა. ამ კონფესიების მტრული დამოკიდებულების გამო ყოველივე ხორციელისადმი, ბევრი ახალგაზრდა, განსაკუთრებით სქესობრივი მომწიფების ასაკში, შიშითა და დანაშაულის გრძნობით იყო შეპყრობილი. ცნობილია, რომ ე.წ. პრიმიტიული ხალხები ცდილობენ, ახალგაზრდები მათი განვითარების ამ მნიშვნელოვან ფაზაში თავიანთი რიტუალების მეშვეობით შეიყვანონ. ჩვენთან კი, ნაცვლად იმისა, რომ გაკვეთილებზე, ამ თემებთან დაკავშირებით მოწყობილ საღამოებზე ან პირად საუბრებში ახალგაზრდობას მისთვის საინტერესო საკითხები წამოეჭრა, დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ კონფირმანდებს ამზადებდნენ, მათ უმთავრესად გალობას და «საღმრთო რჯულს» ასწავლიდნენ და «საჩოთირო» კითხვების დასმას საერთოდ უკრძალავდნენ. ვისაც ათეული წლების მანძილზე ფსიქოთერაპიაში უმუშავია, იცის, რა გამანადგურებელი შედეგები მოჰყვა რელიგიის მტრულ დამოკიდებულებას სექსუალობის ყოველგვარი გამოვლინებისადმი. ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, ონანიზმის წინააღმდეგ დაიწყო, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, საშინელ სომატურ და სულიერ ტრავმებთან იყო დაკავშირებული, და, აქედან გამომდინარე, ძლიერ შიშებს და დანაშაულის გრძნობას იწვევდა. ხშირი იყო ახალგაზრდობის თვითმკვლელობის შემთხვევები, თუკი აღმოჩნდებოდა, რომ «ცოდვის» წინააღმდეგ ბრძოლამ შედეგი არ გამოიღო. ობსესიური ადამიანი და სიყვარული       ობსესიური ადამიანისთვის სიყვარული ირაციონალური, ზღვარდაუდებელი და ტრანსცენდენტალური გრძნობაა, რომელიც შეიძლება საშიშ ვნებაში გადაიზარდოს და, თავისთავად, მისი ტანჯვის მიზეზი გახდეს. სიყვარულში აშკარად არის რაღაც ისეთი, რასაც ადამიანი ვერაფერს უხერხებს; მას თავისი კანონები გააჩნია, ადამიანის ნებას არ ემორჩილება, შეიძლება მოულოდნელი სენივით შეეყაროს და იქამდე მიიყვანოს, რომ ადამიანმა საღი განსჯის უნარი დაკარგოს.       აქედან გამომდინარე, ობსესიური პიროვნებები ცდილობენ, თავიანთი გრძნობები «მოთოკონ» და კონტროლს დაუმორჩილონ. მათი აზრით, მეტისმეტი სუბიექტურობის, არამდგრადობისა და წარმავლობის გამო, სიყვარულს არ შეიძლება ენდოს კაცი. ობსესიური პიროვნებები ფიქრობენ, რომ «ვნება» სრულიად მეყსეული, უგუნური გრძნობაა და ადამიანის სისუსტეზე მეტყველებს. მათ გრძნობებისადმი ანგარიშიანი დამოკიდებულება აქვთ, სიყვარულით გატაცება არ სჩვევიათ და პარტნიორისაც დიდად არ ესმით; ამასთან, შეუძლიათ ინტიმური ურთიერთობის დროს მეტისმეტი ფხიზელი ქცევით «გამოიჩინონ» თავი. სამაგიეროდ, ობსესიური ადამიანები, ნებისმიერი პარტნიორული ურთიერთობისას, პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევიან და განუხრელად იცავენ ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებას. ისინი ძნელად აღიარებენ პარტნიორის თანაბარუფლებიანობას და უფრო ვერტიკალური (ანუ «ზემოდან» – «ქვემოთ») წესრიგის მომხრენი არიან. მათ ურჩევნიათ, «ჩაქუჩსა» და «გრდემლს» შორის არჩვევანის გაკეთება, მაგრამ ვინ მოისურვებდა «გრდემლად» ყოფნას? ამის გამო ობსესიურ ადამიანებთან ურთიერთობა სულ მალე გადაიქცევა ხოლმე ძალთა ბრძოლად უპირატესობის მოსაპოვებლად. იმ დროს, როდესაც დეპრესიულ ადამიანს «დაკარგვის შიში» პარტნიორზე დამოკიდებულს ხდიდა, ობსესიურ პიროვნებას სურს პარტნიორი თავის ნებას დაუმორჩილოს; აქედან გამომდინარე, მას უჭირს იმის აღიარება, რომ პარტნიორი მისგან განსხვავებული ადამიანია, და თან მის საკუთრებას არ წარმოადგენს. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც ობსესიური პიროვნება პარტნიორის ხარჯზე ცხოვრობს, ამასთან, მისგან დათმობას და მეტისმეტ მორჩილებას მოითხოვს. იგი ადამიანებთან ურთიერთობაში რაღაც «ბედისწერას» ხედავს; ეკონომიკურ მიზნებთან დაკავშირებით, მისთვის არც ერთგულებაა უცხო; იგი ამტანი და გამძლეა. ობსესიური პიროვნებები ხშირად გონივრული მოსაზრებებით ქორწინდებიან; ამ დროს მისთვის პარტნიორის მატერიალური კეთილდღეობა არცთუ უმნიშვნელო როლს თამაშობს.       ობსესიური პიროვნება ქალთან ურთიერთობის დაწყებამდე დიდხანს ყოყმანობს; სასიძოს სახელით კარგა ხანს დაიარება საცოლის ოჯახში, რასაც ხშირად დანიშნული ქორწილის გადადება მოჰყვება ხოლმე; მაგრამ თუ იგი, ბოლოს და ბოლოს, მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას, ამიერიდან ცოლ-ქმრობას ურღვევ კავშირად აღიარებს. ზნეობრივი თუ რელიგიური მოტივით, ობსესიური პიროვნება არასდროს თანხმდება განქორწინებაზე. დაე, თუნდაც მისი პარტნიორი და თავადაც ამ დროს იტანჯებოდეს, ან ცოლს მასთან ურთიერთობა აღარ სურდეს.       ქალმა, რომლისთვისაც ქმართან ურთიერთობა, ამ უკანასკნელის მიზეზით, აუტანელი გახდა, განქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ ქმარი ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო. როდესაც ცოლმა ერთხელ ჰკითხა, რატომ არ მეყრებიო, მან მხოლოდ ეს უპასუხა: «იმიტომ, რომ დაქორწინებულები ვართ». ქმარმა ეს ისე თქვა, თითქოს ქორწინება მას სამუდამოდ ჰქონდა მისჯილი ან რაღაც მარადიულს ეხებოდა საქმე.       კაცის ეს პასუხი არც რელიგიური და არც რაიმე სხვა მიზეზით ყოფილა ნაკარნახევი; მისი საქციელიც იმით იყო გამოწვეული, რომ ამ ადამიანისთვის ქორწინება ერთხელ და სამუდამოდ მიღებული გადაწყვეტილების შედეგი იყო. ამ დროს ასევე დიდ როლს თამაშობდა ჩვეულებები და საკუთარი ძლიერების დემონსტრაცია; თან აირჩია, უკვე მოპოვებული კეთილდღეობა ხელიდან არ გაეშვა და ახალ რისკზე არ წასულიყო.       ობსესიურ პიროვნებებს შორის ისეთ ქორწინებებსაც შევხვდებით, როდესაც ცოლქმრული «კავშირის» არსს სიძულვილი და ურთიერთწამება შეადგენს და ორივე მათგანი ერთმანეთის სიკვდილს ნატრობს.       რაც უფრო მკვეთრადაა გამოხატული ადამიანში «აკვიატების» ნიშნები, მით უფრო დაჟინებით მიიჩნევს იგი ქორწინებას იურიდიულ აქტად, რომელშიც მკაცრად გაწერილია მისი უფლება-მოვალეობანი. ამ დროს ფორმალური მხარე იმ უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს, რომელსაც იგი ნებისმიერ საჭირო შემთხვევაში მოუხმობს ხოლმე, ვიდრე ეს ურთიერთობა «clara pacta - boni amici»[4]-ს ჩარჩოებს არ გასცდება, მის ამ მოსაზრებას ვერ შეეწინააღმდეგება. მაგრამ, როგორც კი წინა პლანზე ფორმალური მხარე წამოიწევს და ემოციების უგულებელყოფა მოხდება, შესაძლოა, საქმე გართულდეს. ამ დროს ობსესიური პიროვნება დაჟინებით მოითხოვს საკუთარი უფლებების დაცვას და ცდილობს, სადისტური პრინციპებით იმოქმედოს, თუმცა ამ დროს, მისი, თითქოს სამართლებრივად სწორი, მოთხოვნების ნიღბის ქვეშ მტრული მიზნები და ძალაუფლების პრეტენზია იმალება.       ქალი, რომელსაც ქმრის მიმართ პრეტენზიები ჰქონდა, ადვოკატთან მივიდა და კონტრაქტის შედგენა სთხოვა, რომელშიც განსაზღვრული იქნებოდა ქმართან მისი ურთიერთობის სიხშირე; ოთახში ამ დროს უნდა ყოფილიყო ცოლისთვის სასურველი ტემპერატურა და ქმარს სიგარეტი არ უნდა მოეწია; თუ ქმარი მის ამ მოთხოვნებს დაარღვევდა, ქალს უფლება ექნებოდა, მისთვის გარკვეული ფულადი ჯარიმა გადაეხდევინებინა. ქმარი ამ კონტრაქტს ხელს თუ მოაწერდა, ქალი მასთან ცხოვრებას გააგრძელებდა. ამ დროს იგი დარწმუნებული იყო, რომ მან ქმარს საქმიანი და ზნეობრივად მართებული პირობები წაუყენა, და, მათი შესრულების შემთხვევაში, ცოლ-ქმრის შემდგომი თანაცხოვრება შესაძლებელი გახდებოდა.       ქალი ამ კონტრაქტში გარკვეული პირობების შესრულებას მოითხოვდა, ნაცვლად იმისა, რომ ქმართან ურთიერთობა გაერკვია; პრობლემა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ქმარი მას თავისი სურვილების შესრულებას აიძულებდა, და ქალს მასთან ემოციური შეუთავსებლობა ჰქონდა. ობსესიური პიროვნება კრიტიკულ და კონფლიქტურ სიტუაციებში არაფერს უწევს ანგარიშს; მას პოზიციების დათმობა მაშინაც კი უჭირს, როდესაც გრძნობს, რომ უსამართლოდ იქცევა. ის პარტნიორს წარსულში მომხდარ ფაქტებს შეახსენებს და ანგარიშს სთხოვს ყველაფერზე, რაც მან ზუსტად ამა და ამ დროს ჩაიდინა, მერე კი მას იმის გამო კიცხავს, რომ იგი ამჟამადაც არასწორად იქცევა. ობსესიური პიროვნება კრიტიკულ სიტუაციებში ცდილობს გამოსავალი იპოვოს, მაგრამ ამ დროს თავში ხშირად უცნაური აზრები მოსდის, რასაც ზემოთ მოყვანილი მაგალითიც ადასტურებს.       რაკი ობსესიური პიროვნება გრძნობებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, იგი პარტნიორს, მისი აზრით, გონივრულ, პროგრამულ წინადადებებს სთავაზობს და დაადგენს წესებს, რომელთა დაცვა ორივე პარტნიორს ევალება. მაგალითად, მავანი ქალი ჩიოდა, რომ მისი ქმარი კვირადღეობით ან საფოსტო მარკებს ჩაჰკირკიტებს, ან რაღაცას თავისთვის ჩხირკედელაობს, ის კი ამ დროს მოწყენილია, რადგან ქმარი ყურადღებას არ აქცევს; ქმარი მას კომპრომისულ წინადადებას სთავაზობს და ეუბნება, რომ იგი ორ კვირაში ერთხელ თავისი საყვარელი საქმიანობით გაერთობა, დანარჩენ დღეებს კი მასთან ერთად გაატარებს, რის შემდეგაც ცოლ-ქმარი ამ პირობის თანახმად იცხოვრებს. ამ შემთხვევაში ქმრის მხარდაჭერისა და თანადგომის მცდელობა აშკარაა, მაგრამ მის მიერ წამოყენებული პირობა იძულების შედეგი და, საბოლოო ჯამში, არაგულწრფელია, რადგან ამ კაცს ამიერიდან ძალით დაკისრებული მოვალეობის შესრულება მოუხდება, თუმცა თავად ფიქრობს, რომ ასეთი საქციელით ცოლთან ურთიერთობა შეინარჩუნა. მოგვიანებით იგი საშინლად გაოცდა და თან გაბრაზდა, როდესაც შეიტყო, რომ ქალი მაინც უკმაყოფილო იყო მისი საქციელით; იგი გრძნობდა ქმრის უხალისო განწყობას, მას კი მისი ყურადღება და თანადგომა სჭირდებოდა და არა მოვალეობის შესრულება. ეს შემთხვევა იმ მრავალი ობსესიური პიროვნების ქცევის მაგალითად გამოდგება, რომლებიც პარტნიორებთან ურთიერთობის მოგვარებას ცდილობენ; თუმცა მსგავსი საქციელით პარტნიორი ვერასოდეს აღწევს თავისი მოთხოვნის კონკრეტულ შედეგს: ეს არის მეორე ადამიანის მხრიდან მინიჭებული მეტი სიხარული, მისი უშუალო და მოსიყვარულე დამოკიდებულება, ყოფით ცხოვრებაში მომხდარი სასიამოვნო ცვლილებები და მხიარული გუნებაგანწყობა. ობსესიური პიროვნება, თავისი სიძუნწისა და ფრთხილი ხასიათის გამო, პარტნიორის მოთხოვნებს ხშირად «პრეტენზიებად» აღიქვამს და ამას მისი «დაუოკებელი» ხასიათით ხსნის. ასეთი განწყობით ბევრი ცოლ-ქმარი ერთ ჭერქვეშ, თუმცა ერთმანეთის «გარეშე» ცხოვრობს, მათ წინაშე კი სულ უფრო დიდი პრობლემები წამოიჭრება. ობსესიური ადამიანების ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს დრო და ფული. პარტნიორთან მიმართებაში მათთვის დამახასიათებელია ასევე სიზუსტე და ხელმომჭირნეობა. მათ ხასიათში ყველაზე მეტად ძალაუფლების მოპოვების სურვილი, პედანტურობა და სიჯიუტე იჩენს თავს. მაგალითად, ოჯახში ქმარი მოითხოვს, რომ სადილი «წუთიწუთზე» მიართვან, ამასთან სახარჯო ფულსაც მთლიანად ის უნდა განაგებდეს და ანაწილებდეს. ცოლის მოთხოვნით კი ქმარმა მთელი ხელფასი მას უნდა ჩააბაროს, მერე ცოლი მას იქიდან მისცემს ჯიბის ფულს. ახალი და საჭირო ნივთის შეძენის გამო, შესაძლოა, ცოლ-ქმარს შორის ტრაგედია დატრიალდეს. ამ დროს ერთი მხარე მუდმივად საყვედურობს პარტნიორს იმის გამო, რომ მას «ფულის ფლანგვა» უყვარს, და ნივთებს იმდენად დაუდევრად ექცევა, რომ «უკვე ისევ» ახლის შეძენაა საჭირო. ასეთი ურთიერთობის დროს ფულის პრობლემა ხშირად კრიზისის გამომწვევი მიზეზი ხდება.       პატრიარქატის პირობებში, როდესაც მამაკაცი დიდი პრივილეგიებით სარგებლობდა, ცოლქმრობის მთელი ტვირთი მეტწილად ქალს აწვებოდა მხრებზე. ამის მაგალითია თუნდაც «ცოლქმრული» მოვალეობის შესრულების ფაქტი, როდესაც ქალის სექსუალურ მოთხოვნილებებს საერთოდ უგულებელყოფდნენ, და ამით შეურაცხყოფას აყენებდნენ. შემდეგ თავში დავინახავთ, როგორ იძიებდა ხოლმე ამის გამო შურს ქალი. პატრიარქატის ხანაში გავრცელებული ქორწინებების დროს მართვის სადავეები მთლიანად მამაკაცებს ეპყრათ ხელთ. ქალს ყველა უფლება ჩამორთმეული ჰქონდა; მას პატარა, გონებაჩლუნგი ბავშვივით ეპყრობოდნენ და სრულიად დაბეჩავებულ მდგომარეობაში ჰყავდათ. ობსესიური პიროვნებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი კარგად დაზეთილი მანქანასავით ზუსტად, შეუფერხებლად და გამართულად «ფუნქციონირებდეს» და თავის განწყობას ემოციურად არ გამოხატავდეს. ცოცხალი და გულითადი ურთიერთობის ნაცვლად, ობსესიური პიროვნება მხოლოდ იმას აქცევს ყურადღებას, როგორ უნდა მოიქცეს მისი პარტნიორი. უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ცივი და «დაპროგრამებული» ქორწინების დროს, ცოლ-ქმრის სექსუალური ურთიერთობა მატარებლის მოძრაობის განრიგს ემსგავსება და უფრო მოვალეობის შესრულებაა, ვიდრე სასიყვარულო გატაცება და განწყობა; ისინი საქორწინო სარეცელს მხოლოდ იმისთვის იზიარებენ, რომ დაელოდონ მომენტს, როცა «ამაზე მიდგება» საქმე.       სექსისა და ნებისმიერი ცხოვრებისეული სიამოვნებისადმი ამგვარი დამოკიდებულება ობსესიურ პიროვნებას მერე და მერე სულ უფრო მეტ პრობლემას უქმნის. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგი ხშირად «გეგმური» სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობს, რის გამოც მას სექსისადმი მტრული, სრულიად ანტიდიონისური განწყობა აქვს; ეს კი შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ ობსესიურმა ადამიანმა ქალთან პირველივე შეხვედრის დროს მარცხი განიცადოს. აქვე უნდა გავიხსენოთ ქორწინების პირველ ღამეს მომხდარი ტრაგედიები. რაკი იგი პარტნიორის გუნება-განწყობას ვერ შეიგრძნობს და ძალიან მწირი სასიყვარულო ფანტაზიები გააჩნია, მისი სექსუალური ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ გაკვალული გზით, უცვლელად მიედინება. ობსესიური ადამიანები, არცთუ იშვიათად, სადისტური მიდრეკილებებითაც გამოირჩევიან, რაც იმაში გამოიხატება, რომ ინტიმური ურთიერთობის დროს პარტნიორზე ძალადობენ და საკუთარი უპირატესობის წარმოჩენას ლამობენ. წარსულიდან შემორჩენილმა სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობამ, რომელიც შემდგომ ობსესიური პიროვნების სექსუალურ თვისებებზეც ახდენს გავლენას, შესაძლოა, მისი ინტიმური ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს. მისთვის «სექსი» ფანტაზიისგან დაცლილი, ნებადართულ საზღვრებში მოქცეული გრძნობაა, რომლის დროსაც მას გარკვეული პირობების დაცვა ევალება. ამ დროს ობსესიური პიროვნება, შესაძლოა, იქამდე მივიდეს, რომ მან ხანგრძლივი ეჭვებისა და ზიზღის ბარიერი აღმართოს ან სხვა რაციონალურ საშუალებებს მოუხმოს «აკრძალული» ინსტინქტების წინააღმდეგ, რასაც შემდეგი მაგალითი დაგვანახებს:       ახალგაზრდა კაცმა გაიცნო გოგონა, რომელიც ძალიან მოეწონა; მაგრამ მასთან პირველი შეხვედრის შემდეგ, შინ რომ დაბრუნდა, მტანჯველი ფიქრები აეკვიატა: რა შედეგები მოჰყვებოდა ამ ურთიერთობას (რომელიც ჯერ არ დაწყებულიყო!)? რა ოჯახიდან იყო გოგონა? რამდენი მამაკაცის ხელში იყო უკვე გამოვლილი? ჯანმრთელობას ხომ არ უჩიოდა? რას ფიქრობდა სიყვარულზე? მასთან ურთიერთობის დროს საქმე ფეხმძიმობამდე ხომ არ მივიდოდა? რაიმე სენი ხომ არ გადაედებოდა მისგან? ასეთი ვნებიანი ტუჩების პატრონი, იქნებ ნებისმიერ მამაკაცს უწვებოდა ლოგინში? ამ ფიქრების შემდეგ, ახალგაზრდა ყმაწვილმა საკუთარ თავს ასეთი კითხვები დაუსვა: «ისე, კაცმა რომ თქვას, რა აუცილებელია მასთან ურთიერთობა? ვინ მომცემს იმის გარანტიას, რომ იმედგაცრუებული არ დავრჩები? ხომ აშკარაა, რომ ამ საქმეს კარგი პირი არ უჩანს?.. ჰოდა, ასეთ ახალგაზრდა ასაკში რატომ უნდა გავიმრუდო ცხოვრება?» (არადა, მთელ ამ ისტორიაში საერთოდ არაფერი იყო გასარჩევი და საკამათო).       ამ შემთხვევაში მეტისმეტად ფრთხილ და წინდახედულ პიროვნებასთან გვაქვს საქმე. იგი ითვალისწინებს მოვლენის ყველა ნეგატიურ მხარეს, ხშირად ექცევა ყურით მოთრეული, რაციონალური აზრების ტყვეობაში, რათა გადაწყვეტილება არ მიიღოს, არ იმოქმედოს და რაიმე რისკზე არ წავიდეს. ახალგაზრდა კაცს სხვა აკვიატებული აზრებიც ჰქონდა. მაგალითად, სემესტრის ბოლოს და სახელმწიფო გამოცდების წინ გამუდმებით იმაზე ფიქრობდა, რომელი ჰალსტუხი გაეკეთებინა, და მთელ დროს მათ შერჩევა-მოზომებას ანდომებდა. გარდა ამისა, ახალგაზრდა კაცს აკვიატებული ჰქონდა, რომ ნაცნობთან შეხვედრის შემდეგ, ზუსტად უნდა გაეხსენებინა, რა უთხრა მან და ამაზე თავად როგორ უპასუხა. ამ დროს რაიმე ისეთი ხომ არ წამოსცდა, რაც მისთვის საბედისწერო გახდებოდა, ან ნაცნობის სიტყვებში რაიმე ორაზროვნება ხომ არ გამოეპარა? მოკლედ, ეს ადამიანი ხშირად ფიქრობდა იმაზე, როგორ აღედგინა მეხსიერებაში უკვე ჩავლილი საუბრები. აღნიშნული ქმედებები მისთვის უსაფრთხოების გარანტია და თვითნებური საქციელისგან თავდაცვის საშუალება იყო.       ობსესიური პიროვნება საკუთარ ქმედითუნარიანობას ხშირად სექსუალურ საკითხს უკავშირებს. ამ დროს სექსუალური ურთიერთობა მას თავისი ქმედითუნარიანობისა და პოტენციის შესამოწმებლად სჭირდება, ხოლო პარტნიორი ქალი მისთვის ის ობიექტია, რომელსაც ამ მიზნისთვის იყენებს. გერმანულ ენაში ადამიანის სექსუალურ და ფინანსურ პოტენციალს ერთი და იგივე სიტყვა: «შესაძლებლობა» გამოხატავს და ობსესიურ პიროვნებასაც ზუსტად ერთნაირი დამოკიდებულება აქვს საკუთარ სექსუალური და ფინანსური პოტენციალის მიმართ. იგი ან აშკარად იყენებს თავის ამ «შესაძლებლობას», ან ზოგავს თავის პოტენციას, რადგან გრძნობს, რომ იგი შეზღუდულია და განახლებას მოითხოვს; ამიტომ, იმის შიშით, რომ «თოფის წამალი» არ გამოელიოს, ზოგავს და უფრთხილდება მას. ობსესიურ პიროვნებას ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება აქვს ფულთან.       ობსესიური პიროვნების გუნება-განწყობა, ეროტიკული და სექსუალური ურთიერთობის დროს, გარკვეულწილად გარემოპირობებზეა დამოკიდებული; მას აღიზიანებს ხმაური, სხვადასხვა სუნი, არასასურველი განათება, ნახევრად გამოღებული კარი და ა.შ. ეს ყველაფერი ობსესიურ ადამიანზე ისე მოქმედებს, რომ ამ დროს, შესაძლოა, საერთოდ გაუქრეს სექსუალური ლტოლვა, სუნთქვა შეეკრას და პოტენცია დაკარგოს. ზოგიერთი ობსესიური ადამიანი ასეთი შემთხვევის წინ დიდხანს და გულმოდგინედ ბანაობს და უკვე ამით იხშობს ინტიმური ურთიერთობის სურვილს. ეს პიროვნებები ხშირად არიდებენ თავს წინასწარ დასახულ, სისტემატურად შესასრულებელ «ვალდებულებებს» და ფიქრობენ, რომ ჯერ სხვა საქმეები უნდა მოაგვარონ. ისინი სიამოვნებით იმიზეზებენ დაღლას, ამბობენ, რომ გადაქანცულნი არიან მძიმე შრომით, და, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი სხვა მიზეზს გამონახავენ, რათა თავი დააღწიონ პარტნიორულ ურთიერთობებს. ობსესიურ პიროვნებებს იშვიათად ეუფლებათ ჭეშმარიტი და ლაღი სიხარულის განცდა. თუ ისინი აიკვიატებენ აზრს, რომ პარტნიორი მათი საკუთრებაა, ეჭვიანობას იწყებენ, თუმცა ეს მათი მხრიდან უფრო ძალაუფლების გამოვლინების სურვილზე მიუთითებს. ისინი პარტნიორს არ აძლევენ საშუალებას, მათ გავლენას დააღწიონ თავი. მაგრამ, თუ პარტნიორი ამას მაინც შეეცდება, ობსესიური ადამიანები მას ყოველნაირად ავიწროებენ და მასზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს. უნდა ვიფიქროთ, რომ თავის დროზე სწორედ აკვიატებული აზრით შეპყრობილმა ადამიანმა გამოიგონა «უმანკოების ქამარი».       ობსესიურ პიროვნებაში ხშირად იმდენად ხდება სიყვარულისა და სექსუალობის, სინაზისა და ვნებების ერთმანეთისაგან გამიჯვნა, რომ მას არ უჩნდება საყვარელ ქალთან სიახლოვის სურვილი; სამაგიეროდ, შესაძლოა, ვნებამ შეიპყროს პარტნიორის მიმართ, რომელთანაც არავითარი გრძნობა არ აკავშირებს. ობსესიური პიროვნებისათვის წარმოუდგენელია «უხამსი, სექსუალური ურთიერთობა საყვარელ ქალთან», რადგან ფიქრობს, რომ ამით მის ღირსებას შელახავს. ამრიგად, ხშირად გვხვდებიან ობსესიური ადამიანები, რომლებიც თაყვანს სცემენ საყვარელ ქალს, სექსუალურ მოთხოვნილებებს კი მეძავებთან იკმაყოფილებენ.       ჯანმრთელი ადამიანები, რომლებსაც სუსტად გამოხატული ობსესიური ნიშნები აქვთ, საერთოდ არ არიან ვნებიანი საყვარლები, სამაგიეროდ, საიმედო და სტაბილური პარტნიორები არიან, ქალის მიმართ სითბოს და სინაზეს იჩენენ, მასთან ურთიერთობას პასუხისმგებლობით ეკიდებიან და ცდილობენ, მისი კეთილგანწყობა მოიპოვონ.       ობსესიური ადამიანები ახლობლებზე ზრუნვით გამოირჩევიან და მათი ოჯახი ხშირად «წმინდა თანამეგობრობის» შთაბეჭდილებას ტოვებს; ეს არის ოჯახი, რომლის საფუძველსაც ურთიერთპატივისცემა და პასუხისმგებლობა შეადგენს. ობსესიური ადამიანი და აგრესია       ობსესიურ ადამიანს აგრესიული და აფექტური ხასიათი ხშირად უქმნის სიძნელეებს; ამიტომ მან ადრევე უნდა ისწავლოს, რომ თავის მოთოკვა და გაკონტროლებაა საჭირო. მისი ცხოვრების აღწერისას კი დავინახავთ, რომ მისთვის დამახასიათებელ სპონტანურ რეაქციებს უზარმაზარი შიში ახლავს თან. ობსესიური პიროვნება იძულებულია, საკუთარ თავში ადრევე დათრგუნოს აღშფოთების, სიძულვილის, სიჯიუტისა და მტრული განწყობის ყოველგვარი გამოვლინება, რადგან ამის გამო ისჯებოდა, ან გარშემომყოფთა სიყვარულს ვეღარ იმსახურებდა. მაგრამ ცხოვრება ხომ არ არსებობს აგრესიებისა და აფექტების გარეშე?! მაშ, რა უნდა მოუხერხოს მათ ადამიანმა? ობსესიურ პიროვნებას, დეპრესიულ ადამიანთან შედარებით, უფრო ძლიერად აქვს განვითარებული საკუთარი «მე» და ბავშვობაშიც არ განიცდიდა «დაკარგვის შიშს», რაც მას აფექტებზე ხელს ააღებინებდა; ამიტომ მას აგრესიები იმის შიშით უნდა დაეთრგუნა, რომ დასჯიდნენ. ახლა განვიხილოთ, რა შეიძლება მოიმოქმედოს ასეთ სიტუაციაში ობსესიურმა ადამიანმა.       ალბათ, ყველაზე გავრცელებულია ისეთი შემთხვევები, როდესაც იგი დიდი სიფრთხილით ეკიდება აფექტებისა და აგრესიების გამოხატვას. ის ყოყმანით და ეჭვით აკვირდება სიტუაციას და ფიქრობს, აქვს თუ არა უფლება, აგრესია გამოავლინოს; მაგრამ თუ თავის შეკავებას მაინც ვერ ახერხებს, ამის შემდეგ ცდილობს, ასეთი მძაფრი რეაქცია აღარ ჰქონდეს, ან სხვა დროს საერთოდ ჩაიხშოს იგი: ერთხელ ერთმა პაციენტმა ფსიქოთერაპიული სეანსის დროს აგრესიულად მოიხსენია საკუთარი ცოლი, რომელიც ამას ნამდვილად იმსახურებდა; თუმცა პაციენტმა მაშინვე სინანულით თქვა: «რა თქმა უნდა, მეტისმეტი მომივიდა. ცხადია, ასე არ ვფიქრობ და ასეთი რამ მხოლოდ იმიტომ ვთქვი, რომ ჩემს სიტუაციას ნათელი მოჰფენოდა. ძალიან გთხოვთ, სწორად გამიგეთ: წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ჩემს ცოლზე მცდარი შთაბეჭდილება შეგქმნოდათ; არადა, ერთმანეთთან ნამდვილად კარგი ურთიერთობა გვაქვს». ეს შემთხვევა კარგად დაგვანახებს, რა შიში ახლავს აგრესიის გამოვლინებას. რომელსაც მოგვიანებით თვითბრალდების გრძნობა ჩაენაცვლება. აგრესიულ რეაქციებზე ამგვარმა «შერბილების ტენდენციამ», სიტუაციის განმეორების დროს, შესაძლოა, ობსესიურ ადამიანში შეცდომის გამოსწორების სურვილი ან უფრო დიდი თვითბრალდების გრძნობა გამოიწვიოს.       ობსესიურ ადამიანს შეუძლია შეიმუშაოს გარკვეული იდეოლოგია, რომლის თანახმადაც, კონფლიქტის დროს მისი აფექტები კვლავ მასთან დარჩება, ოღონდ იგი მათ გამოვლენის საშუალებას არ მისცემს. ამასთან, აფექტებზე უარისთქმის არსი უმთავრესად იმაში მდგომარეობს, რომ ობსესიურმა პიროვნებამ თავი უნდა მოთოკოს და ამ პრინციპით აღზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აფექტების გამოხატვა იმის მაუწყებელი იქნება, რომ ობსესიური პიროვნება საკუთარ თავს გაურბის და ვერ ერევა, რაც მის ღირსებას ლახავს. საერთოდ კი, როგორც არ უნდა უვნებლად გამოიყურებოდეს ობსესიური ადამიანის საქციელი, მაინც არსებობს იმის საფრთხე, რომ იგი ამ დროს მეტისმეტად დიდ მოთხოვნებს უყენებს საკუთარ თავს. აფექტების ძლიერი დამუხრუჭების დროს ადამიანში ხდება მათი დაგროვება, რის შემდეგაც მკაცრი კონტროლია საჭირო, რომ მათ არ ამოხეთქონ. მაგალითად, მსგავსი ობსესიური სიმპტომები გამოვლინდა ქალში, რომელიც ქმრისადმი თავის მტრულ დამოკიდებულებას აშკარად არასოდეს გამოხატავდა. სამაგიეროდ, იგი საშინელ შიშს განიცდიდა დანებისა და ბასრი საგნების დანახვაზე, რადგან ფიქრობდა, რომ მასში დაგროვილი აგრესია ამოხეთქავდა და არავინ იცის, ამის შემდეგ ქალი რას მოიმოქმედებდა. მას რომ ქმრისთვის თავისი სათქმელი დროულად ეთქვა, მისი აგრესია ასეთ სახიფათო სახეს არ მიიღებდა.       ობსესიის სინდრომით დაავადებული ადამიანები ამ დილემას თავს დააღწევენ, თუ საამისოდ საჭირო ლეგიტიმურ საშუალებებს გამონახავენ. მათ უნდა გააცნობიერონ ის მიზეზები და გარემოებები, რომლებიც არათუ აგრესიის გამოხატვის შესაძლებლობას მისცემენ, არამედ ამ აგრესიას გარკვეული ღირებულების სახითაც წარმოაჩენენ; ამის საშუალებას კი ზოგიერთი პროფესია იძლევა. ამ შემთხვევაში ობსესიური ადამიანი ებრძვის ყველაფერს, რის აკრძალვასაც საკუთარი თავისთვის ცდილობს. ასეთ ფანატიკოსებს ნებისმიერი საქმიანობის სფეროში ვხვდებით. ისინი ყველგან დაუნდობლად, უკომპრომისოდ და ანგარიშმიუცემლად იბრძვიან ვიღაცის ან რაღაცის წინააღმდეგ – იქნება ეს ჰიგიენის, სექსის, მორალის თუ რელიგიის სფერო. ამჯერად ობსესიური პიროვნებები აგრესიას საკუთარ თავში კი არ იხშობენ, როგორც ეს დეპრესიულ ადამიანებს სჩვევიათ, არამედ მას, სინდისის ქენჯნის გარეშე, ვიღაცის ან რაღაცისაკენ მიმართავენ, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ ამით სასარგებლო საქმეს აკეთებენ. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რა სახიფათო მდგომარეობა იქმნება, როდესაც ობსესიური პიროვნება საკუთარი აგრესიისთვის «გადასაკეტ სარქველს» ეძებს. ამ დროს მან ყველგან და ყველაფერში შეიძლება დაინახოს ისეთი რამ, რის წინააღმდეგაც, «საკუთარი რწმენიდან» გამომდინარე, რაღაც უნდა მოიმოქმედოს. ეს მას საშუალებას აძლევს, თვით ის საშინელი აგრესიებიც კი გამოავლინოს, რომლებსაც იგი «წმინდა მიზნებს» უკავშირებს. ამაზე ჩვენ ქრისტიანულ იდეოლოგიებზე მსჯელობისას უკვე მივუთითეთ.       ამ შემთხვევაში ძალიან მყიფეა ის საზღვარი, ჯანმრთელ და ავადმყოფ ადამიანებს შორის რომ გადის. ამ სახით გამოვლენილი აგრესიები გარკვეულწილად დაკავშირებულია იმ ნორმებთან, რომლებსაც თავისთავად რაღაც ღირებულება გააჩნიათ, ან, შესაძლოა, გააჩნდეთ.       რა კატასტროფული შედეგები შეიძლება მოჰყვეს აგრესიას, რომელსაც ადამიანთა კოლექტივი მას თავისი იდეოლოგიის იარაღად აქცევს, ამის მოწმენი ჩვენ მესამე რაიხში ებრაელების დევნის დროს გავხდით. აგრესიის გამოვლენა ნებისმიერ ომში ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მტრის განადგურება «სათნოების» სახელით ხდება.       ზემოთ აღწერილი «ლეგიტიმური» აგრესიის უფრო მსუბუქი ფორმა მეტისმეტი კორექტულობაა. ობსესიურ პიროვნებაში, დათრგუნულ აგრესიასთან ერთად, ამ დროს თავს იჩენს აგრესია, რომელიც მას, როგორც წესი, გაცნობიერებული არა აქვს. არის შემთხვევები, როდესაც ობსესიური პიროვნება კორექტულად გამოავლენს აგრესიას, რომელიც სადიზმის ზღვარზე დგას. ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით მრავლად გვხვდება. ამის მაგალითია საჯარო მოხელე, რომელიც გულგრილად მიუკეტავს ადამიანს ცხვირწინ სარკმელს, როდესაც ბოლო წუთში შეუძლია მოემსახუროს; მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს, უნებლიეთ დაშვებული შეცდომის გამო, «განსასჯელის სკამზე» სვამს; გამომცდელი, რომლისთვისაც სწორი პასუხი სიტყვა-სიტყვით უნდა ემთხვეოდეს მის მოსაზრებას; მოსამართლე, რომელსაც კანონი პედანტურად ესმის და დანაშაულზე ისე გამოაქვს განაჩენი, რომ არ აინტერესებს მისი ჩადენის მოტივაცია. აგრესიის გამოვლინების ამგვარი მაგალითები მრავლად გვხვდება. ეს ობსესიური პიროვნებები ზედმიწევნით კორექტულად, ლეგიტიმურად გამოავლენენ აგრესიებს, ბოროტად სარგებლობენ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებით. ისინი ამგვარ საქციელს საკუთარი თავის წინაშე იმით ამართლებენ, რომ სწორად და თანმიმდევრულად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და გარკვეული ღირებულებების დამცველებად გამოდიან; მაგრამ ობსესიური პიროვნებების აგრესია სწორედ იმით არის სახიფათო, რომ ეს ადამიანები ხშირად ლაპარაკობენ ღირებულებებზე, ამის გამო კი ძნელია იმის დადგენა, როდის აქვს მათ საქმიანობას რაიმე ღირებულება და როდის არის იგი მათი ძალაუფლების გამოხატვის საშუალება. რა თქმა უნდა, ისინი მართლები არიან, როცა ამბობენ – «წესრიგია საჭიროო», მაგრამ ეს არ არის სიცოცხლით სავსე, არაპედანტური წესრიგი. ზნეობა ნამდვილად ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ იგი ამ დროს კაცთმოძულეობას არ უნდა ქადაგებდეს.       აქედან პირდაპირ იქით მივდივართ, რასაც სამხედრო საქმიდან ვიცნობთ და «წვრთნას» ვეძახით. როგორც დავინახეთ, ობსესიური ადამიანების აგრესია ნორმების, წესებისა და პრინციპების დაცვით გამოვლინდება. ისინი ამ დროს, უმთავრესად, «ვიღაცის სახელით» მოქმედებენ, რაც ძალაუფლების ინსტინქტის აშკარა გამოვლინებას წარმოადგენს. ეს ის მოუხელთებელი აგრესიაა, რომლის მხილებაც ხშირად ძალიან ძნელია; ამასთან, იგი იმ ზეპიროვნული და ანონიმური სახით ვლინდება, რომლის მიღმა აგრესიისადმი პიროვნული სწრაფვა იმალება. ობსესიური აგრესიის კიდევ ერთ დამახასიათებელ თვისებას ძალაუფლებისკენ ლტოლვა წარმოადგენს. ეს აღარ არის ის აგრესია, რომლის საშუალებითაც შიზოიდური ადამიანები თავს იცავენ; ამ აგრესიის დროს საქმე ძალაუფლებას ეხება. ობსესიური ადამიანები ძალაუფლების მოსაპოვებლად აგრესიას მიმართავენ, ხოლო მათ ხელთ არსებული ძალაუფლება კვლავ აგრესიის გამოვლენას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებს ისეთ პროფესიებში ვხვდებით, რომლებიც მათ ძალაუფლებას ანიჭებენ და იმავდროულად აძლევენ შესაძლებლობას, თავიანთი აგრესიები წესრიგის, აღზრდის, კანონის, ავტორიტეტის სახელით, ლეგალურად გამოავლინონ. ამიტომ, ბუნებრივია, ბევრი პოლიტიკოსი მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი ობსესიური სტრუქტურული ტიპის ადამიანს წარმოადგენს. მათ რიცხვში არიან: სამხედრო მოსამსახურეები, პოლიციელები, საჯარო მოხელეები, მოსამართლეები, სასულიერო პირები, პედაგოგები და პროკურორები. თუ როგორ გამოიყენებენ ეს ადამიანები ძალაუფლებას და მასთან დაკავშირებით – თავიანთ აგრესიას, ეს მათ პიროვნულ მოწიფულობასა და ინტეგრაციაზეა დამოკიდებული. ობსესიურ პიროვნებებს ნებისმიერი საზოგადოება, თავისი იერარქიული წყობით და წესრიგით, ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს, რათა მათ, «კეთილი მიზნების» საფარქვეშ, ლეგიტიმურად გამოავლინონ აგრესიები და სიძულვილი. ოჯახი, სკოლა და ეკლესია ქმნიან ადამიანის აღზრდისთვის საჭირო, პირველად გარემოს. ამასთან, ისინი იმ ინსტიტუციებსაც წარმოადგენენ, რომლებიც თავიანთი უსულგულო წვრთნის მეთოდებით ცდილობენ ბავშვების აღზრდას, მათში დანაშაულის გრძნობისა და დასჯის შიშის გაღვიძებას; ამით ისინი ნოყიერ ნიადაგს უმზადებენ ბავშვებს, რათა მომავალში ობსესურ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ.       ობსესიური აგრესიის ერთ-ერთ ფორმას «მზაკვრულს» უწოდებენ. იგი ვლინდება ფარულად, ვერაგულად და ფრთხილად, რის გამოც ობსესიურ ადამიანებს ბავშვობაში მკაცრად სჯიდნენ. მათ არ აძლევდნენ უფლებას, თავიანთი სიჯიუტე და აფექტები აშკარად გამოევლინათ; თუ ისინი მოფარებულში, ჩუმად მაინც ახერხებდნენ ამას, შემდგომ ამის გამო მკაცრად ისჯებოდნენ. ამ დროს თავჩენილი მზაკვრობა და ვერაგობა ძალიან მოგვაგონებს «ცხვრის ტყავში გახვეული მგლის» საქციელს.       მოტორულ-ექსპანსიური, აფექტური და აგრესიული ქცევებისთვის ბავშვის დასჯას ის შედეგი მოაქვს, რომ იგი სრულყოფილად ვეღარ შეიგრძნობს საკუთარ სხეულს. ბავშვი კარგავს სამოძრაოდ საჭირო უნარს და ისეთი გრძნობა ეუფლება, თითქოს სხეული მას აღარ ეკუთვნის. იმისათვის, რომ ადამიანმა საკუთარი სხეული ბუნებრივად მართოს, მას თავისუფალი მოძრაობის საშუალება უნდა ჰქონდეს. მაგრამ, თუ ბავშვი მუდმივად დაძაბულია და მთელი ყურადღება იმაზე აქვს გადატანილი, რომ არ «წაიბორძიკოს» და თავისი ქცევით ვინმე არ გააღიზიანოს, ეს მისი მოტორული და აგრესიული მოძრაობის დამუხრუჭებას იწვევს, ამასთან, მას უქრება რწმენა, რომ დამაჯერებლად შეუძლია მოძრაობა. ამ დროს საქმე გვაქვს მოძრაობის მკვეთრად გამოხატულ «მოუქნელ» ფორმასთან, რომელიც განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში, შესაძლოა, «დონდლო» მოძრაობებში გადაიზარდოს. ამ დროს აგრესია ხშირად უკვე ხსენებულ «უმართებულო ქცევებში» იჩენს თავს. მოუქნელი, მოუხეშავი და დონდლო ადამიანი მისთვის საჭირო აგრესიებს, ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე, «თავისდაუნებურად აითვისებს». მაგალითად, ობსესიური ადამიანი ამ დროს თავის დათრგუნულ აგრესიებს იმით გამოხატავს, რომ ძვირფასი ლარნაკი «უნებლიეთ» ხელიდან გაუვარდება და გაუტყდება, ან წაიბორძიკებს და ღამის ლამპას გადააყირავებს. მის საქციელზე შეიძლება გაბრაზდე, მაგრამ ამისათვის პასუხს ვერ მოსთხოვ. ამას ბავშვი სიამოვნებით უყურებს და, რაკი ამბობენ: «გიჟი თავისუფალიაო», ისიც გიჟის თავისუფლებით ტკბება; გარშემომყოფნი ამ დროს თავიანთ უპირატესობას იმით გამოხატავენ, რომ შეუძლიათ ბავშვი შეიბრალონ და მისდამი კეთილგანწყობილნი იყვნენ. ასეთი ნატიფი ხერხებით ცდილობს ბავშვი შურისძიებას იმ ადამიანებზე, რომლებიც მას მხოლოდ «ყურს უწევდნენ».       არცთუ იშვიათად ბავშვი თავის ასეთ საქციელში მოგვიანებით კიდევ ერთ სარგებელს ხედავს: რაკი მას ყველანი მოუხერხებელი და უგერგილო ადამიანის სახელით იცნობენ, შეუძლია, მომავალში მძიმე საქმეებიდან დაიძვრინოს თავი.       აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მუდმივად «თავის მოთოკვის» აუცილებლობამ და მეტისმეტმა კონტროლმა, შესაძლოა, ადამიანი იპოქონდრული თვითდაკვირების აკვიატებამდე მიიყვანოს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გამუდმებით საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ფიქრობს და თავის აგრესიას ამით გამოავლენს. ამ დროს ობსესიური პიროვნება გარშემომყოფთ თავისი იპოქონდრული შიშებითა და სიმპტომებით სასოწარკვეთილებაში აგდებს და გუნება-განწყობას უწამლავს; ამ შემთხვევაში მოსალოდნელია კუჭ-ნაწლავის ფუნქციის რეალურად ან მოჩვენებითად დარღვევა, რაც ოჯახისთვის ნამდვილ კატასტროფას მოასწავებს.       ობსესიურ ადამიანებს კიდევ ორი სახის აგრესიული ქცევა ახასიათებთ; ამ დროს ისინი თავიანთ აგრესიებს და აფექტებს გაუცნობიერებლად ავლენენ და, შესაბამისად, არც დანაშაულის გრძნობას განიცდიან. ესენი არიან       «არხეინი» და «კირკიტა» ადამიანები, რომლებიც სხვებზე შემაწუხებლად და დამთრგუნველად მოქმედებენ. ეს აგრესიის მეტად ნატიფი და ფარული სახეობებია, რომლებიც უმთავრესად ქალებს ახასიათებთ; მაგალითად, არიან ქალები, რომლებიც კონცერტზე ან თეატრში წასასვლელად იმდენ ხანს ემზადებიან, რომ პარტნიორი წონასწორობიდან გამოჰყავთ. თუმცა არიან მამაკაცებიც, რომლებიც მოყოლას, როგორც იტყვიან, «ათადან-ბაბადან» იწყებენ. იგივე შეიძლება ითქვას ობსესიურ პაციენტზე, რომელიც დაწვრილებით მიხსნიდა, რატომ დააგვიანდა იმ დღეს სეანსზე მოსვლა «თითქმის ორი წუთით(!)»       «როგორც ყოველთვის, სამსახურიდან შვიდის თხუთმეტ წუთზე გამოვედი. ავტობუსმა 3 წუთით დააგვიანა და ერთ წუთს გაჩერდა. ასევე დაგვიანებით ჩამოვედი ჩემს გაჩერებაზე და თქვენკენ გამოვეშურე. მინდოდა დაკარგული დრო ამენაზღაურებინა და ნაბიჯს ავუჩქარე, მაგრამ ვიღაც ქალმა გამაჩერა და რომელიღაც ქუჩა მკითხა. მე, რა თქმა უნდა ავუხსენი, იქ როგორ მისულიყო, თუმცა ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა. მერე თქვენამდე მთელი გზა სირბილით გამოვიარე».       ორი წუთით დაგვიანებაზე, რა თქმა უნდა ლაპარაკი, საერთოდ, არ ღირდა, მაგრამ, რაკი პაციენტს ამის აღნიშვნა უნდოდა, შეეძლო ეს ერთი წინადადებით ეთქვა: «მაპატიეთ, ცოტა დამაგვიანდა». ასეთი პაციენტები კლინიკაში დროულად მოდიან, ზარის ღილაკს წუთი-წუთზე აჭერენ თითს და ამით ადრე ან გვიან მოსულ პაციენტებს შორის თავიანთ ნეიტრალურ პოზიციას გამოხატავენ. ისინი ფიქრობენ, რომ ადრე მოსვლით და იქ ყოფნით ვინმეს თავს მოაბეზრებენ, ან, შესაძლოა, ვინმეს ეგონოს, რომ მათ კლინიკაში მოსვლა უხარიათ და ამიტომ მოდიან დროზე ადრე; ხოლო თუ დააგვიანებენ, ამას მათ ვინმე უზრდელობაში ჩამოართმევს და, შესაძლოა, რაღაც უკეთურებაც დასწამოს. პაციენტის ასეთი საქციელის ერთ-ერთი მიზეზი «თავშეკავება» ან «ერთგულების» წინაშე შიში უნდა იყოს, თუმცა ამის ახსნა საღ განსჯას არ ექვემდებარება. ობსესიური პიროვნებისთვის ამგვარი ქცევა ის სარქველია, რომელსაც იგი ე.წ. «არაპირდაპირი აგრესიის» გამოსახატავად იყენებს. ამის მაგალითი შეიძლება იყოს ქმარი, რომელიც ცოლს ყოველ ჯერზე, სულ უმნიშვნელო თანხის მიცემაზეც კი ახვეწნინებს; ანდა ადამიანი, რომელიც შეკითხვაზე პასუხს არ იძლევა, თითქოს დუმილის აღთქმა ჰქონდეს დადებული, რაც მეორე ადამიანს საშინლად აღიზიანებს. ასეთ შემთხვევებში, ობსესიული პიროვნება აშკარა აგრესიას არ ავლენს, მას კაცი ვერაფერს უსაყვედურებს, მაგრამ, სამაგიეროდ, მისმა ასეთმა საქციელმა, შესაძლოა, მეორე ადამიანს გული ატკინოს და გუნება-განწყობა გაუფუჭოს. საერთოდ კი, ობსესიურ პიროვნებას ურჩევნია, მკრეხელური საქციელი არ ჩაიდინოს, რადგან ფიქრობს, რომ «არჩადენილ ცოდვებს» სამხილი უფრო ძნელად გამოეძებნება.       ამის საპირისპირო თვისებას «აბეზრობა» წარმოადგენს. ობსესიური ადამიანი ამ დროს კარგავს ზომიერების გრძნობას, და, როგორც იტყვიან, «ძაღლის ყბა აქვს გამობმული», ყველას თავს აბეზრებს. ბოლოს კი, ობსესიური ადამიანის ისეთი თვისებაც უნდა გავიხსენოთ, როგორიცაა: «წუწუნი», «მოთქმა» და «ვაი-ვიში», რაც აგრესიის გამოვლენის ტიპური ფორმაა.       ობსესიურ პიროვნებას, აგრესიულ იმპულსებთან ერთად, ხშირად უძლიერდება დასჯისა და დანაშაულის შიში. ამ დროს იგი ვეღარ იყენებს აგრესიის გამოხატვის ზემოაღნიშნულ შესაძლებლობებს, რაც მოგვიანებით სომატურად იჩენს ხოლმე თავს. ამის შედეგი კი არის გულის და სისხლ-ძარღვთა დაავადებები, წნევა (უპირველეს ყოვლისა, მაღალი წნევა, რომელიც, არცთუ იშვიათად, ინსულტის წინაპირობას წარმოადგენს), შაკიკი, უძილობა და კუჭ-ნაწლავის ფუნციის მოშლა. ამ დროს, რა თქმა უნდა, ხანგრძლივად დათრგუნული აფექტებისა და აგრესიების სომატური სიმპტომები იჩენს თავს. ობსესიურ ადამიანებში მიმდინარეობს შინაგანი კონფლიქტი, რადგან მას აგრესიის გამოვლენის სურვილი აქვს; მეორე მხრივ, ძალაუფლებისკენ სწრაფვის მიუხედავად, გავლენას ვერ ახდენს მიმდინარე მოვლენებზე და, ამასთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებების მიღებაზე. დაგროვილმა აფექტებმა ამ დროს, შესაძლოა, ისეთი ძალით ამოხეთქოს, რომ «ამოკის» დაავადება გამოიწვიოს; ეს კი იმას ნიშნავს, რომ ობსესიურ პიროვნებას უეცარი მრისხანება შეიპყრობს და უჩნდება სურვილი, ყველაფერი მოსპოს და გაანადგუროს. რილკემ თავის რომანში «მალტე ლაურიდს ბრიგე» ამაღელვებლად აღწერა ადამიანში უეცარი ემოციური აფეთქების შემთხვევა.       გვინდა აფექტებისა და აგრესიების სომატური გამოვლინების შემდეგი მაგალითი მოვიყვანოთ:       მაღალი თანამდებობის პირს, რომელსაც საკუთარი პასუხისმგებლობა კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, სამსახურში თავი ყოველთვის საქმიანად, ნეიტრალურად ეჭირა და აფექტებს არასოდეს ჰყვებოდა. მისთვის უცხო იყო ისეთი გრძნობების გამოვლენა, როგორიცაა სიხარული, მრისხანება ან მოუთმენლობა. ამ უდრეკი ხასიათის ადამიანს ვერავინ შეამჩნევდა აღელვებას ან გაღიზიანებას. ის ამაყობდა თავისი ძლიერი ნებისყოფით, სულიერი ურყევობით და იმ უპირატესობით, რომელიც სხვა ადამიანებისგან გამოარჩევდა. ამასთან მტკივნეულად განიცდიდა იმასაც, რომ საჭირო შემთხვევაში თავს უფლებას არ აძლევდა, გაბრაზებულიყო და თავისი რისხვა გადმოენთხია; ამას იგი საკუთარ თავს, პრესტიჟისა და მაღალი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო, სასტიკად უკრძალავდა. სამაგიეროდ, ეს ადამიანი სულ უფრო ხშირად გრძნობდა, რომ ასეთ სიტუაციებში პულსი საგრძნობლად უჩქარდებოდა და გულის არეში ტკივილები ეწყებოდა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ იგი თავის «ჯავშანს» არცთუ მთლად წარმატებით იყენებდა. მერე ის იყო, სამსახურებრივი კონფლიქტების დროს მას მოწინააღმდეგეებთან ბრძოლა და მათი თავდასხმების მოგერიება მოუხდა, რის შემდეგაც მან ექიმს მიმართა. ამ უკანასკნელმა მას გულის ინფარქტი უწინასწარმეტყველა, თუ ემოციურ დაძაბულობას არ მოიხსნიდა და სამსახურში თავს ისევ გადაიტვირთავდა. მაგრამ, როგორც ყოველთვის, მუშაობის ფაქტორი სულაც არ იყო გადამწყვეტი. ამ ადამიანის დაავადება მისი არაბუნებრივი თავშეკავებითა და მოთმინებით იყო გამოწვეული, რაც მას არც ერთ ღია სარქველს არ უტოვებდა დაგროვილი აფექტებისა და აგრესიების გამოსავლენად.       ბისმარკზე ამბობენ, რომ დათრგუნული აფექტების შედეგად მას სლოკინი უვარდებოდა, კრუნჩხვითი შეტევები ეწყებოდა და ხალიჩას კბილებით გლეჯდა. ამგვარი მდგომარეობის ტრაგიზმი, შესაძლოა, იმითაც იყო გამოწვეული, რომ ძლიერი აფექტების მქონე ადამიანები ხშირად მაღალი თანამდებობის პირები არიან; ისინი აცნობიერებენ, რომ მათ, როგორც ხელმძღვანელებს, საკუთარი მცდელობით შექმნილი იმიჯის გამო, უფლება არა აქვთ, აშკარად გამოავლინონ თავიანთი აფექტები.       აქვე მინდა, მოვიხსენიო აგრესიის ის სახეობა, რომელსაც ობსესიური პიროვნება თავდაცვის მიზნით იყენებს. ამ შემთხვევაში იგი საკუთარ აგრესიას იმით თრგუნავს, რომ გარკვეული ადამიანის გაიდეალებას იწყებს და ამით მას აგრესიისათვის ხელშეუხებელს ხდის. ბავშვობის ასაკის შემდეგ ამ სახის აფექტები ისევ გამოვლინდება მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის დროს, როდესაც მოსწავლე საკუთარ თავს, საბოლოოდ, მის აღზრდილად აღიარებს. ← წინა ნაწილი | გაგრძელება → ფრიც რიმანი წიგნიდან: შიშის ძირითადი ფორმები [1] დრონი იცვლებიან და მათთან ერთად ვიცვლებით ჩვენც (ლათინ.). [2] აბსურდამდე (ლათინ). [3] რა მოხდება – თუ (ინგლ.). [4] მკაფიო შეთანხმებები საუკეთესო მეგობრები არიან (ლათინ.).…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 1:17pm on ოქტომბერი 4, 2018
თემა: ოსკარ უაილდი - ქანთერვილის მოჩვენება
ო. მართლაც, ლორდი ქანთერვილი, რომელიც პატიოსნებითა და პუნქტუალობით იყო ცნობილი, თვითონვე გრძნობდა აუცილებლობას ეს ფაქტი ეხსენებინა, როდესაც პირობების შესათანხმებლად შეხვდა მინისტრს. – ამ ადგილას ცხოვრება აღარ გვინდა, – მიმართა ლორდმა ქანთერვილმა, – რაც პაპიდაჩემი, ბოლთონის დოვაგერის ჰერცოგინია ისე შეშინდა, რომ გონს ვეღარ მოვიდა ცხონებული. სასადილოდ რომ ემზადებოდა, ჩაცმისას მან მხრებზე ჩონჩხის ხელები დაინახა; თავს მოვალედ ვრაცხ მოგახსენოთ, ბატონო ოტის, რომ მოჩვენება აქ რამდენჯერმე შეამჩნიეს ოჯახის ჯანმრთელმა წევრებმა, მათ შორის სამრევლო მღვდელმა, ღირსმა ავგუსტუს დამპიერმა, რომელიც კემბრიჯში, სამეფო კოლეჯის სამეცნიერო საზოგადოების მაგისტრია. ჰერცოგინიას თავს დამტყდარი ამ უბედური შემთხვევის შემდეგ ჩვენთან ახალგაზრდა მსახურთაგან აღარავინ ისურვა დარჩენა, ლედი ქანთერვილიც სულ უძილობას უჩიოდა ღამღამობით დერეფნიდან და ბიბლიოთეკიდან მომავალი იდუმალი ხმების გამო. – ბატონო ჩემო, – უთხრა მინისტრმა, – ავეჯსა და მოჩვენებას ღირებულებაში ვიანგარიშებ. მე თანამედროვე ქვეყნიდან ვარ, სადაც ყველაფერი გაგვაჩნია, რასაც კი ფულით იყიდის კაცი. თანაც, ჩვენ საკმაოდ მარჯვე ახალგაზრდობა გვყავს, რომელსაც თქვენი ძველი სამყაროს გადატრიალება შეუძლია. ჩვენს ახალგაზრდებს თქვენგან საუკეთესო მსახიობები და საოპერო პრიმადონები მიჰყავთ, ამდენად, ეს მოჩვენება მართლაც რომ არსებულიყო, უკვე დიდი ხნის წინ იქნებოდა ჩვენს რომელიმე მუზეუმში გამოფენილი ან ქუჩაში საჩვენებლად გამოდგმული. – ვშიშობ, მოჩვენება მაინც არსებობს, – ღიმილით მიუგო ლორდმა ქანთერვილმა, – თუმცა, იქნებ ის არც კი მოხიბლულიყო თქვენი გამჭრიახი იმპრესარიოების შემოთავაზებებით. უკვე სამი საუკუნეა კარგად არის ცნობილი, ფაქტობრივად, 1584 წლიდან, და ყოველთვის ჩნდება ხოლმე ჩვენი ოჯახის რომელიმე წევრის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. – ვბედავ მოგახსენოთ, რომ ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, ოჯახის ექიმი ჩნდება ხოლმე სახლში. ლორდო ქანთერვილ, მგონი მოჩვენებისმაგვარიც არაფერი არსებობს და, ვფიქრობ, ბუნების კანონები ბრიტანულ არისტოკრატიას ვერ მოერგება. – ამერიკაში მართლაც რომ ბუნებას ხართ მორგებულნი, – უპასუხა ლორდმა ქანთერვილმა, რომელიც მისტერ ოტისს ბოლო შენიშვნას ვერ მიუხვდა. – თუკი სახლში მოჩვენების არსებობა არ გაღელვებთ, ყველაფერი კარგად ყოფილა. ოღონდ, გახსოვდეთ, მე გაგაფრთხილეთ. რამდენიმე კვირის თავზე სახლის შესყიდვა დასრულდა და სეზონისთვის მინისტრი ოჯახთან ერთად ჩამოვიდა ქანთერვილ ჩეიზში. მისის ოტისი, იგივე მისს ლუკრეცია რ. თაფანი, 53-ე უესთ-სთრითიდან, ნიუიორკელი ლამაზმანი, ახლა შუახნის, სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი იყო დახვეწილი თვალის ჭრილითა და საუცხოო პროფილით. ბევრი ამერიკელი ქალბატონი სამშობლოს დატოვების შემდეგ ქრონიკული ავადმყოფის იერს იძენს, თანაც, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს ევროპული დახვეწილობა იყოს, მაგრამ მისის ოტისს ეს შეცდომა არასდროს მოსვლია. მას საოცარი აღნაგობა ჰქონდა და ჭარბი რაოდენობით მისცემოდა სიცოცხლის ხალისიც. მართლაც, მრავალ ღირსებათა შორის, ის ჭეშმარიტი ინგლისელი იყო, და, ამავე დროს, ნათელი მაგალითიც იმისა, რაც დღესდღეობით ჩვენ ამერიკასთან გვაქვს საერთო, ცხადია, ენის გამოკლებით. მის უფროს ვაჟს ნათლობისას, პატრიოტული გრძნობების გამო, ვაშინგთონი დაარქვეს, რასაც თავად ვაჟი მუდამ განიცდიდა. იგი იყო ქერათმიანი, საკმაოდ ლამაზი ახალგაზრდა კაცი და ჩინებული მოცეკვავის სახელით ცნობილი. ვაშინგთონი იმედის მომცემი მომავალი ამერიკელი დიპლომატი იყო, რომელმაც სამი სეზონი უწყვეტად ნიუპორტის კაზინოში გერმანული კადრილიის დირიჟორად იმსახურა. გარდენიები და ჰერალდიკა კი მის სისუსტედ ითვლებოდა. სხვაფრივ, ის ერთობ გონიერი იყო. მის ვირჯინია ე. ოტისი, თხუთმეტიოდე წლის გოგონა, მოქნილი და ნუკრივით საყვარელი გახლდათ, ფართო ლურჯ თვალებში ჩამდგარი თავისუფლებით. ის მშვენიერი ამორძალი იყო, რომელმაც ერთხელ მოხუცი ლორდი ბილთონი დაიყოლია, თავისი პონით გაეჭენებინა ჰაიდ-პარკის ირგვლივ და ზუსტად აქილევსის ქანდაკების წინ სიგრძე-ნახევრითაც მოუგო გასწრობანა. ამით მან ჩეშირის ყმაწვილი ჰერცოგის გული ისე მოინადირა, რომ ამ უკანასკნელმა ვირჯინიას ხელიც კი სთხოვა, თუმცა ცრემლმორეული ჰერცოგი იმავე საღამოს მეურვეებმა ითონში დააბრუნეს. ვირჯინიას მოჰყვებოდა ტყუპი ძმა, რომელთაც „ვარსკვლავებსა და ზოლებს“ უწოდებდნენ იმის გამო, რომ მათ სულ წკეპლავდნენ. ძმები, ღირსეული მინისტრის გამოკლებით, ერთადერთი რესპუბლიკელები იყვნენ ოჯახში. რამდენადაც ქანთერვილ ჩეიზი უახლოესი რკინიგზის სადგურ სქოტლენდს შვიდი მილით იყო დაშორებული, მისტერ ოტისს ვაგონეტისთვის ჰქონდა ტელეგრაფი გაგზავნილი მათ დასახვედრად და ისინიც მგზავრობას კარგ გუნებაზე შეუდგნენ. ივლისის სასიამოვნო საღამო იდგა და ჰაერს რბილად ერეოდა ფიჭვნარის სურნელი. დროდადრო ესმოდათ გარეული მტრედი როგორ უკვირდებოდა თავის ტკბილ ღუღუნს, გვიმრების შრიალში კი ხოხბის პრიალა მკერდსაც მოჰკრეს თვალი. პატარა ციყვები წიფლებიდან აკვირდებოდნენ ჩავლილთ, თეთრკუდა კურდღლები ჩირგვებიდან ხავსიან ბორცვებზე გადარბოდნენ. ქანთერვილ ჩეიზის გზას რომ დაადგნენ, მართალია, ზეცა უეცრად მოიღრუბლა, მაგრამ საოცარი სიჩუმე მოსავდა ატმოსფეროს; ცაში ჭილყვავთა დიდმა გუნდმა წყნარად გადაიფრინა და სანამ ოტისები სახლს მიაღწევდნენ, წვიმის მსხვილი წვეთები წამოვიდა. მათ შესაგებებლად შავ აბრეშუმის კაბაში ფაქიზად ჩაცმული მოხუცებული ქალი გამოსულიყო, თეთრი ქუდითა და წინსაფრით. ეს იყო მისის ამნი, სახლის მნე, რომელიც მისის ოტისს, ლედი ქანთერვილის თხოვნით, ძველ თანამდებობაზე დაეტოვებინა. იგი ეტლიდან გადმოსულთაგან ყოველს მდაბალი რევერანსით მიესალმა და მოძველებული, უცხო მანერით მიმართა: – მშვიდობით მოსულიყავით ქანთერვილ ჩეიზში, – მოხუცი მნე მათ თიუდორების დროინდელი, დახვეწილი ჰოლის გავლით შეუძღვა შავი მუხით მოპირკეთებულ დაბალჭერიან ბიბლიოთეკაში, რომლის ბოლოშიც ფერადმინიანი სარკმელი იყო დატანებული. მოსულთათვის ჩაი უკვე დაედგათ, მოსასხამების მოხსნის შემდეგ ახალი მფლობელები დასხდნენ და ოთახის თვალიერებას მოჰყვნენ. მისის ამნი მათი ბრძანების მოლოდინში გაინაბა. მოულოდნელად მისის ოტისმა ბუხრის წინ მკრთალი წითელი ლაქა შენიშნა და რაკი ვერაფრით მიხვდა რა უნდა ყოფილიყო, მისის ამნის მიმართა: – ვშიშობ, იქ რაღაც ასხია. – დიახ, მემ, – უპასუხა მოხუცმა მნემ დაბალი ხმით, – სისხლი ასხია. – რა საშინელებაა! – შეჰკივლა მისის ოტისმა, – სულ არ მეპიტნავება სასტუმრო ოთახში სისხლის ლაქები. სასწრაფოდ გაწმინდეთ!. მოხუც ქალს გაეცინა და დაბალი, იდუმალი ხმით უპასუხა: – ეს ლედი ელეონორ ქანთერვილის სისხლია, რომელიც 1575 წელს მისმა მეუღლემ, სერ საიმონ დე ქანთერვილმა მაგ ადგილას სიცოცხლეს გამოასალმა. სერ საიმონმა კიდევ ცხრა წელი დაყო და, მოულოდნელად, იდუმალებით მოცულ ვითარებაში გაქრა. მისი ცხედარი არასდროს უპოვიათ, მაგრამ მისი დამნაშავე სული ჯერ კიდევ დევნის ჩეიზს. სისხლის კვალს არაერთხელ აღუფრთოვანებია ტურისტებიც და სხვებიც, ასე რომ, ვერ მოშორდება. – ეს რა სისულელეა, – იყვირა ვაშინგთონ ოტისმა. – ლაქების ამომყვანი ფინქერთონის ჩემპიონი და პარაგონის ფხვნილი წამში ამოიყვანს ლაქას – და სანამ თავზარდაცემული მნე ქალი ხელის შეშლას მოახერხებდა, მისტერ ოტისი მუხლებზე დაეცა და კოსმეტიკის ყუთის მაგვარი შავი საგნით ლაქის ხეხვა დაიწყო. სულ მოკლე ხანში სისხლის კვალიც კი აღარ ჩანდა. – ვიცოდი, „ფინქერთონი“ ამოიყვანდა, – შესძახა მან გამარჯვებული იერით და აღფრთოვანებულ ოჯახს მოავლო თვალი; მაგრამ, სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ საზარელმა გაელვებამ გაანათა მრგვალი ოთახი, შიშის მომგვრელმა ჭექა-ქუხილმა ფეხზე წამოაყენა ყველანი, მისის ამნის კი გული წაუვიდა. – რა საშინელი კლიმატია! – წყნარად თქვა ამერიკელმა მინისტრმა და გრძელ სიგარას მოუკიდა. – მე მგონი, ეს ძველი ქვეყანა ისე ჭარბადაა დასახლებული, რომ წესიერი ამინდი ყველასთვის საკმარისად აღარ რჩება. ყოველთვის იმ აზრზე ვიყავი, რომ ემიგრაცია ინგლისისთვის ერთადერთი გზა იყო. – ძვირფასო ჰაირამ, – იკივლა მისის ოტისმა. – რა ვუყოთ გულწასულ ქალს? – ჭურჭლის დამტვრევისთვის რომ ვუქვითავთ ხოლმე, ისე დავუქვითოთ ამასაც, – უპასუხა მინისტრმა, – და მეორედ გული აღარ წაუვა. მოკლე ხანში მისის ამნი გონს მოვიდა. ეჭვგარეშეა, იგი მეტისმეტად ნაწყენი ჩანდა, მან მისტერ ოტისი სასტიკად გააფრთხილა კიდეც, სახლის მოსალოდნელ ხიფათს უფრთხილდითო. – რაღაც-რაღაცები ჩემი თვალითაც მაქვს ნანახი, სერ, – უთხრა მან, – რაც ნებისმიერ ქრისტიანს თმას ყალყზე დაუყენებს, არაერთი ღამე გამიტარებია თვალმოუხუჭავს, აქ დატრიალებული ამბების გამო. – ამის მიუხედავად, მისტერ ოტისმა და მისმა მეუღლემ პატიოსანი სული დაარწმუნეს, მოჩვენებების სულაც არ გვეშინია და, განგების კურთხევით, შენი ახალი პატრონი და დიასახლისი ზომებსაც მიიღებენ, რათა ხელფასი მოგიმატონო; მოხუცებული მნე ქალი თავისი ოთახისკენ წაბანცალდა.   II        მთელი ღამე შტორმი გაშმაგებით მძვინვარებდა, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა. მეორე დილას, როდესაც ისინი სასაუზმოდ ჩავიდნენ ქვედა სართულზე, სისხლის საშინელი ლაქა ისევ შეამჩნიეს იატაკზე, – არა მგონია, პარაგონის ფხვნილის ბრალი იყოს, – განაცხადა მისტერ ვაშინგთონმა – ფხვნილი ყველაფერში ნაცადი მაქვს. ეს მოჩვენებაა. მან ლაქა მეორედაც ამოწმინდა, მაგრამ მომდევნო დილით ისევ ადგილზე დაუხვდა. მესამე დილითაც იგივე გამეორდა, თუმცა კი მისტერ ოტისმა ბიბლიოთეკა თავისი ხელით ჩაკეტა და გასაღებიც თვითონვე აიტანა მეორე სართულზე. ახლა უკვე მთელი ოჯახი დაინტერესდა. მისტერ ოტისს ეჭვი შეეპარა, დოგმატური ვიყავი, მოჩვენების არსებობას რომ უარვყოფდიო. მისის ოტისმა სპირიტულ საზოგადოებაში გაწევრების განზრახვა გამოხატა, ხოლო მისტერ ოტისმა გრძელი წერილი მისწერა ბატონებს მაიერსსა და პოდმორს; რაკი საქმე მუდმივ სისხლსავსე ლაქებს ეხებოდა, ამბავი კრიმინალს დაუკავშირეს. იმ ღამით მოჩვენებების ობიექტური არსებობის შესახებ გავრცელებული ყველა ეჭვი სამუდამოდ გაქარწყლდა. თბილი და მზიანი დღე დაიჭირა; საღამოსკენ აგრილდა და ოჯახიც სასეირნოდ გამოვიდა. ისინი შინ ცხრა საათამდე არ დაბრუნებულან, ცხრისთვის მათ მსუბუქი ვახშამი ელოდათ. საუბარი მოჩვენებებს არაფრით არ შეხებია, ოტისები არც ამყოლ მოლოდინს მოუცავს, რასაც სულთა მატერიალიზება შეუძლია ხოლმე. როგორც მისტერ ოტისისგან ვიცი, განიხილავდნენ ისეთ თემებს, რომლებიც კულტურული ამერიკელების მაღალი კლასის წარმომადგენლებს ახასიათებთ, მაგალითად, მსახიობ ფანი დავენპორტის უზარმაზარ უპირატესობას სარა ბერნართან შედარებით, ნედლი ხორბლის მიღებასა და წიწიბურას ნამცხვრის, ასევე დოღის სირთულეებთან და საუკეთესო ინგლისურ სახლებთან დაკავშირებულ საკითხებსაც; ბოსტონის, როგორც მსოფლიო სულის განვითარების მნიშვნელობას, რკინიგზით მგზავრობისას ბარგის შემოწმების უპირატესობასა და ნიუიორკული აქცენტის სიტკბოებას ლონდონურ ძლუყუნთან შედარებით. გზაში არაფერი უთქვამთ ზებუნებრივზე, არც სერ საიმონ დე ქანთერვილი უხსენებიათ. თერთმეტი საათისთვის ოჯახი უკვე შინ იყო, ნახევარ საათში კი სახლში ყველა სინათლე ჩააქრეს. მოკლე ხანში მისტერ ოტისი თავისი ოთახის მეზობელი დერეფნიდან შემომავალმა საკვირველმა ხმაურმა გამოაღვიძა. ხმა ფოლადის ჟღარუნს ჰგავდა და უფრო და უფრო ახლოვდებოდა. მისტერ ოტისი ადგა, ასანთს გაჰკრა და მიმოიხედა. ზუსტად პირველი საათი იყო. უცნაური ხმაური ისევ გრძელდებოდა და ამასთან საკმაოდ მკაფიოდ გაისმა ფეხის ხმა. მან ფლოსტებში წაყო ფეხები, ნესესერიდან მოგრძო შუშა ამოიღო და კარი გამოაღო. ფერმკრთალი მთვარის შუქზე მოხუცი კაცის საზარელი სახე დაინახა. მას თვალები ცეცხლმოკიდებულ ნახშირს მიუგავდა, ძალიან გრძელი ჭაღარა თმა მხრებზე გადაეყარა აწეწილ კულულებად; ჩამოძონძილ და ჭუჭყიან სამოსზე სიძველის კვალი აჩნდა, მაჯებსა და კოჭებზე მძიმე ბორკილები და ჟანგიანი ხუნდები ედო. – ჩემო კეთილო, – მიმართა მისტერ ოტისმა, – დაჟინებით უნდა მოგთხოვოთ თქვენი ჯაჭვების დაზეთვა, სწორედ ამ მიზნით მოგიტანეთ „რაიზინგის“ საპოხი. ერთ პუბლიკაციას თუ ვერწმუნებით, საკმაოდ ეფექტური უნდა იყოს, და ამ ეფექტს ჩვენი გამოჩენილი სასულიერო პირებიც ამოწმებენ, რაც ეტიკეტზე წერია. ამას აქ დაგიტოვებთ, საძინებლის სასანთლეებთან ახლოს და ბედნიერი ვიქნები მეტითაც მოგამარაგოთ, თუკი ინებებთ. ამ სიტყვებით ამერიკის სახელმწიფო მინისტრმა ბოთლი მარმარილოს მაგიდაზე დადო, კარი მიიხურა და საწოლისკენ წავიდა. ქანთერვილის მოჩვენება ერთხანს ბუნებრივად აღშფოთებული გაუნძრევლად იდგა, შემდეგ ბოთლი ძალუმად დაახეთქა მოპრიალებულ იატაკზე, დერეფნიდან ძირს დაეშვა, ყრუ კვნესა აღმოხდა და საზარლად გამოაშუქა. როგორც კი მუხის კიბემდე მივიდა, კარი გაიღო, ორი პატარა თეთრად შემოსილი ფიგურა გამოჩნდა და დიდმა ბალიშმა მის თავს უკან გაიწუილა. აშკარა გახდა, დასაკარგი დრო არ იყო, თავის დასაღწევად სივრცის მეოთხე განზომილება ნაჩქარევად გამოიყენა და ხის პანელში გაუჩინარდა, სახლი კი მთლიანად დამშვიდდა. მარცხენა ფლიგელში, საიდუმლო პატარა ოთახს რომ მიაღწია, მთვარის შუქის საპირისპიროდ დაიხარა, რათა სული მოეთქვა და გაეანალიზებინა საკუთარი პოზიცია. იგი თავისი სამსაუკუნოვანი ბრწყინვალე და უწყვეტი მოღვაწეობის განმავლობაში ასეთი შეურაცხყოფილი არ ყოფილა. იხსენებდა დოვაგერის ჰერცოგინიას, მაქმანებსა და ალმასებში გამოწყობილს რომ დასცა შიშის ზარი; ოთხ შინამოსამსახურეს, ისტერიკაში რომ ჩააგდო, თვითონ კი სამარქაფო საძინებელი ოთახის ფარდებს უკნიდან ხითხითებდა. ფიქრობდა სამრევლო მღვდელზე, რომელსაც ღამით ბიბლიოთეკიდან გამოსულს სანთელი ჩაუქრო და რომელსაც მას მერე სერ უილიამ გალის კმაყოფაზე მოუწია გადასვლა, როგორც ნერვული აშლილობით თვალსაჩინო მოწამეს. ასევე მოხუცებულ ქალბატონ ტრემულაკზე, რომელიც სისხამ დილით გააღვიძა, ამ უკანასკნელმა კი ბუხართან, სავარძელში, ჩონჩხი დალანდა მისი დღიურით ხელში; ამის გამო ქალბატონი ექვსი კვირით საწოლს მიეჯაჭვა ტვინის ციებ-ცხელების დიაგნოზით, გამოჯანმრთელებულს კი ეკლესიასთან შერიგება და გამოჩენილ სკეპტიკოს მესიე დე ვოლტერთან კავშირის გაწყვეტაც კი მოუხდა. გაიხსენა ის საშინელი ღამეც, როდესაც ღვარძლიანი ლორდი ქანთერვილი ლამის გაგუდული იპოვეს გასახდელში ყელში ნახევრამდე ჩატენილი აგურის ვალეტით, იგი სიკვდილის წინ გამოტყდა, რომ ჩარლზ ჯეიმს ფოქსს სწორედ ამ კარტის საშუალებით თაღლითურად მოუგო ქროქსფორდში 50 ათასი, იფიცებოდა, მოჩვენებამ, სწორედ ის ბანქო გადამაყლაპაო. თავისი ყველა დიადი მიღწევა უკან დაუბრუნდა, თავისი მსახურთუხუცესით დაწყებული, რომელმაც თავი საკუჭნაოში ჩაიცხრილა, რადგან დაინახა მშვენიერი ლედი სთათფილდის სარკმლის მინაზე მწვანე ხელი როგორ აკაკუნებდა, ხოლო ლედი სთათფილდმა, რომელიც მუდამ შავ ხავერდს იკეთებდა, რათა თეთრ-ყირმიზ ყელზე კვალად დარჩენილი ხუთი თითი დაეფარა, საბოლოოდ, ქინგს უოქის ბოლოში ჭანარის ტბაში თავი დაიხრჩო. ნამდვილი ხელოვანის ენთუზიასტური მოგონების თვალით გადასწვდა თავის ყველაზე სახელგანთქმულ გამოსვლებს, საკუთარ თავს მწარედ შესცინა, როდესაც გაიხსენა წითელი რუბენის ან გაგუდული ბავშვის სახით რომ წარდგა, ასევე ბექსლი-მორის სისხლისმსმელი გუანტ გიბეონის როლი, აგრეთვე მოაგონდა ივლისის ერთ სასიამოვნო საღამოს ჩოგბურთის მოედანზე საკუთარივე ძვლებით კეგლის რომ თამაშობდა; და ამ ყველაფრის შემდეგ, ვიღაც საცოდავი თანამედროვე ამერიკელები მოდიან და „რაიზინგის“ ლუბრიკანტს სთავაზობენ და ზურგს უკნიდან თავში ბალიშებს ესვრიან! ეს ხომ სრულიად აუტანელი რამ არის. გარდა ამისა, ისტორიაში მოჩვენებას ხომ ასე არავინ მოჰქცევია. შესაბამისად, შურისძიება გადაწყვიტა და ასე ღრმა ფიქრებში ჩაეფლო გამთენიამდე.   III        მეორე დილით, როდესაც ოტისების ოჯახი საუზმობდა, მოჩვენებაზეც გადაწყვიტეს გარკვეულწილად სიტყვის ჩამოგდება. ამერიკელი მინისტრი ცოტა ნაწყენი ჩანდა, მისი საჩუქარი გამოუყენებელი რომ დარჩა. – არანაირი სურვილი არ მაქვს, მოჩვენებას პირადული წყენა მივაყენო, – თქვა მისტერ ოტისმა, – და აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ მისთვის ბალიშის სროლა ერთობ არათავაზიანი საქციელია, თუკი მისი აქ ცხოვრების ხანგრძლივობას გავითვალისწინებთ – საკმაოდ თვალში საცემია, უკაცრავად და, ტყუპის ახარხარება. – აი, მეორე მხრივ კი, – განაგრძო მან, – თუკი იგი მართლაც არ ინდომებს „რაიზინგის“ ლუბრიკანტის გამოყენებას, ჩვენ მისთვის ბორკილების ახსნა მოგვიწევს. თორემ, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი შეუძლებელი იქნება დაძინება, როცა გარედან ასეთი ხმაური შემოვა. მთელი კვირა უშფოთველად ცხოვრობდნენ, თუმცაღა ერთადერთი, რაც მათ ყურადღებას იპყრობდა, ეს იყო ბიბლიოთეკის იატაკზე სისხლის კვალის მუდმივი განახლება. მართლაც უცნაურად ეჩვენებოდათ, რადგან კარს ღამღამობით ყოველთვის მისტერ ოტისი კეტავდა საკუთარი ხელით, ფანჯრებიც საგულდაგულოდ იყო დაგმანული. ლაპარაკის საღერღელს უშლიდათ ლაქის ქამელეონისმაგვარი ფერი. ზოგჯერ, დილაობით ლაქა ბაცი (ინდურივით) წითელი იყო, შემდეგ სინგურისფერი ხდებოდა, მერე მეწამული ედებოდა. ერთ დილით კი, როდესაც ოჯახი ქვემოთ, ამერიკული საეპისკოპოსო ეკლესიის რეფორმირებული ჩვეულების თანახმად, სალოცავად ჩამოვიდა, ლაქას ზურმუხტისფერ-მწვანე ედო. ეს კალეიდოსკოპური ცვლილებები ყველას ართობდა და ყოველ საღამოს ერთმანეთთან ნაძლევის დადების საბაბიც ხდებოდა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ ხუმრობებში მონაწილეობას არ იღებდა, პატარა ვირჯინია იყო, რომელიც აუხსნელი მიზეზით აღელდებოდა და ლამის ტირილამდე მიდიოდა ხოლმე, როდესაც დილაობით ზურმუხტისფერ-მომწვანოდ შეფერილ ლაქას დაინახავდა. მოჩვენება მეორედ კვირაღამეს გამოჩნდა. როგორც კი ოჯახი დასაძინებლად დაწვა, ჰოლიდან შეჯახების შიშისმომგვრელი ხმაური გაისმა. კიბე რომ ჩაირბინეს, ნახეს, რომ მამაკაცის დიდი ჯავშან-პერანგი სადგარიდან ახსნილიყო და ქვის იატაკს დახეთქებოდა, ამ დროს კი ქანთერვილის მოჩვენება მაღალსაზურგიან სავარძელში მჯდარი მუხლს ისრესდა და სახეზე საშინელი აგონია ჰქონდა გამოხატული. ტყუპმა, რომელთაც თავიანთი ბარდამფრქვევი წამოეღოთ, ორი საფანტი ზედ ისე მიაცალეს, თითქოს სროლას დაუფლებულებმა სამიზნეს დაუშინესო. ამასობაში კი ამერიკელ მინისტრს თავისი რევოლვერი მოემარჯვებინა და სროლისას კალიფორნიული ეტიკეტისამებრ გაიძახოდა ხელები ააწევინეთო. მოჩვენებას მრისხანების ველური გმინვა აღმოხდა, გავლისას ვაშინგთონ ოტისს სანთელი ჩაუქრო, მათ შორის ნისლივით გაინამქრა და სრულ სიბნელეში დატოვა ისინი. კიბისთავს რომ მიაღწია, გონს მოვიდა და გადაწყვიტა თავისი სატანისებური სიცილი აღმოხდომოდა. ამას იშვიათად, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას მიმართავდა ხოლმე. როგორც ამბობენ, ამან ერთ ღამეს ლორდ რეიქერს პარიკი გაუნაცრისფრა, ხოლო ლედი ქანთერვილის სამ ფრანგ გუვერნანტ ქალს თვის გასვლამდე გაფრთხილება მიაცემინა. მოჩვენებამ საზარელი სიცილი გააბა, სანამ ძველმა კამაროვანმა ჭერმა ბანი არ მისცა და კარი არ გაიღო, საიდანაც გამოსულმა ცისფერ ხალათში ჩაცმულმა მისის ოტისმა ნაყენი მიაწოდა. – ვშიშობ, ძალიან ავად უნდა იყოთ, – უთხრა მან, – აი, დოქტორ დობელის ნაყენი მოგიტანეთ, თუკი ეს აშლილობაა, ამას საუკეთესო საშუალებად ჩათვლით. მოჩვენებამ ქალს გამძვინვარებულმა შეხედა, ჯერ შავ ძაღლად გადაქცევა დაიწყო, რის წყალობითაც იგი კარგად იყო ცნობილი და რასაც ოჯახის ექიმი ლორდ ქანთერვილის ბიძის, ჰონის, მუდმივ იდიოტობას მიაწერდა ხოლმე. მოახლოებულმა ნაბიჯებმა მოჩვენება მიზანმიმართულებაში დააეჭვა, თუმცა სუსტ ფოსფორისფრად გარდაქმნამ მას კმაყოფილება მოჰგვარა და სასაფლაოს კვნესასავით გაუჩინარდა, როგორც კი ტყუპი მიუახლოვდა. თავის ოთახს რომ მიაღწია, ერთიანად მოწყდა და უსასტიკესმა მღელვარებამ მოიცვა. ტყუპის ვულგარულობამ და მისის ოტისის დაბალი დონის მატერიალიზმმა მართლაც რომ წყენა მოჰგვარა, მაგრამ ყველაზე მეტად ბოლოს მაინც ის უღებდა, რომ საფოსტო ჯავშნის გადაცმა ვერ მოახერხა. მას იმედი ჰქონდა, რომ თანამედროვე ამერიკელებსაც კი შიშს მოჰგვრიდა ჯავშნიანი ლანდის ხილვა, სხვა რომ არაფერი, მათი ეროვნული პოეტის ლონგფელოუს პატივსაცემად მაინც, რომლის დახვეწილი და მიმზიდველი პოეზიითაც მას არაერთი მოსაწყენი საათი შეუქცევია თავი ქანთერვილელების ქალაქში ყოფნის დროს. გარდა ამისა, ეს ხომ მისი საკუთარი სამოსი იყო, რომელიც ქენილუორსის ტურნირზე ეცვა და რომლის გამოც ქება, არც მეტი, არ ნაკლები, პირდაპირ ვირჯინია დედოფლისგან დაიმსახურა. ახლა კი, როცა ჯავშანი ჩაიცვა, უზარმაზარმა სამკერდულმა და ფოლადის ჩაფხუტმა გადასძალა, შედეგად ქვის იატაკზე მოწყვეტით დაენარცხა და მუხლებიც მწარედ გადაიტყავა, ამას გარდა, მარჯვენა ხელის სახსრებიც დაილურჯა. რამდენიმე დღე მოჩვენება მძიმედ იყო ავად და ოთახიდან მხოლოდ იმისთვის თუ გამოვიდოდა, რომ სისხლის კვალი ჩვეული სახით შეენარჩუნებინა. მიუხედავად ამისა, თავის კარგად მოვლამ საგრძნობლად მოაკეთა და გადაწყვიტა, მესამე მცდელობით მაინც შეეშინებინა აშშ-ის სახელმწიფო მინისტრი და მისი ოჯახი. მან პარასკევი, 17 აგვისტო აირჩია გამოსაჩენად და მთელი დღე გარდერობში გაატარა. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება ძველი, დიდი, დაშვებულფარფლიანი ქუდის სასარგებლოდ გამოიტანა, რომელსაც წითელი ფრთა ჰქონდა, გარდა ამისა, ფრიალა მოსასხამი ირჩია მაჯებსა და კისერთან შესაკრავით და პირბასრი სატევარიც აიღო. მოსაღამოებულზე თქეში წამოვიდა, ისეთი ძლიერი ქარი ამოვარდა, რომ ძველ სახლში ყველა კარი და სარკმელი ერთიანად აჭრიალდა და აბრახუნდა. ფაქტობრივად, მას რომ უყვარდა, ისეთი ამინდი დადგა. მოქმედების მისეული გეგმაც ასეთი იყო: ჩუმად უნდა შეპარულიყო ვაშინგთონ ოტისის ოთახში, საწოლის ფეხიდან გაურკვეველი ბლუყუნი უნდა დაეწყო და ნელი ჰანგების ხმაზე სამჯერ უნდა ჩაეცა ყელში. ვაშინგთონისადმი ხომ განსაკუთრებულ ზიზღს განიცდიდა, რადგან კარგად იცოდა, რომ სწორედ ამ უკანასკნელს ჰქონდა ჩვევად ქანთერვილის ცნობილი სისხლის ლაქა მოეცილებინა ფინქერთონის პარაგონის ფხვნილით. განუსჯელი და თავზეხელაღებული პირობის სიშმაგე რომ დაიცხრო, გადაწყვიტა ამერიკელი მინისტრისა და მისი მეუღლის ოთახამდე მისულიყო და ქალბატონისთვის შუბლზე წებოვანი ხელი დაედო, თან მისი აკანკალებული ქმრისთვის ყურში მორგის საშინელებანი ჩაესტვინა. პატარა ვირჯინიას პატივისცემის გამო, მან სრულად არ მოიმოქმედა თავისი ჩანაფიქრი. გოგონას ხომ მოჩვენება არასდროს და არანაირად არ ჰყავდა გალანძღული, თანაც ისეთი პატარა და ნაზი იყო. გარდერობიდან რამდენიმე ყრუ კვნესა სავსებით საკმარისად მიიჩნია და თუკი არც ეს გაჭრიდა, მაშინ საწოლთან მიცოცდებოდა და დაკრუნჩხული თითებით გადასაფარებელს დაეჭიდებოდა დასაგლეჯად. რაც შეეხება ტყუპს, მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი, სეირი ეჩვენებინა მათთვის. პირველი, რაც უნდა გაეკეთებინა, ის იყო, რომ მკერდზე დასჯდომოდა მხუთავი მაჯლაჯუნასავით. შემდეგ კი, ვინაიდან მათი საწოლები საკმაოდ ახლო-ახლოს იდგა ერთმანეთთან, მწვანე, გაყინული გვამის სახით შუაში ჩამდგარიყო, სანამ ტყუპი შიშით იქნებოდა დამბლადაცემული, და საბოლოოდ, თვითმკვლელის ჩონჩხის, მუნჯი დანიელის მსგავსად, ფრიალა მოსასხამი მოესროლა, ხოხვა დაეწყო ოთახში თეთრი, უფერული ძვლებითა და ერთი ცალი მბრუნავი თვლის კაკლით; მსგავსი როლი ხომ მან რამდენჯერმე განასახიერა და დიდი ეფექტიც მოახდინა. ეს როლი მას თავისი ცნობილი პარტიის დარად მიაჩნდა მანიაკ მარტინიდან, ანუ შენიღბული იდუმალებიდან. თერთმეტის ნახევრისთვის გაიგონა, ოჯახი როგორ ადიოდა დასაძინებლად. ცოტა ხანს კიდევ აღონებდა ტყუპის ველური სიცილი, რომლებიც, სკოლის ბიჭუნებივით, წრფელი გულით ართობდნენ ერთმანეთს დაწოლამდე, მაგრამ თორმეტის თხუთმეტ წუთამდე ყველაფერი მიწყნარდა; შუაღამისკენ კი მოჩვენება შორს გაემგზავრა. ბუ ფანჯრების პანელებს სცემდა, ყორანი ურთხმელიდან ჩხაოდა, ქარი კი, დაკარგული სულივით, სახლის გარშემო კვნესით დაეხეტებოდა. ოტისის ოჯახს კი, სვე-ბედის გაუცნობიერებლად, მშვიდად ეძინა. მას ესმოდა აშშ-ის სახელმწიფო მინისტრის თანაბარი ხვრინვა. იგი ფეხაკრეფით გამოვიდა ხის პანელიდან ნაოჭიან და სასტიკ ბაგეზე ავი ღიმილით, მთვარემ ქალის სახე დამალა ღრუბლებში, როდესაც მან დიდ შიდასარკმელს ჩაუარა, სადაც მისი და მისი მოკლული ცოლის მკლავები ლაჟვარდითა და ოქროთი იყო მორთული. ნელა გასრიალდა, როგორც ავი ლანდი. უკუნეთ სიბნელეს თითქოს ჩავლილი მოჩვენების ზიზღი ემჩნეოდა. უცებ ეგონა ვიღაცის ძახილი მომესმაო და გაჩერდა. მაგრამ ეს მხოლოდ ძაღლის ყეფა იყო რედ ფერმიდან; გზა განაგრძო, თან მეთექვსმეტე საუკუნის რაღაც უცნაურ წყევლას იმეორებდა ბუტბუტით და შუაღამის ჰაერში ბასრ სატევარს იქნევდა. ბოლოს და ბოლოს ავბედითი ვაშინგთონის ოთახისკენ მიმავალ გასასვლელამდეც მიაღწია. ერთ წამს შეყოვნდა, ქარი მის ნაცრისფერ კულულებს აფრიალებდა და გარდაცვლილი კაცის სუდარის ნაკეცებს უსახელო შიშით გროტესკულად და ფანტასტიკურად გრეხდა. საათმა მეოთხედი ჩამოჰკრა და მან იგრძნო, რომ დრო დამდგარიყო. უკუდგა და კუთხისკენ შებრუნდა, მაგრამ, სანამ ამას იზამდა, შიშის შესაბრალისი გოდებით გაფითრებულ სახეზე გრძელი, გაძვალტყავებული ხელები აიფარა. ზუსტად მის წინაშე შიშისმომგვრელი ლანდი ასვეტილიყო, უძრავი, როგორც კვეთილი სურათი, შლეგიანის ზმანებასავით საზარელი! მას თავი მელოტი და პრიალა ჰქონდა; სახე მრგვალი, სქელი და თეთრი, საზარელ სიცილს მისი სახე მარადიულ ღიმილში დაეტოვებინა. თვალთაგან მოწითალო სხივებს ტყორცნიდა, პირიდან ცეცხლი ფართოდ გადმოსდიოდა, საზარლად იყო შემოსილი, თითქმის მასავით, ტიტანური ფორმები ბინტით დათოვლოდა. მკერდზე უცნაური დაფა ჰქონდა ძველებური წარწერით, ჩანდა, რაღაც სამარცხვინო უნდა ყოფილიყო ჩამოწერილი, ველური ცოდვებისა თუ საზარელი დანაშაულებების ჩამონათვალი, მარჯვენა ხელზე მოელვარე ფოლადის შევარდენი ესვა. მართლაც, მწარედ შეშინდა, რადგან, მოჩვენება მანამდე ნანახი არ ჰყავდა, როგორც კი მეორედ მოჰკრა თვალი საზარელ ფანტომს, თავისი ოთახისკენ წავიდა. ფრიალა მოსასხამიც გაიყოლა, ქვედა დერეფანში სწრაფად ჩავიდა, სატევარიც იქვე დააგდო მინისტრის ყელიან ბოტებთან, სადაც იმავე დილას მსახურთუხუცესმა იპოვა. მარტოდ რომ იგრძნო თავი, ქვეშაგებზე დაემხო და სახე ტანსაცმელში ჩამალა. ცოტა ხანში, ქანთერვილის ძველმა მამაცმა სულმა საკუთარი თავი დაიყოლია, როგორც კი ინათებდა, ასულიყო და მეორე მოჩვენებას გამოლაპარაკებოდა. როგორც კი ირიჟრაჟა და ბორცვებს ვერცხლისფერი დაედო, იგი ლაქასთან, სწორედ იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც პირველად იხილა საზარელი ლანდი. გრძნობდა, რაც უნდა იყოს, ორი მოჩვენება ერთსა სჯობია და ახალი მეგობრის დახმარებით, ტყუპს უფრო იოლად გავუმკლავდებიო. როცა ლაქასთან მივიდა, საზარელმა სანახაობამ მიიპყრო მისი მზერა. აშკარა იყო, რაღაც შემთხვეოდა ლანდს. ეტყობოდა, სინათლე გადასვლოდა მის ცარიელ თვალებს, მოელვარე ხმალიც გავარდნოდა ხელიდან და რაღაც მოუხერხებლად და არაბუნებრივად ებჯინებოდა კედელს. უცებ გაექანა და ხელებით სწვდა, მაგრამ – ჰოი, საშინელებავ! – ლანდს თავი მოსძვრა და იატაკზე გაგორდა, ტანი კი შუაზე გადატყდა... უცებ მიხვდა, რომ ბამბის ქსოვილი ეჭირა ხელში, ფეხებთან კი ცოცხი, სამზარეულოს დანა და ფუტურო თალგამი ეყარა. ამ უცნაური ტრანსფორმაციის მიზეზი რომ ვერ გაიგო, აკანკალებული ეცა უცნაურწარწერიან დაფას და დილის რუხ სინათლეში შემდეგი შიშისმომგვრელი სიტყვები წაიკითხა: ფირმა ოტისის სული ერთადერთი და ნამდვილი მოჩვენებაა. ერიდეთ იმიტაციებს. სხვა ყველა თვალთმაქცობაა.        მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ის მოატყუეს, გააცურეს და კვალი აურიეს. ძველმა ქანთერვილურმა ალმა გაუელვა თვალებში; უკბილო ღრძილები ერთმანეთს მიაგლასუნა; თავისი გამხმარი ხელები მაღლა ასწია და დაიფიცა ძველი სტილის ხატოვანი ფრაზეოლოგიის თანახმად, რომ როდესაც შანტეკლერი ორჯერ ჩაჰყვირებდა თავის ბუკს, სისხლის ღვრა მოხდებოდა და ამ სახლში სიკვდილიც შემოაბიჯებდა. ის იყო, გაჭირვებით დაასრულა ეს საზარელი ფიცი, რომ მოშორებული ფერმის წვეტიანი სახურავიდან წითელკუდა მამლის ყივილი შემოესმა. დიდხანს იცინა ხმადაბლა და მწარედ, მერე კი ცოტა შეიცადა. ერთ საათს კიდევ ელოდა, მაგრამ, გაურკვეველი მიზეზით, მამალმა აღარ იყივლა. საბოლოოდ, რვის ნახევარზე მისი შიშისმომგვრელი ფხიზლობა შინამოსამსახურეების ფეხის ხმამ შეწყვიტა, ამიტომ თავის ოთახში გაიძურწა, თან თავის ამაო და თავგზის ამბნევ განზრახვაზე ფიქრობდა. იქ ძველ რაინდულ რომანებში ეძებდა რჩევას, რაც ასე თავგამეტებით უყვარდა, და აღმოაჩინა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც კი ეს ფიცი გამოუყენებია, შანტეკლერს მეორედაც უყივლია. – რა სიკვდილმა უყო პირი ამ ურჩ მამალს, – ჩაიბუტბუტა, – ერთ მშვენიერ დღეს მსხვილ შუბს ყელში რომ ჩავცემ, სიკვდილის წინ ჩემთვის დაიყივლებს კიდეც! ამის შემდეგ ის თავის ტყვიის კომფორტულ კუბოში დაბრუნდა და საღამომდე დარჩა.   IV        მომდევნო დღეს დაღლილი მოჩვენება სუსტად გრძნობდა თავს. უკანასკნელი ოთხი კვირის მღელვარებამ უკვე თავი იჩინა. ნერვები საბოლოოდ დაწყვეტილი ჰქონდა. ხუთი დღე ოთახში იყო გამოკეტილი, ბოლოს კი გადაწყვიტა ბიბლიოთეკაში სისხლის კვალისთვის თავი მიენებებინა. თუკი ოტისების ოჯახს არ უნდოდა ის, მაშინ ისინი არც იმსახურებდნენ ამას. მასპინძელი ოჯახი აშკარად მხოლოდ დაბალი მატერიალური ღირებულებების ხალხი ჩანდა, რომლებსაც ესთეტიკური მოვლენების სიმბოლური ღირებულებების დაფასება არ შეეძლო. ასტრალური სხეულებისა და ფანტასტიკური მოჩვენებების საკითხი, ცხადია, სრულიად სხვა საქმე იყო და მის კონტროლს საერთოდ არ ექვემდებარებოდა. მის საზეიმო მოვალეობას კვირაში ერთხელ დერეფანში გამოჩენა და ვიტრაჟიანი ფართო სარკმლიდან თვის პირველ და მესამე ოთხშაბათს ენის ტარტარი წარმოადგენდა და სულ ვერ ამჩნევდა, საკუთარ მოვალეობებს თავს როგორ აღწევდა. მართალია, მისი ცხოვრება ძალიან ავზნიანი იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, ის თავად ძალიან სინდისიერად ეკიდებოდა ყველაფერს, რაც კი ზებუნებრივს უკავშირდებოდა. მომდევნო სამივე შაბათ ღამეს, სამ საათზე დერეფანი გადაკვეთა და ყველანაირად გაფრთხილდა, რომ ვერც დაენახათ და ვერც გაეგონათ. მოიცილა ჩექმა, რამდენადაც შეეძლო, ჭიებისგან დაჭმულ ძველ იატაკზე მსუბუქად გადადგა ნაბიჯი, შავი ველვეტის მოსასხამიც მხრებზე ჰქონდა მოგდებული, ფრთხილად მოეკიდა „რაიზინგის“ ლუბრიკანტს თავისი ჯაჭვების დასაზეთად. მოვალე ვარ ვაღიარო, რომ საკუთარი თავისთვის დიდ ძალდატანებად დაუჯდა ამ ზომისთვის მიემართა. თუმცა ერთ ღამეს, როდესაც ოჯახი სადილობდა, მას ბატონ ოტისის ოთახში ჩაეძინა და ბოთლიც ხელში შერჩა. თავდაპირველად თავს ცოტა დამცირებულად გრძნობდა, მაგრამ, მოგვიანებით, გონება დაძაბა, რომ დაენახა ამ მიგნების მნიშვნელობა, რაც, გარკვეულწილად, მის წისქვილზეც ასხამდა წყალს. მაინც, ყველაფრის მიუხედავად, თავს ალყაშემორტყმულად გრძნობდა. დერეფანში, სადაც ბნელ ღამეში დადიოდა, სიმები იჭიმებოდა; ერთხელ შავ ისააკად, ჰოგლის ტყის მონადირედ გადაცმულმა დიდი ვარდნა განიცადა, როდესაც გაპოხილ საფეხურზე დააბიჯა, რომელიც ტყუპს გაეკეთებინა მუხის კიბის თავზე, გობელენიანი კაბინეტის შესასვლელთან. ამ უკანასკნელმა იმდენად განარისხა იგი, რომ გადაწყვიტა საკუთარი ღირსებისა და სოციალური მდგომარეობის აღსადგენად საბოლოოდ კიდევ ერთი ღონისძიებისთვის მიემართა და განიზრახა მომდევნო ღამით თავხედი ეტონიელები მოენახულებინა და თავისი ნაქები უდარდელი რუპერტის ანუ უთავო თავადის სახით სჩვენებოდა მათ. ასეთი გარდასახვით ხომ ბოლო სამოცდაათი წლის განმავლობაში ის აღარავის დანახვებია. ფაქტობრივად, მას მერე, რაც მშვენიერ ლედი ბარბარას დასცა შიშის ზარი ასე გამოწყობილმა, ამ უკანასკნელმა კი ქანთერვილის ახლანდელი ლორდის ბაბუასთან ნიშნობა გაწყვიტა და გრეტა გრინთან გაიქცა სანდომიან ჯექ კასტელოსთან ერთად, თან განაცხადა: ვერაფერი დამარწმუნებს დედამიწის ზურგზე ისეთ ოჯახში ჩავსახლდე, სადაც ბინდ-ბუნდში ასეთ საზარელ მოჩვენებებს წინ და უკან სიარულს არავინ უშლისო. ამის შემდგომ საწყალი ჯექი უანდსუორსი ქომონში გამართულ დუელში ლორდ ქანთერვილის ტყვიას შეეწირა, ლედი ბარბარა კი წლისთავზე თანბრიჯ უელსში დარდს გადაჰყვა, რაც, ნებისმიერ შემთხვევაში, წარმატება იყო მისთვის. ეს გახლდათ უკიდურესად რთული მაკიაჟი, თუკი შემიძლია ეს თეატრალური ტერმინი გამოვიყენო ზებუნებრივის ასეთ დიდ სასწაულთან დაკავშირებით, ანდაც, სიტყვა მაღალბუნებრივი სამყარო ვიხმარო, რამაც მოჩვენებას სრული სამი საათი დააკარგვინა მოსამზადებლად. საბოლოოდ ყველაფერი მზად იყო და ისიც თავისი გარეგნობით ძალიან კმაყოფილი ჩანდა. ტყავის დიდი, საჯირითო ჩექმა, რომელიც სამოსს ასე შვენოდა, ცოტათი დიდი აღმოჩნდა მისთვის, მაგრამ, საერთო ჯამში, საკმაოდ კმაყოფილი ჩანდა და ორის თხუთმეტი წუთისთვის ხის პანელზე გასრიალდა და დერეფანში ჩაცოცდა. ტყუპის ოთახამდე მიღწევისას, რომელსაც, ლურჯი ფარდების გამო ლურჯ საძინებლად მოიხსენიებდნენ, მას კარი ნახევრად შეღებული დახვდა. შესვლისას, ეფექტი რომ მოეხდინა, კარი ფართოდ გააღო, ამ დროს კი წყლით სავსე მძიმე დოქი დაუპირქვავდა თავზე და ძირის-ძირამდე გალუმპა, თან ისე, რომ მის მარცხენა მხარს სანტიმეტრებით ჩასცდა. იმავდროულად ოთხსვეტიანი საწოლიდან მომავალი ჩუმი სიცილი მოესმა. მის ნერვულ სისტემას დამტყდარი შოკი იმდენად ძლიერი იყო, რომ საკუთარ ოთახში გაბრუნებულმა მეორე დღე ძლიერ გაცივებულმა ლოგინში გაატარა. ერთადერთი, რაც მთელ ამ დავიდარაბაში აწყნარებდა, ის გახლდათ, რომ უთავოდ იყო გამოსული, რადგან შესაძლებელი იყო საკუთარი თავიც არ შერჩენოდა, ამგვარად, შედეგებიც უფრო სერიოზული აღმოჩნდებოდა. მან ამ უხეში ამერიკული ოჯახის შეშინების ყველა ნაცადი ხერხის იმედი უკან მოიტოვა, თავი გაიმხნევა, როგორც წესი, და ფლოსტებში ფეხწადგმულმა და შეტევისგან დასაცავად ყელზე წითელ კაშნემოგდებულმა ფეხაკრეფით გასწია, თან არკებუზიც მოიმარჯვა, ვინიცობაა, ტყუპი დასხმოდა თავს. ბოლო დარტყმა მას 19 სექტემბერს მიაყენეს. ქვედა სართულზე ვესტიბიულში ჩავიდა. თან დარწმუნებული იყო, რომ იქ თავს არავინ მოაბეზრებდა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მინისტრისა და მისი მეუღლის სარონის ფოტოებზე, რომელთაც ქანთერვილის საოჯახო სურათები შეეცვალათ, სატირიკულ შენიშვნებს გააკეთებდა. ის უბრალოდ, მაგრამ აკურატულად იყო გახვეული გრძელ სუდარაში, მიცვალებულის ყაიდაზე ყვითელი ნაჭრით აიხვია ყბა, აიღო პატარა ჩირაღდანი და მნათეს ნიჩაბი. ფაქტობრივად, მას იონა უსაფლაოსავით ან ჩესთრის ქოხის გვამების მძარცველივით ეცვა. ეს იყო მისი ერთი ყველაზე შესანიშნავი გარდასახვათაგანი და ერთ-ერთი მიზეზი ქანთერვილში, რის გამოც იგი ყოველთვის ახსოვდათ და რის გამოც მეზობელ ლორდ რუფორთან არაერთი შეხლა-შემოხლა ჰქონიათ ქანთერვილებს. ნაშუაღამევს, სამის მეოთხედი იქნებოდა და ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა. როგორც კი ბიბლიოთეკისკენ გასწია, რათა ენახა დარჩა კიდევ თუ არა სისხლის კვალი, უცებ სიბნელიდან ორი ფიგურა გამოჩნდა. ისინი ხელების ქნევით მისცვივდნენ და ყურში ბუუ-ბუუ ჩაჰკივლეს. ბუნებრივი გარემოების შედეგად, პანიკით შეპყრობილი, კიბისკენ გაექანა, თუმცა იქ ჩასაფრებულ მისტერ ოტისს შეეჩეხა, რომელსაც ხელში ბაღის დიდი სასხური ეჭირა. ასე ყოველმხრივ მტრებით გარშემორტყმულმა და კუთხეში მომწყვდეულმა დიდ რკინის ღუმელში გაუჩინარება გადაწყვიტა, რომელიც, ბედად, ჩამქრალი დაუხვდა, ამდენად, მას საკუთარ ოთახამდე მიღწევა შიშით გამურულს, არეულსა და თავგზააბნეულს, საკვამურებისა და ბუხრების გავლით, მოუხდა. ჩვენი ლანდი ამის მერე აღარც ერთი ღამეული ექსპედიციისას აღარ გამოჩენილა. ტყუპი ყველგან უსაფრთდებოდა და მის სავარაუდო ტრაექტორიაზე კაკლის ნაჭუჭს ყრიდნენ, რაც მათი მშობლებისა და მოსამსახურეების რისხვას იწვევდა, მაგრამ ფრიად უშედეგოდ. სავსებით აშკარა იყო, რომ მისი გრძნობები შეურაცხყოფილი იყო, რადგან თვითონ ვეღარსად ჩნდებოდა. ბატონმა ოტისმა თანდათანობით განაახლა თავისი მრავალწლიანი მუშაობა „დემოკრატიული პარტიის ისტორიაზე“.  მისის ოტისმა ზღვის ნაპირზე მოლუსკების მშვენიერი კერძების პიკნიკი გამართა, რამაც მთელი საგრაფო აღაფრთოვანა. ბიჭებმა იუკერლი, ლაკროსი, პოკერი და სხვა ამერიკული ეროვნული თამაშობები მოაწყვეს. ვირჯინიამ კი ჩეშირის ახალგაზრდა ჰერცოგთან ერთად ხეივნები თავისი პონით შემოიარა. ჰერცოგი არდადეგების ბოლო კვირის გასატარებლად ქანთერვილში იყო ჩასული. ყველამ მიიჩნია, რომ მოჩვენება სადღაც გაქრა და მისის ოტისმა ამ ამბის შესატყობინებლად ლორდ ქანთერვილს წერილიც კი მისწერა, რომელმაც პასუხად დიდი სიამოვნება გამოხატა და მოლოცვაც გამოუგზავნა მინისტრის ღირსეულ ცოლს. ოტისები კი მაინც მოტყუვდნენ, რამეთუ, ცოტათი დაინვალიდებული მოჩვენება ისევ შინ იყო და არც არაფრის შეცვლას არ აპირებდა, მით უმეტეს, რომ სტუმართა შორის ყური მოჰკრა სტუმრად ჩეშირის ახალგაზრდა ჰერცოგიაო, რომლის პაპის ძმა, ლორდი ფრანსის სთილთონი ერთხელ დაენიძლავა ქოლონელ ქერბურის ათას გინეაზე, რომ ქანთერვილის მოჩვენებასთან კამათლის გაგორებას შეძლებდა; მეორე დილას კი სათამაშო ოთახში იატაკზე ისეთ დამბლადაცემულ მდგომარეობაში იპოვეს, რომ, მიუხედავად მისი მართლაც ასაკოვნებისა, იგი ვეღარაფრის თქმას ვერ ახერხებდა, გარდა დუშაშისა. ეს ამბავი იმხანად გახმაურებული იყო, თუმცა, ორი კეთილშობილი ოჯახის პატივისცემის გამო, მომხდარის მისაჩუმათებლად ყველანაირი ზომა მიიღეს. ამ ყოველივეს სრული ანგარიშის პოვნა კი ლორდ თათლის, პრინცის რეგენტისა და მისი მეგობრების მოგონებების მესამე ტომში შეიძლებოდა. მაშინ მოჩვენება ფრიად მოწადინებული იყო, რომ ეჩვენებინა სთილთონებზე სრული კონტროლი არ დამიკარგავსო, მათთან კი მოჩვენებას მართლაც შორეული ნათესაობა აკავშირებდა, მისი ბიძაშვილი სერ დე ბელკელისთან იმყოფებოდა მეორე ქორწინებაში, და ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჩეშირის ჰერცოგები მისი პირდაპირი შთამომავლები იყვნენ. შესაბამისად, მან ყველა ზომა მიიღო, ვირჯინიას ან პატარა, საყვარელ ბერ ვამპირად სჩვენებოდა, ანდაც უსისხლო ბენედიქტელად – მისი ყველაზე ცნობილი გარდასახვით. ეს ისეთი საზარელი წარმოდგენა იყო, ლედი სთართაფმა რომ იხილა 1764-ში, ახალი წლის წინა ღამეს და ეს მისთვის საბედისწეროც აღმოჩნდა, რადგან ქალი სასტიკად აკივლდა, რამაც აპოპლექსიამდე მიიყვანა და სამ დღეში დალია სული. ამით კეთილშობილმა ქალბატონმა მისი უახლოესი ნათესავები – ქანთერვილები დიდ უხერხულობაში ჩააყენა, რადგან მთელი ქონება ლონდონელ აფთიაქარს დაუტოვა. უკანასკნელ მომენტში, მოჩვენებას ტყუპის შიშმა გადააფიქრებინა თავისი ოთახის დატოვება, ამიტომ ახალგაზრდა ჰერცოგს მშვიდად ეძინა ფრთიან ჩარდახქვეშ სამეფო საძინებელში და ვირჯინია ეზმანებოდა.   V        ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვირჯინია თავის ხუჭუჭა კავალერთან ერთად ბროქერის მდელოზე წავიდა საჯირითოდ და თავისი საცხენოსნო კაბაც ისე ცუდად გახია დაბრკოლების გადალახვისას, რომ შინ დაბრუნებულს თავის ოთახში ასვლა უკანა კიბით მოუხდა, რათა არავის დაენახა. გობელენიან ოთახთან რომ ჩაირბინა, მოულოდნელად ოთახში ვიღაცას მოჰკრა თვალი, თავიდან ეგონა დედაჩემის მოსამსახურე იქნებაო, რომელიც ხელსაქმისთვის ხშირად შედიოდა ამ ოთახში, და შეირბინა, რათა დახეული კაბის დაკერება ეთხოვა. შესულმა თვალებს ვერ დაუჯერა: იქ თვითონ ქანთერვილის მოჩვენება იყო! ის სარკმელთან იჯდა და ხეების შეყვითლებას ადევნებდა თვალს, ოქროსფერ-მოწითალო ფოთლები კი გიჟურ როკვას ასრულებდნენ გრძელ გამზირზე. თავი ხელზე დაეყრდნო, მთელი მისი პოზა უკიდურეს დეპრესიას გამოხატავდა. მართლაც, მარტოსული ჩანდა, ამიტომაც პატარა ვირჯინია, რომლის პირველივე აზრი ის იყო, რომ თავის ოთახში გაქცეულიყო და ჩაკეტილიყო, სიბრალულით აივსო და გადაწყვიტა მოჩვენებას ვაამებო. იმდენად მსუბუქი იყო ვირჯინიას ნაბიჯები და იმდენად ღრმა იყო მოჩვენების მელანქოლია, რომ ამ უკანასკნელმა ვერც კი გაიგო გოგონას მიახლოება, ვიდრე ვირჯინია თვითონვე არ გამოელაპარაკა მას. – ვწუხვარ თქვენ გამო, – უთხრა მან, – მაგრამ ჩემი ძმები ითონში ბრუნდებიან ხვალ და თქვენც თუ კარგად მოიქცევით, ამიერიდან, აღარავინ შეგაწუხებთ. – სისულელეა, თავის დაჭერა მომთხოვოს ვინმემ, – უპასუხა მან და გაშეშებულმა შეხედა ლამაზ გოგონას, რომელიც მასთან ურთიერთობით საკმაოდ რისკავდა, – სრული სისულელე! ჩემი ბორკილები უნდა ვაბრახუნო, საკლიტურებში ვიკვნესო და ღამღამობით ვიწანწალო, თუკი ამას გულისხმობდი – ესაა ჩემი არსებობის ერთადერთი მიზანი. – ეს სულაც არ არის არსებობის მიზანი და საკმაოდ ავადაც ჩანხართ. ქალბატონმა ამნიმ გვითხრა ჩამოსვლის პირველივე დღეს, რომ თქვენ ცოლი გყოლიათ მოკლული. – რას ვიზამ, ნება დამირთავს მისთვის, – მოჩვენებამ გაღიზიანებულმა უპასუხა, – მაგრამ ეს სუფთა ოჯახური საქმე იყო და არავის ეხებოდა. – დიდი შეცდომაა ვინმეს მოკვლა, – უთხრა ვირჯინიამ და ტკბილი პურიტანული გრძნობები აღეძრა, როგორც ძველი ინგლისის მემკვიდრეს. – ოჰ, მძულს აბსტრაქტული ეთიკის იაფფასიანი სიმკაცრე! ჩემი ცოლი მეტად უხეირო ქალი იყო, ჩემს სამოსს არასდროს ახამებდა და არც ცხობისა გაეგებოდა რამე. არადა, ერთი წლის საუცხოო ირემი მოვინადირე ჰოგლის ტყეში და იცი როგორ მოიტანა სუფრასთან? თუმცა ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს, უკვე ყველაფერი დასრულდა და მგონი, არ უნდა ყოფილიყო ჩემი ცოლიძმების მხრიდან კარგი საქციელი, შიმშილით სიკვდილის პირას რომ მიმიყვანეს, თუმც კი და მოვუკალი მათ. – შიმშილით სიკვდილის პირზე ხართ მისული? ოჰ, ბატონო მოჩვენებავ, ვიგულისხმე სერ საიმონ-მეთქი, ძალიან გშიათ? სენდვიჩი მიდევს ჩანთაში. ინებებთ? – არა, გმადლობთ, ახლა აღარაფერს ვჭამ; თუმც შენი მხრიდან ეს კარგი საქციელია. ისე კი, სულ ერთია, შენ გაცილებით სასიამოვნო ხარ, ვიდრე შენი უხეში, საზარი, ვულგარული და უსინდისო ოჯახი. – გეყოთ! – იყვირა ვირჯინიამ და ფეხები ააბაკუნა, – ეს თქვენ ხართ უხეში, საზარი და ვულგარული, ვინც ჩემი უჯრიდან საღებავები მოიპარა, როგორც უსინდისომ და ბიბლიოთეკაში ეს სასაცილო სისხლის ლაქა განაახლა. ჯერ წითელი ფერები წაიღეთ სულ, სინგურისფერის ჩათვლით, ამის გამო ჩემს საყვარელ დაისებს ვეღარ ვხატავდი, შემდეგ, ზურმუხტისფერი მწვანე და ქრომ-ყვითელი გააყოლეთ ხელს და ბოლოს ჩინური თეთრისა და ინდიგოს მეტი არაფერი დამიტოვეთ, რითაც მხოლოდ მთვარის სცენებს ვხატავდი, ეს კი ისეთი დეპრესიული საყურებელია და რთული დასახატი. მე არასდროს გამიკიცხავხართ, თუმცაღა ძალიან განაწყენებული ვიყავი, ყველაზე სასაცილო კი ერთი რამეა: ვის გაუგონია ზურმუხტისფერ-მწვანე სისხლი? – ჰო, მართლა, – უფრო მშვიდად თქვა მოჩვენებამ, – რა უნდა მექნა? მართლაც ძნელია დღევანდელობაში ნამდვილი სისხლის ნახვა და რამდენადაც შენმა ძმამ ყველაფერი ამ თავისი პარაგონის ფხვნილით გამიქრო, მე მართლაც ვერ ვხედავდი მიზეზს, რატომ არ უნდა ამეღო თქვენი საღებავები... რაც შეეხება ფერებს, ეს ყოველთვის გემოვნების საკითხია: ქანთერვილებს, მაგალითად, ცისფერი სისხლი აქვთ, უცისფრესი მთელ ინგლისში; მაგრამ, ვიცი, რომ თქვენ ამერიკელებს ამისთანა რაღაცები არ გაღელვებთ. – ნეტავ რა იცით ამერიკაზე, საუკეთესო, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, ისაა, რომ გადასახლდეთ და გააუმჯობესოთ თქვენი გონება. მამაჩემი მხოლოდ მოხარული იქნება მოგცეთ უფასო ბილეთი, თუმცა, საბაჟოზე ყოველნაირი სპირტისა და ალბათ სპირიტულის გატარებაზე ათასნაირი ბაჟია დაწესებული, მაგრამ რთული მაინც არ იქნება, რადგან იქ ყველა ოფიცერი დემოკრატია. ოდესმე დარწმუნდებით, რომ ნიუ-იორკში დიდი წარმატება გექნებათ. მე იქ არაერთ ადამიანს ვიცნობ, ვინც ათასობით დოლარს გადაიხდიდა იმაში, რომ ბაბუა ჰყოლოდა, გაცილებით მეტს გადაიხდიდნენ, თუკი საოჯახო მოჩვენება ეყოლებოდათ. – არ ვფიქრობ, რომ ამერიკა უნდა მომწონდეს. – ასე იმიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ არც ადამისჟამინდელი გვაქვს რამე და არც უცნაური, – უთხრა ვირჯინიამ სატირულად. – ადამისჟამინდელი ფლოტი გაქვთ! უცნაური კი ზნე-ჩვეულებანი! – უპასუხა მოჩვენებამ. – მშვიდობიან საღამოს გისურვებთ; წავალ, მამას ვთხოვ, ტყუპს დამატებითი არდადეგები მისცეს. – გთხოვთ, ნუ წახვალთ, მის ვირჯინია, – იყვირა მან. – ისეთი მარტოხელა და უბედური ვარ, და მართლა არ ვიცი რა ვქნა. მინდა დასაძინებლად წავიდე, მაგრამ არ შემიძლია. – რა აბსურდია! უბრალოდ ლოგინში უნდა ჩაწვეთ და სანთელს სული შეუბეროთ. ხანდახან რთულია ფხიზლობა, განსაკუთრებით ეკლესიაში, მაგრამ, დაძინებისას არავითარი სირთულე არ არსებობს. მით უმეტეს, როცა ეს ბავშვებმაც კი იციან, ისე, რომ დიდი ჭკუა არ სჭირდებათ. – სამასი წელია არ მძინებია, უთხრა სევდიანად, – ამის გაგონებაზე ვირჯინიამ დიდი ლურჯი თვალები გაოცებულმა დააჭყიტა. – სამასი წელია რული არ მომკარებია და ძალიან დაღლილი ვარ. ვირჯინია დასერიოზულდა და ტუჩები ვარდის ფურცლებივით აუთრთოლდა. მოჩვენებას წინ დაუდგა, ჩაიმუხლა და მის ჩამომჭკნარ სახეს ახედა. – საცოდავო, საცოდავო მოჩვენებავ, – ჩაიბუტბუტა მან; – სასთუმალი არ გაქვთ, რომ დაიძინოთ? – ფიჭვნარიდან ძალზე შორს, – უპასუხა მოჩვენებამ ჩუმი, მეოცნებე ხმით, – იქ პატარა ბაღია. იქ მაღალი და ღრმა ბალახი იზრდება, იქ კონიოს დიდი და თეთრი ყვავილედია, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ბულბული გალობს. გალობს მთელი ღამე და ცივი, კრისტალური მთვარე დასქცერის, ურთხმელი კი თავის გიგანტურ მკლავებს აფარებს მძინარეთ. ვირჯინიას თვალები აეცრემლა და სახეზე ხელები აიფარა. – სიკვდილის ბაღს გულისხმობთ? – ჩურჩულით ჰკითხა. – დიახ, სიკვდილისას. სიკვდილი ძალიან ლამაზი უნდა იყოს. ყავისფერ, რბილ მიწაში ჩაწოლა, სადაც თავს ზემოთ მწვანე ბუსნო ბიბინებს და მხოლოდ სიჩუმის ხმა ისმის. როცა არც გუშინდელი დღეა და არც ხვალინდელი. როცა დაივიწყებ დროს და მიუტევებ ცხოვრებას, რათა სიმშვიდეში იმყოფებოდე. შენ შეგიძლია დამეხმარო. შენ შეგიძლია სიკვდილის სახლის ბჭენი განმიხვნა, რათა სიყვარული არასოდეს გტოვებდეს და სიყვარული სიკვდილზე ძლიერი იყოს. ვირჯინია ათრთოლდა, თითქოს გაიყინაო და რამდენიმე წამს ხმა ვერ ამოიღო. თავს ისე გრძნობდა, თითქოს საშინელ სიზმარს ხედავსო. პირველად ისევ მოჩვენება ალაპარაკდა, მისი ხმა ქარის ხელწერას ჰგავდა. – ბიბლიოთეკის სარკმელზე თუ გაქვს ძველი წინასწარმეტყველება ამოკითხული? – ოჰ, ხშირად, – იკივლა პატარა გოგომ და ახედა; – და კარგადაც მახსოვს. უცნაური შავი ასოებით არის გამოყვანილი და ამოსაკითხად რთულია, მხოლოდ ექვსი ხაზია: ოდეს მართლა ატირდების გოგო თმამოოქრული; სევდა ლოცვით განქარვდების, ბაღში ნუში აყვავდების, მაშინ სახლი განიხარებს სულიც პოვებს ნეტარებას. – მაგრამ, ვერ მივმხვდარვარ, ეს რას უნდა ნიშნავდეს. – ეს იმას ნიშნავს, – სევდიანად უპასუხა, – რომ შენ უნდა გამოიგლოვო ჩემი ცოდვები, რამეთუ მე ცრემლები არ გამაჩნია, და ილოცო ჩემი სულისთვის, რამეთუ მე არც რწმენა გამაჩნია და შემდეგ თუკი მუდამ სათნო, კარგი და კეთილიც იქნებოდი, სიკვდილის ანგელოზი მოწყალებას მოიღებდა ჩემზე. შენ სიბნელეში საზარელ აჩრდილებს იხილავ და ავი ხმები ჩაგჩურჩულებენ ყურში, მაგრამ ვერაფერს გავნებენ, რამეთუ პატარა ბავშვის სიწმინდეს ჯოჯოხეთის ძალები ვერას დააკლებენ! ვირჯინიას პასუხი არ გაუცია, მოჩვენებამ კი ველურად დაგრიხა ხელები, როდესაც მის ქერა თავს დააცქერდა. უცებ გოგონა წამოდგა, ძალიან გაფითრებულიყო და თვალებში უცნაური სინათლე ჩასდგომოდა. არ მეშინია, – უთხრა მან მკაცრად. – და მე ანგელოზს ვთხოვ თქვენზე წყალობა მოიღოს. მოჩვენება თავისი ადგილიდან სიხარულის სუსტი ამოგმინვით წამოიწია, ხელზე ხელი მოჰკიდა და ძველი, დახვეწილი მანერით ეამბორა. მისი თითები ყინულივით ცივი იყო, მისი ტუჩები კი ცეცხლივით მწველი, მაგრამ, ვირჯინია არც კი წაბარბაცებულა, როდესაც მოჩვენება დაბინდულ ოთახში შეუძღვა. დაჩრდილულ მწვანე გობელენზე პატარა მონადირეები ჩხუბობდნენ, ისინი ფუნჯიან რქებს იქნევდნენ და მას ეძახდნენ უკან წადი პატარა ვირჯინიავ, უკან წადი! მაგრამ მოჩვენება უფრო ძლიერ უჭერდა ხელს და გოგონამაც თვალები დახუჭა. საზარელი ცხოველები ხვლიკის კუდით, დაჭყეტილ თვალებს უხამხამებდნენ ამოკვეთილი ქვის თაროდან და ეუბნებოდნენ: იფრთხილე! პატარა ვირჯინია, იფრთხილე! შეიძლება აწი ვეღარც კი გნახოთ, მაგრამ მოჩვენება ნაზად ჩაცურდა და ვირჯინიასაც აღარაფერი გაუგონია. როდესაც ოთახის ბოლოს მიაღწიეს, მოჩვენება შეჩერდა და რაღაც წაიბუტბუტა, რასაც გოგონა ვერ მიუხვდა. მან თვალები აახილა და დაინახა როგორ ქრებოდა კედელი ნისლივით და დიდი გამოქვაბულისმაგვარი რაღაც დაინახა. მათ გარშემო სუსხიანმა ქარმა დაუბერა, ვირჯინიამ იგრძნო რომ ვიღაც კაბაზე ეჭიდებოდა. – სწრაფად, სწრაფად, – დაუყვირა მოჩვენებამ, – თორემ ძალიან გვიან იქნება, – და იმავ წამს მათ უკან ხის პანელი დაიხურა და გობელენიანი ოთახიც დაცარიელდა.   VI        ათიოდ წუთში ზარი დაირეკა, რომელიც ჩაის სმის დროს იუწყებოდა, ვირჯინია კი ქვემოთ არ ჩასულა, ამიტომ, ქალბატონმა ოტისმა ხელის ბიჭი ააგზავნა მის დასაძახებლად. მოკლე ხანში ბიჭი დაბრუნდა და ქალბატონს უთხრა – ვირჯინია ვერსად ვნახეო. რადგანაც ვირჯინიას ჩვევად ჰქონდა საღამოობით ბაღში ჩასვლა და სავახშმო მაგიდაზე დასადგმელად ყვავილების მოკრეფა, მისის ოტისი არ შეშფოთებულა, მაგრამ, როდესაც ექვსმა საათმა დაჰკრა და ვირჯინია მაინც არ გამოჩნდა, ქალბატონი ძალიან აღელდა. მან ტყუპი ვირჯინიას მოსაძებნად გაგზავნა, ამასობაში კი თვითონ და მისტერ ოტისი ქალიშვილს ყოველ ოთახში დაეძებდნენ. შვიდის ნახევარზე ბიჭები უკან დაბრუნდნენ და თქვეს – მის კვალსაც კი ვერ მივაგენითო. ოჯახი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, არავინ იცოდა რა ექნათ, ამ დროს მისტერ ოტისს გაახსენდა, რომ რამდენიმე დღის წინ მან ბოშებს უფლება მისცა, პარკში ბანაკი დაეცათ. ოტისი სწრაფად გაეშურა ბლექუელ ჰოლოუსკენ, თან უფროსი ვაჟი და ფერმის ორი მუშაც იახლა. ჩეშირის ახალგაზრდა ჰერცოგმა, რომელიც მღელვარებისგან გაგიჟებას იყო მისული, გულმხურვალე თხოვნა დაუწყო, მეც წამიყვანეთო, მაგრამ მისტერ ოტისს არ უნდოდა მისი ხლება, რადგან ბანაკში შეიძლებოდა აყალმაყალი ამტყდარიყო. ადგილზე მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ბოშები უკვე გამგზავრებულიყვნენ, აშკარა იყო, ისინი დროზე ადრე წასულიყვნენ, რადგან ცეცხლი ჯერ ისევ ენთო და თეფშებიც იქვე დაეტოვებინათ ბალახზე. ვაშინგთონმა მაშინვე დაგზავნა ხალხი ოლქის დასაზვერად, შინ დაბრუნებულმა კი დეპეშები აფრინა ქვეყნის პოლიციის ყველა განყოფილებაში, სადაც წერდა: ჩემი ქალიშვილი ბოშებმა მოიტაცეს და სასწრაფოდ მომიძებნეთო. ბრძანა ცხენი მომგვარეთო და სავახშმოდ დამჯდარი ცოლისა და სამი ვაჟის დაჟინების შემდეგ ასქოთის გზას დაადგა მეჯინიბესთან ერთად. მათ კარგა ორი მილი ექნებოდათ გავლილი, რომ უცებ უკნიდან ჩორთით მომავალი ცხენის ხმა გაიგონა, მოიხედა და სახეალეწილი და უქუდო, პონიზე გადამჯდარი ჭაბუკი ჰერცოგი დაინახა. – უაღრესად ვწუხვარ, ბატონო ოტის, – ამოიხვნეშა ბიჭმა, – მაგრამ ვახშმობას ვერ გავაგრძელებდი, როდესაც ვირჯინიას ასავალ-დასავალი არ ვიცით. გთხოვთ, ნუ გამიბრაზდებით; შარშან რომ ჩვენთვის დანიშვნის ნება მოგეცათ, ასეთ ხათაბალაში არ გავეხვეოდით. უკან ხომ ვეღარ გამგზავნით? ვერ წავალ! არ წავალ! მინისტრმა ლამაზ ცუღლუტს ღიმილი ვერ დაუკავა, აშკარა იყო, ვირჯინიასთვის ბიჭი თავსაც დადებდა, გადმოიხარა თავისი ცხენიდან და ჰერცოგს მხარზე ნაზად მოეფერა. – მაშ, სესილ, თუ უკან გაბრუნება არ გწადიათ, ესე იგი, ჩემთან ერთად წამოხვალთ, მაგრამ, ასქოთში ქუდი უნდა გიშოვოთ. – ჯანდაბას ჩემი ქუდი! – შესძახა ჭაბუკმა ჰერცოგმა სიცილით და სადგურისკენ ჭენებით გაემართნენ. იქ მისტერ ოტისმა სადგურის უფროსი მოიკითხა, რათა ვირჯინიას აღწერილობა მიეცა, იქნებ ვინმეს ჰყავდა გოგონა ბაქანზე ნანახი, მაგრამ ვერაფერი შეიტყო. სადგურის უფროსმა მაინც უდეპეშა დიდსა და პატარას და მისტერ ოტისი დაარწმუნა, რომ ყველაფერს მკაცრად გააკონტროლებდნენ. ტილოთი მოვაჭრისგან, რომელიც უკვე დარაბებს კეტავდა, ჭაბუკი ჰერცოგისთვის ქუდის მოტანის შემდეგ მისტერ ოტისმა ბექსლისკენ გააჭენა. ეს სოფელი ხუთიოდე მილზე მდებარეობდა და როგორც მას უთხრეს, ბოშათა დიდ თავშესაფარს წარმოადგენდა, რადგან იქვე დიდი თემი სახლობდა. მათ აქ სოფლის პოლიციელი გააღვიძეს, მაგრამ ვერაფერი გაიგეს მისგან, ამიტომ მთელი თემი შემოიარეს, შემდეგ ქანცგაწყვეტილებმა და გულგატეხილებმა ცხენებს პირი შინისკენ აქნევინეს და უკვე თერთმეტი საათისთვის ჩეიზში იყვნენ. ტყუპი ჭიშკართან ჩირაღდნებით ელოდა, რადგანაც, ხეივანი საკმაოდ ჩაბნელებული იყო, ვირჯინიას კვალიც კი ვერსად ეპოვათ. ბოშები მდელოებზე დაეჭირათ, მაგრამ გოგონა მათთან არ აღმოჩნდა. ბოშებმა თავიანთი უეცარი გამგზავრება იმით ახსნეს, რომ ჩარლთონის ბაზრობის თარიღი არეოდათ, ამიტომაც სასწრაფოდ წასულიყვნენ, რომ არ დაეგვიანათ. ისინი მართლაც შეწუხდნენ ვირჯინიას გაუჩინარებით, რადგან მისტერ ოტისის კმაყოფილები იყვნენ, პარკში დაბანაკების საშუალება რომ მისცა მათ; ოთხი მათგანი დარჩა კიდეც, რომ ძებნაში დახმარებოდნენ ოტისებს. ადგილობრივი წყალსატევიც კი გადაჩხრიკეს, თუმცა უშედეგოდ. აშკარა იყო, რომ იმ ღამით მაინც, ვირჯინია უკვალოდ იყო გამქრალი, დეპრესიაში ჩავარდნილი მისტერ ოტისი და ბიჭები სახლისკენ წავიდნენ, მეჯინიბეც ცხენითა და პონით უკან გაჰყვათ. ჰოლში შეშინებული მოსამსახურეები დაუხვდნენ, თითქმის ჭკუასგადაცდენილი მისის ოტისი ბიბლიოთეკაში დივანზე მიწოლილიყო, სახეზე შიში და სასოწარკვეთილება აღბეჭვდოდა. შუბლს ოდეკოლონით ინამავდა მოხუცი სახლთუხუცესის რჩევით. ქმარმა დაიჟინა რამე მაინც შეჭამეო და ვახშამი შეუკვეთა მთელი ოჯახისთვის. ვახშამი მელანქოლიურად წარიმართა, დანა პირს არავის უხსნიდა, ტყუპიც კი ვერ იღებდა ხმას, ისინი ხომ დას ძალიან ემორჩილებოდნენ და დამოკიდებულნიც იყვნენ მასზე. როდესაც სადილობას მორჩნენ, ჭაბუკი ჰერცოგის ვედრების მიუხედავად, მისტერ ოტისმა განაცხადა, დღეს ვეღარაფერს გავაწყობთო და ყველას დასაძინებლად წასვლა უბრძანა, თან დასძინა, ხვალ დილით უკვე ტელეგრამებს დავგზავნი სკოტლენდ იარდში დეტექტივების გამოსაგზავნადო. სასადილო ოთახიდან გასვლისას, ზუსტად მაშინ, საათის კოშკურიდან შუაღამემ რომ დაიგუგუნა, უცებ დაჯახუნებისა და გულგამგმირავი ყვირილის ხმა ესმათ. ჭექის გამაყრუებელმა ხმამ მოიცვა სახლი და არამიწიერი ჰანგების ძაბვა გაიფანტა ჰაერში, ამის გამო კიბეზე ასულთა ჯგუფი უცებ უკან გამოქანდა, სახეგაფითრებული და მიტკალივით გათეთრებული ვირჯინია ზარდახშით ხელში მომავალი დაინახეს ზედა სართულზე. მყისიერად ყველა მასთან ავარდა კიბით, მისის ოტისმა ქალიშვილს ხელები მოჰხვია, ჰერცოგმა მაგრად დაუწყო კოცნა, ტყუპმა ხალხის წინ ველური სამხედრო ცეკვა შეასრულა. – ო, ღმერთო! შვილო, სად იყავი? – უთხრა მისტერ ოტისმა, გაბრაზებული ჩანდა, რადგან ფიქრობდა, სულელური ოინი გვიყოო. – მე და სესილმა ქვეყანა შევაჯერეთ შენს ძებნაში, დედაშენი კი ელდით სიკვდილამდე იყო მისული. ასეთი ხუმრობა აღარასოდეს გაბედო! – გავასულელოთ სული! გავასულელოთ სული! – გაჰკიოდან ტყუპი და აქეთ-იქით დაჭენაობდა. – გენაცვალე, მადლობა უფალს, გიპოვეთ; აღარასოდეს დამეკარგო, – ჩურჩულით უთხრა მისის ოტისმა და ხელი გადაუსვა აჩეჩილ ოქროს თმაზე. – მამა, – უთხრა ვირჯინიამ წყნარად, – მე მოჩვენებასთან ერთად ვიყავი. ის მკვდარია, უნდა წამოხვიდე და ნახო. მაგრამ ძალიან წუხდა იმაზე, რაც ჩაიდინა. აი, ეს ლამაზი სამკაულების კოლოფი მომცა, სანამ მოკვდებოდა. მთელი ოჯახი მიაშტერდა მას უტყვი გაოცებით, მაგრამ ვირჯინია ამაყი და სერიოზული ჩანდა. გოგონა შემოტრიალდა და ისინი ხის პანელის გახსნით, ქვემო, საიდუმლო, ვიწრო დერეფანში ჩაიყვანა, ვაშინგთონიც მაგიდიდან აღებული ანთებული სანთლით გაჰყვათ უკან და თან გზას ანათებდა. ბოლოს ისინი ჟანგიანი ლურსმნებით აჭედილ მუხის დიდ კარს მიადგნენ. როდესაც ვირჯინიამ ხელი შეახო, კარი მძიმე ანჯამებზე უკან გაიწია და ისინი დაბალ, პატარა სენაკში აღმოჩნდნენ, რომელსაც მოკამარებული ჭერი და პაწაწინა გისოსებიანი სარკმელი ჰქონდა. კედელში უზარმაზარი რკინის რკალი ჩაედგათ და მასზე გაძვალტყავებული ჩონჩხი ჯაჭვით იყო მიბმული, რომელიც ქვის იატაკზე მთელ სიგრძეზე გაჭიმულიყო, რათა თავისი უხორცო თითებით მოშორებით დადგმულ ჭურჭელს მისწვდენოდა. დოქი კი, ეტყობა, ოდესღაც წყლით უნდა ყოფილიყო სავსე, რადგანაც მას შიგნიდან მწვანე ობი ჰქონდა მოკიდებული. ჭურჭელზე მტვერი დახვავებულიყო. ვირჯინიამ ჩონჩხთან ჩაიმუხლა, ხელები მოკეცა და ლოცვა დაიწყო წყნარად, ამ დროს კი დანარჩენები გაკვირვებულები უცქერდნენ საზარელ ტრაგედიას, რომლის საიდუმლოც უკვე ამოხსნილიყო. – შეხეთ! უცებ შესძახა ტყუპისცალმა, რომელიც ფანჯრიდან იცქირებოდა, რომ დაენახა, სენაკი ციხესიმაგრის რომელ ფლიგელში იყო განთავსებული. ნახეთ! ძველი გამხმარი ნუში აყვავდა. მთვარის შუქზე ყვავილებსაც ნათლად ვხედავ. – ღმერთმა მიუტევა მას, – თქვა ვირჯინიამ თამამად, თითის წვერებზე აიწია და ლამაზმა სინათლემ მას სახე გაუნათა. – რა ანგელოზი ხარ! – იყვირა ახალგაზრდა ჰერცოგმა, ხელი შემოხვია კისერზე და აკოცა ვირჯინიას.   VII        ამ უცნაური შემთხვევიდან ოთხი დღის შემდეგ, ღამის თერთმეტ საათზე ქანთერვილ ჩეიზიდან გასვენება დაიწყო. გასასვენებელ ეტლში რვა შავი ტაიჭი იყო შებმული, თითოეულ მათგანს თავზე სირაქლემის მოქანავე ბუმბულების ქოჩორი ჰქონდა, ტყვიის კუბო კი სქელი მეწამული საფარით იყო დაფარული. კუბოზე ოქროთი ამოქარგული იყო ქანთერვილის გერბი. ეტლებს გვერდით მსახურები მიჰყვებოდნენ ანთებული ჩირაღდნებით და მთელი ეს პროცესია საოცრად შთამბეჭდავი იყო. ლორდი ქანთერვილი მთავარი ჭირისუფალი იყო. იგი უელსიდან სპეციალურად დაკრძალვისთვის ჩამოვიდა და პირველივე ეტლში იჯდა ვირჯინიას გვერდით. შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მინისტრი და მისი ცოლი მოდიოდნენ, რომელთაც ვაშინგთონი და სამი ბიჭი მიჰყვებოდა, უკანასკნელ ეტლში კი ქალბატონი ამნი იჯდა. ეტყობოდა, რაკი მას ორმოცდაათზე მეტი წლის განმავლობაში ეშინოდა მოჩვენებისა, მასვე ჰქონდა უფლება უკანასკნელს ეხილა იგი. ღრმა საფლავი ამოეთხარათ ეკლესიის ეზოში, ურთხმელის ხის ძირში, მსახურება ღირსმა ავგუსტუს დამპიერმა ამაღელვებლად შეასრულა. როდესაც ცერემონია დასრულდა, მსახურებმა ძველი ადათის თანახმად, ჩირაღდნები ჩააქრეს, ხოლო როდესაც კუბოს მიწაში ჩასვენება დაიწყეს, ვირჯინიამ ნაბიჯი წადგა წინ და ნუშის თეთრ-ვარდისფერი ყვავილებისგან დაწნული ჯვარი დადო მასზე. ვირჯინიამ ჯვარი რომ დაასვენა, მთვარე ღრუბლიდან გამოძვრა, იქაურობა ვერცხლისფრად დაფარა, ბულბულმა კი შორიდან გალობა დაიწყო. ვირჯინიას მოჩვენების მიერ აღწერილი სიკვდილის ბაღი გაახსენდა და თვალები ცრემლებმა დაუსველა, სახლამდე ხმაც არ ამოუღია. მეორე დილას, სანამ ლორდი ქანთერვილი ქალაქში წავიდოდა, მისტერ ოტისმა მასთან მოჩვენების მიერ ვირჯინიასთვის ნაჩუქარ სამკაულებზე ჩამოაგდო სიტყვა. სამკაულები მართლაც საოცარი იყო, განსაკუთრებით, ლალისფერი ვენეციური ყელსაბამი, რომელიც XVI საუკუნის შედევრი უნდა ყოფილიყო. ყელსაბამი ალბათ ფასდაუდებელიც იქნებოდა, მისტერ ოტისს გაუჭირდა კიდეც თავისი ქალიშვილისთვის მისი მიღების ნება მიეცა. – ჩემო ბატონო, – უთხრა მან, – მე ვიცი, რომ ამ ქვეყანაში სამკვიდრო კანონი (ქონების ფლობა გადაცემის უფლების გარეშე) ისევე ვრცელდება მიწის საკუთრებაზე, როგორც საოჯახო ნივთებზე, ამდენად, ჩემთვის აშკარაა, რომ ეს სამკაულები არის ან უნდა იყოს თქვენი ოჯახის საგვარეულო ნივთები. შესაბამისად, უნდა გთხოვოთ, რომ ლონდონში წაიყოლოთ და ისე მოეპყრათ, როგორც თქვენი ქონების ნაწილს, რომელიც უცნაური ვითარების შედეგად უკანვე დაგიბრუნდათ. რაც შეეხება ჩემს ქალიშვილს, ის ჯერ კიდევ ბავშვია და ამგვარი სათაყვანო ფუფუნებისადმი, მოხარული ვარ გაუწყოთ, მცირედი ინტერესი თუ ამოძრავებს. მისის ოტისისგან ვიცი, – ის კი, მე ვიტყოდი, ამგვარი საკითხების დიდი მცოდნეა, რადგან ქალიშვილობისას რამდენიმე ზამთარი ბოსტონში გაატარა და ხელოვნებაში კარგად ერკვევა – რომ ეს ძვირფასი ქვები დიდი მონეტარული ღირებულების უნდა იყოს და გაყიდვის შემთხვევაში, მაღალი ფასიც ექნება. ამ ვითარებაში, ლორდო ქანთერვილ, დარწმუნებული ვარ, აცნობიერებთ, თუ რამდენად შეუძლებელია ჩემთვის, ამ სამკაულების ჩემი ოჯახის რომელიმე წევრის კუთვნილებაში დარჩენის მომხრე ვიყო. შეიძლება გითხრათ, ვირჯინია ერთობ აღელვებულია, რომ თქვენ შეიძლება ეს კოლოფი სუვენირად დაუტოვოთ, როგორც თქვენი უიღბლო და შემცდარი წინაპრის სახსოვარი. რადგან ეს ნივთი მეტისმეტად ძველია და ალბათ აღდგენასაც აღარ ექვემდებარება, შესაძლოა, თქვენ მიზანშეწონილად მიიჩნიოთ ვირჯინიას თხოვნის შესრულება. ჩემი მხრივ კი, ვაღიარებ, რომ ეგზომ გაოცებული ვარ ჩემებისგან შუასაუკუნეების ნებისმიერი ფორმისადმი ასეთი სიმპათიის გამო და ამას მხოლოდ იმ ფაქტით ავხსნიდი, რომ ვირჯინია ლონდონის ერთ-ერთ გარეუბანში სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც მისის ოტისი ათენში მოგზაურობიდან დაბრუნდა. ლორდი ქანთერვილი ღირსეული მინისტრის საუბარს უსმენდა და ჭაღარა ულვაშში უნებლიე ღიმილს მალავდა. როცა მისტერ ოტისმა დაასრულა, სახლის ყოფილ პატრონს ხელი გულითადად ჩამოართვა. ლორდმა მიმართა: – ძვირფასო ბატონო, თქვენმა მომხიბვლელმა ქალიშვილმა ჩემს უბედურ წინაპარს, სერ საიმონს, დიდი სამსახური გაუწია, მე და ჩემი ოჯახი დიდად დავალებული ვართ მისგან მისი საოცარი გამბედაობისა და ვაჟკაცობის გამო. ეს სამკაულები მისია და, ღმერთმანი, მე რომ უგუნურება გამომეჩინა და ეს ნივთები თან წამეღო, ძველი ნათესავი ალბათ საფლავიდან წამოდგებოდა და ცხოვრებისეულ წყევლად მექცეოდა. თუკი ამათ საოჯახო საკუთრებად ჩავთვლით, მაშინ რომელიმე ანდერძში ან იურიდიულ დოკუმენტში იქნებოდა ნახსენები, ამათი არსებობა კი უცნობია. გარწმუნებთ, მე ამ სამკაულებზე თქვენს მსახურთუხუცესზე მეტი პრეტენზია არ გამაჩნია და ვბედავ ვთქვა, როდესაც ვირჯინია გაიზრდება, მოხარული იქნება ლამაზი სამკაული ატაროს. გარდა ამისა, თქვენ გავიწყდებათ, მისტერ ოტის, რომ ავეჯი და მოჩვენება ღირებულებაში აღნიშნეთ, ამდენად, რაც კი რამ მოჩვენებას ეკუთვნოდა, თქვენს კუთვნილებაში გადმოინაცვლა, ამდენად, რასაც კი სერ საიმონი ფლობდა, კანონით კი მკვდარი იყო, მისი სრული ქონება თქვენ უკვე შეძენილი გაქვთ. მართლაც, შეწუხებულმა მისტერ ოტისმა კიდევ სცადა ლორდის გადარწმუნება, მაგრამ კეთილშობილმა ბატონმა სიმტკიცე გამოიჩინა და საბოლოოდ მინისტრიც დაარწმუნა ქალიშვილისთვის საჩუქრის დატოვების უფლება მიეცა, რომელიც გოგონასთვის მოჩვენებას ჰქონდა ბოძებული. 1890 წლის გაზაფხულზე ჩეშირის ჰერცოგინია დედოფლის პირველ დარბაზში წარადგინეს მის ქორწინებასთან დაკავშირებით, სამკაულებით კი ვირჯინიამ საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. ვირჯინიამ გვირგვინი მიიღო, რომელსაც ყველა ამერიკელ კარგ პატარა გოგონას ჯილდოდ აძლევენ და თავის შეყვარებულს გაჰყვა ცოლად, როდესაც ეს უკანასკნელი წლოვანი გახდა. ორივენი ისეთი მომხიბვლელები იყვნენ და იმდენად უყვარდათ ერთმანეთი, რომ ყველა სიამოვნებას განიცდიდა მათი შემყურე, გარდა ბებრუხანა მარკიზა დამბლთონელისა. იგი ჰერცოგის გამოჭერას ცდილობდა, გასაკვირია და, მისტერ ოტისსაც ესროდა ანკესს თავისი შვიდი გაუთხოვარი ქალიდან რომელიმესთვის და სამი მდიდრული წვეულებაც მოაწყო ამ მიზნით. მისტერ ოტისს ძალიან უყვარდა ჰერცოგი, მაგრამ, თეორიულად, ის ეწინააღმდეგებოდა წოდებას, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა, რადგან სიამოვნების მოყვარული არისტოკრატიის გავლენით რესპუბლიკური სისადავის პრინციპები შეიძლებოდა დავიწყებას მისცემოდა. მისი პროტესტი სრულად გაბათილდა და მე მგონი, როდესაც თავისი ქალიშვილი ჰანოვერის სკვერში, წმინდა გიორგის ეკლესიის საკურთხეველთან მიჰყავდა, მასზე ამაყი ადამიანი არ იყო ინგლისის არც ერთ გრძედსა თუ განედში. ჰერცოგი და ჰერცოგინია თაფლობის თვის დასრულების შემდეგ ქანთერვილში დაბრუნდნენ; ჩამოსვლის მეორე დღეს, ნაშუადღევს, ფიჭვნარში ეულად მდგარი საყდრის ეზოში გადაწყვიტეს გასეირნება. თავდაპირველად, სირთულე შეიქმნა სერ საიმონის საფლავის ქვაზე წასაწერი ტექსტის გამო, თუმცა ბოლოს გადაწყდა, რომ ამოეტვიფრათ მოხუცი ჯენტლმენის სახელის ინიციალები და ბიბლიოთეკის სარკმელზე მიწერილი ლექსი. ჰერცოგინიას მშვენიერი ვარდები წამოეღო, რომლებიც საფლავზე მიმოფანტა. შემდეგ კი მათ ძველი სააბატოს დანგრეული კანცელარიისკენ გაისეირნეს. იქ ჰერცოგინია გადაქცეულ სვეტზე ჩამოჯდა. ამასობაში მისი მეუღლე მას ფერხთით წამოუწვა და სიგარეტი გააბოლა, თან ლამაზ თვალებში შესცქეროდა. უცებ, სიგარეტი მოისროლა, მის ხელს მიაჩერდა და უთხრა: – ვირჯინია, ცოლს ქმრისგან საიდუმლოებები არ უნდა ჰქონდეს. – ძვირფასო სესილ! შენგან არავითარი საიდუმლო არ მაქვს. – დიხაც, გაქვს, მან ღიმილით უპასუხა, – ჩემთვის არასდროს გითქვამს რა მოხდა, როდესაც მოჩვენებასთან ერთად იყავი ჩაკეტილი. – არასდროს არავისთვის მითქვამს, სესილ, თქვა ვირჯინიამ ამაყად. – ვიცი, მაგრამ იქნებ მე მითხრა. – გთხოვ, ნუ მკითხავ სესილ, ვერაფერს გეტყვი. საწყალი სერ საიმონი! მასთან ისედაც ვალში ვარ. დიახაც, ნუ იცინი, სესილ, მართლაც ვალში ვარ. მან დამანახვა რა არის ცხოვრება და რას ნიშნავს სიკვდილი და რატომ არის სიყვარული ორივეზე ძლიერი. ჰერცოგი წამოდგა და ცოლს სიყვარულით ეამბორა. – შეგიძლია ეს საიდუმლო შენადვე დაიტოვო, ოღონდ კი შენი გული იყოს ჩემი, – წასჩურჩულა ცოლს. – ისედაც სულ შენი იყო, სესილ. – ჩვენს ბავშვებს ხომ მაინც ეტყვი ოდესმე, ხომ იზამ ამას? ვირჯინია გაწითლდა. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 6:51pm on ნოემბერი 20, 2014
თემა: ამბავი ერთი სიყვარულისა
ასრულებდა, მაგრამ ასრულებდა უხალისოდ, ძალისძალად. არა, მას არ უყვარდა ლიდუვინა და, ალბათ, არც არასდროს შეუყვარდებოდა. ეს გრძნობა უფრო იმ ყმაწვილის გატაცებას ჰგავდა, რომელიც ქალის არსს შეიცნობს თუ არა, პირველივე ქალი, ვინც გზად შემოეყრება და სხივიან თვალებს შეანათებს, უმალ შეუყვარდება, თუნდაც იცოდეს, რომ იგი იმ ბედის გზას გაუმრუდებს, ცაში რომაა გადაწყვეტილი. და აჰა, ერთ დღესაც, ზიარება რომ მიიღო და მერე ალალბედზე გადაშალა სახარება, აკი სწორედ ის სტრიქონები მოხვდა თვალში და ნამდვილად არ მოსჩვენებია, ცხადად ამოიკითხა: "წარვედი ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველთა დაბადებულთა" (მარკოზი XV.15). ეს იყო მისი ვალი და მოწოდება, სახარება უნდა ექადაგა, მაგრამ ჯერ სასულიერო წოდებაზე უნდა ეზრუნა, ალბათ, ჯობდა მონასტერში ბერად აღკვეცილიყო, ამისთვის იყო დაბადებული, უფლის სიტყვა უნდა მიეტანა ხალხთან და არა იმისთვის, რომ ოჯახის მამა გამხდარიყო, მით უმეტეს, საქმრო.       ლიდუვინას კარ-მიდამო ურსულელთა მონასტერს ემიჯნებოდა, რომელსაც გარს ქვის მაღალი გალავანი ჰქონდა შემოვლებული და შუაში ვიწრო შუკა ჩაუდიოდა. გალავანს კვიპაროსის ფართოდ გაშლილი, მძიმე ტოტები ეფინებოდა და იქ მუდამ ბეღურები ჟივჟივებდნენ. საღამო ჟამს მწვანედ ჩამუქებული კვიპაროსი კიდევ უფრო ჩამუქდებოდა და აგიზგიზებული დასალიერის ფონზე მით უფრო მკვეთრად იხატებოდა; და ამ საღამოს სიმყუდროვეში მონასტრის ზარებიც აგუგუნდებოდა, თითქოს კვერს უკრავდა და კიდეც წააქეზებდა, – "წარვედი ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველთა დაბადებულთაო".       მათი საუბრებიც ნაძალადევი და უხალისო იყო. რკინის მესერი, საქმროსა და საცოლეს რომ აცალკევებდა, ციხის გისოსებს მოგაგონებდათ და იყვნენ კიდეც ისინი ტყვეები, მაგრამ არა სიყვარულისა თუ ნაზი გრძნობისა, არამედ ერთგულებისა და პატიოსნების ღრმა პატივისცემისა; მაგრამ როცა რიკარდო ლიდუვინას აბანოზისფერ თვალებს შეჰყურებდა, უწინდებურად ვეღარ გრძნობდა, რომ სულით მაღლდებოდა.  – თუ საქმე რამ გაქვს, ჩემი გულისთვის ნუ გაცდები, – უთხრა ერთხელაც ლიდუვინამ.  – საქმეო? რა საქმე უნდა მქონდეს ამაზე უკეთესი, შენ რომ გიყურებ! – მიუგო მან. და ორივე მაშინვე დადუმდა, რამეთუ მიხვდნენ ამ სიტყვების სიცარიელეს. ისინი უმეტესწილად ქალაქის ამბებზე ან რომელიმე შეყვარებულ წყვილზე ლაპარაკობდნენ და ქირქილებდნენ. ზოგჯერ ლიდუვინა უნებურად თავის ოჯახზე თუ დაიჩივლებდა, დამბლადაცემულ, დადუმებულ დედაზე ან შურისაგან ერთიანად ჩამომხმარ დაზე დაიწუწუნებდა; მათ სახლში ხომ მამაკაცი არ ჭაჭანებდა; მამა თითქმის არც ახსოვდა, ძმა კი ბუნდოვანი სიზმარივით აგონდებოდა, თოჯინასავით რომ ეთამაშებოდა და თუ კოცნას დაუპირებდა, დილის სიზმარივით გაქრებოდა.       ყოველ საღამოს, როცა რიკარდო ღობეს მოშორდებოდა და შინისაკენ გაუყვებოდა გზას, ეჩვენებოდა, არა, კი არ ეჩვენებოდა, თითქმის დარწმუნებულიც იყო, რომ მათი სიყვარული ისე მოკვდა, დაბადებაც ვერ მოასწრო; მაგრამ კვლავ ბრუნდებოდა, გეგონებოდათ, რაღაც იდუმალი ძალა ეზიდებაო. მას ხიბლავდა ის მშვიდი და თან ნაღვლიანი გარემო იმ შუკაში, ლამის ჰაერიც რომ გაეჟღინთა; მწვანედ ჩამუქებული კვიპაროსი, მონასტრის მაღალი, დაბზარული კედლები, დაისის მქრქალი შუქი, ბეღურების ჟივჟივი ისე ეხამებოდა ლიდუვინას შავ თვალებსა და შავი თმის ტალღებს, ასე ეგონა, საგანგებოდ მისთვის იყო შექმნილი. როცა დაისის ცეცხლისფერ ანარეკლს გასცქეროდა, მაშინაც საცოლის თმის ტალღებს ჭვრეტდა და თვალდათვალ უყურებდა, როგორ იმსჭვალებოდა იგი ამ ანარეკლისა და ზარების შთამაგონებელი გუგუნით. საბრალო რიკარდო, ამ სასიყვარულო ურთიერთობის ტყვე, ფიქრობდა, ეგებ თავად ლიდუვინაა ის კეთილი მაცნე, ასე რომ მიხმობს და მაგულიანებსო. მაგრამ იმავ წუთს მოეჩვენებოდა, თითქოს ქალიშვილის დალალებში უკანასკნელი სხივი რომ ქრებოდა, შავი მდინარის ტალღები გადაევლებოდა და ზღვისკენ მიაქანებდა დასანთქმელად განწირულს.       აღარაფერი დარჩა საჭოჭმანო, ეს ამბავი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ როგორ? როგორ უნდა ეღალატა ჩვევისთვის? როგორ გაეტეხა სიტყვა? ხალხის თვალში ერთი ქარაფშუტა და უმადური გამოჩენილიყო? რიკარდო იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ ლიდუვინასაც გაუცრუვდა იმედი, ამ სიყვარულმა ისიც დაღალა. და აი, ერთ დღესაც ისინი უსიტყვოდ გამოუტყდნენ ერთმანეთს და ეს მათ თვალებში, მათ საუბარში, უფრო სწორად, მათი თვალების უხმო საუბარში გაცხადდა ანგელუს-ის ლოცვის მერე. მათი საღამოები ხომ ისე ილეოდა, თითქოს გარდაცვლილი გრძნობების სადარაჯოდ ფხიზლობენო.       მაგრამ არა, ისინი არამც და არამც არ დაემსგავსებოდნენ სხვებს, ვისზეც თვითონვე ქირქილებდნენ, ისეთები არასდროს გახდებოდნენ. მაგრამ როგორ უნდა გაემხილათ ეს ერთმანეთისთვის, როგორ უნდა ეღიარებინათ, ყველაფერი დამთავრდაო, მეგობრებივით ხომ არ ჩამოართმევდნენ ერთმანეთს ხელს და ასე გულნატკენები დაშორდებოდნენ. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, შვებით ხომ მაინც ამოისუნთქავდნენ. რიკარდოს მონასტრისაკენ მიუწევდა გული, ლიდუვინა კი ალბათ სხვა მამაკაცს შეხვდებოდა და ეგებ მისი ცხოვრების თანამგზავრიც გამხდარიყო.       რიკარდომ კარგად აწონ-დაწონა ვითარება და გადაწყვეტილებაც მიიღო; მისი განზრახვა თან ვითომ ეშმაკურიც იყო და თან სენტიმენტალურიც; სხვა გზას მაინც ვერ ხედავდა, თორემ ეს ურთიერთობა კიდევ კარგა ხანს გაგრძელდებოდა, ისედაც უკვე ხუთი წელია ერთმანეთს ხვდებოდნენ. მათ ოჯახებს მართალია, არათუ საკმარისი, საკმარისზე მეტი შეძლება ჰქონდათ, რომ ახალგაზრდებს უზრუნველად ეცხოვრათ, მაგრამ არც ლიდუვინას დედას და არც რიკარდოს მამას დიდი მოწადინება არ გამოუჩენიათ, რადგან რიკარდოს ჯერ სწავლა უნდა დაესრულებინა, ხოლო თავად ყმაწვილს სწავლის წყურვილი დიდად არ კლავდა, არც სწავლას უჩანდა ბოლო, არც მოთმინება იყო უსაზღვრო; თან იმაზეც ფიქრობდა, ეგებ ჩვენი სიყვარული გაცოცხლდესო, თან ხანდახან აზრი გაუელვებდა, იქნებ ერთიც ვცადო და შევთავაზო, მოდი, უფროსების დაუკითხავად სახლიდან ჩუმად გავიპაროთო. რა თქმა უნდა, ამაზე ლიდუვინა არ დათანხმდებოდა; აი, მაშინ კი მიეცემოდა საბაბი და პირდაპირ ეტყოდა, ხომ ხედავ, ჩვენი სიყვარული ჭეშმარიტი არ ყოფილა, ნამდვილი ვნება სულ სხვააო; მაგრამ არც ეს აზრი ჰგვრიდა დიდ შვებას; მერე იტყოდა, ბოლოს და ბოლოს, რას მიქვია სირცხვილი, რიდი თუ ცრურწმენა, თუკი თავისუფლებას დავიბრუნებო. მაგრამ ვაითუ, ლიდუვინას თანხმობა ეთქვა... მაშინ... არა, ლიდუვინა სახლიდან დაუკითხავად წასვლას, გაქცევას არ მოისურვებდა და ასე მალულ-ფარულად გაპარვას ვერც გაბედავდა. მაგრამ მაინც რომ დათანხმებულიყო... ასეთი ნაბიჯი ხომ ნამდვილი გამოწვევა იქნებოდა ფარისევლებისა და მოვალეობების მონებისთვის, ცოტა მაინც რომ გამოფხიზლებულიყვნენ! ეგებ მაშინ მათი სიყვარულიც გაცოცხლებულიყო, თუკი ოდესმე მაინც იყო ცოცხალი და თუ აქამდე მათზე ზენაარის მადლი არ გადმოსულიყო, ეგებ ამის შემდეგ მოჰფენოდა ნათელი მათ ასეთ ყოფას. მაგრამ არა, ლიდუვინას ვერასგზით ვერ დაიყოლიებდა.       და აი, ერთ დღესაც რიკარდომ გაბედა და სიტყვა გადაუკრა, დიდი წვალებითა და მიკიბულ-მოკიბულად მიანიშნა გაქცევის თაობაზე, მაგრამ ლიდუვინამ არც კი შეიმჩნია, ვითომ ვერ გაიგო, თუ ვერ მიუხვდა; ნეტავი ამ დროს რაზე ფიქრობდა? ეგებ ესეც საბაბად გამოეყენებინა და თავისუფლება დაებრუნებინა, ანდა სულაც ყველაფერი თავიდან დაეწყოთ და ჭეშმარიტი სიყვარულით ანთებულიყვნენ? 2       ლიდუვინას სახლში ისეთი მოწყენილობა სუფევდა, ასე გეგონებოდათ, სევდის შავი ღრუბელი ჩამოწოლილაო. ეს უზარმაზარი სახლი ერთთავად ბინდბუნდში იყო ჩაფლული, კედლებს ალაგ ობიც კი მოსდებოდა, ყოველი მხრიდან ჯავრის იაზმები მოდიოდა და იქაურობა მთლად გაეჟღინთა. როცა ძველისძველი საწონებიანი საათი დარეკავდა, ისეთი გრძნობა დაეუფლებოდა ადამიანს, თითქოს სიცარიელისა თუ მოგონების სიმძიმისაგან მთელი სახლი კვნესისო. ლიდუვინას დედა დღეში ორჯერ ძლივძლივობით მილასლასდებოდა, დიდის გაჭირვებით მიიტანდა ცოცხალ-მკვდარ სხეულს დაფლეთილ სავარძლამდე; ხანდახან ჩაბნელებულ დერეფანში თავის მეორე ქალიშვილს წააწყდებოდა, მუდამ სახე რომ ჩამოსტიროდა. დები თითქმის არც ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, დედას კი ისევ ლიდუვინა თუ შეეხმიანებოდა და კიდეც მიეფერებოდა. საბრალო ქალი დაჭრილ ნადირს ჰგავდა, ერთთავად ძილ-ბურანში იყო ჩაფლული, იფიქრებდით, მხოლოდ ამ შავბნელ ბურანსა თუ ავადმყოფურ გარინდებაში ცოცხლობსო.       საბრალო ლიდუვინას დროდადრო ძმაც ახსენდებოდა და ისიც ძალიან ბუნდოვნად, თითქოს მარტო სიზმრად ჰყავდა ნანახიო; თოჯინასავით წარმოუდგებოდა, ცისფერთვალა და ოქროსთმიანი, მუდამ მოცინარ-მოღიმარი, მაშინ პატარა ძმამ ინა შეარქვა, მერე ლიდუვინას ეძახდა, ბოლოს – ლიდუს, გეგონება, დროსა და ძალას ზოგავს და სახელს ამიტომ უმოკლებსო; მაგრამ იმხანად სულ პატარები იყვნენ და არც ის ესმოდა, როგორ გამოეხატა დის სიყვარული. ბავშვობა კი დამთავრდა, გაიცრიცა, გახუნდა, უღიმღამო დღეების რიგმა ლამის სულ წაშალა. მერე კი ერთადერთი რიკარდო იყო, ვინც მის ცხოვრებაში სინათლე შეიტანა, მისმა სიყვარულმა მზის სხივივით მოსჭრა თვალი, მაგრამ ისიც ჩამავალი მზის მბჟუტავი ანარეკლი აღმოჩნდა. სულ თავიდან, როცა რიკარდო მას სიყვარულში გამოუტყდა, – აკი დაუფიქრებლადაც მიენდო, – დაიჯერა, რომ ასეთი ტრფიალის მიღმა ჯერ მხოლოდ ნაღვერდალი ბჟუტავდა, გრძნობის ამგვარ ბინდბუნდში განთიადის შუქს ჯერ ვერ შეეღწია, მაგრამ ცისკარი ალბათ მზის ამობრწყინებას აუწყებდა. ვაი, რომ ძალიან მალე მიხვდა – ნაღვერდლის აბრიალების იმედი არ უნდა ჰქონოდა, ნაღვერდალი ჩაფერფლილიყო, მზის აღმოხდომა კი არა, ჩასვენება ახლოვდებოდა, რასაც ღამე მოჰყვებოდა. ლიდუვინა იმასაც კარგად ხვდებოდა და გრძნობდა, რომ მტკიცე და ძლიერი სიყვარული ერთბაშად აგიზგიზდებოდა, ვითარცა ცისკარი გაშლილ მინდორში, მაგრამ, საუბედუროდ, მათი სიყვარული დაბადებიდანვე აგონიაში იყო. ამ სიყვარულს ზოგჯერ თავისი ცისფერთვალა, ოქროსთმიანი ძმის სიყვარულსაც კი ადარებდა.       და მაინც, როგორ შეხვდა ლიდუვინა რიკარდოს? ისეთი უღიმღამო ცხოვრება ჰქონდა, ისე მარტოდ გრძნობდა თავს! პირველად ურსულელთა მონასტერში ნახა, დილის წირვაზე; მერე დილაობით, წირვის შემდეგ, ტაძრიდან რომ გამოვიდოდნენ, ერთმანეთს შეხედავდნენ. ერთხელ რიკარდომ ნაკურთხი წყალიც შესთავაზა, მერე კრიალოსანი მიუტანა, ლიდუვინას სკამზე რომ დარჩენოდა, სადაც დაჩოქილი ლოცულობდა ხოლმე; ბოლოს კი, დილის წირვა რომ დამთავრდა და რიკარდომ ჩვეულებისამებრ ნაკურთხი წყალი შესთავაზა, თან წერილიც გადასცა, ხელი უკანკალებდა და სახე ყაყაჩოსავით უვარვარებდა.       მეორე დილას ლიდუვინა წირვაზე აღარ წასულა, წერილის პასუხი უნდა მოეფიქრებინა. აჰა, საქმროც გამოუჩნდა! საქმრო, როგორც მისი ორიოდე მეგობარი იტყოდა, რომლებიც იშვიათად თუ მოიკითხავდნენ. მერედა, როგორი საქმრო! მოსწონდა კი? თუმცა რა ჰქონდა დასაწუნი! საქმროს პირობაზე ღვთისმოსავი იყო და თან მეტისმეტად ღვთისმოსავი; შესახედავად – სანდომიანი, კარგი ოჯახიშვილი, ყოფაქცევით – სამაგალითო, ესეც არ იყოს, გულს მაინც ხომ გადააყოლებდა, ამ უჟმურ, უღიმღამო დღეებს ხომ შეიმოკლებდა, თავისი დაღვრემილი, სახეჩამომტირალი დის ყურებასაც გადაურჩებოდა, დედის, საბრალო დაჭრილი ნადირის, დუმილიც არ გაუწვრილებდა გულს. მერედა სიყვარული?! ააჰ, სიყვარული მოვიდოდა, აკი ყოველთვის მოდის ხოლმე, თუკი უხმობ, როცა თვითონ სიყვარული გიყვარს და გჭირდება. მაგრამ გადიოდა დღეები, კვირები, თვეებიც კი და გული მაინც არაფერს უთქვამდა. მაშ, რატომ არ ეთმობოდა ასეთი საქმრო? იმედი ჰქონდა, უიმედო იმედი, თვინიერი და საამო, რომ ერთ მშვენიერ დღესაც უფალი, ყოველი შეჭირვებულის შემწე, მოწყალების თვალით გადმოხედავდა და სიყვარული დაიბადებოდა. მაგრამ სიყვარული არა და არ მოდიოდა, ანდა ეგებ მათ შორის დაფრინავდა კიდეც, თუმცა ისინი ვერ ხედავდნენ.       "გვიყვარს კი ერთმანეთი? ეგებ არც გვიყვარს? მაინც რა არის სიყვარული?" – ეს ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა ლიდუვინას თავისი დადუმებული დედისა და სახემოღრუბლული დის გვერდით და იმედს მაინც არ კარგავდა.       ლიდუვინამ, თავისდა სავალალოდ, მალე იგრძნო, რომ რიკარდომ თავი მოაბეზრა, რომ იგი, უბრალოდ, მიეჩვია მონასტრის კედლებს, კვიპაროსს, ბეღურების ჟივჟივს, დაისის ჭვრეტას, ოღონდ არა მას, მის გვერდით ყოფნას. მისი საქმროს გულსა და გონებაში გამჯდარ ღირსებისა და ერთგულების გრძნობას კი იმედგაცრუება ვერაფერს ავნებდა. არა, ამ ურთიერთობას თავად პირველი არასდროს გაწყვეტდა, თუნდაც დარდისაგან მომკვდარიყო. დაე, ჯერ რიკარდოს გადაედგა ეს ნაბიჯი. ლიდუვინასთვის ერთგულება და პატიოსნება ლამის რელიგიას უტოლდებოდა; იგი არც პირველი და არც უკანასკნელი ქალი იქნებოდა, ვინც ერთგულებას შეეწირებოდა. მისი მეგობარი როსარიოც აკი ასე გათხოვდა, იმ პირველ მამაკაცს გაჰყვა, ვისაც ერთგულება შეჰფიცა, ოღონდ კი იმ ქალებისთვის არ შეედარებინათ, ხელთათმანებივით რომ იცვლიდნენ საქმროებს. სწორედ მამაკაცები არიან ორგულებიც და ფიცის გამტეხნიც, სიყვარულის წუთებში მიცემული სიტყვა რომ ავიწყდებათ. ლიდუვინას გულის სიღრმეში თითქმის სძულდა კიდეც ისინი, სძულდა, მაგრამ მაინც ელოდებოდა თავისი ოცნების მამაკაცს, ქმარს, ვინც ისე წარიტაცებდა, ვითარცა ტალღა ოკეანისა და ერთიანად შთანთქავდა ნეტარების მორევში.       ლიდუვინამ ძალიან კარგად გაიგო რიკარდოს გადაკრული სიტყვები გაქცევის თაობაზე, მაგრამ ისე დაიჭირა თავი, ვითომ ვერ მიუხვდა; სინამდვილეში არათუ მიუხვდა, ნათლადაც დაინახა მისი განზრახვა, საქმროს სულში ამოიკითხა ის, რისი თქმაც სწადდა; და უთხრა თავის თავს: "დაე, ისეთი გამბედაობა გამოიჩინოს, ნამდვილ მამაკაცს რომ შეჰფერის, გარკვევით და გადაჭრით მითხრას, გავიქცეთო და მეც დავთანხმდები; დავთანხმდები და თვითონვე გაებმება ჩემთვის დაგებულ მახეში; მაშინ კი გამოჩნდება, ვის ჰქონია გამბედაობა, ალბათ, უკან დაიხევს, ათასგვარ მიზეზსა და საბაბს შეთხზავს, როცა დაინახავს, თავადვე რომ შეიბორკა ხელ-ფეხი იმ ჯაჭვით, ჩემთვის რომ ამზადებდა თავის დასაღწევად, და მეც, საბრალო გოგონა, ოჯახის ნაბოლარა, მე, უიღბლო ლიდუვინა, დიახ, მე, ვაჩვენებ გამბედაობისა და სიყვარულის მაგალითს. ვერა, ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს!.. მხდალია!.. ცბიერი!.. და თუ დავთანხმდები, თუ მაინც დავთანხმდები!.." – და ამ დამთრგუნველმა ფიქრებმა იმ ზომამდე მიიყვანა, რომ ცახცახი დააწყებინა, ისეთი ცახცახი, დედისეული, ძველისძველი, ხავსმოკიდებული სახლის დარბაზებში გავლისას რომ აიტანდა ხოლმე.       "და თუ მაინც გადაწყვიტა, – კვლავაც მიჰყვებოდა ფიქრებს ლიდუვინა, – მაშინ ჩემი ცხოვრება ერთიანად შეიცვლება, გაიფანტება ბურუსი, გაქრება ნესტით გაჟღენთილი ჩრდილები, ვეღარც ძველი საათის ხრიალს გავიგონებ, ვეღარც დედაჩემის დუმილი დამიმძიმებს გულს და ვეღარც ჩემი დის მოქუფრული სახე. თუკი, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტს, რომ გავიქცეთ, თუ ეს უბირი ხალხიც გაიგებს, თურმე ვინ ყოფილა სინამდვილეში ლიდუვინა, ურსულელთა შუკაში რომ ცხოვრობს, მაშინ ეგებ ჩვენი სიყვარულიც გაცოცხლდეს, ის სიყვარული, ლამის მომაკვდავი რომ მოვიდა ჩვენთან. თუკი მაინც გადაწყვეტს, ისევ თავიდან შეგვიყვარდება ერთმანეთი, რამეთუ ეს გამბედაობა შეგვაყვარებს, არა, არა, მაშინ აშკარად გამოჩნდება, თურმე როგორ გვყვარებია ერთმანეთი. დიახ, დიახ, ყველაფრის მიუხედავად, მე იგი მიყვარს, ის ხომ ჩემი ცხოვრების ჩვევაა, ჩემი არსებობის ნაწილი, მე ამის წყალობით ვცოცხლობ".       და მართლაც, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, მათი ნაფიქრი და ნააზრევი ერთმანეთს დაემთხვა, რამეთუ ეს იყო სიყვარული, ის სიყვარული, რომელიც მათ შთააგონებდა. 3       დიახ, სწორედ ისე მოხდა, როგორც ისინი ფიქრობდნენ. ერთ საღამოს, მზის ჩასვლისას, რიკარდომ მოიკრიბა მთელი გამბედაობა, ზურგით მიეყრდნო ღობეს, გისოსებს ხელი გაუშვა და ეს სიტყვები წარმოთქვა:  – ნენა*, დამიგდე ყური, ჩვენი ურთიერთობა მეტისმეტად გაგრძელდა, მე კი ისიც არ ვიცი, როდის დავასრულებ ამ სწავლა-განათლებას, თუმცა მამაჩემს არაფრის გაგონება არ უნდა, მე არავინ არაფერს მეკითხება, სანამ ლიცენციატი არ გავხდები, მე კი გული ამიცრუვდა და სულ შემძულდა ეს სწავლა, გულწრფელად გეუბნები, – და იგი გაჩუმდა, – ჩვენი ასეთი მდგომარეობა უკვე გაუსაძლისი გახდა, ჩვენი ოცნებებიც თანდათან განელდება...  – შენთვის... – თქვა ლიდუვინამ.  – არა, ორივესთვის, ლიდუ, ორივესთვის. გამოსავალს კი ვერ ვხედავ...  – თუ არ დავშორდებით!..  – არა, არასოდეს, ნენა, არასოდეს! ეს როგორ მოგივიდა აზრად! შენ ხომ...  – არა, მე არა, რიკარდო... ეს შენს ფიქრებში ამოვიკითხე...  – მაშ, ცუდად ამოგიკითხავს, ძალიან ცუდად, თუ შენ...  – მე, რიკარდო, მე? მე სადაც გინდა, როცა გინდა, წამოგყვები!  – ხვდები, რას ამბობ, ნენა?  – დიახ, ვხვდები, ძალიან კარგად ვხვდები, რადგან ბევრი ვიფიქრე, სანამ შენ გეტყოდი!..  – მართალს ამბობ?  – ჰო, მართალს...  – აბა, მე რომ შემომეთავაზებინა...  – რაც გინდა, ის შემომთავაზე!..  – რა გამბედაობაა, ლიდუვინა!..  – გამბედაობაო? შენ მე არ მიცნობ, რიკარდო, არ მიცნობ, თუმცა ამდენი ხანია ერთმანეთს ვხვდებით...  – შეიძლება...  – არა, მართლა არ მიცნობ! მაშინ თქვი, რისი თქმაც გინდოდა, რა იყო ასეთი მნიშვნელოვანი? ისეთს მაინც რას მთავაზობ, რომ ასეთი შემზადება გჭირდება?  – გავიქცეთ!  – რატომაც არა!  – დაფიქრდი, რას ამბობ, ლიდუვინა!  – მე კი არა, შენ დაფიქრდი!  – ჰო, ლიდუვინა, გავიქცეთ, გავიპაროთ!..  – კეთილი, რიკარდო, კარგად მესმის შენი; ორივე, შენც და მეც, ეგებ კიდეც გავიპარებოდით, ჩვენ-ჩვენი სახლიდან გავიქცეოდით, რომ... რომ... ჩვენს სიყვარულს რამე ეშველებოდეს...  – შენც?  – ჰო, რიკარდო, მეც... ოღონდ კი მითხარი...       სიჩუმე ჩამოვარდა. მზე უკვე ემზადებოდა თავის მეწამულ სარეცელზე მოსასვენებლად, კვიპაროსი რაღაც ავის მომასწავებლად აწოწილიყო, მონასტრის ზარები მწუხრისკენ უხმობდა ხალხს. ლიდუვინამ პირჯვარი გადაიწერა და ტუჩები აუთრთოლდა. ჩვეულებისამებრ, რკინის გისოსებს მაგრად ჩასჭიდა ხელები და ღობეს რომ მიაწყდა, მძიმედ შეუქანდა მკერდი. რიკარდომ თვალები დახარა და თავისთვის ჩაიბუტბუტა: "წარვედი ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველთა დაბადებულთა..."       მერე საუბარს თავი ვეღარ მოაბეს. რიკარდოს კიდეც დაავიწყდა, რისი თქმა უნდოდა, აღარც ლიდუვინას ახსოვდა, თითქოს რაღაც საბედისწერო ხდებოდა მათ თავს. ნაღვლიანად დაემშვიდობნენ ერთმანეთს.       გადიოდა დღეები, მაგრამ რიკარდოს მას მერე გაქცევის თაობაზე სიტყვა აღარ დასცდენია, სანამ ისევ ლიდუვინამ არ დაარღვია დუმილი ერთ საღამოს:  – ჰო, მართლა, რიკარდო, იმ ამბავზე აღარაფერს იტყვი?  – რა ამბავზე, ლიდუვინა?  – იმაზე... უკვე დაგავიწყდა კიდეც?  – ვერ ვხვდები, პირდაპირ თქვი!  – აბა, დაფიქრდი, ეგებ გაიხსენო...  – შენი ვერაფერი გამიგია, ნენა...  – მშვენივრად ხვდები, რასაც ვამბობ...  – მაშინ თქვი, გამახსენე...  – გაქცევაზე რომ ამბობდი...  – აჰ, რაო, მართლა დაიჯერე?  – რას ამბობ, რიკარდო, ნუთუ ჩვენი სიყვარული სახუმაროა?!.  – სიყვარული სხვაა...  – იმის შიში, ხალხი რას იტყვისო, არა?.. ნუთუ, ბოლოს და ბოლოს...  – რაკი ასეა, მაშინ...  – მაშინ რა?  – როცა გინდა!..  – მე? თუ გინდა, ახლავე! ჩემს სახლში მაინც არ მედგომება!..  – აი, თურმე რისთვის!..  – არა, რიკარდო, შენთვის, შენი გულისთვის! – ცოტა დაფიქრდა და მერე დასძინა, – ჩემთვისაც, ჩვენი სიყვარულისთვის... ასე გაგრძელება მართლა აღარ შეიძლება!       ერთმანეთს ღრმად ჩახედეს თვალებში და იმავე დღეს კიდეც შეთანხმდნენ. და ამ შეთანხმებამ, ამ რომანტიკული გაქცევისთვის მზადებამ, – თუმცა კი, ხალხის აზრით, მცდარმა ნაბიჯმა, – მათ საღამოებსა და საუბრებს მეტი ხალისი და სითამამე შესძინა, თითქმის მათ სიყვარულსაც ფრთები შეასხა. ესეც არ იყოს, სხვა შეყვარებულ წყვილებზეც უფრო თავისუფლად ქირქილებდნენ, სიყვარულის იმ დადგენილი კანონების საბრალო მონებზე, რომელთაც არაფერი გაეგებოდათ გაქცევის იდუმალების მაცოცხლებელი ძალისა, თანაზიარობის შთამაგონებელი გრძნობისა.       რიკარდო მიხვდა, რომ დამარცხდა, თავს დამცირებულად გრძნობდა, რომ ქალი მასზე ძლიერი აღმოჩნდა, თუმცა ვერც აღტაცებას მალავდა, სიყვარულის მისაგებლადო, ფიქრობდა.       დაბოლოს, ერთ დილას ლიდუვინამ მოიმიზეზა, მეგობართან მინდა სტუმრად წავიდეო, ტანსაცმელი მოიმზადა და მოახლის თანხლებით სახლიდან გავიდა. რამდენიმე ნაბიჯი გაიარეს თუ არა, იქვე, გზის პირას კარეტა დაინახა და ცოტა რომ გასცდნენ, მოახლე გააჩერა, ერთი წუთი აქ მომიცადე, შინ რაღაც დამრჩა და ახლავე მოვბრუნდებიო, უთხრა, უკან გაბრუნდა, მაშინვე კარეტაში ჩაჯდა და ცხენებიც უმალ გაჭენდნენ. როცა მოახლე ლოდინით დაიღალა, სახლში წავიდა სენიორას ამბის გასაგებად, მაგრამ უთხრეს, არ მოსულაო.       ამასობაში კარეტა სწრაფად მიქროდა მეზობელი სოფლისკენ, სადაც რკინიგზის სადგური იყო. მთელი გზა ისე გაიარეს, არც ერთს ხმა არ ამოუღია, ისხდნენ მდუმარედ, ხელიხელჩაკიდებულები და გასცქეროდნენ მინდვრებს, მერე ჩასხდნენ მატარებელში და გაემგზავრნენ. 4       რკინიგზა მდინარის ნაპირს მიჰყვებოდა. ალაგ მდინარე ნამგალივით ირკალებოდა და ყვითელ წყალს ზღვისკენ მიაქანებდა. ორივე მხარეს ვენახები იყო გაშლილი, შიგადაშიგ ნუშის, ზეთისხილისა და ნაძვის ხეები მოჩანდა, უფრო კი ლიმონისა და ფორთოხლის ბაღები იტაცებდა თვალს. ფერდობებს, ფლატეებსა თუ ქარაფებს რომ გასცდებოდა, მდინარე მერცხლის კუდივით იყოფოდა. აქა-იქ წისქვილები და ისლით გადახურული ქოხმახები იყო ჩარიგებული. ვეება კასრებით დატვირთულ ბარჟას მარჯვედ მიმართავდა კაცი შემაღლებული ფიცარნაგიდან.       რიკარდო და ლიდუვინა ვაგონის ერთ კუთხეში მიყუჟულიყვნენ და მდუმარედ გასცქეროდნენ მდინარის ნაპირზე მწვანეში ჩაფლულ სააგარაკო ვილებს და თან ყურს მიაპყრობდნენ თანამგზავრებს, მათთვის გაუგებარ ენაზე რომ საუბრობდნენ, თუმცა ორიოდე სიტყვის მნიშვნელობასაც ძლივს ხვდებოდნენ. ერთ სადგურზე ლიდუვინამ ფორთოხლის გამყიდველი დაინახა და იფიქრა, გამშრალ პირს გავისველებ და ხელებსაც ცოტა ავამოძრავებო. რიკარდომ ფორთოხალი გაფცქვნა და მიაწოდა, ლიდუვინამ შუაზე გახლიჩა და ნახევარი მას შესთავაზა, მეორე ნახევარს კი ერთი ლებანი ჩამოაცალა, მერე თანამგზავრებს გადახედა და როცა დაინახა, ისინი ისევ ისე იყვნენ გართული საუბარში, მისკენ არც იხედებოდნენ, მეორე ნახევარიც საქმროს მისცა. შემდეგ სადგურზე ისადილეს; ისევ მოწყენილები ისხდნენ; ლიდუვინამ, ჩვეულებრივ წყლის მეტს რომ არაფერს სვამდა, ახლა ერთი ჭიქა ღვინოც დალია და მეორე ფინჯანი ყავაც მოითხოვა. რიკარდო ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა, თუმცა ამაოდ; ნეტავი კი ისევ უკან დაბრუნება შეიძლებოდეს და ამ დღეში არ ჩავცვენილიყავითო; მაგრამ მატარებელს მიანდვეს თავი, უკან მაინც ვეღარ დაბრუნდებოდნენ, რადგან მეორე დღემდე მოუწევდათ ლოდინი, რომელ სადგურზეც უნდა ჩასულიყვნენ.  – მადლობა ღმერთს! – ამოისუნთქა ლიდუვინამ, როცა მატარებელი დათქმულ სადგურზე გაჩერდა.       მაშინვე სასტუმროს მიაშურეს, ოთახი მოითხოვეს და იმ უღიმღამო ოთხ კედელს შორის ჩაიკეტნენ.       მეორე დღეს ადრიანად ადგნენ, ორივე ამ ღამის საბედისწერო, მძიმე სევდას შეეპყრო, თვალებში აშკარა იმედგაცრუების ჩრდილი ჩასდგომოდათ, კოცნაც ვეღარ გაებედათ ერთმანეთისთვის. ისეთი გრძნობა დაეუფლათ, თითქოს სიყვარული რაღაც სხვა, არცთუ წმინდა საქციელს შესწირეს. რიკარდო გულში ერთთავად ამას იმეორებდა: "უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველთა დაბადებულთაო"... ლიდუვინას ფიქრი კი ისევ და ისევ დადუმებულ დედას და სახეჩამომტირალ დას დასტრიალებდა, მაგრამ ყველაზე მეტად მონასტრის კვიპაროსები, ის სევდა ენატრებოდა, საღამო ჟამს რომ შემოაწვებოდა ხოლმე გულს. ნუთუ ეს იყო სიყვარული?       ორივე რაღაც უცხო გარინდებას შეეპყრო. მაინც როგორ დაიჯერეს, რომ ეს რომანტიკული თუ გმირული გადაწყვეტილება მათ იმ მზით გასხივოსნებულ მწვერვალზე აიყვანდა, სადაც თავისუფლად ამოისუნთქავდნენ; ახლა კი სად აღმოჩნდნენ? ქვაღორღიანი, ეკალბარდებმოდებული მთის ძირას, გოლგოთისკენ მიმავალი გზა კი არა, სიმწრით სავალი გზის დასაწყისი იყო ჯერ გაუკვალავ ჯაგნარში. ამ ღამემ დააგვირგვინა ღობესთან გატარებული სევდიანი, მაგრამ უშფოთველი საღამოები. ეს იმ ძნელი ცხოვრების დასაწყისს უფრო ჰგავდა, როგორიც მთაზე ასასვლელი აღმართია, რომლის მწვერვალი ღრუბლებში იკარგება.       ყველაზე მეტად მაინც სირცხვილის გრძნობა ტანჯავდა ორივეს, თუმცა იმას ვერ ხვდებოდნენ, რატომ. არც საუზმემ გაახალისა, ლიდუვინამ საჭმელს პირიც ვერ დააკარა; რიკარდო ოთახიდან დაითხოვა, რომ ტანსაცმელი ჩაეცვა, მერე პირის დაბანას შეუდგა და იმდენჯერ წაისვა საპონი და ისე იხეხა პირისახე, ლამის სისხლი დაიდინა.  – ვერ მორჩი? – შეეხმიანა რიკარდო.  – ვერა, ცოტა კიდევ მოიცადე.       მერე საწოლის გვერდით დაიჩოქა და ლოცვა დაიწყო, ისე ლოცულობდა, როგორც არასდროს, უსიტყვოდ, უხმოდ; თავი განგებას მიანდო და მერე გაუღო კარი საქმროს. განა საქმროს? ნეტავი რა უნდა უწოდოს მას ამიერიდან?       სასტუმროდან ხელიხელჩაკიდებულები გავიდნენ და ალალბედზე გაუყვნენ ქუჩას. ლიდუვინას გამალებით უცემდა გული რიკარდოს მარჯვენა მკლავთან, ის კი მოუსვენრად იწიწკნიდა ულვაშს; შეშინებულები იყურებოდნენ აქეთ-იქით, ნაცნობს არავის გადავეყაროთო, მიდიოდნენ და მუხლები უკანკალებდათ, მაგრამ სასტუმროში დაბრუნებას ისევ ეს ერჩივნათ. არა, არა, ის ცივი ოთახი, ძველი ავეჯი, დაბზარული კედლები, სადაც ვინ იცის, რამდენ უცხოს გაუთენებია ღამე, მართლაც რომ ზიზღის მომგვრელი იყო ორივესთვის. მათ სმენას ერთადერთი უცხო ენაზე საუბარი თუ აამებდა, ლამის ნანასავით ელამუნებოდა. ერთხელ ქალმა ჩაუარა მოთენთილი რხევით და გზა გადაუჭრა ფოსტლების ტყაპუნით თუ სულაც ფეხშიშველმა, თან რაღაცნაირი მთვლემარე ცნობისმოყვარეობით კი შეათვალიერა; მერე იყო და, ფორანი გამოჩნდა, რომელშიც წითელი ხარები იყო შებმული და ამან მშობლიური ქალაქი და მონასტრის ჭიშკართან შეყრილი ხალხი გაახსენა მათ.       ამაოდ ეძებდნენ შვებას უცხო ქალაქში, განა რაიმე შეენაცვლებოდა ოჯახურ კერას? როცა ასე გულდამძიმებულებმა ეკლესიას ჩაუარეს, რიკარდომ მკლავთან იგრძნო, როგორ შეუფანცქალდა გული ლიდუვინას და ისინი ეკლესიაში შევიდნენ.       ლიდუვინამ შუა და საჩვენებელი თითები ნაკურთხ წყალში დაისველა და რიკარდოსაც შესთავაზა. მისი დაბინდული მზერა საქმროს ისეთივე დაბინდულ მზერას შეეფეთა. კარის ახლოს გაჩერდნენ, რიკარდო იქვე, კედელთან სკამზე ჩამოჯდა, რადგან იქ უფრო ბნელოდა, ლიდუვინამ მის გვერდით დაიჩოქა და სახე ხელისგულებს დაანდო. ტაძარში არავინ იყო, გარდა ერთი საცოდავი, თავსაფრიანი ქალისა, რომელიც ჩოქვით უვლიდა ლიტანიას, ეტყობოდა, უჭირდა მოძრაობა, უზარმაზარი მუცელი ერთიანად უთახთახებდა და ხან ერთ ფეხს დაეყრდნობოდა, ხან მეორეს; ხელში კრიალოსანი ეჭირა და ასე ტანჯვა-წვალებით მიდი-მოდიოდა საკურთხევლიდან საკურთხევლამდე. წმინდა სინათლის სვეტი პირამიდასავით აღმართულიყო შუა ეკლესიაში, სიჩუმე საამოდ ერწყმოდა ბინდს. უეცრად რიკარდოს ლიდუვინას დახშული ქვითინი შემოესმა. იგი ტიროდა და ვეღარც მან შეიკავა ცრემლი, საცოლის გვერდით დაიჩოქა და ორივემ ასე დაიტირა დაღუპული ოცნებები.       მერე ქალაქში გავიდნენ, ირგვლივ სიმშვიდე სუფევდა, მაგრამ მათ მაინც უფრო სევდიანი ეჩვენებოდათ.  – ის, რაც ჩვენ ჩავიდინეთ, ლიდუვინა... – გაბედა ხმის ამოღება რიკარდომ, ლიდუვინამ კი განაგრძო:  – ჰო, რიკარდო, შეცდომა იყო...  – საქმე ისაა, რომ ვეღარაფერს გამოვასწორებთ...  – პირიქით, ჩემო კარგო, სწორედ ახლა შეგვიძლია გამოვასწოროთ, ახლა, როცა ყველაფერს ნათელი მოეფინა...  – მართალი ხარ...  – მაგრამ მთავარი და უარესი ჯერ კიდევ წინ გველის...  – რა, ჩემო ნენა?  – ის, რომ ქალაქში ვეღარ დავბრუნდებით. რა პირით ვეჩვენო დედაჩემს ან ჩემს დას? როგორ გამოვჩნდე ქალაქში?  – აკი შენ თვითონ იტყოდი ხოლმე, მითქმა-მოთქმას ყური არ უნდა ათხოვოო...  – ჰო, მაგრამ მითქმა-მოთქმა ერთია. ეს არც დიდად მაწუხებს და არც იმდენი მნიშვნელობა აქვს...  – მაშინ, რა?..  – ის, რომ დაგვცინებენ, რიკარდო!..  – ჰოო, ეს კი მართალია!..       სასტუმროში რომ დაბრუნდნენ, კიდევ ერთხელ იჯერეს გული ტირილით, მერე რიკარდომ მოიმიზეზა, ფული უნდა გადავახურდაოო და ქუჩაში გავიდა, სინამდვილეში უნდოდა, ლიდუვინასთვის დრო და საშუალება მიეცა, რომ თავისიანებისთვის წერილი მიეწერა და თავადაც რამე ეღონა.       მეორე დღესვე შეუდგნენ მზადებას უკან დასაბრუნებლად. ლიდუვინა ჯერ იმ სოფელში უნდა ჩასულიყო, სადაც მამიდამისი, მამის და, ცხოვრობდა, რადგან ეძნელებოდა დადუმებულ დედასა და უჟმურ დასთან შეხვედრა; ხოლო რიკარდო მშობლიური ქალაქის უახლოეს სადგურზე ჩამოვიდოდა, შეღამებისას ჩუმად, ქურდულად გაივლიდა მიყრუებულ ქუჩებს და შეუმჩნევლად შეიპარებოდა მამისეულ სახლში.       უკან დაბრუნებისას კიდევ უფრო მძიმე ნაღველი შემოაწვა ორივეს. ისევ ისე გაჰყურებდნენ იმავე ვენახებს, ზეთისხილისა და ფორთოხლის ბაღებს, იმავე წისქვილებს და ბარჟებს. მშობლიური ქვეყნის საზღვარს რომ მიუახლოვდნენ, ასე ეგონათ, მთებიც კი სიყვარულით ეგებებოდნენ, თუმცა უძღები შვილებივით ბრუნდებოდნენ. მაგრამ ასეთი მაინც რა ცოდვა ჩაიდინეს! მატარებელშიც გაფაციცებული იყურებოდნენ აქეთ-იქით, ნაცნობს არავის გადავეყაროთო. სირცხვილის გრძნობა ხომ ორივეს ტანჯავდა, მაგრამ ამაზე უარესი ის იყო, რომ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი და იყვნენ კიდეც სასაცილონი, ასეთ ბავშვურ საქციელს თავს ვერც ერთი ვერ აპატიებდა. როცა მატარებელი იმ სოფლის სადგურზე გაჩერდა, სადაც ლიდუვინას მამიდა ცხოვრობდა, ის უკვე მოსულიყო მათ შესახვედრად. ლიდუვინამ სიმწრით მოუჭირა რიკარდოს ხელზე ხელი:  – მომწერე, საყვარელო! – ესღა უთხრა და ჩავიდა.       რიკარდო კიდევ უფრო მოიბუზა და კუთხეში მიიყუჟა, არავინ მიცნოსო.  – მესმის, ჩემო კარგო, კარგად მესმის, მაგრამ მაინც მიჭირს დაჯერება, – უთხრა მამიდამ ლიდუვინას, როცა კარეტაში ჩასხდნენ და კარი მიიხურეს, მერე კი დასძინა, – გულახდილად გეტყვი, შენგან ასეთ სისულელეს არ ველოდი! მამაშენი, ჩემი ძმა, ცოცხალი რომ ყოფილიყო, ასეთი რამ ხომ არ მოხდებოდა... დარწმუნებული ვარ, არ მოხდებოდა, მაგრამ იმათ ხელში... კმარა, პატარავ, კმარა... ლიდუვინა იჯდა ჩუმად და ცას შეჰყურებდა.       რიკარდოს ამასობაში თვალი არ მოუცილებია კარეტისთვის, სანამ გორაკზე მდგარ ეკლესიას არ მიეფარა.       როცა მატარებელი ქალაქს მიუახლოვდა, რიკარდო ადრევე ჩამოვიდა და საღამოს ბინდბუნდში მალულად დაადგა გზას სახლისკენ. მზე უკვე მონასტრის კოშკს მოჰფარებოდა და უღრუბლო ცას აფერადებდა, ზარები მლოცველებს უხმობდა; რიკარდომ ქუდი მოიხადა და სამჯერ წარმოთქვა: "და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა..." და მერე განაგრძო: "არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს სუფევაი და ძალი და დიდებაი საუკუნეთა მიმართ უკუნისამდე. ამინ" (მათე VI.13) – და მერე დასძინა: "წარვედი ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველთა".  – ყეყეჩო!       მარტო ეს უთხრა მამამ, როცა დაინახა, შვილი ქურდულად აპირებდა შინ შესვლას. 5       გადიოდა დღეები, რიკარდო და ლიდუვინა ელოდებოდნენ შედეგს, რაც მათ გაქცევას, მათ თავგადასავალს უნდა მოჰყოლოდა; გავიდა თვეებიც. პირველ ხანებში რამდენიმე წერილით მოიკითხეს ერთმანეთი; ამ წერილებში ჩივილიც ისმოდა და საყვედურიც; ლიდუვინას წერილები უფრო გონივრული იყო და დასაჯერებელიც. "ჩემო რიკარდო, ამაოდ ირჯები, თუ გინდა ამიხსნა შენი გრძნობები და განცდები; თავადაც მშვენივრად ვხვდები და შენი მჭევრმეტყველება ვერ მომატყუებს. სიმართლე ის არის, რომ აღარ გიყვარვარ და მგონია, არც არასდროს გყვარებივარ, ყოველ შემთხვევაში ისე, როგორც მე მიყვარდი და ახლაც მიყვარხარ; შენ კი რაღაც გზებს ეძებ, რომ ეგ შენი ვითომ შეუბღალავი ღირსება აღიდგინო და სიყვარული არც გაგონდება. დამიჯერე, მოეშვი მაგ ღირსებაზე ზრუნვას. თავად მე ამ მხრივ ძალიან მშვიდად გახლავარ და არც ვთვალთმაქცობ. თუ შენ ისე არ გიყვარვარ, როგორც მე მიყვარხარ, მთელი ჩემი სულითა და ხორცით, მარტო იმიტომ ნურც იქორწინებ ჩემზე, რაც ჩვენ შორის მოხდა, არ მინდა ასეთი მსხვერპლი გაიღო; მიჰყევი მაგ შენს მოწოდებას, მე კი ჩემს თავს თავად მივხედავ, მაგრამ იცოდე, ვფიცავ, ან შენი გავხდები, ან არავისი. ოღონდ თუ შემხვდა კაცი, სულელი იქნება თუ სულგრძელი, და ჩემზე დაქორწინებას მაინც მოინდომებს იმის მიუხედავად, რაც ჩვენ შორის მოხდა ჩვენი ბავშვური საქციელის გამო, სულერთია, მე არ დავთანხმდები. მოსახდენი მოხდება. კარგად დაფიქრდი, სანამ რამეს მოიმოქმედებ!" რიკარდოს გული ქარიშხალში აბორგებული ტბასავით შფოთავდა. ძილი და მოსვენება სულ დაკარგა; სიცოცხლის ხალისიც კი აღარ ჰქონდა. ისევ მიუბრუნდა მისტიკოსებსა და ასკეტებს, სწავლობდა აპოლომენებსაც; მისი ღვთისმოსაობა ლამის ცრურწმენაშიც გადაიზარდა. ხანდახან აიკვიატებდა, ზარი ექვსჯერ რომ დარეკავს, თუ ამასობაში ორი ქუჩის გადაღმა გზაჯვარედინამდე ვერ მივალ, დავდგები და სულს განვუტევებო. ძალიან წუხდა, ბედს ვერა და ვერ შერიგებოდა; ამდენი ხნის სასიყვარულო ურთიერთობა, ის სასაცილო გაპარვა, სულ ეშმაკის ოინებად, ცდუნებად მიაჩნდა, რათა ცაში გადაწყვეტილი მისი ბედი არ აღსრულებულიყო და ის წინასწარმეტყველება, ანაზდად გადაშლილ სახარებაში რომ ამოიკითხა, არ გაემართლებინა. მაგრამ ლიდუვინა... ნუთუ მათი გზები სამუდამოდ გაიყრებოდა? ნუთუ მათი ბედი ვეღარასოდეს დაუკავშირდებოდა ერთმანეთს? აკი წერილი გვარწმუნებს, "რომელნი იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებენო". (მათე 18.6). მაგრამ ხომ არიან აბ ატენეო დაკავშირებულნი, ისინი, ვისი კეთილდღეობაც სულაც არ არის იმაზე დამოკიდებული, თუ მთელ დუნიაზე არ იქადაგებს სახარებას! ნუთუ არ შეიძლება იქადაგოს და ამავე დროს ლიდუვინასთანაც დარჩეს? განა მცნება იმას გვასწავლის, რომ უარი ვთქვათ და არ ვცადოთ გამოსწორება იმისი, რაც გამოსასწორებელია? მაგრამ, მეორე მხრივ, ქორწინება და უსიყვარულოდ?.. თუმცა ისიც ხომ ნათქვამია, სიყვარული მერე მოდისო; ურთიერთობა, თანაცხოვრება, თანაზიარობა, სიყვარულის სურვილი!.. და მაინც, არა, არა!.. იმ უცხო ქალაქში განცდილიც საკმარისი იყო... და რიკარდოს თვალწინ წარმოუდგა ის მოხუცი ქალი, ჩოქვით რომ უვლიდა გარს ეკლესიას და დიდის გაჭირვებით ზიდავდა უზარმაზარ მუცელს. ნეტავ რა ბედი ეწევა ლიდუვინას? ნუთუ მათი გზები აღარ შეიყრება?! ის გაქცევაც ეშმაკმა მოუწყო, აცდუნა, მაგრამ დროზე მოუსწრო უფალმაც და ორივეს დაანახვა ჭეშმარიტების გზა.       რიკარდოს გულში ჩარჩა მამის სიტყვები, შინ დაბრუნებულს რომ უთხრა: "ყეყეჩო! ასეთი მაინც რა ყეყეჩი ყოფილხარ! მეც ხომ ქვეყნის სასაცილო გამხადე, შენზე რომ აღარაფერი ვთქვათ! თავის დროზე მაინც გაგეფრთხილებინე, თუ ამას აპირებდი! რას იტყვის ხალხი, ტირანი ყოფილა, თუ საკუთარი შვილის ბედნიერებას წინ გადაეღობაო... ყეყეჩი ყოფილხარ და ყეყეჩზე უარესიც! თუ დედამისიც წინააღმდეგი იქნებოდა, რა უჭირდა, სადმე სანატორიუმში რომ წაგეყვანათ სამკურნალოდ; ახლა ხალხის თვალში მეც შერცხვენილი გამოვედი და მისიანებიც!.."       რიკარდოც ამას ფიქრობდა. მართლაც რომ სასაცილო დღეში ჩაიგდო თავი იმ გაპარვის გამო. ამდენმა ფიქრმა კი იმ ზომამდე მიიყვანა, რომ ბოლოს გადაწყვიტა, მშობლიური ქალაქიდან სულ გადავიხვეწებიო და წავიდა კიდეც იმ ქალაქში, სადაც ბიძამისი ცხოვრობდა თავისი ოჯახით. იმ ქალაქს გარს მაღალი გალავანი ჰქონდა შემოვლებული და ადამიანს მართლაც შეეძლო იქ სულით ლამის ზეცამდე ამაღლებულიყო; რიკარდოც კიდევ უფრო მეტი მონდომებით შეუდგა მისტიკოსების კითხვას; საათობით იჯდა ხოლმე იდუმალებით მოცული ტაძრის აბსიდის ძირას და ფიქრობდა; მთლიანად ნებდებოდა ოცნებას, ხან მოციქულად წარმოიდგენდა თავს, ხან ახალი დროის რწმენისა და ქველობის წინამორბედად, ხანაც პავლედ, ხან მეორე წმინდა ავგუსტინედ ან ბერნარდად თუ ვისენტედ, ვითომ წინ მიუძღოდა რწმენასა და ნუგეშმოწყურებულ ხალხს, კაცებისა და ქალების მთელ ჯამაათს, რომელთა შორის იყო ლიდუვინაც; ზოგჯერ ისიც კი ეზმანებოდა, ვითომ საკურთხეველთან იდგა და კითხულობდა ლეგენდებს, ვინმე ღვთივშთაგონებულ კაცს რომ შეეთხზა მის შესახებ და ამ ლეგენდებში ლიდუვინაც მოიხსენიებოდა, მასაც ექნებოდა თავისი ადგილი, საგანგებოდ მისთვის განკუთვნილი. მათი მიწერ-მოწერა კვლავაც გრძელდებოდა, ეგ არის, რიკარდოს წერილები უფრო ქადაგებას მოაგონებდა კაცს, ვიდრე სიყვარულისა და მონანიების აღიარებას.       "მომისმინე, ჩემო რიკარდო, სულ ტყუილად ირჯები, თუ გინდა გულისხმაში ჩამაგდო, – პასუხობდა ლიდუვინა, – მგონია, არც ისე უგუნურად მიგაჩნივარ, სიტყვების ასეთი კორიანტელი მჭირდებოდეს, რომ მიმახვედრო, ამით რისი თქმა გინდა. რამდენჯერ უნდა გაგიმეორო, არასოდეს გადაგეღობები შენი ბედის გზაზე, თუკი ასე გწამს და გჯერა-მეთქი. თავადაც კარგად ვიცი, რა ვქნა და რა გზას დავადგე, მაგრამ იმასაც გეტყვი, ან შენი ვიქნები, ან არავისი!"       რიკარდოს სულს უმწარებდა იმაზე ფიქრი, რომ ლიდუვინასთვის გამოსათხოვარი წერილი უნდა მიეწერა, თან ეგონა და თავსაც აჯერებდა, ასე სინდისსაც დავიმშვიდებ და ჩემსას მაინც მივაღწევო. ერთ დილასაც, წმინდა ზიარების მერე კიდეც დაწერა, მაგრამ ლიდუვინას პასუხი რომ მიიღო, ისეთი სიმხდალე და სულმოკლეობა გამოიჩინა, რომ არც კი წაიკითხა, ისე გადაუძახა ცეცხლში; თუმცა იმავ წუთს ინანა, გამწარებული ცდილობდა გადაერჩინა და წაეკითხა, რას სწერდა, რას ჩიოდა მისი მეუღლე. დიახ, მეუღლე, სწორედ მეუღლე უნდა ეწოდებინა მისთვის, დიახ, მისთვის მსხვერპლად შეწირული მეუღლე, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდა და უფალი ღმერთიც ვეღარაფერს გააწყობდა; ეგებ ორივესთვის ასე სჯობდა კიდეც, ისინი ხომ სულიერად მაინც შეუღლებული იყვნენ, თუნდაც აღარასოდეს ენახათ ერთმანეთი, აღარაფერი გაეგოთ ერთმანეთზე, აღარასოდეს შეყრილიყო მათი გზები, სულერთია, ლიდუვინა მაინც დარჩებოდა მისთვის ისეთი, როგორიც იყო ბეატრიჩე, შთაგონების წყარო.       რიკარდო თავის ოთახში განმარტოვდა, დაიჩოქა და ცრემლებით დანამა სახარება, მისი ბედის მაცნე. 6       მორჩილი ძმა რიკარდოს ცხოვრების წესმა თვით მონასტრის მოძღვარიც კი შეაშფოთა, იმდენად თავდაუზოგავად მსახურებდა ქადაგების, აღსარებისა თუ განმარტოების დროს, მაგრამ ყველაზე მეტად მისი მეცადინეობა აკვირვებდა ყველას. არა, ეს არ იყო ბუნებრივი, თითქოს ეშმაკეული სასოწარკვეთილება უფრო წააქეზებდა, ვიდრე უფლის ნეტარი რწმენა და მისი ძის, ღმერთკაცისა; იმასაც ამბობდნენ, ასეთი გამწარებით იმიტომ მიილტვის იმ თავისი აკვიატებული მოწოდების აღსასრულებლად, რომ თავადაც არ სჯერაო, ანდა სულაც იმას ცდილობს, ყოვლისშემძლეს რაიმე დასცინცლოსო. წმინდა წერილში კი ნათქვამია, მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენიო, მაგრამ ძმა რიკარდოს ასეთ სიშმაგეში სახარებისეული მოთმინების ნიშანწყალიც არ ჩანდა. აღსარებაც მისი მიწიერი სიყვარულის, მისი თავგადასავლის გამო მონანიება იყო. ნათქვამია, თუ ქორწინება ცოდვაზეა აგებული, კეთილი ბოლო არ ექნებაო. იგი ლოცულობდა ლიდუვინასი და საკუთარი ბედისათვის, რამეთუ სჯეროდა, მათი ბედი განუყრელად იყო დაკავშირებული. ის საბედისწერო გაქცევა რომ არა, ეგებ კიდეც დაქორწინებულიყვნენ და მაშინ კი ასცდებოდნენ იმ ხვედრს, ცაში რომ იყო გადაწყვეტილი. მისი ლოცვებიც დაუცხრომელი და ბობოქარი იყო. ღმერთს სულ იმას ევედრებოდა, მიეცა მისთვის სიმშვიდე, შთაგონება და ყველაზე უწინ რწმენა. იგი კითხულობდა წმინდა მამებს, კემპისს, მისტიკოსებს, აპოლოგეტებს და ყველაზე გულმოდგინედ – წმინდა ავგუსტინეს "აღსარებას". ზოგჯერ თავსაც კი წარმოიდგენდა წმინდა ავგუსტინედ, რამეთუ აფრიკელის მსგავსად მანაც განიცადა ხორციელი ვნება და მიწიერი, ადამიანური სიყვარული. მისი მოსაგრე ძმები, სხვა მორჩილები, თან შიშით უყურებდნენ მას და თანაც შურით, იმ ნაღველნარევი შურით, ფარული სენივით რომაა მოდებული მონასტრებში; მათ ეჩვენებოდათ, რომ ძმა რიკარდო მარტო იმას ცდილობდა, გამორჩეული ყოფილიყო და სხვები გულში კიდეც სძულდა; ეს კი მართალი იყო. ნამდვილად დიდი მოთმინება მართებდა რიკარდოს, რომ იმ თავისი მოსაგრე მორჩილთა მიამიტობის, თვითკმაყოფილებისა და ბევრი მათგანის უმეცრებისა და მოუქნელობისათვის გაეძლო; თუმცა მათ შორის უკეთესებსაც თავს არიდებდა, უფრო ალალებსა და უბრალოებს, ისინიც სულელებად მიაჩნდა; რატომღაც ცბიერნი უფრო იზიდავდა; ისიც აწუხებდა, როცა ხედავდა, უმეტესობამ ისიც კი არ იცოდა, რისთვის მივიდნენ მონასტერში; ზოგი თურმე მშობლებმა მიიყვანეს ჯერ ისევ ბავშვები, ოღონდ კი მათ ბედ-იღბალზე ზრუნვა თავიდან აეცილებინათ, ზოგმაც თავდაპირველად დარაჯად თუ მსახურად დაიწყო მუშაობა, სხვები სიყმაწვილის გატაცებებს ანდა პოეტურ ხილვებს ეცდუნებინა. თითქმის არავინ არაფერი იცოდა იმ სამყაროსი, რომელზეც ისე ლაპარაკობდნენ, როგორც რაიმე შორეულსა და იდუმალზე. რიკარდოს თანაგრძნობით ეღიმებოდა ხოლმე, მათ გულუბრყვილო მსჯელობას რომ უსმენდა ხორციელ ცდუნებასა და ცოდვის სიტკბოებაზე, ეშმაკეულ ცდუნებად მიაჩნდათ ის, რაც რიკარდომ კარგად იცოდა, რა სისულელე იყო; მათ კი არაფერი გაეგებოდათ ამქვეყნიური სიყვარულის ამაოებისა.       რაკი მორჩილებს შორისაც გავრცელდა ხმა ძმა რიკარდოს საიდუმლო თავგადასავლის შესახებ, რაც მონასტერში მისი მოსვლის მიზეზი გამხდარიყო, ხანდახან სიტყვასაც გადაუკრავდნენ ხოლმე, მაგრამ როცა ის ქედმაღლური ღიმილით მიახვედრებდა, ვითომ ეშმაკეულის, ამქვეყნიურისა თუ ხორციელის ასე გაზვიადება არც ღირსო, ისინი პასუხობდნენ: – ცხადია, თქვენ უკეთ მოგეხსენებათ, ჩვენთან შედარებით აკი მეტი გამოცდილება გაქვთო... ეს კიდეც აამებდა მის პატივმოყვარეობას, მაგრამ თუ პირდაპირ მიანიშნებდნენ მისი სიყვარულისა და ლიდუვინასთან ერთად მისი გაქცევის თაობაზე, ეს უკვე აბრაზებდა და ფიქრობდა, ვერც მონასტრის მაღალი გალავანი, ვერც თანამოსაგრეთა მიამიტობა ვერ უშველიდა, რომ მისი სასაცილო მდგომარეობა სალაპარაკო და საქილიკო არ გამხდარიყო აქაც და მშობლიურ ქალაქშიც.       მორჩილთა მოძღვარმაც ვერა და ვერ ირწმუნა ძმა რიკარდოს ესოდენი გულმოდგინება. მამა პრიორთან საუბრისას ესეც კი თქვა:  – მამაო, თუ დამიჯერებთ, ვერაფერი გამიგია ამ ჩვენი ძმა რიკარდოსი. აქ საკმაოდ ჩამოყალიბებული მოვიდა და საკმაოდ თავისებური ჩვევებიც მოჰყვა; თითქოს სულ რაღაცას ჩქმალავს. ცხადია, სრულიად განსხვავდება იმათგან, ვინც სულითა და ხორცითაა გადაგებული თავის მოვალეობაზე; ის კი მარტო საკუთარი თავის წარმოჩენაზე ზრუნავს, ამასთან, დარწმუნებულია, რომ სხვებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს და თავისი თანამოსაგრეები სძულს კიდეც. თითქოს უკეთურება უფრო იზიდავს, ვიდრე მადლიანი უბრალოება; ერთხელ ჩემთანაც კი აღიარა, სულელი ბოროტზე უარესიაო. რჩეული წმინდანები, რა მკაცრებიც უნდა იყვნენ, მასში უფრო მეტ აღფრთოვანებას იწვევენ, თუმცა ვეჭვობ, მათ მიბაძვას ცდილობდეს, თანაც, ჩემი აზრით, ეს ლიტერატურიდან მოჰყვება. მგონი, ნეტარი ენრიკე სუსონი მისი ყველაზე დიდი გატაცება უნდა იყოს, თუმცა ალბათ ეს მჭევრმეტყველებაში გაწაფვისთვის უფრო სჭირდება.  – მჭევრმეტყველებაში გაწაფვისთვის და ისიც სუსონი?.. – შესძახა მამა პრიორმა, რომელიც მთელ იმ მხარეში დიდი მჭევრმეტყველის სახელით იყო ცნობილი. – დიახ, ჩვენს ძმას რიკარდოსაც სწორედ მჭევრმეტყველად მოაქვს თავი და თავისი ნიჭის გამოვლენის საუკეთესო საშუალებაც მჭევრმეტყველება ჰგონია; თანაც ვფიქრობ, სავონაროლას, მონსაბრესა და ლაკორდერის დროებაზე ოცნებობს. ვინ იცის, ეგებ მეტზეც!.. მერე კიდევ, მისი ვითომ სახარებისეული გამოცხადებაც არ უნდა დაგვავიწყდეს, აკი აქედან დაიწყო მისი აკვიატებაც – "წარვედი ყოველსა სოფელსაო"... თუმცა სახარება იმდენად არ შთააგონებს, რამდენადაც ქადაგება...  – მამა პედრო! მამა პედრო! – შესძახა მამა პრიორმა საყვედურით.  – ეეჰ, მამა ლუის, ხომ არ გავიწყდებათ, რომ ამისთანა რამეებში საკმაოდ გამობრძმედილი გახლავარ!.. რამდენ მორჩილს გაუვლია ჩემს ხელში... ესეც არ იყოს, ამგვარი ფსიქოლოგიური დაკვირვებები ყოველთვის მიტაცებდა და მეტისმეტადაც მიტაცებდა...  – ჰმ!.. ჰმ!.. მეც რაღაც-რაღაცებს კი ვხვდებოდი...  – ჰო, გასაგებია, მამა პრიორ, მაგრამ ასეთი რაღაც-რაღაცები მეც კარგად მომეხსენება, ეს მოწოდებებია თუ ზეშთაგონება... ხოლო რაც შეეხება ამ ყმაწვილს, ღმერთმა ინებოს, ვცდებოდე, მაგრამ უფრო წინასწარმეტყველებაზე მიგვანიშნებს, ვიდრე ზეშთაგონებაზე, ანდა შეიძლება სულაც უფრო მეტზეც...  – რაო, რაო? მამა მოძღვარო, ეს რაღას ნიშნავს, რისი თქმა გინდათ?  – ვთქვათ თუნდაც... ეპისკოპოსობაზე...  – ასე გგონია?  – რატომაც არა! ეს ყმაწვილი სულის სიღრმეში დიდი თავკერძაც უნდა იყოს... თუნდაც ის, რაც ჩაიდინა... ერთი სიტყვით, ის საბრალო გოგონა რომ შეაცდინა, განა ეს თავკერძობა არ იყო? მერე კი აქ რომ გამოგვეცხადა, ვითომ იმედგაცრუებული თუ მეოცნებე, ან სულაც თავის მოწონების მიზნით... ვინ იცის, კიდევ რა უდევს გულში...  – თავის მოწონება და ისიც ბერის ანაფორით? – შესძახა მამა პრიორმა და ისე გულიანად გაიცინა, რომ მთელი თავისი ლამაზი კბილები გამოაჩინა, – თავის მოწონება და ისიც ბერის ანაფორით? დიდება შენდა უფალო, რას არ იტყვით, მამა პედრო!  – დიახ, თავის მოწონება ბერის ანაფორით, ვთქვი და არც გადავთქვამ; არც თქვენ, მამა ლუის, და არც მე აკი ამით არ ვიწონებთ თავს, მაგრამ ახლანდელ დროში და მით უმეტეს, ჩვენი მორჩილი ძმა რიკარდოსთანა კაცისთვის ბერის ანაფორა ეგებ ერთგვარი გამოწვევაც კი იყოს საზოგადოებისთვის, ამისთანა ვითომ რომანტიკული და გამორჩეული კაცის მხრიდან. ესეც არ იყოს, პატივმოყვარეობა...  – პატივმოყვარეობა?  – დიახ, პატივმოყვარეობა, პირობები, მდგომარეობა, პატივი და სახელი, – მონასტრით უფრო ადვილი მოსაპოვებელია, ვიდრე სხვა გზებით... დარწმუნებული ვარ, ეს ყმაწვილი ძალიან შორს იყურება... ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ... თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი არც პირველია და არც უკანასკნელი, იმედგაცრუებასა და რელიგიურობას რომაა ამოფარებული და სინამდვილეში თეატრალობისკენაა მიდრეკილი; ამას არ უარვყოფ, ან როგორ უნდა უარვყო ის, რამაც იგი აქ, მონასტერში მოიყვანა. თქვენ თუ გახსოვთ, მამაო, ძმა როდრიგო კარმელიტი, არისტოკრატთა სალონებში რომ გაითქვა სახელი თავისი მსახიობური ნიჭით, მაგრამ სცენაზე კი არ დარჩა, ბოლოს მაინც მონასტერს მიაშურა...  – როგორ არა, ახლა მონასტერიც დაუტოვებია და გავიგე, ახალი რელიგიის შექმნას აპირებსო.  – ყოველთვის კომიკოსი იყო! ამ ჩვენს ძმა რიკარდოშიც ხომ კომიკოსი ზის, ოღონდ ეგ არის, იმედი აქვს, რომ მთავარ როლს ითამაშებს და ეგებ მიტრასაც გამოჰკრას ხელი, ან კიდევ, ვინ იცის... მისი ოცნებები შეიძლება კიდევ უფრო შორს მიდის...  – რაო, რაო? თქვით ბარემ, მამაო, თქვით!  – არა, არაფერი, არაფერი! მგონი, ეს უკვე ჭორაობა გამოდის...  – მე უკვე კარგა ხანია ასეც მეჩვენება!  – მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მამა პრიორო, ვფიქრობ, ჩემი ვალი იყო ეს ცნობები თქვენთვის მომეწოდებინა. თვითონ ყმაწვილი დარწმუნებულია, რომ ჩვენი სამოსელი ძალიან დამშვენდება, ის კი არა, იმასაც ვეჭვობ, თავი ლამაზი და მოხდენილიც ჰგონია და ოცნებებით უკვე წარმოიდგენს თავს, საკურთხეველთან თეთრ სამოსელში გამოწყობილი რარიგად გაბრწყინდება.  – მაინც რა ვერაგი ვინმე ბრძანდებით, მამა პედრო!..       "ბებერი მელა, მამა პედრო, ბებერი მელა... – რომელიც ვერასოდეს ეღირსება ეპისკოპოსობას!" – გაიფიქრა მამა პრიორმა, თავადაც რომ დაემშვიდობა ამაზე ოცნებას. 7       საბრალო ლიდუვინას მამა პრიორისა და მორჩილთა მოძღვრის საუბარი რომ მოესმინა!.. თუმცა რა იმედი უნდა ჰქონოდა ლიდუვინას რიკარდოსი მას შემდეგ, რაც თავადაც მონასტერს შეაფარა თავი და ცრემლდაშრეტილმა და გულდაცარიელებულმა თავადაც მონასტერში დაასამარა თავისი ყმაწვილქალობა. თავდაპირველად იმ მონასტერში უნდოდა შესვლა, სადაც მოწაფეებს შემპარავად, მაგრამ მაინც შთააგონებდნენ მამაკაცებისადმი ზიზღსა და სიძულვილს, რასაც უკვე გრძნობდა კიდეც იმ მართლაცდა მშიშარა და თავკერძა მამაკაცების მიმართ; მაშინ რატომ უნდა გადაეხსნა გული მათ წინაშე და გაშიშვლებულიყო, რატომ გაემწვავებინა ტკივილი შურისძიების გამო? არა, ისევ იმ ორდენში ერჩივნა შესვლა, სადაც მჭევრმეტყველებას, განდგომილებას, დუმილს, მონანიებასა და ლოცვებს ჰქონდა უპირატესობა, ასე უფრო იგრძნობდა შვებას. გარე სამყაროს ექო მაინც აღწევდა იქამდე და სიყვარული გაუადვილებდა სიკვდილის მოლოდინს.       და ასე გაემგზავრა ლიდუვინაც შორეულ, მიყრუებულ ქალაქ ტოლვიედრაში, მთაგორიან მხარეში და იქ ბენედიქტელთა ძველთაძველ მონასტერში, ოთხ კედელს შორის გამოიმწყვდია თავი. ბაღში კვიპაროსიც იდგა, მისი მშობლიური ქალაქის ურსულელთა მონასტრის კვიპაროსის ნამდვილი ასლი, მისი ყმაწვილქალობის მოგონება და როცა ამ ქუფრი ხის ქვეშ იჯდა ხოლმე და გაჰყურებდა ცეცხლისფრად ჩამავალ მზეს, ახსენდებოდა ადრინდელი საღამოები, უცნაურ შვებას ჰგვრიდა ეს სევდიანი ბაღი, სადაც ბოსტნეული მოჰყავდათ, აქა-იქ კი ჩამომჭკნარი ყვავილებიც მოჩანდა, რომელთაც მხოლოდ ის რწყავდა. ეს სევდიანი ბაღი, ბუნების ეს პატარა ნაგლეჯი, მასავით ამ მაღალ კედლებს შორის გამომწყვდეული, ასევე მონასტრის ტყვე იყო, აქედან სხვა სამყარო არ ჩანდა, ეგ არის, ცას ეს ღობე და კედლები ვერ მალავდა. ცის ლაჟვარდზე სწრაფად დაცურავდნენ ღრუბლის ქულები და ჩრდილს უწყალობებდნენ, ხანდახან მტრედიც გადაიფრენდა თეთრი ფრთების ტყლაშუნით, როცა თავისი თბილი ბუდისკენ მიეშურებოდა. როცა წვიმა თავის მსუბუქ, შავ მანტიას გადააფარებდა აქაურობას, მონასტერიც და მის მიღმა მიწაც ერთნაირად სველდებოდა. ღამღამობით ლიდუვინა თავის შავ თვალებს მიაპყრობდა ვარსკვლავებსა და ნახევარმთვარეს, პატარა გემივით რომ მიცურავდა ღრუბლებს შორის; დღისით კედლებს გადაღმა ხალხი მიდი-მოდიოდა და მათი ხმა შიგნითაც აღწევდა, ზოგჯერ გიტარის ხმასაც გაიგონებდა; მერე ამ სხვა სამყაროს ექოს მოჰყვებოდა მოგონებები, თვალწინ წარმოუდგებოდა ის მოხუცი ქალიც, ჩოქვით რომ უვლიდა ლიტანიას, კრიალოსანი რომ ჩაებღუჯა და ძლივძლივობით ეზიდებოდა უზარმაზარ მუცელს; ახსენდებოდა კიდევ ის განმარტოებული ცრემლების ტაძარი, საბედისწერო მგზავრობა მატარებლით, მდინარე, ავდრისაგან ამღვრეულ წყალს რომ მიაქანებდა ნაძვების, ზეთისხილისა და ფორთოხლის ხეებს შორის. ის ქალაქი ცოდვის ქალაქად ესახებოდა. ცოდვის? იყო კი ის ნამდვილად ცოდვა? ნუთუ ისაა ცოდვა, ასე მიმზიდველ ფერებში რომ ხატავენ ხოლმე?!. თუმცა ცოდვა ხომ იგივეა, რაც ცნობისმოყვარეობა და მეტი არც არაფერი. აკი სწორედ ცნობისმოყვარეობამ, ცოდნის წყურვილმა უბიძგა ევასაც, როცა შესცოდა, ცნობისმოყვარეობის გამოა, რომ სცოდავენ მისი შვილებიც. ეგებ უკეთესის მომასწავებელიც იყოს, რიკარდომ რომ მიატოვა... ან უარესისაც... ამაზე ფიქრიც აღარ უნდოდა. კაცი ხომ თავკერძობის განსახიერებაა... მწარედ ახსენდებოდა თავისი დის უცნაური ღიმილი მონასტრის ჭიშკართან, დამშვიდობებისას რომ გადაურბინა სახეზე და უთხრა: "ეგებ აქ მაინც პოვო ბედნიერებაო". მაინც რა უკეთურია ეს სამყარო.       მაგრამ აქაც, მონასტერშიც რომ იგივე დახვდა!.. თუმცა ესეც ხომ ამ სამყაროს ერთი პატარა ნაწილია; აქ დამკვიდრებული უსაქმურობა, ოჯახური ჩვევებისაგან მოწყვეტა, ერთფეროვანი ცხოვრება აკი უფრო ამწვავებს გრძნობებს; მონაზვნური ცხოვრების ეს ნაღველნარევი სიმშვიდე კიდევ უფრო აღვივებს ვნებებს, უნდობლობას და შურს თესავს თანამოსაგრეთა შორის.       წელიწადში ერთხელ გალავანს გადაღმა ბავშვების რიგი ჩაივლიდა ხოლმე და ამ დღეს მონასტრის ბინადარნი, დები, დედები – დედები, საბრალონი! – მაშინვე რკინის გისოსებს მიაწყდებოდნენ, ყვავილებს აყრიდნენ, წმინდანთა მადლითაა ცხებულიო. მათთვის რომ ეთქვათ, დონ ხუან ტენორიო მკვდრეთით აღდგა და ქალაქში გამოჩნდაო, ალბათ, ასე შეშლილებივით არ გაცვივდებოდნენ მის სანახავად. ყველას თავ-თავის სენაკში საკუთარი ჩვილი იესო ჰყავდა – ლამაზი თოჯინა, რომელსაც ხდიდნენ და აცმევდნენ, ყვავილებით ამკობდნენ, ოღონდ მალულ-ფარულად, ზოგჯერ მუხლებზე დაიწვენდნენ და ცოცხალი ბავშვივით უნანავებდნენ. ერთხელ მონასტერში ეპისკოპოსის ნებართვით ერთმა ფოტოგრაფმა შეაღწია რომანული სტილის თაღის გადასაღებად. მაშინ უნდა გენახათ, რა ყოფით გამოცვივდნენ მონაზვნები, თავიანთ ჩვილ იესოსთან ერთად სურათი რომ გადაეღოთ.  – იქით გაიწიე, – ეუბნებოდა ერთი მეორეს, – ჩემი შენსას სჯობია, აბა, ერთი შეხედე, როგორი თვალები აქვს! ლიდუვინა კი ამ დროს განზე იდგა ჩუმად, თავისთვის, და ამდენი იმედგაცრუებული დედის ყურებაზე გული ეთუთქებოდა. ნეტავი მასაც ჰყოლოდა შვილი, ნამდვილი, სისხლისა და ხორცისაგან ქმნილი ბიჭი! ვაი, რომ ის გაქცევა ასეთი უნაყოფო გამოდგა! მართალი ყოფილა რიკარდო, ამიტომაც გახდნენ სასაცილონი, რომ იმ გაპარვას შედეგი არ მოჰყვა, მაგრამ განგების ნებით რომ... "არა! ბავშვი რომ ჰყოლოდათ, ბიჭი, სიყვარულის ნაყოფი, მაშინ ეგებ სიყვარულიც ხელახლა დაბადებულიყო! – ფიქრობდა ლიდუვინა, – სიყვარული თავიდან დაიბადებოდა. არა... აღდგებოდა, რამეთუ მათ უყვარდათ ერთმანეთი, დიახ, უყვარდათ, თუმცა რიკარდო იმ თავისი თავკერძობისა და პატივმოყვარეობის გამო ამას არ აღიარებდა... შვილი რომ გასჩენოდათ, აღარც რიკარდო გასწირავდა მას თავისი მოწოდების გულისათვის, ან რა ასეთი მოწოდება ჰქონდა! ან რისკენ!.. ეეჰ, საბრალო ლიდუვინას მორჩილთა მოძღვრისთვის რომ მოესმინა!.." და ამ ფიქრებში ლიდუვინას კვლავ თავისი პატარა ძმა გაახსენდებოდა, ცისფერთვალა, ოქროსთმიანი, მუდამ ღიმილიანი და თითქოს მისი ხმაც კი ესმოდა, თავისი სიყმაწვილის შორეთიდან რომ ეძახდა: "ინა! ინა! ინა!" რა მალე გაქრა მისი "ინა" იმ დილის წარმავალი სიზმრიდან! რა მალე გაქრა რიკარდოს "ნენა"! განგების ძალით ასევე მალე გაქრება და წავა ყველაფერი! მაგრამ სად? იმ სამყაროში, სადაც არ არის უკეთურობა, სიყალბე, სადაც არ იქნება დედის დუმილი, ვერ დაინახავს სახემოქუფრულ დას, საქმროს თავკერძობას, თანამოსაგრეთა შურს?!       ვინ იცის, როგორ ევედრებოდა საბრალო ლიდუვინა ქალწულ მარიამს მუხლმოდრეკილი: "დედაო, დედაო, ნუთუ ვერ შესთხოვე შენი შვილის მამას, ჩვენს ყოვლისშემძლე უფალს, ჩემთვის მოეცა შვილი, მეც მღირსებოდა დედობა რიკარდოს შვილისა! თუმცა არა, არა!.. მომიტევე!" – და იგი ცრემლად იღვრებოდა, რამეთუ გულით სწადდა, შერიგებოდა თავის ხვედრს, მონასტრის კედლებში სამუდამო ტყვეობას. ესღა ასაზრდოებდა მის სევდას, იმ უკურნებელ სევდას, რაც ალბათ სამარის კარამდე გაჰყვებოდა; ამიტომ განიცდიდა ასე მწვავედ თანამოსაგრე მონაზვნების ბავშვურ მხიარულებას, რომელთაც ალბათ მისტიკოსთა წიგნებში თუ ამოეკითხათ, ჭეშმარიტი წმინდანი გულით მხიარულიაო და თვითონაც ამიტომ ასე ბავშვური ყიჟინითა და ტაშით გამოხატავდნენ მხიარულებას; კიდევ უფრო მეტი ჟივილ-ხივილი ისმოდა ხოლმე შობის დღესასწაულზე, იესოს შობის დღეს, წინასწარ ემზადებოდნენ და მერე თავისუფლად დანავარდობდნენ, ცეკვავდნენ, შეშლილებივით კისკისებდნენ, დაირას გამალებით უტყაპუნებდნენ და მთელ ბარს ხმაურით იკლებდნენ.  – დაო ლიდუვინა, მოდი, შენც იცეკვე!       ის კი პასუხობდა:  – არ შემიძლია, ძალიან სუსტი ფეხები მაქვს!       ისინიც თავისებურად პატივს სცემდნენ მის სევდას, თუმცა კი რაღაცას ხვდებოდნენ, მისი სევდის ნამდვილი მიზეზისა მაინც არაფერი იცოდნენ. მათ მხიარულებას ზღვარი არ უჩანდა, დროდადრო შესძახებდნენ: "დაილოცოს ჩემი იესო! რა საშურია ცხოვრება!" და ეს იყო მათი ნეტარი ცხოვრება, მათი მხიარულება, წმინდა მხიარულების მიბაძვით გამოწვეული მხიარულება.       დღე დღეს მისდევდა, ყველა ერთნაირი და ყველა უღიმღამო. ლიდუვინას არასდროს დაავიწყდებოდა, რომ რიკარდოსთვის ელოცა, გაენათებინა მისთვის გონება და ისიც შეენდო ზენაარს. 8       ძმა რიკარდოს სახელი და მისი ქადაგების ამბავი მთელ ქვეყანას მოედო; იმასაც ამბობდნენ, ესპანეთის ოქროს საუკუნის წმინდა მჭევრმეტყველება სწორედ მან ააღორძინაო. იგი იყო ბობოქარიც და თვინიერიც, მუდამ მშვიდი კილო ჰქონდა, ზომიერი მიხრა-მოხრა, მეთოდური და ნათელი გადმოცემის უნარი, თუმცა მუდამ იგრძნობოდა შინაგანი ცეცხლი, მაგრამ ისიც მოზომილი, მისი თვინიერებაც მოზომილი იყო.       მავანნი, ვინც მის მსჯელობას შესწრებოდნენ, ვნების ნაკლებობას საყვედურობდნენ, თუმცა ისეთი უბირნიც ხომ არიან, ვისაც ვერ გაუგია, რომ გონიერება სხვა არაფერია, თუ არა ვნება. მისი ანტითეზები და პარადოქსები ზოგს გონებისმიერი ეჩვენებოდა და კი ვერ მიმხვდარიყვნენ, რომ წმინდა ავგუსტინე აფრიკელის ანტითეზებისა და პარადოქსების დარად, ძმა რიკარდოს ანტითეზებიცა და პარადოქსებიც ვნების ქურაში გამომწვარ-გამობრძმედილი ალმასები იყო. რაკი მის ქადაგებაში უქმსიტყვაობის სულ მცირე მინიშნებებიც კი არ ჩანდა, ამიტომაც გაიძახოდნენ, ცივიაო და ამ დროს ცივსა და ვნების ქურაში გამოკვერილს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებდნენ, რამეთუ ძმა რიკარდოს ქადაგება ისეთი გამომშრალი და ისეთი ცხელი იყო, ვითარცა სულიერი უდაბნოს სილა; მისი პატივმოყვარეობითა და მონანიებით გაჯერებული სულიც ასევე გიზგიზებდა, მაგრამ ხანდახან ბნელიც იყო, ბნელი სხვათათვისაც და თავისთვისაც, ოღონდ იმ დროს, როცა აზრს ეძებდა. და ასე ესაუბრებოდა იგი არა ბრბოს, მას რომ უსმენდა, არამედ თითოეულს ცალ-ცალკე, რამეთუ ისინი ქმნიდნენ ბრბოს, მისი ნაწილი იყვნენ; და ასე საუბრობდა იგი სულით სულთან.       მისი მჭევრმეტყველება თითქოს ქაოსურიც იყო, თან წყვეტილიც, მაგრამ არანაირი მიკერძოება, სულ მცირე სილოგიზმები, პარაბოლები, მეტაფორები და პარადოქსები, რასაც სახარებაშიც ვკითხულობთ ხოლმე და მოულოდნელი გადასვლები, ნამდვილი ნახტომები.  – საქმე ისაა, რომ ორატორი არ არის და მაინც გვაჯადოებს, – ამბობდნენ პედანტები. ძმა რიკარდო ჩვეულებრივად ლაპარაკობდა ხოლმე ისეთ თემებზე, საჭირბოროტოს რომ უწოდებენ, – რწმენის უკმარისობაზე, გონებასა და რწმენას შორის ბრძოლაზე, რელიგიისა და მეცნიერების დაპირისპირებაზე, სოციალურ საკითხებზე, ღარიბებისა და მდიდრების თავკერძობასა თუ გულმოწყალების უქონლობაზე, მაგრამ ყველაზე მეტად – იმქვეყნიურ ცხოვრებაზე. ოღონდ, თუ სიყვარულზე იტყოდა, მყისვე შეატყობდით, როგორ გარდაისახებოდა.       უკვე მის ეპისკოპოსად კურთხევის თაობაზეც ალაპარაკდნენ, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ასეთი სახელი მოიხვეჭა, იმის მიუხედავად, რომ მისი უზადო ყოფაქცევა სამაგალითო გამხდარიყო, მაინც ამჩნევდნენ, რაღაც სიმძიმე, მეტად უცხო და გამოუცნობი სიმძიმე აწვა; და მაინც რომ არ სწყალობდნენ თანამოსაგრენი, ვერა და ვერ მოიგო მათი გული, მათი კეთილგანწყობა ვერ მოიპოვა, ვინც მონუსხულივით უსმენდა; ამას ყველაზე უფრო ქალები გრძნობდნენ, – მართლაც რომ მოჯადოებულებივით შესციცინებდნენ და თან ცახცახებდნენ, – რომ მისი მგზნებარე სიტყვების მიღმა რაღაც ძალზე მტკივნეული საიდუმლო იმალებოდა, ამას კი ხედავდნენ მაშინ, როცა თავის ყველაზე სანუკვარ თემაზე – სამოთხის ბაღის ტრაგედიაზე უამბობდა მათ, როცა ევამ აცდუნა ადამი, რომ ეგემა ნაყოფი ხისაგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა და მერე განდევნილ იქნენ უცოდველთა ბაღიდან და ამის მერე იყო, რომ ედემს აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი მახვილი იცავდნენ, რათა სიცოცხლის ხეს ვეღარავინ მიჰკარებოდა; ანდა სამსონისა და დალილას ცოდვა-ბრალის ამბავს რომ მოუთხრობდა; ყურს მიაპყრობდნენ, მაგრამ ნუგეში არ ისმოდა მის სიტყვებში, ოდენ მწარე სევდა, სიმძიმილი და უბედობა თრგუნავდა ყველას.       ზოგჯერ მის ხმაში ქვითინი და კვნესაც გაისმოდა, თითქოს მსმენელებს თანაგრძნობას შესთხოვსო, მაგრამ სწორედ მაშინ უნდა ამოგეცნოთ მისი სულის დაუოკებელი ბორგვა, თითქოს კიდეც გაიბრძოლებდა, რათა გაეგლიჯა ბორკილები და თავი გაეთავისუფლებინა, თუმცა მალევე მოეგებოდა გონს, ერთბაშად გარდაისახებოდა ისე, რომ დაუნდობელიც კი მოეჩვენებოდა კაცს. ამიტომ იტყოდნენ ხოლმე, ჩვენი საბრალობელი და შეჭირვებული სულისათვის ასეთი მშფოთვარე და დაუზოგავი წინასწარმეტყველი მეტისმეტიაო, ამ ტაძარში რომ მოვდივართ, უწინ მის წიაღში შვება და ნუგეში გვინდა ვპოვოთ, თორემ საფიქრელი და სადარდელი ისედაც არ გვაკლიაო. იგი არ უყვარდა ხალხს, არა, არ უყვარდა; ამაოდ ცდილობდა ენუგეშებინა ისინი, თუკი შეეძლო. ეს დაუდგრომელი მოციქული მარტოობისთვის იყო განწირული.       მარტოსულადაც გრძნობდა თავს და როცა სულ მარტო რჩებოდა, მაშინ თუ გამოუტყდებოდა ხოლმე ისევ საკუთარ თავს: "ასეა, ეს სასჯელი ღმერთმა იმისთვის მომივლინა, რომ ლიდუვინას ვუმუხთლე, მივატოვე და ჩემს პატივმოყვარეობას ვანაცვალე. ახლაღა მივხვდი და გავიგე; ვფიქრობდი, ქალი, ოჯახი მძიმე ტვირთად დამაწვებოდა და სახელისა თუ დიდებისაკენ მიმავალ გზას გადამიღობავდა". მაგრამ მერე, ისევ მარტომყოფი, თვალებს დახუჭავდა, აღარ უნდოდა დაენახა შორს ლანდი ტიარისა. "ნამდვილი თავკერძა ვარ, – იტყოდა ხოლმე ასეთ დროს, – ნამდვილი თავკერძა და მეტი არაფერი, ვესწრაფოდი ამბიონს, სცენას, რაკი მჯეროდა, გარდასახვის ჩემს ნიჭს სწორედ იქ გამოვავლენდი, მაგრამ საკუთარ თავზე მეტად არასოდეს არავისზე და არაფერზე მიზრუნია". 9       ბოლოს და ბოლოს, ის მოხდა, რაზეც რიკარდო იდუმალ ოცნებობდა, სწორედ ახლა შეეძლო, საკუთარი ნიჭისა და მოწოდებისთვის ერთი კარგი გამოცდა მოეწყო. ასე იყო თუ ისე, იგი მიიწვიეს ტოლვიედრას დედათა მონასტერში. როცა ეს ამბავი შეიტყო, მას მერე თვალზე რული აღარ მიჰკარებია, გულმა მოსვენება დაკარგა. ღვთის წყალობით, მრევლმა, ხალხმა, ანდა, ასე ვთქვათ, საზოგადოებამ არაფერი იცოდა იმის შესახებ, რა აკავშირებდა მას ამ მონასტერთან: ეს ყველასთვის საიდუმლო იყო. ახლა კი, ახლა მაინც საკვირველ სანახაობას მოაწყობდა, ოღონდ მხოლოდ ორისთვის, მისთვის და თავისთვის. დიახ, მისთვის, თავისი ბედის ავბედითი მოზიარისთვის, ახლა გული გულს დაელაპარაკებოდა, ამ ბრბოსთვის, ამ უბირი, მონუსხული ბრბოსთვის კი ყველაფერი ისევ საიდუმლოდ დარჩებოდა; ამ დღეს მის წინაშე იტყოდა აღსარებას, იტყოდა ყველას თანდასწრებით, მაგრამ ყველასთვის მიუწვდომელსა და გამოუცნობს. ეს იქნებოდა ქრისტიანული მჭევრმეტყველების ისტორიაში აქამდე გაუგონარი გამარჯვება, თუმცა კი შეიძლება ერთადერთი და უძნელესი გამოცდაც ყოფილიყო, რაც უეჭველი გამარჯვებით დაგვირგვინდებოდა. ეეჰ, იმ საცოდავმა ღვთისმოსავებმა რომ იცოდნენ ამ ავბედითი, საბედისწერო დრამის ის სცენა, რომლის გამართვასაც აპირებს!.. და ეს ჩვენი კომიკური წინასწარმეტყველი გიჟურ ნეტარებას განიცდიდა...       და ეს დღეც დადგა. ტაძარს აურაცხელი ხალხი მიაწყდა. ერთი სული ჰქონდათ, მოესმინათ ამ სახელგანთქმული ქადაგისთვის. მოდიოდნენ და მოდიოდნენ ახლომახლო სოფლებიდან თუ ქალაქებიდან. საკურთხეველი ოქროსავით ელვარებდა. ჯებირს მიღმა, ფარდის უკან გაყუჩებული ქორო მოუთმენლად ელოდა რაღაც იდუმალსა და უჩვეულოს. დროდადრო იქიდან შეკავებული ხველების ხმა თუ გაისმოდა. ძმა რიკარდო აუჩქარებელი ნაბიჯით მივიდა ამბიონთან, ამოიღო ცხვირსახოცი და შუბლი მოიწმინდა. ანაფორის თეთრი, ფართო სახელო მყისიერად თეთრ ფრთასავით აეფარა მის სახეს; მერე თვალი მოავლო შეკრებილთ და ერთი წამით მზერა ფარდაზე შეაჩერა, სადაც ქორო ეგულებოდა; მერე დაიჩოქა და წაიკითხა "გიხაროდენ, ღვთისმშობელო", ხელები ამბიონზე დააწყო და ზედ შუბლი დაადო; გაჩახჩახებული სანთლების შუქზე ტოზურა სულ ერთიანად ულაპლაპებდა; მერე წამოდგა; გაისმა შეკავებული ხველება, კაბების შრიალი და ჩამოვარდა სამარისებური სიჩუმე. რაღაც უჩვეულო ხდებოდა ქადაგის თავს, ენა ებმოდა, ბორძიკობდა, ერთსა და იმავეს იმეორებდა, ხანაც სულ ჩერდებოდა, მღელვარებას ვერ ფარავდა; თანდათან დამშვიდდა, მის ხმასა და მიხრა-მოხრას ნელ-ნელა სიმტკიცე შეემატა და მისი სიტყვებიც ცეცხლოვან მდინარესავით მოჩქეფდა.       მორწმუნენი სულგანაბულები უსმენდნენ. ტაძარში იდუმალების ტრაგიკული სული დატრიალდა, ასე გეგონებოდათ, რაღაც უჩვეულო და სასწაულებრივი რამ უნდა მომხდარიყო. იგი უკვე აღარ იყო ადამიანი, ახლა ლაპარაკობდა მხოლოდ გული და ლაპარაკობდა სიყვარულზე, ღვთაებრივ სიყვარულზე, მაგრამ უფრო ადამიანურ სიყვარულზე რომ გაფიქრებინებდათ.       ყველას, ვინც კი მას ყურს მიაპყრობდა, ისეთი გრძნობა იპყრობდა, თითქოს სულის მანამდე უცნობ სიღრმეებში იძირებოდა, რაღაც შეუცნობლის უფსკრულში ინთქმებოდა. მისი ხმა ღადარივით გიზგიზებდა. იგი უბნობდა სიყვარულზე, რომელიც გვეუფლება და გვიმორჩილებს მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ ის ჩვენგან შორსაა. და იტყოდა იგი:       "დაელოდეთ სიყვარულს! მხოლოდ ის გრძნობს ამას საკუთარ გულსა და გვამში, ვინც ელოდება! ჩვენ გვგონია, რომ ვეხვევით მის ლანდს, მაშინ როცა სიყვარული, უხილავი და უჩინარი, თავად გვეხვევა და გვბოჭავს, როცა გვეჩვენება, რომ იგი მოკვდა ჩვენში, აკი თურმე ჩვენ მოვმკვდარვართ მასში. და მერე იგი გაიღვიძებს და გაიღვიძებს სწორედ იმ დროს, როცა ტკივილი მოუხმობს, რამეთუ ჭეშმარიტი სიყვარულით მანამდე არ შეგვიყვარდება, სანამ შეყვარებულთა გულები ერთად არ დაინაყება ტანჯვის სანაყში. სიყვარული თანაზიარი ვნებაა, ლტოლვაა, თანაგრძნობა, ზიარი ტკივილია. ჩვენ ვერც ვხვდებით, რომ სიყვარული გვაცოცხლებს, ისევე როგორც არასოდეს ვფიქრობთ, ჰაერით თუ ვსუნთქავთ, სანამ უჰაერობით სული არ შეგვეხუთება. დაელოდეთ სიყვარულს! დაელოდეთ სიყვარულს, რამეთუ მას მხოლოდ ის უხმობს, ვინც უკვე გრძნობს მას საკუთარ გულში, საკუთარ სისხლში, თუმცა თავად ეგებ ვერც ხვდება. ის იმ წყალსა ჰგავს, მიწის ქვეშ რომ მიედინება და გვალვას სიცოცხლისკენ მოაბრუნებს. ზოგჯერ ისეთ დაუცხრომელ წყურვილს ვგრძნობ, როგორსაც მინდორი ხვატისაგან გადაბუგული, როცა მწველი სიცხისა და ალმურისაგან მოშუშული ფოთლები მიწას ეფინება, მიწის ქვეშ კი, იმავ მინდვრის ქვეშ, სიღრმეში, მომაკვდავი სიმწვანის ქვეშ, მიედინება მაცოცხლებელი წყალი, მირაკრაკებს ქვებსა და ლოდებს შორის, უერთდება გამხმარი ფოთლების შრიალს მისი ბუტბუტი და მერე დგება წამი, როცა მოწყურებული, გამომშრალი მიწა გაიპობა და მის ზედაპირზე ამოხეთქავს მანამდე თვალით უნახავი წყალი, ჩუხჩუხით გადაედინება ყოველ მხარეს და სიცოცხლეს დაუბრუნებს მთელ არემარეს.       ასეა სიყვარულიც.       ჩემო დებო და ძმებო, ეს თავკერძობა არ არის განა, შმაგი სიყვარული არ არის განა საკუთარი თავის, თვალებს რომ გვიხვევს და თავგზას გვიბნევს, ოღონდ კი არ დავინახოთ სიყვარული მაშინაც კი, როცა გარს გვივლის, ოღონდ არ ვიგრძნოთ იგი. ჩვენ ხომ სულ იმის ცდაში ვართ, რაიმე დავცინცლოთ მას, მთლიანად კი არ მივეცემით, არ დავყვებით; აკი ის ჩვენგან მარტო იმას ელოდება, რომ მივენდოთ, დავნებდეთ მთლიანად და დაუნანებლად; ჩვენ კი ამ დროს მისი დამორჩილება გვინდა, რომ ჩვენს გიჟურ სურვილებზე იაროს, აჰყვეს ჩვენს სწრაფვასა და სრბოლას დიდებისაკენ. ასეა, სიყვარულს, გაადამიანურებულსა და განსხეულებულს, სურს, მას ვეკუთვნოდეთ მთლიანად და განუყოფლად, მხოლოდ მისი ვიყოთ. მერედა რა მალე დავიხევთ ხოლმე უკან, აღმართის ძირშივე ვჩერდებით! მაგრამ რატომ? ყველაზე უფრო სავალალო მიზეზის გამო, – დიახ, სულ უბრალო მიზეზის გამო! – გვეშინია, ჩემო დებო და ძმებო! შიში გვჯაბნის!.. რა უგუნური, რა თავკერძა და სულმოკლეა ადამიანი!.. მომიტევეთ!.."       ეს სიტყვები ლამის ყვირილით წარმოთქვა, თითქოს სულის სიღრმიდან აღმოხდა. და თუ აქამდე ძმა რიკარდოს ხმა ცეცხლის მდინარესავით მოედინებოდა და ღვთისმოსავთა დუმილს თავს დაჰფოფინებდა, უეცრად გულისგამგმირავმა ქვითინმა გაბზარა და გაარღვია ჯებირის მიღმა, ფარდის მხრიდან რომ გაისმა. და ამ ორის სულის კივილი ერთმანეთს შეეჯახა და შეერწყა ისე, რომ საკურთხეველზე სანთლებიც კი აცახცახდნენ. ძმა რიკარდოს მკვდრისფერი დაედო, სანთელივით გაფითრდა, მერე ერთბაშად აენთო, ალმური მოედო, სივრცეს მიაპყრო მზერა და უეცრად თავი მკერდზე ჩამოუვარდა, სახეზე აცახცახებული ხელები აიფარა, თეთრი, ფართო სახელოებიც კი ვერ ფარავდა მის მღელვარებას; იგი ტიროდა, მისი დახშული ქვითინი შეუერთდა კიდევ უფრო დახშულ ქვითინს ჯებირს მიღმა, ფარდის უკან რომ ისმოდა. ერთ წამში გაოგნებული ხალხის დუმილი თითქოს შეგუბდა, შედედდა და აშკარად და ცხადად გაიგონა და დაინახა ყველამ... ქადაგი მუხლებზე დაეცა. ამის შემხედვარე ხალხი ნელ-ნელა დაიშალა, წავიდ-წამოვიდა.       მთელი იმ დღეებისა და თვეების განმავლობაში, ტოლვიედრაში და მთელ იმ მხარეში ხალხს მეტი სალაპარაკო არ ჰქონდა, ყველა მხოლოდ ამ ამბავს იგონებდა, ხოლო ვინც თვითონ შეესწრო და საკუთარი თვალით იხილა, რაც მოხდა, საკუთარი ყურით მოისმინა, მთელი სიცოცხლე ახსოვდა, ან რა დაავიწყებდა. ყველამ, დამსწრემ თუ მსმენელმა, იგრძნო, რომ იმ წუთებში, იმ იდუმალი აზავთების წუთებში, ქადაგი რაღაც უცნაური გამოცანებით, ნაწყვეტ-ნაწყვეტი მინიშნებებით ლაპარაკობდა; მოგვიანებით მიზეზი რომ გაიგეს, მერეღა მიხვდნენ, რაც იგულისხმებოდა იმ სიტყვებში, როცა მიწისქვეშა წყაროზე, ცეცხლზე ლაპარაკობდა, როცა ამბობდა, ბოლოს მიწა გაიპობა და ამოხეთქავს მაცოცხლებელი წყალი და ამ ცეცხლს შეუერთდებაო. მერე და მერე ღრმად რომ ჩაუფიქრდნენ, კიდეც ჩასწვდნენ ძმა რიკარდოს ქადაგების მთელ აზრსაც.       და ისინიც, და ლიდუვინადა ძმა რიკარდო, მხოლოდ მერე მოეგნენ გონს და კიდევ უფრო მწვავედ იგრძნეს თავი ბედის ტყვეებად, იმაზე უფრო მწვავედ, ვიდრე მაშინ, როცა ლიდუვინას სახლის ღობე აცალკევებდათ ურსულელთა მონასტრის შესახვევში. და ახლა, როცა მათი ქვითინი ასე შეერწყა და გადაეჭდო ერთმანეთს, მათი გულებიც შეერთდა და ჩამოეცალათ თვალთაგან ბინდი და ვითარცა დამწვარი ტანსაცმელი, შემოეძარცვათ თავს გადამხდარი და შერჩათ მხოლოდ გაშიშვლებული და ცხადი სიყვარული, ამ სიყვარულისკენ მიმავალი ბილიკი, სიყვარულისკენ, რაც მარტოდ დარჩენილებს იმ სამწუხარო გაქცევის შემდეგ მაინც ისევ უღვიოდათ.       და იმ დღის მერე... მიგელ დე უნამუნო …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 5:52pm on მარტი 7, 2016
თემა: ელინისტური ფსიქოლოგია
ის გავრცელებას რომის იმპერიაში შემავალ და მის მომიჯნავე ქვეყნებში ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებზე. გაჩნდა ფილოსოფიისა და მეცნიერების კერები რომში, ალექსანდრიაში, მცირე აზიის ქალაქებში, გაფართოვდა და გაღრმავდა კავშირები აღმოსავლურ კულტურებთან, არაჩვეულებრივად გაიზარდა ინტერესი ადამიანის მიმართ. კვლევა ძირითადად წარიმართა ადამიანის ორგანიზმის (მედიკო-ბიოლოგიური ასპექტი) და პიროვნების ქცევის, მოტივაციისა და ცხოვრების წესის (ფილოსოფიურეთიკური ასპექტი) შესწავლის მიმართულებით.       ეპიკურე (341-270 ძვ.წ.) საკუთრივ ფსიქოლოგიურ იდეებს ძირითადად ცხოვრების აზრისა და წესის ეთიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით გამოთქვამდა. სწორედ ეს საკითხებია მისი მოძღვრების ცენტრში. იგი აანალიზებს ბუნების მოწყობისა და შემეცნების თეორიის საკითხებსაც, თუმცა, საბოლოოდ, მათაც მორალის ფილოსოფიის საჭიროებას უქვემდებარებს.       ეპიკურე დაიბადა და გაიზარდა კუნძულ სამოსზე. 18 წლისა ჩავიდა ათენში და სწავლა განაგრძო აკადემიაში, რომელსაც მაშინ პლატონის მოწაფე ქსენოკრატე ხელმძღვანელობდა. 306 წელს ათენში იყიდა სახლი დიდი ბაღით, სადაც გახსნა თავისი სკოლა (აქედანაა სახელწოდება „ბაღის ფილოსოფოსები”). სკოლის შესასვლელში ასეთი წარწერა იყო: „უცხოელო, აქ შენ მშვენივრად იგრძნობ თავს; აქ უმაღლესი სათნოება - მხიარულებაა”. ეს წარწერა კარგად გამოხატავს როგორც ეპიკურეიზმის მორალური ფილოსოფიის არსს, ისე სკოლაში არსებულ ატმოსფეროს. ეპიკურესთვის უმაღლესი ღირებულება მეგობრობა და სულიერი ურთიერთობა იყო. ამიტომ სკოლაში მასწავლებლებისა და მოწაფეების დამოკიდებულებას უფრო საერთო იდეებითა თუ ინტერესებით შეკრული მეგობრებისა და თანამზრახველების ურთიერთობის სახე ჰქონდა.       ეპიკურე ატომისტია. იგი დემოკრიტეს ხაზს აგრძელებს. ამ უკანასკნელის მსგავსად, მისი მატერიალიზმი იმდენად შორს მიდის, რომ სულსაც უფაქიზესი და ძალიან მოძრავი უხილავი ნაწილაკებისაგან შემდგარ მოვლენად განიხილავს. ეს ნაწილაკები მთელს სხეულშია გაფანტული და მის მოქმედებას განაპირობებენ. სული რომ სხეულზე ზემოქმედებდეს და სხვა ზემოქმედებასაც განიცდიდეს, იგი მატერიალური უნდა იყოს, ვინაიდან მოძრაობა მხოლოდ მატერიალურიდან მატერიალურს შეიძლება გადაეცეს, ამბობს ეპიკურე. ამავეს ამტკიცებდა დემოკრიტეც - სულის ატომები ეჯახებიან სხეულის ატომებს და იწვევენ ორგანიზმის მოქმედებას. ამავე მოსაზრებას ანვითარებდა ეპიკურეს ყველაზე სახელგანთქმული მიმდევარი ლუკრეციუსი. გამოდის, რომ ადამიანის მოქმედება მხოლოდ ატომების მოძრაობის ბუნებრივი ტრაექტორიით არის დეტერმინირებული და ადამიანი თავისი მოქმედების განსაზღვრაში არ მონაწილეობს. ასეთი მექანისტური დეტერმინიზმისაგან თავის დასაღწევად და თავისუფალი ნების არსებობის დასასაბუთებლად (რის გარეშეც ქცევის ზნეობრივი შეფასება აზრს კარგავს), ეპიკურე არღვევს დემოკრიტეს მიერ შექმნილ მკაცრი მიზეზობრიობის სურათს და უშვებს ატომების მოძრაობის სპონტანურ და შემთხვევით ცვლილებებს. ამით იგი ადამიანის ქცევის თვითდეტერმინირებულობის ფსიქოლოგიურ იდეას გარკვეულ მეთოდოლოგიურ ნიადაგს უქმნის: თუ თავისი განსხვავებული წონის გამო ატომებს შეუძლია მოძრაობის კანონზომიერი ტრაექტორიის შეცვლა, მაშინ ადამიანსაც აქვს უნარი შეცვალოს თავისი ქმედება, და საბოლოო ჯამში, განსაზღვროს საკუთარი ბედი.       ატომისტურ-მატერიალისტური თვალსაზრისის შესაბამისად, ეპიკურე უარყოფს სულის უკვდავების თეზისსაც. თუ სულის შემადგენლობა ისეთივეა, როგორც სხეულისა, სიკვდილის შემდეგ მასაც იგივე ბედი ელის, რაც სხეულს - იშლება ატომებად, რომლებიც იფანტებიან სივრცეში, ანუ სული, როგორც ორგანიზებული ერთიანობა, ისპობა. სულის უკვდავება, ტრანსცენდენტული სულის არსებობა და მსგავსი მეტაფიზიკური იდეები ეპიკურესთვის მითოლოგიის სფეროს მიეკუთვნება.       ასეთია ზოგადი, პრინციპული თეორიული მოსაზრებები სულის ბუნებისა და მოქმედების წესის შესახებ. მაგრამ ეპიკურესთვის მთავარია პრაქტიკული ფილოსოფია, რომელიც კონკრეტული ადამიანის რეალური ცხოვრების რაობისა და დანიშნულების გაგებას, საბოლოო ანგარიშით კი მის გაუმჯობესებას, ანუ ბედნიერების მიღწევას ემსახურება. მთავარი დებულება, რომელსაც მთელი მისი სისტემა ეფუძნება, აბსოლუტურად ჰედონისტური ხასიათისაა - ადამიანი სიამოვნების მიღებისთვის ცხოვრობს, სიამოვნებაა ბედნიერების არსი. ამდენად, ეპიკურეს ფილოსოფიაში ცენტრალურ ადგილს იკავებს ისეთი ფსიქოლოგიური კატეგორია (და შესაბამისი მოვლენა), როგორიცაა გრძნობა („აფექტი”) და მასთან დაკავშირებული მისწრაფება. პლატონთან და არისტოტელესთან უმთავრეს ფსიქიკურ ფუნქციად გონება (აზროვნება) ითვლებოდა, ეპიკურესთან კი წამყვანი როლი ემოციას ეკუთვნის. გონება, ცხადია, უარყოფილი არ არის, მაგრამ ადამიანის მოქმედების განსაზღვრაში წამყვანია გრძნობად-მოტივაციური საწყისი.       როგორც მთელ ანტიკურ ფილოსოფიაში, ისე ეპიკურესთანაც ემოცია და მოტივაცია არ არის ერთამანეთისაგან მკაცრად გამიჯნული. სურვილი, სწრაფვა და სიამოვნება-უსიამოვნება ერთიანობაში განიხილება. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ანალიზის ერთეული თავისთავად სიამოვნება კი არ არის, არამედ სწრაფვა სიამოვნებისკენ, რაც, ეპიკურეს თქმით, სიცოცხლის მუდმივი თანმხლებია, ადამიანის ბუნებრივი თვისებაა. მთავარი საკითხია ის, თუ რისკენ არის მიმართული სწრაფვა, ანუ რაში ხედავს ან რისგან იღებს ადამიანი სიამოვნებას.       არსებობს გრძნობა-სურვილების სამი სახეობა: 1) ბუნებრივი და აუცილებელი; 2) ბუნებრივი, მაგრამ არააუცილებელი და 3) არაბუნებრივი და არააუცილებელი. სურვილების ეს უკანასკნელი სახეობა დახასიათებულია, როგორც ფუჭი, ამაო, უქმი; ისინი იწვევენ შფოთვასა და სულიერ დაბნეულობას და ამიტომ უნდა ვეცადოთ მათგან გათავისუფლებას. პირიქით, ბუნებრივი და აუცილებელი სურვილები (მაგ., ჭამის სურვილი) უთუოდ და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება ბუნებრივ და არააუცილებელ სურვილებს (მაგ., ფუფუნებისკენ სწრაფვა) მათი დაკმაყოფილება გონივრულ ფარგლებში, ზომიერად უნდა ხდებოდეს. ეპიკურემ სიამოვნების მიღების ორი მექანიზმი განიხილა. ერთ შემთხვევაში სიამოვნება იმიტომ ჩნდება, რომ ადამიანი რომელიმე სურვილს იკმაყოფილებს; ე.ი. სიამოვნება პოზიტიური გამღიზიანებლის მოქმედების შედეგია. მეორე შემთხვევაში სიამოვნებას უსიამოვნებისაგან, ტანჯვისაგან, შიშისაგან გათავისუფლება იწვევს. თანამედროვე ფსიქოლოგიაში, სკინერის შემდეგ, ამას დადებითი და უარყოფითი განმტკიცების მექანიზმს უწოდებენ (იხ. თავი 9.3.).       როდესაც სიამოვნების განცდის აღმოცენების პირველ წესზე ვსაუბრობთ, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა საქმიანობის განხორციელება ან რა ობიექტის დაუფლება იწვევს მას. ეპიკურეს და მის მიმდევრებს ხშირად საყვედურობენ, რომ ისინი სხეულებრივი ტკბობის, ხორციელი სიამოვნების კულტს ამკვიდრებდნენ. გვიანდელი, რომაული პერიოდის ეპიკურეიზმში ამ ტენდენციამ მართლაც იჩინა თავი, მაგრამ თვით ეპიკურე, მისი უშუალო მიმდევრები და ლუკრეციუსი კატეგორიულად უარყოფდნენ ამ ბრალდებას და ხაზგასმით ამტკიცებდნენ, რომ ჭეშმარიტი სიამოვნება მხოლოდ სულიერ ტკბობას მოაქვს და არა გრძნობად სიამოვნებასა და ავხორცობას. სულიერი სიამოვნება მუდმივი და გარდაუვალი ხასიათისაა, სხეულებრივი სიამოვნება კი დროებითია და შეიძლება თავისი საპირისპირო სახით, ანუ უსიამოვნებით შემოგვიბრუნდეს. უხვმა და ნოყიერმა ვახშამმა შეიძლება ისე დაგვამძიმოს, რომ ვერ დავიძინოთ, მეტიც, შეიძლება თავი ან კუჭი აგვატკიოს; უცხო ქალთან კონტაქტის შემდეგ შეიძლება ცუდი დაავადება შეგვეყაროს; წიგნებთან და მეგობრებთან ურთიერთობას კი მუდამ სიხარული მოაქვს. გარდა ამისა, სულიერი სიამოვნება უკავშირდება როგორც აწმყოს, ისე წარსულს და მომავალს, ხოლო სხეულს მხოლოდ ამჟამად მისაღები სიამოვნება აღელვებს.       სულიერი ტკბობა არა მხოლოდ „სასიამოვნო” და „სასარგებლოა”, არამედ ზნეობრივიც. ეპიკურე ეთანხმება პლატონსა და არისტოტელეს იმაში, რომ ზნეობა არის ადამიანის ცხოველისაგან განმასხვავებელი ძირითადი თვისება, მაგრამ უარყოფს მათ მოსაზრებას, რომ ზნეობრივი მხოლოდ გონებაზე დაფუძნებული ქცევაა. როგორც ითქვა, ეპიკურეს სისტემის ცენტრალური ცნება არის გრძნობა. ამიტომ ზნეობრივი ქცევის კრიტერიუმიც ემოციის სფეროშია მოცემული. ქცევას გრძნობა იწვევს და არა გონება. ქმედება ბუნებრივად მიმართულია სიამოვნების მიღებისკენ და უსიამოვნების არიდებისკენ. თავის მხრივ, სიამოვნებისა და უსიამოვნების მომგვრელი საგნებისა და ვითარებების გარჩევა გარკვეულ ცოდნას, სიტუაციის გააზრებას მოითხოვს. ამ პუნქტში გრძნობა და გონება ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ამასთან, უპირველესი ყოველთვის სიამოვნებაა. ეს ჰედონისტური განწყობა, ეპიკურეს მიხედვით, სულაც არ ეწინააღმდეგება ქცევის ზნეობრიობის მოთხოვნას. „არ შეიძლება იცხოვრო სასიამოვნოდ და არ იცხოვრო ამავე დროს გონივრულად, ზნეობრივად და სამართლიანად; და პირიქით, არ შეიძლება იცხოვრო გონივრულად, ზნეობრივად და სამართლიანად, თუ ცხოვრობ სიამოვნების გარეშე”. მოკლედ, სიამოვნება თავისთავად ზნეობრივია, თუ ის სულიერია; ასევე ზნეობრივია გონებით ზღვარდადებული სხეულებრივი სიამოვნებაც.       როგორც ითქვა, სიამოვნების მიღწევის მეორე წყარო არის ტანჯვისაგან თავის არიდება, შიშისაგან განთავისუფლება. პირველ ყოვლისა, ეს ეხება ღვთაებათა და სიკვდილის შიშს. ეპიკურე ამ შიშებს ებრძვის. ის არ უარყოფს ღვთაებათა არსებობას, მაგრამ გამორიცხავს მათ უნარს, ჩაერიონ ადამიანის ცხოვრებაში. ეპიკურე ღვთაებებს მხოლოდ კოსმოსის წესრიგის დამყარების ფუნქციას მიაწერს და განარიდებს მათ მიწიერი, ქმედითი სამყაროსგან. ადამიანი თავისუფალია ღმერთების მიერ დადგენილი ბედისწერისაგან და, შესაბამისად, არ უნდა გრძნობდეს მათდამი შიშს, რიდსა თუ მორჩილებას, არ უნდა ელოდოს მათგან არც დახმარებას და არც სასჯელს. თავის ქცევაში ადამიანი მხოლოდ საკუთარ სურვილებსა და ზნეობრივ კრიტერიუმებს უნდა ექვემდებარებოდეს.       სიკვდილის შიშის დაძლევა თითქოს უფრო ძნელია, რადგან, თუ ღმერთების ყოფნა-არყოფნა ან ძლევამოსილება, ასე თუ ისე, საკითხავია, სიკვდილს ვერავინ გაექცევა. მიუხედავად ამისა, ეპიკურეს რწმენით, ამ შიშის დაძლევაც სავსებით შესაძლებელია. აქაც, ისევე როგორც ღვთაებათა შემთხვევაში, სიკვდილის რაობის გარკვევაა საჭირო. ამისთვის ავტორი ისევ და ისევ ატომისტიკას მიმართავს. სული სხეულივით ატომებისაგან შედგება. სიკვდილის მომენტში ეს ატომები სამყაროში იფანტება. ამიტომ მის დადგომას ჩვენ ვერ შევიგრძნობთ, „ვინაიდან ყველაფერი, კარგიცა და ცუდიც, შეგრძნებას ემყარება, სიკვდილი კი შეგრძნების აღკვეთაა”. ამდენად, თუ სიკვდილის ბუნებას ჩავუკვირდებით, ადვილად დავინახავთ, რომ ჩვენი სიცოცხლის გზაზე ის არ გვხვდება, ჩვენს არსებობასთან შეხება არა აქვს და, მაშასადამე, მისადმი შიში უსაფუძვლოა. „სანამ ჩვენ ვართ, სიკვდილი არ არის, ხოლო როცა სიკვდილი მოვა, მაშინ ჩვენ აღარ ვიქნებით”.       ამ შიშების გარდა, ადამიანს ბევრი სხვა შიში და შფოთვა აწუხებს. სიამოვნება გულისხმობს „სხეულის გათავისუფლებას ტანჯვისაგან და სულისა - შფოთვისაგან”. ყველაზე დიდი ნეტარება ე.წ. ატარაქსიაში, ანუ სულიერ სიმშვიდეში, უშფოთველობაშია. მისი მიღწევის გზა არის აზროვნება, ჭეშმარიტი მსჯელობა, სიბრძნის ძიება. ამისთვის კი საჭიროა იცხოვრო შენთვის, განერიდო აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას, პოლიტიკას, ფუჭ პაექრობას იმათთან, ვინც შორს არის მეცნიერული აზრისაგან. მხოლოდ განმარტოებული ფიქრი ან ახლობელი მეგობრების წრეში მსჯელობა იძლევა ნამდვილ ნეტარებას, სრულ ატარაქსიას და მას მივყავართ ჭეშმარიტ შემეცნებამდე.       აქედან გასაგებია, რომ ეპიკურე გვერდს ვერ აუვლიდა შემეცნების თეორიის პრობლემატიკას და, კერძოდ, შემეცნების ჭეშმარიტების კრიტერიუმის საკითხს. იგი გადაჭრით ამტკიცებს, რომ „ჭეშმარიტების კრიტერიუმი შეგრძნებებშია”. შემეცნების პროცესის სათავე შეგრძნებაა და მასშივეა მოცემული იმის გარანტია, რომ სამყაროს ჩვენს მიერ შექმნილი სურათი უტყუარია. შეგრძნების აღმოცენება დემოკრიტეს მსგავსად არის გაგებული. საგნები გამოყოფენ თავიანთ სახეებს, უმცირეს ანაბეჭდებს (ე.წ. ეიდოლებს). შეგრძნება წარმოიქმნება ეიდოლების შეღწევით გრძნობის ორგანოში. ვინაიდან ეიდოლები ფორმითაც და მასალითაც საგნების ასლები არიან, შეგრძნება საგნის შესახებ სრულყოფილ ცნობებს გვაძლევს. ეს იმიტომაც არის ასე, რომ თვით შეგრძნების პროცესი აბსოლუტურად პასიურია; ის არაფერს არ ცვლის და მხოლოდ ასახავს.       მეხსიერება ინახავს შთაბეჭდილებებს ისე, როგორც შეგრძნებაში იყო მოცემული. ეს ნიშნავს, რომ მეხსიერების წარმოდგენებიც მართებულია. უზუსტობა, დამახინჯება ან შეცდომა შეიძლება მაშინ გაჩნდეს, როცა აზროვნება, როგორც აქტიური კოგნიტური პროცესი, იწყებს შეგრძნებისა და მეხსიერების შთაბეჭდილებებით მანიპულირებას, მათ შორის კავშირების დამყარებას, ურთიერთშედარებას და ა.შ. ამ გზით აზროვნება მრავალი კონკრეტული შთაბეჭდილების საერთო ნიშნებს გამოყოფს, ანუ ცნებას აყალიბებს. ეს პროცესი, ერთი მხრივ, მეცნიერული შემეცნების აუცილებელი პირობაა, ხოლო მეორე მხრივ, იგი პოტენციურად შეიცავს შეცდომის საშიშროებას. შეცდომის არიდება შესაძლებელია, თუ დადგინდება აზროვნების პროდუქტის (ცნების) მიმართება იმასთან, რასაც დასაბუთება არ სჭირდება, ანუ თავის პირველწყაროსთან, შეგრძნებასთან. მოკლედ, შემეცნების პროცესის თავიც და ბოლოც შეგრძნებაშია. ამიტომაც ეპიკურე აღიარებულია, როგორც პირველი თანმიმდევრული სენსუალისტი ანტიკურ ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში. სენსუალისტურმა ტენდენციამ, როგორც ვნახეთ, უკვე სოფისტებთან იჩინა თავი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ანტიკურ აზროვნებაში მას სხვა დასაყრდენიც ჰქონდა, მაგრამ ეპიკურესთან რადიკალური ხასიათი შეიძინა.       ეპიკურემ შექმნა ისეთი ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელმაც მთელი შემდგომი ანტიკური ხანის განმავლობაში იარსება. მის მიმდევრებს შორის ყველაზე სერიოზული მოაზროვნე უთუოდ ტიტუს კარუს ლუკრეციუსი (99-55 ძვ.წ.) იყო. მან დახვეწილი და სრული ფორმა მისცა ეპიკურეს ფილოსოფიურ სისტემას, თუმცა ბ. რასელის შეფასებით, მასში რაიმე არსებითი სიახლე არ შეუტანია. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგიის ისტორიის კუთხით, ლუკრეციუსის შემოქმედებაში ისეთმა თემებმაც გაიჟღერა, რომლებიც ეპიკურესთან არ გვხვდება ან, შესაძლოა, ჩვენამდე ვერ მოაღწია. ასეთია, მაგალითად საკითხი ძილისა და სიზმრის შესახებ, რომელსაც ლუკრეციუსი საკმაოდ დაწვრილებით განიხილავს.       ძილის მდგომარეობა აღმოცენდება იმის გამო, რომ სულის ნაწილები მთელ ორგანიზმში იფანტება, ხოლო ზოგიერთი სხეულის გარეთ გამოდის. შედეგად, სასიცოცხლო ტონუსი ქვეთდება. ძილში სხეულის მოთენთილობა და შედარებითი უძრაობა თავისი მააქტივირებელი საწყისის, სულის ნაწილის დაკარგვით აიხსნება. ძილში აღმოცენებული სიზმრების შინაარსს ორი რიგის ფაქტორები განაპირობებს. ერთია ადამიანის გამოცდილება, მისი პირადი და საქმიანი ცხოვრების შინაარსი. მაგალითად, სამხედროს ესიზმრება ბრძოლა, რომელშიც თვითონაც მონაწილეობს, ვექილს - სასამართლო პროცესი და ა.შ. თავის თავზე ლუკრეციუსი ამბობს, რომ ის სიზმრებში ხედავს, როგორ შეისწავლის ბუნებას და თავისი კვლევის შედეგებს პოეტურ ფორმაში გადმოსცემს (ლუკრეციუსი გამოჩენილი რომაელი პოეტი იყო, მისი ფილოსოფიური თხზულება „საგანთა ბუნებისთვის” ბრწყინვალე პოემაა). ღვიძილში ადამიანი ხშირად ურთიერთობს გარკვეულ საგნებთან და მოვლენებთან. მართალია, ძილში ისინი ადამიანზე უშუალოდ არ მოქმედებენ, მაგრამ მათი შესატყვისი ხატებისთვის გზა უკვე გაკვლეულია გონებისკენ და ისინი სიზმრის წარმოდგენების სახით ჩნდებიან. მეცნიერი ძილშიც მზად არის, მიიღოს ბუნების კვლევასთან დაკავშირებული ხატები, მეზღვაური ნაოსნობასთან დაკავშირებულ ხატებს ხედავს და ა.შ. სიზმრის შინაარსის განმსაზღვრელი მეორე ფაქტორი მოთხოვნილებაა. სიზმარში ხშირად ჩნდება ისეთი სურათები, რომლებიც ძილის მდგომარეობაში არსებულ ძლიერ მოთხოვნილებას გამოხატავს. მწყურვალს წყალი ესიზმრება, სქესობრივად აღტკინებულ ყმაწვილს - ქალის სხეული და სხვა.       ლუკრეციუსი უყურადღებოდ არ ტოვებს ტემპერამენტისა და ხასიათის საკითხსაც. ცხოველიც და ადამიანიც თავისებური მიდრეკილებებით იბადებიან: ზოგი ადვილად ღიზიანდება, ზოგი მშიშარაა, ზოგიც ზედმეტად მშვიდი ან აპათიური. ამგვარი ძლიერ მიდრეკილებათა აღმოფხვრა ადამიანის ბუნებიდან აღზრდას არ შეუძლია, მაგრამ ნაკლებად გამოხატულ ხასიათობრივ თავისებურებათა რეგულაცია, შესაფერისი ცხოვრების წესისადმი მიჩვევით, სავსებით შესაძლებელია.       ეპიკურეიზმის პარალელურად ათენში შეიქმნა ძლიერი ფილოსოფიური სკოლა სტოიციზმი. ეს სახელწოდება წარმოდგება სიტყვა „სტოა”-დან, რაც გადახურულ გალერეას, პორტიკს ნიშნავს. თავდაპირველად სწორედ აქ ქადაგებდა სკოლის დამაარსებელი ძენონი (336-264 ძვ.წ.). მის უშუალო მოწაფეთაგან ყველაზე ცნობილია ქრიზიპოსი (281/277-208/205 ძვ.წ). სტოიციზმმა მრავალი საუკუნე იარსება.       რომის იმპერიის ეპოქაში სტოელებიდან ყველაზე მეტად გაითქვეს სახელი სენეკამ (5-65 ჩვ.წ), ეპიქტეტემ (50-140 ჩვ.წ) და იმპერატორმა მარკუს ავრელიუსმა (121-180 ჩვ.წ       ეპიკურეიზმის მსგავსად, სტოიციზმის ფილოსოფია და ფსიქოლოგია მატერიალისტურია, მაგრამ არ არის ატომისტური. სული, ისევე როგორც სხეული, მატერიალურია. მისი საწყისია პნევმა. ეს არის სამყაროს აქტიური ელემენტების, ჰაერისა და ცეცხლის გარკვეული ერთიანობა („თბილი სუნთქვა”). ყოველივე მისგან წარმოიქმნება, მოძრაობს და ცოცხლობს. მთელი სამყარო ამ მაფორმირებელი ძალით არის გამსჭვალული. პნევმა სულია, ვინაიდან ის აქტივობის წყაროა. გამომდინარე იქიდან, რომ პნევმა ყველგან იმყოფება, მთელი სამყარო განსულიერებულია. ამდენად, სტოელების ნატურფილოსოფია ჰილოძოიზმის სახეს იღებს. როგორც უკვე ითქვა, ეს არის პანფსიქიზმის ძველბერძნული ნაირსახეობა, რომლის თანახმად სული ყოველივე არსებულში იმყოფება, მაგრამ სხვადასხვა ოდენობით. განსხვავებულია პნევმის თვისებრივი მახასიათებლებიც - რაც უფრო თხელი და წმინდაა ამა თუ იმ საგნის პნევმა, მით მეტია მისი „ტონუსი” და მით უფრო მეტადაა იგი ცოცხალი და სულიერი. ადამიანის სული ამ სუბსტანციის ყველაზე დახვეწილი ფორმაა.       სულის ბუნებაზე ასეთი ნატურფილოსოფიური და მეტაფიზიკური სპეკულაციების გარდა სტოელები საყურადღებო მოსაზრებებს გამოთქვამენ კონკრეტული ფსიქიკური მოვლენების შესახებ. განსაკუთრებული გულისყურით არის შესწავლილი ადამიანის ემოციური სფერო. მათი ეთიკურფსიქოლოგიური შეხედულების ცენტრალური პუნქტია გონებისა და გრძნობის დაპირისპირება და ემოციისთვის (აფექტისთვის) მკვეთრად უარყოფითი როლის მიწერა. ეპიკურელებისა არ იყოს, ფსიქოლოგიური პრობლემატიკის დიდ ნაწილს სტოელებიც მორალური ფილოსოფიის კუთხით განიხილავდნენ. ამ კონკურენტი სკოლების შეხედულებებში არის მსგავსებაც და განსხვავებაც. გარდა სულისადმი ერთნაირი მატერიალისტური მიდგომისა, მათ აერთიანებთ საერთო პრაქტიკული მიმართულობა იმაზე, რომ ადამიანი ბედნიერი გახადონ. მათი აზრით, ფილოსოფიის (რომელიც მაშინ ფსიქოლოგიასაც მოიცავდა) დანიშნულება სწორედ ესაა. პრაქტიკულმა ფილოსოფიამ უნდა უზრუნველყოს ადამიანის ოპტიმალური და მშვიდი განწყობილება. მაგრამ ეპიკურელებისთვის ნამდვილი ბედნიერება ნიშნავს გონებიდან მომდინარე მაღალი სულიერი განცდებით ტკბობას, ხოლო სტოელები ბედნიერებას გრძნობების სრულ აღკვეთასა და გონიერ ცხოვრებაში ხედავენ. ეპიკურელები ჰედონიზმს ქადაგებდნენ და ადამიანის ცხოვრების აზრს სიამოვნებაში ეძებდნენ. სტოელები ე.წ. რიგორიზმს (სიმკაცრეს) ემხრობოდნენ, ანუ მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის ბედნიერებაც და ზნეობაც ვალდებულებათა და მოვალეობათა შესატყვის ცხოვრების წესშია ჩადებული. ცხოვრების ასეთი წესის განხორციელების ძირითადი ფსიქიკური ინსტრუმენტი გონებაა, ხოლო მთავარი საფრთხე გრძნობებიდან (აფექტებიდან) მომდინარეობს.       ყოველი ცოცხალის პირველადი და ძირეული სწრაფვა თვითშენახვაში ვლინდება. ეს ბუნებასთან შეთანხმებულ არსებობას, მასთან მიზანშეწონილ ურთიერთობას გულისხმობს. ცხოველიც და ადამიანიც იმას ემორჩილება, რასაც ბუნების კანონები ჰკარნახობს. ეს კანონები ჩვენზე არაა დამოკიდებული, არამედ „მსოფლიო წესრიგის” გამოვლინებაა. საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობა (მათ შორის პოლიტიკური სისტემა) ამ მსოფლიო წესის შემადგენელი ნაწილია. მასაც თავისი კანონები აქვს. ისინი იმ ნორმებისა და წესების სისტემაშია ასახული, რომლებიც საზოგადოებაშია დამკვიდრებული. რა მიმართულებით უნდა იაროს ადამიანმა თავისი წუთისოფლის გზაზე, იმთავითვეა განსაზღვრული. მან ის როლი უნდა შეასრულოს, რომელიც ცხოვრების პიესაში მიაკუთვნეს. ადამიანი არც პიესას ირჩევს და არც როლს. მას მხოლოდ როლის კარგად ან ცუდად შესრულება შეუძლია, ვინაიდან ბუნების კანონებსა და თავის ბედისწერას ვერ შეცვლის; მათ წინაშე ადამიანი უძლურია, რაც აიძულებს მასზე დაკისრებული ტვირთი ზიდოს. მთავარი აქ ის არის, თუ როგორ გააკეთებს ამას. ძენონის თქმით, საცოდავი სანახავია ის ადამიანი, ვინც განუწყვეტლივ მოთქვამს, ვინაიდან არ ესმის თავისი მიზანი. სულ სხვაგვარად გამოიყურება ცხოვრების გზაზე ამაყად და ღირსეულად მიმავალი ადამიანი, რომელმაც იცის, საით მიდის. ბედს მიყავს ის, ვისაც ეს სურს და მიათრევს მას, ვისაც ეს არ სურს - ამბობდა სენეკა.       აქედან ჩანს, რომ სტოელების წინაშე მთელი სიმძაფრით დადგა ადამიანის თავისუფლების პრობლემა. ისინი აღიარებდნენ, რომ პიროვნება თავისუფალია და გულისხმობდნენ, რომ ის თავისუფალია შინაგნად, ანუ თავისუფალია მისი სული (ე.წ. შინაგანი თავისუფლება). ამავე დროს, ადამიანი არ არის თავისუფალი თავის ქმედებაში (ე.წ. გარეგანი თავისუფლება). როგორც ითქვა, იგი ვერ ირჩევს პიესას და როლს. მისი ნება ვრცელდება მხოლოდ იმაზე, თუ როგორ იქნება ეს როლი შესრულებული. სტოელები იმასაც ამტკიცებდნენ, რომ ბედისწერას შეუძლია ადამიანს წაართვას შესაძლებლობა იცხოვროს ისე, როგორც სურს, მაგრამ ვერ წაართმევს სიკვდილის უფლებას. ამაყ, დაუმორჩილებელ ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევანი: არ შეურიგდეს პირადი ღირსებისა ან თავისუფლების ბედისწერით განსაზღვრულ დაკარგვას და თავისი ნებით წავიდეს ცხოვრებიდან (სენეკა, მაგალითად, ასეც მოიქცა). ცხოვრებაში თავისი დანიშნულებისა თუ ხვედრის გაგება და ამის შესაბამისად მოქცევა ადამიანს თავისუფლების განცდას უჩენს, რაც, ფაქტობრივად, სხვა არაფერია, თუ არა შეცნობილი აუცილებლობა. თავისუფლების პრობლემის ასეთი ფორმულირება მხოლოდ სპინოზას შემდეგ გახდა პოპულარული სხვადასხვა ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ შეხედულებებში.       აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება, თუ რატომ მიეწერება ასეთი მნიშვნელობა იმას, რომ, ცხოველისაგან განსხვავებით, ადამიანი გონებით არის დაჯილდოებული. ცხოველი ინსტინქტურად მიჰყვება „ბუნების მიწერილობებს”, ხოლო ადამიანი მათ აცნობიერებს, გაიაზრებს და შეგნებულად აქცევს თავისი ცხოვრებისა თუ მოქმედების წესად. სტოელები ამტკიცებდნენ, რომ ვინც ხალისით ემორჩილება ბრძანებებს, თავიდან ირიდებს მონობის ყველაზე უსიამოვნო მხარეს - აკეთოს ის, რაც არ სურს. უბედური ის კი არ არის, ვინც სხვის ბრძანებას ასრულებს, არამედ ის, ვინც ამას თავისი ნების გარეშე, იძულებით ასრულებს. გამოსავალი ერთია - ვიყოთ შინაგნად მზად იმის გასაკეთებლად, რასაც გარემოებანი გვკარნახობს. ასეთი პოზიციის გამომუშავებას ორი რამ ესაჭიროება - საყოველთაო აუცილებლობის გაცნობიერება (საკუთარი თავისა და ბედისწერის რაციონალური შეფასება) და იმ წინააღმდეგობის დაძლევა, რომელსაც გრძნობები და სურვილები უქმნის მართებულ ქცევას. საბოლოო ჯამში, ადამიანი ორივე მათგანს პიროვნული წრთობით აღწევს.       პედაგოგიური დოქტრინა, რომელსაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ გვიანდელი სტოელები - სენეკა, მარკუს ავრელიუსი და სხვები, გულისხმობდა ბავშვებზე ადრეული ასაკიდან მიზანმიმართულ ზემოქმედებას მათში აქტიური ცხოვრებისეული პოზიციისა და გონების შესაძლებლობებში დარწმუნებულობის გამომუშავებისთვის. ადამიანმა ბავშვობიდანვე უნდა ირწმუნოს, რომ ყველაფრის გაგებისა და დაძლევის უნარი აქვს. პირველ რიგში ეს აფექტებზე ვრცელდება. სტოელების რწმენით, სწორედ აფექტები უქმნიან ყველაზე დიდ საფრთხეს იმას, რომ ადამიანმა გონივრულად იცხოვროს და თავისი ნებით მიიღოს ბედისწერის მიერ დადგენილი ცხოვრების წესები.       სტოელები აფექტების ოთხ ნაირსახეობას გამოყოფენ. მათი დაჯგუფება დროის პრინციპის შესაბამისად ხდება: მწუხარება (დარდი) და ზღვარგადასული სიამოვნება აწმყოს უკავშირდება, ძლიერი სურვილი და შიში კი - მომავალს. პირველადი და ძირითადია სურვილისა და შიშის აფექტები, ხოლო მწუხარება და სიამოვნება მეორადია და მათგან გამომდინარეობს. სიამოვნება მაშინ ჩნდება, როცა ვისრულებთ სურვილს ან თავიდან ვიცილებთ იმას, რაც არ გვსურდა (ეს საკმაოდ წააგავს იმას, რასაც სიამოვნების - გენეზისზე ამბობდნენ ეპიკურელები). მწუხარების აფექტიც იმის შედეგად წარმოქმნება, რომ ვერ მივაღწიეთ სასურველს ან შეგვემთხვა ის, რისიც გვეშინოდა.       განმარტების თანახმად, აფექტი არის გონების მიერ დადგენილი საზღვრის გადალახვის შედეგად წარმოქმნილი უზომოდ მხურვალე, ძლიერი სულიერი მიდრეკილება, მიზიდულობა. მარკუს ავრელიუსი აფექტს იმ სიტუაციას ადარებს, როცა ადამიანი რაიმე მიზნისკენ მირბის, მაგრამ მისი მიღწევის შემდეგაც თავს ვერ იკავებს და სირბილს განაგრძობს. აფექტი, თავისთავად, უმართავი სტიქიაა. მაგრამ მას შეიძლება გონების ძალა დავუპირისპიროთ, რომელიც აფექტს ან სულ აღკვეთს, ან საგრძნობლად შეზღუდავს მის დამანგრეველ მოქმედებას.       გონებისა და აფექტის ურთიერთმიმართება რთული და ორმხრივი ხასიათისაა. სტოელებისთვის აფექტი არასწორი მსჯელობის საფუძველია. ამავე დროს, აფექტი მხოლოდ აზროვნების დამახინჯების მიზეზი არ არის; თვითონ არასწორი მსჯელობაც, ანუ „გონების შეცდომაც”, შეიძლება აფექტად ჩაითვალოს (ქრიზიპოსი). ეს ლოგიკურად მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მსჯელობის გამოსწორებით აფექტიც მოიხსნება. ე.ი., არსებითად, გონებასთან აფექტის კავშირი მისი რაციონალური მართვის საშუალებას იძლევა. თუ გონება ძლიერია, ის ზღუდავს ან აფერხებს მისწრაფების გადაზრდას აფექტში. პირიქით, სუსტი, ცრურწმენებით დაბინდული გონება სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევს აფექტის განვითარებას.       აფექტის განვითარებაში სამი სტადია გამოიყოფა. თავდაპირველად, გარეგანი გამღიზიანებლის ზემოქმედების შედეგად, ორგანიზმში გარკვეული ფიზიოლოგიური პროცესები იწყება. სტოელებს კარგად ჰქონდათ შესწავლილი ემოციები, კერძოდ აფექტები და ნათლად ხედავდნენ, რომ გამომხატველი მოძრაობებისა თუ შინაგანი ორგანული ცვლილებების გარეშე აფექტი არ არსებობს. ეს ცვლილებები ავტომატურად, უნებლიეთ წარმოიქმნება. შემდეგ სტადიაზე ასევე უნებლიეთ ჩნდება აფექტის ფსიქიკური კომპონენტი. ეს კომპონენტი თავის თავში აერთიანებს აზრს (წარმოდგენას) იმის შესახებ, რომ მოხდა რაღაც მნიშვნელოვანი და, ასევე, მომხდარზე გარკვეული რეაგირების სურვილს, ტენდენციას. აფექტის განვითარების მესამე, ნებელობითი სტადია მაშინ დგება, როცა მის მსვლელობაში გონება ჩაერთვება. ამ დროს სულის რაციონალური მხარე ემოციურს უპირისპირდება და ადამიანი ღებულობს ზომებს აფექტის აღსაკვეთად ან, თუნდაც, მის შესარბილებლად.       სტოელებმა შეიმუშავეს აფექტებთან ბრძოლის მეთოდები. ისინი მოიცავს აფექტების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებათა და ღონისძიებათა ერთობლიობას. მაგალითად, რეკომენდებულია მაქსიმალურად შეიზღუდოს აფექტის გარეგანი (სამოძრაო ან სხეულებრივი) გამოვლინება. ეს ბევრად აადვილებს მის მოთოკვას; სასურველია, არ დავამძიმოთ აფექტი ჩვენი ფანტაზიით; გამოვიყენოთ ჩვენი გამოცდილება და აღვადგინოთ მეხსიერებაში აფექტის საწინააღმდეგო ქმედების სურათები (მაგ., შიშის დროს გავიხსენოთ თავშეკავებისა და სიმამაცის გამოვლენის ფაქტები); გავაანალიზოთ აფექტური მოქმედების სავალალო შედეგები; სასურველია, შეძლებისდაგვარად გავახანგრძლიოთ აფექტის მოქმედებაში გადასვლის დრო (მაგ., დავითვალოთ ათამდე) და სხვა. ერთი სიტყვით, სტოელებმა გამოიმუშავეს თვითრეგულაციის საკმაოდ ეფექტური სისტემა, რომლის გამოყენებაზე არც თანამედროვე ფსიქოლოგია ამბობს უარს.       ეს სისტემა სტოიციზმის მიერ შემუშავებული აღზრდის დოქტრინის ნაწილია. ბავშვს თავიდანვე უნდა ვასწავლოთ გონების ძალით აფექტის შეზღუდვა, ვინაიდან ცხადია, რომ უფრო ადვილია აფექტის პრევენცია, ვიდრე ძალაში შესულ აფექტთან გამკლავება. სტოელებმა შექმნეს ბრძენი ადამიანის იდეალი, რომელიც აფექტებისაგან სრულად თავისუფალია, რადგან ბუნებასთან შესაბამისობაში ცხოვრობს, კმაყოფილია თავისი ბედით, ზრუნავს თავისი დანიშნულების რეალიზაციაზე და აღჭურვილია ნებელობით („გონიერი აგზნებით”), რომელიც შეუსაბამო სურვილებს უპირისპირდება. ბრძენი თავისუფალია ვნებებისაგან, მშვიდია და თავშეკავებული. მარკუს ავრელიუსი ამას უწოდებდა „აუმღვრეველი”.       აფექტების მოქმედების დესტრუქციულ მხარეს სხვა ფილოსოფოსებიც კარგად ხედავდნენ. არისტოტელეს მიმდევრები და ინტერპრეტატორები, ე.წ. პერიპატეტიკოსები მოითხოვდნენ აფექტების შერბილებას და გრძნობების ზომიერებას (ე.წ. „მეტროპათია”). ეპიკურელების „ატარაქსიაც” ხომ უშფოთველობას ნიშნავს. სტოელები ამით არ კმაყოფილდებიან. მათ ეთიკურფსიქოლოგიურ მოძღვრებაში შემოდის აპათიის ცნება, რაც გულგრილობას, სრულ სიმშვიდეს გულისხმობს. აქ ნათლად იკვეთება აღმოსავლური რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემების, სახელდობრ, ბუდიზმის გავლენა. გავიხსენოთ ბუდიზმის მოძღვრება ნირვანაზე - ადამიანის უმაღლეს სულიერ მდგომარეობაზე, რომელიც ხასიათდება სრული სიმშვიდით, თვითმკმარობითა და განდგომით. ეს უკანასკნელი მახასიათებელი ნაკლებ ესადაგება სტოელების მოძღვრების სულისკვეთებას, ვინაიდან, იმავე ეპიკურელებისაგან განსხვავებით, ისინი მიმდევრებს აქტიური სასიცოცხლო პოზიციისკენ მოუწოდებდნენ.       ძნელი შესამჩნევი არ უნდა იყოს, რომ სტოელების ეთიკურ-ფსიქოლოგიური სწავლების ზოგადი მიმართულება, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ფსიქოთერაპიულია. ეპიკურელების მსგავსად, სტოელებიც ცდილობენ, დაძლიონ ან შეარბილონ კონკრეტული ადამიანის რეალური ფსიქოლოგიური სირთულეები, ასწავლონ მას „სწორი” ცხოვრება და მიიყვანონ ისეთ სულიერ მდგომარეობამდე, როცა თავს ბედნიერად იგრძნობს. ეპიკურელებისა და სტოელების გავლენით, ანტიკური ფილოსოფოსები სულ უფრო ემსგავსებოდნენ სულის მკურნალებს, ე.ი. ნაწილობრივ მაინც ასრულებდნენ იმ ფუნქციას, რომელიც შემდგომში, ქრისტიანულ ეპოქაში, მთლიანად სასულიერო პირების პრეროგატივა გახდა.       თეორიულ ჭრილში სტოიციზმმა ვერ შეძლო ბუნებრივი კანონზომიერებისა და მორალური თავისუფლების მიმართების პრობლემის გადაჭრა (თუმცა, ეს ვერც შემდგომდროინდელმა მეცნიერებამ შეძლო). ადრინდელი სტოიციზმი საბოლოოდ აშკარად გამოხატულ ფატალიზმამდე მივიდა. მაგრამ გვიანდელმა სტოიციზმმა, თავისი ზნეობრივი დარიგებებითა და - ცხოვრებისეული წესების ფორმულირებით, თეორიული პრობლემა პრაქტიკულ ჭრილში გადაიყვანა. ცნობილი კანადელი ფსიქოლოგიის ისტორიკოსის, გ. ბრეტის ზუსტი შეფასებით, სტოელები თავისუფლების შესაძლებლობის ახსნაში დამარცხდნენ, მაგრამ თავისუფლად ყოფნის თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებულნი აღმოჩნდნენ.       სტოელების მიხედვით, ემოციებს გონება მართავს. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ სტოიციზმის პოზიცია მკვეთრად რაციონალისტურია. გონება წამყვან როლს ასრულებს მთელ ფსიქიკურ ცხოვრებაში და, კერძოდ, ადამიანის კოგნიტურ აქტივობაში. შემეცნება, ზოგადად, მოიცავს შეგრძნებას, მეხსიერებას, წარმოსახვას და აზროვნებას. თავად აზროვნებას ორი ფორმა აქვს - შინაგანი და გარეგანი. ეს უკანასკნელი მეტყველების პროცესთან არის გაიგივებული. ზოგადად კი აზროვნება შემეცნების მთელ პროცესს გამსჭვალავს და ყველა ფუნქციის მუშაობაში მონაწილეობს. აზროვნების გარეშე შეგრძნებაც არ იქნებოდა ადეკვატური და ყველასთვის თვალსაჩინო. ნამდვილი ცოდნა მხოლოდ აზროვნებას მოაქვს და შეგრძნებაც მისი წყალობით არის უტყუარი. ეპიკურელების სენსუალიზმი გულისხმობს, რომ შეგრძნება სინამდვილის უტყუარ სურათს იძლევა და, ამდენად, ჭეშმარიტების კრიტერიუმად გვევლინება. სტოელების რაციონალიზმის თანახმად კი თვით შეგრძნებათა უტყუარობას ან მცდარობას მათში აზროვნების ჩართულობის დონე განაპირობებს. იგივე ხდება მეხსიერებისა და წარმოსახვის შემთხვევაში, ანუ შემეცნების პროცესის ყველა საფეხურზე. ამგვარი პოზიცია ეხმიანება თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგიის მიდგომას, რომლის მიხედვით შემეცნების ფსიქოლოგიური პროცესი სხვადასხვა დონის კოგნიტურ სტრუქტურებში ინფორმაციის გადამუშავების სახით არის წარმოდგენილი. დღეს უკვე საკმაოდ დიდი ცოდნა დაგროვდა იმის შესახებ, თუ რა ხდება სინამდვილეში კოგნიტური ფუნქციონირების სხვადასხვა დონეზე და როგორია ეს პროცესი მთლიანობაში. სტოელების გულუბრყვილო და ინტუიციურ მიხვედრებთან შედარებით ეს, რა თქმა უნდა, ცა და დედამიწაა, მაგრამ, თუ კარგად ჩავუკვირდებით, დავინახავთ, რომ სწორედ სტოელებმა მოგვცეს შემეცნების ფსიქოლოგიური პროცესის ერთიანი სურათი და გამოყვეს მისი საფეხურები. გარკვეული აზრით, ისინი დღევანდელი კოგნიტური ფსიქოლოგიის შორეულ წინაპრებადაც შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა, რაიმე სახის პირდაპირ მემკვიდრეობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.       პლოტინი (204/5-270) დაიბადა ეგვიპტეში, სწავლობდა მეცნიერების იმდროინდელ ცენტრში, ალექსანდრიაში, და მოღვაწეობდა ძირითადად რომში, სადაც გარდაიცვალა. მისი მოძღვრება წინაქრისტიანული პერიოდის ფსიქოლოგიის განვითარების ბოლო წერტილია. მან ბევრი რამ აიღო პლატონიდან და თავის სწავლებას ნეოპლატონიზმი უწოდა. პლატონზე არანაკლებ, მის ნააზრევში არისტოტელეს და სტოიციზმის გავლენაც იგრძნობა. ეს ძირითადად პლოტინის ემპირიულ ფსიქოლოგიას ეხება, მაგრამ თავისი სულისკვეთებით პლოტინის მთელი ფსიქოლოგიური სისტემა უდავოდ მეტაფიზიკურია და, არსებითად, პლატონის მეტაფიზიკის განვითარებაა. პლოტინთან მთავარია მსოფლიო გონი, როგორც ყველაფრის საწყისი. ამ ცნებასთან მიმართებაში ხდება სულის ღვთაებრიობისა და უკვდავების დასაბუთება. ემპირიული ფსიქოლოგიაც, ფაქტობრივად, ამას ემსახურება.       ნამდვილი არსებობა ახასიათებს მსოფლიო გონს (იმავე სულიერ სუბსტანციას). მასში მოცემულია ჭეშმარიტი ცოდნა, რომელსაც ის ასხივებს, როგორც მზე სინათლეს. ის მოთავსებულია სამყაროს ცენტრში, სამყარო კი, რამდენიმე ფენის სახით, გარშემო ერტყმის მას. ეს ფენები ხილული სინამდვილის იერარქიას ქმნის და, არსებითად, ამ ცენტრალური და უმაღლესი რეალობის გამოვლინებას, გამოსხივებას, ჩამოდინებას ან, პლოტინის ტერმინებში ემანაციას, წარმოადგენს. რაც უფრო ახლოა მსოფლიო გონის აბსოლუტურ სრულყოფილებასთან სინამდვილის ესა თუ ის საფეხური, რეალობისა და არსებობის მით უფრო მაღალ ფენას (დონეს) მიეკუთვნება იგი. ინდივიდუალურ სულს (ე.ი. ემპირიული ფსიქოლოგიის შესასწავლ საგანს) ემანაციაში შუა პოზიცია უკავია. ხოლო ემანაციის ყველაზე ქვედა საფეხურს მატერიალური სხეულები, ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება ქმნის.       პლოტინის ემანაციის თეორია პლატონის იდეების თეორიის შემდგომ დამუშავებად და კონკრეტიზაციად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ მათი კვლევის ამოსავალი წერტილი განსხვავებულია. პლატონი თავის კვლევა-ძიებას იწყებს გრძნობადი აღქმის მონაცემების ანალიზით, ადგენს მათ არასანდოობას და ეძიებს ცოდნის უფრო სრულყოფილ (ზოგად და ჭეშმარიტ) ფორმას, რასაც იდეაში (იდეების სამყაროში) პოულობს; გრძნობადი მონაცემები იდეების („ეიდოსების”) ასლებია. პლოტინი იწყებს არა კონკრეტული მოვლენებიდან, არამედ ზოგადი და სრულყოფილი ფორმიდან, რომელსაც წარმოგვიდგენს ზებუნებრივი, მისტიკური, ყოვლადერთიანი და ერთადერთი ჭეშმარიტი ყოფიერების სახით. მთელი ხილული და რეალური სამყარო, მათ შორის სულიერი, მისი ემანაციაა. სულიერი მოვლენები მსოფლიო გონიდან არის ნაწარმოები. მით უფრო ეს ითქმის ცოცხალი სხეულისა და, საზოგადოდ, საგნობრივი სამყაროს მიმართ.       პლოტინის ფსიქოლოგიაში დიდი ადგილი ეთმობა სულის აბსოლუტური არამატერიალურობისა და სხეულისაგან პრინციპული განსხვავებულობის თეზისის დასაბუთებას. ავტორს მრავალი არგუმენტი მოაქვს სულის მატერიალისტური (ნატურფილოსოფიური თუ ატომისტური) თეორიების საწინააღმდეგოდ. საბოლოო ანგარიშით, პლოტინს სულის სუბსტანციონალობის დამტკიცება სურს. ამიტომ იგი უარყოფს ყველა შეხედულებას, რომელიც სულის სხეულისაგან დამოუკიდებლობის იდეას ეწინააღმდეგება. თუ სული არამატერიალური სუბსტანციაა, მას არ ექნება მატერიალურის ძირითადი ნიშანი - სივრცულობა. სივრცულობის გამო ყველა სხეული დანაწევრებადია, ხოლო სული განუყოფელი მთლიანობაა. სული სხეულის ყველა ნაწილში იმყოფება და, ამავე დროს, მთლიანობაა.       პლოტინი იმ თვალსაზრისსაც უარყოფს, რომლის მიხედვით სული მატერია არ არის, მაგრამ გაგებულია როგორც სხეულის ენტელექია, მისი ფორმა, რაც მათ განუყრელ კავშირს გულისმობს (არისტოტელე და მისი მიმდევრები). სული რომ სხეულის ენტელექია ყოფილიყო, ის მუდამ მასთან იქნებოდა. არადა პლოტინის მიხედვით სული სიცოცხლეშივე ხშირად შორდება სხეულს და შემდეგ კვლავ უბრუნდება (მაგ., ძილის დროს). სხეული ამ დროს ცოცხალი რჩება, თუმცა თავის ენტელექიას (სულს) მოკლებული სხეული ცოცხალი ვერ იქნება. გარდა ამისა, სული რომ სხეულის ფორმა იყოს, მათ შორის სრული ჰარმონია უნდა სუფევდეს, რაც ასევე არ შეესაბამება რეალობას. სხეულს მრავლად აქვს ისეთი მიდრეკილებები, რომლებსაც სული ებრძვის, სულს კი ისეთი მისწრაფება, რომელიც სხეულის მოთხოვნილებებს ეწინააღმდეგება.       სხეული არ არის სუბსტანცია, ვინაიდან ის იქმნება და ცვალებადობს. ხოლო სული ნამდვილი სუბსტანციაა, ის ყოველგვარი მოძრაობის დასაბამია, სხვას ამოძრავებს, სიცოცხლეს ანიჭებს, თავად კი არც მოძრაობს და არც სიცოცხლეს იძენს საიდანმე. მას სხვა არ სჭირდება და თავის თავში შეიცავს ყოველგვარ არსებობას. ცხოველებისა და ადამიანის სულები მისგან არის ნაწარმოები. კონკრეტული ინდივიდუალური სული, თავის მხრივ, სხეულს უკავშირდება და სიცოცხლეს შთაბერავს. სხეულსა და სულს შორის ისეთივე მიმართებაა, როგორიცაა მუსიკოსს (დამკვრელს) და ქნარს (ინსტრუმენტს) - შორის, ანუ სხეული სულის ორგანოა, იარაღია. სული თავის დანიშნულებას სხეულის მეშვეობით ასრულებს. ამასთან, ის შეიძლება კიდეც დასცილდეს სხეულს, თუ აღმოჩნდება, რომ ეს უკანასკნელი სათანადოდ ვეღარ მუშაობს. როგორც მუსიკოსი მოიშორებს უვარგის ინსტრუმენტს, სულიც შეარჩევს თავისთვის ახალ ორგანოს. აქედან მომდინარეობს სულის გადასახლების იდეა, რომლის რეალობაში პლოტინს ეჭვი არ ეპარება. ცხადია ეს აზრი ინდური რეინკარნაციის გავლენით ჩამოყალიბდა (პლოტინს უმოგზაურია ინდოეთში და ამიტომ მის ნააზრევში საკმაოდაა აღმოსავლური გავლენა).       ინდივიდუალური სულის აქტივობა მიმართულია ან ზემოთ, მსოფლიო გონისკენ, ან ქვემოთ, გრძნობადი მატერიალური სინამდვილისკენ, ან თავის თავზე, საკუთარ მოქმედებაზე, რომელიც გარედან უხილავია. იგი აკვირდება თავის მუშაობას და ფსიქიკური ცხოვრების ერთგვარ „სარკედ” იქცევა. სულის აქტივობის ეს ვექტორი პლატონთან არ გვხვდება და პლოტინის უმნიშვნელოვანეს ორიგინალურ მიგნებად უნდა შეფასდეს.       სულის აქტივობის აღნიშნული სამი მიმართულება განსხვავებული ცოდნის წყაროდ გვევლინება. სხეულზე მიმართული სული მის შესახებ ცნობებს იძლევა; ამავე გზით ხდება ბუნების მოვლენების, გარესამყაროს შემეცნება. განსაკუთრებულ როლს ამ მხრივ შეგრძნება, გრძნობადი აღქმა თამაშობს. მისი საშუალებით ჩვენ ვიძენთ ახალ ცოდნა-გამოცდილებას. როდესაც ინდივიდუალური სული მიიმართება მსოფლიო გონისკენ, ამ უკანასკნელში მოცემული ცოდნა მასში გადადის. ფსიქოლოგიის ზოგიერთი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ ცოდნის მიღების ეს გზა ჰქონდა მხედველობაში პლატონსაც. მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რას გულისხმობს პლატონის ანამნეზისის თეორია, დავინახავთ რომ ასეთი პარალელის გავლება არ უნდა იყოს მართებული. პლატონს მიაჩნდა, რომ ინდივიდუალური სული იმთავითვეა იდეების სამყაროში მიღებული ჭეშმარიტი ცოდნის მატარებელი. ამიტომ პლატონთან ჭეშმარიტების შემეცნება სუბიექტის მიერ მხოლოდ ამ დავიწყებული ცოდნის განახლებაა (ანამნეზისი). ხოლო პლოტინის მიხედვით, ცოდნის მიღების ყველა გზა მართლაც ახალი ცოდნის მოპოვებაა ინდივიდუალური სულის მიერ, რომელსაც მანამდე ეს ცოდნა არ გააჩნდა. იგივე ვითარებაა ინდივიდუალური სულის მსოფლიო გონთან ურთიერთობისას.       პლოტინი საგანგებოდ ამახვილებს ყურადღებას ამ პროცესის თავისებურებაზე და ხაზს უსვამს აღნიშნული ურთიერთობის უშუალო ხასიათს, რასაც განაპირობებს სულის განსაკუთრებული მდგომარეობა, ე.წ. ექსტაზი. ექსტაზში მყოფი სული განიცდის მსოფლიო გონთან ერთიანობას, მას ერწყმის და იქ არსებულ ჭეშმარიტ და უმაღლეს ცოდნას სწვდება. ამ მეტაფიზიკურ ბურანში ძნელია, ნათლად გაიგო კაცმა, თუ რა რეალური ფსიქიკური პროცესი იმალება გონისა და სულის აღნიშნული ურთიერთობის მიღმა. სამწუხაროდ, ეს განმარტებული არ არის, მაგრამ საფიქრებელია, რომ აქ საქმე მოგონებასთან არ უნდა გვქონდეს. ეს დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ პლოტინის მოსაზრებებიდან მეხსიერების შესახებ. მისი ბუნება საკმაოდ თავისებურად და არც თუ დამაჯერებლად არის გახსნილი. მართლაც, პლოტინი კატეგორიულად ილაშქრებს ანტიკურ ფსიქოლოგიაში გავრცელებული კვალის თეორიის წინააღმდეგ. მის თანახმად, მეხსიერება შთაბეჭდილების ანაბეჭდის შემონახვაში მდგომარეობს. მოგონება ვერ იქნება ამ კვალის აღდგენა, რადგან კვალი სულში არც არსებობს. თუ აღნიშნული მოსაზრება მართებულია, ანაბეჭდებისა და, შესაბამისად, მოგონებების რაოდენობა სუბიექტის გამოცდილების პროპორციული უნდა იყოს. მაგრამ ეს ასე არ არის. უეჭველი ფაქტია, მაგალითად, რომ ახალგაზრდებს უფრო მეტი მოგონება აქვთ, ვიდრე მოხუცებს. გარდა ამისა, თუ მოგონება კვალის აღდგენაა, გაუგებარი რჩება ის ძალისხმევა, რომელიც შთაბეჭდილების რეპროდუქციას ახლავს, ვინაიდან, კვალი რომ არსებობდეს, ის მუდამ აქტუალური და, მაშასადამე, ჩვენთვის ცნობილი უნდა იყოს. სხვათა შორის, ამ შემთხვევაში დავიწყება სულ არ უნდა ხდებოდეს. გაუგებარი იქნება გამეორებათა საჭიროებაც, რადგან სრულყოფილ კვალს ცვილზე ბეჭდის ერთჯერადი დაჭერაც იძლევა. საბოლოოდ, პლოტინი ასეთ ზოგად ფორმულირებას გვთავაზობს: კვალის თეორია არასწორია, ვინაიდან ის ყურადღების მიღმა ტოვებს სულის აქტიურ ბუნებას და მას შთაბეჭდილებების პასიური მიმღების როლს აკუთვნებს.       ბუნებრივად იბადება კითხვა: თუ შთაბეჭდილება კვალს არ ტოვებს, რა ინახება და რისი აღდგენა ხდება მეხსიერებაში? ნათელ პასუხს ამაზე პლოტინი ვერ იძლევა. იგი მსჯელობს სულის აქტიურობაზე და მის უნარზე, სურვილისამებრ დააყენოს თავისი მზერის წინაშე ის, რასთანაც მას ოდესღაც ჰქონია საქმე. ინტერპრეტატორების თქმით, პლოტინი მეხსიერების ინტელექტუალიზაციას ახდენს - ყოველი მოგონება ამ მოგონების შესახებ აზრს ნიშნავს ან შეიცავს. ეს შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ იმისთვის, რომ შთაბეჭდილებაზე აზრი გქონდეს, ის უნდა არსებობდეს, ხოლო თუ მას სულში კვალი არ დაუტოვებია, ვერც გაიმეორებ (ე.ი. მნემურ აქტივობას ვერ განახორციელებ) და ვერც გაიაზრებ.       ასეა თუ ისე, პლოტინის ემპირიული ფსიქოლოგიის ეს სირთულე იმას ადასტურებს, რომ მსოფლიო გონიდან ცოდნის მიღება ინდივიდუალურ სულში მისი ანაბეჭდის აღდგენის სახით ვერ განხორციელდება. ექსტაზი არ არის ანამნეზისი, თუმცა თვით ექსტაზის, როგორც შემეცნებაში ჩართული ფსიქიკური მდგომარეობის, ბუნებაც გაუხსნელი რჩება. თანამედროვე ფსიქოლოგიას შეუძლია თქვას, რომ პლოტინს მხედველობაში აქვს ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, რომელიც აღწერილია მრავალ დასავლურ და, განსაკუთრებით, აღმოსავლურ ფილოსოფიურ-რელიგიურ სწავლებაში. ეს არის მდგომარეობა, როცა ინდივიდუალური ცნობიერება აბსოლუტთან ერთიანდება და ნამდვილ ცოდნას სწვდება. დღეს ასეთი მდგომარეობების ინტენსიური კვლევა მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ-ჯერობით მეცნიერებისთვის უცნობი რჩება სულის ექსტაზურ (ან მის მონათესავე) მდგომარეობაში მოპოვებული ჭეშმარიტი ცოდნის შინაარსიც (თუ ასეთი რამ საერთოდ არსებობს) და მისი მიღების მექანიზმიც.       სამაგიეროდ, ცოდნის მოპოვების მესამე გზა, რომელზეც პლოტინმა მიუთითა, ფსიქოლოგიური მეცნიერებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და პროდუქტიული აღმოჩნდა. როგორც ითქვა, ამ შემთხვევაში ადამიანის სული თავის თავზეა მიმართული და ამგვარად იღებს ცოდნას საკუთარი ფსიქიკური ცხოვრების შესახებ. გამოცდილების მიღების ეს გზა შესაძლებლობას იძლევა, დავაკვირდეთ შინაგან სამყაროს და შევიქმნათ გარკვეული აზრი საკუთარ თავზე. მრავალი საუკუნის შემდეგ, ადამიანის უნარს აღიქვას, წარმოიდგინოს, გაიაზროს, იგრძნოს, ისურვოს და ამავე დროს იცოდეს ამ განცდების არსებობისა და რაგვარობის შესახებ, რეფლექსია ეწოდა. რეფლექსია, როგორც „თვითცნობიერების მექანიზმი”, ემპირიული ფსიქოლოგიის საფუძველია და მისი კვლევის ძირითადი მეთოდის - თვითდაკვირვების პირობაც (იხ. თავი 4). შემეცნების ამ მესამე გზის ჩვენებით, რომელსაც თვითცნობიერებამდე, სუბიექტური სამყაროს შესახებ ცოდნის სისტემის შექმნამდე მივყავართ, პლოტინმა შემოიტანა ფუნდამენტური მნიშვნელობის იდეა, რომლის გარეშე ფსიქოლოგიის შემდგომი განვითარება წარმოუდგენელი იქნებოდა. ამის გამო ფსიქოლოგიის ვერც ერთი ისტორიკოსი გვერდს ვერ აუვლის პლოტინის შემოქმედებას.       როგორც დასაწყისში აღინიშნა, პლოტინის ფსიქოლოგია ძირითადად მეტაფიზიკურია. მიუხედავად იმისა, რომ თვითცნობიერებაზე მითითებით მან, მეტ-ნაკლებად მაინც, გზა გაუხსნა ემპირიულ ფსიქოლოგიას, მისი დაკვირვებები და მსჯელობები რეალური ფსიქიკური მოვლენების შესახებ სისრულით და ხარისხით საგრძნობლად ჩამოუვარდება არისტოტელეს ნააზრევს. ამის მაგალითად მეხსიერების ზემოთ მოყვანილი დახასიათებაც კმარა. მეხსიერება, წარმოსახვასა და აზროვნებასთან ერთად, ე.წ. მაღალი სულიერი პროცესების ჯგუფში შედის. დაბალ ფსიქიკურ მოვლენებს მიეკუთვნება ხორციელი გრძნობები, სურვილები, მისწრაფებები და გარე გრძნობები. ეს უკანასკნელი იგივე შეგრძნებებია და თუმცა ისინი დაბალ პროცესებად განიხილება, მათი სტატუსი ამ მხრივ ბოლომდე არ არის გარკვეული. ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ პლოტინის მიერ დაბალი და მაღალი პროცესების განსხვავებისთვის შემოღებული კრიტერიუმები ფსიქიკური პროცესების გამიჯვნის საშუალებას არ იძლევა. „მაღლებად” მიჩნეულია ისეთი ფუნქციები, რომლებიც მხოლოდ ადამიანს ახასიათებს და ცხოველებს არ გააჩნიათ. შემდეგი ნიშანია ამ ფუნქციების სხეულისაგან დამოუკიდებლობა. თუ კონკრეტული სულიერი მოვლენა სხეულის რაიმე ორგანოს ჩართულობას გულისხმობს, ის უკვე დაბალ ფსიქიკურ პროცესად ითვლება. თუ ამ კრიტერიუმების მიხედვით ვიმსჯელებთ, შეგრძნება მართლაც დაბალ ფსიქიკურ ფუნქციად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან ის ცხოველსაც აქვს და მისი აღმოცენებისთვის აუცილებელია გრძნობის ორგანო. მიუხედავად ამისა, შეგრძნებას, გარკვეული აზრით, ორმაგი ბუნება აქვს. მართალია, ის გრძნობის ორგანოზეა დამოკიდებული, მაგრამ, მეორე მხრივ, შემეცნებასაც ემსახურება, კოგნიტური ფსიქიკური პროცესია; შემეცნებითი სულიერი მოვლენები კი მაღალ განცდებს მიეკუთვნება, ვინაიდან ინდივიდუალური სულის მთავარი და განსაკუთრებული ფუნქცია კოგნიტური ხასიათისაა. ეს ფუნქციაა შემეცნების სამივე სახის უზრუნველყოფა. მისი საშუალებით ადამიანი ცოდნას იძენს ბუნებიდან, მსოფლიო გონიდან და საკუთარი თავიდან. შეგრძნება ჩართულია ამ პროცესში, ყოველ შემთხვევაში, ბუნების მოვლენების შემეცნებისას მაინც. მოკლედ, შეგრძნების (ანუ გარეგანი გრძნობის) სტატუსი ბოლომდე ნათელი არ არის - ის, ერთდროულად, დაბალი ფუნქციაც არის და მაღალიც.       შეგრძნების აღმოცენების ზოგადი სქემა ასეთია: გარე ობიექტი ზემოქმედებს გრძნობის ორგანოზე; აქ აღმოცენებული შთაბეჭდილება გადაეცემა სულს, რომელიც გრძნობის ორგანოს მონაცემების გათვალისწინებით ქმნის ობიექტის თვისებებს, მის ტექსტურას - ფერს, სუნს, გემოს, ტემპერატურას, სიმკვრივეს და ა.შ. ფაქტობრივად, სუბიექტის მიერ შეიგრძნობა (აღიქმება) არა თვით ობიექტი, არამედ მისი ფსიქიკური რეპრეზენტაცია. აღქმა გარე რეალობის ფსიქიკური ასახვა კი არ არის, არამედ აქტიური სულის მიერ წარმოებული განცდაა. ფსიქოლოგიის ცნობილი მეთოდოლოგისა და ისტორიკოსის, ნოელ სმიტის შეფასებით, აღქმის ასეთ დახასიათებას თანამედროვე ფსიქოლოგიაში დამცველებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც.       კოგნიტურ აქტივობაში შეგრძნების შემდგომ საფეხურს წარმოდგენა (ფანტაზია) ქმნის. რაკი შემეცნება ადამიანური სულის გამორჩეული თვისებაა, წარმოდგენა თითქოს ცალსახად მაღალ ფუნქციად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ, შეგრძნების მსგავსად, აქაც გაორებული და ერთგვარად წინააღმდეგობრივი მდგომარეობა იკვეთება. პლოტინი ორი სახის წარმოდგენას გამოყოფს. ერთი რაიმე საგნის ან ვითარების თვალსაჩინო სურათს იძლევა, გრძნობის ორგანოზე მისი ზემოქმედების გარეშე და, გარკვეული აზრით, ინსტინქტს უახლოვდება. ასეთი წარმოდგენა ცხოველის მიზანშეწონილი ქცევის შესრულებაშიც მონაწილეობს. თუ ეს მართლაც ასეა, იგი დაბალი რიგის განცდა ყოფილა. მაგრამ არსებობს სხვაგვარი წარმოდგენაც, რომელშიც თვალსაჩინო ხატის გარდა, მოცემულია მეტ-ნაკლები დარწმუნებლობა. ამით ის უახლოვდება აზროვნებას, დასკვნას, ოღონდ, ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით, წარმოდგენის დარწმუნებულობა დასაბუთებული არ არის, ის, ასე ვთქვათ, უშუალო ხასიათისაა. ასეთი წარმოდგენა ინტელექტუალური განჭვრეტის უნარს იძენს და, მაშასადამე, მაღალ ფსიქიკურ პროცესად გვევლინება.       ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენითი ჭვრეტა შეიძლება ყველა მხარეს იყოს მიმართული. იგი გრძნობადი აღქმის სურათს იმეორებს და, ამდენად, გარე სამყაროს წარმოგვიდგენს. ამავე დროს, ის გვაწვდის ცნობებს თვით ჩვენი სულიერი აქტივობის მიმდინარეობის თაობაზე. მათი გაცნობიერება საფუძველს უქმნის შინაგანი სამყაროს შესახებ ჩვენს ცოდნას. ამრიგად, ადამიანის ფსიქიკურ პროცესებს ახლავს შინაგანი წარმოდგენა და მისი გაცნობიერების უნარი. პლოტინი სავსებით მართებულად აღნიშნავს, რომ ამ უნარს ბავშვობიდანვე სჭირდება განვითარება.       შემეცნებითი ფსიქიკური აქტივობის ბოლო პუნქტი საკუთრივ აზროვნებაა. აზროვნების პროცესუალური მხარე რაიმეს დასაბუთებას გულისხმობს, მაგრამ თავის უმაღლეს საფეხურზე, რომელსაც მოგვიანებით ინტუიცია უწოდეს, აზროვნება ჭეშმარიტებას პირდაპირ სწვდება. ყველა კრიტერიუმის მიხედვით, აზროვნება უმაღლეს ფსიქიკურ ფუნქციად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან იგი შემეცნების პროცესის მწვერვალია, ადამიანის სულის ექსკლუზიური კუთვნილებაა და სხეულზე არ არის დამოკიდებული. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ დღევანდელი მეცნიერების გაგებით, პლოტინის ემპირიული ფსიქოლოგიის ყველა ეს კრიტერიუმი პირობითად და არასანდოდ გამოიყურება. თანამედროვე ფსიქოლოგია კოგნიტური ფუნქციონირების ელემენტებს ფილოგენეზის საკმაოდ დაბალ საფეხურებზეც აფიქსირებს, ხოლო წარმოდგენისა და აზროვნების ჩანასახოვანი ფორმების არსებობას უმაღლეს ცხოველებში საკმაოდ სავარაუდო ფაქტად მიიჩნევს. რაც შეეხება სხეულისაგან დამოუკიდებლობის კრიტერიუმს, მისი სერიოზულად განხილვა არც შეიძლება, რადგან ნერვულ სისტემას მოწყვეტილი აზროვნება, ან საერთოდ რაიმე ფსიქიკური პროცესი ამჟამინდელი მეცნიერების თვალსაზრისით ნონსენსია.       აღნიშნული სირთულეები თავს იჩენს აგრეთვე პლოტინის მიერ მოტივაციური პროცესების დახასიათებისას. როგორც ითქვა, სურვილები და მისწრაფებები დაბალი სულიერი მოვლენებია და ხშირად სხეულებრივ საჭიროებებს გამოხატავს; ისინი ცხოველებთანაც გვხვდება. მაგრამ, ხომ არსებობს ისეთი მისწრაფებებიც, რომლებიც მხოლოდ ადამიანისთვის არის დამახასიათებელი და უმაღლეს ინტელექტუალურ, ეთიკურ თუ ესთეტიკურ განცდებს უკავშირდება. ამას პლოტინიც ხედავს. იგი იმასაც ამტკიცებს, რომ ყოველი ემოციური განცდა (აფექტი) სხეულის მონაწილეობას გულისხმობს და საჭიროებს. ეს ეხება საკუთრივ ადამიანურ მისწრაფებებს და გრძნობებსაც. მაშინ ჩნდება კითხვა, თუ როგორია მათი კვალიფიკაცია სიმაღლე-სიდაბლის თვალსაზრისით. ამაზე პასუხი პლოტინთან არ ჩანს. და მაინც, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პლოტინის ემპირიული ფსიქოლოგიის ამ ხარვეზების მიუხედავად, თვითცნობიერების იდეის შემოტანით მან მწვანე შუქი აუნთო „წმინდა” ემპირიულ ფსიქოლოგიას. თუმცა, სანამ ფსიქოლოგიური აზრი ამ მიმართულებით დაიწყებდა მოძრაობას, ძალიან დიდი დრო გავიდა. მაგრამ, როცა ეს მოხდა, პლოტინისა და ავგუსტინეს გამოცდილება ფრიად სასარგებლო აღმოჩნდა.       ამრიგად, საბოლოო რეზიუმეს სახით შესაძლებელია ითქვას, რომ დასაწყისში ანტიკური პერიოდის ფსიქოლოგიური წარმოდგენები ემყარებოდა სხეულისა და სულის, მატერიალურისა და იდეალურის განუყოფლობის და, აქედან გამომდინარე, ბუნების საყოველთაო განსულიერების პანფსიქისტურ იდეას. შემდგომში, განვითარების კვალდაკვალ, მოხდა მატერიალურისა და იდეალურის მკაფიო დიფერენციაცია. გამოიკვეთა სულის პრიორიტეტული როლი სხეულთან მიმართებაში. თავდაპირველად სული სხეულის მამოძრავებელ ძალად ითვლებოდა, ხოლო შემდგომში - მის არსად და ყველა ფუნქციის მაორგანიზებელ საწყისად. სულიერ მოვლენებში გამოიყო შეგრძნება, აზროვნება და გრძნობები. მათ თანდათან დაემატა სხვა ფსიქიკური ფუნქციები: აღქმა, მეხსიერება, წარმოსახვა, ნებისყოფა. ისინი არსებითად გაიმიჯნა ერთმანეთისაგან და განსხვავებულმა თეორიულმა სისტემებმა სხვადასხვა მათგანს მიანიჭა უპირატესობა, ზოგმა შემეცნებითს, ზოგმა ემოციურს, ზოგმა კი ნებელობითს. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ანტიკურ ხანაშივე გაჩნდა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისი. ერთი, შეზღუდულ ფორმაში, მაგრამ მაინც უშვებდა ნების თავისუფლებას. მეორე ამას პრინციპულად უარყოფდა და იცავდა პოსტულატს ბუნებისა და სულიერი მოვლენების სრული განსაზღვრულობის, ანუ დეტერმინიზმის შესახებ.       ანტიკურ პერიოდში დაისვა ძირეული მნიშვნელობის პრობლემები, რომლებიც ფსიქოლოგიას მისი მთელი არსებობის განმავლობაში გაყვნენ და მუდმივ პრობლემებად იქცნენ. ესენია: სულისა და სხეულის ურთიერთმიმართების პრობლემა, ფსიქიკის შინაარსისა (ცოდნის) და თვისებების თანდაყოლილობა-შეძენილობის პრობლემა, შემეცნების პროცესში ემპირიულისა (გრძნობადის) და რაციონალურის (გონებრივის) მიმართების პრობლემა, ქცევის თავისუფლება-დეტერმინირებულობის პრობლემა და ბოლოს, ადამიანის ფსიქიკის სპეციფიკურობის პრობლემა.       ანტიკურ ეპოქაში საფუძველი ჩაეყარა ფსიქოლოგიის კატეგორიალურ სისტემას. გამოიყო და გარკვეულ დონეზე დამუშავდა ზოგიერთი ძირითადი ცნება: განცდა, ქცევა, პიროვნება, ცნობიერება, ხატი და სხვა. მათი ურთიერთკავშირის განხილვისას გამოიყო სულის განსხვავებული ფორმები და დონეები და, საბოლოო ჯამში, ხორცი შეესხა სულის განვითარების იდეას, როგორც ფილოგენეტურ, ისე ონტოგენეტურ ჭრილში.       ანტიკურ ფსიქოლოგიას უმთავრესად მეტაფიზიკური და გონებაჭვრეტითი ხასიათი ჰქონდა, თუმცა, ყველა კონცეფციას გარკვეული ემპირიული საყრდენი გააჩნდა, რაც ზოგიერთ სისტემაში განმსაზღვრელიც იყო. საზოგადოდ კი, რასელის თქმით, ელინურ ფილოსოფიას ეჭვი ეპარებოდა, რომ თვით მეტაფიზიკა და კოსმოლოგია შეიძლება შეიქმნას მრავალჯერადი მსჯელობისა და დაკვირვებების შეთავსების გზით. მოგვიანებით, შუა საუკუნეების ეპოქაში, გონებაჭვრეტითმა მსჯელობებმა იმდენად იმძლავრა, რომ ემპირიული საწყისი თითქმის ჩრდილში მოაქცია. სამაგიეროდ, ახალი დროიდან ფსიქოლოგიის (ისევე როგორც მთელი მეცნიერების) განვითარების ძირითადი ტენდენცია მყარად დაუკავშირდა სულიერი (ცნობიერების) მოვლენების დაკვირვების მონაცემებს. ეს მნიშვნელოვანი ბიძგი იყო ემპირიული ფსიქოლოგიის განვითარებისთვის, რამაც, საბოლოოდ, ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიამდე მიგვიყვანა.       ავრელიუს ავგუსტინეს (357-430) შემოქმედება ანტიკური ტრადიციიდან ქრისტიანულ მსოფლმეხდველობაზე გადასვლის აღმნიშვნელია. მან პლოტინის თვითცნობიერების დოქტრინა გააღრმავა და თვითანალიზის დონემდე აიყვანა. ამით თითქოს შინაგანი სამყაროს შესწავლა პრინციპულად ახალ საფეხურზე ავიდა და გაიხსნა პირდაპირი გზა ემპირიული ფსიქოლოგიისკენ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე. თუ მის ნააზრევს ჩავუკვირდებით, დავინახავთ, რომ ავგუსტინეს მთელი შემოქმედება მხოლოდ ღმერთის ცნების დამკვიდრებას ემსახურება. მისთვის მთავარია რწმენა და მისი დასაბუთება. ყოველგვარი ცოდნა მეორადია რწმენასთან მიმართებაში. ცოდნისკენ მიმავალი გზა რწმენაზე გადის. ეს ეხება ფსიქოლოგიურ ცოდნასაც, სულიერი მოვლენების კვლევას; ფსიქიკურ ცხოვრებაზე დაკვირვებას და თვითანალიზს, რომლის შესანიშნავი ნიმუში მოცემულია ავგუსტინეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებში „აღსარება”, ავტორისთვის თავისთავადი მნიშვნელობა არა აქვს და მხოლოდ და მხოლოდ სამყაროს, მათ შორის შინაგანი სამყაროს, ღვთაებრივი შექმნისა და მოწყობის დასაბუთებას ემსახურება. მით უფრო ითქმის ეს მეტაფიზიკურ ფსიქოლოგიურ მსჯელობებზე სულის წარმოშობისა და რაობის, მისი უკვდავებისა და თავისუფლების შესახებ. ეს აგრეთვე ეხება მის წმინდა ფილოსოფიურ დებულებებს ცოდნის წყაროებისა და ჭეშმარიტების კრიტერიუმების შესახებ. აღარაფერს ვამბობთ საკუთრივ თეოლოგიურ მსჯელობებზე; ავგუსტინე ხომ ქრისტიანული თეოლოგიის ერთ-ერთი ნიშანსვეტია. სამაგალითო თეორიული და პრაქტიკული მოღვაწეობის გამო იგი მართლმადიდებლობაში ნეტარ ავგუსტინედ მოიხსენიება, კათოლიკობაში - წმინდა ავგუსტინედ.       ავგუსტინე დაიბადა ქალაქ თაგასტაში (ნუმიდია, ახლანდელი ალჟირი), თავისუფალი ცხოვრების მომხრე წარმართი პატრიციელი მამისა და ღვთისმოსავი ქრისტიანი დედის ოჯახში. რიტორიკასა და სამართალს დაეუფლა კართაგენში, რომსა და მილანში. შემდგომში აქვე მასწავლებლობდა. ავგუსტინემ სხვადასხვა ფილოსოფიურ და რელიგიურ მიმდინარეობათა გავლენა განიცადა. ათ წელს მისდევდა მანიქევლობას (მცირე აზიაში გაჩენილი და იმ დროს ძალიან გავრცელებული რელიგიურფილოსოფიური სწავლება, რომელიც აერთიანებს ზოროასტრიზმის, ბუდიზმისა და ქრისტიანობის ელემენტებს). მოგვიანებით გატაცებული იყო სტოიციზმით, ე.წ. „ახალი აკადემიის” სკეპტიციზმით და ბოლოს, ნეოპლატონიზმით. ამ უკანასკნელის გავლენა ავგუსტინეს შემოქმედებაზე განსაკუთრებით შესამჩნევია. ავგუსტინეს მსოფლმხედველობრივი მრწამსის რადიკალური შემობრუნება ქრისტიანობისკენ მოხდა 387 წელს, როცა იგი მოინათლა. ამიერიდან მთელი მისი ცხოვრება ეკლესიის სამსახურს ეძღვნება. თავის მშობლიურ ქალაქში ის აყალიბებს ბერების თემს, 391 წელს იკურთხება ხუცესად, ხოლო 395 წელს აქვე ხდება ეპისკოპოსი და სიკვდილამდე მღვდელმთავრად მოღვაწეობს.       მიუხედავად უდიდესი სიყვარულისა და პატივისცემისა დედისადმი, რომელიც სულ ცდილობდა, შვილი ქრისტიანობისკენ მოექცია, ავგუსტინე თავდაპირველად მამის კვალს გაჰყვა. მისივე თქმით, იგი ვნებებითა და უგუნურობით სავსე ცხოვრებას ეწეოდა. ამავე დროს, უკვე სკოლაში სწავლისას გაუჩნდა რელიგიური გრძნობები. 33 წლამდე მისი შინაგანი სამყარო ღმერთისადმი სიყვარულისა და სხეულებრივი ლტოლვების მძაფრი დაპირისპირებით იყო გამსჭვალული. ეს შინაგანი კოლიზიები გასაოცარი გულწრფელობით და გამჭრიახობით არის გადმოცემული „აღსარებაში”, რომელსაც ყველა მკვლევარი თვითანალიზის შედევრად აღიარებს. ეს ნაშრომი განსაკუთრებულ ინტერესს ფსიქოანალიტიკოსებში იწვევს, რომლებიც მასში თავიანთი მრავალი იდეის დადასტურებას ხედავენ. კერძოდ, ეს არის ადამიანში ისეთი ლტოლვების არსებობა, რომელთაც ის ვერ აცნობიერებს; ეს არის ფსიქიკის არსებითად ანტისოციალური, ეგოისტური ხასიათი. ავგუსტინეს თქმით, ე.წ. „ბუნებრივი ადამიანი” იმდენად სუსტია, და მანკიერია, რომ მისი გადარჩენა მხოლოდ ღმერთის მადლს შეუძლია. ადამიანის ეს უარყოფითი ბუნება ბავშვობიდანვე იჩენს თავს - ადამიანი დაბადებიდან ცოდვილია. ავტორი აანალიზებს თავის ბავშვობისდროინდელ მოგონებებს, სხვა ბავშვებზე დაკვირვებებს და აჩვენებს, რომ უარყოფითი, ცოდვილი ზნე იმთავითვეა გამოხატული. აღსარების მთელი თავი იმის მტკიცებას ეთმობა, რომ თოთო ბავშვიც კი ღორმუცელობის, ეჭვიანობისა და სხვა ცოდვების მორევშია ჩაძირული. მოზრდილები ამას ან უბრალოდ არ იმჩნევენ, ან ერთობ შემწყნარებლურნი არიან, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ დროთა განმავლობაში ეს გაივლის. სიცრუე, ეშმაკობა, მზაკვრობა, რაც საძაგელი და ყოვლად მიუღებელი ლტოლვების ასრულებისთვის გამოიყენება, ადამიანს იმთავითვე თან ახლავს. ინფანტილური სექსუალობისა და დესტრუქციულობის იდეით გამსჭვალული ფსიქოანალიზისთვის ავგუსტინეს მოსაზრებები საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა. დიდი სურვილის შემთხვევაში, ავგუსტინეს გამორჩეულად თბილი ურთიერთობაც დედასთან შეიძლება ოიდიპოსის კომპლექსად იქნეს ინტერპრეტირებული, ხოლო ფსიქოანალიტიკოსებს, როგორც ცნობილია, ასეთი სურვილები არ აკლიათ (იხ. თავი 8.1.)       აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოანალიტიკოსი და, ამავე დროს, ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის ისტორიის მკვლევარი, ფ. ალექსანდერი, ავგუსტინეს ფსიქოანალიზის წინამორბედად მოიხსენიებს. იგი მიიჩნევს, რომ პლატონისა და არისტოტელეს აბსტრაქტული კონცეფციებისაგან განსხვავებით, ავგუსტინეს „აღსარებაში” ფსიქოლოგია უფრო რეალური, კონკრეტული და სისხლსავსე ხდება. თავის მეორე დიდ ნაწარმოებში, „ღვთიური ქალაქი”, ავგუსტინემ გამოთქვა მოსაზრება, რომ იდეალური ქვეყანა უნდა მართონ დესტრუქციული იმპულსებისაგან თავისუფალმა, ჰარმონიული სულის ადამიანებმა. სულის ჰარმონიას ტექნოლოგიითა და პოლიტიკით ვერ მიიღებ. ამისთვის საჭიროა შინაგან ღირებულებათა შეცვლა, რაც ეკლესიისკენ შემობრუნებით მიიღწევა. ალექსანდერს მიაჩნია, რომ ნეტარი მამის ეს პოზიცია ფსიქოლოგიის როლის უეჭველ აღიარებას ნიშნავს და მის ნააზრევს აქტუალურსა და თანამედროვეს ხდის. ამ ძალზე მაღალ შეფასებაში არის გარკვეული სიმართლე, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ავგუსტინე ეკლესიას ემსახურებოდა და არა ფსიქოლოგიას. შინაგანი ღირებულებების შეცვლა ერთმნიშვნელოვნად გულისხმობდა საზოგადოების ტოტალურ გაეკლესიურებას და ქრისტიანული რწმენით გამსჭვალვას, რაც ავგუსტინესთვის კეთილშობილებისა და სულიერი სიმშვიდის სინონიმი იყო. ეს უკვე თეოკრატიული პოზიციაა და არა ფსიქოლოგიური. მოცემულ კონტექსტში მთავარი ისაა, რომ იგი არსებითად ეწინააღმდეგება ფროიდის თეორიულ შეხედულებებს, ხოლო ფსიქოანალიზის პრაქტიკას მთლიანად თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს.       ავგუსტინეს ძირითადი დოქტრინა ის არის, რომ მთელი სამყარო, ადამიანი, მისი სხეული და სული ღმერთის შექმნილია. სული სხეულზე უფრო „მაღალი” დონის ქმნილებაა, ვინაიდან ის ღვთიურ სუნთქვას უკავშირდება, რომლის ჩაბერვითაც ადამიანს სიცოცხლე მიენიჭა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით ადამიანში ღმერთის ნაწილი შევიდა. სული ღმერთისაგან მომდინარეობს, მაგრამ ღმერთის სუბსტანციის მატარებელი არ არის. სული არაფრიდან არის შექმნილი და აბსოლუტურად არამატერიალურია. მიუხედავად ამისა, ისეთი ელემენტები, როგორიცაა სინათლე და ჰაერი, სულთან უფრო ახლოსაა. ამიტომ სულის მიერ სხეულის მართვა (რაც მისი ძირითადი დანიშნულებაა), გარკვეულწილად ამ ელემენტებთან არის დაკავშირებული. ნერვები ჰაერითაა სავსე; მისი მოძრაობა კიდურებს გადაეცემა, თავად კი სულის ნებას ემორჩილება.       სულის ყოფიერება, ავგუსტინეს მიხედვით, შვიდ გრადაციას ანუ სტადიას შეიცავს. სულის პირველი, უმარტივესი დონე ადამიანს და მცენარეს საერთო აქვთ. ის უზრუნველყოფს ორგანიზმის მთლიანობას, მის ცოცხლად ყოფნას და პასუხისმგებელია კვებასა და გამრავლებაზე. სულის მეორე საფეხური ადამიანს საერთო აქვს ცხოველებთან. ის „შეიგრძნობს” და „ხედავს სიზმრებს”. მესამე სტადიაზე სულს ემატება მეხსიერების, მეტყველებისა და პრაქტიკული გონების ფუნქციები. მეოთხე სტადიაზე სული საკუთარი თავისკენ შემობრუნდება, იწყებს თავისი თავის, როგორც სხეულისაგან განსხვავებულის და მასზე ამაღლებულის შეფასებას და ეძიებს ღმერთს თავის ბუნებაში. მეხუთე დონეზე სული უკვე განწმენდილია სიკვდილის შიშისაგან და ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზას ადგას. მეექვსე სტადიაზე სული მთელი თავისი არსითა და გონების ძალით მიიმართება ღმერთისკენ, ანუ ერთადერთი ჭეშმარიტებისკენ. მეშვიდე სტადიაზე სული ჭეშმარიტებას სწვდება, ვინაიდან მთლიანად ღმერთითაა მოცული.       ავგუსტინეს ამ თეორიულ კონსტრუქციაში ფსიქოლოგიის ზოგი ისტორიკოსი სულის სახეების არისტოტელესეული კლასიფიკაციის გავლენას ხედავს. ეს ალბათ მხოლოდ პირველი სამი სტადიის მიმართაა მართებული, ვინაიდან მათი დახასიათებისას ავტორი მყარ ემპირიულ ნიადაგზე დგას. შემდგომი სტადიების დახასიათებისას კი მისტიკური ელემენტი სულ უფრო მატულობს და საბოლოოდ იმდენად მეტაფიზიკურ სახეს იღებს, რომ თითქმის მიუღწეველი ხდება მეცნიერული ანალიზისთვის. თუმცა ერთი რამ მაინც შესაძლებელია: უმაღლესი, მეშვიდე სტადიის განცდისეული მხარის შედარება პლოტინის მიერ აღწერილი ექსტაზის მდგომარეობასთან. თუ ეს ანალოგია მართებულია, მაშინ მის შესახებ იმავეს თქმა შეიძლება, რაც ზემოთ პლოტინისეული ექსტაზის თაობაზე ითქვა, ჭეშმარიტების წვდომისა და ნამდვილი ცოდნის მიღებასთან დაკავშირებით. ამგვარი რამ, პლოტინის მიხედვით, ექსტაზის მდგომარეობაში ხდება. ადვილი დასანახია, რომ სულის აღნიშნული სახეები, იმავდროულად, ჭეშმარიტებასთან (იმავე ღმერთთან) დაახლოების სტადიებია. ამდენად, გნოსეოლოგიური პრობლემა ნათლად გამოხატულ ფსიქოლოგიურ ხასიათს იძენს. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან შემეცნების შესაძლებლობაზე საუბარს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივყავართ ამ პროცესის ფსიქოლოგიური უზრუნველყოფის საკითხთან. ეს მით უფრო ბუნებრივია ავგუსტინესთანა მოაზროვნისთვის, რომელიც ჭეშმარიტ ცოდნას ღმერთში ათავსებს, თვით ღმერთს სულში უჩენს ადგილს, ხოლო მასთან მისასვლელ გზას სულის მიერ საკუთარი თავის შეცნობაში ხედავს.       პლატონის მსგავსად, ავგუსტინეს ფსიქოლოგიურ სისტემაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი შემეცნებითი ფსიქიკური ფუნქცია, როგორიც მეხსიერებაა. ავგუსტინეს მიხედვით, სწორედ მასშია განთავსებული მთელი ცოდნა და მის მოსაპოვებლად საჭირო არაა სულის გარეთ გასვლა, ბუნების კვლევა - საკმარისია საკუთარი თავის შესწავლა. შემეცნება თვითშემეცნებით ხორციელდება - ეს თეზისი მისი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური მოძღვრების ლეიტმოტივია.       მეხსიერება წმინდა სულიერი აქტივობაა, ის სულში არსებულის ნათელყოფაა. მეხსიერება ორი სახისაა: გრძნობადი და ინტელექტუალური. გრძნობადი მეხსიერება დაკავშირებულია გრძნობის ორგანოებთან. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს შეხებითი, სმენითი, მხედველობითი და ა.შ. მეხსიერება. მეხსიერება სულიერების სფეროა და არა უბრალოდ ცნობების შესანახი ადგილი. ადამიანს არ შეუძლია შეინახოს იდეა მისი განცდის ან გააზრების გარეშე. ამავე დროს, სავალდებულო არ არის, რომ ადამიანი ყოველთვის აცნობიერებდეს იმას, რაც იცის. აქედან გამომდინარე, ადამიანს აქვს ისეთი ცოდნაც, რომელიც პოტენციურად ცოდნად უნდა ჩაითვალოს და რომელიც მოგონების აქტს საჭიროებს. ავგუსტინე იმ პირობებზეც საუბრობს, რომლებიც პოტენციური ცოდნის ცნობიერებაში აღდგენას უწყობს ხელს. ესენია: შთაბეჭდილების სიძლიერე, მისი გამეორება, მასალის მოწესრიგებულობა, მასზე ყურადღების ან ნებისყოფის მიმართვა, გონების გავარჯიშება და სხვა. გარდა ამისა, ავგუსტინეს თქმით, მოგონება ბუნებრივად არის დაკავშირებული ერთი იდეის მიერ მეორის აღდგენის ხელოვნებასთან. აქ იგი ნათლად აყალიბებს ადგილის, დროისა და მსგავსების ასოციაციის პრინციპებს. შეიძლება ითქვას, რომ გრძნობადი მეხსიერების დახასიათებაში ავგუსტინე ძირითადად აგრძელებს არისტოტელეს ხაზს, იყენებს საკუთარ ემპირიულ დაკვირვებას და დღევანდელი გადასახედიდანაც კი საკმაოდ დამაჯერებელია.       რაც შეეხება ე.წ. ინტელექტუალურ მეხსიერებას, მისი ანალიზი მთლიანად მეტაფიზიკური ფსიქოლოგიის ფარგლებში მიმდინარეობს. აქ ავგუსტინე არსებითად პლატონის ხაზს მიჰყვება და ცდილობს მის შეთანხმებას ქრისტიანულ დოქტრინასთან. პლატონის შემეცნების, როგორც გახსენების თეორია, დავიწყების თეორიაცაა. ავგუსტინეს აზრით, მთელი ცოდნა ღვთაებრივი და მარადიულია. ინდივიდუალურ ცნობიერებაში ამ ცოდნის ამოტანა ჩვენი სულიერი ბუნებისა და ღმერთის არსების ერთიანობას ეფუძნება. სულს აქვს თვითცნობიერება და ამიტომ მან ყოველთვის იცის, რომ ის უმაღლესი აზრის მატარებელია, მაგრამ ყოველთვის არ აცნობიერებს საკუთრივ ამ აზრს, ანუ ჭეშმარიტ ცოდნას. ავგუსტინეს თქმით, სული ჰგავს ამოუწურავ მაღაროს, საიდანაც მას თვითონვე ამოაქვს მზის სინათლეზე აზრის ძვირფასი ქვები. ჭეშმარიტების გამოგონება კი არ ხდება, არამედ მისი აღმოჩენა საკუთარ გონებაში. აქედან გამომდინარე, სწავლა გახსენებაა და ვინაიდან მთელი ცოდნა შინაგანია, სწავლის პროცესიც ამ შინაგანის გამომზეურებაა. მასწავლებელი იმაზე მეტს ვერ მოგცემს, რაც შენში იყო. ის მხოლოდ საუკეთესო პირობებს ქმნის სულის სათანადო აქტივობისთვის, რასაც ცოდნის ექსპლიკაცია მოჰყვება. ცოდნა და სწავლა იწყება ღმერთით (წინასწარჩანერგილი ცოდნა) და თავდება ღმერთით (მისი შემეცნება). ცოდნის ზრდა, ფაქტობრივად, არის ღმერთის შესახებ ცოდნის ზრდა.       ადვილი დასანახია, რომ ამ კონცეფციაში ფსიქოლოგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემებია გაერთიანებული (შემეცნების პროცესი, მეხსიერება, სწავლა და სწავლება, თანდაყოლილი და შეძენილი). ამავე დროს, ფსიქოლოგია და მეტაფიზიკა ერთმანეთშია შერეული, ხოლო მეტაფიზიკას მეცნიერული კრიტერიუმებით ვერ შეაფასებ. მართლაც, სულის როგორი გაგებაა უკეთესი - როგორც ზოგადი ცნებების (იდეების) თანაზიარი მოვლენისა (პლატონი), თუ ღმერთის მიერ არარადან შექმნილი ფაქტისა (ავგუსტინე)? ეს რწმენისა და ფილოსოფიის განსჯის საგანია, რადგან მეცნიერება ვერც ღმერთის განზრახვაში შეაღწევს და ვერც იდეათა სამყაროში. თუმცა ამ უკანასკნელის შესახებ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის არსებობს ინდივიდუალური ცნობიერების მიღმა, მისგან დამოუკიდებლად და ყოველი ადამიანი ცოდნის მოპოვებისა და ჭეშმარიტების წვდომისას ეზიარება მას. ამ შემთხვევაში იდეათა სამყარო გაგებულია, როგორც სულიერი კულტურის სინამდვილე, რომელიც დაფიქსირებულია მის გრძნობად მატარებლებში, პირველ ყოვლისა, ენაში, მეცნიერულ და ლიტერატურულ ტექსტებში. ეს არის ობიექტური ღირებულებებისა და იდეალების, აბსტრაქტული ცნებების სამყარო, სადაც მოცემულია საგნებისა და მოვლენების არსებითი ნიშნები, მათი არსი. პლატონის იდეათა სამყარო კოსმიურ-მეტაფიზიკური სფეროდან მიწაზე ჩამოტანის შემდეგ სავსებით ემპირიულ მნიშვნელობას შეიძენს. ამგვარი ინტერპრეტაცია არსებით შეცდომას არ უნდა შეიცავდეს. ისიც ცხადია, რომ ავგუსტინეს ზეციური მეტაფიზიკის ასეთი „დამიწება” ძნელად წარმოსადგენია. მიუხედავად ამისა, შევეცადოთ გავაანალიზოთ წარმოდგენილი შეხედულება ფსიქოლოგიის ისტორიისა და, შეძლებისდაგვარად, თანამედროვე ფსიქოლოგიის თვალსაზრისით.       ეს კონცეფცია, არსებითად არის პლატონისა და ნეოპლატონოზმის გაგრძელება და ღმერთის იდეასთან დაახლოება. პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ, არისტოტელესაგან განსხვავებით, პლატონსა და ავგუსტინეს მეხსიერების ფუნქცია დავიწყება-აღდგენის განზომილებაში აქვთ გააზრებული. ამას მეხსიერების ცნების რეალური ემპირიული შინაარსის დავიწროებამდე მივყავართ, რადგან მის გარეთ რჩება დამახსოვრების პროცესი, რომელიც, შემონახვისა და აღდგენა-დავიწყების პროცესებთან ერთად, მეხსიერების ფუნქციის ძირითადი მახასიათებელია. არისტოტელესთან დამახსოვრების პროცესი გათვალისწინებულია. იმდენად, რამდენადაც მისთვის მეხსიერება ახალი ინფორმაციის მიღებით იწყება, ის გრძნობადი აღქმის გაგრძელებაა, რომელიც შემოინახება და, საჭიროების შემთხვევაში, აღდგება. პლატონი დამახსოვრებაზე მხოლოდ მისტიკური აქტის მნიშვნელობით ლაპარაკობს, როდესაც სული, იდეების სამყაროში ყოფნისას, უშუალოდ ჭვრეტს ამ იდეებს და ახალი ცოდნით „ივსება”. ავგუსტინესთან კი დამახსოვრებას მთლიანად ეკარგება სულის განსაკუთრებული მნემური აქტივობის სახე და ღმერთის მიერ ინდივიდუალურ სულში ცოდნის ჩადების აქტად წარმოგვიდგება. ამ მხრივ ეს ერთგვარი უკუსვლაა არისტოტელეს პოზიციიდან.       შენახვასთან დაკავშირებით იგულისხმება, რომ მეხსიერებაში (ამ შემთხვევაში იგივეა, რაც სულში), მთელი ცოდნა თავიდანვე რაღაც ფორმით არის შემონახული და ადამიანის განვითარება (სწავლა) მხოლოდ მისი ცნობიერებაში ამოტანაა. მოკლედ, ცოდნა თანდაყოლილია. ახლანდელი მეცნიერების თვალსაზრისით ასეთ გაგებას არც თეორიული და არც ემპირიული გამართლება არა აქვს. თანდაყოლილობის პრობლემა ფსიქოლოგიამ მემკვიდრეობით მიიღო ფილოსოფიისაგან და მის მუდმივ პრობლემებს მიეკუთვნება. ასეთი პრობლემები ფსიქოლოგიას ახლავს მთელი მისი არსებობის გზაზე. მოგვიანებით დავრწმუნდებით, რომ ე.წ. თანდაყოლილი იდეების პრობლემა რაციონალური და ემპირიული ფსიქოლოგიის უმწვავესი დაპირისპირების საგანი გახდა და, გარკვეული აზრით, ახალი დროის ფსიქოლოგიაში ამ ორი მიმდინარეობის წყალგამყოფადაც იქცა. ამ პრობლემის ფესვები ანტიკურ ფილოსოფიაში და, შესაბამისად, ფსიქოლოგიაშია და უკავშირდება ჭეშმარიტი ცოდნის არსებობის დასაბუთებას. ემპირიულ სინამდვილეში მხოლოდ კონკრეტული საგნები და მოვლენებია. ამავე დროს, მათი გრძნობადი აღქმაც და მასზე დამყარებული აზროვნებაც შეცდომების წყაროა. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ზოგადი ცნებები და მათში დაუნჯებული ჭეშმარიტი ცოდნა. ამის ასახსნელად მოაზროვნეთა ნაწილი ჭეშმარიტი ცოდნის თანდაყოლილობის პოსტულატს იღებდა. ამ პრობლემის ფილოსოფიური ასპექტების, განხილვა ჩვენი მიზანი არ არის; უბრალოდ მივუთითებთ, რომ ასეთია პლატონ-ავგუსტინეს ხაზი.       თანამედროვე მეცნიერების მონაცემებით, არ არსებობს სერიოზული საფუძველი იმის მტკიცებისთვის, რომ ადამიანში დაბადებიდანვე რაიმე სახით არის მოცემული ცოდნა ფაქტებისა ან კანონზომიერებათა შესახებ. ის, რომ 2X2=4, ან რომ დედამიწა მრგვალია, არ არის თავიდანვე ჩაწერილი არც ნერვულ და არც ფსიქიკურ სისტემაში. ადამიანი ამ ცოდნის მატარებელ არსებად არ იბადება. ეს ცოდნა ცხოვრების პროცესში, სწავლით შეიძინება და ფიქსირდება. ეს ურთულესი პროცესი მრავალი მეცნიერების, მათ შორის ფსიქოლოგიის შესწავლის საგანია და მასთან დაკავშირებით უკვე დიდი მასალაცაა დაგროვილი. მართალია, გასარკვევი კიდევ ბევრია, მაგრამ ერთი რამ ცხადია - სწავლა ახლის შეძენაა და არა ძველის აღდგენა. ეს ითქმის ყოველგვარ ცოდნაზე. ჩვენ თავიდან არ ვიცით, რომ შაქარი ტკბილია, ხოლო წიწაკა - მწარე, ან ის, რომ ინცესტი დაუშვებელია. ყოველივე ამას შემდგომში, საკუთარი გამოცდილებით ან სხვების დახმარებით ვიგებთ. მაგრამ ჩამოთვლილ მოვლენებთან მიმართებაში ზოგი რამ თანდაყოლილიც არის. ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგის, ევოლუციური და გენეტიკური ფსიქოლოგიის მონაცემებით ადამიანები თავიდანვე ანიჭებენ მეტ-ნაკლებ უპირატესობას სხვადასხვა გემოს (მაგ., მოსწონთ ტკბილი და არ მოსწონთ მწარე); მათ უფრო ადვილად უმუშავდებათ შიშის რეაქცია სტიმულთა გარკვეული კლასის (მაგ., გველების) მიმართ. იგივე ითქმის ინცესტუალურ ტაბუზეც. ამ მორალურ ნორმასაც, როგორც ჩანს, თავისი მემკვიდრეობითი ძირები აქვს - ინცესტის მიუღებლობა ჩვენს ბიოფსიქიკურ კონსტიტუციაშია მოცემული. არსებობს სხვა ასეთივე თანდაყოლილი მიდრეკილებაც. აქ შეიძლება ჯერ კიდევ ბევრი რამ იყოს გამოსარკვევი და საკამათო, მაგრამ თითქმის აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ არაერთი ფსიქიკური მიდრეკილება და უნარ-თვისება დიდწილად თანდაყოლილია. ასეთია ადამიანის ტემპერამენტი, ინტელექტი, ზოგიერთი პიროვნული თვისებაც კი. მაგრამ ეს არ არის ცოდნა მოვლენების, მათი კავშირების, ნიშნების, იდეების ან ღირებულებების შესახებ, რომელიც იმპლიციტურად არსებობს ფსიქიკაში, შენახულია მის რაიმე სტრუქტურაში, კერძოდ მეხსიერებაში და ცხოვრების მსვლელობაში თავისით თუ სხვების დახმარებით გამომზეურდება, ექსპლიციტური ხდება. ენის შეთვისების უნარი (ე.წ. ენობრივი ნიჭიერება) ადამიანის მემკვიდრეობითი და ყველა სხვა ცოცხალი არსებისაგან გამორჩეული თვისებაა. ის, პირველ რიგში, დედაენის ძალზე ადრეულ და ძალზე ადვილ ათვისებაში ვლინდება, მაგრამ ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ენა, როგორც ნიშანთა კონკრეტული სისტემა გვაქვს თანდაყოლილი. ასევე, ადამიანს თანდაყოლილი აქვს ზოგად ცნებათა გააზრების უნარი და, უფრო მეტიც, განზოგადების ძირითადი მიმართულებებისკენ მიდრეკილება, მაგრამ არა - თვით ზოგადი ცნებები.       თუ დავუბრუნდებით ავგუსტინეს მიერ მეხსიერების დახასიათებას, შეიძლება ითქვას, რომ მისი ნაწილი, მაგალითად, ე.წ. გრძნობადი მეხსიერების აღწერა, ფაქტებისა და მეცნიერული დაკვირვების საფუძველზეა შესრულებული. რაც შეეხება თანდაყოლილ ცოდნასთან დაკავშირებულ ე.წ. ინტელექტუალურ მეხსიერებას, აქ მისი მსჯელობა გონებაჭვრეტით ხასიათს იღებს და მეცნიერებისთვის მიუწვდომელი ხდება.       დაახლოებით ასეთივე სურათი გვაქვს ნებისყოფის შემთხვევაშიც. მეხსიერების მსგავსად, ამ ფსიქიკურ ფუნქციაშიც ორი სახეობა გამოიყოფა. პირველი, ნებისყოფის დაბალი ფორმა მიმართულია ყოფით მოქმედებაზე ემპირიულ სამყაროში, მართავს ამგვარ მოქმედებაში ჩართულ ფსიქიკურ და სხეულებრივ პროცესებს. უფრო მეტიც, იგი სხეულებრივ პროცესებსაც ფსიქიკურად აქცევს. მაგალითად, გრძნობის ორგანოებში მოცემული საგნების სხეულებრივი ანაბეჭდებიდან ქმნის მათ ფსიქიკურ ხატებს, ხოლო ამ ხატებიდან - გრძნობადი მეხსიერების მოგონებებს. ნებისყოფის ამ სახეობამ შეიძლება მორალურად მანკიერი საქციელი გამოიწვიოს. ეს ცოდვილი ადამიანის ნებაა, რომელიც მის მისწრაფებებში ვლინდება. „ჩემში თითქოს ორი ნება იბრძვის, ამბობდა ავგუსტინე, და მათ დაპირისპირებაში იგლიჯება სული ჩემი”. აქედან ჩანს, რომ ნებისყოფის დაბალი ფორმა არც არის ნებისყოფა, როგორც ასეთი, ის უფრო სურვილი ან მოთხოვნილებაა. მას ებრძვის ნებისყოფის ის ფორმა, რომელიც ამაღლებული და ზნეობრივი ქცევისკენ წარმართავს ადამიანს. ამ უკანსაკნელს ავგუსტინე სულიერ ნებისყოფას უწოდებს და ისე წარმოგვიდგენს, რომ მას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს რეალური ფსიქიკური პროცესის ნიშნები. სულიერი ნებისყოფა ღვთაებრივი ნების განმახორციელებელი მისტიკური ძალის სახეს იღებს და მისი წვდომა მხოლოდ გონებაჭვრეტით შეიძლება.       სხვათა შორის, სწორედ ასეთი ვოლუნტარისტულ-მისტიკური შინაარსის გამო, XX საუკუნის ფსიქოლოგიამ ერთხანს თითქმის ამოაგდო თავისი კატეგორიებიდან ნებისყოფა. ახლა იგი კვლავ ბრუნდება მეცნიერებაში, მაგრამ სავსებით ემპირიული შინაარსით - თვითრეგულაციის ისეთი პროცესების ან უნარების სახით, რომლებიც ექვემდებარებიან ფორმირებას, კორეგირებას, გაზომვას და მოდელირებას. სიტყვამ მოიტანა და აღვნიშნავთ, რომ იმ მოძღვრების სათავესთან, რომელსაც შემდგომში ვოლუნტარიზმი ეწოდა, სწორედ ნეტარი ავგუსტინე დგას. ეს ფილოსოფიური მიმართულება მთელი ყოფიერების და სულიერი ცხოვრების საწყისად ნებისყოფას აცხადებს. მართლაც, ავგუსტინესთან სინამდვილის შემოქმედი პირველსაწყისი ღვთაებრივი ნებაა. ფსიქოლოგიური კუთხით კი ნებისყოფა ყველა სულიერ ფუნქციაზე მაღლა დგას. ავტორი იმასაც ამბობს, რომ ადამიანი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც მხოლოდ ნებისყოფა. ყოველ შემთხვევაში, ავგუსტინეს მიხედვით, ფსიქიკურ პროცესებს განაგებს არა გონება, როგორც ამას მისი წინამორბედების უმრავლესობა თვლიდა, არამედ ნებისყოფა. ნებისყოფა მთელ სულს გამსჭვალავს, იგი მთავარი სულიერი ძალაა. თუ ამას ისე გავიგებთ, რომ მოტივაციურ-ვოლიტური სფერო მთელ ფსიქიკას მოიცავს და მის გარეშე არავითარი სულიერი ცხოვრება არ არსებობს, ავგუსტინეს ვოლუნტარიზმი სავსებით გამართლებული იქნება. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ნათელია: ისევე, როგორც ყველა ფუნქციას, უმაღლეს კოგნიტურ ფუნქციასაც, აზროვნებასაც წარმმართველი ძალა ესაჭიროება. ადამიანი ჯერ გადაწყვეტილებას იღებს და შემდეგ იწყებს შემეცნებას. მაგრამ ვოლუნტარიზმი, ნების უზენაესობასთან ერთად, ნებისყოფის თავისუფლებას, მის შეუზღუდაობასაც გულისხმობს.       ამ პუნქტში იჩენს თავს ავგუსტინეს ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისის ძირეული წინააღმდეგობა. იგი ნებისყოფის თავისუფლებას ქადაგებს და, ამავე დროს, მას არსებითად ზღუდავს. ავგუსტინეს აზრით, ადამიანი თავისუფალია იმდენად, რამდენადაც ღვთაებრივ ნებას ემორჩილება. იგი არ არის ბოლომდე ავტონომიური. ასეთი იყო პირველი ადამიანი - ადამი. თავისი დაცემის შემდეგ ადამიანთა მოდგმა ცოდვისა და ბოროტებისკენ მიმავალ გზაზე გახდა თავისუფალი, ხოლო კეთილი საქმე მხოლოდ ღმერთის უშუალო ჩარევით სრულდება. თავისუფლება მხოლოდ უსიტყვო და უყოყმანო რწმენაშია. ამ თვალსაზრისში თავისუფლება იმაზე ნაკლებია, ვიდრე სტოელებთან, ვისთანაც თავისუფლება აუცილებლობისადმი დამორჩილებაა.       ადამიანის შეუზღუდავ თავისუფლებას ქადაგებდა პელაგიუსი, რომელსაც მკაცრად დაუპირისპირდა ავგუსტინე. პელაგიუსი თვლიდა, რომ ადამიანი შთამომავლობითი ცოდვის მატარებელი არ არის და არც პასუხს აგებს ადამისა და ევას ცოდვაზე. ამიტომ მას თავად შეუძლია სიკეთის კეთება სავსებით თავისუფალი არჩევანის საფუძველზე. ავგუსტინეს მიაჩნდა, რომ ადამიანთა მოდგმის ყველა უბედურების წყარო პირველი ცოდვაა, რომელშიც ცალსახად ევაა დამნაშავე. ამიტომ იგი ზიზღით უყურებდა სქესობრივ ცხოვრებას და ყოველმხრივ ადანაშაულებდა ქალებს. ალბათ კომენტარს არ საჭიროებს ის, თუ რამდენად მართებული ან ბუნებრივია ეს პოზიცია დღევანდელი შეფასებით, მაგრამ იგი საუკუნეების მანძილზე ბატონობდა და არცთუ დიდი ხანია, რაც შეიცვალა.       ნებისყოფის თავისუფლების შეზღუდულობის პოსტულატი ჩვენს დროშიც სავსებით მართებულად გამოიყურება. საპირისპირო დებულება ნების აბსოლუტური თავისუფლების შესახებ უფრო დამაეჭვებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ყოველი „თავისუფალი” არჩევანი ან გადაწყვეტილება აუცილებლად რაიმე საფუძველს ემყარება, რომელიც მას განსაზღვრავს. მაგრამ სრულიად გაუგებარი და მიუღებელია მოსაზრება, თითქოს ნება მხოლოდ „ცუდი” ქცევის მიმართულებითაა გახსნილი და თავისუფალი, ხოლო სიკეთისკენ მიმავალ გზაზე მას ღმერთის ნებართვა სჭირდება. ეს ის შემთხვევაა, როცა ემპირიული ფსიქოლოგიის მონაცემები მსხვერპლად ეწირება რელიგიურ დოგმატს.       საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ შინაგან სამყაროში ჩაღრმავება ღმერთისკენ აღმასვლისთვის ქრისტიანული მრწამსის ფუძემდებლური ნორმაა. ავგუსტინე შეეცადა არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულად ეჩვენებინა სულის ასეთი მოძრაობის სიკეთე. ავგუსტინე კარგად ხედავს ფსიქიკური სამყაროს სიღრმესა და მრავალფეროვნებას და სხვებსაც მოუწოდებს, შემობრუნდნენ საკუთარი სულისკენ: „ადამიანები სამოგზაუროდ მიეშურებიან, რათა მთის მწვერვალებით და ზღვის ზვირთებით დატკბნენ. მათ ხიბლავს ფართო, მჩქეფარე მდინარეები, ოკეანის გაშლილი სივრცეები და ვარსკვლავთა გზები, თავის თავს კი ივიწყებენ და არ აკვირვებთ საკუთარი შინაგანი ცხოვრება”. ავგუსტინეს თვითანალიზი პლოტინის თვითცნობიერების იდეის რეალური ფსიქოლოგიური ხორცშესხმაა. ადამიანის შინაგან სამყაროზე ასეთმა ინტელექტუალურმა კონცენტრაციამ (რა საბოლოო მიზნებსაც არ უნდა ისახავდეს იგი), არ შეიძლება უკვე თავისთავად არ შეგვძინოს ცოდნა ფსიქიკური მოვლენების შესახებ და, ამდენად, ხელი არ შეუწყოს ფსიქოლოგიის წინსვლას. აქედან გამომდინარე, ავგუსტინე, პლატონთან და არისტოტელესთან ერთად, ფსიქოლოგიის ისტორიის საწყისი ეტაპის ყველაზე გამოჩენილ ფიგურად უნდა მივიჩნიოთ. მისმა მოძღვრებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეების თეოლოგიურ, ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ აზროვნებაზე. ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 11:06am on აპრილი 23, 2018
თემა: პროსპერ მერიმე - კარმენი
იმე ლიეთი ჩრდილოეთით. ჩემი საკუთარი მოსაზრებების მიხედვით, რომლებიც ანონიმური ავტორის ტექსტის, Bellum Hispaniense-ს შესახებ დამებადა, და იმ რამდენიმე ცნობის მიხედვით, რომლებიც ჰერცოგ დ’ოსინას საუცხოო ბიბლიოთეკაში შევკრიბე, ვფიქრობდი, რომ ის ღირსსახსოვარი ადგილი, სადაც იულიუს კეისარმა უკანასკნელად გაუსწორა ანგარიში რესპუბლიკის დამცველებს, მონტილას მიდამოებში უნდა გვეძებნა. როდესაც 80 წლის შემოდგომის პირას ანდალუზიაში მოვხვდით, საკმაოდ შორი გზა მოვიარე, რათა უკანასკნელი ეჭვებიც გამეფანტა. გამოკვლევა, რომელსაც ახლო მომავალში გამოვაქვეყნებ, ვიმედოვნებ ბოლოს მოუღებს ყოველგვარ გაუგებრობას და ყოყმანს არქეოლოგთა შორის. სანამ ჩვენი დისერტაცია საბოლოოდ გადასჭრიდეს ამ გეოგრაფიულ პრობლემას, რომელიც მთელ განათლებულ ევროპას აღელვებს, მსურს ერთი პატარა ამბავი მოგითხროთ; ის გავლენას არ მოახდენს მუნდას ადგილმდებარეობის საინტერესო საკითხზე. კორდოვაში გამყოლი და ორი ცხენი ვიქირავე. ავკიდე ჩემი ბარგი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კეისრის „კომენტარებისა“ და რამდენიმე პერანგისაგან შედგებოდა, და გავუდექი გზას. ერთ დღეს, კაჩენას ვაკის ამაღლებულ ნაწილში ხეტიალის დროს დაღლილ-დაქანცული, წყურვილისაგან ღონემიხდილი, სიცხე-პაპანაქებისაგან დამწვარი, კეისარსაც და პომპეუსის ვაჟებსაც სულით და გულით ჯანდაბის იქით ვგზავნიდი; მოულოდნელად იმ ბილიკიდან საკმაოდ შორს, რომელსაც მე ვადექი, ლერწმით და ღელით დაფარული პატარა მწვანე მინდორი შევნიშნე. ეს წყაროს სიახლოვეს მოასწავებდა. მართლაც, რომ მივუახლოვდი, დავინახე, რომ ის, რაც მე მინდორი მეგონა, ჭაობი ყოფილიყო, რომელსაც პატარა ნაკადული ერთვოდა; ნაკადული სიერა კაბრას ორ მაღალ ქედს შორის მოთავსებული ვიწრო ხევიდან გადმოდიოდა, გავიფიქრე ხევს თუ ავყვები, უფრო ანკარა წყალს ვნახავ, ალბათ წურბელები და ბაყაყებიც ნაკლები იქნება და შეიძლება სადმე კლდეებში ჩრდილსაც წავაწყდე-მეთქი. ხევში შესვლისთანავე ჩემა ცხენმა დაიჭიხვინა და მას იმწამსვე უპასუხა სხვა ცხენმა, რომელსაც ჯერ ვერ ვხედავდი. ასიოდე ნაბიჯიც არ მქონდა გავლილი, რომ ხევი მოულოდნელად გაფართოვდა და ბუნებრივ ცირკს დაემსგავსა. მას გარშემორტყმული ქარაფების ჩრდილი მთლად ჰფარავდა. შეუძლებელი იყო სხვა ადგილის მოძებნა, რომელიც უფრო საამო დასვენებას აღუთქვამდა მგზავრებს. ციცაბო კლდეების ძირში აქაფებული ნაკადული მოსჩქეფდა და თოვლივით თეთრი ქვიშით მოფენილ პატარა გუბეში ჩადიოდა. ხუთი თუ ექვსი მშვენიერი, ქარებისაგან მუდმივ დაცული და წყაროს წყლით გახარებული მწვანე მუხა აღმართულიყო მის ნაპირებზე და ხშირი ფოთლებით ჩრდილავდა. და ბოლოს ხასხასა, რბილი მოლი აუზის გარშემო გაცილებით უკეთეს საწოლს წარმოადგენდა, ვიდრე ათი ლიეს მანძილზე ირგვლივ, რომელიმე სასტუმროში შეგეძლოთ გეპოვნათ. ამ საუცხოო ადგილის აღმოჩენის პატივი მე არ მეკუთვნოდა. იქ უკვე ვიღაც კაცი ისვენებდა და ეჭვს გარეშე იყო, რომ ჩემს იქ მისვლამდე ეძინა. ცხენების ჭიხვინზე გამოღვიძებოდა, წამომდგარიყო და მიახლოვებოდა თავის ბედაურს, რომელსაც პატრონის ძილით ესარგებლა და ამ მიდამოების ბალახით მოელხინა. ეს იყო საშუალო სიმაღლის, მაგრამ ჩასკვნილი ტანის ყმაწვილი, რომელსაც სახის პირქუში და ამაყი გამომეტყველება ჰქონდა. მისი კანის ფერი ერთ დროს შეიძლება თეთრიც ყოფილიყო, ახლა კი მზის გავლენით, თმაზე უფრო გამუქებოდა. ერთი ხელი თავისი ცხენისათვის ჩაევლო აღვირში, მეორეთი სპილენძის თოფი ეჭირა. უნდა გამოვტყდე, უცნობის ხელში თოფის დანახვამ და მისმა სასტიკმა გამომეტყველებამ ცოტა არ იყოს შემაკრთო; მაგრამ ისე ხშირად მქონდა გაგონილი ყაჩაღების ამბები, ხოლო შეხვედრით კი არასოდეს არ შემხვედროდა, რომ უკვე აღარ მწამდა მათი არსებობა, გარდა ამისა, იმდენი პატიოსანი გლეხი მყავდა ნანახი, რომლებიც ბაზარში გამგზავრების დროს თავით ფეხებამდე თოფ-იარაღში სხდებოდნენ, რომ მარტოოდენ თოფის დანახვა ჯერ კიდევ უფლებას არ მაძლევდა, ეჭვი შემეტანა უცნობის პატიოსნებაში, ეგრეც არ იყოს, შინაურული თავის დაკვრით მივესალმე და ღიმილით ვკითხე, ძილი ხომ არ დაგიფრთხეთ-მეთქი. ამათვალიერ-ჩამათვალიერა; შემდეგ, თითქოს განსჯით დაკმაყოფილდაო, იმგვარივე ყურადღებით ახედ-დახედა ჩემს გამყოლსაც, რომელიც უკან მომყვებოდა. მე დავინახე, რომ გაფითრდა ეს უკანასკნელი და, აშკარა შიშით შეპყრობილი შედგა. „ცუდი შეხვედრა გვაქვს“, ვთქვი ჩემს გულში. მაგრამ იმწამსვე გონიერებამ მირჩია, სჯობს არავითარი შეშფოთება არ შევიმჩნიო-მეთქი. ჩამოვხტი, ვუთხარი გამყოლს ცხენებისათვის აღვირი წაეყარა, დავიჩოქე წყაროსთან და თავი და ხელები წყალში ჩავყავი; შემდეგ, გედენოს უხეირო ჯარისკაცივით პირქვე დამხობილმა, წყლით გული ვიჯერე. ამასობაში თვალს არ ვაშორებდი ჩემს გამყოლს და უცნობს. პირველი მეტად უხალისოდ მიახლოვდებოდა, მეორეს კი, თითქოს არავითარი ცუდი განზრახვა არ ჰქონდა ჩვენს წინააღმდეგ, რადგან თავის ცხენს ხელი გაუშვა და თოფიც, რომელიც აქამდე ჰორიზონტალურად ეჭირა, ახლა მიწისკენ იყო მიმართული. გადავწყვიტე, რომ არ ღირდა საწყენად მიმეღო ჩემი პიროვნების უგულებელყოფა, წამოვწექი მოლზე და რიდისა და კრძალვის გარეშე ვკითხე კაცს, ტალკვესი ხომ არა გაქვთ-მეთქი. იმავე დროს ჯიბიდან სიგარების კოლოფი ამოვიღე. უცნობმა ისევე უსიტყვოდ გაჩხრიკა ჯიბეები, ამოიღო ტალკვესი და მარდად დამიკვესა ცეცხლი, ცხადი იყო, რომ მოშინაურდა, რადგან ჩემს წინ დაჯდა, თუმცა თოფისთვის ხელი მაინც არ შეუშვია. ჩემს სიგარას რომ მოვუკიდე, დარჩენილებიდან საუკეთესო ამოვარჩიე და შევეკითხე, ხომ არ ეწევით-მეთქი. - დიახ, სინიორ, - მიპასუხა მან. ეს იყო პირველი სიტყვები, რომლებიც მისგან გავიგონე და შევიტყვე, რომ ანდალუზიურად არ გამოსთქვამდა S-ს, საიდანაც დავასკვენი, რომ ისიც ჩემისთანა მგზავრი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ არა არქეოლოგი. - თქვენ ეს ძალიან მოგეწონებათ, - ვუთხარი და ნამდვილი ჰავანური რეგალია გავუწოდე. მან ოდნავ თავი დახარა, თავის სიგარას ჩემსაზე მოუკიდა, თავის ისეთივე ოდნავი დახრით მადლობა გადამიხადა და აშკარად დიდი სიამოვნებით დაიწყო წევა. - აჰ! - წამოიძახა მან და ბოლი ნელ-ნელა გამოუშვა პირიდან და ნესტოებიდან, - ამდენი ხანია აღარ მომიწევია! ესპანეთში სიგარის შეთავაზება და მიღება, ისევე როგორც აღმოსავლეთში პურ-მარილის გაზიარება, საკმარისია იმისათვის რომ სტუმარ-მასპინძლური დამოკიდებულება დამყარდეს. ჩემი უცნობი გაცილებით უფრო გულღია მოსაუბრე აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი, მაგრამ, თუმცა მან თავი მონტილას ოლქის მცხოვრებად გაასაღა, აღმოჩნდა, რომ ამ მხარეს საკმაოდ ცუდად იცნობდა. მან არ იცოდა იმ მომხიბლავი ხევის სახელი, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით; ვერც ერთი მახლობელი სოფელი ვერ დამისახელა; დაბოლოს, როდესაც გამოვკითხე, ამ მიდამოებში კედლის ნანგრევები, ან ფართო, ამაღლებულკიდეებიანი კრამიტები ანდა ჩუქურთმიანი ქვები ხომ არსად შეგხვედრია-მეთქი, გამომიტყდა: ასეთი რამეებისათვის არასოდეს არ მიმიქცევია ყურადღებაო. სამაგიეროდ ცხენების საუკეთესო მცოდნე აღმოჩნდა. ჩემი ცხენი გააკრიტიკა, რაც ძნელი არ იყო, შემდეგ თავისი ცხენის გენეალოგია გამაცნო: ის კორდოვას განთქმული საჯიშიდან ყოფილიყო. მართლაც რომ კეთილშობილი პირუტყვი იყო მისი ცხენი, დაღლილობის არაჩვეულებრივი ამტანი, პატრონის სიტყვით, ერთ დღეს, თურმე, ჭენებით და ჩორთით 0 ლიე გაევლო. მაგრამ ამ ლაპარაკში რომ იყო, უცნობი უეცრად გაჩუმდა, თითქოს თავს გაუჯავრდა, რომ ზედმეტი წამოსცდა. „იცით, ძალიან მიმეჩქარებოდა კორდოვაში, ცოტა დაბნეულად განაგრძო მან, იქ მოსამართლეებს უნდა მოვლაპარაკებოდი ერთი საქმის თაობაზე...“ და ამ სიტყვებთან ერთად შეხედა ჩემს გამყოლს - ანტონიოს, რომელმაც თვალები ძირს დახარა. ჩრდილში, წყაროს გვერდით, მალე მადა გამეხსნა და გამახსენდა, რომ ჩემმა მონტილელმა მეგობრემა ჩემს გამყოლს ჩანთაში საუცხოო შაშხის რამდენიმე ნაჭერი ჩაუდეს. მოვატანინე შაშხი და მოვიწვიე უცნობი, რომ ჩემი სახელდახელო საუზმე გაეზიარებინა. შევატყვე, რომ მას არა თუ თამბაქო აღარ მოეწია დიდხანს, არამედ სულ ცოტა, დღე-ღამის განმავლობაში არაფერი არ უნდა ჰქონოდა ნაჭამი. მშიერი მგელივით ნთქავდა ყველაფერს. გავიფიქრე, ჩემთან შეხვედრა ნამდვილად განგებამ გამოუგზავნა ამ საცოდავ კაცს-მეთქი. ამავე დროს ჩემი გამყოლი ძალიან ცოტას ჭამდა, უფრო ნაკლებს სვამდა და გაჩუმებული იჯდა, თუმცა ჩვენი მოგზაურობის დასაწყისიდანვე თავი გამოიჩინა, როგორც შეუდარებელმა მოლაყბემ. ეტყობოდა, ჩვენს სტუმართან თავს უხერხულად გრძნობდა; ერთმანეთს უნდობლად უცქეროდნენ, თუმცა ვერაფრით ვერ გამეგო ამისი მიზეზი. პურისა და შაშხის უკანასკნელი ნამცეცებიც გაქრა; მეორე სიგარაც მოვწიეთ; ვუბრძანე ჩემს გამყოლს ცხენებისათვის ლაგამი ამოედო და, ის იყო ვაპირებდი ჩემს ახალ ნაცნობთან გამოთხოვებას, რომ მკითხა, სად აპირებთ ღამის გათევასო. სანამ თვალს შევასწრებდი ჩემს გამყოლს, რომელიც რაღაცას მანიშნებდა, უკვე ვუპასუხე, ვენტა დელ კურვოში მივდივარ-მეთქი. - თქვენისთანა ადამიანისათვის ვერ არის შესაფერისი სადგომი, ჩემო ბატონო... მეც იქ მივდივარ და, თუ ნებას მომცემთ, გამოგყვებით, ერთად ვიმგზავროთ. - დიდი სიამოვნებით, - ვუთხარი და ცხენზე შევჯექი. ჩემმა გამყოლმა, რომელსაც ჩემი უზანგი ეჭირა, კიდევ რაღაც მანიშნა თვალით. პასუხად მხრები ავიჩეჩე, რათა დამერწმუნებინა, სრულიად დამშვიდებული ვარ-მეთქი, და გავუდექით გზას. ანტონიოს იდუმალი ნიშნები, მისი მოუსვენრობა, რამდენიმე სიტყვა, რომელიც უცნობს წამოსცდა, განსაკუთრებით ოცდაათი ლიეს ჭენებით გავლის შესახებ, რაც მან დამაჯერებლად ვერ ამიხსნა, - ყველაფერი ეს საკმარისი იყო, რომ ჩემს თანამგზავრზე უკვე გარკვეული აზრი შემქმნოდა. ეჭვიც აღარა მეპარებოდა, რომ კონტრაბანდისტთან ან, შეიძლება, მძარცველთანაც მქონდა საქმე; რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის ამას? მე საკმარისად ვიცნობ ესპანელების ხასიათს, რათა სავსებით დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ საშიში არაფერი მომელოდა ისეთი კაცისაგან, რომელმაც ჩემთან პური გატეხა და თამბაქო მოსწია. თვით მისი თანხლებაც კი უზრუნველგვყოფდა და დაგვიფარავდა ყოველგვარი ცუდი შეხვედრისაგან. მეორეს მხრივ, მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი ყაჩაღის გაცნობით. ყაჩაღებს ხომ ყოველდღე ვერ შეხვდებოდით. და გარდა ამისა, საშიშ არსებასთან ყოფნა ერთგვარ სიამოვნებასაც გვგვრის, განსაკუთრებით, როდესაც ვგრძნობთ, რომ ის მოთვინიერებულია. იმედი მქონდა, რომ უცნობს ნელ-ნელა გულახდილ საუბარზე გადავიყვანდი და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გამყოლი რაც ძალი და ღონე ჰქონდა თვალს მიკრავდა, ლაპარაკში გავარდნილ ყაჩაღებს გადავწვდი. გასაგებია, რომ მათ პატივისცემით ვიხსენებდი. იმხანად ანდალუზიაში ერთი განთქმული ბანდიტი იყო, სახელად ხოზე-მარია, რომლის საგმირო საქმეები ყველას პირზე ეკერა. „ვინ იცის, იქნებ ხოზე-მარიას გვერდით ვარ?“ - ვამბობდი ჩემს გულში... მოვყევი ზოგიერთი ამბავი, რომელიც გაგონილი მქონდა ამ გმირის შესახებ; უნდა ითქვას, რომ ყოველ მათგანში ის დადებითი გამომყავდა და უდიდესი აღტაცებით ვაქებდი მის სიმამაცეს და სულგრძელობას. - ხოზე-მარია გარეწარია და მეტი არაფერი, - გულგრილად თქვა უცნობმა. „ნეტა ღირსეულ შეფასებას მიუზღავს თავის თავს, თუ მეტისმეტი თავმდაბლობით ამბობს ასე?“ - გონებაში შევეკითხე ჩემს თავს, რადგან, რაც უფრო მეტად ვაკვირდებოდი ჩემს თანამგზავრს, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ მას უდგებოდა ხოზე-მარიას აღწერილობა, რომელიც ანდალუზიის ბევრ ქალაქში საჯარო ადგილებში გამოკრული წამეკითხა. დიახ, ეს სწორედ ის არის... ქერა თმა, ცისფერი თვალები, დიდი პირი, ლამაზი კბილები, პატარა ხელები, წმინდა ქსოვილის პერანგი, ვერცხლისღილებიანი ხავერდის ჯუბა, თეთრი ტყავის ფეხსაცმელი, ქურანა ცხენი... ეჭვი აღარ არის! მაგრამ პატივი ვცეთ მის ინკოგნიტოს. მივედით ვენტაში. ის სწორედ ისეთი აღმოჩნდა, როგორც ამიწერეს, ესე იგი უბადრუკი და საძაგელი, რომლის მსგავსი ჯერ არსად მენახა. ერთი მოზრდილი ოთახი წარმოადგენდა სამზარეულოსაც, სასადილოსაც და საწოლ ოთახსაც. ეცხლი შუაგულ ოთახში ენთო ბრტყელ ქვაზე და ბოლი ჭერში გაკეთებული გასავლით ადიოდა, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ღრუბლებივით დგებოდა იატაკიდან რამდენი ფუტის სიმაღლეზე. კედლის გასწვრივ, იატაკზე გაშლილი იყო ხუთი თუ ექვსი ჯორის საოფლე; ეს მგზავრებისათვის გამზადებული ლოგინები იყო. ამ, ჩემს მიერ აღწერილი სახლიდან, ანუ უფრო სწორად ოთხიდან, ოციოდე ნაბიჯის მოშორებით ერთი ფარდული იდგა, რომელიც თავლის მაგივრობას სწევდა. ამ მშვენიერ ბინაში ძე ხორციელი არავინ იყო, გარდა ერთი დედაბრისა და ათი-თორმეტი წლის გოგოსი; ორივენი გაჭვარტლული და საშინლად ჩამოძონძილი იყვნენ, -აი რაღა დარჩენილა ანტიკური მუნდის მოსახლეობიდან! ჰოი, კეისარო! ჰოი, სექსტუს პომპეუს! რა გაოცებული დარჩებოდით, ამქვეყნად ხელახლა რომ მობრძანებულიყავით. ჩემი თანამგზავრის დანახვაზე დედაბერს მისდაუნებურად გაოცებისაგან აღმოხდა: - აჰ! სენიორ დონ ხოზე! დონ ხოზემ წარბები შეიკრა და ისეთი მბრძანებლური ჟესტით ასწია ხელი, რომ დედაბერი მყისვე გააჩუმა. მე ჩემს გამყოლს მივუბრუნდი და შეუმჩნეველი ნიშნით გავაგებინე, ახალს ვერაფერს შემატყობინებ ამ კაცის თაობაზე, რომელთანაც ღამის გათევას ვაპირებ-მეთქი. ვახშამი უკეთესი იყო ვიდრე მოველოდი: პატარა, ერთი ფუტის სიმაღლის მაგიდაზე მოგვართვეს, ბრინჯით და ბლომად წიწაკით შეზავებული ბებერი მამალი, შემდეგ წიწაკა ზეთში, დაბოლოს, გასპაჩო, თავისებური წიწაკის სალათა. სამი ამგვარად შეზავებული კერძის შემდეგ იძულებული გავხდით ხშირ-ხშირად მოგვეყუდებინა მონტილას ღვინით სავსე ხელადა; ღვინო საუცხოო აღმოჩნდა. ვახშმის შემდეგ შევნიშნე კედელზე ჩამოკიდებული მანდოლინა (ესპანეთში მანდოლინები ყველგან აქვთ), და ვკითხე პატარა გოგოს, რომელიც გვემსახურებოდა, დაკვრა ხომ არ იცი-მეთქი. - არა, მიპასუხა მან, - მაგრამ დონ ხოზე ძლიან კარგად უკრავს! - კეთილი ინებეთ, - ვუთხარი დონ ხოზეს, - და მიმღერეთ რამე; მე გაგიჟებით მიყვარს თქვენი ეროვნული მუსიკა. - მე არ ძალმიძს რამეზე უარი ვუთხრა ასეთ ზრდილ ბატონს, რომელიც ასეთი კარგი სიგარებით მიმასპინძლდება, - წამოიძახა კარგ გუნებაზე მოსულმა დონ ხოზემ, და მოატანინა მანდოლინა, დაუკრა და დაამღერა: ხმა მოუხეშავი, მაგრამ სასიამოვნო ჰქონდა, ჰანგი ნაღვლიანი და უცნაური იყო, რაც შეეხება სიტყვებს, მე ერთი სიტყვაც ვერ გავიგე. - თუ არა ვცდები, - ვუთხარი მას, - თქვენ რომ იმღერეთ, ეს არ იყო ესპანური ჰანგი. ის „სორსიკოს“ უფრო ჰგავდა, რომლებიც პროვინციაში მომისმენია, და სიტყვებიც ბასკური უნდა იყოს. - დიახ, - მოღუშული სახით მიპასუხა დონ ხოზემ. მან მანდოლინა ძირს დადო, გულხელი დაიკრიფა და არაჩვეულებრივი მწუხარე გამომეტყველებით მიაშტერდა ცეცხლს. პატარა მაგიდაზე დადგმული ლამპის შუქით განათებული მისი კეთილშობილი და მკაცრი სახე მილტონის სატანას მაგონებდა, ვინ იცის, იქნებ მისი აზრიც მიტოვებულ სამყოფელს დასტრიალებდა, იქნებ ისიც მასავით იმ დევნაზე ფიქრობდა, რომელსაც რაღაც შეცოდებასავით განიცდიდა. ვეცადე გამომეცოცხლებინა საუბარი, მაგრამ ის ისე იყო თავის ნაღვლიან ფიქრებში წასული, რომ არ მიპასუხა. მოხუცი უკვე კუთხეში მიწვა დასაძინებლად, თოკზე გადაკიდებული დაგლეჯილი ფარდის უკან, პატარა გოგოც მიჰყვა მას ამ მშვენიერი სქესისათვის განკუთვნილ სავანეში. ამას შემდეგ ჩემი გამყოლიც ფეხზე წამოდგა და თავლაში გამიწვია; მაგრამ ამ სიტყვებზე, თითქოს ხელის კვრით გამოაღვიძესო, დონ ხოზე უხეშად შეეკითხა, საით მიხვალო. - თავლაში, - უპასუხა გამყოლმა. - იქ რა გინდა? ცხენებს საჭმელი აქვთ. აქ დაწექი, ბატონი ნებას მოგცემს. - ვშიშობ ბატონის ცხენი ავად არ იყოს: მინდა, რომ ბატონმა ნახოს: იქნებ შეატყოს რა მოუხდება. აშკარა იყო, ანტონიოს ჩემთან განმარტოებით სურდა საუბარი, მაგრამ მე არავითარი სურვილი არ მქონდა დონ ხოზესთვის ეჭვები აღმეძრა, რადგან ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენ ვიმყოფებოდით, ვფიქრობდი, რომ უმჯობესია, რაც შეიძლება მეტი ნდობა გამოვიჩინო-მეთქი. ამიტომ ანტონიოს ვუპასუხე, ცხენებისა მე არაფერი მესმის და თანაც მეძინება-მეთქი. დონ ხოზე გაჰყვა მას თავლაში და მალე იქიდან მარტო დაბრუნდა. მან მითხრა, ცხენს არაფერი უჭირს, მაგრამ თქვენი გამყოლი ისეთ ძვირფას პირუტყვად თვლის, რომ ოფლის მოსადენად თავისი საკუთარი ხალათით დაუწყო ზელვა და გადაუწყვეტია მთელი ღამე ამ სასიამოვნო საქმიანობაში გაატაროსო. ამასობაში მე წამოვწექი ჯორის საოფლეზე, მაგრამ ისე ბეჯითად გავეხვიე ჩემს მოსასხამში, რომ ტანით სულ არ შევხებოდი მას. დონ ხოზემ ჩემთან ბოდიში მოიხადა, ვკადნიერდები და თქვენს მახლობლად ვწვებიო, და კარების წინ დაწვა; მაგრამ ჯერ თავის თოფს პირისწამალი გამოუცვალა და წინდახედულად ამოიდო ჩანთის ქვეშ, რომელსაც ბალიშად ხმარობდა. ხუთ წუთში, მას შემდეგ რაც ერთმანეთს ღამე მშვიდობისა ვუსურვეთ, ერთსაც და მეორესაც მაგრად გვეძინა. ჩემს თავს საკმარისად დაქანცულად ვთვლიდი, რათა ამგვარ ჭერქვეშაც კარგად დამძინებოდა, მაგრამ ერთი საათის შემდეგ მეტისმეტად უსიამოვნო ქავილმა დამიფრთხო ძილი. როგორც კი მივხვდი რაში იყო საქმე, ავდექი იმ გადაწყვეტილებით, რომ სჯობს ღამის დანარჩენი ნაწილი ღია ცისქვეშ გავატარო, ვიდრე ამ არასტუმართმოყვარე ჭერქვეშ-მეთქი, ფეხაკრეფით მივედი კარებთან, გადავალაჯე დონ ხოზეს, რომელსაც ალალ-მართალი კაცის ძილით ეძინა და ისე გამოვედი სახლიდან, რომ არ გამიღვიძებია. კარებთან ერთი განიერი სკამ-ლოგინი იდგა, მეც ღამის გასათევად ვაი-ვაგლახით მასზე მოვეწყვე. ის-ის იყო მეორედ დავხუჭე თვალები, რომ მომეჩვენა თითქოს წინ სრულიად უხმაუროდ კაცის და ცხენის ლანდმა ჩამიარა. მაშინვე წამოვჯექი და ანტონიო ვიცანი. მისი ასეთ დროს თავლის გარეთ დანახვამ გამაოცა, ავდექი და მისკენ წავედი. მანაც შემნიშნა და გაჩერდა. - სად არის? - შემეკითხა ანტონიო ხმადაბლა. - ვენტაში სძინავს, ბაღლინჯოების არ ეშინია, სად მიგყავს ეგ ცხენი? მაშინღა შევამჩნიე, რომ სიფრთხილის გულისათვის ანტონიოს ცხენის ფეხებზე ძველი საოფლის ნაფლეთები დაეხვია, რათა ფარდულიდან უხმაუროდ გასულიყო. - უფრო ჩუმად ილაპარაკეთ, ღვთის გულისათვის! - მითხრა ანტონიომ. - თქვენ არ იცით, ვინ არის ეგ კაცი. ეგ ხოზე ნავაროა, ანდალუზიის ყველაზე სახელგანთქმული ყაჩაღი. მთელი დღე სულ მაგას განიშნებდით, მაგრამ თქვენ ჩემთვის ყურადღება არ მოგიქცევიათ. - ყაჩაღია თუ არა, მე რა? - მივუგე მე, - მას ჩვენ არ გავუძარცვივართ და, სანაძლეოს დავდებ, რომ არც აქვს მასეთი სურვილი. - ძალიან კარგი, მაგრამ ვინც მაგას გასცემს, ორასი დუკატია ჯილდო. აქედან ერთნახევარი ლიეს მანძილზე ულანების პოსტია, და გათენებამდე მე მაგას კაი ზორბა ბიჭებს დავასევ. მინდოდა ნავაროს ცხენი წამეყვანა, მაგრამ ისეთი ავია, პატრონის მეტს არავის იკარებს. - დაგლახვროს ეშმაკმა! - ვუთხარი. - რა დაგიშავა ამ საცოდავმა ადამიანმა, რომ გინდა დააბეზღო? დარწმუნებული კი ხარ, რომ ეგ მართლა ის ყაჩაღია, რომელიც გგონია? - სრულიად დარწმუნებული ვარ; ცოტა ხნის წინ, თავლაში რომ გამომყვა, მითხრა: „შენ, გეტყობა, მიცნობ. თუ ამ კარგ ბატონს ეტყვი ვინა ვარ, შუბლში ტყვიას გკრავ“. დარჩით ბატონო, თქვენ მასთან დარჩით; თქვენთვის საშიში არაფერია. სანამ მაგას ეცოდინება, რომ თქვენ აქ ბრძანდებით, ეჭვს არაფერზე აიღებს. ამ ლაპარაკში საკმაოდ დავშორდით ვენტას, და იქამდე ცხენის ნალების ხმა ვეღარ მიაღწევდა, ანტონიომ თვალის დახამხამებაში გაათავისუფლა ცხენი ფლოქვებზე დახვეული ძონძებისაგან და მოემზადა შესაჯდომად. მე მუდარაც ვცადე და მუქარაც, რათა შემეჩერებინა იგი. - მე ერთი საწყალი კაცი გახლავართ, ბატონო, - მიპასუხა მან, - განა შემიძლია ხელიდან გავუშვა ორასი დუკატი, მით უმეტეს, თუ ქვეყანასაც მაგგვარი ნაძირალებისაგან გავათავისუფლებ. თქვენ კი გაფრთხილებთ: გაიღვიძებს ნავარო თუ არა, მაშინვე თავის თოფს ეცემა და ვაი თქვენ, თუ თავი არ მოარიდეთ! მე უკან დასახევი გზა აღარა მაქვს; თქვენ კი ისე მოიქეცით, როგორც გიჯობდეთ. ის შეჩვენებული უკვე უნაგირზე იჯდა; ქუსლები ჰკრა ცხენს და მალე სიბნელეში ჩემს თვალთაგან მიიმალა. მე ძალიან გაჯავრებული ვიყავი ჩემს გამყოლზე და საკმაოდ მოუსვენრობასაც ვგრძნობდი. ერთი წუთის ფიქრის შემდეგ გადაწყვეტილება მივიღე და ვენტაში დავბრუნდი. დონ ხოზეს ისევ ეძინა, უეჭველია, რამდენიმე ფათერაკით და ხიფათით სავსე უძილო დღე-ღამის დაღლილობისაგან ისვენებდა. იძულებული გავხდი მაგრად შემენჯღრია, რათა გამეღვიძებინა. არასოდეს არ დამავიწყდება მისი სასტიკი სახე და სწრაფი მოძრაობა, რომლითაც თოფს გადაწვდა; მაგრამ თოფი სიფრთხილის გულისთვის ადრევე შორს გადავდე მისი ლოგინიდან. - ბატონო, - ვუთხარი მას, - ბოდიშს ვიხდი თქვენი გაღვიძებისათვის, მაგრამ ერთი სულელური შეკითხვა უნდა მოგცეთ: სასიამოვნოდ დაგრჩებოდათ თუ არა, რომ აქ ერთი ექვსიოდე ულანი მოსულიყო? ის ხელად ფეხზე წამოხტა და საშინელი ხმით მკითხა: - ვინ გითხრათ? - რა მნიშვნელობა აქვს საიდან მოდის რჩევა, ოღონდ ის კარგი იყოს. - თქვენმა გამყოლმა გამცა, მაგრამ მე ამას არ შევარჩენ, სად არის? - არ ვიცი... ალბათ, თავლაშია... ჰოდა ვიღაცამ მითხრა, რომ.. - ვინ გითხრათ?... დედაბერი ვერ გეტყოდათ... - ვიღაცამ, რომელსაც არ ვიცნობ.. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, თუ გაქვთ მიზეზები, ჯარისკაცების მოსვლას არ დავუცადოთ, დროს ნუღარ კარგავთ! თუ არა და ძილი ნებისა, ბოდიშს ვიხდი, რომ ძილი გაგიტეხეთ. - აჰ! თქვენი გამყოლი! თქვენი გამყოლი! თავიდანვე ეჭვი ავიღე მასზე... მაგრამ... არა უშავს, გადავუხდი!... მშვიდობით ბრძანდებოდეთ. ღმერთმა მოგიზღოთ იმ სიკეთისათვის, რომელიც მე მიყავით. არც ისე ცუდი ვარ, როგორიც, ალბათ, თქვენ გგონივართ... დიახ, ჩემში კიდევ არის რაღაც, წესიერი ადამიანის სიბრალულის ღირსი... მშვიდობით, ბატონო... მხოლოდ ერთი ჯავრი მიმყვება, რომ არ შემიძლია სამაგიერო გადაგიხადოთ. - ჩემს მიერ გაწეულ სამსახურის საფასურად პირობა მომეცით, დონ ხოზე, რომ არავისზე ეჭვს არ მიიტანთ და შურისძიებაზედაც არ იფიქრებთ. აი, წაიღეთ გზაში სიგარები; კეთილი მგზავრობა! და ხელი გავუწოდე. მან უსიტყვოდ ხელი ხელზე მომიჭირა, აიღო თავისი თოფი და ჩანთა, დედაბერს რამდენიმე სიტყვა უთხრა რაღაც ჟარგონზე, რომელიც მე ვერ გავიგე და ფარდულისაკენ გაექანა. რამდენიმე წამის შემდეგ უკვე მინდვრად შემომესმა მისი ცხენის თქარათქური. ამის შემდეგ ისევ დავწექი ჩემს სკამლოგინზე, მაგრამ აღარ დამეძინა. ვეკითხებოდი ჩემს თავს, სწორედ მოვიქეცი თუ არა, რომ სახრჩობელას გადავარჩინე ყაჩაღი და, ალბათ, კაცის მკვლელი, მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან ერთად შაშხი და ვალენსიურად მომზადებული ბრინჯი ვჭამე-მეთქი. განა ჩემს გამყოლს არ ვუღალატე, რომელიც კანონს ემხრობოდა; განა მე ის ვიღაც არამზადის შურისძიების მიზნად არ ვაქციე? მაგრამ სტუმარ-მასპინძლობის მოვალეობა... ველურის ცრურწმენაა, ვამბობდი ჩემთვის; ამიერიდან მე ვიქნები პასუხისმგებელი ყველა იმ ბოროტმოქმედებისა, რომელსაც ის ყაჩაღი ჩაიდენს... მაგრამ განა ცრურწმენაა ეს სინდისის ალღო, რომელიც ყოველგვარ მსჯელობას ეწინააღმდეგება? ისეთი საჩოთირო გარემოებაში, როგორშიც მე ვიმყოფებდი, უთუოდ ადვილად ვერ გადავურჩებოდი სინდისის ქენჯნას. ჯერ კიდევ უდიდეს გაურკვევლობას განვიცდიდი და ვმერყეობდი ჩემი საქციელის გამო, როდესაც დავინახე ექვსი ცხენოსანი და ანტონიო, რომელიც წინდახედულად ზურგს უკან ამოფარებული მოსდევდა მათ. მათ შესახვედრად წავედი და ვაცნობე, რომ უკვე ორი საათია, რაც ბანდიტი გაიქცა-მეთქი. დედაბერმა, როდესაც ბრიგადირმა დაჰკითხა, უპასუხა, ვიცნობ ნავაროს, მაგრამ ვინაიდან მარტო ვცხოვრობ, ვერასოდეს ვერ გავბედავ მის დაბეზღებას და ამით ჩემი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებასო. მან დასძინა, რომ ნავაროს ჩვეულებად აქვს, როცა ჩემთან მოდის, ყოველთვის შუაღამისას მიემგზავრება. მეც მომიხდა წასვლა იქიდან რამდენიმე ლიეს მანძილზე ჩემი პასპორტის საჩვენებლად და ალკაიდის წინაშე ჩვენებაზე ხელის მოსაწერად, რის შემდეგაც ნება დამრთეს განმეგრძო ჩემი არქეოლოგიური კვლევა-ძიება. ანტონიო სულ მიბღვერდა, რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ სწორედ მე შევუშალე ხელი ორასი დუკატის მიღებაში, მაგრამ კორდოვაში ჩვენი მაინც კარგ მეგობრებად გავიყარენით; იქ მას იმდენად დიდი გასამრჯელო მივეცი, რამდენის ატანაც ჩემს ჯიბეს შეეძლო. თავი მეორე       კორდოვაში რამდენიმე დღე დავყავი. დომენიკელთა წიგნთსაცავში ერთი ხელნაწერი მიმასწავლეს, საიდანაც საინტერესო ცნობები უნდა ამომეკრიფა ანტიკური მუნდას შესახებ. კეთილი მამების მიერ კარგად მიღებული, მე მთელ დღეებს ვატარებდი მათს მონასტერში, ხოლო საღამოობით ქალაქში დავსეირნობდი. კორდოვაში მზის ჩასვლის ჟამს, გვადალკივირის მარჯვენა მხარეს, სანაპიროზე მრავალი უქმი ხალხი იყრის ხოლმე თავს, იქ, მართალია, იმ დაბახანის ჰაერით სუნთქავთ, რომელიც ამ მხარეს ძველიდანვე ტყავების დამზადებით მოპოვებულ სახელს უნარჩუნებს, მაგრამ, სამაგიეროდ, ისეთი სანახაობით შეიძლება დატკბეთ, რომელსაც უთუოდ თავისი ღირსება აქვს. რამდენიმე წუთით ადრე, მწუხრის ზარის დარეკვამდე, საკმაოდ ამაღლებულ სანაპიროს ქვევით, მდინარის ნაპირზე აუარებელი ქალი იყრის ხოლმე თავს, ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაბედავს ამ ბრბოში შერევას. როგორც კი მწუხრის ზარი ჩამოჰკრავს, ითვლება, რომ უკვე დაღამდა. უკანასკნელ ზართან ერთად ქალები ტანისამოსს იხდიან და წყალში შედიან. ატყდა ყიჟინა, სიცილი, ჯოჯოხეთური ყაყანი. ზევიდან, სანაპიროდან, მობანავეებს მამაკაცები უცქერიან; თვალებს აცეცებენ, მაგრამ ბევრს ვერაფერს ხედავენ. ამისდა მიუხედავად წყლის მუქ ფონზე ბუნდოვნად გამოსახული ეს თეთრი სხეულები პოეტურ განწყობილებას გიქმნიან: სულ პატარა ფანტაზიაა საჭირო და ადვილად წარმოიდგენთ მობანავე დიანას თავისი მხლებელი ნიმფებითურთ, ისე, რომ ამისთვის აქტეონის ბედი არ გაიზიაროთ. მიამბეს, რომ ერთხელ, თურმე, რამდენიმე ლაზღანდარას მოულაპარაკებია, ფული შეუგროვებია და ტაძრის მნათე მოუქრთამავს, რომ მწუხრის ზარი კანონიერ საათზე ოცი წუთით ადრე დაერეკა. თუმცა ჯერ კიდევ სინათლე ყოფილა, გვადალკივირის ნიმფებს მწუხრის ზარისთვის უფრო დაუჯერებიათ, ვიდრე მზისთვის, უყოყმანოდ შეცვივნულან წყალში საბანაოდ და დამშვიდებული სინდისით შეუსრულებიათ ეს მეტად მარტივი პროცედურა. მე იმ დროს იქ არ ვყოფილვარ. ჩემს დროს მნათე უანგარო იყო, საღამო - ბნელი, და მხოლოდ კატა თუ მოახერხებდა ფორთოხლების გამყიდველი მოხუცი დედაბერი კორდოვის ულამაზესი გრიზეტისაგან გამოერჩია. ერთ საღამოს, როდესაც იმდენად დაბინდდა, რომ აღარაფერი ჩანდა, სიგარას ვეწეოდი სანაპიროს მოაჯირზე დაყრდნობილი; ამ დროს მდინარისაკენ მიმავალი კიბით ვიღაც ქალი ამოვიდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. თმებში გარჭობილი ჰქონდა ჟასმინის თაიგული, რომელიც საღამოობით დამათრობელ სურნელებას გამოსცემს. ქალი უბრალოდ, ღარიბულადაც კი იყო ჩაცმული, შავებში, როგორც გრიზეტთა უმეტესობა იცვამს საღამოობით. წესიერი ქალები შავ ტანსაცმელს მხოლოდ დილაობით ატარებენ, საღამოობით ისინი a la francesia იცვამენ. როდესაც ეს ჩემი მობანავე ქალი მომიახლოვდა, თავზე წამოსხმული მანტილია მხრებზე ჩამოიცურა და ვარსკვლავთა მკრთალ შუქზე დავინახე, რომ ის პატარა, ახალგაზრდა და კოხტა ტანისა იყო. ძალიან დიდი თვალები ჰქონდა. იმწამსვე გადავაგდე ჩემი სიგარა, ამ წმინდა ფრანგული თავაზიანობით გამოხატულ ყურადღებას ის ხელად მიმიხვდა და მითხრა, თამბაქოს სუნი ძალიან მომწონს და კიდევაც ვეწევი ხოლმე, როდესაც საკმაოდ სურნელოვანი papelitos შემხვდებაო. საბედნიეროდ, ჩემი სიგარების კოლოფში ასეთები მოიპოვებოდა და საჩქაროდ შევთავაზე. ინება ერთი სიგარის აღება და ცეცხლმოკიდებული თოკის ნაგლეჯზე მოუკიდა; ეს თოკის ნაგლეჯი პატარა ბიჭმა მოგვირბენინა ერთ სუდ. თამბაქოს წევაში და საუბარში მე და მშვენიერი მობანავე ქალი ისე გავერთეთ, რომ სანაპიროზე თითქმის მარტონი დავრჩით. ვიფიქრე, კადნიერება არ იქნება, თუ შევთავაზებ ნევერიაში წამომყვეს და ნაყინზე მეწვიოს-მეთქი. მცირეოდენი მოკრძალებული ყოყმანის შემდეგ, მან მიიღო ჩემი მოწვევა; მაგრამ, სანამ საბოლოოდ გადაწყვეტდა, მოისურვა გაეგო რომელი საათი იყო. მე ჩემს საათს დავარეკინე, და ამ რეკვამ ის განაცვიფრა. - დახე, რას არ მოიგონებენ თქვენში, ბატონო უცხოელებო! რომელი ქვეყნიდან ბრძანდებით თქვენ, ბატონო? უთუოდ ინგლისელი იქნებით. - ფრანგი გახლავართ და მზად ვარ გემსახუროთ. თქვენ კი, ქალბატონო თუ ქალიშვილო, ალბათ კორდოველი ბრძანდებით, არა? - არა. - მაგრამ, მაინც ანდალუზიელი იქნებით, მგონი, თქვენი ნაზი გამოთქმა არ მატყუებს. - თუ აგრე კარგად არჩევთ სხვადასხვა კუთხის გამოთქმებს, მაშინ უნდა გამოიცნოთ კიდეც ვინა ვარ. - მგონი, რომ თქვენ იესოს ქვეყნიდან ბრძანდებით, რომელიც სამოთხის ახლოს არის. (მე ეს მეტაფორა რომელიც ანდალუზიას აღნიშნავს, ჩემი მეგობრისაგან, კარგად ცნობილ პიკადორ ფრანსისკო სევილასაგან ვისწავლე). - ეჰ! სამოთხე კი არა... აქაურები ამბობენ, სამოთხე ჩვენთვის არ მოუგონიათო. - აბა მაშ თქვენ მავრის ქალი იქნებით ან... - მე შევჩერდი, რადგან ვეღარ გავბედე მეთქვა: ებრაელი-მეთქი. - კარგი ერთი! თქვენც კარგად ხედავთ, რომ ბოშა ვარ. გინდათ შახი8 გითხრათ? განა არაფერი გაგიგონიათ კარმენსიტას შესახებ? ეს მე ვარ. მე მაშინ, მას აქეთ თხუთმეტი წელი იქნება, ისეთი ურწმუნო ვიყავი, რომ შიშისაგან თავზარი არ დამეცა და უკან არ დავიხიე, როდესაც ჩემს გვერდით ჯადოქარი ქალი დავინახე. „მშვენიერია!“ - გავიფიქრე, - გასულ კვირას, ხომ გავარდნილ ყაჩაღთან ვივახშმე, მოდი დღეს ამ ეშმაკის მსახურთან გეახლებით ნაყინს. მგზავრობაში კაცმა ყველაფერი უნდა გამოსცადო“. კიდევ მეორე მიზეზიც მქონდა, რომ მასთან ნაცნობობა გამეგრძელებინა. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო, რომ კოლეჟის დამთავრების შემდეგ კარგა ხანი მოვანდომე საიდუმლო მეცნიერებათა შესწავლას და რამდენჯერმე ბნელი ძალების შელოცვაც ვცადე. მართალია, ამგვარი კვლევა-ძიებისაგან უკვე დიდი ხნის განკურნებული გახლდით, მაგრამ მაინც შემრჩა ერთგვარი ცნობისმოყვარეობა, რომელიც ყოველ ჯურის ცრუმორწმუნეობისაკენ მიზიდავდა; ამიტომ მიხაროდა, გავიგებ რა დონეზეა აყვანილი ბოშათა შორის მისნობის ხელოვნება-მეთქი. ამგვარი საუბრით ჩვენ ნევერიაში შევედით და ერთ პატარა მინის ბურთში ჩასმული სანთლით განათებულ მაგიდასთან დავსხედით. სანამ რამდენიმე წესიერი შესახედაობის კაცი, რომლებიც ნაყინს შეექცეოდნენ, გაოცებული მაშტერდებოდნენ, ასეთ კარგი საზოგადოებაში რომ დამინახეს, მე საშუალება მომეცა ჩემი ხიტანა კარგად დამეთვალიერებინა. ძლიერ ვეჭვობ, რომ სინიორიტა კარმენი წმინდა სისხლის ბოშა ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში, ის გაცილებით უფრო ლამაზი იყო, ვიდრე მისი ხალხის სხვა ქალები, რომლებიც მინახავს. იმისათვის, რომ ქალს ნამდვილად ლამაზი ეწოდოს, როგორც ესპანელები ამბობენ, საჭიროა მის დახასიათებაში ოცდაათი „თუ“ შეერთდეს, ანუ სხვანაირად თუ გსურთ, უნდა შეიძლებოდეს მისი აღწერა ათი ზედსართავის საშუალებით, რომელთაგან ყოველი მისი სხეულის სამ ნაწილს უნდა ეხებოდეს. მაგალითად, მას უნდა სამი რამ შავი ჰქონდეს - თვალები, წამწამები და წარბები; სამი რამ ნაზი: თითები, ტუჩები და თმა, და ა.შ. დანარჩენები შეგიძლიათ ბრანტომთან იხილოთ. ჩემს ბოშა ქალს არ შეეძლო ისეთი სრულყოფილი სილამაზის პრეტენზია ჰქონოდა. მისი კანი თუმცა სრულიად გლუვი იყო, სიმუქით სპილენძის ფერს უახლოვდებოდა. თვალის ჭრილი ირიბი, მაგრამ ძლიერ წარმტაცი ჰქონდა, ტუჩები ცოტა მსხვილი, მაგრამ კარგი მოყვანილობის, და მათ უკან კანგადაცლილ ნუშზე უფრო თეთრი კბილები მოუჩანდა. მისი გრძელი და მბზინავი თმა, შეიძლება ცოტა მაგარი და უხეში, შავი ფერის იყო და ზედ ყორნის ფრთასავით ოდნავ სილურჯე გადაჰკრავდა. მეტისმეტი გაჭიანურებული აღწერით რომ თავი არ შეგაწყინოთ, მოკლედ გეტყვით, რომ ყველა მის ნაკლს რაიმე ღირსებაც უკავშირდებოდა, რომელიც ალბათ კონტრასტის ძალით უფრო მეტად გხვდებოდა თვალში. მისი სახის უცნაური და ველური სილამაზე დასაწყისშივე გაოცებდათ, მაგრამ მისი დავიწყება არ შეიძლებოდა. განსაკუთრებით მის თვალებს ერთდროულად რაღაც ვნებიანი და მკაცრი გამომეტყველება ჰქონდათ, რაიც მას შემდეგ მე აღარც ერთ სახეზე არ შემინიშნავს. ბოშის თვალი - მგლის თვალიო, ასე ამბობენ ესპანელები, როდესაც სურთ კარგი დაკვირვების უნარი გამოხატონ. თუ არა გცალიათ, რომ ზოოლოგიურ პარკში წაბრძანდით მგლის გამოხედვის შესასწავლად, მაშინ თქვენ კატას დაუკვირდით, როდესაც ის ბეღურას უთვალთვალებს. გასაგებია, რომ სასაცილო იქნებოდა კაფეში მემკითხავებინა. ამიტომ ლამაზ მკითხავს ვთხოვე ნება მოეცა სახლში გავყოლოდი: ის ადვილად დამთანხმდა, მაგრამ ჯერ მოისურვა, კიდევ გაეგო რა დრო იყო და მთხოვა, ხელახლა დაარეკინეთ თქვენს საათსაო. - მართლა ოქროსია? - მკითხა მან და ყურადღებით დაუწყო სინჯვა საათს. როდესაც კაფედან გამოვედით და გზას გავუდექით, უკვე ბნელი ღამე იყო. დუქნები თითქმის ყველგან დაეკეტათ და ქუჩებიც დაცარიელებულიყო. ჩვენ გვადალკივირის ხიდზე გადავედით და გარეუბნის ბოლოში ერთ სახლთან გავჩერდით, რომელიც, რა თქმა უნდა, არაფრით არ ჩამოგავდა სასახლეს. კარი ერთმა ბავშვმა გაგვიღო. ბოშა ქალმა მას რამდენიმე სიტყვა უთხრა ჩემთვის უცნობ ენაზე, რომელიც, როგორც შემდეგ გავიგე, „რომანი“, ანუ „ჩიპე კალი“ უნდა ყოფილიყო, - ბოშათა ენის კილო. ბავშვი იმწამსვე გაქრა და ერთ მოზრდილ ოთახში დაგვტოვა, სადაც ერთი პატარა მაგიდის, ორი ტაბურეტისა და სკივრის მეტი არაფერი იდგა. კინაღამ დამავიწყდა წყლით სავსე თუნგი, ფორთოხლების გროვა და ერთი გალა ხახვი. როგორც კი მარტო დავრჩით, ბოშა ქალმა თავისი სკივრიდან ამოიღო ბანქოს ქაღალდი, რომელსაც დიდი ხნის დამსახურება ეტყობოდა, ანდამატი, გამხმარი ქამელეონი და კიდევ რამდენიმე მისი ხელობისთვის საჭირო სხვა ნივთი. შემდეგ მითხრა, მარცხენა ხელის გულზე ფულით ჯვარი გამომესახა და ჯადოქრობა დაიწყო. ზედმეტი იქნებოდა მომეხსენებინა თქვენთვის, რა მიწინასწარმეტყველა მან, მაგრამ რაც შეეხება მისი მკითხაობის ხერხებს, აშკარად ემჩნეოდა, რომ ის იყო ნამდვილი ჯადოქარი. საუბედუროდ ჩვენ მალე ხელი შეგვიშალეს. უეცრად ვიღაცამ კარი შემოაღო ძალით და ოთახში ერთი კაცი შემოვარდა, რომელიც ისე იყო შეხვეული მიხაკისფერ მოსასხამში, რომ მხოლოდ თვალებიღა უჩანდა; მან ბოშა ქალს საკმაოდ უხეშად მიმართა. მე, მართალია, არ მესმოდა მისი ლაპარაკი, მაგრამ ხმაზე ვატყობდი, რომ ძალიან განრისხებული უნდა ყოფილიყო. მის დანახვას ბოშა ქალი არც გაუკვირვებია, არც გაუბრაზებია; იგი მის შესახვედრად გაექანა და სხაპასხუპით რამდენიმე ფრაზა უთხრა უცნაურ ენაზე, რომელიც მე ერთხელ უკვე გავიგონე მისგან. ერთადერთი სიტყვა, რომელიც გავიგე, რადგან ის ხშირად იმეორებდა მას, იყო „პაოლო“. ვიცოდი, რომ ბოშები ამ სიტყვებით აღნიშნავენ ყოველ ადამიანს, რომელიც მათ რასას არ ეკუთვნის. მივხვდი, რომ ლაპარაკი მე მეხებოდა და მოველოდი რომ უსიამოვნო ახსნა-განმარტების მიცემა დამჭირდებოდა; ტაბურეტის ფეხს ხელი დავავლე და ჩემს გულში ვცდილობდი გამერკვია, როდის დადგებოდა ისეთი მომენტი, როდესაც საჭირო იქნებოდა თავში მეთხლიშა იგი ჩვენი მყუდროების დამრღვევისათვის. მან ბოშა ქალი ხელის კვრით მოიშორა გზიდან და ჩემკენ გამოიწვია; მაგრამ მაშინვე ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. - ეჰ! ეს თქვენ ბრძანდებოდით, ბატონო! მეც, ჩემის მხრივ, შევხედე და ჩემი მეგობარი დონ ხოზე ვიცანი. ამ წუთს, ცოტა არ იყოს, ვინანე, რატომ არ დავანებე, რომ ის ჩამოეხრჩოთ. - ეჰე! ეს თქვენა ხართ, ჩემო კარგო! - წამოვიძახე მე და როგორც კი შემეძლო, ძალდაუტანებლად გავიცინე; - სწორედ იმ დროს შეუშალეთ ამ ქალიშვილს ხელს, როდესაც ის ფრიად საყურადღებო ამბებს მაუწყებდა. - მუდამ ერთი და იგივე ამბავი! მაგრამ ამას ბოლო მოეღება, - წაიბურტყუნა მან და მოღუშული მზერა მიაპყრო ქალს. ამასობაში ბოშა ქალი განაგრძობდა მასთან ლაპარაკს თავის ენაზე. ნელ-ნელა ის აღელდა. თვალები სისხლით აევსო, საშინელი გამომეტყველება მიიღო, სახე მოეღრიცა, ფეხს იატაკზე სცემდა. მეჩვენებოდა, თითქოს აიძულებდა დონ ხოზეს რაღაც გაეკეთებინა, ხოლო ეს უკანასკნელი აშკარად ყოყმანობდა. მგონი კარგად მივხვდი, რას ამბობდა კარმენი, რადგან ვხედავდი, რომ თავის პატარა ხელს ხშირად ისვამდა ნიკაპქვეშ. ძალაუნებურად აზრად მომივიდა, რომ საქმე ყელის გამოჭრას ეხებოდა, და ეჭვი დამებადა, რომ ეს ჩემი საკუთარი ყელი უნდა ყოფილიყო. მთელი ამ მჭერმეტყველების ნიაღვარს დონ ხოზემ მხოლოდ ორი თუ სამი სიტყვით უპასუხა და მოკლედ მოჭრა. მაშინ ბოშა ქალმა ზიზღით შეხედა, კუთხეში მიჯდა, ამოირჩია ფორთოხალი, გაიფცქვნა და ჭამა დაუწყო. დონ ხოზემ მკლავში ხელი წამავლო, გააღო კარი და ქუჩაში გამომიყვანა. ორასიოდე ნაბიჯი უღრმეს სიჩუმეში გავიარეთ, შემდეგ ხელი გაიშვირა: - სულ ასე იარეთ დ ხიდთან მიხვალთ. მან მაშინვე ზურგი შემომაქცია და სწრაფად გამშორდა. სასტუმროში ცოტა დარცხვენილი და ცუდ გუნებაზე დავბრუნდი. ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ გახდისას აღმოვაჩინე, ჩემი საათი აღარ მქონდა. სხვადასხვა მოსაზრებებმა ხელი შემიშალა, მეორე დღეს წავსულიყავი და ჩემი საათის დაბრუნება მომეთხოვა, ან ბ-ნი კორეხიდორისათვის მიმემართა თხოვნით, რომ კეთილი ენებებინა და მოეძებნინებინა ჩემი საათი. დავამთავრე მუშაობა დომინიკელთა ხელნაწერებზე და სევილიაში გავემგზავრე. ანდალუზიაში რამდენიმე თვის ხეტიალის შემდეგ გადავწყვიტე მადრიდში დაბრუნება; გზად კორდოვაში მომიხდა გავლა. განზრახვა არ მქონდა დიდი ხნით დავრჩენილიყავი იქ, რადგან ეს ლამაზი ქალაქიც და გვადალკივირში მობინავე ქალებიც ავითვალწუნე, მაგრამ რამდენიმე მეგობარი მყავდა სანახავი, რამდენიმე დავალება შესასრულებელი და ყოველივე ეს სამ თუ ოთხ დღეს მაინც დამაკავებდა მაჰმადიან მბრძანებელთა ძველ სატახტო ქალაქში. როგორც კი დომინიკელთა მონასტერში გამოვჩნდი, ერთი ბერი, რომელიც მუდამ ცხოველ ინტერესს იჩენდა ჩემი კვლევისადმი მუნდას ადგილმდებარეობის შესახებ, ხელგაშლილი მომეგება და წამოიძახა; - იკურთხოს ღვთის სახელი! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ჩემო ძვირფასო მეგობარო. ჩვენ ყველას მკვდარი გვეგონეთ, და მე, რომელიც ახლა გელაპარაკებით, ბევრი „მამაო ჩვენო“ და „მოგვმადლენ“ მაქვს ნათქვამი თქვენი სულის საცხონებლად, რასაც არ ვნანობ. მაშ, თქვენ არ მოუკლიხართ, გაძარცვით კი გაგძარცვეს, ვიცი. - ეგ რანაირად? - ცოტა გაოცებულმა შევეკითხე მე. - დიახ, თქვენ ხომ გახსოვთ ის მშვენიერი ზარიანი საათი, რომელსაც არეკვინებდით ხოლმე წიგნთსაცავში, როცა ჩვენ გეტყოდით, წირვაზე წასვლის დროა. ჰოდა, ის ნაპოვნია, და დაგვიბრუნებენ. - ჰო, ის საათი, - სიტყვა მოვუჭერი მე აბნეულად, - მე ის სადღაც დავკარგე. - არამზადა დამწყვდეულია და რადგან ვიცოდი, რომ ის ისეთი კაცი იყო, რომ წვრილი ფულის გულისთვის ქრისტიან ადამიანს თოფს ესროდა, გვეშინოდა თქვენც მოკლული არ ჰყოლოდით. მე გამოგყვებით კორეხიდორთან და დავიბრუნებ თქვეს მშვენიერ საათს. ოღონდ ამის შემდეგ არ გაბედოთ და თქვენს ქვეყანაში არ ილაპარაკოთ, რომ ესპანეთში მართლმსაჯულებას თავისი ხელობისა არაფერი ესმისო. - უნდა გამოგიტყდეთ, - ვუთხარი მე, - რომ მირჩევნია ის საათი დამეკარგოს, ვიდრე სასამართლოში მოწმედ გამოვიდე და საწყალი კაცი ჩამოახრჩონ მხოლოდ იმისათვის, რომ.. რომ.. - ოჰ! თქვენ ნურაფერზე ნუ სწუხართ; მას საკმაოდ ბევრი ბრალი ედება, და ორჯერ ხომ ვერ ჩამოახრჩობენ! რას ვამბობ ჩამოახრჩობენ-მეთქი, ვცდები. თქვენი გამძარცველი ჰიდალგოა; ამიტომ ზეგ მას შეუწყალებლად დაახრჩობენ! თქვენ ხედავთ, რომ ერთი ქურდობით მეტი თუ ნაკლები მის საქმეში ვეღარაფერს შეცვლის. ნეტავი, ღვთის განგებით, ქურდობაზე მეტი არაფერი ჩაედინა. მას რამდენიმე, ერთიმეორეზე უფრო შემზარავი მკვლელობა აქვს ჩადენილი. - რა ჰქვია? - ამ მხარეში მას ხოზე ნავაროს სახელით იცნობენ, მაგრამ მეორე ბასკური სახელიც აქვს, რომლის გამოთქმას ვერც თქვენ და ვერც მე ვერასოდეს ვერ მოვახერხებთ. იცით, იმ კაცის ნახვა ღირს და თქვენ, რომელსაც ასე გიყვართ ქვეყნის თავისებურებების გაცნობა, არ უნდა გაუშვათ ხელიდან შემთხვევა, გაიგოთ, როგორ სტოვებენ სააქაოს არამზადები ესპანეთში. ის ახლა ეგვტერში ჰყავთ და მამა მარტინესი მიგიყვანთ მასთან. ჩემმა დომენიკელმა ისე დაიჟინა „პატარა ლამაზი ჩამოხრჩობის“ სამზადისი ნახეთ, რომ მეტი ღონე აღარ იყო, დავთანხმდი. ტუსაღის სანახავად რომ მივედი, თან ერთი კოლოფი სიგარებიც წავიღე, რაც, იმედი მქონდა, გაამართლებდა მის თვალში ჩემს მოურიდებლობას. დონ ხოზესთან იმ დროს შემიყვანეს, როდესაც ის საჭმელს ჭამდა. მან საკმაოდ ცივად დამიკრა თავი და ზრდილობიანად გადამიხადა მადლობა ჩემი მიტანილი საჩუქრებისათვის. დათვალა სიგარები კოლოფში, რომელიც ხელში მივაჩეჩე, ამოიღო იქიდან რამდენიმე ცალი და დანარჩენი ისევ დამიბრუნა, ამის მეტი აღარ დამჭირდებაო. მე ვკითხე, ხომ არ შემიძლია ცოტა ფულით ან ჩემი მეგობრების გავლენით განაჩენი შევამსუბუქებინო - მეთქი. პირველად სევდიანი ღიმილით მხრები აიჩეჩა; მაგრამ მალე გადაიფიქრა და შემეხვეწა, ჩემი სულის საცხონებლად აწირვინეთო. - ხომ არ ინებებდით, - დაუმატა მან კრძალვით, - ხომ არ ინებებდით, კიდევ მეორე ადამიანის სულისთვისაც აწირვინოთ, რომელმაც თქვენ გაწყენინათ? - რა თქმა უნდა, ჩემო კარგო, - ვუთხარი მე; - მაგრამ, რამდენადაც მახსოვს, ამ მხარეში ჩემთვის არავის უწყენინებია. მან დინჯად ხელი ჩამომართვა და მაგრად მომიჭირა. ერთი წუთის სიჩუმის შემდეგ განაგრძო. - შეიძლება კიდევ ერთი თხოვნა გაგიბედოთ?. თქვენს ქვეყანაში რომ დაბრუნდებით, შეიძლება ნავარაზე გაიაროთ; ყოველ შემთხვევაში, ვიტორიაში მაინც გაივლით, რომელიც ძლიერ დაშორებული არ არის იქიდან. - დიახ, - ვუპასუხე მე, - ვიტორიაში, რასაკვირველია გავივლი, მაგრამ იქიდან შეიძლება პამპლონისკენაც მომიხდეს გადახვევა, და თქვენ ხათრით ხომ, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით გადავუხვევ იქით. - ძლიან კარგი! პამპლონაში თუ ჩახვალთ, ბევრ რასმეს ნახავთ თქვენთვის საყურადღებოს... პამპლონა საუცხოო ქალაქია. მე თქვენ მოგცემთ ამ მედალიონს (მან მაჩვენა პატარა ვერცხლის მედალიონი, რომელიც კისერზე ჰქონდა ჩამოკიდებული), ქაღალდში გაახვიეთ... ერთ წუთს შეჩერდა, რათა მღელვარება დაეოკებინა.. და გადაეცით ან გაუგზავნეთ ერთ კეთილ ქალს, რომლის მისამართს მოგცემთ. - უთხარით, რომ მოვკვდი, მხოლოდ არ უთხრათ, როგორ. პირობა მივეცი, რომ მის დავალებას შევასრულებდი. მე ის მეორე დღესაც ვინახულე და კარგა ხანს დავყავი მასთან. მისგან მოვისმინე ის სევდიანი ამბავი, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ.   თავი მესამე       მე დავიბადე, - დაიწყო მან, - ელიზონოდოში, ბაზტანის ხეობაში. ჩემი სახელია დონ ხოზე ლიზარაბენგოა, და თქვენ საკმარისად იცნობთ ესპანეთს, ბატონო, რომ ჩემმა სახელმა იმწამსვე გაუწყათ, რომ მე ბასკი ვარ და წმინდა წყლის ქრისტიანი. თუ ჩემს სახელს „დონს“ ვუმატებ, ამის უფლება მაქვს და, ელიზონდოში რომ ვიყო, ჩემს გენეალოგიასაც გაჩვენებდით პერგამენტზე. ჩვენებს სურდათ, რომ სასულიერო პირი გამოვსულიყავი და ამიტომ მასწავლიდნენ, მაგრამ ჩემი სწავლებიდან არაფერი გამოვიდა. მეტისმეტად მიყვარდა ჩოგნით თამაში, და სწორედ ამან დამღუპა. როდესაც ჩოგანს ვთამაშობთ, ჩვენ, ნავარელებს, ყველაფერი გვავიწყდება. ერთ დღეს ერთ ალაველ ბიჭს მოვუგე და მან ჩხუბი ამიტეხა, „მაკილას“9 ვტაცეთ ხელი, და აქაც მოგებული მე დავრჩი; მაგრამ ამის გამო ჩემი ქვეყნის დატოვება მომიხდა. გზაზე დრაგუნებს შევხვდი და მოხალისედ შევედი ალმანზას ცხენოსან ლეგიონში. ჩვენი მთის ხალხი სამხედრო საქმეს ადვილად ითვისებს. მე მალე ბრიგადირი გავხდი; მპირდებოდნენ, რომ უნტეროფიცრობას მომცემდნენ, როდესაც, ჩემდა საუბედუროდ, სევილიის თამბაქოს ფაბრიკის ყარაულში დამნიშნეს. თუ თქვენ სევილიაში ყოფილხართ, უთუოდ ნანახი გექნებათ ის დიდი შენობა, რომელიც ქალაქის გალავნის გარეთ გექნებათ ეს დიდი შენობა, რომელიც ქალაქის გალავნის გარეთ მდებარეობს, გვადალკივირის ნაპირზე. ახლაც თვალწინ მიდგას მისი ალაყაფის კარი და მის გვერდით საყარაულო შენობა. მორიგეობის დროს ესპანელებმა ან ბანქო უნდა ითამაშონ, ან იძინონ; მე კი, როგორც ნამდვილი ნავარელი, მუდამ ვცდილობდი რაიმე საქმე გამეჩინა. ამჯერად თითბრის მავთულიდან ძეწკვს ვაკეთებდი ჩემი ფალიის გასაწმენდი ნემსის დასამაგრებლად. უცებ მომესმა ამხანაგების ხმა: აგერ ზარიც რეკავს, ახლა ქალები დაბრუნდებიან სამუშაოდ. მოგეხსენებათ ბატონებო, რომ თამბაქოს ფაბრიკაში კაი ოთხასი თუ ხუთასი ქალი მუშაობს. ისინი ერთ დიდ დარბაზში სიგარებს ახვევენ; ამ დარბაზებში მამაკაცებს მხოლოდ ვენტკვატროს0 ნებართვით უშვებენ, რადგან, როდესაც ქალებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დასცხებათ, ისინი შილიფად მუშაობენ. მუშა ქალების დაბრუნების დროს, სადილობის შემდეგ, ბევრი ახალგაზრდა ვაჟი იყრის თავს ქალების საცქერლად; ისინი მათ ათასნაირ სისულელეს და საარშიყო სიტყვებს ეუბნებიან. ამ ქალებში ცოტაა ისეთი, რომელიც უარს იტყვის ფარჩის მანტილიაზე, და ასეთ თევზაობის მოყვარულს ხელის გაწვდის მეტი არაფერი სჭირდება თევზის დასაჭერად. სანამ სხვები ქალებს უჭვრეტდნენ, მე ჩემი სკამიდან არ დავძრულვარ, ალაყაფთან დავრჩი. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, დღენიადაგ ჩემს მხარეზე ვფიქრობდი და ვერ წარმომედგინა, თუ შეიძლებოდა, რომ ლამაზ ქალს ლურჯი ქვედა ტანი არ სცემოდა და მხრებზე ნაწნავები არ ჰქონოდა დაყრილი. გარდა ამისა, ანდალუზიელი ქალები მაშინებდნენ, მათ ყოფაქცევას ვერ შევეგუებოდი: ისინი ყოველთვის დაგვცინიან და ერთ გონივრულ სიტყვას მათგან ვერ გაიგონებ. ამიტომ ჩემი ძეწკვიდან თავი არ ამიღია. ამ დროს ყური მოვკარი, როგორ წაულაპარაკეს მოქალაქეებმა ერთმანეთს: „აგერ, ხიტანილაო!“ ზევით ავიხედე და ის დავინახე. ეს მოხდა პარასკევს, ის დღე არასოდეს არ დამავიწყდება. დავინახე კარმენი, რომელსაც თქვენც იცნობთ და რომელთანაც ამ რამდენიმე თვის წინ შეგხვდით. მას წითელი, ძლიერ მოკლე ქვედატანი ეცვა, რომელიც ვერ უფარავდა თეთრ აბრეშუმის დაგლეჯილ წინდებს და ალისფერი ბასტებით შეკრულ კოპწია წითელ ფეხსაცმელებს. მანტილია გადაეხადა, რათა მხრები და პერანგზე მიმაგრებული აკაციის დიდი თაიგული გამოეჩინა. აკაციის ერთი ყვავილი კბილებით ეჭირა და კორდოვას საჯიშე ფაშატივით თეძოების რხევით მოდიოდა. ჩვენთან ასე ჩაცმული ქალის შეხვედრაზე ყველა პირჯვარს გადაიწერდა, სევილიაში კი ყველა შემხვედრი რაიმე გიჟმაჟური ქათინაურით უქებდა მიხვრა-მოხვრას. ისიც ცალი ხელით დოინჯშემოყრილი ყველას პასუხს აძლევდა, თვალს უკრავდა და ირიბად უცქეროდა ხოლმე, ნამდვილი ბოშა ქალივით უტიფარი. პირველად არ მომეწონა და ისევ ჩემი საქმე განვაგრძე, ის კი, ქალების და კატების ჩვეულება ხომ გაგიგიათ, როცა ეძახი, არ მოდიან, როცა არ ეძახი, მაშინ მოდიან, წინ დამიდგა და გამომელაპარაკა. - ნათლიმამ, - მითხრა ანდალუზიურ კილოთი, - შენს ძეწკვს არ მომცემ, რომ ჩემი სკივრის გასაღებები ავასხა ზედ? - ამით ჩემი ფალიის ნემსი უნდა დავამაგრო, - ვუპასუხე მე. - შენი ნემსი! - გადაიხარხარა მან. - აჰ! ეტყობა, ეს ვაჟბატონი მაქმანს ქსოვს, რაკი ნემსები სჭირდება. იქ მყოფებმა სიცილი დამაყარეს, ვიგრძენი, როგორ გავწითლდი, მაგრამ საპასუხო სიტყვა ვერ გამოვძებნე. - მოდი, ჩემო საყვარელო, - განაგრძო მან, - შვიდი არშინი მაქმანი მომიქსოვე, მანტილიისთვის მინდა. მერე გამოიღო პირიდან ყვავილი, ცერის ერთი მოძრაობით მესროლა და შიგ თვალებს შუა მომახვედრა. ბატონო ჩემო, მომეჩვენა, თითქოს ყვავილი კი არა, ტყვია მომხვდა... არ ვიცოდი სირცხვილისაგან სად დავმალულიყავი, ადგილზე გავშეშდი. როდესაც ფაბრიკაში შევიდა, ჩემს ფეხთან დაცემული ყვავილი დავინახე. არ ვიცი რამ მაქნევინა, დავიხარე, ის ყვავილი ამხანაგებისაგან შეუმჩნევლად ავიღე და მოწიწებით შევინახე ქურთუკის უბეში. პირველი სისულელე! ორი თუ სამი საათის შემდეგ, ისევ ამ ამბავზე ვფიქრობდი, როდესაც საყარაულო შენობაში მღელვარებისაგან სახეშეშლილი და აქოშინებული მეკარე მოვარდა, ერთი ქალი მოკლეს და საჭიროა დარაჯების გაგზავნაო. უნტეროფიცერმა მე გამგზავნა ამბის გამოსარკვევად და ორი კაცი გამატანა. წავედით ფაბრიკაში. წარმოიდგინეთ, ბატონო, რომ დარბაზში შესვლისას თავდაპირველად ვერაფერი დავინახე სამასი პერანგისამარა ქალების მეტი, რომლებიც ერთად კიოდნენ, ღრიალებდნენ, ხელებს იქნევდნენ და ისეთ აურზაურს ქმნიდნენ, რომ ძაღლი პატრონს ვერ იცნობდა. ერთ კუთხეში გასისხლიანებული ქალი ეგდო ჩლიქებაშვერილი, სახეზე დანის ორი დარტყმით ჯვარი ჰქონდა გამოხატული. დაჭრილს ამ ბრბოდან ყველაზე უფრო გულკეთილად უწევდნენ დახმარებას, ხოლო მის პირდაპირ დავინახე კარმენი, რომელიც ხუთ თუ ექვს დედაკაცს ჰყავდა გაკავებული. დაჭრილი გაჰკიოდა - მაზიარეთ! მაზიარეთ! ვკვდებიო! - კარმენი არაფერს ამბობდა, კრიჭა ჰქონდა შეკრული და თვალებს ატრიალებდა ქამელეონივით. - რა მოხდა? - ვიკითხე მე. მუშა ქალები ყველანი ერთად აყაყანდნენ დიდი გაჭირვებით გამოვარკვიე, რაც მომხდარიყო, თურმე დაჭრილ ქალს დაეტრაბახა, საკმარისი ფული მაქვს და ტრიანას ბაზარზე ვირი უნდა ვიყიდოო. - დახეთ ამას, - უთქვამს კარმენს, რომელსაც მწარე ენა ჰქონია, - განა ცოცხის ტარი აღარ გყოფნის? - მეორეს, რომელსაც ეს გაკილვა სწყენია, რადგან, როგორც ჩანს, ამ საკითხში თავს მთლად წმინდანად ვერ გრძნობდა, უპასუხნია: მე ცოცხის ტარებისა არაფერი მესმის, რადგან არ მაქვს პატივი ბოშა ქალი ან სატანას ნათლული გახლდეთო, მაგრამ ჩემს ვირს კი ქალბატონი კარმენსიტა მალე ნახავსო, როდესაც ბატონი კორეხიდორი სასეირნოდ გაგზავნის მას და უკან ორ ლაქიას გაადევნებს ბუზების მოსაშორებლადო. - მაშ კარგი, - უთქვამს კარმენს, - მე შენ გაგიკეთებ ლოყაზე ბუზებისათვის ვარცლს, დამაცა ერთი ჭადრაკის დაფასავით მოგიხატო ეგ სახეო. ამის თქმა იყო და დანით, რომლითაც სიგარებს ბოლოებს აჭრიდა, ამ ქალს სახეზე წმინდა ანდრიას ჯვრების ხატვა დაუწყო. საქმე ნათელი იყო. მე კარმენს მკლავში წავავლე: - ჩემო დაო, - ვუთხარი თავაზიანად, - უნდა გამომყვე. მან ერთი შემომხედა და თითქოს მიცნო. მაგრამ მორჩილად მიპასუხა: - წავიდეთ. სად არის ჩემი მანტილია? - მან თავისი მანტილია თავზე მოიხვია ისე, რომ მხოლოდ ერთი დიდი თვალიღა უჩანდა და ცხვარივით თვინიერი მიჰყვა ჩემს ჯარისკაცებს. საყარაულო შენობაში რომ მივედით, უნტეროფიცერმა თქვა, დანაშაული მძიმეა და ციხეში უნდა წაიყვანოთო. ამჯერად მე მომიხდა მძიმეა და ციხეში უნდა წავიყვანოთო. ამჯერად მე მომიხდა მისი წაყვანა, ორ დრაგუნს შუა ჩავაყენე, ხოლო თვითონ უკან გავყევი, როგორც ასეთ შემთხვევაში უნდა მოიქცეს ბრიგადირი. ქალაქის გზას დავადექით. დასაწყისში ბოშა ქალი მდუმარებას არ არღვევდა. მაგრამ გველის ქუჩაბანდზე რომ გავედით - თქვენც იცნობთ იმ ქუჩაბანდს, რომელიც თავისი მიხვეულ-მოხვეულებით სავსებით იმსახურებს თავის სახელს. მან ჯერ მანტილია გადაიგდო თავის მხარზე, რათა თავისი მაცდური სახე დაენახვებინა ჩემთვის, მერე მობრუნდა ჩემკენ და მითხრა: - ბატონო ოფიცერო, სად მიგყავართ? - ციხეში, ჩემო საბრალოვ, - ვუპასუხე რაც შეიძლება დაყვავებით, როგორც კარგი ჯარისკაცი ვალდებულია ელაპარაკოს ტუსაღს, მით უმეტეს ქალს. - მახლას! რა მომივა იქ მე? ბატონო ოფიცერო, შემიბრალეთ, თქვენ ასეთი ახალგაზრდა ბრძანდებით, ასეთი კეთილი!... შემდეგ ცოტა უფრო ხმადაბლა განაგრძო: - საშუალება მომეცით გავიქცე, და „ბარ ლაჩის“ ნატეხს მოგცემთ, რომლის ძლითაც ყველა ქალს შეაყვარებ თავს. „ბარ ლაჩი“, ბატონო, ანდამატის ქვაა, რომლითაც როგორც ბოშები ამტკიცებენ, ათასნაირი ჯადოსნობის ჩადენა შეიძლება, თუკი მისი მოხმარება იცით. ერთი ბეწო მისი ნაქლიბი რომ დაალევინო ქალს ერთი ჭიქა თეთრი ღვინით, ის წინააღმდეგობას ვეღარ გაგიწევთ. მე, რაც შეიძლებოდა სერიოზულად ვუპასუხე კარმენს. - ჩვენ აქ იმიტომ კი არა ვართ, რომ სისულელეები ვჩმახოთ. ციხეში უნდა წავიდეთ, ასეთია ბრძანება და ამას აღარაფერი ეშველება. ჩვენ, ბასკების ქვეყნის ხალხს, ისეთი გამოთქმა გვაქვს, რომ ესპანელები ადვილად გვცნობენ. სამაგიეროდ, არც ერთი ესპანელი არ მოიპოვება, რომ თუნდაც მხოლოდ bai, jaona-ს წარმოთქმა ისწავლოს. ამიტომ კარმენს არ გაუჭირდა გამოეცნო, რომ პროვინციიდან ვიყავი. თქვენც მოგეხსენებათ, ბატონო, ბოშები არც ერთ ქვეყანას არ ეკუთვნიან, ყველგან მოგზაურობენ, ყველა ენაზე ლაპარაკობენ და მათი უმრავლესობა მშვენივრად გრძნობს თავს პორტუგალიაშიც და, საერთოდ, ყველგან. ისინი მავრებსა და ინგლისელებსაც კი კარგად ურიგდებიან. კარმენმაც ბასკური საკმაოდ კარგად იცოდა. - Laguna, ene bihostarena, ჩემი გულის მურაზო, - მოულოდნელად მითხრა მან, - ჩვენებური ხართ? ჩვენი ენა, ბატონო ისეთი მშვენიერია, რომ, როდესაც უცხოეთში გვესმის, სიამის ჟრუანტელი გვივლის ხოლმე... - ოჰ, ნეტავი ერთი ჩვენებური მღვდლისათვის მათქმევინა აღსარება, - უფრო ხმადაბლა დაუმატა ყაჩაღმა. მცირე სიჩუმის შემდეგ, განაგრძო. - მე ელიზონდოდან ვარ, - ვუპასუხე ბასკურად, ძლიერ აღელვებულმა იმით, რომ კარმენი ჩემს ენაზე ლაპარაკობდა. - მე კი ეჩალარიდან, - თქვა მან (ეს მხარე ჩვენგან ოთხი საათის სავალზეა). - ბოშებმა წამომიყვანეს სევილიაში, ფაბრიკაში ამიტომ ვმუშაობდი, რომ ცოტა გზის ფული მომეგროვებინა და ნავარაში დავბრუნებულიყავი საბრალო დედაჩემთან, რომელსაც ერთი პატარა barratcea აქვს, სადაც ოცი ძირი ვაშლი უდგას, და ჩემს მეტი დამხმარე ქვეყანაზე არავინ გააჩნია. აჰ, ნეტავი ჩემს ქვეყანაში ვიყო და თოვლიან მთებს ვუცქეროდე! მე შეურაცხყოფა მომაყენეს იმიტომ, რომ ამ ქურდბაცაცობისა და დამპალი ფორთოხლების გამყიდველებს ქვეყნიდან არა ვარ. და ის ქუჩახვეტიები სუყველა ჩემს წინააღმდეგ გამოვიდნენ, როდესაც ვუთხარი, რომ ერთი ჩვენებური, ლურჯბერეტიანი, მაკილათი შეიარაღებული ბიჭი არ შეუშინდება ყველა თქვენს სევილიელ ყოყლოჩინებს და მათ ბებუთებს-მეთქი. ამხანაგო, მეგობარო, განა არ შეგიძლიათ როგორმე დაეხმაროთ თანამემამულეს? ის ცრუობდა, ბატონო, ის თავიდან ბოლომდე ცრუობდა, არ ვიცი, როდისმე უთქვამს თუ არა იმ ქალს ერთი მართალი სიტყვა; მაგრამ, როდესაც ლაპარაკობდა, მე მას არ ვუჯერებდი: არ შემეძლო არ დამეჯერებინა, ეს ჩემს ძალ-ღონეს აღმატებოდა. ის ამტვრევდა ბასკურს და ამიტომ ნავარიელი მეგონა, თუმცა მისი თვალი, პირი და სახის ფერი საკმარისად ამხელდნენ, რომ ბოშა იყო. სულ გადავირიე და აღარაფერს არ ვაქცევდი ყურადღებას. ვფიქრობდი, ესპანელებს რომ გაებედათ ჩემთან ქვეყნის ავად სხენება, მეც ისევე დავუსერავდი მათ სახეს, როგორც კარმენმა დაუსერა თავის ამხანაგებს-მეთქი. მოკლედ, მთვრალივით ვიყავი. მეც დავიწყე სისულელეების ლაპარაკი და მზად ვიყავი სისულელეები ჩამედინა კიდეც. - მე რომ ხელი გკრათ და თქვენ დაეცეთ, ჩემო თანამემამულევ, - განაგრძო მან ბასკურად, - ეს ორი კასტილიელი ახალწვეული მე ვეღარ დამაკავებს... ღმერთს გეფიცებით, ბრძანებაც გადამავიწყდა და ყველაფერიც, და ვუთხარი: - აბა, ჩემო მეგობარო, ჩემო თანამემამულევ, სცადე და ჩვენი მთის ღვთისმშობელი იყოს შენი შემწე! ამ წუთში ჩვენ ერთ-ერთი ვიწრო ქუჩაბანდისკენ შევუხვიეთ, რომლებიც ასე ბევრია სევილიაში. უცებ კარმენი მობრუნდა და მკერდში მუშტი მკრა. მეც განგებ გულაღმა გადავვარდი, ერთი ნახტომით ზედ გადამევლო და გიყვარდეს გაქცევა!.. ბასკების ფეხები სიმარდით განთქმულია, მაგრამ არც მისი ფეხები ჩამოუვარდებოდა ვისმეს ფეხებს... არც სიმარდით და არც სიკოხტავით. წამოვვარდი, მაგრამ ჩემი შუბი შესახვევში გარდიგარდმო გავხიდე და გზა გადავღობე ისე, რომ ჩემი ამხანაგები გამოკიდების ნაცვლად პირველად შეჩერდნენ, შემდეგ თვითონაც გამოვუდექი გაქცეულს, და ისინიც მომყვნენ უკან, მაგრამ სადღა დავეწეოდით ჩვენი დეზებით, ხმლებით, შუბებით, - ამის შიში აღარ მქონდა. ჩვენი ტუსაღები უფრო მალე მიიმალა, ვიდრე მე თქვენ ამას გეტყოდით. ამას გარდა, მთელი უბნის დედაკაცებიც გაქცეულს უწყობდნენ ხელს და ჩვენ დაგვცინოდნენ, სწორ გზას არ გვიჩვენებდნენ, ბევრი აქეთ-იქით ხეტიალის შემდეგ ისევ ჩვენს საყარაულო შენობაში დავბრუნდით და ციხის უფროსისაგან მიღების ბარათი ვერ მოვიტანეთ. ჩემმა ჯარისკაცებმა სასჯელის ასაცდენად განაცხადეს, რომ კარმენი ბასკურად მელაპარაკებოდა და, სიმართლე რომ ითქვას, არც ჩანდა ბუნებრივი, რომ იმისთანა პატარა ქალმა მუშტის ერთი დარტყმით ისე ადვილად დასცა ჩემისთანა ღონიერი ვაჟკაცი. ყველაფერი ეს საეჭვო, ანუ უკეთ, სავსებით ცხადი ეჩვენათ. ყარაულიდან შეცვლის შემდეგ ხარისხი ამყარეს და ერთი თვით ციხეში გამგზავნეს. ეს ჩემი პირველი სასჯელი იყო სამსახურის დაწყებიდან. მშვიდობით უნტეროფიცრის სირმებო, რომლებსაც უკვე ჩემად ვთვლიდი! ციხეში პირველმა დღეებმა ძლიერ სევდიანად გაიარა. როდესაც სამხედრო სამსახურში შევდიოდი, წარმოდგენილი მქონდა, რომ სულ მალე ოფიცერი მაინც გავხდებოდი. ლონგა, მინა, ჩემი თანამემამულენი, უკვე გენერალ-კაპიტნები იყვნენ, ჩაპალანგარა, რომელიც მინასავით „შავი“ იყო და მასავით თქვენს ქვეყანაში გადმოხვეწილი, პოლკოვნიკი იყო, მე კი ოცჯერ მაინც მითამაშნია ჩოგბურთი მის ძმასთან, რომელიც ერთი ჩემისთანა საწყალი ტლუ ბიჭია. ახლა ჩემ თავს ვეუბნებოდი: მთელი, ის დრო, რაც უსასჯელოდ გიმსახურნია, დაკარგულია. შენ ახლა ცუდი თვალით გიყურებენ. იმისათვის, რომ უფროსების ნდობა კიდევ დავიმსახურო, ათჯერ მაინც მეტი უნდა იმუშაო, ვიდრე მაშინ მუშაობდი, როდესაც მოხალისედ შემოხვედი!! ნეტა რისთვის დავასჯევინე თავი? ერთი ვიგინდარა ბოშა ქალისათვის, რომელმაც გამამასხარავა და რომელიც ამ წუთს, ალბათ, ქალაქის რომელიმე უბანში საქურდლად დაძრწის, მიუხედავად ამისა, მასზე ფიქრს ვერ ვიშლიდი... დამიჯერებთ, ბატონო? გამუდმებით თვალწინ მედგა მისი დაგლეჯილი აბრეშუმის წინდები, რომლებიც მთლიანად გამოუჩნდა, როცა გარბოდა. მე ციხის შერკინული ფანჯრიდან ქუჩაში ვიცქირებოდი და გამვლელ-გამომვლელ ქალებში ერთსაც ვერ ვხედავდი ისეთს, რომ იმ ალქაჯთან შედარების ღირსი ყოფილიყო. ჩემდა უნებურად, ვყნოსავდი ყვავილს, რომელიც მან მესროლა. ის, თუმცა გახმა, მაინც ინარჩუნებდა თავის სურნელებას... თუკი მართლა არიან სადმე ჯადოქრები, ის გოგოც ერთი იმათგანი იყო! ერთ დღეს შემოდის ჩემთან სატუსაღოს დარაჯი და მაწვდის ალკალურ პურს. - აჰა, დაიჭით, ეს თქვენმა ბიძაშვილმა გამოგიგზავნათ. - ძლიერ გაოცებულმა გამოვართვი პური, რადგან სევილიაში ბიძაშვილები არ მყავდა, შეცდომა ხომ არ არის-მეთქი, ვფიქრობდი და პურს დავცქეროდი, მაგრამ პური ისეთი გემრიელი ჩანდა, ისეთი კარგი სუნი ჰქონდა, რომ თავი დავანებე იმაზე ფიქრს, ვისთვის იყო ის გამოგზავნილი და ვისგან, გადავწყვიტე შემეჭამა. გაჭრა რომ დავუპირე, დანას რაღაც მაგარი დახვდა. დავხედე და პატარა ინგლისური ქლიბი დავინახე, რომელიც ცომში ჩაედოთ პურის გამოცხობამდე. ქლიბის გარდა, პურში ორპიასტრიანი ოქროს ფულიც იდო. ეჭვი აღარ იყო, კარმენი მიგზავნიდა ამ საჩუქარს. მისი ტომის ხალხისათვის თავისუფლება ყველაფერია, ისინი მზად არიან თუნდ მთელი ქალაქი გადაბუგონ, ოღონდ ნურც ერთი დღით, ნუ ჩასვამთ ციხეში. კარმენი დიდი გაქნილი ვინმე იყო, იმ პატარა ქლიბით ერთ საათში უმსხვილეს რკინასაც გადავქლიბავდი, ორ პიატრად კი პირველივე მეძველმანესთან გადავცვლიდი ჩემს სამხედრო ფორმას მოქალაქის ტანსაცმელზე. თქვენ ადვილად მიხვდებით, რომ ვისაც მთებში ხშირად ამოუსხამს ბუდიდან არწივის ბარტყები, სულ არ გაუჭირდებოდა ქუჩაში ჩასვლა ფანჯრიდან, რომელიც ოცდაათი ფუტის სიმაღლეც არ იყო; მაგრამ მე არ მინდოდა გაქცევა. ჯერ კიდევ მქონდა ჯარისკაცობის ღირსების შეგნება და დეზერტირობა დიდ დანაშაულად მიმაჩნდა. მაგრამ მაინც მიამა, რომ კარმენს ვახსოვდი თურმე. როდესაც ადამიანი ციხეში ზის, მას ყოველთვის ახარებს ის აზრი, რომ გარეთ ვიღაც მეგობარი დაინტერესებულია მისი ბედით. ის ოქროს ფული ცოტა მეხამუშა, ძალიან მინდოდა დამებრუნებინა, მაგრამ სად ვიპოვიდი ჩემს მევალეს? ეს ადვილი საქმე არ იყო. ხარისხის აყრის ცერემონიის შემდეგ მეგონა, რომ სხვა ცუდი აღარაფერი მომელოდა, მაგრამ თურმე კიდევ ერთი დამცირება მქონდა გადასატანი. ეს მოხდა ჩემი ციხიდან გამოსვლისთანავე, როდესაც მორიგედ გამაწესეს და უბრალო ჯარისკაცივით დამაყენეს ყარაულში. თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რას განიცდის ასეთ შემთხვევაში თავმოყვარე ადამიანი. მგონი ამას დახვრეტა მერჩივნა: სხვა არა იყოს რა, მარტო მაინც მიუძღვები წინ შენს ოცეულს; გრძნობა, რომ რაღაცას წარმოადგენ, რომ ქვეყანა შენ გიცქერს. პოლკოვნიკის კარებთან დამაყენეს ყარაულად. პოლკოვნიკი ახალგაზრდა და მდიდარი იყო. უყვარდა ხელგაშლილი ცხოვრება და გართობა. მთელი ახალგაზრდა ოფიცრობას და ბევრ მოქალაქეს მოეყარა მასთან თავი; ქალებიც იყვნენ, როგორც ამბობდნენ, მსახიობები. მე ისე მეჩვენებოდა, თითქოს მთელი ქალაქი შეყრილიყო მის კარებზე ჩემს სანახავად. გავიხედე და მოდის პოლკოვნიკის ეტლი: კოფოზე მისი ლაქია ზის. ერთიც ვნახოთ, ვინ ჩამოდის ეტლიდან?.. ხიტანილა, ამჯერად ის ძალიან იყო გამოპრანჭული, სულ ოქროებითა და ბაფთებით მორთულ-მოკაზმული. ტანთ ეცვა კილიტებიანი კაბა, ფეხზე კილიტებიანი ლურჯი ფეხსაცმელები, სულ ოქრომკერდსა და ყვავილებში ჩაფლული. ხელში დაირა ეჭირა. მასთან კიდევ ორი სხვა ბოშა ქალი იყო, ერთი ახალგაზრდა და ერთიც მოხუცი. როცა ბოშა ქალები სადმე მიდიან, მუდამ ვინმე მოხუცი დედაკაციც უნდა გაჰყვეთ ხოლმე; კიდევ ერთი მოხუცი ბოშაც იყო გიტარით, რათა ქალები ემღერებინა და ეცეკვებინა. მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებაში ხშირად უყვართ ხოლმე ბოშა ქალების მოყვანა, რათა „რომალისი“ აცეკვონ, ეს მათი ცეკვაა, და კიდევ სხვა მიზნითაც. კარმენმა მიცნო, ჩვენ ერთმანეთს შევხედეთ. იმ წუთს მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და დავმარხულიყავი. - Agur Lagruna, - მითხრა მან, - ჩემო ოფიცერო, შენ ახალწვეულივით დამდგარხარ ყარაულში! და სანამ პასუხს ვეტყოდი, ის უკვე სახლში შევიდა. მთელი საზოგადოება პატიოში იყო და, თუმცა ხალხი ბლომად ირეოდა, მე მაინც გისოსიდან თითქმის ყველაფერს ვხედავდი, რაც იქ ხდებოდა, მესმოდა კანსტანეტების და დაირის ხმა, სიცილი და ვაშას ძახილი; ზოგჯერ კარმენის თავსაც ვხედავდი, როცა ის დაირით ხელში შეხტებოდა ხოლმე. მესმოდა ოფიცრების ლაპარაკიც, ისინი ისეთ რამეებს ეუბნებოდნენ მას, რისი გაგონებაც მე მაწითლებდა. არ ვიცი, კარმენი როგორ პასუხს აძლევდა. მგონი, სწორედ იმ დღის შემდეგ შემიყვარდა სამუდამოდ, რადგან თავში სამჯერ თუ ოთხჯერ გამიელვა აზრმა, შევჭრილიყავი პატიოში და ხმლით დავრეოდი ყველა იქ მყოფ ქარაფშუტებს, რომელნიც მას საარშიყო სიტყვებს ეუბნებოდნენ. ჩემი სატანჯველი მთელ საათს გაგრძელდა; შემდეგ ბოშები გამოვიდნენ და ეტლმა უკან გააბრუნა. გვერდით რომ გამიარეს, კარმენმა კიდევ ერთხელ შემომხედა თავისი თვალებით, თქვენც ხომ იცით როგორი თვალები ჰქონდა, და ძალიან ხმამაღლა მითხრა: - ჩვენებურო, ვისაც კარგი შემწვარი თევზი უყვარს, ტრიანაში მიდის ხოლმე მის საჭმელად, ლილას პასტიასთან. შველივით მსუბუქად შეახტა ეტლს, მეეტლემ ჯორებს მათრახი გადაჰკრა, და მთელი ის მხიარული ბრბო სადღაც გაემგზავრა. თქვენც ადვილად მიხვდებით, რომ ყარაულიდან გავთავისუფლდი თუ არა, ტირანასკენ გავეშურე, მაგრამ ჯერ წვერი გავიპარსე და ტანისამოსი გავწმინდე, როგორც აღლუმის დღეს. ის ლილას პასტიასთან დამხვდა; ლილას პასტია ერთი მოხუცი მედუქნე ბოშა იყო, მავრივით შავი, რომელთანაც ბევრი ხალხი მოდიოდა ხოლმე შემწვარი თევზის საჭმელად, განსაკუთრებით, მგონი მას შემდეგ, რაც კარმენმა დაისადგურა იქ. - ლილას, - თქვა კარმენმა, დამინახა თუ არა, - დღეს მე აღარაფერს ვაკეთებ. ხვალაც ამ თვისაა! წამო, ჩვენებური, გავისეირნოთ. მან თავისი მანტილია მოიხვია და ქუჩაში გამოვედით; არ ვიცოდი საით მივდიოდით. - ქალბატონო, - ვუთხარი, - მადლობა უნდა გადაგიხადოთ საჩუქრისათვის, რომელიც ციხეში გამომიგზავნეთ. პური გეახელით, ქლიბი შუბის წვერის გასამახვილებლად გამომადგება, მე მას თქვენს სახსოვრად შევინახავ; ფული კი აი, ინებეთ. - უყურეთ ამას! ფული შეუნახავს, - წამოიძახა მან და სიცილი წასკდა. - მით უკეთესი, მე ახლა ქესატად ვარ; თუმცა რა? მოხეტიალე ძაღლი ძვალს ყოველთვის იპოვის. წამოდი და ეგ ფული სულ შევჭამოთ. შენ მპატიჟებ. ჩვენ სევილიის გზას დავადექით. გველის ქუჩის დასაწყისში კარმენმა თორმეტი ფორთოხალი იყიდა და ჩემს ხელსახოცში გამახვევინა. ცოტა მოშორებით კიდევ ერთი პური, ძეხვი და ერთი ბოთლი მანზანილა; ბოლოს ერთ საშაქარლამოში შემიყვანა. დახლზე დააგდო ჩემი დაბრუნებული ოქრო, კიდევ ერთი ოქრო, რომელიც ჰქონდა ჯიბეში და ცოტა თეთრი ფული, შემდეგ მეც მომთხოვა, რაც გვაქვს, სულ მომეციო. მე ცოტა ხურდა ფულის მეტი არაფერი გამაჩნდა და ამიტომ ძლიერ დარცხვენილმა გავუწოდე. მეგონა, ის მთელი დუქნის ყიდვას აპირებს-მეთქი, იმდენი „იემასი“, „ტურონი“, დაშაქრული ხილი და სხვა ტკბილეული მოითხოვა, სულ საუკეთესო და უძვირფასესი, რასაც ფული გასწვდებოდა. ყველაფერი ამის ზიდვა ქაღალდის პარკებით მე მომიხდა. თქვენ, ალბათ იცნობთ კანდილეხოს ქუჩას, სადაც მეფე დონ პედრო სამართლიანის თავი დგას. ჩვენ ამ ქუჩაზე ერთი ძველი სახლის წინ შევჩერდით, კარმენი შევიდა შესასვლელში და პირველი სართულის კარზე დააკაკუნა. კარი ბოშა ქალმა გაუღო, რომელიც ნამდვილ სატანას მსახურს ჰგავდა. კარმენმა მას რამდენიმე სიტყვა უთხრა ბოშურად. დედაბერმა ჯერ ბუზღუნი დაიწყო, მაგრამ დასამშვიდებლად კარმენმა ორი ფორთოხალი და ერთ მუჭა ტკბილეული გაუწოდა და ცოტა ღვინის გემოც გაასინჯა. შემდეგ ზურგზე თავისი მოსასხამი წამოასხა, კართან მიიყვანა, გაისტუმრა და კარი შიგნიდან ხის ურდულთა დაკეტა. მარტო რომ დავრჩით, მან გიჟივით დაიწყო ცეკვა და სიცილი, თან მღეროდა: - შენ ჩემი rom ხარ, მე კი შენ romi. მე ოთახის შუაგულში ვიდექი, ჩვენი ამანათებით დატვირთული, და არ ვიცოდი სად რა დამეწყო. მან ყველაფერი ძირს დამაყრევინა, კისერზე ჩამომეკიდა და მითხრა: - მე ჩემი ვალი უნდა მოვიხადო, ჩემი ვალი უნდა მოვიხადო! ეს cales კანონია! - აჰ! ბატონო, რა დღე იყო! რა დღე იყო!.. ის დღე რომ მაგონდება, ხვალინდელ დღეს მავიწყებს. ყაჩაღი ერთხანს დადუმდა; შემდეგ მოუკიდა ჩამქრალ სიგარას და განაგრძო. ჩვენ მთელი დღე ერთად გავატარეთ ჭამა-სმაში და ალერსში. როცა ტკბილეულობით ექვსი წლის ბავშვივით გული იჯერა, მუჭით დაიწყო მისი ჩაყრა დედაბრის წყლის კოკაში. შარბათი უნდა გავუკეთოო, - ამბობდა. „იემასს“ კედელს ესროდა და ზედ ატყაპნიდა. ეს იმისთათვის, რომ ბუზებმა ჩვენ თავი დაგვანებონ. .. არ იყო ისეთი ოინი ან სისულელე, რომ მას არ ჩაედინა. მე ვუთხარი, მინდა გნახო როგორ ცეკვავ-მეთქი, მაგრამ სად გვეშოვნა კასტანეტები? მან მაშინვე ხელი სტაცა დედაბრის ერთადერთ თეფშს, დაამსხვრია და ფაიფურის ნატეხების ტკაცუნით „რომალისის“ ცეკვა დაიწყო ისე, თითქოს ხელში შავი ხის ან სპილოს ძვლის კასტანეტები სჭეროდეს. ღმერთმანი, იმ გოგონასთან ადამიანს არ მოსწყინდებოდა. დაღამდა და საღამოს დოლის ხმაც მომესმა, რაც მაუწყებდა, რომ დრო იყო ყაზარმაში დავბრუნებულიყავი. - ახლა კი ყაზარმაში უნდა გამოვცხადდე გამოძახებაზე, - ვუთხარი მას. - ყაზარმაში? - მკითხა მან ზიზღით. - შენ რა, ზანგი ხომ არა ხარ, ნებას რომ აძლევ მორჩილებაში გიყოლიონ? ნამდვილი იადონი ყოფილხარ ტანისამოსითაც და ხასიათითაც. წადი, ჩიტის გული გქონია. მე დავრჩი, წინასწარ შერიგებული იმ აზრთან, რომ ჰაუპტვახტში მომიხდებოდა ჯდომა. მეორე დილას პირველად მან დამიწყო ლაპარაკი განშორებაზე. - ყური მიგდე, ხოზეიტო, - თქვა მან; - ხომ გადაგიხადე ვალი? ჩვენი კანონით მე შენი აღარაფერი მმართებს, რადგან შენ პაილო ხარ; მაგრამ კარგი ბიჭი ხარ და მომეწონე. ახლა ქვითა ვართ, მშვიდობით. მე ვკითხე, მეორედ როდის გნახავ-მეთქი. - როცა აგეთი ტუტუცი აღარ იქნები, - სიცილით მიპასუხა მან. შემდეგ უფრო სერიოზული კილოთი განაგრძო: - იცი, ჩემო ბიჭუნავ, მგონია, ცოტა შემიყვარდი, მაგრამ ეს დიდხან ვერ გასტანს. ძაღლი და მგელი დიდხანს ვერ შეეგუებიან ერთმანეთს. ვინ იცის, შენ რომ ბოშების კანონი მიგეღო, იქნებ მომესურვებინა შენი romi გავმხდარიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი სისულელეა: ეგ შეუძლებელია. ეჰ! ჩემო ბიჭო, დამიჯერე, შენ კიდევ იაფად გადარჩი. შენ ეშმაკს წააწყდი, დიახ, ეშმაკს; ის ყოველთვის შავი არ არის და კისერი არ მოგიგრიხა. მე მატყლითა ვარ შემოსილი, მაგრამ ცხვარი არ გახლავარ. წადი და შენს „მახარეი“ სანთელი დაუნთე, მან გადაგარჩინა. კიდევ ერთხელ მშვიდობით. ნუღარ იფიქრებ კარმენსიტაზე , თორემ ის ხის ფეხებიან ქვრივზე დაგაქორწინებს. ამ ლაპარაკით მან ურდული გამოაძრო კარს, გამოვედით თუ არა, თავის მანტილიაში გაეხვია და ზურგი მომიბრუნა. ის სრულ სიმართლეს მეუბნებოდა. ძალიან გონივრულად მოვიქცეოდი, მასზე რომ აღარ მეფიქრა; მაგრამ კანდილეხოს ქუჩაზე გატარებული დღის შემდეგ მე სხვა აღარაფერზე შემეძლო ფიქრო. მთელ დღეს დავსეირნობდი იმ იმედით, რომ სადმე შემხვდებოდა კარმენი. მისი ამბავი დედაბერს და შემწვარი თევზის ვაჭარსაც კი ვკითხე. ერთმაც და მეორემაც მიპასუხეს, ლალოროში გაემგზავრაო, ასე უწოდებდნენ ისინი პორტუგალიას, შესაძლებელია კარმენმა დაარიგა ასე ეთქვათ ჩემთვის, რადგან ამის შემდეგ დიდი ხანი არ გასულა და გამოვარკვიე, რომ ისისნი ცრუობდნენ. კანდილეხოს ქუჩაზე გატარებული დღიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ქალაქის ერთ-ერთ ალაყაფთან დამაყენეს ყარაულად. ამ ალაყაფის ახლოს ქალაქის გალავანი ერთგან გამონგრეული იყო, დღისით იქ მუშაობდნენ ღამღამობით კი ყარაულებს აყენებდნენ ხოლმე, რათა კონტრაბანდისტები არ შემოპარულიყვნენ. დღისით დავინახე ლილას პასტია, რომელმაც რამდენჯერმე ჩაუარა საყარაულო შენობას და ზოგიერთ ჩემს ამხანაგს გამოელაპარაკა; ყველა კარგად იცნობდა მას, ხოლო მის თევზებსა და იალღოებს ხომ კიდევ უკეთესად. მერე მე მომიახლოვდა და მკითხა, კარმენის ამბავი ხომ არაფერი გაგიგიაო. - არა-მეთქი, - ვუპასუხე. - აბა მაშ მალე გაიგებ, ნათლიმამ. ის არ ცდებოდა. ღამით შენგრეულ ადგილას დამაყენეს. მომშორდა თუ არა ბრიგადირი, ვიღაც ქალი წამოვიდა ჩემკენ. გულმა მითხრა, რომ ეს კარმენი უნდა ყოფილიყო , მაინც დავუძახე: - მოშორდი, აქ გავლა არ შეიძლება! - კარგი ერთი, ნუ იმუქრები, - მითხრა მან და გამომეცნაურა. - როგორ, ეს თქვენ ხართ, კარმენ! - დიახ, ჩვენებურო, მოკლედ მოვჭრათ. გინდა ერთი დურო მიიღო? აქ ხალხი მოვა ტვირთით, გაუშვი, გაიარონ. - არა, - ვუპასუხე. - მე მათ ვერ გავუშვებ, ასეთია ბრძანება. - ბრძანება! ბრძანება! კანდილეხოს ქუჩაზე ბრძანება არ გაგონდება?! - აჰ! - ვუპასუხე მე, მარტო ამ მოგონებით მთლად აღელვებულმა, - მაშინ რომელი ბრძანება არ დაავიწყდებოდა კაცს, კონტრაბანდისტების ფული კი არ მსურს. - კარგი მაშ, თუ ფულზე უარს ამბობ, გინდა კიდევ წავიდეთ სადილზე მოხუც დოროთეასთან? - არა! - ვუთხარი, მაგრამ სიტყვა ყელში გამეჩხირა და ისეთი ძალდატანება მომიხდა ჩემს თავზე, რომ კინაღამ დავიხრჩე, - არ შემიძლია. - ძალიან კარგი. შენ თუ ასეთი მიუდგომელი ხარ, მაშინ ვიცი, ვისაც მივმართო. მე შენს ოფიცერს შევთავაზებ დოროთეასთან წასვლას. ის გულკეთილი ჩანს და ყარაულად ისეთ კაცს დააყენებს, რომელიც მხოლოდ იმას დაინახავს, რისი დანახვაც საჭირო იქნება. მშვიდობით, იადონო. რამდენს ვიცინებ იმ დღეს, როცა შენი ჩამოხრჩობის ბრძანებას გამოსცემენ. მე სისუსტე გამოვიჩინე და უკან მოვიხმე; დავპირდი, თუ საჭირო იქნება მთელი ქვეყნის ბოშებს გავატარებ, ოღონდ ერთადერთი ჩემთვის საწადელი გასამრჯელო მივიღო-მეთქი. მან იმწამსვე დაიფიცა: ხვალვე შევასრულებ ჩემს სიტყვასო და ამხანაგებთან გაიქცა შესატყობინებლად, ისინი იქვე იცდიდნენ ორ ნაბიჯზე. ხუთი კაცი იყო, მათში ლილეს პასტიაც ერია; ყველანი ძლიერ დატვირთულნი იყვნენ ინგლისური საქონლით. კარმენი მიდამოს ზვერავდა. მას კასტანეტებით უნდა გაეფრთხილებინა ამხანაგები, თუ პატრულს შენიშნავდა, მაგრამ ეს აღარ დასჭირდა, კონტრაბანდისტებმა თავისი საქმე თვალის დახამხამებაში მოათავეს. მეორე დღეს კანდილეხოს ქუჩაზე წავედი. კარმენმა ბევრი მაცდევინა და საკმაოდ ამრეზილი მოვიდა. - მე არ მიყვარს ისეთი ხალხი, ვისაც ხვეწნა სჭირდება, - თქვა მან, - პირველად შენ გაცილებით უფრო დიდი სამსახური გამიწიე, თუმცა არავითარ ხეირს არ მოელოდი იქიდან. გუშინ კი ვაჭრობა დამიწყე, არ ვიცი, რად მოვედი, მე შენ აღარ მიყვარხარ. აჰა, აი ერთი დურო შენ გარჯისათვის და წადი. ცოტაღა დამაკლდა, ფული თავში არ მესროლა, თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მეცემა... ერთი საათის ცხარე დავის შემდეგ გააფთრებული გამოვვარდი იქიდან. ერთხანს ქალაქში დავდიოდი გადარეულივით; ბოლოს ერთ ეკლესიაში შევედი, ყველაზე უფრო ბნელ კუთხეში მივიმალე და ცხარე ცრემლებით ავტირდი. უეცრად ხმა მომესმა: - ნიანგის ცრემლები! მე მისგან სიყვარულის სამსალას დავამზადებ. ავიხედე და ჩემს წინ კარმენი დავინახე. - ჩვენებურო, კიდევ ჯავრობ ჩემზე? - მითხრა მან. - რა გაეწყობა, რაც უნდა მომივიდეს, უნდა შეგიყვარო, რადგან შენ რომ გამექეცი, მას შემდეგ არ ვიცი რა მემართება. აბა მიყურე, ახლა მე გეხვეწები, რომ კანდილეხოს ქუჩაზე წამომყვე. ასე შევრიგდით. კარმენის განწყობილება ჩვენებურ ამინდს ჰგავდა. ჩვენს მთებში ქარიშხალი მაშინ არის მოსალოდნელი, როდესაც მზე ყველაზე ახლოს ბრწყინავს. ერთხელ დამპირდა, დოროთეასთან შეგხვდებიო, მაგრამ არ მოვიდა. დოროთეამ კი უტიფრად გამომხედა, ლალოროში წავიდა, ბოშების საქმეებზეო. ვინაიდან უკვე საკუთარი გამოცდილებით ვიცოდი, რამდენად სანდო იყო მათი სიტყვები, ამიტომ კარმენს ძებნა დავუწყე ყველგან, სადაც კი, ჩემი აზრით, შეიძლებოდა ყოფილიყო. დღეში ორჯერ მაინც შევივლიდი ხოლმე კანდილეხოს ქუჩაზე. ერთ საღამოს დოროთეასთან ვიყავი, რომელსაც დროგამოშვებით თითო-ოროლა ჭიქა ანისულის არაყით ვუმასპინძლდებოდი ხოლმე და ამით თითქმის მოვიშინაურე; ანაზდად შემოვიდა კარმენი, თან ახალგაზრდა კაცი შემოჰყვა, ჩვენი ლეგიონის ლეიტენანტი.    *გაგრძელება* იხილეთ: პროსპერ მერიმეს ლიტერატურა …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 11:14pm on აპრილი 10, 2014
თემა: ფსიქოლოგია ემპირიასა და რაციოში
VIII საუკუნეში ჩამოყალიბდა. ის ცარიელ ადგილას არ წარმოქმნილა, წინა საუკუნეში იგი სპინოზამ, ჰობსმა და ლოკმა შეამზადეს. ამ უკანასკნელმა შემოიტანა ტერმინი “ასოციაცია”, ე.წ. ასოციაციის კანონები კი ჯერ კიდევ არისტოტელეს მიერ იყო დამუშავებული. სწორედ ასოციაციონიზმის განვითარებამ მოამზადა ნიადაგი იმისთვის, რომ ფსიქოლოგიას ფილოსოფიური ორიენტაცია თანდათან კვლევითმეცნიერულით შეეცვალა და XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან სრულფასოვანი დამოუკიდებელი დისციპლინის სახით დამკვიდრებულიყო. XVIII საუკუნის ბრიტანული ასოციაციური ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ჰიუმმა და, განსაკუთრებით, ჰერტლიმ. ხოლო იმ დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ბრიტანელმა ფილოსოფოსმა ბერკლიმ, მართალია ნაკლები გავლენა მოახდინა ემპირიული ფსიქოლოგიის ასოციაციურ მოძღვრებაზე, მაგრამ აღქმის ფსიქოლოგიის ზოგიერთი საკითხის დასმასა და გააზრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.       ჯორჯ ბერკლი (1685-1753) დაიბადა ირლანდიაში, იქვე მიიღო განათლება. მან ბევრი იმოგზაურა, იყო საკმაოდ გავლენიანი ფილოსოფოსი და რელიგიური მოღვაწე (ეპისკოპოსი). ახალგაზრდობაშივე დაწერა ორი ნაშრომი, რომლებიც საინტერესოა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ესენია: “ესსე მხედველობის ახალ თეორიაში” (1709) და “ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ” (1710).       ბერკლის ფილოსოფია სუბიექტური იდეალიზმია. დეკარტედან მომდინარე დუალისტურ თვალსაზრისს ორი განცალკევებული სამყაროს შესახებ, ბერკლიმ დაუპირისპირა “ახალი პრინციპი”, რომლის თანხმად, სუბიექტისაგან დამოუკიდებლად არსებული საგნების სამყაროზე ლაპარაკი აზრს მოკლებულია: საგანთა არსებობა (ყოფიერება) არის მათი აღქმა, აღქმულობა (სსე ესტ პერციპი).       მატერიის ცნება, როგორც სუბსტანციისა, საგანთა მიღმა მყოფი არსისა, უაზრობაა. იგი შემეცნებისთვის არ გამოდგება, ვინაიდან არაფერს მატებს საგანთა თვისებებს იმაზე მეტს, რაც შეიძლება მოგვცეს გრძნობადმა აღქმამ. მატერია უზოგადესი ცნებაა, რომელიც ინდივიდუალურ საგნებში არ არსებობს. ცოდნა ინდივიდუალური საგნებზე უნაშთოდ იშლება მის გრძნობად თვისებებად (ის მათი ჯამია). აქ მატერიისთვის, როგორც დამატებით მოცემული სუბსტანციისთვის, ადგილი არ რჩება, ის არც აღიქმება და არც მოიაზრება. ბერკლი ნომინალისტია - იგი ზოგადის რეალურ არსებობას უარყოფს, ხოლო თუ არ არსებობს ზოგადი, მაშინ არც მატერია არსებობს.       რეალურად არსებობს მხოლოდ იდეები. წარმოშობის თვალსაზრისით ისინი ოთხ ჯგუფად იყოფა: 1) შეგრძნებებით მიღებული იდეები; 2) იდეები, რომლებიც სულის მოქმედების ან მდგომარეობის საფუძველზე აღმოცენდება (განცდები); 3) წარმოსახვის საფუძველზე შექმნილი იდეები და 4) იდეები, რომლებიც ზემოთ დასახელებული იდეების შეერთების შედეგად წარმოიქმნება. ამგვარად, გონებას შეადგენენ შეგრძნებები, სულიერი განცდები და მათ საფუძველზე შექმნილი წარმოდგენები.       ამოსავალი ყველა იდეისთვის არის შეგრძნება, გრძნობადი აღქმა. ბერკლი სენსუალისტია, რაც თავისთავად ბუნებრივია იმ მოაზროვნისთვის, რომელიც საგანთა არსებობას მათ აღქმადობასთან აიგივებს. ერთადერთი, რისი მოცემულობის შესახებაც ადამიანმა ნამდვილად იცის, მისი შინაგანი გამოცდილებაა, პირველ ყოვლისა, შეგრძნებით მიღებული იდეებია. ადამიანი დარწმუნებით ვერაფერს იტყვის საგნებისა და მათი თვისებების ობიექტური, სუბიექტისაგან დამოუკიდებელი არსებობის თაობაზე. “მაგიდა, რომელზეც მე ვწერ, არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე მას ვხედავ, მე მას ვეხები. მე რომ ჩემს სამუშაო ოთახში არ ვყოფილიყავი, ვიტყოდი: მაგიდა არსებობს ოთახში და ვიგულისხმებდი, რომ ოთახში რომ ვყოფილიყავი, მე მას აღვიქვამდი ან რომელიმე სხვა სული აღიქვამდა მას”. თუ ავტორის ამ მაგალითს გავყვებით, შეიძლება ვთქვათ, რომ მაგიდას, პრინციპში, შეუძლია აღძრას ფორმის, მოცულობის, სიმკვრივის, ფერის, სუნის, ტემპერატურისა და სხვა შეგრძნებები მათი შესაბამისი იდეებით. ლოკის მიხედვით, ზოგი მათგანი ამ საგნის ობიექტურ თვისებას ასახავს ანუ თვით ობიექტის კუთვნილებაა (პირველადი თვისება), ზოგიც მხოლოდ სუბიექტის, დამკვირვებლის, მისი გონებისა თუ სენსორული აპარატის უნარებს გამოხატავს (მეორადი თვისება).       ავითარებს რა ლოკის აზრს, ბერკლი ფიქრობს, რომ პირველადი და მეორადი თვისებების განცალკევება არ შეიძლება; პირველადი თვისებები დაკავშირებულია მეორადთან (მაგ., შეუძლებელია ფიგურას არ ჰქონდეს რაიმე ფერი, თუნდაც თეთრი ან შავი). ამიტომ თუ მეორადი თვისებები გონებაშია (გონების პროდუქტია), რა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ პირველადი თვისებებიც არაა ასეთი წარმოშობისა? მით უფრო, რომ შეხედულება პირველად თვისებებზე ეყრდნობა რწმენას განფენილი მატერიალური სუბსტანციის არსებობის შესახებ (საგანთა პირველადი თვისებები განფენილობიდანაა წარმოებული); ამ რწმენის უსაფუძვლობაში კი ბერკლის ეჭვი არ ეპარება.       რამდენადაც საგნების თვისებების დამადასტურებელი შეგრძნებები გონებაშია, თვით საგნებიც სხვა არაფერია, თუ არა ამ შეგრძნებათა შესატყვისი იდეების კრებადობა. ისინი, როგორც წესი, მყარ კომბინაციებს ქმნიან, მათ ერთ სახელს ვუწოდებთ და, ამიტომ, ერთ საგნად მივიჩნევთ. მაგალითად, აღვიქვამთ რაიმე ფერს, გემოს, სუნს, ფორმას, კონსისტენციას, რაც ერთდროულადაა მოცემული და ამას ვუწოდებთ “ვაშლს”. იდეათა სხვა კრებული არის ქვა, ხე, წიგნი, სახლი და ა.შ. შეგრძნებათა ეს ერთიანობები იწვევენ სიხარულს ან მწუხარებას იმის მიხედვით, სასიამოვნოა ისინი ჩვენთვის თუ უსიამოვნო. თითოეული შეგრძნებიდან მომდინარე იდეა სხვა იდეებისაგან გამიჯნული და განსხვავებულია, მაგრამ, ვინაიდან ისინი ყოველთვის ერთდროულად გვეძლევა, ერთი საგნის იდეად ერთიანდებიან. ამ იდეათა შეკავშირების მექანიზმი, არსებითად, ასოციაციურია (მეზობლობის ასოციაცია), თუმცა იგი ბერკლისთან ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ გააზრებული და ფორმულირებული.       ბერკლის მოძღვრების მთავარი პრინციპი გულისხმობს საგნის არსებობის დაყვანას მის აღქმადობაზე. აქედან გასაგებია, რომ აღქმის, პირველ ყოვლისა, მხედველობითი აღქმის საკითხს იგი საგანგებო ყურადღებას აქცევს. მისი ერთ-ერთი მთავარი თხზულება მხედველობითი აღქმის ახალი თეორიის აგების მცდელობაა. მასში მართლაც არის მრავალი სიახლე, განსაკუთრებით, სივრცის აღქმის გააზრების თვალსაზრისით. მანამდე თვლიდნენ, რომ საგნების სივრცით თვისებებს - სიდიდეს, დაშორებულობას, ფორმას, ადგილმდებარეობას და სხვას - ჩვენ უშუალოდ ვხედავთ, ისევე როგორც ფერებს. ბერკლის მართებულად მიაჩნია, რომ ასეთი გაგება არ არის ადეკვატური. თავის მტკიცებებში ბერკლი ძირითადად ეყდნობა თვითდაკვირვებას, რამდენადაც “ყოველი თვითონ არის საუკეთესო მსაჯული იმისა, რას აღიქვამს და რას არა”. ბერკლი არ კმაყოფილდება თვითდაკვირვებით და, ლოგიკურ მსჯელობასთან ერთად, იყენებს არსებულ დაკვირვებებს დაბადებიდან ბრმა ადამიანებზე, რომელთაც თვალი აეხილათ. ეს მის არგუმენტაციას უფრო დამარწმუნებელს ხდის. ჯერ ერთი, მანძილი არ აღიქმება უშუალოდ თვალით თუნდაც იმიტომ, რომ მანძილი რაიმე ობიექტამდე არის თვალის მიმართ პერპერდიკულარული ხაზი, რომელიც პროექციაში იძლევა მხოლოდ წერტილს. აქ მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა მანძილია ობიექტამდე. მეორეც, ის უსინათლოები, ვისაც მხედველობა დაუბრუნდა, უშუალოდ სივრცეს ვერ ხედავენ და მხოლოდ თანდათან ეჩვევიან ამას. ეს განსაკუთრებით მესამე განზომილების აღქმას ეხება.       მაშასადამე, განფენილი სხეულები სამ განზომილებაში მხოლოდ მხედველობით არ აღიქმება. ამაში უდიდეს როლს ასრულებს შეხებითი და თვალის მოძრაობასთან დაკავშირებული კუნთური შეგრძნებები, რომლებიც უკავშირდებიან მხედველობით შეგრძნებებს. მათ შესაბამის იდეებს შორის ასოციაციური კავშირი გამეორებათა სიხშირის გამო მყარი ხდება. ამრიგად, ის, რასაც ჩვენ სივრცის მხედველობით აღქმას ვუწოდებთ, სინამდვილეში წარმოადგენს მხედველობის, შეხებისა და კუნთური შეგრძნებების კომბინაციას. როგორც ვხედავთ, მინიშნება აქაც ასოციაციის მექანიზმზე კეთდება.       ბერკლი გამოყოფს და განიხილავს რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც განაპირობებენ სივრცის აღქმის სიზუსტეს. მათ შორის გადამწყვეტია ე.წ. “მანძილი გუგებს შორის”, რომელიც ცვალებადობს ობიექტის დაშორების შესაბამისად (დღევანდელი ტერმინოლოგიით, ეს არის კონვერგენცია ანუ თვალების ღერძების კოორდინირებული შებრუნება შიგნით) და ე.წ. “თვალის დაძაბვა” (დღევანდელი ტერმინოლოგიით, ეს არის აკომოდაცია ანუ ბროლის ჩაზნექა და ამოზნექა საგნის დაშორების შესაბამისად). თანამედროვე შეხედულების მიხედვითაც, მხედველობითი აპარატის ამ მოძრაობებთან დაკავშირებული კუნთური შეგრძნებები, საკუთრივ ოპტიკურ შთაბეჭდილებასთან ერთად, უდიდესწილად განსაზღვრავენ სივრცის (განსაკუთრებით, რელიეფის, სიღრმის) აღქმას, ამიტომ მათ პირველად ფაქტორებს უწოდებენ. გამოიყოფა, აგრეთვე, ე.წ. მეორადი ფაქტორები. უნდა აღინიშნოს, რომ ბერკლი იყო პირველი, ვინც ზოგიერთ მათგანზე მიუთითა. მაგალითად, მან აღნიშნა, რომ მანძილის შეფასების სიზუსტე მატულობს, თუ აღმქმელსა და საგანს შორის სხვა ობიექტებიც არის განლაგებული (დღეს ამას სივრცის შევსებულობა ჰქვია); ბერკლიმ იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ მანძილის მატებასთან ერთად ობიექტის გამოსახულება ბუნდოვანი ხდება და ადამიანი ამ გამოცდილებას მანძილის შეფასებისას ითვალისწინებს (დღეს ამას ჰაერის პერსპექტივის ფაქტორის ზემოქმედებით ხსნიან). ერთი სიტყვით, ბერკლიმ სავსებით მართებულად მიუთითა სივრცის აღქმის ფაქტორებზე, თუმცა, ცხადია, არ ესმოდა აქ მოქმედი ფიზიკური, ფიზიოლოგიური და ფსიქიკური მექანიზმების ბუნება. ეს მხოლოდ მომდევნო საუკუნეებში გაირკვა. ბერკლი სწორად მიხვდა იმასაც, რომ სივრცის აღქმა უპირატესად შეძენილი უნარია (ამას შემდგომში გენეტიზმი ეწოდა). მან ასევე, მართებულად მიანიშნა, რომ სივრცის აღქმა რამდენიმე შეგრძნების გაერთიანებული მოქმედების შედეგია, ანუ ინტერმოდალური ხასიათისაა. ბერკლის ხაზი მეცხრამეტე საუკუნის ასოციაციონიზმში განაგრძო ა. ბეინმა, რომელიც სპეციალურად აღნიშნავდა კუნთური შეგრძნების როლს სივრცის აღქმაში.       შემდეგი ბრიტანელი, რომელმაც ფსიქოლოგიაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, ვიდრე ბერკლიმ, იყო დევიდ ჰიუმი (17111766). ჰიუმი დაიბადა ედინბურგში. ერთხანს სწავლობდა იქვე უნივერსიტეტში, შემდეგ კი განათლების მიღება განაგრძო საფრანგეთში. ინგლისში დაბრუნების შემდეგ თავი მრავალ სფეროში გამოსცადა: მუშაობდა ბიბლოთეკარად, ადვოკატად, დიპლომატად, ბავშვის მასწავლებლად მდიდარ ოჯახში. დაწერა არაერთი პუბლიცისტური ესსე და ინგლისის რვატომიანი ისტორია. ჰიუმის მთავარი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური თხზულებებია “ტრაქტატი ადამიანის ბუნების შესახებ” (1739) და “გამოკვლევა ადამიანის შემეცნების შესახებ” (1748).       ჰიუმის ფილოსოფიაში ფსიქოლოგიურ პრობლემატიკას დიდი ადგილი უკავია. ეს გასაგებიცაა. როგორც თანმიმდევრული სუბიექტური იდეალისტი, იგი სრულებით უარს ამბობს ობიექტური სამყაროს შესახებ მსჯელობაზე და მთლიანად სუბიექტური სინამდვილის ანალიზით იფარგლება. ჰიუმი, ლოკის მსგავსად, ადასტურებს მარტივი და რთული იდეების არსებობას და ამ უკანასკნელთა წარმოქმნის ასოციაციურ პრინციპს უფრო ჩამოყალიბებულ სახეს აძლევს. ასევე, მეტი ადეკვატურობით გამოირჩევა ცნობიერების შინაარსების ჰიუმისეული ანალიზიც. მთელ შინაგან გამოცდილებას, ცნობიერების მდგომარეობათა ერთობლიობას მან პერცეფცია უწოდა და ორ კლასად დაყო: შთაბეჭდილებებად და იდეებად. “შთაბეჭდილებებში” იგულისხმება შეგრძნებები, გრძნობები და ვნებები. “იდეები” კი არის შთაბეჭდილებათა მკრთალი სურათები ან ასლები ჩვენს გონებაში. ამგვარ გამიჯვნას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. მისი წყალობით, როგორც თვითონ ავტორი აღნიშნვს, სიტყვა “იდეამ” თავდაპირველი მნიშვნელობა დაიბრუნა, რომელიც მას ლოკმა დაუკარგა, ვინაიდან შეგრძნებებსაც იდეებს უწოდებდა. იდეა არის ისეთი განცდა, რომელიც არსებობს მისი შესაბამისი საგნის სუბიექტზე უშუალო ზემოქმედების გარეშე. ფსიქოლოგიის თვალსაზრისით ის იგივეა, რაც წარმოდგენა. ეს ტერმინი დღესაც ამ მნიშვნელობით იხმარება, რასაც ვერ ვიტყვით ტერმინ “შთაბეჭდილების” ჰიუმისეულ გაგებაზე.       შთაბეჭდილება და იდეა განცდის ორი სახესხვაობაა. მათი გამიჯვნის ძირითადი კრიტერიუმი არის განცდის სიცხოველე: შთაბეჭდილებები უფრო ძლიერი, გამოკვეთილი და ცხადია. ეს განსხვავება მართლაც ადვილად გამოიკვეთება შინაგან გამოცდილებაში. მაგრამ მთავარი ის არის, თუ როგორია ამ განსხვავების საფუძველი, მხოლოდ რაოდენობრივი, როგორც ჰიუმს მიაჩნდა, თუ თვისებრივიც. ალბათ ძნელია იმის უარყოფა, რომ ზოგიერთი იდეა უფრო ძლიერი და მკაფიოა, ვიდრე რაიმე სუსტი შთაბეჭდილება. ქუხილის იდეა, მაგალითად, აშკარად უფრო ინტენსიურია, ვიდრე საათის ტიკტიკის ოდნავ შესამჩნევი შეგრძნება. ისეთი მახვილი თვითდაკვირვების უნარის მქონე მკვლევარს, როგორიც ჰიუმი იყო, არ შეიძლებოდა ეს არ შეემჩნია. იგი პირდაპირ მიუთითებს ისეთ მდგომარეობებზე (სიზმარი, ტრანსი და ა.შ.), როდესაც იდეის ინტენსიობა უტოლდება ან აჭარბებს კიდეც შთაბეჭდილების ძალას. მიუხედავად ამისა, ავტორს არ უჩნდება კითხვა, თუ რატომ უნდა ვუწოდოთ მაშინ ასეთ სუსტ ფსიქიკურ შინაარსს შთაბეჭდილება, ხოლო უფრო ძლიერს - იდეა. აქ საქმე მხოლოდ ინტენსიობაში არ უნდა იყოს. შთაბეჭდილებასა და იდეას შორის განსხვავება ჰიუმმა ემპირიულად დაადგინა. უშუალო გამოცდილების ფარგლებში ეს იმდენად აშკარაა, რომ აღნიშნული სირთულის მიუხედავად, მეცნიერებამ იგი მაინც მიიღო. მაგრამ, ამ განსხვავების სიცხადე მათ შორის არსებულ უფრო მნიშვნელოვან განსხვავებაზე მიანიშნებს; იგი მხოლოდ განცდების ძალითა და სიცხოველით კი არ ამოიწურება, არამედ თვისებრივ, რომელობით განსხვავებას ეხება. ფაქტია, რომ გრძნობადი აღქმა იმდენად თვალსაჩინოდ განსხვავდება მეხსიერების ან წარმოსახვის განცდებისაგან, რომ იშვიათად ხდება მათი აღრევა (მაშინაც კი, როცა მათი ინტენსივობა, სიცხოველე თანაბარია). ეს ფსიქიკურ მასალაში პირველადი, რომელობითი განსხვავების არსებობაზე მიუთითებს. აქ იმის მსგავსი განსხვავებაა, რომელიც არსებობს, ვთქვათ, ფერისა და გემოს განცდებს შორის.       შთაბეჭდილებები იყოფა შეგრძნების შთაბეჭდილებებად (ანუ უბრალოდ შეგრძნებებად) და რეფლექსიის შთაბეჭდილებებად. ეს უკანასკნელნი იდეის მიერ აღძრული შთაბეჭდილებებია და, ფაქტობრივად, ვნებებსა და ემოციებს აღნიშნავენ. მათი წარმოქმნა შემდეგნაირად ხდება: ჩვენ განვიცდით სიცივეს, შიმშილს, ტკივილს და სხვა შეგრძნებებს, ისინი იწვევენ სათანადო იდეებს, ამ იდეებს კი შეუძლიათ ახალ შთაბეჭდილებათა გამოწვევა, მაგალითად, მისწრაფების, იმედის, შიშის, ზიზღის და სხვა. მათი პირველადი საფუძველი ამ შემთხვევაშიც შეგრძნებებია.       რაც შეეხება იდეებს, მათში გამოიყოფა მეხსიერებისა და წარმოსახვის იდეები. მეხსიერების იდეები უფრო შთაბეჭდილებებს გვანან და მეტი სიმკვეთრით და სიცხოველით ხასიათდებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მონაცემები არ ადასტურებენ ჰიუმის ამ მოსაზრების მართებულობას. ჰიუმის მიხედვით, შთაბეჭდილებები, ისევე როგორც იდეები, შეიძლება იყოს მარტივი ან რთული. მარტივი იდეა უთუოდ ჰგავს მარტივ შთაბეჭდილებას, მაგალითად, წითელი ფერის იდეა - ანალოგიური შინაარსის შეგრძნებას. მარტივ შთაბეჭდილებებსა და იდეებს არა აქვთ ნაწილები, ხოლო რთული იდეები განსხვავებული ნაწილების ან თვისებების ერთობლიობას წარმოადგენენ. მაგალითად, ვაშლის აღქმაში ან იდეაში განვასხვავებთ ფორმას, ფერს, გემოს და ა.შ. რთული იდეები შინაარსის მხრივ ასევე შეესაბამებიან რთულ შთაბეჭდილებებს (აღქმებს), მაგრამ, არსებობენ ისეთი რთული იდეებიც, რომლებიც არ გვანან არავითარ აღქმით შთაბეჭდილებას და მარტივი იდეების ახლებური შეერთებით წარმოიქმნებიან.       როგორც ზემოთ ითქვა, რთული (ზოგადი) იდეების წარმოქმნა, ლოკის მიხედვით, უპირატესად, გონებრივ მოქმედებათა (შედარება, განყენება, შეერთება და სხვა) საშუალებით ხორციელდება. ამ საკითხის განხილვისას ჰიუმი ბევრად უფრო თამამად საუბრობს ასოციაციის მექანიზმზე, ვიდრე მისი წინამორბედნი, თუმცა ამ ტერმინს თავადაც არ ხმარობს დარწმუნებით. იგი ასე მსჯელობს: პრინციპში ყველა მარტივი იდეა შეიძლება განცალკევდეს სხვა იდეებისაგან და ნებისმიერად, წარმოსახვის უნარის გამოყენებით ყოველნაირი კომბინაციით ხელახლა დაუკავშირდეს სხვადასხვა იდეებს. ჩვენ შეგვიძლია დავუკავშიროთ ერთმანეთს ცხენის ტანი ადამიანის თავს და ასე შევქმნათ კენტავრის იდეა. მაგრამ ეს კავშირი ბუნებრივი არ არის. ამიტომ უნდა არსებობდეს მუდმივი დამაკავშირებელი უნივერსალური პრინციპი, რომელიც ყველგან და ყოველთვის მოქმედებს. იგი საშუალებას იძლევა, მარტივი იდეები გაერთიანდნენ რეალურად ერთსა და იმავე კომპლექსებში ისე, რომ ერთმა იდეამ ბუნებრივად გამოიწვიოს მეორე, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ასეთი პრინციპია ასოციაცია. ასოციაცია გაგებულია, როგორც მიზიდულობა იდეებს შორის, მათი დამაკავშირებელი ძალა. ასოციაცია არ არის რაღაც აუცილებელი კანონი, რომლითაც იდეები ერთმანეთს უკავშირდება. როგორც ითქვა, წარმოსახვის საშუალებით იდეების ყოველგვარი დაკავშირებაა შესაძლებელი. ასოციაცია ის მუდმივმოქმედი პრინციპია, რომელიც ქმნის უფრო ხშირ, “როგორც წესი” არსებულ კავშირებს. ჩვეულებრივი ობიექტების ან მიმართებების შესახებ ჩვენში მოცემული რთული იდეები სწორედ ასოციაციის მექანიზმის მოქმედების შედეგადაა აღმოცენებული.       თავდაპირველად ჰიუმმა გამოყო ასოციაციის სამი კანონი: მსგავსების, მეზობლობის (დროსა ან სივრცეში) და მიზეზ-შედეგის. შემდგომში, ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, მეზობლობაზე იქნა დაყვანილი. ჰიუმი არჩევდა ერთდროულ (სიმულტანურ) და თანმიმდევრულ (სუქცესიურ) ასოციაციებს. იგი მიუთითებდა აგრეთვე ე.წ. გაშუალებულ ასოციაციებზე, როდესაც ორი ობიექტი ერთმანეთს უკავშირდება არა იმის გამო, რომ ისინი ერთმანეთის მსგავსია ან ერთმანეთის მეზობლად მდებარეობს, არამედ იმიტომ, რომ მათ შორის მოთავსებულია მესამე ობიექტი, რომელიც თითოეულ მათგანთან ერთერთი ამ მიმართებით არის დაკავშირებული.       ასოციაციის ყველა ეს ვარიანტი თუ კანონი გვხვდება როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე მეცნიერულ აზროვნებაში. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ კაუზალური მიმართების ჰიუმისეულ ანალიზში ჩანს. იდეა იმის შესახებ, რომ რაიმე მოვლენას (მიზეზს) აუცილებლად მოჰყვება სხვა მოვლენა (შედეგი), ე.ი. რომ ერთი იწვევს მეორეს, არის ილუზია. აქ ყველაფერი მოვლენათა, უფრო ზუსტად კი, შთაბეჭდილებათა და შესაბამის იდეათა მეზობლობაზე დაიყვანება. სინამდვილეში ერთ იდეას, როგორც წესი, მოჰყვება მეორე. ასეთი თანხვედრის სიხშირის გამო ჩვენ გვიჩნდება რწმენა, რომ ერთი მეორის მიზეზია. მაგრამ ის, რომ მოვლენები ერთმანეთიდან გამომდინარეობს, აღქმაში არ გვეძლევა, ამის შესაბამისი შთაბეჭდილება არ არსებობს. ჩვენ განვიცდით მხოლოდ მოვლენათა (შთაბეჭდილებათა) თანმიმდევრობას. მაგალითად, ელვას ქუხილი მოსდევს, მაგრამ თანმიმდევრობიდან მიზეზობრიობაზე დასკვნის გამოტანა ლოგიკური შეცდომაა: პოსტ ჰოს, ერგო პოპტერ ჰოს (ამის შემდეგ, მაშასადამე ამის გამო). თუკი მიზეზობრიობა, როგორც რეალური მიმართება არ აღიქმება, მაშინ არც შესაბამისი იდეა შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან იდეაში უნდა იყოს მხოლოდ ის, რაც შთაბეჭდილებაში იყო მოცემული. მაშასადამე, მიზეზობრიობის იდეა, რომელიც კაუზალურ კავშირს, როგორც რეალობას სახავს, დროში მოსაზღვრეობის ასოციაციის გზით ყალიბდება და სინამდვილეში მხოლოდ ჩვეულებას ან სუბიექტურ რწმენაზე დაფუძნებულ ილუზიას (ჰიუმის გამოთქმით, ქიმერას) წარმოადგენს.       ამრიგად, ჩვენ ვერაფერს ვამბობთ ობიექტური სამყაროსა და იქ მოქმედი კაუზალური კავშირების რეალურ არსებობაზე. რეალურად არსებობს მხოლოდ შთაბეჭდილებათა და იდეათა ჩვევად ქცეული კომპლექსები. მათ, მოსახერხებლობის გამო, ერთ სახელს ვუწოდებთ და რეალური არსებობის რწმენით ვაჯილდოვებთ. მაგრამ, იმავე ლოგიკით, თუ არ არსებობს რეალური ობიექტი, არ არსებობს რეალური სუბიექტიც. სუბიექტის, “მე”-ს ცნება ზუსტად ასევეა კონსტრუირებული ჩვენ მიერ. “მე” არის ჩვენი ცნობიერების შინაარსების კავშირი, კომპლექსი: “როცა საკუთარ მე-ში ვღრმავდები, ყოველთვის ვაწყდები ამა თუ იმ ერთეულ პერცეფციას - სიყვარულს ან სიძულვილს, ტანჯვას ან სიამოვნებას, და ვერასოდეს ვიჭერ ჩემს “მე”-ს, პერცეფციისაგან დამოუკიდებლად”. ცნობიერების ამ მდგომარეობათა კრებადობას მხოლოდ ჩვეულების გამო ვუწოდებთ “მე”-ს, მაგრამ ამ კომპლექსის რეალური არსებობის შესახებ დანამდვილებით არაფრის თქმა არ შეგვიძლია. პიროვნება, “მე”, როგორც ასეთი, დაკვირვებას არ ექვემდებარება და, ამდენად, ფსიქოლოგიურ ილუზიად, ქიმერად უნდა ჩაითვალოს. თუმცა, ჰიუმი აქვე აღიარებს, რომ კარგად არ ესმის, თუ რა შემადგენლობისაა “მე”-ს იდეა და როგორ არის კონსტრუირებული. სამაგიეროდ, ზუსტად განმარტავს კიდევ ერთი “ქიმერული იდეის”, სახელდობრ, ღმერთის იდეის სტრუქტურას, რომელიც, მისი აზრით, ყოვლისმცოდნეობის, ყოვლისშემძლეობისა და მშობლიური სიყვარულის იდეათა გაერთიანებაა.       იქიდან, რაც “მე”-ს შესახებ ითქვა, შეიძლება დავასკვნათ, რომ სწორედ ჰიუმის “დამსახურებით” დარჩა ფსიქოლოგია კარგა ხანს, ასე ვთქვათ, უსუბიექტო მდგომარეობაში. სულიერი ცხოვრების ანალიზში “მე”-ს, პიროვნების კატეგორიები არ ფიგურირებდა. ფსიქიკა გაგებული იყო, როგორც სცენა, რომელზეც ცნობიერების სხვადასხვა შინაარსი ჩნდება, ცოცხლობს და ქრება. ჰიუმი პირდაპირ ამბობს: “სული თეატრს ჰგავს, რომელშიც ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან სხვადასხვა პერცეფციები”. სხვათა შორის, თეატრთან შედარებას დეკარტეს ფსიქოლოგიურ შეხედულებათა მიმართაც ხშირად იყენებდნენ. მათ “კარტეზიანულ თეატრს” უწოდებდნენ და გულისხმობდნენ, რომ სული სხეულის შიგნით ზის და უყურებს თეატრალურ სცენას, რომელზეც გარე და შინაგანი სამყაროს ამსახველი იდეები გამოდიან. ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ისტორიკოსის ზუსტი შეფასებით, ჰიუმმა გამორიცხა სული (ანუ “მე”, სუბიექტი) კარტეზიანული თეატრიდან და ფსიქოლოგიური რეალობის სახით მხოლოდ მისი სცენა დატოვა (თ. ლიხი).       ასეთია ჰიუმის ფსიქოლოგიური წარმოდგენები, რომლებიც უკიდურესი ემპირიზმის ნიშანს ატარებს: მხედველობაში უნდა მივიღოთ მხოლოდ ის, რაც გამოცდილებაშია (ცნობიერებაშია) მოცემული. ამ გამოცდილების პირველადი მასალა კი შეგრძნებებიდან მიიღება. ამიტომ მეცნიერებამ შეიძლება მხოლოდ დაკვირვებად მოვლენებზე იმსჯელოს. ეს პოზიცია მომდევნო საუკუნეში გაგრძელდება და განვითარდება პოზიტივისტურ ფილოსოფიაში და საკმაოდ დიდ გავლენას მოახდენს ფსიქოლოგიური აზროვნების ფორმირებაზე. მიუხედავად თავისი უკიდურესობისა და ცალმხრივობისა, განვითარების სწორედ ეს ვექტორი მიიყვანს ფსიქოლოგიას ექსპერიმენტამდე და, საბოლოოდ, ფილოსოფიისაგან დამოუკიდებელი ემპირიული მეცნიერების დამკვიდრებამდე.       ჰიუმის ფილოსოფია ყველაზე უფრო ფსიქოლოგიზირებული მოძღვრებაა. მასში პირდაპირ არ არის ნათქვამი, მაგრამ საკმაოდ ნათლად არის მინიშნებული, რომ ფსიქოლოგიურ ცოდნას გამორჩეული მნიშვნელობა აქვს მეცნიერებათა მთელი სისტემის დაფუძნების თვალსაზრისით. “ყველა მეცნიერება, ამბობს იგი, ადამიანის ბუნებას ენათესავება და ერთადერთი საძირკველი, რომელსაც ისინი შეიძლება ეყრდნობოდნენ, ესაა მეცნიერება ადამიანის ბუნების შესახებ”. ამასთან მასალა, რომლის გათვალისწინებითაც შესაძლებელია ადამიანის ბუნების შესწავლა, პერცეფციებით ანუ ფსიქიკური შინაარსებით ამოიწურება. მაშასადამე, სუბიექტური სინამდვილის შესახებ ცოდნის სისტემა ყოველგვარი ცოდნის საფუძველია. ტერმინი “ფსიქოლოგია” იმ ხანად კიდევ ეს-ესაა იკიდებდა ფეხს სამეცნიერო ლექსიკონში. ამიტომ, მართალია ამ კონტექსტში ფსიქოლოგია ჰიუმის მიერ არაა ნახსენები, მაგრამ ის დანამდვილებით არის ნაგულისხმევი.       დევიდ ჰერტლი (1705-1757) არაა ისეთი მასშტაბის მოაზროვნე, როგორსაც მისი თანამედროვე და თანამემამულე ბერკლი ან ჰიუმი არიან, მაგრამ მან უდავოდ უფრო დიდი როლი ითამაშა იმდროინდელ ფსიქოლოგიაში, ვინაიდან შექმნა პირველი, დასრულებული სახის ასოციაციონისტური სისტემა. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მეხსიერებაში წარმოდგენათა შორის კავშირის დამყარების პროცესი გარკვეულ კანონებს ემორჩილება, ჯერ კიდევ არისტოტელემ გამოთქვა. იდეებს შორის კავშირებზე (ასოციაციებზე) აგრეთვე მიუთითებდნენ სპინოზა, ჰობსი, ლოკი. უფრო თამამად საუბრობდა ასოციაციის პრინციპზე ბერკლი, ჰიუმმა კი ის ფსიქიკური შინაარსების გაერთიანების ყველაზე გავრცელებულ პრინციპად მიიჩნია. ჰერტლი კიდევ უფრო შორს წავიდა. მან ასოციაცია ცნობიერების მუშაობის არა უბრალოდ ყველაზე გავრცელებულ, არამედ ერთადერთ პრინციპად გამოაცხადა. ჰერტლიმ გამოიყენა წინამორბედთა იდეები, დაუმატა საკუთარი მოსაზრებები, გააერთიანა ისინი და ჩამოაყალიბა ერთი მთლიანი ფსიქოლოგიური კონცეფცია. ჰერტლისთან მთელი ფსიქიკური ცხოვრება ასოციაციის პრინციპის საფუძველზეა გააზრებული.       ჰერტლის ოჯახი მაღალ საზოგადოებას მიეკუთვნებოდა. მამამისი მინისტრი იყო. ჰერტლის თავდაპირველად უნდოდა, სასულიერო პირი გამხდარიყო, მაგრამ შემდგომში გეგმები შეცვალა და თეოლოგიურ განათლებას სამედიცინოც დაუმატა. იგი დიდად ერუდირებული ექიმი იყო, რაც აისახა მის მთავარ თხზულებაში: “ფიქრები ადამიანზე, მის აგებულებაზე, მოვალეობებსა და იმედებზე” (1749). მის შექმნაზე ჰერტლი 18 წელს მუშაობდა. “ფიქრები”, პირველ ყოვლისა, ადამიანის სულიერ სამყაროზეა მიმართული. ჰერტლი ფსიქოლოგიის სისტემას ქმნის, მაგრამ ისეთი ფსიქოლოგიისა, რომელსაც მედიკოსისთვის დამახასიათებელი მატერიალისტურ-სხეულებრივი საფუძველი აქვს. სულზე საუბრისას იგი არასდროს ივიწყებს სხეულს. ჰერტლის მთავარი საფიქრალი სწორედ მათი ურთიერთობის გარკვევაა.       ამ საკითხის გააზრებისას ჰერტლი ცდილობს, ერთმანეთს დაუკავშიროს ლოკის და მისი მიმდევრების იდეათა ასოციაციის მოძღვრება და ნიუტონის ე.წ. ვიბრაციების თეორია. ჰერტლის აზრით, ის კანონზომიერებანი, რომლებსაც ემორჩილება სულის იდეები და სხეულის ვიბრაციები, ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ისინი მხოლოდ პარალელურია და არა იდენტური. სხეული და სული სხვადასხვა რეალობას, სუბსტანციას მიეკუთვნება. ამრიგად, ჰერტლი დუალისტია და პარალელისტი. მისი პარალელიზმი ფსიქოფიზიოლოგიურია, იგი სხეულისა და სულის ურთიერთმიმართებაზე ფიქრობს. ჰერტლი მკაფიოდ გამოყოფს სხეულის იმ ნაწილებს, რომლებთანაც სულია დაკავშირებული, ანუ “სულის ადგილსამყოფელია”. ასეთი ნაწილი, პირველ რიგში, თავის ტვინია, აგრეთვე, ზურგის ტვინი და მათგან გამომავალი ნერვები. ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, ჰერტლის აზრით, ნერვული სუბსტრატის უმცირესი ნაწილაკების ვიბრაციული მოქმედება განაპირობებს. ეს შეხედულება უპირისპირდება ნერვული მექანიზმის დეკარტესეულ გაგებას, რომელიც გულისხმობს ნერვებში “ცხოველური სულების” გადაადგილებას. ჰერტლის თანახმად, ნერვები მილაკები კი არა, შევსებული სტრუქტურებია და მათში ვიბრაციული პროცესი მიმდინარეობს. მაგრამ ვინაიდან მისი სტიმულირება ეთერის ვიბრაციით ხდება, ეს პროცესი გრძნობის ორგანოებში და კუნთებშიც მიმდინარეობს. ამრიგად, ჰერტლი ვიბრაციის ტერმინებში ახასიათებს რეფლექტორულ რკალს, რომელიც პირველად დეკარტემ აღწერა: გარემოდან მიღებული ვიბრაცია გრძნობის ორგანოს გადაეცემა და, ტვინის გავლით, ნერვების საშუალებით აღწევს სამოძრაო აპარატამდე.       სხეულში განვითარებული ვიბრაციული პროცესები ერთმანეთისაგან ოთხი ნიშნით განსხვავდება: ხარისხით, რაგვარობით, ადგილმდებარეობით და მიმართებით. ხარისხი რხევის ამპლიტუდას ანუ ძალას ნიშნავს, რაგვარობა - რხევის სიხშირეს, ადგილმდებარეობა ლოკალიზაციაზე მიუთითებს, ხოლო მიმართებას განსაზღვრავს ის, რომ ვიბრაციები სხვადასხვა ნერვებით გადაეცემა ტვინს. ხარისხის, ანუ ძალის მიხედვით, ვიბრაციების ორი სახეობა გამოიყოფა: ჩვეულებრივი, ანუ გრძნობადი ვიბრაციები, რომლებიც შეგრძნებებს შეესაბამება და ამ უკანასკნელთა განმეორებით გამოწვეული კიდევ უფრო მცირე ვიბრაციები ტვინში. მათ ვიბრაციუნკულები ან მინიატურები ეწოდება და ისინი იდეებს შეესაბამებიან.       უნდა აღინიშნოს, რომ ჰერტლის ვიბრაციულ-ფიზიოლოგიური წარმოდგენები საკმაოდ შორს იყო ჭეშმარიტებისაგან. ისინი გამოხატავდნენ XVIII საუკუნის ცოდნას, უფრო ზუსტად, რეალური ფიზიოლოგიური პროცესების შესახებ ცოდნის არარსებობას. მაგრამ, როგორც ფსიქოლოგიის ისტორიკოსები მუთითებენ, მათში მაინც აისახა მკვლევარის პროგრესული ბუნებისმეტყველური სწრაფვა, გამოევლინა ფსიქიკური პროცესების ობიექტური დინამიკა ისე, რომ არ მიემართა სულისთვის, როგორც ამხსნელი ცნებისთვის.       სულიერი სამყაროს აგებულებაში, ჰერტლის მიერ გამოიყოფა სამი უმარტივესი ელემენტი: შეგრძნებები (სენსეციები), იდეაციები (შეგრძნების იდეები ანუ გამეორება საგნის რეალური მოცემულობის გარეშე) და აფექტაციები (სიამოვნება-უსიამოვნება). ეს არის ის მასალა, რომლისაგანაც ასოციაციის მექანიზმის მეშვეობით მთელი ფსიქიკური ცხოვრება შენდება. ამასთან, სხეულებრივი (ნერვული) და ფსიქიკური პროცესები სრულ შესაბამისობაშია, ამიტომ, არსებითად, ასოციაციის ორი მექანიზმისა და, შესაბამისად, ორი პროცესის შესახებ უნდა ვისაუბროთ. მათგან ერთი სხეულში ხორციელდება, მეორე - სულში.       სულში მოქმედ ასოციაციის კანონზე ჰერტლი წერს: “თუ გარკვეული შეგრძნებები (A,B,ჩ და სხვა) საკმარისად ხშირად დაუკავშირდება ერთმანეთს, ისეთ ძალას შეიძენენ შესატყვის იდეებზე (ა,ბ,ც და სხვა), რომ რომელიმე მათგანი (A) განცალკევებული მოქმედებისას სულში დანარჩენ შეგრძნებათა იდეებს (ბ,ც და სხვა) აღძრავს”. სხეულში პარალელურად მიმდინარე ასოციაციური პროცესის ფორმულირება აღწერილის ანალოგიურია იმ განსხვავებით, რომ შეგრძნების ნაცვლად ლაპარაკია გრძნობად ვიბრაციაზე, ხოლო იდეის ნაცვლად - მინიატურულ ვიბრაციაზე. ეს არის კანონი, რომლის საფუძველზეც მყარდება ასოციაცია შეგრძნებასა და იდეას შორის. რაც შეეხება იდეებს შორის ასოციაციას, მისი შესაბამისი პროცესი ტვინში ასე აღიწერება: როცა ორი მინიატურული ვიბრაცია ტვინში ერთდროულად მიმდინარეობს, შესატყვისი ზონებიდან აგზნების პროცესი ყველა მიმართულებით ვრცელდება და ისინი ერთმანეთზე ზემოქმედებენ; ზონებს შორის მით უფრო მჭიდრო კავშირი მყარდება, რაც უფრო ხშირად ხდება ეს. ამიტომ, როდესაც შემდგომში ერთი ვიბრაცია აღმოცენდება, ის გამოიწვევს მეორეს. ეს შეესაბამება ერთი იდეის მიერ მეორის გამოწვევის პროცესს.       ასოციაცია შეიძლება დამყარდეს შეგრძნებებს, იდეებსა და მოძრაობებს შორის. მოძრაობის შემოტანა აქ მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს საშუალებას იძლევა ასოციაციის მექანიზმი გავრცელდეს მოტორული მოქმედების სფეროზე, რაც თითქმის ორი საუკუნის შემდეგ განხორციელდა ბიჰევიორიზმში. თვით ჰერტლი მოძრაობათა ორ ჯგუფს გამოყოფს: ავტომატიზმებს და ნებისმიერ მოძრაობებს. ავტომატიზმები სხეულებრივი მექანიზმებიდან მომდინარეობს და გრძნობად გამღიზიანებელზე უშუალო რეაქციას წარმოადგენს. ადამიანი იბადება ე.წ. პირველადი ავტომატიზმების გარკვეული მარაგით. ნებელობითი მოძრაობები ამ ავტომატიზმების სხვადასხვა ფსიქიკურ მიზეზებთან (იდეები, აფექტები, ვნებები) ასოციაციური დაკავშირების გზით ყალიბდება. მაგალითად, ახალშობილი ბავშვის ხელისგულზე შეხება იწვევს თითების უნებლიე შეკუმშვას, ანუ ტაცების პირველად ავტომატიზმს. ეს მოძრაობა შეიძლება დაუკავშირდეს სხვადასხვა შეგრძნებებსა თუ იდეებს, ვთქვათ, საყვარელი სათამაშოს დანახვას, რომლის ტაცებას და დაჭერას ბავშვი თანდათან სწავლობს ასოციაციის კანონების შესაბამისად. ამავე ლოგიკით, სიტყვები: აიღე, დაიჭირე, რომლებიც ბავშვს ესმის უფროსებისაგან, უკავშირდება სათანადო მოძრაობებს და მას სამოქმედოდ აღძრავს. ეს უკვე ნახევრად ნებელობითი მოძრაობაა. მოძრაობა მთლიანად ნებელობითი გახდება მაშინ, როდესაც “ის იდეა ან სულის მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ ტაცების სურვილი და რომელსაც, გარკვეულად, შინაგანი ბრძანების ხასიათი აქვს, ისე ძლიერად დაუკავშირდება სათანადო მოძრაობას, რომ ეს უკანასკნელი პირველის გაჩენისთანავე აღმოცენდება”. ნებელობა სწორედ “სულის მდგომარეობაა”, რომელიც წინ უსწრებს ჩვენ მიერვე გამოწვეულ სულიერ (მოგონება, წარმოსახვა) თუ სხეულებრივ (მოძრაობა) აქტებს. ხშირი გამეორების, ვარჯიშის შედეგად ნებელობითი მოძრაობები შეიძლება გადაიქცეს ე.წ. მეორად ავტომატიზმებად, ანუ ჩვევებად და ჩვეულებებად. ისინი ნებელობად წოდებული “სულის მდგომარეობით” აღარ არიან გაშუალებული, თითქოს თავისთავად აღიძვრებიან და მიმდინარეობენ. მაშასადამე, პირველადი ავტომატიზმებიდან ასოციაციის მექანიზმის საშუალებით წარმოიქმნება ნახევრად ნებელობითი, ნებელობითი აქტები და მეორადი ავტომატიზმები.       აღზრდის პროცესში ასოციაციის ასეთივე მექანიზმით ყალიბდება აფექტები და ვნებები (თავისი წინამორბედების მსგავსად, ჰერტლიც ვერ განასხვავებს დაბეჯითებით ემოციურ და მოტივაციურ სფეროებს; მაგ., ძლიერ აფექტს იგი სურვილს უწოდებს). ვნება წარმოიქმნება საგნის წარმოდგენის ანუ იდეაციის და აფექტაციის დაკავშირების გზით. თავიდან ბავშვისთვის უცხოა შიში. მას რაღაც უნდა დაუშავდეს, რაიმე ზიანი მიადგეს, რის შემდეგაც მეხსიერებაში შემორჩენილი ამ უარყოფითი ემოციის იდეა ასოცირდება იმ პირობების იდეასთან, რომლებმაც გამოიწვიეს ზიანი და შესაბამისი ემოცია.       თვით ასოციაციის პრინციპის გააზრებაში ჰერტლის ბევრი ახალი და საყურადღებო ნიუანსი შემოაქვს. ასოციაციის პირობებიდან თუ ფაქტორებიდან იგი მსგავსებას გამორიცხავს, ტოვებს მეზობლობას და უმატებს გამეორებას. ეს ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ფსიქიკურ ასოციაციას საფუძვლად უდევს ფიზიოლოგიური (ვიბრაციული) ასოციაცია. ამიტომ ასოციაციური კავშირის შექმნა არ შეიძლება იყოს დამოკიდებული სუბიექტურ და სუბიექტიდან გამომდინარე წინაპირობებზე (მსგავსება, მაგალითად, ასეთი ფაქტორია, ვინაიდან მსგავსია თუ არა საგნები და მოვლენები - სუბიექტი ადგენს). ამდენად ჰერტლი აგრძელებს ჰიუმისეული უსუბიექტო მექანიცისტური ფსიქოლოგიის ხაზს. პოზიტიური აქ ის არის, რომ ჰერტლი ასოციაციის ფაქტორებს დაბეჯითებით უმატებს გამეორებას. “შეგრძნებები, იდეები და მოძრაობები საკმაოდ ხშირად უნდა დაუკავშირდნენ ერთმანეთს”, ამბობს იგი და ამით ხაზს უსვამს გამეორების ფაქტორს. მისი უდიდესი მნიშვნელობა მხოლოდ XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე გახდა ნათელი (ებინჰაუსი, თორნდაიკი და სხვა) და ის დასწავლის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად იქცა.       ფსიქოლოგიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით ჰერტლის ასოციაციური მოძღვრების სხვა მხარეებიც საინტერესოა. მან საგანგებო მსჯელობის საგნად აქცია სიმულტანური და სუქცესიური ასოციაციების არსებობის ფაქტი (რომელზეც ჰიუმმა მხოლოდ მიანიშნა) და ამით მკვეთრად გააფართოვა ასოციაციის გამოყენების არე. ის ვარგისიანი გახდა როგორც თანმიმდევრული პროცესების (მეხსიერება, აზროვნება), ისე მარტივი იდეების კომპლექსებად შერწყმის ასახსნელად (აღქმა). სიმულტანური ასოციაციების დაშვება ნაბიჯია ჯ.ს. მილის “სულის ქიმიისკენ”, ანუ ცნობიერების რთულ წარმონაქმნებში ისეთი კავშირების გააზრებისკენ, სადაც შემადგენელი ელემენტები ახალ თვისობრიობას ქმნიან (იხ. თავი 4.3). ასოციაციონისტური მოძღვრების განვითარებას, როგორც შემდგომში დავრწმუნდებით, ლოგიკურად მივყავართ ცნობიერების მოვლენების ასეთ ანალიზამდე. ამის ნიშნები უკვე ჰერტლისთან არის მოცემული, რასაც ადასტურებს თუნდაც შემდეგი გამონათქვამი: “შეგრძნების მარტივი იდეები უნდა ერთიანდებოდნენ ჯგუფებად და კომბინაციებად. ასოციაციების მეშვეობით თითოეული მათგანი მრავალი შემადგენელი ნაწილის დაახლოებისა და შერწყმის გზით ერთ დიდ რთულ იდეად შეიზრდება. დაკვირვება იმასაც გვიჩვენებს, რომ მრავალი ინტელექტუალური იდეა, როგორიცაა მშვენიერების, ღირსების, ზნეობრივი თვისებებისა და სხვა, ფაქტობრივად არიან ისეთი ნაწილებისაგან შემდგარი იდეები, რომლებიც თანდათან შეიზარდნენ ერთ რთულ იდეად”.       ყველა რთული სულიერი მოვლენა მარტივი ფსიქიკური მასალიდან აიგება ასოციაციის მეშვეობით. აფექტები და ვნებები, როგორც ითქვა, შეგრძნებების, სიამოვნება-უსიამოვნების ან მათი იდეების ასოციაციური გაერთიანებაა. აღქმები მიიღება საგნის გრძნობადი თვისებების ამსახველ შეგრძნებათა შეერთების გზით. მეხსიერება ასოციაციურად დაკავშირებული იდეების აღდგენაა იმ თანმიმდევრობითა და მიმართებით, როგორც შეგრძნებაში იყო მოცემული. წარმოსახვაც იდეების დაკავშირებაა, ოღონდ თავდაპირველი წესისა და თანმიმდევრობის გარეშე (მაგ., სიზმარი). აზროვნებაზე ჰერტლი პირდაპირ არ ლაპარაკობს; იგი მხოლოდ სიტყვით გამოთქმული შინაარსის გაგების პროცესს განიხილავს. სიტყვა ბგერათა ჯამია, მნიშვნელობა კი გრძნობადი თვისებების კომპლექსი, რომლითაც საგნები ერთმანეთს გვანან. მაგალითად, სიტყვა “სითეთრის” მნიშვნელობა მრავალი საგნის (თოვლი, ქაღალდი, რძე და ა.შ.) მუდმივი გრძნობადი თვისების გამოყოფის შედეგად მიიღება. აღზრდისა და სწავლის პროცესში ხდება ასოციაციური კავშირის დამყარება სათანადო ბგერით კომპლექსსა და საგნის გრძნობად თვისებათა ერთობლიობას შორის. სიტყვის მნიშვნელობის გაგებაც ამას ნიშნავს. პირინციპში, ასეთივე გზით მიმდინარეობს ცნების ფორმირება - აქ ჰერტლი, ფაქტობრივად, ლოკის მოსაზრებებს ეყრდნობა.       ჰერტლის შრომამ საგრძნობი ზეგავლენა არა მარტო ფსიქოლოგიაზე, არამედ სხვა დარგებზეც მოახდინა; მაგალითად, ეთიკაზე, ლოგიკაზე, პედაგოგიკაზე. ჰერტლის იდეების პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მისმა მოწაფემ, ლონდონის სამეფო საზოგადოების, პარიზისა და სანკტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიების წევრმა ჯოზეფ პრისტლიმ (1733-1804). იგი ახერხებდა წარმატებით შეეთავსებინა ერთმანეთთან თეოლოგიური (იყო მღვდელი) და ბუნებისმეტყველური (იყო ქიმიკოსი, ჟანგბადის აღმომჩენი) ინტერესები. როგორც გავლენიანი ფილოსოფოსი, იგი სწორედ ბუნებისმეტყველების პოზიციიდან განიხილავდა ფსიქიკურ სინამდვილეს. ფსიქიკური პროცესები ფიზიოლოგიური პროცესებით აიხსნება, შესაბამისად, მეცნიერება სულიერი ცხოვრების შესახებ (ფსიქოლოგია) არის “ნერვული სისტემის ფიზიკა”. მოკლედ, პრისტლიმ მოხსნა ჰერტლისთვის დამახასიათებელი ორაზროვნება სხეულებრივი და სულიერი პროცესების ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით. ყველა ფსიქიკური პროცესი ასოციაციური წარმოშობისაა, მაგრამ ასოციაციის მექანიზმის ბუნება ნერვულ სუბსტრატში უნდა ვეძებოთ.       ემპირიული ფსიქოლოგიის განვითარება მიმდინარეობდა საფრანგეთშიც, თუმცა მისი გავლენა შემდგომი დროის ფსიქოლოგიაზე ნაკლები იყო, ვიდრე ინგლისური ასოციაციონიზმისა. XVIII საუკუნის ფრანგული ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური აზროვნება ძირითადად ემპირიზმის განვითარებისა და რაციონალიზმის კრიტიკის ნიშნით ხასიათდება. ფრანგული ემპირიული ფსიქოლოგიის წარმომადგენლები ემყარებოდნენ ლოკის სენსუალისტურ თეზისს გრძნობადი (შეგრძნებითი) გამოცდილების პრიორიტეტის შესახებ და ფსიქიკის განვითარებაში მთავარ ძალად გარემოს მიიჩნევდნენ. ცნობიერების ფორმირება სოციალურ გარემოში მიმდინარეობს, სადაც გადამწყვეტ როლს აღზრდა-განათლება ასრულებს. ამიტომ განათლების პროცესის სწორი ორგანიზაცია პირველი რიგის ამოცანაა. ამ მიზნით, დიდროს თაოსნობით, გამოიცა ენციკლოპედია, რომელშიც თავმოყრილი იყო განათლებული ადამიანისთვის აუცილებელი ცოდნა. ამიტომ, ამ ეპოქის ფრანგი სწავლულების დიდ ნაწილს განმანათლებლებს და ენციკლოპედისტებს უწოდებენ. ფრანგული ემპირიული ფსიქოლოგიის კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ შემეცნებით და ემოციურ პროცესებთან ერთად, მასში წარმოდგენილია მოტივაციური სფეროს, კერძოდ, მოთხოვნილებათა საყურადღებო დახასიათება.       ეტიენ ბონო დე კონდილიაკი (1715-1780) საფრანგეთის აკადემიის წევრი, დიდროსთან დაახლოებული ენციკლოპედისტი, ცდილობს კიდევ უფრო გააძლიეროს ლოკის ემპირიზმი. ეს უკანასკნელი გამოცდილების შეძენის ორ წყაროს უშვებდა: შეგრძნებებს და რეფლექსიას. ის, რაც ლოკთან რეფლექსიიდან, ხოლო დეკარტესთან სულის ოპერაციებიდან და თანდაყოლილი იდეებიდან მომდინარეობდა (ანუ ფსიქიკური მოქმედება), კონდილიაკს სურს ახსნას შეგრძნებების საშუალებით. კონდილიაკი, თანმიმდევრული სენსუალისტი, თავის მთავარ ნაშრომში “ტრაქტატი შეგრძნებების შესახებ” (1754), ცდილობს ყველა ფსიქიკური უნარი და პროცესი შეგრძნებიდან გამოიყვანოს. თუ ძირითადი ფსიქიკური უნარების - მეხსიერების, აზროვნების, ფანტაზიის, ნებისყოფის და ა.შ. ჯამს გონებას ვუწოდებთ, შეიძლება ითქვას, რომ კონდილიაკის მიხედვით, ადამიანი თავდაპირველად მოკლებულია გონებას. “ტრაქტატის” მიზანია გვიჩვენოს, თუ როგორ შეიქმნა ადამიანური შეგრძნებებიდან გონება.       აქ ავტორი მიმართავს ე.წ. მარმარილოს ქანდაკების მოდელს, რომელიც გარეგნულად ადამიანის მსგავსია. დავუშვათ, ეს ქანდაკება ცოცხალია, სულიერია, მაგრამ არც ცოდნა და არც სხვა ფსიქიკური თვისება, შეგრძნების გარდა, არ გააჩნია. მისი სულიერება, ფაქტობრივად, შეგრძნების უნარში მდგომარეობს. კონდილიაკი გვთავაზობს ჩავატაროთ ასეთი გონებაჭვრეტითი ექსპერიმენტი: მივანიჭოთ ქანდაკებას ყნოსვის შეგრძნების უნარი და ამ დაშვებიდან გამოვიყვანოთ ყველა იდეა თუ სულის თვისება. ყნოსვის შეგრძნება შემთხვევით არ არის შერჩეული; ავტორი თვლის, რომ ის ყველაზე დაბალი რანგის შეგრძნებაა. შეგრძნებათა რანგები, საზოგადოდ, კლასიფიცირებულია მათი შემეცნებითი ღირებულების მიხედვით და ასეთი რიგით არიან განლაგებული: 1. შეხება, 2. მხედველობა, 3. გემო, 4.სმენა, 5. ყნოსვა. შეხების შეგრძნება ყველაზე მეტად უწყობს ხელს შემეცნებას და, რაც მთავარია, იგი ერთადერთია, რომელიც ქანდაკებას უქმნის რწმენას ობიექტური სამყაროს არსებობის შესახებ. ამასთან, შეხება ყველაზე ინტენსიურ ემოციას აღძრავს ქანდაკებაში.       საზოგადოდ, ყოველ შეგრძნებას, მათ შორის ყნოსვის შეგრძნებას, რომელიც ქანდაკებას მივანიჭეთ, აუცილებლად ახლავს ერთგვარი გრძნობითი ტონი, სიამოვნების ან უსიამოვნების განცდა. სიამოვნება-უსიამოვნება, კონდილიაკის თანახმად, შეგრძნების ერთ-ერთი დახასიათებაა, მისი იმანენტური ნიშანია. შეგრძნების მეტ-ნაკლები ინტენსივობა თანმხლები გრძნობითი ტონის განსხვავებული სიძლიერით გამოიხატება. შეგრძნების მეორე თანმდევი განცდა ყურადღების განცდაა. ყურადღება ყოველგვარი განცდის აუცილებელი პირობაა, ფონია, რომელზეც ფსიქიკური მოვლენები (ე.ი. შეგრძნებებიც) გამოისახება. ამრიგად, ქანდაკებამ, რომელსაც სუნის შეგრძნების უნარი გაუჩნდა, იმავდროულად შეიძინა მგრძნობელობისა და ყურადღების თვისებებიც. დანარჩენი ფსიქიკური ფუნქციები ამ უნართვისებების ამოქმედებისა და გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნება. პირველი მათ შორის მეხსიერებაა. ის ყურადღების ფუნქციონირებას მოჰყვება. ქანდაკების მიერ განცდილი სუნი არ ისპობა გამღიზიანებლის ზემოქმედების შეწყვეტასთან ერთად. ყურადღება, რომელიც ქანდაკებამ სუნს მიაპყრო, კიდევ ერთ ხანს ინახავს მას, ტოვებს სულში გარკვეული შთაბეჭდილების სახით. ამიტომ სუნის გამეორებისას ქანდაკება მას იცნობს. ესაა მეხსიერება. ორი შეგრძნების ერთდროული არსებობა, ან აწმყოში მოცემული სუნის წარსული სუნის იდეასთან შედარება მსჯელობას გვაძლევს, ვინაიდან, ავტორის მტკიცებით, მსჯელობა ორ შესადარებელ მოვლენას შორის მიმართების აღქმაა. ასე იძენს ქანდაკება აზროვნების, შემეცნების უნარს. მოთხოვნილება აქტივობისა და განვითარების პირობაა, მაგრამ ის ვერ გაჩნდებოდა გრძნობებისა და მეხსიერების გარეშე. შეგრძნებას სიამოვნებაუსიამოვნების ნიშანი რომ არ ჰქონოდა, ქანდაკება ვერ განვითარდებოდა და ლეთარგიული ძილის მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, რადგან ის არ იქნებოდა დაინტერესებული, მიეღო ერთი ან განრიდებოდა მეორეს, ანუ არ ექნებოდა სათანადო სურვილი. ამავე დროს, მოთხოვნილება მეხსიერებასაც გულისხმობს, ვინაიდან ის არის სწრაფვა უკეთესი (სასიამოვნო) წარსული მდგომარეობისკენ. მოთხოვნილების ნიადაგზე აღმოცენდება წარმოსახვა, როგორც ტენდენცია სასურველი ხატის აღდგენისა. წარმოსახვა მომავლის გათვალისწინების უნარს იძლევა, ხოლო მისი გაერთიანება შეფასების აზროვნებით უნართან და მოთხოვნილებასთან წარმოქმნის იმას, რასაც ნებისყოფა ეწოდება.       ამრიგად, ჩვენი ქანდაკება ყველა ძირითადი ფსიქიკური ფუნქციით აღიჭურვა. ახლა, თუ შევიტანთ სხვა შეგრძნებებს - სმენას, გემოს, მხედველობას, არსებითად არაფერი შეიცვლება. მდგომარეობას პრინციპულად ცვლის მხოლოდ შეხებითი შეგრძნება, რომელიც გვაძლევს სხვა სხეულის სიმკვრივის, წინააღმდეგობისა და, აქედან გამომდინარე, მისი არსებობის განცდას. ამ მომენტამდე ჩვენი შეგრძნებები განიცდებოდა მხოლოდ შინაგან მდგომარეობებად, ახლა ისინი იქცევიან საგნის თვისებებად, საგნისა, რომელიც სუბიექტისაგან დამოუკიდებლად არსებობს. ამდენად, ობიექტის განცდასთან ერთად და მასთან დაპირისპირებაში ჩნდება თავად სუბიექტის განცდაც, “მე”-ს ცნობიერებაც. ერთი სიტყვით, მთელი შინაგანი სამყარო სრული სახით გამოიყვანება შეგრძნებებიდან. თანამედროვე მეცნიერების თვალსაზრისით, მთელი ეს თეორია უსაფუძვლო ხელოვნური კონსტრუქციაა.       ჟიულ ოფრე დე ლამეტრიც (1709-1751) სენსუალისტია, მაგრამ მისი ყურადღების ცენტრში სხვა საკითხი, სახელდობრ, სხეულისა და სულის მიმართების საკითხი იყო. ლამერტიმ სამედიცინო განათლება პარიზში მიიღო და სტაჟირება ჰოლანდიაში, ცნობილ მკურნალ ბურხავესთან გაიარა. სამხედრო ექიმად მუშაობისას იგი დააკვირდა იმ ვითარებას, რომ ავადმყოფობა (ვთქვათ ციება) არა მარტო ფიზიკურად ასუსტებს ადამიანს, არამედ მის გონებრივ შესაძლებლობებსაც აქვეითებს. აქედან ლამეტრი მივიდა დასკვნამდე, რომ სულიერი მოქმედება გაპირობებულია სხეულებრივი ორგანიზაციით. ამ იდეით შეპყრობილმა მან ზედიზედ დაწერა ორი ნაშრომი “სულის ბუნებრივი ისტორია” (1745) და “ადამიანი მანქანა” (1748), რომლებიც დაწვეს, როგორც ერეტიკული ტრაქტატები. ამ ნაწარმოებებმა მის ავტორს სკანდალური პოპულარობა მოუტანა და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩააგდო, რის გამოც იგი იძულებული გახდა სიცოცხლის ბოლო წლები ბერლინში გაეტარებინა, სადაც განთლებული მონარქის, პრუსიის მეფის, ფრიდრიხ II-ის მიწვევით ჩავიდა.       ლამეტრიმ უარყო დეკარტეს დუალიზმი: არსებობს მხოლოდ ერთი მატერიალური სუბსტანცია, რომელსაც, სხვა დანარჩენი თვისებების გარდა, შეგრძნებისა და აზროვნების უნარიც გააჩნია. ეს მატერიის (ტვინის) გარკვეული ორგანიზაციის შედეგია. ორგანიზაციის კატეგორია წამყვანია ლამეტრის მსჯელობაში. ადამიანი ბუნების ნაწილია. მცენარე, ცხოველი, ადამიანი - უწყვეტი კიბის საფეხურებია. მათ შორის განსხვავება სხეულის სხვადასხვა ორგანიზაციით არის გაპირობებული. აქ ლამეტრიმ წინასწარ განჭვრიტა უფრო გვიანდელი ევოლუციონისტების იდეები. ეპოქაში, როცა მეცნიერება დარწმუნებული იყო მცენარეებისა და ცხოველების სახეობათა უცვლელობაში, ლამეტრიმ გაბედა გამოეთქვა მკრეხელური აზრი იმის თაობაზე, რომ ცოცხალი სხეულების, მათ შორის ადამიანის ორგანიზაცია, არის სახეობათა ხანგრძლივი ევოლუციის პროდუქტი. სიცოცხლის სხვადასხვა ფორმა ერთმანეთისაგან ორგანიზაციის სირთულით განსხვავდება. ცხოველის მსგავსად, ადამიანიც კარგად აწყობილი, თვითმართვადი მანქანაა. “თუ სულის ყველა უნარი იმდენადაა დამოკიდებული ტვინისა და მთელი სხეულის ორგანიზაციაზე, რომ ისინი არსებითად, სხვა არაფერია ამ ორგანიზაციის შედეგის გარდა, მაშინ ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს ფრიად განსწავლულ მანქანად”. ცხადია, სიტყვა “მანქანა” აქ პირდაპირი მნიშვნელობით არ იხმარება. ის მხოლოდ მეტაფორის სახით გამოიყენება და გულისხმობს მატერიალურად დეტერმინირებულ სისტემას. მისი დახმარებით ავტორი ცდილობს ბუნებისმეტყველების პოზიციებიდან ახსნას ადამიანის ყველა ურთულესი უნარის, მათ შორის ცნობიერების ფუნქციონირება და განვითარება. ადამიანის, როგორც “განსწავლული მანქანის” უპირატესობას სწავლებისა და აღზრდის პროცესები უზრუნველყოფს.       სულიერი ცხოვრების სპეციფიკის დახასიათებისას ლამეტრიმ ხაზი გაუსვა მოთხოვნილებათა მნიშვნელობას. მოთხოვნილება ორგანული, სასიცოცხლო პროცესებიდან გამოიყვანება, მაგრამ სულიერი ცხოვრების დეტერმინაციაში იმდენად დიდ როლს თამაშობს, რომ გარკვეულად გონებასაც უთანაბრდება. არსებები, რომლებიც მოკლებული არიან მოთხოვნილებებს, მოკლებული არიან გონებასაც. ასეთებია, მაგალითად მცენარეები. ცხოველი შეიძლება ჩაითვალოს მოძრავ მცენარედ, მაგრამ ის უკვე სრულიად სხვაგვარი არსებაა, ვინაიდან გადაადგილების უნართან ერთად აქვს მოთხოვნილებები და, შესაბამისად, შეგრძნების, გრძნობისა და აზროვნების უნარი. რაც მეტი მოთხოვნილება აქვს ორგანიზებულ სხეულს, მით მეტი საშუალებები აქვს ბუნებისაგან ბოძებული მათ დასაკმაყოფილებლად. ეს საშუალებები გონიერების სხვადასხვა ხარისხთან არის დაკავშირებული და ცხოველებთან ინსტინქტის, ხოლო ადამიანთან სულის სახით ვლინდება. რაც ნაკლები მოთხოვნილება აქვს ორგანიზმს, მით უფრო ადვილია მისი გამოკვება და გაზრდა, მით ნაკლებად არის მასში განვითარებული გონებრივი უნარები.       როგორც ვხედავთ, ლამეტრიმ მოქმედების მანქანური (მექანიკური) პრინციპი სხეულიდან (დეკარტეს “სხეული - მანქანა”) სულზეც, ფსიქიკურ ცხოვრებაზეც გაავრცელა და ამით ადამიანის ქმედების სხვადასხვაგვარი მექანიცისტური (თუნდაც ბიჰევიორისტული) ინტერპრეტაციისთვის ერთგვარი ინტელექტუალური ფონი შექმნა.       ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის კლოდ ადრიან ჰელვეციუსის (1715-1771) ინტერესის მთავარ საგანს შეადგენდა ადამიანების ფსიქიკური წყობის, კერძოდ კი გონებრივ შესაძლებლობათა, ნიჭიერების განსხვავებულობის საკითხი. თავისი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით მან გადმოსცა ორ მთავარ თხზულებაში: “გონების შესახებ” (1758) და “ადამიანის შესახებ” (1769), რომლებიც, ერეტიკულობის ბრალდებით, ოფიციალურად აკრძალეს.       ჰელვეციუსიც სენსუალისტია. იგი მიჰყვება კონდილიაკს და თვლის, რომ დაბადებიდან ადამიანს აქვს შეგრძნება და მისი შემონახვის უნარი - მეხსიერება. მეხსიერება “ხანგრძლიობის მქონე, მაგრამ შესუსტებული შეგრძნებაა”. აზროვნებაც შეგრძნებებს უკავშირდება და მათი კომბინირების უნარად არის წარმოდგენილი. მაგრამ ადამიანთა ინტელექტუალურ უთანაბრობას არც შეგრძნებები განსაზღვრავს და არც მათგან წარმოებული ფსიქიკური უნარები. თითქმის ყველა ადამიანს აქვს საკმარისი შეგრძნებათა სიმახვილე და მეხსიერება, რომ გააკეთოს დიდი აღმოჩენა. ამაში არავითარ როლს არ თამაშობს გეოგრაფია, რასა, კვება, ტემპერამენტი თუ სხვა ფაქტორები. ჰელვეციუსი საბოლოოდ ორ მიზეზს აღნიშნავს, ეს არის სხვადასხვა მდგომარეობები და ვითარებები, რომლებშიც შემთხვევითობის წყალობით ხვდება ესა თუ ის ადამიანი, და, აგრეთვე, დიდებისკენ მისწრაფების მეტ-ნაკლებობა. ჰელვეციუსი საჭიროდ თვლის შევისწავლოთ ყველა ფაქტორი, რომლებმაც ხელი შეუწყო დიდ აღმოჩენებს, რათა მათი გათვალისწინებით მიზანდასახულად აღვზარდოთ თვალსაჩინო პიროვნებები. ჰელვეციუსი დარწმუნებულია აღზრდის გადამწყვეტ როლში: “ჭკუის უთანაბრობა შეიძლება აღზრდით აიხსნას”, “აღზრდა გვაქცევს ჩვენ იმად, რაც ვართ”, თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ აღზრდა ვერ აქცევს საზოგადოების ყველა წევრს გამოჩენილად. საქმე ისაა, რომ ყველა ერთნაირ აღზრდას ვერ მიიღებს, ვინაიდან თითოეული ინდივიდის აღმზრდელად გვევლინება როგორც მმართველობის ფორმა, რომელშიც იგი ცხოვრობს, ისე მეგობრები, საყვარელი ადამიანები, გარშემომყოფი ხალხი, წაკითხული წიგნები, დაბოლოს შემთხვევა, ანუ ის უამრავი მოვლენა, რომელთა მიზეზებსა და კავშირებს ჩვენ ვერ მივუთითებთ. მიუხედავად ამისა, აღზრდას ძალუძს გაზარდოს გენიალური ადამიანები, ხოლო დანარჩენები აქციოს გონიერებად და ჭკვიანებად.       შემოქმედების მოტივაციასთან დაკავშირებით, ჰელვეციუსი აღნიშნავს, რომ გონება შეიძლება განვიხილოთ როგორც მანქანა, რომელიც არ მოქმედებს, სანამ ვნებები არ აამუშავებს მას. ვნების ძალა და ხასიათი ყველასთან განსხვავებულია, მაგრამ ეს არ არის თანდაყოლილი თვისება, ვინაიდან ადამიანები იბადებიან არა მხოლოდ იდეების, არამედ ვნებების გარეშეც. გონების მსგავსად, ვნებებიც უნდა აღვზარდოთ. ამისთვის დიდებასთან და სახელთან დაკავშირებული ვნებები უნდა დავუკავშიროთ სხვადასხვაგვარ სხეულებრივ სიამოვნებას, რომლებიც ყოველგვარი მაღალი მისწრაფების ფორმირების პირობას წარმოადგენენ. დიდება და მისგან გამომდინარე მატერიალური უზრუნველყოფა ჰედონისტური განცდების მიღების საშუალებაა. დიდების წყურვილი მხოლოდ სხეულებრივ სიამოვნებათა მიღების შენიღბული სურვილია. მოტივაციის გაგებაში ჰელვეციუსი, ლამეტრის მსგავსად, ბიოლოგისტურ პოზიციაზე დგას.       ჰელვეციუსის ფსიქოლოგიური წარმოდგენები ამართლებს მის მსოფლმხედველობრივ პოზიციას ადამიანთა საყოველთაო თანასწორობის შესახებ - უთანაბრობა და ინდივიდუალური განსხვავებები მთლიანად ინდივიდების სოციალური მდგომარეობისა და აღზრდის განსხვავებულობით აიხსნება. ჰელვეციუსის ინტერპრეტატორები აღნიშნავენ, რომ ასეთ მიდგომას ფატალიზმამდე მივყავართ. ეს ერთი შეხედვით უცნაურია, ვინაიდან ფატალიზმს, როგორც წესი, უკავშირებენ საწინააღმდეგო შეხედულებას, რომლის თანახმად ადამიანის ფსიქიკური წყობა დამოკიდებულია თანდაყოლილ შინაგან ფაქტორებზე. ისინი ფატალურად განსაზღვრავენ მის უნარ-თვისებებს და, საბოლოოდ, ცხოვრების გზასაც. მაგრამ ჰელვეციუსის თვალსაზრისითაც ფატალიზმამდე მივდივართ: ადამიანი ბედის სათამაშოდ, შემთხვევითობის მსხვერპლად წარმოგვიდგება, რომელიც, მოათავსებს რა მას ამა თუ იმ გარემოში, განსაზღვრავს მის სოციალურ მდგომარეობას, სწავლა-აღზრდის პირობებს და, მაშასადამე, მისი ცხოვრების სცენარსაც. თანდაყოლილ თავისებურებათა უარყოფასთან ერთად ჰელვეციუსი უარყოფს ადამიანის პასუხისმგებლობას საკუთარი უნარ-თვისებების, ცოდნა-ჩვევების ჩამოყალიბებისა და, საბოლოოდ, ცხოვრების სტილისა და შინაარსის წინაშე.       ასეთ მიდგომას არ იზიარებდა იმდროინდელი საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი სწავლული, ფრანგული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი დენი დიდრო (1713-1784). მან დაწერა სპეციალური ნაშრომი: “თანმიმდევრული უარყოფა ჰელვეციუსის წიგნისა “ადამიანის შესახებ”. როგორც ემპირისტი და მატერიალისტი, დიდრო გარემოს წამყვან როლს აღიარებს, მაგრამ, მისი აზრით, გარემოს მნიშვნელობა განსხვავებულია ინდივიდისთვის და საზოგადოებისთვის. ამ უკანასკნელის გონებრივ მდგომარეობას მთლიანად განაპირობებს სოციალური და პოლიტიკური სიტუაცია. კანონები, წეს-წყობილება, განათლების სისტემა და ა.შ. განსაზღვრავს განსხვავებებს ხალხებს შორის. საზოგადოებრივ განათლებას შეუძლია გაათანაბროს მხოლოდ ადამიანთა დიდი მასები, მაგრამ არა ერთეული ინდივიდები. დიდრო ასე უსვამს საკითხს ჰელვეციუსს: წარმოიდგინეთ, რომ მოინდომოთ ხუთასი ახალშობილის აღზრდა თქვენი შეხედულებისამებრ. რამდენ მათგანს აქცევდით გენიოსად? რატომ ხუთასივეს არა? დაფიქრდით და დარწმუნდებით, რომ საბოლოოდ ბავშვების შინაგანი, ბუნებრივი ორგანიზაციის განსხვავებულობამდე მიხვალთ. ის არის სიზარმაცის, ქარაფშუტობის, სიჯიუტისა და სხვა მანკიერებათა პირველწყარო, მაგრამ, ის თანდაყოლილი ნიჭებისა და უნარების წყაროცაა.       ვინაიდან არსებობს ინდივიდუალური, თანდაყოლილი გონებრივი უნარები, ყველაფრის გადაბრალება გარემოებებსა და შემთხვევითობაზე არაა მართებული. გენიოსობა, ამბობდა ჰელვეციუსი, არის შემთხვევითობის პროდუქტი. სწორედ შემთხვევა ათავსებს ჩვენს თვალწინ გარკვეულ საგნებს, რითაც განსაკუთრებით საინტერესო აზრებს იწვევს და ზოგჯერ დიდ აღმოჩენებამდე მივყავართ. ამაზე დიდრო კითხულობს: ნუთუ გგონიათ, რომ შემთხვევამ მიიყვანა ნიუტონი ჩამოვარდნილი ვაშლიდან მთვარის მოძრაობამდე, მთვარის მოძრაობიდან კი მთელი სამყაროს სისტემამდე? თვითონ ნიუტონი სხვაგვარად ფიქრობდა. როცა ეკითხებოდნენ, როგორ მივიდა აღმოჩენამდე, იგი პასუხობდა: “ფიქრის გზით”. ამიტომ მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ შემთხვევა მხოლოდ პირობებს ქმნის კონკრეტული ადამიანის განვითარებისთვის, მაგრამ შეძლებს თუ არა იგი ამ შემთხვევის გამოყენებას, და როგორ - ეს მის ინდივიდუალურ უნარებზეა დამოკიდებული. მაშასადამე, პიროვნება არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან ის თვითონ წყვეტს, რა გამოიყენოს გარემოებათა შემოთავაზებებიდან და რა - არა.       ასევეა დიდებისკენ მისწრაფების შემთხვევაშიც. ეს მისწრაფება ტალანტებს ქმნისო, წერდა ჰელვეციუსი. დიდრო აღიარებს ამ მოტივაციის მნიშვნელობას, მაგრამ თვლის, რომ თავისთავად სურვილი ან მისწრაფება ვერ შექმნის ნიჭიერებას იქ, სადაც ის არ არის. არსებობს უამრავი რამ, რაც იმდენად აღემატება ჩემს ძალებსა და შესაძლებლობებს, რომ ვერაფერი მაიძულებს მათკენ ვისწრაფოდე, არც სამეფო ტახტის მიღების იმედი და არც საკუთარი სოცოცხლის გადარჩენის სურვილი. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ შეჯიბრი, დიდებისკენ მისწრაფება თუ სხვა მოტივაცია ნიჭიერების გამოვლენის შესაძლებლობას ქმნის და არა თვით ნიჭიერებას.       დიდროს ნატივისტური პოზიცია არ შეიძლება ტიპურად ჩაითვალოს XVIII საუკუნის ფრანგული ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური აზროვნებისთვის. როგორც ითქვა, აქ გაბატონებულია ემპირიზმი და მისი უკიდურესი გამოვლინება - სენსუალიზმი, რომლის თანახმად ყოველგვარი სულიერი შინაარსის, მდგომარეობისა თუ პროცესის პირველწყარო არის შეგრძნებების მიერ მიღებული გამოცდილება. ყველაფერი, რაც სულშია მოთავსებული, ამ გზით არის შეძენილი. სულიერი მოვლენების ქმნადობის ყველაზე გააზრებული მექანიზმი ინგლისურმა ემპირიულმა ფსიქოლოგიამ ასოციაციის მექანიზმის სახით შემოგვთავაზა. ასოციაციური კავშირები მექანიკურად მყარდება შეგრძნებებისა თუ წარმოდგენების მეზობლობის, მსგავსების, გამეორების ან სხვა პირობების არსებობის შემთხვევაში.       სულიერი სინამდვილის განხილვის ასეთი წესი XVIII საუკუნეში ყველაზე გავრცელებული იყო, მაგრამ არა ერთადერთი. მას უპირისპირდებოდა ნაკლებ გავრცელებული და ნაკლებ გავლენიანი მიმართულება, რომლის სათავეები ემპირიზმის ფილოსოფიურ ანტაგონისტში, სახელდობრ, რაციონალიზმში ძევს და მას ნიჭთა ფსიქოლოგია ეწოდება. ის ჩაისახა გერმანიაში, სადაც იმხანად ემპირიზმმა ფეხი ვერ მოიკიდა. აქ პირველ რიგში უნდა დავასახელოთ ქრისტიან ვოლფი.       ქრისტიან ვოლფი (1673-1754) ლაიფციგის, მარბურგისა და ჰალეს უნივრსისტეტების მეტად ავტორიტეტული ფილოსოფიის პროფესორი იყო. ვოლფი ლაიბნიცის დიდ გავლენას განიცდიდა და მისი შემოქმედების თვალსაჩინო სისტემატიკოსად და პოპულარიზატორად ითვლებოდა. ცხადია, ისიც პარალელიზმის პოზიციაზე იდგა, მაგრამ, ლაიბნიცისაგან განსხვავებით, იმდენად მატერიისა და სულის მიმართება კი არ აინტერესებდა, რამდენადაც მიმართება სხეულსა და ფსიქიკას შორის. შესაბამისად, მისი პარალელიზმი, ჰერტლის მსგავსად, ფსიქოფიზიოლოგიურია.       ვოლფი არ უგულებელყოფდა არც ემპირიულ და არც რაციონალურ ფსიქოლოგიას. ამაზე მეტყველებს ის, რომ ამ სახელწოდებებით, 1732 და 1734 წლებში, მან გამოსცა ორი წიგნი, რის შემდეგაც სიტყვა “ფსიქოლოგია” ევროპაში საყოველთაოდ მიღებული გახდა. ფსიქოლოგიის ამ ორი სახეობის ურთიერთმიმართებაზე მსჯეობისას ვოლფი აღნიშნავდა, რომ ყოველი მოვლენა, მათ შორის სულიერი, შეიძლება შეიმეცნო როგორც გამოცდილების, ისე გონების საშუალებით და განიხილო როგორც გარეგანი თვისებების, ისე არსის მხრივ. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ემპირიულ ფსიქოლოგიასთან. ის, გარკვეული აზრით, საფუძვლად ედება რაციონალურ ფსიქოლოგიას, რომელიც ამოსავალ პუნქტად იღებს რაიმე ცდისეულ მოცემულობას, მაგალითად, სხეულებრივ და სულიერ ცვლილებათა თანხვედრის ფაქტს, ხოლო შემდეგ ცდილობს მის ახსნას. ეს ახსნა ჰიპოთეტურ ხასიათს ატარებს, რაც სავსებით ბუნებრივია ისეთი ჭეშმარიტად ფილოსოფიური, მეტაფიზიკური დისციპლინისთვის, როგორიც რაციონალური ფსიქოლოგიაა. ემპირიული ფსიქოლოგია პრაქტიკულადაც სასარგებლოა, ვინაიდან “ლოგიკის კანონები” და “მორალის წესები” საჭიროებს დაფუძნებას რაიმე ისეთზე, რაც თავისთავად ცხადია. ასეთი კი შეიძლება იყოს მხოლოდ ცდისეული ცოდნა სულის შესახებ. მიუხედავად ამ განცხადებებისა, ვოლფის ემპირიულმა ფსიქოლოგიამ, რომელიც ცნობიერების მოვლენების აღწერას შეიცავდა, ახალი ვერაფერი შესძინა მეცნიერებას სულის შესახებ (გარდა ზოგიერთი ფრთხილად გამოთქმული მოსაზრებებისა ფსიქიკური მოვლენების გაზომვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით). სამაგიეროდ, რაციონალური ფსიქოლოგია, გარდა აბსტრაქტული მსჯელობებისა სულის არსზე, ადგილმდებარეობაზე, თავისუფლებასა თუ უკვდავებაზე, შეიცავდა თეორიულად საინტერესო მოსაზრებებს სულის ბუნების შესახებ.       სულიერი მოვლენების ამხსნელ ფაქტორად ნიჭის ცნება დასახელდა. ამასთან ერთად, განვითარდა ლაიბნიციდან მომდინარე იდეა სულის სპონტანური აქტივობის შესახებ. ეს სპონტანური, ყოველგვარი გარეშე ზემოქმედებისაგან დამოუკიდებელი აქტივობა, სულის მთავარი მახასიათებელი გახდა. ეს აქტივობა აქცევს ქმედითად ფსიქიკურ პროცესებს, პირველ რიგში, შემეცნებითს. სწორედ ამიტომ, სულს როგორც გრძნობადი, ისე გონებრივი შემეცნების შემთხვევაში, შეუძლია მასში ჩანერგილი წარმოდგენები საგნების შესახებ გააძლიეროს და განავითაროს. სულში ორი სახის ნიჭი (პროცესები) არსებობს - შემეცნებითი (წარმოდგენები) და ლტოლვითი (მისწრაფებები). აქტიური ბუნების გამო წარმოდგენები არ არის სტატიკური. რომელიმე ობიექტის ან მოვლენის წარმოდგენას უკავშირდება მისგან მომდინარე სიამოვნება და აზრი მის ღირსებათა შესახებ, რასაც მოჰყვება მისკენ სწრაფვა ან, როგორც ვოლფი იტყოდა - აპეტიტი.       პოსტულატი ჩანერგილი უნარების, პრინციპებისა თუ ნიჭების შესახებ, რომლებიც სულის საკუთარ, სპონტანურ აქტივობას გამოხატავენ, ამოსავალია ნიჭთა ფსიქოლოგიის სხვადასხვა განშტოებისთვის. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია ბრიტანული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის მიმართულება, რომელიც შოტლანდიელი პროფესორების მიერ შეიქმნა და ამიტომაც შოტლანდიური სკოლა ეწოდება. ამ სკოლის ფუძემდებელია თომას რიდი (1710-1796) აბერდინის უნივერსიტეტიდან, ხოლო ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლია დიუგალტ სტიუარტი (1753-1828) ედინბურგის უნივერსიტეტიდან. შოტლანდიური სკოლა ინგლისურ ემპირიზმსა და ასოციაციონიზმს (ბერკლი, ჰიუმი, ჰერტლი) ე.წ. საღი აზრის თეორიის პოზიციდან ეწინააღმდეგება. “საღ აზრში” იგულისხმება როგორც გონების განსაკუთრებული ინტუიციური უნარი ან ძალა, ისე პირველადი და ამოსავალი პრინციპებისა და დებულებების ერთობლიობა. ისინი ადამიანთა გონებაში ღმერთის მიერ არიან ჩანერგილი და “ადამიანური ბუნების” ნაწილს წარმოადგენენ. მათი საშუალებით ჩვენ ზუსტად შევიმეცნებთ სამყაროს და ვმოქმედებთ ზნეობრივი პრინციპების შესაბამისად. ეს პრინციპები წინ აღუდგებიან შემეცნებით სკეპტიციზმსა და ცხოვრებისეულ ნიჰილიზმს, განსაზღვრავენ საღად აზროვნებასა და საღად მოქმედებას. ნაშრომში “ნარკვევები ადამიანის ინტელექტუალური უნარების შესახებ” (1785) რიდი თორმეტ ასეთ პრინციპს ჩამოთვლის, მათ შორისაა ღმერთისა და გარე სამყაროს არსებობის რწმენა, დებულება ჭეშმარიტისა და მცდარის გარჩევის შესაძლებლობის შესახებ, მიზეზობრიობისა და ინდუქციის პრინციპები, პირადი იდენტობის ცნება და ა.შ.       რიდმა პირველმა განაცალკევა ტერმინოლოგიურად შეგრძნება და აღქმა. შეგრძნება უბრალო მგრძნობელობაა, სუბიექტში მოცემული მდგომარეობაა; აღქმა გარე ობიექტის ხატია, ის საგნობრივია და მასში მოცემულია რწმენა ამ ობიექტის ჩვენგან დამოუკიდებელი, რეალური არსებობის შესახებ. ეს რწმენა ერთ-ერთი იმ თანდაყოლილი ნიჭის (პრინციპის) გამოვლინებაა, რომლებზეც რიდი საუბრობს. პერცეფცია სამი ელემენტისაგან შედგება: აღმქმელი სუბიექტი, აღქმის აქტი და რეალური ობიექტი. აღქმის აქტი პირდაპირ კონტაქტშია საგანთან და არა მასთან დაკავშირებულ იდეასთან. ამ პუნქტში რიდი უპირისპირდება ბერკლისა და ჰიუმის სკეპტიციზმამდე მიმყვან “იდეიზმს”, რომლის მიხედვით სამყარო უშუალოდ არ შეიცნობა; გამოცდილებას და შემეცნებას საქმე აქვს მხოლოდ საგნების ხატებთან, იდეებთან. ამის საპირისპიროდ, რიდი ამტკიცებს, რომ ჩვენ პირდაპირ, გაშუალების გარეშე შევიცნობთ საგნებს. ჩვენი პერცეფცია იმთავითვე საგნობრივია, საგნობრივი მნიშვნელობის მქონეა. ამიტომ მისით მოპოვებული გამოცდილება საგნობრივი სინამდვილის ამსახველია. იდეები იმის მენტალური რეპრეზენტაციაა, რაც რეალურად არსებობს.       აღქმის საგნობრიობის ხაზგასმით შოტლანდიური სკოლა ებრძვის არა მხოლოდ სკეპტიციზმს, არამედ სენსუალიზმსაც. გამოცდილება არ არის მარტივი შეგრძნებების უბრალო კომბინაცია. პირველადი გამოცდილება რთული, “კომპლექსური შთაბეჭდილებაა”. ის შეიძლება ანალიზის გზით დაყვანილ იქნეს მარტივ, ერთეულ შეგრძნებებამდე, მაგრამ, საგნობრივი მნიშვნელობის მქონე კომპლექსის წარმოქმნა არ ხდება შეგრძნებითი ელემენტების მექანიკური ასოციაციური დაკავშირებით. როგორც მოგვიანებით მთლიანობის ფსიქოლოგია იტყვის, სამკუთხედი სამი ხაზისაგან შედგება, მაგრამ ჩვენს გამოცდილებაში ის ყოველთვის წარმოდგენილია, როგორც ორგანიზებული, საგნობრივი მნიშვნელობის მქონე მთელი - სამკუთხედი (და არა როგორც სამი ხაზის ნაერთი). ამდენად, პერცეპტული კომპლექსის დაყვანა ერთეულ შეგრძნებებზე შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ეკარგება მისთვის ძირეული რამე - საგნობრივი მნიშვნელობა. აშკარაა, რომ ამ მსჯელობით შოტლანდიურმა სკოლამ ბევრად გაუსწრო იმ ეპოქაში გავრცელებულ ელემენტარისტულ-სენსუალისტურ წარმოდგენებს. მან პირველმა გამოხატა ნათლად მთლიანობის ფსიქოლოგიის სულისკვეთება, რომელმაც დასრულებული სახე მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში, გეშტალტფსიქოლოგიაში მიიღო (იხ. თავი 10.1.).       ნიჭთა ფსიქოლოგიის ტრადიცია გერმანიაში გააგრძელა იოჰან ნიკოლას ტეტენსმა (1736-1807). მან პირველმა მკაფიოდ გამოთქვა მოსაზრება სულის ტრიქოტომიის შესახებ (ცნობიერების მოვლენათა დაყოფა სამ კლასად - შემეცნებითად, ემოციურად და ნებელობითად), რაც ფსიქოლოგიის კლასიკად იქცა და დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. ტეტენსი უაღრესად განსწავლული, მათემატიკის, ფიზიკისა და ფილოსოფიის პროფესორი იყო. იგი კარგად იცნობდა წინა საუკუნის კლასიკურ სისტემებს, მაგრამ, რაც მთავარია, ზედმიწევნით კარგად იყო ინფორმირებული მისი თანამედროვე ბრიტანული (ბერკლი, ჰიუმი, რიდი, სტიუარტი, ჰერტლი, პრისტლი), ფრანგული (კონდილიაკი, ჰელვეციუსი, რუსო, ბიუფონი) და გერმანული (ვოლფი და მისი სკოლა) მენტალური ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის შესახებ. უფრო მეტიც, იგი ცდილობდა ამ განსხვავებულ შეხედულებათა ერთგვარი სინთეზი მოეხდინა. ეს ნიშნავდა ემპირიული და რაციონალური ფსიქოლოგიის სისტემურ დაკავშირებას. ნიჭების (ფსიქიკური პროცესების) დახასიათებისას, ტეტენსი დაკვირვებას, უფრო ზუსტად, თვითდაკვირვებას ეყრდნობოდა, მაგრამ, ამავე დროს, მიიჩნევდა, რომ ეს ემპირიული მონაცემები სრულყოფილი ანალიზისთვის საკმრისი არ არის. ამისთვის აუცილებელია სულის სუბსტანციონალობასთან დაკავშირებული მეტაფიზიკური დაშვებები. ტეტენსმა არ შექმნა სკოლა და მისი გავლენა არ იყო დიდი, თუმცა ამ მეცნიერის კაპიტალურ ნაშრომს “ფილოსოფიური ცდები ადამიანის ბუნებასა და განვითარებაზე” (1777) მაღალ შეფასებას აძლევდნენ გერმანელი სწავლულები, კერძოდ, კანტი. სხვათა შორის, ფსიქოლოგიის ზოგიერთი ისტორიკოსი სწორედ კანტის გავლენას მიაწერს იმას, რომ ტეტენსმა ვერ მოიპოვა აღიარება. კანტის “კრიტიკული პერიოდის” პირველ ნაშრომს ტეტენსის ტრაქტატის გამოქვეყნებიდან სულ ოთხი წელი აშორებს. გერმანიის მთავარი ინტელექტუალური ძალები მის განხილვაზე წარიმართა, ამიტომაც ტეტენსის ნაშრომი სათანადო ყურადღების გარეშე დარჩა.       XVII და XVIII საუკუნეების ფსიქოლოგიის განვითარების ზოგადი ტენდენციების რეზიუმირება ძალზე სქემატურად ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ისტორიკოსის შემდეგი სიტყვებით შეიძლება: “დეკარტედან მოყოლებული, მსჯელობა ფსიქიკური ცხოვრების შესახებ ორი მიმართულებით ვითარდებოდა, თუმცა ეს მიმართულებები უკვე ანტიკური ფილოსოფიის დროიდან გახდა კლასიკური. ერთი მათგანი, რომელიც ეხებოდა ჩვენს წარმოდგენებს და მათი შეერთების კანონებს, აქცენტს აკეთებდა ემპირიულ გენეზისზე და ასოციაციებზე, რომელთა ძირითადი ფაქტორები იყო მეზობლობა და გამეორება; მეორე მიმართულება წინა პლანზე აყენებდა ცნობიერების აქტივობის პრინციპს” (პ. ფრესი). მაგრამ ეს განხილვა სრული არ იქნება, თუ მოკლედ მაინც არ შევეხებით ი. კანტის სისტემას, რომლის ერთმნიშვნელოვანი კვალიფიკაცია მოცემული სქემის საფუძველზე საკმაოდ რთულია, ვინაიდან მისი მოძღვრება, არსებითად, ანტიფსიქოლოგიური ხასიათისაა. მიუხედავად ამისა, თუ გავითვალისწინებთ იმ გავლენას, რომელიც კანტზე ვოლფმა და ტეტენსმა მოახდინეს, აგრეთვე თვით კანტის სისტემის თავისებურებებს, შესაძლებელია ვისაუბროთ მის კავშირებსა თუ მიმართებებზე აქტივობისა და ნიჭთა ფსიქოლოგიასთან.       იმანუელ კანტის (1724-1804) მოძღვრების შეფასება ფსიქოლოგიის ისტორიის თვალსაზრისით არც ისე იოლია. ფსიქოლოგიის ისტორიის ზოგიერთი მკვლევარი ხაზგასმით აღნიშნავს კანტის როლს ფსიქოლოგიაში, ზოგი კი, ფაქტობრივად, უგულვებელყოფს მას. ალბათ ორივე პოზიციის გამართლება შეიძლება. კანტის გიგანტური ფიგურა ისეთი მასშტაბისაა, რომ მას უბრალოდ არ შეეძლო ზეგავლენა არ მოეხდინა შემდგომი დროის იმ მოაზროვნეებზე, რომლებიც სულიერ სამყაროზე ფიქრობდნენ. ეს განსაკუთრებით ითქმის გერმანელ მკვლევარებზე. ამავე დროს, კანტის აშკარა ანტიფსიქოლოგიზმი გასაგებს ხდის იმათ პოზიციასაც, ვინც დიდ ყურადღებას არ უთმობს შეხედულებას, რომლის მიხედვითაც ფსიქოლოგიას, საზოგადოდ არ ძალუძს რამდენადმე სარწმუნო მეცნიერული ცოდნის მოცემა. კანტი კი სწორედ ასე ფიქრობდა. იგი საგანგებოდ და სერიოზულად მუშაობდა როგორც ემპირიული, ისე რაციონალური ფსიქოლოგიის კრიტიკის მიმართულებით.       აუცილებელია აღინიშნოს, რომ ასეთი პოზიცია დამახასიათებელია კანტის ფილოსოფიური მოღვაწეობის მეორე, ე.წ. “კრიტიკული პერიოდისთვის”. ამ პერიოდის ნაშრომებში ჩამოყალიბდა მისი ცნობილი ფილოსოფიური სისტემა, “ტრანსცენდენტული” ან “კრიტიკული” იდეალიზმი. “წინაკრიტიკულ” პერიოდში კანტი ლოიალურად იყო განწყობილი ფსიქოლოგიის მიმართ. იგი წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციების კურსს ფსიქოლოგიაში, რომლის შინაარსი ცნობილია. ამ კურსს ვოლფის ფსიქოლოგიის სერიოზული გავლენა ეტყობა. ვოლფის მსგავსად, კანტი ასხვავებს ემპირიულ და რაციონალურ ფსიქოლოგიას. პირველი, თავისი ემპირიზმის გამო, არ არის მეტაფიზიკური დისციპლინა. მისი მთავარი მიზანია სულის “ნიჭების” (სულიერი მოვლენების) დახასიათება და კლასიფიკაცია. ამ მონაცემების საფუძველზე რაციონალური ფსიქოლოგია იწყებს სულის არსის აპრიორულ გამოკვლევას.       კანტი იმასაც ცდილობდა, რომ გაერკვია ფსიქოლოგიის ადგილი მეცნიერებათა სისტემაში. ფსიქოლოგია მოთავსებულია ფიზიოლოგიაში, როგორც ბუნების შესახებ კრებით სწავლებაში. შესაბამისად, ფიზიოლოგია კონკრეტდება, ერთი მხრივ ფიზიკად, ანუ მეცნიერებად იმ საგნების შესახებ, რომლებიც გარეგან გრძნობაშია მოცემული, და, მეორე მხრივ, ფსიქოლოგიად, რომელიც შეისწავლის იმას, რაზეც შინაგანი გრძნობაა მიმართული, ანუ სულს. ამ მეცნიერებათაგან თითოეული, თავის მხრივ, შეიძლება იყოს რაციონალური ან ემპირიული. კანტთან სხვა სქემასაც ვხვდებით: თეოლოგია - მეცნიერება საგნების პირველსაწყისის შესახებ, კოსმოლოგია - მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ და ფსიქოლოგია - მომავლის, ან, უფრო ზუსტად, სულის მომავლის შესახებ. აქედან გამომდინარეობს ამ უკანასკნელის ძირითადი თემაც - სულის უკვდავება. ადვილი შესამჩნევია, რომ ეს სქემა ფსიქოლოგიის მთელ შინაარსს ვერ ფარავს, ვინაიდან სულის უკვდავება რაციონალური ფსიქოლოგიის ექსკლუზიური საკითხია და ემპირიული ფსიქოლოგია ამ სისტემაში ვერ მოიაზრება.       “კრიტიკულ პერიოდში” კანტის პოზიცია შეიცვალა. ჩამოყალიბდა უაღრესად სკეპტიკური განწყობა ემპირიული ფსიქოლოგიის შესაძლებლობების მიმართ. კანტი აკრიტიკებდა ვოლფს, უარყოფდა მათემატიკის გამოყენების შესაძლებლობას სულის ემპირიული შესწავლის პროცესში და ამით, თავისთავად, უარყოფდა სულიერი მოვლენების გაზომვის იდეას. კანტის უნდობლობას ემპირიული ფსიქოლოგიის მონაცემების მიმართ ისიც აძლიერებდა, რომ ამ უკანასკნელს არ შეუძლია ბუნებისმეტყველების მთავარი იარაღის, ექსპერიმენტის გამოყენება. საქმე ისაა, რომ ვერც საკუთარი თავის და ვერც სხვების შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვენდობით დაკვირვებას, მეცნიერული კვლევის რომელ ფორმაშიც უნდა მიმდინარეობდეს იგი. განუყოფელი და ერთიანი სულის დანაწევრება, მისი ნაწილების შენახვა და შემდეგ შეერთება შეუძლებელია. ამის გარეშე კი სულიერი მოვლენების ექსპერიმენტული შესწავლა, პრინციპში, ვერ განხორციელდება; თავის მხრივ, ინტროსპექციის სირთულე ის არის, რომ შინაგანი დაკვირვება, როგორც ფსიქიკური მოვლენა, ზედ ედება დასაკვირვებელ სულიერ მდგომარეობას და ცვლის მას. ბუნებრიობა ეკარგება სხვა ინდივიდის ქცევასაც, როცა მას აკვირდებიან.       მიუხედავად იმისა, რომ ემპირიული ფსიქოლოგია, კანტის აზრით, ძალზე არასანდოა და შეზღუდული, ის მაინც შეიძლება განვიხილოთ, როგორც “ისტორიული მოძღვრება” სულის მოვლენების შესახებ, რომელიც ვერ ადის ნამდვილი ბუნებისმეტყველების დონემდე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ემპირიული ფსიქოლოგია არის აღწერითი და არა ახსნითი დისციპლინა. ის თავს უყრის და აწესრიგებს გარკვეულ დაკვირვებებს ფსიქიკურ მოვლენებზე, მაგრამ ვერ გვითვალისწინებს მათი წარმოშობისა თუ ფუნქციონირების კანონზომიერებებს.       ფსიქოლოგიის ასეთი სახე წარმოადგინა კანტმა თავის “ანთროპოლოგიაში” (1798), რომელშიც ზოგი რამ შევიდა წინაკრიტიკული პერიოდის ლექციებიდან ემპირიულ ფსიქოლოგიაში. ეს ნაწარმოები ეხება ადამიანს საზოგადოდ და არა მხოლოდ მის ფსიქიკას, თუმცა ფსიქოლოგია მის საკმაო ნაწილს იკავებს. თანაც, დახასიათებულია არა მხოლოდ ინდივიდის ფსიქიკური წყობა, არამედ ადამიანთა დიდ გაერთიანებათა სხვადასხვა თავისებურებანი, მათ შორის ფსიქიკურიც. ლაპარაკია სქესის, ერისა და რასის დახასიათებაზე. აქ კანტი იშველიებს მრავალი წყაროდან მომდინარე მონაცემებს (ისტორია, ლიტერატურა, მოგზაურთა ჩანაწერები და სხვა).       რაც შეეხება ინდივიდის ფსიქოლოგიას, აქ მოცემულია არაერთი ზუსტი დაკვირვება და სერიოზული განზოგადება. მათ შორის უნდა აღინიშნოს ზემოთ ნახსენები “სულის ტრიქოტომია”, რომელიც სწორედ კანტის გავლენით გადაიქცა საყოველთაოდ მიღებულ კლასიფიკაციად. კანტი საგანგებოდ განასხვავებს სულის შემეცნებით უნარს მგრძნობელობითი და მისწრაფებითი უნარებისაგან. ფსიქიკური ფენომენი, რომლითაც შემეცნებითი პროცესები ოპერირებენ, წარმოდგენებია. წარმოდგენების ცნობიერებაში შეკავება ყურადღების ფუნქციას უკავშირდება, მაგრამ კანტი არ შემოსაზღვრავს სულიერ სფეროს მხოლოდ ცნობიერი მოვლენებით. წარმოდგენა შეიძლება იყოს იმდენად სუსტი და მკრთალი, რომ, ფაქტობრივად, შეუმჩნეველი დარჩეს სუბიექტისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არაცნობიერი განცდები ზეგავლენას არ ახდენენ ჩვენზე: “საკმაოდ ხშირად ბუნდოვანი წარმოდგენები ჩვენით თამაშობენ”. მათი გავლენით ხან მოუფიქრებლად ვმოქმედებით, ხან რაიმეს განვსჯით. ამ კონტექსტში კანტი ერთ პრაგამტულ რჩევას აძლევს მწერლებს: თქვენი იდეები ცოტა ბუნდოვნად წარმოადგინეთ; როცა მკითხველი მათში გაერკვევა და სინათლეს შეიტანს, მას თავისი თავი უფრო ჭკვიანად მოეჩვენება. საზოგადოდ, თუ ჩავუკვირდებით იმას, რაც ვიცით, აღმოვაჩენთ, რომ ბუნდოვანი წარმოდგენები ნათელზე მეტია. კანტის სიტყვებით, ჩვენი გონება უზარმაზარ რუკას ჰგავს, სადაც მხოლოდ რამდენიმე ადგილია განათებული. უნდა აღინიშნოს, რომ კანტის მიერ არაცნობიერის დაშვება, თუნდაც ბუნდოვანი წარმოდგენის სახით, ლაიბნიცის ხაზის გაგრძელებაა. ლოკიდან წამოსული ემპირიული ფსიქოლოგიისთვის ეს ცნება სრულიად მიუღებელი იყო. ამ მხრივ გერმანული ფსიქოლოგია, როგორც ისტორიამ აჩვენა, თავიდანვე უფრო სწორი მიმართულებით ვითარდებოდა.       მიუხედავად ამისა, ნამდვილი ადამიანური აქტივობა შემეცნებისა თუ პრაქტიკის სფეროში, ცნობიერებას და გონიერებას უკავშირდება. ამიტომ კანტი საგანგებოდ გამოკვეთს ყველა იმ ფაქტორს, რომელიც ხელს უშლის თავისუფალ და გააზრებულ ქცევას. ასეთებს შორის უმნიშვნელოვანესია აფექტები და ვნებები. კანტი ამ მოვლენების თავისებურ კლასიფიკაციას გვთავაზობს იმის მიხედვით, თუ რამდენად აფერხებენ ისინი გადაწყვეტილების მიღებას და განხორციელებას. ამ მხრივ ვნებები უფრო დიდ საფრთხეს შეიცავს. “აფექტისაგან ადამიანს მხოლოდ დროებით ეკარგება თავისუფლება და საკუთარი თავის ფლობის უნარი, ვნება კი სრულიად უარს ამბობს მათზე; იგი თავის სიამოვნებასა და დაკმაყოფილებას მონურ სულში პოულობს”.       ზოგადად მისწრაფებით უნარები კი მოიცავენ სურვილებს, რომელთა სათავე სიამოვნების ობიექტის წარმოდგენაში უნდა ვეძებოთ; მაგრამ სულში, ასეთ სურვილებთან ერთად, არსებობენ აუცილებელი ზნეობრივი მოთხოვნები. ისინი მორალური კანონის გამოვლინებებია. ეს კანონი აპრიორულ ფორმაში მოცემული უპირობო ბრძანებაა, ე.წ. კატეგორიული იმპერატივია, რომელიც ადგენს ყოველგვარი ქცევის ზნეობრივ ქმედებად შეფასების კრიტერიუმს. ნებისყოფა (პრაქტიკული გონება) მორალური კანონის შესრულების უნარს განასახიერებს. ასეთი ნებისყოფა თავისუფალია ყოველგვარი ემპირიული განსაზღვრულობისაგან, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მის დახასიათებას რეალურ ფსიქიკურ პროცესად. ნებისყოფისა და თავისუფლების ცნებები იმდენად მჭიდროდ უკავშირდება კანტის მორალურ შეხედულებას (“პრაქტიკული გონების კრიტიკა”), რომ მათ ერთმანეთისაგან ვერ დააშორებ. მხოლოდ თავისუფალ არსებას შეუძლია არ დაექვემდებაროს ბუნებაში მოქმედ მიზეზობრიობის კანონს და, საკუთარი ნებით, იხელმძღვანელოს ზნეობრივი კანონით. აქედან გამომდინარე, ნებისყოფა დეტერმინაციის გარეშე მყოფ ფუნქციად გვევლინება, რომლის შესწავლა მეცნიერების, კერძოდ - ემპირიული ფსიქოლოგიის ფარგლებში შეუძლებელია.       კანტი ახასიათებს თითქმის ყველა შემეცნებით ფსიქიკური პროცესს. იგი არ ასხვავებს აღქმასა და შეგრძნებას და იფარგლება არისტოტესეული ხუთი შეგრძნების გარჩევით. აქ უფრო საინტერესოა მსჯელობა ზოგადად მგრძნობელობის უნარზე მოქმედ ფაქტორებზე. ზოგი ფაქტორი ამ უნარს აძლიერებს (კონტრასტი, სიახლე, ცვალებადობა), ზოგიც ასუსტებს ან საერთოდ თრგუნავს (სიმთვრალე, ძილი, გულყრა, ასფიქსია). მეხსიერება და წარმოსახვა წარმოდგენის, როგორც საგნის უშუალო ზემოქმედების გარეშე ცნობიერებაში აღმოცენების უნარის გამოვლინებებია. წარმოდგენების დაყოფა ტემპორალური ნიშნით შეიძლება - ზოგი წარმოდგენის შინაარსი წარსულს უკავშირდება, ზოგის - აწმყოს, ზოგისაც - მომავალს. აქ რამდენადმე მნიშვნელოვან სიახლეს ვერ ვხვდებით. მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ კანტმა შედარებით მკაფიოდ გამიჯნა წარმოსახვის ფუნქციის ორი გამოვლინება. პირველია უნებლიე, რეპროდუქტიული წარმოსახვა, რომელსაც ფანტაზიას უწოდებს (მაგ., სიზმარი) და მეორე - ნებელობითი, პროდუქტიული წარმოსახვა, რაც შემოქმედების უნართან არის დაკავშირებული. იგი აგრეთვე მსჯელობს ფანტაზიის მასტიმულირებელ ფიზიკურ ზემოქმედებებზე, სახელდობრ, ნარკოტიკულ საშუალებებზე და ფანტაზიის კონტექსტში განიხილავს იმას, რასაც დღეს ფსიქოლოგიაში ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებს უწოდებენ. ეს, პირველ ყოვლისა, სიზმრებს ეხება. ყურადღებას იმსახურებს კანტის მოსაზრება სიზმრის აუცილებლობისა და სარგებლიანობის შესახებ, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოსაზრების დასაბუთებისას იგი საკმაოდ გულუბრყვილო ფიზიოლოგიური არგუმენტაციით იფარგლება.       რადგან ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები ვახსენეთ, ისიც უნდა ითქვას, რომ “ანთროპოლოგიაში” საკმაოდ ვრცელი მასალაა წარმოდგენილი სულიერი აშლილობების შესახებ. ამ თემის სერიოზული დამუშავება სათანადო კლინიკური პრაქტიკის გარეშე ძალზე რთულია. კანტი კაბინეტური მეცნიერი იყო, ამიტომ მისი “ანთროპოლოგიური” მოსაზრებები ფსიქიკური დარღვევების შესახებ ფსიქიატრიისა და ფსიქოპათოლოგიის შემდგომ წინსვლაზე არ აისახა. იგივეს ვერ ვიტყვით ამავე ნაწარმოებში მოცემულ მსჯელობებზე ინდივიდუალური ხასიათის პრობლემატიკასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება ნაშრომის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ღირებული ნაწილი იყოს. კანტის გავლენა ქარაქტეროლოგიის განვითარებაზე უეჭველია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სწორედ კანტმა მისცა დასრულებული ფორმა ტემპერამენტის კლასიკურ ტიპოლოგიას (იხ. თავი 7.2).       ასეთია ძალიან მოკლედ კანტის მოსაზრებები ემპირიული ფსიქოლოგიის შესახებ, რომელსაც იგი არასრულყოფილ, მაგრამ მაინც რეალურ მეცნიერებად თვლის. სამაგიეროდ, ე.წ. რაციონალურ ფსიქოლოგიას კანტი მთლიანად უარყოფს. ამ უკანასკნელში მას ესმის მეცნიერება სულის (ცნობიერების) არსისა და უზოგადესი პრინციპების შესახებ, რომელიც დაფუძნებულია კარტეზიანულ დებულებაზე - ვაზროვნებ, ესე იგი ვარსებობ, - აქედან გამომდინარე ყველა მტკიცებით. ეს მტკიცებები ეხება სულის სუბსტანციურობას, სიმარტივეს, დაუნაწევრებადობას, არამატერიალურობას. კანტის თანახმად, ისინი ლოგიკურ შეცდომებია (ე.წ. პარალოგიზმებია), ვინაიდან არასწორი საფუძვლიდან გამომდინარეობენ. საქმე ისაა, რომ სული (ცნობიერება, ცოგიტო) ზღვრული ცნება და ყოვლეგვარი შემეცნების პირობაა. როგორც ასეთი, ის ემპირიული გამოცდილების მიღმა, ტრანსცედენტალურად არსებობს და ვერ გადაიქცევა მეცნიერული აზროვნების საგნად, რადგანაც ეს უკანასკნელი თვით მას ეფუძნება. “მე ვაზროვნებ” არის რაციონალური ფსიქოლოგიის ერთადერთი დებულება, რომლიდანაც მან უნდა გამოიყვანოს მთელი თავისი სიბრძნე, ამბობს კანტი. მაგრამ, როგორც კი მეცნიერული შემეცნების ეს ლოგიკური პირობა თვით გახდება მეცნიერების საგანი, დაგვჭირდება ამ პირობის ახლიდან მონახვა, რათა შემეცნება შესაძლებელი შეიქმნას. სულიერი ცხოვრების წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ემპირიული დაკვირვების გზით, იმ სირთულეების გათვალისწინებით, რასაც ეს დაკვირვება შეიცავს. დაუკვირვებადზე, ტრანსცენდენტურზე მეცნიერება ვერ იმსჯელებს. სულის სუბსტანციურობა, არამატერიალურობა და სხვა, რაციონალური ფსიქოლოგიის, როგორც კონკრეტული მეცნიერების საქმე არ არის. მის ფარგლებში ეს დებულებები ვერც დამტკიცდება და ვერც მათი უარყოფა მოხდება. ამიტომ, კანტის დასკვნით, რაციონალური ფსიქოლოგია მთელი თავისი შინაარსით უნდა შევიდეს ფილოსოფიაში, სახელდობრ, შემეცნების თეორიაში (“გონების კრიტიკა”), რომელიც ეხება საზოგადოდ ცოდნის წინაპირობებს, ცნობიერების აპრიორულ ფორმებს. ისინი წინ უსწრებენ ყოველგვარ გამოცდილებას, მისგან არ გამომდინარეობენ და მასზე არ დაიყვანებიან.       თეორიული ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, კანტის სისტემაში ყველაზე საინტერესოა მოძღვრება ცნობიერების აპრიორულ ფორმებზე. აპრიორული ფორმები ჩვენი სულის იმთავითვე მოცემული უნარებია. ისინი უნდა განვასხვავოთ, ერთი მხრივ, ე.წ. ნოუმენებისაგან, ანუ ცნობიერების მიღმა ობიექტურად არსებული საგნებისაგან (ნივთები თავისთავად) და, მეორე მხრივ, ჩვენი ცნობიერების წარმოდგენებისა თუ განცდებისაგან, რომლებსაც კანტი მოვლენებს უწოდებს. ნოუმენები, რომელთა ობიექტური არსებობის სახე ჩვენთვის ყოველთვის დაფარული დარჩება, მოქმედებს მგრძნობელობაზე და იწვევს შეგრძნებებს. ეს მასალა თავიდანვე გადამუშავდება ცნობიერების აპრიორული ფორმების მიერ და მთელი ჩვენი ცოდნა ამ უნარების მოქმედების შედეგად მიიღება. რამდენადაც შემეცნება აღქმიდან იწყება და აზროვნებით გრძელდება, აპრიორული ფორმები ორივეგან უნდა ვიგულისხმოთ. აღქმის (მგრძნობელობის) აპრიორული ფორმებია სივრცე და დრო. პირველი მხოლოდ გარე მგრძნობელობას ეხება, მეორე - გარესაც და შინაგანსაც (ლოკის მსგავსად, კანტიც ე.წ. შინაგან აღქმაზე ლაპარაკობს, რომელიც მიმართულია ჩვენს საკუთარ სულიერ მდგომარეობებსა და ქცევებზე). ის, რაც არსებობს სივრცეში, არსებობს დროშიც, მაგრამ არა პირიქით. სულიერ მოვლენებს სივრცული მახასიათებლები არ გააჩნია. ამიტომ დრო ყველაფრის, ხოლო სივრცე მხოლოდ ბუნების მოვლენების ჭვრეტის აპრიორული ფორმაა. აქ იგულისხმება სწორედ ჭვრეტის ფორმა, სქემა, “აპრიორული წარმოდგენა” და არა ემპირიულად მოპოვებული წარმოდგენა ან ცნება. ჭვრეტის ამ ფორმების აპრიორულობა იმით მტკიცდება, რომ ისინი ლოგიკურად წინ უსწრებენ მოვლენების წარმოდგენას. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ არავითარი სივრცე და დრო არ არსებობს, თუმცა სავსებით შესაძლებელია სივრცისა და დროის მოაზრება მათში საგნების არსებობის გარეშე. ამდენად, ისინი გამოცდილების პირველადი და აუცილებელი პირობებია. მაგალითად, ჩვენი ცნობიერება თავიდანვე ისე აწესრიგებს სივრცულ გამოცდილებას, რომ სამყარო სამგანზომილებიანი წარმოგვიდგება. მაგრამ, როგორც თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგია იტყოდა, ეს მხოლოდ ინფორმაციის ორგანიზაციისა და გადამუშავების პირველი ეტაპია.       ჭვრეტის აპრიორულ ფორმებში დალაგებული მონაცემების ურთიერთდაკავშირება, კანონზომიერი, აუცილებელი და საყოველთაო კავშირების დადგენა გონების (აზროვნების) მეშვეობით ხდება. ამისთვის გამოიყენება ე.წ. განსჯის აპრიორული ფორმები ან კატეგორიები. ჩვენი გონების მიერ მოვლენები ფასდება, როგორც მიზეზი და შედეგი, ერთიანობა და სიმრავლე, არსებული, შესაძლებელი, აუცილებელი და სხვა. მაგალითად, ადამიანის ცნობიერების წინასწარ მოცემული წყობა სამყაროს ისე წარმოგვიდგენს, რომ ყოველ მოვლენას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი მიზეზი. განსჯის კატეგორიები აწესრიგებენ გამოცდილებას, ახორციელებენ ემპირიულად მიღებული მრავალფეროვანი მასალის, ქაოტური წარმოდგენების სინთეზს. მათი საშუალებით გადამუშავებული მონაცემები იძენენ სტრუქტურას და მნიშვნელობას, ხოლო მეცნიერული ცოდნა - საყოველთაო და აუცილებელ ხასიათს.       ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ თვით განსჯის ფორმები ან კატეგორიები თანდაყოლილი იდეებია, მზამზარეულ ცოდნაა. კანტის სისტემის ფსიქოლოგიური ანალიზისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ განსჯის - აპრიორულ კატეგორიებში რაიმე ცნებები, შინაარსი კი არ იგულისხმება, არამედ, საზოგადოდ, ადამიანის ცნობიერების მოწყობისა და ფუნქციონირების ფორმა, ცოდნის ორგანიზაციის ხერხი, გონების მასინთეზირებელი მოქმედება. სწორედ ამ აქტივობას უწოდებს კანტი აპერცეფციას. აპერცეფცია ორი სახისაა იმის მიხედვით, თუ რაზეა ის მიმართული - თვითცნობიერებაზე (განაპირობებს ცნობიერების ერთიანობას, რის გარეშე შემეცნება ვერ განხორციელდება), თუ ობიექტზე (განაპირობებს სხვადასხვაგვარი შთაბეჭდილების ერთ ობიექტად გაერთიანებას).       ფილოსოფიური რეფლექსია აღმოაჩენს, რომ ადამიანის ცნობიერებას გარკვეული სტრუქტურა აქვს და, ასევე, გარკვეული ორგანიზაციით ხასიათდება. სივრცის, დროის, მიზეზობრიობის და სხვა კატეგორიები ჩაშენებულია ფსიქიკის სტრუქტურაში და ისეთნაირად აწესრიგებს მთელს გამოცდილებას, რომ სამყარო მხოლოდ ამ კატეგორიების პრიზმაში გარდატეხილად წარმოგვიდგება. ფსიქოლოგიისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა საკითხი ფსიქიკის ამ სტრუქტურული ფორმების არსებობის წესისა და ბუნების შესახებ. ისინი არ იქმნებიან ფსიქიკური ცხოვრების შედეგად და, როგორც სულის თანდაყოლილი უნარ-თვისებები, შეადგენენ ყოველგვარი გამოცდილების პირობას. კანტის თქმით, მათ ახასიათებთ “ემპირიული რეალობა”, ანუ ისინი ნამდვილად არსებობენ შემმეცნებელ სუბიექტში სხვა წარმოდგენებისა თუ განცდების მსგავსად, თუმცა, ცხადია, არ ცნობიერდებიან და ფსიქიკის სიღრმივ სტრუქტურას ქმნიან. მაგრამ თუ სულიერი განცდები ასე თუ ისე ექვემდებარება მეცნიერულ შესწავლას ემპირიული ფსიქოლოგიის ჩარჩოებში, სულის აპრიორული ფორმების შესახებ მეცნიერება ვერ იარსებებს. ამიტომ რაციონალური ფსიქოლოგია, როგორც კონკრეტული მეცნიერება, შეუძლებელია, თუმცა მისი შინაარსი ძალზე მნიშვნელოვანია და უნდა დამუშავდეს ფილოსოფიის ფარგლებში.       უკვე აღინიშნა, რომ კანტის როლი ფსიქოლოგიის განვითარებაში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ არის განსაზღვრული. კანტს ეშლებოდა, როცა ემპირიულ ფსიქოლოგიას მეთოდური იმპოტენციის დიაგნოზი დაუსვა. კანტის გარდაცვალებიდან რამდენიმე ათეულ წელიწადში, ფსიქოფიზიკისა და ფსიქომეტრიის განვითარებამ დამაჯერებლად აჩვენა, რომ მისი შეფასებები არ იყო მართებული (იხ. თავი 5.2. 5.3. 7.1.). ფსიქოლოგია წარმატებით დაეუფლა ექსპერიმენტსაც, გაზომვასაც და, საზოგადოდ, კვლევის საბუნებისმეტყველო ტექნოლოგიას. კანტის მიერ რაციონალური ფსიქოლოგიის კრიტიკის მართებულობასაც არ მიიჩნევენ სარწმუნოდ. ამასთან დაკავშირებით სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ “კანტმა სულის ცნებას ის ფუნქციაც წაართვა, რაც აქვს სამყაროს იდეას ბუნების შემეცნების პროცესში. არ არის ნაჩვენები, თუ რატომ არ შეიძლება სულმა ზღვრული ცნების როლი შეასრულოს და სულიერი მოვლენების შეუჩერებელ შემეცნებას საფუძვლად დაედოს” (ა. ბოჭორიშვილი). ასე რომ, ფსიქოლოგიის კანტისეულ კრიტიკას ფსიქოლოგიის სისტემის შენებისთვის პოზიტიური არაფერი გაუკეთებია.       მეორე მხრივ, ფსიქოლოგიის ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ კანტის მოძღვრება საფუძვლად უდევს მთელ რიგ სერიოზულ ფსიქოლოგიურ კონცეფციას (აღწერითი და გაგებითი ფსიქოლოგია, ვუნდტის სისტემა, ვიურცბურგის სკოლა, გეშტალტფსიქოლოგია). ამის თაობაზე უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ გარკვეულ გავლენებზე შეიძლება იყოს საუბარი და ისიც არაპირდაპირზე, ვინაიდან აღნიშნული კონცეფციები სინამდვილეში ზოგადფსიქოლოგიური კვლევის სისტემებია, ანუ ის, რასაც კანტი ფაქტობრივად უარყოფდა.       ამავე დროს, კანტმა პირდაპირი გავლენაც მოახდინა ფსიქოლოგიურ და ფსიქოფიზიოლოგიურ კვლევაზე აღქმის სფეროში (ი. მიულერი. ე. ჰერინგი და სხვა). სივრცის აღქმის მიმართ ე.წ. ნატივისტური თვალსაზრისი მჭიდროდ უკავშირდება კანტის მოსაზრებებს აღქმის აპრიორული (თანდაყოლილი) ფორმების შესახებ. იოჰანეს მიულერმა ამ ფორმების ფიზიოლოგიზაცია მოახდინა, და სივრცის კონსტრუირების უნარი თვალის ბადურას მიაწერა (იხ. თავი 5.1). ნატივიზმი, როგორც ცნობილია, სივრცის აღქმას თანდაყოლილ თვისებად მიიჩნევს. ამდენად, იგი შეესაბამება კანტის შეხედულებას. მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით თანამედროვე ფსიქოლოგიის წარმოდგენებზე სივრცის აღქმის შესახებ. დღეს უკვე ემპირიულად დამტკიცებულად ითვლება, რომ სივრცის აღქმის უნარი ნაწილობრივ თანდაყოლილია და ნაწილობრივ შეძენილი. ორგანზომილებიან სივრცეს, ანუ განფენილობას ადამიანი დაბადებიდან აღიქვამს, ხოლო მესამე განზომილების ანუ სიღრმის აღქმის უნარი თანდათანობით, გამოცდილების კვალდაკვალ ვითარდება. ამრიგად, სამგანზომილებიანი სივრცის აღქმა არ არის აღქმის აპრიორული ფორმა კანტისეული გაგებით, ე.ი. ცნობიერების თანდაყოლილი, გამოცდილებამდელი და უცვლელი სტრუქტურა.       იგივე ითქმის განსჯის აპრიორული ფორმების ან კატეგორიების მიმართაც. თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგიის მონაცემების მიხედვით, ყოველგვარ გამოცდილებას და ქცევას კოგნიტური სქემები და სტრუქტურები აშუალებს. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ თავის წინამორბედებზე ლაპარაკისას კოგნიტივისტები კანტის სახელს საკმაოდ ხშირად ახსენებენ. თითქმის უდავო ფაქტად არის მიჩნეული, რომ გონებრივი სტრუქტურები აქტიურად გარდაქმნიან გრძნობად გამოცდილებას და იმასაც განსაზღვრავენ, თუ როგორ წარიმართება გარემოსთან ურთიერთობა, ადაპტაციური მოქმედება. ამ აზრით, კოგნიტური სქემები ასტრუქტურებენ მთელ ჩვენს ცოდნას სამყაროს შესახებ. მაგრამ ეს სტრუქტურები აპრიორულ მოცემულობას არ წარმოადგენს, ისინი ცვალებადობენ და ვითარდებიან ასაკისა და გამოცდილების მატებასთან ერთად. გონებრივი განვითარება სულ უფრო სრულყოფილი ინტელექტუალური სქემების თანმიმდევრული ცვალებადობაა. ეს პროცესი დაწვრილებით შეისწავლა ერთ-ერთმა უდიდესმა ფსიქოლოგმა, გენეტიკური ეპისტემოლოგიის ფუძემდებელმა, ჟან პიაჟემ. პიაჟეს მიხედვით, შემეცნებითი სტრუქტურების გენეზისი ონტოგენეზში ოთხ სტადიას გაივლის. თითოეულ სტადიაზე ინტელექტი თვისებრივად სხვადასხვაგვარია, ანუ განსხვავებულია ბავშვის გონებრივი წყობა და, შესაბამისად, მის მიერ შექმნილი სამყაროს სურათიც (იხ. თავი 12.2.). მაშასადამე, ლაპარაკი გონებრივ სტრუქტურებზე, როგორც თანდაყოლილზე (აპრიორულზე) და უცვლელზე, უსაფუძვლოა.       კანტი გენეზისის საკითხს საერთოდ არ განიხილავდა და განვითარების ფაქტს მხედველობაში არ იღებდა. იგი ამოდიოდა უკვე არსებული მეცნიერული ცოდნიდან და ცდილობდა მისი საფუძვლებისა და წინაპირობების დადგენას. მეცნიერული ცოდნის განვითარებამ გარკვეული ეჭვები წარმოქმნა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უნივერსალურია ეს წინაპირობები (ცნობიერების აპრიორული ფორმები). მაგალითად, რა აპრიორული ფორმებით ხელმძღვანელობენ თანამედროვე ქვანტურ ფიზიკაში ან არაევკლიდურ გეომეტრიაში, სადაც სულ სხვა წარმოდგენებია დროზე, სივრცეზე, მიზეზობრიობაზე და ა.შ. ეს საკითხი კანტის შეხედულებათა დღევანდელი მეცნიერების მონაცემებთან შესაბამისობის პრობლემაა და მოცემული ანალიზის ფარგლებს სცილდება, მაგრამ ერთი რამ უდავოა: თუ კანტის მიერ დახასიათებული ჭვრეტისა და განსჯის აპრიორული ფორმები “ემპირიული რეალობის” მქონე “სულის თვისებებია”, მათი ანალიზი გენეტიკური მიდგომის გარეშე დამარწმუნებელი ვერ იქნება.       საზოგადოდ კი შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოლოგიამ, ერთგვარად, “სამაგიერო” გადაუხადა კანტს მისი ანტიფსიქოლოგისტური პოზიციისთვის. ფსიქოლოგია არა მხოლოდ შედგა, როგორც სრულყოფილი მეცნიერება, არამედ მან წარმატებით, ემპირიულად იკვლია სწორედ ის სფერო, რომლის დახასიათების ექსკლუზიური უფლება კენიგსბერგელმა სწავლულმა თავის შემეცნების თეორიას და, შესაბამისად, გონებაჭვრეტას მიანიჭა. გარდა ამისა, განა ნიშანდობლივი არ არის, რომ კანტი, ერთ-ერთი უდიდესი ანტიფსიქოლოგისტი, ძალზე საფუძვლიანად გაება ფსიქოლოგიზმის ბადეში. მართლაც, შემეცნების წინაპირობები - ჭვრეტისა და განსჯის აპრიორული ფორმები - ხომ არსებითად ფსიქიკის სტრუქტურებია, სულის უნარებია. აპერცეფციაც, როგორც სულის მასინთეზირებელი უნარი, “არის ადამიანის ფსიქიკის კანონზომიერება, ხოლო ფსიქიკური კანონზომიერებით შემეცნების პროცესის ახსნა ისევ ფსიქოლოგიზმსა და, რადგან ეს კანონზომიერება ადამიანურის კანონზომიერებაა, ანთროპოლოგიზმს წარმოადგენს” (კ. ბაქრაძე). ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 10:59am on აპრილი 28, 2018
  • 1
  • ...
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 32
  • 33
  • 34
  • 35
  • 36
  • 37

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი 0 მოწონება

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი 0 მოწონება

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი 1 Like

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm 0 კომენტარი 1 Like

ქალთა უფლებები

ქეთევან პოპიაშვილი

პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2025   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!