ნებელობითი ქცევის ფენომენოლოგია

ქცევა, ფენომენოლოგია, ნებელობა, ფსიქოლოგია, იმედაძე, Qwelly, fenomenologia, qceva imedadze, fsiqologia

      ნებელობის ფენომენოლოგიის საკითხი ყოველთვის იდგა ნებისყოფის ფსიქოლოგიის წინაშე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ნებისყოფის განცდითი ანტურაჟის დადგენა არ არის მხოლოდ აღწერითი, წმინდა ემპირიული ამოცანა. იგი მჭიდროდ უკავშირდება ახსნის, «ნებისყოფის საკუთარი ბუნების» გააზრების ამოცანას. ის, თუ რა განცდა ახასიათებს ნებისყოფას, როგორც უნარს ან პროცესს, თანხმობაში უნდა იყოს ამ უკანასკნელის თავისებურების, დანიშნულების, განსაზღვრულობის და ა.შ. გაგებასთან. სახელდობრ, ნებისყოფის ფსიქოლოგიის ფენომენოლოგიური ასპექტი «მიბმულია» ნებელობითი ქცევის წყაროს საკითხთან, რომელიც, ალბათ, ყველაზე პრობლემურია ნებისყოფის თეორიაში. ძალიან თუ გავამარტივებთ, ასე შეიძლება ვთქვათ – თუ ნებელეობითი ქცევა აღიძვრება მოთხოვნილებით, ან მისი ფუნქციის შემსრულებელი ფსიქიკური წარმონაქმნით, მაშინ «მე მინდა» განცდა ნებისყოფის დახასითებისთვის გამოდგება, და პირიქით – თუ ნებელობითი ქცევა გამიჯნულია მოთხოვნილებით აღძრული ქცევებისგან, მათთან კატეგორიულად არის დაპირისპირებული და აქტივობის სხვა წყაროსთან არის დაკავშირებული, მაშინ მისთვის უფრო ბუნებრივი «მე უნდა» განცდა იქნება. გარდა ამისა, თუ ანალიზი განწყობის თეორიის ფარგლებში მიმდინარეობს, ვერ ავცდებით ამ განცდების განწყობისეული დეტერმინაციის საკითხს. განწყობა ხომ ყოველგვარი ქცევისა და მასთან დაკავშირებული განცდების საფუძველია, მათ შორის ნებელობითის. დაბოლოს, ნებელობის ფენომენოლოგია გამოიყენება, როგორც მთავარი არგუმენტი ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის ერთერთი ყველაზე დიდი თავსატეხის – ნების თავისუფლების პრობლემის დასმისას. უზნაძის თქმით «თვითონ ცნება ნებელობის თავისუფლების შესახებ არ გაჩნდებოდა, რომ მას ჩვენს განცდაში საფუძველი არ ჰქონოდა» [5; 221].

      განვიხილოთ ეს საკითხები თანმიმდევრულად. ჯერ ზოგიერთი პირველადი მონაცემი წარმოვადგინოთ. ნებელობის ექსპერიმენტულ კვლევას არც ისე მდიდარი ისტორია აქვს. იგი XX საუკუნის პირველი ორი ათეული წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და, თუ არ ჩავთვლით ლევინის ცნობილ გამოკვლევას, თითქმის მთლიანად ნებელობის ფენომენოლოგიური სურათის გარკვევით შემოიფარგლებოდა. ასეთებია ნ. ახის, ა. მიშოტისა და ე. პრიუნმის, ჯ. ლინდვორსკის გამოკვლევები. ამ კლასიკური გამოკვლევებით დადგინდა, რომ ნებელობის პროცესი, ან, როგორც ვიურცბურგის სკოლაში უწოდეს, «პირველადი ნებელობის აქტი», სპეციფიკური განცდების თანხლებით მიმდინარეობს. თუ ამ განცდების ერთობლიობას დავახასიათებთ, მას თვითაქტივობის განცდა შეიძლება ეწოდოს. ახის მიხედვით, იგი ოთხი განსხვავებული ხასიათის განცდების ერთობლიობას წარმოადგენს: 1. კუნთური დაძაბულობის შეგრძნებები (თვალსაჩინოების მომენტი); 2. მიზნისა და საშუალებების წარმოდგენები (საგნობრივი მომენტი); 3. «მე მინდა» ან «მე ნამდვილად მინდა» განცდა (აქტუალური მომენტი) და 4. ძალისხმევის გრძნობა (მდგომარეობის მომენტი). ამ განცდებს შორის მხოლოდ ერთი, «მე მინდა» განცდა არის ნამდვილად სპეციფიკური ნებელობისთვის. აქტუალური მომენტის გარეშე ნებელობაზე ლაპარაკი არ შეიძლება. დანარჩენი მომენტები, როგორც წესი, თან ახლავს ენერგიულ ნებელობით აქტს, მაგრამ მისთვის არსებითი არ არის. ის არანებელობით აქტივობაშიც გვხვდება და ნებელობითშიც.

      ნებელობის აქტი, არსებითად, გადაწყვეტილების აქტია. სწორედ მას და მხოლოდ მას უკავშირდება ე.წ. აქტუალური მომენტი, ანუ «მე მინდა» განცდა. გაჩნდა სამართლიანი ეჭვი იმის თაობაზე, იკვლევდა თუ არა ახი სწორედ გადაწყვეტილებას და არა მის შესრულებას. ზელცს, მაგალითად, მიაჩნდა, რომ გადაწყვეტილებას ცდისპირი ინსტრუქციის მიღებასთან ერთად იღებს და ცდის მსვლელობაში აღმოცენებული განცდები გადაწყვეტილებას კი არა, მის რეალიზაციას უკავშირდება [21][10]. მიშოტის და პრიუმის ცდებმა, სადაც ნამდვილად გადაწყვეტილება შეისწავლებოდა, თითქოს დაადასტურეს ამ განცდის არსებობა. ნებისყოფის ფენომენოლოგიის დახასიათებისას უზნაძე მთლიანად ეყრდნობა ამ მონაცემებს. «მე მინდა» განცდის სპეციფიკურობა ეჭვის ქვეშ დააყენა ქართული ფსიქოლოგიური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელმა შალვა ჩხარტიშვილმა [8]. იგი არ უარყოფდა იმას, რომ ნებელობას (გადაწყვეტილებას) საკუთარი ფენომენოლოგია აქვს. პირიქით, ჩხარტიშვილი ეძებდა ნებელობის სპეციფიკის გამომხატველ განცდას. რაფინირებული ფენომენოლოგიური ანალიზის გზით, იგი მივიდა დასკვნამდე, რომ «მე მინდა» განცდა მოთხოვნილების ბუნებას გამოხატავს. ნებისყოფისთვის, რომელიც მოთხოვნილებას უპირისპირდება და ადამიანს იმას აკეთებინებს, რაც მას არ სურს, მაგრამ რაც სავალდებულოა, დამახასიათებელია -»მე უნდა» განცდა, ლოგიკურადაც (თეორიულად) და ინტროსპექციულადაც (ფენომენოლოგიურად). ეს პოზიცია საკმაოდ დამაჯერებელია და ჩხარტიშვილის, როგორც ნებისყოფის თვალსაჩინო მკვლევარის, უდავო დამსახურებად უნდა ჩაითვალოს. ეს, სხვა მკვლევარების მიერაც იყო აღნიშნული.

      ამრიგად, ქართულ ფსიქოლოგიაში ორი თვალსაზრისია წარმოდგენილი – უზნაძისა და ჩხარტიშვილის. ნებისყოფის ეს კონცეფციები კარგადაა ცნობილი, ამიტომ მათი დაწვრილებითი დახასიათება აუცილებლობას არ წარმოადგენს. აღვნიშნოთ მხოლოდ უმთავრესი, რაც მათ აერთიანებს და განასხვავებს. ორივე თვალსაზრისი ერთი ფუძემდებლური დებულებიდან ამოდის, კერძოდ იქიდან, რომ ნებელობითი ქცევის წყარო არის არა აქტუალური მოთხოვნილება, არამედ სულ სხვა რამ, რაც შეიძლება ამ უკანასკნელს ეწინააღმდეგებოდეს კიდეც [5]. იმპულსური ქცევა აქტუალური მოთხოვნილების იმპულსს ეყრდნობა. ნებელობის პრობლემის არსი იმაშია, რომ მოინახოს ქცევის ამ სახეობის მამოძრავებელი საწყისი, აღმძვრელი ძალა, ენერგეტიკული წყარო. ვუწოდოთ პრობლემის ამგვარად წარმოდგენას – ენერგეტიკული პარადიგმა.

      ჩვენი ანალიზისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პარადიგმა ფენომენოლოგიას ეფუძნება. ჯერ კიდევ უ. ჯეიმსი, რომელიც განცდების ანალიზის საუცხოო უნარით იყო დაჯილდოებული, ამბობდა, რომ ნებელობის ტიპური აქტისას ადამიანი იმას აკეთებს, რისი სურვილიც ნაკლებად აქვს. იგი თითქოს უპირატესობას სუსტ აღმძვრელს აძლევს და მოქმედებს «ყველაზე დიდი წინააღმდეგობის მიმართულებით» [13; 371]. ნებელობის პრობლემის ასეთი დაყენება გავრცელებული იყო ინტროსპექციის მონაცემებზე დამყარებულ კლასიკურ ფსიქოლოგიაში. მას არც ჩვენ დროში დაუკარგავს აქტუალობა. ჟ. პიაჟე, მაგალითად, ნებელობის ფსიქოლოგიის მთავარ საიდუმლოს იმაში ხედავს, რომ სუსტი ტენდენცია ძლიერს ამარცხებს [28].

      ის, რომ ქართული ფსიქოლოგიური აზრი სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება, აღნიშნულია სპეციალურ ლიტერატურაში [14][16]. მართლაც, უზნაძის, ჩხარტიშვილისა და მათი მიმდევრების გულისყური მიმართული იყო ნებელობის სპეციფიკური აღმძვრელი ძალის გამოვლენაზე. უზნაძე ამ ძიებამ ე.წ. «მაღალ მოთხოვნილებებამდე» მიიყვანა. ამ მოთხოვნილებათა ბუნება კრიტიკული განსჯის საგანი გახდა. აღინიშნა უზნაძის პოზიციის წინააღმდეგობრიობა, სადაც, ერთი მხრივ, ხაზგასმულია, რომ ნებელობითი ქცევა არ შეიძლება იკვებებოდეს აქტუალური მოთხოვნილების იმპულსით, ხოლო მეორე მხრივ, მის სპეციფიკურ აღმძვრელად მაღალი მოთხოვნილებები მიიჩნევა. ლოგიკურად, ეს მოთხოვნილებები უნდა კარგავდნენ აქტუალობის ნიშანს, რომლის გარეშე მოთხოვნილება საერთოდ ვერ მოიაზრება; არააქტუალური – აღძვრის უნარს მოკლებულს, სამოქმედო ძალის უქონელს ნიშნავს.

      გააცნობიერა რა ეს სირთულე, ჩხარტიშვილმა განიზრახა მოენახა ნებელობის სპეციფიკური ენერგიის ის წყარო, რომელიც არ იქნებოდა დაკავშირებული აქტუალურ მოთხოვნილებასთან. იგი შეეცადა დაესაბუთებინა დებულება ადამიანის ქცევის ორი დამოუკიდებელი წყაროს არსებობის შესახებ. იმპულსურ ქცევას აღძრავს აქტუალური მოთხოვნილებები. ამ შემთხვევაში ადამიანი აკეთებს იმას, რაც ამჟამად ყველაზე უფრო სურს. ასეთ ქცევას ბუნებრივად უკავშირდება «მე მინდა» განცდა. ნებელობის შემთხვევაში ადამიანი მიმართულია მუდმივი ობიექტური, საზოგადოებრივი ღირებულებების შექმნასა და დაცვაზე, ამიტომ იგი ვერ დაეყრდნობა უკონტროლო და მხოლოდ აწმყოს ინტერესებიდან გამომდინარე სურვილებს. ნებელობა არის სპეციფიკური ძალა, რომელსაც ფლობს მოზრდილი, ნორმალური ადამიანი, რათა განახორციელოს პიროვნების მუდმივი ინტერესები მაშინაც, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან აქტუალურ მოთხოვნილებებს. ასეთი ქცევის ფენომენოლოგიურ ქარგას საჭიროების, აუცილებლობის ანუ «მე უნდა» ან «მე ნამდვილად უნდა» განცდები ქმნიან.

      უკანასკნელ ხანებში ნებელობის ცნობილმა მკვლევარმა ნ. ბარამიძემ წარმოადგინა ანალიზი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მოინახოს კომპრომისი ნებელობის ფენომენოლოგიის ამ ორ გაგებას შორის. მაგრამ, ვინაიდან აღწერით-ფენომენოლოგიური ფენის ანალიზი ყოველთვის თეორიის ახსნით ნაწილს უკავშირდება, საჭიროა ამ უკანასკნელის შესახებაც ითქვას ზოგი რამ. უზნაძის შეხედულებათა სისტემის ძირითადი ამხსნელი ცნება განწყობაა. ქცევის დახასიათება მისი განწყობისეული მექანიზმის გარკვევის გარეშე წარმოუდგენელია. ცხადია, ნებელობით ქცევასაც განწყობა წარმართავს. ეს განწყობა წარმოიქმნება ნებელობის ე.წ. მოსამზადებელ პერიოდებში. ჯერ ხდება შესაძლო ქცევის მონახვა და ინტელექტუალური შეფასება; შემდეგ მისი მოტივირება, ანუ დაკავშირება ენერგიის წყაროსთან (რომელიმე მაღალ მოთხოვნილებასთან), დაბოლოს, მისი სანქციონირება – გადაწყვეტილების მიღება. ამ სპეციფიკურ ნებელობით აქტში წარმოიქმნება განწყობა, რომელიც განაპირობებს ქცევის შესრულებას. ამავე აქტთან არის დაკავშირებული თვითაქტივობის განცდა და მისი საკვანძო მომენტი – «მე მინდა» განცდა. ოღონდ, გასათვალისწინებელია, რომ გადაწყვეტილება სინამდვილეში მხოლოდ «სულს ჩაბერავს», ძალით აღავსებს, გამოაცოცხლებს განწყობის გარკვეულ მონახაზს, რომელიც წინა პერიოდების ინტელექტუალურ-მოტივაციური აქტივობის შედეგად იქნა მოპოვებული. თვითაქტივობის გრძნობა იქიდან მოდის, «მე ნამდვილად მინდა» განცდა იმიტომ აღმოცენდება, რომ გაჩნდა მომავალი ქცევის სრულფასოვანი განწყობა, ან, როგორც უზნაძე ამბობს, ძველი განწყობა ახლით შეიცვალა. ეს განცდა ამ ფაქტის ანარეკლია. ნებელობის ფენომენოლოგია განწყობის შეცვლის მაჩვენებელია.

      ბარამიძეს კარგად ესმის ამოცანის სირთულე, ვინაიდან «მე მინდა» და «მე უნდა» სხვადასხვა ბუნების განცდებია. ერთი სურვილს გამოხატავს, მეორე – საჭიროებას. მიუხედავად ამისა, მას მიაჩნია, რომ «ნებისყოფით განსაზღვრული ნებისმიერი ქცევისთვის არც «მე მინდა» განცდაა უცხო და არც «მე უნდა» განცდა. ორივე ეს განცდა შედის ნებისმიერი ქცევის, ოღონდ მისი სხვადასხვა ეტაპის სტრუქტურაში» [2; 37]. საუბარია გადაწყვეტილებამდელ და გადაწყვეტილების შემდგომ ეტაპზე. პირველ შემთხვევაში გადაწყვეტილება მზადდება და მიიღება, მეორეში – გადაწყვეტილება სისრულეში მოდის, ქცევა ხორციელდება. ბარამიძე ფიქრობს, რომ პირველი პერიოდი «მე უნდა» განცდას უკავშირდება. აქ იგი მიყვება ჩხარტიშვილის შეხედულებას და ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილების მომზადებისა და მიღების პროცესში პიროვნება ობიექტური ღირებულებებით და მათგან გამომდინარე ვალდებულებებით ხელმძღვანელობს, რაც «მე უნდა», «საჭიროა» განცდაში აისახება. მაგრამ «თუკი «მე უნდა» განცდა არ გადაიზარდა «მე მინდა» განცდაში, თუ იგი არ ჩაირთო პიროვნების (სუბიექტის) მოთხოვნილებათა სისტემაში, ქცევა რეალურად ვერ განხორციელდება, «მე უნდა» განცდა ვერ იქნება ქმედითი. რამდენი გადაწყვეტილება და «მე უნდა ვიმოქმედო» დარჩენილა განუხორციელებელი იმიტომ, რომ «მე მინდა»-ს სისტემაში არ ჩართულა.

      «მე მინდა» განცდა ... რეალური, აქტუალური ქცევის განწყობის ანარეკლია და არა გადაწყვეტილებისა და მის საფუძველმდებარე განწყობისა, როგორც ეს დ. უზნაძესთანაა წარმოდგენილი. გადაწყვეტილებისათვის საჭირო განწყობა ... ასახულია «მე უნდა» განცდაში» [2; 39].

      აქვე ხდება იმის დაზუსტება, რომ «არჩევანის გაკეთება და ამა თუ იმ ქცევის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შესაბამის განწყობას ემყარება, ამ ქცევის განხორციელებისკენ მიმართულ ტენდენციასაც შეიცავს» [იქვე], მაგრამ ეს ხშირად არ არის საკმარისი შესაბამისი ქცევის შესასრულებლად. გააჩნია გადაწყვეტილების სიმტკიცეს, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ე.წ. «შორეული მოტივაციური სტრუქტურის» ქცევაში. არსებითად და პრინციპულად კი, თუ «მე უნდა» არ გადაიზარდა «მე მინდა»-ში ქცევა ვერ განხორციელდება.

      ეს ვითარება ძალაშია არა მხოლოდ ნებელობითი ქცევის, არამედ იძულებითი ქცევის შემთხვევაშიც. აქ მოყვანილია უზნაძის ანალიზი, რომელიც ეხება იძულებითი ქცევის განხორციელების, კერძოდ მისი განწყობის საკითხს. მის შესრულებას განწყობა ესაჭიროება, ხოლო განწყობის შესაქმნელად სუბიექტური ფაქტორია აუცილებელი. თავსმოხვეული ქცევის შემთხვევაში ასეთი ფაქტორი თითქოს არ ჩანს, მაგრამ, სინამდვილეში, ასეთი ქცევაც არ არის მთლიანად გაუცხოებული სუბიექტისაგან. ეს უკანასკნელი, საბოლოო ჯამში, იწყნარებს ამ ქცევას და თავის საქმედ აქცევს. მაშასადამე, ამბობს უზნაძე, იძულების დროს არც სათანადო განწყობის უარყოფა შეიძლება და არც მოთხოვნილების («მე მინდას»-ს) მსგავსად განცდილი ტენდენციის გამორიცხვაო, – ამატებს ბარამიძე.

      აქ დგება საკითხი, რა განსხვავებაა აქტუალური მოთხოვნილების იმპულსით აღძრული ქცევისას წარმოქმნილ «მე მინდა» განცდასა და ნებელობითი ქცევის შესრულებასთან დაკავშირებულ იგივე სახელწოდების განცდას შორის. ავტორს მიაჩნია, რომ ფენომენოლოგიურად და ფუნქციონალურად ისინი ერთმანეთის იდენტურნი არიან. განსხვავდება მათი გენეზისი, მიმართულება და განმცდელი სუბიექტის მიზნები. კერძოდ, იმპულსური ქცევის «მე მინდა» განცდა, პირველადი წარმოშობისაა და მთლიანად მოთხოვნილების ფსიქოლოგიური ბუნებით არის განსაზღვრული. ნებელობითი ქცევის «მე მინდა» განცდა კი მეორადი წარმოშობისაა, ადამიანის ინტელექტუალური და ვოლიტური აქტივობის შედეგია. ასეც შეიძლება ითქვას: «მოთხოვნილებით აღძრულ იმპულსურ ქცევაში «მე მინდა» იმიტომ, რომ აქ ახლა, ამჟამად მე მინდა ეს და მეტი არაფერი მაინტერესებს. ნებისყოფით განსაზღვრულ ქცევაში (მის ბოლო ეტაპზე), «მე მინდა» იმიტომ, რომ «მე უნდა» მოვიქცე ასე, რომ ასეა საჭირო ობიექტური ვითარებიდან, პერსპექტივებიდან თუ სხვა პიროვნული ღირებულებებიდან გამომდინარე» [2; 41].

      ამ ბოლო პასაჟიდან ნათლად ჩანს ამ კონსტრუქციის ძირითადი სირთულე. მართლაც, ფენომენოლოგიური ანალიზისას ხომ განცდის სიცხადეა მთავარი. მაგრამ «მე მინდა»-ს დახასიათებას სიცხადე და გარკვეულობა ნამდვილად აკლია. ძნელია იმის ფენომენოლოგიური წვდომა, თუ რას ნიშნავს «მე მინდა იმიტომ, რომ მე უნდა მოვიქცე ასე». ეს იმის თქმის ტოლფასია, რომ მე მინდა, იმიტომ რომ არ მინდა. ჩხარტიშვილის მიერ «მე უნდა» განცდის დახასიათების აზრი იმაშია, რომ ამით აღიწერება ნებელობის ტიპური ვითარება, როცა პიროვნებას არ სურს, მაგრამ საჭოროდ მიაჩნია ქცევის შესრულება.

      «მე უნდა» საჭიროების გამოხატულებაა და არა სასურველობის. ამ უკანასკნელს გამოხატავს «მე მინდა», იგი ცალსახად უკავშირდება აქტუალურ მოთხოვნილებას. ამიტომ გამოთქმა «მე მინდა, იმიტომ რომ მე უნდა» წინააღმდეგობრივია, ერთიდან მეორე არ გამომდინარეობს. ასეთი განცდა არ დასტურდება გამოცდილებაში. ამასაც რომ თავის დავანებოთ, ნებელობითი აქტივობის ფენომენოლოგია არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, თითქოს გადაწყვეტილების მიღებისას რაიმეს გაკეთების საჭიროების («მე უნდა») განცდა გვაქვს, ხოლო განზრახვის განხორციელებისას კი მისი შესრულების სურვილი («მე მინდა»)[11]. ასე, რომ ყოფილიყო, გადაწყვეტილების რეალიზაცია ყოველთვის სახალისო იქნებოდა. განა ამას გვეუბნება ყოველდღიური გამოცდილება? ავიღოთ, თუნდაც, ტიპური ნებელობითი ქცევის უზნაძის მიერ მოყვანილი მაგალითები: ცივ ოთახში იღვიძებ, ადგომა გეზარება, თავს ძალას ატან და დგები; ან კიდევ, ძალიან გინდა სიგარეტის მოწევა, მაგრამ გადაწყვეტილი გაქვს თავი დაანებო – იკავებ თავს და არ სწევ. განსახილველი თვალსაზრისის მიხედვით, სათანადო გადაწყვეტილების მერე, ადგომა უნდა მოგინდეს, ხოლო მოუწევლობა გესიამოვნოს. იძულებით ქცევასთან მიმართებაში ამგვარი მიდგომა საერთოდ წარმოუდგენელ სახეს იღებს: მინდა იმიტომ, რომ მაიძულებენ?! როცა სუბიექტი იძულებისას ქცევას იწყნარებს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას «მე მინდა»-ს მსგავსი ტენდენცია უჩნდება, როგორც ბარამიძე გვეუბნება. შეწყნარებული და სასურველი სხვადასხვა რამაა. მონებს შორის ალბათ მაზოხისტებიც მოინახებიან, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ბევრ მძიმე, უსიამოვნო და მტკივნეულ რასმე სწორედაც სურვილის, «მე მინდა»-ს საწინააღმდეგოდ აკეთებს.

      ამ დაშვებას მხოლოდ გამოცდილება არ უარყოფს; ის თეორიიდანაც არ გამომდინარეობს. რადგან «მე უნდა» აქტუალურ მოთხოვნილებას და, შესაბამისად, იმპულსურ ქცევას უკავშირდება, ნებელობით ქცევაში მისთვის ბუნებრივი ადგილის გამონახვა იმ თეორიების ფარგლებში, რომელთაც ბარამიძე ეყრდნობა, ვერ ხერხდება. ბარამიძე ამტკიცებს, რომ თუ «მე უნდა» არ გადაიზარდა «მე მინდა»-ში, ე.ი. ქცევა არ ჩაერთო მოთხოვნილებათა სისტემაში, იგი რეალურად ვერ განხორციელდება. მაგრამ რომელი თეორია მოითხოვს ამას? ჩხარტიშვილის თანახმად, «მე უნდა»-ს გადაზრდა «მე მინდა»-ში მხოლოდ ამ უკანასკნელის გაიმპულსურებას შეიძლება ნიშნავდეს. ასეთი რამ ცხადია ბარამიძისთვისაც მიუღებელი იქნება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ნებელობითი ქცევის განხორციელების პროცესი იმპულსური ქცევის მნიშვნელობას შეიძენს, რაც ყველაფერს თავდაყირა დააყენებს.

      არც უზნაძის განწყობის თეორიით მოხერხდება ასეთი დაშვების გამართლება. თუ განწყობა შექმნილია (გადაწყვეტილების აქტის შედეგად), მის საფუძველზე ქცევის განხორცილებისთვის სხვა პირობები საჭირო აღარ არის. აქტუალური განწყობა ქცევის აუცილებელი და საკმარისი პირობაა. იგი ქცევას აღძრავს და მიზანშეწონილად წარმართავს. ნებელობითი ქცევის გაწყობის ენერგეტიკის წყარო მოტივაციის პროცესში მონახული მოტივაციური ფაქტორია (უზნაძის მიხედვით, მაღალი მოთხოვნილება). გადაწყვეტილება, უზნაძის კონცეფციაში, არის წინასწარ გონებრივად მოხაზული ქცევის აღძვრის წყაროსთან დაკავშირება ან, სხვანაირად, თეორიულ პლანში მონახული განწყობის აქტუალიზაცია. მოკლედ, «მე უნდა» გარკვეული მოტივაციური ძალის გამოხატულებაა, რომელიც საკმარისია განწყობის შესაქმნელადაც და მის საფუძველზე ქცევის შესრულებისთვისაც. დამატებითი ძალის საჭიროება «მე მინდა»-ს გამომხატველი აქტუალური მოთხოვნილებების სახით, პრინციპში არ არსებობს.

      მცდელობა «მე მინდა» განცდის ორი ნაირსახეობის გამოყოფისა, რასაც ფაქტობრივად ადგილი აქვს ბარამიძის მსჯელობაში, დამარწმუნებელი არ არის. ჯერ ერთი, ნათქვამია, რომ იმპულსური ქცევისა და ნებელობითი ქცევის დამამთავრებელი ეტაპის თანმხლები «მე მინდა» განცდები ფენომენოლოგიურად და მოტივაციური ფუნქციის მიხედვით იდენტურნი არიან. თუ ასეა, მაშინ მათ შორის განსხვავება არც არსებულა. რაც შეეხება წარმოშობის კრიტერიუმს – ერთი პირველადია, მეორე – მეორადი, მას ბევრად უფრო სერიოზული დასაბუთება ესაჭიროება. «მე მინდა» არის ყოველთვის სურვილის, ანუ აქტუალური მოთხოვნილების გამოხატულება. განცდის ობიექტურ ღირებულებებთან და პერსპექტიულ მიზნებთან დაკავშირება მის მოტივაციურ ფუნქციას რადიკალურად ცვლის, რაც აუცილებლად აისახება ცნობიერებაში. განცდა არსებითად განსხვავებული ხდება, იცვლება მისი რომელობა, სასურველობიდან – საჭიროებისკენ. რა თქმა უნდა, საჭირო მოქმედება ზოგჯერ შეიძლება სასურველიც იყოს, მაგრამ ნებელობისთვის ტიპური სწორედ მათი განსვლის მომენტია. ანდა, როგორ შეიძლება ისინი არ განსხვავდებოდნენ, თუ მათ საფუძველში სხვადასხვა განწყობაა.

      აქ თავს იჩენს კიდევ ერთი სირთულე. მართლაც, რომელი განწყობის ანარეკლია ეს განცდები? ერთ შემთხვევაში იმპულსური ქცევისა, მეორეში – ნებელობითის[12]. განწყობის რაგვარობა პირდაპირ განსაზღვრავს განცდის ხასიათს. განწყობის რაგვარობას კი, პირველ რიგში, მისი მოტივაციური შინაარსი განაპირობებს. ბარამიძე ჩხარტიშვილის თვალსაზრისის ერთერთი დამცველი და გამგრძელებელია, ამიტომ კატეგორიულად განასხვავებს ერთმანეთისაგან ნებელობითი და იმპულსური ქცევების განწყობათა მოტივაციის ხასიათს. პირველს აქტუალური მოთხოვნილება კვებავს, მეორეს – ნებელობა, როგორც პიროვნების ავტონომიური ძალა. ამიტომ, ბუნებრივია რომ ამ განწყობათა საფუძველზე მიმდინარე ქცევების ფენომენოლოგიური სურათი განსხვავებულია. ეს ერთნაირად ეხება ნებელობითი ქცევის ყველა პერიოდს, ვინაიდან იგი მთლიანობაა და არც ერთ პუნქტში არ შეიძლება გახდეს იმპულსური, ანუ აქტუალური მოთხოვნილებით აღძრული. მოკლედ, მოთხოვნილებებისაგან განსხვავებული და მათთან დაპირისპირებული აღმძვრელი ძალის ნიადაგზე წარმოქმნილი განწყობით წარმართული აქტივობა ვერ განხორციელდება «მე მინდა» განცდის ფონზე. ხოლო თუ ქცევის განწყობა აქტუალური მოთხოვნილებების სისტემაშია ჩართული, მაშინ ამ განწყობის რეალიზაცია იმპულსურ ქცევას მოგვცემს.

      კიდევ უფრო გაურკვეველია ნებელობითი ქცევის მოსამზადებელი პერიოდის მარეგულირებელი განწყობისა და მისით გამოწვეული განცდების საკითხი. მართლაც, რომელი განწყობის ანარეკლია «მე უნდა» განცდა? თეორიულის? – არა. თეორიულ განწყობასა და ქცევას თავისი ფენომენოლოგია აქვს: გაკვირვება, დარწმუნებულობა-დაურწმუნებლობა, «აჰა-განცდა» და სხვა. თეორიული განწყობა «მე უნდა»-ს კი არა, «მე ვიცი» ან «მე ნამდვილად ვიცი» განცდას აღმოაცენებს.

      ქართულ ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში საზოგადოდ არ არის სათანადოდ გაცნობიერებული, რომ ნებელობითი ქცევის ე.წ. მოსამზადებელი პერიოდი ორი ნაწილისაგან შედგება: ინტელექტუალური და მოტივაციური აქტივობა. ვინაიდან ეს აქტივობანი არსებითად განსხვავებული ხასიათისაა, ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ მათ სხვადასხვა განწყობები უნდა წარმართავდნენ. თუ პირველი, აზროვნებითი მონაკვეთის განწყობის ფაქტორები მეტ-ნაკლებად გარკვეულია (თეორიული ქცევის განწყობა), მეორე, მოტივაციური ეტაპის წარმართველი განწყობის ფაქტორებისა და, საზოგადოდ, მისი ბუნების საკითხი არც კი დაისმის. ასეა უზნაძესთან, ასეა ჩხარტიშვილთანაც. ბარამიძე, რასაკვირველია, არ არის ვალდებული ყველა დაუმუშავებელი საკითხი გააშუქოს, მაგრამ, როცა იგი წერს, რომ «გადაწყვეტილების მოსამზადებელი პერიოდი, ე.წ. «ძიების» პერიოდი სუბიექტის საკმაოდ რთულ შინაგან აქტივობას მოითხოვს და ისიც შესაბამისი დინამიკური განწყობითაა განსაზღვრული» [2; 38], ხოლო შემდეგ დასძენს, რომ სწორედ განწყობათა დაპირისპირების ანარეკლია უმწეობის, ყოყმანისა და აგზნებულობის განცდები, რომლებიც გადაწყვეტილებას უსწრებენ წინ, ბუნებრივად ჩნდება კითხვები: 1. რა სახისაა ძიების რთული შინაგანი აქტივობის განმსაზღვრელი დინამიკური განწყობა? და 2. რომელი განწყობების დაპირისპირება იწვევს გადაწყვეტილებამდელ ფენომენოლოგიას? გასაგებია, რომ აქ სურვილებისა («მე მინდა») და ვალდებულებების («მე უნდა) დაპირისპირების ასპარეზია, მაგრამ არაა ნათელი, როგორ უნდა აღიწეროს ეს კოლიზია «დინამიკური განწყობების» ენაზე[13].

      ახლა თვით გადაწყვეტილების შესახებ. ჩხარტიშვილი და მისი მიმდევრები, მის ფენომენოლოგიას ცალსახად «მე ნამდვილად უნდა» განცდას უკავშირებს. უფრო საფიქრებელია, რომ ეს განცდა მხოლოდ ე.წ. «რთული გადაწყვეტილების» შემთხვევაში იჩენს თავს. მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, გასარკვევია, რომელი განწყობის გამოვლინებაა ეს განცდა? მართალია გადაწყვეტილებას აქტს უწოდებენ, მაგრამ ის ხომ ნებელობის პროცესის პერიოდია და, როგორც ასეთს, ალბათ, თავისი განწყობა ესაჭიროება. ისიც საკითხავია, რატომ არ უნდა სჭირდებოდეს თავისი განწყობა ფსიქიკურ აქტს, თანაც ასეთ რთულს. იმ შემთხვევაშიც, თუ უარს ვიტყვით გადაწყვეტილების საკუთარი განწყობის დაშვების იდეაზე და მის საფუძვლად პირველი პერიოდის განწყობას ვიგულისხმებთ, გასარკვევი იქნება, თუ როგორ და რატომ წარმოქმნის გადაწყვეტილების წინარე განწყობა გადაწყვეტილებისთვის დამახასიათებელ «მე უნდა» განცდას.

      როგორც ვხედავთ, აღწერით-ფენომენოლოგიური საკითხების განხილვისას მრავალი თეორიული თავსატეხი, ახსნის პრობლემა იჩენს თავს. ბარამიძე ნებელობის ფსიქოლოგიის ძალიან კარგი სპეციალისტია და მშვენივრად ესმის, თუ რა სიმძიმის პრობლემებთან არის დაკავშირებული ადამიანის სულიერი სამყაროს ამ სფეროს ანალიზი. ყველაზე რთული, ალბათ, ნებელობის ენერგეტიკული წყაროს პრობლემაა. აქამდე იგი ყოველთვის ჩხარტიშვილის პოზიციაზე იდგა და აქტივობის ორი წყაროს იდეას იცავდა. ჩვენი აზრით, სწორედ ეს გარემოება გახდა მიზეზი, რომ ვერ მოხერხდა «ერთი მწყობრი შეხედულების» სახით გაერთიანებულიყო უზნაძისა და ჩხარტიშვილის წარმოდგენები ნებელობის ფენომენოლოგიის გარშემო. თავი და თავი ისაა, რომ უზნაძე, მართალია, აღიარებს ნებელობის არამოთხოვნილებისეული საწყისის არსებობას, მაგრამ, ფაქტობრივად, მას ვერ ნახულობს და მოთხოვნილების პარადიგმას უბრუნდება. ჩხარტიშვილი უშვებს ნებელობის ავტონომიურ ძალას და კატეგორიულად მიჯნავს აქტივობის ამ ორ წყაროსთან დაკავშირებულ განცდებს. ამიტომ, სადაც არ უნდა იქნას განთავსებული «მე მინდა» განცდა, აქტივობის პირველ თუ მეორე ნაწილში, მისი ორგანიზებისა თუ შესრულების პროცესში, მისი ჰარმონიული დაკავშირება ნებელობით ქცევასთან ვერ მოხერხდება.

      ვფიქრობთ, რომ ამის ბევრად მეტი შესაძლებლობა არსებობს აქტივობის ერთი წყაროს პარადიგმის შემთხვევაში, თუ ამოვალთ იქიდან, რომ არსებობს აქტივობის ერთი წყარო. ამ შემთხვევაში გაჩნდება საშუალება, რომ ქცევის ფენომენოლოგია მისი მომზადებისა თუ განხორციელების კონკრეტული მოტივაციური ვითარებიდან გამოვიყვანოთ და ცალსახად არ დავუკავშიროთ ენერგიის სხვადასხვა წყაროს შესატყვის განცდებს.

      აქტივობის დინამიკური წყაროს პრობლემა ცენტრალურია ნებელობის თეორიაში და სპეციალურ განხილვას მოითხოვს. აქ მას მხოლოდ იმდენად ვეხებით, რამდენადაც ის მჭიდრო კავშირშია ქცევის ფენომენოლოგიის საკითხთან. როგორც ითქვა, ქცევათა თანმდევი განცდების განსხვავებულობა გამოიყენება იმის დასაბუთებისთვის, რომ მათ ენერგიის სხვადასხვა წყარო კვებავს. სხვა ემპირიული საბუთი ორი აღმძვრელი ძალის არსებობის იდეას არ გააჩნია. ესაა, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, ენერგეტიკული პარადიგმა, რომელსაც რეგულაციური პარადიგმა უნდა დაუპირისპირდეს [15].

      თვითაქტივობაზე, როგორც ფსიქიკური ცხოვრების განუყოფად მომენტზე, დიდი ხანია მიუთითებენ მოაზროვნეები. აქ საკმარისია გავიხსენოთ ლაიბნიცი, რომელიც მისწრაფებით ანუ ნებით, იმანენტური ძალით აჯილდოვებს სულიერ მონადას. ეს პრინციპი მიჩნეულია აქტივობის ან ნებისყოფის უნივერსალურ პრინციპად. მისი უნივერსალურობა იმაშია, რომ ერთიანი მისწრაფებითი საწყისი ვლინდება როგორც პრიმიტიული ინსტინქტური ძალის, ისე ცნობიერი ტენდენციის სახითაც [6; 275]. იგივე ითქმის ვუნდტის ე.წ. «ვოლუნტარისტულ თვალსაზრისზეც», ანუ არსებობს იმანენტური აქტივობის წყარო, რომელიც ფსიქიკური ცხოვრების სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა ფსიქიკურ მექანიზმებთან დაკავშირების გზით (პერცეფცია-აპერცეფცია) რეალიზდება ქცევაში. მთავარი ისაა, რომ აქტივობის საწყისი ერთია; ხდება მხოლოდ მისი ტრანსფორმაცია და სხვადასხვა სახით მანიფესტაცია. ამ იდეამ ასახვა ჰპოვა XX საუკუნის ფსიქოლოგიაში. საკმარისია დავასახელოთ ფ. ლერშის, ჰ. თომეს, ა. მასლოუს და სხვათა შეხედულებები. განსაკუთრებით სკრუპულოზურად არის დამუშავებული ეს იდეა თანამედროვეობის ერთ-ერთი წამყვანი მოტივისტის, ჟ. ნიუტენის კონცეფციაში. მას ესმის, რომ ენერგიაზე ან ძალაზე ფსიქიკურ სისტემასთან მიმართებაში მხოლოდ პირობითად და მეტაფორული მნიშვნელობით შეიძლება საუბარი. მიუხედავად ამისა, ფუნდამენტური აღმძვრელი მოტივაციური საწყისის გარეშე ქცევის თეორიის შექმნა შეუძლებელია. ამიტომ იგი უშვებს «ინდივიდი-გარემოს» ერთიანობიდან გამომდინარე პირველად დინამიზმს. ეს, არსებითად იგივეა, რაც სხვა მოტივაციურ თეორიებში კონცეპტუალიზებული თვითაქტივობის პრინციპი, ფსიქოფიზიკური ძალა, ენერგიის პირველწყარო და ა.შ. ეს პირველადი დინამიზმი დაბადებიდან მიმდინარე მოტივაციური პროცესის განვითარების მსვლელობაში დიფერენცირებასა და კონკრეტიზირებას განიცდის. პირველადი ენერგია განიტოტება სხვადასხვა არხებში. იქმნება მოთხოვნილებათა თემატიკა, მოტივაციური მიმართულებები და პრიორიტეტები, თვისებრივად განსხვავებული მოტივაციურ-კოგნიტური სტრუქტურები [27]. ამას შეიძლება დავუმატოთ აქტივობის სხვადასხვა დონეზე მოქმედი ჩართვა-გამორთვის, აქტივაცია-შენელების, გადართვისა თუ ნებელობისთვის დამახასიათებელი თვითრეგულაციის სხვა მექანიზმები. საზოგადოდ კი უნდა ითქვას, რომ ნებელობის პრობლემა ქცევის უმაღლეს დონეზე რეგულაციის პრობლემაა და არა მისი ენერგიზაციისა.

      მიუხედავად იმისა, რომ ჩხარტიშვილი ორი ენერგეტიკული წყაროს შესახებ საუბრობს, იგი სვამს საკითხს ძირეული აღმძვრელი საწყისის შესახებ და ამ კონტექსტში ავითარებს მსჯელობას, რომელიც საკმაოდ ენათესავება ნიუტენის შეხედულებას. იგი წერს: «ჩვენ ვიცავთ აზრს, რომლის მიხედვითაც განვითარების პირველი და მთავარი მამოძრავებელი ძალაა აქტივობის მოთხოვნილება, რომელიც თვითონ სიცოცხლის ბუნებას გამოხატავს და მთლიანი ინდივიდისადმი დაქვემდებარებული ფსიქოფიზიკური სტრუქტურების მიხედვით განიცდის დიფერენცირებას. ჩვენი აზრით, მისთვის დამახასიათებელი ისაა, რომ განვითარების დასაწყის ეტაპზე იგი ღიაა და ფუნქციონალური სტრუქტურებისათვის შესაძლო რომელიმე კერძო ფორმაში არაა დიფერენცირებული, რის გამოც იმ კონკრეტული აქტივობის აღძვრითა და რეალიზაციით კმაყოფილდება, რომელსაც მას ცხოვრების სოციალური პირობები და ფუნქციონალური განვითარების მიღწეული დონე უკარნახებს. ბოლოს იგი იმ კონკრეტულ მოქმედებაში ფიქსირდება, რომელშიაც უფრო ხშირად უხდება დაკმაყოფილება. ის გარემოება, რომ აქტივობის მოთხოვნილება დასაწყისში ღიაა, – რომელიმე ერთი გვარის ობიექტების მოთხოვნილება არაა და ამ ობიექტებით არაა ჩაკეტილი, – მისი სხვა მოთხოვნილებებში გადაზრდისა და მრავალმხრივი განვითარების დიდ შესაძლებლობას იძლევა» [9; 33].

      როდესაც ნებისყოფაზე, როგორც ძალაზე, ენერგიის წყაროზე, განცდის რაგვარობის მიხედვით ვასკვნით, საჭიროა ძალიან დახვეწილი და ზუსტი ფენომენოლოგიური ანალიზი და ამ ანალიზის შედეგების თანმიმდევრული რეალიზაცია თეორიაში. ვგულისხმობთ იმას, რომ უფლება არა გვაქვს დავუშვათ ნებელობის ავტონომიური ძალა იქ, სადაც მოთხოვნილებით წარმართული ქცევისაგან განსხვავებული განცდები არ შეიმჩნევა. ენერგიის ორი წყარო თუ მართლაც არსებობს პიროვნებაში, ერთიდან მეორეზე გადასვლა, ერთის გამორთვა და მეორის ჩართვა, ან ორივეს ერთდროული ამოქმედება ფსიქიკური ცხოვრების ისეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება, რომ სუბიექტი უშეცდომოდ შეამჩნევს ამას სპეციალური შინაგანი მარკერების მთელი სისტემის მეშვეობით. არადა ფაქტია, რომ ძალიან ხშირად, ფენომენოლოგიური სურათით რაიმე გარკვეულის თქმა ქცევის დონისა თუ ხასიათის შესახებ შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში არ გვექნებოდა ასეთი გაურკვევლობა თეორიის პლანში. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი უზნაძისა და ჩხარტიშვილის შეხედულებებია. ერთს ფენომენოლოგიამ უკარნახა, რომ ნებელობითი ქცევის წყარო მაღალი მოთხოვნილებებია, მეორეს – რომ ნებელობა დამოუკიდებელი ძალაა. ერთმა ნებელობაში «მე მინდა» დაინახა, მეორემ – «მე უნდა». ეს გარემოება იმაზე შეიძლება მეტყველებდეს, რომ პროცესის თანმხლები განცდა ცვალებადობს. მარტივი ნებელობითი აქტის დროს, როცა არ არის დამაბრკოლებელი გარემოებანი, ვოლიტურმა განცდამ, შესაძლოა, მართლაც «მე მინდას» ფორმა მიიღოს და ნამდვილი სურვილის სახით წარმოგვიდგეს. მაღალი მოთხოვნილებებით გამოწვეული ზნეობრივი ქცევაც შეიძლება სურვილის ფონზე მიმდინარეობდეს. მორალური ქცევა შეიძლება იმპულსურიც იყოსო, აღნიშნავს უზნაძე [7; 54]. ამიტომ მის თეორიულ სისტემაში სურვილის გამომხატველი «მე მინდა» შეიძლება ყოველგვარ ქცევას დაუკავშირდეს.

      ჩხარტიშვილი საკუთარი ფენომენოლოგიური გამოცდილებითა და კონცეფციით იტყოდა, რომ მაღალი მოთხოვნილებებიც მოთხოვნილებებია, ამიტომ მათ საფუძველზე სწორედაც «მე მინდა» განცდა და იმპულსური ქცევა აღმოცენდება. მაგრამ რამდენად მართებულია მოთხოვნილებით აღძრული ყველა ქცევის იმპულსურ ქცევად კვალიფიცირება? გავიხსენოთ უზნაძის ცნობილი მაგალითი: ადამიანი მოტივაციური კონფლიქტის სიტუაციაშია, ან უნდა დარჩეს სახლში და იმუშაოს, ან კიდევ წავიდეს კონცერტზე და მიიღოს სიამოვნება. ეს უკანასკნელი ესთეტიკურ მოთხოვნილებას და სურვილს უკავშირდება, სამუშაო კი საჭირო საქმეა და მისი არჩევა პიროვნების ნებელობის ძალის გამოხატულებას წარმოადგენს. წარმოვიდგინოთ ახლა, რომ მოხდა იმის საწინააღმდეგო, რაც უზნაძემ აღწერა – დიდი ყოყმანის შემდეგ ადამიანმა გადაწყვიტა საინტერესო კონცერტზე წავიდეს. მკაცრად რომ გავყვეთ ჩხარტიშვილის თვალსაზრისის ლოგიკას, მოცემული ქცევა იმპულსურად უნდა შეფასდეს (ვინაიდან მას აქტუალური მოთხოვნილება აღძრავს). მაგრამ შეიძლება კი იმპულსური ეწოდოს ქცევას, რომლის განწყობა იდეური სიტუაციის პლანში შეიქმნა, რომლის სხვა ფაქტორებიც ცნობიერების დონეზე დამუშავდა და რომელიც გადაწყვეტილების რთული პროცესის შედეგად აღმოცენდა? ასეთ ქცევას იმპულსურს ვერ ვუწოდებთ რამდენი და როგორი მოთხოვნილებაც არ უნდა კვებავდეს მას ენერგიით. დიახ, თუ უარს ვამბობთ ენერგეტიკულ პარადიგმაზე, ნებელობისთვის არამოთხოვნილებისეული ძალის ძიებაზე და ნებისყოფის თეორიის ძირითად პრობლემად უმაღლესი დონის აქტივობის ფსიქიკური რეგულაციის მექანიზმის გარკვევას ვაქცევთ, მაშინ უნდა უარვყოთ მოსაზრება ნებისყოფის მაღალ მოთხოვნილებებთან ექსკლუზიური კავშირის შესახებ. ობიექტივაციის პლანში მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ბიოგენურ მოთხოვნილებებსა და შესაბამის ქცევას ეხებოდეს. ასეთ აქტივობასაც პიროვნება წარმართავს და არა იმპულსურ ქცევასთან დაკავშირებული ინდივიდი.

      მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი უზნაძიდან. იგი საგანგებოდ განიხილავს შემთხვევას, როცა ქცევა თითქოს აქტუალურ სასიცოცხლო მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, და მაინც ნებელობითია. მწყურია, მაგრამ წყალი მხოლოდ მას მერე დავლიე, რაც გავიაზრე, რომ ის მინერალურია და არ მავნებს. აშკარად სახეზეა აქტუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება, თუმცა უზნაძის ანალიზით ეს ქცევა მაინც არაა იმპულსური. ის ნებელობითია, ვინაიდან, სინამდვილეში, წყლის დალევის აქტს სუბიექტის «წყურვილი კი არ იწვევს, როგორც მხოლოდ წყურვილი; არა, იგი მხოლოდ მას შემდეგ მიმართავს ამ აქტს – სვამს წყალს – როცა აგონდება, რომ მინერალური წყალი სასარგებლოა. რომ ეს არა, წყურვილი წყურვილად დარჩებოდა, და სუბიექტი წყალზე უარს იტყოდა. ასე რომ: საქმე ის კი არაა, დალევს სუბიექტი წყალს თუ არა, როდესაც მას სწყურია; საქმე ისაა, თუ რით არის ეს აქტი გამოწვეული: აქტუალური მოთხოვნილების იმპულსით, თუ არააქტუალურით» [5; 180].

      მწვანე შუქი ამ ქცევას ცხადია პიროვნებამ აუნთო, თავისი გადაწყვეტილებით სანქცია მისცა წყურვილის დაკმყოფილებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქცევის აღძვრის საქმეში, მოცემული მოთხოვნილების გარდა სხვა ძალა იყო ჩართული, რაიმე მაღალი (არააქტუალური?!) მოთხოვნილება იქნება ეს, თუ ნებელობის საკუთარი ენერგეტიკა (?!). სხვათაშორის, თუ ამ უკანასკნელი, ჩხარტიშვილისეული ვერსიიდან ამოვალთ, წყლის დალევის გადაწყვეტილებას «მე უნდა» განცდაც უნდა ახლდეს. მაგრამ საიდან ან რატომ გაჩნდება იგი? ცხადია, რომ აღწერილ სიტუაციაში სუბიექტი წყალს იმიტომ სვამს, რომ სურვილი და შესაძლებლობა აქვს, და არა იმიტომ, რომ ეს საჭიროა. წყურვილის ბიოგენური მოთხოვნილების გარდა აქ სხვა აღმძვრელის ძიება აზრს მოკლებულია. მაშასადამე, ქცევას ნებელობითის კვალიფიკაციას აძლევს არა აღმძვრელი ფაქტორის რაგვარობა, არამედ ობიექტივაციის დონეზე მიმდინარე თვითრეგულაციის პროცესი.

      ამავე დროს ისიც გასათვალისწინებელია, რომ ექსკლუზიური ფენომენოლოგია არა მარტო ნებელობით, არამედ იმპულსურ ქცევასაც არ გააჩნია. განა ცხოველი მხოლოდ სასურველ და სახალისო ქცევებს ასრულებს? ძალისხმევის მომენტი, რომელიც ჩხარტიშვილმა სამართლიანად მიიჩნია არასპეციფიკურად ნებისყოფისთვის, ვინაიდან ის გავრცელებულია ცხოველებთანაც ე.ი. იმპულსურ ქცევაში, არ შეიძლება დადებითი ან სასურველი განცდების კატეგორიას მივაკუთვნოთ. ძალისხმევა, როგორც წესი, უსიამოვნებაა და საკმაოდ ძლიერიც. ქვირითის დასაყრელად რომ მიდის მდინარის სათავეებთან თევზი, საზარელი წინააღმდეგობის გადალახვის ფონზე, ეს ქცევაც იმპულსურია, რადგან ცხოველი სხვა ქცევას არც ასრულებს, მაგრამ ვის მოუვა თავში მისი აღწერა «მე მინდა» განცდის ტერმინებში. ასეთ ფენომენოლოგიას უფრო ფაქიზი ანალიზი ესაჭიროება. მოკლედ, იმპულსურ ქცევასაც გაცილებით რთული ფენომენოლოგია აქვს ვიდრე წარმოუდგენიათ, როცა მას ცალსახად «მე მინდა» (სასურველობის) განცდას უკავშირებენ.

      უზნაძის თანახმად იმპულსური ქცევის იმპულსი ემოციის სახით გვეძლევა, ემოციიდან მომდინარეობს. თუ ინდივიდი ამ ტენდენციის იმპულსს ემორჩილება იგი არა ნებისმიერად, არამედ იმპულსურად მოქმედებს (7; 53-54, 63-64). აქ მთავარი ისაა, რომ ემოცია-იმპულსს შეიძლება დადებითი ნიშანიც ჰქონდეს და უარყოფითიც (მაგ., შიში, რისხვა, ზიზღი და სხვა). ამ უკანასკნელ შემთხვევაში, იმპულსური ქცევის ფენომენოლოგიური სურათი «მე მინდა» განცდისაგან საკმაოდ დაშორებულ იქნება.

      რთული ნებელობითი აქტივობის ფენომენოლოგია «მე უნდა»-ს (საჭიროების) სახეს იღებს, რაც ზუსტად დააფიქსირა კიდეც ჩხარტიშვილმა. საჭიროების განცდა არა ენერგიის მეორე, არამოთხოვნილებისეულ წყაროსთან ქცევის დაკავშირების, არამედ მოტივაციის სფეროში მომხდარი კოლიზიების ანარეკლია. თუ კარგად გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ უკლებლივ ყველა ქცევა მოთხოვნილების ცოცხალ პროცესთან არის დაკავშირებული. ნებელობითი ქცევის ზემოთ მოყვანილ მაგალითებშიც ასეა. განა ლოგინიდან ადგომა ამა თუ იმ მოთხოვნილების დაკმაყოფილების პროცესის დასაწყისი და პირობა არ არის? ანდა, განა ცოტა მოთხოვნილება დგას მოწევაზე უარის უკან? სხვა ამბავია, რომ მათთან დაპირისპირებული ძლიერი აქტუალური მოთხოვნილების «მე მინდა» განცდა, ამ მოთხოვნილებათა სურვილისეულ გრძნობას მთლიანად ფარავს, ხოლო ტენდენციების კონფლიქტი საჭიროების ფენომენოლოგიის პირობა ხდება. აქედან კეთდება არასწორი დასკვნა, რომ მოცემულ ქცევას სულ არ აღძრავს მოთხოვნილება და მას სხვა ენერგიის ძალა წარმართავს. ესაა ენერგეტიკული პარადიგმის ემპირიულ-ფენომენოლოგიური საბუთი.

      მაინც რატომ და როგორ წარმოიქმნება საჭიროების განცდა? ეს განცდა თან ახლავს ისეთ ქცევებს, რომლებსაც ახასიათებს გარკვეული წინააღმდეგობა, როგორც ქცევის სტრუქტურაში, ისე ქცევის შიდა და გარე პირობებს შორის. თანაც ხშირად ქცევის საგანი უშუალოდ არ ემთხვევა მისი აღმძვრელი მოთხოვნილების საგანს. იმპულსურ ქცევაში ეს არ ხდება. ადამიანური ქცევის უმაღლეს დონეზე კი, არც თუ იშვიათად, ხდება ისე, რომ ის, რაც განსაზღვრულია მიზანში, მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს მოთხოვნილებას, ან უბრალოდ აშუალებს მოთხოვნილების საგნის მიღწევას, ე.ი. მხოლოდ აახლოვებს მის დაკმაყოფილებას, ხელმისაწვდომად აქცევს მას მომავალში. ასეთნაირად აგებულ ქცევას ინსტრუმენტულს უწოდებენ [21][26][27].

      მაღალ მოთხოვნილებათა ბუნება საზოგადოდ ასეთია: არიან რა გასაგნებული ზოგადი «ობიექტური» ღირებულებებით, ისინი ადამიანს სრულიად გარკვეული, კონკრეტული მიზნებისკენ აღძრავენ. ეს ქმნის პირობებს ადამიანის ნებელობითი ქცევისთვის ესოდენ დამახასიათებელი საჭიროების განცდის აღმოცენებისთვის. აი ტიპური მაგალითები: დაღლილი ქალი ბრუნდება სახლში სამსახურიდან და იწყებს ოჯახისთვის სადილის კეთებას. მეომარი ასრულებს თავის პატრიოტულ ვალს და მიდის მოწინააღმდეგის განლაგებაში «მოენეს» მოსაყვანად. მიუხედავად იმისა, რომ ქალს არა აქვს სადილის კეთების მოთხოვნილება, ხოლო მეომარს სახიფათო დაზვერვაში წასვლის სურვილი, ისინი ახორცილებენ შესაბამის ქცევას, ვინაიდან «უნდა» გააკეთონ ეს სათანადო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. პირველ შემთხვევაში ესაა სოციოგენური მოთხოვნილება, გასაგნებული ოჯახის ღირებულებით, მეორეში – სამშობლოს და პროფესიულ ღირსებასთან დაკავშირებული ღირებულებებით. ნათელია, რომ ოჯახი და სადილი, სამშობლო და «მოენე» ერთი და იგივე არ არის. ისინი მოთხოვნილებისა და მის მიერ აღძვრული ქცევის «საგნებია» და, რა თქმა უნდა, არ ემთხვევიან ერთმანეთს. მათი დამთხვევის მოლოდინი შესაბამის ქცევებში არცაა ბუნებრივი. ეს იმის ტოლფასი იქნება, რომ დაღლილ ქალთან სადილის კეთების, ხოლო ჯარისკაცთან – სიცოცხლის რისკის ფასად მოწინააღმდეგის ტყვედ ჩაგდების მოთხოვნილება დავუშვათ. ამ ქცევათა სუბიექტებს არ გააჩნიათ სათანადო მოთხოვნილებები, მაგრამ არ იქნებოდა მართებული თვითონ ქცევების მოთხოვნილებითი საფუძვლის გარეშე დატოვება მხოლოდ იმის გამო, რომ სუბიექტი მათი განხორციელების უშუალო სურვილს არ განიცდის. მისი ქცევა გამსჭვალულია აუცილებლობის, საჭიროების, «მე უნდა» განცდით. ამასთან ერთად, სპეციალური ანალიზი ყოველთვის აღმოაჩენს ქცევის აღმძვრელ აქტუალურ მოთხოვნილებასაც. უბრალოდ, ამ შემთხვევებში მისი საგანი არ ემთხვევა კონკრეტული ქცევის მიზან-საგანს, რაც სერიოზულ დაღს ასვამს ქცევის ფენომენოლოგიურ სურათს.

      ადამიანის რთული ქცევის ფორმებისთვის დამახასიათებელი საჭიროების განცდის გამომწვევი მიზეზებიდან შეიძლება დავასახელოთ ერთი ქცევის შიგნით მოთხოვნილებათა ურთიერთქმედების მოვლენა. ქცევის პოლიმოთხოვნილებისეული აღძვრის ყველა ფაქტის უკან ყოველთვის ჩანს მოთხოვნილებათა იერარქია. ეს ურთიერთდაქვემდებარება, საბოლოო ჯამში, შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ რაიმე მოთხოვნილების დაკმაყოფილება ხდება უფრო ადრე, ვიდრე სხვებისა. მხედველობაშია მისაღები, აგრეთვე, მოთხოვნილებათა სისტემაში არსებულ მიმართებათა დინამიკა. ზოგიერთი, ქცევასათან უშუალოდ დაკავშირებული მოთხოვნილება, მაგალითად ფუნქციონალური მოთხოვნილებები, აქტივობის პროცესში მუდმივად კმაყოფილდება. ამიტომ, ვინაიდან უშუალო პროცესუალური მიმზიდველობის ნიშანი სწორედ ამ მოთხოვნილებებიდან მომდინარეობს, საინტერესო და სასურველი ქცევა დროთა განმავლობაში შეიძლება რთულ, მაგრამ საჭირო, აუცილებელ საქმედ გადაიქცეს. საზოგადოდ კი, თუ დღეს მიღებული შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ტერმინებში ვილაპარაკებთ, შეიძლება ითქვას, რომ იქ, სადაც შინაგანი მოტივაცია დომინირებს, ქცევა უშუალო ინტერესის ნიშნით ხასიათდება, ხოლო იქ, სადაც განსაკუთრებით ძლიერია გარეგანი მოტივაცია, აქტივობა ინსტრუმენტული ქცევის თვისებებს იძენს. ამ ქცევას არ გააჩნია საკუთარი ღირებულება, ესაა ქცევა-საშუალება, რომელიც უფრო ხშირად აშუალებს პიროვნების უმთავრეს, სიღრმისეულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას, და, ამდენად, ცხოვრების უფრო შორეულ პერსპექტივებში ნახულობს თავის გამართლებას. აქ ყველა პირობა არსებობს აუცილებლობისა და საჭიროების ფენომენოლოგიის წარმოქმნისთვის.

      განსაკუთრებით არაკეთილსასურველ განცდისეულ ფონზე იშლება სხვადასხვა შინაარსისა და მიმართულობის მოთხოვნილებათა კონფლიქტთან, ან წინააღმდეგობასთან დაკავშირებული ქცევა. ნებელობითი ქცევისთვის სწორედაც დამახასიათებელია, რომ რაიმე მოთხოვნილების დაკმაყოფილება სხვების ფრუსტრაციის ხარჯზე ხდება. ამაში ვლინდება კონკრეტული ქცევის «ფსიქოლოგიური ფასი» [17]. იგი უფრო მეტია, როცა მაღალი მოთხოვნილებები ბიოგენურ მოთხოვნილებებს უპირისპირდება, რომლებიც თავისი სხეულებრივი ძირების გამო განსაკუთრებული მომთხოვნელობით და გადაუდებელი ხასიათით გამოირჩევიან [18]. საზოგადოდ კი, რაც უფრო მაღალია ქცევის ფსიქოლოგიური ფასი, მით უფრო უახლოვდება ფენომენოლოგიური სურათი იმას, რაც ჩხარტიშვილის მიერ ნებელობისთვის ტიპურად არის მიჩნეული.

      აღსანიშნავია აგრეთვე ობიექტური, გარეგანი პირობების როლი, რომლებიც მოიცავენ ფიზიკურ გარემოს და ქცევის სოციალურ კონტექსტს. ისინი სუბიექტის წინაშე სიტუაციის მოთხოვნების სახით წარდგებიან. ამასთან, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ «ყოველი მოთხოვნა, რომელიც ადამიანისთვის არის მხოლოდ არასასურველი აუცილებლობა, რომლის აცილება ვითარებისა გამო შეუძლებელია, სრულდება როგორც «ნაკლები ჭირი», საუკეთესო გამოსავალი მდგომარეობიდან» [11; 140]. ამ შემთხვევაშიც გვაქვს როგორც ქცევის აღმძვრელი მოთხოვნილებები, ისე აუცილებლობის, საჭიროების გრძნობა.

      ამგვარად, ქცევის მოთხოვნილებისეული დეტერმინაცია და ნებელობის სპეციფიკური ფენომენოლოგია სრულებით არ გამორიცხავს ერთმანეთს. აქ, უბრალოდ, საქმე გვაქვს ემოციურ-ვოლიტური განცდის გარკვეულ რომელობასთან. იგი თან ახლავს რთული ბუნების ქცევებს მათი აღძვრისა და განხორციელების დროს, მაშინ, როდესაც არსებობს წინააღმდეგობები როგორც მოთხოვნილებებს შორის, ისე მოთხოვნილებებს, შესაძლებლობებსა და გარემოს შორის.

      თუ ჩვენ ზუსტი ფენომენოლოგიური ანალიზი გვაინტერესებს, საჭიროა ისიც გვახსოვდეს, რომ სასურველობისა და საჭიროების ტიპური ფორმები არის უკიდურესი წერტილები იმ კონტინუუმისა, რომელიც შედგება გარდამავალი ვოლიტური განცდების მრავალფეროვანი ფორმებისაგან. ისინი შეიცავენ ორივე განცდას სხვადასხვა დოზით და ამიტომ, ხშირად, მკაფიოდ გამოხატული ამბივალენტური ხასიათი აქვთ. ისიც სათქმელია, რომ ეს განცდები უფრო მოტივს ახასიათებენ, რომელიც, უზნაძის მსგავსად, გადაწყვეტილების საფუძვლად არის მიჩნეული. საზოგადოდ, საკითხი იმის შესახებ, თუ რატომ წარმოიქმნება ნებელობისთვის დამახასიათებელი ფენომენოლოგია, დაკავშირებულია ნებელობითი ქცევის საზრისულ-შეფასებით და არა დინამიკურ-ენერგეტიკულ ასპექტთან. მოტივაციის სფეროში აუცილებელია ამ ასპექტების გამიჯვნა, ვინაიდან ყოველი მათგანის უკან დგას სპეციფიკური ფენომენი – მოთხოვნილება და მოტივი. ეს უკანასკნელი, ჩვენი აზრით, კი არ აღძრავს და მიმართავს, არამედ ამართლებს და ასაბუთებს ქცევას, სუბიექტს ატყობინებს მოცემული კონკრეტული ქცევის საერთო პიროვნული ღირებულების შესახებ. პიროვნულად ღირებული და მნიშვნელოვანი კი არა მარტო ის არის, რაც საინტერესო, მოსაწონი ან სასურველია, არამედ, და ხშირად უფრო მეტადაც, ის, რაც საჭიროა, აუცილებელია, სავალდებულოა. ყოველივე ეს იმ ვოლიტური განცდების რომელობებია, რომლებშიც გამოხატულია ამა თუ იმ ქცევის სუბიექტური ღირებულება, ანუ მოტივი.

      ამრიგად, ის გარემოება, რომ ქცევის სხვადასხვა სახეობებს (ვთქვათ, იმპულსურსა და ნებელობითს) აქვთ განსხვავებული ფენომენოლოგია, არაა საკმარისი საფუძველი ადამიანის ქცევის აღძვრა-განხორციელების რაიმე ახალი, არამოთხოვნილებისეული წყაროების დაშვებისთვის. ყველა განხილულ შემთხვევაში, სადაც არსებობდა პირობები ნებელობის ტიპური ფენომენოლოგიის აღმოცენებისთვის, აქტივობის წყარო იყო მოთხოვნილებები, მართალია საკმაოდ განსხავებული ერთმანეთისგან, მაგრამ მაინც მოთხოვნილებები. საბოლოოდ, ყველაფერი იმაზე დადის, თუ როგორია ამ მოთხოვნილებათა მიმართება ერთმანეთთან, ქცევის მიზანთან (საგანთან), ქცევის შინაგანი სტრუქტურის დანარჩენ ელემენტებთან (მოტივი, გეგმა და სხვა), ქცევის კონკრეტულ საშემსრულებლო გარემოებებთან. ყოველივე ეს აისახება აქტივობის შეფასებით-საზრისულ ფენაში და ქმნის ამა თუ იმ სახის ქცევის ფენომენოლოგიურ ქარგას.

      დასაწყისშივე ითქვა, რომ ფენომენოლოგიასთან მჭიდრო კავშირშია ნების თავისუფლების საკითხიც. ადამიანს აქვს იმის განცდა, რომ იგი თავისუფლად იღებს გადაწყვეტილებას, ასრულებს ან არ ასრულებს ქცევას. ფიქრობენ, რომ ეს განცდა რაღაცის გამოხატულება უნდა იყოს, კერძოდ ადამიანის ნების რეალური თავისუფლებისა. რ. დეკარტი ამბობდა: «ჩვენი ნებისყოფის თავისუფლება მიიწვდომება დასაბუთების გარეშე, მხოლოდ ჩვენი შინაგანი ცდით» [12; 442], ანუ განცდით. ინდეტერმინიზმის ყველა ვარიანტი ფენომენოლოგიურ არგუმენტს იყენებს. დეტერმინისტები, პირიქით, ცდილობენ ეს არგუმენტი უარყონ ან იმით, რომ არ დაადასტურონ ამ განცდის არსებობა, ან უარყონ რეალური კავშირი მასსა და რეალურ თავისუფლებას შორის, ან კიდევ თავისუფლების განცდა ილუზიად მიიჩნიონ [1]. დიდ ფილოსოფოსთაგან ამ უკანასკნელ აზრს ემხრობა, მაგალითად, ბ. სპინოზა, ხოლო დიდ ფსიქოლოგთაგან – ზ. ფროიდი და ბ. სკინერი. საინტერესოა უზნაძის აზრი, რომელიც თავისუფლებისა და განსაზღვრულობის იდეების შერიგებას ცდილობს. იგი თავისუფლების განცდას ქცევის რეალური თავისუფლების გამოხატულებად მიიჩნევს, თუმცა იმასაც უშვებს, რომ იგი ილუზია აღმოჩნდეს. განიხილავს რა ნების თავისუფლების პრობლემას ფსიქოლოგიის ჭრილში, იგი ასეთი ილუზიის გამომწვევი მიზეზების გარკვევას მოითხოვს [5].

      უნდა ვაღიაროთ, რომ ამ საკითხის პირდაპირი და ცალსახა გადაწყვეტის გზა, როგორც ჩანს, არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უკვე დიდი ხანია, მოხსნილი იქნებოდა დღის წესრიგიდან. სინამდვილეში, როგორც ზემოთ დავრწმუნდით, ნებელობითი ქცევის ფენომენოლოგიური აკომპანიმენტი სხვადასხვა ვოლიტურ-ემოციური განცდების მთელი თაიგულია.

      თვითაქტივობისა და გარკვეული დამოუკიდებლობის განცდა ადამიანური ქცევების საკმაო ნაწილს მართლაც ახლავს თან. მაგრამ აქტიურობის ფენომენოლოგია, თავისთავად, თავისუფლების გამოხატულება ვერ იქნება. ფსიქიკა საზოგადოდ აქტივობაა, მით უფრო – ცნობიერი ფსიქიკა. თვითაქტივობის განცდა იმას გვეუბნება, რომ ადამიანი ფლობს ფსიქიკურ ინსტრუმენტებს ქცევის რეგულაციისთვის. ფსიქიკა გენეზისის თვალსაზრისით სხვა ფუნქციის მტარებელი არც არის. ეს რეგულაცია გარემოსთან შეგუებაა, მაგრამ, ამავე დროს, მისგან ერთგვარ დისტანცირებასაც გულისხმობს იმ მხრივ, რომ გარემო ქცევას პირდაპირ კი არ განსაზღვრავს, არამედ ფსიქიკური აპარატის გაშუალებით. რეფლექსია ფსიქიკური აქტივობის შესახებ ცნობებს გვაწვდის. ამიტომ ცნობიერების, ობიექტივაციის დონეზე მიმდინარე ქცევებს მეტ-ნაკლებად ახასიათებს გარემოსაგან დამოუკიდებლობისა და თვითაქტივობის ნიშანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს ნებელობის თავისუფლებას თუნდაც იმიტომ, რომ ობიექტივირებული და ნებელობითი აქტივობა მთლიანად არ ემთხვევა ერთმანეთს. ქცევის ოპერაციული პრობლემების გადასაჭრელად მიმართულ კოგნიტურ აქტივობას შეიძლება თან ახლდეს თვითაქტივობისა და დამოუკიდებლობის განცდა, მაგრამ ის არ არის ნებელობითი და, შესაბამისად, არც თავისუფალი. ასეთია ფსიქიკური აქტივობის მეორე დონეზე, ობიექტივაციის პლანში მიმდინარე თეორიული ქცევა, რომელიც მართებულადაა მიჩნეული მთლიანად დეტერმინირებულ აქტივობად [4].

      საინტერესოა, რომ ნებელობითი ქცევის შემთხვევაშიც კი განცდა არ არის მხოლოდ დამოუკიდებლობის ნიშნით აღბეჭდილი. უზნაძე ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მონაცემებზე დაყრდნობით ასეთ სურათს გვიხატავს: ნებელობის აქტს თან ახლავს სპეციფიკური განცდა, რომელიც უეჭველი აქტიურობისა და უეჭველი პასიურობის, დამოკიდებულების ერთგვარი ნაზავია. უზნაძე მართებულად სვამს საკითხს იმის თაობაზე, თუ სუბიექტში მიმდინარე რა პროცესების ანარეკლი შეიძლება იყოს ასეთი განცდა. მისი პასუხი ასეთია: ნებელობის აქტი იმაზე მიუთითებს, რომ «ამ მომენტში სუბიექტში განწყობა აღმოცენდა, რომელიც მის შემდგომ ქცევას დაედება საფუძვლად და გარკვეული გზით წაიყვანს მას. მაშასადამე, სუბიექტს აქამდე «არ უნდოდა» თითქოს და აი ახლა უკვე «უნდა» და «უნდა ნამდვილად», რადგანაც განწყობა ნამდვილად მხოლოდ ახლა შეიქმნა მასში. ამ განწყობის შექმნა მისი საქმეა. ამდენად, იგი უეჭველად აქტიურია; და ბუნებრივია, რომ იგი ამ აქტივობას განიცდის კიდეც. მაგრამ იგი ხომ პირდაპირ ვერ მოქმედებს განწყობაზე, რომ ეს უკანასკნელი ნებისმიერ შეცვალოს, გამოიწვიოს ან აღკვეთოს, არამედ იგი იდეური სიტუაციის საშუალებით მოქმედებს მასზე. ხოლო როდის გამოიწვევს ეს იდეური სიტუაცია განწყობას, ეს სრულიად არაა სუბიექტის სურვილზე დამოკიდებული; მას მხოლოდ დადასტურება შეუძლია, მოხდა მასში მის მიერ შუალობით გამოწვეული ცვლილება, თუ არა» [5; 219].

      აქ არ შევუდგებით ამ პასაჟის ყველა ნიუანსის გარჩევას. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ განწყობის, მისი ფაქტორებისა და დამოკიდებულობის განცდის ურთიერთმიმართება არსებითად აუხსნელი რჩება. მართლაც, ნებელობის თავისუფლებაზე მსჯელობისას უზნაძე მიუთითებს, რომ ნებელობის სუბიექტი ყველა ფაქტორს ფლობს, იგი თავისუფალია იმდენად, რამდენადაც მის ნებას ექვემდებარება როგორც მაღალი მოთხოვნილებები (ვინაიდან ისინი მე-სია), ისე სიტუაციაც (რამდენადაც იგი მისი წარმოსახვის მოქმედების შედეგია). ამ ფაქტორების გააქტიურება და თავმოყრა განწყობის შექმნას ნიშნავს. ე.ი. იდეური სიტუაციის შექმნით პიროვნება განწყობასაც ქმნის. ეს პროცესი მთლიანად მის ნებაზეა დამოკიდებული; განწყობა «სუბიექტის დამოუკიდებელი აქტივობის ნაყოფია» [5; 222]. მაგრამ მაშინ საიდანღა ჩნდება დამოკიდებულების განცდა? ზემოთ მოყვანილ ამონარიდში მოცემული ვითარება ძნელად წარმოსადგენია: გამოდის, რომ სუბიექტმა თვითონ შექმნა განწყობის ფაქტორები, ახლა კი იმას ელოდება, რომ ვიღაც ან რაღაც, მათზე დაყრდნობით და მისგან დამოუკიდებლად, განწყობას აღმოაცენებს. პასიურობისა და დამოკიდებულების განცდა, თითქოს, სუბიექტის ასეთი გაურკვევლობის შედეგია.

      როგორც არ უნდა იყოს, თავისთავად ასეთი განცდის არსებობა ძალიან ნიშანდობლივია. ე.წ. თავისუფლების განცდა არ ყოფილა განცდა მხოლოდ თავისუფლებისა. ანგარიშგასაწევია ისიც, რომ ნებისყოფისთვის სპეციფიკურ «მე უნდა»-ში აშკარად ჩანს ვითარებებზე, ღირებულებებზე, წესებზე, ნორმებზე და კანონებზე დამოკიდებულების მომენტი. ნებელობითი ქცევის მომზადებისა და შესრულების დროს ადამიანს ხშირად უჩნდება საკუთარ თავზე ძალადობის განცდა. მაშინ, რა განსხვავებაა იძულებასა და ნებელობას შორის? უზნაძე ფიქრობს, რომ პირველ შემთხვევაში სხვის ბრძანებას ვასრულებთ, ხოლო მეორეში – საკუთარი თავისას. «მაგრამ თავის მიმართ ბრძანება – ბრძანება აღარ არის: იგი მოთხოვნილებაა იმის გაკეთებისა, რისი გაკეთების მოთხოვნილებაც სუბიექტს ამ მომენტში არა აქვს. იგი მე-ს მოთხოვნილებათა ხელმძღვანელი როლის შეგნებაა» [5; 234]. ეს წინააღმდეგობრივი და პარადოქსული მსჯელობა ააშკარავებს იმ სირთულეს, რაც უზნაძის მიერ ნებელობის მოტივაციის ბუნების გარკვევას უკავშირდება. ჯერ ერთი, იმის გაკეთების მოთხოვნილება, რისი გაკეთების მოთხოვნილება ახლა არა გაქვს, უბრალოდ არ არსებობს. შემდეგ – მაღალ მოთხოვნილებათა ხელმძღვანელი როლის შეგნება აქტუალური მოთხოვნილება კი არ არის, არამედ – აზრი, იდეა. და ბოლოს, თუ ნებელობითი ქცევა პიროვნებაში მართლაც ხელმძღვანელი როლის მქონე მე-ს მოთხოვნილებებით აღიძვრება, ენერგეტიკული პარადიგმის თანახმად, იგი იმპულსური ქცევა ყოფილა, სადაც თავისუფალ ნებაზე ლაპარაკი საერთოდ არ შეიძლება.

      მაღალ მოთხოვნილებებთან დაკავშირებული გაუგებრობები მათი სხვა ცნებით შეცვლის ტენდენციას აჩენს. ასეთ ცნებად «განწყობის ანთროპულ თეორიაში» ფიქსირებული განწყობაა წარმოდგენილი [4]. სხვათა შორის, ამ მოსაზრებას სერიოზულად განიხილავს ბარამიძეც და მიაჩნია, რომ ამით კიდევ ერთი ხიდი გაიდება უზნაძისა და ჩხარტიშვილის შეხედულებებს შორის. კერძოდ, იგი ეთანხმება აზრს, რომ მე-ს მაღალი მოთხოვნილებები, არსებითად, პიროვნების ფასეულობათა, ობიექტურ ღირებულებათა პერსონიფიცირებულ სისტემას წარმოადგენს. ისინი ქცევის განმსაზღვრელი ფაქტორების ფუნქციას ასრულებენ და მოტივის არჩევას განაპირობებენ. მაგრამ აქ მთავარია გაირკვეს, რა ფსიქიკურ ფორმაში არსებობს ეს «პერსონიფიცირებული» მოტივაციური ფაქტორი და რაში მდგომარეობს მისი, როგორც ქცევის ერთერთი დეტერმინანტის, რეალური ფუნქცია. იგი შეიძლება იყოს უბრალოდ იდეა ღირებულების შესახებ და, ამდენად, ყოველგვარ მამოძრავებელ ძალას მოკლებული. ამ შემთხვევაში სხვა ძალის მონახვა დაგვჭირდება, რომელიც უზნაძისეული მაღალი მოთხოვნილებისაგან სრულიად განსხვავებულ მოვლენად წარმოგვიდგება (როგორც ეს ჩხარტიშვილთანაა). ხოლო, თუკი იგი მართლაც ქცევის რეალური განმსაზღვრელი ძალის მტარებელი მოტივაციური წარმონაქმნია, მაშინ საჭიროა იმის ჩვენება, რას ცვლის არსებითად მისი ჩანაცვლება თუნდაც ფიქსირებული ან დისპოზიციური განწყობის ცნებით, როგორც ამას «ანთროპული თეორია» გულისხმობს. ამაზე არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი მოსაზრება [15].

      ან ფიქსირებული განწყობა ნამდვილი განწყობაა და, მაშასადამე, უზანაძის თანახმად, აქტუალიზებისას ავტონომიურად განსაზღვრავს ქცევას, ან კიდევ იგი მხოლოდ შინაგანი ფაქტორია გაწყობისა, ანუ იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც მე-ს მოთხოვნილება, ე.ი. მისი ფუნქციონალური ექვივალენტია. ამ შემთხვევაში ე.წ. მე-ს მაღალ მოთხოვნილებათა არააქტუალობასთან დაკავშირებული სირთულე ძალაში დარჩება.

      ამრიგად, სპეციფიკური ადამიანური ქცევის ფენომენოლოგიური სურათი, როგორც წესი, რთულია და არაერთმნიშვნელოვანი. მის საფუძველზე იძულებითი და ნებელობითი ქცევის გამიჯვნაც კი ჭირს. მით უფრო არ უნდა იყოს სადავო, რომ ქცევის თანმხლები განცდები მისი რეალური თავისუფლების მაჩვენებლად ვერ გამოდგება. ამაში დასარწმუნებლად შთაგონებული მოქმედების ფაქტების ანალიზიც კმარა. მართლაც, უამრავმა ექსპერიმენტულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ პოსტჰიპნოზური შთაგონების შემდეგ ადამიანები ასრულებენ დავალებულ თუ «ნაბრძანებ» მოქმედებას სრულიად დარწმუნებულნი იმაში, რომ თვითონ არიან ამ აქტივობის ინიციატორები, რომ ეს მათი საკუთარი გადაწყვეტილებაა. როცა მათ ეკითხებიან ამ ქცევის მიზეზის შესახებ, ისინი გარკვეულ ახსნას პოულობენ და, რაც მთავარია, თვითონაც სჯერათ ამისა. ექსპერიმენტების დამკვირვებელთათვის ნათელია, რომ თავისუფალი ნება ვერ იქნება იმ ცდისპირთა ქცევის წარმმართველი, რომელთაც არ ახსოვთ, როგორ დააპროგრამეს ისინი ჰიპნოზის დროს. აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში განცდას შეცდომაში შეჰყავს ადამიანები, ვინაიდან მათი ქცევა თავისუფლების გამოხატულება ნამდვილად არაა. აქედან იმის თქმა შეიძლება, რომ ნებისყოფის თავისუფლების რეალური არსებობის დასამტკიცებლად თვითაქტივობისა და თავისუფლების განცდაზე მინიშნება არაფრის მომცემია. ფენომენოლოგიური არგუმენტი ამ პრობლემას დადებითად ვერ გადაწყვეტს, პირიქით, მას უფრო ბუნდოვანს ხდის.

      სპეციალურ ლიტერატურაში აღწერილია საკმაოდ ბევრი ფაქტი, როცა ადამიანი ასრულებს მოქმედებას და არ განიცდის, რომ ეს მისი თავისუფალი ნების რეალიზაციაა. აქედან ჩნდება მოსაზრება, ხომ არ არის ნების თავისუფლება საერთოდ ილუზია? საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა (განსაკუთრებით ნეირომეცნიერებათა) წარმომადგენლები დაჟინებით ეძებენ ამ კითხვაზე პასუხს და მიაჩნიათ, რომ უკვე შეიძლება მასზე დადებითი პასუხის გაცემა [30]. ისინი ეყრდნობიან უახლესი მეთოდებით მოპოვებულ ექსპერიმენტულ მონაცემებს, რომლებიც მეტყველებენ, რომ ტვინში არსებობს ზონა, რომელიც პასუხისმგებელია გადაწყვეტილებაზე და აქტიურდება მანამ, სანამ ადამიანი გააცნობიერებს თავის გადაწყვეტილებას. საკითხის პირველმა მკვლევარმა, ფიზიოლოგმა ბ. ლიბეტმა ამ წინმსწრებ პროცესებს «მზაობის პოტენციალი» უწოდა. ცდებში, სადაც ნეიროპროცესების გამზომ ხელსაწყოებზე მიერთებულ ცდისპირს ევალება დააჭიროს ღილაკს დროის ნებისმიერ მომენტში, როცა ის ამას გადაწყვეტს, მზაობის პოტენციალის გაზომვით ხერხდება იმაზე ადრე განისაზღვროს ადამიანის გადაწყვეტილება, სანამ ამას მისი განცდა დაადასტურებს. მეტიც, დადგენილია, რომ მზაობის პოტენციალის გაზომვით შესაძლებელია წინასწარ ზუსტად განვსაზღვროთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადამიანი ექსპერიმენტულ ვითარებაში, სადაც რამდენიმე ალტერნატივიდან ხდება არჩევანის გაკეთება. ეს ზოგჯერ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე წამით ადრეც კი ხერხდება [29].

      ამრიგად, გადაწყვეტილება ასეთი თუ ისეთი მოქმედების შესახებ გაცილებით უფრო ადრე მწიფდება, ვიდრე ცნობიერებაში გაჩნდება ნებელობის სპეციფიკური განცდა – «მე ნამდვილად მინდა (უნდა)» განვახორციელო ეს. მაშასადამე, არჩევანის (გადაწყვეტილების) საფუძველი, მისი მიზეზი რაღაც არაცნობიერი პროცესებია. აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანმა არ იცის თავისი გადაწყვეტილების (ქცევის) ნამდვილი მიზეზების შესახებ და ცნობიერების მონაცემებს მიაწერს ასეთი მიზეზის როლს, ანუ განცდაზე დაყრდნობით მცდარად აფასებს თავის ქმედებას თავისუფლად, საკუთარი მე-დან, ცნობიერებიდან გამომდინარედ. ეს იდეა ჯერ კიდევ სპინოზამ გამოთქვა:

      «ადამიანები მხოლოდ იმ მიზეზით მიიჩნევენ თავს თავისუფლად, რომ თავიანთ მოქმედებებს შეიგნებენ, მიზეზები კი, რომლითაც ისინი განისაზღვრება, არ იციან» [20; 460]. ცნობილი ფსიქოფიზიოლოგი პ. სიმონოვიც არსებითად ამ იდას იცავს. არსებობს ისეთი შინაგანი პროცესები, რომლებიც ზემოქმედებენ ცნობიერებაზე, მაგრამ თვითონ არ შეიძლება იქნან გაცნობიერებული. ამ პროცესების გაცნობიერებული შედეგი ადამიანს ეჩვენება მოულოდნელად, არაფრიდან წარმოქმნილად და ე.ი. ინდეტერმინირებულად. სიმონოვი თავისუფლების ამ ილუზიის გამომწვევი გაუცნობიერებელი მიზეზების სახით, ცხადია, ნერვულ პროცესებს ასახელებს [19]. აქეთკენ იხრებიან სხვა ნევროლოგებიც.

      ფსიქოლოგებისთვის სულაც არ არის აუცილებელი, რომ ცნობიერების საფუძვლად და მის განმსაზღვრელ ერთადერთ ინსტანციად ნერვული პროცესები მიიჩნიონ. ფსიქოლოგიამ თავისი ახსნები, შეძლებისამებრ, საკუთარ სფეროში – ფსიქიკაში უნდა ეძებოს. ამიტომაა აუცილებელი ისეთი ფსიქოლოგიური სისტემის შექმნა, სადაც მოქმედება და ცნობიერება წინმსწრები არაცნობიერი ფსიქიკური პროცესებით იქნება განსაზღვრული. ფსიქოლოგიური თეორიების უმეტესობაში ასეთი რამ ან სულ არ არის ნაგულისხმევი, ან კიდევ ეს მოსაზრება ბუნდოვანი და არაკონცეპტუალიზებული იდეის სახითაა მოცემული (როგორც, მაგალითად, თანამდროვე კოგნიტივიზმშია) [24]. ამ მხრივ სიღრმის ფსიქოლოგია ბევრად უკეთ გამოიყურება, მაგრამ იგი იმდენად დაშორებულია საბუნებისმეტყველო-ექსპერიმენტულ პარადიგმას, რომ მისი ცნებების მეცნიერული ვალიდობა სერიოზულ ეჭვებს აღძრავს [3].

      განწყობის თეორიის მიხედვით, ყოველგვარი განცდის, მათ შორის ნებელობასთან დაკავშირებული ცნობიერი განცდების მიზეზი ან საფუძველი არის სათანადო მოქმედების მზაობის მთლიანობითი მდგომარეობა – განწყობა (ძალიან ნიშანდობლივია, რომ ნევროლოგებმაც ცნობიერი ქმედების წინმსწრებ მდგომარეობას მზაობის პოტენციალი უწოდეს). განწყობა არაცნობიერი ფსიქიკური წარმონაქმნია, რომლის აღმოცენებისა და მოქმედების კანონზომიერებანი უკვე საკმაოდ კარგადაა შესწავლილი ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში. უზნაძეს მიაჩნდა, რომ, თუ ნების თავისუფლების განცდა ილუზია აღმოჩნდება, აუცილებელი იქნება ამ ილუზიის ფსიქოლოგიური საფუძვლის გარკვევა. მისივე თეორიიდან გამომდინარე, ასეთი საფუძველი მხოლოდ განწყობა შეიძლება იყოს, განწყობა, რომლითაც უზნაძე ფსიქიკური ცხოვრების ყველა შინაარსის წარმოქმნარეალიზაციას ხსნიდა, მათ შორის – ილუზიებისაც. სწორედ ე.წ. «განწყობის ილუზიების» ექსპერიმენტული კვლევით შეძლო უზნაძემ განწყობის უმთავრესი მახასიათებლების გამოვლენა და თავისი თეორიის ემპირიული ბაზის შექმნა.

      არსებობს ნებელობის თავისუფლების განცდის ახსნის სხვა ფსიქოლოგიური მცდელობაც. ამოსავალი აქაც იგივეა – ქცევის რეალური მიზეზი და მისი სუბიექტური განცდა ერთმანეთს არ ემთხვევა. ოღონდ ამ შემთხვევაში ნამდვილი და მოჩვენებითი მიზეზების ძიება მოტივაციის სფეროში ხდება. ბ. ალახვერდოვი და ე. ილინი დაახლოებით მსგავს მოსაზრებას გამოთქვამენ [10][14]. რაიმე ამოსავალი მიზეზი იწვევს მოთხოვნილების ფორმირებას, იგი თავის მხრივ ხდება მისთვის საჭირო ობიექტისა და დაკმაყოფილების ხერხების ძიების მიზეზი; ამ ძიების პროცესში გამოვლინდება ვითარებები, რომლებიც უშუალოდ განსაზღვრავენ ერთი ვარიანტის შეწყნარებასა და სხვების უარყოფას. ამრიგად, «მოტივაციური პროცესის ბოლო ეტაპი – მოთხოვნილების დაკმაყოფილების ობიექტისა და ხერხის არჩევა – აღმოჩნდება შორსმდებარე პირველადი მიზეზისაგან და თითქოს მისგან დამოუკიდებელი (რაც «არჩევანის თავისუფლების» განცდას იძლევა) და ამასთანავე დეტერმონირებულიც, ოღონდ უკვე სხვა მიზეზებით» [14; 26]. დეტალებში რომ არ ჩავღრმავდეთ, ეს მსჯელობა წააგავს ზემოთმოყვანილს, სადაც მოთხოვნილებისა და ქცევის საგნების განსვლის მოვლენა საჭიროების განცდის წარმოქმნის ერთერთი მექანიზმის სახით დავახასიათეთ.

      ამასთან ერთად, იმის უარყოფაც არ შეიძლება, რომ რამდენად ილუზორულიც არ უნდა იყოს თავისუფლების განცდა, ის უთუოდ დადებით როლს თამაშობს პიროვნული ადაპტაციის თვალსაზრისით. ამას აჩვენებს ატრიბუციისა და თვითკონტროლის კვლევები. დადასტურებულად ითვლება, რომ თუ ადამიანები თავისი მოქმედების მიზეზად საკუთარ თავს კი არა, გარე ვითარებას მიიჩნევენ, ქცევის პიროვნული კონტროლის ეფექტურობა საგრძნობლად მცირდება. მრავალი ექსპერიმენტული გამოკვლევა ჩატარდა იმის საჩვენებლად, თუ რა ზემოქმედებას ახდენს აქტივობის ხასიათსა და ნაყოფიერებაზე ცდისპირის რწმენა, რომ მას შეუძლია თავისი ქცევის გაკონტროლება. მათი შედეგების განზოგადებისას მკვლევარები შემდეგ დასკვნამდე მიდიან: «იმის განცდა, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, ილუზია, რომ ყველას შეუძლია გააკეთოს საკუთარი არჩევანი, პოზიტიურ და განმსაზღვრელ როლს თამაშობს ცხოველქმედების ხელშეწყობის პროცესში. თავისუფლების ილუზიის მოცილება უმტკივნეულოდ, არასასურველი შედეგების გარეშე, შეუძლებელია» [25; 425-426]. საფიქრებელია, რომ ამიტომაც არის ნების თავისუფლების იდეა ასეთი სიცოცხლისუნარიანი.

      ზემოთ მოყვანილი მსჯელობები და ემპირიული მონაცემები, ცხადია, არაა საკმარისი ნების თავისუფლების ცალსახა უარყოფისთვის. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს პრობლემა, ი. კანტის თქმისა არ იყოს, საერთოდ არ ექვემდებარება მეცნიერულ გადაწყვეტას. ჩვენ მხოლოდ იმის ჩვენება გვსურდა, რომ ფენომენოლოგიური არგუმენტი არ ადასტურებს არც თავისუფლების და არც ნებელობის სპეციფიკური ენერგეტიკის არსებობას.

      ამრიგად, საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ფენომენოლოგიური ასპექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ნებელობის ფსიქოლოგიაში. მასთან უშუალო კავშირში დაისმის და წყდება ნებელობის თეორიის ორი ძირეული საკითხი: ნებელობის დინამიკური წყაროსა და ნების თავისუფლებისა. ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში ნებელობისთვის სპეციფიკურად ორი სახეობის განცდაა მიჩნეული: «მე მინდა» (უზნაძე) და «მე უნდა» (ჩხარტიშვილი). შესაბამისად ორი თვალსაზრისი არსებობს იმის შესახებ, თუ რა აღძრავს ნებელობით ქცევას: უზნაძის მიხედვით, ესაა მაღალი მოთხოვნილებები, ჩხარტიშვილის თანახმად კი ნებისყოფას ავტონომიური ენერგეტიკული წყარო ასაზრდოებს. ბარამიძე შეეცადა ნებელობის ფენომენოლოგიის ორი თვალსაზრისის შერიგებას: ქცევის მოსამზადებელი ნაწილი «მე უნდა» განცდას დაუკავშირა, ხოლო მისი შესრულება – «მე მინდა»-ს. ეს შეხედულება ბევრ წინააღმდეგობას აწყდება. მთავარი ისაა, რომ არაა გათვალისწინებული რეალური ფენომენოლოგია: გადაწყვეტილებისას წარმოქმნილი საჭიროების განცდა მისი სისრულეში მოყვანისას სურვილად არ გადაიქცევა.

      ნებელობითი ქცევის დინამიზაციის საკითხი განცდებზე დაყრდნობით ვერ გადაწყდება – განცდა უშუალოდ არ მიუთითებს მის უკან მოქმედი დინამიკური ძალის ფსიქოლოგიურ ბუნებაზე. მიგვაჩნია, რომ ყველა ქცევას ერთიანი ენერგეტიკული საწყისის დიფერენციაციის გზით გაჩენილი მოთხოვნილებები კვებავს. ქცევის ფენომენოლოგიური სურათი კი დამოკიდებულია მრავალი შინაგანი და გარეგანი ფაქტორის ურთიერთზემოქმედებაზე. აქ ვოლიტურემოციური განცდების მთელი კონტინუუმია – დაწყებული სურვილიდან, დამთავრებული იძულებით. საჭიროების ანუ «მე უნდა»-ს განცდას, მაგალითად, იწვევს ვითარება, როდესაც ქცევისა და მოთხოვნილების საგნები ერთმანეთს არ ემთხვევა (ე.წ. ინსტრუმენტული ქცევა), ან ქცევის პოლიმოტივაციურ სისტემაში წარმოქმნილი სხვადასხვა კოლიზია და ა.შ. საზოგადოდ კი განცდებს ქცევის განწყობა აჩენს. განწყობის თეორიაში ბევრი ბუნდოვანებაა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შინაარსისა და სტრუქტურისაა ნებელობითი აქტივობის თითოეული პერიოდის საფუძვლადმდებარე განწყობა.

      ფენომენოლოგიური არგუმენტი არც ნების თავისუფლების პრობლემის გადასაწყვეტად გამოდგება. თავისუფლების განცდა მაშინაც იჩენს თავს, როცა ქცევა სუბიექტის ნებით არ არის განსაზღვრული, (მაგალითად, პოსტჰიპნოზური შთაგონების დროს). ფილოსოფოსების მიერ დასმულ შეკითხვაზე, ხომ არ არის ნების თავისუფლების განცდა ილუზია, ნეირომეცნიერებათა ზოგიერთი წარმომადგენელი, უახლეს გამოკვლევებზე დაყრდნობით, დადებითად პასუხობს. ეს გამოკვლევები თავისუფალი ნების ციტადელის – გადაწყვეტილების წინმსწრებ და მის განმსაზღვრელ არაცნობიერ პროცესებზე მიანიშნებს. მათი დახასიათება ზედმიწევნით კარგად შეიძლება განწყობის ცნებით. უზნაძის მიხედვით ხომ განწყობა ყოველგვარი ქცევის და ცნობიერი განცდის, მათ შორის ილუზორულის, ფსიქოლოგიური საფუძველია.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: გამოკვლევები თეორიულ ფსიქოლოგიაში


[1] დაწვრილებით ეს ანალიზი მოცემულია სხვაგან [30].

[2] ს ეპიზოდი მაგალითია ე.წ. ჩართული ქცევისა (ტელეფონზე ლაპარაკი და სამსახურისკენ სიარული ხომ სხვადასხვა ქცევებია), რაც საკმაოდ ხშირია ყოველდღიური აქტივობის პროცესში. ეს ქცევითი რეალობა ამავე წიგნში არის გაანალიზებული (იხ.: ქცევის პოლიმოტივაცია).

[3] მომავალში სპეციალური ანალიზია ჩასატარებელი ე.წ. «განწყობის მესამე ფაქტორის» დინამიკის გასარკვევად. იგი უნდა დაეყრდნოს ამ ფაქტორის უფრო ხარისხიან დახასიათებას. კერძოდ, ადამიანის ოპერაციული შესაძლებლობები შეიძლება დაიყოს ფუნქციონალურად და ინსტრუმენტულად. ფუნქციონალურშესაძლებლობებს არსებითად შეადგენს ინდივიდის ანატომიურ-ფიზიოლოგიური, ფსიქოფიზიოლოგიური და სენსომოტორული თვისებები, აგრეთვე სუბიექტის უნარები და მიდრეკილებები. განსაზღვრავენ რა მოქმედების ბუნებრივ ჩარჩოებსა და საზღვრებს ორგანიზმის მხრიდან, ისინი წარმოადგენენ ყოველგვარი ქცევის კონსტიტუციურ-ფუნქციონალურ საფუძველს.ინსტრუმენტულიშესაძლებლობები აერთიანებს ფიზიკური და სოციალური გარემოს საგნებთან, მოვლენებთან თუ ტექნოლოგიურ საშუალებებთან მოპყრობისა და ურთიერთობის ცხოვრების პროცესში შეძენილ ხერხებს, ანუ ყოველივე იმასთან, რაც შეადგენს ადამიანის განწყობისა და ქცევის სიტუაციას. ინსტრუმენტული შესაძლებლობები გამოცდილების გზით ყალიბდება და შედგება ცოდნა-ჩვევებისაგან.

[4] სხვათა შორის, ცნობიერების თეორიული სამუშაოს ამ ორ სახეობაზე უზნაძისაგან დამოუკიდებლად მიუთითა შ.ნადირაშვილმა და განასხვავა ერთმანეთისაგან რაციონალური და პოზიციური აზროვნება [12]. საფიქრებელია, რომ უზნაძის აღნიშნულ მოსაზრებათა გათვალისწინება ამ საინტერესო ანალიზს უფრო გაამდიდრებდა.

[5] თავის დროზე ჩვენ მიერ გადაწყვეტილების მიღების მოდელების გარკვეული ანალიზი შესრულდა მაშინ არსებული მასალის საფუძველზე [30]. მას მერე ბევრი ახალი ემპირიული მონაცემი და თეორიული მოსაზრება გაჩნდა [20].

[6] დაწვრილებით ამ საკითხის შესახებ იხილეთ ამავე კრებულში: «ნებელობითი ქცევის ფენომენოლოგიია»

[7] ჩვენი შეხედულებით, თუ მოთხოვნილების და მოტივის ცნებები არ არის გაიგივებული და თუ ქცევისა და მოტივის ერთმნიშვნელოვანი შესატყვისობის თეზისიდან ამოვდივართ, ასეთი ვითარება პოლიმოთხოვნილების გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ და არა პოლიმოტივაციისა [30].

[8] შედარებით მოკლედ ეს თვალსაზრისი გადმოცემულია აგრეთვე მოცემულ კრებულში შემავალ გამოკვლევაში: «ადამიანის ქცევის მოტივაციის დინამიკური მოდელი და სუბიექტივაცია».

[9] მოტივაციის პროცესის დინამიკური ასპექტები გაშუქებულია ამავე წიგნში: «ადამიანის ქცევის დინამიკური მოდელი და სუბიექტივაცია».

[10] სხვათა შორის, უზნაძეც ჩაერთო ამ საკითხის განხილვაში. მისი კომენტარის მიხედვით, ნ. ახს იმისთვის საყვედურობენ, რომ მისი «ცდა არჩევანს არ ეხება, რადგან ცდისპირი ინსტრუქციით ღებულობს მას. საყვედური უმართებულოა: არჩევანი ინტელექტუალური აქტია და ნებელობის ექსპერიმენტში მას მხოლოდ აქსესუარის როლი შეიძლება დაეკისროს» [7; 59]. ჯერ ერთი, გასარკვევია არჩევანის აქტის სტატუსი ნებელობის პროცესში და ის, თუ რამდენად გამართლებულია მის არავოლიტურ, წმინდადინტელექტუალურბუნებაზე საუბარი. მაგრამ, ასეც რომ იყოს, ზელცის საყვედური არჩევანს კი არა, გადაწყვეტილებას ეხება. იგი მართლაც უკვე მიღებულია მანამ, სანამ ცდისპირი დავალების შესრულებას დაიწყებს და თავის განცდებზე მოგვიყვება. ასე, რომ სინამდვილეში რასთანაა დაკავშირებული აღნიშნული ფენომენოლოგია, სულაც არ არის ნათელი.

[11] განცდის ერთადერთი ტრანსფორმაცია, რომელიც შემჩნეულია ნებელობის ექსპერიმენტული კვლევისას, ეხება იმას, რომ გადაწყვეტილებამდე სუბიექტი უმწეობას, ყოყმანს, აგზნებულობას განიცდის; გადაწყვეტილების შემდეგ კი მასში გარკვეულობის, სიმყარისა და დამშვიდების განცდები ისადგურებს [5]. ასეთი ფენომენოლოგიური სურათი ზოგჯერ მართლაც არსებობს, მაგრამ ის არ უნდა იყოს უნივერსალური. ამაზე თუნდაც პოსტგადაწყვეტილებისეული დისონანსის კვლევა მიუთითებს [22][23], მაგრამ აქ არსად ჩანს რაიმე იმის მსგავსი, რომ «მე უნდა» «მე მინდა»-ში გადაიზარდა.

[12] მეორე შემთხვევაში ლაპარაკია «პრაქტიკული ქცევის განწყობაზე», რაც არ არის ზუსტი, ვინაიდან გადაწყვეტილების შემდეგ მიღებული განწყობა შეიძლება თეორიული ქცევისაც იყოს. უზნაძის ცნობილი მაგალითი რომ დავიმოწმოთ [5], კონცერტზე წასვლის ნაცვლად სახლში დარჩენისა და სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობის განწყობა, ისევე როგორც შესაბამისი ქცევა, არა პრაქტიკული, არამედ თეორიულია.

[13] ამ წერილში ვერ ჩავღრმავდებით ნებელობითი ქცევის განწყობისეული რეგულაციის საკითხში. ეს ანალიზი ფართოდ გვაქვს წარმოდგენილი სხვაგან [15]. მასში დასაბუთებულია, რომ გადაწყვეტილებამდელ მოტივაციის პროცესს უსათუოდ ესაჭიროება თავისი განწყობისეული საფუძველი. დახასიათებულია ასეთი განწყობის შესაძლო ფაქტორები.

[14] ეგზისტენციალური ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის კვალდაკვალ, ადამიანის (პიროვნების) არსებით და გამორჩეულ ნიშნად თავისუფლების აღიარება შეიძლება ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდეს მორალის ან პოლიტიკის გადასახედიდან, მაგრამ ემპირიული მეცნიერების თვალთახედვით ეს ითხოვს პასუხს კითხვაზე, როგორარისშესაძლებელითავისუფალი (ინდეტერმინირებული) პროცესის (მოვლენის) მეცნიერულიშესწავლა? არც ფილოსოფოს და არც ფსიქოლოგ ეგზისტენციალისტებს ამაზე რამდენადმე გარკვეული პასუხი არ გააჩნიათ. ეს უკანასკნელნი ხომ აკადემიურ ფსიქოლოგიაში დამკვიდრებულ მეთოდებს (ექსპერიმენტული, კორელაციური, სტატისტიკური და ა.შ. მეთოდები) უნდობლობას უცხადებენ ან საერთოდ უარყოფენ [4][20]. ეს გასაგებიცაა. ექსპერიმენტი მიზეზობრივ კავშირებს ადგენს; სადაც ექსპერიმენტია და კანონზომიერება იქ თავისუფლებისთვის ადგილი აღარ არის (ცხადია, თუ ის შემთხვევითობის მნიშვნელობით არაა გაგებული). ოღონდ საქმე ისაა, რომ ექსპერიმენტული მონაცემების გარეშე ვერც განწყობის ფსიქოლოგია (თუნდაც ანთროპული) იარსებებს. ამრიგად, ალტერნატივა ასეთია: ანდეტერმინიზმი, სციენტისტურიმიდგომისსხვაპრინციპებიდაგანწყობისფსიქოლოგია, ანთავისუფლება, ჰუმანიტარულიმიდგომისსხვაპრინციპებიდაეგზისტენციალურიფსიქოლოგია.

[15] თუ შემოქმედება ხელოვნებაა (რასაც ანთროპული თეორია ამტკიცებს), მაშინ სიტუაციური გეგმის შედგენა ვერ მოინათლება შემოქმედებად (ახლის ქმნადობად) და თავისუფლებად.

[16] ამაზე მიუთითებდა მრავალი მოაზროვნე, რომელიც ნებელობის თავისუფლების საკითხს იკვლევდა. მაგალითად, შოპენჰაუერის მიხედვით თვითცნობიერება გვიდასტურებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვაკეთოთ ის, რაც გვწადია, გვინდა. მაგრამ შეგვიძლია კი არ გვინდოდეს ის, რაც მოცემულ მომენტში გვინდა? ასეთი კითხვის დასმა იგივეა, რაც იმის გამოძიება, შეგვიძლია თუ არა ვიყოთ სხვანაირი, ვიდრე ვართ [3]. ჰოლბახი წერდა: «თუ შევძლებთ, ვიპოვოთ ჩვენი მოქმედების ჭეშმარიტი აღმძვრელი მიზეზები, დავრწმუნდებით, რომ ისინი ყოველთვის წარმოადგენენ ჩვენი სურვილებისა და ნდომების აუცილებელ შედეგს, რომლებზეც არასდროს არა გვაქვს ძალაუფლება. თქვენ თვლით თავს თავისუფლად, ვინაიდან აკეთებთ ყველაფერს, რაც გინდათ. მაგრამ თავისუფლები ხართ, გინდოდეთ ან არ გინდოდეთ, გსურდეთ ან არა გსურდეთ? განა არ იბადებიან თქვენი სურვილები და მისწრაფებები საგნებისა და თვისებებისაგან, რომლებიც არანაირად არ არიან თქვენზე დამოკიდებულნი» [17; 304-305]. იგივე აზრს იმეორებს ვინდელბანდი [16] და სხვები. რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ ამა თუ იმ აქტუალურ მოთხოვნილებას, მაგრამ ისევ სხვა მოთხოვნილების (თუ ღირებულების) გამოისობით და მისი ძალის მეშვეობით. სუბიექტს (პიროვნებას) არა აქვს სხვა, მოტივაციური წარმონაქმნებისაგან განსხვავებული აღძვრითი პოტენციალი. პიროვნებაში ისეთი ავტონომიური ძალის დაშვება, რომელიც არ არის არც მაღალი მოთხოვნილება, არც ინტერიორიზებული ღირებულება ან გაფიქსირებული განწყობა, უკეთეს შემთხვევაში ვოლუნტარიზმია, უარესში – მისტიციზმი.

[17] მ. არნოლდი ამბობდა – ყველა არჩევანს თავისი მიზეზი აქვს, მაგრამ ეს მიზეზი ამომრჩეველშიაო, როგორც მოტივი. ვ. ფრანკლი ასეთ მიზეზებს ახასიათებს როგორც სუბიექტურ საფუძვლებს და საზრისებს, რომლებიც მოტივების სახით მოქმედებენ. როგორც პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტები, რომელთაც რეალურ ქცევასთან აქვთ საქმე, ეგზისტენციალისტი ფსიქოლოგები ნათლად ხედავენ, რომ ქცევის ახსნა მხოლოდ ადამიანის «თავისუფალი ნებით», რომელსაც უპირობოდ შეუძლია აირჩიოს ყველაფერი, «რაც კი მოესურვება», არა მხოლოდ თეორიულადაა უმართებულო, არამედ პრაქტიკულადაც არაპროდუქტიული. ამიტომ დეტერმინიზმთან გაიგივებული კაუზალობის ნაცვლად მათ ქცევის მოტივირებულობისპრინციპი შემოაქვთ. ადამიანის გადაწყვეტილება და ქცევა მიზეზობრივად კი არ არის გამოწვეული გარეგანი ფაქტორებით, არამედ შინაგანად არის გაპირობებულიმოტივებით [31]. მ. ბოსი პირდაპირ ამბობს – სულიერ დაავადებას არ გააჩნია მიზეზები; მას მხოლოდ მოტივები აქვს. ადამიანურ სამყაროში მიზეზები საერთოდ არ მოქმედებს; აწმყო მოტივირებულიაწარსულითდაარადეტერმინირებული [38].

[18] დეტერმინიზმის კატეგორია არ მოიაზრება, როგორც მხოლოდ მიზეზობრიობა (მით უმეტეს მექანიკური). დეტერმინიზმიგულისხმობსმოვლენათაშორისკანონზომიერიდააუცილებელი (არაშემთხვევითი) კავშირებისარსებობისაღიარებას. თვით კავშირის სახე შეიძლება მრავალნაირი იყოს: კორელაციური, ფუნქციური, სტატისტიკური, სისტემური, გენეტიკური, აგრეთვე ლოგიკური და ტელეოლოგიური (კავშირი მნიშვნელობებს შორის, სხვადასხვა სახის გამომდინარეობა და განსაზღვრულობა, მათ შორის მიზნით ან საფუძვლით გაპირობებულობა) [2][3][26][28][30].

[19] დაწვრილებით ამაზე იხილე მოცემულ წიგნში: «ადამიანის ქცევის მოტივაციის დინამიკური მოდელი და სუბიექტივაცია».

[20] «შენიშვნების რვეულში» ვხვდებით ასეთ ჩანაწერს: «ალბათ არის მდგომარეობა, როცა სუბიექტს გარკვეული დომინანტური განწყობა არა აქვს, რომ ქცევაში ის გაიშალოს. შეიძლება იყოს ასეთი გარდამავალი, უგანწყობო მდგომარეობა, როცა მდგომარეობა ჯერ კიდევ არაა გარკვეული ... ასეთ შემთხვევაში სუბიექტის ქცევას ალბათ ქაოტური ხასიათი ექნება ... არც ერთ განწყობას არ აქვს მოპოვებული დომინანტური მდგომარეობა და სუბიექტი აღარწარმოადგენსპიროვნებას» [13ბ; 76]. აღწერილი ვითარება ზუსტი გაგებით მაინც არ ჩაითვლება უგანწყობო მდგომარეობად, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მას არაფერი აქვს საერთო პიროვნების მიერ წარმართულ ნებელობით პროცესთან. იქსადაცპიროვნებააღარარის, არცნებელობაარსებობს.

[21] წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტივაციის პლანში წარმართული ყველა ქცევა ნებელობითი აღმოჩნდება, რამდენადაც მათი განწყობა ნებელობის ჩარევით აქტუალიზდება. ეს ამ მოდელს ეკოლოგიურად არავალიდურს ანუ რეალობასთან შეუსატყვისად აქცევს, ვინაიდან იმის მტკიცების ტოლფასი იქნება, რომ ცნობიერებით გაშუქებული ყოველგვარი აქტივობა ნებელობის ფუნქციის გამოვლინებაა [7].

[22] აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ მთელი ეს კონსტრუქცია განწყობის სტატიკური სტრუქტურის ფარგლებშია აზრიანი. დინამიკური მოდელის თანახმად ქცევის პროცესში გაჩენილი ყოველგვარი პრობლემის მოგვარება ერთიანი და მუდმივმოქმედი განწყობის სტრუქტურის დაზუსტებისა და კორექციის საფუძველზე ხდება.

[23] იხილე მოცემულ წიგნში: «ნებელობითი ქცევის ფენომენოლოგია».

[24] ეს შეფასება, როგორც აღვნიშნეთ, გარკვეულად შეესაბამება სინამდვილეს, თუმცა გაკეთებული იმდენია, რომ ამის უბრალო კონსტატაცია საკმარისი არ არის.

[25] განწყობის ფსიქოლოგია უკვე კარგა ხანია აღარ არის მონოლითური სისტემა, მასში არის სხვადასხვა მიმდინარეობები. არსებობენ ორთოდოქსალური «უზნაძისტები»; არიან ისეთები ვინც ახალ გზებს ეძებენ და ცვლილებები შეაქვთ, ავითარებენ დ. უზნაძის თეორიულ კონსტრუქციებს. ასეთთა რიგში ერთ-ერთი პირველი უდავოდ არის შოთა ნადირაშვილი. მაგრამ არიან სხვებიც და ეს რეალობაა, რომელზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. მაგალითად არსებობს ხაზი, ორიენტაცია შალვა ჩხარტიშვილისა, რომელმაც გაამდიდრა განწყობის თეორიის ანალიზი და შექმნა ე.წ. «განწყობის დინამიკური სტრუქტურის მოდელი», რომელიც პრინციპულად უპირისპირდება დონეების სტატიკურ მოდელს (დ. უზნაძე, შ. ნადირაშვილი). მისი ავტორის გარდაცვალების შემდეგ იგი ერთგვარად ჩრდილში მოექცა, მაგრამ ამჟამად სულ უფრო მეტ მომხრეს იძენს. ამ მოდელის ევრისტულობაში ადვილად დარწმუნდება ყველა, ვინც თუნდაც იმ კრებულს გადაშლის, რომელშიც თავად დ. ნადირაშვილის წერილია განთავსებული.

[26] ავტორი იმით კმაყოფილდება, რომ იმოწმებს საღვთო წერილს, «სადაც ნათქვამია, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა თავისი თავის სახედ და ხატად, მას მისცა თავისუფლება თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, აირჩიოს ცხოვრების გზა და პასუხი აგოს საკუთარ საქმიანობაზე» [10; 188]. ურიგო არ იქნებოდა, რომ ამ თეოლოგიურ მტკიცებას მეცნიერული არგუმენტაციაც დამატებოდა.

[27] ავტორი ალბათ არ აცნობიერებს, რომ პიროვნებისთვის საკუთარი ავტონომიური ძალის მიწერა, რაც თითქოს მისი თავისუფლების გამოხატულებაა, არსებითად, მეორე ძალის დაშვებაა და, მაშასადამე, შ. ჩხარტიშვილის პოზიციის გამეორება. ამასთან საეჭვოა, რომ იგი იზიარებდეს შ. ჩხარტიშვილის შეხედულებას, რომელიც წერილში ფაქტობრივად იგნორირებულია.

[28] ბოლო ხანს ამ საკითხით დაინტერესდა მ. მაღრაძე და მოგვცა მისი საინტერესო ანალიზი. ამავე დროს ზოგი რამ საკამათოა, კერძოდ მტკიცება, რომ განწყობის სუბიექტური ფაქტორის საფუძვლმდებარე განწყობის პრობლემა მკვლევართათვის შეუმჩნეველი დარჩა. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს (იხილე თუნდაც [3]).

[29] 2 ზ. ვახანია ემპირიული კვლევის საფუძველზე ადასტურებს, რომ «შეგრძნების საფეხურიც კი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკურ-ფიზიოლოგიური დონისა». «სწორედ აქედან, განწყობის ჩამოყალიბებაში ჩართული შეგრძნების ფსიქიკურ-განცდითი (ოღონდ ქვეცნობიერი) შინაარსიდან იწყება ფსიქოლოგია» [1; 49].

[30] აზრი დაეკარგება ქცევის ფსიქოლოგიისთვის, თუმცა ძალიანაც საინტერესო საკითხია კერძო მიმართულებისთვის – აღქმის ფსიქოლოგიისთვის.

[31] აღქმაზე, როგორც ქცევაზე საუბარი შესაძლებელია იმ იშვიათ შემთხვევაში, როცა აღმოცენდება და კმაყოფილდება საკუთრივ აღქმის პროცესთან დაკავშირებული მოტივაცია. მაგალითად, ადრეული ბავშვობის ე. წ. ჭვრეტის პერიოდში, ან კიდევ დაკვირვების აქტივობის განხორციელებისას. ოღონდ აქაც, ქცევისა და ფსიქიკური პროცესის გაიგივება პირობითია. საქმე ისაა, რომ პრაქტიკულად ყველა ქცევის შესრულება ფსიქიკური პროცესების ერთობლიობას გულისხმობს, ვინაიდან 1) ისინი აქტივობის მიზანშეწონილებისთვის აუცილებელ განსხვავებულ ფუნქციას ასრულებენ და 2) თვით ფსიქიკური პროცესები არიან ერთმანეთში «შეზრდილები». მაგალითად, დაკვირვების ფორმაში მიმდინარე აღქმაში გარკვეულად ყურადღებაც მონაწილეობს, მეხსიერებაც და აზროვნებაც.

[32] ქცევის «მუშა» აღწერითი მოდელის მისაღებად შემდგომი კვლევაა საჭირო, რათა გაირკვეს კრიტერიუმები, რომლებიც სარწმუნოდ მიგვანიშნებენ აქტივობის ნაკადში ახალი ინტენციონალური ხაზის (ქცევის) გაჩენის ფაქტზე.

[33] სწორედ ტრანსფორმაცია და არა მხოლოდ დიფერენციაცია. ეს უკანასკნელი დამახასიათებელია განწყობის დინამიკისთვის ერთი ქცევის ფარგლებში. ე. წ. «სტიმულაციური ხატები», მაგალითად, განწყობას უფრო დიფერენცირებულს ხდის. მაგრამ როცა რადიკალურად იცვლება აქტივობის ინტენციონალური მხარე, მისი მოტივაციური შინაარსი, ეს უკვე ტრანსფორმაციაა. მუშაობის ნაცვლად სასეირნოდ წასვლის გადაწყვეტილებას აქტუალური განწყობის ასეთი ტრანსფორმაცია უძღვის წინ.

[34] ეს დებულება უზნაძის მიერ არაცნობიერის ფსიქოანალიზური თეორიის კრიტიკული განხილვის საფუძველზე იქნა ფორმულირებული. ამ ანალიზის დამაჯერებლობა ცალკე საკითხია [1].

[35] უზნაძე გარდაიცვალა შემოქმედებითი ცხოვრების ზენიტში, როდესაც მისი თეორია განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადიოდა. ამას თვალნათლივ ადასტურებს მისი «შენიშვნების რვეული» [12]. აქ მოცემულია უზნაძის მიერ 1944-49 წლებში გაკეთებული ჩანაწერები, რომლებიც ეხება განწყობის თეორიის პრინციპულ საკითხებს. რაც მთავარია, კარგად ჩანს, როგორ სინჯავს ავტორი მათი გადაწყვეტის სხვადასხვა გზებს; ერთსა და იმავე პრობლემაზე ზოგჯერ საკმაოდ განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამს. უზნაძეს რომ ამ სამუშაოს დასრულება დასცლოდა, დღეს მოხსნილი იქნებოდა ბევრი კითხვის ნიშანი, რომელიც განწყობის თეორიის მიმართ დაისმის; არ იარსებებდა ინტერპრეტაციის ამდენი მცდელობა და პრეტენზიები მისი «წაკითხვის» ერთადერთ ჭეშმარიტ ვარიანტზე.

[36] აღსანიშნავია, რომ მსგავს დაკვირვებებს ეყრდნობა ბრენტანოს მოწაფე და მისი «ინტენციონალურ-ფენომენოლოგიური» ხაზის გამგრძელებელი კ. შტუმფი, როდესაც ამტკიცებს, რომ ფუნქცია (აქტი) და მისი შინაარსი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად იცვლება. ამიტომ ისინი არა თუ ერთიან პირველად ცნობიერებას ქმნიან, არამედ სხვადასხვა მეცნიერების, კერძოდ, ფსიქოლოგიისა და ფენომენოლოგიის საგანს შეადგენენ [2].

[37] ეს უნდა გავითვალისწინოთ, თუ გვსურს უზნაძის თეორიის ფარგლებში დავრჩეთ. უზნაძის მიხედვით, განწყობა თუნდაც იმიტომ არ შეიძლება ცნობიერი იყოს, რომ ამ შემთხვევაში იგი კერძო ფსიქიკური მოვლენის სახეს მიიღებს. ცნობიერებას მარტო ასეთ მოვლენებთან (აზრები, გრძნობები, ხატები...) აქვს საქმე. თანამედროვე ფსიქოლოგიაში გამოყოფილია უფრო რთული შემადგენლობის ფსიქიკური მოვლენები, მაგალითად კოგნიტურ-ემოციური, ან კოგნიტურ-მოტივაციური (მათზე, სხვათა შორის, თვით უზნაძეც მიუთითებს). არსებობს სამკომპონენტიანი ფენომენებიც, მაგალითად, ატიტუდები. მაგრამ, ყველა მათგანი მაინც კერძო ფსიქიკურ მოვლენად რჩება და, უზნაძის მიხედვით, განწობის ცნობიერ ფორმად ვერ ჩაითვლება.

[38] მაგალითად, სხვადასხვა ცდებში სითხიანი ჭურჭლის ნაწილს, სადაც პარამეციები დაცურავენ, ანათებენ და, ამავე დროს, ათბობენ ან ატარებენ დენს. მალე ინფუზორიები იწყებენ შეგროვებას უსაფრთხო ჩაბნელებულ ნაწილში და იქ იმის შემდეგაც რჩებიან, რაც დამთავრდება მათი «დასჯა». ანუ ცხოველებმა, რომლებიც აქამდე გულგრილნი იყვნენ განათებულობის მიმართ, დაიწყეს უპირატესობის მინიჭება ჭურჭლის უსაფრთხო ნაწილისადმი უარყოფითი განმტკიცების არქონის შემთხვევაშიც. ეს, ფაქტობრივად, პირობითი რეფლექსია [19].

[39] ამ საკითხის ნათელყოფას სპეციალური კვლევა ესაჭიროება.

[40] აქ, არსებითად, საუბარია იმ სირთულეზე, რომელიც განწყობის «ობიექტური» ფაქტორის მიმართ თვით თეორიის ავტორმა გააცნობიერა და რომელსაც შემდგომში «აღქმის პარადოქსი» დაერქვა: განწყობის აღმოცენებას სიტუაციის აღქმა უნდა უსწრებდეს, რომელიც, თავის მხრივ, განწყობის გარეშე ვერ განხორცილდება. ამ წინააღმდეგობის დაძლევის დღემდე არსებული არც ერთი მცდელობა (მათ შორის უზნაძისაც) დამარწმუნებლად არ გამოიყურება. პერსპექტიული ჩანს ამ საკითხის ე.წ. «განწყობის დინამიკური მოდელის» საფუძველზე გააზრება, რაც რამდენჯერმე გაჟღერდა სხვადასხვა ავტორის მიერ, მაგრამ ჯერ-ჯერობით გაფორმებული სახით არ ყოფილა წარმოდგენილი (იხ. ამ წიგნში: «ვარიაციები განწყობის სტრუქტურის დინამიკური მოდელის თემაზე»). აქ მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ მოცემულ კონტექსტში აღქმის პარადოქსზე ვისაუბრებთ არა იმდენად ახალი აქტუალური გაწყობის წარმოქმნის, რამდენადაც საზოგადოდ «პირველი განწყობის» აღმოცენების კუთხით, ე.ი. არა აქტუალგენეზის, არამედ ფილოგენეზის თვალსაზრისით.

[41] მოთხოვნილების ფსიქიკურ რეპრეზენტაციაზე უზნაძე ამ კონტექსტში სულ არ საუბრობს, რაც ძნელი ასახსნელია იმიტომ, რომ მოთხოვნილების შესახებ ფსიქიკური შეტყობინების აუცილებლობაზე, არსებითად, იგივე ლოგიკა ვრცელდება, რაც სიტუაციაზე.

[42] აქ გასათვალისწინებელია, რომ ფროიდი, რა თქმა უნდა, იცნობდა არაცნობიერის ტრადიციულ გაგებას, მათ შორის ჰერბარტის გაგებასაც, რომელსაც სწორედ ზედმიწევნით შეეფერება ფორმულა «განცდა მინუს ცნობიერება».

[43] ამას ხაზი უნდა გაესვას, რადგან განწყობის ფსიქოლოგიაში ასეთი პოზიციაა გავრცელებული, თითქოს «უზნაძის ხელმძღვანელობით ჩატარებული ექსპერიმენტული ძიების საფუძველზე მტკიცდება, რომ ფიქსირებული განწყობა წარმოადგენს არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობის ერთადერთ ფორმას» [2; 53]. ასეთი კატეგორიული მტკიცების საფუძველი სამწუხაროდ არ არსებობს. ფიქსირებული განწყობის მოდალური ექსპერიმენტებიც კი არ აჩვენებენ არაცნობიერის (განწყობის) ონტოლოგიურ სახეს და მით უფრო იმას რომ ის არაცნობიერი ფსიქიკის ერთადერთი ფორმაა. აღქმის ილუზია ცნობიერების ილუზიაა. ჩვენ მხოლოდ ვარაუდებს გამოვთქვამთ იმ პროცესების ბუნების თაობაზე, რომლებიც ასეთი ცნობიერების მიღმა მიმდინარეობენ და მას განაპირობებენ.

[44] ეს სერიოზულ შრომას მოითხოვს, რაშიც გამოყენებულ უნდა იყოს პიროვნების თეორიათა ურთიერთშედარების არსებული სქემები. მაგალითად, ჰიელისა და ზიგლერის გამოყოფილი ზოგიერთი პარამეტრის მიხედვით ფროიდის თეორიას ახასიათებს უკიდურესი დეტერმინიზმი, ირაციონალობა, კონსტიტუციონალიზმი, ჰომეოსტატურობა, ადამიანის ბუნების შეუცვლელობისა და შეუმეცნებადობის ნიშნები [33]. ძნელი დასანახი არ არის, რომ ამ პარამეტრების მიხედვით უზნაძის პოზიცია ნაკლებ რადიკალური და უფრო შეწონასწორებულია. ყოველ შემთხვევაში, იგი საკმაოდ განსხვავდება ფროიდის პოზიციისაგან და ზოგჯერ მას უპირისპირდება კიდეც. იგივე ითქმის ჰოლისა და ლინდსეის ცხრილის მიმართაც [32]. უზნაძის თეორიას ამ პარამეტრების მიხედვით ფროიდის სისტემისაგან არსებითად განსხვავებული პროფილი აქვს.

[45] აქ სიტყვა «პათოლოგიური» ალბათ მოთხოვნილების დაკმაყოფილების ფრუსტრაციასთან დაკავშირებით იხმარება, თორემ თავისთავად არაფერია პათოლოგიური იმაში, რომ «ფიზიკურად მომწიფებულ გოგონაში ამოქმედდა სქესობრივი ლტოლვა (მოთხოვნილება), მან მისი ამ ლტოლვის ობიექტიც იპოვა» [2; 65]. ამის შედეგად სავსებით ბუნებრივად წარმოიქმნა სათანადო განწყობა, რომელშიც თავისთავად არაფერია პათოლოგიური. სხვა ამბავია, რომ ისინი შეიძლება გახდნენ პათოგენური.

[46] კერძოდ, გაჩნდება საკითხები ქცევაში ჩართულ განსხვავებულ მოთხოვნილებათა და მათ შესაბამის განწყობათა არსებობის და ფუნქციონირების წესთან დაკავშირებით [24].

ტეგები: Qwelly, იმედაძე, ფენომენოლოგია, ფსიქოლოგია, ქცევა

ნახვა: 3553

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters