ფსიქოლოგია | განწყობის ფსიქოლოგია | ნებელობის თავისუფლება | nebelobis tavisufleba | ganwyobis fsiqologia

      ორგვარი ფსიქოლოგიის არსებობა ვუნდტისა და დილთაის დროიდან ცნობიერდება და მთელ შემდგომ ფსიქოლოგიას წითელ ზოლად გასდევს. ეს ვითარება ნათლადაა გააზრებული თანამედროვე მეთოდოლოგიაში. ერთი ტიპის ფსიქოლოგიურ სისტემებს, უფრო ხშირად, საბუნებისმეტყველოს უწოდებენ, მეორეს – ჰუმანიტარულს. სპეციალური ანალიზი ცხადყოფს, რომ დიმიტრი უზნაძის განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორია, ერთმნიშვნელოვნად, პირველი ტიპის ფსიქოლოგიას მიეკუთვნება [5]. ის არის ნომოთეტური, ექსპერიმენტული, მოვლენების პროგნოზსა და მართვაზე ორიენტირებული. რაც მთავარია, ის არის ცალსახად დეტერმინისტული, მოვლენებს შორის არსებული კანონზომიერი კავშირების დამდგენი მეცნიერება. სწორედ დეტერმინიზმისა და თავისუფლების დიქოტომია არის უმნიშვნელოვანესი, შეიძლება ითქვას წყალგამყოფი, ორი ტიპის ფსიქოლოგიის დაპირისპირებაში.

      დეტერმინიზმის პრინციპს თავისი ხანგრძლივი ისტორია და ფილოსოფიურ-მეთოდოლოგიური ძირები აქვს, თავისუფლების იდეას – თავისი. თანამედროვე ფილოსოფიაში ამ უკანასკნელის ყველაზე მკვეთრი და თანმიმდევრული გამომხატველი არის ეგზისტენციალიზმი. მისი შესატყვისი ფსიქოლოგიური მიმდინარეობა ჰუმანისტური და ეგზისტენციალური ფსიქოლოგიაა. ეგზისტენციალიზმი ამჟამად ლამის წამყვან ფილოსოფიურ ორიენტაციად გადაიქცა საქართველოში. ამ მოდამ ჩვენს ფსიქოლოგიაშიც ნახა ერთგვარი გამოხმაურება. ამის ყველაზე ნათელი გამოვლინებაა ე.წ. «განწყობის ანთროპული თეორია» [8]. მასში, ფაქტობრივად, ნაცადია განწყობის ფსიქოლოგიისადმი ეგზისტენციალიზმის პრინციპების, კერძოდ თავისუფლების პრინციპის მორგება[14].

      რაც შეეხება საკუთრივ უზნაძეს, სპეციალური ანალიზი ცხადყოფს, რომ მკაფიო დეტერმინისტული პოზიცია მას არაერთხელ დაუფიქსირებია სულ ადრინდელი ტექსტებიდან მოყოლებული უკანასკნელთა ჩათვლით [5][14]. მხოლოდ ერთხელ, «ზოგად ფსიქოლოგიაში», ნების თავისუფლების პრობლემის განხილვისას, იგი ძალზე მოკლედ შეეხო თავისუფლების კატეგორიას და შეეცადა, დეტერმინიზმის პრინციპის გვერდით, მისთვისაც მოენახა ადგილი. ფსიქოლოგიის ისტორია ცხადყოფს, რომ ამგვარი მცდელობა პრაქტიკულად ყოველთვის მარცხით მთავრდება, რადგან შეუთავსებელთა – დეტერმინიზმისა და ინდეტერმინიზმის – შეთავსებას გულისხმობს. არც უზნაძის მსჯელობა გახდა გამონაკლისი. ამაში დავრწმუნდებით, თუ მას დაწვრილებით გავაანალიზებთ.

      უზნაძე იმის დასაბუთებით იწყებს, რომ ნებელობის თავისუფლების საკითხი პირველ რიგში ფსიქოლოგიური საკითხია, თუმცა დამუშავების ხანგრძლივი ისტორია აქვს მორალის, რელიგიისა და სამართლის ფილოსოფიის კუთხით. ყოველგვარი ნორმის ფუნქციონირების გააზრება, თეორიული და მით უფრო პრაქტიკული გადასახედიდან, მოითხოვს თავისუფალი ნების დაშვებას, ვინაიდან თუ ადამიანის ქცევა მთლიანად არის განსაზღვრული გარეშე ძალებით, მას ვერ მოვთხოვთ ზნეობრივ, იურიდიულ თუ სხვა სახის პასუხისმგებლობას. აქ, არსებითად, ორი შეხედულება უპირისპირდება ერთმანეთს – ინდეტერმინიზმი და დეტერმინიზმი. პირველი ნებელობას თავისუფალ, მიზეზობრიობის კანონის გარეშე მყოფ ძალად მიიჩნევს; მეორე პირიქით, რაიმე მოვლენის მიზეზობრიობის გარეშე არსებობას კატეგორიულად გამორიცხავს. ზოგადმეცნიერული პრინციპები და ნებელობის ემპირიული კვლევა თითქოს მეორე შეხედულების სისწორეს ადასტურებს – უმიზეზოდ არაფერი ხდება, არც გარე და არც შიდა სამყაროში. გადაწყვეტილება და შესაბამისად ქცევაც ყოველთვის მოტივირებულია, რაც ინდეტერმინიზმის და ნების თავისუფლების უსაფუძვლობაზე მიუთითებს.

      მოტივაციის გარეშე რომ ნებელობა არ არსებობს, ფაქტია, მაგრამ რას ნიშნავს მოტივით ქცევის განსაზღვრულობა? საქმე ისაა, რომ ერთი და იგივე მოტივი ყოველთვის ერთსადაიმავე აქტივობას არ იწვევს. ერთხელ მას ერთგვარი შედეგი მოჰყვება, მეორეჯერ – სხვაგვარი ან სულაც არავითარი. ასეთი რამ მიზეზობრიობის ცნებას არ ეგუება; მიზეზი განსაზღვრულ პირობებში ყოველთვის განსაზღვრულ შედეგს იწვევს. «ამიტომაც შეუძლებელია, რომელიმე გარკვეული მოტივი ან მოტივთა ჯგუფი კაუზალურად დაუკავშირო გარკვეულ ნებელობის აქტს» [11; 221]. აქედან გამომდინარე ნებელობის სფეროში დეტერმინიზმი ვერ დასაბუთდება.

      მეორე მხრივ, არსებობს ემპირიული მონაცემები, რომლებიც ნებელობის თავისუფლების იდეას გარკვეულ საფუძველს უქმნის. საქმე ეხება ნებელობის მიმდინარეობის თანმდევ თვითაქტივობის ან დამოუკიდებლობის განცდებს, რომელთაც ადასტურებს როგორც ყოფითი გამოცდილება, ისე ნებელობის ექსპერიმენტული კვლევა. სადაც ეს განცდები არ არის, იქ ნებელობითი კი არა – იმპულსური ქცევაა. ნებელობის თავისუფლების იდეა არც გაჩნდებოდა, თუ არა ეს დამახასიათებელი განცდები. «საკითხი შეიძლება მხოლოდ იმას ეხებოდეს, შეცდომაში შევყავართ ამ შემთხვევაში ჩვენს ცნობიერებას, ილუზიაა ნებელობის თავისუფლება თუ არა. და იმ შემთხვევაშიც, ის რომ ილუზია აღმოჩნდეს, ფსიქოლოგიის წინაშე მაინც იდგომება ნებელობის თავისუფლების საკითხი: გამოსაკვლევი იქნება, თუ როგორ ჩნდება და რას ემყარება ეს ილუზია» [იქვე]. ერთი სიტყვით, ნებელობის თავისუფლების საკითხი იმიტომ არის პირველ ყოვლისა ფსიქოლოგიური, რომ იგი თავის საფუძველს განცდაში ნახულობს, მას ფენომენოლოგიური გამართლება აქვს.

      უზნაძეს მიაჩნია, რომ განცდა ამ შემთხვევაში არ გვატყუებს. იგი რეალურად არსებული თავისუფლების მაჩვენებელია. თუმცა საკითხავია – თავისუფლება რისგან? აქ მსჯელობა უკვე განწყობის და მისი ფაქტორების ტერმინებში წარიმართება, რაც სავსებით ბუნებრივია. საზოგადოდ, ინდივიდის ქცევას განწყობა წარმართავს, მაგრამ ნებელობითი ქცევის განწყობას თავიდან ბოლომდე სუბიექტი ქმნის. მისი ობიექტური (სიტუაციური) ფაქტორი გარედან კი არ არის იძულებით თავსმოხვეული, არამედ როგორც წარმოსახული ან აზრითი სიტუაცია, თვით სუბიექტის დამოუკიდებელი აქტივობის ნაყოფია. ამრიგად, ნებელობის სუბიექტი აქტუალური სიტუაციისაგან არის თავისუფალი. «რაც შეეხება სუბიექტურ ფაქტორს, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია: იგი მე-ს მოთხოვნილებათა სისტემითაა განსაზღვრული» [11; 222]. აქედან გამომდინარე, ნებელობის თავისუფლების განცდა თითქოს მთლიანად დასაბუთებულია.

      მიუხედავად ამისა, ეს თავისუფლება არ ნიშნავს, რომ ნებელობითი ქცევა საფუძველმოკლებულია, უმიზეზოა. ჯერ ერთი, როგორც ყველა ქცევას, მასაც განწყობა წარმართავს. აქ ყოველგვარი ინდეტერმინიზმი გამორიცხულია. მაგრამ არც თვით ეს განწყობა დგას მიზეზობრიობის გარეშე. იმპულსური ქცევის განწყობის მსგავსად, მასაც სიტუაცია განსაზღვრავს. ნებელობითი ქცევისას ეს არ არის ამჟამად მოქმედი, აქტუალურად მოცემული სიტუაცია, არამედ წარმოსახული, აზრითი სიტუაცია. თუმცა, აღნიშნავს უზნაძე, ამ გარემოებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. აქტუალური იქნება სიტუაცია თუ წარმოსახული, ის ყველა შემთხვევაში განწყობის აღმოცენების მიზეზის როლში გვევლინება. ნებელობითი ქცევის განწყობა მთლიანად არის დეტერმინირებული აზრითი სიტუაციით.

      «ამრიგად, ნებელობა თავისუფალია, რამდენადაც აქტუალური სიტუაციის გავლენას არ ემორჩილება, რამდენადაც აქედან გამომდინარე იძულებას არ განიცდის. იგი თავისუფალია, რამდენადაც მასზე მოქმედი სიტუაცია წარმოსახვითია, მაშასადამე, სუბიექტის მიერაა გაცნობიერებული. მაგრამ იგი დეტერმინირებულია, არაა თავისუფალი, რამდენადაც თუმცა წარმოსახულით, მაგრამ მაინც სიტუაციითაა პირობადებული» [იქვე].

      პირველი შთაბეჭდილება ასეთია – ავტორი ამტკიცებს, რომ ნებელობითი ქცევა ერთიდაიმავე დროს თავისუფალიცაა და არათავისუფალიც, ანუ ინდეტერმინირებულიც და დეტერმინირებულიც. ასეთი მტკიცება მაშინვე წარმოშობს კითხვებს, რომლებზე პასუხი არ ჩანს: როგორ შეიძლება რაიმეს თან ჰქონდეს მიზეზი თან არ ჰქონდეს? ან იქნებ მთლიანი ქცევის რომელიმე ნაწილია მხოლოდ მიზეზის ან საფუძვლის გარეშე დარჩენილი (ინდეტერმინირებული), მაგრამ მაშინ – რომელი? საზოგადოდ მთელი ეს მსჯელობა საკმაოდ ბუნდოვანია და შეიცავს შეუსაბამობებს. ხოლო, თუ კარგად ჩავუკვირდებით, აღმოჩნდება, რომ ეს მსჯელობა, არსებითად, თავისუფლების კი არა, დეტერმინიზმის პრინციპის გამართლებას წარმოადგენს.

      საქმე ისაა, რომ თუ სიტუაციის გათვალისწინება ყოველთვის აუცილებელია, ეს აუცილებლობა თავისუფლებას რეალურად აუქმებს ან სერიოზულად ზღუდავს. ამ კონტექსტში არსებითი მნიშვნელობა არა აქვს პერცეპტულად იქნება სიტუაცია მოცემული (აქტუალური სიტუაცია), თუ მაღალი კოგნიტური პროცესების მეშვეობით (წარმოსახული სიტუაცია). როგორც ზემოთ ვნახეთ, ამას თავად უზნაძეც ადასტურებს. მთავარი ისაა, რომ სიტუაცია ყოველთვის რეალური, სასიცოცხლო ვითარების ფსიქიკური რეპრეზენტაციაა, რომლის გათვალისწინების გარეშე მიზანშეწონილი ქცევა უბრალოდ ვერ განხორციელდება. ობიექტივაციის დროს ფსიქიკური აქტივობა, ცხადია, მეტია, ვიდრე სიტუაციის პასიური ასახვისას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი თავისუფლად, თავისი ნების მიხედვით ქმნის ან იგონებს სიტუაციას. სიტუაცია, განსაზღვრების თანხმად, გარემოს ის ნაწილია, რომელშიც მოთხოვნილების დაკმაყოფილება ხდება. ამიტომ ის თავისუფალი ფანტაზიის ნაყოფი ვერ იქნება; ზღაპრულ სამყაროში რეალური ქცევა ვერ განხორციელდება. სიტუაცია იმიტომ არის განწყობის ფაქტორი, რომ განსაზღვრავს ამ უკანასკნელს, შესაბამისად კი ქცევას, მიუხედავად იმისა, გაცნობიერებულია ის თუ არა, ან სუბიექტის ფსიქიკური აქტივობის რა დონეზეა წარმოდგენილი. იგი დეტერმინანტია და მასში თავისუფლების, ანუ ინდეტერმინიზმის ნიშნების დანახვა ფაქტობრივად თავისუფალი აუცილებლობის ან ინდეტერმინირებული დეტერმინიზმის დაშვების ტოლფასია?!

      მიუხედავად ამისა, განწყობის თეორიის «ანთროპულ» ვერსიაში აზრის გაღრმავება სწორედ ამ მიმართულებით არის ნაცადი. კერძოდ, ნათქვამია, რომ ნებელობითი აქტივობის განწყობის შესაქმნელად პიროვნებამ «ისეთი სიტუაცია უნდა წარმოისახოს, რაშიც მისთვის მისაღები ქცევა განხორციელდება. გამონახული მისაღები ქცევა და წარმოსახული სიტუაცია სინამდვილის ასახვას არ წარმოადგენს. ასეთი აქტივობა ახალი სინამდვილის შექმნას გულისხმობს, ადამიანის შემოქმედებითი აქტივობა ნებელობისა და წარმოსახვის პროცესთან არის დაკავშირებული.

      ნებელობითი პროცესი ორი თავისებურებით ხასიათდება: მისი საშუალებით მისაღები ქცევის არჩევა ხდება და გარდა ამისა, პიროვნება ისეთ სიტუაციას წარმოისახავს, რომელშიც შესაძლებელი იქნება აღნიშნული ქცევის განხორციელება. მისაღები ქცევის არჩევა და ახალი სინამდვილის შექმნა პიროვნებას ათავისუფლებს გარემოს ზემოქმედებისაგან» [9; 162].

      ამ მსჯელობას ნათლად ატყვია ეგზისტენციალური აზრის გავლენა. ამით უნდა აიხსნას საბუნებისმეტყველო პარადიგმაზე აგებული განწყობის თეორიის სხეულში თავისუფლებისა და შემოქმედებითობის კატეგორიების უპირობოდ შეტანის სურვილი. ჰუმანიტარული ფსიქოლოგიის სისტემებისთვის ისინი სრულიად ჰარმონიულია და საჭიროც, მაგრამ განწყობის თეორიაში შეიძლება სერიოზული წინააღმდგობებისა და გაუგებრობის მიზეზი გახდნენ. ქვევით ამის ჩვენებას შევეცდებით.

      ნებელობითი აქტივობის განწყობის სიტუაციაში მომავალი ქცევის პარამეტრებისა და განხორციელების პირობების პროგნოზირება ხდება. მის კონსტრუირებაში პრაქტიკულად ყველა კოგნიტური პროცესი მონაწილეობს. ერთ-ერთი მათგანი წარმოსახვაცაა და სულაც არ არის ფაქტი, რომ ის წამყვანია ან საკვანძო. შემთხვევითი არ არის, რომ უზნაძე მას ხან «წარმოსახულს» უწოდებს, ხან «აზრითს». ამით ხაზი ესმება სიტუაციის დამუშავების ინტელექტუალურ მხარეს, რომელიც საზოგადოდ უმნიშვნელოვანესია ფსიქიკის პროგნოსტული მუშაობის დროს.

      გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა უფრო ღრმად და ხარისხიანად გავაანალიზოთ, თუ რა არის, არსებითად, ნებელობითი ქცევის განწყობის «ობიექტური ფაქტორი»; როგორია ამ ცნების რეალური შინაარსი. აქ მეტი სიცხადის შეტანა გვმართებს, ვინაიდან თეორიაში მხოლოდ ის არის განმარტებული, რომ სიტუაცია, საზოგადოდ, მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი გარემოს ნაწილია, ხოლო წარმოსახული ან აზრითი სიტუაცია, შესაბამისად, მისი არაპერცეპტული, გონებრივი რეპრეზენტაციაა. ასეთი განმარტება არასაკმარისია, მაგრამ ფაქტობრივად იგი ზუსტიც არ არის. საქმე ისაა, რომ ნებელობითი ქცევის განწყობის ობიექტური (სიტუაციური) ფაქტორის გამომუშავება სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა მომავალი ქცევის გეგმის შექმნა. ე.წ. «წარმოსახული სიტუაცია» არსებითად არის, შ. ჩხარტიშვილის ზუსტი ტერმინი რომ გამოვიყენოთ, «სიტუაციური გეგმა» [15]. მასში გარემოს მყარ დროულ-სივრცით კოორდინატებზე «მიბმულია» სათანადო მოქმედების წესი. ასეთი გეგმის მასალად გვევლინება სუბიექტის განკარგულებაში არსებული ინფორმაცია გარემოსა და საკუთარი ოპერაციული შესაძლებლობების ძირითადი მახასიათებლების შესახებ. გარემოს შესახებ ინფორმაცია, პირველ ყოვლისა, შეიცავს მონაცემებს მოთხოვნილების საგნის არსებობის თაობაზე. ამასთან, მასში უნდა იყოს მოცემული ცნობები ფიზიკური და სოციალური პირობებისა და სუბიექტის ხელთ არსებული ტექნიკური შესაძლებლობების თავისებურებათა შესახებ.

      ამრიგად, ნებელობითი ქცევის განწყობის «ობიექტური» ფაქტორი მომავალი ქცევის გეგმის სახით ორგანიზდება. წარმოსახული სიტუაცია, რომელზეც ლაპარაკობს უზნაძე, არის არა უბრალოდ გარემოს გარკვეული ნაწილის წარმოდგენა, არამედ გარემოსი, რომელიც დანახულია და განხილულია მასთან აქტიური ურთიერთობის თვალსაზრისით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ე.წ. წარმოსახულ ან აზრით სიტუაციაში მონაცემები საკუთრივ გარემოს შესახებ და მათი შესატყვისი მოქმედებების სურათი, ხასიათი და თანმიმდევრობა განუყრელ ერთიანობაშია მოცემული. სწორედ ეს არის სიტუაციური გეგმა, რომელიც აქტივობის უმაღლეს დონეზე აღმოცენებული განწყობის «ობიექტური ფაქტორის» ადგილს იკავებს და მის შინაარსს განსაზღვრავს.

      ყოველგვარი გეგმის შეფასების მთავარი კრიტერიუმი მისი რეალურობაა. მონაცემები, რომლებიც გეგმაშია გათვალისწინებული, გარემოსა და ქცევის ნამდვილად არსებულ პარამეტრებს ასახავს. ამ მოცემულობით თავისუფალი მანიპულირება, რასაც წარმოსახვა და შემოქმედება გულისხმობს, ან შეუძლებელია, ან იმდენად შეზღუდული, რომ აქ უფრო აუცილებლობის სფეროში ვიმყოფებით, ვიდრე თავისუფლებისა. აქედან გამომდინარე, ძნელად მისაღებია მოსაზრება, რომ წარმოსახული სიტუაცია არაა სინამდვილის ასახვა, რომ იგი ახალი სინამდვილის შექმნას გულისხმობს და, ამდენად, შემოქმედების პროცესთან არის დაკავშირებული. რამდენად შეიძლება ჩაითვალოს სიტუაციური გეგმის შედგენა შემოქმედებად, ეს კიდევ გასარკვევია[15]. მაგრამ იმის მტკიცება, რომ წარმოსახული სიტუაცია არ ასახავს რეალურ სინამდვილეს და საზოგადოდ ახალ სინამდვილეს ქმნის – მას საერთოდ უკარგავს განწყობის ფაქტორის მნიშვნელობას.

      განწყობა მიზანშეწონილი ქცევის შესრულების მექანიზმი და პირობაა. როგორ განახორციელებს იგი თავის ფუნქციას, თუ არ იმყოფება სინამდვილესთან შესატყვისობაში, რასაც, პირველ რიგში, სიტუაციური ფაქტორი განაპირობებს. ამ მხრივ საქმის ვითარებას არ ცვლის ის გარემოება, რომ განწყობა მომავალი ქცევისთვის წინასწარ მზადდება. პოტენციური ქცევა «რეალობის პრინციპით» იგეგმება. ეს გეგმა (წარმოსახული სიტუაცია), როგორც ფაქტორი, განწყობას განსაზღვრავს, ხოლო განწყობა, როგორც მექანიზმი – ნებელობით ქცევას. ერთი სიტყვით, ქცევა, თავად უზნაძეს თქმით, მთლიანად დეტერმინაციის რკალშია ჩართული [11; 89]. მისი მომზადების თუ განხორციელების რომელიმე მომენტში თავისუფლების ანუ ინდეტერმინიზმის დაშვება (თუნდაც ის წარმოსახვისა და შემოქმედების ტერმინებში იყოს დახასიათებული) ქცევის განწყობისეული გააზრების საწინააღმდეგოა. რაც შეეხება მტკიცებას, რომ მისაღები ქცევის არჩევა და ახალი სინამდვილის შექმნა პიროვნებას ათავისუფლებს გარემოს ზემოქმედებისაგან ის მართებულია იმ მხრივ, რომ განსხვავებით იმპულსური ქცევისაგან, ნებელობითი ქცევა არ მიჰყვება აქტუალური სიტუაციის უშუალო კარნახს. ამავე დროს, ეს გარემოება არ ათავისუფლებს მას გარემოსთან კავშირისაგან. როგორც ნაჩვენები იყო, გარემო აისახება სიტუაციურ გეგმაში და, შესაბამისად, განწყობაში. ახალ სინამდვილეზე ლაპარაკი ნებელობითი ქცევის განწყობის წარმოქმნის პროცესში არაზუსტია. ყოველი განწყობა ქცევის წინაპირობაა, «მოდელია», «განჭვრეტილი რეალობაა» და არა «შემოქმედებითი მანიპულაცია». ამასთან, არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ისიც, რომ ამ განწყობის რეალიზაცია და ქცევის შესრულება ყოველთვის აქტუალურ გარემოში მიმდინარეობს და მის შესახებ მონაცემები აუცილებლობით აისახება განწყობაში. ნებელობითი ქცევის თითოეულ აქტს (მოქმედებას, ოპერაციას) წინ უსწრებს და განაპირობებს განწყობა, რომლის სიტუაციური გეგმა შევსებულია აქტუალური გარემოდან მიღებული ინფორმაციით. ეს ვითარება ზუსტად არის გააზრებული ჩხარტიშვილის «განწყობის სტრუქტურის დინამიკურ მოდელში» [15].

      ამდენად, ნებელობითი ქცევის განწყობის დახასიათება მის სტრუქტურაში აქტუალური სიტუაციის მონაცემების გათვალისწინებასაც გულისხმობს. უფრო მეტიც, ამ განწყობის წარმოქმნის პროცესიც არ უნდა იყოს მთლიანად მოწყვეტილი აქტუალურ სიტუაციას. ფაქტია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხშირად ხდება საჭირო აღქმის მონაცემების მხედველობაში მიღება. ხომ ნათელია, რომ თუ გადაწყვეტილება იმას ეხება, ლამაზი და ძვირი ნივთი შევიძინო, თუ შედარებით მდარე ხარისხისა და იაფი, მაშინ ნივთის დათვალიერების გარეშე ვერაფერს გახდები! როცა ეს ქცევა ადგილზევე სრულდება, სათანადო გადაწყვეტილების ფსიქოლოგიურ საფუძველში (როგორც არ უნდა გვესმოდეს ეს უკანასკნელი) აუცილებლად უნდა აისახოს აქტუალური სიტუაციიდან წამოსული ინფორმაციაც.

      მაშასადამე, ნებელობითი ქცევის განწყობის ობიექტური ფაქტორის ანალიზს სინამდვილეში დეტერმინიზმის ფარგლებს გარეთ არ გავყავართ. ეს უფრო მეტად ითქმის სუბიექტური ფაქტორის, ანუ მოთხოვნილების შესახებ. წარმოსახული სიტუაცია იმიტომ ესმით თავისუფლების გამოხატულებად, რომ ის სუბიექტის აქტივობის ნაყოფია. რაც შეეხება სუბიექტურ ფაქტორს, ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტიაო, ხაზგასმით აღნიშნავს უზნაძე – და აყოლებს: იგი მე-ს მოთხოვნილებათა სისტემით არის განსაზღვრულიო. ავტორი ამ ფრაზით იფარგლება და როგორც ჩანს, ასე მიაჩნია: ვინაიდან ნებისყოფის მოტივაციურ საფუძველს ე.წ. «მე-ს მაღალი მოთხოვნილებები» შეადგენს, ისინი პიროვნების კუთვნილებას და სუბიექტის აქტივობის ნაყოფს წარმოდგენენ. გამოდის, რომ ადამიანი ფლობს თავის მოტივაციას, რაც მისი ნების თავისუფლებაზე მიანიშნებს.

      მაგრამ საქმის ვითარება ასე მარტივი და ცხადი არ უნდა იყოს. მართლაც, დაბალია თუ მაღალი მოთხოვნილება, ის მაინც მოთხოვნილებაა. მისი გააქტიურება სუბიექტზე არაა დამოკიდებული. იგი უმეტეს წილად თავისთავად ჩნდება და, თუ ხელს არაფერი უშლის, უთუოდ მიმართავს სუბიექტს თავისი დაკმაყოფილებისკენ. რაც შეეხება მოთხოვნილებათა წარმოშობა-ფორმირებას – ვიტალური მოთხოვნილებები თანდაყოლილია, ხოლო მაღალი მოთხოვნილებები სოციალურ გარემოში მოქმედების შედეგადაა შეძენილი. მოთხოვნილება სუბიექტის მიერ არაა შექმნილი, იგი არ არის თვითაქტივობის შედეგი. ამრიგად, მოთხოვნილება სუბიექტისთვის აუცილებლობაა და საკმაოდ იმპერატიულიც. აუცილებლობა კი თავისუფლების ანტაგონისტია. განწყობის სუბიექტური ფაქტორის დაკავშირება მაღალ მოთხოვნილებებთან სულაც არ მეტყველებს იმაზე, რომ აქ თავისუფლების სფერო იშლება[16] და რომ განწყობის შექმნის პროცესი ინდეტერმინირებულია. ქცევის აღმძვრელის სახით მოთხოვნილება მონაწილეობს ყოველგვარი, მათ შორის ნებელობითი ქცევის დეტერმინაციაში.

      ისტორიულად დეტერმინიზმისა და ინდეტერმინიზმის დავა ნებისყოფის თავისუფლებასთან დაკავშირებით უმთავრესად ნებისყოფისა და მოტივის ურთიერთობას შეეხებოდა. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორაა გაგებული საკუთრივ მოტივი და მისი მიმართება ქცევასთან. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულება არსებობს. მაგრამ, როგორიც არ უნდა იყოს ისინი, მთავარი მაინც ყველგან ერთია – თავისუფლების პრობლემის კონტექსტში მოტივის ცნებაზე მეტი აქცენტი კეთდება, ვიდრე სიტუაციის ცნებაზე. ასეც შეიძლება ითქვას: უმრავლესობისთვის გასაგები და მისაღებია, რომ ნებისყოფის სუბიექტი, გარკვეულწილად, დამოუკიდებელია უშუალოდ მოქმედი სიტუაციისაგან (თუმცა, როგორც ზემოთ ვნახეთ, ამა თუ იმ ფორმით სიტუაცია აუცილებლად მონაწილეობს ნებელობითი ქცევის მომზადებასა და განხორციელებაში). სამაგიეროდ მოტივთან, როგორც ნებელობითი ქცევის შინაგან ფაქტორთან, კავშირს ვერავინ უარყოფს, გარდა მცირეოდენი გამონაკლისისა, რომლებიც სრულებით თავნება, «უმოტივო ნებელობასაც» კი აღიარებს და სრულ, არაფრით შეზღუდულ თავისუფლებაზე საუბრობს (ასეთ რაიმეს ზოგიერთ ეგზისტენციალისტ ფილოსოფოსთან და ფსიქოლოგთან შეხვდებით). ინდეტერმინიზმის (ეგზისტენციალიმის) უფრო რბილ ვარიანტებში კავშირი ქცევასა და შინაგანს ანუ მოტივაციურს შორის დაშვებულია[17], მაგრამ უარყოფილია ნებელობის მოტივზე აუცილებელი დამოკიდებულება [3][4].

      უზნაძე თავის ნებისყოფის ფსიქოლოგიაში ებრძვის ისეთ გაგებას, რომლის მიხედვით ქცევის მისაღებობა-მიუღებლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოტივები მეტყველებს მის სასარგებლოდ და რა – საწინააღმდეგოდ. «მოტივსა და ქცევას შორის ერთგვარი საზღვარია გავლებული: ქცევა სხვაა და მოტივი სხვა; და ამიტომაა, რომ, შესაძლოა, ერთსადაიმავე ქცევას დადებითი მოტივებიც ჰქონდეს და უარყოფითიც» [11; 209]. ამ კონტექსტში უზნაძეს შემოაქვს «ფიზიკური ქცევის» ძალზე ნაყოფიერი ცნება, რომელიც გასაგებს ხდის მოცემული შეხედულების უმართებულობას. იქ, სადაც ქცევა და მოტივი გათიშულია ერთმანეთისაგან, სინამდვილეში ფიზიკური ქცევა (როგორც ობიექტურად წარმოებული «გარკვეულ მოძრაობათა კომპლექსი») და მოთხოვნილება (როგორც მოტივის სინონიმი) უპირისპირდება ერთმანეთს. ერთიდაიმავე ფიზიკურ ქცევას, მართლაც, შეიძლება სხვადასხვა მოთხოვნილება დაუკავშირდეს და, ამ გაგებით, მას ხან ერთი მოტივი ჰქონდეს, ხან მეორე. მოკლედ, მათ შორის კავშირი არ არის აუცილებელი და ერთმნიშვნელოვანი. მაგრამ ეს მხოლოდ ფიზიკურ ქცევას ეხება. ფსიქოლოგიის თვალსაზრისით ობიექტურად მოცემული მოძრაობათა (მოქმედებათა) კომპლექსი მხოლოდ მაშინ ხდება ნამდვილი ქცევა, როცა ის გარკვეულ აზრს, მნიშვნელობასა და ღირებულებას შეიძენს, რომლებსაც მას მოტივი აძლევს. ამდენად, ქცევასა და მოტივს შორის უმჭიდროესი კავშირი არსებობს. ფიზიკურ ქცევას ფსიქოლოგიურად მოტივი გარდაქმნის. ქცევის შინაარსეულ მხარეს მოტივი განსაზღვრავს. როგორიც არის მოტივი, ისეთივეა ქცევაც. ქცევისა და მოტივის ერთმანეთისაგან დაშორება არ შეიძლება.

      ეს თვალსაზრისი გაზიარებული და დამკვიდრებულია ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში. აქედან გამომდინარე, უზნაძის თავისუფლების პრობლემის კონტექსტში ზემოთ მოყვანილი მსჯელობა, რომელიც მოტივით ქცევის განსაზღვრულობას ეხება, ცოტა არ იყოს უცნაურად გამოიყურება. კერძოდ, ნათქვამია, რომ მოტივი ყოველთვის ერთნაირ შედეგს არ იძლევა, ერთიდაიმავე აქტს (გადაწყვეტილებას) არ იწვევს. ეს კი კაუზალობის პრინციპს ეწინააღმდეგება, რომელიც მიზეზისა და შედეგის შესაბამისობას გულისხმობს. აქედან ძალზე შორს მიმავალი დასკვნა კეთდება, სახელდობრ ის, რომ ნებელობის აქტისა და მოტივის თუ მოტივაციის კავშირის უდავო ფაქტის მიუხედავად, «ნებელობის თავისუფლებაზე ლაპარაკის აღკვეთა სრულიად შეუძლებელია» [11; 220].

      აქ ნამდვილად საჭიროა გარკვეულობის შეტანა. უზნაძის ზემოთ მოყვანილი მსჯელობა მართებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ მოტივი მოთხოვნილების მნიშვნელობით არის გაგებული. მაშინ შესაძლებელია საუბარი მოტივზე ან მოტივთა ჯგუფზე, რომლებიც ხან იწვევენ აქტივობას ხან – არა. მართლაც, ერთი და იგივე აქტუალური სურვილი (მოთხოვნილება) მხოლოდ გარკვეულ პირობებში რეალიზდება ქცევაში, მაგრამ მოტივზე ეს არ ითქმის. მოტივსა და ქცევას შორის ერთმნიშვნელოვანი კავშირია. «ქცევა იმდენივეა, რამდენიცაა მოტივი, რომელიც მას აზრსა და მნიშვნელობას აძლევს» [11; 212]. უზნაძის შეხედულება მოტივისა და ქცევის სრული რაოდენობრივი და შინაარსობრივი შესატყვისობის პრინციპს ეყრდნობა. ქცევა იმდენია და ისეთი, რამდენიც და როგორიცაა მისი სუბიექტური აზრი და ღირებულება ანუ მოტივი. ამიტომ წარმოუდგენელია ერთსა და იმავე ქცევასთან სხვადასხვა მოტივი იყოს დაკავშირებული და პირიქით. კავშირი მათ შორის ცალსახაა. სხვა საკითხია ამ კავშირის ბუნება – კაუზალურია ის თუ სხვაგვარი. უზნაძე მართებულად შენიშნავს, რომ მოტივი არ არის გადაწყვეტილებისა და, მით უფრო, ქცევის მიზეზი მექანიკური კაუზალობის მნიშვნელობით; მოტივი მას არ იწვევს, როგორც, ვთქვათ, კიის დარტყმა იწვევს ბილიარდის ბურთების მოძრაობას. გადაწყვეტილება გამომდინარეობს მოტივიდან, როგორც თავისი საფუძვლიდან. პიაჟეს ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, მათ შორის ფართო მნიშვნელობით იმპლიკაციური კავშირია [25].

      უზნაძის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის მიხედვით ქცევის გამომწვევი მიზეზის (მექანიზმის) სახით მოტივი კი არა, განწყობაა მიჩნეული. «ქცევა განწყობით არის უშუალოდ განსაზღვრული: იგი არის მისი აღმოცენების უშუალო მიზეზი» [11; 89]. უფრო მეტიც, «განწყობა არა მარტო როგორც ნამდვილი მიზეზი მოქმედებს ქცევაზე, არამედ ამავე დროს თითქოს მიზნის მსგავსადაც: როგორც მიზანში წინასწარაა მოცემული ის, რაც შემდგომში უნდა მოხდეს, სწორედ ასეა განწყობაშიც» [იქვე]. განწყობაში მიზეზობრივი და მიზნისეული დეტერმინაციის გაერთიანებით უზნაძე გარკვეულად არიგებს კაუზალური და ტელეოლოგიური გაპირობებულობის იდეებს. ეს არის მიზნობრივი დეტერმინიზმის დაშვება და დერმინიზმის ცნების გარკვეული გაფართოება; მიზანი ქცევას არ იწვევს, მიზნიდან ქცევა გამომდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ განწყობაში აისახება იმპლიკაციური კავშირების გამომხატველი შინაარსები, მათ შორის, ცხადია, მოტივაციურიც. მოტივი ხომ იმ გადაწყვეტილების საფუძველია, რომელსაც განწყობის შექმნა მოსდევს. ხოლო საფუძვლიდან შედეგი სწორედაც გამომდინარეობს. ასე რომ მოტივირებულობა ქცევის დეტერმინირებულობის მაჩვენებელია, თუ ეს უკანასკნელი, მეთოდოლოგიის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, მხოლოდ მიზეზობრიობის მნიშვნელობით არ არის გაგებული[18]. ყოველ შემთხვევაში ნათელია, რომ განწყობის შინაგანი ფაქტორი (მოთხოვნილებაა ის, მოტივი თუ ორივე ერთად), ვერაფრით ვერ იქნება აქტივობის ინდეტერმინირებულობის (თავისუფლების) გამომხატველი.

      მაშ რისი დამტკიცება სურდა უზნაძეს მოტივთან დაკავშირებული ზემოთ მოყვანილი პასაჟით? იმავესი, ალბათ, რასაც ნებელობის თავისუფლების პრობლემის შესახებ მთელი მსჯელობით ცდილობს, სახელდობრ იმისა, რომ ნებელობა დეტერმინირებულიცაა და ინდეტერმინირებულიც, აუცილებლობის ასპარეზიცაა და თავისუფლებისაც. მაგრამ განწყობის მოტივაციურ ფაქტორთან მიმართებაში ამის მტკიცება კიდევ უფრო ნაკლებად დამარწმუნებელია, ვიდრე სიტუაციურთან.

      პრობლემის ასეთ გადაწყვეტას სხვებთანაც ვხვდებით. მაგალითად, ს. ავალიანის თანახმად, ნებელობითი ქცევის მოტივირებულობის ფაქტი, ერთი შეხედვით, დილემას წარმოქმნის: ან ნებელობითი ქცევა თავისუფალია და, მაშასადამე, უმოტივოა, ან მოტივით განსაზღვრულია და, ე. ი. – არათავისუფალი. «სინამდვილეში კი ნებელობა ერთსა და იმავე დროს თავისუფალიცაა და დეტერმინირებულიც. თავისუფლების გარეშე ნებელობა არ არსებობს, მაგრამ იგი არც დეტერმინირების გარეშე არსებობს» [1; 79]. «რასაკვირველია, თავისუფლებას საზღვრები აქვს. იგი დეტერმინირებულია ბუნებისა და საზოგადოების კანონებით. მაგრამ ადამიანს აქვს ნებელობა – გარკვეულ ფარგლებში თავისი ქცევის თავისუფალი არჩევის უნარი. თვითონ ნებელობის არსებობაც თავისუფლების მაჩვენებელია» [2; 198]. სამწუხაროდ აღარ ზუსტდება კონკრეტულად რა ფარგლებზეა ლაპარაკი, არა და მეცნიერებისთვის სწორედ ესაა მთავარი. თუმცა ამ შემთხვევაში ეს არცაა საჭირო, ვინაიდან დასაბუთება მეცნიერების საზღვრებს თავისთავად სცილდება: «ადამიანის არსება არის თავისუფლება. ეს სხვას არაფერის ნიშნავს, გარდა იმისა, რომ ადამიანის არსება არის გონიერი, ღვთაებრივი სული, ვინაიდან თავისუფლება სწორედ მის ატრიბუტს წარმოადგენს» [იქვე]. უზენაეს თავისუფლებას ადამიანი აზროვნების პროცესში აღწევს და «ეს უნარი უდიდესი ღვთაებრივი ჯილდოა» [2; 281]. როცა ნებელობა და თავისუფლება იმთავითვე გაიგივებულია, ანუ დასამტკიცებელი დამტკიცებულად არის მიჩნეული, ხოლო თავისუფლების თვისება მისი ღვთიური წარმოშობითაა ახსნილი, საკითხის დასმას იმის შესახებ, თუ რამდენად და როგორაა შესაძლებელი ქცევა იყოს დერმინირებულიც და ინდეტრმინირებულიც, აზრი ეკარგება.

      ფილოსოფოსმა შეიძლება თავს მისცეს თავისუფლებაზე «თავისუფალი მსჯელობის» უფლება, მაგრამ მკვლევარ ფსიქოლოგს ამის ფუფუნება არა აქვს. მით უფრო გასაკვირია ვ. ფრანკლის პოზიცია, რომელიც ზოგიერთი ფსიქოლოგის გაგებითა და სიმპათიით სარგებლობს [20][22][29]. მისი აზრით ადამიანი დეტერმინირებულიცაა და თავისუფალიც. იგი არ არის თავისუფალი ქცევის გარეგანი და შინაგანი პირობებისაგან, მაგრამ თავისუფალია დაიკავოს პოზიცია მათ მიმართ. პირობები მას მთლიანად არ განაპირობებენ. ადამიანზეა დამოკიდებული დაემორჩილება თუ არა იგი ამ პირობებს [31].

      თუ გადაწყვეტილების «სუბიექტური პირობები», რომლებზეც ფრანკლი ლაპარაკობს, არის მოტივები, მაშინ მთელი ეს კონსტრუქცია სიტყვების თამაშად გადაიქცევა, რომლითაც ნაცადია შეინიღბოს ტრადიციული საკითხი მოტივით ქცევის განსაზღვრულობის შესახებ. ეგზისტენციალური აზრი მას თვითქმნადობის იდეას უპირისპირებს. ფრანკლი ეგზისტენციალისტად რჩება და გვეუბნება, რომ იკავებს რა გარკვეულ პოზიციას გარეგანი (სიტუაციური) და შინაგანი (მოტივაციური) პირობების მიმართ, სუბიექტი თავად წყვეტს, დაემორჩილოს მათ თუ არა. ამასთან, მხედველობის მიღმა რჩება ის, რომ ამ გადაწყვეტილებასაც თავისი საფუძვლები და პირობები ესაჭიროება. ამ «მცირე გარემოების» იგნორაციას, საბოლოოდ, ისევ თვითნებურ ქმედებასთან, უპირობო მისტიკურ ნებასთან, თვითქმნადობაში განხორციელებულ აბსოლუტურ და შეუზღუდავ თავისუფლებამდე მივყავართ, ანუ იმ ჩიხამდე, რომლიდანაც გამოსავალს ეძებს თვითონ ფრანკლი. ფრანკლი გრძნობს ინდეტერმინიზმის საფრთხეს. ამიტომ მას საერთოდ ანალიზის მიღმა ტოვებს და დეტერმინიზმისა და ინდეტერმინიზმის დიქოტომიას პანდეტერმინიზმისა და დეტერმინიზმის დაპირისპირებით ანაცვლებს. მაგრამ სინამდვილეში ეს არაფერს არ ცვლის. პანდეტერმინიზმის ახალი საფრთხობელას შემოტანით საკუთრივ დეტერმინიზმის და თავისუფლების ცნებები არ იცვლება. პოზიცია თავად არის მოტივაციური დეტერმინანტი. ამიტომ, როცა ადამიანი არ ემორჩილება პირობებს მათდამი გარკვეული პოზიციის დაკავებით, ეს თავისუფლების კი არა, უფრო მაღალი რიგის დეტერმინაციის გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ. აქედან გამომდინარე, ფრანკლის მცდელობა დაამტკიცოს, რომ ადამიანი დეტერმინირებულიცაა და თავისუფალიც, მიზანს ვერ აღწევს. თავისუფლების ადგილი აქაც არ რჩება.

      ისევ უზნაძის თვალსაზრისს რომ დავუბრუნდეთ, შეიძლება ითქვას რომ, რამდენადაც დეტერმინაციის ცნება არ დაიყვანება კაუზალობის ცნებაზე და მოტივი გადაწყვეტილების საფუძვლად არის აღიარებული, თავისუფლებისა და, მაშასადამე, ინდეტერმინიზმის რაიმე სახით დაშვება უზნაძის მთელ მოტივაციურ კონცეფციას აზრს უკარგავს. «საფუძვლისა და შედეგის კავშირი ისევე აუცილებლობით ხასიათდება, როგორც მიზეზობრიობა. გადაწყვეტილება მოტივთან, როგორც საფუძველთან, აუცილებლობით არის დაკავშირებული. ამ აზრით გადაწყვეტილება სავსებით დეტერმინირებულია» [3; 149].

      რა თქმა უნდა, შეიძლება და აუცილებელიცაა ლაპარაკი არა მხოლოდ გადაწყვეტილებისა და ქცევის მოტივით დეტერმინირებულობაზე, არამედ საკუთრივ მოტივის განსაზღვრულობაზე. თუკი, ვთქვათ, აღმოჩნდება, რომ მოტივი მთლიანად სუბიექტზეა დამოკიდებული, მისი «ნების» გამოხატულებაა, მაშინ თავისუფლების საკითხი კვლავ წამოიწევს წინ იმ მნიშვნელობით, რომ მოტივს ან მის ქვემდებარე სტრუქტურებს (მოთხოვნილებები, ხასიათი, პიროვნული თვისებები, სხვადასხვა დისპოზიციები და ა.შ.) თვითონ ადამიანი ქმნის, როგორც თავისუფალი არსება. მაგრამ საკითხავია, რამდენად გამართლებულია საკითხის ამგვარი დასმა და რამდენად შორს შეიძლება წავიდეთ ამ გზით?

      დავიწყოთ იმით, რომ მოტივი, მართალია, არ არის მოთხოვნილების იდენტური ცნება, მაგრამ ის ამ უკანასკნელთან უმჭიდროეს კავშირშია. მოტივი «მე»-ს მოთხოვნილებების სისტემაში ქცევის ჩართვის გზით ყალიბდებაო, ამბობდა უზნაძე. მაღალი მოთხოვნილებები კი, როგორც უკვე აღინიშნა, ცხოვრების პროცესში ფორმირდება, ფართო გაგებით აღზრდის პროდუქტია და არა სუბიექტის მიერ თავისთავში შექმნილი ფენომენი. ამრიგად, ის, რასაც მოტივი ეყრდნობა, არ არის პიროვნების თვითქმნადობის შედეგი.

      თავად მოტივი, თუ ის გაგებულია გადაწყვეტილების საფუძვლის სახით, სუბიექტის მიერ იმის შეფასების შედეგია, თუ რა მოთხოვნილებებს და რამდენად აკმაყოფილებს კონკრეტული ქცევა; რა დანახარჯებს, ძალისხმევას მოითხოვს იგი მოცემულ ვითარებაში. როგორც ქცევის საერთო სუბიექტური ღირებულების განცდა, მოტივი გულისხმობს პიროვნების მიერ იმ გარემოებათა შეფასებას, რაც ქცევის დაწყებასთან, განხორციელებასთან და დაგვირგვინებასთან არის დაკავშირებული. ქცევის სუბიექტურ ღირებულებაში ანუ მოტივში ასახვას ნახულობს ის, თუ რა მოთხოვნილებების ფრუსტრაციას და რა მოთხოვნილებების რეალიზაციას უკავშირდება ქცევა, რა საშუალებებს ფლობს ამისთვის პიროვნება და რამდენად ხელმისაწვდომია ამ მხრივ სიტუაცია. ამ მონაცემების ინტეგრაციის საფუძველზე პიროვნება ამართლებს ქცევას და იღებს გადაწყვეტილებას. ეს აქტი პიროვნებისთვის მეტი მნიშვნელობის მქონე ქცევის შეწყნარებასა და სათანადო განწყობის შექმნას გულისხმობს. ასეთია არსებითად უზნაძის თვალსაზრისი. იგი მხოლოდ განწყობის, როგორც გადაწყვეტილების შედეგის მომენტით განსხვავდება თანამედროვე შეხედულებებისაგან არჩევანისა და გადაწყვეტილების შესახებ. ამ უკანასკნელთა მიხედვით გადაწყვეტილების მიღება რეალური კანონზომიერი პროცესია, რომელიც განსაზღვრულია კონკრეტული ცვლადებით და გარკვეულ წესებს ემორჩილება. მასში მოცემულია მიზანი, ამოცანა (ყველაზე მაღალი ღირებულებისა და ინსტრუმენტალობის მქონე ალტერნატივის გამოვლენა-შეწყნარება), სათანადო ტექნოლოგია-ოპერაციები (შედარების, შეფასების, «დეცენტრაციის», წინასწარმეტყველების, სანქციონირების კრიტერიუმები და უნარ-ჩვევები და სხვა), აგრეთვე პროცესის მიმდინარეობის უზრუნველმყოფელი დინამიკური ძალები (მოტივატორები, ღირებულებები). კანონზომიერი პროცესები, რომელთა მოდელირება, პროგნოზირება და გაზომვა შეიძლება, ძნელი დასახასიათებელია თავისუფლების და ინდეტერმინიზმის კატეგორიებით [4][32][33][34][35][39].

      ცხადია, გადაწყვეტილების მიღების პროცესი სუბიექტში მიმდინარეობს და გარკვეულ ფარგლებში მის მიერ იმართება. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ მოტივაციისა და გადაწყვეტილების წინაპირობები (მოთხოვნილებების, ღირებულებების, ფსიქიკური ინსტრუმენტების, დისპოზიციებისა თუ სხვა სისტემები) თვით სუბიექტის მიერ შეგნებულად განხორციელებული თვითქმნადობის პროცესით წარმოიქმნება და, ამდენად, თავისუფლების გამოხატულებაა.

      საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ თავისუფლების ძიება თვითქმნადობში ეგზისტენციალური აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხერხია. გავიხსენოთ თუნდაც ჟ.პ. სარტრი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ადამიანს თავისუფლება მისჯილი აქვს. იგი თვითონ აკეთებს არჩევანს და, ამდენად, პასუხისმგებელია ყველაფერზე, რასაც აკეთებს და რასაც თავად წარმოადგენს. მე-ს, პიროვნებას აყალიბებს არა გარემოებები, არამედ თავად ადამიანი. ადამიანი სხვა არაფერია, გარდა იმისა, რასაც ის თავის თავისაგან ქმნის, «აპროექტებს» – ეს ეგზისტენციალიზმის პირველი პრინციპიაო, ამბობს სარტრი. მართლაც, ეს იდეა, ასე თუ ისე, მთელ ეგზისტენციალიზმს გამსჭვალავს.

      ეგზისტენციალიზმის გავლენის ქვეშ მყოფ ფსიქოლოგიურ სისტემებში ის პიროვნების სტრუქტურების და მათი მაინტეგრირებელი წარმონაქმნის (მე-კონცეფცია, თვითობა, პროპრიუმი და სხვა) ადამიანის მიერ ქმნადობა-პროექტირების დაშვების სახით იჩენს თავს. ბევრ თეორიაში ინდივიდის თვითრეფლექსიის, თვითიდენტიფიკაციის, თვითპატივისცემის და ა.შ. გამომხატველ პიროვნების ასეთ ცენტრალურ ბირთვს მიეწერება ადამიანის ქმედებათა შერჩევისა და შესრულების უზრუნველყოფის ფუნქცია [32][35]. სხვანაირად რომ ვთქვათ, ქცევისა და გადაწყვეტილების ავტორი და, შესაბამისად, მისი «თავისუფალი და შემომქმედი ნების» განმახორციელებელი სტრუქტურა – თვით პიროვნებაშია განთავსებული.მეტიც, იგი პიროვნების საკუთარი თავის ქმნადობის შედეგად არის წარმოდგენილი. ა. მასლოუც კი, რომელიც ყოველთვის თანაუგრძნობდა ეგზისტენციალურ ფსიქოლოგიას, ასე აფასებს ამ პოზიციას: ეგზისტენციალისტებს მიაჩნიათ, რომ თვითობა არის პროექცია, რომელიც «იქმნება იმ მუდმივი (და ნებისმიერი) არჩევანით, რომელსაც პიროვნება ახორციელებს, თანაც ისე, თითქოს მას შეუძლია საკუთარი თავისაგან გააკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება. ეს უკიდურესობაა, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება გენეტიკური და კონსტიტუციური ფსიქოლოგიის მიერ მოპოვებულ მონაცემებს და ცოტა სულელურადაც ჟღერს» [22; 25]. თვითობის, მე-ს «თავისუფალი ქმნადობის» პროცესი მხოლოდ მემკვიდრეობითი მასალით კი არ არის შეზღუდული, არამედ უკვე არსებული ღირებულება-განწყობებით ან მე-ს სხვა ქვესისტემებით; ისინი ხომ გამზადებული სახით ხვდებიან სუბიექტს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი თავის შექმნისა თუ შეცვლის თაობაზე.

      თვითქმნადობის პრინციპი ქართულ ეგზისტენციალურ ფსიქოლოგიაშიც შემოვიდა. კერძოდ, «განწყობის ანთროპულ თეორიაში» პიროვნებისა და მისი ქცევის დახასიათება ქმნადობისა და თვითქმნადობის კატეგორიების აქტიური გამოყენებით მიმდინარეობს. ადამიანის, როგორც პიროვნების ფსიქიკური აქტივობისთვის საზოგადოდ ისაა დამახასიათებელი (სპეციფიკური), რომ იგი «პიროვნებისმიერი ქმნადობის კავშირის» ფორმაში მიმდინარეობს, რაც მას განასხვავებს ინდივიდისა და სუბიექტის აქტივობისაგან, რომელშიც კაუზალური და გამომდინარეობის კავშირები რეალიზდება. ქმნადობა სულ ცოტა ორ რაიმეში მჟღავნდება: ერთი იმაში, რომ «პიროვნება შემოქმედების პროცესში ახალ სინამდვილეს აგებს. მის მიერ შექმნილი სინამდვილე პიროვნების ნებით არის გაპირობებული, თავად პიროვნება არის მისი შემომქმედი» [9; 73]. «იგი ახალ სინამდვილეს ქმნის, ამდიდრებს სინამდვილეს მატერიალური და სულიერი ღირებულებებით. პიროვნება თავისუფლდება სინამდვილის მექანისტური დეტერმინაციისაგან, კულტურულ სინამდვილეს ქმნის და მასში ცხოვრობს» [8; 200-201]. მეორე – იმაში, რომ «პიროვნება ნებელობის დახმარებით ქმნის მისთვის სასურველი და მისაღები ქცევის განწყობას» [9; 75].

      ეს ორი რამ არსებითად განსხვავებული რამაა. პირველი შემთხვევაში ქმნადობა გარე სამყაროს ეხება, მეორეში – შიდას. მართალია, პირველი აისახება მეორეში, მაგრამ ამით თავისუფლების ნიშანს არ იძენს. პირიქით, ადამიანი უფროა დამოკიდებული სინამდვილეზე, რომელიც თვითონ შექმნა, ვიდრე ბუნებრივ სამყაროზე. არც ისაა ნათელი, რატომაა კულტურის ქმნადობის ფაქტი ადამიანის თავისუფლების გამოხატულება? აღმოცენების (და არა რეალიზაციის) პროცესში ნებელობითი ქცევის განწყობა, მართლაც, დიდწილად, თავისუფალია გარემოს უშუალო ზემოქმედებისაგან, «მექანისტური დეტერმინაციისაგან» ანუ აქტუალური სიტუაციისაგან. მაგრამ, როგორც წარმოსახული სიტუაციის ანალიზისას ვნახეთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ განწყობის ობიექტური ფაქტორი პიროვნების «თვითშემოქმედების» შედეგია, ახლის ქმნადობაა ან, საზოგადოდ, თვითქმნადობა. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს კულტურულ სინამდვილეს ასახავს განწყობის სიტუაციური ფაქტორი, თუ ბუნებრივს. მთავარია, რომ ის მათ რეალურ პარამეტრებს ითვალისწინებს, როგორც აუცილებელ მოცემულობას.

      ზემოთ იმაშიც დავრწმუნდით, რომ განწყობის მოტივაციურ ფაქტორში სუბიექტის ჩარევა მისი ქმნადობის თვალსაზრისით არანაკლებ შეზღუდულია. ეს შეფასება იმ ფაქტორებზეც ვრცელდება, რომელთაც «განწყობის ანთროპული თეორია» ასახელებს. ესენია: «მიუღებელი, იმპულსური ქცევა, გონივრული შესაძლებელი ქცევები, სოციალური მოთხოვნები, საკუთარი ღირებულებათა სისტემა და ნებელობის უნარი» [9; 75-76]. სხვა ადგილას პიროვნების ნებელობითი აქტივობის განწყობის ფაქტორებად დასახელებულია: «იმპულსური ქცევის მიუღებლობის განცდა, იმპულსური ქცევისა და «მე»-ს მოთხოვნილების შეუთავსებლობის გაცნობიერება, მისაღები ალტერნატიული ქცევების შეფასება ღირებულებათა სისტემის საფუძველზე, რომელიმე ქცევის ამორჩევა, მისთვის მოტივის გამონახვა და სხვებთან შედარებით მისთვის მეტი ღირებულების მიწერა, გადაწყვეტილების მიღება, რაც ახალი განწყობის ფორმირებას წარმოადგენს» [8; 162]. უნდა ითქვას, რომ მეორე ჩამონათვალში მოცემული ფაქტორები არსებითად არცაა ფაქტორები, არამედ ოპერაციები, რომელთაც ობიექტივაციის პლანში ახორციელებს პიროვნება ნებელობითი ქცევისთვის მომზადებისას. ფაქტორია, მაგალითად, ღირებულებათა სისტემა, მაგრამ ამ სისტემის საფუძველზე ქცევის შეფასება თუ ქცევისთვის მოტივის გამონახვა არის ვოლიტური ოპერაცია ან მოქმედება.

      გადაწყვეტილების მიღებაც მოქმედებაა, აქტია (უზნაძის მიხედვით ნებელობის პროცესის მეორე პერიოდია), რომელიც დასახელებული ფაქტორების (ან უფრო ზუსტად ოპერაციების) ბოლოშია მოთავსებული. ანთროპულ თეორიაში ნებისყოფა, როგორც ფუნქცია, გადაწყვეტილების პროცესს უკავშირდება. ამ უკანასკნელს საკვანძო როლი ეკისრება. «გადაწყვეტილების მიღება პიროვნების აქტივობას წარმოადგენს, რითაც შესატყვისი განწყობა იქმნება. ამ აქტივობაში ვლინდება პიროვნების თავისუფლება» [9; 163]. ამ პრინციპული დებულების გაზიარება რამდენიმე რაიმის გარკვევას მოითხოვს. პირველ რიგში უნდა გაცხადდეს, რა კავშირშია გადაწყვეტილება წინარე მოტივაციურ პროცესებთან, რომელთაც, თითქოს, იგი აგვირგვინებს. თუ სამომავლო ქცევა ღირებულებათა სისტემის საფუძველზე უკვე არის შეფასებული, ამორჩეული, ყველაზე დიდი ღირებულების მოტივთანაცაა დაკავშირებული, იგი პიროვნების მიერ ყველა მხრივ შეწყნარებული ყოფილა და რაღა საჭიროა ამის მერე საგანგებო გადაწყვეტილების აქტი, რომელიც განწყობას აფორმებს? რა ფუნქცია აკისრია ამ შემთხვევაში ნებელობას? თუ ქცევა უკვე მოთავსდა მოთხოვნილებათა და ღირებულებათა სისტემაში, იგი შეთანხმებულია პიროვნების სოციალურ და მორალურ შეხედულებებთან, ორიენტაციებთან, მაშ ყველა თვალსაზრისით მისაღებიცაა და სასურველიც; მას საკუთარი ენერგეტიკული საფუძველიც ჰქონია და «ნებელობის ძალა» აღარ ესაჭიროება. ქცევის აღმძვრელის ფუნქციას ამ შემთხვევაში მოქმედი ღირებულებითი ორიენტაციები ასრულებენ. მოცემული მოდელის თანახმად, ისინი ე.წ. «დისპოზიციური განწყობების» სახით არსებობენ და ე.წ. «მაღალი მოთხოვნილებების» როლსაც ასრულებენ.

      ნებელობისთვის ქცევის ენერგეტიკული წყაროს ფუნქციის ჩამოცილება «ანთროპულ თეორიას» რამდენადმე აშორებს უზნაძის თვალსაზრისს. ამ შემთხვევაში მთავარია, რას ვიღებთ სანაცვლოდ.

      «განწყობის ანთროპული თეორიის მიხედვით პიროვნება გარკვეული ფაქტორების თავმოყრით თვითონ ქმნის მის მიერ არჩეული ქცევის განწყობას. ასევე საკუთარი ინიციატივით პიროვნება თვითონ ქმნის თავის ფსიქიკურ ავტოპორტრეტს, რითაც არსებითი წვლილი შეაქვს თავისი პიროვნების ფორმირებაში» [9; 200]. «პიროვნება ნებელობის გამოყენებით ერთიან ფსიქიკურ ველში თავს უყრის ყველა ამ მონაცემს და ქმნის ქცევის განწყობას» [8; 76]. ამრიგად, ადამიანის ქცევისთვის თავისუფლების ნიშნის მიმნიჭებელი ნებელობის დანიშნულება ამ ქცევის განწყობისთვის აუცილებელი მონაცემების თავმოყრაში მდგომარეობს. სამწუხაროდ, ამ დებულების მეტი კონკრეტიზაცია აღარ კეთდება; არ განიმარტება, რას ნიშნავს ეს თავმოყრა, რეალურად რა ამოცანის გადაწყვეტას ემსახურება ნებელობის უნარი? ცხადია, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ამის გაგება არ შეიძლება. ქცევის საფუძვლის მომზადების ამოცანა პიროვნების წინაშე ისე არ დგას, თითქოს მოცემული იყოს ქცევის შესახებ მონაცემები და ახლა სპეციალური ძალისხმევით მათ უნდა თავი მოვუყაროთ ერთიან განწყობაში. საფიქრებელია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ეს თავისთავად კეთდება. მაგრამ, როგორც ვთქვით, თუ ყველაფერი უკვე მანამდე მოგვარებული და გადაწყვეტილია, თუ ადამიანმა უკვე იცის რა, როგორ და რატომ უნდა გააკეთოს და ხელისშემშლელი მომენტებიც გათვალისწინებული აქვს, რაიმესთვის თავის მოყრის საგანგებო ამოცანა არც იარსებებს.

      ასეთი საჭიროებაც რომ არსებობდეს, უნდა იქნას ნაჩვენები, როგორ ახერხებს ამას ნებელობა, და სად იჩენს თავს აქ თავისუფლება. თუ გადაწყვეტილების მიღება პიროვნების აქტივობაა, რომლითაც შესატყვისი განწყობა იქმნება, მაშინ ამ უმნიშვნელოვანეს პიროვნულ აქტივობასაც თავისი განწყობა ესაჭიროება. ასეთია განწყობის თეორიის კატეგორიული მოთხოვნა, ანთროპულისა თუ არაანთროპულის. სამწუხაროდ, ეს საკითხი ღიად არის დარჩენილი განწყობის ფსიქოლოგიის ყველა ვერსიაში. ხაზს ვუსვამთ, მხედველობაში გვაქვს თვით გადაწყვეტილების მიღების პროცესი, უზნაძის მიხედვით ნებელობითი აქტივობის მეორე პერიოდი და არა პირველი ან მესამე, სადაც, ამ მხრივ, რაღაც გარკვეულობა არსებობს. თუმცა, აქაც არის საჭირო სიცხადის შეტანა ზოგიერთ მომენტში, განსაკუთრებით ე.წ. მოსამზადებელ პერიოდთან დაკავშირებით. ამ საკითხს კიდევ მოვუბრუნდებით. აქ მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ როგორიც არ უნდა აღმოჩნდეს თვით გადაწყვეტილების მიღების საფუძველმდებარე განწყობა, იგი აუცილებლობით იქნება ამ აქტივობის დეტერმინანტი, განმსაზღვრელი მიზეზი. მაშასადამე, ლოგიკურად, გადაწყვეტილების მიღების პროცესი თავისუფლებისა და ინდეტერმინიზმის გამოხატულებად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან თვითონ არის დეტერმინირებული განწყობით. თუ მიუხედავად ამისა, მაინცა და მაინც, ვეცდებით ამ ცნებებისთვის თეორიული სივრცის დატოვებას, მაშინ თავისუფლება გადაწყვეტილებაში კი აღარ უნდა ვეძებოთ, არამედ მისი გამომწვევი განწყობის ფაქტორებში. უფრო ზუსტად ამ უკანასკნელის გამაპირობებელი სიტუაციური, მოტივაციური და ინსტრუმენტული მოვლენების თვითქმნადობის შესაძლებლობაში.

      ერთ-ერთ ასეთ მოვლენად შეიძლება ფსიქიკური ავტოპორტრეტიც განვიხილოთ. ანთროპული თეორიის მიხედვით მას პიროვნება «საკუთარი ინიციატივით თვითონ ქმნის» და ამით პიროვნების (ანუ საკუთარი თავის) ფორმირებაში მონაწილეობს. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მონაწილეობა მარტო ამით არ შემოიფარგლება, ვინაიდან თუ ავტოპორტერეტი თვითქმნადობის შედეგია, მაშინ რატომ არ უნდა გავრცელდეს მოვლენათა შორის კავშირის ეს ფორმა (ანუ თვითქმნადობა) სხვა პიროვნულ სტრუქტურებზეც?

      უზნაძე ასე მსჯელობს: «ყოველი ნებელობის აქტი და ნებელობის პროცესი არსებითს კავშირში იმყოფება პიროვნებასთან ... ნებელობის აკუტური აქტები და პროცესები ... პიროვნების თავისებურებათა დაღით უნდა იყოს აღბეჭდილი» [11; 240]. «ნებელობის აქტუალურ პროცესებს წინ უსწრებს პიროვნების მიდრეკილება გარკვეულის, სხვებისაგან განსხვავებული სახის ნებისმიერი მოქმედების მიმართ» [11; 241]. სწორედ ესაა, რასაც ხასიათს უწოდებენ და რაც სინამდვილეში «პიროვნების დისპოზიციურ განწყობას, გარკვეულ განწყობათა აქტუალიზაციის უნარს წარმოადგენს» [11; 244]. პიროვნების ხასიათი, როგორც დისპოზიციური განწყობების სისტემა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გარემო-სიტუაციებში უხდებოდა მას ცხოვრება და მოქმედება. დისპოზიციური განწყობები გარემოთი არის დეტერმინირებული [11; 245].

      უზნაძის მიერ შემოტანილი დისპოზიციური განწყობის ცნება გააღრმავა და განავრცო ვ. ნორაკიძემ; მოიყვანა ის მიმართებაში სხვა ცნებებთან (პიროვნების ნიშანი, მოტივი, მოთხოვნილება, ატიტუდი), სხვა ავტორების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან (გ. ოლპორტი, ჰ. მიურეი, კ. გრაუმანი) და მას პიროვნების დახასიათებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა. დისპოზიციური განწყობა ძლიერ გაფიქსირებული და განმტკიცებული განწყობაა. იგი პიროვნულ თვისებად არის ქცეული და ადამიანის ღირებულებებსა და ორიენტაციებს გამოხატავს. პიროვნება, არსებითად, დისპოზიციურ განწყობათა მთლიანი სისტემაა. მოტივაციის პროცესი კონკრეტული ქცევის ამ განწყობებთან დაკავშირების პროცესია. გადაწყვეტილების საფუძველია დისპოზიციურ განწყობათა სახით არსებული პიროვნების ღირებულებები და ორიენტაციები. «ზნეობრივ-საზრისულ სიტუაციაში შექმნილი განწყობა ნებელობის მეშვეობით ადვილად ჩაერთვება დისპოზიციური განწყობებისა და მოთხოვნილებების სისტემაში. ქცევა კი ასეთი განწყობის შესაბამისად იშლება. მაშასადამე, დიდი პიროვნული წონის ფიქსირებული განწყობები წარმოადგენენ საფუძველს, აღმძვრელ ფენომენს, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პიროვნება, რომელი მოთხოვნილებებისკენ მიიმართება იგი, რათა ზნეობრივ-საზრისული სიტუაციის შესატყვისად შექმნას განწყობა – მიიღოს გადაწყვეტილება» [23; 132].

      შ. ნადირაშვილის ე.წ. «განწყობის ანთროპულმა თეორიამ» ესოდენ მდიდარი პიროვნული მნიშვნელობით დატვირთული ცნება ზედმიწევნით კარგად მოირგო. პიროვნულ-ნებელობითი დონის ქცევის დახასიათებისას მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ დისპოზოციური განწყობების ჩამოყალიბების თავისთავად მნიშვნელოვანი საკითხი კიდევ უფრო საინტერესო ხდება ქმნადობა-თავისუფლების თვალსაზრისით. თუ თავისუფლება ქმნადობაა, ხოლო დისპოზიციურ განწყობათა სისტემა პიროვნების თვითქმნადობის შედეგი, მაშინ თითქოს ჩნდება «ფსიქოლოგიური სივრცე», სადაც თავისუფლების ასპარეზია.

      სამწუხაროდ, ასეთი თეორიული სვლის გაკეთების შესაძლებლობას რეალობა ზღუდავს, რაც კარგადაა გათვალიწინებული თვით ანთროპულ თეორიაში. მართლაც, მასში საგულდაგულოდ არის დამუშავებული საკითხი დისპოზიციური განწყობების ფორმირება-შეცვლის ფაქტორებისა და მექანიზმების შესახებ. ირკვევა, რომ მათი დიდი ნაწილი (სოციალური როლების შესრულება, მიბაძვა, იდენტიფიკაცია, კატეგორიზაცია, არათავსებადობის მოხსნა და კონგრუენტობის გაზრდა) ძირითადად ავტომატურად, სუბიექტის აქტიური მონაწილეობის გარეშე მოქმედებს. იგივე ითქმის ღირებულება–განწყობების სისტემის ორგანიზაციის პროცესზეც, რაც არსებითად პიროვნების ფორმირებას ნიშნავს. «განწყობა თვითონ ხასიათდება შინაგანი შეთანხმების ტენდენციით. ამის გამო ... განწყობებს შორის თავსებადი მდგომარეობა მყარდება. განწყობის ეს თვისება საფუძვლად ედება ადამიანის ფსიქიკური თვითორგანიზაციის პროცესს» [9; 99]. მაგრამ ეს თვითორგანიზაცია არ არის თვითქმნადობა, როგორც პიროვნების თავისუფალი და შეგნებული ნების გამოვლინება. სოციალურ განწყობათა სისტემის სახით გაერთიანება უპირატესად თავისთავად ხდება «შინაგანი შეთანხმების ტენდენციის» საფუძველზე. სოციალურ ფსიქოლოგიაში არსებობს ამის დამადასტურებელი ემპირიული მონაცემები. ისინი საკუთრივ ანთროპულ თეორიაშიც არის მოპოვებული, კერძოდ თ. ჩხეიძის ექსპერიმენტებში «ნაჩვენები იქნა, რომ ცდისპირებში გარკვეული განწყობის ფარული გზით, არაცნობიერად გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდეგ, სპონტანურად, სუბიექტის მიერ გაუცნობიერებლად ხდება მათთან დაკავშირებული განწყობების შეცვლა შეტანილი ცვლილებების მიმართულებით» [9; 100].

      მაშინაც კი, თუ სუბიექტი მონაწილეობს დისპოზიციურ განწყობათა ქმნადობის ან ორგანიზაციის პროცესებში, იგი, ცხადია, ამისთვის თავად არის მოტივირებული და განწყობილი, და, მაშასადამე, დეტერმინირებული. თვითქმნადობის ეგზისტენციალური იდეა ერთი შეხედვით მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ, თუ ჩავუკვირდებით, აღმოჩნდება, რომ იგი ვერ ჩაენაცვლება თავისუფლების იდეას, ვინაიდან თვითქმნადობაზე მიმართული ყოველი გადაწყვეტილება და ქმედება უთუოდ თავადაა განსაზღვრული გარეგანი მოთხოვნებით და შინაგანი მოტივებით. ძნელი გასაგებია, თუ რა მნიშვნელობით შეიძლება ამ შემთხევაში «თავისუფალ თვითქმნადობაზე» ლაპარაკი.

      საზოგადოდ, თუ ეგზისტენციალური ფილოსოფიის სიბრტყიდან ფსიქოლოგიურ სიბრტყეში, რეალური ქცევის სინამდვილეში გადავალთ, თვითქმნადობა საკუთარი თავის (ცოდნა-ჩვევების, უნარ-თვისებების, ღირებულება-განწყობების) ფორმირებაზე ან შეცვლაზე მიმართულობას და შესაბამის აქტივობას უნდა გულისხმობდეს. თვითქმნადობის ცნების ასეთი დაზუსტება აუცილებელია, რათა განვასხვავოთ იგი საკუთარ თავზე ზრუნვასთან დაკავშირებული უამრავი სხვა ქცევისაგან. მაგრამ აქ დგება საკითხი, რომელიც სათანადოდ არ არის გათვალისწინებული მათ მიერ, ვინც თავისუფლების ცნებას ადამიანის თვითქმნადობის უნართან აიგივებს. თვითქმნადობა უმაღლესი დონის რთული აქტივობაა და საკმაოდ მოწიფულ პიროვნებას გულისხმობს. იმ შემთხვევაში, თუ თავისუფლება თვითქმნადობაა, პიროვნება თავისუფალი თვითქმნადობის პროდუქტი ვერ იქნება, რადგან ეს პროცესი (უნარი) უკვე გულისხმობს პიროვნული დონის აქტივობის მექანიზმების არსებობას. პიროვნება თვითქმნადობამდე და, ე.ი. თავისუფლებამდე არსებობს; აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ იქამდე, ვიდრე პიროვნება თვითქმნადობის მიზანს დაისახავს (თუ ასეთი რამ საერთოდ მოხდა), მისი ფორმირებისა და ფუნქციონირების პროცესი ყოველგვარი თავისუფლების გარეშე, კანონზომიერად, შინაგანი და გარეგანი ფაქტორებით დეტერმინირებულობის პირობებში მიმდინარეობს.

      არ არის სათანადოდ გააზრებული ისიც, რომ ქმნადობა, მიზეზობრიობასთან და გამომდინარეობასთან ერთად, ფსიქიკურ აქტივობაში მოცემული კავშირის სახეობაა [9; 155-163]. კავშირი კი საზოგადოდ მოვლენების შორის არსებული დამოკიდებულების, მიმართების, გაპირობებულობის დადასტურება და, ამდენად, აუცილებლობის, დეტერმინირებულობის გამოვლინება და თავისუფლების უარყოფაა. ამიტომ, საერთოდ გაუგებარია, რის საფუძველზე უნდა ითვლებოდეს ქმნადობა ან თვითქმნადობა თავისუფლების მაჩვენებლად.

      ადამიანი, რა თქმა უნდა, შემოქმედი არსებაა; იგი ზემოქმედებს თავის გარემოზე, ქმნის კულტურას. მაგრამ ამით, ცხადია, არ თავისუფლდება მისგან, პირიქით, კიდევ უფრო უკავშირდება მას. ადამიანმა ასევე შეიძლება მიზნად დაისახოს საკუთარი თავის, საკუთარი მოტივაციისა თუ შესაძლებლობების შეცვლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი აღარ არის დეტერმინირებული ამ შინაგანი ფაქტორებით. აღნიშნული გარემოება ძალიან ზუსტად დაახასიათა ვ. ვინდელბანდმა: «თავისუფლება არასოდეს არ არის აბსოლუტური განსაზღვრულობა; ის ყოველთვის თავისუფლებაა სხვა რაიმესაგან. ამ ცნების სრული განსაზღვრისთვის მისი ყოველი გამოყენებისას დაისმის კითხვა: თავისუფლება რისგან? გამოცდილებაში მოცემულ სინამდვილეში არ არსებობს თავისუფლება ყოველგვარი განსაზღვრულობისაგან და დამოკიდებულებისაგან არც ქცევაში, არც მდგომარეობაში, არც ნივთში» [16; 13-14]. ეს ნამდვილად ასეა. ამიტომ თანამედროვე აკადემიურ ფსიქოლოგიაში (რომლის ნაწილადაც მოიაზრება განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორია) თავისუფლების კატეგორიის უარყოფა თუ არა, საფუძვლიანი შეზღუდვა ხდება. მართლაც, ბოლოს და ბოლოს, რისგანაა ადამიანი დამოუკიდებელიცა და თავისუფალიც? შესაძლოა, გარემოსაგან, ისიც ძალზე მცირე ფარგლებში. ხოლო თავისუფლება შინაგანისაგან პრინციპულად შეუძლებელია, რადგან სწორედ ისაა «თავისუფალი» გადაწყვეტილებისა და მოქმედების საფუძველი და პირობა.

      ნებელობა, როგორც აქტივობა, პროცესი არის ურთიერთდაკავშირებული ფსიქიკური მოვლენების (მოთხოვნილება, მოტივი, მიზანი, გეგმა და სხვა) სისტემა. ეს კავშირები ქცევის ფსიქიკური დეტერმინაციის რთულ სურათს გვაძლევს. ფსიქოლოგიამ, როგორც ემპირიულმა მეცნიერებამ, უნდა დაადგინოს შესაბამისი კანონზომიერებანი. პროცესის შემადგენელი ცვლადებისაგან და მათი კავშირებისაგან თავისუფალი ნება ფსიქოლოგიური, მეტიც, საზოგადოდ მეცნიერული შინაარსისაგან გამოშიგნული აღმოჩნდება და მეტაფიზიკად გადაიქცევა (რისი მაგალითებიც არსებობს სხვადასხვა სახის ვოლუნტარისტული სპეკულაციების სახით). ვისი ან რისი თავისუფალი ნების განხორციელებაზეა საუბარი, თუ არ არის გათვალისწინებული, შეწყნარებული და საფუძვლად მიღებული ის მიმართებანი და კანონზომიერებანი, რომლებიც გარე და შიდა სამყაროს აუცილებელი მოცემულობაა? ხოლო თუ საქმის ვითარება ისეა წარმოდგენილი, რომ ვინმე ან რაიმე ჩვენში თვითონ გვკარნახობს თავის «თავისუფალ ნებას», თავადვე ახდენს ქცევაში ჩარევას, თვითნებურად ადგენს თუნდაც შინაგანი ცხოვრების კანონებს და წესებს, მაშინ ნებელობის ზებუნებრივი ძალის ან პიროვნებაში მოთავსებული ყოველგვარი შემზღუდავი მოცემულობისაგან თავისუფალი ჰომუნკულუსის იდეამდე მივდივართ.

      ეს უკანასკნელი არ არის საკუთრივ პიროვნება თავისი სტრუქტურული ერთეულებითა და მათი კავშირებით, არამედ სხვა რამ – სუბიექტის განმკარგავი ავტონომიური ძალა, მისი «უფალი». ოღონდ მაშინ სრულიად გაუგებარი ხდება რისგან შედგება იგი, რა სტრუქტურისა და შინაარსის მატარებელია. რაკი ასეთი რამ ვერ მოიაზრება, მაშინ იგი არცაა «თავის უფალი» (რამდენადაც თავი ანუ ფსიქიკური შინაარსი არა აქვს), არამედ მხოლოდ «უფალი». ინდეტერმინიზმი, ფაქტობრივად, არც თუ იშვიათად, აქამდე მიდის კიდეც (თუნდაც «რელიგიური ეგზისტენციალიზმის» ფარგლებში).

      თუ ეს უთავო «უფალი» არავიზე და არაფერზე არ არის დამოკიდებული, მისთვის არაფერია აუცილებელი, წესებსა და კანონზომიერებებს არ ემორჩილება (არ არის დეტერმინირებული), მაშინ იგი ალალბედზე ანუ შემთხვევით მოქმედებს. ერთი სიტყვით, ვიღებთ ასეთ სურათს: ადამიანში მოთავსებულია კანონზომირებათაგან დაცლილი ჰომუნკულუსი («უფალი»), რომელიც მართავს ქცევას, თვითონ კი არაფრით იმართება და შემთხვევას არის მინდობილი. როცა ა. აინშტაინმა ქვანტური ფიზიკის სამყაროს მიმართ წარმოთქვა ცნობილი ფრაზა «უფალი კამათელს არ აგორებსო», იგი ამგვარ კონსტრუქციას აპროტესტებდა. საეჭვოა, რომ სულიერ სინამდვილესთან მიმართებაში ეს სურათი უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდეს. ყოველ შემთხვევაში ნათელია, რომ თავისუფლების გაგება «შემთხვევითი ნების ან ნებელობის» მნიშვნელობით უაზრობაა. ნებელობა, როგორც ფსიქიკური პროცესი ან უნარი, ყოველთვის რაღაც საფუძველს ემყარება. ეს კი უკვე აუცილებლობაა და არა შემთხვევითობა. ნათქვამი არ ნიშნავს იმას, რომ ფსიქიკის სფეროში შემთხვევითობა არ მოქმედებს; იგი დანამდვილებით მოქმედებს, მაგრამ არა როგორც ნებელობის პროცესის თავისუფლების გამომხატველი პრინციპი [4].

      საზოგადოდ, ძნელია, არ დაეთანხმო ვინდელბადს, რომელსაც ეკუთვნის ინტროსპექციის სიზუსტით გამორჩეული გამოკვლევა ნების თავისუფლების პრობლემისა. იგი დღესაც სრულიად გამართულად გამოიყურება, როგორც ემპირიული, ისე თეორიული კუთხით. ნებელობაზე დაკვირვება ამტკიცებს, რომ დროებითი მდგომარეობის ცვალებადობის გარდა მასში «არსებობს ბირთვი ისეთი მუდმივი მოტივებისა, რომელსაც ჩვენ ვაიგივებთ საკუთარ პიროვნულ არსთან. მაგრამ თუ ამის მერე აზრის იმავე მსვლელობიდან გამომდინარე, რომელმაც გარე სამყაროში მოგვიყვანა «ნივთამდე თავისთავად», ნებელობითი ცხოვრების ამ უფრო ვიწრო ბირთვშიც თავიდან დავიწყებთ ყველაზე ვიწროსა და შინაგანის ძიებას, რაც არის თვითონ ნებელობა ყველა მუდმივი თუ დროებითი მოტივების გამოკლებით, ნებელობა თავისთავში, მაშინ, საქმის ბუნებრივი მდგომარებიდან გამომდინარე, აღარ დაგვრჩება არავითარი შინაარსი, რომელსაც ნებელობად წარმოვადგენთ. ამიტომ როგორ ძლიერადაც არ უნდა ვაცნობიერებდეთ ჩვენი ნებელობითი ცხოვრების მთლიანობით და პიროვნულ ერთიანობას, ფსიქოლოგიურად არა გვაქვს უფლება ვილაპარაკოთ ნებელობაზე, როგორც რაიმე ნივთიერზე, განსაკუთრებულზე, რომელიც შინაარსეულად განსხვავდება სურვილებისაგან, მდგომარეობებისაგან, ქმედებებისაგან, საკუთარი მუდმივი და წარმავალი მოტივებისაგან. ჩვენ შეგვიძლია იგი წარმოვიდგინოთ მხოლოდ გაერთიანებული სურვილის სახით, რომლის მიმართულებასა და ძალას ფაქტობრივად განსაზღვრავს მასში გაერთიანებული მოტივების ერთობლიობა» [16; 69-70]. აქედან გამომდინარე «თუ დეტერმინიზმის, უფრო ზუსტად კი შინაგანი დეტერმინიზმის, ქვეშ გაგებული იქნება სწავლება, რომლის მიხედვით წარმავალი და მუდმივი მოტივების ერთობლიობა ქმნის ნებელობის მთელს შინაარსს, და ამ გაერთიანებაში განაპირობებს არჩევანს, მაშინ ჩვენ ყველა დეტერმინისტი ვართ. ამ აზრით ასეთი იყო ყველა დიდი ფილოსოფოსი» [16; 71].

      ადამიანის არჩევანისა და გადაწყვეტილების მიხედვით ვმსჯელობთ მისი ხასიათისა თუ ნებელობის ყაიდის შესახებ. ეს კი გულიხსმობს, რომ გადაწყვეტილება მუდმივი მოტივებითაა განსაზღვრული. მხოლოდ ამ აზრით განვიხილავთ ადამიანს თავისი ქმედებების მიზეზად და ვაკისრებთ მათზე პასუხისმგებლობას, ვინაიდან «არასდროს შეიძლება აქციო პასუხისმგებლად ქმედებაზე რაიმე გარდა მისი მიზეზისა ... არჩევანის თავისუფლება არის საქციელის განსაზღვრულობა ხასიათით. ამ მნიშვნელობით ვუწოდებთ მას ზოგჯერ თვითგამორკვევას, ან ავტონომიას ... თუ ე.წ. ინდეტერმინიზმი არ კმაყოფილდება ამით, და პასუხისმგებლობის გამო უშვებს ნებელობის «თვითგამორკვევის» კიდევ სხვა სახეობასაც, მაშინ იგი ნამდვილად იტყუებს თავს. ამტკიცებს რა, რომ ნებელობა მხოლოდ იქ იღებს თავისუფლად გადაწყვეტილებას, სადაც არჩევანი ყველა მოტივისაგან დამოუკიდებლად ხორციელდება, იგი მაინც ვერ აღიარებს, რომ გადაწყვეტილების გამოტანა უმიზეზოდ ე.ი. უბრალოდ შემთხვევითად ხდება. ამის დაშვება სწორედ პასუხისმგებლობის გათვალისწინებითაა შეუძლებელი, ვინაიდან შემთხვევითობაზე არავინ არის პასუხისმგებელი, რამდენადაც მას მიზეზი არა აქვს» [16; 72-73].

      მეცნიერული აზრი ყოველთვის უფრთხოდა დაუსაბუთებელ ან სულაც მისტიკურ კონსტრუქციებს, რომლებამდეც შეიძლება მიგვიყვანოს ნების თავისუფლების იდეისა და ინდეტერმნიზმის პრინციპის გატარების წრეგადასულმა, დაუოკებელმა სწრაფვამ. ეს იყო თანამედროვე ფსიქოლოგიის მიერ ნებელობის პრობლემისადმი (ცნებისადმი) გულაცრუების მთავარი მიზეზი. ამასთან დაკავშირებით გ. ოლპორტი აღნიშნავდა, რომ ამერიკაში სიტყვები «ნებელობა», «ნებელობითი აქტი», «თავზარს სცემენ ფსიქოლოგების უმრავლესობას, ვინაიდან გვახსენებენ თავისუფლების პრობლემის არსებობას, რომლის გადაჭრა არაფრით არ ხერხდება» [24; 226]. ევროპაშიც მსგავსი სურათი იყო, თუმცა ახლა იგი გარკვეულად იცვლება. გაჩნდა ნებელობის ცნების რეაბილიტაციის სურვილი. დაიწყო სერიოზული თეორიული და ემპირიული კვლევა.

      აქ, პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს გერმანელი მეცნიერების ჯ. კულისა [39] და ჰ. ჰეკჰაუზენის მოდელები [34]. ორივესთვის დამახასიათებელია მოტივაციური და ნებელობითი პროცესების გამიჯვნა. საკუთრივ ნებელობითი პროცესები ქცევის რეალიზაციის კონტროლს ემსახურება. მოტივაციური პროცესები ამზადებენ გადაწყვეტილებას იმით, რომ იმუშავებენ ე.წ. «რეზულტატურ მოტივაციურ ტენდენციას». ჩვენი ტერმინოლოგიით ეს ქცევის საერთო ღირებულების ჩამოყალიბებაა, რომელიც მიზნის სუბიექტური მნიშვნელობისა (ვალენტობა) და მისი მიღწევის ალბათობის (ინსტრუმენტალობა) ფუნქციას წარმოადგენს [4]. ნებელობის პროცესში სუბიექტი ზრუნავს განზრახული რეზულტატის მისაღწევად. მათ შორის გამავალი რუბიკონის გადალახვას (ჰეკჰაუზენის შეხედულებას «რუბიკონის მოდელი» უწოდება) მოქმედების ინიციაციის სპეციალური პროცესები უზრუნველყოფს. საზოგადოდ კი ქცევის მომზადების, ინიციირებისა და შესრულების პერიოდები ერთიანობას ქმნის და გარკვეული ფსიქიკური პროცესებით იმართება. ისინი ე.წ. თვითრეგულაციის (ნებელობის) საერთო მექანიზმის შემადგენლობაში მოიაზრება. თანამედროვე კოგნიტურ ფსიქოლოგიაში შესრულებულია სერიოზული თეორიული და ემპირიული სამუშაო ამ ურთულესი ფსიქიკური აქტივობის დახასიათებისთვის. მასში შედის თვითკონტროლის, თვითსტიმულირების, თვითგანმტკიცების, თვითკრიტიკისა და სხვა კერძო მექანიზმი. მათი უზრუნველყოფისთვის გამოიყენება ფსიქიკური პროცესების პრაქტიკულად მთელი არსენალი (დღეს საერთოდ აღარ არის მიღებული მკაცრი დაპირისპირება კოგნიტურ და მოტივაციურ-ემოციურ პროცესებს შორის. ასე მაგალითად ა. ბანდურა ლაპარაკობს კოგნიტურ მოტივატორებზე ანუ მოლოდინებზე [37], ჟ. ნიუტენი – კოგნიტურდინამიკურ წარმონაქმნებზე ანუ მიზანსა და გეგმაზე [40] და სხვა).

      თვითრეგულაციის მექანიზმის ერთიანი მოდელი ჯერჯერობით არ არსებობს. სხვადასხვა ავტორებს მასში განსხვავებული ოპერაციები, სტრატეგიები და სქემები შეაქვთ, თუმცა მათ შორის გაცილებით მეტია მსგავსება, ვიდრე განსხვავება, რაც პროცესის არსობრივი მხარის ერთიან ხედვაზე მიანიშნებს. მაგალითად, კულთან უფრო მეტად არის დამუშავებული ქცევის უშუალო მსვლელობის მართვასა და კონტროლთან დაკავშირებული მექანიზმები. ამის საჭიროებას განაპირობებს ქცევის მოტივაციური ძალის შესუსტება ან სხვა მიზნებისკენ წარმართული ტენდენციების გაძლიერება; ასევე, შესრულების პროცესში წარმოქმნილი შინაგანი თუ გარეგანი წინააღმდეგობები. მაგალითად, ადამიანს უნარი შესწევს გამოიწვიოს ცნობიერების გარკვეული მდგომარეობები, რომლებიც ხელს უწყობენ მოქმედების შესრულებას და პირიქით, შეაკავოს ისეთები, რომლებიც დაბრკოლებას ქმნიან. ამისთვის სხვადასხვა ხერხი გამოიყენება, ვთქვათ, მიზნის დადებით შედეგებთან დაკავშირებული წარმოდგენების აქტუალიზაცია ან უარყოფითი შედეგებიდან ყურადღების გადატანა სხვა შინაარსებზე. ეს საშუალებას იძლევა, გაძლიერდეს მიზნის თავდაპირველი მიმზიდველობა, რათა მან შეინარჩუნოს დომინანტური ალტერნატივის სტატუსი. ამ დახასიათებიდან ჩანს, რომ ქმედების განხორციელების დროსაც ფაქტობრივად ხდება მოტივაციური პროცესის აღდგენა, რომელშიც წამყვანი ტენდენცია შეირჩა და განზრახვა გამომუშავდა. მაშასადამე, ეს მექანიზმი არსებითად უნივერსალურია. იგი მოქმედებს როგორც მოსამზადებელ პერიოდში, რომელსაც კული არჩევანის (სელექციის) პროცესს უწოდებს და რეალიზაციის პერიოდშიც (კულის თანახმად, საკუთრივ ნებელობის პროცესი).

      მიმდინარე კონტროლი ასევე ვრცელდება ფიზიკურ და სოციალურ გარემოზე. მაგალითად, ადამიანს შეუძლია თავი დაიცვას მაპროვოცირებელი საგნების მოშორებით გარემოდან, ან თავის გარემოცვაში ისეთი სოციალური პრესინგის შექმნით, რომელიც გაუადვილებს განზრახვის საწინააღმდეგო ტენდენციებთან ბრძოლას. კული საგანგებოდ ახასიათებს და შეისწავლის კონტროლის სხვა სტრატეგიებსაც, თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს ისინი, ყოველთვის გულისხმობენ ინფორმაციის ძიებას (ყურადღება), შენახვას (ოპერაციული და ხანგრძლივი მეხსიერება) და გადამუშავებას (კოდირება-დეკოდირება, შეფასება, პროგრამირება, კორექცია). ნებისყოფა, როგორც უნარი, არსებითად, ამ პროცესების კოორდინირებულ ფუნქციონირებას გულისხმობს [39].

      ჩვენ შეიძლება არ დავეთანხმოთ კულს და ჰეკჰაუზენს ნებისყოფის ცნების შინაარსის ასეთ შეზღუდვაში. ნებისყოფის ცნებაში ქცევის ყველა პერიოდი შედის. მეტიც, ნებისყოფის ფუნქცია ყოველთვის, ქცევის ყველა ეტაპზე, გადაწყვეტილებამდე და მის შემდეგაც, მოტივაციური პრობლემების გადაჭრაში მდგომარეობს. ამავე დროს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ მოდელებში ნაჩვენებია, რა რთული თვითრეგულაციური პროცესები მიმდინარეობს ნებელობითი ქცევის განხორციელებისას. განწყობის თეორია ამას ნაკლებ ყურადღებას უთმობს. ითვლებოდა, რომ ქცევის შესრულებას გაწყობის მექანიზმი განაპირობებს, მისი მიზანშეწონილი განხორციელება განწყობით არის გარანტირებული. ხოლო თუ რამ გაუთვალისწინებელი მოხდა, საქმეში მეორე – ობიექტივაციის მექანიზმი ჩაერთვის. ე.წ. «განწყობის სტრუქტურის სტატიკური მოდელის» თანახმად ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე ქცევის განწყობა ინგრევა და იწყება ახალი ადეკვატური განწყობის ფორმირების პროცესი. ე.წ. «დინამიკური მოდელი» გაცილებით ზუსტია ბევრი თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში იგი საშუალებას გვაძლევს, განვიხილოთ ქცევის განხორციელების პროცესში წარმოქმნილი კოლიზიები და მათთან გამკლავების ხერხები ერთიანი განწყობისეული მექანიზმის შიგნით [15]. ქცევის პროცესში განწყობის სტრუქტურა მუდმივად იცვლება, ხდება მისი კონკრეტიზაცია, კორეგირება, დაზუსტება. ამის მიზეზია როგორც სიტუაციურ, ისე მოტივაციურ და ოპერაციულ ბლოკში მომხდარი ცვლილებები.

      აქ არ შევუდგებით იმ ტრანსფორმაციათა ანალიზს, რომლებიც ხდება განწყობის მოტივაციურ ფაქტორში[19]. მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ მოთხოვნილებათა სისტემაში, რომელიც აღძრავს ყველა მეტნაკლებად რთულ ქმედებას, აქტივობის მთელს გაყოლებაზე ხდება მრავალი, ხშირად სერიოზული ცვლილება, როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი თვალსაზრისით. ეს აუცილებლად აისახება ქცევის დინამიკურ და შინაარსობრივ მახასიათებლებზე და, ცხადია, განწყობაში. ჩვენი განხილვის კონტექსტში მთავარია, რომ სუბიექტი თვითონ მონაწილეობს ამ სფეროში მიმდინარე პროცესების მართვაში. გამოცდილებით გამომუშავებული «ფსიქიკური ინსტრუმენტების» საშუალებით ცდილობს, შეინარჩუნოს მოტივაციის ოპტიმალური დონე. თანამედროვე მოტივაციისა და ნებელობის ფსიქოლოგიაში შეისწავლება, როგორ მოქმედებს ეს თვითრეგულაციის მექანიზმები, როგორ ხდება მათი შეძენა-ფორმირება, როგორ შეიძლება მათი გაზომვა და ა.შ. [18][19][29][33][34][37][39].

      ბანდურა არანაკლებ ყურადღებას აქცევს თვითრეგულაციის პირველ, მოტივაციურ ფაზას. აქ საკვანძო როლს თამაშობს ისეთი კოგნიტურ-მოტივაციური წარმონაქმნები, როგორიცაა მოლოდინები, სტანდარტები და ე.წ. «თვითეფექტურობის» მონაცემები (ცნობიერი წარმოდგენა კონკრეტულ სიტუაციაში წარმატებით მოქმედების უნარის შესახებ). ბანდურას მოდელში დაწვრილებითაა განხილული ქცევის ორივე ფაზაში მიმდინარე თვითრეგულაციური პროცესები. მისი შეხედულებათა სისტემა კარგად არის ცნობილი, ამიტომ აქ საკმარისი იქნება იმის თქმა, რომ, ბანდურას რწმენით, ადამიანში არ არის ჰომუნკულუსის სახით მოცემული რაიმე შინაგანი მაკონტროლებელი ინსტანცია (აგენტი), რომელიც, თავისი კრიტერიუმების შესაბამისად, ავტომატურად ახდენს ქცევის სანქციონირებას ან ბლოკირებას, რაც ნებელობის ფუნქციად ითვლება. სინამდვილეში ეს კრიტერიუმები (სტანდარტები) მე-ს სისტემაშია მოცემული, რომელიც «თავის თავში შეიცავს კოგნიტურ სტრუქტურებსა და აღქმის ქვეფუნქციებს, ქცევის შეფასებებსა და რეგულაციებს, და თან ისე, რომ არ წარმოადგენს ფსიქიკურ აგენტს, რომელიც აკონტროლებს მოქმედებას» [36; 348]. ბანდურას მიხედვით, პიროვნება, როგორც ნებელობის სუბიექტი, ძირითადად კოგნიტური სტრუქტურებისა და მათ შორის არსებული კავშირების სისტემის სახით აღიწერება. ამ სისტემაში სრულიად კანონზომიერი, დეტერმინირებული პროცესები მიმდინარეობს. თავისუფლება-ინდეტერმინზმისთვის აქ ადგილი არ არის.

      დავუბრუნდეთ საკვანძო კითხვას: რას ნიშნავს პიროვნების მიერ ნებელობითი ქცევის განწყობის შექმნა, როგორც თავისუფლების გამოვლინება? აქ ყველაზე მნიშვნელოვანია გავერკვეთ იმ დებულებაში, რომ განწყობა არის ქცევის რეგულაციის ძირეული მექანიზმი. ეს პირველ ყოვლისა ნიშნავს, რომ ქცევა არის განწყობით დეტერმინირებული. განწყობა ქცევას ემსახურება, განაპირობებს, განსაზღვრავს. უზნაძის თეორიის მიხედვით, განწყობის გარეშე ქცევა არ არსებობს. მის ყველა სტადიაზე, პუნქტში ვერ ნახავ «უგანწყობო მდომარეობას»[20]. ამდენად, ნებელობითი ქცევის ყველა პერიოდიც სათანადო განწყობით უნდა იყოს განსაზღვრული.

      ნებელობაში უზნაძემ სამი პერიოდი გამოყო. პირველი – მოსამზადებელი. რა განწყობითაა იგი წარმართული? «ზოგად ფსიქოლოგიაში» მოცემული ანალიზის მიხედვით ეს პერიოდი ორი ნაწილისაგან შედგება: არჩევანი და მოტივაცია. ეს ორი სხვადასხვა შინაარსის აქტივობაა და მათ, შესაბამისად, თავთავიანთი განწყობები უნდა ჰქონდეთ. პირველი – თეორიული აქტივობისა, მეორე საკუთრივ მოტივაციურისა. მაგრამ არის კი სინამდვილეში ასე? ეს საკმაოდ პრობლემური საკითხია, რომელიც საბოლოო ჯამში ემპირიული მონაცემებით უნდა გადაწყდეს. მყარი და ერთმნიშვნელოვანი ემპირია, როგორც ჩანს, არ არსებობს და ყველაფერი უფრო ფენომენოლოგიას ემყარება. არადა განცდა სულაც არ ადასტურებს უზნაძის მიერ დახატულ სურათს – თითქოს ჯერ ვადგენდეთ ქცევის მიზანშეწონილებას და მერე მის მოტივაციურ ღირებულებას. უზნაძე ამტკიცებს, რომ «მთელი პროცესი ასე უნდა წარმოვიდგინოთ: ჯერ მიზანშეწონილი ქცევის დადგენა აზროვნების საშუალებით, შემდეგ მოტივაციის პროცესი და, ბოლოს, გადაწყვეტის აქტი» [11; 207].

      არც ფენომენოლოგია და არც ლოგიკა ამის სასარგებლოდ არ მეტყველებს. როგორ შეიძლება განსაზღვრო, რამდენად მიზანშეწონილია ქცევა, ვიდრე მიზანი არ დაგისახავს? მიზნის დასახვა აუცილებლად მისი მოტივაციური ღირებულების ნათელყოფას გულისხმობს. რამდენად ღირებულია ეს მიზანი (და ე.ი. სათანადო ქცევა) საჭიროებისა (მოტივაცია) და შესაძლებლობის (ინსტრუმენტალობა) ერთობლივი შეფასების შედეგია. როცა ადამიანი ფიქრობს იმაზე, თუ რა ქცევას მიმართოს, იგი ერთდროულად ორივე ამ ფაქტორს ითვალისწინებს. ესაა მთავარი. რეალურად ისინი ერთი პროცესის მდგენელები არიან. როგორ შეიძლება ობიექტივაციის დონეზე წყვეტდე საკითს, რომელი ქცევაა მიზანშეწონილი, თუ მას შენი ღირებულებითი ორიენტაციების მიხედვით არ აფასებ? ჩვეულებრივ არავინ ჯერ იმას არ არკვევს, როგორ უნდა შეასრულოს ქცევა (მიზანშეწონილება) და მერე იმას – ღირს თუ არა მისი შესრულება. მიზანშეწონილება კონკრეტული აქტივობის მოთხოვნილებასა (მოტივაციასა) და ვითარება-შესაძლებლობებს შორის ადეკვატურობაა. ამდენად, თუ საქმე იმას ეხება, რომ გაირკვეს, მოსამზადებელ პერიოდში რომელი ქცევა უნდა ავირჩიო (და სწორედ ესაა მისი აზრი), მაშინ, ალბათ, ჯერ ქცევის საჭიროების საკითხია გასარკვევი (ე.ი. მიზნისა) და შემდეგ – საშუალებების საკითხი. მიზანშეწონილება საშუალების მიზანთან (მოტივთან ფართო გაგებით) შესაბამისობას (შეწონილობას) ნიშნავს. ამიტომ ვიმეორებთ, ჯერ ქცევის სახის დადგენის ამოცანაა (რაც უკვე გულისხმობს მოტივაციას) და მერე მისი უზრუნველყოფისა.

      უზნაძე თავისი შეხედულების საილუსტრაციოდ იულიუს კეისრის მიერ რუბიკონის გადალახვის ცნობილ მაგალითს აღწერს. იგი ისეა გაანალიზებული, თითქოს კეისარმა ჯერ ის განსაზღვრა, რომ სწორედ ახლაა ყველაზე მოსახერხებელი შემთხვევა ძალაუფლების მოსაპოვებლად (აზროვნების მომენტი) და მერე მიიღო გადაწყვეტილება რუბიკონის გადალახვის შესახებ (მოტივაციის მომენტი). სინამდვილეში რომის ხელში ჩაგდების მიზანი კეისარს უკვე უნდა ჰქონოდა, რომ აზროვნების დახმარებით ახლა ეცნო ოპტიმალურად მისი განხორციელება. გამოდის, რომ ყველაფერი პირიქითაა. ჯერ მოხდა მოტივირება და მერე ინსტრუმენტალიზაცია. და ეს ყოველთვის ასეა. ყოველ შემთხვევაში აზროვნება მოტივაციას წინ ვერ გაუსწრებს, ვინაიდან მაშინ იგი გადასაწყვეტი ამოცანის გარეშე დარჩება. სხვა ამბავია, რომ როგორც წესი, ეს ორი რამ (ქცევის ღირებულების დადგენა და მისი უზრუნველყოფის გარკვევა) ერთადაა, ერთიანი პროცესის მომენტებია, რასაც მოტივაცია და გადაწყვეტილების მომზადება ეწოდება. ამ პროცესის პროდუქტია მოტივი – ქცევის სუბიექტური ღირებულება. მას, თავის მხრივ, ეფუძნება გადაწყვეტილება და, საბოლოოდ – განწყობა.

      უზნაძის მიხედვით, ერთი, რასაც გადაწყვეტილება ეყრდნობა «ის ინტელექტუალური პროცესია, რომლის შედეგადაც გარკვეული ქცევის მიზანშეწონილებაა დასაბუთებული. მაგრამ ... ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი. მას ჯერ კიდევ თავისი სპეციფიკური საფუძველი ესაჭიროება. ფსიქოლოგიაში ნებისმიერი მოქმედების საბუთს თუ საფუძველს მოტივს უწოდებენ» [11; 207]. მართლაც, ნებელობით ქცევას უთუოდ ესაჭიროება მოტივირებაც და მიზანშეწონილების დასაბუთებაც. მაგრამ ეს უკანასკნელი მიზნის გარშე ვერ მოხდება, ხოლო მიზანი მოტივაციური ცვლადია. საზოგადოდ, რაკი სწორედ მოტივაციის პროცესში ყალიბდება მიზანშეწონილი ქცევის განხორციელების ფსიქოლოგიური მექანიზმი (განწყობა), მასში გათვალისწინებულია ისიც, თუ რომელი ქცევაა ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებისთვის, და ისიც, როგორ უნდა განხორციელდეს იგი.

      ამრიგად, «ზოგად ფსიქოლოგიაში» წარმოდგენილი თვალსაზრისით ნებელობითი ქცევის მოსამზადებელ პერიოდში ორი სრულიად განსხვავებული შინაარსისა და ბუნების აქტივობა ხორციელდება – ინტელექტუალური და მოტივაციური. არ არის ნათელი, რა განწყობა ან განწყობები წარმართავს ამ პერიოდში მიმდინარე პროცესებს. თეორიის ასეთი მდგომარეობა ალბათ არ აკმაყოფილებდა ავტორსაც, რაზეც მეტყველებს ის, რომ იგი ამ საკითხს სხვაგანაც უბრუნდება. მაგალითად, «შენიშვნების რვეულში» რამდენიმე ჩანაწერია ნებელობასთან დაკავშირებით. ერთ-ერთში მკაფიოდ არის გაყოფილი ერთმანეთისაგან არჩევანის ინტელექტუალური და ნებელობის მოტივაციური პროცესები. პროცესების თანმიმდევრობა ასეთია: «სუბიექტმა უნდა გაიგოს, თუ როგორი ქცევაა მისთვის – როგორც პიროვნებისთვის (ობიექტურად) უფრო მიზანშეწონილი. რასაკვირველია, ეს საკითხი შემეცნების საკითხია (და არა ნებელობის). იგი ინტელექტუალური აქტის შედეგად გადაწყდება: მოხდება არჩევანი – ინტელექტუალურ სფეროში უფრო მიზანშეწონილი ქცევისა ... ეს არჩევანი ხდება ქცევის წინაპერიოდში. აქედან მოყოლებული ქცევის დაწყებამდე ჩვენს წინაშე დგას ნებელობის პროცესი – პროცესი ნებელობითი ქცევის განწყობის შემუშავებისა ... სუბიექტი ეძებს თავის თავში მოთხოვნილებას, რომელიც ამ ნებისმიერ ქცევასთან იქნება დაკავშირებული ... ეს არის მოტივაციის პროცესი. მონახვა მოტივისა ეს არის მონახვა მოთხოვნილებისა, რომელიც აუცილებელია, რათა აღნიშნული ქცევის განწყობა გაჩნდეს. თუ სუბიექტი ამ მოთხოვნილებით სიტუაციას წარუდგება (სიტუაცია წარმოსახული, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით), მასში სათანადო განწყობის აღმოცენება უზრუნველყოფილია. ეს იქნება მომენტი, როცა სუბიექტი ეუფლება მიზანშეწონილად ცნობილი ქცევისთვის საჭირო განწყობას.

      ამას შეიძლება გადაწყვეტილების მომენტი ვუწოდოთ, ან აქტი. ეს იქნება საკუთრივ ნებისყოფის აქტი» [13ა; 59].

      ეს ვრცელი ამონარიდი უზნაძის ნაკლებად შესწავლილი ტექსტიდან ბევრი რამითაა საინტერესო. ჯერ ერთი, აქ ნაჩვენებია, რომ გადაწყვეტილება არის ბუნებრივი დასასრული (მომენტი) მოტივაციის პროცესისა (პერიოდისა), და, როგორც ჩანს, მას საკუთარი განწყობა არ ესაჭიროება. გარდა ამისა, ამ აქტით ხდება განწყობის «დაუფლება» (ეს სიტყვა ტყუილად რომ არ არის ნახმარი – ეს მალე გამოჩნდება). ამისთვის კი საჭიროა, სუბიექტი მოტივაციის პროცესში მონახული მოთხოვნილებით «წარუდგეს» წარმოსახულ სიტუაციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია. გავიხსენოთ, რომ თავისუფლების მომენტს უზნაძე წარმოსახული სიტუაციის ქმნადობაში ხედავს. აქ კი ირკვევა, რომ სიტუაცია თავისთავად უძლურია, იგი მხოლოდ მოთხოვნილებასთან (მოტივთან) ერთად იქცევა მოქმედ ფაქტორად. თანაც განაპირობებს არა ქცევას, არამედ განწყობას. მარტო ამ უკანასკნელს შეუძლია იყოს ქცევის რეალური განმსაზღვრელი მიზეზი. მეტიც, სიტუაცია მეორადია თვით მოთხოვნილების მიმართაც – განსაზღვრების თანახმად სიტუაცია არის გარემოს ის ნაწილი, რომელიც მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. უფრო მეტიც, იგი მეორადია შესაძლებლობების მიმართაც. მშიერი ადამიანისთვის, ამბობს უზნაძე, «თევზი წყალში» მხოლოდ მაშინ გადაიქცევა აქტუალურ სიტუაციად, თუ იგი მისი დაჭერის ძალასა და შესაძლებლობებს ფლობს; სხვაგვარად ის ინდიფერენტულ გარემოებად დარჩება. «სიტუაციის ცნებაში, მაშასადამე, არა მარტო ის შედის, რომ იგი მომენტალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებებს უნდა შეიცავდეს, არამედ უეჭველად ისიც, რომ იგი სუბიექტის აქტუალური ძალებისთვისაც იყოს შესატყვისი» [10; 12]. ეს ნიშნავს, რომ სიტუაციის განწყობის ფაქტორად ჩამოყალიბების პროცესი ორი წინასწარ მოცემული ფაქტორით არის განსაზღვრული – მოთხოვნილებითა და ოპერაციული შესაძლებლობებით. ამ დაზუსტებების შემდეგ ცოტა არ იყოს გაუგებრად გამოიყურება, რატომ უნდა გვესმოდეს ასე ყოველმხრივ შეზღუდული ფაქტორის (სიტუაციის) მენტალური კონსტრუირების პროცესი ნებელობის (პიროვნების) თავისუფლების გამოხატულებად.

      დაბოლოს უზნაძე აქ, განასხვავებს რა მკაფიოდ არჩევანსა და მოტივაციას, პირველს ფაქტობრივად ნებელობითი ქცევის გარეთ ტოვებს. არჩევანი უკვე აღარ მოიაზრება, როგორც ნებელობის პერიოდი, ის ხორციელდება ნებელობითი «ქცევის წინაპერიოდში». ამდენად, მისი განწყობისეული მექანიზმი ნებელობის პროცესში არ უნდა ვეძებოთ. მაგრამ მაშინ სად? უზნაძე ამტკიცებს, რომ ამ პროცესით სუბიექტი ადგენს, რომელი ქცევაა მისთვის, როგორც პიროვნებისთვის ობიექტურად უფრო მიზანშეწონილი. მთავარია გავიგოთ, რა მნიშვნელობით ლაპარაკობს აქ ავტორი მიზანშეწონილებაზე. სიტყვა «ობიექტური» რაღაცაზე უნდა მიგვანიშნებდეს. პიროვნებისთვის «სუბიექტურად მიზანშეწონილიო» რომ თქმულიყო, მაშინ ინტელექტუალურს კი არა, ცალსახად მოტივაციურ პროცესს მივიღებდით – პიროვნება თავისი სუბიექტური გადასახედიდან იმას ჩათვლის მიზანშეწონილად, რაც მის ღირებულებით ორიენტაციებს ეთანხმება. «ობიექტურად» კი ალბათ უნდა ნიშნავდეს, რომ პიროვნება იმას ადგენს, რაც უშუალოდ და პირდაპირ მასზე არ არის დამოკიდებული. რა შეიძლება იყოს ასეთი? საფიქრებელია, ქცევის შესრულების სიტუაცია და შესაძლებლობები. მაშასადამე, აზროვნება ქცევის განხორციელების ტექნიკურ საკითხებს არკვევს ანუ ქცევის ინსტრუმენტულ მიზანშეწონილებას ადგენს.

      ეს რომ ასე უნდა იყოს, ობიექტივაციის თეორიიდანაც ჩანს, რომელიც უზნაძემ ბოლო ნაშრომებში დაამუშავა და რომლებშიც ნებელობის საკითხსაც შეეხო. აქ ვითარება ასეთნაირად არის წარმოდგენილი: აქტივობის პირველ დონეზე მიმდინარე (იმპულსური) ქცევის შეფერხება იწვევს ამ ქცევის შეწყვეტას და სათანადო განწყობის ლიკვიდაციას. მის ნაცვლად აღმოცენდება თეორიული ქცევის განწყობა, რომლის რეალიზაციის შედეგად გაირკვევა შეფერხების მიზეზი. ამის შემდეგ წარმოქმნება იმის საჭიროება, რომ პრობლემა აღმოიფხვრეს და ქცევა პრაქტიკულ პლანში გაიშალოს. ამ ქცევის «განწყობა, ასე ვთქვათ, იდეურ პლანში უკვე მონახულია. საქმე ისაა, რომ იგი სუბიექტის აქტუალურ განწყობად ჩაირთოს ... ნებელობის უშუალო ამოცანას სწორედ ეს საქმე შეადგენს – მეორე პლანზე დამუშავებული განწყობა აქტუალურ განწყობად გადააქციოს [12; 164]. ნებელობის გარეშე ეს მხოლოდ «ნაგულისხმები განწყობაა», რომელსაც ქცევის გამოწვევის ძალა არ გააჩნია.

      სპეციალური ანალიზი ცხადყოფს, რომ ასეთი არაქმედითუნარიანი განწყობის დაშვების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს [7]. პრობლემის თეორიული გადაჭრის მერე ქცევა ჩვეულებრივ გრძელდება საწყისი მოტივაციისა და განწყობის საფუძველზე. სინამდვილეში თეორიული აქტივობა ანუ აზროვნების ოპერაციები იმავე განწყობის ნიადაგზე რეგულირდება [15]. ისინი არკვევენ, რა სირთულეები წარმოიქმნა ქცევის სიტუაციურ და ინსტრუმენტულ ბლოკში. მოტივაციის საკითხი ამ შემთხვევაში არც დგება. რა მოთხოვნილებაც კვებავდა აქამდე აქტივობას, ის კვლავაც ძალაშია. ამიტომ არც ნებელობის ფუნქციის ამოქმედება ხდება საჭირო[21].

      სხვა ამბავია, თუ პრობლემა მოტივაციურ ბლოკში გაჩნდება. აი მაშინ ამოქმედდება ნებელობა ანუ დაიწყება მოტივაციის პროცესი. მას კი აუცილებლად ესაჭიროება თავისი განწყობა, ვინაიდან სხვადასხვა დინამიკური ძალების კონფლიქტი, ამ სფეროში გაჩენილი დაბრკოლება, მიმდინარე ქცევის გაგრძელებას შეუძლებელს ხდის. ქცევა რეალურად წყდება, მისი განწყობა ინგრევა. იწყება პროცესი ახალი მოტივის, განწყობის და, საბოლოოდ, ქცევის კონსტრუირებისა. განწყობის თეორია ვალდებულია გაარკვიოს ამ პროცესის განწყობისეული დეტერმინაცია. მართლაც, რა განწყობა უდევს საფუძვლად ამ რთულ ფსიქიკურ აქტივობას? თავის დროზე ჩვენ შევეცადეთ ამ საკითხში ერთგვარი გარკვეულობა შეგვეტანა. აქ ამაზე მსჯელობას აღარ შევუდგებით. მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ნებელობითი ქცევის მოსამზადებელი მოტივაციური პერიოდის წარმმართველი განწყობის აღმოცენებისთვის ყველა აუცილებელი პირობა და ფაქტორი რეალურად არსებობს. ესენია: სუბიექტური ფაქტორი – მოტივაციური კონფლიქტის მოხსნის, დისონანსის რედუქციის, დისკომფორტის შემცირების, დაპირისპირებული მისწრაფებებით გამოწვეული დისკომფორტის ლიკვიდაციის ტენდენცია (მოთხოვნილება); ობიექტური ფაქტორი – მოტივაციური ჩიხის (პრობლემის) სიტუაცია და ინსტრუმენტული ფაქტორი – ქცევის საზრისის, ღირებულების გაცნობიერებისა და შეფასების უნარი, თვითრეგულაციის შესაძლებლობები (თვითგანმტკიცება, თვითჩაგონება, თვითკონტროლი და სხვა).

      ეს ჰიპოთეტური მოდელია, იგი შეიძლება დაზუსტდეს განწყობის ყველა ფაქტორთან მიმართებაში. ერთი რამ დარჩება უცვლელი – ასეთი განწყობის დაშვების საჭიროება, განწყობისა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მომზადებას, მისთვის ფსიქოლოგიური საფუძვლის ჩამოყალიბებას და, შესაძლოა, თვით გადაწყვეტილების აქტსაც. ჩვენი საკვლევი თემიდან გამომდინარე ამ განწყობის სტრუქტურა, ფუნქცია და გენეზისი თავისუფლების კატეგორიის თვალსაზრისით უნდა იქნას განხილული[22].

      თუ უზნაძეს მივყვებით, საქმის ვითარება ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: მოსამზადებელ პერიოდში მზადდება განწყობა, რომლის აქტუალიზაციას გადაწყვეტილების აქტი (ანუ ნებელობა) ახდენს. გადაწყვეტილების მიღება განწყობის შეცვლაა. ამავე დროს იგი თავისუფლების მაჩვენებელიცაა, რამდენადაც ეს განწყობა პიროვნებამ თვითონ შექმნა. «მართლაცდა ნებელობის აქტი ხომ იმაზე მიუთითებს, რომ აი ამ მომენტში სუბიექტში განწყობა აღმოცენდა, რომელიც მის შემდგომ ქცევას დაედება საფუძვლად ... ამ განწყობის შექმნა მისი საქმეა. ამდენად იგი უეჭველად აქტიურია ... მაგრამ იგი ხომ პირდაპირ ვერ მოქმედებს განწყობაზე, რომ ეს განწყობა ნებისმიერ შესცვალოს, გამოიწვიოს ან აღკვეთოს, არამედ იგი იდეური სიტუაციის საშუალებით მოქმედებს მასზე. ხოლო როდის გამოიწვევს ეს იდეური სიტუაცია განწყობას, ეს სრულებით არაა სუბიექტის სურვილზე დამოკიდებული: მას მხოლოდ დადასტურება შეუძლია, მოხდა მასში მის მიერ შუალობით გამოწვეული ცვლილება, თუ არა» [11; 219].

      ამ პასაჟით უზნაძეს ალბათ იმის თქმა სურს, რომ განწყობის ქმნადობასთან დაკავშირებული თავისუფლება ფრიად შეზღუდულია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ძნელი გასაგებია, ამ შემთხვევაში რა რეალური ფსიქოლოგიური მოვლენები აქვს ავტორს მხედველობაში. სუბიექტი განწყობაზე პირდაპირ ვერ ზემოქმედებს; პირდაპირ იგი უშუალოდ იდეურ სიტუაციას ქმნის (?!) და ამით გაშუალებულად მონაწილეობს განწყობის აღმოცენებაში. ეს ვითარება ნებელობის პროცესში პიროვნების აქტიურობისა და თავისუფლების გამოხატულებად მიიჩნევა. მეორე მხრივ, სიტუაციის მიერ განწყობის გამოწვევა პიროვნების ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. სუბიექტი მხოლოდ იმას გრძნობს, რომ ეს ფაქტი უკვე მოხდა («მე ნამდვილად მინდა» განცდა), ახალმა განწყობამ ძველი შეცვალა.

      ამ შემთხვევაში გაუგებარი რჩება, სად და რაში ვლინდება ნამდვილი თავისუფლება. თუ სუბიექტს არ შეუძლია განწყობა «ნებისმიერ შესცვალოს, გამოიწვიოს ან აღკვეთოს», თუ მისი თავისუფალი ნება მხოლოდ იმაში იჩენს თავს, რომ იგი წარმოისახავს სიტუაციას, ხოლო მოცემული ფაქტორი როდის და როგორ იმოქმედებს განწყობაზე, ეს სუბიექტს სრულიად არ მოეკითხება – რა რეალურ თავისუფლებაზე შეიძლება საუბარი?

      თავისუფლებისთვის ადგილი იმიტომაც არ რჩება, რომ თვით გადაწყვეტილების მოსამზადებელ პერიოდს, სადაც «თავისუფალების პირობებში» ყალიბდება განწყობა, სრულიად გარკვეული განწყობა წარმართავს; იგი თავიდან ბოლომდე სპეციალური განწყობითაა განსაზღვრული. უზნაძის თეორიის მიხედვით, განწყობა აქტივობის დეტერმინანტია. ნებელობის ყველა პერიოდს თავისი განწყობა წარმართავს. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება მთლიანად დეტერმინირებული პროცესი თავისუფლების (ინდეტერმინიზმის) ასპარეზად იქნას ცნობილი? მოკლედ, თავისუფლების პრობლემასთან მიმართებაში განწყობის თეორია შემდეგი დილემის წინაშე დგება: ერთი მხრივ, მიღებულია თეზისი, რომ სუბიექტი თვითონ ქმნის განწყობას მოტივაციის პროცესში და სწორედ ამაში ვლინდება თავისუფლება (უზნაძე, ნადირაშვილი, ბაკურაძე). მეორე მხრივ, მოტივაციის პროცესი, როგორც რთული მენტალური აქტივობა აუცილებლად არის განსაზღვრული თავისი განწყობით და, მაშასადამე, დეტერმინირებული. როგორც ზემოთ დავრწმუნდით, უზნაძის მცდელობა, ქცევის განწყობისეულ განსაზღვრულობაში თავისუფლების ელემენტი შეიტანოს და ამით დეტერმინიზმი და ინდეტერმინიზმი შეარიგოს, დამარწმუნებლად არ გამოიყურება. ეს კიდევ უფრო მეტად ითქმის განწყობის ანთროპულ თეორიაზე.

      საზოგადოდ კი, თავისუფლების თავისთავად ძალიან მომხიბლავი ცნება განწყობის ფსიქოლოგიის სისტემაში მისაღები გახდება, თუ მას მოენახება ისეთი მნიშვნელობა, რომელიც არ შეეწინააღმდეგება კანონზომიერების (დეტერმინაციის) კატეგორიას. რაც მთავარია, თეორიულად იქნება დასაბუთებული და პრაქტიკულად ნაჩვენები, თუ როგორ არის შესაძლებელი თავისუფალი ანუ ინდეტერმინირებული პროცესის მეცნიერული კვლევა. ყოველ შემთხვევაში ნათელი უნდა იყოს, რომ თვითქმნადობაში განხორციელებული თავისუფლების პრინციპის გამო, განწყობის ფსიქოლოგია ვერ დატოვებს ადამიანს კანონზომიერების, მიზეზისა და საფუძვლის გარეშე, როგორც ამას იგივე სარტრი მოითხოვს. ხოლო იასპერსის მიერ ფორმულირებულ ალტერნატივაში: ან ადამიანი, როგორც კვლევის საგანი – ან ადამიანი, როგორც თავისუფლება – განწყობის ფსიქოლოგია, ეგზისტენციალიზმისაგან განსხვავებით, იძულებული იქნება, პირველ თეზისს დაუჭიროს მხარი.

      დღეს აქტიურად მიმდინარეობს ქცევის ნებელობითი რეგულაციის (თვითრეგულაციის) მექანიზმების შესწავლა სხვა ფსიქიკური ფუნქციების მსგავსად. ეს გულისხმობს მასში ჩართული მოტივაციურ-კოგნიტური ცვლადების გამოვლენას და მათი ურთიერთკავშირების გარკვევას, პროცესში ჩართული ყველა მოვლენის მიმართების დადგენას გარემოს მახასიათებლებთან, ბიოლოგიურ ცვლადებთან და სხვა ფსიქიკურ ფაქტორებთან. თვითრეგულაციის მექანიზმების აღმოცენება-ფორმირება, თავის მხრივ, დეტერმინირებულია ინტერიორიზაციის, სოციალიზაციის, მომწიფებისა თუ დასწავლის პროცესებით, რაც აგრეთვე ინტენსიური ემპირიული კვლევა-ძიების საგანია.

      როგორც თავშივე აღინიშნა, უზნაძე თავისუფლების პრობლემას ფსიქოლოგიური თვალსაზრისით განიხილავდა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისი პირველ ყოვლისა თავისუფლების ფენომენოლოგიის წარმომავლობის გარკვევას ნიშნავს. ადამიანის ზოგიერთ ქცევას (ნებელობითს) თან ახლავს გარკვეული განცდები (თვითაქტივობის, დაძაბულობის, ძალისხმევის, დამოუკიდებლობის), რომელთა გარეშე ნებელობის თავისუფლების ცნება არც გაჩნდებოდა. ერთი სიტყვით, ნებელობის თავისუფლების საკითხის დასმაც და გადაწყვეტაც ფსიქოლოგიური კუთხით მისი ფენომენოლოგიის მონაცემების გათვალისწინებასა და ანალიზს საჭიროებს. ეს ანალიზი გვარწმუნებს, რომ თავისუფლების განცდა და საზოგადოდ ფენომენოლოგიური არგუმენტი ვერ გამოდგება ქცევის რეალური თავისუფლების მტკიცებულებად [8][23].

      საბოლოოდ, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ განწყობის ზოგადფსიქოლოგიურ თეორიაში თავისუფლების კატეგორიისთვის ადგილი არ არის. ეს ასეც უნდა იყოს, ვინაიდან ეს თეორია ფსიქოლოგიის საბუნებისმეტყველო-დეტერმინისტულ პარადიგმას ეფუძნება. ჰუმანიტარულ-ეგზისტენციალური პარადიგმა მისთვის უცხოა. ნებელობის თავისუფლებაზე მსჯელობისას უზნაძეს მცდელობა, შეერიგებინა ერთმანეთთან დეტერმინიზმი და ინდეტერმინიზმი, ბუნებრივია, უნაყოფო აღმოჩნდა. განწყობის სიტუაციური ფაქტორი იყო ის რგოლი, რომელშიც უზნაძე ნებელობის სუბიექტის თავისუფლების გამოვლინებას სჭვრეტდა. ანალიზი აჩვენებს, რომ წარმოსახული სიტუაცია სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა მომავალი ქცევის გეგმა, და როგორც ასეთი, განსაზღვრული გარემოსა და ინდივიდის შესაძლებლობათა მოცემული პარამეტრებით. მით უფრო არაა თავისუფალი თვითშემოქმედების შედეგი განწყობის მოტივაციური ფაქტორი – მოთხოვნილებებისა და ღირებულებითი ორიენტაციების სფერო. ადამიანი დიახაც ქმნის თავის განწყობას (როგორც ამას ამტკიცებს ე.წ. «განწყობის ანთროპული თეორია»), ოღონდ იმ გაგებით, რომ ამ პროცესში პიროვნება აქტიურია. აქტიურობა კი საზოგადოდ ახასიათებს ობიექტივაციის პლანში მიმდინარე ყოველგვარ ქცევას, მაგალითად თეორიულს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის თავისუფალია ინდეტერმინირებულობის მნიშვნელობით. ხოლო თუ თვითქმნადობა გაგებულია კავშირის ერთ-ერთ სახეობად (და ეს ასეც არის), მაშინ ის აუცილებლობის სფეროა და არა თავისუფლების. გადაწყვეტილების მიღება აგრეთვე ვერ იქნება თავისუფლების გამოხატულება, ვინაიდან მოტივის სახით მას თავისი საფუძველი აქვს. უზნაძის მიხედვით, უგანწყობო მდგომარეობა საერთოდ არ არსებობს. ნებელობით ქცევასაც, მთელს მის გაყოლებაზე, განწყობა განსაზღვრავს, მათ შორის იმ მონაკვეთსაც, სადაც ახალი განწყობა ყალიბდება (ე.წ. მოსამზადებელი პერიოდი). აქედან გამომდინარე, აქტივობა, რომელიც თავისუფლების გამოვლინებად არის მიჩნეული, რამდენადაც ამ დროს სუბიექტი «თვითონ ქმნის განწყობას», სრულიად კონკრეტული განწყობით განსაზღვრული და, მაშასადამე, დეტერმინირებული პროცესია.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: გამოკვლევები თეორიულ ფსიქოლოგიაში

ნახვა: 1332

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters