ბავშვზე ძალადობის ძირითადი საკითხები
თავი მერვე

დაკვირვება

ბავშვის სომატურ მდგომარეობაზე დაკვირვება

      ძალადობის ამოსაცნობად ბავშვის სომატურ მდგომარეობაზე დაკვირვება რომ შედეგიანი იყოს, სპეციალისტი კარგად უნდა იცნობდეს ძალადობის პირდაპირ და ირიბ ინდიკატორებს. ბავშვის გარეგნულ იერი, სახე, სხეული, სასურველია, სპეციალური სამედიცინო ექსპერტიზისაგან განსხვავებით, ნაკლებად შესამჩნევად, რამე სხვა საბაბის მოშველიებით დავათვალიეროთ. აუცილებელია, შეძლებისდაგვარად, აღინიშნოს და აღიწეროს გარეგანი დაზიანებების (ჩალურჯებები, ჭრილობები, დამწვრობები და სხვა), კანის დაავადებების, მტკივნეული ზონების (რაც შეიძლება შინაგანი დაზიანებების მანიშნებელი იყოს) არსებობა ან არარსებობა. შემდგომში, როცა ბავშვთან კონტაქტი დამყარდება, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, აღენიშნება თუ არა ბავშვს მადის, ძილის დარღვევები, ღამის კოშმარები, ტკივილები მუცლის არეში, თავის ტკივილები, მეხსიერებისა და ყურადღების გაუარესება, რაც ტრავმით გამოწვეული გამოვლინებებია ფიზიოლოგიურ დონეზე.

      ამას გარდა, ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს ენურეზი, კანის შეწითლებები, გულისცემის აჩქარება, ფილტვების ჰიპერვენტილაცია (ღრმა და ხმაურიანი ჩასუნთქვები) და სხვა ფიზიოლოგიური რეაქციები.

      მოზარდებსა და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ აღქმის დარ- ღვევები ილუზიების, ჰალუცინაციების სახით, განსაკუთრებით საღამოს საათებში ან სუსტი განათების პირობებში.

ბავშვის ქცევაზე დაკვირვება

      დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია იმ ცვლილებების გამოვლენა, რომლებშიც აისახება ბავშვზე ძალადობის ემოციური და ქცევითი შედეგები. ამ მხრივ ბავშვზე დაკვირვებისას უნდა გაანალიზდეს:

- დამოკიდებულება (როგორ ურთიერთობდა ბავშვი მკვლევართან, როგორ ასრულებდა სატესტო დავალებებს, როგორ აფასებდა თავის შესაძლებლობებს დავალებების შესრულებისას, როგორ რეაგირებდა წარუმატებლობებზე, როგორ იღებდა შექებას;
- ინტელექტუალური შესაძლებლობები (მუშაობის ტემპი, გადაწყვეტილების ძიებისა და პასუხების გაცემის ხერხები);
- მეტყველების თავისებურებები (რამდენად დალაგებულად მეტყველებს, როგორ პასუხობს და ა.შ.);
- ვიზუალური მოტორული მოქმედება (უნარ-ჩვევები, რეაქციები და ა.შ.). ბავშვთან კონტაქტის ან იმ მოზრდილების მეშვეობით, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ბავშვს, ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაციის შეგროვება იმის შესახებ, შეინიშნება თუ არა:
- ცვლილებები ბავშვის ყოველდღიურ ქცევებსა და ჩვევებში. სახლში, სახლს გარეთ, თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობაში. ბავშვმა შეიძლება ინტერესი დაკარგოს იმის მიმართ, რაც ადრე აინტერესებდა, შეიცვალოს ჩაცმის მანერა. ის შეიძლება უფრო ნერვიული, გაღიზიანებული, მფრთხალი გახდეს, გაურბოდეს ზოგიერთ ადამიანთან კონტაქტს. სექსუალური ტრავმატიზაციის შემთხვევაში შეიძლება შეინიშნებოდეს ქცევის ასაკისთვის შეუფერებელი სექსუალიზაცია (სექსუალური აგრესია, ადამიანებთან უჩვეულო სიახლოვე და სხვა).
- რეგრესი ქცევაში. ბავშვი ისე იქცევა, თითქოს უფრო პატარა ასაკის იყოს, უკვე ათვისებულ უნარ-ჩვევებს "ივიწყებს". მაგალითად, უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვი თითის წოვას ან ენის მოჩლექით ლაპარაკს იწყებს.
- ზედმეტი სიფხიზლე ან მომატებული აგზნებადობა. არამოტივირებული ზედმეტი სიფხიზლე იმაში ვლინდება, რომ ბავშვი თითქოს საკუთარ თავს დარაჯობს, მუდმივად დაძაბულია, ერთგვარ "მზადყოფნაშია", რათა ნებისმიერ მომენტში აირიდოს როგორც შინაგანი, ისე გარეგანი საფრთხე. მომატებული აგზნებადობის დროს ბავშვებს არ შეუ- ძლიათ ერთ ადგილზე გაჩერება, ვერ ისვენებენ.
- გარიდების მცდელობა ყველაფრისგან, რაც ტრავმას უკავშირდება. ბავშვს არ სურს იფიქროს, მოყვეს მომხდარის შესახებ, ეშინია იმ ადგილებში ყოფნა, რომლებიც გადატანილ ძალადობას უკავშირდება. მაგალითად, გოგონა უარს ამბობს ლიფტით სარგებლობაზე, რადგან იგი გადატანილ სექსუალურ ძალადობას უკავშირდება .
- გარემომცველი ადამიანებისადმი ნდობის დაკარგვა. ბავშვებს მუდმივად აქვთ საფრთხის განცდა. მათ ეშინიათ მოზრდილების, ამასთან, არა მარტო მამაკაცების, რომელთაგან უფრო ხშირია ძალადობა, არამედ ქალებისაც, მათ აშინებთ ახალი ყოფითი სიტუაციები.
- შიშების არსებობა. შიში შეიძლება იყოს ბევრნაირი და ხშირად - ძალზე მძაფრად გამოხატული. ზოგიერთ ბავშვს ოთახში მარტო დარჩენის ეშინია, ზოგს - სიბნელის, მოზრდილი ადამიანების, მათ შორის, - ნაცნობებისაც, ქუჩაში სიარულის და მრავალი სხვა.
- დეპრესიული მდგომარეობები, სუიციდური აზრები და მცდელობები. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო დაფარულია მისი დეპრესიული განცდები. ბავშვმა შეი- ძლება არც თქვას, რომ ის ცუდ ხასიათზეა, მაგრამ დეპრესია ჩივილების სახით ვლინდება: "ჭამა არ მინდა", "თამაში არ მაინტერესებს". სანამ ბავშვს არ აქვს ჩამოყავლიბებული წარმოდგენები სიკვდილსა და სიცოცხლეზე, სუიციდის მცდელობა არ ჩნდება. ამიტომ 6-8 წლამდე ასაკის ბავშვებში სუიციდური ტენდენციები უკიდურესად იშვიათია. ხოლო მოზარდებში, რომლებმაც ძალადობა განიცადეს (განსაკუთრებით სექსუალური ძალადობა), ხშირად ჩნდება მდგრადი დეპრესიული განცდები, სიკვდილზე ფიქრი, სუიციდური მცდელობები.
- აგრესიულობა. სხვებთან მიმართებაში. ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს გაღიზიანების "აფეთქებები", ის ვერ აკონტროლებს თავს, ჩხუბობს, სასტიკად ეპყრობა ცხოველებს, ბრაზობს და მრისხანებს. მაგალითად, თოჯინების დამტვრევისას ბავშვები აგლეჯენ სათამაშოს ხელებს, ფეხებს, თავს, უთხრიან თვალებს. აღსანიშნავია, რომ ბიჭებსა და გოგონებს განსხვავებული რეაქციები შეიძლება ჰქონდეთ: ბიჭები უფრო აგრესიულები არიან სხვების მიმართ, ხოლო მოზარდი გოგონები უმეტესად აგრესიას საკუთარი თავის წინააღმდეგ ავლენენ.
- თვითდესტრუქციული ქცევისკენ მიდრეკილება. ბავშვი ზიანს, ფიზიკურ ტკივილს აყენებს საკუთარ თავს. ამით ის ცდილობს, გონება გაათავისუფლოს ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილისაგან, რეალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ფიზიკური ტკივილის გადატანა მისთვის უფრო იოლია, ვიდრე სულიერი ტკივილის. ამას გარდა, ბავშვი თვლის, რომ ის ცუდია და საკუთარ თავს ისჯის.
- დისოციაციები. ბავშვი თითქოს საკუთარ თავს გამოჰყოფს სხეულისაგან და ფიქრებ- ში ეფლობა, სამყაროსადმი ემოციურ გულგრილობას ავლენს. ამგვარი მდგომარეობა ბავშვს შეიძლება უცებ გაუჩნდეს, თამაშის დროსაც კი, თუკი ვინმემ მას აწყენინა ან რაიმემ ტრავმა გაახსენა. გამოთიშულობის მდგომარეობა ძალზე ხამოკლეა, მაგრამ თუ ბავშვი ვერ იპოვის ადაპტაციის სხვა, უფრო კონსტრუქციულ ხერხებს და ხშირად მოიშველიებს პრაქტიკაში ამგვარ დაცვით მექანიზმს, ამან შეიძლება გამოიწვიოს პიროვნების გაორება, რამდენიმე "მე"-ს განცდა, თუმცა ეს საკმაოდ იშვიათად ხდება.

ბავშვის თამაშზე დაკვირვება

      ცვლილებები აისახება თამაშის თემატიკაში, შინაარსში, როლების შესრულების ხასიათში და თამაშისას გამომჟღავნებულ განცდებში. თამაშის მეშვეობით ბავშვმა შეიძლება ირიბად განაცხადოს თავისი პრობლემების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, თამაში შეიძლება იყოს როგორც ტრავმის აღმოჩენის, ისე ტრავმის გადამუშავების საშუალება.

      გადატანილი ტრავმის გათამაშებისას ბავშვს თამშში ძალადობის ატრიბუტები შეაქვს. ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს იარაღის გამოყენება, ჭრილობების მიყენება, თამაშის ძალადობრივი დასრულება (სიკვდილი). სექსუალური ტრავმისას ბავშვმა შეიძლება სექსუალური ქმედებები გაითამაშოს. ძალადობაგადატანილი ბავშვების თამაშებში ბევრი განმეორებადი კომპონენტია, ბავშვები კვლავ და კვლავ უბრუნდებიან გათამაშებულ სიტუაციებს, მოვლენებს, სიუჟეტებს.

მშობლის/მეურვის ქცევაზე, ბავშვისადმი მის დამოკიდებულებაზე დაკვირვება

      ძალადობის დიაგნოსტიკის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის თანმხლებ მოზრდილზე (მშობელი, მეურვე) დაკვირვებას (განსაკუთრებით, თუ ოჯახში ძალადობას ვიკვლევთ).

      ოჯახში ფიზიკურ ძალადობაზე შეიძლება მიუთითებდეს მოზრდილის ქცევის შემდეგი თავისებურებები:

- მშობელი/მეურვე არ თანამშრომლობს ექიმებთან;
- ბავშვის ტრამვის სიმძიმე არ შეესაბამება ტრამვის მიღების შესახებ მონათხრობს; მონათხრობის დეტალები მუდმივად იცვლება;
- ექიმთან მიმართვის გადადება (კვალის წაშლის მიზნით);
- არაადეკვატური რეაქცია ბავშვის ტრავმაზე - ტრავმა ფასდება უფრო მსუბუქად ვიდრე არის ("ეს არაფერია, ბავშვია, ხან რას მიეჯახება და ხან რას!") ;
- ტრავმის მიზეზს არ ხსნიან - "ჯადოსნური ტრავმები" ("უი, არ ვიცი, ეს საიდან აქვს");
- მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვმა თვითონ დაიზიანა თავი ან დაზიანება მიაყენა დამ ან ძმამ, მაგრამ მიღებული ტრავმა არ შეესაბამება ბავშვის ასაკობრივ შესაძლებლობებს, მაგ., ბავშვმა ჯერ არ იცის სიარული;
- მკურნალი ექიმის და საავადმყოფოს ხშირი გამოცვლა;
- მშობლის მონაყოლი ტრავმის მიღების შესახებ ძალიან მოკლეა, დეტალებს არ აკონკრეტებს;
- ბავშვისადმი მუდმივად ზედმეტად კრიტიკული დამოკიდებულება
- ბავშვის ნეგატიური დახასიათება ("საშინელი ბავშვია, შემარცხვენელი, დაუფიქრებელი");
- ბავშვის გაიგივება არასასურველ ნათესავთან ("კოპიო ჩემი დედამთილია, რომელმაც სიცოცხლე გამიმწარა", "ჩემს ძმას ჰგავს, რომელმაც მთელი ცხოვრება ციხეში გაატარა და რომელიც ჩვენი ოჯახისთვის სამარცხვინო ლაქაა" და ასე შემდეგ).
- ბავშვის დადანაშაულება ან საჯარო დამცირება
- საკუთარ წარუმატებლობებზე პასუხისმგებლობის ბავშვისთვის გადაბრალება ("ყველაფერს ჯინაზე მიკეთებს", "ეს რომ არ მყოლოდა, ოჯახი არ დამენგრეოდა", "მუშაობა ამის გამო ვერ დავიწყე, თორემ ისეთი მომავალი მქონდა...." და სხვა).

საუბარი და გამოკითხვა
(ბავშვის, მშობლის/მეურვის)

ბავშვის მონათხრობი ძალადობის ფაქტის შესახებ

      ძალადობის ფაქტზე ინფორმაციის შესაკრებად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის მონათხრობს საკუთარი თავის, გამოცდილების, გრძნობების, საკუთარი სხეულისადმი დამოკიდებულების შესახებ. სპეციალისტი აგროვებს პირდაპირ ან ირიბ ინფორმაციას ძალადობის შესახებ, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ბავშვი საკუთარ თავს, თავის სხეულს, რას გრძნობს სხვადასხვა სიტუაციაში, შეინიშნება თუ არა არსებითი ცვლილებები მის ჩვევებში, ქცევაში, ცხოვრების სტილში. სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის ამგვარი მოთხრობის შედგენა უფრო ადვილია თამაშის სიუჟეტზე ან ნახატზე დაყრდნობით.

      ზოგჯერ ჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ ბავშვმა თავისი მონათხრობით სპეციალისტი დააბნიოს, ტყუილი თქვას მის მიმართ მოზრდილის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ, მაგალითად, მოიტყუოს სექსუალური ძალადობის შესახებ? სინამდვილეში, ბავშვები ძალიან იშვიათად იტყუებიან იმის შესახებ, რომ მათ მიმართ ძალადობა განხორციელდა. ბავშვების უმეტესობა შეძრწუნებული და შეშინებულია, ბევრს არ ესმის, - რა მოხდა. მოძალადის მიმართ შიშის გამო ბავშვმა შეიძლება შეამციროს ძალადობის ხარისხი, აგრეთვე ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ მას ვინმე დაუჯერებს.

მშობლის/მეურვის გამოკითხვა

      ბავშვის მშობელთან/მეურვესთან საუბრისას სპეციალისტი იღებს ინფორმაციას გადატანილი ძალადობისა და ბავშვზე მისი ზემოქმედების ხარისხის შესახებ. აგრეთვე დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, თუ რამდენად იცნობს მშობელი თავის შვილს, რა დამოკიდებულება აქვს მის მიმართ და ძალადობის ფაქტის მიმართ. ამისათვის სპეციალისტმა მშობელს შეიძლება დაუსვას კითხვები:

- როგორია თქვენი ბავშვი ? (თავდაჯერებული, გაუბედავი და ა.შ.)
- რამდენად დამოუკიდებელია თქვენი ბავშვი?
- როგორ მოქმედებს თქვენს ბავშვზე შენიშვნის მიცემა?
- რამდენად კონტაქტურია გარემომცველებთან თქვენი ბავშვი?
- არის თუ არა თქვენი ბავშვი "ოჯახის თვალი" ან ოჯახის რომელიმე წევრის რჩეული?
- რა გაღიზიანებთ თქვენს ბავშვში? როგორ უმკლავდებით ამას?
- როგორ საუბრობთ თქვენს ბავშვთან? პასუხობთ თუ არა მის გაუთავებელ "რატომს"?
- როგორ სჯით ბავშვს და როგორ რეაგირებს ბავშვი დასჯაზე?
- აძლევთ თუ არა ბავშვს საშუალებას, აზრი გამოთქვას, თუდაც ეს სისულელედ ჩათვალოთ?
- რამდენად ხშირად აქებთ ბავშვს? რა შემთხვევებში და როგორ აქებთ?
- როგორ რეაგირებს ბავშვი შექებაზე?
- როგორ იქცევით, როცა ბავშვს პრობლემები აქვს? (საყვედურობთ, ეხმარებით, თვი- თონ უგვარებთ, სჯით და სხვა);
- რა მიგაჩნიათ მთავრად და მნიშვნელოვნად თქვენს ცხოვრებაში? თქვენი შვილის ცხოვრებაში?
- რა გაწუხებთ (საკუთარ თავთან, ბავშვთან, სიტუაციასთან მიმართებაში)? რა გიშლით ხელს იმაში, რომ ნორმალურად იცხოვროთ და თავი კარგად იგრძნოთ?
- რა ზომები მიიღეთ არსებული პრობლემის გადასაჭრელად? ვის მიმართეთ დახმარებისთვის? რის მიღწევა შეძელით?
- როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი? თქვენი შვილის მომავალი?
- გინდათ შეცვალოთ თქვენი ქცევა, რათა არსებული პრობლემა გადაჭრათ? მზად ხართ ცვლილებებისათვის (რაღაცაზე უარის თქმისათვის)?
- ბავშვი ყვება შემთხვევის უსიამოვნო მოგონებების შესახებ?
- ბავშვს გაუჩნდა ძილის ან დაძინების პრობლემები?
- მეგობრებთან, კლასელებთან, მასწავლებლებთან როგორ ურთიერთობს?
- აკეთებს ბავშვი ისეთ რამეებს, რაც მისთვის უმცროს ასაკში იყო დამახასიათებელი: მაგალითად, ცერა თითს წოვს, ითხოვს მშობლებთან დაწოლას, გაჩნდა ენურეზი და ა.შ.
- როგორ უმკლავდება ბავშვი ჩვეულ საქმიანობებს (სასკოლო მეცადინეობები, საოჯახო საქმე)?
- ბავშვი ცუდ სიზმრებს ხედავს?
- აქვს ბავშვს ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები?
- გაითამაშებს თუ არა ბავშვი მომხდარ ამბავს? (ხატავს ან იგონებს).

შემოქმედებითი პროდუქციის, სიზმრების, სპეციალური ფსიქოდიაგნოსტიკური მასალის ანალიზი

      ძალადობაგადატანილ ბავშვს დასახატად შეიძლება მიეწოდოს თემა "ჩემი ოჯახი", რომლის ანალიზი მოიცავს:

- დახატული და რეალური ოჯახების შემადგენლობის შედარება;
- ოჯახის წევრთა განლაგების ანალიზი;
- დახატული ფიგურების თავისებურებათა ანალიზი;
- ხატვის პროცესის ანალიზი.

დახატული და რეალური ოჯახების შემადგენლობის შედარება

      მოსალოდნელია, რომ ბავშვი, რომელიც ოჯახში თავს კარგად გრძნობს, ოჯახის ყველა წევრს დახატავს.

      ოჯახის რეალური შემადგენლობის დამახინჯება ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან მის უკან ყოველთვის ემოციური კონფლიქტი და ოჯახური სიტუაციით უკმაყოფილება დგას.

      უკიდურეს ვარიანტებს წარმოადგენს ნახატები, რომლებშიც:

- საერთოდ არ არიან გამოსახული ადამიანები;
- გამოსახული არიან ოჯახთან დაუკავშირებელი ადამიანები.

      ამგვარი რეაქციების უკან უმეტესწილად იმალება:

- ოჯახთან დაკავშირებული ტრავმული განცდები;
- უგულებელყოფის, მიტოვებულობის განცდები;
- აუტიზმი (ანუ ფსიქოლოგიური გაუცხოება, რომელიც გამოიხატება გარემომცველ სინამდვილესთან ბავშვის არაკონტაქტურობასა და საკუთარ განცდათა სამყაროში ჩა- ძირვაში);
- ხშირი შფოთვა, უსაფრთხოების განცდის დეფიციტი;
- ბავშვთან ფსიქოლოგის (ვინც იკვლევს) ცუდი კონტაქტი.

      ბავშვებს ოჯახის იმ წევრების დახატვა "ავიწყდებათ", რომლებიც მათთვის ემოციურად ნაკლებ მიმზიდველნი არიან, რომლებთანაც ხშირად აქვთ კონფლიქტური სიტუაციები. მათი არდახატვით ბავშვი თითქოს გაურბის ზოგიერთ ადამიანთან დაკავშირებულ ნეგატიურ ემოციებს.

      ყველაზე ხშირად ნახატში აკლია ძმები და დები, რაც ოჯახში არსებულ კონკურენციულ სიტუაციებთან არის დაკავშირებული. ამით ბავშვი მშობლების მხრიდან სიყვარულისა და ყურადღების დანაკლისს სიმბოლურ სიტუაციაში ინაზღაურებს.

      ზოგჯერ ოჯახის რეალური წევრების ნაცვლად ბავშვი პატარა ცხოველებს, ფრინველებს ხატავს. ყოველთვის უნდა დავაზუსტოთ, მათში ვის გულისხმობს ბავშვი. ხშირად ასე ხატავენ დებსა და ძმებს, რადგან ამ გზით ბავშვი ცდილობს შეზღუდოს, შეამციროს, გააუფასუროს მათი გავლენა ოჯახში და მათ მიმართ სიმბოლური აგრესია გამოავლინოს. თუ ბავშვი საკუთარ თავს არ ხატავს, ან ოჯახის ნაცვლად მხოლოდ საკუთარ თავს ხატავს, ესეც ემოციური ურთიერთობის დარღვევაზე მეტყველებს.

      ორივე შემთხვევაში ბავშვი საკუთარ თავს ოჯახის შემადგენლობაში არ რთავს, რაც ერთიანობის გრძნობის არარსებობას მოწმობს. ნახატში "მე"-ს არარსებობა უფრო იმ ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი, რომლებიც ოჯახის წევრთა მხრიდან უგულებელყოფას, მიუღებლობას, უარყოფას გრძნობენ.

      თუ ნახატში მხოლოდ "მე"- არის წარმოდგენილი, მისი ანალიზი ბავშვის სხვა ფსიქოლოგიურ მახასიათებელსაც გვაჩვენებს.

      თუ "მე"-ს გამოსახულებაში ბევრი დეტალი, ფერი, დეკორატიული ტანსაცმელია, ფიგურა დიდი ზომისაა, - ეს ეგოცენტრულობაზე, ხასიათის ისტეროიდულ შტრიხებზე მიუთითებს. ხოლო თუკი "მე"-ს გამოსახულება პატარა ზომისაა, სქემატურია, ფერთა გამით ნეგატიური ფონია შექმნილი, შეიძლება ვივარაუდოთ მიტოვებულობის, უარყოფის გრძნობებზე, ზოგჯერ - აუტისტურ ტენდენციებზე.

      ინფორმაციული შეიძლება იყოს ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა, ოჯახის ნახატში გარეშე ადამიანების ჩართვა. როგორც წესი, ეს დაკავშირებულია ოჯახში დედისერთების დაუკმაყოფილებელ ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებთან, ბავშვს უნდა სხვა ბავშვებზე იზრუნოს, უხელმძღვანელოს მათ (იგივე ინფორმაცია შეიძლება მოგვცეს ოჯახის წევრებთან დამატებით ძაღლის, კატის და ა.შ. დახატვამ).

      მშობლების გარდა (ან მათ ნაცვლად) ოჯახთან დაუკავშირებელი სხვა მოზრდილების დახატვა მიუთითებს, რომ ბავშვი ოჯახში თავს კარგად არ გრძნობს, ადამიანს ეძებს, რომელიც მას ახლო ემოციური კონტაქტის მოთხოვნილებას დაუკმაყოფილებს; ეს ასევე შეიძლება იყოს უგულებელყოფის, უარყოფის, ზედმეტობის განცდის შედეგი.

ოჯახის წევრთა განლაგება

      იგი ოჯახში ურთიერთდამოკიდებულებათა ზოგიერთ ფსიქოლოგიურ თავისებურებაზე მიუთითებს. აუცილებელია განვასხვაოთ, რას ასახავს ნახატი - რეალურს, სასურველს, თუ იმას, რისიც ბავშვს ეშინია, რასაც გაურბის.

      თუ ბავშვი ოჯახის წევრებს ერთობლივი საქმიანობის პროცესში ან ხელჩაკიდებულებს ხატავს, ეს ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ინდიკატორებია. ოჯახის წევრთა განცალკევებულად გამოსახვა შეიძლება ემოციური კავშირების დაბალ დონეზე მიუთითებდეს.

      თუ ბავშვი ცდილობს, რომ ფიგურები ერთმანეთთან ახლოს განალაგოს და ისინი შეზ- ღუდულ სივრცეში (ნავი, პატარა სახლი და ა.შ.) ჩაატიოს, ეს შეიძლება მიუთითებდეს ბავშვის მცდელობაზე, გააერთიანოს, შეკრას ოჯახი.

      თუ ნახატებში ოჯახის ნაწილი ერთ ჯგუფადაა გამოსახული, ხოლო ერთი ან რამდენიმე პირი მათგან განცალკევებულია, ეს მიუთითებს გაუცხოების, ჩაურთველობის გრძნობაზე. ოჯახის ერთი წევრის მოშორებით და განცალკევებულად დახატვა შეიძლება ნიშნავდეს მის მიმართ ბავშვის ნეგატიური დამოკიდებულებას, ზოგჯერ კი მისგან მომდინარე საფრთხეს.

დახატული ფიგურების თავისებურებათა ანალიზი

      ოჯახის თითოეული წევრის გრაფიკული გამოსახვის თავისებურებები დიდი დიაპაზონის ინფორმაციას იძლევა: ოჯახის წევრებისადმი ბავშვის ემოციური დამოკიდებულების, ბავშვის "მე"-ს წარმოდგენის, მისი სქესობრივი იდენტიფიკაციის შესახებ, იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამს ბავშვი თითოეულ მათგანს და ა.შ.

      ოჯახის წევრებისადმი ბავშვის ემოციური დამოკიდებულების შეფასებისას აუცილებლად უნდა მივიღოთ მხედველობაში:

      1) სხეულის დეტალების რაოდენობა. დახატულია თუ არა: თავი, თმები, თვალები, თვალის გუგები, წამწამები, წარბები, ცხვირი, პირი, კისერი, მხრები, ხელები, ხელის მტევნები, თითები, ფრჩხილები, ტერფები;

      2) დეკორი (ტანსაცმლის დეტალები და გაფორმება): ქუდი, საყელო, ჰალსტუხი, ბაფთები, ჯიბეები, ვარცხნილობის ელემენტები, ტანსაცმელზე ორნამენტები, ღილები;

      3) ფიგურის დასახატად გამოყენებული ფერების რაოდენობა.

      სხეულის უწვრილესი დეტალები, დეკორი, ბევრი ფერის გამოყენება ადამიანისადმი კარგ ემოციურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

      გამოხატული სქემატურობა, ნახატის დაუმთავრებლობა, სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილების (თავი, ხელები, ფეხები) გამოტოვება ადამიანისადმი ნეგატიური დამოკიდებულების გარდა შეიძლება მის მიმართ აგრესიაზეც მიუთითებდეს.

      როგორც წესი, ბავშვები ყველაზე დიდად ხატავენ მამას და დედას, რაც რეალობას შეესაბამება. ზოგიერთი ბავშვი ყველაზე დიდად ან მშობლების ზომის ტოლად საკუთარ თავს ხატავს.

      ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ:

      ა) ბავშვი ეგოცენტრულია;

      ბ) მშობელთა სიყვარულის მოსაპოვებლად "კონკურენტს” ეჯიბრება, მით უმეტეს, თუ "კონკურენტს" საერთოდ არ ხატავს ან პატარა ზომისას ხატავს.

      ოჯახის სხვა წევრებთან შედარებით საკუთარ თავს გაცილებით პატარად ხატავენ ბავშვები, რომლებიც:

      ა) გრძნობენ, რომ უმნიშვნელონი, ზედმეტები არიან;

      ბ) მშობლების მხრიდან ზრუნვას საჭიროებენ.

      მთელ ფურცელზე, დიდ ფიგურებს იმპულსური, თავდაჯერებული, დომინირებისაკენ მიდრეკილი ბავშვები ხატავენ. ძალიან პატარა ფიგურები დაკავშირებულია შფოთვასთან, საფრთხის გრძნობასთან.

      ანალიზისას ყურადღება უნდა მივაქციოთ სხეულის ცალკეული ნაწილების ხატვას:

      ხელები სამყაროზე ზემოქმედების, სხვა ადამიანთა ქცევის ფიზიკური კონტროლის ძირი- თადი საშუალებებია.

      თუ ბავშვი საკუთარ თავს ხელებაწეულს, გრძელი თითებით ხატავს, ეს ხშირად აგრესიულ სურვილებთანაა დაკავშირებული.

      ზოგჯერ ასეთ ნახატებს გარეგნულად წყნარი, მშვიდი ბავშვებიც ხატავენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბავშვი გარემომცველებისადმი მტრულ დამოკიდებულებას გრძნობს, მაგრამ მისი აგრესია დათრგუნულია. საკუთარი თავის ამგვარად დახატვით ბავშვი ასევე შეი- ძლება მისი სისუსტის კომპენსირებას ცდილობდეს, გამოხატავდეს სურვილს, იყოს ძლიერი, სხვებზე ძალაუფლება ჰქონდეს. ეს ინტერპრეტაცია უფრო უტყუარია მაშინ, როცა ბავშვი "აგრესიული" ხელების გარდა განიერ მხრებს და ძალის სხვა ატრიბუტებსაც ხატავს. ზოგჯერ ბავშვი ხელებს ოჯახის ყველა წევრს უხატავს, მაგრამ საკუთარი თავისთვის ხელების დახატვა "ავიწყდება". თუკი იმავდროულად ბავშვი საკუთარ თავს არაპროპორციულად პატარა ზომისას ხატავს, ეს შეიძლება უმწეობის გრძნობასთან, გარემომცველთა მხრიდან მისი აქტივობის დათრგუნვის, ზედმეტი კონტროლის შეგრძნებასთან იყოს დაკავ- შირებული.

      თავი - "მე"-ს, ინტელექტუალური მოღვაწეობის ცენტრი; სახე - ურთიერთობის პროცესში სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილი.

      თუ ნახატში გამოტოვებულია სახის ნაწილები (თვალები, პირი), შეიძლება ეს ურთიერ- თობის სფეროში სერიოზულ დარღვევებზე, გარიყულობაზე, აუტიზმზე მიუთითებდეს. თუ ოჯახის სხვა წევრების დახატვისას ბავშვი არ ხატავს თავს, სახის ნაკვთებს ან მთელი სახეს შტრიხავს, ხშირად ეს მოცემულ პირთან კონფლიქტებზე, მის მიმართ მტრულ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს.

      დახატულ ადამიანთა სახის გამომეტყველება ასევე შეიძლება ამ ადამიანების მიმართ ბავშვის გრძნობების ინდიკატორი იყოს. საერთოდ, ბავშვები უმეტესად გაღიმებულ ადამიანებს ხატავენ. ეს ნახატებში ერთგვარი "შტამპია", მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვები ასე აღიქვამენ გარემომცველებს. სახის გამომეტყველება ოჯახის ნახატის ინტერპრეტაციისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაშია მნიშვნელოვანი, როცა ბავშვი სხვადასხვა გამომეტყველებას აძლევს სახეებს.

      გოგონები უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ სახის დახატვას, ვიდრე ბიჭები. ეს გოგონების სქესობრივი კუთვნილების კარგ აღქმაზე მიუთითებს.

      გოგონების ნახატებში ეს გარემოება შეიძლება უკავშირდებოდეს საკუთარი გარეგნობის წარმოჩენის, ფიზიკური ნაკლის დაფარვის სურვილს, ქალური ქცევის სტერეოტიპის ჩამოყალიბებას.

      ბავშვებში, რომლებსაც ორალური აგრესიისკენ აქვთ მიდრეკილება, ხატვისას ხშირია კბილებისა და პირის გამოყოფა. თუ ბავშვი ამნაირად საკუთარ თავს კი არა, ოჯახის სხვა წევრს ხატავს, ხშირად ეს შიშის გრძნობასთან, ბავშვის მიმართ ამ ადამიანის მტრული დამოკიდებულებას უკავშირდება.

      როგორც ბავშვების, ისე მოზრდილების ფიგურებში დეტალების გამოტოვება, როგორც წესი, გარკვეული ფუნქციების უარყოფაზე, კონფლიქტზე მიუთითებს.

      სქესობრივი მიკუთვნებულობის მიხედვით ბავშვთა ნახატებში ორი სახის სქემა გამოიყოფა. მაგალითად, მამაკაცის ტანი ოვალური ფორმისაა, ქალის - სამკუთხედის ფორმის. თუ ბავშვი საკუთარ თავს ისევე ხატავს, როგორც მისი სქესის სხვა ფიგურებს, შეიძლება ვთქვათ, რომ სქესობრივი იდენტიფიკაცია ადეკვატურია. თუ ორი ფიგურის (მაგალითად, მამისა და ვაჟის) პრეზენტაციაში ანალოგიური დეტალები და ფერებია, ეს შეიძლება განვმარტოთ, როგორც ჯანსაღი ემოციური კონტაქტები, ვაჟიშვილის მისწრაფება, მამას ჰგავდეს.

ხატვის პროცესის ანალიზი

      ხატვის პროცესის ანალიზისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ:

      ა) ოჯახის წევრთა დახატვის თანმიმდევრობა;
ბ) დეტალების დახატვის თანმიმდევრობა;
გ) წაშლა;
დ) უკვე დახატულ ობიექტებთან, დეტალებთან, ფიგურებთან დაბრუნება;
ე) პაუზები;
ვ) სპონტანური კომენტარები.

      ბავშვი ნახატში თავდაპირველად მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან, მთავარ ან ემოციურად ყველაზე ახლობელ ადამიანს ხატავს. ხშირად ეს არის დედა ან მამა. ის, რომ ხშირად ბავშვები თავდაპირველად საკუთარ თავს ხატავენ, ალბათ დაკავშირებულია მათ ეგოცენტრულობასთან, როგორც ასაკობრივ მახასიათებელთან. თუ ბავშვი თავდაპირველად არც საკუთარ თავს ხატავს და არც მშობლებს, არამედ ოჯახის სხვა წევრებს, ეს ნიშნავს, რომ ემოციურად ეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა.

      საყურადღებოა შემთხვევები, როცა ბავშვი ბოლოს ხატავს დედას. ხშირად ეს დედისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებასთანაა დაკავშირებული.

      თუ თავდაპირველად დახატული ფიგურა ყველაზე დიდი ზომისაა, მაგრამ სქემატურია და დეკორი აკლია, ეს მიუთითებს, რომ ბავშვი ამ პირის მნიშვნელობას, ძალას, ოჯახში დომინირებას აღიქვამს, მაგრამ გულითადი ურთიერთობა არ აქვს. ხოლო თუ პირველი ფიგურა მონდომებითაა დახატული, დეკორითაა შემკული, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ოჯახის ყველაზე საყვარელი წევრია, რომელსაც ბავშვი პატივს სცემს და ბავშვს უნდა, რომ მას ჰგავდეს.

      ზოგიერთი ბავშვი თავდაპირველად სხვადასხვა ობიექტს, მიწას, მზეს, ავეჯს ხატავს და მხოლოდ ბოლოს იწყებს ადამიანების დახატვას. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ დავალების შესრულების ამგვარი თანმიმდევრობა თავისებურ დაცვას წარმოადგენს, რომლის დახმარებით ბავშვი მისთვის უსიამოვნო დავალების შესრულებას გაურბის, აგვიანებს. ხშირად ეს არახელსაყრელი ოჯახური სიტუაციის მქონე ბავშვებთან აღინიშნება, მაგრამ ეს ასევე ბავშვთან ფსიქოლოგის ცუდი კონტაქტის შედეგი შეიძლება იყოს. უკვე დახატულ რომელიმე ფიგურასთან, ობიექტებთან, დეტალებთან დაბრუნება მიუთითებს, რომ ის მნიშვნელოვანია ბავშვისათვის.

      გარკვეული დეტალების, ოჯახის წევრების დახატვის წინ პაუზები ხშირად კონფლიქტურ დამოკიდებულებასთან არის დაკავშირებული და შინაგანი წინააღმდეგობის მანიშნებელია.

      არაცნობიერ დონეზე ბავშვი თითქოს წყვეტს, დახატოს თუ არა ნეგატიურ ემოციებთან დაკავშირებული ადამიანი ან დეტალი.

      დახატულის წაშლა, ხელახლა დახატვა შეიძლება დადებით ემოციასაც უკავშირდებოდეს და უარყოფითსაც. გადამწყვეტი მნიშვნელობა ხატვის საბოლოო შედეგს აქვს. სპონტანური კომენტარები ხშირად ბავშვის მიერ დახატულის შინაარსს განმარტავენ. ამიტომ მათ ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ. ისინი ნახატის ემოციურად ყველაზე "დამუხტულ" ადგილებს ააშკარავებს. ეს ხატვის შემდეგ შეკითხვების წარმართვაში და თვითონ ინტერპრეტაციის პროცესშიც დაგვეხმარება.

სიზმრების ანალიზი

      ბავშვების სიზმრები სიმბოლური ხასიათისაა. ძალადობის გამოცდილება ბავშვის ძილში კოშმარული სიზმრებით აისახება, მაგრამ სიზმრების გმირებად ხშირად გამოდიან არა რეალური ადამიანები, რომლებისაც მათ ეშინიათ, არამედ მათი განმასახიერებელი სხვადასხვა ხატები: ვამპირები, რომლებიც ბავშვის სისხლს სვამენ, ეშმაკები, ჩონჩხები, ავი მგლები, ზღაპრული პერსონაჟები - კუდიანი დედაბერი, დევი და ასე შემდეგ. ბავშვებს ესიზმრებათ, რომ მათ ვიღაც სცემს, კლავს, აშინებს. ღამით ისინი ხშირად იღვიძებენ და ტირიან.

      მოზარდები სიზმრებში ხშირად ხელახლა განიცდიან ძალადობის სცენებს: ისინი კვლავ და კვლავ აღმოჩნდებიან იმავე სიტუაციაში, იმავე მოძალადესთან, შიშისა და საშინელების იგივე განცდები აქვთ, ცივ ოფლში იღვიძებენ და ყვირილით ითხოვენ დახმარებას. ზოგჯერ მათ ესიზმრებათ რამდენადმე სახეცვლილი სიტუაცია: მაგალთად, მოძალადედ სულ სხვა ადამიანი იქცევა, ან ძალადობა რომელიმე უცხო ადგილზე ხდება, ან მთელი სიზმრის განმავლობაში ბავშვი მდევარისაგან გაქცევას ცდილობს.

სპეციალური ფსიქოდიაგნოსტიკური მასალის ანალიზი

      ძალადობის ფაქტების გამოვლენა და ბავშვების ემოციურ-პიროვნულ განვითარებაზე ძალადობრივი გამოცდილების შედეგების დიაგნოსტიკა შეიძლება ემყარებოდეს სპეციალურ კითხვარებს, პროექციულ მეთოდებსა და სხვა ტესტურ მასალას. გამოკვლევის ჩატარება, ანალიზი და ფსიქოდიაგნოსტიკური მასალის განხილვა სპეციალისტისაგან მოითხოვს ფსიქოდიაგნოსტიკის პრინციპებისა და პრაქტიკული ხერხების ცოდნას. ამიტომ სპეციალური დიაგნოსტიკური პროცედურები უნდა ტარდებოდეს ფსიქოლოგის ან ფსიქოთერაპევტის მიერ.

      სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების გამოვლენისას განსაკუთრებით ეფექტურად ითვლება პროექციული მეთოდების გამოყენება. ეს მეთოდები ეფექტურია პატარა ბავშვებთან კონტაქტის დასამყარებლადაც. ბავშვები, ჩვეულებრივ, ინტერესით ასრულებენ ტესტურ დავალებებს და მათში თავიანთი შინაგანი სამყაროს, მოთხოვნილებებს, კონფლიქტებს, შფოთვას, სუბიექტურ განცდებს გამოხატავენ. ამასთან ამგვარი დავალების შესრულებისას სხვა ტესტებთან შედარებით ბავშვი ნაკლებად შეზღუდულია და მას გამოხატვის მეტი თავისუფლება აქვს.

      ბავშვს შეიძლება შესასრულებლად შევთავაზოთ ქვემოთ ჩამოთვლილ პროექციული მე- თოდებიდან რამდენიმე მათგანი:

- "თავისუფალი ხატვა";
- ლუშერის ტესტი;
- "დაუმთავრებელი წინადადებები";
- "ავტოპორტრეტი";
- "არარსებული ცხოველი";
- "სახლი. ხე. ადამიანი";
- "ოჯახის კინეტიკური სურათი";
- "დახატე ადამიანი".

      ბავშვების ნახატებისა და მონათხრობის ინტერპრეტაციისას ყურადღება უნდა მიექცეს არა მარტო შფოთვისა და კონფლიქტების საყოველთაოდ აღიარებულ ნიშნებს, არამედ სპეციფიკურ დეტალებსაც. მაგალითად, სექსუალური ძალადობის შემთხვევაში ბავშვების ნახატებში შეიძლება აქცენტები იყოს გაკეთებული ინტიმურ ზონებზე, ბავშვმა შეიძლება დახატოს შიშველი სხეული ან სხეულის ნაწილი, საგნები შეიძლება გამოსახული იყოს სასქესო ორგანოების სახით და სხვა. სიტუაციის უფრო ზუსტი შეფასებისთვის პროექციული მეთოდის მეშვეობით მიღებული მონაცემები უნდა შედარდეს სხვა მეთოდებით მიღებულ მონაცემებთან. ბავშვზე ძალადობის შემთხვევების გამოვლენისას და მათი შედეგების სიმძიმის შეფასებისას პროექციული მეთოდების გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს შფოთვის შკალა, დეპრესიის შკალა, აგრესიის შკალა, აგრეთვე სპეციალური ანკეტები და კითხვარები, მაგალითად, "ტრავმული სიმპტომების კითხვარი".

      ამგვარად, ბავშვზე ძალადობის შემთხვევათა ამოცნობა და შეფასება რთული და საპასუხისმგებლო ამოცანაა, რომელიც კომპლექსურ მიდგომას და სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას მოითხოვს.

რეკომენდაციები ბავშვზე ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და შეფასებისას

      ძალადობაგანცდილი ბავშვის ფსიქოლოგიური შეფასება ითვალისწინებს გარკვეული მე- თოდებით სარგებლობას, რომელთა კომპლექსური გამოყენება ძალადობის ფაქტის შესახებ სარწმუნო დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა. სპეციალისტი, რომელიც ბავშვის პირველად გამოკვლევას ატარებს, ფსიქოდიაგნოსტიკის პრინციპებსა და ხერხებს უნდა ფლობდეს, ტრავმით გამოწვეულ სიმპტომებსა და ნიშნებში კარგად უნდა იყოს ორიენტირებული.

      ბავშვზე ძალადობის დიაგნოსტიკისათვის ძირითადად შემდეგი მეთოდები გამოიყენება:

- დაკვირვება (ბავშვის სომატურ მდგომარეობაზე, ქცევაზე, თამაშზე, მშობლის/ მეურვის ქცევაზე, ბავშვისადმი დამოკიდებულებაზე);
- საუბარი, გამოკითხვა (ბავშვის, მშობლის/მეურვის);
- ანალიზი (ბავშვის შემოქმედებითი პროდუქციის - ნახატი, მოთხრობა, ლექსი და სხვა, ბავშვის სიზმრების, სპეციალური ფსიქოდიაგნოსტიკური მასალის).

      არსებობს რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვზე
ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და შეფასებისას:

- იმის განსაზღვრისას, იყო თუ არა ძალადობის შემთხვევა სპეციალისტი მხოლოდ რომელიმე ერთ მეთოდს არ უნდა დაეყრდნოს და მან ნაჩქარევი დასკვნები არ უნდა გააკეთოს.
- თუ სპეციალისტს ეჭვი უჩნდება ბავშვის სიტყვების სიმართლეში, მას შეუძლია ბავშვს სთხოვოს უფრო დაწვრილებით უამბოს რომელიმე ეპიზოდის შესახებ.
- რთული თემის განხილვისას სპეციალისტმა მომხდარი უნდა დააფიქსიროს ჩანაწერების, აუდიო ან ვიდეოტექნიკის მეშვეობით.
- რთულ სიტუაციებში სპეციალისტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს სხვა სპეციალისტებთან.
- ძალადობის ზემოთ ჩამოთვლილი ქცევითი ნიშნები არ არის სპეციფიკური ძალადობისათვის. მხოლოდ მათ საფუძველზე ძალადობის დიაგნოსტიკა არ შეიძლება.
- ძალადობის დაშვება შესაძლებელია, როცა:

  • ეს სიმპტომები ფიზიკურ ნიშნებთან ერთად ჩნდება.
  • ბევრი სიმპტომია და მათ წარმოშობას სხვა ახსნა არ მოეძებნება.
  • მშობელთა ქცევა ეჭვს იწვევს.

- დიაგნოსტიკის პროცესში სპეციალისტმა ტაქტი არ უნდა დაივიწყოს და იმ თემებზე ისაუბროს, რისთვისაც ბავშვი მზად არის, ბავშვის უსაფრთხოებაზე იზრუნოს.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ფსიქოლოგიური პორტრეტი

      ძალადობის მსხვერპლი ბავშვისთვის დამახასიათებელია:

      დაბალი თვითშეფასება - ბავშვი ვერ აფასებს თავის რეალურ შესაძლებლობებს და თვლის, რომ არაკომპეტენტურია;

      საკუთარი თავის დადანაშაულება - ბავშვი შეურაცხმყოფელი საქციელის მიზეზს საკუთარ თავში ეძებს: "რაღაც არასწორად გავაკეთე", "ჩემი ბრალია, ასე არ უნდა მეთქვა" და ა.შ.;

      ძალადობის უარყოფა - ბავშვი მალავს ძალადობის ფაქტს ან საერთოდ უარყოფს ძალადობას;

      შეგუებულია ძალადობას - ბავშვი თვლის, რომ ძალადობა ჩვეულებრივი რამაა, "ეს ასეც უნდა იყოს". კრიტიკულად ვეღარ აფასებს ურთიერთობას, პრობლემას და თვითონ ცდილობს "გამოსწორებას";

      მარტოობის განცდა - ბავშვი თავს მიტოვებულად და მარტოსულად გრძნობს; საკუთარი ზედმეტობისა და უღირსობის განცდა - ბავშვი თავს უმნიშვნელო და უღირს ადამიანად თვლის, რომელიც ყურადღებას არ იმსახურებს;

      სიძნელეები სკოლაში - უჭირს ყურადღების კონცენტრაცია, თანატოლებთან ნორმალური ურთიერთობა; თვლის, რომ თანატოლთაგან განსხვავდება და მისი ცხოვრებაც იმიტომ არის განსხვავებული;

      სტრესული რეაქციები - ძილის დარღვევა, დეპრესია, თავის ტკივილი, შიში, შფოთვა, უიმედობა, ჩაკეტილობა და სხვა.

ავტორი: ე. თავართქილაძე

      გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Александровская, Э.М., Гильяшева Н.И. (1993). Психодиагностика детей и подростков.
  2. Барлас ,Т.В. (2003). Психодиагностика в психологическом консультировании: задачи и подходы. Журнал практической психологии и психоанализа. № 1.
  3. Венгер, А.Л. (2004). Симптоматические» рекомендации в психологическом консультировании
  4. Коттлер, Дж., Браун, Р. (2001). Психотерапевтическое консультирование. – СПб.
  5. Мэй, Р. (2001). Искусство психологического консультирования. –М.
  6. Романова, Е.С., Потемкина, О.Ф. (1991). Графические методы в психологической диагностике . М.
  7. Соломин, И.Л. (1999). Психологическое консультирование и тестирование . Журнал
  8. Черников, А.В. (1997). Интегративная модель системной психотерапевтической диагностики.
  9. Greenspan, S. I. (1981). The clinical interview of the child. New York: McGraw-Hill.
  10. Sattler, J. M. (1988). Assessment of children (3rd ed.). San Diego, CA: Sattler.

ტეგები: Qwelly, ბავშვთა_ფსიქოლოგია, ინტერვიუ, ფსიქოლოგია, ქველი, ძალადობა

ნახვა: 1268

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters