ობსესიური განცდების მაგალითები


   ობსესიურ პიროვნებაში ამ სინდრომის ჯერ კიდევ შეუმჩნეველ, საწყის ნიშნებს შემდეგი მაგალითი წარმოაჩენს: კარგადაღზრდილმა, წესიერმა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ცეკვის წრეში დადიოდა, მეჯლისის შემდეგ თავისი მეწყვილე გოგონა შინ გააცილა. ყმაწვილს გოგონა ძალიან მოსწონდა და გზაში იგრძნო, რომ მისი კოცნა და ალერსი მოუნდა; მაგრამ საკუთარმა წარმოსახვამ იგი ძალიან შეაშინა, რადგან იფიქრა, რომ მისი ასეთი საქციელი გოგონას აღაშფოთებდა. ახალგაზრდა კაცმა ისღა მოახერხა, რომ ქუჩაში ხეების თვლა დაიწყო, რათა თავისი სახიფათო იმპულსები როგორმე გაენეიტრალებინა. ამ შემთხვევის შემდეგ, როგორც კი ახალგაზრდა კაცს ინსტინქტური სურვილების გამო შიშის ან დანაშაულის გრძნობა შეიპყრობდა, იგი ამ საშუალებას მიმართავდა და პედანტურად იწყებდა ყველაფრის თვლას, რაც იმ დროს თვალში მოხვდებოდა. აქტიურად თვლას იგი მაშინ იწყებდა, როდესაც რაიმე გადაწყვეტილება უნდა მიეღო ან რაღაც მნიშვნელოვანი მოემოქმედებინა; მერე კი თვლას იმდენ ხანს აგრძელებდა, ვიდრე შემაწუხებელ ფიქრს თავიდან არ მოიშორებდა. ახალგაზრდა კაცი ამ მოვლენების ურთიერთკავშირს ვერ აცნობიერებდა და საშინლად თრგუნავდა ეს გაუგებარი, აკვიატებული საქციელი.
   ეს შემთხვევა ნათელყოფს ობსესიური სინდრომის წარმომშობ მიზეზს, მის ჩვეულებად ქცევის ფაქტს და ფუნქციას. ამ მიზეზს ქმნის ორჭოფული სიტუაცია, რომელსაც ახლავს შიში. იმ დროს, როდესაც ადამიანმა რაიმე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – რაიმე საქმეზე უარი თქვას ან გარკვეულ საქმეს მოჰკიდოს ხელი, – მას მთელი ყურადღება ნეიტრალურ ქმედებაზე გადააქვს, რომელიც მას მანამდე იცავს, ვიდრე შიში გადაუვლის.
საინტერესოა ამ ახალგაზრდა კაცის მანამდე განვლილი ცხოვრებაც:
დედამისი, რომელიც ძალიან ადრე დაქვრივებულიყო, ასევე მკვეთრად გამოხატული, ობსესიური პიროვნება იყო. ქმრის სიკვდილის შემდეგ ქალი ცდილობდა, ყველაფერი ძველებურად დაეტოვებინა, როგორც ეს ქმრის სიცოცხლეში იყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ იგი სადილობის დროს ქმრისთვის განკუთვნილ ადგილას, მაგიდაზე, თეფშს და დანა-ჩანგალს აწყობდა; ქმრის საწერ მაგიდაზე წიგნები ზუსტად ისე ეწყო, როგორც მან დატოვა. ქალი თავის საქციელს ასე ხსნიდა: «მამა რომ დაბრუნდება, მას ყველაფერი ხელუხლებელი უნდა დახვდეს». ამრიგად, ქალმა ოჯახში სამუზეუმო ატმოსფერო შექმნა, რომელიც წმინდა ტრადიციებისადმი პატივისცემას გამოხატავდა; ეს ტრადიცია ახლა მამის მიერ გამოთქმულ აზრებზეც ვრცელდებოდა, რომლებიც ურყევ ჭეშმარიტებებს გამოხატავდნენ. ამ სიტუაციის წყალობით ყმაწვილი კაცისთვის მამა უცდომელ, სრულყოფილ და მიუწვდომელ არსებად იქცა; სამაგიეროდ, დედის გამო მას ქალებთან ურთიერთობა გაურთულდა, რადგან იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ქალები ერთობ ნაზი და დახვეწილი არსებები არიან, მამაკაცები კი მათ სათანადო პატივისცემით არ ეპყრობიან; ამ დროს ყმაწვილისთვის მხოლოდ მამა იყო გამონაკლისი. შვილი დედას წლების განმავლობაში თავს ევლებოდა და «ხელისგულზე ატარებდა», რადგან ფიქრობდა, რომ აუცილებლად მამამისნაირი უნდა ყოფილიყო; მაშინ იგი ქალებსაც მოეწონებოდათ და თავადაც დედის მიერ შექმნილი, მიუწვდომელი მამაკაცის იდეალად გადაიქცეოდა.
   თუ ახალგაზრდა კაცი ობსესიური სიმპტომის მეშვეობით ვერ შეძლებს საკუთარი იმპულსებისგან თავის დაცვას, მაშინ იგი უსაფრთხოების უფრო საიმედო ზომებს მიმართავს; მაგალითად, სექსუალური აზრების გამოვლენისას მას სხვა დამცავი რეაქციები გაუჩნდება; მაგრამ კრიტიკულ სიტუაციებში, შესაძლოა, ახალგაზრდა კაცს «გონება დაებინდოს» და, უეცრად, ხანმოკლე დროით გაითიშოს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სახიფათო სიტუაციას დიდი ძალისხმევით დააღწია თავი, თუმცა ამ დროს საშინელ დაღლილობას გრძნობს. ამრიგად, ობსესიურ პიროვნებას უამრავი შესაძლებლობა გააჩნია, კრიტიკული სიტუაციებიდან და კონფლიქტებიდან უვნებლად გამოსვლისა. ბატონ ბ-ს ყოველი კვირის ბოლოს საშინელი ნევროზი ტანჯავდა. შაბათი ახლოვდებოდა თუ არა, გაურკვეველი, აუხსნელი შიში და დანაშაულის გრძნობა იპყრობდა. ამას ისეთი სომატური სიმპტომები ახლდა თან, როგორიცაა მოთენთილობა, თავის ტკივილები და დაღლილობა. მისი ასეთი მდგომარეობა მთელი კვირადღე და ორშაბათი დღის პირველ ნახევარში გრძელდებოდა, ნაშუადღევს კი, მისდა გასაკვირად, თავს ისევ ნორმალურად გრძნობდა.
   ხანგრძლივი ფსიქოთერაპიული მკურნალობის პროცესში გამოვლინდა, როგორი იყო ის ცხოვრებისეული სივრცე, რომელშიც დაიწყო და განვითარდა პაციენტის დაავადება: ბატონ ბ-ს მშობლებს ერთმანეთში საშინელი ურთიერთობა ჰქონდათ; მაგრამ ყველაზე დრამატული მოვლენა მათ ცხოვრებაში ის იყო, რომ ცოლ-ქმარი კვირის ბოლოს სისტემატურად თვრებოდა, რასაც ხმამაღალი შელაპარაკება, შეხლა-შემოხლა და ცემა-ტყეპაც კი მოჰყვებოდა ხოლმე. ბიჭი და მისი უმცროსი და ამის გამო მუდმივ შიშში იყვნენ და საწინააღმდეგო გრძნობებს განიცდიდნენ. ერთი მხრივ, ბავშვებს ეშინოდათ, რომ გააფთრებული მამა დედას რაღაცას აუტეხავდა, და, როგორც სიმთვრალეში ხშირად იმუქრებოდა, შეიძლებოდა ცოლი მოეკლა კიდეც. მეორე მხრივ, ისინი საშინელ სიძულვილს გრძნობდნენ, უპირველეს ყოვლისა, მამის მიმართ; ამ სიძულვილს ისიც აძლიერებდა, რომ მამა ჩხუბის დროს ბიჭს ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას, უტაქტო შენიშვნებს აძლევდა, მერე კი, უეცრად გრძნობამორეული, მოითხოვდა, მისთვის ეკოცნა, რასაც შეშინებული ბავშვი ზიზღით უსრულებდა. როდესაც კვირა საღამოს ბავშვები დასაძინებლად წვებოდნენ, მათ ხშირად ისევ ესმოდათ მშობლების ჩხუბი; ისინი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ და განქორწინებით იმუქრებოდნენ. ორშაბათობით მამა დილით ადრე მიდიოდა სამუშაოზე, მთვრალ დედას კი ჯერ ისევ ეძინა. ბავშვები საუზმეს თავად იმზადებდნენ და სკოლაში ისე მიდიოდნენ, რომ მშობლებს ვერ ხვდებოდნენ. ბიჭი ორშაბათობით გაკვეთილებზე თავს ცუდად გრძნობდა და სულ იმის შიშში იყო, რომ კვირა საღამოს შემდეგ, მშობლებს შეეძლოთ სახლში რაღაც უბედურება დაეტრიალებინათ. მან არ იცოდა, შინ დაბრუნებულს, დედა სახლიდან გაქცეული დახვდებოდა თუ არა, როგორც ქალი ამას ხშირად იმუქრებოდა. ბიჭი საშინლად განიცდიდა, რომ მის ოჯახში ასეთი სამარცხვინო ამბები ხდებოდა, და წუხდა, რომ, თანატოლებისგან განსხვავებით, თავად ვერაფერს მოუყვებოდა მათ მხიარულად გატარებულ კვირადღეზე; ამიტომ ცდილობდა, ასეთი საუბრებისთვის თავი აერიდებინა, რომ არავის გაეგო, რა უბედურება სჭირდა. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში ბიჭი სულ უფრო მეტ სიძულვილს გრძნობდა მშობლების მიმართ, მაგრამ მის ემოციურ მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ მშობლები ძალიან ებრალებოდა; იგი გუმანით გრძნობდა, რომ ისინიც იტანჯებოდნენ და უბედურები იყვნენ.
   ბიჭი ორშაბათს სკოლიდან შინ ბრუნდებოდა და ხედავდა, რომ სახლში სიწყნარე სუფევდა და უბედურება არ მომხდარიყო; ამ დროს მას შიში უქრებოდა, სიმშვიდე ეუფლებოდა და იმედი ეძლეოდა, რომ ახლა კვირის ბოლომდე აღარაფერი მოხდებოდა; მერე კი შაბათ-კვირის დღეებს რომ წარმოიდგენდა, კვლავ შიში იპყრობდა.
   ამრიგად, ყოველი კვირის ბოლოს ბიჭი საშინლად აფორიაქებული იყო და საშუალება არ ჰქონდა, თავისუფალი დრო უზრუნველად გაეტარებინა. მშობლების ურთიერთობის გამო ცხოვრება აუტანლად ეჩვენებოდა, და თან იმაზეც ფიქრობდა, რომ სიმხნევე გამოეჩინა, საკუთარ სურვილებზე უარი ეთქვა, და მშობლებს «თავისი ამ შეგონებით», მსხვერპლის სახით დაპირისპირებოდა. ბატონმა ბ-მ ბოლოს და ბოლოს ისე გაითავისა ეს გრძნობა, რომ წლების განმავლობაში აღარც ძველ შიშს განიცდიდა და დანაშაულის გრძნობაც აღარ აწუხებდა. იგი ისევ და ისევ უხმობდა თავის «მაგიურ შეგონებას» და უარს ამბობდა საკუთარ სურვილებზე, თითქოს ამით კვლავ რაღაც უსიამოვნების თავიდან აცილებას ცდილობდა, რომელიც მას ყოველ წუთს ემუქრებოდა. ბატონ ბ-ს უხაროდა, როდესაც კვირადღე მთავრდებოდა და ორშაბათს კვლავ სამუშაოზე შეეძლო წასვლა; რა თქმა უნდა, ამის მიზეზი ისიც იყო, რომ არ იცოდა, საკუთარი თავისუფლება და თავისუფალი დრო რაში გამოეყენებინა.
   ბატონი ბ. ბავშვობაში თავის იმპულსებს რომ აჰყოლოდა, მამას ერთხელ მაინც დაბეჯითებით მოახსენებდა თავის აზრს, პირში მიახლიდა, როგორ სძულდა და ეზიზღებოდა იგი, და, ვინ იცის, ამ დროს კიდევ რა საშინელებებს ჩაიდენდა. მაგრამ განა ბავშვს შეეძლო ამ კონფლიქტის გადაჭრა? მან იცოდა, რომ მამა ამის შემდეგ ცემით სულს ამოხდიდა, და ამით ოჯახში სიტუაცია უფრო გამწვავდებოდა. დედა, ალბათ, შვილის მხარეს დაიჭერდა და მამა მთელ ჯავრს ახლა მხოლოდ მასზე იყრიდა. სწორედ ეს კომპლექსური და რთული პრობლემები გახდა ბატონ ბ-ს ნევროზის
მიზეზი; ნევროზი იცავდა მას, რათა რაიმე საშინელება არ ჩაედინა. მან ბავშვისთვის იმ «მაგიური შეგონების» ფუნქცია შეასრულა, რომელშიც გაერთიანდა სინანულის, სასჯელის, მსხვერპლისა და თვითბრალდების განცდები. და რაკი ბიჭი ვერც თავის სიძულვილს, ბოღმას და იმედგაცრუებას და ვერც ნატვრას, წუხილს და სირცხვილს გამოხატავდა, ამიტომ მათ დათრგუნვას ცდილობდა, რაც მოგვიანებით მისი აკვიატებული აზრებისა და ქცევების მიზეზი გახდა. ბატონ ბ-ს რომ მისცემოდა შესაძლებლობა, თავისი მდგომარეობა მშობლებისთვის აეხსნა, ან ვინმესთვის გაეზიარებინა – როგორ იტანჯებოდა და როგორ ჰქონდა გაგლეჯილი გული ურთიერთგამომრიცხავი გრძნობებით, მაშინ იგი საკუთარ თავს სულ სხვაგვარად წარმოაჩენდა და ობსესიურ პიროვნებად არ ჩამოყალიბდებოდა.
   არსებობს გარემოებები, რომლებიც ობსესიური თვისებების ჩამოყალიბებას ასევე უწყობს ხელს იმ ბავშვებში, რომლებიც მხოლოდ მშობლების პიროვნულ ზეგავლენას კი არ განიცდიან, არამედ მათ სოციალურ როლთან და პრესტიჟთან დაკავშირებულ მოთხოვნებსაც უწევენ ანგარიშს. ასეთ შემთხვევებს ვხვდებით, მაგალითად, სამხედრო პირთა, მასწავლებელთა, ღვთისმსახურთა წრეებში და ოჯახის მამების სხვა პროფესიებში, რომლებიც უმთავრესად ორიენტირებული არიან გარეგნულ შთაბეჭდილებებზე და პრესტიჟზე, ხოლო ამ სფეროებში მუშაობა ვითარს ობსესიურ ქცევებს მოითხოვს. ძველი პრუსიული არმიის სამხედრო პირები ვაჟკაცურ, პროფესიულ იდეოლოგიას განასახიერებდნენ; ეს იყო: თავდაჭერილობა,
შეუპოვრობა და სიმამაცე, ხოლო მათ გარეგნულ მხარეს «გაჯგიმული სიარული» და უნიფორმის მაღალი, დამდგარი საყელო აგვირგვინებდა.
მაღალი რანგის მავან ოფიცერს ორი ვაჟი ჰყავდა. პატივმოყვარე მამა მათზე დიდ იმედებს ამყარებდა და შვილებთან დაკავშირებით შორსმიმავალი გეგმები ჰქონდა. ვაჟიშვილებს პრუსიული სულისკვეთებით ზრდიდა და მათი მხრივ გრძნობების ნებისმიერ გამოვლინებას, მით უფრო ტირილს, უღირს საქციელად მიიჩნევდა («გერმანელი ახალგაზრდა არ შეიძლება ტიროდეს!»). მამა ოჯახში ყაზარმულ წესრიგს მოითხოვდა და შვილებს კარგად გაწრთვნილი რეკრუტების ცხოვრებით აცხოვრებდა. საღამოობით მამის წინ გაჯგიმულ ყმაწვილებს მისთვის უნდა მოეხსენებინათ – «დასაძინებლად მივდივართ». ამასთან უფროსი ვაჟი, თავის ერთი წლით პატარა ძმაზე ზუსტად ერთი საათით გვიან უნდა დაწოლილიყო, რადგან იგი, თითქოს რაღაც დამსახურების გამო, უფრო მეტი თავისუფლებით სარგებლობდა. უმცროსი შვილი მგრძნობიარე ყმაწვილი იყო და ხელოვნება აინტერესებდა, მაგრამ მამა მას არ სწყალობდა და «ქალაჩუნას» ეძახდა. «საერთოდ არ გეტყობა, რომ კაცი ხარ» – ეუბნებოდა შვილს, თუ შეამჩნევდა, რომ მან რაიმე გრძნობები გამოავლინა ან ცრემლები ვერ შეიკავა. ბიჭი ვერ ეგუებოდა მამის მკაცრი წრთობის მეთოდებს, ზამთარში ხელები ეყინებოდა და საშინლად სტკიოდა, ხელთათმანებს კი ვერ იცმევდა, რადგან მამას ეს «არაკაცურ» საქციელად მიაჩნდა. მერე მამამ გადაწყვიტა, ყმაწვილი იმხანად ერთ-ერთ ცნობილ სკოლაში შეეყვანა, სადაც ნაციონალ-სოციალისტი ფუნქციონერების შვილები სწავლობდნენ. რა თქმა უნდა, მას ამისთვის ბიჭის თანხმობა არ დასჭირვებია, რადგან მამებმა ხომ ყოველთვის ზუსტად იციან, რა უფრო სასიკეთოა მათი შვილებისათვის! ამრიგად, 15 თუ 16 წლის ბიჭი შეიყვანეს სკოლაში, სადაც მას სამხედრო წვრთნა უნდა გაევლო. იგი აქ თავს ძალზე უბედურად გრძნობდა და, არცთუ კარგად სწავლობდა. მალე ერთ-ერთი სამხედრო ვარჯიშის დროს ბიჭი ისე მკაცრად შეახურეს, რომ ენაბლუობა დასჩემდა; მოკლე ხანში მდგომარეობა ისე გაურთულდა, რომ სკოლაში მის დატოვებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო, რადგან აქ რჩეულ თაობას ზრდიდნენ. თავისი ენაბლუობის წყალობით, ბიჭმა მამა აიძულა, შვილზე ხელი ჩაექნია და მასზე ყოველგვარი პასუხისმგებლობა მოეხსნა. ამასთან, უეცარი «ენაბლუობა» ბიჭისთვის ერთადერთი მიზეზი იყო, რომელიც მამას აიძულებდა, თავისი გადაწყვეტილება შეეცვალა. ცხადია, შვილი მის წინააღმდეგ თავის პროტესტს ვერანაირად გამოხატავდა, რადგან ამ შემთხვევაში მამა მას მკაცრად დასჯიდა. თუმცა ასეთი რამ ბიჭს თავში აზრადაც არ გაუვლია; მისმა არაცნობიერმა მოქმედებამ, ამ სინდრომის წყალობით, შეძლო სასურველი მიზნისთვის მიეღწია. მისი მიზანი კი იყო, საძულველი სკოლისთვის ისე დაეღწია თავი, რომ თავად არაფერი დაბრალებოდა, მამისთვის წინააღმდეგობა არ გაეწია და თან მასზე სიამოვნებით ეძია შური; ბიჭი გრძნობდა, რომ მამა ამ სიმპტომის წინაშე უძლური იყო. ენაბლუობა ბიჭს საშინლად ტანჯავდა და დიდ უხერხულობას უქმნიდა; ეს ქვეცნობიერი თვითბრალდების გრძნობა იყო, რომელიც მისი პროტესტის შედეგად გამოვლინდა.
   რამდენადაც აუცილებელია, რომ ბავშვი მშობლებთან ურთიერთობის ზღვარს გრძნობდეს და მათ ავტორიტეტს შეგნებულად აღიარებდეს, იმდენად სახიფათოა მისთვის ავტორიტარული აღზრდა, რომელიც ბავშვისგან უპირობო მორჩილებას მოითხოვს; ამ დროს მას არა აქვს უფლება, იკითხოს, რა მიზეზი აქვს ამა თუ იმ აკრძალვას. ამგვარი ავტორიტარული «აღზრდის» უკიდურეს გამოვლინებას წარმოადგენს «მასის ადამიანი», რომელიც ადრეულ წლებში შთაგონებული ბრმა მორჩილების გამო, უკან არაფერზე დაიხევს და ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებს. «ანტიავტორიტარული აღზრდა» (ვფიქრობ, უფრო მართებული იქნებოდა, თუ მას «არაავტორიტარულ აღზრდას» ვუწოდებდით) მეორე უკიდურესობაა, რამდენადაც იგი ხელს უწყობს ადამიანის აღვირახსნილი თვითნებობის გამოვლენას და მის თავისუფლებას არანაკლებ საფრთხეს უქმნის. არსებობს ისეთი მძიმე შემთხვევები, როდესაც ადამიანი, თავისი ჯიუტი ხასიათის გამო, რეალურ თუ ვითარს ძალადობას მთელი ცხოვრების მანძილზე ებრძვის; იგი ნებისმიერ ბუნებრივ წესრიგს ძალადობად აღიქვამს და მზადაა, მის წინააღმდეგ გაილაშქროს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს იმ მძიმე ხასიათის ადამიანებთან, რომელთა ემოციური განწყობის საფუძველი მათი თავნებობაა. ისინი ყველაფრის წინააღმდეგ გამოდიან, ჭირვეულად უარყოფენ ყველაფერს და ნერვების უკიდურესი დაძაბვით ცდილობენ შეისრულონ ის, რაც ბავშვობაში ეკრძალებოდათ.

   კარლ გუსტავ იუნგი «პერსონას» უწოდებს ადამიანს, რომელიც რეალურ სამყაროში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ან თავს ასეთად მიიჩნევს. იმ ოჯახებში, სადაც ასეთ ადამიანებს განსაკუთრებით უწევენ ანგარიშს, ბავშვის ძალისმიერი მეთოდებით აღზრდა სანიმუშოდაა მიჩნეული. ამ დროს ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მასთან ასეთ მოპყრობას მშობლებს თავიანთი «მდგომარეობა აიძულებს», ამასთან, საზოგადოებაც მოითხოვს მისგან, რომ კარგად აღზრდილი და სანიმუშო იყოს, თავისი წარმატებებითა და საქციელით სხვებისგან გამოირჩეოდეს, მშობლები «არ შეარცხვინოს». ამ დროს განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ის მასწავლებლები აღმოჩნდებიან ხოლმე, რომელთა მოსწავლეებიც ასეთი მამების მიერ აღზრდილი შვილები არიან. ბავშვში აუცილებლად გამოვლინდება მამის პიროვნული თვისებები და ოჯახში გამეფებული ატმოსფერო; ამიტომ იგი თავს უფლებას ვერ მისცემს, მშობლებს იმედი გაუცრუოს და თავისი საქციელით მათ სახელი შეულახოს. ამგვარი ძალადობრივი აღზრდა, შესაძლოა, ბავშვის ობსესიური განვითარების მიზეზი გახდეს, თუ იგი საკმაო სიძლიერეს არ გამოიჩენს, როგორც ამბობენ, «არ აიწყვეტს» და ამბოხს არ მოაწყობს. ბავშვის მხრივ ეს ჯანსაღი რეაქციაა, მაგრამ მშობლები ამას არ პატიობენ, რადგან ფიქრობენ, რომ ბავშვის ასეთი საქციელი მის «ცუდ ზნეზე» მეტყველებს და არა არასწორ აღზრდაზე. ბავშვის ამგვარ საქციელს ნებისმიერ გარემოში კიცხავენ, განსაკუთრებით ეს სოფლებზე და პატარა ქალაქებზე ითქმის, სადაც «მეზობლები» ასეთ შემთხვევებში მორალურ აღშფოთებას ნიშნის მოგებით გამოხატავენ.
   ასეთ პროფესიონალ «პერსონას» თუ საზოგადოებრივ, სამსახურებრივ და სოციალურ პრესტიჟს უამრავი ბავშვი ეწირება მსხვერპლად; ამიტომ მხოლოდ ჭეშმარიტად დიდბუნებოვან მშობლებს შეუძლიათ, ბავშვების კეთილდღეობა სოციალურ პატივმოყვარეობაზე მაღლა დააყენონ.
   ამასთან დაკავშირებით, ობსესიური პიროვნების კიდევ ერთ თვისებაზე გავამახვილებთ ყურადღებას: საკუთარი უსაფრთხოების მიზნით, ობსესიური ადამიანები მთლიანად საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის ქვეშ ექცევიან და იმაზე არიან მიყურადებულნი, რას იტყვის ან რას არ იტყვის «ხალხი», ან როგორ იქცევიან ან არ იქცევიან საზოგადოების სხვა წევრები. ამაში ის აღზრდის შედეგებიც იჩენს თავს, როდესაც ამ ადამიანებს გამუდმებით უკრძალავდნენ რაღაცას და ამ აკრძალვების მიზეზს არასოდეს უხსნიდნენ. თუ ბავშვს რაიმე მოთხოვნას უყენებენ ან რამეზე აკრძალვას უწესებენ და ამ დროს გასაგებად არ უხსნიან ამის მიზეზს, ბავშვი მათ შესასრულებლად ნაკლებად განეწყობა. დღესდღეობით, უკვე ყავლგასული პატრიარქატის პირობებში, მიიჩნევენ, რომ მშობლები ყოველთვის მართლები არიან და მათი ავტორიტეტის ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება. ბიბლიაში აღწერილია, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, როგორ ეკრძალება პირველ მამაკაცს და ქალს ცნობადის ხიდან ნაყოფის მოწყვეტა, რაც, მათი ცნობისმოყვარე ბუნებიდან გამომდინარე, ადამიანის «ცოდვით დაცემას» იწვევს.
ქვემოთ მოყვანილმა მაგალითმა, შესაძლოა, ნათელი გახადოს, რა რთულად მიმდინარეობს ობსესიური პიროვნებების განვითარების პროცესი, რომელსაც მოკლედ აღვწერთ:
   ოცდაათ წელს გადაცილებული, აკვიატებული აზრებით შეპყრობილი ქალი ჩაცმა-გახდას საათნახევარს, ბანაობას კი ორ საათს ანდომებდა. როდესაც იგი კლინიკაში სამკურნალოდ მოვიდა, გვითხრა, რომ ახლა უკვე ყოველდღიურად ექვსი საათის განმავლობაში ბანაობდა, ქმართან სექსუალურ ურთიერთობაზე უარს ამბობდა და შვილებს თავისთან მიკარებას უკრძალავდა. პაციენტი ლოგინში იწვა და თავადაც არაფერს ეხებოდა, რადგან ეშინოდა, რომ უწმინდურება «მოეცხებოდა», დაორსულდებოდა, ან თავისი შეხებით ყველაფერს წაბილწავდა. პაციენტს მეტასტაზებივით მოედო შიში, რომ, თუ «წაბილწულ» საგნებს, მაგალითად კარის სახელურს, ხელს მოჰკიდებდა, რომელსაც უამრავი ხელი ეხებოდა, თავადაც «წაიბილწებოდა». თუ მითიური მეფე მიდასი ხელის ერთი შეხებით ყველაფერს ოქროდ აქცევდა, ამ ქალის შემთხვევაში ყველაფერი «იბილწებოდა», რასაც მისი ხელი მოხვდებოდა.
   კლინიკაში წინასწარი კონსულტაციის დროს, ქალი ფეხებაკეცილი იჯდა საწოლზე, მუხლებზე ხელები შემოეხვია და მთლიანად გაშეშებულიყო; სეანსის შემდეგ კი დაბუჟებულ და გახევებულ კიდურებს ძლივსღა ამოძრავებდა. როდესაც პაციენტი მისაღებ ოთახში შემოვიდა, ერთი წუთის განმავლობაში თავისთვის ჩურჩულებდა: «ბინძური არა ვარ, ბინძური არა ვარ!», და მხოლოდ ამის შემდეგ შემობრუნდა ჩემკენ. ქალი ახლა უკვე მხოლოდ ბანაობის დროს კი არა, ნებისმიერი საგნის შეხებისას იმეორებდა ამ «მაგიური შელოცვასავით» აკვიატებულ სიტყვებს. პაციენტი ამ დროს უკვე ფსიქოზის ზღვარზე იმყოფებოდა. იგი ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქში, პურიტანულ ოჯახში იზრდებოდა; ძალიან მკაცრი და მომთხოვნი დედა ჰყავდა, მამა კი გულჩვილი ხასიათის კაცი იყო და ცხოვრებას შიშის თვალით შეჰყურებდა. თავისი ქალიშვილის ქორწილის დღეს კი ისე ცუდად გამხდარა, რომ ლოგინში ჩაწოლილა და ცერემონიალში მონაწილეობა ვერ მიუღია. მიღებული აღზრდის წყალობით, პაციენტი მშობლებს ძალიან უწევდა ანგარიშს და პრობლემებს არასოდეს უქმნიდა; მშობლები კი ამაყობდნენ, რომ მათ პატარა ქალაქში გოგონას და მის ძმას ზრდილ და წესიერ ბავშვებად იცნობდნენ. დედ-მამა ცდილობდა, შვილები ყველა თვალსაზრისით სანიმუშონი ყოფილიყვნენ, ამიტომ მათ სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლიანი სასმელები, ცეკვებზე სიარული და ბანქოს თამაში სასტიკად ეკრძალებოდათ. პაციენტი საკვირაო სკოლაში დადიოდა, სადაც გოგონები და ბიჭები ცალ-ცალკე სწავლობდნენ. «კეთილი» მშობლები შვილებს არასოდეს სცემდნენ და არც უხეშად მიმართავდნენ. ამასთან დაკავშირებით, პაციენტმა ერთხელ ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა თქვა: «We killed each other with kindness».
   მკურნალობის დროს, სხვათა შორის, ისიც გაირკვა, რომ პაციენტის სამი წლით უმცროსი ძმა დედას გამორჩეულად უყვარდა. მას ოჯახში «გენიალურ» ბავშვად აღიარებდნენ და გოგონა ამას ეგუებოდა, რადგან ფიქრობდა, რომ თვითონ დიდი ნიჭით დაჯილდოებული არ იყო; მაგრამ თან იმის იმედი ჰქონდა, რომ თუ საკუთარ თავს სრულყოფდა, სიყვარულს ისიც დაიმსახურებდა. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში გოგონა «წყენას» გულში იკლავდა და არ იმჩნევდა, რომ ძმის მიმართ შურსა და სიძულვილს გრძნობდა, თუმცა იმავდროულად მასაც და მშობლებსაც იდეალურ ადამიანებად წარმოიდგენდა. მალე გოგონას საგნებთან შეხების შიში აეკვიატა და ცდილობდა კარი ისე გაეღო, რომ მისი სახელური იდაყვით ჩამოეწია. მართალია, ოჯახის წევრები ამას ხედავდნენ, მაგრამ გოგონას «ანგარიშს უწევდნენ» და არ იმჩნევდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ მათი მხრიდან ამაზე ლაპარაკი უტაქტობა იქნებოდა და მას უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა. და, რაკი პაციენტმა გარედან დახმარება ვერავისგან მიიღო, მისმა აკვიატებულმა აზრებმა და ქცევებმა სულ უფრო იჩინა თავი. გოგონას შემთხვევაშიც, ჩვეულებისამებრ, ადრევე შეინიშნებოდა აკვიატების ნიშნები: 7-8 წლის ასაკში იგი სკოლაში არ წავიდოდა, თუ წინდა ორივე ფეხზე ზუსტად, თანაბრად არ ჰქონდა მორგებული. თავისთავად ეს უკვე საგანგაშო სიგნალი იყო, მაგრამ მაშინ ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ასეთი საქციელის გამო ბავშვებს ხშირად სჯიან ან დასცინიან ხოლმე. მაგრამ გოგონა ამისთვის იმხანად რომ დაესაჯათ ან მასხრად აეგდოთ, ეს მის მდგომარეობას უფრო გაართულებდა, რადგან, თავის დაცვის მიზნით, უფრო ფარული და ფრთხილი ზომების მიღებას შეეცდებოდა. ამჯერად კი ისე მოხდა, რომ გოგონა თავისი პრობლემების წინაშე სრულიად მარტო აღმოჩნდა. მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ პაციენტს მივანიშნე – როგორც ჩანს, თქვენი ოჯახის
   იდეალიზაციას ახდენთ, რადგან თქვენს მიერ აღწერილ «უცოდველ» ოჯახურ გარემოში მსგავსი სიმპტომები არ გამოვლინდებოდა-მეთქი. მერე პაციენტს ისიც ვუთხარი, რომ, როგორც ჩანს, იმ აფექტებს და აგრესიებს, რომლებსაც იგი არამცთუ ვინმეს, საკუთარ თავსაც კი უმალავდა, ახლა უკვე თავის წინააღმდეგ მიმართავდა. ამ სიტყვების გაგონებაზე, პაციენტმა სიძულვილით შემომხედა და თავდაჯერებით მითხრა, ჩემი მშობლების მხრიდან მე მხოლოდ «კეთილგანწყობას ვგრძნობდიო». მაგრამ პაციენტის ამ ნათქვამმა მის მიერ მოგვიანებით მონაყოლ სიზმარში სრულიად საპირისპირო აზრი შეიძინა: «წინ მედგა დედაჩემის კუბო, რომელზეც რაღაც თარიღი ეწერა, ოღონდ არ მახსოვს, რა» (იმხანად პაციენტის დედა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო). მშობლებმა შვილის მკურნალობის პერიოდშიც არაფერი იცოდნენ მისი ავადმყოფობის შესახებ; ქალმა თქვა: «თუ მშობლებს მივწერდი, რომ გათხოვებამდე მამაკაცთან მქონდა კავშირი, ამით მათ საშინელ დარტყმას მივაყენებდი, ვიცი, რომ ისინი ამას ვერ გადაიტანდნენ. ამიტომ ისევ ჩემი ავადმყოფობა ვარჩიე». პაციენტი თავის ქალაქში ვერც ერთ ექიმთან ვერ მივიდოდა, რადგან იძულებული გახდებოდა, თავის სექსუალურ პრობლემებზე ელაპარაკა და ეღიარებინა, რომ მამაკაცთან გათხოვებამდე ჰქონდა სექსი. ამიტომ ქალმა ამჯობინა, შემდგომშიც თავისი აკვიატებული აზრებით ეცხოვრა. გათხოვების შემდეგ პაციენტს მდგომარეობა გაურთულდა, რადგან სიცოცხლით სავსე და ტემპერამენტიანი ქმარი მას მეტისმეტად დიდ მოთხოვნებს უყენებდა, მაშინ როცა ქალი სექსის ერთადერთ მიზანს შვილების გაჩენაში ხედავდა.

ნახვა: 195

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Even though the sport’s get away

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 7:21am 0 კომენტარი

MMOexp VIDEO OF THE DAYSCROLL TO preserve WITH content material

With its darkish fantasy placing and a gameplay loop that blends elements of dungeon crawlers and battle royale video games, Dark and Darker speedy stuck the eye of some Dark And Darker Gold gamers seeking out a damage from the glut of military-themed shooters.

Even though the sport’s get away from Tarkov-motivated motion drew rave critiques from many…

გაგრძელება

MMOexp: The Forester is one of the attenuate examples

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 6:37am 0 კომენტარი

Pros Is able to activity adjoin the majority of PvE enemies about absolutely safely. Can annihilate an adversary afterwards them alike actuality able to acknowledge with the appropriate Ability bureaucracy and complete aim. Is able to add accession band of aberration to opponents block them application their traps. Has acquiescent healing with the Acreage Ration Ability Is a chic with abundant alternation acceleration acceptation doors, campfires, animate shrines, and accessories all actuate… გაგრძელება

MMOexp: Sincere extra critical part of Diablo 4's lore

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 5:50am 0 კომენტარი



The Comeback of the Horadric dice in Diablo 4? Examples of Diablo 4 runes. Effect Runes and situation Runes. No longer very last versions.

Snowstorm has determined that the franchise can be returning to its well-known Diablo 4 roots in the approaching call. While heaps of that is innovative and tale-driven exalternate, snowstorm furthermore discovered that runes and runewords from Diablo 4 are being reintroduced. This makes it very possible that Horadric cube should make a…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters