პლატონი - სახელმწიფო
წიგნი მეოთხე

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ

სოკრატე, გლავკონი, პოლემარქე
თრასიმაქე, ადიმანტე, კეფალე

saxelmwifo, platoni, სახელმწიფო, პლატონი, ფილოსოფია, ქველი, filosofia, Qwelly, philosophy, სოკრატე, გლავკონი, პოლემარქე, თრასიმაქე, ადიმანტე, კეფალე

– აქ ადიმანტე ჩაერია საუბარში:

– კი მაგრამ, სოკრატე, – თქვა მან, – რანაირად იმართლებ თავს, თუ დაგიწყებენ იმის მტკიცებას, რომ დიდად როდი აბედნიერებ ამ ადამიანებს, რაშიაც თურმე თვითონვე მიუძღვით ბრალი, რადგანაც, მართალი გითხრა, სწორედ ისინი არიან სახელმწიფოს ბატონ-პატრონნი, მაგრამ მათთვის ამაში სახეირო არა ყრია რა: მაშინ როდესაც სხვები ადგილ-მამულს იძენენ და დიდებულ სახლებს იშენებენ, სათანადოდ ამკობენ მათ და საგანგებო მსხვერპლს სწირავენ ღმერთებს, გულუხვად მასპინძლობენ უცხოელ სტუმრებს და ფლობითაც ფლობენ იმას, რაზედაც წეღან ლაპარაკობდი – ოქრო-ვერცხლსა და, საერთოდ, ყველაფერს, რაც საჭიროა ბედნიერებისათვის. როგორც ჩანს, ეგ შენი მცველები ისე ეფუძნებიან სახელმწიფოში, როგორც დაქირავებული მაშველი რაზმები, რომლებსაც სხვა საქმე არა აქვთ, მოქალაქეთა დაცვის გარდა.

– დიახ, – მივუგე მე, – მეტსაც გეტყვი: დანარჩენებისაგან განსხვავებით, ისინი მხოლოდ სურსათ-სანოვაგისათვის მსახურობენ და არავითარ სხვა საზღაურს არ იღებენ, ასე რომ, ვერც უცხო ქვეყნებს მოინახულებენ თავიანთი ნება-სურვილით, ვერც საჩუქრებს მიართმევენ ჰეტერებს და ვერც სხვა სიამოვნებისათვის დახარჯავენ ფულს, როგორც იქცევიან მათი ბედნიერი თანამოქალაქენი. დანარჩენს რომ თავი ვანებოთ, აი, რამდენი რამ გამოგრჩა, როცა მაგ შენს ბრალდებას მიყენებდი.

– მაშ, ეგეც ჩავრთოთ ბრალდებაში, – თქვა ადიმანტემ.

– ესე იგი, შენ გსურს გაიგო, რანაირად ვიმართლებ თავს?

– დიახ.

– მე მგონია, პასუხის მოძებნა არ გაგვიჭირდება, თუკი იმავე გზას გავყვებით. ჩვენ ვიტყვით, რომ საკვირველი არა არის რა იმაში, თუ ჩვენი მცველები სწორედ ამ პირობით იქნებიან ყველაზე ბედნიერნი; თუმცა ჩვენი სახელმწიფოს დაარსებისას იმას კი არ ვისახავთ მიზნად, რომ განსაკუთრებით ბედნიერი გავხადოთ მოსახლეობის ერთი რომელიმე ფენა, არამედ იმას მიველტვით, რომ მთელ სახელმწიფოს მოვუპოვოთ ყველაზე დიდი ბედნიერება. რადგანაც იმთავითვე გვეგონა, რომ სწორედ ამნაირ სახელმწიფოში შეიძლებოდა სამართლიანობის მიკვლევა, ისევე, როგორც უსამართლობისა – მანკიერი წეს-წყობილების მქონე სახელმწიფოში, და იმედი გვქონდა, რომ ამ დაკვირვების წყალობით შევძლებდით გადაგვეჭრა ის საკითხი, რომელსაც ამდენი ხანია ვუკირკიტებთ. ამიტომაცაა, რომ ახლა ჩვენი წარმოსახვით ვძერწავთ სახელმწიფოს, რომელიც ბედნიერი გვგონია, მაგრამ არა ნაწილობრივ, არამედ მთლიანად; მოქალაქეთა მხოლოდ ერთი ნაწილი კი არ უნდა იყოს ბედნიერი, არამედ ყველა. შემდეგ კი განვიხილავთ მის საპირისპირო სახელმწიფოს. ვიღაცის სურათს რომ ვხატავდეთ, ხოლო მავანი მოვიდეს და გმობა დაგვიწყოს იმის გამო, რომ ყველაზე ლამაზ ფერებს არ ვიყენებთ სხეულის ყველაზე ლამაზი ნაწილების გადმოსაცემად, ვთქვათ, თვალებს, სხეულის ამ ულამაზეს სამკაულს, ძოწეულით კი არა ვხატავთ, არამედ შავი ფერით, – მე მგონია, მართებული იქნებოდა, თუ ასე მივუგებდით პასუხად: «ო, ჩვენო საოცარო მჩხრეკელო, რატომ გგონია, თითქოს თვალებს ისე ლამაზად უნდა ვხატავდეთ, რომ აღარც კი შეიძლება თვალებსა ჰგავდნენ? იგივე ითქმის სხეულის სხვა ასოებზედაც. შენ ისა თქვი, რომ თუ ყველა ნაწილს სათანადო ფერით გადმოვცემთ, ლამაზი გამოგვივა მთელი სხეულიც.» ასეა აქაც: ნუ გვაიძულებ მცველების თანამდებობას უშუალოდ დავუკავშიროთ იმნაირი ბედნიერება, რის შედეგადაც ისინი შეიძლება რადაც გნებავთ, იმად იქცნენ, მხოლოდ მცველებად კი არა. ჩვენ შეგვეძლო სასალუქო სამოსით შეგვემოსა, ოქროქსოვილით შეგვემკო მიწის მუშაკნი და ნება მიგვეცა მათთვის, მხოლოდ სახალისოდ ეშრომათ და ემუშავათ; ბუხრის პირას, მხართეძოზე არხეინად წამოწოლილი წარმოგვედგინა მეთუნეებიც; დაე, ელხინათ და ნება-ნება ეწრუპათ ღვინო, თავიანთი დაზგები კი გვერდით მოედგათ და მხოლოდ იმდენი ეტრიალებინათ, რამდენიც მოეპრიანებოდათ; შეგვეძლო ასევე გაგვებედნიერებინა დანარჩენებიც და მთელი ჩვენი სახელმწიფო აყვავებულ ბაღნარად წარმოგვესახა. მაგრამ ნუ გვაქნევინებ ამას, რადგან, კაცმა რომ ყური გიგდოს, აღარც მიწის მუშაკი ემგვანება მიწის მუშაკს, აღარც მეთუნე – მეთუნეს და, საერთოდაც, ვერცერთი ჩვენი მოქალაქე ვეღარ შეინარჩუნებს თავის საკუთარ სახეს. თუმცა ზოგჯერ ეს შეიძლება არც ისე დიდი უბედურება იყოს. რადგან თუ მეწაღეები უვარგისნი და უმაქნისნი იქნებიან, სახელმწიფო როგორმე გაუძლებს ამას. მაგრამ თუ ქვეყნისა და კანონიერების სადარაჯოზე მდგარი მცველები მხოლოდ სახელით იქნებიან მცველები და არა თავიანთი არსით, მალე შენი თვალითა ნახავ, როგორ დააქცევენ და მიწასთან გაასწორებენ სახელმწიფოს, ვინაიდან მათზეა დამოკიდებული ქვეყნის ბედნიერებაც და კეთილდღეობაც. თუ ჩვენ ნამდვილ მცველებად აღვზრდით მცველებს, ისინი ვერავითარ ზიანს ვეღარ მიაყენებენ სახელმწიფოს. ხოლო ვისაც სურს ერთგვარ მიწის მუშებად წარმოგვიჩინოს ისინი, თითქოს მცველები კი არა, საერთო სახალხო ზეიმისა და ღრეობის მონაწილენი იყვნენ, ის ალბათ სახელმწიფოს კი არა, სულ სხვა რაღაცას გულისხმობს. უნდა გადავწყვიტოთ, მაინც რას ვისახავთ მიზნად, სახელმწიფოს სადარაჯოზე რომ ვაყენებთ მცველებს: თვით მცველების ბედნიერებას თუ მთელი სახელმწიფოს კეთილდღეობას. ძალითა თუ შეგონებით უნდა ვაიძულოთ არა მარტო ჩვენი მწენი და მცველები, არამედ დანარჩენებიც, რაც შეიძლება უკეთ შეასრულონ თავიანთი მოვალეობა. ამრიგად, ჩვენს მიერ დაარსებული და სათანადო წყობილების მქონე სახელმწიფოს კეთილდღეობის ზრდასთან ერთად საშუალება უნდა მივცეთ ყველა ფენას, ყველა წოდებას, თავისი საკუთარი წილი ედოს საზოგადო სიკეთეში, მათი ბუნებრივი მონაცემების შესაბამისად.

– მე თუ მკითხავ, მშვენივრად მსჯელობ.

– მაგრამ ასევე მოგეწონება თუ არა ჩემი შემდეგი მსჯელობაც, ტყუპისცალივით რომ ჩამოჰგავს წინას?

– მაინც რომელი?

– ვნახოთ, ეს ორი რამ ხომ არ აფუჭებს ხელოსნებს, უმაქნისნი რომ ხდებიან?

– რას გულისხმობ?

– სიმდიდრეს და სიღარიბეს.

– როგორ?

– როგორ და, აი, ასე: განა გამდიდრებული მეთუნე მოისურვებს უფრო სრულყოფილად დაეუფლოს თავის ხელობას?

– არამც და არამც.

– პირიქით, დღითი-დღე სულ უფრო მცონარა და დაუდევარი გახდება.

– რა თქმა უნდა.

– ასე რომ, უფრო უარესი მეთუნე გვეყოლება.

– დიახ.

– მეორეს მხრივ, თუ სიღარიბის გამო ვერც ხელსაწყოების შეძენას შესძლებს და ვერც მისი ხელობისათვის საჭირო მასალისას, ჩვენი მეთუნის ნახელავიც უარესი იქნება და თავის საქმეს ვეღარც თვითონ ასწავლის ხეირიანად ვერც შვილებს და ვერც სხვა შეგირდებს.

– ცხადია.

– მაშასადამე, როგორც ერთის, ისე მეორის, – როგორც სიმდიდრის, ისე სიღარიბის გამოისობით ნახელავიც უარესი ხდება და თვით ხელოსანიც.

– ეგრე ჩანს.

– ასე რომ, ეტყობა, ამ ჩვენს მცველებს რაღაც ახალი გამოვუჩხრიკეთ, რასაც ყოველნაირად უნდა უფრთხოდნენ და თავგამოდებით ცდილობდნენ, რომ, მათდა შეუმჩნევლად, ჩვენს სახელმწიფოში არ შემოაღწიოს.

– რამ?

– სიმდიდრემ და სიღარიბემ. რადგანაც პირველი მცონარების, უქნარობისა და ახალ-ახალ სიამეთა წყურვილის სათავეა, მეორე კი, ამ ახალ სიამეთა წყურვილის გარდა, – სიმდაბლისა და ბოროტმოქმედებისაც.

– რა თქმა უნდა; მაგრამ ამასაც დაუკვირდი, სოკრატე: რანაირადღა იომებს ჩვენი სახელმწიფო, თუკი დიდძალ ფულს არ მოაქუჩებს, და თუ, ამასთან იძულებული იქნება დიდსა და მდიდარ სახელმწიფოსთან იომოს?

– ცხადია, ერთ ამისთანა სახელმწიფოსთან ომი გაუჭირდება, – ვუთხარი მე, – ორთან კი ადვილად შეიძლებს ომს.

– რას ამბობ? – თქვა მან.

– რასა და, უწინარეს ყოვლისა, იმას, რომ თუ საქმე საქმეზე მიდგა, განა ამ ჩვენს მეომარ ათლეტებს მდიდარ ხალხთან არ მოუწევს ბრძოლა?

– რა თქმა უნდა.

– მერედა, რას იტყვი, ადიმანტე, განა ერთ მაგარ მოკრივეს გაუჭირდება კრივში გაუწაფავ ორ ზორზოხ მდიდართან შერკინება?

– ორივეს ერთად მაინც ნუ შევარკინებთ.

– არა, სწორედ ორივეს ერთად: მხოლოდ მასზე იქნება დამოკიდებული, განზე გაუსხლტეს ორივეს, მერე ანაზდად შემოტრიალდეს და ვინც პირველი ეძგერება, იმასა ხეთქოს მუშტი. ხოლო თუ ხშირ-ხშირად გაიმეორებს ამას, და თანაც მზის გულზე, შუადღის ხვატში? განა ამნაირ კაცს გაუჭირდება ორი ამისთანა, ან, თუ გნებავს, მეტი მოწინააღმდეგის ძლევა?

– არა, – თქვა მან, – და ეგ არც იქნება გასაკვირველი.

– კი მაგრამ, როგორ გგონია, განა მდიდარი ხალხი კრივში უფრო გაწაფული და გამობრძმედილი არ არის, ვიდრე საომარ საქმეში?

– ეჭვიც არ მეპარება, – თქვა ადიმანტემ.

– მაშასადამე, ჩვენი მეომარი ათლეტები ადვილად გაუმკლავდებიან მათზე ორჯერ თუ სამჯერ მეტ მტერს.

– გეთანხმები; მე მგონია, მართალი უნდა იყო.

– ხოლო თუ სხვა სახელმწიფოში გაგზავნიან ელჩებს და მათი პირით სრულ სიმართლეს შეუთვლიან: «ჩვენ არც ვერცხლს ვხმარობთ და არც ოქროს; ეს სასტიკად აკრძალულია ჩვენთვის, მაგრამ თქვენ ხომ არ გეკრძალებათ? მაშასადამე, თუ ჩვენი მოკავშირეები იქნებით ომში, ჩვენი წილი ნადავლი თქვენი იქნებაო,» – როგორ გგონია, რას ამჯობინებენ ამის გამგონენი: ძარღვმაგარსა და გაძვალტყავებულ ქოფაკებთან ომს თუ მათთან ერთად ბრძოლას მსუქანი და ფუმფულა ცხვრების წინააღმდეგ?

– ჩემის აზრით, ამ უკანასკნელთა წინააღმდეგ ბრძოლას ამჯობინებენ. მაგრამ თუ დანარჩენი სახელმწიფოების სიმდიდრე ერთ ქვეყანაში მოიყრის თავს, განა ეს საშიში არ იქნება ღარიბი სახელმწიფოსთვის?

– ნეტავი თუ მართლა გგონია, რომ სახელმწიფოს სახელი შეიძლება სხვა რამესაც მიესადაგოს, გარდა იმისა, რასაც ამჟამად ვაარსებთ?

– რატომაც არა?

– იმიტომ, რომ ყველა დანარჩენი სახელმწიფოს სახელი გაცილებით უფრო გრძელი იქნება, რადგანაც თვითეული მათგანი ერთი კი არ არის, არამედ მრავალი, როგორც ამბობენ მოთამაშენი. ასეა თუ ისე, ყველა სახელმწიფოში ერთურთის მიმართ მტრულად განწყობილი ორი სახელმწიფო მაინცაა: ერთი – მდიდრებისა, მეორე კი – ღარიბების, და თვითეული მათგანი, თავის მხრივ, მრავალ სხვადასხვა სახელმწიფოდ იყოფა, ასე რომ, სასტიკად ცდები, ერთ სახელს რომ უწოდებ მათ. ხოლო თუ ყველას ასე აღიქვამ, როგორც მრავალს, საკმარისი იქნება ერთთა კუთვნილი ოქრო-ვერცხლი თუ ძალაუფლება გადასცე მეორეთ, და შენ ყოველთვის ბლომად ჰპოვებ მოკავშირეებს, მოწინააღმდეგე კი ცოტა გეყოლება. ეს ჩვენი სახელმწიფო კი, ვიდრე მას ბრძნულად მართავენ, იმ გეგმის შესაბამისად, წეღან რომ შევიმუშავეთ, დიადი და ძლევამოსილი იქნება, მაგრამ მოჩვენებითი კი არა, ჭეშმარიტი სიდიადით, თუნდაც მხოლოდ ათასი მეომარი იცავდეს მას. როგორც ელინთა, ისე ბარბაროსთა შორის ძნელად თუ ჰპოვებ ჭეშმარიტად დიად სახელმწიფოს, მაშინ როდესაც მოჩვენებითი სიდიადით რამდენიც გინდა, იმდენი სახელმწიფო აღემატება ჩვენსას; მაგრამ იქნებ შენ სხვაგვარად ფიქრობ?

– არა ვფიცავ ზევსს – თქვა ადიმანტემ.

– მაშასადამე, სწორედ ესაა ზღვარი, ჩვენმა მმართველებმა რომ უნდა დაუდონ სახელმწიფოს ზრდას და მის სიდიდეს, უფრო მეტად კი აღარ შეეცადონ გაფართოებას.

– მაინც რომელ ზღვარს გულისხმობ?

– ჩემის აზრით, აი, ამას: სახელწიფო შეიძლება მხოლოდ მანამდე ზარდო, სანამ ის ინარჩუნებს ერთიანობას, ამ ზღვარს კი არ გადახდე.

– კეთილი და პატიოსანი.

– ასე რომ, ჩვენს მცველებს ერთ ამნაირ დავალებასაც მივცემთ: თვალი ფხიზლად უნდა ეჭიროთ იმაზე, რომ ჩვენი სახელმწიფო არც მეტისმეტად დიდი იყოს და არც პატარა, არამედ ზომიერებასა და ერთიანობას ინარჩუნებდეს.

– არც ისე ძნელი დავალებაა.

– მათთვის ამაზე უფრო ადვილი იქნება ის, რაზედაც წეღან ვლაპარაკობდით: თუ მცველების ნაშიერნი უღირსნი და უვარგისნი გამოდგნენ, სხვა წოდებაში უნდა გადავიყვანოთ, და, პირიქით, სხვა წოდებათა ღირსეული ნაშიერნი მცველებად უნდა შევრაცხოთ. ამით ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ თვითეულ მოქალაქეს ის საქმე უნდა მივუჩინოთ, რისი კეთების უნარიც შესწევს, რადგან თუ კაცი მხოლოდ ერთ საქმეს ასრულებს, თვითონაც ერთია და არა მრავალი, რის შედეგადაც სახელმწიფოც თავის ერთობას ინარჩუნებს და თავს აღწევს სიმრავლედ დანაწევრებას.

– ეს მართლაც უფრო ადვილი ამოცანაა

– იქნებ ვინმემ ისიცა თქვას, ჩემო ძვირფასო ადიმანტე, რომ მეტისმეტად ბევრსა და, მაღალ მოთხოვნებს ვუყენებთ მცველებს, მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ უმნიშვნელო წვრილმანია იმ ერთ დიდ საქმესთან შედარებით, რომლის სადარაჯოზეც ჩვენი მცველები უნდა იდგნენ; თუმცა უფრო სწორი იქნებოდა, თუ «დიდად» კი არა, «საკმარისად» მივიჩნევდით მას.

– მაინც რა საქმეს გულისხმობ?

– აღზრდას და სწავლა-განათლებას. რადგან თუ სათანადო აღზრდის წყალობით ჩვენი მცველები თავდაჭერილ ადამიანებად იქცევიან, ისინი ადვილად გაართმევენ თავს არა მარტო ამ საკითხებს, არამედ ყველა დანარჩენსაც, რასაც ამჯერად დუმილით ვუვლით გვერდს, კერძოდ საცოლის შერჩევას, ქორწინებასა თუ შვილების ყოლას; ყოველივე ეს ხომ ზედმიწევნით უნდა ესადაგებოდეს ძველ ანდაზას – მეგობრებს ყველაფერი საერთო აქვთო.

– ჭეშმარიტად, – თქვა ადიმანტემ.

– მართლაცდა, საკმარისია პირველი ბიძგი, და სახელმწიფო ისე იზრდება, როგორც წრე ტბაში ჩაგდებული ქვა რომ აჩენს წყლის ზედაპირზე. რადგანაც სათანადო აღზრდა და სწავლა-განათლება აკეთილშობილებს ბუნებას, ხოლო ვისაც დაბადებითვე თან დაჰყვება საუცხოო ბუნებრივი მონაცემები, მასში თანდათანობით ხვეწს და ავითარებს ამ მონაცემებს, რომლებიც შემდეგ მემკვიდრეობით გადაეცემა შთამომავლობას, რაც ნიშნეულია ყველა ცოცხალი არსებისათვის.

– ეგრეა, თქვა მან.

– მოკლედ, სახელმწიფოს მცველებს ფხიზლად უნდა ეჭიროთ თვალი, რათა სწავლა-განათლებას, მათდა შეუმჩნევლად, ხრწნილება არ შეეპაროს; უწინარეს ყოვლისა კი, მათი ვალია მუსიკურსა თუ გიმნასტიკურ ხელოვნებაში წესრიგის დამრღვევ სიახლეთა შემოჭრისაგან დაიცვან სახელმწიფო. როცა ამბობენ –

«კაცთა სასმენელს ყველაზე მეტად ატკბობს ახალი საგალობლები, აედებისგან შეთხზული ბოლოს,» –

ყველაზე მეტად იმას უნდა ვუფრთხოდეთ, რომ შეიძლება იფიქრონ, თითქოს აქ პოეტი სიმღერების ახალ შინაარსს კი არ გულისხმობდეს, არამედ ახალ სასიმღერო კილოს, და სწორედ ეს მიიჩნიონ მოსაწონად. მაგრამ ეს სულაც არაა მოსაწონი, და არც ზემოთ მოტანილი ლექსი უნდა გვესმოდეს ამნაირად. ყოველი საშუალებით უნდა ვერიდოთ მუსიკური ხელოვნების ახალი სახის შემოტანას, რამაც შეიძლება ყველაფერი აამღვრიოს. აკი დამონი ამტკიცებს და მეც მჯერა მისი, რომ მუსიკური ხელოვნების ყოველნაირი ცვლილება სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს კანონთა შეცვლას იწვევს.

– მოდი, მეც იმათ რიცხვს მიმათვალე, ვისაც დამონისა სჯერა, – თქვა ადიმანტემ.

– როგორც ჩანს, ჩვენი მცველები სწორედ აქ – მუსიკური ხელოვნების დარგში დააწესებენ თავიანთ სათვალთვალო ადგილს.

– მართლაც, ყველაზე ადვილად და შეუმჩნევლად სწორედ აქედან მოიპარება კანონიერების რღვევა.

– დიახ, უწყინარი თავშექცევის ნიღბით.

– და მართლაც, კანონიერების რღვევას ის ზიანი მოსდევს შედეგად, რაც ნელ-ნელა იჩენს თავს, ჯერ ზნე-ჩვეულებათა გაუკუღმართებაში ვლინდება, საიდანაც თანდათანობით მოიცავს ყველაფერს, მოქალაქეთა საქმიან ურთიერთობებს, თვით სამართალს და სახელმწიფო მმართველობის საფუძვლებსაც, ასე რომ, უკიდურესი აღვირახსნილობის სათავე ხდება, სოკრატე, და თავდაყირა აყენებს როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მხარეს.

– ვითომ მართლა ასეა, საქმე?

– ჩემის აზრით, სწორედ ასეა.

– მაშინ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბავშვების თამაში რომ თამაშია, თვით ისიც კი დასაბამითვე უნდა დავუქვემდებაროთ წესიერებას, რადგან თუ თამაშისას არავითარი წესრიგი არაა დაცული და ბავშვებიც უწესოდ იქცევიან, შეუძლებელია ისინი სამართლიან ადამიანებად აღიზარდონ.

– რა თქმა უნდა.

– ხოლო თუ ბავშვები თამაშისას თვითონვე იცავენ წესრიგს და მუსიკური ხელოვნების წყალობით ეჩვევიან კანონებისადმი პატივისცემას, დანარჩენი ბავშვებისაგან განსხვავებით, ეს ჩვევა თანდათანობით ფესვს იდგამს, იზრდება და მტკიცდება მათში, ასე რომ, შეუძლია ყველაფერი გამოასწოროს, თვით გაუკუღმართებული სახელმწიფო წყობილებაც კი.

– მართალს ბრძანებ.

– ისინი თვით იმ წესებსაც კი დაადგენენ, რაც წვრილმანებად მიაჩნია ხალხს, და რაც მთლიანად დაივიწყეს მათმა წინამორბედებმა.

– მაინც რა წესებს?

– მოგახსენებ: უმცროსები უნდა დუმდნენ უფროსების წინაშე, ფეხზე ადგომით ეგებებოდნენ და ადგილს უთმობდნენ მათ, პატივს მიაგებდნენ მშობლებს; ამას მოსდევს ყველაფერი, რაც გარეგნობას ეხება: ვარცხნილობა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა მისთანანი ან, იქნებ, არ მეთანხმები?

– რასაკვირველია, გეთანხმები.

– მაგრამ არა მგონია, საჭირო იყოს ყოველივე ამის დაკანონება: არსად ეს არა სწერია და, ეგეც არ იყოს, წერილობითაც რომ ჩამოვაყალიბოთ, ამ წესებს დიდი დღე მაინც არ უწერია.

– ვითომ რატომაო

– რატომ და იმიტომ, ადიმანტე, რომ ვინც რანაირად აღუზრდიათ, იმნაირივე იქნება, მთელი მისი ცხოვრების გზაც. ან, იქნებ, შენის აზრით, მსგავსი თავის მსგავსსვე არ იწვევს?

– ცხადია, იწვევს.

– მე მგონია, ჩვენი საბოლოო დასკვნითაც, ყოველგვარი აღზრდის შედეგი სავსებით ნათელია და გარკვეული: ან სიკეთე, ან მისი საპირისპირო ბოროტება.

– რა თქმა უნდა.

– ამიტომაც ჯერჯერობით ვერ გავბედავდი ყოველივე ამის დაკანონებას.

– გასაგებია.

– მაგრამ, თუ ღმერთი გწამს, ესეც მითხარი: შეიძლება თუ არა კანონებით მოვაწესრიგოთ ბაზარი, ესე იგი, ათასნაირი გარიგება, ყიდვა-გაყიდვა, აღებ-მიცემობა, ან, თუ გნებავს, ხელოსნების ურთიერთობა, აყალ-მაყალი, დავიდარაბა, შეხლა-შემოხლა, სარჩელის წარდგენა თუ საქმის გარჩევა? ან კიდევ ბაზრებსა თუ ნავსადგურებში გადასახადის დაწესება და ბაჟის აკრეფა, ერთის სიტყვით, ყოველივე ის, რაც საბაზრო, საქალაქო, სანავსადგურო თუ სხვა ამისთანა საქმეებს ეხება?

– არა, – თქვა ადიმანტემ, – არ შეიძლება წესიერი და პატიოსანი ხალხისათვის ქცევის წესების თავზე მოხვევა; ისინი თავად განსაზღვრავენ უპირატესად, სად რა კანონია საჭირო.

– სწორია, ჩემო ძვირფასო, თუ ღმერთმა დააცვევინათ ის კანონები, ზემოთ რომ მიმოვიხილეთ.

– არა და იძლებულნი იქნებიან მთელი სიცოცხლის მანძილზე ახალ-ახალი კანონები დაადგინონ და ათასნაირი შესწორებები შეიტანონ მათში, იმის იმედით, რომ ოდესმე მაინც მიაღწევენ სრულყოფილებას.

– კაცმა რომ ყური გიგდოს, რაღა მათი სიცოცხლე და რაღა იმ ავადმყოფებისა, რომლებსაც აღვირახსნილობის გამო არა სურთ ცხოვრების უკეთურ წესზე ხელი აიღონ.

– რა თქმა უნდა.

– სეირი თუ გნებავს, სწორედ მათ ცხოვრებაზე ითქმის: მკურნალობით მხოლოდ იმას აღწევენ, რომ ამრავლებენ და ამძაფრებენ სნეულებას, მაგრამ თუ ვინმემ ახალი წამალი შესთავაზათ, მაინც არ კარგავენ განკურნების იმედს.

– ამნაირი ავადმყოფების უბედურებაც ეგაა სწორედ.

– ეგეც არ იყოს, განა ეს კი ნაკლებად სასეიროა? – თავიანთი მოსისხლე მტერი სიმართლის პირში მთქმელი ჰგონიათ: თუ არ მოეშვებით ლოთობას, ღორმუცელობას, სასიყვარულო განცხრომას და უქნარობას, ვეღარც წამლები გიშველით, ვეღარც ამოწვა და გაკვეთა, ვეღარც შელოცვები თუ ავგაროზები და სხვა მისთანანიო.

– კი მაგრამ, განა სასეიროა, თუ გულწრფელი რჩევა მხოლოდ წყრომას იწვევს?

– ეტყობა, ამ ხალხის მაქებრად არ გამოდგები.

– არა, ღმერთმანი.

– მაშასადამე, არც იმ სახელმწიფოს მაქებრად, რომელიც, ჩვენი წეღანდელი თქმისა არ იყოს, ზუსტად ასევე იქცევა. ან იქნებ გგონია, რომ იგივე არა ხდება იმ სახელმწიფოებში, რომლებსაც ცუდად მართავენ, და რომელთა მოქალაქეებსაც ეკრძალებათ ძირეულად შეცვალონ სახელმწიფო წეს-წყობილება, რისი მცდელობაც სიკვდილით ისჯება. მაშინ როდესაც ის, ვინც თვალებში შესციცინებს და ელაქუცება მოქალაქეებს, ცდილობს როგორმე გამოიცნოს მათი სურვილი და ძალ-ღონეს არ იშურებს მის დასაკმაყოფილებლად, არა მარტო საზოგადოების ღირსეულ წევრად, არამედ ბრძენ სახელმწიფო მოღვაწედაც ითვლება და საყოველთაო პატივისცემითაა გარემოსილი.

– დიახ, ეგ სახელმწიფოები სწორედ ასე იქცევიან, და მე ვერაფერს მოვუწონებ მათ.

– ნუთუ შენ აღტაცებას არ იწვევს იმათი სიმარჯვე და სითამამე, ვინც ასე გულმოდგინედ ემსახურება ამნაირ სახელმწიფოებს?

– რა თქმა უნდა, მაგრამ იმათი გამოკლებით, ვისაც ატყუებს ამნაირი სახელმწიფოების მოჩვენებითი სიდიადე და ნამდვილ სახელმწიფო მოღვაწეებად მოაქვთ თავი, მხოლოდ იმიტომ, რომ ბრბო აქებს და ადიდებს მათ.

– რაო, რას ამბობ? ნუთუ არ ეთანხმები ამ ხალხს? წარმოიდგინე კაცი, რომელსაც გარს ახვევია ბრბო; ამ კაცს წარმოდგენაც არა აქვს, რა არის ზომა, და იგივე ითქმის ბრბოზედაც, მაგრამ ერთხმად კი უმტკიცებს კაცს, სიმაღლით ოთხი წყრთა ხარო როგორ გგონია, ირწმუნებს თუ არა იგი ბრბოის აზრს?

– რასაკვირველია.

– მაშ, ნუღარ შერისხავ მათ. მართლაცდა, ამნაირ სახელმწიფო მოღვაწეებზე სასაცილო ხალხის მნახველი არა ვარ: ერთავად თავიანთ კანონებს ჩაჰკირკიტებენ და, ჩვენი წეღანდელი თქმისა არ იყოს, ათასნაირი შესწორებები შეაქვთ მათში, რადგანაც ჰგონიათ, რომ ამ გზით აღმოფხვრიან უკუღმართობას. მაგრამ ის კი არ ესმით, რომ იმ კაცსა ჰგვანან, ვინც ცდილობს თავი დააგდებინოს ჰიდრას.

– მართლაცდა, მეტი საქმე არა აქვთ.

– მეც, ჩემდა თავად, ვერ წარმომიდგენია, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოში, რომელსაც კარგად ან ცუდად მართავენ, ნამდვილი კანონმდებელი თავს უნდა იმტვრევდეს ამნაირი კანონების შემოღებაზე, რადგანაც იმ სახელმწიფოში, რომელსაც კარგად მართავენ, ეს სრულიად უსარგებლოა და ზედმეტი, ხოლო იმ სახელმწიფოში, რომელიც ცუდად იმართება, ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამნაირ კანონთა დაწესებაში, ყოველივე დანარჩენი კი თავისთავად გამომდინარეობს უკვე არსებული ადათ-წესებიდან.

– კი მაგრამ, – თქვა ადიმანტემ, – რაღა გვრჩება კანონმდებლობის დარგში?

– ჩვენ არაფერი, მაგრამ აპოლონ დელფოელს კი ის, რომ უდიდესი, უმშვენიერესი და უმნიშვნელოვანესი კანონები გვიკარნახოს.

– მაინც რა კანონებს გულისხმობ?

– კანონებს, რომლებიც განსაზღვრავენ ტაძრების მშენებლობას, მსხვერპლშეწირვასა და ღმერთების, დემონებისა თუ გმირებისადმი თაყვანისცემას; აგრეთვე მიცვალებულთა დაკრძალვას და იმასაც, თუ რა არის საჭირო, რომ ჰადესის მკვიდრთა გული მოვიგოთ და მოვინადოროთ. ყოველივე ეს უცნობია ჩვენთვის, მაგრამ სახელმწიფოს რომ ვაარსებთ, თუ ჭკუაზე მწყრალად არა ვართ, არცერთ სხვა ღვთაებას არ მივმართავთ შემწეობისთვის, გარდა ჩვენი მამულის მფარველისა; რადგანაც აპოლონია ყველა მოკვდავის მოძღვარი, დედამიწის შუაგულში, ზედ მის ჭიპზე დავანებული.

– მომწონს ეგ სიტყვა; ასეც მოვიქცეთ.

– ახლა დავუშვათ, რომ ეგ შენი სახელმწიფო უკვე დავაარსეთ. ამის შემდეგ ისღა დაგვრჩენია, რომ ბრდღვიალა ჩირაღდანი აიღო ხელში, შენს ძმას, აგრეთვე პოლემარქესა და დანარჩენებსაც მოუხმე და ნახე, იქნება დავლანდოთ, სად მიყუჟულა სამართლიანობა და სად – უსამართლობა, რა განსხვავებაა მათ შორის და რომელი უნდა ირჩიოს კაცმა, ვისაც სურს ბედნიერი იყოს, მიუხედავად იმისა, ამჩნევენ თუ არა მას მოკვდავნი ანდა უკვდავნი.

– ხუმრობ, თუ მართალს ამბობ? – თქვა გლავკონმა, – აკი თვითონვე აპირებდი მაგის ძიებას: შენ არა თქვი, მკრეხელობაში ჩამომერთმევა, სამართლიანობას რომ არ დავუჭიროთ მხარი, როგორც შემიძლია და რითაც შემიძლიაო?

– კარგი ქენი, რომ გამახსენე, – ვუთხარი მე, – ასეც ვიზამ. მაგრამ თქვენც უნდა დამეხმაროთ.

– ბატონი ბრძანდები.

– იმედი მაქვს. აი, ამ გზით მივაკვლიო პასუხს: მე მგონია, ეს ჩვენი სახელმწიფო, თუკი მას სწორად მართავენ, სრულქმნილების ნიმუში უნდა იყოს.

– უცილობლად.

– ცხადია, მას არც სიბრძნე უნდა აკლდეს, არც სიმამაცე, არც ზომიერება და სამართლიანობა.

– რა თქმა უნდა.

– მაშასადამე, ამ ოთხთაგან რომელსაც არ უნდა მივაკვლიოთ, მიუკვლეველი მხოლოდ დანარჩენი დაგვრჩება.

– როგორ?

– როგორ და, აი, ასე: დავუშვათ, რომ ნებისმიერი ოთხი საგნიდან ჩვენ ვეძებთ ერთ-ერთს, მაშინათვე რომ გვეპოვნა, ამით შევწყვეტდით ჩვენს ძებნას, მაგრამ ჯერ დანარჩენი სამისთვის რომ მიგვეკვლია, ამით გამოვიცნობდით მეოთხესაც, რადგანაც ცხადი გახდებოდა, რომ სწორედ ის დაგვრჩა მისაკვლეველი.

– მართალი ხარ.

– ასე რომ, ზემოხსენებული ოთხი სიქველის საკვლევადაც იგივე გზა უნდა ვირჩიოთ.

– რასაკვირველია.

– პირველი, რაც თვალში გვეცემა ამ ჩვენს სახელმწიფოზე დაკვირვებისას, ჩემის აზრით, მისი სიბრძნეა. მაგრამ აქ, ცოტა არ იყოს, რაღაც უჩვეულოსაც ვამჩნევ.

– მაინც რას?

– სახელმწიფო, ჩვენ რომ მიმოვიხილეთ, მე მართლაც ბრძენი მეჩვენება, მისი გონივრული გადაწყვეტილებების წყალობით; ასეა, არა?

– დიახ.

– ხოლო ეს გონივრული გადაწყვეტილებანი იგივეა, რაც ერთგვარი ცოდნა, რადგანაც მათ უმეცრება კი არა, ცოდნა უდევს საფუძვლად.

– ცხადია.

– სახელმწიფოში კი, ვინ მოსთვლის, რამდენი და რამდენნაირი ცოდნაა თავმოყრილი.

– რა თქმა უნდა.

– მათ შორის, დურგლობის ცოდნაც; მერედა, ნუთუ შეიძლება სახელმწიფოს ამ ცოდნის მიხედვით ეწოდოს ბრძენი და გონივრულ გადაწყვეტილებათა მიმღები?

– არამც და არამც; ეგრე რომ იყოს, მაშინ მისთვის დურგლური სახელმწიფო უნდა გვეწოდებინა.

– მაშასადამე, მართალია, სახელმწიფოსათვის სასურველია, რომ ხის ყოველგვარი ნაკეთობა, რაც იქ მზადდება, საუცხოო ნახელავი იყოს, მაგრამ მას ამის გამო როდი შეიძლება ეწოდოს ბრძენი.

– რასაკვირველია.

– იქნებ სპილენძისა თუ სხვა ნაკეთობათა გამო შეიძლება ბრძნად მიგვაჩნდეს იგი?

– არა, არც მაგის გამო.

– არც მიწის მუშაკთა მიერ მოწეული ჭირნახულის მიხედვით, თორემ მაშინ შეიძლებოდა სახელმწიფოსათვის სამიწათმოქმედო გვეწოდებინა.

– მეც მაგ აზრისა ვარ.

– კი მაგრამ, ჩვენს მიერ ახლახან დაარსებულ სახელმწიფოში ზოგიერთი მოქალაქე მაინც თუა იმნაირი ცოდნის პატრონი, რომ მისი მეშვეობით შეიძლებოდეს კერძო კი არა, ზოგადსახელმწიფოებრივი საკითხების გადაჭრა და ყველაზე უკეთ წარვმართავდეთ საშინაო თუ საგარეო ურთიერთობებს?

– რა თქმა უნდა.

– მაინც რა არის ეგ ცოდნა, ან ვინაა მისი მფლობელი?

– ესაა ცოდნა, რომელიც ყოველთვის ფხიზლადა დგას სახელმწიფოს სადარაჯოზე, ხოლო მისი მფლობელნი არიან ის მმართველები, რომლებსაც წეღან უნაკლო მცველები ვუწოდეთ.

– რაკიღა ამნაირი ცოდნა არსებობს, რას იტყოდი ჩვენს სახელმწიფოზე?

– მე ვიტყოდი, რომ ისაა გონივრულ გადაწყვეტილებათა მიმღები და ჭეშმარიტად ბრძენი.

– როგორ გგონია, ვინ უფრო მეტია ჩვენს სახელმწიფოში, – მჭედლები თუ ეს ჭეშმარიტი მცველნი?

– მჭედლები გაცილებით მეტნი არიან.

– დანარჩენებთან შედარებითაც, ვისაც ესა თუ ის ცოდნა მოეპოვება და თავისი ცოდნის შესაბამისად, ამა თუ იმ სახელით იწოდება, – მცველები გაცილებით ნაკლებნი იქნებიან.

– დიახ, გაცილებით ნაკლებნი.

– მაშასადამე, ბუნების თანახმად დაფუძნებული სახელმწიფო მთელ თავის სიბრძნეს უნდა უმადლოდეს მოსახლეობის უმცირეს ნაწილს, სათავეში რომ უდგას და მართავს ქვეყანას; დიახ, უმცირეს ნაწილს და მის ცოდნას. როგორც ჩანს, თვით ბუნება განსაზღვრავს ამნაირ ადამიანთა სიმცირეს, და მხოლოდ მათთვისაა ნიშნეული ის ცოდნა, რომელიც ერთადერთია ცოდნის ყველა სხვა სახეს შორის, სიბრძნის სახელს რომ იმსახურებს

– ცამდე მართალი ბრძანდები.

– აი, ჩვენც მივაკვლიეთ, არ კი ვიცი, რა გზით, ჩვენი სახელმწიფოსათვის ნიშნეული ოთხი სიქველიდან ერთ-ერთს; თვით ამ სიქველესაც და მის ადგილსაც სახელმწიფოში.

– ყოველ შემთხვევაში, მეც მგონია, რომ მივაკვლიეთ და საკმაოდ საფუძვლიანადაც განვმარტეთ იგი.

– რაც შეეხება სიმამაცეს თავისთავად და მის ადგილს სახელმწიფოში, რისი წყალობითაც სახელმწიფო სიმამაცის განსახიერებად მიიჩნევა, ეს არც ისე ძნელი მისაგნებია.

– როგორ?

– როდესაც სახელმწიფოს მხდალსა თუ მამაცს ვუწოდებთ, ვინ იგულისხმებს სხვა რამეს, გარდა მოსახლეობის იმ ნაწილისა, რომელიც მისი გულისთვის იბრძვის და ომობს?

– არა, სხვა რამეს არავინ არ იგულისხმებს.

– დანარჩენი მოქალაქეები გინდ მხდალნი იყვნენ და გინდ მამაცნი; ჩემის აზრით, მათზე როდია დამოკიდებული, სახელმწიფოს ამნაირად მივიჩნევთ თუ იმნაირად.

– მართალს ბრძანებ.

– მაშასადამე, სახელმწიფო მხოლოდ მისი ერთი ნაწილის წყალობითაა მამაცი, რადგანაც სწორედ ამ ნაწილისთვისაა ნიშნეული ძალა, სამუდამოდ რომ ინახავს და ინარჩუნებს წარმოდგენას საფრთხისა და ყოველივე იმის შესახებ, რასაც უნდა ვუფრთხოდეთ; წარმოდგენას, რომელიც მას აღზრდის გზით ჩაუნერგა კანონმდებელმა. განა ამას არ უწოდებ შენ სიმამაცეს?

– მართალი გითხრა, კარგად ვერ გავიგე შენი ნათქვამი; თუ ღმერთი გწამს, გამიმეორე.

– სიმამაცეს მე ვუწოდებ ერთგვარ ხსნასა თუ შენახვას.

– რის შენახვას?

– წარმოდგენისას, რომელსაც აღზრდა გვინერგავს და რომელიც გამუდმებით შეგვახსენებს საფრთხეს. მე ვთქვი, რომ სიმამაცის წყალობით ადამიანი სამუდამოდ ინახავს და არასოდეს არ ტოვებს მას, არც ტანჯვისას თუ განცხრომისას, არც ვნებათაღელვისას თუ ძრწოლისას. თუ გნებავს, ერთი შედარებით აგიხსნი ჩემს აზრს.

– ცხადია, მნებავს.

– როგორც მოგეხსენება, მღებავები, რომლებსაც სურთ ძოწისფრად შეღებონ შალის ქსოვილი, უთვალათ ფერთა შორის ერთ ფერს არჩევენ, სახელდობრ, თეთრს. მერე გულმოდგინედ ამუშავებენ, რათა მთელი სისრულით მიიღოს ძოწისფერი, და მხოლოდ შემდეგ ღებავენ მას. ამნაირად შეღებილი შალი აღარასოდეს ხუნდება, გინდ ხამი წყლით რეცხავდნენ და გინდ ნაცარტუტით. თუ არა და, ხომ იცი, რაც ხდება, გინდ ამ ფერად ღებავდნენ ქსოვილს და გინდაც სხვა ფერად, წინასწარი დამუშავების გარეშე.

– ვიცი, რა მალე ხუნდება და სასეირო სანახავი ხდება.

– მაშ, იცოდე, რომ ჩვენც ასევე ვიქცევით, როცა მეომრებს ვირჩევთ და ვცდილობთ გიმნასტიკური და მუსიკური ხელოვნების მეშვეობით აღვზარდოთ ისინი. ჩვენ მხოლოდ იმას ვისახავთ მიზნად, რომ რაც შეიძლება უკეთ და სრულად აღიქვან კანონები, – ზუსტად ისევე, როგორც ქსოვილი იღებს საღებავს, – რათა მათი ბუნებრივი მონაცემებისა და სათანადო აღზრდის წყალობით, საფრთხისა თუ ბევრი სხვა რამის მათეული წარმოდგენა იმდენად მყარი შეიქნეს, რომ ვერავითარმა ნაცარტუტამ ვერ შესძლოს მისი ჩამორეცხვა, – ვერც განცხრომამ, რომელიც ქალესტრულ ტუტეზედაც მძაფრად მოქმედებს, ვერც ტკივილმა, ვერც შიშმა თუ ვნებათაღელვამ და ვერც სხვა რამ ფერისმჭამელამ. აი, სწორედ ამნაირ ძალას, სამუდამოდ რომ გვინარჩუნებს სწორსა და მართებულ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რას უნდა ვუფრთხოდეთ და რას არა, დიახ, სწორედ ამ ძალას მე ვუწოდებ სიმამაცეს, თუკი შენ წინააღმდეგი არა ხარ.

– არამც და არამც, რადგანაც, ჩემის აზრით, თუ მართებული წარმოდგენა ყოველივე ამის შესახებ აღზრდის შედეგი არ არის, როგორც ვთქვათ, წარმოდგენა მონისა თუ ცხოველისა, არამც თუ კანონიერად მიიჩნევ მას, არამედ სულ სხვა სახელს უწოდებ, და არა სიმამაცისას.

– სრული ჭეშმარიტებაა.

– ასე რომ, მე ვეთანხმები სიმამაცის შენეულ გაგებას.

– მაშინ ისიც აღიარე, რომ სიმამაცე სამოქალაქო სიქველეა; ღმერთმანი, არ შეცდები. ოდესმე, თუ გნებავს, უფრო დაწვრილებით განვიხილავთ ამას, ხოლო ამჟამად სიმამაცეს კი არ ვიკვლევთ, არამედ სამართლიანობას. მე მგონია, სიმამაცეზე საკმარისად ვილაპარაკეთ.

– საკმარისად, – თქვა გლავკონმა.

– განსახილველი დაგვრჩა ჩვენი სახელმწიფოს ორი თვისება: ზომიერება და ის, რაც მთელი ჩვენი ძიების საგნად გვევლინება; მე ვგულისხმობ სამართლიანობას.

– დიახ.

– იქნებ ჯერ სამართლიანობისათვის მიგვეკვლია; მაშინ ხომ აღარ დაგვჭირდებოდა ზომიერების ძიება.

– მე პირადად არა ვიცი რა, და არც სამართლიანობის მიკვლევა მინდა, ვიდრე არ განვიხილავთ ზომიერებას. თუ გინდა მასიამოვნო, ჯერ ზომიერებაზე ილაპარაკე.

– მე კი მინდა და უსამართლოდაც მოვიქცეოდი, რომ არ მეცადა.

– მაშ, საქმეს შეუდექ.

– ახლავე; – ვუთხარი მე – ზომიერება, ჩემის აზრით, – უფრო მეტად, ვიდრე ზემოთ განხილული ორი თვისება, ერთგვარ თანახმიერებასა თუ ჰარმონიას ჰგავს.

– როგორ?

– ზომიერება სხვა არა არის რა, თუ არა ერთგვარი წესრიგი; ესაა განცხრომის სურვილისა და ვნებათა ძლევა. სწორედ ამას ამტკიცებს, ცოტა არ იყოს, უცნაური გამოთქმა: «საკუთარი თავის ბატონ-პატრონი უნდა იყოო» და სხვა მისთანანი, ზომიერების გამოხატულებად რომ გვევლინებიან. ასეა, არა?

– სწორედ ასეა.

– »საკუთარი თავის ბატონ-პატრონი უნდა იყოო!» განა სასაცილო არაა? რადგან ვინც თავისი თავის ბატონ-პატრონია, იმავდროულად, თავისი თავის მონაც არის, ხოლო თავისი თავის მონა – თავისივე თავის ბატონ-პატრონი, რაკიღა აქ ერთსა და იმავე კაცს ეხება საქმე.

– რა თქმა უნდა.

– მაგრამ, ჩემის აზრით, ამ გამოთქმის თანახმად, ადამიანის სულში ორი სხვადასხვა მხარე განირჩევა: უკეთესი და უარესი, და როცა თავისი ბუნებით უკეთესი სძლევს უარესს, სწორედ ესაა «საკუთარი თავის ბატონ-პატრონად ყოფნა»; მაშასადამე, ეს საქებია; ხოლო როდესაც ცუდი აღზრდისა თუ უკეთურ ხალხთან ურთიერთობის შედეგად უარესი საწყისი მძლავრობს უკეთესზე, ეს საძრახისია და ამნაირ კაცზე იტყვიან, «თავისი თავის მონააო», რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კაცს ზომიერების გრძნობა არ გააჩნია.

– როგორც ჩანს.

– ახლა კი დაუკვირდი ჩვენს მიერ ეს-ესაა დაარსებულ სახელმწიფოს, და მასში ამ ორი მდგომარეობიდან ერთ-ერთსა ჰპოვებ: შენ იტყვი, რომ ამნაირ სახელმწიფოს თამამად შეიძლება ეწოდოს «საკუთარი თავის ბატონ-პატრონი», რადგანაც ზომიერად და თავისი თავის ბატონ-პატრონად უნდა მიგვაჩნდეს ყველაფერი, რაშიაც უკეთესი საწყისი მძლავრობს უარესზე.

– ვუკვირდები და მეჩვენება, რომ მართალს ამბობ.

– მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ იქ ვერ ჰპოვებ უთვალავ ვნებას, განცხრომის სურვილს, ტკივილს თუ სნებას, რაც განსაკუთრებით ნიშნეულია ბავშვების, ქალების, ჯალაბობის და იმათთვისაც, ვისაც თავისუფალ ადამიანებს უწოდებენ, მაგრამ იმდენადვე უღირსნი კი არიან, რამდენადაც ურიცხვნი.

– რა თქმა უნდა.

– ხოლო მარტივი და ზომიერი, გონებისა და მართებული წარმოდგენის მეშვეობით წრფელი გზით წარმართული გრძნობები ნიშნეულნი არიან მცირერიცხოვან, თავიანთი აღზრდითა და ბუნებით ყველაზე უკეთეს რჩეულთათვის.

– ჭეშმარიტად.

– ნუთუ ყოველივე ამას ვერ ამჩნევ ჩვენს სახელმწიფოში, სადაც უღირსი უმრავლესობის უკეთური გულისთქმანი ღირსეული უმცირესობის გონიერებასა და კეთილშობილურ სურვილებს ექვემდებარებიან?

– ცხადია, ვამჩნევ.

– მაშასადამე, თუ რომელიმე სახელმწიფოზე ითქმის, რომ მან საერთოდ სძლია არა მარტო განცხრომის ყველა სურვილსა და ყველა გულისთქმას, არამედ საკუთარ თავსაც, ეს, უწინარეს ყოვლისა ჩვენს სახელმწიფოზე ითქმის.

– ცამდე მართალი ბრძანდები.

– კი მაგრამ, შეიძლება თუ არა, ყოველივე ამის მიხედვით ვაღიაროთ მისი ზომიერება?

– დიახაც შეიძლება.

– ასე რომ, თუ რომელიმე სახელმწიფოში მმართველებიცა და მათი ქვეშევრდომებიც ერთმანეთს ეთანხმებიან იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა მბრძანებლობდეს, ეს თანხმობა ჩვენს სახელმწიფოშიც მიღწეულია; ან, იქნებ, შენ სხვაგვარად ფიქრობ?

– არა, ღმერთმანი.

– მერედა, რას იტყვი, ვის ახასიათებს ზომიერება – მმართველებს თუ მათ ქვეშევრდომებს?

– ერთთაც და მეორეთაც.

– აი, ხომ ხედავ, ამ ცოტა ხნის წინათ სავსებით სწორად გამოვიცანით, რომ ზომიერება ერთგვარ ჰარმონიასა ჰგავს.

– როგორ?

– როგორ და ისე, რომ ვერც სიმამაცესა და ვერც სიბრძნეზე ვერ ვიტყვით ამას: ისინი ნიშნეულნი არიან სახელმწიფოს მხოლოდ ერთი ნაწილისათვის და შესაბამისად სიმამაცესა თუ სიბრძნეს ანიჭებენ მას. ზომიერება კი, მათგან განსხვავებით, მთელ სახელმწიფოს მოიცავს, ყველა თავის სიმს იყენებს, სუსტად, მაგრამ თუ საშუალოდ დაჭიმულსაც, და ხმაშეწყობით აჟღერებს მათ, გნებავს გონების, გნებავს ძალის, ან კიდევ რაოდენობის, სიმდიდრისა თუ სხვა მისთანათა მეოხებით; ამრიგად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზომიერება სწორედ ეს თანახმიერებაა, უკეთესისა და უარესის სრული თანხმობა, როცა უნდა გადაწყდეს, თუ ამ ორთაგან რომელი უნდა მბრძანებლობდეს სახელმწიფოშიც და კერძო მოქალაქის სულშიაც.

– სავსებით გეთანხმები.

– კეთილი და პატიოსანი; აი, ჩვენი სახელმწიფოს ის სამი თვისება, რომლებიც უკვე მიმოვიხილეთ. მაგრამ რა არის ის მეოთხე თვისება, რომლის წყალობითაც სახელმწიფო სიქველსთან წილნაყარი ხდება? თუმცა ისედაც ცხადია, რომ ეს თვისება სამართლიანობა გახლავთ.

– რა თქმა უნდა.

– ახლა კი, მონადირეებისა არ იყოს, გლავკონ, მჭიდროდ უნდა შემოვერტყათ ამ შამბნარს და თვალი ფხიზლად გვეჭიროს, რომ სამართლიანობა არსად გაგვეპაროს, თორემ ხელიდან დაგვისხლტება და ვერაფერსაც ვეღარ გავარკვევთ. ცხადია, სადღაც აქ უნდა იყოს; კარგად მიათვალიერ-მოათვალიერე, ეგება სადმე დალანდო, და თუ პირველი მოჰკრავ თვალს, მეც დამანახე.

– ეგ რომ შემეძლოს! არა, ისევ შენ მოგყვები უკან და ვეცდები დავინახო, რასაც მიჩვენებ. მეტის თავი მე არა მაქვს.

– მაშ, მომყევი, ოღონდ ჯერ ერთად ვილოცოთ.

– ეგრეც ვიზამ; აბა, წამიძეხ.

– მართლაც რომ გაუვალი შამბნარია; ისე ბნელა, რომ თვალთან თითს ვერ მიიტან კაცი, მაგრამ მეტი გზა არ არის, უნდა ვიაროთ.

– მაშ, დავიძრათ.

მაგრამ აქ ანაზდად ერთმა აზრმა გამიელვა თავში და წამოვიძახე:

– ბედმა გაგვიღიმა, კვალს მივაგენით, გლავკონ! ეტყობა, შორს არ წასულა!

– სამახარობლო გეკუთვნის! – მითხრა გლავკონმა.

– ნამდვილი დოყლაპიები ვართ, დოყლაპიები!

– როგორ?

– როგორ და ისე, ჩემო ნეტარო, რომ რა ხანია აგერ, ჩვენს ცხვირწინაა, ფეხებში გვებლანდება, ჩვენ კი ზედაც არ ვუყურებთ; მეტი სიბრიყვე იქნება? ეს იმას ჰგავს, კაცი რომ ქუდს დაეძებდეს და ხელში კი ეჭიროს. სადღაც შორს ვიყურებოდით და მიტომაც ვერ ვამჩნევდით მას.

– რას ამბობ?

– რასა და იმას, რომ საუბარში გართულებმა ვერც კი შევნიშნეთ, ან, უფრო სწორად, ვერ მივხვდით რომ იმთავითვე სამართლიანობაზე ვლაპარაკობდით.

– რამხელა შესავალია; კაცს წყურვილი ჰკლავდეს, და წვეთ-წვეთად უსხამდე წყალს!

– მაშ, მისმინე და თავად განსაჯე. აკი ჩვენი სახელმწიფოს დაარსებისას იმთავითვე დავადგინეთ, რომ ყველაფერი «მთელის» გულისათვის უნდა მოგვემოქმედა ხოლო ეს «მთელი», ჩემის აზრით, სამართლიანობა თუ მისი ერთ-ერთი ნაირსახეობა უნდა იყოს. ჩვენვე დავადგინეთ, რომ ყოველი კაცი მხოლოდ ერთ საქმეს უნდა მისდევდეს, იმ უთვალავი საქმიდან, რაც საჭიროა სახელმწიფოსთვის, და თანაც, სწორედ იმ საქმეს, რომელსაც ყველაზე უფრო შეეფერება თავისი ბუნებრივი მონაცემებით.

– დიახ, სწორედ ეგ დავადგინეთ.

– მაგრამ ყველა თავის საქმეს მისდევდეს და სხვისაში არ ერეოდეს, – სწორედ ესაა სამართლიანობა, რაც სხვებისგანაც გაგვიგონია და ჩვენ თვითონაც მრავალჯერ გვითქვამს.

– ცხადია, გვითქვამს.

– ამრიგად, სამართლიანობა ის იქნება, ჩემო ძვირფასო, რომ ყველა თავის საქმეს აკეთებდეს. იცი, რა მაფიქრებინებს ამას?

– არა, ამიხსენი, გეთაყვა.

– ჩემის აზრით, ჩვენი სახელმწიფოს იმ სამი თვისების – ზომიერების, სიმამაცის და სიბრძნის გარდა, ზემოთ რომ მიმოვიხილეთ, გვრჩება კიდევ ერთი თვისება, რომელიც დასაბამს აძლევს და განაპირობებს სახელმწიფოში პირველი სამის სუფევას. ჩვენ ისიც ვთქვათ, რომ თვისება, რომელიც სამი დანარჩენის განხილვის შემდეგ გვრჩებოდა, სამართლიანობა უნდა ყოფილიყო.

– რა თქმა უნდა.

– მაგრამ გადასაწყვეტი რომ გვქონოდა, რომელი თვისების არსებობა განაპირობებს უპირატესად ჩვენი სახელმწიფოს სრულქმნილებას, ეს უფრო ძნელი საქმე იქნებოდა. მაინც რა უნდა მიგვეჩნია ამ პირობად: მმართველებისა და მათი ქვეშევრდომების აზრთა ერთობა, მეომრების სულში კანონით ჩანერგილი და საიმედოდ დაცული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას უნდა ვუფრთხოდეთ და რას არა, თუ მმართველთათვის ნიშნეული ზომიერება და სიფხიზლე? ან იქნებ ჩვენი სახელმწიფოს სრულქმნილებას ყველაზე მეტად ის უწყობს ხელს, რისი წყალობითაც ყველა – ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა, მონა თუ თავისუფალი, ხელოსანი თუ მეომარი, ქვეშევრდომი თუ მმართველი, – თავის საკუთარ საქმეს ასრულებს, ისე, რომ სხვისაში არ ერევა?

– მართლაც რომ ძნელი საქმეა.

– როგორც ჩანს, სახელმწიფოს სრულქმნილების თვალსაზრისით, ყოველი მოქალაქის უნარი, რისი წყალობითაც ის თავის საკუთარ საქმეს ასრულებს, მეტოქეობას უწევს სიბრძნეს, სიმამაცესა და ზომიერებას.

– დიახ.

– მერედა, რა არის ის სიქველე, სახელმწიფოს სრულქმნილებისათვის ბრძოლაში დანარჩენ სამს რომ უწევს მეტოქეობას, თუ არა სამართლიანობა?

– რა თქმა უნდა.

– მაშინ ისიც მითხარი, ეთანხმები თუ არა, აი, ამას: განა სახელმწიფოს მმართველებს არ მიანდობ სასამართლოში საქმის წარმართვას?

– რასაკვირველია.

– ხოლო საქმის გარჩევისას რას ეცდებიან ისინი, გარდა იმისა, რომ არავინ მიიტაცოს სხვისი და არც თავისი გამოეცალოს ხელიდან.

– დიახ, სწორედ მაგას.

– იმიტომ, რომ ეს სამართლიანია?

– დიახ.

– მაშასადამე, ამ მაგალითის მიხედვითაც, სამართლიანობა სხვა არა არის რა, თუ არა ის, რომ ყველა თავისას სჯერდებოდეს და თავის საკუთარ საქმეს ასრულებდეს.

– მართალი ხარ.

– ვნახოთ, აქაც თუ დამიკრავ კვერს: ხურომ და მეწაღემ რომ თავიანთი იარაღები და ხელობა გაუცვალონ ერთიმეორეს, ხურომ მეწაღეობა დაიწყოს, მეწაღემ კი – ხუროობა, ან ერთ-ერთმა მიჰყოს ხელი ორივე საქმეს, და საერთოდ, ყველა ხელოსანმა გამოიცვალოს ხელობა, – როგორ გგონია, განა სახელმწიფო დიდ ზარალს არ ნახავს ამით?

– არც ისე დიდს.

– მაგრამ თავისი ბუნებრივი მონაცემებით ხელოსნად თუ ქორვაჭრად დაბადებულმა კაცმა თავისი სიმდიდრის, მრავალრიცხოვანი ნაცნობობის, გავლენისა თუ სხვა მისთანათა წყალობით, მეომართა წოდებაში გადასვლა რომ მოიწადინოს, ან რომელიმე მეომარმა – სახელმწიფო მრჩეველთა დასში შეღწევა, თუმცა საამისოდ არავითარი მონაცემი არ გააჩნია, და მათ ერთმანეთს გაუცვალონ თავიანთი იარაღიცა და თანამდებობაც, ან კიდევ ერთმა და იმავე კაცმა ერთდროულად მიჰყოს ხელი სუყველას საქმეს, – ალბათ, აქ მაინც დამეთანხმები, რომ ამნაირი გაცვლა-გამოცვლა და არევ-დარევა დაღუპვის პირას მიიყვანს სახელმწიფოს.

– რა თქმა უნდა.

– მაშასადამე, ამ სამი წოდების ჩარევა სხვის საქმეებში და ერთი წოდებიდან მეორეში გადასვლა უდიდესი ზიანის მომტანია სახელმწიფოსთვის და, იმავდროულად, უდიდესი დანაშაულიც.

– ჭეშმარიტად.

– მაგრამ რა არის სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაული, თუ არა უსამართლობა?

– რასაკვირველია.

– ასე რომ, სწორედ ესაა უსამართლობა. და პირიქით, როცა ყველა წოდება – საქმოსნებიც, მაშველნიცა და მცველებიც თავ-თავიანთ დანიშნულებას ასრულებენ და თვითეული მათგანი მისთვის ჩვეულ საქმეს აკეთებს, სწორედ ამას ვუწოდებთ სამართლიანობას, უსამართლობას რომ უპირისპირდება და სამართლიანს ხდის თვით სახელმწიფოსაც.

– მე მგონია, სწორედ ეგრეა საქმე და არა სხვაგვარად.

– მაგრამ დაბეჯითებით ნუ მოვყვებით ამის მტკიცებას, ვიდრე ყველა ადამიანს სათითაოდ არ მივუსადაგებთ ამ სიქველეს: თუ ის სამართლიანობად ვლინდება მათშიაც, სხვა რა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ ერთხმად ვაღიაროთ იგი? თუ არა და, სხვა გზით უნდა წარვმართოთ ჩვენი ძიება. ახლა კი, მოდი ისე დავასრულოთ ჩვენი განხილვა, როგორც იმთავითვე ვისახავდით მიზნად: რაც შეიძლება ფართოდ და ზოგადად წარმოგვეჩინა სამართლიანობა, რათა შემდეგ უფრო ადვილად გაგვერკვია, რა სახით ვლინდება ის ადამიანში. სამართლიანობის ფართოდ წარმოჩენის საშუალება სახელმწიფოს უნდა მოეცა, და ჩვენც, შეძლებისდაგვარად, უკეთ მოვაწყეთ და მოვაწესრიგეთ იგი, რადგანაც გვწამდა, რომ სრულქმნილი სახელმწიფო სამართლიანობის ნიმუში უნდა ყოფილიყო. რაც ჩვენ იქ აღმოვაჩინეთ, ახლა მოდი, ადამიანზე გადავიტანოთ. თუ ორივეს სამართლიანობა ერთმანეთს დაემთხვა, მეტი რაღა გვინდა, თუ არა და, კვლავ სახელმწიფოს უნდა მივუბრუნდეთ კვლევა-ძიების გასაგრძელებლად. ვინ იცის, იქნებ მათი დაახლოებით, როგორც ხის ორი ნაჭრის ხახუნით, ავაბრიალოთ სამართლიანობა, და როცა ცეცხლის ალივით აკაშკაშდება, თვით ჩვენს თავშიაც უფრო მტკიცედ დავიმკვიდრებთ მას.

– სწორ გზას გვიჩვენებ და ჩვენც მას მივსდიოთ.

– როცა დიდსა და მცირე საგანს ერთსა და იმავე საგნადა თვლიან, ნუთუ ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან იმით, რის გამოც ერთად მიიჩნევენ, თუ, პირიქით, ერთმანეთის მსგავსნი არიან?

– მსგავსნი არიან.

– მაშასადამე, სამართლიანი კაციც, თავისი სამართლიანობის წყალობით, სამართლიანი სახელმწიფოსაგან განსხვავებული კი არა, პირიქით, მისი მსგავსი იქნება.

– დიახ, მისი მსავსი იქნება.

– ხოლო ჩვენი აღიარებით, სახელმწიფო მაშინაა სამართლიანი, როცა ბუნებით ერთმანეთისაგან განსხვავებული მისი სამივე წოდება თავ-თავის საქმეს ასრულებს. მაშინ როდესაც სახელმწიფოს ზომიერება, სიმამაცე და სიბრძნე სამივე ამ წოდების წარმომადგენელთა შესაბამის თვისებებზეა დამოკიდებული.

– მართალს ბრძანებ.

– ზუსტად ასევე შევაფასებთ, ჩემო ძვირფასო, ადამიანსაც, ვის სულშიაც იმდენივე საწყისია, რამდენი წოდებაცაა სახელმწიფოში, და ამიტომ მართებული იქნება, თუ იმავე სახელებით აღვნიშნავთ მათ.

– უცილობლად.

– ვერაფერს იტყვი, იოლ საკითხს კი მივადებით განსახილველად! საქმე სულს ეხება, სულს: მართლა არის თუ არა მასში ეს სამი საწყისი?

– სიიოლისა რა მოგახსენო, სოკრატე; ტყუილად როდი ამბობენ: მშვენიერი ძნელიაო.

– როგორც ჩანს; – ვუთხარი მე, – მერწმუნე, გლავკონ, იმ გზით, ამჟამად რომ ვადგივართ მსჯელობისას, ვერასოდეს მივწვდებით ჩვენი კვლევა-ძიების საგანს, რომლისკენაც გაცილებით უფრო ძნელი და ნარეკლიანი გზა მიგვიძღვის. თუმცა ჩვენი გზა, შესაძლოა, არც ისე უვარგისი იყოს იმის საწვდომად, რაზეც აქამდე ვმსჯელობდით და ვკამათობდით.

– მერედა, განა ეს საკმარისი არ არის? ამჯერად მე ამასაც დავჯერდებოდი.

– მე – მით უმეტეს.

– მაშ, რაღას ყოყმანობ, საქმეს შეუდექ.

– განა იძულებულნი არა ვართ ვაღიაროთ, რომ ყოველი ჩვენგანისათვის ნიშნეულია იგივე ზნეობრივი თვისებები, რაც ახასიათებს სახელმწიფოს. აბა, ისე ციდან ხომ არ ჩამოცვივდებოდნენ იქ? მართლაცდა, განა სასაცილო არ იქნებოდა გვეფიქრა, რომ იმნაირი თვისება, როგორიცაა სულის სიფიცხე, რაც ნიშნეულია თრაკიელების, სკვითებისა და თითქმის ყველა ჩრდილოელი ხალხისთვის, ან მეცნიერების სიყვარული, რაც უმეტესწილად ჩვენ გვახასიათებს, ან კიდევ ანგარება, რითაც განირჩევიან ფინიკიელები და ეგვიპტელები, – მოქალაქეებისგან როდი გადასცემია სახელმწიფოს?

– რა თქმა უნდა, სასაცილო იქნებოდა.

– ეს დასკვნა თავისთავად გვეხვევა თავზე; ძნელი როდია ამის მიხვედრა.

– მართლაც.

– მაგრამ, აი, რა არის ძნელი: ჩვენს ქცევას სულის ერთი და იგივე საწყისი განაპირობებს თუ, რაკი ეს საწყისი სამია, თვითეული მათგანი სხვადასხვანაირ ზეგავლენას ახდენს? შემეცნებას ერთი განაპირობებს, გულისწყრომას – მეორე, ხოლო მესამე გვაიძულებს მიველტვოდეთ ყოველნაირ განცხრომას – სმა-ჭამას, ახალი სიცოცხლის ჩასახვას და სხვა მისთანათ? თუ ყოველთვის, როცა ესა თუ ის სურვილი აღგვეძვრის, მის აღძვრაში მთელი სული მონაწილეობს? ძნელი სწორედ ის გახლავთ, რომ საკმაო სიზუსტით განსაზღვრო ეს.

– მეც მაგ აზრისა ვარ.

– მოდი, ვცადოთ და ამ გზით განვსაზღვროთ. იგივეობრივნი არიან ეს საწყისები თუ ერთმანეთისაგან განსხვავებულნი.

– კი მაგრამ, როგორ?

– ხომ ცხადია, რომ იგივეობრივს არ შეუძლია ერთსა და იმავე დროს ისეთნაირად მოქმედებდეს ან თვითონვე განიცდიდეს სხვა რამის ზემოქმედებას, რომ ეს მისი იგივეობრიობის წინააღმდეგ იყოს მიმართული. ამიტომაც თუ ვნახავთ, რომ აქ სწორედ ასეა საქმე, დავრწმუნდებით, რომ ჩვენს წინაშე ერთი და იგივე კი არ არის, არამედ მრავალი.

– ვთქვათ და, ასეა.

– კარგად დაუკვირდი ჩემს სიტყვებს.

– შენ კი განაგრძე.

– შეიძლება თუ არა, ერთი და იგივე რამ, ერთი და იმავე თვალსაზრისით, უძრავადაც იდგეს და, იმავდროულად, კიდეც მოძრაობდეს?

– არასდიდებით არ შეიძლება.

– მოდი, უფრო ზუსტად შევთანხმდეთ, რათა შემდეგ თავიდან ავიცილოთ გაუგებრობა. თუ კაცზე, რომელიც ერთ ადგილას დგას, მაგრამ თავსა და ხელებს კი აქნევს, იტყვიან, რომ ის უძრავად დგას და, იმავდროულად, კიდეც მოძრაობს, ჩვენ ალბათ არ დავეთანხმებით მათ აზრს, რადგანაც აქ აი, რა უნდა თქმულიყო: ამ კაცის სხეულის ერთი ნაწილი უძრავია, მეორე კი მოძრაობსო. ასეა, არა?

– დიახ.

– მაგრამ შეიძლება ხუმრობას ხუმრობა მოაყოლონ და უფრო მახვილგონივრული მაგალითი შემოგვთავაზონ: ბზრიალა მთლიანად დგას და, იმავდროულად, კიდეც მოძრაობს; ის ბრუნავს, მაგრამ ცენტრი კი თითქოს უძრავია და მისი ღერძიც წვერით ერთ წერტილს ებჯინება. მაგრამ ჩვენ ვერც მათ მოსაზრებას გავიზიარებთ, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც ერთი და იმავე საგნის ერთი და იგივე ნაწილები როდი არიან მოძრავნი და, იმავდროულად, უძრავნიც. ჩვენ ვიტყოდით, რომ აქ ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ შვეული ღერძი და წრიული გარშემოწერილობა. ბზრიალას ნაწილები უძრავნი არიან ღერძის მიმართ, რომელიც უცვლელად ინარჩუნებს თავის მიმართულებას, არც აქეთ იხრება და არც იქით, მაგრამ იგივე ნაწილები წრიულად კი ბრუნავენ და ტრიალებენ. ამ წრებრუნვისას ღერძიც აქეთ-იქით, წინ და უკან, მარჯვნივ თუ მარცხნივ რომ იხრებოდეს, ბზრიალას არცერთი ნაწილი აღარ დარჩებოდა უძრავი.

– სწორია, – თქვა გლავკონმა.

– ასე რომ, ვერცერთი ეს მაგალითი ვერ შეგვაცბუნებს და ვერ გვაფიქრებინებს, თითქოს ერთი და იგივე საგანი შეიძლება ერთსა და იმავე დროს ისეთნაირად მოქმედებდეს ან თვითონ განიცდიდეს სხვა რამის ზემოქმედებას, რომ ეს მისი ერთობისა და თვითიგივეობის წინააღმდეგ იყოს მიმართული.

– ყოველ შემთხვევაში, მე ვერავინ მაფიქრებინებს მაგას.

– და მაინც, ყველა ამ უაზრობისა თუ გაუგებრობის ჩხრეკა და მათი უსაფუძვლობის მტკიცება რომ არ დაგვჭირდეს, მოდი, ამთავითვე დავუშვათ, რომ ყველაფერი ასეა და ჩვენს გზას გავუდგეთ. მაგრამ იმაზე კი შევთანხმდეთ, რომ თუ ჩვენი დაშვება მცდარი გამოდგა, ყოველგვარი დასკვნა გაქარწყლდება, რაც კი ამ დაშვებიდან გამოვიტანეთ.

– დიახ, ასე უნდა მოვიქცეთ.

– და მერე, თავის კანტური თუ ქიცინი დასტურის ან უარყოფის ნიშნად, რაღაცის ნატვრა და ზიზღი მის მიმართ, რაღაცის მიზიდვა და ხელის კვრით მოშორება თავიდან, – განა ყოველივე ეს და სხვა მისთანანი, შენის აზრით, ურთიერთსაპირისპირო მოქმედება თუ გრძნობა არ არის?

– რა თქმა უნდა.

– ეგეც არ იყოს, ავიღოთ, მაგალითად, წყურვილი, შიმშილი და, საერთოდ, რაღაცის ნდომა, ან კიდევ სურვილი თუ ნებელობისმიერი სწრაფვა, – განა ყოველივე ამას იმათ რიცხვს არ მიაკუთვნებ, რაზედაც წეღან ვლაპარაკობდით? ნუთუ არ იტყვი, რომ ყოველთვის, როცა კაცს რაღაცა სურს, მისი სული ხარბად მიელტვის სასურველ საგანს, ან ცდილობს იმის მიტაცებას, რასაც სურს დაეუფლოს, ან კიდევ, როცა რაღაცის ჩაგდებას აპირებს ხელში, დასტურის ნიშნად თავს უკანტურებს საკუთარ ზრახვას, თითქოს ვიღაცა რაღაცას ეკითხება და მოთმინება აღარ ჰყოფნის, როდის ეწევა საწადელსო?

– ცხადია, ვიტყვი.

– ხოლო «არ გინდოდეს», «არ გსურდეს», «არ გწადდეს» განა იგივე არ არის, რაც «გძულდეს», «გძაგდეს» ან «ხელისკვრით იშორებდე თავიდან», და განა ყოველივე ეს არ უპირისპირდება იმას, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ?

– უეჭველად.

– და თუ ასეა, ნუთუ არ ვიტყვით, რომ არსებობს ერთგვარი ნდომა, ხოლო ყველაზე მძაფრ ნდომად წყურვილი და შიმშილი უნდა მიგვაჩნდეს?

– დიახაც ვიტყვით.

– პირველი სმის სურვილია, მეორე კი ჭამისა, არა?

– დიახ.

– რაკიღა პირველი სმის სურვილია, ხომ არ იბადება კაცის სულში დამატებითი სურვილი, გარდა იმისა, რაც მე მოგახსენე? ასე მაგალითად, იწვევს თუ არა წყურვილი იმის სურვილს, რომ ცივი თუ თბილი, ცოტა თუ ბევრი, მოკლედ, ესა თუ ის სასმელი დალიო? თუ კაცს სცხელა, ხომ არ ენატრება არა მარტო წყურვილის მოკვლა, არამედ ისიც, რომ ცივი სასმელით მოიკლას წყურვილი, ხოლო თუ სცივა – თბილით? თუ წყურვილი მძაფრია, კაცს უნდა ბევრი დალიოს თუ არა და, – ცოტა. მაგრამ საკუთრივ წყურვილი, ანდა შიმშილი თავისთავად არასოდეს არ იქნება სხვა რამის ნდომა, გარდა იმისა, რომ სმისა თუ ჭამის ბუნებრივი მოთხოვნილება დაიკმაყოფილო.

– ასე რომ, – თქვა გლავკონმა, – ამნაირი სურვილი თავისთავად არ მიელტვის სხვა რამეს, გარდა იმისა, რაც მის ბუნებას შეესაბამება, ხოლო ამისა თუ იმის სურვილი, ასე ვთქვათ, დამატებითი მეორადი სურვილია.

– მაგრამ ვაითუ ვინმემ ისარგებლოს ჩვენი წინდაუხედაობით და თავგზა აგვიბნიოს: მან შეიძლება გვითხრას, რომ არავის არა სურს მარტოოდენ სასმელ-საჭმელი, არამედ აუცილებლად რიგიანი სასმელ-საჭმელი. რადგანაც ყველას მხოლოდ კარგი სურს. და რაკი წყურვილი ნდომაა, ის რიგიანი სასმელისა თუ სხვა მისთანათა ნდომა უნდა იყოს. იგივე ითქმის ყველა სხვა სურვილზედაც.

– ეგრე მართლაც შეიძლება საგონებელში ჩაგვაგდოს.

– მაგრამ ყოველივე ეს ეხება მხოლოდ იმას, რაც სხვასთან მიმართებითა თუ თანაფარდობით განიხილება; მას ესა თუ ის თვისება აქვს, იმიტომ, რომ ასეთივე თვისება აქვს იმასაც, რასაც იგი ეთანაფარდება. თავისთავად კი ის მხოლოდ საკუთარი თავის თანაფარდია.

– რა ვქნა, არ მესმის.

– რა არ გესმის? – ვუთხარი მე, – ის, რომ უფრო დიდი მხოლოდ სხვა რაღაცასთან მიმართებითაა უფრო დიდი?

– მაგას კი მართალს ამბობ.

– ხოლო «სხვა რაღაცასთან მიმართებითო» რომ ვამბობთ, განა უფრო პატარას არ ვგულისხმობთ?

– დიახ.

– ის კი, რაც გაცილებით უფრო დიდია, მხოლოდ გაცილებით უფრო პატარის მიმართაა გაცილებით უფრო დიდი; ასეა, არა?

– დიახ.

– ხოლო ის, რაც უფრო დიდი იყო ოდესღაც, განა იმასთან მიმართებით არ იყო უფრო დიდი, რაც უფრო პატარა იყო?

– რა თქმა უნდა.

– განა ასეთივე თანაფარდობა არ არსებობს მეტსა და ნაკლებს, ორსა და მის ნახევარს და სხვა მისთანათა შორის? ზუსტად ასევე, უფრო მძიმეც უფრო მსუბუქთან მიმართებით იქნება უფრო მძიმე, უფრო მკვირცხლი – უფრო ზანტთან, ცხელი – ცივთან და ასე შემდეგ.

– რასაკვირველია.

– კი მაგრამ, განა იგივე არ ითქმის ჩვენს ცოდნაზედაც? ცოდნა ზოგადად და თავისთავად იმ საგნის ცოდნას გულისხმობს თვითონვე რომ შეისწავლის, მიუხედავად იმისა, თუ რომელი საგნის ცოდნას ვგულისხმობთ. მაგრამ ცოდნის ესა თუ ის კერძო სახე მისი საგნის ბუნებითაა განსაზღვრული. აი, რისი თქმა მინდა: სახლის შენება რომ ისწავლეს, განა ეს ცოდნა ყველა სხვა ცოდნისაგან განსხვავებული არ შეიქნა, რის გამოც სამშენებლო ხელოვნება უწოდეს მას?

– მერედა, რა?

– ეს სახელი სწორედ იმიტომ უწოდეს, რომ არცერთ სხვა ცოდნას არა ჰგავს?

– დიახ.

– რაც მისი საგანი იყო, იგივე გახდა თავადაც. თუმცა ეს ყველა სხვა ცოდნასა თუ ხელოვნებასაც ეხება.

– რა თქმა უნდა.

– ახლა კი ალბათ გესმის, რისი თქმაც მსურდა წეღან: ყველა საგანი, თავისთავად აღებული, საკუთარი თავის თანაფარდია, სხვა საგანთან მიმართებით კი – იმნაირი, რანაირიცაა მისი თანაფარდი საგანი. ამით იმის თქმა კი არა მსურს, თითქოს ესა თუ ის საგანი იმასა ჰგავდეს, რასაც ეთანაფარდება, – ასე მაგალითად, ჯანმრთელობისა თუ სნეულების ცოდნა თვითონვე როდია ჯანმრთელი თუ სნეული, ხოლო სიკეთისა თუ ბოროტების ცოდნა – კეთილი ანდა ბოროტი. არა, ცოდნა იმად როდი იქცევა, რაც არის მისი საგანი; ის მხოლოდ თავისი საგნის, ამ შემთხვევაში, ჯანმრთელობისა თუ სნეულების თვისებებს ეთანაფარდება და ამ თვისებებითვეა განსაზღვრული. აი, რატომაა, რომ ამნაირ ცოდნას სახელად ცოდნა კი არ ჰქვია, არამედ სამკურნალო ხელოვნება, მისივე საგნის მიხედვით.

– დიახ, მესმის და იმასაც ვხვდები, რომ მართალი ხარ.

– ხოლო თუ ავიღებთ წყურვილს, რას იტყვი, განა ისიც თავის საგანს არ ეთანაფარდება? რადგანაც წყურვილი ყოველთვის რაღაცის წყურვილია.

– რა თქმა უნდა; მე ვიტყოდი, რომ ის წყურვილია სმისა თუ სასმელისა.

– სასმელი კი ათასნაირია და, ამისდა კვალად, ათასნაირია წყურვილიც. ხოლო თავისთავად ის არც უზომო სმის წყურვილია და არც ერთი ყლუპისა, არც საუცხოო სასმელისა და არც ცუდისა; არა მის თანაფარდად ვერ ვიტყვით ვერანაირ სასმელს, რადგანაც წყურვილს თავისთავად სხვა არაფერი ეთანაფარდება, თუ არა სასმელი თავისთავად.

– რასაკვირველია.

– მაშასადამე, იმისი სული, ვისაც სწყურია, სხვა რამეს კი არ მიელტვის, არამედ სასმელს, რამდენადაც სმა სწყურია.

– ცხადია.

– მაგრამ თუ თავისი წყურვილის მიუხედავად, სულს რაღაცა არ აძლევს დალევის ნებას, მაშასადამე, მასში არის რაღაც ისეთი, არსებითად რომ განსხვავდება იმისაგან, რაც უშუალოდ განიცდის წყურვილს, და ამრიგად, აიძულებს სულს, პირუყვივით დააცხრეს სასმელს. ჩვენ ხომ ვამტკიცებთ, რომ რაღაც ერთი და იგივე არ შეიძლება ერთი და იმავე ნაწილით ერთდროულად ორ ურთიერთსაპირისპირო ზემოქმედებას ახდენდეს ერთსა და იმავე საგანზე.

– რა თქმა უნდა, არ შეიძლება.

– ასე მაგალითად, ჩემის აზრით, ცდებიან, როცა მშვილდოსანზე ამბობენ, რომ ის იზიდავს და იმავდროულად კიდევაც განიზიდავს მშვილდს. სიმართლე, თუ გნებვს, ისაა, რომ მშვილდოსანი ცალი ხელით თავისკენ იზიდავს იმას, რასაც განიზიდავს მეორე ხელით.

– ცამდე მართალი ბრძანდები.

– ისიც ხომ მართალია, რომ მწყურვალი ზოგჯერ უარს აცხადებს დალევაზე?

– ბევრი და ბევრჯერ.

– მერედა, რას ვიტყოდით მათზე? არის ამ ხალხის სულში რაღაც ისეთი, სასმელად რომ აქეზებს, და ისეთიც, სმას რომ უკრძალავს მათ? და სწორედ ეს უკანასკნელი სძლევს პირველს?

– მე თუ მკითხავ, სწორედ ასეა.

– ის, რაც სმას უკრძალავს მათ, გონიერების წყალობით ვლინდება (თუკი საერთოდ ვლინდება) სულში, ხოლო ის, რაც სასმელად აღძრავს და აქეზებს ამ ხალხს, ვნებებისა და სნეულებისაგან იღებს დასაბამს?

– როგორც ჩანს.

– მაშასადამე, ჩვენ უფლება გვაქვს ვამტკიცოთ, რომ ეს ორი საწყისი არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან: ერთ მათგანს, რისი წყალობითაც ადამიანს აზროვნების უნარი შესწევს, სულის გონივრულ საწყისს ვუწოდებთ, ხოლო მეორეს, რაც განაპირობებს იმას, რომ ადამიანს უყვარს, შია, სწყურია თუ ათასი სხვა რამ სწადია, სულის არაგონივრულ თუ სურვიელ საწყისად ვსახავთ, ყოველგვარი ტკბობისა თუ განცხრომის მონათესავედ.

– დიახ, სრული უფლება გვაქვს ასე ვამტკიცოთ.

– მაშ, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ეს ორი საწყისი. რაც შეეხება სულის სიბობოქრეს, რის შედეგადაც გულფიცხნი ვხდებით, ვაღიარებთ თუ არა მას სულის მესამე საწყისად, თუ ის პირველი ორი საწყისიდან ერთ-ერთის მონათესავეა?

– შესაძლოა, მეორე – არაგონივრული თუ სურვიელი საწყისის მონათესავე იყოს.

– ერთხელ ასეთი ამბავი მიამბეს, რომელიც მე სარწმუნოდ მიმაჩნია: ლეონტიოსი, აგლაიოსის ძე, პირევსიდან შინ ბრუნდებოდა თურმე. ქალაქის ჩრდილო გალავანს რომ მიუახლოვდა, იმ ადგილას, სადაც დამნაშავეებს სიკვდილით სჯიან, მიწაზე დაყრილი გვამები შენიშნა. უცნაური სურვილი დაეუფლა: მისულიყო და გვამებისათვის დაეხედა, მაგრამ, იმავდროულად, ისეთი ზიზღი იგრძნო, რომ გაქცევა მოუნდა. ერთხანს აღარ იცოდა, რა ექნა, სახეზე ხელები აიფარა, მაგრამ ბოლოს მაინც ცნობისწადილმა სძლია, ხელები დაბლა დაუშვა, თვალდაჭყეტილმა მიირბინა ცხედრებთან და წამოიძახა: «ეგეც თქვენ, სვედავსილნო, დატკბით ამ მშვენიერი სანახაობით!»

– ეგ ამბავი მეც გამიგონია.

– ის გვიჩვენებს, რომ რისხვა ზოგჯერ გულისთქმას უპირისპირდება, და ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან.

– მართლაც.

– ბევრ სხვა შემთხვევაშიაც ჩვენ ვამჩნევთ, რომ, გონიერების საპირისპიროდ, გულისთქმას აყოლილი კაცი თავის თავს ჰკიცხავს და არაგონივრულ, სურვიელ საწყისზე მრისხანებს, მოძალადესავით რომ ჩასახლებია სულში. ამრიგად, რისხვა გონების მოკავშირე ხდება ამ ულმობელ ორთაბრძოლაში, რომელიც თითქოს ორ ურთიერთმოქიშპე მხარეს შორის მიმდინარეობს. ხოლო რისხვა რომ გულისთქმის მოკავშირედ გვევლინებოდეს, როცა გონება უკრძალავს ამას, მე მგონია, ეს უჩვეულო მოვლენა არც სხვაში შეგიმჩნევია ოდესმე და არც შენსავე თავში.

– არა, ვფიცავ ზევსს, მართლაც არ შემიმჩნევია.

– ეგეც არ იყოს, როცა ადამიანს ესმის, რომ უსამართლოდ მოექცა ვინმეს, მაშინ, რაც უფრო დიდსულოვანია იგი, მით უფრო ნაკლებ შეუძლია მრისხანებდეს მის წინააღმდეგ, ვინც, შურისგების მიზნით, ათასნაირ სატანჯველს უმზადებს, როგორც, მაგალითად, შიმშილს, სიცივეს და სხვა მისთანათ; მე ვამბობ, რომ ეს მასში არ გამოიწვევს რისხვას.

– მართალი ხარ, – თქვა გლავკონმა.

– და პირიქით, როცა ჰგონია, რომ თვითონ მას ექცევიან უსამართლოდ, მრისხანებით აბორგებული თვალებიდან ცეცხლს აკვესებს და გაშმაგებით უტევს შეურაცხმყოფელს, ასე რომ, იმის მოკავშირედ იქცევა, რაც სამართლიანი ეჩვენება, და რისი გულისთვისაც მზადაა აიტანოს შიმშილიც, სიცივეცა და სხვა ამნაირი გაჭირვებაც, ოღონდ კი თავის საბოლოო მიზანს ეწიოს. ის ხელს არ აიღებს თავის კეთილშობილურ სწრაფვაზე, ან თავისას გაიტანს, ან თავს შეაკლავს მტერს, და ვერაფერი დააცხრობს მის მძვინვარებას, გარდა გონების ხმისა, რომელიც ისევე მიიხმობს, როგორც მწყემსი – თავის ქოფაკს.

– გულთმისანივით მიმიხვდი, რისი თქმაც მსურდა. მაგრამ ერთი ამასაც დაუკვირდი.

– რას?

– რასა და იმას, რომ სულის მრისხანე თუ ბობოქარ საწყისზე ახლა სულ სხვანაირი წარმოდგენა შეგვექმნა, ვიდრე წეღან, როცა მას სურვიელ საწყისთან ვაკავშირებდით. ახლა კი, როგორც ირკვევა, შორსა ვართ ამ აზრისაგან, რაკიღა იმ ბრძოლაში, ადამიანის სულში რომ მიმდინარეობს, ბობოქარ საწყისს გონიერების მოკავშირედ ვსახავთ.

– რა თქმა უნდა.

– მერედა, რას ვიტყვით, განსხვავდება ის სულის გონივრული საწყისისაგან თუ მხოლოდ ამ უკანასკნელის ერთ-ერთი სახეობაა, ასე რომ, სულში მხოლოდ ორი საწყისი უნდა ვიგულისხმოთ: გონივრული და სურვიელი? თუ მსგავსად იმისა, როგორც სახელმწიფო სამი სხვადასხვა წოდებისაგან შედგება: საქმოსნების, მცველებისა და მმართველებისგან, სულშიც მესამე – ბობოქარი საწყისი უნდა იყოს, რომელიც თავისი ბუნებით გონივრული საწყისის მოკავშირედ გვევლინება. თუკი უხეირო აღზრდის შედეგად არ არის გადაგვარებული?

– სულში აუცილებლად მესამე საწყისიც უნდა იყოს.

– რა თქმა უნდა, თუკი გაირკვა, რომ ის განსხვავდება გონივრული საწყისისაგან, ისევე, როგორც სურვიელი საწყისისგან განსხვავებული გვეჩვენა იგი.

– მაგის გარკვევა ძნელი როდია; – თქვა გლავკონმა, – საკმარისია დავუკვირდეთ პატარა ბავშვებს, ლამის დაბადებიდანვე რომ ბორგავენ და ბობოქრობენ, რისხვით აღვსილნი, მაშინ როდესაც ზოგიერთ მათგანს, ჩემის აზრით, გონიერების ნატამალიც არ გააჩნია, ზოგი კი საკმაოდ გვიან ეზიარება გონებას.

– მშვენიერი ნათქვამია, ვფიცავ ზევსს! აქვე უნდა დავძინოთ, რომ ცხოველებიც ადასტურებენ შენს დაკვირვებას. ამასვე მოწმობს ჰომეროსის ლექსიც, რომელიც ზემოთ უკვე მოვიხმეთ:

«მკერდს მჯიღი იკრა, და გულს ასე უთხრა ბორგნეულს»

პოეტი აქ ნათლად გვაუწყებს, ორი სხვადასხვა საწყისიდან როგორ ჰყვედრის ერთი მეორეს, კერძოდ, გონება, რომელიც არჩევს, რა არის უკეთესი და რა – უარესი, გადაჭრით ჰგმობს უგუნურსა და ბობოქარ საწყისს.

– მართალს ბრძანებ.

– ამრიგად, მართალია, დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც დავძლიეთ ყველა დაბრკოლება და საკმაოდ დამაჯერებლად მივაღწიეთ თანხმობას იმის თაობაზე, რომ ადამიანის სულში იმდენი და იმნაირივე საწყისია, რამდენი წოდებაცაა სახელმწიფოში.

– მართლაც ასეა.

– მაშასადამე, აუცილებლად იგივე ითქმის შემდეგზეც: რანაირად და რითაც ბრძენია სახელმწიფო, იმნაირად და იმითვე უნდა იყოს ბრძენი ადამიანიც.

– რა თქმა უნდა.

– ზუსტად ასევე, რანაირად და რითაც მამაცია ადამიანი, იმნაირად და იმითვე უნდა იყოს მამაცი სახელმწიფოც. ერთსაც და მეორესაც თანაბრად უნდა ახასიათებდეს ყველაფერი, რაც კი საერთოდ უკავშირდება სიქველეს.

– აუცილებლად.

– მე მგონია, სამართლიანიც იმნაირადვე იქნება კერძო პირი, გლავკონ, რანაირადაც ვლინდება სამართლიანობა სახელმწიფოში.

– ეგეც აუცილებელია.

– მაგრამ ხომ არ დაგვავიწყდა, რომ ჩვენი სახელმწიფო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქნება სამართლიანი, როცა ყველა მისი წოდება თავის საკუთარ საქმეს ასრულებს.

– ჩემის აზრით, არ დაგვვიწყნია.

– მაშასადამე, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ჩვენგანიც მხოლოდ მაშინ იქნება სამართლიანი და თავის საკუთარ საქმეს შეასრულებს, როცა ჩვენი სულის ყველა საწყისი თავის დანიშნულებას ასრულებს.

– ამრიგად, გონივრული საწყისი უნდა ბრძანებლობდეს, რაკიღა მისთვის ნიშნეულია სიბრძნე, და მასვე მართებს მთელ სულზე ზრუნვაც, ხოლო სულის ბობოქარი საწყისი მისი მორჩილი და თანამდგომი უნდა იყოს.

– რასაკვირველია.

– ისიც ხომ მართალია, რომ, ზემოთქმულისა არ იყოს, მუსიკური და გიმნასტიკური აღზრდის ურთიერთშერწყმის შედეგად შეიძლება მიღწეულ იქნეს ამ ორი საწყისის თანხმობა: ამნაირი აღზრდა გონივრულ საწყისს უფრო მიზანსწრაფულს გახდის და მშვენიერი სიტყვებითა თუ მოძღვრებებით ასაზრდოებს მას, ბობოქარ საწყისს კი მოადუნებს, სიტყვებით მოალბობს და ჰარმონიისა თუ რიტმის მეშვეობით მოათვინიერებს.

– მართალს ბრძანებ.

– ხოლო ეს ორი საწყისი, ამნაირად აღზრდილი, ჭეშმარიტებით განსწავლული და საკუთარი მოვალეობის აღსასრულებლად აღძრული, როგორმე მოახერხებს უწინამძღვროს სურვიელ საწყისს, ჩვენი სულის უმეტეს ნაწილს რომ მოიცავს და თავისი ბუნებით ხარბად მიელტვის სიმდიდრეს. თვალი ფხიზლად უნდა გვეჭიროს მასზე, რათა არ იზარდოს და იმძლავროს ყოველივე იმის შედეგად, რასაც ხორციელი განცხრომა ჰქვია და საერთოდ უარი არ თქვას თავისი დანიშნულების შესრულებაზე; თორემ შეიძლება იმის დამონება და დამორჩილება სცადოს, რაც მისი ჯიშისა არ არის, და ამრიგად შერყვნას და შებღალოს მთელი საზოგადოებრივი ცხოვრება.

– ჭეშმარიტად.

– ორივე საწყისი მშვენივრად დაიცავდა მთელ სულსაც და სხეულსაც გარეშე მტრებისაგან: ერთი – რჩევით, ხოლო მეორე – საჭურვლით; ეს უკანასკნელი წარმმართველი საწყისის თანამდევი იქნებოდა და თავისი სიმამაცით ხორცს შეასხამდა მის გადაწყვეტილებებს.

– მართლაც.

– და მამაცსაც, ჩემის აზრით, ადამიანს ჩვენ ვუწოდებთ სწორედ იმდენად, რამდენადაც მისი ბობოქარი საწყისი ლხინშიაც და გასაჭირშიაც განუხრელად იცავს გონების მითითებებს იმის თაობაზე, თუ რას უნდა ვუფრთხოდეთ და რას არა.

– მართალს ბრძანებ.

– ბრძენს კი – იმ მცირეოდენი ნაწილის მიხედვით, თვითეულ ჩვენგანში რომ მბრძანებლობს და ზემოხსენებულ მითითებებს იძლევა, რადგანაც მის მეტმა არავინ იცის, რა არის სასარგებლო როგორც ყოველი საწყსისათვის ცალ-ცალკე, ისე სამივესათვის ერთად.

– რა თქმა უნდა.

– ხოლო ზომიერს მარტოოდენ ამ საწყისთა ერთსულოვნებისა და თანახმიერების მიხედვით თუ ვუწოდებთ ადამიანს, როცა არა მარტო წარმმართველი, არამედ მისდამი დაქვემდებარებული ორი დანარჩენი საწყისიც იმ აზრისაა, რომ მბრძანებლობის უფლება მხოლოდ გონებას ეკუთვნის და დაუშვებელია არ ემორჩილებოდე მას.

– და მართლაც, სწორედ ესაა როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო პირის ზომიერებაც.

– მაგრამ სამართლიანიც, როგორც არაერთგზის აღგვინიშნავს, მხოლოდ ამის შედეგად და ამნაირად თუ იქნება ადამიანი.

– უეჭველად.

– და მაინც, ხომ არაფერი გვიბინდავს სამართლიანობას, ასე რომ, სხვა სახით წარმოგვიჩენს მას, და არა იმით, რითაც სახელმწიფოში ვლინდება?

– მე მგონია, არა.

– თუ სულში ოდნავი ეჭვი მაინც დაგვრჩა, ჩვენ შეგვიძლია ერთი უბრალო მაგალითის მოხმობით საბოლოოდ გავფანტოთ იგი.

– მაინც რა მაგალითს გულისხმობ?

– ავიღოთ, ერთის მხრივ, ეს ჩვენი სახელმწიფო, მეორეს მხრივ კი – თავისი ბუნებითა თუ აღზრდის მიხედვით მისი მსგავსი ადამიანი, და დავუშვათ, რომ სრულ თანხმობას უნდა მივაღწიოთ ამ საკითხთან დაკავშირებით: განა შეიძლება, რომ ამნაირმა ადამიანმა მიითვისოს შესანახად მიბარებული ოქრო-ვერცხლი? ანდა ვინ გაბედავს ამის მტკიცებას, თუ არა ის, ვინც ძირფესვიანად განსხვავდება მისგან?

– ვერავინ.

– მისთვის სრულიად უცხოა მკრეხელობა, ძარცვა-გლეჯა და გამცემლობა: კერძო ცხოვრებაში – მეგობრების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში კი– სახელმწიფოს ღალატი.

– დიახ, ყოველივე ეს სრულიად უცხოა მისთვის.

– რაღა თქმა უნდა, არც ფიცის გატეხა სჩვევია და არც პირობის დარღვევა.

– ცხადია.

– ავხორცობაც, უპატივცემლობაც მშობლების მიმართ და ღვთისმოსაობის დავიწყებაც, – ყოველივე ეს, ვისაც გნებავს, იმას შეჰფერის, ოღონდ არა მას.

– რა თქმა უნდა.

– მერედა, რა არის ყოველივე ამის მიზეზი, თუ არა ის, რომ თვითეული მისი ნაწილი თავის საკუთარ საქმეს ასრულებს მბრძანებლობისა თუ მორჩილების თვალსაზრისით?

– დიახ, მხოლოდ ეგ და სხვა არაფერი.

– და შენ გინდა, რომ სამართლიანობა სხვა რამე იყოს და არა ის ძალა, რომელიც ამნაირსა ხდის ადამიანებსაც და სახელმწიფოსაც?

– არა, ვფიცავ ზევსს, არ მინდა.

– აი, როგორ აგვიხდა ჩვენი ზმანება, კერძოდ, ის, რასაც ბუნებრივად ვგრძნობდით: როგორც კი დავაპირეთ საფუძველი ჩაგვეყარა სახელმწიფოსთვის, რომელიღაც ღვთაების წყალობით სახელდახელოდ მივაკვლიეთ სამართლიანობის ერთგვარ ნიმუშს და საწყისს.

– ჭეშმარიტად.

– ასე რომ, სამართლიანობის თავისებურად სასარგებლო ხატება იყო, გლავკონ, ჩვენი მტკიცება იმის თაობაზე, რომ ვინც თავისი ბუნებრივი მონაცემებით მეწაღედ დაბადებულა, მართებული იქნება, თუ მეწაღეობის გარდა სხვა საქმეს არ მოჰკიდებს ხელს, ხოლო ხუროდ დაბადებული მარტოოდენ ხუროობას დასჯერდება. იგივე ითქმის ყველა სხვა ხელობაზედაც.

– როგორც ჩანს.

– მე თუ მკითხავ, მართლაც ამნაირი იყო სამართლიანობის ჩვენეული გაგება, მაგრამ არა ადამიანის საქმიანობის ამა თუ იმ გარეგნული გამოვლინების, არამედ ჭეშმარიტად შინაგანი ქმედითობის – თავის თავსა და თავის სულიერ სამყაროზე ზემოქმედების თვალსაზრისით. ამნაირი კაცი ნებას არ დართავს სულის არცერთ საწყისს, სხვისი საკეთებელი აკეთოს ან სხვის საქმეში ჩაერიოს; პირიქით, ის სრულ წესრიგს ამყარებს საკუთარ სულში, თავისი თავის ბატონ-პატრონი, წრფელი გზით წარმმართველი და მეგობარი ხდება, ასე რომ ჰარმონიულად უხამებს ერთმანეთს თავისი სულის სამივე საწყისს, ზუსტად ისევე, როგორც თანახმიერების სამ ძირითად ტონს – მაღალს, დაბალს და საშუალოს, აგრეთვე შუალედურ ტონებსაც, თუკი მათ შორის გვხვდებიან; ყოველივე ამას ერთად ჰკრავს და, ამრიგად, სიმრავლიდან იღებს ერთობას, ზომიერებას და ჰარმონიულ თანახმიერებას. ასეთია მთელი მისი საქმიანობა, სულერთია, სიმდიდრის მოსახვეჭად იღვწის, ტანის სიმრთელეზე ზრუნავს, სახელმწიფოს ემსახურება თუ თავის საკუთარ საქმეს იგვარებს. ის მშვენიერსა და სამართლიანს უწოდებს ყოველნაირ ქმედებას, რომელიც სულში ამგვარ განწყობას ამკვიდრებს, სიბრძნედ კი ამ ქმედების წარმმართველ უნარსა სახავს. მისივე აზრით, უსამართლოა ქმედება, რომელიც არღვევს ყოველივე ამას, უმეცრება კი იმნაირი წარმოდგენაა, რომელიც წარმართავს უსამართლო ქმედებას.

– ცამდე მართალი ხარ, სოკრატე.

– ერთის სიტყვით, თუ ვაღიარებთ, რომ უკვე განვსაზღვრეთ სამართლიანი სახელმწიფოცა და სამართლიანი ადამიანიც ისევე, როგორც სამართლიანობა, რომელიც მათში ვლინდება, ალბათ, ვეღარ იტყვიან, რომ ძალზე შორსა ვართ ჭეშმარიტებისაგან.

– ვერა, ვფიცავ ზევსს, ვეღარ იტყვიან.

– მაშ, ვაღიარებთ ამას?

– დიახ, ვაღიარებთ.

– კეთილი და პატიოსანი; ამის შემდეგ, მე მგონია, უსამართლობა დაგვრჩა განსახილველი.

– ცხადია.

– მერედა, რა უნდა იყოს ეს, თუ არა ზემოხსენებული სამი საწყისის უთანხმოება და ურთიერთაშლა, ერთმანეთის საქმეებში ჩარევა, სულის ერთ-ერთი ნაწილის ჯანყი მთელი სულის წინააღმდეგ ერთპიროვნული მბრძანებლობის მოსაპოვებლად, თუმცა უსამართლობის ბუნება იმნაირია, რომ ბრძანებლურ საწყისს უნდა მორჩილებლეს. ჩემის აზრით, სწორედ ასე განვსაზღვრავთ უსამართლობას: ესაა სულის ნაწილთა მუდმივი შფოთი და წრიალი. მათი აღვირახსნილობა, სიმხდალე და უმეცრება, მოკლედ, მთელი ბოროტება თუ ბიწიერება.

– ყოველივე ეს ერთი და იგივეა.

– მაშასადამე, უკვე სავსებით ნათელია, რა არის, ერთის მხრივ, უსამართლო ქცევა და თვით უსამართლობა, ხოლო მეორეს მხრივ, – სამართლიანი საქციელი, რაკიღა უკვე განვსაზღვრეთ სამართლიანობისა და უსამართლობის ბუნება.

– როგორ?

– როგორ და ისე, რომ სამართლიანობა და უსამართლობა არაფრით არ განირჩევიან ჯანსაღი და სნეული საწყისებისგან, მხოლოდ პირველი ორი სულისთვისაა ნიშნეული, ბოლო ორი კი – სხეულისათვის.

– რას ამბობ? – იკითხა გლავკონმა.

– ჯანსაღი საწყისი ჯანმრთელობის საწინდარია, სნეული კი – სნეულებისა.

– დიახ.

– ზუსტად ასევე, სამართლიანი ქცევაც სამართლიანობის საწინდრად გვევლინება, უსამართლო ქცევა კი – უსამართლობისა.

– უცილობლად.

– ჯანმრთელობის დამკვიდრება იმასა ნიშნავს, რომ მბრძანებლობისა თუ ურთიერთდაქვემდებარების ბუნებრივი წესრიგი დაამყარო სხეულებრივ საწყისთა შორის, სნეულება კი სხვა არა არის რა, გარდა იმისა, რომ მბრძანებლობისა თუ ურთიერთდაქვემდებარების იმნაირი დამოკიდებულება დაამყარო იმავე საწყისთა შორის, რაც ეწინააღმდეგება ბუნებას.

– ეგრეა.

– ზუსტად ასევე, სამართლიანობის დამკვიდრება იმასა ნიშნავს, რომ მბრძანებლობისა თუ ურთიერთდაქვემდებარების ბუნებრივი დამოკიდებულება დაამყარო სულიერ საწყისთა შორის, უსამართლობის დამკვიდრება კი – იმას, რომ მბრძანებლობისა თუ ურთიერთდაქვემდებარების იმნაირი დამოკიდებულება დაამყარო იმავე საწყისთა შორის, რაც ეწინააღმდეგება ბუნებას.

– მართალს ბრძანებ?

– მაშასადამე, სიქველე, როგორც ჩანს, სულის სიჯანსაღეა, მშვენიერება და კეთილდღეობა, ბიწიერება კი – სნეულება, სიმახინჯე და სისუსტე.

– ჭეშმარიტად.

– მერედა, განა პატიოსანი ქცევა ხელს არ უწყობს სიქველის დამკვიდრებას, უპატიოსნო ქცევა კი – ბიწისას?

– რა თქმა უნდა.

– ახლა კი, ეტყობა, განსახილველი დაგვრჩა, რამდენად სასარგებლოა, ერთის მხრივ, სამართლიანი ქცევა, პატიოსნება და საკუთრივ სამართლიანობა, მიუხედავად იმისა დაფარულია ყოველივე ეს თუ გამჟღავნებული, მეორეს მხრივ კი – უსამართლო საქციელი და თვით უსამართლობა, თუნდაც არც სამსჯავროს წინაშე წარდგომას და არც სასჯელს უქადდეს კაცს, გამოსასწორებლად რომ სჯიან დამნაშავეებს.

– მაგრამ მე, მართალი გითხრა, სოკრატე, ამჯერად უკვე სასაცილოდაც არ მყოფნის ამნაირი განხილვა: თუ ჯანმრთელობაშერყეულ კაცს სიცოცხლე არაფრად უღირს, თუმცა შეიძლება არც სასმელ-საჭმელი აკლდეს, არც სიმდიდრე და ძალაუფლება, რაღა ითქმის მის სიცოცხლეზე, ვის არსებაშიაც მთლიანად დარღვეული და დაშლილია თვით იმისი ბუნება, რითაც ჩვენ ვცოცხლობთ, თუნდაც საშუალება ჰქონდეს აკეთოს ყველაფერი, რაც კი მოეპრიანება, გარდა იმისა, რისი წყალობითაც შესძლებდა თავი დაეღწია ბიწიერებისა თუ უსამართლობისათვის, და ამრიგად ზიარებოდა სიქველეს და სამართლიანობას? აკი გულდასმით განვიხილეთ როგორც ერთის, ისე მეორის ბუნება.

– მართლაც რომ სასაცილოა; მაგრამ რაკი აქამდე მოვედით, საიდანაც ცხადზე უცხადესად ჩანს, რომ ყველაფერი მართლაც ასეა, მოდი, ნუღარ დავიხევთ უკან.

– ვფიცავ ზევსს, უკან დახევა ყველაფერზე უარესია.

– მაშ, დაუკვირდი, რამდენი სხვადასხვა სახე აქვს ბიწს; ღმერთმანი, ღირს განხილვად.

– კვალდაკვალ მოგდევ, შენ კი განაგრძე.

– მართლაც, აქედან, როგორც სათვალთვალო კოშკიდან, რომელსაც ჩვენი საუბრისას მოვექეცით წვერზე, მე ვხედავ სიქველის მხოლოდ ერთ სახეს, მაშინ როდესაც ბიწი ურიცხვი სხვადასხვა სახით წარმოგვიჩნდება. ოთხი მათგანი იმად ღირს, რომ მოვიხსენიოთ.

– რას გულისხმობ?

– რამდენიცაა სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სახე, იმდენი სხვადასხვა სახისაა სულიც.

– მაინც რამდენის?

– არსებობს როგორც სახელმწიფო მმართველობის, ისე სულის ხუთი სხვადასხვა სახე.

– დამისახელე.

– მე თუ მკითხავ, სახელმწიფო მმართველობის ერთ-ერთი სახე ისაა, ახლახან რომ მიმოვიხილეთ, მაგრამ მას შეიძლება ორნაირი სახელი ეწოდოს: თუ მმართველთა შორის ყველას აღემატება ერთი, ამას სამეფო ძალაუფლება ჰქვია, ხოლო თუ ძალაუფლებას მრავალი მმართველი ინაწილებს, ეს იქნება არისტოკრატია.

– მართალს ბრძანებ.

– აი, სწორედ ამასა ვსახავ სახელმწიფო მმართველობის ერთ-ერთ სახედ, რადგან მმართველი ერთი იქნება თუ მრავალი, ისინი არ დაარღვევენ სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს კანონებს, თუკი იმნაირად წარმართავენ ქვეშევრდომთა აღზრდას და სწავლას, როგორც ჩვენი მსჯელობისას ჩამოვაყალიბეთ.

– რა თქმა უნდა, არ დაარღვევენ.

     

      შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება პლატონის ამ დიალოგის (სახელწმიფო) მეოთხე წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური.

     

ტეგები: Qwelly, დიალოგი, პლატონი, სახელმწიფო, სოკრატე, ფილოსოფია, ქველი

ნახვა: 342

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp: Sincere extra critical part of Diablo 4's lore

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 5:50am 0 კომენტარი



The Comeback of the Horadric dice in Diablo 4? Examples of Diablo 4 runes. Effect Runes and situation Runes. No longer very last versions.

Snowstorm has determined that the franchise can be returning to its well-known Diablo 4 roots in the approaching call. While heaps of that is innovative and tale-driven exalternate, snowstorm furthermore discovered that runes and runewords from Diablo 4 are being reintroduced. This makes it very possible that Horadric cube should make a…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters