რენე დეკარტი - მსჯელობა მეთოდის შესახებ

ნაწილი II

რენე დეკარტი, დეკარტე, მსჯელობა, მეთოდი, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

      იმხანად გახლდით გერმანიაში, სადაც ჯარში გამიწვიეს; იქ ომი ჯერაც არ დამთავრებულა. როდესაც იმპერატორის კურთხევის ცერემონიალიდან ნაწილში ვბრუნდებოდი, ზამთრის პირი იდგა. გზად შევჩერდი ერთ სადგომში, სადაც თავის შესაქცევად არც თანამოსაუბრე მყავდა და, საბედნიეროდ, არც არავითარი საზრუნავი თუ სადარდელი მაწუხებდა. დილიდან საღამომდე თბილ ოთახში მარტოდ მყოფი, მთელი არსებით ვეძლეოდი ფიქრებს; მათგან უპირველესი გახლდათ შემდეგი: ხშირად რთული, მრავალნაწილიანი საგანი - შესრულებული სხვადასხვა ოსტატის მიერ - არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორც ერთი ადამიანის ნახელავი. მართლაც, ჩვეულებრივ, ერთი ხუროთმოძღვრის ჩანაფიქრით დაწყებული და დასრულებული შენობები ბევრად უფრო ლამაზი და კეთილადაღნაგია, ვიდრე ისინი, რომლებიც გადააკეთეს, ან რომელთა სულ სხვა დანიშნულებით ნაგები ძველი კედლების გამოყენებაც მრავალჯერ სცადეს. პატარა რაბათებიდან აღმოცენებულ ძველ ქალა ქებზეც იგივე ითქმის; ჟამთა სვლაში დიდ ქალაქებად ქცეულნი, ვაკეებზე ერთი ინჟინრის ჩანაფიქრით ნაგებ ციხე-ქალაქებთან შედარებით, ძალზე ცუდი დაგეგმარებით ხასიათდებიან, თუმცა, თავისთავად, მისი თითოეული შენობა ხელოვნების ფასეული ნიმუშია. ნათქვამის მიუხედავად, მისი განლაგების შემყურემ - აქ პატარა შენობაა, იქ დიდი, მათ გამო გამრუდებული და არათანაბარი სიგრძის ქუჩები - შესაძლოა, ეს ყოველივე უმალ შემთხვე ვითობად, და არა ადამიანთა გონივრული ნების გამოვლინებად მიიჩნიოთ. იმ მოხელეებსაც თუ გავითვალისწინებთ, რომელთაც ევალებოდათ მუდმივი ზრუნვა, კერძო პირთა ნაგებობებს ქალაქიც დაემშვენებინათ, ნათელი გახდება, რაოდენ რთულია რაიმე სრულყოფილის შექმნა, როდესაც მხოლოდ სხვის ნახელავზე გიწევს მუშაობა. ამის მსგავსად წარმოვიდგინე, რომ შეუძლებელია ოდესღაც ნახევრადველურ ხალხებს - თანდათან რომ ეზიარნენ ცივილიზაციას და ჩადენილი დანაშაულებებით გამოწვეულმა უბედურებებმა და საჩივრებმა შეაქმნევინეს კანონები - ისეთივე კარგი სამოქალაქო წესები ჰქონდეთ, როგორც იმათ, თანაცხოვრების დასაბამიდანვე რომელიმე ბრძენი კანონმდებლის დადგენილებებს რომ იცავენ. ისიც ცხადია, რომ ჭეშმარიტი რელიგია, რომლის მცნებებიც თავად ღმერთმა დაადგინა, ყველა სხვა რელიგიაზე გაცილებით სწორი უნდა იყოს. ადამიანთა საქმეებზე თუ ვილაპარაკებთ, ჩემი აზრით, სპარტა ოდესღაც ასე ძლიერ ყვაოდა არა იმის გამო, რომ მისი თითოეული, ცალკე აღებული, კანონი კარგი იყო - პირიქით, ზოგი მათგანი ძალზე უცნაური და კარგ ზნე-ჩვეულებათა საპირისპიროც კი გახლდათ - არამედ იმიტომ, რომ ყველა ეს კანონი შედგენილი იყო ერთი ადამიანის მიერ და ერთ მიზანს ემსახურებოდა. აზრად მომივიდა ისიც, რომ წიგნებში მოცემული მეცნიერებები - ყოველ შემთხვევაში ისინი, რომელთა საფუძვლებიც მხოლოდ საალბათოა და არავითარ საბუთებს არ ეყრდნობა, მრავალი სხვადასხვა პიროვნების ნააზრევზე რომ აღმოცენდა და თანდათანობით განვითარდა - სრულიადაც არ გახლავთ უფრო ახლოს ჭეშმარიტებასთან, ვიდრე საღად მოაზროვნე ადამიანის მარტივი მსჯელობები იმ საგანთა შესახებ, რომელთაც იგი პირადად აწყდება ხოლმე. იმასაც ვფიქრობდი, სრულწლოვანობამდე ჩვენ ყველანი ხომ ბავშვები ვიყავით და ხანგრძლივად ვიმყოფებოდით ჩვენი სურვილებისა და მასწავლებელთა განმგებლობაში; ისინი ხშირად ეწინააღმდეგებოდნენ ერთიმეორეს და იქნებ ყოველთვის საუკეთესოს არც ერთნი გვირჩევდნენ და არც მეორენი. ამდენად, თითქმის შეუძლებელია, რომ ჩვენი მსჯელობები ისეთივე ნათელი და საფუძვლიანი იყოს, როგორც იმ შემთხვევაში, დაბადებიდან ჩვენივე გონებისათვის რომ გვეგდო ყური და მხოლოდ მისი მარადი წინამძღვრობით გვევლო ცხოვრებაში.

      ცხადია, სახლების გადაკეთებისა და ქუჩების კეთილმოწყობის მიზნით ქალაქის ყველა სახლს არ ანგრევენ, ასეთი რამ არ ხდება; მაგრამ მრავალი ადამიანი ხშირად ანგრევს საკუთარ სახლს, რათა გადააკეთოს ან ხელახლა ააგოს იგი; ზოგჯერ ამას იძულებით აკეთებენ - თუ საძირკველი არამყარია და სახლს დანგრევის საფრთხე ემუქრება. ამ მაგალითმა დამარწმუნა, რომ, ალბათ, არაგონივრულია ერთმა ადამიანმა განიზრახოს სახელმწიფოს გარდაქმნა, ყველაფრის ძირფესვიანად დამხობა და შეცვლა, რათა შემდეგ კვლავ აღადგინოს იგი. ასევე არაგონივრულია წამოიწყოს მეცნიერებათა მთელი კორპუსის გარდაქმნა, სკოლებში მათი სწავლების დადგენილი წესების შეცვლა. ხოლო რაც შეეხება დღევანდლამდე ჩემ მიერ შემუშავებულ შეხედულებებს, ყველაზე უკეთესი, რაც მე შემეძლო, გახლდათ ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ განვთავისუფლებულიყავი მათგან, რათა შემდგომ ისინი შემეცვალა ან უკეთესებით, ანდა იმავეთი, ოღონდ მას შემდეგ, რაც მათ გონებით დავაზუსტებდი. მტკიცედ ვირწმუნე, რომ ამ საშუალებით ბევრად უკეთ წარვმართავდი საკუთარ ცხოვრებას, ვიდრე იმ შემთხვევაში, მხოლოდ ძველ საფუძვლებს თუ დავეყრდნობოდი და იმ პრინციპებით ვიხელმძღვანელებდი, ახალგაზრდობაში შეუქცევლად რომ მივიჩნიე, მათი ჭეშმარიტების შეუმოწმებლად. მართალია, ამ პროცესში სხვადასხვა სირთულეც კარგად შევნიშნე, მაგრამ ისინი სათვალავშიც არ იყვნენ ჩასაგდები, რადგან თუნდაც მცირე ოდენი საზოგადოებრივი გარდაქმნების თანამდევ სირთულეებს ვერც შეედრებოდნენ. ამ უზარმაზარი ინსტიტუტების დანგრევა ადვილია, აღდგენაა ძალზე ძნელი; ასევე ძნელია საძირკველშერყეული დაცემისაგან გადაარჩინოთ, ხოლო თვით დაცემა, განადგურების ტოლფასია. რაც შეეხება ამ ინსტიტუტთა არასრულყოფილებებს - მათ ასეთი რომ ახასიათებთ, ამისთვის მხოლოდ მათივე მრავალფეროვნება კმარა - ეჭვგარეშეა, ჩვეულებამ დიდად შეარბილა ისინი, ბევრი რამ კიდეც აარიდა მათ, ანდა შეუმჩნევლად გამოასწორა, თანაც ისე ჩინებულად, რომ კეთილგონიერებაც კი ვერ განჭვრეტდა. დაბოლოს, თითქმის ყოველთვის ეს არასრულყოფილებები უფრო იოლი ასატანია, ვიდრე მათი გარდაქმნა; ისევე, როგორც ბევრად უმჯობესია წასვლა შორი გზით, მთათა შორის რომ მიიკლაკნება, მაგრამ ხშირი მგზავრობის წყალობით გაკვალული და საიმედოა, ვიდრე მოკლე გზით, უფსკრულის პირს რომ მისდევს და ცოცვით უნდა გადაილახოს.

      სწორედ ამიტომ, ჩემთვის სრულიად მიუღებელნი არიან ის ბენტერა და ახირებული ადამიანები, რომელთა მოწოდებაც, არც მათი ბუნებითი ღირსებებით და არც ქონებრივი შეძლებით, საზოგადოებრივ საქმეთა განმგებლობა არ გახლავთ, არადა მათ ახალ რეფორმებზე ფიქრი არ ასვენებთ. მე დიდად ვინანებდი ამ თხზულების გამოქვეყნებას, ერთხელაც რომ დამეშვა მასში ჩემი ამგვარი უგუნურების დამადასტურებელი ფაქტების არსებობა. ჩემი განზრახვა გახლდათ მხოლოდ იმის ცდა, გარდამექმნა საკუთარი აზრები და ამეგო ისინი ისეთ ნიადაგზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩემი იქნებოდა; საკუთარი ქმნილება კი იმდენად თუ მომეწონა, რომ აქ მისი ნიმუშის ჩვენება განვიზრახე, ეს როდი ნიშნავს, თითქოს ვინმეს ჩემს მიბაძვას ვურჩევდე. ღვთიური მადლით ჩემზე მეტად მოსილთ, ალბათ, ზრახვებიც უფრო ამაღლებული აქვთ, მაგრამ მაინც ვშიშობ, რომ ბევრმა ჩემი ნააზრევი მეტისმეტად გაბედულად არ ჩამითვალოს. თავად გადაწყვეტილება: განვთავისუფლებულიყავი ოდესღაც სარწმუნოდ მიჩნეული ყველა აზრის ტყვეობისაგან, ის მაგალითი როდი გახლავთ, სხვებმაც მიბაძონ მას. ადამიანთა მოდგმა ორი ტიპის გონის მატარებელია, რომელთაგანაც ჩემი განზრახვა არც ერთს არ შეესაბამება. სახელდობრ: ჯერ ერთი, არსებობენ ისინი, ვისაც საკუთარი თავი უფრო ჭკვიანად მიაჩნიათ, ვიდრე სინამდვილეში არიან, ვერც ნაუცბათევი მსჯელობისაგან იკავებენ თავს, რადგან საკმაო მოთმინება არ ჰყოფნით საკუთარი აზრების თანმიმდევრულად ჩამოსაყალიბებლად; ამიტომ, რაკი ერთხელავე დაეჭვდებიან აღიარებული პრინციპების სისწორეში, განუდგებიან საერთო გზას, ვეღარასოდეს აგნებენ ბილიკს რომ პირდაპირ გზას დაადგნენ და მთელი ცხოვრება გზააბნეულნი დაძრწიან. მეორე, ისინი, ვინც საკმაოდ გონიერნი და თავმდაბალნი არიან, თავს თვლიან ჭეშმარიტების მცდარისაგან გარჩევის უნარს მოკლებულად იმათთან შედარებით, ვისგანაც შეუძლიათ ეს ისწავლონ, უნდა დასჯერდნენ სხვათა აზრებს და არ უნდა ეძიონ საკუთარი და უკეთესი.

      ცხადია, თავად მეც ამ ბოლოს ხსენებულთა შორის ვიქნებოდი, ყოველთვის მხოლოდ ერთი მასწავლებელი რომ მყოლოდა, ანდა, რომ არ მცოდნოდა ის სხვაობები, ყოველთვის რომ არსებობდა დიდად სწავლულ ადამიანთა აზრებს შორის. მაგრამ ჯერ კიდევ სკოლაში მივხვდი, რომ შეუძლებელია მოიაზრო რაიმე ისეთი უცნაური და დაუჯერებელი, რომელიმე ფილოსოფოსს რომ არ უთქვამს; გარდა ამისა, მოგზაურობის დროს დავრწმუნდი, რომ ის ადამიანები, რომელთა შეხედულებებიც ჩვენი შეხედულებების საპირისპიროა, ამის გამო ბარბაროსები და ველურები როდი არიან, პირიქით, მრავალი მათგანი ჩვენსავით ან, შესაძლოა, უფრო გონიერიც კი იყოს. ასევე, გავითვალისწინე, რომ ერთი და იგივე ადამიანი ბავშვობიდან ფრანგებს, ან გერმანელებს შორის აღზრდილი სხვანაირია, ვიდრე ჩინელებს, ან კაციჭამიებს შორის ცხოვრების შედეგად იქნებოდა. ჩვენი სამოსის მოდის თაობაზეც იგივე ითქმის - ნივთი, რომელიც მოგვწონდა ათი წლის წინ და ამდენივე ხნის შემდეგ შესაძლოა კვლავაც მოგვეწონოს, ახლა მიუღებლად და სასაცილოდ გვეჩვენება; ასე რომ, ჩვეულებანი და მაგალითები უფრო მეტად სარწმუნოა, ვიდრე ნებისმიერი უტყუარი ცოდნა; მაგრამ მიუხედავად ამისა, ხმათა უმრავლესობა მაინც ვერ დაამოწმებს რაიმე ღირებულებას გარკვეულ წილად ძნელად აღმოსაჩენი ჭეშმარიტებების სასარგებლოდ. ბევრად უფრო შესაძლებელია ჭეშმარიტებანი აღმოაჩინოს ერთმა ადამიანმა, ვიდრე მთელმა ხალხმა. ყოველივე ამის გამო არ შემეძლო არჩევანი შემეჩერებინა ვინმეზე, ვისი აზრებიც სხვებისაზე უკეთესად უნდა მიმეჩნია; ამდენად, იძულებული შევიქენი თავად მეტვირთა საკუთარი თავის ხელმძღვანელობა.

      გადავწყვიტე, იმ კაცის მსგავსად მარტო რომ იკვლევს გზას წყვდიადში, ნელა და ფრთხილად მევლო, მხოლოდ მცირედით თუ წავიწევდი წინ, დაცემისაგან მაინც შემძლებოდა თავის დაზღვევა. სურვილი არ მქონია სავსებით უარმეყო რომელიმე იმ აზრთაგანი, ოდესღაც ჩემი გონებისაგან დამოუკიდებლად რომ შეძლეს ჩემს რწმენაში შეღწევა, ვიდრე საკმაო დროს არ დავუთმობდი ჩემ მიერ განზრახული სამუშაოს გეგმის შედგენას და ჭეშმარიტი მეთოდის ძიებას ყოველივე იმის შესაცნობად, რისი შეცნობის უნარიც შესწევდა ჩემს გონებას.

      ახალგაზრდამ ფილოსოფიის სფეროდან შევისწავლე ცოტაოდენი რამ - ლოგიკა, მათემატიკური საგნებიდან - გეომეტრიული ანალიზი და ალგებრა; ვფიქრობდი, ამ სამ ხელოვნებას ან მეცნიერებას როგორღაც ხელი უნდა შეეწყო ჩემი მიზნისათვის, მაგრამ მათი შესწავლისას შევნიშნე, რომ ლოგიკის სილოგიზმები თუ სხვა წესების უმეტესობა, ემსახურება, უმალ, სხვებისათვის იმის ახსნას, რაც ჩვენთვის ნაცნობია, ანდა ლულიუსის[1] ხელოვნების მსგავსად, გვასწავლის განსჯის გარეშე ვისაუბროთ იმის შესახებ, რაც არ ვიცით, ნაცვლად იმისა, რომ იგი შევიმეცნოთ. თუმცა ლოგიკის მრავალი წესი ძალზე სარწმუნო და საჭიროა, მაინც იმდენი უსარგებლო და ზედმეტია მათთან შერეული, რომ პირველთა გამიჯვნა მეორეთაგან ისევე შეუძლებელია, როგორც დიანას[2], ან მინერვას[3] ფიგურათა შემჩნევა დაუმუშავებელ მარმარილოს ლოდში. რაც შეეხება ძველი დროის მოაზროვნეთა მათემატიკურ ანალიზსა და თანამედროვეთა ალგებრას, იმის გარდა, რომ ისინი ეხებიან ძალზე განყენებულ და თითქოსდა უსარგებლო საგნებს, პირველი მუდამ იმდენად იფარგლება ფიგურათა განხილვით, რომ არ ძალუძს გონების /ლ ’ ენტენდემენტ/ ვარჯიში ისე, რომ ძლიერ არ დაღალოს წარმოსახვა; მეორე კი იმდენადაა დამოკიდებული სხვადასხვაგვარ წესებსა და ნიშნებზე, რომ ჩვენი გონების დამქანცავ, ბუნდოვან და გაურკვეველ ხელოვნებად ქცეულა და არა გონების განმავითარებელ მეცნიერებად.

      ეს გახლდათ ის მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე მეძია სხვა მეთოდი, რომელიც გააერთიანებდა სამივე მეთოდის უპირატესობებს და თავისუფალი იქნებოდა მათი ნაკლოვანებებისაგან. კანონთა სიმრავლე ხშირ შემთხვევაში იძლევა საბაბს მანკიერებათა გასამართლებლად; ასე რომ, სახელმწიფო ბევრად უკეთ იმართება, როცა კანონთა რიცხვი ცოტაა, მაგრამ მისი დაცვა აუცილებელი. ამიტომ გადავწყვიტე, ლოგიკის ჭარბი წესების სანაცვლოდ სრულიად საკმარისად მიმეჩნია შემდეგი ოთხი წესი, ცხადია, თუ მუდამ მტკიცედ დავიცავდი მათ, ყოველგვარი გადახრის გარეშე.

      პირველი წესი გახლდათ ის, რომ არასოდეს არაფერი ჩამეთვალა ჭეშმარიტად, რასაც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე არ მივიჩნევდი ასეთად, ე. ი. საგულდაგულოდ მოვრიდებოდი აჩქარებას და წინასწარ განწყობას /ლა პრ é ვენტიონ/; დასკვნად მიმეღო მხოლოდ ის, რასაც ჩემი გონება იმდენად ნათლად და გარკვევით განჭვრეტდა, რომ არავითარი საბაბი არ მექნებოდა, იგი ეჭვქვეშ დამეყენებინა. მეორე წესის თანახმად, ყოველი ჩემ მიერ განხილული პრობლემის სირთულე საჭიროებისამებრ უნდა დამეყო ნაწილებად, რათა უკეთ გადამეჭრა ისინი.

      მესამე წესის თანახმად, საკუთარი აზრები უნდა წარმემართა საკვლევი საგნების რიგის მიხედვით: დამეწყო შესაცნობად უმარტივესი და უადვილესით და თანდათანობით, საფეხურობრივად, ავსულიყავი უფრო რთულთა შემეცნებამდე; ასეთი თანმიმდევრობა უნდა დამეშვა იმ საგანთა მიმართაც, რომლებიც, თავიათი ბუნების მიხედვით, ერთიმეორეს არ მიჰყვებიან.

      და ბოლო წესით, ყველაფერი გამოწვლილვით აღმერიცხა და ყოველმხრივ ამომწურავად განმეხილა ისე, რომ დარწმუნებული ვყოფილიყავი - არაფერი გამომრჩა.

      იმ გრძელი, ძალზე მარტივი და ადვილი საბუთების საფუძველზე,ჩვეულებრივ, გეომეტრიის მკვლევარნი რომ სარგებლობენ ხოლმე უფრო რთულ დასაბუთებებამდე მისასვლელად, შევძელი მიმეგნო, რომ ასეთივე თანმიმდევრობა - მარტივიდან რთულამდე - არსებობს ყველა იმ საგანთა შორისაც, რომლებიც შეიძლება იქცნენ ადამიანთა შემეცნების /ლა ცონნაისსანცე/ ობიექტებად. ასე რომ, თუ ნაჩქარევად არ მივიჩნევთ ჭეშმარიტად რაიმეს, რომელიც არ არის ასეთი და ყოველთვის დავიცავთ იმ თანმიმდევრობას, როცა ერთი უნდა გამომდინარეობდეს მეორიდან, მაშინ აღარ იარსებებდა როგორც შორეული და აუხსნელი, ასევე ფარული და აღმოუჩენელი ჭეშმარიტებებიც. ჩემთვის დიდი სირთულე აღარ გახლდათ ის, თუ როგორ უნდა დამეწყო მუშაობა; მე უკვე ვიცოდი, რომ უნდა დამეწყო უმარტივესით და ძალზე იოლად შესაცნობით. ისიც გავითვალისწინე, რომ ჭეშმარიტების მაძიებელ მეცნიერთაგან, მხოლოდ მათემატიკოსებმა შეძლეს ზოგიერთი დასაბუთების ანუ უდავო და ცხადი საფუძვლების აღმოჩენა, მეც უეჭველად ასე უნდა დამეწყო. ერთადერთი სარგებელი, რასაც ამ გზით მუშაობიდან ველოდი, ის გახლდათ, რომ ჩემი გონება ჭეშმარიტებით საზრდოობას შეეჩვეოდა და მცდარი განსჯით ვერ დაკმაყოფილდებოდა. მაგრამ მხოლოდ ამისათვის არ განმიზრახავს ყველა იმ ცალკეული მეცნიერების შესწავლა, ზოგადად, მათემატიკად რომ იწოდება. თუმცა მათემატიკურ მეცნიერებათა კვლევის საგნები სხვადასხვაა, ისინი მაინც ერთმანეთში თანხმობას აღწევენ იმით, რომ იკვლევენ მხოლოდ განსხვავებულ მიმართებებს, ანუ პროპორციებს, რაც თითოეულ საგანში გვხვდება. ამიტომ უმჯობესად მივიჩნიე მხოლოდ ეს მიმართებები მეკვლია ზოგადად და ისინი მეძია არა მარტო იმ საგანთა შორის, რომლებიც ამ მიმართებათა შემეცნებას გამიადვილებდნენ. არ უნდა შემეზღუდა ჩემი კვლევა და აღნიშნული მიმართებები არ უნდა დამეყვანა მხოლოდ დასახელებულ საგნებზე - იქნებ შემდეგში მათი გამოყენება დამჭირვებოდა სხვა, მაგრამ მათი შესაბამისი საგნების მიმართაც. ისიც გავითვალისწინე, რომ ამ მიმართებათა უკეთ შესაცნობად მომიწევდა თითოეული ამ პროპორციის ცალ-ცალკე, ან რამდენიმეს ერთად განხილვა და მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში მათი დამახსოვრება. თითოეული მათგანის უკეთ შესასწავლად, გადავწყვიტე, ეს მიმართებები წარმომედგინა მწკრივებად, რადგან სხვა არაფერი მეგულებოდა უფრო მარტივად და მკაფიოდ წარმოსადგენი ჩემი წარმოსახვისა და გრძნობებისათვის. მათ დასამახსოვრებლად ანდა ერთდროულად რამდენიმეს განსახილველად, საჭირო იყო ისინი შეძლებისდაგვარად მცირე რაოდენობის ნიშნებით გამომეხატა. ასე დავესესხებოდი ყოველივე საუკეთესოს გეომეტრიულ ანალიზსა და ალგებრას და პირველის ყველა ხარვეზს მეორის მეშვეობით გამოვასწორებდი. მართლაც, ვბედავ ვთქვა, რომ ჩემგან არჩეული მცირერიცხოვანი წესების ზუსტად დაცვამ ერთობ იოლად გადამაჭრევინა ამ ორი მეცნიერების ყველა საკითხი. ყველაზე უმარტივესით და უზოგადესით დაწყებამ და ყოველი აღმოჩენილი ჭეშმარიტების გამოყენებამ ახალ ჭეშმარიტებათა მისაგნებად, ორი თუ სამი თვის მუშაობის შემდეგ, არა მხოლოდ დამაძლევინა მრავალი საკითხი, ადრე ურთულესად რომ მიმაჩნდა, არამედ იქამდეც კი მივედი, რომ, ბოლოს და ბოლოს, შემეძლო განმესაზღვრა, თუ რა საშუალებებით და რა ზღვრამდე შევძლებდი ჩემთვის უცნობ საკითხთა გადაჭრას. იმედი მაქვს, არ მოგეჩვენებით ზედმეტად პატივმოყვარედ, თუ გაითვალისწინებთ, რომ თითოეულ საგანთან მიმართებით არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება და ვინც მას მიაგნო, მან ამ საგნის შესახებ იცის ყველაფერი, რისი ცოდნაც კი შესაძლებელია.

      მაგალითად, ბავშვი, რომელიც სწავლობს არითმეტიკას, რიცხვებს თუ სწორად შეკრებს, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ საძიებელ ჯამთან დაკავშირებით აღმოაჩინა ყველაფერი, რისი აღმოჩენაც კი შეუძლია ადამიანის გონებას; მეთოდი, რომელიც გვასწავლის ჭეშმარიტი თანმიმდევრობის დაცვას და საკვლევი ობიექტის შესახებ ყველა გარემოების ზუსტ აღრიცხვას, შეიცავს ყოველივე იმას, რაც განსაზღვრავს არითმეტიკული წესების უეჭველობას.

      მაგრამ ყველაზე მეტ კმაყოფილებას ეს მეთოდი ჩემში იწვევდა იმიტომ, რომ მისი მეშვეობით საკუთარ გონებას ვიყენებდი თუ სრულყოფილად არა, ყოველ შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად საუკეთესოდ მაინც. გარდა ამისა, ამ მეთოდით სარგებლობისას ვგრძნობდი, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ ეჩვეოდა ჩემი გონება საგანთა მოაზრებას უფრო ნათლად და გარკვევით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეთოდი ჯერ კიდევ არ მიმესადაგებინა არც ერთი კონკრეტული საკითხისადმი, მაინც ვიმედოვნებდი, რომ მას ისეთივე წარმატებით გამოვიყენებდი სხვა მეცნიერებათა სირთულეების მიმართაც, როგორც ეს ალგებრაში შევძელი. ისე ნუ გამიგებთ, რომ მყისვე გავბედავდი გადამესინჯა ყველა ის მეცნიერება, რაზედაც კი ხელი მიმიწვდებოდა, რადგან ასეთი რამ თავად იმ რიგობრიობის საპირისპირო იქნებოდა, რასაც თავად ხსენებული მეთოდი ითხოვს. როდესაც გავითვალისწინე, რომ ყველა ეს მეცნიერება პრინციპებს უნდა დასესხებოდა ფილოსოფიას, რომლის უდავო პრინციპებისთვისაც ჯერ არ მიმეგნო, გადავწყვიტე, პირველ რიგში მათი დადგენა მეცადა. რაკი ამქვეყნად ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე გახლავთ, აჩქარება, ანდა წინასწარ შემუშავებული რწმენა /ლა პრ é ვენტიონ/ ყველაზე საშიში იყო. არ უნდა მეჩქარა ამ საქმის დასრულება მოწიფულობის ასაკამდე - იმხანად ხომ მხოლოდ ოცდასამი წლისა გახლდით. დიდი დრო მჭირდებოდა მოსამზადებელი სამუშაოებისათვის, საკუთარი გონებიდან მანამდე შეძენილი ყველა მცდარი აზრის ამოსაძირკვად, განსჯისათვის საჭირო მრავალი ცდის ჩასატარებლად; უნდა მომეთმინა, ვიდრე განუწყვეტელი ვარჯიშით სულ უფრო და უფრო არ დავხვეწდი ჩემს მეთოდს და მეც ამის გამო მყარად არ ვიგრძნობდი თავს.

მესამე ნაწილი »

« პირველი ნაწილი

----------------------------------

შენიშვნები:

[1] ლულიუსი რაიმონდი /1235-1315/ - შუა საუკუნეების ფილოსოფოსი, თეოლოგი, მისტიკოსი. მისი ძირითადი თხზულებაა „საყოველთაო ხელოვნება“. ლულიუსის აზრით, მის მიერ შემუშავებული უნივერსული მეთოდი, წინასწარი შესწავლის გარეშე, გადაჭრიდა ნებისმიერ მეცნიერულ პრობლემას. დეკარტი აბუჩად იგდებს ლულიუსის ხელოვნებას და მას უპირისპირებს თავის რაციონალურ მეთოდს.

[2] დიანა - ნადირობის ქალღმერთი ძველ რომში, იგივეა რაც ბერძენთა ღვთაება არტემიდა

[3] მინერვა - იუპიტერის ასული, მეცნიერების, ხელოვნების და ხელოსნობის ღვთაება ძველ რომში, იგივეა რაც ბერძენთა ღვთაება ათენა.

ტეგები: Qwelly, დეკარტი, მოდერნი, მსჯელობა, ტრაქტატი, ფილოსოფია

ნახვა: 770

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters