არისტოტელე - სულის შესახებ

წიგნი I

არისტოტელე, სულზე, სულის შესახებ, სულის თეორია, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

თავი 1

      ცოდნას ჩვენ ყველაზე უფრო მშვენიერ და პატივსაცემ მოვლენად ვთვლით, რადგან მისი ერთი სახეობა მეორეზე უკეთესია ან სიზუსტით, ანდა იმიტომ, რომ ეხება ყველაზე უკეთესს და საკვირველ საგნებს. ამ ორი გარემოების გამო გონივრული იქნება, თუ გამოკვლევას სულის შესახებ პირველ ადგილზე დავაყენებთ. ვფიქრობ, რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველგვარი ჭეშმარიტების წვდომისათვის, განსაკუთრებით ბუნების მოვლენების შემეცნებისათვის. სული ხომ ცოცხალ არსებათა ერთგვარი საწყისია. ამიტომ შევეცადოთ განვჭვრიტოთ და შევიცნოთ მისი ბუნება და არსი, შემდეგ კი მისი შემთხვევითი თვისებები. ვფიქრობ, რომ ზოგი ამ თვისებათაგან საკუთრივ სულისთვისაა დამახასაიათებელი, ზოგი კი სულის მეშვეობით ცოცხალ არსებებშიც გვხვდება. მაგრამ ამის შესახებ რაიმე გარკვეული ცოდნის მიღება ყველაზე ძნელია. ის, რასაც ჩვენ ვიკვლევთ, არის საერთო მრავალი განსხვავებული მოვლენისათვის. მე ვგულისხმობ მოვლენათა არსისა და რაობის კვლევას. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ უნდა არსებობდეს რაღაც ერთი მეთოდი ყოველივე იმის შესახებ, რის არსის შეცნობაც ჩვენ გვსურს. ასევე უნდა არსებობდეს ერთი მტკიცება შემთხვევითი თვისებების შესახებ. სწორედ ეს მეთოდია საკვლევი. მაგრამ თუ არ არსებობს მოვლენათა არსის კვლვის ერთი მეთოდი, მაშინ კიდევ უფრო გაძნელდებოდა კვლევა, რადგან საჭირო გახდებოდა ყოველი ცალკეული შემთხვევისათვის დამოუკიდებელი მეთოდის მონახვა, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც მიკვლეულია ის, იქნება ეს მტკიცება, დაყოფა, თუ სხვა რამ, მაშინაც იქმნება მრავალი დაბრკოლება და ეჭვი იმის შესახებ, თუ საიდან დავიწყოთ კვლევა, რადგან სხვადასხვა მოვლენებს სხვადასხვა საწყისები აქვთ, მაგალითად, რიცხვებსა და სიბრტყეებს.

      პირველ ყოვლისა, საჭიროა იმის განხილვა, თუ სული მოვლენათა რომელ გვარეობას განეკუთვნება და რას წარმოადგენს ის. მე ვგულისხმობ შემდეგს: რომელ კატეგორიას ეკუთვნის ის? არის ის სუბსტანციის, თვისების, რაოდენობის, თუ სხვა რომელიმე ზემოთქმული კატეგორიის კუთვნილება.

      შემდეგ, ეკუთვნის ის შესაძლებლობას, თუ სინამდვილეს? მათ შორის მცირე განსხვავება როდია. საკვლევია აგრეთვე კითხვა იმის შესახებ, აქვს თუ არა სულს ნაწილები? აგრეთვე ყველა სული ერთნაირია, თუ არა? თუ ერთნაირი არ არიან, რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან: განსხვავდებიან სახით, თუ გვარით? როგორც ჩანს, ისინი, რომლებიც მსჯელობენ და იკვლევენ სულს, მხედველობაში აქვთ მხოლოდ ადამიანის სული. არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან არც კითხვა იმის შესახებ, რომ მას ერთი ცნება აქვს, მაგალითად, ცხოველის ცნება, თუ თითოეულ გვარს აქვს განსხვავებული ცნება, მაგალითად ცხენს, ძაღლს, ადამიანს, ღმერთს? ხოლო ცხოველის ზოგადი ცნება ან საერთოდ არ არსებობს, ან არსებობს ამ კონკრეტული ცნებების შემდეგ. ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც ვინმე მასზე რაიმე ზოგადს ამბობს. მაგრამ თუ სულები კი არაა ბევრი, არამედ მათი ნაწილებია ბევრი, მაშინ რა უნდა ვიკვლიოთ ადრე, მთელი სული, თუ მისი ნაწილები? ძნელია აგრეთვე იმის დადგენა, თუ სულის რომელი ნაწილებია განსხვავებული ერთმანეთისაგან და რა უნდა ვიკვლიოთ ადრე, ნაწილები თუ მათი მოქმედება? მაგალითად, აზროვნება, თუ გონება, შეგრძნება, თუ შეგრძნების უნარი? ასევე სხვა შემთხვევებშიც. თუ ჯერ მოქმედება უნდა ვიკვლიოთ? კვლავ იშვება ასეთი სიძნელე: თავდაპირველად წინააღმდეგობის რომელი მხარე უნდა ვიკვლიოთ, აღსაქმელი საგანი, თუ აღქმის უნარი, გასააზრებელი საგანი, თუ გონება? როგორც ჩანს, არა მხოლოდ არსის კვლევაა საჭირო საგნების შემთხვევითი თვისებების მიზეზების დასადგენად (მაგალითად, მათემატიკაში სწორი და მრუდე ხაზის არსის კვლევა, ანდა ხაზისა და სიბრტყის კვლევა იმისთვის, რომ დავადგინოთ, თუ რამდენ სწორ კუთხეს შეადგენს სამკუთხედის კუთხეების ჯამი), არამედ პირიქითაც, შემთხვევითი თვისებების კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს საგნის არსის გაგებისათვის, რადგან როდესაც წარმოდგენის დახმარებით შეგვეძლება მსჯელობა ყველა ან უმრავლესობა შემთხვევითი თვისებების შესახებ, მაშინ მსჯელობას არსის შესახებ უკეთ შევძლებთ. ყოველი დასაბუთების საწყისი კი არის სუბსტანცია (არსი). ამრიგად, ისინი, რომლებსაც განსაზღვრებები ვერ ეხმარება შემთხვევითი თვისებების გაგებაში და არც წარმოდგენა აქვთ მათზე, ცხადია, რომ ისინი მსჯელობენ დიალექტიკურად და ყოვლად უაზროდ.

      დაბრკოლება იშვება აგრეთვე სულის გრძნობადი ნაწილის განხილვისას: ის საერთოა ყველა იმისათვის, რასაც სული აქვს, თუ არსებობენ სულისათვის სპეციფიკური გრძნობები? ამის დადგენა აუცილებელია, მაგრამ ადვილი არ არის. როგორც ჩანს, სულს უმეტეს შემთხვევაში სხეულის გარეშე არ ძალუძს არც განცდა და არც მოქმედება. მაგალითად, გააზრება, სიმამაცე, ლტოლვა და საერთოდ, არ შეუძლია შეგრძნება. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ სულის სპეციფიკური თვისება უნდა იყოს აზროვნება. მაგრამ თუ ესეც წარმოდგენაა ან არ არსებობს წარმოდგენის გარეშე, მაშინ არც აზროვნება არსებულა სხეულისაგან დამოუკიდებლად. თუ სულს ახასიათებს რაიმე სპეციფიკური მოქმედება ან ვნება, მაშინ ის შეიძლება ყოფილიყო დამოუკიდებელი, მაგრამ თუ მას არა აქვს რაიმე მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვისება, მაშინ სული არ ყოფილა დამოუკიდებელი, არამედ ბევრი რამ შემთხვევითი ექნება. როგორც, მაგალითად, სპილენძის შეხება სწორ ხაზთან რომელიმე ერთ წერტილში. მაგრამ სპილენძი მას ეხება არა როგორც დამოუკიდებელი, არამედ როგორც ყოველთვის რომელიმე სხეულთან დაკავშირებული.

      როგორც ჩანს, ყველა სულიერი განცდა, როგორიცაა სიბრაზე, სიმშვიდე, შიში, სიბრალული, თავხედობა, აგრეთვე სიხარული, სიყვარული და სიძულვილი არის სხეულის განცდები, რადგან მასთან ერთად სხეულიც განიცდის. ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ ძლიერი და თვალსაჩინო ვნებები არ იწვევენ არავითარ გაღიზიანებას, ან შიშს, ზოგჯერ კი სუსტი და მცირედი ვნებებიც კი იწვევენ სულის ამოძრავებას და სხეულის ისეთ აღგზნებას, როგორც მრისხანების დროს. ეს უფრო თვალსაჩინო გახდება შემდეგი მაგალითით: ადამიანი განიცდის შიშს მაშინაც, როცა არავითარი საშიში არ მომხდარა და თუ ეს ასეა, მაშინ ვნებები მატერიასთან დაკავშირებული განცდები ყოფილან. აქედან კი გამომდინარეობს განსაზღვრება, რომ სიბრაზე არის რომელიმე სხეულის ან მისი ნაწილის, ან მისი უნარის რაღაც მოძრაობა, გამოწვეული რაიმე მიზეზით და მიმართული რაიმე მიზნისკენ. ამიტომაც ბუნებისმეტყველების საქმეა საერთოდ სულის ან მხოლოდ ასეთი სულის განხილვა. მაგრამ ბუნებისმეტყველი და დიალექტიკოსი სხვადასხვანაირად განსაზღვრავენ საერთოდ ვნებებს და კერძოდ, სიბრაზის არსს. დიალექტიკოსი განსაზღვრავს მას, როგორც შეურაცხყოფის საპასუხო მოქმედებას ან რაიმე ამდაგვარს. ბუნებისმეტყველი კი მას განსაზღვრავს როგორც სისხლის და სითბოს ჩქროლვას გულის გარშემო. ამათგან პირველი გადმოგვცემს მატერიას, მეორე იდეას და ცნებას, ხოლო საგნის ცნება, თუ ის საერთოდ არსებობს, აუცილებლად არსებობს გარკვეული სახის მატერიაში.

      მაგალითად, სახლის განსაზღვრება იქნება, რომ ის არის დამცველი ქარების, წვიმებისა და სიცხის დამღუპველი ზემოქმედებისაგან. მეორე დაასახელებს ქვებს, აგურებსა და ბოძებს, მესამე კი ფორმას, რომელიც მოცემულია ამ მატერიაში და აქვს გარკვეული მიზანი. რომელია ამათში ბუნებისმეტყველი? ის, რომელიც ასახელებს მატერიას, მაგრამ არ სცნობს ცნებას, თუ ის, რომელიც იყენებს მხოლოდ ცნებას, თუ უფრო მეტად ის, რომელიც იყენებს ორივეს? რას წარმოადგენს თითოეული მათგანი? ნუთუ არავინაა ისეთი, რომელიც იმსჯელებდა გრძნობებზე, როგორც მატერიის განუშორებელ თვისებაზე და არა როგორც განშორებადზე? ასეთია ბუნებისმეტყველი, რომელიც ყოველივე ამას გარკვეული სახის სხეულის და გარკვეული მატერიის მოქმედებად და ვნებად თვლის. სხვა თვისებებს კი სხვა ეხება. მაგალითად, ზოგ თვისებას ეხება ტექნიკოსი, ზოგს კი მშენებელი ან ექიმი. მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენი მსჯელობის დასაწყისს. ჩვენ კი ვამბობდით, რომ სულიერი ცნებები განუშორებელნი არიან ცოცხალი არსების ბუნებრივი მატერიისაგან, ეს თვისებები ისეთია, როგორიცაა შიში, სიბრაზე, და არა როგორც ხაზი და სიბრტყე.

თავი 2

      განვიხილავთ რა სულს, აუცილებელია, გამოვავლინოთ დაბრკოლებები და მოვნახოთ გამოსავალიც. ამისათვის საჭიროა განვიხილოთ ის, რაც იყო ნათქვამი წინამორბედების მიერ ამის შესახებ, რათა მივიღოთ ის, რაც კარგი იყო მათ გამონათქვამებში და უარვყოთ ის, რაც უვარგისი იყო. კვლევა კი უნდა დავიწყოთ იმის დადგენით, თუ რა უნდა იყოს სულისათვის ბუნებრივად ყველაზე მეტად დამახასიათებელი. ვფიქრობ, რომ სულიერი არსებები უსულოთაგან უნდა განსხვავდებოდნენ უმთავრესად ორი თვისებით: მოძრაობითა და შეგრძნებით. ჩვენ ჩვენი წინამორბედებისაგან მივიღეთ ცნობა, დაახლოებით სულის ამ ორი თვისების შესახებ. ზოგი ამბობს, რომ სული უფრო მეტად და პირველ ყოვლისა, არის მოძრავი. ისინი ფიქრობენ, რომ თუ სული უძრავია, მაშინ ის ვერც სხვას აამოძრავებს. ამიტომ ჩათვალეს მათ სული მოძრავად. ამიტომ ამბობდა დემოკრიტე, რომ სული არის რაღაც ცეცხლი და სითბო. ის ამბობდა, რომ ფორმები და ატომები განუსაზღვრელი არიან. ცეცხლი და სული სფეროს მაგვარნი არიან. ისინი როგორც ჰაერში არსებული მტვრის ნაწილაკები, ხილვადნი ხდებიან კარში შემოჭრილი მზის სხივების საშუალებით. ის მათ უწოდებდა მთელი ბუნების საწყის ელემენტებს (ამასვე ამბობდა ლევკიპეც). მათი აზრით, სფეროს მაგვარი სულის ნაწილაკების ნაკადებს ყველაზე მეტად შეუძლიათ ყველაფერში შეიჭრან და ყოველივე აამოძრაონ. ისინი თავითონაც მოძრავნი არიან. ამიტომაც ვარაუდობდნენ, რომ სული ანიჭებს ცოცხალ არსებებს მოძრაობის თვისებას. ისინი სიცოცხლის განმსაზღვრელად სუნთქვას თვლიდნენ. გარემომცველი სხეულები, აწვებიან რა სხეულს, გამოაძევებენ მისგან ატომებს, რომლებსაც ანიჭებენ მოძრაობის უნარს და თვითონაც განუწყვეტლივ მოძრაობენ. ამით დახმარებას უწევენ ცხოველს იმით, რომ სუნთქვასთან ერთად მასში სხვა ატომები შევიდნენ, რომლებიც ხელს ულიან ცხოველში არსებული ნაწილაკების გამოყოფას. ამით ისინი გარეგან წნევას და გამკვრივებას ეწინააღმდეგებიან. ამიტომ ცხოველი არსებობს მანამ, სანამ ეს მოქმედება შეუძლია.

      როგორც ჩანს, პითაგორელების მოძღვრებას იგივე აზრი აქვს. ზოგი მათგანი ამბობდა, რომ ჰაერში არსებული ნაწილაკები წარმოადგენენ სულს. მეორენი ამბობდნენ, რომ მათ სული ამოძრავებთ. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ეს ნაწილაკები განუწყვეტლივ მოძრაობენ, სრულიად უქარო ამინდშიაც კი. ამ დასკვნამდე მივიდნენ ისინი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სული თვითმოძრავიაო. ისინი იზიარებდნენ თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ სული პირველ ყოვლისა, არის მოძრაობის თვისების მქონე. ყოველივე სხვა კი მოძრაობს სულის მეშვეობით. სული კი თვითმოძრავიაო. ამიტომ ისინი არ უშვებდნენ არაფერს ისეთს, რომ თვით უძრავი იყოს, ყოველივე სხვას კი ამოძრავებდეს.

      ამასვე ამბობდა ანაქსაგორა, რომ სული არის მამოძრავებელი. რომელიღაც სხვა კი ამტკიცებდა, რომ ყოველივეს მამოძრავებელი არის გონება. მაგრამ ანაქსაგორა ისე არ მსჯელობდა, როგორც დემოკრიტე, რომელიც საერთოდ, სულსა და გონებას აიგივებდა, რადგან ჭეშმარიტად მიაჩნდა ის, რაც გვევლინება. ამიტომ სწორი იყო ჰომეროსი, რომელიც ამბობდა, რომ „ ჰექტორი, წევს სრულიად სხვანაირად მოაზროვნე “ . დემოკრიტე გონებას არ თვლიდა ჭეშმარიტების წვდომის უნარად. ის ამტკიცებდა, რომ სული და გონება ერთი და იგივეაო. ანაქსაგორა კი ამის შესახებ ნაკლებ გარკვევით მჯელობს. ის ხშირად მშვენიერებისა და სისწორის მიზეზად გონებას ასახელებს. ზოგჯერ კი ამის მიზეზად თვლის სულს. ყველა ცოცხალ არსებას, დიდსაც და პატარასაც, ღირსსაც და უღირსსაც მოსდგამს სული. მაგრამ სული, როგორც განსჯის უნარი, ყველა ცოცხალ არსებას, მათ შორის ადამიანსაც, ერთნაირად არ მოსდგამთ.

      ისინი, რომლებიც ცოცხალ არსებას მოძრაობას მიაწერდნენ, ყველაზე მეტად მოძრავად სულს თვლიდნენ. ისინი კი, რომლებიც ყურადღებას ამახვილებდნენ შეცნობად და შეგრძნებად თვისებებზე, საწყისად სულს სახავდნენ, ზოგი ასახელებდა ბევრ საწყისს, ზოგი კი ერთს. მაგალითად, ემპედოკლე ამბობდა, რომ სული, რომელიც შედგება ყველა ელემენტისაგან, თითოეული ამ ელემენტთაგან კი არის სულიო. ის ასე მსჯელობდა:

      ეთერს ვჭვრეტთ ღვთაებრივი ეთერით,

      მიწას მიწით, წყალს წყლით,

      სიყვარულით სიყვარულს,

      ხოლო შურით დამღუპველ შურს.

      ასევე პლატონი „ ტიმაიოსში “ სულს ელემენტებისაგან შედგენილად თვლიდა. იგი ამტკიცებდა, რომ მსგავსი მსგავსით შეიცნობაო, ხოლო საგნები საწყისებიდან არიან წარმოშობილიო. ასევე „ საუბრებში ფილოსოფიის შესახებ “ განსაზღვრავდა ცოცხალ არსებას, როგორც შემდგარს ერთის იდეისაგან, პირველადი სიგრძის, სიბრტყის და სიღრმისაგან. ასევე მსჯელობდა ყოველივე დანარჩენის შესახებ. სხვაგან ის ამბობდა, რომ გონება არის ერთი, ცოდნა ორი (იგი მიისწრაფის ერთი მიმართულებით). შეხედულებას ის თვლიდა სიბრტყის რიცხვად, შეგრძნებას - მკვრივი სხეულის რიცხვად. არსებობდა მოსაზრება, რომ რიცხვები არიან იდეები და საწყისები და რომ ისინი შედგებიან საწყისი ელემენტებისაგან. ამტკიცებდნენ აგრეთვე, რომ ზოგი საგანი შეიცნობა გონებით, ზოგი ცოდნით ან შეხედულებით, ზოგი კი შეგრძნებით.

      რიცხვები არიან საგნების ფორმები, რადგან ზოგი სულს თვლიდა მოძრავად, ზოგი შემმეცნებლად, ზოგი კი ამ ორივე თვისების მატარებლად და თავის თავის მამოძრავებელ რიცხვად. საწყისების არსისა და რაოდენობის საკითხში უფრო მეტი განსხვავება იყო იმათ შეხედულებებში, რომლებიც საწყისად სხეულებრივს თვლიდნენ, იმათთან შედარებით, რომლებიც საწყისად უსხეულოს მიიჩნევდნენ, ანდა იმათთან შედარებით, რომლებიც ერთმანეთში ურევდნენ ორივეს და მათი შეერთებით იღებდნენ საწყისს. მოაზროვნენი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან აგრეთვე საწყისების რაოდენობის საკითხებში. ზოგი იღებდა ერთ, ზოგი კი მრავალ საწყისს. ამის მიხედვით ისინი მსჯელობდნენ სულის შესახებაც. ულოგიკო არ იყო იმათი მსჯელობა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ პირველი საწყისის ბუნებას შეადგენს მოძრაობის თვისება. აქედან გამომდინარეს, ზოგს ეგონა, რომ სული არის ცეცხლი, რომელიც შედგება ყველაზე უფრო წვრილი და უსხეულო საწყისებისაგან, რომელიც თვითონაც მოძრაობს და სხვასაც ანიჭებს მოძრაობის თვისებას.

      დემოკრიტე უფრო გარკვევით მსჯელობდა იმის შესახებ, თუ რატომ აქვს სულს ეს ორი თვისება. იგი ამბობდა, რომ სული არის იგივე გონება, რომელიც წარმოადგენს პირველ და დაუნაწევრებელ სხეულს. ის მოძრავია შემადგენელი ნაწილების სიპატარავისა და ფორმების გამო. ხოლო ფორმებიდან ყველაზე მოძრავად მრგვალს თვლიდა. ასეთი კი არის გონება და ცეცხლი.

      ანაქსაგორა კი, როგორც ჩანს, გონებასა და სულს ერთმანეთისაგან ასხვავებდა. რაც ჩვენ ადრეც ვთქვით, თუმცა იგი ორივეს იყენებდა როგორც ერთი და იგივე ბუნების მქონეთ. მაგრამ ყველაზე უფრო მეტად ის საწყისად გონებას თვლდა. ის ამბობდა, რომ არსებულ მოვლენათა შორის გონება არის მარტივი, აღურეველი და სუფთა. იგი ორივე ამ თვისებას, შემეცნებისა და მოძრაობის თვისებას, მიაწერდა ერთ საწყისს, ამბობდა რა, რომ გონება ყველაფერს ამოძრავებსო.

      დიოგენე ისევე, როგორც ზოგიერთი სხვა მოაზროვნე, ფიქრობდა, რომ ჰაერი შეიცავს ყველაზე უფრო წვრილ ნაწილაკებს და ამიტომ საწყისიც ის არისო. ის შეიცნობს და ამოძრავებს სულს, რომელიც პირველია და რომლისგანაც არის ყოველივე სხვა, რასაც ის შეიცნობს. და რადგან ის არის უნატიფესი, ამიტომ ამოძრავებს ყოველივეს.

      ჰერაკლიტეც საწყისად სულს ასახელებდა. თუმცა ის მას თვლიდა ანაორთქლად, რომლისგანაც შედგება ყოველივე სხვა. ის მას მიაჩნდა სრულიად უსხეულოდ და განუწყვეტლივ მოძრავად. ხოლო მოძრავი შეიცნობა მოძრაობითო.

      როგორც ჩანს, ალკმეონი, დაახლოებით, ასევე მსჯელობდა სულის შესახებ. იგი სულს უკვდავად თვლიდა, რადგან ის უკვდავთ ჰგავსო. ეს მას იმიტომ ახასიათებს, რომ განუწყვეტლივ მოძრაობაში იმყოფებაო. ასევე ღმერთიც განუწყვეტლივ ამოძრავებს ყოველივეს: მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს და მთელ ცას.

      ზოგიერთი პრიმიტიული მოაზროვნე, მაგალითად, ჰიპონი, სულს წყლად მიიჩნევდა. როგორც ჩანს, ესენი ამოდიოდნენ იქიდან, რომ ყოველივეს თესლი შეიცავს სითხეს. იგი ეწინააღმდეგებოდა იმათ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სული არის სისხლი. რადგან თესლი არაა სისხლი და სწორედ თესლია პირველი სული.

      სხვები კი სულს სისხლად მიიჩნევდნენ, მაგალითად, კრიტიასი, რომლის აზრით, შეგრძნება ყველაზე მეტად არის დამახასიათებელი სულისათვის, რაც სისხლის გავლენით ხდება. ამრიგად, ყველა ელემენტს ჰყავდა თავისი მომხრე, გარდა მიწისა. მას არავინ არ ასახელებდა საწყისად, იმათ გარდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ის შედგება ყველა ელემენტისაგან, ანდა არის ელემენტების მთლიანობა.

      ამრიგად, ყველა განსაზღვრავდა სულს სამი თვისებით: შეგრძნებით, მოძრაობით და უსხეულობით. და თითოეული ამ თვისებათაგანი დაჰყავდათ საწყისებზე. ამიტომ ისინიც კი, რომლებიც მას განსაზღვრავდნენ, როგორც შემმეცნებელს, მიიჩნევდნენ მას ან ელემენტად, ან ელემენტებისაგან შედგენილად. ისინი ერთმანეთს თითქმის ყველაფერში ეთანხმებიან, გარდა ერთი დებულებისა, რომ მსგავსი მსგავსით შეიცნობა.

      რადგან სული ყველაფერს შეიცნობს, ამიტომ ფიქრობდნენ ისინი, რომ სული ყველა ელემენტისაგან შედგებაო. ხოლო ისინი, რომლებიც ასახელებდნენ ერთ რომელიმე მიზეზს და ერთ ელემენტს, სულსაც ერთად თვლიდნენ, ცეცხლად ან ჰაერად. ისინი კი, რომლებიც მრავალ საწყისს უშვებდნენ, სულს სიმრავლედ აცხადებდნენ. მხოლოდ ანაქსაგორა ამბობდა, რომ გონება უგრძნობიაო, ან სხვა მოვლენებთან არაფერი არა აქვს საერთოო. მაგრამ სული, როგორც ასეთი, როგორ აწარმოებს შემეცნებას ან რომელი მიზეზის გავლენით, ამაზე არც თვითონ არ ამბობდა არაფერს და არც მისი ნათქვამიდან იყო ეს ცხადი. ისინი, კი რომლებიც საწყისებად წინააღმდეგობას უშვებდნენ, სულსაც წინააღმდეგობრივად თვლიდნენ, მათ შორის ისინი, რომლებიც უშვებდნენ წინააღმდეგობის ერთ სახეობას, მაგალითად, თბლისა და ცივს, ან სხვა რაიმე ამდაგვარს, სულსაც წინააღმდეგობის ერთ-ერთ სახეობად განიხილავდნენ. ამის შესაბამისად აწარმოებდნენ ისინი მის სახელწოდებასაც. ისინი, რომლებიც სულს თბილად თვლიდნენ, სულს „ სიცოცხლეს “ უწოდებდნენ, ხოლო რომლებიც მას ცივად თვლიდნენ, სიტყვა „ სულს “ აწარმოებდნენ ჩასუნთქვისა და გაციებისაგან.

      აი, ყველაფერი ის, რაც ჩვენ მივიღეთ წინამორბედებისაგან სულისა და აგრეთვე იმ მიზეზების შესახებ, თუ რატომ მსჯელობდნენ ისინი ასე.

თავი 3

      პირველ ყოვლისა, განვიხილოთ მოძრაობა. შესაძლებელია არა მხოლოდ შეცდომაა იმათი მსჯელობა, რომლებიც სულის არსს ხედავენ თავის თავის მოძრაობაში, ან სხვის ამოძრავების უნარში, არამედ საერთოდ, შეუძლებელია, რომ სულს საერთოდ ახასიათებდეს მოძრაობა. ზემოთ უკვე ითქვა იმის შესახებ, რომ აუცილებელი არაა, რომ რაც სხვას ამოძრავებს, ამოძრავებდეს თავის თავსაც. ყოველივე კი ორნაირად მოძრაობს: ან სხვისაგან, ან თავის თავად. სხვისაგან ამოძრავებულია ის, რომელიც მამოძრავებელში იმყოფება, მაგალითად, მეზღვაურები, ისინი ხომ ისე არ მოძრაობენ, როგორც გემი. გემი თვითონ მოძრაობს, მეზღვაურები კი მოძრაობენ იმიტომ, რომ იმყოფებიან მოძრავ გემზე. ეს ცხადი გახდება, თუ განვიხილავთ სხეულის ნაწილების მაგალითზე. ფეხებისათვის, როგორც მთელი ადამიანისათვის, დამახასიათებელია სიარული. მაგრამ, მეზღვაურებს ეს მოძრაობა არ ახასიათებთ.

      ახლა განვიცილოთ სული. ამბობენ, რომ ის თავისთავად მოძრაობს, მაგრამ საერთოდ, მოძრაობს ის თუ არა? მოძრაობა ოთხგვარია: გადაადგილება, ცვალებადობა, მოსპობა, ზრდა. სულს უნდა ჰქონდეს ამ მოძრაობათაგან ან რომელიმე ერთი, ან მათი უმრავლესობა, ანდა ყველა. თუ მისთვის არაა შემთხვევითი თვისება, მაშინ ის მას ბუნებრივად ახასიათებს. და თუ ეს ასეა, მაშინ მისთვის დამახასიათებელი იქნება ადგილმდებარეობაც, რადგან ყველა ზემოდასახელებული მოძრაობა ადგილზე მიმდინარეობს. მაგრამ თუ სულის არსს შეადგენს მოძრაობა თავის თავად, მაშინ მას მოძრაობა შემთხვევით არ ახასიათებს, როგორც საგანს თეთრი ფერი ან სამი წყრთის სიგრძე. ესენიც მოძრაობენ, მაგრამ შემთხვევით, რადგან ისინი ეკუთვნიან იმას, რაც მოძრაობს, ე.ი. სხეულს. მაშასადამე, მათ არც ადგილმდებარეობა უნდა ჰქონდეთ. სულს კი უნდა ჰქონდეს ადგილმდებაეობა, თუ ის ბუნებრივად მოძრაობს. მაგრამ თუ ის ბუნებრივად მოძრაობს, მაშინ მას უნდა შეეძლოს იძულებით მოძრაობაც. და თუ მას იძულებით მოძრაობაც შეუძლია, მაშ ბუნებრივი მოძრაობაც უნდა შეეძლოს. იგივე ითქმის უძრაობის შესახებ. იქ, სადაც სული ბუნებრივად მოძრაობს, იქ ის ბუნებრივად უმოძრაოდაც იქნება. ასევე, სადაც ის იძულებით მოძრაობს, იქვე იქნება ის იძულებით უმოძრაოდ. მაგრამ რა აიძულებს სულს იმოძრაოს ან უძრავად იყოს? ამის გაგება ადვილი არაა, იმათთვისაც კი, ვისაც ფანტაზიორობა სურს. თუ მოძრაობა ხდება ზემოთკენ, ის ცეცხლი იქნება, თუ ქვემოთ - მიწა. რადგან ასეთია ამ ელემენტების მოძრაობა. იგივე უნდა ითქვას მათ შუა მდებარე მოვლენებზე. თუ სული ამოძრავებს სხეულს, ამიტომ გონივრული იქნება, თუ ვიტყვით, რომ სული სხეულს ისე ამოძრავებს, როგორც თვითონ მოძრაობს. და თუ ეს ასეა, მაშინ ჭეშმარიტი იქნება საწინააღმდეგო ნათქვამიც, რომ როგორც სხეული მოძრაობს ისევე მოძრაობს სულიც. სხეული კი მოძრაობს გადაადგილებით, მაშ სულიც უნდა ადგილმონაცვლეობდეს ან მთლიანად, ან თავისი ნაწილებით. და თუ ეს შესაძლებელია, მაშინ შესაძლებელი უნდა იყოს, რომ სხეულიდან გამოძევებული სული კვლავ მას დაუბრუნდეს. აქედან კი გამომდინარეობს, რომ გარდაცვლილი ცხოველები შეიძლება ისევ გაცოცხლდნენ. შემთხვევითი მოძრაობა კი სხეულს მაშინ ექნება, თუ სხვისგან აქვს მიღებული, რადგან ცოცხალ არსს იძულება უბიძგებს. მაგრამ ის, რაც თვითონ მოძრაობს თავისი არსებთ, ის არ იქნება სხვისგან ამოძრავებული, მაგრამ თუ ის სხვისგანაა ამოძრავებული, ეს იქნება შემთხვევითი მოძრაობა. როგორც, მაგალითად, სიკეთე თავის თავად, ან სიკეთე თავისით არ შეიძლება სხვისი ზემოქმედებით ან სხვისთვის იყოს ასეთი. ხოლო სული თუ მოძრაობს, როგორც ჩანს, უმთავრესად მოძრაობს შეგრძნებადი მოვლენების ზემოქმედებით. მაგრამ თუ სული თავის თავს ამოძრავებს და ამიტომ მოძრაობს და თუ ყოველი მოძრაობა არის მოძრავი საგნის გადაადგილება, რამდენადაც ის მოძრაობს, მაშინ სულიც გადაადგილდებოდა თავისი არსით, თუ ის თვისთავს შემთხვევით კი არ ამოძრავებს, არამედ მოძრაობა არის მისი არსებითი დამახასიათებელი თვისება.

      ზოგი კი ამბობს, რომ სული ამოძრავებს იმ სხეულს, რომელშიც ის იმყოფება და ამოძრავებს ისე, როგორც თვითონ მოძრაობს. ასე ფიქრობდა დემოკრიტე, რომელიც დაახლოებით ისე მსჯელობდა, როგორც კომედიოგრაფი ფილიპე. ფილიპე კი ამბობდა, რომ დედალმა აამოძრავა აფროდიტეს ხის ქანდაკება, ჩაასხა რა მასში ვერცხლის წყალი. ასევე ამბობდა დემოკრიტე, რომ განუყოფელი მრგვალი ნაწილაკები, რომლებიც არასოდეს არ ჩერდებიან, თან გაიყოლებენ და აამოძრავებენ მთელ სხეულს. ჩვენ კი ვკითხულობთ: შეუძლია თუ არა მას გამოიწვიოს აგრეთვე უძრაობა? მაგრამ იმის გარკევა, თუ როგორ ხდება ეს, ძალიან ძნელია ან შეუძლებელია. საერთოდ კი, როგორც ჩანს, სულს არ უნდა შეეძლოს ცოცხალი არსების ასე ამოძრავება, არამედ, რაიმე წინასწარი გადაწყვეტილებისა და მოსაზრების საფუძველზე.

      ასევე ტიმაიოსი ბუნებისმეტყველების საფუძველზე ამტკიცებდა, რომ სული სხეულს ამოძრავებს. იგი ამოძრავებს თავის თავსაც და სხეულსაც, რადგან მასთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. ის ამბობდა, რომ სული შედგება ელემენტებისაგან და დაყოფილია ჰარმონიულ რიცხვებად. რადგან მას აქვს ჰარმონიის შეგრძნების თანდაყოლილი თვისება და ყოველივეს მიაქანებს ჰარმონიული მოძრაობით. მანვე აქცია სწორხაზოვანი მოძრაობა წრიულად და ერთიდან ორი წრე მიიღო, რომელინც ერთმანეთს ორ წერტილში ხვდებიან. შემდეგ თითოეული წრე შვიდად გაყო, თითქოს ცის მოძრაობა სულის მოძრაობა ყოფილიყოს.

      პირველ ყოვლისა, არაა სწორი თვალსაზრისი, რომ სული სიდიდეა. სავსებით ცხადია, რომ ტიმაიოსს სურს, რომ სული ე.წ. გონებად გამოაცხადოს, მაგრამ არა შეგრძნებისა და ვნების თვისების მქონედ, რადგან ამათ წრიული მოძრაობა არ ახასიათებთ. გონება კი ერთიანი და უწყვეტია, როგორც აზროვნება. აზროვნება კი აზრობრივ მოვლენებს ეხება, რომელნიც ისევე ერთიანი არიან თანმიმდევრულად, როგორც რიცხვები, მაგრამ, არა როგორც სიდიდეები. მაშასადამე, არც გონებაა ასეთი უწყვეტი სიდიდე. ამიტომ ის ან უნაწილოა, ანდა რაღაც უწყვეტია, მაგრამ არა როგორც სიდიდე, რადგან როგორ იაზროვნებდა გონება, ვრცეული სიდიდე რომ ყოფილიყო? ანდა როგორი ნაწილებისაგან შედგება იგი, ვრცეულისაგან, თუ წერტილებისაგან, თუ ამათაც ნაწილები შეიძლება ვუწოდოთ. თუ გონება შედგება წერტილებისაგან, მათი რიცხვი კი უსასრულოდ ბევრია, მაშინ ცხადია, რომ გონება ვერასოდეს ვერ მიაღწევდა მათ ბოლოს. მაგრამ თუ გონება შედგება სიდიდეებისაგან, მაშინ ის ხშირად, ან უსასრულოდ ხშირად გაიზიარებდა ერთსა და იმავეს. მაგრამ, როგორც ჩანს ეს შესაძლებელია ერთხელ. თუ საკმარისია შეეხოს ის საგნის რომელიმე ერთ ნაწილს, მაშინ რაღაც სჭირდება მას ან წრიული მოძრაობა, ან საერთოდ სიდიდე? მაგრამ თუ საგნის მოაზრებისათვის საჭიროა შეეხოს მას მთელი წრით, მაშინ რაღა აზრი აქვს ნაწილებით შეხებას? ანდა როგორ მოიაზრებს ნაწილების მქონე სული უნაწილოს, ანდა უნაწილო ნაწილების მქონეს?

      შემდეგ, აუცილებელია, რომ გონება იყოს წრე, რადგან აზროვნება მოძრაობაში მდგომარეობს. წრის თვისება კი მოძრაობაა. და თუ აზროვნება არის წრეში ტრიალი და გონება არის წრე, რომლის ტრიალი არის აზროვნება, მაშინ ის განუწყვეტლივ რაიმეს უნდა ემსახურება. თეორიული აზროვნებაც შემოსაზღვრულია გარკვეული აზრობრივი საფუძვლებით. ყოველი აზრი კი არის ან განსაზღვრება ან დასაბუთება, რომელსაც აქვს საწყისი და დასასრული, რაც ან სილოგიზმია, ან დასკვნა და თუ ის დასკვნას ვერ აღწევს, საწყისს მაინც აღარ უბრუნდება, არამედ იშველიებს ან შუა ან კიდურ წევრებს დაპირდაპირ წინ მიექანება. წრიული მოძრაობა კი ისევ დასაწყისს უბრუნდება, ყველა განსაზღვრება კი დასრულებულია. ამას გარდა, თუ ერთი და იგივე წრიული მოძრაობა ხშირად მეორდება, მაშინ სული ერთსა და იმავეს უნდა აზროვნებდეს. აზროვნება კი უფრო უძრავ მდგომარეობაშია და შეჩერებას უფრო წააგავს, ვიდრე მოძრაობას. ასეთივეა სილოგიზმიც. ის, რაც ადვილი არაა, მიღებულია ძალდატანებით და არც სიამოვნებას გვანიჭებს. თუ მოძრაობა სულის არსებას შეადგენს, მაშინ ის ბუნების საწინააღმდეგოდ მოძრაობს, რადგან ძნელია სულისათვის სხეულთან კავშირში ყოფნა ისე, რომ არ შეეძლოს მისგან თავის დაღწევა და გაქცევა მისგან, თუ გონებისათვის უკეთესია, რომ საერთოდ არ ყოფილიყო სხეულთან დაკავშირებული, როგორც ამბობენ და რასაც ბევრი ეთანხმება.

      გარკვეული არაა აგრეთვე ცის წრიული მოძრაობის მიზეზი, რადგან სულის არსი არაა წრიული მოძრაობის მიზეზი და რახან სული შემთხვევით მოძრაობს ასე. არც სხეულია ამის მიზეზი, რადგან სხეულს სული ამოძრავებს. ის არც იმას ამბობს, რომ წრიული მოძრაობა საუკეთესოა, ამიტომ ის იყენებს ღმერთს, რომელიც სულს წრიულად ამოძრავებს. რადგან მისთვის უმჯობესია მოძრაობა, ვიდრე უძრაობაში ყოფნა და რომ მისთვის წრიული მოძრაობა უმჯობესია, ვიდრე სხვაგვარი.

      რადგან ამის კვლევა განეკუთვნება სხვა სფეროს, ამიტომ ჩვენ მას ახლა თავს დავანებებთ. ასეთი უაზრობანი გამომდინარეობს, როგორც ამ, ისე სხვა მრავალი გამოკვლევებიდან სულის შესახებ. რადგან ისინი სულს სხეულს უკავშირებენ და მასში ათავსებენ. იმას კი აღარ ამბობენ, თუ რაა ამის მიზეზი და არც იმას, თუ სხეული როგორ მდგომარეობაშია. ჩვენი აზრით კი, აუცილებელი იყო ამის გარკვევა. ამ კავშირის გამოა, რომ ერთი მოქმედებს, მეორე განიცდის, ერთი ამოძრავებს, მეორე მოძრაობს. მაგრამ ასეთი ურთიერთობა არ შეიძლება იყოს ნებისმიერ საგნებში. ისინი მხოლოდ იმის დადგენას ცდილობენ, თუ როგორია სული ხოლო მისი მიმღები სხეულის შესახებ არაფერს არ განსაზღვრავენ, როგორც პითაგორელების მითების მიხედვით, შესაძლებელია ნებისმიერი სულის შესვლა ნებისმიერ სხეულში. მაგრამ როგორც ჩანს, ყოველ სხეულს აქვს თავისი სახე და ფორმა. ისინი კი ამტკიცებენ, თითქოს ვიღაცას ეთქვას, რომ არქიტექტურას შეუძლია სალამურში შეჭრა, რადგან ხელოვნებას ისევე სჭირდება იარაღები, როგორც სულს სხეული.

თავი 4

      ჩვენამდე მოაღწია აგრეთვე სხვა შეხედულებამ სულის შესახებ, რომელიც უმრავლესობას არანაკლებ სარწმუნოდ მიაჩნია, ვიდრე ზემოაღნიშნული შეხედულებები და ამ შეხედულებამ ყველასთვის ცნობილ საუბრებში თითქოს ანგარიშიც კი ჩააბარა. ამ თეორიის მიმდევრები სულს რაღაც ჰარმონიად თვლიდნენ. ჰარმონია კი არის დაპირისპირებული მოვლენების შეერთება და ნარევი. სხეულიც დაპირისპირებული მხარეებისაგან არის შედგენილი. ჰარმონია კი შემადგენელი ნაწილების ერთგვარი კავშირი და ნაერთია. სული არ შეიძლება რაიმე ამდაგვარი იყოს. ამას გარდა, ჰარმონიას მოძრაობა არ ახასიათებს, სულს კი ყველანი უმთავრესად ამ თვისებას აკუთვნებდნენ. ჰარმონია კი უფრო ჯანმრთელობას და სხეულებრივ სათნოებებს შეფერის, ვიდრე სულს. ეს უფრო ნათელი გახდება, თუ ვინმე შეეცდება, რომ სულის ვნებები და მოქმედებები ჰარმონიად მიიჩნიოს. რადგან ძნელია მათი ერთმანეთთან დაკავშირება. შემდეგ, ვლაპარაკობთ რა ჰარმონიაზე, მისი განხილვა შეიძლება ორი თვალსაზრისით: პირველი, ის ან სიიდეებისაგან შედგება, რომლებსაც აქვთ მოძრაობის თვისება და ადგილმდებარეობა. მათი კავშირი კი ისეთია, რომ მათ რაიმე სხვა ამდაგვარის მიღება არ შეუძლიათ. მეორე თვალსაზრისით კი, ის არის შემადგენელი ნაწილების კავშირი. მაგრამ არც ერთი ამ თვალსაზრისთაგანი არ არის გონივრული. განსაკუთრებით უარსაყოფია თვალსაზრისი სულზე, როგორც სხეულებრვი ნაწილებისაგან შემდგარზე. მაგრამ არსებობს ნაწილთა მრავალი კავშირი. როგორ და რა ნაწილებისაგან არის შედგენილი გონება, შეგრძნებადი თუ ვნებითი ნაწილებისაგან? ასევე უაზროა თვალსაზრისი, რომ სული არის ნარევი, რადგან ამ ნარევში ელემენტებს არა აქვთ ისეთივე კავშირი, რაც სხეულში ან ძვლებში. აქედან კი გამომდინარეობს, რომ კაცს ბევრი სული უნდა ჰქონდეს, რომელიც გაბნეული იქნება მთელ სხეულში, თუ სხეულის ყოველი ნაწილი შეგება ელემენტების ნარევისაგან. ელემენტების კავშირი კი არის სული და ჰარმონია.

      ვინმეს შეიძლება მოეთხოვა ემპედოკლესაგან, რომელიც ამბობდა, რომ სხეულის ყოველი ნაწილი არის რაღაც ნაერთი, პასუხი კითხვაზე: სული ნაერთია, თუ რაღაც სხვა რამე ნაწილებში არსებული? შემდეგ, მეგობრობაა ნებისმიერი ნაერთის მიზეზი, თუ რომელიმე გარკვეული ნაერთისა? შემდეგ, მეგობრობა არის თვით ეს ნაერთი, თუ მისგან განსხვავებულია? ემპედოკლეს თეორიას თან ახლავს ასეთი დაბრკოლებები. მაგრამ თუ სული სხვა რამაა, ვიდრე ნარევი, მაშინ რატომ ისპობა ის, სხეულთან და ცხოველის სხვა ნაწილებთან ერთად? გარდა ამისა, თუ ყოველ ნაწილს სული არ გააჩნია და თუ სული არაა ამ ნაწილების დამაკავშირებელი, მაშინ რა იღუპება სულის განშორებისას?

      ზემოთქმულიდან ცხადია, რომ სული არაა არც ჰარმონია და არც წრეში ტრიალებს. როგორც უკვე ვთქვით, ის შემთხვევით მოძრაობს, ამოძრავებს თავის თავს და რაშიც იმყოფება, იმასაც ამოძრავებს. სხვაგვარად სულის მოძრაობა ადგილზე შეუძლებელია. უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, ვინმე რომ დაეჭვებულიყო სულის მოძრაობაში, თუ გაითვალისწინებდა ყველაფერ იმას, რაც ჩვენ უკვე ვთქვით. ჩვენ კი ვთქვით, რომ სული იტანჯება, უხარია, გაბედულია, ეშინია, მრისხანებს, შეიგრძნობს და განსჯის. ვფიქრობთ რომ ყველაფერი ეს მოძრაობა უნდა იყოს, აქედან კი კაცმა შეიძლება დაასკვნას, რომ სული მოძრაობს. მაგრამ ეს აუცილებელი არ არის, თუ ყველაზე მეტად მოძრაობებია ტანჯვა, სიხარული და განსჯა და თუ თითოული მათგანი მოძრაობს სულის მიერ, ხოლო მრისხანება და შიში მოძრაობენ აგრეთვე გულთან ერთად. განსჯაც იმყოფება ან ასეთსავე მოძრაობაში, ან სხვაგვარში. ასეთი შედეგები გამომდინარეობს იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს გადაადგილებას სივრცეში, ანდა ცვალებადობას. თუ რა მოძრაობაა ცვალებადობა და როგორ წარმოებს ის, ამაზე ცალკე ვილაპარაკებთ. მაგრამ იმის თქმა, რომ სული ბრაზობს, იმასვე ჰგავს, რომ თქვა სული ქსოვს და აშენებს. გაცილებით უკეთესი იქნებოდა იმის თქმა, რომ ადამიანი ასე იქცევა სულით და არა იმის თქმა, რომ სულს ეცოდება, ან სწავლობს, ან განსჯის, მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ სული მოძრაობაში იმყოფება, არამედ რომ ის ან მიემართება რაიმესკენ, ან გამოდის რამესგან. მაგალითად, შეგრძნება მოედინება საგნებიდან, ხოლო მოგონება მიედინება მათგან გრძნობის ორგანოების ამოძრავებამდე, ან მათ შეჩერებამდე. გონება კი წარმოადგენს არსებულთა რაღაც არსს, რომელიც არ ისპობა. სიკვდილი ხომ გამოწვეულია მოხუცებულობის სისუსტით. გონებას იგივე ემართება, რაც გრძნობის ორგანოებს. მოხუცს, რომ ისეთივე თვალები ჰქონოდა, როგორიც ახალგაზრდას, ის ისევე დაინახავდა, როგორც ახალგაზრდა. ასე რომ, მოხუცება სულს კი არ აყენებს ზიანს, არამედ იმას რაშიც იმყოფება და ეს უკანასკნელი ან ჯანმრთელია ან ავადმყოფი. აზროვნება და თეორიული ჭვრეტა სუსტდება მაშინ, როცა სიღრმეში რაიმე ისპობა. თვით აზროვნება კი უვნებელია. რაც შეეხება განსჯის უნარს, სიყვარულს ან სიძულვილს, ისინი არ არიან სულის განცდები, არამედ იმისა, რაც სულს შეიცავს, ან რაშიც სული იმყოფება. სხეულის სიკვდილის შემდეგ სულს აღარც გახსენება შეუძლია და აღარც სიყვარული, რადგან ეს სულის თვისებები კი არ არის, არამედ იმ დამაკავშირებელი მოვლენისა, რომელიც დაიღუპა. გონება კი არის რაღაც ღვთაებრივი და უკვდავი. აქედან ცხადა, რომ სული არ მოძრაობს. და თუ ის საერთოდ, არ მოძრაობს, მაშინ ის არც თავის თავს ამოძრავებს. ზემოთ მოტანილ შეხედულებებში ყველაზე მეტად ალოგიკურია იმის მტკიცება, რომ სული არის თვითმოძრავი რიცხვი. ამ თეორიებში ეს შეუსაბამობანი გამოწვეულია იმით, რომ სულს მოძრაობა მიეწერება. მეორე მიზეზი კი არის მისი რიცხვად გამოცხადება, რადგან როგორ შეიძლება მოვიაზროთ ერთის მოძრაობა, ან ვისგან და როგორ უნდა მოძრაობდეს ის, როცა მას არც ნაწილები აქვს და არც რაიმე განსხვავება? თუ ის მამოძრავებელიცაა და თვითონაც მოძრაობს, მას უნდა ჰქონდეს რაღაც განსხვავება, შემდეგ, რადგან ისინი ამბობენ, რომ მოძრავი ხაზი სიბრტყეს წარმოშობს, წერტილი კი ხაზს, მაშინ მოძრავი მონადები ხაზები გახდებიან. რადგან წერტილი არის ერთიანი, რომელსაც აქვს ადგილმდებარეობა, მაშ სულის რიცხვიც სადმე არსებობს და ადგილმდებარეობაც აქვს. შემდეგ, როდესაც რიცხვს რაიმე რიცხვს ან ერთს გამოვაკლებთ, მივიღებთ სხვა რიცხვს, მაგრამ მცენარეებს და ცხოველებს შეიძლება ბევრი რამ აკლდეთ, მაგრამ მაინც ცოცხლობენ და, როგორც ჩანს, იმავე სახის სული აქვთ. ვფიქრობთ, რომ არავითარი განსხვავება არაა ვილაპარაკებთ მონადებზე, თუ პატარა სხეულებზე, რადგან თუ დემორკიტეს მრგვალი ნაწილაკები წერტილებად გარდაიქმნებიან, მათგან მხოლოდ რაოდენობაღა დარჩება, მათში იქნება რაღაც მამოძრავებელი და მოძრავი, როგორც უწყვეტ სიდიდეში. ზემოთქმული ხდება არა იმიტომ, რომ ისინი დიდები ან პატარები არიან, არამედ იმის გამო, რომ ისინი რაოდენობებია. მაშასადამე აუცილებელია ისეთი რამის არსებობა, რაც მონადებს აამოძრავებდა. თუ ცხოველში ისევე, როგორც რიცხვში, სულია მამოძრავებელი, მაშინ სული არაა მამოძრავებელიცა და მოძრავიც, არამედ მხოლოდ მამოძრავებელი. მაგრამ როგორაა მონადა ასეთივე? ის ხომ სხვებისაგან რაიმეთი უნდა განსხვავდებოდეს? მაგრამ მდებარეობის გარდა, რა განსხვავება შეიძლება ჰქონდეს მონადა-წერტილს? თუ სულში მყოფი წერტილები და მონადები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, მაშინ ისინი ერთსა და იმავე ადგილზე იქნებიან და მონადები წერტილების ადგილს დაიკავებენ. ან რა დააბრკლებდა იმას, რომ თუ ერთ ადგილზე ორი იქნებოდა მოთავსებული, ასევე ყოფილიყო უამრავი? თუ ადგილი არ იყოფა, მაშინ არ დაიყოფა ამ ადგილზე მყოფიც. თუ სხეულში მყოფი წერტილების რიცხვი შეადგენს სულს, მაშინ ყველა სხეულს რატომ არა აქვს სული? როგორც ჩანს, წერტილები ყველაფერში იმყოფებიან და თანაც განუსაზღვრელი რაოდენობით. გარდა ამისა, როგორ უნდა გამოეყვნენ და გამოცალკევდნენ წერტილები სხეულისაგან, თუ ხაზები წერტილებად არ დაიყოფიან?

თავი 5

      როგორც ვთქვით, ჩანს, რომ ამ შედეგებამდე მიდიან ისინი, რომლებიც, ამბობენ, რომ სული სხეულია, ოღონდ წვრილი ნაწილაკების შემცველი. ხოლო იმათ, რომლებიც როგორც დემოკრიტე, ამბობენ, რომ სული არის მამოძრავებელი, სხვა შეუსაბამობანი აქვთ. თუ სული რაღაც სხეულია და თუ ის იმყოფება მთელ შემგრძნობ სხეულში, მაშინ ერთ ადგილზე აუცილებლად ორი სხეული იქნება მოთავსებული. ისინი კი, რომლებიც ამბობენ, რომ სული რიცხვიაო, მათთვის ერთ რიცხვში იარსებებს ბევრი რიცხვი, ანდა ყველა სხეულს ექნება სული, თუ არ იქნება სხეულში არსებული წერტილებისაგან განსხვავებული რაიმე რიცხვი. ან ცოცხალ არსებას სხვა რაიმე რიცხვი ამოძრავებს, როგორც ამბობდა დემოკრიტე. მაგრამ ჩვენ ამის შესახებ უკვე ვთვით. რა განსხვავებაა ვიტყვით, რომ მოძრაობენ პატარა ბურთულები, დიდი მონადები, თუ საერთოდ, მოძრავი მონადები? ორივე შემთხვევაში აუცილებელია ცხოველის მოძრაობა, რადგან მოძრაობენ მონადები. ხოლო ისინი, რომლებიც მოძრაობას რიცხვს უკავშირებდნენ, იღებენ როგორც ამ, ისე მრავალ ამდაგვარ შეუსაბამობას, რადგან არა მხოლოდ სულის ასეთი გნსაზღვრებაა შეუძლებელი, რომ სული ასეთი იყოს, არამედ შემთხვევითიც კი. ეს ცხადი გახდება მაშინ, თუ ვინმე შეეცდება ამ განსაზღვრებიდან გამოიყვანოს სულის განცდები და მოქმედებები, როგორიცაა განსჯა, შეგრძნებები, სიამოვნებები, ტანჯვა და სხვა ამდაგვარი. მაგრამ როგორც ადრეცა ვთქვით, ამ მოაზროვნეთათვის ადვილი არაა აქედან რაიმე წინასწართქმაც.

      ჩვენამდე მოაღწია სულის განსაზღვრების სამმა თვალსაზრისმა: ერთნი ამბობენ, რომ სული მოძრავია, რადგან თავის თავს ამოძრავებსო. მეორენი სულს თვლიდნენ სხეულად, წვრილი ნაწილაკებისაგან შედგენილად ან სხვებთან შედარებით უსხეულოდ. თუ რა სირთულეები და წინააღმდეგობები ახლავს თან ამ თვალსაზრისს, ეს ჩვენ ძირითადად უკვე განვიხილეთ. დაგვრჩა განსახილველი თვალსაზრისი, რომლის მიხედვით, სული ელემენტებისაგან შედგება. ისინი ამბობენ, რომ სული ასეთია იმიტომ, რომ ყოველივეს შეიგრძნობს და შეიცნობს. მაგრამ ამ თვალსაზრისსაც აუცილებად თან ახლავს მრავალი შეუსაბამობა. ისინი ამტკიცებენ რომ მსგავსი მსგავსს შეიცნობს, გულისხმობენ რა, რომ თითქოს სულიც საგანია. არსებობს არა მხოლოდ ის, არამედ მრავალი, უფრო სწორად რომ ვთქვათ, განუსაზღვრელი რაოდენობა საგნებისა, რომლებიც ამ ელემენტებისაგან შედგება. მაგრამ რა ელემენტებისაგან შედგება თითოეული მათგანი, ეს უნდა შეიგრძნოს და შეიცნოს სულმა. რითი უნდა შეიგრძნოს და შეიცნოს ყოველივე ეს სულმა, მაგრალითად, თუ რა არის ღმერთი, ადამიანი, ხორცი, ძვალი, ასევე ყოველივე სხვა ნებისმიერი შედგენილი საგანი? ამ საგნებს ელემენტები როგრც მოხვდებათ, ისე კი არა აქვთ შეერთებული, არამედ გარკვეული წესითა და რიგით, როგორც ემპედოკლეც ამბობს ძვლების შესახებ:

      „კეთილმა მიწამ თავის ფართო, მაგარ ჭურჭელში

      რვა ნაწილად ორი ნათელ ნესტიდასაგან მიიღო,

      ოთხი ჰეფესტოსისგან და ასე იშვნენ ბრწყივნალე ძვლები“.

      ელემენტების არსებობას სულში არავითარი სარგებლობა არ მოაქვს თუ მათ არ ექნებათ წესრიგი და კავშირი. თითოეული ელემენტი შეიცნობს თავის მსგავსს, ხოლო ძვალს ან ადამიანს არავინ არ შეიცნობდა, თუ სულში ეს ელემენტები არ იქნებიან. მაგრამ რომ ეს შეუძლებელია, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. რადგან განა ვინმე დასვამს კითხვას იმის შესახებ, არის სულში ქვა და ადამიანი, ან კეთილი და არაკეთილი? ასევე ყველა სხვა შემთხვევაში. „არსებობა“ მრავალი მნიშვნელობით იხმარება. ის შეიძლება ნიშნავდეს არსებას, რაოდენობას, თვისებას, ან სხვა რომელიმე კატეგორიას. სული ყველა ამათგან არის შედგენილი, თუ არა? არა მგონია, რომ ყველა ამათ საერთო ელემენტები ჰქონდეთ. მაგრამ თუ სული ამათგან არის შედგენილი, მაშინ როგორ შეიცნობს ის ყოველივე სხვას? შესაძლებელია, მათ თქვან, რომ ყოველ გვარს აქვს თავისი საწყისები და ელემენტები, რომლებისგანაც შედგება სული. მაშინ სული იქნებოდა რაოდენობაც, თვისებაც და არსიც, მაგრამ შეუძლებელია, რომ რაოდენობის ელემენტებისაგან წარმოიშვას არსი და არა რაოდენობა. ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ სული შედგება ყოველგვარი ელემენტებისაგან, აწყდებიან, როგორც ამ, ისე სხვა დაბრკოლებებს.

      უაზრობაა აგრეთვე იმის მტკიცება, რომ მსგავსი მსგავსისაგან არავითარ ზემოქმედებას არ განიცდის, მაგრამ მსგავსი მსგავსს შეიგრძნობს და შეიცნობს კიდეც. ამავე დროს ისინი შეგრძნებას, ისევე, როგორც აზროვნებასა და შემეცნებას, თვლიან რაღაც ვნებად და მოძრაობად.

      მრავალ ეჭვსა და სიძნელეს იწვევს აგრეთვე მოსაზრება, მაგალითად, ემპედოკლესი რომ ყოველივე შეიცნობა სხეულებრივი ელემენტებით და რომ მსგავსი მსგავსით შეიცნობა. ამას ადასტურებს შემდეგი: ცოცხალი არსების სხეულში, რაც კი რამ არის მიწისაგან წარმოშობილი, მაგალითად, ძარღვები, ძვლები, თმები, ისინი არაფერს არ შეიგრძნობენ. არ შეიცნობენ არც მსგავსს. თუმცა უნდა შეეცნოთ. გარდა ამისა, ყოველ საწყისს ექნება მეტი არცოდნა, ვიდრე ცოდნა, რადგან თითოეული მათგანი შეიცნობს მხოლოდ ერთს და ამიტომ ბევრი რამ არ ეცოდინებოდა. ე.ი. არ ეცოდინებოდა ყველა დანარჩენი. ემპედოკლეს შეხედულებებიდან გამომდინარეობს ისიც, რომ ყველაზე მეტად უგუნური არის ღმერთი, რადგან ელემენტებიდან მას ეცოდინებოდა მხოლოდ ერთი, შური, მოკვდავთ კი ყველაფერი ეცოდინებოდათ. რადგან თითოეული მათგანი შემდგარია ყველა ელემენტისაგან.

      საერთოდ, რა მიზეზით არა აქვს ყველა არსებულს სული, თუ ყველაფერი არის ან ელემენტი, ანდა შედგება ერთი, ან რამდენიმე, ან ყველა ელემენტისაგან? აუცილებელი კია, რომ ის შეიცნობდეს ან ერთს, ან რამდენიმეს, ან ყველა ელემენტს. შეიძლება წამოიჭრას ასეთი კითხვაც: რა არის ის, რაც ელემენტებს აერთიანებს? ელემენტები მატერიას ჰგვანან. მაგრამ ყველაზე მთავარი მათ შორის არის, ის, რომელიც მათ აერთიანებს. როგორიც არ უნდა იყოს ის, შეუძლებელია ისეთი რამის არსებობა, რაც სულზე ძლიერი და მისი წარმომქმნელი იქნებოდა. უფრო შეუძლებელია, რომ ის გონება იყოს. უფრო გონივრული იქნებოდა, რომ სწორედ გონება ჩაგვეთვალა პირველადად და ძლიერად თავისი ბუნებით. ხოლო ემპედოკლეს მიმდევრები ამბობდნენ, რომ პირველად არსებული ელემენტებიაო.

      რადგან სული ყველაფერს შეიგრძნობს დაა შეიცნობს, ამიტომ ამბობენ, რომ სული ელემენტებისაგან შედგებაო. ხოლო ისინი, რომლებიც მას მამოძრავებლად თვლიან, ამას ყველა სულზე არ ამბობენ, რადგან ყველას, რასაც კი შეგრძნება შეუძლია მოძრაობის უნარი არ აქვს. როგორც ჩანს, არსებობენ ცხოველები, რომლებიც ერთ ადგილზე იმყოფებიან. მაგრამ ვფიქრობთ, რომ სული მხოლოდ ადგილმონაცვლეობის თვისებას ანიჭებს ცხოველებს. ასევე ფიქრობენ ისინი, რომლებიც აზროვნებისა და შეგრძნების უნარს ელემენტებისაგან აწარმოებენ. როგორც ჩანს, არსებობენ მცენარეები, რომლებიც არც მოძრაობენ და არც შეიგრძნობენ. ბევრ ცხოველს კი განსჯის უნარი არა აქვს. ხოლო ისინი, რომლებიც ყოველივე ამას გაითვალისწინებენ და გონებას და შეგრძნებას სულის რაიმე ნაწილად ჩათვლიან, ისინი ამას ვერ იტყვიან, ვერც ყველა სულზე და ვერც რომელიმე სულზე მთლიანად.

      იგივე ნაკლი აქვს ორფიკულ ეპოსში მოცემულ მოძღვრებას. იქ ნათქვამია, რომ სული შემოდის ყოველივედან სუნთქვის შედეგად ქარების დახმარებით, მაგრამ ეს არ ეხება მცენარეებს და არც ზოგიერთ ცხოველს, რადგან ყველა არ სუნთქავს. ეს მხედველობიდან გამორჩათ ამ თეორიის მიდევრებს. თუ საჭიროა, რომ სული ელემენტებისაგან შედგენილად მივიჩნიოთ, არაა აუცილებელი ყველა ელემენტისაგან შედგენილად მიჩნევა. საკმარისი იქნება, თუ ის შეიცნობს წინააღმდეგობის ერთ-ერთ მხარეს, რათა გაიგოს მეორე მხარეც. ჩვენ ხომ სწორის საშუალებით შევიცნობთ, როგორც სწორ, ისე მრუდეს. ორივეს საზომი კი სახაზავია. მრუდე კი არაა, არც თავისი თავის და არც სწორის საზომი.

      ზოგნი ამბობდნენ, რომ სული ყველაფერშია შერეულიო. ასევე ფიქრობდა თალესიც, რომ ყველაფერი ღმერთებით არის სავსეო. ამ თვალსაზრისს თან ახლავს ზოგიერთი სიძნელე. მაგალითად, რით არის გამოწვეული, რომ ცეცხლში მყოფი სული არ წარმოშობს ცოცხალ არსებებს, ნარევში კი წარმოშობს, თუმცა სული ამ ორ ელემენტზე უკეთესი უნდა იყოს? შეიძლება წამოიჭრას ასეთი კითხვაც: რატომაა ჰაერში მყოფი სული უკეთესი და უკვდავი, ვიდრე ცოცხალ არსებებში? მაგრამ ორივე შემთხვევაში წამოიჭრება უაზრობა და არაგონივრული დასკვნები. დიდი უაზრობაა აგრეთვე იმის მტკიცება, რომ ჰაერი და ცეცხლი ცოცხალი არსებებია, მაგრამ არ უწოდო ცოცხალი არსებები იმათ, რაშიც სული იმყოფება. ვფიქრობთ, რომ ისინი ჰაერში და ცეცხლში სულის არსებობას იმიტომ ვარაუდობდნენ, რომ მთელი ნაწილებსა ჰგავს. ამიტომ ისინი იძულებულნი იყვნენ ეთქათ, რომ სული არის ნაწილების მსგავსი, თუ ცხოველები გარემოდან რაიმეს მიღების გამო სულიერდებიან. თუ ჰაერი დანაწევრების შემთხვევაში მაინც ერთგვაროვანი რჩება. სული კი არა, მაშინ ცხადია, სულის ერთი ნაწილი იარსებებს ჰაერში, მეორე კი არა. მაშ აუცილებელია, რომ სული ან მსგავსი ნაწილებისაგან შედგებოდეს, ანდა მისი ყოველი ნაწილი სამყაროს ნებისმიერ ადგილას არ უნდა არსებობდეს.

      ზემოთქმულიდან ცხადია, რომ სულს შემეცნების უნარი იმიტომ არა აქვს, რომ ის ნაწილებისაგან არის შემდგარი. არც მოძრაობის მიწერაა მისთვის კარგი და ჭეშმარიტი. სულს ახასიათებს შემეცნება, შეგრძნება, განსჯა, სურვილი, გადაწყვეტილების მიღება და საერთოდ, სწრაფვა. ცოცხალ არსებებსაც გადაადგილების თვისება სულისაგან აქვთ. სულის თვისებებია აგრეთვე ზრდა, მოწიფულობა და სიკვდილი. ყოველივეს მოვიაზრებთ, შევიგრძნობთ, ვმოქმედებთ, განვიცდით და ყოველივე სხვას ვაკეთებთ მთელი სულით, თუ სულის სხვადასხვა ნაწილებით? ასევე სიცოცხლე სულის რომელიმე ნაწილს ახასიათებს, უმრავლესობას, თუ ყველას, თუ სიცოცხლის სხვა რაიმე მიზეზი არსებობს ზოგი მას დანაწილებულად თვლის და ფიქრობს, რომ სული ერთი ნაწილით აზროვნებს, მეორეთი კი შეიგრძნობს. მაგრამ თუ სული დანაწევრებულია, რა აერთიანებს მას? ყოველ შემთხვევაში მას სხეული არ აერთიანებს. ვფიქრობთ, რომ პირიქით, სული აერთიანებს სხეულს, რადგან როგორც კი სული სტოვებს სხეულს, სხეული იშლება და ლპება. თუ სხეულს სხვა რამე აერთიანებს, ეს სხვა რამე ისევ სული უნდა იყოს. საჭიროა იმის კვლევაც, სხეული ერთიანია, თუ მრავალ ნაწილებიანი? თუ სხეული ერთიანია, რატომ არაა ერთიანი სული? თუ სხეული დანაწევრებულია, მაშინ კვლავ იბადება კითხვა, რა აერთიანებს მას და ასე უსასრულოდ. ვინმეს შეიძლება დაესვა კითხვა სულის ნაწილების შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს სხეულში მის თითოეულ ნაწილს. თუ მთელი სული აკავშირებს მთელ სხეულს, მაშინ მისი რომელიმე ნაწილი უნდა აკავშირებდეს სხეულის რომელიმე ნაწილს. ეს კი შეუძლებელი უნდა იყოს. იმის წარმოდგენაც კი ძნელია, თუ სხეულის რომელ ნაწილს აკავშირებს გონება ან როგორ აკავშირებს. ზოგიერთი მცენარე და მწერი გაჭრილიც კი არსებობს და მათ თითქოს იმავე სახის სული აქვთ, თუმცა არა რაოდენობით იგივე. მათ თითოეულ ნაწილს აქვს შეგრძნების უნარი და გარკვეული დროის განავლობაში გადაადგილების უნარიც. მაგრამ თუ ისინი ვერ სძლებენ, ამაში არაფერია გასაკვირვებელი, რადგან მათ არა აქვთ ისეთი ორგანოები, რაც მათ სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა. მიუხედავად ამისა, მათ ყოველ ნაწილში არსებობს სულის ნაწილი და ეს ნაწილები ერთმანეთისა და მთელის მსგავსნი არიან. არიან რა ერთმანეთთან განუშორებლად დაკაშირებული, ამიტომ ისინი თითქოს სულისგანაც განუყრელნი არიან. როგორც ჩანს, მცენარეებშიც საწყისია რაღაც სული და მხოლოდ ისაა საერთო მცენარეებსა და ცხოველებში. თუმცა ის გამოყოფილია შეგრძნებადი საწყისდან, მაგრამ მის გარეშე შეგრძნება არავის არა აქვს.

წიგნი მეორე »

ტეგები: Qwelly, ანტიკური, არისტოტელე, სული, ფილოსოფია

ნახვა: 3094

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters