არისტოტელე - სულის შესახებ

წიგნი II

არისტოტელე, სულზე, სულის შესახებ, სულის თეორია, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

თავი 1

      ამრიგად, ჩვენ განვიხილეთ წინაპრებისაგან მოღწეული შეხედულებები სულის შესახებ. ახლა კვლავ დასაწყისს დავუბრუნდეთ და შევეცადოთ დავადგინოთ, თუ რა არის სული და როგორია მისი უზოგადესი განსაზღვრება. ჩვენ საგნების არსს ვაკუთვნებთ რომელიმე ერთ გვარს, რაც ერთის მხრივ, არის მატერია და რაც არ წარმოადგენს რომელიმე კონკრეტულ საგანს. მეორეს მხრივ, ესაა ფორმა და სახე, რომლის მიხედვით ვამბობთ, რომ „ ეს არის ეს საგანი “ და მესამე, ესაა მათგან შედგენილი რაიმე. მატერია არის შესაძლებლობა, ფორმა კი განხორციელება (ენტელექია), რაც ორი მნიშვნელობით იხმარება. მისი პირველი მნიშვნელობაა ცოდნა, მეორე მნიშვნელობა კი - განჭვრეტა. ვფიქრობ, რომ არსს, პირველ ყოვლისა, ვუწოდებთ სხეულებს, მათ შორის ბუნებრივ საგნებს, რადგან ისინი არიან ყველა დანარჩენის საწყისები. ბუნებრივი საგნებიდან ზოგს გააჩნია სიცოცხლე, ზოგს კი არა. სიცოცხლეს კი ჩვენ ვუწოდებთ საგნის კვების, ზრდისა და მოსპობის თვისებას თვით საგნის მიერ. მაშასადამე, ბუნებრვი სხეული, რომელიც ეზიარება სიცოცხლეს, არის არსი, ოღონდ შედგენილი. რადგან სხეულს აქვს ეს თვისებები და თანაც სიცოცხლის მატარებელია, ამიტომ სული არ არის სხეული. სხეული არ არის საფუძველი საგნისა, ის საფუძველია, მხოლოდ როგორც მატერია. ამიტომ აუცილებელია, რომ ბუნებრივი სხეულის საფუძველი იყოს სული, როგორც ფორმა, რომელსაც სიცოცხლე შესაძლებლობის სახით აქვს. არსი კი საგნის განხორციელებაა. კონკრეტული საგნის განხორციელებას ორი მნიშვნელობა აქვს: პირველი მნიშვნელობით ის არის ცოდნა, მეორე მნიშვნელობით კი განჭვრეტა. ცხადია, რომ სული არის განხრციელება ცოდნის სახით, რაც სულს ახასიათებს როგორც ძილში, ისე სიფხიზლეში. სიფხიზლე ჰგავს განჭვრეტას, ძილი კი ჰგავს ქონებას მოქმედების გარეშე. წარმოშობის თვალსაზრისით სხეულში პირველი არის ცოდნა. ამრიგად, სული არის პირველი განხორციელება ფიზიკური სხეულისა, რომელსაც სიცოცხლის უნარი აქვს. ასეთ სხეულს კი ორგანოები უნდა ჰქონდეს. ორგანოები უნდა იყოს მცენარეების ნაწილები, ოღონდ ძალიან მარტივი, მაგალითად, ფოთოლი, რომელიც ნაყოფის ქერქს იცავს, ქერქი კი იცავს ნაყოფს. ფესვები პირის ანალოგიურია, რადგან ორივე საკვებს ეზიდება. საჭიროა იმის თქმაც, თუ რა არის ყველა სულის საერთო თვისება. უნდა ითქვას, რომ ეს არის ორგანოების მქონე ბუნებრივი სხეულის პირველი განხორციელება. ამიტომ აღარაა საჭირო კითხვის დასმა იმის შესახებ, არის თუ არა ერთი და იგივე სული და სხეული, როგორც სანთელი და მასზე გამოსახული სახე, ანდა მატერია და ის, რის მატერიაც ის არის. ერთსა და არსებობას მრავალი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მისი მთავარი მნიშვნელობაა განხორციელება (ენტელექია).

      ზოგადად უკვე ითქვა, თუ რა არის სული. ცნების მიხედვით ისაა რომელიმე კონკრეტული სხეულის არსი ისე, თითქოს ეს ბუნებრივი სხეული ყოფილიყო რაიმე იარაღი, მაგალითად, ცული. ამრიგად, ამ სხეულის არსს წარმოადგენს ცული და ეს არის მისი სული. თუ მას სულს ჩამოვაშორებთ, ის აღარ იქნება ცული, და თუ იქნება, მხოლოდ სიტყვით. ახლა კი ის ცულია. ასეთი სხეულის არსი და განსაზღვრება არაა სული, არამედ იმ კონკრეტული ბუნებრივი სხეულისა, რომელსაც თავის თავში აქვს, როგორც მოძრაობის, ისე უძრაობის საწყისი.

      ზემოთქმულის მიხედვით უნდა განვიხილოთ აგრეთვე ნაწილები. თუ თვალი ცოცხალი არსია, მისი სული იქნება მხედველობის უნარი, რადგან ცნებით ესაა მისი არსი. თვალი კი მხედველობისათვის არის მატერია და თუ ეს ჩამოშორდება თვალს, ის აღარც თვალი იქნება და თუ იქნება, მხოლოდ სიტყვიერად, როგორც თვალს ვუწოდებთ ან ქვას ან დახატულ თვალს. ნაწილების შესახებ ნათქვამი უნდა გამოვიყენოთ მთელ ცოცხალ სხეულზე. როგორ მიმართებაშიც არის ერთი ნაწილი მეორესთან, ასეთსავე მიმართებაში იქნება მთელი შეგრძნების უნარი მთელ სხეულთან, როგორც შემგრძნებთან. სიცოცხლის უნარის მქონეა არა ის საგანი, რომელმაც დაკარგა სული, არამედ რომელსაც აქვს. თესლიცა და ნაყოფიც შესაძლებლობაში არიან რაღაც გარკვეული სხეული, როგორც ცული განხორციელებაში არის რაიმეს დაჭრა, თვალის განხორციელება კი არის ხედვა. ასევე განხორციელებაა სიფხიზლეც. მაგრამ როგორც მხედველობის, ისე სხეულის უნარის განხორციელებას წარმოადგენს სული. სხეული კი არსებობს შესაძლებლობაში. როგორც თვალის გუგა და მხედველობა შეადგენენ თვალს, ასევე სული და სხეული - ცოცხალ არსებას, რადგან არც სული, არც მისი რომელიმე ნაწილი არ არსებობს სხეულის გარეშე. მაგრამ არის თუ არა ის დანაწევრებადი, ეს გაურკვეველი არაა, რადგან მისი ზოგი ნაწილი არის სხეულის ნაწილის განხორციელება (ენტელექია). არაფერი არ აბრკოლებს იმას, რომ სულის ზოგი ნაწილი გამოეყოს სხეულს, რადგან ისინი სხეულის ენტელექიას არ წარმოადგენენ. გაურკვეველია აგრეთვე ის, რომ სული ამგვარად წარმოადგენს სხეულის ენტელექიას, თუ ისე, როგორც მეზღვაურები არიან გემის ენტელექია?

      ასეთია ზოგადად სულის განსაზღვრება და აღწერა.

თავი 2

      რადგან ბუნდოვანიდან, მაგრამ თვალსაჩინოდან იშვება გარკვეული და აზრობრივად შეცნობადი, ამიტომ შევეცადოთ დავუბრუნდეთ სულის ამავე მეთოდით განხილვას, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნათელვყოთ, თუ რას წარმოადგენს საგანი, როგორც ეს ხდება უმრავლეს განსაზღვრებებში, არამედ რათა შევუდგეთ მიზეზების ნათელყოფასაც. ამჟამად კი ცნებების განსაზღვრებები დასკვნებსა ჰგვანან. მაგალითად, კითხვაზე: რა არის კვარდატურა? პასუხობენ: ესაა სხვადასხვა სიგრძის გვერდებიანი სწორკუთხედის ტოლობა თანასწორ გვერდებიანთან. ასეთი განსაზღვრება კი არის დასკვნით მიღებული ცნება. ისინი კი, რომლებიც ამბობენ, რომ კვადრატურა არის საშუალო პროპორციულის პოვნა, მიზეზსაც იკვლევენ. ვიწყებთ რა კვლევას თავიდან, ვამბობთ, რომ სულიერი უსულოსაგან სიცოცხლით განსახვავდება. სიცოცხლეს კი მრავალი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ცოცხალს ვუწოდებთ იმას, რომელსაც აქვს ერთ-ერთი ზემოჩამოთვლილ თვისებათაგანი, როგორიცაა გონება, შეგრძნება, ადგილზე დგომა, მოძრაობა, ზრდა და მოსპობა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ყველა მცენარე ცოცხლობს, რადგან როგორ ჩანს, მათ თავის თავში აქვთ იმის უნარი და საწყისი, რომლითაც იზრდებიან და ისპობიან საპირისპირო ვითარებაში. მაგრამ არა ისე, რომ იზრდებოდნენ ზემოთ, ქვემოთ კი არა, არამედ ორივე და ყველა მიმართულებით. ის მცენარეები, რომლებიც იკვებებიან, ცოცხლობენ ბოლომდე, სანამ კვების მიღება შეუძლიათ. მოკვდავ არსებებში ეს უნარი შეიძლება გამოვყოთ სხვა უნართაგან, დანარჩენი უნარების გამოყოფა კი შეუძლებელია. ეს ცხადია მცენარეებში, რადგან მათ სულის სხვა უნარი არ გააჩნიათ. ცხოველებს გააჩნიათ სიცოცხლე ამ საწყისის საშუალებით. ისინი, პირველ ყოვლისა, ცხოვრობენ შეგრძნების წყალობით. რაც არ მოძრაობს და არც ადგილს იცვლის, მაგრამ შეგრძნება კი აქვს, იმაზე ვამბობთ, რომ ის არა მხოლოდ ცხოვრობს, არამედ ცოცხალი არსებაა. შეგრძნებებიდან კი მათ, პირველ ყოვლისა, შეხება ახასიათებთ. როგორც კვების უნარი შეიძლება გამოიყოს შეხებისა და საერთოდ, ყველა შეგრძნებისაგან, ასევე შეხების უნარიც. კვების თვისებას ჩვენ ვუწოდებთ სულის იმ ნაწილს, რაც მცენარეებსაც ახასიათებთ. ჩვენ ვფქრობთ, რომ ყველა ცხოველს უნდა ჰქონდეს შეხების შეგრძნება. თუ რა მიზეზით აქვთ მათ ეს თვისება, ამის შესახებ ქვემოთ ვიტყვით.

      აქამდე კი ნათქვამი იყო მხოლოდ ის, რომ სული არის საწყისი და განმსაზღვრელი შემდეგი თვისებებისა: კვების, შეგრძნების, განსჯისა და მოძრაობის. თითოეული ამ უნართაგან არის მთელი სული თუ სულის ნაწილი? თუ ნაწილია, რომელი ნაწილია ის, გამოიყოფა ის მხოლოდ ცნებით, თუ ადგილითაც? ამის შესახებ ზოგი რამის გარკვევა არაა ძნელი, ზოგს კი თან ახლავს დაბრკოლებები. მაგალითად, ზოგიერთი მცენარე ცოცხლობს დაყოფილი და ერთმანეთისაგან დაშორებული ნაწილებით. თითქოს თითოეულ ნაწილიში არსებობდეს ერთი განხორციელებული სული, შესაძლებლობის თვალსაზრისით კი მრავალი. ასევე ვხედავთ სულის სხვა თვისებების გამოვლენას მწერებში, რომლებიც დანაწევრებული არიან. მათ თითოეულ ნაწილს აქვს შეგრძნება და გადაადგილების თვისებაც. და თუ შეგრძნება აქვთ, ექნებათ წარმოდგენისა და სწრაფვის უნარიც. რადგან, სადაც არის შეგრძნება, იქ არს სიამოვნება და უსიამოვნება, ხოლო, სადაც არის ეს, იქ არის ვნებაც. ოცნებისა და განჭვრეტის შესახებ არაფერია ნათელი, მაგრამ, როგორ ჩანს, ეს არის სულის განსხვავებული სახეობა და მხოლოდ მას შეუძლია მოკვდავისაგან დამოუკიდებელი არსებობა, როგორც უკვდავს. აქედან ცხადია, რომ როგორც ზოგიერთი ამბობს, სულის დანარჩენი ნაწილები არ არიან დამოუკიდებელი. ის კი ცხადია, რომ, ისინი ცნებით განსხვავებული არიან, რადგან შემგრძნები ნაწილი განსხვავდება განსჯითი ნაწილისაგან. თუ შეგრძნება განსხვავდება განსჯისგან, მაშინ იგივე შეიძლება ითქვას ყველა ზემოჩამოთვლილი თვისების შესახებ. ზოგ ცოცხალ არსებას აქვს ყველა ეს თვისება, ზოგს მხოლოდ რამდენიმე, ზოგს კი მხოლოდ ერთი და ეს ჰქმნის განსხვავებას ცოცხალ არსებათა შორის. თუ რა მიზეზი იწვევს ამას, ქვემოთ გავარკვევთ. დაახლოებით იგივე მდგომარეობაა შეგრძნებებში. ზოგს ყველა შეგრძნება აქვს, ზოგს ნაწილი, ზოგს კი ერთი, მაგრამ ყველაზე აუცილებელი და ესაა შეხება.

      იმას, რითაც ჩვენ დღეს ვცოცხლობთ და შევიგრძნობთ, ორი მნიშვნელობა აქვს, ისევე, როგორც შემეცნებას. ერთი მხრივ, ვგულისხმობ ცოდნას, მეორე მხრივ, სულს და ორივეს შემეცნების მნიშვნელობით ვხმარობთ. ასევე ვამბობთ, რომ ჯანმრთელი ვართ ჯანმრთელობის გამო, ან სხეულის რომელიმე ნაწილით, ანდა მთელი სხეულით. ამათგან ერთი არის ცოდნა და ჯანმრთელობა, როგორც რაღაც ფორმა და სახე ან როგორც ცნება და შემოქმედების რაღაც უნარი. მეორეს მხრივ კი, არის ჯანმრთელობისა და ცოდნის მიმღები. სავარაუდოა, რომ რაც ზემოქმედებას განიცდის და ფორმას იღებს, მასშივე უნდა არსებობდეს შემოქმედების ენერგიაც. სული კი არის ის, რითაც, პირველ ყოვლისა, ვცოცხლობთ, შევიგრძნობთ და განვსჯით. მაშასადამე, ის არის რაღაც ფორმა და სახე და არა მატერია და საფუძველი.

      არსს კი სამი მნიშვნელობით ხმარობენ. როგორც ვთქვით, მისი პირველი მნიშვნელობაა ფორმა, მეორე მატერია, მესამე მათგან შედგენილი. ამათგან მატერია არის შესაძლებლობა, ფორმა - განხორციელება, მესამე კი არის მათგან შედგენილი გასულიერებული არსება. მაგრამ სხეული არაა სულის განხორციელება, არამედ პირიქით, სული არის რომელმე სხეულის განხორციელება. ამიტომ სწორად მსჯელობენ ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ სული არ არსებობს სხეულის გარეშე და რომ სული სხეული არაა. მართალია, სული არაა სხეული, მაგრამ სხეულებრივი კი არის და ამიტომ არსებობს ის სხეულში, თანაც გარკვეულ სხეულში, მაგრამ არა ისე, როგორც წინამორბედნი სულს სხეულში კი ათავსებდნენ, მაგრამ არ განსაზღვრავდნენ, რომელ სხეულში და როგორ არსებობს ის, რადგან ნებისმიერ საგანს არ შეუძლია ნებისმიერი საგნის მიღება. ეს დასკვნა მსჯელობითაც შეიძლება მივიღოთ. თითოეული საგნის განხორციელება ხდება იქ, სადაც საგანი არსებობს შესაძლებლობის სახით და შესაბამისი მატერიაც აქვს. აქედან ცხადია, რომ სული არის განხორციელება და ცნება იმისა, რასაც აქვს უნარი, რომ გარკვეულ მოვლენად იქცეს.

თავი 3

      როგორც უკვე ვთქვით, ზოგ არსებას აქვს სულის ყველა დასახელებული უნარი, ზოგს ნაწილი, ზოგს კი მხოლოდ ერთი. ხოლო უნარებს ჩვენ ვუწოდებთ: კვებას, შეგრძნებას, სწრაფვას, ადგილმონაცვალეობას და განსჯას. მცენარეებს აქვთ მხოლოდ კვების უნარი. სხვა არსებებს აქვთ ესეც და აგრეთვე შეგრძნების უნარი. ხოლო ვისაც შეგრძნების უნარი აქვს, მას ექნება აგრეთვე სწრაფვის უნარიც, რადგან სწრაფვა არის სურვილი, ვნება და ნებისყოფა. ყველა ცხოველს შეგრძნების უნართაგან აქვს მხოლოდ ერთი - შეხების შეგრძნება. ხოლო ვისაც შეგრძნება აქვს, ექნება აგრეთვე სიამოვნებისა და ტანჯვის განცდის უნარი და მაშასადამე, ეცოდინება სასიამოვნო და უსიამოვნო მოვლენები. ხოლო ვისაც ესა აქვს, მას ექნება აგრეთვვე სურვილი, რადგან სიამოვნება იგივე სწრაფვაა. ცხოველებს აქვთ აგრეთვე საკვების შეგრძნება, ხოლო საკვების შეგრძნება იგივე შეხების შეგრძნებაა. ყველა ცოცხალი არსება იკვებება მშრალით და სველით, თბილით და ცივით. ამის შეგრძნებაც კი შეხებით ხდება. სხვა შეგრძნებები კი შეხებას შემთხვევით ახასიათებს, რადგან არც ბგერა, არც სუნი, არც ფერი საკვებს არაფერს არ მატებს. გემო კი იგივე შეხების შეგრძნებაა. შიმშილი და წყურვილი იგივე სურვილებია. კერძოდ შიმშილი არის სურვილი ცივისა და თბილისა, წყურვილი - სველისა და მშრალისა, ხოლო გემო მათი ერთგვარი საკაზმია, უფრო გარკვევით ამის შესახებ ქვემოთ ვილაპარაკებთ. აქამდე კი ითქვა, რომ იმ ცხოველებს, რომელთაც ახასიათებთ შეხების შეგრძნება, ახასიათებთ აგრეთვე სწრაფვის შეგრძნებაც. ახასიათებთ თუ არა მათ აგრეთვე წარმოდგენა, ეს გარკვეული არაა, მაგრამ ამას ქვემოთ გავარკვევთ. ზოგიერთ ცხოველს, ამას გარდა, ახასიათებს აგრევე გადაადგილების თვისება, ზოგს კი განსჯისა და აზროვნებისა, როგორც მაგალითად, ადამიანსა და სხვებს, თუ ასეთნი არსებობენ და აგრეთვე ძალიან პატივსაცემ არსებებს.

      ცხადია, რომ სულის ცნება ისევე განისაზღვრება, როგორც გეომეტრიული ფიგურისა. არც გეომეტრიაში არსებობს, სამკუთხედისა და მისი მომდევნო ფიგურების გარდა, რაიმე სხვა ფიგურა და არც სული არსებობს ზემოთქმული უნარების გარეშე. გეომეტრიულ ფიგურებსაც შეიძლება ჰქონდეთ ზოგადი ცნება, რომელიც მიუდგებოდა ყველას და რომელიმე ერთს. ასევეა ზემოთ დასახელებულ სულებშიც. ამიტომ სასაცილო იქნებოდა, რომ ეძებდე ზოგად ცნებას, როგორც ამ, ისე სხვა შემთხვევებისთვის ისე, რომ კონკრეტულად არსებულ არც ერთ საგანს არ მიუდგებოდეს და არ შეესაბამებოდეს საგნისათვის დამახასიათებელ და განუყოფელ ფორმას და მის კონკრეტულ ცნებას. და ასე უარგვეყო ეს ცნება. დაახლოებით იგივე მდგომარეობაა სულის სფეროშიც, როგორც ფიგურებში და სულიერ არსებებში. მომდევნო ყოველთვის არსებობს წინამორბედში შესაძლებლობის სახით, მაგალითად, ოთხკუთხედში სამკუთხედი, შეგრძნებებში კვების უნარი. ასევე ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა ვიკვლიოთ, თუ როგორია საკვლევი, არის ეს ადამიანის, მცენარის, თუ მხეცის სული. საკვლევია ის, თუ რა მიზეზით არის მოცემული მომდევნო წინამორბედში შესაძლებლობის სახით. მაგალითად, კვების უნარის გარეშე არ არსებობს შეგრძნების უნარი. მაგრამ მცენარეებში შეგრძნებას გამოეყოფა კვების უნარი. შემდეგ, შეხების შეგრძნების გარეშე არ არსებობს არც ერთი სხვა შეგრძნება. შეხება კი არსებობს სხვა შეგრძნებების გარეშე. მაგალითად, მრავალ ცხოველს არ აქვს არც მხედველობის, არც სმენის, არც ყნოსვის შეგრძნება. შეგრძნების უნარის მქონე ცხოველებიდან გადაადგილების უნარი ზოგს აქვს, ზოგს კი არა. და ბოლოს ცხოველების მცირე ნაწილს აქვს აზროვნებისა და განსჯის უნარი. იმ მოკვდავ არსებებს, რომლებსაც აზროვნების უნარი აქვთ, ყველა სხვა უნარიც ექნებათ. ხოლო ვისაც ყველა უნარი აქვს, ამათგან ყველას არა აქვს განსჯის უნარი. ზოგს ფანტაზიის უნარიც კი არა აქვს, ზოგი კი მხოლოდ ამ უნარით ცოცხლობს.

      თეორიულ აზროვნებაზე ჩვენ სხვაგან ვიმსჯელებთ. ის კი ცხადია, რომ თითოეულ ამ უნარზე უფრო მეტად საჭიროა მსჯელობა სულზე.

თავი 4

      ვისაც განზრახული აქვს ამ უნარების კვლევა, აუცილებელია გაარკვიოს, თუ რას წარმოადგენს თითოეული მათგანი. შემდეგ კი იკვლიოს ამასთნ დაკავშირებული სხვა საკითხები. თუ საჭიროა იმის თქმა, თუ რა არის თითოეული მათგანი, მაგალითად, აზროვნების, ან კვების, ან შეგრძნების უნარი, ჯერ უნდა ითქვას, თუ რა არის აზროვნება ან შეგრძნება, რადგან ცნების მიხედვით შესაძლებლობებს წინ უსწრებს ენერგია და მოქმედება. და თუ ეს ასეა, მაშინ ჯერ ამ უნართა საპირისპირო მოვლენები უნდა იქნას განხილული და განსაზღვრული ამავე მიზეზით, ე.ი. კვების, შეგრძნების და აზროვნების ობიექტები. ამრიგად, თავდაპირველად უნდა ვიკვლიოთ კვებისა და წარმოშობის საკითხი.

      კვების უნარი ახასიათებთ სხვა არსებებსაც, რადგან ეს არის სულის პირველი და უზოგადესი უნარი, რაც ყოველივეს სიცოცხლეს ანიჭებს. მისი საქმეა წარმოშობა და საკვების მიღება. იმ ცხოველებისათვის, რომლებმაც მიაღწიეს მოწიფულობას არც დამახინჯებული არიან და თავის თავად წარმოშობის თვისება აქვთ, ყველაზე ბუნებრივია მათივე მსგავსი არსებების წარმოქმნა მათ მიერ, ცხოველებისათვის ცხოველების, მცენარეებისათვის მცენარეების. რათა ამით ისინი, რამდენედაც კი შეუძლიათ, ეზიარონ მარადიულსა და ღვთაებრივს. აქეთკენ მიისწრაფის ყველა და ამ მიზნით აკეთებს იმას, რასაც კი ბუნებრივად აკეთებს.

      მიზანს კი ორი მნიშვნელობა აქვს: რისთვის და როგორ? მარადიულისა და ღვთაებრივისადმი ზიარება კი შეუძლებელია განუწყვეტლივ, რადგან მოკვდავს არ შეუძლია ყოველთვის ერთი და იგივე დარჩეს. ამიტომ თითოეული მათგანი ეზიარება ღვთაებრივს იმდენად, რამდენადაც შეუძლია, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებ და რჩება ის არა თავის თავად, არამედ თავის მსგავსად ერთი არა რიცხვით, არამედ გვარით.

      სული არის ცოცხალი არსების სხეულის მიზეზი და საწყისი ამას კი მარავალი მნიშვნელობა აქვს. განსაზღვრების მიხედვით, სული მიზეზია სამი მნიშვნელობით: ისაა მოძრაობის საწყისი, მიზანი და აგრეთვე სხეულის სულიერი ნაწილის მიზეზი. ცხადია, რომ სული არის არსი, რადგან ყოველივეს არსებობის მიზეზი არის არსი, ხოლო ცოცხალი არსებებისათვის არსი არის სიცოცხლე. სიცოცხლის მიზეზი და საწყისი კი არის სული. ამას გარდა, ისაა შესაძლებლობაში მყოფის ცნება ან განხორციელება (ენტელექია). ცხადია, რომ მიზანსაც სული განსაზღვრავს. როგორც გონება მოქმედებს რაიმე მიზნით, ასევე ბუნებაც და ეს შეადგენს მის დასასრულს. ცხოველებში ასეთი ბუნებრივი მიზანი არის სული, რადგან ყველა ბუნებრივი სხეული წარმოადგენს სულის იარაღს. ასეა, როგორც მცენარეებში, ისე ცხოველებში. მათი მიზანი არის სული. მიზანი კი ორი მნიშვნელობით იხმარება: საიდან და საითკენ. სადაც კი გვხვდება მოძრაობა გადაადგილების სახით, იქ ყველგან სულია ამის მიზეზი. მაგრამ ყველა ცხოველს არა აქვს ამის უნარი. ასევე ცვალებადობასა და ზრდას იწვევს სული. ვფიქრობთ, რომ შეგრძნება არის ერთგვარი ცვალებადობა, მაგრამ შეგრძნება არა აქვს იმას, რაც სულთან არ არის ზიარებული. იგივე ითქმის ზრდისა და მოსპობის შეგრძნების უნართა შესახებ, რადგან ბუნებრივად არაფერი არც ისპობა და არც მატულობს, რაც არ იკვებება, ხოლო არც ერთი არსება, რომელიც არ ზიარებულა სიცოცხლეს, არც იკვებება.

      ემპედოკლე სწორად არ მსჯელობდა, როცა ამბობდა, რომ მცენარეები, რომლებიც ფესვებით მიმაგრებული არიან მიწას, იმიტომ იზრდებიან, რომ მათ მიწა ბუნებრივად დაბლა ეზიდება. ზევით კი მათ ასევე ეწევა ცეცხლი. ემპედოკლეს სწორად არ ესმოდა „ მაღლა “ და „ დაბლა “ , რადგან ეს ყველა არსებისათვის ყველგან ერთი და იგივე არაა. ის, რაც ცხოველებისათვის არის თავი, მცენარეებისათვის არის ფესვები და თუ საჭიროა ლაპარკი ორგანოების განსხვავებაზე, იგივე უნდა ითქვას მოქმედებებზე.

      გარდა ამისა, რა აკავშირებს მიწასა და ცეცხლს, რომლებიც ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობენ? ისინი ერთიმეორეს მოსწყდებოდნენ რომ არ არსებობდეს რაიმე, რაც ამას ხელს უშლის და თუ ასეთი რამ არსებობს, ის სული იქნება, რომელიც ზრდისა და კვების მიზეზიცაა. ზოგს ეგონა, რომ საერთოდ, კვებისა და ზრდის მიზეზი არის მარტივი ბუნება - ცეცხლი, როგორც ცხოველებში, ისე მცენარეებში, მაგრამ ის შეიძლება იყოს მხოლოდ დამხმარე და არა ძირითადი მიზეზი. ასეთი მიზეზი უფრო სულია. ცეცხლს შეუძლია ზრდა უსასრულოდ, სანამ არსებობს საწვავი. მაგრამ ბუნებრვად ყველაფერს აქვს დადგენილი როგორც ზრდის, ისე სიდიდის საზღვარი და ზომა. ეს უნდა იყოს სული და არა ცეცხლი და ფორმა უფრო მეტად, ვიდრე მატერია.

      რადგან სულსა აქვს კვებისა და წარმოქმნის უნარი, ამიტომ აუცილებლია, რომ თავდაპირველად განვსაზღვროთ, თუ რა არის კვება, რადგან ეს უნარი განსხვავებულია ყველა სხვა უნართაგან მოქმედებით. ვფიქრობთ, რომ კვება არის წინააღმდეგობისადმი დაპირისპირებული, მაგრამ არა ყოველგვარი წინააღმდეგობისადმი, არამედ იმ წინააღმდეგობებისადმი, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან არა მხოლოდ წარმოშობით, არამედ ზრდითაც. ბევრი წინააღმდეგობა ერთმანეთისაგან წარმოიშობა, მაგრამ არა რაოდენობით, როგორც მაგალითად, ჯანმრთელობა იშვება ავადმყოფობისაგან. ვფიქრობთ, რომ დასახელებული წინააღმეგობები ერთნაირად არ წარმოადგენენ ერთი-მეორის საკვებს, მაგალითად, წყალი არის ცეცხლის საკვები, მაგრამ ცეცხლი არ კვებავს წყალს. როგორც ჩანს, ეს უფრო მეტად მარტივ სხულებში გვხვდება. სახელდობრ, ერთის მხრივ საკვები, მეორეს მხრივ კი ის, რაც იკვებება. მაგრამ აქ წარმოიშობა ასეთი სიძნელე: ზოგი ამბობს, რომ მსგავსი მსგავსს კვებავს და ზრდის კიდეც. ზოგი კი როგორც უკვე ვთქვით, პირიქით, ამბობს, რომ მოპირდაპირე მხარე კვებავს მოპირდაპირეს, რადგან მსგავსი მსგავსისადმი უგრძნობია. საკვები კი განიცდის გადამუშავებას და ცვალებადობას. ცვალებადობა კი ხდება გადასვლით ან მოპირდაპირე მხარეში, ან შუალედში. შემდეგ, საკვები განიცდის ზემოქმედებას იმისგან, ვინც იკვებება და არა მკვებავი საკვებისაგან. ისევე როგორც მშენებელი არ იცვლება მასალისაგან, არამედ პირიქით, მასა იცვლება მშენებლისაგან. მშენებელი იცვლება მხოლოდ მაშინ, როცა ის გადადის უმოქმედობიდან მოქმედების მდგომარეობაში. განსხვავებაა მხოლოდ იმაში, თუ რომელ საკვებზეა ლაპარაკი, იმაზე, რომელიც მიღებულია ბოლოს, თუ რომელსაც ორგანიზმი პირველად იღებს. იგულისხმება გადასამუშავებელი, თუ გადამუშავებული საკვები, თუ ორივე, სულ ერთია, მათ მაინც საკვები ეწოდებათ. თუ საკვები დაუმუშავებელია, მაშინ მოპირდაპირე მხარე კვებავს მოპირდაპირეს, მაგრამ თუ დამუშავებულია, მაშინ მსგავსი მსგავსით იკვებება. ასე რომ, ორივე თვალსაზრისი როგორღაც სწორია და არც არის სწორი. რადგან ის, რაც არ არის სიცოცხლეს ზიარებული, არც იკვებება. ამიტომ კვების უნარის მქონეა სულის მქონე სხეული, როგორც სულიერი და საკვებიც განკუთვნილია სულიერი არსებისათვის, თანაც არა შემთხვევით. მაგრამ, არსებობს განსხვავება საკვებსა და იმას შორის, რაც სხეულს ზრდის. სულიერი არსება, რომელიც იზრდება, არის რაღაც რაოდენობა, საკვები კი არის რაღაც კონკრეტული საგანი და არსი. საკვები იცავს სულიერ არსებას მანამ, სანამ იკვებება და საკვები არის მიზეზი არა იმის წარმოშობისა, რაც იკვებება არამედ იმისა, რომელიც ამის მსგავსია. მაშასადამე, ის, რომელიც იკვებება, არსებობს, როგორც არსი, მაგრამ თავის თავს არავინ არ შობს, არამედ მხოლოდ იცავს თავს. ამრიგად, სულიერი საწყისი არის უნარი, რომელიც იცავს იმ სხეულს, რომელშიც ის იმყოფება. ხოლო საკვები ამზადებს მას ამ მოქმედებისათვის. ამრიგად, საკვების გარეშე ცოცხალ არსებას არსებობა არ ძალუძს. მაშასადამე, გვაქვს სამი მხარე; ის, რაც იკვებება, რითაც იკვებება და რაც კვებავს. მკვებავი არის პირველი სული, ის, რაც იკვებება და რაც სულის მატარებელია, არის სხეული, ხოლო რითაც იკვებება, ეს საკვებია. თუ სწორია ის აზრი, რომ ყოველი მსჯელობა მიზანს უნდა დავუკავშიროთ მიზანი კი არის თავის მსგავს არსთა წარმოშობა, მაშინ პირველი სული თავის მსგავს არსთა წარმომქმნელია.

      საკვებიც ორი აზრით იხმარება. როგორც გემის მართვა წარმოებს ან ხელით, ან საჭით. პირველი მოძრაობს და ამოძრავებს კიდეც, მეორე მხოლოდ ამოძრავებს. აუცილებელია, რომ ყოველი საკვები გადამუშავებულ იქნას, გადამუშავებას კი სითბო სჭირდება. ამიტომ ყოველ ცოცხალ არსებას აქვს სითბო.

      თუ რა არის საკვები, ამის შესახებ მოკლედ უკვე ვთქვით. უფრო გარკვევით კი ამის შესახებ გვექნება საუბარი ამისთვის განკუთვნილ ნაწარმოებებში.

თავი 5

      გავარკვიეთ რა ეს, ახლა ვილაპარაკოთ შეგრძნებაზე. შეგრძნებას კი ადგილი აქვს მოძრაობასა და განცდაში, როგორც უკვე იყო ნათქვამი. ვფიქრობთ, რომ შეგრძნება არის ერთგვარი ცვალებადობა. ზოგი ამბობს, რომ მსგავსი მსგავსისაგან განიცდის ცვალებადობას. თუ როგორაა ეს შესაძლებელი ან შეუძლებელი, უკვე ვთქვით ზოგადად თხზულებებში მოქმედებისა და განცდების შესახებ. აქ წარმოიშობა ასეთი სიძნელე, რატომ არ წარმოიშობა შეგრძნება თვით შეგრძნებებიდან და რატომ ხდება, რომ გარეშე საგნებისაგან დამოუკიდებლად შეგრძნება არ წარმოებს, თუმცა შეგრძნების ორგანოები შეიცავენ თავის თავში ცეცხლსაც, მიწასაც და სხვა ელემენტებსაც, რომლებიც შეიგრძნობენ ან თავის თავად, ან თავისი შემთხვევითი თვისებების საშუალებით. ცხადია, რომ შეგრძნების ორგანო არ წარმოადგენს განხორციელებულ შეგრძნებას, არამედ ამის შესაძლებლობას. მაშასადამე, არ ხდება შეგრძნება, ისევე, როგორც არ ხდება წვა, თუ არ არსებობს ის, რაც იწვის. მაშინ ის თავის თავს დაწვავდა და აღარ იქნებოდა საჭირო რაიმე ისეთის არსებობა, რაც ცეცხლს წარმოშობდა.

      შეგრძნებას ორი მნიშვნელობა აქვს. სმენისა და მზერის უნარს ჩვენ მაშინაც ვუწოდებთ სმენასა და მზერას, როდესაც კაცს სძინავს და მაშინაც, როდესაც ის ნამდვილად ხედავს და ესმის, ასევე შეგრძნებაც ორი მნიშვნელობით იხმარება, შესაძლებლობისა და რეალური არსებობის მნიშვნელობით. შეგრძნების საგანიც შეიძლება არსებობდეს შესაძლებლობასა და სინამდვილეში. თავდაპირველდ ჩვენ ვთქვით, ერთი და იგივეა განცდაც, მოქმედებაც და მოძრაობაც. მოძრაობა ხომ რაღაც მოქმედებაა, ოღონდ დაუსრულებელი, როგორც ვთქვით ამის შესახებ სხვა ნაწარმოებებში. ყოველივე განიცდის და მოძრაობს იმისაგან რაც არის მამოძრავებელი და მოქმედი. ასე რომ, ერთ შემთხვევაში ზემოქმედება წარმოებს მსგავსისაგან, ზოგჯერ კი არამსგავსისაგან. როგორც უკვე ვთქვით, განიცდის განსხვავებული, მაგრამ განცდის შემდეგ ის უკვე მსგავსია.

      საჭიროა განვსაზღვროთ ისიც, თუ რა არის შესაძლებლობა და განხორციელება. ჩვენ ამის შესახებ ზოგადად ვმსჯელობდით. ჩვენ ვხმარობთ სიტყვას „მცოდნე“ , როცა ადამიანს აქვს ცოდნა და მიეკუთვნება იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებსაც ცოდნა აქვთ და მცოდნენი არიან. ზოგჯერ კი მცოდნეს იმას ვუწოდებთ, ვინც წერა-კითხვა იცის, მაგრამ ორივე ერთნაირად არ არის განათლებული. პირველი განათლებულია ფორმითაც და მატერიითაც, მეორე კი განათლებულია იმ აზრით, რომ შეუძლია თეორიული მოღვაწეობა, თუ მოინდომა და თუ რამემ გარედან არ შეუშალა ხელი. მესამე კი მცდნეა იმიტომ, რომ უკვე ეწევა თეორიულ მოღვაწეობას. ის მცოდნეა სინამდვილეში და მტკიცედ იცის, რომ ეს არის ასო „ა“. პირველი ორი არის მცოდნე შესაძლებლობაში, მაგრამ ხდებიან მცოდნე სინამდვილეში. პირველი იმით, რომ იცვლება სწავლით და ხშირად საწინააღმდეგო მდგომარეობაში გადადის, მეორე კი იმიტომ, რომ იცის არითმეტიკა ან გრამატიკა, მაგრამ არ იყენებს ამ ცოდნას და ის სხვა გზით მოდის მოქმედებაში.

      განცდაც ერთნაირად არ მიმდინარეობს. ერთ შემთხვევაში ესაა მოსპობა მოწინააღმდეგე მხარის ზემოქმედებით, მეორე შემთხვევაში კი ესაა შესაძლებლობაში მყოფის ხსნა რეალობაში მყოფის მიერ და აქ ისეთივე დამოკიდებულებაა, როგორც შესაძლებლობასა და განხორციელებას შორის. თეორიულ მოღვაწეობას იწყებს ის, ვისაც ცოდნა აქვს, მაგრამ ეს არაა ცვალებადობა, არამედ ესაა განვითარება თავის თავში და გადასვლა რეალობაში, ანდა ესაა ცვალებადობის სრულიად სხვა სახე. ამიტომ არ იქნება სწორი იმის თქმა, რომ მოაზროვნე, როცა აზროვნებს, იცვლება. ასევე არც მშენებელი იცვლება მაშინ, როცა აშენებს. აზროვნებისა და განსჯის მეშვეობით შესაძლებლობიდან სინამდვილეში გადასვლას უფრო სწორი იქნებოდა, თუ ვუწოდებდით არა სწავლას, არამედ სხვა სახელს. ის, ვინც შესაძლებლობაში ყოფნისას სწავლობს, ან ცოდნას იძენს იმისგან ვინც არსებობს სინამდვილეში და ცოდნაც აქვს, იმაზე არ ითქმის, რომ განიცდის, როგორც უკვე ვთქვით. ანდა არსებობს ცვალებადობის ორი სახე: ერთია გადასვლა ნაკლის მდგომარეობიდან სინამდვილეში იმის დახმარებიც, რაც იქვე დგას და მას ჰგავს, მეორე კი არის გზა რაიმეს მიღებისა, თანაც ბუნებრივი გზით. შემგრძნებში პირველ ცვალებადობას იწვევს წარმომქმელი, ხოლო რაც დაიბადა, იმას უკვე აქვს როგორც შეგრძნება, ისე ცოდნა. რეალურად არსებული შეგრძნება კი ისე უნდა გავიგოთ, როგორც თეორული მოღვაწეობა. განსხვავება იმაშია, რომ რაც იწვევს გრძნობის ორგანოს ამოქმედებას, მდებარეობს ამ ორგანოს გარეთ. ასეთია როგორც სმენის, ასევე მხედველობისა და სხვა შეგრძნების საგანი. ამის მიზეზი კი ისაა, რომ შეგრძნება ეხება კონკრეტულს, ცოდნა კი ზოგადს. ზოგადი კი იმყოფება სულში. ამიტომ აზროვნება დამოკიდებულია მოაზროვნის სურვილზე, შეგრძნება კი არა. რადგან აუცილებელია შესაგრძნობი საგნის არსებობა. იგივე ითქმის შეგრძნებადი მოვლენის შემეცნების შესახებ იმავე მიზეზით, რომ შეგრძნებადი ერთეულია და მდებარეობს შემგრძნები ორგანოს გარეთ.

      მაგრამ უფრო ნათლად ამის შესახებ მსჯელობა მიზანშეწონილი იქნება გადავდოთ სხვა დროისათვის. ახლა კი უნდა დავადგინოთ შესაძლებლობის მნიშვნელობა, რადგან ის ერთი მნიშვნელობით არ იხმარება. ერთ შემთხვევაში მას იმავე მნიშვნელობით ვხმარობთ, როგორც ბავშვზე ვამბობთ, რომ მას ჯარის ხელმძღვანელობა შეუძლია. მეორე შემთხვევაში კი ამას ვამბობთ უკვე მოზრდილზე. იგივე ითქმის შეგრძნების უნარის შესახებაც, თითქოს მათ შორის სხვაობას არა აქვს ადგილი, მაგრამ როგორც დადგინდა, ისინი განსხვავებულნი არიან და როგორ არიან განსხვავებული. ამიტომ აუცილებელია, რომ „განცდა“ და „ცვალებადობა“ გამოვიყენოთ როგორც ძირეული ცნებები. შეგრძნების უნარი შესაძლებლობაში ისეთივეა, როგორც შეგრძნებადი სინამდვილეში, როგორც ვთქვით. განცდის დროს შეგრძნება არ ჰგავს შესაგრძნობს, მაგრამ როცა უკვე მოხდა განცდა, შემგრძნობი ემსგავსება შეგრძნების საგანს.

თავი 6

      სანამ განვიხილავდეთ თითოეული შეგრძნების უნარს, მანამ უნდა ვილაპარაკოთ შეგრძნების საგანზე. ხოლო შეგრძნების საგანზე ლაპარაკობენ სამი მნიშვნელობით. ამათგან პირველი ორი ნიშნავს შეგრძნებას თავის თავად, მესამე კი ნიშნავს შემთხვევით შეგრძნებას. პირველი ორი არის სპეციფიკური თითოეული შეგრძნების უნარისათვის, მეორე საერთოა ყველასათვის. სპეციფიკურს კი მე ვუწოდებ ისეთ საგანს, რომელიც არ შეიგრძნობა სხვა ორგანოთი და რომელშიაც ადამიანი არ შეიძლება შეცდეს, მაგალითად, მხედველობა ფერებისა, სმენა ბგერებისა, გემოვნება გემოსი და სხვ. შეხებას მრავალი განსხვავებული თვისება აქვს. თითოეული გრძნობის ორგანო ეხება მისთვის განკუთვნილ საგანს და არც სცდება, რომ ეს ფერია, ეს ბგერაა, არამედ სცდება იმაში, რასაც ფერი აქვს და სად იმყოფება იგი, ან რა არის ის, რაც ჟღერს და სადაა ის? ასეთი შეგრძნება სპეციფიკურია ცალკეული გრძნობის ორგანოსათვის. შეგრძნების ორგანოებისათვის საერთოა მოძრაობა, უძრაობა, რიცხვი, ფორმა, სიდიდე, რადგან ისინი არ არიან დამახასიათებელი რომელიმე ერთი გრძნობის ორგანოსათვის, არამედ ყველასათვის საერთო არიან. მოძრაობა კი აღიქმება შეხებით და მხედველობით. შემთხვევით შეგრძნებაზე კი შეიძლება იმავე აზრით ვილაპარაკოთ, როგორც დიაროსის ვაჟზე, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა თეთრი და აღიქმება როგორც შემთხვევითი მოვლენა. რადგან თეთრისათვის შემთხვევითია ის, რასაც შეგრძნება აღიქვამს. ამიტომ თეთრი არაფერს არ განიცდის ასეთი შეგრძნებადი საგნისაგან. ხოლო თავის თავად შეგრძნებადი მოვლენისათვის მთავარია ის, რაც სპეციფიკურია ამ შეგრძნებისათვის და საითკენაც არის მიმართული ყოველი ცალკეული შეგრძნების არსი.

თავი 7

      ის, რისკენაც არის მიმართული მხედველობა, არის დასანახი საგანი. დასანახი კი არის ფერი, რომელიც შეიძლება სიტყვითაც გამოითქვას, თუმცა მას ზოგჯერ სახელი არა აქვს. რასაც ჩვენ ვამბობთ, ცხადი გახდება მომდევნო მსჯელობიდან. დასანახი არის ფერი, რაც განეკუთვნება თავის თავად დასანახ მოვლენებს. ის თავის თავადია იმ აზრით, რომ მას თავის თავში აქვს მიზეზი იმისა, რითაც ის ხილვადია. ყოველ ფერს აქვს იმის უნარი, რომ აამოძრაოს სინამდვილეში არსებული გამჭვირვალე მოვლენა და მისი ბუნებაც ამაში მდგომარეობს. ამიტომ ფერის დანახვა სინათლის გარეშე არ შეიძლება, არამედ ყოველი საგნის ფერი შეიძლება დანახულ იქნას სინათლეში. ამიტომ თავდაპირველად ვილაპარაკოთ იმის შესახებ, თუ რა არის სინათლე.

      სინათლე არის რაღაც, მაგრამ ის არაა თავის თავადი, არამედ ის ნათელია სხვა ფერის დახმარებით, ასეთი კი არის ჰაერი, წყალი, და მრავალი გამჭვირვალე საგანი. ჰაერი და წყალი კი არ არიან გამჭვირვალე, არამედ ის რაღაც ბუნება, რომელიც იმყოფება როგორც მათში, ისე ზემოთ მყოფ მარადიულ სხეულებში. სინათლე კი არის წარმომქმნელი გამჭვირვალესი, როგორც ასეთისა. სადაც კი არსებობს გამჭვირვალე შესაძლებლობაში, იქვე არსებობს სიბნელეც. სინათლე კი არის გამჭვირვალე ფერი. გამჭვირვალეს განხორციელება კი ხდება ცეცხლისაგან ან ისეთი სხეულისაგან, როგორიცაა ზემოთ მყოფი სხეული, რადგან ამასაც იგივე ბუნება აქვს.

      ამრიგად, ჩვენ უკვე ვთქვით, თუ რა არის გამჭვირვალე და რა არის ფერი. ვთქვით, რომ ეს არაა ცეცხლი, არც რაიმე სხეული, არც რომელიმე სხეულის გამოსხივება, რადგან მაშინ ფერი რაიმე სხეული იქნებოდა. არამედ ესაა ცეცხლის, ან რაიმე მისდაგვარის არსებობა იმაში, რაც გამჭვირვალეა. არც ისაა დასაშვები, რომ ერთ ადგილას ორი სხეული იყოს. ვფიქრობთ, რომ სინათლე უპირისპირდება სიბნელეს. სიბნელე არის გამჭვირვალეში ფერის არარსებობა. ამრიგად, ცხადია, რომ სინათლე არის ცეცხლის არსებობის შედეგი.

      სწორი არ იყო არც ემპედოკლე, არც ის, ვინც ამბობდა, რომ სინათლე მოედინება და ხანდახან ჩერდება დედამიწასა და ცას შორის, მაგრამ ჩვენთვის ეს დაფარული რჩება. ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ მსჯელობის თვალსაჩინოებას, არამედ მოვლენებსაც, რადგან მცირე მანძილზე ეს შეიძლება დაფარული იყოს, მაგრამ ის რომ დაფარული დარჩენილიყო აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ამის დაშვება დიდი გაბედულებაა. ის, რაც ფერს იღებს, თვითონ უფეროა, რაც იღებს ბგერას, მას ბგერა არა აქვს. უფერული კი არის ან გამჭვირვალე და უხილავი, ანდა ძნელად დასანახი, როგორიც სიბნელეა. ასეთია გამჭვირვალე, მაგრამ არსებული არა სინამდვილეში, არამედ შესაძლებლობაში. ერთი და იგივე მოვლენა შეიძლება იყოს ხან ნათელი, ხან კი ბნელი. მაგრამ სინათლეში ყველაფერი კი არ ჩანს არამედ თითოეული საგნისათვის დამახასიათებელი ფერი. ზოგი რამ კი სინათლეში არ ჩანს, მაგრამ სიბნელეში იწვევს შეგრძნებას, მაგალითად, ის, რაც იწვის ან ანთია. მათ ერთი სახელი არა აქვთ. ასეთია სოკოები, რქები, თევზის თავები, თვალები და ქერტლი. მაგრამ მათთვის დამახასიათებელი ფერი კი არ ჩანს. რა მიზეზით ხდებიან ისინი ხილვადი, ამის შესახებ სხვაგან გვექნება მსჯელობა. აქამდე კი ნათელი გახდა, რომ ის, რაც ჩანს სინათლეში, არის ფერი, რადგან ფერი სინათლის გარეშე არ ჩანს. ფერისათვის არის დამახასიათებელი აამოძრაოს რეალურად არებული გამჭვირვალე საგანი. გამჭვირვალეს განხორციელება კი არის ფერი. ამის დამტკიცება ასე შეიძლება: თუ ვინმე თვალზე დაიდებს რამეს, რასაც ფერი აქვს, ვერაფერს ვერ დაინახავს. რადგან საჭიროა, რომ, ფერმა აამოძრაოს გამჭვირვალე რამ, მაგალითად, ჰაერი, ხოლო ჰაერი, როგორც უწყვეტი, აამოძრავებს შეგრძნების ორგანოს.

      სწორად არ მსჯელობდა დამოკრიტე, რომელიც ფიქრობდა, რომ თუ შუაში შეიქმნებოდა სიცარიელე, ცაში მყოფ ჭიანჭველასაც კი ზუსტად დავინახავდით. მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ხედვას იწვევს მხედველობის ორგანოზე რაიმე ზემოქმედება. ეს ზემოქმედება კი თვითონ დანახულ ფერს არ შეუძლია, მაშ, რჩება ზემოქმედება შუალედის მხრივ. ამრიგად, აუცილებლია რაღაც შუალედის არსებობა. ხოლო თუ შუაში სიცარიელეა, არა მხოლოდ ზუსტი ხედვაა შეუძლებელი, არამედ საერთოდ ხედვა.

      თუ რა მიზეზით ჩანს ფერი სინათლეში, ამის შესახებ უკვე ვთქვით. ორივეგან, როგორც სინათლეში, ისე სიბნელეში ხილვადია ცეცხლი და ეს აუცილებლობის გამო. სწორედ ამიტომ ხდება გამჭვირვალე გამჭვირვალე. იგივე ახსნა გამოდგება ბგერისა და სუნის შესახებ. მათი შეხება გრძნობის ორგანოზე კი არ იწვევს შეგრძნებას, არამედ სუნი და გემო ჯერ შუალედს აამოძრავებს, შუალედი კი აამოძრავებს თითოეულ გრძნობის ორგანოს. თუ ვინმე დაადებს ჟღერად ან სუნის მქონე საგანს შეგრძნების ორგანოს, ვერ მიიღებს ვერავითარ შეგრძნებას. შეხებისა და გემოს შეგრძნებებშიც იგივე მდგომარეობაა, თუმცა ეს არ ჩანს. თუ რა მიზეზით, ეს ქვემოთ გახდება ნათელი. ბგერებისათვის შუალედია ჰაერი, სუნის შუალედს კი სახელი არა აქვს. ჰაერისა და წყლისათვის უნდა არსებობდეს რაღაც საერთო შეგრძნება, როგორც ფერისათვის და ვისაც ყნოსვა აქვს, უნდა ჰქონდეს ეს საერთო შეგრძნება ჰაერისა და წყლისა. წყალში მცხოვრებ ცხოველებსაც აქვთ სუნის შეგრძნება, ხოლო ადამიანსა და ხმელეთის მცხოვრებთ, რომლებიც სუნთქავენ, სუნის გაგება არ შეუძლიათ სუნთქვის გარეშე. მაგრამ როგორც ამის, ისე ამის მიზეზების შესახებ ქვემოთ ვილაპარაკებთ.

თავი 8

      ახლა თავდაპირველად განვსაზღვროთ ბგერა და სმენა. ბგერას ორი მნიშვნელობა აქვს: ერთია ბგერა სინამდვილეში, მეორე - შესაძლებლობაში. ზოგ საგანზე არ ვამბობთ, რომ ბგერა აქვს, მაგალითად, ღრუბელზე და მატყლზე, ზოგჯერ კი ვამბობთ, რომ აქვს, მაგალითად, სპილენძზე, მაგარ და გლუვ საგნებზე, რადგან მათ შეუძლიათ ბგერის გამოცემა, რასაც ისინი ახორციელებენ ამ საგნებსა და სმენის ორგანოს შუა. ბგერა ხორციელდება რაიმესაგან, მიმართულია რაიმესკენ და არსებობს რაიმეში. ბგერას წარმოშობს დარტყმა. ამიტომ ბგერა არ წარმოიშობა, თუ არსებობს ერთი მხარე, რადგან სხვაა ის, რაც ერტყმის და ის, რასაც ერტყმის. ასევე ბგერა მიმართულია რაიმესკენ, ხოლო დარტყმა არ არსებობს მოძრაობის გარეშე, როგორც უკვე ვთქვით. ბგერა არაა ნებისმიერი დარტყმა, მაგალითად, მატყლი არ წარმოშობს არავითარ ბგერას, თუნდაც მას დაარტყან. მაგრამ სპილენძი, აგრეთვე ცარიელი და გლუვი საგნები წარმოშობენ ბგერას. სპილენძი წარმოშობს ბგერას, რადგან გლუვია, ხოლო ცარიელი საგნები წარმოშობენ მრავალ საპასუხო ბგერას პირველივე დარტყმის შემდეგ, რადგან მათში ამოძრავებული ჰაერი იქიდან ვერ გამოდის. ბგერა ისმის ჰაერშიცა და წყალშიც, მაგრამ უფრო სუსტად, რადგან ბგერისათვის ძირითადია არა ჰაერი და წყალი, არამედ მკვრივი საგნების ერთმანეთზე ან ჰაერზე დარტყმა. ეს კი მოხდება მაშინ, თუ ჰაერი დარტყმის შემდეგ არ გაიფანტა და ადგილზე დარჩა. მაშასადამე, ბგერა წარმოიშობა მაშინ, როდესაც დარტყმა არის სწრაფი და ძლიერი. საჭიროა, რომ შეკავებულ იქნას ჰაერის გაფანტვა იმის შედეგად, რომ ჰაერზე მოხდა ისეთი დარტყმა, თითქოს რაიმეს სწრაფად მოძრავს დაერტყას ქვიშის გროვისათვის.

      ექო ჩნდება მაშინ, როდესაც გაერთიანებული ჰაერის გაფანტვა დაბრკოლებულია ჭურჭლით და სფეროსავით დამრგვალებული ჰაერი აისხლეტს დარტყმას. როგორც ჩანს, ექო ყოველთვის წრმოიშობა, თუმცა არა გარკვევით, რადგან ბგერას იგივე ემართება, რაც სინათლეს. სინათლე ყოველთვის გადატყდება ხოლმე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ყველგან წარმოიშობოდა, იმ ადგილების გარდა, რომელთაც მზე აშუქებს. და ამიტომ იქნებოდა სიბნელე. მაგრამ, სინათლე ისე არ აირეკლება, როგორც წყლისაგან ან სპილენძისაგან, ან სხვა რომელიმე გლუვი საგნისაგან, რომლებიც იწვევენ ჩრდილს და რომლითაც ჩვენ სინათლეს ვამჩნევთ.

      ის კი სწორადაა ნათქვამი, რომ სმენისათვის მთავარია სიცარიელე. ვფიქრობთ, რომ სიცარიელე ჰაერია, რომელიც იწვევს სმენას, როცა იგი მოძრაობს როგორც ერთიანი და უწყვეტი მასა. მაგრამ თუ ჰაერი გაიშვიათდა, ბგერას ვეღარ მივიღებთ, თუ საგანი, რომელსაც ის ერტყმის, გლუვი არაა. მაშინ ის კვლავ გაერთიანდება ამ საგნის ზედაპირის გავლენით, რადგან გლუვი საგნის ზედაპირი ერთიანია.

      ბგერას წარმოშობს ის, რაც უწყვეტად ამოძრავებს ჰაერის ერთ მთლიან მასას სმენის ორგანომდე. სმენის ორგანო კი დაკავშირებულია ჰაერთან, რადგან ის ჰაერში იმყოფება და გარეთ მყოფი ჰაერი იწვევს მის შიგნით მყოფი ჰაერის ამოძრავებას. მაშასადამე, ცოცხალი არსება მთელი სხეულით ვერ ისმენს და ჰაერიც ვერ აღწევს მთელ მის სხეულს, რადგან მოძრავ ცოცხალ ნაწილს ყველგან არა აქვს ჰაერი და მაშასადამე, არც ჟღერადია. თვითონ ჰაერიც ბგერის გარეშეა, რადგან, ადვილად დაშლადია. მაგრამ როდესაც რაიმე აბრკოლებს ჰაერის დაშლას, მაშინ ჰაერის მოძრაობა ბგერას იწვევს. ხოლო სმენის ორგანოში ჰაერი ისეა მოთავსებული, რომ უძრავი იყოს, რათა ზუსტად შეიგრძნოს მოძრაობის ყოველი განსხვავება. ამიტომ გვესმის ჩვენ წყალშიც, რადგან წყალი ვერ აღწევს ყურში მყოფ ჰაერამდე და სმენის ორგანომდე მისი ხვეულების გამო. მაგრამ თუ წყალმა ყურში შეაღწია, მაშინ აღარ გვესმის. არც მაშინ გვესმის, როცა ყურის ბარაბანი დაზიანებულია, როგორც ვერ ვხედავთ თვალის გარსის დაზიანების დროს. იმის გარკვევა, გვესმის თუ არა, შეიძლება იმითაც, რომ ყურში განუწყვეტლივ გვესმის ხმაური, თითქოს ყურზე მიდებული გვქონდეს სასმენი რქა. რადგან ყურში მყოფ ჰაერს აქვს მისთვის დამახასიათებელი განუწყვეტელი მძრაობის თვისება. ბგერა კი ყურისათვის უცხოა და არაა მისთვის დამახასიათებელი. ამიტომ ამბობენ, რომ ჩვენ გვესმის სიცარიელისა და ექოს მეშვეობით. რადგან ჩვენ გვესმის ყურში მყოფი გამოცალკევებული ჰაერით. რა ჟღერს, ის, რაც დარტყმას განიცდის, თუ რაც დარტყმას აწარმოებს, იქნებ ორივე, მაგრამ სხვადასხვანაირად? ბგერა არის შედეგი იმის მოძრაობისა, რასაც მოძრაობის უნარი აქვს ისე, თითქოს გლუვი საგნიდან რაღაც ჩამოვარდნილიყოს მასზე დარტყმის შედეგად. როგორც ითქვა, ყველაფერი არ ჟღერს, არც ის, რაც ერტყმის, არც ის, რასაც ერტყმის, როგორც ნემსის ნემსზე დარტყმის დროს. ის, რასაც ერტყმის გლუვი უნდა იყოს, რათა შეგროვილი ჰაერი ჩამოიშოროს და აამოძრაოს. ჟღერად საგნებს შორის განსხვავება გამოვლინდება განხორციელებულ ბგერაში, როგორც სინათლის გარეშე არ ჩანს ფერები, ასევე ბგერის გარეშე მაღალი და დაბალი ხმა. ეს ცნებები გადატანით ნახმარი არის შეხებიდან. მაღალი ბგერა ამოძრავებს სმენის ორგანოს მცირე დროის განმავლობაში ხშირდ, ხოლო დაბალი ხმა მცირე რაოდენობით დროის დიდ მონაკვეთში. მაღალი ბგერა არაა ჩქარი, დაბალი კი ნელი, არამედ პირველი წარმოიშობა სწრაფი მოძრაობის შედეგად, დაბალი კი ნელი მოძრაობით. ანალოგიურ მდგომარეობას ვხვდებით მახვილი და ბლაგვი საგნების შეხებისას, წამახვილებული თითქოს გვჩხვლეტავს, ბლაგვი კი გვიბიძგებს, რადგან პირველი მოძრაობს მცირე დროის მანძილზე, მეორე კი დიდი დროის განმავლობაში. ამიტომ გვგონია, რომ ერთი სწრაფია, მეორე კი ნელი.

      აი, რაც შეიძლება თქმულიყო ბგერის შესახებ. ხმა კი არის სულიერი არსების რაღაც ბგერა. უსულო საგანთაგან არც ერთი არ ჟღერს. მაგრამ მსგავსების გამო მაინც ვამბობთ, რომ ხმას გამოსცემსო. მაგალითად, სალამური, ლირა და ყველა სხვა უსულო საგანი რომელსაც კი აქვს ბგერის ხანგრძლივობის და საუბრის მაგვარი უნარი. ვფიქრობთ, რომ ეს თვისებები ხმასაც გააჩნია. ბევრ ცხოველს კი ხმა არა აქვს, მგალითად, უსისხლო ცხოველებს, სისხლის მქონეთაგან თევზებს და ეს სწორიცაა, თუ ბგერა არის ჰაერის რაღაც მოძრაობა. მდინარე ახელოოში თევზები გამოსცემენ ხმას ლაყუჩებით და რაიმე სხვა ამდაგვარით. ხმა არის ცოცხალი არსების ბგერა და ის წარმოიშობა სხეულის ნებისმიერ ორგანოში. მაგრამ რადგან ყოველივე გამსოცემს ბგერას რაიმეს დარტყმით რაიმეზე რაიმეთი და რაიმეში, სადაც ჰაერია, მაშინ სწორი იქნება, რომ ხმას გამოსცემს მხოლოდ ის არსება, რომელიც სუნთქავს. სუნთქვას კი ბუნება იყენებს ორი საქმისათვის, ლაპარაკისთვის ან გემოსთვის. ამათგან გემოვნება აუცილებელია, ამიტომ ის ბევრს ახასიათებს, მეტყველება კი არსებობს კეთილდღეობისათვის. ასევე სუნთქვას იყენებს შინაგანი სითბოსათვის, რაც აუცილებელია. ამის მიზეზის შესახებ ჩვენ სხვაგან ვიტყვით. იყენებს მას აგრეთვე ბგერისათვის, რომელსაც კეთილდღეობა მოაქვს. ხოლო სუნთქვის ორგანოა ყელი. სხეულის ეს ნაწილი არსებობს ფილტვებისათვის. ამიტომ სხეულის ამ ნაწილის წყალობით ხმელეთზე მცხოვრებ ბევრ ცხოველს, სხვებთან შედარებით, მეტი სითბო აქვს. სუნთქვა სჭირდება, პირველ ყოვლისა, გულის გარშემო ადგილს. მაშასადამე, აუცილებელია, რომ სუნთქვის დროს ჰაერი შევიდეს სხეულში. რადან ხმა არის სხეულში არსებული ნაწილების მიერ მიღებული ჩასუნთქული ჰაერის დარტყმა ე.წ. არტერიებზე. მაგრამ ცხოველის ყველა ხმა არაა ბგერა, როგორც ვთქვით, რადგან არსებობს ენით გამოწვეული ხველების მსგავსი ხმაური. ის, რასაც ეჯახება, უნდა იყოს სულიერი არსება და თანაც ჰქონდეს წარმოდგენის რაიმე უნარი. ხმა ხომ ბგერაა, რომელსაც რაღაც მნიშვნელობა აქვს. ბგერა არაა ყოველი ამოსუნთქული ჰაერი, მაგალითად, ხველა, არამედ ცოცხალ არსებაში შესუნთქული ჰაერის დაჯახება სასუნთქ ორგანოში მყოფ ჰაერზე. ამას ადასტურებს ის, რომ შეუძლებელია ხმის ამოღება ამოსუნთქვის ან ჩასუნთქვის დროს, არამედ მხოლოდ სუნთქვის შეჩერებისას. რადგან ვინც სუნთქვას იკვებს, ის წარმოშობს ჰაერის ამ მოძრაობას. ამას ცხადყოფს თევზების მაგალითი, რომლებსაც ხმა არა აქვთ, რადგან არა აქვთ ხორხი. ეს ნაწილი კი იმიტომ არა აქვთ, რომ არ სჭირდებათ არც ჰაერი და არც სუნთქვა. თუ რა მიზეზით, ამაზე სხვაგან გვექნება ლაპარაკი.

თავი 9

      სუნისა და სუნის შეგრძნების შესახებ ნაკლებ შეიძლება რაიმეს გარკვევით თქმა, ვიდრე ზემოხსენებულ გრძნობებზე. რადგან ყნოსვის არსი არაა ისე ნათელი, როგორც ბგერისა და ფერისა. მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენ ეს გრძნობა ისე გარკვევით არა გვაქვს მოცემული, როგორც ცხოველების უმრავლესობას. ადამიანი ცუდად შეიგრძნობს სუნს და არავინ არ შეიგრძნობს მას სიამოვნებისა და უსიამოვნების გარეშე, რადგან ამ გრძნობის ორგანო არაა ზუსტი. სწორია ის, რომ თვალის გუგის მქონე ცხოვლები ისე აღიქვამენ ფერებს, რომ მათთვის არაა ნათელი, თუ რა განსხვავებაა მათ შორის. ასევე აღიქვამს სუნს ადამიანის გვარიც. როგორც ჩანს, ადამიანთა გვარშიც სუნის შეგრძნება გემოს შეგრძნების ანალოგიურია და მათთვის ფერის სახეებს შეესატყვისება სუნის სახეები. მაგრამ გემოს შეგრძნება უფრო ზუსტი გვაქვს, რადგან ის ერთგვარი შეხებაა, ამიტომ ადამიანებს ის უფრო ზუსტი აქვთ. სხვა შეგრძნებით ადამიანი ბევრად ჩამორჩება ცხოველს. მაგრამ შეხების შეგრძნება მას სხვა ცხოველებზე ზუსტი აქვს. და მაშასადამე, ადამიანი უფრო გონიერია, ვიდრე სხვა ცხოველი. ამას ამტკიცებს ის, რომ ნიჭიერი და უნიჭო ადამიანები ამ გრძნობის ორგანოთი განსხვავდებიან და არა რომელიმე სხვა ორგანოთი. საერთოდ, მკვრივი სხეულის მქონე ადამიანები არ არიან ნიჭიერნი, ხოლო სუსტი სხეულის მქონენი კი ნიჭიერნი არიან. როგორც გემოვნებით ვასხვავებთ ტკბილსა და მწარეს, ასევე ყნოსვაში.ზოგიერთ საგნებში გემო და სუნი ერთმანეთის ანალოგიურია. მაგალითად არსებობს ტკბილი გემო და ტკბილი სუნი და პირიქით. ასევე არსებობს მწარის, მჟავის, ცხარისა და მსუყის სუნები. როგორც უკვე ვთქვით, საგნები სუნით ისე გარკვევით არ განსხვავდებიან, როგორც გემოთი. ამიტომ სუნის სახეების სახელები მიღებულია გემოსაგან, მათთან მსგავსების შედეგად. ტკბილმა სუნმა მიიღო სახელი შაფრანისა და თაფლისაგან, ცხარემ ქონდარისა და სხვა ამდაგვარისაგან. ასევეა მიღებული სახელწოდებები სხვა შემთხვევებშიც. როგორც სმენისა და სხვა გრძნობის ორგანოებს აქვთ საგნად ის, რაც ისმის და არ ისმის, რაც ჩანს და არა ჩანს, ასევე ყნოსვის ორგანოსაც აქვს შესაგრძნობად სუნიანი და უსუნო საგნები. უსუნო საგნებს შორის ზოგის სუნის გაგება შეუძლებელია, ზოგს საერთოდ არა აქვს სუნი, ზოგს აქვს სუსტი და ცუდი სუნი. ასევე შეიძლება მსჯელობა უგემოს შესახებაც.

      ყნოსვა წარმოებს შუალედის დახმარებით, როგორიცაა ან ჰაერი, ან წყალი. როგორც ჩანს, წყალში მცხოვრებ ცხოველებსაც აქვთ ყნოსვის შეგრძნება, ასევე სისხლის მქონე და უსისხლო ცხოველებს, აგრეთვე ფრინველებს. ზოგიერთი მათგანი მაშინვე ეძგერება ხოლმე საკვებს, როგორც კი სუნს გაიგებს. აქ წარმოიშობა ასეთი სიძნელე, რომ თუ ყველა ცხოველი ერთნაირად შეიგრძნობს სუნს, ადამიანი კი, როგორც ჩანს, მხოლოდ ჩასუნთქვის დროს, ხოლო თუ არ ჩაისუნთქა, არამედ ამოისუნთქა, ან შეიკავა სუნთქვა, მაშინ არც ყნოსვის შეგრძნება ექნება არც ახლოს და არც შორს, თუნდაც ნესტოში ჩაუდონ რამე. მაგრამ ცხვირში ჩადებული საგნის სუნს ვერ შეიგრძნობს ვერც ერთი ცხოველი. ჩასუნთქვის დროს კი სუნის შეგრძნება დამახასიათებელია მხოლოდ ადამიანისათვის. ამას ცდა ადასტურებს. ასე, რომ უსისხლო ცხოველებს, რომლებიც არ სუნთქავენ, უნდა ჰქონდეთ რაღაც სხვა შეგრძნების ორგანო, გარდა ზემოთქმულისა. მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ისინი სუნს მაინც გრძნობენ. ყნოსვა კი არის შეგრძნება როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო სუნისა. ცხოველები, როგორც ადამიანი, შეიძლება მოიწამლონ ისეთი მძაფრი სუნისგან, როგორიცაა ფისის, გოგირდის და სხვა ამგვარისა. მაშასადამე, როგორც ჩანს, ცხოველებსაც გააჩნიათ ყნოსვის უნარი, თუმცა არა სუნთქვით. ვფიქრობთ, რომ ადამიანის ყნოსვის ორგანო განსხვავდება დანარჩენი ცხოველების ორგანოსაგან, როგორც ადამიანის თვალები განსხვავდება უძრავი თვალების მქონე ცხოველთა თვალებისაგან. ადამიანს აქვს ერთგვარი დამცველი და საფარი წამწამებს სახით და თუ ადამიანი არ ამოძრავებს და ზევით არ წევს, მაშინ ვერ ხედავს. ხოლო უძრავ თვალებიან ცხოველებს ასეთი რამე არა აქვს. ისინი უმალ ხედავენ იმას, რაც კი ხდება გამჭვირვალე სივრცეში. ყნოსვის ორგანოც მათ საფარველის გარეშე აქვთ, როგორც თვალები, ხოლო იმ ცხოველების ყნოსვის ორგანოს, რომლებიც სუნთქავენ, საფარველი აქვს. იგი სუნთქვის დროს იღება და ამ დროს ძარღვები და ფორები ფართოვდება. ამიტომ იმ ცხოველებს, რომლებიც სუნთქავენ, წყალში არა აქვთ ყნოსვის უნარი, სუნთქვის დროს ყნოსვა აუცილებელია, მაგრამ ეს წყალში შეუძლებელია. ამრიგად, ყნოსვა უკავშირდება სიმშრალეს, როგორც გემოვნება სისველეს.

      ასეთია ყნოსვის ორგანო შესაძლებლობაში.

თავი 10

      გემოს შეგრძნებას იწვევს შეხებადი მოვლენა. თუ ის არ აღიქმება, ამის მიზეზი არის რაღაც შუაში მყოფი გარეშე მოვლენა, რის გამოც შეხება არ ხდება. რაც გემოს იწვევს, ის სველში იმყოფება, როგორც მატერიაში. ის კი შეხებადია. ამიტომ წყალშიც რომ ვიყოთ, მაინც აღვიქვამდით მასში გახსნილ სიტკბოს. ჩვენ ეს შეგრძნება გვაქვს არა იმიტომ, რომ არსებობს რაღაც შუალედი, არამედ წყალთან შერევის გამო. როგორც ამას ადგილი აქვს სმის დროს. ფერი კი არც შერევით ხდება ხილვადი და არც გამოტყორცნილი ნაკადებით. ასე რომ, გემოს შეგრძნების დროს არ მონაწილეობს არავითარი შუალედი ფენა. ამრიგად, როგორც ფერია ხილვადი, ასევე გემოა შეგრძნებადი. არაფერი არ იწვევს გემოს შეგრძნებას სითხის გარეშე. რადგან გემოს მქონე საგანი შეიცავს რეალურად ან შესაძლებლობაში სისველეს, როგორც მლაშე საგანი, რაც ადვილად დნება და ენაც ადვილად ადნობს მას. ასევეა მხედველობაც მიმართული ხილვადი ან უხილავი საგნისაკენ. მაგალითად, სიბნელე უხილავია, მაგრამ მხედველობა მას მაინც არჩევს. ასევე ძალიან ნათელიც არაა ხილვადი, თუმცა მხედველობის ორგანო მაინც არჩევს, მაგრამ სხვაგვარად, ვიდრე სიბნელეს. ასევე სმენაც მიმართულია ბგერისა და სიჩუმისაკენ. ამათგან პირველი ისმის, მეორე არა. ძლიერი ხმაური ისევე, როგორც დიდი სინათლე, არ აღიქმება. ასევე არ აღიქმება მცირე და დიდი ხმაური, ან ხმაური გამოწვეული იძულებით. უხილავს უწოდებენ იმას, რის დანახვაც საერთოდ შეუძლებელია. სხვა შემთხვევებში კი უხილავს უწოდებენ იმას, რის ხილვაც უნდა ხდებოდეს, მაგრამ არ ხდება ან იმიტომ, რომ ადამიანს არა აქვს გრძნობის ეს ორგანო, ან აქვს არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, როგორც უკურკო ნაყოფი, ან უფეხო ადამიანი. ასეთსავე მიმართებაშია გემოვნების შეგრძნება გემოს მქონე ან გემოს არმქონე მოვლენებთან. ამ უკანასკნელთაგან ზოგს მცირე გემო აქვს, ზოგს ცუდი, ან ისეთი, რომ ის გემოს შეგრძნებას სპობს. ვფიქრობთ, რომ გემოს შეგრძნების საფუძველი არის ან ის, რაც დაილევა, ან რაც არ დაილევა. ორივე შემთხვევაში არის გემოს გამომწვევი, ოღონდ ერთ შემთხვევაში სასმელი ცუდია და სპობს გემოს შეგრძნებას, მეორე კი შეგრძნების ბუნების შესაბამისია. სასმელი განეკუთვნება, როგორც შეხების, ისე გემოვნების გრძნობას. რადგან გემოს შეგრძნების საგანი სველი უნდა იყოს, ამიტომ თვით შეგრძნების ორგანო არ უნდა იყოს სველი, არც მოკლებული უნდა იყოს დასველების უნარს. რადგან შეგრძნების ორგანო განიცდის შეგძნებადი საგნის ზემოქმედებას, ამიტომ აუცილებელია, რომ გემოს შეგრძნების ორგანო, რომელიც არაა სველი, მაგრამ აქვს დასველების უნარი, დასველდეს კიდეც, ოღონდ ისე, რომ თვითონ არ მოისპოს. ამას ადასტურებს ის, რომ ენას არ ძალუძს შეგრძნება არც მაშინ, თუ ძალიან მშრალია, არც მაშინ, თუ ძალიან სველია. გემოს შეგრძნება წარმოიშობა სითხის პირველსავე შეხების შედეგად, ხოლო პირველი გასინჯვის შემდეგ გემოს მეორე გასინჯვა იწვევს ძლიერ შეგრძნებას. ასევე ავადმყოფს ყველაფერი მწარე ჰგონია, რადგან ის შეიგრძნობს ენით, რომელიც სავსე აქვს მწარე სითხით. გემოს ისევე, როგორც ფერის შეგრძნებას უპირისპირდება შემდეგი მარტივი მოვლენები: ტკბილი და მწარე, შემდეგ ტკბილს უპირისპირდება მსუყე, მწარეს - მლაშე. მათ შუა იმყოფება ცხარე და მჟავე, მწვავე და მწკლარტე. დაახლოებით, ასეთია განსხვავება გემოვნებათა შორის. შეგრძნების ორგანო ასეთია შესაძლებლობაში, ხოლო შეგრძნებადი საგანი ასეთია შეგრძნების განხორციელების შემდეგ.

თავი 11

      იგივე შეიძლება ითქვას შეხების შეგრძნებისა და შეხების ობიექტის შესახებ. რადგან შეხების შეგრძნება არის არა ერთი, არამედ მრავალი, ამიტომ შესაგრძნობი საგანი აუცილებლად მრავალი უნდა იყოს. აქ წარმოიშობა ასეთი სიძნელე: შეგრძნების ორგანო ერთია,თუ მრავალი, რა არის შეხების შემგრძნები? ესაა სხეული, რომლის ანალოგიური სხვა ცხოველებსაც კი აქვთ. თუ ეს სხეული არაა, არამედ რაღაც შუალედია, ხოლო პირველი შემგრძნები ორგანო არის რაღაც სხვა შიგნით მყოფი? როგორც ჩანს, ყველა შეგრძნება ერთ წინააღმდეგობას აღიქვამს. მაგალითად, მხედველობა შეიგრძნობს თეთრსა და შავს, სმენა მაღალსა და დაბალ ბგერებს, გემო - მწარესა და ტკბილს. შეხებადი კი მავალი დაპირისპირებული მხარეა: თბილი და ცივი, მშრალი და სველი, მაგარი და რბილი და სხვა მრავალი ამდაგვარი. არსებობს ამ სიძნელის შემდეგი გადაწყვეტა, რომ სხვა შეგრძნებებშიც არსებობს მრავალი დაპირისპირებული მხარე. მაგალითად, სმენაში არა მხოლოდ მაღალი და დაბალი აღსაქმნელი, არამედ აგრეთვე ძლიერი და სუსტი, რბლი და უხეში ბგერები და სხვა ამდაგვარი. ასევე ფერებშიც არსებობს ასეთივე განსხვავებული მხარეები. მაგრამ არაა ცხადი, თუ რა არის შეხებაში ისეთი ძირითადი, როგორიცაა სმენაში ბგერა?

      შეგრძნების ორგანო იმყოფება შეგრძნების შიგნით, თუ არა, თუ შეგრძნებას აწარმოებს მთელი სხეული? მაგრამ ცდა არ ამტკიცებს იმას, რომ შეგრძნება იშვება შეხების უმალვე. მაგალითად, თუ დავამზადებთ რაღაც გარსს და სხეულს შემოვახვევთ, შეგრძნება უმალვე წარმოიშობა, როგორც კი შეხება მოხდება. თუმცა ცხადია, რომ შეგრძნების ორგანო იქ არ მდებარეობს. ის რომ იქ ყოფილიყო, თანაც შეზრდით, მაშინ შეხების შეგრძნება უფრო სწრაფად წარმოიშობოდა. ამიტომაც, როგორც ჩანს, სხეულის ამ ნაწილში ისეთი მდგომარეობაა, თითქოს ჩვენს გარშემო მყოფი ჰაერი ჩვენთან ყოფილიყოს შეზრდილი და ამიტომაც შეიძლება გვეფიქრა, რომ ერთი და იმავე გრძნობის ორგანოთი აღვიქვამთ ბგერასაც, ფერსაც და სუნსაც და რომ მხედველობის, სუნის და სმენის ორგანო ერთი და იგივეა. მაგრამ ახლა, როდესაც გამოვაცალკევეთ ის, რაც მოძრაობას წარმოშობს, ცხადი გახდა, რომ დასახელებული გრძნობის ორგანოები განსხვავებულნი არიან. მაგრამ შეხების შეგრძნებაში კი ეს ჯერჯერობით გაურკვეველია.

      შეუძლებელია, რომ ცოცხალი სხეული შედგებოდეს ჰაერისა და წყლისაგან, არამედ საჭიროა, რომ ის რაღაც მკვრივიც იყოს. გამოდის, რომ სხეული შედგება ამ ელემენტებიაგან და მიწის ნარევისაგან, თუ ის არსებობს ან აქვს სხვა მისი მსგავსი რამ. ამრიგად, აუცილებელია, რომ სხეული წარმოადგენდეს შეხების ორგანოსთან დაკავშირებულ შუალედ სფეროს, რომელშიც შეგრძნებების სიმრავლე წარმოიშობა. რომ მათი რიცხვი ბევრია, ამას ადასტურებს შეხება ენის საშუალებით. ამ ნაწილით ხდება როგორც გმოს, ისე შეხების და სხვა შეგრძნებათა აღქმა. თუ გემოს შეიგრძნობს დანარჩენი სხეულიც, მაშინ შეიძლება გვეფიქრა, რომ გემოს და შეხების შეგრძნება ერთი და იგივეა. მაგრამ ისინი სხვადასხვა გრძნობაა, რადგან ერთმანეთში არ გადადიან.

      შეიძლება ვინმეს ეფიქრა, რომ რადგან ყოველ სხეულს აქვს სიღრმე, რაც მესამე განზომილებაა, მაშინ ორი სხეული ერთთმანეთს ვეღარ შეეხებოდა, რადგან მათ შორის იქნებოდა რაღაც სხვა სხეული. არც სითხე და არც რაიმე დენადი არ არსებობს უსხეულოდ. ამიტომ აუცილებელია, რომ ეს იყოს წყალი, ან შეიცავდეს წყალს. ამიტომ აუცილებელია, რომ ის სხეულები, რომლებიც ერთმანეთს ეხებიან წყალში და რომლებსაც შეხების ზედაპირი მშრალი არა აქვთ, შუაში წყალი ჰქონდეთ, რითაც სავსეა ზედაპირი. და თუ ეს სწორია, მაშინ შეუძლებელია, რომ წყალში ერთი სხეული მეორეს ეხებოდეს. ასევეა ჰაერშიც, რადგან ჰაერი ისეთსავე მიმართებაშია იმასთან, რა მასში იმყოფება, როგორც წყალი მასში მყოფებთან. მაგრამ ჩვენთვის, ისევე, როგორც წყალში მყოფი ცხოველებისათვის, დაფარული რჩება ის, თუ სველი სველს როგორ ეხება.

      საკითხავია, რომ შეგრძნება ყველას ერთნაირი აქვს, თუ პირიქით, ყველას განსხვავებული. როგორც ახლახანს აღმოჩნდა? გემო და შეხება ხორციელდება უშუალო აღქმით, სხვა შეგრძნებები ხორციელდება შორ მანძილზე ზემოქმედებითაც, მაგრამ ეს ასე არ უნდა იყოს, არამედ როგორც მაგარს, ისე რბილს, ასევე ბგერას, ფერსა და გემოს შევიგრძნობთ სხვადასხვა ორგანოთი, ზოგს შორი მანძილიდან, ზოგს ახლოს. ეს ჩვენთვის შეუმჩნეველია, რადგან ჩვენ ყოველივეს შევიგრძნობთ შუალედის საშუალებით, რაც შეუმჩნეველი რჩება, როგორც ადრეც ვთქვით. თუ ყოველივე შეხებადს აღვიქვამთ რაღაც შეუმჩნეველი გარსის მეშვებით, რომელიც მათგან გვაშორებს. მაშინ ჩვენ ისეთსავე მდგომარეობაში ვიქნებით, როგორც ახლა ვართ წყალსა და ჰაერში. ჩვენ გვეჩვენება, რომ საგნებს ისე აღვიქვამთ, თითქოს შუაში არაფერი არ იმყოფებოდეს, მაგრამ მათ აღვიქვამთ შუალედის ზემოქმედებით. შეხებადს კი აღვიქვამთ შუალედთან ერთად, როგორც ფარის დარტყმისას, მაგრამ ამჯერად ფარი კი არ გვაყენებს დარტყმას, არამედ დარტყმას განცდის, როგორც ფარი, ისე ის, ვისაც ის ერტყმის. საერთოდ, როგორ დამოკიდებულებაშიც არის ჰაერი და წყალი მხედველობასა, სმენასა და ყნოსვასთან, ასეთსავე დამოკიდებულებაშია სხეული და ენა თავის შეგრძნების ორგანოსთან. შეგრძნება აქ ან იქ არ წარმოიშობა იმის შედეგად, რომ შეგრძნების ორგანოს ეხები, მაგალითად, ვინმემ რომ დაადოს რაიმე თეთრი საგანი თვალის ზედაპირს. აქედან ცხადია, რომ შეხების შერძნება მიმდინარეობს სხეულის სიღრმეში. აქ ისეთივე მდგომარეობაა, როგორც სხვა შეგრძნებებში. შეგრძნების ორგანოზე დადებული საგანი არ აღიქმება, მაგრამ სხეულზე დადებული კი აღიქმება. მაშასადამე, სხეული ყოფილა შეუალედი შეხების შეგრძნებაში.

      შეხების შეგრძნებაში აღიქმებიან სხეულის, როგორც ასეთის განსხვავებანი. განსხვავებაში მე ვგულისხმობ საწყის ელემენტებს შორის არსებულ განსხვავებებს, როგორიცაა თბილი და ცივი, მშრალი და სველი, რაზედაც ჩვენ ვლაპარაკობდით გამოკვლევაში ელემენტების შესახებ. შეხების შეგრძნების ორგანო, სადაც შეხების შეგრძნება იწყებს პირველ მოქმედებას, შესაძლებლობაში წარმოადგენს მათ ნაწილს. შეგრძნება კი ნიშნავს რაღაც განცდას. გარეგნი საგანი, როგორიცაა თვითონ, ასეთსავე ზემოქმედებას ახდენს შესაძლებლობაში მყოფ გრძნობის ორგანოზე. ჩვენ არ აღვიქვამთ თბილისა და ცივის, მაგარისა და რბილის მსგავს თვისებებს, არამედ იმ განსხვავებებს, რომელიც ახასიათებს შეგრძნებას, როგორც ერთგვარ შუალედს შეგრძნების ობიექტში არსებულ წინააღმდეგობათა შორის. ამიტომაც გამოარჩევს ის შეგრძნების საგანს, რადგან სწორედ შუალედს აქვს საგნის გარჩევის უნარი. და ის ყოველ წინააღმდეგობაში წინააღმდეგობის ერთერთ მოპირდაპირე მხარედ იქცევა. როდესაც იწყება თეთრის ან შავის შეგრძნება, შეგრძნების ორგანო სინამდვილეში კი არაა ასეთი, არამედ მხოლოდ შესაძლებლობაშია როგორც თეთრი, ისე შავი, ასევე სხვა შეგრძნებების დროს. შეხების შეგრძნება არაა არც თბილი და არც ცივი ისევე, როგორც მხედველობის საგანი შეიძლება იყოს ხილვადიცა და უხილავიც და სხვა დაპირისპირებული თვისებების მქონე. ასევე შეხების შეგრძნებაც ვრცელდება როგორც იმაზე, რასაც შეიძლება შეეხოს, ისე იმაზე, რასაც ვერ შეეხება. არაა შეხებადი ის, რასაც შეხებადი საგნისაგან მცირე განსხვავება აქვს (მაგალითად, ჰაერი), ისე ის, რასაც გადაჭარბებულად აქვს მოცემული ეს თვისება. ის ამ შეგრძნებას სავსებით სპობს.

თავი 12

      ზოგადად უნდა ითქვას, რომ ყველა შეგრძნება არის შესაგრძნობი საგნის ფორმის მიღება მატერიის გარეშე. ე.ი. ის, როგორც სანთელი იღებს ოქროსა და სპილენძის გამოსახულებას და არა თვითონ ოქროსა და სპილენძს. შეგრძნების ორგანო ასევე განიცდის იმ საგნების ზემოქმედებას, რომელთაც აქვს ან ფერი, ან გემო, ან ბგერა. განიცდის არა თვით საგანს, არამდ როგორც ამ თვისების მქონეს და ფორმას. შეგრძნების ორგანო, პირველ ყოვლისა, არის ის, რაშიც ასეთი უნარი იმყოფება. ამრიგად, შეგრძნების ორგანო და შეგრძნებადი საგანი ერთის მხრივ იგივეობრივნი არიან, მაგრამ არსებობით კი განსხვავებულნი. კერძოდ, შეგრძნებადი საგანი არის რაღაც სიდიდე. მაგრამ არც შეგრძნების ორგანო და არც შეგრძნება არაა სიდიდე, არამედ არის აღსაქმელი საგნის ფორმის მიღების უნარის მქონე. აქედან ცხადი ხდება, თუ რატომ მოქმედებს შეგრძნების ორგანოზე დამღუპველად საგანში არსებული გადაჭარბება. როდესაც შეგრძნების ორგანოზე მოქმედება ძლიერია, მაშინ იშლება აღქმული ფორმა, რაც შეგრძნებაა, როგორც იშლება სიმფონია და ტონი, როდესაც ვინმე ძლიერად ურტყამს სიმებს. ამიტომაც არც მცენარეები აღიქვამენ, თუმცა მათ აქვთ სულის ნაწილი და რაღაც განცდა იმ საგნისა, რომელიც მათ ეხება, რადგან ისინი ცივდებიან და თბებიან. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მათ არა აქვთ შუალედი ფენა, არც ის საწყისი, რომელიც იღებს აღსაქმელი საგნების ფორმას. ამიტომ ისინი მატერიასთან ერთად განიცდიან ზემოქმედებას.

      ვინმეს შეიძლება დაესვა კითხვა იმის შესახებ, რომ განცდის თუ არა ვინმე სუნის ზემოქმედებას ისე, რომ არა აქვს სუნის შეგრძნების უნარი, ანდა ფერის ზემოქმედებას ისე, რომ ხედვა არ შეუძლია და ასევე სხვა შემთხვევებში? თუ სუნს შეიგრძნობს ყნოსვის ორგანო, რომელიც მოქმედებს, მაშასადამე ყნოსვის შეგრძნებას იწვევს სუნი. ასე რომ, რასაც ყნოსვა არ შეუძლია, ის სუნის ზემოქმედებას არ განიცდის. ასევე შეძლება მსჯელობა სხვა გრძნობის ორგანოზე და ეს ითქმის მათზე არა როგორც უნარის მქონეზე, არამედ როგორც სინამდვილეში მოქმედზე. ეს ნათელი გახდება შემდეგიდან: არც სინათლე, არც სიბნელე, არც ბგერა და არც სუნი არ ზემოქმედებენ სხეულზე, არამედ, ის, რაშიც ისინი არიან მოთავსებული. კერძოდ ჰაერი, რომელიც მეხთან ერთად შუაზე აპობს ხეს. მაგრამ გრძნობის ორგანოზე ზემოქმედებას ახდენენ აგრეთვე შეხებადი და გემოს მქონე საგნებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში რისგან იქნებოდა გამოწვეული განცდა და ცვალებადობა უსულო საგნებში? განა სწორედ მათგან არაა გამოწვეული ეს განცდა? განა ყველა სხეული არ განიცდის სუნისა და ბგერის ზემოქმედებას? ხოლო, რომელიც განიცდის, ის არის განუსაზღვრელი და არა მდგრადი, როგორც ჰაერი, რომელიც გამოსცემს სუნს, თითქოს რაღაცას განიცდიდეს. რა არის ყნოსვა, თუ არა სუნის განცდა? და თუ სუნის შეგრძნება არის იგივე განცდა, მაშინ ჰაერი, რომელიც რაიმეს განიცდის, მაშინვე შემგრძნები ხდება.

« წიგნი პირველი

წიგნი მესამე »

ტეგები: Qwelly, ანტიკური, არისტოტელე, სრულქმნა, სული, ფილოსოფია

ნახვა: 1128

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters