პლატონი - პოლიტიკოსი

სოკრატე, თეოდოროსი, უცხოელი, უმცროსი სოკრატე

platonis dialogebi | platoni politikosi dialogi | პლატონი პოლიტიკოსი | პლატონის დიალოგები

სოკრატე

უზომოდ მადლობელი ვარ შენი, თეოდოროს, თეეტეტოსისა და ამ უცხოელის გაცნობისთვის.

თეოდოროსი

სოკრატე, მალე სამმაგად მადლობელი იქნები, მას შემდეგ, რაც ისინი პოლიტიკოსსა და ფილოსოფოსზე იმსჯელებენ შენთან ერთად.

სოკრატე

კარგი, ძვირფასო თეოდოროს, მაგრამ ნუთუ ვიტყვით, რომ ეს თვლისა და გეომეტრიის საუკეთესო [ოსტატისგან] მოვისმინეთ? [257b]

თეოდოროსი

რას გულისხმობ, სოკრატე?

სოკრატე

[იმას], რომ ეს ადამიანები [სოფისტი, პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი] ერთნაირად შეაფასე, არადა ღირსებით გაცილებით უფრო შორს დგანან ერთმანეთისგან, ვიდრე თქვენი ხელოვნების [ანუ მათემატიკის] ანალოგიის კანონით[94] გამოდის.

თეოდოროსი

სოკრატე, ჩვენ ღმერთ ამონს[95] ვფიცავ, მართალი ხარ, რომ არ დაივიწყე და დათვლისას ჩემ მიერ დაშვებულ შეცდომაზე მიმანიშნე. ამის გამო შენზე შურს სხვა დროს ვიძიებ: შენ კი, უცხოელო, ნუ დაიზარებ ჩვენთვის სიკეთის ქმნას, ამოირჩიე ან პოლიტიკოსი [257c] ან ფილოსოფოსი და თანმიმდევრულად გვიამბე [მათზე].

უცხოელი

ეს უნდა გაკეთდეს, თეოდოროს, რახან ერთხელ მოვკიდეთ ხელი, არ უნდა მოვეშვათ, სანამ ბოლომდე არ მივიყვანთ. მაგრამ რა ვუყოთ ამ თეეტეტოსს?

თეოდოროსი

რას [გულისხმობ]?

უცხოელი

შევასვენოთ და მისი ადგილი მისი გიმნაზიის მეგობარს[96], სოკრატეს დავუთმოთ?

თუ რას გვირჩევ?

თეოდოროსი

ისე მოვიქცეთ, როგორც თქვი. ახალგაზრდებს უფრო უადვილდებათ ნებისმიერი სახის შრომა, თუ შეისვენებენ ხოლმე. [257d]

სოკრატე

და თან, უცხოელო, მეჩვენება, რომ ორივე რაღაცნაირად მენათესავება; როგორც თქვენ ამბობთ, ერთი სახით მგავს, ხოლო მეორეს [258a] იგივე სახელი აქვს, რაც მე და მიმართვის ერთი და იგივე [ფორმა] სიახლოვეს ბადებს. მონათესავენი მუდამ უნდა გამოვიცნოთ საუბრისას. თეეტეტოსს გუშინ თავად ვესაუბრე[97] და ახლაც მოვისმინე მისი პასუხები, სოკრატეს კი საერთოდ არ ვიცნობ, საჭიროა მისი ნახვაც. ჯერ შენ გიპასუხოს, შემდეგ კი – მე.

უცხოელი

ასე იყოს. სოკრატე, გესმის სოკრატესი?

უმცროსი სოკრატე

დიახ.

უცხოელი

ეთანხმები, რასაც ის ამბობს?

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა. [258b]

უცხოელი

რაკი, როგორც ჩანს, შენ არაფერი გაქვს საწინააღმდეგო, მე რაღა უნდა [მქონდეს], მაგრამ სოფისტის შემდეგ, ვფიქრობ, პოლიტიკოსი უნდა განვიხილოთ. მითხარი, ისიც რაღაცის მცოდნედ უნდა ჩავთვალოთ, თუ არა?

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

უცხოელი

მეცნიერებები ისე უნდა დავყოთ, როგორც ადრე [სოფისტზე მსჯელობისას][98]?

უმცროსი სოკრატე

ალბათ.

უცხოელი

მე კი ვფიქრობ, რომ ასე არ უნდა დავყოთ, სოკრატე.

უმცროსი სოკრატე

მაშ როგორ? [258c]

უცხოელი

სხვაგვარად.

უმცროსი სოკრატე

შესაძლოა.

უცხოელი

სად უნდა მოვიძიოთ პოლიტიკოსის გზა[99]? უნდა მოვიძიოთ, სხვათაგან გამოვყოთ და ერთ სახედ აღვბეჭდოთ, შემდეგ [გზის] სხვა განშტოებები სხვა ერთიან სახედ მოვნიშნოთ ისე, რომ ჩვენი სული მეცნიერებების მხოლოდ ორ სახეს აღიქვამდეს[100].

უმცროსი სოკრატე

უცხოელო, ვფიქრობ, ეს შენი საქმეა და არა ჩემი. [258d]

უცხოელი

შენი საქმეც უნდა გახდეს, სოკრატე, როცა ჩვენთვის ნათელი მოეფინება.

უმცროსი სოკრატე

კარგი.

უცხოელი

მაშ, არითმეტიკა და მისი მსგავსი ხელოვნების სხვა მრავალი [სახეობა] შორსაა საქმისგან და მხოლოდ ცოდნას იძლევა, არა?

უცხოელი

ხოლო დურგლობა და სხვა მსგავსი ხელობანი, რომლებიც საქმესთანაა შეზრდილი, [258e] ფლობს ცოდნას და ქმნის ისეთ რაღაცეებს, რაც უწინ არ არსებობდა.

უმცროსი სოკრატე

აბა რა?

უცხოელი

ამგვარად ყველა მეცნიერებას ვყოფთ [ორ ჯგუფად]: ერთი არის პრაქტიკული, ხოლო მეორე – შემეცნებითი.

უმცროსი სოკრატე

მაშ, ეს შენთვის იყოს ერთიანი მეცნიერების ორი სახე.

უცხოელი

მაშინ, პოლიტიკოსს, მეფეს, ბატონს და სახლის მმართველსაც კი – ყველას ერთად – ერთ სახელს ვუწოდებთ, თუ ვიტყვით, რომ რამდენი სახელიცაა, იმდენივე ხელოვნება არსებობს? ჯობს, ამ გზით გამომყვე[101].

უმცროსი სოკრატე

რომელი [გზით]? [259a]

უცხოელი

ამ [გზით]: თუ კერძო [პრაქტიკის მქონე] ექიმს შეუძლია რჩევა მისცეს რომელიმე საჯარო ექიმს, მის ხელოვნებას იგივე სახელი არ უნდა ვუწოდოთ, რაც იმისას, ვისაც ის ურჩევს?

უმცროსი სოკრატე

კი.

უცხოელი

მაშ რა? თუ რომელიმე კერძო პირი იმდენად ძლიერი იქნება, რომ რჩევა მისცეს ქვეყნის მეფეს, განა არ ვიტყვით, რომ მას იგივე ცოდნა აქვს, რაც უნდა ჰქონდეს მმართველს?

უმცროსი სოკრატე

ვიტყვით. [259b]

უცხოელი

მაგრამ ჭეშმარიტი მეფის ცოდნა ხომ მეფობის ცოდნაა?

უმცროსი სოკრატე

კი.

უცხოელი

ამგვარად, ამ ცოდნის მფლობელს, მმართველი იქნება ის თუ კერძო პირი, ამ ხელოვნების გამო, განა მართებულად არ ვუწოდებთ «მეფობის შემძლეს»?

უმცროსი სოკრატე

სამართლიანია.

უცხოელი

ასევეა სახლის მმართველსა და ბატონთან დაკავშირებითაც.

უმცროსი სოკრატე

ასეა.

უცხოელი

მაშ რა? რა განსხვავებაა მართვის თვალსაზრისით დიდი სახლისა თუ პატარა ქალაქის მართვას შორის?

უმცროსი სოკრატე

არავითარი. [259c]

უცხოელი

მაშ, ნათელია, რომ იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ახლა განვიხილეთ, არსებობს ერთი ცოდნა და რა განსხვავებაა, მას მეფობას დაარქმევენ, პოლიტიკოსობას თუ სახლის მმართველობას?

უმცროსი სოკრატე

რა [განსხვავებაა]?

უცხოელი

მაგრამ, ცხადია, რომ მმართველობისას მეფეს ხელებითა და მთელი თავისი სხეულით გაცილებით უფრო ნაკლების გაკეთება შეუძლია, ვიდრე სულის სიძლიერითა და გამჭრიახობით.

უმცროსი სოკრატე

ცხადია.

უცხოელი

მაშ, უნდა ითქვას, რომ მეფისთვის შემეცნებითი ხელოვნება [259d] უფრო შესაფერისია, ვიდრე ხელოსნობა ან ნებისმიერი პრაქტიკული [ხელოვნება]?

უმცროსი სოკრატე

აბა რა?

უცხოელი

მაშ, ჩავთვალოთ, რომ პოლიტიკის ხელოვნება და ყველაფერი, რაც პოლიტიკასთანაა დაკავშირებული, აგრეთვე, მეფობის ხელოვნება და ყველაფერი, რაც მეფობასთანაა დაკავშირებული – ეს ყველაფერი ერთი და მუდამ იგივეობრივია?

უმცროსი სოკრატე

ცხადია.

უცხოელი

განა თანმიმდევრული არ იქნებოდა, თუ ამის შემდეგ შემეცნებით ხელოვნებას დავყოფდით?

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

უცხოელი

ყურადღება მიაქციე, ისიც ხომ არ იყოფა?

უმცროსი სოკრატე

მითხარი, რას [გულისხმობ]? [259e]

უცხოელი

აი, ამას: ჩვენ ხომ გვაქვს თვლის ხელოვნება?

უმცროსი სოკრატე

კი.

უცხოელი

ვფიქრობ, ის ნამდვილად შემეცნებით ხელოვნებას განეკუთვნება.

უმცროსი სოკრატე

როგორ არა?

უცხოელი

მას შემდეგ, რაც თვლის ხელოვნება შეიცნობს რიცხვებს შორის განსხვავებას, მას იმაზე მეტ საქმეს ხომ არ დავაკისრებთ, ვიდრე უკვე შეცნობილის განსჯაა?

უმცროსი სოკრატე

სხვა რაღას [დავაკისრებთ]?

უცხოელი

ხუროთმოძღვარიც ხომ თავად კი არ მუშაობს, არამედ მუშებს მართავს?

უმცროსი სოკრატე

დიახ.

უცხოელი

და წვლილი შეაქვს ცოდნით და არა – ფიზიკური შრომით.

უმცროსი სოკრატე

ასეა. [260a]

უცხოელი

სამართლიანი იქნებოდა, თუ ვიტყოდით, რომ ის შემეცნებითი ცოდნის თანამონაწილეა.

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

უცხოელი

ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც ჩათვლის, რომ საქმეს მორჩა, თავი კი არ უნდა დაანებოს თვლის ოსტატივით, არამედ თითოეულ მუშას უნდა დაავალოს შესაფერისი რამ, სანამ არ გაკეთდება ის, რაც დავალებულია.

უმცროსი სოკრატე

მართალია.

უცხოელი

ყველა ის ხელოვნება, რომელიც დაკავშირებულია თვლასთან, შემეცნებითია, მაგრამ ეს ორი გვარი მაინც ხომ იყოფა იმის მიხედვით, [260b] განსჯის თუ ბრძანებას აძლევს?

უმცროსი სოკრატე

ასე ჩანს.

უცხოელი

მაშ, თუ ვიტყვით, რომ მთელი შემეცნებითი ხელოვნება იყოფა ორ ნაწილად: ბრძანების გაცემა და განსჯა, კარგად იქნება ნათქვამი?

უმცროსი სოკრატე

ჩემი აზრით – კი.

უცხოელი

მაგრამ მათთვის, ვინც რაიმეს ერთად აკეთებს, სასიამოვნო არ უნდა იყოს შეთანხმება?

უმცროსი სოკრატე

როგორ არა.

უცხოელი

ამგვარად სანამ ჩვენ არ შევთანხმდებით, მანამდე სხვათა აზრებზე ნუ ვიდარდებთ.

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა. [260c]

უცხოელი

მაშ, ხელოვნების ამ ორი სახეობიდან რომელს უნდა მივაკუთვნოთ მეფობა: განსჯას – როგორც მაყურებელი[102], თუ ბრძანების გაცემას – როგორც მმართველი?

უმცროსი სოკრატე

უკანასკნელს.

უცხოელი

საკითხავია, ბრძანების გაცემის ხელოვნებაც ხომ არ იყოფა. ვფიქრობ, როგორც მეწვრილმანეობა განსხვავდება საკუთარი ნივთებით ვაჭრობისგან, [260d] ასევე განსხვავდება სამეფო გვარი მაცნეთა გვარისგან.

უმცროსი სოკრატე

როგორ?

უცხოელი

მეწვრილმანეები ყიდულობენ სხვათა, უკვე გაყიდულ ნივთებს, და ხელმეორედ ყიდიან.

უმცროსი სოკრატე

ზუსტად ასეა.

უცხოელი

მაცნეთა კლასიც სხვების ნააზრევს იღებს ბრძანებად და შემდეგ კვლავ სხვებს უბრძანებს.

უმცროსი სოკრატე

სრული ჭეშმარიტებაა.

უცხოელი

მაშ რა? ერთმანეთს შევურევთ მეფობის, განმარტების, [260e] ბრძანების, მისნობის, მაცნეს და ყველა სხვა მსგავს ხელოვნებას, რომელთაც ბრძანების გაცემა აერთიანებს? თუ გსურს, როგორც ახლა ისინი ერთმანეთს შევადარეთ, მათი სახელებიც შევადაროთ, რადგან ისე მოხდა, რომ თავად ბრძანების გამცემი გვარი ჯერ კიდევ უსახელოა. ამგვარად მათ ერთმანეთისგან გავარჩევდით და სამეფო გვარს თავად ბრძანების გამცემ ნაწილს მივაკუთვნებდით, სხვებზე კი საერთოდ არ ვიზრუნებდით და მათთვის სახელის დარქმევას სხვებს მივანდობდით, რადგან კვლევა [261a] მმართველის და არა მისი საპირისპირო [რამის] გამო დავიწყეთ.

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

უცხოელი

რადგან ეს გვარი საკმაოდ დაშორებულია სხვებს, და ის, რაც მისთვისაა დამახასიათებელი, განსხვავდება იმისგან, რაც მისთვის უცხოა, ხელახლა ხომ არ უნდა დავყოთ ის, თუ მასში კვლავ შევნიშნავთ რაიმე განშტოებას?

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

უცხოელი

ჩანს, რომ [ამგვარი განშტოება] აქვს. მომყევი და დაყავი.

უმცროსი სოკრატე

როგორ?

უცხოელი

განა არ აღმოვაჩენთ, რომ ყველა, ვისაც მმართველად ვთვლით, და ვინც ბრძანებებს გასცემს [261b], ამას რაღაცის წარმოსაშობად აკეთებს?

უმცროსი სოკრატე

როგორ არა.

უცხოელი

რთული არაა, ყველაფერი, რაც წარმოშობილია, ორ სახედ დაიყოს.

უმცროსი სოკრატე

როგორ?

უცხოელი

მათი ერთი [ნაწილი] უსულოა, ხოლო მეორე – სულიერი.

უმცროსი სოკრატე

კი.

უცხოელი

მათ მსგავსად დავყოფთ შეეცნებითი ხელოვნების ბრძანების გამცემ ნაწილს, თუკი დაყოფას მოვისურვებთ.

უმცროსი სოკრატე

რის მიხედვით [დავყოფთ]?

უცხოელი

მის ერთ ნაწილს მივაკუთვნებთ უსულოთა წარმოშობას, [261c] ხოლო მეორეს კი – სულიერთა. ასე ყველაფერი კვლავ ორად დაიყოფა.

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

უცხოელი

მათ ერთ ნაწილს თავი დავანებოთ, ხოლო მეორე ავიღოთ და კვლავ ორ ნაწილად გავყოთ.

უმცროსი სოკრატე

როგორ ფიქრობ, რომელი ნაწილი უნდა ავიღოთ?

უცხოელი

რა თქმა უნდა ის, რომელიც სულიერებთან დაკავშირებით გასცემს ბრძანებებს. სამეფო ცოდნა ხომ უსულოებთან დაკავშირებით არ გასცემს ბრძანებებს ისე, როგორც ამას ხურო [აკეთებს];

არამედ ის უფრო კეთილშობილია [261d] და მისი ძალაუფლება მხოლოდ სულიერებსა და მათთან დაკავშირებულ [საკითხებზე] ვრცელდება.

უმცროსი სოკრატე

მართალია.

უცხოელი

სულიერთა დაბადებასა და კვებას შეიძლება შევხედოთ, როგორც ერთის გამოზრდას, ან როგორც ცხოველთა დიდ ჯოგზე ერთობლივ ზრუნვას.

უმცროსი სოკრატე

სწორია.

უცხოელი

პოლიტიკოსი, როგორც ვნახავთ, ერთის გამომზრდელი კი არაა, როგორც ერთი ხარის

მომვლელი ან ერთი ცხენის მეჯინიბე, არამედ ის უფრო მეტად ჰგავს ადამიანს, რომელიც ხარების ნახირსა და ცხენების რემას მწყემსავს[103].

უმცროსი სოკრატე

ჩანს ასეა, როგორც ახლა თქვი. [261e]

უცხოელი

ბევრი ცხოველის ერთად გამოზრდას «ჯოგური გამოზრდა» ან «ერთობლივი გამოზრდა» ხომ არ ვუწოდოთ?

უმცროსი სოკრატე

როგორც უფრო მოსახერხებელია.

უცხოელი

კარგი, სოკრატე. თუკი შეძლებ, რომ არ იზრუნო სახელებზე[104], როდესაც მოხუცდები

სიბრძნით უფრო გამდიდრდები. ახლა კი, როგორც მოგვიწოდე, ისე უნდა მოვიქცეთ: ხომ არ გგონია, რომ ვინმემ შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ჯოგური გამოზრდის ხელოვნება [262a] ორმაგია და ამის გამო, რასაც ახლა ამ ორმაგ [ხელოვნებაში] ვიკვლევთ, მის ორსავე ნახევარში უნდა გამოვიკვლიოთ?

უმცროსი სოკრატე

ვისურვებდი. მგონია, რომ ერთია ადამიანების გამოზრდა, ხოლო მეორე – ცხოველების.

უცხოელი

დიდი მონდომებითა და გამბედაობით დაგიყვია, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვეცადოთ, ეს აღარ დაგვემართოს.

უმცროსი სოკრატე

რა?

უცხოელი

არ უნდა გამოვყოთ ერთი პატარა ნაწილი მრავალი დიდი [ნაწილისგან] [262b] მისი სახის [გაუთვალისწინებლად], ვინაიდან ნაწილი იმავდროულად სახეც უნდა იყოს. მშვენიერია, როდესაც იმას, რასაც იკვლევ, უმალ გამოყოფ დანარჩენებისგან, თუკი ამას სწორად გააკეთებ, [ისე] როგორც ახლა შენ გაიფიქრე, რომ დაყოფა იყო საჭირო და აჩქარდი მსჯელობისას, რადგან მიხვდი, რომ ადამიანებისკენ ვიხრებოდით. მაგრამ, ძვირფასო, საიმედო არაა დაწვრილმანება, უფრო საიმედოა შუაზე გაყოფა. ასე უფრო მეტადაა შესაძლებელი იდეასთან მიახლოება. სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა [262c] კვლევისას.

უმცროსი სოკრატე

უცხოელო, ამით რისი თქმა [გსურს]?

უცხოელი

ვეცდები გავითვალისწინო შენი ბუნება და უფრო გასაგებად ვილაპარაკო, სოკრატე. რაც ახლა გვაქვს, იმით შეუძლებელია ეს [საკითხი] საკმარისად ცხადი იყოს. შევეცდები ცოტა დავწინაურდეთ, რომ უფრო გასაგები გახდეს.

უმცროსი სოკრატე

რას ამბობ, დაყოფისას რა შეგვეშალა?

უცხოელი

რაღაც ასეთი: ვინმემ რომ სცადოს ორად გაყოს ადამიანთა გვარი [262d] ისე, როგორც ჩვენთან ყოფს ადამიანთა უმრავლესობა, გამოყოფს რა ბერძნებს ყველა დანარჩენი უამრავი, ერთმანეთში შერეული და სხვადასხვა [ენაზე მოსაუბრე] გვარისაგან და მათ ერთ სახელს – «ბარბაროსს» – უწოდებს და ამ ერთი სახელის გამო ფიქრობს, რომ ეს ერთი გვარია; ან ვინმემ რომ ჩათვალოს, რომ რიცხვები ორად იყოფა, გამოყოს «ათი ათასი» ყველასგან [262e], როგორც ერთი განსხვავებული სახე, ყველა დანარჩენს კი ერთი სახელი უწოდოს და ამ სახელის გამო ჩათვალოს, რომ ეს ერთი გვარია, რომელიც პირველისგან განსხვავდება. უკეთესი და უფრო თანაბარზომიერი იქნებოდა სახეების მიხედვით დაყოფა, თუკი ვინმე რიცხვებს კენტად და ლუწად დაყოფდა, ხოლო ადამიანების გვარს – მამრებად და მდედრებად, ლიდიელებსა და ფრიგიელებს კი სხვა დანარჩენისგან მაშინ გამოყოფდა, თუ რთული იქნებოდა ერთდროულად თითოეული დანაყოფის [263a] გვარისა და ნაწილის დადგენა.

უმცროსი სოკრატე

მართალია, მაგრამ, უცხოელო, უფრო ნათლად როგორ უნდა შეიცნოს ვინმემ გვარი და ნაწილი, თუ ისინი ერთიმეორის იგივეობრივი კი არაა, არამედ განსხვავებული?

უცხოელი

ო, ჩინებულო სოკრატე, მარტივ რამეს კი არ მთხოვ! ისედაც უკვე იმაზე შორს წავედით, ვიდრე წამოწეულ მსჯელობას სჭირდებოდა, შენ კი ჩვენი კიდევ უფრო [შორს] გადაკარგვა გინდა. ახლა კი, კვლავ [ჩვენ თემას] მივუბრუნდეთ, როგორც შეგვეფერება, [263b] ხოლო მაგ [საკითხს] კვალდაკვალ მივყვეთ მოცალეობის ჟამს. ფრთხილად იყავი, არ გეგონოს, რომ ამის შესახებ ჩემგან ოდესმე მკაფიო განმარტება მოგისმენია.

უმცროსი სოკრატე

რის შესახებ?

უცხოელი

რომ სახე და ნაწილი ერთმანეთისაგან განსხვავებულია.

უმცროსი სოკრატე

აბა როგორ?

უცხოელი

თუკი არსებობს რაიმეს სახე, მაშინ ის აუცილებლად იქნება იმ საგნის ნაწილიც, რისი სახეცაა; ხოლო ნაწილი არ არის აუცილებელი იყოს სახეც. სოკრატე, ყოველთვის თქვი, რომ ეს ჩემი ნათქვამია, წინა კი – არა.

უმცროსი სოკრატე

იყოს ასე. [263c]

უცხოელი

ახლა ეს მითხარი.

უმცროსი სოკრატე

რა?

უცხოელი

[ის], საიდანაც გადავუხვიეთ, რომ აქ მოვსულიყავით. ვფიქრობ [ეს მაშინ მოხდა], როცა გკითხე

თუ როგორ იყოფა ჯოგური გამოზრდა, შენ კი გაბედულად მიპასუხე, რომ არსებობს სულიერთა ორი გვარი: ერთი – ადამიანების, მეორე კი – ყველა სხვა ცხოველისა ერთად.

უმცროსი სოკრატე

ჭეშმარიტად.

უცხოელი

მომეჩვენა, რომ ერთი ნაწილი მოაშორე და შემდეგ დარჩენილი ნაწილი ერთ გვარად მიიჩნიე, [263d] რადგან ერთი სახელი დაარქვი და [მას] «ცხოველები» უწოდე.

უმცროსი სოკრატე

ზუსტად ასე იყო.

უცხოელი

მაგრამ, უმამაცესო, შეიძლება რომელიმე ცხოველი, რომელიც სხვებზე უფრო გონიერი

აღმოჩნდება, მაგალითად წერო[105], ან რომელიმე სხვა, შენსავით შეუდგეს სახელდებას და განადიდოს წეროების ერთი გვარი ყველა სხვა ცხოველთან შედარებით, დანარჩენებს კი, და მათ შორის ადამიანების [გვარსაც], ერთად მოუყაროს თავი და მათ სხვა არაფერი უწოდოს, თუ არა «ცხოველები». [263e] ვცადოთ მსგავსი რამეების წინააღმდეგ გალაშქრება.

უმცროსი სოკრატე

როგორ?

უცხოელი

ნუ დავყოფთ ცოცხალთა მთელ გვარს, რათა ამგვარი შეცდომა არ დავუშვათ.

უმცროსი სოკრატე

მართლაც, არ არის საჭირო.

უცხოელი

მაშინაც სწორედ ასე შეგვეშალა.

უმცროსი სოკრატე

რა?

უცხოელი

შემეცნებითი ხელოვნების ბრძანების გამცემი გვარი ჩვენში მიეკუთვნებოდა ცხოველთა გამოზრდას, ანუ ჯოგურ გამოზრდას, ასე არ იყო?

უმცროსი სოკრატე

კი [264a].

უცხოელი

მაშინ უკვე ცხოველთა მთელი გვარი დაიყო ორად: გაწვრთნილ და ველურ [ცხოველებად]. ის [ცხოველები], რომელთა ბუნებაც წვრთნას ექვემდებარება – შინაურია, ხოლო დანარჩენი – გარეული.

უმცროსი სოკრატე

მშვენიერია.

უცხოელი

ის ცოდნა, რომელზეც ვნადირობთ[106], იყო და არის შინაურ [ცხოველებს შორის], კერძოდ, ის უნდა მოვიძიოთ ჯოგურად მცხოვრებ არსებებში.

უმცროსი სოკრატე

ჰო.

უცხოელი

ნუ დავყოფთ მაშინდელივით და ყველას ერთად ნუ განვიხილავთ, ნურც იმიტომ ვიჩქარებთ, რომ სწრაფად გადავინაცვლოთ პოლიტიკის ხელოვნებაზე [264b], რადგან ახლა ზუსტად ისეთ მდგომარეობაში ვართ, როგორც ანდაზაშია.

უმცროსი სოკრატე

რას [გულისხმობ]?

უცხოელი

ავჩქარდით და დაყოფა უფრო ნელა დავასრულეთ.

უმცროსი სოკრატე

კარგადაც [მოვიქეცით], უცხოელო.

უცხოელი

ასე იყოს. კიდევ ერთხელ თავიდან დავყოთ ერთობლივი გამოზრდის ხელოვნება, იქნებ ასე უკეთ შეიტყო ის, რისკენაც მიისწრაფვი. მოდი, მითხარი...

უმცროსი სოკრატე

რა?

უცხოელი

ალბათ, ხშირად გსმენია სხვისგან, [264c] არა მგონია თავად გენახოს თევზსაცავები ნილოსსა და სამეფო კუნძულებზე[107]. ტბებში კი ნანახი გექნება.

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა, ესენიც მინახავს და იმათზეც მსმენია.

უცხოელი

და ბატებისა და წეროების მოშენებაზეც[108] გექნება გაგონილი, თუნდაც თესალიის მინდვრებში არ იყო ნამყოფი და ალბათ გჯერა კიდეც.

უმცროსი სოკრატე

როგორ არა. [264d]

უცხოელი

ეს ყველაფერი იმიტომ გკითხე, რომ ჯოგური გამოზრდა წყალქვეშაც ხდება და ხმელეთზეც.

უმცროსი სოკრატე

სწორედ ასეა.

უცხოელი

ე. ი. შენც ასე გგონია, რომ ერთობლივი გამოზრდის ხელოვნება ორად უნდა გავყოთ და თითოეულს თავისი ადგილი მივუჩინოთ, ერთს უნდა ვუწოდოთ წყალქვეშ გამოზრდა, ხოლო მეორეს – ხმელეთზე.

უმცროსი სოკრატე

ჰო.

უცხოელი

ვფიქრობ, არ უნდა ვიკვლიოთ [264e], თუ რომელ მათგანს მიეკუთვნება მეფობის ხელოვნება, რადგან ეს ისედაც ყველასთვის ცხადია.

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

უცხოელი

ხმელეთზე ჯოგურ გამოზრდას, ალბათ, ყველა დაყოფს.

უმცროსი სოკრატე

როგორ?

უცხოელი

მასში მფრინავთ და მოსიარულეთ[109] გამოყოფს.

უმცროსი სოკრატე

ჭეშმარიტად.

უცხოელი

მაშ რა? პოლიტიკის ხელოვნება მოსიარულეთა შორის არ უნდა ვეძიოთ? განა, როგორც იტყვიან, უგუნურიც ასე არ იფიქრებს?

უმცროსი სოკრატე

მეც ასე მგონია.

უცხოელი

მოსიარულე ცხოველთა გამოზრდის ხელოვნებაც ორად უნდა გავყოთ ისე, როგორც რიცხვები დავყავით.

უმცროსი სოკრატე

ცხადია. [265a]

უცხოელი

როგორც ჩანს, იმ ნაწილისკენ, საითკენაც ჩვენი მსჯელობა მიისწრაფვის, ორი გზა მიდის: ერთი უფრო მოკლეა, როდესაც დიდიდან მცირეს გამოყოფ, ხოლო მეორე უფრო მეტადაა იმასთან კავშირში, რასაც უწინ ვამბობდით, ესაა შუაზე გაყოფა და ეს [გზა] უფრო გრძელია. ახლა კი ისე განვაგრძოთ, როგორც გვსურს.

უმცროსი სოკრატე

როგორ? ორივე [გზას რომ მივყვეთ] არ შეიძლება?

უცხოელი

ერთდროულად არა, საკვირველო, მონაცვლეობით კი, ცხადია, შეიძლება. [265b]

უმცროსი სოკრატე

მაშინ მე ავირჩევდი ორივეს, ერთმანეთის მონაცვლეობით.

უცხოელი

ადვილია, რადგან ცოტაღა დაგვრჩა, ჩვენი მოგზაურობის დასაწყისში ან შუაში კი ეს რთული ამოცანა იქნებოდა. ახლა კი, რადგან ასე ფიქრობ, ჯერ გრძელ გზას მივყვეთ. სანამ ახლები ვართ, სვლა უფრო მარტივი იქნება. შეხედე, როგორ ხდება დაყოფა.

უმცროსი სოკრატე

როგორ?

უცხოელი

მოსიარულე შინაური ცხოველები, რომლებიც ჯოგურად [ცხოვრობენ], მათი ბუნების შესაბამისად, ორად უნდა გაიყონ.

უმცროსი სოკრატე

როგორ?

უცხოელი

მათ ნაწილს რქები არ აქვს, ნაწილი – რქოსანია. [265c]

უმცროსი სოკრატე

ჩანს [ასეა].

უცხოელი

მოსიარულე ცხოველთა გამოზრდის ხელოვნება ისე დაყავი, რომ თითოეული [ნაწილი] შესაფერისად განსაზღვრო, რადგან თუ მათ სახელდებას მოისურვებ, [საქმე] იმაზე უფრო გართულდება, ვიდრე საჭიროა.

უმცროსი სოკრატე

მაშ, როგორ უნდა ვთქვა?

უცხოელი

ასე: მოსიარულე ცხოველთა გამოზრდის ხელოვნება იყოფა ორად და მისი ერთი ნაწილი რქოსანთა ჯოგებთანაა დაკავშირებული, ხოლო მეორე – ურქოსთან. [265d]

უმცროსი სოკრატე

იყოს ისე, როგორც ითქვა, რადგან ყოველმხრივ გასაგებია.

უცხოელი

სავსებით ნათელია, რომ მეფე ურქო [ცხოველთა] ჯოგებს მწყემსავს.

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

უცხოელი

მოდი ესეც დავშალოთ და ვცადოთ, მეფეს ის მივაკუთვნოთ, [რაც მას ეკუთვნის].

უმცროსი სოკრატე

მოდი.

უცხოელი

როგორ გსურს რომ დაყო, კენტჩლიქიანობის შესაბამისად, თუ იმის მიხედვით მსგავსს ეჯვარება თუ განსხვავებულს? გასაგებია?

უმცროსი სოკრატე

რა? [265e]

უცხოელი

ის, რომ ცხენებსა და ვირებს შეუძლიათ ერთმანეთისგან შვან.

უმცროსი სოკრატე

კი.

უცხოელი

ხოლო ურქო შინაურ [ცხოველთა] ჯოგების დანარჩენ ნაწილს არ შეუძლია ერთმანეთთან შერევა.

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

უცხოელი

მაშ რა? ვისზე ზრუნავს პოლიტიკოსი, მასზე, ვინც მსგავსს ეჯვარება, თუ მასზე, ვინც – განსხვავებულს?

უმცროსი სოკრატე

ცხადია, მასზე, ვინც [სხვას] არ ერევა.

უცხოელი

როგორც ჩანს, ისიც ორად უნდა გავყოთ ისე, როგორც ადრე მოვიქეცით.

უმცროსი სოკრატე

ასეა საჭირო. [266a]

უცხოელი

ყველა შინაური და ჯოგური ცხოველი დაყოფილი გვაქვს, გარდა ორი გვარისა. ძაღლებს ხომ ვერ მივათვლით ჯოგური არსებების გვარს.

უმცროსი სოკრატე

ვერა, მაგრამ როგორ დავყოთ ეს ორი [გვარი]?

უცხოელი

სამართლიანი იქნება, თუ შენ და თეეტეტოსი დაყოფთ, რადგან გეომეტრიასთან გაქვთ კავშირი.

უმცროსი სოკრატე

როგორ?

უცხოელი

დიამეტრზე და შემდეგ კვლავ დიამეტრის დიამეტრზე.

უმცროსი სოკრატე

რას გულისხმობ? [266b]

უცხოელი

ბუნება, რომელიც ადამიანთა გვარს გვერგო, უფრო განსხვავებულად მიემართება სიარულს, ვიდრე დიამეტრი კვადრატის ორ გვერდს?

უმცროსი სოკრატე

არა.

უცხოელი

დარჩენილ გვართა [ბუნებაც] კვადრატის შესაბამისად იმ კვადრატის დიამეტრია, რომელიც ორი ფუტის ტოლია.

უმცროსი სოკრატე

აბა რა? ვფიქრობ, თითქმის უკვე მივხვდი, რისი ჩვენებაც გსურს.

უცხოელი

სოკრატე, ხომ ვხედავთ, რომ ასე დაყოფისას ჩვენ თავს რაღაც სასაცილო [266c] ხდება?

უმცროსი სოკრატე

რა?

უცხოელი

ადამიანურ გვარს არსებულთა შორის ყველაზე კეთილშობილური და ამავე დროს, ყველაზე უზრუნველი სიარული ხვდა წილად.

უმცროსი სოკრატე

ვხედავ და უცნაურად მეჩვენება.

უცხოელი

მაშ რა? განა ბუნებრივი არაა, რომ ყველაზე ნელი ყველაზე გვიან აღწევს [დანიშნულების ადგილს]?

უმცროსი სოკრატე

კი, ასეა.

უცხოელი

განა ვერ ვხვდებით, რომ უფრო სასაცილოა მეფე, რომელიც ჯოგთან ერთად გარბის [266d] და ფეხდაფეხ მისდევს ადამიანებს, რომლებიც საუკეთესოდ არიან მომზადებულნი უზრუნველი ცხოვრებისთვის?

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

უცხოელი

ახლა კი, სოკრატე, უფრო ნათელი გახდა ის, რაც მაშინ სოფისტის კვლევისას ითქვა[110].

უმცროსი სოკრატე

რა?

უცხოელი

ის, რომ მსჯელობის ეს მეთოდი უფრო მეტად არ ზრუნავს ამაღლებულზე და უფრო დიდს უფრო მეტად არ აფასებს, ვიდრე უფრო მცირეს, არამედ მუდამ თავად მიდის ჭეშმარიტებამდე[111].

უმცროსი სოკრატე

როგორც ჩანს [ასეა].

უცხოელი

ამის შემდეგ თავად ხომ არ მოვიფიქრო მეფის განსაზღვრება, შეკითხვა [266e] რომ არ დამასწრო, რომელია ყველაზე მოკლე გზა?

უმცროსი სოკრატე

ასე სჯობს.

უცხოელი

ვამბობ, რომ მსწრაფლ უნდა გამოვყოთ ორფეხათა გვარი ოთხფეხასგან და დავინახავთ რა, რომ აქ ადამიანებთან ერთად ფრინველებიც მოხვდნენ, ბუმბულიანთა გვარი უბუმბულოსგან უნდა გავმიჯნოთ. როდესაც ესეც დაიყოფა და თავს იჩენს ადამიანთა მწყემსვის ხელოვნება, პოლიტიკოსიმეფე, დავსვათ მხედრად და გადავცეთ მას ქვეყნის მართვის სადავეები, რადგან სწორედ ამ მეცნიერებასთანაა ის ახლოს. [267a]

უმცროსი სოკრატე

მშვენივრად გადმოეცი აზრი, ვალი გაისტუმრე და პროცენტიც დაამატე.

უცხოელი

მოდი დასაწყისს დავუბრუნდეთ და ბოლომდე მივიყვანოთ პოლიტიკის ხელოვნების განსაზღვრება.

უმცროსი სოკრატე

ასე [მოვიქცეთ].

უცხოელი

თავდაპირველად შემეცნებით ხელოვნებაში გამოვყავით ბრძანების გაცემის ხელოვნება, მასში გამოვყავით თავად ბრძანების გამცემი ნაწილი [267b]. ამ ნაწილიდან კვლავ გამოვყავით არანაკლებ მნიშვნელოვანი გვარი – ცხოველების გამოზრდის ხელოვნება, ხოლო ცხოველების გამოზრდის ხელოვნებიდან – ჯოგური გამოზრდის ხელოვნება, ჯოგური გამოზრდის  ხელოვნებიდან – მოსიარულე ცხოველთა გამოზრდა, მოსიარულე ცხოველთა გამოზრდის [ნაწილიდან] კი ურქო ცხოველთა გამოზრდა გამოვყავით. ამ უკანასკნელის ერთი ნაწილი კი სულ მცირე სამმაგი უნდა იყოს. თუკი ვინმე მოისურვებს ის ერთი სახელით მოიხსენიოს, მას უნდა უწოდოს იმ გვარის მწყემსვის ხელოვნება, რომლის შეჯვარება განსხვავებულთან არ ხდება. [267c] ამ ნაწილიდან გამოსაყოფი დარჩება მხოლოდ ადამიანთა ორფეხა ჯოგის მწყემსვის ხელოვნება. და სწორედ ესაა, რასაც ვიკვლევდით და რასაც ეწოდება მეფობის ანუ

პოლიტიკის ხელოვნება.

უმცროსი სოკრატე

სწორედ ასეა.

უცხოელი

სოკრატე, ნუთუ მართლა ისე შევასრულეთ ყველაფერი, როგორც შენ ამბობ?

უმცროსი სოკრატე

რას [გულისხმობ]?

უცხოელი

მთლიანად და სრულყოფილად ვთქვით სათქმელი? თუ ჩვენ კვლევას რაიმე აკლია და, მართალია, რაღაც ვთქვით, [267d] მაგრამ ბოლომდე არ გვითქვამს?

უმცროსი სოკრატე

რას ამბობ?

უცხოელი

შევეცდები ნათელი მოვფინო იმას, რასაც ვფიქრობ.

უმცროსი სოკრატე

თქვი.

უცხოელი

ახლახანს ხომ გამოჩნდა, რომ მწყემსვის მრავალი ხელოვნებიდან ერთერთი პოლიტიკის ხელოვნებაა და ის გულისხმობს ზრუნვას რომელიმე ჯოგზე?

უმცროსი სოკრატე

დიახ.

უცხოელი

მსჯელობით დადგინდა, რომ ის ცხენების ან სხვა ცხოველების გამოზრდა კი არაა, არამედ – ადამიანების ერთობლივი გამოზრდის მეცნიერებაა.

უმცროსი სოკრატე

ასეა. [267e]

უცხოელი

მაშ, ვნახოთ, რა განსხვავებაა მეფეებსა და დანარჩენ მწყემსებს შორის.

უმცროსი სოკრატე

რა [განსხვავებაა]?

უცხოელი

თუ სხვა, რომელსაც სხვა ხელოვნება ჰქვია, თავს მოიკატუნებს და იტყვის, რომ ისიც ჯოგის გამომზრდელია.

უმცროსი სოკრატე

რას გულისხმობ?

უცხოელი

მაგალითად, თუ ვაჭრები, გლეხები და მცხობელები, მათთან ერთად კი გიმნასტიკის მასწავლებლები და ექიმთა გვარიც შეეცილებიან მათ, ვინც ადამიანებს მწყემსავს და ვისაც პოლიტიკოსები ვუწოდეთ [268a], [და იტყვიან] რომ სწორედ ისინი ზრუნავენ არა მარტო ადამიანთა ჯოგების, არამედ მათი მმართველების გამოზრდაზეც.

უმცროსი სოკრატე

განა მართებულად არ იტყვიან?

უცხოელი

შესაძლოა. მაგას ვნახავთ, ის კი ვიცით, რომ საქონლის მომვლელს ამ საქმეში ვერავინ შეეცილება, ის თავადაა საქონლის მწყემსიც, ექიმიც, შემჯვარებელიც და მისი მშობიარობის [268b] დროსაც მხოლოდ ისაა ბებიაქალობის მცოდნე. როცა თამაშსა და მუსიკას შეეხება საქმე, თუ საქონელს ეს ბუნებით მოსდგამს, არავინაა [საქონლის მომვლელზე] ძლიერი  მის დამშვიდებასა და მოთვინიერებაში, რადგან მას ინსტრუმენტებითა თუ უბრალო ბაგეებით შეუძლია გამოსცეს ის მუსიკა, რომელიც მის ჯოგს შეეფერება. სხვა მწყემსებზეც შეიძლება იგივე ითქვას, არა?

უმცროსი სოკრატე

სრული ჭეშმარიტებაა.

უცხოელი

მაგრამ განა შეიძლება ჩვენი მსჯელობა მეფის შესახებ მართებული და უდავო იყოს, [268c] მაშინ, როცა მხოლოდ მას დავადგენთ ადამიანების ჯოგის მწყემსად და გამომზრდელად, და გამოვრიცხავთ ყველა სხვას, ვინც მას ამაში ეცილება?

უმცროსი სოკრატე

არანაირად.

უცხოელი

განა ახლახან მართებულად არ შევშინდით, როდესაც დავეჭვდით, რომ შეიძლებოდა მეფის მონახაზი გაგვეკეთებინა ისე, რომ მისი ზუსტი სახე არ გადმოგვეცა, სანამ არ ჩამოვაშორებდით ყველას, ვინც მის გარშემო ირევა და მასთან ერთად მწყემსობას იჩემებს, არ გამოვაცალკევებდით მათგან და მხოლოდ მას არ წარმოვადგენდით? [268d]

უმცროსი სოკრატე

სავსებით სწორია.

უცხოელი

მაშ, ასე უნდა გავაკეთოთ, სოკრატე, თუ არ ვაპირებთ, რომ მსჯელობის დასასრულს შევრცხვეთ.

უმცროსი სოკრატე

არა, ასე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვიქცეთ.

უცხოელი

კვლავ თავიდან უნდა დავიწყოთ და სხვა გზას უნდა გავყვეთ.

უმცროსი სოკრატე

რომელს?

უცხოელი

თამაშგარეულ გზას. უნდა გამოვიყენოთ გრძელი მითის დიდი ნაწილი, დანარჩენი კი [268e], როგორც უწინ, ნაწილ-ნაწილ უნდა დავყოთ და ასე მივაღწევთ იმას, რასაც ვიკვლევთ. ასე მოვიქცეთ?

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

უცხოელი

მაშ, ბავშვებივით ყურადღებით მოეკიდე ჩემ მითს[112], დიდი ხანი ხომ არაა, რაც თამაშს თავი დაანებე.

უმცროსი სოკრატე

მოყევი.

უცხოელი

მრავალი ძველი თქმულება არსებობს და კიდევ სხვა მრავალი იარსებებს.

ერთ-ერთი ასეთი თქმულება ეხება ატრევსისა და თიესტოსის[113] განხეთქილებას, ალბათ, გსმენია და გახსოვს, რაც იქ მოხდა.

უმცროსი სოკრატე

ალბათ, ოქროს ვერძს[114] გულისხმობ. [269a]

უცხოელი

არანაირად. მზისა და სხვა ვარსკვლავების ჩასვლა-ამოსვლის ცვლილებებს ეხება, რადგან საიდანაც ახლა მზე ამოდის, ადრე იმ ადგილას ჩადიოდა და პირიქით, სადაც ახლა ჩადის – იქიდან ამოდიოდა. მაშინ ღმერთმა ატრევსის გულისთვის შეცვალა ისე, როგორც ახლაა[115].

უმცროსი სოკრატე

ამასაც ამბობენ.

უცხოელი

კრონოსის[116] მეფობის შესახებაც ბევრისგან გვსმენია. [269b]

უმცროსი სოკრატე

ძალიან ბევრისგან.

უცხოელი

და იმაზეც, რომ უწინ ადამიანები მიწიდან იბადებოდნენ და არა ერთმანეთისგან?[117]

უმცროსი სოკრატე

ესეც ერთ-ერთი უძველესი თქმულებაა.

უცხოელი

ყველა ეს და კიდევ ათასი სხვა და უფრო საკვირველი [ამბავიც] ერთ მოვლენას უკავშირდება. წელთა სიმრავლის გამო ნაწილი დაიკარგა, ნაწილი მიმოიფანტა და თითოეულ მათგანზე განცალკევებულად ყვებიან. მაგრამ არავის უთქვამს, რა იყო მათი მთავარი მიზეზი [269c] და ახლა ჩვენ უნდა ვთქვათ, რადგან ეს დაგვეხმარება მეფის განსაზღვრებაში.

უმცროსი სოკრატე

მშვენივრად ამბობ. თქვი, არაფერი გამოტოვო.

უცხოელი

მაშ, მისმინე. ხან თავად ღმერთი მართავს სამყაროს მოძრაობას და აბრუნებს მას, იმ პერიოდში კი, როდესაც ამოიწურება მისთვის განკუთვნილი დრო, [ღმერთი] ტოვებს მას და ის ავტომატურად [იწყებს] საპირისპიროდ ბრუნვას, [269d] რადგან სამყარო ცოცხალია და აქვს

გონება, რომელიც უბოძა იმან, ვინც ის თავდაპირველად შექმნა და ეს უკუსვლა მას აუცილებლობით აქვს ჩადებული ბუნებაში იმ მიზეზით, რომ...

უმცროსი სოკრატე

რა მიზეზით?

უცხოელი

მუდამ თავისი თავის იგივეობრივად და უცვლელად ყოფნა მხოლოდ ღვთაებრივ [არსებებს] შეჰფერთ, სხეულის ბუნება კი მათ რიგს არ განეკუთვნება. იმას, რასაც ზეცასა და კოსმოსს ვუწოდებთ, მისმა შემქმნელმა უბოძა მრავალი ნეტარება, მაგრამ იმავდროულად – სხეულთან ზიარებაც. [269e] ამიტომ შეუძლებელია წილად არ ხვდომოდა ცვლილებები, თუმცა, რამდენადაც შესაძლებელია, ის ერთ ადგილას ერთნაირად მოძრაობს, ხოლო უკუღმა ბრუნვის [თვისება] მან მიიღო როგორც სულ მცირე გადახრა თავისი მოძრაობიდან. მუდმივად ბრუნვა თითქმის არავის შეუძლია, გარდა იმისა, ვინც თავად მართავს სხვათა მოძრაობას, მათ კი არ ეძლევათ ნება ხან ერთი მიმართულებით ამოძრაონ [რაიმე], ხან კი – მისი საპირისპირო [მიმართულებით]. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კოსმოსზე არც იმის თქმა შეიძლება, რომ ის მუდამ თავად ამოძრავებს საკუთარ თავს, არც იმისი, რომ მას მთლიანად ყოველთვის ღმერთი აბრუნებს ორმაგად და საპირისპირო მიმართულებით, [270a] და არც იმისი, რომ ორი ღმერთი

თავისი შეხედულებისამებრ ერთიმეორის საპირისპიროდ აბრუნებს, არამედ, როგორც ადრეც ვთქვით, ერთი [რამ] რჩება, რომ ის სხვა ღვთაებრივი მიზეზით მოძრაობს. ის ხელახლა იძენს სიცოცხლეს და მას უკვდავებას უმზადებს და ანიჭებს შემოქმედი, ხოლო როდესაც [კოსმოსი] თავისუფლდება, ის თავისთავად მოძრაობს და მას იმდენი დრო ეძლევა, რომ ათასობით უკუბრუნი გააკეთოს და რადგან ყველაზე დიდი და ყველაზე უკეთ გაწონასწორებულია, უმცირესი ბიჯით ბრუნავს. [270b]

უმცროსი სოკრატე

ძალიან დამაჯერებელია ეს ყველაფერი, რაც ახლა თქვი.

უცხოელი

მოდი, გავაანალიზოთ და გავაცნობიეროთ ნათქვამის საფუძველზე, ყველა იმ სასწაულის მიზეზი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. ეს [მიზეზი] კი შემდეგია.

უმცროსი სოკრატე

რომელი?

უცხოელი

ის, რომ სამყარო წრიულად ხან ერთი მიმართულებით მოძრაობს, ხან კი მის საპირისპიროდ.

უმცროსი სოკრატე

როგორ?

უცხოელი

ეს უნდა ჩაითვალოს [270c] უდიდეს და ყველაზე სრულყოფილ ცვლილებად, რაც კი ზეცაში ხდება.

უმცროსი სოკრატე

როგორც ჩანს.

უცხოელი

საფიქრალია, რომ უდიდესი ცვლილებები მის ქვეშ მცხოვრებლებშიც ხდება.

უმცროსი სოკრატე

ესეც ასეა.

უცხოელი

განა არ ვიცით, რომ ცხოველთა ბუნებისთვის ძალიან რთულია მრავალი, დიდი და სხვადასხვაგვარი ცვლილების გადატანა?

უმცროსი სოკრატე

როგორ არა.

უცხოელი

ამ დროს სხვა ცხოველებსაც აუცილებლად უდიდესი განადგურების [საფრთხე] ატყდება თავს [270d] და ადამიანთა გვარიდანაც ძალიან ცოტა თუ გადარჩება და მათაც წილად ხვდებათ მრავალი ახალი და საოცარი განსაცდელი, რომელთაგან უდიდესი ისაა, რომელიც თან ახლავს სამყაროს შემობრუნებას, როდესაც მისი მოძრაობა საპირისპირო მიმართულებას იძენს.

უმცროსი სოკრატე

რომელი [განსაცდელი]?

უცხოელი

რა ასაკისაც იყო თითოეული ცხოველი, იმავე [ასაკის] დარჩა და ყველაფერმა, რაც მოკვდავი იყო, შეწყვიტა ზრდა და მოხუცებულობაც აღარ ეტყობოდა, პირიქით შეიცვალა, [270e] გაახალგაზრდავდა და განაზდა; მოხუცებს თეთრი თმა გაუშავდათ, წვერიანი ლოყები კვლავ სრიალა გაუხდათ და ძველ დროს დაუბრუნდნენ, მოწიფულ მამაკაცთა სხეულიც სრიალა გახდა და დღითიდღე თითოეული მათგანი უფრო და უფრო ახალგაზრდავდებოდა მანამ, სანამ კვლავ ახალშობილი არ გახდებოდა და სულითაც და სხეულითაც მას არ დაემსგავსებოდა. ასე აგრძელებდნენ ჭკნობას, სანამ საბოლოოდ არ გაქრნენ. იმ დროს ძალადობით მოკლულთა გვამებსაც იგივე დაემართა [271a] და რამდენიმე დღეში შეუმჩნევლად გაქრა.

უმცროსი სოკრატე

უცხოელო, მაშ როგორ ხდებოდა ცოცხალთა შობა მაშინ? როგორ იბადებოდნენ ისინი ერთმანეთისგან?

უცხოელი

ცხადია, სოკრატე, რომ მაშინ ბუნებაში არ არსებობდა ერთმანეთისგან შობა. ამბობენ, რომ როგორც ოდესღაც მიწიდან შობილთა გვარი არსებობდა, ისე იმ დროსაც მიწიდან იბადებოდნენ. ეს ხსოვნა შემოგვინახეს ჩვენმა უძველესმა წინაპრებმა, რომლებიც პირველი წრებრუნვის [271b] მიწურულს ცხოვრობდნენ და მის დასაწყისში იშვნენ. ამიტომ გახდნენ იმ ამბების მაცნენი ჩვენთვის, რაშიც ახლა მრავალს უმართებულოდ ეპარება ეჭვი; ჩვენ კი, ვფიქრობ, უნდა დავიჯეროთ, რომ თუ მოხუცები ახალგაზრდავდებიან, მაშინ მიცვალებულებიც, რომლებიც მიწას არიან მიბარებული, უნდა წამოდგნენ და გაცოცხლდნენ დაბადების საპირისპირო ცვლილების კვალობაზე. შესაბამისად, ისინი აუცილებლად [271c] მიწიდან წარმოიშვებიან, სწორედ აქედანაა მათი სახელიც და მისი განმარტებაც, თუ რომელიმეს ღმერთმა სხვა ხვედრი არ არგუნა.

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა, ასე გამოდის ადრე ნათქვამიდან, მაგრამ ცხოვრება, რომელსაც როგორც აღნიშნე, კრონოსი განაგებდა, რომელ წრებრუნვას ეკუთვნოდა, ძველს თუ ახალს? ხომ აშკარაა, რომ ვარსკვლავებისა და მზის ნებისმიერი ცვლილება წრებრუნვისას ხდება?

უცხოელი

კარგად მიგიდევნებია ყური მსჯელობისთვის. [271d] რაც შეეხება შენს კითხვას, ადამიანთათვის

ყველაფრის თავისთავად შობის შესახებ, ეს საერთოდ არ ეხება ამჟამინდელ წრებრუნვას, არამედ ადრე იყო. მაშინ, დასაწყისში წრებრუნვას მთლიანად ღმერთი მართავდა და ზედამხედველობდა, მმართველ ღმერთებს ასევე გადანაწილებული ჰქონდათ კოსმოსის სხვადასხვა ნაწილი და ცხოველებიც გვარებისა და ჯოგების მიხედვით ჰყავდათ დანაწილებული ღვთაებრივ მწყემსებს – დემონებს. თითოეული [მათგანი] მართავდა იმ [ნაწილს], [271e] რომელიც მას ერგებოდა, ისე, რომ არც გარეული ცხოველები არსებობდნენ, არც ერთმანეთს ჭამდნენ, არც ომი ჰქონიათ, არც სხვა სახის არეულობა, მრავალი კარგი რამ შეიძლება ითქვას ამგვარი მოწყობის შესახებ. ადამიანების ასეთი თავისთავადი ცხოვრების თაობაზე შემდეგი მიზეზების გამო ითქვა: ღმერთი თავად მწყემსავდა და წინამძღვრობდა მათ, როგორც ამჟამად ადამიანები, რომლებიც სხვა არსებებზე უფრო ღვთაებრივნი არიან, მათზე მდაბალთ მწყემსავდნენ. მისი მწყემსობის დროს არც სახელმწიფოები არსებობდა, არც ცოლები და შვილები ჰყავდათ [272a]. ყველანი მიწიდან იბადებოდნენ და წინა დროიდან არაფერი ახსოვდათ. მართალია, მსგავსი არაფერი ჰქონდათ, მაგრამ ხეებიდან და სხვა მცენარეებიდან უხვ ხილს იღებდნენ, რაც მიწის დამუშავებით კი არ აღმოცენდებოდა, არამედ მიწიდან თავისთავად ამოდიოდა. არც ტანსაცმელი ჰქონდათ, არც – საწოლი და უფრო მეტად ღია ცის ქვეშ ცხოვრობდნენ. ამინდი ხომ მათთვის დალოცვილი იყო, რბილ სარეცლად კი მიწიდან უხვად ამოსული ბალახი ჰქონდათ [272b]. სოკრატე, გსმენია კრონოსის დროს მათი ცხოვრების შესახებ? ახლა კი, როგორც ამბობენ, ზევსის დროა, რომელშიც შენც იმყოფები და იცი. შეგიძლია და გინდა, განსაჯო ამ ორიდან, რომელი უფრო ბედნიერი [ხანაა]?[118]

უმცროსი

სოკრატე არანაირად.

უცხოელი

ხომ არ გინდა, მე განგიმარტო?

უმცროსი სოკრატე

რატომაც არა.

უცხოელი

მაშ, თუ კრონოსის გამოზრდილი შვილები მოიცლიდნენ და შეძლებდნენ საუბარს არა მხოლოდ ადამიანებთან, არამედ ცხოველებთანაც [272c], და ამ ყველაფერს გამოიყენებდნენ ფილოსოფიისთვის, ცხოველებთან და ერთმანეთთან საუბრის მეშვეობით ბუნებისგან შეიტყობდნენ, ხომ არ იცოდა მან, განსაკუთრებული ძალის წყალობით, რაღაც განსხვავებული გონების მარაგისათვის. ასე კი ადვილად მისახვედრია, რომ იმ ეპოქის ადამიანები ბევრად უფრო ბედნიერი იყვნენ, ვიდრე – დღევანდელი. ხოლო თუ უბრალოდ [მუცელს] ამოივსებდნენ საკვებითა და სასმელით და ერთმანეთს და ცხოველებს მხოლოდ იმ ამბებს გადასცემდნენ, რასაც მათ შესახებ ახლაც [272d] ყვებიან, ესეც, ჩემი აზრით, ცხადი და ადვილად ასახსნელი

იქნებოდა. მაგრამ, მოდი, თავი დავანებოთ მანამ, სანამ ვინმე არ გვაუწყებს, ცოდნისა და მსჯელობის რა მოთხოვნილება ჰქონდათ მაშინ. მაგრამ, უნდა განვმარტოთ, რატომ მოვიხმეთ ეს მითი, რათა გზა განვაგრძოთ. მას შემდეგ, რაც ამ ყველაფერს დრო ამოეწურა და ცვლილება უნდა მომხდარიყო, [272e] მთელი მიწიერი გვარი განადგურდა და სულებმა შეწყვიტეს დაბადება და მიწაზე დაცვივდნენ თესლის სახით, ყოველივეს მმართველმა მიატოვა ადგილი, რომელსაც კვებავდა და სათვალთვალოდ განთავსდა. სამყარო კი კვლავ ბრუნავდა მისთვის ბედისწერით დადგენილი და თანდაყოლილი სწრაფვის გამო. თითოეულმა ღმერთმა, რომელიც [სამყაროს] ნაწილს მართავდა უზენაეს ღვთაებასთან ერთად, გაიგო თუ არა მომხდარის შესახებ, მიატოვა სამყაროს ის ნაწილი [273a], რომელზეც ზრუნავდა. სამყარო კი უკუღმა დატრიალდა და საკუთარ თავს შეეჯახა, რადგან მისი დასაწყისი და დასასრული ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით ამოძრავდა. მომხდარმა დიდმა მიწისძვრამ კი ყველა ცხოველი კიდევ ერთხელ გაანადგურა. კარგა ხნის შემდეგ, რაც ხმაური და მღელვარება შეწყდა, რყევებს სიმშვიდე მოჰყვა, ხოლო სამყარო თავის ჩვეულ სვლას დაუბრუნდა, განაგრძო მართვა და ზრუნვა [273b] საკუთარ თავზე და ყველაფერზე, რაც მასშია და შეძლებისდაგვარად იხსენებდა თავისი შემოქმედისა და მამის[119]სწავლებას. დასაწყისში [ყველაფერს] უფრო ზუსტად ასრულებდა, ხოლო ბოლოს უფრო უყურადღებოდ. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ბუნებით თანდაყოლილი სხეული შერეული იყო, რადგან მანამ, სანამ სამყაროში მოვიდოდა, მრავალ უწესრიგობას ეზიარა. თავისი შემქმნელისგან მას ყველაფერი მშვენიერი ერგო, ხოლო თავისი ადრინდელი მდგომარეობიდან [273c], რაც კი ზეცაში მძიმე და უსამართლო იყო, ყვლაფერი თვითონაც დაიტოვა და ცოცხალ არსებებსაც უბოძა. სამყარო მმართველთან ერთად ცოცხალ არსებებს კვებავდა, მათში მცირეოდენ სიავესა და ბევრ სიკეთეს აღვივებდა. მმართველთან დაშორების შემდეგ, თავდაპირველად ყველაფერს მშვენივრად უძღვებოდა, მაგრამ დრო რომ გავიდა და

[მმართველი] დავიწყებას მიეცა, მასზე ძველი უწესრიგობა გაბატონდა [273d], ბოლოს [სამყაროში] მცირეოდენი სიკეთე დარჩა, და ბევრ საპირისპირო რამეს შეერია, მასაც და ყველაფერს მასში მყოფს განადგურების საფრთხე დაემუქრა. მას შემდეგ, რაც ღმერთმა, რომელმაც [სამყარო] მოაწესრიგა, დაინახა მისი რთულ მდგომარეობა, იზრუნა, რომ მღელვარებისგან აფორიაქებული [სამყარო] არ განადგურებულიყო და არაერთგვაროვნების უსაზღვრო ზღვაში არ [273e] ჩაძირულიყო. [მან] კვლავ გამზრდელის ადგილი დაიკავა, ყველაფერი დასნეულებული და დაშლილი კვლავ უწინდელ ბრუნვას დაუბრუნა, მოაწესრიგა, უკვდავი და უბერებელი გახადა. ესაა ამ მითის დასასრული.

რაც შეეხება ჩვენს [მოსაზრებას] მეფის შესახებ, ის ადრე ნათქვამს უნდა დავუკავშიროთ. როდესაც სამყარო ამოძრავდა და დაბადების დღევანდელ გზას დაადგა, ასაკმა ზრდა შეწყვიტა და მაშინდელის საპირისპირო ახალი რამეები გაჩნდა. პატარა არსებები, რომლებიც თავიანთი ზომის გამო კინაღამ გაქრნენ, ისევ იზრდებოდნენ, ხოლო მიწიდან ახლად აღმოცენებული სხეულები კვლავ კვდებოდნენ და მიწაში ჩადიოდნენ. და სხვა ყველაფერი იცვლებოდა, [274a] ბაძავდა და მიჰყვებოდა რა სამყაროს მდგომარეობას. ბაძვა აუცილებელი იყო ყველაფერში – ფეხმძიმობაში, დაბადებაში, გამოზრდაში – რადგან მიწიდან სხვა რამისგან შემდგარი ცოცხალი არსება ვერ აღმოცენდებოდა, ისევე როგორც სამყაროს, თავად უნდა ემართა თავისი სვლა. მის ნაწილებსაც, შეძლებისამებრ, თავად უნდა აღმოეცენებინათ, ეშვათ და გამოეზარდათ. [274b] უკვე იქ მივედით, საიდანაც ჩვენი საუბარი წამოვიწყეთ. ძალიან დიდ ხანს მოვუნდებით საუბარს, თუ რატომ და როგორ შეიცვალნენ ცხოველები და ეს შორს წაგვიყვანს, ხოლო ადამიანებზე – უფრო მოკლედ თქმა [შეიძლება] და უფრო შესაფერიც [იქნება]. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ღვთაებამ, მწყემსმა ჩვენზე ზრუნვა შეწყვიტა, ბევრი ცხოველი, რომელსაც მძიმე ხასიათი

ჰქონდა, გაველურდა და სნეულ და დაუცველ ადამიანებს იტაცებდა[120][274c]. პირველ ხანებში უძლურნი და მოუხერხებელნი იყვნენ, ბუნებრივი საკვები არ ჰყოფნიდათ, ხოლო [საჭმლის] მოპოვება არ იცოდნენ, რადგან ადრე ამას არაფერი აიძულებდათ. ამ ყველაფრის გამო მათ ძალიან უჭირდათ. სწორედ ამიტომ, როგორც ამბობენ, ღმერთებმა აუცილებელი ცოდნისა და მითითებების გარდა სხვა საჩუქრებიც გვიბოძეს: ცეცხლი – პრომეთემ, ხელოვნებანი – ჰეფესტოსმა და ხელობაში მისმა დამხმარე [ქალბატონმა][121] [274d], თესლი და მცენარეები – სხვა ღმერთებმა. ყველაფერი, რაც ადამიანურ ცხოვრებას აწესრიგებს, აქედან წარმოიშვა, რადგან, როგორც უკვე ავღნიშნე, როდესაც ადამიანებს ზრუნვა შემოაკლდათ, მათ თავად მოუწიათ ეზრუნათ და ემართათ საკუთარი თავი, მთელი სამყაროს მსგავასად, რომელსაც მუდამ ვბაძავთ და მივყვებით. სხვა დროს სხვაგვარად, ახლა კი ასე ვიბადებით და ვიზრდებით [274e]. ეს მითი აქ დავასრულოთ, თუმცა იმის გასაგებად გამოვიყენოთ, თუ როგორ ვცდებოდით მსჯელობისას, როცა მეფესა და პოლიტიკოსს განვსაზღვრავდით.

უმცროსი სოკრატე

რას გულისხმობ? რა შეცდომა დავუშვით?

უცხოელი

ერთი მხრივ, ის უფრო პატარაა, ხოლო მეორე მხრივ – უფრო დიდი, მძიმე და მნიშვნელოვანი, ვიდრე [ჩანს].

უმცროსი სოკრატე

როგორ?

უცხოელი

როდესაც ამჟამინდელი წრებრუნვისა და წარმოშობის მეფესა და პოლიტიკოსზე გვკითხეს, ჩვენ საპირისპირო წრებრუნვის [275a] ადამიანთა ჯოგის მწყემსზე ვუპასუხეთ, რომელიც ღმერთი იყო და არა – ადამიანი, რითიც ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით. როდესაც ის მთელი ქვეყნის მმართველად გამოვაცხადეთ, არ გვითქვამს, თუ რა სახით [მართავს]. ანუ სწორად კი ვთქვით, მაგრამ ნათქვამი სრული და მკაფიო არ იყო; სწორედ ამიტომ აქ უფრო ნაკლებად შევცდით, ვიდრე წინა [შემთხვევაში].

უმცროსი სოკრატე

მართალია.

უცხოელი

როგორც ჩანს, ქვეყნის მართვის ფორმა უნდა დავადგინოთ, რათა იმედი ვიქონიოთ, რომ ასე მაინც საბოლოოდ განვსაზღვრავთ, თუ ვინ არის პოლიტიკოსი.

უმცროსი სოკრატე

კარგი [275b].

უცხოელი

მითიც იმის წარმოსაჩენად მოვიხმეთ, რომ ჯოგურ გამოზრდაში არა მხოლოდ ყველა ეცილება მას, ვისაც ახლა ვიკვლევთ, არამედ, რომ კიდევ უფრო ცხადად გვეჩვენებინა ის, ვისაც მწყემსისა და მენახირის მსგავსად – მხოლოდ ერთს შეეფერებოდა ადამიანების გამოზრდაზე ზრუნვა და ამ სახელის ტარების პატივი.

უმცროსი სოკრატე

მართალია.

უცხოელი

სოკრატე, ვფიქრობ, [275c] ღვთაებრივი მწყემსის სახე ამ მეფეზე უფრო დიდებულია. ახლანდელი პოლიტიკოსები ხომ უფრო მეტად მათ გვანან ბუნებით, ვისაც მართავენ და ვისთანაც საკვებსა და განათლებას იზიარებენ.

უმცროსი სოკრატე

ნამდვილად ასეა.

უცხოელი

მაგრამ [ის] არც მეტად უნდა ვიკვლიოთ და არც ნაკლებად, როგორიც არ უნდა ყოს ბუნებით.

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

* * *

სოკრატე

[257a] უზომოდ მადლობელი ვარ შენი, თეოდოროს, თეეტეტოსისა და ამ უცხოელის გაცნობისთვის.

თეოდოროსი

სოკრატე, მალე სამმაგად მადლობელი იქნები, მას შემდეგ, რაც ისინი პოლიტიკოსსა და ფილოსოფოსზე იმსჯელებენ შენთან ერთად.

სოკრატე

კარგი, ძვირფასო თეოდოროს, მაგრამ ნუთუ ვიტყვით, რომ ეს თვლისა და გეომეტრიის საუკეთესო [ოსტატისგან] მოვისმინეთ? [257b]

თეოდოროსი

რას გულისხმობ, სოკრატე?

სოკრატე

[იმას], რომ ეს ადამიანები [სოფისტი, პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი] ერთნაირად შეაფასე, არადა ღირსებით გაცილებით უფრო შორს დგანან ერთმანეთისგან, ვიდრე თქვენი ხელოვნების [ანუ მათემატიკის] ანალოგიის კანონით[94] გამოდის.

თეოდოროსი

სოკრატე, ჩვენ ღმერთ ამონს[95] ვფიცავ, მართალი ხარ, რომ არ დაივიწყე და დათვლისას ჩემ მიერ დაშვებულ შეცდომაზე მიმანიშნე. ამის გამო შენზე შურს სხვა დროს ვიძიებ: შენ კი, უცხოელო, ნუ დაიზარებ ჩვენთვის სიკეთის ქმნას, ამოირჩიე ან პოლიტიკოსი [257c] ან ფილოსოფოსი და თანმიმდევრულად გვიამბე [მათზე].

უცხოელი

ეს უნდა გაკეთდეს, თეოდოროს, რახან ერთხელ მოვკიდეთ ხელი, არ უნდა მოვეშვათ, სანამ ბოლომდე არ მივიყვანთ. მაგრამ რა ვუყოთ ამ თეეტეტოსს?

თეოდოროსი

რას [გულისხმობ]?

უცხოელი

შევასვენოთ და მისი ადგილი მისი გიმნაზიის მეგობარს[96], სოკრატეს დავუთმოთ?

თუ რას გვირჩევ?

თეოდოროსი

ისე მოვიქცეთ, როგორც თქვი. ახალგაზრდებს უფრო უადვილდებათ ნებისმიერი სახის შრომა, თუ შეისვენებენ ხოლმე. [257d]

სოკრატე

და თან, უცხოელო, მეჩვენება, რომ ორივე რაღაცნაირად მენათესავება; როგორც თქვენ ამბობთ, ერთი სახით მგავს, ხოლო მეორეს [258a] იგივე სახელი აქვს, რაც მე და მიმართვის ერთი და იგივე [ფორმა] სიახლოვეს ბადებს. მონათესავენი მუდამ უნდა გამოვიცნოთ საუბრისას. თეეტეტოსს გუშინ თავად ვესაუბრე[97] და ახლაც მოვისმინე მისი პასუხები, სოკრატეს კი საერთოდ არ ვიცნობ, საჭიროა მისი ნახვაც. ჯერ შენ გიპასუხოს, შემდეგ კი – მე.

უცხოელი

ასე იყოს. სოკრატე, გესმის სოკრატესი?

უმცროსი სოკრატე

დიახ.

უცხოელი

ეთანხმები, რასაც ის ამბობს?

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა. [258b]

უცხოელი

რაკი, როგორც ჩანს, შენ არაფერი გაქვს საწინააღმდეგო, მე რაღა უნდა [მქონდეს], მაგრამ სოფისტის შემდეგ, ვფიქრობ, პოლიტიკოსი უნდა განვიხილოთ. მითხარი, ისიც რაღაცის მცოდნედ უნდა ჩავთვალოთ, თუ არა?

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

უცხოელი

მეცნიერებები ისე უნდა დავყოთ, როგორც ადრე [სოფისტზე მსჯელობისას][98]?

უმცროსი სოკრატე

ალბათ.

უცხოელი

მე კი ვფიქრობ, რომ ასე არ უნდა დავყოთ, სოკრატე.

უმცროსი სოკრატე

მაშ როგორ? [258c]

უცხოელი

სხვაგვარად.

უმცროსი სოკრატე

შესაძლოა.

უცხოელი

სად უნდა მოვიძიოთ პოლიტიკოსის გზა[99]? უნდა მოვიძიოთ, სხვათაგან გამოვყოთ და ერთ სახედ აღვბეჭდოთ, შემდეგ [გზის] სხვა განშტოებები სხვა ერთიან სახედ მოვნიშნოთ ისე, რომ ჩვენი სული მეცნიერებების მხოლოდ ორ სახეს აღიქვამდეს[100].

უმცროსი სოკრატე

უცხოელო, ვფიქრობ, ეს შენი საქმეა და არა ჩემი. [258d]

უცხოელი

შენი საქმეც უნდა გახდეს, სოკრატე, როცა ჩვენთვის ნათელი მოეფინება.

უმცროსი სოკრატე

კარგი.

უცხოელი

მაშ, არითმეტიკა და მისი მსგავსი ხელოვნების სხვა მრავალი [სახეობა] შორსაა საქმისგან და მხოლოდ ცოდნას იძლევა, არა?

უცხოელი

ხოლო დურგლობა და სხვა მსგავსი ხელობანი, რომლებიც საქმესთანაა შეზრდილი, [258e] ფლობს ცოდნას და ქმნის ისეთ რაღაცეებს, რაც უწინ არ არსებობდა.

უმცროსი სოკრატე

აბა რა?

უცხოელი

ამგვარად ყველა მეცნიერებას ვყოფთ [ორ ჯგუფად]: ერთი არის პრაქტიკული, ხოლო მეორე – შემეცნებითი.

უმცროსი სოკრატე

მაშ, ეს შენთვის იყოს ერთიანი მეცნიერების ორი სახე.

უცხოელი

მაშინ, პოლიტიკოსს, მეფეს, ბატონს და სახლის მმართველსაც კი – ყველას ერთად – ერთ სახელს ვუწოდებთ, თუ ვიტყვით, რომ რამდენი სახელიცაა, იმდენივე ხელოვნება არსებობს? ჯობს, ამ გზით გამომყვე[101].

უმცროსი სოკრატე

რომელი [გზით]? [259a]

უცხოელი

ამ [გზით]: თუ კერძო [პრაქტიკის მქონე] ექიმს შეუძლია რჩევა მისცეს რომელიმე საჯარო ექიმს, მის ხელოვნებას იგივე სახელი არ უნდა ვუწოდოთ, რაც იმისას, ვისაც ის ურჩევს?

უმცროსი სოკრატე

კი.

უცხოელი

მაშ რა? თუ რომელიმე კერძო პირი იმდენად ძლიერი იქნება, რომ რჩევა მისცეს ქვეყნის მეფეს, განა არ ვიტყვით, რომ მას იგივე ცოდნა აქვს, რაც უნდა ჰქონდეს მმართველს?

უმცროსი სოკრატე

ვიტყვით. [259b]

უცხოელი

მაგრამ ჭეშმარიტი მეფის ცოდნა ხომ მეფობის ცოდნაა?

უმცროსი სოკრატე

კი.

უცხოელი

ამგვარად, ამ ცოდნის მფლობელს, მმართველი იქნება ის თუ კერძო პირი, ამ ხელოვნების გამო, განა მართებულად არ ვუწოდებთ «მეფობის შემძლეს»?

უმცროსი სოკრატე

სამართლიანია.

უცხოელი

ასევეა სახლის მმართველსა და ბატონთან დაკავშირებითაც.

უმცროსი სოკრატე

ასეა.

უცხოელი

მაშ რა? რა განსხვავებაა მართვის თვალსაზრისით დიდი სახლისა თუ პატარა ქალაქის მართვას შორის?

უმცროსი სოკრატე

არავითარი. [259c]

უცხოელი

მაშ, ნათელია, რომ იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ახლა განვიხილეთ, არსებობს ერთი ცოდნა და რა განსხვავებაა, მას მეფობას დაარქმევენ, პოლიტიკოსობას თუ სახლის მმართველობას?

უმცროსი სოკრატე

რა [განსხვავებაა]?

უცხოელი

მაგრამ, ცხადია, რომ მმართველობისას მეფეს ხელებითა და მთელი თავისი სხეულით გაცილებით უფრო ნაკლების გაკეთება შეუძლია, ვიდრე სულის სიძლიერითა და გამჭრიახობით.

უმცროსი სოკრატე

ცხადია.

უცხოელი

მაშ, უნდა ითქვას, რომ მეფისთვის შემეცნებითი ხელოვნება [259d] უფრო შესაფერისია, ვიდრე ხელოსნობა ან ნებისმიერი პრაქტიკული [ხელოვნება]?

უმცროსი სოკრატე

აბა რა?

უცხოელი

მაშ, ჩავთვალოთ, რომ პოლიტიკის ხელოვნება და ყველაფერი, რაც პოლიტიკასთანაა დაკავშირებული, აგრეთვე, მეფობის ხელოვნება და ყველაფერი, რაც მეფობასთანაა დაკავშირებული – ეს ყველაფერი ერთი და მუდამ იგივეობრივია?

უმცროსი სოკრატე

ცხადია.

უცხოელი

განა თანმიმდევრული არ იქნებოდა, თუ ამის შემდეგ შემეცნებით ხელოვნებას დავყოფდით?

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

უცხოელი

ყურადღება მიაქციე, ისიც ხომ არ იყოფა?

უმცროსი სოკრატე

მითხარი, რას [გულისხმობ]? [259e]

უცხოელი

აი, ამას: ჩვენ ხომ გვაქვს თვლის ხელოვნება?

უმცროსი სოკრატე

კი.

უცხოელი

ვფიქრობ, ის ნამდვილად შემეცნებით ხელოვნებას განეკუთვნება.

უმცროსი სოკრატე

როგორ არა?

უცხოელი

მას შემდეგ, რაც თვლის ხელოვნება შეიცნობს რიცხვებს შორის განსხვავებას, მას იმაზე მეტ საქმეს ხომ არ დავაკისრებთ, ვიდრე უკვე შეცნობილის განსჯაა?

უმცროსი სოკრატე

სხვა რაღას [დავაკისრებთ]?

უცხოელი

ხუროთმოძღვარიც ხომ თავად კი არ მუშაობს, არამედ მუშებს მართავს?

უმცროსი სოკრატე

დიახ.

უცხოელი

და წვლილი შეაქვს ცოდნით და არა – ფიზიკური შრომით.

უმცროსი სოკრატე

ასეა. [260a]

უცხოელი

სამართლიანი იქნებოდა, თუ ვიტყოდით, რომ ის შემეცნებითი ცოდნის თანამონაწილეა.

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

უცხოელი

ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც ჩათვლის, რომ საქმეს მორჩა, თავი კი არ უნდა დაანებოს თვლის ოსტატივით, არამედ თითოეულ მუშას უნდა დაავალოს შესაფერისი რამ, სანამ არ გაკეთდება ის, რაც დავალებულია.

უმცროსი სოკრატე

მართალია.

უცხოელი

ყველა ის ხელოვნება, რომელიც დაკავშირებულია თვლასთან, შემეცნებითია, მაგრამ ეს ორი გვარი მაინც ხომ იყოფა იმის მიხედვით, [260b] განსჯის თუ ბრძანებას აძლევს?

უმცროსი სოკრატე

ასე ჩანს.

უცხოელი

მაშ, თუ ვიტყვით, რომ მთელი შემეცნებითი ხელოვნება იყოფა ორ ნაწილად: ბრძანების გაცემა და განსჯა, კარგად იქნება ნათქვამი?

უმცროსი სოკრატე

ჩემი აზრით – კი.

უცხოელი

მაგრამ მათთვის, ვინც რაიმეს ერთად აკეთებს, სასიამოვნო არ უნდა იყოს შეთანხმება?

უმცროსი სოკრატე

როგორ არა.

უცხოელი

ამგვარად სანამ ჩვენ არ შევთანხმდებით, მანამდე სხვათა აზრებზე ნუ ვიდარდებთ.

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა. [260c]

უცხოელი

მაშ, ხელოვნების ამ ორი სახეობიდან რომელს უნდა მივაკუთვნოთ მეფობა: განსჯას – როგორც მაყურებელი[102], თუ ბრძანების გაცემას – როგორც მმართველი?

უმცროსი სოკრატე

უკანასკნელს.

უცხოელი

საკითხავია, ბრძანების გაცემის ხელოვნებაც ხომ არ იყოფა. ვფიქრობ, როგორც მეწვრილმანეობა განსხვავდება საკუთარი ნივთებით ვაჭრობისგან, [260d] ასევე განსხვავდება სამეფო გვარი მაცნეთა გვარისგან.

უმცროსი სოკრატე

როგორ?

უცხოელი

მეწვრილმანეები ყიდულობენ სხვათა, უკვე გაყიდულ ნივთებს, და ხელმეორედ ყიდიან.

უმცროსი სოკრატე

ზუსტად ასეა.

უცხოელი

მაცნეთა კლასიც სხვების ნააზრევს იღებს ბრძანებად და შემდეგ კვლავ სხვებს უბრძანებს.

უმცროსი სოკრატე

სრული ჭეშმარიტებაა.

უცხოელი

მაშ რა? ერთმანეთს შევურევთ მეფობის, განმარტების, [260e] ბრძანების, მისნობის, მაცნეს და ყველა სხვა მსგავს ხელოვნებას, რომელთაც ბრძანების გაცემა აერთიანებს? თუ გსურს, როგორც ახლა ისინი ერთმანეთს შევადარეთ, მათი სახელებიც შევადაროთ, რადგან ისე მოხდა, რომ თავად ბრძანების გამცემი გვარი ჯერ კიდევ უსახელოა. ამგვარად მათ ერთმანეთისგან გავარჩევდით და სამეფო გვარს თავად ბრძანების გამცემ ნაწილს მივაკუთვნებდით, სხვებზე კი საერთოდ არ ვიზრუნებდით და მათთვის სახელის დარქმევას სხვებს მივანდობდით, რადგან კვლევა [261a] მმართველის და არა მისი საპირისპირო [რამის] გამო დავიწყეთ.

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

უცხოელი

რადგან ეს გვარი საკმაოდ დაშორებულია სხვებს, და ის, რაც მისთვისაა დამახასიათებელი, განსხვავდება იმისგან, რაც მისთვის უცხოა, ხელახლა ხომ არ უნდა დავყოთ ის, თუ მასში კვლავ შევნიშნავთ რაიმე განშტოებას?

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

უცხოელი

ჩანს, რომ [ამგვარი განშტოება] აქვს. მომყევი და დაყავი.

უმცროსი სოკრატე

როგორ?

უცხოელი

განა არ აღმოვაჩენთ, რომ ყველა, ვისაც მმართველად ვთვლით, და ვინც ბრძანებებს გასცემს [261b], ამას რაღაცის წარმოსაშობად აკეთებს?

უმცროსი სოკრატე

როგორ არა.

უცხოელი

რთული არაა, ყველაფერი, რაც წარმოშობილია, ორ სახედ დაიყოს.

უმცროსი სოკრატე

როგორ?

უცხოელი

მათი ერთი [ნაწილი] უსულოა, ხოლო მეორე – სულიერი.

უმცროსი სოკრატე

კი.

უცხოელი

მათ მსგავსად დავყოფთ შეეცნებითი ხელოვნების ბრძანების გამცემ ნაწილს, თუკი დაყოფას მოვისურვებთ.

უმცროსი სოკრატე

რის მიხედვით [დავყოფთ]?

უცხოელი

მის ერთ ნაწილს მივაკუთვნებთ უსულოთა წარმოშობას, [261c] ხოლო მეორეს კი – სულიერთა. ასე ყველაფერი კვლავ ორად დაიყოფა.

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

უცხოელი

მათ ერთ ნაწილს თავი დავანებოთ, ხოლო მეორე ავიღოთ და კვლავ ორ ნაწილად გავყოთ.

უმცროსი სოკრატე

როგორ ფიქრობ, რომელი ნაწილი უნდა ავიღოთ?

უცხოელი

რა თქმა უნდა ის, რომელიც სულიერებთან დაკავშირებით გასცემს ბრძანებებს. სამეფო ცოდნა ხომ უსულოებთან დაკავშირებით არ გასცემს ბრძანებებს ისე, როგორც ამას ხურო [აკეთებს]; არამედ ის უფრო კეთილშობილია [261d] და მისი ძალაუფლება მხოლოდ სულიერებსა და მათთან დაკავშირებულ [საკითხებზე] ვრცელდება.

უმცროსი სოკრატე

მართალია.

უცხოელი

სულიერთა დაბადებასა და კვებას შეიძლება შევხედოთ, როგორც ერთის გამოზრდას, ან როგორც ცხოველთა დიდ ჯოგზე ერთობლივ ზრუნვას.

უმცროსი სოკრატე

სწორია.

უცხოელი

პოლიტიკოსი, როგორც ვნახავთ, ერთის გამომზრდელი კი არაა, როგორც ერთი ხარის მომვლელი ან ერთი ცხენის მეჯინიბე, არამედ ის უფრო მეტად ჰგავს ადამიანს, რომელიც ხარების ნახირსა და ცხენების რემას მწყემსავს[103].

უმცროსი სოკრატე

ჩანს ასეა, როგორც ახლა თქვი. [261e]

უცხოელი

ბევრი ცხოველის ერთად გამოზრდას «ჯოგური გამოზრდა» ან «ერთობლივი გამოზრდა» ხომ არ ვუწოდოთ?

უმცროსი სოკრატე

როგორც უფრო მოსახერხებელია.

უცხოელი

კარგი, სოკრატე. თუკი შეძლებ, რომ არ იზრუნო სახელებზე[104], როდესაც მოხუცდები სიბრძნით უფრო გამდიდრდები. ახლა კი, როგორც მოგვიწოდე, ისე უნდა მოვიქცეთ: ხომ არ გგონია, რომ ვინმემ შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ჯოგური გამოზრდის ხელოვნება [262a] ორმაგია და ამის გამო, რასაც ახლა ამ ორმაგ [ხელოვნებაში] ვიკვლევთ, მის ორსავე ნახევარში უნდა გამოვიკვლიოთ?

უმცროსი სოკრატე

ვისურვებდი. მგონია, რომ ერთია ადამიანების გამოზრდა, ხოლო მეორე – ცხოველების.

უცხოელი

დიდი მონდომებითა და გამბედაობით დაგიყვია, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვეცადოთ, ეს აღარ დაგვემართოს.

უმცროსი სოკრატე

რა?

უცხოელი

არ უნდა გამოვყოთ ერთი პატარა ნაწილი მრავალი დიდი [ნაწილისგან] [262b] მისი სახის [გაუთვალისწინებლად], ვინაიდან ნაწილი იმავდროულად სახეც უნდა იყოს. მშვენიერია, როდესაც იმას, რასაც იკვლევ, უმალ გამოყოფ დანარჩენებისგან, თუკი ამას სწორად გააკეთებ, [ისე] როგორც ახლა შენ გაიფიქრე, რომ დაყოფა იყო საჭირო და აჩქარდი მსჯელობისას, რადგან მიხვდი, რომ ადამიანებისკენ ვიხრებოდით. მაგრამ, ძვირფასო, საიმედო არაა დაწვრილმანება, უფრო საიმედოა შუაზე გაყოფა. ასე უფრო მეტადაა შესაძლებელი იდეასთან მიახლოება. სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა [262c] კვლევისას.

უმცროსი სოკრატე

უცხოელო, ამით რისი თქმა [გსურს]?

უცხოელი

ვეცდები გავითვალისწინო შენი ბუნება და უფრო გასაგებად ვილაპარაკო, სოკრატე. რაც ახლა გვაქვს, იმით შეუძლებელია ეს [საკითხი] საკმარისად ცხადი იყოს. შევეცდები ცოტა დავწინაურდეთ, რომ უფრო გასაგები გახდეს.

უმცროსი სოკრატე

რას ამბობ, დაყოფისას რა შეგვეშალა?

უცხოელი

რაღაც ასეთი: ვინმემ რომ სცადოს ორად გაყოს ადამიანთა გვარი [262d] ისე, როგორც ჩვენთან ყოფს ადამიანთა უმრავლესობა, გამოყოფს რა ბერძნებს ყველა დანარჩენი უამრავი, ერთმანეთში შერეული და სხვადასხვა [ენაზე მოსაუბრე] გვარისაგან და მათ ერთ სახელს – «ბარბაროსს» – უწოდებს და ამ ერთი სახელის გამო ფიქრობს, რომ ეს ერთი გვარია; ან ვინმემ რომ ჩათვალოს, რომ რიცხვები ორად იყოფა, გამოყოს «ათი ათასი» ყველასგან [262e], როგორც ერთი განსხვავებული სახე, ყველა დანარჩენს კი ერთი სახელი უწოდოს და ამ სახელის გამო ჩათვალოს, რომ ეს ერთი გვარია, რომელიც პირველისგან განსხვავდება. უკეთესი და უფრო თანაბარზომიერი იქნებოდა სახეების მიხედვით დაყოფა, თუკი ვინმე რიცხვებს კენტად და ლუწად დაყოფდა, ხოლო ადამიანების გვარს – მამრებად და მდედრებად, ლიდიელებსა და ფრიგიელებს კი სხვა დანარჩენისგან მაშინ გამოყოფდა, თუ რთული იქნებოდა ერთდროულად თითოეული დანაყოფის [263a] გვარისა და ნაწილის დადგენა.

უმცროსი სოკრატე

მართალია, მაგრამ, უცხოელო, უფრო ნათლად როგორ უნდა შეიცნოს ვინმემ გვარი და ნაწილი, თუ ისინი ერთიმეორის იგივეობრივი კი არაა, არამედ განსხვავებული?

უცხოელი

ო, ჩინებულო სოკრატე, მარტივ რამეს კი არ მთხოვ! ისედაც უკვე იმაზე შორს წავედით, ვიდრე წამოწეულ მსჯელობას სჭირდებოდა, შენ კი ჩვენი კიდევ უფრო [შორს] გადაკარგვა გინდა. ახლა კი, კვლავ [ჩვენ თემას] მივუბრუნდეთ, როგორც შეგვეფერება, [263b] ხოლო მაგ [საკითხს] კვალდაკვალ მივყვეთ მოცალეობის ჟამს. ფრთხილად იყავი, არ გეგონოს, რომ ამის შესახებ ჩემგან ოდესმე მკაფიო განმარტება მოგისმენია.

უმცროსი სოკრატე

რის შესახებ?

უცხოელი

რომ სახე და ნაწილი ერთმანეთისაგან განსხვავებულია.

უმცროსი სოკრატე

აბა როგორ?

უცხოელი

თუკი არსებობს რაიმეს სახე, მაშინ ის აუცილებლად იქნება იმ საგნის ნაწილიც, რისი სახეცაა; ხოლო ნაწილი არ არის აუცილებელი იყოს სახეც. სოკრატე, ყოველთვის თქვი, რომ ეს ჩემი ნათქვამია, წინა კი – არა.

უმცროსი სოკრატე

იყოს ასე. [263c]

უცხოელი

ახლა ეს მითხარი.

უმცროსი სოკრატე

რა?

უცხოელი

[ის], საიდანაც გადავუხვიეთ, რომ აქ მოვსულიყავით. ვფიქრობ [ეს მაშინ მოხდა], როცა გკითხე თუ როგორ იყოფა ჯოგური გამოზრდა, შენ კი გაბედულად მიპასუხე, რომ არსებობს სულიერთა ორი გვარი: ერთი – ადამიანების, მეორე კი – ყველა სხვა ცხოველისა ერთად.

უმცროსი სოკრატე

ჭეშმარიტად.

უცხოელი

მომეჩვენა, რომ ერთი ნაწილი მოაშორე და შემდეგ დარჩენილი ნაწილი ერთ გვარად მიიჩნიე, [263d] რადგან ერთი სახელი დაარქვი და [მას] «ცხოველები» უწოდე.

უმცროსი სოკრატე

ზუსტად ასე იყო.

უცხოელი

მაგრამ, უმამაცესო, შეიძლება რომელიმე ცხოველი, რომელიც სხვებზე უფრო გონიერი აღმოჩნდება, მაგალითად წერო[105], ან რომელიმე სხვა, შენსავით შეუდგეს სახელდებას და განადიდოს წეროების ერთი გვარი ყველა სხვა ცხოველთან შედარებით, დანარჩენებს კი, და მათ შორის ადამიანების [გვარსაც], ერთად მოუყაროს თავი და მათ სხვა არაფერი უწოდოს, თუ არა «ცხოველები». [263e] ვცადოთ მსგავსი რამეების წინააღმდეგ გალაშქრება.

უმცროსი სოკრატე

როგორ?

უცხოელი

ნუ დავყოფთ ცოცხალთა მთელ გვარს, რათა ამგვარი შეცდომა არ დავუშვათ.

უმცროსი სოკრატე

მართლაც, არ არის საჭირო.

უცხოელი

მაშინაც სწორედ ასე შეგვეშალა.

უმცროსი სოკრატე

რა?

უცხოელი

შემეცნებითი ხელოვნების ბრძანების გამცემი გვარი ჩვენში მიეკუთვნებოდა ცხოველთა გამოზრდას, ანუ ჯოგურ გამოზრდას, ასე არ იყო?

უმცროსი სოკრატე

კი [264a].

უცხოელი

მაშინ უკვე ცხოველთა მთელი გვარი დაიყო ორად: გაწვრთნილ და ველურ [ცხოველებად]. ის [ცხოველები], რომელთა ბუნებაც წვრთნას ექვემდებარება – შინაურია, ხოლო დანარჩენი – გარეული.

უმცროსი სოკრატე

მშვენიერია.

უცხოელი

ის ცოდნა, რომელზეც ვნადირობთ[106], იყო და არის შინაურ [ცხოველებს შორის], კერძოდ, ის უნდა მოვიძიოთ ჯოგურად მცხოვრებ არსებებში.

უმცროსი სოკრატე

ჰო.

უცხოელი

ნუ დავყოფთ მაშინდელივით და ყველას ერთად ნუ განვიხილავთ, ნურც იმიტომ ვიჩქარებთ, რომ სწრაფად გადავინაცვლოთ პოლიტიკის ხელოვნებაზე [264b], რადგან ახლა ზუსტად ისეთ მდგომარეობაში ვართ, როგორც ანდაზაშია.

უმცროსი სოკრატე

რას [გულისხმობ]?

უცხოელი

ავჩქარდით და დაყოფა უფრო ნელა დავასრულეთ.

უმცროსი სოკრატე

კარგადაც [მოვიქეცით], უცხოელო.

უცხოელი

ასე იყოს. კიდევ ერთხელ თავიდან დავყოთ ერთობლივი გამოზრდის ხელოვნება, იქნებ ასე უკეთ შეიტყო ის, რისკენაც მიისწრაფვი. მოდი, მითხარი...

უმცროსი სოკრატე

რა?

უცხოელი

ალბათ, ხშირად გსმენია სხვისგან, [264c] არა მგონია თავად გენახოს თევზსაცავები ნილოსსა და სამეფო კუნძულებზე[107]. ტბებში კი ნანახი გექნება.

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა, ესენიც მინახავს და იმათზეც მსმენია.

უცხოელი

და ბატებისა და წეროების მოშენებაზეც[108] გექნება გაგონილი, თუნდაც თესალიის მინდვრებში არ იყო ნამყოფი და ალბათ გჯერა კიდეც.

უმცროსი სოკრატე

როგორ არა. [264d]

უცხოელი

ეს ყველაფერი იმიტომ გკითხე, რომ ჯოგური გამოზრდა წყალქვეშაც ხდება და ხმელეთზეც.

უმცროსი სოკრატე

სწორედ ასეა.

უცხოელი

ე. ი. შენც ასე გგონია, რომ ერთობლივი გამოზრდის ხელოვნება ორად უნდა გავყოთ და თითოეულს თავისი ადგილი მივუჩინოთ, ერთს უნდა ვუწოდოთ წყალქვეშ გამოზრდა, ხოლო მეორეს – ხმელეთზე.

უმცროსი სოკრატე

ჰო.

უცხოელი

ვფიქრობ, არ უნდა ვიკვლიოთ [264e], თუ რომელ მათგანს მიეკუთვნება მეფობის ხელოვნება, რადგან ეს ისედაც ყველასთვის ცხადია.

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

უცხოელი

ხმელეთზე ჯოგურ გამოზრდას, ალბათ, ყველა დაყოფს.

უმცროსი სოკრატე

როგორ?

უცხოელი

მასში მფრინავთ და მოსიარულეთ[109] გამოყოფს.

უმცროსი სოკრატე

ჭეშმარიტად.

უცხოელი

მაშ რა? პოლიტიკის ხელოვნება მოსიარულეთა შორის არ უნდა ვეძიოთ? განა, როგორც იტყვიან, უგუნურიც ასე არ იფიქრებს?

უმცროსი სოკრატე

მეც ასე მგონია.

უცხოელი

მოსიარულე ცხოველთა გამოზრდის ხელოვნებაც ორად უნდა გავყოთ ისე, როგორც რიცხვები დავყავით.

უმცროსი სოკრატე

ცხადია. [265a]

უცხოელი

როგორც ჩანს, იმ ნაწილისკენ, საითკენაც ჩვენი მსჯელობა მიისწრაფვის, ორი გზა მიდის: ერთი უფრო მოკლეა, როდესაც დიდიდან მცირეს გამოყოფ, ხოლო მეორე უფრო მეტადაა იმასთან კავშირში, რასაც უწინ ვამბობდით, ესაა შუაზე გაყოფა და ეს [გზა] უფრო გრძელია. ახლა კი ისე განვაგრძოთ, როგორც გვსურს.

უმცროსი სოკრატე

როგორ? ორივე [გზას რომ მივყვეთ] არ შეიძლება?

უცხოელი

ერთდროულად არა, საკვირველო, მონაცვლეობით კი, ცხადია, შეიძლება. [265b]

უმცროსი სოკრატე

მაშინ მე ავირჩევდი ორივეს, ერთმანეთის მონაცვლეობით.

უცხოელი

ადვილია, რადგან ცოტაღა დაგვრჩა, ჩვენი მოგზაურობის დასაწყისში ან შუაში კი ეს რთული ამოცანა იქნებოდა. ახლა კი, რადგან ასე ფიქრობ, ჯერ გრძელ გზას მივყვეთ. სანამ ახლები ვართ, სვლა უფრო მარტივი იქნება. შეხედე, როგორ ხდება დაყოფა.

უმცროსი სოკრატე

როგორ?

უცხოელი

მოსიარულე შინაური ცხოველები, რომლებიც ჯოგურად [ცხოვრობენ], მათი ბუნების შესაბამისად, ორად უნდა გაიყონ.

უმცროსი სოკრატე

როგორ?

უცხოელი

მათ ნაწილს რქები არ აქვს, ნაწილი – რქოსანია. [265c]

უმცროსი სოკრატე

ჩანს [ასეა].

უცხოელი

მოსიარულე ცხოველთა გამოზრდის ხელოვნება ისე დაყავი, რომ თითოეული [ნაწილი] შესაფერისად განსაზღვრო, რადგან თუ მათ სახელდებას მოისურვებ, [საქმე] იმაზე უფრო გართულდება, ვიდრე საჭიროა.

უმცროსი სოკრატე

მაშ, როგორ უნდა ვთქვა?

უცხოელი

ასე: მოსიარულე ცხოველთა გამოზრდის ხელოვნება იყოფა ორად და მისი ერთი ნაწილი რქოსანთა ჯოგებთანაა დაკავშირებული, ხოლო მეორე – ურქოსთან. [265d]

უმცროსი სოკრატე

იყოს ისე, როგორც ითქვა, რადგან ყოველმხრივ გასაგებია.

უცხოელი

სავსებით ნათელია, რომ მეფე ურქო [ცხოველთა] ჯოგებს მწყემსავს.

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

უცხოელი

მოდი ესეც დავშალოთ და ვცადოთ, მეფეს ის მივაკუთვნოთ, [რაც მას ეკუთვნის].

უმცროსი სოკრატე

მოდი.

უცხოელი

როგორ გსურს რომ დაყო, კენტჩლიქიანობის შესაბამისად, თუ იმის მიხედვით მსგავსს ეჯვარება თუ განსხვავებულს? გასაგებია?

უმცროსი სოკრატე

რა? [265e]

უცხოელი

ის, რომ ცხენებსა და ვირებს შეუძლიათ ერთმანეთისგან შვან.

უმცროსი სოკრატე

კი.

უცხოელი

ხოლო ურქო შინაურ [ცხოველთა] ჯოგების დანარჩენ ნაწილს არ შეუძლია ერთმანეთთან შერევა.

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

უცხოელი

მაშ რა? ვისზე ზრუნავს პოლიტიკოსი, მასზე, ვინც მსგავსს ეჯვარება, თუ მასზე, ვინც – განსხვავებულს?

უმცროსი სოკრატე

ცხადია, მასზე, ვინც [სხვას] არ ერევა.

უცხოელი

როგორც ჩანს, ისიც ორად უნდა გავყოთ ისე, როგორც ადრე მოვიქეცით.

უმცროსი სოკრატე

ასეა საჭირო. [266a]

უცხოელი

ყველა შინაური და ჯოგური ცხოველი დაყოფილი გვაქვს, გარდა ორი გვარისა. ძაღლებს ხომ ვერ მივათვლით ჯოგური არსებების გვარს.

უმცროსი სოკრატე

ვერა, მაგრამ როგორ დავყოთ ეს ორი [გვარი]?

უცხოელი

სამართლიანი იქნება, თუ შენ და თეეტეტოსი დაყოფთ, რადგან გეომეტრიასთან გაქვთ კავშირი.

უმცროსი სოკრატე

როგორ?

უცხოელი

დიამეტრზე და შემდეგ კვლავ დიამეტრის დიამეტრზე.

უმცროსი სოკრატე

რას გულისხმობ? [266b]

უცხოელი

ბუნება, რომელიც ადამიანთა გვარს გვერგო, უფრო განსხვავებულად მიემართება სიარულს, ვიდრე დიამეტრი კვადრატის ორ გვერდს?

უმცროსი სოკრატე

არა.

უცხოელი

დარჩენილ გვართა [ბუნებაც] კვადრატის შესაბამისად იმ კვადრატის დიამეტრია, რომელიც ორი ფუტის ტოლია.

უმცროსი სოკრატე

აბა რა? ვფიქრობ, თითქმის უკვე მივხვდი, რისი ჩვენებაც გსურს.

უცხოელი

სოკრატე, ხომ ვხედავთ, რომ ასე დაყოფისას ჩვენ თავს რაღაც სასაცილო [266c] ხდება?

უმცროსი სოკრატე

რა?

უცხოელი

ადამიანურ გვარს არსებულთა შორის ყველაზე კეთილშობილური და ამავე დროს, ყველაზე უზრუნველი სიარული ხვდა წილად.

უმცროსი სოკრატე

ვხედავ და უცნაურად მეჩვენება.

უცხოელი

მაშ რა? განა ბუნებრივი არაა, რომ ყველაზე ნელი ყველაზე გვიან აღწევს [დანიშნულების ადგილს]?

უმცროსი სოკრატე

კი, ასეა.

უცხოელი

განა ვერ ვხვდებით, რომ უფრო სასაცილოა მეფე, რომელიც ჯოგთან ერთად გარბის [266d] და ფეხდაფეხ მისდევს ადამიანებს, რომლებიც საუკეთესოდ არიან მომზადებულნი უზრუნველი ცხოვრებისთვის?

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

უცხოელი

ახლა კი, სოკრატე, უფრო ნათელი გახდა ის, რაც მაშინ სოფისტის კვლევისას ითქვა[110].

უმცროსი სოკრატე

რა?

უცხოელი

ის, რომ მსჯელობის ეს მეთოდი უფრო მეტად არ ზრუნავს ამაღლებულზე და უფრო დიდს უფრო მეტად არ აფასებს, ვიდრე უფრო მცირეს, არამედ მუდამ თავად მიდის ჭეშმარიტებამდე[111].

უმცროსი სოკრატე

როგორც ჩანს [ასეა].

უცხოელი

ამის შემდეგ თავად ხომ არ მოვიფიქრო მეფის განსაზღვრება, შეკითხვა [266e] რომ არ დამასწრო, რომელია ყველაზე მოკლე გზა?

უმცროსი სოკრატე

ასე სჯობს.

უცხოელი

ვამბობ, რომ მსწრაფლ უნდა გამოვყოთ ორფეხათა გვარი ოთხფეხასგან და დავინახავთ რა, რომ აქ ადამიანებთან ერთად ფრინველებიც მოხვდნენ, ბუმბულიანთა გვარი უბუმბულოსგან უნდა გავმიჯნოთ. როდესაც ესეც დაიყოფა და თავს იჩენს ადამიანთა მწყემსვის ხელოვნება, პოლიტიკოსიმეფე, დავსვათ მხედრად და გადავცეთ მას ქვეყნის მართვის სადავეები, რადგან სწორედ ამ მეცნიერებასთანაა ის ახლოს. [267a]

უმცროსი სოკრატე

მშვენივრად გადმოეცი აზრი, ვალი გაისტუმრე და პროცენტიც დაამატე.

უცხოელი

მოდი დასაწყისს დავუბრუნდეთ და ბოლომდე მივიყვანოთ პოლიტიკის ხელოვნების განსაზღვრება.

უმცროსი სოკრატე

ასე [მოვიქცეთ].

უცხოელი

თავდაპირველად შემეცნებით ხელოვნებაში გამოვყავით ბრძანების გაცემის ხელოვნება, მასში გამოვყავით თავად ბრძანების გამცემი ნაწილი [267b]. ამ ნაწილიდან კვლავ გამოვყავით არანაკლებ მნიშვნელოვანი გვარი – ცხოველების გამოზრდის ხელოვნება, ხოლო ცხოველების გამოზრდის ხელოვნებიდან – ჯოგური გამოზრდის ხელოვნება, ჯოგური გამოზრდის  ხელოვნებიდან – მოსიარულე ცხოველთა გამოზრდა, მოსიარულე ცხოველთა გამოზრდის [ნაწილიდან] კი ურქო ცხოველთა გამოზრდა გამოვყავით. ამ უკანასკნელის ერთი ნაწილი კი სულ მცირე სამმაგი უნდა იყოს. თუკი ვინმე მოისურვებს ის ერთი სახელით მოიხსენიოს, მას უნდა უწოდოს იმ გვარის მწყემსვის ხელოვნება, რომლის შეჯვარება განსხვავებულთან არ ხდება. [267c] ამ ნაწილიდან გამოსაყოფი დარჩება მხოლოდ ადამიანთა ორფეხა ჯოგის მწყემსვის ხელოვნება. და სწორედ ესაა, რასაც ვიკვლევდით და რასაც ეწოდება მეფობის ანუ პოლიტიკის ხელოვნება.

უმცროსი სოკრატე

სწორედ ასეა.

უცხოელი

სოკრატე, ნუთუ მართლა ისე შევასრულეთ ყველაფერი, როგორც შენ ამბობ?

უმცროსი სოკრატე

რას [გულისხმობ]?

უცხოელი

მთლიანად და სრულყოფილად ვთქვით სათქმელი? თუ ჩვენ კვლევას რაიმე აკლია და, მართალია, რაღაც ვთქვით, [267d] მაგრამ ბოლომდე არ გვითქვამს?

უმცროსი სოკრატე

რას ამბობ?

უცხოელი

შევეცდები ნათელი მოვფინო იმას, რასაც ვფიქრობ.

უმცროსი სოკრატე

თქვი.

უცხოელი

ახლახანს ხომ გამოჩნდა, რომ მწყემსვის მრავალი ხელოვნებიდან ერთერთი პოლიტიკის ხელოვნებაა და ის გულისხმობს ზრუნვას რომელიმე ჯოგზე?

უმცროსი სოკრატე

დიახ.

უცხოელი

მსჯელობით დადგინდა, რომ ის ცხენების ან სხვა ცხოველების გამოზრდა კი არაა, არამედ – ადამიანების ერთობლივი გამოზრდის მეცნიერებაა.

უმცროსი სოკრატე

ასეა. [267e]

უცხოელი

მაშ, ვნახოთ, რა განსხვავებაა მეფეებსა და დანარჩენ მწყემსებს შორის.

უმცროსი სოკრატე

რა [განსხვავებაა]?

უცხოელი

თუ სხვა, რომელსაც სხვა ხელოვნება ჰქვია, თავს მოიკატუნებს და იტყვის, რომ ისიც ჯოგის გამომზრდელია.

უმცროსი სოკრატე

რას გულისხმობ?

უცხოელი

მაგალითად, თუ ვაჭრები, გლეხები და მცხობელები, მათთან ერთად კი გიმნასტიკის მასწავლებლები და ექიმთა გვარიც შეეცილებიან მათ, ვინც ადამიანებს მწყემსავს და ვისაც პოლიტიკოსები ვუწოდეთ [268a], [და იტყვიან] რომ სწორედ ისინი ზრუნავენ არა მარტო ადამიანთა ჯოგების, არამედ მათი მმართველების გამოზრდაზეც.

უმცროსი სოკრატე

განა მართებულად არ იტყვიან?

უცხოელი

შესაძლოა. მაგას ვნახავთ, ის კი ვიცით, რომ საქონლის მომვლელს ამ საქმეში ვერავინ შეეცილება, ის თავადაა საქონლის მწყემსიც, ექიმიც, შემჯვარებელიც და მისი მშობიარობის [268b] დროსაც მხოლოდ ისაა ბებიაქალობის მცოდნე. როცა თამაშსა და მუსიკას შეეხება საქმე, თუ საქონელს ეს ბუნებით მოსდგამს, არავინაა [საქონლის მომვლელზე] ძლიერი  მის დამშვიდებასა და მოთვინიერებაში, რადგან მას ინსტრუმენტებითა თუ უბრალო ბაგეებით შეუძლია გამოსცეს ის მუსიკა, რომელიც მის ჯოგს შეეფერება. სხვა მწყემსებზეც შეიძლება იგივე ითქვას, არა?

უმცროსი სოკრატე

სრული ჭეშმარიტებაა.

უცხოელი

მაგრამ განა შეიძლება ჩვენი მსჯელობა მეფის შესახებ მართებული და უდავო იყოს, [268c] მაშინ, როცა მხოლოდ მას დავადგენთ ადამიანების ჯოგის მწყემსად და გამომზრდელად, და გამოვრიცხავთ ყველა სხვას, ვინც მას ამაში ეცილება?

უმცროსი სოკრატე

არანაირად.

უცხოელი

განა ახლახან მართებულად არ შევშინდით, როდესაც დავეჭვდით, რომ შეიძლებოდა მეფის მონახაზი გაგვეკეთებინა ისე, რომ მისი ზუსტი სახე არ გადმოგვეცა, სანამ არ ჩამოვაშორებდით ყველას, ვინც მის გარშემო ირევა და მასთან ერთად მწყემსობას იჩემებს, არ გამოვაცალკევებდით მათგან და მხოლოდ მას არ წარმოვადგენდით? [268d]

უმცროსი სოკრატე

სავსებით სწორია.

უცხოელი

მაშ, ასე უნდა გავაკეთოთ, სოკრატე, თუ არ ვაპირებთ, რომ მსჯელობის დასასრულს შევრცხვეთ.

უმცროსი სოკრატე

არა, ასე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვიქცეთ.

უცხოელი

კვლავ თავიდან უნდა დავიწყოთ და სხვა გზას უნდა გავყვეთ.

უმცროსი სოკრატე

რომელს?

უცხოელი

თამაშგარეულ გზას. უნდა გამოვიყენოთ გრძელი მითის დიდი ნაწილი, დანარჩენი კი [268e], როგორც უწინ, ნაწილ-ნაწილ უნდა დავყოთ და ასე მივაღწევთ იმას, რასაც ვიკვლევთ. ასე მოვიქცეთ?

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

უცხოელი

მაშ, ბავშვებივით ყურადღებით მოეკიდე ჩემ მითს[112], დიდი ხანი ხომ არაა, რაც თამაშს თავი დაანებე.

უმცროსი სოკრატე

მოყევი.

უცხოელი

მრავალი ძველი თქმულება არსებობს და კიდევ სხვა მრავალი იარსებებს.

ერთ-ერთი ასეთი თქმულება ეხება ატრევსისა და თიესტოსის[113] განხეთქილებას, ალბათ, გსმენია და გახსოვს, რაც იქ მოხდა.

უმცროსი სოკრატე

ალბათ, ოქროს ვერძს[114] გულისხმობ. [269a]

უცხოელი

არანაირად. მზისა და სხვა ვარსკვლავების ჩასვლა-ამოსვლის ცვლილებებს ეხება, რადგან საიდანაც ახლა მზე ამოდის, ადრე იმ ადგილას ჩადიოდა და პირიქით, სადაც ახლა ჩადის – იქიდან ამოდიოდა. მაშინ ღმერთმა ატრევსის გულისთვის შეცვალა ისე, როგორც ახლაა[115].

უმცროსი სოკრატე

ამასაც ამბობენ.

უცხოელი

კრონოსის[116] მეფობის შესახებაც ბევრისგან გვსმენია. [269b]

უმცროსი სოკრატე

ძალიან ბევრისგან.

უცხოელი

და იმაზეც, რომ უწინ ადამიანები მიწიდან იბადებოდნენ და არა ერთმანეთისგან?[117]

უმცროსი სოკრატე

ესეც ერთ-ერთი უძველესი თქმულებაა.

უცხოელი

ყველა ეს და კიდევ ათასი სხვა და უფრო საკვირველი [ამბავიც] ერთ მოვლენას უკავშირდება. წელთა სიმრავლის გამო ნაწილი დაიკარგა, ნაწილი მიმოიფანტა და თითოეულ მათგანზე განცალკევებულად ყვებიან. მაგრამ არავის უთქვამს, რა იყო მათი მთავარი მიზეზი [269c] და ახლა ჩვენ უნდა ვთქვათ, რადგან ეს დაგვეხმარება მეფის განსაზღვრებაში.

უმცროსი სოკრატე

მშვენივრად ამბობ. თქვი, არაფერი გამოტოვო.

უცხოელი

მაშ, მისმინე. ხან თავად ღმერთი მართავს სამყაროს მოძრაობას და აბრუნებს მას, იმ პერიოდში კი, როდესაც ამოიწურება მისთვის განკუთვნილი დრო, [ღმერთი] ტოვებს მას და ის ავტომატურად [იწყებს] საპირისპიროდ ბრუნვას, [269d] რადგან სამყარო ცოცხალია და აქვს გონება, რომელიც უბოძა იმან, ვინც ის თავდაპირველად შექმნა და ეს უკუსვლა მას აუცილებლობით აქვს ჩადებული ბუნებაში იმ მიზეზით, რომ...

უმცროსი სოკრატე

რა მიზეზით?

უცხოელი

მუდამ თავისი თავის იგივეობრივად და უცვლელად ყოფნა მხოლოდ ღვთაებრივ [არსებებს] შეჰფერთ, სხეულის ბუნება კი მათ რიგს არ განეკუთვნება. იმას, რასაც ზეცასა და კოსმოსს ვუწოდებთ, მისმა შემქმნელმა უბოძა მრავალი ნეტარება, მაგრამ იმავდროულად – სხეულთან ზიარებაც. [269e] ამიტომ შეუძლებელია წილად არ ხვდომოდა ცვლილებები, თუმცა, რამდენადაც შესაძლებელია, ის ერთ ადგილას ერთნაირად მოძრაობს, ხოლო უკუღმა ბრუნვის [თვისება] მან მიიღო როგორც სულ მცირე გადახრა თავისი მოძრაობიდან. მუდმივად ბრუნვა თითქმის არავის შეუძლია, გარდა იმისა, ვინც თავად მართავს სხვათა მოძრაობას, მათ კი არ ეძლევათ ნება ხან ერთი მიმართულებით ამოძრაონ [რაიმე], ხან კი – მისი საპირისპირო [მიმართულებით]. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, კოსმოსზე არც იმის თქმა შეიძლება, რომ ის მუდამ თავად ამოძრავებს საკუთარ თავს, არც იმისი, რომ მას მთლიანად ყოველთვის ღმერთი აბრუნებს ორმაგად და საპირისპირო მიმართულებით, [270a] და არც იმისი, რომ ორი ღმერთი თავისი შეხედულებისამებრ ერთიმეორის საპირისპიროდ აბრუნებს, არამედ, როგორც ადრეც ვთქვით, ერთი [რამ] რჩება, რომ ის სხვა ღვთაებრივი მიზეზით მოძრაობს. ის ხელახლა იძენს სიცოცხლეს და მას უკვდავებას უმზადებს და ანიჭებს შემოქმედი, ხოლო როდესაც [კოსმოსი] თავისუფლდება, ის თავისთავად მოძრაობს და მას იმდენი დრო ეძლევა, რომ ათასობით უკუბრუნი გააკეთოს და რადგან ყველაზე დიდი და ყველაზე უკეთ გაწონასწორებულია, უმცირესი ბიჯით ბრუნავს. [270b]

უმცროსი სოკრატე

ძალიან დამაჯერებელია ეს ყველაფერი, რაც ახლა თქვი.

უცხოელი

მოდი, გავაანალიზოთ და გავაცნობიეროთ ნათქვამის საფუძველზე, ყველა იმ სასწაულის მიზეზი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. ეს [მიზეზი] კი შემდეგია.

უმცროსი სოკრატე

რომელი?

უცხოელი

ის, რომ სამყარო წრიულად ხან ერთი მიმართულებით მოძრაობს, ხან კი მის საპირისპიროდ.

უმცროსი სოკრატე

როგორ?

უცხოელი

ეს უნდა ჩაითვალოს [270c] უდიდეს და ყველაზე სრულყოფილ ცვლილებად, რაც კი ზეცაში ხდება.

უმცროსი სოკრატე

როგორც ჩანს.

უცხოელი

საფიქრალია, რომ უდიდესი ცვლილებები მის ქვეშ მცხოვრებლებშიც ხდება.

უმცროსი სოკრატე

ესეც ასეა.

უცხოელი

განა არ ვიცით, რომ ცხოველთა ბუნებისთვის ძალიან რთულია მრავალი, დიდი და სხვადასხვაგვარი ცვლილების გადატანა?

უმცროსი სოკრატე

როგორ არა.

უცხოელი

ამ დროს სხვა ცხოველებსაც აუცილებლად უდიდესი განადგურების [საფრთხე] ატყდება თავს [270d] და ადამიანთა გვარიდანაც ძალიან ცოტა თუ გადარჩება და მათაც წილად ხვდებათ მრავალი ახალი და საოცარი განსაცდელი, რომელთაგან უდიდესი ისაა, რომელიც თან ახლავს სამყაროს შემობრუნებას, როდესაც მისი მოძრაობა საპირისპირო მიმართულებას იძენს.

უმცროსი სოკრატე

რომელი [განსაცდელი]?

უცხოელი

რა ასაკისაც იყო თითოეული ცხოველი, იმავე [ასაკის] დარჩა და ყველაფერმა, რაც მოკვდავი იყო, შეწყვიტა ზრდა და მოხუცებულობაც აღარ ეტყობოდა, პირიქით შეიცვალა, [270e] გაახალგაზრდავდა და განაზდა; მოხუცებს თეთრი თმა გაუშავდათ, წვერიანი ლოყები კვლავ სრიალა გაუხდათ და ძველ დროს დაუბრუნდნენ, მოწიფულ მამაკაცთა სხეულიც სრიალა გახდა და დღითიდღე თითოეული მათგანი უფრო და უფრო ახალგაზრდავდებოდა მანამ, სანამ კვლავ ახალშობილი არ გახდებოდა და სულითაც და სხეულითაც მას არ დაემსგავსებოდა. ასე აგრძელებდნენ ჭკნობას, სანამ საბოლოოდ არ გაქრნენ. იმ დროს ძალადობით მოკლულთა გვამებსაც იგივე დაემართა [271a] და რამდენიმე დღეში შეუმჩნევლად გაქრა.

უმცროსი სოკრატე

უცხოელო, მაშ როგორ ხდებოდა ცოცხალთა შობა მაშინ? როგორ იბადებოდნენ ისინი ერთმანეთისგან?

უცხოელი

ცხადია, სოკრატე, რომ მაშინ ბუნებაში არ არსებობდა ერთმანეთისგან შობა. ამბობენ, რომ როგორც ოდესღაც მიწიდან შობილთა გვარი არსებობდა, ისე იმ დროსაც მიწიდან იბადებოდნენ. ეს ხსოვნა შემოგვინახეს ჩვენმა უძველესმა წინაპრებმა, რომლებიც პირველი წრებრუნვის [271b] მიწურულს ცხოვრობდნენ და მის დასაწყისში იშვნენ. ამიტომ გახდნენ იმ ამბების მაცნენი ჩვენთვის, რაშიც ახლა მრავალს უმართებულოდ ეპარება ეჭვი; ჩვენ კი, ვფიქრობ, უნდა დავიჯეროთ, რომ თუ მოხუცები ახალგაზრდავდებიან, მაშინ მიცვალებულებიც, რომლებიც მიწას არიან მიბარებული, უნდა წამოდგნენ და გაცოცხლდნენ დაბადების საპირისპირო ცვლილების კვალობაზე. შესაბამისად, ისინი აუცილებლად [271c] მიწიდან წარმოიშვებიან, სწორედ აქედანაა მათი სახელიც და მისი განმარტებაც, თუ რომელიმეს ღმერთმა სხვა ხვედრი არ არგუნა.

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა, ასე გამოდის ადრე ნათქვამიდან, მაგრამ ცხოვრება, რომელსაც როგორც აღნიშნე, კრონოსი განაგებდა, რომელ წრებრუნვას ეკუთვნოდა, ძველს თუ ახალს? ხომ აშკარაა, რომ ვარსკვლავებისა და მზის ნებისმიერი ცვლილება წრებრუნვისას ხდება?

უცხოელი

კარგად მიგიდევნებია ყური მსჯელობისთვის. [271d] რაც შეეხება შენს კითხვას, ადამიანთათვის ყველაფრის თავისთავად შობის შესახებ, ეს საერთოდ არ ეხება ამჟამინდელ წრებრუნვას, არამედ ადრე იყო. მაშინ, დასაწყისში წრებრუნვას მთლიანად ღმერთი მართავდა და ზედამხედველობდა, მმართველ ღმერთებს ასევე გადანაწილებული ჰქონდათ კოსმოსის სხვადასხვა ნაწილი და ცხოველებიც გვარებისა და ჯოგების მიხედვით ჰყავდათ დანაწილებული ღვთაებრივ მწყემსებს – დემონებს. თითოეული [მათგანი] მართავდა იმ [ნაწილს], [271e] რომელიც მას ერგებოდა, ისე, რომ არც გარეული ცხოველები არსებობდნენ, არც ერთმანეთს ჭამდნენ, არც ომი ჰქონიათ, არც სხვა სახის არეულობა, მრავალი კარგი რამ შეიძლება ითქვას ამგვარი მოწყობის შესახებ. ადამიანების ასეთი თავისთავადი ცხოვრების თაობაზე შემდეგი მიზეზების გამო ითქვა: ღმერთი თავად მწყემსავდა და წინამძღვრობდა მათ, როგორც ამჟამად ადამიანები, რომლებიც სხვა არსებებზე უფრო ღვთაებრივნი არიან, მათზე მდაბალთ მწყემსავდნენ. მისი მწყემსობის დროს არც სახელმწიფოები არსებობდა, არც ცოლები და შვილები ჰყავდათ [272a]. ყველანი მიწიდან იბადებოდნენ და წინა დროიდან არაფერი ახსოვდათ. მართალია, მსგავსი არაფერი ჰქონდათ, მაგრამ ხეებიდან და სხვა მცენარეებიდან უხვ ხილს იღებდნენ, რაც მიწის დამუშავებით კი არ აღმოცენდებოდა, არამედ მიწიდან თავისთავად ამოდიოდა. არც ტანსაცმელი ჰქონდათ, არც – საწოლი და უფრო მეტად ღია ცის ქვეშ ცხოვრობდნენ. ამინდი ხომ მათთვის დალოცვილი იყო, რბილ სარეცლად კი მიწიდან უხვად ამოსული ბალახი ჰქონდათ [272b]. სოკრატე, გსმენია კრონოსის დროს მათი ცხოვრების შესახებ? ახლა კი, როგორც ამბობენ, ზევსის დროა, რომელშიც შენც იმყოფები და იცი. შეგიძლია და გინდა, განსაჯო ამ ორიდან, რომელი უფრო ბედნიერი [ხანაა]?[118]

უმცროსი

სოკრატე არანაირად.

უცხოელი

ხომ არ გინდა, მე განგიმარტო?

უმცროსი სოკრატე

რატომაც არა.

უცხოელი

მაშ, თუ კრონოსის გამოზრდილი შვილები მოიცლიდნენ და შეძლებდნენ საუბარს არა მხოლოდ ადამიანებთან, არამედ ცხოველებთანაც [272c], და ამ ყველაფერს გამოიყენებდნენ ფილოსოფიისთვის, ცხოველებთან და ერთმანეთთან საუბრის მეშვეობით ბუნებისგან შეიტყობდნენ, ხომ არ იცოდა მან, განსაკუთრებული ძალის წყალობით, რაღაც განსხვავებული გონების მარაგისათვის. ასე კი ადვილად მისახვედრია, რომ იმ ეპოქის ადამიანები ბევრად უფრო ბედნიერი იყვნენ, ვიდრე – დღევანდელი. ხოლო თუ უბრალოდ [მუცელს] ამოივსებდნენ საკვებითა და სასმელით და ერთმანეთს და ცხოველებს მხოლოდ იმ ამბებს გადასცემდნენ, რასაც მათ შესახებ ახლაც [272d] ყვებიან, ესეც, ჩემი აზრით, ცხადი და ადვილად ასახსნელი იქნებოდა. მაგრამ, მოდი, თავი დავანებოთ მანამ, სანამ ვინმე არ გვაუწყებს, ცოდნისა და მსჯელობის რა მოთხოვნილება ჰქონდათ მაშინ. მაგრამ, უნდა განვმარტოთ, რატომ მოვიხმეთ ეს მითი, რათა გზა განვაგრძოთ. მას შემდეგ, რაც ამ ყველაფერს დრო ამოეწურა და ცვლილება უნდა მომხდარიყო, [272e] მთელი მიწიერი გვარი განადგურდა და სულებმა შეწყვიტეს დაბადება და მიწაზე დაცვივდნენ თესლის სახით, ყოველივეს მმართველმა მიატოვა ადგილი, რომელსაც კვებავდა და სათვალთვალოდ განთავსდა. სამყარო კი კვლავ ბრუნავდა მისთვის ბედისწერით დადგენილი და თანდაყოლილი სწრაფვის გამო. თითოეულმა ღმერთმა, რომელიც [სამყაროს] ნაწილს მართავდა უზენაეს ღვთაებასთან ერთად, გაიგო თუ არა მომხდარის შესახებ, მიატოვა სამყაროს ის ნაწილი [273a], რომელზეც ზრუნავდა. სამყარო კი უკუღმა დატრიალდა და საკუთარ თავს შეეჯახა, რადგან მისი დასაწყისი და დასასრული ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით ამოძრავდა. მომხდარმა დიდმა მიწისძვრამ კი ყველა ცხოველი კიდევ ერთხელ გაანადგურა. კარგა ხნის შემდეგ, რაც ხმაური და მღელვარება შეწყდა, რყევებს სიმშვიდე მოჰყვა, ხოლო სამყარო თავის ჩვეულ სვლას დაუბრუნდა, განაგრძო მართვა და ზრუნვა [273b] საკუთარ თავზე და ყველაფერზე, რაც მასშია და შეძლებისდაგვარად იხსენებდა თავისი შემოქმედისა და მამის[119] სწავლებას. დასაწყისში [ყველაფერს] უფრო ზუსტად ასრულებდა, ხოლო ბოლოს უფრო უყურადღებოდ. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ბუნებით თანდაყოლილი სხეული შერეული იყო, რადგან მანამ, სანამ სამყაროში მოვიდოდა, მრავალ უწესრიგობას ეზიარა. თავისი შემქმნელისგან მას ყველაფერი მშვენიერი ერგო, ხოლო თავისი ადრინდელი მდგომარეობიდან [273c], რაც კი ზეცაში მძიმე და უსამართლო იყო, ყვლაფერი თვითონაც დაიტოვა და ცოცხალ არსებებსაც უბოძა. სამყარო მმართველთან ერთად ცოცხალ არსებებს კვებავდა, მათში მცირეოდენ სიავესა და ბევრ სიკეთეს აღვივებდა. მმართველთან დაშორების შემდეგ, თავდაპირველად ყველაფერს მშვენივრად უძღვებოდა, მაგრამ დრო რომ გავიდა და [მმართველი] დავიწყებას მიეცა, მასზე ძველი უწესრიგობა გაბატონდა [273d], ბოლოს [სამყაროში] მცირეოდენი სიკეთე დარჩა, და ბევრ საპირისპირო რამეს შეერია, მასაც და ყველაფერს მასში მყოფს განადგურების საფრთხე დაემუქრა. მას შემდეგ, რაც ღმერთმა, რომელმაც [სამყარო] მოაწესრიგა, დაინახა მისი რთულ მდგომარეობა, იზრუნა, რომ მღელვარებისგან აფორიაქებული [სამყარო] არ განადგურებულიყო და არაერთგვაროვნების უსაზღვრო ზღვაში არ [273e] ჩაძირულიყო. [მან] კვლავ გამზრდელის ადგილი დაიკავა, ყველაფერი დასნეულებული და დაშლილი კვლავ უწინდელ ბრუნვას დაუბრუნა, მოაწესრიგა, უკვდავი და უბერებელი გახადა. ესაა ამ მითის დასასრული.

რაც შეეხება ჩვენს [მოსაზრებას] მეფის შესახებ, ის ადრე ნათქვამს უნდა დავუკავშიროთ. როდესაც სამყარო ამოძრავდა და დაბადების დღევანდელ გზას დაადგა, ასაკმა ზრდა შეწყვიტა და მაშინდელის საპირისპირო ახალი რამეები გაჩნდა. პატარა არსებები, რომლებიც თავიანთი ზომის გამო კინაღამ გაქრნენ, ისევ იზრდებოდნენ, ხოლო მიწიდან ახლად აღმოცენებული სხეულები კვლავ კვდებოდნენ და მიწაში ჩადიოდნენ. და სხვა ყველაფერი იცვლებოდა, [274a] ბაძავდა და მიჰყვებოდა რა სამყაროს მდგომარეობას. ბაძვა აუცილებელი იყო ყველაფერში – ფეხმძიმობაში, დაბადებაში, გამოზრდაში – რადგან მიწიდან სხვა რამისგან შემდგარი ცოცხალი არსება ვერ აღმოცენდებოდა, ისევე როგორც სამყაროს, თავად უნდა ემართა თავისი სვლა. მის ნაწილებსაც, შეძლებისამებრ, თავად უნდა აღმოეცენებინათ, ეშვათ და გამოეზარდათ. [274b] უკვე იქ მივედით, საიდანაც ჩვენი საუბარი წამოვიწყეთ. ძალიან დიდ ხანს მოვუნდებით საუბარს, თუ რატომ და როგორ შეიცვალნენ ცხოველები და ეს შორს წაგვიყვანს, ხოლო ადამიანებზე – უფრო მოკლედ თქმა [შეიძლება] და უფრო შესაფერიც [იქნება]. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ღვთაებამ, მწყემსმა ჩვენზე ზრუნვა შეწყვიტა, ბევრი ცხოველი, რომელსაც მძიმე ხასიათი ჰქონდა, გაველურდა და სნეულ და დაუცველ ადამიანებს იტაცებდა[120] [274c]. პირველ ხანებში უძლურნი და მოუხერხებელნი იყვნენ, ბუნებრივი საკვები არ ჰყოფნიდათ, ხოლო [საჭმლის] მოპოვება არ იცოდნენ, რადგან ადრე ამას არაფერი აიძულებდათ. ამ ყველაფრის გამო მათ ძალიან უჭირდათ. სწორედ ამიტომ, როგორც ამბობენ, ღმერთებმა აუცილებელი ცოდნისა და მითითებების გარდა სხვა საჩუქრებიც გვიბოძეს: ცეცხლი – პრომეთემ, ხელოვნებანი – ჰეფესტოსმა და ხელობაში მისმა დამხმარე [ქალბატონმა][121] [274d], თესლი და მცენარეები – სხვა ღმერთებმა. ყველაფერი, რაც ადამიანურ ცხოვრებას აწესრიგებს, აქედან წარმოიშვა, რადგან, როგორც უკვე ავღნიშნე, როდესაც ადამიანებს ზრუნვა შემოაკლდათ, მათ თავად მოუწიათ ეზრუნათ და ემართათ საკუთარი თავი, მთელი სამყაროს მსგავასად, რომელსაც მუდამ ვბაძავთ და მივყვებით. სხვა დროს სხვაგვარად, ახლა კი ასე ვიბადებით და ვიზრდებით [274e]. ეს მითი აქ დავასრულოთ, თუმცა იმის გასაგებად გამოვიყენოთ, თუ როგორ ვცდებოდით მსჯელობისას, როცა მეფესა და პოლიტიკოსს განვსაზღვრავდით.

უმცროსი სოკრატე

რას გულისხმობ? რა შეცდომა დავუშვით?

უცხოელი

ერთი მხრივ, ის უფრო პატარაა, ხოლო მეორე მხრივ – უფრო დიდი, მძიმე და მნიშვნელოვანი, ვიდრე [ჩანს].

უმცროსი სოკრატე

როგორ?

უცხოელი

როდესაც ამჟამინდელი წრებრუნვისა და წარმოშობის მეფესა და პოლიტიკოსზე გვკითხეს, ჩვენ საპირისპირო წრებრუნვის [275a] ადამიანთა ჯოგის მწყემსზე ვუპასუხეთ, რომელიც ღმერთი იყო და არა – ადამიანი, რითიც ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით. როდესაც ის მთელი ქვეყნის მმართველად გამოვაცხადეთ, არ გვითქვამს, თუ რა სახით [მართავს]. ანუ სწორად კი ვთქვით, მაგრამ ნათქვამი სრული და მკაფიო არ იყო; სწორედ ამიტომ აქ უფრო ნაკლებად შევცდით, ვიდრე წინა [შემთხვევაში].

უმცროსი სოკრატე

მართალია.

უცხოელი

როგორც ჩანს, ქვეყნის მართვის ფორმა უნდა დავადგინოთ, რათა იმედი ვიქონიოთ, რომ ასე მაინც საბოლოოდ განვსაზღვრავთ, თუ ვინ არის პოლიტიკოსი.

უმცროსი სოკრატე

კარგი [275b].

უცხოელი

მითიც იმის წარმოსაჩენად მოვიხმეთ, რომ ჯოგურ გამოზრდაში არა მხოლოდ ყველა ეცილება მას, ვისაც ახლა ვიკვლევთ, არამედ, რომ კიდევ უფრო ცხადად გვეჩვენებინა ის, ვისაც მწყემსისა და მენახირის მსგავსად – მხოლოდ ერთს შეეფერებოდა ადამიანების გამოზრდაზე ზრუნვა და ამ სახელის ტარების პატივი.

უმცროსი სოკრატე

მართალია.

უცხოელი

სოკრატე, ვფიქრობ, [275c] ღვთაებრივი მწყემსის სახე ამ მეფეზე უფრო დიდებულია. ახლანდელი პოლიტიკოსები ხომ უფრო მეტად მათ გვანან ბუნებით, ვისაც მართავენ და ვისთანაც საკვებსა და განათლებას იზიარებენ.

უმცროსი სოკრატე

ნამდვილად ასეა.

უცხოელი

მაგრამ [ის] არც მეტად უნდა ვიკვლიოთ და არც ნაკლებად, როგორიც არ უნდა ყოს ბუნებით.

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა

* * *

უცხოელი

კვლავ ამ [საკითხს] დავუბრუნდეთ: ხომ ვთქვით, რომ არსებობს თავად ბრძანების გაცემის ხელოვნება, რომელიც ეხება ცოცხალ არსებებს და ცალკეულ პირებზე კი არ ზრუნავს, არამედ [275d] – [ადამიანთა] ერთობაზე და მაშინ მას ასეც ვუწოდეთ – ჯოგურად გამოზრდის ხელოვნება, გახსოვს?

უმცროსი სოკრატე

კი.

უცხოელი

სწორედ იქ შევცდით, რადგან პოლიტიკოსი არსად შევიყვანეთ და არც სახელი დავარქვით, დაგვემალა და სახელდებას გაექცა.

უმცროსი სოკრატე

როგორ?

უცხოელი

თითოეული ჯოგის გამოკვება ყველა სხვა მწყემსს სჩვევია, პოლიტიკოსს კი – არა, [275e] ჩვენ კი მასაც ეს სახელი ვუწოდეთ, თუმცა ერთი სახელი უნდა გვეწოდებინა ყველასთვის, ვისაც [რაიმე] საერთო აქვს.

უმცროსი სოკრატე

მართალია, თუკი ამგვარი [სახელი] არსებობს.

უცხოელი

როგორ იქნება მოვლა ყველასათვის საერთო [საქმე], თუ მას არ განვსაზღვრავთ როგორც გამოზრდას ან რაიმე სხვა ქმედებას? ხომ არ დავარქვათ ჯოგის პატრონობის, [მისი] მოვლის ან [მასზე] ზრუნვის ხელოვნება, რასაც ყველა, და მათ შორის პოლიტიკოსიც, აკეთებს, ვინაიდან მსჯელობამ გვიჩვენა, რომ ასეა საჭირო. [276a]

უმცროსი სოკრატე

მართალია, მაგრამ შემდეგი დაყოფა როგორ მოხდება?

უცხოელი

ისე, როგორც ადრე დავყავით ჯოგური გამოზრდის ხელოვნება, [გამოვყავით რა] მასში მოსიარულეთა და უფრთოთა, შეურეველთა და ურქოთა გამოზრდა. თუ ასე დავყოფდით ჯოგის მოვლის ხელოვნებასაც, ერთი და იმავე სიტყვით მოვიხსენიებდით ახლანდელ [დროსაც] და კრონოსის მეფობისასაც.

უმცროსი სოკრატე

როგორც ჩანს, ასეა, მაგრამ გაგრძელებას მაინც ვითხოვ.

უცხოელი

ცხადია, რომ თუ ჯოგის მოვლის ხელოვნებას [276b] ვუწოდებდით, ვერასოდეს ვერავინ შეგვედავებოდა, ზრუნვა საერთოდ არ არსებობსო, როგორც ადრე შემოგვედავნენ: ჩვენთან არ არსებობს ხელოვნება, რომელიც გამოკვებასთან დაკავშირებულ სახელს იმსახურებსო; და თუ ამგვარი [ხელოვნება] იარსებებდა ის სხვას უფრო მეტად შეეფერებოდა, ვიდრე მეფესო.

უმცროსი სოკრატე

მართალია.

უცხოელი

ადამიანთა მთელ საზოგადოებაზე ზრუნვის ვერც ერთი ხელოვნება ვერ იქნებოდა განსხვავებული და უფრო აღმატებული, ვიდრე მეფობის და ყველა ადამიანის მართვის ხელოვნება. [276c]

უმცროსი სოკრატე

მართალს ამბობ.

უცხოელი

ამის შემდეგ ხვდები, სოკრატე, რომ სულ ბოლოსაც დიდი შეცდომა დავუშვით?

უმცროსი სოკრატე

რა [შეცდომა]?

უცხოელი

მართალია, მივხვდით, რომ არსებობს ორფეხა ჯოგის გამოკვების ხელოვნება, მაგრამ მისთვის მაშინვე არ უნდა დაგვერქმია მეფობის ან პოლიტიკის ხელოვნება, თითქოს ამით ყველაფერი ითქვა.

უმცროსი სოკრატე

აბა, როგორ?

უცხოელი

თავდაპირველად, როგორც უკვე ითქვა, სახელი უნდა გადავაკეთოთ [276d] ის ზრუნვასთან უფრო მეტად უნდა დავაკავშიროთ, ვიდრე გამოკვებასთან. შემდეგ კი უნდა დავყოთ. მრავალ ნაწილად დაიყოფა.

უმცროსი სოკრატე

მაინც როგორ?

უცხოელი

ღვთაებრივი მწყემსი შეიძლებოდა ადამიანებზე მზრუნველისგან გამოგვეყო.

უმცროსი სოკრატე

მართალია.

უცხოელი

შემდეგ საჭირო იქნებოდა, ცალკე გამოყოფილი ზრუნვის ხელოვნებაც ორად გაგვეყო.

უმცროსი სოკრატე

როგორ?

უცხოელი

თავსმოხვეულ და ნებაყოფლობით [ზრუნვად].

უმცროსი სოკრატე

როგორ? [276e]

უცხოელი

ადრე სწორედ [ამ საკითხს] მივუდექით უფრო მარტივად, ვიდრე საჭირო იყო და შევცდით, როდესაც მეფე და ტირანი ერთად განვათავსეთ მაშინ, როცა არც თავად გვანან ერთმანეთს და არც – მართვის მეთოდებით.

უმცროსი სოკრატე

ნამდვილად.

უცხოელი

ახლა კი, როგორც უკვე ითქვა, გამოვასწოროთ [ჩვენი შეცდომა] და ადამიანებზე ზრუნვის ხელოვნება კვლავ ორად გავყოთ: თავსმოხვეულ და ნებაყოფლობით [ნაწილებად].

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

უცხოელი

თავსმოხვეულს ტირანიის ხელოვნება ვუწოდოთ, ხოლო ნებაყოფლობითს, რომელიც ორფეხა ცხოველთა ჯოგებზე მათივე სურვილით ზრუნვის ხელოვნებას უკავშირდება – პოლიტიკის ხელოვნება. განა ის, ვინც ზრუნვის ხელოვნებას ფლობს, ჭეშმარიტ მეფედ და პოლიტიკოსად არ უნდა გამოვაცხადოთ? [277a]

უმცროსი სოკრატე

მაშ, როგორც ჩანს, უცხოელო, პოლიტიკოსზე მსჯელობა ასე უნდა დავასრულოთ?

უცხოელი

ეს ჩვენთვის მშვენიერი იქნებოდა, სოკრატე, მაგრამ ასე მხოლოდ შენ კი არ უნდა იფიქრო, არამედ – მეც. მე კი მგონია, რომ ჩვენს მეფეს ჯერ კიდევ არ აქვს დასრულებული სახე. ჩვენც ისე დაგვემართა, როგორც მოქანდაკეებს [ემართებათ ხოლმე], როცა ჩქარობენ და იმაზე მეტ და დიდ დეტალს უმატებენ ნამუშევარს, ვიდრე საჭიროა, [277b] ამის გამო კი მის [დასრულებას] აგვიანებენ. გვინდოდა სწრაფად და შთამბეჭდავად გამოგვეაშკარავებინა მსჯელობისას

დაშვებული შეცდომა. გვეგონა მეფეს დიდებული მაგალითები შეეფერებოდა, მითს დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ და იძულებულნი გავხდით, მისი უფრო დიდი ნაწილი გამოგვეყენებინა, ვიდრე საჭირო იყო. ამის გამო მსჯელობა გავახანგრძლივეთ და მითი ვეღარ დავასრულეთ. უბრალოდ ჩვენმა მსჯელობამ, [277c] როგორც ცოცხალი არსების გამოსახულებამ, გარეგნული [ფორმა] შეიძინა, მკაფიოობა კი, რომელიც საღებავებისა და ფერების შერევით მოდის, ჯერ კიდევ არ აქვს. ის, ვისაც შეუძლია [საუბარს] ფეხდაფეხ მიჰყვეს, სიტყვითა და მსჯელობით უკეთ წარმოაჩენს ცოცხალ არსებას, ვიდრე მხატვრობით ან სხვა რაიმე ხელობით, ხოლო ვინც საუბარს ფეხდაფეხ ვერ მიჰყვება, მას ეს ხელობით [უკეთ გამოუვა].

უმცროსი სოკრატე

მართალია. გვითხარი, ჩვენ ნათქვამში რა ვერ გაცხადდა საკმარისად. [277d]

უცხოელი

ღვთაებრივო, რთულია მაგალითების გარეშე რაიმე მნიშვნელოვანი გამოამჟღავნო, ისე როგორც, როცა რომელიმე ჩვენგანი რაიმეს იგებს სიზმარში, გაღვიძების შემდეგ მან კვლავ არაფერი იცის.

უმცროსი სოკრატე

რას გულისხმობ?

უცხოელი

როგორც ჩანს, უადგილოდ შევეხე იმას, რასაც ცოდნასთან დაკავშირებით განვიცდით.

უმცროსი სოკრატე

რას?

უცხოელი

მაგალითმა, ჩემო კარგო, სხვა მაგალითი მოითხოვა. [277e]

უმცროსი სოკრატე

თქვი, ნუ მომერიდები. რა [მაგალითი]?

უცხოელი

ვიტყვი, თუ მზად ხარ, ფეხდაფეხ მომყვე. ვიცით, რომ ბავშვები, რომლებმაც ეს-ესაა ისწავლეს ასოები...

უმცროსი სოკრატე

რა?

უცხოელი

რომ ისინი საკმაოდ კარგად ცნობენ ასოებს მოკლე და მარტივ მარცვლებში და შეუძლიათ სწორად ისაუბრონ მათ შესახებ. [278a]

უმცროსი სოკრატე

როგორ არა.

უცხოელი

ზუსტად იმავე [ასოებზე] სხვა [მარცვლებში] ეჭვი ეპარებათ და შეცდომებს უშვებენ ფიქრითაც და სიტყვითაც.

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

უცხოელი

განა ყველაზე მარტივი და კარგი არ იქნებოდა მათი იქამდე მიყვანა, რაც ჯერ არ იციან, ამგვარად?

უმცროსი სოკრატე

როგორ?

უცხოელი

ჯერ უნდა მიიყვანო იმ [მარცვლებთან], რომლებშიც [ასოებს ცნობენ], შემდეგ კი წინ უნდა დაუდო ის [მარცვლები], რომლებიც ჯერ კიდევ არ [278b] იციან. ერთმანეთს უნდა შეადარებინო და დაანახო, რომ [ასოები] მსგავსნი არიან და მათ ერთნაირი ბუნება აქვთ ორივე შემთხვევაში. მანამდე უნდა [შეადარებინო], სანამ ნაცნობის გვერდით განთავსებული უცნობი გასაგები არ

გახდება. ამგვარად, მაგალითებად იქცევიან და წარმოაჩენენ, რომ თითოეული ასო თითოეულ მარცვალში, თუ სხვისგან განსხვავებულია, [278c], სხვაგვარადაც უნდა იწოდებოდეს, თუ სხვისი მსგავსია, სახელიც ერთი უნდა ჰქონდეთ.

უმცროსი სოკრატე

რა თქმა უნდა.

უცხოელი

მაშ, დამაკმაყოფილებელია მოსაზრება, რომ მაგალითი მაშინ წარმოიშობა, როდესაც ერთი და იგივე რამ ორ სხვადასხვა რამეს დაკავშირებული მართებულად აღიქმება და ერთის მეორესთან დაკავშირებით ჭეშმარიტი მოსაზრება ყალიბდება?

უმცროსი სოკრატე

როგორც ჩანს, მასეა.

უცხოელი

უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენი სულიც [278d], რომელიც ბუნებით ზუსტად იმავეს განიცდის ყველაფრის პირველსაწყისთან დაკავშირებით, რასაც – ასოებთან დაკავშირებით, ხან სიმართლეს ემყარება და სწორად ხვდება ყველაფერში ყველაფერს, ხან კი – მერყეობს და ზოგიერთ ნარევთან დაკავშირებით სწორად ფიქრობს, ხოლო როდესაც მათ სხვა საგნების გრძელ და რთულ მარცვლებში გადაიტანენ, კვლავ ვერ ცნობს?

უმცროსი სოკრატე

გასაკვირი არაფერია.

უცხოელი

მეგობარო, განა შეიძლება ვინმემ, ვინც მცდარი მოსაზრებით დაიწყებს, [278e] ჭეშმარიტების პატარა ნაწილს მაინც მიაღწიოს და გონიერება მოიპოვოს.

უმცროსი სოკრატე

თითქმის არანაირად.

უცხოელი

თუ ეს ასეა, საერთოდ არ შევცდებით, მაგალითის მთელი ბუნების გასაგებად ჯერ სხვა მაგალითის პატარა ნაწილს განვიხილავთ, შემდეგ კი ვიზრუნებთ, რომ ნაკლებ მნიშვნელოვანიდან გადავიდეთ მეფის უფრო მნიშვნელოვან სახეზე; ამგვარად, მაგალითის მეშვეობით ვეცდებით შევიცნოთ სახელმწიფოზე ზრუნვის ხელოვნება, რათა სიზმარი ცხადად გვექცეს.

უმცროსი სოკრატე

ძალიან მართებული [იქნებოდა]. [279a]

უცხოელი

კვლავ უწინდელ მსჯელობას დავუბრუნდეთ. რადგან მეფობის გვარს მრავალი ეცილება სახელმწიფოზე ზრუნვას, ისინი უნდა გამოვხშიროთ და მეფე მათგან გავმიჯნოთ. ამისათვის კი, როგორც უკვე ითქვა, მაგალითი დაგვჭირდება.

უმცროსი სოკრატე

ნამდვილად.

უცხოელი

რომელი პატარა მაგალითის მოხმობა შეგვიძლია, რომ პოლიტიკის [მსგავს] საქმიანობას ეწეოდეს და საკმარისად გვაპოვნინოს ის, [279b] რასაც ვეძებთ? ზევსის გულისთვის, სოკრატე, რაკი ხელთ სხვა არაფერი გვაქვს, თუ გინდა, ქსოვის ხელოვნება ავირჩიოთ და მთლიანად თუ არა, იქნებ შალის ქსოვა საკმარისი იყოს. თუ [ქსოვის] ამ ნაწილს ავირჩევთ, სწრაფად დაგვიმოწმებს იმას, რაც გვსურს.

უმცროსი სოკრატე

რატომაც არა.

უცხოელი

მაშ, როგორც ადრე, ნაწილებს რომ ერთმანეთს ვაჭრიდით და ვყოფდით, ახლაც ქსოვის ხელოვნებასთან დაკავშირებით ასე არ უნდა მოვიქცეთ, [279c] რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად გავიაროთ ყველაფერი და მალე მივიდეთ იმასთან, რაც გვჭირდება?

უმცროსი სოკრატე

რას გულისხმობ?

უცხოელი

[მსჯელობის] გზით გიპასუხებ.

უმცროსი სოკრატე

მშვენივრად თქვი. 

უცხოელი

ყველაფერი, რასაც ვქმნით და მოვიპოვებთ, ან რაღაცის გასაკეთებლადაა ან თავდასაცავად, რომ რამე არ დაგვემართოს. ის, რაც თავდასაცავადაა ან ადამიანური და ღვთაებრივი შხამის საწინააღმდეგოა [279d], ან – თავდაცვის სხვა იარაღი. მათგან ზოგი საომარი იარაღია, ზოგი კი – დაცვის საშუალება. ამ საშუალებათაგან ზოგი თავშესაფარია[122], ზოგი კი – სიცივისა და სიცხისგან დამცავი. ამ უკანასკნელთაგან ზოგი სახლის სახურავია, ზოგი კი – გადასაფარებელი. მათგან ზოგი ძირს დასაფენია, ზოგი კი – ტანზე მოსახვევი. ამ უკანასკნელთაგან ზოგი ერთიანია, ზოგი კი – ნაწილებისგან შედგება. შედგენილთაგან [279e] ზოგიერთი შეკერილია, ზოგიერთი კი – ნაკერების გარეშე შეერთებული. მათგან ზოგი მიწის მცენარეების ძაფებითაა დამზადებული, ზოგი კი – თავად თმებით.

მაშ ასე, რომლებიც თმისგანაა დამზადებული, ზოგი წყლითა და მიწითაა  შეერთებული, ზოგი კი – ერთიმეორით. ამგვარად, ერთიმეორის შეერთებით დამზადებულ დაცვის საშუალებებსა და გადასაფარებლებს სახელად ტანსაცმელი ვუწოდეთ. ხელოვნებას, რომელიც ტანსაცმელზე ზრუნავს, [280a] მისივე საქმიანობიდან გამომდინარე, განა ტანსაცმლის დამზადების ხელოვნება არ უნდა ვუწოდოთ, როგორც ადრე სახელმწიფოზე [ზრუნვის] ხელოვნებას პოლიტიკა ვუწოდეთ? განა არ უნდა ითქვას, რომ ქსოვის ხელოვნება, რამდენადაც ტანსაცმლის დამზადების უდიდეს ნაწილს წარმოადგენს, სახელწოდების გარდა არაფრით განსხვავდება ტანსაცმლის დამზადების ხელოვნებისგან, როგორც მეფობის ხელოვნება არაფრით განსხვავდება პოლიტიკისგან?

უმცროსი სოკრატე

სრული სიმართლეა.

გაგრძელება →

ტეგები: Qwelly, პლატონი, პოლიტიკოსი, სოკრატე, ფილოსოფია

ნახვა: 351

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters