პლატონი - პოლიტიკოსი

დასაწყისი →

უცხოელი
ამის შემდეგ, ჩავთვალოთ, რომ ტანსაცმლის [280b] ქსოვის ხელოვნება, რომელსაც ასე ვუწოდეთ, ვინმემ შეიძლება მიიჩნიოს საკმარისად კარგად განმარტებულად, თუ ვერ მიხვდა, რომ ის ჯერ მკაფიოდ არაა გამიჯნული მასთან ახლოს მდგომ [ხელოვნებათაგან], რომლებთანაც თანამშრომლობს კიდეც, თუმცა ბევრი სხვა მონათესავე ხელოვნებისაგან გამოყოფილია.

უმცროსი სოკრატე
თქვი, რომელი მონათესავე [ხელოვნებისგან].

უცხოელი
როგორც ჩანს, ჩამორჩი ნათქვამს. მგონი, კვლავ დასასრულიდან დასაწყისისკენ უნდა წავიდეთ. თუ ხვდები, რას გულისხმობს ნათესაობა, ჩვენ ეს-ესაა გადასაფარებლის შექმნა ორად გავყავით, იმის მიხედვით ტანზე შემოსახვევია თუ ძირს დასაფენი.

უმცროსი სოკრატე
ვხვდები. [280c]

უცხოელი
ასევე თავი დავანებეთ ყველაფერს, რაც სელისა და ჩალიჩის და, როგორც ადრე ვუწოდეთ, [სხვა] მცენარეული ძაფებით კეთდება. შემდეგ გამოვყავით აგრეთვე თელვის ხელოვნება და შედუღებითა და ნაკერებით შეერთება, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი მეწაღეობაა.

უმცროსი სოკრატე
ნამდვილად ასეა.

უცხოელი
შემდეგ გავმიჯნეთ ყველანაირი გადასაფარებლის კეთების ხელოვნება, იქნება ეს ტყავის დამზადება თუ გადახურვა, რაც მშენებლობის, დურგლობის და ნებისმიერი სისველისგან [280d] დაცვის ხელოვნებაში გამოიყენება; ასევე გამოვყავით ქურდებისა და ყაჩაღების საწინააღმდეგო საგნებისა და შემოსარაგავის დამზადების ხელოვნება, რაც დამცავების კეთებასა და კარების გამაგრებას [გულისხმობს] და მჭედლობის ხელოვნების ნაწილია. შემდეგ გამოვაცალკევეთ შეიარაღების ხელოვნება, რაც თავდაცვის საშუალებების დამზადების დიდი და მრავალფეროვანი ხელოვნების ნაწილია. [280e] თავიდანვე ყველაფრისგან გამოვყავით შხამსაწინააღმდეგო წამლებთან დაკავშირებული მაგიის ხელოვნება და დავტოვეთ, როგორც საჭიროდ ჩავთვალეთ, ხელოვნება, რომელსაც ვიკვლევთ, რომელიც გულისხმობს შალის დამზადებას, გვიცავს სიცივისგან და რომელსაც ეწოდება ქსოვის ხელოვნება.

უმცროსი სოკრატე
როგორც ჩანს, ასეა.

უცხოელი
მაგრამ, ბიჭუნავ, ის, რაც ითქვა, ჯერ კიდევ არაა დასასრული. ჩანს, რომ ის, ვინც დასაწყისში ტანსაცმლის დამზადების ხელოვნებასთანაა დაკავშირებული, [281a] ქსოვის საპირისპირო [რამეს] აკეთებს.

უმცროსი სოკრატე
როგორ?

უცხოელი
ქსოვა ერთგვარი გადაწვნაა.

უმცროსი სოკრატე
დიახ.

უცხოელი
[არსებობს აგრეთვე] შეერთებულისა და გადაწნულის დარღვევა.

უმცროსი სოკრატე
რას გულისხმობ?

უცხოელი
მჩეჩავის ხელოვნების საქმიანობას. განა გავბედავთ, ჩეჩას ქსოვა ვუწოდოთ, მჩეჩავს კი – მქსოველი?

უმცროსი სოკრატე
არავითარ შემთხვევაში.

უცხოელი
თუ ვინმე ფუძისა და მისაქსველის შექმნას ქსოვის ხელოვნებას უწოდებს, განა უცნაურ და მატყუარა [281b] სახელს არ დაარქმევს?

უმცროსი სოკრატე
აბა რა?

უცხოელი
მაშ რა? ვიტყვით, რომ თელვის ხელოვნება მთლიანობაში და ტანსაცმლის შეკეთების ხელოვნება ტანსაცმლის მოვლასა და ზრუნვასთანაა დაკავშირებული, თუ ამ ყველაფერს ქსოვის ხელოვნებას ვუწოდებთ?

უმცროსი სოკრატე
არავითარ შემთხვევაში.

უცხოელი
მაგრამ ისინი ქსოვის ხელოვნებას შეეცილებიან ტანსაცმლის დამზადებასა და მის მოვლაში; უდიდეს ნაწილს მას დაუთმობენ, თუმცა თავიანთი თავისთვისაც დაიტოვებენ დიდ ნაწილებს. [281c]

უმცროსი სოკრატე
რა თქმა უნდა.

უცხოელი
ამასთან, [ქსოვისთვის საჭირო] იარაღის შემქნელი ხელოვნებებიც, რომელთა მეშვეობითაც იქმნება ქსოვილები, ნებისმიერი ქსოვილის შექმნის ერთ-ერთ მიზეზად ჩაითვლება.

უმცროსი სოკრატე
ზუსტად ასეა.

უცხოელი
მაშ, ქსოვის ხელოვნების შესახებ ჩვენი ნათქვამი, [მისი] ის ნაწილი, რომელიც გამოვყავით, საკმარისად იქნება განმარტებული, თუ მას შალის ტანსაცმელთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის ზრუნვაზე [281d] უფრო უკეთესად და მნიშვნელოვნად ჩავთვლით? თუ გარკვეულწილად სიმართლეს კი ვიტყვით, მაგრამ ის არ იქნება გასაგები და დასრულებული, სანამ [ქსოვას] ხელოვნების სხვა სახეთაგან არ გამოვყოფთ?

უმცროსი სოკრატე
მართალია.

უცხოელი
ამის შემდეგ ის არ უნდა გავაკეთოთ, რაც ვთქვით, მსჯელობა რომ სათანადოდ წარიმართოს?

უმცროსი სოკრატე
როგორ არა?

უცხოელი
უპირველეს ყოვლისა, დავაკვირდეთ, რომ იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მზადდება, ორი ხელოვნება არსებობს.

უმცროსი სოკრატე
რომელი?

უცხოელი
ერთი წარმოქმნის დამხმარე მიზეზია, მეორე – თავად [ძირითადი] მიზეზი.

უმცროსი სოკრატე
როგორ? [281e]

უცხოელი
მიზეზები, რომლებიც თავად ნამუშევარს კი არ ქმნიან, არამედ მისი შექმნისთვის [საჭირო] იარაღებს ამზადებენ, რომელთა გარეშე ვერც ერთი ხელოვნება ვერასოდეს აღასრულებს მისთვის დაკისრებულ საქმეს, დამხმარეა, ხოლო ისინი, რომლებიც თავად ნამუშევარს ქმნიან, – [ძირითადი] მიზეზები.

უმცროსი სოკრატე
გონივრულია.

უცხოელი
ამის შემდეგ, [ხელოვნებას], რომელიც ქმნის მაქოს, თითისტარს და ნებისმიერ სხვა იარაღს, რომელიც ტანსაცმლის შექმნაში მონაწილეობს, დამხმარე მიზეზი ვუწოდოთ, მათ კი, რომლებიც [ნამუშევრებს] ქმნიან და [მათზე] ზრუნავენ – თავად, [ძირითადი] მიზეზები.

უმცროსი სოკრატე
სავსებით მართალია. [282a]

უცხოელი
თავად, [ძირითად] მიზეზთაგან ცალკე გამოვყოთ რეცხვის, ტანსაცმლის შეკეთების და სხვა ნებისმიერი მოვლის ხელოვნება, რადან მორთვის ხელოვნება დიდია და ამ ყველაფერს თელვის ხელოვნება ვუწოდოთ.

უმცროსი სოკრატე
მშვენიერია.

უცხოელი
ხოლო ჩეჩა, ქსოვა და ყველაფერი სხვა, რაც თავად ტანსაცმლის შექმნაზე ზრუნავს, როგორც ითქვა, ერთი ხელოვნებაა და მას ყველა მატყლის რთვის ხელოვნებას უწოდებს.

უმცროსი სოკრატე
რა თქმა უნდა. [282b]

უცხოელი
მატყლის რთვის ხელოვნებას ორი ნაწილი აქვს და თითოეული მათგანი ორი ხელოვნების ნაწილია.

უმცროსი სოკრატე
როგორ?

უცხოელი
ჩეჩის ხელოვნებას და მაქოს გამოყენების ხელოვნების ნახევარს და ყველა ხელოვნებას, რომელიც ერთმანეთისგან აცალკევებს ერთამანეთში გადახლართულს, ერთი სიტყვით ვუწოდოთ მატყლის რთვის ხელოვნება. და ყველაფერში გვაქვს კიდევ ორი დიდი ხელოვნება: შეერთებისა და დაყოფის.

უმცროსი სოკრატე
ასეა.

უცხოელი
ჩეჩის ხელოვნება და ყველაფერი ის, რაც ახლა ითქვა, დაყოფის ხელოვნებაა. [282c] მატყლის და ქსელის დაყოფის გამო ეწოდა დაყოფის ხელოვნება. მაქო ამას ერთი ხერხით აკეთებს, ხელები კი – მეორეთი.

უმცროსი სოკრატე
ნამდვილად ასეა.

უცხოელი
კვლავ ავიღოთ შეერთების ხელოვნება და მასში შემავალი მატყლის რთვის ხელოვნების ნაწილი. ყველაფერი, რაც დაყოფის ხელოვნებას მიეკუთვნებოდა გვერდით გადავდოთ, ხოლო მატყლის რთვის ხელოვნება ორ ნაწილად – დაყოფისა და შეერთების ხელოვნებებად – დავყოთ.[123]

უმცროსი სოკრატე
დაიყოს [ასე].

უცხოელი
ნაწილი, რომელიც ერთდროულად შეერთების ხელოვნებასაც მიეკუთვნება და მატყლის რთვის ხელოვნებასაც [282d], უნდა დაიყოს, სოკრატე, თუ საკმარისად ვზრუნავთ ადრე ნათქვამი ქსოვის ხელოვნების განმარტებაზე.

უმცროსი სოკრატე
ასეა საჭირო.

უცხოელი
საჭიროა. ვთქვათ, რომ [შეერთების ხელოვნების] ერთი ნაწილი ძახვის ხელოვნებაა, ხოლო მეორე – წვნის ხელოვნება.

უმცროსი სოკრატე
ნუთუ მივხვდი? მგონია, რომ ძახვის ხელოვნებაში ქსელზე მუშაობას გულისხმობ.

უცხოელი
არა მხოლოდ [ქსელზე მუშაობას], არამედ მისაქსველით [მუშაობასაც].
განა შევძლებთ ძახვის გარეშე რაიმეს შექმნას?

უმცროსი სოკრატე
ვერასგზით. [282e]

უცხოელი
მაშ, განმარტე ორივე. ეს განმარტება შეიძლება შენთვის დროული აღმოჩნდეს.

უმცროსი სოკრატე
როგორ?

უცხოელი
ასე: ჩეჩის ხელოვნების ნიმუშთაგან იმას, რაც სიგრძეში მატულობს და რასაც სიგანე აქვს, გორგალს არ ვუწოდებთ?

უმცროსი სოკრატე
კი.

უცხოელი
თითისტარით დახვეულ [გორგალს], რომელიც გამძლე ნართად იქცევა, ნართის ქსელს ვუწოდებთ, იმ ხელოვნებას კი, რომელიც მის [შექმნაზეა] პასუხისმგებელი – ქსელის შექმნის ხელოვნებას.

უმცროსი სოკრატე
მართალია.

უცხოელი
იმ ყველაფერს, რასაც [შეუძლია] დაუშვას ქსელში შეწნული რბილი ნართი, რათა ადვილად და რბილად ვჩეჩოთ ხაოიანი მაუდი, ნართის მისაქსველს ვუწოდებთ, ხოლო მისთვის განკუთვნილ ხელოვნებას – [283a] მისაქსველით რთვის ხელოვნებას.

უმცროსი სოკრატე
ჭეშმარიტად.

უცხოელი
მაშ, ქსოვის ხელოვნების ის ნაწილი, რომელიც წინ წამოვწიეთ, უკვე ყველასათვის გასაგებია. მატყლის რთვის ხელოვნების შემაერთებელი ნაწილი, როდესაც მისაქსველისა და ქსელის სწორი გადაწვნით ქმნის წნულს, მას ვუწოდებთ დაწნულ შალის სამოსს და მასთან დაკავშირებულ ხელოვნებას – ქსოვის ხელოვნებას.

უმცროსი სოკრატე
სავსებით მართალია [283b].

უცხოელი
იყოს ასე. მაშ, რატომ პირდაპირ არ ვუპასუხეთ, რომ მისაქსველითა და ქსელით დაწვნა ქსოვის ხელოვნებაა, არამედ გარს ვუვლიდით და ბევრ რამეს ფუჭად განვსაზღვრავდით?

უმცროსი სოკრატე
უცხოელო, რაც ითქვა, არაფერი მომჩვენებია ფუჭ ნათქვამად.

უცხოელი
არც არის გასაკვირი, ძვირფასო, მაგრამ მალე შეიძლება მოგეჩვენოს. იმ სენის საწინააღმდეგოდ, რომელიც ხშირად მოგვიანებით გვეწვევა – რაც სულაც არ არის საკვირველი – მაშ, მოისმინე სიტყვა [283c], რომელიც შეეფერება ყველაფერს, რაც ითქვა.

უმცროსი სოკრატე
მხოლოდ მითხარი.

უცხოელი
თავდაპირველად განვიხილოთ ყველა სახის სიჭარბე და ნაკლებობა, რათა გონივრულად ვაქოთ ან ვაძაგოთ საჭიროზე უფრო ვრცელი, ან პირიქით, მოკლე საუბარი.

უმცროსი სოკრატე
ასეა საჭირო.

უცხოელი
ამ საკითხებზე საუბარი, ვფიქრობ, ჩვენთვის, მართებული იქნებოდა.

უმცროსი სოკრატე
რომელ [საკითხებზე]?

უცხოელი
სიგრძის, სიმოკლის, ყველა სახის სიჭარბისა [283d] და ნაკლებობის [შესახებ]. ამ ყველაფერს გაზომვის ხელოვნება უკავშირდება.

უმცროსი სოკრატე
კი.

უცხოელი
მაშ, დავყოთ ის ორ ნაწილად. ეს იმას სჭირდება, რისთვისაც ახლა ვიღწვით.

უმცროსი სოკრატე
თქვი, როგორ უნდა დაიყოს.

უცხოელი
ამგვარად: ერთი ნაწილი დიდისა და მცირეს ურთიერთდამოკიდებულების შესაბამისია, მეორე – წარმოშობის აუცილებელი არსის შესაბამისი.

უმცროსი სოკრატე
რა თქვი?

უცხოელი
არ გგონია, რომ, ბუნების შესაბამისად, უფრო დიდი სხვა არაფერზეა უფრო დიდი, თუ არა უფრო მცირეზე და უფრო მცირე [283e] უფრო დიდზე მცირეა და სხვა არაფერზე.

უმცროსი სოკრატე
ასე მგონია.

უცხოელი
მაშ რა? იმას, რაც ზომიერის ბუნებას აღემატება ან მის მიერაა აღმატებული სიტყვითაც და
საქმითაც, ჭეშმარიტად მომხდარს არ ვუწოდებთ და ჩვენთან ამით არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან ცუდი და კარგი [ადამიანები]?

უმცროსი სოკრატე
როგორც ჩანს.

უცხოელი
მაშ უნდა ჩაითვალოს, რომ ორი სახისაა არსებობაც და დიდისა და მცირეს [ერთიმეორისგან] გარჩევაც და ისინი უნდა განვიხილოთ – არა როგორც ადრე ვთქვით – მხოლოდ ერთიმეორის მიმართ, არამედ – როგორც ახლა ითქვა – ერთი [არსებობა] განხილულ უნდა იქნას მეორესთან, ხოლო მეორე [არსებობა] – ზომიერთან მიმართებაში? რატომაა ასე, ვისურვებდით ამის გაგებას?

უმცროსი სოკრატე
და რატომაა? [284a].

უცხოელი
თუ დავუშვებთ, რომ უფრო დიდი უფრო მცირეს მიემართება და სხვას არაფერს, მას არ ექნება ზომიერთან მიმართება, ასე არაა?

უმცროსი სოკრატე
ასეა.

უცხოელი
ამგვარი მსჯელობით ხელოვნების ამ სახეებსა და მათ ყველა საქმეს ხომ არ გავანადგურებთ და პოლიტიკის ხელოვნებასაც ხომ არ მოვსპობთ, რომელსაც ვიკვლევთ და ქსოვის ხელოვნებასაც, რომელზეც ახლახან ვილაპარაკეთ? ხელოვნების ყველა სახე ერიდება იმას, რაც ზომიერზე მეტი ან ნაკლებია, სხვა რამის გამო კი არა, არამედ იმიტომ, რომ ეს რთულია [284b] ამგვარად ინარჩუნებს ზომიერებას და ქმნის ყველაფერს კეთილსა და მშვენიერს.

უმცროსი სოკრატე
რა თქმა უნდა.

უცხოელი
თუ პოლიტიკის ხელოვნებას გავაქრობთ, მაშინ მეფობის მეცნიერების კვლევაც ხომ გართულდება?

უმცროსი სოკრატე
ძალიანაც [გართულდება].

უცხოელი
ამგვარად, როგორც სოფისტის [შემთხვევაში] იძულებული გავხდით [გვეღიარებინა], რომ არარსებული არსებობს
[124]
, რადგან ჩვენი მსჯელობიდან ასე გამოვიდა, განა ახლაც იძულებულნი არ ვართ [ვთქვათ], რომ უფრო დიდი და უფრო მცირე უნდა იზომებოდეს არა მხოლოდ ერთმანეთის, არამედ [284c] ზომიერის მიმართაც? ხომ არ შეიძლება პოლიტიკოსის ან ან სხვა პრაქტიკულ საქმეთა მცოდნის არსებობა ეჭვქვეშ დავაყენოთ, თუ ამაზე არ შევთანხმდებით?

უმცროსი სოკრატე
მაშ ახლაც იგივე უნდა გავაკეთოთ.

უცხოელი
მაგრამ, სოკრატე, ეს უფრო რთული საქმეა, ვიდრე ის, თანაც გვახსოვს, ის რამდენად ხანგრძლივი იყო. თუმცა ძალიან სამართლიანი იქნება, მსგავსი რამ დავუშვათ.

უმცროსი სოკრატე
რა? [284d]

უცხოელი
რომ ის, რაც ახლა ვთქვით, ოდესმე ამ [საკითხის] ნათლად წარმოსაჩენად დაგვჭირდება. იმაში, რაც ამჟამად ჩვენთვის კარგად და საკმარისადაა გამჟღავნებული, ვფიქრობ, დიდწილად ის მსჯელობა გვეხმარება, რომლის თანახმადაც, ყველა ხელოვნება მსგავსად არსებობს, ხოლო უფრო დიდი და უფრო მცირე არა მხოლოდ ერთიმეორის მიმართ, არამედ ზომის [ერთეულის] მიმართაც იზომება. თუ ეს არსებობს, არსებობენ ისინიც და თუ ისინი არსებობენ, ესეც არსებობს, ხოლო თუ რომელიმე მათგანი არ არსებობს, მაშინ არც ერთი არასოდეს იარსებებს. [284e]

უმცროსი სოკრატე
მართალია, მაგრამ ამის შემდეგ რაღაა?

უცხოელი
ცხადია, რომ როგორც ითქვა, გაზომვის ხელოვნებას ორ ნაწილად გავყოფთ. ერთ ნაწილს შეიძლება მივაკუთვნოთ ყველა ის ხელოვნება, რომელიც რიცხვს, სიგრძეს, სიღრმეს, სიგანესა და სიჩქარეს მათი საპირისპიროს მიმართ ზომავს, მეორე [ნაწილს] კი – ის [ხელოვნებები], რომლებიც ზომიერის, შესაფერისის, დროულის, სათანადოს და ყველა სხვა უკიდურესობას შორის არსებულის მიმართ [ზომავს].

უმცროსი სოკრატე
დიდი და ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ნაწილი დაასახელე.

უცხოელი
სოკრატე, როგორც ხანდახან ბევრი ჭკვიანი ადამიანი აღნიშნავს, [285a] როგორც სიბრძნეს, თითქოს გაზომვის ხელოვნება ყველაფერ არსებულს უკავშირდება, ზუსტად იგივე ვთქვით ახლა. ყველაფერი, რაც ხელოვნებას მიეკუთვნება, რაიმე ფორმით მონაწილეობს გაზომვაში. ვინაიდან [ადამიანებს] არ სჩვევიათ სახეებად დაყოფა და ისე გარჩევა, ერთმანეთისგან
განსხვავებულ [სახეებს] პირდაპირ ერთად ათავსებენ და ფიქრობენ, რომ ისინი ერთმანეთის მსგავსია. ამის საპირისპიროდ იქცევიან, როცა სხვა რამეებს ნაწილებად არ ყოფენ. არადა, [285b] როდესაც ვინმე მრავალთა შორის რაღაც საზიაროს შენიშნავს, არ უნდა მოეშვას, სანამ ყველა იმ განსხვავებას არ აღმოაჩენს, რაც ამ სახეებში არსებობს, და პირიქით, როდესაც ბევრ განსხვავებას დაინახავს სიმრავლეში, არ უნდა დაფრთხეს და თავი არ უნდა დაანებოს, ვიდრე ყველა მონათესავეს მსგავსთა ერთ [გვარში] არ მოაქცევს და რაიმე გვარის არსით არ შემოსაზღვრავს. მათ შესახებ, ისე, როგორც ნაკლებობისა და ზედმეტობის შესახებ საკმარისად ითქვა. მხოლოდ გაზომვის ხელოვნების ორი მოძიებული გვარი [285c] შევინარჩუნოთ და დავიმახსოვროთ, რა ვთქვით მათ შესახებ.

უმცროსი სოკრატე
დავიმახსოვროთ.

უცხოელი
ამ მსჯელობის შემდეგ სხვაზე გადავიდეთ, რომელიც იმას ეხება, რასაც ვიკვლევთ და აგრეთვე, ყველაფერს, რითიც ამგვარი მსჯელობისას ვართ ხოლმე დაკავებული.

უმცროსი სოკრატე
რომელ [მსჯელობაზე გადავიდეთ]?

უცხოელი
ვთქვათ, გვეკითხებიან იმ მოსწავლეთა შესახებ, რომლებიც ასოებს სწავლობენ. როდესაც რომელიმე მათგანს ეკითხებიან რომელი ასოებისგან შედგება [ესა თუ ის] სიტყვა, რას ვიტყვით, [285d] ეს შეკითხვა დაისვა მხოლოდ ამ ერთი [საკითხის] გამო, თუ იმის გამო, რომ ყველა დასმულ [საკითხთან] დაკავშირებით უფრო მცოდნე გახდეს?

უმცროსი სოკრატე
ცხადია, რომ ყველა [საკითხის] გამო.

უცხოელი
მაშ, რატომ ვიკვლევთ ახლა პოლიტიკოსს? მხოლოდ მის გამო დაისვა საკითხი, თუ იმის გამო, რომ ყველაფერთან დაკავშირებით უფრო მეტად დიალექტიკოსები გავხდეთ?

უმცროსი სოკრატე
აქაც, ცხადია, რომ ყველა [საკითხთან] დაკავშირებით.

უცხოელი
მაშ, ქსოვის ხელოვნებაზე მსჯელობას მხოლოდ მის გამო ჭკუათმყოფელი არ გამოედევნებოდა. არამედ მიმაჩნია, რომ უმრავლესობისთვის დაფარულია, რომ არსებულთა მარტივად [285e] შესაცნობად არსებობს რაღაც შეგრძნებადი მსგავსებები, რომელთა გამოვლენაც არაა რთული, როცა ვისმეს სურს, რომ შეკითხვას პასუხი მარტივად გასცეს მსჯელობის გარეშე. რაც შეეხება არსთა ყველაზე მნიშვნელოვან და ღირებულ ნაწილს [286a], მათ არ გააჩნიათ ადამიანებისთვის მკაფიო გამოსახულებები, რომელთა საშუალებით ის, ვისაც სურს შეკითხვის დამსმელს სული აუვსოს, ამას შეგრძნებებთან შერწყმით საკმარისად შეძლებდა. ამიტომ, ყველამ უნდა ივარჯიშოს, რომ შესაძლებელი იყოს განმარტების მიცემაც და მიღებაც. უსხეულო, უმშვენიერესი და უმნიშვნელოვანესი არსნი მკაფიოდ მხოლოდ მსჯელობით შეიძლება გამომჟღავდნენ და სხვა არაფრით. სწორედ მათ გამო ითქვა ყველაფერი. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მცირედით ვარჯიში უფრო ადვილია, [286b] ვიდრე – უფრო დიდით.

უმცროსი სოკრატე
შესანიშნავად თქვი.

უცხოელი
გავიხსენოთ, რის გამო ვილაპარაკეთ ამ ყველაფრის შესახებ.

უმცროსი სოკრატე
რის [გამო]?

უცხოელი
ძირითადად იმის გამო, რომ ქსოვის ხელოვნების შესახებ, აგრეთვე სამყაროს წრებრუნვაზე და სოფისტთან დაკავშირებული არარსებულის არსის შესახებ ვრცელი საუბრისას, უსიამოვნო განცდა დაგვეუფლა. მივხვდით, რომ [მსჯელობა] მეტისმეტად გრძელი იყო და ამ ყველაფრის გამო საკუთარი თავი გავკიცხეთ, [286c] რადგან შიში დაგვეუფლა, რომ უსარგებლოდ და ვრცლად ვლაპარაკობდით. აქამდე სწორედ იმიტომ ითქვა ეს ყველაფერი, რომ კვლავ იგივე არ განვიცადოთ..

უმცროსი სოკრატე
ასე იყოს, ოღონდ თანმიმდევრულად ილაპარაკე.

უცხოელი
მაშ, მე და შენ უნდა გვახსოვდეს ის, რაც ახლახან ითქვა და ნათქვამის სიგრძე-სიმოკლე ყოველთვის უნდა დავიწუნოთ ან შევაქოთ არა მხოლოდ ერთიმეორის სიგრძესთან მიმართებაში, [286d] არამედ გაზომვის ხელოვნების იმ ნაწილის შესაბამისად, რომელზეც ვთქვით, რომ უნდა გვახსოვდესო, ანუ შესაფერისთან მიმართებაში.

უმცროსი სოკრატე
მართალია.

უცხოელი
მაგრამ ყოველთვის ამის მიხედვით არ [უნდა შევაფასოთ]. სიამოვნებასთან დაკავშირებით არ გვჭირდება მისთვის შესაფერისი ხანგრძლივობის დადგენა. შესაძლოა, ეს მხოლოდ დამატებით გახდეს საჭირო. როცა გვსურს წამოჭრილი საკითხი რაც შეიძლება მარტივად და სწრაფად გამოვიკვლიოთ, გონება გვკარნახობს, რომ მას მივმართოთ არა პირველ, არამედ მეორე რიგში. ყველაზე მეტად და უპირველეს ყოვლისა უნდა დავაფასოთ მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია სახეებად დაყოფა [286e] და თუ მსჯელობა, თუნდაც ის ძალიან გრძელი იყოს, მსმენელს უკეთ მიახვედრებს, მაშინ მას უნდა მივმართოთ და არ შევცბეთ არც სიგრძის, და არც პირიქით – სიმოკლის გამო. თუ ვინმე ამგვარ მსჯელობას სიგრძის გამო აძაგებს და არ აღიარებს
შემოვლით გზებს, მან პირდაპირ და სწრაფად კი არ უნდა ჩაიქროლოს [287a] მხოლოდ იმის თქმით, რომ ძალიან გრძელია, არამედ იმავდროულად უნდა წარმოაჩინოს, რომ იცის, უფრო მოკლედ მოსაუბრენი როგორ გახდებიან უფრო მეტად დიალექტიკოსები და უფრო უკეთ როგორ გაიგებენ არსებულის შესახებ მსჯელობას. სხვების მიერ მათი ძაგება და ქება კი არად ჩავაგდოთ და მათ საუბარს ნურც მოვუსმენთ. ამ [საკითხზე] საკმარისად ითქვა, თუ შენც მეთანხმები. კვლავ პოლიტიკოსს დავუბრუნდეთ [287b] და მაგალითად უკვე ნახსენები ქსოვის ხელოვნება მოვიყვანოთ.

უმცროსი სოკრატე
მშვენივრად თქვი და ისე მოვიქცეთ, როგორც ამბობ.

უცხოელი
მეფობა ხომ მისი ყველა მონათესავე [ხელოვნებიდან] და განსაკუთრებით კი ჯოგთან დაკავშირებული [ხელოვნებებიდან] გამოვყავით. ახლა კი დავასახელოთ დარჩენილი [სახეები], რომლებიც სახელმწიფოსთან დაკავშირებული მიზეზი ან დამხმარე მიზეზია და რომლებიც თავდაპირველად ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ.

უმცროსი სოკრატე
სწორია.

უცხოელი
იცი, რომ მათი ორად დაყოფა რთულია? [287c] მიზეზი კი წინ რომ წავალთ, ვფიქრობ, უფრო ნათელი გახდება.

უმცროსი სოკრატე
ასეც მოვიქცეთ.

უცხოელი
მაშ, დავანაწევროთ, როგორც მსხვერპლად შეწირული ცხოველი, რადგან შეუძლებელია მისი ორად გაყოფა. ყოველთვის ორთან რაც შეიძლება უფრო მიახლოებულ რიცხვად უნდა დაიყოს.

უმცროსი სოკრატე
ახლა როგორ მოვიქცეთ?

უცხოელი
როგორც ადრე, როცა ქსოვის ხელოვნებასთან დაკავშირებული ყველა იარაღი დამხმარე მიზეზად დავადგინეთ.

უმცროსი სოკრატე
კი.

უცხოელი
ახლაც იგივე უნდა გავაკეთოთ და ამის გაკეთება კიდევ უფრო [287d] საშურია. თითოეული ხელოვნება, რომელიც სახელმწიფოსთვის მცირე თუ დიდ იარაღს ქმნის, დავადგინოთ დამხმარე მიზეზად. მათ გარეშე ვერც სახელმწიფო და ვერც პოლიტიკის ხელოვნება ვერასოდეს იარსებებდა.
მეფობის ხელოვნება კი მათ საქმედ არ ჩავთვალოთ.

უმცროსი სოკრატე
არა, რა თქმა უნდა.

უცხოელი
რთულ [საქმეს] მივყავით ხელი, ამ გვარის სხვა დანარჩენებისგან გამოყოფას რომ ვცდილობთ. იმის თქმა, რომ ის რაც არსებობს, რაღაც ერთის ან მეორის იარაღია, როგორც ჩანს, დამაჯერებელია. [287e] თუმცა ამჟამად სახელმწიფოში სხვა [სახის] მფლობელობის შესახებ ვილაპარაკებთ.

უმცროსი სოკრატე
რას [გულისხმობ]?

უცხოელი
იმას, რასაც ასეთი ძალა არ აქვს. ის წარმოშობის მიზეზთან კი არაა დაკავშირებული, როგორც იარაღი, არამედ იმისთვის არსებობს, რომ ქმნილება იხსნას.

უმცროსი სოკრატე
რომელი?

უცხოელი
ის მრავალფეროვანი სახე, რომელიც შექმნილია მშრალისა და სველისგან, ცეცხლოვანისა და უცეცხლოსგან და რომელსაც ერთი სიტყვით სათავსს ვუწოდებთ. ეს ძალიან გავრცელებული სახეა და [288a] როგორც ვიცი, არავითარი კავშირი არ აქვს იმ ცოდნასთან, რომელსაც ვიკვლევთ.

უმცროსი სოკრატე
როგორ [ექნება]?

უცხოელი
ამათ გარდა, [არსებობს] ფლობასთან დაკავშირებული და მათგან განსხვავებული მესამე სახეც, რომელშიც კარგად შეინიშნება სახმელეთო და წყალქვეშა, მოძრავი და უძრავი, ძვირფასი და იაფფასიანი, რომელსაც ერთი სახელი აქვს, რადგან მუდამ ვიღაცის დასაჯდომია და იმისთვის არსებობს, რომ მასზე დასხდნენ.

უმცროსი სოკრატე
რომელი?

უცხოელი
მას გადაადგილების საშუალებას ვუწოდებთ და პოლიტიკის ხელოვნების საქმე საერთოდ არაა, არამედ უფრო მეტად დურგლობის, მეთუნეობის და სპილენძის დამზადების ხელოვნებებს უკავშირდება.

უმცროსი სოკრატე
გასაგებია. [288b]

უცხოელი
და მეოთხე რომელია? მათგან უნდა გამოვყოთ, თუმცა ადრე ნახსენებთაგან ბევრ რამეს მოიცავს – ყველანაირ ტანსაცმელს, იარაღს, კედელს, მიწისა თუ ქვის თავშესაფარს და ათას სხვა რამეს. ვინაიდან ეს ყველაფერი დასაცავადაა გაკეთებული, ყველაზე სამართლიანი იქნება, მათ საერთო სახელი – დამცავი ვუწოდოთ. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ყველაფერი მშენებლობისა და ქსოვის ხელოვნებებს უფრო მეტად და მართებულად უკავშირდება, ვიდრე – პოლიტიკის ხელოვნებას.

უმცროსი სოკრატე
ნამდვილად ასეა. [288c]

უცხოელი
ხომ არ ვისურვებდით მეხუთე სახეც დაგვედგინა, რომელიც მორთვასა და მხატვრობას უკავშირდება და აგრეთვე იმას, რაც ამ უკანასკნელსა და მუსიკას იყენებს, ბაძავს და მხოლოდ ჩვენი სიამოვნებისთვის იღწვის?
სამართლიანი არ იქნებოდა ამ ყველაფრის ერთი სახელით განმარტება?

უმცროსი სოკრატე
რომელი [სახელით]?

უცხოელი
რაღაც თამაშისმაგვარი რომ ეწოდება.

უმცროსი სოკრატე
აბა რა?

უცხოელი
ამ ყველაფერს ეს ერთი სახელი უნდა დაერქვას, რადგან სერიოზული რამის გამო არც ერთი არაფერს აკეთებს, არამედ – გართობისთვის. [288d]

უმცროსი სოკრატე
ესეც თითქმის გასაგებია.

უცხოელი
ამ ყველაფრისთვის მასალის მიმცემი, ის, რისგანაც და რითიც იქმნება ახლახან მოხსენიებული ხელოვნებები. ის მრავალფეროვანი სახე, რომელიც მრავალი სხვა ხელოვნების შთამომავალია, მეექვსე [სახედ] ხომ არ დავადგინოთ?

უმცროსი სოკრატე
რომელი?

უცხოელი
ოქრო, ვერცხლი და ყველაფერი, რაც მიწიდან მოიპოვება და რაც ხის ჭრის ხელოვნებისა და ნებისმიერი ხერხვით იჭრება და დურგლობისა და წვნის ხელოვნებებს გადაეცემა, აგრეთვე მცენარეთა ქერქისა [288e] და ცხოველების ტყავის გაცლის ხელოვნებები, მეწაღეობა და ყველა სხვა მსგავსი ხელოვნება, რომელიც საცობს, პაპირუსსა თუ ქამარს, ანუ შედგენილ (რთულ) სახეებს ამზადებს არაშედგენილი (მარტივი) გვარებისგან. ამ ყველაფერს ერთს ვუწოდებთ, ადამიანებისთვის პირველად და მარტივ საკუთრებას
[125]
; მას ხომ არავითარი კავშირი არ აქვს მეფობის ცოდნასთან.

უმცროსი სოკრატე
მშვენიერია.

უცხოელი
საზრდოს და იმ ყველაფრის მოპოვება, რისი ნაწილებიც სხეულის ნაწილებს შეერევა, [289a] მასზე ზრუნავს და ძალასაც აძლევს, მეშვიდე [სახედ] უნდა მოვიხსენიოთ და ამ ყველაფერს ვუწოდოთ ჩვენი საზრდო, თუ რამე უკეთესი არ გამოჩნდება. ყველაფერ ამას მიწათმოქმედებას, ნადირობას, გიმნასტიკას, მედიცინას და მზარეულობას უფრო სამართლიანად მივაკუთვნებთ,
ვიდრე პოლიტიკის ხელოვნებას.

უმცროსი სოკრატე
აბა რა?

უცხოელი
ვფიქრობ, რომ თითქმის ყველაფერი, რაც საკუთრებას შეეხება, გარდა შინაური ცხოველებისა, ამ შვიდ გვარში იყო მოხსენიებული. შეხედე: ყველაზე სამართლიანი იქნებოდა ისეთი განლაგება, რომ დასაწყისში [289b] იყოს პირველადი გვარი და ამის შემდეგ კი – იარაღი, სათავსი, გადაადგილების საშუალება, დამცავი, თამაში და საზრდო. რაც გამოვტოვეთ, თუ ძალიან მნიშვნელოვანი არ იქნა, ამ [გვარებს] შეიძლება მივაკუთვნოთ, როგორიცაა, მაგალითად, მონეტები, ბეჭდები და ყველანაირი ტვიფრები.
ისინი არ წარმოადგენენ რაიმე დიდ და ერთიან გვარს. შეიძლება შეთანხმება და ზოგიერთი მათგანის, მართალია იძულებით, მაგრამ მაინც მოსართავთან შეერთება, ზოგის კი – იარაღთან. რაც შეეხება შინაური ცხოველების ფლობას, [289c] მონების გარდა ყველაფერი ახლახან გამოყოფილი ჯოგური გამოზრდის ხელოვნებას მიეკუთვნება.

უმცროსი სოკრატე
რა თქმა უნდა.

უცხოელი
დარჩნენ მონები და ყველა ის მსახური, რომელთა შორისაც, ვწინასწარმეტყველებ, რომ გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც მეფეს შეეცილბიან, როგორც ფეიქრებს [შეეცილნენ] მრთველები, მჩეჩავები და სხვები, ვისზეც ვილაპარაკეთ. ყველა სხვა, რომელიც დამხმარე მიზეზებად დავასახელეთ, თავიანთი საქმეებითურთ ცალკე გამოვყავით და გამოვაცალკევეთ [289d] მეფობისა და პოლიტიკის ხელოვნების საქმეთაგან.

უმცროსი სოკრატე
ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს.

უცხოელი
მოდი, დარჩენილებს მივუახლოვდეთ და ისე განვიხილოთ, რათა უფრო სარწმუნოდ შევიტყოთ [მათ შესახებ].

უმცროსი სოკრატე
ასეა საჭირო.

უცხოელი
თუკი აქედან დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან მსახურებს იმის საპირისპირო საქმეები და თვისებები აქვთ, რაც გვეგონა.

უმცროსი სოკრატე
რომელ [მსახურებს]?

უცხოელი
ნაყიდებს, რომლებიც ამ გზით მოიპოვეს. მათ ხომ [289e] უდავოდ შეიძლება მონები ვუწოდოთ? ისინი ყველაზე ნაკლებად იზიარებენ მეფობის ხელოვნებას.

უმცროსი სოკრატე
როგორ არა.

უცხოელი
მაშ რა? თავისუფალი ადამიანები, რომლებიც ნებაყოფლობით ხდებიან იმათი მსახურები, ვისზეც ეს-ესაა ვილაპარაკეთ, მიწათმოქმედებისა და სხვა ხელობათა ნაყოფს ერთმანეთში რომ ინაწილებენ და დაატარებენ, ზოგი ბაზარში, ზოგიც ქალაქიდან ქალაქში, ხმელეთითა თუ ზღვით ფულს სხვა რამეზე რომ ცვლიან, ან ფულს – ფულზე, გადამცვლელებს, [290a] ვაჭრებს, მეხომალდეებს და წვრილ ვაჭრებს რომ ვუწოდებთ, განა რამეში შეეცილებიან პოლიტიკის ხელოვნებას?

უმცროსი სოკრატე
ყველაზე უფრო მეტად ვაჭრობის ხელოვნებაში.

უცხოელი
მაგრამ დაქირავებულებს, რომლებიც ვხედავთ, რომ მუდამ მზად არიან ყველას ემსახურონ, განა ოდესმე ვიხილავთ, რომ მეფობის ხელოვნებას ეზიარებოდნენ?

უმცროსი სოკრატე
რანაირად?

უცხოელი
და რაც შეეხება იმათ, ვინც ჩვენ ყოველთვის ასე გვემსახურება?

უმცროსი სოკრატე
რას ამბობ და ვისზე? [290b]

უცხოელი
მაცნეების ჯგუფზე და იმათზე, რომლებიც წერაშიც გაიწვრთნენ და ბევრ სხვა მნიშვნელოვან საქმეშიც მრავალჯერ ემსახურნენ მმართველებს, რას ვიტყვით მათზე?

უმცროსი სოკრატე
როგორც ახლახან თქვი, მსახურები არიან და არა სახელმწიფოთა მმართველები.

უცხოელი
მაგრამ, არა მგონია, სიზმარში მენახა და მეთქვა, რომ ასე გამჟღავნდებიან ისინი, ვინც მოისურვებს პოლიტიკის ხელოვნებას შეეცილოს. აშკარად ძალიან უადგილო იქნებოდა [290c] მათი ძებნა მოსამსახურის ხელოვნების ფარგლებში.

უმცროსი სოკრატე
ნამდვილად ასეა.

უცხოელი
მაშ, მივუახლოვდეთ იმათ, ვინც ჯერ არ გამოგვიცდია. ისინიც, ვინც მისნობასთან არის დაკავშირებული, ფლობენ მსახურის ცოდნის გარკვეულ ნაწილს, რადგანაც ითვლება, რომ ღმერთების [ნათქვამს] ადამიანებს განუმარტავენ.

უმცროსი სოკრატე
კი.

უცხოელი
ასეა ქურუმთა გვარის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მშვენივრად იციან ჩვენ მაგივრად როგორ შესწირონ ღმერთებს მსხვერპლი [290d] და ლოცვით ჩვენთვის სიკეთე სთხოვონ. ეს ორივე, გარკვეულწილად, მოსამსახურის ხელოვნების ნაწილია.

უმცროსი სოკრატე
როგორც ჩანს, ასეა.

უცხოელი
მგონია, რომ უკვე მივაგენით კვალს, რომელსაც უნდა მივდიოთ. ქურუმებისა და მისნების მდგომარეობა ისეთია, რომ ისინი დიადი აზრებით არიან სავსე და მათ დიდ პატივს მიაგებენ მათი საქმიანობის მნიშვნელობის გამო. მაგალითად, ეგვიპტეში არ არსებობს მეფის მმართველობა ქურუმის გარეშე, [290e] მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ სხვა გვარის წარმომადგენელი ძალისმიერი გზით [გამეფდა], შემდგომ იგი მაინც უნდა გაერთიანდეს ამ გვარში. ასევე ბერძნებთანაც ბევრ ადგილას დიად მმართველებს ეკუთვნით მნიშვნელოვანი მსხვერპლშეწირვაც. თქვენთანაც
[126]
, ცხადია, რომ ისეა, როგორც ვამბობ. ვისაც წილად ხვდება მეფობა, მასვე ერგება ყველაზე პატივსაგები და ყველაზე ადგილობრივი უძველესი მსხვერპლშეწირვა.

უმცროსი სოკრატე
რა თქმა უნდა. [291a]

უცხოელი
მაშ, განვიხილოთ ეს არჩეული მეფეები და ქურუმები, ასევე მათი მსახურები და ის დიდი ბრბო, რომელიც ახლახან გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც სხვებისგან გამოვყავით.

უმცროსი სოკრატე
ვისზე ამბობ?

უცხოელი
საკმაოდ უცნაურ [ადამიანებზე].

უმცროსი სოკრატე
და მაინც?

უცხოელი
მრავალფეროვანია ეს გვარი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მათგან ბევრი ლომებს და კენტავრებს
[127]
ჰგავს, [291b] სხვა მსგავს [არსებებსაც], უმეტესობა კი – სატირებს
[128]
და სხვა სუსტ და მრავალსახოვან ცხოველებს.
სწრაფად იცვლიან სახესა და შესაძლებლობებს. სოკრატე, ვფიქრობ ახლაღა გავუგე ამ ადამიანებს.

უმცროსი სოკრატე
თქვი, როგორც ჩანს, რაღაც უცნაური შეამჩნიე.

უცხოელი
კი, უცოდინრობისგან ხდება ყველაფერი უცნაური. სწორედ ეს დამემართა ახლა. უცებ ვერ ვიცანი, [291c] გუნდი, რომელიც სახელმწიფოს [საქმეებთანაა] დაკავშირებული.

უმცროსი სოკრატე
რომელი [გუნდი]?

უცხოელი
ყველა სოფისტთა შორის ყველაზე უფრო დიდი თაღლითები და ამ ხელოვნებაში ყველაზე გამოცდილები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთული გასაკეთებელია, ისინი ჭეშმარიტი პოლტიკოსებისა და მეფეებისაგან უნდა გავმიჯნოთ, თუ გვსურს ნათლად გავიგოთ ის, რასაც ვეძებთ.

უმცროსი სოკრატე
მაგრამ ამას არ უნდა მოვეშვათ.

უცხოელი
მეც ასე [ვფიქრობ]. აბა, ერთი ეს მითხარი.

უმცროსი სოკრატე
რა? [291d]

უცხოელი
მონარქია ხომ სახელმწიფო მართვის ერთ-ერთი [ფორმაა]?

უმცროსი სოკრატე
კი.

უცხოელი
მონარქიის შემდეგ კი, ვფიქრობ, უმცირესობის მმართველობა შეიძლება დავასახელოთ.

უმცროსი სოკრატე
აბა რა?

უცხოელი
სახელმწიფო მართვის მესამე ფორმა განა უმრავლესობის მმართველობა არაა, რომელსაც დემოკრატია ეწოდება?

უმცროსი სოკრატე
რა თქმა უნდა.

უცხოელი
ამ სამიდან განა ხუთი არ წარმოიქმნება, თუ მათგან კიდევ ორი სხვა სახელი იშვება?

უმცროსი სოკრატე
რომელი? [291e]

უცხოელი
თუ გავითვალისწინებთ ძალადობასა და კეთილ ნებას, სიღარიბესა და სიმდიდრეს, კანონსა და უკანონობას, რაც [სახელმწიფო მართვის ფორმებს] ახასიათებს, ამ ორიდან თითოეული
მათგანი კიდევ ორად დაიყოფა, მონარქია კი ორ სახეს მოიცავს და [მას] ორ სახელს ვუწოდებთ, ტირანიას და მეფობას.

უმცროსი სოკრატე
ასეა.

უცხოელი
სახელმწიფოს კი, რომელსაც უმცირესობა მართავს, არისტოკრატიას და ოლიგარქიას [ვუწოდებთ].

უმცროსი სოკრატე
რა თქმა უნდა.

უცხოელი
დემოკრატიას კი, მიუხედავად იმისა, უმრავლესობა მესაკუთრეებს ძალადობით მართავს თუ
კეთილი ნებით, [292a] კანონებს ზუსტად იცავს, თუ – არა, ჩანს, რომ ვერავინ ვერასოდეს შეუცვლის სახელს.
[129]

უმცროსი სოკრატე
მართალია.

უცხოელი
მაშ რა? ჩავთვალოთ, რომ ამ სახელმწიფო მმართველობათაგან რომელიღაცა სწორია, თუ მის ფარგლებში [მართვა] ხდება ერთის, უმცირესობის, უმრავლესობის მიერ, სიმდიდრით ან სიღარიბით, ძალადობით ან კეთილი ნებით, დაწერილი კანონებით ან კანონების გარეშე?

უმცროსი სოკრატე
და რა გვიშლის ხელს? [292b]

უცხოელი
უფრო კარგად დააკვირდი და ისე გააგრძელე.

უმცროსი სოკრატე
როგორ?

უცხოელი
დავჯერდეთ იმას, რაც თავდაპირველად ვთქვით, თუ შევეწინააღმდეგოთ?

უმცროსი სოკრატე
რას გულისხმობ?

უცხოელი
ვფიქრობ, ვთქვით, რომ სამეფო მმართველობა გარკვეული ცოდნაა.

უმცროსი სოკრატე
კი.

უცხოელი
და ის ყველა ხელოვნებიდან კი არ ამოვირჩიეთ, არამედ – სხვათაგან [გამოყოფილი] განსჯისა და ბრძანების გაცემის ხელოვნებათაგან.

უმცროსი სოკრატე
კი.

უცხოელი
ბრძანების გაცემის ხელოვნება კი [დავყავით] უსულო საგნებზე [292c] და სულიერ არსებებზე ბრძანების გაცემად. ასე დაყოფით აქამდე მოვედით და არ დაგვვიწყებია ცოდნა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ შევძელით მისი საკმარისად განმარტება.

უმცროსი სოკრატე
მართალს ამბობ.

უცხოელი
მაშ, უკვე ვხვდებით, რომ [სახელმწიფო მართვის ფორმათა დაყოფის] საფუძველი არ შეიძლება იყოს უმცირესობა და უმრავალესობა, კეთილი ნება და ძალადობა, სიღარიბე და სიმდიდრე, არამედ რაღაც ცოდნა, თუ, რა თქმა უნდა, აქამდე [ნათქვამს] მივყვებით? [292d]

უმცროსი სოკრატე
სხვაგვარად ვერ მოვიქცევით.

* * *
უცხოელი
მაშ, ახლა იმის დადგენაა აუცილებელი, [სახელმწიფო მართვის] რომელი [ფორმა] მოიცავს ადამიანების მართვის ცოდნას, რაც თითქმის ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულია. ეს უნდა გავიგოთ, რათა ვიპოვოთ ისინი, ვინც ბრძენი მეფისგან უნდა გაიმიჯნოს, რომლებსაც თავი მოაქვთ თითქოს პოლიტიკოსები არიან, არწმუნებენ უმრავლესობას, თუმცა საერთოდ არ არიან [ასეთები].

უმცროსი სოკრატე
ეს უნდა გავაკეთოთ, როგორც მსჯელობამ გვიკარნახა. [292e]

უცხოელი
ნუთუ ითვლება, რომ ამ ქალაქში უმრავლესობა შეიძლება ამ ცოდნას ფლობდეს?

უმცროსი სოკრატე
როგორ?

უცხოელი
და ათასკაციან ქალაქში შეიძლება, რომ ასი ან ორმოცდაათი საკმარისად ფლობდეს ამ [ცოდნას]?

უმცროსი სოკრატე
ასე რომ იყოს, ეს ყველა ხელოვნებაზე უფრო მარტივი იქნებოდა. ხომ ვიცით, რომ ათას კაცში არათუ მეფე, არამედ ამდენი შაშის კარგი მოთამაშეც კი არ მოიძებნება სხვა ბერძნულ [ქალაქებთან] შედარებით. ვისაც სამეფო ცოდნა აქვს, მიუხედავად იმისა, მართავს თუ არა, წინა [293a] მსჯელობის თანახმად, მას მეფე უნდა ეწოდოს.

უცხოელი
კარგია რომ გაგახსენდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სწორად მართვა ერთ, ორ, ან რამდენიმე კაცთან უნდა ვეძებოთ, თუ სწორად [მართვა საერთოდ] არსებობს.

უმცროსი სოკრატე
აბა რა?

უცხოელი
კეთილი ნებით მართავენ, თუ ნების საწინააღმდეგოდ, დაწერილი კანონებით, თუ მათ გარეშე, მდიდრები არიან თუ ღარიბები, უნდა ჩაითვალოს, როგორც შევთანხმდით, რომ მართვის რაღაც ხელოვნებით მართავენ.
ექიმებს [293b] ხომ ექიმებად მივიჩნევთ იმის მიუხედავად, ჩვენი ნებით გვკურნავენ თუ ნების საწინააღმდეგოდ, როცა რაღაცას გვაჭრიან, მოგვიწვავენ, თუ სხვა სახის ტკივილს მოგვაყენებენ, დაწერილი კანონებით [მოქმედებენ] თუ დაუწერელი, ღარიბები არიან თუ მდიდრები, მათ ექიმებს ვუწოდებთ მანამ, სანამ [ექიმობის] ხელოვნებით ხელმძღვანელობენ, წმენდენ, ასუსტებენ ან აძლიერებენ და ამგვარად მხოლოდ კარგს უკეთებენ სხეულს, რომ გააუმჯობესონ მისი მდგომარეობა [293c] და გადაარჩინონ თითოეული პაციენტი, რომელსაც მკურნალობენ. ვფიქრობ, ასე და არა სხვაგვარად მიავადექით არა მხოლოდ საექიმო, არამედ ნებისმიერი სხვა მმართველობის სწორ განმარტებას.

უმცროსი სოკრატე
სწორედ ასეა.

უცხოელი
სახელმწიფო [მართვის ფორმათაგან], როგორც ჩანს, სწორედ ის იქნება გამორჩეულად სწორი და ერთადერთი მმართველობა, სადაც აღმოვაჩენთ ჭეშმარიტად მცოდნე მმართველს, და არა იმათ, ვინც ასეთად მხოლოდ ჩანს. ხოლო კანონებით მართავენ ისინი, თუ კანონების გარეშე, კეთილი ნებით [293d] თუ მის საწინააღმდეგოდ, ღარიბები არიან, თუ მდიდრები, ამის გათვალისწინებას არასოდეს არავისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ექნება.

უმცროსი სოკრატე
მშვენიერია.

უცხოელი
და თუ ისინი სიკვდილით სჯიან ან ვინმეს აძევებენ და ამგვარად წმენდენ და აუმჯობესებენ სახელმწიფოს, კოლონიებში გარეკავენ ფუტკრებივით, რომ რაოდენობა შეამცირონ, ან სხვა ქვეყნის მოქალაქეები შემოჰყავთ, რომ რაოდენობა გაზარდონ, სანამ ცოდნითა და სამართლიანობით მოქმედებენ და შეძლებისდაგვარად გადაარჩენენ და აუმჯობესებენ [სახელმწიფოს] [293e], მანამ და ამ პირობებში მას უნდა ვუწოდოთ ერთადერთი სწორი სახელმწიფო მმართველობა. სხვა [მმართველობები] კი, რაც ჩამოვთვალეთ, კანონიერი და ნამდვილი კი არაა, არამედ მხოლოდ ბაძავს მას; ისინი, რომლებსაც კეთილმოწყობილს ვუწოდებთ, კარგში ბაძავენ, ხოლო სხვები – ცუდში.

უმცროსი სოკრატე
ის, რომ კანონების გარეშე მართვაა საჭირო, მძიმე მოსასმენია, დანარჩენი კი, უცხოელო, მისაღები ჩანს.

უცხოელი
ცოტა დამასწარი შენი შეკითხვით, სოკრატე. ვაპირებდი [294a] მეკითხა, შენთვის ყველაფერი მისაღებია, თუ ნათქვამიდან რამე გაღელვებს-მეთქი.
ახლა უკვე ნათელია, რომ გვსურს კანონების გარეშე მართვის სისწორე განვიხილოთ.

უმცროსი სოკრატე
ნამდვილად ასეა.

უცხოელი
ცხადია, რომ გარკვეულწილად კანონმდებლობის ხელოვნება მეფობის ხელოვნების ნაწილია, მაგრამ ყველაზე უკეთესია, როცა ძალა კანონებს კი არ ეკუთვნის, არამედ – გონიერ მეფეს. იცი, რატომ?

უმცროსი სოკრატე
თქვი, რატომ?

უცხოელი
რადგან კანონი ვერასოდეს მოიცავს საუკეთესოს [294b] და ყველაზე სამართლიანს და ვერ დაადგენს ყველასთვის უმჯობესს. განსხვავებებია ადამიანებსა და მათ საქმეებს შორის, ასევე ყველაფერი, რაც ადამიანს უკავშირდება, ასე ვთქვათ, არასოდესაა მშვიდად. ამიტომ, ვერასოდეს ვერანაირი ხელოვნება ვერ იქნება [გამოსადეგი] ყოველთვის და ყველაფერთან დაკავშირებით. ამაში ვთანხმდებით?

უმცროსი სოკრატე
აბა რა?

უცხოელი
კანონი კი, როგორც ვხედავთ, თითქმის ამგვარ რამეს [294c] ესწრაფვის,
როგორც თავდაჯერებული და გაუნათლებელი ადამიანი, რომელიც არავის არაფრის ნებას არ რთავს მისი ბრძანების გარეშე, არც შეკითხვის დასმის [უფლებას აძლევს] ვინმეს, მაშინაც კი, თუ სხვას რაღაც ახალი და იმაზე უკეთესი მოუვა აზრად, ვიდრე მან დაადგინა.

უმცროსი სოკრატე
ჭეშმარიტად. ზუსტად ისე გვექცევა კანონი, როგორც ახლა თქვი.

უცხოელი
ხომ შეუძლებელია, მარტივი გამოსადეგი იყოს იმ ყველაფრისთვის, რაც არაა მარტივი?

უმცროსი სოკრატე
ასე გამოდის.

უცხოელი
მაშ, რატომ არის აუცილებელი კანონშემოქმედება, თუ [294d] კანონი ყველაზე უფრო მართებული არ არის? ამის მიზეზი უნდა მოვიძიოთ.

უმცროსი სოკრატე
ასეა.

უცხოელი
ხომ არსებობს თქვენთან, ისე როგორც სხვა ქალაქებში, ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ერთად ვარჯიშობენ სირბილში ან სხვა რაიმეში გამარჯვების მოპოვების სურვილით?

უმცროსი სოკრატე
[არსებობს] და ძალიან ბევრიც.

უცხოელი
მაშ, კვლავ გავიხსენოთ გიმნასტების ხელოვნებასთან დაკავშირებული ბრძანებები, რომლებსაც გასცემენ ისინი, ვისაც ამის უფლებამოსილება აქვს.

უმცროსი სოკრატე
რომელი?

უცხოელი
მათ არ მიაჩნიათ, რომ თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე დეტალურად უნდა მიუდგნენ, და მითითება გასცენ თითოეული სხეულის შესაფერისად, [294e] არამედ თვლიან, რომ უფრო უხეშად უნდა უბრძანონ ის, რაც უმრავლესობის სხეულისთვის სასარგებლოა.

უმცროსი სოკრატე
მშვენიერია.

უცხოელი
ამიტომაც ყველას თანაბრად უნაწილებენ დატვირთვას, ყველას ერთდროულად აწყებინებენ სირბილს და ასევე ერთდროულად ამთავრებინებენ. იგივე ითქმის ბრძოლასა და ყველა სხვა სახის ფიზიკურ დატვირთვაზე.

უმცროსი სოკრატე
ასეა.

უცხოელი
მაშ, უნდა ჩავთვალოთ, რომ კანონმდებელიც, რომელიც ჯოგს წინამძღოლობს სამართლიანობისა და ერთმანეთთან მოლაპარაკების საკითხებში [295a], ვერასოდეს შეძლებს ყველასთვის ერთიანად ბრძანების გაცემით, თითოეულ მათგანს მისცეს ის [მითითება], რომელიც მას შეჰფერის.

უმცროსი სოკრატე
ასე ჩანს.

უცხოელი
ვფიქრობ, უფრო მეტად უმრავლესობისთვის დაადგენს კანონს, უფრო ზოგადად – ინდივიდებისთვის, იქნება ეს წერილობითი თუ დაუწერელი [კანონები], წინაპრების ჩვეულების თანახმად.

უმცროსი სოკრატე
მართალია.

უცხოელი
რა თქმა უნდა, მართალია. განა ოდესმე ვინმე შეძლებს, [295b] სოკრატე, რომ გვერდით ეჯდეს და თითოეულ ადამიანს ზუსტად იმას უდგენდეს, რაც მას შეეფერება? ვფიქრობ, თუ ამას შეძლებდა ვინმე, ვინც ჭეშმარიტად მიიღო მეფობის ცოდნა, ის საერთოდ არ ისურვებდა საკუთარი თავი შეეზღუდა ზეპირი კანონების წერით.

უმცროსი სოკრატე
ასეა, უცხოელო, იქიდან გამომდინარე მაინც, რაც უკვე ითქვა.

უცხოელი
და კიდევ უფრო [გასაგები] გახდება, ჩემო კარგო, იქიდან გამომდინარე, რაც აწი ითქმება.

უმცროსი სოკრატე
რომელი [ნათქვამიდან]?

უცხოელი
შემდეგი რამ: წარმოვიდგინოთ, რომ [295c] რომელიმე ექიმი ან გიმნასტიკის მწვრთნელი წასვლას აპირებს და დიდ ხანს იქნება შორს მისგან, ვისზეც ზრუნავს. თუ ჩათვლის, რომ მისი პაციენტები ან გიმნასტები ვერ დაიმახსოვრებენ მის ნათქვამს, ხომ მოისურვებს დაწეროს და ჩანაწერები მათ დაუტოვეოს, არა?

უმცროსი სოკრატე
ასეა.

უცხოელი
და თუ იმაზე უფრო ადრე ჩამოვა, ვიდრე შორს ყოფნას გეგმავდა? განა ვერ გაბედავს, რომ [მისივე] დაწერილისგან განსხვავებული რამ ურჩიოს, იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტი უკეთ გახდა, [295d] რადგან ქარის ან ზევსისგან გამომდინარე სხვა რაიმე [მიზეზით] მოულოდნელად და უჩვეულოდ რაღაც შეიცვალა? განა იფიქრებდა, რომ არ უნდა გადაეხვია ადრე დადგენილი კანონიდან, თავადაც არ უნდა დაედგინა სხვა და არც პაციენტს უნდა გაებედა დაწერილისგან გადახვევა, რადგან ის იყო მედიცინის [შესაბამისი] და განმკურნავი, სხვა ყველაფერი კი – ავადმყოფობის მომტანი და არასწორი? ასეთი რამ მეცნიერებასა [295e] და
ჭეშმარიტ ხელოვნებაში რომ მომხდარიყო, ამგვარ კანონმდებლობას ხომ დიდად დასცინებდნენ?

უმცროსი სოკრატე
რა თქმა უნდა, ასეა.

უცხოელი
ვინც სამართლიანსა და უსამართლოზე, მშვენიერსა და უშნოზე, კარგსა და ცუდზე დაწერილ და დაუწერელ კანონებს ადგენს ადამიანთა ჯოგებისთვის, რომლებიც თავიანთ ქალქებში ძოვენ დაწერილი კანონების შესაბამისად, თუ სხვა მსგავსი ვინმე მოვა, დახელოვნებული კანონმდებელი, ნუთუ [მას] უფლება არ ექნება [296a] სხვისი დაწერილის საპირისპირო დაადგინოს? განა ამის აკრძალვა ნაკლებ სასაცილო იქნებოდა?

უმცროსი სოკრატე
აბა რა?

უცხოელი
იცი, ასეთ შემთხვევაში უმრავლესობა რას ამბობს?

უმცროსი სოკრატე
უცებ ვერ ვხვდები.

უცხოელი
და ძალიანაც სწორად ამბობს, რომ თუ ვინმემ ძველზე უკეთესი კანონები იცის, მან ჯერ თავისი ქალაქ-სახელმწიფო უნდა დაარწმუნოს და იქ დანერგოს კანონები, და არა სხვაგვარად.

უმცროსი სოკრატე
და რა? მართალი არაა? [296b]

უცხოელი
შეიძლება, მაგრამ თუ ვერავინ დაარწმუნა და ძალის გამოყენებით ამკვიდრებს უკეთესს, მიპასუხე, რა ჰქვია ამ ძალადობას? თუმცა ჯერ ადრე ნათქვამზე მითხარი.

უმცროსი სოკრატე
რომელზე ამბობ?

უცხოელი
თუ რომელიმე [ექიმი] ვერ დაარწმუნებს პაციენტს, თუმცა თავისი საქმის ხელოვანია და აიძულებს ბავშვს, კაცსა თუ ქალს, რომ დაწერილის ნაცვლად გააკეთოს ის, რაც უკეთესია, რა ერქმევა ამ ძალადობას? ყველაფერი შეიძლება დაერქვას, «ხელოვნების საწინაამღდეგო და მავნებელი ცოდვის» გარდა, ხომ? და ძალადობის მსხვერპლიც ყველაფერს [296c] იტყვის იმის გარდა, რომ მოძალადე ექიმისგან მავნებლური და არაოსტატური რამ გადაიტანა.

უმცროსი სოკრატე
სრულ სიმართლეს ამბობ.

უცხოელი
პოლიტიკის ხელოვნების საწინააღმდეგო შეცოდებას რას ვეძახით? სამარცხვინოს, ბოროტსა და უსამართლოს ხომ?

უმცროსი სოკრატე
უეჭველად.

უცხოელი
თუ ვისმეს აძალებენ დაწერილი კანონებისა და ტრადიციების საპირისპიროდ გააკეთოს სხვა რამ, ადრინდელზე უფრო სამართლიანი, უკეთესი და მშვენიერი, [296d] მითხარი, ასეთი ძალადობის გაკიცხვა, ყველასთვის სასაცილო არ იქნება? რადგან ყველაფერი შეიძლება ითქვას გარდა იმისა, რომ სირცხვილი, უსამართლობა და ბოროტება დაითმინეს როდესაც მოძალადემ მათზე ძალადობა განახორციელა?

უმცროსი სოკრატე
სრულ სიმართლეს ამბობ.

უცხოელი
მაშ, თუ მოძალადე მდიდარია, ძალადობა სამართლიანია, ხოლო თუ ღარიბი – უსამართლო, ასეა? თუ რომელიმე [მმართველი] მიუხედავად იმისა, შეძლო თუ არა ვინმეს დარწმუნება,
მდიდარია თუ ღარიბი, დაწერილი თუ დაუწერელი კანონების თანახმად აკეთებს რაიმე [296e] სასარგებლოს, ეს არ უნდა იყოს სახელმწიფოს სწორად მართვის ყველაზე უფრო მართებული განსაზღვრება, რომლითაც ბრძენი და ქველი ადამიანი მის ქვეშევრდომებს მართავს? ისევე როგორც გემის კაპიტანი მუდამ ხომალდისა და მეზღვაურების [297a] სარგებელზე ზრუნავს, დაწერილი კანონებით კი არა, არამედ ხელოვნებით იხსნის თანამგზავრებს. ამგვარად ამავე ხერხით სწორად უნდა იმართებოდეს სახელმწიფო მის მიერ, ვისაც შეუძლია ხელოვნება კანონებზე მეტად გააძლიეროს? და ყოველთვის ასე რომ იქცევიან, გონიერი მმართველები არ უშვებენ შეცდომას მანამ, სანამ [297b] ერთ მნიშვნელოვან [წესს] იცავენ, რომლის თანახმადაც გონებისა და ხელოვნების შესაბამისად სახელმწიფოში [ყველას ყველაფერს] ყველაზე სამართლიანად უნაწილებენ, იხსნიან მათ და უარესს, შეძლებისდაგვარად, უკეთესს ხდიან.

უმცროსი სოკრატე
შენს ნათქვამს ვერ შეეწინააღმდეგები.

უცხოელი
არც იმის საწინააღმდეგო იქნება [რამე].

უმცროსი სოკრატე
რას გულისხმობ?

უცხოელი
უმრავლესობას, ვინც არ უნდა იყოს ის, ვერასოდეს ექნება ასეთი ცოდნა და ვერ შეძლებს სახელმწიფოს გონივრულად მართვას, [297c] არამედ პატარა [ჯგუფში], უმცირესობაში ან ერთში უნდა ვეძიოთ სახელმწიფოს სწორად მართვის ერთადერთი ფორმა, დანარჩენები კი მიბაძვად უნდა ჩაითვალოს, და როგორც ცოტა ხნის წინ ითქვა, ზოგიერთი უკეთესს ბაძავს, ზოგი კი – უარესს.

უმცროსი სოკრატე
რას გულისხმობ? ადრეც ვერ გავიგე მიბაძვების შესახებ.

უცხოელი
სისულელე იქნებოდა, თუ ვინმე წამოიწყებდა ამგვარ მსჯელობას, შემდეგ თავს დაანებებდა, აღარ გააგრძელებდა, რომ არ აღმოეჩენა [297d] მასთან მასთან დაკავშირებული შეცდომა.

უმცროსი სოკრატე
რომელი?

უცხოელი
ეს [შეცდომა] უნდა ვეძიოთ, არც ძალიან ხშირია და არც მარტივი. უნდა შევეცადოთ მის მოხელთებას. მოდი, მითხარი: თუ სახელმწიფო მმართველობის მხოლოდ ის [ფორმაა] სწორი, რომელიც ჩვენ ავღნიშნეთ, იცი, რომ [მმართველობის სხვა ფორმებმა] უნდა გამოიყენონ თავიანთი დაწერილი კანონები, რათა გადარჩნენ და გააკეთონ ის, რასაც ახლა ვაქებთ, რაც ძალიან მართებულიც არ არის?

უმცროსი სოკრატე
რა? [297e]

უცხოელი
ის, რომ ვერც ერთმა მოქალაქემ ვერ უნდა გაბედოს კანონსაწინააღმდეგოდ რამის ჩადენა და თუ გაბედავს, სიკვდილით ან სხვა უკიდურესი [ფორმით] უნდა დაისაჯოს. ეს [მართვის] ყველაზე სწორი და კარგი [ფორმაა], როგორც მეორე [არჩევანი], თუ ვინმე პირველ ადგილას მოხსენიებულ [ფორმებს] გადაუხვევს. მაშ, გავიაროთ, თუ როგორია [მართვის ეს ფორმა], რომელსაც მეორე ვუწოდეთ, კარგი?

უმცროსი სოკრატე
რა თქმა უნდა.

უცხოელი
დავუბრუნდეთ ხატებს, რომლებიც აუცილებელია მეფე-მმართველების აღსაწერად.

უმცროსი სოკრატე
რომელ [ხატებს]?

უცხოელი
კეთილშობილი გემის კაპიტანი და ექიმი, რომელიც სხვა მრავლის მაგივრობას გაგვიწევს. დავაკვირდეთ მათ და მათი საშუალებით შევქმნათ გარკვეული სახე.

უმცროსი სოკრატე
რომელი?

უცხოელი
აი, ეს: წარმოვიდგინოთ, რომ მათი წყალობით ყველანი საშინლად ვიტანჯებით.
ვისაც მოისურვებენ, რომ გადაარჩინონ, გადაარჩენენ, ისე როგორც სხვა გადაარჩინეს. ხოლო ვისაც მოისურვებენ, რომ დაღუპონ, მას ღუპავენ, ჭრიან, წვავენ და გადასახადებს უწესებენ, საიდანაც პაციენტზე ძალიან მცირეს ან სულაც არაფერს ხარჯავენ, დანარჩენს თავად ისინი და მათი მსახურები იყენებენ. [298b] ისეც ხდება, რომ პაციენტის ნათესავის ან რომელიმე მტრისგან მიღებული ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ, მათ კლავენ კიდეც. კაპიტნებიც ბევრ მსგავს რამეს აკეთებენ, რაიმე ბოროტი ჩანაფიქრით, გემის მგზავრებს უდაბურ სანაპიროებზე ტოვებენ, ზღვაში რაიმე შეცდომას უშვებენ და მათ წყალში ყრიან და სხვა სიავეებსაც ჩადიან. თუ ამ ყველაფერს გავიაზრებთ და გადავწყვეტთ, რომ ხელოვნების ამგვარ სახეებს [298c] აღარასოდეს დავანებებთ არც მონებისა და არც თავისუფალ [ადამიანთა] შეუზღუდავად მართვას, თავად შევკრებთ ან მთელ ხალხს, ან – მხოლოდ მდიდრებს, კერძო პირები იქნებიან ეს თუ სხვადასხვა ხელობის მცოდნენი და მათ ნაოსნობასა და სნეულებებთან დაკავშირებით თავიანთ აზრს ვათქმევინებთ: რომელი წამლები და სამკურნალო საშუალებები გამოვიყენოთ პაციენტებისთვის, როგორი ხომალდები [298d] და საზღვაოსნო საშუალებები ვიხმაროთ ნაოსნობის დროს საფრთხის შემთხვევაში, ქარისა და უამინდობისას, მეკობრეებს თუ გადავეყრებით; ან უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა დიდმა გემებმა მსგავს ხომალდებთან
საზღვაო ბრძოლებში. რასაც უმრავლესობა ამ საკითხებზე გადაწყვეტს, მიუხედავად იმისა ამაში ექიმები, გემის კაპიტნები თუ უბრალოდ კერძო პირები მიიღებენ მონაწილეობას, [298e] დაფებსა და სვეტებზე უნდა დაიწეროს, ზოგიერთი რამ კი შემდგომში, როგორც მამაპაპური დაუწერელი ჩვეულება, დიდი ხნის განმავლობაში გამოვიყენოთ ნაოსნობაშიც და მკურნალობის დროსაც.

უმცროსი სოკრატე
ძალიან უცანაური რამე თქვი.

უცხოელი
ყოველ წელს დანიშნავენ ხალხის მმართველებს ან მდიდართაგან, ან მთელი მოსახლეობიდან, იმის მიხედვით, თუ ვის აირჩევენ კენჭისყრით. ეს დანიშნული მმართველები კი დაწერილი კანონების შესაბამისად მართავენ, გემებს წინამძღვრობენ და პაციენტებზე იზრუნებენ.

უმცროსი სოკრატე
ეს კიდევ უფრო რთულია.

უცხოელი
ისიც ნახე, მერე რა მოხდება. მას შემდეგ, რაც თითოეულ მმართველს ერთი წლის [ვადა] გაუვა, მათ სასამართლო უნდა მოვუწყოთ, რომლის [წევრებიც] არჩეული იქნებიან კენჭისყრით ან მდიდართაგან, [299a] ან ყველა მოქალაქიდან. მათ მიუყვანენ მმართველებს და პასუხს აგებინებენ. მსურველს შეუძლია ბრალი დასდოს მათ იმაში, რომ გემს მთელი წელი არც დაწერილი კანონების თანახმად მართავდნენ და არც წინაპართა ჩვეულებებით. ზუსტად იგივე ითქმის პაციენტებზე მზრუნველებთან დაკავშირებითაც. და თუკი ბრალს დასდებენ, გადაწყდება რა სასჯელს ან რა ჯარიმას იმსახურებენ.

უმცროსი სოკრატე
რა თქმა უნდა, ვინც მოისურვებს თავისი ნებით ამგვარ [პირობებში] მმართველობას, [299b] სამართლიანი იქნება, რომ დაითმინოს ნებისმიერი სასჯელი.

უცხოელი
და გარდა ამისა საჭირო იქნება ისეთი კანონის შემოღება, რომ თუ ვინმე გემის მართვის, ნაოსნობის ან ჯანმრთელობასა და მედიცინასთან დაკავშირებული ჭეშმარიტების – რაც ქარს, სიცხესა და სიცივეს ეხება – კვლევას დაიწყებს დაწერილი კანონების საპირისპიროდ და ამ საკითხებთან დაკავშირებით ვითომ ცოდნას შეიძენს, უპირველეს ყოვლისა, მას ექიმს ან გემის
კაპიტანს კი არ უწოდებენ, არამედ ცაში მომზირალს[130], მოლაყბესა და სოფისტს, ან ახალგაზრდების შემცდენელს, ვინაიდან მათ არწმუნებს, [299c] რომ კაპიტნობას და ექიმობას მიუდგნენ არა კანონების შესაბამისად, არამედ თვითნებურად მართონ გემები და ავადმყოფები. ნებისმიერი მსურველი შეძლებს მას ბრალი წაუყენოს სასამართლოში, რადგან კანონებისა და დაწერილი წესების საწინააღმდეგო ცოდნით არწმუნებს ახალგაზრდებსა თუ ასაკოვნებს, უკიდურესი [ფორმით] უნდა დაისაჯოს. არაფერი უნდა იყოს კანონზე უფრო ბრძნული, არავინ უნდა უგულებელყოს მედიცინა და ჯანმრთელობა, გემის კაპიტნობა, ნაოსნობა, ვინაიდან მსურველს შეუძლია ისწავლოს [299d] დაწერილი კანონებითა და მამა-პაპური ჩვეულებებით. სოკრატე, თუ ეს, რასაც ვამბობთ, მოხდებოდა სხვა სახის ცოდნასთან დაკავშირებით, როგორიცაა მხედართმთავრობა, ნებისმიერი სახის ნადირობა, მხატვრობა, ბაძვის ხელოვნების ნებისმიერი ნაწილი, მშენებლობა, ხელსაწყოების დამზადება, მიწათმოქმედება და ნებისმიერი სახის მემცენარეობა, მეცხენეობა და ეს ყველაფერი რომ დაწერილი წესების შესაბამისად ხდებოდეს, ჯოგებზე ზრუნვა, მისნობა, ნებისმიერი სახის მომსახურება, [299e] შაშის თამაში და მთელი არითმეტიკა, სუფთა სახით იქნება ის თუ ზედაპირის, სიღრმისა და სიჩქარის გაზომვასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ასე რომ ხდებოდეს, დაწერილი კანონების და არა ხელოვნების მოთხოვნების შესაბამისად, რა გამოვიდოდა?

უმცროსი სოკრატე
ცხადია, რომ ყველა ხელოვნება მთლიანად მოისპობოდა და თავიდან აღარასოდეს წარმოიშობოდა, რადგან მის კვლევა-ძიებას კანონი აკრძალავდა, ამგვარად, სიცოცხლე, რომელიც ახლაც რთულია, მაშინ საერთოდ აუტანელი გახდებოდა. [300a]

უცხოელი
და ამაზე რას იტყვი, თუ ყველაფერი, რაც ითქვა, უნდა მომხდარიყო დაწერილი კანონების შესაბამისად და მათ დამცველად ვინმე ხმის მიცემით ან კენჭისყრით არჩეული რომ დაგვედგინა, მას კი არად ჩაეგდო დაწერილი და სარგებლის ან ვინმეს გულის მოგების გამო, მის საწინააღმდეგოდ მოქცეულიყო, ყოველგვარი ცოდნის გარეშე. განა ეს წინანდელზე უფრო დიდი ბოროტება არ იქნებოდა?

უმცროსი სოკრატე
ჭეშმარიტად. [300b]

უცხოელი
ვფიქრობ, თუ ვინმე გაბედავდა და უმრავლესობას დაარწმუნებდა, რომ ხანგრძლივ გამოცდილებასა და კეთილი მრჩევლების რჩევებზე დაფუძნებული კანონების საწინააღმდეგოდ მოქცეულიყო, იმ შეცდომაზე უფრო ბევრად დიდ შეცდომას დაუშვებდა და უფრო მეტად აურევდა ყველაფერს, ვიდრე დაწერილი კანონები.

უმცროსი სოკრატე
როგორ არ მოხდებოდა ასე? [300c]

უცხოელი
ამის გამო, ვინც კანონებსა და დაწერილ წესებს ადგენს, მეორე რიგში იმაზე უნდა [იზრუნოს], რომ მათ საწინააღმდეგოდ არც ერთს და არც მრავალს არასოდეს არაფერი გააკეთებინოს.

უმცროსი სოკრატე
მართალია.

უცხოელი
განა თითოეული ეს [კანონი] ჭეშმარიტების მიბაძვა არაა, რომელიც შეძლებისდაგვარად მცოდნე ადამიანის მიერაა დაწერილი?

უმცროსი სოკრატე
როგორ არა?

უცხოელი
ხომ ვთქვით, თუ გახსოვს, ვთქვით, რომ ჭეშმარიტად პოლიტიკოსი თავის საქმიანობაში ყველაფერს ხელოვნების შესაბამისად აკეთებს და არ ზრუნავს დაწერილ კანონებზე, რადგან [300d] შეიძლება მიიჩნიოს, რომ სხვა რამე უკეთესია, ვიდრე თავად მის მიერ დაწერილი და შორს მყოფთათვის გაგზავნილი [წესი].

უმცროსი სოკრატე
ასე ვთქვით.

უცხოელი
ე. ი. თუ რომელიმე ადამიანი ან [ადამიანთა] ჯგუფი, რომელსაც კანონების დაწესება მოუხდა, მათ საწინააღმდეგოდ მოიქცევა, რადგან სხვა [კანონი] უკეთესია, ის დაახლოებით ისე არ მოიქცევა, როგორც ჭეშმარიტად პოლიტიკოსი?

უმცროსი სოკრატე
რა თქმა უნდა.

უცხოელი
მაშ, თუ ის, ვინც ასე იქცევა, უცოდინარია, როდესაც ჭეშმარიტის მიბაძვას ცდილობს, ძალიან ცუდად არ ბაძავს? [300e] და თუ მცოდნეა, ეს ხომ მიბაძვა აღარაა, არამედ – თავად ჭეშმარიტება?

უმცროსი სოკრატე
სწორედ ასეა.

უცხოელი
და ადრე ხომ ვაღიარეთ, რომ ბრბო ვერანაირად ვერ ფლობს ხელოვნებას.

უმცროსი სოკრატე
ასე შევთანხმდთ.

უცხოელი
თუ არსებობს მეფის რაიმე ხელოვნება, ვერც მდიდართა ბრბო და ვერც მთელი ხალხი ვერასოდეს დაეუფლება პოლიტიკის ამ ცოდნას.

უმცროსი სოკრატე
როგორ [შეძლებს]?

უცხოელი
როგორც ჩანს, ასეთმა სახელმწიფოებმა, თუ სურთ, [301a] რომ რაც შეიძლება უკეთ მიბაძონ ჭეშმარიტ სახელმწიფო მმართველობას, რომელსაც ერთი დახელოვნებული [პირი] ახორციელებს, არასოდეს არაფერი უნდა გააკეთონ დაწერილი კანონებისა და მამა-პაპური ჩვეულების წინააღმდეგ.

უმცროსი სოკრატე
შესანიშნავად თქვი.

უცხოელი
როდესაც მმართველობის ამგვარ [ფორმას] მდიდრები ბაძავენ, მას არისტოკრატიას ვუწოდებთ, ხოლო როდესაც კანონებზე არ ზრუნავენ – ოლიგარქიას.

უმცროსი სოკრატე
სავარაუდოდ.

უცხოელი
როდესაც ერთი [პირი] მართავს კანონების თანახმად და ბაძავს მცოდნეს, [301b] მას მეფეს ვუწოდებთ და სახელით აღარ ვარჩევთ, იმის მიხედვით ცოდნით და კანონების შესაბამისად მართავს, თუ მხოლოდ თავისი შეხედულებით.

უმცროსი სოკრატე
ჩანს, ასეა.

უცხოელი
მაშ, როდესაც ჭეშმარიტად მცოდნე ერთპიროვნულად მართავს, მას ყოველთვის მეფე ეწოდება და არა სხვა რამ. ამის გამო ის ხუთი სახელი, რომელიც სახელმწიფო მმართველობის ფორმებს ვუწოდეთ, ერთად იქცევა.
[131]

უმცროსი სოკრატე
ასე ჩანს.

უცხოელი
ხოლო როდესაც ერთპიროვნულად მმართველი არც კანონების, არც ჩვეულებების შესაბამისად არ იქცევა, [301c] ვითომც საქმის მცოდნეს თავი მოაქვს, თითქოს დაწერილი კანონების საწინააღმდეგოდ უკეთესად მოქმედებს, არადა მართვისას თავისი ვნებითა და უცოდინრობით ბაძავს, განა მას და ყველა მისნაირს ტირანი არ უნდა ვუწოდოთ?

უმცროსი სოკრატე
აბა რა?

უცხოელი
როგორც აღვნიშნეთ, ასე წარმოიშვა ტირანი და მეფე, ოლიგარქია, არისტოკრატია და დემოკრატია, ვინაიდან ადამიანები უკმაყოფილონი იყვნენ ერთი მონარქით, არ სჯეროდათ, რომ ერთი ვინმე იქნებოდა ამგვარი მმართველობის ღირსი, [301d] რომ ენდომებოდა და შეძლებდა სიქველითა და ცოდნით მართვას, სამართლიანად და სწორად თითოეულისთვის [მისი] შესაფერისის მიგებას, არამედ ისინი სპობენ, ხოცავენ და სიავეს უკეთებენ ყველას, ვისაც მოისურვებენ. თუ იარსებებდა ისეთი [მმართველი], როგორსაც აღვწერთ, იგი ეყვარებოდათ და მის სწორ და ზუსტ ერთპიროვნულ მმართველობაში ბედნიერად იცხოვრებდნენ.

უმცროსი სოკრატე
სავარაუდოდ.

უცხოელი
ახლა კი, როცა ასეთი მეფე, [301e] როგორსაც აღვწერთ, სახელმწიფოებში არ იბადება ისე, როგორიც ფუტკართა ოჯახში, ანუ თავიდანვე გამორჩეულია სხეულითა და სულით, ერთად უნდა შევიკრიბოთ, დადგენილებები ვწეროთ, და როგორც ჩანს, ყველაზე სწორი სახელმწიფო მმართველობის გზას დავადგეთ.

უმცროსი სოკრატე
ასე ჩანს.

უცხოელი
განა გვიკვირს, სოკრატე, ის სიავე, რაც ხდება და რაც მოხდება ამგვარ სახელმწიფო მმართველობაში, რომელსაც ისეთი საფუძველი აქვს, რომ დაწერილი კანონებისა და ჩვეულებების შესაბამისად კეთდება [ყველაფერი] და არა – ცოდნის. [302a] ყველასათვის ცხადი არაა, რომ სხვა სახის [ხელოვნებაც] ასე რომ ემოქმედა, თავადვე მოსპობდა ყველაფერს, რასაც შექმნიდა? ის უფრო არ უნდა გვიკვირდეს, რამდენად ძლიერია სახელმწიფო თავისი ბუნებით? ასეთ რამეებს უსაზღვროდ დიდხანს ითმენენ სახელმწიფოები. ზოგიერთი მათგანი მდგრადია და არაფერი ემართება, ხოლო ბევრი – დიდ ტალღებში მოხვედრილი ხომალდივით ნადგურდება, უკვე განადგურდა ან მომავალში განადგურდება მათი კაპიტნებისა და მეზღვაურების უუნარობის გამო, რომელთაც უმნიშვნელოვანეს საკითხებზე არავითარი ცოდნა არ გააჩნიათ [302b], არაფერი გაეგებათ პოლიტიკის ხელოვნებისა, მაგრამ ჰგონიათ, რომ ყველა მეცნიერებას შორის ყველაზე უკეთ მას ფლობენ.

უმცროსი სოკრატე
სრული ჭეშმარიტებაა.

უცხოელი
ამ სახელმწიფო მმართველობების არასწორი ფორმებიდან რომელ [მმართველობაში] ცხოვრებაა ნაკლებ რთული, თუმცაღა ყველა რთულია, და რომელია ყველაზე მძიმე? ეს საკითხიც ხომ როგორღაც უნდა განვიხილოთ, თუმცა მეორეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რაზეც ვმსჯელობთ?
მთლიანობაში კი სწორედ მისი გულისთვის ვაკეთებთ ყველაფერს.

უმცროსი სოკრატე
როგორ არ უნდა [განვიხილოთ]? [302c]

უცხოელი
მაშ, შეიძლება თქვა, რომ [სახელმწიფო მმართველობის] სამი [ფორმიდან] ერთი ყველაზე რთული და იმავდროულად ყველაზე მარტივია.

უმცროსი სოკრატე
რას ამბობ?

უცხოელი
სხვას არაფერს ვამბობ, გარდა იმისა, რომ მონარქია, უმცირესობის და უმრავლესობის მმართველობა – ეს სამი მოვიხსენიეთ საუბრის დასაწყისში, რომელიც ძალიან გაგვიფართოვდა.

უმცროსი სოკრატე
სწორედ ისინი [ვახსენეთ].

უცხოელი
[მმართველობის] თითოეული [ფორმა] ორად გავყოთ და ასე მივიღოთ ექვსი, ხოლო სწორი [ფორმა] მათგან მეშვიდედ გამოვყოთ.

უმცროსი სოკრატე
როგორ? [302d]

უცხოელი
მონარქიიდან სამეფო ხელოვნება და ტირანია გამოვყავით, უმცირესობის მმართველობიდან – არისტოკრატია, რომელზეც ვთქვით, რომ კარგად ჟღერს, და ოლიგარქია, უმრავლესობის მმართველობას კი ერთი მარტივი სახელი – დემოკრატია – ვუწოდეთ და ისიც ორმაგად უნდა ჩავთვალოთ.

უმცროსი სოკრატე
ის როგორღა უნდა დაიყოს?

უცხოელი
ისე, როგორც სხვები, და არა განსხვავებულად. თავად მისი სახელიც ხომ ორმაგია. [302e] კანონების შესაბამისად ან მათ გარეშე ცხოვრება [დემოკრატიის] პირობებშიც შეიძლება და სხვა [მმართველობის] დროსაც.

უმცროსი სოკრატე
ასეა.

უცხოელი
მაშინ, როდესაც [მმართველობის] სწორ ფორმას ვეძებდით, ეს დაყოფა გამოსადეგი არ იყო, როგორც უკვე გამოჩნდა, მას შემდეგ კი, რაც ეს გამოვყავით და სხვები კი [მმართველობის] აუცილებელ ფორმებად დავადგინეთ, თითოეული მათგანი ორად გაიყო კანონიერისა და უკანონოს საფუძველზე.

უმცროსი სოკრატე
იქიდან გამომდინარე, რაც ითქვა, ასეა.

უცხოელი
მონარქია უკავშირდება კარგად დაწერილ წესებს, რომლებსაც კანონებს ვუწოდებთ და [მმართველობის] ექვსი [ფორმიდან] საუკეთესოა. უკანონო ცხოვრება კი რთული და მძიმეა. [303a]

უმცროსი სოკრატე
სავარაუდოდ.

უცხოელი
უმცირესობის მმართველობა, რადგან ის გულისხმობს ერთსა და მრავალს შუა [არსებულ] რიცხვს, ამ ორს შორის საშუალოდ ჩავთვალოთ. რაც შეეხება უმრავლესობის მმართველობას, ის ყველაფერში სუსტია და სხვებთან შედარებით არც სიკეთის არც ბოროტების დიდი ძალა არ აქვს, ვინაიდან მასში მთელი ძალაუფლება პატარ-პატარა მოცულობით ბევრს აქვს გადანაწილებული. ამიტომ თუ მმართველობა კანონზეა დამყარებული, ყველაზე ცუდია, ხოლო თუ უკანონოა – მაშინ საუკეთესო. [303b] და თუ ყველაფერი მიშვებულია, მაშინ ცხოვრება უმჯობესია დემოკრატიის პირობებში, ხოლო თუ მოწესრიგებულია, მაშინ მასში ცხოვრება ყველაზე მძიმეა. მმართველობის პირველი ფორმა უპირველესი და საუკეთესოა, თუ არ ჩავთვლით მეშვიდეს, რომელიც მმართველობის ყველა სხვა ფორმიდან ცალკე უნდა გამოიყოს, ისე როგორც ღმერთი – ადამიანებისგან.

უმცროსი სოკრატე
როგორც ჩანს ასეა, ასე ხდება და ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ამბობ.

უცხოელი
აგრეთვე ყველა ის, ვინც მმართველობაში მონაწილეობს, [303c] საქმის მცოდნის გარდა, უნდა გაიმიჯნოს არა როგორც ჭეშმარიტად პოლიტიკოსი, არამედ როგორც ამრევი და უდიდესი მოჩვენებების დამცველი, რომელიც თავადაც მოჩვენება ხდება, დიდი მიმბაძველი და თაღლითია და სოფისტებს შორის უდიდეს სოფისტად იქცევა[132].

უმცროსი სოკრატე
ამ სიტყვებით ძალიან სწორად დაახასიათე ვითომ პოლიტიკოსები.

უცხოელი
იყოს ასე. ჩვენთვის ეს ნამდვილი დრამაა, როგორც წეღან ვთქვით, კენტავრებისა და სატირების ხმაურიან დასს ვხედავთ, [303d] რომელიც პოლიტიკის ხელოვნებიდან უნდა გამოიყოს.
[133]
ძლივს, მაგრამ [მაინც] გამოვყავით.

უმცროსი სოკრატე
ასე ჩანს.

უცხოელი
კიდევ ერთი გვარი რჩება, რომლის გამოყოფაც უფრო რთულია, რადგან უფრო მეტად ჰგავს სამეფო ხელოვნებას და უფრო ძნელად გასაგებია. მეჩვენება, რომ იმავეს განვიცდით, რასაც ის, ვინც ოქროს წმენდს.

უმცროსი სოკრატე
როგორ?

უცხოელი
ისინიც თავდაპირველად მიწას, ქვებსა და სხვა მსგავს რამეებს აშორებენ, შემდეგ [303e] ოქროსთან შერეული და მისი მსგავსი ძვირფასი [ნივთიერებები] რჩება – სპილენძი და ვერცხლი, ხანდახან ანდამატიც, რომლებიც მხოლოდ ცეცხლით გამოიყოფა დიდი წვალების შედეგად. მხოლოდ ამის შემდეგ ვიხილავთ სუფთა ოქროს როგორც ასეთს.

უმცროსი სოკრატე
ამბობენ, რომ ეს სწორედ ასე ხდება.

უცხოელი
როგორც ჩანს ამავე [გზით] უნდა გამოვყოთ პოლიტიკის ცოდნიდან ყველაფერი განსხვავებული, უცხო და მტრული და დავტოვოთ მხოლოდ ღირებული და მონათესავე. ესენია მხედართმთავრის, სასამართლო და [304a] რიტორიკის ხელოვნება
[134]
, რომელიც სამეფო
ხელოვნებას უკავშირდება, სიმართლეში არწმუნებს და სახელმწიფოს მართვაში ეხმარება.
[135]
მაშ, რა გზით გამოვყოთ ცალკე ის, რასაც ვიკვლევთ ისე, რომ შიშვლად და თავისი თავის იგივეობრივად წარმოჩნდეს?

უმცროსი სოკრატე
ცხადია, რომ როგორღაც უნდა ვცადოთ ამის გაკეთება.

უცხოელი
ვცადოთ და გამოჩნდება. მისი გამოვლენა მუსიკის მეშვეობით ვცადოთ. მოდი, მითხარი...

უმცროსი სოკრატე
რა? [304b]

უცხოელი
არსებობს მუსიკის სწავლება ისევე, როგორც სხვა მეცნიერებანი, რომელნიც ხელის ოსტატობასთანაა კავშირში?

უმცროსი სოკრატე
არსებობს.

უცხოელი
და ამაზე რაღას ვიტყვით: არსებობს სხვა მეცნიერება, რომელიც მათ უკავშირდება და გვეუბნება, საჭიროა თუ არა მათი შესწავლა?

უმცროსი სოკრატე
ვიტყვით, რომ არსებობს.

უცხოელი
ვაღიარებთ, რომ ის სხვა [მეცნიერებათაგან] განსხვავებულია?

უმცროსი სოკრატე
კი.

უცხოელი
მათგან არც ერთი [მეცნიერება] არ უნდა მართავდეს მეორეს, [304c] ისინი უნდა მართავდნენ ამას, თუ ეს უნდა მფარველობდეს და მართავდეს ყველა სხვას?

უმცროსი სოკრატე
ეს [უნდა მართავდეს] სხვებს.

უცხოელი
მაშ, ფიქრობ, რომ ის [მეცნიერება], რომელიც ადგენს, საჭიროა თუ არა სხვა [მეცნიერებების] შესწავლა უნდა მართავდეს იმათ, რაც ისწავლება და რასაც ასწავლიან?

უმცროსი სოკრატე
რა თქმა უნდა.

უცხოელი
და ის [მეცნიერება, რომელიც წარმოაჩენს], საჭიროა თუ არა დარწმუნება [უნდა მართავდეს] იმას, რომელსაც შეუძლია დარწმუნება?

უმცროსი სოკრატე
აბა რა?

უცხოელი
დაე, იყოს ასე. რომელ მეცნიერებას მივაკუთვნებთ უმრავლესობისა და ბრბოს დარწმუნებას [304d] ამბების მოყოლით, და არა სწავლებით?

უმცროსი სოკრატე
ვფიქრობ, აშკარაა, რომ ის რიტორიკას უნდა მივაკუთვნოთ.

უცხოელი
და რომელი მეცნიერება განვსაზღვროთ იმისთვის, რომ დაადგინოს ვინმეს დარწმუნებაა საჭირო, ძალის გამოყენება თუ უმოქმედობა?

უმცროსი სოკრატე
ის, რომელიც დარწმუნებისა და საუბრის ხელოვნებას განაგებს.

უცხოელი
ვფიქრობ, სხვა არაფერი იქნება, თუ არა პოლიტიკოსის ძალა.

უმცროსი სოკრატე
მშვენივრად თქვი.

უცხოელი
როგორც ჩანს, რიტორიკა სწრაფად განცალკევდა პოლიტიკის ხელოვნებიდან, [304e] როგორც განსხვავებული სახე, რომელიც მას ემსახურება.

უმცროსი სოკრატე
კი.

უცხოელი
ასეთი ძალის შესახებ რა უნდა ვიფიქროთ?

უმცროსი სოკრატე რომელი [ძალის შესახებ]?

უცხოელი
რომელიც ადგენს, როგორ უნდა ვებრძოლოთ იმას, ვისთან ბრძოლაც გადავწყვიტეთ. მასაც აქვს კავშირი ხელოვნებასთან, თუ არა?

უმცროსი სოკრატე
როგორ ვიფიქრებთ, რომ ხელოვნებასთან კავშირი არა აქვს მაშინ, როცა მას მხედართმთავრობა და მთელი სამხედრო საქმე მიმართავს?

უცხოელი
და [ხელოვნებას], რომელმაც იცის და რჩევას იძლევა, ომია საჭირო თუ დაზავება, იმავედ ჩავთვლით თუ განსხვავებულად?

უმცროსი სოკრატე
ადრე ნათქვამს თუ გავითვალისწინებთ, განსხვავებულად უნდა ჩავთვალოთ. [305a]

უცხოელი
თუ ისევე ვიმსჯელებთ, როგორც ადრე, აღმოვაჩენთ, რომ ეს მართავს სხვას.

უმცროსი სოკრატე
ვთქვათ.

უცხოელი
სხვა რომელ ხელოვნებას დავასახელებთ ამ საოცარი და დიდი – საომარი ხელოვნების ბატონად, თუ არა ჭეშმარიტად სამეფო ხელოვნებას?

უმცროსი სოკრატე
არც ერთ სხვას.

უცხოელი
მაშასადამე, მხედართმთავრობის ცოდნას პოლიტიკის ხელოვნებად არ დავადგენთ, ვინაიდან მას ემსახურება.

უმცროსი სოკრატე
არ შეეფერება. [305b]

უცხოელი
მოდი, იმ მოსამართლეთა ძალაც განვიხილოთ, ვინც სწორად მართავს სასამართლოს.

უმცროსი სოკრატე
რა თქმა უნდა.

უცხოელი
რა შეუძლია ამ ძალას იმაზე მეტი, რომ ურთიერთვალდებულებების განსჯისას, კანონმდებელი მეფისგან მიიღოს კანონები და მათ საფუძველზე გადაწყვიტოს, რა არის სამართლიანი და რა – უსამართლო? ხოლო თავად მისი სიქველე იმაში გამოიხატება, რომ არც საჩუქრების, არც შიშის, არც თანაგრძნობის, [305c] არც მტრობის ან მეგობრობის გამო არ მოისურვებს კანონმდებლის მიერ დადგენილი წესრიგის დარღვევას, ურთიერთბრალდებების [მოსმენისას].

უმცროსი სოკრატე
სხვა არაფერი. თითქმის ისაა ამ ძალის საქმე, რაც თქვი.

უცხოელი
მაშ, აღმოვაჩინეთ, რომ მოსამართლეების ძალა მეფური კი არ არის, არამედ ამ უკანასკნელის მსახური და კანონების დამცველია.

უმცროსი სოკრატე
ასე ჩანს.

უცხოელი
უნდა გავიაზროთ, რომ მას შემდეგ, რაც განვიხილეთ ყველა მეცნიერება, არც ერთი არ აღმოჩნდა პოლიტიკის ხელოვნება. [305d] ჭეშმარიტად მეფობის ხელოვნება თავად კი არ უნდა მოქმედებდეს, არამედ უნდა მართავდეს სხვა [ხელოვნებებს], რომლებსაც მოქმედება შეუძლია. ვინაიდან იცის სახელმწიფოში მნიშვნელოვანი [საქმეების] წამოწყებისა და განხორციელებისთვის როდისაა ხელსაყრელი და არახელსაყრელი დრო, სხვებმა ის უნდა გააკეთონ, რასაც უბრძანებს.

უმცროსი სოკრატე
მართალია.

უცხოელი
ამიტომ, ის ხელოვნებები, რომლებსაც ახლახან შევეხეთ, არც ერთმანეთს მართავს და არც –
საკუთარ თავს. თითოეული მათგანი თავის საქმეს აკეთებს და მისი თავისებურებიდან გამომდინარე სამართლიანად ატარებს საკუთარ სახელს. [305e]

უმცროსი სოკრატე
ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს.

უცხოელი
მას კი, რომელიც ყველა [ხელოვნებას] მართავს, კანონებსა და სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ყველა [საკითხზე] ზრუნავს და ყველაფერს დიდი სიზუსტით აქსოვს ერთმანეთს, თუ მის ძალას ერთ სახელში მოვაქცევთ, როგორც ჩანს, ყველაზე სამართლიანი იქნება პოლიტიკის ხელოვნება ვუწოდოთ.

უმცროსი სოკრატე
აუცილებლად.

უცხოელი
ხომ არ მოვისურვებდით ახლა მის განხილვას ქსოვის ხელოვნების მაგალითზე, რადგან სახელმწიფოსთან დაკავშირებით მისი ყველა გვარი ჩვენთვის უკვე გაცხადდა?

უმცროსი სოკრატე
რა თქმა უნდა. [306a]

უცხოელი
მგონია, რომ სამეფო წნულზე უნდა ვილაპარაკოთ, როგორია, როგორ იწნება და რა ქსოვილს გვაძლევს.

უმცროსი სოკრატე
ცხადია.

უცხოელი
როგორც ჩანს, აუცილებელი გახდა რთული საკითხის გაცხადება.

უმცროსი სოკრატე
თუმცა აუცილებლად უნდა განიმარტოს.

უცხოელი
სიქველის ნაწილი სიქველის სხვა სახისაგან გარკვეულწილად განსხვავებულია, თუმცა ამ [მოსაზრებას] კამათის მოყვარულნი ადვილად შეეწინააღმდეგებიან უმრავლესობის თვალსაზრისის გათვალისწინებით.

უმცროსი სოკრატე
ვერ გავიგე.

უცხოელი
გაგიმეორებ. ვფიქრობ, რომ სიმამაცეს
[136]
[306b] სიქველის ერთ-ერთ ნაწილად თვლი.

უმცროსი სოკრატე
ასეა.

უცხოელი
კეთილგონიერებაც, რომელიც სიმამაცისგან განსხვავდება, იმავე [სიქველის] ერთ-ერთი ნაწილია.

უმცროსი სოკრატე
კი.

უცხოელი
მათთან დაკავშირებით უცნაური რამის თქმა უნდა გავბედოთ.

უმცროსი სოკრატე
რას გულისხმობ?

უცხოელი
იმას, რომ ისინი ბევრ რამეში გარკვეულწილად ერთმანეთს მტრობენ და ექიშპებიან.

უმცროსი სოკრატე
რას ამბობ?

უცხოელი
სრულიად უჩვეულო მოსაზრებაა, რადგან ამბობენ, რომ [306c] სიქველის ნაწილები ერთმანეთთან მეგობრობენ.

უმცროსი სოკრატე
კი.

უცხოელი
მაშ, ვნახოთ, უკეთ რომ დავაკვირდებით, ასე მარტივად არის საქმე თუ მონათესავეთა შორის რაღაც უთანხმოება მაინც არსებობს?

უმცროსი სოკრატე
კი, თქვი, როგორ დავაკვირდეთ.

უცხოელი
ყველაფერში უნდა მოვიძიოთ ის, რასაც მშვენიერს ვუწოდებთ და ორ ურთიერთსაპირისპირო სახედ დავადგინოთ.

უმცროსი სოკრატე
უფრო გასაგებად ილაპარაკე.

უცხოელი
არსებობს სხეულის, სულისა თუ ხმის სიმკვეთრე და სისწრაფე [306d], ისევე როგორც მათი
გამოსახულებები, რომლებსაც მუსიკა და მხატვრობა ბაძავს. რომელიმე მათგანი ან თავად არ შეგიქია, ან სხვათაგან არ გსმენია მათი ქება?

უმცროსი სოკრატე
როგორ არა?

უცხოელი
გახსოვს თითოეულ შემთხვევაში ამას როგორ აკეთებენ?

უმცროსი სოკრატე
საერთოდ არა.

უცხოელი
ნეტავ შევძლებდი, სიტყვებით მეჩვენებინა ის, რასაც ვფიქრობ? [306e]

უმცროსი სოკრატე
რატომაც არა?

უცხოელი
მგონი, ეს ძალიან მარტივი გგონია. მოდი, განვიხილოთ ურთიერთსაწინააღმდეგო გვარების შემთხვევაში. ხშირად, როდესაც მოგვწონს აზროვნების, სხეულისა თუ ხმის სისწრაფე, სიძლიერე თუ სიმკვირცხლე, მის საქებრად ვიყენებთ ერთ სიტყვას – სიმამაცეს.

უმცროსი სოკრატე
როგორ?

უცხოელი
პირველ [შემთხვევაში] ვამბობთ, რომ მკვეთრი და მამაცია, ან სწრაფი და მამაცი, ასევე – ძლიერი და მამაცი. და ყოველთვის, როცა ყველა დასახელებულ თვისებას საერთო სახელით მოვიხსენიებთ, მათ ვაქებთ.

უმცროსი სოკრატე
კი. [307a]

უცხოელი
განა რა? ხშირად, ბევრ სხვადასხვა შემთხვევაში, სიმშვიდის გამოვლინებასაც არ ვაქებთ?

უმცროსი სოკრატე
რა თქმა უნდა.

უცხოელი
იქნებ, მის შესახებ საუბრისას იმის საპირისპიროს ვაცხადებთ, რაც ადრე ითქვა?

უმცროსი სოკრატე
როგორ?

უცხოელი
ყოველთვის ვამბობთ, რომ მშვიდი და კეთილგონიერია, როცა საქმე აზროვნებას ეხება; ქმედებაზე [ვაცხადებთ], რომ ნელი და რბილია; ხმა ნაზი და ღრმაა, ხოლო რიტმული მოძრაობა და [307b] მუსიკა მთლიანობაში – შესაფერისად ნელი. და ამ ყველაფრისთვის ვიყენებთ არა სიმამაცის, არამედ სინაზის აღმნიშვნელ სახელს.

უმცროსი სოკრატე
ჭეშმარიტად.

უცხოელი
როდესაც ორიდან რომელიმე მათგანი ერთ დროს ხდება, დამოკიდებულებას ვცვლით და მათ საპირისპირო სიტყვებით ვკიცხავთ.

უმცროსი სოკრატე
როგორ?

უცხოელი
როდესაც რაიმე უფრო მკვეთრია, ვიდრე საჭიროა ან უფრო სწრაფი, ან უფრო უხეში, მას ძალადობრივსა და შეშლილს ვუწოდებთ, [307c] ხოლო როდესაც უფრო ნელი, მძიმე და რბილია, [ვამბობთ, რომ] მხდალი და დუნეა. და თითქმის ყოველთვის აღმოვაჩენთ, რომ კეთილგონიერი და მამაცი ბუნება ერთმანეთის საპირისპიროა, ომი და განხეთქილება აქვთ ერთიმეორესთან და არასოდეს შეერევიან ერთმანეთს თავიანთ ქმედებებში და კარგად თუ გამოვიკვლევთ, ვნახავთ, რომ ისინი, ვინც მათ სულში ატარებს, ერთმანეთისგან განსხვავებულნი არიან.

უმცროსი სოკრატე
რაში გულისხმობ [განსხვავებას]?

უცხოელი
ყველაფერში, რაც უკვე აღვნიშნეთ, და [307d] როგორც ჩანს, ბევრ სხვა რამეშიც. ვფიქრობ, ვისაც ისინი ენათესავებიან, მათ აქებენ როგორც საკუთარს და აძაგებენ მათგან განსხვავებულს, როგორც უცხოს და ბევრ [საკითხთან] დაკავშირებით ერთმანეთს დიდად ექიშპებიან.

უმცროსი სოკრატე
სავარაუდოდ.

უცხოელი
სახეებს შორის ასეთი დაპირისპირება ბავშვური [საქციელია], მაგრამ როდესაც უმნიშვნელოვანეს [საკითხებს] ეხება, მაშინ სახელმწიფოში ყველაზე ავ სნეულებად იქცევა.

უმცროსი სოკრატე
რას გულისხმობ? [307e]

უცხოელი
ყველაფერს, როგორც ჩანს, ცხოვრების მთელ მოწყობას. ის, ვინც წესრიგით გამოირჩევა, სულ მონდომებულია მშვიდი ცხოვრებით იცხოვროს, მხოლოდ თავისი [საქმე] აკეთოს. ასეთი ურთიერთობა აქვს ყველასთან, შინაც და გარეთაც. სხვა სახელმწიფოებთანაც მზად არის რაიმე გზით მშვიდობა დაამყაროს. ამ სიყვარულის გამო, რომელიც უფრო ნაკლებ დროულია, ვიდრე საჭიროა, როცა აკეთებენ იმას, რაც სურთ, ისინი შეუმჩნევლად ომის უუნარონი ხდებიან და ასეთებად აქცევენ თავიანთ ახლაგაზრდებსაც. მათ მუდამ თავს ესხმიან და არც ისე დიდი ხნის შემდეგ ისინი, მათი შვილები და მთელი [308a] სახელმწიფო, მათთვის შეუმჩნევლად მონად იქცევიან.

უმცროსი სოკრატე
მძიმე და საშინელ განსაცდელზე ამბობ.

უცხოელი
იმათზე რას იტყვი, ვინც მამაცობისკენ იხრება? მუდამ ომებისკენ ხომ არ უბიძგებენ თავიანთ სახელმწიფოებს და ასეთი ცხოვრების მიმართ საკმარისზე უფრო ძლიერი ლტოლვის გამო მტრად ხომ არ იკიდებენ ბევრ ძლიერ სახელმწიფოს, თავიანთ სამშობლოს მთლიანად ხომ არ ანადგურებენ, ან მტერს ხომ არ აპყრობინებენ და ამონებინებენ? [308b]

უმცროსი სოკრატე
ასეცაა.

უცხოელი
როგორ არ უნდა ვთქვათ, რომ ასეთ [შემთხვევებში] ამ ორივე გვარს ერთმანეთის მიმართ მუდამ დიდი მტრობა და განხეთქილება აქვს?

უმცროსი სოკრატე
სხვაგვარად ვერ ვიტყვით.

უცხოელი
ის არ აღმოვაჩინეთ, რასაც თავიდანვე ვეძებდით, რომ სიქველის არცთუ მცირე ნაწილები ბუნებით ერთმანეთისგან განსხვავდება და ერთმანეთისგან ასევე განსხვავდებიან ისინი, ვინც [ამ ნაწილებს] ფლობს?

უმცროსი სოკრატე
სავარაუდოდ.

უცხოელი
მაშ, ეს საკითხიც განვიხილოთ.

უმცროსი სოკრატე
რომელი? [308c]

უცხოელი
თუ რომელიმე შედგენილი მეცნიერება თავის ამა თუ იმ ნამუშევარს, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელოს, თავისივე სურვილით შეადგენს უსარგებლო და სასარგებლო [ნაწილებისგან], და ან თუ თითოეული მეცნიერება შეძლებისდაგვარად განაგდებს უსარგებლოს, რომელთაგან ზოგი მსგავსია და ზოგი – არამსგავსი, ამ ყველაფერს ერთად უყრის თავს და ქმნის ერთ ძალასა და იდეას?

უმცროსი სოკრატე
აბა რა?

უცხოელი
მაშ, ბუნებით ჭეშმარიტი პოლიტიკის ხელოვნებაც საკუთარი სურვილით არასოდეს შეადგენს სახელმწიფოს სასარგებლო და ცუდი ადამიანებისაგან, არამედ, ცხადია, თავდაპირველად ხუმრობით გამოცდის მათ, შემდგომ კი გადასცემს მათ, ვისაც შეუძლია აღზრდა და ამ საქმის სამსახური, ხოლო თავად უხელმძღვანელებს და ბრძანებებს გასცემს, ისევე როგორც ქსოვის
ხელოვნება ხელმძღვანელობს და უბრძანებს მჩეჩავებსა და ქსოვისთვის საჭირო [იარაღების] გამკეთებლებს. თითოეულ მათგანს [308e] მიუთითებს, რა უნდა გააკეთოს, მისი აზრით, ამა თუ იმ ქსოვილისთვის შესაფერისი.

უმცროსი სოკრატე
ზუსტად ასეა.

უცხოელი
ვფიქრობ, რომ მეფობის ხელოვნებას, რომელსაც თავად აქვს მეთვალყურეობის ძალა, იმ მასწავლებლებსა და აღმზრდელებს, რომლებიც კანონების შესაბამისად [მოქმედებენ], არ დართავს სწავლების ნებას, თუ [სწავლება] არ შექმნის იმ ხასიათს, რომელიც მის მიერ შექმნილ ნაზავს არ შეესაბამება. მხოლოდ ასეთი [რამეების] სწავლებას უბრძანებს. ამგვართა აღზრდის ბრძანებას მხოლოდ თავად გასცემს. ხოლო, ვინც ვერ ეზიარება მამაცის, კეთილგონიერისა და სხვა, სიქველისაკენ მიდრეკილ ხასიათს, არამედ [309a] ცუდი ბუნების გამო უღმერთობის, ძალადობისა და უსამართლობისაკენ იხრება, მას სიკვდილით დასჯის, გადაასახლებს ან სხვა უმძიმეს სასჯელს მიუსჯის.

უმცროსი სოკრატე
ამბობენ, რომ ასეა.

უცხოელი
მათ კი, ვინც უცოდინრობასა და დიდ სიმდაბლეში იძირება, მონური გვარის უღელში აბამს.

უმცროსი სოკრატე
ჭეშმარიტებაა.

უცხოელი
სხვათაგან კი, რომელთა ბუნებაც, საკმარისი აღზრდა თუ მიიღო, კეთილშობილი [309b] ხდება და ერთმანეთს შეერევა ხელოვნების მოთხოვნების შესაბამისად, მათი, ვინც უფრო მეტად იხრება მამაცობისკენ და მტკიცე ხასიათის გამო ისეთია, როგორც ქსოვაში ქსელი და მათი, ვინც მიდრეკილია წესრიგისკენ და კვლავ შედარებას რომ მივმართოთ, გამოიყენება როგორც სქელი და რბილი ძაფის მისაქსველი, ანუ ამ ურთიერთსაპირისპიროთა ერთმანეთთან დაკავშირებას ცდილობს ისე, რომ რაიმე სახით შეკრას და მოქსოვოს.

უმცროსი სოკრატე
როგორ? [309c]

უცხოელი
ნათესაობის მიხედვით თავდაპირველად სულის მარადიულ ნაწილს ღვთაებრივს უკავშირებს, ხოლო შემდეგ ცხოველურ ნაწილს – ადამიანურს.

უმცროსი სოკრატე
ეს როგორ თქვი?

უცხოელი
მშვენიერის, სამართლიანისა და კეთილის, ასევე მათ საპირისპიროთა შესახებ ჭეშმარიტი და დადასტურებულია შეხედულება, რომელიც სულში იბადება, ღვთაებრივში ღვთაებრივ გვარს წარმოშობს.

უმცროსი სოკრატე
ასე უნდა იყოს. [309d]

უცხოელი
ვიცით, რომ მხოლოდ პოლიტიკოსსა და კარგ კანონმდებელს შეუძლია ეს ჭეშმარიტი შეხედულება მეფობის ხელოვნების მუზის საშუალებით ჩამოუყალიბოს მათ, რომელთაც სწორად აქვთ მიღებული განათლება და რომელთა შესახებ ახლა ვლაპარაკობდით?

უმცროსი სოკრატე
ასე ჩანს.

უცხოელი
ვისაც ასეთი რამის გაკეთება არ შეუძლია, სოკრატე, მას არასოდეს ვუწოდებთ იმ სახელს
[137]
, რომელსაც ახლა ვიკვლევთ.

უმცროსი სოკრატე
სავსებით მართალია.

უცხოელი
მაშ რა? როცა მამაცი სული ასეთ ჭეშმარიტებას ფლობს [309e] უფრო თვინიერი არ ხდება და არ სურს, უფრო მეტად ეზიაროს სამართლიანს? და როცა არ ფლობს ამ [ჭეშმარიტებას], მაშინ უფრო მეტად არ გადაიხრება ცხოველური ბუნებისაკენ?

უმცროსი სოკრატე
როგორ არა?

უცხოელი
რას იტყვი მოწესრიგებული ბუნების შესახებ? ამ შეხედულებებს რომ გაითავისებს, ჭეშმარიტად კეთილგონიერი და მოაზროვნე არ გახდება სახელმწიფოებრივ საკითხებშიც? ხოლო თუ არ ეზიარა იმ [ცოდნას], რაზეც ახლა ვლაპარაკობთ, სავსებით დამსახურებულად სულელის სამარცხვინო სახელს არ მიიღებს?

უმცროსი სოკრატე
რა თქმა უნდა.

უცხოელი
არ უნდა ვთქვათ, რომ ეს ნაქსოვი და კავშირი ბოროტებს, ან კეთილებსა და ბოროტებს შორის ვერასოდეს იქნება მდგრადი და, რომ ვერანაირი მეცნიერება ვერ გამოიყენებს მათ სერიოზულად ამგვარი ადამიანების გასაერთიანებლად?

უმცროსი სოკრატე
ასე როგორ? [310a]

უცხოელი
ხელოვნების ეს წამალი მხოლოდ მათთვისაა, ვინც თავიდანვე კეთილშობილი ხასიათით დაიბადა და თავისი ბუნების შესაბამისად და კანონების თანახმად იზრდებოდა, და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის სიქველის შემადგენელი ნაწილების ყველაზე უფრო ღვთაებრივი კავშირი, რომელიც განსხვავებულებსა და ერთმანეთის საპირისპიროთ აერთიანებს.

უმცროსი სოკრატე
სავსებით მართალია.

უცხოელი
ვინაიდან არსებობს ეს ღვთაებრივი კავშირი, სხვა, ადამიანური კავშირების გააზრება და გააზრების შემდეგ, [მათი] განხორციელება არ არის რთული. [310b]

უმცროსი სოკრატე
როგორ და რომელ [კავშირებს გულისხმობ]?

უცხოელი
მათ, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფოში ქორწინებასა და ბავშვების შვილად აყვანას
[138]
ეხება და განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც ერთ სახელმწიფოში გათხოვებასა და ქორწინებებთანაა დაკავშირებული.
უმრავლესობა ხომ ბავშვების გაჩენისთვის არასწორად უკავშირდება [ერთმანეთს].

უმცროსი სოკრატე
როგორ?

უცხოელი
განა შეეცდება ვინმე გაკიცხოს ის, ვინც [ქორწინების დროს] სიმდიდრესა და ძალაუფლებას გამოეკიდება, თითქოს ეს მსჯელობად ღირდეს?

უმცროსი სოკრატე
საერთოდ არა.

უცხოელი
უფრო სამართლიანი იქნებოდა ეს გაგვეკეთებინა და გვესაუბრა იმათთან დაკავშირებით, ვინც თავის მოდგმაზე ზრუნავს, [310c] იქნებ რამეს სათანადოდ არ აკეთებს.

უმცროსი სოკრატე
როგორც ჩანს, ასეა.

უცხოელი
ისინი მართებული აზრებით კი არ მოქმედებენ, არამედ წამიერ სიმშვიდეს ეძლევიან, თავიანთ მსგავსთ სიამოვნებით იღებენ, განსხვავებულები კი არ უყვართ და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მათ მიმართ ამ უსიამოვნო გრძნობას.

უმცროსი სოკრატე
როგორ?

უცხოელი
ის ვინც მოწესრიგებულია, თავის მსგავს ხასიათს ეძებს და შეძლებისდაგვარად ასეთებზე ქორწინდება [310d], თავის [ქალიშვილებსაც] ასეთებს მიათხოვებს; ასევე იქცევა მამაცთა გვარიც, თავისნაირ ბუნებას ეძიებს, არადა ორივე გვარმა სწორედ ამის საპირისპირო უნდა გააკეთოს.

უმცროსი სოკრატე
როგორ და რატომ?

უცხოელი
იმიტომ რომ თანდაყოლილი სიმამაცე, რომელიც მრავალი თაობა კეთილგონიერებას არ შერევია. თავდაპირველად სიძლიერით ყვავის, ბოლოს კი სიშლეგედ იქცევა.

უმცროსი სოკრატე
ასეა.

უცხოელი
ხოლო მოკრძალებით მეტისმეტად სავსე სული, რომელიც არაა შერეული [310e] გამბედაობასა და მამაცობას და მრავალი თაობიდან თაობას ასე უცვლელად გადაეცემა, დროსთან ერთად დუნდება და საბოლოოდ სრულიად ხეიბარი ხდება.

უმცროსი სოკრატე
როგორც ჩანს, ასე ხდება.

უცხოელი
სწორედ ამ კავშირებზე ვთქვი, რომ არ არის რთული მათი დამყარება, თუ ორივე გვარს ერთი შეხედულება ექნება სიკეთესა და სილამაზეზე. სწორედ ესაა სამეფო ქსოვის ერთადერთი საქმე, რომ არ დაუშვას გონიერი ხასიათის მამაცისგან განცალკევებულად არსებობა, არამედ ერთმანეთში გადახლართოს ერთსულოვნებით, ღირსებებითა, უღირსობებით, შეხედულებებით, დაპირებების ურთიერთგაცვლით, რომ მათგან მოქსოვოს გლუვი, და როგორც ამბობენ, კარგად ნაქსოვი [311a] ქსოვილი, რათა ორივე [გვარი] ერთად დაუშვას სახელმწიფო მმართველობაში.

უმცროსი სოკრატე
როგორ?

უცხოელი
თუ ერთი მმართველია საჭირო, ისეთი ხელმძღვანელი უნდა იქნას არჩეული, რომ ეს ორივე [თვისება] ჰქონდეს, ხოლო თუ მრავალია ასარჩევი, მაშინ [ამ თვისებების მქონეთა] თანაბრად შერევაა საჭირო, რადგან კეთილგონიერი მმართველი მეტისმეტად ფრთხილი, სამართლიანი და წინდახედულია, ხოლო გამბედაობა, სიმკვეთრე და ქმედითუნარიანობა აკლია.

უმცროსი სოკრატე
როგორც ჩანს, ასეა. [311b]

უცხოელი
მამაცებს აკლიათ სამართლიანობა და სიფრთხილე, მაგრამ ისინი საქმეებში გამბედაობით გამოირჩევიან. საერთოდ სახელმწიფოში კერძო და სახელმწიფო [საქმეები] კარგად ვერ იქნება, თუ ეს ორივე [გვარი] არ იარსებებს.

უმცროსი სოკრატე
აბა რა.

უცხოელი
ვთქვათ, რომ ესაა პოლიტიკური საქმიანობის ქსოვილის დასასრული: მეფობის ხელოვნება პირდაპირი ქსოვით ერთმანეთს აქსოვს მამაცი და კეთილგონიერი ადამიანების ხასიათს, ერთსულოვნებითა და მეგობრობით ერთმანეთთან [311c] აკავშირებს მათ ცხოვრებას და ამგვარად ქმნის დიდებულ და საუკეთესო ქსოვილს, მთელ სახელმწიფოში ყველასათვის საზიაროს, როგორც მონების ისე თავისუფალი [ადამიანებისთვის]; შემოახვევს მათ ამ ქსოვილს და ისე მართავს და ხელმძღვანელობს, რომ არაფერი დააკლოს, რაც ბედნიერ სახელმწიფოს შეეფერება.

უმცროსი სოკრატე
უცხოელო, მშვენივრად წარმოგვიდგინე მეფეც და პოლიტიკოსიც.

ნახვა: 8

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters