მონადოლოგია - ლაიბნიცი

gottfried leibniz, gottfried wilhelm von leibniz, monadonology, philosophy, qwelly, გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი, გოტფრიდ ლაიბნიცი, ლაიბნიცი, მონადოლოგია, ფილოსოფია, ქველი

1. მონადა, რომლის შესახებ გვექნება აქ ბაასი, არის მარტივი სუბსტანცია, რომელიც შედის რთულს სუბსტანციებში: მარტივია ის, რასაც ნაწილები არ აქვს. (Théod., § 10).

2. უნდა არსებობდეს მარტივი სუბსტანციები, რადგანაც არსებობენ რთულები: ვინაიდან რთული არაფერია სხვა, თუ არა მარტივების გროვა ან გგრეგატი.

3. მაგრამ, სადაც არ არის ნაწილები, იქ არ არის არც განფენილობა (étendue), არც მოყვანილობა, და გაყოფაც იქ შეუძლებელია. ეს მონადები არიან ბუნების ნამდვილი ატომები, ერთი სიტყვით - საგნების ელემენტები.

4. აქ დაშლა სრულიად არ არის საშიში, და მიუწვდომელია ისეთი წესი, რომლითაც მარტივ სუბსტანციას შეეძლო დაღუპულიყო ბუნებრივად (§ 80).

5. იმავე საბუთის ძალით არ არსებობს ისეთი წესი, რომლითაც მარტივ სუბსტანციას შეეძლო დაწყებულიყო ბუნებრივად, ვინაიდან ის ვერ გაჩნდებოდა შედგენის (composition) საშუალებით.

6. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ მონადებისათვის შესაძლებელია გაჩენა და დაღუპვა მხოლოდ უცბად, ერთი დაკვრით (tout d'un coup), ე.ი. მონადებს შეეძლოთ ყოფნის დაწყება მხოლოდ შექმნის საშუალებით და ყოფნის შეწყვეტა მხოლოდ არარაობად ქცევის (annihilation) საშუალებით; ნაცვლად ამისა ის, რაც რთულია, იწყება და შეწყვეტს ყოფნას ნაწილ-ნაწილად.

7. არ არსებობს საშუალება, აგრეთვე იმის ასახსნელად, როგორ შეუძლია მონადას სხვა რომელიმე ქმნილების გავლენით გადასხვაფერდეს ან შეიცვალოს თავის შინაგან არსებაში, ვინაიდან მონადაში არაფერი არ გადაიტანება: არ განიაზრება მასში რაიმე შინაგანი მოძრაობაც, რომელიც შეიძლებოდა აღძრული, წარმართული, გადიდებული და შემცირებული ყოფილიყო შიგნით, როგორც შესაძლებელია ეს მოხდეს რთულს სუბსტანციებში, სადაც არის ცვლილება ნაწილთა შორის მიმართებაში. მონადებს სრულიად არ აქვს ფანჯრები, რომელთა საშუალებით რომელსამე საგანს შეუძლია შევიდეს იქ ან გავიდეს იქიდან. აკციდენციებს არ შეუძლიათ მოსწყდნენ სუბსტანციებს და ისეირნონ სუბსტანციებს გარეშე, როგორც ჩადიოდნენ ამას ოდესღაც (les especes sensibles). ამრიგად არც სუბსტანციას, არც აკციდენციას არ შეუძლიათ გარედან შემოვიდნენ მონადაში.

8. ამასობაში აუცილებელია, რომ მონადებს ჰქონდეთ რაიმე თვისებები. სხვანაირად ისინი არსებანიც კი არ იქნებოდნენ. თუ თავისი თვისებებით მარტივი სუბსტანციები არ იქნებოდნენ ერთმანეთისაგან განსხვავებული, არ იქნებოდა არავითარი საშუალება შეგვემჩნია რაიმე ცვლილება საგნებში, ვინაიდან იმას, რაც არის რთულში, შეუძლია გაჩნდეს მხოლოდ მარტივი შემადგენელი ნაწილებისაგან, თვისებებს (როგორობას) მოკლებული მონადები კი განუსხვავებელი იქნებოდნენ ერთმანეთისაგან, ვინაიდან ისინი მით უმეტეს არ იქნებოდნენ ერთმანეთისაგან რაოდენობის მიხედვით განსხვავებული. მაშასადამე, თუ დაშვებულია სავსე, თითოეული ადგილი მიიღებდა მოძრაობის დროს ყოველთვის იმის ექვივალენტს, რაც მას უწინ ჰქონდა, და საგანთა მდგომარეობანი იქნებოდნენ ერთმანეთისაგან განურჩეველნი (indiscernable).

9. აუცილებელია ისიც კი, რომ თვითეული მონადა იყოს მეორისაგან განსხვავებული, ვინაიდან ბუნებაში არასოდეს არ არის ორი არსება, რომელთა შორის ერთი სრულიად ისეთი იყოს, როგორც მეორე, და შეუძლებელი იყოს იქ შინაგანი განსხვავების ან შინაგან მნიშვნელზე დაფუძნებულ განსხვავების პოვნა.

10. მე დაშვებულად მიმაჩნია აგრეთვე ის, რომ ყოველი შექმნილი არსება, მაშასადამე შექმნილი მონადაც, ექვემდებარება (est sujet) ცვლილებას; და ისიც კი მიმაჩნია დაშვებულად, რომ ეს ცვლილება თვითეულ შექმნილ არსებაში არის უწყვეტი (continuel).

11. იქიდან, რაც სულ ეხლა ითქვა, გამომდინარეობს, რომ მონადების ბუნებრივი ცვლილებანი ჩნდებიან შინაგანი საწყისისაგან, ვინაიდან გარეგნული მიზეზი ვერ მოახდენდა გავლენას მონადის შიგნით.

12. მაგრამ აუცილებელია აგრეთვე, რომ ცვლილების საწყისის გარდა იყოს ცვალებადის კერძოობა (détail de qui change), რომელიც გამოიწვევდა მარტივ სუბსტანციებს, ასე ვთქვათ, სპეციფიკაციას ან სხვადასხვაობას.

13. ამ კერძოობამ უნდა მრავლობა ერთობაში ან მარტივში მოიცვას, ვინაიდან ზოგი რამ იცვლება და ზოგი რამ რჩება, რადგანაც ყოველი ბუნებრივი ცვლილება ხდება საფეხურებრივ (თან და თან, par dégrés) და, მაშასადამე, აუცილებელია, რომ მარტივს სუბსტანციაში იყოს მდგომარეობათა (affection) და მიმართებათა მრავლობა, თუმცა მას არ აქვს სრულიად ნაწილები.

14. ის წარმავალი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს და წარმოადგენს მრავლობას ერთობაში ან მარტივს სუბსტანციაში, არაფერია სხვა, თუ არა ის, რასაც უწოდებენ პერცეპციას (perception), რომელიც უნდა გარჩეულ იქნეს აპერცეპციისაგან (aperception) ან თანაცნობისაგან (conscience), როგორც ეს აღმოჩნდება შემდეგში. და სწორედ აქ იყო კარტეზიანელთა დიდი ნაკლი, ვინაიდან ისინი არარაობად სთვლიდნენ პერცეფციებს, რომლებიც არ შეიმჩნევიან. ეს იყო აგრეთვე ის მიზეზი, რომელმაც აფიქრებინა მათ, რომ მხოლოდ გონიერი სულები (esprits) არიან მონადები და არ არსებობენ სრულიად პირუტყვთა სულები (âmes) ან სხვა ენტელეხიები; ამის გამო აგრეთვე ვერ გაარჩიენ მათ, ბრბოს კვალად, ხანგრძლივი უგრძნობელობა (étourdissement) სიკვდილისაგან, ამ სიტყვის სასტიკი მნიშვნელობით. ამან კი ჩააგრდო ისინი სქოლასტიკურ შეცდომაში და წამოაყენებინა დებულება, რომ სხეულები სრულიად განცალკევებული არიან, და ხელი შეუწყო ცუდად მიმართულ აზროვნების პატრონებს განმტკიცებულიყვნენ იმ შეხედულებაში, თითქო სულები კვდებიან.

15. შინაგანი საწყისის ქმედებას, რომელიც იწვევს ცვლილებას ან ერთი პერცეპციიდან მეორეში გადასვლას, შეიძლება ეწოდოს სწრაფვა (appétition); მართალია, სწრაფვა ყოველთვის ვერ აღწევს მთელს იმ პერცეფციას სრულიად, რომლისკენაც მიმართულია. მაგრამ ის მაინც იღებს მისგან რამეს და აღწევს ახალს პერცეპციებს.

16. ჩვენ თვითონ განვიცდით ჩვენში სიმრავლეს მარტივ სუბსტანციაში, როდესაც ჩვენ ვპოულობთ, რომ უუმცირესი აზრი, რომლის შენიშვნაც კი შეგვიძლია, მოიცავს სხვადასხვაობას ობიექტში. ამრიგად ყველა, ვინც სცნობს, რომ სული არის მარტივი სუბსტანცია, ვალდებული არის სცნოს ეს სიმრავლე მონადაში, და ბ. ბეილს სრულიად არ უნდა დაენახა აქ სიძნელე, როგორც მოიქცა ის თავის ლექსიკონში Rorarius - სიტყვის განმარტებისას.

17. გარდა ამისა ვალდებული ვართ ვაღიაროთ, რომ პერცეპცია და ის, რაც მისგან არის დამოკიდებული, აუხსნელია მექანიკური საბუთებით, ე.ი. ფიგურებისა და მოძრაობის საშუალებით. და თუ ჩვენ წარმოვისახავთ ისეთ მანქანას, რომლის შენობა იწვევს აზროვნებას, გრძნობას, პერცეპციათა ქონებას, ჩვენ შეგვეძლო წარმოგვედგინა, რომ ეს მანქანა იმავე პროპორციის შენარჩუნებით გაედიდებიათ ისე, რომ შესაძლებელი გამხდარიყო შიგ შესვლა, როგორც წისქვილში. ეს რომ დაშვებული იქნეს, ჩვენ, როდესაც შევიდოდით ასეთს მანქანაში, ვიპოვნიდით შიგ მხოლოდ მანქანის ნაწილებს, რომლებიც ერთიმეორეს ბიძგს აძლევენ, და ვერასოდეს ვერ ვიპოვნიდით იმას, რითაც შეიძლებოდა პერცეპცია აგვეხსნა. ამრიგად პერცეპცია მარტივს სუბსტანციაში და არა რთულს სუბსტანციაში ან მანქანაში არის საძიებელი. მარტივ სუბსტანციაში კი შეიძლება ვიპოვოთ მხოლოდ ეს, ე.ი. პერცეპციები და მათი ცვლილებები. სწორედ ამაში მხოლოდ შეიძლება აგრეთვე შედგებოდეს მარტივი სუბსტანციების ყველა შინაგანი მოქმედებები.

18. შეიძლებოდა ყველა შექმნილ მარტივ სუბსტანციებისათვის ან შექმნილ მონადებისათვის მიგვეცა ენტელეხიების სახელი, ვინაიდან მათ აქვთ ერთგვარი სისრულე (ἔτοσσι τὸ ἐντελές), არის მათში რაღაც დამოუკიდებლობა (αὐταρκεία), რომელიც აქცევს მათ თავის შინაგან მოქმედებათა წყაროებად და, ასე ვსთქვათ, უსხეულო ავტომატებად.

19. თუ ჩვენ ვუწოდებთ სულის სახელს ყველაფერს, რასაც აქვს პერცეპციები და მისწრაფებები იმ ზოგადი მნიშვნელობით, რომელიც მე ეხლახან ავხსენი, მაშინ ყველა მარტივ სუბსტანციებს ან შექმნილ მონადებს შეეძლოთ სულის სახელწოდება მიეღოთ. მაგრამ, რამდენადაც გრძნობა არის რაღაც მეტი, ვიდრე უბრალო პერცეპცია, მე იმ შეხედულებისა ვარ, რომ მონადებისა და ენტელეხიების ზოგადი სახელი საკმარისია იმ მარტივ სუბსტანციებისათვის, რომელთაც მხოლოდ ეს უბრალო პერცეპცია ექნებათ, და რომ სული ეწოდოს მხოლოდ იმათ, რომელთა პერცეპციას მეტი გარკვეულობა (distincte) აქვს და თან მეხსიერება ახლავს.

20. ზოგჯერ ჩვენ განვიცდით საკუთარ თავში ისეთს მდგომარეობას, რომლის დროს ჩვენ არაფერი არ გვახსოვს და არ გვაქვს არავითარი გარკვეული პერცეპცია, როგორც ხდება ეს მაშინ, როდესაც ჩვენ გული წაგვივიდა (tombons en défaillance), ან როდესაც ჩვენ ღრმა და უსიზმრო ძილში ვიმყოფებით. ამ მდგომარეობაში სული სრულიად არ განირჩევა საგრძნობლად უბრალო მონადისაგან; მაგრამ, რადგანაც ასეთი მდგომარეობა არ არის სრულიად ხანგრძლივი და სულიც აღწევს მას თავს, ამიტომ სული არის რაღაც უფრო მეტი (ვიდრე უბრალო მონადა).

21. და სრულიად არ გამომდინარეობს აქედან, რომ მარტივი სუბსტანცია იყოს მოკლებული ყოველს პერცეპციას. ეს არც კი შეიძლება იყოს მოყვანილ საბუთების ძალით: მას ხომ არ შეუძლია მოისპოს, არსებობა კი მას არ შეუძლია გარეშე ამა თუ იმ მდგომარეობისა (affection), რომელიც სხვა არაფერია თუ არა მისი პერცეპცია; მაგრამ, როდესაც კაცს აქვს დიდი რიცხვი მცირე პერცეპციებისა, რომელთა შორის არც ერთი არ არის გარჩეული (distingué), მაშინ ის გაბრუებულია. მაგალითად, როდესაც ერთი და იგივე მიმართულებით მოვტრიალდებით შეუწყვეტლივ რამდენიმეჯერ ზედიზედ, ჩვენ თავბრუ გვესხმება, რასაც შეიძლება მოჰყვეს გულის წასვლა და რაც გვისპობს საშუალებას რაიმე გავარჩიოთ. სიკვდილს კი შეუძლია ასეთს მდგომარეობაში ჩააყენოს ცხოველები რამდენიმე ხნით.

22. და ვინაიდან მარტივი სუბსტანციის ოველი აწინდელი მდგომარეობა ბუნებრივად არის მისი უწინდელი მდგომარეობის შედეგი, ისე როგორც თავის მხრივ აწმყო მძიმეა მომავლით, -

23. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად გვქონდა პერცეპციები გონში მოსვლის წინ, რადგანაც გულის წასვლისაგან მობრუნებული ამჩნევს თავის პერცეპციებს; პერცეპციას შეეძლო ბუნებრივად გაჩენა მხოლოდ მეორე პერცეპციისაგან, ისე როგორც ერთს მოძრაობას შეუძლია ბუნებრივად გაჩნდეს მხოლოდ რომელიმე მოძრაობისაგან.

24. აქედან ნათელია, ჩვენ მუდამ გაბრუებულს მდგომარეობაში ვიქნებოდით, რომ ჩვენს პერცეპციათა შორის აღარ გვქონოდა რაიმე რჩეული, ჩინებული (distingué), აგრე რომ ითქვას აღმატებული (élevé) და უფრო მაღალი ხარისხის. ხოლო სრულიად უბრალო მონადების მდგომარეობა ასეთია.

25. ჩვენ ვხედავთ აგრეთვე, რომ ბუნებას ცხოველებისთვის აღმატებული პერცეპციები მიუნიჭებია იმით, რომ მას უზრუნვია აღეჭურვა ისინი ასოებით, რომლებიც აგროვებენ სინათლის მრავალ სხივებს ან ჰაერის მრავალ ტალღებს, რათა შეერთების საშუალებით აქციონ ესენი უფრო მეტი შედეგების მქონედ (efficace). არის რაღაც მსგავსი რამ (quelque chose d'approchant) ყნოსვაში, გემოვნებაში, შეხებაში და შეიძლება კიდევ მრავალს სხვა გრძნობაში, რომელიც ჩვენთვის უცნობია. და მე მალე ავხსნი, თუ როგორ წარმოადგენს ის, რაც სულში ხდება, იმას, რაც ასოებში ხდება.

26. მეხსიერება აძლევს სულებს თანამიმდევრობის (consécution) რაღაც სახეს, რომელიც ემსგავსება განსჯას (raison), მაგრამ უნდა იქნეს მისგან გარჩეული. სწორედ ამას ვხედავთ ჩვენ, როდესაც ცხოველები, თუ მათ აქვთ პეცეპცია რაიმე საგნისა, რომელიც მათ ეცემა (frappe) და რომლისაგანაც მათ ჰქონდათ მსგავსი პერცეპცია უწინ, მოელიან თავისი მეხსიერების წარმოდგენის მეოხებით იმას, რაც დაკავშირებული იყო ამ წინამორბედ პერცეპციასთან, და განწყობილი არიან (sont portés) ისეთი გრძნობებისაკენ, რომლებიც მათს მაშინდელ გრძნობებს ემსგავსებიან. მაგალითად: როდესაც ძაღლებს უჩვენებენ ჯოხს, მათ გაახსენდებათ ხოლმე ის ტკივილი, რომელიც ამ ჯოხს მიუყენებია მათთვის, და ისინი ყვირიან და გარბიან.

27. და ძლიერი წარმოდგენა (imagination), რომელიც მათ ეცემა და აღელვებს, გამოწვეულია წინამორბედ პერცეპციების ან სიდიდით, ან სიმრავლით. ვინაიდან ხშირად ძლიერი შთაბეჭდილება (impression) უცბად ჰქმნის ერთი ხანგრძლივი ჩვეულების ან საშუალო ძალის მრავალ განმეორებულ პერცეპციების ეფექტს.

28. ადამიანები მოქმედობენ, როგორც პირუტყვები, თუ მათი პერცეპციების თანმიმდევრობა მხოლოდ მეხსიერების პრინციპით ხდება, მსგავსად იმ ემპირიკოს ექიმებისა, რომლებსაც მიღებული აქვთ მარტო პრაქტიკა, უთეორიოდ; ჩვენც მხოლოდ ემპირიკოსები ვართ ჩვენი მოქმედებების სამს მეოთხედში. მაგალითად, როდესაც მოელიან, რომ ხვალინდელი დღეც გათენდება, იქცევიან ემპირიკოსთა მსგავსად, ვინაიდან ასე მომხდარა ყოველთვის აქამდისო. მხოლოდ ასტრონომი მსჯელობს გათენების შესახებ განსჯის საბუთის (raison) საშუალებით.

29. მაგრამ აუცილებელ და მარადიულ ჭეშმარიტებათა ცოდნა არის ის, რაც ჩვენ გვასხვავებს უბრალო ცხოველებისაგან და ჰქმნის იმას, რომ ჩვენ გვაქვს განსჯა (raison) და მეცნიერებანი; ეს ცოდნა გვამაღლებს ჩვენი საკუთარი თავისა და ღმერთის შემეცნებამდის. და ეს არის სწორედ ის, რასაც ეწოდება ჩვენი გონიერი (raisonnable) სული ან გონება (esprit).

30. აგრეთვე აუცილებელ ჭეშმარიტებათა ცოდნისა და მათ გამოყენებათა საშუალებით ვართ ჩვენ სწორედ აყვანილი იმ რეფლექსიურ აქტების სიმაღლემდის, რომლებიც შესაძლებლობას ჰქმნიან აზრი გვქონდეს იმის შესახებ, რასაც "მე" ეწოდება, და დავაკვირდეთ, როდესაც ჩვენ ვაზროვნობთ ჩვენს შესახებ, ჩვენ ვაზროვნობთ მაშინ შესახებ არსებისა, მარტივი თუ რთული სუბსტანციისა, არა-ნივთიერისა და თვით ღმერთისა, რადგანაც ჩვენ ვწვდებით, რომ ის, რაც ჩვენში ზღვარდებულია (borné), ღმერთში საზღვარს მოკლებულია, და ეს რეფლექსიური აქტები გვაწოდებენ ჩვენი სჯის (nos raisonnments) მთავარ საგნებს.

31. ჩვენი სჯები (raisonnments) ორ დიდ პრინციპზე არიან დაფუძნებული: წინააღმდეგობის (contradictiom) პრინციპზე, რომლის გამო ჩვენ შემცდარად იმას ვრაცხთ, რაც წინააღმდეგობას შეიცავს, და ჭეშმარიტად ის მიგვაჩნია, რაც ეპირდაპირება (opposé) ან ეწინააღმდეგება შეცდომას,

32. და საკმაო საბუთი (raison suffisante) პრინციპზე, რომლის ძალით ვამჩნევთ, რომ ვერც ერთი ფაქტი ვერ იქნებოდა ჭეშმარიტი ან ნამდვილი (existant), ვერც ერთი გამოთქმა ვერ იქნებოდა სწორი, რომ მათ არ ჰქონებოდა იმის საბუთი, თუ რატომ არის ეს ასე და არა სხვაგვარად, - თუმცა ძალიან ხშირად არც კი შეიძლება, რომ ეს საბუთები ჩვენთვის ცნობილნი იყვნენ.

33. არის აგრეთვე ჭეშმარიტებათა ორი გვარი: განსჯის ჭეშმარიტებანი (vérités de raisonnement) და ფაქტის ჭეშმარიტებანი (vérités de fait). განსჯის ჭეშმარიტებანი აუცილებელი არიან და მათი საწინააღმდეგო (opposé) შეუძლებელია; ხოლო ფაქტის ჭეშმარიტებანი შემთხვევითი (contingent) არიან და მათი საწინააღმდეგო შესაძლებელია. თუ ჭეშმარიტება აუცილებელია, შეიძლება მისი საბუთის მონახვა ანალიზის საშუალებით, როდესაც ჩვენ ვშლით მას უფრო მარტივ იდეებად და ჭეშმარიტებებად, სანამ არ მივაღწევთ პირველად ჭეშმარიტებასა და იდეებამდის.

34. სწორედ აგრე მათემატიკოსებს შორის თეორიის დებულებანი და პრაქტიკის წესები ანალიზის საშუალებით მიყვანილნი არიან განსაზღვრებებსა, აქსიომებსა და პოსტულატებთან.

35. არის დაბოლოს მარტივი იდეები, რომელთა განსაზღვრების მოცემა არ შეიძლება. არის აგრეთვე აქსიომები და პოსტულატები, ერთი სიტყვით, პირველადი პრინციპები, რომელთა დამტკიცება არ შეიძლება და არც არის ეს მათთვის საჭირო; ესენი არიან იგივეობითი წინადადებები, რომელთა მოპირდაპირე აშკარა წინააღმდეგობას შეიცავს.

36. მაგრამ საკმაო საბუთი უნდა იპოვნებოდეს შემთხვევითს ჭეშმარიტებებსა ან ფაქტის ჭეშმარიტებებში, ე.ი. ქმნილებათა სამყაროში გავრცელებულ საგანთა რიგში, სადაც კერძო საბუთების მიხედვით საკითხის გადაწყვეტას შეუძლია მიაღწიოს განუსაზღვრელ წვრილმანებამდის - იმ მიზეზის გამო, რომ ბუნების საგანთა სხვადასხვაობა უზომოა (immense) და სხეულები ნაწილდებიან უსაზღვროდ. არის უსაზღვრო რიცხვი ფიგურებისა და აწინდელ და წარსულ მოძრაობათა, რომელნიც შედიან ჩემი ეხლანდელი წერის მოქმედებაში, და არის უსაზღვრო რიცხვი ჩემი სულის აწინდელ და წარსულ მცირე მიდრეკილებათა და განწყობილებათა, რომელნიც შედიან ამ წერის მიზნობრივ მიზეზში.

37. და რადგანაც ყოველი ეს წვრილმანი შეიცავს მხოლოდ სხვა შემთხვევითს წინამორბედებს ან უფრო დაწვრილებულ მოვლენებს, რომელთა შორის თითოეულს ესაჭიროება კიდევ მსგავსი ანალიზი, რათა მისი საბუთი იქნეს აღმოჩენილი, - ჩვენ არ ვართ წინწაწეული, და აუცილებელია, რომ საკმაო ან უკანასკნელი საბუთი იმყოფებოდეს ამ წვრილ შემთხვევათა რიგისა და სერიების გარეშე, რაც უნდა გრძელი იყოს ეს რიგი.

38. და სწორედ ამიტომ საგანთა უკანასკნელი საბუთი უნდა იმყოფებოდეს აუცილებელს სუბსტანციაში, რომელშიდაც ცვლილებათა სიწვრილე შეიძლება იყოს მხოლოდ უკიდურესი, როგორც ცვლილებათა პირველს წყაროში; და სწორედ ამას ვუწოდებთ ჩვენს ღმერთს.

39. მაგრამ რადგანაც ეს სუბსტანცია არის საკმაო საბუთი მთელი ამ სხვადასხვაობისა, რომელიც აგრეთვე შეკავშირებულია ყოველგან, ამიტომ არის მხოლოდ ერთი ღმერთი და ეს ღმერთი კმარა.

40. შეიძლება აგრეთვე განვსაჯოთ, რომ ეს უზენაესი სუბსტანცია, რომელიც ერთი, საყოველთაო (universelle) და აუცილებელია, რომლის გარეშე არაფერია ისეთი, რაც მისგან დამოუკიდებელი იყოს და რომელიც შესაძლებელი არსების უბრალო შედეგია, უნდა იყოს საზღვრების ქონების უნარს მოკლებული და უნდა იმდენს რეალობას (სინამდვილეს) შეიცავდეს, რამდენიც კი შესაძლებელია.

41. აქედან გამომდინარეობს შემდეგი რამ: რადგანაც სირთულე არაფერია სხვა, თუ არა დადებითი სინამდვილის (რეალობის) სიდიდე ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით, ღმერთი არის აბსოლუტურად სრული, ვინაიდან ის თავისუფალია იმ საზღვრებისა და ფარგლებისაგან, რომლებიც აქვთ საგნებს. და, იქ, სადაც არ არის ფარგლები, ე.ი. ღმერთში, სისრულე აბსოლუტურად უსაზღვროა.

42. აქედან გამომდინარეობს აგრეთვე, რომ ქმნილებებს თავისი სისრულე აქვთ ღმერთის გავლენისაგან, მაგრამ თავისი უსრულობანი (ნაკლულოვანებანი) მათ აქვთ საკუთარი ბუნებისაგან, რომელსაც არ შეუძლია იყოს უსაზღვრო. ვინაიდან სწორედ ამით არიან ისინი ღმერთისაგან განსხვავებული. ქმნილებათა ეს ბუნებრივი უსრულობა მოჩანს სხეულთა ბუნებრივს ინერციაში.

43. ჭეშმარიტია აგრეთვე, რომ ღმერთი არის არა მხოლოდ წყარო არსებათა (existences), რამდენადაც ესენი ნამდვილად არიან რეალური, არამედ კიდევ წყარო არსთა (essences), ან ამისა, რაც შესაძლებლობაში არის რეალური. ეს იმიტომ არის, რომ გაგება, რომელიც აქვს ღმერთს, არის არე მარადიულ ჭეშმარიტებათა ან იმ იდეათა, რომელთაგანაც დამოკიდებული არიან მრავალი ჭეშმარიტებანი, და ღმერთის გარეშე შესაძლებლობებში არაფერი არ იქნებოდა ნამდვილი (რეალური), არამც თუ როგორც არსებული, არამედ როგორც შესაძლებელიც.

44. ვინაიდან, თუ არსთა ან შესაძლებლობათა ან მარადიულ ჭეშმარიტებათა შორის არის სინამდვილე, ფრიად აუცილებელია, რომ ეს სინამდვილე იყოს დაფუძნებული რაღაც არსებულსა ან აქტუალურში და, მაშასადამე, იმ აუცილებელი არსების (être) არსებობაში (existence), რომელშიაც არსი (essence) შეიცავს არსებობას (existence), ან რომელშიაც ნამდვილი (actuel) ყოფნისათვის საკმარისია შესაძლებელი ყოფნა.

45. ამრიგად მხოლოდ ღმერთს ან აუცილებელს არსებას აქვს ის უპირატესობა, რომ აუცილებელია, რათა ის არსებობდეს, თუ კი ის არის შესაძლებელი: და რადგანაც არაფერს არ შეუძლია დააბრკოლოს იმის შესაძლებლობა, რაც არ შეიცავს არავითარ საზღვრებს, არავითარს უარყოფას და, მაშასადამე, არავითარ წინააღმდეგობას, - მხოლოდ ეს არის საკმარისი. რათა ღმერთის არსებობა შევიცნოთ a priori: ჩვენ დავამტკიცეთ ეს უკვე მარადიულ ჭეშმარიტებათა სინამდვილითაც. მაგრამ ჩვენ ეხლა დავამტკიცეთ ეს აგრეთვე a posteriori იმით, რომ არსებობენ შემთხვევითი არსებანი, რომელთაც შეუძლიათ თავისი უკანასკნელი ან საკმაო საფუძველი ჰქონდეთ მხოლოდ აუცილებელს არსებაში, რომლის არსებობის საფუძველი თვითონ მასშია.

46. მაგრამ სრულიად არ უნდა ზოგიერთების კვალდაკვალ წარმოვიდგინოთ, რომ მარადიული ჭეშმარიტებანი, რაკი ისინი ღმერთისაგან არიან დამოკიდებული, თვითნებური (arbitraire) არიან და ღმერთის ნებისაგან არიან დამოკიდებული, როგორც ამას, ვგონებ, დეკარტი ფიქრობდა და შემდეგ ბ. პუარე. ეს მართალია მხოლოდ შემთხვევითი ჭეშმარიტებების შესახებ, რომელთა პრინციპია შესაფერისობა (convenance) ან უკეთესის არჩევა, იმ დროს როდესაც აუცილებელი ჭეშმარიტებანი დამოკიდებული არიან ღმერთის გონებისაგან (entendement) მხოლოდ და მისი შინაგანი საგანი არიან.

47. ამრიგად მხოლოდ ღმერთი არის პირველყოფილი (primitive) ერთობა და დასაწყისი მარტივი სუბსტანცია. მისი ნაყოფი არიან ყველა შექმნილი ან ნაწარმოები მონადები. რომელნიც მომენტიდან მომენტამდე იბადებიან ასე ვთქვათ ღვთაების განუწყვეტელ გაელვებათაგან და რომელნიც განსაზღვრული არიან ქმნილის მიმღეობით, ვინაიდან ქმნილის არსებითი ნიშანი განსაზღვრული იყოს.

48. ღმერთში თავსდება ძლიერება, რომელიც არის ყველაფრის წყარო, შემდეგ - ცოდნა, რომელიც შეიცავს იდეათა ყველა კერძო სახეებს (le détail) და ბოლოს - ნება, რომელიც ჰქმნის ცვლილებებს ან ნაყოფებს უკეთესის პრინციპის თანახმად. და ეს შეეფერება სწორედ იმას, რაც შექმნილ მონადებში არის ქვემდებარე ან საძირკველი, წარმოდგენის უნარი და მისწრაფების უნარი. ოღონდ ღმერთში ეს ატრიბუტი აბსოლუტურად უსაზღვროა ან სრულია, ხოლო შექმნილ მონადებში ან ენტელეხიებში ან perfectihabium- ებში (ასე თარგმნიდა ენტელეხია სიტყვას ერმოლოზ ბარბაროსი) ისინი ღვთაებრივი ატრიბუტების მხოლოდ მიბაძვაა იმ ზომით, რამდენიც არის მონადაში სისრულე.

49. ქმნილების შესახებ, რამდენადაც მას აქვს სისრულე, იტყვიან, რომ ის მოქმედობს (agir) სხვაზე, რამდენადაც კი ის უსრულოა, იტყვიან, რომ ის ვნებას განიცდის (pâtir) სხვისაგან. ამრიგად მონადას მიაწერენ მოქმედებას (action), რამდენადაც მას აქვს გარკვეული პერცეპციები, - და ვნებას (passion), რამდენადაც მას აქვს ბუნდოვანი (confuses) პერცეპციები.

50. და ერთი ქმნილება იმით არის მეორეზედ უფრო სრული, რომ მასში იპოვება ის, რაც გამოსაყენებია იმის a priori ასახსნელად, რაც მეორე ქმნილებაში ხდება, და სწორედ ამის გამო იტყვიან ხოლმე, რომ ის მოქმედობს მეორეზე.

51. მაგრამ მარტივ სუბსტანციათა შორის არის მხოლოდ იდეალური გავლენა ერთი სუბსტანციისა მეორეზე - გავლენა, რომელსაც შეუძლია თავისი შედეგი ჰქონდეს მხოლოდ ღმერთი ჩარევის მეოხებით, რამდენადაც ღმერთის იდეათა არეში ყოველი მონადა საბუთიანად მოითხოვს, რომ ღმერთს ისიც ყავდეს მხედველობაში მიღებული, როდესაც სხვა მონადებს აწესრიგებს საგანათა დასაბამიდან. მხოლოდ ამ საშუალებით შეიძლება ერთს მონადას ჰქონდეს დამოკიდებულება მეორესთან, რადგანაც შექმნილ მონადას არ შეუძლია ფიზიკური გავლენა ექნეს მეორე მონადის შინაგან ყოფაზე.

52. აქედან გამომდინარეობს, რომ ქმნილთა შორის მოქმედებანი და ვნებანი საურთიერთოა. ვინაიდან ღმერთი, როდესაც ის ადარებს ორ მარტივს სუბსტანციას, პოულობს თითოეულში საბუთებს, რომლებიც ავალებენ მას (l'obligent) შეაწყოს ერთტან მეორე, და, მაშასადამე, რაც ერთი თვალსაზრისით მოქმედია (აქტიურია), სხვა თვალსაზრისით არის ვნებიანი (პასსივური): მოქმედია იმდენად, რამდენადაც ის, რაც მასში გარკვეულად შეიცნობა, გამოიყენება იმის საბუთის მოსაპოვებლად, რაც მეორეში ხდება; ხოლო ვნებიანია (პასივურია) იმდენად, რამდენადაც იმის საბუთი, რაც მასში ხდება, იპოვება იმაში, რაც გარკვეულად შეიცნობა მეორეში.

53. ვინაიდან კი ღმერთის იდეებში არის უსაზღვრო რიცხვი შესაძლებელ მსოფლიოთა და ამათგან შეუძლია არსებობა მხოლოდ ერთს, საჭიროა, რომ ღმერთის არჩევანს ჰქონდეს საკმაო საბუთი, რომელიც ამოარჩევინებს მას უმალ ერთს მსოფლიოს, ვიდრე მეორეს.

54. და ეს საბუთი შესაძლებელია იმყოფებოდეს მხოლოდ შესაფერისობაში, სისრულის იმ ხარისხებში, რომლებსაც ეს მსოფლიონი შეიცავენ, რადგანაც თითოეულ შესაძლებელ მსოფლიოს აქვს იმდენი უფლება არსებობაზე, რამდენ სისრულესაც ის მოიცავს.

55. და სწორედ ეს არის მიზეზი უკეთესის არსებობისა; უკეთესს შეაცნობინებს ღმერთს სიბრძნე, აარჩევინებს მას მისი სიკეთე და წარმოაშობინებს მას მისი ძლიერება.

56. ყველა შექმნილ საგანთა ეს კავშირი ან შეწყობა თითოეულ საგანთან და თითოეული საგნის კავშირი ყველა დანარჩენებთან იწვევს იმას, რომ თითოეულ მარტივ სუბსტანციას აქვს მიმართებანი, რომელნიც ყველა დანარჩენ სუბსტანციებს გამოხატავენ, და ეს მარტივი სუბსტანციაც, მაშასადამე, არის მსოფლიოს მარადიული ცოცხალი სარკე.

57. და როგორც ერთი და იგივე ქალაქი, სხვადასხვა მხრიდან დანახული, მოჩანს სხვადასხვანაირად და თითქო პერსპექტიულად გამრავლებულად, სწორედ ასე, მარტივ სუბსტანციათა უბოლო რიცხვის გამო, თითქო ამდენივე სხვადასხვა მსოფლიოებისა, რომლებიც მაინც, თითოეული მონადის თვალთახედვის სხვადასხვაობის თანახმად, მხოლოდ ერთი მსოფლიოს პერსპექტივებია.

58. და ეს არის საშუალება იმდენი სხვადასხვაობის მიღებისათვის, რამდენიც კი შესაძლებელია, - ოღჴნდ უდიდესი წესრიგით, რომელიც შეიძლება, ე.ი. ეს არის საშუალება იმდენი სისრული მისაღებად, რამდენიც კი შესაძლოა.

59. ამრიგად, მხოლოდ ეს ჰიპოთეზა (რომლის შესახებ ვბედავ ვთქვა, რომ ის დამტკიცებულია) ცხად ჰყოფს, ისე როგორც საჭიროა, ღმერთის სიდიადეს. ეს სცნო სწორედ ბ. ბელმა, როდესაც მან თავის ლექსიკონში (Rorarius-სიტყვის განმარტება) გამოსთქვა ამის შესახებ შენიშვნები, სადაც ის იძულებული ხდება აღიაროს, რომ მე მივაწერ ღმერთს ძალიან ბევრს და იმაზე მეტს, რაც შესაძლებელია. მაგრამ ბ. ბელმა ვერ მოიყვანა ვერც ერთი საბუთი, თუ რატომ არის შეუძლებელი ეს მსოფლიო ჰარმონია, რომლის გამო ყოველი სუბსტანცია ზუსტად გამოხატავს ყველა დანარჩენებს იმ მიმართებათა საშუალებით, რომელნიც აქვს მას.

60. ამის გარდა, იმაში რაც მე ეხლა მოვიყვანე, ჩვენ ვხედავთ იმის აპრიორულს საბუთებს, თუ რატომ არ შეუძლიათ საგნებს სხვანაირად იყვნენ: არ შეუძლიათ იმიტომ, რომ ღმერთს, როდესაც ის აწესრიგებდა მთელს, მხედველობაში ყავდა მიღებული, თითოეული ნაწილი და განსაკუთრებით თითოეული მონადა, რომელსაც წარმოდგენითი (représentative) ბუნება აქვს და რომელსაც ვერაფერი ვერ დაუდებდა იმის ზღვარს, რომ მას საგანთა მხოლოდ ერთი ნაწილი წარმოედგინა, თუმცა, მართალია, ეს წარმოდგენა ბუნდოვანია მთელი მსოფლიოს წვრილმანების შესახებ და მას შეუძლია გარკვეული იყოს საგანთა მხოლოდ მცირე ნაწილის შესახებ, ე.ი. იმ საგანთა შესახებ, რომლებიც ან ყველაზედ უფრო ახლობელი არიან, ან ყველაზე უფრო დიდი არიან თითოეული მონადის მიმართ; წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეული მონადა იქნებოდა ღვთაებრივი. არა შემეცნების საგანში, არამედ საგნის შემეცნების სახეობაში (modification) არიან მონადები განსაზღვრული. ყველა მონადები მიმართული არიან უსაზღვროსაკენ, მაგრამ განსაზღვრული არიან და განსხვავდებიან ისინი გარკვეულ პერცეპციათა ხარისხებით.

61. რთული სუბსტანციებიც შეესატყვისებიან ამაში მარტივებს. რაგნაც ყველაფერი სავსეა (რაც მთელს ნივთიერებას შეკრულად აქცევს) და რადგანაც სავსეში ყოველი მოძრაობა გავლენას ახდენს დაშორებულ სხეულზე (იმისდა მიხედვით, თუ რა ზომაზე არიან ისინი დაშორებული, ასე რომ თითოეული სხეული განიცდის არა მხოლოდ იმ სხეულების გავლენას, რომლებიც მას უშუალოდ ეხებიან, აგრეთვე არა მხოლოდ იმას, რაც ამ სხეულებს შეემთხვევა ხოლმე, - არამედ ამ სხეულების საშუალებით ის განიცდის იმათაც, რომლებიც ეხებიან ამ უკანასკნელებს) - ამიტომ აუცილებელია, რომ ეს ურთიერთობა ვრცელდებოდეს ყოველს მანძილზე, როგორც არ უნდა იყოს ის. მაშასადამე, ყოველი სხეული განიცდის ყველაფერს, რაც კი მსოფლიოში ხდება. ამრიგად იმას, ვინც ყველაფერს ხედავს, შეეძლო თითოეულ სხეულში ამოეკითხა, თუ რა ხდება ყოველგან, და ისიც კი, თუ რა მომხდარა ან რა მოხდება, და შეემჩნია მის წინაშე მყოფში ის, რაც დაშორებულია როგორც დროში, ისე სივრცეში; σύμπνοια πάντα - იტყოდა ხოლმე ჰიპოკრატე. მაგრამ სულს შეუძლია საკუთარ თავში ამოიკითხოს მხოლოდ ის, რაც იქ გარკვეულად არის წარმოდგენილი; მას არ შეუძლია ერთი დაკვრით გაშალოს თავისი ნაკეცები, რადგან ესენი უსაზღვროში იკარგებიან.

62. ამრიგად, თუმცა თვითეული შექმნილი მონადა მთელს მსოფლიოს წარმოადგენს, მაგრამ უფრო გარკვეულად ის წარმოადგენს იმ სხეულს, რომელიც დაკავშირებულია მასთან განსაკუთრებულად და რომლის ენტელეხიაც არის ის; და რადგანაც ეს სხეული გამოხატავს მთელს მსოფლიოს, იმის გამო, რომ მთელი მატერია სავსეში შეკრულია, სულიც მთელს მსოფლიოს წარმოადგენს, რადგანაც ის წარმოადგენს სხეულს, რომელიც მასთან განსაკუთრებულად არის დაკავშირებული.

63. სხეული ეკუთვნის მონადა, რომელიც არის მისი ენტელეხია ან და მისი სული. ენტელეხიასთან ერთად სხეული შეადგენს იმას, რასაც შეიძლება ეწოდოს ცოცხალი არსება (vivant), ხოლო სულთან ერთად ის შეადგენს იმას, რასაც ეწოდება ცხოველი (animal). ცოცხალი არსების სხეული ან ცხოველის სხეული არის ყოველთვის ორგანული; მართლაც, რაკი ყოველი მონადა არის თავისებური სარკე მსოფლიოსი, მსოფლიო კი მოწესრიგებულია სრული წესით, ამიტომ აუცილებელია, რომ იყოს წესი წარმოდგენებშიც, ე.ი. სულის პერცეპციებში, და, მაშასადამე, სხეულშიც, რომლის თანახმად არის იქ მსოფლიოს წარმოდგენილი.

64. ამრიგად თითოეული ცოცხალი არსების ორგანული სხეული არის ღვთაებრივი მანქანის ან ბუნებრივი ავტომატის სახე, რომელიც ხელოვნურ ავტომატს სჯობს უსაზღვროდ, იმიტომ რომ ადამიანის ხელოვნებით გაკეთებული მანქანა არ არის მანქანა თითოეულ თავის ნაწილში: მაგალითად, ყვითელი სპილენძის ბორბლის კბილს არ აქვს ნაწილები, რომლებიც ჩვენთვის უკვე არ არიან რამე ხელოვნური და არაფერს ისეთს არ შეიცავენ, რაც მანქანის მაჩვენებელია იმ მოხმარების თავლსაზრისით, რომლისათვისაც დანიშნული იყო ბორბალი. მაგრამ ბუნების მანქანები ან ცოცხალი სხეულები მანქანა არიან თავის უსაზღვროდ მცირე ნაწილებშიც კი. სწორედ ეს ქმნის განსხვავებას ბუნებასა და ხელოვნებას შორის, ე.ი. ღვთაებრივ ხელოვნებასა და ჩვენს ხელოვნებას შორის.

65. ეს ღვთაებრივი და უსაზღვროდ სასწაულებრივი ხელოვნება ბუნების შემქმნელს იმიტომ შეეძლო მოევლინებია, რომ ნივთიერების თითოეული ნაკვეთი არამც თუ უსაზღვროდ განყოფადია (divisible), როგორც ამას ანტიკური მოაზროვნეებიც აღიარებენ, არამედ ის კიდევ აქტუალურადაც გაყოფილია უსაზღვროდ და ყოველი ნაწილი შეიცავს ახალ ნაწილებს, რომელთაგან თითოეულს აქვს საკუთარი მოძრაობა: სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა, რომ ნივთიერების ყოველს ნაკვეთს მსოფლიო გამოეხატა.

66. აქედან ჩანს, რომ ნივთიერების უმცირეს ნაწილში არის ქმნილებათა, ცოცხალ არსებათა, ცხოველთა, ენტელეხიათა და სულთა სამყარო.

67. ნივთიერების ყოველი ნაკვეთი შეიძლება იქნეს გაგებული, როგორც მცენარეებით სავსე ბაღი ან როგორც თევზებით სავსე ტბა. მაგრამ თითოეული შტო ამ მცენარისა, თითოეული ასო ამ ცხოველისა, თითოეული წვეთი ამ სითხისა არის ასეთივე ბაღი და ასეთივე ტბა.

68. და თუმცა ამ ბაღის მცენარეთა შორის მოქცეული მიწა და ჰაერი ან ამ ტბის თევზებს შორის მოქცეული წყალი არ არიან არც მცენარე და არც თევზი, ამგრამ ისინი მაინც შეიცავენ კიდევ ამათ, ოღონდ ძალიან ხშირად ჩვენთვის უკვე შეუმჩნეველი სიდიდის მქონეებს.

69. ამრიგად მსოფლიოში არაფერია დაუმუშავებელი (inculte), უნაყოფო, მკვდარი. არავითარი ქაოსი და არევ-დარევა აქ არ არსებობს, თუ არა მოჩვენებაში მხოლოდ. დაახლოებით ასე გვეჩვენება ჩვენ ტბა, რომელშიაც ჩვენ შორიდან შევნიშნავდით მხოლოდ გაურკვეველ მოძრაობას და თევზების, ასე ვთქვათ, გვრემას (grouillement), მაგრამ თვითონ თევზებს კი ვერ გავარჩევდით.

70. აქედან ჩანს, რომ თითოეულ ცოცხალ სხეულს აქვს უმფროსი (dominante) ენტელეხია, რომელიც ცხოველში არის სული: მაგრამ ამ ცოცხალი სხეულის ასოები ავსებულია სხვა ცოცხალი არსებებით, მცენარეებით, ცხოველებით, რომელთა შორის თვითეულს აქვს კიდევ თავისი ენტელეხია ან თავისი მბრძანებელი (მთავარი, უმფროსი, dominante) სული.

71. მაგრამ ზოგიერთების კვალად, რომლებმაც ცუდად გაიგეს ჩემი აზრი, სრულიად არ უნდა ვიფიქროთ, რომ თვითეულ სულს აქვს თავისი საკუთარი მასსა ან ნაკვეთი ნივთიერებისა, რომელიც სამუდამოდ მასთან იყოს დაკავშირებული, და რომ მას ყავს, მაშასადამე, დაბალი ხარისხის სხვა ცოცხალი არსებები, რომლებიც მისი სამუდამო მსახურებისათვის არიან დანიშნული. ვინაიდან ყველა სხეულები, მდინარეების მსგავსად, მარადიულს დინებაში იმყოფებიან და ნაწილები განუწყვეტლივ შედიან იქ და გადიან იქიდან.

72. ამრიგად, სული იცვლის ტანს მხოლოდ ცოტ-ცოტად და თანდათან, ისე, რომ არასოდეს არ კარგავს ის უცბად ყველა თავის ორგანოს; და ცხოველებში ხშირია მეტამორფოზა, მაგრამ არასოდეს არ ხდება მეტემფსიქოზი, და არც სულების გადასახლება (transmigration); არა უმეტეს არსებობენ სხეულისაგან სრულიად გამოყოფილი სულები და არც უსხეული გენიოსები (genies).

73. სწორედ ეს არის იმის საფუძველი, რომ არასოდეს არ ხდება არც სრული დაბადება და არც სრული სიკვდილი (ამ სიტყვების ზუსტი მნიშვნელობით), რომელიც სულის განცალკევებაში გამოიხატება. და ის, რასაც ჩვენ დაბადებას ვუწოდებთ, არის გაშლა- განვითარება (developpement) და გაზრდა-გადიდება (accroissement) და ის, რასაც ჩვენ სიკვდილს ვუწოდებთ, არის შეკვეცა და შემცირება.

74. ფილოსოფოსნი ძალიან დაბრკოლებულნი იყვნენ საკითხით ფორმათა, ენტელეხიათა და სულთა წარმოშობისათვის. მაგრამ დღეს, როდესაც მცენარეთა, მწერთა და ცხოველთა შესახებ წარმოებულ ზუსტ გამოკვლევათა საშუალებით შენიშნეს, რომ ბუნების ორგანული სხეულები არასოდეს არ ჩნდებიან ქაოსიდან ან მტვრად ქცეულთაგან (putréfaction), არამედ ჩნდებიან ყოველთვის თესლებიდან, რომლებშიც უეჭველად იყო რაღაც წინადასახულობა (préformation), - გადასწყვიტეს, რომ ჩასახვაზე არსებობდა არამც თუ ორგანული სხეული მხოლოდ, არამედ სულიც ამ სხეულში, ერთი სიტყვით - არსებობდა მთელი მცხოველი, და ჩასახვის საშუალებით ეს ცხოველი განწყობილი შეიქნა დიდი გარდაქმნისათვის (transformation), რათა სხვა სახის ცხოველად ქცეულიყო. მსგავსი რამ შესამჩნევია დაბადების გარეშედაც, მაგალითად, როდესაც ჭიები იქცევიან ბუზებად და მატლები პეპლებად.

75. ცხოველებს, რომელთა შორის ზოგიერთები იქცევიან ჩასახვის საშუალებით ძალიან დიდ ცხოველებად, შეიძლება ეწოდოს თესლოვანი (spermatiques). მაგრამ ამათ შორის ისინი, რომელნიც თავისი სახის ფარგლებში რჩებიან, ე.ი. უმრავლესობა, იბადებიან, მრავლდებიან და იღუპებიან, როგორც ემართება ეს დიდს ცხოველს, და მხოლოდ რჩეულთა მცირე რიცხვი გადადის უფრო დიდს სარბიელზე.

76. მაგრამ ეს იქნებოდა ჭეშმარიტების მხოლოდ ნახევარი. ამიტომ მე გადავწყვიტე: თუ ცხოველი არასოდეს არ იწყებს არსებობას ბუნებრივად, არაუმეტესად დაასრულებს ის არსებობას ბუნებრივად, და არ იქნება არამც თუ სრული დაბადება, არამედ სრული დაშლა (destruction) და სიკვდილიც, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით. და ეს a posteriori ნაწარმოები და ცდებისაგან ამოწვდილი მსჯელობები (raisonnements) სრულიად ეთანხმებიან ჩემს მთავარ დებულებებს, რომლებიც გამოყვანილი არიან a priori, როგორც ეს იყო ზემოთ.

77. ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ სული (დაუშლელი მსოფლიოს სარკე) კი არ არის დაუშლელი (indestuctible), არამედ დაუშლელია კიდევ თვით ცხოველიც, თუმცა ხშირად მისი მანქანა ნაწილ-ნაწილად იღუპება და სტოვებს ან იღებს ორგანულ ქერქებს.

78. ამ დებულებებმა მომცეს საშუალება ამეხსნა ბუნებრივად სულისა და ორგანული სხეულის ერთობა ან, უკეთ, თანხმობა. სული ექვემდებარება თავის საკუთარ კანონებს, აგრეთვე სხეულიც - თავის საკუთარს. და ისინი ეთანხმებიან ერთმანეთს იმ ჰარმონიის ძალით, რომელიც წინასწარ დაწესებულია ყველა სუბსტანციათა შორის, ვინაიდან ყველა ეს სუბსტანციები ერთი და იმავე მსოფლიოს წარმომადგენლები არიან.

79. სულები მოქმედობენ მიზეზთა (causes finales) კანონების თანახმად: მიდრეკილებათა, მიზანთა და საშუალებათა მეოხებით. სხეულები მოქმედობენ გამომწვევ მიზეზთა (causes efficientes) ან მოძრაობათა კანონების თანახმად: და ეს ორი სამთავრო (გამომწვევ მიზეზთა სამთავრო და საბოლოო მიზეზთა სამთავრო) ჰარმონიაში იმყოფებიან ურთიერთთან.

80. დეკარტმა სცნო, რომ სულებს სრულიად არ შეუძლიათ სხეულებისათვის ძალის მიცემა, რადგან ნივთიერებაში მუდამ ძალის ერთი და იგივე რაოდენობაა. ოღონდ მან იფიქრა, რომ სულს შეუძლია შესცვალოს სხეულთა მიმართულება. მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ დეკარტის დროს არ იცნობდნენ ბუნების იმ კანონს, რომელიც მოითხოვს მთლიანად იმავე მიმართულების დაცვასაც ნივთიერებაში. ეს რომ დეკარტს შეენიშნა, ის მიაგნებდა წინასწარ დეწესებული ჰარმონიის (harmonie préétablie) იმ სისტემას, რომელსაც მე ვაღიარებ.

81. ეს სისტემა ამყარებს, რომ სხეულები ისე მოქმედობენ, თითქო სულები სრულიადაც არ არსებულიყვნენ (რაც შეუძლებელია), და რომ სულები ისე მოქმედობენ, თითქო სხეულები სრულიად არ არსებულიყვნენ. ორთავენი კი ისე მოქმედობენ, თითქო ერთი გავლენას ახდენდეს მეორეზე.

82. რაც შეეხება გონებებს (esprits) ან გონიერ სულებს (âmes raisonnables), თუმცა, როგორც ეს ზევით ითქვა, მე ვფიქრობ, რომ არსებითად ერთი და იგივე ხდება ცოცხალ არსებებსა და ცხოველებში (სახელდობრ, ცოცხალი არსება და ცხოველი იწყებენ არსებობას მხოლოდ სამყაროსთან ერთად და არა უმალ აბოლოვებენ არსებობას, ვიდრე სამყარო) - მაგრამ გონიერ ცხოველებში არის მაინც ის თავისებურობა, რომ მათს სათესლე პატარა ცხოველებს, სანამ ისინი მხოლოდ ეს არიან, აქვთ მარტო ჩვეულებრივი ან მგრძნობელი (sensitives) სულები; ოღონდ, რა ჟამსაც, ასე ვთქვათ, რჩეულები მათ შორის აღწევენ ნამდვილი ჩასახვის საშუალებით ადამიანურ ბუნებას, მათი მგრძნობელი სულები მაღლდებიან გონების (raison) ხარისხამდის და გონიერ სულთა უპირატესობამდის.

83. სხვა განსხვავებათა შორის, რომელიც არის ჩვეულებრივ სულებსა და გონიერ სულებს შორის (ამ განსხვავებათა ნაწილი უკვე აღვნიშნე), იმყოფება კიდევ შემდეგი: სულები საზოგადოდ არიან ქმნილებათა სამყაროს ცოცხალი სარკეები ან ხატები, მაგრამ გონიერი სულები არიან გარდა ამისა, თვით ღვთაების, ე.ი. ბუნების შემოქმედის, ხატები და მათ აქვთ უნარი მსოფლიოს სისტემა შეიცნონ და ამ სისტემის რომელიმე საგანს მიბაძონს არქიტექტიკული ნიმუშებით, ვინაიდან თითოეული გონიერი სული თითქო ღვთაებაა თავის კუთხეში.

84. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ გონიერ სულებს მინიჭებული აქვთ უნარი საზოგადოების დამახასიათებელი ურთიერთობა ჰქონდეთ ღმერთთან, და ღმერთი არის მათ მიმართ არამც თუ მხოლოდ ის, რაც არის გემომგონებელი თავისი მანქანისათვის (და რაც არის იგივე ღმერთი დანარჩენ ქმნილებათა მიმართ), არამედ ღმერთი გონიერ სულთა მიმართ არის კიდევ ის, რაც არის მთავარი თავისი ქვეშევრდომთათვის და თვით მამა თავისი ბავშვებისათვის.

85. აქედან ადვილია იმ დასკვნის გამოყვანა, რომ ყველა გონიერ სხეულის კრებული უნდა შეადგენდეს ღმერთის სამთავროს (la cité de Dieu), ე.ი. უუსრულეს სახელმწიფოს, რომელიც კი შესაძლებელია უუსრულეს ხელმწიფის მმართველობის ქვეშ.

86. ღმერთის ეს სამთავრო, ეს ჭეშმარიტად მსოფლიო მონარქია, არის ზნეობრივი სამყარო ბუნებრივს სამყაროში; ღმერთის სხვა ქმნილებათა შორის ის არის ყველაზედ უზენაესი და ყველაზედ უფრო ღვთაებრივი, და სწორედ მასში შედგება ჭეშმარიტად ღმერთის დიდება (gloire), ვინაიდან უკანასკნელი არ იქნებოდა, რომ ღმერთის სიდიადე და სიკეთე არ ყოფილიყვნენ ცნობილი და უაღრესად მოწონებული გონიერ სულთა მიერ: სწორედ ამ ღვთაებრივ სამთავროს მიმართ აქვს ღმერთს სიკეთე, მისი სიბრძნე და ძლიერება კი ყოველგან იჩენენ თავს.

87. როგორც ზევით აღმოვაჩინეთ ჩვენ სრული ჰარმონია ორს ბუნებრივ სამეფოს შორის, გამომწვევ მიზეზთა სამეფოსა და საბოლოო მიზეზთა სამეფოს შორის, ისე აქაც უნდა აღვნიშნოთ მეორე ჰარმონია ბუნების ფუზიკურ სამეფოსა და მადლის (grâce) ზნეობრივ სამეფოს შორის, ე.ი. ღმერთსა, როგორც მსოფლიოს მანქანის აღმაშენებელსა, და ღმერთსა, როგორც გონიერ სულთა ღვთაებრივი სამთავროს ხელმწიფის შორის.

88. ამ ჰარმონიის ძალით, საგნებს მივყავართ მადლისაკენ თვითონ ბუნების გზებით, და ჩვენი ქვეყანა, მაგალითად, უნდა იქნეს დანგრეული და კვლავ აღდგენილი ბუნებრივი გზებით იმ მომენტებში, როდესაც ამას მოითხოვდეს იქნება გონიერ სულთა უზენაესი მმართველობა ზოგიერთების დასასჯელად და სხვების დასაჯილდოვებლად.

89. შეიძლება კიდევ ითქვას, რომ ღმერთი, როგორც აღმაშენებელი, ყველაფერში აკმაყოფილებს ღმერთს, როგორც კანონმდებელს; ამიტომ ბუნების წესისა და თვით საგანთა მექანიკური წყობის ძალით ცოდვები აუცილებლად ატარებენ თავის თავში საკუთარ სასჯელს, და ამნაირადვე, სხეულთა მიმართ მექანიკური გზებით იღებენ თავის ჯილდოს კეთილი საქციელნიც. თუმცა ეს არ შეიძლება და არც უნდა მაშინვე მოხდეს ყოველთვის.

90. დაბოლოს ამ სრული მმართველობის ქვეშ არ იქნება დაუჯილდოვებელი კეთილი საქციელი და დაუსჯელი ცუდი საქციელი, და ყველაფერი უნდა წარიმართოს კეთილთა სასიკეთოთ, ე.ი. იმათ სასიკეთოდ, რომლებიც ამ დიდ სახელმწიფოში სრულიად არ არიან უკმაყოფილონი, რომლებიც თავისი მოვალეობის შესრულების შემდეგ ანდობენ თავს განგებას (Providence), რომლებიც სიყვარულით ეკიდებიან და მიბაძავენ, როგორც ეს საჭიროა, ყოველივე სიკეთის შემქმნელს და ჭეშმარიტად წმინდა სიყვარულის ბუნების თანახმად, რომელიც მოითხოვს სიამოვნება ვინც გვიყვარს იმის ბედნიერებაში ვპოვოთ, სიხარულს განიცდიან მის სისრულეთა ცქერით. სწორედ ამის გამო მუშაობენ ბრძენი და სათნო პიროვნებანი ყველა იმაზე, რაც, საფიქრებელია, შეეფერება პრეზუმტივულს ან წინასწარს ღვთაებრივ ნებას, და კმაყოფილი არიან ამასობაში იმით, რასაც ღმერთი ნამდვილად (effectivement) მოავლენს თავისი საიდუმლო, თანამდევარი და გადამწყვეტი ნებით, რადგანაც ეს პიროვნებანი სცნობენ შემდეგ გარემოებას: რომ ჩვენ შეგვეძლოს მსოფლიო წყობის საკმაო გაგება, შევნიშნავდით, რომ ის აჭარბებს უუბრძენესთა ყველა სურვილებს და რომ შეუძლებელია მისი ქცევა იმაზე უკეთსად, ვიდრე არის ის, არამც თუ საზოგადოდ მთელის მიმართ, არამედ კერძოდ თვითონ ჩვენს მიმართაც, თუ ჩვენ როგორც საჭიროა ისე გვიყვარს ყოვლის შემოქმედი, ე.ი. გვიყვარს არა მხოლოდ როგორც ჩვენი არსების აღმაშენებელი და საწყისი მიზეზი, არამედ აგრეთვე როგორც ჩვენი უფალი და საბოლოო მიზანი, რომელიც უნდა ჩვენი ნების მთელს მიზანს შეადგენდეს და რომელსაც მხოლოდ შეუძლია ჩვენი ბედნიერება შეადგინოს.

თარგმნა ს. დანელია

ტეგები: Qwelly, გოტფრიდ_ლაიბნიცი, ლაიბნიცი, მონადონოლოგია, ფილოსოფია

ნახვა: 1300

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters