არისტოტელე - მეტაფიზიკა

წიგნი I

არისტოტელე, მეტაფიზიკა, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

თავი 1

      ბუნებით ყველა ადამიანი შემეცნებისკენ ისწრაფვის. ამას მოწმობს სიყვარული შეგრძნებებისადმი. ადამიანები ეტანებიან შეგრძნებებს და განსაკუთრებით მხედველობითს შეგრძნებას, მათგან გამომდინარე სარგებლობისაგან დამოუკიდებლად. სხვა შეგრძნებებთან შედარებით მხედველობას ვაძლევთ უპირატესობას არა მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე მოვიმოქმედოთ, არამედ მაშინაც, როდესაც არაფრის გაკეთებას არ ვაპირებთ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ის სხვა შეგრძნებებზე უფრო მეტ ცოდნას გვაძლევს და საგანთა მრავალ თვისებას ცხადყოფს[1].

      ცხოველებს აქვთ ბუნებრივად თანდაყოლილი შეგრძნების უნარი, საიდანაც ზოგს უჩნდება მეხსიერება, ზოგს კი არა. ამიტომ პირველნი უფრო მეტად გონიერნი და ცოდნის უკეთ შემთვისებელნი არიან, ვიდრე მეხსიერების უნარის არმქონენი. გონიერ არსებათ, რომელთაც სმენის შეგრძნება არა აქვთ, არც შესწავლის უნარი აქვთ. მაგალითად, ფუტკრებს და სხვა ამდაგვართ, თუკი ისინი არსებობენ. ხოლო ცოდნის ათვისების უნარი იმათ აქვთ, რომლებსაც მეხსიერების გარდა, სმენის უნარიც აქვთ.

      ყველა სხვა ცხოველი ფანტაზიებითა და მოგონებებით ცხოვრობს, გამოცდილებას კი მცირედ ზიარებულა. ადამიანთა მოდგმა[2] კი იყენებს, როგორც დახელოვნებას[3], ისე განსჯას. ადამიანებს გამოცდილება მეხსიერებიდან ექმნებათ, რადგან ერთსა და იმავე მოვლენაზე[4] მრავალ მოგონებას ერთი ცდის ძალა აქვს. როგორც ჩანს, ცდა თითქმის ეტოლება ცოდნასა და დახელოვნებას. ცოდნას და დახელოვნებას კი ადამიანები ცდის მეოხებით აღწევენ და როგორც პოლოსი[5] ამბობს, გამოცდილებამ დახელოვნება შეჰქმნა, გამოუცდელობამ კი შემთხვევა.

      დახელოვნება მაშინ წარმოიშვება, როდესაც ცდიდან მიღებულ მრავალ მითითებათაგან მსგავს მოვლენათა შესახებ ერთი ზოგადი შეხედულება გამოგვიმუშავდება. მაგალითად, თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ ამა და ამ დაავადებისას კალიასს[6], სოკრატეს და ასევე სხვა მრავალს ამა და ამ საშუალებამ უშველა, გამოცდილებაა, ხოლო თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ იგი შველის ყველა ამდაგვარ ავადმყოფობას, იქნება ის ანთება, ღვიძლის დაავადება თუ ციებ-ცხელება, - დახელოვნებაა. პრაქტიკული თვალსაზრისით კი, როგორც ჩანს, გამოცდილება დახელოვნებისაგან არაფრით არ განსხვავდება, პირიქით, გამოცდილნი უფრო მეტ წარმატებებსაც კი აღწევენ ხოლმე, ვიდრე გამოუცდელი თეორეტიკოსები. ამის მიზეზი კი ისაა, რომ გამოცდილება ერთეული ფაქტების ცოდნაა, დახელოვნება კი ზოგადისა. ყოველი მოქმედება და წარმოშობა კი ერთეულს ეხება. მაგალითად, ექიმი კურნავს არა ადამიანს[7], ან თუ კურნავს, კურნავს შემთხვევით, არამედ კალიასს, ან სოკრატეს, ან სხვა ვინმეს, რომელიც ამავე დროს ადამიანიც არის. ამიტომ თუ ვინმეს აქვს ცოდნა გამოცდილების გარეშე და იცის ზოგადი, მაგრამ ამ ზოგადში შემავალი ინდივიდები კი არ იცის, ის მკურნალობის დროს ხშირად შეცდება, რადგან განსაკურნავია ინდივიდი.

      მაგრამ ჩვენი აზრით, ცოდნა და გაგების უნარი უფრო მეტად დახელოვნებულს აქვს, ვიდრე გამოცდილს და დახელოვნებულთ, როგორც უფრო ბრძენთ, გამოცდილებზე მაღლა ვაყენებთ, რადგან ცოდნა ყველაზე მეტად სიბრძნეს ახლავს თან. ეს კი იმიტომ, რომ პირველთ მიზეზები იციან, მეორეებმა კი არა. ესე იგი გამოცდილთ იციან „რა?”, მაგრამ „რატომ?” არ იციან. დახელოვნებულებმა კი იციან „რატომ?” და მიზეზი. ამიტომ მშენებლობის ხელმძღვანელთ ხელოსნებთან შედარებით ყოველთვის უფრო პატივსაცემად და ბრძნად ვთვლით, რადგან მათ იციან რა მიზეზები იმისა, რაც კეთდება, უფრო მეტად მცოდნენი არიან. ხელოსნები კი, როგორც ზოგიერთი უსულო არსებები, მოქმედებენ, მაგრამ ისე, რომ არ იციან რას აკეთებენ, მაგალითად, როგორც ცეცხლი, რომელიც სწვავს. უსულო საგნები მოქმედებენ თავისი ბუნებისა და შესატყვისად, ხელოსნები კი - ჩვეულებით. ამრიგად, სიბრძნეს პრაქტიკა კი არ იძლევა, არამედ განსჯა და მიზეზების ცოდნა.

      საერთოდ, მცოდნის არმცოდნისაგან განმასხვავებელი ნიშანია სწავლების უნარი. დახელოვნებასაც გამოცდილებასთან შედარებით მეტ ცოდნად ვთვლით. რადგან პირველით შესაძლებელია ცოდნის გადაცემა, მეორეთი კი არა.

      გარდა ამისა, არც ერთი შეგრძნება არ მიგვაჩნია სიბრძნედ, რადგან ისინი თუმცა ინდივიდუალური მოვლენების შემეცნების უმთავრეს საშუალებს წარმოადგენენ, მაგრამ არას გვეუბნებიან მათს მიზეზებზე. მაგალითად, კითხვაზე იმის შესახებ, თუ რატომაა ცეცხლი ცეცხლი? არამედ გვეუბნებიან მხოლოდ იმას, რომ ცეცხლი ცეცხლია.

      მართლაც, აღმომჩენმა პირველი ნებისმიერი ხელოვნებისა, რომელიც სცილდებოდა საერთო შეგრძნებების ფარგლებს ადამიანების გაკვირვება გამოიწვია, არა მარტო იმიტომ, რომ მის რომელიმე აღმოჩენას სარგებლობა მოჰქონდა, არამედ როგორც ბრძენმა და სხვებისაგან განსხვავებულმა. აღმოჩენილ ხელოვნებათა ნაწილი აუცილებელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას ემსახურება, ნაწილი კი დროსტარებას.

      დროსტარებისათვის განკუთვნილი ხელოვნებანი, პირველთან შედარებით უფრო დიდ სიბრძნედ მიგვაჩნია. რადგან ის ცოდნა, რომელსაც ისინი შეიცავენ, სარგებლობას არ ემსახურება[8]. როდესაც ყველა ამდაგვარი ხელოვნება შეიქმნა, უპირველესად ყოვლისა, ისეთ ქვეყნებში[9], სადაც ადამიანებს თავისუფალი დრო ჰქონდათ, აღმოჩენილ იქნა ისეთი მეცნიერებანიც, რომელნიც არც სიამოვნებისა და არც აუცილებელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას არ ემსახურებოდნენ. ამიტომაც მათემატიკური მეცნიერებანი ყველაზე ადრე ეგვიპტეში ჩამოყალიბდა, სადაც ქურუმთა წოდებას ყველაზე მეტი თავისუფალი დრო ჰქონდა.

      “ეთიკაში”[10] ჩვენ უკვე ნათქვამი გვქონდა, თუ რა განსხვავებაა ხელოვნებასა და სხვა ანალოგიურ დარგებს შორის. მაგრამ მიზეზი იმისა, რის გამოც ჩვენ აქ მათ შესახებ ვმსჯელობთ, არის ის, რომ ეგრეთ წოდებული სიბრძნე, ყველას აზრით, პირველ მიზეზებსა და საწყისებს ეხება.

      ამრიგად, როგორც თავდაპირველად იყო ნათქვამი, ჩანს, რომ გამოცდილი ნებსმიერი შეგრძნების მქონეზე უფრო ბრძენია, დახელოვნებული - გამოცდილზე, მშენებლობის ხელმძღვანელი - ხელოსანზე, თეორეტიკოსი - პრაქტიკოსზე.

      ამრიგად, ცხადია, რომ სიბრძნე რაღაც საწყისებისა და მიზეზების ცოდნაა.

თავი 2

      რადგან მეცნიერებას ვეხებით, ამიტომ, ისიც უნდა განვიხილოთ, თუ რომელი საწყისებისა და მიზეზების ცოდნას წარმოადგენს სიბრძნე, რაც იმისათვის უფრო ჩქარა გახდება ნათელი, ვინც გამოიყენებს ჩვენს მიერ გამოთქმულ შეხედულებებს სიბრძნის შესახებ.

      ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბრძენია უპირველესად ყოვლისა, ის, ვინც იცის ყველაფერი, რამდენადაც ეს მისთვის მისაწვდომია, ისე რომ, არ იცის მასში შემავალი ერთეულები. შემდეგ, ბრძენია ის, ვინც იცის ძნელად მისაწვდომი რამ, ე.ი. რის შეცნობა ადამიანებისათვის ადვილი არაა (მაგალითად, შეგრძნება ყველასათვის საერთოა, რადგან ადვილია, მაგრამ ის არავითარი სიბრძნე არაა). შემდეგ ყველაზე ბრძენია ის, რომელსაც ყოველივეს მიზეზების შესახებ უზუსტესი ცოდნა[11] გააჩნია და ყველაზე უკეთ შეუძლია მათი სწავლება. მეცნიერებათა შორის კი ის მეცნიერება, რომელსაც უპირატესობას აძლევენ მისივე გულისთვის და შემეცნების მიზნით უფრო მეტად წარმოადგენს სიბრძნეს, ვიდრე ის, რომელსაც უპირატესობას აძლევენ მისგან გამომდინარე სარგებლობის გამო[12]. ასევე ხელმძღვანელი მეცნიერება უფრო მეტად არის სიბრძნე, ვიდრე დაქვემდებარებული, რადგან ბრძენს კი არ უნდა უბრძანებდნენ, არამედ ის უნდა მბრძანებლობდეს და ბრძენი კი არ უნდა მორჩილებდეს სხვებს, არამედ მას უნდა მორჩილებდნენ მასზე ნაკლებ ბრძენნი.

      ასეთი და ამდენგვარი შეხედულება გვაქვს ჩვენ სიბრძნისა და ბრძენთა შესახებ, რომელთაგან ყველაფრის ცოდნა სხვებზე უფრო მეტად აუცილებლად ზოგადის მცოდნეს გააჩნია, რადგან მან ასე თუ ისე იცის ყველა სუბსტრატი. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებისათვის ყველაზე უფრო ძნელია უზოგადესის შეცნობა[13], რადგან ის ყველაზე უფრო მეტადაა დაშორებული შეგრძნებებიდან. ხოლო უზუსტესია ცოდნა უპირველეს გვართა შესახებ, რადგან ცოდნა, რომელიც ნაკლები ნიშნების შემცველ გვარს ეხება, უფრო ზუსტია იმასთან შედარებით, რომელსაც დამატებითი ნიშნებიც აინტერესებს, როგორც არითმეტიკა გეომეტრიასთან შედარებით. ასევე უფრო მეტი ცოდნის მოცემა შეუძლია მეცნიერებას, რომელიც მიზეზებს სწავლობს, რადგან, საერთოდ, ასწავლიან ისინი, რომლებიც გარკეულ საგანთა მიზეზებზე მსჯელობენ. ცოდნა და შეცნობა იმ მეცნიერებათა თვითმიზანია, რომლებსაც ყველაზე მეტად შეცნობადი ობიექტი აქვთ, რადგან, ვისთვისაც თვით ცოდნის შეძენაა მიზანი, პირველ რიგში ირჩევს ყველაზე უკეთეს ცოდნას. ასეთი კი არის ცოდნა ყველაზე მეტად შეცნობადი ობიექტის შესახებ. ყველაზე მეტად შეცნობადი კი პირველი გვარები და მიზეზებია, რადგან მათი მეშვეობით და მათგან შეიცნობა ყველა დანარჩენი და არა პირიქით. მეცნიერებათა შორის უმაღლესი, და დაქვემდებარებულ მეცნიერებათა ყველაზე უკეთ წარმმართველია ის, რომელმაც იცის, თუ რა მიზნით ხდება ყოველივე. ეს კი თითოეული საგნის სიკეთეა და საერთოდ, საუკეთესოა მთელს ბუნებაში.

      ყოველივე ზემოთქმულის მიხედვით, საძიებელი მეცნიერების სახელი ხვდა იმავე მეცნიერებას, რომელიც პირველ საწყისებსა და მიზეზებს სწავლობს. ხოლო სიკეთეცა და მიზანიც ერთ-ერთი მიზეზთაგანია.

      რომ ეს მეცნიერება არ არის პრაქტიკული ხასიათის, ამას ცხადყოფს იმათი მოძღვრება, რომლებმაც პირველად დაიწყეს ფილოსოფოსობა. ადამიანები კი, როგორც თავდაპირველად, ისე ახლაც გაკვირვების შედეგად იწყებენ ფილოსოფოსობას. დასაწყისში მათ აკვირვებდათ უშუალო დაბრკოლებები. შემდეგ თანდათანობით უფრო შორს მიდიოდნენ და უფრო მნიშვნელოვან პრობლემებს აყენებდნენ. მაგალითად, პრობლემას მთვარეზე, მზეზე, ვარსკვლავებზე მიმდინარე პროცესებისა და ყოველივეს წარმოშობის მიზეზების შესახებ. ხოლო ვინც გრძნობდა სიძნელეებს და უკვირდა, იმან ისიც იცოდა, რაც არ იცოდა. ამიტომაც, ვისაც მითები უყვარდა, ასე თუ ისე ფილოსოფოსიც იყო, რადგან მითები საკვირველი მოვლენებიდან წარმოიშობა. ამრიგად, ფილოსოფოსობა დაიწყეს უცოდინარობის თავიდან აცილების გამო და ცხადია, რომ ცოდნას ეტანებოდნენ შემეცნების და არა რაიმე სარგებლობის მიზნით. ამას ადასტურებენ ფაქტები. ჩემი აზრით, როცა მოპოვებული იყო ყოველივე აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის, თვით ცხოვრების შემსუბუქებისა და დროსტარებისათვის, მაშინ იწყებოდა ასეთი ცოდნის ძიება. ცხადია, რომ მას არ ეძებდნენ რაიმე სხვა სარგებლობის მიზნით. როგორც თავისუფალს ვუწოდებთ იმ ადამიანს, რომელიც არსებობს თავის თავითვის და არა სხვისთვის, ასევე ცოდნათა შორის ერთადერთ თავსუფალ ცოდნად ვთვლით მხოლოდ იმას, რომელიც არსებობს თავისთვის. ამიტომაც ითვლება მისი მოპოვება არაადამიანურ საქმედ. ადამიანები კი მეტწილად მონური ბუნებისანი არიან. და როგორც სიმონიდე ამბობს: „მხოლოდ ღმერთს აქვს ეს უპირატესობა” . ადამიანი ღირსიც კი არაა იმისა, რომ ეძებდეს თავის თავად ცოდნას. თუ პოეტები მართალს ამბობენ, და ღვთაებაც შურიანია, ეს დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ ყველაზე უკეთესნი ყველზე უბედურნი არიან. მაგრამ ღვთაება არ შეიძლება შურიანი იყოს და როგორც ანდაზა ამბობს: „პოეტები[14] ხშირად ცრუობენ” . არც სხვა რაიმე უნდა მივიჩნიოთ ღვთაებაზე უფრო მეტად პატივისცემის ღირსად, რადგან ყველაზე ღვთაებრივი ყველაზე უფრო პატივსაცემია. ასეთი კი ორი მოსაზრების გამო ერთი რამ არის: რაც ყველაზე უფრო მეტად ღთაებას ეკუთვნის, ასეთი კი არის ღვთაებრივი მეცნიერება და მეორე, რომელსაც ღვთაებრივი ობიექტი აქვს. ორივე ეს თვალსაზრისი ამ ცოდნას უდგება. რადგან ჩვენი აზრით, ღმერთია ყოველივეს მიზეზი და რაღაც საწყისი, ამიტომ ეს მეცნიერება ან მხოლოდ ღმერთს, ან ყველაზე უფრო მეტად ღმერთს შეიძლება ჰქონდეს. ყველა სხვა ნეცნიერებანი კი შეიძლება მასზე უფრო აუცილებელი იყვნენ, მაგრამ მასზე უკეთესი კი არც ერთი არ შეიძლება იყოს.

      მაგრამ ეს ერთგვარ წინააღმდეგობაში გვაგდებს თავდაპირველ დაშებასთან, რადგან, როგორცა ვთქვით, ყველა გაკვირვებით იწყებს. როგორც მაგალითად, ადამიანები, რომლებმაც არ იციან მოვლენათა მოძრაობის, ან მზის ბრუნვისა და კვადრატის დიაგონალის არათანაზომიერების მიზეზი. ამრიგად, როგორც ჩანს, გაკვირვებას იწვევდა ყოველივე ის, რის მიზეზიც უცნობი იყო, ანდა რაც ვერ იზომებოდა უმცირესი საზომით.

      როგორც ანდაზაშია ნათქვამი, ყოველივე უნდა დამთავრდეს საწინააღმდეგო და უკეთესი შედეგებით. ასევე ხდება შემეცნების შემთხვევაშიც. მაგალითად, გეომეტრს ისე არაფერი არ გააკვირვებს, როგორც კვადრატის დიაგონალის თანაზომიერება კვადრატისავე გვერდებთან.

      ამრიგად, აქ მსჯელობა ეხებოდა იმას, თუ როგორია საძიებელი მეცნიერების ბუნება და მიზანი, რომელმაც უნდა განსაზღვროს მთელი ჩვენი კვლევა-ძიების მიმართულება.

თავი 3

      ამრიგად, ნათელია, რომ თავდაპირველად მიზეზები უნდა იქნას შესწავლილი. რადგან მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიცით თითოეული საგანი, როდესაც ვფქრობთ, რომ მისი პირველი მიზეზი შევიცანით. მიზეზი კი ოთხგვარია. პირველი მიზეზი ეწოდება საგანს, ან მის არსებას, რადგან ყოველი საგნის მიზეზი ლოგიკურად უკიდურესია[15]. მიზეზი და საწყისი პირველია, რის გამოც არსებობს მოვლენა. მისი მეორე მნიშვნელობაა: მატერია და სუბსტრატი, მესამე - მოძრაობის საწყისი. მეოთხე - ამ უკანასკნელის საწინააღმდეგო - მიზანი ანუ სიკეთე, რაც ყოველივეს წარმოშობისა და მოძრაობის მიზანია, ამის შესახებ ჩვენ საკმარისად ვიმსჯელეთ წიგნებში „ბუნების შესახებ” . მაგრამ გვინდა გავითვალისწინოთ წინამორბედთა შეხედულებებიც, რომლებიც არსებულს იკვლევენ და ჭეშმარიტების შესახებ ფილოსოფოსობდნენ, რადგან, ცხადია, რომ ისინიც რაღაც საწყისებისა და მიზეზების შესახებ მსჯელობდნენ. ამის განხილვა კი ერთგვარად სასარგებლო იქნება კვლევის ჩვენი მეთოდისათვის, რადგან ან რაღაც ახალი სახის მიზეზებს აღმოგვაჩენინებს, ანდა ახლახან დასახელებულთა არსებობაში უფრო მეტად დაგვარწმუნებს.

      პირველ ფილოსოფოსთა უმრავლესობას ყოველივეს ერთადერთ საწყისად მატერიის სხვადასხვა სახეობა მიაჩნდა, რისგანაც შედგება, მათი აზრით, თავიდანვე წარმოიშობა და რაზედაც დაიშლება საბოლოოდ ყოველი არსებული. მათ ის მიაჩნდათ არსებულის პირველ ელემენტად და საწყისად, რასაც არსება უცვლელი და თვისებები კი ცვალებადი აქვს. ამიტომაც ფიქრობდნენ ისინი, რომ რაიმე არც წარმოიშობა და არც იღუპება, არამედ მუდამ ერთსა და იმავე ბუნებას ინარჩუნებს. როგორც, მაგალითად, სოკრატეს შესახებ არ ვამბობთ, რომ ის წამოიშობა, როცა ლამაზდება, ანდა მცოდნე ხდება. და არც იმას ვამბობთ, რომ ის კვდება, როდესაც ამ თვისებებს კარგავს, რადგან სოკრატე როგორც სუბსტრატი, იგივე რჩება ასევეა ყველა სხვა შემთხვევაშიც, რადგან არსებობს ან ერთი, ან მეტი რაღაც საწყისი ბუნება, საიდანაც წარმოიშობა ყოველივე ამ საწყისის შეუცვლელად. ამ საწყისის რაოდენობისა და სახის შესახებ ყველა ერთი აზრის არაა. მაგალითად, ასეთი ფილოსოფიის ფუძემდებელი თალესი საწყისად წყალს ასახელებდა, ამიტომაც ამტკიცებდა, რომ დედამიწა წყალზე ცურავსო. ასეთ შეხედულებამდე, შესაძლებელია, ის იმიტომ მივიდა, რომ ხედავდა, რომ ყოველი საკვები სინოტივეს შეიცავდა, და თვით სითბოც კი მისგან იყო წარმოშობილი და მისთვის არსებობდა. ხოლო ის, რისგანაც ყოველივე წარმოიშობა, საწყისია. ის ამ შეხედულებამდე მივიდა, როგორც ზემოთქმულიდან, ისე იქიდან, რომ ხედავდა, რომ ყოველგვარ თესლს ნოტიო ბუნება ჰქონდა, ხოლო სინოტივის საწყისი კი წყალია.

      ზოგიერთის აზრით, ბუნების შესახებ ასეთივე შეხედულება ჰქონდათ იმათ, რომლებიც ცხოვრობდნენ ჩვენზე ბევრად ადრე და რომლებმაც პირველებმა მოჰკიდეს ხელი თეოლოგიას, მათ ოკეანე[16] და ტეთიდა[17] აქციეს წარმოშობის მამად, ხოლო წყალი, რომელსაც პოეტები სტიქს[18] უწოდებენ - ღმერთების ფიცად. რადგან ყველაზე პატივსაცემი, ყველაზე უფროსია, ამიტომ ფიცი ყველაზე პატივსაცემი უნდა იყოს. არის თუ არა ბუნების შესახებ ეს შეხედულება პირველი და უძველესი, შეიძლება, არ იყოს ცხადი, ის კი ცხადია, რომ პირველი მიზეზის შესახებ თალესი ასე მსჯელობდა. ჰიპონს[19] კი არავინ არ ჩათვლის მათს გვერდით დაყენების ღირსად მისი შეხედულებების უმნიშვნელობის გამო.

      ანაქსიმენე და დიოგენე კი ჰაერს თვლიდნენ წყალზე უადრეს და მარტივ სხეულთა შორის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საწყისად.

      ჰიფასოს მეტაპონტელი და ჰერაკლიტე ეთესელი საწყისად თვლიდნენ ცეცხლს, ემპედოკლე - ოთხ ელემენტს, უმატებდა რა ზემოჩამოთვლილ ელემენტებს მეოთხეს, - მიწას. მისი აზრით, ეს ელემენტები მუდმივად არსებობენ, და არ წარმოიქმნებიან, არამედ მიმატებითა და დაკლებით ხან ერთდებიან და ხან იშლებიან. ანაქსაგორა კლაძომენელი კი, რომელიც მასზე უფროსი იყო, მაგრამ მასზე გვიან გამოვიდა სამოღვაწეო ასპარეზზე, ამბობდა, რომ საწყისები უსაზღვროდ ბევრი არიანო. თითქმის ყველა ერთნაირი ელემენტებისაგან შემდგარი ნივთიერებანი, როგორიცაა წყალი, ან ცეცხლი, ამბობდა ის, წარმოიშობიან და ისპობიან შეერთებითა და დაშლით. სხვანაირად ისინი არც წარმოიშობიან და არც ისპობიან, არამედ მარადიულად არსებობენო. აქედან გამომდინარენი, ერთადერთ მიზეზად მატერიის რაღაც სახეობას ასახელებდნენ. მაგრამ მიიწევდნენ რა წინ, თვით საქმე უჩვენებდა გზას და აიძულებდა კვლევას.

      დავუშვათ, რომ ყოველი წარმოშობა და მოსპობა ყოველთვის ერთი ან მრავალი საწყისიდან წარმოებს. მაგრამ რატომ ხდება ეს ასე და რაა ამის მიზეზი? სუბსტრატი ხომ თავის თავს თვითონ ვერ შეცვლის? მე შემდეგს ვგულისხმობ: არც ხე და არც სპილენძი არ არის თავის თავის ცვალებადობის მიზეზი, რადგან არც ხე აკეთებს საწოლს და არც სპილენძი ქანდაკებას, არამედ რაღაც სხვაა ამ ცვალებადობის მიზეზი. მისი მოძებნა კი სხვა საწყისის მოძებნას მოითხოვს, რაც მოძრაობის საწყისია. ისინი, რომლებიც თავიდანვე კვლევის ამ გზას მიჰყვებოდნენ და ამბობდნენ, რომ სუბსტრატი ერთიანიაო, არავითარ დაბრკოლებებს არ ხვდებოდნენ. მაგრამ ერთი საწყისის მომხრეთაგან ზოგი კვლევა-ძიებით გატაცების შედეგად აცხადებდა, რომ ერთი[20] მთელი თავისი ბუნებით უძრავიაო და არა მარტო წარმოშობისა და მოსპობის თვალსაზრისით (ამ ძველისძველ შეხედულებას ყველა იზიარებდა), არამედ ყოველგვარი ცვალებადობის თვალსაზრისითაც, რაშიც მდგომარეობს მათი თვალსაზრისის თავისებურება. იმათგან, რომლებიც სამყაროს ერთად თვლიდნენ, პარმენიდეს გარდა, ვერავინ ვერ შეძლო ამ მიზეზის დანახვა. იმანაც იმდენად, რამდენადაც როგორღაც უშვებდა არა მხოლოდ ერთ, არამედ ორ მიზეზს. იმათ კი, რომლებიც უფრო მეტად შესაძლებლად თვლიდნენ მრავალი საწყისის არსებობას, როგორიცაა თბილი და ცივი ან ცეცხლი და მიწა, ცეცხლს იყენებდნენ, როგორც მოძრავი ბუნების მქონეს, წყალს, მიწას და სხვა ამდაგვარს კი, პირიქით, - როგორც უძრავი ბუნებისას.

      ამდაგვარი კვლევისა და საწყისების შემდეგ, რაც არსებული საგნების ბუნების ასახსნელად არ აღმოჩნდა საკმარისი, როგორც უკვე ვთქვით, იმავე ჭეშმარიტებით იძულებული ფილოსოფოსნი სხვა საწყისის ძიებას შეუდგნენ; არსებულ მოვლენათა სიკეთისა და მშვენიერების მიზეზი არ აღმოჩნდა არც ცეცხლი, არც მიწა, არც სხვა რაიმე ამდაგვარი. ამას, ალბათ, არც ისინი ფიქრობდნენ, მაგრამ არც ის იყო კარგი, რომ ასეთი მოვლენები მიენდოთ თვითდინებისა და შემთხვევისათვის.

      დაუფიქრებლად მოლაპარაკე წინაპართა შორის გონიერად მოჩანდა ის, ვინც გონება გამოაცხადა როგორც მთელი სამყაროს, ისე მისი წესრიგის მიზეზად, როგორც ცხოველებში, ისე მთელს ბუნებაში. ჩვენ გარკვევით ვიცით, რომ ამ შეხედულების მატარებელი ანაქსაგორა იყო. მაგრამ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ ვიფიქროთ, რომ ეს შეხედულება უფრო ადრე ჰერმოტიმე კლაძომენელმა გამოთქვა. ამ თვალსაზრისის მომხრენი არსებულის თავდაპირველ მიზეზად ერთსა და იმავე დროს თვლიდნენ, როგორც მშვენიერების, ისე მოძრაობის საწყისს.

თავი 4

      საფიქრებელია, რომ რაღაც ასეთ მიზეზს თავდაპირველად ეძებდა ჰესიოდე. ვიღაც სხვა კი ისევე, როგორც პარმენიდე, არსებულის საწყისად სიყვარულს, თუ ვნებას თვლიდა. პარმენიდე ხსნიდა რა სამყაროს წარმოშობას, აღნიშნავდა, რომ „ყველა ღმერთზე ადრე სიყვარული შეიქმნაო” . ჰესიოდეს აზრით კი: „ყველაზე ადრე ქაოსი გაჩნდა, შემდეგ ფართემკერდიანი დედამიწა და ეროსი, ყველაზე მეტად შესანიშნავი უკვდავთა შორის”, როგორც სამყაროს საგანთა მოძრაობისა და წესრიგის აუცილებელი მიზეზი. თუ რომელია ამ მოაზროვნეთა შორის პირველი, ამაზე ქვემოთ გვექნება მსჯელობა.

      რადგან ბუნებაში სიკეთის საწინააღმდეგოც აღმოჩნდა, ე.ი. არა მარტო წესრიგი და მშვენიერება, არამედ უწესრიგობა და სიმახინჯეც, სიკეთეზე ჭარბი ბოროტება და სილამაზეზე ჭარბი სიმახინჯე, ამიტომ ერთმა მოაზროვნემ შემოიტანა მეგობრობა და მტრობა, როგორც თითოეულ ზემოხსენებულ მოვლენათა მიზეზი. ის, ვინც მიჰყვება და გაიზიარებს ემპედოკლეს შეხედულებათა მთავარ აზრს და არ მიაქცევს ყურადღებას მის ბუნდოვან გამოთქმებს, აღმოაჩენს, რომ მეგობრობა მასთან სიკეთის მიზეზია და მტრობა - ბოროტებისა. ამგვარად, ვინც პირველი ამტკიცებდა, როგორღაც, რომ ბოროტება და სიკეთე საწყისებიაო, სწორი იქნება, რადგან მასთან თავისთავად სიკეთე ყოველგვარი სიკეთის მიზეზია და თავისთავად ბოროტება კი - ბოროტებისა.

      ეს მოაზროვნენი, როგორც აქ ვთქვით და უფრო ადრე განვსაზღვრეთ წიგნებში „ბუნების შესახებ”, ასახელებდნენ, თუმცა გაურკვევლად და ბუნდოვნად, ორ მიზეზს - მატერიას და მოძრაობის საწყისს. ისე, როგორც გამოუცდელნი იქცევიან ბრძოლაში, აქეთ-იქით აწყდებიან და ხშირად კარგადაც ურტყამენ მახვილს, მაგრამ არა ცოდნის შედეგად. როგორც ეტყობა, არც ამ ფილოსოფოსებს გაეგებათ რა იმისა, რასც ამბობენ. რადგან, ცხადია, რომ ისინი ან სრულებით არ სარგებლობენ ამ საწყისებით, ანდა იშვიათად.

      ანაქსაგორა კი, როდესაც დასჭირდება ხოლმე რაიმე აუცილებელი მიზეზი, მაშინ მოიშველიებს ხოლმე გონებას, როგორც სამყაროს შემოქმედების საშუალებას, მაგრამ დანარჩენ შემთხვევებში კი ყველაფერს იყენებს არსებული მოვლენების მიზეზად, გარდა გონებისა.

      ემპედოკლე თუმცა მასზე უფრო ხშირად სარგებლობს ამ მიზეზებით, მაგრამ მაინც არასაკმარისად და არც თანმიმდევრულად. მასთან მეგობრობა ხშირად აშორებს საგნებს ერთმანეთს, მტრობა კი აკავშირებს. როდესაც მტრობის ზეგავლენით ყოველივე საწყის ელემენტებად იშლება, მაშინ ცეცხლი და ყველა სხვა ელემენტი გროვდება და როდესაც მეგობრობის ზეგავლენით კვლავ ერთიანდებიან, ისევ აუცილებელი ხდება ყველა ამ ელემენტთა ნაწილის გამოყოფა. ამრიგად, ემპედოკლემ წინამორბედთაგან განსხვავებით, პირველად შემოიტანა დაშორების მიზეზი, რომელიც არა მარტო მოძრაობის, არამედ განსხვავებისა და დაპირისპირების საწყისად აქცია[21]. ამას გარდა, პირველად მან მიუთითა ეგრეთ წოდებულ მატერიალურ საწყისებზე. მაგრამ ის იყენებდა მათ არა როგორც ოთხს, არამედ როგორც ორს. სახელდობრ, ერთი მხრივ იყო ცეცხლი თავისთავად და, მეორე მხრივ, მისდამი დაპირისპირებული, როგორც ერთი ბუნების მქონე, მიწა, ჰაერი და წყალი. ამის ამოკითხვა შეიძლება მისი ლექსებიდან. ამგვარად, როგორცა ვთქვით, ის ასეთ და ამ რაოდენობის საწყისებზე მიუთითებდა.

      ლევკიპე და მისი მეგობარი დემოკრიტე ამბობდნენ, რომ საწყისები სავსე და ცარიელიაო. პირველს არსებულს უწოდებდნენ და მეორეს არარსებულს, რომელთაგან პირველი - სავსე და მაგარი არსებულია, ხოლო ცარიელი - არარსებული. მიუხედავად ამისა, მათთან არსებული არ არსებობს უფრო მეტად, ვიდრე, არარსებული და სხეული უფრო მეტად, ვიდრე სიცარიელე, რადგან ისინი არსებულის მატერიალური საწყისები არიან. როგორც ის მოაზროვნენი, რომლებიც საწყის სუბსტრატად ერთს აცხადებენ და ყოველივეს მისი თვისებებიდან აწრმოებდნენ, ხოლო იშვიათსა და ხშირს თვისებათა საწყისებად თვლიდნენ, ასევე ესენი განსხვავებას ყოველივე დანარჩენის მიზეზად აცხადებდნენ. ეს განსხვავება კი სამია: ფორმა, წესრიგი და მდებარეობა. მაშასადამე, მათი აზრით, მოვლენები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მოძრაობით, განლაგებითა და ტრიალით. ამათგან მოძრაობა ფორმაა, განლაგება - წესრიგი და მიმართულება კი - მდებარეობა. A განსხვავხდება N-სგან ფორმით, AN N-სგან წესრიგით, ხოლო NN-სგან - მდებარეობით. მაგრამ საკითხს იმის შესახებ, თუ მოძრაობა საიდან და როგორ ახასიათებს არსებულს, მათ მსგავსად სხვებისა, დუდევრად აუარეს გვერდი.

      ორი მიზეზის შესახებ, როგორც უკვე ვთქვით, ჩანს, ასეთი ხასიათის კვლევა-ძიება იქნა ჩატარებული წინამორბედი ფილოსოფოსების მიერ.

თავი 5

      ამათთან ერთად და მათზე ადრე პირველად ეგრეთ წოდებულმა პითაგორელებმა მოჰკიდეს ხელი მათმატიკურ მეცნიერებათ[22] და წინ წასწიეს ის. ისინი, კარგად დაუფლებულნი მათემატიკას, ფიქრობდნენ, რომ მათემატიკის საწყისები ყველაფრის საწყისები არიანო. რადგან მათემატიკურ[23] მეცნიერებებში რიცხვებს თავისი ბუნებით პირველი ადგილი უკავიათ, ამიტომ ისინი მათში უფრო მეტ მსგავსებასა ხედავდნენ არსებულსა და ქმნადთან, ვიდრე ცეცხლში, მიწაში და წყალში. რიცხვთა ერთი თვისება, ფიქრობდნენ ისინი, არის სამართლიანობა, მეორე - სული და გონება, მესამე- ზომიერება. ასევე მსჯელობდნენ ისინი ყველა სხვა დანარჩენი თვისებების შესახებაც. გარდა ამისა, ისინი რიცხვებში ხედავდნენ მსგავსებას ჰარმონიის თვისებებსა და კანონზომიერებებთან. რადგან მათ ეჩვენებოდათ, რომ ყოველივე სხვაც რიცხვებს ემსგავსებოდა თავისი ბუნებით და რიცხვები მთელ ბუნებას უსწრებდნენ წინ, ამიტომ ჩათვალეს მათ რიცხვთა ელემენტები ყოველივეს ელემენტებად, მთელი ცა კი - ჰარმონიად და რიცხვად. და რა მსგავსებასაც ხედავდნენ ისინი, ერთი მხრივ, რიცხვებსა და ჰარმონიასა და, მეორე მხრივ, ცის თვისებებსა, ნაწილებსა და მთელს სამყაროს შორის, ცდილობდნენ მათ გაერთიანებას და თუ სადმე რამე გამორჩებოდათ, ისწრაფოდნენ ისიც შეეთანხმებინათ მთელ თავის სისტემასთან.

      მხედველობაში მაქვს შემდეგი: რადგან, მათი აზრით, ათი დასრულებულია და მოიცავს ყველა რიცხვთა ბუნებას, ამიტომ ცაზე მოძრავ სხეულთა რიცხვიც ათი უნდა იყოსო, ამბობდნენ ისინი. რადგან ასეთი სხეული მხოლოდ ცხრა ჩანდა, ამიტომ მეათედ მათ დედამიწის მოპირდაპირე სხეული აქციეს[24]. ეს ჩვენ უფრო ზუსტად სხვაგან დავადგინეთ. მიზეზი იმისა, თუ რატომ ვიხილავთ ამას, როგორც ვთქვით, იყო, როგორც ეს, ისე იმის დადგენა, თუ რა საწისებს იღებდნენ ისინი და იმ მიმართებისა, რომელშიც იმყოფებოდნენ ეს საწყისები ზემოდასახელებულ მიზეზებთან. როგორც ჩანს, ისინი რიცხვებს როგორც არსის მატერიის, ისე თვისებებისა და მდგომარეობის საწყისებად თვლიდნენ. რიცხვთა ელემენტები კი მათი აზრით, იყო ლუწი და კენტი, რომელთაგან პირველი განსაზღვრულია, მეორე კი განუსაზღვრელი. ერთი კი შედგება ორივესაგან, ის როგორც ლუწია, ისე კენტი, რიცხვი შედგება ერთისაგან, მთელი ცა კი - რიცხვებისაგან, როგორც ნათქვამი იყო.

      სხვა მოაზროვნენი ათ საწყისს ანუ ეგრეთ წოდებულ ათ ელემენტს უშვებდნენ, რომლებიც გარკევულ სისტემას ჰქმნიდნენ: საზღვარსა და უსაზღვროს, ლუწსა და კენტს, ერთსა და მრავალს, მარჯვენას და მარცხენას, მამრობითსა და მდედრობითს, უძრავსა და მოძრავს, სწორსა და მრუდს, სინათლესა და სიბნელეს, სიკეთესა და ბოროტებას, ოთხკუთხედსა და მრავალკუთხედს.

      როგორც ჩანს, ალკმეონ კროტონელიც ამ თვალსაზრისზე იდგა. ეს მოძღვრება ან ამან იმათგან, ან იმათ ამისგან გადაიღეს. ალკმეონის დავაჟკაცების ასაკი პითაგორას მოხუცებულობას ემთხვევა, თუმცა ის დაახლოებით იმავე თვალსაზრისისა იყო, როგორისაც პითაგორელები. ის ამტკიცებდა, რომ ადამიანთა საქმეების უმრავლესობა ორ ერთმანეთისადმი დაპირისპირებულ პოლუსსა ჰქმნისო. თუმცა მასთან ეს დაპირისპირებანი არ არიან განსაზღვრული, როგორც პითაგორელებთან, არამედ შემთხვევითნი: მაგალითად, თეთრი და შავი, ტკბილი და მწარე, კეთილი და ბოროტი, დიდი და პატარა, ის ასევე გაურკვევლად მსჯელობდა დანარჩენ საკითხებზეც. პითაგორელები კი აზრს გამოთქვამდნენ დაპირისპირებულთა, როგორც რაოდენობის, ისე თვისებების შესახებ. ამრიგად, ორივე ამ მოძღვრების მიხედვით, დაპირისპირებულნი არსებულის საწყისები არიან. ხოლო, იმას თუ რამდენია საწყისი და როგორი, ვიგებთ პითაგორელთაგან. მაგრამ პითაგორელებმა გარკვევით არ თქვეს, თუ რა კავშირში არიან ეს საწყისები ზემოხსენებულ მიზეზებთან. როგორც ჩანს, ისინი მათ მატერიალურ საწყისებად თვლიდნენ, ამტკიცებდნენ რა, რომ მათგან, როგორც შინაგანი შემადგენელი ნაწილებისაგან, წარმოდგება და არსებობს საგანიო.

      ზემოთქმული საკმარისია იმისათვის, რათა წარმოდგენა ვიქონიოთ წინაპართა შეხედულებაზე იმის შესახებ, რომ ბუნებას მრავალი საწყისი ელემენტი აქვს. იყვნენ ისეთი ფილოსოფოსნიც[25], რომლებიც ამტკიცებდნენ, თუმცა არა ერთნაირი მეთოდით, არა ერთნაირად კარგად და ბუნებრივად, რომ ყოველივეს ერთი ბუნება აქვს. ამ ფილოსოფოსთა თვალსაზრისი არ ეთანხმება ზემომოტანილ კვლევას მიზეზების შესახებ. ისინი მსჯელობდნენ სხვაგვარად და არა ისე, როგორც ზოგი ბუნებისმეტყველი, რომლებიც უშვებდნენ რა ერთს, არსებულს აწარმოებდნენ ამ ერთისაგან, როგორც მატერიისაგან. ბუნებისმეტყველნი, უშვებდნენ რა მოძრაობას, ყოველივეს მისგან აწარმოებდნენ, ესენი[26] კი ყოველივეს უძრავად აცხადებდნენ. მიუხედავად ამისა, ეს დაკავშირებულია იმ კვლევასთან იმდენად, რამდენადაც პარმენიდეს, როგორც ჩანს, ერთი ცნებად მიაჩნდა, მელისოს კი - მატერიად. მაშასადამე, პირველი მას განსაზღვრულად თვლიდა, მეორე კი უსაზღვროდ.

      ქსენოფანემ მათზე ადრე დაადგინა ეს ერთიანობა (რადგან, როგორც ამბობენ, პარმენიდე მისი მოწაფე ყოფილა), თუმცა ვერ ნათელყო იგი და არც ერთ ამ ბუნებათაგანს არ შეეხო, არამედ, შეხედა რა ცას, თქვა, რომ ერთი ღმერთიაო.

      ისინი, როგორც ვთქვით, ამ კვლევა-ძიებას არაფერს ახალს არ მატებენ, განსაკუთრებით ორი მათგანი, ქსენოფანე და მელისო, რომლებიც თავიანთი აზროვნებით სრულიად მოუქნელნი არიან. პარმენიდე კი, როგორც ჩანს, უკეთ ჭვრეტდა მსჯელობის საგანს. მისი აზრით, არსებულის გვერდით არარსებულს არავითარი ფასი არა აქვს, რომ აუცილებლად არსებობს ერთი და რომ მხოლოდ ისაა არსებული და არაფერი სხვა (რის შესახებაც ჩვენ გაცილებით ნათლად გვაქვს ნათქვამი წიგნებში „ბუნების შესახებ”), მაგრამ იძულებული იყო რა ანგარიში გაეწია მოვლენებისათვის[27], ამბობდა, რომ ის გონებისათვის ერთია, შეგრძნებებისათვის კი მრავალი. და დაუშვა ორი მიზეზი, ანუ ორი საწყისი, თბილი და ცივი, რომელთაც მან ცეცხლი და მიწა უწოდა. ამათგან ცეცხლი არსებულად ჩათვალა, მიწა კი - არარსებულად.

      ზემოთქმულიდან და იმ ბრძენთა შეხედულებებიდან, რომლებიც ამ საკითხს ეხებოდნენ, ვასკვნით, რომ პირველ მოაზროვნეთა მიხედვით საწყისი მატერიალური იყო: წყალი, ცეცხლი და სხვა ამდაგვარი სხეული. ამათგან ერთნი უშვებდნენ ერთ[28], სხვები[29] კი მრავალ სხეულებრივ საწყისს, მაგრამ ორივე მხარე მას სხეულებრივად თვლიდა. ზოგი კი უშვებდა, როგორც ამ მიზეზს, ასევე ამას გარდა, მოძრაობის საწყისს, ოღონდ, ზოგიერთის აზრით არსებობდა ერთი[30] ასეთი საწყისი, ზოგის აზრით, კი - ორი[31]. იტალიელებამდე[32] და მათგან დამოუკიდებლად სხვა ფილოსოფოსნი ამის შესახებ ბევრად უფრო ბუნდოვნად მსჯელობდნენ. ოღონდ როგორცა ვთქვით, ისინიც იყენებდნენ ორ მიზეზს. აქედან მეორე საწყისი, საწყისი მოძრაობისა, ზოგმა ერთი დაუშვა, ზოგმა კი - ორი. პითაგორელები ამ ხერხით ორ საწყისს ასახელებდნენ. მაგრამ დაუმატეს ის, რაც დამახასიათებელი იყო მათი მოძღვრებისათვის, რომ ერთი განსაზღვრულია, მეორე კი - განუსაზღვრელი. და რომ განსაზღვრული, განუსაზღვრელი და ერთი სხვადასხვა ბუნებები კი არ არიან, როგორც მიწა, წყალი და რაიმე სხვა ამდაგვარი, არამედ განუსაზღვრელი და დამოუკიდებელი ერთი შეადგენენ ერთ არსებას იმისას, რაზედაც ისინი ითქმიან. ამიტომაც მათთან რიცხვიც ყოველივეს სუბსტრატად იქცა.

      ასეთია მათი შეხედულება ამ საკითხზე. მათ დაიწყეს მსჯელობა აგრეთვე არსების შესახებ და შეეცადნენ მის განსაზღვრებას, მაგრამ მიმართავდნენ უაღრესად მარტივ ხერხებს, იძლეოდნენ ზერელე განსაზღვრებებს და, რასაც ეს განსაზღვრება პირველად მიუდგებოდა, იმას თვლიდნენ ამ საგნის არსებად. როგორც ვინმეს რომ ეთქვა, რომ ორმაგი და ორი იგივეობრივია იმის გამო, რომ ორს პირველ რიგში ორმაგობა ახასიათებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ორმაგი და ორი ერთი და იგივე არაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი მრავალი იქნებოდა, რაც მათ კიდეც მიიღეს შედეგად.

      აი, ყველაფერი ის, რაც შეიძლება გავიგოთ, როგორც სულ პირველ, ისევე სხვა ფილოსოფოსთაგან.

თავი 6

      აღნიშნულ ფილოსოფიურ სისტემათა შემდეგ წამოიშვა პლატონის მოძღვრება, რომელიც ბევრ რამეში ენათესავება ზემოდასახელებულ[33] ფილოსოფიურ სისტემებს, თუმცა ბვრი რამ იტალიელთა ფილოსოფიისაგან განსხვავებული ჰქონდა. ახალგაზრდობიდანვე გაეცნო ის კრატილოსისა და ჰერაკლიტელთა შეხედულებას იმის შესახებ, რომ ყველა შეგრძნებადი მოვლენა განუწყვეტლივ იცვლება და მათ შესახებ ცოდნა არ არსებობს. ეს შეხედულება შემდეგში მანაც გაიზიარა.

      სოკრატე კი ეთიკაში მუშაობდა და ბუნების საკითხები არ აინტერესებდა. ის ზოგადს იკვლევდა და აზროვნება, უპირველესად ყოვლისა, განსაზღვრებებისაკენ წარმართა. პლატონმა ეს სოკრატესაგან აიღო, მაგრამ ფიქრობდა, რომ განსაზღვრებებს ობიექტად აქვთ არა შეგრძნებადი, არამედ რაღაც სხვა, რადგან მისი აზრით, შეუძლებელია, რომ რაიმე შეგრძნებადს, რომელიც მუდმივ ცვალებადობაში იმყოფება, ზოგადი განსაზღვრება ჰქონდეს. მან არსებულის ამ სახეობათ იდეები უწოდა[34]. ყველა შეგრძნებად მოვლენებზე კი მისი აზრით, მათი მიხედვით და მათ შესაბამისად შეიძლება მსჯელობა. იდეათა სინონიმები კი იდეებთან ზიარების შედეგად არსებობენ. „ზიარება” მასთან მხოლოდ ახალი სიტყვა იყო. რადგან პითაგორელები ამბობდნენ, რომ საგნები რიცხვების მიბაძვის შედეგს წარმოადგენენო, პლატონმა კი თქვა, რომ „ზიარების შედეგსო”, ე.ი. მხოლოდ სიტყვა შეცვალა. მაგრამ თუ რას ნიშნავს იდეებთან „ზიარება” ან „მიბაძვა” მათ, საერთოდ, უყურადღებოდ დატოვეს.

      გარდა ამისა, პლატონი ამტკიცებდა, რომ შეგრძნებად საგნებსა და იდეებს გარდა, და მათ შორის არსებობენ რიცხვები, რომლებიც შეგრძნებადი მოვლენებისაგან მუდმივობითა და უძრაობით განირჩევიან, ხოლო იდეებისაგან იმით, რომ ერთმანეთის მსგავსი რიცხვები ბევრია, იდეა კი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ერთი. ის ფიქრობდა, რომ რადგან იდეები ყოველივე დანარჩენის მიზეზები არიან, ამიტომ იდეების ელემენტები ყველა არსებულის ელემენტებიაო. ამრიგად, მატერიალურ საწყისებად ის თვლიდა დიდსა და პატარას, არსების მიხედვით კი ერთს, რადგან მათთან და ერთთან ზიარებით წარმოიშვებიან იდეები, რომლებიც რიცხვები არიანო. მაგრამ ის დაახლოებით ისევე, როგორც პითაგორელები, ამბობდა, რომ ერთი არის სუბსტანცია და არა არსებულის რაიმე სხვა სახეობა, რომელსაც ერთი ეწოდება. რიცხვები კი ყოველივე სხვა არსებულის მიზეზი არიანო. მაგრამ რომ მან განუსაზღვრელს, როგორც ერთს, დაუპირისპირა ორი, ხოლო განუსაზღვრელი დიდისა და პატარისაგან წარმოშობილად მიიჩნია, ეს მისი მოძღვრებისათვის სპეციფიკურია. გარდა ამისა, შეგრძნებადი მოვლენების გარდა, რიცხვები შემოიტანა. პითაგორელები კი ამბობდნენ, რომ რიცხვები იგივე საგნებიაო და მათ შორის მათემატიკურ რიცხვებს არ ათავსებდნენ. განსხვავებით პითაგორელებისაგან, საგნების გარდა, ერთისა და რიცხვის დაშვება და იდეების შემოტანა მის მიერ ცნებების კვლევით იყო გამოწვეული. წინამორბედი ფილოსოფოსნი კი დიალქეტიკას არ იცნობდნენ. ხოლო ორიანი საგნებისაგან განსხვავებულ ბუნებად იმიტომ მიიჩნია, რომ მისგან, როგორც ერთგვარი ცვილის მასისაგან, ადვილად გამოიყვანებოდა ყველა რიცხვი, გარდა პირველი რიცხვებისა[35]. მაგრამ ეს გზა არ იყო გონივრული, რადგან სინამდვილეში პირიქით ხდება: რიცხვები მატერიისაგან სიმრავლეს წარმოშობენ, იდეა კი მხოლოდ ერთხელ აღბეჭდავს. სინამდვილეში კი, როგორც ჩანს, ერთი მასალისაგან ერთი მაგიდა მზადდება, იდეა კი, არის რა თვითონ ერთი, ბევრსა ჰქმნის[36]. ასეთსავე მიმართებაშია მამრობითი მდედრობითისადმი. ეს უკანასკნელი ერთი კავშირით შეიძლება განაყოფიერდეს, მამრობითს კი მრავალის განაყოფიერება ძალუძს, რაც იმ საწყის ელემენტს გვაგონებს. ასე განსაზღვრა პლატონმა ჩვენი მსჯელობის საგანი.

      ზემოთქმულიდან ცხადია, რომ ის მხოლოდ ორ მიზეზს იყენებს: პირველს, რომელიც განსაზღვრავს საგნის არსებას, მეორეს - მატერიალურს. იდეები საგანთა არსებობის მიზებია[37]. იდეის მიზეზი კი ერთია. ის ადგენდა აგრეთვე იმას, თუ რას წარმოადგენს მატერიალური სუბსტრატი, რომლის საშუალებითაც ხორციელდება იდეა შეგრძნებად საგნებში, ერთი კი იდეებში, რაც იგივე ორიანია, ანუ დიდი და მცირე. ამას გარდა, საწყის მიზეზებს მან დაუმატა სიკეთე და ბოროტება და ერთი ერთ რიგს მიაკუთვნა, მეორე - მეორეს; რასაც, როგორც უკვე ვთქვით, იკვლევდა ზოგიერთი წინამორბედი ფილოსოფოსი, როგორც, მაგალითად, ემპედოკლე და ანაქსაგორა.

თავი 7

      ჩვენ მოკლედ და ძირითად ხაზებში განვიხილეთ, თუ საწყისებისა და ჭეშმარიტების შესახებ ვის როგორი შეხედულება ჰქონდა. საიდანაც, ყოველ შემთხვევაში, შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ იმათ, ვინც საწყისებსა[38] და მიზეზებზე მსჯელობდნენ, არაფერი არ თქვეს იმაზე მეტი, რაც ჩვენ უკვე გვქონდა განსაზღვრული წიგნებში „ბუნების შესახებ” . პირიქით, როგორც ჩანს, ესენიც შეეხნენ იმავე საკითხებს, მაგრამ ბუნდოვნად. ზოგი მათგანი ასახელებდა ერთ, ზოგი მრავალ, ზოგი სხეულებრივ, ზოგი კი უსხეულო მატერიალურ საწყისს. მაგალითად, პლატონი ასეთად თვლიდა დიდსა და მცირეს, იტალიელები - აპეირონს, ემპედოკლე - ცეცხლს, მიწას, წყალსა და ჰაერს, ანაქსაგორა - მსგავსი ნაწილებისაგან შემდგარ უსაზღვროებას. ასეთ მიზეზებს ასახელებდნენ ყველა ეს მოაზროვნენი.

      ამათ გარდა იყვნენ ისეთი მოაზროვნენიც, რომლებიც ჰაერს, ცეცხლსა და წყალს შეეხნენ, ან იმას, რაც ცეცხლზე ხშირია და ჰაერზე სიფრიფანა და ისეთნიც, რომლებიც ამას პირველ ელემენტად თვლიდნენ. ესენი მხოლოდ ასეთ მიზეზებს[39] უშვებდნენ. გოგნი კი - მოძრაობის საწყისსაც. ისინი საწყისად ხან მეგობრობას, ხან მტრობას, ხან გონებას და ხან სიყვარულს აქცევდნენ. არსება[40] და სუბსტანცია კი არავინ არ გაარკვია ნათლად. სხვებზე მეტად მას ისინი შეეხნენ, რომლებიც იდეებს უშვებდნენ, მაგრამ ისინი იდეებს არ თვლიდნენ გრძნობადი მოვლენების და ერთს იდეების მატერიად. არც მოძრაობის საწყისად მიაჩნდათ იდეები, რადგან ფიქრობდნენ, რომ იდეა უფრო მეტად უძრაობისა და სიმშვდის მიზეზია და რომ ის ყველა დანარჩენი საგნების არსებას შეადგენს, იდეების არსება კი ერთია. მოქმედების, ცვალებადობისა და მოძრაობის მიზანს ზოგიერთი როგორღაც მიზეზს უწოდებს, თუმცა ისინი ამას არც ამ სახით ამბობენ და არც ისე, როგორც საქმეს შეჰეფრის. ზოგიერთი ასეთ მიზეზად თვლის გონებას ან მეგობრობას, როგორც სიკეთეს მაგრამ მასში გულისხმობს არა რაიმე არსებულის ან წარმოშობადის მიზანს, არამედ მოძრაობის საწყისს. ასე იქცევიან ისინიც, რომლებიც ერთს ანუ არსებულს, როგორც ერთსა და იმავე ბუნებას, თვლიან სუბსტანციის მიზეზად და არა რაიმეს არსებობის ან წარმოშობის მიზნად. ისინი მას აცხადებენ სიკეთის მიზეზად, მაგრამ არ ამბობენ, თუ როგორ ხდება ეს. რადგან ისინი ამას პირდაპირ კი არ ამტკიცებენ, არამედ ეს მათი მოძღვრებიდან გამომდინარეობს.

      რომ ჩვენ სრულიად სწორად განვსაზღვრეთ მიზეზთა რაოდენობაცა და თვისობრობაც, ამას იმედია, დაგვიდასტურებენ ყველა ის მოაზროვნენი, რომლებმაც ვერ შეძლეს სხვა მიზეზთა დასახელება. ამას გარდა, ნათელია, რომ ყველა მიზეზი ასე ან როგორღაც ამგვარად უნდა იქნეს შესწავლილი. მაგრამ თითოეული მათგანის თვალსაზრისს და საწყისების საკითხთან დაკავშირებით მოსალოდნელ სიძნელეებს ჩვენ ქვემოთ შევეხებით.

თავი 8

      ისინი, რომლებიც სამყაროს ერთად თვლიან და რაღაც ერთ მატერიალურ ბუნებას უშვებენ, მიაჩნიათ რა ეს სხეულებრივად და სიდიდის მქონედ, ცხადია, მრავალგზის სცდებიან, რადგან ისინი ადგენენ სხეულებრივ მოვლენათა ელემენტებს, უსხეულოთათვის - კი არა. მაშინ როდესაც არსებობენ უსხეულონიც. ამტკიცებენ რა წარმოშობისა და დაღუპვის მიზეზებს, ყოველივეს ბუნებრივ ახსნას ცდილობენ და მოძრაობის მიზეზს უარყოფენ. გარდა ამისა, სუბსტანციას და არსებას არაფრის მიზეზად არ თვლიან. აგრეთვე ნებისმიერ მარტივ სხეულს, გარდა მიწისა, ადვილად მიიჩნევენ საწყისად ისე, რომ არ იკვლევენ თუ როგორ ხდება მათი ერთიმეორესაგან წარმოშობა. მე ვგულისხმობ ცეცხლს, წყალს, მიწას და ჰაერს, რომელთაგან ზოგი ერთმანეთთან შეკავშირებით წარმოიშობა, ზოგი კი - დაცილებით. ეს კი უმეტესად საჭიროა იმის გასარკვევად, თუ რაა ადრე და რა გვიან[41].

      ერთი მხრივ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ უპირველესი საწყისი ელემენტი ისაა, საიდანაც, როგორც პირველიდან, შეერთების გზით ხდება წარმოშობა. ის ამავე დროს სხეულთა შორის ყველზე პატარა და სიფრიფანა ნაწილებისაგან არის შედგენილი. აიტომაც ისინი, რომლებიც საწყისად ცეცხლს იღებენ, ყველაზე უფრო მეტად ამ თვალსაზრისს ემხრობან. ყველა დანარჩენებიც სხეულთა ასეთ საწყის ელემენტებს ასახელებენ. მაგრამ არც ერთი იმათგანი, რომლებიც ერთ საწყის ელემენტს ასახელებდნენ, ასეთად არ თვლიდნენ მიწას, ცხადია, შემადგენელი ელემენტების სიდიდის გამო. სამ დანარჩენ ელემენტთაგან თითოეულს თავისი მომხრეები ჰყავს: ზოგის აზრით, ის ცეცხლია, ზოგის აზრით - წყალი და ზოგის აზრით კი - ჰაერი. მაგრამ, რატომ არ ასახელებენ მიწასაც, როგორც ამას ადამიანთა უმრავლესობა[42] სჩადის, რომლებიც ყველაფერს მიწად თვლიან. ჰესიოდეც ხომ იმას ამტკიცებდა, რომ სხეულთა შორის პირველად მიწა გაჩნდაო. ამდენად ძველი და საყოველთაოდ ცნობილია ეს შეხედულება. ამ თვალსაზრისის მომხრეთა აზრით, ის, ვინც ცეცხლის გარდა, სხვა რაიმე საწყისს დაასახელებდა, ჰაერზე უფრო მკვრივს და წყალზე უფრო სიფრიფანას, სწორი არ იქნებოდა. და თუ არსებობს ასეთი რამე, რაც გვიან წარმოიშობა, ხოლო ბუნებით პირველია (მაგალითად, გადამუშავებული და ნაერთი წარმოშობის თვალსაზრისით უფრო გვიანაა[43]), მაშინ, პირიქით, წყალი ჰაერზე ადრე იქნებოდა და მიწა - წყალზე.

      ყოველივე, რაც ზემოთ ვთქვით, ერთი საწყისის მომხრეთ ეხებათ. მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას იმათზეც, რომლებიც მრავალ საწყისს ასახელებენ. მაგალითად, ემპედოკლე, რომელიც ოთხ მატერიალურ საწყისს ასახელებდა, აუცილებლად ნაწილობრივ იგივე, ნაწილობრივ, მხოლოდ მისთვის სპეციფიკურ შედეგებს იღებდა. ჩვენ ვხედავთ, რომ მუდამ ცვალებადი სხეულები, ცეცხლი, წყალი და მიწა ერთიმეორისაგან წარმოიშობიან. ამას ჩვენ ვეხებით წიგნებში „ბუნების შესახებ” . მოძრაობის მიზეზიც, არის ის ერთი, თუ ორი, ჩანს, რომ მათ[44] სრულებით არაფერი არა აქვთ სწორად და გონივრულად ნათქვამი. საერთოდ კი, ამ შეხედულების მომხრენი აუცილებლად სპობენ ცვალებადობას, რადგან, მათი აზრით, არც თბილი წამოიშვება ცივისაგან და არც ცივი თბილისაგან. თუ რაა ის, რაც ამ საწინააღმდეგო თვისებებს განიცდის, ანდა რაა ის ერთი ბუნება, რაც ხან ცეცხლად იქცევა, ხან კი წყლად, ამაზეც არაფერი არა აქვთ მათ ნათქვამი.

      ხოლო ის ვინც ანაქსაგორას შესახებ ამტკიცებს, რომ ორ საწყის ელემენტს უშვებსო, გულისხმობს, უპირველესად ყოვლისა, იმ შეხედულებას, რაც ანაქსაგორას გარკვევით არ გადმოუცია, მაგრამ, რასაც აუცილებლად მიიღებენ შედეგად მისი მოძღვრებიდან ისინი, რომელიც ბოლომდე გაადევნებენ ამ მოძღვრებას თვალს. უაზრობა იქნებოდა აგრეთვე იმის მტკიცება, რომ ყველა საწყისი ელემენტი ერთმანეთში შერეული იყო. როგორც აქედან გამომდინარე იმ შედეგის გამო, რომ ადრე ისინი შეურეველი უნდა ყოფილიყვნენ, აგრეთვე იმის გამო, რომ ბუნებრივად ნებისმიერი ელემენტი ნებისმიერს ვერ დაუკავშირდებოდა და საგნის თვისებანი და მდგომარეობანი[45] სუბსტანციისაგან დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყვნენ. დაკავშირება და დაცილება[46] კი მხოლოდ სუბსტანციებს შეუძლიათ. ასევე, ვინც გააანალიზებს და ბოლომდე მიყვება იმას, რის თქმაც მას უნდოდა, დარჩება შთაბეჭდილება რომ ის რაღაც ახალს ამბობს, რადგან მაშინ, როდესაც არაფერი არ იყო გამოცალკევებული, ცხადია, არაფერი ჭეშმარიტის თქმა არ შეიძლებოდა ამ სუბსტანციაზე. მე ვგულისხმობ იმას, რომ არ იქნებოდა არც თეთრი, არც შავი, არც ნაცრისფერი, არც რაიმე სხვა ფერი. არამედ, რომ ის აუცილებლად უფერული იქნებოდა, თორემ რომელიმე ამ ფერთაგანი ექნებოდა. ამავე თვალსაზრისის მიხედვით, ის უნდა ყოფილიყო უგემური და სხვა გარკვეულობათა არმქონე. არ უნდა ჰქონოდა მას არც თვისობრიობა, არც რიცხობრივობა და არც სუბსტანციალობა, ე.ი. შეუძლებელია, რომ მას ამ ფორმათა რაიმე ნაწილი მაინც ჰქონოდა, რადგან ყოველივე შერეული იყო და ზემოთქმული კი მისი გამოცალკევების მომასწავებელი იქნებოდა. ის კი[47] ამტკიცებს, ყველაფერი შერეული იყო, გონების გარდა, რომელიც ერთადერთი რამაა შეურეველი და წმინდა. აქედან გამომდინარეობს შედეგი, რომ საწყისია ერთი, რომელიც მარტივი და შეურეველია და სხვა, რომელიც როგორც დავადგინეთ, განუსაზღვრელია, მანამ, სანამ განისაზღვრებოდეს და რაიმე ფორმას მიიღებდეს.

      ამრიგად, ის არც სწორად მსჯელობს და არც ნათლად, თუმცა მისი მიზანდასახულება უახლოვდება მომდევნო დროის მოაზროვნეებისას და განსაკუთრებით უკანასკნელ ხანს გამოჩენიელი მოაზროვნეების მიზანდასახულებას. აღმოჩნდა, რომ ეს ფილოსოფოსნი ეხებოდნენ მხოლოდ წარმოშობის, მოსპობისა და მოძრაობის საკითხებს. ისინი მხოლოდ დაახლოებით ასეთ სუბსტანციებს, საწყისებსა და მიზეზებს იკვლევდნენ. ხოლო იმათ, რომლებიც ყოველივე არსებულს იკვლევენ და ნაწილს შეგრძნებადად და ნაწილს კი არაშეგრძნებადად თვლიან, ცხადია, ორივე ამ სახეობის განხილვა უხდებათ, ამიტომ საჭიროა უფრო მეტად შეჩერება მათზე და გარკვევა იმისა, თუ რას ამბობენ ისინი კარგად, და ავად ჩვენს მიერ ახლახან დაყენებულ პრობლემაზე.

      ეგრეთ წოდებული პითაგორელები კი ბუნებისმეტყველებთან[48] შედარებით, უაღრესად უჩვეულო საწყისებითა და ელემენტებით სარგებლობენ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ისინი მათ არ იღებენ შეგრძნებებიდან. რადგან ყველა მათემატიკური ხასიათის მოვლენა, გარდა ასტრონომიულისა, უძრავია. მარგამ ისინი მაინც მსჯელობენ მთელს ბუნებაზე და იკვლევენ მას: აკვირდებიან ცის წარმოშობას, მის ნაწილებს, თვისებებსა და მასზე მიმდინარე პროცესებს, რისთვისაც იყენებენ საწყისებსა და მიზეზებს და ეთანხმებიან სხვა ბუნებისმეტყველთ იმაში, რომ არსებულია ის, რის შეგრძნებაც შეიძლება და რაც ეგრეთ წოდებულ ცასაც მოიცავს. მიზეზები და საწყისები, როგორცა ვთქვით, მათი აზრით, საკმარისია იმისთვისაც, რომ ავსხნათ ისიც, რაც ზემოთ[49] არსებობს და უფრო მეტად უდგება მას, ვიდრე ბუნებისმეტყველური შეხედულებები. მაგრამ, არაფერს ამბობენ იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიშობა მოძრაობა, როდესაც სუბსტრატი მხოლოდ განსაზღვრული და განუსაზღვრელი, ლუწი და კენტია, ან როგორაა შესაძლებელი წარმოშობა და მოსპობა და ცაზე მიმდინარე პროცესები მოძრაობისა და ცვლილებების გარეშე? შემდეგ, მათ რომ დათანხმებოდა კიდევაც ვინმე და შესაძლებელი ყოფილიყო იმის დამტკიცება, რომ სიდიდე მათგან[50] წარმოიშობა, მაინც როგორ არის ზოგი სხეული მსუბუქი, ზოგი კი მძიმე? ამას ისინი არა ნაკლებ მათემატიკური მოვლენებისა, ამტკიცებენ შეგრძნებად მოვლენებზე, ხოლო ცეცხლზე, მიწაზე და სხვა ამგვარ სხეულებზე არაფერი არა აქვთ ნათქვამი, მე ვფიქრობ იმიტომ, რომ ისინი არაფერს არ ამბობენ შეგრძნებადი მოვლენების თავისებურებაზე. გარდა ამისა, როგორ უნდა გავიგოთ მათი ნათქვამი, რომ რიცხვის თვისება და რიცხვი ციური სხეულებისა და პროცესების მიზეზია, როგორც ახლა, ისე წინათ. მაშინ, როდესაც იმ რიცხვის გარდა, რისგანაც კოსმოსი შედგება, სხვა რიცხვი არ არსებობს. ან როცა ამბობენ, რომ ამა და ამ ადგილას შეხედულება და ზომა არსებობს, ცოტა ზემოთ ან ცოტა ქვემოთ უსამართლობა და დაცილება, ან შეკავშირება და ამტკიცებენ, რომ თითოეული მათგანი რიცხვიაო, აქედან გამომდინარეობს, რომ ადგილი წარმოადგენს შემადგენელ სიდიდეთა სიმავლეს, რაზედაც დამოკიდებულია თითოეული ასეთი ადგილის თვისება. რა უნდა დავუშვათ, ის რომ თითოეული ამათგანი ის რიცხვია, რომელიც ცაზეა, თუ რაიმე სხვა რიცხვი? პლატონი ამბობდა, რომ ის სხვააო. თუმცა მისთვისაც, როგორც საგნებია რიცხვი, ისე საგნების გამომწვევი მიზეზები. ოღონდ რიცხვი - მიზეზი გონებით მისაწვდომად მიაჩნდა, საგნებთან გაიგივებული კი - გრძნობით მისაწვდომად.

თავი 9

      პითაგორელებს ამჟამად თავი უნდა დავანებოთ, რადგან სრულიად საკმარისია ის, რამდენადაც შევეხეთ მათ.

      იდეებზე მოძღვრების მიმდევრებს არსებული საგნების შეცნობის მიზნით შემოჰქონდათ იმავე რაოდენობის მიზეზები და ისე იქცეოდნენ, როგორც ადამიანი, რომელსაც სურს დათვლა, მაგრამ ჰგონია, რომ მცირე რაოდენობის საგნებს ვერ დათვლის ისე, თუ მათი რიცხვი არ გაადიდა. იდეები ხომ დაახლოებით იმდენია, ან არანაკლები, რაც საგნები, რომლთა მიზეზების ძიებამ ისინი საგნებიდან იდეებამდე მიიყვანა. თითოეული იდეა ხომ რაღაც ომონიმია, რომელიც ამავე დროს სუბსტანციებისაგან (იქნება ის ამქვეყნიური თუ მარადიული) დამოუკიდებელია და ყოველივესადმი ისეთსავე მიმართებაშია, როგორც ერთი მრავალთან.

      ამას გარდა, არც ერთი იმ არგუმენტით, რომლითაც იდეების არსებობას ვამტკიცებთ[51], არ ჩანს, რომ ეს ასეა. ზოგიერთი არგუმენტით სილოგიზმს ვერ მივღებთ, ზოგიერთით კი ვიღებთ იდეას იმ საგნებისთვისაც, რომლებსაც, ჩვენი აზრით, იდეა არა აქვთ. მეცნიერული ხასიათის არგუმენტებით კი უნდა არსებობდეს იდეა ყველა ამ საგნებისათვის, რომლის შესახებაც ცოდნა გვაქვს. ერთის სიმრავლისადმი მიმართების არგუმენტით კი - უარყოფითი მოვლენებისაც[52]. დაღუპულ საგანთა გააზრების შესაძლებლობის გამო უნდა არსებობდეს მათი იდეაც, რადგან მათ შესახებ რაღაც წარმოდგენა გვრჩება. ყველაზე ზუსტი[53] არგუმენტები შესაძლებელს ხდიან მიმართებათა იდეების არსებობას, რასაც ჩვენ არა ვთვლით დამოუკიდებელ გვარად. ზოგნი კი მესამე ადამიანზე[54] ლაპარაკობენ. საერთოდ კი, არგუმენტები, რომლითაც იდეების არსებობას ვამტკიცებთ, უარყოფენ იმას, რის არსებობასაც ჩვენთვის, იდეების მომხრეთათვის, იდეების არსებობაზე უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს. რადგან აქედან გამომდინარეობს, რომ რიცხვი წინ უსწრებს ორიანს და მიმართება - თავისთავად არსებულს მოვლენებს. ასევეა ყველა სხვა შემთხვევაშიაც, სადაც კი იდეების მოძღვრების თანმიმდევარი მომხრენი წინააღმდეგობაში ექცევიან საწყისებთან. გარდა ამისა, იმ თვალსაზრისის მიხედვით, რომლითაც იდეების არსებობას ვამტკიცებთ, უნდა არსებობდნენ არა მარტო სუბსტანციათა იდეები, არამედ მრავალი სხვა მოვლენისაც[55]. რადგან ერთი აზრი შეიძლება გვქონდეს არა მარტო სუბსტანციების შესახებ, არამედ ყოვლივე დანარჩენის შესახებაც. ასევე არა მარტო სუბსტანციის ცოდნაა შესაძლებელი, არამედ სხვა მოვლენებისაც და ათასი სხვა ამდაგვარი შედეგი[56] გამომდინარეობს აქედან. მაგრამ, როგორც აუცილებლობის, ისე იდეების შესახებ არსებული შეხედულების მიხედვით, თუ იდეებში მონაწილეობა შეიძლება, მაშინ აუცილებლად უნდა არსებობდეს მხოლოდ სუბსტანციათა იდეები, რადგან თითოეული მოვლენა მონაწილეობს არა შემთხვევითში, არამედ იმაში, რაც სხვის შესახებ არ ითქმის. მე მხედველობაში მაქვს ის, რომ თუ რაიმე ეზიარება თავისთავად ორმაგობის იდეას, ის მარადიულობის იდეასაც ეზიარება, თუმცა შემთხვევით, რადგან ორმაგობის იდეა შემთხვევითაა მარადიული. ასე რომ, იდეაც სუბსტანცია[57] იქნება, მაგრამ სუბსტანციას „აქაც” და „იქაც” ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს. ან ამას გარდა, სხვას რას უნდა ნიშნავდეს გამოთქმა ერთის მრავლისადმი მამართების შესახებ? და თუ იდეებიც და მასში მონაწილე საგნებიც ერთი და იმავე გვარისა არიან, მაშინ მათ რაღაც საერთო უნდა ჰქონდეთ. მაგრამ წარმავალ ორიანებსა და მრავალ მარადიულ ორიანებს შორის რატომ უნდა იყოს ორიანობა უფრო მეტად ერთი და იგივე, ვიდრე თავისთავად ორიანსა და რომელიმე კონკრეტულ ორიანს შორის? თუ მათ საერთო გვარი არა აქვთ, მაშინ ისინი მხოლოდ ჰომონიმები ყოფილან. ისევე, როგორც ვინმე რომ უწოდებდეს ადმიანს, როგორც კალიასს, ისე ხეს და არ ხედავდეს მათ შორის არაფერს საერთოს.

      ყველაზე მეტ სიძნელეებთან არის დაკავშირებული საკითხი იმის შესახებ, თუ რას მატებენ იდეები შეგრძნებად მოვლენებში მარადიულს, ანდა წარმოშობადსა და დაღუპვადს? იდეები ხომ არც მათი მოძრაობისა და არც სხვა რაიმე ცვალებადობის მიზეზნი არიან. მაგრამ ისინი არც საგანთა შემეცნებას უწყობენ ხელს (რადგან ისინი არ არიან მათი არსება, თორემ მათშივე იარსებებდნენ) და არც მათ არსებობას, რადგან იდეები მათ მოზიარე საგნებში არ არსებობენ. ისინი იმავე აზრით შეიძლება ჩაგვეთვალა მიზეზებად, როგორც სითეთრე იმ საგნისათვის, რომელიც ამ ფერად იღებება. მაგრამ ეს შეხედულება, რომელსაც ჯერ ანაქსაგორა და შემდეგ ევდოქსე და ზოგიერთი სხვა იზიარებდა, უაღრესად საეჭვოა. რადგან ამ შეხედულებისათვის შეიძლება მისგან გამომდინარე მრავალი შეუსაბამო დასკვნის დაპირისპირება. არც იდეებიდან შეიძლება ყოველივე დანარჩენის მიღება არც ერთი ზემოდასახელებული გზით. ხოლო თქმა იმისა, რომ ისინი არიან ნიმუშები და ყოველივე სხვა მათ ეზიარება, ან უაზრობა, ან პოეტური გამოთქმაა. ან ვინაა ის, ვინც მუშაობს იდეების შემყურე?[58] მაშინ როდესაც შეიძლება, რომ ნებისმიერი საგანი იყოს ან ხდებოდეს იდეების მსგავსი ისე, რომ იდეებს არ ბაძავდეს. მაგალითად, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა სოკრატე, შეიძლება სოკრატეს მსგავსი ვინმე არსებობდეს, ცხადია, ასევე იქნებოდა სოკრატეს უკვდავების შემთხვევაშიც. აგრეთვე ერთსა და იმავე საგანს ექნებოდა, როგორც მრავალი ნიმუში, ისე იდეა. მაგალითად, ადამიანს - ცხოველიც და ორფეხობაც და ამავე დროს თავისთავად ადამიანობაც.

      შემდეგ, იდეები არა მხოლოდ შეგრძნებადი საგნების ნიმუშებია, არამედ იდეებისაც, როგორც, მაგალითად, გვარი არის გვარი სახეებისათვის. ასე, რომ ერთი და იგივე იქნებოდა, როგორც ნიმუში, ისე ასლი.

      შემდეგ, მე მგონია, რომ შეუძლებელია, არსება იმისაგან დამოუკიდებლად არსებობდეს, რის არსებასაც ის წარმოადგენს. ამ შემთხვევაში როგორღა იქნებოდნენ საგანთაგან დამოუკიდებლად არსებული იდეები საგანთა არსებები? „ფედონში” ნათქვამია, რომ იდეა არის საგანთა არსებობისა და წარმოშობის მიზეზი. მაგრამ მიუხედავად იდეების არსებობისა, მათი მოზიარე საგნები ვერ წარმოიშობიან ისე, თუ არ არსებობს მამოძრავებელი მიზეზი, მაგრამ ბევრი რამ სხვა კი წარმოიშვება, მაგალითად, სახლი ან ბეჭედი, რომელთა იდეებს უარვყოფთ. ასე რომ, ცხადია, შესაძლებელია ამავე მიზეზით, როგორც იმ საგნების არსებობა და წარმოშობა, რომელთა შესახებაც ახლახან ვილაპარაკეთ, ისე სხვისა.

      შემდეგ, თუ იდეები რიცხვები არიან, როგორ იქნებიან ისინი მიზეზები? იქნებ იმ გაგებით, რომ არსებული საგნები სხვა რიცხვებს წარმოადგენენ. როგორც, მაგალითად, ეს რიცხვი არის ადამიანი, ის სოკრატე, ის კი კალიასი? მაგრამ როგორ არიან ისინი ამათი მიზეზები? რომ ერთნი მარადიული არიან, მეორენი კი წარმავალი, ეს მათ შორის არავითარ განსხვავებას არ ქმნის[59]. თუ საგნები რიცხვთა სიმფონიისმაგვარ მიმართებას წარმოადგენენ, ცხადია, რომ უნდა არსებობდეს რაღაც ერთი, რომლის მიმართებასაც ისინი წარმოადგენენ. თუ ეს მატერიაა, ცხადია, რომ თვით რიცხვები რაღაც მიმართებაში იქნებიან ერთმანეთთან. მე ვგულისხმობ იმას, რომ თუ კალიასი არის ცეცხლის, მიწის, წყლის, ჰაერისა და რაღაც სხვა სუბსტანციათა რიცხობრივი დამოკიდებულება, მაშინ იდეაც რაღაც სუბსტრატის რიცხვი იქნებოდა და თავისთავადი ადამიანიც, იასრებებდა თუ არა რაიმე რიცხვი, რაღაც მოვლენათა რიცხვობრივი დამოკიდებულება იქნებოდა და არა რიცხვი. ამიტომაც რიცხვი აღარ იარსებებდა.

      შემდეგ, მრავალი რიცხვიდან კი იქნება ერთი რიცხვი, მაგრამ მრავალი იდეიდან როგორ იქმნება ერთი იდეა? თუ იდეები იქმნებიან არა რიცხვებიდან, არამედ რიცხვების შემადგენელი ნაწილებისაგან, როგორიცაა ათასის შემადგენელი ელემენტები, რა მდგომარეობაა მაშინ ამ ერთიანებში?[60] თუ ისინი ერთგავროვანნი არიან, აქედანაც მრავალი შეუსაბამო შედეგი გამომდინარეობს. მაგრამ თუ არც ესენი არიან ერთმანეთის მსგავსნი და არც სხვები, მაშინ ისინი, როგორც უთვისებონი, როგორ იქნებოდნენ ერთმანეთისაგან განსხვავებული? ეს კი არც ლოგიკურია და არც აზროვნებას ეთანხმება. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში აუცილებელი გახდებოდა, როგორც რაღაც სხვაგვარი რიცხვის დადგენა, რომელსაც არითმეტიკა სწავლობს, ისე ზოგიერთის მიერ შუალედად[61] წოდებული ობიექტებისა. როგორ და რომელი საწყისებისაგან იქნებოდნენ შემდგარი ეს უკანასკნელნი? ან რატომ არიან ისინი ამქვეყნიურ საგნებსა და იდეალურ რიცხვებს შორის? შემდეგ, ორიანში შემავალი თითოეული ერთიანი რაღაც სხვა წინამორბედი ორიანისაგან უნდა იყოს წარმოებული, მაგრამ ეს შეუძლებელია. გარდა ამისა, ზემოთქმულის მიხედვით, თუ ერთიანები განსხვავებული არიან, მაშინ ისე უნდა გვემსჯელა, როგორც მსჯელობენ ოთხი, ან ორი საწყისის მომხრენი, თუმცა არც ერთი მათგანი არ ასახელებს ისეთ საერთო ელემენტს, როგორიცაა სხეული, არამედ ცეცხლსა და მიწას, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ რაღაც საერთო სხეული. ისინი კი ისე მსჯელობენ, თითქოს საქმე ჰქონდეთ ერთგვაროვანი ნაწილებისაგან შემდგარ ერთ საწყისთან, როგორიცაა ცეცხლი ან წყალი. მაგრამ ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ რიცხვები სუბსტანციები არ იქნებოდნენ და ცხადია, რომ თუ არსებულა რაღაც თავსთავადი ერთი, როგორც საწყისი, მაშინ ერთს მრავალი მნიშვნელობა ჰქონია, სხვაგვარად შეუძლებელია.

      გვსურს რა, რომ სუბსტანციებს საწყისები გამოვუნახოთ, სიგრძეს ვაწარმოებთ მოკლესა და გრძელისაგან, რაღაც მცირესა და დიდისაგან, სიბრტყეს - ფართოსა და ვიწროსაგან, სხეულს - ღრმისა და არაღრმისაგან. მაგრამ როგორ შედგება სიბრტყე ხაზისაგან, და სხეული ხაზისაგან და სიბრტყისაგან? რადგან, ერთი მხრივ, ბრტყელი და ვიწრო და მეორე მხრივ, ღრმა და არაღრმა სხვადასხვა გვარისანი არიან და იმავე მიზეზით, რის გამოც რიცხვი არაა მათში, ე.ი. მეტისა და ნაკლების მათგან განსხვავების გამო, ცხადია, ამიტომ არც მაღალი და არც სხვა რაიმე შეიძლება შედიოდეს დაბალში[62]. მაგრამ არც ფართოა გვარი ღრმისათვის, რადგან ამ შემთხვევაში, სხეული რაღაც სიბრტყე იქნებოდა და წერტილებიც რაღაც ნაწილებისაგან იქნებოდნენ შემდგარი. მაგრამ, პლატონი ებრძოდა ამ შეხედულებას, როგორც გეომეტრიულს და საწყისად ხაზებსა თვლიდა, რომელთაც იგი ხშირად ატომურ ხაზებს უწოდებდა. მაგრამ აუცილებელია, რომ მათ რაიმე საზღვრი ჰქონდეთ. ასე რომ, იმავე საფუძვლით, რომლითაც ხაზი არსებობს, უნდა არსებობდეს წერტილიც.

      საერთოდ, ჩვენ განუხილველად დავტოვეთ საკითხი იმ სიბრძნის შესახებ, რომელიც ხილვადი საგნების მიზეზებს იკვლევს. რადგან ჩვენ არაფერს არ ვამტკიცებთ იმ მიზეზების[63] შესახებ, საიდანაც მოძრაობა იწყება. და გვგონია რა, რომ საგანთა არსებაზე[64] ვმსჯელობთ, ვამტკიცებთ, რომ ისინი მათგან სრულიად განსხვავებული არიან. მაგრამ იმის შესახებ, თუ როგორ არიან იდეები, ამათი არსება[65], ტყუილად ვყბედობთ, რადგან „მონაწილეობა”, როგორც ზევითაც ვთქვით, არაფერი არაა. როგორც ვხედავთ, იდეები არც მეცნიერული ხასიათის მიზეზები არიან, რომლის მიხედვითაც მოქმედებს მთელი გონება და ბუნება და არც იმ მიზეზებთან აქვთ რაიმე საერთო, რომელიც, როგორც ვთქვით, ერთადერთ საწყისს წარმოადგენენ. ამგვარად, თანამედროვე ფილოსოფოსებისათვის ფილოსოფიის ადგილი მათემატიკამ დაიკავა, რომელსაც, მათი აზრით, სხვა მეცნიერებათა გულისათვის უნდა მივსდევდეთ.

      საფუძველში მყოფი სუბსტრატი ვინმემ შეიძლება უაღრესად მათემატიკური ხასიათის მატერიად გაიგოს, მაგრამ ის სხვაზე ითქმის და სუბსტანციისა და მატერიის თვისებას წარმოადგენს, როგორც დიდი და პატარა, ვიდრე მატერიას. იმავე აზრით, რა აზრითაც ფიზიოლოგები იშვიათსა და ხშირზე ამბობენ, რომ ისინი სუბსტრატის სახესხვაობანი არიანო, რაც იგივე სიჭარბე და ნაკლებობაა.

      რაც შეეხება მოძრაობას, თუ აქ არის მოძრაობა, ცხადია, იდეებიც უნდა მოძრაობდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საიდან წარმოიშვება მოძრაობა? მაგრამ მაშინ ბუნების შესახებ მთელი მათი გამოკვლევა აზრს დაკარგავდა[66]. იმის დამტკიცება კი, რომ ყოველივე ერთია, ადვილი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში არ ხერხდება, რადგან აბსტრაქციის გზით ყველაფერი არ ერთიანდება, არამედ ვიღებთ რაღაც თავისთავად ერთს. თუ ყოველივე ზემოთქმულს გავითვალისწინებთ, ამასაც ვერ მივიღებთ, თუ არ დავუშვებთ ზოგად გვარს, მაგრამ ზოგჯერ ეს შეუძლებელია.

      არაფერი აქვთ ნათქვამი აგრეთვე იმის შესახებ, რაც რიცხვებს მოსდევს: სიგრძის, სიბრტყისა და სხეულების შესახებ, თუ როგორ არსებობენ, ან იარსებებენ ისინი, ან მათი უნარის შესახებ. ისინი ხომ არც იდეები არიან, რადგან არ არიან რიცხვები, არც შუაში არსებული მოვლენები, რადგან ასეთი არიან მათემატიკური რიცხვები. არც წარმავალი საგნები არიან, არამედ, როგორც ეტყობა, აქ რაღაც სხვა მეოთხე გვართან გვაქვს საქმე.

      საერთოდ, არსებული მოვლენების ელემენტების კვლევაზე მათ არც უფიქრიათ, რადგან მისი მნიშვნელობათა მრავალრიცხოვნების გამო, მათი გამოვლენა შეუძლებელია, განსაკუთრებით კი იმის დადგენა, რაც ელემენტებისაგან იყო წარმოებული. თუ რისგან შედგება მოქმედება, ვნება ან სწორი ხაზი, ამას მათგან ვერ გავიგებთ და თუ გავიგებთ, ისიც მხოლოდ სუბსტანციების შესახებ.

      ამრიგად, ყველა საგანთა ელემენტების კვლევა ან იმედი იმისა, რომ მათ მომავალში დავადგენთ, არაა სწორი. ან როგორ შეიცნობდა ვინმე ყველაფრის საწყის ელემენტებს, რადგან, ცხადია, რომ მათზე ადრე არაფერი არ ეცოდინებოდა. მაგალითად, ვინც გეომეტრიას სწავლობს, შეიძლება სხვა რამ იცოდეს წინასწარ, მაგრამ არაფერი არ ეცოდინება არც ამ მეცნიერების ობიექტისა და არც იმის შესახებ, რის შესწავლასაც აპირებს. ასევე სხვა შემთხვევაშიც. ამრიგად, როგორც ზოგიერთი ამბობს, მას წინასწარ არაფერი არ ეცოდინებოდა. მაგრამ ყოველგვარი შესწავლა წარმოებს ობიექტთა მთლიანი, ან ნაწილობრივი წინასწარი ცონის საფუძველზე, სულ ერთია, იქნება ეს ის ცოდნა, რომელიც მტკიცებას მიმართავს, თუ რომელიც მიმართავს განსაზღვრებებს. საჭიროა როგორც იმ ელემენტების წინასწარი ცოდნა, რისგანაც განსაზღვრება შედგება, ასევე, მათი შეცნობადობა. ასევეა ინდუქციის შემთხვევაშიც. ის თანდაყოლილიც რომ ყოფილიყო, საკვირველი იქნებოდა, თუ როგორ არ უნდა გვცოდნოდა, რომ ყველაზე საუკეთესო ცოდნასა ვფლობთ. შემდეგ, როგორ შესძლებდა ვინმე საგნის შემადგენელი ელემენტების გაგებას, ან ამის ცხადყოფას? ესეც ძნელი გადასაწყვეტია, რადგან ამაზეც ისევე შეიძლება დავა, როგორც ზოგიერთ მარცვალზე, მაგალითად, ზოგი ამტკიცებს, რომ მარცვალი ζ α შედგება σ -ისა, δ -ისა და α -საგან. ზოგი სხვა სრულიად უცნობ ბგერას ასახელებს. ასევე, როგორ ეცოდინებოდა შეგრძნებადი საგნები იმას, ვისაც შეგრძნების უნარი არა აქვს? ეს კი აუცილებელია, თუ ყოველივე ერთი და იმავე ელემეტებისაგან არის შემდგარი, როგორც რთული ბგერა შედგება უკვე ცნობილი ელემენტებისაგან.

თავი 10

      როგორც ირკვევა, ყველა ეს მოაზროვნენი იმ მიზეზებს იკვლევდნენ, რაზეც ჩვენ უკვე გვქონდა მსჯელობა წიგნებში „ბუნების შესახებ” და ჩვენ ამაზე მეტს ვერაფერს ვერ დავუმატებთ, რადგანაც ზემოთქმული ისეც ნათელია. მაგრამ ყველა ისინი ბუნდოვნად მსჯელობდნენ და, ერთი მხრივ, ყველა ამ მიზეზებს იკვლევდნენ, მეორე მხრივ კი, არც ერთ მათგანს. პირველი ფილოსოფია, როგორც ჩანს, ყოველივეს ბუნდოვნად განსჯის იმის გამო, რომ ახალგაზრდაა და დასაწყის სტადიაშია. როგორც ემპედოკლეს აზრით, ძვალი სხეულისათვის იგივეა, რაც საგნისათვის არსება და ის, რასაც საგანი წარმოადგენს, ასევე აუცილებლად ელემენტთა მიმართება უნდა იყოს სხეულიცა და ყოველივე სხვაც, ანდა არც ერთი მათგანი. როგორც ხორცი, ისე ძვალი და ყოველივე დანარჩენი არსებობს ამის გამო, მატერიის გამო, რასაც ის ცეცხლს, წყალს, მიწასა და ჰაერს უწოდებს. სხვას რომ ემტკიცებინა ეს, ის აუცილებლად დაეთანხმებოდა, თუმცა თვითონ ამას გარკვევით არ ამბობს, რაც ადრევე ნათელვყავით. იმ დაბრკოლებებს კი, რაც ამ საკითხებს ახლავს თან, ჩვენ ვკლავ დავუბრუნდებით, რათა მათი საშუალებით გადავჭრათ მოსალოდნელი სიძნელეები.

წიგნი მეორე»

----------------------------------

შენიშვნები:

[1] არისტოტელეს აზრით, ცოდნა შეგრძნებებიდან მოდის. რაც ბევრს ამბობს არისტოტელეს მატერიალისტურ ტენდენციებზე შემეცნების თეორიაში.

[2] დედანშია τ ὸ δ ὲ τ ῶ ν ἀ ν θ ρ ώ π ω ν γ έ ν ο ς რაც სიტყვა-სიტყვით ადამიანთა გვარს ნიშნავს.

[3] დედანშია τ έ χ ν η, რასაც როგორც კუბიცკი, ისე გოლკე „ხელოვნებად“ თარგმნიან (исскуство, Kunst), მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი გაგებით „ხელოვნება“ ბევრად უფრო ვიწრო ცნებაა არისტოტელეს გაგებასთან შედარებით. არისტოტელესთან „ხელოვანი“ ნიშნავდა ყველა საქმის მცოდნესა და ოსტატს და არა მარტო ხელოვანს. ამიტომ τ έ χ ν η -ს უფრო ზუსტი თარგმანი იქნებოდა მისი „დახელოვნებით“ გადმოცემა. ამიტომაც ჩვენ ის „დახელოვნებით“ გადმოვეცით იქ, სადაც ტექსტი ამის შესაძლებლობას იძლეოდა, ზოგგან კი ის „ხელოვნებად“ ან „ცოდნად“ ვთარგმნეთ.

[4] სიტყვა „მოვლენის“ შესატყვისი ბერძნულ დედანში არ არის. არისტოტელე, როგორც ამ სიტყვის წინამორბედ ზედსართავ სახელს, ისე საერთოდ ყველა ზედსართავ სახელებს, უაღრესად ზოგადი მნიშვნელობითა ხმარობს, გულისხმობს რა მათში არა მარტო მატერიალურ, არამედ იდეალურ მოვლენებსაც. ამიტომაც სიტყვა „მოვლენა“ ჩვენს მიერ შეტანილია მხოლოდ ტექსტის წაკითხვის გაადვილების მიზნით.

[5] Π ῶ λ ο ς, პოლოსი, სოფისტ გორგიას მოწაფე.

[6] მამაკაცის სახელია.

[7] არისტოტელე აქ გულისხმობს ზოგად ადამიანს, კონკრეტული ადამიანის არსებას, „ადამიანობას“.

[8] პლატონი ხელოვნების მიზნად ასახელებდა სარგებლობას. არისტოტელე კი, პირიქით, როგორც ვხედავთ, უარყოფდა ხელოვნების პრაქტიკულ დანიშნულებას და მას თვითმიზნად აცხადებდა. და სწორედ ეს მიაჩნდა მას ხელოვნების უპირატესობად ცოდნის სხვა დარგებთან შედარებით.

[9] ἐ ν τ ο ύ τ ο ι ς τ ο ῖ ς τ ό π ο ι ς სიტყვა-სიტყვით - „იმ ადგილებში“.

[10] კუბიცკის შენიშვნის მიხედვით აქ იგულისხმება „ნიკომახეს ეთიკის“ VI წიგნის მე-3-7 თავები.

[11] ἐ π ι σ τ ή μ η, ჩვენ მეტწილად „ცოდნა“ -დ ვთარგმენთ, რადგან არისტოტელესთან ამ ტერმინით იგულისხმებოდა არა მეცნიერების რომელიმე სფერო, არმედ საერთოდ, მოვლენათა ცოდნა. ამიტომაც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სიტყვის ყველგან „მეცნიერებით“ გადმოცემა არ იქნებოდა სწორი.

[12] τ ῶ ν ἀ π ο β α ι ν ό ν τ ω ν - დედანში არაა დაკონკრეტებული, ამით აიხსნება ის, რომ მას კუბიცკი ზოგადად თარგნის, როგორც „შედეგს“ (последствий), რაც დედნის სიტყვა-სიტყვით გადმოცემაა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ ტერმინის დაკონკრეტების შესაძლებლობას არ იძლევა წინამორბედი ტექსტი, სადაც არისტოტელე ასხვავებდა თეორიული მიზანდასახულების მქონე მეციერებათ პრაქტიკულთაგან. აქ მას სწორედ პრაქიკულად გამიზნული მეცნიერებანი აქვს მხედველობაში. ამიტომ ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ ამ სიტყვის ასე თარგმნა: „მისგან გამომდინარე სარგებლობის გამო“, რათა მკითხველისათვის გარკვეული ყოფილიყო, რომ მას მხედველობაში აქვს არა ყოველგვარი შედეგები, რაც ცოდნას მოსდევს, არამედ მხოლოდ პრაქტიკული.

[13] τ ὰ μ ά λ ι σ τ α κ α θ ό λ ο υ რაც ჩვენ გადმოვეცით სიტყვით „უზოგადესი“, კუბიცკისთან გადმოცემულია „უზოგადესი საწყისით“, მარგამ ტექსტში ამ ადგლას არაა მსჯელობა საწყისებზე, რომ სიტყვა „უზოგადესი“ საჭიროებდეს „საწყისის“ დამატებას.

[14] დედანშია ἀ ο ι δ ο ί სიტყვა-სიტყვით „მომღერლები“ . ძველ საბერძნეთში პოეტები მომღერლებიც იყვნენ ერთსა და იმავე დროს და თავისი შემოქმედების პოპულარიზაციას სიმღერით ეწეოდნენ.

[15] τ ὸ ν λ ό γ ο ν ἔ σ χ α τ ο ν სიტყვა-სიტყვით ნიშნავს კიდურ ცნებას, მაგრამ აქ ნახმარია უზოგადესი ცნების მნიშვნელობით, რაც ამავე დროს საგნის არსება და არსების განსაზღვრებაა, არისტოტელეს აზრით.

[16] Ὠ κ ε α ν ό ν, ოკეანე ცისა და მიწის შვილი, წყლის ღვთაებათა გამგებელი.

[17] Τ η θ ὺ ν, ტეთიდა, წყლის ღვთაებათა გამგებელი.

[18] Σ τ ύ γ α, სტიქი, მთავარი მდინარე მიწის ქვეშა სამეფოში.

[19] Ἵ π π ω ν α, ჰიპონი, პერიკლეს თანამედროვე ფილოსოფოსი, რომელსაც არისტოტელე აქ აკრიტიკებს, თავისი მსოფლმხედველობით მატერიალისტი იყო, იბრძოდა ღმერთების რწმენის წინააღმდეგ.

[20] კუბიცკის თარგმანის მიხედვით, აქ თითქოს მთელი ბუნების უძრაობა მტკიცება. ჩვენი აზრით, აქ ნაგულისხმევია „ერთის“ ბუნების უძრაობა.

[21] გოლკე და კუბიცკი ამ ადგილს თარგმნიან ისე, თითქოს ემპედოკლეს კიდევ ორი სხვა საწყისი შემოეტანოს. სინამდვილეში კი აქ ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ ემპედოკლემ მტრობა აქცია არამარტო მოძრაობის, არამედ განსხვავებისა და დაპირისპირების საწყისადაც.

[22] -----

[23] τ ῶ ν μ α θ η μ ά τ ω ν, რაც მრავლობითი რიცხვის გენეტივუსია, ჩვენ გადმოვეცით ტერმინით „მათემატიკური მეცნიერებანი“, წინააღმდეგ გოლკეს თარგმანისა - „მათემატიკა“ . ჩვენი გაგების სასარგებლოდ ლაპარაკობს ისიც, რომ არისტოტელეს დროს ცნობილი იყო არა მხოლოდ საკუთრივ მათემატიკა, არამედ მათემატიკური ხასიათის მრავალი სხვა დარგი.

[24] τ ὴ ν ἀ ν τ ί χ θ ο ν α, დედამიწის მოპირდაპირე სხეული, რაც მოიგონეს პითაგორელებმა, რათა ციურ სხეულთა რიცხვი ათამდე შეესრულებინათ.

[25] ----

[26] ნაგულისხმევია ელეელები.

[27] τ ο ῖ ς ϕ α ι ν ο μ έ ν ο ι ς - შეგრძნებებში მოცემული, ანუ ის, რაც თავს იჩენს, თუ ვლინდება შეგრძნებების საშუალებით, აქედან სიტყვა „ფენომენი“.

[28] როსის კომენტარის მიხედვით აქ ნაგულისხმევია თალესი, ანაქსიმენე, ჰიპონი, დიოგენე, ჰიფასოსი, ჰერაკლიტე და მელისო.

[29] ლევკიპე და დემოკრიტე.

[30] პარმენიდე, ანაქსაგორა.

[31] ემპედოკლე.

[32] პითაგორელები.

[33] ამ ადგილას არისტოტელეს ნაგულისხმევი უნდა ჰქონდეს მთელი წინამორბედი ფილოსოფიური სკოლები, რომელთაც „მისდევდა“ და „ენათესავებოდა“ პლატონი და არა მარტო პითაგორელთა სკოლა, როგორც კუბიცკი ფიქრობს.

[34] ο ὗ τ ο ς ο ὖ ν τ ὰ μ ὲ ν τ ο ι α ῦ τ α τ ῶ ν ὄ ν τ ω ν ἰ δ έ α ς π ρ ο σ η γ ό ρ ε υ σ ε ამ ფრაზის თარგმანს პრინციპული მნიშვნელობა აქვს პლატონის იდეებზე მოძღვრების სწორი ინტერპრეტაციისათვის. ეს კი ბევრად არის დამოკიდებული იმისაგან, τ ῶ ν ὄ ν τ ω ν -ს მივაკუთვნებთ τ ὰ τ ο ι α ῦ τ α -ს, თუ ἰ δ έ α ς -ს. პირველ შემთხვევაში ფრაზა ასე ითარგმენბა : „პლატონმა არსებულის ასეთ სახეთ იდეები უწოდა“ . ამ შემთხვევაში იდეები რეალობად არის გაგებული, ასე ესმის ეს ადგილი კუბიცკის. მეორე შემთხვევაში ფრაზა ასე ითარგმნება: „პლატონმა მათ არსებულის იდეები უწოდა“ . აქ იდეებს უფრო ცნებადი ელფერი გადაჰკრავთ. ასე თარგმნიან ამ ფრაზას გოლკე და როსი, რაც პლატონის იდეებზე მოძღვრების იდეალისტური იტერპრეტაციის მომასწავებელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორია კუბიცკისეული გაგება, რადგან არისტოტელე სინამდვილეში ყოველთვის იდეების რეალურ არსებობას აღიარებდა. მომდევნო ტექსტში იდეების ასეთი გაგება გვხვდება.

[35] „პირველად რიცხვებში“ არისტოტელე გულისხმობს დამოუკიდებელ რიცხვებს, განსხვავებით რიცხვთა შემადგენელი ერთეულებისაგან.

[36] აქ გოლკე გონებამახვილურად შენიშნავს, რომ პლატონთან იდეაა ერთიანობის საფუძველი, მატერია კი - სიმრავლის. არისტოტელესთან, პირიქით, ერთიანობის მიზეზია მატერია, სიმრავლისა კი - ფორმა. მართლაც, ამ საკითხში ამ ორ მოაზროვნეს ერთმანეთის საწინააღმდეგო პოზიცია უკავიათ.

[37] τ ο ῦ τ ί ἐ σ τ ι ν α ἴ τ ι α τ ο ῖ ς ἄ λ λ ο ι ς ჩვენ ვთარგმენთ ასე: „სხვა მოვლენათა არსებობის მიზეზი“, წინააღმდეგ გოლკესეული თარგმანისა: „ყოველივე სხვის ცნებადი მიზეზი“, რაც პლატონის იდეის იდეალისტური ინტერპრეტაციაა. როგორც ამ დგილიდან, ისე სხვა ადგილებიდან, ცხადია, რომ პლატონისათვის იდეა არ იყო საგანთა მხოლოდ ცნებადი მიზეზი, არამედ მიზეზი მათი არსებობისა, რეალურ, ონტოლოგიური მიზეზი, რომელსაც ასეთივე რეალური შედეგი მოსდევდა, საგნების სახით.

[38] π ε ρ ὶ ἀ ρ χ ῆ ς გოკლესთან თარგმნილია „საწყის ფორმებად (Unformen), მაგრამ არისტოტელესთან აქ ლაპარაკია არა საწყის ფორმებზე, არამედ საწყისებზე (π ε ρ ὶ ἀ ρ χ ῆ ς) საერთოდ.

[39] τ α ύ τ η ς τ ῆ ς α ἰ τ ί α ς, კუბიცკი თარგმნის „მატერიალურ მიზეზად“, მაგრამ ტექსტში სიტყვა „მატერიალურის“ შესატყვისი არ არის. მართალია, წინამორბედი ტექსტი ასეთი ჩანართის უფლებას იძლევა, მაგრამ აქ ეს საჭირო არაა, რადგან ტექსტიდან ამ ჩანართის გარეშეც გასაგებია, თუ რომელ მიზეზებზეა მსჯელობა.

[40] τ ὸ τ ί ἦ ν ε ἶ ν α ι, რასაც გოლკე „ცნებად არსებად“ თარგმნის, წარმოადგენს არისტოტელეს ტექსტის იდეალისტური ინტერპრეტაციის ცდას, რადგან არისტოტელეს ტექსტში სიტყვა „ცნებადი“ არ არის და გოლკეს ჩანართს წარმოადგენს. აღნიშნული ადგილი ორიგინალისა უფრო კარგად აქვს თარგმნილი კუბიცკის (Суть бытия) და მისი თარგმანი ამ შემთხვევაში უფრო ახლოა დედანთან.

[41] არისტოტელეს მხედველობაში უნდა ჰქონდეს მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულება.

[42] ο ἱ π ο λ λ ο ὶ τ ῶ ν ἀ ν θ ρ ώ π ω ν, სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „ადამიანთა სიმრავლეს“ . ასე აქვს თარგმნილი ეს ადგილი კუბიცკისაც. არისტოტელე ამ გამოთქმაში გულისხმობს, ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანებს, რომელითაც ის უპირისპირებს ფილოსოფოსთ ისევე, როგორც მისი წინამორბედნი.

[43] იგულისხმება, რომ ნაერთი მარტივთან და გადაუმუშავებელთან შედარებით გვიანი წარმოშობისაა.

[44] ნაგულისხმევია ყველა ზემოდასახელებული მოაზროვნე. არისტოტელე აქაც და საერთოდ, მთელ „მეტაფიზიკაში“ აკრიტიკებს თავის წინამორბედთ მოძრაობის უგულებელყოფის გამო.

[45] τ ὰ π ά θ η κ α ὶ τ ὰ σ υ μ β ε β η κ ό τ α „თვისებები და მდგომარეობანი“ . არისტოტელე მათ შორის განსხვავებას ხედავდა მეტ-ნაკლებ სიმყარეში. მას თვისებები გაცილებით მყარად მიაჩნდა მდგომარეობასთან შედარებით. მდგომარეობის გახშირება და გამყარება იწვევს შედეგად გადასვლას თვისებებში.

[46] τ ῶ ν γ ὰ ρ α ὐ τ ῶ ν μ ῖ ξ ί ς ἐ σ τ ι κ α ὶ χ ω ρ ι σ μ ό ς გოლკეცა და კუბიცკიც ამ ადგილს ასე თარგმნიან: „რაც შორდება, ის უკავშირდება კიდეც“ . მაგრამ ასეთი თარგმანის შემთხვევაში გაურკვეველია, თუ რა მიაჩნია არისტოტელეს დაკავშირებისა და დაშორების უნარის მქონედ - თვისებები, თუ სუბსტანციები. მაშინ, როდესაც არისტოტელე გარკვევით ამბობს, რომ ასეთი უნარი მხოლოდ სუბსტანციას შეიძლება ჰქონდეს, წინააღმდეგ თვისებებისა, რომელნიც არასოდეს არ არიან დამოუკიდებელნი და ყოველთვის სუბსტანციასთან არიან დაკავშირებული. ამიტომ ეს ადგილი ჩვენ ასე გადმოვეცით: „შეკავშირება და დაშორება მხოლოდ მათ შეუძლიათ“, ე.ი. სუბსტანციებს და არა თვისებებს.

[47] ანაქსაგორა.

[48] τ ῶ ν ϕ υ σ ι ο λ ό γ ω ν (სიტყვიდან ϕ ύ σ ι ς), ნიშნავს ბუნებისმეტყველთ და არა ფიზიოლოგებს თანამედროვე გაგებით.

[49] ციური მოვლენები და არა მიღმა არსებული მოვლენები, როგორც ამას, გოლკე თარგმნის (was jenseits des Seienden), წინა ფრაზაც მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ აქ მსჯელობა ეხება ასტრონომიულ მოვლენებს. სიტყვა τ ῶ ν ὄ ν τ ω ν ნიშნავს იმას, რომ აქ საქმე გვაქვს არა არსებულის მიღმა მდებარე მოვლენებთან, არამედ არსებულის ერთ-ერთ სახესხვაობასთან, რომელიც მაღლა მდებარეობს (τ ὰ ἀ ν ω τ έ ρ ω) და არა სივრცისა და დროის გარეშე.

[50] პითაგორელების მიერ შერჩეული საწყისებიდან, ე.ი. რიცხვებიდან.

[51] დედანში შესატყვისი ზმნა პირველი პირის მრავლობით რიცხვში არის მოცემული, რაც იმას ნიშნავს, რომ იდეებზე მოძღვრება, რომელსაც არისტოტელე აკრიტიკებს, მისთვის გარეშე და უცხო კი არ იყო, არამედ მახლობელი და თითქმის მისივე. არსტოტელე „მეტაფიზიკის“ დაწერის პერიოდში იდეებზე მოძღვრების მიმდევარი იყო. და აკრიტიკებდა რა ამ მოძღვრებას, მიზნად ისახავდა მისი სუსტი მხარეების დაძლევას.

[52] τ ῶ ν ἀ π ο ϕ ά σ ε ω ν გოლკესთანაც და კუბიცკისთანაც თარგმნილია უარყოფითი მსჯელობების მნიშვნელობით. ეს თარგმანი არაა მცდარი, მაგრამ ავიწროებს აღნიშნული ტერმინის შინაარსს. არისტოტელე აქ გადმოსცემს პლატონის იდეებზე მოძღვრებებიდან გამომდინარე შედეგს უარყოფითი იდეების არსებობის შესახებ. ეს კი წინააღმდეგობა იყო იდეებზე მოძღვრებაში, რომლითაც მხოლოდ დადებითი მოვლენების იდეები უნდა არსებულიყო. არისტოტელეს ეს არგუმენტი გვაგონებს დიალოგ „პარმენიდეში“ პარმენიდეს მიერ წამოყენებულ არგუმენტს უარყოფითი იდეების შესახებ, რაც აბნევს სოკრატეს და ძირს უთხრის პლატონის მოძღვრებას. „პარმენიდეში“ პლატონის მიზანი და „მეტაფიზიკაში“ არისტოტელეს მიზანი ერთი და იგივეა, - ამ სიძნელიდან გამოსასვლელის დაძებნა.

[53] როსის ინტერპრეტაციით, ყველა ზემომოტანილი არგუმენტი მოწმობს მას, რომ არისტოტელეს გაგებით, პლატონის იდეები მხოლოდ ფომალურ-ლოგიკური პრინციპები იყო და არა ონტოლოგიური. მაგრამ როგორც არისტოტელეს ეს არგუმენტი, ისე მთელი მომდევნო მსჯელობაც ავლენს არისტოტელეს მიერ პლატონის იდეების ონტოლოგიურ პრინციპებად და არა მარტო ფორმალურ-ლოგიკურ პირნციპებად გაგებას.

[54] ეს არგუმენტი უაღრესად გავრცელებული იყო პლატონის აკადემიაში და გულისხმობდა, რომ იმავე პრინციპით, რა პრინციპითაც არსებობდა საერთო იდეა მრავალი საგნისათვის, უნდა არსებულიყო აგრეთვე, ერთი მხრივ, საგანთა და, მეორე მხრივ, იდეათა საერთო იდეა და ეს პროცესი დაუსრულებლად გაგრძელდებოდა.არისტოტელე აქ გადმოსცემს იდეებზე მოძღვრების მომხრეთა ძირეულ თეზას, საიდანაც ისინი ამოდიოდნენ და რომლის მიხედვით, უნდა არსებულიყო მხოლოდ სუბსტანციათა იდეები. მაგრამ იმ შედეგების მიხედვით რაც ამ მოძღვრებიდან გამომდინარეობდა, აუცილებელი ხდებოდა მრავალი სხვა მოვლების და არა მარტო სუბსტანციათა იდეების დაშვება.

[55] არისტოტელე აქ გადმოსცემს იდეებზე მოძღვრების მომხრეთა ძირეულ თეზას, საიდანაც ისინი ამოდიოდნენ და რომლის მიხედვით, უნდა არსებულიყო მხოლოდ სუბსტანციათა იდეები. მაგრამ იმ შედეგების მიხედვით რაც ამ მოძღვრებიდან გამომდინარეობდა, აუცილებელი ხდებოდა მრავალი სხვა მოვლების და არა მარტო სუბსტანციათა იდეების დაშვება.

[56] ნათქვამია შეუსაბამო, არათანმიმდევარი შედეგების თვალსაზრისით.

[57] არისტოტელე აქ იძლევა იდეებზე მოძღვრების გაგებისათვის უაღრესად მნიშვნელოვან თვალსაზრისს, რომ უნდა არსებობდნენ მხოლოდ სუბსტანციათა იდეები და თვით იდეებიც სუბსტანციები უნდა იყვნენ. ეს თვალსაზრისი უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც მარბურგული სკოლის, ისე მარავალი სხვა ინტერპრეტატორის თვალსაზრისის უარსაყოფად, რომელთა მიხედვით, პლატონის იდეებს მხოლოდ ლოგიკური პრინციპების ღირებულება ჰქონდათ.

[58] ἐ ρ γ α ζ ό μ ε ν ο ν გოლკესთან გადმოცემულია ტერმინით „აფორმებს“ „formt ”, რაც პლატონის იდეებს ფორმალურ პრინციპებად წარმოგვიდგენს. მაგრამ აქ ლაპარაკია არა მარტო საგნების გაფორმებაზე მხოლოდ, არამედ იდეების მიხედვით მათს შემოქმედებაზე.

[59] ნაგულისხმევია რიცხვების მარადიულობა და საგნების წარმავლობა, რაც არსტოტელეს აზრით, მათ შორის საკმარის განსხვავებას არ ჰქმნის იმისათვის, რომ იდეები საგანთა მიზეზად ჩავთვალოთ.

[60] α ἱ μ ο ν ά δ ε ς - მონადები, ნიშნავს, როგორც ერთს, ისე უკანასკნელ დაუნაწევრებელ შემადგენელ ელემენტს. ამ შემთხვევაში მას ეს უკანასკნელი მნიშვნელობა აქვს.

[61] τ ὰ μ ε τ α ξ ὺ გოლკე თარგმნის როგორც „შუალედ მეცნიერებას“, მაგრამ არც ეს ფრაზა და არც მომდევნო ტექსტი არ ამართლებს ასეთ ინტერპრეტაციას. მომდევნო ფრაზიდან აშკარად ჩანს, რომ აქ მსჯელობა ეხება რიცხვებს, ე.ი. ობიექტებს და არა მათ შემსწავლელ მეცნიერებებს.

[62] ნაგულისხმევია ყველა სახის მოვლენები, მოვლენები საერთოდ და არა მხოლოდ ცნებები, როგორც კუბიცკი ფიქრობს; წინამორბედ და მომდევნო ფრაზებშიც მსჯელობა წარმოებს სართოდ მოვლენებზე და არა მხოლოდ ცნებებზე.

[63] π ε ρ ὶ τ ῆ ς α ἰ τ ί α ς („მიზეზების შესახებ“). გოლკეს თარგმანში სიტყვა „მიზეზი“ თარგმნილია „ძალად“ (Ü ber die Kraft), რაც შეუსაბამობაა და ცდაა იმისა, რათა არისტოტელეს თავს მოახვიონ მიზეზების „ძალად“ ან „ენერგიად“ გაგება.

[64] იდეები, როგორც ხილვადი საგნების არსება.

[65] ჩვენს სამყაროში არსებული საგნების არსება.

[66] არისტოტელეს აზრით, მოძრაობის წარმოშობის მიზეზების შესწავლის გარეშე კვლევას ბუნების შესახებ აზრი ეკარგება.

ტეგები: Qwelly, ანტიკური, არისტოტელე, მეტაფიზიკა, ფილოსოფია

ნახვა: 579

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters