არისტოტელე - მეტაფიზიკა

წიგნი II

არისტოტელე, მეტაფიზიკა, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

თავი 1

      ჭეშმარიტების განხილვა, ერთი მხრივ, ძნელია, მაგრამ, მეორე მხრივ, ადვილი, რაც იქიდანაც ჩანს, რომ მას ცალკე მოაზროვნე ვერ წვდება ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ არც სავსებით მარცხს განიცდის, არამედ თითოეული რაღაცას ამბობს ბუნების შესახებ და ან სრულებით არაფერს, ან ცოტა რამეს უმატებს მას[1]. ყოველივე ეს ერთად აღებული კი ქმნის რაღაც სიდიდეს[2]. ასე რომ, თუ აქ დაახლოებით იგივე მდგომარეობაა, როგორც ანდაზა ამბობს: „ ვინ ვერ შესძლებდა კარში მოხვედრას? “ მაშინ ეს ადვილი ყოფილა[3]. მაგრამ სიძნელე იმაში მდგომარეობს, რომ მთელი იცი, ნაწილი კი არა. ეს სიძნელე კი შესაძლებელია ორგვარი იყოს, რის მიზეზიც არის არა საგნებში, არამედ თვით ჩვენში. რადგან როგორ მიმართებაშიცაა ღამურას თვალები დღის სინათლისადმი, ასეთსავე მიმართებაშია ჩვენი სულის გონება[4] ბუნებით ყველაზე ნათელი მოვლენებისადმი. ამიტომ სამართლიანობა მოითხოვს პატივი ვცეთ არა მხოლოდ იმათ, რომელთა თვალსაზრისიც გავიზიარეთ, არამედ იმათაც, რომლებიც შედარებით ზერელედ მსჯელობდნენ, რადგან იმათაც რაღაც მიუმატეს ჭეშმარიტებას, ჩვენი შემეცნების უნარის წინასწარი გავარჯიშებით, მაგალითად, რომ არ დაბადებულიყო ტომოთე[5], არ გვექნებოდა მრავალი ლირიკული თხზულება, ხოლო რომ არ ყოფილიყო თრიუნე,[6] არ გაჩნდებოდა ტიმოთე. ასეთვიე მდგომარეობაა იმათთანაც, რომლებმაც რაიმე აზრი გამოთქვეს ჭეშმარიტების შესახებ: ჩვენ ზოგი ჩვენი შეხედულება, ზოგი მათგანისაგან ავიღეთ, ზოგი კი ამ შეხედულების წარმოშობის მიზეზი იყო.

      სწორი იქნებოდა აგრეთვე, თუ ფილოსოფიას ვუწოდებდით მეცნიერებას ჭეშმარიტების შესახებ. რადგან თეორიულ მეცნიერებათა მიზანია ჭეშმარიტება, პრაქტიკულთა კი - საქმე. მართლაც, როცა პრაქტიკოსები აკვირდებიან საგნის მდგომარეობას, იკვლევენ არა მის მუდმიც მხარეებს, არამედ მიმართებას და იმას, რასაც ის ახლა წარმოადგენს. ჭეშმარიტება კი არ გვეცოდინება, მიზეზების ცოდნის გარეშე. რადგან ყველაზე მეტად მოვლენა იმ ბუნებისაა, რომლის მიხედვითაც მიეწერებათ დანარჩენებს ეს თვისება. მაგალითად, ცეცხლი ყველაზე ცხელია, რადგან ის სხვების სითბოს მიზეზია. ასევე ყველაზე მეტად ჭეშმარიტია ის, რაც სხვა მოვლენების ჭეშმარიტების მიზეზია. მარადიული მოვლენების საწყისები[7] ყოველთვის ყველაზე ჭეშმარიტნი იმიტომ არიან, რომ ისინი ხანდახან არ არიან ჭეშმარიტნი და არც არსებობის რაიმე სხვა მიზეზი აქვთ. პირიქით, ისინი არიან სხვათა მიზეზნი. ამრიგად, თითოეული იმდენადაა ჭეშმარიტი, რამდენადაც არსებობს[8].

თავი 2

      ცხადია ისიც, რომ არსებობს რაღაც საწყისი და როგორც ერთი და იმავე გვარის, ისე სხვადასხვა გვარის მოვლენების მიზეზები უსაზღვროდ ბევრი არ შეიძლება იყოს[9]. რადგან, ერთი მხრივ, შეუძლებელია მოვლენების დაუსრულებელი წარმოშობა მატერიისაგან, როგორც სხეულისა მიწისაგან, მიწისა ჰაერისაგან, ჰაერისა ცეცხლისაგან და ასე შემდეგ დაუსრულებლად. მეორე მხრივ, - მოძრაობის საწყისიდან, მაგალითად, ადამიანს ამოძრავებს ჰაერი, ჰაერს მზე, მზეს მტრობა და ამ პროცესს საზღვარი რომ არსად არ ჰქონდეს.

      ასევე არც მიზნის მიმართულებით შეიძლება პროცესი დაუსრულებელი იყოს: მაგალითად, ადამიანი დასეირნობდეს ჯანმრთელობისათვის, ჯანმრთელობა სურდეს ბედნიერებისათვის, ბედნიერება სხვა მიზნისათვის და ასე მუდმივად ერთი მეორეისათვის არსებობდეს.

      ასეთივე მდგომარეობაა სუბსტრატშიც. ყოველ შუას აქვს რაიმე მომდევნო და რაიმე წინამორბედი. სადაც წინამორბედი აუცილებლად მომდევნოს მიზეზია. ჩვენ რომ ვინმემ დაგვავალოს ვთქვათ, რომელია ამ სამში მიზეზი, ჩვენ პირველს დავასახელებდით, რადგან მიზეზი არ შეიძლება უკანასკნელი იყოს, რომელიც არაფრის მიზეზი არაა. არც შუა, რომელიც მხოლოდ ერთის მიზეზია. მნიშვნელობა არა აქვს იმას, ერთია ის, თუ ბევრი, განსაზღვრული, თუ განუსაზღვრელი. როგორც ამგვარი, ისე საერთოდ, ყოველგვარი უსასრულობის ყველა ნაწილი ერთნაირად შუაში მდებარეობს პირველ წევრამდე. ასე რომ, პირველი წევრი რომ არ არსებობდეს, არც მიზეზი იარსებებდა.

      მაგრამ არც დაბლა სვლა შეიძლება ასევე დაუსრულებლად ზემო საწყისიდან. მაგალითად ცეცხლიდან წარმოიშვას წყალი, წყლიდან მიწა და ასე მუდამ რაღაც სხვადასხვა სახეობა. ერთიმეორისაგან წარმოშობა კი ორგვარად ხდება. ერთიმეორის შემდეგ ვამბობთ ან იმ აზრით, როგორც ისტმიური[10] თამაშობების შემდეგ ოლიმპიური[11] თამაშობებია, ან ბავშვის მამაკაცად და წყლის ჰაერად გარდაქმნის აზრით. რა აზრითაც ვამბობთ, რომ ბავშვიდან მამაკაცი წარმოიშობა, ამავე აზრით ვამბობთ, რომ ქმნადობის პროცესში მყოფიდან წარმოიქმნება ქმნილი და დასრულების პროცესში მყოფიდან დასრულებული. რადგან შეუალედი ყველგანაა, როგორც არსსა და არარსს შორის იმყოფება წარმოშობა, ასევე არსებულსა და არარსებულს შორის - წარმოშობის პროცესში მყოფი. მოსწავლე ხომ წარმოშობის პროცესში მყოფი მცოდნეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლიდან მცოდნე წარმოიშვება. ისეთი წარმოშობის დროს კი, როგორც ჰაერიდან წყლის წარმოშობაა, მეორე მხარე ისპობა. პირველ შემთხვევაში პროცესის შებრუნება არ შეიძლება, რადგან მამაკაცი ბავშვად არასოდეს არ გარდაიქმება. წარმოშობილიდან წარმოშობის პროცესში მყოფი კი არ წარმოიქმნება, არამედ ის, რაც წარმოშობის პროცესის დასრულებას მოსდევს შედეგად. როგორც დღე წარმოიშვება დილიდან, რადგან მას მოსდევს, და დილა კი დღიდან არ წარმოიშვება. მეორე შემთხვევაში პროცესი შებრუნებადია. მაგრამ როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში პროცესი დაუსრულებელი არაა. იმათ, რომლებსაც შუალედი საფეხური აქვთ, აქვთ დასასრულიც. მეორე შემთხვევაში კი მხარეები ერთიმეორეს ენაცვლებიან და ერთი მხარის სიკვდილი მეორის წარმოშობას ნიშნავს.

      ამავე დროს შეუძლებელია, რომ პირველი წევრი[12], რომელიც მარადიულია, მოისპოს. მაგრამ თუ წარმოშობა ზევიდან არაა დაუსრულებელი, აუცილებელია, რომ ის პირველი, რომლის დაღუპვით რაიმე წარმოიშვა, მარადიული არ იყოს. ამას გარდა, მიზანი ანუ ის, „ რისთვისაც რაიმე ხდება “ , ისეთია, რომელიც სხვისთვის კი არ არსებობს, არამედ რომლისთვისაც სხვა არსებობს. ამრიგად, თუ არსებობს რაღაც ასეთი კიდური წევრი[13], პროცესი აღარ იქნება დაუსრულებელი. და თუ ასეთი არ არსებობს, არც მიზანი იარსებებს. ისინი კი, რომლებიც ამ პროცესს დაუსრულებელსა ხდიან, ივიწყებენ იმას, რომ ამით სიკეთის ბუნებას სპობენ[14], მაგრამ მიზნის მიღწევის იმედი რომ არ იყოს, არავინ არ მოჰკიდებდა ხელს რაიმე საქმეს და არც არსებობას ექნებოდა აზრი. რადგან გონიერი ყოველთვის რაიმე მიზნისათვის მოქმედებს, რაც საზღვარს წარმოადგენს. მიზანი ხომ იგივე საზღვარია. „არსებობის“ ცნების სხვა განსაზღვრებაზე დაყვანით ცნებათა გამრავლება არაა საჭირო. წინამობედი კი ყოველთვის უფრო მეტად არსებობს ვიდრე მომდევნო, რადგან ის არსებობს მაშინაც, როცა მომდევნო არაა. მაგრამ თუ წინამორბედი[15] არაა, არც მომდევნო იარსებებს.

      ცოდნას სპობენ ისინიც, რომლებიც ასე მსჯელობენ: ცოდნა შეუძლებელია, სანამ არ მივაღწევთ დაუნაწევრებელ ელემენტებს, მაგრამ რადგან უსასრულოს გააზრება არ შეიძლება, არც შემეცნება იქნება შესაძლებელი.

      ასეთი მდგომარეობა არაა ხაზებში, სადაც დაყოფას საზღვარი არა აქვს. აზროვნება კი შეუძლებელია საზღვართან შეჩერების გარეშე, რადგან ნაწილების დაუსრულებელ რაოდენობას ვერ დავთვლით. ამიტომ აუცლებელია მთელის უძრაობის დაშვება და განუსაზღვრელის არსებობის უარყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში განუსაზღვრელს არსება განუსაზღვრელი არ ექნება. მიზეზთა სახეები რიცხვით რომ განუსაზღვრელი ყოფილიყო, შემეცნებას არ ექნებოდა ადგილი, რადგან ჩვენი აზრით, ვიცით მაშინ, როდესაც შევიცნობთ მიზეზებს. განსაზღვრულ დროში კი იმის განხილვა, რასაც წევრთა განუსაზღვრელი რაოდენობა შეიძლება მიემატოს, შეუძლებელია.

თავი 3

      ლექციის გაგების ხარისხი დამოკიდებულია მსმენელთა ჩვეულებებზე, რადგან მსჯელობაში ის მოგვწონს, რასაც მიჩვეული ვართ, ყველაფერი სხვა კი შეუჩვევლობის გამო გვეჩვენება არა ასეთად, არამედ გაუგებრად და უცხოდ. და ჩვენთვის ისაა გასაგები, რასაც მივეჩვიეთ. თუ რა ძალა აქვს ჩვეულებას, ეს კარგად ჩანს კანონებში, სადაც მითიური და ბავშვური მხარე, ჩვეულების გამო, ბევრად ჭარბობს მათს ცოდნას. ზოგს არაფერი არ ესმის ორატორისა, თუ ის ისე არ მსჯელობს, როგორც მათემატიკოსი, ზოგი მაგალითების მოტანას მოითხოვს ორატორისაგან, ზოგი კი პოეტთა აზრების დამოწმებას. ზოგს კი ყველაფერში სიზუსტე მოსწონს, ზოგი კი უფრთხის სიზუსტეს, ან იმიტომ რომ ჰგონია, რომ ფაქტთა გაერთიანებას ვეღარ შესძლებს, ანდა ის უმნიშვნელოდ მიაჩნია. მართლაც, სიზუსტეს ახასიათებს რაღაც ისეთი, რასაც ხელშეკრულების დადებისას და მონების მსჯელობაში ვხვდებით. მაგრამ, საჭიროა შევისწავლოთ, რამდენად მისაღებია თითოეული ამ მეთოდთაგანი, რადგან უაზრობაა ერთდროულად როგორც მეცნიერული, ისე მეთოდიკური ხასიათის კვლევის წარმოება. მაგრამ არც თითოეული ზემოხსენებული მეთოდის გამოყენებაა ადვილი. მაგალითად, მათემატიკური სიზუსტის მოთხოვნა შეიძლება არა ყველგან, არამედ მხოლოდ არამატერიალურ საგნებში. მაშასადამე, ეს მეთოდი გამოუსადეგია ბუნების მიმართ, რადგან ბუნება მთლიანად მატერიალურია. ამრიგად, პირველ რიგში საკვლევია, თუ რაა ბუნება. მაშინ ცხადი გახდება, თუ რას სწავლობს ბუნებისმეტყველება და ერთი, თუ მრავალი მეცნიერება უნდა სწავლობდეს საწისებსა და მიზეზებს.

« წიგნი პირველი

წიგნი მესამე »

----------------------------------

შენიშვნები:

[1] ცოდნას ბუნების შესახებ.

[2] „რაღაც სიდიდეში“ არისტოტელეს ნაგულისხმევი აქვს „რაიმე ხელშესახები ჭეშმარიტება“. საერთოდ, არისტოტელეს ამ შემთხვევში გამოთქმული აქვს უაღრესად საინტერესო მოსაზრება ჭეშმარიტების ფარდობითობის შესახებ. იმის შესახებ, რომ საბლოო ინსტანციის ჭეშმარიტება არ მოიპოვება უცებ, არამედ თანმიმდევრულად, მრავალი მოაზროვნის მიერ მოპოვებული ჭეშმარიტებათა შეჯამების საფუძველზე.

[3] ე.ი. ჭეშმარიტების წვდომა.

[4] არისტოტელე აქ ემყარება თავის შეხედულებას გონებისა და სულის მიმართების შესახებ, რომლის მიხედვითაც გონება სულის ერთ-ერთი ნაწილია. ეს შეხედულება საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული ძველ საბერძნეთში, როგორც არისტოტელეს დროს, ისე მანამდე და მის შემდეგაც.

[5] ტიმოთე - ცნობილი პოეტი და მუსიკოსი, წარმოშობით მილეთელი, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ათენში 446-357 წწ.

[6] ცოტა რამაა ცნობილი თრიუნეს შესახებ. ის მოხსენებულია არისტოფანეს „ღრუბლებში“, პლუტარქეს დიალოგში „მუსიკის შესახებ“ და ფერეკრატეს „ხირონში“.

[7] τ ὰ ς ἀ ρ χ ὰ ς საწყისები. კუბიცკისთან თარგმნილია „მიზეზებად“ , მაგრამ არისტოტელე გარკვევით ანსხვავებს ერთმანეთისაგან მიზეზებსა და საწყისებს. ტექსტში ამ ადგილას ლაპარაკია საწყსებზე (τ ὰ ς ἀ ρ χ ὰ ς) და არა მიზეზებზე (τ ὸ α ἴ τ ι ο ν).

[8] საყურადღებოა ის, რომ არისტოტელე ჭეშმარიტების საზომად მიიჩნევს საგანთა ონტოლოგიურ არსებობას და არა მათს არსებობას ან მოცემულობას ჩვენს გონებაში, რაც ბევრს ამბობს მისი მატერიალისტური ტენდენციების სასარგებლოდ.

[9] არისტოტელე აქ უარყოფს მიზეზთა დაუსრულებლობას და საჭიროდ მიაჩნია რაღაც საწყისი მიზეზის დაშვება. ის ხაზს უსვამს მის მიერ აღმოჩენილი კანონზომიერების საყოველთაო ხასიათს და ავრცელებს მას ყველა გვარზე (ε ἰ ς ε ὐ θ υ ω ρ ί α ν და κ α τ ᾽ ε ἶ δ ο ς). მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის ლოგიკურს ონტოლოგიურს არ აშორებდა და არ უპირისპირებდა, პირიქით, პირველი ყოველთვის მეორისაგან გამოჰყავდა. ამას ადასტურებს მის მიერ აქ მოტანილი მაგალითი მიზეზთა უსასრულობის შეუძლებლობის შესახებ: ეს შეუძლებლადაა მიჩნეული ჯერ მატერიის, შემდეგ მოძრაობის, მიზნის და ბოლოს ლოგიკური თვალსაზრისით.

[10] τ ὰ Ἰ σ θ μ ί ω ν ისთმიური თამაშობები. შეჯიბრებანი, რომელნიც იმართებოდნენ პოსეიდონ ისთმიელის ტაძართან, შუა ზაფხულში, ორ წელიწადში ერთხელ.

[11] τ ὰ Ὀ λ ύ μ π ι α - ოლიმპიური თამაშობები რომლებიც იმართებოდნენ ოთხ წელიწადში ერთხელ 776 წლიდან 394 წლებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ქალაქ ოლიმპაში, ზევს ოლიმპელის პატივსაცემად.

[12] კუბიცკი „პირველი წევრის“ ცნებას (τ ὸ π ρ ῶ τ ο ν) უმატებს „მატერიალურს, რაც დედანში არაა და არც იგულისხმება. შესაძლებელია მან ეს ჩანართი როსის გავლენის შედეგად ჩათვლა საწიროდ, რომელიც ასევე იქცევა, თარგმნის რა τ ὸ π ρ ῶ τ ο ν -ს, „მატერიალურ მიზეზად“ (the prime material couse), მართალია, სასურველია, რომ არსტოტელე ამ პირველ მიზეზში მხოლოდ მატერიალურ მიზეზს გულისხმობდეს, მაგრამ ამას არ ამართლებს არც ტექსტი და არც არისტოტელეს მთელი ფილოსოფიის გათვალისწინება.

[13] ქმნადობის პროცესის უკანასკნელი წევრი.

[14] მიზნის მოსპობა იმიტომ სპობს სიკეთეს, არისტოტელეს აზრით, რომ ყოველი მოვლენის მიზანი ამ მოვლენისთვის სიკეთეა.

[15] კუბიცკიცა და გოლკეც „წინამორბედს“ უმატებენ „ცნებას“, მაგრამ ორიგინალში ეს ტერმინი არ არის და არც საჭიროა მისი დამატება.

ტეგები: Qwelly, ანტიკური, არისტოტელე, მეტაფიზიკა, ფილოსოფია

ნახვა: 303

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters