პლატონი - სახელმწიფო
წიგნი მეხუთე

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ

სოკრატე, გლავკონი, პოლემარქე
თრასიმაქე, ადიმანტე, კეფალე

saxelmwifo, platoni, სახელმწიფო, პლატონი, ფილოსოფია, ქველი, filosofia, Qwelly, philosophy, სოკრატე, გლავკონი, პოლემარქე, თრასიმაქე, ადიმანტე, კეფალე

– რიგიანსა და ვარგისს მე ვუწოდებ სწორედ ამნაირ სახელმწიფოს, სახელმწიფოებრივ მმართველობას და კერძო პირსაც, ხოლო რაკი მათ ვარგისად ვთვლი, ყველა სხვა სახის სახელმწიფო უვარგისად მიმაჩნია; უვარგისია მათი სახელმწიფოებრივი წყობილებაც და მოქალაქეთა სულიერი წყობაც. არსებობს მანკიერი სახელმწიფო მმართველობის ოთხი სხვადასხვა სახე.

– მაინც? – იკითხა გლავკონმა.

მე დავაპირე იმ თანმიმდევრობით მელაპარაკა მათზე, რა თანმიმდევრობითაც ისინი ერთმანეთში გადადიან. მაგრამ აქ პოლემარქემ, ადიმანტესაგან ცოტა მოშორებით რომ იჯდა, ხელი გაიწოდა, მხარზე მოგდებულ მოსასხამში ჩაავლო მეზობელს და თავისკენ მიიზიდა, თვითონაც გადაიხარა და რაღაცა ჩასჩურჩულა ყურში. მე მხოლოდ ეს მომესმა: თავის ნებაზე მივუშვათ თუ რა ვქნათო?

– რას ქვია, თავის ნებაზე მივუშვათ? – ხმამაღლა მიუგო ადიმანტემ.

– არა, მაინც ვის გულისხმობთ? – ვიკითხე მე.

– ვისა და, შენ, – მიპასუხა ადიმანტემ.

– რას მემართლებით? – კვლავ ვკითხე მე.

– ჩვენ გვეჩვენება, რომ თავის შეწუხება არ გინდა და ცდილობ მალულად გამოტოვო ჩვენი საუბრის საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაკვეთი, რათა თავის შეწუხება აღარ დაგჭირდეს. ან იქნებ გგონია დაგვავიწყდა, რა თქვი გაკვრით ქალებსა და ბავშვებზე: მეგობრებს ყველაფერი საერთო უნდა ჰქონდეთო.

– რაო, განა არასწორად ვთქვი, ადიმანტე?

– ასეა თუ ისე, ახსნა-განმარტება მაინც საჭიროა: ჩვენ გვსურს ვიცოდეთ, რანაირად წარმოგიდგენია ეს საერთო საკუთრება, რადგანაც მისი რამდენიმე სახე არსებობს. მაშ, კეთილ-ინებე და გვითხარი, მაინც რომელ სახეს გულისხმობ. რა ხანია გელით, როდის ჩამოაგდებ სიტყვას შობადობასა თუ ახალშობილთა აღზრდაზე, მოკლედ, იმაზე, თუ რანაირად შეიძლება, რომ ქალები და ბავშვები საერთო საკუთრებად გვევლინებოდნენ. მართებულია თუ არა ეს, ჩვენის აზრით, ამას ძალიან დიდი, მეტიც, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსთვის. შენ კი ისე გადახვედი სახელმწიფო მმართველობის სულ სხვა სახეზე, რომ საკმაო ყურადღება არ დაგითმია ამ საჭირბოროტო საკითხისათვის. ჰოდა, აი, როგორც მოგესმა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სიტყვა აღარ გაგაგრძელებინოთ, ვიდრე ისევე საფუძვლიანად არ განიხილავ ყოველივე ამას, როგორც სხვა დანარჩენი განიხილე.

– მეც მაგ გადაწყვეტილების მონაწილედ მიგულეთ, – სიტყვა ჩაურთო გლავკონმა.

– რა თქმა უნდა; მაშ, იცოდე, სოკრატე, რომ ყველამ ერთხმად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, – დასძინა თრასიმაქემ.

– რას მერჩით ხალხო! – წამოვიძახე მე, – რად მაიძულებთ შევჩერდე და თავიდან მოვყვე ყველაფერს სახელმწიფოს შესახებ? მე კი მიხაროდა, მგონი, გადავრჩი და ამ საკითხზე ლაყბობა აღარ მომიწევს-მეთქი. ნეტავი ჩემს ადრინდელ ნათქვამს დასჯერებოდით. არც კი იცით, რა საცილო და სადავიდარაბო საქმე აიტეხეთ. ვიცოდი, რაც მელოდა, და ამიტომაც ავუქციე გვერდი ამ აყალ-მაყალსა და ვაივაგლახს.

– მაშ, რა გეგონა, – თქვა თრასიმაქემ, – ეს ამოდენა ხალხი წყლის სანაყავად შევყრილვართ აქ თუ სიტყვის სასმენად?

– ჰო, მაგრამ სიტყვასაც ხომ თავისი ზღვარი აქვს.

– ამნაირი სიტყვის ზღვარი, – მითხრა გლავკონმა, – ჭკუადამჯდარი ხალხის აზრით, მთელი სიცოცხლეა, სოკრატე. შენ ჩვენი დარდი ნუ გაქვს. ადექი და შენებურად განგვიმარტე, რასაც გეკითხებით: რანაირად შეიძლება, რომ ჩვენს მცველებს საერთო ცოლ-შვილი ჰყავდეთ, ან როგორ უნდა აღვზარდოთ ყრმები დაბადებიდან იმ დრომდე, ვიდრე სწავლას დავაწყებინებდეთ, რაც ძალზე ძნელი საქმე ჩანს? ეცადე გვითხრა, რანაირად მოგვარდება ყოველივე ეს?

– ადვილი როდია ამ საქმეში გარკვევა, ჩემო საოცარო. აქ გაცილებით მეტია საჭოჭმანო, ვიდრე ყოველივე იმაში, რაც ადრე განვიხილეთ. არავინ დაიჯერებს, რომ ჩვენს აზრს შეიძლება ხორცი შეესხას, ხოლო მისი ხორცშესხმა რომ შესაძლებელი იყოს, მაშინ ის დააეჭვებდათ, მართლა საუკეთესოა თუ არა ეს აზრი. აი, რად ვცდილობ გვერდი ავუქციო ამ საკითხს, ჩემო ძვირფასო მეგობარო, რათა მოცლილი კაცის ყბედობად არ აღიქვან ჩემი სიტყვები.

– ნუ გეშინია; შენი მსმენელები არც უვიცნი არიან, არც უნდონი და არც ავის მოსურნენი.

მაშინ მე ვუთხარი:

– როგორც ჩანს, გამხნევებას მიპირებ, ჩემო კეთილო.

– დიახ.

– გამხნევებისა რა მოგახსენო და ეგ შენი მცდელობა სრულიად საპირისპირო შედეგს კი გამოიღებს. ჩემი თავის იმედი რომ მქონდეს და დარწმუნებული ვიყო, თითქოს ვიცი ის, რასაც ვამბობ, ეგ შენი ნუგეში მართლაც დროული იქნებოდა. ვისაც ჭეშმარიტებაზე ხელი მიუწვდება, გამგებსა და მეგობრულად განწყობილ მსმენელთა შორის თამამად და გაბედულად მსჯელობს იმაზე, რაც ყველაფერზე დიადია და მისთვის ყველაზე ძვირფასი. მაგრამ როცა კაცი, ჩემი არ იყოს, იმას აქცევს მსჯელობის საგნად, რაც თვითონვე აეჭვებს და ალალბედზე დაეძებს ჭეშმარიტებას, მტერსაც არ ვუსურვებ მის დღეში ყოფნას; არა, იმიტომ კი არა, თითქოს მეშინია, ვაითუ მასხრად ამიგდონ-მეთქი (ეს ხომ ბავშვური საქციელი იქნებოდა), არამედ იმიტომ, რომ თუ ჭეშმარიტებას ძირს გამოვუთხრი და მოვარყევ, მეც დავეცემი და მეგობრებსაც თან გადავიყოლებ. ჩვენ ხომ იმაზე ვმსჯელობთ, რასაც ყველაზე ნაკლებ შეჰფერის ყოყმანი და ორჭოფობა. ამიტომაც ადრასტეას ვთხოვ შეწყალებას, გლავკონ: მომიტევოს, რის თქმასაც ვაპირებ. მე თუ მკითხავ, ნაკლები დანაშაულია შენდა უნებურად გახდე ვიღაცის მკვლელი, ვიდრე სიცრუით შებღალო ის, რაც მშვენიერია, კეთილი, სამართლიანი და კანონიერი. ამნაირი საფრთხე კი უმჯობესია მტრებს შორის გემუქრებოდეს, ვიდრე მეგობრებს შორის. მაშ, თუ ღმერთი გწამს, ნუ მამხნევებ.

      გლავკონმა გაიცინა და მითხრა:

– კეთილი და პატიოსანი, თუ შენმა სიტყვამ გვავნო, სოკრატე, ნუ გეშინია, მოგიტევებთ დანაშაულს და ერთხმად გიმოწმებთ, რომ არავითარი ბრალი არ მიგიძღვის სიცრუესა და კაცის კვლაში. მაშ, მხნედ იყავი და ილაპარაკე.

– კაცი, რომელსაც მიეტევა დანაშაული, სუფთაა კანონის წინაშე. ასე რომ, ჩემზედაც იგივე ითქმის.

– ჰოდა, ახლა მაინც გვაღირსე სიტყვა.

– ესე იგი ხელახლა უნდა მივუბრუნდეთ იმას, რაც თავიდანვე უნდა მეთქვა. ალბათ, მართებული იქნებოდა, მას შემდეგ, რაც მამაკაცთა დანიშნულებაზე ვილაპარაკებთ, ქალების დანიშნულებაც განგვესაზღვრა, მით უმეტეს, რომ შენც ამასვე მოითხოვ.

      დაბადებითა და აღზრდით იმნაირ კაცთათვის, რომლებზედაც ჩვენ ვლაპარაკობდით, თუკი მათ სურთ ისე მოეკიდონ ცოლ-შვილს, როგორც წესი და რიგია, არ არსებობს სხვა გზა, გარდა იმისა, რომელიც იმთავითვე ავირჩიეთ. აკი, ჩვენი გადაწყვეტილებით, კაცები დავადგინეთ ფარის მოდარაჯე მცველებად.

– დიახ.

– მაშ, ჩვენებურად განვაგრძოთ საქმე: დავუშვათ, რომ ქალები, დაბადებითა და აღზრდით, კაცების თანასწორი არიან, და ვნახოთ, გამოგვადგება თუ არა ეს.

– როგორ?

– როგორ და, აი, ასე: ჩვენის აზრით, მოდარაჯე ქოფაკთა შორის ძუკნებიც ისევე უნდა იცავდნენ ფარას, როგორც ხვადები, მათნაირად ნადირობდნენ და მათთან ერთადვე ასრულებდნენ ყველაფერს, რაც ევალებათ, თუ სხვა რამის თავი არა აქვთ, გარდა იმისა, რომ კარ-მიდამოს ყარაულობდნენ, ლეკვებს ყრიდნენ და ზრდიდნენ, მაშინ როდესაც ფარაზე ზრუნვა მხოლოდ ხვადების ხვედრია?

– მთელ საქმეს ერთნაირად უნდა ინაწილებდნენ, თუმცა ანგარიშს უნდა ვუწევდეთ იმას, რომ ძუკნები უფრო სუსტნი არიან ხვადებთან შედარებით.

– კი მაგრამ, განა შეიძლება ერთ სულდგმულს იგივე მოსთხოვო, რაც მეორეს, თუკი მათ ერთნაირად არ აღზრდი და ასაზრდოებ?

– არა, არ შეიძლება.

– ასე რომ, თუ კაცებსა და ქალებსაც ერთნაირ საქმეს მივუჩენთ, ერთნაირადვე უნდა აღვზარდოთ ისინი.

– დიახ.

– მაგრამ კაცებს ხომ მუსიკურსა და გიმნასტიკურ ხელოვნებაში თავის გაწაფვა დავუსახეთ მიზნად.

– დიახ

– მაშასადამე, ქალებსაც უნდა მოვთხოვოთ, ორივე ამ ხელოვნებას და, გარდა ამისა, საომარ საქმესაც დაეუფლონ; ამისდა კვალად უნდა ხდებოდეს მათი დასაქმებაც.

– შენი სიტყვებიდან ეგრე გამოდის.

– ბევრი რამ, რასაც ახლა მოგახსენებ, სასაცილოდაც არ გეყოფა, რადგანაც აშკარად დაუპირისპირდება ჩვენს ადათ-წესებს, თუკი მოვინდომებთ საქმედ ვაქციოთ სიტყვა.

– რა თქმა უნდა.

– შენის აზრით, რა იქნებოდა აქ ყველაზე სასაცილო? ალბათ ის, რომ ტიტლიკანა ქალები პალესტრაზე კაცებთან ერთად გამოვიდოდნენ სავარჯიშოდ, და განა მარტო ყმაწვილი ქალები, არამედ ხანდაზმულებიც, ზუსტად ისევე, როგორც ბერიკაცები, ვაგლახად დამჭკნარ-დალეულნი და დანაოჭებულნი იხტიბარს რომ არ იტეხენ და ვერ ელევიან გიმნასიონებს.

– ვფიცავ ზევსს, მართლაც რომ სასაცილო იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ ზნე-ჩვეულებათა თვალსაზრისით.

– მაგრამ რაკი ამაზე ჩამოვარდა სიტყვა, ნუ შევუკრთებით ავყიებს და ენაკვიმატებს; გაუშვი, მასხრად აიგდონ ეს სიახლენი: ქალების წვრთნა გიმნასიონებში, მუსიკურსა და, მით უმეტეს, საომარ ხელოვნებაში თავის გაწაფვა, ჯირითი თუ ეტლების მართვა.

– მართალს ბრძანებ.

– რახან დავიწყეთ, კიდევაც გავილაშქროთ იმის წინააღმდეგ, რაც ჩვენს ჩვეულებებში მიუღებელი გვეჩვენება. ქილიკებს კი ვთხოვთ, თავი შეიკავონ ავყიობისგან და გაიხსენონ, რომ არც ისე დიდი ხნის წინათ, ელინებს, ისევე როგორც დღეს – ბარბაროსთა უმრავლესობას, სამარცხვინოდ და სასაცილოდ მიაჩნდათ შიშველი კაცის გამოჩენა საასპარეზოდ, და როცა ჯერ კრეტელებმა, ხოლო შემდეგ ლაკედემონელებმა პირველად გახსნეს გიმნასიონები, მაშინდელ ქილიკებს კაი გვარიანი საბაბი მიეცათ სამასხროდ და სალაზღანდაროდ. თუ შენ სხვა აზრისა ხარ?

– არა, სავსებით გეთანხმები.

– მაგრამ როდესაც გამოცდილებამ ცხადყო, რომ შიშველი კაცი უფრო თავისუფლად ვარჯიშობს, ვიდრე ჩაცმული, მაშინ ეს აღარც თვალს მოეჩვენა სასაცილოდ, რადგანაც გონება მოწმობდა, რომ ასე სჯობდა საქმისთვის. მხოლოდ თავქარიანს თუ შეუძლია მასხრად აიგდოს სხვა რამე, გარდა იმისა, რაც უგვანია და უკეთური, და როცა სიბრიყვეს თუ ბიწიერებას კი არ აქცევენ დაცინვის საგნად, არამედ სულ სხვა რამეს, მაშინ სიკეთეს კი არა, სხვა მიზანს მიელტვიან.

– ჭეშმარიტად.

– ამრიგად, ჯერ იმაზე უნდა შევთანხმდეთ, შესაძლებელია თუ არა ხორცი შევასხათ ჩვენს მიერ დასახულ გეგმას და, ხუმრობით თუ ხუმრობის გარეშე, გადავწყვიტოთ, რამდენად შეუძლია ქალის ბუნებას, კაცივით გაართვას თავი ყოველგვარ საქმეს, თუ ვერანაირ საქმეს ვერ მოაბამს თავს, ან იქნებ მხოლოდ ზოგიერთი საქმის კეთების უნარი შესწევს, ზოგიერთისა კი არა, და ბოლოს, შეიძლება თუ არა, საომარი საქმე მივანდოთ მას. განა არა სჯობს, ასე დიდებულად დავიწყოთ, რათა შემდეგ ასევე დიდებულად დავასრულოთ ჩვენი მსჯელობა?

– რა თქმა უნდა.

– ხომ არ გნებავს, ჩვენი მოწინააღმდეგეების ადგილას დავგეთ და მათი მოსაზრებები გავარჩიოთ, რათა დაუცავ ციხე-სიმაგრეს არ შემოვარტყათ ალყა

– ვითომ რა გვიშლის ხელს?

– ასე რომ, მათ მაგივრად ვიტყვით: «სოკრატე და გლავკონ, თქვენ სულაც არ გჭირდებათ, რომ ვინმე შემოგედავოთ. აკი თქვენი სახელმწიფოს დაფუძნებისთანავე აღიარეთ, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მხოლოდ ის საქმე, რომელიც შეესაბამება მისსავ ბუნებას».

– მართალი გითხრათ, ვაღიარებ; მაშ, რა უნდა გვექნა?

– »კი მაგრამ, განა ქალი, თავისი ბუნებით, არსებითად არ განსხვავდება კაცისაგან?»

– რასაკვირველია.

– »მაშასადამე, ერთსაც და მეორესაც სხვადასხვა საქმე უნდა მივანდოთ, მათივე ბუნების შესაბამისად».

– მერედა, რა?

– »განა შეცდომას არ უშვებთ და თქვენსავე თავს არ ეწინააღმდეგებით, როცა ამტკიცებთ, ქალი და კაცი ერთნაირ საქმეს უნდა ასრულებდნენო, თუმცაღა მათი ბუნება ასე განსხვავდება ერთმანეთისაგან?» ახლა მითხარი, ჩემო ძვირფასო, რანაირად დაიცავ შენს აზრს?

– ადვილი საქმე როდია, მაგრამ გევედრები და კვლავაც შეგევედრები, ეგება რამე მოიგონო ჩვენი მოსაზრების გასამართლებლად.

– სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, იმთავითვე სწორედ ამას ვუფრთხოდი, გლავკონ; მიტომაც ვყოყმანობდი და ვაყოვნებდი იმ კანონის განხილვას, რომელიც გვიწესებს, რანაირად უნდა მოვეკიდოთ ოჯახს და როგორ უნდა აღვზარდოთ ქალები და ბავშვები.

– ვფიცავ ზევსს, ეტყობა, არცთუ უსაფუძვლოდ უფრთხოდი.

– რა თქმა უნდა. მაგრამ იცი, რას გეტყვი? – კაცი გინდ აუზში ჩავარდნილა და გინდ შუა ზღვაში: სულერთია, უნდა გამოცუროს.

– უეჭველად.

– ჰოდა, ჩვენც უნდა გავცუროთ, რათა თავი დავაღწიოთ ამ ჩვენი მსჯელობის მორევს. თუ ბედმა გაგვიღიმა, იქნებ დელფინმა შეგვისვას ზურგზე ან რაღაც სასწაულმა გადაგვარჩინოს.

– ვცადოთ.

– მოდი, იქნებ რაიმე გამოსავალი ვიპოვოთ. ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ სხვადასხვანაირ ბუნებას საქმეც სხვადასხვა შეჰფერის ხოლო ქალის ბუნება განსხვავდება კაცის ბუნებისაგან. ახლა კი უცებ მოვყევით იმის მტკიცებას, რომ სხვადასხვა ბუნების ხალხს შეუძლია ერთსა და იმავე საქმეს ასრულებდეს. აკი სწორედ ამას გვდებენ ბრალად.

– დიახ, სწორედ მაგას

– ჭეშმარიტად დიდია, გლავკონ, კამათის ხელოვნების ძალა.

– როგორ?

– როგორ და ისე, რომ ბევრი თავისდა უნებურად ებმება ხოლმე კამათში თუმცა რატომღაც ჰგონიათ, კი არ ვკამათობთ, არამედ ვმსჯელობთო. ხოლო ეს იმიტომ ხდება, რომ არ შეუძლიათ ცალკეულ სახეებად დაყონ და ასე განიხილონ საგანი. ისინი მხოლოდ, სიტყვებში იქექებიან და სულ იმის ჩხრეკაში არიან, სად დაუშვა შეცდომა მათმა თანამოსაუბრემ, ასე რომ კი არ მსჯელობენ, არამედ დაობენ და კინკლაობენ

– ბევრს მართლაც ასე სჩვევია. მაგრამ ნუთუ ჩვენც იგივე საფრთხე გვემუქრება?

– უსათუო; აკი ჩვენდა უნებურად ჩავებით ამ სიტყვიერ კინკლაობაში.

– როგორ?

– როცა ადამიანები ბუნებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მათი საქმიანობაც სხვადასხვანაირი უნდა იყოს; ჩვენ შეუპოვრად დავიცავით ეს, კამათი კი სახელებმა გამოიწვია: საერთოდ არ გვითქვამს, რაში მდგომარეობს ბუნებრივ თვისებათა სახეობრივი სხვადასხვაობა, და არ განგვისაზღვრავს, რას უკავშირდება ან ერთი და ან მეორე, როცა სხვადასხვა ბუნების ხალხს სხვადასხვანაირი საქმიანობა დავუწესეთ, ერთნაირი ბუნებისას კი – ერთნაირი.

– მართლაც არ გვითქვამს.

– ჰოდა, ახლა თვითონვე უნდა ვკითხოთ ჩვენსავე თავს: ერთნაირია მელოტებისა და თმიანების ბუნება თუ ურთიერთსაპირისპირო? თუ ვაღიარებთ, რომ მათი ბუნება ურთიერთსაპირისპიროა, მაშინ ისიც ვიკითხოთ: თუკი მელოტები მეწაღის ხელობას მისდევენ, ხომ არ ეკრძალება ეს თმიანებს, ანდა, პირიქით, თუ თმიანები მისდევენ მეწაღის ხელობას, ხომ არ ეკრძალება ეს მელოტებს?

– რა სასაცილო კითხვას მთავაზობ.

– კი მაგრამ, ნუთუ სხვა რამის გამოა სასაცილო და არა იმიტომ, რომ არსებითი ნიშნის მიხედვით კი არ განგვისაზღვრავს ბუნებათა სხვაობა თუ მსგავსება, არამედ სხვაობისა თუ მსგავსების იმ ნიშნით შემოვიფარგლეთ, საკუთრივ საქმიანობას რომ უკავშირდება. ასე მაგალითად, ჩვენ ვამბობდით, რომ ერთი და იმავე ბუნებისაა მკურნალიცა და ისიც. ვისაც დაბადებითვე დაჰყვება მკურნალობის ნიჭი. ასეა, არა?

– დიახ.

– ხოლო მკურნალი და ხურო სხვადასხვა ბუნებისანი არიან?

– რა თქმა უნდა.

– მაშასადამე, თუ გაირკვა, რომ ქალი და კაცი ერთნაირად ვერ დაეუფლება ამა თუ იმ ხელოვნებას და ვერც თანაბრად გაართმევს თავს ამა თუ იმ საქმეს, ჩვენ ვიტყვით, რომ ეს საქმე, მათი უნარის შესაბამისად, ან ერთს უნდა მივანდოთ და ან მეორეს. ხოლო თუ ისინი მარტო იმით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რომ ქალი შვილსა შობს, კაცი კი ქალის საშოს ანაყოფიერებს, ჩვენ დავასკვნით, რომ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, თითქოს ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ იმ თვალსაზრისითაც, რომლითაც ამჯერად მათ განვიხილავთ. ამიტომ კვლავ განვაგრძობთ იმის მტკიცებას, რომ ჩვენი მცველებიცა და მათი ცოლებიც ერთსა და იმავე საქმეს უნდა ასრულებდნენ.

– და, ალბათ, მართალნიც ვიქნებით.

– ამის შემდეგ ვთხოვთ ჩვენს მოწინააღმდეგეებს, დაგვისახელონ, თუ ეგულებათ იმნაირი ხელოვნება ან საქმიანობა, რასაც მოითხოვს სახელმწიფოს დაფუძნება, – რომ ქალმა ისევე ვერ გაართვას თავი, როგორც კაცმა?

– სამართლიანი მოთხოვნაა.

– თუმცა, შენი წეღანდელი თქმისა არ იყოს, შეიძლება სხვამაც ასევე გვითხრას, რომ ძნელია ნაუცბათევად პასუხი გასცე ამ კითხვას, მაგრამ თუ კარგად დაუფიქრდება, არაფერია უფრო ადვილი.

– შესაძლოა, ასედაც გვითხრას.

– თუ გნებავს, ვთხოვოთ ჩვენს მოპასუხეს, უკან მოგვსდიოს და ვნახოთ, იქნება დავუმტკიცოთ, რომ ქალს არა გაეგება რა სახელმწიფოს მართვის საქმეში.

– დიახაც მნებავს.

– მაშ, გვიპასუხე, ვეტყოდით მას; შენ ასე ამბობდი: ერთს დაბადებითვე თან დაჰყვება რაღაცის ნიჭი, მეორეს კი არა; ერთი ადვილად ეუფლება ამა თუ იმ ხელობას, მეორე კი – გაჭირვებით; ერთისთვის რამდენიმე გაკვეთილიც საკმარისია, რომ თავი ისახელოს იმ საქმეში, რასაც ასწავლიან, მეორე კი მთელი სიცოცხლის განმავლობაშიც რომ სწავლობდეს და თავს იწაფავდეს, იმასაც კი ვერ ითვისებს, რაც უსწავლია; ერთისთვის მისი სხეული სულის ერთგული თანაშემწეა, მეორისათვის კი – დაბრკოლება. განა ამ ნიშნის მიხედვით არ დაჰყავი ისინი, ვისაც ბუნებამ უბოძა რაღაცის ნიჭი და ვისთვისაც იგივე ნიჭი არ გაიმეტა?

– ვერავინ იტყვის სხვა რამეს.

– თუ გეგულება ადამიანური საქმიანობის თუნდაც ერთი ისეთი დარგი, სადაც კაცი ყოველმხრივ მაღლა არ იდგეს ქალზე? დროის დაკარგვად არ ღირს ქსოვაზე, ცხობასა თუ ხარშვაზე ლაყბობა, რასაც ქალები ჩვენზე უკეთ ახერხებენ, და ვაი იმ ქალს, ვისაც ამისი თავიც არა აქვს.

– სწორია; თქვა გლავკონმა, – მართალი გითხრა, ქალი ახლოს ვერ მივა კაცთან, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ არა ერთი და ორი ქალი მრავალმხრივ აღემატება არა ერთსა და ორ კაცს, მაგრამ ზოგადად ისეა საქმე, როგორც შენ ამბობ.

– ამრიგად, ჩემო მეგობარო, სახელმწიფოს მართვა-გამგებლობაში არ არსებობს საკუთრივ ქალისა და საკუთრივ კაცისათვის განკუთვნილი საქმე; არა, ბუნებამ ერთი და იგივე უნარი უწილადა ერთსაც და მეორესაც, ასე რომ, თავისი ბუნებით, ქალსაც და კაცსაც შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ერთსა და იმავე საქმეში, მხოლოდ ქალი ყოველმხრივ სუსტია კაცზე.

– მართალია.

– მერედა, რა ვქნათ: ყველა საქმე კაცს მივანდოთ, ქალს კი – არცერთი?

– აბა, ეგ როგორ იქნება?

– მაშინ, მე მგონია, ჩვენ ვიტყვით, რომ თავისი ბუნებრივი მონაცემებით ზოგიერთ ქალს მკურნალობის უნარი შესწევს, ზოგიერთს კი – არა; ზოგს შეუძლია დაეუფლოს მუსიკურ ხელოვნებას, ზოგი კი უცხოა მუზებისათვის.

– რა თქმა უნდა.

– განა ზოგ ქალს არ შეუძლია, გიმნასტიკასა თუ საომარ საქმეს მისდიოს, მაშინ როდესაც ზოგი ერთსაც გაურბის და მეორესაც?

– ეგრეა.

– ზოგი სიბრძნის მოყვარეა, ზოგი კი სიბრძნის მოძულე; ზოგი მხნეა, ზოგი კი მხდალი?

– დიახ.

– მაშასადამე, ზოგი შეიძლება მცველად გამოდგეს, ზოგი კი არა. განა კაცებს შორისაც მცველებად ისინი არ ამოვირჩიეთ, ვინც თავისი ბუნებით შეიძლებოდა მცველად გვეგულა?

– ცხადია, სწორედ ისინი ამოვარჩიეთ.

– ამრიგად, სახელმწიფოს დასაცავად ქალსაც და კაცსაც ერთნაირი ბუნებრივი მონაცემები აქვთ, მაგრამ ქალში ეს უნარი უფრო სუსტადაა გამოკვეთილი, კაცში კი – უფრო მკვეთრად.

– როგორც ჩანს.

– მაშასადამე, მცველებად ვარგის კაცებს იმნაირი ქალები უნდა შევურჩიოთ ცოლებად, რომ თავიანთ ქმრებს ენათესავებოდნენ ბუნებით და მათთან ერთად იდგნენ სახელმწიფოს სადარაჯოზე.

– რა თქმა უნდა.

– ხოლო ერთნაირი ბუნების ხალხს ერთნაირი საქმე უნდა მივანდოთ.

– დიახ.

– ასე რომ, შორი გზა მოვიარეთ და კვლავ საწყის წერტილს მივუბრუნდით: ჩვენ ვაღიარებთ, რომ თუ მცველების ცოლებს მუსიკურსა და გიმნასტიკურ ხელოვნებაში თავის გაწაფვის საშუალებას მივცემთ, ეს არ ეწინააღმდეგება ბუნებას.

– ცხადია.

– ამრიგად, ჩვენს მიერ მიღებული კანონი ფუჭი და განუხორციელებელი როდი ყოფილა, რაკიღა ის შეესაბამება ბუნებას. მე თუ მკითხავ, ბუნებას უმალ ის ეწინააღმდეგება, რასაც დღეს ვხედავთ.

– როგორც ჩანს.

– მაგრამ ჩვენ ხომ უნდა განგვეხილა, რამდენად შესაძლებელია ჩვენი დადგენილებების განხორციელება და ყველაზე უკეთესნი არიან თუ არა ისინი.

– დიახ.

– მათი ხორცშესხმა რომ შესაძლებელია, ამაზე უკვე შევთანხმდით.

– დიახ, შევთანხმდით

– მაშ, ახლა ისიც უნდა ვნახოთ, ყველაზე უკეთესნი არიან თუ არა ისინი.

– ცხადია.

– ქალი რომ მცველი გახდეს, მისი აღზრდა არ უნდა განსხვავდებოდეს მცველი მამაკაცის აღზრდისაგან, მით უმეტეს, რომ ერთსა და იმავე ბუნებრივ მონაცემებს ეხება საქმე.

– დიახ, არ უნდა განსხვავდებოდეს.

– ამაზე რაღას იტყვი?

– რაზე?

– ნუთუ ვერ ხედავ, რომ ერთი კაცი უკეთესია, მეორე კი უარესი; თუ ყველა ერთნაირი გგონია?

– არამც და არამც.

– ხოლო ჩვენს მიერ დაფუძნებულ სახელმწიფოში, შენის აზრით, ვინაა უკეთესი: იმნაირად აღზრდილი მცველები, როგორც ჩვენ წარმოვიდგინეთ, თუ თავიანთ ხელობაში გაწაფული მეწაღეები?

– რა საკითხავია?

– მესმის; და მერე, სხვა მოქალაქეებთან შედარებითაც განა მცველები არ არიან ყველაზე უკეთესნი?

– რა თქმა უნდა.

– კი მაგრამ, განა ქალებშიაც სწორედ ისინი არ იქნებიან ყველაზე უკეთესნი, ვინც ჩვენი მცველების ცოლობის ღირსად ვიგულეთ?

– რასაკვირველია.

– მერედა, სახელმწიფოსათვის რა შეიძლება იყოს იმაზე სასარგებლო, რომ მოქალაქეებად ჰყავდეს ყველაზე უკეთესი ქალებიცა და კაცებიც?

– არაფერი.

– ხოლო ამის მიღწევა შეიძლება მუსიკური და გიმნასტიკური ხელოვნების წყალობით, თუ მათ ისე გამოვიყენებთ, როგორც ჩვენს მიერ იქნა განხილული.

– უეჭველად.

– მაშასადამე, ჩვენი დადგენილების განხორციელება არა მარტო შესაძლებელია, არამედ ყველაზე სასარგებლოცაა სახელმწიფოსთვის.

– მართალს ბრძანებ.

– მაშ დაე, მცველების ცოლებმა გაიძრონ სამოსი, რაკიღა სიქველე გაუწევთ მის მაგივრობას; დაე, თავგანწირვით იბრძოლონ და იომონ სამშობლოს დასაცავად, და ნუ ექნებათ სხვა საზრუნავი. მაგრამ მათი სისუსტის გამო ქალებს უფრო ადვილი საქმე უნდა მივანდოთ, ვიდრე კაცებს. ხოლო კაცი, რომელიც სიცილს ვერ შეიკავებს შიშველი ქალების დანახვაზე, სრულქმნილების მისაღწევად რომ ვარჯიშობენ, თავისი როყიო სიცილით მხოლოდ «სიბრძნის მკვახე ნაყოფს თუ მოწყვეტს»; ეტყობა, თვითონაც არ იცის, რას სჩადის, ან რას დასცინის. რადგანაც მართალს ამბობენ და კვლავაც იტყვიან, რომ მშვენიერება სასარგებლოა, სიმახინჯე კი – მავნე.

– ჭეშმარიტად.

– ჩვენი კანონის განხილვისას, რომელიც ქალებს ეხება, თუ შეიძლება ასე ითქვას, პირველი ტალღა ავიცილეთ თავიდან; არა მარტო წალეკვას გადავურჩით, როცა ვამბობდით, რომ ყველა საქმეს ერთად უნდა ასრულებდნენ ჩვენი მცველები – კაცებიცა და ქალებიც, არამედ ჩვენმა მსჯელობამ ისიც დაგვიდასტურა, რომ ეს შესაძლებელიცაა და სასარგებლოც.

– მართლაც რომ მძვინვარე ტალღას გადაურჩი.

– ეს რაა, შენ აწი იკითხე.

– მაგასაც ვნახავთ; მაშ, განაგრძე.

– ამ კანონსა და მის წინარე კანონებს, ჩემის აზრით, შემდეგი მოსდევს^

– მაინც?

– ჩვენს მცველებს საერთო ცოლები უნდა ჰყავდეთ, ასე რომ, არცერთი ქალი არ უნდა ეკუთვნოდეს ერთ რომელიმე კაცს. ასევე საერთო უნდა ჰყავდეთ შვილებიც: მამამ არ უნდა იცოდეს, რომელია მისი შვილი, და არც შვილი იცნობდეს მამას.

– ეს კანონი წინარე კანონზე უფრო მიუღებელია, მისი განხორციელებისა თუ სარგებლიანობის თვალსაზრისით.

– რაც შეეხება სარგებლიანობას, მე მგონია, ვერვინ უარყოფს, რაოდენ სასარგებლოა საერთო ცოლ-შვილის ყოლა, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია, ხოლო რამდენად შესაძლებელია ამის განხორციელება, ეს, მე თუ მკითხავ, აზრთა დიდ სხვადასხვაობას გამოიწვევს.

– ერთიც სადავიდარაბოა და მეორეც.

– მაშ, შენის აზრით, საჭიროა ორივეს დასაბუთება? მე კი მეგონა, რომ ერთს მაინც ავიცილებდი თავიდან, რაკი თვითონვე აღიარებ ამის სარგებლიანობას, და მხოლოდ მეორის დამტკიცება დამჭირდებოდა, კერძოდ, იმისა, შესაძლებელია თუ არა ეს.

– ტყუილად ცდილობ, თავს ვერ დაიძვრენ: ერთის დასაბუთებაც მოგიწევს და მეორისაც.

– რა გაეწყობა, – ვუთხარი მე, – მზადა ვარ ავიტანო ეს სასჯელი. მაგრამ მოწყალება მოიღე და ნება მიბოძე, ოდნავ მაინც მოვითქვა სული და ტკბილ ოცნებას მივეცე, როგორც სჩვევია მცონარებს ეულად სეირნობისას: იმას კი არ ეძებენ, თუ რა გზით შეიძლება აისრულონ საწადელი, არამედ ცდილობენ თავი აარიდონ ყოველნაირ საზრუნავს და არც იმაზე ფიქრით აიტკიონ თავი, შესაძლებელია თუ არა, საერთოდ, მათი სურვილის ხორცშესხმა. ამიტომ უკვე ახდენილად სახავენ მას და მერე ისე ელოლიავებიან, თითქოს უკვე ხელთ ჰქონდეთ ის, რასაც ოცნებით მიელტვიან. ხოლო ეს კიდევ უფრო ამძაფრებს მათ სულიერ მცონარებას. ჰოდა, აი, მეც ამ სისუსტეს დავყევი და ვცდილობ სამერმისოდ გადავდო იმის განხილვა, თუ რამდენად შესაძლებელია ეს. ჯერჯერობით კი შესაძლებლად მივიჩნევ ამას და, თუ ნებას მომცემ, განვიხილავ, რა გზას დაადგებიან მმართველები, როცა ეს უკვე მოხდება, და თან გიჩვენებ, რაოდენ სასარგებლო იქნებოდა ეს არა მარტო სახელმწიფოსათვის, არამედ მცველებისთვისაც. თავდაპირველად სწორედ ამას განვიხილავ შენთან ერთად, დანარჩენი კი, თუ გნებავს, მერე იყოს.

– ცხადია, მნებავს. მაშ, ადექი და განიხილე.

– მე მგონია, თუ ჩვენი მმართველებიცა და მათი თანაშემწენიც ღირსნი არიან თავიანთი სახელებისა, ეს უკანასკნელნი სიამოვნებით შეასრულებენ განკარგულებებს, ხოლო პირველნი, განკარგულებების გაცემისას, უყოყმანოდ დაემორჩილებიან არა მარტო კანონებს, არამედ ქცევის იმ წესებსაც, რასაც ჩვენ დავუდგენთ მათ.

– რა თქმა უნდა.

– და რახან მათი კანონმდებელი ხარ, ალბათ, ისევე შეარჩევ ქალებს, როგორც მცველები შეარჩიე კაცებიდან, და იმასაც ეცდები, რომ ისინი შეძლებისდაგვარად ჰგვანდნენ ერთმანეთს. რაკი სუფრაც და საცხოვრისიც საერთო ექნებათ და არცერთი არ იქნება კერძო მესაკუთრე, რაკი ერთად იცხოვრებენ და გიმნასიონებშიაც ერთად ივარჯიშებენ, მე მგონია, ბუნებრივი აუცილებლობის ძალით, ერთურთის ნდომაც აღეძვრით. თუ, შენის აზრით, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ეს ასე მოხდეს?

– ეს გეომეტრიული აუცილებლობა კი არ არის, არამედ ეროტიული, გაცილებით უფრო მძაფრ ზემოქმედებას რომ ახდენს ადამიანთა უმრავლესობაზე.

– მართალია, მაგრამ ესეც მითხარი, გლავკონ: სახელმწიფოში, რომლის მოქალაქეებიც ბედნიერნი არიან, განა სარწმუნოება ან მმართველობა დასაშვებად მიიჩნევდა ავხორცობასა და აღვირახსნილობას?

– ეს იქნებოდა ნამდვილი უსამართლობა.

– ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეცდებით დავაწესოთ რაც შეიძლება წმინდა ქორწინებანი, ხოლო წმინდა ქორწინება, იმავდროულად ყველაზე სასარგებლოც უნდა იყოს.

– რასაკვირველია.

– მაინც რითი იქნებოდა ის ყველაზე სასარგებლო? თუმცა, აი, რას გკითხავ, გლავკონ: შენს სახლში მწევარ-მეძებრებსა და უთვალავ ჯიშიან ფრინველსა ვხედავ. ჰოდა, მითხარი, თუ ღმერთი გწამს, საგანგებოდ თუ გიზრუნია მათი კავშირისა და გამრავლებისათვის?

– როგორ?

– როგორ და, ისე, რომ თუმცა ყველა ჯიშიანია, მაგრამ მათ შორის თუ გამოერევა ისეთი სხვებზე უკეთესი რომ იყოს?

– დიახ, გამოერევა.

– მერედა, ყველას განურჩევლად ამრავლებ, თუ ცდილობ მხოლოდ უკეთესები მოამრავლო?

– სწორედ მაგასა ვცდილობ.

– კი მაგრამ, ვისი ნამატი სჯობს, სრულიად ახალგაზრდა ან უკვე ბებერი მშობლებისა, თუ იმათი, ვისაც სწორედ გამრავლების დრო უდგას?

– ხოლო თუ ამ პირობას არ დაიცავ, როგორ გგონია, საგრძნობლად გაუარესდება თუ არა ფრინველებისა თუ ძაღლების ჯიში?

– ვფიქრობ, საგრძნობლად.

– ცხენებსა და დანარჩენ ცხოველებზე რაღას იტყვი? თუ მათი საქმე სულ სხვაგვარადაა?

– უცნაური კი იქნებოდა, ეგრე რომ ყოფილიყო.

– ღმერთო დიდებულო! – წამოვიძახე მე, – რა გამჭრიახი ხალხი უნდა გვყავდეს მმართველებად, ჩემო ძვირფასო გლავკონ, თუ კაცთა მოდგმაზედაც იგივე ითქმის.

– ცხადია, იგივე ითქმის მერედა, რა?

– რა და, ის, რომ ჩვენს მმართველებს ძალაუნებურად მოუწევთ ათასნაირი საშუალება გამოჩხრიკონ. თუ კაცს წამალი არ სჭირდება, რადგანაც განუხრელად მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს, მაშინ ალბათ საშუალო ნიჭის მკურნალიც მშვენივრად მოუვლის მას. მაგრამ იქ, სადაც წამლების გარეშე ვერ გავალთ ფონს, უფრო გამოცდილ ექიმს უნდა მოვუხმოთ.

– მართალია, მაგრამ რაში დაგჭირდა ეგ?

– მოგახსენებ: ჩვენი მმართველები, ალბათ, ხშირად იქნებიან იძულებულნი, თავიანთ ქვეშევრდომთა სასიკეთოდ, სიცრუესა და ტყუილს მიმართონ. ჩვენ ხომ ვთქვით, რომ ეს სასარგებლოა, როგორც სამკურნალო საშუალება.

– ვთქვით და მართალნიც ვიყავით.

– როგორც ჩანს, ეს ყველაზე სასარგებლო იქნებოდა ქორწინებისას თუ განაყოფიერება-გამრავლებისას.

– როგორ?

– იქიდან, რაზედაც ჩვენ შევთანხმდით, უშუალოდ გამომდინარეობს, რომ უკეთესი ყმაწვილკაცები უპირატესად უკეთეს ქალიშვილებთან შეწყვილდებიან, უარესები კი – უარესებთან; ამასთანავე, მხოლოდ უკეთესთა ნაშიერნი უნდა აღვზარდოთ, უარესებისა კი – არა, თუ გვსურს ეს ჩვენი პატარა ჯოგი მართლაც სანაქებო რამ იყოს. მაგრამ ამის თაობაზე არავინ არაფერი არ უნდა იცოდეს, მმართველთა გარდა, რათა მცველთა რიგებში თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი განხეთქილება.

– სწორია.

– მაშასადამე, საჭიროა კანონით შემოვიღოთ საგანგებო დღესასწაული, სადაც ერთად მოვუყრით თავს სასიძოებსა და სასძლოებს; უნდა დავაწესოთ მსხვერპლშეწირვა და საქორწინო საგალობლები შევუკვეთოთ ჩვენს პოეტებს. ქორწინებათა რიცხვის განსაზღვრა კი ჩვენს მმართველებს უნდა მივანდოთ, რათა ისინი, ომიანობის, სნეულების და სხვა მისთანათა მიუხედავად, ასე თუ ისე უცვლელად ინარჩუნებდნენ მამაკაცთა სათანადო რაოდენობას, იმ მიზნით, რომ ჩვენი სახელმწიფოს მოსახლეობა, შეძლებისდაგვარად, არც იზრდებოდეს და არც მცირდებოდეს

– ეგეც სწორია.

– ხოლო წილისყრა, ჩემის აზრით, იმნაირად უნდა მოვაწყოთ, რომ უარესნი და უხეირონი მმართველებს კი არა, თავიანთ უკუღმართ ბედს ადანაშაულებდნენ.

– რა თქმა უნდა.

– იმ ჭაბუკებს კი, რომლებმაც ბრძოლის ველზე თუ სხვა ასპარეზზე გამოიჩინეს თავი, სათანადო პატივი უნდა მივაგოთ და საშუალება მივცეთ, რაც შეიძლება ხშირად გაატარონ დრო ქალებში, რათა სწორედ მათი ნაშიერნი მომრავლდნენ ქვეყნად.

– მართალია, – თქვა გლავკონმა.

– ახალშობილნი დაბადებისთანავე უნდა გადავცეთ საგანგებოდ მათთვის მიჩენილ ქალებს თუ კაცებს, ან ერთთაც და მეორეთაც, ვინაიდან თანამდებობები თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს ქალებსა და კაცებს შორის.

– დიახ.

– ეს უკანასკნელნი უკეთეს მშობელთა ნაშიერთ სასწრაფოდ მიჰგვრიან ძიძებს, რომლებიც ცალკე ცხოვრობენ ქალაქის ერთ-ერთ უბანში. უარეს მშობელთა ნაშიერნი, ან დაბადებითვე ამა თუ იმ ნაკლის მქონენი კი საგულდაგულოდ უნდა გადამალონ, როგორც ჯერ არს, საგანგებოდ ამ მიზნით შერჩეულ და მიუდგომელ ადგილას.

– რა თქმა უნდა, – თქვა გლავკონმა, – თუ გვსურს წმინდად შევინახოთ და შევინარჩუნოთ მცველების მოდგმა.

– ისინი იზრუნებენ ყრმების კვებაზედაც და ბაგებში ყოველდღე მიიყვანენ დედებს, კერტებიდან რძე რომ გადმოსდით, მაგრამ ყოველნაირად ეცდებიან ისე მოაწყონ საქმე, რომ ვერცერთმა ვერ იცნოს თავისი შვილი. თუ დედის რძე სამყოფი არ იქნა, სხვა მეძუძურ ქალებსაც მოიყვანენ და იმაზედაც იზრუნებენ, რომ ახალშობილებს დროულად აჭამონ ძუძუ, ღამის თევა და ყველა სხვა საზრუნავი კი ძიძებსა და აღმზრდელებს დაეკისრებათ.

– მცველების ცოლებს ძალიან კი უადვილებ ბავშვების მოვლას.

– ასეა საჭირო, – ვუთხარი მე, – მაგრამ განვაგრძოთ ჩვენი განხილვა. როგორც აღვნიშნეთ, შთამომავლობას ჯან-ღონით სავსე მშობლები უნდა გვაძლევდნენ.

– დიახ.

– მერედა, რას იტყვი, მაინც რომელი ასაკია საამისოდ ზედგამოჭრილი: ქალებისათვის ოცი, კაცებისათვის კი ოცდაათი წელი?

– კეთილი, მაგრამ სანამდე?

– დაე, ქალები სახელმწიფოს ოციდან ორმოც წლამდე უშობდნენ შვილებს, კაცები კი მას შემდეგ, რაც ხტომისა და სირბილის დრო გაუვათ, ესე იგი, ოცდაათიდან ორმოცდათხუთმეტ წლამდე.

– დიახ, ქალიცა და კაციც სწორედ ამ ასაკშია ჯან-ღონით სავსე.

– ხოლო თუ ვინმე უფრო ადრე ან უფრო გვიან დააპირებს შვილების ყოლას, ჩვენ ვიტყვით, რომ მან სარწმუნოებისა და სამართლიანობის წინაშე სცოდა, რადგანაც სახელმწიფოს იმნაირ შვილს შესძენს, მალულად, ღამის წყვდიადში რომ ჩაისახა ავხორცობისა თუ აღვირახსნილობის შედეგად, ისე რომ ჩასახვას წინ არ უძღოდა არც მსხვერპლშეწირვა, არც ქურუმების ლოცვა-კურთხევა და არც მთელი სახელმწიფოს გულმხურვალე ვედრება, ღმერთო, ყველაზე უკეთესსა და ღირსეულ მშობლებს მათზე უკეთესი და ქვეყნისათვის სასარგებლო შვილი შესძინეო.

– მართალს ბრძანებ.

– ასევე უნდა დაიგმოს ჯან-ღონით სავსე კაცი, რომელიც მმართველთა ნებართვის გარეშე მოინდომებს შეეუღლოს თუნდაც მისივე ასაკის ქალს. ჩვენ ვიტყვით, რომ ამ კაცმა უკანონო შვილი შესძინა სახელმწიფოს, რაკიღა არც დაწინდვა მომხდარა და არც ქორწინების კურთხევა.

– როცა ქალები და კაცები მემკვიდრეების გასაჩენად დადგენილ ასაკს გადასცდებიან, ჩემის აზრით, კაცებს უფლება უნდა მივცეთ, რომელი ქალიც თვალში მოუვათ, ის იყოლიონ საყვარლად, რა თქმა უნდა, დედების, ქალიშვილების, შვილიშვილებისა და დედის მხრივ უფროსი ნათესავების გარდა. ასეთივე თავისუფლება უნდა მივანიჭოთ ქალებსაც: ვისაც უნდათ, იმას გაჰყვნენ, მამების, ვაჟიშვილებისა და უფროსი თუ უმცროსი ნათესავების გამოკლებით. მაგრამ ამნაირი თავისუფლების მიუხედავად, ყოველნაირად უნდა ცდილობდნენ, რომ არცერთი ბავშვი არ მოევლინოს ქვეყანას, ხოლო თუ მათმა სიფრთხილემ შედეგი არ გამოიღო და ბავშვი მაინც დაიბადა, კეთილ-ინებონ და ისე მოიქცნენ, რომ მისი აღზრდა აღარ დაგვჭირდეს.

– კეთილი, მაგრამ რანაირად გაარჩიონ, ვინ ვის ეკუთვნის მამად, ქალიშვილად თუ ნათესავად?

– არანაირად. მაგრამ თვითეულ მცველს თავის ღვიძლ შვილად უნდა მიაჩნდეს ყოველი ახალშობილი, – სულერთია, ქალი იქნება თუ ვაჟი, – რომელიც მისი ქორწინების დღიდან მეცხრე თუ მეშვიდე თვის თავზე დაიბადა, ხოლო ეს ქალ-ვაჟნი თავიანთ მშობელ მამად უნდა სახავდნენ მას; მათი შვილები თავიანთ ბებიად და ბაბუად უნდა მიიჩნევდნენ ამ ჩვენს მცველსა და მის ცოლს, ხოლო თავიანთ ტოლ-სწორთ – დებად და ძმებად, ასე რომ, დაუშვებელია ცოლ-ქმრული კავშირი მათ შორის. და-ძმებს მხოლოდ კანონი თუ დართავს შეუღლების ნებას, ისიც წილისყრითა და პითიას საღმრთო დასტურით.

– მართალს ბრძანებ.

– აი, რას ნიშნავს, გლავკონ, საერთო ცოლ-შვილის ყოლა ამ ჩვენს სახელმწიფოში, ხოლო ეს რომ ზედმიწევნით შეესაბამება მის წესწყობილებას, ამას შემდგომი მსჯელობა დაგვანახებს. რა ვქნათ, განვაგრძოთ?

– განვაგრძოთ. ზევსის გულისთვის.

– მაშ, იქნებ, აი, ეს იყოს ჩვენი თანხმობის საწყისი: ავდგეთ და ჩვენსავე თავს ვკითხოთ, რა შეიძლება მიგვაჩნდეს სახელმწიფო წყობილებისათვის უდიდეს სიკთედ, ანუ იმ მიზნად, რისი გულისთვისაც კანონმდებელი ადგენს თავის კანონებს, და რას უნდა ვსახავდეთ უდიდეს ბოროტებად? შემდეგ კი ვნახოთ, მართლა გვაახლოებს თუ არა ამ სიკეთესთან ყოველივე ის, რაზედაც წეღან ვმსჯელობდით, ანდა გვაშორებს თუ არა ამ ბოროტებისგან?

– თავი და თავი ეგ არის.

– შეიძლება თუ არა წარმოვიდგინოთ სახელმწიფოსათვის იმაზე დიდი ბოროტება, რაც მისი ერთიანობის რღვევას, დაშლასა და დაქუცმაცებას იწვევს? ან რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი სიკეთე, რაც ურღვევ მთლიანობად ჰკრავს და აერთებს მას?

– არაფერი.

– ხოლო მას ჰკრავს და აერთებს ჭირისა და ლხინის ერთობა, როცა თითქმის ყველა მოქალაქეს ერთნაირად ახარებს ან ამწუხრებს საერთო წარმატება თუ წარუმატებლობა.

– რა თქმა უნდა.

– ამნაირი განცდების სხვადასხვაობა კი არღვევს კავშირს მოქალაქეთა შორის, როცა ზოგს გულს უკლავს, ზოგს კი აღაფრთოვანებს სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის მდგომარეობა.

– უეჭველად.

– მერედა, რა არის ამნაირი განხეთქილების მიზეზი, თუ არა ის, რომ მთელ სახელმწიფოს აყრუებს მოქალაქეთა გნიასი და ღრიანცელი: «ეს ჩემია!» ან «ეს არ არის ჩემი!» და სხვა მისთანანი?

– ცამდე მართალი ბრძანდები.

– ხოლო სადაც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ერთსულოვანია იმის თაობაზე, თუ რა არის მისი და რა არ არის მისი, ალბათ, სწორედ იქაა ყველაზე უკეთესი სახელმწიფოებრივი წყობილება.

– დიახ, ყველაზე უკეთესი.

– მაშ, რაღა ითქმის იმ სახელმწიფოზე, რომელიც ყველაზე მეტად მოგვაგონებს ცალკეულ კაცს: ასე მაგალითად, ვინმემ რომ თითი გაიჭრას, მთელი სხეული თითქოს ერთ მუშტად შეიკვრის და სულს შესთხოვს შველას, როგორც მის მბრძანებელსა და წარმმართველ საწყისს; სულიც მთელის არსებით შეიძვრის და თანაულმობს ტკივილით გატანჯულ ასოს, და მაშინ ჩვენ ვამბობთ, აი, ამ კაცს თითი სტკივაო. იგივე ითქმის ყოველნაირ სიხარულსა და ტანჯვაზედაც, რასაც ავადმყოფობისას თუ გამოჯანმრთელებისას განიცდის კაცი.

– დიახ, იგივე ითქმის, და ესაა შენი კითხვის პასუხიც: ყველაზე უკეთესი წყობილების მქონე სახელმწიფო ყველაზე მეტად უნდა ჰგავდეს ცალკეულ კაცს.

– რაც არ უნდა შეემთხვეს ამნაირი ქვეყნის მოქალაქეს, კარგი თუ ცუდი, ჩემის აზრით, სახელმწიფო პირველი იტყვის: შენი ტკივილი ჩემი ტკივილია და შენი სიხარული ჩემი სიხარულიო.

– რა თქმა უნდა, თუკი მას მართლაც უზადო კანონები მართავენ.

– მაგრამ დროა კვლავ მივუბრუნდეთ ჩვენს სახელმწიფოს და ვნახოთ, ჩვენი მსჯელობიდან გამომდინარე დასკვნები მას უფრო ესადაგება თუ რომელიმე სხვა სახელმწიფოს.

– დიახ, ეგრე უნდა მოვიქცეთ.

– კეთილი და პატიოსანი; თუ ყველა დანარჩენ სახელმწიფოში მმართველებიც არიან და არის ხალხიც, მაშასადამე, ისინი ჩვენს სახელმწიფოშიაც უნდა იყვნენ.

– რა თქმა უნდა.

– და ყველანი მოქალაქეებს უწოდებენ ერთმანეთს?

– დიახ.

– მაგრამ გარდა «მოქალაქისა», რას უწოდებს დანარჩენ სახელმწიფოებში ხალხი თავის მმართველებს?

– ზოგიერთ სახელმწიფოში – »ბატონებს», დემოკრატიულ სახელმწიფოებში კი იმავე სახელს – »მმართველებს».

– კი მაგრამ, ჩვენს სახელმწიფოში? გარდა «მოქალაქეებისა», რას უწოდებს ხალხი «მმართველებს»?

– »მხსნელებსა» და «მფარველებს».

– ეს უკანასკნელნი რაღას უწოდებენ ხალხს?

– »მებეგრეებსა» და «მარჩენლებს».

– სხვა სახელმწიფოთა მმართველებზე რაღას იტყვი? რას უწოდებენ ისინი ხალხს?

– »მონებს».

– ხოლო მმართველები ერთმანეთს?

– »თანამმართველებს».

– ჩვენში?

– »თანამცველებს».

– თუ გეგულება დანარჩენ სახელმწიფოებში იმნაირი მმართველი, ერთ თავის თანამმათველს ისე რომ მიმართავდეს, როგორც მეგობარს, ხოლო მეორეს – როგორც უცხოს და გადამთიელს?

– რამდენიც გნებავს.

– მაშასადამე, თანამოაზრე თავისიანად მიაჩნია და ამიტომაც მიმართავს როგორც მეგობარს, უცხოს კი თავისიანად არ თვლის?

– დიახ.

– შენს მცველებზე რაღას იტყვი? თუ მოიძებნება მათ შორის ისეთი კაცი თავის თანამცველებს უცხოდ რომ მიიჩნევდეს და გადამთიელს ეძახდეს მას?

– არა, არ მოიძებნება; ვისაც არ უნდა შეჰყაროს ბედმა, ის იტყვის, რომ თავის და-ძმას, დედ-მამას, ქალ-ვაჟსა თუ მათ წინაპრებს ან შთამომავალთა ხედავს.

– კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ერთი ესეც მითხარი: მარტოოდენ იმას დასჯერდები, რომ კანონით დაადგენ როგორც თავისიანებს, ისე მიმართავდნენ ერთმანეთს, თუ ამნაირი მიმართვის შესაბამისადაც იქცეოდნენ; მაგალითად, ისე ეპყრობოდნენ მამებს, როგორც წესი და რიგი მოითხოვს: პატივისცემას და მზრუნველობას არ აკლებდნენ და უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ მათ, იმისი შიშით, რომ ღმერთებიც შერისხავენ და ადამიანებიც შეაჩვენებენ, თუკი სხვანაირად მოიქცევიან და, ამრიგად, უსამართლობას მკრეხელობასაც ზედ დაურთავენ? როგორ გგონია, განა ყველა მოქალაქე, სწორედ იმას არ უნდა ჩააგონებდეს გამუდმებით პატარა ბავშვებს, რომ ასე უნდა მოეპყრონ იმათ, ვისაც მამებად და ნათესავებად დაუსახავენ?

– დიახ, სწორედ მაგას. სასაცილო იქნებოდა, ნათესავების სახელი ლიტონ სიტყვად რომ დარჩენილიყო და მათდამი პატივისცემას საქმით არ შესხმოდა ხორცი.

– მაშასადამე, ჩვენს სახელმწიფოში გაცილებით უფრო ხშირად, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში, მოქალაქეები ერთსულოვნად გამოხატავდნენ თავიანთ განწყობილებას ამ სიტყვებით: «ჩემი საქმე კარგადაა», ან «ჩემი საქმე ცუდადააო», ყოველთვის, როცა, ჩვენი წეღანდელი თქმისა არ იყოს, ერთ-ერთ მათგანს კარგად ან ცუდად წაუვიდოდა საქმე.

მართალს ბრძანებ.

– კი მაგრამ, ისიც ხომ ითქვა, რომ ამნაირი განწყობილებაც და მისი სიტყვიერი გამოხატულებაც სხვა არა არის რა თუ არა მოყვასთა სიხარულისა და მწუხარების ერთობლივი გაზიარება?

– დიახ, ეგეც ითქვა.

– მაშასადამე, ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიან ერთობლივად საქმის საერთო ვითარებას, და ეს ერთობლივი განცდა განაპირობებს იმას, რომ ყველას ერთი ექნება სიხარულიც და მწუხარებაც.

– რა თქმა უნდა.

– მერედა, რას უნდა მივაწეროთ ესოდენ განსაცვიფრებელი შედეგი, თუ არა ჩვენი სახელმწიფოს საერთო თავისებურებას და განსაკუთრებით იმას, რომ მცველებს საერთო ცოლ-შვილი უნდა ჰყავდეთ?

– დიახ, უპირატესად მაგას უნდა მივაწეროთ.

– კი მაგრამ, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ სწორედ ესაა უდიდესი სიკეთე სახელმწიფოსთვის, როცა კეთილმოწყობილი სახელმწიფო სხეულს შევადარეთ, რომლის სნეულებაცა და სიჯანსაღეც მისი ასოების მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

– დიახ, შევთნხმდით და სავსებით სამართლიანადაც შევთანხმდით.

– მაშასადამე, ჩვენი სახელმწიფოსათვის უდიდესი სიკეთის მიზეზი ისაა, რომ მცველებს საერთო ცოლ-შვილი უნდა ჰყავდეთ.

– დიახ.

– ეს იმასაც ეთანხმება, რაზედაც ადრე შევთანმდით. აკი ითქვა, რომ მცველებს არც საკუთარი სახლ-კარი უნდა ჰქონდეთ, არც მიწა-წყალი და არც სხვა რამ ავლადიდება. ისინი მოსახლეობისაგან იღებენ სურსათ-სანოვაგეს, თავიანთი სამსახურის სანაცვლოდ, და ერთად მოიხმარენ მას, თუკი სურთ ჭეშმარიტი მცველები ერქვათ.

– სწორია.

– ჩემის აზრით, ზემოთქმულიცა და, მით უმეტეს, ისიც, რასაც ახლა ვამბობთ, ჭეშმარიტ მცველებად აქცევს და ნებას არ მისცემს მათ, დაგლიჯონ და დააქუცმაცონ სახელმწიფო, რაც ესოდენ ხშირადა ხდება, როცა ადამიანები სიტყვით «ჩემი» ერთსა და იმავეს კი არ აღნიშნავენ, არამედ ზოგი რას გულისხმობს და ზოგი რას: ერთი შინ მიათრევს ყველაფერს, რასაც ხელთ იგდებს, ისე, რომ არავითარ ანგარიშს არ უწევს სხვებს, და ასევე იქცევა მეორეც; ყველას თავ-თავისი ცოლ-შვილი ჰყავს და ამიტომ ყველა თავისი სიხარულით ხარობს და ყველას თავისი სადარდელი აწუხებს. მაგრამ როცა ყველა ერთსულოვანია და ყველას სწრაფვა თანხვდება ერთმანეთს, მაშინ რასაც ერთი განიცდის, იმასვე განიცდის მეორეც, რადგანაც ყველას ერთი აქვს ჭირიც და ლხინიც.

– რა თქმა უნდა

– კი მაგრამ, განა სამუდამოდ არ ჩაბარდება წარსულს ყოველგვარი დავა, შუღლი თუ შეხლა-შემოხლა, რაკი არავის არავითარი საკუთრება არ ექნება, თავისივე სხეულის გარდა? ყოველივე დანარჩენი კი საერთო იქნება ყველასათვის, ასე რომ, მათ შორის აღარასოდეს იჩენს თავს ცილობა და დავიდარაბა ქონების, შვილებისა თუ ნათესავების გამო.

– დიახ.

– აღარც სასამართლოში უჩივლებენ ერთმანეთს, რაკიღა აღარავინ შეურაცხყოფს და არც ძალმომრეობით შეავიწროებს ვინმეს. ჩვენ ჩავაგონებთ მათ, რომ საპატიო და სასახელოა თავი დაიცვა ტოლ-სწორებისგან, და დავავალდებულებთ, წვრთნით გაიკაჟონ სხეული.

– კეთილი.

– აი, კიდევ რითია მოსაწონი ეს კანონი: თუ ვინმე წაეკიდა თავის მოყვასს, კეთილ ინებოს და თვითონვე დაიცხროს რისხვა, რათა ამ აყალ-მაყალში სხვებიც არ ჩაითრიოს.

– რა თქმა უნდა.

– უფროსებს ნება ექნებათ მბრძანებლობდნენ და კიდევაც სჯიდნენ უმცროსებს.

– ცხადია.

– უმცროსი კი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამას უბრძანებენ მმართველები, რა თქმა უნდა, ვერასოდეს ვერ გაბედავს ხელი აღმართოს უფროსზე, ან ასე თუ ისე, შეურაცხყოს იგი. ამის აღსაკვეთად სავსებით საკმარისი იქნება ორი მცველი: შიში და მოწიწება. მოწიწება არავის მისცემს ნებას ხელით შეეხოს მშობლებს, შიში კი აიძულებს ყველას, ივარაუდოს, რომ შეურაცხყოფილს უსათუოდ გამოესარჩლებიან შვილები, ძმები ან მამები

– ჰო, როგორც ხდება ხოლმე

– ამნაირი კანონების წყალობით, ჩვენს მცველებს შორის მშვიდობა დაისადგურებს.

– ჭეშმარიტად.

– მაგრამ თუ მათთვის უცხო იქნება ყოველგვარი განხეთქილება, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ წარმოუდგენელია სახელმწიფოს დანარჩენი მოსახლეობა ან მათ აეშალოს, ანდა შინააშლილობამ თვით ამ დანარჩენებშივე იჩინოს თავი.

– რა თქმა უნდა.

– რაც შეეხება იმ წვრილმან უსიამოვნებებს, რომლებსაც ისინი საერთოდ აიცილებენ თავიდან, მათზე ლაპარაკი ცოტა არ იყოს, მეჩოთირება: მე ვგულისხმობ ღარიბთა მლიქვნელობას მდიდრების წინაშე, ათასნაირ გასაჭირსა და დავიდარაბას, რაც სჭირდება ბავშვების აღზრდას, ჭაპანწყვეტას ფულის საშოვნელად და ოჯახის სარჩენად, ჭირის ოფლში გაწურვას, როცა იძულებული ხარ ვალი აიღო, ან ფულის სესხებაზე უარი უთხრა სხვებს, ბაზრებში წანწალს სურსათ-სანოვაგის საყიდლად, რომ მერე ცოლსა და შინაურებს ჩააბარო და მათვე მიანდო საოჯახო საქმის გაძღოლა, მოკლედ, ათას უბადრუკ წვრილმანს, ჩემო ძვირფასო, რომელთა ჩამოთვლაც კი სათაკილოა.

– ეგ თვით უსინათლოსთვისაც ნათელია.

– ამდენი გასაჭირისგან თავდახსნილი ჩვენი მცველების ცხოვრება უფრო ბედნიერი იქნება, ვიდრე ოლიმპიურ ასპარეზობაში გამარჯვებულებისა.

– როგორ?

– როგორ და ისე, რომ ოლიმპიურ ასპარეზობაში გამარჯვებულებს იმ უპირატესობათა მხოლოდ მცირე ნაწილი ენიჭება, რითაც სარგებლობენ ჩვენი მცველები. ამ უკანასკნელთა გამარჯვება ხომ გაცილებით უფრო დიდებულია, ასე რომ საზოგადოებაც გაცილებით მეტ პატივს მიაგებს მათ. მართლაც, ამ გამარჯვების წყალობით ისინი მთელი სახელმწიფოს მხსნელებად გვევლინებიან. ასე რომ, თავიანთ შვილებთან ერთად უზრუნველყოფილნი იქნებიან არა მარტო სურსათ-სანოვაგით, არამედ ყოველივე იმითაც, რაც აუცილებელია საარსებოდ და თავის სარჩენად. არც სიცოცხლეში მოაკლდებათ პატივისცემა და სიკვდილის შემდეგაც დიდი პატივით მიაბარებენ მიწას.

– დიდებულია.

– თუ გახსოვს, ზემოთ, არ ვიცი სად, ვიღაცამ გვისაყვედურა, რომ დიდად როდი ვაბედნიერებთ ჩვენს მცველებს, რადგანაც შეეძლოთ ყველაფერი ჰქონოდათ, რაც დანარჩენ მოქალაქეებს აქვთ, მაგრამ არაფერი არ გააჩნიათ. რაზედაც ჩვენ მივუგეთ, რომ ამ საკითხს თავის დროზე განვიხილავდით, ახლა კი მცველები ნამდვილ მცველებად უნდა ვაქციოთ და სახელმწიფოშიც ისეთი კეთილდღეობა უნდა დავამკვიდროთ, მარტოოდენ ერთი რომელიმე წოდების კეთილდღეობას რომ არ გულისხმობს.

– მახსოვს, – თქვა მან.

– მერედა, თუ ახლა ჩვენი მცველების ცხოვრება უფრო ბედნიერი გვეჩვენება, ვიდრე ოლიმპიურ ასპარეზობაში გამარჯვებულებისა, როგორღა შეიძლება მეწაღეების ან სხვა ხელოსნებისა თუ მიწის მუშაკთა ცხოვრებას შევადაროთ იგი?

– მე თუ მკითხავ, ეს შეუძლებელია.

– ჰოდა, მე მგონია, დროა ახლაც გავიმეოროთ ის, რაც მაშინ ვთქვით: თუ მცველი ბედნიერებად მიიჩნევს იმას, რომ მცველი არ იყოს, თუ არ დასჯერდება ამ ზომიერ, საიმედო და ჩვენის აზრით, ყველაზე უმჯობეს ცხოვრებას, არამედ ბედნიერებაზე ბალღურსა და სულელურ წარმოდგენას აჰყვება, რაც აიძულებს ძალით მიიტაცოს სახელმწიფოს მთელი ქონება, მაშინ მიხვდება, რომ ჭეშმარიტად ბრძენი იყო ჰესიოდე, როცა ამტკიცებდა, «ნაწილი გარკვეულწილად მთელზე მეტიაო».

– ჩემთვის რომ ეგდო ყური, – თქვა მან, – ისე იცხოვრებდა, როგორც ჩვენ ვურჩევთ.

– მაშასადამე, შენ დასაშვებად მიგაჩნია, რომ ამ მცველებს საერთო ცოლები ჰყავდეთ, რაზედაც ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ? ეს ეხება ბავშვებსაც, მათ აღზრდასაც და დანარჩენ მოქალაქეთა დაცვასაც. მიუხედავად იმისა, ქალაქში რჩებიან თუ საომრად მიდიან, ქალები კაცებთან ერთად იცავენ სახელმწიფოს და ერთადვე ნადირობენ, ძაღლების მსგავსად. ისინი შეძლებისდაგვარად მონაწილეობენ ყველა საქმეში. მათი ამგვარი საქმიანობა მართლაც რომ საქებარია და სრულიადაც არ ეწინააღმდეგება მამრსა და მდედრს შორის ბუნების მიერ დადგენილ წესს.

– გეთანხმები, – თქვა მან.

– ამრიგად, ისღა დავრჩა განსახილველი, – ვუთხარი მე, – რამდენად შესაძლებელია ისეთივე ურთიერთობა დავამყაროთ ადამიანებს შორის, რაც სხვა სულდგმულთა შორის არსებობს, ან რა გზით შეიძლება ამის მიღწევა.

– დამასწარი, – თქვა მან, – სწორედ ამაზე მინდოდა ჩამომეგდო სიტყვა.

– რაც შეეხება ომს, – განვაგრძე მე, – პირადად ჩემთვის ცხადია, როგორც იომებენ ქალები.

– მაინც როგორ?

– ისინი კაცებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას ლაშქრობებში, ბავშვებიდან კი თან იახლებენ საამისოდ მოწიფულთა და წამოჩიტულთ, რათა, ხელოსანთა ბავშვების მსგავსად, თვალი ადევნონ იმას, რისი კეთებაც დავაჟკაცების შემდეგ თვითონვე მოუწევთ. თუმცა მარტო თვალყურის დევნებას როდი აკმარებენ: ისინი ხელს უნდა აშველებდნენ მეომრებს, ომის ჭირ-ვარამს იზიარებდნენ და მხარში ედგნენ მამებს და დედებს. ნუთუ არ გინახავს, როგორ იქცევიან სხვა ხელოსნები, როგორ წვრთნიან, ვთქვათ, მეთუნეები თავიანთ შვილებს, რომლებიც დიდხანს შეგირდებივით ემსახურებიან და აკვირდებიან მათ საქმიანობას, ვიდრე თვითონვე ხელს მიჰყოფდნენ იმავე საქმეს.

– რასაკვირველია, მინახავს.

– მერედა, განა მეთუნეები ჩვენს მცველებზე უფრო გულმოდგინედ უნდა წვრთნიდნენ თავიანთ შვილებს და საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა თუ მათ საქმიანობაზე დაკვირვების გზით ასწავლიდნენ, რისი ქმნა მართებთ?

– სასაცილო კი იქნებოდა.

– ეგეც არ იყოს, ყველა სულდგმული განსაკუთრებულ შეუპოვრობას იჩენს მაშინ, როცა გვერდით თავისი ნაშიერნი ჰყვანან.

– სწორია, მაგრამ უბედურება ისაა, სოკრატე, რომ დამარცხების შემთხვევაში ისინი მარტო თავს კი არ წააგებენ, შვილებსაც თან გადაიყოლებენ და სახელმწიფო ვეღარ შესძლებს ამ დანაკლისის შევსებას.

– მართალი ხარ, – მივუგე მე, – მაგრამ როგორ გგონია, ნუთუ, უწინარეს ყოვლისა, სრული უსაფრთხოება უნდა უზრუნველვყოთ მათთვის?

– არამც და არამც.

– მერედა, თუ საფრთხეში უნდა ჩაიგდონ თავი, განა ამის საზღაურად მხოლოდ ის არ უნდა მიგვაჩნდეს, რომ წარმატების შემთხვევაში უკეთესნი გახდებიან?

– დიახ.

– კი მაგრამ, ნუთუ იმდენად უმნიშვნელოდ მიგაჩნია ეს, რომ არა ღირს ამ მიზნით გავბედოთ და ომის ქარცეცხლისათვის ბავშვობიდანვე ვაყურებინოთ იმათ, ვინც დავაჟკაცების შემდეგ თვითონვე უნდა ჩაებას ომში?

– რა თქმა უნდა, ღირს, იმ მიზნისათვის, შენ რომ გულისხმობ.

– მაშასადამე, ბავშვები პატარაობიდანვე უნდა შევაჩვიოთ ბრძოლების ქარცეცხლს, თუმცა, იმავდროულად, მათი უსაფრთხოებისთვისაც უნდა ვიზრუნოთ, და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, არა?

– რა თქმა უნდა.

– ჯერ ერთი, – ვთქვი მე, – მათი მამები ომის უნახავნი კი არ იქნებიან, არამედ ბრძოლებში გამობრძმედილნი, ასე რომ, კარგად ეცოდინებათ, რომელი ლაშქრობა შეიძლება იყოს სახიფათო და რომელი არა.

– ცხადია.

– ამიტომ ზოგიერთ ლაშქრობაში თან იახლებენ ბავშვებს, ზოგიერთს კი აარიდებენ მათ.

– მართალს ბრძანებ.

– მათ წინამძღოლებადაც უნიათოებს კი არ დანიშნავენ, – განვაგრძე მე, – არამედ იმ ხალხს, ვისაც თავისი ასაკით და გამოცდილებით უნარი შესწევს სათანადოდ უწინამძღვროს და წარმართოს კიდეც ისინი.

– ასეც უნდა იყოს.

– მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ხშირად ათასნაირ მოულოდნელობასთან გვაქვს საქმე.

– ათასნაირსა და მეტთანაც.

– სწორედ ამიტომ, ჩემო მეგობრო, ბავშვობაშივე უნდა დავაფრთიანოთ ისინი, რათა, თუ საჭირო შეიქნა, ფრთამალი ჩიტებივით დაუსხლტნენ მტერს.

– რას გულისხმობ?

– სიყრმითვე უნდა შევაჩვიოთ ცხენის ჭენებას, შემდეგ კი, ჯირითში გაწაფულნი, თან ვიახლოთ, რათა თვალი ადევნონ ბრძოლებს. მაგრამ ფიცხი საომარი ცხენები კი არ უნდა შევურჩიოთ, არამედ თვინიერნი და ფეხმარდნი. ასე უფრო უკეთ შესძლებენ დაუკვირდნენ თავიანთ მომავალ საქმეს, ხოლო თუ საჭირო გახდა, კვალდაკვალ მისდიონ თავიანთ წინამძღოლსაც.

– მგონი, მართალს ამბობ.

– კი მაგრამ, ომზე რაღას ვიტყვით? როგორ მოიქცევიან ეს შენი მეომრები, როგორც ერთურთის, ისე მტრების მიმართ? ვნახოთ, აქაც მართალი ვარ თუ არა.

– ვნახოთ.

– თუ რომელიმე მეომარმა მწყობრი მიატოვა, იარაღი დაყარა ან სულმოკლეობის გამო რაღაც ამგვარი ჩაიდინა, განა ხელოსნებსა თუ მიწის მუშებში არ უნდა გადავიყვანოთ იგი?

– რა თქმა უნდა.

– ხოლო მეომარი, რომელიც ცოცხალი თავით ტყვედ ჩაუვარდა მტერს, განა იმას არ უნდა ვაჩუქოთ, ვინც ისე მოექცევა მხდალს, როგორც თვითონ მოეპრიანება?

– რასაკვირველია.

– და პირიქით, ვინც სიმამაცით გამოიჩინა თავი, განა მასთან ერთად მოლაშქრე ჭაბუკებმა და ყმაწვილმა ქალებმა სათითაოდ არ უნდა შეამკონ გვირგვინით?

– მე მგონია უნდა შეამკონ.

– მერე კი ხელი ჩამოართვან?

– დიახ.

– ალბათ, იმაზეც დამეთანხმები...

– რაზე?

– რომ გადაჰკოცნონ.

– რა თქმა უნდა, და აქვე დავსძენ, რომ ლაშქრობისას ალერსს არ უნდა ვაკლებდეთ გამარჯვებულებს. რადგან თუ მეომარს ყმაწვილი ქალი შეუყვარდა, ეს მეტ სიმხნევეს მიანიჭებს და საგმირო საქმისათვის აღანთებს.

– კეთილი. ზემოთ ხომ ისიც ითქვა, რომ სიმამაცით გამორჩეულთ უფრო მეტი ქორწილი ელით და მათ უფრო ხშირად არგუნებენ და ურჩევენ ქალებს, რათა ყველაზე მრავალრიცხოვანი შთამომავლობა ჰყავდეთ.

– დიახ, უკვე ითქვა.

– აკი ჰომეროსის მიხედვით, სხვაგვარ პატივსაც მიაგებენ სიმამაცით გამორჩეულ ჭაბუკებს. ის ამბობს, რომ ბრძოლაში სახელგანთქმულ აიაქსს ზურგის ყველაზე გრძელი ანაჭერი მიართვეს. ეს იყო ჯანღონით სავსე და ძალგულოვანი ჭაბუკის ჯილდო, ახალი ძალა რომ შეჰმატა მას.

– მართალს ბრძანებ.

– მაშ, აქაც ჰომეროსს მივსდიოთ. მამაცებს მსხვერპლშეწირვითა და სხვა მისთანა ზარ-ზეიმით უნდა მივაგებდეთ პატივს, ისევე, როგორც იმით, რაც წეღან ითქვა, და მათვე ვთავაზობდეთ

«ღირსეულთა კუთვნილ ადგილს, მწვადებსა და სავსე ფიალებს»,

რათა პატივით განვამტკიცოთ ამ მძლე ვაჟკაცებისა და ქალიშვილების მხნეობა.

– მომწონს ეგ სიტყვა.

– კეთილი. მაგრამ იმათზე, ვინც ღირსეულად დადო თავი, უპირველესად რა უნდა ვთქვათ, გარდა იმისა, რომ ისინი ოქროს მოდგმას ეკუთვნიან?

– რა თქმა უნდა.

– მაშასადამე, ღმერთს უნდა დავეკითხოთ, როგორ მივაბაროთ მიწას ეს ღვთაებრივი თუ დემონიური ხალხი, ან რანაირი პატივი მივაგოთ მათ, და ისე მოვიქცეთ, როგორც ზეცის მეუფე გვანიშნებს.

– სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ.

– ხოლო სამერმისოდ ისე უნდა ვუვლიდეთ და თაყვანს ვცემდეთ მათ საფლავებს, როგორც ეთაყვანებიან დემონებს. წესად დავდებთ, ასეთსავე პატივს მივაგებდეთ მათაც, ვინც სიბერითა თუ სხვა რამ მიზეზით აღესრულა და უებრო სიქველით გამოირჩეოდა ამ ქვეყნად.

– სამართლიანი იქნება, – თქვა მან.

– კი მაგრამ, მტრებს როგორღა უნდა ექცეოდნენ ჩვენი მეომრები?

– რას გულისხმობ?

– ჯერ ერთი, დამონებას: განა შეიძლება სამართლიანად მიგვაჩნდეს, რომ ელინები იმონებდნენ ელინურ სახელმწიფოებს? თუ, პირიქით, შეძლებისდაგვარად უნდა ვკრძალავდეთ ამას და ვცდილობდეთ დავინდოთ ელინთა მოდგმა, თორემ ვაითუ ბარბაროსებმა დაიმონონ

– ყოველნაირად უნდა ვცდილობდეთ, – თქვა მან.

– მაშასადამე, ჩვენს მოქალაქეებს არ უნდა ჰყავდეთ ელინი მონა და დანარჩენ ელინებსაც ამასვე უნდა ვურჩევდეთ.

– რა თქმა უნდა. მაშინ მათი ძალისხმევა, უმალ, ბარბაროსებისაკენ იქნება მიმართული და ელინები თავიდან აიცილებენ შინააშლილობებს.

– ეგეც არ იყოს, რა საკადრისია ბრძოლის ველზე დაცემული მტრების ძარცვა, გარდა იარაღის აყრისა? ხომ არ აძლევს ეს მხდალთა და ჯაბანთ იმის საბაბს, რომ თავს არიდებდნენ შეიარაღებულ მტერთან პირისპირ შებმას? სამაგიეროდ, თითქოს თავიანთ წმინდათა-წმინდა ვალს იხდიანო, ისინი თავს დასტრიალებენ მოკლულთ, და ამ ძარცვა-გლეჯას არაერთი ლაშქარი დაუღუპავს.

– არაერთი და ორი.

– განა ეს უკეთური სიხარბე – მკვდრების ძარცვა-გლეჯა, – ამაზრზენად არ გეჩვენება? მხოლოდ დიაცურ სულმოკლეობას თუ შეუძლია მტრად მიიჩნევდეს უსულო გვამს, მაშინ როდესაც მტერმა გაქცევით უშველა თავს და ბრძოლის ველზე მხოლოდ თავისი საჭურველი დაყარა. ან იქნებ გგონია, რომ ეს მძარცველები რითიმე განსხვავდებიან ძაღლებისაგან, გააფთრებით რომ მივარდებიან ხოლმე მათთვის ნასროლ ქვას და არა ქვის მსროლელს?

– არაფრითაც არ განსხვავდებიან, – თქვა მან.

– ასე რომ, უნდა ავკრძალოთ მოკლულთა ძარცვა და მტერს მათი წაღების საშუალება მივცეთ.

– დიახ, ვფიცავ ზევსს.

– მაშასადამე, საჭურველს არ შევიტანთ ტაძრებში, როგორც საწირავს, მეტადრე – ელინთა საჭურველს, თუკი ჩვენს გულში სულ მცირეოდენი კეთილმოსურნეობა მაინც ღვივის დანარჩენ ელინთა მიმართ. მით უმეტეს, უნდა ვეკრძალოთ, რომ ტაძრები არ შევბღალოთ იმით, რასაც ჩვენს ნათესავებს წავგლეჯთ და წავართმევთ, თუკი ღმერთმა სხვაგვარად არ განსაჯა.

– ცამდე მართალი ხარ.

– ელინთა მიწა-წყლის აოხრებასა და მათი სახლ-კარის გადაბუგვაზე რაღას იტყვი? აქ როგორღა მოექცევიან მტერს ჩვენი მეომრები?

– თუ შენს აზრს მამცნობ, სიამოვნებით მოგისმენ.

– მე თუ მკითხავ, არც ერთს ჩაიდენენ და არც მეორეს, არამედ წლის მოსავალს წაართმევენ; რატომ? – თუ გნებავს, მოგახსენებ.

– დიახაც მნებავს.

– მე მგონია, როგორც ორი სხვადასხვა სიტყვა აღნიშნავს ომსა და შინააშლილობას, არსებობს ორი სხვადასხვა მიზეზიც, რაც მათ განსხვავებას განაპირობებს: ერთია უთანხმოება – თვისტომთა, ხოლო მეორე – უცხოთა მიმართ. ურთიერთუთანხმოება შინააშლილობას იწვევს, უცხოთა მიმართ უთანხმოება კი – ომს.

– ეს განსხვავება ზუსტად განსაზღვრე.

– მაშ, დაუკვირდი, ამასაც ზუსტად ვამბობ თუ არა? მე ვამტკიცებ, რომ ელინები თვისტომნი და თანამოძმენი არიან, ბარბაროსები კი – გადამთიელნი და უცხონი.

– დიახ.

– მაშასადამე, როცა ელინები ბარბაროსებს ებრძვიან, ბარბაროსები კი – ელინებს, ჩვენ ვიტყვით, რომ ისინი ომობენ, რადგანაც ბუნებით ერთმანეთის მტერები არიან, და ამ მტრობას ომის სახელს უნდა ვარქმევდეთ. ხოლო როცა ელინები ელინებსვე უტევენ, ჩვენ ვიტყვით, რომ ისინი ბუნებით მაინც მეგობრები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ელადა ავადაა და მისი შვილებიც ერთმანეთს დარევიან, რასაც შინააშლილობა უნდა ეწოდოს.

– გეთანხმები, სწორედ ასეა.

– ახლა კი, ჩვენი წეღანდელი განსაზღვრის თანახმად, ამასაც დაუკვირდი: – განვაგრძე მე, – როცა ქვეყანაში განხეთქილება ისადგურებს და სახელმწიფო შინააშლილობას მოუცავს, როცა მეომარი მხარეები ერთიმეორის მიწა-წყალს აოხრებენ და ცეცხლს აძლევენ მტრის სახლ-კარს, რაოდენ დამღუპველია ეს შუღლი და რა ნაკლებად ადარდებს სამშობლოს ბედი მოშუღართ! თორემ რა გააბედვინებდათ ხელი აღემართათ მშობელ დედაზე და ნაფლეთებად ექციათ თავიანთი გამზრდელი ძიძა? ნუთუ საკმარისი არ იქნებოდა, გამარჯვებულებს მოწეული მოსავალი წაერთმიათ ძლეულთათვის და წამითაც არ დავიწყნოდათ, რომ მათი მიზანი დაზავებაა და არა მუდმივი ომი?

– ეს გაცილებით უფრო კეთილშობილური იქნებოდა.

– მერედა, განა ჩვენს მიერ დაარსებული სახელმწიფო ელინური სახელმწიფო არ უნდა იყოს?

– რა თქმა უნდა, – მომიგო მან.

– ესე იგი, მისი მოქალაქეები კეთილშობილნი და თვინიერნი იქნებიან, არა?

– რასაკვირველია.

– ამიტომაც ეყვარებათ ყოველივე ელინური, თავიანთ სამშობლოდ მიიჩნევენ ელადას და სხვებთან ერთად იქნებიან მისი სარწმუნოების აღმსარებელნიც.

– ცხადია.

– თვისტომ ელინთა შორის ჩამოვარდნილ განხეთქილებასაც შინააშლილობად მიიჩნევენ და ომის სახელს არ უწოდებენ მას.

– დიახ.

– ასე რომ, შინააშლილობის ჟამსაც ემახსოვრებათ მშვიდობა.

– რა თქმა უნდა.

– ამიტომ არც დაიმონებენ და არც სასიკვდილოდ გასწირავენ თავიანთ მოწინააღმდეგეებს, არამედ ეცდებიან კეთილმოსურნე შეგონებით შეაგნებინონ მათი შეცდომა, როგორც კეთილგონიერ მრჩევლებს შეშვენის და არა მტრებს.

– ასეა.

– რაკი ელინები არიან, არ დაარბევენ ელადას, არც სახლებს გადაბუგავენ და არც ამა თუ იმ სახელმწიფოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს – ქალებს, კაცებსა თუ ბავშვებს – მიიჩნევენ თავიანთ მტრებად, არამედ მხოლოდ განხეთქილების მოთავეთ, ეს უკანასკნელნი კი ყოველთვის მცირერიცხოვანნი არიან. ამიტომ არ ააოხრებენ იმ მიწა-წყალს, რომლის მკვიდრთა უმრავლესობასაც თავიანთ მეგობრებად თვლიან, და არც მათ სახლ-კარს მისცემენ ცეცხლს, შუღლსა და მტრობას კი მხოლოდ მანამდე გააგრძელებენ, სანამ უდანაშაულოდ ევნება და ეწამება ხალხი, რათა სათანადო სასჯელი მიაგონ ამ ტანჯვა- წამების მიზეზთ.

– გეთანხმები; ჩვენი მოქალაქენი სწორედ ასე უნდა ექცეოდნენ თავიანთ მოწინააღმდეგეებს, ბარბაროსებს კი – ისე, როგორც ამჟამად ექცევიან ერთმანეთს ელადის მკვიდრნი.

– მცველებს ამასაც დავუდებთ წესად: არ ააოხრონ ქვეყანა და არც სახლები გადაწვან.

– ეს წესი არანაკლებ მოსაწონია, ვიდრე ყველა დანარჩენი, რაზედაც წეღან ვილაპარაკეთ. მაგრამ შენ რომ მიგიშვან და ამ საგანზე საუბრის ნება მოგცენ, სოკრატე, – თქვა მან, – მე მგონია, აღარც კი გაგახსენდება ის, რაც განზე გადადე, რათა ყოველივე ეს გეთქვა. ამიტომ მე გაგახსენებ: რამდენად შესაძლებელია ამნაირი სახელმწიფოებრივი წყობილების დაფუძნება, ან რა გზით შეიძლება ამის მიღწევა? რადგანაც ყოველივე ზემოთქმულის ხორცშესხმა რომ შეიძლებოდეს, რა აჯობებდა ამას სახელმწიფოსთვის? ასე მაგალითად, ჩვენი მეომრები გაცილებით უფრო მხნედ იომებდნენ მტრის წინააღმდეგ და თავისიანებს არასოდეს მიატოვებდნენ გასაჭირში, რაკიღა ეცოდინებოდათ, რომ ერთმანეთის ძმები, მამები თუ შვილები არიან, და ამ სახელებითვე მოიხსენიებდნენ ერთმანეთს. ხოლო თუ ლაშქრობაში ქალებიც მიიღებდნენ მონაწილეობას, სულერთია, მამაკაცების მხარდამხარ თუ მათ ზურგს უკან, რათა თავზარი დაეცათ მტრისთვის, დარწმუნებული ვარ, ყოველივე ამის წყალობით, ჩვენი მეომრები უძლეველნი იქნებოდნენ. იმასაც ვხედავ, რა სიამტკბილობით იცხოვრებდნენ მშვიდობიანობის ჟამს. მაგრამ რაკიღა გეთანხმები, რაოდენ ბედნიერნი იქნებოდნენ ამ მხრივ და, ვინ მოსთვლის, კიდევ რა მხრივაც, ჩვენი სახელმწიფოებრივი წყობილების დაფუძნება რომ შეიძლებოდეს; ამიტომ ნუღარ ილაპარაკებ ამაზე, ჩვენ კი ვეცდებით ვირწმუნოთ, რომ ეს შესაძლებელია, და რა გზით შეიძლება ამის მიღწევა, ყოველივე დანარჩენი კი განზე გადავდოთ.

– რა ანაზდეულად დაატყდი თავზე ჩემს სიტყვას? – გავაწყვეტინე მე, – რატომ ხარ ასე ულმობელი ჩემი ყოყმანის მიმართ? როგორც ჩანს, არ გესმის, რა გაჭირვებით დავაღწიე თავი ორ მფრთონავ ტალღას, რაკიღა ახლა მესამე ტალღასაც მატეხ თავზე, გაცილებით უფრო დიდს და უფრო საშინელს. როცა დაინახავ და მის ზათქსაც გაიგონებ, ალბათ, უფრო მეტ შემწყნარებლობას გამოიჩენ ჩემს მიმართ და იმასაც მიხვდები, თუ რად ვყოყმანობდი: მეშინოდა გამომეთქვა ჩემი აზრი, იმდენად უჩვეულოა იგი, და მისი განხილვაც მეცადა.

– რაც უფრო დიდხანს განაგრძობ ასე, მით უფრო დაჟინებით გაიძულებთ განგვიმარტო, შესაძლებელია თუ არა ამ სახელმწიფოს დაარსება. სიტყვას ბანზე ნუ გვიგდებ, ახლავე გაგვეცი პასუხი.

– კეთილი, მაგრამ ჯერ ის უნდა გავიხსენოთ, რომ ამ კითხვამდე იმის კვლევა-ძიებამ მიგვიყვანა, თუ რა არის სამართლიანი და რა – უსამართლო.

– ნება შენია, მაგრამ რაში გვჭირდება ეს?

– არაფერში, მაგრამ თუ გავარკვიეთ, რა არის სამართლიანობა, ნუთუ იმასაც მოვითხოვთ, რომ სამართლიანი კაცი არაფრით არ განსხვავდებოდეს ამ სამართლიანობისაგან და ზედმიწევნით მისი მსგავსი იყოს? თუ საკმარისი იქნება შეძლებისდაგვარად უახლოვდებოდეს და უფრო სრულად ეზიარებოდეს მას, ვიდრე დანარჩენები?

– სავსებით საკმარისი იქნება.

– სანიმუშოდ ჩვენ ვიკვლევდით, რა არის სამართლიანობა თავისთავად და როგორი იქნებოდა სავსებით სამართლიანი ადმიანი, ამ ქვეყნად რომ მოიძებნებოდეს; ვიკვლევდით უსამართლობასაც და სავსებით უსამართლო ადამიანსაც, რათა იმის მიხედვით, თუ ამ ორიდან რომელს მივიჩნევდით ბედნიერებად ან უბედურებად, სავალდებულო დასკვნა გამოგვეტანა ჩვენივე თავის მიმართ, რომლის თანახმადაც ჩვენს ბედნიერებასაც და უბედურებასაც ის განსაზღვრავდა, თუ რამდენად ვემგვანებოდით ან ერთსა და ან მეორეს. მაგრამ მიზნად არ დაგვისახავს იმის მტკიცება, თუ რამდენად შესაძლებელია ამის ხორცშესხმა.

– მართალს ბრძანებ, – თქვა მან.

– როგორ გგონია, განა მხატვრის ნიჭს რამე აკლდება იმით, რომ სანიმუშოდ ხატავს ყველაზე ლამაზ ადამიანს, რომელიც საერთოდ შეიძლება წარმოვიდგინოთ, და უებრო სრულქმნილებას ანიჭებს მას, თუმცა იმის მტკიცება კი არ შეუძლია, რომ ასეთი ადამიანი მართლაც არსებობს?

– არა, ვფიცავ, ზევსს.

– კი მაგრამ, განა ჩვენი სიტყვითაც სრულქმნილი სახელმწიფოს ნიმუში არ დავხატეთ?

– დიახ.

– მერედა, ნუთუ ეს ჩვენი სიტყვიერი ნახატი თავის სრულქმნილებას კარგავს მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ დავამტკიცებთ, თითქოს შესაძლებელი იყოს ამ ნიმუშის მიხედვით დავაფუძნოთ სახელმწიფო?

– რა თქმა უნდა, არა.

– ამას კი მართალს ამბობ; – ვთქვი მე, – თუ გნებავს, ვეცდები დაგიმტკიცო, მაინც რა გზით და რა პირობით შეიძლება ხორცი შევასხათ ამნაირ სახელმწიფოს, მაგრამ ამის დასამტკიცებლად ერთშიაც უნდა დამეთანხმო.

– რაში?

– შეიძლება თუ არა რაიმე ისე შეიქმნას, როგორც ითქვა? თუ თვით ბუნებით საქმე უფრო შორსაა სინამდვილისგან, ვიდრე სიტყვა? შეიძლება ზოგი სხვაგვარადაც ფიქრობდეს, მაგრამ შენ რას იტყვი, მეთანხმები თუ არა?

– გეთანხმები.

– მაშ, ნუ მაიძულებ ყველაფერს ისე შევასხა ხორცი, როგორც სიტყვით აღგიწერე და წარმოგიდგინე. მაგრამ თუ შევძელი და მივაკვლიე, რა გზით შეიძლება ისეთი სახელმწიფოს დაფუძნება, ყველაზე მეტად რომ უახლოვდება სიტყვით აღწერილს, როგორ გგონია, შევასრულე თუ არა შენი მოთხოვნა, ესე იგი, გიჩვენე, რანაირად შეიძლება ხორცი შევასხათ ჩვენს შთანაფიქრს? დასჯერდები თუ არა ამას? მე პირადად დავჯერდებოდი.

– მეც.

– შემდგომ ამისა, როგორც ჩანს, ჩვენ შევეცდებით მივაკვლიოთ, მაინც რა არის უვარგისი თანამედროვე სახელმწიფოებში, რის გამოც ისინი განსხვავდებიან ჩვენი სახელმწიფოსაგან. არადა, სულ მცირე ცვლილებასაც კი შეეძლო ჩვენს მიერ აღწერილი სახელმწიფოსათვის დაემგვანებინა ისინი, – ცვლილებას, რომელიც ერთ, ორ, ან რამდენიმე არაარსებით მხარეს შეეხებოდა და არაარსებითი იქნებოდა თვითონაც.

– რა თქმა უნდა.

– საკმარისია შეიცვალოს ერთი რამ, და ჩვენ ვნახავთ, რომ სახელმწიფო გარდაიქმნება, თუმცა ეს ცვლილება არც ისე უმნიშვნელოა და ადვილი, მაგრამ შესაძლებელი კია.

– რას გულისხმობ?

– ახლა კი პირისპირ შევეგებები იმას, რაც ვეება ტალღას შევადარეთ; თქმით მაინც ვიტყვი, თუნდაც მფრთონავი ტალღასავით დამატყდეს თავს დაცინვა და მასხრად აგდება. მაშ, დაუკვირდი, რისი თქმაც მსურს.

– თქვი, რაღას აჭიანურებ?

– ვიდრე სახელმწიფოში არ გამეფდებიან ფილოსოფოსები, ანდა ისინი, ვისაც დღეს მეფეებსა და მბრძანებლებს უწოდებენ, ნამდვილ და კეთილშობილ ფილოსოფოსებად არ იქცევიან, რათა ამრიგად ერთმანეთს შეერწყას სახელმწიფოებრივი ძალაუფლება და სიბრძნისმეტყველება, ხოლო მეორეს მხრივ, აუცილებლობის კარნახით არ ჩამოიშორებენ იმათ ბრბოს, ცალკე ძალაუფლებას რომ მიელტვიან და ცალკე – ფილოსოფოსობას, მანამდე, გლავკონ, ვერც სახელმწიფოები და, ჩემი აზრით, ვერც კაცთა მოდგმა თავს ვერ დააღწევენ ბოროტებას. ვერც იმნაირი სახელმწიფო წყობილება იხილავს დღის ნათელს, ზემოთ ჩვენი სიტყვით რომ აღვწერეთ. მიტომაც ვყოყმანობდი და ვერ ვბედავდი ბოლომდე მეთქვა სათქმელი, რომ ვგრძნობდი, რარიგად დავუპირისპირდებოდი საზოგადოებრივ აზრს. ადვილი როდია აღიარო, რომ სხვაგვარად შეუძლებელია, როგორც პირადი, ისე საზოგადო კეთილდღეობა.

– ისეთი სიტყვა და აზრი მოგვახალე, სოკრატე, რომ ახლა, მე მგონია, ერთბაშად მოგესევა უამრავი და არცთუ ურიგო ხალხი: ჰიმატიონებს გაიძრობენ და წელზევით გაშიშვლებულნი, რაც პირველად ხელში მოხვდებათ, იმ იარაღით დაგერევიან, რომ გაჩენის დღე გაწყევლინონ. თუ შენი საბუთებით ვერ შეძლებ მათ მოგერიებას და უკუიქცევი, დაცინვით გაზღვევინებენ თავგასულობას.

– მერედა, ვისი ბრალი იქნება ეგ, თუ არა შენი?

– განა მართალი არ ვიქნები? მაგრამ არ გაგცემ, როგორც შემიძლია ისე დაგიცავ ჩემი კეთილმოსურნეობით, შეგონებით და კიდევ იმით, რომ შენს კითხვებს სხვებზე უკეთეს პასუხს გავცემ. ამნაირი თანადგომის იმედით, ეცადე დაუმტკიცო ყველა ურწმუნოს, რომ საქმე მართლაც ისეა, როგორც შენ ამბობ.

– მართლაც ვეცდები, რაკიღა ასე ძლევამოსილ კავშირს მთავაზობ. მე მგონია, თუ გვინდა თავი დავაღწიოთ იმ ხალხის შემოტევას, შენ რომ გულისხმობ, აუცილებელია გავარკვიოთ, ვინ მიგვაჩნია ფილოსოფოსებად და იმის მტკიცებაც გავბედოთ, რომ სწორედ ფილოსოფოსები უნდა მართავდნენ სახელმწიფოს, რათა ყველასათვის ცხადი შეიქნეს, რომ თავის დაცვაც შეგვიძლია და იმის მტკიცებაც, რომ ზოგიერთს თვით ბუნებამ მისცა იმის უნარი, რომ ფილოსოფოსობდნენ და სახელმწიფოსაც მართავდნენ, დანარჩენები კი თავს უნდა არიდებდნენ ამას და მმართველებს კუდში მისდევდნენ.

– ახლა სწორედ ამისი გარკვევის დროა.

– მაშ, მომყევი, იქნებ ასე მაინც შევძლოთ ამის გარკვევა.

– ნება შენია, წამიძეხ.

– გაგახსენო თუ ისედაც გახსოვს, რომ თუ კაცს რაიმე უყვარს, მაშინ, თუკი მართებულად მსჯელობენ მასზე, თავისი სიყვარულის საგნის მარტოოდენ ერთი მხარე კი არ უნდა უყვარდეს და გულგრილი იყოს სხვა მხარის მიმართ, არამედ მისთვის ძვირფასი უნდა იყოს მთელი საგანი.

– თუ გინდა ჩემი მეშვეობით იმსჯელო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ შეყვარებულნი, ნებას დაგყვები, მაგრამ, იცოდე, მხოლოდ ჩვენი საუბრის გულისთვის.

– განა იგივე არ ითქმის ღვინის მოყვარეთა მიმართაც, ნებისმიერი საბაბით რომ შეჰხარიან ყოველგვარ ღვინოს?

– დიახ.

– მე თუ მკითხავ, მათვე ჰგვანან პატივმოყვარენიც. ალბათ შეგიმჩნევია: თუ მთელი ლაშქრის წინამძღოლობას ვერ ეღირსნენ, ტრიტიების არქონტობას მაინც იგდებენ ხელში. თუ ამა ქვეყნის ძლიერნი და სახელოვანნი არ სწყალობენ, უჩინოთა და უსახელოთა პატივისცემას სჯერდებიან, პატივმოყვარეობის ჟინს აყოლილნი.

– მართალს ბრძანებ.

– ხლა კი ეს აღიარე ან უარყავი: როდესაც ამბობენ, კაცს ესა და ეს უყვარსო, საგანთა მთელ იმ გვარს გულისხმობენ, რომელსაც ეკუთვნის მისი სიყვარულის საგანი, თუ მხოლოდ ერთ-ერთს მთელი გვარიდან?

– არა, მთელ გვარს.

– მერედა, განა სიბრძნის მოყვარეზედაც არ ვიტყვით, რომ ის სიბრძნის ამა თუ იმ კერძო სახეს კი არ მიელტვის, არამედ მთელ სიბრძნეს საერთოდ?

– დიახ.

– მაშასადამე, თუ კაცს სძულს მეცნიერება, მით უმეტეს, როცა ის ახალგაზრდაა და არ ესმის, რა არის სასარგებლო და რა არა, მას ვერც ცოდნის მოყვარედ მივიჩნევთ და ვერც სიბრძნის მოყვარედ, ისევე, როგორც ვერ ვიტყვით, რომ კაცს შია და საჭმელი ენატრება, თუკი ზიზღით უყურებს საჭმელს, რადგანაც ამ შემთხვევაში საჭმელი მისთვის სანატრელი კი არა, საძულველია.

– არ შევცდებით თუ ამას ვიტყვით.

– ხოლო ვინც ხალისით უსინჯავს გემოს, ყოველგვარ მეცნიერებას, ვინც სიამოვნებით ეწაფება ცოდნას და ამ მხრივ მართლაც რომ გაუმაძღარია, ჩვენ შეგვიძლია ფილოსოფოსად მიგვაჩნდეს იგი.

– ამნაირი ხალხი – თქვა გლავკონმა, – ბლომად მოიყრის თავს, და არცთუ ურიგო ხალხი. მე თუ მკითხავ, მათ რიცხვს ეკუთვნის სანახაობათა ყველა მოყვარე, რომლებსაც სიამოვნებას ანიჭებს ამა თუ იმ სიახლის ცქერა. არიან სმენის მოყვარენიც, მაგრამ განა სისულელე არ იქნებოდა ფილოსოფოსებად მიგვეჩნია ისინი? რადგან მათ სულაც არ იზიდავს ისეთი საუბრები, სადაც რაიმე არსებითზე მსჯელობენ. სამაგიეროდ არასდიდებით არ გააცდენენ დიონისესადმი მიძღვნილ დღესასწაულებს, გინდ ქალაქში მართავდნენ მათ და გინდა სოფლად, თითქოს ვიღაცას ყველა ქოროს სასმენად დაექირავებინოს მათი ყურები. ნუთუ ამათ და დანარჩენებსაც, ვინც ამნაირ თავშექცევას მიელტვის ან ცდილობს ამა თუ იმ ყოვლად უსარგებლო ხელობას დაეუფლოს, ფილოსოფოსებს ვუწოდებთ ჩვენ?

– არამც და არამც.

– მაშ, ვიღას მიიჩნევ ჭეშმარიტ ფილოსოფოსად?

– ვინც სიამოვნებით განიხილავს ჭეშმარიტების რაობას.

– სწორია; მაგრამ შენ თვითონ როგორღა განმარტავ ამას?

– ადვილი საქმე როდია, მაგრამ, მგონია, შენ მაინც დამეთანხმები იმაში, რომ...

– რაში?

– რაკიღა მშვენიერება უპირისპირდება სიმახინჯეს, მაშასადამე, ისინი ორ სხვადასხვა რამედ უნდა მიგვაჩნდეს.

– რა თქმა უნდა.

– იგივე შეიძლება ითქვას სამართლიანსა და უსამართლოზე, კარგსა და ცუდზე და ყოველივე ამგვარზედაც. ყოველი მათგანი თავისთავად ერთია, მაგრამ მრავალნი კი ჩანან, რაკიღა სხვადასხვა მოქმედებებსა თუ საგნებში და ერთმანეთში არეული სახითაც იჩენენ თავს.

– მართალს ბრძანებ.

– ამის მიხედვით ვაფუძნებ ჩემს სხვადასხვაობას: ერთ მხარეს ვაყენებ იმათ, ვისაც შენ წეღან სანახაობათა თუ ხელოვნებათა მოყვარენი უწოდე, მეორე მხარეს კი – იმ ხალხს, ვისზედაც ახლა ვსაუბრობთ და ვინც შეიძლება ნამდვილ ფილოსოფოსებად მიგვაჩნდეს.

– რას გულისხმობ?

– სმენისა და მზერის მოყვარენი მშვენიერ ბგერებს, ფერებს, ფიგურებს თუ ყოველივე იმას შეჰხარიან, რაშიაც ვლინდება მშვენიერება. მაგრამ მათ სულს არ შეუძლია თავისთავადი მშვენიერების წვდომა და მისი ხიბლით ტკბობა.

– ასეა.

– ვინც აღიარებს მშვენიერ საგანთა არსებობას, მაგრამ არა თავისთავადი მშვენიერებისას, და არ შეუძლია მისდიოს მას, ვისაც შეეძლო თავისთავადი მშვენიერებისათვის ეზიარებინა იგი, როგორ გგონია, ცხადში ცხოვრობს თუ სიზმარში? თუმცა, რაღა ცხადი და რაღა სიზმარი, თუკი ჰგონია, რომ ის, რაც ამა თუ იმ საგანს ჰგავს, ამ საგნის მსგავსება კი არ არის, არამედ – თვით ეს საგანი.

– მე თუ მკითხავ, სწორედ ეს არის სიზმარი.

– ხოლო ვინც, ამის საპირისპიროდ, აღიარებს თავისთავად მშვენიერებას და არა მარტო მისი ჭვრეტის უნარი შესწევს, არამედ იმის ჭვრეტისაც, რაც მასთანაა წილნაყარი, შენი აზრით, ცხადში ცხოვრობს თუ სიზმარში?

– რა თქმა უნდა, ცხადში.

– მისი აზროვნების უნარს ჩვენ ვუწოდებთ შემეცნებას, რადგანაც ის შეიცნობს, მეორისას კი – შეხედულებას, რადგან ის მხოლოდ თავისი ხედვის მიხედვით მსჯელობს.

– დიახ.

– მაგრამ თუ ის, ვისზედაც ვამბობთ, რომ აზროვნებით კი არ შეიმეცნებს, არამედ შეხედულების მიხედვით მსჯელობს, – აღშფოთებული უარყოფს ჩვენს აზრს, განა იძულებულნი არ ვიქნებით, როგორმე დავაშოშმინოთ და მშვიდად ვცადოთ მისი დარწმუნება? მაშ, პირში ხომ არ მივახლით, რომ ჭკუა აღარ მოეკითხება?

– სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ.

– ვნახოთ, მაინც რას ვუპასუხებთ; ან, თუ გნებავს, კითხვები დავუსვათ, რათა დავრწმუნდეთ, რომ რაღაცა იცის, და, ამრიგად, ვაგრძნობინოთ, რომ მისი ავისმოსურნენი კი არა ვართ, არამედ გვიხარია, რომ თურმე მცოდნე კაცთან გვქონია საქმე. «ერთი ეს გვითხარი, – ვეტყოდით ჩვენ, – ის, ვინც შეიცნობს, რაღაცას შეიცნობს თუ არაფერს?»

– პასუხად ვიტყოდი – რაღაცას-მეთქი.

– რაღაც არსებულს თუ არარსებულს?

– არა, არსებულს; განა შეიძლება არარსებულის შეცნობა?

– ამრიგად, ჩვენთვის ისიც საკმარისია, რომ რა მხრივაც არ უნდა მივუდგეთ საკითხს, სრულად არსებული სრულიად შეცნობადია, სრულად არარსებული კი – სრულიად შეუცნობადი.

– სრული სიმართლეა.

– კეთილი; მაგრამ თუ ზოგი რამ კიდეც არსებობს და არც არსებობს, განა მათ საშუალო ადგილი არ უჭირავთ წმინდა არსებობასა და სრულ არარსებობას შორის?

– რა თქმა უნდა.

– რაკიღა ცოდნა არსობობას მიემართება, არცოდნა კი არარსებობისკენაა მიმართული, იმისთვის, რაც ამ ორს შორისაა, უნდა ვეძებოთ რაღაც შუალედური ცოდნასა და არცოდნას შორის, თუკი მართლაც არსებობს რაღაც ამგვარი.

– ცხადია.

– ჩვენ რაღაცას ვუწოდებთ შეხედულებას?

– რა თქმა უნდა.

– ეს იგივე უნარია, რაც ცოდნა, თუ განსხვავდება მისგან?

– განსხვავდება.

– მაშასადამე, შეხედულება ერთ რამეს მიემართება, ცოდნა კი – მეორეს, მათი სხვადასხვაობის შესაბამისად?

– დიახ.

– ესე იგი, ცოდნა, თავისი ბუნებით, არსებობისკენაა მიმართული, მისი ბუნების შესამეცნებლად? თუმცა, მე მგონია, ჯერ ერთი რამის გარკვევა გვმართებს...

– რისა?

– უნართა შესახებ ჩვენ ვიტყვით, რომ ისინი არსებულის სახეებად გვევლინებიან; მათი წყალობით შეგვიძლია ყველაფერი, რაც შეგვიძლია; და არა მარტო ჩვენ, არამედ ყველა ქმედით ძალასაც. მე, მაგალითად, ამნაირ უნართა რიცხვს ვაკუთვნებ მზერასაც და სმენასაც. თუ გესმის მაინც რა სახესაც ვგულისხმობ?

– მესმის.

– მაშ, ყური მიგდე, რა აზრისა ვარ მათზე. მე მათ ვერც ფერს მივაწერ, ვერც ფიგურას და ვერც რაიმე თვისებას, რაც სხვა საგნებს ახასიათებს, რომლებსაც სწორედ ამ უნართა მიხედვით ვასხვავებთ ერთმანეთისგან. უნარში მე ვხედავ მხოლოდ იმას, რომ ის რაღაცისკენაა მიმართული, და მისი ზემოქმედების შედეგსაც. სწორედ ამ ნიშნის მიხედვით ვარქმევ სახელს თვითეულ მათგანს. თუ მისი მიმართულებაც და ზემოქმედებაც ერთი და იგივეა, ისიც ერთსა და იმავედ მიმაჩნია, ხოლო თუ მიმართულება და ზემოქმედება სხვადასხვაა, მასაც სხვა უნარად მივიჩნევ. შენ რაღას იტყვი?

– მაგასვე.

– მოდი, კვლავ ცოდნას მივუბრუნდეთ, ჩემო კეთილო. შენ ის უნარად მიგაჩნია, თუ სხვა რაიმე სახეს აკუთვნებ?

– არა, ამ სახეს: ყველაზე მძლავრსა და ძლიერს.

– კი მაგრამ, შეხედულება? მასაც უნარად სახავ, თუ სხვა რაიმე სახედ?

– არამც და არამც სხვა სახედ. შეხედულება თუ წარმოდგენა ხომ ისაა, რისი წყალობითაც რაღაცას წარმოვიდგენთ.

– მაგრამ წეღან ხომ აღიარე, რომ ცოდნა და შეხედულება ერთი და იგივე როდია?

– როგორ შეიძლება ჭკუათმყოფელი კაცი ერთმანეთში ურევდეს იმას, რაც შეუმცდარია. და იმას, რაც ცდომითაა სავსე?

– კეთილი და პატიოსანი; მაშასადამე, ჩვენ შევთანხმდით, რომ ცოდნა და შეხედულება ორი სხვადასხვა რამეა.

– დიახ.

– ესე იგი, თვითეულ მათგანს, ბუნებით, თავისი საკუთარი მიმართება და უნარი ახასიათებს?

– უცილობლად.

– ცოდნა არსებობას მიემართება, რათა შეიცნოს მისი ბუნება?

– დიახ.

– შეხედულება თუ წარმოდგენა კი – იმას, რის წარმოდგენასაც ვცდილობთ?

– დიახ.

– ნუთუ ისიც იმასვე შეიცნობს, რასაც ცოდნა? ნუთუ ერთი და იგივეა ის, რაც შეცნობადია, და ის, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ? თუ ეს შეუძლებელია?

– შეუძლებელია იმის გამო, რაზედაც წეღან შევთანხმდით: რაკი სხვადასხვა უნარი სხვადასხვა საგანს მიემართება, ეს ორი უნარი – ცოდნა და შეხედულება – ორი სხვადასხვა უნარია, და ამიტომაც ვერ ვიტყვით, თითქოს ცოდნისა და შეხედულების საგანი ერთი და იგივე იყოს.

– თუ არსებობა შეცნობადია, ის რასაც შეხედულებით ვწვდებით, მისგან განსხვავებული იქნება, არა?

– დიახ.

– ესე იგი, შეხედულება თუ წარმოდგენა არარსებულს მიემართება? თუ არარსებულს ვერც წარმოვიდგენთ? კარგად დაფიქრდი: წარმოდგენის ქონა ხომ რაღაცის წარმოდგენას ნიშნავს? ან, იქნებ, შესაძლებელია წარმოდგენა, რომელიც არაფერს არ მიემართება?

– არა, ეს შეუძლებელია.

– ასე რომ, წარმოდგენის მქონეს რაღაცა მაინც წარმოუდგენია?

– დიახ.

– მაგრამ არარსებობა რაღაცა კი არ არის, არამედ არარა.

– რა თქმა უნდა.

– მაშასადამე, შეხედულება თუ წარმოდგენა არც არსებობას მიემართება და არც არარსებობას?

– არცერს.

– ესე იგი, შეხედულება თუ წარმოდგენა არც ცოდნაა და არც არცოდნა?

– როგორც ჩანს.

– რაკიღა არც ერთია და არც მეორე, სიცხადით ცოდნას აღემატება, ბუნდოვანებით კი – არცოდნას?

– არც ერთსა და არც მეორეს.

– მაშასადამე, შენი აზრით, შეხედულება უფრო ბუნდოვანია, ვიდრე ცოდნა, და უფრო ცხადი, ვიდრე არცოდნა?

– გაცილებით.

– მაგრამ მათ ფარგლებს კი არ სცილდება?

– არა.

– ესე იგი, მათ შორისაა?

– დიახ.

– ზემოთქმულისა არ იყოს, თუ არის რამე არსებულიც და, იმავდროულად, არარსებულიც, მისი ადგილი წმინდა არსებობასა და სრულ არარსებობას შორის უნდა იყოს, ხოლო მას არც ცოდნა მიემართება და არც არცოდნა, არამედ რაღაც ისეთი, რაც ცოდნასა და არცოდნას შორის ძევს.

– სწორია.

– ახლა კი მათ შორის აღმოჩნდა ის, რასაც შეხედულებას თუ წარმოდგენას ვუწოდებთ.

– დიახ.

– როგორც ჩანს, ისღა დაგვრჩენია, ვიპოვოთ ის, რაც წილნაყარია ორივესთან – არსებობასთანაც და არარსებობასთანაც, მაგრამ რასაც, ზუსტად რომ ვთქვათ, ვერც ერთად მოვიჩნევთ და ვერც მეორედ. თუ აღმოჩნდა რაღაც ასეთი, მაშინ მას შეიძლება ვუწოდოთ ის, რასაც წარმოდგენით აღვიქვამთ. კიდურა წევრებს კიდურა თვისებებს მივაწერთ, შუათანას კი – შუალედურს; ასეა, არა?

– ასეა.

– რახან ასეა, მე ვიტყვი: მითხრას იმ კეთილმა კაცმა, ვინც უარყოფს მშვენიერებას თავისთავად და მშვენიერების ყოველგვარ თვითიგივეობრივ იდეას, რადგანაც სანახაობათ ამ მოყვარულს ჰგონია, რომ არსებობს უთვალავი მშვენიერი საგანი, მაგრამ ვერ იტანს, როცა ეუბნებიან, რომ მშვენიერება ერთია, ისევე, როგორც სამართლიანობა და სხვა მისთანანი; დიახ, მითხრას იმ კეთილმა კაცმა: განა მშვენიერ საგანთა ამ სიმრავლეში არ მოიძებნება რაღაც მახინჯი? სამართლიანთა შორის – უსამართლო, ღვთისმოსავთა შორის კი – მკრეხელი?

– მართლაცდა, ყოველივე მშვენიერი ამა თუ იმ მხრივ მახინჯი იქნება, ისევე, როგორც ყველაფერი, რაზედაც შენ ლაპარაკობ.

– კი მაგრამ, შეიძლება თუ არა ყოველივე ორადი ისევე მიგვაჩნდეს ნახევრად, როგორც ორადად?

– დიახ.

– ხოლო თუ ჩვენ რაღაცას დიდს და პატარას, ან მძიმეს და მსუბუქს ვუწოდებთ, განა ამისთვის უფრო მეტი საფუძველი გვაქვს, ვიდრე საპირისპირო სახელებისთვის?

– არა, ყველაფერს ორივე სახელი ესადაგება.

– ზემოხსენებულ მრავალ საგანთა შორის თვითეული ისეთი იქნება თუ არა, როგორადაც ჩვენ მივიჩნიეთ?

– ეს იმ ორაზროვნებას ჰგავს, რომლითაც თავს იქცევენ მეინახენი, ან ბალღურ გამოცანას იმის შესახებ, თუ როგორ აპირებდა ევნუქი ღამურის მოკვლას: უნდა გამოვიცნოთ რას ესროდა, ან რაზე იჯდა ღამურა. აქაც ყველაფერი ორაზროვანია და ვერაფერზე ვერ იტყვი, ასეთია ან ისეთიო, თუმცა იმის თქმაც შეიძლება, რომ მას ორივე სახელი ესადაგება, ანდა – არცერთი.

– კი მაგრამ, რას უზამ ამ სახელებს? შეგიძლია უკეთესი ადგილი მიუჩინო მათ, ვიდრე არსსა და არარსს შორის? ისინი არარსზე ბუნდოვანნი როდი არიან, ასე რომ, ვერცერთს ვერ მიიჩნევ მასზე უფრო არარსებულად, და არც არსზე უფრო ცხადნი, რათა შეგეძლოს მასზე უფრო არსებულად მიიჩნიო ისინი.

– მართალს ბრძანებ.

– ამრიგად, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ უმრავლესობის მსჯელობა მშვენიერებისა თუ სხვა მისთანათა თაობაზე უმეტესწილად არარსებობასა და წმინდა არსებობას შორის მერყეობს.

– დიახ, აღმოვაჩინეთ.

– ჩვენ კი ადრევე შევთანხმდოთ, რომ თუ აღმოჩნდებოდა რაღაც ამგვარი, ის უნდა მიგვეჩნია იმად, რასაც ცოდნით კი არა, წარმოდგენის წყალობით ვწვდებით. რადგანაც იმის მოხელთება, რაც ამ ორ უკიდურესობას შორის მერყეობს, მხოლოდ ერთგვარი შუალედური უნარის მეშვეობითაა შესაძლებელი.

– მართალია, ასე შევთანხმდით.

– მაშასადანე, ვინც ხედავს მრავალ მშვენიერ საგანს, მაგრამ ვერ ხედავს მშვენიერებას თავისთავად, და არ შეუძლია მისდიოს მას, ვისაც შეეძლო თავისთავადი მშვენიერებისათვის ეზიარებინა იგი; ვინც ხედავს მრავალ სამართლიან ქცევას, მაგრამ ვერ ხედავს სამართლიანობას თავისთავად და სხვა მისთანათ, ჩვენ ვიტყვით, რომ მას მხოლოდ წარმოდგენა აქვს ყოველივე ამის შესახებ, მაგრამ ცოდნით კი არ იცის, რასაც წარმოდგენით აღიქვამს.

– უცილობლად.

– კი მაგრამ, იმათზე რაღას ვიტყვით, ვინც ყოველივე თავისთავადსა და თვითიგივეობრივს ხედავს? ისინიც წარმოდგენით წვდებიან ყოველივე ამას თუ შეიცნობენ?

– რა თქმა უნდა, შეიცნობენ.

– მაშასადამე, ჩვენ ვიტყვით, რომ ესენი შეჰხარიან და სიყვარულით ემსჭვალვიან იმას, რასაც შეიცნობენ, ისინი კი – იმას, რასაც წარმოდგენით სწვდებიან. ხომ გახსოვს, ჩვენ ვთქვით, რომ მათ უყვართ მშვენიერი ბგერები, ფერები და სხვა მისთანანი, მაგრამ წარმოუდგენლად მიაჩნიათ თავისთავადი მშვენიერების არსებობა.

– როგორ არ მახსოვს.

– ასე რომ, ალბათ არ შევცდებით, თუ მათ უფრო წარმოდგენების მოყვარულებად მივიჩნევთ, ვიდრე სიბრძნისა. ნუთუ ამის გამო გაგვირისხდებიან, ეს რა გვკადრეთო?

– ალბათ არა, თუ ყურს მათხოვებენ: ვინ ვის რისხავს სიმართლის გამო?

– ხოლო ისინი, ყოველივე თავისთავადს რომ შეჰხარიან, წარმოდგენის კი არა, სიბრძნის მოყვარულებად უნდა მიგვაჩნდნენ.

– უცილობლად.

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება პლატონის ამ დიალოგის (სახელწმიფო) მეხუთე წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური.

ტეგები: Qwelly, დიალოგი, პლატონი, სახელმწიფო, სოკრატე, ფილოსოფია, ქველი

ნახვა: 330

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters