პლატონი - სახელმწიფო
წიგნი მერვე

ძველი ბერძნულიდან თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ

სოკრატე, გლავკონი, პოლემარქე
თრასიმაქე, ადიმანტე, კეფალე

saxelmwifo, platoni, სახელმწიფო, პლატონი, ფილოსოფია, ქველი, filosofia, Qwelly, philosophy, სოკრატე, გლავკონი, პოლემარქე, თრასიმაქე, ადიმანტე, კეფალე

– კეთილი; ჩვენ უკვე შევთანხმდით, გლავკონ, რომ სანიმუშო წყობილების მქონე სახელმწიფოში ცოლები საერთონი უნდა იყვნენ, ისევე, როგორც შვილები, რომლებსაც ასევე ერთად უნდა ზრდიდეს სახელმწიფო. საერთო იქნება ყოველგვარი საქმიანობა, როგორც ომის, ისე მშვიდობიანობის დროსაც, ხოლო ყველაფრის მბრძანებლები უნდა იყვნენ ისინი, ვინც ფილოსოფიაშიც და ომშიაც ყველაზე უკეთ გამოიჩინა თავი.

– დიახ, შევთანხმდით.

– იმაზედაც შევუთანხმდით ერთიმეორეს, რომ მმართველები თანამდებობებზე დანიშვნისთანავე ჩვენს მიერ ზემოთ აღწერილ სახლებში დააბინავებენ მეომრებს, რომლებსაც არავითარი საკუთრება არ უნდა ჰქონდეთ, არამედ ყველაფერი საერთო იქნება ყველასათვის. თუ გახსოვს, ისიც დავადგინეთ, გარდა საცხოვრებელი ბინებისა, კიდევ რისი მფლობელნი შეიძლება იყვნენ.

– როგორ არ მახსოვს: ჩვენ შევთანხმდით, რომ ისინი არ უნდა ფლობდნენ არაფერს ისეთს, რასაც დღევანდელი მეომრები ფლობენ, არამედ, როგორც ბრძოლის ველზე მოასპარეზე ათლეტები და მცველები, სათანადო საზღაურს უნდა იღებდნენ მოქალაქეებისაგან მთელი წლის სამყოფი სურსათ-სანოვაგის სახით, მათ მოვალეობას კი სახელმწიფოს დაცვა შეადგენს.

– მართალი ხარ. მაგრამ რაკი ეს საკითხი ამოიწურა, მოდი, გავიხსენოთ, რაზე ვლაპარაკობდით წეღან, როცა სათქმელს გადავუხვიეთ, – რათა კვლავაც უწინდელ გზას მივდიოთ.

– ადვილი გასახსენებელია, – თქვა გლავკონმა, – როცა სახელმწიფოზე მსჯელობას მორჩი, შენ დაახლოებით იგივე თქვი, რასაც ახლა ამბობ: მე მგონია, ჩვენს მიერ განხილული სახელმწიფოცა და მისი მინამგვანი ადამიანიც კარგია, თუმცაღა შემეძლო უკეთესი სახელმწიფოცა და მისი მინამგვანი ადამიანიც მეჩვენებინაო. მაგრამ რაკი ეს სახელმწიფო კარგია, – იქვე დასძინე, – ყველა დანარჩენი სახელმწიფოებრივი წყობილება მანკიერი იქნებაო.

თუ არა ვცდები, შენ ისიცა თქვი, რომ არსებობს მანკიერი სახელმწიფოებრივი წყობილების ოთხი სხვადასხვა სახე, რომლებიც განხილვის ღირსად მიგაჩნდა, რათა თვალნათლივ დავრწმუნებულიყავით მათ მანკიერებაში, და იგივე თქვი მათ შესატყვის ადამიანებზედაც, რომლებიც ასევე განხილვის ღირსად სცანი, რათა აგვეღო ყველაზე უკეთესი და ყველაზე უარესი ადამიანი და, ამრიგად, საშუალება გვქონოდა გვემტკიცებინა, რომ ყველაზე უკეთესი ადამიანი ყველაზე ბედნიერია, ყველაზე უარესი კი – ყველაზე უბედური, ან, იქნებ, პირიქითაც ყოფილიყო საქმე. როდესაც გკითხე, სახელმწიფოებრივი წყობილების მაინც რა ოთხ სახეს გულისხმობ-მეთქი, პოლემარქემ და ადიმანტემ გაგვაწყვეტინეს სიტყვა, და შემდეგ შენ უკვე მათ ესაუბრებოდი, ვიდრე ამ საკითხს არ მივადექით.

– ყველაფერი ზუსტად გხსომებია, – ვუთხარი მე.

– ერთი სული მაქვს გავიგო, სახელმწიფო წყობილების რომელ ოთხ სახეზე ლაპარაკობდი.

– სულ ადვილად შეგისრულებ მაგ სურვილს, – ვუთხარი მე, – რადგანაც ყველა ეს სახე კარგადაა ცნობილი. უმრავლესობა კრეტულ-ლაკედემონურ წყობილებას ამჯობინებს; ამ მხრივ, მეორე ადგილზეა ოლიგარქია: ეს წყობილება ათასი უკეთურებითაა სავსე. ოლიგარქიისაგან დასაბამს იღებს მისი საპირისპირო დემოკრატია. სამივესაგან განსხვავებული სახელგანთქმული ტირანია – აი, სახელმწიფოს მეოთხე და უკანასკნელი სნეულება. ან იქნებ შენ სხვა სახელმწიფო წყობილებასაც იცნობ, რომელიც შეიძლება ცალკე სახედ იქნეს მიჩნეული? რადგანაც მემკვიდრეობით მიღებულ ძალაუფლებასა თუ ფულით ნაყიდ მეუფებას ერთგვარი შუალედური ადგილი უჭირავთ ზემოხსენებულ წყობილებათა შორის და ბარბაროსებისათვის უფრო ნაკლებ ნიშნეულნი როდი არიან, ვიდრე ბერძნებისათვის.

– ამის შესახებ მართლაც ბევრ უცნაურ რამეს ყვებიან.

– მაშ, იცოდე, რომ სხვადასხვა ადამიანს, უცილობლად, სულიერი წყობის იმდენი სხვადასხვა სახე აქვს, რამდენი სახის სახელმწიფოებრივი წყობილებაც არსებობს. ან, იქნებ, გგონია, რომ სახელმწიფოებრივი წყობილებანი ღმერთმა იცის, რისაგან – მუხისა თუ ქარაფისგან იღებენ დასაბამს და არა მათთვის ნიშნეული ზნე-ჩვეულებებისაგან, რომლებიც განაპირობებენ ყველაფერს, რადგანაც უპირატესობა მათ მხარესაა.

– არა, – თქვა მან, – ისინი მხოლოდ აქედან თუ შეიძლება იღებდნენ დასაბამს.

– მაშასადამე, რაკი არსებობს სახელმწიფოებრივი წყობილების ხუთი სხვადასხვა სახე, უნდა არსებობდეს ხუთი სხვადასხვა სულიერი წყობა.

– უცილობლად.

– ჩვენ უკვე განვიხილეთ არისტოკრატიული წყობილების შესატყვისი ადამიანი და მართებულად მივიჩნიეთ ის კეთილად და სამართლიანად.

– დიახ, განვიხილეთ.

– ახლა კი გვმართებს უარესნიც, ესე იგი, ძლევის მოსურნენი და პატივმოყვარენი, ანუ ლაკედემონური წყობილების შესატყვისი ადამიანებიც განვიხილოთ, ხოლო შემდეგ – ოლიგარქიულ, დემოკრატიულ და ტირანიულ წყობილებათა შესაბამისნი, რათა გამოვიცნოთ მათ შორის ყველაზე უსამართლო, ყველაზე სამართლიანს დავუპირისპიროთ და ამით დავასრულოთ იმ საკითხის განხილვა, თუ რა თანაფარდობა არსებობს წმინდა სამართლიანობასა და წმინდა უსამართლობას შორის ამ თვისებების მტვირთველ ადამიანთა ბედნიერებისა თუ უბედურების თვალსაზრისით, რის შედეგადაც ჩვენ ან გავიზიარებთ თრასიმაქეს აზრს და უსამართლობის გზას დავადგებით, ან იმ დასკვნამდე მივალთ, რომელიც უკვე ნათლად იკვეთება, და სამართლიანობის ერთგული მსახურნი ვიქნებით.

– რასაკვირველია, ასე უნდა მოვიქცეთ.

– რაკიღა საქმე კერძო პირთა კი არა, სახელმწიფოების ზნე-ჩვეულებათა განხილვით დავიწყეთ, რადგანაც ჩვენთვის ეს გზა უფრო ცხადია, მოდი, ახლაც თავდაპირველად პატივმოყვარეობაზე დაფუძნებული წყობილება (სხვა სიტყვა ვერ მიპოვია, სულერთია, «ტიმოკრატიას» ვუწოდებთ მას თუ «ტიმარხიას») და მისი შესაბამისი ადამიანიც განვიხილოთ, მერე – ოლიგარქია და ოლიგარქიული ადამიანი, შემდეგ დემოკრატიასა და დემოკრატიულ ადამიანსაც მოვავლოთ თვალი და, ბოლოს, ტირანულ სახელმწიფოსაც მივადგეთ და მასთან ერთად ტირანული ადამიანიც განვსაზღვროთ. ამრიგად, ვეცდებით მართებულად განვიხილოთ ჩვენს წინაშე წამოჭრილი ყველა საკითხი.

– ამნაირი განსჯაც მართებული იქნებოდა და განხილვაც.

– კეთილი; მაშ, მოდი, ვნახოთ, რანაირად შეიძლება არისტოკრატიული მმართველობიდან დასაბამს იღებდეს ტიმოკრატიული წყობილება. იქნებ, სულ ადვილად, რაკიღა სახელმწიფოში ყოველგვარ ცვლილებას მისი ის ნაწილი განაპირობებს, შინააშლილობისას რომ ინარჩუნებს ძალაუფლებას? ხოლო თუ სახელმწიფოში მშვიდობა სუფევს, მაშინ, ძალიან პატარაც რომ იყოს, არაფერს შეუძლია მისი შერყევა.

– დიახ, ასეა.

– რას შეუძლია შეარყიოს ჩვენი სახელმწიფო, გლავკონ, ან რა შეიძლება იყოს სადავო მფარველებსა და მმართველებს შორის? ან იქნებ გნებავს, ჰომეროსივით ვედრებით მივმართოთ მუზებს, რათა გვაუწყონ, როგორ ჩამოვარდა პირველად განხეთქილება, და წარმოვიდგინოთ, რომ ტრაგიკოსებივით მაღალფარდოვნად და დარბაისლურად გვაძლევენ პასუხს, თუმცა სინამდვილეში, მათის მხრივ, ეს იქნება მხოლოდ ხუმრობა, თითქოს მასხრად იგდებდნენ ბავშვებს.

– როგორ?

– დაახლოებით, აი, ასე: «ძნელია შეარყიო ამნაირი წყობილების მქონე სახელმწიფო, მაგრამ რაკი ყველაფერი, რაც იბადება, სასიკვდილოდ განწირულია, ვერც ეს სახელმწიფო გაძლებს სამარადისოდ, არამედ დაიშლება, და, აი, რატომ: ნაყოფიერება და უნაყოფობა არა მარტო მიწაში ფესვგადგმული მცენარეებისთვისაა ნიშნეული, არამედ მიწის ზედაპირზე მობინადრე სულებისა და სხეულებისთვისაც, ყოველთვის, როცა წრებრუნვა ამთავრებს გარკვეულ ციკლს: დღემოკლე არსებებისათვის ეს ციკლი მოკლეა, დღეგრძელთათვის კი – პირიქით. რაგინდ ბრძენიც არ უნდა იყოს ის ხალხი, სახელმწიფოს ჰეგემონებად რომ აღზარდეთ, ისინი მაინც ვერ შესძლებენ გამოცდილებაზე დამყარებული განსჯის გზით სხვებზე უკეთ დაადგინონ, როდის სჯობია ნაყოფის გამოღება და როდის არა თქვენი მოდგმისთვის. ამის წვდომას რომ ვერ შესძლებენ, ბავშვებიც უდროო დროს ჩაისახებიან. რადგანაც ღვთაებრივი დაბადებისათვის არსებობს წრებრუნვა, რომელიც მოცულია სრულქმნილი რიცხვით, და არსებობს წრებრუნვა ადამიანური დაბადებისათვის, რომლის რიცხვიც არის პირველი, სადაც ფესვებისა და კვადრატულ ხარისხთა ნამრავლი, სამ შუალედს და ოთხ ზღვარს რომ მოიცავს (მიმსგავსების, განმსგავსების, მატებისა თუ კლების საწყისებისას) ყველაფერს პროპორციულად და ურთიერთთანაზომადად წარმოგვიჩენს. ამათგან თანაფარდობა 3:4, როგორც ამ საწყისთა საფუძველი, ხუთთან შეწყვილებული და სამჯერ გადიდებული, იძლევა ორ ჰარმონიას: პირველი გამოხატულია კვადრატით, რომლის გვერდიც ასზეა გამრავლებული, ხოლო მეორე – მართკუთხედით, რომელიც აგებულია ან ხუთის იმ რაციონალური დიაგონალის ას კვადრატზე, რომელთაგანაც თვითეული შემცირებულია ერთით, ან ხუთის იმ ირრაციონალური დიაგონალის ას კვადრატზე, რომელთაგანაც თვითეული შემცირებულია ორით, – როცა მათ ვამრავლებთ სამის კუბური ხარისხისა და ასის ნამრავლზე.

ეს რიცხვი მთლიანად გეომეტრიული რიცხვია, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკეთესი თუ უარესი დაბადებისთვის. თუ თქვენს მცველებს ეს არ ეცოდინებათ, უდროო დროს შეაუღლებენ საპატარძლოებს და საქმროებს, რის შედეგადაც აღარ დაიბადებიან ბუნებით უხვად დაჯილდოებულნი და სვებედრნიერნი. უწინდელი მცველები მათ შორის საუკეთესოებს დანიშნავენ თავიანთ შემცვლელებად, მაგრამ ისინი მაინც უღირსნი იქნებიან, და როგორც კი თავიანთი მამების თანამდებობებს დაიკავებენ, საჩვენოდ ვეღარ მოიცლიან, მიუხედავად იმისა, რომ მცველები არიან. ვერც მუსიკურ ხელოვნებას დააფასებენ სათანადოდ და ვერც გიმნასტიკურს, რის შედეგადაც თქვენი ჭაბუკები ნაკლებად განათლებულნი იქნებიან, ასე რომ, ვერც ჰესიოდესეულ სხვადასხვა მოდგმას განასხვავებენ ერთმანეთისგან და ვერც ოქროს, ვერცხლის, სპილენძისა თუ რკინის თქვენეულ მოდგმას. როცა რკინა ვერცხლი ჰგონიათ, სპილენძი კი – ოქრო, ამას შედეგად მოსდევს თანასწორობის, სამართლიანობისა და ჰარმონიის რღვევა, რაც ყველგან, სადაც კი თავს იჩენს, დასაბამს აძლევს შუღლსა და მტრობას. უნდა ვაღიაროთ, რომ განხეთქილება ყველგან და ყოველთვის ამნაირი ბუნებისაა».

– ისიც უნდა ითქვას, რომ მუზებმა მშვენივრად გვიპასუხეს.

– ცხადია, – მივუგე მე, – აბა, რის მუზები არიან?

– კი მაგრამ, ამის შემდეგ რაღას ამბობენ?

– რაკიღა თავს იჩენს განხეთქილება, – ვუთხარი მე, – ორი სხვადასხვა მოდგმა – რკინისა და სპილენძისა – მოგებას მიელტვის და ცდილობს მიწა, სახლები და ოქრო-ვერცხლი შეიძინოს, მაშინ როდესაც ვერცხლისა და ოქროს მოდგმა, რომლებიც ღარიბები კი არა, პირიქით, თავიანთი ბუნებით მდიდრები არიან, სიქველისა და ძველი წყობილებისაკენ მიუძღვიან სულს. ურთიერთბრძოლისა და მეტოქეობის შედეგად ისინი ერთგვარ შეთანხმებას აღწევენ: კერძო საკუთრებად აცხადებენ და ერთმანეთში ინაწილებენ მიწა-წყალსა და სახლებს, ხოლო იმათ, ვისაც აქამდე იცავდნენ როგორც თავისუფალ თანამოქალაქეებსა და მარჩენლებს, მონებად აქცევენ და ისე ეპყრობიან, როგორც მოჯამაგირეებსა და მსახურებს, თვითონ კი კვლავაც მეომრებად და მცველებად რჩებიან.

– მე მგონია, – თქვა მან, – ამ ცვლილებას სწორედ ეს იწვევს.

– მაშასადამე, ამნაირი სახელმწიფოებრივი წყობილება რაღაც საშუალოა არისტოკრატიასა და ოლიგარქიას შორის.

– რა თქმა უნდა.

– აი, როგორ ხორციელდება ეს ცვლილება, მაგრამ რა სახით წარმოგვიჩნდება ამის შედეგად დამყარებული წყობილება? როგორც ჩანს, ნაწილობრივ – წინა წყობილების მიბაძვად, ნაწილობრივ კი – ოლიგარქიისა, რაკი მას შუალედური ადგილი უჭირავს ამ ორს შორის, თუმცაღა მისთვის ნიშნეული იქნება გარკვეული თავისთავადობაც.

– ცხადია.

– მმართველთა პატივისცემით, მეომართა მიერ მიწათმოქმედების, ხელოსნობისა თუ აღებ-მიცემობის მიმართ გამოვლენილი ზიზღით, საერთო პურობით, გიმნასტიკური ვარჯიშებითა თუ სამხედრო ასპარეზობებით და სხვა მისთანათა მხრივ წინა წყობილების მსგავსი იქნება, არა?

– დიახ.

– მეორეს მხრივ კი, შიში იმისა, რომ მმართველებად განაწესონ ბრძენკაცნი, რადგანაც უკვე აღარ იქნებიან წრფელნი და ალალმართალნი, არამედ ბუნებაზიარნი; კეთილგანწყობა ფიცხთა და შედარებით მარტივი სულების მიმართ, რომლებიც უფრო ომისთვის არიან დაბადებულნი, ვიდრე მშვიდობისათვის; პატივისცემა საომარი ხერხებისა და ხრიკების მიმართ, რადგანაც ეს სახელმწიფო ყოველთვის იარაღასხმული იქნება, – აი, მისი დამახასიათებელი ნიშან-თვისებები.

– ჭეშმარიტად.

– ამნაირი სახელმწიფოს მოქალაქენი ფულით გაუმაძღარნი იქნებიან, როგორც ოლიგარქიული წყობილების პირობებში; გონდაბინდულნი, ველურებივით თაყვანს სცემენ ოქრო-ვერცხლს, რომლის საცავადაც შინაურ საგანძურებსა თუ საკუჭნაოებს მოაწყობენ, სახლებს კი გალავანს შემოავლებენ და იქ, როგორც საკუთარ ბუნაგში, თავიანთ ავლადიდებას ქალებსა თუ მათთვის სასურველ სხვა განცხრომას შეალევენ.

– მართალს ბრძანებ.

– თუმცა, ამასთანავე, ხელმომჭირნენიც იქნებიან, რადგანაც ფულს აღმერთებენ; ცდილობენ დამალონ თავიანთი ავლადიდება, სხვისას კი ხელგაშლილად ფლანგავენ; მალულად ეძლევიან განცხრომას და ისე გაურბიან კანონს, როგორც ბავშვები – მკაცრ მამას, რადგანაც ძალადობამ აღზარდათ და არა დარწმუნებამ, რაკიღა უგულებელყვეს ჭეშმარიტი მუზა, მუზა დიალექტიკისა და ფილოსოფიისა, ხოლო გიმნასტური ვარჯიშები მუსიკურ ხელოვნებაზე მაღლა დააყენეს.

– შენ ლაპარაკობ იმნაირ სახელმწიფოებრივ წყობილებაზე, სადაც სიკეთე და ბოროტება მთლიანად ალუფხულია ერთმანეთში.

– მართლაც რომ ალუფხულია; მხოლოდ ერთი რამ გეცემა თვალში – მეტოქეობა და პატივმოყვარეობა, რადგანაც აქ მბრძანებლობს სიფიცხის თუ სიშმაგის სული.

– მართლაც.

– მაშასადამე, ამნაირი სახელმწიფოებრივი წყობილება ასე და ამგვარად წარმოიქმნება. მე მხოლოდ ზოგადად მოვხაზე იგი, წვრილმანები კი გამოვტოვე, ვინაიდან არც ასე გაგვიჭირდება ერთმანეთისაგან გავარჩიოთ ყველაზე სამართლიანი და ყველაზე უსამართლო ადამიანი, ყველა წყობილებისა და ყველა ზნე-ჩვეულების დაწვრილებით განხილვა კი შორს წაგვიყვანდა.

– სწორია.

– კი მაგრამ, რანაირი იქნება ამ წყობილების შესატყვისი ადამიანი? როგორ ყალიბდება და როგორია მისი ხასიათი?

– მე მგონია, – თქვა ადიმანტემ, – გლავკონს უნდა ჰგავდეს, სხვა რამით თუ არა, პატივმოყვარეობით მაინც.

– შეიძლება, – ვთქვი მე, – მაგრამ, ჩემის აზრით, აი, რითი უნდა განსხვავდებოდეს მისი ბუნება გლავკონის ბუნებისაგან...

– მაინც რითი?

– ის უფრო თავდაჯერებულია და მუზებისთვისაც უფრო უცხო, თუმცა კი აფასებს მათ; სიამოვნებით უსმენს სხვის სიტყვებსაც, მაგრამ რიტორისა კი არა სცხია რა; მონების მიმართ სასტიკია, თუმცა ზიზღით კი არ უყურებს მათ, რადგანაც საკმაოდ კარგადაა აღზრდილი; თავისუფალ ხალხთან ურთიერთობისას თავაზიანია, ხელისუფალთა წინაშე კი – მორჩილი; ძალაუფლების ტრფიალსა და პატივმოყვარეს მიაჩნია, რომ მბრძანებლობა მჭევრმეტყველებას ან რაღაც ამგვარს კი არ უნდა ეფუძნებოდეს, არამედ საგმირო საქმეებს და, საერთოდ, სამხედრო ნიჭს; აი, რატომ უყვარს გიმნასტიკა და ნადირობა.

– სწორედ ესაა ხასიათი, რომელიც ყალიბდება ამნაირი სახელმწიფოებრივი წყობილებისას.

– ამნაირ კაცს ახალგაზრდობაში შეიძლება კიდევაც სძულდეს ფული, მაგრამ რაც უფრო ემატება წლები, მით უფრო მეტად უყვარდება ის: თავს იჩენს მისი ბუნებრივი მიდრეკილება ანგარებისადმი, რადგანაც ყველაზე უკეთესი მცველი აკლია.

– მაინც რომელ მცველს გულისხმობ? – იკითხა ადიმანტემ.

– მუსიკურ ხელოვნებასთან შერწყმულ გონიერებას, – მივუგე მე, – მხოლოდ მას შეუძლია იცავდეს და იფარავდეს სულის სიქველეს, სულისა, სადაც სამუდამოდ დაისადგურებს.

– რა კარგად ლაპარაკობ, – თქვა მან.

– ხოლო ეს პატივმოყვარე ჭაბუკი სახელმწიფოს ჰგავს.

– ცხადია.

– მისი ხასიათი კი დაახლოებით ასე ყალიბდება: ზოგჯერ ის ჯერ კიდევ მოზარდი შვილია კარგი მამისა, რომელიც ცუდი წყობილების მქონე სახელმწიფოს მოქალაქეა და ამიტომაც გაურბის პატივს, სახელმწიფო თანამდებობებს, სასამართლოებში წანწალს და სხვა ამნაირ ამაოებას, რასაც მოკრძალებულ ყოფას არჩევს, ოღონდ კი თავიდან აიცილოს დავიდარაბა.

– მერედა, როგორ მოქმედებს ეს მის შვილზე? – იკითხა ადიმანტემ.

– უწინარეს ყოვლისა, ყმაწვილს ესმის დედის ურვა და წყევლა-კრულვა: მისი ქმარი არ ეკუთვნის მმართველთა რიცხვს, რაც მას სხვა ქალების თვალში ამცირებს; ცოლი იმასაც ხედავს, რომ ქმარი არაფრად აგდებს სიმდიდრეს, მედგრად ვერ იგერიებს მტერსა და შეურაცხმყოფელს ვერც სამსჯავროებში და ვერც თავყრილობებზე, არამედ უდრტვინველად იტანს ყველაფერს; ქალი ყოველი ფეხის ნაბიჯზე რწმუნდება, რომ კაცი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და გულგრილია ცოლის მიმართ, რაც მას ასე ამწარებს და ამიტომაც გამუდმებით ჩასჩიჩინებს შვილს, რომ მამამისი კაცურ კაცად ღმერთს არ უქნია, რომ ის უგერგილოა, უბადრუკი, და სხვა მისთანათ, რასაც ამნაირ შემთხვევებში გაჰკივიან ხოლმე ქალები.

– მართლაც ასეა, – თქვა ადიმანტემ.

– როგორც მოგეხსენება, ამნაირი კაცის მსახურებიც დაახლოებით ამასვე ჩასჩიჩინებენ მის შვილებს, თითქოს მათზე შესტკივათ გულიო; როდესაც ხედავენ, რომ ოჯახის პატრონი საქმეს არ აღძრავს სასამართლოში თავისი მოვალისა თუ შეურაცხმყოფელის წინააღმდეგ, ასე ჩააგონებენ თავიანთ ბატონიშვილს: როცა გაიზრდები, მამაშენს ნუკი ემგვანები, არამედ სამაგიერო გადაუხადე ყველას, როგორც შეშვენის კაცურ კაცსაო. თუმცა ჭაბუკს სახლს გარეთაც იგივე ესმის და ხედავს: ვინც მხოლოდ თავის საქმეს ასრულებს, იმას უგუნურს ეძახიან და არავითარ ანგარიშს არ უწევენ, ხოლო ვინც სხვისი საქმის მოგვარებას ცდილობს, პატივისცემას არ აკლებენ და ქებით იხსენიებენ. ყოველივე ამის შემყურე და გამგონე ჭაბუკი, მეორეს მხრივ, იმასაც ისმენს, რასაც ეუბნება მშობელი მამა, და ხედავს, რასაც საქმიანობს, ხალხის მითქმა-მოთქმის მიუხედავად, და მასზე გავლენას ახდენს როგორც ერთი, ისე მეორე. მამის ზემოქმედებით მასში ვითარდება და მტკიცდება სულის გონივრული საწყისი, ხალხის ზეგავლენით კი – ვნებისა და სიშმაგის სული. და რაკი, თავისი ბუნებით, ცუდი ადამიანი კი არ არის, არამედ ცუდ წრეში აღმოჩნდა, ორივე ეს ზეგავლენა შუალედური გზისაკენ უბიძგებს მას, და თავის სულს ის რაღაც საშუალოს სათარეშოდ აქცევს – პატივმოყვარეობის და მძვინვარებისა, რის შედეგადაც ქედმაღალ და პატივმოყვარე კაცად იქცევა.

– ჩემის აზრით, მშვენივრად აღგვიწერე, რანაირად ყალიბდება ეს ხასიათი.

– ასე რომ, ჩვენ გვაქვს რიგით მეორე სახელმწიფოებრივი წყობილება და მისი შესატყვისი ადამიანი.

– დიახ.

– მერედა, რა ვქნათ, ხომ არ მოვიხმოთ ესქილეს გამოთქმა: «ახლა სხვა კაცი მისდგომია ლაშქრით სხვა ქალაქს», ან, იქნებ, ჩვენს მიერ დადგენილი თანმიმდევრობის თანახმად, სახელმწიფოთი დაგვეწყო?

– ასე აჯობებს.

– შემდეგი სახელმწიფოებრივი წყობილება, ჩემის აზრით, ოლიგარქია უნდა იყოს.

– კი მაგრამ, რანაირად მყარდება?

– ეს სახელმწიფოებრივი წყობილება ქონებრივ მდგომარეობაზეა დამყარებული. ხელისუფლების სათავეში მდიდრები დგანან, ღარიბები კი არ მონაწილეობენ ქვეყნის მართვაში.

– გასაგებია.

– იქნებ ჯერ ის ვთქვათ, როგორ გადადის ტიმოკრატია ოლიგარქიაში?

– დიახ.

– მაგრამ ბრმისთვისაც კი ცხადია, რანაირად ხორციელდება ეს გადასვლა.

– მაინც?

– ოქროს დაგროვება კერძო პირების ხელში, აი, რა ღუპავს ტიმოკრატიას. ისინი ყველაზე უმალ იწყებენ იმის ძებნას, თუ რაზე შეიძლება დახარჯონ თავიანთი ფული, და ამ მიზნით ცვლიან კანონებს, რომლებსაც უკვე ნაკლებად უწევენ ანგარიშს არა მარტო მდიდრები, არამედ მათი ცოლებიც.

– ეტყობა, – თქვა მან.

– ეგეც არ იყოს, ერთიმეორეს რომ უთვალთვალებენ, აბა, ვინ რა გზით აღწევს წარმატებასო, და ბაძავენ კიდეც ერთმანეთს, მე მგონია, მთელ ხალხსაც იმგვანებენ.

– მართალია.

– რაც უფრო ხარბად მიელტვიან და მეტ ფასს სდებენ სიმდიდრეს, მით უფრო უფასურდება სიქველე მათ თვალში. სიმდიდრისა და სიქველის თანაფარდობა ხომ ისეთია, რომ თუ პირველს სასწორის ერთ პინაზე დადებ, მეორეზე კი – მეორეს, წონასწორობა ყოველთვის მიუღწეველი დარჩება.

– რა თქმა უნდა.

– რაც უფრო მეტ პატივს სცემენ სახელმწიფოში სიმდიდრესა და მდიდრებს, მით უფრო დაბლა იწევს სიქველისა და ქველთა ფასი.

– ცხადია.

– ბრბო კი ყოველთვის იმას მიელტვის, რაც ფასეულადაა მიჩნეული, და, პირიქით, ზურგს აქცევს იმას, რაც უფასურია.

– ასეა.

– ამრიგად, მოქალაქეთა მეტოქეობა და პატივმოყვარეობა თანდათან სიხარბესა და მომხვეჭელობაში გადაიზრდება; ისინი აქებენ და ადიდებენ მდიდარს და მას მაღალ თანამდებობებზე ნიშნავენ, ღარიბს კი ზიზღითა და ათვალწუნებით უყურებენ.

– რა თქმა უნდა.

– ოლიგარქიულ სახელმწიფოებში კანონად იქცევა ქონებრივი ზღვრის დაწესება; რაც უფრო მეტად ოლიგარქიულია წყობილება, მით უფრო მაღალია ეს ზღვარი, და, პირიქით, რაც უფრო ნაკლებ ოლიგარქიულია, მით უფრო დაბალია ზღვარიც. ხელისუფლებას არავინ გააკარებს იმას, ვისი ქონებაც ამ ზღვარზე ნაკლებია. ამას ისინი ან იარაღის ძალით აკანონებენ, ან, უფრო ადრე, მოქალაქეთა დაშინების გზით. განა ასე არ არის საქმე?

– დიახ, ასეა.

– აი, დაახლოებით როგორ მყარდება ეს წყობილება.

– დიახ, – თქვა მან, – მაგრამ როგორია მისი ბუნება, ან რა ნაკლის გამო ვგმობთ მას?

– უწინარეს ყოვლისა, თვით მისი საფუძვლის გამო. თავად განსაჯე, რა მოხდებოდა ხომალდზე, მესაჭეებს ქონებრივი ზღვრის მიხედვით რომ ნიშნავდნენ, ღარიბს კი, უკეთესი მესაჭეც რომ იყოს, არავინ გააკარებდა საჭეს.

– ვაი ამ ხომალდსა და მეხომალდეებს.

– კი მაგრამ განა იგივე არ მოხდება ყველაფერში, რაც მართვას მოითხოვს?

– მე მგონია, იგივე.

– სახელმწიფოს გარდა? თუ მისი ჩათვლით?

– სახელმწიფოს მართვაზე ძნელი, ან უფრო მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს?

– აი, სწორედ ესაა ოლიგარქიის პირველი და ყველაზე დიდი ნაკლი.

– როგორც ჩანს.

– თუმცა განა ნაკლებია შემდეგი?

– მაინც რომელი?

– ის, რომ ამნაირი სახელმწიფო არამც და არამც არ იქნება ერთი, არამედ – ორი: სახელმწიფო მდიდრებისა და სახელმწიფო ღარიბებისა, თუმცა ერთნიც და მეორენიც ერთი და იმავე მიწა-წყლის მკვიდრნი იქნებიან, მაგრამ ერთავად ერთმანეთის მტრები და ავისმოსურნენი.

– ვფიცავ ზევსს, ეს ნაკლი არანაკლებ საშინელია.

– არც ისაა დიდი სიკეთე, რომ ოლიგარქებს არ შეუძლიათ ომში ჩაებან, რადგანაც მაშინ თავიანთი ხალხი უნდა შეეიარაღებინათ და მისი შიში უფრო ჰქონოდათ, ვიდრე მტრებისა, ან უარი ეთქვათ ხალხის აღჭურვაზე და თვით ომშიაც კი ნამდვილ ოლიგარქებად დარჩენილიყვნენ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სიძუნწის გამო ომისათვის საერთოდ არ გაიღებდნენ ფულს.

– სიკეთე კი არა, უბედურებაა.

– კი მაგრამ, აკი ზემოთ დაუშვებლად მივიჩნიეთ ის, რომ სახელმწიფოში ერთი და იგივე ხალხი ასრულებდეს ყველა საქმეს – მიწასაც ამუშავებდეს, ვაჭრობდეს და მტერსაც ებრძოდეს; ან იქნებ შენ იწონებ ამას?

– არამც და არამც.

– ახლა კი იმასაც დაუკვირდი, ყველაზე დიდი სიავე პირველად სწორედ ამნაირი წყობილების მქონე სახელმწიფოში ხომ არ იჩენს თავს?

– რა სიავეს გულისხმობ?

– საკუთარი ავლადიდების თავისუფლად გაყიდვისა თუ სხვისი სიმდიდრის შეძენის უფლებას, ხოლო მას შემდეგ, რაც ყველაფერს გაყიდი, იმავე სახელმწიფოში დარჩენის ნებას, ისე, რომ არცერთ ფენასა თუ წოდებას არ ეკუთვნოდე – არც ვაჭარი იყო, არც ხელოსანი, არც მხედარი, არც ჰოპლიტი, არამედ მხოლოდ ღატაკად და არას მქონებად იწოდებოდე.

– ეს სიავე პირველად მართლაც ოლიგარქიაში იჩენს თავს.

– ეს წყობილება არაფრით არ უშლის ხელს იმას, რომ ზოგი საოცრად მდიდარი იყოს, ზოგი კი ღარიბ-ღატაკი.

– მართლაც.

– ამასაც დაუკვირდი: როცა მდიდარი კაცი თავის სიმდიდრეს ფლანგავს, ოდნავი სარგებლობა მაინც თუ მოაქვს ამას სახელმწიფოსთვის იმ აზრით, რა აზრითაც წეღან ვლაპარაკობდით? თუ ამ კაცს მხოლოდ ერთ-ერთ მმართველად მოჰქონდა თავი, სინამდვილეში კი არც მმართველი ყოფილა და არც მსახური, არამედ მხოლოდ მფლანგველი.

– სწორია, – თქვა მან, – მხოლოდ მოჩვენებითად იყო მმართველი, სინამდვილეში კი მფლანგველის მეტი არაფერიც არა ყოფილა.

– თუ გნებავს, იმასაც ვიტყვი, რომ როგორც სკაში გაჩენილი მამალი ფუტკარი სხვა არა არის რა, თუ არა სკის ავადმყოფობა, ისე ამნაირი კაციც სახელმწიფოს ავადმყოფობად უნდა მიგვაჩნდეს.

– რა თქმა უნდა, სოკრატე.

– ისიც ხომ სწორია, ადიმანტე, რომ არცერთ ამ მუქთახორას, ანუ მამალ ფუტკარს, ღმერთმა ნესტარი არ მისცა, დანარჩენთაგან კი მხოლოდ ზოგს მისცა ბასრი ნესტარი, ზოგს კი არა. უნესტრონი, ბოლოს და ბოლოს, ნამდვილ მათხოვრებად იქცევიან, ნესტრიანებიდან კი გამოდიან ისინი, ვისაც ბოროტმოქმედებს უწოდებენ.

– მართალს ბრძანებ.

– ამრიგად, აშკარაა, რომ ყველა სახელმწიფოში, სადაც კი ღარიბებს ხედავ, მათ გვერდით შეგიძლია ავაზაკებიც, ქურდბაცაცებიც, ღვთისმგმობლებიც და ათასი ჯურის ბოროტმოქმედნიც იგულო.

– ცხადია, – თქვა მან.

– მერედა, განა ოლიგარქიულ სახელმწიფოებში ღარიბებისთვის არ მოგიკრავს თვალი?

– იქ თითქმის ყველა ღარიბია, მმართველებს გარდა.

– შეგვიძლია თუ არა ვიფიქროთ, რომ იქვეა ბასრი ნესტრით აღჭურვილი მრავალი ბოროტმოქმედიც, რომელთა მოთოკვასაც ძლივსძლივობით ახერხებენ ხელისუფალნი.

– რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიფიქროთ.

– განა ბოროტმოქმედების სათავედ გაუნათლებლობა, ცუდი აღზრდა და უკეთური სახელმწიფოებრივი წყობილება არ უნდა მიგვაჩნდეს?

– ცხადია.

– აი, როგორია ოლიგარქიული სახელმწიფო და რამდენი ბოროტებაა მასში, თუმცა, შესაძლოა, გაცილებით მეტიც.

– შესაძლოა.

– მოდი, ამით დავასრულოთ იმ წყობილების განხილვა, ოლიგარქიულს რომ უწოდებენ, სადაც ძალაუფლება ქონებრივ ზღვარზეა დაფუძნებული. შემდეგ კი მისი შესაბამისი ადამიანიც განვიხილოთ; ვნახოთ, რანაირად ყალიბდება, ან რა თვისებებითაა შემკული.

– რასაკვირველია, უნდა განვიხილოთ.

– მისი გადასვლა ტიმოკრატიული ყაიდიდან ოლიგარქიულზე შემდეგნაირად ხდება...

– როგორ?

– ტიმოკრატიული კაცის შვილი თავდაპირველად მამამისს ბაძავს, შემდეგ კი, როცა დარწმუნდება, რომ მამამისს ყველაფერში ხელი მოეცარა, მას შემდეგ, რაც მოულოდნელად შეეჯახა სახელმწიფოს, როგორც წყალქვეშა ჭორომს, და ქარს გაატანა მთელი თავისი ავლადიდება, არც სტრატეგობა დაუფასდა და არც სხვა მაღალ თანამდებობებზე მოღვაწეობა, არამედ სიკოფანტების ცილისწამებით სასამართლოს წინაშე წარსდგა, სადაც სიკვდილი ან განდევნა, სამოქალაქო უფლებების აყრა თუ ქონების ჩამორთმევა მიესაჯა...

– ჩვეულებრივი ამბავია.

– მთელი ამ ტანჯვის შემყურე, თვითონაც რომ ინაწილებს, ჩემო მეგობარო, და სასტიკად დაშინებული, ვაითუ თავი წავაგოო, მე მგონია საკუთარ სულში აღმართული ტახტიდან თვითონვე დაამხობს პატივმოყვარეობას და სიფიცხის საწყისს; სიღარიბით დათრგუნვილი და დამცირებული მომხვეჭელობას მიჰყოფს ხელს და ქანცგამწყვეტი შრომის, სიძუნწისა და ხელმომჭირნეობის წყალობით თანდათან მოაქუჩებს სიმდიდრეს. როგორ გგონია, განა ეს კაცი იმავე ტახტზე არ აიყვანს სიხარბეს და ვერცხლისმოყვარეობას, როგორც ტიარითა და ყელსაბამით შემკულსა და იატაგანით აღჭურვილ დიდ მეფეს.

– რა თქმა უნდა.

– რაც შეეხება გონიერებას და სიმამაცეს, ის მათ პირდაპირ მიწაზე დასხამს ამ მეფის ფერხთით, როგორც მის მონებს. პირველს აიძულებს მხოლოდ იმაზე იფიქროს, მხოლოდ ის იკვლიოს და იანგარიშოს, თუ რა გზით შეიძლება მისი სიმდიდრის გაზრდა, ხოლო მეორეს უბრძანებს არ გააჩნდეს აღტაცებისა და თაყვანისცემის სხვა საგანი სიმდიდრის და მდიდრების გარდა, მისი პატივმოყვარეობა კი მხოლოდ მომხვეჭელობისა და იმისკენ იყოს მიმართული, რაც სიმდიდრის მოხვეჭაში შეუწყობს ხელს.

– არ არსებობს სხვა გზა, რომლითაც ჭაბუკის პატივმოყვარეობა ასე მკვეთრად და სწრაფად გადადიოდეს ანგარებაში.

– განა ეს არ არის ოლიგარქიული ადამიანი?

– ყოველ შემთხვევაში, ესაა ნიმუში იმისა, თუ როგორ იცვლება იმ წყობილების შესაბამისი ადამიანი, საიდანაც დასაბამს იღებს ოლიგარქია.

– მაშ, მოდი, ვნახოთ, რანაირად ჰგავს ერთი მეორეს.

– ვნახოთ.

– უწინარეს ყოვლისა, აქ მსგავსება ისაა, რომ მას სული ელევა ფულზე.

– მართლაც.

– თანაც, ხელმომჭირნეა და გამრჯე, მხოლოდ ყველაზე აუცილებელ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს, თავს არიდებს ზედმეტ ხარჯებს და მტკიცედ იურვებს ყველა სხვა სურვილს, რომლებსაც ფუჭად მიიჩნევს.

– რა თქმა უნდა.

– მტვერში ამოგანგლული დაიარება, ყველაფერში გამორჩენას ეძებს და მხოლოდ დანაზოგზე ოცნებობს. ამნაირებს აქებს და ადიდებს ბრბო. განა თავისი თვისებებით იმ სახელმწიფო წყობილებას არა ჰგავს, რომელზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ?

– მე თუ მკითხავ, ჰგავს. ყოველ შემთხვევაში, ამნაირი სახელმწიფოსი არ იყოს, ისიც აღმერთებს ფულს.

– ჩემის აზრით, ამნაირ კაცს ნაკლებად უნდა ეზრუნა სწავლა-განათლებაზე.

– ნამდვილად, – თქვა მან, – თორემ ბრმას როდი ჩაუყენებდა სათავეში ქოროს და არც თაყვანს სცემდა მას.

– კეთილი. ერთსაც დაუკვირდი: ვაღიარებთ თუ არა, რომ გაუნათლებლობის გამო მამალი ფუტკრის თვისებები უვითარდება: ნაწილობრივ – მათხოვრული, ნაწილობრივ კი – დამნაშავეობრივი, თუმცა სიფრთხილის გამო ყოველნაირად ცდილობს გასაქანი არ მისცეს მათ.

– რა თქმა უნდა.

– თუ იცი, რას უნდა დაუკვირდე, რომ მისი დამნაშავეობრივი ბუნება შეიცნო?

– რას?

– იმას, თუ რანაირად მეურვეობს ობლებს, ან როგორ არღვევს სამართლიანობას ამა თუ იმ მოვალეობის აღსრულებისას.

– მართალი ხარ.

– განა ეს ნათლად არ გვიჩვენებს, რომ ეს კაცი ბევრ სხვა საქმეში, სადაც მოჩვენებითი სამართლიანობის წყალობით ხალხის პატივისცემას იხვეჭს, ძალით იურვებს სხვა უკეთურ მიდრეკილებებს, თუმცა დარწმუნებული კი არ არის, რომ ასე სჯობს, არამედ შიში აიძულებს ასე მოიქცეს, რადგანაც თავს დაჰკანკალებს თავის ავლადიდებას.

– რა თქმა უნდა.

– ვფიცავ ზევსს, ჩემო მეგობარო, ბევრ მათგანში აღმოაჩენ მამალი ფუტკრის ნიშან-თვისებებს, როცა საქმე ეხება ხელგაშლილობას სხვის ხარჯზე.

– მათში მართლაც რომ ძალუმად ვლინდება ეს თვისებები.

– მაშასადამე, ეს კაცი ორად გათიშულია შინაგანი წინააღმდეგობებით და მისი ერთიანობა დარღვეულია: ერთი გულისთქმა მძლავრობს მეორეზე, თუმცა უმეტესწილად უკეთესი სძლევს უარესს.

– ასეა.

– მე მგონია, ის მაინც სხვებზე ღირსეული უნდა იყოს, თუმცა ჭეშმარიტი სიქველე – სულიერი ჰარმონია და აუმღვრევლობა საკმაოდ შორსაა მისგან.

– დიახ, მეც ასე მგონია.

– მომჭირნეობა საშუალებას არ მისცემს მონაწილეობა მიიღოს მოქალაქეთა შეჯიბრში, სადაც ისინი გამარჯვებისა თუ კეთილშობილური პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებისთვის ასპარეზობენ. არც ამნაირი ასპარეზობისათვის დახარჯავს ფულს და არც სახელის მოხვეჭისათვის, იმისი შიშით, ვაითუ მფლანგველობას მივეჩვიო და ხელგაშლილობა პატივმოყვარული მისწრაფებების მწედ და მეოხედ მექცესო. როგორც ჭეშმარიტ ოლიგარქს შეშვენის, ომითაც მხოლოდ უმცირესი სახსრების გაღებით ომობს და ამიტომ უმეტესწილად მარცხს განიცდის, სამაგიეროდ სიმდიდრეს ინარჩუნებს.

– მართლაც.

– ნუთუ შეიძლება კვლავაც ეჭვი შეგვეპაროს იმაში, რომ ეს ხელმომჭირნე და საქმიანი კაცი ოლიგარქიულ სახელმწიფოს ჰგავს?

– არამც და არამც.

– ამის შემდეგ, როგორც ჩანს, უნდა განვიხილოთ დემოკრატია; ვნახოთ, როგორ იბადება და როგორია მისი ბუნება, რათა შევიცნოთ მისი შესატყვისი ადამიანიც და ჩვენი დასკვნა გამოვიტანოთ მასზე.

– ასე მივყვებით ჩვენს მიერ მონიშნულ გზას.

– კეთილი, – ვთქვი მე, – ოლიგარქია დაახლოებით ასე გადადის დემოკრატიაში: ამის მიზეზია დაუოკებელი ლტოლვა ეგრეთწოდებული სიკეთისაკენ, რომელსაც რაც შეიძლება მეტი სიმდიდრის მოხვეჭასთან აიგივებენ.

– ეგ როგორ უნდა გავიგოთ?

– ოლიგარქიული სახელმწიფოს მმართველები, თავიანთი სიმდიდრის წყალობით რომ იგდებენ ხელში ძალაუფლებას, ცხადია, არ მოინდომებენ კანონით აღკვეთონ ახალგაზრდობის თავაშვებულობა და აუკრძალონ მათ თავიანთი ქონების გაფლანგვა და განიავება; პირიქით, თვითონვე შეიძენენ მათ ქონებას, ან ვახშით გასცემენ სესხს, რათა უფრო მდიდარნი და გავლენიანნი გახდნენ.

– მათთვის ესაა მთავარი.

– განა აშკარა არ არის, რომ შეუძლებელია ამნაირი სახელმწიფოს მოქალაქენი სიმდიდრესაც აღმერთებდნენ და კეთილგონიერნიც იყვნენ? აქ ან ერთი უნდა უმსხვერპლონ მეორეს, ანდა მეორე – პირველს.

– აშკარაა, – თქვა მან.

– ოლიგარქიულ სახელმწიფოებში ყურადღებას არ აქცევენ თავაშვებულობას; პირიქით, ხელსაც კი უწყობენ მას, ასე რომ, კეთილშობილ ადამიანებს ზოგჯერ თავის გატანაც კი უჭირთ.

– რა თქმა უნდა.

– ამნაირ სახელმწიფოში, მე მგონია, უქმად სხედან ბასრი ნესტრითა თუ იარაღით აღჭურვილნი, ვალებში ჩაფლულნი თუ სამოქალაქო უფლებებაყრილნი, და ისინიც, ვისაც ერთად დასტეხია თავს ორივე ეს უბედურება. ამ ხალხს სძულს არა მარტო ისინი, ვის ხელშიაც გადავიდა მათი ავლადიდება, არამედ სხვებიც, და ამიტომ გადატრიალებას ამზადებს.

– ასეა.

– საქმოსნებს კი თავიანთი საქმის მეტი არა ახსოვთ რა და ვერც ამჩნევენ ამ ხალხს. თავიანთი მევახშეობით მახეს უგებენ წინდაუხედავ მოქალაქეებს და ვახშის სახით გაცემულ სესხზე გაცილებით მეტს რომ იღებენ, მამალი ფუტკრების მსგავს მუქთახორებსა და მათხოვრებს ამრავლებენ სახელმწიფოში.

– და მერე, როგორ ამრავლებენ.

– ხოლო როცა სახელმწიფოში ამნაირი ბოროტება იფეთქებს, ისინი სულაც არ ფიქრობენ მის ჩაქრობას, არც იმით, რაც წეღან აღვნიშნეთ, ესე იგი, მოქალაქეებისათვის მათი ავლადიდების გაფლანგვა-განიავების აკრძალვით, და არც მეორე კანონით, რომელსაც შეეძლო აღეკვეთა ეს ბოროტება.

– მაინც რომელ კანონს გულისხმობ?

– რომელიც მოჰყვებოდა ზემოთ აღნიშნულს და აიძულებდა მოქალაქეებს სიქველისათვის ეზრუნათ. რადგანაც თუ დაადგენდნენ, რომ ყოველგვარი ნებაყოფლობითი გარიგება მოქალაქეთა პირადი პასუხისმგებლობის საფუძველზე მომხდარიყო, გამორჩენისაკენ სწრაფვა აღარც ასეთი ურცხვი იქნებოდა და სახელმწიფოშიც გაცილებით უფრო იკლებდა იმ ბოროტებათა რიცხვი, რომლებზედაც წეღან ვლაპარაკობდით.

– დიახ, მათი რიცხვი გაცილებით უფრო ნაკლები იქნებოდა.

– დღესდღეობით კი მმართველებს ასეთი ქცევით თავიანთი ქვეშევრდომები სწორედ ამ დღეში ჰყავთ ჩაყენებული. რაც შეეხება საკუთრივ მმართველებს და მათ ნაშიერთ, ეს უკანასკნელნი საოცრად განებივრებულნი არიან, სულითაც და ხორცითაც უმწეონი და უნიათონი, არც ჭირის გაძლების თავი აქვთ და არც ლხინის ატანისა.

– მართლაც.

– თვით მმართველებს კი გამორჩენის გარდა სხვა საფიქრალი არა აქვთ და სიქველეზე სულაც არ ზრუნავენ უფრო მეტად, ვიდრე უპოვარნი.

– ასეა.

– აი, როგორია მმართველთა და ქვეშევრდომთა მდგომარეობა. თუმცა ისინი ერთად არიან მოგზაურობაშიც და ბევრ სხვა შემთხვევაშიაც: სადღესასწაულო სანახაობებზე, ლაშქრობაში, ნაოსნობისას თუ ბრძოლის ქარცეცხლში, ერთად ინაწილებენ განსაცდელსაც და არასოდეს, არცერთ ამ ვითარებაში ღარიბები ზიზღის ღირსნი არ ჩანან მდიდრების თვალში. პირიქით, როცა გამხდარი, გაძვალტყავებული და მზით გარუჯული ღარიბი მტერთან შებმისას ჩრდილში ნებიერად გაზრდილი და ქონმორეული მდიდრის გვერდით იბრძვის და ხედავს, რა მძიმედ ქოშინებს მისი ნირწამხდარი თანამებრძოლი, როგორ გგონია, გაივლებს თუ არა გულში, რომ მდიდრები მხოლოდ ღარიბების სულმოკლეობის წყალობით არიან მდიდრები, ხოლო თავისნაირ ღარიბთან შეხვედრისას ჩუმად ეტყვიან თუ არა ერთმანეთს: ამ ვაჟბატონებს ჩვენი წყალობით უდგიათ სული, თორემ ისე მშვენივრად ვიცით, რისი მაქნისნიც არიანო.

– დარწმუნებული ვარ, – თქვა მან, – რომ სწორედ ასე ფიქრობენ და ლაპარაკობენ.

– როგორც უძლური სხეულისთვის საკმარისია სულ მცირე გარეგანი ბიძგი, რომ ავად გახდეს, თუმცა ზოგჯერ ამას გარეშე მიზეზიც არა სჭირდება, – ამ დღეში მყოფი სახელმწიფოც უმნიშვნელო საბაბის გამო ავადდება და გამუდმებით ეომება საკუთარ თავს, მაშინ როდესაც ზოგიერთი მისი მოქალაქე ოლიგარქიულ სახელმწიფოს მოუხმობს მხსნელად, ზოგი კი – დემოკრატიულს; თუმცა ზოგჯერ შინააშლილობა გარეგანი ჩარევის გარეშეც იჩენს თავს.

– დიახ.

– დემოკრატიული წყობილება, ჩემის აზრით, მაშინ მყარდება, როცა ღარიბები გამარჯვებას აღწევენ და თავიანთი მტრებიდან ზოგს სპობენ, ზოგსაც აძევებენ, დანარჩენებთან ერთად კი თანაბრად ინაწილებენ სამოქალაქო უფლებებსაც და სახელმწიფო თანამდებობებსაც, რასაც უმეტესწილად კენჭისყრა წყვეტს.

– დიახ, დემოკრატია სწორედ ასე მყარდება, სულერთია, იარაღის ძალით იმარჯვებს თუ იმის წყალობით, რომ მისი დაშინებული მოწინააღმდეგენი თანდათანობით უკან იხევენ.

– კი მაგრამ, – განვაგრძე მე, – რა დღეში არიან მისი მოქალაქენი, ან რას წარმოადგენს თვით ეს წყობილება? ხომ ცხადია, რომ მოქალაქე, რომელიც მას ჰგავს, ჩვენ გვევლინება დემოკრატიული ადამიანის სახით.

– დიახ, ცხადია.

– უწინარეს ყოვლისა, დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქე თავისუფალი ადამიანია, რადგანაც იქ თავისუფლება და გულახდილობა სუფევს, ასე რომ, ვისაც რა სურს, იმას აკეთებს.

– ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ.

– ხოლო სადაც ეს ნებადართულია, ყველა ისე წარმართავს თავის ცხოვრებას, როგორც მოეპრიანება.

– მართალია.

– ჩემის აზრით, ამნაირ სახელმწიფოში ადამიანები ძალიან უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.

– რა თქმა უნდა.

– ერთი შეხედვით, ეს თითქოს ყველაზე უმჯობესი სახელმწიფოებრივი წყობილება უნდა იყოს. როგორც ჭრელი ფერებით მოჩითული ქსოვილი, ისე ნაირნაირი ხასიათებით შემკული სახელმწიფო შეიძლება ყველაზე მშვენიერი გეგონოთ. ქალებისა და ბავშვებისა არ იყოს, ჭრელაჭრულებს რომ შეჰხარიან, ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ მას ბადალი არ მოეძებნება.

– დიახ.

– აქ ადვილია, ჩემო მეგობარო, ეცადო, როგორც გინდა, ისე მოაწყო სახელმწიფოს ცხოვრება.

– როგორ?

– როგორ და ისე, რომ თავისუფლების წყალობით, რაც დემოკრატიაში სუფევს, აქ აღმოაჩენ ყველა შესაძლო წყობას. თუ ვინმეს, ჩვენსავით, დემოკრატიული სახელმწიფოს დაარსება სურს, კეთილ ინებოს და დემოკრატიულ სახელმწიფოს მიაშუროს, სადაც, როგორც ბაზარში, ყოველგვარი მმართველობით ვაჭრობენ, და ამოარჩიოს ის, რომელიც მოსწონს. არჩევანის შემდეგ კი თავისი სახელმწიფო დააარსოს.

– იქ ალბათ არ გაჭირდება ნიმუშების მოძებნა.

– დემოკრატიულ სახელმწიფოში სულაც არ არის აუცილებელი მონაწილეობას იღებდე მმართველობაში, ამის უნარიც რომ გქონდეს, და არც იმის აუცილებლობაა, რომ სხვებს მორჩილებდე, თუკი შენ თვითონ არა გსურს; ან ომობდე, როცა სხვები ომობენ, ან მშვიდობას იცავდე, როცა სხვები იცავენ, თუკი არ გსურს იცავდე მას; ხოლო თუ კანონი გიკრძალავს მმართველობაში მონაწილეობას ან ხალხის განსჯა-განკითხვას, ერთიც შეგიძლია და მეორეც, თუკი მოგეპრიანება. განა, ერთი შეხედვით, საამურად და ღვთაებრივად არ გეჩვენება ამნაირი ყოფა?

– ერთი შეხედვით შეიძლება მართლაც მოგეჩვენოს.

– ან ის ლმობიერება რად ღირს, რასაც იქ იჩენენ ზოგიერთი სიკვდილმისჯილის მიმართ? ნუთუ არ შეგიმჩნევია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ისინი, რომელთაც სიკვდილი ან განდევნა მიესაჯა, კვლავაც სამშობლოში რჩებიან და საზოგადოებაში ტრიალებენ: თითქოს არავის არაფერი ესაქმებოდეს და ვერც ვერავინ ამჩნევდეს მათ, ისე თავისუფლად დასეირნობენ, როგორც ნამდვილი გმირები.

– როგორ არ შემიმჩნევია.

– ეს ლმობიერება დემოკრატიული სახელმწიფოს უბადრუკი წვრილმანი როდია; პირიქით, აქ თავს იჩენს ზიზღი ყოველივე იმის მიმართ, რაც არსებითად მიგვაჩნია ჩვენი სახელმწიფოს დაარსებისას. თუ ადამიანს, – ვამბობდით ჩვენ, – ბუნება არ შეეწია, ის ვერასოდეს გახდება კეთილშობილი, ანდა თუ ბავშვობაში – თამაშისას თუ მეცადინეობისას – საერთოდ არ შეხებია მშვენიერებას. არადა, დემოკრატიული წყობილება, ქედმაღლურად რომ თელავს ფეხით ყოველივე ამას, ერთხელაც არ დაფიქრებულა, საიდან მოსულ კაცს ანდობენ სახელმწიფოს მართვას; საკმარისია კაცი ბრბოს ელაქუცებოდეს, და პატივი არ მოაკლდება.

– მართლაც რომ კეთილშობილური ლმობიერებაა.

– აი, რა თვისებებითა და თავისებურებებით ხასიათდება დემოკრატია. როგორც ხედავ, მართლაც სანატრელი წყობილებაა, მრავალფეროვანი და ანარქიული, ერთმანეთს თავისებურად რომ უთანაბრებს ყველას – თანასწორთაც და არათანასწორთაც.

– ახალს არაფერს ამბობ.

– ახლა კი დაუკვირდი, – განვაგრძე მე, – რას წარმოადგენს ამ სახელმწიფოს მინამგვანი ადამიანი, ან როგორც უფრო უმალ სახელმწიფო წყობილების ჩამოყალიბება განვიხილეთ, აქაც ხომ არ გვენახა, რანაირად ყალიბდება იგი?

– დიახ, უნდა ვნახოთ.

– ასე ხომ არა? მე მგონია, ოლიგარქიული წყობილების ხელმომჭირნე მოქალაქის ვაჟს ისე აღზრდიან, რომ ზნითაც და მიდრეკილებებითაც მამას ჰგავდეს.

– რასაკვირველია.

– მამამისისა არ იყოს, ისიც ეცდება ნებისყოფის დაძაბვით დათრგუნოს ყველა ის გულისთქმა თუ სურვილი, რაც მომჭირნეობას კი არ ავითარებს, პირიქით, მფლანგველობამდე მიჰყავს ადამიანი. ამნაირ სურვილს შეიძლება ზედმეტი სურვილი ეწოდოს.

– გასაგებია.

– ხომ არ გნებავს, ბუნდოვანების თავიდან ასაცილებლად, ჯერ ის გავარკვიოთ, რომელ სურვილს შეიძლება ეწოდოს ზედმეტი და რომელს აუცილებელი, ანუ არაზედმეტი?

– ცხადია, მნებავს.

– იმ სურვილს, რომელსაც თავს ვერ დავაღწევთ, მართებულად შეგვიძლია აუცილებელი ვუწოდოთ, ისევე, როგორც იმას, რომლის დაკმაყოფილებაც სასარგებლოა ჩვენთვის. როგორც ერთის, ისე მეორისადმი მორჩილება აუცილებელია თვით ჩვენი ბუნების ძალით. ასეა, არა?

– დიახ.

– მაშასადამე, ჩვენ უფლება გვაქვს აუცილებელ სურვილებად ვსახავდეთ მათ.

– რა თქმა უნდა.

– ხოლო რაც შეეხება იმ სურვილებს, რომლებსაც შეიძლება თავი დავაღწიოთ, მით უმეტეს, თუ ადრეული ასაკიდანვე ვეცდებით ამას, და რომლებსაც სასიკეთო არა მოაქვთ რა, ზოგიერთი კი სულაც საზიანოა, – განა შესაფერის სახელს არ დავარქმევთ, თუ ზედმეტ სურვილებს ვუწოდებთ მათ?

– ყოვლად შესაფერისს.

– ახლა კი განვიხილოთ როგორც ერთის, ისე მეორის ნიმუში, რათა ზოგადი წარმოდგენა შევიქმნათ მათზე.

– აუცილებლად უნდა განვიხილოთ.

– ჭამის სურვილი, რასაც მოითხოვს ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა, პურისა და უბრალო საკაზმ-სანელებლის სურვილი, განა აუცილებელ სურვილად არ უნდა მიგვაჩნდეს?

– მე მგონია, უნდა მიგვაჩნდეს.

– პურის სურვილი ორმხრივაა აუცილებელი: ჯერ ერთი, ის სასარგებლოა და, მეორეც, მისი დაკმაყოფილების გარეშე ვერ იცოცხლებ.

– დიახ.

– საკაზმ-სანელებლები კი აუცილებელია იმდენად, რამდენადაც ჯანმრთელობას გვინარჩუნებს.

– რა თქმა უნდა.

– მაგრამ იმ სურვილზე რაღას იტყვი, აუცილებლობაზე მეტს, ესე იგი, ნუგბარ კერძებს რომ მიელტვის? თუ ამ სურვილს ბავშვობიდანვე დავიურვებთ სათანადო აღზრდის მეოხებით, უმრავლესობამ შეიძლება თავი დაიხსნას მისგან: ის ხომ თანაბრად მავნეა სხეულისთვისაც და სულისთვისაც, რადგან არც გონებას ავითარებს და არც თავდაჭერილობას. ამიტომაც მართებული იქნებოდა ზედმეტი სურვილი გვეწოდებინა მისთვის.

– უმართებულესიც.

– ხომ არ ვუწოდოთ ამ სურვილს მფლანგველური, პირველს კი – მომგებიანი, რამდენადაც ხელს უწყობს ჩვენს ქმედითობას?

– უთუოდ.

– ამასვე ვიტყვით სასიყვარულო და მის მსგავს სხვა სურვილებზედაც?

– რა თქმა უნდა.

– ვინც წეღან მამალ ფუტკარს შევადარეთ, მთლიანად ამ ზედმეტი სურვილებითა თუ ვნებებითაა სავსე, თავიანთ ნებაზე რომ ათამაშებენ მას, მაშინ როდესაც ხელმომჭირნე და ოლიგარქიული კაცი აუცილებელ სურვილებს ემორჩილება.

– დიახ.

– მაგრამ კვლავ მივუბრუნდეთ იმას, თუ როგორ იქცევა ოლიგარქიული ადამიანი დემოკრატიულ ადამიანად. ჩემის აზრით ეს, უპირატესად, ასე ხდება...

– როგორ?

– როცა ჭაბუკი, როგორც ზემოთ ვამბობდით, უმეცრებისა და მომჭირნეობის გარემოში იზრდება და უცებ მამალი ფუტკრის თაფლს იგემებს, რის შედეგადაც ამ საშიში და მძვინვარე მწერების გუნდში ამოყოფს თავს, რომლებსაც შეუძლიათ ათასნაირი სიამოვნება მიანიჭონ, მერწმუნე, სწორედ მაშინ იწყება ოლიგარქიული ადამიანის ქცევა დემოკრატიულ ადამიანად.

– უცილობლად, – თქვა მან.

– როგორც სახელმწიფოში ხდება ცვლილება, როცა მისი მოქალაქეების ნაწილი, შეხედულებათა მსგავსების წყალობით, დახმარებას იღებს გარედან, ასე იცვლება ჭაბუკიც, როცა მისი სურვილების ერთ ნაწილს გარედან ეშველებიან მათი მონათესავე და მსგავსი სურვილები.

– ზუსტად ასეა.

– და მე მგონია, როცა ამის საპირისპიროდ რაღაცა ეხმარება მის ოლიგარქიულ საწყისს, მამის ან ოჯახის სხვა წევრების შეგონება იქნება ეს თუ ყვედრება, ყმაწვილი კაცის სულში იბადება აღშფოთება და წინააღმდეგობა როგორც ახლობლების, ისე თავისი თავის მიმართაც.

– რა თქმა უნდა.

– ჩემი აზრით, ზოგჯერ დემოკრატიული საწყისი უკან იხევს ოლიგარქიულის წინაშე, ზოგიერთი სურვილი ქარწყლდება ან განიდევნება, რის შედეგადაც ჭაბუკის სულში უწინდებურად იღვიძებს სირცხვილის გრძნობა და კვლავ წესრიგი მყარდება.

– ზოგჯერ ასედაც ხდება.

– მაგრამ შემდეგ გაძევებულ სურვილთა მონათესავე სურვილები, მამის, როგორც აღმზრდელის, უგერგილობისა და უნიათობის წყალობით, კვლავინდებურად ღვივდებიან, მრავლდებიან და ძლიერდებიან.

– ჩვეულებრივი ამბავია, – თქვა მან.

– ისინი კვლავ ძველი ამფსონებისკენ ეზიდებიან ყმაწვილ კაცს, და ამ ფარული ურთიერთობისაგან ბევრი ახალი სურვილი იბადება.

– რა თქმა უნდა.

– მე მგონია, ეს სურვილები, ბოლოს და ბოლოს, კიდევაც ეუფლებიან ჭაბუკის სულის აკროპოლისს, როდესაც დაინახავენ, რომ ის ცარიელია, რომ მასში არც ცოდნაა, არც კეთილშობილური ჩვევები და არც სიტყვების სიწრფელე – ღმერთების საყვარელი ადამიანების ეს უკეთესი დარაჯები და მცველები.

– მართლაც რომ უკეთესნი.

– მათ ადგილას მის სულში, მე მგონია, მცდარი წარმოდგენები და მკვახე სიტყვები იწყებენ თარეშს.

– ამრიგად, ის კვლავ უბრუნდება ლოტოფაგოსებს და უკვე აშკარად იდებს ბინას მათ შორის. თუ ახლობლები ლაშქარს დასძრავენ მისი სულის მომჭირნე საწყისის მისაშველებლად, მკვეხარა სიტყვები სამეფო გალავნის ბჭეს ჩაკეტავენ და არამცთუ მაშველ ლაშქარს, თვით ელჩებსაც, ესე იგი, უფროსი და უფრო ჭკვიანი ხალხის გონივრულ რჩევა-დარიგებებსაც არ შეუშვებენ აკროპოლისში. სამარცხვინოდ განდევნიან სიბრიყვედ შერაცხილ უმანკოებას; კეთილშობილებას სიმხდალეს უწოდებენ და თავსლაფდასხმულს გააძევებენ; ზომიერებასა და წესრიგს მფლანგველობად დასახავენ და მდაბიურ უმეცრებად და სიმდაბლედ მიჩნეულთ, ფუჭ გულისთქმათა ურიცხვ სიმრავლეზე დაყრდნობით, უკან მოატოვებინებენ თავიანთი სამფლობელოს საზღვრებს.

– უცილობლად.

– მას შემდეგ, რაც ჭაბუკის სულს დააცარიელებენ და გაწმენდენ, ჭაბუკისა, რომელსაც თავიანთ ნებაზე ათამაშებენ და თითქოს დიდ მისტერიებს აზიარებენ, ისინი დიდი ზარზეიმითა და მრავალრიცხოვანი ქოროს თანხლებით შეაბრძანებენ მასში თავხედობას, თავაშვებულებასა და უტიფრობას, რომლებსაც მომხიბლავი სახელებით ამკობენ: თავხედობას ისინი თავაზიანობას უწოდებენ, თავაშვებულობას – თავისუფლებას და უტიფრობას – დიდებულებას. განა სწორედ ასე არ გადადის აუცილებელი სურვილებით ნასაზრდოები სული ფუჭი და ზედმეტი სურვილების სამყაროში, სადაც სრულ გასაქანს ანიჭებეს მათ?

– ცხადზე ცხადია.

– შემდეგ როგორღა წარიმართება მისი ცხოვრება? მე მგონია, ზედმეტ სურვილებს ის არანაკლებ ფულს, გარჯას და დროს შეალევს, ვიდრე – აუცილებელთ. მაგრამ თუ მისდა საბედნიეროდ ბაკქური სიშლეგე არც ისე ძალუმად ბობოქრობს მასში, რაც უფრო ემატება წლები და რაც უფრო უკან იტოვებს ვნებათა ღელვას, ნაწილობრივ კვლავ უბრუნდება თავის გაძევებულ სურვილებს და მთელი არსებით როდიღა ეძლევა მასში უფრო გვიან შემოჭრილთ, ასე რომ მის ცხოვრებაში სურვილთა ერთგვარი წონასწორობა მყარდება: ის ყოველთვის დაემორჩილება იმ სურვილს, რომელიც თითქოს წილისყრით ერგო, ვიდრე მთლიანად არ დაიკმაყოფილებს მას, შემდეგ კი – მეორე სურვილს, და არცერთს არ შეაქცევს ზურგს, არამედ ყველა თანაბარი იქნება მისთვის.

– რა თქმა უნდა.

– და მაინც, ის უკუაგდებს და თავის ციხე-სიმაგრეში არ შეუშვებს გონივრულ განსჯას იმისას, ვინც ეტყვის, რომ ზოგიერთი სიამოვნება კარგი და კეთილი სურვილისგან იღებს დასაბამს, ზოგიერთი კი – ცუდისგან, და რომ ზოგ სურვილს უნდა ვავითარებდეთ და პატივს ვცემდეთ, ზოგს კი ვიურვებდეთ და ვიკვეთდეთ. პასუხის ნაცვლად ის მხოლოდ უარის ნიშნად გაიქნევს თავს და იტყვის, რომ ყველა სურვილი ერთი და იმავე ბუნებისაა და თანაბრად პატივისცემის ღირსი.

– ამნაირი ხალხი ყოველთვის ასე იქცევა.

– ეს კაცი იმით სულდგმულობს, რომ ცდილობს დაიკმაყოფილოს გულში აღძრული ყველა სურვილი: ხან ფლეიტების მომნუსხველი ხმის თანხლებით ლოთობს, ხან კი წყლის მეტს არას მიირთმევს და უჭმელობით იფიტავს სხეულს; ხან ქანცგაწყვეტამდე ვარჯიშობს, ხან კი ისეთი სიზარმაცე მიეძალება, რომ არაფრის თავი აღარა აქვს; ზოგჯერ ფილოსოფიაში დანთქმული გეგონებათ; ხშირად სახელმწიფო მოღვაწეს ბაძავს: ანაზდეულად ახტება ფიცარნაგზე და რაც თავში მოუვა, იმას გაჰყვირის, ხოლო რასაც გაჰყვირის, კიდეც ასრულებს; ერთ დღეს რომ მეომრებს შეჰნატრის და მათკენ მიეშურება, მეორე დღეს ვაჭრებისკენ მიუწევს გული. ერთი სიტყვით, მისი ცხოვრებისთვის უცხოა წესრიგიც და აუცილებლობაც, მაგრამ ამ ცხოვრებას საამურს, ლაღს, ნეტარს უწოდებს და ნიადაგ მისი ერთგული რჩება.

– მშვენივრად დაგვიხატე იმ კაცის ცხოვრება, ვისთვისაც ყველაფერი სულერთია.

– ჩემი აზრით, ეს კაცი თავის თავში აერთიანებს ათასნაირ ბუნებასა თუ ხასიათს და ისეთივე მრავალსახოვანია და ჭრელი, როგორც მისი სახელმწიფოებრივი წყობილება. ვინ მოსთვლის, რამდენ ქალსა და კაცს შეშურდებოდა ამნაირი ცხოვრება, სადაც ერთმანეთს ერწყმის მმართველობისა და ზნე-ჩვეულებების ურიცხვი სხვადასხვა ნიმუში.

– ასეა, – თქვა მან.

– რა ვქნათ, დემოკრატიულ წყობილებას ხომ არ შევუპირისპიროთ ეს კაცი? რადგანაც სრული უფლება გვაქვს დემოკრატიულ ადამიანად მიგვაჩნდეს იგი.

– ასე მოვიქცეთ.

– მაგრამ ყველაზე საუცხოო სახელმწიფოებრივი წყობილება, ისევე, როგორც ყველაზე საუცხოო ადამიანი, ჯერ კიდევ განსახილველი დაგვრჩა: ესაა ტირანია და ტირანი.

– მართლაც.

– მაშ, მოდი, ვნახოთ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, რანაირად იბადება ტირანია; თუმცა დემოკრატიისაგან რომ იღებს დასაბამს, ეს, მგონი, ცხადი უნდა იყოს.

– დიახ, ცხადია.

– როგორც ოლიგარქიისაგან წარმოიშვა დემოკრატია, განა ასევე არ იბადება დემოკრატიისაგან ტირანია?

– როგორ?

– საბოლოო მიზნად დასახული სიკეთე, რამაც დასაბამი მისცა ოლიგარქიას, სიმდიდრე იყო, არა?

– დიახ.

– დაღუპვით კი რამ დაღუპა, თუ არა დაუოკებელმა სწრაფვამ სიმდიდრისაკენ და გულგრილობამ ყველაფრის მიმართ, სარფისა და სარგებლის გარდა?

– მხოლოდ მაგან.

– ჰოდა, რასაც სიკეთედ სახავს დემოკრატია და რასაც დაუცხრომლად მიელტვის, სწორედ ის დაღუპავს მას.

– კი მაგრამ, რას სახავს სიკეთედ?

– თავისუფლებას. დემოკრატიულ სახელმწიფოში სულ იმას გაიძახიან, რა მშვენიერია თავისუფლება და ამტკიცებენ, რომ მხოლოდ ამნაირ სახელმწიფოში უნდა ცხოვრობდეს თავისუფლად შობილი კაცი.

– მართლაც და, ხშირად გაიგონებ ამნაირ სიტყვებს.

– ჰოდა, როგორც წეღან მოგახსენებდი, ამნაირი დაუცხრომელი ლტოლვა მხოლოდ ერთისკენ და ყოველივე დანარჩენის უგულებელყოფა ამახინჯებს ამ წყობილებას და ტირანიის მოთხოვნილებას ბადებს.

– როგორ?

– როცა თავისუფლებას მოწყურებული ამნაირი დემოკრატიული სახელმწიფოს სათავეში უხეირო მერიქიფენი დგანან, ეს სახელმწიფო ზომაზე მეტად თვრება თავისუფლების წმინდა და გაუზავებელი ღვინით, ხოლო მმართველებს, თუ ისინი საკმაოდ თვინიერნი არ არიან და სრულ თავისუფლებას არ ანიჭებენ ყველას, ბრალს სდებს და მკაცრად სჯის კიდეც, როგორც უკეთურ ოლიგარქებს.

– დიახ, ასედაც ხდება.

– ხელისუფალთა მორჩილ მოქალაქეებს იქ აბუჩად იგდებენ და ნებაყოფლობით მონებს უწოდებენ, სამაგიეროდ ქვეშევრდომებს, რომლებიც მმართველებს ჰგვანან, და მმართველებს, ქვეშევრდომებს რომ მოგვაგონებენ, ქება-დიდებით იხსენიებენ და პატივს სცემენ როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაშიაც. განა ამნაირ სახელმწიფოში ყველაზე თანაბრად არ ვრცელდება თავისუფლების სული?

– რა თქმა უნდა.

– ის, ჩემო მეგობარო, ოჯახებშიაც აღწევს, ასე რომ, ანარქია, ბოლოს და ბოლოს, თვით ცხოვრებასაც მოიცავს.

– ეგ როგორ უნდა გავიგოთ?

– როგორ და ისე, რომ მამა, მაგალითად, ეჩვევა ისე ეპყრობოდეს შვილს, როგორც თანასწორს და ეშინოდეს კიდეც შვილებისა, შვილი კი მამას უტოლებს თავს და აღარც მისი პატივისცემა აქვს, აღარც შიში და კრძალვა, რადგანაც თავისუფლება სწყურია. ახალმოსახლე ძირძველ მოქალაქეს უტოლდება, ეს უკანასკნელი კი – ახალმოსახლეს, და იგივე ითქმის უცხოელების მიმართაც.

– ასეა.

– ამას ზედ ერთვის ბევრი სხვა წვრილმანიც: ამნაირ ვითარებაში მასწავლებელს მოსწავლეებისა ეშინია და ამიტომაც ეპირფერება მათ, მოსწავლეები კი არაფრად აგდებენ მასწავლებლებს და აღმზრდელებს. ახალგაზრდები უფროსებს ბაძავენ და სიტყვით თუ საქმით ეჯიბრებიან მათ, უფროსები კი, თავიანთი მხრივ, ცდილობენ მიესადაგონ ახალგაზრდებს და ერთავად ოხუნჯობენ და ლაზღანდარობენ, რათა აუტანელ დესპოტებად არ ჩანდნენ ხალხის თვალში.

– ყველაფერი მართლაც ასეა.

– მაგრამ უკიდურესი თავისუფლება, რაც ნიშნეულია ამნაირი სახელმწიფოსათვის, ისაა, ჩემო მეგობრებო, რომ ნაყიდი მონები თუ მონა ქალები სულაც არ არიან ნაკლებ თავისუფალნი, ვიდრე მათი მყიდველნი. კინაღამ დამავიწყდა მეთქვა, სანამდის მიდის თავისუფლება ქალებისა კაცების მიმართ და პირიქით.

– რატომ არ უნდა ითქვას ის, რაც, ესქილეს მიხედვით, «ეს-ესაა მოგვადგა პირზე»?

– მეც სწორედ მაგას ვაპირებ. ახლა იმას აღარ იკითხავ, რამდენად უფრო თავისუფლად გრძნობენ აქ თავს შინაური ცხოველები, ვიდრე სხვაგან? არც კი დაიჯერებ, ვიდრე შენი თვალით არ ნახავ. ანდაზისა არ იყოს, «რაღა ძაღლები და რაღა მათი ქალბატონებიო». ცხენები და ვირები ისე ლაღად და თავისუფლად დათარეშობენ, რომ ვაი იმას, ვინც გზას არ დაუთმობს მათ. ერთის სიტყვით, თავისუფლება კალაპოტში ვეღარ ეტევა.

– თითქოს საკუთარ სიზმარს მიყვები. როგორც კი სოფელში ჩავალ, სულ ამ დღეში არა ვარ?

– ახლა, თუ ყოველივე ამას შევაჯამებთ, როგორც თვითონვე ხვდები, მთავარი ის იქნება, რომ მოქალაქეთა სული მეტისმეტად მგრძნობიარე ხდება თვით წვრილმანების მიმართ. ყოველგვარი ძალდატანება ისეთ აღშფოთებას იწვევს მათში, თითქოს ეს სრულიად დაუშვებელი რამ იყოს. ბოლოს და ბოლოს, ხომ გესმის, იქამდის მივა საქმე, რომ არავითარ ანგარიშს აღარ გაუწევენ კანონებს, არც დაწერილს და არც დაუწერელს, რათა ვეღარავინ მბრძანებლობდეს მათზე.

– ყველაფერი მშვენივრად მესმის.

– ჰოდა, მე თუ მკითხავ, ჩემო მეგობარო, სწორედ ამნაირი მმართველობიდან, ჭაბუკურად თავგასული და მომხიბლავი მმართველობიდან იღებს დასაბამს ტირანია.

– მართლაც რომ თავგასულია. მაგრამ შემდეგ რა ხდება?

– იგივე სნეულება, რამაც თავი იჩინა ოლიგარქიულ სახელმწიფოში და დააქცია ის, თვითნებობის გამო კიდევ უფრო მძაფრად ვითარდება აქ და მთლიანად იმონებს დემოკრატიას. მართლაც, ყოველივე მეტისმეტი მძაფრ უკუქმედებას იწვევს ნებისმიერი საგნისა თუ მოვლენის – ამინდის, მცენარეებისა თუ სხეულების მხრივ, რასაც არანაკლებ ავლენენ სახელმწიფო წყობილებანი.

– რა თქმა უნდა.

– მეტისმეტი თავისუფლება როგორც ადამიანის, ისე სახელმწიფოსათვისაც, როგორც ჩანს, მეტისმეტ მონობად იქცევა.

– ცხადია.

– ასე რომ, ტირანია რომელიმე სხვა წყობილებიდან კი არა, დემოკრატიიდან იღებს დასაბამს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკიდურესი თავისუფლებიდან იბადება უმძიმესი და უსასტიკესი მონობა.

– მართლაც.

– მაგრამ, მე მგონია, ამას კი არ მეკითხებოდი, არამედ გინდოდა გაგეგო, რა არის ეს სნეულება, დემოკრატიასაც ისევე რომ ვნებს, როგორც ოლიგარქიას, და მთლიანად იმონებს მას.

– მართალს ბრძანებ, – თქვა მან.

– ზემოხსენებულ სნეულებად მე მიმაჩნია მოქალაქეთა ახალი ფენის – მოცლილთა და მფლანგველთა გაჩენა, რომელთაგანაც უფრო მამაცნი წინ მიუძღვიან დანარჩენებს, უფრო მხდალნი კი კუდში მისდევენ მათ. ისინი ჩვენ შევადარეთ მამალ ფუტკრებს: პირველნი ბასრი ნესტრებით არიან აღჭურვილნი, მეორენი კი არა.

– სწორია.

– ორივე ეს ფენა გაჩენისთანავე ისე ამღვრევს სახელმწიფოს პოლიტიკურ წესრიგს, როგორც ანთება ან ნაღველი – სხეულს. კარგმა ქირურგმა და სახელმწიფო კანონმდებელმა მათ წინააღმდეგ დროულად უნდა მიიღონ ზომები, როგორც მარჯვე მეფუტკრემ, რათა არ დაუშვან მამალი ფუტკრების გაჩენა, ხოლო თუ ამას ვერ შესძლებენ, სკას ფიჭასთან ერთად უნდა ამოარიდონ ისინი.

– ვფიცავ ზევსს, ეს აუცილებელია.

– ახლა კი, აი, როგორ უნდა მოვიქცეთ, რათა უფრო ნათლად გავარჩიოთ ის, რაც გვსურს.

– როგორ?

– სახელმწიფო აზრით გავყოთ სამ ნაწილად, რომელთაგანაც შედგება ის სინამდვილეში. პირველი ნაწილი მამალი ფუტკრების ფენა იქნება, თვითნებურად რომ მრავლდებიან აქ, მაგრამ არა ნაკლებ, ვიდრე ოლიგარქიული წყობილების პირობებში.

– ასეა.

– მაგრამ აქ ის გაცილებით უფრო შხამიანია, ვიდრე იქ.

– რატომ?

– ოლიგარქიულ სახელმწიფოებში მათ პატივს კი არ სცემენ, არამედ დაკავებულ თანამდებობებსაც ატოვებინებენ, ასე რომ, ვერც ხელს მოითბობენ და ვერც გაძლიერდებიან. დემოკრატიულ სახელმწიფოში კი ისინი თითქოს ერთპიროვნულად მბრძანებლობენ. ყველაზე შხამიანი ფუტკრები ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს წარმოსთქვამენ და თამამად მოქმედებენ, დანარჩენები კი კათედრებთან იყრიან თავს, გაშმაგებით ბზუიან და პირს უკუპრავენ ყველა მოწინააღმდეგეს. ასე რომ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა საქმეს, იშვიათ გამონაკლისთა გარდა, სწორედ ეს ხალხი განაგებს.

– მართალს ბრძანებ.

– ბრბოს ყოველთვის გამოეყოფა კიდევ ერთი ნაწილი...

– რომელი?

– საქმოსნებიდან, უმეტესწილად, ყველაზე მეტად მდიდრდებიან თავიანთი ბუნებით ყველაზე მოწესრიგებულნი.

– როგორც ჩანს.

– მამალი ფუტკრებიც სწორედ მათგან აგროვებენ ყველაზე მეტ თაფლს.

– ვისაც ცოტა აქვს, რას გამორჩები?

– ამნაირ მდიდრებს, ჩვეულებრივ, მამალი ფუტკრების ყვავილებს უწოდებენ.

– დიახ, ესაა მათი სახელი.

– მესამე ნაწილს ხალხი შეადგენს – ვინც თავისი ხელითა შრომობს, ვისთვისაც უცხოა საქმოსნობა და ვისაც თითქოს არაფერი არ აბადია. დემოკრატიულ სახელმწიფოში ისინი ყველაზე მრავალრიცხოვანნი არიან და ყველაზე ძლიერნიც, როცა ერთად იყრიან თავს.

– ასეა, – თქვა მან, – მაგრამ რატომღაც ნაკლებად იჩენენ თავშეყრის სურვილს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა თავიანთ წილ თაფლს ვეღარ იღებენ.

– კი მაგრამ, განა ყოველთვის არ იღებენ თავიანთ წილს, რაკიღა ხელისუფლებას შეუძლია მდიდრებს ჩამოართვას მათი ქონების ნაწილი და ხალხს დაურიგოს? თუმცა მეტ წილს ხელისუფალნი თავისთვის იტოვებენ.

– ხალხი სწორედ ასე იღებს ხოლმე რაღაცას.

– ხოლო ისინი, ვისაც ქონებას ართმევენ, იძულებულნი არიან თავი დაიცვან, სიტყვით გამოდიან ხალხის თავყრილობებზე და მიზნის მისაღწევად არც სხვა საშუალებებზე ამბობენ უარს.

– რა თქმა უნდა.

– თუმცა სახელმწიფო გადატრიალებასაც რომ არ ამზადებდნენ, ვიღაცა მაინც გამოვა და ბრალს დასდებთ, ხალხის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ და ოლიგარქობას მიელტვიანო.

– დიახ.

– ბოლოს და ბოლოს, როცა დაინახავენ, რომ ცილისმწამებლების მიერ გაბრიყვებული ხალხი ბოროტების კი არა, უცოდინარობის გამო მზადაა გაუსწორდეს მათ, ისინი უკვე ძალაუნებურად ხდებიან ოლიგარქიის მომხრენი. ეს მათი ბრალი არ არის: მამალმა ფუტკარმა მოწყლა და გააბოროტა ისინი.

– მართალს ბრძანებ.

– იწყება ბრალდება, სასამართლოებში ჩივილი, ცილობა და დავიდარაბა.

– რა თქმა უნდა.

– ხალხს კი ხომ იცი, რაც სჩვევია: საგანგებოდ ირჩევდეს ერთს, თაყვანს სცემდეს და ადიდებდეს.

– მართლაც რომ ასე სჩვევია.

– მაშასადამე, ცხადია, რომ ტირანის გამოჩენისთანავე, ის ყოველთვის სწორედ ამ ფესვიდან ამოიზრდება, როგორც ხალხის ბელადი.

– დიახ, ცხადია.

– კი მაგრამ, რითი იწყება ამ ბელადის ქცევა ტირანად? თუმცა აშკარაა, რომ ეს იწყება სწორედ მაშინ, როცა ის იმასვე სჩადის, რასაც გადმოგვცემს თქმულება ზევს ლიკეელის ტაძრის შესახებ, რომელიც მდებარეობს არკადიაში.

– მაინც რას გადმოგვცემს?

– ვინც სამსხვერპლო ხორცთან ერთად ადამიანის წვრილად დაკეპილ შიგანსაც იგემებს, აუცილებლად მგლად უნდა იქცეს. ან იქნებ არ გაგიგია ეს თქმულება?

– გამიგია.

– ასე ხალხის ბელადიც, რომელმაც იცის, რომ ბრბო მისი მონა-მორჩილია, უკვე აღარ ერიდება თვისტომთა სისხლის დაღვრას; პირიქით, უსამართლო ბრალდებით სასამართლოს წარუდგენს მათ და უდანაშაულო მსხვერპლთა სისხლით იბღალავს სულს, თავისი უწმინდური ბაგეებითა და ენით თქვლეფს თვისტომთა სისხლს და განდევნილთა და სიკვდილით დასჯილთა ხარჯზე ჰპირდება ხალხს ვალების ჩამოწერასა და მიწა-წყლის გადანაწილებას. განა ყოველივე ამის ჩამდენი კაცი საიმისოდ განწირული არ არის, რომ ან მტრებმა მოუსწრაფონ სიცოცხლე, ანდა ტირანად ქცეული მგლად გარდაისახოს?

– უცილობლად, – თქვა მან.

– აი, ვინ ამბოხებს ხალხს მდიდრების წინააღმდეგ.

– დიახ.

– თუ მარცხი განიცადა და განდევნეს, მაგრამ, თავისი მტრების სავალალოდ, კვლავ მოახერხა დაბრუნება, უკვე ჩამოყალიბებულ ტირანად ბრუნდება უკან.

– როგორც ჩანს.

– მაგრამ თუ მტრებმა კვლავ ვერ დაამხეს, ან ხალხს ვერ წაჰკიდეს და ვერც ის შესძლეს, რომ სიკვდილით დაესაჯათ, მაშინ უთუოდ ეცდებიან ქურდულად მოკლან იგი.

– ჩვეულებრივ, ასედაც ხდება.

– აქედან – ტირანთა საყოველთაოდ ცნობილი მოთხოვნა: როგორც კი ძალაუფლებას იგდებენ ხელთ, საგანგებო ბრძანებით ინიშნავენ სხეულის მცველებს, რათა ხალხის მწეს და მეოხს არა ევნოს რა.

– ასეა, – თქვა მან.

– და ხალხიც, რა თქმა უნდა, თანახმაა სხეულის მცველები იყოლიოს, რადგანაც ეშინია, ფათერაკს არ წაეკიდოსო, თავისი სიცოცხლე კი არ ადარდებს, რადგანაც საიმედოდ დაცული ჰგონია იგი.

– რა თქმა უნდა.

– ამის შემყურე მდიდარი კაცი, რომელმაც იცის, რომ თავისი სიმდიდრის გამო ხალხის თვალში ისედაც საეჭვო ჩანს, დაუყოვნებლივ იზიარებს მისნის მიერ კრეზუსისთვის მიცემულ რჩევას:

«მსწრაფლ მიაშურე კენჭმრავალ ჰერმოსს,

და საერთოდაც ნუ უფრთხი იმას,

ვაითუ ხალხმა მხდლად შემრაცხოსო».

– მეორედ ვეღარავინ შესძლებდა მის დაფრთხობას.

– გაქცეული ხელში რომ ჩაეგდოთ, სიკვდილით დასჯა არ ასცდებოდა.

– რაც შეეხება ხალხის ბელადს, მასზე, ალბათ, ვერავინ იტყვის –

«როცა დაეცა, ვეება ტანით მისებრ ვეება სივრცე დაფარა», –

პირიქით, თვითონ დასცემს და დაამხობს ურიცხვ მტერს, სახელმწიფოს საჭესთან უკვე არა ბელადად, არამედ ნამდვილ ტირანად მდგარი.

– ასეც იყო მოსალოდნელი.

– ხომ არ განვიხილოთ ამ კაცისა და იმ სახელმწიფოს ბედნიერება, რომელსაც ევლინება ამნაირი მოკვდავი?

– რასაკვირველია, უნდა განვიხილოთ.

– თავდაპირველად ის ალერსით უღიმის ყველას, ვისაც კი ხვდება, და თავგამოდებით ამტკიცებს, ჩემი ტირანობა ვის გაუგიაო? ათას რამეს ჰპირდება კერძო პირებსაც და საზოგადოებასაც: ვალებს ჩამოგაწერთ და მიწის ნაკვეთებს დაგირიგებთ თქვენცა და ჩემს მცველებსაცო, და, საერთოდ, ცდილობს, ყველას კეთილმოწყალედ და თვინიერად მოაჩვენოს თავი.

– უცილობლად.

– ხოლო როცა მტერთაგან ზოგს დაუზავდება, ზოგს კი მოსპობს, ასე რომ, მის კეთილდღეობას ვეღარავინ დაემუქრება, მისი პირველი საზრუნავი, ალბათ, ის იქნება, რომ ომში ჩაითრიოს ხალხი, რათა ის გამუდმებით გრძნობდეს ბელადის აუცილებლობას...

– ცხადია.

– ...და რათა გადასახადებით გაღატაკებულ ხალხს დღიდან დღემდე ძლივს გაჰქონდეს თავი და შეთქმულებაზე ფიქრიც კი აღარ შეეძლოს.

– რა თქმა უნდა.

– ხოლო თუ შენიშნავს, რომ ზოგიერთ მეტისმეტად თამამად და თავისუფლად მოაზროვნეს არ შეუძლია მის მბრძანებლობას დაემორჩილოს, ომი საკმაო საბაბია მისთვის, რათა ცილი დასწამოს ამ ხალხს – მტერს მიეყიდნენო, და ისინი საიქიოს გზას გაუყენოს. ყოველივე ამის გამო ტირანი იძულებულია ომის მუდმივი საშიშროებით აფრთხობდეს და აფორიაქებდეს ხალხს.

– ჭეშმარიტად.

– მაგრამ ამნაირი ქცევით ის სულ უფრო და უფრო მეტად შეაძულებს თავს მოქალაქეებს.

– აუცილებლად.

– ამასობაში ზოგიერთები, ხელი რომ შეუწყეს მის აღზევებას და დიდი გავლენით სარგებლობენ სახელმწიფოში, არა მარტო ზურგსუკან დასძრახავენ იმის გამო, რაც ხდება, არამედ მათ შორის ყველაზე გაბედულნი პირისპირაც თამამად მოახსენებენ თავიანთ აზრს.

– ალბათ.

– ძალაუფლების შესანარჩუნებლად ტირანი იძულებული იქნება მუსრი გაავლოს ყველას, ასე რომ, ბოლოს და ბოლოს, მეგობრებს ვინ ჩივის, რიგიანი მტერიც აღარ შერჩება.

– ცხადია.

– მაშასადამე, ტირანი ფხიზლად უნდა ადევნებდეს თვალს, ვინ არის მამაცი, ვინ არის დიდსულოვანი, ვინ ჭკვიანი ან მდიდარი, რადგანაც მისი კეთილდღეობა იმაზეა დამოკიდებული, რომ, უნდა თუ არა, ყველას მახეს უგებდეს, ვიდრე სახელმწიფოს მთლიანად არ გაწმენდს მათგან.

– უკეთესი გაწმენდა აღარ იქნება.

– დიახ, ეს მკვეთრად უპირისპირდება იმას, რასაც სნეულის გასაწმენდად იყენებენ ექიმები, ყოველივე ცუდისა თუ უკეთურისაგან რომ წმენდენ სხეულს და მხოლოდ კარგს ტოვებენ მასში. აქ კი პირიქითაა საქმე.

– როგორც ჩანს, ტირანი მართლაც იძულებულია ასე მოიქცეს, თუკი სურს ძალაუფლება შეინარჩუნოს.

– ასე რომ, ის შეკრულია ნეტარი აუცილებლობით: ან უკეთურთა ხროვაში იცხოვროს, რომელთაც ჭირივით სძულთ იგი, ან სიცოცხლეს გამოეთხოვოს.

– დიახ, შეკრულია.

– ისიც ხომ ცხადია, რომ რაც უფრო საძულველი ხდება მოქალაქეებისათვის თავისი ქცევით, მით უფრო მეტად სჭირდება მრავალრიცხოვანი და ერთგული სხეულის მცველნი.

– რა თქმა უნდა.

– კი მაგრამ, სად არიან ეს ერთგულნი? საიდან მოიყვანოს ისინი?

– თავისით მოფრინდებიან, რამდენიც უნდა, თუკი ფულს არ დაიშურებს.

– ვფიცავ ძაღლს, მე მგონია შენ ისევ გადამთიელ მამალ ფუტკარზე ჩამოაგდე სიტყვა.

– გგონია და არცა სცდები.

– კი მაგრამ, ვითომ ტირანი დაიწუნებს ადგილობრივ სხეულის მცველებს?

– დაწუნებით კი არ დაიწუნებს, მაგრამ სად იშოვის?

– როგორ თუ სად? ადგება და მოქალაქეებს ჩამოართმევს მონებს, თავისუფლებას მიანიჭებს და თავის მცველებად დანიშნავს მათ.

– ნამდვილად; თანაც მათზე ერთგულს ვერავის ნახავს.

– შენ თუ გერწმუნეთ, ბედნიერი კაცი ყოფილა ეს ჩვენი ტირანი, რაკიღა ერთგულ მეგობრებად ამნაირი ხალხი ჰყავს, მაშინ როდესაც ნამდვილი მეგობრებიდან ერთიც არ დატოვა ცოცხალი.

– ეტი რა გზა აქვს, ამნაირებს უნდა დასჯერდეს.

– თაყვანისმცემლებად თანამზრახველნი ეყოლება, მეგობრებად კი – ახალი მოქალაქენი; რაც შეეხება პატიოსან ხალხს, ტირანი სიძულვილისა და ზიზღის ღირსი იქნება მისთვის.

– უცილობლად.

– როგორც ჩანს, ტრაგედიას ტყუილად როდი მიიჩნევენ სიბრძნის ხელოვნებად, ხოლო ამ მხრივ ყველაზე მაღლა დგას ევრიპიდე.

– ვითომ რატომაო?

– იმიტომ, რომ სწორედ მას ეკუთვნის ეს ღრმააზროვანი გამონათქვამი:

«ტირანთა ბრძნობის ბრძენთა ძმობა არის მიზეზი».

ხომ ხედავ, მისი აზრით, ტირანები ბრძენკაცებთან რომ მეგობრობენ.

– თანაც როგორ აქებს და ადიდებს, ტირანის ძალაუფლებას კი ღვთაებრივად სახავს, სხვა მისთანათა ქება-დიდებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რაშიაც მას დიდად როდი ჩამორჩებიან დანარჩენი პოეტები.

– ჰოდა, რაკი ტრაგიკოსი პოეტები ასე გაბრძნობილნი არიან, დაე, მოგვიტევონ ჩვენცა და ჩვენს თანამოაზრეებსაც, თუ ჩვენს სახელმწიფოში არ მივიღებთ მათ, როგორც ტირანული ძალაუფლების მეხოტბეებს.

– მე მგონია, მოგვიტევებენ, მათ შორის ყველაზე გონიერნი მაინც.

– ქალაქიდან ქალაქში რომ დადიან, მრავალრიცხოვან ბრბოებს უყრიან თავს და მშვენიერი და ძლიერი ხმის მქონე შემსრულებლებს ქირაობენ, – ისინი დემოკრატიისა და ტირანიის დამყარებისაკენ მოუწოდებენ ხალხს.

– და მერე როგორი თავგამოდებით მოუწოდებენ.

– მეტიც, საზღაურსაც იღებენ და მათ ყველაზე დიდ პატივს მიაგებენ, ჯერ ერთი, ტირანები და, მეორეც, დემოკრატები, მაგრამ რაც უფრო მაღლა მიიწევენ სახელმწიფო თანამდებობების კიბეზე, მით უფრო კნინდება მათი დიდება, თითქოს სუნთქვა აღარ ჰყოფნით და აღმასვლა უძნელდებათო.

– მართლაც.

– მაგრამ ჩვენს სათქმელს გადავუხვიეთ, ამიტომ, მოდი, კვლავ ტირანის დიდებულ, მრავალრიცხოვან, ჭრელსა და გამუდმებით ცვალებად ლაშქარს მივუბრუნდეთ და ვნახოთ, როგორ ინახავს მას.

– თუ სახელმწიფოში წმინდა საუნჯენი მოეძებნება, ეტყობა, სწორედ მათ ხარჯზე, და ამითი ფარავს გასავალს, რისი მეოხებითაც გადასახადებით არა ხდის სულს მოქალაქეებს.

– მაგრამ როცა ეს წყარო დაიწრიტება?

– მაშინ ის თავის თავსაც, თავის თანამზრახველთაც, მეგობრებსაც და ხარჭებსაც მათი მამების სახსრებით არჩენს.

– გასაგებია: რახან ხალხმა შვა, მანვე უნდა არჩინოს ტირანიც და მისი ამალაც.

– მეტი რა გზა აქვს.

– რას ამბობ, ადამიანო? ხალხი რომ აღშფოთდეს და თქვას: სად გაგონილა, დავაჟკაცებულ შვილს მამა არჩენდეს? პირიქით, მამას უნდა არჩენდეს შვილი; და მართლაც, იმისთვის როდი აჩუქა სიცოცხლე და დააფრთიანა, რომ მისი დავაჟკაცების შემდეგ თავისი საკუთარი მონების მონად ქცეულიყო და შვილთან ერთად მონებისა და არამზადების ხროვაც ერჩინა, არამედ იმისათვის, რომ აღზევებული შვილის მეოხებით განთავისუფლებულიყო მდიდრებისა და ეგრეთწოდებულ ღირსეულთა ბატონობისგან; ახლა კი თავის თანამზრახველებთან ერთად ისევე აძევებენ სახელმწიფოდან, როგორც მამა აძევებს სახლიდან შვილს მის უღირს თანამეინახეებთან ერთად.

– ვფიცავ ზევსს, მაშინ კი მიხვდება ხალხი, რა ხვითოც შვა და ნებიერადაც აღზარდა; მაშინღა იგრძნობს, რა ძალის მქონენი არიან ისინი, ვის განდევნასაც თავისი სუსტი ძალებით ცდილობს.

– რას ამბობ? განა ტირანი გაბედავს ძალმომრეობა გამოიჩინოს მამის მიმართ, და თუ მან უკან არ დაიხია, ხელიც კი აღმართოს მასზე?

– დიახ, – თქვა მან, – მას შემდეგ, რაც იარაღს აჰყრის.

– მაშასადამე, შენ მამისმკვლელად და მოხუცი მშობლების უღირს მარჩენლად მიიჩნევ ტირანს? ეტყობა, ესაა ტირანიული ძალაუფლების საყოველთაოდ აღიარებული თავისებურება. როგორც იტყვიან, «კვამლს გაექცა და ცეცხლში ჩავარდაო». ისეა სწორედ: თავისუფალ ადამიანთა მბრძანებლობას გარიდებული ხალხი დესპოტური ძალაუფლების მონობაში ამოყოფს თავს და მეტისმეტ თავისუფლებას ყველაზე მძიმე და აუტანელ მონობაზე – მონების მონობაზე გაცვლის.

– ყოველთვის ასე ხდება.

– მაშ, ასე, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ჩვენ სავსებით საკმარისად ვილაპარაკეთ იმის თაობაზე, თუ როგორ იბადება ტირანია დემოკრატიისაგან და როგორია მისი თავისებურებანი.

– დიახ, სავსებით საკმარისად.

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება პლატონის ამ დიალოგის (სახელწმიფო) მერვე წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური.

ტეგები: Qwelly, დიალოგი, პლატონი, სახელმწიფო, სოკრატე, ფილოსოფია, ქველი

ნახვა: 582

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp: The Forester is one of the attenuate examples

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 6:37am 0 კომენტარი

Pros Is able to activity adjoin the majority of PvE enemies about absolutely safely. Can annihilate an adversary afterwards them alike actuality able to acknowledge with the appropriate Ability bureaucracy and complete aim. Is able to add accession band of aberration to opponents block them application their traps. Has acquiescent healing with the Acreage Ration Ability Is a chic with abundant alternation acceleration acceptation doors, campfires, animate shrines, and accessories all actuate… გაგრძელება

MMOexp: Sincere extra critical part of Diablo 4's lore

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 5:50am 0 კომენტარი



The Comeback of the Horadric dice in Diablo 4? Examples of Diablo 4 runes. Effect Runes and situation Runes. No longer very last versions.

Snowstorm has determined that the franchise can be returning to its well-known Diablo 4 roots in the approaching call. While heaps of that is innovative and tale-driven exalternate, snowstorm furthermore discovered that runes and runewords from Diablo 4 are being reintroduced. This makes it very possible that Horadric cube should make a…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters