რენე დეკარტი - მეტაფიზიკური მედიტაციები

მესამე მედიტაცია

რენე დეკარტი, დეკარტე, მეტაფიზიკა, მედიტაცია, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

ღმერთის შესახებ დამტკიცება, რომ იგი არსებობს

      ახლა დავხუჭავ თვალებს, დავიცობ ყურებს, ყველა ჩემს გრძნობას ჩამოვიცილებ, ჩემი გონებიდან ამოვძირკვავ ყველა სხეულებრივი საგნის ხატს, ანდა, რაკი ეს თითქმის შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, მათ ჩავთვლი არაფრად - ფუჭად და მცდარად; მხოლოდ საკუთარ თავთან საუბრითა და ღრმა თვითგანხილვით შევეცდები, თანდათანობით, მეტად და ახლოს გავიცნო ჩემი თავი. მე ვარ ისეთი არსება, რომელიც აზროვნებს, ე.ი. რომელიც ეჭვობს, ამტკიცებს დადებითად, უარყოფს, იცის ძალზე ცოტა, არ იცის ბევრი რამ, რომელსაც სურს, არ სურს, აქვს წარმოდგენა და გააჩნია გრძნობა. როგორც ზემოთ შევნიშნე, შეიძლება საგნები, რომელთაც მე შევიგრძნობ ან წარმომიდგენია, ჩემ გარეშე თავისთავად არც არსებობს, მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ აზროვნების ეს მოდალობები[1] - ჩემი სახელდებით შეგრძნებები და წარმოდგენები, რაკი ისინი მხოლოდ აზროვნების გარკვეული მოდუსებია, არიან ჩემში. ამ ერთი-ორი სიტყვით, მგონი, გამოვთქვი ყველაფერი, რაც ვიცი უეჭველად ანდა, ყოველ შემთხვევაში, აქამდე მეგონა, რომ ვიცოდი.

      ახლა კი ჩემი ცოდნის შემდგომი გაფართოებისა და საგულდაგულოდ გამოკვლევის მიზნით ყურადღებას მივაპყრობ - ხომ არ არის ჩემში სხვა საგნები, რომლებისკენაც აქამდე არ მიმიმართავს ჩემი მზერა. დარწმუნებული ვარ, რომ მე ვარ მოაზროვნე არსება. ასევე განა არ ვიცი, თუ რა არის საჭირო, რათა საერთოდ დავრწმუნდეთ რაიმეში? ცხადია, ამ პირველ ცოდნაში სხვა არაფერია, თუ არა ნათელი და გარკვეული აღქმა იმისა, რასაც მე ვამტკიცებ; ეს კი, მართლაც, არ იკმარებდა საგნის ჭეშმარიტებაში ჩემს დასარწმუნებლად, თუ ოდესმე საგანი, ჩემი ესოდენ ნათელი და გარკვეული აღქმის ობიექტი, აღმოჩნდებოდა მცდარი; აქედან გამომდინარე, უკვე მეჩვენება, რომ შემიძლია ზოგად წესად დავადგინო შემდეგი: ყველაფერი, რასაც მე ვწვდები ნათლად და გარკვევით, ჭეშმარიტია.

      მაგრამ ადრეც ხომ დავუშვი, რომ მრავალი საგანი აბსოლუტურად უეჭველი და ცხადია, მოგვიანებით კი მივხვდი, რომ ისინი მცდარი იყო. რა იყო ეს საგნები? ეს იყო მიწა, ცა, მნათობები და ყველა სხვა არსებული, რომელთაც მე აღვიქვამდი გრძნობების მეშვეობით. რას შევიცნობდი ნათლად და გარკვევით მათ შესახებ? ეს იყო თავად იდეები, ე.ი. მხოლოდ აზრები ამგვარ არსებულებზე, რომლებიც წარმოუდგებოდა ჩემს გონებას; და თვით ამჟამადაც არ უარვყოფ, რომ ეს იდეები კვლავ ჩემშია დამკვიდრებული. მაგრამ იყო ერთი სხვა ვითარებაც /ლა ცჰოსე/, რომლის არსებობასაც ვამტკიცებდი და კიდეც მჯეროდა, რომ ნათლად აღვიქვამდი ჩემი იმ რწმენის ნებით, რომ ის არსებობდა, სინამდვილეში კი მე ვერ აღვიქვამდი მას: თითქოს ჩემ მიღმა არსებობდა საგნები და ეს იდეებიც - ორეულები აღნიშნული საგნებისა, მათგან მომდინარეობდა. აქ ან ვცდებოდი ან, ყოველ შემთხვევაში, ჩემი მსჯელობა თუ ჭეშმარიტი იყო, ამის მიზეზი არ იყო ჩემი პერცეფციის ღირსება.

      რაშია საქმე! როდესაც მე ვიხილავდი ძალზე მარტივსა და იოლ ვითარებას არითმეტიკასა თუ გეომეტრიაში, მაგალითად, ორს მივუმატოთ სამი ან სხვა მისთანებს, განა იმდენად ნათლად არ მესმოდა ისინი, რომ არ მემტკიცებინა მათი ჭეშმარიტება? ცხადია, თუ მე ვლაპარაკობდი ამ ვითარებებში დაეჭვების შემდგომ შესაძლებლობაზე, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ აზრად მომდიოდა შემდეგი - რომელიღაც ღმერთს შეეძლო ჩემთვის ერგუნებინა ისეთი ბუნება, რომ იოლად შევმცდარიყავი იმაშიც კი, რაც ყველაზე ცხადი მეგონა. ყოველთვის, როგორც კი ეს წინასწარ აკვიატებული აზრი ღმერთის ყოვლისშემძლეობაზე გამიელვებს, არ შემიძლია, არ ვაღიარო, რომ იგი, თუ ინებებს, იოლად მაიძულებს, ვცდებოდე იმ საგნების მიმართაც კი, რომელთაც, დარწმუნებული ვარ, გონების თვალით ვჭვრეტ და შეძლებისდაგვარად ცხადი ინტუიციაც მაქვს; და პირიქით, ყოველთვის, როდესაც ვუბრუნდები თვით ისეთ საგნებს, რომელთაც მგონია ძალზე ნათლად აღვიქვამ, ისინი ისე ღრმად მარწმუნებენ, რომ უნებურად წარმოვთქვამ ამ სიტყვებს: ვისაც ენებოს, დაე, მან სცადოს ჩემი მოტყუება, იგი მაინც ვერასოდეს მოახერხებს, რომ მე არაფერი ვიყო, ვიდრე ვიფიქრებ, რომ მე რაღაც ვარ, ან ერთ დღეს ჭეშმარიტი გახადოს, თითქოს მე არასოდეს ვყოფილვარ, რაკი ამჟამად ჭეშმარიტია ის, რომ მე ვარ; შესაძლოა, ჭეშმარიტებად გაასაღოს ისიც, რომ ორს მიმატებული სამი ხუთზე მეტი ან ნაკლებია, ან სხვა მისთანანი, ყოველივე ამაში მე ვხედავ აშკარა წინააღმდეგობას.

      ცხადია, რაკი არავითარი საფუძველი არ გამაჩნია, ვირწმუნო რომელიმე ისეთი ღმერთის არსებობა, რომელიც შეცდომაში შემიყვანდა და რაკი ჯერ საბოლოოდ ისიც არ ვიცი, არსებობს თუ არა ღმერთი, ეჭვის მიზეზი, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ ამ შეხედულებაზე, ძალზე არასერიოზულია და, ასე ვთქვათ, მეტაფიზიკური. მაგრამ იმისათვის, რომ იგი უკუვაგდოთ, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება, უნდა გავერკვიო - არის თუ არა ღმერთი და თუ არის, შეიძლება იყოს თუ არა იგი მატყუარა; რაკი ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ოდესმე ვერც შევძლებ სრულად ვირწმუნო რაიმე სხვა. ამჟამად, ეტყობა, მწყობრი აზროვნება ითხოვს, რომ დავიწყო ყველა ჩემი ნააზრევის განსაზღვრული წესით დაყოფა და ძიება იმისა, ბოლოს და ბოლოს მათგან კერძოდ რომლებში არის ჭეშმარიტება, ან რომლებში მცდარობა.

      ზოგიერთი ამ აზრთაგანი საგნის ხატებაა და არსებითად სწორედ მას შეესაბამება იდეის სახელიც. მაგალითად, როდესაც მე წარმოვიდგენ: ადამიანი, ან ქიმერა, ან ცა, ან ანგელოზი, ღმერთიც კი. სხვა აზრებს, გარდა ამისა, ცოტაოდენ სხვა ფორმებიც გააჩნიათ; მაგალითად, როდესაც მე მსურს, მეშინია, ვამტკიცებ დადებითად, უარვყოფ, ამ დროს ყოველთვის კარგად ვაგნებ რაღაც არსებულს, როგორც ჩემი აზროვნების სუბიექტს[2] / le sujet/, მაგრამ ამგვარი აზროვნება რაღაც უფრო მეტია, ვიდრე ამ არსებულის მსგავსება. ამ აზრთა ნაწილი იწოდება სურვილად ანუ აფექტად, დანარჩენი - მსჯელობად. რაც შეეხება იდეებს. თუ მათ განვიხილავთ ცალკე, თავისთავად, რაიმე სხვა საგანთან მიმართების გარეშე, მაშინ ისინი, კაცმა რომ თქვას, არც შეიძლება იყონ მცდარნი. მართლაც, თხას წარმოვიდგენ თუ ქიმერას, ერთნაირად ჭეშმარიტი იქნება ის, რომ მე ერთის წარმოდგენაც მიხდება და მეორისაც. ასევე არ უნდა შეგვაშინოს მცდარობამ სურვილებში - ანუ აფექტებში; ცხადია, მე შემიძლია ვისურვო ცუდი რამ, ანდა ისიც, რაც საერთოდ არ არსებობს; მაინც, ამის მიუხედავად, ჭეშმარიტი იქნება ის, რომ მე მსურს ისინი. ამგვარად, რჩება მხოლოდ მსჯელობები; აქ კი მმართებს სიფრთხილე, რათა არ შევცდე. მთავარი და ხშირი შეცდომა, რომელიც შეიძლება მსჯელობებში შეგვხვდეს ის არის, რომ ჩემში არსებული იდეები მსგავსია ან ესადაგება ჩემ მიღმა არსებულ საგნებს. თუ მე განვიხილავ მხოლოდ იდეებს თავისთავად, როგორც ჩემი აზროვნების გარკვეულ მოდუსებს რაიმე გარეშე საგანთან მი მართების გარეშე, მაშინ, ალბათ, შეცდომის საბაბი ძნელად გაჩნდება.

      მაგრამ ამ იდეათა შორის ზოგიერთი თანდაყოლილი მეჩვენება, ზოგი შეძენილი, ნაწილი კი თავად ჩემ მიერ შექმნილი. მართლაც, მე მაქვს იმის გაგების უნარი /ლ ’ ინტელლეცტიონ/, თუ რა არის საგანი, ჭეშმარიტება, აზროვნება და ეს თავად ჩემი ბუნებიდან მომდინარე მგონია. იმას, რომ ამჟამად მესმის ბგერა, ვხედავ მზეს, ვგრძნობ სითბოს, აქამდე ვიხილავდი როგორც ჩემ მიღმა არსებული რომელიღაც საგნის გამოძახილს. დაბოლოს, მიმაჩნდა, რომ სირინოზები, ჰიპოგრიფები31 და სხვა მის თანანი ჩემი გამოგონილია. შემიძლია ასევე დავუშვა, რომ ამ იდეებიდან ყველა შეძენილი, ან ყველა თანდაყოლილი, ანდა ყველა აბსოლუტურად ჩემგანაა შექმნილი, რადგან ჯერ კიდევ სრულად არ მიმიგნია მათი ჭეშმარიტი საწყისისათვის. აქ მთავარი საკითხი ეხება იმათ, რომლებიც ვფიქრობ, მომდინარეობენ ისეთი საგნებისაგან, რომლებიცჩემ მიღმა არსებობენ; რა საფუძველი მიბიძგებს, ჩავთვალო, რომ ეს იდეები მსგავსია აღნიშნული საგნებისა?

      მე მგონი, ეს შეხედულება ბუნებისაგან მაქვს შთაგონებული. ამას გარდა, საკუთარი გამოცდილებაც მიდასტურებს, რომ იდეები საერთოდ არ არის დამოკიდებული ჩემ ნებაზე და, მაშასადამე, არც თავად ჩემზე, რადგან ხშირად ჩემდაუნებურად აღმეძვრებიან ხოლმე. მაგალითად, ამჟამად, მსურს ეს მე თუ არა, მაინც ვგრძნობ სითბოს, 31 ჰიპოგრიფი - ანტიკურ მითოლოგიაში ფანტასტიკური ცხოველი - ნახევრად- ცხენი, ნახევრად- გრიფი. /გრიფი - ცხოველი ლომის ტანით, არწივის ფრთებით და არწივის ან ლომის თავით/. რაც მიბიძგებს ვიფიქრო, რომ ეს გრძნობა, ანუ სითბოს იდეა, ჩემში ჩნდება ჩემგან განსხვავებული რამისაგან, კერძოდ ცეცხლისაგან, რომლის ახლოსაც ვზივარ. ძალზე ბუნებრივია, დავასკვნა: ეს ჩემ გარეთ არსებული საგანი გზავნის ჩემში უმალ თავის მსგავსს, ვიდრე ნებისმიერ სხვა რამეს. საკმარისად მყარია ეს მიზეზი? ახლა სწორედ ამის განხილვა მსურს.

      როდესაც ვამბობ - ეს ბუნებისმიერი შთაგონებაა - ვგულისხმობ მხოლოდ იმას, რომ, რაღაც თვითნებური იმპულსით, მე განწყობილი ვარ ამის დასაჯერებლად, და არა იმას, რომ ბუნებრივი სინათლე მიჩვენებს მის ჭეშმარიტებას. ამ ორ აზრს შორის ძალზე დიდი სხვაობაა. ჯერ ერთი, ყველაფერი, რაც მე წარმომიდგინა ბუნებრივმა სინათლემ, მაგალითად, მე ვეჭვობ და აქედან გამომდინარეობს ის, რომ მე ვარსებობ და სხვა მისთანანი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება საეჭვო; არც არსებობს არავითარი სხვა უნარი, რომელსაც მე ამ სინათლეზე მეტად ვენდობი და რომელიც დამარწმუნებდა, რომ ეს არ არის ჭეშმარიტი. რაც შეეხება ბუნებრივ იმპულსებს - მიდრეკილებებს, მოგახსენებთ: წარსულში, როდესაც საქმე ეხებოდა სათნოებასა და მანკიერებას შორის არჩევანს, მათ ხშირად მიბიძგეს არასწორი ნაბიჯისაკენ, მაშ რატომ უნდა ვენდო ამ იმპულსებს უფრო მეტად ნებისმიერ სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას.

      რაც შეეხება იმას, რომ ეს იდეები დამოკიდებული არ არის ჩემ ნებაზე, არც ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი აუცილებლად ჩემ გარეთ არსებული საგნებიდან მომდინარეობენ. ისევე, როგორც იმპულსები, რომელთა შესახებაც ახლახან მოგახსენეთ და რომელნიც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ- შია, ჩანს, მაინც მთლიანად არ ეთანადებიან ჩემს ნებას. შესაძლებელია, ჩემში იყოს რაიმე სხვა, ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი უნარი, რომელიც წარმოშობს ამ იდეებს, ისე, როგორც აქამდე მეჩვენებოდა, რომ სიზმარში ეს იდეები ჩემში წარმოიქმნებიან თავისთავად, გარეგანი საგნების ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე.

      დაბოლოს, თუნდაც იდეები მომდინარეობდნენ ჩემ მიღმა არსებული საგნებიდან, აქედან მაინც არ უნდა დავასკვნათ, რომ ისინი მათი მსგავსია. პირიქით, ხშირად შემინიშნავს ძალზე დიდი სხვაობა საგანსა და მის იდეას შორის. მაგალითად, მე ჩემში ვპოულობ ორ სრულიად განსხვავებულ იდეას მზის შესახებ: ერთი მომდინარეობს გრძნობებიდან და უნდა მივაკუთვნოთ შეძენილ იდეათა რიცხვს; ამ იდეის თნახამად, მზე ძალზე პატარაა; მეორე მომდინარეობს ასტრონომიის დასაბუთებებიდან, ე.ი. შექმნილია იმ ცნებების საფუძველზე, რომლებიც ჩემში თანდაყოლილია, ანდა შექმნილია ჩემ მიერ რაღაც სხვა ფორმით; ამ იდეის თანახმად, მზე მეჩვენება დედამიწაზე რამდენჯერმე უფრო დიდად. ცხადია, შეუძლებელია, ეს ორი იდეა - ერთიცა და მეორეც - მსგავსი იყოს ერთი და იმავე მზისა, რომელიც არსებობს ჩემ მიღმა. გონება კი მაიძულებს ვიფიქრო, რომ ის იდეა, რომელიც მომდინარეობს უშუალოდ მზის გარეგანი ფორმიდან, ყველაზე უფრო განსხვავებულია მისგან, როგორც საგნისგან.

      ყოველივე ეს საკმარისად ნათელს ხდის, რომ აქამდე არა უტყუარი მსჯელობით, არამედ მხოლოდ ბრმა იმპულსის წყალობით მჯეროდა, რომ არსებობდა ჩემგან განსხვავებული საგნები, რომლებიც ჩემში გზავნიდნენ თავიანთ იდეებს თუ ხატებს და მათ ვიღებდი ჩემი გრძნობის ორგანოების მეშვეობით თუ რაიმე სხვა საშუალებით.

      მაგრამ იხსნება კიდევ ერთი გზა იმის საძიებლად, არსებობს თუ არა იმ არსებულთა შორის, რომელთა იდეებიც ჩემშია, ისეთები, ჩემ მიღმა რომ არსებობენ; თუკი ეს იდეები მხოლოდ და მხოლოდ აზროვნების გარკვეული მოდუსებია[3], მე ვერ ვამჩნევ მათ შორის ვერავითარ უთანასწორობას და, ჩანს, ყიანა; მაგრამ თუკი მათგან ერთნი წარმოადგენენ ერთ საგანს, მეორენი - სხვას, ცხადია, რომ ეს იდეები ძალზე განსხვავებულნი არიან ერთიმეორისაგან. უეჭველია, რომ ისინი, რომლებიც წარმომიჩენენ სუბსტანციებს, შედარებით, რაღაც მეტი მნიშვნელობის არიან და თავის თავში შეიცავენ, ასე ვთქვათ, უფრო მეტ ობიექტურ რეალობას, ვიდრე ის იდეები, რომლებიც მხოლოდ მოდუსებს ან აქციდენციებს წარმომიდგენენ. თავის მხრივ, ის იდეაც, რომლის მიხედვითაც მე ვწვდები უზენაეს, მარადიულ, უსასრულო, უცვლელ, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე და ყველა მის მიღმა არსებული საგნის შემოქმედ ღმერთს, შეიცავს თავის თავში უდავოდ უფრო მეტ ობიექტურ რეალობას, ვიდრე ის იდეები, რომლებითაც მეძლევა სასრული სუბსტანციები. ახლა ბუნებრივი სინათლის წყალობით ცხადია, რომ მთელ მოქმედ მიზეზში სულ ცოტა იმდენივე რეალობა მაინც უნდა იყოს, რამდენიცარის ამ მიზეზის შედეგში. მე ვკითხულობ: საიდან უნდა იღებდეს თავის რეალობას შედეგი თუ არა მიზეზიდან? როგორ შეძლებს მიზეზი მისთვის ამ რეალობის მინიჭებას, თუ იგი (ეს რეალობა) თავად არ ექნება? აქედან გამომდინარეობს ის, რომ შეუძლებელია რაიმე მომდინარეობდეს არარასაგან; ასევე, შეუძლებელია, რომ ის, რაც უფრო სრულყოფილია, ე.ი. თავის თავში შეიცავს უფრო მეტ რეალობას, მომდინარეობდეს იქიდან, რაც მასზე ნაკლებად სრულყოფილია. ეს ჭეშმარიტება ნათელია არა მხოლოდ შედეგების მიმართ, რომელთა რეალობაც აქტუალური ანუ ფორმალურია[4], არამედ იდეების მიმართაც, რომლებშიც განიხილება მხოლოდ ობიექტური რეალობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეუძლებელია, რომ, მაგალითად, რომელიღაც ქვა, რომელიც მანამდე არ არსებობდა, ახლა გაჩნდეს, თუ იგი არ წარმოიქმნა ისეთი საგნიდან, რომელიც ფორმალურად ან ემინენტურად[5] არ შეიცავს ყოველივე იმას, რაც ქვაშია. შეუძლებელია სითბო წარმოიშვას საგანში, რომელიც მანამდე არ იყო თბილი, თუ არა ისეთი საგნის მეშვეობით, რომელიც, ყოველ შემთხვევაში, ისეთივე სრულყოფილი რიგისაა (ხარისხისა და გვარის), როგორც სითბოა; ამას გარდა, შეუძლებელია, სითბოს ან ქვის იდეა იყოს ჩემში, თუ იგი (იდეა) ჩემში არ გაჩნდა რაიმე მიზეზით, რომელშიც, ყოველ შემთხვევაში, იმდენივე რეალობაა, რამდენიც მე წარმომიდგენია სითბოსა თუ ქვაში. თუმცა ამ მიზეზს თავისი აქტუალური ანუ ფორმალური რეალობიდან არაფერი გადააქვს ჩემს იდეაში, მაინც არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მიზეზი ნაკლებად რეალურია. ასეთი გახლავთ იდეის ბუნება, რომელიც თავისთავად არ ითხოვს არავითარ სხვა ფორმალურ რეალობას, გარდა იმისა, რასაც იგი სესხულობს ჩემი აზროვნებისაგან, რომლის ერთადერთი მოდუსიც თავად არის. იმისათვის, რომ ასეთი იდეა შეიცავდეს უმალ ამა თუ იმ ობიექტურ რეალობას და არა რომელიმე სხვას, ეს უდავოდ უნდა ჰქონდეს მას რაიმე მიზეზისაგან, რომელიც, სულ მცირე, იმდენივე ფორმალურ რეალობას მაინც უნდა ატარებდეს, რამდენი ობიექტური რეალობაცაა იდეაში. თუ დავუშვებთ, რომ იდეაში გვხვდება რაღაც, რაც არ იყო მის მიზეზში, მაშინ მას იგი მიუღია არარასაგან /ლე ნ é ანტ/; მაგრამ რაოდენ სრულყოფილიც არ უნდა იყოს არსებობის ეს ფორმა, რომლითაც რაიმე ობიექტურად არსებობს გონებაში, რომელიმე იდეის სახით, მაინც შეუძლებელია იმის თქმა, რომ ასეთი არსებობა არაფერია, არც მაშასადამე იმის აღნიშვნა, რომ ეს იდეა არარადან მომდინარეობს. ასევე არ უნდა დავეჭვდე იმაშიც, რომ რაკი რეალობა, რომელსაც მე ვხედავ ჩემს იდეებში, მხოლოდ ობიექტურია, საჭირო აღარ არის, იგივე რეალობა ფორმალურად იყოს ამ იდეათა მიზეზებში და საკმარისია, მათში იგი იყოს ასევე ობიექტურად. რადგან, როგორც ობიექტური არსებობის ფორმა იდეებს ეკუთვნის თავიანთი საკუთარი ბუნებით, ზუსტად ასევე ფორმალური არსებობის სახე ეკუთვნის ამ იდეათა მიზეზებს - ყოველ შემთხვევაში თავიანთი ბუნების ძალით - პირველ და მთავარ მიზეზებს. შესაძლოა, ერთმა იდეამ წარმოშვას მეორე, მაინც შეუძლებელია ამის დაუსრულებლად გაგრძელება, საბოლოოდ აუცილებლად უნდა მივიდეთ პირველ იდეამდე, რომლის მიზეზი იქნება ერთგვარი პირველწყარო, რომელშიც ფორმალურად მოცემულია მთელი რეალობა, რაც იდეაში მხოლოდ ობიექტურია. ასე რომ, ბუნებრივი სინათლე ნათლად მიჩვენებს: იდეები ჩემში არიან ერთგვარი ხატები, რომელთაც, ცხადია, ძალუძთ იოლად დაკარგონ იმ საგანთა სრულყოფილება, რომელთაგანაც ისინი მომდინარეობენ, მაგრამ არ შეუძლიათ შეიცავდნენ თავის თავში რაიმე უფრო დიდს ან უფრო სრულყოფილს.

      რაც უფრო ხანგრძლივად და გულდასმით განვიხილავ ყოველივე ამას, მით უფრო ნათლად და გარკვევით ვრწმუნდები თქმულის ჭეშმარიტებაში. საბოლოოდ, აქედან უნდა გამოვიტანო შემდეგი დასკვნა: თუ რომელიმე ჩემი იდეის ობიექტური რეალობა იმდენად დიდია, რომ დარწმუნებული ვარ იგი ჩემში არ არის არც ფორმალურად, არც ემინენტურად და რომ ამგვარად, შეუძლებელია თავად მე ვიყო ამ იდეის მიზეზი, მაშინ ეს აუცილებლობით ადასტურებს, რომ მე ერთადერთი არა ვარ ამქვეყნად, რომ არსებობს რაღაც სხვა რამ, რომელიც ამ იდეის მიზეზია. პირიქით, თუ ჩემში არ მოიძებნება რაიმე ამგვარი იდეა, მე აბსოლუტურად არავითარი არგუმენტი არ მექნება, რომელიც დამარწმუნებს ჩემგან განსხვავებული რაიმეს არსებობაში. ყველაფერი, მართლაც, ძალზე გამოწვლილვით გამოვიკვლიე და აქამდე სხვა ვერაფერი აღმოვაჩინე.

      ჩემში არსებულ იდეათა შორის, გარდა იმისა, რომელიც ჩემს საკუთარ თავს წარმომიდგენს და რომლის მიმართაც აქ შეუძლებელია რაიმე სირთულე წარმოიშვას, არსებობს სხვაც, რომელიც მიუთითებს ღმერთზე, ზოგი იდეა სხეულებრივ და უსულო საგნებს წარმომიდგენს, ზოგი - ანგელოზებს, ზოგი - ცხოველებს, დაბოლოს, ზოგიც - ჩემს მსგავს ადამიანებს.

      რაც შეეხება ამ იდეებს, რომლებიც სხვა ადამიანებს, ცხოველებს ან ანგელოზებს წარმომიჩენენ, მე კარგად მესმის, რომ ისინი შეიძლება წარმოიქმნენ სხეულებრივ საგანთა იდეებისა და ღმერთის იდეის შეერთებით, თუნდაც ჩემ გარდა ამქვეყნად არც ერთი ადამიანი, არც ერთი ცხოველი და არავითარი ანგელოზი არ არსებობდეს. სხეულებრივი საგნების იდეებში, მე ვერ ვხედავ ვერაფერს დიადს, რის გამოც არ შეიძლებოდა ისინი თავად ჩემგან მომდინარედ არ მიმეჩნია. თუ მე ამ იდეებს შევისწავლი უფრო საფუძვლიანად და თითოეულ მათგანს ისევე განვიხილავ, როგორც გუშინ განვიხილე იდეა ცვილისა, დავინახავ, რომ ძალზე ცოტაა მათში ნათლად და გარკვევით აღსაქმელი: ასეთებია სიდიდე ანუ განფენილობა სიგრძეში, სიგანეში და სიღრმეში, ფორმა, რომელიც მიიღება ამ განფენილობისათვის საზღვრის დადებით, მდებარეობა სხვადასხვა ფორმის ნივთებისა ერთმანეთის მიმართ და მოძრაობა, ანუ ამ მდებარეობის შეცვლა; ამას შეიძლება დავუმატოთ სუბსტანცია, ხანგრძლივობა და რიცხვი.

      რაც შეეხება დანარჩენს, როგორიცაა: სინათლე და ფერი, ბგერა, სუნი, გემო, სითბო, სიცივე და სხვა შეხებით აღქმული თვისებები, ისინი იმდენად ბუნდოვნად და გაურკვევლად მოიაზრებიან ჩემ მიერ, რომ არც კი ვიცი, ჭეშმარიტნი არიან თუ მცდარნი, ე.ი. ეს იდეები, რომლებიც მე გამაჩნია, ნამდვილად ჭეშმარიტი საგნების იდეებია, თუ ნივთის რაობის არმქონე რაიმესი. თუმცა მცდარობის პირდაპირი მნიშვნელობა - ფორმალური მცდარობა - შეიძლება შეგვხვდეს მხოლოდ მსჯე ლობებში, როგორც ეს ზემოთ აღვნიშნე, იდეებშიც უდავოდ არის რაღაც სხვა მცდარობა - მატერიალური მცდარობა - როდესაც ისინი ნივთად წარმოგვიდგენენ იმას, რაც არ არის ნივთი. მაგალითად, სითბოსა და სიცივის იდეები იმდენად ბუნდოვანი და სიცხადეს მოკლებულია, რომ არ შემიძლია მათი მეშვეობით შევიტყო - სიცივე მხოლოდ სითბოს არარსებობაა, თუ სითბო - სიცივის არარსებობაა, ორივე რეალური თვისებაა თუ არც ერთი მათგანი ასეთი არაა. ყოველი იდეა აუცილებლობით გვეძლევა როგორც საგნის იდეა, ამიტომ თუ ჭეშმარიტია ის, რომ სიცივე მხოლოდ სითბოს მოკლებული რამ არის, იდეა, რომელიც მე სიცივეს წარმომიჩენს როგორც რაღაც რეალურსა და პოზიტიურს, სამართლიანად შეიძლება იწოდოს მცდარად; დანარჩენებზეც იგივე ითქმის. ცხადია, არ არის აუცილებლობა, ამ იდეის ავტორობა მივაწეროთ სხვას და არა საკუთარ თავს. თუ აღმოჩნდა, რომ ისინი მცდარია, ე.ი. ისინი საერთოდ არ წარმოგვიდგენენ საგნებს, ბუნებრივი სინათლე მიმახვედრებს, რომ ისინი მომდინარეობენ არარასაგან ე.ი. არ არსებობს სხვა მიზეზი მათი ჩემში არსებობისა, თუ არა აბსოლუტურ სრულყოფილებას მოკლებული ჩემი ბუნება. პირიქით, თუ ისინი ჭეშმარიტია, მაშინ (ეს იდეები) ისე მცირე რეალობაზე მიმითითებენ, რომ არ შემიძლია ეს ცოტაოდენი რამ არარასაგან გავარჩიო, ამიტომ არ მესმის, რატომ არ შეიძლება, ისინი თავად ჩემგან მომდინარეობდნენ.

      რაც შეეხება სხეულებრივ საგანთა ნათელ და გარკვეულ იდეებს, ეტყობა, ზოგიერთი მათგანი, შემეძლო მიმეღო იმ იდეიდან, რომელიც თავად ჩემ თავზე გამაჩნდა. ასეთებია სუბსტანცია, ხანგრძლივობა, რიცხვი და სხვა მისთანანი. როდესაც ვფიქრობ, რომ ქვა არის სუბსტანცია, ე.ი. საგანი, რომელსაც შეუძლია თავისთავად არსებობა და თავად მეც ვარ სუბსტანცია, რადგან ვარ მოაზროვნე რამ, თუმცა განუფენელი, ქვა კი განფენილია და არამოაზროვნე; მაშასადამე, ამ ორ ცნებას შორის ძალზე დიდი განსხვავებაა, მიუხედავად ამისა, ეტყობა, სუბსტანციასთან მიმართებით, მათ შორის მსგავსებაცაა. ზუსტად ასევე, როდესაც მე აღვიქვამ ჩემს ამჟამად არსებობას და მახსენდება, რომ ადრეც, გარკვეული დროის განმავლობაში, ვარსებობდი, ამასთან ვაცნობიერებ, რომ მაქვს სხვადასხვა აზრი ჩემთვის ცნობილი ოდენობით, მაშინ მექმნება ხანგრძლივობისა და რიცხვის იდეები, რომლებიც შემდეგ შემიძლია გადავიტანო ნებისმიერ რამეზე. რაც შეეხება ყველა დანარჩენ თვისებას, რომლებიც ხელს უწყობენ სხეულებრივი საგნების იდეების შექმნას, კერძოდ, განფენილობას, ფორმას, მდებარეობას და მოძრაობას, ცხადია, ფორმალურად ისინი ჩემში არ არიან, რადგან მე მხოლოდ და მხოლოდ მოაზროვნე არსება ვარ; მაგრამ რადგან ჩამოთვლილი თვისებები მხოლოდ სუბსტანციის გარკვეული მოდუსებია და თავად მეც სუბსტანცია ვარ, იქნებ, ისინი ემინენტურად ჩემშიც არსებობენ.

      მაშასადამე, რჩება ერთადერთი იდეა - ღმერთისა. უნდა ყურადღებით განვიხილოთ: ხომ არ არის მასში რაიმე ისეთი, რაც არ შეიძლება მომდინარეობდეს თავად ჩემგან. ღმერთის სახით მე ვგულისხმობ უსასრულო, დამოუკიდებელ, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე სუბსტანციას, რომელმაც შემქმნა თავად მეც და ყოველივე სხვაც, რასაც არსებობა აქვს, თუ მართლაც არსებობენ ისინი. რაც მეტ ყურადღებას ვაპყრობ ღმერთის სრულყოფილებას, მის თვისებებს, მით უფრო შეუძლებლად მეჩვენება აზრი, რომ ისინი მომდინარეობენ მხოლოდ ჩემგან. ამრიგად, იმის საფუძველზე რაც ზემოთ ითქვა, უნდა დავასკვნათ: ღმერთი აუცილებლად არსებობს.

      სუბსტანციის იდეა, ცხადია, ჩემშია იმიტომ, რომ მე თავადაც სუბსტანცია ვარ. მაგრამ როგორც სასრულ არსებას, მე არ შეიძლება მქონდეს უსასრულო სუბსტანციის იდეა; ასეთი რამ უნდა მოდიოდეს ისეთი სუბსტანციისაგან, რომელიც, მართლაც, უსასრულოა.

      არ უნდა ვიფიქრო, რომ უსასრულოს აღვიქვამ არა ჭეშმარიტი იდეით, არამედ მხოლოდ სასრულის უარყოფით, ისე როგორც აღვიქვამ სიმშვიდესა და წყვდიადს აფორიაქებისა და სინათლის უარყოფით. პირიქით, მე ნათლად ვხედავ, რომ უსასრულო სუბსტანციაში უფრო მეტი რეალობაა, ვიდრე სასრულში და ჩემშიც უსასრულოს პერცეფცია, ერთგვარად, წინ უსწრებს სასრულისას, ე.ი. ღმერთის პერცეფცია - ჩემსას. მართლაც, როგორ გავიგებდი, რომ ვეჭვობ, მსურს, ე.ი. რომ მაკლია რაღაც და არ ვარ სავსებით სრულყოფილი, ჩემში რომ არ ყოფილიყო რაიმე იდეა უფრო სრულყოფილი არსებისა, რომელთან მიმართებითაც უნდა გამეგო საკუთარი ნაკლოვანებები?

      არც იმის თქმა შეიძლება, რომ დასაშვებია, ღმერთის ეს იდეა ფაქტობრივად მცდარია და, მაშასადამე, შეიძლება მომდინარეობს არარასაგან. მსგავსი რამ ცოტა ზემოთ აღვნიშნე სითბო-სიცივისა და სხვა მსგავს იდეათა მიმართ. პირიქით, ღმერთის იდეა ყველა იდეაზე უფრო ნათელი და გარკვეულია და შეიცავს უფრო მეტ ობიექტურ რეალობას, ვიდრე რომელიმე სხვა; არ არსებობს ისეთი იდეა, რომელიც თავისთავად უფრო ჭეშმარიტი იყოს, ანდა რომელიც უფრო ნაკლებად დაგვაეჭვებდა მცდარობაში, ვიდრე ღმერთის იდეა. მე ვამბობ, რომ ყოვლად სრულყოფილი და უსასრულო არსების ამ იდეას აქვს ყველაზე უფრო მაღალი ჭეშმარიტება. თუმცა, შესაძლოა, წარმოვიდგინოთ რომ ამგვარი არსება არ არსებობს, მაგრამ წარმოდგენა იმისა, რომ მისი იდეა არაფერს რეალურს არ ასახავდეს, როგორც ეს ზემოთ აღვნიშნე სიცივის იდეის მიმართ, შეუძლებელია. ეს იდეა უაღრესად ნათელი და გარკვეულია; ყოველივე რეალური და ჭეშმარიტი, რასაც მე ნათლად და გარკვევით აღვიქვამ და შეიცავს რაიმე სრულყოფილებას, მთლიანად არის ამ იდეაში.

      არა აქვს მნიშვნელობა იმას, რომ მე არ მესმის, რა არის უსასრულობა, არც იმას, რომ ღმერთის ყოვლისმომცველობის არანაირი გზით გაგება და გონებით წვდომა არ შემიძლია. მართლაც, შეუძლებელია, რომ მე, სასრულმა, გავიგო, რა არის უსასრულობის ბუნება. საკმარისია ეს მესმოდეს და ვაღიარებდე - ყველაფერი, რასაც აღვიქვამ გარკვევით, რაღაც სრულყოფილების მქონეა; ასევე, შესაძლოა, უამრავი ჩემთვის უცნობი სრულყოფილება არსებობს ღმერთში ფორმალურად ან ემინენტურად - რომ თავად ჩემში არსებული იდეა ღმერთისა გახდეს ყველაზე ჭეშმარიტი, ყველაზე ნათელი და ყველაზე გარკვეული იმ იდეათა შორის, რომელიც პირადად მაქვს.

      შესაძლოა, იმაზე უფრო მეტი ვარ, ვიდრე მე მგონია საკუთარი თავი და ყველა სრულყოფილება, რომელთაც მე ღმერთს მივაწერ, როგორღაც ჩემშიც არის პოტენციურად, თუმცა ჯერ კიდევ გამოუვლენელილი და აქტუალობას მოკლებულია. მართლაც, გამოცდილებით უკვე ვიცი, რომ ჩემი ცოდნა იზრდება და თანდათანობით სრულიყოფა; რამ უნდა შეუშალოს ხელი მის შემდგომ ზრდას თუნდაც უსასრულობამდე; რატომ არ შეიძლება, ჩემი ცოდნა ოდესღაც ისე ამაღლდეს, რომ მისი მეშვეობით ღმერთის ყველა სრულყოფილება შემეძინა? განა ჩემში არსებული პოტენციური უნარი ამ სრულყოფილებების შეძენისა, თუკი ასეთი, მართლაც, არის ჩემში, არ იქნება საკმარისი იმისათვის, რათა წარმოშვას იდეა ამ სრულყოფილებათა შესახებ. მაგრამ არა! ამის მსგავსი რამ შეუძლებელია. ჯერ ერთი, თუ დავუშვებთ, რომ ჩემი ცოდნა ჭეშმარიტად თანდათანობით იზრდება და რომ ჩემში არის შესაძლებლობა მრავალი, ჯერ კიდევ არააქტუალური რამის მიმართ, მაინც არაფერი აქედან არ მიეკუთვნება ღმერთის იდეას, რომელშიც, ცხადია, საერთოდ არაფერია პოტენციური. თავად ის ფაქტი, რომ ჩემი ცოდნა იზრდება თანდათანობით, არის ძალზე უტყუარი საბუთი ჩემივე არასრულყოფილებისა. ამას გარდა, თუნდაც ჩემი ცოდნა მარად იზრდებოდეს, მაინც არასოდეს არ იქნება აქტუალურად უსასრულო, რადგან ვერასოდეს მიაღწევს ისეთ წერტილს, რის შემდეგაც კვლავ გაზრდის უნარი აღარ ექნება. ღმერთი კი აქტუალურად იმდენად უსასრულოა, რომ შეუძლებელია, მის სრულყოფილებას რაიმე დაემატოს. დაბოლოს, მე მესმის, რომ იდეის ობიექტური არსებობა შეუძლებელია წარმოშვას პოტენციურმა არსებობამ, რომელიც, კაცმა რომ თქვას, არარაობაა - იდეის წარმოქმნა შეუძლია მხოლოდ აქტუალურ ანუ რეალურ არსებობას.

      ცხადია, ამ ნათქვამში არაფერია ისეთი, რაც ნათლად არ გაიგებოდეს ბუნებრივი სინათლით, თუ მას გულდასმით მივაპყრობთ ყურადღებას. მაგრამ როგორც კი სიფხიზლეს მოვადუნებ და გრძნობადი საგნების ხატები გონით ხედვას მიბნელებენ, ჩემთვის ისე იოლი აღარ არის მახსოვდეს ჩემზე სრულყოფილის იდეა რატომ უნდა მომდინარეობდეს აუცილებლად ისეთი არსებისაგან, რომელიც მართლაც უფრო სრულყოფილია; ამიტომ მირჩევნია, გავაგრძელო კვლევა, რათა დავრწმუნდე - შეიძლებოდა თუ არა თავად ჩემი, ამ იდეის მატარებლის არსებობა იმ შემთხვევაში, თუ არ იქნებოდა ღმერთი.

      მაშ ვისგან მივიღებდი ჩემს არსებობას? ცხადია, თავად ჩემგან, მშობლებისაგან, ან ნებისმიერ ვიღაც სხვათაგან, ოღონდ ნაკლებად სრულყოფილთაგან, ვიდრე ღმერთია; მართლაც, შეუძლებელია მოიაზრო ან წარმოიდგინო რაიმე მასზე სრულყოფილი, ან, თუნდაც, მისი ტოლფასი. მე რომ ჩემი არსებობა თავად ჩემგანვე მქონდეს, მაშინ არც ეჭვები მექნებოდა, არც სურვილები და, საერთოდ, აბსოლუტურად არაფერი დააკლდებოდა ჩემს არსებობას: საკუთარ თავს თვითონვე მივანიჭებდი ყველა სრულყოფილებას, რომელთა იდეაც გამაჩნია და ამგვარად ვიქნებოდი თავად ღმერთი.

      არ უნდა ვიფიქრო, რომ ის საგნები, რომლებიც მე მაკლია, უფრო ძნელი შესაცნობია, ვიდრე ისინი, რომლებიც ჩემშია. პირიქით, ჩემთვის, მოაზროვნე არსების ანუ სუბსტანციისათვის, ცხადია, ბევრად უფრო მიუღებელია იმის დაჯერება, რომ მე წარმოვიშვი არარასაგან, ვიდრე ცოდნის შეძენა მრავალი იმ საგნის შესახებ, რომელიც არ ვიცი და რომლებიც მხოლოდ აქციდენციებია ამ სუბსტანციისა. ცხადია, რომ შემეძლოს, საკუთარ თავს მივცე უფრო მეტი, მაშინ, ალბათ, უარს ვერ ვეტყოდი იმ საგნებზე, რომლებიც უფრო იოლად შესაძენია და ვერც ერთ იმ თვისებაზე, რომელსაც ვჭვრეტ ღმერთის იდეაში, რადგან მათ შორის არც ერთი არ მეგულება ძნელად მიღწევადი. მაგრამ მათში თუ აღმოჩნდებოდა რომელიმე ძნელად მისაღწევი თვისება, ცხადია, იგი უფრო რთულად მომეჩვენებოდა, თუკი ჩემში არსებული ყოველივე დანარჩენი ჩემგან მექნებოდა წარმოებული, რაც დამარწმუნებდა, რომ ჩემი შესაძლებლობა შეზღუდულია.

      თუ დავუშვებ, რომ მე ყოველთვის ისეთი ვიყავი, როგორიც ამჟამად ვარ, ამით მაინც თავს ვერ დავაღწევდი ამ საბუთების ძალას, რადგან აქედან ის დასკვნა უნდა გამომეტანა, რომ საჭირო არ არის ვეძებო ჩემი არსებობის არავითარი ავტორი ღმერთის გარდა. მართლაც, მთელი ჩემი ცხოვრების ხანგრძლივობა შეიძლება დაიყოს უამრავ ნაწილად, რომელთაგანაც არც ერთი არანაირად დამოკიდებული არ არის სხვებზე. იქიდან, რომ მე ვარსებობდი ცოტა ხნის წინათ, არ გამომდინარეობს, რომ მე ამჟამადაც უნდა ვიყო, ცხადია, თუ რაიმე მიზეზი არ მინარჩუნებს არსებობას, ან თავიდან არ მქმნის ამ მომენტში. თუ ყურადღებით განვიხილავთ დროის ბუნებას, ცხადი გახდება, რომ სუბსტანცია ზუსტად იმდენსავე ძალასა და ისეთსავე ქმედებას საჭიროებს საკუთარი თავის შესანარჩუნებლად თითოეული წუთის განმავლობაში თავისი არსებობის გასაგრძელებლად, რამდენიც და როგორიც აუცილებელია არარსებული საგნის ხელახლა წარმოსაქმნელად. ასე რომ, შენარჩუნებასა და შექმნას შორის სხვაობა მხოლოდ გონებისეულია. აი, კიდევ ერთ-ერთი სიცხადე ბუნებრივი სინათლისა.

      სწორედ ამიტომ ახლა საკუთარ თავს უნდა ვკითხო: მაქვს თუ არა რაიმე ძალა, რომლის მეშვეობითაც შევძლებ, რომ მე, ამჟამად მყოფი, ცოტა ხნის შემდეგაც ვიყო. მე მხოლოდ და მხოლოდ მოაზროვნე არსება ვარ, უფრო ზუსტად, ამჟამად საქმე ეხება მხოლოდ ჩემს ამ ნაწილს ე.ი. სუბსტანციას, რომელიც აზროვნებს. თუ ეს ასეა, და ამგვარი ძალა არის ჩემში, მე უეჭველად უნდა მეგრძნო იგი. მაგრამ ვერავითარ ამგვარ ძალას ჩემში ვერ ვპოულობ, ამიტომაც ძალზე ცხადად ვიცი, რომ დამოკიდებული ვარ რაღაც ჩემგან განსხვავებულ არსებაზე. შესაძლოა, ეს არსება ღმერთი არ არის და მე შექმნილი ვარ ან მშობლების მიერ, ან ნებისმიერი სხვა მიზეზით, ოღონდ ნაკლებ სრულყოფილით, ვიდრე ღმერთია. მაგრამ არა! როგორც უკვე ვთქვი, მიზეზში სულ მცირე იმდენივე რეალობა უნდა იყოს, რამდენიც შედეგში. ამიტომ, რადგან მე მოაზროვნე არსება ვარ და ჩემში გამაჩნია რაღაც იდეა ღმერთისა, როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო, დადგენილი მიზეზი ჩემი არსებობისა, უნდა ვაღიაროთ, რომ ისიც ისეთი სუბსტანციაა, რომელიც აზროვნებს და თავის თავში შეიცავს ყველა იმ სრულყოფილებას, რომელსაც ღმერთს მივაწერ. აქედან, ჩვენი მხრივ, შეიძლება ვიკითხოთ: ეს მიზეზიც თავისი თავიდან იღებს საკუთარ არსებობას, თუ რაიმე სხვა სუბსტანციიდან? თუ მისი არსებობა მომდინარეობს საკუთარი თავიდან, მაშინ ზემოთქმულის საფუძველზე ეს მიზეზი ღმერთია.

      იმ ფაქტიდან, რომ იგი ფლობს ძალას თავისთავად არსებობისა, მას ასევე უდავოდ გააჩნია ის ძალაც, აქტუალურად ფლობდეს ყველა სრულყოფილებას, რომელთა ამსახველ იდეებსაც იგი ატარებს, ე.ი. ღმერთს აქვს ყველა სრულყოფილება, რომელთაც მე მოვიაზრებ მასში. თუ ჩემი არსებობის მიზეზი მომდინარეობს სხვა სუბსტანციიდან, მაშინ იმავე საფუძველზე, შეიძლება კვლავ ვიკითხოთ: ეს მიზეზიც თავისთავადაა წარმოშობილი, თუ რაიმე სხვა სუბსტანციის მიერ... და ასე უსასრულოდ, ვიდრე საბოლოოდ არ მივალთ უკანასკნელ მიზეზამდე - ღმერთამდე. ცხადია, შეუძლებელია, ეს დაუსრულებლად გაგრძელდეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძირითადად აქ საკითხი ეხება არა იმდენად იმ მიზეზს, რომელმაც მე ოდესღაც წარმომშვა, არამედ განსაკუთრებით იმას, რომელიც ამჟამად ჩემს შენარჩუნებას ახერხებს.

      შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ ჩემს წარმოშობაში მონაწილეობდა მრავალი ცალკეული მიზეზი, რომელთაგან ერთმა შემიქმნა იდეა რომელიმე ერთ სრულყოფილებაზე, მეორესაგან მივიღე იდეა სხვა სრულყოფილებაზე; ამ სრულყოფილებებს კი მე ღმერთს მივაწერ; გამოდის, რომ ყველა ეს სრულყოფილება იარსებებდა სამყაროში და არ იქნებოდა შეერთებული ერთადერთ არსებაში - ღმერთში. პირიქით, ერთ-ერთი უმთავრესი სრულყოფილება, რომელიც მე ღმერთში მეგულება, ეს არის ერთიანობა, სიმარტივე, ე.ი. განუყოფელობა ყოველივე იმისა, რაც მასშია. უდავოა, რომ ყველა ამ სრულყოფილებათა ერთიანობის იდეას ჩემში ვერ დაამკვიდრებდა რაიმე სხვა ისეთი მიზეზი, რომელიც უძლური იქნებოდა ჩემთვის შთაეგონებინა ყველა სხვა სრულყოფილებათა იდეა. იგი ამას ვერ შეძლებდა თუნდაც იმიტომ, რომ მე ვერ მოვიაზრებდი ერთად ყველა სრულყოფილებას გაერთიანებულსა და განუყოფელს ერთმანეთისაგან, თუ იმავდროულად არ მეცოდინებოდა რანი არიან ეს სრულყოფილებები.

      რაც შეეხება მშობლებს. თუ დავუშვებთ, რომ მართალია ყველაფერი, რასაც მე ადრე ვფიქრობდი მათ შესახებ, მაინც უდავოა, ისინი ვერ ახერხებენ ჩემი არსებობის შენარჩუნებას და არც არანაირად არ არიან ჩემი წარმოშობის ნამდვილი მიზეზი, რადგან მე ვარ მოაზროვნე არსება; მათ მხოლოდ შესძინეს გარკვეული მიდრეკილებანი ამ სუბსტანციას, რომელშიც გონი - სული - არის ერთადერთი, რაც ამჟამად მიმაჩნია ჩემ „მე” -დ. მაშასადამე, შეუძლებელია იყოს რაიმე სირთულე ჩემი მშობლების მიმართ. მხოლოდ იქიდან, რომ მე ვარსებობ და ვფლობ უფრო სრულყოფილი არსების, ე.ი. ღმერთის იდეას, ძალზე ცხადად დასტურდება, რომ ღმერთი არსებობს. მე ისღა მრჩება, განვიხილო, თუ როგორ შევიძინე ღმერთის ეს იდეა. ცხადია, იგი არ მიმიღია გრძნობებიდან და არც გამჩენია წარმოდგენის სახით, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე გრძნობადი საგნების იდეების შემთხვევაში, როდესაც ისინი წარმოგვიდგებიან, ან გვგონია, რომ წარმოუდგებიან გრძნობის გარეგან ორგანოებს. ღმერთის იდეა ასევე არ გახლავთ ჩემგან შექმნილი, რადგან მე აბსოლუტურად არ შემიძლია რაიმე მივუმატო ან დავაკლო ამ იდეას; მაშასადამე, რჩება ის, რომ იდეა ღმერთისა ჩემში თანდაყოლილია, ისევე როგორც თანდაყოლილია იდეა თავად საკუთარ თავზე.

      ცხადია, სრულიადაც არ არის გასაოცარი, რომ ღმერთმა ჩემი შექმნისას ჩემში ჩადო ეს იდეა, როგორც ტვიფრი, რომლითაც ხელოსანი აღბეჭდავს ხოლმე თავის ქმნილებას; არ არის საჭირო, რომ ეს ნიშანი იყოს თავად ამ ქმნილებისაგან განსხვავებული რამ. მაგრამ იქიდან, რომ ღმერთმა შემქმნა მე თავის ხატად და მსგავსად, მე ვწვდები ამ მსგავსებას, რომელიც მოცემულია ღმერთის იდეაში და ვწვდები იმავე უნარით, რომლითაც შევიცნობ საკუთარ თავს, ე.ი. როდესაც მე ჩემს თავს მივაპყრობ გონით მზერას,მე არა მხოლოდ ვხედავ, რომ არასრულყოფილი და სხვაზე დამოკიდებული არსება ვარ, მარად დაუსრულებლად რომ ისწრაფვის უფრო მეტისა და უკეთესისაკენ, არამედ იმავდროულად ვხვდები შემდეგსაც: ვისზე დამოკიდებულიც ვარ, იგი თავის თავში ფლობს ყველაფერს ჩემთვის საოცნებოს არა მხოლოდ განუსაზღვრელად და პოტენციურად, არამედ უსასრულოდაც და ამიტომაც არის ის ღმერთი. მთელი ძალა ამ არგუმენტისა ის არის, რომ მე ვაღიარებ: შეუძლებელია მე ვიყო ისეთივე ბუნებისა, როგორიც არის ის, ე.ი. შეუძლებელია ჩემში იყოს ღმერთის იდეა, ღმერთი რომ არ არსებობდეს; როდესაც ვახსენებ - ღმერთი, ვგულისხმობ ღმერთს, რომლის იდეაც ჩემშია და რომელიც ფლობს ყველა იმ სრულყოფილებას, რომლებიც, ჩემი მხრივ, გონებით არ მესმის, მაგრამ რაღაცნაირად ვწვდები, რომ აღნიშნული იდეა აბსოლუტურად უნაკლოა.

      აქედან სავსებით ცხადია, რომ, შეუძლებელია იგი იყოს მატყუარა: ყოველგვარი თაღლითობა და სიცრუე, ხომ უსათუოდ რაღაც ნაკლზეა დამოკიდებული; ამას ცხადად გვიჩვენებს ბუნებრივი სინათლე.

      მაგრამ, ვიდრე უფრო გამოწვლილვით შევისწავლიდე ამ საკითხს და იმავდროულად შევუდგებოდე აქედან გამომდინარე სხვა ჭეშმარიტებათა განხილვას, მსურს, ცოტა ხნით შევჩერდე ღმერთის, როგორც ასეთის ჭვრეტაზე, შევაფასო ღმერთის ატრიბუტები, ვაქციო ჩემი ინტუიციის, აღტაცებისა და თაყვანისცემის საგნად ამ ვეება სინათლის მშვენიერება, ყოველ შემთხვევაში იმდენად მაინც, რამდენადაც ამის შესაძლებლობას მომცემს ჩემი ერთგვარად დაბნელებული გონითი მზერა. რწმენა ხომ გვასწავლის, რომ უმაღლესი ნეტარება იმქვეყნიური ცხოვრებისა მხოლოდ ღვთაებრივი უზენაესობის ჭვრეტაა, ჩვენ კი უკვე ამჟამად გამოცდილებით ვრწმუნდებით, რომ უფლის სიდიადის ჩვენეულ ჭვრეტას, თუმცა გაცილებით ნაკლებად სრულყოფილს, შეუძლია, მოგვანიჭოს ყველაზე უდიდესი სიამოვნება, რისი განცდის უნარიც კი შეგვწევს სააქაო ცხოვრებაში.

« მედიტაცია მეორე

მედიტაცია მეოთხე »

[1] მოდალობა - მსჯელობის დახასიათება მასში გამოთქმული მტკიცების „ძალის” მიხედვით; მსჯელობა არის აუცილებლობის, ფაქტის, შესაძლებლობის გამომხატველი და ა.შ.

[2] სუბიექტი და ობიექტი - ფილოსოფიური კატეგორიები.სუბი ექტის (ქვემდებარის) ცნება თავდაპირველად აღნიშნავდა თვისებების, მდგო მარეობების, მოქმედებების მატარებელს ანუ ეს იგივე იყო, რაც სუბსტანციის, ქვემდებარეს ცნება. ობიექტის ცნება უპირველეს ყოვ ლისა იხმარება გნოსეოლოგიური მნიშვნელობით. დეკარტს სიტყვები - სუბიექტი და ობიექტი - ესმის შუასაუკუნეების, თანამედროვე მნიშვნელობის საპირისპირო აზრით; ამრიგად, „სუბიექტი” უნდა გაიგებოდეს „ობიექტად” და პირიქით.

[3] მოდუსი - 1. აზროვნების ნაირსახეობა; 2. საგნის გარდამავალი, არამუდმივი მდგომარეობა ან თვისება.

[4] აქტუალური ანუ ფორმალური რეალობის ცნებაში იგულისხმება ყოფიერების /ინ აცტუ/ მქონე რამ

[5] ფორმალურად ანუ ემინენტურად ე.ი. თანაბრად ან უაღრესად დიდად; /თანაბარი ან უმაღლესი ხარისხით/

ტეგები: Qwelly, დეკარტი, მედიტაცია, მეტაფიზიკა, ფილოსოფია, ღმერთი

ნახვა: 1144

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes About Extract Portals

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:48am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the Dark And Darker Gold proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters