მაცხოვრის კაცობრივი ბუნების შესახებ. ირინეოსის ეკლესიოლოგია

       ჩვენი წინა საუბარი დავამთავრეთ წმ. ირინეოსის მოძღვრების განხილვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან დაკავშირებით და როგორც ავღნიშნავდით ამჯერადაც ცენტარალური საღვთისმეტყველო სწავლება ირინეოსისა შემოკრების შესახებ, მთელი თავისი განფენილობით, თავს იჩენს ამ მხრივაც, ამ საკითხთან დაკავშირებითაც. მოვიტანეთ ჩვენის აზრით უაღრესად მრავლისმეტყველი ციტატა, მრავალგვარი თეოლოგიური დანაშრევების შემცველი ციტატა, მისი შრომიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ პირველ დედის – ევას ცთომილების ნასკვის ყოვლადძლევაშემოსილად გახსნასთან დაკავშირებით, რაც სწორედ შემოკრების შესახებ მოძღვრებას გულისხმობს. დამაბოლოებელ ციტატას, ანუ ციტატას იმასთან დაკავშირებით, რომ კაცობრიობის ისტორიაში შემობრუნების წერტილი მაშინ დადგა, როცა ყოვლადწმინდა მარიამის უწმინდეს საშოში ჩაისახა მხსნელი სოფლისა და აქედან უკუწრებრუნვა იწყო გამომხსნელობითმა მოღვაწეობამ და განგებულებამ ღვთისამ, რომ ევასგან შეკრული დასაბამიერი ნასკვი გახსნილიყო და ადამიანი ცოდვის ტყვეობისგან განთავისუფლებულიყო, კვლავ შეგახსენებთ და შემდგომ დანარჩენ, ანალოგიური მნიშვნელობისა და ანალოგიური სწავლების შემცველ, სხვა გამონათქვამებს წმ. ირინეოსისას ასევე შევეხებით. ირინეოსი განმარტავს: “სწორედ ამიტომ ლუკამაც შთამომავლობითი დასაბამი უფლისგან დაიწყო და ადამამდე ავიდა, რითაც ცხადყო, რომ არათუ მათ შვეს იგი, არამედ მან შვა ისინი ახლად ცხოვრების სახარებაში (თვით ეს გამოთქმა “ცხოვრების სახარება” ძალიან მრავლისმეტყველია). ასევე ევამაც ურჩობის ნასკვის გამოხსნა მარიამის მორჩილების გზით მიიღო ანუ რაც შეჰკრა ქალწულმა ევამ ურწმუნოებით, ის ქალწულმა მარიამმა სარწმუნოების მიერ გახსნა”. ავღნიშნავთ, რომ წმ. ირინეოსის სწავლებით, რადგანაც მარიამისაგან იშვა ახალი ადამი, იგივე მაცხოვარი, შესაბამისად თვით იგი (ღვთისმშობელი) არის ახალი ევა, ჭეშმარიტი ევა, ჭეშმარიტი დედა ცოცხალთა და დასაბამი მათი ხსნისა. გამოხსნის დასაბამი, როგორც დედა ცხონებულთა, აი ამგვარი ეპითეტი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ საეკლესიო ტრადიციაში პირველად სწორედ წმ. ირინეოსთან გვხვდება. ასე რომ მარიამი, ცხონებულთა მშობელი და დედა, გახლავთ გამომხსნელი ევასი, ანუ მის გამო სიტყვისმგებელი. ისევე როგორც მეორე ადამმა, მაცხოვარმა, კაცობრიობის ცოდვანი იტვირთა, მან ყოვლად უცოდველმა ყოვლად უცოდველად, მსგავსადვე, - ამბობს ირინეოსი, მარიამმაც იტვირთა პასუხისმგებლობა ევას გამო და მისთვის სიტყვისმგებელი ღვთის წინაშე წარმოჩნდა, ანუ (აქ ირინეოსი მოუხმობს იურიდიულ ტერმინს, ლათინურად “ადვოკატოს”) ვექილობა გაუწია, შუამდგომლობა გაუწია ზეციური სასამართლოს წინაშე მარიამმა ევას. ამრიგად მარიამი ირინეოსის განჭვრეტით არის ახალი დედა კაცობრიობისა, ანუ, როგორც სხვა შემთხვევაში მას უწოდებს, წიაღი კაცობრიობისა. ირინეოსი წარმოაჩენს მარიამის სამარადისო დედობას და მაცხოვრის შობასთან დაკავშირებით იგი ამბობს: “სიტყვა ხორცი გახდა და ძე ღვთისა ძე კაცისა, წმინდამ წმინდად განაღო წმინდა საშო, ის საშო, რომელმაც ახლად შვა ადამიანები ღმერთში და რომელიც წმინდა-ჰყო მანვე”. აქვე ყურადღებას იქცევს წმ. ირინეოსის მსჯელობა იესო ქრისტესა და ღვთისმშობლის სისხლხორცეული კავშირის შესახებ. ეს გახლავთ ძალიან ხაზგასასმელი, ძალიან ფასეული გამონათქვამი და სწავლება წმ. ირინეოსისა, იმ საუკუნის და განსაკუთრებით სამომავლო საუკუნეების პერსპექტივაში, რადგანაც ჯერ თავისი ეპოქისთვის, როდესაც ამ სწავლებას გადმოსცემდა, ანუ სისხლხორცეულ კავშირს მაცხოვარსა და ღვთისმშობელს შორის, მაცხოვრის კაცობრივ ბუნებასა და ღვთისმშობლის ადამიანურ ბუნებას შორის, ამ სისხლხორცეული კავშირის ხაზგასმით ირინეოსი ასაბუთებდა განკაცებული ღმერთის ნამდვილ ადამიანობას, რომ მან ჭეშმარიტად მიიღო სრული კაცება. ჩვენ არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ ერესების ისტორია არსებითად ორი ძირითადი ტენდენციის გამოხატულებაა. ერთი მხრივ გაუკუღმართება გამოიხატება მაცხოვრის ანუ ღმერთპიროვნების ორბუნებოვნებაში საღვთო ბუნების დაკნინებით, რომ მაცხოვარი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელიც შემდგომში განიღმრთო. ამ მწვალებლური მოძღვრების მიმდევრები იყვნენ ებიონიტები, პავლე სამოსატელი, მოგვიანებით არიოზი და სხვები. მორე გაუკუღმართება კი გახლდათ, ტოლფასი პირველი გაუკუღმართებისა, კაცობრივი ბუნების დაკნინება განკაცებულ ღმერთში. უმკვეთრესი გამოხატულება ამისი გახლდათ დოკეტისტები, რომლებიც საერთოდ მიიჩნევდნენ, რომ მაცხოვარი რეალურად არც განკაცებულა, რომ ზმანებითად წარმოჩნდა ის კაცად, ხოლო ნამდვილად ადამიანური ბუნება მას არ მიუღია. ამ ცრუ სწავლების შედარებით გვიანდელი გამოხატულებაა თითქმის ყველა გნოსტიკური სექტის სწავლება, უფრო მოგვიანებით ამავე ერესის უმკვეთრესი გამოხატულება გახლავთ აპოლინარიზმი, რაზეც ჩვენ რამდენჯერმე ვისაუბრეთ და კიდევ უფრო მოგვიანებით მონოფიზიტობა. სხვათაშორის ამასვე შეერთვის მონოთელიტობაც და ხატმებრძოლობაც. ამ შემთხვევაში ირინეოსი ხაზს უსვამს რა მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სისხლხორცეულ კავშირს, იმ პირველ ერესს განაქარვებს, რაც მაცხოვარში კაცობრივი ბუნების დაკნინებას გულისხმობს, ანუ რომლის წარმომადგენლებიც იყვნენ დოკეტისტები, რომლებიც არ მიიჩნევდნენ, რომ მაცხოვარმა ნამდვილად მიიღო ხორციელი მემკვიდრეობა, და ამასვე შეერთვიან სამომავლოდ გამოჩინებადნი აპოლინარელნი, მონოფიზიტნი, მონოთელიტნი, ხატმებრძოლნი. ამიტომ ავღნიშნავდით, რომ თავისი საუკუნისთვისაც ირინეოსისგან ჩამოყალიბებულ სწავლებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პერსპექტივაში, სამომავლოდ გამოჩინებადი მწვალებლური ცრუ სწავლებების წინასწარვე უარსაყოფად. ირინეოსი კერძოდ ამბობს: “ძლიერ ცდებიან ისინიც, რომლებიც ამბობენ, რომ მაცხოვარს არაფერი მიუღია ქალწულისაგან და რომლებიც ამ გზით უარყოფენ როგორც ხორცის (სარკოს) მემკვიდრეობას (პლერონომია), ასევე მსგავსებასაც. თუკი ზედმეტი იყო მისი მარიამამდე ჩამოსვლა (იგულისხმება გარდამოხდომა ძე ღმერთისა და სულიწმინდისა და მარიამისგან კაცობრივად ჩასახვა. ტერმინი ჩასახვა ბერძნულში ამგვარი ფორმითაა – “კათოდოს”, რაც ქვე ჩამოსვლას, დაშვებას ნიშნავს) და თუ მისგან არაფრის მიღებას არ განიზრახავდა იგი, მაშინ რატომ გარდამოხდა მასზე? კიდევ, თუკი არაფერი მიუღია მას მარიამისგან, მაშინ არც მიწიდან აღმოცენებულ საზრდოს შეიწყნარებდა იგი”. აქ მკვეთრი ხაზგასმაა იმაზე, რომ მაცხოვარმა მიიღო სწორედ ის ადამიანური ბუნება, რაც ცოდვით დაცემის შემდგომია. მან ყოვლად უცოდველმა, ყოველგვარი ცოდვის გარეშე, ყოვლადუცოდველად მიიღო ჩვენი ცოდვის შემდგომი კაცობრივი ბუნება, ანუ ის ბუნება, რომელიც საჭიროებს საზრდოს განმტკიცებისთვის, რომელიც დაშლადია, მოკვდავი და ხრწნადია. და თუ მაცხოვარს მართლაც ის სხეული, რაც ქონდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან არ მიუღია და არ ჰქონდა მას ხორცის მემკვიდრეობა, მაშინ არც ექნებოდა იმგვარი სხეული, რაც ქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რაც აქვს ნებისმიერ ადამიანს ამქვეყნად ანუ სხეული, რომელიც მოკვდავია, რომელიც ხრწნადია ბიოლოგიურად, რომელიც საზრდოს მიმღებია განმტკიცებისთვის და რომელიც დაშლადია. და სწორედ ეს თვისებები რადგან გამოავლინა მაცხოვარმა კაცობრივად, ამის საფუძველზე ამტკიცებს ირინეოსი, რომ მან ჭეშმარიტად მიიღო ხორცის მეკვიდრეობა, ანუ იგი ჭეშმარიტი კაცი იყო. განვაგრძობთ ციტატას: “თუკი არაფერი მიუღია მას მარიამისგან, მაშინ არც მიწიდან აღმოცენებულ საზრდსო შეიწყნარებდა იგი, იმ საზრდოს, რითაც სწორედ მიწიდან აღებული სხეული საზრდოობს და არა სხვა. არც მოსესა და ელიას მსგავსად 40 დღიანი მარხვის შემდეგ მოშივდებოდა მას, ხოლო მოშივდა, რადგანაც სხეული ეძიებდა თავის საკვებს. არცთუ მისი მოწაფე იოანე დაწერდა მასზე: “ხოლო იესუ მაშურალი გზისა სვლისაგან ჯდა წყაროსა მასზედა” (იოანე 4,6). არც დავითი იწინასწარმეტყველებდა მის შესახებ: “სალმობათა წყლულთა ჩემთასა შესძინეს”. არც ლაზარეს გამოაცრემლდებოდა იგი, არც გამოადინებდა სისხლის წვეთებს, არც იმას იტყოდა, რომ “შეწუხებულ არს სული ჩემი”, არც სისხლი და წყალი გადმოვიდოდა ლახვარსობილი გვერდიდან. ყოველივე ესე ნიშნებია (სიუმბოლა) ხორცისა (სარკოს) მიწიდან აღებულისა, რომელიც მან თავისი თავის მიმართ შემოკრიბა (ანეკეფალაიოსატო) და იხსნა თავისი ქმნილება”. ამრიგად ამ ციტატის მიხედვით, ვფიქრობთ ყოვლადბრწყინვალედ, განცხადდება და საბუთდება მაცხოვრის განკაცების ნამდვილობა და ის კაცობრივი თვისებები მაცხოვრისა, რაც სახარებებშია გამოხატული და რაზეც გვიანდელ თეოლოგიურ დისპუტებში უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ ღვთისმეტყველები, ყველა მათგანი შემოკრებითად, ჩამოყალიბებულად, ირინეოსის ზემოთ მოტანილ ციტატაში, როგორც ვნახეთ უკვე სახეზეა. ამრიგად მაცხოვარმა შემოკრიბა მთელი კაცობრიობა თავის კაცებაში და კრებსითად მიჰმადლა მათ ხსნა, ანუ გამოიხსნა მან კაცობრივი ბუნება, რითაც პიროვნულად ყველა ადამიანს მისცა შესაძლებლობა ცხონებისა. მაგრამ მაცხოვრის ამქვეყნიური მოღვაწეობის აღსრულების შემდეგ, როდესაც იგი კაცობრივად მოკვდა, ანუ როდესაც მისი კაცობრივი სული განშორდა მის კაცობრივ სხეულს, კაცობრივი სული ჩავიდა ჯოჯოხეთში, ხოლო კაცობრივი სხეული საფლავად დაიდო (თუმცა ეს სხეული, მიუხედავად იმისა, რომ ყოვლითურთ ჩვენეული იყო ცოდვის გარდა, არანაირად არ გახრწნილა საფლავად დადებული, არა იმიტომ, რომ ხრწნადობის თვისება არ ჰქონდა, პირიქით მას ბიოლოგიური ხრწნადობის თვისება ჰქონდა, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით ეს სხეული შეერთებული იყო ღმერთჰიპოსტასთან, ღმერთის სხეული იყო იგი (ბერძნულად “თეოსომა” ანუ ღმერთსხეული, ანდა ღვთის სხეული) და შესაბამისად ხრწნას არ დაექვემდებარა ანუ არ დაიშალა), ჯოჯოხეთი წარმოსტყვენა, კვირა დღეს ყოვლადბრწყინვალედ აღდგა მკვდრეთით და ზეცად ამაღლდა, ამის შემდეგ მაცხოვრის გამომხსნელობითი ღვაწლის მისია იტვირთა მისმავე სხეულმა, მისმავე სულიერმა სხეულმა – ეკლესიამ. უკვე აქ გრძელდება შემოკრება კაობრიობის ახალ-ახალი თაობებისა ცხონებისათვის. ეკლესია იმავე ღვაწლის აღმასრულებელია წმ. ირინეოსის სწავლებით, რაც მაცხოვარმა თავისი განკაცების ჟამს აღასრულა. ამიტომაც, რა თქმა უნდა, მოულოდნელი არ არის, რომ შემოკრების შესახებ ირინეოსის ცენტრალური სწავლება, ქრისტოლოგიური და მარიოლოგიური მონაკვეთების გარდა, გვხვდება, რა თქმა უნდა, მისი მოძღვრების ეკლესიოლოგიურ ნაწილშიც და უმკვეთრეს გამოხატულებას პოულობს აქ. ამიტომ ხაზგასმით ვიტყვით, რომ ირინეოსის ეკლესიოლოგია უკავშირდება მის მოძღვრებას შემოკრების ანუ რეკაპიტულაციის შესახებ. ჯერ განკაცებული ღმერთი შემოჰკრებს თავის თავში, არა მხოლოდ წარსულს, არამედ მომავალსაც. ქრისტე არის თავი ეკლესიისა და მისი წინამძღვრობა ეკლესიისადმი სწორედ იმ ღვაწლის აღსრულებას გულისხმობს ეკლესიისგან, რომ უფალმა ეკლესიის გზით მარადიულ-ჰყოს განახლების საქმე, ვიდრე ჟამთა აღსასრულამდე. ანუ მაცხოვრის გამომხსნელობით, სოტერიოლოგიურ ღვაწლს განაგრძობს ეკლესია და აღასრულებს ამას, ვიდრე მეორედ მოსვლამდე. მოვიტანთ შესაბამის ციტატას III წიგნიდან: “ამგვარად, როგორც ვაჩვენეთ ერთია ღმერთი მამა და ერთია ქრისტე იესუ, უფალი ჩვენი, მოვლენილი საყოველთაო წინაგანგებით და ყოვლიერების თავის თავში შემომკრებელი”. აქ უკვე როგორც ხედავთ და როგორც ადრეც ავღნიშნავდით, მოძღვრება შემოკრების შესახებ ირინეოსთან უფრო განვრცობილია. მხოლოდ ადამიანური ბუნების შემოკრება აქ უკვე აღარაა ხაზგასმული, ხაზგასმულია ყოვლიერების თავის თავში შემოკრება, ანუ მთელი ეს სამყარო მაცხოვარმა შემოკრიბა თავის თავში და შესაბამისად, აცხოვნა რა ადმაიანი და კაცობრივი ბუნება, ადამიანის კაცობრივი ბუნების სამკვიდრებელი და სამეუფო ასევე განახლების სასოებით აღივსო, რაც მეორედ მოსვლის ჟამს უნდა განხორციელდეს, როდესაც ხრწნადობა წარიხოცება და ახალი ცა და ახალი მიწა შეიქმნება. ეს არ ნიშნავს ახალ შესაქმეს, რომ თითქოს აქამდე არ არსებული და არაფრისგან კვლავ აღმოცენებული ცა და დედამიწა მოგვემადლებოდეს, არამედ უკვე არსებული და უკვე შექმნილი, მაგრამ ცოდვით დაძველებული და ხრწნადი და წარმავალი ცა და მიწა გარდაიქმნება უხრწნელ და მარადიულ და განახლებულ ცად და მიწად. აი ეს შინაარსია ამ ფრაზაში ირინეოსისა, რომ მან (უფალმა) ყოვლიერება თავის თავში შემოკრიბა, ანუ იგი არის ყოვლიერების თავის თავში შემომკრებელი. აქ რომ მართლაც გადატანით მნიშვნელობაზე არაა აქცენტი და რომ მხოლოდ ადამიანს არ გულისხმობს ირინეოსი, არამედ უფრო ზოგადს, ყოვლიერებას გულისხმობს, რომელშიც, რა თქმა უნდა, ადამიანიც შედის, მაგრამ ის უფრო მეტია რაოდენობრივად და რომ სწორედ ეს ყოვლიერება შემოკრიბა მაცხოვარმა, აი ამას ადასტურებს მომდევნო ნაწილი ციტატისა, ე.ი. ამბობს რა ირინეოსი, რომ ყოვლიერების თავის თავში შემომკრებელი არის უფალი, შემდეგ განაგრძობს: “ყოვლიერებაში არის აგრეთვე კაციც, ქმნილება ღვთისა. ასე რომ მან თავის თავში შემოკრიბა კაციც, უხილავი ხილული გახდა, შეუცავი შეცვული, უვნებელი ვნებული და სიტყვა კი კაცი, თავის თავში ყოველივეს შემომკრებელი, რომ სიტყვას ღვთისას, რომელიც არის მოთავე ზეციურთა, სულიერთა და უხილავთა შორის, ასევე მოთავეობა ჰქონოდა ხილულთა და ხორციელთა შორისაც, თავის თავში შეეწყნარებინა მას პირმშოობა, ეკლესიის თავად დაედგინა თავისი თავი და ხელსაყრელ ჟამს თავისი თავისკენ მიეზიდა ყოველივე”. ირინეოსს ზემორე და კიდევ სხვა ციტატების საფუძველზე, რა თქმა უნდა, მტკიცედ სწამს, რომ სამოციქულო მოძღვრება უცვლელად განაგრძობს სიცოცხლეს. სწორედ სამოციქულო ტრადიციაა სარწმუნოების წყარო და ნორმა. საზოგადოდ ამ სამოციქულო ტრადიციის ღირსებაზე და დანიშნულებაზე მკვეთრი ხაზგასმა ირინეოსთან სავსებით თვალსაჩინოა და განსაზღვრებაც, რომ სწორედ ეს სამოციქულო ტრადიცია არის კანონი ჭეშმარიტებისა, გვიანდელ წმინდა მოძღვრებთან იგივეობრივ პარალელს და იგივეობრივივი შინაარსის გამონათქვამებს პოულობს. რომელია ეს კანონი? ირინეოსისთვის, მისი მითითებით, ეს კანონი არის ნათლისღებითი სიმბოლო, რადგანაც მისი სწავლებით ხსენებულ კანონს ნათლისღების გზით ვიღებთ, იგი გვასწავლის: “ვინც განუხრელად იპყრობს თავის თავში ჭეშმარიტების კანონს, რაც მან ნათისღების მიერ მიიღო, ასეთი ვინმე წერილის სახელებს, სიტყვებსაც და იგავებსაც გულისხმა-ჰყოფს”. უაღრესად საყურადღებოა, რომ ირინეოსთან ჩვენ გვხვდება საეკლესიო მრწამსის კომენტირებული გადმოცემა. მისივე თქმით ეს გადმოცემა ზედმიწევნით მიჰყვება სამოციქულო სიმბოლოს, ირინეოსი ამბობს: “ეკლესიამ, რომელიც გავრცობილია მთელ მსოფლიოში დედამიწის კიდეებამდე, მოციქულთაგან და მათი მოწაფეებისგან მიიღო სარწმუნოება ერთი ღმერთისა, ყოვლისმპყრობელი მამისა, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე მათ შორის”. ე.ი. მისი აღსარებითი ფორმულა, რა თქმა უნდა, იწყება მამა ღმერთის შესახებ უწყებით. ჩვენ აქ ერთ მომენტს კვლავ დავაკონკრეტებთ, რაც ხშირად აღგვინიშნავს წმ. ირნეოსის შესახებ წერილობით პუბლიკაციაშიც და მკითხველისთვის, რომ მაინც ყველაფერი ცხადი იყოს. მიუხედავად არაერთგზისი აღნიშვნისა, კვლავ აღვნიშნავთ, რომ უადრეს ავტორებთან ძალიან ხშირად ტერმინი ღმერთი კონკრეტულად ჰიპოსტასურად მამა ღმერთს გულისხმობს. ამგვარი ვითარება გვაქვს ჩვენ წმ. კლიმენტი რომაელთან, აგრეთვე წმ. ეგნატი ანტიოქიელთან, აპოლოგეტებთან, წმ. ირინეოს ლიონელთან. ამიტომ ამგვარი ტერმინოლოგიური თავისებურება გახლდათ იმ ეპოქაში, რადგანაც ჯერ კიდევ ცთომილება და მწვალებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ძე ღმერთი, მაცხოვარი იესო ქრისტე, არ არის ბუნებითი ღმერთი, თავისი უმკვეთრესი სახით გამოთქმული არ იყო. ე.ი. არიანელობამდე, მიუხედავად იმისა, რომ ძე ღმერთის ღმერთობაში დაეჭვებანი არაიშვიათი გახლდათ, რაზეც ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, რომ ეს ერთ-ერთი ერეტიკული ტენდენცია იყო მეორე ტენდენციასთან ერთად, მაინც ისეთი საყოველთაოდ დამანგრეველი და გლობალური სახე მას არ მიუღია, როგორც მიიღო არიანელობის ჟამს და ამიტომაც არიანელობის ერესის თვით აჩრდილის აღმოსაფხვრელადაც კი ეკლესიის მამებმა უკვე უდიდესი ყურადღება განუკუთვნეს ნებისმიერი, ჩვენგან გამოყენებული, ტერმინის შინაარსს, ისევე როგორც თუნდაც ფორმობრივი თვასლაზრისით ამ ტერმინის ზედმიწევნითობას. ამიტომ ამ პერიოდის შემდეგ ნაკლებად გვხვდება ტერმინ ღმერთის ჰიპოსტასური დაზუსტების გარეშე გამოყენება. IV საუკუნიდან უკვე ჩვეულებრივ ის უდიდესწილად ყოვლადწმინდა სამებას გულისხმობს და ჰიპოსტასური დაკონკრეტების შემთხვევაში ახლავს კიდეც შესაბამისი აღნიშნვნა, რომ მამა ღმერთი, ძე ღმერთი, სულიწმინდა ღმერთი. ეს მხარე ჩვენგან აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ესაა მხოლოდ ეპოქალური სურათის წარმოჩენა, რომ უადრეს ხანაში ტერმინი ღმერთი უფრო მეტად და უფრო ხშირად ჰიპოსტასურად მამა ღმერთს მიემართებოდა, მხოლოდ და მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ მამა ღმერთის მიზეზობა ძისა და სულიწმიდის მიმართ წარმოჩენილიყო, რომ ძისა და სულიწმიდის არსება, ღმრთეება მამისეულია და მიზეზობრივი პირველადობა ყოვეთვის მამას აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ მიზეზობრივი პირველადობაა, რომ მამაა მიზეზი ძისა და სულისა, ძისა მშობელობითად და სულიწმიდისა გამომავლინებლობითად და არანაირად პირიქით. ამიტომ ვამბობთ, რომ ძე ღმერთი ფლობს მამისეულ არსებას, სულიწმიდა ფლობს მამისეულ არსებას, ძე ღმერთი ფლობს მამისეულ ღმრთეებას, სულიწმიდა ფლობს მამისეულ ღმრთეებას, მამისგან აქვთ, ყოფითი ტერმინები რომ გამოვიყენოთ, ძეს და სულიწმიდას მარადიულად და დაუსაბამოდ ბუნებითი ღმრთეება, ბუნებითი არსება ღმრთისა. აი სწორედ ეს მიზეზობრივი პირველადობა მამისა იმ უადრეს ეპოქაში განაპიროებებდა ტერმინ ღმერთის უფრო ხშირად მამისადმი მიკუთვნებას და შედარებით ნაკლებად ხშირად ძე ღმერთისა და სულიწმიდისადმი, იმ კონტექსტში, როცა ჰიპოსტასები გვერდიგვერდ იხსენიებოდა, თორემ დამოუკიდებლად, როცა ამა თუ იმ ჰიპოსტასის ხსენება ხდებოდა გარკვეულ კონტექსტში, აბსოლუტურად თანაბრად და იგივეობით მამაც, რა თქმა უნდა, ღმერთად მოიხსენიებოდა, ძეც და სულიწმიდაც. ხოლო გვერდიგვერდ მოხმობისას ზოგჯერ არის შემთხვევები, სადაც დაკონკრეტების გარეშე ტერმინი ღმერთი საკუთრივ მამა ღმერთის ჰიპოსტასს გულისხმობს. ამიტომ ვთხოვთ ჩვენს მსმენელებს და აგრეთვე მკითხველებსაც, რომლებიც ჩვენს წერილობით პუბლიკაციას გაეცნობიან, ეს შენიშვნა უეჭველად გაითვალისწინონ.

გაგრძელება →

← სარჩევი

ტეგები: Qwelly, ირინეოსი, ლიონელი, პატროლოგია

ნახვა: 851

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters