ეკლესიოლოგია (გაგრძელება). მისი სწავლება ევქარისტიის შესახებ

       ჩვენი წინა საუბარი, რაც წმ. ირინეოსის ღვთისმეტყველების ეკლესიოლოგიურ ნაწილს ეხებოდა, დავაბოლოვეთ იმ აუცილებელი განმარტების მოწოდებით, რომ უადრეს ეპოქაში ზოგჯერ სახეზეა ტერმინ ღმერთის საკუთრივ მამა ღმერთისადმი გამოყენება დაკონკრეტების გარეშე, ე.ი. “მამის” დამატების გარეშე. ამგვარ ტერმინოლოგიურ სპეციფიკას ის უეჭველი საფუძველი აქვს, რომ ხაზი გაუსვან მიზეზობრივ პირველადობას მამისას, რომ მამა მხოლოდ და მხოლოდ მიზეზობრივად და არანაირად სხვა ნიშნით, არც უხუცესობით, არც ყოვლადძლიერებით, არც ყოვლისმპყრობელობით, არც ცხოველმყოფელობით და სხვა, აბსოლუტურად არანაირი სხვა ნიშნით, მარტოოდენ მიზეზობრივად პირველადია ყოვლადწმინდა სამებაში, ანუ მისგან არის მიზეზობრივად ძე და სული, ძე შობითად, სული გამომავლობითად, და არანაირად პირუკუ. აი ეს ტერმინოლოგიური სპეციფიკა ჩვენთვის უადრესი ტექსტების კითხვისას აუცილებლად გაცნობიერებული უნდა იყოს და ამ შემთხვევაშიც იგივე ვითარება გვაქვს ირინეოსთან. ჩვენ სწორედ ციტირებას ვახდენდით მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო დეფინიციისა, რაც მრწამსის გადმოცემას უკავშირდება. პირველი ნაწილის ციტირება უკვე წინა საუბარში მოვახდინეთ, ეხლა კი კვლავ გავიმეორებთ, რომ მთლიანი სახით ტექსტი ჩვენთვის აღსაქმელი იყოს, იმ შენიშვნის გათვალისწინებით, რაზეც ვსაუბროვდით, რომ ტერმინი ღმერთი, მიუხედავად ეპითეტური დაკონკრეტებისა, ჰიპოსტასურად მამა ღმერთს გულისხმობს და აქ რაიმე შეუსაბამობა არ არის. ამრიგად ირინეოსი ბრძანებს: “ეკლესიამ, რომელიც გავრცობილია მთელს მსოფლიოში, დედამიწის კიდეებამდე (ეს თავისთავად ისტორიულად უაღრესად საყურადღებო ინფორმაციაა), მოციქულთაგან და მათი მოწაფეებისაგან მიიღო სარწმუნოება ერთი ღმერთისა, ყოვლისმპყრობელი მამისა, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე მათ შორის, და ერთი იესო ქრისტესი, ღვთის ძისა, რომელიც განკაცდა ჩვენი ხსნისათვის, და ერთი სულიწმიდისა, რომელიც წინასწარმეტყველთა მიერ ქადაგებდა წინაგანგებას ღვთისას, მის მოვლინებას, ქალწულისაგან მის შობას, ვნებას, მკვდრეთით აღდგომას და ჩვენი უფლის, საყვარელი იესო ქრისტეს, ცათა მიმართ ხორციელ ამაღლებას. შემდეგ ცათაგან მის მოვლინებას მამის დიდებით, რომ შემოჰკრიბოს ყოველივე (აქ კვლავ შემოკრებაზეა აქცენტი და ჩვენ ეს შეგვიძლია ციტატად ჩავთვალოთ პავლე მოციქულის სიტყვებისა, რაც მას აქვს თქმული ეფესელთა მიმართ ეპისტოლის I თავის მე-10 მუხლში), რომ აღადგინოს მთელი კაცობრიობის ყოველი სხეული, რომ მოდრკეს ყოველი მუხლი ზეციერთა, მიწიერთა და ქვესკნელის მკვიდრთა და ყოველმა ენამ აღიაროს იგი – ქრისტე, იესო უფალი ჩვენი და ღმერთი, მაცხოვარი და მეუფე, სათნოყოფითა უხილავისა მამისა, რომ ჰქმნას მან განსჯა მართალი ყოველთა შორის, რომ მარადიულ ცეცხლში წარგზავნოს უკეთური სულები, გაუკუღმართებული და განდგომილებაში მყოფი ანგელოზები, უღმერთონი, უსამართლონი, ურჯულონი, ავმეტყველნი კაცთა შორის. ხოლო იმათ, რომელნიც მართალნი, წმიდანი, მისთა მცნებათა დამცველნი არიან და მის სიყვარულში მკვიდრობენ, ზოგნი თავიდანვე, ზოგნი კი სინანულის გზით, ყველა მათგანს ცხოვრება მიანიჭოს, უხრწნელება მიჰმადლოს და სამარადისო დიდება შესძინოს”.

       აი ეს მოკლე გადმოცემა მართლმადიდებლური სწავლებისა, ვფიქრობთ ამაში მსმენელიც დაგვეთანხმება, გახლავთ ერთი უბრწყინვალესი შეჯამება საეკლესიო ღვთისმეტყველებისა, დოგმატური ღვთისმეტყველებისა. ესაა უკიდურესად ლაკონური და ამავე დროს უმტკიცესად თანამიმდევრული და ადვილსაწვდომი ფორმით გადმოცემული, ყველა ადამიანისგან აღსაქმელად და მისაღებად. ამთავრებს რა ამ გადმოცემას ირინეოსი, შემდგომ თვითონვე დასძენს: “ეს სწავლება შეიწყნარა ეკლესიამ და თუმცა იგი მთელს ქვეყანაზე გავრცობილია, მაინც გულმოდგინედ იცავს ამ სარწმუნოებას, როგორც ერთ სახლში დამკვიდრებული. სწამს მას ყოველივე ეს, როგორც ერთი სულისა და ერთი გულის მქონეს და ერთხმობით, თითქოსდა ერთი პირით, ქადაგებს, ასწავლის, გადასცემს ყოველივე ამას”. აქ ეკლესიის ფორმობრივი სხვადასხვაობისა და არსობრივი ერთმთლიანობის წარმოსაჩენად ირინეოსს ამქვეყნიური სახე-სიმბოლოც შემოაქვს და აღნიშნავს: “ამქვეყნიური ენებიც არამსგავსია, მაგრამ ერთი და იგივეა თავად გადმოცემის ძალა. ამიტომაც არ სწამს სხვადასხვაგვარად ეკლესიებს, დაფუძნებულთ გერმანიაში, იბერთა შორის (ენ ტაის იბერიაის), თუ კელტებში”. აქ ძალიან საყურადღებოა ხსენება იბერებისა. რა თქმა უნდა, მკვლევარები აქ ჩვეულებრივ დასავლეთის იბერიას ხედავენ, ესპანეთის იბერიას, მაგრამ ისმის კითხვა: თუ ჩვენ ნაკლებად უნდა ვიგულვოთ აქ საქართველო – აღმოსავლეთის იბერია, იმიტომ, რომ თითქოსდა ამ დროისათვის (II ს-ის მიწურული) ჩვენთან არ უნდა ყოფილიყო ქრისტიანობა იმდენად ფეხმოკიდებული, რომ ირინეოსს სცოდნოდა ამის შესახებ, განა იგივე არ უნდა ვთქვათ ესპანეთის იბერიაზეც, სადაც ამ დროისათვის ქრისტიანობა, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო ნაკლებ ცნობილი უნდა ყოფილიყო. მაშინ როცა საქართველოში ქრისტიანული მოძღვრების დამფუძნებლად თავად მოციქული ანდრია პირველწოდებული, ისევე როგორც სვიმონ კანანენი მიიჩნევიან, განა გაცილებით მეტი საფუძველი არ უნდა ჰქონდეს აზრს იმის შესახებ, რომ სწორედ აღმოსავლეთის იბერია – საქართველო უნდა იგულისხმებოდეს აქ და არა ესპანეთის იბერია, რომლისთვისაც იმ პერიოდში ქრისტიანობა უცხოა. შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ იბერთა ხსენების ჟამს სწორედ საქართველოზე მიანიშნებდეს წმ. ირინეოსი. განვაგრძობთ ციტატას: “ამიტომაც არ სწამთ სხვადასხვაგვარად ეკლესიებს, დაფუძნებულთ გერმანიაში, იბერთა შორის, თუ კელტებში, აღმოსავლეთის მხარეებში თუ ეგვიპტეში, ლიბიაში თუ ქვეყნის შუაში (აქ მაინც ბიზანტია და კონკრეტულად რომი იგულისხმება). არცთუ სხვადასხვაგვარად გადასცემენ ისინი რამეს (დაუკვირდით როგორ ერთსულოვნებას საეკლესიო მოძღვრებისას უმკვეთრესად უსვამს ხაზს ირინეოსი), არამედ ისევე, როგორც მთელ ქვეყანაზე ერთია მზე, ქმნილება ღვთისა, ასევე მოძღვრება ჭეშმარიტებისა ყოველგან ნათობს და ნათელ-ჰყოფს ყოველ კაცს, ვინც კი ესწრაფვის შეიმეცნოს ჭეშმარიტება. თუნდაც რომ იყოს ვინმე ფრიად მახვილმესიტყვე ეკლესიის წინამძღვართაგან, ამათ გარდა (აქ ირინეოსი გულისხმობს მისგან გადმოცემულ, ზემოთ ჩამოყალიბებულ დოგმატურ სწავლებებს) სხვას არას იტყვის, რადგან არავინ არის უპირატესი მოძღვრისა (ე.ი. მაცხოვრისა), არც ენაბრგვილი დაამცირებს ამ გადმოცემას (ე.ი. არა მხოლოდ ენობრივი სხვადასხვაობა სხვაობის შემომტანია იმ მოძღვრებაში, რასაც სხვადასხვა ერებში არსებული ეკლესიები ერთ ეკლესიობად და ერთ მოძღვრებად აღმოთქვამენ, არამედ თვით მეტყველების სხვადასხვა უნარიც, დავუშვათ მახვილმესიტყვეობა ვინმესგან, არაფერს არ შეჰმატებს ამ მოძღვრებას, ისევე როგორც არც ვინმეს ენაბრგვილობა, ანუ ენაბლუობა, ენობრივი გაუმართაობა არ დააბრკოლებს და არ დააცმირებს ამ გადმოცემას). ერთიდაიგივე რწმენა ჰგიეს, რომელსაც ვერ განავრცობს ვერც მის შესახებ მრავლისმესიტყვე და ვერ დაამცრობს ვერც სიტყვაძუნწი”. ეს ციტატა, მოტანილი პირველი წიგნიდან, ვფიქრობთ უაღრესად შთამბეჭდავია, მრავლისმეტყველია, საიდანაც აშკარად იკვეთება, რომ წმ. ირინეოსის მოძღვრებით მხოლოდ მოციქულთა მიერ დაფუძნებული ეკლესიები ფლობენ სარწმუნოების შესახებ ჭეშმარიტ სწავლებას, და ეს ეკლესიები ჩვენს წინაშე წარმოდგებიან როგორც მოწამენი ჭეშმარიტებისა, რადგანაც ხსენებულ ეკლესიებში მღვდელთა, უფრო ზუსტად სამღვდელოთა, უწყვეტი მიმდევრობაა, რაც განაპირობებს მათეული მოძღვრების საუფლო ნამდვილობას. ირინეოსის შემდგომი ციტატა, ეკლესიოლოგიური სწავლების შემცველი, III წიგნიდან, ჩვენის აზრით ასევე უაღრესად საყურადღებოა, ირინეოსი ამბობს: “ვისაც კი სურს, რომ იხილოს ჭეშმარიტება, ყველა ეკლესიაში ძალუძს მას განჭვრეტა სამოციქულო გადმოცემისა, რაც მთელ ქვეყანას გაეცხადა. ჩვენ შეგვიძლია აღვრიცხოთ ისინი, რომლებიც ეპისკოპოსებად დაინიშნენ მოციქულთა მიერ, აგრეთვე მათი მონაცვლეებიც, ვიდრე ჩვენამდე, რომლებსაც არაფერი უფიქრიათ, არაფერი სცოდნიათ იმგვარი, რასაც ესენი (გნოსტიკოსები) ბოდავენ. თუკი მართლაც უწყოდნენ მოციქულებმა ე.წ. ღრმა საიდუმლონი (ეს გნოსტიკოსების გამოანთქვამია, სწორედ ისინი იჩემებდნენ რაღაც განსაკუთრებით ღრმა საიდუმლოთა ფლობას), რაც მათ თითქოსდა მრავალთაგან ფარულად ცალკე ასწავლეს სრულთ (რჩეულთ), განა ისინი პირველ რიგში იმ პირებს არ გადასცემდნენ ამ საიდუმლოებებს, რომლებსაც ანდეს მათ ეკლესიები? მოციქულებს სურდათ, რომ ყოვლითურთ სრულნი და ყოვლად უმწიკვლონი ყოფილიყვნენ ისინი, რომლებიც შეენაცვლებოდნენ მათ და რომლებსაც მოციქულთაგან გადაეცემოდათ მათთვის განკუთვნილ ადგილებზე მოძღვრობის ნება. თუკი ისინი შეუცთომლად იმოღვაწებდნენ, სარგებლობასაც ბევრს მოიტანდნენ, მაგრამ თუკი დაეცემოდნენ, ეს იქნებოდა მეტისმეტი უბედურება”. ვფიქრობთ ცხადია მოტანილ ციტატაში ის, რომ ირინეოსის აზრით ერეტიკოსებს არ ჰქონდათ მადლი ჭეშმარიტებისა, რადგანაც მათ არ მიუღიათ სამოციქულო კურთხევა, ხოლო საეკლესიო სამღვდელოების მადლი სწორედ მოციქულთაგან მომდინარე ხელდასხმის გამოვლინება გახლავთ და ამიტომაც გვმოძღვრავს ჩვენ ირინეოსი შემდეგი სიტყვებით: “სწორედ ამიტომ გვმართებს, რომ დავემორჩილოთ მღვდლებს, რომლებიც ეკლესიაში არიან, რომლებსაც, როგორც ვაჩვენეთ, მოციქულთაგან აქვთ მონაცვლეობა და რომლებმაც საეპისკოპოსო მონაცვლეობასთან ერთად, მამისეული სათნოყოფით მიიღეს ჭეშმარიტების გარკვეული ნიჭიც”.

       კიდევ მრავალი ციტატა შეიძლებოდა მოგვეტანა ჩვენ, ეკლესიოლოგიური კუთხით უაღრესად საყურადღებონი, მაგრამ ვფიქრობთ აქ დამოწმებული ციტატებიც საყურადღებოა. ამჯერად ყურადღებას შევაჩერებთ მომდევნო თემატურ დანაყოფზე და ეს გახლავთ უკვე წმ. ირინეოსის სწავლება ევქარისტიის შესახებ, რაც უფრო მკვეთრად, უფრო გამოყოფითად წარმოდგენილია ირინეოსის ზემოხსენებული ანტიერეტიკული შრომის კონკრეტულად IV წიგნში. ეს სწავლება, ევქარისტიანასთან დაკავშირებით გადმოცემული, პარალელურად ეხება ხორციელი აღდგომის საკითხსაც, რის უარმყოფელებსაც ირინეოსი მკაცრად განაქიქებს. მოვიტანთ შესაბამის ციტატას: “როგორ ამბობენ ისინი (გნოსტიკოსები), რომ ხორცი ხრწნილებას მიეცემა და არ ეზიარება იგი ცხოვრებას, ხორცი, რომელიც უფლის სხეულისა და სისხლისგან არის ნასაზრდოები (ანუ ხორცი, რომელიც ზიარების მადლით არის განმსჭვალული), მათ (გნოსტიკოსებმა) ან უნდა შეიცვალონ აზრი, ანდა უარყონ ზემოთქმულთა (ე.ი. პურისა და ღვინის) შეწირვა. ჩვენი აზრი თანხმობაშია ევქარისტიასთან და ევქარისტიაც განამტკიცებს ჩვენს აზრს. შევწირავთ მისდამი მისთა (აქ ჟამისწირვითი ლოცვის, შენთაგან “შენდა შემწირველნი”, მინიშნებაა), რითაც ჯეროვნად ცხადვყოფთ ზიარებასა და შეერთებას და ვაღიარებთ ხორცისა და სულის აღდგინებას. ისევე როგორც მიწიერი პური შეიწყნარებს გარდამოწვევას ღვთისას (იგულისხმება ცნობილი ლოცვა სულიწმიდის მადლის გარდამოწვევის, ანუ გარდამოხმობის, მოხმობის, მოწოდების, აღმნიშვნელად, რასაც ბერძნულად ეწოდება “ეპიკლესისი”, ანუ მოხმობა, მოწვევა) და იგი უკვე არის არა ჩვეულებრივი პური, არამედ ევქარისტია, შედგენილი ორი რამისგან: მიწიერისა და ციურისგან, ასევე ევქარისტიასთან ნაზიარები ჩვენი სხეულები უკვე აღარ არიან ხრწნადნი, რადგანაც ფლობენ საუკუნოდ აღდგომის სასოებას”.

       დავძენთ იმასაც, რომ ირინეოსი სწამებს პურისა და ღვინის კურთხვეას, როგორც უკვე ავღნიშნავდით, “ეპიკლესისის” ანუ გარდამოწვევის გზით. ევქარისტია მისი სწავლებით არის უსისხლო მსხვერპლშეწირვა, ანუ მალაქიას მიერ ნაწინასწარმეტყველები ახალი მსხვერპლი. ირინეოსი კერძოდ ამბობს: “მისცა რა უფალმა განჩინება თავის მოწაფეებს, ღვთისადმი მიეძღვნათ პირველნაყოფნი მისივე შესაქმისა, არათუ იმიტომ, რომ სჭირდებოდა მას რამ, არამედ იმიტომ, რომ უნაყოფონი და უმადლონი არ ყოფილიყვნენ ისინი, აიღო მან პური, რომელიც ქმნილებათაგანია, ჰმადლობდა და თქვა: “ესე არს ხორცი ჩემი”. მსგავსადვე სასმელიც, რომელიც არის ჩვენეული შესაქმისა, მან გააცხადა თავის სისხლად და ასწავლა მოწაფეებს ახალი მსხვერპლი ახალი აღთქმისა, რაც მოციქულებისგან ეკლესიამ მიიღო და რასაც მთელ მსოფლიოში სწირავს იგი ღმერთს, რომელიც გვანიჭებს ჩვენ საზრდოს, მისეულ ძღვენთა პირველნაყოფთ ახალ აღთქმაში”.

გაგრძელება →

← სარჩევი

ტეგები: Qwelly, ირინეოსი, ლიონელი, პატროლოგია

ნახვა: 760

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Five Explanations TO Key IN Athletics BROADCASTING

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 10:28pm 0 კომენტარი





Sports broadcasting is one profession discipline that men and women who love athletics flock to. Even though there are several other choices within the vast earth of sports, like administration, lots of sports lovers who don’t wish to wind up on the field get pleasure from getting guiding the microphone. Within a discipline that encompasses anything from Are living play-by-plays to article-video game interviews, majoring in athletics broadcasting gives you the possibility to do…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters