იგავი VI

61.(1).

1. ჩემს სახლში ვიჯექი და ღმერთს ვადიდებდი ყველაფრის გამო, რაც მინახავს, და მცნებების შესახებ ვმსჯელობდი, რადგან სათნონი, ძლიერნი, მხიარულნი, დიდებულნი არიან და ადამიანის სულის ხსნა ხელეწიფებათ (იაკობ. 1.21). ჩემს თავს ამას ვეუბნებოდი: "ნეტარი ვიქნები, რაჟამს ამ მცნებებში ვისრბოლებ, და ბედნიერია, ვინც მათ შეუდგება" (ფს. 1. 1-2; 118.1). 2. ვიდრე ამას ვეზრახებოდი საკუთარ თავს, ვხედავ, მოულოდნელად ჩემ გვერდით მწყემსი ჩამოჯდა და ამბობს: ‘რატომ ორჭოფობ მცნებების გამო, რომლებიც დაგავალე? სათნონი არიან ისინი. საერთოდ არ დაეჭვდე, არამედ უფლის რწმენა შეიმოსე და მათში ისრბოლებ, რადგან მე განგამტკიცებ. 3. სასარგებლოა ეს მცნებები სინანულის მსურველთათვის; ფუჭია სინანული, უკეთუ მათ არ აღასრულებენ. 4. მონანულებმა ამა საუკუნის წარმწყმედელი უკეთურებანი მოირიდეთ; ყოველგვარი სიმართლის სათნოებაში შემოსილებს კი ძალგიძთ, ეს მცნებები დაიცვათ და ნურც თქვენს შეცოდებებს გაამრავლებთ. ჩემს მცნებებში ისრბოლეთ და ღმერთში იცოცხლებთ. ამ ყოველივეს მე გეუბნებით თქვენ". 5. მას შემდეგ, რაც ასე მომმართა, ამბობს: "ველად წავიდეთ და ცხვართა მწყემსებს გიჩვენებ". მივუგე: "წავიდეთ, უფალო". ერთ-ერთ დაბლობზე გავედით და ყვითელი ფერის ნაქსოვი სამოსით მოსილ ახალგაზრდა მწყემსზე მიმითითა. 6. ძალზედ ბევრ ცხვარს აბალახებდა. ეს ცხვრები თითქოს იშვებდნენ, ფრიად ნებივრობდნენ და მხიარულნი ხტუნავდნენ აქეთ და იქით. თავად მწყემსიც ძლიერ გახარებული იყო საკუთარი სამწყსოთი. იგი თავისი გარეგნობით დიდად მოხარული ჩანდა და ცხვრებს შორის მიმორბოდა. ერთ ადგილზე სხვა ნებიერა და მხიარული ცხვრებიც ვიხილე, თუმცა არ დახტოდნენ.


62.(2).

1. მეუბნება მე: "ხედავ ამ მწყემსს?" მივუგე: "ვხედავ, უფალო". "ის, - ამბობს, - შვებისა და სიცრუის ანგელოზია. წარხოცავს ღვთის მონათა სულებს და ჭეშმარიტებისგან გადააცდენს მათ, ატყუებს რა უკეთური სურვილებით, რითიც წარწყმედს; 2. ცხოველი ღმერთის მცნებებს ივიწყებენ, სიცრუითა და ამაო განცხრომით სრბოლობენ და იღუპებიან ამ ანგელოზის მიერ, ზოგი სასიკვდილოდ, სხვანი კი გასახრწნელად". 3. ვეუბნები მას: "უფალო, ვერ გავიგე, რას ნიშნავს სასიკვდილოდ და რას - გასახრწნელად". "ისმინე, - მომიგებს, - ცხვრები, რომლებიც იხილე, რომ უხაროდათ და ხტუნავდნენ, ისინი არიან, ვინც ბოლომდე განუდგა ღმერთს და ამა საუკუნის ზრახვებს გადასცა საკუთარი თავი. ამრიგად, აღარაა მათში ცხოველი სინანული, რადგან თავიანთი შეცოდებანი ამრავლეს და დაგმეს უფლის სახელი. სწორედ ესაა სიკვდილი. 4. ხოლო ცხვრები, რომლებიც იხილე, რომ არათუ დახტოდნენ, არამედ ერთ ადგილზე ბალახობდნენ, ისინი არიან, ვინც საკუთარი თავი შვებასა და სიცრუეს გადასცა, მაგრამ უფალი არ დაუგმია. ასეთნი გახრწნილი არიან სიმართლისთვის, მაგრამ არის მათში იმედი სინანულისა, რომელსაც გადარჩენა ხელეწიფება. ხრწნილებაში არის რამ იმედი განახლებისა, ხოლო სიკვდილი კი საუკუნო წარწყმედის მფლობელია". 5. კვლავ გავიარეთ მცირედი და თხის თეთრი ტყავით გარშემორტყმული დიდი მწყემსი მიჩვენა, თითქოს ველური გარეგნობის. აბგა ჰქონდა მხარზე, ხელში ფრიად მძიმე, დატოტილი კვერთხი და დიდი მათრახი ეჭირა. ისეთი დამწუხრებული გარეგნობა ჰქონდა, რომ შემეშინდა მისი. ასეთი შესახედაობისა იყო. 6. ეს მწყემსი ახალგაზრდა მწყემსისგან იწყნარებდა ნებიერა და განცხრომილ ცხვრებს, რომლებიც არ დახტოდნენ, და რომელიღაც ციცაბო, ეკლიანი და ნარშავიანი ადგილისკენ მიერეკებოდა მათ, ამიტომაც ცხვრებს ეკლებისა და ნარშავებისგან არ ძალუძდათ დახსნილიყვნენ და ებმებოდნენ მათში. 7. ამრიგად, ბალახობისას ეკლებსა და ნარშავებს შორის გაბმულნი ფრიად იტანჯებოდნენ, მწყემსისგან გალახულნი. აქედანაც და იქიდანაც უვლიდა, მოსვენებას არ აძლევდა მათ და საერთოდ არ აჩერებდა ამ ცხვრებს.


63.(3).

1. ვიხილე რა ისინი ამგვარად გამათრახებულნი და გატანჯულნი, მათზე ვდარდობდი, რადგან ასე იტანჯებოდნენ და განსვენება საერთოდ არ გააჩნდათ. 2. ჩემთან მოსაუბრე მწყემსს ვეკითხები: "უფალო, ვინ არის ეს მწყემსი, რომელიც ასეთი უმოწყალო და მრისხანეა და ამ ცხვრებს საერთოდ არ იბრალებს?" "იგი, - მომიგებს, - შურისგების ანგელოზია, მართალ ანგელოზთაგანაა, ხოლო დადგენილია შურისგებისთვის. 3. ის ღმერთისგან განდგომილებს და ამა საუკუნის სურვილებითა და სიცრუით მოგზაურთ იწყნარებს და ისე სჯის მათ, როგორც ღირსია მავანი, საშინელი და სხვადასხვა შურისგებით". 4. ვეუბნები: ‘უფალო, მსურს ვიცოდე, თუ როგორია ეს მრავალგვარი შურისგება". "ისმინე, - ამბობს, - სხვადასხვა ტანჯვისა და შურისგების შესახებ. ცხოვრებისეულნი არიან ტანჯვანი184: ზოგიერთი დანაკარგით ისჯება, სხვანი - სიღარიბით, ნაწილი - სხვადასხვა უძლურებით, მავანი - გამუდმებული შფოთით, ზოგიერთი უღირსთაგანაა შეურაცხყოფილი და მრავალი სხვა საქმის დამთმენია. 5. მრავალი, საკუთარ სურვილებში დაუდგრომელი, ბევრს ტვირთულობს, თუმცა საერთოდ ვერაფერს წარემატება მათგან; და საკუთარ თავთან მსჯელობენ, რომ ვერ კმაყოფილდებიან თავიანთ საქმეებში, არც აღწევნილა მათ გულზე, უკეთურებას რომ იქმოდნენ, არამედ უფალს ადანაშაულებენ185. 6. რაჟამს მრავალი შეჭირვებით განიკითხებიან, მაშინ კეთილად განსწავლისთვის მე გადმომეცემიან და გაძლიერდებიან უფლის რწმენაში, ხოლო თავიანთი ცხოვრების დარჩენილ დღეებს სუფთა გულით უფალს დაემონებიან (ფს. 51.10). ამრიგად, როცა შეინანებენ, მაშინ აღიწევა მათ გულებზე უკეთური საქმენი, რასაც იქმოდნენ, და მაშინ განადიდებენ ღმერთს, რადგან სამართლიანი მსაჯულია (ფს. 7.12; II მაკაბ. 12.5; II ტიმ. 4.8) და სიმართლით განსჯის ყველას, თითოეულს თავისი საქმისამებრ (მთ. 16.27; აპოკალ. 2.23; ფს. 61.13). მომავალში კი სუფთა გულით უფალს დაემონებიან და წარემატებიან თავიანთ ყველა საქმეში და რასაც ითხოვენ უფლისგან, ყოველივეს მიიღებენ (მთ. 21.22; I ინ. 3.22). და განადიდებენ მაშინ ღმერთს, რომ მე გადმომეცნენ, და მეტად აღარც განიკითხებიან უკეთურებათა გამო".     


64.(4).

1. ვეუბნები მას: "უფალო, ესეც განმიმარტე". მომიგებს: "რა გაინტერესებს?" "უფალო, ნუთუ იმდენ ხანს იტანჯებიან შვებითა და ტყუილით მცხოვრებნი, რაც შვებასა და სიცრუეში გაატარეს?" ამბობს: "ეს დრო დაიტანჯებიან”. 2. ვპასუხობ: "უფალო, ნუთუ უმნიშვნელოდ განიკითხებიან? რადგან საჭიროა, ამგვარად განცხრომილნი და ღვთის დამვიწყებელნი შვიდწილად დაისაჯონ”. 3. ამბობს: "უგუნური ხარ და ვერც კი ხვდები ტანჯვის ძალას". ვეუბნები: "თუკი გავიგებდი, უფალო, აღარც გკითხავდი, რომ გაგეცხადებინა ჩემთვის". "ისმინე, - მომიგებს, - ორივეს ძალის შესახებ. 4. შვებისა და სიცრუის დრო ერთი საათია, ხოლო სასჯელის საათს ოცდაათი დღის ძალა აქვს. თუკი ვინმე ერთი დღე იშვებდა და ცრუობდა, ერთი დღე დაისჯება, მაგრამ სასჯელის დღეს მთელი წლის ძალა აქვს. რამდენ დღესაც ისიამოვნებს მავანი, იმდენ წელს დაიტანჯება. ხომ ხედავ, - ამბობს, - სიამოვნებისა და სიცრუის დრო ძალზედ მცირეა, ხოლო შურისგებისა და სასჯელისა კი - მრავალრიცხოვანი"186.

 

65.(5).

1. "უფალო, - ვეუბნები, - საერთოდ ვერაფერს ვხვდები სიცრუის, სიამოვნებისა და ტანჯვის დროის შესახებ, უფრო ცხადად განმიმარტე". 2. მპასუხობს და მეუბნება მე: "ხანგრძლივია (παράμονός) შენი უგუნურება და არ გსურს, რომ გული შენი განიწმინდო და უფალს ემონო. ეკრძალე, - ამბობს, - რომ ჟამი არ განსრულდეს და შენ კი უგუნური არ აღმოჩნდე. მაშ ასე, ისმინე და გაიგე ისე, როგორც მოგსურვებია. 3. ვინც ერთი დღე იშვებდა თუ ცრუობდა და რასაც იზრახავდა, იმას აღასრულებდა, ფრიადი სიშლეგით შემოსილა და ვერ იმეცნებს საქმეს, რომელსაც მოქმედებს, ივიწყებს რა ხვალამდე, თუ რას იქმოდა ერთი [დღის] წინ, რადგან სიამოვნებასა და ტყუილს უგუნურების გამო, რაშიც იმოსება, მოსაგონარი არ გააჩნია, ხოლო როცა ადამიანს ერთი დღის შურისგება და სასჯელი მიეახლება, წლის მანძილზე სჯის და სტანჯავს, რამეთუ დიდი ხსოვნა აქვს მას. 4. ამრიგად, მთელი წლის მანძილზე ტანჯული და დასჯილი, რაჟამს შვებასა და ტყუილს იხსენებს, ხვდება, რომ ამ უკეთურებათა გამო განიკითხება. ყველა განცხრომილი და მტყუარი ადამიანი ამგვარად დაისჯება, რადგან სიცოცხლის მფლობელებმა საკუთარი თავი სიკვდილს გადასცეს". 5. შევეკითხე: უფალო, როგორი შვებაა დამღუპველი?" "ნებისმიერი საქმე, - მომიგებს, - შვებაა ადამიანისთვის, რაჟამს სიამოვნებით ასრულებს მას, რადგან აღგზნებულიც (ὁ ὀξύχολος ) საკუთარი ვნებით არამცირედი განცხრომით მოქმედებს. მრუში, მემთვრალე, ავმეტყველი, მატყუარა, ანგარი თუ მძარცველი და მათ მსგავსად მქმნელი თავის უკეთურებას საკმარისად აღასრულებს და სწორედაც რომ ტკბება საკუთარი საქმით. 6. ყველა ეს შვება დამღუპველია ღვთის მონათათვის. ამრიგად, დასჯილნი და ტანჯულნი ამ საცთურთა გამო განიკითხებიან. 7. მაგრამ არის შვება, რომელიც იხსნის ადამიანს, რადგან მრავალი, ვინც სიკეთეს იქმს, საკუთარ თავს შვებას სიამოვნებით ანიჭებს. ასე რომ, ეს შვება სასარგებლოა ღვთის მონათათვის და სიცოცხლეს ანიჭებს ამ ადამიანს. წინარეგანცხადებული დამღუპველი განცხრომანი კი სასჯელსა და შურისგებას შემოიკრებენ. ხოლო ვინც შეყოვნდება და არ შეინანებს, საკუთარ თავს სიკვდილს მიაახლებს".



იგავი VII

66.

1. რამდენიმე დღის შემდეგ იმ დაბლობზე ვიხილე იგი, სადაც მწყემსებიც მენახა, და მეუბნება: "რას ეძიებ?" "უფალო, - ვპასუხობ, - მოვედი, რომ შურისგების მწყემსს ჩემი სახლიდან წასვლა უბრძანო, რადგან ძლიერ მტანჯავს მე". მომიგებს: "უნდა დაისაჯო, ასე ბრძანა შენ შესახებ დიდებულმა ანგელოზმა, ჰსურს რა შენი გამოცდა". ვუთხარი: "უფალო, ასეთი რა უკეთურება აღვასრულე, რომ იმ ანგელოზს მიმაბარეს?" 2. "ისმინე. - ამბობს, - მრავალია შენი შეცოდება, თუმცა არა ეგზომ ფრიადი, რომ ამ ანგელოზს გადასცემოდი, მაგრამ დიდი ცოდვა და ურჯულოება შენმა სახლეულმა აღასრულა. დიდებული ანგელოზი კი განრისხებულია მათი საქმეებით და ამიტომაც ბრძანებს შენ დასჯას გარკვეული დროით, რათა მათ შეინანონ და ამა საუკუნის ყოველგვარი სურვილისგან განიწმინდონ საკუთარი თავი. ამრიგად, რაჟამს მოინანიებენ და განსპეტაკდებიან, მაშინ გაგერიდება შურისგების ანგელოზი". 3. ვეუბნები მას: "უფალო, თუკი ისინი აღასრულებდნენ იმას, რამაც დიდებული ანგელოზი განარისხა, მე რა გავაკეთე?". მომიგებს: ‘წარმოუდგენელია, ისინი სხვაგვარად დაისაჯონ, თუკი შენ, ოჯახის თავი, არ განიკითხე, რადგან შენი ტანჯვით გარდაუვალად ისინიც იტანჯებიან, ხოლო შენი განსვენებით კი შეუძლებელია რაიმე მწუხარების განკუთვნა". 4. "მაგრამ აჰა, უფალო, - ვპასუხობ, - მთელი თავიანთი გულით შეინანეს". "ვიცი, - ამბობს, - რომ მთელი გულით მოინანიეს. ნუთუ გგონია, რომ მონანულებს შეცოდებანი მყისვე მიეტევებათ? ერთიანად არა, რადგან საჭიროა, მონანულმა ტანჯოს საკუთარი სული, ყოველ საქმეში ძლიერ დამდაბლდეს და ივნოს მრავალი და განსხვავებული სასჯელით. რაჟამს მასზე მოწევნად სასჯელებს დაითმენს, ყოვლისშემოქმედი (ეფეს. 3.9; ფს. 67.29) და განმაძლიერებელი უეჭველად შეიბრალებს და კურნებას მიჰმადლებს მას. 5. ესეც, უდაოდ, როდესაც იხილავს ყოველი უკეთური საქმისგან განწმენდილ მონანულის გულს. შენ და შენი სახლეული კი კარგია ახლა დაისაჯოთ, მაგარამ რაღა გითხრა მეტი? უნდა იტანჯო, როგორც ბრძანა უფლის იმ ანგელოზმა, ვინც შენი თავი მე გადმომცა. ამისთვისაც მადლობდე უფალს, რომ მწუხარების გაცხადების ღირსი გაგხადა, რადგან წინასწარმცოდნემ მამაცურად აიტანო იგი". 6. ვეუბნები: "უფალო, ჩემთან ერთად იყავი და ძალმიძს, ყოველგვარი შეჭირვება ვიტვირთო". "მე, - ამბობს, - შენთან ერთად ვიქნები. შურისგების ანგელოზსაც შევევედრები, რომ შენ უმსუბუქესად187 დაგსაჯოს. მცირე დროით განიკითხები და კვლავ შენს სახლეულს დაუბრუნდები. მხოლოდ სიმდაბლე შეინარჩუნე, უფალ ღმერთს სუფთა გულით ემსახურე შენი შვილებითა და შენი სახლეულით, ჩემს მცნებებში ისრბოლე, რომლებიც შენ გაუწყე, და ძალუძს შენს სინანულს, იყოს წმინდა და ძლიერი. 7. რაჟამს ამას დაიცავ შენს სახლეულთან ერთად, ყოველგვარი შეჭირვება განილტვის შენგან. და ყველას განეშორება მწუხარება, ვინც კი ჩემს მცნებებში ისრბოლებს.


იგავი VIII

67.(1).

1. მიჩვენა მე დიდი ტირიფი, რომელიც მთასა და ბარს ფარავდა. ყველა, უფლის სახელით მოწოდებული, ტირიფის საფარქვეშ იკრიბებოდა. 2. ტირიფთან ფრიად მაღალი, უფლის დიდებული ანგელოზი იდგა, დიდი ნამგალი ჰქონდა, ტირიფს ტოტებს ათლიდა და ტირიფქვეშ თავშეფარებულ ხალხს აწვდიდა. პატარა რტოებს გადასცემდა მათ, დაახლოებით მტკაველის ზომისას. 3. ანგელოზმა მას შემდეგ, რაც რტოები ყველას მიაწოდა, ნამგალი დადო, ის ხე კი მთელი იყო, როგორც მენახა. 4. მე გავოცდი, საკუთარ თავთან ვმსჯელობდი: "ხეს ამდენი ტოტი მოეკვეთა, როგორაა მთელი?" მწყემსი მეუბნება: "ნუ გიკვირს, რომ ეს ხე, ეგზომ ტოტებმოკვეთილი, ჯანსაღი დარჩა. მოითმინე, - ამბობს, - ხოლო რაჟამს ყველაფერს ნახავ, გეუწყება შენ, თუ რა არის". 5. ხალხისთვის რტოთა მიმწოდებელმა ანგელოზმა უკან მოითხოვა ისინი. როგორც მიეღოთ, ასევე მოიხმობოდნენ მასთან. თითოეული მათგანი რტოს უბრუნებდა; უფლის ანგელოზი კი ჩამოართმევდა და აკვირდებოდა მათ. 6. ზოგიერთისგან გამხმარი და თითქოს ჩრჩილისგან გამოხრული რტოები დაიბრუნა. ანგელოზმა ამ რტოთა მიმწოდებლებს ცალკე განთავსება უბრძანა. 7. სხვები ხმელ [ტოტებს] აძლევდნენ, მაგრამ არ იყვნენ ჩრჩილისგან დაზიანებულნი. მათაც განცალკევებით დადგომა განუწესა. 8. სხვანი ნახევრად ხმელს გადასცემდნენ. ისინიც განმარტოებით დგებოდნენ. 9. ნაწილი სანახევროდ გამხმარ და ბზარების მქონე რტოებს აწვდიდა. მათაც განმხოლოება დაევალა. 10. სხვები მწვანე ტოტებს აბრუნებდნენ, მაგრამ ბზარები ჰქონდათ. ისინიც მოშორებით დააყენეს. 11. ნაწილი სანახევროდ ხმელსა და ნახევრად მწვანე რტოებს აძლევდა. მათაც განმარტოება განეწესა. 12. სხვებმა თავიანთი ტოტები მოიტანეს. გამწვანებული იყო რტოს მეორედი ნაწილი, ხოლო მესამედი კი - ხმელი. ისინიც ცალკე განთავსდნენ. 13. სხვები კი მეორედი ნაწილით ხმელს, ხოლო მესამედით მწვანეს აწვდიდნენ. მათაც განმარტოება განეწესა. 14. ნაწილი თავის ტოტებს თითქმის მთლიანად მწვანეს გადასცემდა, მხოლოდ მცირედი, ტოტის უმნიშვნელო [ნაწილი] იყო გამხმარი, მისი კენწერო, მაგრამ ბზარები ჰქონდა მათ. ისინიც განზე გადგნენ. 15. სხვების მცირედით მწვანე იყო, ხოლო დანარჩენი ნაწილი ტოტებისა კი ხმელი. მათაც ცალკე აყენებდნენ. 16. სხვები მოდიდოდნენ და მწვანე ტოტები ისე მოჰქონდათ, როგორც ანგელოზისგან შეეწყნარებინათ. ხალხის უდიდესი ნაწილი ასეთ ტოტებს აბრუნებდა. ძლიერ ხარობდა ანგელოზი მათ გამო. ცალკე განაწესეს ისინი. 17. ნაწილი  მწვანესა და კვირტების მქონე ტოტებს აწვდიდა. ისინიც მოშორებით დააყენეს. მათ გამოც ფრიად მხიარულობდა ანგელოზი. 18. სხვები მწვანე და კვირტების მქონე რტოებს გადასცემდნენ, ხოლო მათ კვირტებს კი თითქოს რამ ნაყოფი ჰქონდა. ამ ადამიანებს, რომლებიც ასეთი ტოტებით წარმოჩინდნენ, ძლიერ უხაროდათ; ანგელოზიც მხიარულობდა. მწყემსიც მათთან ერთად ფრიად გახალისებულიყო.

 

68.(2).

1. უფლის ანგელოზმა გვირგვინების მოტანა ბრძანა. გვირგვინები მიართვეს, თითქოს პალმის ფოთლებისგან დაემზადებინათ, და იმ ადამიანებს დაადგა, რომლებმაც კვირტისა და ნაყოფის მქონე ტოტები გადასცეს. კოშკისკენ გააგზავნა ისინი. 2. სხვებიც, ვინც კვირტებიან, მაგრამ უნაყოფო ტოტებს აბრუნებდა, კოშკისკენ გაისტუმრა. მათ ბეჭედი მისცა188. 3. ყველას, ვინც კი კოშკისკენ მიემართებოდა, ისეთი თეთრი სამოსელი ჰქონდა, როგორც თოვლი. 4. ისინიც განუტევა, რომლებმაც ისეთივე მწვანე ტოტები დააბრუნეს, როგორიც მიიღეს. თეთრი სამოსი და ბეჭედი გადასცა მათ. 5. ამის დასრულების შემდეგ ანგელოზი მწყემსს ეუბნება: "მე წავალ, შენ კი ისინი კედლებთან მიუშვი, რომ სადაც ღირსია, იქ დამკვიდრდეს მავანი. გულმოდგინედ დააკვირდი მათ ტოტებს და ასე გაისტუმრე. ყურადღებით მოიხილე, უყურე, რომ არავინ გაგცდეს, ხოლო თუკი ვინმე ჩაგივლის, - ამბობს, - მე გამოვცდი მათ საკურთხეველთან". მწყემსს ეს უთხრა და გაგვშორდა. 6. ანგელოზის წასვლის შემდეგ მწყემსი მეუბნება: "ტოტები ყველას გამოვართვათ და დავრგოთ ისინი, თუ ძალუძს მათგან რომელიმეს იცოცხლოს". ვპასუხობ: "უფალო, ამ გამხმართ როგორღა ძალუძთ სიცოცხლე?" 7. მომიგებს და მეუბნება მე: "ეს ხე ტირიფია და სიცოცხლისმოყვარე ჯიშისაა189. ამრიგად, რაჟამს დავრგავთ და ტოტები მცირე ტენიანობას მიიღებენ, მათგან მრავალი გაცოცხლდება. შემდეგ ვეცადოთ და წყლით მოვრწყათ ისინი. უკეთუ რომელიმე მათგანს ხელეწიფება სიცოცხლე, გავიხარებ მათით, ხოლო თუკი არ იცოცხლებენ, არ გამოვჩნდები მე უზრუნველი". 8. მწყემსმა მათი ხმობა ისე მიბრძანა, როგორც იდგა მავანი. მწყობრი-მწყობრ მოდიოდნენ და რტოებს მწყემსს გადასცემდნენ. მან რტოები მიიღო და მწყობრადვე დარგო ისინი. დარგვის შემდეგ წყალი მრავლად დაასხა, ისე რომ, აღარ ჩანდა ტოტები წყალში. 9. ტოტების მორწყვის შემდეგ მეუბნება: ‘წავიდეთ, რამდენიმე დღის შემდეგ დავბრუნდეთ და თითოეული ეს ტოტი მოვიხილოთ, რადგან ამ ხის შემოქმედს ყველას სიცოცხლე ჰსურს, ვინც ამ ხისაგან რტოები მიიღო. მეც ვიმედოვნებ, რომ დატენიანებული და წყლით დარწყულებული ტოტების უდიდესი ნაწილი იცოცხლებს".

 

69.(3).

1. ვეუბნები მას: "უფალო, გამაგებინე მე, თუ რა არის ეს ხე, რადგან გაოცებული ვარ მის გამო, ამდენი ტოტი ჩამოჭრეს, ხე კი მთელია და არაფერი ეტყობა მას მოკვეთილი. ამით ვარ გაოგნებული". 2. "ისმინე! - ამბობს, - ეს დიდი ხე, რომელიც მთასა და ბარს და მთელ დედამიწას ფარავს, მთელი სამყაროსთვის ბოძებული ღვთის რჯულია. ეს რჯული კი ძე ღვთისაა, რომელიც დედამიწის დასასრულამდეა ნაქადაგები. საფარქვეშ მყოფი ხალხი კი ისინი არიან, ვინც ქადაგება ისმინა და ირწმუნა იგი. 3. ხოლო დიდი და დიდებული ანგელოზი მიქაელია, რომელსაც აქვს ხელმწიფება ამ ხალხზე და განაგებს მათ, რადგან თავად ანიჭებს რჯულს მორწმუნეთა გულებს. ამრიგად, აკვირდება, ვისაც რჯული გადასცა, იცავენ თუ არა მას. 4. ხომ ხედავ თითოეულის ტოტს, ტოტებიც რჯულია. შეხედე რტოთაგან მრვალ უსარგებლოს და მიხვდები, რომ მათგან არავის დაუცავს რჯული. თითოეულის სამკვიდრებელსაც იხილავ". 5. ვეუბნები მას: "უფალო, რატომ გაგზავნა ზოგიერთები კოშკისკენ, ხოლო ნაწილი კი შენთან დატოვა?" მომიგებს: "ისინი, ვინც მისგან მიღებულ რჯულს გარდახდა, ჩემს ხელმწიფებაში რჩებიან სინანულისთვის; ხოლო ვინც უკვე აღასრულა რჯული და დაიმარხა იგი, ასეთები საკუთარი ხელმწიფების ქვეშ ჰყავს". 6. შევეკითხე: "უფალო, გვირგვინოსანნი და კოშკისკენ მავალნი ვინ არიან?" მომიგებს: "გვირგვინოსანნი ისინი არიან, რომლებმაც დემონის წინააღმდეგ იბრძოლეს და სძლიეს მას. რჯულისთვის ვნებულნი არიან ისინი190. 7. სხვები, რომლებიც მწვანესა და კვირტების მქონე ტოტებს აწვდიდნენ, მაგრამ ნაყოფი არ გააჩნდათ, რჯულის გამო დევნილნი არიან, არა ვნებულნი, მაგრამ არც თავიანთი რჯულის უარმყოფელნი191. 8. ხოლო ისინი, ვინც მწვანე [ტოტები] როგორიც მიიღო, ისეთივე დააბრუნა, უბიწონი და მართალნი არიან, ფრიად განწენდილი გულით მავალნი და ღვთის მცნებათა აღმსრულებელნი (ეკლეს. 12.13)192. დანარჩენს მაშინ გაიგებ, როდესაც ამ დარგულ და დარწყულებულ რტოებს მოვიხილავ".


70.(4).

1. რამდენიმე დღის შემდეგ ადგილზე დავბრუნდით. მწყემსი დიდი ანგელოზის ალაგზე დაჯდა, მეც მასთან დავდექი და ამბობს: "ტილო შემოირტყი და მე მემსახურე". ძაძის სუფთა ტილო მოვირტყი. 2. მიხილა რა მე წელშემოსარტყლული და მასთან მოსაგრეობისთვის მზადმყოფი, მეუბნება: "მამაკაცები, რომელთა ტოტებიც დარგულია, რიგისამებრ მოიხმე, როგორც გვაწვდიდა რტოებს მავანი". დაბლობისკენ წავედი და ყველას მოვუწოდე. ისინი მწყობრში ჩადგნენ. 3. ეუბნება მათ: "თითოეულმა თავისი ტოტები იპყრას და ჩემთან მოიტანოს". 4. პირველად მოსულებს, რომლებსაც საკუთარი [რტოები] გამხმარი და გამოხრული გადაეცათ, კვლავაც ისეთივე გამხმარნი და გამოხრულნი აღმოაჩნდათ. მათ ცალკე დადგომა უბრძანა. 5. შემდეგ ის ტოტები მიაწოდეს, რომლებიც ხმელი, მაგრამ გამოუხრავი იყო. ზოგიერთი მათგანი მწვანე რტოებს აბრუნებდა, ხოლო ნაწილი გამხმარსა და თითქოს ჩრჩილისგან დაზიანებულ ტოტებს აწვდიდა. მწვანე [რტოების] მიმწოდებლებს განცალკევებით დგომა უბრძანა, ხოლო ხმელისა და გამოხრულის დამბრუნებლებს პირველებთან ერთად განთავსება მოსთხოვა. 6. შემდეგ ის [რტოები] მიართვეს, რომელნიც გამხმარი და ბზარების მქონენი იყვნენ. მრავალი მათგანი მწვანესა და ბზარების არმქონეს აბრუნებდა. ზოგიერთები მწვანესა და ყლორტებიანს და ყლორტებთან ნაყოფის მქონე [ტოტებს] აწვდიდნენ, როგორც კოშკისკენ მიმავალ გვირგვინოსნებს ჰქონდათ. ვიღაცეები ხმელებსა და გამოხრულთ აბრუნებდნენ, ხოლო ნაწილი - გამხმარსა და გამოუხრავს, ზოგიერთებს ნახევრად გამხმარი და დაბზარული მიჰქონდათ. უბრძანა, რომ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე, საკუთარ რიგებში ჩამდგარიყო.


71.(5).

1. შემდეგ იმათ მიართვეს, რომელთაც მწვანე, მაგრამ დაბზარული ტოტები ჰქონდათ193. ყველა ისინი მწვანე [რტოებს] იძლეოდნენ და თავიანთ რიგში დგებოდნენ. უხაროდა მწყემსს მათ გამო, რომ ყველანი შეიცვალნენ და აღხოცილიყო მათი ბზარები. 2. ისინიც აწვდიდნენ, რომელთაც ნახევრად მწვანე, მაგრამ სანახევროდ ხმელი [ტოტები] ჰქონდათ. ზოგიერთების რტოები ყოვლითურთ აყვავებული აღმოჩნდა, ნაწილის - სანახევროდ ხმელი, ვიღაცეების - ხმელი და გამოხრული, სხვებს მწვანე და ყლორტიანი [რტოები] ჰქონდათ. ყველანი სათითაოდ მიემართებოდნენ თავიანთი რიგებისკენ. 3. შემდეგ ისინი აბრუნებდნენ, რომელთაც მეორედი ნაწილი მწვანე, ხოლო მესამედი გამხმარი ჰქონდათ. მათგან მრავალმა მწვანე დააბრუნა, ბევრმა - ნახევრად ხმელი, სხვებმა - ხმელი და გამოხრული. ყველანი თავიანთი რიგებისკენ იგზავნებოდნენ. 4. სხვები, ვისაც თავისი ტოტები მეორედი ნაწილით ხმელი, ხოლო მესამედით მწვანე მიეწოდებინა, მრავალი მათგანი სანახევროდ გამხმარს, ვიღაცეები ხმელსა და გამოხრულს, კიდევ სხვანი ნახევრად ხმელსა და ბზარის მქონე ტოტებს აბრუნებდნენ, მცირე რაოდენობა გამწვანებულებს გადასცემდა. ყველა ისინი საკუთარ რიგში დგებოდნენ. 5. მწვანე, მაგრამ მცირედი [ნაწილით] გამხმარი და ბზარის მქონე ტოტების მიმწოდებელთაგან ზოგი მწვანეს, ვიღაცეები მწვანესა და ყლორტის მქონეს აბრუნებდნენ. ისინიც თავიანთი რიგებისკენ მიემართებოდნენ. 6. შემდეგ იმათაც დააბრუნეს, რომელთაც ოდნავ გამწვანებული, ხოლო დანარჩენი ნაწილით ხმელი [რტოები] ჰქონდათ. მათი ტოტების უდიდესი ნაწილი გამწვანებული, ყლორტის მქონე და ნაყოფიერი აღმოჩნდა, სხვები მთლიანად მწვანე იყო. დიდად ხარობდა მწყემსი მათი ტოტების გამო, რადგან ამგვარად წარმოჩინდნენ.  ისინიც სათითაოდ საკუთარი რიგისკენ მიემართებოდნენ.


72.(6).

1. მწყემსი, მას შემდეგ, რაც ყველა ტოტი მოიხილა, ამბობს: "გეუბნებოდი შენ, რომ ეს ხე სიცოცხლისმოყვარეა. ხედავ, რამდენმა შეინანა და გადარჩა?" ვპასუხობ: "ვხედავ უფალო". ამბობს: "უფლის მრავალმოწყალება იხილე, რომ დიდი და დიდებულია, და სული მიჰმადლა სინანულის ღირსებს"194. 2. "უფალო, - ვეკითხები, - რატომ ყველამ არ შეინანა?" მომიგებს: "ვისაც იხილავს უფალი, რომ მოსურნეა გულის განწმენდისა და მთელი გულით მას დაემონება, ეგევითარს უწყალობებს სინანულს, ხოლო თუკი მზაკვარობით, უკეთურებითა და ცბიერებით მონანიების მზრახველთ დაინახავს, არ ანიჭებს ასეთებს სინანულს, რომ კვლავ არ შეურაცხჰყონ მისი სახელი”. 3. ვეუბნები მას: "უფალო, ახლა უკანდაბრუნებული ტოტები განმიმარტე, თუ ვინ არიან ისინი და [სადაა] მათი სამკვიდრებელი, რომ მსმენელებმა, რომლებმაც ირწმუნეს, ბეჭედი მიიღეს, მაგრამ წარხოცეს იგი და სიმრთელე არ დაიცვეს, შემმეცნებლებმა საკუთარი საქმეებისა შეინანონ, ბეჭედი შენგან მიიღონ და განადიდონ უფალი, რადგან შეიბრალა ისინი და მათი სულების განსაახლებლად შენ წარმოგგზავნა". 4. "ისმინე! - ამბობს, - ტოტები, რომლებიც ხმელი და ჩრჩილისგან გამოხრული აღმოჩნდა, განდგომილნი, ეკლესიის გამყიდველნი, თავიანთი ცოდვებით უფლის მგმობელნი და ასევე ისინი არიან, რომლებსაც შერცხვათ უფლის სახელისა, რითიც იწოდნენ (საქმ. მოც. 15.17; იაკობ. 2.7; დაბ. 48.16). ამრიგად, ასეთნი ბოლომდე მოუკვდნენ ღმერთს. ხედავ, რომ მათგან არავინ შეინანა, მიუხედავად იმისა, სიტყვა, რომელიც შენ გეუწყა და მათთვის ითქვა, მოისმინეს. ასე რომ, განერიდა ასეთებს სიცოცხლე. 5. მათთან ახლოს არიან ხმელი და ულპოლველი [რტოების] დამბრუნებელნიც, რადგან ისინი ცბიერები, სხვა მოძღვრებათა შემომტანნი და ღვთის მონათა გარემიმაქცეველნი იყვნენ. განსაკუთრებით შემცოდეებისა, რადგან არ ანებებდნენ მათ სინანულს, არამედ უგუნურ სწავლებას უმორჩილებდნენ. მაგარამ ფლობენ ისინი იმედს სინანულისა. 6. ხედავ, რომ მათგან მრავალმა შეინანა მას შემდეგ, რაც ჩემი მცნებები განუცხადე; კვლავაც შეინანებენ. ისინი, რომლებიც არ მოინანიებენ, საკუთარ სიცოცხლეს წარიწყმედენ, ხოლო ვინც მათგან შეინანებს, სახიერი შეიქმნება და მათი სამკვიდრებელი პირველი კედლები გახდება, ზოგიერთნი კი კოშკისკენაც ზეაღიწივნენ. ხედავ, - ამბობს, - რომ ცოდვილთა სინანული სიცოცხლეს ფლობს, ხოლო მოუნანიებლობა - სიკვდილს195.

 

73.(7).

1. მათ შესახებ ისმინე, ვინც ნახევრად ხმელ, ბზარების მქონე [ტოტებს] აბრუნებდა. ბევრი მათგანი, რომლებსაც სანახევროდ ხმელი ტოტები ჰქონდათ, ორგულნი არიან, არც ცოცხალნი, არც გარდაცვლილნი. 2. ისინი, რომლებსაც სანახევროდ გამხმარი და დაბზარული [ტოტები] ჰქონდათ, ორგულნი და ავმეტყველნი არიან, საკუთარ თავში არასოდეს მშვიდობისმყოფელობენ, არამედ მუდამჟამ მეამბოხეობენ. მათთვის ჯერაც განწესებულია სინანული. ხედავ, რომ ზოგიერთმა უკვე შეინანა. ასეთებისთვის კვლავაც არის იმედი სინანულისა. 3. ამრიგად, ბევრი მათგანი შეინანებს და სამკვიდრებელი კოშკში ექნება. ისინი, რომლებიც ფრიად დაგვიანებით მოინანიებენ, კედლებთან განლაგდებიან, ხოლო მრავალი, ვინც არ შეინანა, არამედ კვლავაც საკუთარ საქმეებში შეყოვნდა, სიკვდილით აღესრულება196. 4. ამრიგად, - ამბობს, - ვინც მწვანე და ბზარების მქონე ტოტები დააბრუნა, მარადჟამ მორწმუნენი და სახიერნი არიან, მაგრამ პირველობისა და რამ დიდების გამო ურთიერთიერთისადმი შური გააჩნდათ. ყველა ისინი, ვისაც პირველობის მიზეზით ერთურთში მოშურნეობა აქვს, უგუნურები არიან; 5. მაგარამ მოისმინეს რა ჩემი მცნებები, სახიერნი გახდნენ, რადგან განიწმინდეს საკუთარი თავი და მყისვე შეინანეს. ასე რომ, კოშკშია მათი სამკვიდრებელი. თუკი რომელიმე მათგანი კვლავ განხეთქილებისკენ მიიქცევა, კოშკიდან განიდევნება და საკუთარ სიცოცხლეს წარიწყმედს. 6. უფლის მცნებათა ყოველი დამმარხველისთვის არის სიცოცხლე (ეკლეს. 12.13). არაფერია მცნებებში პირველობის ან რაიმე დიდების შესახებ, არამედ ადამიანის სულგრძელებისა და სიმდაბლის თაობაზეა. ასე რომ, მათშია უფლის სიცოცხლე, ხოლო განხეთქილებასა და ურჯულოებაში სიკვდილია197.


74.(8).

1. სანახევროდ მწვანე და ნახევრად ხმელი ტოტების დამბრუნებელნი ისინი არიან, რომლებიც საქმეებით აღრეულან და არც წმინდანებს შეერთებიან. ამიტომაცაა მათი [რტოების] ნახევარი ცოცხალი და ნახევარიც - მკვდარი. 2. მრავალმა მსმენელმა ჩემი მცნებებისა შეინანა. ასე რომ, ვინც უკვე მოინანია, კოშკშია მათი სამკვიდრებელი, ხოლო ზოგიერთი მათგანი ბოლომდე განდგა. ისინი სინანულს ვერასოდეს ეუფლებიან, რადგან თავიანთი საქმეებით უფალი შეურაცხჰყვეს და უარყვეს იგი. ამიტომაც წარიწყმიდეს თავიანთი სიცოცხლე უკეთურების გამო, რასაც აღასრულებდნენ. 3. ორჭოფობდა მრავალი მათგანი, მაგრამ ისინი კვლავაც ფლობენ სინანულს. თუკი მყისვე შეინანებენ, კოშკში იქნება მათი სამკვიდრებელი, ხოლო უკეთუ ფრიადი დაგვიანებით მოინანიებენ, კედლებთან დამკვიდრდებიან, მაგრან თუ არ შეინანებენ, საკუთარ სიცოცხლეს ისინიც წარიწყმედენ. 4. მეორედი ნაწილით მწვანე, მაგრამ მესამედით ხმელი [რტოების] დამბრუნებელნი ისინი არიან, ვინც მრავალი განდგომით უარყო. 5. ამრიგად, მათგან ბევრმა შეინანა და კოშკთან მივიდა დასამკვიდრებლად; მრავალი კი ბოლომდე განუდგა ღმერთს. საბოლოოდ წარიწყმიდეს მათ სიცოცხლე. ზოგიერთი მათგანი ორგულობდა და მეამბოხეობდა. ასეთებისთვის ჯერაც არის სინანული, თუკი სწრაფად შეინანებენ და არ შეყოვნდებიან თავიანთ ვნებებში, ხოლო უკეთუ საკუთარ საქმეებში დარჩებიან, სიკვდილს შეამთხვევენ თავიანთ თავს.


75.(9).

1. მეორედი ნაწილით ხმელი, ხოლო მესამედით მწვანე ტოტების დამბრუნებელნი ის მორწმუნეები არიან, რომლებიც გამდიდრდნენ და განდიდებულნი გახდნენ წარმართთაგან, დიდი ამპარტავნება შეიმოსეს, გაამაყდნენ, ჭეშმარიტება დაუტევეს და არათუ მართალთ შეუერთდნენ, არამედ წარმართებთან ერთად თანამოქალაქეობდნენ და ეს გზა უტკბესი გახდა მათთვის; მაგრამ ღვთისგან არ განდგომილან, რწმენაში დარჩნენ, ხოლო რწმენის საქმეებს კი არ მუშაკობდნენ. 2. ამრიგად, მათგან მრავალმა შეინანა და კოშკი გახდა მათი სამკვიდრებელი. 3. სხვანი კი, ბოლომდე წარმართებთან ერთად თანამცხოვრებნი და წარმართთა პატივმოყვარეობასთან აღრეულნი, ღმერთს განუდგნენ და წარმართთა საქმეებს მუშაკობდნენ. ასე რომ, წარმართთა შორის აღირიცხნენ ისინი. 4. კიდევ სხვანი მერყეობდნენ, არ ჰქონდათ რა იმედი გადარჩენისა საქმეების გამო, რასაც იქმოდნენ. სხვები მერყეობდნენ და ურთიერთში მეამბოხეობდნენ. ორგულთათავის თავიანთი საქმეების გამო სინანული ჯერაც არის, მაგრამ სინანული დაჩქარებას საჭიროებს, რომ კოშკი გახდეს მათი სამკვიდრებელი, ხოლო უკეთუ არ შეინანებენ, არამედ საკუთარ ვნებებში შეყოვნდებიან, ახლოსაა სიკვდილი.

 

76.(10).

1. ისინი, ვინც მწვანე ტოტები დააბრუნა, მაგრამ ხმელი კენწერო და ბზარები ჰქონდა, მარადის სახიერნი, მორწმუნენი და დიდებულნი არიან ღვთის წინაშე. მცირედით შესცოდეს უმნიშვნელო სურვილის გამო და ერთურთისადმი უმნიშვნელო რამ [წყენა] გააჩნდათ, მაგრამ მოისმინეს რა ჩემი სიტყვები, უდიდესმა ნაწილმა მყისვე შეინანა და კოშკი გახდა მათი სამკვიდრებელი. 2. ზოგი მათგანი შეორგულდა, ხოლო ზოგიერთმა შეორგულებულმა დიდი განხეთქილება მოიმოქმედა, მაგრამ კვლავ არის ასეთებში იმედი სინანულისა, რადგან მუდამ სახიერნი (ἀγαθοὶ) იყვნენ. ამიტომაც ძნელად თუ მოკვდება ვინმე მათგანი198. 3. ხმელი, მაგრამ მცირედი სიმწვანის მქონე ტოტების დამბრუნებელნი ისინი არიან, რომელთაც მხოლოდ ირწმუნეს, მაგრამ უკეთურ საქმეებს აღასრულებდნენ. ისინი ღვთისგან არასოდეს განდგომილან, სიხარულით ატარებდნენ სახელს და სიამოვნებით ღებულობდნენ თავიანთ სახლებში ღვთის მონებს. ასე რომ, ამ სინანულის მსმენელებმა შეუორგულებლად შეინანეს და სიმართლის ყოველგვარი სათნოება აღასრულეს (საქმ. მოც. 10.15; ებრ. 11.33). 4. ზოგიერთი მათგანი სიხარულით იტანჯა და მწუხარებდა, შემმეცნებელი საკუთარი საქმეებისა, რასაც იქმოდა. ამრიგად, კოშკშია ყველა მათგანის სამკვიდრებელი".


77.(11).

1. მას შემდეგ, რაც მან ყველა ტოტის შესახებ განასრულა განმარტებები, მეუბნება მე: "წადი და ყველას უთხარი, რომ შეინანონ და ღვთისთვის იცხოვრონ, რადგან მოწყალეა უფალი და თითოეულისთვის სინანულის მისანიჭებლად წარმომგზავნა (II პეტრ. 3.9), თუნდაც რომ არ იყოს მავანი ღირსი ხსნისა თავისი საქმეების გამო; მაგარამ სურს სულგრძელ უფალს, დაიხსნას თავისი ძის მიერ ხმობილი". 2. ვეუბნები მას: "უფალო, ვიმედოვნებ, რომ ყოველი, ვინც კი ამას მოისმენს, შეინანებს, რადგან მჯერა, ყოველი, საკუთარი საქმის შემმეცნებელი და მოშიში ღვთისა, მოინანიებს". 3. მომიგებს მე და მპასუხობს: "მათგან მრავალნი მთელი გულით შეინანებენ და განიწმენდენ თავს თავიანთ წინარეგანცხადებულ უკეთურებათაგან და მეტად ნურავინ ამრავლებს საკუთარ შეცოდებებს, რომ კურნება მიიღოს უფლისგან უწინარეს ცდომილებათა გამო. თუკი არ შეორგულდებიან ამ მცნებებში, ღმერთთან იცოცხლებენ. მაგარამ, - ამბობს, - მრავალნი გაამრავლებენ საკუთარ ცოდვებს და იმოგზაურებენ ამა საუკუნის გულისთქმებით და თავიანთ თავს სიკვდილს განუწესებენ. 4. შენ კი ჩემს მცნებებში ისრბოლე და ღმერთთან იცოცხლებ. და ვინც მათში იმეგზურებს და სწორად აღასრულებს, ღმერთში იცოცხლებს". 5. მიჩვენა რა და მითხრა ყოველივე ეს, მეუბნება მე: "დანარჩენს რამდენიმე დღის შემდეგ განგიცხადებ".

 

იგავი IX

78.(1).

1. მწყემსის, სინანულის ანგელოზის, მცნებებისა და იგავების აღწერის შემდეგ იგი ჩემთან  მოვიდა და მეუბნება: "მსურს გიჩვენო, რაც სულიწმინდამ გაგიცხადა და ეკლესიის სახით საუბრობდა შენთან ერთად, რადგან ეს სული ძე ღვთისაა. 2. ვინაიდან სხეულით უუძლურესი იყავი, არ გიცხადდებოდა ანგელოზის საშუალებით, ხოლო რაჟამს სულის მიერ მოღონიერდი და შენი ძალით განმტკიცდი, ანგელოზის ხილვა შეძელი. სწორედ მაშინ გამჟღავნდა შენთვის ეკლესიის მიერ კოშკის მშენებლობა. კეთილია და წმინდა ყოველივე, რაც ქალწულმა გიჩვენა, მაგრამ ახლა ანგელოზის მიერ ხედავ, კვალად იმავე სულისა199. 3. საჭიროა, რომ შენ ჩემგან უზუსტესად შეიმეცნო ყველაფერი, რადგან ამიტომაც მერგო დიდებული ანგელოზისგან შენს სახლში მკვიდრობა, რათა ნათლად იხილო ყოველივე და არაფრის გეშინოდეს, როგორც ადრე". 4. და წამიყვანა მე არკადიისკენ, სფეროსებრი (μαστῶδες) მთისკენ. დამსვა მე მთის მწვერვალზე და დიდი დაბლობი მიჩვენა. დაბლობის ირგვლივ კი თორმეტი მთაა. მთებს სხვადასხვა შესახედაობა ჰქონდათ. 5. შავი ფერის იყო პირველი, როგორც მური. მეორე გაშიშვლებულიყო, არ გააჩნდა ბალახი. მესამე ეკლებითა და სარეველათი დაფარულიყო. 6. მეოთხეს ნახევრად გამხმარი ბალახი ჰქონდა, ბალახი ზევიდან მწვანე იყო, ხოლო ძირისკენ - ხმელი. ხმებოდა ბალახის ნაწილი, რაჟამს მზე დააცხუნებდა. 7. ფრიად უსწორმასწორო იყო მეხუთე მთა, მაგრამ მწვანე ბალახი ჰქონდა. მეექვსე მთა როგორც დიდი, ასევე მცირე ბზარებით მოფენილიყო მთლიანად. ბზარებში ბალახი ამოვიდა, მაგრამ ბალახი არა ფრიად აყვავებული, არამედ უმეტესობა - დამჭკნარი. 8. მეშვიდე მთას ლამაზი200 ბალახი ჰქონდა, მთელი მთა იყო აყვავებული. ყველა ჯიშის ცხოველი და ფრინველი ამ მთაზე იკვებებოდა და რამდენსაც შეექცეოდნენ ცხოველები და ფრინველები, იმ მთაზე მეტი და მეტი ბალახი ყვაოდა. ნაკადულებით იყო სავსე მერვე მთა და ყველა სახის უფლის ქმნილება იმ მთის წყაროებიდან რწყულდებოდა. 9. მეცხრე მთას წყალი საერთოდ არ გააჩნდა და მთლიანად გაუდაბურებულიყო. მხეცები და ადამიანის მომაკვდინებელი შხამიანი ქვეწარმავლები იყვნენ მასზე. მეათე მთას კი უდიდესი ხეები ჰქონდა და მთლიანად დაჩრდილულიყო. ხეების საფარქვეშ ცხვარი იწვა, ისვენებდა და იცოხნებოდა. 10. ხოლო მეთერთმეტე მთას ძალზე ხშირი ტყე201 ჰქონდა და ნაყოფიერი იყო ეს ხეები. სხვადასხვა ნაყოფით გამშვენებულებს, თუკი ვინმე იხილავდა, ამ ნაყოფთაგან დაგემოვნებას ისურვებდა. მთლიანად თეთრი იყო მეთორმეტე მთა, ხოლო მისი შეხედულება - გასაოცარი (ἱλαρὰ) და ფრიად სასიხარულო.

 

79.(2).

1. დაბლობის შუაში მინდვრიდან ზეაზიდული დიდი, თეთრი კლდე მიჩვენა. კლდე მთებზე უფრო მაღალი იყო და ოთხკუთხა, თითქოს ძალუძდა, მთელი სამყარო მოეცვა. 2. ძველი იყო ეს კლდე და კარი ჰქონდა გამოკვეთილი. იფიქრებდი, თითქოს კარის ახლადამოკვეთილიაო. მზეზე მეტად ბრწყინავდა კარი, ისე რომ, კარის ბრწყინვალებით მე გაოცებული ვიყავი. 3. კარის ირგვლივ თორმეტი ქალწული იდგა. მე კუთხეებთან მდგომი ოთხი [ქალწული] უფრო დიდებულად მეჩვენა, მაგრამ სხვებიც დიდებულები იყვნენ. კარის ოთხივე მხარეს იდგნენ, ხოლო მათ შორის კი - ორ-ორი ქალწული. 4. სელის სამოსი ემოსათ და ლამაზად იყვნე წელშემოსარტყლულნი. მარჯვენა მხარი ჰქონდათ გაშიშვლებული, თითქოს რაღაც ტვირთის წაღებას იზრახავდნენ. ამგვარად მომზადებულიყვნენ. ფრიად მხიარულნი და გულმოდგინენი იყვნენ. 5. მას შემდეგ, რაც ისინი დავინახე, საკუთარ თავს გავუოცდი, რომ დიდი და დიდებული საქმენი ვიხილე. კვლავაც დაბნეული ვიყავი ქალწულთა გამო, რადგან ნაზად მყოფნი, ისე მამაცურად იდგნენ, თითქოს აპირებდნენ, მთელი ზეცა ეტვირთათ. 6. მწყემსი მეუბნება: "რატომ განსჯი, მწუხარებ და საკუთარ თავს დარდს მოუზიდავ? რისი გაგებაც არ ძალგიძს, ნუ იტვირთავ ვითარცა გონიერი; არამედ უფლისგან ითხოვე, რომ ამის განმსჯელი კეთილგონიერება მიიღო. 7. განა ძალგიძს უკან იმზირო?! ხოლო იმას, რაც შენ წინაა, დაინახავ. ამრიგად, იმისთვის, რისი ხილვაც არ შეგიძლია, საკუთარ თავს ნუ დატანჯავ; მაგრამ ეუფლე იმას, რასაც განჭვრეტ, და დანარჩენის შესახებ ამაოდ ნუ დაშვრები, რადგან ყოველივეს გაგიცხადებ, რასაც გიჩვენებ. მაშ ასე, დანარჩენს უმზირე".

 

80.(3).

1. ვხედავ, მაღალი, დიდებული და შეხედულებით მსგავსი ექვსი მამაკაცი მოემართება. ადამიანების სიმრავლეს მოუწოდეს. ეს ხმობილი კაცები მაღლები, მშვენიერნი (καλοὶ) და ძლიერები იყვნენ. ექვსმა მამაკაცმა მათ კლდის ზემოთ კოშკის აგება უბრძანა. კოშკის ასაშენებლად მოსული კაცები დიდად ხმაურობდნენ და კარის გარშემო აქეთ და იქით მიმორბოდნენ. 2. კარის ირგვლივ მდგომი ქალწულები კაცებს ეუბნებოდნენ, რომ კოშკი სწრაფად აეშენებინათ. ქალწულები ხელებს იწვდიდნენ, თითქოს მათგან რაღაცის მიღება სურდათ. 3. ექვსი მამაკაცი ერთ-ერთი დაბლობიდან ქვების მოტანასა და კოშკის შენობაში შეტანას ბრძანებდა. ათი ოთხკუთხა, ბრწყინვალე და გამოუკვეთელი ქვა ამოიტანეს. 4. ექვსმა მამაკაცმა ქალწულები მოიხმო და ყველა კოშკთან მიტანილი ქვის აღება, კარის გავლით შეტანა და კოშკის შენების განმზრახი კაცებისთვის გადაცემა უბრძანა მათ. 5. სიღრმიდან ამოტანილი პირველი ათი ქვა ქალწულებმა ურთიერთზე განათავსეს და ერთად მიჰქონდათ, როგორც ერთი ქვა.

 

81.(4).

1. როგორც იდგნენ კარის წრიულად ერთად, ამგვარადვე მიჰქონდათ. ისინი, რომლებიც ძლიერებად მიიჩნეოდნენ, ქვის კუთხეების ქვეშ განთავსებულიყვნენ, ხოლო სხვანი ქვის გვერდებში ჩადგნენ და ასე გადაჰქონდათ ყველა ქვა. კარის გავლით გაჰქონდათ ისინი, როგორც ებრძანათ, და მამაკაცებს კოშკში გადასცემდნენ. ისინი კი იღებდნენ და აშენებდნენ. 2. კოშკის შენება დიდ კლდეზე ხდებოდა, კარის მაღლა. ის ათი ქვა შემოიკრიბა და მთელი კლდე შეავსო. ისინი კოშკის შენობისთვის საფუძველი გახდა, ხოლო კლდე და კარი მთელ კოშკს ტვირთულობდა. 3. ათი ქვის შემდეგ დაბლობიდან ოცი სხვა ქვა ამოიტანეს. ისინიც კოშკის ასაშენებლად შეაგროვეს. ქალწულებს ისე მიჰქონდათ, როგორც უწინდელნი. ამის შემდეგ ოცდათხუთმეტი ამოიტანეს და მათაც მსგავსადვე კოშკთან აგროვებდნენ. შემდეგ სხვა ორმოცი ქვა ამოიზიდა. ყველა მათგანი კოშკის ასაშენებლად შემოიკრიბა. ასე რომ, კოშკის საფუძველში ოთხი რიგი შეიქმნა.202 4. და შეწყდა დაბლობიდან ამოტანა. მცირე [დროით] მშენებლებიც შეჩერდნენ. ექვსმა მამაკაცმა კვლავ უბრძანა ხალხის სიმრავლეს, რომ ქვები კოშკის ასაშენებლად მთებიდან მოეზიდათ. 5. და მოჰქონდათ ყოველი მთიდან მამაკაცთა მიერ გამოკვეთილი, განსხვავებული ფერის ქვები და ქალწულებს გადასცემდნენ, ხოლო ქალწულებს კარის გავლით გადაჰქონდათ ისინი და კოშკის ასაშენებლად აწვდიდნენ. როდესაც მრავალნაირი ქვა შენობაში განათავსეს, ადრინდელი ფერი შეეცვალათ და ერთნაირები, თეთრები, გახდნენ. 6. მამაკათა მიერ ასაშენებლად მიღებული ზოგიერთი ქვა არ გამხდარა ბრწყინვალე, არამედ როგორიც დაედოთ, ისეთივე იყვნენ, რადგან არც ქალწულებს მიუწვდიათ, არც კარის გავლით გაუტანიათ. ამრიგად, ეს ქვები უადგილონი იყვნენ კოშკის შენობაში. 7. ექვსმა მამაკაცმა, იხილა რა შენობაში ეს უადგილო ქვები, მათი აღება და დაბლა, თავის ადგილზე დაბრუნება ბრძანა, საიდანაც მოეზიდათ. 8. და ეუბნებიან ქვების მომტან კაცებს: "საერთოდ ნუღარ გადასცემთ ქვებს მშენებლობისთვის, არამედ კოშკთან განალაგეთ ისინი, რომ ქალწულებმა კარის გავლით შეიტანონ და ასაშენებლად მიაწოდონ, რადაგნ თუკი ამ ქალწულების ხელისა და კარის გავლით არ მოიტანენ, არ ძალუძს, მათ ფერს შეიცვალოს. ამრიგად, ფუჭად ნუღარ დაშვრებით".


82.(5).

1. და დამთავრდა იმ დღეს შენება, ხოლო კოშკი არ განსრულებულა. აგება შეჩერებული იყო, მაგრამ შენება კვლავ იზრახებოდა. ექვსმა მამაკაცმა ყველა მშენებელს მცირე [დროით] წასვლა და დასვენება უბრძანა, ხოლო ქალწულებს ამცნეს, კოშკს არ განშორებოდნენ. ვიფიქრე, რომ ქალწულები კოშკის დასაცავად რჩებოდნენ. 2. მას შემდეგ, რაც ყველანი დასასვენებლად წავიდნენ, მწყემსს ვეუბნები: "უფალო, კოშკის შენება რად არ განსრულდა?" მომიგებს: "არ ძალუძს კოშს დასრულდეს, ვიდრე მისი უფალი არ მოვა და გამოცდის ამ ნაგებობას, რადგან თუკი რომელიმე ქვა უვარგისი აღმოჩნდა, შეცვლის მას, ვინაიდან კოშკი მისი სურვილით შენდება". 3. ვპასუხობ: "უფალო, მსურს გავიგო, რა არის ეს კოშკი, კლდე, კარი, მთები, ქალწულები, წყლის ფსკერიდან ამოტანილი და გამოუკვეთელი ქვები, რომლებიც შენობაში შეჰქონდათ; 4. რატომ ჩაიდო საფუძველში პირველად ათი ქვა, შემდეგ ოცი, მერე ოცდათხუთმეტი, მოგვიანებით ორმოცი; შენობაში მოტანილი, კვლავ აღებული და თავის ადგილზე დაბრუნებული ქვები. ამ ყოველივეს გამო ჩემს სულს განუსვენე, უფალო, და განმიმარტე მე ისინი”. 5. "თუკი ამაოდმოქმედი203 არ აღმოჩნდი, - ამბობს, - ყველაფერს გაიგებ, რადგან რამდენიმე დღის შემდეგ აქ მოვალთ და ამ კოშკის მომავალს იხილავ და ყველა იგავს ზუსტად შეიმეცნებ". 6. რამდენიმე დღის შემდეგ იმ ადგილზე მივედით, სადაც ვისხედით, და მეუბნება: "კოშკისკენ წავიდეთ, რადგან კოშკის მეუფე მოდის, რომ მოიხილოს იგი". და წავედით კოშკისკენ. საერთოდ არავინ იყო იქ გარდა ქალწულებისა. 7. მწყემსმა ქალწულებს ჰკითხა, კოშკის მეუფე თუ მობრძანებულიყო. მიუგეს, რომ მას შენობის დასათვალიერებლად სურდა მოსვლა.



83.(6).

1. და აჰა, მცირე [დროის] შემდეგ ვხედავ მრავალი მამაკაცი მწყობრად მოემართება. შუაში ვიღაც კაცია, სიდიდით მაღალი, თითქოს კოშკზე აღმატებული. 2. მშენებლობაზე დადგენილი ექვსი მამაკაცი მას მარჯვნივ და მარცხნივ მოჰყვებოდა. და ყველა, ვინც ნაგებობას აშენებდა, სხვებიც, მრავალი დიდებული, მის ირგვლივ იყვნენ. კოშკის მცველმა ქალწულებმაც მიირბინეს მასთან, ეამბორნენ და კოშკის გარშემო მის სიახლოვეს დაიწყეს სიარული. 3. საფუძვლიანად იკვლევდა ეს ადამიანი შენობას ისე, რომ თითოეულ ქვას თითებით ეხებოდა. ხელში ერთი კვერთხი ეპყრა და ყოველ სამშენებლო ქვას ეხებოდა. 4. რაჟამს დაჰკრავდა, ზოგი მათგანი შავი ხდებოდა, როგორც მური. ზოგიერთი იხორკლებოდა. სხვებს ბზარები ჰქონდათ. ნაწილი დამოკლებულიყო. კიდევ სხვები არც თეთრი იყვნენ, არც შავი. ზოგი - უსწორმასწორო და სხვა ქვებთან თანაშეუწყობელი. ნაწილს მრავალი ლაქა ჰქონდა. ასეთი განსხვავებულები იყვნენ მშენებლობისთვის უვარგისი ქვები. 5. ბრძანა, ყველა მათგანი კოშკიდან გაეტანათ, გარეთ დაედოთ, სხვა ქვები მოეზიდათ და მათ ადგილზე განეთავსებინათ. 6. მშენებლებმა ჰკითხეს მას, თუ რომელი მთიდან სურდა ქვების მოტანა და მათ ადგილზე დადება. მთებიდან წამოღება არ დაუვალებია, არამედ ახლოს მდებარე ერთ-ერთი დაბლობიდან მოსთხოვა მოზიდვა. 7. დაბლობი გაითხარა და ბრწყინვალე, ოთხკუთხა ქვები აღმოჩნდა, ხოლო ზოგიერთები - მომრგვალებულნიც. ყველა ქვა, რომელიც იმ დაბლობზე იყო, მოიტანეს და კარის გავლით ქალწულებს გადაჰქონდათ. 8. ოთხკუთხა ქვები გამოკვეთეს და გათავისუფლებულ ადგილზე განათავსეს. მომრგვალებულნი კი შენობაში არ დაუდიათ, რადგან ძნელი და შემაფერხებელი იქნებოდა მათი გამოკვეთა. კოშკთან მოათავსეს, რომ მოგვიანებით გამოეკვეთათ ისინი და შენობაში დაედოთ, რადგან ფრიად ბრწყინვალენი იყვნენ.

 

84.(7).

1. რაჟამს დიდებულმა მამკაცმა და მთელი კოშკის უფალმა ეს დაასრულა, მწყემსი მოიხმო და მას ყველა კოშკთან მდებარე, შენობიდან განგდებული ქვა გადასცა და ეუბნება: 2. "გულმოდგინედ გაწმინდე ეს ქვები და კოშკის შენობაში განათავსე, რომ ძალუძდეთ დანარჩენებთან კავშირი, ხოლო ისინი, რომლებიც ვერ შეუკავშირდებიან, კოშკიდან შორს მოისროლე". 3. ეს დაავალა მწყემსს და ყველასთან ერთად, ვისთან ერთადაც მოსულიყო, კოშკს გაშორდა, ქალწულები კი კოშკის ირგვლივ დადგნენ მის დასაცავად. 4. მწყემსს ვეუბნები: "როგორ ძალუძთ ამ უარყოფილ ქვებს კოშკის შენობაში დაბრუნება?" მიპასუხებს და მომიგებს: ‘ხედავ ამ ქვებს?" ვეუბნები: "ვხედავ, უფალო". "მე, - ამბობს, - ამ ქვების უდიდეს ნაწილს გამოვკვეთ, შენობაში შევიტან და დანარჩენ ქვებს შეეწყობიან”. 5. ვეკითხები: "უფალო, გამოკვეთილებს როგორღა ძალუძთ იმ ადგილის შევსება?" მპასუხობს: "ისინი, რომლებიც პატარები აღმოჩნდებიან, შენობის შუაში განთავსდებიან, ხოლო დიდები კიდეებში დაიდებიან და მათ თანაშეაკავებენ". 6. ასე მომიგო და მეუბნება: ‘წავიდეთ, ორი დღის შემდეგ მოვიდეთ, ეს ქვები გავწმინდოთ და შენობაში შევიტანოთ, რადგან ყველაფერი, რაც კოშკის ირგვლივაა, უნდა გასუფთავდეს, რომ მოულოდნელად არ მოვიდეს კოშკის მბრძანებელი და გარშემო უსუფთაობის აღმომჩენი არ განრისხდეს; რომ ეს ქვებიც არ მოარიდონ კოშკის შენობას და მეც უზრუნველად მყოფი არ ვეჩვენო მბრძანებელს". 7. ორი დღის შემდეგ კოშკთან მივედით და მეუბნება: "ყველა ქვა მოვიხილოთ და ვნახოთ, შენობაში რომლის შეტანაა შესაძლებელი". მივუგე: "ვნახოთ, უფალო".


85.(8).

1. მისულებმა პირველად შავი ქვები დავათვალიერეთ. ისეთივე აღმოჩნდნენ, როგორებიც შენობასთან განეთავსებინათ. მწყემსმა ბრძანა, რომ ისინი კოშკიდან წაეღოთ და განეცალკევებინათ. 2. შემდეგ დახორკლილ ქვებს დააკვირდა. მათგან მრავალი აიღო, გამოთალა და ქალწულებს მიუთითა, რომ აეღოთ ისინი და შენობაში შეეტანათ. იღებდნენ მათ ქალწულები და კოშკის შენობის შუაში განათავსებდნენ. ბრძანა, დანარჩენები შავ [ქვებთან] ერთად მოეთავსებინათ, რადგან ისინიც შავები აღმოჩნდნენ. 3. შემდეგ ბზარების მქონე [ქვებს] უმზირა. მათგანაც მრავალი გამოკვეთა და ქალწულებს უბრძანა, შენობაში შეეტანათ. კიდეებში განთავსდნენ, რადგან ფრიად გაჯანსაღებულნი აღმოჩნდნენ. დანარჩენების გამოკვეთა ბზარების სიმრავლის გამო შეუძლებელი იყო. ამიტომაც კოშკის შენობას ამ მიზეზით მოარიდეს. 4. შემდეგ მოკლე [ქვებს] დააკვირდა. მათში მრავალი აღმოჩნდა შავი ფერის, ხოლო ნაწილზე დიდი ბზარები წარმოქმნილიყო. ბრძანა, ისინიც განცალკევებულებთან ერთად დაედოთ. მიუთითა, რომ მრავალი გაწმენდილი და გამოკვეთილი [ქვა], შენობაში მოეთავსებინათ. ქალწულები მათ იღებდნენ და კოშკის შენობის შუაში დებდნენ, რადგან ფრიად სუსტნი იყვნენ. 5. შემდეგ [იმ ქვებს] დააკვირდა, რომლებიც ნახევრად თეთრი და სანახევროდ შავი ფერისანი აღმოჩნდნენ204. მრავალი მათგანი შავი ფერის გამოდგა. მოითხოვა, ისინიც გადაყრილებთან ერთად განელაგებინათ. ქალწულებმა ყველა დარჩენილი [ქვა] აიღეს, რადგან თეთრები იყვნენ ისინი, და კოშკში განათავსეს, კიდეებში დადეს, ვინაიდან მთლიანები აღმოჩნდნენ. ამიტომაც მათ შუაში განლაგებული ქვების განმტკიცება ძალუძდათ, რემეთუ მათგან საერთოდ არც ერთი არ დამოკლებულა. 6. შემდეგ უსწორმასწორო და მძიმე [ქვები] მოიხილა და მათგან მცირედი განაგდო, ვინაიდან ფრიად მძიმენი გამოდგენენ და ამიტომაც შეუძლებელი იყო მათი გამოკვეთა. დანარჩენები გამოკვეთა. ქალწულებმა აიღეს და, რადაგნ ძალზედ ფაქიზები იყვნენ, კოშკის შენობის შუაში განალაგეს. 7. შემდეგ ლაქების მქონე [ქვებს] დააკვირდა. მათგან მცირედი გაშავებულიყო; დანარჩენებთან გადაყარეს, ხოლო უმეტესი მთელი და ბრწყინვალე აღმოჩნდა. ქალწულებმა ისინიც შენობაში განათავსეს და კიდეებში დადეს მათი აღმატებული ძალის გამო.

 

86.(9).

1. შემდეგ დასათვალიერებლად თეთრ და მრგვალ ქვებთან მივიდა და მეკითხება: "ამ ქვებთან დაკავშირებით როგორ მოვიქცეთ?" ვპასუხობ: "მე რა ვიცი, უფალო?" მეუბნება: "ვერაფერს მოიფიქრებ მათ შესახებ?" 2. ვეუბნები: "არ ვფლობ ამ ხელობას, უფალო. არც ქვისმთლელი ვარ, არც მოფიქრება ძალმიძს". "ვერ ხედავ, - ამბობს, - რომ ფრიად მომრგვალებულნი არიან? თუკი მოვისურვებ, ისინი ოთხუკუთხედებად ვაქციო, საჭიროა, დიდი ნაწილი მოეკვეთოს. ზოგიერთი მათგანი აუცილებლად შენობაში უნდა დაიდოს". 3. "უფალო, - მივუგე, - უკეთუ აუცილებელია, რატომ იტანჯავ საკუთარ თავს და არ გამოარჩევ შენობისთვის იმას, რომელიც გსურს, და არ შეიტან მასში?" დიდი და უბრწყინვალესი205 ქვები მოიძია და ჩამოთალა ისინი, ხოლო ქალწულებმა აიღეს და შენობის გარეთა ნაწილში დადეს. 4. დარჩენილები კი წაიღეს და იმ დაბლობზე განათავსეს, საიდანაც მოეტანათ, მაგარამ არ გადაუყრიათ. "კოშკი, - ამბობს, - კვლავაც დარჩა ასაშენებელი, ხოლო კოშკის მბრძანებელს სურს, ყველა ეს ქვა შენობასთან შეაკავშიროს, რადგან ფრიად ბრწყინვალენი არიან". 5. უმშვენიერესი გარეგნობის შავებში მოსილ, წელშემოსარტყლულ თორმეტ დედაკაცს მოუხმო. მხრები გაშიშვლებული ჰქონდათ და თმები ჩამოშვებული. მე ეს დედაკაცები ველურებად მივიჩნიე. მწყემსმა მათ შენობიდან განგდებული ქვების აღება და იმ მთებისკენ წაღება უბრძანა, საიდანაც მოეტანათ. 6. მხიარულებმა აიღეს, ყველა ქვა წააბრძანეს და იქ განათავსეს, საიდანაც წამოეღოთ. მას შემდეგ, რაც ყველა ქვა გაზიდეს და კოშკის ირგვლივ ქვა აღარ იდო, მწყემსი მეუბნება: "კოშკს შემოვუაროთ და ვნახოთ, ნაკლული რამ ხომ არ არის მასში". და შემოვუარე მე მასთან ერთად. 7. კოშკის მშვენიერების მხილველი მწყემსი ფრიად მხიარული იყო მშენებლობით, რადაგნ კოშკი იმგვარად აგებულიყო, რომ მე, მხილველს, ამ შენობისთვის გული მითქვამდა, რადგან ისე იყო ნაშენი, ვითარცა ერთიანი ქვისგან, არც ერთი შეერთება არ ჰქონდა მას. ქვა თითქოს კლდისგან გამოკვეთილი ჩანდა. იფიქრებდი, მონოლითური არისო.

 

87.(10).

1. მასთან ერთად მოარული, მეც მხიარული ვიყავი ამ სიკეთეთა მხილველი. მწყემსი მეუბნება: "წადი, კირი და თხელი თიხა მოიტანე, რომ აღებული და შენობაში დადებული ქვების ფორმები აღვადგინო, რადგან საჭიროა, კოშკის ირგვლივ ყველაფერი მოსწორდეს". 2. გავაკეთე, როგორც მიბრძანა, და მას მივუტანე. "დამეხმარე, - ამბობს, - და საქმე მალე დასრულდება". შენობაში შეტანილი ქვათა ფორმები აღადგინა და ბრძანა, კოშკის ირგვლივ დაეგავათ და გაეწმინდათ. 3. ქალწულებმა ცოცხები აიღეს, დაგავეს, მთელი ჭუჭყი კოშკიდან მოარიდეს და წყალი ასხურეს. და გახდა კოშკის ადგილი უმშვენიერესი და სამხიარულო. 4. მწყემსი მეუბნება: "ყველაფერი სუფთაა! რაჟამს უფალი კოშკის დათვალიერებას ისურვებს, არაფერი ექნება ჩვენთვის სასაყვედურო". ეს მითხრა და წასვლა განიზრახა. 5. მის აბგას ჩავეჭიდე და უფლის სახელს ვაფიცებდი, განემარტა ის, რაც მე მიჩვენა. მეუბნება: "ახლა ცოტა დრო მაქვს, მაგრამ ყველაფერს აგიხსნი. აქ დამელოდე, ვიდრე მოვიდოდე". 6. ვპასუხობ: "უფალო, მარტო აქ რა ვაკეთო?" მომიგებს: "არა ხარ მარტო, რადგან ეს ქალწულები შენთან ერთად იქნებიან". ვეუბნები: "მაშინ მათ მიმაბარე". მწყემსმა ისინი მოიხმო და ეუბნება: "ამას თქვენ გაბარებთ, ვიდრე დავბრუნდებოდე". და წავიდა. 7. მე ქალწულებთან ერთად მარტო ვიმყოფებოდი. უმხიარულესნი იყვნენ და კეთილგანწყობა ჰქონდათ ჩემდამი, განსაკუთრებით, მათგან ოთხ უბრწყინვალესს.


88.(11).

1. ქალწულები მეუბნებიან: "მწყემსი დღეს აქ აღარ მოვა". მივუგე: "მე როგორ მოვიქცე?" მპასუხობენ: "საღამომდე მაინც დაელოდე მას. თუკი მოვა, ისაუბრებს შენთან, ხოლო უკეთუ არ მობრძანდა, აქ ჩვენთან ერთად დარჩი, ვიდრე მოვიდოდეს". 2. ვეუბნები მათ: "დაღამებამდე დავუცდი, ხოლო თუ არ მობრძანდა, სახლში გავემართები და განთიადისას დავბრუნდები". პასუხად მომიგეს: "რადგან ჩვენ მოგვებარე, არ ძალგიძს ჩვენგან წახვიდე". 3. ვეკითხები: "სად გავჩერდე?" "ჩვენთან ერთად დაიძინე როგორც ძმამ და არა როგორც ქმარმა, - ამბობენ, - რადგან ჩვენი ძმა ხარ. მომავალშიც გვსურს შენთან ერთად მკვიდრობა, ვინაიდან ძლიერ გვიყვარხარ". მე კი მრცხვენოდა მათთან დარჩენა. 4. ის, ვინც მათში უპირატესად მიიჩნეოდა, მეამბორა და მომეხვია. როდესაც სხვებმა იგი დაინახეს, როგორ მეხვეოდა, ამბორი მათაც დამიწყეს. კოშკის ირგვლივ დავყავდით და ჩემთან ერთად ხალისობდნენ. 5. მეც თითქოს ახალგაზრდა გავხდი და მათთან ვილხენდი. ისინი უკრავდნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ, მე კი, მათთან ერთად კოშკის ირგვლივ მოარული, მდუმარე ვიყავი, მაგრამ მიხაროდა. 6. დაღამებისას სახლში წასვლა ვისურვე. არ გამიშვეს, შემაკავეს. და დავრჩი ღამე მათთან ერთად. კოშკთან მეძინა. 7. ქალწულებმა მიწაზე თავიანთი სელის მოსასხამები დამიგეს და მე მათ შორის დამაწვინეს. საერთოდ არაფერი უკეთებიათ, თვინიერ ლოცვისა. მეც მათთან ერთად შეუჩერებლად ვლოცულობდი და არანაკლებ, ვიდრე ისინი. ახარებდათ ქალწულებს ჩემი ასეთი ვედრება. დავრჩი იქ ქალწულებთან ერთად დილამდე, ვიდრე მეორე ჟამამდე. 8. შემდეგ მწყემსი მოვიდა და ეუბნება ქალწულებს: "ცუდად ხომ არ მოეპყარით მას?" მიუგეს: "თავად ჰკითხე". ვეუბნები: "უფალო, გავიხარე მათთან ერთად დარჩენით". მეკითხება: "რითი ისადილე?" ვპასუხობ: "მთელი ღამე უფლის სიტყვას ვიხმევდი, უფალო". განაგრძობს: "კეთილად გისტუმრეს?" მივუგე: "დიახ, უფალო". 9. "ახლა კი, - ამბობს, - რისი მოსმენა გსურს პირველად?" "უფალო, ის, რაც დასაწყისში მიჩვენე. გევედრები, უფალო, ვითარცა შეგეკითხები, ისე გამნმიცხადე". "როგორც გენებოს, ისე განგიცხადებ, - მომიგებს, - და საერთოდ არაფერს დავფარავ შენგან".


89.(12).

1. "უფალო, - ვეუბნები, - უპირველეს ყოვლისა, ეს განმიცხადე: კლდე და კარი რა არის?" "ეს კლდე და კარი, - ამბობს, - ძე ღვთისაა". "როგორ, - მივუგე, - უფალო, კლდე ძველია, ხოლო კარი ახალი?" "ისმინე, - მომიგებს, - და გაიგებ, უგულისხმოვ. 2. ძე ღვთისა ყოველგვარ მის ქმნილზე უწინარესია, ამიტომაც იგი მრჩეველი გახდა მამისა მისი ქმნილების შესახებ (იგავ. 8. 27-30). ამის გამოა კლდე ძველი". ვეკითხები: "უფალო, კარი რატომაა ახალი?" 3. "რადგან უკანასკნელ დღეთა დასასრულს განცხადდა206, - მომიგებს, - ამიტომაც გახდა კარი ახალი, რომ გადარჩენის მსურველნი მისი გავლით შევიდნენ ღვთის სასუფეველში (ინ. 3.5; მრ. 9.47). 4. ნახე, - ამბობს, - კარის გავლით ქვები რომ შეჰქონდათ და კოშკშის შენობაში განათავსეს და ისინიც, რომლებიც არ შეიტანეს და კვლავ თავის ადგილზე დადეს?" ვპასუხობ: "ვნახე, უფალო". "ასევე ვერავინ შევა ღვთის სასუფეველში (ინ. 3.5), თუკი მისი წმინდა სახელი არ მიიღო. 5. რაჟამს რომელიმე ქალაქში შესვლას ისურვებ, ეს ქალაქი კი ირგვლივ კედელმოზღუდულია207 და ერთი კარიბჭე აქვს, ვერ შეძლებ ამ ქალაქში შეღწევას, თუ არა კარის გავლით, რომელიც აქვს". მივუგე: "უფალო, განა სხვანაირად შესაძლებელია მოხდეს?" ამბობს: "ამრიგად, უკეთუ ქალაქში არ ძალგიძს შეღწევა, თუკი მისი კარიბჭე არ გაიარე, ასევე სხვაგვარად არ შეუძლია ადამიანს ღვთის სასუფეველში შესვლა (ინ. 3.5), თუ არა მისგან შეყვარებული მისი ძის სახელის მიერ208. 6. ნახე კოშკის მაშენებელთა სიმრავლე?" მივუგე: "ვნახე, უფალო". "ისენი ყველანი დიდებული ანგელოზები არიან. სწორედ ისინი გარშემოეხვეოდნენ უფალს209. კარი კი ძე ღვთისაა. ისაა ერთადერთი მისასვლელი  უფლთან. სხვაგვარად ვერავინ მიეახლება მას, თუ არა მისი ძის მიერ (ინ. 14.6). 7. ხედავდი, - ამბობს, - ექვს მამაკაცს და მათ შორის მაღალსა და დიდებულ კაცს, კოშკის ირგვლივ მავალს და შენობიდან ქვების გამომხშირავს?" მივუგე: "ვხედავდი, უფალო". 8. "დიდებული კაცი ძე ღვთისაა, - მპასუხობს, - ისინი კი ექვსი დიდებული ანგელოზია, მის მარჯვნივ და მარცხნივ შემოკრებილნი. ეს დიდებული ანგელოზები არავის მიუშვებენ ღმერთთან მისი გვერდისავლით. ვინც მისი სახელი არ მიიღო, ვერ შევა ღვთის სასუფეველში" (ინ. 3.5).

 

90.(13).

1. ვეუბნები: "კოშკი რა არის?" "ეს კოშკი, - ამბობს, - ეკლესიაა". 2. "ის ქალწულები ვინ არიან?" "ისინი, - მომიგებს, - წმინდა სულები არიან. სხვაგვარად ადამიანს არ ძალუძს ღვთის სასუფეველში აღმოჩნდეს, თუკი მათ არ შემოსეს იგი თავიანთი სამოსით; რადგან უკეთუ მხოლოდ სახელი მიიღე, ხოლო მათგან სამოსი არ შეგიწყნარებია, არაფერი შეგეწევა, ვინაიდან ეს ქალწულები ღვთის ძის ძალები არიან. რაჟამს სახელს მიიღებ, მაგრამ ძალას არ იტვირთავ, მისი სახელის ამაოდ მატარებელი იქნები. 3. ხოლო ქვები, რომლებიც განგდებულნი იხილე, ისინი არიან, რომლებიც სახელს ატარებდნენ, მაგრან ქალწულთა სამოსი არ შეუმოსავთ". შევეკითხე: "უფალო, რა არის მათი სამოსი?" "მათი სამოსი მათი სახელებია. ვინც ღვთის ძის სახელს ატარებს, ამ სახელთა ტვირთვაც ევალება, რადგან თავად ძეც ამ ქალწულთა სახელებს ატარებს. 4. ყველა ქვა, რომელიც კოშკის შენობაში შეტანილი იხილე, ქალწულთა ხელებში გავლით რომ გადაეცემოდნენ და შენობაში რჩებოდნენ, ისინი არიან, ვინც ამ ქალწულთა ძალებით შეიმოსა. 5. ამიტომაც ხედავ კოშკს მონოლითურს, კლდესთან გაერთიანებულს. ასევე ერთი სული და ერთი სხეული ხდებიან ამ სულებით მოსილნი უფლის მორწმუნენიც მისი ძის მიერ (ინ. 1.7; ეფეს. 4.4). მათი სამოსიც ერთი ფერია. ამ ქალწულების სახელთა მატარებელნი კოშკშის მკვიდრნი არიან”. 6. ვეკითხები: "უფალო, უარყოფილი ქვები რატომ განაგდეს, ისინი კოშკის შენობაში ხომ კარის გავლითა და ქალწულთა ხელებით განთავსდნენ?" მომიგებს: "რადგან შენ ყველაფერი გაინტერესებს და ზუსტად გამოეძიებ, განგდებული და უარყოფილი ქვების შესახებაც ისმინე. 7. ყველა ისინი, - ამბობს, - ღვთის ძის სახელს ღებულობდნენ. იმ ქალწულთა ძალაც შეიწყნარეს. ამრიგად, ამ სულთა მიმღებნი გაძლიერდნენ და ღვთის მორჩილებთან თანამყოფობდნენ. და ჰქონდათ მათ ერთი სული, ერთი სხეული (ეფეს. 4.4) და ერთი სამოსი, რადგან ისინი განსჯიდნენ და სიმართლეს აღასრულებდნენ (II კორინ. 13.11; ფილიპ. 2.2; ფს. 14.2; საქმ. მოც. 10.35; ებრ. 11.33). 8. მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ცდუნდნენ დედაკაცთა მიერ, რომლებიც შენ პირმშვენიერნი, შავი მოსასხამით მოსილნი, გაშიშვლებული მხრებითა და გაშლილი თმებით იხილე. დაინახეს რა ისინი, ისურვეს და მათი ძალა შეიმოსეს, ხოლო ქალწულთა სამოსი და ძალა განიმოსეს. 9. ამრიგად, ისინი განიდევნენ ღვთის სახლიდან და მათ გადაეცნენ. ხოლო ის, ვინც ამ დედაკაცთა სილამაზით არ მოტყუებულა, ღვთის სახლში დარჩა. გაქვს განმარტება უარყოფილი [ქვების] შესახებ".


91.(14).

1. ვეკითხები: "უფალო, თუკი ეს ადამიანები, ამგვარად მყოფნი, შეინანებენ და იმ დედაკაცების სურვილს დაუტევებენ, ქალწულებსა და მათ ძალას დაუბრუნდებიან და მათი საქმეებით ისრბოლებენ, ვეღარ შევლენ ღვთის სახლში?" 2. "შევლენ, - მომიგებს, - რაჟამს იმ დედაკაცთა საქმეებს მოირიდებენ, ქალწულთა ძალას შეიწყნარებენ და მათ საქმეებს იმოქმედებენ. ამიტომაცაა შეჩერებული მშენებლობა, რომ თუ ისინი შეინანებენ, კოშკის შენობაში შევიდნენ. მაგარამ უკეთუ არ მოინანიებენ, მაშინ სხვები შევლენ, ხოლო ისინი საბოლოოდ განიდევენებიან". 3. ყოველივე ამისთვის ვმადლობდი უფალს, რომ ყველა მისი სახელის მხმობელთ მწყალობლობს (ეს. 43.7) და ჩვენ, მის მიმართ მცოდველთ, სინანულის ანგელოზს გვიგზავნის და ჩვენს სულსა თუ ჩვენ, უკვე გახრწნილთ, აღგვადგენს და ცხოვრების იმედის არმქონეთ სიცოცხლეს განგვიახლებს. 4. ვეუბნები: "უფალო, ახლა კი განმიცხადე, კოშკი რატომ მიწაზე არ აშენდა, არამედ - კლდესა და კარზე". "კვლავაც უგუნური და უგულისხმო ხარ?" - მომიგებს. "უფალო, იძულებული ვარ შენ შეგეკითხო, რადგან საერთოდ არაფერი ძალმიძს გავიგო, ვინაიდან ყოველივე დიდი და დიდებულია და ძნელადსაწვდომია ადამიანისთვის". 5. "ისმინე! - ამბობს, - ღვთის ძის სახელი დიდია და განუსაზღვრელი, მთელი მსოფლიო უპყრია. თუკი ყველა ქმნილება ღვთის ძის სახელითაა პყრობილი, რას ფიქრობ მისი სახელით ხმობილებზე, ღვთის ძის სახელის მატარებლებსა და მის მცნებებში მსრბოლელებზე? 6. ხედავ, როგორ განადიდებს მისი სახელის მთელი გულით მატარებელთ? ამრიგად, ის გახდა მათთვის საფუძველი და სიხარულით უპყრია ისინი, რადგან არ შეჰრცხვენიათ მისი სახელის ტარება". 



92.(15).

1. ვეუბნები: "უფალო, გამაგებინე მე ქალწულთა და შავ მოსასხამებში მოსილ დედაკაცთა სახელები". "ისმინე, - მომიგებს, - კუთხეებთან მდგომი უძლიერესი ქალწულების სახელები. 2. პირველი რწმენაა, მეორე - თავშეკავება, მესამე - ძალა, მეოთხე - სულგრძელება210, ხოლო სხვები, მათ შორის მდგომნი, ამ სახელებს ფლობენ: უბრალოება, უმანკოება, უმწიკვლოება, სიხარული, ჭეშმარიტება, გულისხმისყოფა, ერთსულოვნება, სიყვარული211. ღვთის სასუფეველში შესვლა ამ სახელებისა და ღვთის ძის სახელის მატარებელს შეუძლია (ინ. 3.5). 3. შავი სამოსის მქონე დეადკაცთა სახელებიც ისმინე. მათგან ოთხნი უძლიერესნი არიან: პირველი ურწმუნოებაა, მეორე - თავშეუკავებლობა, მესამე - ურჩობა, ხოლო მეოთხე - ცბიერება. მათ შედგომილებს კი ეწოდებათ დარდი, უკეთურება, გარყვნილება, მრისხანება, ტყული, უგუნურება, ბოროტმეტყველება, შური. მონა ღვთისა, ვინც ამ სახელებს ატარებს, ღვთის სასუფეველს იხილავს, მაგრამ მასში ვერ შევა”. 4. შევეკითხე: "უფალო, დაბლობიდან ამოტანილი ქვები ვინ არაიან?” ‘საფუძველში განთავსებული პირველი ათი [ქვა], ამბობს, - პირველი მოდგმაა. ოცდახუთი [ქვა] მართალი ადამიანების მეორე მოდგმაა, ხოლო ოცდათხუთმეტი ღვთის წინასწარმეტყველნი და მისი მსახურები არიან. ორმოცი კი მოციქულები და ღვთის ძის მოძღვრების მასწავლებლები არიან". 5. ვეუბნები: "უფალო, რატომ გადასცეს ქალწულებმა ეს მოტანილი ქვები კოშკის ასაშენებლად კარის გავლით?" 6. მომიგო: "რადგან მათ პირველებმა იტვირთეს ეს სულები და საერთოდ არ განშორებიან ურთიერთს, არც სულები - ადამიანებს, არც ადამიანები - სულებს, არამედ რჩებოდნენ სულები მათთან ვიდრე გარდაცვალებამდე. და თუკი ეს სულები მათთან ერთად არ იქნებოდნენ, ვერ გახდებოდნენ სასარგებლონი ამ კოშკის შენობისთვის".


93.(16).

1. ვეუბნები: "უფალო კვლავაც განმიმარტე". მეკითხება: "რა გაინტერესებს?" მივუგე: "უფალო, თუკი ქვები ამ სულთა მატარებელნი იყვნენ, რატომ ამოიტანეს წყლის ფსკერიდან და განათავსეს კოშკის შენობაში?" 2. მომიგებს: "აუცილებელი იყო წყლის გავლით ამოტანა, რომ განცხოველებულიყვნენ, რადაგნ არ ძალუძდათ სხვაგვარად ღვთის სასუფეველში შესვლა (ინ. 3.5), თუკი არ დაუტევებდნენ თავიანთი ადრინდელი ცხოვრების სიკვდილს212. 3. ამრიგად, ამ გარდაცვლილებმაც მიიღეს ღვთის ძის ბეჭედი და ღვთის სასუფეველში შევიდნენ (ინ. 3.5), რადგან მკვდარია ადამიანი ღვთის ძის სახელის შემოსვამდე, მაგარამ როდესაც ბეჭედს მიიღებს, მაშინ სიკვდილს დაუტევებს და სიცოცხლეს შეიწყნარებს. 4. ასე რომ, წყალია ბეჭედი. შესაბამისად, წყალში მკვდრები ჩადიან და ცოცხლები ამოდიან. ეს ბეჭედი მათთვის იქადაგა და კეთილექმნა იგი, რადგან ღვთის სასუფეველში შევიდნენ" (ინ. 3.5). 5. "უფალო, - ვეკითხები, - ბეჭდის მქონე ორმოცი ქვა მათთან ერთად წყლის ფსკერიდან რატომ ამოიტანეს?" მპასუხობს: "რადაგან ისინი მოციქულები და ღვთის ძის სახელის მქადაგებელი მოძღვრები არიან. ღვთის ძის ძალითა და რწმენით გარდაცვლილებმა შესვენებულებისთვისაც იქადაგეს და თავად მიანიჭეს მათ ქადაგების ბეჭედი. 6. ასე რომ, მათთან ერთად ჩავიდნენ წყალში და კვლავ ამოვიდნენ213, მაგარამ ისინი ცოცხალნი ჩავიდნენ და ცოცხალნი ამოვიდნენ, ხოლო ეს შესვენებულნი მკვდრები შთავიდნენ, მაგრამ ცოცხალნი აღმოვიდნენ214. 7. სწორედ მათი საშუალებით განცხოველდნენ და შეიმეცნეს ღვთის ძის სახელი. ამიტომაც ამოვიდნენ მათთან ერთად, თანაშეეწყვნენ კოშკის შენობას და ხელშეუხებელნი თანაშეუშენდებოდნენ215, რადგან სიმართლესა და დიდ უმწიკვლოებაში აღესრულნენ, მხოლოდ ეს ბეჭედი არ გააჩნდათ. ამრიგად, გაქვს განმარტება ამის შესახებაც". ვპასუხობ: "დიახ, უფალო".

 

94.(17).

1. "უფალო, ახლა კი მთების შესახებ განმიცხადე, თუ რატომაა მათი გარეგნობა განსხვავებული და მრავლგვარი?" მომიგებს: "ისმინე. ეს თორმეტი მთა მთელს სამყაროში დასახლებული თორმეტი ტომია, რომლებსაც მოციქულთა მიერ ექადაგათ ღვთის ძის სახელი". 2. "უფალო, რატომაა მთების სახე მრავალგვარი და სხვადასხვა?" "მისმინე! - ამბობს, - მთელ სამყაროში დამკვიდრებული ეს თორმეტი ტომი თორმეტი ხალხია. განსხვავებულები არიან აზრებითა და გონებით. როგორი მრავალსახოვანი მთებიც იხილე, ასეთივე განსხავავებაა ამ ხალხების აზრსა და გონებას შორის. და აი, თითოეულის საქმეს განგიცხადებ შენ". 3. ვეკითხები: "უფალო, პირველად ეს გამაგებინე: როდესაც ასეთი მრავალფეროვანი მთებიდან [მოტანილი] ქვები შენობაში განათავსეს, როგორ გახდნენ ერთი ფერისანი, მსგავსად წყლის ფსკერიდან ამოტანილი ბრწყინვალე ქვებისა?" 4. მომიგებს: "რადგან ცისქვეშეთში დამკვიდრებულ ყველა ხალხს, მსმენელსა და მრწმუნებელს, ღვთის ძის სახელი ეწოდა. ამრიგად, მიმღებლებს ბეჭდისა ერთი აზრი და ერთი გონე გააჩნდათ (ეფეს. 4.4), ერთი გახდა მათი სარწმუნოება, ერთია სიყვარული და სახელთან ერთად ქალწულთა სულებიც იტვირთეს. ამიტომაც გახდა კოშკის შენობა ერთი ფერის, ბრწყინვალე, ვითარცა მზე. 5. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი მასში (კოშკში, ი. ო.) შევიდნენ და ერთი სხეული შეიქნენ, ზოგიერთმა მათგანმა საკუთარი თავი წაბილწა, მართალთა მოდგმიდან განიდევნა და როგორებიც ადრე იყვნენ, კვლავ ისეთივე გახდნენ, მეტად უარესნიც".


95.(18).

1. ვეუბნები: "უფალო, ღვთის შემმეცნებელნი უარესნი როგორღა გახდნენ?" მომიგებს: "ვისაც ღმერთი არ შეუმეცნებია და უკეთურობს, თავისი ცოდვების გამო განეკუთვნება სასჯელი, ხოლო ღვთის შემმეცნებელი ვალდებულია აღარ შესცოდოს, არამედ - კეთილმოქმედება აღასრულოს. 2. ამრიგად, თუკი ის, ვინც მოვალეა სიკეთე ქმნას, უკეთურობს, არ ფიქრობ, რომ უმეტეს ცოდვას ჩადის, ვიდრე ის, ვინც ღმერთი არ იცის? ამიტომაც ღვთის შეუმეცნებელნი და უკეთურების მოქმედნი სიკვდილისთვის არიან განწირულნი, მაგარამ ღვთის შემმეცნებელნი, მისი დიდებულებების მხილვენი და მცოდველნი ორმაგად დაისჯებიან და საუკუნოდ მოკვდებიან. ასე რომ, ამგვარად განიწმინდება ღვთის ეკლესია. 3. ხომ იხილე, რომ კოშკიდან აღებული და იქიდან განგდებული ქვები უკეთურ სულებს გადაეცნენ, განწმენდილებიც ერთი სხეული არიან, ვითარცა კოშკი, რომელიც გასუფთავების შემდეგ თითქოს ერთიანი ქვისგან ნაშენი გამხდარიყო, ამგვარივე იქნება ღვთის ეკლესია მისი განწმენდის, უკეთურთა, ფარისეველთა, მგმობელთა, ორგულთა და მრავალგვარი ცოდვებით ბოროტმოქმედთა გაძევების შემდეგ. 4. მათი უარყოფის მერე ღვთის ეკლესია ერთი სხეული, ერთი აზრი, ერთი გონება, ერთი რწმენა, ერთი სიყვარული იქნება და მაშინ საკუთარი განწმენდილი ხალხის მიმღები ძე ღვთისა იმხიარულებს და გაიხარებს მათით". ვეუბნები: "უფალო, დიდებული და დიადია ყოველივე. 5. ახლა კი თითოეული მთის ძალა და საქმე განმიმარტე, რომ უფალს მინდობილმა ყოველმა სულმა, ვინც უფალს მიენდო, მოისმენს რა, განადიდოს მისი დიდი, გასაოცარი და დიდებული სახელი" (ფს. 8.2; 85.9; 98.3). მომიგებს: "ისმინე მრავალსახოვანი მთებისა და თორმეტი ხალხის შესახებ.


96.(19).

1. პირველი შავი მთა ასეთი მორწმუნეები არიან216: განდგომილნი, უფლის მგმობელნი და ღვთის მონათა გამცემნი. არაა მათთვის სინანული, ხოლო სიკვდილი კი არის. ამიტომაც არიან შავი ფერის, რადგან ურჯულოა მათი მოდგმა. 2. მეორე გაშიშვლებული მთა ასეთი მორწმუნეები არიან: ფარისეველნი და უკეთურების მოძღვარნი. ამრიგად, ისინიც პირველთა მსგავსნი არიან, არ გააჩნიათ რა სიმართლის ნაყოფი (ფილიპ. 1.11; ებრ. 12.11; იაკ. 3.8), რადგან როგორც მათი მთა არის უნაყოფო, ამგვარადვე ეს ადამიანები, სახელის მქონენი217, რწმენისგან დაცლილნი არიან და არაა მათში ნაყოფი ჭეშმარიტებისა. ასე რომ, მათ სინანული განეწესათ, თუკი სწრაფად შეინანებენ, მაგრამ უკეთუ შეყოვნდებიან, პირველებთან ერთად იქნება მათი სიკვდილი". 3. "უფალო, - ვეუბნები, - რატომაა მათთვის სინანული, ხოლო პირველთათვის არა, თუ ეს საქმენი მათებრ არიან?"218 მპასუხობს: "მათ სინანული იმიტომ განეკუთვნათ, რომ თვიანთი უფალი არ დაუგმიათ, არც ღვთის მონათა გამცემნი გამხდარან, მაგრამ ანგარების სურვილის მიზეზით მზაკვრობდნენ და შემცოდე ადამიანთა გულისთქმისამებრ იმოძღვრებოდა თითოეული219; გარკვეული სასჯელი მოელით, მაგრამ არ გამხდარან რა ისინი მგმობელნი, არც გამცემნი, ამიტომაც სინანული განეწესათ მათ.


97.(20).

1. სარეველებისა და ეკლების მქონე მესამე მთა ასეთი მორწმუნეები არიან: ზოგიერთი მათგანი მდიდარია, სხვანი მრავალი საქმით აღრეულან. სარეველები მდიდრები არიან, ხოლო ეკლები - მრავალგვარ საქმეში აღრეულნი (მთ. 13.22; მრ. 4. 18-19). 2. ამრიგად, ისინი, მრავალგვარსა და განსხვავებულ საქმეებს შეჭიდებულნი, არათუ ღვთის მონებს უკავშირდებიან, არამედ დაეხეტებიან თავიანთი ქმედებებით მოშთობილნი220. ძნელად უკავშირდებიან მდიდრები ღვთის მონებს, რადგან შიშობენ, რამ არ ითხოვონ მათგან. ასე რომ, ძნელად შევლენ ისინი ღვთის სასუფეველში (მრ. 10.23); 3. ვითარცა სამძიმოა შიშველი ფეხებით ეკლებზე სიარული, ასევე ძნელია მათთვის ღვთის სასუფეველში შესვლა (მთ. 10.23). 4. მაგარამ არის სინანული ყველა მათგანისთვის, ოღონდ სწრაფად, რომ ადრინდელი ჟამი, როდესაც არ მოქმედებდნენ, ახლანდელ დროში ზეაღირბინონ221 და რაიმე სიკეთე აღასრულონ. ამრიგად, რაჟამს შეინანებენ და სიკეთეს იმუშაკებენ, ღმერთთან იცხოვრებენ; ხოლო თუკი თავიანთ საქმეებში შეყოვნდებიან, გადაეცემიან დედაკაცებს, რომლებიც მოაკვდინებენ მათ.

 

98.(21).

1. მრავალი ბალახის მქონე მეოთხე მთა, ზემოდან მწვანე და ძირისკენ ხმელი ბალახით, ხოლო ზოგიერთები მზისგან გამხმარნი, ასეთი მორწმუნეები არიან: ორგულები, რომლებიც უფალს ბაგეებით ატარებენ, მაგრამ გულში კი არ ჰყავთ. 2. ამის გამოა მათი ძირები ხმელი და ძალა არა გააჩნაით. მხოლოდ მათი სიტყვაა ცოცხალი, მაგრამ მათი საქმეები - მკვდარი. ასეთნი არც ცოცხლები და არც მიცვალებულები არიან. ამრიგად, ორგულებს ემსგავსებიან, რადაგან ორგულნი არც მწვანე ფერისა არიან და არც გამხმარნი ანუ არც ცოცხალნი და არც მკვდარნი. 3. რადგან როგორც მზის მხილველი ის ბალახი გახმა, ასევე ორგულნი, რაჟამს დევნის შესახებ მოისმენენ, შიშის გამო კერპებს ეთაყვანებიან და თავიანთი უფლის სახელის რცხვენიათ. 4. ამიტომაც არც ცოცხალნი, არც მიცვალებულნი არიან. მაგრამ ისინიც, თუკი სწრაფად შეინანებენ, შეძლებენ ცხონებას. ხოლო უკეთუ არ მოინანიებენ, უეჭველად გადაეცემიან თავიანთი სიცოცხლის ხელმყოფელ დედაკაცებს.


99.(22).

1. მწვანე ბალახის მქონე და უსწორმასწორო მეხუთე მთა ასეთი მორწმუნეები არიან: მორწმუნენი, მაგრამ ძნელადგანსასწავლნნი და თავდაჯერებულნი, საკუთარი თავით კმაყოფილნი და მსურველნი ყოველივეს გაგებისა, მაგრამ საერთოდ ვერაფრის შემმეცნებელნი. 2. საკუთარი თავდაჯერებულობის გამო გონიერება დაუტევეს და ბრიყვული უგუნურება მიეახლა მათ. თავს განიდიდებენ, თითქოსდა საზრიანობას ფლობდნენ, და, უგუნურებს, ჰსურთ თვითმარქვია მოძღვარნი იყონ222. 3. ამრიგად, ამ მაღალწარმოდგენის223 გამო მრავალმა ამაღლებულმა დაამხო საკუთარი თავი, რადგან დიდი ეშმაკეულობაა თავდაჯერებულობა და ფუჭი სასოება. ასე რომ, უარყოფილია ბევრი მათგანი, მაგრამ ზოგიერთებმა შეინანეს, ირწმუნეს და შემმეცნებლებმა საკუთარი უგუნურებისა საკუთარი თავი გონიერების მქონებელთ დაუმორჩილეს. 4. დანარჩენებსაც, ვინც ასეთია, სინანული განეკუთვნება, ვინაიდან არ გამხდარან უკეთურები, ძლიერ ბრიყვნი და უგულისხმონი. ამრიგად, რაჟამს შეინანებენ ისინი, ღმერთთან იცოცხლებენ, მაგრამ უკეთუ არ მოინანიებენ, მათდამი უკეთურებისმოქმედ დედაკაცებთან ერთად დამკვიდრდებიან.


100.(23).

1. მეექვსე მთა, რომელსაც დიდი და მცირე ბზარები ჰქონდა, ხოლო ბზარებში გამხმარი ბალახი იყო, ასეთი მორწმუნეები არიან: 2. მცირე ბზარის მქონენი ის მორწმუნეები არიან, რომლებსაც ურთიერთთან დაპირისპირება აქვთ და თავიანთი ავმეტყველების გამო სარწმუნოებაში მოუძლურდებიან, მაგრამ მათგან მრავალი შეინანებს. დანარჩენებმაც უნდა მოინანიონ, როდესაც ჩემს მცნებებს მოისმენენ, რადგან უმნიშვნელოა მათი ავმეტყველება და მალევე შეინანებენ. 3. ხოლო დიდი ბზარების მქონენი ისინი არიან, რომლებიც საკუთარ ავმეტყველებაში რჩებიან და, ხდებიან რა ავმეხისიერნი, ერთურთისადმი მრისხანებენ. ამრიგად, ისინი კოშკიდან განიგდებიან და აღმოიფხვრებიან მისი შენობიდან. ასე რომ, ძნელად ცხონდებიან ასეთნი. 4. თუკი ღმერთი და უფალი ჩვენი, ყოველთა მეუფე და თავის ყველა ქმნილებაზე ხელმწიფების მქონე, არ ავმეხსიერებს საკუთარი ცოდვების აღმსარებელზე, არამედ მოწყალე ექმნება, განა ადამიანი, ხრწნადი და ცოდვებით აღსავსე, უნდა ბოროტმეხსიერებდეს ადამიანზე, თითქოს ძალუძდეს  მისი დაღუპვა ანთუ დახსნა (იაკ. 4.12)? 5. სინანულის ანგელოზი გეუბნებით თქვენ, რომლებსაც ასეთი არჩევანი გაქვთ, განუდექით მას, შეინანეთ და რაჟამს ამ ეშმაკეულობისგან განიწმინდებით, განკურნავს თქვენს უწინდელ შეცოდებებს უფალი, ხოლო უარის შემთხვევაში სიკვდილს გადაეცემით.


101.(24).

1. მეშვიდე მთა, რომელსაც მწვანე და გასაოცარი ბალახი ჰქონდა, მთლიანად აყვავებულიყო და ყველა ჯიშის ცხოველი თუ ცის ფრინველი იკვებებოდა ამ მთის მდელოზე, ბალახიც, რომლითაც იკვებებოდნენ, მეტად ყვაოდა, ისინი ასეთი მორწმუნეები არიან: 2. მარადჟამ უბრალონი და უბოროტონი, ურთიერთთან დაპირისპირების არმქონენი, ღვთის მონათა გამო მარადის მოხარულები, ქალწულთა წმინდა სულით მოსილნი, მუდამ ყველა ადამიანის მიმართ მოწყალების მქონენი, რომლებიც თავიანთ ნაშრომთაგან თითოეულ ადამიანს დაუბრკოლებლად და უყოყმანოდ უნაწილებდნენ. 3. ამრიგად, მათი უბრალოებისა და ყოველგვარი უმანკოების მხილველმა უფალმა მათი ხელების ნაღვაწი გაამრავლა და ყველა საქმეში უწყალობა. 4. მე, სინანულის ანგელოზი კი, გეუბნებით თქვენ, რომლებიც ასეთნი ხართ, ასე დარჩით და არ წარიხოცება თქვენი მოდგმა ვიდრე საუკუნოდ, რადგან უფალმა გამოგცადათ და ჩვენს რიცხვში ჩაგწერათ, მთელი თქვენი სახლეულიც ღვთის ძესთან ერთად დამკვიდრდება, ვინაიდან მისი სული მიიღეთ.


102.(25).

1. მერვე მთა, სადაც მრავალი ნაკადული იყო და უფლის ყველანაირი ქმნილება ნაკადულებიდან რწყულდებოდა, ასეთი მორმუნეები არიან: 2. მოციქულები და მთელ სამყაროში მქადაგებელი მოძღვრები, რომლებიც უბიწოდ და უმწიკვლოდ ასწავლიდნენ ღვთის სიტყვას და, საერთოდ, არანაირი უკეთური გულისთქმა არ შეუთვისებიათ, არამედ მარადჟამ სიმართლესა და ჭეშმარიტებაში სრბოლობდნენ, რადგან სულიწმინდა შეიწყნარეს. ამრიგად, ანგელოზებთან ერთადაა მათი გზა.


103.(26).

1. მეცხრე გაუდაბურებული მთა, მასზე მყოფი ადამიანთა მომაკვდინებელი გველებითა და მხეცებით, ასეთი მორწმუნეები არიან: 2. ბიწის (σπίλους) მქონე  დიაკვნები, ბოროტად მომუშაკენი, ქვრივთა და ობოლთა საკუთრების მძარცველნი და მსახურებისგან, რაც აღსასრულებლად მიიღეს, საკუთარი თავის გამამდიდრებელნი. ამრიგად, თუ ამ ზრახვაში შეყოვნდებიან, დაიღუპებიან და აღარაა მათთვის იმედი ცხონებისა; ხოლო უკეთუ შემობრუნდებიან და უმწიკვლოდ განასრულებენ თავიანთ მსახურებას, ძალუძთ ცხონება. 3. დახორკლილი [ქვები] ისინი არიან, რომლებმაც უარყვეს და არ მოიქცნენ თავიანთი უფლისკენ, არამედ გახდნენ ველურნი და გაუდაბურებულნი. არც ღვთის მონებს უკავშირდებიან და მარტომცხოვრებნი224, საკუთარ სულებს წარიწყმედენ (მთ. 10.39; ლკ. 9.24; 17.33; ინ. 12.25). 4. როგორც სადმე შემოღობილში დატოვებული ვენახი, აღმოჩნდება რა უზრუნველი, ნადგურდება, ბალახისგან უდაბურდება, ველური ხდება დროში და აღარც საკუთარი პატრონისთვის არის სასარგებლო, ამგვარადვე ასეთი ადამიანები თავიანთ თავს უარყოფენ და გაველურებულები უსარგებლონი ხდებიან უფლისთვის. 5. ექნებათ მათ სინანული, რაჟამს გულით უარმყოფელნი არ აღმოჩნდებიან, მაგარამ თუკი გულით უარისმთქმელი იპოვება მავანი, არ ვიცი, თუ შეძლებს ცხონებას. 6. და ამას არა იმ დღეებზე ვამბობ, როდესაც ვინმე უარმყოფელი სინანულს მიიღებს, რადგან შეუძლებელია გადარჩენა იმისა, ვინც ახლა იზრახავს, საკუთარ უფალს განუდგეს, არამედ მათთვის, რომლებმაც ადრე უარყვეს, ვფიქრობ, განწესებულია სინანული225. ამრიგად, თუ ვინმეს ჰსურს სინანული, კოშკის დასრულებამდე გახდეს მოსწრაფე, ხოლო უკეთუ არა, დედაკაცების მიერ დაიღუპება სასიკვდილოდ. 7. მოკლე [ქვები] მზაკვარნი და ავმეტყველნი არიან. მხეცებიც, მთაზე რომ იხილე, ისინი არიან. რადგან როგორც გველები თავიანთი შხამით ანადგურებენ და კლავენ ადამიანს, ამგვარადვე ასეთი ადამიანების სიტყვებიც ხრწნის და კლავს ადამიანს. 8. ამრიგად, ისინი მოკლებულნი არიან რწმენას თავიანთი ქმედებების გამო, რასაც საკუთარ თავში ატარებენ. ზოგიერთებმა შეინანეს და გადარჩნენ. დანარჩენებსაც, ამგვარად მყოფებს, ძალუძთ ცხონება, რაჟამს მოინანიებენ, მაგრამ თუკი არ შეინანებენ, იმ ძალის მფლობელი დედაკაცების მიერ დაიღუპებიან.

 

104.(27).

1. მეათე მთა, რომელზეც ხეები იყო და ცხვართა ნაწილს იფარავდა, ასეთი მორწმუნეები არიან: 2. ეპისკოპოსები და სტუმართმოყვარენი, რომლებიც მუდამ სიხარულით, ფარისევლობის გარეშე იწყნარებდნენ ღვთის მონებს საკუთარ სახლებში. ეპისკოპოსები კი თავიანთი მსახურებით მუდამჟამ დაუღალავად იფარავდნენ შეჭირვებულებსა თუ ქვრივებს და მარადის უმწიკვლოდ მიმოიქცეოდნენ. 3. ამრიგად, სამარადჟამოდ დაიცავს ყველა მათგანს უფალი. ამის მოქმედნი დიდებულნი არიან ღვთისა წინაშე და მათი ადგილი ამჟამადაც ანგელოზებთან ერთადაა, თუკი ბოლომდე დარჩებიან მსახურნი ღვთისა.


105.(28).

1. მეთერთმეტე მთა, რომელზეც სხვადასვა ნაყოფით გამშვენებული და დახუნძლული ხეები იყო, ასეთი მორწმუნეები არიან: 2. ღვთის ძის სახელის გამო ვნებულნი, რომლებიც სიხარულით, მთელი გულით იტანჯნენ და თავიანთი სიცოცხლე დათმეს". 3. "უფალო, - ვეუბნები, - რატომაა, რომ ნაყოფი ყველა ხეს აქვს, მაგრამ ზოგიერთი მათგანის ნაყოფნი უკეთილსახილველესია?"226 "ისმინე! - მომიგებს, - ვინც კი ოდესმე [უფლის] სახელის გამო ვნებულა, უდიდებულესია ღვთის წინაშე, ყველა მათგანის შეცოდებანიც აღიხოცა, რადგან ღვთის ძის სახელის გამო იტანჯნენ. ისმინე, რატომაა მათი ნაყოფები მრავალგვარი, ხოლო – ზოგიერთი - უაღმატებულესი. 4. ბევრი, ხელისუფალთან მიყვანილი გამოიცადა და არ უარუყვია, არამედ სიხარულით ივნო. ისინი მეტად უდიდებულესნი არიან უფლის წინაშე. მათი ნაყოფია აღმატებული. მრავალი მხდალი კი მერყეობდა და საკუთარ გულში განსჯიდა, უარეყო თუ ეღიარებინა, და იტანჯა. მცირეა მათი ნაყოფი, რადგან აღწევნილა მათ გულებში ეს სურვილი, ეს უკეთური სურვილი, რომ მონა საკუთარ უფალს განუდგეს. 5. ამრიგად, ეკრძალეთ თქვენ, ამის მზრახველნი, ნურასოდეს შეყოვნდება ეს სურვილი თქვენს გულებში, რომ ღმერთს არ მოუკვდეთ. ხოლო თქვენ, სახელის გამო ვნებულებს, ღვთის დიდება გევალებათ, რომ ღმერთმა ამ სახელის ტარების ღირსად შეგრაცხოთ და ყველა თქვენი ცოდვა განიკურნება. 6. შესაბამისად, ინეტარებთ. მაგრამ მიგაჩნიათ, დიდი საქმე აღასრულა, თუ რომელიმე თქვენგანი ღვთის გამო იტანჯა? სიცოცხლეს ღმერთი განიჭებთ, და არ კი ფიქრობთ, რადგან ცოდვებმა დაგამძიმეს, და უკეთუ არ ივნებოდით უფლის სახელის გამო, ღმერთს მოუკვდებოდით თქვენი ცოვების მიზეზით. 7. თქვენ გეუბნებით ამას, რომლებიც მერყეობთ უარყოფასა თუ აღიარებას შორის. აღიარეთ, რომ გყავთ უფალი და თვინიერ განდგომილებისა საპყრობილეს მიეცემით. 8. თუკი წარმართნი სჯიან საკუთარ მონებს, რაჟამს პატრონს განუდგება ვინმე, ფიქრობთ, რას მოიმოქმედებს უფალი, ვისაც ყოველივეზე აქვს ხელმწიფება? მოირიდეთ ეს ზრახვანი თქვენი გულებიდან, რომ ყველამ იცოცხლოთ ღმერთთან.

 

106.(29).

1. მეთორმეტე თეთრი მთა ასეთი მორწმუნეები არიან: ვითარცა უმანკო ყრმანი, რომელთა გულზე არასოდეს აღიწევა ბოროტება, არც იციან, თუ რა არის უკეთურება, არამედ მარადჟამ ყრმობაში რჩებიან227. 2. ამრიგად, ასეთნი უეჭველად ღვთის სასუფეველში დამკვიდრდებიან, რადგან არცერთ საქმეში არ შეუბღალავთ ღვთის მცნება, არამაედ საკუთარი კეთილგონიერებით უმანკოებაში გაატარეს თავიანთი ცხოვრების ყველა დღე. 3. ასე რომ, ვინც ასე დარჩებით, - ამბობს, - იქნებით ვითარცა ყრმანი, არ მქონენი ბოროტებისა და ყველა წინარეგანცხადებულზე უდიდებულესნი გახდებით, რადგან ყოველი ყრმა დიდებულია და უპირატესი ღვთის წინაშე. ამრიგად, ნეტარნი ხართ თქვენ, რომლებიც საკუთარი თავიდან უკეთურებას განირიდებთ და უმანკოებით შეიმოსებით, რადგან ყველაზე პირველები იცოცხლებთ ღმერთთან”. 4. მთების შესახებ იგავების დასრულების შემდეგ ვეუბნები მას: "უფალო, ახლა დაბლობიდან ამოზიდული და კოშკიდან აღებულთა ნაცვალ შენობაში დადებული ქვების, ნაგებობაში განთავსებული მომრგვალებული და ჯერაც [კოშკის] ირგვლივ მდებარე ქვების შესახებ მაუწყე".



--------------------------------------------------------------------------

* თარგმნილია "მწყემსის" კრიტიკულად დადგენილი ტექსტიდან: Sources Chretiennes; Hermas le Pasteur, Introduction, Texte Critique, Traduction et Notes par Robert Joly, Paris, 1968.
შენიშვნები

1 - ერმი რომში მონად მიყიდეს ვინმე როდის. გადის გარკვეული დრო, იგი ტყვეობიდან თავისუფლდება და ამის შემდეგ ხვდება ყოფილ პატრონს.

2 - კუმა - ადრექრისტიანული პერიოდის რომის იმპერიის ერთ-ერთი ქალაქია.

3 - როდი (ქალი, რომელიც ერმს ეცხადება) ამ ხილვისას უკვე გარდაცვლილია (იხ. Sources Chretiennes; Hermas le Pasteur. Paris, 1968 p. 79, nt. 5).

4 - შდრ. μετανοήσουσιν αἱ ψυχαὶ αὐτῶν, οἵτινες οὐκ ἔχουσιν ἐλπίδα, ἀλλὰ ἑαυτοὺς ἀπεγνώκασιν. მოცემულ კონტექსტში ბერძნული μετανοήσουσιν გადმოგვაქვს სიტყვით “ინანებენ” და არა სიტყვით “შეინანებენ”, რადგან საუბარია არა იმაზე, რომ სამომავლო ცხოვრებაში ხორციელი აღსრულების შემდეგ სულებს ექნებათ მონანიების შესაძლებლობა, არამედ ხაზგასმაა იმაზე, რომ წუთისოფელს შემსჭვალულთა სულებს სამომავლოდ ფრიად სანანებლად გაუხდებათ საქმე ანუ ისინი სახარებისეული მდიდრისებრ, ბევრს ინანებენ, ფრიადი იქნება მათგან თითზე კბენანი ფუჭად განვლილი ცხოვრების გამო, მაგრამ ამაოდ. სრულიად ნათელია, რომ ერმი მოცემულ ადგილას საუბრობს არა “სინანულზე” როგორც გამოსყიდვის საშუალებაზე, არამედ საქმე გვაქვს მარადიული სატანჯველისთვის განმზადებულ უკეთურთა მიმართ, ასე ვთქვათ, დაქადნებასთან (“...ნახონ როგორ ინანებენ მათი სულები, თუმცა სრულიად უნაყოფოდ”).

5 - ერმის “მწყემსში” ხშირად გვხვდება უწყება წმინდანთა შესახებ. აღნიშნულ ტერმინში ნათელღებული ადამიანები იგულისხმებიან, ანუ ისინი, რომელნიც აღსრულებული საიდუმლოს გზით ღირსნი გახდნენ სულიერი სამოსით შემოსილიყვნენ და ახალი, წმინდა ცხოვრება დაეწყოთ.

6 - შდრ. ἀλλὰ πάντως ἐπὶ τὴν καρδίαν σου ἀνέβη περὶ  αὐτῆς. ხაზგასმულ ზმნასთან დაკავშირებით იხ. დასახ. გამოც. გვ. 4, შენიშვნა 1.

7 - ბერძნულ ტექსტში მითითებულ ადგილზე გვხვდება ტერმინი πάν-σεμνος (εἰς πάνσεμνον πνεῦμα). წარმოდგენილი ტერმინი ორი სიტყვისგანაა შედგენილი: (1) πᾶν, რაც “თითოეულს”, “მთლიანს”, “ყველას”, “ყოველს”... ნიშნავს; და (2) σεμνός, რომლის შესატყვისიც ძველ ქართულ საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა იყო. მაგ.: “საყურადღებოა იმის აღნიშვნა, რომ როდესაც პეტრე გელათელმა ბერძნული σέβας - ის შესატყვისად შეცვალა VI ჰომოგენური ჯგუფის ტექსტებისათვის ნიშანდობლივი “თნება” და მის ნაცვლად შემოიტანა “მოსავობა”, საკუთრივ “თნება” მან დაუკავშირა ტერმინ σεμνός –ს. ტერმინი σεμνός ეფრემის მიერ ტერმინოლოგიურად უფრო ითარგმნებოდა, როგორც “პატიოსანი” ... თუმცა σεμνολόγημα-ს შესატყვისად მასთან გვხვდება “ქებისმეტყუელებაჲ”... არსენთან დადასტურებულია “წყნარი”... გელათურ ტექსტებში გვხვდება აღნიშნული შესატყვისები, აგრეთვე ტერმინი “განკრძალული” (ედიშერ ჭელიძე, ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია, თბილისი, 1996. გვ. 662). წარმოდგენილი მსჯელობიდან გამომდინარე ჩვენ ეფრემისეული თარგმანი (“პატიოსანი”) გამოვიყენეთ და ტერმინი πάνσεμνος ვთარგმნეთ, როგორც “ყოვლადპატიოსანი”.

8 - "კვერისდამკვრელ მჭედელში" (ὁ χαλκεὺς σφυροκοπῶν) იგულისხმება ადამიანი (დახელოვნებული მჭედელი), რომელიც საქმის ცოდნითა და შეუპოვარი შრომით რკინას სურვილის შესაბამის ნივთად გარდაქმნის.

9 - ტექსტში ხსენებული მოხუცი ქალბატონი ერმს ესქატოლოგიურ სურათს აღუწერს. თხრობის სტილი იმგვარადაა წარმოდგენილი, რომ მომავალში, მაცხოვრის მეორედ მოსვლისას აღსასრულებელი მოვლენები აწმყოში მიმდინარეობს. აღნიშნული ადგილი ეხმიანება წმინდა პეტრე მოციქულის ეპისტოლეს, სადაც ვკითხულობთ: "ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული კავშირნი დაიშლებიან, მიწა და მისი საქმენი რაც მასზეა, გადაიბუგება... ალმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო კავშირნი დაიწვებიან და დადნებიან. ხოლო ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცას და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე" (II პეტ. 3,10-13). აქვე შევნიშნავთ, რომ წმინდა წერილი და ზემოწარმოდგენილი ხილვის შინაარსი ურთიერთთან სრულ თანხმობაშია. კერძოდ, მართალნი მეორედ მოსვლის შემდეგ უფლისგან მიიღებენ არა მარტო მარადიულ დიდებასა და სისახრულს, არამედ "ახალ ცას და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე".

10 - შდრ. οὐχ ηὕρισκον γὰρ τὰς συλλαβάς. როგორც ჩანს, საუბარია იმაზე, რომ ერმი წაკითხულის შინაარსს ვერ აღიქვამდა.

11 - ბერძნულ ტექსტში მითითებულ ადგილზე ვკითხულობთ: Τὸ σπέρμα σου, 'Ερμᾶ... ხაზგასმული ბერძნული ტერმინის ქართული შესატყვისია "თესლი", "ნაყოფი", "შვილი", "ჯიში". რადგან საუბარი კვლავ ერმის ოჯახის წევრებს ეხება, ჩვენ აღნიშნული ბერნული სიტყვის ნაცვლად გამოვიყენეთ ტერმინი "სახლეული".

12 - მითითებულ ადგილზე "მწყემსის" რუსულ თარგმანს ახლავს შენიშვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შესაძლებელია, ერმის შვილებმა უარყვეს ქრისტიანობა და თავიანთი მშობლები ქრისტეს აღმსარებლობის გამო რომის ხელისუფალთა წინაშე დაასმინეს (Возможно, дети Гермы отреклись от принадлежности к христианам (обычно римские власти в качестве подтверждения отречения требовали поклониться статуе императора и хулить Христа) и даже донесли на родителей.

13 - სიტყ. "აღრეული უკეთურებანი" (συμφυρμοὺς πονηρίας). ხაზგასმული ბერძნული ტერმინი მომდინარეობს ზმნისაგან συμφύρω, რაც აღრევას, შერევას, თანაშეზავებას ნიშნავს, და მოცემულ კონტექსტში თანაშერთულ ცოდვათა სიმრავლეს გულისხმობს.

14 - ერმს გამოცხადების შედეგად ეუწყება, რომ მან თავი უნდა შეიკავოს ცოლ-ქმრული ურთიერთობებისაგან.

15 - შდრ. ἀκούσασα τὰ ρήματα ταῦτα ἀφέξεται καὶ ἔξει ἔλεος. იგულისხმება რომ განერიდება მრავლისმეტყველებას.

16 - ერმს გამოცხადებისას ეუწყება, რომ მისი ოჯახის წევრები წმინდანებთან ერთად გარკვეულ დღემდე აღსრულებულ ცოდვათა შენდობას მიიღებენ. უპირველეს ყოვლისა, კვლავ შევნიშნავთ, რომ წმინდანებში ერმი ნათლისღების გზით ეკლესიას შემოერთებულ ადამიანებს გულისხმობს. რაც შეეხება "განსაზღვრულ დღეს", მასში მკვლევრები, ჩვეულებრივ, ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების დღეს გულისხმობენ. ამგვარი გაგების კვალობაზე ის დასკვნა გამოდის, რომ ერმისადმი გაცხადებული ხილვის მიხედვით, იმათთვის, რომლებმაც ნათლისღების შემდეგ სცოდეს, სინანულის კარი დახურულია. განსხვავებული აზრი აქვს ზემორე ადგილთან დაკავშირებით ედიშერ ჭელიძეს თავის გამოუქვეყნებელ ნაშრომში: "ზოგიერთი ადრექრისტიანული გამონათქვამის მართებული გაგების შესახებ". მკვლევარი, კერძოდ, შენიშნავს: " თუ ჩვენ მოტანილ ადგილას ერმისეულ "განსაზღვრულ დღეს" ნათლისღების დღედ გავიგებთ (როგორც ამას გვთავაზობენ ხსენებული ძეგლის გამომცემელნი), რომლის შემდეგ ჩადენილი ცოდვაც თითქოს მიუტევებელია, აშკარა წინააღმდეგობაში ჩავვარდებით, გამომდინარე იქიდან, რომ ერმი, სრულიად გამოკვეთილად და ერთმნიშვნელოვნად,  და სახელდებს უკვე ნათელღებულ და სულიერი ახალშობით შემკობილ მოღვაწეებს, ხოლო ზემორე გაფრთხილება (რომ  შემდეგ შეცოდება მიუტევებელია), არსებითად სწორედ მათდამი არის ნათქვამი. აი, ციტატა: მიეტევებათ მათ და ყველა წმინდანს შეცოდებანი ვიდრე იმ დღემდე, ყოველი ცოდვა, რომლითაც უწინ უცოდავთ, თუკი მთელი გულით შეინანებენ და განიძარცვავენ თავიანთი გულიდან ორჭოფობას. ... მართალთა სინანულს დასასრული აქვს. სრულიქმნა ყველა წმინდისთვის სინანულის დღე>>. სრულიად ნათელია, რომ საუბარია ნათელღებულთა (, ) მიერ ნათლობის შემდგომ ჩადენილ შეცოდებებზე, რასაც სინანული აღხოცავს მათგან, ხოლო "ის განსაზღვრული დღე" სხვა არაფერი უნდა იყოს, თუ არა აღსასრულის ჟამი, რომლის დროსაც ჩადენილი შეცოდება და ამ შეცოდებით გარდაცვალება აღუხოცელი რჩება, რადგან საიქიოში არ არსებობს სინანული. საყურადღებოა, რომ ბერძნულში არ გვაქვს მითითება შემდეგ ჩადენილ ცოდვებზე. ორიგინალში სიტყვა-სიტყვით მხოლოდ შემდეგს ვკითხულობთ: "თუკი, განსაზღვრულია რა ეს დღე, კვლავ შეცოდება იქნება, არ ექნებათ მათ ცხონება, რადგან სინანულს მართალთა მიმართ აქვს დასასრული" (შდრ. ἐὰν ὡρισμένης τῆς ἡμέρας ταύτης ἔτι ἁμάρτησις  γένηται, μὴ ἔχειν αὐτοὺς σωτηρίαν' ἡ γὰρ μετάνοια τοῖς δικαίοις' ἔχει τέλος). ამრიგად, ნათელია, რომ საუბარია ნოუნანიებელი ცოდვებით აღსრულებაზე. რა თქმა უნდა, აღსასრულის დღის ჩვენგან უცოდნელობა გვავალდებულებს არ გადავდოთ მონანიება ჩადენილი ცოდვებისა, რისი შესაძლებლობაც გვაქვს ხორციელ აღსასრულამდე ანუ "განსაზღვრულ დღემდე", ამ დღის შემდეგ კი, თუ ჩვენში კვლავ დარჩენილია მოუნანიებელი შეცოდება, ცხონებისგან გამოვაკლდებით ანუ ხორციელი ცხოვრების დასრულებით მთავრდება ჟამი სინანულისა" (ე. ჭელიძე, დასახ. შრომა, გვ. 17).

*ნაწილი პირველი*

*ნაწილი მეორე*

ნახვა: 369

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters