განსაკუთრებით შეგვიძლია ცალკე გამოვყოთ და მნიშვნელობა განვუკუთვნოთ ტატიანე სირიელის მკვეთრად გულწრფელ აღიარებას, აღსარებას ქრისტიანული სარწმუნოების, მართლმადიდებლური მოძღვრების, როგორც ჭეშმარიტების ერთადერთობის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამგვარმა დამოკიდებულებამ, ამგვარმა აზრმა და რწმენამ საკუთარი მოძღვრებისადმი, ჩვენ ამპარტავნება არ უნდა შთაგვინერგოს, სხვა აღმსარებლობის და სხვა სარწმუნოების, ანდა სრულიად უსარწმუნო ადამიანებისადმი არათუ სიძულვილი უნდა მოგვცეს და სიძულვილისაკენ გვიბიძგოს, არამედ პირიქით გულშემატკივრული განცდა, თანალმობა მათდამი, როგორც ცდომილებაში, გაუკუღმართებაში და გზასაცდენილობაში დამკვიდრებულ-თადმი, უნდა შთაგვინერგოს. და ეს მარცვალი რომ არა, საკუთრივ ქრისტიანული სარწმუნოებისადმი ტატიანე სირიელის მიმართება, კვლავ ავღნიშნავთ, თავისი გულწრფელობით, რა თქმა უნდა, ჩვენზე ზეგავლენას ახდენს და ეს მხარე, როგორც ღირსეული, ცალკეა გამოსაყოფი მის მოღვაწეობაში. სამწუხაროდ ეს გულწრფელობა ბოლომდე ვერ შენარჩუნდა, უფრო ზუსტად გულწრფელობის ნაცვლად თანდათანობით ტატიანეში ფანატიკურმა და ეპილეფტიკურმა განწყობილებამ იმძლავრა ყველა იმ პირისადმი, რომელიც ჯერ კიდევ ჭეშმარიტების წიაღში არ იყო დამკვიდრებული და ამგვარმა მიმართებამ, ამგვარმა თვისებამ და მარცვალმა, როგორც დეტალურად ვისაუბრეთ უკვე ამის შესახებ, შემდგომში უკვე ტატიანე სირიელის საკუთრივ ქრისტიანულ მსოფლმხედველობაში ჰპოვა ასახვა, სადაც მკვეთრად უარყოფითი სახით გამოვლინდა ზემოხსენებული ფანატიკური მარცვალი, როდესაც მან უკვე საკუთრივ ქრისტიანული, ჭეშმარიტი მოძღვრებისგან გადახვევა, მკვეთრად დაცილება ამ მოძღვრებისგან, საკუთარი ცხოვრების გზად აირჩია და რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებას დასცილდა. ამიტომ მისი აპოლოგია, როგორც ჩანს იმ ეპოქაში დაიწერა, როდესაც ტატიანე სირიელი შესაძლოა უკვე ეკლესიისგან მთლად გამოყოფილი და განკერძოებული არ არის, მაგრამ აქეთკენ რომ მისი სულიერი გეზი და განწყობილება მიმართულია ეს უეჭველი გახლავთ, რადგანაც სახეზეა მისგან გამოვლენილი მკვეთრი, შეუვალი, მკაცრი და სასტიკი, არა თანალმობითი არამედ პირიქით ულმობელი დამოკიდებულება ყველა იმ ადამიანისადმი, ყველა იმ თანამოძმისადმი, რომლებისადმიც ზოგადად ყველა ქრისტიან ადამიანს, როგორც ჭეშმარიტებისგან შორს მდგომთადმი, რა თქმა უნდა, გულშემატკივრული დამოკიდებულება უნდა გვქონდეს და ვესწრაფვოდეთ მათ ჭეშმარიტების წიაღში შემოყვანას. აი ამის ნაცვლად ამგვარ საბრალო და უბადრუკ ადამიანთა მიმართ ტატიანესგან მკაცრი, ულმობელი და შეუწყალებელი განწყობილების გამოვლინება, ცხადია მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის და იმ აღმსარებლობისთვის, რაც უშუალოდ მაცხოვარმა გვიანდერძა, ვინც გვასწავლის რომ ჩვენი მეტრიც კი უნდა გვიყვარდეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ეს ცხადია არ ნიშნავს მტრის მტრულ მოძღვრებასთან შეგუებას, პირუკუ უმკაცრესი და უშეღავათო ბრძოლაა საჭირო ამ მოძღვრებასთან, უკეთურებასთან, უკეთურების მოთავესთან, მაგრამ ამ უკეთურებას დაქვემდებარებულ ადამიანებს, რომლებიც საბრალონი და უბადრუკნი არიან, ჩვენ მარადიულად უნდა ვუნაწილებდეთ ჩვენს თანალმობას, ჩვენს გულისტკივილს და ყოველგვარ მცდელობას არა მათი მოკვეთისკენ, არამედ პირუკუ ჭეშმარიტების წიაღში მათი შემოყვანისკენ უნდა მივმართავდეთ. მოკვეთა და ანათემირება ხდება უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სხვა გზა ეკლესიისთვის უკვე დატოვებული აღარ არის, როდესაც სენი ერთი ადამიანისგან საყოველთაო ეპიდემიური გავრცელების საშიშროებით ჩვენს წინაშე, მუქარის სახით, წარმოსდგება.

      კვლავ ავღნიშნავთ და ხაზს გავუსვამთ, რომ ანათემირება, განკვეთა, შეჩვენება, ეს არის უაღრესად რთული, უაღრესად მძიმედ გადასადგმელი ნაბიჯი ეკლესიისთვის და ამიტომ ჩვენ არ უნდა ვესწრაფვოდეთ და ყოველდღიურ საქმედ არ უნდა გავხადოთ ჩვენს თანამოძმეთა, ჭეშმარიტებისგან განდგომილთა ანუ ცდომილთა, ანათემირება. ცნობილია და ამ ბოლო დროს კიდევ უფრო გამოკვეთილი გახდა წმ. იოანე ოქროპირის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ერთ-ერთი ქადაგება, სათაურით "არ უნდა შევაჩვენებდეთ ჩვენს თანამოძმეებს". ეს ქადაგება ალბათ ტექსტობრივადაც მალე გამოქვეყნდება და მკითხველი დარწმუნდება, რომ თვით ისეთი უდიდესი წმინდანი და ანტიერეტიკოსი, როგორიც წმ. იოანე ოქროპირი იყო, მკვეთრად განაჩინებდა ანათემირებისგან, შეჩვენებისგან, განკვეთისგან და დაწყევლისგან რაც შეიძლება მაქსიმალურად თავშეკავებას. ფანატიზმის მარცვალი პირველად სწორედ იქ იჩენს თავს ადამიანთა შორის, რომ მიუხედავად იმისა არიან თუ არა გარკვეული პირები უფლებამოსილნი, რაღაცნაირი გაავებით და თითქოსდა ნიშნის მოგებით, რომ ისინი მართლმადიდებლობის წიაღში არიან, ყოველდღიურად, ყოველ ჟამს, ყოველ საათსა და ყოველ წუთს, ან სიტყვით, ან უსიტყვოდ და საკუთარ გულში მარადიულად შეაჩვენებენ მთელ კაცობრიობას. ეჭვი არ არის, რომ ეს გაავება, ეს მძულვარება, პირუკუ მოტრიალდება მათკენ და ისინი შემდგომ, რა თქმა უნდა, თვით საკუთარი მოძღვრების თანაზიართა განკვეთისა და შეჩვენებისაკენ მიმართავენ სიავის მახვილს.

      თუ ტატიანე სირიელის მოღვაწეობაში მართლაც მკვეთრად გამოსაყოფია წერილობითი თვალსაზრისით, მწიგნობრული მემკვიდრეობითი კუთხით, ღირსეული ძეგლი, ეს გახლავთ მისი ცნობილი შრომა სახელწოდებით "დიატესარონი". დიატესარონი ქართულად რომ ვთარგმნოთ ნიშნავს "ოთხთაგანი", "ტესარონ" არის "ოთხთაგან" (მრავლობითის გენეტივი ანუ ნათესაობითი ბრუნვა), ხოლო "დია" ბერძნულში ნიშნავს იმას, რასაც ქართული თანდებულები - მიერ, გან, შესაბამისად გასუბსტანტივებული სახითაა ეს სათაური და ამიტომ ქართულად უნდა ითარგმნოს როგორც "ოთხთაგანი". აქ იგულისხმება სახარების ერთი გამთლიანებული ტექსტი, შედგენილი ოთხივე სახარების საფუძველზე. ცნობილია, რომ ამგვარი მცდელობანი ბოლო ხანებშიც არაერთია, შედგენილია ოთხივე სახარებისგან, შესაბამისი ქრონოლოგიური მიმდევრობით, ერთი მთლიანი ტექსტი სახარებისა. რა თქმა უნდა, ცდომილება იქნებოდა ჩვენ ამგვარი ნაბიჯი, ვინმესგან პიროვნული სურვილითა და განზრახვით გადადგმული, ეკლესიურ-ლიტურგიკულ ქმედებად შეგვეფასებინა, რაც ყოვლად შეუძლებელია. საეკლესიო სწავლება, მართლმადიდებლობა, ლიტურგია აკანონებს და ბეჭედ დადებულ ჰყოფს მხოლოდ ოთხ სახარებას და ოთხივეს თავ-თავისი ღირსების მქონედ. ოთხივენი ერთარსება არიან, მაგრამ ოთხპიროვანნი და როგორც ყოვლადწმინდა სამების სამი პირი არ შეზავდება და არ შეერევა ერთ პირად, ასევე ეს ოთხი სახარებაც ერთპიროვნულ სახარებად, კანონიკური, ლიტურგიკული მნიშვნელობით არასოდეს არ გამთლიანდება, კვლავ ავღნიშნავთ ოთხივე მათგანს თავისთავადი მარადიული ღირსება შენარჩუნებული აქვთ და შენარჩუნებული აქვთ სწორედ იმის საფუძველზე, რომ ისინი განყოფილნი კი არ არიან, არამედ ერთარსება, ერთბუნება და ერთსულიერება, მაგრამ ეს ერთი სულიერება, ერთი არსება და ერთი ბუნება ოთხი პირით არის ნამეტყველები და თვით მეტყველების ფორმას, თუ რა პირით, რა სახით იმეტყველება ის რაც აუცილებლად გადმოსაცემია ანუ მოძღვრება, შიგთავსი, რაობა სწავლებისა, ამ ფორმასაც ეკლესია უდიდეს მნიშვნელობას განუკუთვნებს. სხვა რომ არაფერი ყველა ენაზე და ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში ერთი და იგივე ჭეშმარიტი მართლმადიდებლური მოძღვრება, არსით და ბუნებითად აბსოლუტურად ერთიდაიგივე სწავლება, გადმოიცემა, მაგრამ გადმოიცემა ყველა ენაზე ამ ენისათვის შესაფერისი ფორმით და მრავალფეროვნებას გადმოცემის ფორმისას არათუ უარყოფს მართლმადიდებლობა, არამედ პირუკუ, როგორც ეს კარგად არის ცნობილი, მისთვის კანონად და რჯულად არის დადგენილი ის ჭეშმარიტება, რომ ყველა ადამიანს, ყველა კრებულს, ყველა ერს, სწორედ მისთვის მშობლიურ ენაზე მიეწოდოს ჭეშმარიტი სწავლება. ესაა მართლმადიდებლური მოძღვრების გამოთქმის საფუძველთა საფუძველი და ამიტომ მოხდა, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც კი მართლმადიდებლობა შევიდა, იქ დაფუძნდა მწიგნობრობა სწორედ იმ ენაზე, რა ენაც შესაბამისი ერისთვის მშOბლიური იყო. ასეთ დროს, როდესაც ფორმას ანუ მეტყველების პირს, შეგვიძლია ვთქვათ გვამოვნებას, ჰიპოსტასს, მნიშვნელობას განუკუთვნებს ეკლესია, რა თქმა უნდა, ჩვენ ოთხ სახარებას ერთ პირად, ერთი გამოთქმის ფორმად ვერასოდეს ვერ შევარწყამთ. თუმცა სამუშაო თვალსაზრისით, თუნდაც ჩვენს გონებაში ფაქტოლოგიური და ქრონოლოგიური და ინფორმაციული მოწესრიგების თვალსაზრისით, თავისთავად არის ეს ოთხი სახარება ერთად წარმოჩენილი, იმიტომ, რომ რაიმე მოვლენა მხოლოდ მათეს სახარებაში რომ იყოს დადასტურებული და დანარჩენ სამში არა, ისევე ჭეშმარიტია როგორც მოვლენა, რომელსაც ოთხივე სახარება სწამებს. ასე რომ ჩვენს გონებაში ეს ფაქტები, რა თქმა უნდა, ქრონოლოგიური მიმდევრობით არის განწესებული და ამიტომ მოხდა, რომ XIX-XX ს-ში მცდელობანი ოთხი სახარების სრული გამთლიანებისა, კვლავ ავღნიშნავთ, მხოლოდ სამუშაო მიზანდასახულობით, შესრულდა, მაგრამ ალბათ ბევრისთვის ცნობილი არ არის, რომ ამგვარი სამუშაო კარგა ხანია განხორციელებულია ეკლესიის ისტორიაში და განხორციელებულია სწორედ ტატიანე სირიელის მიერ, რომელმაც პირველმა შეადგინა ოთხთაგან ერთი ანუ იგივე დიატესარონი.

      ამ ძეგლმა თავის დროზე დიდი გავრცელება ჰპოვა და სხვათაშორის ის ჩვენი მეზობელი სომხების ენაზეც ძველ დროში ითარგმნა. ჩვენ პირადად არ გამოვრიცხავთ, რომ სომხური თარგმანი მომდინარეობდეს არა ბერძნულიდან, არამედ სირიული თარგმანიდან, რადგან სირიულად ყველაზე მეტად იყო გავრცელებული ეს შრომა, იმ ზომამდე, რომ დღეისათვისაც საბოლოოდ არ არის მკვლევართა შორის ერთსულოვნება თუ რომელია ორიგინალის ენა ამ ძეგლისა, ე.ი. სირიულად დაიწერა ის თუ ბერძნულად. მკვლევართა ნაწილი ბერძნულს ვარაუდობს, მკვლევართა ნაწილი სირიულს და ამგვარი ვარაუდი თავისთვად მიგვითითებს, რომ სირიულად ხსენებულ ძეგლს დიდი სულიერი ნაკვალევი დაუტოვებია. თუნდაც ის ფაქტი, რომ V საუკუნემდე სირიულ საეკლესიო მსახურებაში ჯერ კიდევ დამკვიდრებული არ იყო ოთხი სახარება ცალ-ცალკე, იმიტომ, რომ თარგმნილიც არ იყო და სწორედ ეს "დიატესარონი" ითავსებდა სახარებათაგან საკითხავების ფუნქციას წმ. მღვდელმსახურებაში, ესეც თვალნათლივი ნიმუშია იმისა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სირიული ქრისტიანობისთვის ტატიანე სირიელის ეს ძეგლი. მეტიც, IV ს-ის უდიდესი წმინდანი და უდიდესი მოღვაწე წმ. ეფრემ ასური ანუ იგივე ეფრემ სირიელი სახარებათა ციტირებისას სწორედ "დიატესარონს" იშველიებდა, რადგანაც ეფრემი სწორედ სირიულ ენოვანი მოღვაწე გახლდათ და შესაბამისად სირიულად არსებულ ძეგლს იყენებდა, რადგან მისი დროისთვის ოთხი სახარება ჯერ კიდევ სირიულად დამკვიდრებული და დაკანონებული და თარგმნილი სრულყოფილად არ გახლდათ. ასე რომ სირიულ ეკლესიაში II-V ს-ში "დიატესარონი" იყო ოთხი სახარების შემცვლელი ლიტურგიკული ძეგლი, თავისთავად ძეგლიც, როგორც სახარება, მაგრამ ლიტურგიკაში გამოსაყენებლი უმნიშვნელოვანესი და პირველხარისხოვანი ძეგლი. რა თქმა უნდა, კვლავ ავღნიშნავთ, მისი ბერძნულად არსებობაც სავსებით უეჭველია გარკვეული ფრაგმენტების კვალობაზე და ამიტომ ისმის კითხვა თუ რა ენაზე დაიწერა ეს ძეგლი. ჩვენი აზრით ალბათ პრიორიტეტი მაინც ბერძნულ ენას უნდა მიენიჭოს, იმიტომ, რომ თუ ტატიანემ თავისი აპოლოგია, რითაც ის აპოლოგეტთა შორის იხსენიება, სწორედ ბერძნულ ენაზე დაწერა, საფიქრებელია, რომ მან "დიატესარონიც", შეიძლება ასეც ითქვას, თავდაპირველად მაინც ბერძნულად შეადგინა, ანუ არ გამოვრიცხავთ, რომ ორივე ენოვანი ტექსტი ტატიანესგან მომდინარეობდეს, ე.ი. ბერძნულადაც მას შეედგინოს "დიატესარონი" და შემდეგ სირიული ტექსტიც ასევე მისი ავტორობით წარმოქმნილიყოს. ამას ვვარაუდობთ შემდეგი გარემოების გამო, რომ რადგან სირიულად ოთხი სახარება II ს-ში, ტატიანეს დროს, ტექსტობრივად არ არსებობდა, თარგმნილი არ იყო, რა თქმა უნდა, ტატიანე ამ "დიატესარონს" სირიული ტექსტების საფუძველზე ვერ დაიწყებდა, ე.ი. სახარებათა ბერძნული ტექსტების საფუძველზე ადგენდა იგი ოთხი სახარებიდან ერთ გამთლიანებულ ტექსტს, და რადგან ბერძნულ ენოვან ტექსტებს იყენებდა, სავსებით ბუნებრივია, რომ როდესაც ის მასალას კრებდა და ამ ოთხი სახარების კონკორდანს ანუ შეთანხმებას ცდილობდა და გარკვეულ ქრონოლოგიას შეიმუშავებდა ცალკეული, ოთხ სახარებაში დადასტურებული სხვადასხვა მოვლენების აღმწერი, მონაკვეთების განლაგებისას, პირველად ცხადია მასალას ბერძნულ ენოვანი ტექსტების მიხედვით დაალაგებდა, თვითონ ამ ტექსტებს ამოკრებდა და გარკვეულ მიმდევრობას შეუქმნიდა. როგორც არ უნდა იყოს ეს პირველად, თუნდაც შავი სამუშაოს სახით, აუცილებლად ბერძნულ ენაზე განხორციელდებოდა და რამდენადაც ძველი დროის ბერძნული ფრაგმენტები სახეზეა და მათ კვალი არ ემჩნევათ სირიულიდან თარგმნისა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ბერძნულენოვანი "დიატესარონის" ფრაგმენტები და მთლიანად "დიატესარონი", რომელიც უეჭველად არსებობდა გარკვეულ დროს, ბერძნულენოვანი წარმომავლობისაა და არა თარგმანი. თარგმანი რომ არ შეიძლება იყოს ბერძნული ტექსტი ამას მეორე გარემოებაც გვიდასტურებს ჩვენ, კერძოდ ის, რომ არანაირი მიზეზი არ ჩანს მისი თარგმნისა, ბერძნულად ხომ ოთხივე სახარება I საუკუნიდანვე არსებობს. სირიულად ამ ტექსტის თარგმნა სავსებით გასაგებია, იმიტომ, რომ ოთხი სახარება ჯერ კიდევ არ იყო თარგმნილი და ვიდრე ისინი ითარგმნებოდა ამ ოთხიდან შედგენილი ერთი ტექსტი, რომლის თარგმნაც, რა თქმა უნდა, უფრო იოლი იყო და რომელიც დაიკავებდა, დროებით მაინც, ლიტურგიაში იმ ოთხი სახარების ადგილს, ბერძნულიდან სირიულად თარგმნილიყო. სირიულიდან ბერძნულად "დიატესარონის" თარგმნის საფუძველი კი არ ჩანს და არ ჩანს იმიტომ, რომ კვლავ ავღნიშნავთ, ოთხი სახარება საყოველთაოდ იყო ტექსტობრივად გავრცელებული მთელ ბერძნულენოვან სამყაროში. ეს ერთი მხარე, რომ ბერძნული ტექსტი "დიატესარონისა" არანაირად არ ჩანს თარგმანი და ვფიქრობთ ამ ორ არგუმენტს მკვლევარებმა ყურადღება უნდა მიაქციონ სწორედ ბერძნული ენის პრიორიტეტულობის სასარგებლოდ. მაგრამ ამ ყოველივეს შეგვიძლია დავუმატოთ ისიც, რომ ალბათ არც სირიული ტექსტი უნდა ჩანდეს პირდაპირი გაგებით ბერძნულის თარგმანი. თარგმანი, რა თქმა უნდა, არის სირიული ტექსტი ბერძნულისა, იმიტომ, რომ თუნდაც მხოლოდ სირიულ ენაზე შეედგინა ტატიანეს ეს ძეგლი, ციტატები, ცალკეული მონაკვეთები და ცალკეული ადგილები, ოთხი სახარებიდან ამოკრებილნი, რომლებიც მანამდე სირიულად თარგმნილნი არ იყვნენ, პირველად ხომ მას უნდა ეთარგმნა ბერძნულიდან, ანუ ამ გაგებით ტექსტობრივად, რა თქმა უნდა, ეს სირიული ძეგლი თარგმანია ბერძნულიდან, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ შედგენილობითად არის თუ არა მექანიკური გადმოღება ბერძნულისა ვინმე მთარგმნელის მიერ. როდესაც ჩვენ ვიტყვით, რომ სირიული ტექსტი თარგმანია ბერძნულისა სირიულად, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში მთარგმნელად საკუთრივ ტატიანეს არ ვვარაუდობთ, არამედ ვიღაც სხვას, მაგრამ თუ ტატიანესვე დავსახავთ სირიული ტექსტის ავტორად, მაშინ აქ პირდაპირი და ჩვეულებრივი გაგებით ტარგმანთან კი აღარ გვექნება საქმე, არამედ აქ გვექნება მოვლენასთან საქმე, რომელიც ბერძნულადაც ტატიანესგანვე იქნა საფუძველდადებული და სირიულადაცვე, რამდენადაც ტატიანე მისი სახელწოდებიდან გამომდინარე (სირიელი) სირიული ეკლესიისთვის მოღვაწეობდა პირველ რიგში აუცილებლად და ეჭვი არ არის, რომ თვითონვე, მას შემდეგ რაც ბერძნულ ტექსტი შეადგინა, აუცილებლად სირიულადაც, ცალკეული მონაკვეთების თარგმნის სახით, თვითონვე შეადგენდა აღნიშნულ "დიატესარონს". მეტიც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ რადგან დავუშვით და მტკიცედ ვივარაუდეთ, რომ პირველადი ბერძნული ტექსტია "დიატესარონისა", აქვე იმასაც უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ეს პირველადობა ბერძნული ტექსტისა აბსოლუტური არ არის ანუ საკუთრივ ბერძნული ენისთვის და ბერძნულენოვანი სამყაროსთვის ტატიანე არანაირად არ შეადგენდა "დიატესარონს", მან ბერძნულად ეს ციტატები ამოკრიფა და "დიატესარონი" შეადგინა, მაგრამ შეადგინა მხოლოდ იმ მიზანდსახულობით, რომ შემდეგ მისი სირიული ადეკვატი შეემუშავებინა. ასე რომ თვით ის ბერძნული ტექსტიც თავისი შედგენის მიზანდასახულობით, რა თქმა უნდა, აუცილებლად ჩვენი აზრით სირიულ ტექსტს გულისხმობს. სირიული ეკლესიის მღვდელმსახურებისთვის დგამს ნაბიჯებს ტატიანე სირიელი, ის ჯერ ბერძნული ტექსტებიდან გამოკრებით ბერძნულადვე შეასრულებს ოთხი სახარების ერთ გამთლიანებულ ტექსტს, მაგრამ ამას შეასრულებს, კვლავ ავღნიშნავთ, არა ბერძნული სამყაროსთვის, არამედ მხოლოდ იმ მიზანდასახულობით, რომ ამის საფუძველზე შემდეგ სირიული ტექსტი შეადგინოს. ჩვენი აზრით მოვლენები აბსოლუტურად კანონზომიერად სწორედ ამ კუთხით უნდა წარმართულიყო და აქედან გამომდინარე ორივე ტექსტის მესაფუძვლედ და შემდგენად ტატიანე სირიელი შეგვიძლია დავსახოთ და თუ ამ ძეგლმა მართლმადიდებლობის ისტორიაში, თუნდაც ის მცირედი წვლილი მაინ შეასრულა, რომ სირიული ეკლესიის ღირსეულ წარმომადგენელთათვის, რომელთა შორის, კვლავ ავღნიშნავთ, ყოველთვის უნდა ვახსენოთ წმ. ეფრემ ასური, მათთვის ეს ძეგლი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რა თქმა უნდა ეს უკვე ტატიანეს საეკლესიო მოღვაწეობის და საეკლესიო სამწერლობო მოღვაწეობის მნიშვნელოვანი და ღირსეული მხარე გახლავთ, ამ კუთხით უეჭველია ჩვენ მას გარკვეული ღირსებანი და პატივი უნდა განვუკუთვნოთ.

მომზადებულია ედიშერ ჭელიძის ლექციების მიხედვით

ტეგები: Qwelly, აპოლოგეტიკა, დიატესარონი, პატროლოგია, სირიელი, ტატიანე

ნახვა: 391

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლე

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:03am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტილია II-ის

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25).

აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი, - ქრისტე აღდგა!

ენით გამოუთქმელი და მიუწვდომელი ეს…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters