აკა მორჩილაძე - პირველი ყაჩაღი

← დასაწყისი

   მოვიდა დრო და გაჩნდა ქართლში გაყაჩაღებული გლეხი, უფრო მეტად სწორედ ქართლში.
   რაღაც ეტაკა ქართლელ თავადობას. რუსებმა უფლება ვერ მოუზომეს სწორად, თუ რაღა იყო, ახლა ვინ დაიწყებს ამის გამოჩხრეკას, მაგრამ იმათში უარესებმა კი ალბათ ასე იფიქრეს, ამხელა იმპერატორის სამსახურში ვართ, ჩვენ ვიღამ რაღა პასუხი უნდა მოგვთხოვოს, ჩვენა ვართ მიწის მარილიო.
ჰოდა, იმდენი რამეები გამოჩნდა, იმდენი რამ მოიგონეს, ისე გაზნიქეს გლეხი წელში, რომ თურმე კახელი გლეხები ეტყოდნენ ქართლელებს, ბიჭო, ეგრე რამ დაგაბეჩავათ, ემაგდენს როგორ აბედვინებთ თქვენს თავადებსაო.
განა ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი არ იყო ქართლელი თავადი?
იყო, მაგრამ ის ერთი იყო და ყმა მასაც გაუყიდია, როცა გასჭირვებია. ასე წერს ზაქარია ჭიჭინაძე, ვისაც ბევრი რამ უგროვებია იმ დროის თავადებზე.
მაგრამ ეგ რა იყო. ეგ არაფერი.
   ყმას ყიდდნენ და მწევარზეც კი ცვლიდნენ. სცემდნენ და წესზე მეტს სთხოვდნენ. უფრო აუტანელი იყო, რაც არასდროს იქამდე არ ყოფილა, პირველი ღამის უფლებანი. არ ყოფილა ასე ძალისძალად და ღიად. წესადაც არ ყოფილა. ყოფილა, მომხდარა გლეხის ქალისგან უკანონო შვილი, მაგრამ ასე რომ, აბა საპატარძლო მომიყვანეთო, გაგონილა, ვეჟო? - როგორც თავადვე იტყოდნენ ქართლელი თავადები.
   ზაქარიასვე უწერია, ერთმა ძველმა თავადმა მითხრაო, ბიჭო, რაც ახალგაზრდობაში ქალი მყოლია, ოცდაათს მარტო მარიამი ერქვა, დანარჩენის ანგარიში კიდევ ცალკეაო. დაიტრაბახა თუ რა ბებერმა თავადმა, ის თავისი გლეხების ქალებს ითვლიდა. ეს იყო უნამუსობა. უსინდისობა. და ამიტომ გაჩნდა ასეთი გლეხი.
   ერთი კახელი კაცი იხსენებდა, ტყის პირას ღორებს ვმწყემსავდი, წამომადგა თავს თოფიარაღიანი უცნობი კაცი და მითხრა, მაჩუქე ერთი ტახიო.
გლეხმა იუარა, როგორი საჩუქებელი იყო.
იმან კიდევ გადმოიღო თოფი, ესროლა ღორსა და მოკლა.
წავიღოთ ეს ღორი და ერთად დავლიოთ, ქვემოთ ამხანაგები მელოდებიანო, შესთავაზა გლეხს.
   იმას ეწყინა, ღორი მომიკალი და სადღა წამოვიდეო, მაგრამ უცნობმა მოავლო ფეხზე ხელი, შემოიდო ზურგზე ეს შენი გლეხი, მეორე ხელით ჯაგარში დასწვდა ღორს და წავიდა დაღმა.
წავიდა დაღმა და მართლა ამხანაგები ელოდებოდნენ თურმე, სულ ტიკჭორებით ჰქონდათ ღვინოო, ახსოვდა გლეხს, კარგად დავლიეთ და ვჭამეთ, იმ ღორის მწვადები მე თვითონ შემაწვევინესო. ბოლოს ფულიც მაჩუქეს და მითხრეს, რომ დაგვჭირდება, აღარ დაგვინანოო.
მერე კიდევ იქავე, კახეთში, სამი ძმა ჭურღულაშვილები, გიგოლა, ზაქარა და კიკო მუშაობდნენ ვენახში და თოფიანი კაცი შემოდგა ვენახის თავზე და: ბიჭოო, ღვინოს არ დამალევინებთო, დაუძახა.
ამათ მოეწონათ, კაი იერის კაცი იყოო და ღვინოცა გვაქვსო, პურიცა გვაქვსო, ხორციცა გვაქვს და ჩამოდიო.
   ჩამოვიდა ის კაცი ვენახში და დასხდნენ და დაიწყეს პურის ჭამა. დალიეს ბევრი, მერე დაკოცნეს ერთმანეთი და ამ კაცმა უთხრა გიგოლას: მე არსენა ვარ, თუ გაგიგიათ ეგეთიო, ქართლელი ვარ, ახლა კახეთში ვარ გადმოსული, იყალთოზე ვიმალებიო.
   ეს იყო ყველაზე განთქმული ქართველი ყაჩაღი - არსენა ოძელაშვილი, რომელმაც იცოდა უცბად მოსვლა, იცოდა რაღაცის წართმევა და მერე ორმაგად დაბრუნება.
   არსენა ოძელაშვილი ნამდვილად იყო ყველაზე პოპულარული ქართველი მთელ საქართველოში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში.
არცერთ ადამიანზე იმდენი ლექსი არ თქმულა, არცერთ ადამიანზე იმდენი ამბავი არ გავარდნილა, რამდენიც ამ პირველ და ყველაზე ცნობილ ყაჩაღზე.
არსენას დროში იყვნენ სხვა ყაჩაღებიც, ძალიან ბევრნი, ისინიც უფრო ქართლელები, ანდა ბორჩალოელი თათრები, იმიტომ რომ სწორედ ქართლში აიშვეს თავი ბატონებმა.
   გოგია ნუკრაძე, ნიკო პასანაძე და სხვებიც განთქმულნი იყვნენ, მაგრამ უცნაურობა ხშირად ის იყო, რომ კაცი არსენა არ იყო და მაინც არსენას ეძახდნენ. ვინმე რამეს ჩაიდენდა, დააგდებდა ხოლმე სიტყვას, არსენა ვიყავიო და ატყდებოდა ხოლმე ამბის მოყოლა: აი, არსენამ ესა ქნა და ისა ქნაო და სინამდვილეში კი ნამდვილი არსენა სულაც არ ყოფილიყო იქა.
ნამდვილი არსენა იყო ერთი, მაგრამ იმ დროში, როცა არ არსებობდა ფოტოგრაფი და თითის ანაბეჭდებით დამნაშავის ძიება, ყველა უცებ შეიქნებოდა ხოლმე არსენად.
   ის ერთი ნამდვილი არსენა კი სად იყო, რას გაიგებდი.
როგორც ამბობენ, სახელად არსენა სულაც არ ერქვა. არსენა უფრო მისი მეტსახელი იყო. ერქვა სახელად იოსები და იყო მარაბდელი გლეხი, კარგა შეძლებული და მდიდარი ახალგაზრდობიდანვე, ოჯახით მოსდგამდა ბარაქა.
ბარათაშვილების ყმად კი ითვლებოდა, მაგრამ ბავშვობისას გაეტანებინათ საგინაშვილებისთვის, სოფელ ჩხიკვთაში და იმათ სახლში გაზრდილიყო, იმათვე მოენათლათ.
   გამორჩეული იყო სწორედ ამ შეძლებით, ხასიათით და გარეგნობით.
ყვებიან, რომ ბავშვობიდანვე ძალიან მოქნილი იყო, თავდაღმართში დაგორებულ ურემს გამოეკიდებოდა და გადაახტებოდა ხოლმე, თვითონაც თავდაღმართიდან მორბენალიო. წელი ჰქონდა წვრილი, მუჭში ჩაეტეოდაო, ბეჭები - ბრტყელი, კარგა გამომცხვარი კვერივითაო, იყო მაღალი, ბრგე და სიტყვას არ შეიკავებდა და არც საქმეს დაემალებოდაო.
მთელი მისი ყაჩაღობა ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო, ისე, როგორც იწყება ყაჩაღობა ზღაპრებში: შეუყვარდა ბატონის მოახლე გოგო. ამას მის შესახებ გამოთქმული ლექსიც გვეუბნება.
   წესად არ იყო, რომ ბატონის სახლში მომსახურე გოგოს ხელი გეთხოვა, ის მთელ ცხოვრებას იქ ატარებდა, ბატონისა იყო და მორჩა.
ამიტომ გამოიტაცა არსენამ ეს გოგო და გააქანა ქართლში, თავის საყვარელ ადგილებში, სადაც მერე ხშირად იმალებოდა: ბირთვისის კლდეებში.
მთელს იმ არემარეში ვერ იპოვა მღვდელი, რომელიც შეძლებდა და მათ ჯვარს დასწერდა. ჯვარდაუწერლად კი გოგო არსენას ცოლად ვერ ჩაითვლებოდა. ერთხანს ეგრე ცხოვრობდა ბირთვისის გამოქვაბულებში და იქ მეგობრები ინახავდნენ.
   ეტყობა, თავიდანვე თავზე ხელაღებული და თამამი კაცი იყო, ტყის ხალხთან ექნებოდა მეგობრობა და ამიტომ გავარდნილს არაფერი გაუჭირდებოდა იქა, მაგრამ მაინც, აბა, რა ოჯახია ტყის ოჯახი?
რახან ჯვარი ვერ დაიწერეს, არსენა იძულებული შეიქნა, გოგო ბატონისთვის დაებრუნებინა და დარჩენილიყო ისევ უცოლოდ.
მისი ბატონი კი სწორედ რომ ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის ცოლისძმა, ზაალ ბარათაშვილი იყო.
   „არსენას ლექსი“, რომელიც მესტვირეებმა გამოთქვეს, ან ბლიაძემ, ანაც სხირტლაძემ და მერე კი აქეთ-იქიდან უამრავი რამ მიემატა, ხოლო პირველად პეტრე უმიკაშვილმა დაბეჭდა, ას წელიწადში თითქმის სამოცდაათჯერ არის გამოცემული და აბა, რომელი ქართული წიგნი დაიკვეხნის ამით?
   ეს წიგნი მოგვითხრობს, რომ არსენას ერთი ცოლი ჰყავდა და ამ გოგოს გადაჰყვა კიდეც მისი მშვიდი ცხოვრება.
თუმცა, სხვები გვეუბნებიან, არსენას სამი ცოლი ჰყავდაო: პირველი, რომელიც ბატონს დაუბრუნაო, მეორე, რომელიც ასევე მოიტაცა ბატონის სახლიდან და მესამე კიდევ თბილისში, როცა დაქვრივებულმა იქორწინა და კლდის უბანში მალულად ცხოვრობდაო...
შეიძლება ის პირველი და მეორე ცოლები სულაც ერთი იყოს, ორჯერ მოტაცებული, ან ისტორიისგან გაორებული, გავარდნილი ყმის ცხოვრება კი იმ დროში ძალიან ძნელი იყო.
   გზა ბევრი არ ჩანდა: ან მალვით ცხოვრება, ან სხვა, შორეულ ბატონს შეკედლება, ან ყაჩაღობა, ანაც გადახვეწა. გადასახვეწი ადგილი ერთადერთი იყო - ოსმალეთის საქართველო, ანუ ახალციხე. რუსეთის საქართველოდან გაქცეულმა არსენამ თავი მისცა ოსმალოს საქართველოს, ახალციხის საფაშოს, სადაც ცხოვრობდა ახალციხელ კათოლიკეებთან, პავლე შაჰყულიანის ოჯახში.
იმათ ცოტა გვიან გაიგეს, არსენას ამ ქალთან ჯვარი არა აქვს დაწერილიო და ჩვენს სახლში ჯვარდაუწერელ კაცსა და ქალს ერთად ვერ ვაცხოვრებთო და იქავე, ახალციხის კათოლიკურ ეკლესიაში დასწერეს ჯვარი.
საქორწილოდ არსენამ ქართლიდან გადარეკა ცხვარი და წაზიდა ღვინო, რათა მთელი ახალციხისთვის, როგორც მაშინ იტყოდნენ, კარგი ქორწილი ეჭმია.
ასე გამოდიოდა, რომ არსენა ემიგრანტი იყო და იმ დროში საკმაოდ ბევრი ქართლელი გლეხი გამოდიოდა ემიგრანტი. საზღვარს აქეთ კანონგარეშე გამოცხადებული ასეთი გლეხი, საზღვარს იქით ძალიან მშვიდად ცხოვრობდა.
   აგე, ყარსშიაც კარგა ხანს ყოფილან ოძელოღლები.
აბა, რა ვიცით, ვინ იყვნენ, მაგრამ ესენიც ოხერ ქართლელ ბატონებს გარიდებული ხალხი იყო. ქართლელები თავისებურად ებრძოდნენ თავიანთ ბატონებს - ვინც ბედავდა, ყაჩაღი ხდებოდა, ვინც არა და დამხმარეს ეძებდა.
თავზე ხელაღებული ხალხი მოიძებნებოდა. ერთი ასეთის სახელი დარჩენილია: მას ზოსე ოსს ეძახდნენ.
   გლეხები შეაგროვებდნენ, რასაც შეიძლებდნენ, გადაუხდიდნენ და ის კი დაუდარაჯდებოდა ოხერ ბატონს და დაჰკრავდა ტყვიას.
ზოგჯერ სიმწარე სისასტიკეშიც გადაიზრდებოდა. ასე დედაწულიანად ამოწყვიტეს გლეხებმა სუმბათაანთ მთელი ოჯახი.
მაგრამ არსენას არავინ მოუკლავს. არსენა ისე იყო ყაჩაღად, რომ ყოველთვის ცდილობდა, ტყვია არ ესროლა, არავინ გაეძარცვა.
მესტვირულში მის მოხდენილ ყაჩაღობაზე ბევრი სტრიქონია და მაგალითებიც საკმაოა, მაგრამ სხვანი ამბობენ, წართმევა კი იცოდა, მაგრამ თუ ხბო ან ღორი არ იყო, აუცილებლად უკან აბრუნებდაო.
ეს უცნაურობა სჭირდა.
   საძარცვავი არსენას ბევრი არაფერი ჰქონდა, იმიტომ, რომ გლეხის პირობაზე საკმაოდ შეძლებული კაცი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ახალციხეში ცხოვრობდა, ხშირად გადმოდიოდა ხოლმე ქართლში თავისი მიბარებული ცხვრის ფარის დასახედად. რა თქმა უნდა, შემოსავალსაც იღებდა. გომარეთში ცალკე კაცი ეყენა და იქ ფარეხები ჰქონდაო, ასე გადმოგვცემს ერთი ძველი კაცი.
   მოკლედ, თან ყაჩაღი იყო, თან - შეძლებული გლეხი და ცხოვრობდა ახალციხეში, მაგრამ გათენდა ერთი დღე და ახალციხეც ისე გახდა რუსეთის იმპერიის ნაწილი, როგორც ბევრი სხვა ადგილი და არსენა კი უფრო ღრმად, ოსმალეთისკენ აღარ წავიდა.
   სწორედ აქედან იწყება ის დრო, არსენას ყაჩაღობას რომ დაუძახებენ.
ანუ, არსენა დაბრუნდა ქართლში. ამ დროს გაითქვა არსენამ სახელი ქართლსა და კახეთში. სახელი არსენაც სწორედ ამ დროიდან ხდება სასურველი და ლამის ყოველ მეორე ახალდაბადებულ გლეხის ბიჭს არსენას არქმევენ, ყოველი მეორე გლეხის ოჯახში დაბადებული ბიჭი კი არსენას ნათლულია. ყველა გლეხს ესახელება, რომ ეს თავისუფალი, როგორც მაშინ იტყოდნენ, გავარდნილი, ან გადავარდნილი კაცი მისი შვილის ნათლია ან სეხნიაა. მთელი საქართველო არსენასი იზრდება: ზოგს მისი სახელი ჰქვია, ზოგი მისი ნათლულია.
   არსენას ლექსში აღწერილია, როგორ უღალატა მას ფარსადან ბოდბისხეველმა და როგორ მისცა მთავრობას ხელში. არსენას იმდენი ნათლიმამა ჰყავდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ერთი ცუდი გამოერეოდა. ის იმის ჯავრის მიმცემი არ ჩანდა და საერთოდ არ იყო შურისმაძიებელი კაცი.
რაში გამოიხატებოდა არსენას ყაჩაღობა?!
   არსენას ყაჩაღობა გამოიხატებოდა არსენას სამართალში.
ქართლში კარგა ხანს იყო ხოლმე ასე: როცა ორი კაცი ედავებოდა ერთმანეთს და ერთს ეგონა, რომ მართალი იყო, მაგრამ მეორეს რაღაც უკანა ძალა ეტყობოდა და ამით იმარჯვებდა, ის წაგებული აუცილებლად ეტყოდა: რა არი, რა ყველაფერს არსენას ადლითა ზომავო?!
ადლის ამბავი ლექსშიც არის მოთხრობილი.
   დღეს ასეთი გამოთქმა აღარ არსებობს, მაგრამ არსენას ადლი იმას ნიშნავს, რომ არსენა ზოგჯერ ბაზრობებზე ჩამოივლიდა და ჩარჩებს ფართლის საზომ ადლებს დაუგრძელებდა ხოლმე: ამიერიდან ამ ჯოხით გაზომავო, ეტყოდა. ამიტომ გაჩნდა ეს გამოთქმაც - არსენას ადლი.
   არსენა მოარული კაცი იყო. ყაჩაღი ერქვა და გზებზე ხშირად იყო.
იმ დროის გზები კი საქართველოში სულ სხვანაირი იყო.
სწორედ არსენას დროებაში გაჩნდა გზებზე განთქმული რუსული ტრაქტირები, სხვანაირად რომ ვთქვათ, ფუნდუკები, სადაც მგზავრს შეეძლო ღამის გათევა, ცხენების დასვენება და დილით კი გზის გაგრძელება.
არსენა ტრაქტირების ხშირი სტუმარი იყო. რახან ყაჩაღი იყო, ერთ ადგილას ხშირად არ ჩერდებოდა, თუმცა ტყეში ცხოვრობდაო, ამასაც ვერ იტყოდი.
ღამის გასათევს ის ყოველთვის და ყველგან იპოვიდა, ყველა სოფელში, თუკი იცოდა, რომ იქ ჯარისკაცები არ ჩამოივლიდნენ. ძალიან ფრთხილი კაცი იყო ასეთ საქმეში, მაგრამ ტრაქტირებში ყოფნაც უყვარდა. ალბათ იმიტომ, რომ ადამიანებთან ყოფნა იზიდავდა და ალბათ იმიტომაც, რომ ეს თავისი ცნობილი „არსენას სამართალი“ გაეჭრა.
   ტრაქტირებში უამრავი ხალხი იყრიდა თავს და ეს ალბათ ყველაზე დემოკრატიული დაწესებულებები იყო იმ დროში, იმიტომ რომ ტრაქტირში ერთი დაბალი, დიდი მაგიდა იდგა და ღამის გასათევად მოსული თავადი, ოფიცერი, გლეხი თუ მღვდელი, ერთად უჯდა იმ მაგიდას და ერთად ჭამდა, რაც სხვაგან და სხვა ვითარებაში არასდროს მოხდებოდა ხოლმე.
ტრაქტირში მყოფ არსენას სახეზე ბევრი ვერავინ სცნობდა. მაშინ იყო უსახობის, ამბების დრო.
   არსენას კი ძალიან მოსწონდა ადამიანის საუბარში გამოწვევა და მისი აზრების შეტყობა. სმაში ახირება იცოდა, თუმცა, გააჩნდა ვისთან სვამდა. გლეხი იყო და უყვარდა გლეხებში ქეიფი. იქ არასდროს აუხირდებოდა ვინმეს. უცხო ხალხსა და სხვა წოდებაში მოხვედრილი კი აუცილებლად რაღაცას გამოძებნიდა ხოლმე.
   ამბობენ, რომ არსენას ერთი კაცი ჰყავდა მოკლული, თუმცა ამ ამბის სინამდვილეზე თავს ვერავინ დადებს.
თუკი მოხდა ეს ამბავი, ტრაქტირში მოხდა, სადაც ერთი თავადიშვილი, გვარად საგინაშვილი, იჯდა და ვახშმობდა და ის ლაპარაკსა და ღვინის სმაში გამოიწვია არსენამ.
   გამოიწვია და თანდათან მოაყოლა თავისებურები.
არსენა გავარდნილი კაცი იყო და იყო მეფის წინააღმდეგი, პოლიციის წინააღმდეგი, ჯარის წინააღმდეგი და ყველაფერ ამას თამამად აგინებდა იმ სუფრაზე.
   საგინაშვილი თავადი იყო და უთხრა, ჩემი თანდასწრებით რუსთ ხელმწიფეს ნუ აგინებ, მე მისთვის ფიცი მაქვს მიცემული, როგორც თავადსო.
ამაზე წაეკიდნენ ერთმანეთს. ბოლოს და ბოლოს, გააშველეს და წამოდგა საგინაშვილი და წავიდა კარისკენ.
არსენამ იფიქრა, აუცილებლად ცხენს უნდა მოახტეს და გაიქცეს, რათა ჯარისკაცები დამაყენოს თავზეო და ზურგში ტყვია მიაყოლა.
ასე ამბობენ.
   მომაკვდავ თავადს კიდევ ეთქვა, რა მიყავი, საპირფარეშოდ მივდიოდიო.
აი ამ ტრაგი-კომიკურ ვითარებაში თავადი გარდაიცვალა და ამბობენ, რომ ეს იყო ერთადერთი მკვლელობა, რომელიც არსენამ ჩაიდინა.
თუმცა, თუ იმას გავიხსენებთ, რომ არსენა ჩხიკვთელ საგინაშვილებთან უნდა იყოს გაზრდილი და მათი ნათლული უნდა ბრძანდებოდეს, ამ ამბავს ღონიერი ეჭვი შეუდგება. ეგებ ეს იმ უამრავი თქმულების გაგრძელება იყოს, ცრუ არსენებს რომ შეეხება.
   არსენას ლექსი გვეუბნება, რომ არსენას კაცი არ მოუკლავს.
ტრაქტირებში არსენა სხვა საქმეებსაც აკეთებდა.
იყო იმ დროში ასეთი საკმაოდ საჩოთირო საქმე - იმერეთში აზნაურიშვილები კარგ მწევრებს ზრდიდნენ. რომ წამოზრდიდნენ ლეკვებს, გამოიგდებდნენ წინ და გადმოჰყავდათ ხოლმე ქართლში და კახეთში და იქ ცვლიდნენ ყმაგლეხებში. ანუ აქაურ თავადებს უტოვებდნენ მწევრებს და თითონ კიდევ მიჰყავდათ ადამიანები.
   არსენა სასტიკი წინააღმდეგი იყო ამისა და იგონებდა ათას ფანდს, რომ ასეთი ვაჭრობა ჩაეშალა და საქმე ისე მოეგვარებინა, რომ ადამიანები ძაღლებში არ გაეცვალათ.
   ესა ჩვეულებრივი და ხშირი ამბავი იყო მაშინ.
აი, ლოჭინის ხეობაში იდგა ცნობილი ყაჩაღი აბანო ფორაქიშვილი, რომელსაც უშუალო, ვიწრო ხელობად ჰქონდა სწორედ მწევრების წამომყვანი იმერლების ძარცვა. ან უკან გააბრუნებდა იმერლებს, აქ არ დაგინახოთო, ანდა ყმებს აართმევდა. ან გამოისყიდდა, ანაც პირდაპირ წაართმევდა.
ეს იყო ძალიან კეთილშობილური საქმე.
ასეთი გათავისუფლებული ყაჩაღები ათავისუფლებდნენ სხვებს, სრულიად უღირსად გაყიდულებს და გაცვლილებს.
   არსენას რამდენიმე ფანდი ჰქონდა მწევრების გამყიდვლების წინააღმდეგ. ერთ-ერთი ასეთი ცნობილი ფანდი იყო ტრაქტირში უკვე ხელდაცლილი იმერლის დათრობა, მისთვის იმ ოთახის გასაღების მოპარვა, სადაც იმას გაცვლილი გოგო-ბიჭები ჰყავდა შეყრილი და მათი გაპარება.
ასეთი რამეები არსენას არაერთხელ გაუკეთებია, მაგრამ მისი ცხოვრება მაინც ძალიან საფრთხილო იყო. ყოველთვის ისეთ ბუნაგს და ისეთ ადგილს ეძებდა, სადაც მშვიდად დაიძინებდა.
   ამხანაგი ბევრი ჰყავდა ქართლშიც და კახეთშიც, მაგრამ სიფრთხილე ყოველთვის საჭირო იყო. კახეთში იყალთოზე ჰქონდა ხოლმე ბუნაგი და კახელებს ძალიან უხაროდათ, იმიტომ, რომ როცა არსენა იქ იყო, ლეკები არასდროს მოდიოდნენ. იცოდნენ, რომ იოლად ვერ წაუვიდოდნენ.
თელეთი, ბოგვი, კოდა, ბირთვისი - აი, არსენას სამოძრაო ადგილები ქართლში. კოდაში მას მოძღვარი ჰყავდა: იქ დადიოდა ეკლესიაში საზიაროდ, მაგრამ ხშირად ისე ფრთხილობდა, რომ ცხენიდან სანახევროდ ჩამომხტარი, ან ცალი ფეხით უზანგში ეზიარებოდა ხოლმე.
   მას ძალიან დიდ პატივს სცემდნენ და იფარავდნენ. თუმცა, ისეთი კაცი იყო, რომ იქით იფარავდა ხოლმე მასპინძლებს.
მოგახსენეთ, არსენამ სიმთვრალეში ახირება იცოდა-მეთქი, ეს კი მას ხშირად გადაჰყრიდა ხოლმე ისეთ ამბავს, მერე რომ საბოდიშო უხდებოდა.
გერმანელი მოგზაური და მელექსე, ბოდენშტადტი იხსენებს, რომ ერთ ხატობაში მას დაანახეს ახოვანი, კარგად ჩაცმული ადამიანი და უთხრეს, რომ ეს არის არსენა ყაჩაღი.
   ძალიან წარმოსადეგი, თუმცა არათავადური იერისა იყოო და მოულოდნელად იქვე მდგომ ოფიცერს აუხირდა, ხმალი უნდა მაჩუქოო.
ისეთი ვითარება შექნილა, რომ საქმეში ქალებიც ჩარეულან. ოფიცერს დაუთმია და მიუცია თავისი ხმალი არსენასთვის.
მეორე დღეს არსენას ის ხმალიც დაუბრუნებია და ერთი ხმალიც ზედ მოუყოლებია. იცოდა ასეთი რაღაცეები, განსაკუთრებით, როცა დათვრებოდა და მისი აღსასრულიც ასეთი სიმთვრალიდან მოვიდა.
არსენას ჰყავდა ერთი მეგობარი, მღვდელი იაკობ ბარნოვი, ძალიან თავისებური და შთამბეჭდავი კაცი, ახოვანი, ვაჟკაცი, უკან არდამხევი ვინმე.
ერთხელ თურმე იაკობ ბარნოვი მაყარშია და პატარძალი მოჰყავთ ერთი სოფლიდან მეორეში და სოფელს რომ მოადგნენ, წინ შეშფოთებული ხალხი შემოეგება, მოსახვევში არსენა დგას, ჩვენზე ნაწყენია და თქვა, თავს მოგჭრით, პატარძალი უნდა წაგართვათო.
   ყველა ძალიან შეშფოთდა, მაგრამ ყველას იმედი მიეცა, იმიტომ, რომ მაყარში იაკობ ბარნოვიც იყო. კუნაპეტი სიბნელე იდგა უკვე და გლეხებს ერთი-ორი ჩირაღდანი თუ ჰქონდათ ხელში. იაკობმა თქვა, მე შევალ მაგ მოსახვევშიო და ცხენდაცხენ შევიდა. შეუხვია თუ არა და, არსენამ ესროლა, ესროლა და თოფის ფინთიხმა და ნაჭექმა გაანათა წამით იქაურობა და იაკობმაც დაუძახა, რას შვები ბიჭო, მე მესვრიო? არსენამ იცნო და წახდა.
ეს ამბავიც მეორე დღეს არსენას ძღვენით - ახალი ცხენით, თოფით და საპატარძლო საჩუქრით - დასრულდა.
   არსენა მალვით თბილისშიაც ცხოვრობდა, სადაც ცოლიც შეურთავს დაქვრივებულს და პატარა, თბილისურ ბანიან სახლში დამდგარა. თურმე მთელმა კლდის უბანმა იცოდა, რომ ეს ახალგაზრდა ქალი არსენა ყაჩაღის ცოლია, მაგრამ არასდროს არავის არ გაუთქვამს. ამბობენ, რომ არსენა ღამღამობით თუ მოვიდოდა სახლშიო, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ თბილისის ერთ-ერთ შემოსასვლელში ერთი პატარა დუქანი ჰქონდა და ხშირად დახლშიც კი იდგა ხოლმეო.
   ასე იყო თუ ისე, არსენა აგრძელებდა ქართლსა და კახეთში სიარულს და ამ თავის კანონგარეშე ცხოვრებას. ყოველგვარი შერიგება და მორიგება გამორიცხული იყო იმ დროის მთავრობასთან და იმ დროის თავადობასთან.
მით უმეტეს, რომ ქართლის გლეხობა უკვე ძალიან გულამღვრეული და შეწუხებული იყო იმ ვითარებით, ბევრმა უღირსმა ბატონმა რომ შეუქმნა.
შორი იყო ბატონყმობის გაუქმებამდე, ძალიან შორი იყო იმ დრომდე, როცა არსენას მესტვირულ ლექსს წიგნად გამოსცემდა პირველად პეტრე უმიკაშვილი და არსენა თანდათან იქცეოდა ნამდვილ ლიტერატურულ გმირად, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას ილია ჭავჭავაძე მიაქცევდა, აკაკი წერეთელი კი პიესასაც დაწერდა მის შესახებ და სხვებიც არ დაივიწყებდნენ. …არსენა… გაიზრდებოდა და გაიზრდებოდა ფიქრიც ამ კაცის შესახებ და მიემატებოდა ნამდვილი და გამონაგონი და მერე ეს საერთოდ დაგვირგვინდებოდა მიხეილ ჯავახიშვილის რომანით და მიხეილ ჭიაურელის ფილმით, საბოლოოდ კი, კომუნისტების ეპოქაში - არსენას ძეგლით მცხეთაში. მცხეთაში, რომლის კიდეზეც მოკლეს არსენა.
ეს ალბათ ჰგავს იმას, რაც ლექსშია: არსენა იჯდა გზის პირას, ჩვეულად, სადაც ყოველთვის უყვარდა ხოლმე სუფრის გაშლა. მას ყოველთვის შეეძლო, გზის პირას კარგი გლეხური სუფრა გაეშალა ხორცითა და მოთალით, კარგი ღვინითა და პურით. ხალხის დაპატიჟებაც უყვარდა.
როგორც ეტყობა, არსენა ურთიერთობის მაძებარი კაცი იყო, უყვარდა მჭრელი სუფრული ლაპარაკი.
   ლაპარაკში წამოკიდება ხომ იცოდა, იოლად სცნობდა ცუდ და კარგ კაცს და ამ წამოკიდებასაც ემსხვერპლა. იყო ასეთი გიორგი სეფისკვერაძე, უბისელი მილიციელი, იმერელი გლეხი, რომელმაც დიდი სახელი დაიგდო კახეთში ლეკებთან ბრძოლაში და ამის გამო მას კუჭატანში მიწაც კი მისცეს. ეძახდნენ კიდეც კუჭატნელს. შთამბეჭდავი იერის კაცი იყო. ძველი ზღაპრებიდან გადმოსული ორი დევგმირის შეხვედრას ჰგავს მისი და არსენას უცნაური შეხვედრა მცხეთის გზაზე, სადაც არსენა იჯდა, ღვინოს სვამდა და გამვლელ-გამომვლელს ეძახდა.
   გამვლელ-გამომვლელი ეტყობა ბევრი არ იყო. ლექსი მოგვითხრობს, რომ იყო წითელი პარასკევი, ყველაზე რთული დღე დიდი მარხვისა, როცა ქართველები მძიმედ მარხულობდნენ, რაღა თქმა უნდა, არ სვამდნენ ღვინოს და ელოდებოდნენ აღდგომას. მაგრამ არსენა სვამდა, შეიძლება არც იყო ეს წითელი პარასკევი, მაგრამ ამ პარასკევს და აღდგომის მოახლოებას სეფისკვერაძეების შინაური გადმოცემაც ამაგრებს, იმიტომ რომ სწორედ სააღდგომოდ თავისი კახური მამულიდან მოდიოდა იმერეთში გიორგი სეფისკვერაძე. ლექსში მას ახლავს ერთი მისგან გაზრდილი ლეკი, შინაური ლეგენდით კი თავისი ძმისშვილი თუ დისშვილი, რომელსაც შელაპარაკების შემდეგ არსენამ ყუით დაარტყა თავში ხმალი და ამბობენ, რომ ის საწყალი ბიჭი ლოგინიდან აღარც ამდგარა.
   კუჭატნელმა უარი უთხრა არსენას მასთან ერთად დალევაზე და გზა განაგრძო. არსენას ცოტა გვიან ეწყინა, დაეწია, როგორც ძველად იტყოდნენ, თავსა დაუარა და წინიდან შემოეფეთა და აუხირდა.
ცხენდაცხენ ხდება ეს ამბავი. თითქოს, ამ ლაპარაკის დროს მან კუჭატნელს არაფერი უქნა და პატარა ბიჭს დაჰკრა ყუით ხმალი თავში. სწორედ ამის შემდეგ მოუხდა კუჭატნელთან შეყრა და ორთაბრძოლა.
ლექსში ძალიან შთამბეჭდავად და შემზარავად არის აღწერილი არსენას სიკვდილი. იქ არის მისი სიზმარიც.
   ეს ყველაფერი ერთმანეთს გადაებმება, თითქოს ბოლოს ლეკი ესვრის მანამდე კუჭატნელისგან სახეათლილ არსენას. ის იქ მოკვდა, სადაც მთელი ცხოვრება იდგა - გზაზე, სადაც დაეძებდა ურთიერთობას და სადაც უნდოდა გაეჭრა თავისებური სამართალი. ეს არ იყო ცუდი სამართალი.
სხვანაირად არსენა ვერ დაიგდებდა სახელს უბრალო ხალხში.
ქართველი გლეხი, მთელი თავისი ფიქრებით, დარდებით, ტკივილებით სწორედ ამ ერთ კაცში იყო გაერთიანებული და ამ კაცს ერქვა არსენა ოძელაშვილი. არსენა გზაზე ეგდო. კუჭატნელმა არ იცოდა, ვინ მოკლა. რომ გაიგო, ჯილდოზეც უარი თქვა. ის იყო გამოცდილი და ნამდვილი მეომარი და ნაირგვარ გადმოცემაში, მათი შეხვედრა რომ შემოინახეს, ნამდვილად ჩანს, როგორ ერიდება ის არსენას და როგორ ეუბნება, თავს ნუ გამაფუჭებინებო. რატომ შეხვდა ეს ორი კაცი ერთმანეთს?
როგორც ჩანს, ყაჩაღობა და დიდხანს გზაზე ცხოვრება ძალიან ძნელია და ხშირად ყველაზე გამორჩეულ ყაჩაღებსაც კი ხასიათი ღალატობთ.
ყაჩაღთა კანონგარეშე ცხოვრება ძველ საქართველოში 2-3 წელიწადს მოიცავს ხოლმე, 8-10 წელიწადი ვისაც გაუტანია, ლეგენდარულ ფირალად და ყაჩაღად ჩაითვლება, მაგრამ არსენამ ყველა ამათზე ბევრად მეტი გაძლო და რომ მოკვდა, კიდევ დიდხანს იყო ცოცხალი - სხვები იბრალებდნენ არსენობას. არსენა დაუმარხავთ მცხეთაში, აბა რას იტყვი, სადა?
მისი სიკვდილიდან ნახევარი საუკუნის თავზე ჟურნალისტმა დავით კეზელმა თავისი ფულით შეუკვეთა ქვა წარწერით: „აქ წევს დიდი ყაჩაღი არსენა ოძელაშვილი“ და დაადო იმ საფლავს.
   ლექსი კი ასე მთავრდება: „აქაც კარგი კაცი იყო, იქ ნათელი დაადგესა“.
სიყვარული არ გამქრალა, გაქრა მხოლოდ არსენას ფული.
ლექსივე გვეუბნება, ბლომად ფული ჰქონია გადამალულიო.
განა ეგ არის მთავარი? არსენას დროება სწორედ ის დროებაა, როცა ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი და მთელი სხვა მაღალი კნიაზობა შეითქვა და შეთქმულება კი ისე ჩავარდა, რომ აჯანყება ვერც წამოიწყეს. არსენამ ამ ამბისა არაფერი იცოდა.
   არსენას დროება არის გადასახლებების დროებაც და თბილისში იმპერატორ ნიკოლოზ პირველის ჩამოსვლის დროებაც. აღლუმი მადათოვის კუნძულზე და მეჯლისი ზუბალაშვილების ძველ ქარვასლაში... იმ მეჯლისზე კი გიორგი ერისთავი არ შეუშვეს, ძველებურად რად გაცვიაო. ეს არის დროება სათარას სიმღერებისა, ბეზირგანოვის ყავახანისა, ფრიდრიხ ბოდენშტადტის ხეტიალისა და ამოუცნობი მირზა შაფისა, ყაზარმობისა, შეთქმულთა გადასახლებისა და შამილთან ომისა.

ნახვა: 1983

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Path of Exile 2 is set to usher

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 13, 2024.
საათი: 4:23am 0 კომენტარი

Even though Grinding Gear Games intends to announce a beta test for Path of Exile 2 on July 29, 2023, it would be a huge surprise if they opted not to have one. The developers' dedication to delivering an exceptional gaming experience for their players is evident, and a beta test would offer them an unmatched opportunity to POE currency trade gather priceless feedback and confirm that the game lives up to the high standards set…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

Qwelly World

free counters