ანატოლ ფრანსი - ღმერთებს სწყურიათ

1

      ევარისტ გამლენი, მხატვარი, დავიდის მოწაფე, წევრი „ახალი ხიდის“, - ადრინდელი ანრი IV სექციისა, გათენებისას წავიდა ბარნაბიტების ყოფილ ეკლესიაში, სადაც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, 1790 წლის 21 მაისიდან, სექციის საზოგადო კრებები იმართებოდა. ეს ეკლესია აგებული იყო ვიწრო და ბნელ მოედანზე, სასამართლოს რკინის მოაჯირის მახლობლად. კლასიკური სტილით შედგენილ ფასადზე, რომელიც დაყირავებული ლარნაკებითა და შუშხუნებით იყო შემკული, გახუნებული იყო დროების მიერ და შელანძღული ადამიანის ხელით, რელიგიური ემბლემები ჩამოეხეხათ და ბჭეების ზემოთ შავი ასოებით რესპუბლიკური დევიზი დაეწერათ: „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა ან სიკვდილი“. ევარისტ გამლენი ეკლესიაში შევიდა. თაღები, რომელნიც წინათ წმინდა პავლეს კონგრეგაციის სტიქარიან ბერების საეკლესიო გალობას ისმენდნენ, ახლა წითელჩაჩიან პატრიოტების კრებას დაჰყურებდნენ. პატრიოტები მუნიციპალური მოხელეების ასარჩევად და სექციის საქმეების მოსაწესრიგებლად შეკრებილიყვნენ. ნიშებიდან წმინდანები ჩამოეღოთ და მათ ადგილას ბრუტუსის, ჟან-ჟაკის, ლეპელტიეს ბიუსტები მოეთავსებინათ. განძარცულ ტრაპეზზე ადამიანის უფლებათა ფიცარი იყო აღმართული.

      ამ ეკლესიაში ორჯერ კვირაში, საღამოს ხუთი საათიდან თერთმეტ საათამდე, საზოგადო კრებები იმართებოდა. საორატორო ტრიბუნის როლს ეროვნული დროშით შემკული კათედრა ასრულებდა. პირდაპირ, სამოციქულოს მხრით ამართული იყო გაუშალაშინებელი ხის ესტრადა ქალებისა და ბავშვებისთვის, რომელნიც მრავლად ესწრებოდნენ ამ კრებებს. ამ დილით კათედრის ქვეშ საწერ მაგიდას უჯდა მოქალაქე დიუპონ-უფროსი, დურგალი ტიონვილის მოედნიდან, ერთი თორმეტ წევრთაგანი ზედამხედველობის კომიტეტისა[7]. მას წითელი ჩაჩი ეხურა და კარმანიოლი[8] ეცვა. მაგიდაზე ბოთლი და ჭიქები ეწყო, აგრეთვე საწერი მოწყობილობა და რვეული, რომელიც პეტიციის ტექსტს შეიცავდა კონვენტის მიმართ, რათა მას თავისი წიაღიდან გაეგდო ოცდაორი უღირსი წევრი.

      ევარისტ გამლენმა კალამი აიღო და ხელი მოაწერა. - მე დარწმუნებული ვიყავი, - თქვა ხელოსანმა მაგისტრატმა, - რომ შენ ხელს მოაწერდი, მოქალაქე გამლენ. შენ ნაღდი ხარ, მაგრამ სექცია არ არის გულთბილი; მას სათნოება აკლია. მე ზედამხედველობის კომიტეტს წინადადება მივეცი არავის გამოუწეროს მოქალაქეობის მოწმობა, ვინც ხელს არ მოაწერს პეტიციას.

- მე მზად ვარ, - თქვა გამლენმა, - ჩემი სისხლით მოვაწერო ხელი მოღალატე ფედერალისტების გაძევების აქტს. მათ უნდოდათ მარატის სიკვდილი: დაე, ისინი დაიღუპონ.

- ჩვენ გულგრილობა გვღუპავს, - უპასუხა უფროსმა დიუპონმა. - სექციაში, სადაც ცხრაას მოქალაქეს აქვს ხმა, მხოლოდ ორმოცდაათი მოდის კრებაზე. გუშინ მხოლოდ ოცდარვა ვიყავით.

- კარგი, მაგრამ დაჯარიმება უნდა შემოვიღოთ და მოქალაქეები ვაიძულოთ მოვიდნენ, - თქვა გამლენმა.

- ჰე, ჰე, - წამოიძახა დურგალმა და წარბები შეჭმუხნა, - ყველანი რომ მოდიოდნენ, პატრიოტები უმცირესობაში დარჩებოდნენ... მოქალაქე გამლენ, ხომ არ გინდა ერთი ჭიქა ღვინო დალიო სანკიულოტების სადღეგრძელოდ?..

      ეკლესიის კედელზე, სამოციქულოს მხრით, ეწერა: „სამოქალაქო კომიტეტი“, „ზედამხედველობის კომიტეტი“, „ქველმოქმედების კომიტეტი“ და დახატული იყო შავი ხელი, რომლის მაჩვენებელი თითი მიმართული იყო მონასტრის დერეფნისაკენ. რამდენიმე ნაბიჯს თუ გადასდგამდით, ყოფილი სალაროს კართან მიხვიდოდით, რომელსაც ზემოდან ეწერა: „სამხედრო კომიტეტი“. გამლენმა ეს კარი შეაღო და დაინახა კომიტეტის მდივანი, რომელიც დიდ მაგიდას უჯდა და წერდა. მაგიდაზე წიგნები, ქაღალდები, ფოლადის ზოდები, თოფის ვაზნები და გვარჯილის ნიმუშები ეყარა.

- გამარჯვება, მოქალაქე ტრიუბერ, როგორ ხარ?

- მე?.. საუცხოოდ.

      სამხედრო კომიტეტის მდივანი, ფორტუნე ტრიუბერი, ყოველთვის ამ პასუხს აძლევდა იმათ, ვინც მისი ჯანმრთელობის ამბავს იკითხავდა, რადგან უფრო საუბრის შეწყვეტას ცდილობდა ამ საგანზე, ვიდრე თავის ჯანმრთელობის გამორკვევას. ამ ოცდარვა წლის კაცს დამჭკნარი კანი, თხელი თმა და წითელი ლოყები ჰქონდა და წელში მოხრილი იყო. იგი იყო პატრონი უძველესი ოპტიკური მაღაზიისა ოქრომჭედლების ქუჩაზე, სენის ნაპირას, რომელიც 1791 წელს ბებერ ნოქარს დაუთმო, რათა მთელი თავისი დრო მუნიციპალური საქმეებისათვის მიეძღვნა. მომხიბლავმა დედამ, რომელიც ოცი წლისა გარდაიცვალა და რომლის შესახებ უბანში მცხოვრებ მოხუცებულებს უნაზესი მოგონება შერჩათ, მას მშვენიერი, კეთილი და ვნებიანი თვალები, მკრთალი ფერი და მორცხვობა უანდერძა. მამას კი, რომელიც ოპტიკოსი ინჟენერი და მეფის კარის მიმწოდებელი იყო, და რომელსაც ოცდაათ წლამდეც არ მიუღწევია, იგი სამართლიანობის გრძნობით და პრაქტიკული ჭკუითა ჰგავდა.

      მას წერა არ შეუჩერებია, ისე იკითხა: - შენ როგორღა ხარ, მოქალაქევ?

- კარგად, რა იცი ახალი ამბავი?

- არაფერი, სრულიად არაფერი. როგორც ხედავ, აქ სრული სიწყნარეა.

- როგორია მდგომარეობა?

- მდგომარეობაც უცვლელია.

- მდგომარეობა საშინელი იყო. რესპუბლიკის საუკეთესო ჯარი მომწყვდეული იყო მაინცში, ვალანსიენი ალყაშემორტყმული იყო; ფონტენეი ვანდეელებმა აიღეს; ლიონი აჯანყდა; სევენი ღელავდა; საზღვარი გახსნილი იყო ესპანელებისათვის; დეპარტამენტების ორი მესამედი მტრის ჯარს ეჭირა, ან აჯანყებით იყო მოცული; უფულოდ, უპუროდ დარჩენილ პარიზს ავსტრიელების ზარბაზნები ემუქრებოდნენ.

      ფორტუნე ტრიუბერი შეუშფოთებლად წერდა, რადგან სექციებს კომუნიდან ნაბრძანები ჰქონდათ თორმეტი ათასი კაცი გაეწვიათ ვანდეაში გასაგზავნად; ის გაწვევისა და შეიარაღების ინსტრუქციებს ადგენდა იმ რაზმებისათვის, რომელიც „ახალი ხიდის“, ყოფილი ანრი IV, უბანს უნდა მიეცა. ყველა საომარი თოფი უნდა რეკვიზიციის მომხდენელთ გადასცემოდათ. სექციის ნაციონალური გვარდია სანადირო თოფებითა და შუბებით უნდა შეიარაღებულიყო.

- მე მოვიტანე იმ ზარების სია, რომელიც ლუქსემბურგში უნდა გაიგზავნოს, რათა ზარბაზნებად გადადუღდეს. თუმცა ევარისტ გამლენს ერთი სუც კი არა ჰქონდა, მაინც სექციის აქტიურ წევრებში იყო ჩაწერილი: კანონი ამ უპირატესობას მხოლოდ ისეთ მოქალაქეებს ანიჭებდა, რომელნიც იმდენად შეძლებულნი იყვნენ, რომ სამი დღის შრომის ღირებულების გადახდა შეეძლოთ; და ის ითხოვდა ათი დღის ღირებულებას ისეთი ამრჩევლისათვის, რომელიც შეიძლებოდა არჩეული ყოფილიყო. მაგრამ „ახალი ხიდის“ სექცია გატაცებული იყო თანასწორობის იდეით, მტკიცედ იცავდა თავის ავტონომიას და სრულ საარჩევნო უფლებას ანიჭებდა ყველას, ვინც თავისი გროშებით იძენდა ნაციონალური გვარდიელის ტანისამოსს. სწორედ ასეთი იყო გამლენი, თავისი სექციის აქტიური მოქალაქე და სამხედრო კომიტეტის წევრი.

      ფორტუნე ტრიუბერმა კალამი დასდო: - მოქალაქე ევარისტ, წადი კონვენტში და სთხოვე, ინსტრუქციები გამოგვიგზავნონ, რათა სარდაფების ნიადაგი გადავთხაროთ, მიწა და ქვიშნარი დავამუშაოთ და გვარჯილა დავაგროვოთ. საკმაო არ არის ზარბაზნების ქონა, თოფის წამალიც არის საჭირო.

      ყოფილ სალაროში პატარა კუზიანი კაცი შემოვიდა, რომელსაც ყურში კალმისტარი ჰქონდა გარჭობილი, ხოლო ხელში ქაღალდები ეჭირა. ეს იყო მოქალაქე ბოვიზაჟი ზედამხედველობის კომიტეტიდან.

- მოქალაქეებო, - თქვა მან, - ჩვენ ცუდი ამბები მივიღეთ: კიუსტინმა ლანდაუ დასცალა.

- კიუსტინი მოღალატეა! - წამოიძახა გამლენმა.

- იგი გილიოტინაზე მოკვდება, - თქვა ბოვიზაჟმა.

      ტრიუბერმა თავისი ოდნავ ჩახლეჩილი ხმით ჩვეულებრივი სიწყნარით წარმოთქვა: - კონვენტს ნაცარქექიობისათვის არ გაუჩენია საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტი. იქ გაარჩევენ კიუსტინის ყოფაქცევას; თუ ის უნიჭოა ან მოღალატე, მის ადგილს ისეთი გენერალი დაიჭერს, რომელსაც გამარჯვების ნებისყოფა შესწევს და საქმეც კარგად წავა!

      მან ქაღალდები გადაფურცლა და შიგ თავისი დაღლილი თვალებით ჩაიხედა. - თუ გინდათ, ჩვენმა ჯარისკაცებმა თავიანთი ვალდებულება შეუშფოთებლად და უნაკლოდ შეასრულონ, ისინი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათი კერა უზრუნველყოფილია. თუ შენც ამ აზრისა ხარ, მოქალაქე გამლენ, უახლოეს ყრილობაზე ჩემთან ერთად მოითხოვე, საქველმოქმედო კომიტეტი შეუთანხმდეს სამხედრო კომიტეტს, რათა დახმარება აღმოეჩინოს ღარიბ ოჯახებს, რომელთაც წევრი ჰყავთ ჯარში.

      მან გაიცინა და ჩაიღიღინა: - საქმე წავა, კარგად წავა!..

      ის ყოველდღე ჯდებოდა თავის თეთრი ხის მაგიდასთან და თორმეტ ან თოთხმეტ საათს მუშაობდა განსაცდელში ჩავარდნილი სამშობლოს დასაცავად. ეს თავმდაბალი მდივანი სექციის კომიტეტისა ვერ ამჩნევდა შეუსაბამობას უზარმაზარ საქმესა და თავის პატარა ძალღონეს შორის, რადგან გრძნობდა, რომ გაერთიანებული იყო ყველა პატრიოტთან, რომ ერის სხეულის ნაწილს წარმოადგენდა, რომ მისი სიცოცხლე შედუღებული იყო დიდი ხალხის სიცოცხლესთან. ის ერთი იმათგანი იყო, ვინც ენთუზიაზმითა და მოთმინებით, ყოველი დამარცხების შემდეგ თითქოს შეუძლებელ, მაგრამ მტკიცე ტრიუმფს ამზადებდა. მათ სჭიროდათ გამარჯვება. ეს არაფრის მქონე ადამიანები, რომელთაც მეფის ხელისუფლება გაანადგურეს, ძველი ქვეყანა გადაატრიალეს, ეს ტრიუბერი, უბრალო ინჟენერი ოპტიკოსი, ეს ევარისტ გამლენი, უცნობი მხატვარი, შებრალებას არ ელოდნენ თავიანთი მტრებისაგან. მათ მხოლოდ ერთი არჩევანი ჰქონდათ გამარჯვებასა და სიკვდილს შორის. აქედან წარმოსდგებოდა მათი გულმოდგინეობა და მათი სიმშვიდე.

2

      ბარნაბიტთა მონასტრიდან ევარისტ გამლენი გაემართა დოფინის მოედნისაკენ, რომელსაც ტიონვილის მოედანი დაერქვა უძლეველი ქალაქის პატივსაცემად. ამ მოედანს, მოთავსებულს პარიზის ხალხმრავალ უბანში, ერთი საუკუნის წინათ დაეკარგა თავისი ლამაზი გარეგნობა. დიდებული მაგისტრალების სასახლეებს, რომელნიც ანრი IV დროს აეშენებინათ ერთფეროვანი წითელი აგურისაგან და რომელთაც თეთრი ქვის სარტყელი უვლიდა გარს, ახლა თავიანთი კეთილშობილი ასპიდის სახურავი შეეცვალათ უბადრუკ თუნუქზე, ან სრულიად აღგვილიყვნენ დედამიწის პირიდან, მათი ადგილი დაეჭირათ ცუდად შელესილ სახლებს, რომელთაც უსწორმასწორო, საცოდავი, ჭუჭყიანი ფასადები ჰქონდათ და მრავალი, მეტნაკლები ზომის, ვიწრო ფანჯარა, საიდანაც ყვავილის ქოთნები, ჩიტის გალიები და გასაშრობად გამოკიდული თეთრეული ჩანდა. აქ ბინადრობდნენ უამრავი ხელოსნები, ოქრომჭედლები, მესაათეები, ოპტიკოსები, მბეჭდავები, მოდისტები, მრეცხავი ქალები და რამდენიმე ბებერი ვექილიც, რომელნიც ქარიშხალს არ გაეტაცნა სამეფო უფლებასთან ერთად.

      იყო დილა და იყო გაზაფხული. მზის ყვითელი სხივები, დამათრობელი ტკბილ ღვინოსავით, კედლებზე იცინოდნენ და მხიარულად ეშვებოდნენ მანსარდებში[15]. ფანჯრების ჟალიზები ზევით იყო აწეული და გარედან დიასახლისების გაწეწილი თავები ჩანდა. რევოლუციური ტრიბუნალის რეგისტრატორი სახლიდან გამოვიდა და სამსახურისკენ გაემართა. გზადაგზა ის ლოყებს უცაცუნებდა ბავშვებს, რომელნიც ხეების ქვეშ თამაშობდნენ; ახალ ხიდზე ყვიროდნენ არამზადა დიუმურიეს ღალატის შესახებ.

      ევარისტ გამლენი ცხოვრობდა სენის ნაპირას, „საათის ქუჩაზე“, ანრი IV დროის სახლში, რომელსაც საკმაოდ კარგი შეხედულება ექნებოდა, თუ იმ პატარა, კრამიტისსახურავიან ჩარდახს არ დაემახინჯებინა, რომელიც წინანდელი მტარვალის დროს იყო დაშენებული, რათა ძველი პარლამენტარიების ბინები მდაბიო მოქალაქეების და ხელოსნების ოჯახების მოთხოვნილებისათვის შეეფარდებინათ, ოთახები ფიცრულებითა და კედლებით გაეყოთ. პირველ სართულში ერთი ასეთი ბუდე დაეკავებინა მოქალაქე რემაკლს, თერძს - მეკარეს. მისი ოთახი ვიწრო და დაბალი იყო და, როცა იგი ნაციონალური გვარდიელის ტანისამოსს ჰკერავდა, მინის კარებში ნათლად ჩანდა დაზგაზე მორთხმული ფეხები და დაბლა დახრილი კისერი; ამასობაში მისი მეუღლე, რომლის ღუმელს კვამლის გამოსავალი მხოლოდ კიბისაკენ ჰქონდა, სახლის ბინადრებს წამლავდა საჭმელების ოხშივარით, ხოლო კარის ზღურბლზე მათი ქალი, ბადაგით შეთხუპნული და დღესავით მშვენიერი პატარა ჟოზეფინა, დურგლის ძაღლს, მუტონს ეთამაშებოდა. ამბობდნენ, რემაკლის მეუღლე, რომელსაც სავსე გულმკერდი და თეძოები ჰქონდა, თავის ალერსს უძღვნის თავის მეზობელს, მოქალაქე დიუპონ-უფროსს, ერთ თორმეტთაგანს ზედამხედველობის კომიტეტიდანო. ყოველ შემთხვევაში, მისი ქმარი საშინლად ეჭვიანობდა და ცოლ-ქმარი რემაკლები სახლს აყრუებდნენ თავიანთი ჩხუბითა და შერიგების ხმაურით. სახლის ზემო სართულები დაჭერილი ჰქონდათ ოქრომჭედელს - მოქალაქე შაპერონს, რომელსაც სავაჭრო „კედლის საათის ქუჩაზე“ ჰქონდა, ფერშალს, ვექილსა და სასამართლოს რამდენიმე მოხელეს.

      ევარისტ გამლენმა აიარა ანტიკური კიბე და უკანასკნელ მეოთხე სართულზე შეჩერდა, სადაც მას ჰქონდა ატელიე და ერთი ოთახი დედისათვის. აქ თავდებოდა ხის საფეხურები, რომელთაც შეეცვალათ პირველი სართულების დიდი ქვის საფეხურები. კედელზე მიდგმული კიბე ადიოდა მანსარდში, საიდანაც ამ დროს ჩამოდიოდა დიდი ტანის კაცი, საკმაოდ მოხუცებული, რომელსაც ჯანსაღი და ვარდისფერი პირისახე ჰქონდა. ხელში უზარმაზარი პაკეტი ეჭირა და ღიღინებდა: „მე დავკარგე ჩემი მოსამსახურე“.

      მოხუცმა ღიღინი შეწყვიტა და ზრდილობიანად გამარჯვება უსურვა გამლენს: ეს უკანასკნელიც, თავის მხრივ, ძმურად მიესალმა და დაეხმარა ძირს დაეშვა პაკეტი, რისთვისაც მოხუცმა მადლობა გადაუხადა. - ამაში მუყაოს კაცებია, რომელიც სათამაშოების გამყიდველთან მიმაქვს „კანონის ქუჩაზე“, თქვა მან, როცა ტვირთი ხელახლა აიღო. აქ მთელი საზოგადოებაა: ესენი ჩემი შექმნილი არსებებია; ჩემგან მიიღეს წარმავალი სხეული, თავისუფალი სიხარულისა და ტანჯვისაგან. აზროვნება არ მიმინიჭებია, იმიტომ, რომ მე კეთილი ღმერთი ვარ.

      ეს იყო მოქალაქე მორის ბროტო, ყოფილი ხარკის მოიჯარადრე და ყოფილი კეთილშობილი; მამამისმა, გამდიდრებულმა საქმოსანმა, იყიდა თანამდებობა, რომელიც აზნაურის წოდებას ანიჭებდა. კარგ დროს მორის ბროტო თავის თავს ბატონ დეზილეტს უწოდებდა და თავის სასახლეში ლაშეზის ქუჩაზე დიდ სადილებსაც მართავდა, რომელთაც თავისი თვალებით ანათებდა პროკურორის მეუღლე მშვენიერი ქალბატონი დე როშმორი. ამ საუცხოო ქალს მისთვის არ უღალატნია, სანამ მორის ბროტოს თავისი თანამდებობა, შემოსავალი, სასახლე, მამული და სახელი ჰქონდა. რევოლუციამ ეს ყოველივე წაართვა. იგი თავს ირჩენდა იმით, რომ პორტრეტებს ხატავდა ჭიშკრებზე, ქადებსა და ნამცხვარს აკეთებდა სენის ნაპირას, მეჟისერის ქუჩაზე, სიტყვებს ადგენდა ხალხის წარმომადგენლებისათვის და ცეკვის გაკვეთილებს აძლევდა ახალგაზრდა მოქალაქე ქალებს. ახლა თავის სხვენზე, სადაც ვიწრო კიბით ადიოდა და ფეხზე დადგომა თავდაუხრელად არ შეეძლო, მორის ბროტო, რომელსაც არაფერი გააჩნდა, გარდა წებოს ქოთნისა, ძაფებისა, პაკეტებისა, აკვარელის ყუთისა და ქაღალდის ნაჭრებისა, მუყაოს კაცებს აკეთებდა და სათამაშოების გამყიდველებს აძლევდა; ხოლო ესენი თავიანთი მხრივ მეწვრილმანეებზე ჰყიდდნენ; შემდეგ ეს პატარა ბავშვების სანუკვარი საგნები, გრძელ ჯოხებზე გამაგრებული, დასეირნობდნენ ელისეს მინდვრებზე. საზოგადოებრივი შფოთისა და დიდი პირადი უბედურების მიუხედავად, იგი ინარჩუნებდა სულიერ სიმშვიდეს და დასასვენებლად ლუკრეციუსის წიგნს კითხულობდა, რომელსაც თავისი ყავისფერი რედინგოტის უძირო ჯიბეში ატარებდა.

      ევარისტ გამლენი მიაწვა თავის ბინის კარს, რომელიც მაშინვე გაიღო. სიღარიბის გამო ევერესტს არ სჭიროდა კლიტეები და, როცა დედა ურდულს გამოსწევდა, მხატვარი იტყოდა: „რა საჭიროა? ობობას ქსელს არავინ მოიპარავს. განსაკუთრებით ჩემსას“. ატელიეში ნაგავში დაყრილი ან კედელზე მიყუდებული იყო მისი პირველი ტილოები, სადაც იგი მოდის მიხედვით, სააშიკო სცენებს ხატავდა. გადალესილი და გაუბედავი ფუნჯით ეალერსებოდა დაცარიელებულ კაპარჭს და გაფრენილ ჩიტს ან კიდევ სახიფათო თამაშობასა და ბედნიერების სიზმრებს, კაბააკაპიწებულ მწყემს გოგოებს და აყვავებულ მკერდიან, შეყვარებულ ქალებს.

      მაგრამ ეს მანერა არ შეეფერებოდა მის ტემპერამენტს. ეს ცივად დახატული სცენები მხატვრის გამოუსწორებელ უბიწოებას მოწმობდა. საქმეში ჩახედულთ ეს არ გამოპარვიათ და გამლენს არასოდეს ჰქონია ეროტიკული მხატვრის სახელი. დღეს, თუმცა მხატვარი ჯერ კიდევ ოცდაათი წლისა არ იყო, ეს სიუჟეტები უხსოვარ დროს დახატულებსა ჰგავდა. თვითონ მხატვარი ამ სურათებში მონარქიული გარყვნილებისა და სასახლეების გახრწნილ გავლენას ხედავდა. თავის თავს აყვედრიდა, რომ ამ უბადრუკ ჟანრში გამოიჩინა თავი და მონობით დამცირებული გენია გამოააშკარავა. ახლა, როგორც თავისუფალი ხალხის მოქალაქე, იგი ფართო ხაზებით ხატავდა თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს, საფრანგეთის კონსტიტუციას, რესპუბლიკურ სათნოებებს, ხალხურ ჰერკულესებს[18], რომელნიც ტირანიის ვეშაპებს ანადგურებდნენ; და ამ კომპოზიციებში მთელი თავისი პატრიოტიზმის ვნებათაღელვა შეჰქონდა; მაგრამ, სავალალოდ, ამით პურს ვერ შოულობდა. მხატვრებს ცუდი დრო უდგათ. ეს უეჭველია იმ კონვენტის ბრალი არ იყო, რომელიც ყოველი მხრივ ჯარებს გზავნიდა მეფეების წინააღმდეგ, ამაყად, გულგრილად, შეუდრეკელად იდგა შეთქმული, ორპირი, სასტიკი ევროპის წინააღმდეგ და საკუთარ ხორცს იგლეჯდა საკუთარივე ხელებით. ის ერთსა და იმავე დროს ტერორს მიმართავდა, შეუბრალებელ სამსჯავროს ჰქმნიდა შეთქმულთა დასასჯელად, ამ სამსჯავროს თავისსავე წევრებს აწვდიდა ჩასანთქმელად და ამავე დროს წყნარი და დაფიქრებული იყო, მეგობრობას უწევდა მეცნიერებას და მშვენიერებას, კალენდრის რეფორმას ახდენდა, საგანგებო სკოლებს აშენებდა, მხატვრობისა და ქანდაკების კონკურსს აცხადებდა, ჯილდოებს აწესებდა მხატვრების გასამხნევებლად, წლიურ სალონებს აწყობდა, მუზეუმსა ხსნიდა და, ათენისა და რომის მსგავსად, დიდებულ ხასიათს აძლევდა დღესასწაულებისა და საზოგადოებრივი გლოვის პროცესებს. მაგრამ საფრანგეთის ხელოვნებას, რომელიც ერთ დროს ასე გავრცელებული იყო ინგლისსა, გერმანიასა, რუსეთსა და პოლონეთში, გასავალი აღარა ჰქონდა უცხოეთში. მხატვრობის მოყვარულები, ხელოვნების მცოდნეები, დიდი მემამულეები და ფინანსისტები გაკოტრდნენ, სამშობლოდან გადაიხვეწნენ ან იმალებოდნენ. ადამიანები, რომელნიც რევოლუციამ გაამდიდრა, ეროვნული მამულების შემსყიდველი გლეხები, სპეკულანტები, ჯარების მოიჯარადრეები, პალე-როიალის კრუპიები ჯერ კიდევ ვერ ბედავდნენ თავიანთი სიმდიდრის გამოჩენას და, ყოველ შემთხვევაში, ნაკლებ ზრუნავდნენ მხატვრობისათვის. საჭირო იყო რენიოს სახელი, ანდა ახალგაზრდა ჟერარის მოხერხება, რომ მხატვარს სურათი გაეყიდა. გრეზი, ფრაგონარი, ჰუენი დიდს გაჭირვებაში იყვნენ. პრიუდომი ცოლ-შვილს ძლივს არჩენდა იმით, რომ ხატავდა სიუჟეტებს, რომელთაც შემდეგ კოპია ხეზე ან სპილენძზე კვეთდა. პატრიოტი მხატვრები ჰენეკენი, ვიკარი, ტოპინო-ლებრენი შიმშილობდნენ. გამლენს არ შეეძლო ხარჯების გაწევა სურათისათვის, არ შეეძლო მოდელის დაქირავება და ფერადების ყიდვა და დაუმთავრებლად ტოვებდა თავის დიდი ტილოს, რომელიც წარმოადგენდა „ფურიების მიერ დევნილ მტარვალს ჯოჯოხეთში“. ეს ტილო ატელიეს სანახევროდ ჰფარავდა დაუმთავრებელი და საშინელი ფიგურებით და მრავალი მწვანე გველებით, რომელთაც ორ-ორი წვეტიანი და მოკაუჭებული ენები ჰქონდა გამოყოფილი. პირველ პლანზე, მარცხნით, ჩანდა გამხდარი და მრისხანე ქარონი[19] ნავში, მშვენივრად მოხაზული და ძალოვანად შესრულებული, მაგრამ ცოტა არ იყოს, სკოლის გავლენით ნაგრძნობი. მეტი გენია და ბუნებრიობა ჩანდა მეორე, უფრო პატარა ტილოზე, რომელიც აგრეთვე დაუმთავრებელი ეკიდა უფრო განათებულ კუთხეში. ეს იყო ორესტი[20], რომელსაც მისი და ელექტრა ზეზე აყენებდა ტანჯვის სარეცელზე. ახალგაზრდა ქალი მომხიბლავი მოძრაობით სწევდა განზე გრძელ თმას, რომელიც ძმის თვალებს ფარავდა. ორესტის თავი ტრაგიკული და მშვენიერი იყო და აშკარად წააგავდა მხატვრის სახეს.

      გამლენი ხშირად სევდიანი თვალით უყურებდა ამ კომპოზიციას; ხანდახან ხელები, ხატვის სურვილით ათრთოლებულნი, მიიწევდნენ ფართოდ მოხაზული ელექტრასკენ და უღონოდ ისევ ეცემოდნენ. მხატვარი გაჟღენთილი იყო ენთუზიაზმით, ხოლო მისი სული დიდი საგნებისაკენ მიისწრაფოდა, მაგრამ იძულებული იყო თავისი თავი დაკვეთილ სამუშაოში ამოეწურა, რასაც უნიჭოდ ასრულებდა, იმიტომ რომ იძულებული იყო ვულგარული გემოვნება დაეკმაყოფილებინა; ამას გარდა, არც შეეძლო პატარა ნივთებზე გენიოსის ხასიათი დაეჭდო... იგი ხაზავდა პატარა ალეგორიულ კომპოზიციებს, რისგანაც მისი ამხანაგი დემაი საკმაოდ ლაზათიან შავ, ან ფერად გრავიურებს აკეთებდა, ხოლო შემდეგ ესტამპების[22] ვაჭარი მოქალაქე ბლეზი ყიდულობდა იაფ ფასად ონორეს ქუჩაზე. მაგრამ ესტამპების ვაჭრობა თანდათან უარესდებოდა; ასე ამბობდა ბლეზი, რომელსაც ერთი ხანია არაფრის ყიდვა აღარ უნდოდა.

      ამჯერად გამლენს, რომელიც გაჭირვებამ გონებამახვილი გახადა, თავში ახალი ბედნიერი გამოგონება ჩაესახა. ეს გამოგონება, მისი აზრით, გაამდიდრებდა ესტამპების ვაჭარსაც, გრავიორსაც და მასაც.

      ეს იყო პატრიოტული სათამაშო ქაღალდი, რომელშიც ძველი რეჟიმის მეფეები, ქალები, ვალეტები, შეცვლილი იყო გენიების, თავისუფლებისა და თანასწორობის გამოხატულებით. მხატვარმა უკვე გააკეთა ამ ფიგურების ესკიზები, მრავალი მათგანი კიდეც დაამთავრა და ჩქარობდა, რომ დემაისთვის გადაეცა გრავიურების დასამზადებლად. თვით მას საუკეთესო ფიგურად სამკუთხქუდიანი მოხალისე მიაჩნდა, რომელსაც წითელყოშებიანი ლურჯი ტანისამოსი, ყვითელი შარვალი და შავი გეტრები ეცვა, ყუთზე იყო ჩამომჯდარი და ყუმბარების გროვაზე დაყრდნობილ ფეხებს შუა თოფი ედგა. ეს იყო „გულის მოქალაქე“, რომელმაც „გულის ვალეტი“ შესცვალა. ექვსი თვის განმავლობაში გამლენი დიდი სიყვარულით ხატავდა ასეთ მოხალისეებს. ზოგიერთი გაყიდა კიდეც ენთუზიაზმის დღეებში. მრავალი ესკიზი ატელიეს კედლებზე ეკიდა. ხუთი თუ ექვსი მოხალისე, აკვარელით, გუაშით ან ფერადი ფანქრით დახატული, მაგიდასა და სკამებზე ეყარა. 1792 წლის ივლისში, როცა პარიზის ყველა მოედანზე ფიცარნაგები იმართებოდა ჯარში გაწვეულთა ჩასაწერად, როცა ყვავილებით მორთულ ყავახანებს აზანზარებდა ძახილი „გაუმარჯოს ერს! თავისუფალი სიცოცხლე ან სიკვდილი!“ გამლენს არ შეეძლო ახალ ხიდზე ან ქალაქის რატუშასთან გაევლო ისე, რომ მისი გული არ აძგერებულიყო ბაირაღებიანი ფარდულის დანახვაზე, სადაც შარფიანი მაგისტრალები მოხალისეებს წერდნენ მარსელიეზის ხმაურში, მაგრამ თუ იგი ჯარში წავიდოდა, დედა სრულიად უმწეოდ უნდა დარჩენილიყო.

      ხმამაღლა აქოშინებული მოქალაქე გამლენის ქვრივი ატელიეში შემოვიდა; დედაკაცს ოფლი სდიოდა, გაწითლებულიყო, თრთოდა; წითელი კოკარდა თავსახურავზე ისე ეკიდა, თითქოს ეს არის ჩამოვარდებაო. კალათი სკამზე დადგა, წელში გაიმართა, რათა უკეთ ამოესუნთქა და ჩივილი დაიწყო ცხოვრების გაძვირებაზე.

      მის განსვენებულ ქმარს დანების სახელოსნო ჰქონდა გრენელ სენჟერმენზე „ქალაქ შატელროს“ აბრით; ახლა კი ეს დედაკაცი უბრალო დიასახლისის როლს ასრულებდა და შევიწროვებულად ცხოვრობდა თავის ვაჟთან ერთად. ეს უფროსი იყო მის ორ შვილს შორის. რაც შეეხება მის ქალს ჟიულის, რომელიც წინათ მოდების სამკერვალოში მუშაობდა, უკეთესი იყო, არავის სცოდნოდა თუ რა მოუვიდა მას, ვინაიდან კარგი არ იყო იმის თქმა, ჟიული უცხოეთში გაიქცა ერთ არისტოკრატთან ერთადო.

- ღმერთო მაღალო! - ამოიოხრა დედაკაცმა და შვილს ნაცრისფერი, გამომცხვარი პური უჩვენა. - პურის ფასი მიუწვდომელი გახდა; კიდევ კარგი თუ წმინდა ხორბლის ფქვილისაგან არის. ბაზარში აღარ იშოვება არც კვერცხები, არც მწვანილი, არც ყველი. იმდენ წაბლს ვჭამთ, რომ ლამის წაბლისფერი გავხდეთ.

      ხანგრძლივი დუმილის შემდეგ მან ხელახლა დაიწყო: - ქუჩაში ქალები ვნახე, მათ არაფერი ჰქონდათ ბავშვების გამოსაკვებად. დიდი გაჭირვება დაატყდა საბრალო ქვეყანას და ასე დარჩება, სანამ ვაჭრობა არ აღდგება.

- დედაჩემო, - უპასუხა გამლენმა და წარბები შეიჭმუხნა, - ჩვენი გაჭირვება გამოწვეულია სპეკულანტებისა და ჩარჩების მიერ, რომელნიც ხალხს ამშევენ, რათა რესპუბლიკა მოქალაქეებს შეაძულონ და თავისუფლება მოსპონ. ისინი უთანხმდებიან გარეშე მტერს. აი, საით არის მიმართული ბრისოს მომხრეების შეთქმულება, პესიონის და როლანის ღალატი! დიდი ბედნიერება იქნება, თუ შეიარაღებული ფედერალისტები პარიზში არ შემოიჭრნენ პატრიოტების დასახოცავად, რომელთაც, მათი აზრით, შიმშილი საკმაოდ ჩქარა ვერ სპობს; დაგვიანება აღარ შეიძლება: ფქვილს ნიხრი უნდა დაედოს და გილიოტინაზე გაიგზავნოს ვინც სანოვაგეზე სპეკულაციას ეწევა, აჯანყებას აწყობს, ან უცხოელებს უთანხმდება. კონვენტმა საგანგებო ტრიბუნალი შექმნა შეთქმულთა გასამართლებლად. ის პატრიოტებისგან შედგება; მაგრამ საკმაო ენერგია ექნებათ თუ არა მის წევრებს სამშობლოს დასაცავად მრავალრიცხოვანი მტრების წინააღმდეგ? დავენდოთ რობესპიერს: იგი სათნოებით არის აღსავსე. ყველაზე მეტად მარატს დავენდოთ: იმას ხალხი უყვარს, ხალხის ნამდვილ ინტერესებს ხედავს და ემსახურება. იგი პირველია, რომელიც ნიღაბს აცლის გამცემლებს, ფარდას ხდის შეთქმულებას. იგი მოუსყიდველი და უშიშარია. მხოლოდ მარატს შეუძლია რესპუბლიკა იხსნას საფრთხის დროს.

      გამლენის ქვრივმა თავი გაიქნია, ისე რომ დონდლოდ მიმაგრებული კოკარდა ძირს ჩამოუვარდა. - კმარა, ევარისტ! შენი მარატი ისეთივე ადამიანია, როგორც სხვები და მათ არაფრით სჯობს. შენ ახალგაზრდა ხარ და ილუზიები გაქვს; რასაც დღეს მარატის შესახებ ამბობ, წინათ მირაბოსა, ლაფაიეტისა, პესიონისა, ბრისოს შესახებ გითქვამს.

- არასოდეს! - წამოიძახა გამლენმა გულწრფელი გულმავიწყობით.

      დედაკაცმა შეუღებავი ხის მაგიდის ერთი კუთხე გაათავისუფლა ქაღალდებისა, წიგნებისა, ფუნჯებისა და ფანქრებისაგან და ფაიფურის საწვნე, ორი სპილენძის თეფში, ორი რკინის ჩანგალი, შავი პური და ჭაჭის ნახადით სავსე ქოთანი დაალაგა. ვაჟი და დედამისი პურს ჩუმად სჭამდნენ; სადილი ღორის ქონის პატარა ნაჭრით დაამთავრეს. დედას თავისი ნაჭერი პურზე დაედო, ჯიბის დანით სჭრიდა და უკბილო ყბით მოწიწებით სცოხნიდა, როგორც ამ ძვირფას საზრდოს შეეფერებოდა. მან საუკეთესო კერძი შვილს დაუტოვა, ეს უკანასკნელი კი ოცნებობდა და გონებაგაფანტული იყო.

- ჭამე, ევარისტ, - ეუბნებოდა დედაკაცი დროგამოშვებით, - ჭამე.

      და ეს სიტყვა მის პირში რელიგიური მცნების სიმძიმეს ღებულობდა.

      მან ხელახლა დაიწყო მოთქმა ცხოვრების გაძვირების შესახებ. გამლენმა ხელახლა ნიხრის შემოღება მოითხოვა, როგორც ერთადერთი წამალი ამ უბედურების წინააღმდეგ. დედაკაცმა თქვა: - ფული აღარ არის. ემიგრანტებმა ყოველივე წაიღეს. აღარც ნდობა არის. სასოწარკვეთილი მდგომარეობაა.

- გაჩერდით, დედაჩემო, გაჩერდით! - წამოიძახა გამლენმა. - რას ნიშნავს ჩვენი ნაკლებობა, ჩვენი წუთიერი ტანჯვა! რევოლუცია საუკუნეებით გააბედნიერებს ადამიანის მოდგმას.

      დედაკაცმა პური ჩააწო ღვინოში; მისი სული თითქოს განათლდა: მან ღიმილით მოიგონა თავისი ახალგაზრდობა, როცა მინდორში ცეკვავდა მეფის დღეობის გამო; მას გაახსენდა აგრეთვე ის დღე, როცა ჟოზეფ გამლენმა, პროფესიით დანების ხელოსანმა, ის ცოლად ითხოვა. და დედაკაცი დაწვრილებით მოჰყვა, თუ როგორ მოხდა ეს ამბავი. დედამ მითხრა: „ჩაიცვი, ჩვენ მივდივართ გრევის მინდორზე, ბატონ ბიენასიზის საოქრომჭედლო მაღაზიაში, უნდა ვუყუროთ, როგორ დასჯიან სიკვდილით დამიენს“[28]. ძალიან გასჭირებოდათ გზის გაკაფვა ცნობისმოყვარე ბრბოში. ბ. ბიენასიზის მაღაზიაში ახალგაზრდა ქალმა ჟოზეფ გამლენი დაინახა, რომელსაც მშვენიერი ვარდისფერი ტანისამოსი ეცვა და მაშინვე მიხვდა, საით უმიზნებდა ეს კაცი. მთელი ხნის განმავლობაში, როცა ქალი ფანჯარასთან იდგა და უცქეროდა თუ როგორ სტანჯავდნენ დამნაშავეს მარწუხებით, თავზე ასხამდნენ გამდნარ ტყვიას, გლეჯდნენ ოთხი ცხენის შემწეობით და ცეცხლში აგდებდნენ, ბ. ჟოზეფ გამლენი ქალის უკან იდგა და შეუჩერებლივ კომპლიმენტებს ეუბნებოდა ფერის, თმის ვარცხნილობისა და ტანის მოყვანილობის შესახებ.

      დედაკაცმა გამოსცალა თავისი ჭიქა და განაგრძო წარსულის მოგონება.

- მე შენ უფრო ადრე გშობე, ევარისტ, ვიდრე ველოდი, იმიტომ, რომ ორსულობის დროს, ახალ ხიდზე, დიდი შიში ვნახე; ცნობისმოყვარეთა ბრბომ, რომელიც ბ. დე ლალის დასჯის სანახავად მირბოდა, კინაღამ წამაქცია. ისეთი პატარა იყავი, რომ დოსტაქარს არც ეგონა თუ იცოცხლებდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, ღმერთი მოწყალებას მოიღებდა და შენ თავს შემინარჩუნებდა. აღგზარდე შეძლებისამებრ, არ ვზოგავდი არც მზრუნველობას, არც ხარჯებს. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, ჩემო ევარისტ, რომ შენ მადლიერი გული გქონდა და ბავშვობიდანვე ცდილობდი შეძლებისამებრ ჩემთვის სამაგიერო გეზღო. ბუნებით მგრძნობიარე და წყნარი ხარ. არც შენს დას ჰქონდა ცუდი გული, მაგრამ ეგოისტი და მკაცრი იყო. უბედური ადმიანები შენ უფრო გებრალებოდა, ვიდრე მას. როცა უბნის ცუღლუტი ბიჭები ჩიტებს ბუდეებს უნგრევდნენ, შენ ცდილობდი მათთვის ბარტყები წაგერთმია და დედისთვის დაგებრუნებია და ხშირად ამისთვის სასტიკად გცემდნენ და ფეხით გთელავდნენ ხოლმე. როცა შვიდი წლისა იყავი, იმის მაგივრად, რომ ცუდი ყოფაქცევის ბავშვებთან გეჩხუბნა, ქუჩაში მშვიდობიანად დადიოდი და კატეხიზმოს იმეორებდი; და სახლში მოგყავდა მათხოვრები, რომელთაც ქუჩაში ხვდებოდი, სანამ მე იძულებული არ გავხდი გამელახე, რათა ამ ქცევას გადამეჩვიე. შენ არ შეგეძლო ვინმეს ტანჯვა დაგენახა ისე, რომ ცრემლები არ დაგეღვარა. როცა ზრდა დაამთავრე, შესახედავად მშვენიერი გახდი. ძალიან მაკვირვებდა, რომ თითქო არც ამჩნევდი ამ გარემოებას და ამ მხრივ დიდად განსხვავდებოდი სხვა ლამაზი ყმაწვილებისაგან, რომელნიც კეკლუცობენ და თავი მოაქვთ თავიანთი გარეგნობით.

      ბებერი დედა მართალს ამბობდა; როცა ევარისტი ოცი წლის გახდა, მას სერიოზული და სანდომიანი სახე ჰქონდა, მკაცრი და ქალური სილამაზე ერთსა და იმავე დროს, მინერვას ნაკვთები. ახლა მისი ჩაბნელებული თვალები და ფერმკრთალი ლოყები სევდიან და ვნებიან სულს ააშკარავებდნენ, მაგრამ როცა დედას შეხედა, მისმა გამომეტყველებამ ერთის წუთით ბავშვური სინაზე გამოხატა. დედაკაცმა განაგრძო: - შენ შეგეძლო შენი უპირატესობა გამოგეყენებინა და ქალებისათვის გედევნა, მაგრამ არჩიე ჩემთან დარჩენილიყავი. ხშირად თვითონ გიშორებდი კალთიდან, რათა ამხანაგებში გართობილიყავი. ჩემი საფლავის კარამდე გიმოწმებ, რომ შენ, ევარისტ, გულკეთილი შვილი ხარ. მამაშენის სიკვდილის შემდეგ ვაჟკაცურად შემომიდექი მხრებში; თუმცა პროფესია არაფერს გაძლევს, ჩემთვის არაფერი მოგიკლია, და თუ დღეს ორივენი შეუძლონი და საბრალონი ვართ, ამისთვის საყვედურს ვერ გეტყვი: ამის მიზეზი რევოლუცია არის.

      ვაჟმა ხელი გააქნია საყვედურის ნიშნად, მაგრამ დედაკაცმა მხრები აიწია და განაგრძო: - მე არა ვარ კეთილშობილი. დიდებულებს კარგად ვიცნობდი მათი ძლიერების ხანაში და შემიძლია ვთქვა, ისინი ბოროტად სარგებლობდნენ თავიანთ პრივილეგიებს. მე მინახავს, როგორ სცემა ჯოხით მამაშენს მთავარ კანალეის ლაქიამ, იმიტომ რომ დროზე უკან არ დაიხია მისი ბატონის გავლის დროს. მე არ მიყვარდა ავსტრიელი მეფის ქალი: მეტად ამაყი იყო და ბევრს ფლანგავდა. რაც შეეხება მეფეს, გულკეთილი მეგონა და საჭირო იყო მისი პროცესი და დასჯა, რომ აზრი შემეცვალა. ძველს რეჟიმს არ მივტირი, თუმცა იმ დროს რამდენიმე სასიამოვნო წუთი გავატარე. მაგრამ ნუ მეტყვი, რევოლუცია თანასწორობას დაამყარებსო, იმიტომ რომ, ადამიანები არასოდეს არ იქნებიან თანასწორნი; ეს შეუძლებელია და ქვეყანა რამდენჯერმეც რომ გადაატრიალონ, ყოველთვის დარჩებიან დიდები და პატარები, მსუქნები და გამხდრები. ლაპარაკის დროს დედაკაცი ჭურჭელს ალაგებდა. მხატვარი აღარ უსმენდა: ის ეძებდა სანკიულოტის სილუეტს, წითელჩაჩიანსა და კარმანიოლში გამოწყობილს, რომელსაც უარყოფილი ყვავის ვალეტი უნდა შეეცვალა. კარზე დააკაკუნეს. შემოვიდა სოფლელი ქალი, ჩასუქებული, მოწითალო, ფეხმონგრეული; მარცხენა თვალზე ლიბრი ჰქონდა. მარჯვენა თვალი ისე უფერულად ლურჯი იყო, რომ თითქმის თეთრსა ჰგავდა; სქელ ტუჩებშუა კბილები მოუჩანდა. გამლენს ჰკითხა, თქვენა ხართ თუ არა მხატვარი და შეგიძლიათ თუ არა ჩემი საქმროს, არდენის არმიის მოხალისის, ფერანის (ჟიულის) სურათი დახატოთო?

      გამლენმა უპასუხა, ამ სურათს სიამოვნებით დავხატავ მამაცი მხედრის დაბრუნებისასო. ქალმა ნაზად სთხოვა, ეს ახლავე შეესრულებინა.

      მხატვარმა ძალაუნებურად ჩაიცინა და უპასუხა, არაფერი შემიძლია უმოდელოდო.

      საბრალო ქალმა არაფერი უპასუხა; მან არ იცოდა, თუ ასეთი დაბრკოლება არსებობდა. ის უმოძრაოდ იდგა თავდახრილი, მუცელზე ხელებდაკრეფილი და სდუმდა; ეტყობოდა, განადგურებული იყო მწუხარებით. მხატვარი ააღელვა და გააკვირვა ასეთმა გულუბრყვილობამ და, რათა საბრალო შეყვარებული ქალი ცოტათი მაინც დაეშოშმინებია, ხელში ჩაუდო ერთი იმ მოხალისეთაგანი, რომელიც აკვარელით ჰქონდა დახატული; შემდეგ ჰკითხა, მისი საქმრო ასეთი შესახედაობისა იყო თუ არა. ქალი ქაღალდს ჩააშტერდა თავისი სევდიანი თვალებით, რომელიც ნელ-ნელა გამოცოცხლდა, შემდეგ განათდა და ბოლოს გაბრწყინდა; ფართო სახე გაუმხიარულდა.

- სულ იმასა ჰგავს, - თქვა მან ბოლოს; - ეს ნამდვილი ფერანია (ჟიული), პირწავარდნილი ფერანია.

      სანამ მხატვარი ქაღალდის უკან გამორთმევას მოისაზრებდა, ქალმა ის თავისი დიდი წითელი თითების შემწეობით ფრთხილად შეკეცა, სულ პატარა ოთხკუთხედი გააკეთა, გულზე დაიდო კორსაჟსა და პერანგს შუა, მხატვარს ხუთლივრიანი ასიგნაცია მისცა, საღამო მშვიდობისა უსურვა და გარეთ გავიდა კოჭლობით, მაგრამ მსუბუქად.

3

      ნასადილევს ევარისტი მოქალაქე ჟან ბლეზთან გაემგზავრა, ესტამპების გამყიდველთან, რომელიც ონორეს ქუჩაზე ვაჭრობდა ორატორიის პირდაპირ, პოსტის მახლობლად. „მხატვარი ამურის“ აბრით და აგრეთვე კოლოფებსა, კარტონაჟებსა და ყოველგვარ სათამაშოებს ჰყიდდა. მაღაზია მოთავსებული იყო ერთ ძველ სახლში. მის თაღზე რქიანი ნიღაბი იყო გამოსახული. ამ თაღის რკალქვეშ, ზეთის ფერადებით, ბუშეს კომპოზიციის მიხედვით, დახატული იყო „სიცილიელი ანუ მხატვარი ამური“, რომელიც ჟან ბლეზის მამამ შეასრულებინა 1770 წელს და შემდეგ სანახევროდ მზესა და წვიმას წაეშალა. კარის ორივე მხრიდან მაღალმინებიან ფანჯრებში, რომელთაც ზემოდან ნიმფების თავები დასცქეროდნენ, გამოფენილი იყო მოდური ესტამპები და ახალთახალი ფერადიანი გრავიურები. დღეს იქ ნახავდით ბუაის მიერ, ცოტა არ იყოს, მშრალი გრაციით შესრულებულ სააშიკო სცენებს, „ცოლქმრული სიყვარულის გაკვეთილებს“ და „ქალის ნაზ წინააღმდეგობას“, რომელნიც სასკანდალოდ მიაჩნდათ იაკობინელებს, ხოლო ნაღდ რევოლუციონერებს დასაბეზღებლად მიჰქონდათ ხელოვნებათა საზოგადოებაში; შემდეგ ნახავდით დებიუკურის „საზოგადოებრივ სეირნობას“, სადაც ყვითელშარვლიანი კავალერი იყო დახატული, ახალგაზრდა კარლ ვერნეს ცხენებს, აეროსტატებს, „ვირგინიის ბანაობას“ და ანტიკური ნიმუშების მიხედვით შესრულებულ ფიგურებს.

      მოქალაქეების ტალღა შეუჩერებლად მიედინებოდა მაღაზიის წინ: ღატაკები უფრო დიდხანს ჩერდებოდნენ ორ მშვენიერ ვიტრინასთან, ერთობოდნენ, ცდილობდნენ თვალებით მაინც ეგემნათ ამ ქვეყნიერების სიკეთე; ისინი სურათებს პირდაღებულნი უცქეროდნენ და აღტაცებულნი იყვნენ, ხოლო არისტოკრატები ცალ თვალს ავლებდნენ, წარბებს იჭმუხვნიდნენ და თავიანთი გზით მიდიოდნენ.

      ევარისტმა თვალები მიაპყრო ერთს ფანჯარას, რომელიც მაღაზიას ზემოდან გადმოჰყურებდა, მარცხნივ; ამ ფანჯარაში წითელი მიხაკების ქოთანი იდგა, ლოკოკინის ნიჟარივით მოყვანილი, რკინის აივნის უკან. ეს ფანჯარა ანათებდა ჟან ბლეზის ქალის, ელოდის ოთახს. ესტამპების ვაჭარს თავისი ერთადერთი ქალიშვილითურთ სახლის მთელი სართული ეჭირა მაღაზიის ზემოთ.

      ევარისტი ერთი წუთით „მხატვარი ამურის“ წინ გაჩერდა სულის მოსათქმელად და კარი შეაღო. მან დაინახა მოქალაქე ელოდი, რომელსაც გრავიურები გაეყიდა, ორი კომპოზიცია ფრაგონარის შვილისა და ნეჟონისა, მზრუნველობით არჩეული სხვა მრავალთა შორის ქალს ხელში ეჭირა მიღებული ქაღალდის ფული და ერთი მეორის მიყოლებით თავისი მშვენიერი თვალებით სინათლეზე სინჯავდა, იმიტომ რომ აღებმიცემობაში იმდენივე ყალბი ფული ტრიალებდა, რამდენიც ნამდვილი, რაიცა დიდად აფერხებდა ვაჭრობას.

      როგორც წინათ მეფის ხელის მოწერის წამბაძველებს, ისე ახლა ყალბი ფულის მჭრელებს სიკვდილით სჯიდნენ; ამისდა მიუხედავად, ყოველ სარდაფში ქაღალდის ფულის დაზგას პოულობდნენ; შვეიცარიელებს მილიონობით შემოჰქონდათ ყალბი ასიგნაციები: მთელი პაკეტები იხარჯებოდა დუქნებში; ინგლისელებს ყოველდღე ყალბი ფულით გატენილი ტომრები გამოჰქონდათ საფრანგეთის ნაპირებზე და რესპუბლიკის კრედიტის განადგურებასა და პატრიოტების გაღატაკებას ცდილობდნენ. ელოდის ეშინოდა ყალბი ქაღალდის ფულის მიღებისა, კიდევ უფრო ეშინოდა, რომ ამას ვერ შეამჩნევდა და მას პიტის[32] თანამოაზრედ გამოაცხადებდნენ; თუმცა თავის ბედს ენდობოდა და სჯეროდა, რომ ყველა შემთხვევაში თავს დაიხსნიდა. ევარისტმა ქალს შეხედა მჭმუნვარე თვალებით, რომელნიც ყოველ ღიმილზე უკეთ გამოხატავენ სიყვარულს. ქალმა მხატვარი, ცოტა არ იყოს, დამცინავი ტუჩებისა და შავი თვალების მოძრაობით აათვალიერა; ეს მოძრაობა იმას გამოხატავდა, რომ ქალი გრძნობდა, იგი უყვარდათ, მაგრამ ეს სრულიად საწყენად არ მიაჩნდა; ისიც იცოდა, რომ ასეთი გამომეტყველებით გააღიზიანებდა ყოველ შეყვარებულს, მის აღსარებას გამოიწვევდა და სიყვარულს გამოამჟღავნინებდა, თუ ჯერ კიდევ გამჟღავნებული არა ჰქონდა, როგორც, მაგალითად, ამ შემთხვევაში იყო.

      ქალმა ასიგნაციები სალაროში ჩააწყო, სამუშაო კალათიდან თეთრი შარფი ამოიღო და ქარგვას შეუდგა. ის მუყაითი და კეკლუცი იყო და რადგან, ინსტინქტურად, ნემსს თავის მოსაწონებლად იყენებდა და თავის სამკაულის გასაკეთებლადაც, სხვადასხვანაირად ქსოვდა მაყურებლის მიხედვით: ხალვათად ჰქარგავდა იმათთვის, ვისთვისაც ტკბილი კაეშანი უნდოდა ეგრძნობინებინა; ჭირვეულად მუშაობდა იმათ წინაშე, ვინც, ცოტა არ იყოს, სასოწარკვეთილს მდგომარეობაში უნდა ჩაეგდო. ახლა ევარისტისთვის ბეჯითად დაიწყო ქარგვა, რადგან უნდოდა მისთვის სერიოზული გრძნობა ჩაეგონებინა. ელოდი არც ძლიერ ახალგაზრდა იყო და არც ძლიერ ლამაზი. პირველი შეხედვით უშნოდაც გეჩვენებოდათ. ის იყო შავგვრემანი, თავზე წაკრული ჰქონდა დიდი თეთრი თავსაკრავი, საიდანაც შავი თმის ლურჯად მოელვარე კულულები მოჩანდა. თვალები ნაკვერჩხალივით უბრწყინავდა. მრგვალ, მომღიმარ, ფართო, ცოტა არ იყოს, ცხვირპაჭუა, უხეშ და ვნებიან სახეზე მხატვარი ამჩნევდა მსგავსებას ბორგეზეს ფავნის[33] თავთან, მის ღვთაებრივ სიანცესთან. თხელი ღინღლი აძლიერებდა მისი ტუჩების სიცხოველეს. მკერდი თითქო გაჟღენთილი იყო ალერსით და ბაფთებმოყოლებულ ზედატანს ათრთოლებდა. მას ჰქონდა მოქნილი წელი, ჩამოსხმული ფეხები და მთელი მისი სხეული ამოძრავებული იყო ველური და წარმტაცი გრაციით. მისი შეხედვა, სუნთქვა, კანის მთრთოლვარება, მთელი მისი არსება გულს მოუწოდებდა და სიყვარულს აღუთქვამდა. მაღაზიის დახლთან ელოდი იწვევდა ცეკვის ნიმფის იდეას ან ოპერის ბაქხური ქალისას, რომელსაც ფოცხვერის ტყავი განძარცოდა, ყავარჯენი და დაფნის გვირგვინი წართმეოდა და შარდენის უბრალო დიასახლისის გარეგნობა მიეღო რაღაც ჯადოქრობის წყალობით. - მამაჩემი შინ არ არის, - უთხრა ქალმა მხატვარს; - დაუცადეთ ერთი წუთით; დაიგვიანებს.

      მისი პაწია ხელი მარდად უყრიდა ნემსს ბატისტში.

- მოგწონთ თუ არა ნაქარგის სახეები, ბატონო გამლენ?

      გამლენს არ შეეძლო პირფერობა, ხოლო სიყვარული მის გამბედაობასთან ერთად მის გულწრფელობასაც აძლიერებდა; - თქვენ მარჯვედ ჰქარგავთ, მოქალაქევ, მაგრამ თქვენ სახეებს აკლია უბრალოება, სიმკაცრე და უფრო იმ ყალბ გემოვნებას შეეფერება, რომელიც წინათ არსებობდა საფრანგეთში ქსოვილის, ავეჯისა და კედლის დეკორაციის ხელოვნებაში; ეს ბაფთები, ეს ყვავილები იმ მშრალ და უძლურ სტილს გვაგონებს, რომელიც ტირანიის დროს იყო გაბატონებული. გემოვნება ახლდება. სამწუხაროდ, ჩვენ შორიდან დავიწყეთ. ურცხვი ლუი XV დროს დეკორაციას რაღაც ჩინური ელფერი ჰქონდა. ვაკეთებდით რაღაც დიდმუცლიან, მოგრეხილხელებიან კომოდებს, რომელნიც დღეს მხოლოდ ბუხრის გასათბობად თუ გამოადგებიან პატრიოტებს. მხოლოდ უბრალოებაა მშვენიერი. უნდა დავუბრუნდეთ ანტიკურ სტილს. დავიდი საწოლებსა და სავარძლებს ეტრუსკული ლარნაკებისა და ჰერკულანუმის[36] სურათების მიხედვით ხატავს.

- მინახავს ეს მშვენიერი საწოლები და სავარძლები, - თქვა ელოდიმ. - ჩქარა სხვანაირს არავინ შეხედავს. თქვენსავით მეც ვაღმერთებ ანტიკურ სტილს.

- მოქალაქე ელოდი, - უპასუხა ევარისტმა: - თქვენ რომ ეს შარფი ბერძნულ სტილზე შეგემკოთ, დაფნის ფოთლებით, გველებით ან გადაჭდობილი ისრებით, ის ღირსი იქნებოდა სპარტანელი ქალისა და... თქვენი; მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ეს ნაყში შეინარჩუნოთ, მხოლოდ გაამარტივეთ და სწორხაზოვანი გახადეთ.

      ქალმა ჰკითხა, რის მოშორებაა საჭიროო. ვაჟმა შარფს დახედა: მისი ლოყები შეეხო ელოდის კულულებს. მათი ხელები გადაიჭდნენ ბატისტის ქვეშ, მათი სუნთქვა შეერთდა. ევარისტი ამ წუთში უსაზღვრო სიხარულს გრძნობდა; მაგრამ როცა თავის ტუჩებთან ელოდის ტუჩები იგრძნო, შეეშინდა, ახალგაზრდა ქალისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინა და უცებ უკან დაიხია.

      მოქალაქე ბლეზის ქალს უყვარდა ევარისტ გამლენი. საუცხოო მამაკაცად თვლიდა მისი დიდი მწველი თვალებისა, მშვენიერი მოგრძო სახისა, ფერმიხდილობისა და ხშირი შავი თმისთვის, რომელიც ორად იყო გაყოფილი და მხრებზე სცემდა; მოსწონდა აგრეთვე მისი თავდაჭერილობა, ოდნავ ცივი გარეგნობა, სიმკაცრე, მტკიცე ლაპარაკი, რომელიც მოკლებული იყო პირფერობას. და რადგან ქალს ვაჟი უყვარდა, ეგონა დიდი მხატვრის ნიჭით არის დაჯილდოებული, ერთ დღეს იფეთქებს შედევრის სახით და მაშინ კიდევ უფრო შევიყვარებო. ბლეზის ქალი არ იყო მამაკაცური მორცხვობის თაყვანისმცემელი, მისი მორალი შეურაცხყოფილი არ იქნებოდა, თუ მამაკაცი თავის ვნებათაღელვას, გემოვნებას და სურვილებს დაემორჩილებოდა. მას უყვარდა ევარისტი, რომელიც უმანკო იყო, მაგრამ უყვარდა არა იმისთვის, რომ უმანკო იყო. ქალი ფიქრობდა. ეს ერთგვარ უპირატესობას წარმოადგენს, რადგან მომავალში ეჭვიანობისა და მოქიშპეებისაგან გამათავისუფლებსო.

      ყოველ შემთხვევაში, ამ წუთში ქალმა იფიქრა, ევარისტი, ცოტა არ იყოს, ზედმეტ თავდაჭერილობას იჩენსო. თუ რასინის არისია, რომელსაც იპოლიტე უყვარდა, თაყვანს სცემდა ახალგაზრდა გმირის მკაცრ სათნოებას, მას იმედი ჰქონდა, რომ ბოლოს მაინც გაიმარჯვებდა, და უთუოდ შედრკებოდა, იპოლიტე რომ ბოლომდე შეუდრეკელი აღმოჩენილიყო. როგორც კი ამ ქალმა შემთხვევა იშოვა, თავისი სიყვარული გამოამჟღავნა სანახევროდ, რათა იპოლიტე აეძულებინა ყოველივე ეთქვა. ამ ნაზი არისიის მსგავსად, ბლეზის ქალს სწამდა, სიყვარულში ქალმა უნდა თქვას პირველი სიტყვაო. ის თავის გულში ამბობდა: „ვისაც უფრო ძლიერ უყვარს, უფრო მშიშარაა. მას დახმარება და გამხნევება სჭირია: სხვათა შორის, ასეთი მამაკაცის გულწრფელობა ისეთია, რომ ქალს შეუძლია ნახევარი გზა განვლოს, ნახევარზე მეტიც, ისე, რომ მამაკაცი ვერც კი ამჩნევს და ჰგონია, რომ გაბედულ შეტევას აწარმოებს ქალის წინააღმდეგ და დამპყრობელის სახელს იძენს“. ელოდი დამშვიდებული უცდიდა საქმის დასასრულს. ქალმა ნამდვილად იცოდა, რომ ევარისტს, სანამ მას რევოლუცია გმირად გახდიდა, ძალიან ადამიანურად უყვარდა ერთი ქალი, სრულიად უბრალო არსება, აკადემიის კარის მცველი.

      ელოდი სრულიადაც არ იყო გულუბრყვილო და ესმოდა, რომ ხვადასხვაგვარი სიყვარული არსებობს, მისი გრძნობა ევარისტისადმი იმდენად ღრმა იყო, რომ მას აზრად ჰქონდა მასთან დაეკავშირებია თავისი ცხოვრება. მზად იყო ცოლად გაჰყოლოდა, მაგრამ ეგონა, მამაჩემი არ დათანხმდება თავისი ერთადერთი ქალი მიათხოვოს უცნობ და ღარიბ მხატვარსო. გამლენს არაფერი ებადა, ესტამპების ვაჭარი კი დიდ ფულს ატრიალებდა. „მხატვარი ამური“ დიდ მოგებას იძლეოდა, ბირჟაზე თამაში კიდევ უფრო მეტს და, ამას გარდა, მოქალაქე ბლეზი ამხანაგად იყო ერთ მოიჯარადრესთან, რომელიც რესპუბლიკის ცხენოსან ჯარს თივის მაგივრად სელს და დასველებულ ქერს აწვდიდა. ბოლოს, სენ დომინიკოს ქუჩის ხელოსნის შვილი პატარა პიროვნება იყო ესტამპების გამომცემლის წინაშე, რომელიც მთელ ევროპაში იყო ცნობილი, დანათესავებული იყო ბლეზებთან, ბაზანებთან, დიდოებთან და ხშირად დადიოდა მოქალაქე სენ-პიერსა და ფლორიანთან. როგორც მორჩილ ქალს, მას მამის დასტური აუცილებლად მიაჩნდა საკუთარი ოჯახის მოსაწყობად. მამამისი, ნაადრევად დაქვრივებული, ხარბი და თავქარიანი ადამიანი, ქალების მიმდევარი, საქმოსანი, არასოდეს არ დაინტერესებულა თავისი ქალიშვილით, თავისუფლად ზრდიდა მას, არც რჩევას აძლევდა, არც მეგობრობას სთავაზობდა და ცდილობდა ნაკლებ შეეწუხებია თავი მისი ყოფაქცევის გამო; როგორც ქალების მცოდნე, მოქალაქე ბლეზი აფასებდა მის ფიცხელ ტემპერამენტს და სხვა მომხიბლავ თვისებებს, რომლებიც უფრო ძლიერია, ვიდრე ლამაზი სახე. ქალი იმდენად სულგრძელი იყო, რომ სიყვარულში თავის თავს არ დაზოგავდა, ამასთანავე იმდენად ჭკვიანი, რომ თავის თავს არ დაღუპავდა; იგი გონიერი იყო სიგიჟეში და სიყვარულის მადა არასოდეს არ ავიწყებინებდა სოციალური რიგიანობის საზღვრებს. მამა მეტად კმაყოფილი იყო მისი გონიერებით; რადგან ქალმა მისგან მემკვიდრეობით მიიღო კომერციული ნიჭი და საქმიანობის სიყვარული, იგი არ ეძებდა საიდუმლო მიზეზებს, რაც ამ მოწიფულ ქალის გათხოვებას აგვიანებდა და ოჯახში სტოვებდა, სადაც ერთი შინამოსამსახურის და ოთხი ნოქარის საქმეს მაინც აკეთებდა. ოცდაშვიდი წლის ქალი თავის თავს იმდენად მომწიფებულად და გამოცდილად თვლიდა, რომ საჭიროდ აღარ მიაჩნდა თავისი ახალგაზრდა, თავქარიანი და გონებადაბნეული მამისთვის რჩევა ეკითხა, ან მის ნებაზე ევლო. მაგრამ თუ ბატონ ბლეზს უნდოდა, რომ ქალი გამლენზე გათხოვილიყო, საჭირო იყო, რომ მას ეზრუნა თავისი სიძის ბედისთვის, სამუშაო მიეცა მისთვის, როგორც სხვა მხატვრებს აძლევდა, ერთი სიტყვით, ასე თუ ისე, ცხოვრების სახსარი შეექმნა; ეს კი ელოდის შეუძლებლად მიაჩნდა: მამა არაფერს შესთავაზებდა, ევარისტი არაფერს მიიღებდა, იმდენად ნაკლებ თანაუგრძნობდა ერთმანეთს ეს ორი ადამიანი.

      ეს დაბრკოლება აფერხებდა გულთბილ და გონიერ ელოდის. მას არ ეშინოდა იმ აზრისა, რომ თავის მეგობარს ფარულად შეუკავშირდებოდა და ბუნების შემოქმედს თავიანთ აღთქმის ერთადერთ მოწმედ გახდიდა. მისი ფილოსოფია არ ძრახავდა ასეთ კავშირს, მით უმეტეს, რომ დამოუკიდებელ ცხოვრებას ატარებდა, ხოლო ევარისტს პატიოსანი და სათნო ხასიათი ჰქონდა; მაგრამ გამლენს უჭირდა თავის თავის და მოხუცი დედის შენახვა; ასეთ შევიწროებულ მდგომარეობაში თითქოს ადგილი აღარ რჩებოდა თვით უბრალო ბუნებრივი სიყვარულისათვისაც. ამას გარდა, ევარისტს მისთვის არც თავისი გრძნობები გამოუცხადებია, არც თავისი ზრახვები გაუნაწილებია. მოქალაქე ბლეზის ქალს იმედი ჰქონდა, ვაჟს ვაიძულებ თავისი სიტყვა თქვას ცოტა ხნის განმავლობაშიო.

      ქალმა უცებ შეაჩერა თავისი აზრების მიმდინარეობა და თავისი ნემსი: - მოქალაქე ევარისტ, - თქვა მან, - ეს შარფი მე მხოლოდ იმდენად მომეწონება, რამდენადაც თქვენ მოგწონთ. გთხოვთ მოდელი დამიხატოთ. მანამდე კი მე, როგორც პენელოპე, დავარღვევ, რაც უთქვენოდ მომიქარგავს.

      ვაჟმა პირქუში ენთუზიაზმით უპასუხა: - ვეცდები, მოქალაქის ასულო; დაგიხატავთ ჰარმოდიუსის მახვილს - ან ხანჯალს ყვავილების წნულში.

      შემდეგ ფანქარი ამოიღო და მახვილების და ყვავილების ესკიზები გააკეთა თავისი საყვარელი ფხიზელი და მკაცრი სტილის მიხედვით. ხატვის დროს თავის შეხედულებებს ავითარებდა. - აღორძინებულმა ფრანგის ხალხმა უნდა უარყოს ყოველივე, რაც მონობის მიერ არის ნაანდერძევი: ყალბი გემოვნება, ყალბი ფორმა, ყალბი მოხაზულობა; ვატო, ბუშე, ფრაგონარი მტარვალებისა და მონებისათვის მუშაობდნენ. მათ ნახატებში არ არის არც კარგი სტილის გრძნობა, არც სუფთა ხაზის წარმოდგენა; მათში წილი არ უძევს არც ბუნებრიობას, არც ჭეშმარიტებას. ყოველგან ნიღბები, ტიკინები, ჩვრები, მანჭვა-გრეხაა, მომავალი თაობა ზიზღით მოიხსენიებს ამ ფრივოლურ ნახატებს. ას წელიწადში ვატოს სურათები განადგურდება სარდაფებში; 1893 წელს მოწაფეები თავიანთი ეტიუდებით დაჰფარავენ ბუშეს ტილოებს. დავიდმა ახალი გზა გაჰკაფა: ის ანტიკურ სტილს უახლოვდებოდა; მაგრამ იგი კიდევ საკმაოდ უბრალო, საკმაოდ დიადი, საკმაოდ მკაცრი არ არის. ჩვენმა მხატვრებმა ჯერ კიდევ ბევრი საიდუმლოება უნდა შეისწავლონ ჰერკულანუმის ფრესკოებისა, რომაული ბარელიეფებისა, ეტრუსკების ჭურჭლისაგან.

      მან დიდხანს ილაპარაკა ანტიკურ სილამაზეზე, შემდეგ ფრაგონარს დაუბრუნდა, რომელსაც დაუცხრომელი სიძულვილით სდევნიდა.

- იცნობთ თუ არა ამ მხატვარს, მოქალაქის ასულო?

      ელოდიმ თავის დაქნევით ანიშნა, ვიცნობო. - თქვენ ალბათ იცნობთ ახირებულ გრეზს, რომელიც მეტისმეტად სასაცილოა თავისი ძოწისფერი ტანსაცმელითა და მახვილით, მაგრამ ის მაინც ძველი ბერძენი ფილოსოფოსია ფრაგონართან შედარებით. ამ ცოტა ხნის წინათ გზაზე შემხვდა ეს საზიზღარი ბერიკაცი, რომელიც პალე-ეგალიტეს თაღებს ქვეშ მოცუნცულობდა, პუდრით იყო შეთხუპნილი, აშიკის შეხედულება ჰქონდა და უშნოდ იმანჭებოდა და იღრიჭებოდა. მის დანახვაზე ვისურვე, რომ რადგან აპოლონი აღარ არის, ხელოვნების რომელიმე მეგობარმა ფრაგონარი ხეზე ჩამოჰკიდოს და გაატყაოს, როგორც მარსიასი, და ამით ცუდ მხატვრებს მუდმივი მაგალითი მისცეს.

      ელოდი ვაჟს ჩააშტერდა მხიარული და ვნებიანი თვალებით: - თქვენ იცით სიძულვილი, ბატონო გამლენ, მაგრამ შეგიძლიათ თუ არა აგრეთვე...

- ეს თქვენ ხართ, გამლენ? - იკითხა ტენორის ხმამ: ეს მოქალაქე ბლეზი იყო. მაღაზიაში შემოვიდა ჩექმების ჭრიალით, საათის ძეწკვის წკრიალით, ტანსაცმელის კალთების ფრიალით; თავზე ეხურა უზარმაზარი შავი ქუდი, რომლის ფრთები მხრებზე სცემდა.

      ელოდიმ კალათი აიღო და თავის ოთახში გავიდა.

- მომიტანეთ რაიმე ახალი, გამლენ? - იკითხა მოქალაქე ბლეზმა.

- შეიძლება, - თქვა მხატვარმა. შემდეგ გააცნო თავისი იდეა: - ჩვენი სათამაშო ქაღალდი მძაფრად ეწინააღმდეგება დღევანდელ ზნეჩვეულებებს. ვალეტისა და მეფეების სახელები შეურაცხყოფენ პატრიოტის სმენას. მე მოვიგონე და შევასრულე ახალი რევოლუციური სათამაშო ქაღალდი, სადაც მეფეების, ქალების, ვალეტების როლს თავისუფლებანი, თანასწორობანი, ძმობანი ასრულებენ: ლიქტორის წნელშემორტყმულ კიკოებს კანონები ჰქვია... თამაშობის დროს თქვენ აცხადებთ ჯვრის თავისუფლებას, ყვავის თანასწორობას, აგურის ძმობას, გულის კანონიერებას... მე მგონია, ეს ქაღალდი საკმაოდ რელიეფური გამოვა; ახლა ვფიქრობ დემაის გადავცე სპილენძზე გამოსაჭრელად და შემდეგ პატენტი ავიღო.

      მხატვარმა კარტონიდან გამოიღო რამდენიმე აკვარელით დახატული ფიგურა და ესტამპების გამყიდველს გაუწოდა.

      მოქალაქე ბლეზმა შეუხედავად უარი თქვა მათ მიღებაზე, - ჩემო კარგო, წაუღეთ ეს კონვენტს, იგი საგანგებო სხდომას მოგიძღვნით. მაგრამ იმედს ნუ იქონიებთ, რომ ერთს გროშს მიიღებთ თქვენი მოგონებისათვის, რომელიც სრულიად არ არის ახალი. თქვენ დაიგვიანეთ გამოღვიძება, თქვენი სათამაშო ქაღალდი მესამეა, რომელიც მე მომიტანეს. თქვენმა ამხანაგმა დიუგურმა უკანასკნელ კვირაში ქაღალდი შემომთავაზა ოთხი გენიით, ოთხი თავისუფლებით, ოთხი თანასწორობით. მეორე წინადადებაში ბრძენები, მამაცები, კატონები, რუსოები, ჰანიბალები და სხვა ამგვარები იყვნენ. და ამ სათამაშო ქაღალდს თქვენის სურათების წინაშე ის უპირატესობა ჰქონდა, რომ ტლანქი მოხაზულობისა იყო და ხეზე იყო ამოჭრილი. რა ცუდად იცნობთ ადამიანებს, თუ გგონიათ, რომ მოთამაშეები ამ ქაღალდს იხმარენ, რომელიც დავიდის გემოვნებაზეა გამოხაზული და ბარტოლოცის მანერაზე ამოჭრილი! ამას გარდა, უცნაური ილუზიაა იმის ფიქრი, თითქო ამდენი ფასონია საჭირო ძველი სათამაშო ქაღალდის შესაგუებლად ახალ იდეებთან. ნამდვილი სანკიულოტები თვითონ ასწორებენ მათ მოქალაქეობის უქონლობას, როცა „მეფის“ მაგივრად აცხადებენ: „მტარვალი!“ ან უბრალოდ „მსუქანი ღორი!“ ისინი გაქონილ ქაღალდს ხმარობენ და არასოდეს სხვას არ ყიდულობენ. ყოველგვარ სათამაშოებზე დიდძალი მოთხოვნილებაა პალე-ეგალიტეს სათამაშო სახლებში: მე თქვენ გირჩევთ იქ მიხვიდეთ და კრუპიეებს და მოთამაშეებს შესთავაზოთ თქვენი თავისუფლებანი, თქვენი თანასწორობანი, თქვენი... როგორ თქვით?... გულის კანონები... და შემდეგ მიამბეთ, როგორ მიგიღეს!

      მოქალაქე ბლეზი კანტორაზე ჩამოჯდა, წკიპურტი ჰკრა შარვალს, რათა თამბაქოს მტვერი მოეშორებინა და გამლენს თანაგრძნობით შეხედა: - ნება მომეცით ერთი რჩევა მოგცეთ, მოქალაქე მხატვარო, თუ გინდათ თავი ირჩინოთ: დაეხსენით თქვენს პატრიოტულ სათამაშო ქაღალდს, დაეხსენით თქვენს რევოლუციურ სიმბოლოებს, ჰერკულესებს, გველეშაპებს, თავისუფლების გენიებს, ფურიებს, რომელნიც დანაშაულს დევნიან, და მშვენიერი ქალები მიხატეთ. დროთა მიმდინარეობა ანელებს მოქალაქეობრივ ცეცხლს, მამაკაცებს კი ქალები ყოველთვის ეყვარებათ. გამიკეთეთ ვარდისფერლოყებიანი ქალები პაწია ფეხებითა და პაწია ხელებით და გაიგეთ, რევოლუცია აღარავის აინტერესებს და აღარავის სიტყვის გაგონებაც არ სურს მის შესახებ.

      ევარისტ გამლენი აღშფოთდა: - რაო! ნუღარ ვილაპარაკებთ რევოლუციაზე?... თავისუფლების დამყარება, ჩვენი ჯარების გამარჯვება, მტარვალების დასჯა ისეთი მოვლენებია, რაც გააკვირვებს შორეულ მემკვიდრეებს! როგორ შეიძლება, რომ ჩვენ ყოველივე ამან არ აგვაღელვოს? რაო! იესო სანკიულოტის სექტამ თვრამეტი საუკუნე იარსება, ხოლო თავისუფლების კულტი ოთხი წლის არსებობის შემდეგ მოისპობა?

      ჟან ბლეზმა გამარჯვებულის სახით უპასუხა: - თქვენ სიზმარში ხართ, მე კი სინამდვილეში. მერწმუნეთ, ჩემო მეგობარო, რევოლუციამ თავი მოგვაწყინა; დიდხანს გრძელდება ხუთი წლის ენთუზიაზმი, ხვევნა-კოცნა, ხოცვა-ჟლეტა, ლაქლაქი, მარსელიეზა, განგაში, ფანრის ბოძებზე ჩამოკიდებული არისტოკრატები, შუბებზე ჩამოცმული თავები, ზარბაზნებზე შემჯდარი ქალები, თავისუფლების ხეზე ჩამოცმული წითელი ჩაჩები, თეთრსამოსიანი ახალგაზრდა ქალები და მოხუცები, რომელნიც ყვავილებით შემკულ ეტლებში მიჰყავთ; დატუსაღება, გილიოტინა, პურის წიგნაკები, აფიშები, კოკარდები, ჯიღიანი ქუდები, ხმლები, კარმანიოლები, - ეს მეტისმეტია. ამას გარდა ნელ-ნელა ყოველივე ეს გაუგებარი ხდება; ჩვენ ბევრი დიდი მოქალაქე გვახსოვს, რომელიც თქვენ კაპიტოლში შეიყვანეთ, რათა შემდეგ ტარპეის კლდეზე გადაგეჩეხათ: ნეკერი, მირაბო, ლაფაიეტი, ბაიი, პესიონი, მანუელი და სხვები. ვინ არის თავმდები, რომ იმავე ბედს არ უმზადებთ თქვენს ახალ გმირებს?.. ეს არავინ იცის. - დამისახელეთ, მოქალაქე ბლეზ, დამისახელეთ ეს გმირები, რომელთა განწირვა ჩვენ გვსურს! - თქვა გამლენმა ისეთი ტონით, რომელმაც ესტამპების გამყიდველს გაახსენა, რომ მას მეტი სიფრთხილე მართებდა.

- მე რესპუბლიკელი და პატრიოტი ვარ, - უპასუხა მან და ხელი გულზე დაიდო. - მეც ისეთი რესპუბლიკელი და პატრიოტი ვარ, როგორც თქვენ, მოქალაქე ევარისტ გამლენ. ეჭვი არა მაქვს თქვენ მოქალაქეობრივ სათნოებაში და სრულიადაც არ გაბრალებთ მერყეობას. მაგრამ იცოდეთ, ჩემი მოქალაქეობრიობა და საზოგადო საქმის ერთგულება დამოწმებულია მრავალი აქტით. აი, ჩემი პრინციპები: მე ნდობას ვუცხადებ ყოველ პიროვნებას, რომელსაც ნიჭი შესწევს ერს ემსახუროს. იმ ადამიანების წინაშე, რომელთაც ხალხის ხმა კანონმდებელის სახიფათო პატივს ანდობს - მარატის, რობესპიერის წინაშე თავს ვიხრი; მზად ვარ ჩემი სუსტი ძალღონით დავეხმარო და პატარა პატიოსანი მოქალაქის თანამშრომლობა შევთავაზო. კომიტეტებს შეუძლიათ ჩემი გულმოდგინება და ჩემი ერთგულება დაამოწმონ. ნამდვილ პატრიოტებთან ერთად მე ქერსა და ფურაჟს მივაწოდებ ჩვენს მამაც კავალერიას, ხოლო ჩექმებს - ჯარისკაცებს. დღესაც ვერნონინიდან სამოცი ხარი გავუგზავნე სამხრეთის არმიას ისეთი გზით, რომელსაც ყაჩაღები და პიტის და კონდეს ემისარები უთვალთვალებდნენ. მე როდი ვყბედობ, მე ვმოქმედობ. გამლენმა თავისი აკვარელები წყნარად ჩასდო კარტონში, შემდეგ შეჰკრა და იღლიაში ამოიდო.

- ეს უცნაური წინააღმდეგობაა, - ჩაილაპარაკა მან, - ერთი მხრივ კაცი ჩვენს ჯარისკაცებს ეხმარებოდეს, რათა მათ მთელ დედამიწის ზურგზე დაამყარონ თავისუფლება, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე თავისუფლებას ღალატობდეს და მისი დამცველების გულში მოუსვენრობასა და ურწმუნოებას სთესავდეს... მშვიდობით, მოქალაქე ბლეზ.

      სანამ ის ქუჩისკენ შეუხვევდა, ორატორიას რომ მისდევს, გამლენმა, რომელსაც გული სიყვარულითა და ბრაზით ჰქონდა აღსავსე, პირი იბრუნა და თვალი გადაავლო წითელ მიხაკებს, რომელნიც ელოდის ფანჯრის ფიცარზე ჰყვაოდნენ. იმას სამშობლოს ხსნის იმედი სრულიადაც არ ჰქონდა წარკვეთილი. ჟან ბლეზის არაპატრიოტულ სიტყვებს თავის რევოლუციურ რწმენას უპირისპირებდა. მაგრამ გრძნობდა, რომ ამ ვაჭარს ერთგვარი საბუთი ჰქონდა, როცა ამბობდა, პარიზის ხალხი წინანდელი ინტერესით აღარ ეკიდება მოვლენებსო. სავალალოდ, მხატვარი დარწმუნებული იყო, რომ პირველი წუთების ენთუზიაზმს საყოველთაო გულგრილობა მოჰყვებოდა და ვეღარავინ იხილავდა ათას შვიდას ოთხმოცდაცხრა წლის დიდს ერთსულოვან ბრბოებს. ვეღარავინ იხილავდა ჰარმონიულად შეკავშირებულ მილიონ სულს, რომელიც ოთხმოცდაათში გარს ერტყმოდა ფედერალისტების საკურთხეველს. მაგრამ არა უშავს! ნამდვილი მოქალაქეები გააორკეცებენ გულმოდგინეობას და გამბედაობას, გააღვიძებენ მიძინებულ ხალხს და არჩევანს შესთავაზებენ თავისუფლებასა და სიკვდილს შორის.

      ასე ოცნებობდა გამლენი, ხოლო ელოდის გახსენება მას ამხნევებდა.

      როცა სენის სანაპიროებს მიაღწია, შეამჩნია, რომ მზე ჩადიოდა ღრუბლებში, რომელნიც გავარვარებულ ღვართქაფს ჰგვანდნენ; ქალაქის სახურავები თითქო ცურაობდნენ ოქროს სინათლეში; ფანჯრების მინები პრიალებდნენ და გამლენმა წარმოიდგინა, რომ დევგმირები ძველი ქვეყნების ნამტვრევებიდან სპილენძის ქალაქს, დიკეას სჭედავენო.

      თუმცა მას პურის ნატეხიც არ ჰქონდა არც დედისთვის და არც თავისთვის, მაგრამ ოცნებობდა, რომ დაუსრულებელ სუფრას მიუჯდებოდა, სადაც მთელი მსოფლიო იქნებოდა მიპატიჟებული და მთელი აღორძინებული კაცობრიობა მოთავსდებოდა. მანამდის კი სამშობლო, როგორც კეთილ დედას შეეფერება, თავის ერთგულ შვილს გამოჰკვებავდა. ის გულს არ იტეხდა ესტამპების გამყიდველის უყურადღებობის გამო და თავის თავს არწმუნებდა, ჩემი იდეა რევოლუციური სათამაშო ქაღალდისა ახალი და კარგია და ჩემი სრულყოფილი აკვარელები განხორციელებულ ბედნიერებას წარმოადგენენო. დემაი გრავიურებს გააკეთებს, - ფიქრობდა ის. ჩვენ თვითონ გამოვცემთ ახალ პატრიოტულ სათამაშო ქაღალდს და, უეჭველია, ერთი თვის განმავლობაში ათი ათას ცალს გავყიდით, ოც სუდ თითოს.

      იგი მოუთმენლად ფიქრობდა ამ პროექტის განხორციელებაზე და ამიტომ ჩქარის ნაბიჯით გაემართა ფერაის ქუჩისკენ, სადაც დემაი ცხოვრობდა, მინის ჩამდგმელის დუქნის ზემოთ. შესასვლელი მხოლოდ დუქნიდან იყო. მინის ჩამდგმელის ცოლმა გამლენს შეატყობინა, მოქალაქე დემაი შინ არ არისო; ამ ამბავმა მხატვარი ოდნავადაც არ გააკვირვა; მან იცოდა, რომ მის მეგობარს ხეტიალი უყვარდა; გასაკვირი ის იყო, რომ მან ამდენი კარგი გრავიურის გაკეთება შეძლო სიზარმაცის მიუხედავად. გამლენმა გადაწყვიტა, ცოტათი დაეცადა. მინის ჩამდგმელის ცოლმა მას სკამი შესთავაზა. ქალი ცხვირჩამოშვებული იყო და ჩიოდა, რომ საქმე ცუდად მიდიოდა, თუმცა რევოლუციის შესახებ ამბობდნენ, ის ფანჯრებს ამტვრევს და მინის ჩამდგმელებს ამდიდრებსო.

      ღამდებოდა; გამლენმა იფიქრა, მეტი ლოდინი აღარ ღირსო და გამოეთხოვა მინის ჩამდგმელის ცოლს. როცა ახალ ხიდზე გადიოდა, მორფონდიეს ქუჩიდან მომავალი ცხენოსანი გვარდიელები დაინახა, რომლებიც უკან აწვებოდნენ გამვლელებს და ლამპრებით ხელში და ხმლების ჩხარუნით მისდევდნენ საბარგო ეტლს, რომელსაც გალიოტინისაკენ უცნობი კაცი მიჰყავდა, ყოფილი კეთილშობილი, პირველი დასჯილი ახალი რევოლუციური ტრიბუნალისა. იგი ოდნავ ჩანდა გვარდიელების ქუდებს შუა, დამჯდარი იყო, ხელები ზურგზე ჰქონდა შეკრული, შიშველ თავს არხევდა და პირით უკანა კოფოსკენ იყო მიბრუნებული. მის გვერდით ფორანის ფიცარს მიყრდნობილი ჯალათი იდგა. გამვლელები ჩერდებოდნენ, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ეს ალბათ ერთი იმათგანია, ვინც ხალხს ამშევსო და დასასჯელს გულგრილად შესცქეროდნენ. გამლენი ბრბოს მიუახლოვდა და მაყურებლებს შორის დემაი იცნო, რომელიც ცდილობდა ბრბო გაერღვია და კორტეჟიდან თავი დაეღწია. მხატვარმა დაუძახა და მხრებზე ხელი დაადო; დემაიმ მოიხედა. იგი ლამაზი, ღონიერი ვაჟკაცი იყო. აკადემიაში ამბობდნენ ბახუსის თავს ატარებს ჰერკულესის მხრებზეო. მეგობრებმა მას „ბარბარუ“ დაარქვეს, იმიტომ რომ ამ სახალხო წარმომადგენელს წააგავდა.

- აქ მოდი, - უთხრა გამლენმა: - ერთ მნიშვნელოვან საქმეზე უნდა მოგელაპარაკო. - თავი დამანებე! - უპასუხა გაცხარებით დემაიმ და რამდენიმე გაურკვეველი სიტყვა წამოისროლა, ისე თითქო შესაფერ წუთს უცდის გასაქცევადო: - მე ერთს ღვთაებრივ ქალს მივდევდი, რომელსაც ჭილის ქუდი ეხურა; მოდების მაღაზიის მოსამსახურე უნდა ყოფილიყო; ქერა თმა ზურგზე სცემდა: ამ დაწყევლილმა საბარგო ეტლმა დამაშორა... წინ გამისწრო, ახლა ალბათ ხიდის ბოლოშია! გამლენი ცდილობდა, ხელი ჩაეჭიდა ტანსაცმელში, ეფიცებოდა, რომ მნიშვნელოვანი საქმე მაქვსო.

      მაგრამ დემაი უკვე გაძვრა ცხენებსა, გვარდიელებსა, ხმლებსა და ლამპრებს შუა და მოდის ქალს გამოუდგა.

*გაგრძელება*

ნახვა: 331

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters