freedom, georgia, literature, November rain, nugzar shataidze, qwelly, თავისუფლება, ლიტერატურა, მოთხრობები, ნოემბრის წვიმა, ნუგზარ შატაიძე, საქართველი, ქართველი ავტორი, ჩეკისტი, ცნობილი ავტორი

  - ბატონო, ბატონო? - ალექსანდრემ ყურზე ხელისგული შემოიდო, თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და მესამე რიგში მჯდომ პარუნაშვილს ჩაწითლებული ქუთუთოების ხამხამით მიაჩერდა.

      გარეთ წვიმდა. ბნელოდა. ფანჯრის სველ მინებში საკლა სო ოთახი ირეკლებოდა და იქაც, იმ ანარეკლშიც ზუსტად ისევე ყურზე ხელისგულშემოდებული იდგა მოხუცი ალექსანდრე, ზუსტად ისევე - ოდნავ თავგადახრილი მისჩერებოდა პარუნაშვილს და მუშა-ახალგაზრდობის საღამოს სკოლის ხანგადასული მოსწავლეებიც სწორედ ისევე გაჩუმებულები და თავჩაღუნულები ისხდნენ მერხებზე.

  - პარუნაშვილი, ადექი ახლავე და გაიმეორე, რაც თქვი!

  - ნუ მიყვირით - სახე მოეღრუბლა პარუნაშვილს.

  - ადექი-მეთქი!

  - კლასობრივ მტრებს აქებთ, ბურჟუაზიულ პროპაგანდას ეწევით და კიდევ თქვენ ყვირით?!

  - ვინ არის, ბიჭო, კლასობრივი მტერი?! - სახეზე შეცბუნებულმა ღიმილმა გადაურბინა მოხუცს.

  - ვინ და მაგ ლექსის დამწერი!

      ალექსანდრე გაფითრდა, ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, ცარცით დასვრილი თითები გაიწმინდა, მერე პარუნაშვილს მიუახლოვდა, ყურში წასწვდა და თავი ღონივრად შეუქანჯალა.

      საკლასო ოთახში სიოსავით გაირბინა ჩურჩულმა. პარუნაშვილმა თავი გასწია, მასწავლებელს ყურიდან ხელი გააშვებინა, მაგრამ ალექსანდრემ მაინც იმარჯვა და ახლა მოკაკვული თითი ჩასცხო ოდნავ შემელოტებულ კინკრიხოში.

  - მდაა!... - გადატეტკილი ტუჩები ღიმილმა დაუბრიცა პარუნაშვილს.

      ალექსანდრე გამობრუნდა, მაგიდასთან მივიდა, სკამი გამოსწია, დაჯდა და გამტკნარებულ კლასს მკაცრი მზერა მოავლო.

* * *

      ალექსანდრემ ქოლგა გაშალა და მერე კარგა ხანს იწვალა, სანამ იმ გაშლილი ქოლგით კარში გაეტეოდა.

      ნელი, ბებრული ნაბიჯით გაუყვა შინისაკენ. ტროტუარზე მოზრდილი გუბეები იდგა, მაგრამ, რაკიღა კალოშები ეცვა, იმ გუბეებს მაინცადამაინც არ ერიდებოდა.

      ნოემბრის ცივი თქორით ჩამობურულ ქუჩაში არავინ ჩანდა. სკოლის შენობას რომ გასცდა, უკნიდან აჩქარებული ნაბიჯების ხმა შემოესმა. კოლია ფურცხვანიძე უნდა ყოფილიყო - სკოლის დირექტორი, შინისაკენ მიმავალს სწორედ ამ ადგილას წამოეწეოდა ხოლმე და მერე ერთად აგრძელებდნენ გზას.

      გაჩერდა და უკან მიიხედა. კი, კოლია იყო - მაღალი, კალიასავით გამწლეული კაცი. იმ სიბნელეში, რა თქმა უნდა, მისი სახის გამომეტყველებას ვერ გაარჩევდა, მაგრამ ალექსანდრეს მაინც მოეჩვენა, რომ დირექტორი რაღაცას შეეწუხებინა.

      მოახლოებისთანავე კოლიამ მიიხედ-მოიხედა, ცარიელი ქუჩა ფრთხილად დაზვერა და იმის ნაცვლად, რომ ალექსანდრესთვის ჩვეულებისამებრ მკლავში ხელი გამოედო და რაიმე სახუმარო ეთქვა, მკაცრი ხმით ჰკითხა:

  - ეგ რა ჩაგიდენიათ, ბატონო ალექსანდრე, ა?

  - რა ჩამიდენია?!

  - კი მაგრამ, არ იცით, ვინ არის პარუნაშვილი?

      ალექსანდრე გაბრაზდა:

  - შენ თუ იცი, რა გამიბედა?

  - ვიცი, ბატონო, ყველაფერი ვიცი! მთელი სკოლა მაგაზე ლაპარაკობს.

  - მერე?!

      დირექტორმა ხელმეორედ მოათვალიერა ცარიელი ქუჩა, დაიხარა, მოხუცს ქოლგის ქვეშ შეუყო თავი და ჩურჩულით უთხრა:

  - ჩეკისტია ეგ, ბატონო ალექსანდრე!

  - ვინც უნდა, იყოს!

      კოლია შეკრთა, გასწორდა და ახლა ზემოდან ჩამოხედა მოხუცს. ერთხანს მდუმარედ მისჩერებოდნენ ერთმანეთს.

      წვიმდა. ქოლგას წურწურით ჩამოსდიოდა წვიმის წყალი.

  - ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ბავშვები ხომ არ არიან, როგორ შეიძლებოდა ასე!

  - რა ვქნა ახლა, ბოდიში მოვუხადო? იქნებ შინ ვეახლო, დავუჩოქო და...

  - არა, არა - ირონია ვერ იგრძნო ფურცხვანიძემ.

  - აბა?

      დირექტორი ჩაფიქრდა.

  - ამაღამ სადმე სხვაგან რომ გაათიოთ?

  - დავიმალო?!

  - და ჯერჯერობით ნურც სკოლაში მოხვალთ.

  - სამსახურიდან მითხოვ, ყმაწვილო?!

  - ჯერჯერობით, ჯერჯერობით-მეთქი!

      დირექტორი შებრუნდა და სველ ტროტუარს ჩქარი ნაბიჯით გაუყვა.

* * *

  - გტკივა ღამე, საშა?

      ალექსანდრემ არ უპასუხა, ცოლის შეკითხვა არც გაუგონია, მაღალზურგიან სავარძელში იჯდა, ხელები გამხმარ მუხლებზე დაეწყო და თვალებგაშტერებულს, ფიქრში წასულს ოდნავ ურაცრაცებდა თავი.

      უყვარდა ამ სავარძელში ჯდომა. კაცმა რომ თქვას, არც ადრე იყო დიდი დაუდგრომელი ყმაწვილი, მაგრამ რაც პენსიაზე გავიდა და სამსახურს თავი დაანება, სულ შეიცვალა - ისე მოეშვა, გაზეთების საყიდლად აღარ გადიოდა ქუჩაში. ხეიბარივით მიეჯაჭვა იმ გაქუცულ სავარძელს, იჯდა და ან თვლემდა, ან არადა ფიქრობდა თავისთვის რაღაცას, ათჯერ რომ გეკითხა, ერთ პასუხს არ გაგცემდა.

      ელენე თავიდან ყურადღებას არ აქცევდა - რას იზამ, დაბერდა და გამოჩურჩუტდაო, ფიქრობდა, მაგრამ როცა წვერის პარსვასაც მიანება თავი, მაშინ კი ძალიან შეშფოთდა, მიხვდა, რომ ალექსანდრემ ფარ-ხმალი დაყარა, სიბერეს ტყვედ ჩაბარდა და ახლა მშვიდად, უდრტვინველად ელოდებოდა სიკვდილს.

      ჯერ გაბრაზდა, ისე როგორ უნდა დალაჩრდეს ვაჟკაცი კაცი, რომ წინასწარ დაიკრიფოს გულზე ხელები და სამარეში ჩაწვეს, საკუთარი ნებით მოისპოს სიცოცხლეო, მაგრამ მერე შეეცო და - ქმარი იყო მაინც, თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე ეწეოდნენ ერთად ცხოვრების ჭაპანს და ამ ხნის მანძილზე სიმწარესთან ერთად სიტკბოც ბევრი ახსოვდა მისგან.

      ეგეც არ იყოს, ცოტათი საკუთარ თავსაც ადანაშაულებდა - შვილი რომ გვყოლოდა, ასე არ მოეშვებოდა, არ მოიმჩვარე ბოდა, შვილიშვილებს გადააყოლებდა გულს, იმათი სიყვარული გააძლებინებდა და გადაატანინებდა სიბერესო. ერთთავად იმის ფიქრში იყო, რა ვქნა, რით ვუშველო ამ კაცსო. ხან რას მოიგო ნებდა და ხან კიდევ რას: გადი, საშა, გარეთ, ნახე, რა ყაყაჩოსავით დღეაო! ე ბიჭო, რა იპოვნე ამ სახლში ამისთანა, ადექი, გაისეირნე, თვალს წყალი დაალევინეო!

      ერთხელ თეატრის ბილეთები მოიტანა, ძალით გააპარსვინა წვერი, კოსტუმი ჩააცვა, ჰალსტუხიც გაუკეთა. წავიდნენ სპექტაკლზე, ხალხში გაერივნენ, თითო-ოროლა ნაცნობიც ნახეს. ალექსანდრე ცოტა გამოცოცხლდა, გახალისდა, მაგრამ მეორე დღეს ისევ ისე იჯდა იმ დასაწვავ სავარძელში გაყუჩებული, გარინდებული, ფიქრში წასული.

      ბოლოს, ელენე მიხვდა, რომ ალექსანდრეს არც ქუჩაში სეირნობა უშველიდა და არც სპექტაკლებზე სიარული - ამ კაცს უსაქმობა სპობდა. წინათ, სანამ სკოლაში მუშაობდა, საკუთარი თავი საჭირო, გამოსადეგ ადამიანად მიაჩნდა, ახლა კი ზედმეტ ბარგად ქცეულიყო და ამიტომაც იყო ასეთ დღეში. კაცი რომ უსაქმოდ დარჩება, რა ფასი აქვს იმის სიცოცხლეს!

      ელენე მიდგა-მოდგა და თავისი ნამოწაფარი კოლია ფურცხვანიძე იპოვნა. კარგად აუხსნა ყველაფერი, დაარიგა. ისიც მეორე დღესვე ეწვია შინ და იმდენი უჩიჩინა ალექსანდრეს, ქართულის მასწავლებელი არ მყავს და შენს იქით გზა არა მაქვსო, რომ დააჯერა კაცი!

      ასე დაიწყო ალექსანდრემ საღამოს სკოლაში მუშაობა. სულ რამდენიმე საათი ჰქონდა, კვირაში სამჯერ უწევდა მისვლა, მაგრამ ისე შეიცვალა, ისეთნაირად გადასხვაფერდა, ვერც კი იცნობდით - გახალისდა, თითქოს გაახალგაზრდავდა კიდეც და ახლა ძველებურად ისევ გარინდებული და ფიქრში წასული რომ ნახა, ელენემ იმიტომ ჰკითხა, ხომ არაფერი გტკივაო.

* * *

  - გტკივა ღამე?

      ალექსანდრემ არ უპასუხა, თვალებგაშტერებული თავისთვის ფიქრობდა.

      ელენე მაგიდას მოსცილდა, წამოვიდა, ქმარს წინ დაუდგა და ნაღვლიანი ღიმილით მიაჩერდა.

      იმან ახლაღა დაინახა ცოლი.

  - ჰმ ჰმ-ხ! - ჩაახველა.

  - ადექი, ვივახშმოთ.

  - ჰო, კაი, კაი! - მაგრამ ალექსანდრე ერთხანს კიდევ იჯდა და საწერ მაგიდასთან, კედელზე გაკრულ სურათებს მისჩერებოდა: აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე. მათ ქვემოთ ოვალურ ჩარჩოში ჩასმული სიმამრის, პოლკოვნიკ გიორგი ჯანელიძის ფოტო.

  - ადექი ახლა, ნუ გეზარება!

      სავარძლის სახელურებს დაებჯინა, სადღაც შიგნიდან დაძრული კვნესა შეიკავა და ძლივს აითრია წელი.

      ელენეს ღარიბული სუფრა გაეშალა: ჩაი, პური, ყველი, ბლის მურაბა.

      სკამი გამოსწია და დაჯდა.

  - რაღაც ვერა ხარ გუნებაზე. - სასხვათაშორისოდ უთხრა ცოლმა.

      ალექსანდრემ ჩაის მოურია და ისე მიაჩერდა, თითქოს რაღაცის თქმას აპირებსო.

  - ჰო! - წააქეზა იმან.

  - დავბერდი, მგონი, ელიკო - გაიღიმა ალექსანდრემ.

  - ოჰ, ახალი ამბავი! - ეჭვიანად შეათვალიერა ქალმა.

  - ვინ გამახსედა, თუ იცი?.. მამაშენი. თვალწინ დამიდგა, საწყალი!

      ელენეს გაეღიმა. იმასაც მოაგონდა მარტოხელა გადამდგარი პოლკოვნიკი - მხნე, ხალისიანი, საყვარელი მოხუცი.

  - გახსოვს, სახლი რომ ააშენა აღბულახში?

  - ბაღი? მერე სად, მიუვალ კლდეზე!

  - "პოლკოვნიკ დჟანელიდზე სოშოლ სუმა, გდე ონ სტროიტ დომ?!" - ვიღაცას გამოაჯავრა მოხუცმა.

  - ახლაც მახსოვს იმ ვაშლების სურნელი. ატამი? რა ატმებს გვიგზავნიდა!

  - პირველად რომ ვეწვიეთ, როგორი გრანდიოზული საღამო მოაწყო, ვინ არ დაპატიჟა "მოია დოჩკა იზ პარიჟა!" - ახლა სიმამრს გამოაჯავრა ალექსანდრემ. ეტყობოდა კარგად გამოუვიდა, რადგან ელენემ ხმამაღლა გაიცინა.

  - ცოლის შერთვა რომ მოინდომა? ოთხმოცი წლის ასაკში, წარმოგიდგენია?

  - ჰო, იცინე, იცინე! ვერ გამოუჩნდა მშვენიერი საცოლე? თანაც ვინ - აბაშიძის ქალი!

  - სულელი! ეგონა, მოკვდება და მილიონებს დამიტოვებსო, რა იცოდა, ყელამდე რომ იყო ვალებში.

  - მერე რა ახალგაზრდა, როგორი ლამაზი! რა დაგიმალო, ელიკო, და ისეთ ქალზე არც მე ვიტყოდი უარს!

  - ჰო, შენც კარგი მუსუსი ხარ, ნუ გეშინია!

      ისხდნენ და იცინოდნენ. კუჭკუჭებდნენ ბებრულად.

  - მასე, შე კაცო, რომ ჩამოგეშვა ცხვირი და იჯექი, - სული ძლივს მოითქვა ბოლოს ელენემ.

  - ეჰ, გიორგი, გიორგი!.. - ამოიოხრა ალექსანდრემ.

      ელენემ ჩაი მოსვა და ქმარს შეცბუნებული ღიმილით მიაჩერდა:

  - უყურე?! ეს ჩაი კი გაგვციებია და!

* * *

ნავახშმევს ელენემ სუფრა აალაგა, ჭურჭელი გარეცხა, მერე ლოგინები გაშალა, ნავთის ლამპას ჩაუწია და დაწვა.

      ალექსანდრემ ერთხანს კიდევ იბორიალა, სათვალე მოძებნა, დილანდელი გაზეთი გაშალა, გადაათვალიერა, მაგრამ როცა ცოლმა გამოსძახა - დაწექი, კაცო, დაისვენეო, - საწოლ ოთახში შევიდა, გაიხადა და ჩაწვა ლოგინში.

      იცოდა, რომ არ დაეძინებოდა და მართლაც, როგორ არ იწვა ლა, რამდენი არ იტრიალა, რული არ მიეკარა თვალზე. ელენეს მალე ჩაეძინა, ალექსანდრე კი იწვა და ისევ იმ შემთხვევაზე ფიქრობდა: თვალწინ ედგა პარუნაშვილის გაფითრებული სახე, მისი ავი გამოხედვა, აგონდებოდა კოლია ფურცხვანიძის სიტ ყვებიც, ჩეკისტია ეგო, და რაღაც ცივი, წებოვანი თხიერით ევ სებოდა სული. იცოდა, რომ ამ გრძნობას გულში შემოპარული შიში იწვევდა და ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია მისთვის - სულერთია, ვინც უნდა იყოს და სადაც უნდა მუშაობდესო, ფიქრობდა, მაგრამ იქვე მეორე ხმაც ჩაესმოდა - არა ხარ მართალი, სისულელე ჩაიდინე ნამდვილადო. რა ვქნა აბა, მივიდე, მუხლებში ჩავუვარდე და პატიება ვთხოვოო? - საკუთარ თავზე ბრაზობდა ალექსანდრე, მაგრამ ის შინაგანი ხმაც ჩასაფრებუ ლივით იქვე იყო: არ გიშველის ეგ, ჩემო ალექსანდრე, აღარაფერი გიშველის, ის პარუნაშვილია თუ ვიღაცა ოხერი, მართლა ენკავედეში თუ მუშაობს, არ გაპატიებს ყურების ჭყლეტას და თავში კაკუნს, გათავებულია შენი საქმეო. კოლია ფურცხვანიძის ხმას ჰგავდა ეს ხმა. მეც კარგი ვინმე ვარო, ფიქრობდა გულში, მართლა და მართლა, პატარები ხომ არ არიან, სიტ ყვიერად გამეკიცხა, გამეთათხა, თუ გინდა. ეს ყურის აწევა და თავში რახუნი რაღამ მომაგონაო. შინაგანი ხმა გაჩუმებული ყო, კრინტს აღარ ძრავდა, მაგრამ ალექსანდრე გრძნობდა, რომ იქვე იყო, მისი ტვინის რომელიღაც კუნჭულში განაბულიყო და ჩუმად აყურადებდა.

      ბოლოს, როგორც იქნა, ჩაეძინა და ესიზმრა, ვითომ, საკლასო ოთახში მერხზე იჯდა, მერხებს შორის დინჯად მიმოდიოდა უკან ხელებშემოწყობილი ევდოკიმ რომანოვიჩ კატუროვი - ჟღალწვერულვაშიანი, შავსერთუკიანი მასწავლებელი და წამღერებით ამბობდა:

  - ოტ-ჩე ნა-ა-აშ!..

  - ოჩე ნააშ! - გაჰკიოდნენ მოსწავლეები.

      ზოგი მართლა "ოჩეს" გაიძახოდა, ზოგიც "ოჩის" და იდგა ერთი ყურთასმენის წამღები ღრიანცელი.

  - ხორომ! - ბრძანებდა კატუროვი.

  - ოტ-ჩე ნა-აშ, ხორომ! - იმეორებდნენ დაბნეული მოსწავლეები.

  - ოტ-ჩე ნა-აშ, იჟე ე-სი ნა ნე-ბე-საახ ხორომ!

      ამ შეძახილზე მთელი კლასი გუგუნებდა და ალექსანდრე ვითომ ძალიან კი ცდილობდა, მაგრამ სიტყვა ვერ დაეძრა, ხმა არ ამოსდიოდა ყელიდან, ამიტომ პირზე ხელს იფარებდა, არ უნდოდა მასწავლებელს მისი ეს პასიურობა შეემჩნია, მაგრამ კატუროვი მაინც მიუხვდა თვალთმაქცობას, გაბრაზებული მიეჭრა და "ვოტ, ტებე! ვოტ, ტებეს" ძახილით თავ-პირში წკეპლა დასცხო.

      გამოეღვიძა შეშინებულს, ხელებაკანკალებულს.

      ლამპა ჩამქრალიყო და ოთახში ნავთის სუნი იდგა. ალექსანდრე გულაღმა იწვა და იმ კოშმარული ზმანებიდან გამორკვევას ცდილობდა. ნელ-ნელა მოდიოდა გონს. ბოლოს ცოლის მშვიდ სუნთქვას მიუგდო ყური, საბოლოოდ გამოფხიზლდა.

      სიზმარმა ბავშვობა და მოწაფეობის ხანა გაახსენა: ყოველდღე, გაკვეთილების დაწყებამდე, მასწავლებელი ბავშვებს ერთ დიდ საკლასო ოთახში მოუყრიდა თავს და ყველანი ერთად ამბობდნენ "ოტჩე ნაშსა" და "პრებლაგაი გოსპოდის", გაკვეთილების დამთავრების შემდეგ კი - "ბლოგოდარიმ ტია, სოზდატელუს". ეს ლოცვები მასწავლებელმა ბავშვებს პირველ სამ კვირაში გააზეპირებინა და მხოლოდ ამის შემდეგ დააწყებინა რუსული ანბანის შესწავლა. სწავლების მეთოდი მარტივი და, ამასთან, სრულიად გამოუსადეგარი იყო: მასწავლებელს ხელში ეჭირა წიგნი და დამარცვლით კითხულობდა ცალკეულ სიტყვებს, მოსწავლეები იმ სიტყვებს გუნდურად იმეორებდნენ და თან მერხზე გადაშლილი წიგნის ფურცელს მარჯვენა ხელის სალოკ თითს აყოლებდნენ. მასწავლებელი ზოგჯერ წყვეტდა კითხვას და ამოწმებდა, ყველა ბავშვს ედო თუ არა თითი საჭირო სიტყვასთან. ვაი, მისი ბრალი, ვინც ცდებოდა! ასეთებისთვის კატუროვს მზად ჰქონდა მოქნილი წკეპლა, რომელსაც მუდამ ზურგს უკან მალავდა ხოლმე. ამ მეთოდით ანბანის შესწავლა ბავშვებს ძალიან უჭირდათ, და ამიტომ მხოლოდ ორი-სამი წლის შემდეგღა ახერხებდნენ ასე თუ ისე თავისუფლად კითხვას. სამაგიეროდ, სკოლა ისე დაამთავრეს, რომ სრულიად არ იცოდნენ ქართული წერა-კითხვა. ქართული ენის სწავლება მხოლოდ ცხრაასხუთში შემოიღეს, როცა ალექსანდრე უკვე თვითონ იყო მასწავლებელი.

      ერთხელ, მამამ - შეძლებულმა, მაგრამ უწიგნურმა გლეხმა, შინ ქართულად ნაწერი ქაღალდი მოიტანა და სადილის შემდეგ შვილს მისცა - შენს გაზრდას, წამიკითხე ერთი, რა წერია შიგო!- თან მაგიდის გარშემო შემომწკრივებულ მრავალრიცხოვან ჯალაბს ფარული სიამაყით მოავლო თვალი, აი, სად გამომადგა შვილის განსწავლულობა, ტყუილად როდი ვიხდი სკოლის ფულსო! ალექსანდრე ქაღალდს ჩააშტერდა, მაგრამ რაკი ვერაფერი გაუგო, მამას დამნაშავესავით მიაჩერდა და წაილუღლუღა, ქართული კითხვა არ ვიციო.

  - როგორ, ამდენი ხანია სკოლაში დადიხარ და კითხვა არ იცი?! - გაოცდა მამა, - ეგ არის სწავლა? ფუი, მაგისთანა სკოლას და მაგისთანა მასწავლებელს! ხვალიდან აღარ გნახო იქ მისული, აიღე თოხი და გამომყევი ყანაში!

      საქმეში დედა ჩაერია: ნუ იცი, კაცო, მასე შენო, - უთხრა ქმარს, - ქართულის სწავლას რად უნდა სკოლა, აგერ ნახავ, ერთ თვეზე თუ არ შევასწავლო ანბანიო!

      მართლაც, მეორე დღესვე დედამ ალექსანდრეს წინ დაუდო გადაშლილი წიგნი და უთხრა:

  - აი, ეს არის "ა"! აბა, ამისთანა სხვაგანაც მიპოვნე!ალექსადრემ მაშინვე უპოვნა.

  - ჰოდა, - უთხრა დედამ, - მაგას ჰქვია "ა". აბა, კიდევ მიპოვნე "ა"!

      ალექსანდრემ კიდევ უპოვნა.

  - რა ჰქვია, შვილო, მაგასა?

  - "ა". - უპასუხა ალექსანდრემ.

  - ყოჩაღ! - შეაქო დედამ, აკოცა და თავზე ხელი გადაუსვა. ასე ასწავლა მთელი ანბანი. მერე წერაზე გადავიდნენ: იშოვნეს ხარის დიდი ბეჭი, გაწმინდეს, გააპრიალეს, მოიმარაგეს თავმომწვარი ჩხირებიც. დედამ გაპრიალებულ ძვალზე ჩამოწერა ასოები და უთხრა:

  - ეს არის "ანი", ეს "ბანი", "განი", "დონი" აბა, გაიმეორე!ალექსანდრემ გაიმეორა.

  - ახლა დამიწერე "ანი"!

      ალექსანდრემ ადვილად დაუწერა, რადგან ხელი უკვე კარგად ჰქონდა გაწაფული სკოლაში მეცადინეობით.

  - ახლა დამიწერე "ბანი"! - უთხრა დედამ.

      ესეც დაუწერა და მერე მიაყოლა "განი", "დონი" და "ენი". ასე და ამგვარად, ზუსტად ერთ თვეში ისწავლა ქართული წერა-კითხვა. დედას ჰქონდა მზითვში მოყოლილი წიგნები: "ვეფხისტყაოსანი", "ალექსიანი", "დავრიშიანი", "ყარამანიანი" და მალე ისე გაიწაფა მათ კითხვაში, რომ დედასაც კი სჯობ ნიდა.

      ალექსანდრემ ამოიოხრა და საწოლში გვერდი იცვალა. საკ ვირველი იყო, დედა მუდამ ახალგაზრდა ახსოვდა, არადა, მამი საგან განსხვავებით, საწყალმა, დიდხანს იცოცხლა და ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. ხშირად ცდილობდა მოხუცებუ ლი დედა გაეხსენებინა - ძველ ქართულ კაბაში გამოწყობილი, ჩიხტიკოპით თავდახურული, ფარდაგგადაფარებულ ტახტზე მჯდომარე, მაგრამ მუდამ უჭირდა ეს და ახლაც, როცა თავს ძალა დაატანა და ოთხმოც წელს გადაცილებული, სახედაღარული დედაბერი წარმოიდგინა, ვერაფრით დაუკავშირა იგი დედას - ახალგაზრდას, ლამაზსა და ტკბილად მოუბარს.

      მამა შედარებით ბუნდოვნად ახსოვდა. ზოგჯერ თვალწინ დაუდგებოდა მისი კუშტი სახე, ეჭვიანი გამოხედვა, დიდი, მძიმე ხელები, რომლებითაც სულ მუდამ რაღაცას აკეთებდა: ან სახრე ეჭირა და ხარებს მიერეკებოდა, ან თოხს უბაყუნებდა ყანაში, ან ცელს ლესავდა, მერე კი მუხლამდე ბალახში იდგა და თიბავდა, შეშას ჭრიდა, ბარავდა, ჭურს რეცხავდა, ურმის ფერსოს თლიდა, გოდორს წნავდა, ვენახიდან ამოსული, მუშაობით დაღლილი, ცივ მჭადს იფშვნიდა ლობიოს ჯამში.

      ბოდაიბოს ოქროს საბადოებიდან დაბრუნებულ ალექსან დრეს მამა ცოცხალი აღარ დაუხვდა. მის ნაცვლად სამების საყ დრის ეზოში ერთი პატარა ბორცვი აჩვენეს, რომელზეც უკვე ამოსულიყო ბალახი. იმ ბორცვთან მთელი საღამოს განმავლო ბაში იჯდა, თამბაქოს აბოლებდა და ფიქრობდა თავის უიღბლო ცხოვრებაზე, სხვადასხვა ციხეებსა და ტაიგაში გატარებულ უაზრო წლებზე, მამაზე, რომელიც აქ, ამ ბორცვის ქვეშ, იწვა გულხელდაკრეფილი, უზრუნველად იხრწნებოდა და მშვიდად უერთდებოდა იმ მიწას, რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ჩაჰბღუოდა მუშა ხარივით.

      იმ უზრუნველობაში, იმ სიმშვიდეში ხედავდა მაშინ ალექსანდრე ცხოვრების აზრს. ციხეებსა და გადასახლებაში გაწამებული კაცისაგან ეს არც იყო გასაკვირი, მაგრამ იმ საღამოდან მოყოლებული, მერეც, ყოველთვის სიმშვიდეს მიელტვოდა, მისკენ მიისწრაფვოდა. ერთხელ უნებურად ფეხგადაბრუნებული მუდამ ცდილობდა ფრთხილად ევლო, რადგან ძალზე მწარედ ახსოვდა მაშინდელი მარცხი, მაშინდელი ტკივილი.

      ახლაც, სიბერეში ხშირად იგონებდა იმ საშინელ დამცირებასა და ტანჯვას, რაც ციხეებში ეგემა, მაგრამ იგონებდა თავისთვის, ფიქრში. ხმამაღლა ამის შესახებ არავისთვის, თვითონ ელენესთვისაც კი არაფერი უთქვამს.

      დაჭერით კი დაიჭირეს, როგორც ახლა ფიქრობდა, სრულიად უაზროდ, საკუთარი გულუბრყვილობის, უფრო სწორად, სიბრიყვის გამო. ცხრაას ექვსის სექტემბრის მიწურულში, როცა ალექსანდრე ზუგდიდის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად მუშაობდა, მისივე კოლეგამ, იმავე სკოლის მასწავლებელმა, ფედერალისტთა ზუგდიდის სამაზრო კომიტეტის წევრმა ვასიკო ალშიბაიამ, კომიტეტის სხდომაზე წაიყვანა. კაცმა რომ თქვას, ალექსანდრეს იქ წასვლა სულაც არ უნდოდა, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა პოლიტიკაში არ გარეულიყო, მაგრამ ვასიკოს ხათრი ვერ გაუტეხა და წაჰყვა სხდომაზე, სადაც, თურმე, ძალზე მნიშვნელოვანი საქმე ირჩეოდა: "ესფერებს" (ასე ეძახდნენ მაშინ სოციალ-ფედერალისტებს), უნდა გამოეტანათ გადაწყვეტილება მაზრის უფროსის ვასილი კეღაშოვისა და მისი ორი ბოქაულის - კვარაცხელიას და შენგელაიას მოკვლის შესახებ. კეღაშოვისთვის წინა სხდომაზევე გამოეტანათ განაჩენი, ხოლო ბოქაულების შესახებ კამათი კარგახანს გაგრძელებულა და მათი საქმე ღიად დარჩენილა. კომიტეტის იმდღევანდელ სხდომაზე, რომელსაც ალექსანდრეც დაესწრო, ვასიკო ალშიბაია ამტკიცებდა, რომ ბოქაულების დახოცვა სრულიად ზედმეტი იყო, რადგან ისინი კეღაშოვის ხელში მხოლოდ ბრმა იარაღს წარმოადგენდნენ. ალექსანდრეს ხმის უფლება მიანიჭეს და საკითხს კენჭი უყარეს. ის, ცხადია, ვასიკოს მიემხრო და ბოქაულებსაც სწორედ ამან შეუნარჩუნა სიცოცხლე.

      ვასილი კეღაშოვისთვის სასიკვდილო განაჩენი, როგორც უკვე ითქვა, წინა სხდომაზევე ჰქონდათ გამოტანილი და ამის შესახებ ალექსანდრესთვის, რა თქმა უნდა, არაფერი უკითხავთ. ისე კი ილაპარაკეს ქუთაისიდან ბომბის ჩამოტანაზე, იმაზე, რომ ეს საქმე უნდა დაევალებინათ ვინმე ჩხეიძისათვის, რომე ლიც ქუთაისში ჩამოტანილ ბომბს ვანო ჭანტურიას აფთიაქში დააბინავებდა, მაგრამ კეღაშოვს ბედმა გაუღიმა - ბოქაულმა შენგელაიამ ბომბი იპოვნა და კომიტეტის ყველა წევრი ერთ ღამეში დააპატიმრა. სხვებთან ერთად დაიჭირეს ალექსანდრეც.

      სისხლის სამართლის მაშინდელი კანონის მიხედვით, პოლიტპატიმრებისათვის სამი კატეგორიის დანაშაული იყო კლასიფიცირებული: ა) - სიტყვიერი გამოსვლა სახელმწიფოსა და მთავრობის წინააღმდეგ, რაც ისჯებოდა სამ წლამდე პატიმრობით მოქალაქეობრივი უფლებების აყრის გარეშე. ბ) - არსებული სახელმწიფოებრივი წყობილების საწინააღმდეგო ფარული ორგანიზაციის თუნდაც პასიური წევრობა. ეს დანაშაული ოთხ წლამდე კატორღითა და მოქალაქეობრივ უფლებათა სრული აყრით ისჯებოდა. გ) - ფარული ორგანიზაციის წევრობა და ამასთან შეიარაღებული მოქმედება, რაც კატორღით ან სიკვდილით ისჯებოდა.

      ალექსანდრე მეორე კატეგორიის დამნაშავედ სცნეს და ოთხი წლით საკატორღო სამუშაოებზე გაგზავნა და ციმბირში გადასახლება გადაუწყვიტეს.

      სანამ ტუსაღებს შორეული რუსეთის გზას გაუყენებდნენ, სოციალ-დემოკრატებისა და ფედერალისტების საგუბერნიო კომიტეტებთან შეთანხმებით გადაწყდა ქუთაისის ციხეში გვირაბის შეყვანა და იქიდან პოლიტპატიმრების გაპარება. გვირაბი უნდა გაეთხარათ ესფერთა პარტიის წევრის ვარლამ ფანცხავას სახლიდან, რომელიც ციხეს ემიჯნებოდა, ქუჩის იქით ვარლამის სახლი იდგა, აქეთ - ციხე.

      ჭიათურის მარგანეცის მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარის, ესფერთა საგუბერნიო კომიტეტის ხელმძღვანელის გიორგი ზდანევიჩის ხელშეწყობით, ჭიათურიდან ჩამოიყვანეს მაღაროს პროფესიონალი მეგვირაბეები და მათი ინჟინერი. მუშაობა ფანცხავას სახლის სარდაფიდან დაიწყო და მეთექვსმეტე დღეს გვირაბმა ციხის ერთ-ერთი საკნის საწოლქვეშ ამოყო თავი.

      ტუსაღები სათითაოდ ჩადიოდნენ პირველი სართულის საკანში, ძვრებოდნენ გვირაბში, ხოხვით გადიოდნენ თორმეტნახევარ საჟენს და ამოდიოდნენ ფანცხავას სახლის სარდაფში, სადაც მათ "გუბკომის" წარმომადგენლები ახვედრებდნენ პასპორტებს, ფულსა და ტანსაცმელს. სმოკინგებში, ფრაკებსა და ცილინდრებში გამოწყობილი პატიმრები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ ფანცხავას სახლიდან, ციხის ყარაულების თვალწინ სხდებოდნენ მათთვის დაძახებულ ეტლებში და სასწრაფოდ ტოვებდნენ იქაურობას.

      ერთადერთი კაცი, ვინც სიაში იყო, მაგრამ ციხიდან ვერ გავიდა, ალექსანდრე გახლდათ.

* * *

      გარეთ ისევ გაწვიმდა.

      ალექსანდრე საბოლოოდ გამოფხიზლდა, ერთხანს კიდევ იწვა და ცოლის სუნთქვასა და წვიმის ხმაურს ყურს უგდებდა. მერე ადგა, იატაკზე მიყრილ ფლოსტებში ფეხები წაჰყო, სკამის საზურგეზე გადაკიდებული ზოლიანი ხალათი მოიცვა და სას ტუმრო ოთახში გავიდა.

      ამ მოზრდილი ფართო ოთახიდან ქუჩაში ორი ფანჯარა გადიოდა. გარეთ, სახლის წინ, ხის მაღალ ბოძზე მიმაგრებული ეული ნათურა ბჟუტავდა და ფანჯრიდან შემომავალი მისი შუქი იქაურობას მკრთალ ნათელს ჰფენდა. ალექსანდრემ თხელი, გამჭვირვალე ფარდა გადასწია და ქუჩას გახედა. ნათურის შუქზე მოჩანდა, როგორ ალმაცერად უჟაჟუნებდა. იდგა და ჩუმად უყურებდა წვიმას, სველ ქვაფენილს, ქუჩის გასწვრივ ჩარიგებულ ფოთოლგაძარცვულ აკაციებს, სიბნელეში უცხო კაცებივით რომ იდგნენ.

      სულ მუდამ ეგონა, რომ სწორედ ასეთ ამინდში, ნოემბრის ცივ, წვიმიან ღამეს უნდა მომკვდარიყო. ზაფხულში და, მითუმეტეს, გაზაფხულზე სიკვდილი უაზრობად, ბედის მწარე დაცინვად მიაჩნდა. ისე ხშირად ფიქრობდა ამაზე, რომ ჭირივით შესძულდა წვიმაც და ნოემბრის თვეც. იმ საბედისწერო ჟამის წარმოდგენაზე მუდამ მძიმე ნაღველი აწვებოდა გულზე, ცხოვრების ხალისი ეკარგებოდა და ერთადერთი სურვილიღა რჩებოდა - მჯდარიყო თავისთვის სამების გორაზე დედ-მამის საფლავთან და ფიქრში გართულს სწორედ იქ დაესრულებინა თავისი ტკბილ-მწარე სიცოცხლე.

      რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ იმ გორაზე, მისი მშობლიური სოფლის ეკლესიის შაბიამნისფერ კედელთან სიკვდილი უფრო ბუნებრივი, ლოგიკური და, ამდენად, გაცილებით უფრო იოლი უნდა ყოფილიყო, ვიდრე აქ, ამ მიუსაფარ ქალაქში. მაგრამ მაინც რა იყო სიკვდილი - დასასრული თუ დასაწყისი? ალექსანდრეს მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე სწამდა, რომ სიკვდილი იყო ის საშინელი რამ, რაც დაუნდობლად სპობდა და ანადგურებდა ყოველივე ამქვეყნიურს, რაც უსულო ლეშად აქცევდა ადამიანს და ეს თავზარდამცემი აზრი თავგზას ურევდა, სიცოცხლის ხალისს უკარგავდა, მაგრამ ბოლო დროს, მისი უნუგეშობის ღამეულ ცაზე შორეული ვარ სკვლავივით აჭიატდა რაღაც იმედი, მართალია, ჯერ სულ მცი რე, უმნიშვნელო, ეჭვის ჭიასთან სუსტად მებრძოლი, მაგრამ მაინც იმედი, რომ სიკვდილი იყო დასაწყისი დიადი და შეუცნო ბელი რეალობისა.

      ეს იმედი ჯერ იმდენად უძლური იყო, რომ შვებას ვერ ჰგვრიდა, ამღვრეულ სულს ვერ უმშვიდებდა, მაგრამ იმ შუ ქურას კი ჰგავდა, მღელვარე ზღვაში მობორიალე გზააბნეულ, მარტოსულ ნავს გეზს რომ აძლევს და შორეული ნაპირის მი მართულებას უჩვენებს. თანდათანობით რწმუნდებოდა, რომ იმ მიმართულებით უნდა ევლო, იმ ნაპირისკენ უნდა ეცურა, რად გან სწორედ იქ, იმ აღთქმულ მიწაზე იყო ის, რასაც ეძებდა, რაც ნაღველსა და ტანჯვა-წამებას გაუქარვებდა.

      მაშინ, იმ შორეულ ბავშვობაში, როცა დედის მიერ ნასწავლი ლოცვის სიტყვებს იმეორებდა, ცხოვრება საგულდაგულოდ დალაგებული ეჩვენებოდა - ქვას, ბალახს, ყოველ სულიერს, თავად მას, მის მშობლებს, სოფელს და მთელს ქვეყნიერება საც ერთი პატრონი ჰყავდა - უსაზღვროდ კეთილი და სამარ თლიანად მკაცრი მამაღმერთი. ის წარმართავდა ყოველივეს, ის იყო ადამიანის მწყემსი და მფარველი, მისთვის უნდა დაგეჯერებინა, მას გაჰყოლოდი და ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ გადიოდა დრო, ალექსანდრე იზრდებოდა, დღითიდღე შორდებოდა დედის თბილ კალთას, მამის მზრუნველ, კოჟრიან ხელებს და თანდათანობით რწმუნდებოდა, რომ ცხოვრება გაცილებით მკაცრი და დაუნდობელი იყო, ვიდრე ეგონა. ღმერთი არ ერეოდა კაცის საქმეში და თუ ის მაინც არსებობდა, არსებობდა თავისთვის, მარტო, ქვეყნიერებიდან ძალიან მოშორებულ კუთხეში და სულაც არ აინტერესებდა მის მიერ შექმნილი ადამიანის ბედ-იღბალი.

      ღმერთის არსებობაში პირველად მაშინ შეეპარა ეჭვი, როცა ათი-თორმეტი წლისამ უყურა, როგორ მოკლა მეზობლის ბერიკაცმა კეტის ცემით გომურის ბოძზე მიბმული საკუთარი ბებერი ძაღლი. მერეც, დიდობაშიც, მუდამ ახსოვდა საბრალო ცხოველის დაჩეჩქვილი, გასისხლიანებული სხეული, მისი შემზარავი, ადამიანური კვნესა და თვალები, ერთდროულად ორ გრძნობას - საშინელ ტანჯვასა და გამაოგნებელ ერთგულებას რომ გამოხატავდა. ახსოვდა ისიც, ის ბერიკაციც, რომელმაც თავისი საქმე რომ მოათავა, იქვე, რუსივე ამოიბანა ხელები და ვალმოხდილი კაცის კმაყოფილი იერით მიუჯდა ლაფაროში გაშლილ პატარა სუფრას. ხოლო მერე, დიდი ხნის შემდეგ, როცა საკუთარ ტყავზე გამოსცადა ნოვოროსიისკისა და ორიოლის ციხეების პატიმართა არაადამიანური, დამამცირებელი ყოფა, ზნამენკის და ბოდაიბოს კატორღული ცხოვრების აუტანელი, სულისშემხუთველი წესი, უფრო გაუძლიერდა ეჭვი, რომ მამაღ მერთი ადამიანის მიერ გამოგონილი ისეთივე ზღაპრული პერ სონაჟი იყო, როგორიც ხუთკუნჭულა, ჭიქარა თუ ხელმწიფის ოქროსქოჩრიანი ვაჟი.

      მაგრამ ახლა, როცა მქრქალ ბურუსში სულ უფრო და უფრო კანთიელად მოჩანდა იმედის შორეული ნაპირი, ალექსანდრე დღითიდღე რწმუნდებოდა, რომ ჭეშმარიტი ცხოვრების გზას აცდენილი სულ სხვა მიმართულებით წასულიყო, სხვა ბილიკს დასდგომოდა და სხვაგან გასული, ახლა დაბნეული ათვალიერებდა იქაურობას - უცნაურსა და სრულიად უცხოს.

      ორიოლის ციხეში გატარებული ოთხი წლის შემდეგ, როცა ციმბირში გადასახლებული ზნამენკაში ჩაიყვანეს, იქ, ერთი ად გილობრივი მეძავის ქოხში, ალექსანდრემ შემთხვევით სარკეში ჩაიხედა და ელდა ეცა - სარკიდან საკუთარი მამა შემოსცქერო და! დაზაფრული და მოულოდნელობისაგან თავზარდაცემული გვიანღა მიხვდა, რომ ის ნაადრევად დაბერებული, სახედაღარუ ლი ჭაღარა კაცი თვითონ იყო და ეს უცნაური გრძნობა ძალიან ჰგავდა იმას, ახლა, ამ სიბერეში რომ განიცდიდა - ეჩვენებოდა, თითქოს ახლაც დაბნეული, გაოგნებული იდგა სარკესთან და საკუთარი სულის ანარეკლს ვეღარა სცნობდა, რადგან იქიდან, იმ სარკიდან სულ სხვა კაცი შემოსცქეროდა. ჰო, სხვა, რადგან ადამიანს საკუთარი თავი ცოტათი მაინც უკეთესი ჰგონია, ვიდრე სინამდვილეშია და ახლა, შორეული ნაპირის ხილვით თვალახელილი ცხადად ხედავდა იმ უცხო, სრულიად უცხო, სრულიად უცნობ ადამიანს, რომელიც სინამდვილეში თავადვე იყო.

* * *

      ეს შინაგანი ცვლილება თუ შემობრუნება თავისით არ დაწყებულა.

      შარშან, დეკემბრის ერთ ჭახჭახა ყინვიან კვირადღეს, როცა ალექსანდრემ სარდაფიდან შეშა ამოიტანა და ღუმელის დანთებას შეუდგა, კარზე ვიღაცამ დააკაკუნა და ცოტა ხნის შემდეგ, ელიკო ოთახში მათ ახალ მეზობელს - ნიკოს შემოუძღვა.

      ნიკო იყო ასე ორმოცი წლის, საშუალო ტანის ოდნავ მელოტი, შავგვრემანი კაცი. ჰქონდა რაღაც განსაკუთრებულად შავი, ერთთავად მბრწყინავი თვალები და თეთრი, ნაფოტა კბილები. ამ თვალებისა და კბილების გამო ადამიანი მათი პატრონის მიმართ უნებლიე ნდობით იმსჭვალებოდა. ასე მოუვიდა ალექსანდრეს და არა მარტო ალექსანდრეს, თვით ელენესაც კი, რომელსაც საერთოდ არ უყვარდა უმიზეზოდ მხიარული, კრეჭია ადამიანები.

      ნიკოს ჭადრაკის ყუთი ეჭირა ხელში, მაგრამ სულ მალე გამოირკვა, რომ ჭადრაკი ახალ მეზობელთან დაახლოების საბაბი უფრო იყო, ვიდრე თავგადაკლული მოთამაშის ჟინი: ორი პარტიის შემდეგ ფიგურები ყუთში ჩაყარა, ფეხი ფეხზე გადაიდო და საკუთარი ამბების მოყოლა დაიწყო. თითქმის მთელი საღამოს განმავლობაში იგი მოხუც ცოლ-ქმარს გულწრფელად, რაღაცნაირი ბავშვური მიამიტობითა და უშუალობით უამბობდა თავის საკმაოდ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ თავგადასავალს, გულუბრყვილოდ ლაპარაკობდა საკუთარ გრძნობებზე, მიზნებსა და მისწრაფებებზე და ალექსანდრეს ეჩვენებოდა, რომ ეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც წლოვანების მიხედვით შვილად ერგებოდა, განსაკუთრებულ ნდობას უცხადებდა ორთავეს და ამის საფასურად მათგანაც ისეთსავე გულახდილობასა და მიმნდობლობას თხოულობდა. მსგავსი რამ მხოლოდ ციხეში ენახა - ადამიანები მხოლოდ იქ იყვნენ ასეთი უშუალონი, გულწრფელნი და ამიტომაც იოლად უმეგობრდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს მეგობრობა, როგორც წესი, ხშირად დღენაკლული აღმოჩნდებოდა ხოლმე, რადგან გარეთ აღარ გასდევდათ და ძველი, გამოუსადეგარი ტანისამოსისა არ იყოს, იმასაც იქვე, ციხის კედლებში ტოვებდნენ. პატიმრობაში შეძენილი მეგობარი მართლაც ძალიან ჰგავდა ათას ადგილზე გამომწვარ, ზინზლიან ქურთუკს, რომელიც რამდენადაც საჭირო და გამოსადეგია ცივ საკანში, იმდენადვე სრულიად ზედმეტი და ხელისშემშლელი აღმოჩნდება ხოლმე ციხის გარეთ.

      იმ საღამოს მერე ერთმანეთს ძალიან დაუახლოვდნენ, ან ჭადრაკს თამაშობდნენ, ან სამოვარს უსხდნენ და ტკბილად მას ლაათობდნენ. ზოგჯერ, თუკი მიზეზი გამოჩნდებოდა, სვამდნენ ღვინოსაც. ასეთ დროს ალექსანდრე უფრო გულახდილი და ენამჭევრი ხდებოდა - ჰყვებოდა კატორღისა და გადასახლე ბის ამბებს, ხშირად ისეთ ღამესაც კი, რაზეც წინათ კრინტსაც არ სძრავდა და ამით, თითქოს, გულახდილობის ვალს უსტუმრებდა თავის მეზობელს. ნიკო კი ლაპარაკობდა დღევანდელ ცხოვრებაზე - იგი უკმაყოფილო იყო ბოლშევიკური რეჟიმისა, წუხდა საქართველოს მონური მდგომარეობის გამო, ლანძღავდა მავანთ და მავანთ, ვისაც თავისი პოლიტიკური ამბიციებისა თუ კარიერისთვის სამშობლო გაეყიდა.

      ამ საუბრებიდან ალექსანდრე ხვდებოდა, რომ მისი ახალი მეზობელი საკუთარ სამშობლოში ტუსაღად გრძნობდა თავს, მშობლიური გარემო მას ციხის კედლებად გადაჰქცეოდა და ის უჩვეულო გულწრფელობა და უშუალობა, რითაც აგრერიგად გამოირჩეოდა სხვა ადამიანებისაგან, მეგობრის შეძენის ხერხი უფრო იყო, ვიდრე თანდაყოლილი თვისება. მეგობარი კი ნიკოს ისევე სჭირდებოდა, როგორც ციხეში გამომწყვდეულ, მარტოო ბისაგან გულგასენებულ პატიმარს.

      ნიკოს ცოლი ნუნუ - ქმარზე თითქმის თხუთმეტი წლით ახალგაზრდა, არც თუ ულამაზო ქალი - ფეხმძიმედ იყო, დღედღეზე ბავშვს ელოდებოდა და ამიტომ განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებდა. მისი მშობლები ზემო იმერეთში ცხოვრობდნენ, ნიკოს კი სრულიად ყმაწვილს მოჰკვდომოდა დედა და მერე, ერთი წლის შემდეგ, მამაც; უფროსი და ერთ ქალაქელ ყასაბს გაჰყოლოდა ცოლად, საკუთარი შვილები და შვილიშვი ლები ჰყავდა მოსავლელი და, ცხადია, ახლადდაქორწინებულე ბისთვის არ ეცალა.

      ნიკოს ცოლს ელიკო ეხმარებოდა, ხან ცხელ კერძს მიაწვდიდა, ხან სარეცხსა თუ სხვა მძიმე საოჯახო საქმეში წაუკრავდა ხელს და ორსულ ქალს ამით უმსუბუქებდა ყოფას. ალექსანდრე ხედავდა, დღითიდღე როგორ უახლოვდებოდნენ ქალები ერთმანეთს, როგორი სულიერი და იმავდროულად ნათესაური კავშირი მყარდებოდა მათ შორის, რანაირად უღვივდებოდა ელენეს დიდი ხნის წინათ მიმქრალი და მინავლული დედობრივი გრძნობა და, რაც მთავარია, როგორ თვალდათვალ იცვლებოდა ამის გამო მისი დამოკიდებულება ქმრის, საკუთარი ოჯახის, მთელი სამყაროს მიმართ.

      ცოლის ამგვარი ცვლილება ალექსანდრეს თავიდან აფრთხობდა და აღიზიანებდა კიდეც, რადგან ეჩვენებოდა, რომ ხელიდან ეცლებოდა წლების მანძილზე ნაგები ციხესიმაგრე, რომლის ბატონ-პატრონი და ერთადერთი ბინადარი თვითონ იყო, რომ იმ კოშკში შემოსახლებული მდგმურები ჯიუტი მონდომებით იპყრობდნენ მის ყოველ სართულს, ყველა ოთახს, თავხედური სიხარბით ინაწილებდნენ მის კუთვნილ ნივთებს - სავარძელს, ფლოსტებს, ჯამ-ჭურჭელს და დანა-ჩანგალს, მაგრამ მერე, როცა თებერვლის ერთ ქარაშოტიან დღეს ნუნუს მუ ცელი ასტკივდა, როცა ალექსანდრემ ნიკოსთან ერთად მთელი ღამე გაატარა სამშობიარო სახლის ცივ, ჩაბნელებულ მოსაც დელში, ხოლო დილით, მომვლელმა ქალმა ნიკოს ბიჭის მამობა, მას კი, შეცდომით, ბაბუობა მიულოცა, ალექსანდრემ იგრძნო, რომ გულში რაღაც გაულღვა და იქიდან დაძრულმა სითბომ ჟრუანტელისმომგვრელად დაუარა ძარღვებში.

      იმ დღის მერე მისი ცხოვრება საფუძვლიანად შეიცვალა: სულ ცდილობდა ბავშვთან ყოფილიყო, მის შორიახლო ეტრია ლა, სიამოვნებდა იმისი ცქერა, თუ როგორ უვლიდნენ ქალები მას, რანაირად აბანავებდნენ, როგორ აწვენდნენ აკვანში. ზოგ ჯერ ხელშიც აჰყავდა და როცა მისი თოთო სხეულის გულისამათრთოლებელ სითბოსა და სურნელს იგრძნობდა, მუდამ უცნაური სიხარული ეუფლებოდა ხოლმე.

      ვერ გეტყოდათ, როგორ ან რატომ, მაგრამ ერთი კი ცხადი იყო, რომ სწორედ ამან, ამ ახლადმოვლენილმა სიცოცხლემ დაანახვა ალექსანდრეს ის შორეული ნაპირი, ის იმედისმომცემი შუქურა და აქამდე საკმაოდ არეული, ქაოსური ცხოვრებაც მისმა ნათელმა გაუცისკროვნა. ახლა თითქოს ყველაფერი ლაგდებოდა, ყოველივე თავის კუთვნილ ადგილს იჭერდა. და ალექსანდრე გრძნობდა, როგორ ნელ-ნელა ისადგურებდა მის გულში რწმენა და უჩვეულო სიმშვიდე.

* * *

      გარეთ ისევ წვიმდა. ალექსანდრემ ღამის ნათურა აანთო. საათი ოთხის ნახევარს უჩვენებდა. კედლიდან მშვიდად იმზი რებოდნენ ილია, ვაჟა და აკაკი. მათ ქვემოთ ოვალურ ჩარჩოში ჩასმული გიორგი ჯანელიძის ფოტო ეკიდა. ოთახში ციოდა. მოხუცმა კაფელის ღუმელის განელებულ კედელს ხელისგული მიადო, მერე ჩაიჩოქა, თუჯის მრგვალი კარი გამოაღო, მინავლულ ნაკვერჩხალს მასა შეუჩიჩხინა და ღუმელში შეშის ნაპობები შეაწყო. უეცრად, ისევ თვალწინ დაუდგა პარუნაშვილის გაფითრებული სახე, მისი ჩატეტკილი ტუჩები, სავარძელში ჩაჯდა და მუხლებზე კუბოკრული პლედი წაიფარა.

      უცნაური გრძნობა დაეუფლა, მოეჩვენა, თითქოს, ეს ყველაფერი ოდესღაც, წინათ, უკვე იყო - ამგვარი, ან უფრო სწორად, ზუსტად ამგვარი რამ ადრეც განეცადა და ამ შემაწუხებელმა გრძნობამ ერთიანად ააფორიაქა, თანაც, ალბათ, შესცივდა, რადგან მუცელში საშინელმა ტკივილმა დაუარა და ამან, ამ ტკივილმა, უეცრად, საკვირველი სიცხადით გაახსენა ის დიდი ხნის წინანდელი ამბავი, რომლის მოგონებაზეც მუდამ სირცხვილისა და უხერხულობის შეგრძნება ეუფლებოდა და რომლის დავიწყებასაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ცდილობდა.

      თვალწინ დაუდგა ქუთაისის ციხის საკანი, დაინახა საკუთა რი თავიც - იმ საკნის ნარზე მწოლარე, მუცლის საშინელი ტკივილისაგან მოკრუნჩხული, დაინახა ვასიკო ალშიბაია და ვანო გოგუაძე, რომლებიც ციხიდან გასაპარებელი პატიმრების სიით ხელში დასდგომოდნენ თავზე და შეწუხებული სახით დასჩერებოდნენ. მაგრამ მუცელზე ხელშემოჭერილი, ტკივილისაგან გათანგული ალექსანდრე ადგილიდან ვერ იძვროდა და გატანჯული ხმით მხოლოდ ერთსღა იმეორებდა: "წადით, თქვენ წადით, ძმებო, მე თავი გამანებეთ!" ხოლო მერე, როცა ყველაფერი დამთავრდა და ოცდაორივე ტუსაღმა მშვიდობით გააღწია გარეთ, თითქოს ამას ელოდებოდაო, ალექსანდრეს მაშინვე მოეშვა მუცლის ტკივილი და შვებამოგვრილი განსაცდელისგან თავდახსნილი ადამიანის უეცარმა სიხარულმა შეიპყრო. ახლა კი, როცა თავის საყვარელ სავარძელში მჯდომი, წუხანდელ შემთხვევაზე ფიქრობდა, ეჩვენებოდა, რომ წლების მანძილზე ნაშენებ-ნალოლიავები ხუხულა თვალწინ ენგრეოდა და მის ადგილს ნელ-ნელა იჭერდა საოცრად ნამდვილი, ხელშესახები გრძნობა თავზარდამცემი და ყოვლისწამლეკავი შიშისა.

      ღუმელი გახურდა და ოთახში სითბო დატრიალდა.თანდათან რწმუნდებოდა, რომ ამაღამ უსათუოდ წაიყვანდნენ. იქნებ სჯობდა, ცოლი გაეღვიძებინა და ყველაფერი ეთქვა. სხვა თუ არაფერი, თითო ხელ საცვალსა და წინდას მაინც გაუმზადებდა, მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა, რაღაც გაუცნობიერებელი იმედი აკავებდა, იქნებ ისე არა წვიმს, როგორც ქუხს და ელენეს ამბავი რომ ვიცი, ვაი თუ სასაცილოდ ამიგდოს, სიმხდალე დამწამოსო.

      იჯდა და მუცლის ტკივილს უძალიანდებოდა.

      აგონდებოდა რუსეთის სხვადასხვა საპატიმროებში გატარებული დღეები, ყურში ჩაესმოდა ბორკილების საშინელი ჩხარუნი და ბადრაგის ყვირილი. აგონდებოდა ჩელიაბინსკისა და ირკუტსკის გადასაგზავნი ციხეები, ზნამენკა, იქაური შიმშილი, სიღარიბე, დაბოლოს, ბოდაიბოში გამგზავრება.

      ოქროს საბადოებზე შვიდი წლის მტანჯველი, ჯოჯოხეთური შრომის შედეგად, ალექსანდრემ იშოვნა ათ გირვანქამდე ოქრო, რომელიც, სამშობლოში გამომგზავრების წინ ირკუტსკში ფულად აქცია - გირვანქა ხუთას მანეთად გაყიდა, მაგრამ როცა თბილისში ჩამოსულმა, ვაგზლის რესტორანში ისადილა და ორ თავ კერძში მანეთის ნაცვლად თუმანი გადაახდევინეს, მიხვდა, რომ დიდი სისულელე ჩაედინა - საქართველო იმ დროს რუსეთოსმალეთის ფრონტის უახლოეს ზურგში იმყოფებოდა და ამიტომ ფულის კურსი აქ უფრო დაბალი იყო, ვიდრე ირკუტსკში, სამაგიეროდ, ოქრო ფასობდა გაცილებით ძვირად და ფულის ნაცვლად, ის ათი გირვანქა რომ ჩამოეტანა, მის ბედს ძაღლი არ დაყეფდა. თუმცა, რადგან სამშობლოში ჩამოსვლას ეღირსა, ალექსანდრეს დიდად აღარ უნაღვლია ეს ამბავი.

      გაუთავებელმა ომმა, ეკონომიურმა სიდუხჭირემ და, ბოლოს, თებერვლის რევოლუციამ რუსეთის იმპერია დაანგრია. საქართველოში ამას პოლიტიკური მოძრაობის გაცხოველება მოჰყვა, მაგრამ ციხეებითა და გადასახლებით დაშინებული ალექსანდრე პოლიტიკაში არ ჩარეულა, იგი მთელი არსებით მიელტვოდა სიმშვიდეს, ოჯახურ მყუდროებას და ამიტომ თერთმეტი წლის უნახავი ცოლი სოფლიდან თბილისში ჩამოიყვანა, სოლოლაკში ოროთახიანი ბინა იყიდა და ამდენი ხნის იძულებითი განშორების გამო ერთმანეთს დანატრებულმა ცოლ-ქმარმა მართლაც რომ მყუდრო და მოსიყვარულე ოჯახი შექმნა.

      ალექსანდრე მაშინ ორმოცდათერთმეტი წლის კაცი იყო, კატორღისა და გადასახლებისაგან ჯანგატეხილი და დაჩაჩანაკებული, მაგრამ მშობლიურმა გარემომ და განსაკუთრებით კი ელენეს მზრუნველმა ხელმა იგი ფეხზე დააყენა. შვილი არ ჰყავდათ, მაგრამ მათი ოჯახური ბედნიერებისათვის ამას ხელი არ შეუშლია - ცხოვრობდნენ ტკბილად, მეგობრულად, შეთანხმებულად, თითქმის უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთისა. მუშაობითაც ერთად მუშაობდნენ, ერთ სკოლაში. ელენე მათემატიკას ასწავლიდა, ალექსანდრე მშობლიურ ენასა და ლიტერატურას. ასე გადიოდა დრო.

      იმ წელიწადს უჩვეულოდ თბილი ზამთარი დაიჭირა. მართალია, ნაახალწლევს მოთოვა და ქალაქის ირგვლივ შემოჯარული მთები თეთრად ჩამოლესა, მაგრამ იანვრის ოცში ქარმა დაუბერა, ღრუბელი გაფანტა და ცა ერთიანად მოაკრიალა. დათბა. მზემ თოვლი გაადნო, ქალაქში გაზაფხულისათვის დამახასიათებელი ნაზი სურნელი დატრიალდა. მტკვარიც სწორედ ისე ადიდდა, გაზაფხულობით რომ იცოდა ხოლმე - ამღვრეული, აზვირთებული მოქშუოდა და თან მოჰქონდა ძირიანად მოთხრილი ხეები, მოატივტივებდა ძველ, გამოუსადეგარ, გადაყრილ ნივთებს, ზოგჯერ ჩამოატარებდა დამხრჩვალ, მუცელგაბერილ და ბალანგასვლეპილ ძაღლს ან კატას. მაგრამ წყალდიდობა დიდხანს არ გაგრძელებულა, მდინარე ორ-სამ დღეში ჩაცხრა, დადინჯდა, ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა. ჩადგა ქარიც და თბილი, მშრალი დღეები წაეწყო ერთმანეთს. გახალისდა, გამხიარულდა ყოველივე, მაგრამ ნაადრევი გამოდგა ეს სიხარული: თებერვლის მეორე კვირის ბოლოს, დილით, მოქალაქეები ქვემეხების გრიალმა გააღვიძა. სროლა სოღანლუღისა და ვაზიანის მხრიდან ისმოდა.

      ჩრდილოეთიდან მოსულ მტერს თან მოჰყვა საშინელი ქარაშოტი, რომელმაც შავი, ყომრალი ღრუბლები მორეკა და სულ ჩამოაბნელა იქაურობა. აცივდა. მოულოდნელად დამდგარი ზამთრის სუსხი ძვალრბილში ატანდა. ქარიშხალი ყაჩაღივით დათარეშობდა ქალაქის უკაცრიელ ქუჩებში. ბეღურები სახლის სხვენებსა და თბილ საკვამურებს შეეხიზნენ. საღამოს ქარი ჩადგა, მაგრამ ისევ ციოდა. მერე დაღამდა. ჩამოწვა ყურჭივით შავი უკუნეთი და იმ სიბნელეში, უეცრად გათოვდა.

      თოვდა მძიმედ, რაღაცნაირი ავი დაჟინებით. მაღლიდან ჯიბრიანად მოცვიოდა თოვლის დიდრონი ფანტელები. უცხო, უსახური ფრინველებივით სხდებოდნენ ის ფანტელები სახლის სახურავებზე, ქვაფენილზე, აივნის მოაჯირებსა და ხეების შიშ ველ ტოტებზე. ქალაქი გაყუჩდა. სახლებში შეყუჟული ადა მიანები შეფიქრიანებულები უსმენდნენ ზარბაზნების შორეულ გრუხუნს. შუაღამისას ქუჩაში ანთებული მაშხალებით ჩამოიარა ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა - "სა-ქარ-თვე-ლო, სა-ქარ თვე-ლო!" - ყვიროდნენ ისინი. მერე წავიდნენ, თოვლსა და სიბნელეს შეერივნენ და გაუჩინარდნენ. ვერავინ გაიგო, ვინ იყვნენ, საიდან მოვიდნენ ან ასე მოულოდნელად სად გაქრნენ.

      მშვიდად დიოდა მრავლისმნახველი ბებერი მდინარე. მასაც ათოვდა. თოვლის დიდი, მძიმე ფანტელები მის გლუვ, ჩაშავებულ ზედაპირზე ჩუმად სხდებოდნენ და ასევე ჩუმად ამთავრებდნენ სიცოცხლეს. ის კი მიდიოდა, ქვემოთ მიჰქონდა სიცივისაგან გამკვრივებული წყალი.

      მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავთ და როცა გათენდა, ნახეს, რომ ქალაქი თოვლის სქელ საბურველში იყო გახვეული. ოდნავღა ფერფლავდა, მაღლიდან უნიათოდ მოფარფატებდა თითო-ოროლა ვნებადამცხრალი ფიფქი. თითქმის სახლების დათოვლილ სახურავებამდე დაწეულიყო განაცრისფერებული ცაც. მოსულიყვნენ, ხის ტოტებზე ჩამოფაფხულიყვნენ შავი ყვავები.

      ელენე და ალექსანდრე სკოლაში წავიდნენ. მართალია, კან ტიკუნტად ისევ ისროდნენ, მაგრამ გარეთ უჩვეულო სიწყნარე იდ გა. ჰაერში ზამთრის სუსხი და თოვლის საამო სურნელი ტრიალებდა. თითქოს არაფერი მომხდარაო, მოქალაქენი დინჯად, აუღელვებლად მიმოდიოდნენ დათოვლილ ქუჩებში. მეეზოვეები ტროტუარზე ნაცარს ყრიდნენ, ვაჭრები თავიანთი ფარდულების წინ აქანდაზებით თოვლს ფხეკდნენ. მარტო სასახლესთან ირეოდა უამრავი ხალხი - იქაურობა აშლილ, აფორიაქებულ სკას დამსგავსებოდა. ალექსანდრემ იცნო მთავრობის ერთი წევრი, რომელსაც ჯარისკაცის უბრალო მაზარა ეცვა, მხარზე შაშხანა გაედო და სასახლის წინ ბოლთას სცემდა.

      სკოლაში სწავლა არ იყო, ყველანი უნივერსიტეტში წასულიყვნენ და ისინიც ფეხით გაუყვნენ დათოვლილ ქუჩას. ჩაუარეს ქვაშვეთის საყდარს, არტისტული საზოგადოების თეატრის შენობას. გზადაგზა ნაცნობები ხვდებოდათ. ადამიანები ჯგუფჯგუფად მიდიოდნენ. თანდათანობით იზრდებოდა ის ჯგუფები. სახეგაქვავებულები მიაბიჯებდნენ, მათ ფეხქვეშ თოვლი ჭრაჭუნობდა, იტკეპნებოდა, ფერს იცვლიდა.

  - სა-ქარ-თვე-ლო! სა-ქარ-თვე-ლო! - ყვიროდნენ წინა რიგებში.

  - ძირს ჩრდილოეთის სვავები!!! - ბანს აძლევდნენ უკანანი. - სა-ქარ-თვე-ლო! - გუგუნებდნენ ყველანი ერთად.

      ასე მიადგნენ უნივერსიტეტის ეზოს, სადაც უამრავი ხალხი შეყრილიყო. შენობის მთავარ შესასვლელთან, ქვის დათოვლილი კიბის თავში იდგნენ პროფესორ-მასწავლებლები, მთავრობის წარმომადგენლები. მათ შორის იყვნენ საომრად აღჭურვილი სამხედროებიც. უნივერსიტეტის რექტორი ხალხს სიტყვით მიმართავდა. იგი დინჯად, აუჩქარებლად ლაპარაკობდა, ეტყობოდა, ამით შინაგანი მღელვარების დაფარვას ცდილობდა. იქვე, კიბის ძირში, რამდენიმე ოფიცერი მოხალისეთა სიას ადგენდა. გრძელ რიგში ჩამდგარიყვნენ იმ სიაში ჩაწერის მსურველნი. ეწერებოდნენ სტუდენტები, ხნიერი მუშები, ქალაქელი ხელოსნები. რექტორი კი ლაპარაკს განაგრძობდა, მისი ხმა ნელ-ნელ იკრებდა ძალას, თანდათანობით უფრო ომახიანად ჟღერდა, დიდი, ღონიერი ფრინველივით უვლიდა ირაოს გაყინულ ჰაერში, ხმაგაკმენდილ, გაფითრებულ ადამიანებს არწივივით დაჰყეფდა ზემოდან და უცნაური, ჟრუანტელისმომგვრელი ძალით ავსებდა.

      "უნდა ჩავეწერო!" - გაიფიქრა უეცრად ალექსანდრემ, თოვლში ფეხი მოინაცვლა და ცოლს გადახედა.

      ელენე თავაწეული იდგა, ორატორს ყურადღებით უსმენდა და მთელი მისი გამომეტყველება - ოდნავ ღია ბაგე, გასხივოსნებული თვალები და განათებული სახე საოცარ აღტკინებას გამოხატავდა.

      სიაში ჩაწერის მსურველთა რიგი ნელა მიიწევდა წინ, უფრო და უფრო იზრდებოდა, რიგს იკავებდნენ ახალგაზრდა გოგონები, სუფთად ჩაცმული ინტელიგენტები, ოჯახის ხანდაზმული მამები.

      "არა, უნდა ჩავეწერო", - ფიქრობდა ალექსანდრე და თან წამდაუწუმ ფეხს ინაცვლებდა, სციოდა.

      იქ, ზემოთ კი ახლა მოხუცი გენერალი ლაპარაკობდა. იგი ბორძიკობდა, სიტყვებს ეძებდა, მაგრამ მის ფოლადივით მჟღერ ხმაში მაინც ისმოდა ხმლების წკრიალი, თოვლში ჩაფანტული ნაპერწკლების შიშინი.

      "მეც უნდა ჩავეწერო" - კიდევ ერთხელ გაიფიქრა ალექსანდრემ და ცოლს მკლავზე ხელი დაადო. ელენემ სწრაფად შეხედა, კითხვის თვალით მიაჩერდა, მაგრამ ალექსანდრემ მოუ ლოდნელად თავი ჩაღუნა და წაიდუდუნა:

  - არ წავიდეთ ელიკო?

  - კი ბატონო, წავიდეთ.

      ფიქრიდან მანქანის მოტორის ხმაურმა გამოარკვია. შეკრთა, თავი ასწია, ავისმომასწავებლად ეჩვენა ამ შუაღამისას მანქანის გამოჩენა. სავარძლიდან წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გაიხედა. წვიმდა ისევ, წვრილად ცრიდა, რიყის ქვით მოგებული სველი ქუჩა შავმა მანქანამ ამოიარა და ბოძზე მიმაგრებული ნათურის შუქით განათებულ წრეში გაჩერდა. ალექსანდრემ უკან დაიხია, მაგრამ ცდუნებას ვერ გაუძლო, გამჭვირვალე ფარდა ათრთოლებული თითებით გადასწია, კისერი წაიგრძელა და საიდუმლო მდუმარებით მოცულ მანქანას ფრთხილად გახედა - დაორთქლილი საქარე მინა ნათურის ყვითელ შუქს ირეკლავდა და შიგ მსხდომთ არ აჩენდა. უეცრად, ავტომობილის ორთავ კარი ერთდროულად გაიღო და იქიდან სამი კაცი გადმოვიდა. ალექსანდრემ მაშინვე ხელი უშვა ფარდას, მაგრამ ბოლო მომენტში, მაინც იცნო ტყავის ქურთუკიანი პარუნაშვილი და მოეჩვენა, რომ მისალმების ნიშნად მან თავი დაუკრა და თავაზიანად გაუღიმა.

* * *

ბნელში ხელების ცეცებით მიმავლი ელენე ნოტიო კედელს მიუყვებოდა და როცა იმის ლოპრმოდებულ ზედაპირზე მოუხვდებოდა ხელი, ზიზღი იპყრობდა. ამ უცნაურ გვირაბში საშინლად მყრალი, გულისამრევი სუნი იდგა და ყველაფერი რაღაც წებოვანი ლორწოთი იყო გალიპული. ყინულივით ცივ, ბლანტ წყალში ფეხშიშველი მიაბიჯებდა. ზოგჯერ ფეხებზე ხორკლიანი, მოფუთფუთე არსებების შეხებას გრძნობდა და შიშისაგან სუნთქვაშეკრული ცდილობდა, უფრო სწრაფად ევლო, რომ იქაურობას რაც შეიძლება სწრაფად გასცლოდა, მაგრამ სიცივისაგან გათოშილი სხეული აღარ ემორჩილებოდა და ეჩვენებოდა, რომ სადაც იყო, წაიქცეოდა, ბინძურ წყალში წაღავდებოდა, იქ, იმ საშინელ სიბნელესა და სიმყრალეში ჩაიხრჩობოდა.

      უეცრად, რაღაც შორეული ხმა, რაღაც ძახილი შემოესმა და გაჩერდა, ყური მიუგდო, მაგრამ ძახილი აღარ გამეორებულა. სამაგიეროდ გაიგონა ხის კიბეზე ამავალი ადამიანების მძიმე ფეხის ხმა, აშკარად შემოესმა ვიღაცათა გახშირებული სუნთქვა, ქოშინი და იმედმიცემულმა დაძახება გადაწყვიტა, პირი გააღო, მაგრამ ყელიდან უცხო, უცნაური ხავილის მეტი არაფერი ამოუვიდა. სასოწარკვეთილებისაგან დაზაფრულმა გზა განაგრძო, სწრაფად მიდიოდა, კოჭებამდე წყალს მიაჭყაპუნებდა და ახლა უკვე აღარ ერიდებოდა მყრალი ლორწოთი გაწებილ კედლებს, ზედ ეხლებოდა, ხელისგულებით ებჯინებოდა და სიბნელეში ეგრე მიტორტმანობდა.

      უცებ, რაღაცას წამოჰკრა ფეხი, წაიბორძიკა, თავი ვეღარ შეიკავა და წყალში გულაღმა მწოლარე გვამზე წაიქცა. მაშინვე იცნო, უფრო სწორად, გუმანით მიხვდა, რომ ალექსანდრეს ცხედარი იყო, შიშისაგან შეჰყვირა და გამოეღვიძა.

      ერთხანს თვალებდახუჭული იწვა, გონზე მოსვლას ცდილობდა, მერე ქმრის ლოგინზე ხელი მოაფათურა და როცა ნახა, რომ ცარიელი იყო, ელდა ეცა. ქუჩიდან რაღაც გაურკვეველი ხმები ისმოდა. ყური მიუგდო, გაიგონა მოტორის თუხთუხი, ვიღაცის მშრალი ჩახველება და მანქანის კარის ჯახუნი. ელენე საწოლიდან ადგა, სიბნელეში ხელების ცეცებით მივიდა ფანჯარასთან, სქელი ფარდა გადასწია და გარეთ რომ გაიხედა, დაინახა შავი ავტო, რომელიც ადგილიდან დაიძრა, ქვემოთ დაეშვა, სიბნელეს შეერია და გაუჩინარდა.

      ერთხანს იდგა და ქმრის შემოსვლას ელოდებოდა. საპირფარეშოში გავიდოდაო, ფიქრობდა. მართლაც, ღამღამობით ხშირად უწევდა ხოლმე ალექსანდრეს საპირფარეშოში გასვლა და კოშმარული სიზმრიდან გამორკვეული ელენე თანდათანობით დამშვიდდა.

      გარეთ ნოემბრის ცივი, გულისგამაწვრილებელი წვიმა ასველებდა ქუჩას, სახლის სახურავებს, ტანდაჯირჯვებულ, ბებერ აკაციებს. ელენეს რატომღაც ებრალებოდა ის აკაციები, შემოდგომით დაუნდობლად რომ გადაბელავდნენ ხოლმე და მერე, გაზაფხულზე, ხანმოთეულნი და უძალონი, ძლივსღა ამოიყრიდნენ თითო-ოროლა მწვანე რტოს. ამ ოცი წლის წინათ, ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდები იყვნენ, ჯერ კიდევ შეეძლოთ ვარდობის თვეში თეთრად გადაპენტილიყვნენ და მთელი ქუჩა ნაზი, გუ ლისამაჩქროლებელი სურნელით გაებრუებინათ. ახლა კი უპატ რონო და უმწეო მოხუცებივით საბრალოდ იდგნენ იმ წვიმაში, იდგნენ და ელოდნენ, როდის ჩამოივლიდა ცულიანი წყნეთელი გლეხი, რომ ძირში მოეჭრა, მოკლე-მოკლედ დაეხერხა და ცხე ნის ურმით შინ წაეღო. მათ ამ მოლოდინს ელენე მუდამ მტკივნეულად განიცდიდა და იმ წყნეთელი კაცის გამოჩენაზე შიშით ისე აუთრთოლდებოდა ხოლმე გული, ისეთი ელდა ეცემოდა, თითქოს ქუჩაში ერთი უბრალო გლეხი კი არა, მიქელ-გაბრიელი მოდენილიყო.

      ოცი წლის წინათ ელენეც ახალგაზრდა იყო, მთლად ისეთი ვერა, აყვავება რომ შესძლებოდა, მაგრამ ჯერ მაინც იმდენად ლამაზი, რომ აკაციის ყვავილებით გაბრუებულ ქუჩაში მომავალს, უბნის კაცები თვალს აყოლებდნენ და გადასახლებიდან დაბრუნებული, ცოლმონატრებული ალექსანდრეც ვნებიანად უთვალიერებდა ჯიშიან ტან-ფეხს.

      ელენეს მიაჩნდა, რომ ქმარს უნდა ეამაყა მისით, რადგან იმ თერთმეტი წლის განმავლობაში, რაც იგი ციხესა და შორეულ გადასახლებაში იმყოფებოდა, მიუხედავად მრავალი მაცდუნებელი შემოტევისა, მაინც ბოლომდე მისი ერთგული დარჩა და კატორღაში მყოფ პოლიტპატიმარს ნამუსი შეუნახა. იმ დროს ხალხი ჯერ კიდევ დიდად აფასებდა კაცობრიობის ნათელი მომავლისათვის მებრძოლ, ტანჯულ გმირებს. ამიტომ ელენესაც, როგორც ერთ-ერთი ასეთი გმირის ცოლს, ყველა განსაკუთრებული ყურადღებითა და პატივისცემით ეპყრობოდა და თუმცა თვითონ სრულიად არაფერი იცოდა ქმრის იატაკქვეშა მუშაობის შესახებ, მაინც სულ იოლად დაიჯერა, რომ ალექსანდრე მართლაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო. მასთან ხშირად მოდიოდნენ სოციალ-ფედერალისტთა ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის წარმომადგენლები, ეხმარებოდნენ ფულით და ზოგჯერ მისგანაც თხოულობდნენ დახმარებას.

      ერთხელ ელენეს მათი ოჯახის კარგი ნაცნობი და შორეული ნათესავი, ელიზბარ ლოლუა ესტუმრა და როგორც რევოლუციონერის ცოლსა და სანდო პიროვნებას სთხოვა, დროებით, სულ რამდენიმე კვირით შეენახა უცხოეთიდან საიდუმლოდ შემოტანილი იარაღი. ელენე თავიდან შეშინდა, რადგან იმ წლებში საქართველოში საშინელი რეაქცია მძვინვარებდა და იცოდა, რომ იარაღის შენახვისათვის ციმბირს აქეთ დაატოვებინებდნენ, მაგრამ ქმრის სიყვარულისა და მისი საქმის ერთგულების გამო ელიზბარს უარი ვეღარ უთხრა. მართლაც, მარტის ერთ თოვლჭყაპიან ღამით, ელენეს კარზე მოაყენეს შაშხანებითა და ტყვია-წამლის ყუთებით დატვირთული, კამეჩებშებმული ურემი და იარაღი სამზადის ქვეშ, წინასწარ გათხრილ ხაროში დამალეს. დაღლილი და შეციებული ხალხი დიასახლისმა ბუხრის წინ გაშლილ სახელდახელო სუფრასთან მიიწვია და როცა ელიზბარის ამხანაგებმა სველი ნაბდები სოხანეზე მიყარეს და ყაბალახები შემოიხსნეს, ერთი მათგანის გამორჩეულმა ვაჟკაცურმა შესახედაობამ და სილამაზემ ქალი განსაკუთრებულად მოხიბლა. ეს იყო მთელს სამეგრელოში ცნობილი, სახელგანთქმული სენაკელი აბრაგი ჯარიშა ჯგუშია, რომელიც "ესფერებს" უცხოური გემიდან იარაღის გადმოტანასა და მის დაბინავებაში შველოდა.

      იარაღის შემოტანა მუდამ დიდ ხიფათთან იყო დაკავშირებული და ამიტომ პარტიული კომიტეტი ყაჩაღთა რაზმებს იყენებდა ხოლმე ამ საქმისთვის, მაგრამ რაკი მათ ბოლომდე მაინც არ ენდობოდა, მეთაურად ყოველთვის ისეთ კაცს უნიშნავდა, რომელსაც ღალატს ვერავინ გაუბედავდა. სწორედ ასეთი კაცი იყო ჯარიშა ჯგუშია. იგი განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდა აბრაგებს შორის. თვითონ იგი იმდენად იყო სანდო, რამდენადაც იცოდა, რომ ღალატის შემთხვევაში, პარტიული კომიტეტი მას სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა და ამის აღმსრულებელსაც უთუოდ იპოვნიდა მის პირად მტრებს შორის.

      იმ ღამით ელენემ სულ ორჯერ შეავლო ჯარიშას თვალი და იმან ორჯერვე დაიჭირა მისი მზერა. ამის შემდეგ არ გასულა რამდენიმე დღე, რომ ერთ საღამოს, სკოლიდან დაბრუნებულს აბრაგი შინ დაუხვდა. ელენემ ახლაც არ იცოდა, რანაირად შე ვიდა ჯარიშა დაკეტილ სახლში. იგი მშვიდად იჯდა ტახტზე და მის მოსვლას ელოდებოდა. ქალი გააცოფა ამგვარმა თავხედო ბამ, ყაჩაღი კინწისკვრით გააგდო გარეთ, მეორე დღეს კი ზუგდიდში ჩავიდა, ელიზბარ ლოლუა მოძებნა და აღშფოთებულმა ყველაფერი უამბო. მას შემდეგ ჯარიშა ჯგუშია თვალით აღარ უნახავს, მაგრამ, როცა რამდენიმე წლის შემდეგ მისი დაღუპვის ამბავი შეიტყო, დაჯდა და ცხარე ცრემლით დიდხანს იტირა.

      დათქმულ დღეს ელიზბარის გამოგზავნილმა კაცებმა იარა ღი წაიღეს, ელენე კი მას შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობაში აღმოჩნდა ჩაბმული. კაცმა რომ თქვას, იგი არც თუ უხალისოდ ასრულებდა სხვადასხვა პარტიულ დავალებებს - დადიოდა კრებებზე, ავრცელებდა პროკლამაციებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს ესაუბრებოდა ძირმომპალი თვითმპყრობელობის მავნე, ანტიხალხური რეჟიმის დამხობის აუცილებლობასა და გარდაუვალობაზე, ბოლოს კი პარტიაშიც შევიდა, რადგან მიაჩნდა, რომ ქმრის მიერ დაწყებული საქმე თვითონ უნდა გაეგრძელებინა.

      გადასახლებიდან დაბრუნებულმა ალექსანდრემ ცოლის პარტიულ გატაცებასა და ენთუზიაზმს ცივი წყალი გადაასხა. მან ჯერ ბევრი იცინა, როცა შეიტყო, ელენე პარტიის წევრი გამხდარაო, მერე კი სთხოვა, თუ ხათრი გაქვს, ელიკო, ეგ მანდატი ხვალვე ჩააბარე და იმ ხალხთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტეო.

      ელენეს წინააღმდეგობა არ გაუწევია, იმ საქმეში სულაც ალექსანდრეს ხათრით იყო ჩაბმული და ამიტომ პოლიტიკურ მოღვაწეობას სრულიად უმტკივნეულოდ დაემშვიდობა, მაგრამ ქმრის შესახებ ადრინდელი წარმოდგენა კი, ცოტა არ იყოს, გაუფერმკრთალდა. თერთმეტი წლის განმავლობაში ალექსანდრე მისთვის ნელ-ნელა იმ საიდუმლო ბურუსით მოცულ რაინდად იქცა, დღედაღამ მშრომელი ხალხის კეთილდღეობისათვის, მისი ნათელი მომავლისათვის რომ იბრძოდა და ამ მაღალი მიზნის მისაღწევად სიცოცხლეს არ იშურებდა - არ ერიდებოდა ციხეს, ბორკილებს, ციმბირულ ყინვასა და კატორღულ შრომას. მაგრამ გადასახლებიდან დაბრუნებული ალექსანდრე, ელენეს გასაკვირად, სულ სხვა კაცი აღმოჩნდა. ამ ჩია, ავადმყოფ, ერთთავად კუჭმტკივან ადამიანს საერთო არაფერი ჰქონდა მისი წარმოდგენით შექმნილ გმირთან და ერთი ჩვეულებრივი, კურდღელივით ფრთხილი, მშვიდ ცხოვრებას დანატრებული კაცი იყო, რომელსაც სრულიად არ აინტერესებდა მსოფლიო პროლეტარიატის ბედი და მასზე საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენაც კი ჰქონდა.

      ელენე კარგა ხანს გონს ვერ მოდიოდა, ეჩვენებოდა, თითქოს ოქროს თუმნიანის ნაცვლად ვიღაცამ ხელში ყალბი ფული შეაჩეჩა და იმედგაცრუებული და გაწბილებული დატოვა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ამ საბრალო ადამიანს, რომელიც კუ ჭის გამუდმებულ ტკივილს სოდიანი წყლის სმითღა იყუჩებდა, საყვედურებისა და ათვალწუნების ნაცვლად, მზრუნველი ხელი და განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა სჭირდებოდა, შინაუ რი წამლები და მკაცრი დიეტა დაუნიშნა, ფაფებით კვებავდა, თვალ-ყურს ადევნებდა, რომ პირში ისეთი არაფერი ჩაეკარები ნა, რაც აწყენდა და ერთი წლის თავზე სასიკვდილოდ გადადე ბული კაცი ფეხზე დააყენა. იმ ერთი წლის მანძილზე ელენემ ისე ახლოს გაიცნო საკუთარი ქმარი, იმდენი კარგი თვისება აღ მოუჩინა, რომ უკვე თვითონვე ეცინებოდა თავის გაზვიადებულ წარმოდგენაზე და გრძნობდა, როგორ დღითიდღე უფერულდე ბოდა, რანაირად ფერმკრთალდებოდა მის მიერ წარმოსახული წამებული რაინდის სახე და მის ადგილს როგორ იჭერდა რეალური, ახლობელი და საყვარელი ადამიანი.

      რევოლუციურმა საქმიანობამ ელენეს ხასიათს მაინც ღრმა კვალი დაამჩნია. ახლობლები მას იცნობდნენ როგორც გამბედავ, პირში მთქმელ ადამიანს, რომელიც არავის შეეპუებოდა და თავს ეგრე იოლად არავის დააჩაგვრინებდა. მოსწავლეებს მისი ეშინოდათ, მასწავლებლები ხათრითა და რიდით ექცეოდნენ. მისი პრინციპულობისა და შეუდრეკელი ხასიათის გამო ხშირად თავბედი უწყევლიათ სკოლის დირექტორებსა და განათლების განყოფილების გამგეებს.

      ამნაირად იცხოვრა, ასე გალია წუთისოფელი და ახლა უკვე ხანშიშესული და თმაშევერცხლილი ხშირად ნაღვლობდა ხოლმე იმ მძიმე ხვედრზე, რაც ბედს მისთვის ერგუნებინა და რასაც ამ სიბერეში უფრო განიცდიდა, ვიდრე მაშინ, როცა ეგონა, რომ ყველა ბავშვი, ვისთვისაც კი ოდესმე ესწავლებინა, ვისაც მის ხელში გაევლო, საკუთარი შვილივით უყვარდა, მაგრამ ახლა, როცა ყველა მათგანს, ყველა მოსწავლეს - ავსაც და კარგსაც, უკვე ერთ მთლიან, უსახურ მასად აღიქვამდა, ხვდებოდა, რომ იმ მაშინდელი სიყვარულით თავს იტყუებდა და სწორედ ამით იკმაყოფილებდა დედობრივ ინსტინქტს, თორემ სულ სხვა იყო ის ნამდვილი, ღვთიური გრძნობა, ადამიანს საკუთარი სისხლი სა და ხორცის მიმართ რომ გააჩნია. ამ გრძნობას, ამ მარადიულ ინსტინქტს ებრძოდა მთელი ცხოვრება. ებრძოდა მაშინაც, როცა ეგონა, რომ საკუთარი შვილივით უყვარდა ყველა მოსწავლე, მაშინაც, როცა გადასახლებიდან დაბრუნებულ ავადმყოფ ალექსანდრეს უვლიდა და ახლაც, როდესაც ნიკოსა და ნუნუს შვილს - პატარა მერაბს მართლაც რომ საკუთარი შვილივით დაჰკანკალებდა და ცივ ნიავს არ აკარებდა.

      გარეთ ისევ წვიმდა, ეული ნათურის შუქით განათებულ ქუჩაში, აქა-იქ წყლის შავი, პირქუში გუბეები იდგა და იმ გუ ბეებმა ელენეს წეღანდელი სიზმარი გაახსენა. ისევ თვალწინ დაუდგა ბნელი გვირაბი, წებოვანი ლორწოთი გალიპული მისი კედლები. ხალათი ჩაიცვა, კარი გამოაღო და სასტუმრო ოთახში შეიხედა.

      ალექსანდრე ელენესაკენ ზურგშექცევით იდგა და კედელ ზე გაკრულ სურათებს ხსნიდა - უკვე ჩამოეღო ილიას, აკაკის, ვაჟას ფოტოები და ახლა მეფის არმიის პოლკოვნიკისფორმიან გიორგი ჯანელიძის სურათს აძრობდა.

      დაბნეული ელენე ჩუმად უყურებდა ქმრის საქმიანობას. ვერ გაეგო, რაში სჭირდებოდა ახლა, ამ შუაღამისას, ალექსანდრეს ეს სურათები, მაგრამ როცა მან სიმამრის ფოტოც ჩამოხსნა, ღუმელთან მიიტანა და ოთხივე ცეცხლს შეუკეთა, ელენემ შეჰყვირა და ხელებგაწვდილმა წინ წაიწია.

      ცოლის ყვირილზე ღუმელთან ჩაჩოქილმა ალექსანდრემ უკან მოიხედა და ელენემ დაინახა მისი მიტკალივით გაფითრებული სახე, უპეებჩაშავებული თვალები და მორღვეული, უფორმო პირი. თავზარდაცემული შეჰყურებდა ამ ერთ ღამეში დაჩაჩანაკებულ, უცნაურად შეცვლილ ქმარს. ვერ მიმხვდარიყო რა მოხდა, რა უბედურება ტრიალებდა მათ თავს და როცა ალექსანდრემ ასადგომად აიწია, მაგრამ მუხლმოკვეთილმა წაიბორძიკა და იატაკს ხელით დაებჯინა, ელენე სწრაფად მიუახლოვდა, წამოაყენა, სავარძელთან მიიყვანა და შიგ ფრთხილად ჩასვა.

      ბერიკაცმა წყლიდან ამოგდებული თევზივით აალამუნა ტუჩები.

  - ჰო, რა იყო, საშა, ცუდადა ხარ?

      ჰკითხა ელენემ, მაგრამ ალექსანდრე ხმას ვერ იღებდა, ცოლს უაზროდ მიშტერებოდა, თითქოს ვერ გაეგო, ვინ იყო ეს ქალი, აქ საიდან მოსულიყო ან რა უნდოდა და როცა იმან კომოდის უჯრიდან პიტნის წვეთების პატარა ბოთლი ამოიღო, აკანკალებული ხელით წყლიან ჭიქაში ჩააყირავა და მერე ის ჭიქა პირთან მიუტანა, ჩახრინწული ხმით უთხრა:

  - ნიკო და მისი ცოლი წაიყვანეს წეღან.

  - დალიე ეს, დალიე! - აჩქარებით უთხრა ქალმა და როცა ალექსანდრემ ჭიქა გამოცალა, მერეღა ჰკითხა, - სად წაიყვანეს, საშა, რას ამბობ?!

  - არ ვიცი, მანქანაში ჩასვეს ორივენი და წაიყვანეს.

      ელენეს ახლაღა გაახსენდა ის შავი ავტომობილი, ელდა ეცა, ჭიქა ხელიდან გაუვარდა და იატაკზე დაეცა, მაგრამ არ გატეხილა.

  - კი მაგრამ ბავშვი?!

      ალექსანდრე ერთხანს უხმოდ მისჩერებოდა, სახე დაეძაბა, თითქოს რაღაცას იხსენებსო.

  - არ ვიცი, ბავშვი არ დამინახავს.

      ელენე კართან მიიჭრა, გასაღები გადაატრიალა, გააღო და აჩქარებული გარეთ გაიჭრა.

* * *

      ალექსანდრე არ განძრეულა, იჯდა და დაცარიელებულ კედელს მიშტერებოდა. გახუნებულ შპალერზე ფოტოსურათების ნაკვალევი დარჩენილიყო - სამი მოზრდილი და ერთიც მომცრო, ოვალური. იმ ადგილებზე კედელს ფერიცა და პეწიც ძველებური შერჩენოდა და ის დღე გაახსენდა, როცა აისორი ხელოსნები ბინას ურემონტებდნენ. ცხადად მოაგონდა კირის, სახამებლისა და ხის წებოს სუნი. ეს წარსულის, ბედნიერი ცხოვრების სურნელი იყო. რას არ მისცემდა, რომ ახლა იქ, იმ შორეულ წარსულში დაბრუნებულიყო. მაშინ, ოცი წლის წინათ, როცა ციმბირიდან ჩამოტანილი ფულით ეს ბინა იყიდა, მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან სწორედ ეს იყო მისი პირველი და ერთადერთი საკუთრება, რომელსაც გადასახლებაში ყოფნისას ასე ნატრობდა. თავიდანვე შეუყვარდა ამ სახლის სუნი, მისი კედლები, ხის დარაბებიანი ფანჯრები, საიდანაც რიყის ქვით მოგებული ვიწრო, თბილისური შუკა მოჩანდა. ახსენდებოდა გაზაფხულის საღამოები, როცა ამ ფანჯრების წინ გამართულ სკამზე მეზობლები ჩამოსხდებოდნენ და თამაშობდნენ ჭადრაკს, ნარდს, ანდა უბრალოდ, მეზობლურად მასლაათობდნენ.

      ასეთ დროს, იმ თბილ ამინდში, ყველა სახლის ღია ფანჯრიდან მოჩქროლავდა განსაკუთრებული, მარტოოდენ იმ ბინებისთვის ნიშანდობლივი სხვადასხვა სუნი და ერთმანეთთან შეზავებული, თეთრად გადაპენტილი აკაციების ოდნავ მომწარო სუნთან შერწყმული, ერთ მთლიან, მხოლოდ მათი შუკისთვის დამახასიათებელ, განუმეორებელ სურნელსა ქმნიდა. მაშინ, იმ დროში, ადამიანები ყნოსვით სცნობდნენ საკუთარ ქუჩებს, რადგან ყოველი მათგანი, დიდი თუ მცირე, თავისი განსაკუთ რებული არომატით გამოირჩეოდა და სწორედ ამ ათასგვარ არომატთა ნაზავი, ერთ მთლიან სუნად შეკრული და შენივთე ბული წარმოადგენდა იმ უძველესი ქალაქის სურნელს, რომელ საც დასაბამიდან თბილისი ერქვა, მაგრამ რატომღაც ყველა უბრალოდ "ქალაქს" ეძახდა.

      ალექსანდრე ახლა შორეული სიზმარივით იხსენებდა მაშინდელ თბილისს, რაღაც სხვანაირს, სხვა იმედით გაცისკროვნებულს და იქნებ ათასგვარი საზრუნავით შეწუხებულსაც, მაგრამ გაცილებით უფრო მხიარულს, ბედნიერსა და თავისუფალს. იხსენებდა იმ დღესაც, როცა დამარცხებულ ქალაქში ტანისამოსშემოფლეთილი, მკბენარდახვეული, მშიერი მტერი შემოვიდა. როცა სულ სხვა, უცხო კანონ-სამართალის არტახებით გაკრულ ქალაქში ცხოვრება ჩაკვდა და ჩაინავლა.

      ქვეყანაში ტერორი გამეფდა. ცეცხლითა და მახვილით მოსულმა ძალამ გლეხი კოლმეურნეობის მონა გახადა, მუშა ჯამაგირის მოკლე თოკით დააბა, არისტოკრატია მოსპო, მღვდელი გაკრიჭა, ხოლო ინტელიგენცია მუჭში დამალული შაქრის ნატეხის ეშხით, ცირკის გაწვრთნილ გოშიად აქცია და ქართველი ერი თანდათანობით იმ მოზვერს დაამსგავსა, რომელიც იძულებული იყო ორიდან ერთი, უფრო ნაკლები უბედურება აერჩია: ან უნდა დაეკლათ და ხორცის ნაჭრებად გაეყიდათ, ან დაეკოდათ და მუშა პირუტყვად ექციათ. ერმა ფიზიკურ განადგურებას მეორე უბედურება ამჯობინა, უღელში მორჩლად გაყო თავი და ყელში აპეურწაჭერილმა, ხრიოკი სახრის შიშით, სოციალიზმის ოღრო-ჩოღრო გზაზე გასწია.

      ეს არჩევანი ალექსანდრეს გონივრულად მიაჩნდა. დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო, ეუბნებოდა ხოლმე მასთან მოკამათე ნიკოს. ეს ერთი მუჭა საქართველო დიდ რუსეთთან ვერას გახდება, ტყუილუბრალოდ შევაწყდებით, გავნადგურდებით და აღვიგვებით პირისაგან მიწისა. მთავარია, როგორმე გავუძლოთ, თავი გადავირჩინოთ, სული რომ გვიდგას, ახლა ესეც დიდი საქმეაო. აბა, დავიკრიფოთ გულზე ხელები და ვუყუროთო? - ბრაზობდა ნიკო. - რატომ, კაცო, ვიშრომოთ, ქვეყანა ვაშენოთ, მამაპაპური ადათ-წესები შევინახოთ, ერის ტრადიციებს ნუ დავკარგავთ, ნუ გადავგვარდებით. მარადიული არაფერია, ამაზე უარესი დღეებიც გვინახავს, ბოლოს და ბოლოს, ესენიც წავლენ, მოგვცილდებიან და ჩვენი დროც დადგებაო. მაგრამ ნიკო არ ეთანხმებოდა - მონობაში სიცოცხლეს სიკვდილი სჯობსო, მონა შექმნის და ააშენებს კი არა, რაც აქვს, იმა საც დაკარგავს და სულ ხელცარიელი დარჩებაო.

      ერთი სიტყვით, ვერ თანხმდებოდნენ, სხვადასხვა აზრზე იდგნენ და ცხარედაც კამათობნენ, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა მათ მეგობრობას.

      კარგით ახლა, გეყოფათ, ნუ დაჭამეთ ერთმანეთიო! - ეცინებოდა ელენეს, - ნეტა ვიცოდე, რა გაქვთ გასაყოფი, რა ყრია მაგ ცარიელ ლაპარაკშიო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხშირად თვითონაც ერეოდა მათ კამათში და ასეთ დროს მუდამ ნიკოს მხარეს იჭერდა, მის აზრს იზიარებდა; მათ ერთობლივ შემოტევას კი ალექსანდრე ვეღარ უძლებდა, ხუმრობით თითს მოკაკვავდა და ღიმილით ამბობდა, აბა, ელიკოსთან მე რას გავხდები, ეგ ხომ ძველი რევოლუციონერი გვყავს, პოლიტიკურ ბრძოლებში ნაცადი და გამოცდილიო.

      ასე ამთავრებდნენ კამათს, უფრო სწორად, მეორე დღისთვის გადასდებდნენ, მანამდე კი მიუსხდებოდნენ ელენეს მიერ გაშლილ სუფრას, ან ჩაის სვამდნენ, ანდა წელში გამოყვანილ ჭიქებში დასხმულ საფერავს და ჭუკჭუკებდნენ ტკბილად, თავისთვის, სულ ავიწყდებოდათ სოციალიზმის მშენებლობა და მისი მონაპოვარი. მალე შემოვიდოდა ნუნუც, რომელსაც ცალ ხელში უსათუოდ ცხელი, იმერული ხაჭაპურებით თავმოდგმული თეფში, მეორეში კი ლოყებპუტკუნა, მოღიმარი ბიჭი ეჭირა, მიუჯდებოდა გვერდით ელენეს, ბავშვს კალთაში ჩაისვამდა და ალექსანდრე გრძნობდა, რომ ოთახში რაღაც სხვანაირი სითბო და სიყვარული ისადგურებდა.

      ბოლო ხანებში, ნიკო და ნუნუ მათთვის განსაკუთრებულად ახლობელ ადამიანებად გადაიქცნენ, მაგრამ ახლა, როცა ისი ნი პარუნაშვილმა და მისმა ამხანაგებმა მანქანაში ჩასხეს და წაიყვანეს, ალექსანდრეს ერთი უცნაური, სამარცხვინო გრძნო ბა ეუფლებოდა, გრძნობა უცაბედად მოვლენილი შვებისა და სიხარულისა, რომელიც გააფთრებული წინააღმდეგობის მიუ ხედავად, მთელ მის არსებას მაინც ჯიუტი მონდომებითა და ძალით იპყრობდა.

      წეღან, მანქანიდან გადმოსული პარუნაშვილის დანახვაზე, ალექსანდრეს, მისდა გასაკვირად, სრულიად გაუქრა შიშნარევი მოლოდინის მტანჯველი გრძნობა და უეცარი სიმხნევე და სიმშვიდე დაეუფლა. თითქოს მღვრიე წყლიდან ამოყვინთაო, გარკვევით დაინახა ყველაფერი, გონებადაწმენდილი ამჩნევდა, როგორ ლაგდებოდა ირგვლივ ყოველივე, რანაირად უბრუნდებოდა საგნებსა და მოვლენებს თავთავისი ფორმა და მნიშვნელობა. ტკბილ-მწარე მოგონებები რეალობამ შეცვალა, განვლილი ცხოვრების სურათები სქელ ნისლში დაინთქა და უფრო ხელშესახები გახდა აწმყო, რომელიც ალექსანდრეს უკვე აღარ აშინებდა, ახლა სხვა, მისი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი აწუხებდა: ნანობდა, რომ ცოლი თავის დროზე არ გააღვიძა, ყველაფერი წინასწარ არ უამბო და ამ წუთებისთვის არ შეამზადა. გონების თვალით იქექებოდა წიგნების კარადასა და საწერი მაგიდის უჯრებში, რადგან აინტერესებდა, ჩხრეკის დროს რა უნდა ეპოვნათ იქ ისეთი, რაც მომავალში მის საწი ნააღმდეგო სამხილად გამოადგებოდათ. ეცოდებოდა ელენე, რომელიც ამ სიბერეში ისევ მარტო უნდა დარჩენილიყო და, ცხადია, თვითონაც ესიკვდილებოდა იმ ერთხელ უკვე ავლილი გოლგოთის ხელმეორედ ავლა, კვლავ ყურში ედგა ბორკილების ჟღრიალი და ბადრაგის მკვახე შეძახილი. მაგრამ დიდი ხნის ნალოდინარი საშიშროება იმდენად რეალური და გარდაუვალი გამხდარიყო, რომ ალექსანდრეს სრულიად აღარ აფრთხობდა, რადგან საშიშროების მოლოდინი გაცილებით უფრო მტანჯვე ლია, ვიდრე თვითონ საშიშროება.

      შუა ოთახში იდგა და ღამის სიჩუმეში გარკვევით ესმოდა ყოველი ჩქამი, სულ ოდნავი გაფაჩუნება: წვიმის რბილი, ჩუმი შრიალი, საათის ტიკტიკი, რაღაც შორეული, სუსტი წკრიალი და სადარბაზოს ხის ჭრიალა კიბეზე ამომავალი პარუნაშვილისა და მისი ამხანაგების მძიმე ფეხის ხმა. ეჩვენებოდა, რომ ხედავდა კიდეც მათ მკაცრ სახეებს, მოკუმულ ტუჩებს, ჯიბეებში ჩამა ლულ ხელებს. აი, კიბე ამოათავეს და დერეფანში შემოვიდნენ. ახლა მარჯვნივ გამოუხვევდნენ, მოადგებოდნენ ალექსანდრეს ბინის დაკეტილ კარს და ზედ მუშტით მაგრად დააბრახუნებ დნენ. სმენად იქცა, დაძაბული, კისერგაწვდილი მისჩერებოდა შემოსასვლელს, მაგრამ არავინ აკაკუნებდა და ეს მტანჯველი მოლოდინი თანდათანობით უფრო აუტანელი და დამთრგუნვე ლი ხდებოდა.

      უეცრად, მართლაც ატყდა მძიმე ბრახუნი, მაგრამ მას როდი უკაკუნებდნენ, ეს ხმა უფრო შორიდან, დერეფნის ბოლოდან მოდიოდა და ალექსანდრემ გაიფიქრა, ალბათ, კარი თუ შეეშალათო.

      ცოტა ხნის შემდეგ შემოესმა ნიკოს ნამძინარევი ხმა, ვინ არისო, კითხულობდა და ამათაც ისე მხიარულად, ისეთი მე გობრული ტონით უპასუხეს, გააღე, კაცო, ჩვენა ვართო, რომ ალექსანდრეს გაუკვირდა, ნეტავი ეს ჩვენი ნიკო და პარუნაშვი ლი საიდან იცნობენ ერთმანეთსო! მერე გაისმა კარის ჭრიალი, რაღაც გაურკვეველი, ყრუ შეძახილი, თითქოს ვიღაცამ დაახვე ლაო და იქაურობა ისევ ჩაწყნარდა, წვიმის გაბმულ შრიალსა და საათის ტიკტიკში ჩაიძირა.

      ალექსანდრე არ განძრეულა, იდგა და ფიქრობდა: ალბათ, ჯერ ნიკოსთან იმიტომ შევიდნენ, რომ მოწმედ სჭირდებათ, მისი თანდასწრებით მიპირებენ დაპატიმრებას, რათა ყველაფერს კანონიერი სახე მისცენო, მაგრამ გადიოდა დრო და იქიდან ჩამიჩუმი აღარ ისმოდა.

      ალექსანდრემ კარგა ხანს იცადა და ბოლოს ცოლის გაღვიძება გადაწყვიტა. ახლა მხოლოდ ისღა ადარდებდა, რა ვქნა, ისე როგორ შევაპარო ეს ამბავი, რომ საწყალ ქალს გული არ გავუხეთქოო და ამ ფიქრში რომ იყო, უეცრად, ისევ მოესმა კარის ჭრიალი, ხმაური და ნაბიჯების ხმა. ყური მიუგდო, გაიგონა კაცების ლაპარაკი და ქალის ტირილი, რაღაც ბღლარძუნის ხმაც შემოესმა, მაგრამ არც ამჯერად გამოუხვევიათ მისი კარისკენ, კიბე ჩაიარეს და გარეთ გავიდნენ.

      ალექსანდრემ ფანჯარას მიაშურა, ფარდა გადასწია და ქუჩაში გაიხედა: ავტომობილის კარი გაეღოთ და ნიკოს და ნუნუს შიგ ძალით სვამდნენ. ნიკო გახევებული უაზროდ იდგა, ხმას ვერ იღებდა, ნუნუ კი ტიროდა, კაცებს უძალიანდებოდა, გამწარებული რაღაცას ამბობდა და სახლისკენ მიიწევდა, მაგრამ ისინი ყურს არ უგდებდნენ, მანქანის ღია კარისკენ უბიძგებდნენ და როცა ბოლოს ორივენი შიგ შეყარეს, თვითონაც ჩასხდნენ და ის იყო, ავტომობილი დაიძრა, რომ პარუნაშვილმა დაორთქლილი მინა გადაწმინდა, ალექსანდრესკენ გამოიხედა და გაუღიმა.

      მერე მანქანა ქვემოთ დაეშვა, სიბნელეს შეერია და გაუჩინარდა, ალექსანდრე კი იქვე დარჩა, იმ ფანჯარასთან, ცალი ხელით ფარდას ჭმუჭნიდა და ისევ თვალწინ ედგა პარუნაშვილის სუფთად გაპარსული სახე, მისი ღიმილი, თითქოს ორაზროვანი და ნიშნის მომგები, მაგრამ იმავდროულად მეგობრობისა და კეთილგანწყობის გამომხატველიც. ეჭვმა შეიპყრო. ეს ღიმილი სანდო არ იყო. გაახსენდა, წეღან ნიკოს შინაურულად რომ დაუძახეს, გააღე, ჩვენა ვართო, და ალექსანდრესთვის ცხადი შეიქნა მათი მზაკვრობა. მოაგონდა შავი მანქანაც, რომელიც იმის ნაცვლად, რომ სიბნელეში გაეჩერებინათ, მთელს ქუჩაში ერთადერთ განათებულ და გამოსაჩენ ადგილზე, სწორედ მისი სახლის ფანჯრებთან დააყენეს და ალექსანდრე მიხვდა, რომ ეს ყველაფერი მის შესაშინებლად მოაწყო პარუნაშვილმა და ეგებ ნიკოსა და ნუნუს დაჭერაც მისთვის დადგმული სპექტაკლი იყო. ოღონდ ერთ ღამეს ჯერ ვერ ხვდებოდა, ეს უშნო ფარსი უკვე დამთავრდა თუ კიდევ წინ ჰქონდა მეორე აქტი, რომელიც ტრაგიკული ფინალით უნდა დასრულებულიყო და ალექსანდრეს კვლავ შემოაწვა გაურკვეველი მოლოდინის მტანჯველი გრძნობა, შემობრუნდა, ოთახს უაზროდ მოავლო თვალი და როცა, უეცრად, მაგიდის თავზე გაკრული ილიას, ვაჟას, აკაკის და მეფის არმიის პოლკოვნიკის, გიორგი ჯანელიძის ფოტოები შენიშნა, შიშისგან სუნთქვა შეეკრა და ელდანაცემმა საწერ მაგიდას მიაშურა.

* * *

      კარმა გაიჭრიალა და სავარძელში მჯდომი ალექსანდრე შეკრთა. ოთახში ელენე შემოსულიყო, ხელში მძინარე ბავშვი ეჭირა. ქალი აჩქარებული ნაბიჯით წამოვიდა, ქმრისთვის ერთხელაც არ შეუხედავს, წამით თვალი დაცარიელებულ კედელს შეავლო და საძინებელ ოთახში შევიდა. ღია კარიდან მოჩანდა, როგორ მზრუნველად ჩააწვინა ბავშვი ლოგინში, როგორ ჩაფუთნა. მერე იდგა და ჩუმად დასჩერებოდა.

      ელენეს ეცოდებოდა ასე ობლად, უდედმამოდ დარჩენილი პატარა ბიჭი, რომელსაც ბრმა ლეკვივით ჯერ თვალიც არ აე ხილა და უკვე საშინელ განსაცდელს უმზადებდა წუთისოფელი. თავზარს სცემდა ნუნუსა და ნიკოს დაჭერა. ვერ წარმოედგინა, რა უნდა ჩაედინათ ამ მშვიდ, უწყინარ ადამიანებს ისეთი, რომ შუაღამისას შინ მოუცვივდნენ, ლოგინიდან წამოყარეს და ისე წაასხეს, თოთო ბავშვსაც არ გაუწიეს ანგარიში. ბუნდოვანი გუმანით გრძნობდა, რომ ამის შესახებ ალექსანდრემ მასზე მეტი იცოდა, თორემ იმ სურათებს ისეთი ფათაფუთით არ ჩამოხსნიდა და ღუმელში არ შეუკეთებდა. სასტუმრო ოთახში გავიდა, კარი ფრთხილად მიხურა და ქმარს მიაჩერდა:

  - როგორ ხარ, საშა?

  - არა მიშავს.

      სკამი აიღო, სავარძელთან მიაჩოჩა და კაცს წინ დაუჯდა.

      ალექსანდრე ოდნავ შეირხა. კარგა ხანს უხმოდ, მდუმარედ ისხდნენ და ესმოდათ ქუჩიდან შემომავალი წვიმის შრიალი, კომოდის თავზე შემოდგმული საათის ხმა და იატაკქვეშ დაბუდებული თაგვის ფაჩუნი. ელენე ქმარს სახეში შეჰყურებდა, მაგრამ ალექსანდრე თვალს არიდებდა, მუხლებზე დალაგებულ საკუთარ ხელებს დასჩერებოდა, ისე გულმოდგინედ აკვირდებოდა ყავისფრად დალაქავებულ, ძარღვებამომსხდარ მტევნებს, თითქოს პირველად შეამჩნიაო და როცა ქალმა ამდენი ხნის სიჩუმეს ვეღარ გაუძლო და სასხვათაშორისოდ ჰკითხა, ნეტავი რა ჩაიდინეს იმ საცოდავებმა ასეთიო, თავი ასწია და ფანჯრებს შეხედა.

      ღამე გაბაცებულიყო, ოთახში დილის რიჟრაჟის მკრთალი ნათელი შემოდიოდა და, აწი, ალბათ, აღარ მოვლენო, გაიფიქრა. მართლაც, წესად ჰქონდათ, "ხალხის მტრებს" ღამღამობით აპატიმრებდნენ, იშვიათად თუ ვინმეს დღე დაიჭერდნენ, შუაღამისას მიადგებოდნენ ხოლმე მანქანით და ყოველგვარი ხმაურის გარეშე, ჩუმად მიჰყავდათ.

  - ჩემი მოსწავლე იყო ერთი, - თქვა ბოლოს და ჩახრინწული ყელი რომ ჩაეწმინდა, ჩაახველა.

  - რომელი?

  - არ იცი შენ.

  - მერე, ვერ უთხარი ღამე?! - ხმაში საყვედური გაერია ელენეს.

      ალექსანდრეს ნაძალადევმა ღიმილმა დაუგრიხა ტუჩები, დაცარიელებულ კედელს შეავლო თვალი და ელენემაც ძალაუნებურად იქით გაიხედა. გახუნებულ, გაცრეცილ შპალერს მკვეთრად აჩნდა ის ადგილები, სადაც ამ ცოტა ხნის წინათ სურათები ეკიდა.

  - გუშინ პატარა წაკინკლავება მომიხდა იმ ბიჭთან და მეგონა, ჩემს დასაჭერად იყვნენ მოსულები.

  - მოიცა, თუ კაცი ხარ, დალაგებით მომიყევი ყველაფერი!

  - ილიას "გაზაფხული" წავუკითხე. რა ვიცოდი, ჩეკისტი თუ მეჯდა კლასში.

  - ჰო.

  - კლასობრივი მტერია მაგ ლექსის დამწერიო, მითხრა!

  - მერე?

  - ყური ავუწიე და მგონი წამოვარტყი კიდეც პატარაზე. ელენემ ტუჩებზე ხელის გული მიიფარა და ქმარს გაღიმებული თვალებით მიაჩერდა. ერთხანს ეგრე უყურეს ერთმანეთს. ქუჩიდან გაღვიძებული ბეღურების ჟივჟივი ისმოდა. თაგვი გაჩუმდა. ახლა საათიღა წიკწიკებდა წყნარად და, ეტყობა, წვიმამაც გადაიღო, რადგან აღარ ისმოდა მისი გამაბეზრებელი ხმაური.

  - მაგისთვის ვინ დაუჭერიათ, შე კაცო! - თქვა ბოლოს ქალმა. უეცრად გარედან საყვირის ხმა მოისმა. ელენე წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და ქუჩაში გაიხედა. ქვემოდან მერძევე მოდიოდა, ცალ ხელში ბიდონი ეჭირა, მეორეში მონიკელებული საყვირი. სახლთან რომ ამოვიდა, ბიდონი დადგა, საყვირი პირზე მიიდო და ჩაბერა.

      ბავშვს გამიღვიძებს ეს შეჩვენებულიო, შეშინდა ელენე, სამზარეულოში გავიდა და კარადაში ჯამ-ჭურჭელს აუყენა ჩხარუნი - ქვაბს თუ ეძებდა რძისთვის.

      ამ ახალმა ხმებმა: ბეღურების ჟივილ-ხივილმა, საყვირის ხმამ, ჭურჭლის ჩხარუნმა და ქუჩიდან შემოსულმა დილის ნათელმა, სამყარო შეცვალა, გადაასხვაფერა და თითქოს ალექსანდრესაც მოჰგვარა ერთგვარი შვება. მტანჯველი ღამე წარსულს ჩაბარდა და ახალმა დღემ რაღაც გაურკვეველი იმედი ჩაუსახა გულში. იმედიანი იყო ელენეს ნათქვამიც - მაგისთვის ვინ დაუჭერიათო, - და, მართალია, ალექსანდრემ კარგად იცოდა, რომ ამაზე გაცილებით უმნიშვნელო რამისთვისაც იჭერდნენ, მაგრამ მაინც გულიდან გადაეყარა ის მძიმე ნაღველი, მთელი ღამე რომ აწუხებდა და მოსვენებას არ აძლევდა.

      გარედან ისევ მოისმა საყვირის ხმა. ალექსანდრემ თავი ასწია და საწოლი ოთახის კარს მიაჩერდა. იქ ბავშვს ეძინა - ნაადრევად დაობლებულს, მარტო დარჩენილს. მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად იგრძნო სიბრალული. შეეცოდა მისი მშობლებიც, რომლებიც, ვინ იცის, რა ბრალდებით დააპატიმრეს. თავისი წეღანდელი ვერსია გაახსენდა - ნიკო და ნუნუ ჩემს შესაშინებლად დაიჭირა პარუნაშვილმაო, - და საკუთარ გულუბრყვილობაზე გაეცინა. მთლად ასე მარტივად არ უნდა ყოფილიყო საქმე. ეტყობოდა, ნიკო სხვასთანაც ლაპარაკობდა მთავრობის აუგს და დააბეზღა ვიღაცამ, ბოროტი ხალხის მეტი რა იყო! მაგრამ, ვაითუ, მართლაც ღამეში იყო გაბმული, ვაი თუ, მისი ხასიათის პატრონმა ვერ მოითმინა და რომელიღაც ფარულ ორგანიზაციაში შევიდა, მაშინ? თითქოს ცხელი წყალი გადაასხესო, ამის წარმოდგენაზე ცეცხლი მოედო. იცოდა, რომ იმათ ხელში ჩავარდნილ კაცს აღარაფერი ეშველებოდა, მაგრამ გონება მისგან დამოუკიდებლად მაინც ეძებდა გამოსავალს.

      ამ ორიოდე თვის წინათ, ალექსანდრეს ქუჩაში ერთი შორეული ნათესავი შეხვდა, შუახანს გადაცილებული კაცი მანასი წიქორიძე. ეს მანასი ადრე წყალტუბოს თემის მღვდელი იყო. ცხრაასოცდასამში, როცა ბოლშევიკებმა დიდი ანტირელიგიური კამპანია წამოიწყეს, გაზეთში "მუშა და გლეხი" მისი სახელით შემდეგი შინაარსის წერილი დაიბეჭდა: "ამხანაგო რედაქტორო! ჩემს მღვდლობაში მე ადრევე დავრწმუნდი, რომ სასწაულები და არაბუნებრივი მოვლენები არ არსებობს, მაგრამ მე კიდევ მაჩერებდა სარწმუნოების ზნეობრივი მხარე; ეხლა ვხედავ, რომ ამაშიც შევმცდარვარ. ამიტომ ვტოვებ მღვდლობას, კავშირს ვწყვეტ ეკლესიასთან და ამიერიდან ვეცდები ვიყო მტკიცე მორწმუნე მეცნიერებისა. გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ მღვდლობა გულუბრყვილო ხალხის ძარცვა-გლეჯა და ავაზაკობაა. ამიტომ დღეიდან ამ საქმიანობას თავს ვანებებ და გადაწვეტილი მაქვს, ვემსახურო მშრომელ ხალხს და ვისაზრდოო თავი პატიოსანი შრომით".

      სინამდვილეში, მანასი წიქორიძე სოფლის აქტივისტებმა და კომკავშირლებმა ძალით გაკრიჭეს, ის კორესპონდენცია კი, ცხადია, რედაქციის მუშაკმა დაწერა.

      მისი ნახვით გახარებულმა ალექსანდრემ მანასი რესტორანში დაპატიჟა. დალიეს თითო ბოთლი ღვინო, მოიკითხეს ერთმანეთი, გაიხსენეს ძველი ამბები, ნათესავები. შუა პურის ჭამაში ყოფილ მღვდელს უეცრად, ტირილი წასკდა, თვალებიდან ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები, ვეღარ ჩერდებოდა. კარგა ხანი გავიდა, სანამ დამშვიდდებოდა, მერე კი შეცბუნებულ ალექსანდრეს გამოუტყდა, სწორედ ახლა მოვდივარ შინსახკომიდან, სადაც ხელწერილი დამაწერინეს, რომ ვალდებული ვარ არაკეთილსაიმედო ხალხს თვალ-ყური ვადევნო და საიდუმლო განყოფილებას მათ შესახებ ცნობები მივაწოდოო. შენ გამოცდილი კაცი ხარ, ძველი რევოლუციონერი და მირჩიე რა ვქნა, როგორ მოვიქცეო.

      ალექსანდრე გაშრა, უეცრად შესძულდა საკუთარი თავიცა და მანასი წიქორიძეც, გამტკნარებული იჯდა, ერთი სული ჰქონდა, აქედან როდის წავიდოდა. მანასი კი არ ეშვებოდა, ეხვეწებოდა, მირჩიე ღამეო. ბოლოს, ალექსანდრე ადგა, ყოფილ მღვდელს უთხრა, ისე მოიქეცი, როგორც საკუთარმა სინდისმა გიკარნახოსო, ოფიციანტს დანახარჯი გადაუხადა, დაბნეული სტუმარი გაშლილ სუფრასთან მიატოვა და წავიდა.

      ალექსანდრემ იცოდა, რომ საქართველო სავსე იყო მანასი წიქორიძის მსგავსი აგენტებით და, ცხადია, სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა დააბეზღა ნიკოც.

      ელენე შემოვიდა და ქვაბით რძე შემოიტანა. ალექსანდრემ შენიშნა, რომ ცოლი თვალს არიდებდა, სამაგიეროდ, წამდაუ წუმ, დაცარიელებული კედლისკენ გაურბოდა თვალი და, ცოტა არ იყოს, შერცხვა თავისი წეღანდელი საქციელისა, მაგრამ გუ ნებაში მაინც გაიმართლა თავი - სურათები ხომ იმიტომ დაწ ვა, რომ სულ მცირე, იოტისოდენა სამხილიც კი მოესპო და ახლა უკვე დარწმუნებული იყო, რომ დაპატიმრების შემთხვევა ში ისეთს ვეღარაფერს უპოვნიდნენ, რაც მის საწინააღმდეგოდ გამოადგებოდათ, მაგრამ, მოულოდნელად, თითქოს შიგნით რა ღაც აუფეთქდაო, გონება თვალისმომჭრელმა შუქმა გაუნათა. ამ უეცარი შეგრძნებისაგან ალექსანდრე ფეხზე წამოხტა და სა წოლი ოთახის კარს მიაშტერდა: იქ, იმ კარს მიღმა უდრტვინველად ეძინა პატარა მერაბს, დღეის ამას იქით ხალხის მტრის შვილსა და ყველაზე დიდ სამხილს, რაც სრულიად კმაროდა მისი და ელენეს ირკუტსკში, ზნამენკასა თუ ბოდაიბოში გადა სასახლებლად.

* * *

      თავდაპირველად მოაგონდა, რომ ნუნუს მშობლები სადღაც, ხარაგაულის რაიონში ცხოვრობდნენ, მაგრამ სოფლის სახელი ვერ გაიხსენა. გამალებული ფიქრობდა, მეტისმეტი დაძაბულობისაგან თავი ასტკივდა. ბოლოს დაასკვნა, ელენეს ეცოდინება მისამართიო, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რომ სანამ ტელეგრამა იქამდე ჩააღწევდა, სანამ ისინი თბილისში გამოსამგზავრებლად აიბარგებოდნენ და ბოლოს, სანამ ჩამოვიდოდნენ, დაგვიანდებო და ძალიან. მერე ნიკოს და მოაგონდა, რომელიც კუკიის უბანში ცხოვრობდა. არც მისი მისამართი იცოდა, მაგრამ ნიკოს სიძე ყასაბი იყო, ლეო ერქვა და ასე კიდევ შეიძლებოდა მათი პოვნა. ახლავე უნდა წასულიყო, კუკიაზე ყასაბი ლეო მოეძებნა და ბავ შვი იმათთვის მიეგვარა, მაგრამ, უეცრად, ცოლის ეჭვიან მზერას წააწყდა. ეტყობოდა, ელენე, როგორც ყოველთვის, ახლაც უსიტ ყვოდ მიხვდა მის ნაფიქრს, რადგან საწოლი ოთახის კარზე აკ რულს ფოცხვერივით უელავდა თვალები და თვითონაც იმ ფოც ხვერს ჰგავდა, ერთადერთი ლეკვის წართმევას რომ უპირებდნენ.

      ალექსანდრე მოეშვა, სავარძელში მოწყვეტით ჩაჯდა და განათებულ ფანჯარას მიაჩერდა. წეღან ცოტა ხნით ნაგრძნო ბი შვება გამქრალიყო და ახლა მის ნაცვლად, რაღაც უცხო, ცხოველური შიში ავსებდა, შიში დამფრთხალი ნადირისა, ბნელ კუთხეში მიკუნჭული და მდევრებისაგან გარშემორტყმული, გადამწყვეტ დარტყმას რომ ელოდება.

      სულ სხვა რამ იყო ეს შიში, სხვა აზრების გამჩენი და წარმომშობი სრულიად უცხო, მოულოდნელი სურვილებისა, რაც ალექსანდრეს თავზარს კი სცემდა, მაგრამ თანდათანობით იმორჩილებდა, რაღაც უცნაური ძალით თრგუნავდა და აიძულებდა წამომხტარიყო, უგზო-უკვლოდ გაქცეულიყო და მანამ ერბინა, სანამ დაღლილი და გასავათებული სადმე მკვდარივით არ მიეგდებოდა. მაგრამ ახლა, არამც თუ გაქცევისა, სავარძლიდან წამოდგომის თავიც არ ჰქონდა, რადგან, თურმე, დიდი ხა ნია უკვე გარბოდა, გაურბოდა იმ საზიზღარ ლაფსა და ტალახს, რომელსაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ერიდებოდა და ახლა, გაუთავებელი სრბოლისაგან დაღლილსა და ძალაგამოცლილს, ერთი ზედმეტი ნაბიჯის გადადგმაც აღარ შეეძლო. იჯდა და სასოწარკვეთილი ფიქრობდა, რომ სრულიად ამაო ყოფილიყო ის სირბილი, ის დაუსაბამო ტანჯვა-წვალება, რადგან, სადაც უნდა წასულიყო, როგორც უნდა დამალულიყო, მაინც იპოვიდნენ, მიწიდანაც კი ამოიღებდნენ და ბოლოს, უსათუოდ იმ წუმპესთან მიათრევდნენ, რომელსაც ასეთი სულელური გულუბრყვილობით ემალებოდა.

      მარადიული ლტოლვისაგან დაღლილსა და გაბეზრებულს, ახლა უნებურად აგონდებოდა სოფელი და სამების გორაზე წამომართული, კედლებდაბზარული ძველი საყდარი, რომლის შორიახლოს, ჟანგისაგან შეჭმული რკინის მესერით შემოღობილ ყვითელ თიხნარში მშვიდად იწვნენ ცხოვრების დაუსაბამო მდინარისაგან გაცვეთილი და ზენაარის მიერ შვებამინიჭებული მისი მშობლები და ეჩვენებოდა, რომ თვითონაც იქ იყო, იმ დიდი ხნის წინათ მიტოვებულ საფლავთან იჯდა და უყურებდა, როგორ დასდიოდა ნოემბრის წვიმა ჯერ ისევ მწვანე ბალახით შემოსილ მიწას, სისველისაგან გაშავებულ საფლავის ლოდებს და მთელს სასაფლაოს, ხნარცვებიდან აძრული ნისლით შებურვილსა და რძისფრად შეღებილს. გონების თვალით ხედავდა მამას, მის ფიქრიან, ყოველდღიური საზრუნავით დამძიმებულ გამოხედვას და ესმოდა დედის ტკბილი, ჟრუანტელისმომგვრელად მშობლიური ხმაც: - ეს არის "ა"! - ეუბნებოდა იგი, - აბა, კიდევ მიპოვნე "ა". რა ჰქვია, შვილო, მაგასა?

  -"ა", - ეღიმებოდა ალექსანდრეს და დედაც ალერსიანად უსვამდა თავზე ხელის გულს, ეფერებოდა.

      გულაჩქროლებული ალექსანდრე გრძნობდა იმ ხელის სილბოს, სინაზეს, მის სულშიჩამწვდომ სითბოს და სანთელივით ეღვენთებოდა მთელი სხეული, თვალის უპეებში ცხელი ცრემლი უგროვდებოდა.

* * *

      ფიქრებიდან კარზე ატეხილმა კაკუნმა გამოარკვია, შეკრთა, თავი ასწია და ცოლს მიაჩერდა.

      ამ სისხამ დილით სხვა ვინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ კარს უკან "ისინი" იდგნენ. გაუკვირდა, მანქანის ხმა რატომ ვერ გავიგონეო, სავარძლის სახელურებს დაებჯინა, ძლივს წამოდგა და ფანჯარასთან მიფრატუნდა. ტყვიასავით დამძიმებოდა ფეხები. გარეთ, ელექტრონის ბოძთან შავი ავტომობილი იდგა, ტყავისქურთუკიანი მძღოლი გადმოსულიყო, საქარე მინას ფალასით წმენდდა და თან წამ დაუწუმ მისი სახლის ფანჯრებისკენ იცქირებოდა.

      ელენე უკვე კარს აღებდა. ზურგშექცევით მდგომ ალექსანდრეს ესმოდა გასაღების ჩხაკუნი, ჩაჟანგებული ანჯამების ჭრიალი და როცა მობრუნდა, დაინახა ოთახში შემოსული პარუნაშვილი - მაღალი, ლამაზი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ელენეს გაღიმებული მისჩერებოდა.

  - უნდა მაპატიოთ, ქალბატონო, ამ დილაადრიან რომ შეგაწუხეთ, - წარმოთქვა მან და მერე ალექსანდრეს მიუბრუნდა, - ბოდიშის მოსახდელად გეახელით, ბატონო ალექსანდრე!

      მოხუცმა გაკვირვებით აზიდა წარბები, ცოლს გადახედა. ელენე დაბნეული იდგა, ხან დაუპატიჟებელ სტუმარს უყურებდა, ხანაც ქმარს, რადგან ამ უცნაური გამოცანის პასუხს სწორედ მისგან ელოდებოდა.

      პარუნაშვილი ალექსანდრეს მიუახლოვდა, მის წინ თავდახრილი, სახეშეფაკლული ჩუმად გაჩერდა, ბოლოს, როგორც იქნა, თვალი გაუსწორა და დარცხვენილი ღიმილით უთხრა:

  - შევრიგდეთ, ბატონო ალექსანდრე?

      ამ უცნაური მოულოდნელობისაგან ალექსანდრე საშინლად დაიბნა. მართლაც საკვირველი იყო: იმ პირსისხლიანი ჯალათისა და შემზარავი ურჩხულის ნაცვლად, რომელიც მის ცნობიერებაში მთელი ღამის ტანჯვისა და გვემისაგან ჩამოყალიბდა, ახლა მის წინ ერთი ზრდილი, სინდისის ქენჯნისაგან შეწუხებული ყმაწვილი იდგა და გუშინდელი უგვანი საქციელისათვის შენდობას სთხოვდა.

      ამ მოულოდნელმა გარემოებამ მოხუცი სულით ხორცამდე შეძრა და მისი დაჭიმული ნერვები ისე დაალბო, როგორც გაზაფხულის წვიმამ გვალვისაგან დაშაშრული, ხრიოკი მიწა. სულმთლად მოეშვა, მუხლებში სისუსტე იგრძნო და, უეცრად, ისე, რომ თვითონაც არ ელოდებოდა, სიცილი წასკდა - მთელი სხეული აუთახთახდა, მუცელზე ხელები შემოიჭირა, მოიკაკვა და ბებრული, ხრინწიანი ხმით ახითხითდა.

      იცინოდა და, თუმცა მშვენივრად გრძნობდა სიტუაციის აბსურდულობასა და იმ უხერხულობას, მისი უნებური, უაზრო სიცილი რომ იწვევდა, მაგრამ ვერ ჩერდებოდა, რადგან ეჩვენებოდა, რომ აქამდე ცოცხლად დამარხულს, სულშეგუბებულს, ზემოდან მიწა გადააცალეს და ახლა ის სიცილი სწორედ ისევე სჭირდებოდა, როგორც გრილი, სუფთა ჰაერი ბნელი სამარიდან ამოყვანილს.

      პარუნაშვილი ჯერ კი გაღიმებული და, ცოტა არ იყოს, დაბნეული შესცქეროდა ასე მოულოდნელად გამხიარულებულ თავის მასპინძელს, მაგრამ თანდათანობით იმასაც გადაედო მისი სიცილი, შუბლშეკრულ, შეფიქრიანებულ ელენეს თვალი შეავლო და, უეცრად, ისეთი ხარხარი აუტყდა, რომ ძველი სახლის კედლები შეინძრა, კარადაში ჭურჭელი აწკარუნდა და ფანჯრის მინებმაც ზრიალი მოიღეს.

      ახლა ორივენი იცინოდნენ, თვალზე ცრემლმორეულები, წელში მოხრილები ეხლებოდნენ ერთიმეორეს, სიცილისაგან დაოსებულები ზოგჯერ ხელებსაც კი უცაცუნებდნენ ერთმანეთს მკლავებზე, მხრებზე და ერთნაირი ჟინით ატაცებულნი, თითქოს ერთ არსებად ქცეულნი გიჟებივით ხარხარებდნენ.

      გაოგნებული ელენე შეცბუნებული შეჰყურებდა კაცებს. უკვე იცოდა, ვინც იყო ეს უცხო სტუმარი და რაკი ქმრის ამნაირი მხიარულების მიზეზს ვერ ხვდებოდა, მათი სიცილი ნერვებს უშლიდა, აღიზიანებდა და როცა საძინებელი ოთახი დან, უეცრად, ბავშვის ტირილი შემოესმა, ვეღარ მოითმინა და დაუყვირა:

  - კარგი, საშა, რა დაგემართა!

      ალექსანდრე, როგორც იყო გაჩუმდა, მაგრამ პარუნაშვილი ჯერ ისევ იცინოდა, თან ჯიბეებში იქექებოდა, ცხვირსახოცს ეძებდა, რომ თვალებიდან ცრემლი მოეწმინდა.

      სიცილისაგან გასავათებული, ძალაგამოლეული მოხუცი კი სავარძელში ჩაეშვა და ბავშვის ტირილიც სწორედ მაშინ შემოესმა!

      პარუნაშვილმა სახიდან ღიმილი მოისხიპა, საწოლი ოთახის კართან მივიდა, გამოაღო და შიგ შეიხედა. იმას უკან მიჰყვა ელენე, რომელსაც ატირებულ ბავშვთან უნდოდა მისვლა, მაგრამ პარუნაშვილს გზა ჩაეხერგა და აღელვებული, აფორიაქებული ქალი კარებში გახიდულ კაცს ხან აქედან უვლიდა, ხანაც იქიდან, მაგრამ ოთახში შესვლას ვერ ახერხებდა.

      ამასობაში ბავშვი ჩაბჟირდა, ახლა უკვე განწირული ხმით გაჰკიოდა, მაგრამ პარუნაშვილი ადგილიდან არ იძვროდა, კარის ჩარჩოზე ხელებმიბჯენილი, საძინებელ ოთახში თავშეყოფილი, უხმოდ იდგა და გაალმასებულ ქალს, რომელიც იმის განიერ ბეჭებს აქოთქოთებული, ცხარე კრუხივით ზედ აწყდებოდა, არავითარ ყურადღებას არ აქცევდა.

      ალექსანდრე ბრაზით უყურებდა ამ სურათს და გული მოსდიოდა საკუთარ ცოლზე, რომელიც სტუმარს ზურგში ხელს ჰკრავდა, უჯიკავებდა და გზიდან მის ჩამოცილებას ასე ცდილობდა.

      უეცრად, პარუნაშვილი მობრუნდა, ქალს გზა მისცა და ალექსანდრეს ნაღვლიანი ღიმილით მიაჩერდა.

  - ამას კი აღარ მოველოდი თქვენგან, ბატონო ალექსანდრე, - თქვა ბოლოს და თავი სინანულით გადააქნია.

      ალექსანდრე სავარძელში ჩაკვდა, ჩაიფერფლა. ახლაღა გაახსენდა, რომ ამ კაცისა სახელიც კი არ იცოდა და ამის გამო სინდისის ქენჯნა იგრძნო. შესცქეროდა ამ ლამაზ, წარმოსადეგ ადამიანს, მის მიმართ საოცარი ნდობით იმსჭვალებოდა და როცა იმან უსაყვედურა, ხალხის მტრისა და მოღალატის შვილი ოჯახში რამ შემოგაყვანინათო, ცოლს საწოლ ოთახში ბრაზით გასძახა: - აბა, მოიხედე, ქალო, რას გეუბნებოდიო!

      პარუნაშვილი ფანჯარასთან მივიდა, ფარდა გადასწია, გარეთ გაიხედა და ვიღაცას თავი დაუქნია.

      უეცრად მეორე ოთახიდან თმაგაწეწილი, სახეშეშლილი ელენე გამოვარდა და ქმარს ეცა:

  - ვინ არის, საშა, ეს კაცი?

  - ელიკო! - გამაფრთხილებლად უთხრა ალექსანდრემ.

  - ვინ არის-მეთქი, რა უნდა ამ სახლში!

  - კარგი, ახლა, ელიკო!

  - უთხარი, ახლავე წავიდეს აქედან!

  - დაწყნარდით, ქალბატონო, - ჩაერია პარუნაშვილი, - სჯობს ჩაიცვათ და ბავშვიც მოამზადოთ.

      უეცრად, კარი გაიღო და ოთახში ორი უცხო კაცი შემოვიდა. ელენეს მკვდრის ფერი დაედო.

  - ბავშვს თბილად ჩააცვით, თორემ გაგიცივდებათ. - ურჩია პარუნაშვილმა.

* * *

      ამის შემდგომ მოვლენებს ალექსანდრე სიზმარივით აღიქ ვამდა, ეჩვენებოდა, თითქოს ყველაფერი წყლის ფსკერზე ხდე ბოდა. ადამიანები შენელებულად მოძრაობდნენ, თევზებივით ალამუნებდნენ ტუჩებს, მათი ლაპარაკი სრულიად არ ესმოდა, ყურებში გაბმული ბუყბუყი და შრიალი ედგა. დაინახა, როგორ გამოიყვანეს საწოლი ოთახიდან ტყავისქურთუკიანმა კაცებმა პალტოჩაცმული, ბალღატატებული ელენე. უყურებდა, როგორ იდგა იგი შუა ოთახში, მისკენ არც კი იყურებოდა და ალექსანდრეს მოეჩვენა, რომ ქალს ერთი სული ჰქონდა, სანამ აქედან წავიდოდა და, მართლაც, როცა იმ კაცებმა წინ გაიგდეს, ოთა ხიდან ისე გავიდა, უკან ერთხელაც არ მოუხედავს.

      მერე სავარძელში იჯდა და ხედავდა, როგორ დადიოდა პა რუნაშვილი დაცარიელებულ ოთახში, რანაირად ათვალიერებდა იქაურობას და ბოლოს, როცა მიუახლოვდა და დასამშვიდობებ ლად ხელი გამოუწოდა, ძალიან კი ეცადა, მაგრამ ისე ჰქონდა კიდურები გახევებული, რომ სავარძლის სახელურს მარჯვენა ვერ ააგლიჯა.

      პარუნაშვილი ერთხანს ეგრე ხელგამოწვდილი იდგა, მერე ნელა შებრუნდა და წავიდა.

* * *

      ვერ გეტყოდათ, კიდევ რამდენ ხანს იჯდა, მაგრამ როცა წამოდგა, სხეულში უცნაური, სასწაულებრივი სიმსუბუქე იგრძნო, რამაც ენით აუწერელი შვება მოჰგვარა.

      ფანჯრიდან გარეთ გაიხედა.

      ავტომობილი აღარსად ჩანდა.

      ცას ღრუბელი გადაეყარა და აღმოსავლეთიდან დიდი, წითელი მზე ამოდიოდა. მის სხივებს ერთნაირად გაეკაშკაშებინა ნაწვიმარი ქუჩა, სახლების სველი სახურავები, მთელი ქალაქი. ტროტუარზე ნელი ნაბიჯით მოდიოდა წყნეთელი გლეხი და ხმობაშეპარულ აკაციებს დინჯად, საქმიანად ათვალიერებდა.

      ალექსანდრე ნელა შემობრუნდა. მზის ოქროსფერ ნათელში გახვეულიყო მთელი ოთახი, მისი ყოველი კუთხე-კუნჭული უცნაურად ბრწყინავდა და უეცრად, ელდანაცემმა კინაღამ შეჰკივლა: მაღალზურგიან, გაქუცულ სავარძელში უძრავად იჯდა მისი გახევებული, უსულო გვამი, რომელსაც ღიად დარჩენილ, ჩამქრალ თვალებზე შემოდგომის მსხვილი, მწვანე ბუზები დააცოცავდნენ.

ნუგზარ შატაიძე

ლიტერატურა: შეხვედრა (რჩეული)
თბილისი: ქართული ბიოგრაფიული ცენტრი. 2010.

ტეგები: Qwelly, literature, ლიტერატურა, მოთხრობები, ნუგზარ_შატაიძე, ქველი

ნახვა: 4476

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters