ერიკ-ემანუელ შმიტი - ვანდა ვინიპეგი

   ტყავია „როლს-როისის“ სალონი; ტყავია მძღოლიც და მისი ხელთათმანებიც. პირამდე გაუვსია საბარგულიც ტყავისგან დამზადებულ ჩემოდნებსა და ჩანთებს, ტყავია სანდლებიც, ზღურბლზე რომ გამოჩნდნენ და თხელ, ჩამოქნილ ფეხებს რომ აბოლოვებენ. და ბოლოს ვანდა ვინიპეგის კვასკვასა წითელი პიჯაკიცა და კაბაც ტყავია.
მოსამსახურე პერსონალმა მორჩილად დახარა თავი.
ვანდა ვინიპეგმა კარის ზღურბლს ისე გადააბიჯა, მზერა არავისთვის შეუვლია. არც უკან მიუხედავს, რათა გადაემოწმებინა, ბარგი-ბარხანა მიჰყვებოდა თუ არა. ისე შეიძლებოდა კი სხვანაირად მომხდარიყო? იყო კი მოსალოდნელი მისგან განსხვავებული ქმედება?
სასტუმროს დახლს მიღმა მოსამსახურეები თრთოლას აეტანა. ვანდას სათვალის დაბურული მინების გამო მთლად ვერ დარწმუნდნენ, მიიპყრეს თუ არა მისი ყურადღება და ამიტომაც, იცოცხლე, ზდილობის ფორმულები დაუზარლად აფრქვიეს.
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქალბატონო ვინიპეგ. ჩვენთვის უაღრესად დიდი პატივია, „როიალ ემეროდში“ დაბინავება რომ ისურვეთ. ყველაფერს ვიღონებთ, რომ აქ ყოფნა რაც შეიძლება სასიამოვნო იყოს თქვენთვის.
   დაფასების, პატივისცემისა და ყურადღების ამ გამოვლინებებს ვანდა ვინიპეგი უსიტყვოდ დაჰყაბულდა, როგორც კუთვნილ ხურდას - მაღაზიაში. მოსამსახურეები განაგრძობდნენ საუბარს, მაღალი რანგის სტუმარი კი მის თანამონაწილედ მიიჩნიეს.
- სილამაზის სალონი ღიაა დილის შვიდი საათიდან საღამოს ცხრა საათამდე. ამ დროს ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ფიტნეს-კლუბითა და აუზით.
   ვანდას სახე მოეღრიცა. პანიკით შეპყრობილმა მენეჯერმა შესაძლო პრობლემების ჩანასახშივე ჩახშობა სცადა: - ბუნებრივია, თუ თქვენი სურვილი იქნება, შეგვიძლია ჩვენი განრიგი შევცვალოთ და თქვენსას მოვარგოთ.
   ქოშინით მოვარდა სასტუმროს დირექტორიც და სტუმრის ზურგს უკან წაიწკმუტუნა: - ქალბატონო ვინიპეგ, ჩვენთვის უაღრესად დიდი პატივია, რომ „როიალ ემეროდში“ ისურვეთ დარჩენა. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ აქ ყოფნა რაც შეიძლება სასიამოვნო იყოს თქვენთვის.
რადგან დირექტორმა სხაპასხუპით იგივე ფრაზა ჩამოყაჭა, რაც დაქვემდებარებულმა მოსამსახურე პერსონალმა, ვანდა ვინიპეგს სახეზე დამცინავი ღიმილი გადაეფინა, რომლის ადრესატი, ცხადია, მოსამსახურეები იყვნენ და რომელიც, ეჭვს გარეშეა, შემდეგს ნიშნავდა: „თქვენი უფროსი გონებამახვილობითა და გამჭრიახობით ვერ დაიკვეხნის. რა დიდი ძალისხმევა უნდოდა ახლა თქვენზე ელეგანტურად ერთი-ორი ფრაზის ჩამოყალიბებას?!“ შემდეგ ვანდა დირექტორს მიუბრუნდა და ხელზე ამბორის ნება დართო.
ცხადია, სასტუმროს მეპატრონე ვანდას ირონიას ვერ მიუხვდა. მეტიც, არც კი მოსვლია მსგავსი აზრი თავში. განა სტუმარმა ხელზე ამბორი არ უწყალობა?
- ვფიქრობ, რომ გაწბილებული არ დავრჩები, პრინცესა მატილდამ ისე მიქო თქვენი დაწესებულება.
ქუსლების რეფლექტორული მოძრაობით - საშუალო მდგომარეობა სამხედრო მისალმებასა და ტანგოს მოცეკვავის პარტნიორის მისამართით გამოხატულ მადლობას შორის, - დირექტორი ეცადა დარტყმისთვის საკადრისი პასუხის გაცემას. მას გონება გაუნათდა და გააცნობიერა, რომ ვანდა ვინიპეგის სახით ის მსოფლიოში ერთ-ერთ უმძლავრეს ფორტუნას კი არ მასპინძლობდა, არამედ ქალბატონს, რომლის სახელი და გვარი გოთას ალმანახშიცაა შეტანილი.
- თქვენ, ცხადია, იცნობთ ლორენცო კავალის.
საყვარლის წარდგენისას ვანდამ ხელი მისკენ გაიშვირა. სიმპათიურმა შავთმიანმა მამაკაცმა - გრძელი თმა ისე უბზინავდა, იფიქრებდით გაპოხილიაო! - მორჩილად დახარა თავი და დამსწრე საზოგადოება ნახევარღიმილით დაასაჩუქრა. უდავოდ შესანიშნავად მოირგო პრინც კონსორტის როლი, რომელსაც ბრწყინვალედ აქვს შეგნებული თავისი არამომგებიანი პოზიცია, მაგრამ იმავდროულად თავს მოვალედ მიიჩნევს, ნებისმიერ გარემოებაში დედოფალზე უფრო თავაზიანი წარმოჩინდეს.
შემდეგ ვანდამ მისთვის გამოყოფილ აპარტამენტებს მიაშურა. გუმანით შესანიშნავად გრძნობდა, რასაც ჩურჩულებდნენ მის ზურგს უკან.
- მე რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ვანდა გაცილებით მაღალი იყო... რა მშვენიერი ქალია. უფრო ახალგაზრდად გამოიყურება, ვიდრე ფოტოებზე. არ მეთანხმებით?
   ვანდამ, როგორც კი აპარტამენტებში შეაბიჯა, უმალ მიხვდა, რომ აქ ნამდვილად შესანიშნავად იგრძნობდა თავს. დირექტორს, ნომრის ღირსებებზე ქება-დიდებად რომ დაიღვარა, სკეპტიკური სახით ბოლომდე მაინც დაუგდო ყური. მიუხედავად უსაზღვრო სივრცისა, მარმარილოთი მოპირკეთებული ორი აბაზანისა, ზღვა თაიგულებისა, ხარისხიანი ტელევიზორებისა, ძვირფასი ხისგან ნაკეთი ავეჯისა, ვანდა მაინც თავისი ჩვეული ტაქტიკის ერთგული დარჩა - არაფრის დიდებით არ შეიმჩნია კმაყოფილება; მხოლოდ ერთი შენიშვნით შემოიფარგლა, - უპრიანი იქნებოდა ტერასაზე პატარა მაგიდა გაეტანათ ტელეფონით, ეს იმ შემთხვევაში, თუ ანაზდად რომელიმე აგენტთან დაკავშირების სურვილი შეიპყრობდა.
- რა თქმა უნდა, ქალბატონო, მართალი ბრძანდებით. სულ რაღაც ერთ წუთში ტერასაზე ტელეფონი გექნებათ.
ვანდამ თავი შეიკავა იმის დაზუსტებისგან, რომ ადგილობრივი სატელეფონო ხაზით არც არასდროს ისარგებლებდა, გარე სამყაროსთან კავშირის დასამყარებლად მისთვის მობილური ტელეფონი სრულიად საკმარისი იქნებოდა. განზრახული ჰქონდა, დირექტორი წასვლამდე სრულ ტერორში მოექცია, ამოსუნთქვის საშუალება არ მიეცა, რათა მისგან სრული მომსახურება მიეღო.
   დირექტორი ვანდას „ათას ერთი ღამის“ მსგავს ზღაპრულ დასვენებას დაჰპირდა. ბოლოს, როგორც იქნა, კარი მოწიწებით, ლამის იატაკზე თავის დარტყმით გაიხურა. მარტო დარჩენილი ვანდა დივანზე გაიშოტა. ლორენცო და მოსამსახურე ქალი ჩემოდნებიდან ტანსაცმლის ამოლაგებას და გარდერობში გადანაწილებას შეუდგნენ. ვანდამ შესანიშნავად უწყოდა, თუ რა ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა გარშემო მყოფებზე. ამის გაფიქრება უზომო სიამოვნებას ჰგვრიდა. მას პატივს სცემდნენ, რადგან საკუთარი აზრის გამოთქმას ყოველთვის აჭიანურებდა; პირს მხოლოდ მაშინ აღებდა, როცა უსიამოვნო მოსაზრება ან შენიშვნა უნდა გაეხმიანებინა. სწორედ ამის გამო უფრთხოდნენ აგრერიგად. აჟიოტაჟი, მის ყოველ გამოჩენას თან რომ ახლდა, არ უკავშირდებოდა მხოლოდ ვანდას აურაცხელ ქონებას, არც მის პოპულარობასა და უზადო ფიზიკურ მონაცემებს, არამედ ერთგვარ ლეგენდას, რომლის საბურველშიც დასაბამიდანვე გაეხვია.
   საინტერესოა, რა ჩაიდინა ვანდამ ისეთი, საგანთა დამოკიდებულებისთვის რომ მიეღწია? მისსავე ახსნა-განმარტებას თუ დავუჯერებთ, ყველაფრის თავი და თავი ორადორი პრინციპია: იცოდე, როგორ გათხოვდე და ასევე იცოდე, როგორ გამოთხოვდე.
ყოველი ახალი ქორწინებისას ვანდა სოციალურ კიბეზე ერთი საფეხურით მაღლა ადიოდა. უკანასკნელმა ალიანსმა15 წლის წინ ვანდა გახადა ის, რასაც დღეს წარმოადგენდა. ამერიკელ მილიარდერთან, დონალდ ვინიპეგთან სარეცლის გაყოფით ვანდამ პოპულარობა ელვისებური სისწრაფით მოიხვეჭა. მათი ქორწინების ამსახველი ფოტოები მსოფლიოში ცნობილ თითქმის ყველა ილუსტრირებულ ჟურნალში დაიბეჭდა. მოგვიანებით, განქორწინებისას იმავე ჟურნალებმა ვანდას გარეკანი დაუთმეს. არც იყო გასაკვირი, ასეც უნდა მომხდარიყო. ეს ხომ საუკუნის ყველაზე ხმაურიანი სასამართლო დავა იყო; განქორწინება, რომელმაც ვანდა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალად აქცია.
იმ დღიდან მოყოლებული, რანტიეს სტატუსმა ვანდას ხელ-ფეხი გაუხსნა, მისთვის ყველაფერი იოლი და ადვილად მისაღწევი გახადა. თავისი საქმეების საწარმოებლად მხოლოდ და მხოლოდ მაღალკვალიფიციური ადამიანების სამსახურს მიმართავდა. იმედგაცრუების შემთხვევაში კი ყოველგვარი სინანულისა და სინდისის ქენჯნის გარეშე მათ გასასვლელი კარისკენ მიუთითებდა.
   ლორენცო ყოვლისშემძლე საყვარელს თბილი ხმით წაეღუღუნა: - ვანდა, საყვარელო, რას ვგეგმავთ ნაშუადღევს, სადილის შემდეგ?
- ურიგო არ იქნებოდა, ჯერ აუზში დავსველებულიყავით, შემდეგ კი საძინებელ ოთახში დაგვესვენა. შენ რას იტყვი?
ვანდას ორი ბრძანება ლორენცომ მყისიერად თავის ენაზე მოთარგმნა: ჯერ მისთვის თვალმოუცილებლად ეცქირა, სანამ ორ კილომეტრს გაცურავდა, შემდეგ კი ბუდუარში სიყვარულის ჟინი ჩაეცხრო.
- კეთილი, ვანდა, ეს პერსპექტივა ძალიან მხიბლავს.
ლორენცო პასუხისთვის ღიმილით დასაჩუქრდა. ცხადია, სხვა არჩევანი არც ჰქონდა. ისიც უწყოდა, რომ სასიამოვნო მორჩილების გათამაშება მისი გალანტურობის კიდევ ერთი დასტური იქნებოდა.
სააბაზანო ოთახში საცურაო კოსტიუმის ჩასაცმელად შებრუნებულმა ლორენცომ ვითომ სრულიად შემთხვევითი გაშიშვლებით აიძულა ვანდა, მისი უზადო აღნაგობით, ახოვანებითა და დაკუნთული მუცელ-ზურგით დამტკბარიყო. ვანდა უკვე ფიქრობდა, ცოტა ხანში როგორ დაბურჯგნიდა ლორენცოს მამაკაცურ დუნდულებს.
„ეს ის ადგილია, რომელიც მამაკაცებში ყველაზე მეტად აღმაგზნებს. მიდი და გაიგე, რატომ!“
   საკუთარ თავთან მონოლოგებში ვანდა უბრალო, მისი წარმოშობისთვის შესაფერის მდაბიო მეტყველებას ამჯობინებდა. მადლობა ღმერთს, ეს ენა მის გარდა არავის ესმოდა.
ლორენცო მალევე დაბრუნდა უკან საცურაო კოსტიუმში გამოწკეპილი და სელის პერანგმოცმული. მზად იყო, ვანდასთვის აუზთან კომპანიონობა გაეწია.
   ვანდას ასეთი გამორჩეული თანმხლები მამაკაცი არასდროს ჰყოლია. სხვა ქალებს, გეგონება, არც კი ამჩნევსო, საერთო ენას მხოლოდ ვანდას ნაცნობ-მეგობრებთან პოულობდა, იმავე რაციონს მიირთმევდა, რასაც ვანდა, დგებოდა და წვებოდა მასთან ერთად, მასავით მუდმივად კარგ გუნებაზე გახლდათ და რა მნიშვნელობა ჰქონდა, რას აფასებდა, იქნებ სულაც არც არაფერი აინტერესებდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მასზე დაკისრებულ როლს ზედმიწევნით სრულყოფილად ასრულებდა.
„თუ ყველაფერს ავწონ-დავწონით, თამამად შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ლორენცო უნაკლოა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ვერც მე დამდებს ადამიანი ბრალს რამეში, მეტიც, არაფრით ჩამოვუვარდები მას.“
მოკლედ, ვანდა უფრო ხშირად ლორენცოს ქმედებებზე ფიქრობდა და არა მის ფიზიკურ ღირსებებზე. ლორენცოს თავი პროფესიონალ ჟიგოლოდ ეჭირა. მადლობა ღმერთს, ვანდამაც ზედმიწევნით იცოდა, როგორ მოპყრობოდა მსგავს მამაკაცებს. სულ რამდენიმე წლის წინ ლორენცოს უნაკლო გალანტურობისა და გადაჭარბებული ყურადღების შემხედვარეს, გამორიცხული არ იყო, მის ჰომოსექსუალურ მიდრეკილებებზე ეფიქრა, მაგრამ დღეს ლორენცოს ცისფერობა რომც აღმოეჩინა, ვანდასთვის ამას ნამდვილად არ ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა. მთავარი ის იყო, რომ ლორენცო ლოგინში ნამდვილ კოცონს აგიზგიზებდა და თანაც იმდენჯერ, რამდენჯერაც ვანდას ამის სურვილი აიტანდა. აბა, სხვა რა უნდა მოეთხოვა მისთვის? არც იმის დარდი ჰქონდა, ლორენცო ბევრ სხვასავით „ღამის რინგზე“ წარდგომამდე ტუალეტში მალულად რამე სითხეს ვენაში თუ შეიშხაპუნებდა.
   "ჩვენ, ქალებს, არაჩვეულებრივად გვეხერხება თავის მოკატუნება... რა მოხდა მერე, თუ მამაკაცებიც იმავე ფანდს გამოიყენებენ? რა არის ახლა ამაში ასეთი აუტანელი და აღმაშფოთებელი?“
ვანდა ვინიპეგი ამბიციებით შეპყრობილი ქალის ცხოვრების იმ ბედნიერ პერიოდს მიუახლოვდა, როცა მისი ცინიზმი საბოლოოდ ერთგვარ სიბრძნეში გადაიზარდა: მახრჩობელა მორალური პრინციპებისაგან თავისუფალი, ცხოვრებისეულ სიამეებს მიეცა და მას ისეთს აღიქვამდა, როგორიც სინამდვილეში იყო. არც მამაკაცების შეფასებაში ცდებოდა. მათ ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე მიუჩინა კუთვნილი ადგილი.
ვანდამ ორგანაიზერში ჩაიხედა და არდადეგების თანამიმდევრობას თვალი გადაავლო. ჭირივით ეჯავრებოდა ერთფეროვნება, ამიტომ ყოველთვის ცდილობდა, უმნიშვნელო დეტალიც კი წინასწარ განეჭვრიტა: საქველმოქმედო საღამოები, ძვირადღირებული ვილების დათვალიერება, შეხვედრები მეგობრებთან, ექსპედიციები JeT-set-ის წარმომადგენელთა მონაწილეობით, მასაჟები, მოდური რესტორნებისა და პრესტიჟული მაღაზიების გახსნა, კოსტიუმირებული მეჯლისები; ამ ჩამონათვალში იმპროვიზაციისთვის ნემსის ყუნწისოდენა ადგილიც კი არ რჩებოდა. შოპინგებისა და სიესტისათვის შეწირული დროც განსაკუთრებული სიმკაცრით იყო გაწერილი. არდადეგების განრიგის ასლი ვანდამ მთელ თავის მოსამსახურე პერსონალსაც დაუგზავნა, ლორენცოსაც მათ შორის. ყველა მათგანს უნდა ეზრუნა, ჩანასახშივე აღეკვეთა ნებისმიერი აბეზარის მცდელობა, ქალბატონ ვინიპეგისთვის საკუთარ სადილზე ან საღამოზე დასწრების თანხმობა დაეცინცლა.
   საგულდაგულოდ შედგენილი განრიგით დამშვიდებულმა ვანდამ თვალები დახუჭა, თუმცა მალე ქარის მიერ საიდანღაც მოტანილმა მიმოზას მძაფრმა სუნმა გაწონასწორებული სუნთქვა შეუბრკოლა. შეშფოთებული ფეხზე წამოდგა, არემარე მიმოათვალიერა. არაფერი საეჭვო. განგაში სრულიად უსაფუძვლო გამოდგა. ვანდა საკუთარი თავის მსხვერპლი აღმოჩნდა. ამ სურნელებამ მას უბრალოდ შეახსენა, რომ ბავშვობის გარკვეული ნაწილი სწორედ ამ მიდამოებში ჰქონდა გატარებული. ღმერთო, რა ღარიბი და უპოვარი იყო მაშინ!!! სახელიც სხვა ერქვა. ამის შესახებ არავინ იცოდა და, ცხადია, ვერც ვერავინ შეიტყობდა ოდესმე. ვანდამ საკუთარი ბიოგრაფია თავად გამოიგონა. ყველა დაარწმუნა, რომ რუსეთში დაიბადა, სადღაც ოდესის შემოგარენში. აქცენტიც თავად შეიმუშავა, ხუთი ენის გაერთიანება რომ გამოდგა და განსაკუთრებულად უხდებოდა მის დაბალ ტემბრს, მითს კი მეტ დამაჯერებლობას სძენდა; მითს, თავად რომ შეთხზა.
წამოდგომისას ვანდამ თავი გააქნ-გამოაქნია, თითქოს მოზღვავებული მოგონებების გარეკვა სცადა. რემინისცენციების დრო ახლა ნამდვილად არ არის. მშვიდობით, წარსულის მოგონებებო! ვანდა აკონტროლებს ყველაფერს: საკუთარ სხეულსა და ქცევას, საქმეთა წარმოებას, ინტიმურ ცხოვრებას, საკუთარ წარსულს. აქ ვანდას ზღაპრული არდადეგების გატარება მოუწევს. აბა, სხვანაირად როგორ? მან ხომ ამისთვის სოლიდური თანხა გადაიხადა?

*

   კვირამ, შეიძლება ითქვას, ზღაპრულად ჩაიარა. ისინი „დახვეწილი სადილებიდან“ „გასაოცარ ვახშმებზე“ ინაცვლებდნენ, არც „ღვთაებრივ საღამოებზე“ იბზუებდნენ ცხვირს. სასაუბრო თემები JeT-set-ის თავყრილობებზე, როგორც წესი, თითქმის იდენტურია. სულ მალე ვანდასა და ლორენცოს თამამად და ლაღად შეეძლოთ ესაუბრათ ყველაფერზე, რაც შესაძლოა მათ „ლაჟვარდოვან სანაპიროზე“ დასვენებისას გადახდომოდათ. აი, მაგალითად, პრესტიჟული ღამის კლუბის - Disco Privilege-ის უპირატესობებზე, სლიპსტრინგების მოდაში დაბრუნებაზე (სასაცილო რამ კია, მაგრამ რა მოხდა მერე, როცა შეგიძლია საკუთარ თავს ამის ფუფუნება უბოძო?!), იმ „გასაოცარ თამაშზე,“ როცა მიმიკითა და ჟესტებით ფილმის სათაურზე უნდა მიახვედრო (ნეტა გენახათ, ნიკი რა დღეში იყო, როცა ცდილობდა „ქარწაღებულნი“ ამოგვეცნო), ელექტრომანქანებზე („საყვარელო, იდეალურია პლაჟზე წასასვლელად!“), არისტოტელე პაროპულოსის გაბანკროტებასა და განსაკუთრებით იმ უბედური სვიტენსონების თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე (განა შეიძლება ადამიანმა ერთძრავიანი თვითმფრინავით იფრინო, როცა ფული გილპება და საკუთარი ჯეთით შეგიძლია იმგზავრო?).
   ბოლო დღეს წყვილი ფარინელების იახტაზე აღმოჩნდა (რაც მართალია მართალია, ფარინელი იტალიური სანდლების მეფეა, ამაზე არავინ დავობს; ფარინელი გველაძუა, მორალის ორმაგი სტანდარტებით). ვანდასა და ლორენცოს ხმელთაშუა ზღვის მშვიდ წყლებში საამური ვოიაჟი გამოუვიდათ.
   ქალებმა უმალ მოისაზრეს, მარშრუტი საკუთარი სურვლისამებრ გამოეყენებინათ. რა ედგა წინ გემბანზე ასვლას და (ასაკი ამჯერად ნამდვილად არ იყო გადამწყვეტი!) მოქნილი მიმოხრით, მკვრივი მკერდით, წვრილი წელითა და უცელულიტო ფეხებით თავის მოწონებას?! ვანდა აღლუმში ჩაება იმ ქალის ბუნებრიობით, რომელსაც შესანიშნავად აქვს გააზრებული საკუთარი აღმატებული ფიზიკური მშვენიერება. ამჯერად ის საზოგადოებას მოვლილი და მოწესრიგებული ქალბატონის როლში მოევლინა. ლორენცომ - არა ის ნამდვილად სანიმუშო მამაკაცია! - ვანდა შეყვარებული მამრის მზერით დააჯილდოვა. მსგავსი სპექტაკლი განა გასართობი არ არის? მილიარდერმა რამდენიმე ქათინაურს უმალ გამოჰკრა ხელი, რის გამოც ჩინებულ განწყობაზე დადგა. პროვანსული ვარდისფერი ღვინით შემთვრალი ვანდა მილიონერთა შეზარხოშებულ ჯოგთან ერთად „ზოდიაქოზე“ გადაჯდა, რომელმაც მგზავრები სულ მალე სალენის პლაჟზე გადასხა. ჩრდილში, ჩალის კარვის ქვეშ საგანგებოდ მათთვის სუფრა გაეშალათ.
- ბატონებო და ქალბატონებო, ჩემი ტილოების დათვალიერებას ხომ არ ისურვებდით? სახელოსნო აქვე, პლაჟის ბოლოში მდებარეობს. მზად ვარ, გამოგყვეთ, თუ ამის სურვილი დაგებადებათ.
ამ თავმდაბალი ადამიანის სიტყვებს ყური არავინ ათხოვა. ხმა შორიახლო მოკრძალებით მდგომ მხცოვან მამაკაცს ეკუთვნოდა. საზოგადოება განაგრძობდა ხორხოცს, ხმამაღლა ლაზღანდარობას. მათთვის ბერიკაცი თითქოს არც არსებობდა. ამ უკანასკნელსაც ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ სათქმელი დამსვენებელთა ყურამდე ვერ მიიტანა და ამიტომ გაიმეორა: - ბატონებო და ქალბატონებო, ჩემი ტილოების დათვალიერებას ხომ არ ინებებდით? სახელოსნოც აქვეა, პლაჟის ბოლოს. მზად ვარ, გამოგყვეთ და გაჩვენოთ, თუ რა თქმა უნდა, ამის სურვილი დაგებადებათ.
   ამჯერად კი ირგვლივ გაღიზიანებული სიჩუმე ჩამოწვა, რაც იმის ნათელი დასტური იყო, რომ აბეზარი ძალიან კარგადაც შეამჩნიეს. გვიდო ფარინელიმ რესტორნის მფლობელს მრისხანე მზერა ესროლა. ეს უკანასკნელი უსიტყვო ბრძანებას უმალ დაემორჩილა, მოხუც ფერმწერს ქეჩოში სწვდა და თვალის დახამხამებაში ლანძღვა-გინებით იქიდან მიაბრძანა.
   საუბარი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. არავის შეუმჩნევია, რომ ვანდას სახეზე ადამიანის ფერი აღარ ედო.
ვანდამ მოხუცი იცნო, მიუხედავად წლებისა, ფიზიკური დაკნინებისა და დაძაბუნებისა,- საინტერესოა რამდენი წლისაა ამჟამად? - და აკანკალდა, როგორც კი ნაცნობი ინტონაცია ჩაესმა.
ვანდამ მყისიერად, აგრესიულად უკუაგდო ეს მოგონება. ვერ იტანდა წარსულს, განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელიც ამ ადგილებთან იყო დაკავშირებული, - ღარიბულ წარსულს. პლაჟზე ფეხის გადმოდგმიდან მოყოლებული, წამითაც კი არ გახსენებია სალენის პლაჟი, მისთვის ასეთი ნაცნობი და ახლობელი რომ იყო, ეს შავი კლდის ნამსხვრევებით გაზავებული ქვიშა. ო, რა ხშირად დაუტკეპნია ის ოდესღაც! ის დრო მეხსიერებიდან უკვალოდ ამოეშალა. დრო, როდესაც ვანდა ჯერ კიდევ არ იყო ვანდა. მოგვიანებით, მიუხედავად ვანდას მცდელობებისა, მოგონებამ ისევ წამოყო თავი და მისდა გასაკვირად, ბედნიერების მწველი შეგრძნებით აღავსო.
   ვანდამ შეუმჩნევლად იმდენი მოახერხა, რომ მოხუცი ჯეროვნად შეეთვალიერებინა, რომელიც რესტორნის მფლობელის მიერ შეთავაზებულ პასტისს შორიახლო წრუპავდა. „იერი ისევ ისეთი დაბნეული შერჩა, ბავშვური, მიამიტი გაკვირვებით სავსე, გარე სამყარო მისთვის ისევ ისე გაუგებარი და გამოუცნობია. ოჰ, არც იმხანად გამოირჩეოდა დიდი გამჭრიახობით და ამ მხრივ ვერც ახლა აქვს უკეთესად საქმე, მაგრამ, ღმერთო, რა სიმპათიური იყოოო...“
ვანდა მიხვდა, რომ სახეზე ალმურმა გადაჰკრა. დიახ, ვანდა ვინიპეგმა, ქალმა, რომლის ქონება მილიარდებში მოიაზრებოდა, ყელში წვა და ჩხვლეტა იგრძნო. ლოყები თითქოს აუალდაო, ზუსტად ისე, როგორც ეს 15 წლის ასაკში ემართებოდა...
   აფორიაქდა, შეეშინდა, თანამეინახეებს კანკალი არ შეემჩნიათ, მთელი მისი სხეული რომ მოეცვა. ტყუილად წუხდა - ვარდისფერი ღვინით გვარიანად შეზარხოშებულები ხმაურიანად ბჭობას განაგრძობდნენ.
სახეზე ღიმილგადაკრულმა ვანდამ არჩია, არ აჰყოლოდა მათ; გაშეშებული და მზის დაბურულ სათვალეს ამოფარებული წარსულში გადაეშვა.

*

   მაშინ თხუთმეტიოდე წლის თუ იქნებოდა. ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად ამ ასაკში რუმინეთში ცხოვრობდა და თამბაქოს ფაბრიკაში რიგით მუშად მუშაობდა. უცნაურია, მაგრამ არავის მოსვლია აზრად თავში, ეს დეტალი გადაემოწმებინა, მთელ ამბავს რომანტიკულ ელფერს რომ სძენდა და ვანდას მდაბიო ფენიდან გამოსულ, სიღარიბესა და სიდუხჭირეში ნაწამებ ერთგვარ კარმენად წარმოადგენდა. სინამდვილეში მან არც ისე შორს აქედან - ფრეჟუსში, ძნელად აღსაზრდელ მოზარდთა დაწესებულებაში რამდენიმე თვე გაატარა. აქ აღსაზრდელთა უმრავლესობა უდედმამო გახლდათ. მართალია, საკუთარ მამას არც არასდროს იცნობდა, მაგრამ დედამისი იმხანად ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მიუხედავად ამისა, ექიმებმა გოგონას დედისგან ჩამოცილება არჩიეს, ამ უკანასკნელის ნარკოტიკებისადმი მისწრაფების და დეზინტოქსიკაციის კურსის არაერთგზის უშედეგოდ გავლის გამო.
   იმხანად ვანდას ვანდა კი არა, მაგალი ერქვა. ვერ იტანდა ამ სულელურ და არაფრისმთქმელ სახელს, შეიძლება იმის გამო, რომ სიყვარულითა და სითბოთი ის არავის წარმოუთქვამს. ჯერ კიდევ მაშინ გადაირქვა სახელი. „ღმერთო, გამახსენე, რა დავირქვი იმ წლებში? ვანდი? ვენდი? ჰო ვენდი!“ ასე ერქვა „პიტერ პენის“ ერთ-ერთ გმირსაც. უკვე მაშინ დაიწყო ვანდასკენ გზის გაკაფვა...
   გოგონამ უარი თქვა როგორც საკუთარ სახელზე, ასევე ოჯახზე. ერთიც და მეორეც შეცდომად მიიჩნია. ჯერ კიდევ სრულიად ყრმა ფიქრობდა, რომ პირადობათა არევის მსხვერპლი იყო. მისი ღრმა რწმენით, სამშობიარო სახლში აურ-დაურიეს ყველაფერი: ის წარმატებებისა და სიმდიდრისთვის მოევლინა ქვეყნიერებას, თავი კი კურდღლების გალიაში უკრეს, მეპატრონედ გაუბედურებული, ღატაკი, ძუნძგლიანი და ინდიფერენტული ნარკომანი ქალი დაუყენეს. ბრაზმა, მასში უსამართლობის განცდამ რომ შვა, ვანდას ხასიათი გამოუწრთო. რაც მომავალში გადაიტანა, მის შეგნებაში შურისძიებად მოინათლა. ეს მხოლოდ უსამართლობის აღმოფხვრა და სამართლიანობის ზეიმი, ბედისწერის მიერ დაშვებული შეცდომის გასწორება იყო და სხვა არაფერი. ყველას მართებდა, მისი ასეთი მწარე დებიუტისთვის გადაეხადა.
ვანდამ თავიდანვე გაისიგრძეგანა, რომ გზის გაკაფვა სრულიად მარტოს მოუწევდა. მომავალი გამოკვეთილად ჯერჯერობით ვერ წარმოესახა, მაგრამ დანამდვილებით იცოდა, რომ პრესტიჟული დიპლომების იმედი მაინცდამაინც არ უნდა ჰქონოდა. ამ შანსს ის საბოლოოდ გამოემშვიდობა მიღებული ქაოტური განათლების გამო. შრომა-გასწორების კოლონიაში (მაღაზიებში რამდენჯერმე საქონელი გაატანა ხელს!) პედაგოგ-მასწავლებლები უფრო დისციპლინის გამკაცრებაზე ზრუნავდნენ, ვიდრე სასწავლო კურსის გონივრულ გააზრებაზე. რამე კონკრეტულის სწავლებას მართებული ქცევის წესებზე გაუთავებელ ჩიჩინს ამჯობინებდნენ. ვანდამ დაასკვნა, რომ მდგომარეობას თავს მხოლოდ მამაკაცების ხელშეწყობით დააღწევდა. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს მოსწონდათ ის. ეს აშკარა იყო. ვანდას, თავის მხრივ, ძალიან მოსწონდა, რომ მოსწონდათ.
როგორც კი ამის ბედნიერი შანსი მიეცემოდა, ვანდა გარბოდა ინტერნატიდან. მოახტებოდა ველოსიპედს და ჰერი პლაჟისკენ.
ღიამ და გახსნილმა, ცნობისმოყვარეობით შეპყრობილმა და ურთიერთობებს დახარბებულმა არა ერთის ყურადღება და ინტერესი დაიმსახურა. მეტიც, ადვილად დაარწმუნა ყველა, რომ იქვე ახლოს დედასთან ერთად ცხოვრობდა. პირმშვენიერსა და სრულქმნილს დაუჯერეს და ადგილობრივ გოგონად აღიქვეს.
   როგორც მისი ასაკის არა ერთ მოზარდს, ვანდასაც ერთი სული ჰქონდა, სანამ მამაკაცთან სარეცელს გაიყოფდა. აიკვიატა ამ რთული გამოცდის წარმატებული ჩაბარება. ვანდას რწმენით, ეს ის დიპლომი იქნებოდა, რომელიც მოზარდობის მტკივნეულ და გაუსაძლის წლებს საბოლოო წერტილს დაუსვამდა, დიპლომი, რომელიც ნამდვილ ცხოვრებაში გადაშვების უფლებას მისცემდა.
ოღონდ ამ გამოცდილების მიღება მას უკვე მოწიფულ, ნამდვილ მამაკაცთან სურდა და არა მისი ასაკის პირტიტველა ბიჭთან. უკვე ამბიციური ფიქრობდა, რომ 15 წლის ლაწირაკს მისთვის სასწავლებელი არაფერი ექნებოდა.
   ვანდა მამრთა ბაზრის შესწავლას ისევე სერიოზულად შეუდგა, როგორი სიდინჯითაც მოგვიანებით ბიზნესის საკითხებს სწავლობდა. იმხანად ხუთი კილომეტრის რადიუსში მხოლოდ ერთი მამაკაცი გამოირჩეოდა საერთო ერთფეროვანი პეიზაჟიდან. ეს იყო ჩეზარიო.
ვანდამ მონდომებით შეაგროვა ყველა იმ ქალის აღსარება, რომელთაც ჩეზარიოსთან ალერსის ბედნიერება ხვდათ წილად. ყველამ დაადასტურა ჩეზარიოს, როგორც შეუდარებელი საყვარლის რეპუტაცია. ქალებს გონება ებინდებოდათ გარუჯული, ახოვანი, სპორტული აღნაგობის ჩეზარიოს დანახვაზე. როგორც ჩანს, ბუნებამ მისი შექმნისას არ იძუნწა, ყველა ფიზიკური ღირსება ზედ დააბერტყა. ცხოვრებით თითქმის პლაჟზე ცხოვრობდა. საცურაო კოსტიუმის ამარა დღედაღამ თავს იწონებდა და წარმატებულად ნადირობდა - უნაკლო ფიზიკური მონაცემების პატრონი გიჟდებოდა ქალებზე და სიყვარულის ხელოვნებაში არნახულ მწვერვალებს აღწევდა.
- ყველაფერს გაგიკეთებს, ჩემო პატარავ, ოღონდ ისურვე. თავს დედოფლად გაგრძნობინებს. დაგიკოცნის მთელ სხეულს, ერთ პაწაწინა ადგილსაც არ დაგიტოვებს. გაგლოკავს, გიკბენს ყურებზე, კბილებს დაგადგამს დუნდულებზეც, მერე ფეხის თითებს მიადგება, გაკრუსუნებს სიამოვნებისგან, ამ თამაშს საათებს დაუთმობს... კარგად დაიმახსოვრე, ვენდი, ქალებზე ასე გაგიჟებული მამაკაცი დღეს სანთლით უნდა ეძებო, დამიჯერე, ასეთს მეორეს ვერ იპოვი. ის ერთადერთი და განუმეორებელია. ერთი ნაკლი აქვს მხოლოდ: ძალიან მსუნაგია და ერთთან მიჯაჭვა არ სჩვევია. ბუნებით მარტოსულია. კი სცადეს ზოგიერთებმა მისი ხაფანგში გაბმა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. იცი, რას გეტყვი? მისი ეს თვისება ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს. შეგიძლია დროდადრო ბედნიერებას წაეპოტინო გათხოვილიც კი... ოოო, ჩეზარიო, ჩეზარიო...
ვანდამ ისეთი ყურადღებით შეათვალიერა ჩეზარიო, გეგონება ჩაწერის წინ უნივერსიტეტთა ჩამონათვალში მისთვის სასურველ არჩევანში არ უნდა შემცდარიყო.
   ვანდას მოსწონდა ჩეზარიო. არა იმიტომ, რომ სხვა ქალები მის ღირსებებზე ყბედობით არ იღლებოდნენ. მართლა ხიბლავდა... მოსწონდა მისი გლუვი, გადატკეცილი კანი, გამდნარ კარამელს რომ მოგაგონებდათ. მწვანე თვალები სადაფივით ქათქათა გარსით, ოქროსფერ ნაპერწკლებს რომ აფრქვევდნენ; ღია ბალანი, მზის შუქზე სხეულის კონტურებს მეტი სიმკვეთრით რომ წარმოაჩენდა... ტანადი სხეული, მოქნილი და უზადოდ გამოჭრილი... და განსაკუთრებით საჯდომი, მკვრივი, გამობურცული, ხორციანი, ვნების აღმძვრელი. ჩეზარიოს ზურგიდან შეფასებისას ვანდამ პირველად გაიაზრა, რომ მამაკაცის დუნდულებზე თვალები რჩებოდა, ზუსტად ისევე, როგორც კაცებს ემართებათ ქალის ძუძუების დანახვაზე. ეს მიზიდულობა მთელ მის შიგნეულობას ავსებდა და გადმოფრქვევას ლამობდა, წვავდა და ბუგავდა. როცა ჩეზარიო გვერდით ჩაუვლიდა, ვანდა ძლივს იკავებდა თავს, თეძოებში არ ჩაფრენოდა, არ მოეჭირა, არ დაებურჯგნა, არ მოფერებოდა...
   სამწუხაროდ, ახოვანი ჩეზარიო ზედაც არ უყურებდა ვანდას.
ვანდა მასთან ერთად ნავით არა ერთხელ გასულა ღია ზღვაში. ეხუმრებოდა, ეპრანჭებოდა, ხან სასმელს მიართმევდა, ხან ნაყინს, ხანაც რომელიმე თამაშზე დაითანხმებდა... არა და არა - ჩეზარიო აუღებელი ციხესიმაგრე აღმოჩნდა. მცირე პაუზის შემდეგ ვანდას ნებისმიერ შეკითხვას გაღიზიანებული ხმით პასუხობდა.
- ძალიან თავაზიანი ვინმე ხარ, ვენდი, მაგრამ შენი დახმარება, მერწმუნე, არ მჭირდება.
   მსგავს განცხადებაზე ვანდა ცოფდებოდა: „შესაძლოა შენ არ გჭირდები, მაგრამ აბა, ახლა მე მკითხე, მჭირდები თუ არა, იდიოტო!“ ჩეზარიოს გაკერპება ვანდას წადილს მხოლოდ აღვივებდა: „ეს მხოლოდ ჩეზარიო იქნება და სხვა არავინ. წერტილი!“ ვანდას სურდა, ქალური ცხოვრება ყველაზე სიმპათიურ მამაკაცთან ერთად დაეწყო; „ჯანდაბას, ნუ იქნება შეძლებული!“ მახინჯ, მაგრამ ფულიან ტომრებთან დაწოლის დრო მოგვიანებით დადგებოდა.
   ერთ საღამოსაც ვანდამ ჩეზარიოს გრძელი, სასიყვარულო, მგზნებარე აღსარებითა და იმედით აღსავსე წერილი დაუწერა. გადაიკითხა, თავად აუჩუყდა გული და თავი დაირწმუნა, რომ გამარჯვება არც ისე შორს იყო. „ჩეზარიო განა გაუძლებს მსგავსი სიმძლავრის სამიჯნურო ნაღმს?“
წერილის მიღების შემდეგ როცა შეხვდა, ადრესატი პირქუში ეჩვენა. ჩეზარიომ პონტონზე გაყოლა სთხოვა. ორივენი კიდეზე ჩამოსხდნენ და ფეხები წყალში ჩაყვეს.
- ძალიან საყვარელი ხარ, მსგავსი წერილი რომ მომწერე. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. ყოვლად დადებით, კეთილშობილ ადამიანად მიგიჩნევ...
- არ მოგწონვარ? შენთვის მიმზიდველი არ ვარ? მახინჯი ვარ, არა?
ჩეზარიოს გაეცინა: - ერთი ამ ავაზას დამიხედეთ! ცოტაც და ყელს გამომჭამს. არა, ვენდი, მსგავსი რამ გულშიც არ გამივლია. პირიქით, შენ ძალიან ლამაზი ხარ, მეტიც, ზედმეტად ლამაზი. პრობლემაც სწორედ ესაა... მე არ ვარ ნაძირალა.
- ამიხსენი, რას ნიშნავს ეს?
- შენ მხოლოდ 15 წლის თუ იქნები. ერთი შეხედვით კი უფრო დიდი ჩანხარ, მაგრამ მე ხომ ვიცი შენი ნამდვილი ასაკი. შენ მოცდა მოგიწევს...
- და თუ ლოდინი არ მსურს?
- კეთილი. თუ მოცდა არ გნებავს, მაშინ გააკეთე რაც მოგეპრიანება, ოღონდ ნებისმიერ სხვასთან! მე მოცდას გირჩევდი. არ შეიძლება ასე უაზროდ სიყვარულს მიეცე, არც ის შეიძლება, პირველივე შემხვედრს ჩაბარდე.
- შენ სწორედ ამიტომ აგირჩიე.
ახალგაზრდა გოგონას მგზნებარებით გაკვირვებულმა ჩეზარიომ განსხვავებული მზერით შეხედა მას.
- ვენდი, ძალიან აღელვებული ვარ. ერთი წამითაც არ შეგეპაროს ეჭვი იმაში, რომ უარს არ გეტყოდი, სრულწლოვანი რომ იყო. ვფიცავ გულწრფელობას! რა თქმა უნდა, მაშინვე დაგთანხმდებოდი. მეტსაც გეტყვი: შენ თხოვნა არც კი დაგჭირდებოდა. მე არ მოგცემდი მოსვენებას, მაგრამ ვინაიდან შენ ჯერ კიდევ...
ვანდა ცრემლების ნაკადულად დაიღვარა, მთელი სხეულით ცახცახებდა. ჩეზარიო მოკრძალებული ჟესტით მის დამშვიდებას ეცადა. თანაც ფრთხილობდა, თავი გოგონასგან გარკვეულ მანძილზე დაეჭირა. შიშობდა ვანდას ჭაბუკის სიახლოვე თავის სასარგებლოდ არ გამოეყენებინა და არ მიტმასნოდა.
   წინა დღეებში ნააზრევით მომაგრებული ვანდა ისევ პლაჟს დაუბრუნდა: ის მას მოსწონს, ის მისი იქნება!
სიტუაციის აწონ-დაწონვის შემდეგ ვანდას უახლოესი მიზანიც გამოიკვეთა: რადაც უნდა დაჯდომოდა, ჩეზარიოს ნდობა უნდა მოეპოვებინა.
   ვანდამ ბედსშეგუებული მოზარდის ნიღაბი მოირგო. ჩეზარიოს გაღიზიანებასაც შეეშვა, გამუდმებული იერიშებიც დაივიწყა, ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თავიდან შეუდგა ჩეზარიოს შესწავლას. ახლა მისი პიროვნების ფსიქოლოგიური ასპექტები ამოიღო მიზანში.
ოცდათვრამეტი წლის ასაკში ჩეზარიოს აღიქვამდნენ ისეთ მამაკაცად, პროვანსში Glandeur-ს, ანუ მოყიალეს რომ უწოდებენ. ამ ახოვან და ხიბლიან ახალგაზრდას გული არაფერზე უჩერდებოდა, სადარდებელიც არაფერი ჰქონდა. იკვებებოდა მის მიერვე დაჭერილი თევზით და ტკბებოდა მზით, წყლითა და ქალებით. სიტყვა „მომავალი“ საკუთარი ლექსიკონიდან საერთოდ ამოიძირკვა.
არა, ეს ყველაფერი სიცრუეა! ჩეზარიოს აქვს ერთი მეტად ძვირფასი გატაცება: ის ხატავს. ზღვისკენ მიმავალი გზის ნაპირზე გაშენებული მისი ქოხმახი გაპოხილი ფიცრებით (ტილოების შეძენის ფუფუნება ნამდვილად არ ჰქონდა), საუკუნოვანი ფუნჯებითა და ვადაგასული საღებავის ქილებით იყო გამოძეძგილი. სხვები ნაკლებად, მაგრამ თავად ჩეზარიო საკუთარ თავს ფერმწერად მიიჩნევდა; დიახ, პროფესიონალ მხატვრად და არა დილეტანტად, როგორც თითქმის ყველა ფიქრობდა. თუ იცით, ცოლი რატომ არ მოიყვანა და ოჯახი რატომ არ შექმნა? ან რატომ კმაყოფილდებოდა მეგობარი გოგონების კალეიდოსკოპური მონაცვლეობით? იმიტომ, რომ თავისი ნამდვილი მოწოდებისათვის - ფერწერისათვის სურდა, საკუთარი არსება დაუზოგავად შეეწირა.
სამწუხაროდ, გამოცდილი ადამიანის ერთი მზერა სრულიად საკმარისი იყო იმის შესაფასებლად, რომ გაწეული ძალისხმევა მიღებული შედეგის ადეკვატური ვერ იყო. ჩეზარიო მაინც ხატავდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები მოკლებული იყო როგორც წარმოსახვის, ასევე ფერების შეგრძნების უნარს, რომ არაფერი ვთქვათ მონასმის ტექნიკაზე. ის ხატვას ყოველდღიურად კოლოსალურ დროს სწირავდა, მაგრამ შემოქმედებას იოტისოდენა გაუმჯობესებაც კი არ დასტყობია. სხვაგვარი შედეგი არც იყო მოსალოდნელი; ის ხომ სრულიად მოკლებული იყო საღი და გონივრული შეფასების უნარს. საკუთარ ძლიერ თვისებებს ნაკლად მიიჩნევდა, ხოლო ნაკლს ნიჭის გამოვლინებად ნათლავდა. საკუთარ მოუხერხებლობასა და უხერხემლობას სტილი დაარქვა. ხანდახან მიღწეულ ფორმათა ბუნებრივ წონასწორობას თავადვე ანგრევდა, ზედმეტად კლასიკურიაო, გაიძახოდა.
ჩეზარიოს ქმნილებებს სერიოზულად კაციშვილი არ აღიქვამდა. გალერეების მფლობელები, კოლექციონერები, დამსვენებლები ამრეზით უყურებდნენ. საყვარლები ხომ საერთოდ ყურადღების ღირსად არ თვლიდნენ. მსგავსი იგნორირება ჩეზარიოს მხოლოდ საკუთარ გენიოსობაში არწმუნებდა. მას არჩეული გზისთვის არაფრის დიდებით არ უნდა გადაეხვია, სანამ დამსახურებულ აღიარებას არ მიაღწევდა. ჯანდაბას, თუ დიდების შარავანდედით სიკვდილის შემდეგ მაინც შეიმოსებოდა.
   ვანდამ ყველაფერი აწონ-დაწონა და გადაწყვიტა, ფერმწერის პლატფორმა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. არჩეული ტაქტიკის ერთგული საკმაოდ დიდ ხანს დარჩა, რაც ძალიან წაადგა კიდეც მოგვიანებით მამაკაცებისთვის კისრის მოსაგრეხად. მეთოდს უცდომლად - საჭირო დროსა და საჭირო ადგილას თუ მოირგებდი, ტრიუმფი გარანტირებული გქონდა. თავად მეთოდი ეფუძნებოდა პირფერობას. ჩეზარიოსთვის ფიზიკური სილამაზის შესახებ კომპლიმენტების ფრქვევისგან თავი უნდა შეგეკავებინა - ლამაზი რომ იყო, ეს თავადაც შესანიშნავად იცოდა და ამით სარგებლობდა კიდეც. მხატვრის გულის მოსაგებად ნამდვილად ჯობდა, მეტი ინტერესი მისი ხელოვნების მიმართ გამოგეჩინათ.
   ინტერნატის ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნების- „ხელოვნების ისტორია“, „ფერწერული ენციკლოპედია“, „მხატვართა ბიოგრაფიები“ - რამდენიმე დღეში გადაბულბულების შემდეგ თეორიული ცოდნით აღჭურვილმა ვანდამ ისევ შეაღო ჩეზარიოს სახელოსნოს კარი; ამჯერად მას თამამად შეეძლო დისკუსიაშიც კი ჩაბმულიყო. მალევე გაუზიარა მხატვარს ის, რასაც ეს უკანასკნელი მალულად ფიქრობდა საკუთარ თავზე. ჩეზარიო დაწყევლილი მხატვარი იყო ვან გოგივით. მოუწევდა თანამედროვეთა სარკაზმის ატანა, დიდებას კი მხოლოდ მოგვიანებით ჩაატანდა გემოს. სანამ ეს დრო დადგებოდა, საკუთარ გენიაში ეჭვი ერთი წამითაც არ უნდა შეპარვოდა.
   ვანდას ჩვევად ექცა „გენიოსის“ გვერდით ჯდომა, სანამ ეს უკანასკნელი „ქმნიდა“. ერთგვარ ხელოვნებათმცოდნედ ჩამოყალიბდა, ოსტატურად და დამაჯერებლად რომ ბოდავდა ტილოზე დახვავებული სქელი პაშტეტების ღირსებაზე.
   ჩეზარიო კი თავის მხრივ განსხვავებული ვანდას აღმოჩენით საშინლად იყო აღელვებული. ვერც ძლებდა მის გარეშე. გოგონა ზედმიწევნით განასახიერებდა იმას, რის შესახებ ოცნება თავად ვერ გაებედა: მესაიდუმლეს, იმპრესარიოსა და ბოლოს, მუზას. ყოველდღე უფრო და უფრო სჭირდებოდა, ყოველდღე უფრო და უფრო ავიწყდებოდა მის ასაკი.
მოსახდენიც მალევე მოხდა. ჩეზარიოს სიყვარულის სენი შეეყარა. ვანდამ ეს მხატვარზე ადრე იყნოსა და ნაირნაირი გამომწვევი სამოსის მორგებაც არ დაახანა.
   ვანდამ მშვენივრად გაშიფრა, რაც ჩეზარიოს მზერაში დაიჭირა; ახლა თავად ჭაბუკი იტანჯებოდა იმისგან, რომ გოგონას თითს ვერ აკარებდა. სინდის-ნამუსის სახელით - ბუნებით ჩეზარიო ნამდვილად პატიოსანი და ალალმართალი ახალგაზრდა იყო, - ძლივს იკავებდა თავს. არა და მთელი სულით და სხეულით მისკენ ილტვოდა. რას არ გაიღებდა, ოღონდ მის ტუჩებს დაკონებოდა.
   ვანდა მზად იყო, ტანჯული სულისთვის ტკივილი შეემსუბუქებინა, შეწყალების დღე მალე უნდა დამდგარიყო.
ვანდამ სახელოსნოში ვიზიტისგან სამი დღე და ღამე დიდი გაჭირვებით შეიკავა თავი. არა, ხომ უნდა ენერვიულებინა ცოტა? ხომ უნდა მოენატრებინა თავი? მეოთხე დღეს გვიან ღამით ვანდა ქოხში შევარდა. ლოყებზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.
- საშინელებაა, ჩეზარიო! ისეთი უბედური ვარ, ლამის თავი ჩამოვიხრჩო!
- რა მოხდა?
- დედაჩემმა გამომიცხადა, რომ პარიზში გადავდივართ საცხოვრებლად. ჩვენ ვეღარასდროს ვნახავთ ერთმანეთს.
ყველაფერი ისე გათამაშდა, როგორც ჩაფიქრებული იყო: ჩეზარიომ ვანდას დამშვიდება საკუთარ მკლავებში სცადა. ვანდამ ვერ იპოვა ნუგეში, ვერც ჩეზარიომ. მხატვარმა გასამხნევებლად რამდენიმე წვეთი ალკოჰოლი შესთავაზა, წვეთებს ჭიქები მოყვა, ჭიქებს - ცრემლების ნიაღვარი, სლუკუნი და გოდება; გოდებას - თათუნი და ფათური; ფათურს - თავ-გზის დაკარგვა, თრთოლა, სიყვარული და სიამოვნება.
ვანდას იმ ღამის ყოველი წუთი აღაფრთოვანებდა. ადგილობრივი გოგონები ნამდვილად არ ცრუობდნენ: ჩეზარიო აღმერთებდა ქალის სხეულს. როცა საწოლზე მიასვენა, ვანდამ სინამდვილეში ირწმუნა, რომ პიედესტალზე გაწოლილი ქალღმერთი იყო. საკულტო ცერემონიალს ჩეზარიო დილამდე დაუღალავად ემსახურა.
როგორც კი ინათა, ვანდა იქაურობას სწრაფად გაეცალა. მხოლოდ საღამოს დაბრუნდა. ისევ ისე სასოწარკვეთილი და დათრგუნული ჩანდა. თავგზააბნეულმა ჩეზარიომ ისევ სცადა გოგონას დამშვიდება, ახლოს მიკარებისგან კი თავი შეიკავა. თუმცა, შემთხვევითმა ნაჩქარევმა შეხებებმა, გადახვევებმა და ჩახუტებებმა, სლუკუნმა, ცრემლებით სავსე თვალების, ასევე სველი ლოყებისა და ნიკაპის ტუჩებით შემშრალებამ მაინც თავისი გაიტანა. ჩეზარიო ისევ გადაირია, თანაც ისე, რომ მორალური პრინციპებიც გადაავიწყდა. სწორედ ამან შეაძლებინა, ვანდა მოუთოკავი ვნებითა და ჟინით ჰყვარებოდა.
   აი, ასე სცემდა ჩეზარიო ვანდას ნუგეშს. გოგონამ როგორც კი იგრძნო, რომ საკმარისი ენციკლოპედიური ცოდნა დააგროვა ქალსა და მამაკაცს შორის არსებული ურთიერთობების სფეროში (ჩეზარიომ ისიც კი არ დაუმალა, თუ რა ხიბლავდა მამრს განსაკუთრებით) უგზო-უკვლოდ გაქრა.
   ინტერნატში დაბრუნებულს, ჩეზარიოსთან მომავალ შეხვედრებზე არც კი უფიქრია. სიამოვნების ხელოვნების დახვეწა კი სხვა რამდენიმე მამაკაცის დახმარებით განაგრძო. მოგვიანებით შვებით შეიტყო, რომ დედამისი ოვერდოზმა იმსხვერპლა.
სრულიად თავისუფალი ვანდა პარიზში ჩავიდა და ღამის ცხოვრებაში თავით ფეხებამდე გადაეშვა. მამრობით სქესზე დაყრდნობით, საზოგადოების სოციალურ კიბეზე აღმასვლასაც შეუდგა.

*

- რას ვშვრებით, იახტაზე დავბრუნდეთ თუ აქვე, პლაჟზე, შეზლონგებზე მოვეწყოთ? ვანდა... ვანდა! ვანდა, გესმის ჩემი? იახტაზე დავბრუნდეთ, თუ აქ გირჩევნია შეზლონგზე მოკალათება?
ვანდამ ისევ გაახილა თვალები და ლორენცო შემფასებელი მზერით შეათვალიერა, რომელიც დაბნეული ჩანდა ვანდას საუბრიდან ხანგრძლივი გამოთიშვით.
- ადგილობრივი მხატვრის ტილოების დასათვალიერებლად რომ წავსულიყავით? - იკითხა უცებ ვანდამ.
- რატომაც არა, წავედით.
- წარმოიდგინეთ, რა საშინელება იქნება, - შეეპასუხა გვიდო ფარინელი.
- წავიდეთ, წავიდეთ. გავერთობით მაინც! - დაიჟინა ლორენცომ, არც ეს შემთხვევა გაუშვა ხელიდან, რათა ვანდასთვის თავისი მორჩილება კიდევ ერთხელ დაედასტურებინა.
მილიარდერთა ჯგუფმა ვიზიტი ერთხმად გასართობად მონათლა და ვანდას შემოთავაზებას დაჰყაბულდა.
ვანდა ჩეზარიოს მიუახლოვდა: - თქვენ გვთავაზობდით სახელოსნოს დათვალიერებას?
- დიახ, ქალბატონო.
- შესაძლებელია თქვენს შემოთავაზებას ახლავე დავთანხმდეთ?
მოხუცმა ჩეზარიომ პასუხის გაცემას რამდენიმე წამი მოანდომა. უკმეხობას ჩვეულმა, თავაზიანი მიმართვა გულწრფელად გაიკვირვა.
სანამ რესტორნის მფლობელმა მხატვარს ხელკავი გამოსდო, გვერდით გაიყვანა და სახელგანთქმული ვანდა ვინიპეგის ვინაობა აუხსნა და შეაგნებინა, თუ რა პატივი ხვდა დღეს წილად, ვანდამ საგულდაგულოდ შეისწავლა ის გამოუსწორებელი ზარალი, ჟამთასვლას პლაჟის ამ ყველაზე ლამაზი მამაკაცისთვის რომ მიეყენებინა. რაღა დარჩა მისგან? - მეჩხერი, უკვე გაჭაღარავებული თმა და ოდესღაც მკვრივი და გლუვი კანის ნაცვლად უსიცოცხლო და დონდლო სხეული. სიბერის ლაქები მთელ სახეს მოსდებოდა, იდაყვები და მუხლები ნაოჭებისგან სულ დაკუჭვოდა. წელში მოხრილ, დაქანცულ, ახლა უკვე შემსუბუქებულ და უფორმო სხეულს არაფერი ჰქონდა საერთო უწინდელი ჩეზარიოს ათლეტურ და გამოქნილ ტორსთან. მხოლოდ თვალის ირისს შეენარჩუნებინა ადრინდელი, ხამანწკისდარი შეფერილობა, თუმცა აქაც სიმქრქალეს დაესადგურებინა.
ვანდას დიდი ფიზიკური ტრანსფორმაცია მაინც და მაინც არ განუცდია, მაგრამ მაინც არ შეეშინდა, რომ ჩეზარიოს მასში უწინდელი ვენდა არ ამოეცნო. გაღიავებული თმა, დაბალი ხმა, რუსული აქცენტი და, რაც მთავარია, აურაცხელი სიმდიდრე იდენტიფიკაციის ნებისმიერ შესაძლებლობას პრაქტიკულად გამორიცხავდა.
ვანდა პირველი შეიჭრა სახელოსნოში და საზოგადოებას ხმამაღალი შეძახილით აუწყა: - არაჩვეულებრივია!
სულ რაღაც ერთი წუთი დასჭირდა ვანდას, ჯგუფის განწყობა რომ შეეცვალა. მათ ეს ნაჯღაბნი დამოუკიდებლად არამც და არამც არ უნდა შეეფასებინათ, მხოლოდ ვანდას შეხედულებებით უნდა გაჟღენთილიყვნენ.
   ვანდა ხან ერთ ნახატს ჩააფრინდა, ხან მეორეს. უკომენტაროდ არც ერთი არ დატოვა. გაკვირვებასა და აღფრთოვანებას ვერ მალავდა. თითქმის მთელი ნახევარი საათის განმავლობაში სიტყვაძვირი ვანდა ვინიპეგი ქადაგად დავარდა. ენთუზიაზმით შეპყრობილმა იყბედა და იყბედა, ერთ მომენტში ლირიზმის ტალღამ გადაუარა. ასეთი ის კარგა ხანია, არავის ენახა. ლორენცო ყურებს არ უჯერებდა.
   ყველაზე მეტად თავზარდაცემული და გაოგნებული მაინც ჩეზარიო ჩანდა. მუცელში ენაჩავარდნილი თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და საკუთარ თავს ეკითხებოდა, რაც მის თვალწინ ხდებოდა ნამდვილად რეალური იყო თუ არა. ის უფრო სასტიკი და დაუნდობელი დაცინვის, საკუთარი ქმნილებების სარკასტული ვერდიქტის მოლოდინში იყო, რაც კიდევ ერთხელ დაარწმუნებდა, რომ ეს ადამიანები დასათვალიერებლად კი არა, მის გასაბიაბრუებლად მოვიდნენ.
   ვანდას აღფრთოვანება გადამდები აღმოჩნდა: მდიდრებმა მოწონებისა და კმაყოფილების გამომხატველი შეძახილები არ დაიშურეს.
- არა, ნამდვილად ორიგინალურია! ხომ მეთანხმები?
- ერთი თვალის შევლებით შეიძლება გაუბედავი მოგეჩვენოს, გამოუცდელის ხელზე გაფიქრებინოს, მაგრამ დააკვირდი, როგორი ოსტატობით ფლობს ფუნჯს.
- რუსო, ვან გოგი თუ როდენი თანამედროვეებში ალბათ ზუსტად იდენტურ შთაბეჭდილებებს აღძრავდნენ, - დაადასტურა ვანდამ, - მოდი, ახლა ტყუილად ნუ გავფლანგავთ დროს. რამდენად აფასებთ?
- უკაცრავად?
- ამ ტილოს ფასს ვერ მეტყვით? ერთი სული მაქვს, სანამ მას ჩემს ბინაში დავკიდებ! ნიუ-იორკში, ჩემი საწოლის პირდაპირ, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ. აბა, რა ღირს?
- არ ვიცი... ვერ გეტყვით... ვფიქრობ, ასი?
წარმოთქვა თუ არა ეს ციფრი, ჩეზარიომ მწარედ იკვნიტა ენაზე. რატომ დააბრეხვა ამხელა თანხა? ახლა ყველა მისი ოცნება განადგურდება.
ვანდასთვის ასი დოლარი ის თანხა გახლდათ, რომელსაც ხვალ სასტუმროს პორტიეს გასამრჯელოს სახით ჯიბეში ჩაუჩურთავდა, ჩეზარიო კი ამ ფულით საღებავებით მოვაჭრის ვალს გაისტუმრებდა.
- ასი ათასი დოლარი? - გაიმეორა ვანდამ, - გონივრული ფასია. მე ვიღებ ამ ნახატს.
   ჩეზარიოს გაგონილისგან ყურები დაეგუბა. დამბლადაცემული იდგა და საკუთარ თავს ეკითხებოდა, მოესმა თუ ქალბატონმა ნამდვილად წარმოთქვა ეს ციფრი?
- და აი, ამასაც იმავე ფასად მომყიდით? ძალიან დაამშვენებს ჩემს თეთრ კედელს მარბელაში. ოო, კარგი, რა, უარს ნუ მეტყვით...
მხატვარი უნებურად თავის კანტურით დაეთანხმა.
პატივმოყვარე გვიდო ფარინელიმ, რომელმაც შესანიშნავად უწყოდა ვანდას სარფიანი გარიგებების მოკვარახჭინების ნიჭი, თანაც ისე, რომ საკუთარი ჯიბე მაინცდამაინც არ დაეზარალებინა, - გაჩაღებულ ვაჭრობას გულგრილად ვეღარ უყურა და საკუთარი არჩევანი მორიგ ნათითხნზე შეაჩერა. როგორც კი ფასზე მორიგებას ეცადა, ვანდა დააცხრა თავს: - ჩემო ძვირფასო გვიდო, როცა მსგავს ნიჭთან შეხების შანსი გეძლევა, ფულზე წუწუნისგან თავი უნდა შეიკავო. Fფულის შოვნა ადვილია. დიდძალი ფულის ქონა ხომ საერთოდ ვულგარულია, მაგრამ იყო ნიჭიერი... თანაც ასეთი ტალანტის პატრონი...
   ვანდა უეცრად ჩეზარიოს მიუტრიალდა: - ეს უბრალოდ ბედისწერაა! მოვალეობა! მისია! ნიჭი ამართლებს ცხოვრების ნებისმიერ უკუღმართობას.
   ამ განცხადებით ვანდამ ანგარიშის განაღდების ჟამი ოფიციალურად დაადასტურა: მონდომებით შეავსო ჩეკები და ხელიც მოაწერა, ჩეზარიოს კი განუმარტა, ტილოების წასაღებად საღამოს მისი მძღოლი გამოგივლითო.
   ჩეზარიოს მეტყველების უნარი წაერთვა. მეხდაცემულივით იდგა, პირიდან დუჟიც კი გადმოუდინდა. სცენა, რომელზეც ის მთელი მისი შეგნებული ცხოვრება ოცნებობდა, ეს-ეს არის, მის თვალწინ გათამაშდა. აი, თვითონ კი სათქმელი ვერაფერი იპოვა. ერთი ის მოახერხა, რომ მოულოდნელობისგან გული არ წასვლოდა. ჩეზარიოს თვალები ცრემლებით აევსო, ერთი სული ჰქონდა, ამ პირმშვენიერ ქალბატონს ჩაფრენოდა, შეეყოვნებინა ცოტა ხნით და აეხსნა, რაოდენ გაუსაძლისი იყო ოთხმოცი წელი ყურადღებისა და აღიარების გარეშე ცხოვრება, მოეყოლა ფიქრში თეთრად გატარებულ ცრემლიან ღამეებზე, როცა საკუთარ თავს უმტკიცებდა, რომ ის ერთი უბადრუკი და უნიჭო არსებაა და სხვა არაფერი. სურდა იმაშიც გამოსტყდომოდა, რომ მისი წყალობით დაეხსნა სიდუხჭირის სიმძიმეს, გათავისუფლდა მომაკვდინებელი ეჭვებისგან, ბოლოს და ბოლოს ირწმუნა, რომ მისი გამბედაობა და მამაცობა უსარგებლო როდი იყო, რომ მის დაჟინებას უკვალოდ, ფუჭად არ ჩაუვლია.
ვანდამ მხატვარს ხელი გაუწოდა.
- ბრავო, მესიე, მე ძალიან ვამაყობ ჩვენი ნაცნობობით.

ნახვა: 467

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Exactly What is the Distinction between Translations And Localization

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 7:27am 0 კომენტარი







So, within our huge globe these days, It really is super crucial for everybody - no matter whether you are a business, Element of a bunch, or just somebody - in order to chat to each other whether or not we converse various languages or originate from unique cultures.







Which is exactly where translations and localization are available. These are generally two…

გაგრძელება

MMOExp: Madden NFL 24 Players Association lawsuit filed

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 6:46am 0 კომენტარი



The next batch of players coming in after the first three groups will be Groups 4 (QB, QB, WR), 5 (QB, WR) along with Groups 6 (RB). Next arrivals are the groups 7 (DL) and 8 (DL) as well as 9 (LB) and then the arrivals and arrivals of secondary players in Mut 24 Coins Groups 10. 11 and 10.

A tight race is at the top of the draft class for the chance to be the number. #1 overall pick, all eyes will be on the quarterbacks'…

გაგრძელება

Introducing New Ascendancy Classes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 6:17am 0 კომენტარი

Exploring the Viridian Wildwood

At the heart of the Affliction expansion lies the mysterious Viridian Wildwood, a dark and sprawling forest shrouded in secrets and danger. As players venture into this enigmatic wilderness, they will encounter strange holes in the ground, beckoning them into POE currency trade uncharted territory. Each step taken within the Viridian Wildwood unveils new mysteries and challenges, with Wisps…

გაგრძელება

Diving into the Abyss

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 6:16am 0 კომენტარი

Exploring the Viridian Wildwood

At the heart of the Affliction expansion lies the mysterious Viridian Wildwood, a dark and sprawling forest shrouded in secrets and danger. As players venture into this enigmatic wilderness, they will encounter strange holes in the ground, beckoning them into <a href="https://www.mmoexp.com/Path-of-exile/Currency.html">POE currency trade</a> uncharted territory. Each step taken within the Viridian Wildwood unveils new mysteries and challenges,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters