ვლადიმერ ვისოცკი - ვენური არდადეგები 

← დასაწყისი

 აა, მაქსიმ გრიგორევიჩ! - შესძახა კოლკამ, თითქოს გაეხარდა მისი დანახვა. - არ ჩაძაღლებულხარ? ჩვენ თქვენთან ჩხრეკის ჩასატარებლად მოვედით! აი, ორდერიც - აქ მეგობარმა ზურგს უკნიდან კონიაკის ბოთლი გამოაძვრინა. „დვინი“ - წაკითხვა მოასწრო მაქსიმ გრიგორევიჩმა, „კარგად ცხოვრობენ, საზიზღრები!“ კოლკა კი განაგრძობს: - აი, მოწმე მოვიყვანე - მხოლოდ ერთი. გაიცანით - ტოლიკა ჰქვია. გვარს საჭირო დრომდე არ დავასახელებ. მეტსახელი - „შტილევოი“. ტოლიკ „შტილევოი“ - იცნობდეთ! ჩითვას ჩუმად და აკურატულად ჩავატარებთ, რადგანაც არაფერი გვჭირდება, თამარკას გარდა!

მაქსიმ გრიგორევიჩი კარის ცხვირწინ მიჯახუნებას აპირებდა, მაგრამ კონიაკის დანახვაზე გადაწყვეტილება შეიცვალა და ბოთლს თვალი შეავლო თუ არა, სარწყევად გავარდა. თვალები სისხლით აევსო, როგორღაც თავი მაღლა ასწია და კარის დაუხურავად გაიქცა შეთავსებულ სანკვანძში.

მეგობრებმა გაგებით გადახედეს ერთმანეთს და თვითონ შევიდნენ. ვიდრე მაქსიმ გრიგორევიჩი ყვიროდა და იბანდა, მათ „დვინი“ გახსნეს, კარადიდან ჭიქები აიღეს, ხოლო როცა ძალამიხდილი და გაბრაზებული მასპინძელი დაბრუნდა - კოლია უკვე სავსე ჭიქას უწვდიდა. - ჩვენი შეხვედრისა იყოს, მაქსიმ გრიგორევიჩ, - გამოჯანმრთელდით, ჩვენო ძვირფასო! მაქსიმ გრიგორევიჩს უარი არ უთქვამს, დალია, წყალი დააყოლა, დაიცადა, ჩაივლიდა თუ არა. მეგობრებმაც დაიცადეს, უხმოდ და თანაგრძნობით შესცქეროდნენ, მათაც სურდათ, რომ ჩაევლო. მართლაც, კონიაკი მშვიდობით ჩავიდა. მაქსიმ გრიგორევიჩმა ამოისუნთქა და იკითხა: - რას ჩაგსისხლიანებია თვალები დილიდან და რა ამბავში ხარ ამ კიბეზე, შე ნაძირალა ნაგავო? - შეაგინა მან კოლკას, თუმცა უბოროტოდ, რაც ენაზე მოადგა. - იქ ასე ეწერა - „კიბის უჯრედი - თქვენი ბინის ნაწილია“, ასე რომ იქ სიმღერაც შეიძლება და სურვილის შემთხვევაში - ძილიც. მოდი, მეორეც დავურტყათ.

მეორეც დალიეს. მაქსიმ გრიგორევიჩს უფრო მოეშვა. გარშემომყოფთა მისამართით ინტერესიც გამოამჟღავნა. - როდის გამოხვედი? - უკვე ორი თვეა! - სად დაჩალიჩობდი, უტვინო! - იქვე მინდოდა დარჩენა, ყარაგანდასთან, მაგრამ გადავიფიქრე. სახლისკენ გამომიწია გულმა, თან საქმეები გამომიჩნდა, - კოლკამ და ტოლიკამ ერთმანეთს გადახედეს და თვალი ჩაუკრეს. - ვიცი შენი საქმეები. საქმეები კი არა, საქმუკებია, თანაც შავბნელი. მოსკოვში შეგიძლია ყოფნა? - შემიძლია, შემიძლია, - დაამშვიდა კოლკამ, - ვინაიდან პირველად ვიჯექი, თანაც მხედველობაში მიიღეს სასჯელაღსრულების ადგილებში ჩემი სამაგალითო საქციელი.

- ცრუობ! ვიცი შენი სამაგალითო საქციელი! მაქსიმ გრიგორევიჩმა მესამეც დალია. - ვიცი, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი! ეს სიმართლე იყო. იცოდა და ენახა მაქსიმ გრიგორევიჩს კოლკას სამაგალითო საქციელი. სამი წლის წინ, როცა თამარა მასთან დადიოდა, ჯერ კიდევ მოწაფე, დედა სკოლიდან სახლში აღრიალებული დაბრუნდა და მაქსიმ გრიგორევიჩს სთხოვა: „მამა არ ხარ? მიდი, დაელაპარაკე“. მაქსიმ გრიგორევიჩს, მართალია, ფეხებზე ეკიდა, სად იყო მისი ქალიშვილი და ვისთან, მაგრამ მაინც წავიდა ნიკოლაისთან დასალაპარაკებლად. უთხრა: - მომისმინე, ნიკოლაი. გოგოს თავი დაანებე. და ხიფათიანი ადამიანი ხარ. ციხე გელოდება. ის კი ჯერ მოსწავლეა, დედამისი, აგერ, დირექტორთან დაიბარეს.

კოლკამ გაუცინა, სულ ძაღლი, ნაგავი და ათასი რამე უწოდა და დასძინა: - ნუ ეჩრები, როცა ჭკუას არ გეკითხებიან! გამომივიდა მამა. ვიცი, რა მამაც ხარ. ამბობენ და ვხედავ კიდეც. დედამისს კი გადაეცი, რომ ტომას არ ვაწყენინებ და ვერც ვერავინ აწყენინებს. მის დანახვაზე მთელი ნაყარ-ნუყარი ხალხი ეზოებში იმალება და პატივისცემით ესალმება. მე რომ არა - ყველა ჩალიჩს და ფათურს დაუწყებდა. ასე რომ, მისთვის ჩემთან ყოფნა უკეთესია, - არწმუნებდა ნიკოლაი. მაქსიმ გრიგორევიჩი პირში ჩალაგამოვლებული დაბრუნდა, თამარას მიადგა და ლანძღა უცენზურო სიტყვებით. დედამისიც ზედ მიაყოლა, დაც თავისი ქმრით და მთელი სამყაროც. - ჯანდაბამდე გზა გქონიათ მთელ თქვენ მურტალ ოჯახს. ნუ მრევთ თქვენს საქმეებში. ამის მერე დამნაშავეებთან ლაპარაკს აღარ ვაპირებ. მასთან სხვა ადგილზე ვილაპარაკებდი. მაგრამ, არა უშავს, იქნებ კიდევ მოვესწრო.

ენამ უყივლა, ბებერ ყვავს. წაიყვანეს ნიკოლაი ჩხუბის, დანის ტრიალისა და ხელისუფლების გინების გამო. და უცნაური დამთხვევის წყალობით მთელი წინასწარი პატიმრობა ბუტირკაში, იმ კამერაში გაატარა, რომელსაც მაშინ მაქსიმ გრიგორევიჩი მეთვალყურეობდა. გუშინდელი დღესავით ახსოვს მაქსიმ გრიგორევიჩს - შედის კამერაში მდუმარედ, ნელა და ნიკოლაი სვიატენკო არ ეგებება? მეტსახელად „კოლეგა“, დამნაშავე და გიტარისტი, უტიფარი და საკუთარი, თუმცა არა საყვარელი ქალიშვილის შემცდენელი, და სულაც არ ნაღვლობს, რომ სისხლის სამართლის 206(ბ) სტატიის მიხედვით 2-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მოელის, პირიქით, თავს თითქოს უფრო მშვიდად და უკეთესად გრძნობს. - აა, მაქსიმ გრიგორევიჩ - ძვირფასო სიმამრო! უკაცრავად, სიმამრობის კანდიდატო. როგორ მიხარია შენი დანახვა, მაქსიმ გრიგორევიჩ. შენ ხომ მომიტან ხოლმე აკრძალულ რაღაცებს, - თვალს უკრავს ნიკოლაი - ნაცნობობით და ახლობლობით. შეღავათი იქნება ჩემთვის და ჩემი ძმაკაცებისთვის... ხომ ასეა, ამხანაგო პოლუექტოვ? მაქსიმ გრიგორევიჩმა შეძლებისდაგვარად აგინა კოლკას, კარცერიც გაუჩალიჩა. ერთხელაც უთხრა: - ნაბიჭვარო, რად გინდა შარი. ისეთ შეღავათს გაგიკეთებ! მთელი ცხოვრება გემახსოვრება ბანაკის მურტალი ცხოვრება.

ნიკოლაი გაჩუმდა, კარცერიდან ახალი გამოსული იყო, თანაც მეორე დღეს სასამართლო ჰქონდა. მხოლოდ სთხოვა: - თამარა მომიკითხე. მორჩა. და სასამართლოზე მოვიდეს. მაქსიმ გრიგორევიჩმა, რასაკვირველია, დანაბარები არ გადასცა. მეორე დღეს კი კოლკა წაიყვანეს და იმის შემდეგ თვალით აღარ უნახავს, და უცებ - მეხივით დაეცა თავზე, კონიაკითა და მეგობრით. ვითომ არაფერი მომხდარიყოს, სვამს და მღერის: „თოვლი ჭრიალებდა, ჭრიალებდა და დუმდა, ნამქერი თავისკენ მიხმობდა, ვსუნთქავდი ლაჟვარდს, ამონასუნთქი თეთრი ჰაერი ღრუბლებს ერწყმოდა, და მიჰქროდა!“ - რის გაკეთებას აპირებ, თუ საიდუმლო არაა? - ჰკითხა მაქსიმ გრიგორევიჩმა, - სამუშაოზე ფიქრობ თუ ისევ ძველს დაუბრუნდები?

- რა ძველს? მე ვმუშაობდი, მაქსიმ გრიგორევიჩ, რეკლამას ვხატავდი. ჩხუბი კი შემთხვევით მოხდა. ეზოში „პეტუხს“ ვთამაშობდით. ერთმა ფრაერმა კარგად გაიჯეჯილა - მესამე ჯერზე ყველა გაასუფთავა, კონში უკვე 200 იყო და მართალია, მთვრალი ვიყავი, შევნიშნე, რომ თაღლითობს. მე კარტი დავყარე და ვთხლიშე, ბოთლზე დავსვი. სისხლით მოითხვარა. ჯიუტი და მედეგი გამოდგა. ათი წუთი ვარჩევდით საქმეს. მერე მილიცია მოვიდა, მეზობლები. დამიწყეს ხელების შეკვრა. მე კი თქვენი ძმები არ მიყვარს - მოიბოდიშა კოლკამ, - ახლა საკუთარ თავზე მეტად მიყვარს, მაშინ კი სულელი ვიყავი, არ მესმოდა, რომ ხელისუფლება უნდა გიყვარდეს. მისი ცემაც დიდი სისულელეა. ასე რომ, მილიციასაც მოხვდა. ჩხუბი სულელური იყო და პატიმრობაც ტყუილად ავიკიდე. ახლა რაღა დროსია. „ახალგაზრდა მეეტლე არ ურტყამდა ცხენებს, ამიტომაც გაიყინა საბრალო.“

წაიღიღინა კოლკამ სიმღერის გაგრძელება, საიდანაც გამომდინარეობდა, რომ მეეტლე რომ ბოროტი ყოფილიყო და ცხენებისთვის ერტყა, გახურდებოდა, აღარ გაიყინებოდა და არ მოკვდებოდა. ანუ - ასეა ამ უსამართლო ცხოვრებაში - კეთილი და შემბრალებელი კვდება, სასტიკი და ბოროტი კი ცოცხლობს.

მაქსიმ გრიგორევიჩს სიმღერა მოეწონა და რატომღაც საშა კულეშოვის სიმღერები გაახსენდა - მსახიობისა და გუშინდელი თანამეინახის. ისევ მოუჭირა გულში დარდისა და ამასწინანდელი ტრაბახისაგან და ნაღველი რომ მოეშორებინა, თავაზიანობის გამო ტოლიკას, კოლკას მეგობარს, რომელიც მთელი საუბრის განმავლობაში იღრიჭებოდა და ღიღინით ხმას აძლევდა, ჰკითხა: - შენ რას საქმიანობ? - მე? მე მგზავრი ვარ. - აა, - გააგრძელა მაქსიმ გრიგორევიჩმა, - თუმცა ვერაფერი გაიგო, - ვინ ხარ?

- მგზავრი! მატარებლისა და ტაქსის. სამსახურია ასეთი - მგზავრი.

მაქსიმ გრიგორევიჩმა უნდობლად შეხედა, მაგრამ არ შეიმჩნია, რომ ასეთი პროფესიის არსებობა არ იცოდა და აღარაფერი ჰკითხა. „ეშმაკსაც წაუღია - ვერაგი ხალხია და გესლიანი. გადაეყრები რამე მასხრობას და სასაცილოდ აგიგდებენ“.

- შენ, ნიკოლაი, შენ რა უნდა გააკეთო? ისევ გადახედეს მეგობრებმა ერთმანეთს. ნიკოლაიმ უპასუხა: - ტაქსის მძღოლად წავალ ალბათ. ცოტას ვიშოვი პლანისთვის, ცოტას - ჩემთვის. ერთი საათი გავიდა, რაც საუბრობდნენ, ნიკოლაი კი თამარას ამბავს არ კითხულობდა. ალბათ ელოდა, რომ მაქსიმ გრიგორევიჩი თვითონ ახსენებდა. ის კი არ ჩქარობდა, განგებ წელავდა, რომ გაეწვალებინა.

არადა, როგორ უნდოდა ნიკოლაის ყველაფერი გაეგო თამარას შესახებ, ყოფილ მეგობარ გოგოზე, რომლისთვისაც პირველი იყო და რომელსაც თვითონვე დართო ნება - არ დალოდებოდა. მაშინ არ ეგონა, რომ მასზე იფიქრებდა, მოენატრებოდა და ინაღვლებდა. იქ, ყარაგანდასთან, სადაც ბრიგადასთან ერთად ქვეყნისათვის ქვანახშირს მოიპოვებდა, ღამით ბარაკში იწვა და დღის მტანჯველი და გამომფიტავი მუშაობის, ამხანაგებთან ლაპარაკისა თუ ჩხუბის შემდეგ, წესით მკვდარივით უნდა დასძინებოდა. მაგრამ ძილი არ ეკარებოდა. ათასამდე ითვლიდა და ფიქრობდა რაიმე სასიამოვნოზე, მეხსიერებაში ამოუტივტივდებოდა ეზო, ბავშვობა მემტრედე კოლკა კოლეგასი. ახსენდებოდა ლიონია „ცინგლიაც“, რომლის ძმაც „კალიბრზე“ იყო, მოგვიანებით მისი მრავალრიცხოვანი სახიფათო და რისკიანი თავგადასავლებიც და რაღა თქმა უნდა, ქალებიც. ქალები კი ბევრი იყო კოლკას უწესო ცხოვრებაში. სულ პატარა იყო, ბიჭებს თავისუფალი ყოფაქცევის ქალებში რომ მიჰყავდათ. ეს გოგოები ყოველთვის ალერსიანები და მთვრალები იყვნენ. რამდენიმე ადამიანს უშვებდნენ რიგში, ამას - „გუნდში დაყენებას“ ეძახდნენ. ეს ტირში ხდებოდა, სადაც დღისით მილიციონერები და დოსააფელები ისროდნენ მწოლიარე მდგომარეობაში. იატაკზე სპორტული ლეიბები ეწყო. მათზე ქალები წვებოდნენ და დასტა-დასტა იღებდნენ ახალგაზრდა, მთვრალ, აღგზნებისაგან და ერთმანეთის ყურებისაგან მოცახცახე ერთდღიან კავალერებს. - შენ ხომ სულ ღლაპი ხარ, - უთხრა ერთმა კოლკას, როცა ის პირველად მივიდა.

- ხმა ჩაიგდე, ძუკნა! - უპასუხა კოლკამ, რაც შეეძლო უხეშად, თავის უფროს ამხანაგებს ბაძავდა. უხეშობით ბავშვურ შიშს აფრთხობდა. გოგომ ტუჩებში აკოცა, მოეხვია და უთხრა: - აი, მორჩა! ყოჩაღ. კარგი კაცი დადგება შენგან. - და მომდევნოს მოუჭრა - შემდეგი აღარ იქნება. გეყოფათ, - ადგა და წავიდა.

ახსოვდა კოლკას თავისი პირველი ქალი, მერე ძმაკაცებს გამოჰკითხა კიდეც მის შესახებ, მათ კი სიცილი დააყარეს. არც იცოდნენ, ვინ იყო და საიდან. კეთილად ახსოვდა კოლკას ის ქალი, იმიტომ რომ არ იყო მაშინ მაგარი და არც არაფერი უგრძვნია მღელვარებისა და ნერვიულობისაგან. თანაც ძმაკაცები დასცინოდნენ და სიბნელეში ასწავლიდნენ - ასე არა, კოლკა, მოდი, გაჩვენებთ, როგორ უნდაო. მეზობელ ლეიბზე კი მეორე გოგო, რომელიც უკვე ისვენებდა და ბოთლიდან წყალს წრუპავდა, დაწვრილებით ყვებოდა, როგორ აართვეს მის დაქალს, ანუ იმას, რომელიც ახლა კოლკასთან იწვა, გასულ წელს ქალწულობა. ეს იყო ვინმე ვიქტორ ბაბეშკო, ცნობილი მექალთანე და პროფესორის ვაჟი. ეს ყველაფერი კოლკას ესმოდა და ყურადღება ეფანტებოდა, ამიტომ ვერ გაიგო - კარგი იყო ეს თუ ცუდი.

შემდეგ სხვებიც იყვნენ. სულ პატარა გოგოები. ტირში ძალით მიათრევდნენ. ისინიც შიშით ნებდებოდნენ, მერე კი ტიროდნენ. და კოლკას ეცოდებოდა ისინი.

როცა წამოიზარდა, გაუჩნდა ქალები რამდენიმე დღით და უფრო ხანგრძლივი დროითაც. რომანიც კი ჰქონდა თეატრის ადმინისტრატორთან, სადაც მუშაობდა. ადმინისტრატორი მასზე ათი წლით უფროსი იყო. თმა ქერად ჰქონდა შეღებილი. ნიკოლაი მას ულამაზეს ქალად მიიჩნევდა და როცა ამ უკანასკნელმა უარყო და ცირკის მსახიობის, ვერტიკალურ კედელზე მსრბოლელის გამო მიატოვა, ლამის თავი მოიკლა. შეეძლო კიდეც. მაგრამ ეს არ ჩაიდინა. პირიქით, ატრაქციონის დასრულებისას მივიდა - მსრბოლელის დამახინჯება ჰქონდა განზრახული. მერე კი, პავილიონში რომ შეიხედა, სადაც მაღლიდან ყველაფერი კარგად ჩანდა, ისე შეძრწუნდა და გაოგნდა, აღარც დაუცადა მსრბოლელის გამოსვლას, ისე წავიდა.

ეს და სხვა ამბები თვალწინ ედგა, როცა ისვენებდა ძველ ბარაკში, ყარაგანდის მახლობლად, გადაუიარაღებელ ძველ ნარზე. მაგრამ ყველაზე ხშირად თამარას ლამაზი სახე ახსენდებოდა, ყოველთვის ანთებული, როგორც მაშინ, იმ წელს, ზაფხულის შემდეგ, როცა მათ შორის ყველაფერი მოხდა. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ასე მოენატრებოდა. სასაცილოდ არ ეყოფოდა, ვინმეს რომ მსგავსი რამ ეწინასწარმეტყველა. მაგრამ ყველა მის მეგობარს და არამეგობარს გარშემო თავისიანები ჰყავდა, რომლებიც, როგორც ყველა მეგობარი და საყვარელი ადამიანი, ელოდნენ მათ დაბრუნებას. არსებობდა ასეთი სევდიანი აუცილებლობა ამ რწმენისა - ყველაზე მთავარი ამ ცხოვრების, შრომის, დასვენების, სასამართლოს პაროდიაში.

კოლიას ღრმა ქვეცნობიერმა თავად ამოაგდო ზედაპირზე თამარას სახება და ყოველ ღამით წარუდგენდა მის დაღლილ ტვინს, როგორც სავიზიტო ბარათს, დაპატიმრების ორდერს, როგორც ქულას - 6-7-8. კოლკაც მიეჩვია და შეეგუა ამ აკვიატებულ სახებას და მის გარეშე აღარ შეეძლო. თუ ვინმე გაიცინებდა ამ სანტიმენტებზე, კოლია იმ წუთას მიასიკვდილებდა. იწვა დახუჭული თვალებით და კვნესოდა უღონობისა და სევდისაგან. მაგრამ ერთხელაც არ მიუწერია, არც არაფერი დაუბარებია მასთან, მიუხედავად იმისა რომ ყველა მასზე ადრე განთავისუფლებული პატიმარი სთავაზობდა თავის სამსახურს, - მოიტა, კოლეგა, წერილს წავიღებ, - კოლიას ბანაკში პატივს სცემდნენ მხიარულებისა და დაუდგრომლობის გამო, - რას იტანჯები? წერილს არ ელოდები და არც მიიღებ! მოკვდები ასე! - არა უშავს, ჩავალ და გავერკვევით. წერილი მას მართლაც არ მიუღია, დებსაც კი მკაცრად აუკრძალა მიწერა, ძმაკაცებმა კი არ იცოდნენ, სად იყო. არც თამარამ.

ახლა კი ზის მის სახლში და არაფერს ეკითხება მამამისს თამარას შესახებ, ალბათ თავმოყვარეობის გამო. სვამს მაქსიმ გრიგორევიჩთან ერთად, ისვრის არაფრის მთქმელ ფრაზებს და ღიღინებს. მაგრამ აი, კარში გასაღები დატრიალდა და შემოვიდა ის - თამარა, თამარა მაქსიმოვნა, მშვენიერი და გაზრდილი, ტანადი და მოხდენილი, შავ სათვალეში და ცისფერ, უკვე საზაფხულო პულოვერსა და ჯინსებში. უბრალოდ შემოვიდა, არ შემოფრენილა, ანგელოზივით. სუნამოს, ვალერიანისა და სასმელის სუნი ასდიოდა, სახეზე სილურჯე დაჰკრავდა, რომელიც ჯერ კიდევ დილით დაესვათ, თანაც საკმაოდ სქლად. მაგრამ ეს ყველაფერი კოლკას არ შეუმჩნევია, ვინაიდან სინაზე, რომელსაც ნელნელობით, პატარ-პატარა პორციებით აგროვებდა, გულგვამში დიდ ქვად გადაქცეოდა. ქვა შიგნეულობასა და მკერდს უგლეჯდა, თავში ურტყამდა. კოლკა არც ამდგარა, ისე თქვა ხრინწიანი ხმით: „გამარჯობა“. - და ჰაერში დაკიდა გიტარა, რომელიც იატაკზე დაეცა, გაიბზარა და გაბრაზებით ააჟღერა სიმები, ვითომდა - რა გინდა ჩემთან, რაც არ უნდა იყოს, სათუთი ინსტრუმენტი ვარო.

- გამარჯობა, - უპასუხა თამარამ ჩუმად. დაუვარცხნელ თავში ყველაფერი ერთბაშად აირია - მეტისმეტი იყო გუშინდელი და დღევანდელი დღისათვის.

გუშინ, მეგობარ მსახიობ გოგოსთან ერთად იყო, ლარისა კი „მოსესტრადაში“ გამომცხადებლად მუშაობდა და სხვადასხვა ბრიგადასთან ერთად კონცერტებით დადიოდა ქვეყნის ხან ერთ, ხან მეორე ბოლოში. უფრო ხშირად ჩრდილოეთში, აღმოსავლეთში, მიყრუებულში, სადაც პროგრამის ხარისხზე დიდად თავის შეწუხება არ იყო საჭირო, სადაც იშვიათად ჩადიან ცნობილი სახეები და კარგი მსახიობები, ახალი საინტერესო რეპერტუარით, სადაც დონეს არ ითხოვენ და არც აძლევენ - ესეც საკმარისია. დღეში სამი-ოთხი კონცერტი, თვეში ასს აჭარბებდა - ნიხრით, პლუს დღიური თანხა. ბევრი არ იყო, მაგრამ ცხოვრება შეიძლებოდა. ლარისასთან მისი დროებითი თანამეცხედრე იჯდა, რომელმაც ის ბოლო მოგზაურობაში წაიყვანა, - ვალოდია, კეთილი, მხიარული და საქმიანი ბიჭი. თამარას იმედი ჰქონდა, - შემდგომ ჯერზე მათ გაჰყვებოდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ მაგადანში საშვია საჭირო, მის გარეშე არ შეიძლება და სამივემ, ჯერ ცოტა ინაღვლეს, მერე დალიეს და საჭმელიც მიაყოლეს.

უცებ ლარისა, რომელმაც ენა აილესა, ყველა მოსკოვური ჭორი ამოთქვა, ყველა დაამუშავა და ყველაფერი თქვა, ერთის გარდა... უცებ ამბობს: „გუშინ ჩემთან საშა კულეშოვი იყო, ვიღაც სხვა გოგოსთან ერთად, ისიც თეატრიდანაა, მგონი. ახალგაზრდაა, ლამაზი. საშა შეყვარებულია. ასეთი ჯერ არ მინახავს - ღუღუნებენ და ერთმანეთს ხელს არ უშვებენ“, - ხითხითებდა ლარისა, თითქოს ვერც ამჩნევდა თამარას რეაქციას. თამარა გაფითრდა და სკამიდან გადავარდა. ვალოდიამ წყალი შეასხა, ლოყებზე ულაწუნა, ის კი - მკვდარივით იწვა.

- შენ რა, ნაგავო, ვერ ხედავ, ცუდად გახდა, ენას ვერ გააჩერებ? ის ხომ საშასთან ცხოვრობს, რა, არ იცოდი? თუ შეგნებულად თქვი? - ამბობდა ვალოდია და თამარას შუბლზე სველ ტილოს ადებდა. - არ უნდა იყო, ძვირფასო, ასეთი ბინძური და შურიანი.

- ხომ არ გაგიჟდი, რა შუაშია შური, - ბურტყუნებდა შეშინებული ლარისა. თუმცა შური იყო სწორედ შუაში. ნახევარი წლის წინ თავად იყო კულეშოვზე შეყვარებული. მაშინ საშა მთელი საღამო თავის ახალ სიმღერებს მღეროდა. გარშემო ყველა გაგიჟდა და აღტაცებისაგან ყვიროდნენ, საშკა კი მხოლოდ იღიმებოდა და თავმდაბლად, არც ისე სერიოზულად, დაძაბულობისაგან გათეთრებული, შუბლზე ოფლის წვეთებით, სველ პერანგში იღებდა კომპლიმენტებს. მოისმენს და ახალ სიმღერას იწყებს, წინაზე უფრო მკვახეს, - ამოიყვირებს, თითქოს უკანასკნელად მღეროდეს. ლარისას სიმღერის სიტყვებიც არ ესმოდა ხანდახან, მხოლოდ ხმას ისმენდა და ტანში აჟრიალებდა, სული უმსუბუქდებოდა, თუმცა სიმღერები ჩახლეჩილი და სასოწარკვეთილი, ხოლო სიტყვები - უხეში და ხორკლიანი იყო: „ბიჭებო! მომწერეთ წერილები, როგორაა საქმე მანდ, თავისუფალ სამყაროში?“

ლარისა ხან ისე ცდილობდა ყურადღების მიქცევას, ხან ასე, ლამის ტყავიდან ამოძვრა, სახლში მიიპატიჟა, მაგრამ ის არ წაჰყვა. სხვა დროს იყოსო, - უთხრა, მაგრამ სხვა დრო ლარისასთვის არასდროს დადგება. მერე რამდენჯერმე თამარასთან, მაღალ, ლამაზ გოგოსთან ერთად დაინახა, რომელიც, მგონი თეატრალურში სწავლობდა, თუ დაამთავრა, ზუსტად ვერ გაიგო.

ისიც, საშა რომ ენახა ხოლმე, თამარას დაუმეგობრდა. რა იცი, რა ხდება, ეშმაკს არ სძინავს, იქნებ ერთხელაც გამოიჭიროს. როცა იქნება, მობეზრდება. ერთ ქალზე იშვიათად ჩერდება დიდხანს, თანაც თამარა სულაც არ სწავლობს თეატრალურში, გამოაგდეს, ამბობენ, ამორალურობისთვის.

მაგრამ საშა თითქოს არ აპირებდა საყვარლის გამოცვლას, პირიქით, სულ უფრო ხშირად დაიწყო მოსკოვის სხვადასხვა ადგილებში, ხალხში მასთან ერთად გამოჩენა. კულეშოვი ცოლს გაეყარა, მარტო ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში. ასე რომ, ლარისამ გარკვეულ დრომდე ღრმად შეინახა თავისი შავი და ბოროტი ზრახვები, მაგრამ თავის დროს მაინც ელოდა. და მოესწრო კიდეც. პირველი შემთხვევისთანავე გულყრამდე მიიყვანა თავისი მეგობარი, თუმცა ამას არ მოელოდა. ფიქრობდა, რომ თამარა ქარაფშუტაა. მაგრად შეეშინდა: - ხომ არ მოკვდა, ვალოდია, მგონი აღარ სუნთქავს.

- ნუ დაცანცარებ! უმჯობესია ყინული და ვალერიანკა მოიტანო.

თამარამ ნელ-ნელა დაიწყო გონზე მოსვლა. გულყრა 40 წუთი, შეიძლება უფრო დიდხანსაც გაგრძელდა. - რა დამემართა? - იკითხა მან. - გული წაგივიდა, - უპასუხა ვალოდიამ.

- სახე რატომ მტკივა? - გონს რომ მომეყვანე, გირტყამდი და იმიტომ, - შემეშინდა, რომ ვერ გამოფხიზლდებოდი. თამარამ მხიარულად გაიღიმა: - ნუ გეშინია, კერკეტი ვარ! რაო, ლარისა, რაზე შეჩერდი? განაგრძე! - შეეცადა, შეწყვეტილი საუბარი გაეგრძელებინა.

- არა, დღეისთვის კმარა! კონცერტი დამთავრებულია! ღამე მშვიდობისა, ძვირფასო მოსკოველებო! - ხელების ქნევა დაიწყო ვალოდიამ. - ვწვებით დასაძინებლად! დავწექით!

თამარას, რასაკვირველია, წამიც არ დაუძინია, შურისძიების გეგმას აწყობდა, მაგრამ თავისი თავი შეებრალა და ატირდა, რადგანაც მშვენივრად იცოდა, რომ ამას ვერ შეძლებდა და ვერც ვერაფერს შეცვლიდა. მხოლოდ თავს მოიწამლავდა. ეს ერთხელ უკვე სცადა, როცა სასწავლებლიდან გამოაგდეს. მტკივნეული იყო და ეშინოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოასულიერეს და ცნობიერება დაუბრუნდა - სტკიოდა, რცხვენოდა და ეშინოდა.

- და ამით რას დაამტკიცებ? - ეკითხებოდა საკუთარ თავს, - რა, მას შეეცოდები და დაზარალდება? - შენ კი ვეღარაფერს დაინახავ. აი, რომ შეიძლებოდეს, თავი მოიწამლო, მოკვდე და ხედავდე, ის როგორ იტანჯება, კიდევ სხვა საქმეა. ისე კი არ ღირს. ხომ გადაიტანა, რომ ცოლს გაეყარა, მასთან კი კრინტიც არ დაუძრავს დაქორწინებაზე. ამასაც გადაიტანს. მართლა, საინტერესოა, ვინ არის გოგო, რომელთანაც ნახა ლარისამ.

დილით, როგორც შეეძლო, მოიწესრიგა თავი. ლარისას, რომელიც ბოდიშს ბოდიშზე იხდიდა, შავი სათვალე გამოართვა და სახლში წავიდა. ვალოდიამ ტაქსიმდე მიაცილა. ვალოდია კარგი ბიჭია, დაპირდა, რომ მაგადანიდან დეპეშას გამოუგზავნის, იქნებ როგორღაც მოახერხოს მისი გაყვანა. დამშვიდობებისას თავზე ხელი გადაუსვა და უთხრა: „მხოლოდ სისულელე არ ჩაიდინო. ყველაფერი იქნება ო’კეი!“. მძიმედ ავიდა მესამე სართულზე. - მამა მაინც არ იყოს სახლში, - გაიფიქრა და უცებ - ნიკოლაი.

- გამარჯობა, - უთხრა მან. - გამარჯობა, - უპასუხა თამარამ, - ჩამოწვა სიჩუმე. მხოლოდ იატაკზე დავარდნილი გიტარის ხმა ისმოდა დიდხანს. მამა უკვე კარგადაა გამობრუჟული - ცნობისმოყვარედ შეჰყურებს, რა მოხდება. მესამემ კი, უცნობმა, რომელიც ოთახში იმყოფებოდა, მამას შესთავაზა: - წავიდეთ მაქსიმ გრიგორევიჩ, მეორე ბოთლი ვიყიდოთ, ეს უკვე გათავდა. ისიც ადგა და ტოლიკას გაჰყვა, რომელიც უგვარო იყო და ჰქონდა მხოლოდ უცნაური პროფესია - მგზავრი.

- თა-მარ-კა, ტომა, - ჩაიღიღინა კოლიამ, - ჩემო ოქრო, ტომა! - დაამატა მან კიდევ უფრო მძიმედ. ძლივს სუნთქავდა, თითქოს გარბენისთვის დროს იღებდა. - აი, მეც. ვიფიქრე საღამომდე მაქსიმ გრიგორევიჩთან მომიწევდა ჯდომა და სმა, - გაიხუმრა, მერე კი ისევ ყელი გაუშრა. - შეცვლილხარ, გოგონა, მაგრამ არა ჩემთვის. ისეთივე ხარ, როგორიც იმ დღეს, როცა გითხარი - არ მელოდო-მეთქი. თითქოს არც გასულა სამი წელი.

- არც დაგელოდებოდი, კოლია, - უადგილოდ თქვა თამარამ.

- მოიცა, ჯერ მე ვილაპარაკებ. ამდენი ხნის განმავლობაში იმდენჯერ გელაპარაკებოდი, ახლა მესამედი რომ გითხრა, წელიწადი არ ეყოფა. მე სიმღერებსა და ლექსებს ვიწერდი, სიზმარში და ცხადში გხედავდი. დასაწყისში ტყის საკაფზე - შევხედავდი ხეს და მინდოდა, მის უკან მდგარიყავი და ჩემთვის გეყურებინა. მე კი ალერსიან სიტყვებს გეუბნებოდი. რამდენჯერ მინდოდა მომეწერა, მერე კი ვფიქრობდი - რისთვის შევახსენო თავი-მეთქი? იცხოვროს უჩემოდ, თავიდანაც მინდოდა ამომეგდე, რკინით ამოვიშანთე. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მიწაზე დადიხარ. და გეხვეოდი უთვალავჯერ. ახლა მომიახლოვდი, ტომკა!

- არ გინდა, კოლია, - თამარა გააოგნა კოლიას არეულ-დარეულმა, ძლიერმა, ცოტა არ იყოს წიგნისმიერმა სიტყვებმა, - შენთვის თითქოს არც ყოფილა ეს სამი წელი, ჩემთვის კი იყო - თანაც როგორი! ახლა კი შენთვის სულ არ მცალია. კოლია. იქნებ წახვიდე?

მაგრამ ნიკოლაი სვიატენკოს ისეთი ხასიათი ჰქონდა, რომ თუ მას გადაუდგებოდნენ, თუ ისე არ იქნებოდა, როგორც მას სურდა, მაშინვე უტიფარი ხდებოდა და საკუთარი თავის რწმენას იძენდა.

- როგორი დიდი და ნაღვლიანები გავმხდარვართ, - თქვა უკვე ჩვეული ტონით - ალერსიან სიტყვებს აღარ ვისმენთ, სახლიდან ვაგდებთ. და გგონია, რომ წავალ? ღმერთი იწამე, სამი წელი ამ წუთს ველოდი, ახლა კი ავდგე და წავიდე? აბა, მოდი ჩემთან... მომეხვიე... ატირდი... თითქოს მელოდი... მითხარი: - კოლკა! მე დავჭკნი უშენოდ! შენს გარეშე ვერ ვცოცხლობდი! დღე და ღამე შენზე ვფიქრობდი, შენ კი ამბავსაც არ მატყობინებდი, უსინდისო! - უკვე ხუმრობით დაამთავრა მან და ხელები თამარასაკენ გაიწოდა.

- კოლია, მე არ ვჭკნებოდი უშენოდ და შენს გარეშეც მშვენივრად ვცხოვრობდი, თითქმის არ გიხსენებდი. - თითქმის! - ეს უკვე კარგია, - თქვა კოლკამ. - ეს ძალიან კარგია, თითქმის, ესე იგი, ხანდახან მაინც! მე ეს მეყოფა, - „თითქმის“ - ამ სიტყვის გაგონება ისე გაეხარდა, თითქოს ეთქვას: „მიყვარხარო“.

უცებ ძლიერ მოუნდა კოლკა სვიატენკოს, მეტსახელად „კოლეგას“, რომ ყველაფერი მოეყოლა მისთვის, თანაც ისეთი სიტყვებით, რომ თამარას გაოცებისაგან პირი დაეღო. შეძლებდა, ციხის ბიბლიოთეკაში შექსპირი გადაიკითხა, და არა მარტო შექსპირი. მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ წაუკითხავს კოლკას იმაზე მეტი, რაც იქ წაიკითხა. ისე სწყუროდა, ისეთი მოთხოვნილება ჰქონდა, როგორც ჭამა, სმა ან სუნთქვა. კი, შეეძლო მჭერმეტყველებით გაეოცებინა, მაგრამ ის ისე ახლოს იდგა, თან ისე უყურებდა, რომ ლიტერატურული გადაწყვეტილება შეიცვალა და პირიქით, თავისკენ მიიზიდა, სხეულითა და სულით აკანკალდა და რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს სიტყვები ამოთქვა: „მიყვარხარ! უგონოდ!“ - მაგრამ თამარა გაუსხლტა და ცივად უპასუხა: - დამშვიდდი, კოლია! დაჯექი! სჯობს რამე მხიარული მოყევი ან იმღერე.

ნიკოლაიმ სული მოითქვა და გიტარა აიღო. გული გამალებით უცემდა, სიმღერა ენაზე ჰქონდა მომდგარი, მისი არა, სხვისი სიმღერა, მაგრამ თითქოს თავისიც: „ვერ გავუძელი პირველ პატიმრობას, წელს დამიმატებენ, ან იქნებ ოთხსაც. ბიჭებო! მომწერეთ წერილი, რა ხდება მანდ, თქვენს თავისუფალ სამყაროში“. გიტარა ჟღრიალებდა, - დაცემისას გაიბზარა. კოლკამ გიტარა ააწყო და გააგრძელა, ვერც კი შენიშნა, როგორი გაოცებით უყურებდა თამარა.

„რას სვამთ? ჩვენ თითქმის არ ვსვამთ. აქ სულ თოვლი და თოვლია მზიან ამინდში! ბიჭებო, მომწერეთ ყველაფერზე, თორემ აქ არაფერი ხდება“. ნიკოლაი დამჯდარი ხმით, თითქმის რეჩიტატივით მღეროდა და მარტივ მელოდიას ღიღინებდა: „ძალიან მენატრებით, მინდა ჩემი საყვარელი

სიფათების დანახვა, სად არის თამარა, ვისთანაა ახლა? მარტოა? მაშინ უნდა მომწეროს“. კოლკამ შეგნებულად ნადიუხას ნაცვლად თამარა ჩასვა. „საშინელ სასამართლოზე საშინელი არაფერია, წერილი იქნება გადარჩენილი ძაფი. შეიძლება არც მომცენ, მაგრამ მაინც მომწერეთ, ბიჭებო“.

- დახუჭული თვალებით, სასოწარკვეთით და მუდარით დაამთავრა კოლკამ, და გრიფი ააცახცახა, რომ ჟღერა გაეგრძელებინა, რის გამოც სიმღერა კიდევ უფრო სევდიანი გამოვიდა.

- საიდან იცი ეს სიმღერა? - ჰკითხა თამარამ, როცა მან თვალები გაახილა და კოლიას შეხედა.

- ჩვენებმა ჩამოიტანეს. ვიღაც ბიჭია, ალექსანდრე კულეშოვი ჰქვია. ბანაკში დიდ ფულს იხდიდნენ ჩანაწერებში. ას-ასჯერ მაინც დავატრიალეთ, საღამოობით სიტყვებს ვიწერდით და ვარჩევდით. ყველა გიჟდებოდა სიმღერებზე. უფროსობა კი, შმონის დროს, ანუ ჩხრეკისას ფურცლებს გვართმევდა. ის, მგონი, სადღაც ზის, კულეშოვი, თუ, მგონი, მოკლეს კიდეც. თუმცა, არ ვიცი, ბევრს ლაპარაკობდნენ. ათმა კაცმა სულ სხვადასხვა ისტორია მომიყვა. მაგრამ ალბათ ყველა იტყუება. მოგეწონა?

- მომეწონა, - ჩუმად თქვა თამარამ, - კიდევ იმღერე, რა, - სთხოვა მან.

- მერე! - კვლავ მიუახლოვდა, გიტარა გადადო: - იქნებ მაინც მაკოცო ტომა?

თამარამ არ უპასუხა. მაშინ კოლიამ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა ასეთ შემთხვევაში - აივნის კარი გააღო, ერთი ნახტომით მოაჯირზე გადაძვრა და შეაშინა, რომ ხელს გაუშვებდა, თუ ის ამ წუთას არ აკოცებდა ტუჩებში, დიდხანს და ვნებიანად. ისე სთხოვა, უბრალოდ რაიმე რომ ეთქვა და მდგომარეობა განემუხტა, სულაც არ ჰქონდა იმედი, რომ მის მოთხოვნას დააკმაყოფილებდნენ. მაგრამ მისი და საკუთარი თავის მოულოდნელად თამარა მივიდა და ისე აკოცა, როგორც მოაჯირზე გადაკიდებული კოლია ითხოვდა, - ხანგრძლივად და მწველად, შესაძლოა, არა ვნებიანად, მაგრამ მწველად.

წამიერად გაუელვა: „საშკასაც სამაგიეროს გადავუხდი. აი, ასე“. კოლიამ ხელები გაუშვა, მოაჯირზე გადმოძვრა და ისე დაუწყო თამარას კოცნა, როგორც მშიერი ძაღლი ეძგერება ხოლმე საჭმელს, როგორც ადამიანი, რომელსაც დიდი ხნით გადაუკეტეს და მერე ისევ მიაწოდეს ჟანგბადი. ხარბად იხუტებდა, როგორც...

- კარი დაკეტე, - უთხრა თამარამ, - გიჟო! მოვლენ ახლა!

კოლიამ ხელში აიტატა, თითქოს წამით დატოვების ეშინიაო, ძვირფასი ტვირთით კართან მივიდა და დაკეტა. ასევე ჩუმად წაიყვანა დივანისაკენ.

- აქ არა, ჩემს ოთახში, - უთხრა თამარამ.

ესმოდა თამარას, როგორ უცემდა და ამოხტომას როგორ ლამობდა მისი გული, როგორ ამოდიოდა ჰაერი მისი მკერდიდან და სახეზე უბერავდა. ისიც ჩაეხუტა და მიიზიდა. კოლია კი შეშლილივით ბოდავდა: - ტომკა! ტომკა! - და ბაგეებს მის სხეულში მალავდა, ხარბად სუნთქავდა მის სურნელს, მთლიანად მისით სუნთქავდა და იძირებოდა რაღაც სქელ, ცხელ სიბნელეში, რომლის ფსკერზეც ნეტარება და ყველა სურვილის ასრულება იყო, ჩახვეული დაცურავდა წებოვან და სურნელოვან ლავაში, რასაც ტკბობა ერქვა.

აღარ ახსოვდა რა მოხდა შემდეგ, ვინაიდან ცნობიერებამ ამ წუთებში მიატოვა კოლია. ხმამ გამოაფხიზლა: - ახლა კი, კოლია, სიმართლე - წადი და აღარასდროს დაბრუნდე, გესმის? თუ გიყვარვარ, გთხოვ, ასე მოიქეცი. ახლა მარტო მინდა დარჩენა. შენს გამო არა. უბრალოდ, მარტო მინდა ყოფნა.

- არსად წავალ, თამარა! და აუცილებლად დავბრუნდები! არც არავის გავუზიარებ შენს თავს. შენ იცი, რომ კოლკა „კოლეგა“ სიტყვის კაცია. ვერ გამისხლტები! - გაგისხლტები, კოლკა! მე ახლა ძლიერი ვარ, იმიტომ რომ ცუდად ვარ!

- ვინმემ გაწყენინა? მოვკლავ! - აი, სულ მოვკლავ და მოვკლავ! სხვას რას უნდა ელოდოს შენგან კაცი. იცოდე მაინც, ვის მოკვლას აპირებ?

- ვის?

- მესამე წელია საშკა კულეშოვთან ვცხოვრობ, ვის სიმღერებსაც წეღან მიმღეროდი და რომელიც მკვდარია, თუ ზის, თუ ორივე ერთდროულად. არც ერთია მართალი და არც მეორე. აქ ცხოვრობს, თეატრში მუშაობს, და ახლა მე მასთან ნაჩხუბარი ვარ.

ყველაფერზე ექნებოდა პასუხი კოლეგას, ამის გარდა. რადგან იქ, ბანაკში ეჩვენებოდა, რომ იცნობდა ამ ბიჭს. ბრბოში გამოარჩევდა. რომ შეხვედროდა, მაშინვე მისი უახლოესი მეგობარი გახდებოდა, თუკი მისი სულიც ისეთი იქნებოდა, როგორიც სიმღერები - სხვაგვარად ვერ წარმოედგინა. რამდენჯერ უოცნებია, რომ ბანაკში ჩამოეყვანათ, მარტო თვითონ კი არა, ყველა ამაზე ოცნებობდა. ყველას სურდა მასთან დალაპარაკება. ყველაფერს ელოდა კოლკა, მხოლოდ ამას - არა. არ იცოდა, რა ეპასუხა და როგორ მოქცეულიყო. ადგა და გავიდა, აღარ დალოდებია თავის მეგობარს და მაქსიმ გრიგორევიჩს.

(რომანი არასდროს ყოფილა დასრულებული)

 

ნახვა: 193

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

Qwelly World

free counters