ედგარ ალან პო - შუცნობლის ანგელოზი
ექსტრავაგანცა

   ნოემბრის ცივი საღამო იყო. სწორედ ახლა დავამთავრე დიდად ნოყიერი სადილი, სუფრის დამამშვენებელ კერძებს შორის გეახელით აგერ მძიმე მოსანელებელი trufle და მარტოდმარტო ვიჯექი სასადილო ოთახში, ფეხები ბუხრის რიკულზე მქონდა შემოწყობილი, ხოლო იდაყვები იმ პატარა მაგიდაზე დამეწყო, ცეცხლთან რომ მოვიჩოჩე; ის, რასაც შეიძლება დასაყოლებელი ვუწოდოთ, სწორედ ამ მაგიდაზე იყო. რამდენიმე ღვინის, არყისა და ლიქიორის ბოთლს შორის. იმ დილიდანვე ვკითხულობდი გლოვერის „ლეონიდეს“, უიკლის „ეპიგონიადას“, ლამარტინის „მომლოცველობას“, ბარლოუს „კოლუმბიადას“, ტაკერმანის „სიცილიას“ და გრიზუოულდის „საოცრებანს“, და უნდა ვაღიარო, ცოტათი გამოვტვინდი კიდევაც. ლაფიტი გადავკარი ზედიზედ, იქნებ, მოვცოცხლდე-მეთქი, მაგრამ ამაოდ დავშვრი. ბოლოს სასოწარკვეთილმა ავიღე და გაზეთი გადავშალე. ყურადღებით ჩავიკითხე სვეტები „ქირავდება სახლი“ და „დაიკარგა ძაღლი“, მერე, ასევე, აღარ გამომიტოვებია ორი სვეტი გაქცეული ცოლებისა და შეგირდების შესახებ; მერე დიდი მონდომებით დავეტაკე მოწინავეს და თავიდან ბოლომდე გადავიკითხე ისე, რომ ერთ სიტყვასაც ვერ მივხვდი და გავიფიქრე, ჩინურად ხომ არ დაუწერიათ-მეთქი, კიდევ ერთხელ გადავიკითხე, არც დასაწყისი გამომიტოვებია და არც დასასრული, მაინც ვერაფერს გავხდი. ის იყო განრისხებულს უნდა მომესროლა.
ეს ოთხფურცლიანი ფოლიანტი, შრომა დიდებული, კრიტიკოსებისათვის ასე ვაგლახად დაკარგული, რომ ჩემი ყურადღება ერთმა წერილმა მიიპყრო: „მრავალი და გასაოცარი სიკვდილისკენ მიმავალი გზა. უცნაურად დაღუპულა ვიღაც კაცი, ამას გვატყობინებს ლონდონის ერთ-ერთი გაზეთი. „ჩაჰბერე ისარს“, ასე უწოდებენ იმ თამაშს, მოთამაშეები მოიმარჯვებენ თუნუქის მილს, რომელშიაც ჯერ ჩადებენ მოგრძო ნემსს და მიზანში ისვრიან ჩაბერვით. იმ კაცს თურმე ნემსი უკუღმა ჩაუდია მილში და სანამ გაისროდა, მაგრამ შეუსუნთქავს ჰაერი, ნემსი მოსხლეტილა, და შიგ ყელში გარჭობია, ფილტვამდეც დასულა და ის უბედური მომკვდარა რამდენიმე დღეში“.
ვნახე ეს წერილი და ისე გავბრაზდი, თვალთ დამიბნელდა, ზუსტად არ ვიცი, რად მომივიდა ასე. „რაებს როშავენ, - შევყვირე მე, - ასეთი სიყალბე ვის გაუგონია, საწყლები, ეს ნაკმაზი თავიანთ ქათმებს დაუყრიან, იქ, ალბათ, ვიღაცა ჰყავთ, ვისაც რაღაც უყლაპავს და გაბრუებულა. ამ ხალხმა კარგად იცის, რომ გულუბრყვილობაა ამ ჩვენი საუკუნის ნიშანი, სხედან თავისთვის და ჭკუას სისულელეებზე ხარჯავენ, უნდათ რაღაც მოიგონონ, წარმოუდგენელი, შეუცნობელი, როგორც ისინი უწოდებენ ამას; მაგრამ კაცი მოაზროვნე (ჩემსავით-მეთქი, დავსძინე მე ფრჩხილებში და ჩემდა უნებურად ცხვირზე ხელი მოვისვი), ღრმად მხედი და მრავალნაცადი, მე რომ გახლავართ, ისეთი, კარგად მიხვდება, რომ არაჩვეულებრივი ის არის, გასაოცრად. სწრაფად მატულობს ეს „შეუცნობელი შემთხვევები“. მე თუ მკითხავთ, ამიერიდან არა მჯერა რა ამ „წარმოუდგენელი ამბებისა“.
- მაინ გოტტ, ჰოდა, მაშ დიიდი შულელი ჰარ! - მიპასუხა ამაზე ხმამ, იმდენად უცნაურმა, რომ დღემდე მისი მსგავსი არა მსმენია, ჯერ ვიფიქრე, ყურებში შუილი მაქვს, ალბათ, და ეს იმის ბრალია უნდა იყოს-მეთქი, სწორედ ასე ემართება გამომთვრალ კაცს; მაგრამ მერე ასე გავიფიქრე, ცარიელ კასრს კეტს რომ დასცხებენ, ეს ხმა უფრო იმას უნდა ჰგავდეს-მეთქი; ამ აზრს დავჯერდებოდი საბოლოოდ, მაგრამ იმ ბგერებში სიტყვები გავარჩიე და რაღა უნდა მექნა. საერთოდ ნერვიული კაცი არა ვარ, და იმ რამდენიმე ჭიქა ლაფიტმა, ამ ცოტა ხნის წინათ რომ დავლიე, გული მომცა და ამიტომ აღარც შევშფოთებულვარ, ნელ-ნელა მოვათვალიერე ოთახი, მომხდურს ვეძებდი, მაგრამ ვერავინ დავინახე.
   ქხეო, მომესმა მე ისევ, როდესაც აქაურობას ვაკვირდებოდი, - მთრალჰარ ღორივით, მგონი, რაჰან ვერ მჰედავ შენ გვერდზე მზდომარეს.
მართლაცდა, აქეთ-იქეთ ცქერას თავი დავანებე და რას ვხედავ, სწორედ ჩემ ცხვირწინ, ჩემ პირდაპირ, მაგიდასთან ზის ვიღაც უცხო სანახავი, კალმით აუწერელი. ტანი ღვინის კასრისა თუ ტიკჭორის დარი ჰქონდა, თუ რაღაც ამდაგვარი, სწორედ ფალსტაფის შესახედაობისა გახლდათ. ორი სურა ამშვენებდა, როგორც ჩანს, მისი ფეხები ეს უნდა ყოფილიყო. ხელები კი - ორი მოგრძო გადმოპირქვავებული, მონანავე ბოთლი, აშვერილი სხეულის ზემოთ. თავი ამ ურჩხულისა, მგონია, ჰესენური მათარა იყო, დიდზე დიდ სათუთუნეს მოგვაგონებდა, შუაში ხვრელდატანიებულს. მათარა (ზემოთკენ ძაბრივით ჩაღრმავებული და კავალერისტის ქუდივით გვერდზე მოქცეული) კასრის სულ კიდეზე იდგა და ის ხვრელი ჩემკენ მოეპყრო; და ამ ღრმულიდან, შინაბერას პირს რომ მიუგავდა, ეს არსება გამოსცემდა ბუხუნსა და გრუხუნს, ამით იმას, როგორც ჩანს, უნდოდა ადამიანიშვილის მეტყველებისთვის დაემსგავსებიან თავისი ბაყბაყი.
- შენ ჰეუბნები, - მითხრა მან, - ღორივით მთვრალჰარ, პირდაპირ უყურებ და ვერა მჰედავ; შენ ჰეუბნები, ბრიჰვი ჰარ ვითარცა ჯორი, ბეშდური სიტყვისა რომ არ გჯერა, ყველაფერი შწორია რასაცა ბეშდავენ.
- კი მაგრამ, ვინა ბრძაბდენით? - ვკთხე მე ღირსეულად, თუმცა გაკვირვებული კი გახლდით, რაღა თქმა უნდა, - აქ როგორ მოხვდით? და რაებს მეუბნებით?
- თუ როჰორ მოჰდი, - თქვა ფიგურამ, - რა შენი გაშაგებია, და თუ ვინა ვარ, იმიტომ მოვშულვარ, რომ ნაჰო ვინცა ვარ.
- ვინა ხარ და ვიღაც ლოთიფოთი, შარახვეტია, აი ახლა ზარს დავრეკავ და ჩემს მსახურს ვუბრძანებ, კინწისკვრით გაგაგდებს აქედან.
- ხა! ხა! ხა! - გაისმა პასუხად, - ხი! ხი! ხი! შეჰძლებ კი ამაშ.
- რაო! - მე მივუგე, - რას ბრძანებთ? როგორ თუ ვერ შევძლებ?
- დარეკვას ვერ შეჰძლებ, - ასე ამოთქვა იმ კაცუნამ ქირქილით და ბილწად პირმღიმარემ.
იმწუთას წამოდგომა დავაპირე, რათა შემესრულებინა ეს ჩემი მუქარა, მაგრამ იმ არამზადამ მაგიდის ზემოდან გამოიწვდინა თავისი მოგრძო ბოთლის ყელი და გულმშვიდად შიგ შუბლში მითავაზა, უკვე სანახევროდ წამომდგარი ისევ იმ ჩემს სავარძელში დამსვა. განცვიფრებისაგან ჭკუა დავკარგე, აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა. იმან კი განაგრძო თავისი საუბარი.
- ჰომ, ჰედავ, - ასე თქვა, - შჯობს წყნარად იშდე, შენთვის. აჰლა მიჰდები, ვინცა ვარ, აბა შემომჰედე! შეუცნობლის ანგელოზი გაჰლავარ.
- მართლაცდა შეუცნობელი ამბავია, - გავბედე მე პასუხის გაცემა, - მაგრამ მე ყოველთვის ასე მეგონა, ანგელოზი ფრთოსანი უნდა იყოს-მეთქი.
- ფრთოსანიო! - შეჰყვირა იმან, წამოინთო, - ფრთებს რას ვაჰნევ? მაინ გოტტ! ციცილა ხომ არ ჰგონივარ?
- არა, ჰოი, არა-მეთქი, - მივუგე მე შეშფოთებულმა, - როგორ გეკადრებათ, რის წიწილა, რა წიწილა.
- და იჯექი შუმად და შენთვის, თორემ იშევ მოჰვდება შუბლში. ციცილას აქვს ფრთები, ჭოტს აქვს ფრთები, ჭინკას აქვს ფრთები, და იმ ჭინკების მამამთავარშ აქვს ფრთები. ანგელოზს ფრთები არ ჰუნდა, შეუცნობლის ანგელოზი ვარ მე.
- ჩემგან რა გნებავთ, რა საქმე გაქვთ, რა.. რა...
- რა შაქმე! - გამომიძახა იმ სარეკელამ, - ვინ გშდიდა, შად გშდიდა, ვინ გაშწავლიდა, შენტლმენს როჰორ ჰეუბნები, რა შაქმე გაქვსო!
ამ სიტყვების მოთმენა კი აღარ შემეძლო, თუნდაც ანგელოზისაგან; ვაჟკაცობა მოვიკრიბე, დავავლე ხელი სამარილეს და თავში გავუქანე მომხდურს. დახრა მოასწრო თუ კარგად ვერ დავუმიზნე, არ ვიცი; ბუხარზე შემოდგმული საათის მინა ჩავამსხვრიე, მეტი არაფერი. იმ ანგელოზმა გამოიღო ხელი და წეღანდელივით ორჯერ თუ სამჯერ დამკრა შუბლზე. რაღა უნდა მექნა, ბედს დავმორჩილდი , სირცხვილის ბრალი იყო ან იქნებ, ტკივილისა, ან, იქნებ, მეწყინა, ზუსტად ვერ გეტყვით, ცრემლები მომერია.
- მაინ გოტტ! - თქვა შეუცნობლის ანგელოზმა, როგორც ჩანს, ჩემმა გასაჭირმა გული მოულბო. -მაინ გოტტ, ეშ კაცი ან გალეშილა, ან შამკურნალოა. მაგარ შაშმელს ნუ მიეზალები,ღვინოში ცჰალი უნდა გაურიო. მოდი ეშ დალიე შჯობს, ნუღარ შტირი, ნუღარ შტირი-მეთქი.
აქ შეუცნობლის ანგელოზმა პირამდე შემივსო თასი (რომელშიაც, ასე, ღვინო ესხა მესამედზე) თავისი ერთ-ერთი ხელი-ბოთლიდან უფერო სითხით. შევამჩნიე, რომ იმ ბოთლს ყელზე ასეთი იარლიყი ჰქონდა მიწებებული: kirschehwasser“. 
ანგელოზის ამ თავაზიანობამ და მზრუნველობამ მცირეოდენი შვება მაგრძნობინა; რამდენიმეჯერ ჩამიმატა წყალი ღვინოში, დაბოლოს მოვსულიერდი, შევძელი იმისი დიდად საკვირველი საუბრის მოსმენა. არა მგონია შევძლო ყველაფრის გადმოცემა, რაც იმან მითხრა, მაგრამ მისი ნაუბრის ძირითადი აზრი ეს უნდა ყოფილიყო, თურმე ის გახლდათ კაცის მოდგმის გენია, ვინც ხელმძღვანელობს ყოველივე იმას, თუ სადმე რაღაც contretemps მოხდა, რაც სულ მუდამ იწვევდა სკეპტიკოსთა გულისწყრომას. ერთხელ იყო თუ ორჯერ, მე გავბედე და ვუთხარი, ვერ დავიჯერებ, ამდენი თქვენ როგორ შეგიძლიათ-მეთქი; სულ აინთო და დაინთო ამაზე, დაბოლოს გაჩუმება ვამჯობინე, აღარ შევდავებივარ. ის კი მელაპარაკებოდა, აღარ გაათავა, მე ამ დროს სავარძელში მოვკალათდი, თვალები დავხუჭე და ქიშმიშით ვერთობოდი, ვღეჭავდი. კურკებს კი ოთახში ვისროდი, მაგრამ გავიდა ცოტა ხანი და უეცრად ანგელოზს არ მოეწონა ჩემი ასეთი საქციელი. ცოფმორეული წამოვარდა, ის თავისი ძაბრა ქუდი თვალებზე ჩამოიფხატა, დამტუქსა, რაღაც წარმოთქვა, ზუსტად ვერ გავიგე რა, დაბოლოს მდაბლად თავი დამიკრა და წავიდა, „ჟილ ბლაზის“ ერთ-ერთი გმირის, არქიეპისკოპოსის სიტყვებით მისურვა „beaucoup de Bonheur et un peu plus de bon sens“. 
   მომცილდა და მეც სული მოვითქვი. კიდევ გადავკარი ერთი თუ ორი ჭიქა ლაფიტი; ძილი მომერია, ასე გავიფიქრე, ცოტას წავთვლემ-მეთქი, სწორედ ასე ვშვრებოდი ხოლმე ნასადილევს. ექვს საათზე აუცილებელი საქმე მქონდა, წაუსვლელობა არ შეიძლებოდა. სწორედ წინადღეს ჩემს სახლს სადაზღვევო ვადა გაუვიდა და რაკი დასაზუსტებელი იყო რაღაც-რაღაცეები, ექვს საათზე კომპანიის მმართველობის სხდომაზე დამიბარეს სადაზღვევო ხელშეკრულების განსახილველად. ბუხრის საათს ავხედე (ისე მეძინებოდა, ჩემი საათს ამოღება ვერც კი შევძელი) დიდად მესიამოვნა, მთელი ოცდახუთი წუთი დრო კიდევ მქონდა. ექვსის ნახევარი იყო, იმ სადაზღვევო სამმართველომდე, სულ ნელაც რომ მევლო, ხუთ წუთზე მეტი მაინც არ დამჭირდებოდა. ჩემი სიესტა კი, ჩვეულებრივი, ოცდახუთი წუთი გრძელდებოდა ხოლმე. ჰოდა, გულდამშვიდებულმა სიზმრებს თავი მივეცი.
განცხრომით ვიყავი ასე რამდენიმე ხანს და მერე ისევ ავხედე იმ საათს; კი უნდა ხვდებოდეს-მეთქი რაღაც შეუცნობელი შემთხვევები, ასე გავიფიქრე, რადგან იმ თხუთმეტი თუ ოცი წუთის ნაცვლად თურმე სულ სამი წუთი მძინებია და კიდევ ოცდაშვიდი წუთი იყო დარჩენილი დანიშნულ დრომდე. ისევ წავთვლიმე და უკვე მეორედ გამოფხიზლებული სახტად დავრჩი. იმ საათზე ისევ ოცდაშვიდი წუთი უკლდა ექვს. წამოვხტი და ბუხართან მივედი. საათი გაჩერებულიყო. ჯიბიდან ჩემი საათი ამოვიღე, თურმე რვის ნახევარი ყოფილა; მთელი ორი საათი მძინებია და, რაღა თქმა უნდა, დამაგვიანდა, ვეღარსადაც ვეღარ წავიდოდი. „მერედა რა მოხდა, - ვთქვი მე, - ხვალ დილას წავალ და ყველაფერსაც მოვაგვარებ; მაგრამ ეს საათი რაღამ გააჩერა?“ კარგად მოვათვალიერე და თურმე შეუცნობლის ანგელოზის საუბრის ხანს მთელ ოთახში კურკებს რომ ვისროდი, იმათგან ერთი საათის გატეხილ მინაში შევარდნილა, გაჩრილა მოსამართავ ხვრელში და ხელს უშლიდა დიდი ისრის მოძრაობას.
- აჰა! - წამოვიძახე მე, - ვხედავ რაც არის. ამას რა ლარი და ხაზი უნდა. სულ ჩვეულებრივი, ბუნებრივი შემთხვევაა, ხანდახან რომ შეიძლება მოხდეს!
ბევრი ფიქრი აღარ დამიწყია და თავის დროზე დავწექი დასაძინებლად. სანთელი დავიდგი სასთუმალთან და მინდოდა გადამეკითხა რამდენიმე გვერდი წიგნის „უფლის მეუფება“, მაგრამ, სამწუხაროდ, ორი წამიც არ იყო გასული, რომ ჩამეძინა, სანთელი კი ანთებული დამრჩა.
სიზმრებმა გამაწამა, სულ შეუცნობელის ანგელოზს ვხედავდი. მესიზმრა, თითქოს ის ჩემს ფერხთით იდგა საწოლთან, ფარდებს ხსნიდა და თავისი საძაგელი ხმით, საარყე კასრის ბუყბუყით მემუქრებოდა, შენი ასაგდები ვინ არის, შავ დღეს დაგაყრიო. დაბოლოს, ის თავისი გაუთავებელი აყალმაყალი იმით გაასრულა, რომ მოიშვლიპა ძიბრა ქუდი, ჩამჩარა ყელში და მთელი ზღვა მიუშვა იმ Kirshenwasser-ისა; აღარ გაილია ამ სასმლის ნაკადი, მოედინებოდა და მოედინებოდა იმ მოგრძო ბოთლიდან, ხელის მაგივრად რომ ჰქონდა ვეღარ გავუძელი ამდენ ტანჯვა-წამებას და გამომეღვიძა, იმწუთას თვალი შევასწარი ვირთხას, რომელსაც იმ სანთლისთვის პირი დაევლო და სანამ რამეს ვიღონებდი, შეძვრა ხვრელში და გადაიკარგა. სულ მალე სული შემეხუთა, ცხადი იყო, სახლი იწვოდა. რამდენიმე ხნის მერე ცეცხლის ენები ამოიჭრა, მოედო მთელ შენობას. სარკმლიდან უნდა გადავსულიყავი, სხვა გზა აღარ მქონდა. ჩემს სახლთან მოგროვილ ბრბოს გრძელი კიბე მოეტანა და უკვე მოედგათ კიდევაც. გადავრჩი-მეთქი, გავიფიქრე და სწრაფად დავეშვი კიბეზე, ამ დროს ერთი ვეებერთელა, მუცელდასიებული ღრუტუნა, შეუცნობლის ანგელოზს რომ მოჰგავდა თავისი იერითა და აღნაგობით.. ხოდა, ეს ღრუტუნა-მეთქი, თავისთვის რომ დაგორებულიყო აქვე ტალახში, და ტკბილად თვლემდა, უეცრად ადგა და კიბესთან მივიდა, თურმე თავისა მარცხენა მხარის მოფხანა მოსურვებოდა, ამ კიბეზე უფრო შესაფერისს რას ნახავდა. იმწუთასვე მიწაზე ზღართანი გავადინე და იმ ჩემს უბედურებას ისიც დაემატა, რომ ხელი მოვიტეხე.
ამ შემთხვევამ და იმანაც, რომ ახლა სადაზღვევო ხელშეკრულებას ვინღა დამიდებდა, აგრეთვე, რაც ყველაზე უფრო მეტად მადარდებდა, ჩემი თმა ძირისძირამდე ცეცხლს შეესანსლა; ყველაფერმა ამან საგონებელში ჩამაგდო, დაბოლოს ცოლის შერთვა გადავწყვიტე. ერთ მდიდარ ქვრივს ვიცნობდი, ვინც ახლა მეშვიდე ქმარს გლოვობდა, სწორე იმის დაჭრილ გულს მოვუფონე ჩემი ფიცის ბალასინი. არც ჰო მითხრა, არც არა, მივხვდი თანახმა იყო. მუხლებში ჩავუვარდი აღფრთოვანებული და მადლობა მოვახსენე. სახე აელეწა და თავი დახარა, მისი დიდებული კულულები ჩემსას შეეხო, რამდენიმე ხნით გრანჟანისაგან რომ მქონდა წამოღებული. თუ როგორ ჩაიხვია ერთმანეთში ჩვენი თმები, არ ვიცი, მაგრამ ფეხზე რომ წამოვდექი, უპარიკოდ ვიყავი და პრიალი გაჰქონდა ჩემს თავს, ის ქალი კი იდგა გულდათუთქული, მთლად გახვეული ვიღაცის თმაში. ამ სრულიად გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ დამაკარგვინა ის ქვრივი, თუმცა ბუნებრივი გარემოებანი ესაძირკვლებოდა ყოველივე იმას, რაც მოხდა.
სასოწარკვეთილებას არ მივცემივარ, ნაკლებად დაუნდობელი გული გავაბი ახლა სიყვარულის ბადეში. ბედმა კვლავ გადმომხედა მცირე ხნით, მაგრამ კვლავ ჩამიშალა ყველაფერი სულ უბრალო შემთხვევამ. ჩემს გულის სწორს შევხვდი ერთხელ ქუჩაში, სადაც ქალაქის elite-ს მოეყარა თავი. იმწუთას მივაშურე, სალამს ვეტყვი, ჩემებურად, მომხიბვლელად თავს დავუკრავ-მეთქი, რაღაც ჩამივარდა ამ დროს თვალში და წამით დავბრმავდი, ვეღარაფერს ვხედავდი. სანამ მხედველობა დამიბრუნდებოდა, ის ჩემი მიჯნური გამქრალიყო - შეურაცხყოფილი დარჩა, როგორ თუ მე გვერდით ჩავუარე და იმისკენ არც კი გავიხედე. გაოგნებული ვიდექი, რას ვიფიქრებდი, თუ ასე მოხდებოდა (ამქვეყნად ვის რა არ გადახდება თავს), ჯერ კიდევ ისევ მქონდა წართმეული თვალის ჩინი, რომ შეუცნობლის ანგელოზმა დახმარება შემომთავაზა, სწორედ არ მოველოდი მისგან ასეთ გულისხმიერებას. სათუთად და მარჯვედ გამისინჯა დაზიანებული თვალი და მითხრა, თუ რაც ჩამვარდნოდა შიგნით და კიდევაც ამომიღო (რაც „ჩამვარდნოდა“), სული მოვითქვი.
   გონს მოვედი და ასე ვიფიქრე, რაღაა ჩემი სიცოცხლე (სადაც არ მივდექი, ყველგან მომეცარა ხელი), თავი უნდა მოვიკლა-მეთქი, და უახლოესი მდინარისაკენ გავსწიე. მივედი იქ და ტანზე გავიხადე (სწორედ ისე უნდა მოვკვდეთ, როგორც ვშობილვართ, რატომაც არა), თავით გადავეშვი წყალში; ჩემი უბედურების ერთადერთი მოწმე არყის გამოსახდელი მარცვლების მოყვარული, თავისიანებისაგან გადახვეწილი ყვავი ყოფილა თურმე. ჩავხტი თუ არა მდინარეში, ამ ფრინველმა მაშინვე სტაცა ნისკარტი ჩემი ტანსაცმლის უმთავრეს ნაწილს და მოიტაცა. თავის მოკვლა სხვა დროისათვის გადავდე. სწრაფად ვტუცე ჩემი ქვედა კიდურები პიჯაკის სახელოებში და იმ ქურდბაცაცას გამოვენთე, მაგრამ ასე გამოწყობილი კაცი რას გავხდებოდი. ფეხდაფეხ მომყვებოდა ის ჩემი ავი ბედისწერა, ხოდა, მივრბოდი ასე რაც ძალი და ღონე მქონდა, ზეცას ავყურებდი, ის ჩემი გამძარცველი არ დამემალოს-მეთქი; უეცრად ფეხქვეშ ვეღარ ვიგრძენი terra firma, უფსკრულში გადავმზღვრეულვარ თურმე და, რაღა თქმა უნდა, სულაც აღარ დამყვებოდა იმის ძირამდე, მაგრამ რაღაც ბედად ხელი ჩავჭიდე აქვე ჰაერში აჭრილ საჰაერო ბურთიდან ჩამოშვებული გრძელი სამუხრუჭე ბაგირის ბოლოს.
   გონს მოვედი თუ არა, იმწუთას მივხვდი, დიდი საშიშროების წინაშე ვიდექი, უფრო სწორად, ვეკიდე, არად დამიხანებია, ღრიალი მოვრთე, იქნებ, ჩემ ზემოთ მყოფ აერონავტს ხმა მივაწვდინო-მეთქი. მაგრამ კარგა ხანს ამაოდ დავშვრი. ვიღაც სულელი ან გარეწარი უნდა ყოფილიყო იქ და რაღას გავხდებოდი. სულ უფრო და უფრო მაღლა მიიწევდა ამ დროს ეს მანქანა, მე კი სულ უფრო და უფრო ვკარგავდი ღონეს; რაღა უნდა მექნა, ბედს უნდა შევრიგებოდი, ჩამყლაპავდა ზღვა და გათავდებოდა ამით ყველაფერი, მაგრამ უეცრად გული მომეცა, ხმა ჩამომესმა ზემოდან, ვიღაც ღიღინებდა თავისთვის რომელიღაც ოპერის არიას. ავიხედე და რას ვხედავ, შეუცნობლის ანგელოზს მკერდზე ხელები დაუწყვია და კალათიდან დაბლა იმზირება; პირში ჩიბუხი აქვს გარჭობილი და დინჯად აბოლებს, თავისი და ამ ქვეყნიერების დიდად კმაყოფილი ჩანს. ლაპარაკის თავი აღარ მქონდა, მუდარითღა ავცქეროდი მას.
რამდენიმე წუთი პირდაპირ სახეში მომჩერებოდა, ხმას აღარ იღებდა. დაბოლოს, აუჩქარებლად ის თავისი ჩიბუხი პირის მარჯვენა კუთხიდან მარცხენაში გადაანაცვლა, პატივი დამდო და ასე მკითხა: - ვინ ჰარ შენ? და რა შანდაბა ჰინდა აქ?
   იმის ამ უნამუსობაზე, გულქვაობასა და ცბიერებაზე მე შემეძლო მეპასუხა მხოლოდ ასეთი წამოძახილით, „მიშველეთ!“
- ჰიშველოთ! - ჩამომძახა ამ ბრიყვმა, - არა-მეთქი, აი ეს ჰოთლი, ის ჰიშველით, აბა ცოცჰლად!
თქვა ეს და დაუშვა Kirshenwasser-ის მძიმე ბოთლი, შიგ თავში მომახვედრა, ასე მეგონა, მთელი ტვინი სულ პირწმინდად დამანთხევინა-მეთქი. სწორედ ასეთი შთაბეჭდილება მქონდა და მინდოდა ხელები გამეშვა და დამეგდო ეს წუთისოფელი, მაგრამ ანგელოზმა ჩამომძახა, შეჩერდიო.
- ჰელი არ გაუშვა! - გავიგონე მე მისი ხმა, - ნუ ჩჰარობთ, ნუ-მეთქი! კიდევ ჰინდა მეორე ბოთლი, ანუ, მგონი, მოფჰიზლებულხარ და ჰონს მოსულჰარ!
იმწუთას ორგზის გავაქნიე თავი, ერთხელ უარყოფის ნიშნად, მეორე ბოთლი აღარ მინდა-მეთქი, მეორეჯერ კი ვანიშნე, უკვე გამოფხიზლებული და სრულ ჭკუაზე ვარ-მეთქი.
ამ დროს ანგელოზსაც ცოტათი გული მოულბა.
- მაშ აჰლა გშერა ჰომ, - თქვა მან, - ბოლოშ და ბოლოშ!
გშერა-მეთქი შეუცნობელი ანგელოზისა?
ჰო-მეთქი, კვლავ დავუქნიე თავი.
- ჰოდა, აჰლა ჰომ არ იტყვი, მთრალ არ ვარო, ვირი არ ვარო?
კიდევ ერთხელ დავუქნიე თავი.
- რაჰან მასეა ჩაიდე შენი მარჯვენა ჰელი მაჰ შენი შარვლის მარცჰენა ჯიბეში და დამორჩილდი შეუცნობლის ანგელოზს შაბოლოოდ.
ამას კი არ ვიზამდი, შეუძლებელი რამ ბრძანა. ჯერ ერთი, მარცხენა ხელი მაშინ მოვიტეხე, კიბიდან რომ გადმოვარდი, მარჯვენა ხელით კი ამ ბაგირს ვიყავი ჩაჭიდებული, გავუშვებდი ხელს და სამუდამოდაც გავუშვებდი. ხოლო სანამ ამ ყვავს არ დავიჭერდი, შარვალს როგორღა დავიბრუნებდი. გამომდინარე აქედან, ჩემდა სამწუხაროდ, მე იძულებული ვიყავი თავი გამექნია უარყოფის ნიშნად, შეუცნობლის ანგელოზი უნდა მიმხვდარიყო, რომ ამწუთას ასეთ მდგომარეობაში მყოფი კაცი ვერ ავასრულებდი იმის ბრძნულ რჩევა-დარიგებას! მაგრამ მაშინვე, შევაჩერე თუ არა თავის მოძრაობა..
- შანდაბამდისაც გზა ჰქონია! - დამიღრიალა შეუცნობლის ანგელოზმა.
წარმოთქვა თუ არა ასე, გადაუსვა ბასრი დანა იმ საკალათე ბაგირს, რომელზედაც დაკიდებული გახლდით; მოხდა ისე, რომ სწორედ იმწუთას ჩემი სახლის ზემოთ ვიმყოფებოდით (ამ მოგზაურობის ხანს ხელახლა აუშენებიათ ჩემი სამყოფელი) და იმის საკვამურში თავით ჩავეშვი და კიდევაც მოვადინე ზღართანი ჩემი სასადილო ოთახის ბუხარში.
გონზე რომ მოვედი (ასეთი ყირამალას კარგა მაგრად დავერეტიანებინე), დილის ოთხი საათი იყო. სწორედ იქ ვიყავი გაშხვართული, სადაც დავეცი იმ საჰაერო ბურთს მოწყვეტილი. ნაცარში მქონდა ჩარგული ცხვირი, ფეხები იმ პატარა მაგიდის ნამსხვრევებში გამჩხეროდა, ხოდა, ასე ვიწექი იმ ნაირნაირი დასაყოლებლის, გაზეთის, ჭიქებისა და ბოთლების ნამუსრევში, აქვე იყო ის ცარიელი სურა ჰოლანდიური Krischenwasser-ისა. ასე იძია შური შეუცნობლის ანგელოზმა.

ნახვა: 64

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Exactly What is the Distinction between Translations And Localization

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 7:27am 0 კომენტარი







So, within our huge globe these days, It really is super crucial for everybody - no matter whether you are a business, Element of a bunch, or just somebody - in order to chat to each other whether or not we converse various languages or originate from unique cultures.







Which is exactly where translations and localization are available. These are generally two…

გაგრძელება

MMOExp: Madden NFL 24 Players Association lawsuit filed

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 6:46am 0 კომენტარი



The next batch of players coming in after the first three groups will be Groups 4 (QB, QB, WR), 5 (QB, WR) along with Groups 6 (RB). Next arrivals are the groups 7 (DL) and 8 (DL) as well as 9 (LB) and then the arrivals and arrivals of secondary players in Mut 24 Coins Groups 10. 11 and 10.

A tight race is at the top of the draft class for the chance to be the number. #1 overall pick, all eyes will be on the quarterbacks'…

გაგრძელება

Introducing New Ascendancy Classes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 6:17am 0 კომენტარი

Exploring the Viridian Wildwood

At the heart of the Affliction expansion lies the mysterious Viridian Wildwood, a dark and sprawling forest shrouded in secrets and danger. As players venture into this enigmatic wilderness, they will encounter strange holes in the ground, beckoning them into POE currency trade uncharted territory. Each step taken within the Viridian Wildwood unveils new mysteries and challenges, with Wisps…

გაგრძელება

Diving into the Abyss

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 6:16am 0 კომენტარი

Exploring the Viridian Wildwood

At the heart of the Affliction expansion lies the mysterious Viridian Wildwood, a dark and sprawling forest shrouded in secrets and danger. As players venture into this enigmatic wilderness, they will encounter strange holes in the ground, beckoning them into <a href="https://www.mmoexp.com/Path-of-exile/Currency.html">POE currency trade</a> uncharted territory. Each step taken within the Viridian Wildwood unveils new mysteries and challenges,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters