აკა მორჩლაძე - რუსების შემოსვლა

   პირველი მსოფლიო ომისა ომის დროს გარდაიცვალნენ იაკობ გოგებაშვილი, აკაკი და ვაჟა-ფშაველა. სამივე ამათგანი ელოდა, რომ ომი გაათავისუფლებდა საქართველოს. ვერც ერთი ვერ მოესწრო ამ დღეს. მგონი სიმბოლურია, რომ ვაჟა თბილისში გარდაიცვალა, იმიტომ რომ ახლოს იყო ამ ქალაქთან და შეეძლო, მისი ნამდვილი მოქალაქე ყოფილიყო.

   ასეთი კაცი იყო, რომ იოლად ერწყმოდა ამ ქალაქს. ბოლოს გაზაფხულზე ჩამოვიდა. სანდროს შეხვდა ქუჩაში, მისი სახლისკენ მიმავალი, ნაბადში გამოხვეული და მთელი ზამთარი ავადა ვარო, უთხრა, მამცივნებს და ახლაც ავადა ვარო, მაგრამ უნდა ჩამოვსულიყავიო. სანდროსთანვე ჩავარდა ლოგინად, ძმის სახლში. ექიმი არ დაჰკლებია. ივანე გომართელი სულ თავზე ადგა.

   ომის დრო იყო. სახლშივე, სანდროსთან გაუკეთეს პატარა ოპერაცია, გამოუღეს სითხე გომართელმა და მუხაძემ. თანდათან თითქოს მომჯობინდა, მაგრამ სუსტად იყო ძალიან და ფშავისკენ იწევდა, მაგრამ მარტო არ შეეძლო, ჯანი არ ჰქონდა.

   მერე ერთხელ უთხრა სანდროს, უკვე საავადმყოფოში ყოფნისას, რა იქნებ, ერთი ავტომობილი ვიქირაოთ და წამიყვანო სადმე მთაშიო. ექიმებიც ამბობდნენ, კურორტი უნდაო, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაადგილება უკვე ძალიან სახიფათო იყო. სახლში რომ ვერ მოიკეთა, გადაიყვანეს მერე წმინდა ნინოს ლაზარეთში, დღევანდელი თბილისის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მესამე სართულზე, მარცხენა მხარეს და იქ ჰყავდათ უკვე უშუალო საექიმო მეთვალყურეობის ქვეშ. დრო იყო მძიმე, ბევრი დაჭრილი ჰყავდათ ფრონტებიდან მოყვანილი.

  მაგრამ ეს არ იყო მთავარი. იყო აუტანელი სიცხეები თბილისში, განსაკუთრებით ივნის-ივლისში და ვერაფრით ეგუებოდა ამ სიცხეს, წყალსაც რომ სვამდა, ამბობდა, რა წყალია ესაო, არ იყო მიჩვეული ასეთი წყლის სმას და ერთხელ ვერაზე მოსკოვის ქუჩიდან ავიდნენ მაღლა, იქ მაშინ რაღაც წყარო ყოფილიყო და მოუტანეს ბიდონებით წყალი სანდრომ და შიო მღვიმელმა და გახარებული იყო, ძლივს წყალი დავლიეო! არაფერი არ აკლდა და საზამთროს ჭამდა ერთადერთი, ყოველდღე მოჰქონდათ საზამთრო და ერთი სოლოლაკელი მოვაჭრე, სესიაშვილი, ყოველდღე უგზავნიდა წითელ ღვინოს და ამ წითელ ღვინოზე, როცა ხასიათი მოსდევდა, ხუმრობებს ააწყობდა, როგორც იცოდა ხოლმე. ყველა მომსვლელი სვამდა ხოლმე ამ ღვინოს. ასეთი ლაღი ქართველური ვითარება იყო: კაცი აქეთ გადადებული იყო და მაინც რაღაც მხიარულება სუფევდა გარშემო, უამრავი მნახველი ჰყავდა. მოწყალების და, ანიკო კობიაშვილი უვლიდა და იტყოდა ხოლმე ხითხითით, ანიკო კი წეეპარება საღამოობით ამ წითელას ნელ-ნელაო.

   უნდოდა გასვლა, სიცხე აგიჟებდა. მეორე კონსილიუმმა აჩვენა, რომ ძალიან მძიმედ იყო და დაადგინეს, წაიყვანონ აგარაკზე. აი, ეს რომ დაადგინეს და ორი დღის თავზე გარდაიცვალა. დილით უთხრა ანიკოს: მიკვირსო, რომ დღესაც ცოცხალი ვარო, საღამომდე ვერ გავატანო და ასეც მოხდა.

   სანდრო შანშიაშვილი რომ მივიდა მანამდე, მიხვდა, აქეთ ვეღარ მობრუნდებაო. ძალიან გამხდარი იყო და იკლებდა წონაში. ფოტოებს უღებდნენ და სანდრომ უთხრა, მხატვარს მოვიყვან და დაგხატავს და აი, მერე ნახავო, კარგად რო გახდები, როგორი გამხდარი ყოფილხარო, მოტყუება უნდოდა. სინამდვილეში კიდევ, მინდოდა, რომ სიკვდილის წინა სურათი მქონოდაო.

   ვაჟა-ფშაველა მოსე თოიძეს ჰყავდა დახატული ერთი და მორჩა. ჰოდა, მოვიდა სიდამონ-ერისთავი და ხატავდა მთელი დღე მომაკვდავს, შანშიაშვილს უთხრა ერთი კარგი ფრაზა: მიხარია, ვეფხო, რო არ დაგავიწყდიო. ყველაფერს აქცევდნენ ყურადღებას. ხომ იცით, როგორ არის ხოლმე, როცა ადამიანი მიდის იმქვეყნად, ყველაფერს უკვირდებიან. სანდროს ახსოვს, რომ ერთ საღამოს ლაპარაკი დაიწყო. ამბობდა სრულიად მიუღებელ ფრაზებს და ისე შემეშინდაო, ამას ავადმყოფსაც არ პატიობდნენ იმ დროშიო. ლაპარაკობდა რაღაცას სრულიად თამამს და თავზე ხელაღებულს არსებული რეჟიმის და მეფის წინააღმდეგ, იქ ასეთი ფრაზებიც იყო, რო ტახტი გადმოვარდაო და მერე მითხრა, გამოვფხიზლდი ეხლაო, ბოდიშიო, როგორცა ჩანს, ვბოდავდიო.

   გარდაიცვალა საღამოს პირზე, ქაშუეთიდან გამოასვენეს და ივანე გომართელმა თქვა პირველი გამოსათხოვარი სიტყვაც, დაასვენეს მერე დიდუბეში, ოჯახი ჩამოიყვანეს. აი, მაინც უცნაური კაცი იყო, მარტო გარდაიცვალა. სანდრო რომ მივიდა იმ დღეს, უკვე გარდაცვლილი დაუხვდა. ქვემოთ შიო მღვიმელი ელოდებოდა და მერეღა დაუძახა ამას, ლუკა აღარ არიო. სიცხეში, უაზრობაში გარდაიცვალა და არ იყო არც მოხუცი. ჭარმაგი კაცი იყო, მაგრამ მოუვლელობის, გლეხური უბედურების გამო.

   გვირგვინი ერთი იყო მის დაკრძალვაზე, ეს მართლა კარგად და ქართულად მოიფიქრეს და ზედ ეწერა „ვაჟა-ფშაველას საქართველოსაგან“, პრინციპში მეტი არაფერი უნდოდა. და მოხდა ესა! როგორ გამოვიდა, ვის უნდოდა და ვის არ უნდოდა, ახლა ვერ დავთვლი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - იყო ასეთი. იარსება თითქმის სამ წელიწადს. მას მეთაურობდნენ მენშევიკები, ისინი, ვინც ოდესღაც გურიის ერთობა მოახერხეს.

და საქართველო იყო დამოუკდებელი ქვეყანა მთელ ორ წელიწადსა და ცხრა თვეს, თითქმის. საქართველო არ მიიღეს ერთა ლიგაში. რომ მიეღოთ, უნდა დაეცვათ. მერე, ვის უნდოდა საქართველოს დაცვა? ნამეტანი ქრისტიანობა იქნებოდა. უკვე მერე, უბედურების ჟამს, პარიზში ერთმა ფრანგმა გენერალმა რუკასთან მიიყვანა გენერალი მაზნიაშვილი, წარმოშობით რუსი, სხვათა შორის, მაგრამ იშვიათი ქართველი, და უთხრა, ერთი შეხედე, მეგობარო, ამ რუკასო, რუსეთი რამხელაა და საქართველო რამხელააო.

და მოხდა ამ ორი წლის და ცხრა თვის თავზე ქართველი ბოლშევიკების მიერ მოქოქილი ამბავიც. ეხვეწებოდნენ ლენინს, თუმცა, სახვეწარიც ბევრი არ გაუხდებოდათ, მაგრამ ეხვეწებოდნენ. და იყო ომი, რომელმაც წაშალა რუკიდან დამოუკიდებელი საქართველო. ჯერ ხეირიანად არც იყო დატანილი რუკაზე და ეგრევე წაშალა.

„ერთი ნაღველის ორი სახელი: კრწანისის ველი და თებერვალი“, ალექსანდრე აბაშელის ამ ორი სტრიქონით ნამდვილადაც ჩანს ძველი ომის ამბავი. ომი გრძელი არ იყო. თითქმის ერთ თვეს გრძელდებოდა, ბოლოსკენ არც კი ისროდნენ, მოლაპარაკებებიც იყო და ოფიციალურად მარტის შუა რიცხვებში დამთავრდა. ბევრი რამ მოხდა ამ ომში. ბევრი სიცოცხლე დაიწვა. ქვეყანა დაიკარგა. მთავრობა წავიდა.

გადამწყვეტი მაინც ერთი დღე იყო. წაგებულ საქმეს ჰგავდაო, რას დაუდგებოდიო, უკვე ყველა მხრიდან მოდიოდნენო, მერე ამბობდნენ, მაგრამ გადამწყვეტი ერთი 24 საათი იყო, ან ეგებ ნაკლებიც. ანუ ის დღე, როდესაც საქართველოს მთავრობამ თბილისი დატოვა და აქ რუსული ჯარი შემოვიდა.

ეს დღე 1921 წლის 25 თებერვალია, მაგრამ 25 თებერვალს რომ მივადგეთ, 24 თებერვლის საღამოს უნდა შევხედოთ დაკვირვებით. იმ საღამოსთვის ომი ორი კვირის დაწყებული იყო და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ამ ორ კვირაში იყო ის, რომ 16 თებერვალს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ, მთავარსარდლის თანამდებობიდან გადააყენა გენერალი ოდიშელიძე და დანიშნა ის თავის სამხედრო მრჩევლად, ხოლო მთავარსარდლობა დაუბრუნა გენერალ გიორგი კვინიტაძეს, რომელიც მანამდეც არაერთხელ ყოფილიყო მთავარსარდლად და ასევე არაერთხელ მოეხსნათ.

კვინიტაძე ყველაზე წარმატებული სარდალი იყო დამოუკიდებლობის იმ ორწელიწად-ნახევარში, მაგრამ როგორც კი რაღაც წარმატებას მიაღწევდა, მოხსნიდნენ ხოლმე. მთავრობის თავმჯდომარე ჟორდანია ომის დროს დღეში ორჯერ მიდიოდა მთავარსარდლის შტაბში, რათა იქ უშუალოდ მთავარსარდლისგან შეეტყო ფრონტის ამბები. 24 თებერვალსაც, საღამოს 8 საათზე, ის მივიდა შტაბში თავისი ადიუტანტის, კოტე იმნაძის თანხლებით. მთავარსარდლის ოთახში მას დაუხვდნენ თვითონ კვინიტაძე და გენერალი ოდიშელიძე, რომელიც კუთხეში იჯდა მდუმარედ. იქ ასევე იყო პოლკოვნიკი გედევანიშვილი, რომელიც შტაბის ოპერატიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა.

როდესაც ჟორდანია და იმნაძე კაბინეტში შევიდნენ, კვინიტაძე იდგა რუკასთან, რომელზეც ქინძისთავებით იყო მონიშნული საჭირო ადგილები და გამუდმებით ეწეოდა პაპიროსს თავისი განთქმული მუნდშტუკით. ცნობილი ამბავია, რომ ის ისედაც ძალიან ბევრს ეწეოდა, ჟორდანიასგან განსხვავებით.

მთავარსარდალს ხეირიანად არც მიუქცევია ყურადღება ქვეყნის მეთაურისთვის, კვლავაც დასცქეროდა რუკას, ხოლო გედევანიშვილმა მოსულებს დაახვედრა ცუდი ამბავი - ვაზიანის მიდამოებში რუსების ტანკებს გამოერღვიათ სახალხო გვარდიელთა სანგრები. იმ დროის საქართველოში გვარდია სოცალ-დემოკრატების პარტიული ჯარი იყო და მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის წინაშე იყო ანგარიშვალდებული. ამ ომის დროს გვარდიას სარდლობდა გენერალი ჯიჯიხია, რახანღა ნამდვილი სამხედრო გვარდიაში არ მოიძებნებოდა და მეთაურების პირად წარმოდგენებს ბრძოლის შესახებ არაერთხელ წაუხდენია საქმე. ჰოდა, გენერალი ჯიჯიხია ცდილობდა, გვარდიელებს მწყობრად მაინც დაეხიათ უკან, რაც მათგან ასევე ძნელი წარმოსადგენი იყო. სწორედ ამ ამბავს დაეფიქრებინა რუკას ჩაღრმავებული კვინიტაძე. ოთახში მიმდინარე საუბარს ის საერთოდ არ უგდებდა ყურს და ორადორი სიტყვა, რომელსაც წამოისვრიდა ხოლმე, იყო: ჯიჯიხია, გვარდია, ჯიჯიხია, გვარდია.

კვინიტაძე ლაპარაკობდა რუსულად, ქართული ძალიან ცუდად იცოდა, სხვათა შორის, და მერე ემიგრაციაშიღა ისწავლა. ის იყო ვაჟი ცნობილი პოლკოვნიკის, ივანიკა კვინიტაძისა, შამილის დატყვევებაში რომ მონაწილეობდა და აკაკი წერეთელს რომ ატკბობდა თავისი ლექსებით. მამისგან განსხვავებით, გიორგიმ ყველანაირი სამხედრო განათლებაც მიიღო და ძალიან კარგი კარიერაც გაიკეთა მეფის ჯარში. თუმცა რევოლუციის შემდეგ მოხვდა და დარჩა საქართველოში, სადაც მას, რა თქმა უნდა, იყენებდნენ სამშობლოსთვის საჭირო საქმეში, მაგრამ ვერც იყენებდნენ ხოლმე ბოლომდე და ისე, როგორც უნდა გამოიყენო ასეთი გენერალი.

საერთოდ, როდესაც რუსეთში რევოლუცია მოხდა და ქართველმა ოფიცრობამ საქართველოსკენ იწყო დენა, სულ გამოვიდა 28 გენერალი, რომელთაგან 25-ს ჰქონდა წმინდა გიორგის ჯვარი - ძალიან მაღალი ხარისხის ორდენი. ეს ნიშნავდა, რომ ქართველი ოფიცრობა ძალიან გამორჩეული იყო რუსულ ჯარში. ეს კი ერთ-ერთი საამაყო რამ იყო, რაც არსებობდა იმ დროში.

ამასობაში კი მთავარსარდლის კაბინეტში მოულოდნელად მოვიდა სასიხარულო და იმედის მომცემი ტელეგრამა, რომ ჯიჯიხიამ შეკრა გვარდიელთა მწყობრები და პირიქით შეუტია რუსებს. ეს იყო ძალიან სასიხარულო ამბავი და ჟორდანიაც აღივსო იმედით.

ომის ბოლო დღეები გარეგნულად სავსე იყო სასიხარულო ამბების წყებით, იმიტომ რომ ქართველებმა რამდენიმე პატარა და ერთ დიდ წარმატებას მიაღწიეს. ეს კვინიტაძის დამსახურება იყო. უბრალოდ მისმა დანიშვნამაც კი ჯარს გუნება გამოუკეთა. სალდათები და ოფიცრები მას უფრო ენდობოდნენ, ვიდრე მობერებულ გენერალ ოდიშელიძეს, რომელსაც თავისი უკვე ნამსახური ჰქონდა, მაგრამ მაინც ხშირად იყო ხოლმე ასეთ მაღალ თანამდებობებზე. განსაკუთრებით სასიხარულო იყო გენერალ მაზნიაშვილის წარმატება სოღანლუღთან. იქ მაზნიაშვილმა პირადი გმირობის საოცარი მაგალითიც უჩვენა და საერთოდ, ეს გამორჩეული ხასიათისა და უნარების კაცი იყო. ის პოლკოვნიკად დაბრუნდა რუსეთიდან საქართველოში და გენერლობა უკვე რესპუბლიკამ მიანიჭა. კაბინეტში მოსულმა ცნობამ სიხარული კი გამოიწვია, მაგრამ კვინიტაძეს არც კი შეუმჩნევია ესა. უცბად მოიხედა, მაგიდაზე მუშტუკი მიაგდო და თქვა: „один чёрт, отступаю“ .

ყველამ პირი დააღო. ეს ნიშნავდა, რომ ყველა ტოვებს თბილისს და ეცდება, რომ ფრონტი აღადგინოს მცხეთასთან. ყოველ შემთხვევაში, ასე უთხრა მან ჟორდანიას. ეს იყო შოკისმომგვრელი განცხადება, მაგრამ როდესაც მან აუხსნა იქ მყოფთ, თუ რატომ აკეთებს ასე, ჟორდანია ვეღარ შეეწინააღმდეგა. კვინიტაძემ აუხსნა ჟორდანიას, რომ ფრონტი ძალიან გაწელილია, მთელ 90 კილომეტრზე, და რომ ყველა მხარეს ჯარს ელოდება ხიფათი.

იქით კიდევ გვარდიელებს ვერ დაეყრდნობი, იმიტომ, რომ მთელი ომის განმავლობაში მათ ორჯერ-სამჯერ ძალიან უწესრიგოდ დაიხიეს უკან და, საერთოდ, გვარდიის მართვა ძალიან ძნელია და ჯიჯიხია კი არა, იქ ნაპოლეონიც ვერაფერს გააწყობდა.

ეს მხოლოდ გვარდიელთა ხასიათით და მათი პარტიულობით კი არ იყო გამოწვეული. იქ საკმაოდ კარგი ვაჟკაცებიც იყვნენ. უბრალოდ, ეს რევოლუციური ჯარი იყო და გვარდიის წყობაც კი გამორიცხავდა რაიმე სამხედრო წესრიგს. გვარდიაში არ იყო არც პოლკი, არც დივიზია, არაფერი. ეს იყო მწყობრებად აგებული ერთობა, რომელსაც სარდლობდა რევოლუციონერი ვალიკო ჯუღელი, ძალიან კოლორიტული და ცოტათი ოდიოზური ფიგურა იმ დროის საქართველოში.

ცნობილია მისი საოცარი წიგნი „მძიმე ჯვარი ანუ სახალხო გვარდიელის ჩანაწერები“, რომელშიაც ძალიან ძნელია, ტყუილი და მართალი გამოარკვიო. იქ ძალიან ბევრი გმირობაა თავმოყრილი იმ 2-3 საბრალო წლისთვის, საშინელი ამბები კი რომანტიზებულია. ამას რომ დავუმატოთ ცეზარული განწყობა, ნერონის აჩრდილის მოხმობა გადამწვარი ოსური სოფლის ცქერისას და სხვა ასეთი სისულელეები, ვალიკოს პოლიტიკური სიბრძნიდან ცოტა შეგვრჩება.მაშინ ამბობდნენ, რომ ეს დღიურები მერეა დაწერილი, ანუ უშუალოდ ამბების მიდევნებით არ დაუწერიაო.

კვინიტაძემ ახსნა უკან დახევის ამბავი იმით, რომ უკვე მზადა აქვს ძალიან კარგი უკან დახევის გეგმა, რომელიც გამოდგა მართლა ძალიან კარგი, იმიტომ, რომ რუსების მე-11 არმიის სარდალმა, ჰეკერმა თქვა თბილისში შემოსვლის შემდეგ, რომ არსებობდეს უკან დახევისთვის ორდენი, კვინიტაძეს ეკუთვნისო.

კვინიტაძემ უთხრა მთავრობის თავმჯდომარეს, რომ თბილისი არაფერია, იმიტომ რომ მცხეთასთან აღადგენს და შეამოკლებს ის ფრონტს, შეძლებს ძალების გადაჯგუფებას, შექმნის რეზერვს, შემოუტევს მტერს და თბილისს ისევ დაიბრუნებს. მიუხედავად ასეთი კარგი და ლოგიკური, აწყობილი ოპერაციისა, ეს მაინც იყო ძალიან ტრაგიკული განცხადება, იმიტომ რომ თბილისი არ იყო უბრალოდ ტერიტორია, თბილისი იყო დედაქალაქი და ქვეყნის გული. კვინიტაძემ ქართველების ხასიათი ვერ გაითვალისწინა. თბილისის დატოვებით ეს ომი ფსიქოლოგიურად უკვე წაგებული იყო, იმიტომ, რომ ისედაც ამბობდნენ, რუსებს წინ რა დაუდგებაო. ერთი წლით ადრე, ორჯონიკიძეს და სტალინს ძალიან უნდოდათ შემოსვლა და ამბებიც ატეხეს თბილისში და აზერბაიჯანის საზღვარზე და ჟორდანია წერს, არ ვამხელდით, თუ რუსები გვიტევდნენ, ვამბობდით, აზერბაიჯანთან გვაქვს კონფლიქტი, რათა ხალხს ხელი არ ჩაექნიაო. მაშინ არ გამოუვიდათ, რუსეთმა და საქართველომ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. კი წერდა სერგო დეპეშებს, ბრწყინვალედ გამოვაო, მაგრამ არ გამოვიდა იმ ჯერზე.

ამასობაში, კვინიტაძემ დაიწყო თავისი გეგმის პოლკოვნიკ გედევანიშვილისთვის კარნახი, რათა ბრძანებები ტელეგრაფით დაეგზავნათ გენერლებისთვის, რომლებიც მიმართულებებს სარდლობდნენ.

ეს იყო მართლაც ვირტუოზულად შედგენილი უკან დახევის გეგმა, რიგ ადგილებში ბრძოლით, რიგ ადგილებში გამოპარვით. როგორც ჩანს, იმ ჩაფიქრებისას სწორედ ამას ითვლიდა, იმიტომ რომ ეტყობა, მართლა შეუძლებელი ჩანდა ამ გაწელილი რკალის შენარჩუნება და უკანდაუხევლად შევიწროვება.

ნირწამხდარი ჟორდანია წამოდგა, რომ წამოსულიყო შტაბიდან და ამ დროს კუთხეში მჯდომმა გენერალმა ოდიშელიძემ თქვა, თბილისის დატოვება არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ომს ვეღარ შემოვატრიალებთო.

ამას ჯობია... და მან უკვე თავისი გეგმა დასახა. თქვა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება მოვახერხოთ პარტიზანული გამოვარდნებით, ათასი რაღაცით, როგორმე შევაკავოთ აქეთ-იქიდან მომავალი რუსული დივიზიები და პოლკები და მისი ეს აზრიც არ იყო მოკლებული ლოგიკას, მაგრამ გენერალმა კვინიტაძემ არც კი მოხედა ოდიშელიძეს, ისე კარნახობდა ამ უკანდახევის გეგმას.

მათ ერთმანეთი არ უყვარდათ, რბილად რომ ვთქვათ. მერე უკვე მატარებელში უთხრა ოდიშელიძემ კოტე იმნაძეს: სამწუხარო იცით რა არის, შვილოო, მე იმიტომ მომხსნეს, რომ შაგალის ხიდთან მომივიდა კატასტროფა და ის არავის ახსოვს, რომ მე რუსეთ-იაპონიის ომის დროს დივიზიის მეთაური ვიყავი, ხოლო კვინიტაძე მაშინ მხოლოდ მოხალისეთა ასეულს მეთაურობდა, დღეს კი მან ჩემი მოსმენაც არ იკადრაო.

ისინი მთელი ამ ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ცვლიდნენ ერთმანეთს მთავარსარდლის თანამდებობაზე და ერთმანეთის ატანა უჭირდათ. თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პირად მტრობაში არ გადაზრდილა.

გენერალი კვინიტაძე ვერ იტანდა მთავრობას და აბსოლუტურად მიუღებელი იყო მისთვის ყველაფერი, რასაც საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება აკეთებდა. მაგრამ ყოველთვის, როცა მოხსნიდნენ ხოლმე, ეუბნებოდა, როცა დამიძახებთ, მოვალო, იმიტომ რომ აქ საქმე საქართველოს ეხებოდა.

თუმცა, სოციალ-დემოკრატები მაინც არ ენდობოდნენ ქართველ გენერლებსა და ოფიცრებს. ჟორდანიას პირდაპირ უწერია მოგონებებში, რომ ესენი იყვნენ რუსეთუმე ხალხი, მეფის ყოფილი ოფიცრები, არანაირი შინაგანი რწმენა, რომ საქართველო დამოუკიდებელი იქნებოდა, არ ჰქონდათ და არც ექნებოდათო.

გარდა ამისა, ყველას თვალწინ ჰქონდა რუსეთის მაგალითი. ვინ ხელმძღვანელობდა რევოლუციური მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას? დენიკინი, კოლჩაკი, იუდენიჩი - სულ მეფის გენერლები. ჰოდა, ჩვენს სოციალ-დემოკრატებსაც ალბათ ეშინოდათ ჩვენი გენერლების განაპოლეონების, მით უმეტეს, რომ გენერალი კვინიტაძე ძალიან უყვარდათ ჯარში და სხვა გენერლებიც, იგივე სპირიდონ ჭავჭავაძე, ანდრონიკაშვილი და მაზნიაშვილიც.

ეს უცნაური შეხამება იყო, ადამიანები, რომლებიც იმპერიის დაცვისათვის იღებდნენ ორდენებს, ერთი მხრივ და მეორე მხრივ კი ადამიანები, რომლებიც ამ იმპერიის დაქცევის გამო ისხდნენ ციხეებში, გადასახლებებში, ისროდნენ ყუმბარებს, თავისუფალი საქართველოს სახელით თანამშრომლობდნენ.

კვინიტაძის დანიშვნაც იმ 16 თებერვალს იყო მოულოდნელი, მაგრამ სხვა გამოსავალი მათ უბრალოდ აღარ ჰქონდათ. ოდიშელიძე კი გადააყენეს, მაგრამ იცოდნენ, რომ კაცი, რომელიც ამას ყველაფერს უხელმძღვანელებს, არის მხოლოდ ერთი - კვინიტაძე. ამიტომ მას თვით ვალიკო ჯუღელმა დაურეკა. კვინიტაძემ უთხრა, რა თქმა უნდა, როგორც კი დამიძახებთ, მოვალო, მაგრამ ჯუღელმა - არა, მე მოვალ და მე დაგელაპარაკებითო. ეს მისგან იყო ძალიან დამთმობი ჟესტი, იმიტომ რომ ჯუღელს თავი მიაჩნდა რევოლუციის სარდლად და ძალიან ტრაბახობდა ამით.

ტრაგიკული კაცი იყო ვალიკო ჯუღელი. 1924 წელს ჩამოიპარა საქართველოში აჯანყების სახელმძღვანელოდ და პლეხანოვზე დაიჭირეს. მერე დახვრიტეს იქ, სადაც ახლა ვაკის პარკია. ციხეში მოატყუეს ჩეკისტებმა, წერილები დააწერინეს. უფრო სწორად, დაანახეს, რომ აჯანყება უკვე გაცემული იყო. იხვეწებოდა, ისეთი საწამლავი დამალევინეთ, რომ სამი დღის განმავლობაში მოვკვდე, მანამდე კი ხალხი გავაფრთხილო, რომ სისხლი არ დაიღვაროსო. ყველამ, ვინც საქართველოში დარჩა, ძალიან მძიმედ დაამთავრა სიცოცხლე და ძალიან სახელოვნადაც.

კვინიტაძის ამ გადაწყვეტილების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ დატოვა შტაბი და წამოვიდა მთავრობის სასახლეში, სადაც შეკრებილიყვნენ დეპუტატები და ჟორდანიამ გამოუცხადა მათ მთავარსარდლის ბრძანებისა და გადაწყვეტილების შესახებ. ახლა კიდევ ახალი შოკი. ჟორდანიამ უთხრა: რა ვქნა, ეს არის მთავარსარდლის გადაწყვეტილება, თუ არ მოგწონთ, მოვხსნი მას და დაგნიშნავთ თქვენო. საქართველოს კონსტიტუციით კი შეეძლო მთავრობის თავმჯდომარეს, დაენიშნა და მოეხსნა მთავარსარდალი, მაგრამ თვითონ არ იყო მთავარსარდალი. თუმცა კონსტიტუციას იმ დღეებში იღებდნენ. 21 თებერვალს მიიღეს.

ისევ 16 რიცხვს რომ დავუბრუნდეთ, კვინიტაძე დაეთანხმა ჯუღელს, რომელიც მას სახლში ეწვია. კვინიტაძის ბოლო გათავისუფლება იყო ჯუღელის პირადი მოთხოვნა, ეს სამეფო გენერალი მოაშორეთ ჩვენი რევოლუციური ქვეყნის ჯარსო. ამ დონის მოთხოვნები იყო, მეტი კი არაფერი ხდებოდა. ჰოდა, ახლა უბოდიშო ბოდიშის ვიზიტი იყო.

მოკლედ, იმავე ღამეს კვინიტაძე წაიყვანეს ნოე ჟორდანიასთან სახლში, სადაც შეკრებილიყვნენ მინისტრები და სამხედროები და იყო სამხედრო გეგმის განხილვა. ეს იყო კომიკური სურათი, იმიტომ რომ ლაპარაკობდნენ მინისტრები და დეპუტატები, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ სამხედრო საქმეზე. ოდიშელიძე კუთხეში იდგა ისევ და უთხრა კვინიტაძეს, გაბარებ ჯარს და გისურვებ წარმატებასო. იქ ისეთ რამეებს ამბობდნენ, კვინიტაძეს ნერვები აეშალა.

უცებ შინაგან საქმეთა მინისტრმა და ძველმა სახელოვანმა რევოლუციონერმა, ნოე რამიშვილმა, მოიტანა რუკა და აღუწერა იქ მყოფთ თავისი გეგმა, რომელიც რაღაც ერთ კონკრეტულ ოპერაციას შეეხებოდა, მგონი, ფოილოს ხიდს და ეს გეგმა ისეთი უცნაური იყო, სულელურიც არ ეთქმოდაო, კვინიტაძე იხსენებს. მე ამას შევეწინააღმდეგე და უცებ ლაპარაკი შეწყდა და ჟორდანიამ თქვა: აბა, ახლა ყველამ მივცეთ ხმა, რომ კვინიტაძე დაინიშნოს სარდლადო და ასე აირჩიეს.

როგორც გაირკვა, ჯერ მთავარსარდლად არ დაუნიშნავთ, ერთი მიმართულების სარდლად დანიშნეს. მაგრამ იმ ხმაურში ვერავინ ვეღარ გაიგო ეს ყველაფერი. მერე ბენია ჩხიკვიშვილი, თბილისის გენერალ-გუბერნატორი, ეუბნებოდა კვინიტაძეს: მე მეგონა, მთავარსარდლად გირჩევდი, ასე მივეცი ხმაო.ერთი დღის მერე გაირკვა შეცდომა და ისევ დანიშნეს მთავარსარდლად. ეს ყველაფერი ოფიციალური სახელმწიფო ქაღალდების ამბავია, მეტი არაფრის.

მოკლედ, დეპუტატებიც დათანხმდნენ გენერალ კვინიტაძის გადაწყვეტილებას. იმდენი კი ესმოდათ იმ წუთში, რომ სამხედრომ უკეთ იცის, რა გააკეთოს. თუმცა, თბილისის დატოვება იყო ძალიან ტრაგიკული და, როგორც გამოჩნდა, ამან გადაწყვიტა კიდეც ომისა და ქვეყნის ბედიც. თუმცა, ამას კვინიტაძე ალბათ იმ წუთში ნაკლებ ანგარიშს უწევდა. სამხედროსათვის გადაწყვეტილება იყო სწორი, მაგრამ რეალურად ქვეყნისთვის ეს იყო დაქცევა. მოხდა ასეთი ამბავი და მოხდა.

რა უნდა ექნა ჟორდანიას? ჟორდანიამ დაწერა მოწოდება უკვე მიძინებული თბილისის მოსახლეობისათვის. ახალი ამბავი ქალაქში ბევრმა არავინ იცოდა. გამზადდა მატარებლები იმისთვის, რომ მთავრობა მცხეთაში უნდა გადავიდეს. დროებით, რამდენიმე დღით, მხოლოდ მანამდე, სანამ კვინიტაძე დაიბრუნებს ქალაქს. ჟორდანიამ დაწერა მოწოდება და ეს მოწოდება კოტე იმნაძემ წაიღო სტამბაში, გასამრავლებლად და ქალაქში გამოსაკრავად. იქ პირველი რიგითი მოქალაქე, რომელმაც ეს მოწოდება წაიკითხა, იყო ერთ-ერთი ასოთამწყობი, ვისაც უნდა აეკრიფა ტექსტი და ამ მოხუცმა კაცმა დაიწყო ტირილი. იმიტომ, რომ უბრალო ადამიანის დონეზე, ყველაფერი გარკვეული იყო.

ამის შემდეგ კი უნდა გადავინაცვლოთ თბილისის სადგურზე, სადაც დგას მთავრობის თავმჯდომარის მატარებელი. აქ არის ერთი ვაგონი ჟორდანიასი, ვაგონ-რესტორანში კი აწყვია უამრავი სახელმწიფო ქაღალდი და იქავე არიან დეპუტატები და მინისტრები. არის ასევე გენერალ-გუბერნატორი ბენია ჩხიკვიშვილი, რომელიც იმავდროულად საქართველოს რკინიგზების უფროსია და ჟორდანია ეუბნება კოტე იმნაძეს, თუ ჩამეძინოს, აუცილებლად გამაღვიძეო. რამდენიმე ღამე არ უძინია და ეტყობა გრძნობდა. ჟორდანიას ამ ღამის ძილი არის აპოთეოზი მთელი ამ ისტორიის. გამაღვიძე, იმიტომ რომ მცხეთაში ხომ ისედაც გავჩერდებითო.

ამ სიტყვებით გამოეთხოვა იმნაძე მას და ვაგონებში ბოდიალისას გადააწყდა ისევ კუთხეში მიმჯდარ გენერალ ოდიშელიძეს, რომელსაც უთხრა, რომ ალბათ ის გეგმა სწორია, მაგრამ ეგებ თქვენ მითხრათ თქვენი აზრი უფრო დაწვრილებით, რა იყოო. მათ ილაპარაკეს, მაგრამ იმნაძისა და ოდიშელიძის ლაპარაკი იქ არაფერს არ წყვეტდა და ოდიშელიძის გეგმაც ალბათ უფრო ნაკლებად ძლიერი იყო სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, ვიდრე კვინიტაძისა. კოტე იმნაძე ამ სათავმჯდომარეო მატარებლის კომენდანტადაც დანიშნა ჟორდანიამ. იმნაძემ ერთხელ შეიჭყიტა ჟორდანიასთან, რომელსაც თავისი განთქმული პლედი ჰქონდა წაფარებული და ეძინა.

მთავრობის თავმჯდომარე ასე წაძინებული ტოვებდა თავისი ქვეყნის დედაქალაქს. კარგია, თუ დავიჯერებთ, რომ გულწრფელად ეგონა, რამდენიმე დღეში უკან დაბრუნდებოდა. მცხეთიდან თბილისამდე რამდენი უნდა იყოს მატარებლით?! ჟორდანიას არ გაეღვიძა. რას გაეღვიძებოდა. იმნაძეს მოერიდა გაღვიძება. ქვეყნის ბედი წყდებოდა, ჰოდა, შევიდა ბენია ჩხიკვიშვილთან, გენერალ-გუბერნატორთან, ასევე ძველ და ძალიან ცნობილ რევოლუციონერთან, რომელიც მერე ასევე კომუნისტებმა დახვრიტეს ვლადიმირის ცენტრალში და უთხრა, სძინავს და უნდა გავაღვიძოო. მატარებელი კი მიდის, არ ჩერდება, იმიტომ რომ ბრძანება უნდა გაიცეს, რომ გაჩერდეს მცხეთაში. ჩხიკვიშვილმა უთხრა, ეგაო დაღლილიაო და ეძინოსო. სად გავაღვიძოო? იმნაძემ. გორში გავაღვიძოთო. გორში როგორ, მცხეთაში უნდა გავაჩეროთ მატარებელი, მე მატარებლის უფროსი ვარო. მაგრამ ბენიამ უთხრა, მე მაბარია ეს ყველაფერი, მე ვარ გენერალ-გუბერნატორი და საქართველოს რკინიგზების უფროსი და გიბრძანებ, გორამდე მატარებელი არ გააჩერო, დაისვენოსო. იმან იქ დაისვენა და ღამის 12 საათზე კი დაიწყო ქართული ჯარების უკანდახევა უმაღლეს დონეზე, როგორც იყო შეთანხმებული და მოფიქრებული კვინიტაძის მიერ.

ყველაფერი ამ ღამის განმავლობაში განმავლობაში გაკეთდა და ასე ვთქვათ, თითქოს უკვე ლაგდებოდა მცხეთასთან ფრონტი. ისე რომ, კვინიტაძე ავიდა მუხათგვერდზე სამასი კაცით და შტაბით, რომ კარგად ეყურებინა, გარშემო რა ხდებოდა. სისხამ დილიდანვე ყველაფერი მიდიოდა გეგმის მიხედვით. მთავარსარდალი უყურებდა, როგორ მოვიდა და დალაგდა მაზნიაშვილის ძალები. იღებდა ცნობებს, რომ კოჯრიდან მოიხსნა ეს ბატალიონები.

სრულიად გმირული ადგილი იყო ეს კოჯორი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ იქ იუნკრები იყვნენ, პირტიტველა ბიჭები და მაშინ ფასდებოდა ესა, ახალგაზრდა და გამოუცდელი რომ იბრძვის. მოკლედ, კვინიტაძე იყო კმაყოფილი ყველაფერი ამით, მაგრამ კვლავაც ჯიჯიხიას გვარდიელების არეული უკანდახევა აგიჟებდა და ხედავდა, რომ ეს ხალხი ბატებივით დადიოდა აქეთ-იქით. მან მცხეთაში ნახა ვალიკო ჯუღელი და უთხრა, შეკრიბე გვარდიის ნაწილებიო. ჯუღელმა, ყველანაირად ვეცდებიო და რამდენიმე საათის შემდეგ კი უთხრა, გორამდე მე ამ გვარდიელებს ვერ შევკრებ, აცაბაცა დადიანო.

ამასობაში რა ხდება მატარებელში? მატარებელი ეჰე-ჰეი და უახლოვდება გორს. გაჩერდა გორის სადგურში. გაჩერდა და ჟორდანიასაც გაეღვიძა და გაიხედა ფანჯრიდან. გაიხედა ფანჯრიდან - ეს არის სადგური, სადაც ჯარისკაცები ირევიან და არც ერთი ოფიცერი იქ არ არის. ჟორდანია წერს თავის მოგონებებში, რომ უოფიცრებოდ დაყრილები იყვნენო. კვინიტაძე ავი ღიმილით პასუხობს თავის მოგონებებში, უოფიცრებოდ კი არ იყვნენ, ეგენი დეზერტირები იყვნენ და ოფიცრები ამიტომ არ ახლდნენ, მაგას ჯარზე წარმოდგენა არ ჰქონდა და რას მოსთხოვო. გამოუძახა იმ წუთში ზარით კოტე იმნაძეს და ჰკითხა, სადა ვართო? გორში ვართო. ერთი პატარა ამბავი ის არის, რომ ჟორდანიას მემუარებში შეცდომა გაეპარა. სადაც უნდა ეწეროს, რანდევუ (შეხვედრის ადგილი) იყო მცხეთაო, უწერია, რანდევუ იყო აღსტაფაო. აღსტაფა არის აზერბაიჯანში. ის უკვე მოხუცი წერდა ამას და ამიტომ აერია, მაგრამ ამას სულ წამოაძახებდნენ ხოლმე: რანდევუ იყო აღსტაფა, როგორ იყოო?თუმცა მემუარები მისი სიკვდილის შემდეგ გამოვიდა.

ჰოდა, იმნაძემ უთხრა გორშიო. რატომ არ გამაღვიძეო და ასე მიბრძანა გენერალ-გუბერნატორმა ჩხიკვიშვილმაო.ჟორდანიამ უთხრა: კაცო, მე ხომ გითხარი, მცხეთაში გამაღვიძე-მეთქი. ამიტომ, როცა მოგვარდება ეს საქმე, შენ სამხედრო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეო. თავის ადიუტანტს ეუბნება, ვითომ რამეს წყვეტს იმნაძის გასამართლება. ამ დროს კიდევ ერთხელ გაიხედა ფანჯრიდან და რომ შეხედა ამ არეულ ჯარისკაცებს, როგორ არ გამაღვიძეო, კიდევ ერთხელ ჩაილაპარაკა და მერე ძალიან ყრუდ თქვა, დაიღუპა საქართველოო. ესე იგი, ეს ამბავი მისთვისაც უკვე დამთავრებული იყო. ყველასთვის დამთავრებული ჩანდა, კვინიტაძის გარდა.

ამ დროს მცხეთასთან მართლა ლაგდება ეს ფრონტი, თუმცა კვლავ გვარდიელთა მოუწესრიგებლობა უშლის ხელს და ჟორდანიამ ბრძანა, გავბრუნდეთ მცხეთაშიო. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, უკვე დილაა, 25 თებერვალი.

ამ დროს გორთან ხდება ერთი ამბავი - შალვა ამირეჯიბი იყო ჟორდანიას მატარებელში, დეპუტატი და არა მარტო დეპუტატი, კიდევ ერთი საოცარი კაცი ამ ჩვენი ისტორიისა და ის იხსენებს, რომ ჩამოვედი ბაქანზე, დავინახე შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, რომელიც იდგა თოფით ხელში სრულიად მარტოო. და დავუწყე გამოკითხვა და მანაც ხეირიანად არაფერი იცოდაო.

მერე რამიშვილმა ჯარისკაცებს ჩხუბი აუტეხა, ამ დეზერტირებს და მათ გაიწიეს, უკვე არად დაგიდევდნენ, მინისტრია, თუ ვინ არის. ძლივს შემოიყვანეს რამიშვილი ვაგონში, ცხელგულიანი კაცი იყო და არ თმობდა ასეთ რამეებს. ამასობაში გაიგზავნა დეპეშა კვინიტაძესთან, რომ მცხეთის სადგურმა მიიღოს მთავრობის თავმჯდომარის მატარებელი და იქიდან მოვიდა პასუხი, რომ სადგური გაჭედილია და არ არის არც ერთი თავისუფალი ხაზი.ამიტომ იძულებული შეიქნენ, მატარებელი გორში შეეჩერებინათ.

ჯარი იხევდა ძალიან არეულად. ის ისტორია, რომელიც კარგად დაიწყო კვინიტაძემ, მცხეთაშივე მოიშალა.საღამოს თვითონ კვინიტაძე მოვიდა გორში. ამ დროს თბილისი უკვე დატოვებულია და იქ რუსები უკვე ერთი გასროლის გარეშე შემოდიან.

ძალიან ტრაგიკული სურათი იყო: დილით რომ გვარდიელები ეუბნებოდნენ კვინიტაძეს, მცხეთაში ვერა და გორში შევკრავთ გვარდიასო, ახლა გორში ეუბნებოდნენ, გორში ვერა და ხაშურში შევკრავთო. ქუთაისამდეც ორიოდე ნაბიჯი იყო დარჩენილი და საღამოს გორში ჩასულმა კვინიტაძემ რომ დაინახა მოშლილი და დეზერტირული ამბავი, დაიწყო სირბილი ბაქანზე. ეკითხებოდა ჯარისკაცებს, შენ რომელი ნაწილიდან ხარ? ეუბნებოდა, შენ აქ დადექი, შენ იქით დადექიო და ცდილობდა, გაემწკრივებინა, მაგრამ სანამ ათი კაცი დააყენა, იქით ათი დაიშალა. ჩაიქნია ხელი და ავიდა ისევ ვაგონში. ამ დროს მოვიდა ცნობა, რომ გვარდიელები კვლავ არ გაჩერდნენ და უკვე წიფის გვირაბში არიან და გადადიან დასავლეთ საქართველოში.

ძალიან საწყენია ეს ყველაფერი. თითქოს ყველა თავის საქმეს აკეთებს და თითქოს სწორადაც და თითქოს ეს ყველაფერი რატომღაც უნდა დაბრალდეს გვარდიას. ეს იმიტომ, რომ ადამიანებს ერთმანეთი არ უყვარდათ და არ ენდობოდნენ, თუმცა ყველანაირად ცდილობდნენ, ერთად ეკეთებინათ საქმე. თბილისში კი უკვე იდგნენ წითლები.

სერგო ორჯონიკიძე არ იყო თბილისში, მიუხედავად გავრცელებული ლეგენდისა და ბაქოდან სწერდა თავის მეგობრებსა და მასწავლებლებსაც - ლენინს და სტალინს: თბილისის თავზე ფრიალებს გამარჯვების წითელი დროშა, გაუმარჯოს სოციალისტურ საქართველოს!ტყუილი იყო ეს ყველაფერი. ჯანდაბას, მხოლოდ ტყუილი რომ ყოფილიყო. ერთი ძველი სიმღერაა და ძალიან მხიარულიც ეთქმის და ცოტა დარდიანიც: „შემოვიდნენ რუსები, ატყდა დავიდარაბა, რომელ პარტიას ეკუთვნის

ეძგვერაძე ბარნაბა“.ძალიან ცნობილი სიმღერა იყო თავის დროზე, ახლა ძნელად გაიგონებ.

ეს სიმღერა იმაზეა, თითქოსდა ქართველები ისეთი ხალხი ვართ, რომ საიდანაც ქარი მოუბერავს, მერე უცბად იქით გადავალთ ხოლმე. კიდევ ერთ ძველ ლექსს ეხმიანება ძალიან კარგად, ორი ათასი წლით ადრინდელს: შენ, გივო ამილახვარო, სვიანო, დავლათიანო, ხან აქეთა ხარ, ხან იქით, საითაც ქარნი ქრიანო.ანუ ვიყავით მენშევიკები და გავხდით ბოლშევიკები. ამას თუ დაგვაჯერეს, ხომ კარგიო, კიდევ იმასაც იტყოდნენ.

რუსები რომ ხელახლა შემოვიდნენ, აქედან სულ დასეტყვეს კრემლი ტელეგრამებით: ქართველი მშრომელი ხალხი სიხარულით ეგებება წითელ არმიას, ყველაფერმა კარგად ჩაიარაო. აჩვენებდნენ, რომ ხალხი კმაყოფილია. იმასაც თუ დავუმატებთ, რომ ნოე რამიშვილმა, დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, სადღაც თქვა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ უბრალო ხალხმა არ ივარგაო, მართლა გამოვა, რომ ეძგვერაძე ბარნაბას ამბავია.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ასე იოლად არ იყო, ივარგა თუ არა უბრალო ხალხმა, მაგის დათვლა შორს წაგვიყვანდა, თუმც იგივე უბრალო ხალხი ხშირად ალალ-მართალი და უკან დაუხეველიც იყო იმავე ოციან წლებშიც. სერგო ორჯონიკიძეს რაც არ უნდა ეტრაბახა მოსკოვში, ეს არ იყო იოლი ქვეყანა წითელი წესრიგის დასამყარებლად.

ბევრ ქართველ ბოლშევიკს საერთოდ სხვანაირად წარმოედგინა საქართველოში წითელი ჯარის შემოსვლა. რა გულუბრყვილო გაქანების ხალხი იყო, ძნელი სათქმელია, მაგრამ ასე ტკბილად კი ეგონათ, რუსებს მენშევიკების გასაყრელად მოვიხმართ და მერე ჩვენ მოვხედავთ, ჩვენს დამოუკიდებელ საბჭოთა საქართველოსო. მერე შეწუხდნენ. ბუდუ მდივანმა იხუმრა, მარქსმა კი თქვა, პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა შეერთდითო, მარა თბილისში შეერთდითო, ნამდვილად არ უთქვამსო. ქუთაისში რომ შევიდნენ წითლები, რევკომის შენობასთან ბომბი აფეთქდა და თქვეს, ბაჭუა იქნებოდა, ნაწყენი ყოფილა ჩვენზე, ჯარით რომ შემოვედითო. შამშე ლეჟავა იყო იქ ბოლშევიკი და გაეცინა, არ იყო ეგ ბაჭუა, ბაჭუა ასაფეთქებელს ააფეთქებდაო.

მივიდა მერე ბაჭუა ფილიპე მახარაძესთან და თავისი ძველი ბოლშევიკური მანდატი დაუგდო, ამისთვის ვიომე ოც წელიწადს, რო ვიღაცა ნაბიჭვრებს ხალხი ეხვრიტათო?უცნაური ხალხი იყო. ქვეყანა კი გაძეძგილი იყო ჯარით. განსაკუთრებით, რთულად წოდებული ადგილები.

აი, 1923 წელი. საქართველოს გაწითლებიდან ორი წელია გასული. მხოლოდ ქალაქ ოზურგეთში თავმოყრილია: საკუთრივ ოზურგეთის მილიციის რაზმი, სამაზრო მილიციის რაზმი, საგანგებო ნაწილი, იგივე ჩინის რაზმი, თბილისიდან გამოგზავნილი წითელი ჯარი. სავსეა იქაურობა.

იმ დროის მოგონებებს რომ კითხულობ, გაგიკვირდება - რომელ სოფელშიც არ შევლენ ქართველები, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან, ყველგან ეუბნებიან, ფრთხილად, სოფელი სავსეა მილიციითო. ან ამდენი საიდან იყო. ისინიც ქართველები არ იყვნენ? თუ ამდენი იდეური ბოლშევიკი გამოჩნდა უცბად, ეს კიდევ ერთხელ დაგვაბრუნებს ნახსენებ სიმღერასთან, მაგრამ ეს მაინც არ არის წამყვანი ამბავი ამ შემთხვევაში.

ქართველი ბოლშევიკების ერთი ნაწილის გულუბრყვილობაზე შეიძლება ხმამაღლა არა, მაგრამ ძალიან მაგრად იცინოდნენ მოსკოვში და თბილისშიც მათი გუშინდელი ამხანაგები. თედო სახოკიას ერთ მოკლე მემუარში აღწერილია, როგორ ეუბნება მას წითელი საქართველოს ჯარისა და ზღვის სახალხო კომისარი, შალვა ელიავა, თედო, რას შვებიან, ვერ გავიგეო, ჩემთან დასახვრეტების სიები მოაქვთ, მაგრამ მე ხელს არ ვაწერო...

მოსკოველი უფროსების სახელები ცნობილია. შეჭამეს ლენინი, სანამ ეს საქმე არ მოაკვარახჭინეს. ახლა, ლენინს არ უნდოდა და თავს იკლავდა, საქართველოს არ მიეკაროთო, ნამეტანი იქნება, მაგრამ ამათ უნდოდათ ძალიან. ომის დაწყების წინ კობამ რუსული ასოებით, ქართული სიტყვებით შედგენილი დეპეშა გამოუგზავნა სერგო ორჯონიკიძეს: დასტურია, აიღე ქალაქი. ზუსტად ასე ეწერა. პირველ წლებში რეჟიმი მძიმე იყო იმით, რომ ყველაფერზე პასუხი იყო უბრალო - მეტეხის ციხე და ტყვია. გაზეთებშიც ეწერა: ჩვენ ვუპასუხებთ ტყვიით საგანგებო კომისიიდან - ჩეკადან, ესე იგი.

აი, ასეთი პასუხი იყო კაცისთვის, რომელიც როგორღაც მოხვდებოდა ამ რეჟიმისა და ჩეკას თვალთახედვაში, თორემ, მეორე მხრივ, საქმე ისე გამოდიოდა, რომ ამ ომში ყველა ყველას იცნობდა ორივე მხრიდან და ყველა ყველას იცნობდა ბავშვობიდან. უცხო ერთმანეთისთვის თითქმის არავინ არ იყო და იმ ქართველი ოფიცრების უმრავლესობა, რომლებიც არ წაჰყვნენ მთავრობას, რომლებიც თებერვალში წითელ არმიას ებრძოდნენ, მოხვდნენ ოფიცრებად ახალ, წითელ ქართულ ჯარში. მაგალითად, იგივე ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავიდან ირიცხებოდა ქართულ წითელ კავალერიაში. ომის დამთავრებისას ის ბათუმში იყო და სწორედ იქ შეხვდა დამპყრობი წითელი კავალერიის მეთაურს, ჟლობას, რომელიც ასევე მეფის დროინდელი ოფიცერი იყო.

იმ დროის საქართველოს საინტერესო და ტრაგიკული კაცი იყო პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი, რომელიც უკვე წითელ ქართულ დივიზიას მეთაურობდა. მაგრამ ამბავიც ეს იყო, რომ ასეთი ხალხის უმრავლესობას ჰქონდა ორმაგი ცხოვრება. როსტომ მუსხელიშვილი წითელ მეთაურად კი შექნილიყო, მაგრამ ექვემდებარებოდა იატაკქვეშა სამხედრო ცენტრს, რომელიც გეგმავდა აჯანყებას.

საერთოდ, საქმე ისე იყო, რომ ვინც არ გაიქცა, იატაკქვეშა საქმიანობას მისდევდა, იმიტომ რომ ასეთი იყო დროის კარნახი. იცით, როგორი ქვეყანა იყო? ყველაფერი იყო მოსწრებაზე. მაგალითად, იყო საშუალება, რომ უცბად გამართულიყო მიტინგი. ჰოდა, აი, ვლასა მგელაძეს, უშიშარ მენშევიკს, მეტსახელად იტრიას, შეეძლო, უცბად შემხტარიყო პარაპეტზე, ჩაეტარებინა მიტინგი და სანამ ჩეკისტები მოცვივდებოდნენ, გამქრალიყო. დრო მოითხოვდა ძალიან დიდ სიმამაცეს, თუ ბრძოლა გინდოდა. და ბევრი ადამიანისგან ეს სიმამაცეც იყო.

ტყე სავსე იყო ხალხით. ტყე ყოველთვის იყო საქართველოს გადამრჩენელი. ჯერ კიდევ დავით აღმაშენებელს ეუბნებოდნენ მტრები, შენ ტყეების ხელმწიფე ხარო და ველზე ვერ გამოხვალო. ჰოდა, ახლაც მთელი საქართველოს ტყეები სავსე იყო მამაცი ხალხით, რომლებიც ელოდნენ ნიშანს. ტყის რაზმები იყო ბევრი აღმოსავლეთ საქართველოშიც, დასავლეთ საქართველოზე რომ არაფერი ვთქვათ. ქაქუცას შესახებ დღეს ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ იყო მიშა ლაშქარაშვილიც და მრავალი სხვა. მაგრამ თავიდან არ იყო საერთო ორგანიზაცია, თანდათან შეიქმნა, რახან საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველომ უნდა იბრძოლოს დამოუკიდებლობისთვის.

საქართველოში აჯანყებები 1921 წლიდანვე დაიწყო. პირველად იყო სვანეთში და აჯანყება ჩაახშეს. კაცი, რომელიც ამ აჯანყებას მეთაურობდა სვანეთში, იყო პოლკოვნიკი მუშნი გარდაფხაძე, საარაკო სამხედრო და ყველა ქართული კამპანიის მონაწილე დამოუკიდებლობის დროს. წარმოუდგენელი სიზუსტის მსროლელი, რომლის შესახებაც ლეგენდებს ყვებოდნენ, თუ როგორ ალაგებდა თავზე კვერცხებს თავის ჯარისკაცებს და როგორ ასწავლიდა ასე სიმამაცეს და ამტანობას, ესროდა თვითონ სამოცდაათი ნაბიჯიდან და ყოველთვის ზუსტად.

საერთოდ, ისეთი მდგომარეობა იყო, რომ ვისაც ჭკუა ეკითხებოდა, ყველა იჯდა მეტეხის ციხეში და ამ ხალხს საჭიროების მიხედვით, ანუ მიზეზის მიხედვით ხვრეტდნენ. ხვრეტდნენ ძალიან ცნობილ და ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგ ხალხს. აი, გურული ეგზეკუციების დროს გოგია ღლონტმა ჯალათი საშა ობოლაძე მოკლა, პირდაპირ ეტლში შეუხტა. საპასუხოდ ჩეკამ მეტეხის ციხიდიან 93 კაცი დახვრიტა.

როსტომ მუსხელიშვილის ამბავს რომ მოვხედოთ, მისგან განსხვავებით, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა მალევე მიატოვა წითელი კავალერია და ტყეში გავიდა. 1922 წელს ქაქუცამ უმეთაურა მთიულებს და ხევსურები გამოიყვანა. ამ აჯანყებას მხოლოდ ეროვნულ-დემოკრატები უჭერდნენ მხარს და თან ხედავდნენ, რომ ასეთ აჯანყებას აზრი არა აქვს. თვითონ ქაქუცა თავს იკავებდა, მაგრამ ხევსურები ძალიან მოითხოვდნენ, მეტის გაძლება აღარ შეგვიძლიაო. სოციალ-დემოკრატიული პარტიის იატაკქვეშეთმა არ დაუჭირა მხარი ამ აჯანყებას, მაგრამ მაინც მოხდა ეს ამბავი.

დუშეთში იყო დიდი ომი და უბედურება და თბილისიდან ამ აჯანყების ჩასახშობად გაგზავნეს სწორედ როსტომ მუსხელიშვილი, ანუ ადამიანი, რომელიც სინამდვილეში ექვემდებარება იმ ორგანოს, რომელიც ეთანხმებოდა ამ აჯანყებას. წარმოიდგინეთ, მეფის ორი პოლკოვნიკი, ორი წარმოსადეგი და ვაჟკაცი ოფიცერი, იდგა ერთმანეთის პირისპირ. თანაც, ისინი არა მხოლოდ ერთ საქმეს აკეთებენ, არამედ მეგობრებიც არიან და ერთს არ უნდა აჯანყება, მაგრამ აჯანყდა, მეორე კი წესით უნდა ეხმარებოდეს, მაგრამ უნდა შეებრძოლოს და როგორ უნდა შეებრძოლოს?

რას აკეთებს მუსხელიშვილი?! ის როგორღაც უკავშირდება დუშეთში ერთ ექიმს, მენშევიკს, საიდუმლოდ ხვდება და ეუბნება, რომ თუ გინდათ, მე ხელ-ფეხი გახსნილი მქონდეს, სოციალ-დემოკრატები, ვინც არის იქ შეიარაღებული, დაუქვემდებარეთ ჩემს საიდუმლო ბრძანებებსო. ამით მას საბრძოლო სურათის კონტროლი უნდოდა და ეგებ გადაწყვეტილიც კი ჰქონდა ბოლო მომენტში აჯანყებულთა მხარეს გადასვლა. ეს არ გამოვიდა.

დიდი შეტაკებების შემდეგ ქაქუცა და მისი ხალხი გაუჩინარდა ისევ ტყეებში და მერე გადაღმაც გადავიდნენ. როსტომ მუსხელიშვილი კი დაბრუნდა თბილისში, მაგრამ მას დიდი დღე არ ეწერა. იმ აჯანყებამ გამოაჩინა, რომ ყველამ უნდა იმოქმედოს ერთად და თუ აჯანყებაა, უნდა იყოს მთელ საქართველოში და შეიქმნა ერთიანი ორგანო.

მანამდეც არსებობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი, მაგრამ ახალი იყო ინტერპარტიული და მისი მეორე და უკანასკნელი თავმჯდომარეც იყო კოტე ანდრონიკაშვილი. ყველაფერი ძალიან დამალულად და იატაკქვეშ ხდებოდა. ამ ორგანოს დაექვემდებარა ქაქუცა ჩოლოყაშვილი და ყველა ტყის რაზმელიც.

წინა დამკომი კი ჩავარდა. ერთ-ერთმა ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატმა სტუდენტმა, გასცა მთელი სამხედრო ცენტრი. ეს ნიშნავდა, რომ მთელი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მეთაურობა გენერალ კონსტანტინე აფხაზის თაოსნობით დააპატიმრეს და დახვრიტეს. მათ შორის დააპატიმრეს მუსხელიშვილიც. ეს ხალხი 1923 წლის გაზაფხულზე დახვრიტა ჩეკამ.

ჰოდა, დრამატული დამთხვევა იყო, რომ გაზეთ კომუნისტში რომ გამოქვეყნდა ცნობა ამათი დახვრეტის შესახებ, სწორედ იმ დღეს გამოუშვეს ჩეკადან კათალიკოსი ამბროსი, რომელიც კარგა ხანს ჰყავდათ იქ იმ ცნობილი წერილის გამო, გენუის კონფერენციას რომ მისწერა საქართველოს თავისუფლების შესახებ. კათალიკოსმა სიონში გადაუხადა პარაკლისი დახვრეტილებს. ვისაც გული ერჩოდა, იქ იყო. მაგრამ პირველსავე სიტყვებზე კათალიკოსი გახდა ცუდად. ვინ თქვა, რომ ქართველებს რწმენა აღარა აქვთო, - თქვა ესა და გული წაუვიდა.

სიონის დეკანოზმა, შემდგომში თვითონაც კათალიკოსმა, კალისტრატე ცინცაძემ, მრევლშივე იპოვა ექიმები და უწმინდესი მოასულიერეს. მან იქადაგა და ყველა დაამშვიდა.

მოკლედ, სურათი ამ ქალაქში იყო საშინელი და დამთრგუნველი. ქვეყანაშიც, მაგრამ თბილისში ძალიან იგრძნობოდა. ისინი ყველაფერს პასუხობდნენ ტყვიით, სხვა პასუხი არ ჰქონდათ, არც არსებობდა ალბათ. მაგრამ მზადდებოდა აჯანყება.

ხშირად გაიგონებთ ხოლმე, რომ ქართველებმა აჯანყების ორგანიზება არ იციან, ქართველებს წესრიგი არა აქვთ და არც უყვართ, ქართველებს ასეთი რამეები არ გამოსდით, ქართველებს ჰყავთ გამცემები. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა.

მგონი, ეს იყო ბრწყინვალედ ორგანიზებული აჯანყება. იმათი მხრიდან, ვინც ამზადებდა, ყველაფერი სწორი იყო. მაგრამ არც ვითარება და არც დრო არ იყო ისეთი, რომ ეს აჯანყება განხორციელებულიყო. ხალხი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ამზადებდა ამას და ეს იყო თავზე ხელაღებული და ძალიან ჭკვიანი ხალხი, რომლებიც ფაქტობრივად დღის სინათლეზეც კი ვერ გამოდიოდნენ, იმიტომ რომ ყოველი დაჭერილი კაცი ნიშნავდა ინფორმაციის წასვლას და არა მარტო ინფორმაციის, არამედ სერიოზული ძალისასაც. აჯანყება მზადდებოდა დიდხანს და ძალიან საფუძვლიანად.

რახან მასში უნდა ყოფილიყო ჩართული მთელი საქართველო, შესაბამისად, არ უნდა ყოფილიყო სოფელიც კი, სადაც სააჯანყებო საქმის საიდუმლო ხალხი არ იმოქმედებდა და ასეც იყო. ამის გაკეთება ძალიან ძნელი იყო, მაგრამ კეთდებოდა. ისე იყო, ვაჟა რომ ამბობდა ქოსების დუქანში.

აჯანყების მზადებას ჰყავდა თავისი გმირები. ერთ-ერთი საქმის კაცი ამ აჯანყების მზადებისას იყო პოლკოვნიკი სოლომონ ზალდასტანიშვილი. ეს იყო სრულიად საოცარი კაცი. ის მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში გარდაიცვალა რუმინეთში, სადაც ქართველ ტყვეებს პატრონობდა. საგანგებოდ ჩავიდა, იცოდა, რომ იქ ქართველი ტყვეები იყვნენ, საბჭოთა საქართველოდან. ეს იყო კაცი, რომელიც თავის დროზე იყო მეფის არმიის ყველაზე ახალგაზრდა ქართველი პოდპოლკოვნიკი. მოჯანყეთა უმრავლესობა ძველ ცხოვრებაში იყო ძალიან გამორჩეული ადამიანი.

სოლომონი იყო ორივე ფეხში დაჭრილი I მსოფლიო ომის დროს და დიდხანს სიარული უჭირდა, მაგრამ ამ კაცმა მთელი აღმოსავლეთ საქართველო ფეხით მოიარა. რა იყო მისი ცხოვრება? მოგეხსენებათ, მაშინ ისეთი ტელეფონი არ არსებობდა, რომ ტყეში კაცს დაელაპარაკო, არც ინტერნეტი და არც რამე სხვა, რაც დღეს არსებობს. მაშინ ყველაფერი ხდებოდა პირადად. პირადად უნდა გაგეკეთებინა და ხდებოდი სამშობლოს ფოსტალიონი.

ეს საქმეები უნდა გეკეთებინა ჩუმად. სულ უბრალო, ერთი რიგითი წასვლა თბილისიდან სააჯანყებო საქმეზე, დიდი სირთულე იყო. აი, სოლომონ ზალდასტანიშვილიმა უნდა მოინახულოს ქაქუცა ჩოლოყაშვილი ქართლში, სადღაც კასპის მაღლა, ტყეებში, სადაც ქაქუცა თავს ინახავს ოცდაათი კაცით.

ამბავი უნდა ჩაუტანოს და დირექტივა გადასცეს. წარმოიდგინეთ: ოჯახი გყავს, ცხოვრობ ჩვეულებრივი ცხოვრებით, მაგრამ გაქვს მეორე - დამალული ცხოვრება. იატაკქვეშა ცენტრი გავალებს, გადასცე საჭირო ამბავი ქაქუცა ჩოლოყაშვილს. ჩამოდის კაცი, მეკავშირე, რომელმაც იცის, სად არის ქაქუცა და უნდა წაგიყვანოს. მას არა აქვს დირექტივის გადაცემის უფლება, უბრალო გამყოლია. და ღამით ორნი მიდიან თბილისიდან მატარებლით კასპში, ან სადამდეც მივა ის მატარებელი.

ზალდასტანიშვილი იხსენებს, ერთ-ერთი ასეთი მგზავრობის დროს ჩემთან ერთად მატარებელში იყო ასევე ტყის ცნობილი მეთაურის, მიშა ლაშქარაშვილის ცოლი, რომელიც რაღაც საქმეზე მიდიოდა ქართლში სოციალ-დემოკრატების კომიტეტის დავალებითო. ჰოდა, ჩამოვედით გამთენიას, ზემო ხანდაკს, და როგორც კი ჩამოვედი ვაგონიდან, დავინახე, ლაშქარაშვილის ცოლთან ვიღაც გლეხკაცი მივიდა და რაღაც უთხრა, ეს ქალი სასწრაფოდ შეტრიალდა და შევიდა სადგურის შენობაშიო.

მოკლედ, ლაშქარაშვილის ცოლი ეუბნება ჩოლოყაშვილის მეკავშირეს, სოფელი გაჭედილია მილიციელებით და ჩეკისტებით და მითხრეს, რომ სახეზე მიცნობენ და მისვლა არ მირჩიეს, ეხლა უკანა მატარებელს ველოდებიო, ანუ ჩაეშალა. ზალდასტანიშვილმა მაინც განაგრძო გზა და მივიდა მტკვრის პირამდე, სადაც ბორანი იყო. თან ისე მიდიან ესა და მეკავშირე, რომ ვითომ ცალ-ცალკე არიან. უწიეს ბორანს და შევიდნენ იმ ხუხულაში, სადაც მებორნე ზის ხოლმე.

იმ შენობაში კი აღმოჩნდნენ მილიციელები. ჰოდა, ესენი ვითომ ცალ-ცალკე არიან და სოლომონმა მოიგონა, რომ ვითომ სააგარაკო ადგილს ეძებს ოჯახისთვის. მილიციელებმა უთხრეს, ჩვენ გაპოვნინებთო, მაგრამ აშკარაა, არ ენდობიან, გაჰყავთ ეს ქაქუცას კაცი და რაღაცეებს ეკითხებიან: ვინ არის ეს კაციო, სად შეგხვდაო და ასე. იცით, რა არის?

იერი ხშირად ყიდდა ამ ხალხს. იერით იყვნენ ძალიან სხვები. სხვა საქართველო. იმავე დროის ამბავია, დასავლეთ საქართველოდან, უკვე აჯანყების შემდგომი. ახალგაზრდა, ინტელიგენტი კაცი, დადაშ გელოვანი, დაიჭირეს და დახვრიტეს მხოლოდ იმის გამო, რომ დუქნიდან გამომავალს გზის პირას პენსნე ამოუვარდა ჯიბიდან. გლეხურად კი ეცვა, მაგრამ მიხვდნენ, რომ ინტელიგენტია და მიხვდნენ, რომ ვიღაცაა და დაიჭირეს და დახვრიტეს. იერი ყოველთვის ყიდდა კაცს და ყოველთვის რაღაცა ხიფათის შემცველი იყო.

სოლომონ ზალდასტანიშვილს რომ დაინახავდნენ, ხვდებოდნენ, რომ არ არის უბრალო კაცი, მაგრამ იძახის, სააგარაკედ ოთახი მაშოვნინეთო და ასე გათენდა, ბოლოს და ბოლოს, და თითქოს ყველა ერთად უნდა გადავიდნენ ბორნით მეორე ნაპირზე, მაგრამ მილიციელები ეუბნებიან, თქვენ წადით, ჩვენ აქ საქმეები გვაქვსო. ჰოდა ზალდასტანიშვილი ამბობს, რომ მივხვდი, მაინც რაღაცას ეჭვობენ და უნდათ დაადგინონ ერთადა ვართ მე და ეს მეკავშირე თუ არაო.

ის თავის წიგნში არ ახსენებს ბევრი ადამიანის სახელს და გვარს, იმიტომ რომ ისინი ისევ საქართველოში ცხოვრობენ, როცა სოლომონი უკვე ემიგრაციაშია. გადავიდნენ ბორნით ორნი და შეთანხმდნენ, რომ მთელი დღე ცალ-ცალკე გაატარონ და შებნელებულზე შეხვდნენ ერთმანეთს დათქმულ ადგილას და მერეღა წავიდნენ ქაქუცასთან.

ამ დღის მანძილზე იმ მადევრების ამბავიც გამოჩნდება. მთელი დღე. სად უნდა გაატაროს კაცმა? მთელი დღე ბუჩქებში ვიჯექიო, წერს. ღამე შეხვდებიან ერთმანეთს ისევ, მიდიან ქაქუცასთან და სალაპარაკოს ერთ საათზე მეტი არ მოუნდათ და ეს კაცი იმავე მარშრუტს უკვე ღამე მიჰყვება და დილით თბილისშია: არის ჩვეულებრივი ადამიანი და ცხოვრობს, მიდის და მოდის.

არის კიდევ ერთი ესეთი ეპიზოდი, უკვე ზედ აჯანყების წინა დღეებისა და იქაც ასე ხდება, რომ ქაქუცასთან ფეხით ჩამოდის კაცი დუშეთიდან და ჩამოაქვს რაღაც ცუდი ამბავი. ქაქუცა ეუბნება, დაისვენე და აუცილებლად დღესვე უნდა წახვიდეო და ამ კაცმა არ დაისვენა და წავიდა ისევ ფეხით.

ეს იმიტომ მახსენდება, რომ ყოფით დონეზე ასეთი საქმეების კეთება ძალიან ძნელი იყო და მაინც კეთდებოდა კარგად და ფრთხილად, მაგრამ ამ აჯანყების მთავარი ნაკლი უცხოეთთან ცუდი კავშირი იყო. ასე ამბობენ. და კიდევ, შიგნით ხშირი იყო გაცემა. ეს მოსალოდნელიც იყო. როცა მთელმა ქვეყანამ იცის, რომ უნდა ავჯანყდეთ და ეს მართლა იცოდა მთელმა საქართველომ, ყოველმა სოფელმა და, ცხადია, ბევრი რამ იცოდა ჩეკამაც.

მაგრამ რაც ჩეკამ და ხელისუფლებამ იცოდა, მათთვის საკმარისი არ იყო. და იყო კიდევ რაღაც უცნაური სტილი წერილებით ლაპარაკისა ჩეკასა და დამოუკიდებლობის კომიტეტის წარმომადგენლებს შორის. ეს ძალიან უცნაურია დღევანდელი დღისთვის. აი, ვთქვათ, მოხდა ასეთი ამბავი: იყო ეროვნულ-დემოკრატი, ძალიან კარგი კაცი და ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ამ აჯანყების მზადებისა გიორგი წინამძღვრიშვილი. ის დაიჭირეს მაშინ, როცა იარაღის პარტია ჰქონდა მზად ქაქუცასთან გასაგზავნად. მაშინ ცნობილი ჩეკისტი ეჯიბია დაეცა და დაიჭირა ამ თავისივე იარაღით. დახვრეტას არ ჩქარობდნენ, სულ უნდოდათ, რაღაც წერილები მიეწერა დაჭერილს.

ჰოდა, დამოუკიდებლობის კომიტეტის სხდომაზე მოაქვთ წინამძღვრიშვილის წერილი, რაღა თქმა უნდა, შედგენილი ჩეკისტების კარნახით, რომ მე ამათ ამას და ამას მოვუყვები და ამათი პირობები კი არის ასეთი და ასეთი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში პასუხი იყო ერთი: არ ვიცი, როგორც გინდა ისე დაიძვრინე მანდედან თავიო, იმიტომ, რომ ამათ იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი ნამდვილი არ იყო. ასეთი რამ ხშირი იყო. ყოველდღიური საქმე იყო საჭირო.

აქეთ ძალიან ჭირდა, აღმოსავლეთ საქართველოში, ეს იყო უფრო რთული, მიუხედავად იმისა, რომ ჯარი და ჩეკა დასავლეთ საქართველოში რომ იყო, იმდენი უნდოდა, მაგრამ დასავლეთ საქართველოში, მაგალითად, გურიაში, საქმე იყო ბევრად კარგად და უზუსტესად ორგანიზებული და როცა აჯანყება მოხდა, მაშინ გამოჩნდა, რომ ყველაზე მაგრად გურიაში მომზადებულან. სამეგრელოში და იმერეთშიაც. თუმცა იმერეთში სხვა რამ გაუგებრობა მოხდა, ოღონდ ეს სულ სხვა ისტორიაა. რატომ?

იმიტომ რომ დასავლეთ საქართველოში ცხოვრობდა ბევრი პროფესიონალი რევოლუციონერი, რომლებიც მანამდე ოც წელიწადს ნიკოლოზას ებრძოდნენ, როგორც იმ დროის საქართველოში იტყოდნენ. აღმოსავლეთში კი პრაქტიკულ საქმეს აკეთებდნენ პროფესიონალი სამხედროები.

არის ასეთი საოცარი წიგნი, „ბრძოლა სამშობლოსათვის“, რომელიც დაწერა სიმონ გოგიბერიძემ, ერთ-ერთმა რიგითმა სოციალ-დემოკრატმა. ვინ იყო ეს კაცი? ის იყო ჯერ რევოლუციონერი, მერე კარგი მოხელე დამოუკიდებელ საქართველოში, მერე კი - იატაკქვეშა ლიდერი წითელ საქართველოში.

მან არაჩვეულებრივად მოამზადა აჯანყება თავისი ქვეყნის მტრების წინააღმდეგ - იმ ადგილას, სადაც მას ეხებოდა. როცა დამარცხდა და წავიდა ემიგრაციაში, შემოიპარებოდა ხოლმე საქართველოში ათასი საქმით. ბოლომდე არ დაუკარგავს იმედი და ბოლო შემოსვლისას, უკვე 30-იან წლებში, ჩავარდა და დაიჭირეს. ჩვენ ვეღარ ვიპოვით მის საფლავს, ეს წიგნი კი დარჩა.

აი, ასეთი ხალხი აკეთებდა საქმეს დასავლეთ საქართველოში. ყველა საქმეს უხდება დროის თანხვედრა. ისე მოხდა, რომ 1924 წლის საქართველოში მზადყოფნა და აჯანყება ერთმანეთს არ დაემთხვა და გაიწელა თვეები.

თვითონ მონაწილეები ამბობდნენ, რომ 1923 წლის შემოდგომისთვის სამხედრო საქმე და ყველაფერი მოგვარებული იყო. აჯანყების არსი იყო ძველქართული, როგორც ქართველების წესია - დაძახებით და ქუდზე კაცით. ძალიან ბევრმა ადამიანმა იცოდა, რომ აჯანყება უნდა მოხდეს და როცა დაგვიძახებენ, უნდა მივიდეთ. ეს ხალხი ჩვეულებრივად ცხოვრობდა, ხნავდა მიწას, ერიდებოდა წითლებს და ელოდებოდა თარიღს. მაგრამ ამბავს მარტო ერთი მხარე არა აქვს. ცხადია, აქვს მეორე მხარეც ხელისუფლება, რომელიც ასევე ძალიან მაგრად და ჭკვიანურად მუშაობდა.

მთელი ამ აჯანყების დროს საქართველოში პარიზიდან მოდიოდნენ ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ აჯანყების მზადების საქმეში, მაგალითად, მინისტრი ნოე ხომერიკი; ანდა პოპულარული ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატი გოგიტა ფაღავა; ანდა კოწია კანდელაკი; ან თვით ვალიკო ჯუღელი. გოგიტა ფაღავა არის ის კაცი, რომელმაც პირველმა შეატყობინა საქართველოს მეფის რეჟიმის დამხობის ამბავი პეტერბურგიდან თავისი ცნობილი სახუმაროდ დაშიფრული დეპეშით: „მთავრობაძე გარდაიცვალა, შეატყობინეთ მეგობრებს და ახლობლებს“.

გოგიტა ფაღავა იმავდროულად იყო ევგენი გეგეჭკორის, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, დისშვილი. ჰოდა, აი გოგიტა იყო ჩამოსული, ვასილ ნოდია... ბევრი ხალხი,… მოკლედ. ემისრები სულ ჩამოდიოდნენ და სულ იყო მზადება, მაგრამ საქმეც ეს იყო, რომ თვითონ ჩეკა მოქმედებდა ძალიან ჭკვიანურად და სწორად ასეთ ვითარებაში.

ანუ უცაბედი დაცემით საქმეს არ იფუჭებდნენ. შეიძლება იცოდნენ, რომ სადღაც საიდუმლო კრებაა, მაგრამ არ დაეცემოდნენ. იჭერდნენ თითო-თითოდ. ასე დაიჭირეს საბრალო ფაღავაც, რომელსაც ბაქოსთან კავშირის გაბმის დროს ჩეკისტებმა წაუსწრეს, იმიტომ რომ ის აზერბაიჯანელები, ვისაც ელაპარაკებოდა, ასევე რაღაცაში იყვნენ გახვეულნი. ნოე ხომერიკიც დაიჭირეს და ბევრი სხვაც, ნაკლებად ცნობილი. სხვა საკითხია, რას ლაპარაკობდა ეს ხალხი ჯურღმულებში. ტყვეობაში ისინი იქცეოდნენ ძალიან ვაჟკაცურად. საქმე იყო, რა ხარისხის ამბავს შეიტყობდა ჩეკა შენგან, თორემ აჯანყების ამბავი იცოდა ყველამ.

ჰოდა, კვლავ უნდა ვახსენოთ ერთი კაციც, რომელზეც მართლაც ბევრი რამ იყო დამოკიდებული. ეს იყო საქართველოს სახალხო გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი, რომელიც, როგორც თვითონ თქვა დაკითხვისას, დაბრუნდა საქართველოში აჯანყების სამეთაუროდ.

რა კაცი იყო ვალიკო ჯუღელი? ერთ დროს ბოლშევიკი, მერე მენშევიკი, ის იყო ძალიან უშიშარი კაცი, თავზე ხელაღებული, რევოლუციური რომანტიკით სავსე, არცთუ ძალიან შორსმჭვრეტელი და ჭკვიანი. დამოუკიდებლობის წლებში ის მონაწილეობდა ყველა სამხედრო კამპანიაში თავის სახალხო გვარდიასთან ერთად.

სამწუხაროდ, ახლა არ არის ადგილი იმისა, რომ ავხსნა, რა იყო სახალხო გვარდია. მოკლედ კი, ეს არის მენშევიკების პირადი ჯარი, რევოლუციური სახალხო გვარდია. მანამდე წითელი იყო და მერე სახალხოდ მაინც გადააკეთეს. გვარდიაში ბევრი ღირსეული ადამიანი იყო და ბევრი ძალიან საინტერესო კაცი, მაგრამ ეს ყოველგვარ ორგანიზაციას და ხშირად საღ აზრს მოკლებული დაწესებულება იყო და სარდლად ჰყავდა ვალიკო ჯუღელი, რომლის წიგნი - „მძიმე ჯვარი ანუ სახალხო გვარდიელის ჩანაწერები“ - ადრეც ვახსენე.

იქ ვალიკო აღწერს თავის სამხედრო გმირობებსა და ფატალიზმს. ვთქვათ ლაშქრობა ქურთასა და ყორნისზე, როცა ოსებმა წითელი ოსეთი გამოაცხადეს და პირველად გამოეყვნენ საქართველოს. სამჯერ გამოაცხადეს ბოლშევიკური ოსეთი და ბოლოს შევიდა ჯუღელი. დღემდე იხსენებენ იმიტომ რომ მან რამდენიმე სოფელი გადაწვა და თავის დღიურებში უწერია ყოვლად სულელურად, რომ როცა ვუყურებდი, სოფლები როგორ იწვოდაო, ვხვდებოდი, რას გრძნობდა ნერონი რომის ხანძრისასო... ამ გაქანების კაცი იყო. რომის მასშტაბი ელანდებოდა.

ბევრი ასეთი ეპიზოდი აქვს თავის წიგნში. ერთი ასეთია, რომ პატარა გემით მოცურავენ სოხუმთან გვარიან ღელვაში და ყველა განიცდის, გადარჩება გემი თუ არა, ვალიკო კი შედის და კაიუტაში იძინებს. ჯერ შავი ზღვის ნაპირზე რა ღელვა უნდა იყოს ისეთი, რომ გემი ასე უკანმოუხედავად ჩაიძიროს, მერე კიდევ…, ეჰ, უშიშარი კაცი იყო ვალიკო ჯუღელი, ცნობილი. დატანჯული ჰყავდა ქართველი გენერლები, თუ რამე არ მოეწონებოდა და არაფერს აცლიდა. ერთ-ერთი იმ სტუდენტთაგანი იყო, რომელიც, ილია რომ მოკლეს, არ აღშფოთდა. ცნობილი გამოთქმა სოციალ-დემოკრატებისა, სადაც ხეს ჭრიან, იქ ნაფოტიც ცვივაო, ხან ნოე ჟორდანიას მიეწერება, ხან კი სწორედ ვალიკოს, რომელსაც თითქოს სტუდენტურ კრებაზე შეეყვიროს ესა.

ის მაინც იყო რევოლუციური „ბრავადით“ სავსე კაცი და შიში მართლაც არა ჰქონდა. ძალიან სიმპათიური იყო გარეგნულად. იმერელი კაცი, ახალგაზრდა, მხნე და ყველა საქმეში მონდომებით ჩამრთველი, მაგრამ მასთან ლაპარაკი და სახელმწიფო საქმის გარჩევა იყო უბედურება. რომ წარმოვიდგინოთ, იქითა მხრის სერგო ორჯონიკიძე შეიძლება დავარქვათ. რაღაც ამბავში, რა თქმა უნდა. და ალბათ ასევე ძნელი იყო მასთან ლაპარაკი იმ საბრალო დამოუკიდებლობის კომიტეტის სხდომებზეც, რომლებსაც ის ესწრებოდა და იძახდა ალბათ ისევ, „სახალხო გვარდია“, თუმცა მან, საბრალომ, ერთი ათად გადაიხადა ეს ყველაფერი, მოკვდა გმირივით, მეტიც, მოწამესავით.

ჯუღელი დაიჭირეს. 6 აგვისტოს. ამ დროს ვითარება ისეთი იყო, რომ, 15-16 აგვისტოს აჯანყება უნდა დაიწყოს და ამისთვის ბევრგან ყველაფერი მზადაა. ქაქუცა ყოველთვის ითხოვდა, ნუ გადაწევთ, ნუ გადაწევთ, მე ვიცნობ აღმოსავლეთ საქართველოში გლეხის შეგნებას, სანამ მოსავალს არ დააბინავებს, სანამ ყურძენს არ დაკრეფს, სანამ ღვინოს არ მიხედავს, არ მოვა. ან უნდა მოვიდეს ამ საქმემდე გვარიანად ადრე, ან შემდეგ.

არადა, გლეხები არიან. აჯანყება - ეს არის მთავარი ძალა, რომელიც ბოლომდე ენდობა მეთაურებს და თან კი აქვთ მონდომება კი არა და, საერთოდაც გმირული განწყობა. 6 აგვისტოს, გაღმიდან საბურთალოს მხარეს ბორნით გადამავალი ჯუღელი დაიჭირეს. ამბობენ, რომ ქალთან ერთადაც იყო და საიდუმლო კრებაზეც მიდიოდაო. დაიჭირეს და იქვე მიიყვანეს პლეხანოვზე, რკინიგზელთა სახლში.

ჩეკას შეეძლო ეამაყა ამით. მთავარი უბედურება კი ის იყო, რომ ჩეკისტებმა პირველივე საღამოს იოლად დააჯერეს ჯუღელი, რომ ყველამ ყველაფერი იცის. მას კითხავდა გამომძიებელი მოროზოვი, რომელმაც - ამ ამბებზე თავს ვერავინ ვერ დადებს, რა იყო და როგორ იყო - ალალბედზე უთხრა: ჰა, 10 დღეში იწყებთ აჯანყებას? და ამან ჯუღელზე მოახდინა სრულიად გამანადგურებელი შთაბეჭდილება, ისე რომ, მან ცხადლივ დაინახა, რომ ეს აჯანყება სისხლის ტბების მეტს არაფერს მოიტანს, რადგან ყველაფერი იცოდნენ.

ჯუღელმა ძალიან ვაჟკაცური რაღაცეები ითხოვა, თუმცა იმის ალღო მაინც არ ეყო, რომ არდასაჯერებელი არ დაეჯერებინა. ვინ გაამტყუნებს? ვერავინ. იქ მოხვედრილი კაცის გამტყუნება არ გამოვა. მან ჯერ ითხოვა, წერილი მიმაწერინეთო, რაზეც უარი მიიღო. მერე თქვა, ისეთი საწამლავი დამალევინეთ, რომ თანდათან მომკლას და გამიშვით, ვნახავ მეთაურებს და გავაფრთხილებ, რომ არ ღირსო. ეს ყველაფერი ოც დღეზე მეტს გრძელდება. ამაზეც უარი უთხრეს. ძალიან მძიმე იყო იქ, ჩეკაში. ერთმა კარგმა ანდრონიკაშვილმა, უკვე მერე, კედლიდან ლურსმანი გამოაძრო და ის დაარტყა ყელში გამომძიებელ შუხმანს. ჯუღელმა კოვზით გადაიჭრა ვენები.

დახვრიტეს შემოდგომაზე, აჯანყების შემდეგ. სადაც ახლა ვაკის კიდეა, იქ ხვრეტდნენ ხევში და იქ სიტყვა თქვა სიკვდილის წინ და როგორც ამბობენ, იყო ვიღაც ჩეკისტი, გვარად ზარგინავა, რომელიც კარგა ხანს, აგერ 70-იან წლებამდე ცოცხალი იყო და მან იცოდა ეს სიტყვა ზეპირად, იმიტომ რომ ესწრებოდა დახვრეტას. ეს ძალიან რომანტიკული და გმირული ამბავია, მაგრამ თვითონ აჯანყებისთვის ამ საქმეს კარგი არაფერი მოუტანია.

სააჯანყებო სურათი ასეთი იყო: მთლიანად დასავლეთ საქართველო, როგორც იტყვიან, სანერვიულო არ იყო. ბათუმის გამოკლებით. გეგმით, ორი მთავარი ქალაქი აჯანყებისთვის იყო ბათუმი და თბილისი. სხვაგან ყველაფერი ბევრგან ბრწყინვალედ იყო. მაგრამ ბათუმისა და თბილისის ამბავი ჩავარდა და აჯანყებაც ჩავარდა.

ბათუმშიც ჩეკისტებმა იყოჩაღეს, ადრევე გაანადგურეს იატაკქვეშა ცენტრი. თბილისში კი საქმე ბევრად რთულად იყო. მოკლედ, 1-დან 6 აგვისტომდე სააჯანყებო ვითარება იყო ძალიან ხელსაყრელი. იმიტომ რომ აჯანყებულებმა იცოდნენ: რაც საქართველოში ქვემეხი და ზარბაზანია, სულ 120 ერთეული, მიტანილია და დგას ვაზიანში, ანუ მათ ძებნა არ სჭირდება და მათგან ხიფათი ნაკლებად მოსალოდნელია, თუ ჭკვიანურად დაარტყამ საჭირო ადგილას. მეორე ამბავი ის იყო, რომ წითელი ჯარი იწყებდა მანევრებს სწორედ აგვისტოში და დაიწყო კიდეც ეს მანევრები, რაც აწყობდათ, ვთქვათ, აჯანყებულებს, მაგრამ ჯუღელის დაჭერის შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა. ხელისუფლებამაც ბევრი რამ შეიტყო და ბევრი გაკეთდა, ჯარი უკან დაბრუნდა, გზებზე კონტროლი გამკაცრდა და ასე შემდეგ.

ვითარება უკვე წამგებიანი იყო და ამ ვითარებაში დამოუკიდებლობის კომიტეტი ამბობს: თარიღი უნდა გადავწიოთო. ამბავი ყველას უნდა შეატყობინო, თან დასავლეთ საქართველოში უკვე გადაცემულია პირველი გეგმა და კავშირები გაიშვიათებულია, ძალიან ძნელია თითოეულ ცენტრთან დაკავშირება. უნდა გადავწიოთ ორი კვირით მაინც.

ერთი თარიღი იყო 9 აგვისტოც. ეს არ მოეწონა არც ერთ მეთაურს, ვინც ტყეში იყო და ვისაც რეალურად ჰქონდა ხალხთან შეხება და ვისი გამოსაყვანიცაა ხალხი. ქაქუცა ჩოლოყაშვილთან თუნდაც ორმოცდაათი კაცი ყოფილიყო, მას ხუთასი სჭირდებოდა. ეს ორმოცდაათი მეთაურებად თუ ეყოფოდა. ნაცადი ხალხი.

ასე იყო სხვაგანაც და ამან ძალიან დასცა მეთაურების განწყობა. ჯუღელის დაპატიმრების შემდეგ სულ იყო ორჭოფობა, აბა, საერთოდ დავიწყოთ, თუ არ დავიწყოთ, მარა საბოლოოდ მაინც გადაწყვეტილი იყო, რომ დაეწყოთ. სპირიდონ ჭავჭავაძე უკვე დანიშნული იყო მთავარსარდლად და ის ქაქუცასთან ბანაკშიც გავიდა უკვე, როგორც მთელი ქართული აჯანყების მეთაური.

ყველაფერი კეთდებოდა წესების სრული დაცვით. მთავარსარდალს უნდა ჰყავდეს შტაბი, ადიუტანტები და ეს ყველაფერი იყო ორგანიზებული, მაგრამ წარმოიდგინეთ, მეთაურებმა იციან, აღმოსავლეთ საქართველოში ვითარება არის ძალიან არასასურველი. მიუხედავად თარიღის დაუდგენლობისა, ხალხი ჯერ კიდევ იწევს. ამ გაწევამ 20 რიცხვამდე გასტანა.

ალექსანდრე კარგარეთელის მოგონებაა: ის იყო 16-17 წლის და სოფელ კავთისხევში იყო დასასვენებლად ზაფხულის არდადეგებზე. ჰოდა, მეზობლის ბიჭმა უთხრა საიდუმლოდ, აჯანყება იწყებაო. 14-15 აგვისტოს ამბავია. აჯანყება იწყება და რა ვქნათო. რა უნდა ვქნათ, უნდა ჩავებათო და შეიკრიბა ხუთი ბიჭი, გავიდნენ მეკავშირეზე, ნახეს ეს მეკავშირე, მასთან ერთად იარეს უამრავი და მივიდნენ დიდგორზე. იქ დახვდათ ქაქუცა ჩოლოყაშვილი და სხვებიც, ევროპულად ჩაცმული ხალხი, მათ შორის შალვა ამირეჯიბი და კოტე ანდრონიკაშვილი და ქაქუცამ ერთი გადმოხედა და ეს ბავშვი სადღა წამოგიყვანიათო, ჩემზე უთხრაო. მაგრამ ეს ბავშვი ბოლომდე იყო იქა და მერე მოახერხა და გავიდა მათთან ერთად საზღვარგარეთ, უკვე დამარცხებული აჯანყების შემდეგ. ანუ ხალხს ჯერ უნდოდა, მაგრამ ორი კვირის შემდეგ შეიქნა სულ სხვა ვითარება.

პოლკოვნიკი ცაგურია, რომელიც დაძრწოდა ქართლის სოფლების გარშემო და ელოდა 200-300 კაცს, იმიტომ რომ ციფრები ყველა მხრიდან იყო ძალიან იმედის მომცემი აგვისტოს დასაწყისში, ბოლოს თავისი ათი კაცით დარჩა. ხუთჯერ განაიარაღა მილიციელები, აგროვებდა ამ თოფებს, მაგრამ რისთვის აგროვებდა? ათი კაცით რა ექნა?

ძალიან კარგად იყო ორგანიზებული თვითონ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ლაშქარაშვილის რაზმები, მარა ერთხელაც ვერ მოხერხდა, რომ ისინი ერთიანი ფრონტით გამოსულიყვნენ. სულ ეუბნებოდნენ, გადი, ქალაქთან ახლოს არ მოხვიდე, იმიტომ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აჯანყება ვერ დაიწყო ისე, როგორც უნდა დაწყებულიყო. ამ დროს უკვე ცნობებია: ქუთაისიც ვერ აიღეს, მიადგნენ და უკან დაბრუნდნენ, იმიტომ რომ იქ აღმოჩნდა დათვლილზე ბევრი წითელი ჯარი.

ერთი ტრაგი-კომიკური მომენტი ამ აჯანყებისა ის იყო, რომ ერთადერთმა ადგილმა საქართველოში, ერთადერთმა ქალაქმა დაიწყო აჯანყება ერთი დღით ადრე. ეს ყველაფერი უნდა დაწყებულიყო მარიამობას, ღამის 2 საათზე, მაგრამ 24 საათით ადრე აჯანყება დაიწყო ჭიათურაში. ეს ძალიან ბნელი ისტორიაა. ეს არ არის მარტო ის, რომ ქართველურად ვიღაცეებს აერიათ და ერთი დღით ადრე გამოცვივდნენ ქუჩაში ძველი აზნაურები და აფიცრები.

ამ დღეს გაიტანეს ჭიათურის მარგანეცის სალარო. რამდენიმე ახალგაზრდა კაცმა ქნა ესა. თუ არა ვცდები, მერე უკვე ქაქუცა ჩოლოყაშვილი ამ ახალგაზრდა კაცებს შეხვდა თურქეთში, სადაც ისინი მზეზე აშრობდნენ დასველებულ ბანკნოტებს. კაცმა არ იცის, ეს წიგნებშიაც კი ჭორად არის, თუმცა რამდენიმე ამათგანის ვინაობაც ცნობილია. მაგრამ ეს უბრალო დამთხვევა იყო. ეს ახალგაზრდები თავის დასაცემ საქმეზე იყვნენ იქა, თუ თავიანთი საქმე განგებ ჩააბეს აჯანყებას, ვინ იცის. ასე იყო თუ ისე იყო, უცბად გავარდა ამბავი, რომ ჭიათურაში დაიწყო აჯანყება და შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ სადაც გაიგეს ეს ამბავი, მეორე დილითვე ყველგან დაიწყეს. ამ დროს კი უნდა მოეცადათ, რომ ერთ დროს, ერთ წუთს და ერთ საათს დაწყებულიყო.

და რა მოხდა აღმოსავლეთ საქართველოში? აქ მთავარი იყო, ხალხი რომ მოვიდოდა, დაარტყამდნენ თბილისს. ჭავჭავაძესაც ასეთი გეგმა ჰქონდა და ქაქუცამაც იტრიალა თბილისის გარშემო. მანამდე იყო მანგლისის ყაზარმების შტურმი, მერე ავიდნენ ისევ დუშეთისკენ და ვერ აიღეს.

მოკლედ, დიდი უთავბოლობა იყო გარშემო, მაგრამ აშკარა იყო ერთი, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ინიციატივა იყო ხელისუფლების ხელში, ანუ ბოლშევიკები კარნახობდნენ ვითარებას. შენ რომ მოძრაობას გააკეთებდი, ისინი წინ გხვდებოდნენ, რაც არ იყო დასავლეთ საქართველოში, სადაც გაძლეს და სანამდე გაძლება იყო, გაძლეს და მერე უკვე ყველანაირი აზრი დაკარგული ჰქონდა და შეწყვიტეს. რა უბედურებაც მოაყოლეს ამას და რაც დატრიალდა, ყველამ იცის. სერგო ორჯონიკიძე პოლიტბიუროზე რომ გამოდიოდა, იქ თქვა, კი, ცოტა მეტი მოგვივიდაო.

ტროცკიმ ჰკითხა: როცა იქ მენშევიკების მთავრობა იყო, მენშევიკები გხვრეტდნენო? დასცინა. მაგრამ რის მენშევიკი?! ანადგურებდნენ ქვეყანას მთლიანად. ხვრეტდნენ და ხვრეტდნენ. ვის - საქმისთვის, ვის - გარეგნობის და ვის - გვარიშვილობის გამო. სწორედ ამ აჯანყების დღეებში, სექტემბრის პირველ რიცხვებში გაჩნდა გაზეთებში ჯუღელის წერილი, რომელიც მანამდე არაფრით არ გამოაქვეყნეს: გაჩერდით, ყველაფერი იციანო.

სისხლი უკვე ბევრი იყო და აი, მაშინ გამოაქვეყნეს ეს წერილი. აქაოდა და ამ წერილს, რა თქმა უნდა, სიები, სიები მოჰყვება, რომ ვინც მეტეხშია, იმათ უკვე ხვრეტენ და დანარჩენი დასაჭერია. ჰო! ყველაზე კარგი რა იყო ამ აჯანყებაში - არსად, ძალიან ბევრი სოფელი და ქალაქი აიღეს აჯანყებულებმა და არსად ერთი წითელიც კი არავის დაუხვრეტია, არავინ!

ბევრნი გარბოდნენ, სხვები კი იმდენად საცოდავები იყვნენ, რომ ოთახებში ჰყავდათ ჩაკეტილი და საჭმელს უდგამდნენ. ეს იყო ამ აჯანყების კარგი, ქართველური ამბავი. სხვანაირად კი, ძნელი იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ცუდ დროს დაიწყო. წაგებული საქმე იყო. მერე ქაქუცა ერთხანს შიომღვიმეში იყო, ისევე როგორც ეს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრები. მერე მოიხსნა იქიდან და ავიდა მთებში, იქ, სადაც ყოველთვის ჰქონდა ბინა და სადაც ყოველთვის კაცურად შეინახავდნენ და იქ კი, შიომღვიმეში, დაიჭირეს ყველანი, დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრები, კოტე ანდრონიკაშვილის მეთაურობით.

ეს კარგი ხალხი იყო. საქართველოში პარტიებს ხომ სძულდათ ერთმანეთი. ჰოდა, მენშევიკები ამბობდნენ კოტე ანდრონიკაშვილზე, რომელიც მენშევიკი იყო, ეგ რა მენშევიკია, ეროვნულ-დემოკრატების მხარეს არისო და ეროვნულ-დემოკრატები ამბობდნენ დამკომის სხვა წევრზე, იასონ ჯავახიშვილზე, ეგ მენშევიკების მხარეს გადასულაო.

ანუ დამკომის წევრები სწორად მუშაობდნენ და საქართველოს საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოდგა. არის საშინელი კარიკატურა ამ დატუსაღებისა. გაზეთ „კომუნისტშია“ დაბეჭდილი. შიომღვიმის მონასტრის გალავანთან გასუქებული მღვდლები და ბანდიტის სახიანი ადამიანები დგანან და წითელარმიელები მათ ამარცხებენ.

ყველანი დახვრიტეს. სპირიდონ ჭავჭავაძემ გააღწია ქაქუცასთან ერთად. მიუხედავად მთელი ამ წაგებული საქმისა, მოხდა ეგეთი ცნობილი ამბავი: ხელისუფლება უკვე ითვლიდა გზებს, რომელი რაზმი საით მიდიოდა. გამოცნობადი იყო ქაქუცას გზაც. და მოხდა ხევგრძელზე ომი. რაზმელები ტყეში გაჩერდნენ დასასვენებლად და 15 წუთში ატყდა სროლა.

წითლები ბევრნი იყვნენ, ორი მხრიდან იყო შეტევა, ზარბაზნებსაც კი გვესროდნენო. ჰოდა, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა გააკეთა ძალიან მახვილგონივრული სვლა და რაზმელები იგონებენ, გორაკს შემოგვატარა და ისე მოხდა, რომ კომუნისტების ქვემეხი ქაქუცას დადევნებულ კომუნისტებსვე ესროდაო. ჩვენ სამშვიდობოს გავედით, მათ კი ერთმანეთი ახოცვინაო.

სპირიდონ ჭავჭავაძემ უთხრა ქაქუცას, შენ ნაპოლეონი ყოფილხარო. კი ამბობდნენ მანამდე, ბევრი ამბობდა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყოს სარდალიო, მაგრამ დამოუკიდებლობის კომიტეტში არ დაეთანხმნენ და სპირიდონ ჭავჭავაძე იყო თვითონ ქაქუცას კანდიდატურა.

რაც აჯანყებას მოჰყვა და რა დღეშიც საქართველო ჩავარდა, მტერსაც ვერავინ უსურვებს, მაგრამ ის არ არის სწორი, რომ თითქოს კომუნისტებმა რეპრესიები აჯანყებას მოაყოლეს. მთელი ეს სამი წელიწადი იყო ხვრეტა და უბედურება, ეგზეკუციები და რა აღარ. გურიის ამბავი რად ღირს მარტო, ეს ობოლაძისა და ტალახაძის ცნობილი საეგზეკუციო რეჟიმები.

ხალხი საშინელ დღეში იყო. ყველაზე მტკივნეული მომენტები ამ ისტორიაში რა იყო იცით? ეს ადამიანები ერთმანეთის ნაცნობები იყვნენ. მაგალითად, ობოლაძე ოჯახებს რომ არბევდა გურიაში, იმ ოჯახებში როგორც რევოლუციონერი, ტერორისტი და ბანდიტი, 10-15 წლით ადრე თვითონ ინახავდა თავს.

ეს იყო ძნელი, თორემ იმ ეპოქის სისასტიკე ცნობილია. გასაგებია, რომ შეშლილი ადამიანები რაღაცას აკეთებენ და რაღაცის საძირკველს ქმნიან და ამიტომ ხოცავენ ყველას და ყველაფერს. მაგრამ საქართველოში შენიანის და სხვისიანის გარჩევა რომ აღარ არის, რაღას უნდა მოელოდეს კაცი. ყველა ქართველი ბოლშევიკი არ იყო ეგეთი. ის საბრალო აჯანყება იყო.

უბრალოდ, დრო იყო ცუდი და ქართველებმაც რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ჯერ ღვინო დაებინავებინათ და მერე მიეხედათ სამშობლოსთვის. ბევრმა, ყველამ კი არა. ვინც არ გადაწყვიტა და ისინი ან შეაწყდნენ, ან როგორღაც გაასწრეს. მერე იყო სხვა საქართველო. საერთოდ სხვა. ეს ბოლო ნამდვილი საქართველო იყო, რაც მოხდა. თუ ვეძებთ იმ საქართველოს, იმის ამბავი ასე იწყება: რომელმან შექმნა სამყარო...… გრძელია და ეგებ საზეპიროდ მოსაწყენიც.

მეორე, უფრო იოლი, ასე მოისმის: „სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა, ერი გულადი, პურადი, მებრძოლი შავის ბედისა, შავთა დროთ ვერა შესცვალეს მის გული ანდამატისა…...“ ეს გრიგოლ ორბელიანმა თქვა, რუსის გენერლად რომ მოვიხსენიებდი მთელი ამ ნაწერის სიგრძეზე. მოდი და, ერთი მიგვიხვდი ქართველებსა.

ნახვა: 999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:26am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,… გაგრძელება

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters