რადიარდ კიპლინგი - წყალდიდობის ჟამს

      ამ ღამით მდინარეზე ვერ გადახვალ, საჰიბ. ასე თქვეს, ხარ-ურემი წაუღია მდინარეს და პონიმაც თურმე, შენს მოსვლამდე ნახევარი საათით ადრე რომ შევიდა წყალში, ვერ მიაღწია გაღმითა ნაპირს. ჩქარობს საჰიბი? შევდენი წყალში მეფონე სპილოს, თუ საჰიბს ჩემი არა სჯერა. ოჰე, მაჰაუტი აგერ ფარდულშია. გამოიყვანეთ რამ პერშადი. თუ არ შეაქცევს ზურგს მდინარებას, ხომ კარგი. სპილოს გუმანი შეუმცდარია, საჰიბ. აგერ რამ პერშადი, აგერა კალა-ნაგიც... დე იყოს ნება შენი. მაშ, შებედე, ჩემო მეუფევ! შედი წელამდე და ნახე რას იტყვის მდინარე. ყოჩაღ, რამ პერშად, სპილოთა მოდგმის მაგრალიტო, აბა, შენ იცი...

      - თავში ჩაჰკარი, თავში, მაგ ბოთეს! ანკუსი მაგის ზურგის მოსაფხანი არ გეგონოს. დასცხე! დასცხე! რიყის ქვა რა ბედენაა შენთვის, რამ პერშად, მთაო ძალოვანო! გასწი, რუსტამ ბეგო, გასწი!

      არა, საჰიბ! ცდა ამაოა. გესმის, სპილო ბუკს აყვირებს. ის ატყობინებს კალა-ნაგს, გაღმით ვერ გავაღწევო. ერთ ალაგს ტარაბუა დასხმულივით ბრუნავს და თავს აქანებს. ბრიყვი როდია, ვინ, ვინ და მაგან კი იცის გაავებული ბარჰვის ძალა, აჰა! ჩანს, ჭკუა გეყო, შვილო ჩემო. სალამი შენდა, რამ პერშად, ბაჰადურო! ხეებქვეშ მიაყენებდეს მაჰაუტი, საჭმელი არ მოაკლოს. ბარაქალა უდიადესო ეშვოსანთა შორის. სალამი სირკარს და ძილი ნებისა!

      რაღა გავაწყო. საჰიბმა უნდა შეიცადოს, ვიდრე მდინარე დაცხრება. თუ ღმერთმა ინება, ის უკან დაიხევს ხვალ, ანდა ზეგ დილით მაინც უეჭველად. რად გაბრაზდა საჰიბი? მე ხომ მისი მსახური ვარ. ღვთის წინაშე, ამ წყალდიდობაში რა ბრალი მიდევს? საჰიბის სანაცვლო იყოს ჩემი ქოხი, მოიხმაროს, როგორც ენებოს. ვატყობ, იწვიმებს. გამოდი, ცის შვილო. სად გაგონილა დაცხრეს მდინარე, როცა ასე უგბილად ახსენებ? სად ძველი დროის საჰიბები და სად დღევანდელნი. წინათ, მდინარე თუ გზას გადაუღობავდათ ანდა თუ ორთვალი ტალახში ჩაეფლობოდა, ერთს არ დაიჩივლებდნენ. ღმერთმა ასე ინებაო, იტყოდნენ. ცეცხლის ეტლი კი არაფერს ეპუება. მიდის და მიდის, თუნდაც მთელმა საქაჯეთმა დაქაჩოს კუდით, არას დაგიდევს. ცეცხლის ეტლმა წაახდინა საჰიბები. ბოლოს და ბოლოს რა ბედენაა ერთი დღე, თუნდა ორი? საკუთარ ქორწილზე ხომ არ ეშურება საჰიბი, რომ ასე ჩქარობს და ბრაზობს თანაც? ჰოუ! ჰოუ! ჰოუ! მე ერთი ბებერი კაცი ვარ და საჰიბები ძვირად თუ მინახავს. მომიტევე, თუ ვერ ვისაზრე და ვერ მოგაგე კუთვნილი პატივი. ხომ არ მიწყრება საჰიბი!

      მისი ქორწილი?! ჰოუ! ჰოუ! ჰოუ! მოხუცი კაცის გონება მსგავსია ნუმაბის ხისა - ნაყოფი, კვირტი და წარსული წლების მკვდარი ფოთლები ერთად რომ ჰშვენის. ახალი თუ გარდახდენილი ერთად იყრის თავს მოხუცი კაცის მახსოვრობაში. საწოლზე ჩამოჯექ, საჰიბ, და რძე მიირთვი, ანდა... იქნებ საჰიბმა ჩემი თუთუნის მოწევა ინებოს? საუცხოო რამაა, ნუკლაოს თამბაქოა. ჩემა ვაჟმა გამომიგზავნა, იქ რომ მსახურობს. მოწიე, საჰიბ, თუკი იცი ყალიონის გაწყობა. დახე, საჰიბი მუსლიმანივით აწყობს ყალიონს. ბარაქალა მას. გასაკვირია, სად ისწავლა ეს ყოველივე?

      მისი ქორწილი?! ჰოუ! ჰოუ! ჰოუ! საჰიბმა თქვა, ქორწილი აქ არაფერ შუაშიაო. განა საჰიბი გულს გადაუხსნის შავ კაცს? ჰოდა, რაღა გასაკვირია, რომ იგი ჩქარობს. ოცდაათი წელია, საჰიბ, ამ მდინარის პირს ვაღამებ და ვათენებ, მაგრამ არასოდეს მიხილავს ასე მოჩქარე საჰიბი. ოცდაათი წელი, საჰიბ, ხუმრობა როდია. ორი ათასი საპალნიანი ხარი მიხილავს ფონს გადასული ერთ ღამეს. ახლა რკინიგზა მოვიდა. ბაზ, ბაზ, ბაზ, გაიძახიან ცეცხლის ეტლები და ასობით ლაქჰი ღვთის წყალობაც გადადის ამ ხიდით. ეს მართლაც რომ გასაკვირია. ოღონდაც ფონი გაუკაცრიელდა და ხსენება გაქრა ქარავნების, ხეებს ქვეშ რომ დაიბანაკებდნენ ხოლმე.

      არა, ტყუილად მისჩერებიხარ ზეცას. განთიადამდე იწვიმებს. ყური მიუგდე, ამ ღამით რიყის ქვა დაიძრა მდინარის კალაპოტში. თუკი არ დაიშლი და გადასვლას ეცდები, ეგ ღორღი შენს ძვლებს გაცრცნის ხორცისაგან. მოდი, კარს გადავკეტავ და წვიმა აღარ შემოასხამს. ვაჰი! აჰი- უჰ! ოცდაათი წელი ფონის ნაპირზე! ახლა რაღაი?! ერთი საწყალი ბერიკაცი ვარ!.. სადაა ნეტავ ჭრაქი?.. რაო, საჰიბ? სიბერის გამო კატასავით ჩუმი მაქვს ძილი. შენ კი კართან მოჩოჩებულხარ. მიცქირე ახლა, საჰიბ, მიცქირე და მისმინე. ნახევარი მილით დაშორიშორდა ნაპირი ნაპირს. ვარსკვლავთა შუქზე ალბათ ხედავ, წყლის სიღრმე ათ ფუტზე მეტი იქნება. მდინარე არ დაიწევს შენი შერისხვით, ვერც შენი წყევლა-კრულვა გაჭრის. რომელი უფრო მჭექარეა, საჰიბ, შენი ხმა თუ ხმა მდინარისა? შეუძახე აბა, იქნება დაირცხვინოს. მე მიწვნევია ბარჰვის რისხვა, როცა მთებში გაავდრებულა. ერთხელ გადავცურე ადიდებული მდინარე, ამაზე ათგზის უარეს ღამით და ღმერთმა თუ მიხსნა სიკვდილს კლანჭებისაგან.

      გნებავს, ამბავს მოგითხრობ, ძალზე კარგ ამბავს, ოღონდ ჯერ ყალიონს გავტენი ხელახლა. ოცდაათი წლის წინ ყმაწვილკაცი ვიყავ, ჯან-ღონით სავსე. ყველა მტვირთავი მენდობოდა თუ დასტურვყოფდი, ფონი გაწმენდილია-მეთქი. მთელი ღამეები ჩქერალში ვიდექ, ყელამდე წყალში, შიშისაგან დაფეთებული ასობით ხარი გადამყავდა, ისე რომ ჩლიქსაც არ წამოვატკენდი. მერე მივაკითხავდი აძაგძაგებულ პატრონებს და ისინი საჩუქრად მაძლევდნენ ქედძლიერ ბუღას. ასეთ პატივში ვყავდი ყველას. ახლა კი, როცა წვიმა დაასხამს და მდინარე ადიდდება, ჩემს ქოხში შევიძუძგები ხოლმე და ძაღლივით ვწაწკანებ. ძალა დამელია, დავჩაჩანაკდი და ცეცხლის ეტლმაც ფონი გააუკაცრიელა. ოდესღაც კი ბარჰველ ყოჩაღს მეძახდნენ. ხედავ ჩემს თავ-პირს, საჰიბ? მაიმუნს მიგავს. ანდა ჩემს მკლავებს? დედაბრისა რომ გეგონება. ოღონდაც, გეფიცები, დიაცი თვალს ვერა სწყვეტდა ამ სახეს და ამ მკლავებშიაც იბუდებდა ოცი წლის წინათ. მერწმუნე, საჰიბ, მართალს ვამბობ. ოცი წლის წინათ.

      მოდექი კართან და გახედე. მკრთალ შუქს ხომ ხედავ დაბლა, მდინარის გაყოლებაზე? ესაა სოფელ პატეერაში აღმართულ ჰანუმანის ტაძარში დანთებული ცეცხლი. ეს სოფელი, რომელსაც დიდი ვარსკლავი დაჰყურებს, ჩრდილოეთის მხარეზეა, მაგრამ იგი მიმალულა მდინარის განშტოებასთან. როგორია გადასაცურად, საჰიბ? გაიძრობ ტანზე და შებედავ? ჰოდა, მე არაერთხელ მიმიცურავს პატეერამდე. მის სიახლოვეს, ყველაფერ სიკეთესთან ერთად, ნიანგებიც ულევია.

      სიყვარულმა გარჩევა არ იცის, და ამიტომაც მე, მაჰმადიანს, ძეს მაჰმადიანისა, გულში ჩამივარდა ქალი - ქვრივი ჰინდუსი - ღვიძლი დაი ლამბარდარისა, სოფლის თავკაცის. ეს არაფერი. ლამბარდარის მთელი ჯალაბი მუტრას იყო წასული სალოცავად, როცა ქალი ახალი პატარძალი გახლდათ. ვერცხლის საჭიდები ეკეთა ტახტრევანის ბოძებს და აბრეშუმის ფარდები მალვიდა ქალს. აღარ ვიჩქარე მისი გადაყვანა, საჰიბ, რადგან ქარმა ფარდები გადასწია და ვიხილე იგი. ის ბიჭი - მისი ქმარი - მალე მოკვდა და ერთხელაც მე კვლავ გადავეყარე ტახტრევანზე მჯდომ ქალს. ღმერთმანი, ბრიყვნი არიან ჰინდონი. რას ვაქნევდი ქალი ჰინდუ იყო, ჯაინი თუ მოკვეთილი, კეთროვანი თუ საღ-სალამათი. ის ფიქრი მქონდა, ფონის ახლოს მომეწყო სახლი და შინ დამესვა ჩემი საბედო. ცხრა ბარიდან მეშვიდე ამბობს, რომ ადამიანმა არ უნდა ითხოვოს წარმართი. ჭეშმარიტებაა განა ეს? ორთავეს - შიიტებსა და სუნიტებს ასე დაუდგენიათ - მაჰმადიანს არა აქვს უფლება დაქორწინდესო ურწმუნოზე. რაო? საჰიბი თავს რომ მიქნევს, ამდენიც იცის? ზოგ ისეთ რამესაც ვეტყვი, რაც საჰიბს, ალბათ, არა სმენია. შიიტებიცა და სუნიტებიც, კანონიერნიცა და მოკვეთილნიც, სულ მოგონილი ამბავია სიყვარულისთვის. და ეს მოგონებებიც ფიჩხის პატარა კონაა, მყის რომ შთაინთქავს სიყვარულის ალი. რაც მართალია, მართალია - გულით მეწადა მისი შერთვა. მაგრამ რა უნდა მეღონა? ლამბარდარი მომისევდა და კეტებით გამიპობდნენ თავს. არ შევდრკებოდი თუნდ ხუთი კაცის წინაშეც, მაგრამ მთელ სოფელს ვინ იქნება, რომ წინ აღუდგეს?

      ამიტომაც მოვითათბირეთ ჩვენ ორთა. ასე დავთქვით, გაღმით უნდა გადამეცურა ღამღამობით და ყანაში უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. არავინ უწყოდა ჩვენი ასავალ-დასავალი. მიყურე ახლა. წესად მედო, გზა გადმომეჭრა, გარს შემომევლო ჯუნგლისათვის მდინარის განშტოებამდე, სადაც მდინარის ხიდია, შვერილს გავცდენოდი და მიმეღწია პატეერამდე. ტაძრის სინათლე შუქურის მაგივრობას მიწევდა ბნელ ღამეებში. ჯუნგლი მდინარის ახლოს სავსეა გველებით, პატარა გველებით, სილაზე რომ თვლემენ. არც ქალის ძმები გამიშვებდნენ ყანიდან ცოცხალს, იქ რომ ვენახეთ. მაგრამ არავინ არაფერი იცოდა, გარდა ჩვენ ორისა. თანაც მდინარის კალაპოტიდან ქარის მიერ მობნეული სილა ფარავდა ჩემი ფეხის ნაკვალევს. ცხელ თვეებში ფონზე გადასვლა პატეერამდე არად მიჩნდა და წვიმების ალოობაზეც, წყალდიდობას როდი ვეპუებოდი. თავს არ ვიზოგავდი, ბარჰვს აღმა ვჭრიდი. ჩემს ქოხში ვვახშმობდი და წყალს იქ ვაყოლებდი, პატეერაში. ქალი გამენდო, ერთმა თავზეხელაღებულმა, ჰირნამ სინგჰმა, მდინარის აყოლებაზე მეორე ნაპირს რომ სახლობდა, თვალი დაადგა თურმე მას. ეგ სიქჰები ძაღლები არიან. მაგათ თავიანთი სიბრიყვის გამო უარი თქვეს ღვთით ნაბოძებ ისეთ სიკეთეზეც, თამბაქო რომაა. მე მზად ვიყავი დამეკლა ჰირნამ სინგჰი, რომ შებედა ქალს და ეს შეჰკადრა, საყვარელი გყოლიაო. ფიცით იჭაჭებოდა თურმე, დავუდარაჯებ, ლამბარდარს გავუმხელ მის სახელს, თუ არ გამომყვებიო. მართლაც რომ ძაღლები არიან სიქჰები. წელში გარჭობილ, პატრა, ბასრ დანას არ ვიცილებდი. აგრე მივცურავდი ხოლმე და მტერსაც კი არ ვუსურვებდი წინ გადამღობებოდა. არ დავინდობდი არც მას და არც სხვა ვინმეს, ვინც ჩემსა და ჩემს სატრფოს შუა ჩადგებოდა. ერთ ღამეს, სწორედ წვიმების ალოობის წინ, პატეერას წასვლას დავეპირე, თუმცა მდინარე რისხვით ფრთონავდა. ბარჰვს ასე სჩვევია. ოც ამოსუნთქვაში ჩამორიალდება მთებიდან. სამი ფუტის სიმაღლის ტალღებს დაიდგამს და, ვიდრე ცეცხლს დაანთებდე და პურს გამოაცხობდე, ეს ღელესავით წყალი თავის დას, ჯამნას, აღარ დაუდებს ტოლს. ნაპირს გავშორდი. ნახევარი მილით დაბლა მეჩეჩი მეგულებოდა. უნდა მიმეღწია იქამდე და სული მომეთქვა; ვგრძნობდი, მდინარე მძიმედ ჩამჭიდებოდა ქუსლებში. რას არ ჩაიდენს ახალგაზრდა კაცი სიყვარულისთვის. ვარსკვლავები მკრთალად ანათებდნენ და მეჩეჩისკენ მიმცურავს, დამპალი კედარის ხე მეტაკა ცხვირ-პირში. ეს იყო ნიშანი - მთის ძირში და მთის გადაღმაც დიდი წვიმა მოსულიყო. კედარის ხე ფესვმაგარია და იოლად როდი წყდება კლდეს. მე ვისწრაფვოდი, მდინარეც მეშველებოდა, მაგრამ, ვიდრე მეჩეჩზე ფეხს შევდგამდი, ზვირთცემამ იძალა და დახეთ ბედსა, ტალღის ქედზე გამოვრჩი.

      მოხვედრილა კი ოდესმე საჰიბი ისეთ წყალდიდობაში, როცა ტალღები გებრძვის და მოძრაობა გაქვს წართმეული? თავაღერილს ასე მეგონა წყალს მოეტბორა მთელი ქვეყანა, სამყაროს კიდეს გასწვდენოდა. ნაფოტივით მათამაშებდა მჭევლები წყლისა. მდინარის თბეში მოქცეული კაცი რას გახდება. ისე ბორგავდა მდინარე, ხალხს დღესაც კი სულ პირზე ადგას მაშინდელი ამბავი. ლამის ნაღველი ჩამექცა, ზურგზე ვიყავი გაშოტილი, სიკვდილის შიშით ატანილი. ცოცხალი არსებებიც ბევრი ირეოდა წყალში - ტყის მხეცები, ნახირი. კაცის ხმაც მომესმა, საშველად მიხმობდა, მაგრამ მერეხი წამოვიდა, წყალმა თეთრი დუჟი მოიგდო. ჩემს ქვემოთ, რიყის ქვებს გაუდიოდა რახარუხი, ზემოდან დამშხუოდა წვიმა. სხვა ხმა არაფერი ატანდა ყურთასმენამდე. მორევმა დამითრია და სული შემიხუთა. ძნელია სიკვდილი, როცა ახალგაზრდა ხარ. აქედან უმზერ რკინიგზის ხიდს? გახედე აბა. აგერა იქ შუქი ჩანს პეშავარში მიმავალი საფოსტო მატარებლისა. ხიდი ახლა ოცი ფუტი სიმაღლისაა. იმ ღამით კი მდინარე ცხაურს ეტოტებოდა. სწორედ იქ მივენარცხე პირველად, მაგრამ ბლომად მორები დაყრილიყო ცხაურსა და ხიდის ბურჯზე და ძლიერ არ დავშავებულვარ. ოღონდ ეს იყო, მდინარემ ისე დამაძვალრბილა, ღონიერი კაცი რომ დატორავს ჯანსუსტს. ცხაურს ჩავეჭიდე და რის ვაივაგლახით ავცოცდი ზედ. საჰიბ, მდინარე ლამის მოაჯირზე გადმოდიოდა. თავად განსაჯე, რა წყალდიდობა უნდა ყოფილიყო. სმენაც დამეხშო და თვალისჩინიც წამერთვა. ღობურზე ვიყავ მიგდებული და ძლივსღა ვსუნთქავდი.

      ცოტა ზნის შემდგომ, როცა წვიმა შეწყდა და ცაზე დაჩდნენ ახალპირდაბანილი ვარსკვლავები, თვალი ვეღარ გავაწვდინე მოტბორებულ მღვრიე წყალს. მდინარე მოაჯირამდე უწევდა. ხიდზე ბევრი დამხრჩვალი ცხოველი გამოერიყა. ზოგი ცხაურში გაჩრილიყო კისრით, ზოგი, ჯერ კიდევ ცოცხალი, ცდილობდა ზედ აპოტინებულიყო. ვინ მოსთვლიდა კამეჩებს, ძროხებს, გველებს, ტურებს, ტახი და თითო-ოროლა ირემიც ერია შიგადაშიგ. მათი გვამები შავად ჩნდა ხიდის მარცხენა მხარეს. მომცრო ცხოველები კი ცხაურში გააძვრინა და დაბლა გააქანა მიმქროლავმა ღვარმა.

      მერე ვარსკვლავები ჩაქრა, ხელახლა იხუვლა თქეშმა. მდინარე კვლავ მოდგანდგარებდა და მე ვიგრძენი, ხიდი ირწეოდა სწორედ ისე, კაცი რომ იშმუშნება გაღვიძებისას, მაგრამ არ მეშინოდა, საჰიბ, ვფიცავ, არ მეშინოდა, თუმცაღა ძალა გამომცლოდა სახსრებიდან. ვიცოდი, არ უნდა მოვმკვდარიყავ, ვიდრე ნანდაურს არ ვიხილავდი ერთხელ კიდევ. ოღონდ ის იყო, კბილს კბილზე მაცემინებდა, ამაბაბანა და ვგრძნობდი, საცაა ხიდი უნდა გამომცლოდა ფეხქვეშ. ისე თრთოდა წყალი, როგორც ისიც ხოლმე, ვიდრე დიდი ტალღა მოგორდებოდეს, დაცდილი მქონდა და უჰა, ზღვა წყალმა ხიდიც ააყირავა. მარჯვენა მხარე ცხაურისა წყალში ჩაინქრა, მარცხენა კი აყირავდა. წვერს გეფიცები, საჰიბ, მართალს ვამბობ: როგორც მირზაპორის ქვის საზიდი ნავი კოჩავს ქარისაგან, ისე აყირავდა ბარჰვის ხიდი. ჰო, სწორედ ასე.

      მორევმა დამითრია და უკანიდან აიყალყა გოროზი ტალღა. ხიდის ჭრიალი მომესმა, როცა ის საბჯენებს მოსწყდა და ჩაინთქა. აღარაფერი მახსოვს იქამდე, ვიდრე მდოვრში არ ამოვტივტივდი. მკლავი გავმართე საცურაოდ და - ჰოი, საოცრებავ, ხელში მომყვა მამაკაცის თმაშეკონილი თავი. დამხრჩვალი იყო. ბარჰველი ყოჩაღის გარდა, აბა, ვინ გაუძლებდა შმაგ მდინარესთან ჭიდილს. რუმბივით იყო გაბერილი. მთელი ორი დღის მკვდარი ჩანდა. მაშველად მომევლინა. სიხარულმა ამიტაცა, მხოლოდ მაშინ ვირწმუნე, რომ უცილობლად ვნახავდი სატრფოს, უვნებელი, საღ-სალამათი. თითები მაგრად ჩავჭიდე მის თმას, რადგან შორი გზა მედო წინ, ერთად გავყევით დაღმით მდინარეს - ჩვენ ორთავე - იგი მკვდარი და მე ცოცხალი, ერთმანეთს გადასკვნილები. ეს რომ არა, ჩემი საქმე წასული იყო. თავით ფეხამდე გათოშილი ვიყავი, ხორცი ქვასავით მექცა და წყალმა ძვლებში შეატანა. ის კი უშიშრად მიცურავდა უკვე განსაცდელგამოვლილი.

      გვერდულა დინებამ ლიას მიგვარიყა. ფსკერი ფეხით მოვსინჯე. ცხედარი აღარ მომყვებოდა. შევშინდი, ასე ვიფიქრე, კორძებს ხომ არ წამოედო-მეთქი. იულლუნის წვერობი მეხლებოდა მუხლებზე და მივხვდი, ჩემს ქვემოთ ყანა იყო. მდინარის ძირს ახლა კი ვუწიე ფეხი. თავთავებს მოვედე, მკვდარი გორაკზე შერჩა ლეღვის ხის ძირას, მე კი დელგმიდან რის ვაისყოფის გამოვაღწიე. უცნაურია განგების ნება, საჰიბ! მდინარებამ პატეერას წინ აზიდულ ბორცვზე შემაგდო, არათუ სხვაგან. მკვდარი ბალახზე გამოვათრიე. პატივი დავდე გაწეული სამსახურისათვის, ისიც ვიაზრე, ვინძლო კიდევ გამომდგომოდა. მერმე მივედი დანიშნულ ალაგს - ლამბარდარის ბეღელის ახლოს და ტურასავით სამჯერ ვიკივლე. შეყვარებულს დაესწრო ჩემთვის. იქ დამხვდა. ტიროდა მუხლებზე დავარდნილი. დაქცეული ეგონა თურმე, ფონის პირს მდგარი ჩემი ქოხი. უხმაუროდ როცა გამოველ, კოჭებამდე მომდგარი წყლიდან, მოჩვენებად მიმიღო და გაქცევა დააპირა, მკლავები მოვაჭდე. იმხანობას განა თუ აჩრდილს ვგავდი, დრომ კი მაინც თავისი გაიტანა, ახლა ერთი ჯანდაგი ვინმე ვარ. ჰოუ! ჰოუ! ჰოუ! ფშუტე თავთავი ვარ ახლა ხორბლისა და წვენდაშრეტილი მაიზი. ჰოუ! ჰოუ!

      ბარჰვის ხიდის ამბავი ვუთხარ და მან უდიადესი მიწოდა მოკვდავთა შორის. არავის ძალუძს ბარჰვი გადალახოს დიდროას ჟამს. და აქობამდეც ადამისშვილს ჯერ არ უხილავს, ალბათ, ისეთი ჯოჯოხეთი, მე რომ განვვლე. იმ ბორცვს მივუბრუნდით ერთად, სადაც გვამი დავტოვე და ვაჩვენე, ვისი შემწეობითაც შემრჩა სიცოცხლე. კაშკაშა ღამე იყო. ქალი ვარსკვლავების შუქზე დააცქერდა გვამს. მერე ხელებში ჩამალა სახე. ესაა ჰირნამ სინგჰის გვამიო, ამოთქვა. მე ვუთხარი: მკვდარი ღორი გიჯობდეს ცოცხალს. მომიგო ქალმა:^რაღა თქმა უნდა, მაგან არ გადამირჩინა ამქვეყნად ჩემთვის უძვირფასესი? აქ მაინც ნუ დატოვებ, სახელს გამიტეხს; ტყვია რომ ჰქონდეს ნაკრავი ჩემიანების მიერ, კიდევ ჰო. მერმე გადავაგორე გვამი და ასე ვთქვი: ღმერთი მოწამეა, ჰირნამ სინგჰ, შენს ცოდვაში ფეხი არ მიდგას. და მაინც, რაკი ასეთი საქმე დაგმართე, არ გაღირსე გჰატზე დაფერფლვა, ახლა ყვავებისათვის დამილოცნიხარ...

      თავი ვუკარი გვამს ტალღებში და იგი წაიღო გაშლილმა წყალმა. მიაქანებდა შავ წვერს. ეს იყო და ეს, მას მერე აღარც მიხილავს ჰირნამ სინგჰი.

      განთიადის ჟამს დავცილდით ერთმანეთს და მე ვაშურე ჯუნგლის იმ მხარეს, რომელიც ჯერ არ მოტბორილიყო. როცა მოდღევდა, მაშინღა ვნახე, რა ჩამედინა კუნაპეტში. ფერი მეცვალა, პატეერასა და გაღმითა კორომებს შორის მიქანაობდა დუჟმორეული ღვართქაფი. მოხუცის ყბაში ამოჩრილი ჩამტვრეული კბილივით ჩანდა შუა წყალში მოტივტივებული ბარჰვის ხიდი. მდინარის არემარეზე სიცოცხლე გამქრალიყო. არც ფრინველები, არც ნავები, მხოლოდღა ჯგრო ჩაძირული ხარების, ცხენების, ადამიანების. მდინარე სისხლისფრად შეეღება მთის ძირებიდან ჩამოშლილ აყალო მიწას. არასოდეს არ მოვსწრებივარ ამგვარ წარღვნას. მეორედ მოსვლა იყო სწორედ. საჰიბ, მე მოვიმოქმედე ის, რასაც ვერა კაცი ვერ შეძლებდა.

      იმ ღამეს რაღას დავბრუნდებოდი უკან და ლამბარდარის სანახებისკენ პირს აღარ ვიზამ აღარასოდეს, თუ არა ღამით. მაშინ ხომ საფრთხეს ვეღარა ხედავს კაცის თვალი.

      აღმა ავყევი მდინარეს და ერთი მჭედლის სახლს მივადექი. ასე ვუთხარი, ჩემი ქოხი წყალმა წაიღო-მეთქი და იქ ლუკმა გამიყვეს. შვიდი დღე დავრჩი მჭედლის სახლში, ვიდრე სანდალი არ გამოჩნდა და შინ დავბრუნდი მერე იმ ნავით. სადღა იყო ან კედლები, ან სახურავი. აღარაფერი დამიხვდა, გარდა აზელილი ტალახისა. თავად განსაჯე, საჰიბ, რამოდენაზე უნდა ეწია წყალს. ჩანდა სიკვდილი არ მებედა არც ქოხში, არც ბარჰვის შუაგულში და არც ის მეწერა, ხიდს ჩავყოლოდი მდინარის ფსკერზე. გაჭირვებულს ღმერთმა მაწვია ორი დღის მკვდარი ჰირნამ სინგჰი. დღესაც არ ვიცი, მოკლეს იგი თუ წყალმა დაახრჩო, ანდა რა მანქანებით გამიხდა შემწედ. მწამს და მჯერა, ჯოჯოხეთი არ ასცდებოდა და ჰირნამ სინგჰის ტანჯვის მდელოზე მწყაზარ ყვავილად დაიხატება იმღამეული მოგონება.

      ყურობ, საჰიბ? მდინარემ იცვალა ხმა. ეპირება ჩათვლიმოს განთიადის წინ. ინათებს თუ არა, კვლავ იხუვლებს ახალი ძალით. საიდან ვიცი? ამ მდინარეს გავცქერი ოცდაათი წელი. წყლის ხმას ისე ვცნობ, მამა რომ არჩევს პირმშოს დაძახილს. ყოველი წამით უფრო და უფრო ყუჩდება ბარჰვი. მერწმუნე, ერთი ან ორი საათი საფრთხე არ გელის. დილისა კი, რა მოგახსენო. იჩქარე, საჰიბ! ახლა მოვიხმობ რამ პერშადს. და ამჯერად იგი ზურგს აღარ შეაქცევს მდინარეს. შენი ბარგი ხომ საიმედოდაა შეფუთული? ოჰე, პირდაუბანელო მაჰაუტო! აბა, სპილო საჰიბისათვის, გაუძეხი და შეატყობინე იქით ნაპირზე, რომ დილისათვის გზა შეიკვრება.

      ფული? რა ბრძანებაა, საჰიბ. მაგ ყაიდის კაცი როდი ვარ. ნურც ტკბილეულს შემომთავაზებ ბავშვებისათვის. თავად ხედავ, ჩემი სახლი ცარიელია, მე კი მოვხუცდი. არე, რამ პერშად! ჩამოიდაბლე! დატ! დატ! დატ! მოიყარე მუხლი. ღმერთმა მშვიდობით გატაროს, საჰიბ!

წაიკითხეთ სხვა ავტორებიც

შტეფან ცვაიგი შეფან ცვაიგი, ლიტერატურა, ქველი, Stefan Zweig, literature, literatura, qwelly, avtori, cnobili avtori, სხვა ავტორები მარკ ტვენი მარკ ტვენი, ლიტერატურა, ქველი, Mark Twain, literature, literatura, qwelly, avtori, cnobili avtori, სხვა ავტორები ედგარ პო ედგარ პო, ლიტერატურა, ქველი, Edgar Poe, literature, literatura, qwelly, avtori, cnobili avtori, სხვა ავტორები ერნესტ ჰემინგუეი ერნესტ ჰემინგუეი, ლიტერატურა, ქველი, Ernest Hemingway, literature, literatura, qwelly, avtori, cnobili avtori, სხვა ავტორები
მიხაილ ბულგაკოვი მიხაილ ბულგაკოვი, ლიტერატურა, ქველი, Mikhail Bulgakov, literature, literatura, qwelly, avtori, cnobili avtori, სხვა ავტორები ანტონ ჩეხოვი ანტონ ჩეხოვი, ლიტერატურა, ქველი, Anton Chekhov, literature, literatura, qwelly, avtori, cnobili avtori, სხვა ავტორები ჯონ გოლზუორთი ჯონ გოლზუორთი, ლიტერატურა, ქველი, John Galsworthy, literature, literatura, qwelly, avtori, cnobili avtori, სხვა ავტორები ფრანც კაფკა ფრანც კაფკა, ლიტერატურა, ქველი, Franz Kafka, literature, literatura, qwelly, avtori, cnobili avtori, სხვა ავტორები

ავტორთა საძიებელი

ნახვა: 371

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters