ედგარ ალან პო - მთხრებლი და ქანქარა


Impia tortorum longos hic turba furores Sanguinis innocui, non satiate, aluit. Sospite nunc patria, fracto nunc funeris antro, Mors ubi dira fuit vita salusgue patent. (პარიზში, იაკობინელთა კლუბის ადგილას გასამართავი ბაზრის კარიბჭეზე წასაწერად შეუთხზავთ ეს ოთხსტრიქონიანი ლექსი).

   სულთმობრძავივით სულ, სულ დამაოსა ამ გაუთავებელმა წამებამ. ბოლოს, როცა ხელ-ფეხი გამიხსნეს და დამრთეს წამოჯდომის ნება, ვიგრძენი-გული მელეოდა. განაჩენი, სასიკვდილოდ განაჩენი იყო უკანასკნელი სიტყვა, ჩემს ყურამდე რომ მოაღწია. ამის შემდეგ შორითღა მოისმოდა ერთ ყრუ გუგუნად შერთული ინკვიზიტორთა ხმები, რამაც ბრუნვის ხატებად გამიელვა, შესაძლოა, საწისქვილე ბორბლის ხმიან-ბზრიალის ასოციაციისდა კვალად. მეტი აღარაფერი გამიგონია. ამ დროს - რა შემზარავად ცხადლივ! - დავინახე შავოსანი მოსამართლეების საოცრად გაწვრილებული, ამ სიტყვების წარმომჩენ ქაღალდზე უფრო თეთრი ტუჩები. გულქვაობა, დაუნდობლობა, კაცის ტანჯვა-წამებისადმი უსაზმო ზიზღი გამოესახათ ამ გალეულ ტუჩებს. ვხედავდი, თუ როგორ გადმოსდიოდათ მათ ჩემი საბედო განჩინება. ვხედავდი, ჩემს სახელს იძახდნენ, ვხედავდი, და რაკიღა ამაოდ ვცდილობდი მის გაგონებას, ტანზე ეკალი ამესხა. თავზარდაცემულმა ახლაღა შევნიშნე მდოვრე, ძლივს დასანახი ძვრა კედლებზე გაკრული შავი ფარდაგებისა; მერე კი მაგიდაზე შვიდ მაღალ სანთელს მოვკარი თვალი, მოწყალების ფეროვნება მოიღეს ჯერ ამ სანთლებმა, ვითომც ჩემს გადასარჩენად მოვლენილი საროტანი ანგელოსები იყვნენ; მაგრამ საშინლად ამერია გული. გალვანური ბატარეის მავთულს ხელმოკიდებული კაცის მსგავსად, თავით ფეხამდე ყოველი ნერვის შეტოკება ვიგრძენი, ალმოგზნებულ უსახურ ჩრდილებად გადაიქცნენ ეს ანგელოსები, მივხვდი: აღარც მათ შეეძლოთ ჩემი გამოხსნა. სულის სიღრმეში მუსიკის ხმასავსე ჰანგებად მომეახლა ფიქრი, რა კარგი იქნებოდა-მეთქი ახლა ცივ სამარეში - ნელინელ და უჩუმრად მომივიდა ეს აზრად, თითქოსდა დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე სრულიად ჩავხვდებოდი მის მნიშვნელობას. მაგრამ საბოლოოდ ეს ფიქრი მკაფიოდ რომ გავისაკუთრე, მოჯადოებულივით გამიუფერულდნენ თვალში მოსამართლეთა ლანდები; განუჭვრეტელ წყვდიადში დაიძირნენ მაღალი შანდლები, ცეცხლი გაქრობოდათ სანთლებს, ბნელ-უკუნეთი ჩამოწვა; თითქოს ჩემი ყოველი საგრძნობელი ჰადესში გადასული სულისამებრ გადაჰყოლოდა გაშმაგებულ მორევს. დაისადგურა მარადიულმა მდუმარებამ, მყუდროებამ და ლუსკუმმა ღამემ.
   გული შემღონებოდა, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, სულ მთლად დავკარგე-მეთქი გრძნობა. მისი ნარჩენის განსაზღვრას ან აღწერას არ შევეცდები, ერთი რამ ცხადია - ყველაფერი არ ქრება; ძილქუშში - არა! ბოდვაში - არა! სამარეშიც არ დაითქმება ყოველივე უკვალოდ - ადამიანიშვილის უკვდავებას მაშინ ვინღა იტყოდა. ძილნასვამი კაცი ხომ გაგლეჯს ხოლმე სიზმარეთის ხვანჯებს და იმავე წამს (იმდენად უღონო შეიძლება იყოს ძაფი ხვანჯისა) ამ ნაბურანევის აღარაფერი გვახსოვს. გონს რომ მოდის გულშეღონებული, ორ საფეხურს გამოივლის: ჯერ სულისეულ, ანუ გონით შეგრძნებას, ფიზიკური არსებობისას კი მერე, და თუ ამ არსებობას მოვაღწევთ, შეიძლება მივაკვლიოთ იმ პირველშობილის შთაბეჭდილებას. ამ შთაბეჭდილებამ კი, თავის მხრივ, იქნებ, იმქვეყნიური უფსკრული წამოგვაგონოს. ეს უფსკრული კი რაღაა? დაბოლოს, შევძლებთ კი მისი ფერი სამარის ფერს გამოვარჩიოთ? მაგრამ შეუძლებელი თუა ძალისხმევით იმ პირველშობილ შთაბეჭდილებათა გახსენება, დიდი დროის გავლის შემდგომ ეგებ მოუპატიჟებლად მოგვეახლონ ისინი, და საიდან? არ გვეცოდინება ჩვენდა გასაოცრად, ვისაც თავის დღეში არ შეღონებია გული, ის არ იქნება ის კაცი, ვინც მღვივარე ნაკვერჩხლებში იხილავს უცხო სასახლეებსა და მეტად ნაცნობ სახეებს, ვინც მრავლისთვის შეუმჩნეველ ჰაერში მოლივლივე გულის ამღვრევ ხილვებს თვალს მოკრავს, ვინც გაყუჩდება უცხო ყვავილის სურნელებით ფიქრებაშლილი, ვინც შეჩქვიფდება უცნობი მუსიკის ჰანგების მოსმენისას.
   ფიქრში წასული მრავალგზის ვძალობდი ჩემი სულ-გულის მომცველ, მოჩვენებით არყოფნის ნიშნების მოგონებას და ზოგჯერ ასე მეგონა - აჰა, წადილი ავისრულე-მეთქი; ცოტა ხნით, სულ ცოტა ხნით ნათელს მოიღებდნენ ეს მოგონებები და შემდეგ უკვე გონს მოსული ვხვდებოდი: ცნობამიხდილი კაცის ამბავს ვიხსენებდი, თურმე. ჩრდილები ამ მეხსიერებისა ბუნდად მამცნობენ აყალყებულ ლანდებზე, რომლებმაც სრულ სიჩუმეში ამიტაცეს და წამიღეს ქვევით, ქვევით, სულ ქვევით, ვიდრე არ დამარეტიანა ამის გაფიქრებამ, აღარ გათავდა-მეთქი ეს წიაღსვლა. გულის გაუსაძლის ჩაღამებასაც მამცნობდნენ ისინი - ისეთ არაბუნებრივ სიმშვიდეს მოეცვა გული. მერე უცბად ჩემი ყოველი ასოს შემბოჭველი უძრაობა შევიგრძენი. თითქოს იმათ, ვისაც მივყავდი (ჰოი, ეს შემზარავი სავალი!) რაღაც უსასრულობის საზღვარი გადაელახათ და გზად ამ ერთფეროვანი ჯაფით გამოღლილებს წამითღა შეესვენათ. კაეშანმა და აპათიამ შემიპყრო ჯერ, მერე კი მთლად ჩამითრია სიგიჟემ - იმ სიგიჟემ, რაღაც აკრძალული ამბის მოგონებისას რომ მოიცავს გონს.
   მეყსეულად კვლავ აღვიქვი მოძრაობა და ხმაურობა - გულისბაგაბუგი ჩამესმა ყურში. შემდეგ გამოცარიელდა ყველაფერი. მერე ისევ რაღაც ხმაური, მოძრაობა; შეხებასაც ვგრძნობ, კანკალი მომეკიდა თავით ფეხებამდე, მერე არსებობის უაზრო შეგრძნებაღა დამრჩა და ასე კარგა ხანს გასტანა. მერე უეცრად ფიქრმა ამიტანა, სული კოჭებში გამეპარა და გააფთრებით ვცდილობდი ჩემი მაშინდელი ყოფის გარკვევას. მერე დიდი სურვილი დამებადა, ნეტავ ისევ უგრძნობელი ვეგდო-მეთქი, მერე უცებ გონს მოვედი და შევძელი ხელ-ფეხის განძრევა. ნათლად წარმომიდგა პროცესი - მოსამართლეები, შავი ფარდები, განაჩენი, მოუძლურება, გულის შეღონება.. მერმინდელი ამბისა აღარაფერი მახსოვს. ყველაფერი ეს მოგვიანებით და ისიც ბუნდად, დიდი გაჭირვებით, ძლივსღა გავიხსენე.
   დიდხანს ვიყავი ასე თვალდახუჭული. მერე ვიგრძენი ზურგზე ვეგდე ხელ-ფეხ შეხსნილი მკლავი გავშალე, მძიმედ დაეცა მაჯა რაღაც სველსა და მკვიდრს. კარგა ხანია ვერ ვწევ ხელს, ვფიქრობ, სად ვარ და რა მჭირს-მეთქი. დრო გადის და ვერ ვბედავ თვალის გახელას. გარშემო საგნების პირველი დანახვის მეშინია. ის კი არ მაწუხებს, რაღაც შემზარავს რომ ვიხილავ; ამ ფიქრმა გამაწვალა - ვაითუ აღარაფერი გამოჩნდეს ირგვლივ. დაბოლოს, უზომოდ სასოწარკვეთილმა დავაჭყიტე თვალი. ცუდს რომ მეუბნებოდა გული, არ მოვტყუებულვარ მარადიულ ღამეს დაესადგურებინა, სუნთქვა შემკვროდა და სული ვერ მომებრუნებინა ამ უკუნეთში. გაუსაძლისად ჩახუთულიყო ჰაერი. კვლავ გაუნძრევლად ვწევარ და ვცდილობ გონის მოკრებას. ინკვიზიტორთა ჩვეულებებს ვიგონებ, ამისდა კვალად ვლამობ ჩემი ამბის გაგებას. განაჩენი უკვე გამოეტანათ და დიდი დრო უნდა ყოფილიყო გასული მას შემდეგ. გულშიაც არ გამივლია, ნამდვილად მკვდარი ვარ-მეთქი. წიგნები კი გვამცნობენ ამდაგვარ შემთხვევებს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ასეთი ამბავი შეუძლებელია; და მაინც სად ვიყავი და რა ყოფაში? სიკვდილმისჯილებს, ჩვეულებრივ, აუტოდაფეზე ხოცავენ, და სწორედ ჩემი გასამართლების დღის საღამოს აღესრულებინათ განაჩენი. ნუთუ ისევ დილეგში იმიტომ ჩამომაგდეს, რამდენიმე დღე რომ დავლოდებოდი მორიგ მსხვერპლშეწირვას? მაგრამ - არა. დაუყოვნებლივ უნდა მოიკლას მსხვერპლი! ასე იყო თუ ისე, ტოლედოს ციხეების სიკვდილმისჯილთა საკნების დარად, ამასაც ჰქონდა ქვის იატაკი და სინათლის ნატამალი მაინც აღწევდა აქ.
შემზარავმა ფიქრმა გული გადამიქანა, ცუდად გავხდი და კვლავ დავკარგე გრძნობა მცირე ხნით. გონს რომ მოვედი, ზეზე წამოვხტი, ხელები გავიწვდინე, ვერაფერს მივწვდი, ფეხის გადადგმისა კი მაინც მეშინოდა, ვაითუ სამარის კედლებს გადავაწყდე-მეთქი, ხვითქი გადამასკდა და ასე ვიდექი ოფლის მსხვილი წვეთებით შუბლდაცვარული. დაბოლოს, ანწუხზე რომ ამაგო შეუცნობლობამ, ხელებგაშვერილმა ფრთხილად წავიწიე წინ. თვალები კინაღამ საბუდედან გადმომცვივდა, რაკიღა ვძალობდი იმ უღონო ნათლის დანახვას. კარგა ძალი გავიარე, მაგრამ ყველგან სუფევდა მდუმარება და მოზიმზიმე სიცარიელე. ცოტა გულს მომეშვა, აღარც ისეთი შემზარავი ჩანდა ჩემი ბედი.
ფრთხილად წინმავალს ახლა ცხადლივ და ცოცხლად გამახსენდა, ხალხი რას არ იძახოდა ტოლედოს ციხეთა გულშემზარავ ამბებზე. ამ დილეგთა გამო რა არ უთქვამთ და სულ ასე ვფიქრობდი, ზღაპრებია-მეთქი. მაგრამ ჩურჩულითღა ჰყვებოდნენ, იმდენად გულს უხეთქავდათ ამ ხმების გამეორება. ამ განუჭვრეტელ მიწისქვეშეთში შიმშილი მომიღებს ბოლოს თუ სხვა უფრო საშინელი ტანჯვა-წამება გამათავებს? ერთი კი იყო ცხადი; უნდა მოვმკვდარიყავი და ჩემი მოსამართლეების კვალობაზე გამორჩეული, შემზარავი სიკვდილით უნდა აღვსრულებულიყავი; დიახ, ამაში ეჭვი არ შემპარვია. რა ჟამს და როგორ - აი, რა მაფიქრებდა და მაშფოთებდა.
დაბოლოს, გაწვდილმა ხელმა რაღაც მკვრივი შეიგრძნო - კედელი, როგორც ჩანს, ქვით ნაგები, მეტად გლუვი, სლიპინა და ცივი. გავუყევი მიუნდობლად, რაკიღა გაგონილი მქონდა ის ძველი ამბები. მაგრამ აგრე ვერ მივხვდებოდი ჩემი დილეგის მოცულობას; შეიძლება წრიულად მევლო და ისევ იქ მივსულიყავი, საიდანაც წამოვედი, ასე რომ, კედლის ერთფეროვნების კვალობაზე ვეღარაფერს შევიტყობდი. დანაც ამიტომ მოვიჩხრიკე, ვიდრე საინკვიზაციო დარბაზში მიმიყვანდნენ, მახსოვს, თან მქონდა, ახლა კი გამქრალიყო; სამოსელიც ჩემთვის სულ სხვა ჩაეცვათ - უხეში ჯვალო, ტომარასებრ შეკერილი. დანის პირს დილეგის კედლის ქვებს შორის ჩავასობ და თავდაპირველ წერტილს ასე მოვნიშნავ-მეთქი. გონება ისე მქონდა ამღვრეული, რომ ეს პატარა დაბრკოლება პირველად დაუძლეველი მომეჩვენა. შესამოსლის კალთის ნაწილი მოვიგლიჯე მერე და კედელთან რომ მივიტანე, მისი ერთი ბოლო სწორი კუთხით სიგრძეზე დავაფინე. თუ დილეგს ხელის ფათურით შემოვუვლი, ამ ნაჭერს უთუოდ გადავაწყდები-მეთქი. ასე კი ვფიქრობდი, მაგრამ აღარც დილეგის მოცულობა გამითვალისწინებია, აღარც ჩემი უილაჯობა. იატაკი სველი იყო და მოლიპულიყო, ბორძიკ-ბორძიკით გავიარე ცოტა, მერე ფეხი რაღაცას წამოვკარი და გავიშხლართე. ამდენმა უბედურებამ ახლა მიწია - დაცემისთანავე ჩამეძინა.
   გამოვიღვიძე. მკლავი რომ გავშალე, პურის ნაჭერი და წყლიანი დოქი ვნახე ახლოს. ქანცი გამომლეოდა და იმისი ფიქრის თავი არ მქონდა, ესენი აქ საიდან გაჩნდა-მეთქი. ჩქარა შევჭამე პური და წყალიც ხარბად დავაყოლე. ცოტა ხნის შემდეგ განვაგრძე ჩემი საპყრობილის მოკვლევა. დაბოლოს, როგორც იქნა, მოვაღწიე ჯვალოს ნაჭერს. ვიდრე დავეცემოდი, ორმოცდათორმეტი ნაბიჯი გადავითვალე, შემდეგ, ნაჭერს რომ მოვატანე - ორმოცდარვა. ამგვარად, სულ ასი; თუ იარდად ჩავთვლით ორ ნაბიჯს, მაშინ ჩემი დილეგის სიმრგვალე ორმოცდაათ იარდს უდრიდა. მაგრამ გზად რომ შევეჩეხე კედლის მრავალ კუთხეს, შეუძლებელი იყო დილეგის ნამდვილი წყობის დადგენა; და მაინც ვფიქრობდი, ეს ოთახი დილეგი იყო და სხვა არაფერი.
   აზრი აღარ ჰქონდა, აღარც იმედი ესაძირკვლებოდა ჩემს ძიებას. კვლევას ვაგრძელებდი რაღაც შეუცნობელი ცნობისწადილით. კედელს მოვცილდი, ბნელეთის პირდაპირ გადაჭრა გადავწყვიტე. დიდი სიფრთხილით მივაბიჯებდი პირველად. თუმცა იატაკი მკვიდრი მასალისა დაეგოთ, ვერაგულად კი მოლიპულიყო. დაბოლოს, ვაჟკაცობა მოვიკრიბე, მტკიცედ გადავდგი ფეხი; ვცდილობდი, რაც შეიძლება სწორზე მევლო. ათი თუ ოცი ნაბიჯი გავიარე, ამგვარად, მერე სამოსლის ნამუსრევში გავიბლანდე და წინ მოწყვეტით, თავქვე გადავვარდი.
   შეცბუნებულს არ შემიმჩნევია ერთი შემაშფოთებელი გარემოება, რამაც მერე, სულ მცირე ხნის შემდეგ მიიპყრო ჩემი ყურადღება, როცა ჯერ კიდევ წაქცეული ვიყავი. აი რა: ნიკაპი დილეგის იატაკისათვის დამებჯინა, ხოლო ტუჩებითა და სახის ზედა ნაწილით ვეღარაფერს ვგრძნობდი, ერთი სიტყვით, ნიკაპზე უფრო დაბლა დაშვებულიყო შუბლი, თითქოს რაღაც წებოვანი ბურით დამცვაროდა იგი. ხოლო ცხვირში გამომპალი ხავსის მძაფრი სუნი მცემდა. მკლავი გავმართე და მივხვდი, მრგვალი მთხრებლის ზედ კიდეზე დავცემულვარ-მეთქი, თავზარი დამეცა. იმწუთს, რაღა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო მთხრებლის სიღრმის განსაზღვრა, ხელით მოვსინჯე აგურით გაწყობილი კიდე და აგურისავე პატარა ნატეხი უფსკრულში ჩავუშვი. მრავალი წამი მესმოდა ღრმულის გვერდებს ჩასხლეტილის ხმაურობა. დაბოლოს გავიგონე წყლის ბოღმიანი ჩქაფუნი და მისი ხმამაღალი ექო. მაშინვე ჯახუნის ხმა ჩამომესმა, მალიად გაღებული და დაკეტილი კარი რომ გამოსცემს, ისეთი; სუსტმა ნათელმა გაიციალა ამ წყვდიადში და კვლავ ჩამობნელდა.
   ახლა კი კარგად მივხვდი, თუ რა მომელოდა, და მადლი შევწირე ამ ანაზდეულ შემთხვევას. კიდევ ერთი ნაბიჯი და გამოვესალმებოდი წუთისოფელს, და ეს იქნებოდა სწორედ ის სიკვდილი, რასაც, ასე მეგონა, მხოლოდ ინკვიზიციის გამო შეთხზულ ზღაპრებში მოგვითხრობდნენ. ტირანიის მსხვერპლს განა ჰქონდა რამე სხვა არჩევანი, გარდა ორისა: საშინელი ფიზიკური გვემით სულის ამოხდომა ან უმძიმესი ზნეობრივი წვალებით მოკვდინება? სწორედ ამისთვის მე ვიყავი შემონახული. ამდენი ვაების შემდეგ ნერვები მქონდა დაწყვეტილი, საკუთარი ხმისაც კი მეშინოდა. ჩემზე უფრო შესაფერისს ვისღა ნახავდნენ საწამებლად.
   თავით ფეხამდე აკანკალებული, ხელის ცეცებით მივიკვლევდი კედლისკენ უკანდასახევ გზას - იქ დაღუპვა სჯობს-მეთქი, ვიდრე დარჩენა ამ შემზარავ ორმოებთან, რომლებიც, ახლა ასე წარმომედგინა, აუარება იყო და დილეგის ყოველ მხარეს დაეტანებინათ. სხვაგვარ სულიერ განწყობის ჟამს მეყოფოდა ვაჟკაცობა და უცებვე მოვუღებდი ბოლოს ჩემს ტანჯვა-წამებას. მაგრამ ახლა ჩემნაირ მხდალს ძნელად თუ ნახავდა კაცი. კიდევ ისიც მახსოვდა, რაც ამ ჭებზე წამეკითხა და იქ მეყსეული სიკვდილის იმედი არ მქონდა.
მღელვარებამ თვალები ამომიღამა. მერე, როგორც იქნა, კვლავ ჩავთვლიმე, გამოღვიძებულმა ისევ ვნახე პური და წყლიანი დოქი. მწყუროდა და ხახა გამშრობოდა, ჭურჭელი ერთი ყლუპით გამოვცალე, წყალი კი წამალშერეული იყო, რადგან დავლიე თუ არა, ძილად მიმაგდო. მკვდარივით დამძინებოდა თურმე. რამდენ ხანს ვიყავი ასე, რაღა თქმა უნდა, არ ვიცი. მაგრამ თვალი რომ გავახილე, ბრჭყვიალა ნათელი მოიღვრებოდა, საიდან - ჯერ ვერ გავარჩიე, და გამომზეურდა დილეგის ზომა და წყობა.
   თურმე სულ მცდარად წარმომიდგენია მისი მოცულობა. ოცდახუთ იარდსაც არ აღემატებოდა მთელი კედლის სიმრგვალე. რამდენსამე წუთს ამის გამო სულ ამაოდ ვშფოთავდი; მართლაც, ამ შემზარავ ადგილს ჩაგდებული კაცი ხომ ყველაზე ნაკლებ უნდა ავეღელვებინე დილეგის ზომას? მაგრამ ძალიან მინდოდა გამეგო, გამოთვლებში რა შეცდომა მომივიდა. დაბოლოს მივხვდი სინამდვილეს. პირველი ცდისას, ვიდრე დავეცემოდი, ორმოცდათორმეტი ნაბიჯი დავითვალე და თითქმის დამიმთავრებია დილეგის წრიულად შემოვლა, ასე რომ, ჯვალოს ნაჭერს ერთი თუ ორი ნაბიჯით უნდა ვყოფილიყავი დაცილებული, მერე კი დამძინებია და რომ გამოვიღვიძე, თურმე უკანვე გამოვბრუნებულვარ. ამგვარად, ორჯერ უფრო მეტი მეგონა დილეგის ზომა. გონდაბნეულს ვერ შემიმჩნევია: პირველი ნაბიჯები რომ გადავდგი, კედელი ხელმარცხნივ იყო, ხოლო შემდეგ - მარჯვნივ.
   საპყრობილის წყობაშიც მოვტყუებულვარ ასევე. გზად მრავალ კუთხეს გადავაწყდი და დილეგის უდიდესი უსწორობა ამიტომ დავასკვენი. ასე მოქმედებს თურმე ძალისა და ლეთარგიისაგან გამორკვეულ კაცზე ღამეული წკვარამი! კუთხეები იყო ერთმანეთთან სხვადასხვა მანძილით დაცილებული, მცირეოდენავ შეწეული ალაგები. ციხის საერთო წყობა ოთხკუთხა აღმოჩნდა. ადრე რომ ქვის კედლად მივიჩნიე, სინამდვილეში იყო რკინის თუ რაღაც სხვა ლითონის დიდრონფილოვანი ზღუდე და ის შეწეული ალაგებიც ამათ ნაკერს თუ ნაჭედს წარმოადგენდა. ცრურწმენებით გათანგულ ბერებს სანამდე ფანტაზია ეყოთ, მთელი დილეგის ლითონის პირი უხეშად მოეთხიპნათ უსაზარლესი და შემაძრწუნებელი ნახატებით. ჩონჩხისტანა თუ უფრორე რეალური სხვა სახის ეშმაკეულთა გამოსახულებანი გადაფენილიყო და დაემახინჯებინათ კედელი. საკმაოდ მკვეთრად აჩნდა ამ ურჩხულთა გარეხაზები, ოღონდაც საღებავი, ალბათ დილეგის ჰაერის გამოისობით, გაუფერულებული და გადღაბნილი ჩანდა. ახლაღა შევნიშნე - ქვით მოკირწყლული დილეგის შუაში ხახა დაეღო მრგვალკიდიან მთხრებლს, რომელსაც ამ ცოტა ხნის წინ გადავურჩი, მაგრამ ის იყო აქ ერთადერთი.
ყველაფერ ამას ვხედავდი ბუნდოვნად და ძლივს, რაკიღა ახლა, გამოღვიძების შემდეგ სხვანაირ ყოფაში ვიყავი. მთელი სიგრძით გაჭიმული, ზურგზე ვიწექი ხის დაბალ, ჩარჩოსმაგვარ რაღაც სადგამს მაგრად დაკრული, სხეულსა და ხელფეხზე მრავალგზის შემოეხვიათ მოსართავის მსგავსი გრძელი ღვედი და თავისა და მარცხენა მკლავის შეტოკებაღა შემეძლო, ასე რომ, წვალებითა თუ მოვახერხებდი ჩემ ახლოს იატაკზე დადგმული თიხის ჯამის მიწვდენას; დოქი კი წაეღოთ ჩემდა საზაროდ. ჩემდა საზაროდ-მეთქი; როგორც ჩანს, ჩემს მაწვალებლებს სურდათ წყურვილით დავმხრჩვალიყავი - ჯამზე დაეწყოთ წიწაკეულობით შეკაზმული ხორცი.
   ზემოთ ავიხედე: ოცდაათი თუ ორმოცი ფუტის სიმაღლეზე საპყრობილის ჭერს მივაპყარი მზერა. კედლების მსგავსი გაეკეთებინათ ისიც. მთელი ჩემი გულისყური მიიპყრო ერთ ფილაზე მიქელ-გაბრიელის უჩვეულო გამოსახულებამ . ისე კი დაეხატათ, როგორც საერთოდ ხატავენ ხოლმე, ოღონდაც ცელის მაგივრად - ერთი შეხედვით ასე მივამსგავსე - ხელთ ეპყრა დიდი ქანქარა, ისეთი, ძველებურ საათებში რომ გვინახავს. მაგრამ რაღაცამ მაიძულა უფრო გამოწვლილივით დამეთვალიერებინა ეს მანქანა. ზემოთ რომ ავიხედე (სწორედ მე მისწორდებებოდა), ასე დავლანდე, თითქოს ნელიად ამოძრავდა ქანქარა. სულ ცოტა ხნის მერე ცხადი შეიქნა - მოკლე-მოკლედ ინძრეოდა და, რაღა თქმა უნდა, დუნედ. რამდენსამე წუთს ძრწოლამორეული, უფრორე გაოცებული ვაკვირდებოდი. დაბოლოს, ამ უღონო მოძრაობის ცქერით მოღლილმა ჭერის სხვა ადგილებიც მოვათვალიერე.
   იატაკზე გაიხმაურა რაღაცამ. თურმე რამდენიმე ვეება ვირთხა დაწრიალებდა. ჩემგან ახლა ხელმარცხნივ მოქცეული სწორედ ამ მთხრებლიდან ამომძრვალიყვნენ. ჩემ თვალწინ გროვა-გროვად, მალ-მალე, ამოდიოდნენ, მსუნაგად წამოგზნებოდათ თვალები, ხორცის სუნზე მოიჩქაროდნენ. ძლივსღა შევძელი მათი მოგერიება.
ნახევარი, შეიძლება ერთი საათიც იყო გასული (დაახლოებითღა ვახერხებდი დროის აღქმას, ) როცა კვლავ ავიხედე მაღლა, ჩამაფიქრა და გამაოცა ერთმა გარემოებამ - თითქმის იარდი მომატებოდა ქანქარის ქანს და, რაღა თქმა უნდა, უკვე სწრაფად მოძრაობდა. მაგრამ მეტადრე იმან შემაშფოთა, თვალსაჩინოდ ჩამოშვებულიყო. ეს ამბავი ახლაღა შევნიშნე. გამოწვლილვით აღარ მოვყვები, თუ რა თავზარი დამეცა. ქანქარის ქვედა ნაწილი იყო ბრჭყვიალა ფოლადის ნამგალა მთვარე, რომლის ზემოთკენ წამახული წვეროები ერთიმეორეს, ასე, ერთი ფუტით დასცილდებოდა. ფოლადის ქვედა კიდე კი სამართებელივით აელესათ, ასე რომ, რაკიღა ზემოთკენ მსხვილდებოდა და მკვრივდებოდა, ვეებერთელა და მძიმე ჩანდა ეს მოწყობილობა. თითბრის სქელ ღეროზე იყო დამაგრებული და ასე შხუილით კვეთდა ჰაერს.
   ეჭვი აღარ მეპარებოდა: აი, თურმე რა მოემზადებინა ჩემთვის კაცის წვალებით გამოგონებაში გაწრთვნილ ბერის გონებას. ინკვიზიციის მსახურნი მიხვდნენ, უკვე ვიცოდი მთხრებლის საიდუმლო - მთხრებლისა, რომლის ხახა იმათ ელოდათ, ვინც ჩემსავით ურჩობას გაბედავდა, მთხრებლისა, ჯოჯოხეთის იმ ქვესკნელთაგანის, რომელსაც, ასე ამბობდნენ, იყო სატანჯავთა Ultima Thule. სრულიად შემთხვევით არ ჩავიჩეხე შიგ. კარგად ვიცოდი, აქ რას გაიხარებდნენ, როცა კაცი უცებ და სულ მოულოდნელად გადაეყრებოდა საწამებელ ხვანჯებს. მთხრებლში გადამზღვრევის ეშმასეული გეგმა რომ ჩაიშალა, სამაგიეროდ (რაღა ჩარა იყო) მელოდებოდა, სხვა უფრო მოწყალე სიკვდილი, მოწყალე! ამ გასაჭირში ამ სიტყვის მომგონებელს სახეზე ღიმის ნატამალმა გადამკრა.
   რაღა უნდა გითხრათ, რამდენი საათი, რამდენი გაუთავებელი საათი რა თავზარდაცემული და გულგახეთქილი ვთვლიდი ფოლადის მალ ქნევას! მისხალ-მისხალ, მცირეოდნავ ქვემოთ, სულ ქვემოთ ეშვებოდა შეუმჩნეველი, თითქმის სრულიად აღქმული მოძრაობით, საუკუნეები გასტანა ასე-მეთქი! დღეები გავიდა, შეიძლება მრავალი დღე გავიდა და აი ჩამოვიდა, უკვე დაჰქრის ჩემს ზემოთ, უკვე მომეახლა მწველი სუნთქვა, უკვე ნესტოებში მიღიტინებს პირწამახული ფოლადის სუნი. ვლოცულობ, ვევედრები ზეცას, უფრო ჩქარა, ნეტავ ჩქარა-მეთქი. მთლად გავხელდი, ზევით აჭრას ვლამობ და ამ მოქნეული, შესაზარელი იატაგანის შესახვედრად. და მერე უეცრად დავმშვიდდი, გავსწორდი, ღიმმოგვრილმა შევუცადე ციგლიგით მოახლოებულ სიკვდილს - ჯერ უნახავ სათამაშოების მომლოდინე ბალღივით.
   შემდეგ არაფერი მახსოვს, ისევ დავკარგე გრძნობა; ოღონდ მცირე ხნით - გონსმოსულმა შევნიშნე, მახვილი იოტისოდენითაც არ ჩამოშვებულიყო. მაგრამ შეიძლება უგონოდ კარგა ხანია ვიყავი და იქნებ, რაკიღა აქაურმა დემონებმა კარგა გულშეღონებული მნახეს, კიდევაც განგებ შეაჩერეს ქანქარის ვარდნა. ცნობას მოვედი და ხანგრძლივი მარხვაგამოვლილი კაცივით ვიგრძენი საშინელი - ჰოი, ენით უთქმელი დაღლა და უღონობა. ასეთ ტანჯვა-წამებაშიც კი საკვებს მოითხოვს კაცი. ღვედებით დაკრულმა რამდენადაც შემეძლო - ამ დროს მკლავი მეტკინა კიდეც - შორს გავიწვდინე მარცხენა ხელი. მოვხიკე ვირთხების მონარჩენი შეჭამანდის ნამუსრევი. ვიგემე თუ არა, რაღაც სიხარულის მაგვარი, რაღაც იმედი დამეუფლა. იმედს რა უნდა ჩემთან? როგორც ადრევე მითქვამს ამის გამო, ეს იყო რაღაც, მარადჟამ განუხორციელებელი, მრავალგზობას გაელვებული აზრის ნატამალი. ვგრძნობდი, ეს იყო სიხარული - იმედი, რომელიც, კარგადაც მივხვდი, დაიშრიტა ანთებისთანავე. მისი გაღვივების, შემოქცევის მცდელი ამაოდ დავშვერი. ნებისყოფის მთლად უქონელი გამხადა უსაზმო წამებამ, ჭკუანაკლული შევიქენი, გონებასუსტი.
   ქანქარის ქნევის სიბრტყესთან სწორი კუთხით დავეწვინე ჩემს მაწამებელს; პირდაპირ გულის მხარე ამოეღო მიზანში ნამგალა მთვარისებრ მახვილს. ძალუმად მსტვინავი, ამ რკინის კედლების დამანგრეველი ძალის მქონე, ოცდაათი თუ ორმოცი ფუტის სიგრძეზე გაქანებული შემზარავი ქანქარა. ვიდრე გამათავებდეს, სამოსლის ჩამოხევას მოუნდება რამდენიმე წუთს, ჯერ ეს გავიფიქრე, მეტისთვის ვაჟკაცობა არ მეყო. ჯიუტად ჩავჭიდებოდი ამ ფიქრს, ვითომც მას ჩაჭიდებული შევძლებდი მახვილის შეჩერებას. მაინც გადავდე თავი საფიქრებლად, რა ხმაურით ჩამიჭრის ნამგალა მთვარისებრი მახვილი სამოსს, რა ზარით აუწყებს ჩემს ნერვებს ეს ხახუნი ამ ამბავს-მეთქი. გამოწვლილივით ვფიქრობდი ამაზე, ვიდრე ზიზღმა გულისრევა არ მომგვარა.
   ქვემოთ, სულ ქვემოთ მოშხუის, შმაგის სიამოვნებით ვაკვირდები, ვუდარებ ერთიმეორეს ქანქარის ქნევასა და დაშვების სიჩქარეებს. მარჯვნივ - მარცხნივ - შორიშორი - ფართო-ფართოდ, თან ჭყივის ეშმაკეულივით! ვეფხვივით ეპარება გულს! რაღა დამრჩენია - ხან ვხარხარებ, ხან ვყმუი იმისდა კვალად, თუ რა გრძნობა მეუფლება.
   ქვემოთ, ცხადლივ და დაუნდობლად ქვემოთ! მკერდს სამი დუიმითღაა დაცილებული! მარცხენა მკლავის გათავისუფლებას გააფთრებით ვცდილობ, მხოლოდ იდაყვიდან ხელის მტევნამდე მაქვს შეხსნილი, ასე რო, ძლივსღა ვწვდებოდი ჯამს ჩემ ახლოს და მერე პირს, ეს იყო და ეს. იდაყვის ზემოთაც თუ ავიშვებ, იქნებ, ხელი წავავლო და შევაჩერო ქანქარა. ვაგლახ, ასევე შევაკავებდი მათით მოვარდნილ ზვავს!
   ქვემოთ - სულ შეუჩერებლივ ქვემოთ - სულ ჯიუტად ქვემოთ. ყოველ მოქნევაზე ვიგრიხები, სადგამს ვეკრობი. სასომიხდილი მივციებივარ მის აღმა-დაღმა ქროლვას; მის ყოველ დაღირებაზე დაუოკებლივ მეჭუტება თვალები, თუმცა ვიცი, სიკვდილშია შვება, ჰოი, ენით უთქმელი! მაგრამ თავით ფეხებამდე ვკანკალებ, როცა გავიფიქრებ; ძლივს შესამჩნევი რომელი მოძრაობით დამკრავს მკერდზე ამ მანქანების მოზიმზიმე პირბასრი ნაჯახი. ეს იყო იმედი, სულით ხორცამდე თრთოლვის მომგვრელი - სადგამმა დაიწია დაბლა?.. ეს იყო იმედი, იმედი ძელზე გასმულსაც რომ მიანიჭებს, ინკვიზიციის ხაროშიც სასოებას რომ მოაგებს სიკვდილმისჯილს.
ვხედავ, კიდევ ათი თუ თორმეტი მოქნევა და სამოსელზე შემეხება ფოლადი. ვხედავ და გულში ჩამიდგა უსასოობაგამჯდარი გამჭვირვალე სიმშვიდე. მრავალი საათის, იქნებ დღეების შემდეგაც მე დავიწყე ფიქრი. ახლაღა მომივიდა აზრად, თამასა თუ მოსართავი, რითაც შეკრული ვიყავი, ერთი მთლიანი ღვედი იყო. მხოლოდ ერთი ღვედით შევებოჭეთ და შეიძლება მახვილის პირველივე დარტყმა განივად მომხვდეს, გადაჭრას იგი და მაშინ მარცხენა ხელით განთავისუფლებას მოვახერხებ-მეთქი. მაგრამ ამ დროს რა შემზარავად მოიწევს ფოლადი! მცირეოდენი უზუსტობა, დამკრავს და იმავე წამს გამათავებს! განა არ განჭვრეტდნენ ამ ფიქრს ჩემი მაწამებლის თანაშემწეები და წინასწარვე არ დაიჭერდნენ თადარიგს? რაღა მაინცდამაინც მკერდს შემოჭერილი ღვედი დახვდება ქანქარის პირს? გული მელეოდა, ვაითუ გაცუდდეს ეს უღონო და, როგორც ჩანს, უკანასკნელი იმედი-მეთქი. იმდენზე წამოვწიე თავი, რომ კარგად შევძელი მკერდის დანახვა, ყოველ მხრივ გამოდიოდა ხელ-ფეხის და სხეულზე მოსართავი, გარდა იმ ადგილისა, სადაც იყო დამანგრეველი ნამგალი მთვარის მოსაქნევი სივრცე.
   თავი უკან რომ გადამივარდა, გამიელვა თუ, შეიძლება ასეც ითქვას - მქრქალი ნათელი მოიღო განთავისუფლების გზის ერთმა მონაკვეთმა, გაკვრით რომ აღვნიშნე ზემოთ; ერთიც ადრევე დავლანდე შორიშორ, როცა დასიცხულ ბაგესთან ლუკმა მიმქონდა. თუმცა, ეს გზა მთლიანად ახლა დავინახე, მაგრამ საძნელო, საეჭვო, ბუნდი ჩანდა. სასოებამიხდილი კაცის ნერვული გზნებით იმწუთას დავადექი ამ სავალს. მრავალი საათი, რაღაც ჩარჩოს მაგარ სადგამს დაკრული რომ ვიყავი, ჩემ გარშემო წრე დაერტყა ვირთხის ჯარს, მთლად დამშეულები, თავხედურად, ხარბად წამოგზნებული თვალებით მომჩერებოდნენ. აჰა, შევწყვეტდი თუ არა მოძრაობას, მათი საკბილო გავხდებოდი უსათუოდ. ნეტავ ამ ხაროში რას ჭამენ-მეთქი, ასე გავიფიქრე.
   ვეღარ მოვიცილე ისინი, ვერაფერს გავხდი, ჯამზე რაც იყო, სულ მოხოხნეს, ცოტაოდენიღა გადარჩათ. შეუჩერებლივ იმათ ზემოთ ვიქნევდი ხელს; ბოლოს ვეღარ ვიგერიებდი, რაკი აღარ აშინებდათ ეს ერთფეროვანი მოძრაობა ჩემი ხელისა. მსუნაგად აწრიალებულნი ხანდახან თითებზეც გამომკრავდნენ წამახულ კბილს. ქონიანი და ცხარედ შეკაზმული შეჭამანდის ნარჩენებს სადაც კი მივწვდი, ავიღე და საგულდაგულოდ წავუსვი ღვედს; შემდეგ იატაკს მოვაცილე მკლავი და გავისუსე.
   მოძრაობა რომ შევწყვიტე, გაოგნდნენ და ზაფრა დასცათ პირველად ამ ცვლილებამ დილეგის მსუნაგ ბინადართ. ზარდაცემულნი უკანვე მიაწყდნენ; ბევრიც მთხრებლში ჩაიმალა. მაგრამ სულ მალე გაუარათ შიშმა. ამ პატარა ცხოველთა მსუნაგობის იმედი არ გამცრუებია. ძვრა ვეღარ შემატყვეს და ერთი თუ ორი, ყველაზე უშიშო ამოახტა სადგამს და მოსართავი მოყნოსა. თითქოს ეს დიდი შემოსევის ნიშანი იყო, მოჯარადნენ მთხრებლით ახალ-ახალი გროვები, სადგამის ხეს მოებღაუჭნენ, მოზღვავდნენ, ასობით შემომახტნენ სხეულზე. ქანქარის გამოზომილი ქნევა არაფრად ჩაეგდოთ. მახვილს რომ აიცილებდნენ, იმწუთას მოაშურებდნენ ქონწასმულ ღვედს. ძიძგილაობით, ჯგვლემით ყირას გადადიოდნენ, ყელზე დამეხვივნენ, ბაგე-პირზე მეხებოდა იმათი ტუჩები; კინაღამ გავიგუდე ვირთხის ჯარის დაწოლით; ენით უთქმელმა ზიზღმა მთლად შემიბოჭა მკერდი, გულმა რეჩხი მიყო. წუთიც და, ყველაფერი გათავდა. ნათლად ვიგრძენი, როგორ ამიშვა ღვედმა, ვიცოდი, უკვე მრავალ ადგილას იყო გადაწყვეტილი, ზეკაცური ძალისხმევით გაუნძრევლად ვიწექი.
   არც შევმცდარვარ, არც ამაოდ დამითმენია. თავისუფალი ვიყავი. მოსართავი ახლა სხეულზე ნაკუწ-ნაკუწ დამკიდებოდა. მაგრამ უკვე მკერდზე მეხებოდა ქანქარის მახვილი, ჯვალოს სამოსელი ჩამიჭრა. პერანგსაც, ჩამოაღწია, დაჰკრა ისევ, და მწველმა ტკივილმა დამიარა თავით ფეხებამდე. მაგრამ ნავსი გატყდა. ხელი ავიქნიე და დამფრთხალი ჩემი მხსნელები დავიფრინე. თანაბარზომიერი, ფრთხილი მოძრაობით გვერდულად და უკან გამოვუსხლტი ღვედის ნაგლეჯს, ასე ავიცილე მახვილი. დაბოლოს, თავისუფალი ვიყავი!
   თავისუფალი - და ინკვიზიციის ხელში! ჩამოვდგი თუ არა ფეხი დილეგის იატაკზე ჩემი შემზარავი ხის სარეცლიდან, მაშინვე მინელდა ხმაური ამ ჯოჯოხეთური მანქანისა და თვალი მოვკარი, თუ როგორ აათრია ჭერში რაღაც უჩინარმა ძალამ. მთლად დამაკარგვინა სასოება ამ ამბავმა. დაკვირვებული თვალი მომჩერებოდა, თქმა არ უნდა, თავისუფალი! ერთ სიკვდილს გადავურჩი, საკიდელზე უარეს რასმე რომ გადავყროდი მერე. ამ ფიქრით აფორიაქებულმა მოვათვალიერე გარს მოჯარული რკინა. ჯერ ნათლად ვერ ვარჩევდი, რაღაც, რაღაც ცვლილება დასტყობოდა დილეგს. მრავალი წუთი ძრწოლაატანილი სიზმარმორეული კაცივით მომიცვა უსაგნო, შეუსაბამო ფიქრებმა. მივხვდი, თუ საიდან მოდიოდა ეს მოელვარე ნათება, თურმე მოიღვრებოდა ნახევარდუიმიანი ხვრელიდან, რომელიც მთელ სიმრგვლეზე გასდევდა დილეგს. ამგვარად, რკინის ეს ზღუდე იატაკს სრულიად აცილებოდა. შევიჭვრიტე ამ ნაპრალში, მაგრამ ვერაფერი დავინახე.
საიდუმლოს ამოხსნას რომ ვლამობდი, გავსწორდი და უცებ მივხვდი აქ მომხდარ ცვლილებას. უკვე გითხარით, თუმცა კედლების ნახატთა გარეხაზები საკმაოდ კარგად ჩანდა, მაგრამ იმათ საღებავს მრუმე მოსძალებოდა და გადაღამებულიყო-მეთქი. ახლა კი ეს ფერები ყოველ წამს უფრო და უფრო შემაძრწუნებელად და თვალისმომჭრელად ბრკიალებდა. სიზმარეული და ეშმასეული გამოსახულებანი ახლა ჩემზე უფრო მაგარ კაცსაც დასცემდა ზაფრას. ყოველი, ყოველი მხრით, იქიდანაც, საიდანაც აქამომდე არაფერი ჩანდა, ახლა მოელავდა შესაზარელი და დიდი სიცხოველით ანთებული დემონისეული მრავალი თვალი, მოიგზნებოდნენ ქუში ცეცხლის ენები, რასაც ვერასგზით შევარქმევდი არარეალურს!
   არარეალურს! აკიღა მთლად მომეახლა გავარვარებული რკინის სუნთქვა! სულის შემხუთველი ორთქლით გაივსო დილეგი! სულ უფრო მეტად დაიგზნო ჩემი ტანჯვის მაცქერალი თვალები! ხვავრიელმეწამულისფრად აივსო იმ შემზარავი, სისხლოვანი სურათების ყოველი სახე. სუნთქვა მეკვროდა! ვიგუდებოდი უჰაერობით! ნათელი გახდა ჩემი მაწამებლების განზრახვა, ჰაი, რა დაუნდობლები იყვნენ, ჰაი, ავისმქნელთაგან უგულშავესნი! დილეგის შუაგულისკენ გავუსხლტი მხურვალე ლითონს. ცეცხლი რომ შემხანხლავდა. ამ ფიქრის წიაღ სალბუნად მომეახლა აზრი - მთხრებელის სიგრილის მაცნე. მივიჭერ მის მომაკვდინებელ კიდესთან. მის სიღრმეს მისწვდა განწირული მზერა. გავარვარებული ჭერის ნათებას გამოეჩინა ყოველი იდუმალება ჯურღმულისა, ამ შემზარავ წამს სულმა და გულმა ვერ აღიქვა იმისი მნიშვნელობა, რაც ვიხილე. დაბოლოს იმან იძალა.. ჩამოიმზღვრა სულში.. წამომინთო გონება. ჰოი, ხმას ვეღარ ვიღებ! ჰოი, შემზარაობა! ჰოი, შემზარაობა ჯერარნახული! ყვირილით უკანვე მოვაწყდი და მწარედ ავქვითინდი სახეზე ხელებაფარებული.
   მალე უფრო ჩამოცხა. ციებცხელებიანივით აკანკალებულმა ისევ ავიხედე მაღლა. კიდევ ერთი ცვლილება დასტყობოდა დილეგს - ნამდვილად შეცვლილიყო მისი წყობა. მაგრამ წეღანდელივით ვერაფერს ვხდებოდი ჯერ. სულ მალე გავიგე ყველაფერი. ინკვიზიტორები ჩქარობდნენ შურისგებას. რაკიღა ორგზის დავაღწიე თავი სასიკვდილო ხლართებს, უკვე სახუმაროდ აღარ ეცალა საზაროებათა მეუფეს. საპყრობილე იყო ოთხკუთხა. ახლა კი რკინის ორი კუთხე ალესილიყო, ორიც, შესაბამისად, გაშლილიყო. ეს შემზარავი სხვაობა მალიად მატულობდა ყრუ გრუხუნით თუ ხვნეშით. დილეგმა იმწუთას მიიღო რომბისებური სახე. აღარც იმედი მქონდა იმისი შეჩერებისა, აღარც სურვილი. ჩავეხვევინებოდი ამ წითელ ფილებს, როგორც მარადიული მყუდროების საუფლოს. „დაე, მოვკვდე, - ასე ვჩურჩულებდი, - ოღონდ მთხრებლში არა“. სულელი! სწორედ იქ გადამჩეხავდა გავარვარებული რკინა; ნუთუ ამას ვეღარ ვხვდებოდი? გადავურჩებოდი კი ამ სიცხეს? ასეც რომ არ ყოფილიყო, გავუძლებდი კედელთა მარწუხებს? და ახლა სულ, სულ უფრო ვიწროვდებოდა ეს რომბი, ისე სწრაფად, რომ ფიქრის დრო აღარ იყო. კედლები შუაგულისკენ მოიმართებოდნენ, სწორედ აქეთ, სადაც ხახა დაეღო უფსკრულს. უკანვე მოვაწყდი... დაუნდობლად ისევ წინ გამიგდეს. დაბოლოს დათუთქულს, გაწამებულს მყარი იატაკის მტკაველიც აღარ დამრჩენოდა ფეხის მოსაკიდებლად. აღარ ვიბრძოდი, მაგრამ გვემა სულისა შენივთდა აღსასრულის მაუწყებელ ხმამაღალ, ხანგრძლივ, უკანასკნელ ყვირილად, ვგრძნობდი, სწორედ კიდეზე ვტორტმანებდი... ამოვატრიალე თვალები.
   ხალხის შეუწყობელი ხმა გაისმა: ზათქი და ზარი შეიქნა ბუკთა ცემისა! თითქოს ათასი მეხივით მკვეთრად დაჰკრეს ზღუდეს! უკუმიიქცა ცეცხლოვანი კედელი! უფსკრულში რომ უნდა გადავშვებულიყავი ცნობამიხდილი, მკლავზე ხელი მტაცეს. გენერალ ლასალის მარჯვენამ დამიხსნა. ფრანგის ჯარს აეღო ტოლედო. მტერს დაეტყვევებინა ინკვიზიცია.

ნახვა: 1707

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters