ფიოდორ დოსტოევსკი - ორეული

თავი I

   რვა საათს ბევრი აღარაფერი უკლდა, როცა ტიტულარული მრჩეველი იაკობ პეტრეს ძე გოლიადკინი ხანგრძლივი ძილისაგან გამოერკვა, დაამთქნარა, გაიზმორა და ბოლოს თვალიც გაახილა. თვალი კი გაახილა, მაგრამ ორიოდე წუთს ისევ გაუნძრევლად იწვა; თითქოს ბოლომდე ვერ დარწმუნებულიყო, ნამდვილად გაეღვიძა თუ ჯერ კიდევ ეძინა; ცხადლივ ხედავდა ყოველივეს, რაც მის გარშემო ხდებოდა თუ კვლავ აბურდულ-დაბურდულ სიზმარულ ჩვენებებში იყო გახვეული. თუმცა სულ მალე ბატონი გოლიადკინის შეგრძნებები უფრო ცხადად გამოიკვეთნენ და გარკვევით აღიქვეს ჩვეული შთაბეჭდილებანი. კარგი ნაცნობებივით შეაცქერდნენ პატრონს პატარა ოთახის ჩაჟამებული, გაჭვარტლულ-შემტვერილი კედლები, წითელი ხის კომოდი, წითელხეგადაკრული სკამები, წითლად შეღებილი მაგიდა, მოწითალო მუშამბის თურქული დივანი, მწვანე ყვავილებით რომ იყო მოჩითული, და წუხელ ნაჩქარევად გახდილი, დივანზე მიყრილ-მოყრილი ტანისამოსი. დაბოლოს, გაზაფხულის ცრიატმა და ჭუჭყიანმა დღემ ისე მწყრალად, და ისეთი მჟავე პირისახით შემოიხედა დამტვერილი ფანჯრიდან, რომ ბატონ გოლიადკინს ეჭვიც აღარ შეჰპარვია, რომ სადღაც ცხრა მთას იქით კი არა, არამედ სანკტ-პეტერბურგში, სატახტო ქალაქში, შესტილავოჩნის ქუჩაზე, ერთი უშველებელი კაპიტალური სახლის მეოთხე სართულზე, თავის საკუთარ ბინაში იმყოფებოდა. ამ დიდმნიშვნელოვანი აღმოჩენის შემდეგ ბატონმა გოლიადკინმა სიმწრით დახუჭა თვალი, თითქოს წუხანდელ სიზმართან განშორება დაენანა და მოინდომა ერთი წამით მაინც დაებრუნებინა. მაგრამ მცირე ხნის შემდეგ მკვირცხლად წამოხტა საწოლიდან, თითქოს იმ იდეისთვის მიეგნოს, რომელსაც აქამდე უტრიალებდა მისი დაბნეული, აწეწილ-დაწეწილი ფიქრები. წამოხტა თუ არა საწოლიდან, იმწამსვე კამოდზე მდგარ პატარა, მრგვალ სარკეს ეცა და თუმცაღა სარკეში არეკლილი ნამძინარევი, ბრუტიანი სახე და გვარიანად შემელოტებული თავი იმდენად უმნიშვნელო შესახედაობისა გახლდათ, რომ კაცს მასზე თვალი არ დარჩებოდა, მისი პატრონი, როგორც ჩანს, სარკეში დანახულით მაინც დიდად ნაამები დარჩა. „რა ოინი იქნებოდა, – ჩაილაპარაკა ბატონმა გოლიადკინმა, – რა ოინი იქნებოდა, დღეს რომ რამე უსაშველო დამმართოდა, მუწუკი გამომსვლოდა, მაგალითად, ანდა რაიმე უბედურებას გადავყროდი! მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით არა მიშავს რა. ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა. „გახარებულმა, ყველაფერი რიგზეაო, სარკე თავის ადგილას დადო, თავად კი, თუმცა ჯერ ისევ ფეხშიშველა და ღამის პერანგისამარა იყო, ფანჯარასთან მიირბინა და დიდი გულისყურით დაუწყო რაღაცას ეზოში თვალიერება. როგორც ჩანდა იმანაც ძალიან გაახარა, რაც ეზოში დაინახა, სახე თვითკმაყოფილმა ღიმილმა გაუნათა. მერე ტიხარს იქით თავისი კამერდინერის, პეტრუშკას სადგომში შეიხედა და როცა მიხვდა, რომ პეტრუშკა იქ არა ბრძანდებოდა, თითისწვერებზე მიცუნცულდა მაგიდასთან, უჯრა გამოაღო, კარგა ხანს აფათურა ხელი მის კუთხე-კუნჭულში და ბოლოს, როგორც იქნა, გაყვითლებული ქაღალდებიდან რაღაც ძველა-ძულიდან მწვანე, გაცვეთილი საფულე დააძრო, დიდი სასოებით გახსნა და ნეტარებით ჩაიხედა სულ უკანა, საიდუმლო ჯიბეში. ეტყობოდა, წითელმა, რუხმა, მწვანე და სხვა ნაირფერი ქაღალდების დასტამაც ძალზე კეთილად და გამამხნევებლად გაუღიმა ბატონ გოლიადკინს. სახეგაბრწყინებულმა მაგიდაზე წინ დაიდო გახსნილი საფულე და უდიდესი სიამოვნების ნიშნად ხელები მოიფშვნიტა. მერე ამოიღო ნუგეშისმომცემი და სიამისმომგვრელი სახელმწიფო ასიგნაციების დასტა და გუშინდელს აქეთ უკვე მეასეჯერ გადათვალა, საგულდაგულოდ სრესდა ცერსა და სალოკ თითს შუა ტკიცინა ქაღალდებს. „შვიდასორმოცდაათი მანეთის ასიგნაცია!“ – ჩურჩულით დაასრულა თვლა. „შვიდას ორმოცდაათი მანეთი... გვარიანი თანხაა, სასიამოვნო თანხაა“. – განაგრძობდა აკანკალებული, კმაყოფილებისაგან ცოტა არ იყოს მისუსტებული ხმით, თან ხელში ბღუჯავდა დასტას და მრავალმნიშვნელოვნად იღიმებოდა: „ერთობ სასიამოვნო თანხაა! ვის არ ესიამოვნება! ერთი იმ კაცისთვის შემახედა, ვინც ამ თანხას არაფრად ჩააგდებს! ამ თანხის პატრონი არსად დაიკარგება...“

„მაგრამ ეს რასა ჰგავს?გაიფიქრა ბატონმა გოლიადკინმა – ეს პეტრუშკა სად ეშმაკებში დაიკარგა?!“ და ჯერ ისევ პერანგისამარამ ხელახლა შეიხედა ტიხარს იქით. პეტრუშკა არსად ჩანდა, იქ მხოლოდ ღვთის ანაბარად მიტოვებული სამოვარი ცხარობდა და თუხთუხებდა, გულს ასკდებოდა და გაცეცხლებული სხაპასხუპითა და ენის ჩლექით რაღაცას ებურტყუნებოდა ბატონ გოლიადკინს თავის გაუგებარ ენაზე; იმას თუ ჩიოდა, – მომხედეთ თქვე დალოცვილებო, რა ხანია ვდუღვარ და გადმოვდივარო.

„ეშმაკმა წაიღოს მაგისი თავი! – გაიფიქრა ბატონმა გოლიადკინმა. – ეს უქნარა, ეს ნადირი, ბოლოსდაბოლოს მოთმინებიდან გამოიყვანს კაცს! სად ოხრობაში დაეხეტება?“ სამართლიანი გულისწყრომით აღვსილი ბატონი გოლიადკინი გავიდა ერთი ციცქნა დერეფანში და წინკარისაკენ გასწია. ოდნავ შეაღო კარი და თვალი მოჰკრა თავის მსახურს, გარშემორტყმულს შინაური და გარეშე, საიდანღაც შემოხეტებული ლაქიების ბრბოთი. პეტრუშკა რაღაცას ყვებოდა, სხვები კი უსმენდნენ. როგორც ჩანდა, ბატონ გოლიადკინს არც საუბრის თემა ეპიტნავა და არც თვით საუბარი. დაუყოვნებლივ უხმო პეტრუშკას და უკმაყოფილო, ხასიათწამხდარი შებრუნდა ოთახში. „ეს ღვთისგარეგანი ორ შაურად გაყიდის კაცს, მით უფრო პატრონს! – გაიფიქრა გულში, – გამყიდა, ნაღდად გამყიდა, სანაძლეოს დავდებ, გროშის ფასად გამყიდა... რა ვქნა ახლა?... „

ლივრეა მოიტანეს, ბატონო.

– ჩაიცვი და მაშინვე აქ გაჩნდი. ლივრეაში გამოწყობილი პეტრუშკა ბრიყვული ღიმილით შევიდა ბატონის ოთახში. ძალზე უცნაურად გამოიყურებოდა ასერიგად ჩაცმული. მწვანე, კარგა მაგრა შელანძღულ ლაქიის ლივრეას ოქრომკედი გახუნებოდა და შემოსძენძოდა; აშკარა იყო, რომ თავის დროზე იგი პეტრუშკაზე მთელი არშინით მაღალი კაცის ტანზე შეეკერათ, ხელში ასევე ოქრომკედით მოსირმული და მწვანე ფრთებით შემკული შლაპა ეჭირა, გვერდზე ლაქიის ტყავისქარქაშიანი ხმალი ეკიდა.

   ყველაფერთან ერთად პეტრუშკა, მუდამ შილიფად რომ იყო დაჩვეული ოთახში სიარულს, ახლაც ფეხშიშველა შემოტანტალდა. ბატონმა გოლიადკინმა აათვალ-ჩაათვალიერა თავისი მსახური და, როგორც ჩანს, კმაყოფილი დარჩა. აშკარა იყო, რომ ლივრეა რაღაც საზეიმო შემთხვევისათვის ჰქონდათ ნაქირავები; დაკვირვებული კაცის თვალს ისიც არ გამოეპარებოდა, რომ ამ დათვალიერებისას პეტრუშკა რაღაც უცნაური მოლოდინით მიშტერებოდა ბატონს და უჩვეულო ცნობისმოყვარეობით ადევნებდა თვალს მის ყოველ მოძრაობას, რაც ძალზე უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა ბატონ გოლიადკინს.

– კარეტის საქმე როგორაა?

– კარეტაც მოვიდა.

– მთელი დღით?

– მთელი დღით. ოცდახუთად გავურიგდი.

– ჩექმებიც მოიტანეს?

– ჩექმებიც მოიტანეს.

– ბრიყვი! განა იტყვის გაახლესო. მოიტა აქ!

ნაამებმა, რომ ჩექმები კარგად მოერგო, ბატონმა გოლიადკინმა უბრძანა პეტრუშკას, ჩაი მიერთმია და პირსაბანი და საპარსი მოწყობილობა მოემზადებინა. დიდი გულმოდგინებით გაიპარსა და დაიბანა პირი, ხელდახელ გადაკრა ჩაი და მთავარ საქმეს – მორთვა-მოკაზმვას შეუდგა. თითქმის მთლად ახალი პანტალონი ჩაიცვა, ბრინჯაოსღილებიანი გულისპირი გაიკეთა, ზემოდან ღაღანა ყვავილებით მოჩითული ჟილეტი მოიცვა, ყელზე ჭრელი აბრეშუმის ჰალსტუხი მოირგო და ბოლოს ახალთახალი, საგულდაგულოდ გაკრიალებული ვიცმუნდირიც შემოიცვა. იცმევდა და თან ალერსიანად დაჰყურებდა თავის ჩექმებს, ხან ერთ ფეხს ასწევდა, ხან მეორეს, ტკბებოდა მათი მოხდენილი თარგით და ცხვირში რაღაცას თავისთვის დუდღუნებდა, შიგადაშიგ თვალსაც ჩაუკრავდა ხოლმე მნიშვნელოვნად თავის გულისნადებს. ეს კია, რომ ამ დილით ბატონი გოლიადკინი ერთობ დაბნეული ჩანდა, იმასაც კი ვერ ამჩნევდა, როგორ ებრიცებოდა და ეჭყანებოდა ჩუმჩუმად პეტრუშკა, თან ვითომ ჩაცმაში შველოდა. ბოლოს, როგორც იქნა, დაამთავრა მორთვა, ყველაფერი შეისწორა და კოხტად მოირგო, საფულე ჯიბეში ჩაიდო, კიდევ ერთხელ აათვალიერა მოწონებით პეტრუშკა, რომელსაც ჩექმები ჩაეცვა და, ამრიგად, ისიც მთლად გამოწყობილიყო; რაკიღა გული შეაჯერა რომ ყველაფერი რიგზე იყო, რომ დახანება არ ეგებოდა, აჩქარებით, ფაციფუცითა და გულის კანკალით დაეშვა კიბეზე. პარმაღს დგრიალით მოადგა ცისფერი, რაღაც ღერბებით დამშვენებული კარეტა. პეტრუშკამ თვალი ჩაუკრა მეეტლესა და შორიახლო მდგარ უსაქმურებს, თავისი ბატონი კარეტაში ჩააბრძანა და ნაძალადევი რიხით, ისე რომ ბრიყვულ სიცილს ძლივს იკავებდა, მეეტლეს შეუძახა, – გასწიო. მერე თვითონაც უკანა საფეხურს შეახტა და მთელი ეს ბრწყინვალება ერთი ამბით-გრიალით, ჟღრიალითა და ჭრიალით გაქროლდა ნევის პროსპექტისაკენ. ის იყო, რომ ცისფერი ეკიპაჟი ჭიშკარს გასცდა, რომ ბატონი გოლიადკინი ხელების ფშვნეტასა და ჩუმჩუმად ხითხითს მოჰყვა, როგორც კაი გუნების კაცს სჩვევია ხოლმე, როცა რაიმე საქმეს მოაკვარახჭინებს და სიხარულისაგან ფეხზე ვეღარ დგას. მაგრამ ხალისიანმა განწყობილებამ ბატონ გოლიადკინს მალე გაუარა. რაღაც უცნაური შეშფოთება გამოეხატა სახეზე. მიუხედავად უჟმური და ნესტიანი ამინდისა, მან კარეტის ორივე სარკმელი ჩამოსწია და დაჟინებით დაუწყო თვალიერება გამვლელ-გამომვლელს. როგორც კი მისკენ მიპყრობილ მზერას შენიშნავდა, მყისვე დარბაისლურ და ღირსებით სავსე კაცის სახეს მიიღებდა ხოლმე. როცა ლიტეინიდან ნევის პროსპექტზე გაუხვიეს, რაღაც ძალზე უსიამოვნო გრძნობამ შეაკრთო იგი და სახე დაღრეჯილი, თითქოს ანაზდად კოჟრიან თითზე ფეხი დაადგესო, შიშნეულად მიაწყდა ეკიპაჟის ყველაზე ბნელ კუნჭულს. საქმე ის გახლდათ, რომ მისი მზერა შეეფეთა ორ ახალგაზრდა ჩინოვნიკს, ორ თანამშრომელს იმ უწყებიდან, სადაც თავად მსახურობდა. ჩინოვნიკებიც, როგორც ბატონ გოლიადკინს მოეჩვენა, დიდად განაცვიფრა მათი თანამშრომლის ამ ყოფაში ხილვამ. ერთმა თითიც კი გაიშვირა ბატონი გოლიადკინისაკენ; ბატონ გოლიადკინს მოეყურა კიდეც, რომ მეორემ ხმამაღლა დაუძახა სახელი, რაც, რაღა თქმა უნდა, ქუჩაში დიდ უგვან საქციელად ჩაითვლებოდა. ჩვენი გმირი გაიტრუნა და არ გაეხმიანა. „რა თავს იგდებენ!“ – გააბა სჯა-ბაასი თავისთვის. – „რა მოხდა, კაცი ეკიპაჟში ზის, რა არის აქ გასაკვირი; დასჭირდა კაცს ეკიპაჟი და დაიქირავა კიდეც. ფუჰ! კარგად ვიცნობ მაგათ, მაგ ბიჭ-ბუჭებს! პირზე რძე არ შეშრობიათ! მაგათი საქმე ფულაობა და აქეთ-იქით წანწალია, თუკი ჯიბეში რამე უჭყავით. ვეტყოდი საკადრისს, მაგრამ...“ ბატონ გოლიადკინისათვის კარგად ნაცნობი მოხდენილი წყვილი ცხენი კოხტა დროჟკაში შებმული მარჯვენა მხრიდან გაუსწორდა მის ეკიპაჟს. დროჟკაში მჯდარმა კაცმა ანაზდად მოჰკრა თვალი ბატონ გოლიადკინს, რომელსაც სიფრთხილე დავიწყებოდა და კარეტის სარკმლიდან გამოეყო თავი, კაცი ძალზე განაცვიფრა ამ მოულოდნელმა შეხვედრამ, რამდენადაც შეეძლო გადაიხარა და დიდი ცნობისმოყვარეობითა და თანაგრძნობით შეიხედა კარეტის იმ კუნჭულში, სადაც ჩვენ გმირს ის იყო მოესწრო მიმალვა. დროჟკაში მჯდარი კაცი ანდრეი ფილიპოვიჩი გახლდათ, განყოფილების გამგე იმ უწყებისა, რომელშიც ბატონი გოლიადკინი მაგიდის უწყების თანაშემწედ ირიცხებოდა. როცა ბატონი გოლიადკინი მიხვდა, რომ ანდრეი ფილიპოვიჩმა აშკარად იცნო იგი, თვალს არ აშორებს და დამალვა უკვე გვიანია, ჭარხალივით გაწითლდა. „მივესალმო თუ არა? შევეხმიანო თუ არა? გამოვააშკარავო თავი თუ არა? – ფიქრობდა სასოწარკვეთილი ჩვენი გმირი. „ხომ არ სჯობია, ისე დავიჭირო თავი, თითქოს მე კი არა ვარ, არამედ ვიღაც სხვა, ორი წვეთი წყალივით ჩემი მსგავსი, თავიც ისე მოვაჩვენო ვითომ არაფერი მომხდარიყოს. სწორედაც რომ მე არა ვარ, არა ვარ, მორჩა და გათავდა“. ამბობდა ბატონი გოლიადკინი და თან შლაპას უხდიდა და თვალმოუშორებლივ შესცქეროდა ანდრეი ფილიპოვიჩს. „მე რა, მე არაფერი, – უღონოდ ჩურჩულებდა იგი, – სულაც არაფერი, ეს მე არა ვარ, არა ვარ, მორჩა და გათავდა.“ მაგრამ მალე დროჟკამ გაუსწრო კარეტას და უფროსის მზერის ანდამატური ძალაც განქარდა. თუმცაღა გოლიადკინს სახეზე ისევ ალმური ასდიოდა, ისევ იღიმოდა და რაღაცას ბურტყუნებდა თავისთვის. „ეს რა სიბრიყვე მომივიდა, რომ არ შევეხმიანე, – გაიფიქრა ბოლოს, – თამამად და ლაღად უნდა დამეჭირა თავი, როგორც კეთილშობილ კაცს შეჰფერის; ასე და ასე მეთქი, ანდრეი ფილიპოვიჩ, ჩვენც სადილზე გახლავართ მიპატიჟებული, ბატონო, მეტი არაფერი-მეთქი“, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ჩაფლავდა, ჩვენ გმირს სახეზე ცეცხლი წაეკიდა, წარბები შეჰყარა და კარეტის მოპირდაპირე კუთხეს ისეთი გამანადგურებელი მზერა ესროლა, თითქოს ნაცარტუტად უნდოდა ექცია თავისი ყველა მტერი. უეცრად, რაღაცით შთაგონებულმა, მეეტლის მკლავზე გამობმული ზონარი მოქაჩა, კარეტა გააჩერებინა და უკან, ლიტეინისაკენ უბრძანა მობრუნება. საქმე ის გახლდათ, რომ ბატონ გოლიადკინს, ეტყობა საკუთარი თავის დასამშვიდებლად დაუყოვნებლივ მოუნდა, რაღაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეცნობებინა თავისი ექიმის, კრესტიან ივანოვიჩისათვის. და თუმცა დიდი ხანი არ იყო, რაც კრესტიან ივანოვიჩს იცნობდა, მხოლოდ ერთხელ, სახელდობრ, გასულ კვირას იყო მასთან ნამყოფი რაღაც საჭიროებისა გამო, მაგრამ ექიმი ხომ, როგორც იტყვიან, იგივე სულიერი მოძღვარია; უგუნურება იქნება, რამე დაუმალოს კაცმა, ხომ უნდა იცოდეს თავისი პაციენტის ამბავი? „ივარგებს კი? – განაგრძობდა ფიქრს ჩვენი გმირი, როცა ლიტეინზე ერთი ხუთსართულიანი სახლის წინ კარეტა გააჩერებინა და გადმოვიდა, – ივარგებს კი ახლა ჩემი მისვლა? უწესობაში ხომ არ ჩამომერთმევა? უხერხული ხომ არ იქნება? თუმცა რა მოხდა ასეთი? – განაგრძობდა ფიქრს კიბეზეც, თან სულს ძლივს ითქვამდა, გული გამალებით უცემდა, როგორც მუდამ სჩვეოდა ხოლმე უცხო კიბეზე ასვლისას. – „რა მოხდა მერე, განა ჩემს საქმეზე არ მივდივარ? რა არის აქ გასაკიცხი? დასამალი რა მაქვს? თავს ისე დავიჭერ, ვითომც აქ არაფერი, ისე, გზად შემოვიარე მეთქი, თვითონვე მიხვდება, რომ სწორედ ასეა საქმე.“

   ამ ფიქრით ავიდა ბატონი გოლიადკინი მეორე სართულზე და შეჩერდა მეხუთე ბინის კართან, სადაც გამოკრული იყო სპილენძის კოხტა აბრა წარწერით: კრისტიან ივანოვიჩ რუტენშპიცი მედიცინისა და ქირურგიის დოქტორი. შეჩერდა თუ არა კართან, ჩვენმა გმირმა სცადა წესიერი, უდარდელი და ამასთან საკმაოდ თავაზიანი გამომეტყველება მიეღო და ზარის დასარეკად შეემზადა. შეემზადა და იმწამსვე, ერთობ დროულად, განსაჯა, – იქნებ სჯობს ხვალისთვის გადავდო, ჯერჯერობით მაინცდამაინც რა ისეთი გასაჭირი მადგასო. მაგრამ რაკიღა სწორედ ამ დროს ბატონ გოლიადკინს კიბეზე ფეხის ხმა შემოესმა, დაუყოვნებლივ შეცვალა ახალი გადაწყვეტილება, ბარემ რაც არის, არისო, და უკვე მტკიცე გამომეტყველებით ჩამოჰკრა კრისტიან ივანოვიჩის ზარს.

თავი II

   მედიცინისა და ქირურგიის დოქტორი კრესტიან ივანოვიჩ რუტენშპიცი, ერთი ჯანღონით სავსე, თუმცაღა უკვე ხანშიშესული კაცი, გაფანჩული ჭაღარა წარბებითა და ბაკენბარდებით შემკული, ისე მეტყველად და გამჭრიახად გამომზირალი, თითქოს ერთი მისი გამოხედვაც კი კმაროდა ყოველგვარი სნეულების განსადევნად, და ბოლოს, მნიშვნელოვანი ორდენით მკერდდამშვენებული, ამ დილით თავის კაბინეტში ბრძანდებოდა, ღრმა სავარძელში ჩაფლულიყო და ცოლის ხელით მორთმეულ ყავას შეექცეოდა, თან სიგარას აბოლებდა და დროდადრო თავის პაციენტებს რეცეპტებს უწერდა. ის იყო, უკანასკნელი შუშა წამალი გამოუწერა ვიღაც ბუასილიან მოხუცს, გაისტუმრა სნეული ბერიკაცი უკანა კარიდან და ახალი პაციენტის მოლოდინში სავარძელში ჩაესვენა, რომ ბატონმა გოლიადკინმა შემოაღო კარი.

ეტყობა, კრისტიან ივანოვიჩი სულაც არ ელოდა ბატონ გოლიადკინსა და არც არაფრად ეპრიანებოდა მისი დანახვა, რაკიღა მოულოდნელობისაგან დაიბნა და წამიერად რაღაც უცნაური, შეიძლება ითქვას, უსიამოვნო განწყობილებაც კი გამოეხატა სახეზე. თავის მხრივ, ბატონ გოლიადკინსაც, რომელიც სწორედ უდროო დროს წახდებოდა, დაიბნეოდა ხოლმე, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა პირადი საქმეების გამო ვინმეზე იერიშის მიტანას გადაწყვეტდა, სწორედ ასევე დაემართა ახლაც: რაკიღა პირველი ფრაზა, რომლის წარმოთქმისას მუდამ ბორძიკობდა ხოლმე, არა ჰქონდა მოფიქრებული, ძალზე დაიბნა, რაღაც ჩაიბურტყუნა, ვგონებ, მოიბოდიშა, უხერხულობისგან თავის დასაღწევად სტაცა სკამს ხელი და დაჯდა. მაგრამ იმწუთსავე იაზრა, რომ არავის შეუთავაზებია დაჯდომა, იგრძნო, რა უზრდელად მოიქცა და სცადა სასწრაფოდ გამოესწორებინა შეცდომა, კარგი ტონისა და მაღალი საზოგადოების წესების უმეცრებაში რომ არ ჩამოერთმიათ; ამიტომაც, უცებ წამოხტა მიუპატიჟებლად დაკავებული სკამიდან. მერე გონს მოეგო და ბუნდოვნად მიხვდა, რომ ზედიზედ ორი სისულელე ჩაიდინა; გადაწყვიტა, რამე ეღონა, მაგრამ მესამედ უარესი სიბრიყვე დაემართა: შეეცადა, გაემართლებინა თავისი საქციელი, ღიმმორეულმა რაღაცა წაიბურტყუნა, გაწითლდა, დაირცხვინა, მრავლისმეტყველად დადუმდა, ბოლოს, ისევ დაჯდა სკამზე და აღარც ამდგარა; მხოლოდ ისე, ყოველი შემთხვევისათვის, თავი ისევ იმ გამომწვევი მზერით დაიზღვია, რომელსაც, მისი ფიქრით, უჩვეულო ძალა გააჩნდა, – გაენადგურებინა და ფერფლად ექცია ბატონი გოლიადკინის ყველა მტერი. ამას გარდა, ეს მზერა ბატონი გოლიადკინის სრულ დამოუკიდებლობასაც გამოხატავდა; ესე იგი, ნათლად მეტყველებდა, რომ ბატონი გოლიადკინი არაფერ შუაშია, იგი თავისთვისაა, როგორც ყველა სხვა და არავის საქმეში ცხვირს არ ყოფს. კრესტიან ივანოვიჩმა ჩაახველა, ჩაიხიხინა, თითქოსდა მის საქციელს იწონებს, ყველაფერში ეთანხმებაო, თან ინსპექტორის დამკითხავი მზერა მიაპყრო ბატონ გოლიადკინს.

– მე, კრესტიან ივანოვიჩ, – დაიწყო ღიმილით ბატონმა გოლიადკინმა, – მეორედ გაწუხებთ და მეორედ ვბედავ, შეგევედროთ... გამოიჩინეთ გულმოწყალება... – ბატონ გოლიადკინს, როგორც ჩანდა, სიტყვის პოვნა უჭირდა. – ჰმ... დიახ! – ამოთქვა კრესტიან ივანოვიჩმა, პირიდან კვამლის ბოლქვი გამოუშვა და სიგარა მაგიდაზე დადო; – ხომ გითხარით ჩემს რჩევა-დარიგებას მიჰყევით-მეთქი, ხომ აგიხსენით, რომ თქვენი განკურნებისათვის საჭიროა ზოგიერთი ჩვეულების შეცვლა... უნდა გაერთოთ, სტუმრადაც უნდა იაროთ ნაცნობ-მეგობრებთან, ნურც ღვინოსთან იქნებით მწყრალად, არც მხიარულ საზოგადოებაში გარევა იქნება თქვენთვის ურიგო.

ჯერ კიდევ პირზე ღიმილგადაფენილმა ბატონმა გოლიადკინმა აჩქარებით ჩაურთო, რომ, მისი ფიქრით, იგი ისევე ცხოვრობს, როგორც ყველა სხვა, საკუთარი კუთხე აქვს, გართობითაც, როგორც ყველა სხვა, ისიც ისე ერთობა... რა თქმა უნდა თეატრშიც შეუძლია იაროს; როგორც სხვებს, ისე მასაც აქვს ამის საშუალება, დღისით სამსახურშია, საღამოთი – შინ, არაფერი უჭირს, სხვაზე ნაკლები არაფრითაა! თავის სახლში ცხოვრობს, საკუთარ ბინაში, ბოლოს და ბოლოს პეტრუშკაც კი ჰყავს... ამის თქმაზე ბატონ გოლიადკინს საბოლოოდ დაება ენა.

– ჰმ! არა, ასეთ ცხოვრებაზე არ მოგახსენებდით, ამას როდი გეკითხებით. მე მაინტერესებს, გიყვართ თუ არა დროსტარება, მხიარულ საზოგადოებას ეტანებით თუ არა... როგორ გითხრათ, აი, ახლა, მაგალითად, მელანქოლიურ ცხოვრებას ეწევით თუ მხიარულს?

– მე, კრესტიან ივანოვიჩ... – ჰმ! – მე გეუბნებით –შეაწყვეტინა ექიმმა, – რომ ძირფესვიანად შეიცვალოთ ცხოვრების ნირი და, ერთგვარად, ხასიათიც გამოიცვალოთ, – კრესტიან ივანოვიჩმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სიტყვას „გამოიცვალოთ“ და ერთწამს მრავალმნიშვნელოვნად დადუმდა – მხიარულ ცხოვრებას არ უნდა უცხოობდეთ, წარმოდგენებზე და კლუბებში უნდა იაროთ და ყოველ შემთხვევისთვის, ნურც ღვინოსთან იქნებით მწყრალად. შინ ჯდომა არ გარგებთ... შინ ჯდომა თქვენთვის არაფრით არ შეიძლება.

– მე, კრესტიან ივანოვიჩ, მყუდროება მიყვარს, – ჩაილაპარაკა ბატონმა გოლიადკინმა და მრავალმნიშვნელოვანი მზერა მიაპყრო კრესტიან ივანოვიჩს. ეტყობა, სიტყვებს ეძებდა, რომ უკეთ გამოეთქვა თავისი აზრი. – სახლში მარტო მე და პეტრუშკა ვართ, ჩემს მსახურზე მოგახსენებთ, კრესტიან ივანოვიჩ. მინდა გითხრათ, კრესტიან ივანოვიჩ, რომ მე ჩემი გზით მივდივარ, საკუთარი გზით, კრესტიან ივანოვიჩ. მე ჩემთვისა ვარ, ცალკე და, როგორც მგონია, არავისზე დამოკიდებული არა ვარ. სასეირნოდ მეც დავდივარ ხოლმე, კრესტიან ივანოვიჩ.

– როგორ?.. ჰო! ახლა სეირნობა ვერაფერი სასიამოვნოა; ერთობ ცუდი ამინდებია. – დიახ, ჩემო ბატონო, კრესტიან ივანოვიჩ, წყნარი კაცი კი ვარ, კრესტიან ივანოვიჩ, როგორც უკვე მქონდა პატივი მომეხსენებინა თქვენთვის, მაგრამ ჩემი გზა განცალკევებით მიდის, კრესტიან ივანოვიჩ! ცხოვრების გზა ფართოა... მე მინდა... მინდოდა კრესტიან ივანოვიჩ, ამით ის მეთქვა, რომ... მომიტევეთ, კრესტიან ივანოვიჩ... ოქროპირობა არ მეხერხება.

– ჰმ!.. თქვენ ბრძანებთ...

– იმას მოგახსენებთ, რომ მომიტევოთ, კრესტიან ივანოვიჩ, თუ ოქროპირობა არ მეხერხება, – ენის ბორძიკით გააწყვეტინა ცოტა არ იყოს განაწყენებულმა ბატონმა გოლიადკინმა, – ამ შემთხვევაში, კრესტიან ივანოვიჩ, სხვებს როდი ვგევარ, – რაღაც განსაკუთრებული ღიმილით დასძინა მან, – ბევრი ლაპარაკი არ მეხერხება, სიტყვის ლაზათიანი მიხვრა-მოხვრა არ მისწავლია, სამაგიეროდ მე ვმოქმედებ, კრესტიან ივანოვიჩ!

– ჰმ!.. მოქმედებთ? რას მოქმედებთ? – შეეკითხა კრესტიან ივანოვიჩი.

ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ექიმმა რაღაც უცნაურად და უნდობლად შეხედა ბატონ გოლიადკინს. ბატონი გოლიადკინიც თავის მხრივ საკმაოდ უნდობლად მისჩერებოდა ექიმს.

– მე, კრესტიან ივანოვიჩ, – განაგრძო იმავე კილოზე ბატონმა გოლიადკინმა, კრესტიან ივანოვიჩის უსაზღვრო სიჯიუტით ცოტა არ იყოს შეცბუნებულმა და გაღიზიანებულმა – მე, კრესტიან ივანოვიჩ, სიმშვიდე მიყვარს და არა მაღალი საზოგადოების აურზაური. იქ, მათთან, მაღალ საზოგადოებაზე მოგახსენებთ, კრესტიან ივანოვიჩ, კაცმა იატაკს ნაპერწკლები უნდა აყრევინოს ქუსლებით... (ამის თქმაზე ბატონმა გოლიადკინმა ფეხი ფეხს შემოჰკრა და იატაკზე დააბაკუნა), იქ ამას მოითხოვენ, ბატონო ჩემო, კალამბურებსაც მოითხოვენ... დათაფლული ქათინაურების შეთხზვაც უნდა გეხერხებოდეს... აი, რას მოითხოვენ იქ. მე კი ეგეთები არ მისწავლია, კრესტიან ივანოვიჩ, ამნაირ საქმეებში არ გავწაფულვარ; არ მეცალა ამეებისთვის. უბრალო კაცი ვარ, მარტივი, არც გარეგნული ბრწყინვალება გამაჩნია; ამ საქმეებში, კრესტიან ივანოვიჩ, იარაღს ვდებ; ფარ-ხმალს ვყრი-მეთქი, ამის თქმა მინდოდა.

   ყოველივე ეს ბატონმა გოლიადკინმა, რა თქმა უნდა, ისეთი გამომეტყველებით წარმოთქვა, რომ აშკარა იყო, ჩვენი გმირი არც იმას ნანობდა, რომ ფარ-ხმალს ჰყრიდა და არც იმას, რომ ასეთ საქმეებში არ იყო გაწაფული, პირიქით, ამაყობდა კიდეც ამით. კრესტიან ივანოვიჩი უსმენდა, თვალი იატაკისთვის მიეპყრო, სახეზე კი მეტად უსიამოვნო გამომეტყველება ეხატა, თითქოს წინდაწინ რაღაცას უგრძნობს გულიო. ბატონი გოლიადკინის ტირადის შემდეგ ხანგრძლივი და მძიმე დუმილი ჩამოვარდა.

– მე მგონი, თქვენ, ცოტა არ იყო, დაშორდით საუბრის საგანს, – თქვა ბოლოს ხმადაბლა კრესტიან ივანოვიჩმა, – მართალი გითხრათ, ვერაფერი გავიგე თქვენი ნალაპარაკევიდან. – რა ვქნა, ოქროპირობა არ მეხერხება, კრესტიან ივანოვიჩ, მე უკვე მქონდა ბედნიერება, მომეხსენებინა თქვენთვის კრესტიან ივანოვიჩ, ოქროპირობა არ მეხერხება მეთქი, – უთხრა ბატონმა გოლიადკინმა, ამჯერად უკვე მკაცრად და შეუპოვრად.

– ჰმ!...  – კრესტიან ივანოვიჩ! დაიწყო ისევ ბატონმა გოლიადკინმა წყნარი, მაგრამ მრავლისმეტყველი ხმით ოდნავ ზეაწეული კილოთი და თან ყოველი პუნქტის შემდეგ შეყოვნდებოდა ხოლმე, – კრესტიან ივანოვიჩ! შემოსვლისთანავე ბოდიშები დაგიწყეთ. ახლაც ასევე მოგმართავთ და თქვენი სულგრძელობის იმედი მაქვს, თქვენთან დასამალი რა უნდა მქონდეს, კრესტიან ივანოვიჩ, თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რომ პატარა კაცი ვარ; მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ, არა ვდარდობ პატარა კაცი რომ ვარ. პირიქით, კრესტიან ივანოვიჩ, უნდა გამოგიტყდეთ, ვამაყობ იმით რომ პატარა კაცი ვარ და არა დიდი. არც ინტრიგანი გახლავართ და ეს დიდად მეამაყება. ჩუმჩუმად კი არ ვმოქმედებ, პირიქით, ყველას დასანახავად, სააშკარაოდ; არ ვქვებუდანობ, და თუმცა, ჩემდა თავად ბევრს შემიძლია ვუმტრო, მაგრადაც ვუმტრო, ისიც კარგად ვიცი, ვის და რანაირად ვუმტრო, კრესტიან ივანოვიჩ, მაგრამ არ მინდა გავისვარო და ამ აზრით ყველაფერზე ხელი დამიბანია; ამ აზრით, მოგახსენებთ, დამიბანია-მეთქი ხელი, კრესტიან ივანოვიჩ! – ბატონი გოლიადკინი ერთი წამით მრავლისმეტყველად დადუმდა. მშვიდი აღფრთოვანება ეხატა სახეზე. – პირდაპირ მივდივარ, კრესტიან ივანოვიჩ, – კვლავ ალაპარაკდა ჩვენი გმირი. – პირდაპირ, ყველას დასანახად და მიკიბულ-მოკიბული გზების გარეშე, იმიტომ რომ მეზიზღება ეგეთები, სხვისთვის დამილოცია, არ ვცდილობ იმათ დამცირებას, ვინც მე და თქვენ გვჯობნის, ესე იგი, მინდოდა მეთქვა, მე და მათ გვჯობნის-მეთქი, კრესტიან ივანოვიჩ, თქვენზე როდი მინდოდა მეთქვა. ორჭოფული ლაპარაკი არ მიყვარს, გულნამცეცა ორპირებს ვერ ვიტან. ცილისწამება და ჭორიკნობა გულს მირევს. ნიღაბს მხოლოდ მასკარადზე ვიკეთებ, ყოველდღე ნიღბით როდი ვეჩვენები ადამიანებს. ერთ რამეს შეგეკითხებით, კრესტიან ივანოვიჩ, როგორ იძიებდით შურს საკუთარ მტერზე, დაუძინებელ მტერზე, იმაზე, ვისაც მტრად მიიჩნევთ?– დასძინა ბატონმა გოლიადკინმა და გამომწვევი მზერა სტყორცნა კრესტიან ივანოვიჩს. თუმცა ყველაფერი ეს ბატონმა გოლიადკინმა მეტისმეტად მკაფიოდ და დაბეჯითებით წარმოთქვა, ყოველ სიტყვას წონიდა და ნაღდი ეფექტის იმედიც ჰქონდა, მაგრამ, მის მიუხედავად, ახლა მღელვარებით, დიდი მღელვარებით, უკიდეურესი მღელვარებით მისჩერებოდა კრესტიან ივანოვიჩს. თვალებად ქცეულიყო და გაუბედავად, გულისშემაღონებელი მოუთმენლობით ელოდა კრესტიან ივანოვიჩის პასუხს. მაგრამ დიდად განცვიფრდა ბატონი გოლიადკინი, პირდაპირ თავზარი დაეცა, როცა კრესტიან ივანოვიჩმა, პასუხის ნაცვლად რაღაც წაიდუდღუნა ცხვირში, მერე სავარძელი მაგიდასთან მიაჩოჩა და საკმაოდ ცივად, თუმცა ზრდილობიანად განუცხადა რაღაც ამდაგვარი, – რომ დრო მისთვის ძვირად ფასობს, რომ მას მთლად ნათლად არ ესმის მისი ჩივილი; რომ მიუხედავად ამისა, ის მზადაა, რითაც კი შეუძლია ემსახუროს, სხვა დანარჩენი კი მისი საქმე არ არის. აქ მან კალამს მოჰკიდა ხელი, ქაღალდისაგან რეცეპტის ფორმის ნაკუწი გამოჭრა და განუცხადა, რომ ახლავე გამოუწერს, რაც საჭიროა. – არა, ჩემო ბატონო, არაფერიც არაა საჭირო, კრესტიან ივანოვიჩ! არა, ბატონო, ეს სულაც არ არის საჭირო! – თქვა ბატონმა გოლიადკინმა, სკამიდან წამოიწია და კრესტიან ივანოვიჩს მარჯვენაში ჩაავლო ხელი, – ეს, კრესტიან ივანოვიჩ, სულაც არაა ახლა საჭირო...

ამასობაში კი, ვიდრე ბატონი გოლიადკინი ყველაფერ ამას იტყოდა, რაღაც უცნაური ცვლილება მოხდა მასში. რუხი თვალები უჩვეულოდ გაუბრწყინდა, ტუჩები აუთრთოლდა, სახის კუნთები, ყველა ნაკვთი აუთამაშდა, მთელი სხეული აუცახცახდა. ხოლო როცა წამოდგა ბატონი გოლიადკინი და კრესტიან ივანოვიჩის ხელი შეაჩერა, ერთხანს გახევებული იდგა, თითქოს საკუთარ თავს არ ენდობოდა და ახალ შთაგონებას ელოდა იმის გადასაწყვეტად, მერე როგორღა მოქცეულიყო. ამ დროს საკმაოდ უცნაური რამ მოხდა. ცოტა არ იყოს შეცბუნებული კრესტიან ივანოვიჩი ერთი წამით თითქოს მიეყინა თავის სავარძელს და დაბნეული მიაშტერდა ბატონ გოლიადკინს, რომელიც ასევე თვალს არ აშორებდა მას. ბოლოს კრესტიან ივანოვიჩი, ბატონი გოლიადკინის ვიცე-მუნდირის საყელოს მოჭიდებული, ნელ-ნელა წამოდგა. ერთხანს ორივენი ასე იდგნენ გაუნძრევლად და თვალს არ აშორებდნენ ერთურთს. აქ უკვე ვეღარ მოერია თავს ბატონი გოლიადკინი: ტუჩები აუცახცახდა, ნიკაპმა კანკალი დაუწყო და ჩვენი გმირი სრულიად მოულოდნელად ატირდა. ქვითინებდა, თავს აკანტურებდა, მარჯვენა ხელს გულში იბაგუნებდა, მარცხენათი კი კრესტიან ივანოვიჩის საშინაო ტანსაცმელის საყელოს ებღაუჭებოდა, რაღაცის თქმას ცდილობდა, რაღაცის ახსნას ლამობდა, მაგრამ სიტყვა ვერ დაეძრა. ბოლოს კრესტიან ივანოვიჩი გონს მოეგო, თითქოს ყველაფერს მიხვდაო.

– გეყოფათ, დამშვიდდით, დაჯექით! – უთხრა მან და შეეცადა სავარძელში ჩაესვა ბატონი გოლიადკინი.

– მტრები მყავს, კრესტიან ივანოვიჩ, მტრები, დაუძინებელი მტრები... ჩემი დაღუპვა აქვთ დაფიცებული... – პასუხობდა შიშნარევი ჩურჩულით ბატონი გოლიადკინი.

– კარგით ერთი, ღვთის გულისათვის! მტრები რას მიქვია! მტრებზე არ უნდა იფიქროთ, რა საჭიროა! დაჯექით, დაჯექით, – განაგრძო კრესტიან ივანოვიჩმა და, როგორც იქნა, ჩასვა ბატონი გოლიადკინი სავარძელში.

ბატონი გოლიადკინი როგორც იქნა დაჯდა, მაგრამ თვალი არ მოუშორებია კრესტიან ივანოვიჩისთვის. კრესტიან ივანოვიჩი კი უკმაყოფილო სახით ბოლთასა სცემდა კაბინეტში. ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა.

– თქვენი დიდი მადლიერი ვარ, კრესტიან ივანოვიჩ, დიდად მადლიერი ვარ და კარგადაც მესმის ყველაფერი, რაც ახლა ჩემთვის გააკეთეთ. კუბოს კარამდე არ დაგივიწყებთ ამ სითბოს, კრესტიან ივანოვიჩ, – თქვა ბოლოს ბატონმა გოლიადკინმა და განაწყენებული სახით სავარძლიდან წამოდგა.

– კარგი, კარგი, კმარა-მეთქი, გეუბნებით! – საკმაოდ მკაცრად გაეპასუხა კრესტიან ივანოვიჩი ბატონ გოლიადკინის ამ გამოხდომას და ისევ სავარძელში ჩასვა.

– აბა, რა დაგემართათ? მომიყევით, ისეთი რა საწუხარი გაგჩენიათ ახლა, – განაგრძობდა კრესტიან ივანოვიჩი, – რომელ მტრებზე მელაპარაკებით? რა გჭირთ, გამაგებინეთ?

– არა, კრესტიან ივანოვიჩ, დავანებოთ ახლა ამაზე ლაპარაკს თავი, – უპასუხა ბატონმა გოლიადკინმა და თვალები ძირს დახარა, – ჯობს გადავდოთ ამაზე საუბარი, სხვა დროისათვის იყოს, უფრო ხელსაყრელი დროისათვის, როცა ყველაფერი გამოირკვევა და ზოგიერთ პიროვნებას ნიღაბი ჩამოეხდება, ზოგი რამ გამოაშკარავდება. ახლა კი ჯერჯერობით, რასაკვირველია, მას შემდეგ, რაც ჩვენს შორის მოხდა... თავადაც დამეთანხმებით, კრესტიან ივანოვიჩ... ნება მომეცით, დილა მშვიდობისა გისურვოთ, კრესტიან ივანოვიჩ, – წარმოთქვა ბატონმა გოლიადკინმა, ამჯერად უკვე მტკიცედ და უყოყმანოდ წამოდგა სავარძლიდან და შლაპას წამოავლო ხელი.

– აჰა, კეთილი... როგორც გენებოთ... ჰმ... ერთ წუთს დუმილი ჩამოვარდა, – მე, ჩემი მხრით, იცოდეთ, რაც შემიძლია... ერთი სიტყვით გულწრფელად მსურს თქვენი სიკეთე.

– მესმის თქვენი, კრესტიან ივანოვიჩ, კარგად მესმის. ახლა უკვე სავსებით მესმის თქვენი. რაც უნდა იყოს, მომიტევეთ, რომ შეგაწუხეთ, კრესტიან ივანოვიჩ.

– ჰმ... არა, თქვენ მე ვერ გამიგეთ, თუმცა, რა ვიცი, როგორც გენებოთ. წამლების მიღება კვლავინდებურად განაგრძეთ...

– მივიღებ წამლებს, როგორც თქვენ მიბრძანეთ, კრესტიან ივანოვიჩ, მივიღებ, იმავე აფთიაქში შევიძენ ხოლმე... ახლა აფთიაქობაც დიდი საქმეა, კრესტიან ივანოვიჩ...

– რაო? რა აზრით მეუბნებით მაგას?

– სავსებით ჩვეულებრივი აზრით, კრესტიან ივანოვიჩ, იმის თქმა მინდა, რომ ახლა ისეთი დრო დაგვიდგა...

– ჰმ...

– რომ მარტო აფთიაქის ბიჭი კი არა, ყოველი ვიგინდარა ცხვირს უბზუებს წესიერ კაცსა.

– ჰმ! ამით რისი თქმა გინდათ?

– გარკვეულ პიროვნებაზე მოგახსნებთ, კრესტიან ივანოვიჩ... ჩვენს საერთო ნაცნობზე, კრესტიან ივანოვიჩ, თუნდაც ვლადიმერ სემიონოვიჩზე...

– აა!

– დიახ, კრესტიან ივანოვიჩ! ბევრს ვიცნობ ისეთს, რომლებიც მაინცდამაინც არ მისდევენ საყოველთაო მცნებას, რომ ხანდახან მაინც წამოსცდეთ სიმართლე.

– აა!.. ეს როგორ?

– როგორ და ასე, ჩემო ბატონო, თუმცა ეს ჩვენ რაში გვეკითხება, მაგრამ ზოგი ისეთია, პირში ჩალას გამოგავლებს.

– რას ბრძანებთ? ჩალა რა შუაშია?

ანდაზა გახლავთ ასეთი, კრესტიან ივანოვიჩ, ზოგ-ზოგიერთს ეხერხება, დროულად მიულოცოს ვინმეს რამე. არიან ასეთი ადამიანები, კრესტიან ივანოვიჩ.

– მიულოცონ?

– დიახ, ჩემო ბატონო, მიულოცონ, როგორც ამას წინათ ერთმა ჩვენმა ახლო ნაცნობმა გააკეთა...

– ერთმა თქვენმა ახლო ნაცნობმა... აა! მერე, მერე? – დაინტერესდა კრესტიან ივანოვიჩი და დაკვირვებით შეხედა ბატონ გოლიადკინს.

– მერე და მერე, ჩემო ბატონო, მიულოცა, ჩინი მიულოცა, ასესორის ჩინი მიულოცა ერთმა ჩემმა ახლო ნაცნობმა მეორე ნაცნობს, აგრეთვე ძალზე ახლობელს, ძმაკაცს, როგორც იტყვიან, უტკბილეს მეგობარს. სიტყვამ მოიტანა და იმიტომ გიყვებით. „სულითა და გულით მიხარიაო, ასე უთხრა, ვლადიმერ სემიონოვიჩ, რომ მომეცა შემთხვევა და გილოცავთ, გულწრფელად გილოცავთ ჩინის მიღებასო. მით უფრო მიხარიაო, უთხრა, რომ ჩვენს დროში, მთელმა ქვეყანამ იცის, კუდიანი დედაბრები გადაშენდნენო.“ ეს რომ თქვა, ბატონმა გოლიადკინმა თავი ცუღლუტურად დააქნია და თვალებმოწკურულმა კრესტიან ივანოვიჩს შეხედა...

– ჰმ, მაშ, ეს უთხრა...

– უთხრა, კრესტიან ივანოვიჩ, უთხრა და იმწამსვე გადახედა ანდრეი ფილიპოვიჩს, ვლადიმერ სემიონოვიჩის, იმ ჩვენი ხვითოს ბიძას. მე რა, კრესტიან ივანოვიჩ, ასესორად რომ გახდეს? მე რაში მენაღვლება, მაგრამ... ცოლის თხოვას რომ აპირებს, და უკაცრავად პასუხია, ჯერ დედის რძე არ შეშრობია პირზე? ასეც მოვახსენე. ასე და ასე-მეთქი, ვლადიმირ სემიონოვიჩ! მე უკვე ყველაფერი გითხარით, ახლა კი ნება მომეცით გამოგეთხოვოთ-მეთქი. – ჰმ... – დიახ, კრესტიან ივანოვიჩ, ნება მომეცით გამოგეთხოვოთ-მეთქი, და მაშინვე, ბარემ მეორე კურდღელიც რომ დამეჭირა – კუდიან დედაბრებზე ხომ მაგრა ჩავუჭერი – კლარა ოლსუფიევნას მივუბრუნდი (ოლსუფი ივანოვიჩის სახლში მოხდა ეს ამბავი გუშინწინ), ის იყო მგრძნობიარე რომანსი იმღერა, – მეც მივუბრუნდი და ვუთხარი, „დიდი გრძნობით კი იმღერეთ რომანსები, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ დიდი გულწრფელობით გისმენდნენ- მეთქი“. და ამით სიტყვა გადავუკარი, აშკარად მივახვედრე, გამიგეთ, კრესტიან ივანოვიჩ, აშკარად მივახვედრე, რომ მასში კი არ ეძიებენ რამეს, არამედ უფრო მაღლა...

– აჰა! ვლადიმერ სემიონოვიჩმა რაო?

– რაო და დაუმჟავდა გუნება, როგორც იტყვიან, კრესტიან ივანოვიჩ.

– ჰმ...

– ასე იყო, ბატონო. მერე მოხუცსაც იგივე მოვახსენე. ასე ვუთხარი, ოლსუფი ივანოვიჩ, კარგად ვიცი, როგორა ვარ თქვენგან დავალებული-მეთქი. მაგრამ თვალი გაახილეთ, ოლსუფი ივანოვიჩ-მეთქი, – ვუთხარი, შეხედეთ რა ხდება, მე ხომ აშკარად და პირდაპირ ვმოქმედებ-მეთქი, ოლსუფი ივანოვიჩ.

– აა! უყურე შენ!...

– აბა რა გეგონათ, კრესტიან ივანოვიჩ.

– მან რაღა გითხრათ?

– რას მეტყოდა კრესტიან ივანოვიჩ! ლუღლუღებდა, ასეო, ისეო, მეც კარგად გიცნობო, მისი აღმატებულება კეთილმოწყალე კაციაო – და გარეკა, მოჰყვა ლაი-ლაის... რა მოეკითხება? სიბერისაგან სულ მთლად გამოთაყვანდა.

– აა! აი, თურმე როგორ ყოფილა საქმე!

– აბა, კრესტიან ივანოვიჩ, ასე ყოფილა და რას იზამ? გადაყრუებულია, ცალი ფეხი სამარეში უდგას, საცაა მიქელ-გაბრიელი გამოეცხადება, როგორც იტყვიან და მაინც ენაჭარტალა დედაკაცების ჭორებზე აქვს ყურები დაცქვეტილი. უიმისოდ არაფერი ითქმება...

– ჭორებზეო, ამბობთ?

– დიახ, კრესტიან ივანოვიჩ, ისეთი ჭორი დაყარეს, ისეთი რომ!.. ჩვენი დათვის ხელიც გაერია ამ საქმეში, მისი ძმისწულისაც, იმ ჩვენი ხვითოსი. გააბეს დედაბრებთან ქსელი, მოგეხსენებათ, და შეთითხნეს საქმე, როგორ ფიქრობთ, რა გამოიგონეს კაცის მოსასპობად?

– კაცის მოსასპობად?

– დიახ, კრესტიან ივანოვიჩ, კაცის მოსასპობად, კაცის ზნეობრივი მოსპობისათვის დაყარეს ერთი სიტყვით ხმები... ხომ გამიგეთ, იმ ჩემს ნაცნობზე მოგახსენებთ ყველაფერ ამას...

კრესტიან ივანოვიჩმა თავი დაუქნია.

– დაუყარეს, ერთი სიტყვით, ხმები, ხმები...მართალი გითხრათ, თქმაც კი მეუხერხულება ამისი, კრესტიან ივანოვიჩ.

– ჰმ...

– დაუყარეს ხმები, ვითომდა უკვე ცოლად შერთვის ხელწერილი მიეცეს, ვითომდა სასიძო ყოფილიყოს უკვე... მერედა არ იკითხავთ ვისი, კრესტიან ივანოვიჩ?

– მაინც ვისი?

– ვისი და ერთი უსირცხვილო გერმანელი დედაკაცისა, სადილს რომ უმზადებს ხოლმე. ვალის ანგარიშში ხელი შეუთავაზებიაო.

– ამას ისინი ამბობენ?

– დაიჯერებთ, კრესტიან ივანოვიჩ? ეს გათახსირებული გერმანელი ქალი, ურცხვი დედაკაცი, კაროლინა ივანოვნა, თუ გაგიგონიათ, არ გაუხადეს საქმედ?

– მართალი გითხრათ, მე ჩემის მხრით...

– მესმის თქვენი, კრესტიან ივანოვიჩ, მესმის და ჩემის მხრითაც ვგრძნობ ამას...

– ერთი მიბრძანეთ, სად ცხოვრობთ თქვენ ახლა?

– სად ვცხოვრობ ახლა, კრესტიან ივანოვიჩ?

– დიახ... მე მინდოდა... თქვენ ადრე, მგონი, ცხოვრობდით...

– ვცხოვრობდი, კრესტიან ივანოვიჩ, ვცხოვრობდი, ადრეც ვცხოვრობდი, აბა როგორ იქნებოდა! – მიუგო ბატონმა გოლიადკინმა და აქირქილდა, ამან, ცოტა არ იყოს, შეაცბუნა კრესტიან ივანოვიჩი.

– არა, თქვენ ცუდად გამიგეთ; მე ჩემის მხრით მინდოდა...

– მეც მინდოდა, კრესტიან ივანოვიჩ, ჩემის მხრით, მეც მინდოდა, – სიცილით გააგრძელა ბატონმა გოლიადკინმა, – ოღონდ ერთობ დიდხანს შევრჩი თქვენთან, კრესტიან ივანოვიჩ. იმედი მაქვს, ნებას მომცემთ, ახლა მაინც... გისურვოთ დილა მშვიდობისა...

– ჰმ!

დიახ, კრესტიან ივანოვიჩ, მესმის თქვენი ახლა უკვე სავსებით მესმის, – გაეპრანჭასავით ჩვენი გმირი კრესტიან ივანოვიჩს. – მაშ, ნება მომეცით დილა მშვიდობისა...

აქ ჩვენმა გმირმა ფეხი ფეხს შემოჰკრა და სახტად დატოვა კრესტიან ივანოვიჩი. კიბეზე რომ ჩადიოდა, ბატონი გოლიადკინი ჩუმ-ჩუმად იღიმებოდა და სიხარულით ხელებს იფშვნეტდა. ხოლო როცა პარმაღზე გასულმა სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა, თავი სამშვიდობოზე დაიგულა, მზად იყო კიდეც ჭეშმარიტად ბედნიერ ადამიანად ეღიარებინა თავი და თამამად გაეწია დეპარტამენტისაკენ, რომ უეცრად სადარბაზოსთან მისი ეტლი მოგრიალდა; ბატონ გოლიადკინს ყველაფერი გაახსენდა. პეტრუშკა უკვე კარს აღებდა. რაღაც უცნაურმა და უკიდურესად უსიამოვნო გრძნობამ შეიპყრო ბატონი გოლიადკინის არსება. ერთ წამს თითქოს გაწითლდა კიდეც, რაღაცამ უჩხვლიტა გულზე; ის იყო ეტლის საფეხურზე უნდა შეედგა ფეხი, რომ ანაზდად შემოტრიალდა, კრესტიან ივანოვიჩის ფანჯრებს ახედა, ასეც მოელოდა! კრესტიან ივანოვიჩი ფანჯარასთან იდგა, მარჯვენა ხელს ბაკენბარდებზე ისვამდა და დიდი ცნობისმოყვარეობით მისჩერებოდა ჩვენს გმირს.

„ბრიყვია ეს ექიმი, – გაიფიქრა ბატონმა გოლიადკინმა, როცა კარეტაში დურთა თავი, – მეტისმეტად ბრიყვი. იქნება თავის ავადმყოფებს კარგადაც მკურნალობს, მაგრამ ჯირკივით ყეყეჩია“. – ბატონი გოლიადკინი მოკალათდა, პეტრუშკამაც შეჰყვირა: „გასწიო!“ და კარეტა ისევ ნევის პროსპექტისკენ გაგრიალდა.

თავი III

   მთელი დილა ბატონმა გოლიადკინმა გაწამაწიაში გაატარა. ნევის პროსპექტზე რომ გავიდნენ, ჩვენმა გმირმა მეეტლეს უბრძანა: გოსტინი დვორთან გაჩერებულიყო, გადმოხტა ეკიპაჟიდან, პეტრუშკას თანხლებით კამარედში შეირბინა და პირდაპირ ვერცხლის რიგს მიაშურა. ერთი შეხედვითაც შეატყობდით, რომ ბატონ გოლიადკინს უზომო საზრუნავი და თავსაყრელი საქმე გასჩენოდა. დიდი ამბით ევაჭრებოდა ვერცხლეულის გამყიდველს ათასხუთასმანეთიან სადილისა და ჩაის სერვიზს, ისიც კი მოახერხა, რომ სართად უცნაური ფორმის პორტსიგარი და ვერცხლისავე წვერის საპარსი მოწყობილობა გამოეცანცლა; მერე კიდევ ორიოდე სხვა საჭირო და სასიამოვნო ნივთიც დააფასებინა ბატონმა გოლიადკინმა და მთელი ეს ამბავი იმით დაამთავრდა, რომ დუქნის ნომერი ჩაიწერა, ვაჭარს დაჰპირდა, დღეს თუ არა ხვალვე უსიკვდილოდ გამოვგზავნი ბიჭს ნავაჭრის წასაღებადო, ხოლო როცა შეცბუნებულმა ვაჭარმა ბეზე ჩამოუგდო სიტყვა, დააიმედა, თავის დროზე ბესაც მიიღებთო. მერე სასწრაფოდ დაემშვიდობა სახტად დარჩენილ ვაჭარს და დუქნების რიგს გაჰყვა. უკან ნოქრების მთელი ამალა აედევნა, ის კი წამდაუწუმ მიხედავდა ხოლმე პეტრუშკას და გაფაციცებული დაეძებდა კიდევ რომელიღაც დუქანს. გზად, ზარაფის ფარდულში შეირბინა და მთელი თავისი მსხვილი ასიგნაციები წვრილ-წვრილ ფულად გადაახურდავა; თუმცა ცოტა იზარალა, სამაგიეროდ საფულე საგრძნობლად გაებერა, რამაც აუწერელი სიამოვნება მოჰგვარა ბატონ გოლიადკინს. ბოლოს, ქალის ფართლეულის მაღაზიასთან გაჩერდა. აქაც კაი ძალი საქონელი შეარჩია ბატონმა გოლიადკინმა, აქაც ჩაიწერა დუქნის ნომერი და მედუქნეს დაჰპირდა, ნავაჭრისათვის აუცილებლად შემოვივლიო, ხოლო ბეს შეხსენებაზე, აქაც იგივე უთხრა, თავის დროზე ბეც იქნებაო. მერე კიდევ რამდენიმე დუქანში შეიარა, ყველგან აფასებინებდა ნაირ-ნაირ საქონელს. ევაჭრებოდა ნოქრებს, ზოგჯერ დიდხანს ედავებოდა, ერთი სამჯერ გავიდოდა დუქნიდან და ისევ შემობრუნდებოდა – ერთი სიტყვით, დიდ საქმეში იყო. გოსტინი დვორიდან ჩვენი გმირი ერთი ცნობილი ავეჯის მაღაზიისაკენ გაეშურა; იქაც ექვსი ოთახის მოწყობილობა დაიგულა, მერე თვალი დაადგა უკანასკნელი მოდის და უცნაური მოყვანილობის ქალის ტუალეტს, დააიმედა ვაჭარი – კაცს გამოვგზავნი ყველა ამეებისთვისო და მაღაზიიდან გავიდა ჩვეულებრივი დაპირებით, ბესაც თავის დროზე მიიღებთო. მერე კიდევ ერთიორგან შეიარა და იქაც ერთი-ორი რაღაც შეარჩია. ერთი სიტყვით მის ფაციფუცს ბოლო არ უჩანდა. ბოლოს, ეტყობა, ბატონ გოლიადკინს თავადაც ძალზე მობეზრდა ამდენი გაწამაწია. ღმერთმა უწყის რატომ, მაგრამ უეცრად სინდისის ქენჯნაც კი იგრძნო; არამც და არამც არ უნდოდა ამ წუთს, მაგალითად, ანდრეი ფილიპოვიჩს, ან თუნდაც კრესტიან ივანოვიჩს გადაჰყროდა. ამასობაში ქალაქის საათმა ნაშუადღევის სამი ჩამოჰკრა. საბოლოოდ, როცა ბატონი გოლიადკინი კარეტაში ჩაჯდა, აღმოჩნდა რომ მთელი დილის ნავაჭრი მანეთნახევრიანი ხელთათმანი და ერთი შუშა სუნამო იყო. რაკი ჯერ კიდევ ბევრი დრო ჰქონდა, ბატონმა გოლიადკინმა მეეტლეს უბრძანა, ეკიპაჟი გაეჩერებინა ნევის პროსპექტზე, ერთ ცნობილ რესტორანთან, რომლის არსებობა აქამდე მხოლოდ ყურმოკვრით იცოდა. კარეტიდან გადმოვიდა და რესტორანში შეირბინა, რათა წაესაუზმა, დაესვენა და დრო გაეყვანა.  სახელდახელოდ წაიხემსა, როგორც მდიდრულ წვეულებაზე წამავალ კაცს შეეფერებოდა, ესე იგი სული მოიბრუნა, როგორც იტყვიან ხოლმე, ერთი ჭიქა არაყიც დააყოლა და სავარძელში ჩაჯდა. მერე მოკრძალებულად მოავლო თვალი დარბაზს და მშვიდად ჩაუღრმავდა ერთ თხელ ეროვნულ გაზეთს. ორიოდე სტრიქონის წაკითხვის შემდეგ ადგა, სარკეში შეათვალიერა თავი, ტანსაცმელი გაისწორა, თმაზე ხელი გადაისვა, ფანჯარასთან მივიდა და გაიხედა, აქ არის თუ არა ჩემი კარეტაო... ისევ სავარძელში ჩაჯდა და გაზეთს მიუბრუნდა. აშკარა იყო, რომ ჩვენი გმირი მეტისმეტად ღელავდა. როცა კვლავ შეხედა საათს და დარწმუნდა რომ ჯერ მხოლოდ ოთხის თხუთმეტი წუთი იყო, ესე იგი კიდევ კაი ძალი დრო ჰქონდა დარჩენილი და ასე ჯდომა უხერხული გამოვიდოდა, ბატონმა გოლიადკინმა შოკოლადი დაუკვეთა, თუმცა მაინცდამაინც არაფრად ეპიტნავებოდა. შოკოლადი რომ დალია, შენიშნა რომ დროს ცოტათი წაეწია წინ და ნახარჯის გასასტუმრებლად გავიდა. ამ დროს ვიღაცამ მხარზე დაჰკრა ხელი.

მოიხედა და მის წინ მდგარი ორი თანამშრომელი დაინახა, სწორედ ისინი, რომელთაც დილით ლიტეინზე შეხვდა; ჯერ კიდევ ახალგაზრდა ყმაწვილები იყვნენ როგორც ასაკით, ისე ჩინით. ჩვენს გმირს მათთან სასხვათაშორისო ურთიერთობა ჰქონდა, არც მეგობრობდა და არც აშკარად მტრობდა. ზრდილობის საზღვრებს ორივე მხარე იცავდა. უფრო მეტი დაახლოება არ მომხდარა და არც შეიძლება მომხდარიყო. ახლა მათთან შეხვედრა ძალზე უსიამოვნო იყო ბატონი გოლიადკინისათვის, სახე მოეღუშა და ცოტა დაიბნა კიდეც.

– იაკობ პეტროვიჩ, იაკობ პეტროვიჩ – აჭიკჭიკდა ორივე რეგისტრატორი; – აქა ბრძანდებით? რა შემთხვევის...

– ა! ეს თქვენა ბრძანდებით, ბატონებო? – საჩქაროდ შეაწყვეტინა ბატონმა გოლიადკინმა; ჩინოვნიკების გაოცებამ, მათმა ძმაბიჭურმა მიმართვამ, თუმცა ძალიან შეაცბუნა და უხერხულობაში ჩააგდო ბატონი გოლიადკინი, მაგრამ, მეტი რა გზა ჰქონდა, მაინც დარდიმანდული და ვაჟკაცური იერი მიიღო. – მიბრძანდით, ბატონებო? ხე, ხე, ხე... – ჩვენმა გმირმა სცადა მხარზე ხელი მოეთათუნებინა ერთ-ერთი ყმაწვილისათვის, უნდოდა, თავმდაბლობაც გამოეჩინა და ღირსებაც არ შელახოდა, რადგან ჩვეულებრივ შორს ეჭირა ხოლმე მათგან თავი. მაგრამ ვერ მოზომა და დარბაისლური გახუმრების ნაცვლად სულ სხვა რამ გამოუვიდა.

– ჩვენი დათვი რასა იქმს, უზის მაგიდას?

– ვისზე ბრძანებთ, იაკობ პეტროვიჩ?

ვისზე და ჩვენს დათვზე, ვითომ არ იცოდეთ ვის ვეძახით დათვს? – ბატონმა გოლიადკინმა გაიცინა და ხურდის გამოსართმევად მომტანს მიუბრუნდა. – ანდრეი ფილიპოვიჩზე მოგახსენებთ, ბატონებო, – ახლა უკვე სერიოზული სახით მიმართა ჩინოვნიკებს. რეგისტრატორებმა მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრეს თვალი ერთმანეთს.

– ჯერ კიდევ იქა ზის და თქვენც გიკითხათ, იაკობ პეტროვიჩ, – უპასუხა ერთ-ერთმა.

– მაშ, ზის, ჰა! ზის და იჯდეს, ბატონებო. მაშ, მეც მიკითხა, არა?

– გიკითხათ იაკობ პეტროვიჩ; ეს რა ყოფაში ხართ! მორთულ-მოკაზმულხართ, სუნამოც გიპკურებიათ, ნამდვილი ფრანტი ხართ...

– ეს ისე, ბატონებო! კარგი ერთი... – უპასუხა ბატონმა გოლიადკინმა, თან განზე გაიხედა და უხერხულად გაიღიმა. მომღიმარი ბატონი გოლიადკინის დანახვაზე ჩინოვნიკებს ხარხარი აუტყდათ. ბატონი გოლიადკინი, ცოტა არ იყოს, აიმრიზა.

– ერთ რამეს გეტყვით, ბატონებო, მეგობრულად, – მცირე დუმილის შემდეგ მიმართა ჩვენმა გმირმა ჩინოვნიკებს, თითქოსდა რის ვაივაგლახით გადაწყვიტა, გაემხილა მათთვის რაღაც მნიშვნელოვანი რამ, – ცნობით კი მიცნობთ, ბატონებო, მაგრამ აქამდე მხოლოდ ცალმხრივად მიცნობდით. მართალი გითხრათ, ვერავის გადავაბრალებ, ერთის მხრივ, ამაში თავად მე ვიყავი დამნაშავე.

ბატონმა გოლიადკინმა ტუჩები მოკუმა და მრავალმნიშვნელოვნად შეაცქერდა ჩინოვნიკებს. ჩინოვნიკებმა ისევ ჩაუკრეს თვალი ერთმანეთს.

– აქამდე ბატონებო ცუდად მიცნობდით. ახლა, ასეთ ვითარებაში ამის ახსნა-განმარტება არ ივარგებს. მხოლოდ ზოგ რამეს მოგახსენებთ, სხვათა შორის და გაკვრით არიან ადამიანები, ბატონებო, რომელთაც მიკიბულ-მოკიბულობა არ უყვართ და მხოლოდ მასკარადის დროს ინიღბებიან. არიან ადამიანები, რომლებიც კაცის მთავარ დანიშნულებად იმას როდი მიიჩნევენ, რომ პარკეტს ჩექმებით ნაპერწკლები აყრევინონ ოსტატურად. ისეთი ადამიანებიც არიან, ბატონებო, რომლებიც არ მოჰყვებიან ლაპარაკს, ბედნიერი ვარ და გულსავსედ ვცხოვრობო, მხოლოდ იმის გამო, მაგალითად, რომ შარვალი კოხტად მოერგო ტანზე. ისეთებიც არიან, ტყუილუბრალოდ ხტუნვა და ბზრიალი, ლაქუცი და პირფერობა რომ არ უყვართ და, რაც მთავარია, ბატონებო, ცხვირს არ ყოფენ იმ საქმეში, სადაც არაფერი ეკითხებათ... მე, ბატონებო, უკვე თითქმის ყველაფერი გითხარით; ახლა კი ნება მომეცით გამოგეთხოვოთ...

ბატონი გოლიადკინი დადუმდა. რაკიღა ამჯერად ბატონმა რეგისტრატორებმა დაკმაყოფილებულად იგრძნეს თავი, უცებ ერთობ უზრდელურად ახარხარდნენ. ბატონი გოლიადკინი აენთო.

– იცინეთ, ბატონებო, იცინეთ! დადგება დრო და თვითონ მიხვდებით, – წარმოთქვა ღირსებაშელახული კაცის კილოთი, შლაპას ხელი დაავლო და კარისაკენ გააბიჯა.

– მეტსაც გეტყვით, ბატონებო, – მიუტრიალდა იგი უკანასკნელად ბატონ რეგისტრატორებს, – მეტსაც გეტყვით, – თქვენთან დასამალი არაფერი მაქვს. აი, როგორ წესს მივდევ მე, ბატონებო: არ გამომივა? – გულს ვიმაგრებ. გამომივა და თავს ვიჭერ, და ყოველ შემთხვევაში ძირს არავის გამოვუთხრი. ინტრიგანი არა ვარ, ვამაყობ კიდეც ამით. არც დიპლომატად ვივარგებდი. ასეც ამბობენ ხოლმე, ბატონებო : თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო. მართალი ნათქვამია, მეც მზად ვარ დავეთანხმო, მაგრამ ვინ კატა და ვინ თაგვი, ეს კიდევ საკითხავია, ბატონებო!

ბატონი გოლიადკინი მჭერმეტყველურად დადუმდა, უაღრესად მრავალმნიშვნელოვანი სახით, ესე იგი, წარბებაქაჩული და ტუჩებმოკუმული, გამოეთხოვა სახტად დარჩენილ ჩინოვნიკებს და გარეთ გავიდა.

– საით მიბრძანდებით? – პირქუშად ჰკითხა პეტრუშკამ, რომელსაც ჩანდა, უკვე მობეზრებოდა ამ ყიამეთში წანწალი, – საით მიბრძანებთ? – ჰკითხა მან ბატონ გოლიადკინს და იმწამსვე შეეფეთა იმ საზარელ, ყოვლისგამანადგურებელ მზერას, რომლითაც ჩვენმა გმირმა ამ დილით უკვე ორჯერ დაიზღვია თავი და ახლა მესამედ იშველიებდა კიბეზე ჩასვლისას.

– იზმაილოვის ხიდისაკენ.

– იზმაილოვის ხიდისაკენ! გასწი!

„სადილად ალბათ ხუთისთვის დასხდებიან, ან ზუსტად ხუთზე, – ფიქრობდა ბატონი გოლიადკინი: – ადრე ხომ არ მივდივარ? თუმცა მე ხომ ადრეც შემიძლია მისვლა; თანაც ეს შინაურული სადილია. მე ხომ ისეც შემიძლია მისვლა სან-ფასონ, როგორც წესიერ ხალხში იტყვიან ხოლმე. ვითომ რატომ არ შემიძლია სან-ფასონ? ჩვენმა დათვმაც ხომ თქვა, ყველაფერი სან-ფასონ იქნებაო, ხო და მეც ასევე...“ ამას ფიქრობდა გულში ბატონი გოლიადკინი; მაგრამ თანდათან, სულ უფრო და უფრო იპყრობდა მღელვარება. აშკარა იყო, რომ იგი ერთობ საჭოჭმანო საქმეს ეპირებოდა, თავისთვის რაღაცას ჩურჩულებდა, მარჯვენა ხელს იქნევდა, წამდაუწუმ კარეტის სარკმლიდან იხედებოდა; ახლა რომ ვინმეს ბატონი გოლიადკინისთვის შეესწრო თვალი, ვერ დაიჯერებდა, რომ იგი გემრიელ სადილზე იყო მიწვეული და ისიც შინაურულ წრეში – სან-ფასონ, როგორც წესიერ ხალხში იტყვიან ხოლმე. ბოლოს ზედ იზმაილოვის ხიდთან ბატონმა გოლიადკინმა ერთ სახლზე ანიშნა მეეტლეს. კარეტა ჭიშკარში შეგრიალდა და მარჯვენა სადარბაზოსთან გაჩერდა. მეორე სართულის ფანჯარაში გოლიადკინმა ქალის ფიგურას მოჰკრა თვალი და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, თუმცაღა თავადაც არ ესმოდა რას სჩადიოდა, რადგან მღელვარებისაგან თითქმის ჭკუაზე აღარ იყო. კარეტიდან გაოგნებული, ფერწასული გადმოვიდა, პარმაღზე ავიდა, შლაპა მოიხადა, მექანიკურად შეისწორა ტანსაცმელი და მუხლის კანკალით შეუდგა კიბეს.

– ოლსუფი ივანოვიჩი... – იკითხა მან, როცა კარი გაუღეს.

– შინ გახლავთ, ესე იგი, არა ბატონო, შინ არ გახლავთ.

– როგორ? რას ამბობ, ჩემო კეთილო? – მე... მე სადილზე ვარ მოწვეული, ძმობილო, ხომა მცნობ?

– როგორ არა გცნობთ, ბატონო? თქვენი მიღება არ უბრძანებია.

– შენა... ძმობილო... რაღაც გეშლება, ძმაო. ეს ხომ მე ვარ, მე, ძმობილო! დაპატიჟებული ვარ, სადილზე ვარ მოწვეული. – ამბობდა ბატონი გოლიადკინი და თან შინელს იხდიდა, აშკარა იყო, შიგნით შესვლას აპირებდა.

– უკაცრავად, ბატონო, არ შეიძლება. არ უბრძანებიათ თქვენი მიღება, უარის თქმა მიბრძანეს, ბატონო. აი, როგორაა საქმე!

ბატონი გოლიადკინი გაფითრდა. სწორედ ამ დროს შიდა ოთახში გამავალი კარი გაიღო და ოლსუფი ივანოვიჩის მოხუცი კამერდინერი, გერასიმიჩი გამოვიდა.

– აგერ, ამ ბატონს, ემელიან გერასიმიჩ, შემოსვლა უნდა. მე კი...

– თქვენ კი ბრიყვი ხართ, ალექსეიჩ. შინ შედით და ის არამზადა სემიონიჩი გამომიგზავნეთ აქ, არ შეიძლება, ბატონო, – თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ მიმართა ბატონ გოლიადკინს, – არაფრით არ შეიძლება, ბატონო. ბოდიში შემოგითვალეს, ბატონო; არ შეუძლიათ თქვენი მიღება.

– სწორედ ასე გითხრეს, არ შეგვიძლია მიღებაო? – გაუბედავად ჰკითხა ბატონმა გოლიადკინმა. – მაპატიეთ, გერასიმიჩ, მაგრამ რატომ არ შეიძლება?

– არაფრით არ შეიძლება, ბატონო. მე მოვახსენე, მიპასუხეს, ბოდიში მოუხადეო, უთხარი, არ შეუძლია მიღება-თქო.

– კი მაგრამ, რატომ? როგორ?

– მოითმინეთ, მოითმინეთ!

– კი, მაგრამ, როგორ? ასე როგორ შეიძლება! მოახსენეთ... ეს როგორ იქნება? მე სადილზე...

– მოითმინეთ, მოითმინეთ!

– თუმცა, ეს უკვე სხვა ამბავი კია, – ბოდიშს რომ ითხოვენ; მაგრამ მაინც მითხარით ერთი, გერასიმიჩ, რა მოხდა, რა ამბავია?

– მოითმინეთ, მოითმინეთ! – უპასუხა გერასიმიჩმა. თან დაურიდებლად გასწია გვერდზე ბატონი გოლიადკინი და ფართო გზა მისცა ორ ბატონს, რომლებიც ის იყო წინკარში შემოდიოდნენ, ესენი იყვნენ ანდრეი ფილიპოვიჩიდა მისი ძმისწული ვლადიმირ სემიონოვიჩი. ორივემ გაკვირვებით შეხედა ბატონ გოლიადკინს. ანდრეი ფილიპოვიჩი რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ბატონ გოლიადკინს უკვე მიეღო გადაწყვეტილება: სახეზე დაბნეული ღიმილით, თავდახრილი და გაწითლებული უკვე გადიოდა ოლსუფი ივანოვიჩის სახლიდან.

– მერე შემოვივლი, გერასიმიჩ; ყველაფერს გავარკვევ, იმედი მაქვს, მალე გაირკვევა ეს საქმე, – ჩაილაპარაკა მან, როცა კარებში გადიოდა და სათქმელი უკვე კიბეზე დაამთავრა...

– იაკობ პეტროვიჩ, იაკობ პეტროვიჩ... – მოესმა ბატონ გოლიადკინს გამოდევნებული ანდრეი ფილიპოვიჩის ხმა.

ბატონი გოლიადკინი ამ დროს უკვე კიბის პირველ ბაქანზე იყო. იგი სწრაფად მიუტრიალდა ანდრეი ფილიპოვიჩს.

– რა გნებავთ, ანდრეი ფილიპოვიჩ? – საკმაოდ გაბედულად ჰკითხა მან.

– რა დაგემართათ, იაკობ პეტროვიჩ? როგორ მოხდა, რომ...

– არაფერიც არ მომხდარა, ჩემო ბატონო. აქ ჩემი თავი მე მაბარია. ეს ჩემი პირადი ამბავია, ანდრეი ფილიპოვიჩ!

– რა ბრძანეთ?

– იმას მოგახსენებთ, ანდრეი ფილიპოვიჩ, რომ ეს ჩემი პირადი საქმეა, და რომ ამაში, რამდენადაც მე მგონია, არაფერია გასაკიცხი ჩემი ოფიციალური დამოკიდებულების თვალსაზრისით.

– რაო? – ოფიციალური დამოკიდებულების?.. რა გაგჭირვებიათ, ბატონო ჩემო?

– არაფერი, ანდრეი ფილიპოვიჩ, სრულიად არაფერი, თავხედი გოგოა, მეტი არაფერი...

– რაო!.. რაო?! – ანდრეი ფილიპოვიჩი გაოცებისგან დაიბნა. ბატონი გოლიადკინი აქამდე ქვედა საფეხურიდან ელაპარაკებოდა ანდრეი ფილიპოვიჩს და ისე მისჩერებოდა, გეგონებოდათ, საცაა თვალებში შეაფრინდებაო; ხოლო როცა დაინახა, რომ განყოფილების უფროსი ცოტა დაიბნა, თითქმის გაუაზრებლად წადგა ნაბიჯი. ანდრეი ფილიპოვიჩმა უკან დაიხია. ბატონმა გოლიადკინმა ისევ მოინაცვლა საფეხური, ჯერ ერთი, მერე მეორე. ანდრეი ფილიპოვიჩმა შეშფოთებით მიხედ-მოიხედა. ბატონმა გოლიადკინმა უცებ მარდად აირბინა კიბე. ანდრეი ფილიპოვიჩი უფრო მარდად გადახტა უკან, შევარდა ბინაში და კარი მიიჯახუნა. ბატონი გოლიადკინი მარტო დარჩა, თვალთ დაუბნელდა, თავგზა აებნა და გახევდა რაღაც უაზრო ფიქრებში წასული, თითქოს სულ ახლახან მომხდარი, ასეთივე – ყოვლად უაზრო შემთხვევის გახსენებას ცდილობსო. „ეჰ, ეჰ! – წაიჩურჩულა მან და ნაძალადევად გაიღიმა, ამასობაში კიბის ბოლოდან ლაპარაკი და ფეხის ხმა მოისმა; როგორც ეტყობა ოლსუფი ივანოვიჩის ახალი სტუმრები მოდიოდნენ; ბატონი გოლიადკინი ოდნავ გონს მოეგო, სწრაფად აიწია ენოტის საყელო, შიგ სახე ჩამალა და მოკლე-მოკლე ნაბიჯებით, კოჭლობითა და ბორძიკით დაეშვა კიბეზე. გრძნობდა, როგორ ეცლებოდა ღონე და უბუჟდებოდა სხეული. ისე იყო დაბნეული, რომ პარმაღზე გასულმა კარეტის მოახლოებასაც არ მოუცადა, პირდაპირ გაუყვა გზას, გადაიარა ტალახიანი ეზო და ეკიპაჟთან მივიდა. ის იყო ჩასაჯდომად მოემზადა ბატონი გოლიადკინი, რომ გულში გაკრა სურვილმა – ან მიწა გასკდომოდა და შიგ ჩავარდნილიყო, ან თაგვის სოროში შემძვრალიყო თავისი კარეტიანად, ეჩვენებოდა, თითქოს ყველაფერი, რაც კი ოლსუფი ივანოვიჩის სახლში იყო, მას მიშტერებოდა ყველა ფანჯრიდან. გრძნობდა, აქვე დალევდა სულს, თავი რომ მიებრუნებინა უკან.

– რა გაცინებს, შე ბრიყვო! – შეუძახა პეტრუშკას, რომელიც ბატონის შესაშველებლად მომზადებულიყო.

– რა მაქვს გასაცინი? მე რა, სულაც არაფერი, ახლა სად წავიდეთ?

– სახლში, გასწი...

– გასწი სახლისაკენ! – შესძახა პეტრუშკამ და უკანა საფეხურს შეახტა.

„ყვავივით არ ყრანტალებს!“ – გაიფიქრა ბატონმა გოლიადკინმა. ამასობაში კარეტა კარგა შორს გასცდა იზმაილოვის ხიდს. უცებ ჩვენმა გმირმა მთელი ძალით მოქაჩა ზონარს და მეეტლეს მიაძახა, დაუყოვნებლივ უკან დაბრუნებულიყო. მეეტლემ ცხენები მოაბრუნა და ორი წუთის შემდეგ ისევ ოლსუფი ივანოვიჩის ეზოში შეგრიალდა. – „სად მიხვალ, რეგვენო, სად! უკან გაბრუნდი!“ – დაუყვირა ბატონმა გოლიადკინმა, და მეეტლემაც, თითქოს მოელოდაო ასეთ ბრძანებას, სიტყვის შეუბრუნებლად, შეუჩერებლივ შემოუარა გარშემო ეზოს და ისევ ქუჩაში გავიდა.

ბატონი გოლიადკინი შინ არ წასულა; სემიონოვის ხიდი რომ გადაიარა, მეეტლეს უბრძანა, ერთ მოსახვევში შეეხვია და ერთი უბრალო ტრაქტირის წინ გაჩერებულიყო. კარეტიდან გადმოსული ჩვენი გმირი გაუსწორდა მეეტლეს და, როგორც იქნა, თავი დაიხსნა ეკიპაჟისაგან. პეტრუშკას უბრძანა შინ წასულიყო და იქ დალოდებოდა, თვითონ კი ტრაქტირში შევიდა, ცალკე ნომერი დაიკავა და სადილი დაუკვეთა. ცუდად იყო, ძალზე ცუდად; თავში საშინელი ქაოსი და ორომტრიალი ედგა. დიდხანს სცემდა ოთახში ბოლთას აღელვებული, ბოლოს სკამზე ჩამოჯდა, შუბლი ხელებს დააყრდნო და მთელი ძალით შეეცადა, გაერკვია და აეხსნა როგორმე თავისი ახლანდელი მდგომარეობა.

თავი IV

   ის დღე, – ბატონი გოლიადკინის ოდინდელი კეთილისმყოფელის, სახელმწიფო მრჩეველ ბერენდეევის მხოლოდშობილი ასულის, კლარა ოლსუფიევნას დაბადების ღირსშესანიშნავი დღე, დღე, რომელიც ბრწყინვალე სადილით აღინიშნა, სადილით, რომლის მსგავსი კაი ხანია აღარ ენახათ იზმაილოვის ხიდის ახლომახლო მცხოვრებ ჩინოვნიკთა ოჯახებში, სადილით, რომელიც თავისი ბრწყინვალებით, თვალისმომჭრელი სიმდიდრითა და მაღალი ღირსებით ბალთაზარულ ლხინს უფრო ჰგავდა, ვიდრე სადილს, სადილით, რომელსაც კლიკოს შამპანურის სიუხვე, ელისეევისა და მილიუტინისეული დუქნების ხამანწკებისა და თევზეულობის ხვავრიელობა და სხვა უცხო, ნუგბარ-ნუგბარი ხორაგეულობა, ნაირგვარი ნასუქი კუროები და ჩინოვნიკური რანგის სრული ტაბელი რაღაც ბაბილონურ იერს რომ ანიჭებდა, – სწორედ ის ღირსშესანიშნავი დღე, ასეთივე ღირსშესანიშნავი სადილით აღნიშნული, დამთავრდა თვალისმომჭრელი მეჯლისით, მცირე, შინაურული, ნათესაური, მაგრამ გემოვნების, განათლებულობისა და მაღალღირსების თვალსაზრისით, მაინც თვალისმომჭრელი მეჯლისით.

დაგეთანხმებით, რომ ასეთი მეჯლისები იმართება ხოლმე, მაგრამ ძალზე იშვიათად. ასეთი მეჯლისები, უფრო შინაურულ დროსტარებას რომ ჰგავს, ვიდრე მეჯლისებს, მხოლოდ ისეთ ოჯახებში შეიძლება გაიმართოს, როგორიც, მაგალითისთვის, სახელმწიფო მრჩევლის ბერენდეევის ოჯახი გახლდათ. მეტსაც მოგახსენებთ: დიდად მეეჭვება, რომ ამდაგვარი მეჯლისები ყველა სახელმწიფო მრჩევლის ოჯახში იმართებოდეს. ეჰ, პოეტი რომ ვყოფილიყავი! – რა თქმა უნდა, თუნდაც ჰომეროსი, ან პუშკინი, ამათზე მცირე ნიჭით ვერაფერს გახდებოდა კაცი. როგორი წარმტაცი ფერებითა და სილაღით დაგიხატავდით, ჩემო მკითხველებო, მთელ ამ დიდსაზეიმო დღეს! არა, უპირველეს ყოვლისა, ჯერ სუფრის აღწერით დავიწყებდი ჩემს პოემას და განსაკუთრებით იმ გამაოგნებელ და ამავე დროს საზეიმო წუთს წარმოგიდგენდით, თვალნათლივ, როცა დღესასწაულის დედოფლის სადღეგრძელოდ პირველი სასმისი აიწია. დაგიხატავდით სადღეგრძელოს მოლოდინში სასოებით გარინდულ სტუმრებს, რომელთა დუმილი დემოსთენეს ენამჭევრობას უფრო ჩამოჰგავდა, ვიდრე დუმილს, მერე დაგიხატავდით ანდრეი ფილიპოვიჩს, უხუცესს სტუმართა შორის, რომელსაც ერთგვარი უფლებაც კი ჰქონდა პირველობისა, ჭაღარით მოსილს და ჭაღარის შესაფერისი ორდენებით მკერდდამშვენებულს, ფეხზე რომ წამოიმართა და სადღეგრძელოს წარმოსათქმელად თავს ზემოთ ასწია შუშხუნა ღვინით სავსე თასი, იმ ღვინით, საგანგებოდ რომ ჩამოაქვთ ხოლმე ერთი შორეული მცირე სამეფოდან, რათა ამგვარ წუთებში ყელი ჩაიკოკლოზინონ, ღვინით , რომელიც ღვთაებრივ ნექტარს უფრო ჰგავს, ვიდრე ღვინოს. დაგიხატავდით სუფრის წვეულთ და დედოფლის ბედნიერ მშობლებს, რომელთაც თავ-თავიანთი სასმისები ასწიეს ანდრეი ფილიპოვიჩის კვალზე და ლოდინით სავსე მზერა მიაპყრეს მას. დაგიხატავდით, ჯერ როგორ ჩააპკურა ამ ხშირად ნახსენებმა ანდრეი ფილიპოვიჩმა ერთი წვეთი ცრემლი თავის თასში, მერე კი ადღეგრძელა მასპინძლის ასული, მიულოცა დღეობა, უსურვა ყოველივე სიკეთე და ბოლომდე გამოცალა თასი, მაგრამ ვაღიარებ, გულწრფელად ვაღიარებ, რომ უკვე ვეღარ შევძლებდი ამეწერა თქვენთვის იმ სანეტარო წუთის საზეიმო განწყობილება, როცა თავად დღესასწაულის დედოფალმა, კლარა ოლსუფიევნამ, ნეტარებისა და სიმორცხვისაგან გაზაფხულის ვარდის ფერად ლოყებშეფაკლულმა, ვეღარ გაუძლო მოზღვავებულ გრძნობებს და მოსიყვარულე დედას ჩაეკონა გულში, როგორ აცრემლდა მოსიყვარულე დედა და როგორ აქვითინდა ამ სურათის მხილველი მამა, ღირსეული მოხუცი და სახელმწიფო მრჩეველი ოლსუფი ივანოვიჩი, რომელმაც ხანგრძლივ სამსახურს შესწირა ფეხთა სიმრთელე და ასეთი თავდადების საზღაურად მცირე კაპიტალით, საცხოვრებელი სახლით, ორიოდე სოფლითა და მზეთუნახავი ქალიშვილით დააჯილდოვა ბედმა. აქვითინდა, როგორც ბალღი აქვითინდება ხოლმე და ცრემლის ფრქვევით აღმოთქვა, მისი აღმატებულება ოქრო კაციაო. ვერც იმას შევძლებდი, დიახ, სწორედ რომ ვერ შევძლებდი, გადმომეცა თქვენთვის გულთა ის საყოველთაო აღტკინება, უშუალოდ ამ ამბავს რომ მოჰყვა და ასე ნათლად რომ გამოვლინდა ერთი ახალგაზრდა რეგისტრატორის (ამ წუთას იგი სახელმწიფო მრჩეველს უფრო ჩამოჰგავდა, ვიდრე რეგისტრატორს) საქციელში, ანდრეი ფილიპოვიჩის სიტყვის მოსმენაზე ცრემლი რომ მოერია. თავის მხრივ, ამ წუთას არც ანდრეი ფილიპოვიჩი ჰგავდა კოლეგიის მრჩეველსა და დეპარტამენტის განყოფილების უფროსს, იგი სულ სხვა რანგის კაცი გეგონებოდათ... არ კი ვიცი, ვინ, სახელდობრ, მაგრამ კოლეგიის მრჩეველი ხომ არამც და არამც! იგი გაცილებით დიდი ვინმე ჩანდა! და ბოლოს... ო! ნეტავ ვფლობდე ამაღლებული, ძლიერი და შთამბეჭდავი სტილის საიდუმლოს, რათა აღვწერო ჩვენი ცხოვრების ყველა ეს უმშვენიერესი და ჭკუისსასწავლებელი ჟამი, თითქოსდა განზრახ გაჩენილი იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ ამარცხებს ხანდახან სათნოება უკეთურებას, თავქარიანობას, ბიწიერებასა და შურს! არაფერს ვიტყვი, მხოლოდ უსიტყვოდ – ეს ყოველგვარ მჭერმეტყველებაზე უმჯობესი იქნება – დაგანახვებთ ამ ბედნიერ ყმაწვილ კაცს, თავისი სიცოცხლის ოცდამეექვსე გაზაფხულში გადამდგარს, ვლადიმირ სემიონოვიჩს, ანდრეი ფილიპოვიჩის ძმისწულს, რომელიც თავის მხრივ, აგრეთვე, ფეხზე დგება, რომელიც თავის მხრივ, აგრეთვე, წარმოთქვამს სადღეგრძელოს და რომლისადმიც მიპყრობილია აცრემლებული თვალები ზეიმის დედოფლის მშობლებისა, – სიამაყით სავსე თვალები ანდრეი ფილიპოვიჩისა, დარცხვენილი თვალები თავად დღესასწაულის დედოფლისა, წვეულთა აღტაცებული მზერა და ახალგაზრდა თანამშრომელთა უბოროტო შურით ანთებული თვალები. არაფერს ვიტყვი, თუმცა არ ძალმიძს თავი შევიკავო და არ აღვნიშნო, რომ ყველაფერი ამ ყმაწვილკაცში, რომელიც დარბაისელ მოხუცს უფრო ჰგავდა, ვიდრე ყმაწვილკაცს (მისთვის სახარბიელო აზრით ვამბობთ ამას), ყველაფერი – ღაჟღაჟა ღაწვებით დაწყებული კარგად შეფერებულ ასესორის ჩინამდე, ყოველივე ეს ლამის თავად ალაპარაკებულიყო ამ საზეიმო წუთებში – ერთი შეხედეთ, რა ზომამდე შეიძლება აამაღლოს კაცი კეთილზნეობამო. არც იმას აგიწერთ, თუ ანტონ ანტონოვიჩ სეტოჩკინმა, დეპარტამენტის მაგიდის უფროსმა, ანდრეი ფილიპოვიჩისა და ოდესღაც ოლსუფი ივანოვიჩის ახლო თანამშრომელმა, ესეც არ იყოს, ამ ოჯახის ძველმა მეგობარმა და კლარა ოლსუფიევნას ნათლიამ, სპეტაკი ჭაღარით თავგადაპენტილმა ბერიკაცმა, თავის მხრივ, როგორ შესთავაზა სადღეგრძელო წვეულთ. ხრინწიან ხმაზე წაიმღერა და ზედ მხიარული შაირებიც დააყოლა, როგორ დააოსა სიცილით, წესიერების ამ წესიერად დამრღვევმა, თუ კი შეიძლება ასე ითქვას, მთელი საზოგადოება და როგორ ეამბორა მას მშობლების ბრძანებით თავად კლარა ოლსუფიევნა ასეთი მხიარულებისა და თავაზიანობისათვის. და, ბოლოს, მხოლოდ იმას გეტყვით, თუ როგორ წამოიშალნენ სუფრიდან სტუმრები, რომლებიც ასეთი სადილის შემდეგ ბუნებრივია, ერთმანეთისადმი ღვიძლი ნათესაური და ძმური გრძნობით განიმსჭვალნენ. როგორ გააბეს ერთხანს მოხუცებმა და დარბაისელმა ხალხმა მეგობრული მუსაიფი და გულწრფელადაც გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი გულისნადები, როგორ გაემართნენ მერე დინჯად მეორე ოთახისაკენ, ძვირფასი დრო რომ არ დაეკარგათ, საჩქაროდ განცალკევდნენ მცირე ჯგუფებად და ღირსების გრძნობებით სავსენი მიუსხდნენ მწვანე მაუდგადაკრულ მაგიდებს; თუ როგორ მოკალათდნენ ბანოვანნი სასტუმრო ოთახში, გადაიქცნენ ხორცშესხმულ თავაზიანობად და სხვადასხვა საგნებზე გააბეს საუბარი; და ბოლოს, როგორ დადიოდა სტუმრებს შორის თავად დიდადპატივცემული სახლის პატრონი, ხანგრძლივ სამსახურს რომ შესწირა ფეხთა სიმრთელე და ამის სანაცვლოდ ყოველივე იმით დაჯილდოვდა, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, როგორ დადიოდა ყავარჯნებს დაყრდნობილი, ერთი მხრიდან ვლადიმერ სემიონოვიჩი რომ შესდგომოდა, მეორე მხრიდან კი – კლარა ოლსუფიევნა, როგორ გადაიქცა იგი ხორცშესხმულ თავაზიანობად და როგორ გადაწყვიტა, ხარჯების მიუხედავად, სახელდახელოდ მოეწყო პატარა, უპრეტენზიო მეჯლისი; როგორ აფრინეს, ამ მიზნით, ერთი მარჯვე ყმაწვილი (სწორედ ის, რომელიც სადილზე სახელმწიფო მრჩეველს უფრო წააგავდა, ვიდრე ყმაწვილკაცს) მუსიკოსების მოსაყვანად; მერმე როგორ მოვიდნენ მუსიკოსები, სულ თერთმეტი სული, და ბოლოს, ზუსტად ცხრის ნახევარზე როგორ გაისმა პირველი ჰანგები ფრანგული კადრილისა და სხვა ნაირ-ნაირი საცეკვაო მუსიკისა... იმის თქმაც კი არა ღირს, რომ ჩემი კალამი უძლური, ბლაგვი და დუნეა, რომ მას არ ძალუძს საკადრისად დაგიხატოთ მეჯლისი, რომელიც სახელდახელოდ მოაწყო უსაზღვროდ თავაზიანმა თმაჭაღარა მასპინძელმა. ან კი, ერთი მიბრძანეთ, როგორ შევძლო მე, ბატონი გოლიადკინის უბრალო, თუმცაღა თავისებურად საგულისხმო თავგადასავალთა მოკრძალებულმა მთხრობელმა, როგორ შევძლო, აგიწეროთ ის არაჩვეულებრივი და განმაცვიფრებელი ნაზავი სილამაზისა და ბრწყინვალებისა, წესიერებისა და მხიარულებისა, თავაზიანი სიდარბაისლისა და დარბაისლური თავაზიანობისა, სილაღისა და სიხარულისა; სიცილი და ტკრციალი ჩინოსან მანდილოსნებისა, უფრო ფერიებს რომ ჰგავდნენ, ვიდრე მანდილოსნებს, – ამას მათთვის სახარბიელო აზრით მოგახსენებთ. თეთრ-ყირმიზი ყელ-კისერი და პირისახე, წერწეტი წელი და ნატიფ-ნარნარი, მაღალფარდოვნად მოგახსენებთ, ჰომეოპათიური ფეხები რომ ამშვენებდათ? ან როგორ დაგიხატოთ ის ჩინოვნიკი რაინდები, მხიარულნი და დარბაისელნი, ყმაწვილკაცნი და ჭარმაგნი, გულმხიარულნი და ზომიერად გულჩათხრობილნი, ცეკვებს შორის ანტრაქტის დროს მოშორებით, პატარა მწვანე ოთახში ჩიბუხის მწეველნი და ანტრაქტებში ჩიბუხის არამწეველნი, კავალრები, უკლებლივ ყველა, შესაფერი ჩინისა და გვარის მატარებელნი, კავალრები საკუთარი ღირსების ღრმა რწმენითა და ფაქიზი გრძნობებით გამსჭვალულნი, მანდილოსნებთან უმეტესწილად ფრანგულად მომუსაიფენი, ხოლო რუსულად კი მხოლოდ უმაღლესი ტონის გამომხატველი გამოთქმების, ღრმააზროვანი ფრაზებისა და ქათინაურების მფრქვეველნი, კავალრები, რომლებიც მხოლოდ მოსაწევ ოთახში თუ მისცემდნენ თავს ნებას, ერთგვარი თავდაჭერილობით ეღალატათ მაღალი ტონისათვის, ეთქვათ ერთმანეთისათვის ორიოდე ძმაკაცური სიტყვა, როგორც, მაგალითად, „რაო, შე ასეთო და ისეთო, პეტკა, ძაან არ გაახურე პოლკა“ ან კიდევ: „რაო, შე ასეთო და ისეთო, ვასია, მაინც მოჩანგლე ის გოგო, შე ძველო?“ ყოველივე ამის სათქმელად და გამოსახატავად, ჩემო მკითხველო, როგორც მქონდა პატივი მომეხსენებინა, არ მიჭრის კალამი და ამიტომაც ვდუმვარ. სჯობს ისევ ბატონ გოლიადკინს მივუბრუნდეთ, ამ ჩვენი მართალზე მართალი ამბის ერთადერთ ჭეშმარიტ გმირს.

საქმე ისაა, რომ ახლა იგი, მეტი რომ არა ვთქვათ რა, ერთობ უცნაურ მდგომარეობაში იმყოფება. ისიც აქაა, ბატონებო, ესე იგი, მეჯლისზე კი არა, თითქმის მეჯლისზე, ის მერე რა, ბატონებო, ის არაფერი, ის თავისთვისაა... და თუმცა თავისთვის კია, მაგრამ ამწუთას არცთუ მთლად სწორ გზას ადგას; დგას ახლა ის – სათქმელადაც კი უცნაურია – დგას ახლა ის წინკარში, ოლსუფი ივანოვიჩის სახლის უკანა კიბეზე. მაგრამ ეს არაფერია, რა ვუყოთ, რომ იქ დგას; იგი ხომ თავისთვისაა. იგი, ბატონებო, კუთხეში დგას, მიკუნჭული, ისეთ ადგილას, სადაც მაინცდამაინც არ თბილა, მაგრამ სამაგიეროდ საკმაოდ ბნელა; უზარმაზარ კარადასა და ძველ თეჯირებს ამოფარებია, ჩაჭედილა ათასგვარ ხარახურასა და ძველა-ძულებში, იმალება და დროს ელის, მანამდე კი გარეშე მაყურებელივით საერთო საქმის მსვლელობას ადევნებს თვალს. ახლა, ბატონებო, მეჯლისზე შესვლა... ვითომ რატომ არ უნდა შევიდეს? ერთი ნაბიჯის გადადგმა და უკვე შევა, ძალზე მარჯვედაც შევა. ახლა კი, უკვე მესამე საათია, რაც თეჯირებსა და კარადას შუა ჩაჩხირულა, ათასგვარი ხარახურითა და ძველა-ძულებით გარშემორტყმული დგას და თავის გასამართლებლად იმეორებს ცხონებული ფრანგი მინისტრის ვილელის ფრაზას – „ყველაფერი თავის დროზე მოვა, თუ კაცს მოთმინების უნარი შესწევსო“. ეს ფრაზა ბატონ გოლიადკინს რომელიღაც წიგნიდან ამოეკითხა ოდესღაც და სწორედ ახლა ერთობ დროულად გახსენებოდა. ჯერ ერთი, ეს ფრაზა ზედმიწევნით ესადაგებოდა მის ახლანდელ მდგომარეობას და გარდა ამისა, რა არ მოუვა კაცს თავში, როცა მთელი სამი საათი, სიბნელესა და სიცივეში, წინკარში მიყუჟული ელის თავისი საქმის ბედნიერ დასასრულს. ყოფილი ფრანგი მინისტრის, ვილელის ამ ფრაზას რომ იმეორებდა, მისი მდგომარეობისთვის ასერიგად მისასადაგებელს, ბატონ გოლიადკინს, ღმერთმა უწყის რის გამო, თურქეთის ყოფილი ვეზირი, მარციმირისიც გაახსენდა და მშვენიერი მარკგრაფინია ლუიზაც, რომელთა ისტორია, აგრეთვე, ოდესღაც ამოეკითხა რომელიღაც წიგნიდან. მერე ისიც მოაგონდა, რომ იეზუიტებმა მცნებად დაისახეს, ყველა საშუალება მისაღები და გამოსადეგიაო. ამ ისტორიული პუნქტით თავი რომ გაიმხნევა, ბატონმა გოლიადკინა გულში თქვა, ვითომ რა, იეზუიტები ვინ არიან, ყველანი კაი ბრიყვები იყვნენ, ჩემი ფეხის ფრჩხილადაც არ ღირან, ჩემთან რას მოვლენ ისინიო. ერთი კი დაცარიელდეს ბუფეტი (სწორედ ის ოთახი, რომელიც პირდაპირ წინკარში გადიოდა უკანა კიბეზე, სადაც ბატონი გოლიადკინი მიკუნჭულიყო) და მერე თვითონ იცის. ადგება და, იეზუიტებს რას დაგიდევთ, პირდაპირ შევა ჯერ ბუფეტში, მერე საჩაიეში, მერე იმ ოთახში, სადაც ქაღალდს თამაშობენ, მერე კი პირდაპირ დარბაზში ამოყოფს თავს, სადაც ახლა პოლკას ცეკვავენ. შევა კიდეც, უსიკვდილოდ შევა, არაფერს შეეპუება, გაძვრება და მორჩა, თვალსაც კი ვერავინ მოჰკრავს. მერე კი თვითონ იცის, რასაც იზამს. აი, ბატონებო, ასეთ მდგომარეობაში გვყავს ახლა ჩვენი, მართალზე მართალი ისტორიის გმირი; თუმცაღა ძნელი სათქმელია, რა ემართება მას ამ წუთებში. საქმე ისაა, რომ კიბეზე ასვლა და წინკარში შესვლა კი მოახერხა მან იმ საბაბით, ვითომ მე რატომ არ უნდა შევიდე თუკი ყველა შედისო; მაგრამ მერე ნაბიჯის გადადგმა ვეღარ გაბედა, აშკარად ვრ გაბედა... იმიტომ კი არა, თითქოს გაუბედავი იყოს, არამედ ისე, თვითონ არ უნდა და იმიტომ, იმიტომ რომ ჩუმათობა ურჩევნია, ჰოდა ახლა, დგას, ბატონებო, და ელოდება, როდის დაუდგება საჩუმათო ჟამი. უკვე ორსაათნახევარზე მეტია, რაც ელოდება, ვითომ რატომ არ უნდა ელოდოს? ვილელიც ხომ ელოდა! „ვილელი რა შუაშია!“ – ფიქრობდა ბატონი გოლიადკინი, „ვილელი ვინ ოხერია? კი, მე რომ ერთი ახლა როგორმე, ისა რა ქვია... ავდგე და შევძვრე?.. ეჰ, შე მამლაყინწა შენა! – უთხრა ბატონმა გოლიადკინმა თავის თავს და გათოშილი თითებით გათოშილ ლოყაზე იჩქმიტა, – შე ჩერჩეტო, შენა, შე გოლიადკა, შენი გვარი რა ვთქვი!“ თქმა არ უნდა, საკუთარ თავს ამ წუთებში იგი ისე, სასხვათაშორისოდ, ყოველგვარი მიზნის გარეშე მიეალერსა. მერე ის იყო, დააპირა შეძრომა და წინ წადგა ბიჯი. დამდგარიყო ნანატრი წუთი, ბუფეტი ცარიელი იყო, არავინ ჭაჭანებდა. ბატონი გოლიადკინი სარკმელში ხედავდა ყველაფერს; ორი ნაბიჯი წადგა წინ, კართან გაჩნდა და ის იყო, გამოღება დააპირა... „შევიდე თუ არა? ჰა, შევიდე თუ არა? შევალ... ვითომ რატომ არ უნდა შევიდე? მამაცებისათვის ყველა გზა ხსნილია!“ დიდის ამბით დააიმედა თავი ჩვენმა გმირმა, მაგრამ უცებ, სრულიად მოულოდნელად, უკან დაიხია და თეჯირს ამოეფარა. „არა – გაიფიქრა მან, – კარგი და უცებ შემოვიდა ვინმე? ა, ბატონო შემოვიდნენ კიდეც, რას დავაღე პირი, როცა არავინ იყო, ვერ დავადე თავი და ვერ შევძვერი? რას შეძვრები როცა ასეთი ხასიათი გექნება კაცს! მაინც რა უკუღმართი მიდრეკილება მაქვს! ქათამივით დავფრთხი! სიმხდალე ჩვენი მოგონილია, არ უნდა ამას ლაპარაკი! ყველაფერი უნდა ჩავაოხრო! ასეთი ზნე მჭირს! ახლა, ეგდე აქ ჯირკივით, თავში ქვა გიხლია! შინ ახლა ჩაის დალევდა კაცი... სხვა რომ არაფერი, გესიამოვნებოდა კაცს ერთი ჭიქა ცხელი ჩაი. გვიან მივალ და პეტრუშკა აბუზღუნდება: მოდი, წავიდე სახლში? ეშმაკსაც წაუღია აქაურობა! მორჩა და გათავდა!“ ეს რომ გადაწყვიტა, ბატონმა გოლიადკინმა ისე სწრაფად წადგა წინ ნაბიჯი, თითქოს ვიღაცამ ზამბარა გამოუშალა სხეულში. ორ წამში ბუფეტში გაჩნდა, მოიძრო შინელი, მოიხადა შლაპა, საჩქაროდ კუთხეში მიყარა ყველაფერი, თმა და ტანსაცმელი გაისწორა; მერე.. მერე კი საჩაიეში შევარდა, იქიდან მეორე ოთახში შეძვრა, თითქმის შეუმჩნევლად გაურბინა შუაში აზარტულ მოთამაშეებს, მერე... მერე... აქ ბატონ გოლიადკინს დაავიწყდა ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდებოდა და მოულოდნელად, ცამოწმენდილზე თავს დაატყდა საცეკვაო დარბაზში მყოფთ.

თითქოს განგებ, დარბაზში ამ დროს არ ცეკვავდნენ. ქალები თვალწარმტაც ჯგუფებად დასეირნობდნენ დარბაზში. კაცები ერთად ქუჩდებოდნენ ან აქეთ-იქით დაშლიგინობდნენ და მანდილოსნებთან ცეკვას იბევებდნენ, ბატონი გოლიადკინი ვერაფერს ამჩნევდა. იგი მხოლოდ კლარა ოლსუფიევნას ხედავდა. მის გვერდით ანდრეი ფილიპოვიჩს, იქვე ვლადიმერ სემიონოვიჩს, კიდევ ორ-სამ ოფიცერს და კიდევ ორიოდე ძალზე საინტერესო ყმაწვილკაცს, რომლებიც, ერთი შეხედვითაც შეატყობდით, ან დიდ იმედებს იძლეოდნენ, ან უკვე განეხორციელებინათ ეს იმედები ცხოვრებაში. კიდევ ზოგ-ზოგებსაც ხედავდა. თუმცა არა, ის უკვე ვეღარავის ხედავდა... არავის უყურებდა... თითქოს იგივე ზამბარა წარმართავსო, რომელმაც დაუპატიჟებლად შემოაგდო სხვის მეჯლისზე, მიიწევდა წინ, ისევ და ისევ წინ; გზად რომელიღაც მრჩეველს დაეტაკა და ფეხი დაადგა, იქვე ერთი დარბაისელი მანდილოსნის კაბას დააბიჯა ფეხი და ჩაქი ჩამოახია, სინით მიმავალ მსახურს დაეჯახა, კიდევ ვიღაც-ვიღაცეებს, მაგრამ არაფერი გაუგია, უფრო სწორად, კი გაიგო, მაგრამ ზედაც არავისთვის შეუხედავს, მიიწევდა ისევ და ისევ წინ და უეცრად კლარა ოლსუფიევნას წინაშე აღმოჩნდა. ეჭვი არაა, იმ წუთას მიწა რომ გამსკდარიყო, თვალსაც არ დაახამხამებდა, ისე ჩავარდებოდა შიგ დიდი სიამოვნებით, მაგრამ, რაც მოხდა, იმას რაღა ეშველებოდა... გატეხილს რაღა გაამთელებდა!... ჰოდა, რა უნდა ექნა? ხომ გაგიგონიათ? „ამყოლს აჰყევი, დამყოლს დაჰყევიო?“ ბატონი გოლიადკინი, რა თქმა უნდა, სულაც არ იყო ინტრიგანი და არც იატაკს აყრევინებდა ჩექმებით ნაპერწკლებს... ასე დაემართა და რას იზამდა. თან ეს იეზუიტები გამოეჩხირნენ რაღაც ეშმაკად... მაგრამ ახლა ბატონ გოლიადკინს მათთვის არა სცხელოდა! ყოველივე, რაც ირგვლივ მოძრაობდა, ხმაურობდა, იცინოდა, ლაპარაკობდა, უცებ, რაღაც სასწაულით, მიჩუმდა და ნელ-ნელა ბატონი გოლიადკინის გარშემო შეჯგუფდა. ბატონი გოლიადკინი კი თითქოს არც არაფერ ხედავსო, არც არაფერი ესმისო, თავს ვერ წევდა ზევით... არაფრით არ შეეძლო თავის აწევა; თვალები ძირს დაეხარა და იდგა თავისთვის, თან გულში, სხვათაშორის, პატიოსან სიტყვას აძლევდა თავს, რომ ამაღამვე, როგორც კი დროს მოიხელთებდა, ტყვია ეკრა შუბლში. ასეთი პატიოსანი სიტყვა რომ მისცა თავს, გულში გაივლო: „ეჰ, რაც იყოს, იყოს!“ – და თავისდა გასაოცრად სრულიად მოულოდნელად ალაპარაკდა.

ბატონმა გოლიადკინმა მილოცვითა და კეთილი სურვილებით დაიწყო. მილოცვამ მშვიდობიანად ჩაიარა, კეთილ სურვილებზე კი ჩვენს გმირს ენა დაება. კარგად იცოდა, რომ თუ ენა დაებმეოდა, მაშინვე ყველაფერი წყალში ჩაეყრებოდა, ასეც მოხდა – ენა დაება და გაიჭედა. გაიჭედა და გაწითლდა, გაწითლდა და თავგზა დაებნა, თავგზა დაებნა და თავი ასწია, თავი ასწია და მიხედ-მოიხედა, მიხედ-მოიხედა და – და გაშეშდა... მის გარშემო ყველაფერი გარინდებულიყო; ყველაფერი დუმდა, ყველაფერი დადარაჯებულიყო; ცოტა მოშორებით ჩურჩული გაისმა, ცოტა ახლოს ხარხარი ატყდა. ბატონმა გოლიადკინმა, დაბნეული, თვინიერი მზერა მიაპყრო ანდრეი ფილიპოვიჩს. ანდრეი ფილიპოვიჩმა ისეთი მზერა შეაგება ბატონ გოლიადკინს, რომ ჩვენი გმირი უკვე სავსებით განადგურებული რომ არ ყოფილიყო, ამჯერად აუცილებლად საბოლოოდ განადგურდებოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. დუმილი გრძელდებოდა.

– ეს ჩემს შინაურ საქმეებსა და ჩემს კერძო ცხოვრებას უფრო ეხება, ანდრეი ფილიპოვიჩ, – ძლივს გასაგონად წაილაპარაკა ცოცხალ-მკვდარმა ბატონმა გოლიადკინმა, – ეს ოფიციალური შემთხვევა არ გახლავთ, ანდრეი ფილიპოვიჩ...

– გრცხვენოდეთ, ბატონო ჩემო, გრცხვენოდეთ! – აღშფოთებული სახით, ხმადაბლა ჩაილაპარაკა ანდრეი ფილიპოვიჩმა, ჩაილაპარაკა, ხელი გაუყარა კლარა ოლსუფიევნას და ბატონ გოლიადკინს ზურგი შეაქცია.

– რისი უნდა მრცხვენოდეს, ანდრეი ფილიპოვიჩ, – ასევე ხმადაბლა უპასუხა ბატონმა გოლიადკინმა, სასოწარკვეთილი მზერა მოავლო დაბნეულ ხალხს იმ იმედით, ვინძლო მათ შორის გამგები და ჩემი ფარდი ვიპოვნოო.

– არაფერია, ბატონებო, არაფერია! რა მოხდა მერე? ყველას შეიძლება დაემართოს ასეთი რამ, – ჩურჩულებდა ბატონი გოლიადკინი, თან ნელ-ნელა უკან იხევდა და გარსშემორტყმული ხალხიდან თავის დაღწევას ლამობდა. ხალხმა გზა მისცა. ჩვენმა გმირმა ძლივსძლივობით გააღწია გაოცებულ და ცნობისმოყვარე ბრბოში. იგი წერას ჰყავდა ატანილი. ბატონი გოლიადკინი თავადაც კარგად გრძნობდა. თქმა არ უნდა, იგი არაფერს დაიშურებდა იმისათვის, რომ ზრდილობის წესის დაურღვევლად ისევ იქ, თავის ძველ ადგილას, წინკარში, უკანა კიბის თავში მდგარიყო. მაგრამ რადგან ეს არასგზით არ შეიძლებოდა, სცადა, რომელიმე კუთხისაკენ გაპარულიყო და იქ დამდგარიყო თავისთვის, მოკრძალებულად, წესიერად, განცალკევებით, არავისთვის გაეცა ხმა, არც ვინმეს განსაკუთრებული ყურადღება მიეპყრო ამავე დროს, სტუმრებისა და სახლის პატრონის კეთილგანწყობაც მოეპოვებინა. ისეთი გრძნობა ჰქონდა ბატონ გოლიადკინს თითქოს ფეხქვეშ მიწას აცლიანო, თითქოს ირწევა და სადაცაა დაეცემაო. ბოლოს, როგორც იქნა, მიაღწია ერთ კუთხეს და მიდგა იქ, როგორც გარეშე, სრულიად გულგრილი მაყურებელი, თან ხელებით ორი სკამის საზურგეს დაეყრდნო: თავის სრულ განკარგულებაში ჩათვალა ორივე და შეეცადა, შეძლებისამებრ მხნე გამომეტყველებით გაესწორებინა თვალი მის მახლობლად შეკრებილი ოლსუფი ივანოვიჩის სტუმრებისათვის, ყველაზე ახლოს ვიღაც ოფიცერი იდგა, მაღალი, წარმოსადეგი ყმაწვილი, რომლის წინაშეც ბატონ გოლიადკინს თავი ჭიანჭველად მოეჩვენა.

– ეს ორი სკამი, პორუჩიკო... ერთი კლარა ოლსუფიევნას ეკუთვნის, მეორე – თავადის ასულს, ჩევჩეხანოვას, აი, აგერ რომ ცეკვავს; მათთვის ვინახავ ამ სკამებს, პორუჩიკო, – წაილაპარაკა სულშეგუბებულმა ბატონმა გოლიადკინმა და მუდარის თვალით შეხედა პორუჩიკს. პორუჩიკმა გამანადგურებელი ღიმილი შეაგება და ხმაამოუღებლივ შეაქცია ზურგი. ერთგან რომ ხელი მოეცარა, ჩვენმა გმირმა ახლა სხვაგან სცადა ბედი და მიუბრუნდა ერთ, მედიდური სახის მრჩეველს, რომელსაც მაღალი ხარისხის ჯვარი ეკიდა კისერზე. მაგრამ მრჩეველმა ისეთი მკაცრი მზერით შეათვალიერა იგი, რომ ბატონმა გოლიადკინმა ცხადად იგრძნო, როგორ გადაასხეს თავზე მთელი კასრი ყინულივით ცივი წყალი. ბატონი გოლიადკინი გაიტრუნა, ამჯობინა გაჩუმებულიყო და ხმა არ ამოეღო, დაენახვებინა მათთვის, რომ იგი თავისთვისაა, სხვებისგან არ გამოირჩევა, და, ბოლოს და ბოლოს, სხვებივით ღირსეული მდგომარეობა უჭირავს. ამ მიზნით, იგი ჯერ თავისი ვიცე მუნდირის სახელოს დააცქერდა, მერე თავი ასწია და ერთ, დარბაისელი გარეგნობის ვაჟბატონს მიაპყრო მზერა. „ამ ვაჟბატონს პარიკი ადევს თავზე, – გაიფიქრა ბატონმა გოლიადკინმა, – პარიკი რომ მოხადო, მოტვლეპილი თავი გამოუჩნდება, სწორედ ისეთი, ჩემი ხელისგული რომაა. ასეთი მნიშვნელოვანი რამის აღმოჩენამ ბატონ გოლიადკინს არაბი ემირებიც გაახსენა, რომელთაც მწვანე ჩალმა, წინასწარმეტყველ მუჰამედთან ნათესაობის ნიშნად რომ ატარებენ, ასეთსავე მოტვლეპილ უბალნო თავებზე დაუკოსებიათ. თურქებზე ფიქრმა ახლა მათებური ფეხსაცმელი გაახსენა, ხოლო იმავე წუთში ისიც მოაგონდა, რომ ანდრეი ფილიპოვიჩის ჩექმები ტუფლებს უფრო ჰგავს, ვიდრე ჩექმებს. აშკარა იყო, რომ ბატონი გოლიადკინი ნაწილობრივ შეეგუა თავის მდგომარეობას, „აი, ეს ჭაღი რომ მოწყდეს, – გაუელვა თავში ბატონ გოლიადკინს, – ხალხს დაეცეს თავზე, იმ წამსვე კლარა ოლსუფიევნას საშველად გავექანებოდი, გადავარჩენდი და ვეტყოდი: „ნუ შეშფოთდებით, ქალბატონო; ეგ არაფერია, თქვენი მხსნელი კი მე გახლავართ“ მერე... ამ დროს ბატონმა გოლიადკინმა გვერდზე გაიხედა, კლარა ოლსუფიევნას ეძებდა, მაგრამ თვალში გერასიმიჩი მოხვდა, ოლსუფი ივანოვიჩის ძველი კამერდინერი. გერასიმიჩი უაღრესად საქმიანი და ოფიციალური სახით პირდაპირ მისკენ მოემართებოდა. ბატონი გოლიადკინი შეკრთა და რაღაცა გაურკვეველი, მაგრამ მეტისმეტად უსიამოვნო გრძნობიერი სახე დაეღრიჯა. უნებურად მიხედ-მოიხედა; ერთი კი გაიფიქრა, როგორმე გვერდულად ჩუმ-ჩუმად , მალულად გასცლოდა მოსალოდნელ დავიდარაბას, რამენაირად გამქრალიყო, ისე მოეწყო საქმე, თითქოს იგი აქ არაფერ შუაში იყო, თითქოს არც არაფერი ეხებოდა მას. მაგრამ ვიდრე ჩვენი გმირი რამეს გადაწყვეტდა, გერასიმიჩი ცხვირწინ აეტუზა.

– ხედავთ, გერასიმიჩ, – ღიმილით უთხრა ჩვენმა გმირმა გერასიმიჩს, – ერთი უბრძანეთ ვინმეს! ხედავთ, აი, იმ სანთელს კანდელაბრში, გერასიმიჩ! სადაცაა ჩამოვარდება, მიდით, უბრძანეთ ვინმეს, გაასწოროს; გეუბნებით, ნამდვილად ჩამოვარდება, გერასიმიჩ...

– სანთელიო? არა, სანთელი სწორად დგას ჩემო ბატონო, აი, თქვენ კი ვიღაც გკითხულობთ.

– ვინ უნდა მკითხულობდეს, გერასიმიჩ?

– ეგ კი, მართალი გითხრათ, არ ვიცი, ჩემო ბატონო. ვიღაცის მსახურია. აქაო, იაკობ პეტროვიჩი გოლიადკინი უნდა იყოსო; დაუძახეთო, ძალიან სასწრაფო და საჭირო საქმეაო... ასეა, ჩემო ბატონო...

– არა, გერასიმიჩ, ცდებით; ამაში კი ნამდვილად ცდებით, გერასიმიჩ.

– მეეჭვება...

– ნუ გეეჭვებათ გერასიმიჩ; აქ, გერასიმიჩ, საეჭვო არაფერია, არავინაც არ მკითხულობს, მე აქ ჩემ ადგილზე ვარ, ესე იგი, თავის ადგილზე ვარ, გერასიმიჩ, აბა, როგორ გეგონათ?

ბატონმა გოლიადკინმა სული მოითქვა და მიხედ-მოიხედა. ასეც მოელოდა. ყველა, ვინც დარბაზში იყო, რაღაც დიდმნიშვნელოვანის მოლოდინში ცქერად და სმენად გადაქცეულიყო. მამაკაცები შორიახლო შეგროვილიყვნენ და უსმენდნენ, მოშორებით შეშფოთებული ქალები ჩურჩულებდნენ. ანაზდად სახლის პატრონიც გამოჩნდა იქვე მახლობლად და თუმცა სახეზე ვერ შეატყობდით, რომ ბატონი გოლიადკინის ამბებში იგი აშკარად და უშუალოდ მონაწილეობდა, რადგან ყოველივე ეს ერთობ დელიკატურ ვითარებაში ხდებოდა, მაგრამ ჩვენი მოთხრობის გმირმა მაინც აშკარად იგრძნო, რომ ახლოვდებოდა გადამწყვეტი წუთი, ბატონი გოლიადკინი ცხადად ხედავდა, რომ დადგა მამაცური შეტევის წამი, წამი მისი მტრების გაცამტვერებისა. ბატონი გოლიადკინი მღელვარებას შეეპყრო, ბატონმა გოლიადკინმა რაღაც შთაგონება იგრძნო და ათრთოლებული, საზეიმო ხმით ხელახლა მიმართა მომლოდინე გერასიმიჩს: – არა, მეგობარო, მე არავინ მკითხულობს. ცდები. მეტსაც გეტყვი, შენ ამ დილითაც ცდებოდი, როცა მარწმუნებდი... გაბედე და მარწმუნებდი (ბატონმა გოლიადკინმა ხმას აუმაღლა), თითქოს ოლსუფი ივანოვიჩმა, უხსოვარი დროიდან ჩემმა კეთილისმყოფელმა, გარკვეული აზრით, მამის მაგიერმა, ოჯახური ბედნიერებისა და მშობლიური სიხარულის წუთებში თავისი სახლის კარი მომიხურა. (ბატონმა გოლიადკინმა თვითკმაყოფილად, მაგრამ ღრმა განცდით მოავლო იქაურობას აცრემლებული თვალები). გიმეორებ, მეგობარო, – დასძინა ჩვენმა გმირმა, – შენ ცდებოდი, სასტიკად, მიუტევებლად ცდებოდი...

ღირსშესანიშნავი წამი დადგა. ბატონი გოლიადკინი გრძნობდა, რომ უტყუარი ეფექტი მოახდინა. ბატონი გოლიადკინი იდგა მოკრძალებით თავდახრილი და ელოდა, სადაცაა ოლსუფი ივანოვიჩი გულში ჩამიკრავსო. სტუმრებს გაოცება და აღელვება დაეტყოთ. თავად შეუბრალებელ და შეუვალ გერასიმიჩსაც კი ენა დაება სიტყვაზე „მეეჭვება“. ამ დროს დაუნდობელმა ორკესტრმა არც აცია, არც აცხელა და პოლკა დასცხო. ყველაფერი დაიღუპა, ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ბატონი გოლიადკინი შეკრთა, გერასიმიჩი შეტორტმნანდა და უკან დაიხია. ყოველივე, რაც კი დარბაზში იყო, ზღვასავით აღელდა. ვლადიმირ სემიონოვიჩი უკვე პირველ წყვილში კლარა ოლსუფიევნას მიაქროლებდა. მას მიჰყვა ლამაზი პორუჩიკი თავადის ასულ ჩევჩეხანოვასთან ერთად. სტუმრები ცნობისმოყვარეობითა და აღფრთოვანებით მიიწევდნენ წინ, რომ ენახათ როგორ ცეკვავდნენ პოლკას – ახალმოდურ, საინტერესო ცეკვას, თავბრუს რომ ახვევდა ყველას. ბატონი გოლიადკინი ერთხანს გადაავიწყდათ. მაგრამ უეცრად ყველაფერი აირია, აფუსფუსდა, აწრიალდა; მუსიკა შეწყდა... მოხდა უცნაური რამ. ცეკვით დაღლილი კლარა ოლსუფიევნა, ქანცგაწყვეტილი, ლოყებზე ცეცხლწაკიდებული და აქოშინებული უღონოდ ჩაეშვა სავარძელში. ყველას მომხიბვლელი ქალწულისაკენ გაუწია გულმა. ერთმანეთს ასწრებდნენ აღფრთოვანების გამოთქმასა და მინიჭებული სიამოვნებისათვის მადლობის გადახდას. უცებ, მის წინ ბატონი გოლიადკინი გაჩნდა. ბატონი გოლიადკინი გაფითრებული და საქციელწამხდარი ჩანდა. თითქოს მასაც რაღაცნაირად გამოლეოდა ძალა, ძლივსძლივობით ადგამდა ნაბიჯებს, რატომღაც იღიმებოდა და მუდარით იშვერდა წინ ხელებს. განცვიფრებულმა კლარა ოლსუფიევნამ ვერ მოასწრო ხელის უკან წაღება და უნებლიედ წამოდგა ბატონი გოლიადკინის მიწვევაზე. ბატონი გოლიადკინი წინ წაბარბაცდა, ჯერ ერთხელ, მერე მეორეჯერ, მერე ფეხი ასწია, მერე რაღაცნაირად ფეხი ფეხს შემოჰკრა, მერე გააბაკუნა ფეხები, მერე წაიფორთხილა... მასაც კლარა ოლსუფიევნასთან ცეკვა ეწადა. კლარა ოლსუფიევნამ შეჰკივლა. ყველანი ერთად მისცვივდნენ, რომ მისი ხელი ბატონი გოლიადკინის ხელიდან გამოეხსნათ და თვალის დახამხამებაში ჩვენს გმირს, თითქმის ათი ნაბიჯით დაახევინეს უკან. მის გარშემოც შეიკრა წრე. მოისმა კივილი და შეცხადება ორი მოხუცი მანდილოსნისა, რომელთაც ბატონი გოლიადკინი უკან დახევისას დაეჯახა. საშინელი არეულ-დარეულობა შეიქნა. გარშემო ყველაფერი ყაყანებდა, ყვიროდა, დაობდა... ორკესტრი დადუმდა, ჩვენი გმირი გარსშემორტყმულ წრეში ტრიალებდა, უაზროდ მომღიმარი თავისდაუნებურად რაღაცას ბუტბუტებდა. „რატომაც არაო, პოლკა, ყოველ შემთხვევაში, მას რომ ჰკითხოთ, ახალი და ერთობ საინტერესო ცეკვაა, ქალების გასართობად მოგონილი... მაგრამ რაკი ასე შეტრიალდა საქმე, მზადაა დათანხმდეს.“ ბატონი გოლიადკინის თანხმობა, როგორც ჩანდა არავის სჭირდებოდა. ჩვენნმა გმირმა იგრძნო, რომ ვიღაც სწვდა ხელში, მეორე ხელი ზურგზე შემოაჭდო და რაღაც განსაკუთრებული მზრუნველობით საითკენღაც გააქანა. ბოლოს, დაინახა, რომ პირდაპირ კარებისკენ მიემართება. ბატონ გოლიადკინს უნდოდა რაღაც ეთქვა, რაღაც მოემოქმედა... თუმცა – არა, მას უკვე აღარაფერი უნდოდა. მხოლოდ უაზრო ღიმილითღა ეპასუხებოდა იქ მყოფთ. ბოლოს, იგრძნო, რომ შინელს აცმევენ, რომ თავზე შლაპა ჩამოაფხატეს. რომ უკვე წინკარშია სიცივესა და სიბნელეში, მერე კიბეზე აღმოჩნდა. რაღაცას ფეხი წამოჰკრა, ეგონა, უფსკრულში მიექანებოდა; დაყვირებაც კი ვერ მოასწრო, რომ უცებ ეზოში გაჩნდა; სახეზე გრილმა სიომ დაუბერა, ერთი წუთით შეჩერდა. სწორედ ამ დროს მის ყურს მისწვდა ორკესტრის მქუხარე ხმა; ბატონ გოლიადკინს უცებ ყველაფერი გაახსენდა; თითქოს მთელი გამოლეული ძალ-ღონე ერთ წამში დაუბრუნდა. მოწყდა ადგილს, სადაც აქამდე მიჯაჭვულივით იდგა და თავქუდმოგლეჯილი გავარდა გარეთ, სულ ერთი იყო საით, ოღონდ გასცლოდა აქაურობას, ოღონდ სული მოეთქვა და... თუნდაც უგზოუკვლოდ გადაკარგულიყო.

*გაგრძელება*

ნახვა: 606

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal CLEARING FOR A BUSINESS

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:57am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

MMOexp:Make great RPGs even better

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:23am 0 კომენტარი

I've had this thought – or a less metaphorical version of this thought – a lot this year. 2023 was an amazing year for playing games, and maybe an even better year for waiting to play games. The comeback-cementing release of Cyberpunk 2077: Phantom Liberty and its accompanying 2.0 update is probably the most extreme example of waiting for improvements. But even for games that were initially released this year, waiting even a month or two could lead to a dramatically improved first… გაგრძელება

One of the most intriguing features

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:55am 0 კომენტარი

Beyond Combat: A Story to Unfold:

While Throne and Liberty offers large-scale player versus player (PvP) and player versus environment (PvE) combat experiences, the developers emphasize the importance of the narrative. The game features a "story-driven adventure," weaving a captivating storyline into the core gameplay. This integrated Throne and Liberty Lucent narrative adds purpose and direction to the player's…

გაგრძელება

With the support of their loyal

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:32am 0 კომენტარი

Featuring a rich and atmospheric setting, diverse character classes, and a wide array of weapons and abilities to master, Dark and Darker offers endless possibilities for customization and strategy. Whether you prefer to Dark And Darker Gold brave the depths of the dungeons alone or team up with friends to conquer formidable foes, there's something for every adventurer in this epic fantasy adventure.

Building a Brighter…

გაგრძელება

Qwelly World

free counters