აკა მორჩილაძე - ოპერა

← დასაწყისი


   მოსაწყენ და მოწყენილ თბილისს გაუჩნდა ახალი და მოულოდნელი გასართობი. გასართობი არც იყო, ბევრად მეტი გამოდგა. იმან, რაც გაუჩნდა, მთლიანად შეცვალა ქალაქის ცხოვრება.
   ეს იყო ოპერა, რომელიც მთავარმმართებელმა, გრაფმა მიხეილ ვორონცოვმა, საქართველოს საუკეთესო რუსმა მმართველმა, აჩუქა ქალაქს.
ივანე კერესელიძე, ის ძველი და კარგი ქართველი, იმ განთქმულ ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი, ჰყვებოდა, დიუმა რომ დავპატიჟე, ჩვენებურად, ძველებურად გავუშალე სუფრაო, ხალიჩაზე ფეხმორთხმით დავსვიო, ვასვი და ვასვი ღვინო, მაგრამ ძვრა ვერ ვუყავი დიდათო.
რამდენიმე კაცი ვისხედით და ბოლოს ვიფიქრე, რომ ერთი ჩვენებურად უნდა გადავიდე ალავერდსო. თეფშზე სამი ჭიქა დავაწყვე და გადავკარი სულმოუთქმელადო. გამომართვა ეს სამი ჭიქა და თვითონაც დალიაო, მერე ყანწიც გამომართვა და დალიაო, მერე კიდევ დალია და დალიაო, ბოთლების ოდენობა ვერაფრით დავთვალეო. მწვადი შემოგვქონდა და შემოგვქონდა, ჭამდა და ჭამდა ამ მწვადს, ვერაფრით ვერ ამოვპირეთო.
ძალიან უყვარდა ხოლმე ამის მოყოლა.
   თვითონ დიუმა კი ამაყობდა ამ ქეიფით. წიგნშიც ჩაწერა, ქართველებმა ცნობა მომცეს, რომ სმაში გამარჯვებული კაცი ვარო.
დიუმას მადა და გურმანობა ისედაც ცნობილია და მისი ამოპირვა თუნდაც ყველაზე მდიდრულ ქართულ სუფრას, მართლაც გაუჭირდებოდა.
1859 წელს, როცა დიუმა ჩამოვიდა თბილისში, აქ ორი ღირსშესანიშნაობა დაუხვდა. ყველა ამ ორი რამით აღფრთოვანდებოდა ხოლმე და დიუმაც ამით აღფრთოვანდა.
   ერთი იყო თბილისური აბანო, თავისი განთქმული გოგირდის წყლებით და მეორე კი სწორედ რომ ოპერა.
აბანოსა და ოპერის შესაბამისობა და ერთ ქალაქში ერთმანეთისაგან ძალიან ახლო-ახლოს ყოფნა, ყველა ჩამოსულისთვის და მოგზაურისთვის ერთგვარად საკვირველი ამბავიც კი იყო.
დიუმამდე 30 წლით ადრე, როცა პუშკინი იყო თბილისში, ოპერა ჯერ არ არსებობდა, იყო მხოლოდ აბანო და აბანომ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა რუს პოეტზე, რომ სამუდამო მოგონებად გაჰყვა და მის წიგნშიც მოხვდა თბილისელი მექისის, უცხვირო ჰასანას სახელი.
უცხვირო ჰასანამ ისე დაამუშავა პოეტი, რომ პუშკინმა არზრუმის ლაშქრობის თავის ცნობილ რვეულში ჩაწერა: არასდროს არაფერი არ მინახავს თბილისის აბანოებზე უფრო მშვენიერი და უფრო გემრიელიო.
თბილისის აბანოს დიუმაც ეწვია და თბილისის აბანოების შორიახლოს შეიჭრა თმა თბილისურად, ძალიან დაბალზე. მერე კი გაეშურა თბილისის ოპერაში, რომელმაც ის სრულიად აღაფრთოვანა.
დიუმას მსოფლიო ჰქონდა მოვლილი, იმდენი ენახა, რომ, თქვენი მოწონებული.
   მან დაწერა, რომ ამ იერის ოპერა, ასეთი შენობა და ასეთი დარბაზი, საოპეროდ გამოყენებული ასეთი მიმზიდველი ადგილი არსად უნახავს.
როდესაც რუსები შემოვიდნენ და ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმეს და, ცხადია, თბილისში თავიანთი ადმინისტრაცია დააფუძნეს, მაშინ თბილისი სულ სხვა ქალაქი იყო, ასი წლის თავზე კიდევ - სულ სხვა.
რუსების შემოსვლისას თბილისს ახალი გადატანილი ჰქონდა აღა-მაჰმად-ხანის რბევა.
   ეს იყო დამცრობილი და უბედური ქალაქი, არცთუ მდიდარი და შთამბეჭდავი იერისა, თუმცა თავისი პატარა მუღამები, თავისი კოხტა იერი მაინც ჰქონდა. თბილისის შუაგული მაშინ იყო სულ სხვაგან, მეიდანზე.
მეიდანზე მიფენილიყო კლდის უბანი და აქეთ კი ბატონის უბანი, ანუ სალაყბო, რომელსაც ახლა ერეკლეს მოედანი ჰქვია. ეს იყო მაშინ ძველი თბილისი, გადაღმა ავლაბრით და რუსებმა, როცა ეს ქალაქი მოათვალიერეს და თავისი სამხედრო-ადმინისტრაციული ცენტრის მომაგრება გადაწყვიტეს, ცხადია, მშენებლობაც დაიწყეს.
   ერთ-ერთი ასეთი პირველი იყო ქალაქში ყაზარმების მშენებლობა.
ეს ის ყაზარმებია, სადაც 1832 წელს შეთქმულები ჩასვეს; რომელთა სარკმლიდანაც ყმაწვილი გრიგოლ ორბელიანი დედის დაკრძალვას უმზერდა. არ გამოუშვეს და მიცვალებული ყაზარმებთან ჩამოატარეს.
იყო ის დროცა, როცა გრიგოლ ორბელიანი შეთქმულებში ერია.
მეორე მხრივ, რუსებმა თვალი დაადგეს გარეთუბანს, ასე ვთქვათ, თბილისის მაშინდელ გარეუბანს, და სწორედ გარეთუბნიდან დაიწყეს ახალი ქალაქის შენება. გარეთუბანი კი გამოდის დღევანდელი თავისუფლების მოედნის ახლომახლო მიწები და რუსთაველის გამზირი.
   იქ ააგეს კავკასიის მთავარმართებლის სასახლე, ხოლო სადაც ახლა ქალაქის მერიაა - საპოლიციო ადმინისტრაციის შენობა. მის წინ კი შადრევანი გამართეს. მიწები იმ დროის თბილისში სხვადასხვა გვარეულობის დიდ თავადებს ეკუთვნოდათ: ორბელიანებს, ციციშვილებს, სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს. შესაბამისად, როცა რუსულ ადმინისტრაციას მიწა სჭირდებოდა, მათგან ყიდულობდა. თბილისის უბრალო ხალხი კი ცხოვრობდა დაბლა ქალაქში, სწორედ ამ კლდის უბნის მიდამოებში, ბანიან პატარა სახლებში.
დღეს ასე გამქრალი ბანი იმ დროის უბრალო ხალხისთვის ცხოვრების წესი და ყოფის მკარნახებელი რამ იყო.
   ადამიანები ბანზე ცხოვრობდნენ. წელიწადის სამ დროს ისინი ბანზე ატარებდნენ და ბანზევე ეძინათ. თბილისი იყო ძალიან პატარა და კეთილმოუწყობელი ქალაქი, სადაც ერთი ღონიერი წვიმა იწვევდა ხოლმე წყალდიდობებს, ნიაღვრებს, ქვების დაძვრას კლდეებიდან და ათას სხვა უბედურებას.
   ბანიანი სახლი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ადამიანები ახლოს ყოფილიყვნენ ერთმანეთთან და ერთმანეთი სცნობოდათ. ქალაქი ერთი ცხოვრებით ცხოვრობდა. ადათები იყო ძალიან ძველი და ურთიერთობები ერთგვარად პოეტურიც კი. მაგალითად, შეყვარებული ქალი ყოველთვის ცდილობდა, მშობლებისგან ბანზე დაძინების ნებართვა მიეღო, რადგან იცოდა, გვიან ღამით და, რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად იყო ვარსკვლავიანი ღამე, მას მიჯნური მოაკითხავდა და შეეცდებოდა, ქვემოდან დალაპარაკებოდა. ან ხმადაბალი ლექსი ეთქვა, ანდა ცნობილი: „გადმომიგდე ბალიში, რომ შენი სახლის წინ დავიძინო“. აი, ასეთი ქალაქი იყო, მაგრამ ეს ქალაქი ყოველდღიურად იზრდებოდა და იცვლებოდა.
   იქ, სადაც ახლა თავისუფლების მოედანია, იყო ერთი უზარმაზარი ჭრელი ბაზრობა, ხოლო იქ, სადაც სოლოლაკია, იყო ღრანტე.
ეს იყო ყველაზე სახიფათო ადგილი დიდი წვიმების დროს, შემოდგომაზე ან გაზაფხულზე, როცა წყალი სოლოლაკიდან დაძრავდა ხოლმე ქვა-ღორღს, ჩამოჰქონდა სწორედ, აი, ამ ბაზრის ადგილას და მისი გავლით მიიწევდა მტკვრისკენ. სწორედ ამ ადგილს დაარქვეს „პლოშჩად პასკევიჩა ერივანსკოგო“, სახალხოდ კი - ერევნის მოედანი და მოგვიანებით აქ ერევნის ამღები გრაფი პასკევიჩის ძეგლიც დაიდგა. სწორედ პასკევიჩის მოედანს მოუყვებოდა მტკვრისკენ ავანაანთ ხევი, ნიაღვრების მთავარი კალაპოტი. ამბობენ, რომ სოლოლაკიდან წყალს ძროხაც წამოუღია ხოლმე და ამ ხევში გაუჭედავსო. ეს ყველაფერი ნიაღვარს ჩაჰქონდა მტკვარში, იმ მიდამოში, სადაც მერე მუხრანის ხიდი გაიდო.
   ეს მიწა ეკუთვნოდა ერთ კეთილ კაცს - ესტატე ციციშვილს. მასვე ეკუთვნოდა მიწები ავლაბარში და როდესაც მუხრანის ხიდი აიგო, მის გაგრძელებაზე სწორედ ესტატე ციციშვილმა გაჭრა რიყის თავზე ახალი გზა. იმ ადგილს მერე დიდხანს ერქვა ციციანოვის აღმართი, სწორედ რომ ესტატე ციციშვილის სახელობის აღმართი იყო. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღესაც ესტატე ციციშვილმა ძალიან იაფად, ორ დოშად და ორ კაცის საკაბედ, ანუ საჩოხედ მიჰყიდა ეს ავანაანთ ხევი და გარშემო მიწები დიდ სოვდაგარსა და განთქმულ კაცს, გაბრიელ თამამშევს.
   ეს ძალიან იაფი იყო, თუმცა მიწაც არ იყო დიდი და, რახან ეს ტალახიანი გარეთუბანი იყო, ციციშვილმაც ძვირად არ დააფასა.
საინტერესო კი ის არის, რომ გაბრიელ თამამშევს მაინცდამაინც თავისი სურვილით არ უყიდია მიწა. მანამდე სოვდაგარს ხანგრძლივი მოლაპარაკებები მოუხდა მაშინდელი კავკასიის მთავარმართებელთან, გრაფ მიხეილ ვორონცოვთან, რომელიც არ ჰგავდა არცერთ წინა და არცერთ შემდგომ მთავარმართებელსა და მეფისნაცვალს.
   ვორონცოვი გამორჩეული კაცი და გამორჩეული მოხელე იყო და საკმაოდ მოხერხებულ პოლიტიკას მისდევდა. მას უნდოდა, ქართველებისთვის მიეცა კულტურის ის დაწესებულებები, რომლებიც მაშინ არსებობდა რუსეთსა და მსოფლიოში, და ამ ახალი გზის გახსნით თავადობა პოლიტიკიდან კულტურაშიც გადაერთო. ბევრმა ქართველმა ეს ქართველების სიყვარულად ჩაუთვალა, ბევრმა კიდევ, ორმაგ, როგორც ძველად იტყოდნენ - ყიზილბაშურ პოლიტიკად. ასე იყო თუ ისე, ვორონცოვი გრძნობდა ქართველობას, მისი ყველაფერი ესმოდა და იცოდა და პეტერბურგსაც ამაში არწმუნებდა, სჯობს, ეს ხალხი უფრო მოვლილი და დამტკბარი გვყავდეს, ვიდრე აღშფოთებულიო.
აკაკი წერეთელი, რომელიც ვორონცოვის მმართველობისას ბავშვი იყო, მისი დიდი პატივისმცემელი გახლდათ და ამბობდა, გრაფი პეტერბურგს თვალს უხვევდა, ჩვენ ვუყვარდით და ჩვენ გვიკეთებდა კარგსო. მერე აკაკიმ პოემაც კი დაწერა - „ვორონცოვი“. თეატრი, თეატრი, თეატრი - აი, ეს უნდოდა ვორონცოვს; ჟურნალები, გაზეთები, წიგნები ყოფილიყო ქართულად; ქართველებს ელაპარაკათ, ესმინათ, ეთამაშათ სცენაზე.
   თეატრი კი უნდოდა, მაგრამ არ ჰქონდა არანაირი სახსრები ახალი შენობის ასაშენებლად. თეატრში იქნებოდა დრამაც, ოპერაც და ყველაფერიც.
ამისთვის ვორონცოვმა მოლაპარაკებები წამოიწყო თბილისელ ყაზაზებთან, ანუ ფართლეულის განთქმულ ვაჭრებთან და ცდილობდა მათგან მიეღო თანხა, რომლითაც ააშენებდა ახალ, დიდ შენობას, სადაც იქნებოდა თეატრი - ახალი ქალაქის, ახალი თბილისის გული. ყაზაზებთან მოლაპარაკება ვორონცოვს არ გამოუვიდა. მათ იუარეს, არა გვაქვს თავისუფალი თანხებიო და სწორედ ამის შემდეგ იპოვა მან გაბრიელ თამამშევი, რომელიც დასთანხმდა. ოღონდ დასთანხმდა თავისებური პირობით: სოვდაგარმა თქვა, რომ შენობა, რომელიც იქნებოდა თეატრი და თან ოპერა, იმავდროულად უნდა ყოფილიყო ქარვასლაც, სადაც ის გააქირავებდა მაღაზიებს, ან სულაც თავისთვის ექნებოდა მაღაზიები.
   გაბო თამამშევი ჭკვიანი კაცი იყო და იმგვარად მოხერხებული, რომ უნდოდა, სანამ კაცი თეატრში შევიდოდა, მანამდე მაღაზიების რიგები გაევლო. დღისით კიდევ შენობა მხოლოდ ქარვასლა იქნებოდა.
იმ დროს, როცა თამამშევმა ადგილი იყიდა, ახლომახლო მხოლოდ ორი შენობა იდგა: ერთი ნახსენები საპოლიციო უბანი წინ თბილისის პირველი შადრევნით, და მეორე ცოტა დაბლა, ძველი 70-ოთახიანი ქარვასლის ადგილას აგებული ახალი ქარვასლა, რომელიც ცნობილ ქართველ კათოლიკე დიდვაჭარსა და მილიონერთა განთქმული ოჯახის წინაპარს, იაკობ ზუბალაშვილს აეშენებინა და რომელიც დღემდე დგას. როცა ნიკოლოზ პირველი ჩამოვიდა საქართველოში - ის იყო პირველი რუსი იმპერატორი ვონც თბილისს ეწვია - უკეთესი შენობა ვერა ნახეს და სწორედ ზუბალაშვილის ქარვასლაში გაუმართეს მეჯლისი.
   ისევ თბილისური წვიმის დრო იდგა და მუხლამდე ტალახი იყო, იმიტომ, რომ მაშინ თბილისში ქვაფენილი არ იყო. ყველას უნდოდა მეჯლისზე დასწრება, რათა ხელმწიფე-იმპერატორი ენახა. მთელმა თბილისმა მე მგონი მაშინ გაიპარსა პირველად წვერი, იმიტომ რომ ხელმწიფე-იმპერატორი იყო მოდის კანონმდებელი - გრძელი, წვრილი ქილვაშებისა და მოკლე ულვაშისა და ვინც კი ქართველი მსახურობდა სახელმწიფო დაწესებულებაში, ყველამ გაიპარსა. მივბაძეთ ივანე ორბელიანსო, ასე ხუმრობდნენ. მანამდე მხოლოდ ის ყოფილიყო გაპარსული.
   თითო-ოროლამღა დაიტოვა. ის ჩვენი ძველი თავადები კი ამას მაინც ვერ ეგუებოდნენ. მერე, წვერი რომ მოდაში დაბრუნდა და იმპერატორი ალექსანდრე მესამეც წვეროსანი იყო, ამ ძველებმა მაინც აღარ მოუშვეს.
მგონი, სწორედ მაშინა თქვა ივანე მაჩაბლის ბაბუამ, სვიმონ მაჩაბელმა, ორი რამე გვქონდა და არცერთი აღარა გვაქვს ნამუსის გამომხატველიო - ქალის ლეჩაქიო და კაცის ულვაშიო - ორივე წაგვართვესო.
   ქალის ევროპულ ტანსაცმელსა და კაცის გაპარსულ ულვაშს უჯავრდებოდა. იგივე თითქოს ერთ მოხუცებულ ორბელიანსაც ეთქვას.
მოკლედ, როცა ეს განთქმული მეჯლისი გაიმართა თბილისში, ზუბალაშვილის ქარვასლის წინ მეკურტნეები იდგნენ, იმიტომ, რომ მაშინ თბილისში ეტლებიც კი არ იყო სახალხოდ და თვით ყველაზე დიდი თავადებიც კი დროშკებით მგზავრობდნენ.
დროშკებთან მირბოდნენ მუხლამდე ტალახში მყოფი მეკურტნეები, ქალბატონებს ხელით გადმოიყვანდნენ და შეჰყავდათ შენობაში, ანუ სიმშრალეში. ეს მერეც ხშირად ხდებოდა თბილისში, სანამ ქვაფენილი არ დაიგო. სწორედ ამ მეჯლისს ესწრებოდა მაშინ საქართველოს ეგზარქოსი, რომელსაც ძალიან მოეწონა შენობა და სთხოვა იაკობ ზუბალაშვილის შვილს (იაკობი უკვე ცოცხალი აღარ იყო), გიორგის, ეგებ მოგვყიდოთ, სემინარია გვინდა გავხსნათო.
   ესეც განთქმული თბილისის სასულიერო სემინარია. ნიკოლოზ პირველი იმაზე ვერ დაფიქრდებოდა, რომ სწორედ ამ სემინარიის მომავალი სტუდენტები ჩამოაგდებდნენ მისი შვილიშვილის შვილს ტახტიდან. მანამდე კი გახდებოდნენ დიდი რევოლუციონერები. შეთანხმება იქვე შედგა და ზუბალაშვილმა, როგორც ქველმოქმედთა გვარის ცნობილმა წარმომადგენელმა, უთხრა, მხოლოდ აგურის ფულს გამოგართმევთო, და ძალიან იაფად დაუთმო ეგზარქოსს ეს შენობა. აი, ამ ადგილის შორიახლოს დაიწყო თამამშევმა ქარვასლა-ოპერა-თეატრის მშენებლობა.
მოიწვიეს იტალიელი არქიტექტორი სკუდიერი, რომლის ხელობაც ვორონცოვს ოდესაში გამოეცადა და რომელსაც დიდი ამაგი აქვს თბილისზე: მშრალი ხიდიც კი მისი აგებულია.
   სკუდიერიმ ააგო ეს შენობა: ძალიან ლამაზი, მოქნილი, თავისებური, ძალიან ტევადი და ამავე დროს ძალიან სადა, თითქოს მავრიტანული იერისა. საწყალი იტალიელი სწორედ ამ შენობის, ანუ თბილისის ოპერის, გახსნის წელიწადს გარდაიცვალა - ის აშენებდა სამხედრო ტაძარს, რომელიც მერე კომუნისტებმა დაანგრიეს და მის ადგილას ახლა საქართველოს პარლამენტია, რომელიც, თავის მხრივ, კომუნისტებმა ააშენეს. ამ სამხედრო ტაძრის მშენებლობისას მოყვა ლოდის ქვეშ სკუდიერი და იქავე დაიღუპა.
თბილისის ოპერა იდგა სწორედ იქ, სადაც ადრე იყო ლენინის ძეგლი, ახლა კი - წმინდა გიორგისა.
   აქ სპექტაკლებს თამაშობდა რუსული დასიც, მაგრამ მთავარი ამ ქალაქისთვის გამოდგა იტალიური ოპერა. იტალიელი მომღერლები, იტალიური მუსიკა, ვერდი, პუჩინი... თბილისისათვის ოპერის გახსნა და ოპერა იყო გადატრიალება. ამან ქალაქი შეცვალა. მიხეილ თუმანიშვილი, მოახლის ფსევდონიმით „ცისკარში“ სკეტჩების მწერალი კაცი, გასაოცარი იუმორით აღწერდა საოპერო სურათებს: წარმოიდგინეთ, რომ ჩადრიანი ქალი შედის გადაჭედილ ოპერაში, ადამიანი ვერ გაინძრევა და ქალი ყვირის, გამიშვით, გამიშვით, ბელინის უნდა მოვუსმინო, ჩადრზე არ დამადგათ ფეხიო. ანდა სოლოლაკიდან მორბის იმერელი ბიჭი და ყვირის: „ფიგარო აქა, ფიგარო იქა“ და ა.შ. „ლა დონნა მობილე“ იცოდა ყველა მეჯღანემ თბილისში. ასე ამბობენ.
   ოპერამ მოახდინა გადატრიალება და ოპერის მტერი კი კვლავაც იყო განთქმული თბილისური შემოდგომის წვიმები. სწორედ აქედან დაიბადა ქვაფენილის აუცილებლობის იდეა, იმიტომ, რომ კვლავ და კვლავ მეკურტნეები იდგნენ ოპერის კარში და კვლავ და კვლავ ეზიდებოდნენ დიდ ქალბატონებს შენობაში. ეს იყო ძალიან მოხდენილი სურათი, მაგრამ მაინც ძალიან შემაწუხებელი. ოპერამ გააჩინა და გაამრავლა თბილისში ფრანგული მოდის მაღაზიები, ოპერამ გააჩინა თბილისში მეყვავილეები.
ეს ყველაფერი საოცარი იყო. გარეთუბანში, ანუ ახალ ქალაქში, ყველაფერი იცვლებოდა, ყველაფერი ტრიალებდა სწორედ ოპერის გარშემო.
მიხეილ ვორონცოვმა იცოდა, რაც გააკეთა - მან შეცვალა საზოგადოების ცხოვრება თბილისში.
   ოპერამდე თბილისის ერთადერთი გასართობი იყო ქეიფი. ქეიფს რა სჯობია, მაგრამ ის დიდი კულტურა, რომელიც იტალიურმა დასებმა მოიტანეს, აუწონავი იყო. აქა-იქ ქართველი მომღერლებიც გაჩნდნენ. მათ შორის - ქალებიც, რაც თავისთავად წარმოუდგენელი ამბავი იყო, იმიტომ, რომ ქალის სცენაზე ყოფნა საქართველოში ძალიან დიდ სირცხვილად ითვლებოდა. უკვე შემდეგ, 70-იან წლებში, როდესაც მაკო საფაროვა გადიოდა სცენაზე, ბებიამისი სახლში ტიროდა, მომჭრა თავიო. ასეთივე სირცხვილი იყო ქალის მწერლობა. ბარბარე ჯორჯაძეს და ეკატერინე გაბაშვილს უკიჟინებდნენ, ქალის ნაწერი რა უნდა იყოსო.
მიხეილ ვორონცოვი კი წავიდა კავკასიიდან და, სხვათა შორის, მალევე გარდაიცვალა. მისი ქვრივი ოდესაში ცხოვრობდა და ყველა ქართველი, ვისაც კი კეთილად ახსოვდა ვორონცოვი, თავს მოვალედ რაცხდა, თუკი იქით მოხვდებოდა, აუცილებლად მისულიყო ვიზიტით ვარონცოვის ქვრივთან და მისთვის კიდევ ერთხელ ეთქვა მადლობა იმისათვის, რაც ამ კაცმა გააკეთა თბილისში და საქართველოში.
   ვორონცოვი, დიახაც, ჭკვიანი კაცი იყო, კავკასიის ომებში ნაწრთობი. ისე ზუსტად იცოდა ქართველებისა, რომ მაღალი მმართველისგან მოულოდნელიც კი იყო.
   ერთხელ ზაქათალიდან მოდიოდა თბილისისკენ და ძალიან ჩქარობდა. ეკიპაჟით მოდიოდა და, კახელმა თავადებმა რომ გაიგეს, მათ მიწებზე უნდა გამოევლო, გზის პირებზე დახვდნენ, ჩამწკრივდნენ პატივისცემის ნიშნად და ეკიპაჟსაც აედევნენ ჩორთით... ჰოდა, ესენი რომ დაინახა ვორონცოვმა, გადმოსვლის დრო კი არ ჰქონდა, მაგრამ მეეტლეს უბრძანა, შეანელე, უნდა მივესალმოო. თან ახლდა თავისი შტაბის უფროსი, მგონი, კოცებუ და იმან, ძალიან გვეჩქარება, გრაფ, და არ ღირს ახლა ამათთვის, ყველასთვის სათითაოდ სალამის თქმა და ნუ შევანელებთო. და ვორანცოვმა ძალიან მოხერხებული პასუხი გასცა: ამათ რომ უყურებ, ახლა გზის პირას რომ დგანან და ცხენდაცხენ მოგვყვებიან, თითოს გვარი 2000 წლის მაინც არის და მაგათ ჩვენგან კარგი სალმის მეტი არაფერი უნდათო.
შესაშური სიზუსტე იყო.
   ოპერაში კი რაღაცეები ხდებოდა. არცთუ უბრალო.
სემინარიელებს და გიმნაზიელებსაც კი ეკრძალებოდათ ოპერის ბილეთის აღება. რიგები იყო წარმოუდგენელი, იყვნენ გადამყიდველები, იყო ერთი ამბავი - აბა, დღეს რა არი, დღეს რას თამაშობენ, დღეს რას მოვისმენთ.
დილიდან, როგორც კი აფიშა გამოიკვრებოდა ხოლმე, მთელი ქალაქი იმდღევანდელი წარმოდგენის არიებს ღიღინებდა. ვისაც როგორ შეეძლო, ისე.
მაგრამ მოგეხსენებათ, კომერცია კომერციაა და ოპერის ადმინისტრაცია გიმნაზიელებსაც შეუშვებდა შენობაში და ყველასაც, ვინც კი ბილეთს წარმოადგენდა.
   ამ ოპერაში მოხვდა ერთხელ ჰაჯი მურატი, ის განთქმული ნაიბი, კავკასიის ომების განთქმული პერსონაჟი, რომელიც მერე შამილსაც ებრძოდა, მაგრამ მგონი თვითონაც ვერ გაერკვია, ვისკენ იყო.
ჰოდა, თბილისში ჰყავდათ ისა და ოპერაშიც მოიყვანეს.
და შუქი ჩაქრა თუ არა, ვიღაცამ შეაგინა სწორედ ქანდარიდან: ჰაჯი მურატ, შე... აანთეს შუქი, ატყდა ერთი ამბავი, ჰაჯი მურატი მიხვდა, რომ მას დაუძახეს და დატოვა ოპერის დარბაზი ისე, რომ ვერაფერი მოისმინა, გარდა უცხო ენაზე გინებისა, მაგრამ იქ ისეთი ხმაურობა და ამბავი ატყდა, რომ მაიკო ორბელიანს გულიც კი წასვლია.
   მაიკო ორბელიანი თბილისის უგანთქმულესი სალონის მასპინძელი იყო.
მის სახლში იკრიბებოდა ყველა ნასწავლი, ყველა ნიჭიერი, ყველა დიდგვარიანი და ქართველი. ის იყო ქალი, რომელიც ადრე დაქვრივდა, 24 წლისას მოუკვდა ქმარი, დავით ჯამბაკურ-ორბელიანი, და პირობა დადო მის დაკრძალვაზევე, რომ აღარასდროს არ გათხოვდებოდა... რაც მისთვის ტატოს წერილები უწერია...
   როცა ნიკოლოზ I იყო ჩამოსული, ნაქეიფარ იმპერატორს სწორედ მაიკო ორბელიანი დაახვედრეს საწოლ ოთახში დიდმა და კარგმა ქართველმა კნიაზებმა. ასეთი ამბავიც იყო, მაგრამ ეს ქალი იყო საოცრად კარგი, ლამაზი, კეთილი და ბევრი რამის შემკვრელი მაშინდელ თბილისში.
ოჰ, რა ამბავი იყო „ტრუბადურის“ პრემიერაზე 1857 წელს!
ისევ საშინელი წვიმა მოვიდა, ისევ მუხლამდე წყალი იდგა, ხალხმა დილიდან დაიჭირა ბილეთების რიგი.
   სპეკულანტები ამოფარებულიყვნენ სხვა სახლების სადარბაზოებს და იქიდან ყიდდნენ ბილეთებს ხუთმაგ, ათმაგ ფასში. ნამდვილი სიგიჟე იყო, მეტი არც არაფერი დაერქმეოდა.
ოქტომბერი უცნაური თვე იყო თბილისის ოპერისთვის და ერთხელ კინაღამ დაღუპა ამ ოქტომბერმა. 1867 წელს ოპერის პარტერში აღმოჩნდნენ გიმნაზიელები, რომლებმაც ააფრიალეს სამეფო დროშა ქართული და დასძახეს პატრიოტული ლოზუნგები.
   სანამ სინათლე აინთებოდა, გიმნაზიელები გაიპარნენ და გაიქცნენ, მაგრამ მათმა ამ წამოყვირებამ ის გამოიწვია, რომ კავკასიის მმართველობამ საერთოდ შეაჩერა იტალიური ოპერა, დასი დაშალა და იტალიელი მომღერლების გასტროლები შეწყვიტა. ეს იყო უცნაური დრო. ეს იყო გარიბალდის დრო.
ეს იყო იტალიის დრო მაშინდელ თბილისში. თუ გიყვარდა იტალიური ოპერა, გიყვარდა იტალიაც, მაშინ გიყვარდა გარიბალდიც, გიყვარდა იტალიელების ბრძოლა თავისუფლებისათვის. თბილისში მაშინ მოდაში იყო გარიბალდური ქუდი. ბევრ ადამიანს სახლში ეკიდა გარიბალდის ფოტო. მოდიოდა ათასგვარი ნამდვილი თუ ტყუილი ამბავი იტალიიდან გარიბალდელთა ომების შესახებ და იტალიური ოპერა ყველაფერ ამას ეხმარებოდა. იტალიელი თბილისში იყო მაშინ ყველაზე დიდი და საინტერესო კაცი.
   ამას შფოთისა და არასასურველი განწყობილებების სუნი უდიოდა.
მაგრამ 1867 წლის შემდეგ ოპერა შეიძლებოდა მხოლოდ რუსული, მხოლოდ რუსი მომღერლებით. ამას დასაწუნი, აბა, რა ჰქონდა, მაგრამ ოპერას ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა მოაკლდა. ის უკვე უბრალოდ ოპერა და ხელოვნება იყო და არა ცხოვრების ნაწილი. ოპერა როგორღაც ჩაკვდა, ჩაწყნარდა და მერე მიხვდნენ, რომ ასე არ შეიძლება და თბილისს აკლდება მთავარი რაღაც.
და იტალიური ოპერაც აღდგა. ისევ გამოვიდნენ მაღაზიებს შეხიზნული თბილისში ჩარჩენილი იტალიელი მომღერლები, ისევ დაიწყეს ხმის დამუშავება, ისევ გამოჩნდნენ ახალი დასები და თბილისის ოპერამ განაგრძო კვლავ იტალიური ცხოვრება.
   ეს არ იყო უკვე მხოლოდ ოპერა. ეს იყო ქალაქის მთავარი ამბავი, მთავარი ადგილი კაცის გულისათვის, სადაც უერთდებოდი მსოფლიოს და ფიქრობდი იმაზე, რაზეც ფიქრობს მსოფლიოს უკეთესი ნაწილი, იტალია - თავისუფლებაზე. ასე ხედავდნენ და გრძნობდნენ მაშინ. და ამავე დროს ეს იყო დიდი იტალიური მუსიკა. მაგრამ თბილისის ოპერის ბედი იყო მაინც ტრაგიკული, იმიტომ, რომ 1874 წელს ეს საოცარი ოპერა დაიწვა. დაიწვა ისე, როგორც იწვის ხოლმე სახლი და ისტორია მხოლოდ თბილისში - უყურადღებობით, მოუვლელობით, გაურკვევლობით და არეულობით.
ამ ოპერის უკანასკნელი წარმოდგენა იყო ბელინის „ნორმა“ და სწორედ წარმოდგენის მსვლელობის დროს, თამამშევის ქარვასლის გვერდით, ვინმე ყაზაროვის თუ ლაზარევის მაღაზიას გაუჩნდა ცეცხლი და ეს ცეცხლი თანდათან გადაედო ქარვასლას.
   ატყდა პანიკა: ცეცხლი იყო ძალიან დიდი. ოპერის წინ მდებარეობდა თბილისის სახანძრო რაზმის შენობა და, რა თქმა უნდა, მეხანძრეები გამოცვივდნენ, მაგრამ როგორც საქართველოში ხდება ხოლმე, გამოცვივდნენ უწყლოდ. წყალი მათ არ ჰქონდათ. სამწუხაროდ, ჰქონდათ მხოლოდ ორი კასრი წყალი, ორი შლანგი და ორი სამტვრევი ცული.
   მთელი ქალაქი შეკრებილი იყო ქალაქის მთავარი ნაგებობის, მთავარი სიხარულის წინ და უყურებდა, როგორ იწვოდა ოპერა.
წყალი არ აღმოჩნდა იმ განთქმული შადრევნის აუზშიც, რომელიც იქვე იყო და რომელიც ყოველთვის ჩუხჩუხებდა, თუმცა, მაინცდამაინც იმ საღამოს იყო გამორთული. მერე, საბრალო ყაზაროვს თუ ლაზარევს მიარჭვეს რვაწლიანი კატორღა, რადგან მას გაუფრთხილებლობა დაბრალდა.
შენობის გადარჩენას კი მაინც ეცადნენ. რახან ახლომახლო წყალი არ იყო, პოლიციამ შეკრიბა თბილისელი თულუხჩები - სასმელი და სარეცხი წყლის დამტარებლები - და ისინი თექვსმეტი საათის განმავლობაში, მეორე დილამდე ეზიდებოდნენ წყალს. ვისაც კი შეეძლო, ყველა ასხამდა.
ეს იყო იმ საუკუნის თბილისის ყველაზე ტრაგიკული და ყველაზე გულსატკენი ხანძარი.
   არავინ დაღუპულა, მაგრამ დაიღუპა ის, რაც იყო მთავარი ამ ქალაქში - თბილისის ოპერა. შენობა გადარჩა. იდგა შავი და ნახანძრალი და დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა აღდგეს ყველაფერი: როგორ უნდა გარემონტდეს სრულიად დამსხვრეული ლეგენდარული ჭაღი.გაშავებული კედლები, სადაც აღარ იყო გაგარინის ცნობილი ფრესკები. განადგურებული თბილისის ოპერის ფარდა, რომელსაც, ერთი მხრივ, ეხატა რუსეთი, რომელსაც მოჰყავდა რკინიგზა და სხვა სამეცნიერო რამეები, და მეორე მხრივ - საქართველო, ხელში ხანჯლებითა და ჭიანურებით.
დიდხანს ეცადნენ, რომ ისევ ამ შენობაში ყოფილიყო ოპერა, მაგრამ ხეირიანი საოპერო დადგმა თბილისში აღარ ყოფილა ამ ამბიდან 22 წლის განმავლობაში.
   თეატრები შეეხიზნნენ სულ სხვა შენობებს. იყო დროებითი ადგილები, პავილიონები, მაგრამ ოპერა გემოს კარგავს ფიცრულში.
ეს ის აღარ იყო.
   თბილისის ოპერა მოკვდა, თუმცა შენობა გადარჩა და იდგა დიდხანს, მიშენებებით, მოშენებებით, ძალიან სახეცვლილი, აღარცთუ ლამაზი.
1934 წელს ლავრენტი ბერიამ დაანგრია ეს შენობა და მოასუფთავა მოედანი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ეწოდა ბერიას მოედანი, მაგრამ მერე ბერია დახვრიტეს და ეწოდა ლენინის მოედანი. იქ იდგა ლენინის ძეგლი და ამ ლენინის ძეგლის ქვეშ იყო თბილისის პირველი და სრულიად ლეგენდარული და საოცარი ოპერის ნანგრევები.
   ახალი ოპერა აშენდა სულ სხვა ადგილას, უკვე გოლოვინის პროსპექტზე, ახალ და ფართო თბილისში და ეს ოპერაც კარგი იყო, მაგრამ ის პირველი, ძველი თბილისისა, როცა თბილისში ჯერ კიდევ ბანიანი სახლები იდგა, ბატონყმობაც არ გადავარდნილიყო და იქმნებოდა ახალი თბილისი, გაქრა და აორთქლდა.

ნახვა: 1216

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

Qwelly World

free counters